The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ნიკო სამადაშვილი (ტექსტური ბიბლიოგრაფია)

ნიკო სამადაშვილი (ტექსტური ბიბლიოგრაფია)


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
თემატური კატალოგი ეროვნული ბიბლიოთეკის გამოცემები
თარიღი: 2025
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა ეძღვნება ნიკო სამადაშვილის დაბადების 120 წლისთავს UDC 016:821.353.1(092)+821.353.1(092) შემდეგნლები: თამარ ხიზამბარელი, დარეჯან თეთრაშვილი; რედაქტორი: ნუგზარ სამადაშვილი; კონსულტანტი: ნანი მაჭავარიანი; კორექტორი: თეა შუბითიძე; პირთა საძიებელი დაურთო: ნანი მაჭავარიანმა; დამკაბადონებელი: ლევან პაპალაშვილი საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა ეძღვნება ნიკო სამადაშვილის დაბადების 120 წლისთავს თბილისი 2025



1 რედაქტორისაგან

▲ზევით დაბრუნება


წარმოდგენილი გამოცემა პოეტ ნიკო სამადაშვილის ტექსტური ბიბლიოგრაფიაა. მასში თავმოყრილია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნად და პერიოდული გამოცემათა ფონდებში დაცული პოეტის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი მასალები.

60-იანი წლებში გაზეთ „ლიტერატურულ საქართველოში“ პირველად დაიბეჭდა ნიკო სამადაშვილის რამდენიმე ლექსი ტექსტური შეცდომებით, რომლებიც შემდგომ გამოცემებშიც განმეორდა. ეს შეცდომები ზოგ შემთხვევაში ლექსს არა მარტო შინაარსობრივად, არამედ აზრობრივადაც ცვლიდა. ნიკო სამადაშვილის საოჯახო არქივში დაცული ხელნაწერების მიხედვით შევეცადეთ ამ ხარვეზების აღმოფხვრა. ეს ცვლილებები მითითებულია სქოლიოებში.

წიგნი გამოსაცემად 2021-2024 წლებში მზადდებოდა.

მადლობას ვუხდი საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ქართველოლოგიის განყოფილების თანამშრომლებს, რომელთა ერთობლივი ძალისხმევით რედაქტირებულ იქნა ლექსები, რითაც მათ დაუბრუნდათ თავდაპირველი სახე.

ასევე, მადლობას ვუხდი იდეის ავტორს საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ქართველოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელს ქალბატონ ჟანა ქვათაძეს.

2 წიგნები

▲ზევით დაბრუნება


2.1 1.აბზიანიძე, ზაზა. ლიტერატურული პორტრეტები:

▲ზევით დაბრუნება


(ქართული პოეზიის სამი საუკუნე) : [ნიკო სამადაშვილი (1905-1963)]. - თბილისი, 2009. - გვ. 341-354. - ISBN 978994027873

1963 წლის 1 მაისი იყო. ბელინსკის ქუჩის მტვერში ვიღაც უცნობი კაცი ეგდო. თავდაპირველად მთვრალი ეგონათ. კი ჰქონდა მსმელის გარეგნობა: ღაჟღაჟა, მელოტი, კეფიდან სასოებით წამოვარცხნილი თმის ორი ღერით, ჩამრგვალებული მუცლით... უცნობი ვერ ლაპარაკობდა, მხოლოდ დროდადრო უმწეოდ ახელდა ცისფერ თვალებს... რომელიღაც გამვლელმა, დემონსტრაციიდან წამოყოლილი დროშა კედელს მიაყუდა, უცნობის გულის ჯიბიდან პირადობის მოწმობა ამოიღო და წაიკითხა: „ნიკოლოზ მიხეილის ძე სამადაშვილი, ბუღალტერ-რევიზორი“. მერე ჩაილაპარაკა, - ამას კაი ფული ექნება ნაშოვნიო, - და გზა განაგრძო.

ნიკო სამადაშვილი იმავე დღეს გარდაიცვალა საავადმყოფოში, სახლში რომ მოასვენეს, ოჯახში სულ ოთხი მანეთი აღმოაჩნდათ.

ერთი შეხედვით, თითქოს სწორედ ასე პროზაულად უნდა დამთავრებულიყო ცხოვრება ბუღალტერ-რევიზორისა, ღვინოში რომ ახრჩობდა თავის დარდსა და ვარამს, თავის ობოლ ბავშვობას, თავის პირველ სიყვარულს, თავის მუხთალ ბედს, თავის ვერნაპატრონებ ნიჭსა და გაცრუებულ იმედებს... და მხოლოდ რამდენიმე ადამიანი გარშემოთაგან ხედავდა მწარე უსამართლობას მის სიკვდილშიც და მთელ მის ცხოვრებაშიც, სასჯელის დარად რომ აღექვა თვით ნიკო სამადაშვილს და უკანასკნელ წუთამდე ვერ მოეძებნა ამ სასჯელის პირველმიზეზი...

ეს ადამიანები მისი ლექსების რვეულის პირველი მკითხველები იყვნენ. იმ რვეულისა, ოთხ მანეთთან ერთად რომ დაუტოვა ოჯახს უკანასკნელ, მაგრამ უკვე მარადიულ გზაზე მიმავალმა ნიკო სამადაშვილმა...

გადავშალოთ ეს რვეული, დღეს უკვე ჩვენი საკუთრებაც რომ გახდა, და თუ მოვინდომებთ ნიკო სამადაშვილის „ქერქგადაგლეჯილი“ გულის სიღრმეში ჩახედვას, ეს საოცარი პოეტი მისივე თვალით დავინახოთ:

შენ ჩემში უსტვენ ვით საყდრის ჩიტი,
შენა ხარ ჩემი ნუგეშის დარი,
სულ კარგად მახსოვს, შენ რომ გამოჩნდი,1
გარეთ ძაღლივით ყმუოდა ქარი.
ვერ გიპატრონე მე ლაზღანდარამ,
შენ სხვა მხევალი უნდა გყოლოდა.
ზეცა სივრცეებს აზანზარებდა
და მზე ყვიროდა ქვეყნის ბოლოდან.
შენ გადარებდნენ ბინდების ჭრიჭინს,
თუმცა სულ მუდამ ტოტს გცემდა ქარი,
ავადმყოფობა ეგონათ ბიჭო.
ლექსები ტანზე გამონაყარი.

(სამადაშვილი 1989: 182)

ამ, სასოწარკვეთილი გაბედულებით თავისი თავისადმი მიძღვნილ ლექსს, ასეც ჰქვია - „ბუღალტერ ნიკო სამადაშვილს პოეტ ნიკო სამადაშვილისაგან (თუ პირიქით)“.

და მაინც, ისე მგონია, რომ ნიკო სამადაშვილის მთავარი სატკივარი მის გაორებულ ცხოვრებაში და მის გამოუმზეურებელ ტალანტში კი არ იყო, არამედ უფრო შორიდან, მისი ბავშვობიდან მოდიოდა: გულდასმით თუ ჩავუკვირდებით მის ბიოგრაფიას, მთელს მის შემდგომ უიღბლობაში მოისმის ობლის ბალიშში ჩაგუდული ტირილის გამოძახილი...

ნიკო სამადაშვილი 1905 წლის 19 ივლისს დაიბადა სოფელ ხიდისთავში, გორის მახლობლად. სამი წლის არ იყო, მამა რომ გარდაეცვალა. დედამ ხელი დაავლო უმცროს ქალიშვილს და ბაქოში გადასახლდა, სადაც ხელმეორედ გათხოვდა კიდეც. პატარა ნიკო კი „ძალო ეკატერინეს“ ამარა დარჩა. ეს „ძალო ეკატერინე“ გახლდათ ნიკოს დიდედის - ეფემიას დაი, - ადრე დაქვრივებული და უშვილო. ეფემია, როგორც ეტყობა, აშკარად არ წყალობდა შვილიშვილს, დაი მისი უფრო ღვთისნიერი აღმოჩნდა.

„ძალო ეკატერინე“ სამუდამოდ დარჩება ნიკო სამადაშვილის ხსოვნაშიც და მის პოეზიაშიც. ამ სახელით დასათაურებული ნოსტალგიური ლექსი განსაკუთრებული სისათუთით გამოირჩევა.

მახსოვს, შენ გზას გასცქეროდი, მელოდებოდი,
კაკლის რტოები ჩრდილსა ყრიდნენ ღობის ნაპირას.
ჩემი ცხოვრება გულზე გაწვა შავი ლოდივით,
მუდამ მეძახდი, ჩემო კარგო ცისმარე დილას.
მე არ ვიცნობდი დედის ალერსს, მაგრამ შენს ზრუნვას
ხომ დავზმუოდი, ჩემო ძალო, როგორც მოზვერი.
ქარი ცეკვავდა დიდ ვერხვების უზუნდარაზე
და დანახვისი იდგა როგორც ძველი საბძელი.

და ბოლოს -

მე გიწოდებდი არა ძალოს, მხოლოდ დედილოს,
მიყვარდა შენთან შენს კალთაში სიზმრების ცქერა.
დამიძახებდი, ბიჭო, მოდი, ცისმარე დილას,
მეც ხომ მიყვარდა შენი სითბო და შენი კერა.

(სამადაშვილი 1989: 165-166)

შესაძლოა, ეს ურთიერთობანი, სინამდვილეში არც ასეთი იდეალური იყო. ყოველ შემთხვევაში, ბიოგრაფიულ ნარკვევში. რომელიც პოეტის ქალიშვილის, მზია სამადაშვილის კალამს ეკუთვნის, ერთი პასაჟი უსიამოვნოდ გჭრით ყურს: როდესაც ნიკო სამადაშვილმა „1925 წელს თბილისის უნივერსიტეტში დააპირა სწავლის გაგრძელება, ...საცხოვრებელი ადგილიდან ცნობა ვერ წარადგინა, - სოფელ ხიდისთავის კომლთა სიიდან ამოწერილი აღმოჩნდა. გამზრდელმა ქვრივმა, ქ-მა ეკატერინემ კი განაცხადა - აქ ნიკუშას არაფერი ეკუთვნისო! უდედოდ გაზრდილს მამის ქონებაზეც უარი უთხრეს, მშობლის სახსოვრად მხოლოდ ერთი ვერცხლის კოვზი ერგო“ (სამადაშვილი 2004: 582).

მიუხედავად ამისა, თუკი რამ წყენა ახსოვდა ნიკოს ბებიისა თუ „ძალო ეკატერინესაგან“ - წყენად დარჩა... როგორც პოეტის ქალიშვილი იგონებს, ხიდისთავშიც ამოიკვეთა ფეხი, მაგრამ ამ „ყოფით წყენას“ ლიტერატურაში აღარ გადაუნაცვლებია. აი, მიტოვებული შვილის გაუნელებელი ტკივილი კი შეუხორცებელ იარად დაემჩნა ნიკო სამადაშვილის ცხოვრებასაც და პოეზიასაც:

ბავშვი ობოლი, თოთო, საწყალი,
გუშინ კარდაკარ ეძებდა დედას.

თავის არსებობას ნიკო სამადაშვილი რაღაც ერთიან მსხვერპლშეწირვად აღიქვამდა. სადაც განგებას მისთვის სწორედ ზვარაკის როლი გაემზადებინა:

აქ შეგეწირე ნეტავი, დედავ,
თავი დამედო და დაგეკალი,
ალბათ, ოდესმე წესს ამიგებდა.
შავი ღრუბლების ცივი წინწკალი.

(სამადაშვილი 1989: 10)

ბავშვობიდან გამოყოლილი ცხოვრების შიში, სურვილი ვისმე კალთას ამოფარებისა, „ქვეყნიერების დაგებულ კაკანათს“ რომ გადაურჩეს, ეს შიში, ჭოტის კივილით რომ იწყება და კივილითვე რომ მთავრდება, კაცს თუ დასჩემდა, მას ვეღარაფერი იხსნის. ცოტა ხნით შველა ღვინოსაც შეუძლია, ქალსაც, ლექსსაც, ალბათ, ვარსკვლავიანი ცის ცქერასაც, თუკი ვარსკვლავებს „მარადისობის ჭუჭრუტანებად“ აღიქვამ, ცხადია.

ობლობის სუსხმა ბავშვის გულის გახევება თუ ვერ მოასწრო, მისთვის მომადლებული შვილობრივი სითბო ვისმე ღვთისნიერს ერგება: ასეთი შვილობრივი გრძნობით უყვარდა ნიკოს თავისი აღმზრდელი „ძალო ეკატერინე“ და შემდგომში კი - მისი მფარველი, უფროსი მეგობარი და მასწავლებელი ერეკლე ტატიშვილი.

მოდით, „ერეკლე ტატიშვილის პორტრეტი ახალგაზრდობაში“ (ჯოისის პერიფრაზს თუ მივმართავთ) ისევ და ისევ მისი შეგირდის თვალით დავინახოთ: „1918 თუ 1919 წელს გორში გამოჩნდა ევროპულად ჩაცმული, საშუალოზედ ახოვანი, ოქროს ახალგაზრდა, ლამაზი მამაკაცი, რა თქმა უნდა, გორელებს მანამდე უამრავი თანამემამულე ენახათ ევროპიდან დაბრუნებული, ევროპული ქუდით და ჰალსტუხით, მაგრამ ასე არავისთვის არ მიუქცევიათ ყურადღება, როგორც ამ ყმაწვილისათვის - ეს გახლდათ ერეკლე ტატიშვილი. კაცს, რომელსაც დასერილი ჰქონდა მთელი ევროპა სტამბოლიდან ლონდონამდე, ბერლინიდან ნეაპოლამდე, კაცი, რომელიც მოწიწებით ისმენდა ფილოსოფოს ვუნდტის, სოციალისტ ჟორესის, ანარქისტ ბაკუნინის და პირქუშ ოსვალდ შპენგლერის მეტყველებას. კაცი, რომელიც ღამეებს ათენებდა ვეებერთელა ქალაქების დანსინგებში, საეჭვო ადგილებში და თან ეწაფებოდა ფრიდრიხ ნიცშეს თავაწყვეტილ თხზულებას, პრუდონის გახელებულ წინასწარმეტყველებას, შელის ფაქიზ პოეზიას, ბოდლერის - „ბოროტ ყვავილებს“ (სამადაშვილი 2004: 458).

ერეკლე ტატიშვილი გერმანულ ენას ასწავლიდა გორის ვაჟთა გიმნაზიაში, რომლის მოწაფეც გახდა ნიკო სამადაშვილი 1917 წელს, იმავე გორში სასულიერო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ.

„ერეკლე პოეტის მიმართ ყოველთვის დიდ მზრუნველობას იჩენდა, - წერს მზია სამადაშვილი მამამისისადმი მიძღვნილ წიგნში, - 1920 წელს, გორის დიდი მიწისძვრის დროს, ნიკო და მასთან ბაქოდან სტუმრად ჩამოსული და, ელენე, ბიძამ მიხეილ კობერიძემ, ჩამოიყვანა თბილისში. ელენეს თვითონ ზრდიდა, ნიკო კი უპატრონო ბავშვთა სახლში მიიყვანა. ერეკლე ტატიშვილმა ნიკო ამ სახლიდან გამოიყვანა და ინგლისურენოვან კერძო პანსიონში მიაბარა, რომლის დირექტორი ინგლისელი ქალბატონი იყო. სწავლის ფულს, რასაკვირველია, ერეკლე იხდიდა. ნიკო პანსიონში სწავლობდა, ვიდრე გორში სწავლა არ აღდგა. სამწუხაროდ, მის არქივში ინგლისელი ქალბატონის სახელი და გვარი ვერსად ვნახეთ. ინგლისში გამგზავრებისას, ამ ქალბატონმა ნიკოს სთხოვა, თან გაჰყოლოდა, შეჰპირდა რომ იშვილებდა და შესაფერის განათლებასაც მისცემდა, მაგრამ თავის საყვარელი მოწაფისგან უარი მიიღო. (სამადაშვილი 2002; 11).

გორში დაბრუნებული ნიკო უკვე „გასაბჭოებულ“ გიმნაზიაში განაგრძობს სწავლას, რომელსაც აწ „ჰუმანიტარული ტექნიკუმი“ ეწოდება. ერეკლე ტატიშვილი თბილისშია. მაგრამ ის ერთი ყველასაგან გამორჩეული გორელი მოწაფე ყოველთვის რჩება მისი თვალთახედვის არეში.

„სამადაშვილი, როგორც პოეტი, ერეკლე ტატიშვილის აღმოჩენაა, - იგონებდა პროფესორი გაიოზ იმედაშვილი, - ...ჩვენი მასწავლებელი, მოძღვარი და მეგობარი ერეკლე ტატიშვილი დაბეჯითებით გვიმტკიცებდა, რომ სამადაშვილი არის დიდი პოეტი და საყურადღებოა არა მხოლოდ საქართველოს მასშტაბით. ამის გაზიარება მაშინ მიახლოებითაც კი შეუძლებლად მიგვაჩნდა. დრომ გვაჩვენა, რომ ეს დიდი აღიარება უსაფუძვლო არ ყოფილა“ (სამადაშვილი 2002: 42).

ნუ დავივიწყებთ, რომ აქ ოციანი წლების დასასრულზეა ლაპარაკი: ამ დროისთვის ნიკო სამადაშვილი ავტორია სულ რამდენიმე ლირიკული ლექსისა, რომლებსაც განდობილთა ვიწრო წრეში კითხულობს: გამოქვეყნებული კი ორად ორი ლექსი აქვს გორის რაიონულ გაზეთში „წითელი ქართლი“ - ერთი ლენინზე და მეორე წითელ არმიაზე.

რა იყო აქ მეტი? ოცი წლის უსახსრო ყმაწვილის რევოლუციური ილუზიების ანარეკლი, თუ ფარული პატივმოყვარეობით ნაკარნახევი სურვილი - თავისი გვარისა და სახელის გაზეთში ხილვისა? თუ ერთიცა და მეორეც? ასეა თუ ისე, მიამიტური სტრიქონები „წითელი ქართლიდან“ კიდევ ერთხელ შეგვახსენებენ, რაოდენ საფრთხილოა ერთი, ზედაპირული შთაბეჭდილებით პოეტის ნიჭისა და მომავლის განსჯა.

მით უფრო დასაფასებელია ერეკლე ტატიშვილის ინტუიცია და ის დაბეჯითება, რომლითაც იგი თავის უმცროს მეგობარს ლექსების გამოქვეყნებისგან თავის შეკავებას ურჩევდა. როგორც არჩილ სულაკაურმა გაიხსენა, ერეკლე ტატიშვილის სიკვდილის შემდეგ, ნიკოს მაინც უცდია გამოექვეყნებინა თავისი ლექსები, მაგრამ უშედეგოდ...

ის ლექსები, რომელთა დაბეჭდვაც ნიკო სამადაშვილს ასე ეწადა, მხოლოდ ავტორის სიკვდილის შემდეგ გამოქვეყნდა - გაზეთ „ლიტერატურულ საქართველოში“ 1967 წლის 28 ივლისს. წინათქმა ეკუთვნოდა თამაზ ჩხენკელს. რომელმაც საზოგადოდ, ბევრი რამ გააკეთა იმისათვის, რომ ქართველ მკითხველს გაეცნო და გაეთავისებინა ეს უჩვეულო პოეტი.

ერეკლე ტატიშვილის სიფრთხილე დღეს სავსებით გასაგები ხდება: იგი ხომ სხვაზე უკეთ ხედავდა, რომ სამადაშვილის პოეზიის მაგნეტიზმი პარადოქსულად უკავშირდებოდა მისივე მინუსებს - ლიტერატურული ტრადიციიდან განდგომას, პოეტიკის კანონების არცოდნას თუ არგათვალისწინებას, რაღაც იშვიათ სიჯიუტეს, რომლის გამოც ნიკო ერთხელ უკვე დაწერილ ტექსტს აღარ უბრუნდებოდა...

როგორც ეტყობა, ერეკლე ტატიშვილს ეშინოდა, რომ სამადაშვილის თვითმყოფადობა, ველური წარმოსახვა და განცდის სიმძაფრე უთუოდ დაოკდებოდა და ქვეცნობიერად მაინც წარიმართებოდა აღიარებული ლიტერატურული კალაპოტისაკენ, ნიკოს თავისი ლექსებისათვის მომავალი რედაქტორების თვალით რომ დაეწყო ცქერა. სხვათა შორის, ორიოდე მისი საიუბილეო ოდის სწორედ ამგვარი „გარანდვა“ დღეს გაცილებით უფრო გეუცხოებათ, ვიდრე ის ყურისმომჭრელი და გაუმართავი სტრიქონები, კოჟრებად რომ ემჩნევა სამადაშვილის არაერთ ლექსს.

ეს პრეტენზიები იმწამსვე გვავიწყდება, როდესაც ნიკო სამადაშვილის სულისშემძვრელ პოეტურ ავტობიოგრაფიას მივუბრუნდებით:

მზე გადიოდა ცას ბორანივით.
ტყეში შიშველი ქარი კიოდა.
ლექსს იძახოდა ხიდან ყორანი
ქრისტე მოჩანდა საიქიოდან.
ძლივს ვამშვიდებდი მოქანცულ ჩიტებს.
თვალს მიშტერებდა წარმართის ლოცვა.
ლოდებზე იჯდა გიჟი პოეტი.
კვნესოდა მთების ყრუ გარემოცვა.
დაფლეთილ სხეულს, დაღალულ ფიქრებს,
ახსოვდათ მხოლოდ სიცოცხლე მკვდარი.
სადღაც ეშოვნათ კუბო ჯიბგირებს
და მოეწერათ ზედ ჩემი გვარი!

(სამადაშვილი 1989: 15)

ნიკო სამადაშვილის ლექსებში შეხვდებით საუკუნის დასაწყისის დეკადენტური რეკვიზიტისათვის დამახასიათებელ „მკვნესარე ბალდახინებს“, „ქაოსებს“, „მკრთალ პანაშვიდებს“, მაგრამ თავისი სულის შეშფოთება მან ირეალური სურათების ისეთი წყებით გამოხატა, რომელთაც ფერწერულ ტრადიციასთან მეტი ჰქონდათ საერთო, ვინემ ლიტერატურულთან.

სამადაშვილი, რაღაც უცნაურად უნაცვლებს ერთმანეთს სიკვდილ-სიცოცხლეს: სიცოცხლის სურათში, როგორც წესი, სიკვდილის კლანჭია ჩახატული, თვით სიკვდილი კი, ასევე მოულოდნელად, ამეტყველებული და ამოძრავებულია: არის რაღაც სიურრეალისტური იმ წარმოსახულ მიზანსცენებში, სადაც ცხედარი „სარეცელზე ხვნეშის“, „საკინძის ღილებს იბნევს“ ან „მოთქმით ტირის“, მაგრამ, თუკი არსებობს ეგზისტენციალური შიში, „შიში არსებობისა“, უფრო მაშინ გიჩნდებათ, როდესაც „მსოფლიოს გარეთ პირქვე დაგდებულ“ პოეტში ბელინსკის ქუჩაზე დაცემულ უცნობს ამოიცნობთ; როდესაც სამადაშვილის თვალით დაინახავთ დედამიწის მეტაფიზიკურ სურათს: „ბარით გადმოყრილ ქვიშასა და ნაგავს“, „დიდ სასაფლაოს“, „ჯვარცმის შავ დედანს“ - კოსმიურ სიბნელეში და სიცივეში გატყორცნილს.

გარკვეულ მომენტამდე, ამ სივრცობრივ მასშტაბს მაინც პოეტურ პირობითობად აღიქვამთ, მაგრამ დგება წუთი, როდესაც თავის მომავალ სამარესთან მდგომი ადამიანის შიში გადმოგედებათ და კოსმიური თუ სიკვდილის სუსხისგან შეგაჟრჟოლებთ.

თვით ნიკო სამადაშვილისათვის, როგორც ეტყობა, ეს შეგრძნება ჩვეული რამ იყო. დასტურად ამისა, მისი ერთ-ერთი პროზაული ჩანახატის „უცნაური ხელობის“ გამორჩეულად ნიშანდობლივ პასაჟს შეგახსენებთ:

„...სასაფლაოზე დილის მდუმარება სუფევდა. გუნდის ხეები ფრინველების ჟრიამულით გაოგნებული წუხანდელ სიზმრებს ჰაერში აფრიალებდნენ.

როქე მესაფლავე ბარის ტარზე დაყრდნობილიყო, პატარა გაცრეცილი ნაბდის ქუდი შუბლზე ჩამოეფხატა და შინ მოყვანილ თამბაქოს ღეჭავდა.

შუადღე მიიწურა, როცა დიდ გზაზე კიდევ გამოჩნდა გვირგვინები, ხალხი... მოხუცი ძეგლები ხელის გულის ქვეშ გასცქეროდნენ ახალ სტუმარს და ღრძო თვალებით იღიმებოდნენ.

ხეპრე მესაფლავე მხარზე ბარგადებული (ჩვენ ერთხელაც შევხვდებით ამ მესაფლავეს! - ზ. ა.) საფლავებს შორის დაძრწოდა. დაღვრემილ ქანდაკების ზურგს უკან დამალული სიკვდილი მესაფლავეს ჩუმად თვალს ადევნებდა, რომ როგორმე ფეხები შემოემტვრია.

გონებაშერყეული ღმერთი დაკონკილი ტანისამოსით, წელკავამართული, ყაყანა კაცობრიობას წარმავლობის იალაღებზე აძოვებდა. ხანდისხან დამფრთხალი განგების ღრიანცელი ისმოდა:

„- საით მიედინებით თქვე ოხრებო?!“

ფერდჩაცვენილი ნაგაზები ყეფდნენ, ყმუოდნენ და მერე რა!.. ღამით ადამიანთა ფარეხებში მაინც წივილ-კივილი ისმოდა. ადამიანები ჭილყვავებზე უარესად ჩხაოდნენ“ (სამადაშვილი 2004: 395).

ნიკო სამადაშვილის პროზაული მემკვიდრეობის შეფასებასთან დაკავშირებით, ძალზე საინტერესოა გერონტი ქიქოძის ნიკოსადმი მიწერილი წერილი, რომელშიც სწორედ ეს თემაა აღძრული: „ძმაო ნიკო, - წერდა გერონტი ქიქოძე, - მე ყურადღებით წავიკითხე თქვენი ნაწერები: არ ვიცი, რა ვუწოდო მათ: ფილოსოფიური მოთხრობები, ესკიზები, პატარა პოემები პროზაში თუ სხვა რამე. თქვენს მთავარ ღირსებას ის წარმოადგენს, რომ თქვენ არ დადიხართ გატკეპნილი გზებით და არავის არ ბაძავთ. მთავარი შთაბეჭდილება, რომელსაც თქვენი ნაწერები იძლევა, ჩემის აზრით, არის სამყაროს დაშლის შეგრძნება, რაღაც კოსმიური ტრაგედია, რომელსაც ზოგიერთი სხვა თანამედროვე მწერალიც გრძნობს, მაგრამ სხვანაირად გადმოსცემს“ (სამადაშვილი 2004: 491).

იმავ წერილის ავტორი, სტენდალისა და ბალზაკის თაყვანისმცემელი და ქართულად მთარგმნელი, გულახდილად ლაპარაკობს სამადაშვილისეული თხრობის მანერის მისთვის მიუღებელ ფორმაზეც: „რაც შეეხება ფორმას, - განაგრძობს გერონტი ქიქოძე, - მე ის სუსტი, დაუმუშავებელი ან ნაკლულოვანი მეჩვენა. უბრალო ყოფაცხოვრებითი ამბები არეულია ფილოსოფიურ აბსტრაქციებში, ბევრი რამ ძალიან ბუნდოვნადაა გამოთქმული და ძნელი გასაგებია თვით მაღალკვალიფიციური მკითხველისათვის, სიუჟეტი ნაკლებ საინტერესოა ან საწინააღმდეგოდ სწყდება, ზოგიერთი მხატვრული სახე მეტისმეტად ნაძიები და ძალდატანებული სჩანს“ (სამადაშვილი 2004; 491).

ორმოცი წლის შემდეგ, ნიკო სამადაშვილის პოეტური პროზის პირველი პატარა კრებულის („შეხვედრები და სინანული“) წინათქმაში, სამადაშვილისეული თხრობის სტილი ასეა ახსნილი: „მთლიანობაში ეს ერთი საერთო სტილია (თუ არ ჩავთვლით ჩანაწერების ცალკეულ სატირულსა თუ ირონიულ პასაჟებს, რაც უცხოა მისივე პოეზიისათვის), ენობრივადაც ერთიან სამოსელშია მოქცეული; მკვეთრი პოეტური მეტყველება კი იწვევს თხრობის პათეტიკურსა და ეგზალტირებულ მანერას, ექსპრესიულსა და მთრთოლვარე განცდას, შობს სწორედ იმგვარ სტილს, რაც ქმნის სევდის, იდუმალებისა და ამაღლებულის განწყობილებას და რამაც ამ სევდით, ამ იდუმალებითა და ამაღლებულის განცდით უნდა განგვმსჭვალოს“ (როსტომ ჩხეიძე, „ორეული“. წიგნში: სამადაშვილი 1995: 16-17).

სწორედ ამგვარი განცდით დავუბრუნდეთ ჩვენი თხრობის ძირითად ქარგას: ნაკლებ თუ მეტად მნიშვნელოვან მოვლენათა იმ ფატალურ წყებას, ესოდენ დრამატულს რომ ხდის ნიკო სამადაშვილის ბიოგრაფიას და ამოსუნთქვის საშუალებას რომ არ აძლევს არც პოეტსა და არც მის მკითხველს.

თავისი დაობლებაც, უმცროსი დის ნაგვიანევი გაცნობის შემდეგ, მისი უეცარი სიკვდილის ამბავიც, დაპატიმრების მოლოდინიც - ესაა, ნიკო სამადაშვილს რომ ათქმევინებს: „ჩემი გაჩენა მიეზღოს ცეცხლად, ვისაც ეს ჩემი იღბალი მართებს“, სიკვდილს რომ ანატრებინებს და თავისსავე შესანდობარს შეასმევს:

ხე ეკლესიის მათხოვარს ჰგავდა,
თითქოს გულს ქრისტემ ხელი დარია,
შენი ფიქრების ჩრდილთა ტორტმანი2
მტრედის სიზმრებში მომიპარია.
რომ ფოთლებიდან მეცქირა დიდხანს,3
როგორ მალავდა ცრემლს მეგობარი,
და დამელია ბნელ ლუდხანაში
ჩემი ცხოვრების შესანდობარი.

(სამადაშვილი 1989: 131)

ნიკო სამადაშვილის ცხოვრების დრამას თუ დავუბრუნდებით, მისი უიღბლო სტუდენტობაც უნდა გავიხსენოთ, 1925 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიურ ფაკულტეტზე ჩარიცხვით დაწყებული, და დამთავრებული, მეორე კურსიდან გარიცხვით (ეს უკვე 1928 წელია) - ჩაუბარებელი გამოცდების მიზეზით. „ოჯახური უსახსრობის გამო უნივერსიტეტს თავი გავანებე, - წერდა ნიკო ავტობიოგრაფიაში, რაღაცა მიამიტური თავისმართლებით, - და მოვეწყვე მოანგარიშეთ, გორში მქონდა დამთავრებული საბუღალტრო კურსები... მას აქეთ ვმუშაობ ბუღალტერ-რევიზორის თანამდებობაზე“.

ნიკო სამადაშვილის ცხოვრების მდინარება ორჯერ შეწყდა იძულებით: პირველად ომის დროს დააპატიმრეს, სოფელ სადგერში (1943 წლის იანვარში) - თხუთმეტი წლის წინ „ახალგაზრდა მარქსისტთა“ არალეგალურ წრეს ხელმძღვანელობდიო“; მეორედ, უკვე ომის შემდეგ. 1947 წელს, ამჯერად მის რევიზორულ საქმიანობასთან დაკავშირებით. ბედად (თუკი შეიძლება ამას ბედი დაერქვას), ორივე დაპატიმრება წელიწადზე მეტ ხანს არ გაგრძელებულა...

ნიკო, როგორც ეტყობა, სუფრის კაცი იყო, ვინემ ოჯახისა და თუკი ჰქონდა კიდეც რაღაც გამორჩენა თავის რევიზორობიდან, ისევე და ისევ მეგობრულ სუფრას ახარჯავდა: აქ იყო მისი სტიქია, აქ მოეძალებოდა ხოლმე ლექსის თქმის სურვილი, აქ ისმენდა დაფასებისა და აღიარების იმ სიტყვებს, რომლებიც, დროდადრო, ყველაზე თავმდაბალ შემოქმედსაც კი ჭირდება...

ოჯახი ვახსენე: პირველი ცოლი ნიკოს ადრე შეურთავს და ადრევე გასცილებია - ეს ყოფილა ძალზე ლამაზი ბერძენი ქალი ევა ჩაკალიდი (მათი რომანტიკული მიმოწერის ნაწილი გადარჩა და გამოქვეყნდა კიდეც). შემდეგ, დაბა სადგერში (ბორჯომის მახლობლად) ხანმოკლე მასწავლებლობისას, ოცდათერთმეტი წლის ნიკო მოიხიბლა თავისი თხუთმეტი წლის მოწაფით - მარიამ ამანათაშვილით და ჩამოიყვანა კიდეც იგი თბილისში. მარიამს, ნიკოს სამი შვილის დედას, არასდროს დასცდენია საყვედური, რომ მისი პოეტი მეუღლე მთელი ცხოვრება უბით დაატარებდა თავისი პირველი სიყვარულის - მათიკო მაისურაძის სურათს. იმ მათიკო მაისურაძისა, ხიდისთავში მშობლებმა არასგზით რომ არ გაატანეს ღარიბ და ობოლ თანასოფლელ ბიჭს.

გულის სიღრმეში მიყუჩებული პირველი სასიყვარულო მარცხის ტკივილი გამოკრთებოდა ხოლმე ნიკო სამადაშვილის ლექსებში. მაგრამ, საზოგადოდ, სასიყვარულო ლირიკა მასთან არ იქცა იმ გამორჩეულ ჟანრად, როგორც ეს ჩვეულებრივ ხდება ხოლმე და პირველობა სხვა თემებსა და განწყობილებებს დაუთმო.

ნიკო სამადაშვილმა საკუთარი მითოლოგია შექმნა; წარმართის სითამამით დასეირნობს იგი ბიბლიურ პანთეონში, სადაც, ხან „გოლგოთის მთიდან მორეკილ ღმერთების ჯოგს“ გადააწყდება, ხან „შეშინებულ მოხუც მაცხოვარს“, ხან „გზად მომღერალ წმინდანებს“, ხან „გაბუტულ ღვთისმშობელს“, ხან კი, გაკვირვებული თვალს გააყოლებს „შეშლილი ღმერთის ცეკვას“... ის გაშინაურება და ფამილიარობა, რაც სხვასთან მკრეხელობად მოგეჩვენებოდათ, სამადაშვილთან რაღაც იშვიათ სითბოს იძენს, ხოლო ბიბლიური და ქართული რეალიების, დროისა და სივრცის უცნაური ნაზავი, სრულიად მოულოდნელ, ლამის ვიზუალურ დამაჯერებლობას:

წარმართთა ძვლებზე იდგა ტაძარი,
ზევით ლეგენდა მიჰქონდათ მთიებს,
ძირს წმინდა ნინოს ნაფეხურები
ჰგავდნენ სისხამზე მოკრეფილ იებს.
ვით უკვდავება, წყარო ანკარა
აცისკროვნებდა ირმების ფერდობს.
ქრისტემ ბავშვობა აქ გაატარა
და ღვთისმშობელი უგვიდა ეზოს.

(სამადაშვილი 1989: 17)

და ისევე ცხადლივ, როგორც ეს ატენის სიონის ეზო, დაინახა ნიკო სამადაშვილმა თავისი საფლავის ბორცვი და თავისი სიკვდილისშემდგომი სიცოცხლე:

გათხრილ საფლავთან მესაფლავე გაისეირნებს,4
ბედუზრუნველი, მუხანათი, წირპლების რული,
კაცი, რომელიც უცქეროდა ქვეყნის სეირებს,
როგორც ჭინჭარი, როგორც ძეძვი, როგორც ველური.
გაგასვენებენ საძნე ურმით, ფოთლებშემოყრილს,
ნიშა ხარები დაფრთხებიან მონასტრის ზევით.
ქანდაკებები ნაძვებიდან დაიყვირებენ
და კრუხებივით დაფრთხებიან ციდან მზეები.5
ჩამობნელდება... მტირალ წნორებს წაუვათ გული.
უკვდავებაა, სიცოცხლეზე რომ ისეირებს...
და მესაფლავე მახინჯ მხარზე ბარგადებული,
სასაფლაოზე პურის ჭამით გაისეირნებს.

(სამადაშვილი 1989: 51)

ცოცხალ, ბედის უსამართლობით მიწაზე გართხმულ ნიკო სამადაშვილს თავისმა დრომ გულგრილად გვერდზე ჩაუარა. და მხოლოდ მისი სიკვდილიდან კარგა ხნის შემდეგ, როცა ობოლმა საფლავმა რაღაც უჩვეულო ფერისცვალება იწყო, მოტრიალდა, საფლავის ქვასთან შეჩერდა, თავი დახარა და, როგორც იქნა, ამოიკითხა ნიკო სამადაშვილის სახელი...

______________________

1. სწორია: სულ კარგად მახსოვს, შენ რომ გამიჩნდი

2. სწორია: შენი ფიქრების ჩრდილთა გოგმანი

3. სწორია: რომ ფოთლებიდან მეცქირა ჩუმად,

4. სწორია: სასაფლაოზე მესაფლავე გაისეირნებს,

5. ეს სტროფი ნიკოს ამოღებული აქვს და ამ ლექსში „უცნაური ხელობა“ არ უნდა იყოს

2.2 2. აბზიანიძე ზაზა. ქართველი მწერლები ეპოქათა ჭრილში:

▲ზევით დაბრუნება


[ნიკო სამადაშვილი]. - თბილისი, 2020. - გვ. 575-588. - ISBN 9789941971280. - ტექსტი იხ.: აბზიანიძე, ზაზა. ლიტერატურული პორტრეტები : (ქართული პოეზიის სამი საუკუნე). - თბილისი, 2009. - გვ. 341-354.

2.3 3. ახლოური, დავით. ჩემი ხავსისფერი სალოცავი:

▲ზევით დაბრუნება


[შენ ღვთისმშობელი აკვანს გირწევდა]. - თბილისი, 2018. - გვ. 41-47. - ISBN 9789941477102

„ნამტირალევი მივდივარ დღესაც,
სადაც არ მივალ, ყველგან ღამეა,
ნეტავ ჩემ გულში ჩამოგახედათ,
რამდენი კვნესა და ვარამია“.

„ქართული პოეზიის ფიროსმანი“ - ასე მოიხსენიებენ ნიკო სამადაშვილს, ცნობილ პოეტსა და ეროვნულ მოღვაწეს.

ჰგავდა კიდეც თავისი ტრაგიკული ბედით დიდ ნიკოს...

თვითონაც დიდი იყო, პოეზიის მეფისგან კურთხევამიღებული და აღიარებული,

„დავრწმუნდი მე შენს სიძლიერეში, მომავლისაკენ წინ იერიში“ - იტყვის გალაკტიონი და პოეტის სიძლიერეში ჩვენც ვრწმუნდებით, როცა ნიკოს ღვთის მადლით მოსილ პოეზიას ვეცნობით.

ის “ძუძუს“ სწოვდა გაშლილ ალუჩებს და ღვთისმშობელი აკვანს ურწევდა.

ფოროსმანივით არც სამადაშვილს ღირსებია სიცოცხლეშივე პატივისცემა და დაფასება. უცხო იყო ნაცნობთა შორის, უცხო და შეუცნობელი.

ბედისწერის მძიმე განაჩენიც ბავშვობიდან იწვნია, სამი წლის იყო, როცა მამა გარდაეცვალა და ბებიამ ბაქოდან, სადაც ნიკოს მშობლები ცხოვრობდნენ, გორში წამოიყვანა.

„მამაჩემს დავრჩი ბიჭი ობოლი,
მზრდიდა ვერხვების რწევა და ტაში,
როგორ მიყვარდა ჩემი სამშობლო
და წეროების ძახილი ცაში.“

როცა დედამ შვილის მონახულება გადაწყვიტა, ბებიამ ბავშვი არ აჩვენა. მშობლის სითბოსა და სიყვარულს მონატრებული პოეტის სულიერი მდგომარეობა აისახა ლექსში „ამინდები“:

„გაუხარელი დღეები არი,
გაუხარელი ამინდები სდგას.
ბავშვი - ობოლი, თოთო, საწყალი,
გუშინ კარდაკარ ეძებდა დედას“.

მოულოდნელად მოვარდნილი წვიმები შლიან დედის ნაკვალევს და აქრობენ მშობლიურ კერაზე ოდესღაც დანთებულ ბუხარს, რის გამოც საკმაოდ გვიან, 16 წლისამ ნახა პირველად ორი წლით უმცროსი და - ელენე.

მერე მიწისძვრისგან დანგრეული სახლ-კარი და ღია ცის ქვეშ დარჩენილი და-ძმა.

უპატრონო ბავშვთა სახლში გატარებული წლები...

დარდისგან დაკორტნილი ყმაწვილი კაცის სახე და ბედქვეშ გათელილი ახალგაზრდობა:

„ქვეყნიერება ჩვენ დაგვიგეს კაკანათივით,
ქაოსებს იქით... კრიჭაშეკრულ სამრეკლოებთან,
აღქმულ ბილიკებს მივყვებოდით გაბმულ ღაღადით
და წმინდანები მოგვყვებოდნენ საქართველოდან“ -

იტყვის პოეტი და ცივი პანაშვიდებივით გაგვათავისებინებს ლექსებში შემორჩენილ ტკივილს...

ბედისგან გაწამებულს მხსნელად და სულიერ მოძღვრად ერეკლე ტატიშვილი მოევლინება. იგი ნიკოს გერმანულ ენას ასწავლიდა გორის გიმნაზიაში.

ერეკლემ პოეტი ბავშვთა სახლიდან ინგლისურ პანსიონატში გადაიყვანა, სწავლის ქირას მასწავლებელი უხდიდა ნიჭიერ მოსწავლეს.

ერეკლე ნიკოს უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტზეც უკითხავდა ლექციებს.

დიდი მოძღვრის თანადგომა და პატივისცემა არასდროს დავიწყებია პოეტს. არაერთი სევდითა და ტკივილით გაჯერებული სტრიქონი მიუძღვნა საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლად ქცეულ დიდ მასწავლებელს:

„ქვეყნიერებას უცქეროდი ათასნაირად,
წარმართ თვალებზე
ქრისტეს წყევლა გქონდა აკრული,
მთვარე დაისით გაგითბია როგორც დაირა
და ანგელოზებს ულანძღიხარ მუხლებდაზრული.
ბნელ გეთსიმანის ბაღში დიდხანს ტრუბადურობდი,
ღმერთების ჯოგი გოლგოთაზე გელანდებოდა,
დასწყევლოს ჭირმა, რაღა ნისლებს დაუმეგობრდი,
თუ არ იცოდი, სად ინათლა, სად ბნელდებოდა“.

ახლობელი, სათაყვანო ადამიანის დაკარგვით გამოწვეული ტრაგიზმი საოცარი პოეტური ხილვით აისახა ლექსში „ერეკლეს“:

„როცა გხვდებოდი, ჩემს საგონებელს
ვფიქრობდი, ვუმზერ შუბლმაღალ ხეთებს,
შენ რომ წახვედი, ასე მგონია,
მთელი ქვეყანა თან გაიხვეტე“.

ნიკო ერეკლე ტატიშვილივით მთელი ცხოვრება იდევნებოდა არსებული რეჟიმისაგან, ამიტომაც ვერ ამჩნევდნენ მისი თანამედროვენი, რომ მათ გვერდით დიდი პოეტი მოღვაწეობდა და არა მხოლოდ „უბრალო“ რევიზორ-ბუღალტერი.

არც თვითონ ილტვოდა დიდებისაკენ, მარადისობისაკენ, მხოლოდ იმას წუხდა, რომ ბედშემოღამებულს გათენებისთვის ვეღარ მიეგნო...

არ განუდიდებია, არ შეუქია, ვინც შესაქებად არ მიაჩნდა. წერდა იმას, რაც გულიდან მოდიოდა, რაც ეწერებოდა. ლექსებსაც მხოლოდ ახლობელთა წრეში კითხულობდა; ხან სუფრასთან, ხან მეგობრებთან, ხან ოჯახის წევრებთან. ჩრდილში დგომას არჩევდა ყოველთვის, თუმცა გრძნობდა, რომ მოვიდოდა დრო და მდელო იებით შეამკობდა მის ნიშს... ვიღაცას სულის მკურნალად დასჭირდებოდა მისი პოეზია და, როცა ლექსებში საკუთარ ორეულს გაესაუბრებოდა, დაისვენებდა:

„მდელო შეამკობს ჩემს ნიშს იებით,
თუ ყვავილებმაც გული ინებეს,
ვიღაც ჩაივლის მოშვებულ მხრებით,
მოვა, მიპოვნის და დაისვენებს“.

როგორი მოკრძალებითა და თავმდაბლობით მიმართავს გალაკტიონს:

„შენ არტისტული ყვავილები“ გეჭირა ხელში,
მე კი სოფელში ტლუ ბიჭივით ვუდექი ხბორებს.“

გალაკტიონს ეთაყვანებოდა.

მისი ლანდი ადევნებოდა ბალღობაში წაკითხული „მერის“ ფრაგმენტებივით.

ხედავდა როგორ რაინდივით ეწაფებოდა პოეტების მეფე ამორძალთა სისხლიან ტუჩებს და როგორი ჟინით მიილტვოდა უსასრულობისაკენ.

„მათრახგადაკრულ ცხენებს სადღაც მიაქროლებდი,
ტანზე გეხურა წამებული ქრისტეს ჩარსავი,
ბაღს იქით მძიმედ ხმაურობდა შენი ლექსები,
ქვეყანა იდგა და გწყევლიდა უდაბნოსავით...“

კახაბერს კახაბრად მოიხსენიებდა, კეისარს კეისრის წილს მიუზღავდა, საბჭოთა ხელისუფლებისათვის კი ხარკი არასოდეს გაუღია. რა ექნა, ღვთის რჩეული იყო და არ შეეძლო ქედის მოხრა.

ვერც დაპატიმრებას გადაურჩა, ანტისაბჭოთა მოღვაწეობა დასწამეს და 5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. სასჯელი ბოლომდე არ მოუხდია, მაგრამ მთელი ცხოვრება იხდიდა სასჯელს სამშობლოს სიყვარულისთვის; უშიშროების თანამშრომლების მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი პოეტისათვის უცხო არ იყო დევნა, შევიწროება, სასჯელი...

სიყვარულისა და ერთგულების მაგალითია ნიკო სამადაშვილის ცხოვრება.

მამული,
სატრფო,
ღირსება -

ეს სამება ისე იყო მის სულში შენივთებული, ვეღარაფერი დაარღვევდა.

სამშობლო იყო პოეტის ფიქრთა ზედაშე, უჭირდა თუ ულხინდა, სამშობლოს გამო უჭირდა თუ ულხინდა. ფხიზელი გულისყური დღენიადაგ მამულის მაჯისცემისაკენ ჰქონდა მიმართული.

პატრიოტი პოეტის მამულიშვილური კრედო მთელი სიცხადითაა ასახული ილიასადმი მიძღვნილ ლექსში „მამადავითის პანთეონი“:

„დიდო მგოსანო, ქალაქს გაჰყურებ,
თბილისი შენთვის რომზედ დიდია,
ფხიზლობ მეუფევ და გულისყური
სულ საქართველოს გულზე გიდვია.“

თვითონაც ხომ ასე ფიქრობდა და ფხიზლობდა საქართველოსთვის.

ამბობენ, პატრიოტობა საკუთარი ეზოდან, საკუთარი სოფლიდან იწყებაო. ნიკოს შემოქმედებაში მშობლიური ხიდისთავის, მშობლიური ქართლის არაერთი ლამაზი სურათია შემონახული.

თუნდაც ასეთი:

„აქ ბარბარუკა, იქ ნიშხანიშხა,
კვერნაქის ვაკე, რუხი მინდორი.
მთებზე ზოზინი სოფლის ნახირის,
მდინარის გაღმა ვეება ქორი“.

ვხედავთ ხვართქლნარევ ორღობეს, მთის წვეროებთან მიხვეტილ ღრუბლებს და გვრიტების ფერებით მოჭედილ ჭალას. ჩიტებს როკვა გაუმართავთ ბოკრო საბძელთან, ამბრიანთ ოჩას დუქნიდან კი ისევ მოისმის დუდუკის ხმა. არც ჭრაქის კიაფი, ჭოტის ქოქოლა და საქონლის ფშვინვაა ჩვენთვის უცხო...

ეცნობი ულამაზესი სოფლის ეტიუდებს და ხვდები პოეტის სურვილსაც:

„როგორ მიყვარდა ჩემი სოფელი,
როგორ მინდოდა აქ მომკვდარიყავ.“

ბევრჯერ გვღლის ცხოვრება ათასი ჭირვარამით, გაუტანლობით, სიძულვილით...

ბევრჯერ ვრჩებით მარტო უსამართლობით დამძიმებულ სამყაროსთან...

ასეთ წუთებში ყოველთვის ნიკო მახსენდება:

„ღამით გადავყე ქალაქის ქუჩებს,
შემხვდა მეძავი, სთვლემდა ლუდხანა.
გვიანღა არის ნუღარ ჩურჩულებთ,
მე გავვერანდი, თუ ეს ქვეყანა.“

ვერც ადამისეული პირველგრძნობის გარეშე იცხოვრებდა პოეტი. მთელი არსებით უყვარდა და აღმერთებდა საყვარელ მეუღლეს - მარიამს. როცა დაოჯახებულან, მარიამი 15 წლის ყოფილა, ნიკო - 31-ის... პოეტის პირველი მეუღლე ულამაზესი ბერძენი ქალი ევა ჩაკალიდი გახლდათ, მაგრამ მათი ქორწინება ხანმოკლე აღმოჩნდა, თუმცა ევა მთელი ცხოვრება ელოდებოდა თურმე მეუღლის დაბრუნებას, ნიკო კი მარიამს აღმერთებდა:

„მე შენ მიყვარხარ, ისე კი არა ხალხმა რომ იცის,

ანდა წიგნებში როგორც სწერია,
მიყვარხარ ისე, როგორც იციან
ტყის მოჭიკჭიკე ცის ფრინველებმა.
მიყვარხარ, როგორც ღვთისმშობლის ფიცი,
შენი ცხოვრება გულის მწველია.
ისე კი არა, ხალხმა რომ იცის,
ანდა წიგნებში როგორც სწერია“.

მარიამიც აღმერთებდა ნიკოს და შვილებისგანაც მამის პატივისცემასა და სიყვარულს მოითხოვდა.

„შვილები მამას, როგორც ღმერთს, ისე ვუყურებდით. ეს კი, პირველ რიგში, დედის, მარიამის დამსახურებაა. დედა გვეუბნებოდა, ნიკო არის დიდი პოეტი, და, რომ გაიზრდებით, ამას მერე მიხვდებითო“ - აღნიშნავს პოეტის ქალიშვილი მზია სამადაშვილი.

რამდენი ბოროტება, რამდენი აუგი ახსოვდა ნიკოს სხვათაგან, მაგრამ ბოროტებისთვის ბოროტებით არ უპასუხია, ყველაფერს ივიწყებდა და გარშემომყოფთაც მიტევებისა და სიკეთის მაგალითს უჩვენებდა.

ნიკო სამადაშვილი ადრე წავიდა ამ ქვეყნიდან. 52 წლის ასაკში ტვინში სისხლი ჩაექცა, მოგვიანებით სისხლჩაქცევა ისევ განმეორდა და 57 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ბევრი დარჩა სათქმელი... სასაუბრო...

მაგრამ იმაზე მეტი თქვა, ვიდრე ერთ ჩვეულებრივ მოკვდავს ძალუძს. ამიტომაცაა უკვდავებასთან წილნაყარი.

პირველად ნიკო სამადაშვილს მაშინ „შევხვდი“, როცა მის შემოქმედებას გავეცანი,

მერე გორის ლიტერატორთა და ხელოვანთა კავშირის გადაწყვეტილებით, დიდი პოეტის სახელობის პრემიის ლაურეატის წოდება მომენიჭა და ნიკო ჩემთვის უფრო ნაცნობი და ახლობელი გახდა.

ღმერთმა ნათელი დაუმკვიდროს...

2.4 4. ბარბაქაძე, ცირა. პოეზიის სემიოტიკა:

▲ზევით დაბრუნება


[ნისლის გზა ქართულ პოეზიაში]. - თბილისი, 2009. - გვ. 112-122. - ISBN 9789994074396

საინტერესო პოეტიკას ქმნის ნისლი ქართულ პოეზიაში:

ნისლი დაბრკოლებაა, გაურკვევლობაა:

მთაო, გადმიშვი მაღალო,
რას ნისლი მოგიხვევია,
მთას იქით ჩემი ლამაზი
სხვას ვისმეს ჩაუხვევია.

(ხალხური)

და ვიფიქრე: „ჩემი სატრფო სად არი?
ნისლი ჰბურავს, თუ დღე უდგას სადარი?“

(აკაკი წერეთელი, აღმართ-აღმართ)

დღემ მოიტანა ალაზანამდე,
ნისლის შავი ზღვა რომ გადათელა;
დღეო, ნეტავი აღარ დაღამდე,
თუ დაღამდები, არ გაგათენა.

(ტიციან ტაბიძე, ალავერდობა)

თითქოს ნისლია, არაფერს ვხედავ
და თითქოს მქონდა შავი ნიღაბი.

(ტერენტი გრანელი, სიზმარი)

ნისლი ადამიანივით სულიერია, ამიტომ პოეტი მიმართავს მას, როგორც თავისი სულის თანაზიარს, ან, უფრო სწორად, იდენტიფიკაციას ახდენს მასთან, როგორც ვაჟა-ფშაველა, როდესაც ამბობს: „ნისლი ფიქრია მთებისა“ ან უსვამს საკუთარი თავისთვის დასასმელ კითხვებს:

რას ფიქრობ, ნისლო ტიალო,
შემჯდარო გორის ფხაზედა?
განა შენც რამე გაწუხებს
ამ ოხერ ქვეყანაზედა?

(არჩილ კიტოშვილი, ნისლი)

გაბრიელ ჯაბუშანური კი პირდაპირ ამბობს:

მე ვარ: გორზე რომ ლოცულობს ნისლი,
ღამის სიჩუმე ჩემი ფიქრია,
წყაროა ჩემი ცრემლი და სისხლი,
თმა არის, კლდეს რომ ქუჩი მიჰკვრია.
ზოგჯერ კი ნისლი სატრფოა:
ვაჟაო, დილის მზის სხივო,
ხან მთებზე ნისლთა დინებავ...

ან:

ნისლაურო, ნისლი ხარო,
გამიქრები: მზისი ხარო...
მე არაგვზე დავრჩებოდი,
მაგრამ რა ვქნა, სხვისი ხარო...

(ანა კალანდაძე)

სხვაგან კი ანა წერს, რომ უნდა ისე განუყოფელი იყოს სატრფოსგან, როგორც ნისლი და მთები:

მოვედით სამადლოს ხევთან...
ნისლებში დანთქმულა ისიც...
მე მინდა, სულ ვიყო შენთან,
როგორც ეს მთები და ნისლი!

ტარიელ ჭანტურიას ლირიკული გმირები ლექსში: გოლგოთა ზღვის დონიდან 7500 მეტრის სიმაღლეზე, შეყვარებულები, თოკით გადაბმულები, მიიწევენ ნისლში მწვერვალისკენ, რაც მეტაფორულად გამოხატავს იესოს გზას:

შეკრულებს ერთი თოკით და რწმენით -
ორივეს ბნელი უფსკრული გვიმზერს...
აქ არ არსებობს სანდო და ძველი
გზა... ნისლებს ნისლი უსხლტებათ ქიმზე.
......................................................................
ბედია: ზოგი აღწევს ღრუბლებთან...
და უფსკრულების წერაა ზოგი!
მე არ გემდური... გქონდა უფლება,
რომ გადაგეჭრა სიკვდილის თოკი...

პოეტ გუჩა კვარაცხელიას ლირიკული გმირისთვის სიყვარული სატრფოსგან შექმნილი ნისლი და ბურუსია:

მე შენით შექმნილ ბურუსში ვცხოვრობდი.
ჩვენ ამას სიყვარულს ვეძახდით. თუმცა
არასოდეს გითქვამს, რას გრძნობდი,
როცა ჩემი ნესტოების სუნთქვა გესმოდა,
ჩემს წერტილს ვეძებდი შენს
კოორდინატთა სისტემაში...

(გუჩა კვარაცხელია, ნუ დაყნოსავ ყაყაჩორას)

ნისლის საინტერესო სახეს გვთავაზობს აგრეთვე პოეტი რატი ამაღლობელი, როცა მას სატრფოს თვალებთან და ფერისცვალებასთან აკავშირებს.

თვალები შენი, ჩემი თვალების ნისლი,
შენი თვალების ნისლი,
ფერისცვალება მთვარის,
ფერისცვალება სიზმრის...

სხვა შემთხვევაში პოეტი თეთრი ნისლით საგანთა ჭეშმარიტ ბუნებას სწვდება:

თეთრი ფერით, მკვეთრი ფერით
დაიფარა ყველაფერი,
თრთვილით, თოვლით, თეთრი ნისლით
გამოვლინდა ფერი მისი.

(რატი ამაღლობელი, თეთრეული)

ნისლიდან იბადებიან გალაკტიონის უსასრულობისაკენ და შეუცნობლისაკენ მსწრაფავი „ლურჯა ცხენები“, რომელზეც ანა კალანდაძე დაწერს:

თეთრი ნისლი ნისლებს ირევს -
ეს ხომ „ლურჯა ცხენებია“,
შვიდი ზეცა გადირბინეს,
არსად შეუსვენებიათ...

მანამდე კი თავად გალაკტიონი აღიარებს, რომ „ლურჯა ცხენები“ მხოლოდ „ნისლის თარეშში“ დაქრიან:

მხოლოდ ნისლის თარეშში, სამუდამო მხარეში,
ზევით თუ სამარეში, წყევლით შენაჩვენები,
როგორც ზღვის ხეტიალი, როგორც ბედის ტრიალი,
ჩქარი გრგვინვა-გრიალით ქრიან ლურჯა ცხენები!

და რადგან ნისლი შეუცნობლის მეტაფორაცაა, ის ყველა „მოგზაურის” თანამდევია და ქროლვა უსასრულობისაკენ, დაუსაბამობისაკენ, შეუცნობლისკენ და საბოლოოდ, უფლისკენ - ნისლში მოგზაურობაა. ნიკო სამადაშვილის ლექსში: „დაუსაბამობის ხილვა“ - პერსონაჟი ნისლშია გახვეული...

მე მივქროლავდი, როგორც უდაბნო,
ცხედარზე უფრო დაუზარებლივ...
და მსოფლიოდან ისევ მეძახდნენ6
ცადაკარგული ხშირი ზარები.
სიტყვებს ვუგდებდი შეხვედრილ შარას:
ტერფებს ფოთლებით ვერ დამიამებ,
მონასტრის ზემოთ ვხედავდი შავად7
სივრცეში გაკრულ ადამიანებს.
ნისლის სვეტები იდგნენ გარშემო,
ნისლებს შუადღეც ვერ ათენებდა.
გული იწვოდა და ლურჯი კვამლი
მსხვილად მდიოდა ბნელ თვალებიდან...

„ნისლის გზა“ რჩეულთა გზაა, ამიტომ პოეტები „ავად არიან“ ნისლით, როგორც „მსოფლიო სევდით“. ეს აზრი კარგად აქვს გამოხატული ნიკოლაი გუმილიოვს ლექსში „ნისლი“:

Я верно болен на сердце туман
тумана нет на сердце я не болен
нет я не болен и тумана нет
ни в сердце нет ни даже в атмосфере
тумана нет и облачности нет
всё ясно значит ты наравно болен
неизлечимо на сердце туман.

ტერენტი გრანელის ლექსში „ექსკურსია ცისკენ“ „ნისლიანი უსაზღვრო სივრცე“ აგრეთვე შეუცნობლის სიმბოლოა:

ისევ სიშორის ცეცხლი მიზიდავს,
არ მინდა გული სამარეს მივცე,
მე ხომ მინდოდა გასვლა მიწიდან,
მე ხომ მინდოდა გაფრენა ცისკენ.
იქ უხილავი მხარე მიცდიდა
და ნისლიანი უსაზღვრო სივრცე.

ნისლისა და მგზავრის სემანტიკაა დაკავშირებული ნიკო სამადაშვილის ამ სტრიქონებში:

საღამო მოდის, ნისლი ზედაშეს
სვამენ და დაისს მთები კენკავენ.
ჩემო ლიახვო, ალბათ მე და შენ
საქართველოდან გამოგვრეკავენ.
რა ვუყოთ მერე, ვიღაცა მგზავრი
გაჰყვება სტვენით გზნების მოლაღურს,
და შეადარებს გაკმენდილ ზარებს
მწყემსის უბეში მოკლულ სალამურს.

ალექსანდრე აბაშელი კი სიკვდილის წინ დაწერილ ლექსში ერთგვარად აჯამებს განვლილ „ნისლიან გზას“ და აფასებს, როგორც მოგზაური, რომელიც ამაოდ დაშვრა:

ხანდახან ფიქრი დამბურავს,
ვწევარ და არ მეძინება.
ვიტყვი ცხოვრების სამდურავს
და ცრემლი დამედინება.
გზას რომ გავხედავ ნისლიანს,
ჩავქრები ჩავიშრიტები:
გზაზე რომ ყრია, ვისია,
ფრთამოტეხილი ჩიტები?
ვერაფერს გავხდი მზისაკენ
მუდამ ხელების აშვერით,
რაც გულს უნდოდა, ისა ვქმენ,
მაგრამ ამაოდ დავშვერი!

როგორც ვხედავთ, ქართულ პოეზიაშიც ნისლს თავისი გზა აქვს, თავისი პოეტიკა და თავისი უღრმესი სემოიტიკა. ის ქმნის საკუთარ ზღაპარს და საკუთარ სიუჟეტს. ნისლი დამოგზაურობს პოეტიდან პოეტში, სტრიქონიდან სტრიქონში, ტექსტიდან ტექსტში... ის გაივლის შემოქმედ გულებს და სულებს... ანდა, სამუდამოდ რჩება მათში. ნისლი თვითონ წყვეტს საით წავიდეს და ეს თვისება მას დააქვს პოეზიაშიც. ის არ არის ყველა პოეტის სტუმარი, ყველას არ სწყალობს, მხოლოდ რჩეულებს და რჩეულთაგან მხოლოდ ერთეულები აღწევენ თავს და აი, სწორედ მაშინ დგება სულის მისტიკური გასხივოსნება - ინიციაცია...

ნისლის არსი და იდეა კარგად აქვს გახსნილი ერთ თანამედროვე ავტორს, ნიკა ჯორჯანელს ლექსში „მგზავრობა ნისლში“, რომლის სრულ ვარიანტსაც აქვე გთავაზობთ:

„ნაღვლიანი სივრცე ღია. / ბარდნის, დაზრნენ ეკალ-ბარდნი./ ძველი დროის თეთრი დღეა./ ძველი დროის ციდან ბარდნის./ თვალი ნისლში ლამის გადნეს,/ ვეღარაფრის მჭვრეტი. თვითონ/ ნისლი ველზე ზანტად გადის./ ეშინიათ ღრუბლებს ციდან/ უცნაური ჩამოვარდნის./ წინათ თეთრზე რბოდა შავი./ ახლა უკვე თეთრის რონინს/ ვხედავ შავზე, გაიშალა/ უსაგნობის მთქმელი ფონი. / წაიშალნენ მიდამონი./ გაქრნენ კვამლნი, საკვამურნი./ გათანაბრდა ყველა დონე./ ალალბედად გაკვალულმა/ გზამ, რომელიც მართმევს ღონეს,/ ვეღარასგზით მოარიდა/ თავი ნისლს და გაქრა ისევ./ ყველაფერი მომხდარიდან/ ერთი რაღაც რჩება - ნისლი./ მაგრამ მაინც, მაგრამ ვისი/ ანდა რისი ბოლო არის/ ის? რა ცხადის დასაწყისი?/ ვინ წერს ამ, ვთქვათ, მემუარებს?/ ნება რისი ასახვისა/ აღარაფრად აგდებს ფიქრს და/ აიგივებს სივრცეს ამგვარ/ ლანდთან, ჯვარს კი, ღმერთო, - იქსთან?/ უცებ „მე თუ მეძებ, აქ ვარ“/მესმის ხვალის. მესმის, მაგრამ/ ის არ უნდა ყოფილიყო/ აქ ვჭვრეტ მასში ჭმუნვის საგანს:/ გაცრეცილი პროფილიღა/ დამრჩენია სახისაგან./ ნისლს შიგნით ვარ. ჩემ შიგნით კი/ ნისლის მსგავსი არის რაღაც./ სინამდვილევ, შემირიგდი,/ მინახულე ზოგჯერ აქაც./ შენს კედელზე ფერმკრთალ ლაქას/ წარმოვადგენ ხვალის შუქზე./ ნუ იფიქრებ, რომ დრო გამყავს./ ნუ იფიქრებ, რადგან უკვე/ ხვალ არაფერს ნამდვილს არ ჰგავს/ დღე, რომელშიც ვსუნთქავ ჯერაც./ იმდენად ხარ სინამდვილე,/რამდენადაც ჩემი გჯერა./ ნახავ: ნისლში ვინადირებ/ კურდღლის მსგავსად მხტომ და მცირე/ გასასვლელზე გარეთ - შენში./ მაგრამ ვიცი, ავაცილებ/ ყველა ტყვიას და შენ შეგშლის/ ჩემი სროლა სასაცილო,/ ჩემი ხვალის სველი ცეცხლი./ ...ხვალეში ვარ. ის კი თითქოს/ ვერ გებულობს, რად ვიქეცი,/ მოხვედრილი მასში. მიდგას,/ ფიქრობს სული და აღმითქვამს თავისსავე ბოლოს კეთილს./ მეათასედ მისვამს კითხვას, თუ რა გარსი გავიკეთე./ მიღიმის და პასუხს ითხოვს.../ გზები, გზები, გამირბიან./ ერთადერთის გაყოლებით/ ორივ მხარეს ხრამებია./ ნელა-ნელა, დაღონებით,/ შეფერხებით, დაყოვნებით,/ უხალისოდ, არა ნებით/ მსრესენ ნისლის ვაგონები.../ ვმადლობ ხვალეს, თუ იქნება/ და ცოცხალი ვეგონები.“

ამ სტრიქონებში მთავარი პერსონაჟი ნისლია, ავტორი კი ნისლსშერეული ხმაა, რომლის ნებელობა გადაფარული და დაკარგულია... ყველაფერი წაშლილია, გათანაბრებული... არეულია დროც... ავტორი „ხვალე“-დან მოთქვამს, იქ არის... თუმცა ის ხვალეც არაფერს ნამდვილს არ ჰგავს... დახატულია ქაოსი, დაახლოებით „ჩანასახის“ მდგომარეობა, რომლიდანაც წუთი წუთზე უნდა მოხდეს დაბადება... რა დაიბადება ამ ქაოსიდან? ახალი ნისლი და გაურკვევლობა, თუ სიცხადე და სინამდვილე... ეს ჯერ არ ჩანს, თუმცა გარკვეული მინიშნებები ისმის „ჩანასახის“ ხმაში: „ფიქრობს სული და აღმითქვამს თავისსავე ბოლოს კეთილს“.

წარმოდგენილი კვლევიდან შეგვიძლია ნისლის სემიოტიკური მოდელი გამოვიყვანოთ სიუჟეტის სახით:

მოქმედების ადგილი: ნისლი
მოქმედების დრო: გაურკვეველია

მოქმედების მიზანი: სწრაფვა სრულყოფილებისაკენ, უფლისკენ;

მოქმედი პირი: ავტორი სატრფოსთან ერთად;

მთავარი გზა: სიყვარულისა და ჰარმონიის;

ნისლის გზა: უგზოობა;

სხვა პერსონაჟები: შიში, მარტოობა, ნისლის ურჩხულები, ნისლის „ლურჯა ცხენები“...

სულები...

მეტაფორა მნიშვნელოვანი მოვლენაა სამყაროს შემეცნების პროცესში. ახალი ცოდნის პარადიგმის კონტექსტში მეტაფორა განიხილება, როგორც ადამიანის უმნიშვნელოვანესი სააზროვნო მექანიზმი, რომელიც განსაზღვრავს ადამიანის მიმართებას სინამდვილესთან. სწორედ ამ მხრივ არის საინტერესო ჩვენთვის ბუნების მოვლენათა კონცეპტების მეტაფორული გააზრების რეპრეზენტაციული ვარიანტები ენობრივი ცნობიერების სტრუქტურებში და ამ შემთხვევაში ქართული პოეტური დისკუსიის მასალების მიხედვით.

ბუნების მოვლენების კონცეპტებიდან ნისლი ერთ-ერთი ყველაზე უფრო აქტუალიზებული სემანტემაა, რომელიც პოეტურ დისკურსში გამოირჩევა მეტაფორიზაციის მაღალი ხარისხით. ქართულ პოეზიაში ნისლი ქმნის საინტერესო პოეტიკას, რაც გამოიხატება არა მხოლოდ მეტაფორულ და სიმბოლურ სემანტიკაში, არამედ ემოციური მნიშვნელობების მრავალფეროვნებაშიც. ნისლი ერთსა და იმავე დროს არის როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი ემოციების აღმნიშვნელი, თუმცა საკვლევ მასალაში პროცენტულად დადებითი ემოციების სიჭარბე აღინიშნა. ნისლი პოეტების „მსოფლიო სევდის“ სიმბოლოცაა, რომლითაც პოეტები „ავად არიან“ და რომლიდანაც მათ არ უნდათ გამოსვლა... ნისლით გამოწვეული გაურკვევლობა ასოცირებულია იდუმალებასთან, იდუმალება კი ღვთაებრივის ნიშანია.

___________________

6. სწორია: და მსოფლიოდან ისევ მიძახდნენ

7. სწორია: მონასტრის ზევით ვხედავდი შავად

2.5 5. ბასილაძე, ნოდარ. ერისა და ქვეყნის უპირველესი საზრუნავი:

▲ზევით დაბრუნება


[„ქართული პოეზიის ფიროსმანი“]. - ბათუმი, 2022. - გვ. 235-245. - ISBN 9789941844645

ასე უწოდებენ დღეს პოეტ ნიკო სამადაშვილს. დაიბადა იგი 1905 წლის 19 ივლისს სოფელ ხიდისთავში (გორის მახლობლად) მიხეილ სამადაშვილისა და ოლღა კობერიძის ოჯახში. იგი მშობლების პირველი შვილი იყო. ორი წლის შემდეგ დაიბადა ნიკოს და ელენე, აზერბაიჯანში, ქალაქ ალდამში, სადაც მისი მშობლები ცხოვრობდნენ.

სამი წლისაც არ იყო ნიკო, რომ მამა გარდაეცვალა. დედა აზერბაიჯანში წავიდა და ხელმეორედ გათხოვდა. პატარა ნიკო კი ბებიის ამარა დარჩა ხიდისთავში. ასე რომ, იგი ბავშვობისას მშობლებს დანატრებული იზრდებოდა. დედა მას აზერბაიჯანიდან მხოლოდ 1932 წელს ჩამოუყვანია და გვერდიდან არ მოუშორებია. აქ ქალბატონ ოლღას წლების განმავლობაში საბავშვო ბაღში აღმზრდელად უმუშავია. აქედან მოყოლებული ნიკო თავს ბედნიერად გრძნობდაო, იგონებს მისი ქალიშვილი მზია.

შვიდი წლის ნიკო ბებიას გორის სასულიერო სასწავლებელში მიუბარებია, რომლის დამთავრების შემდეგ ნიკოს სწავლა გორის ვაჟთა გიმნაზიაში გაუგრძელებია. შემდეგ ეს გიმნაზია ჰუმანიტარულ ტექნიკუმად გადაკეთებულა და 1924 წელს ნიკოს იგი დაუმთავრებია.

გიმნაზიაში ნიკოს გერმანულ ენას ასწავლიდა ერეკლე ტატიშვილი, რომელსაც განათლება ლაიპციგის, პარიზისა და ედინბურგის უნივერსიტეტებში ჰქონია მიღებული და რამდენიმე ევროპულ ენას ფლობდა. მის შესახებ ნიკო წერს: ეს იყო კაცი, „რომელსაც დასერილი ჰქონდა მთელი ევროპა სტამბოლიდან ლონდონამდე, ბერლინიდან ნეაპოლამდე. კაცი. რომელიც მოწიწებით ისმენდა ფილოსოფოს ვუნდტის, სოციალისტ ჟორესის, ანარქისტ ბაკუნინის და პირქუშ ოსვალ შპრენგელის მეტყველებას“.

ერეკლე ტატიშვილი მთელი სიცოცხლის მანძილზე ზრუნავდა ნიკოზე და მუდამ თავისი მეთვალყურეობის ქვეშ ჰყავდა ნიჭიერი შეგირდი. 1920 წელს ნიკო ბიძამ თბილისში ჩამოიყვანა და ბავშვთა სახლს მიაბარა, საიდანაც ერეკლე ტატიშვილმა გამოიყვანა და წლების განმავლობაში საკუთარი ხარჯით უვლიდა და ზედამხედველობდა. ამიტომ იყო, რომ ნიკოსაც იგი უსაზღვროდ უყვარდა და დიდ პატივს სცემდა. პოეტი თამაზ ჩხენკელი წერს: „ჩვენი მეგობრობის მანძილზე მე არ მახსოვს არც ერთი შეხვედრა ღვინისმიერი თუ უღვინო, რომ მას გულისშემძვრელი სიყვარულითა და თაყვანისცემით არ მოეგონებინოს ამ კაცის სახელი“ (ნიკო სამადაშვილი, ფერისცვალება. თბ., „ლიტერატურული მატიანე“, 2004, გვ. 503).

გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ნიკომ სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე განაგრძო, სადაც მისი ლექტორები იყვნენ მეცნიერების კორიფეები: ივანე ჯავახიშვილი, შალვა ნუცუბიძე, კორნელი კეკელიძე, გიორგი ახვლედიანი, ვახტანგ კოტეტიშვილი და სხვები. ნიკო მონდომებით შეუდგა უნივერსიტეტში სწავლას, მაგრამ უსახსრობისა და შიმშილობის გამო ზოგიერთი საგანი დროულად ვერ ჩააბარა და 1928 წელს, მესამე კურსიდან, გარიცხეს, შემდეგ კი არ აღადგინეს.

ამის შემდეგ ნიკომ თბილისი დატოვა და ბორჯომის რაიონის სოფელ სადგერში დაწყებით სკოლაში დაიწყო პედაგოგად მუშაობა, სადაც იგი ყველა საგანს ასწავლიდა, ამავე დროს მან აქვე ჩამოაყალიბა მოზრდილთა საღამოს სკოლა და სასკოლო ასაკს გადაცილებულებს უსასყიდლოდ ასწავლიდა წერა-კითხვას. აქვე იგი სპექტაკლებსაც დგამდა სოფლის მშრომელი მოსახლეობისათვის, მსახიობების როლს კი თვით სოფლის მკვიდრნი ასრულებდნენ.

1929 წელს ნიკო ისევ თბილისში დაბრუნდა და სპეციალური კურსების გავლის შემდეგ 1931 წელს ბუღალტერ-რევიზორად დაიწყო მუშაობა. მისი ქალიშვილი მზია სამადაშვილის გადმოცემით, იგი ხშირად სამუშაოს სამუშაოზე იცვლიდა, რათა თავისი დიდი ოჯახი ერჩინა.

ლექსების წერა ნიკოს 12 წლის ასაკიდან დაუწყია. თბილისში გადასვლამდე მას თავისი ლექსები ერთი ნათესავი ქალისთვის გადაუცია შესანახად, მაგრამ ამ უკანასკნელს მისი ლექსები მთლიანად გაუნადგურებია. მიუხედავად ამისა, წერს ქალბატონი მზია, მამას მის შვილებთან თბილი ურთიერთობა ჰქონდაო.

1930 წელს ნიკომ ცოლად შეირთო ულამაზესი ბერძენი ქალი ევა ჩაკალიდი, მაგრამ ეს ქორწინება მხოლოდ რამდენიმე თვეს გაგრძელდა, რადგან „ევამ მამის სახლიდან ფეხი არ მოიცვალა და ფეხმძიმობაც ხელოვნურად შეიწყვიტა“, ნიკომ კი ჩაკალიდების ოჯახში ჩასიძება არ ისურვა.

1936 წელს ნიკომ მეორედ იქორწინა სოფელ სადგერის მკვიდრ 15 წლის მარიამ ნიკოლოზის ასულ ამანათაშვილზე. ეს ქორწინება ნიკოსთვის ბედნიერი აღმოჩნდა. მარიამთან მას სამი შვილი შეეძინა - თამაზი, მზია და ნუგზარი, რომელსაც იგი ხშირად ანებივრებდაო, წერს მზია სამადაშვილი თავის მოგონებებში.

მზია სამადაშვილის გადმოცემით, ნიკო მთელი თავისი არსებით ვერ ეგუებოდა კომუნისტურ რეჟიმს, რომელიც თავისუფალ პიროვნებას სულიერად და მორალურად ანადგურებდაო. ამიტომ იგი 1943 წლის 12 იანვარს დააპატიმრეს და იმავე წლის 28 აგვისტოს გაასამართლეს, როგორც საზოგადოებისთვის საშიში პიროვნება და ხუთი წლის პატიმრობა მიუსაჯეს.

პატიმრობიდან იგი ომის შემდეგ ნაადრევად გაათავისუფლეს, მაგრამ მისი ცხოვრება ძალზე მძიმედ წარიმართა, გამუდმებით განიცდიდა უმუშევრობას, შევიწროებას, უფულობასა და მატერიალურ სიდუხჭირეს. იგი მუდამ დასტიროდა და ღვინოში ახრჩობდა თავის ობლობას, პირველ უიღბლო სიყვარულს, ვერნაპატრონებ ნიჭსა და გაცრუებულ იმედებს.

მიუხედავად ამისა, თანამედროვეთა გადმოცემით, იგი ყოველთვის საქართველოს კეთილდღეობაზე ფიქრობდა და არასდროს წუწუნებდა, იყო რაინდი, გაუტეხელი და ამაყი სულის პიროვნება. მისი მეუღლის, მარიამის გადმოცემით, „ნიკო... ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, თავი არავის წინაშე არ დაუხრია. სწამდა, რომ თავისი ერი დააფასებდა. ხშირად იცოდა ხოლმე თქმა: „მე ჩემი ერი ქვესკნელიდან ამომიყვანსო“ (მზია სამადაშვილი, უცნობი ნიკო სამადაშვილი, თბ., „დიოგენე“, 2002, გვ. 6).

1945 წლიდან გარდაცვალებამდე ნიკო ოჯახთან ერთად თბილისში, ზემელზე ეკატერინე გაბაშვილის № 14 სახლში ცხოვრობდა, აქ იგი 1947 წელს მეორედ დააპატიმრეს, საპატიმროში მან თითქმის ერთი წელი დაყო.

განუწყვეტელმა დევნამ, სამსახურიდან არაერთხელ უსამართლოდ დათხოვნამ მას ჯანმრთელობა შეურყია და ჰიპერტონიით დაავადდა. 1958 წელს ნიკოს დამბლა დაეცა და მთელი ერთი თვე ლოგინს იყო მიჯაჭვული. ამის შემდეგ ნიკოს დიდხანს არ უცოცხლია. 1963 წლის 1 მაისს იგი გარდაიცვალა, 58 წლის ასაკში, გულის შეტევით. დაკრძალულია ქალაქ თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე.

ნიკო სამადაშვილი იყო ტრაგიკული ბედის პოეტი, რომელმაც, არაერთი მცდელობის მიუხედავად, სიცოცხლეში ვერცერთი ლექსის გამოქვეყნება ვერ შეძლო. არჩილ სულაკაური იგონებს: „ნიკო სამადაშვილი სამჯერ თუ ოთხჯერ მოვიდა „მნათობის“ რედაქციაში. მე უკვე მრცხვენოდა მასთან შეხვედრა, ლექსების დაბეჭდვა რომ ვერ მოვახერხე. ის გრძნობდა ჩემს უხერხულ მდგომარეობას და აქეთ მამშვიდებდა, შენ ნუ წუხხარ, მე შეჩვეული ვარ ეგეთ ცხოვრებასო“ (ნიკო სამადაშვილი, ფერისცვალება, თბ., „ლიტერატურის მატიანე“, 2004, გვ. 498). ეს ხდებოდა იმ დროს, როცა მას განსაკუთრებულ პოეტად აღიარებდნენ ვახტანგ კოტეტიშვილი, ერეკლე ტატიშვილი, გერონტი ქიქოძე და გალაკტიონ ტაბიძეც კი. მის ხელნაწერ ლექსებს ეცნობოდნენ და აფასებდნენ პავლე ინგოროყვა, არჩილ სულაკაური, თამაზ ჩხენკელი და სხვები.

1955 წელს გალაკტიონს ნიკოს ლექსების გაცნობის შემდეგ დაუწერია: „დავრწმუნდი მე თქვენს სიძლიერეში; მომავლისაკენ! წინ! იერიში! (მზია სამადაშვილი, უცნობი ნიკო სამადაშვილი, თბ., „დოგენე“, 2002, გვ. 40).

აკადემიკოსი გურამ ხარატიშვილი იგონებს: „ერთი „ტლუ“ ბიჭი იყო ხიდისთაველი ნიკო, რომელმაც, დაბრძენებულმა, თავისი ცით მონაბერი ნიჭით ქართული პოეზიის სვეტიცხოველი შეაზანზარა“ (იქვე, გვ. 27).

1987 წლის 13 თებერვალს ნიკო სამადაშვილის ხსოვნის საღამოზე წარმოთქმულ სიტყვაში პოეტი იზა ორჯონიკიძე ამბობს: „მე-20 საუკუნის დიდ პოეტთა მწკრივი ჩემთვის სამი სახელით იწყება: გალაკტიონი, გ. ლეონიძე, ნიკო სამადაშვილი... სამი წერტილი ჩემს მწკრივსაც უზის“ (ისე, როგორც გალაკტიონის მწკრივს: „შოთა, ილია, აკაკი, ვაჟა და...“ ნ. ბ.) (ნიკო სამადაშვილი, ფერისცვალება, თბ., „ლიტერატურის მატიანე“, 2004, გვ. 520).

ნიკო სამადაშვილის შემოქმედებას, წერს მზია სამადაშვილი, თამაზ ჩხენკელმა უპატრონა, შემდეგ და შემდეგ სხვებმაც გამოიღეს ხელი და „დღეს ნიკო სამადაშვილი მე-20 საუკუნის ქართული მწერლობის სრულუფლებიანი და გამორჩეული წევრია“ (იქვე, გვ. 584). ეს მოხდა მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ. 1967 წელს რევაზ მთვარაძემ, რომელიც გაზეთ „ლიტერატურულ საქართველოს“ ედგა სათავეში, გამოაქვეყნა ნიკო სამადაშვილის ხუთი ლექსი. 1973 წელს გამოიცა ნიკოს ლექსების პირველი კრებული „ბეთანია“. 1975 წლის მაისში, ჟურნალ „ოქროს საწმისში“ კი, რომელსაც ზვიად გამსახურდია რედაქტორობდა, პირველ და მეორე ნომრებში დაიბეჭდა პოეტის 10 ლექსი. გასული საუკუნის 90-იან წლებში გამოიცა ორი კრებული („შეხვედრები და სინანული“, „წუთისოფლიდან უკვდავებამდე“). მისი მოთხრობების პირველი კრებული გამოქვეყნდა 1989 წელს. 2004 წელს ლიტერატურის მუზეუმმა იზა ორჯონიკიძის რედაქტორობით გამოსცა პოეტის ყველაზე სრული კრებული „ფერისცვალება“, სადაც შეტანილია ლექსები, პროზაული ნაწარმოებები, ვარიანტები, პირადი მიმოწერა და მოგონებები. ამჟამად გამოცემულია ნიკო სამადაშვილის ერთი პროზაული და ლექსების 3 კრებული.

მრავალსაუკუნოვანი ქართული პოეზიის ჩვიდმეტტომეულის მეთხუთმეტე ტომში ნიკო სამადაშვილი წარმოჩენილია სამოცდაერთი ლექსით, რითაც არჩილ სულაკაურის აზრით, ნიკო სამადაშვილს „დამკვიდრებული აქვს თავისი ადგილი ქართული პოეზიის განვითარების დიდ გზაზე“.

1973 წლის 27 ოქტომბერს ქალაქ გორის ცენტრალური საქალაქო ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში გაიმართა ნიკო სამადაშვილის ხსოვნის საღამო, რომელსაც უძღვებოდა ვახუშტი კოტეტიშვილი, ხოლო 1915 წლის 15 სექტემბერს საქართველოს მწერალთა სახლში ჩატარდა ნ. სამადაშვილის დაბადების 110 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო დევიზით: „ვერ დავიწყებული დიდი პოეტი“.

1993 წელს ბორჯომის რაიონის სოფელ სადგერის დაწყებით სკოლას მიენიჭა ნიკო სამადაშვილის სახელი.

როგორც პოეტი, ნიკო სამადაშვილი მისმა მასწავლებელმა ერეკლე ტატიშვილმა აღმოაჩინა. მისი მოსწავლეების გადმოცემით, იგი ნიკოს შესახებ ამბობდა: ნიკო სამადაშვილი დიდი პოეტია არა მხოლოდ საქართველოს მასშტაბით, არამედ მის გარეთაცო. მიუხედავად ამისა, იგი ნიკოს ლექსების გამოქვეყნებას არ ურჩევდა, „შენ რომ ლექსები გამოაქვეყნო, ამქვეყნიდან აღიგვებიო“.

ნიკო სამადაშვილს ლექსების გამოქვეყნებას არ ურჩევდა აგრეთვე გალაკტიონ ტაბიძე, რომელიც საკმაოდ მაღალ შეფასებას აძლევდა მის შემოქმედებას. ნიკოს ქალიშვილი მზია იგონებს: „შვიდიოდე წლის ვიქნებოდი, მამამ სასეირნოდ წამიყვანა. რუსთაველის გამზირზე იგი წარმოსადეგ, წვერებიან მამაკაცს მიესალმა, რომელმაც თბილად უპასუხა, მე კი თავზე ხელი გადამისვა და გამიცინა. შემდეგ, მოულოდნელად, პროსპექტზე მიმავალ ხალხს მიუბრუნდა და, ხელი მამასკენ გაიშვირა და მჭექარე ხმით შესძახა: - „გაიცანით, ეს არის დიდი პოეტი საქართველოსი! მამას სახეზე ალმურმა გადაჰკრა. ეს კაცი გალაკტიონი იყო“ (მზია სამადაშვილი, უცნობი ნიკო სამადაშვილი, თბ., „დიოგენე“, 2002, გვ. 5).

1953 წელს გერონტი ქიქოძე სწერს: „ძმაო ნიკო, მე ყურადღებით წავიკითხე თქვენი ნაწერები. არ ვიცი, რა ვუწოდო მათ: ფილოსოფიური მოთხრობები, ესკიზები, პატარა პოემები პროზაში, თუ სხვა რამე. თქვენ მთავარ ღირსებას ის წარმოადგენს, რომ თქვენ არ დადიხართ გატკეპნილი გზებით და არავის არ ბაძავთ“ (ნიკო სამადაშვილი, ფერისცვალება, თბ., „ლიტერატურის მატიანე“, გვ. 491).

თამაზ ჩხენკელთან ერთად, ნიკო სამადაშვილის შემოქმედება ფართო მკითხველამდე მიიტანა ასევე არჩილ სულაკაურმა. ეს უკანასკნელი იგონებს: „ნიკო სამადაშვილის ლექსები უბით დამქონდა, ზოგი უკვე ზეპირად ვიცოდი, ვუკითხავდი ნაცნობ პოეტებს და ყველანი შეთქმულებივით გულგრილად მომჩერებოდნენ, უკეთეს შემთხვევაში, დაეჭვებულები იღიმებოდნენ, არც ისეთი ლექსებია, შენ რომ გგონიაო, ზოგი რითმას უწუნებდა, - ზოგი ვერსიფიკაციას, ზოგი - რას და ზოგი - რას. ზოგჯერ ეჭვიც კი შემპარვია ჩემს თავსა და ჩემი მეგობრების ცოდნასა და გემოვნებაში“... (იქვე, გვ. 498).

ზურაბ კიკნაძე, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ნიკო სამადაშვილის შემოქმედების კვლევაში, წერს: „მრავალფეროვანი ქართული პოეზიის ხომლს ნიკო სამადაშვილის ხმაც უერთდება, - ტრაგიკული, მაგრამ მუდამ სინათლისკენ გამყივარი ძახილი“ (იქვე, გვ. 517).

კეთილი და სათუთი გულის მქონე პოეტი ბევრ დაუმსახურებელ კრიტიკასა და მის მიმართ ჩადენილ სიბოროტეს ითმენდა. მზია სამადაშვილის გადმოცემით, მან უპასუხოდ დატოვა, ერთ-ერთი ცნობილი კრიტიკოსის წერილი, რომელშიც იგი ამბობდა: „ნიკო სამადაშვილს პოეზია ავადმყოფობა ჰგონია და, მკითხველო, შენ განსაჯე, ასეთ ადამიანს რა მოეკითხებაო“ (მზია სამადაშვილი, უცნობი ნიკო სამადაშვილი, თბ., „დიოგენე“, 2002, გვ. 6).

საკუთარი თავისადმი მიძღვნილ ერთ-ერთ ლექსში ნიკო წერს:

„შენ გადარებდნენ ბინდების ჭრიჭინს,
თუმცა სულ მუდამ ტოტს გცემდა ქარი,
ავადმყოფობა ეგონათ, ბიჭო,
ლექსები ტანზე გამონაყარი.“

პროფესორ ზურაბ კიკნაძის აზრით, ნიკო სამადაშვილი გამორჩეული იყო არა მხოლოდ ნიჭიერებით, არამედ უკომპრომისობითაც, რის გამოც ის არათუ არ მიიღეს, საერთოდ პოეტადაც კი არ აღიარეს. მის პოეტობას მხოლოდ კოლეგების ვიწრო წრე და რამდენიმე მეგობარი თუ აღიარებდა.

ამ უსამართლობამ და ტრაგიკულმა ბედმა მოუსპო მას ნაადრევად სიცოცხლე.

არჩილ სულაკაური იგონებს, რომ გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე იგი ნიკოს რუსთაველის მოედანზე შეხვდა. შეხვედრა „გემოში“ გაგრძელებულა. დამშვიდობებისას ნიკოს მისთვის უთქვამს: „სულ მინდოდა კაცურად მეცხოვრა, თითქოს ვიცხოვრე, კაცურად გავიარე ცხოვრების გზა, მაგრამ... რა არის, იცი, ერთი დღე არ მახსოვს ისეთი, თავი რომ ადამიანად მეგრძნო, ეს სულ სხვა რამეა, ჩემო არჩილ, სულ სხვა... მითხარი, შეიძლება, კაცმა სამოცი წელი იცხოვროს ქვეყანაზე და ერთხელ მაინც ვერ იგრძნოს, რომ ის ადამიანია?! ამ ქაოსიდან ვერ გავედი, ვერა და ვერ გავედი...“ (ნიკო სამადაშვილი, ფერისცვალება, თბ., „ლიტერატურის მატიანე“, გვ. 500).

ნიკო სამადაშვილის ბევრი ლექსი მისი სულის აღსარებაა ერთ-ერთ ავტობიოგრაფიულ ლექსში იგი წერს:

„დაფლეთილ სხეულს, დაღალულ ფიქრებს,
ახსოვდათ მხოლოდ სიცოცხლე მკვდარი.
სადღაც ეშოვნათ კუბო ჯიბგირებს
და მოეწერათ ზედ ჩემი გვარი!“8

ცხოვრებით განაწამები პოეტი თავის საქმიანობას - ლექსების წერას ზოგჯერ: ჯღაბნას“ უწოდებს და დასძენს:

„ლექსების ჯღაბნა წამებად გექცა,
სჯობდა ვენახის კვალი გებარა,
ვის რად უნდოდა ეს თვალთმაქცობა,
ნეტავი ქარში გადაგეყარა“.

ნ. სამადაშვილსა და მის ოჯახს ძლივძლივობით გაჰქონდა თავი. როცა იგი გარდაიცვალა, ოჯახში სულ ოთხი მანეთი ჰქონიათ. მიუხედავად ამისა, ნიკო ყოველთვის სხვისი შემწე და ჭირისუფალი ყოფილა. ვახუშტი კოტეტიშვილი წერს:

„ნიკო სამადაშვილი ორჯერ შემოიჭრა ჩემს არსებაში... პირველად ეს მოხდა ომიანობის დროს, ექვსიოდე წლისა ვიქნებოდი. ზამთრის ცივი და ნაღვლიანი საღამო იყო, ოთახში ჩვეულებრივად ხრჩოლავდა ნავთქურა, რომელიც შუქის წყაროსაც წარმოადგენდა და ღუმლის მაგივრობასაც გვიწევდა. ნავთქურაზე, მეტი სითბოსთვის, აგური იდო. უეცრად ჩვენთან შემოიქროლა ვიღაცა კაცმა და ერთბაშად ხმაურით აავსო ჩვენი მდუმარე და ნაკლული ოჯახი. იმედიანად მოიკითხა ჩვენები, მე ხელში ამიყვანა, მაკოცა, რიხიანად მკითხა: ხომ გახსოვს, ვისი გორისაცა ხარო, ჩამომსვა, კვლავ რაღაც სანუგეშო სიტყვები გვესროლა და გაუჩინარდა. მხოლოდ მისი წასვლის შემდეგ შევნიშნეთ მაგიდაზე ერთი დიდი, მთელი პური... ეს იყო პური, რომელიც ყოველთვის გვაკლდა. მე ვიკითხე: ვინ იყო-მეთქი. მითხრეს: მამას ყოფილი სტუდენტი და მეგობარი ძია ნიკო სამადაშვილიო. იმ დღის შემდეგ ჩემთვის „ძია ნიკო“ იყო ის კაცი, რომელსაც დროდადრო ჩვენთვის მოჰქონდა პური (არავინ იცოდა საიდან). ხანდახან გვეპატიჟებოდა შინ, ყოველთვის ხუმრობდა, იცინოდა, ზოგჯერ თვალები მოუწყლიანდებოდა ხოლმე მამაჩემის გახსენებისას და ყოველთვის გვამხნევებდა მეც, ჩემს უფროს დას ლეილას და დიდედას, რომელიც ლეჩაქის ბოლოთი მოიწმენდდა ხოლმე ცრემლს და ლოცავდა: - შენ გაიხარე, შვილო ნიკო, რომ ზოგ-ზოგებივით არ დაგვიწყნია ჩემი ვახტანგის სიკეთე და ამაგიო.

ეს იყო და ეს, თითქოს დიდი არაფერი, მაგრამ თუ გავიხსენებთ იმ უმძიმეს წლებს, როდესაც ყველას უჭირდა... ეს ერთი შეხედვით ჩვეულებრივი, ადამიანური საქციელი ზნეობრივ გმირობად წამოგვიდგება.

ასეთი იყო ნიკო სამადაშვილი. ასეთი გავიცანი იგი მე, ექვსი წლის ბავშვმა და ასეთად დარჩა სამუდამოდ ჩემს ხსოვნაში...“ (ვ. კოტეტიშვილი, გადარჩენილი ლექსები, „მნათობი“, № 2, 1986, გვ. 79); (გაზ. „აჭარა“, 2021 წლის 22-23 აპრილი. № 18).

_______________

8. სწორია: და მიეწერათ ზედ ჩემი გვარი!

2.6 6. ბენაშვილი, გურამ. ლიტერატურულ-კრიტიკული ეტიუდები:

▲ზევით დაბრუნება


[ნიკო სამადაშვილი]. - თბილისი, 1989. - გვ. 281-300.

ქვეყნის საზრუნავსა და ხმაურს განრიდებული, მიტოვებული საყდარი, წვიმისა და თოვლისაგან შელახული კედლებიდან უქმად და უაზროდ მზირალი საკრალური პანთეონის საბრალო გამოსახულებანი, ცივი სიმყუდროვის არაამქვეყნიური ინტიმი, რომელსაც დროდადრო გარედან შემოხვეტილი ღამის ფრინველთა შრიალი აკრთობს - აი ანტურაჟი, რომლის მიმქრალი სიცოცხლის გამაცოცხლებელია ამ სივრცის ერთადერთი ბინადარი, კედელს მიყრდნობილი, ჩურჩულით ამოთქმული აღსარების ექსტაზით გონმიბინდული არსება. საყდრის მოღიავებული კარებიდან შემოსტირიან და შემოსვლას ითხოვენ შორს დარჩენილი ბავშვობის, დედის და ამქვეყნიურ განცდათა ცოცხალი ხატები. ღვთაებრივის ბინდით დაღლილსა და სავსეს დროდადრო ცრემლჩამდგარი მზერა გაეპარება მათკენ, შემზარავად მაცდურია ამ წამს ელდა, რადგან მასში ძალუმად ფეთქავს მიწიერი სურნელის, ეფემერულ სიამეთა სიზმრებისა და ამაო აღტაცებათა მოგონებები. ქრება მათთან დამაკავშირებელი სურვილის მკრთალი ანარეკლიც კი და იგი კვლავ ლოცვის მხურვალებაში ინთება.

ნიკო სამადაშვილის პოეზიის ლირიკული გმირის ამგვარი წარმოდგენა მხოლოდ ფანტაზიის კაპრიზი არ არის და მას რეალური საფუძველი გააჩნია.

ქართულ პოეზიაში იშვიათია ერთი არსებიდან ამოხეთქილი ირაციონალურ ხილვათა იმგვარი „წყალუხვი შადრევანი“, როგორსაც მასთან ვხვდებით. იმდენად მძაფრია მისი ნაკადი, რომ ხშირად ვეღარ თავსდება სადინარში და მხატვრულ ელეგანტურობას მოკლებული ნიაღვარივით მოედინება. პირველქმნილი უბიწოებით, ფერუმარილის წაუსმელად წარმოსდგება იგი ჩვენს წინაშე.

ნიკო სამადაშვილის, როგორც უნიკალური პოეტური ხილვებით აღბეჭდილი შემოქმედის სახელი კანონზომიერი სიჯიუტით იმკვიდრებს ადგილს მკითხველის ცნობიერებაში.

ერთ ლექსში იგი ამგვარად ესათუთება რბილის საყვედურით „ცრემლმომდგარ“ შინაგან მოწოდებას:

შენ ჩემში უსტვენ ვით საყდრის ჩიტი,
შენა ხარ ჩემი ნუგეშის დარი,
სულ კარგად მახსოვს, შენ რომ გამიჩნდი,
გარეთ ძაღლივით ყმუოდა ქარი.
ვერ გიპატრონე მე ლაზღანდარამ,
შენ სხვა მხევალი უნდა გყოლოდა.
ზეცა სივრცეებს აზანზარებდა
და მზე ყვიროდა, ქვეყნის ბოლოდან.
ვერ მოგიარე, რა გიყო ძმაო,
ორივე შემკრთალ ბუჩქის ჩრდილს ვგავდით:
შენ კიდევ მაინც ფიქრში მძუნაობ,9
9 სწორია: შენ კიდევ ფიქრში მაინც მძუნაობ,
მე კი ბუწუწიც გამცვივა დარდით.

აღმსარებლობითი ლირიკის ფრიად საინტერესო ნიმუშები გარდასული ეპოქის განცდას წარმოადგენენ. სულიერი ნათესაობა ათასწლების მერეც აღელვებს და ელეგიური სულისკვეთებით მოსავს პოეტის რემინისცენციებს. წარსულის ნოსტალგია არა ერთი და ორი ლექსის საერთო განწყობილებაა, მღელვარეცა და სევდიანიც ერთსა და იმავე დროს.

ნიკო სამადაშვილის კაეშანი სულის ბუნებრივი მდგომარეობაა, მისი სიღრმიდან მომდინარე შთაგონების იმპულსი. ის ისეთივე ორგანულია მისთვის, როგორც სიცოცხლე. შესაძლებელია, ამგვარი მოსაზრება ზოგიერთისათვის გადაჭარბებულიც იყოს. მე კი ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ იშვიათზე იშვიათია პოეტი, რომელმაც ასე შორს მოისროლა არტისტული ნიღაბი და ასე ბუნებრივი სახით ეჩვენა მისთვის სრულიად უცხო ადამიანებს:

ათასი წლების ნახირი წავა
ძოვით შუქს გაღმა. სივრცეებს იქით,
მაგრამ ვერავინ ვერ დარწმუნდება,
ძვლიდან სალამურს როგორა ვთლიდით.
როცა ჩემს მახინჯ სურათს ნახავენ,
იტყვიან. ნუთუ ეს კაცი წერდა?
ის, ალბათ, კერპებს რომ არ დაეხრათ,
შერყეულ ღმერთზე ჯვარს დაიწერდა.

მიუხედავად იმისა, რომ პოეტის მსოფლშეგნება ქრისტიანული მორალურ-ზნეობრივი მოძღვრების მკრთალი აღმსარებელია, შეიძლება ითქვას, რომ მთელ რიგ ლექსებში გამჟღავნებული სასოწარკვეთილი მელანქოლიით იგი, თითქოს, სცილდება სრულყოფილებისა და ნეტარებისკენ მიმსწრაფ ქრისტიანულ წარმოდგენას. როგორც ცნობილია, გარესამყაროს მატერიალური ცხოვრებიდან ქრისტიანულმა რწმენამ ადამიანი საკუთარი სულისკენ მიაბრუნა. გარეგანით ტკბობას შინაგანი ჭვრეტა შეუნაცვლა. მაგრამ აქ ერთი რამ არის საინტერესო - ქრისტიანული მსოფლგანცდა მელანქოლიის სრული ანტიპოდია, რადგან, სწორედ, შეუცვლელის დაკარგვით გამოწვეული სასოწარკვეთა - მელანქოლიის ეს ამოსავალი არგუმენტი, ქრისტიანობის მიერ დათრგუნული და იგნორირებულია. მისთვის (ქრისტიანული რწმენისათვის) არ არსებობს დანაკარგი, რადგან იღუპება. საინტერესოა მხოლოდ ის, რაც უცხოა, ყოველივე ის კი, რაც ჭეშმარიტი მონაპოვარი და განძია, მარადიულია. ქრისტიანობამ შეცვალა თვით სევდის ხასიათი - უიმედო მჭმუნვარებიდან ჩამოაყალიბა ცხოველი სევდა, რომელიც სულის თვითმყოფადი და ძლევამოსილი ღვაწლის წყაროა.

პოეტის ერთი ლექსის წარმოდგენა ნათელს მოჰფენს მისი წარმოსახვების განსხვავებულ განზომილებებს:

საოცარია, რომ გიყურებ, როდიღა მჯერა,
რომ შენ გამზარდე, შენ მირწევდი ოდესღაც აკვანს,
ასე მგონია, თითქოს დედაც გადამემტერა,
გორიჯვრის ნიშთან, დღეს თუ არა, ხვალ მაინც დამკლავს.

მიამიტობაა, ალბათ, იმის სერიოზულად მტკიცება, რომ სახარების სულით აღბეჭდილი პოეტი შეუძლებელია, ამგვარ წარმოდგენებს მიეცეს და სასოწარკვეთის ამ ფორმით გამოხატოს გარესამყაროსთან შეუთავსებლობა.

ქრისტიანული სამყარო, კონკრეტულად კი წმინდანთა პანთეონი - ღვთისმშობლისა და მაცხოვრის სახით - მისთვის ტანჯული ეროვნული სულის ტრადიციული რწმენით განმტკიცებული თავშესაფარია. აქ მისვლა და მუხლმოდრეკა არ ნიშნავს ბუნებრივ, პირველყოფილ განცდებსა და გრძნობებზე უარის თქმას, მით უმეტეს სასოწარკვეთილ ვნებათაღელვის უნაპირო ქროლაზე ლაგამის ამოდებას.

მე იმის თქმა მინდა, რომ ამ პოეტის რელიგიასთან მიმართება უფრო სტიქიურ ხასიათს ატარებს. მისთვის ქრისტიანობა ძველი საქართველოს სინონიმია და ამიტომაც ახლობელი და მშობლიური. იგი მისთვის მოვალეობა არ არის, რადგან მოვალეობა მოლოდინიცაა, თუნდაც გაბზარული რწმენის გამთლიანებისა, რომელიც ღვთაებისაგან ნაბოძები მადლია და იგი მაშინ გადმოდის შენში, როცა შენივე ნებით მორჩილად გაიწვდი ხელს. ამის შემდეგ ისადგურებს სულში ნუგეში და საკუთარ თავთან შერიგება, ანუ ყოველივე ის, რასაც ვერა და ვერ ვხვდებით ნიკო სამადაშვილის პოეტურ ოპუსებში.

პოეტისათვის ამქვეყნიური სიცოცხლე სულის საპყრობილე და განუწყვეტელი წუხილია, არა იმიტომ, რომ იმქვეყნიური არსებობაა ჭეშმარიტი და ყველაფრის დასაწყისი, არამედ იმიტომ, რომ ბუნებისაგან მხოლოდ ერთხელ ნაბოძები სიცოცხლე, რომლის შემდეგ უკვე აღარაფერია, თავისი არსითაა არაგონიერი და შეუბრალებელი. ამ ტკივილების სიმძაფრეს მისთვის სწორედ ის აასკეცებს, მიტომ იზრდება სასოწარკვეთილი სინანული სიცოცხლის მიმართ, რომ მას შემდეგ შემზარავი უკუნი, ფერფლი და სიცარიელეა, ანუ მხოლოდ ძილია გამოღვიძების გარეშე. სხვა მე არაფერს მეუბნებიან პოეტის თუნდაც ამგვარი ლირიკული მედიტაციები:

ნაძვები კუბოს მიასვენებდნენ, წინ ყვავილები მიჰქონდათ ქარებს,
მიწიდან მთები იმას უსტვენდნენ, პირქვე რომ ეგდო მსოფლიოს გარეთ.
ის სივრცეს გაჰყვა ხელაპყრობილი, თვალებს სინათლეც არ მიაკარა,
წაიღო გზნება - ტალღების ჩრდილი, გულქვა ავდრების წინ გადაყარა.
თითქოს სიკვდილიც რჩებოდა ოხრად, მარადისობაც დასწყევლა, დაჰგმო,
ღამე ტირილით გამოიხურა და გათენებას ვეღარ მიაგნო,
ვერ შეუბრუნეს გზებმა ბუნება, თუმცა ბავშვივით უჭერდნენ ხელებს,
ნაფეხურს ერქვა: არდაბრუნება!... ქარი ამაოდ ეძებდა მკვლელებს.
გვარი რა არის, არც კი ახსენა, არც მიაჭედა ლურსმანი კარებს.

განა არ არის აქ თვალსაჩინო პიროვნების ამქვეყნიურ ტრაგედიით შემოზღუდვის რწმენა, ილუზიებიდან თავდაღწევის გარდუვალობა და სასოწარკვეთილი შერიგება სიკვდილთან, როგორც სულისა და სხეულის მესაფლავესთან. და თუ სხვა ამგვარად მოაზროვნეთ არაფერი დარჩენიათ, გარდა წამიერი სიცოცხლით ტკბობისა, რათა მარადიულ ძილამდე როგორმე მიათრიონ ნაპატივები სხეული, - უიშვიათესთ მომწამლავი სკეპტიციზმის განუკურნელი სენი იპყრობს და მთელი ცხოვრება ერთგულად მიჰყვება. მათი „დაწყევლილი“ სულები გალიაში დატყვევებული ჩიტებივით აწყდებიან მკაცრად შემოსაზღვრული სივრცის კედლებს, მერე დაღლილნი მუხლებზე ეცემიან და წმინდა სალოცავებს შესთხოვენ ნუგეშს.

ისინი გრძნობენ შვების მომნიჭებელი წუთის ძალასა და მადლს, რომელიც კიდევ დიდხანს მიჰყვებათ სულის საგზლად. გადის დრო და მათი განცდები კვლავ უცხო ხილვებით ივსება და კვლავ იწყება ფანტასმაგორიებში ფარფატი:

სიონის ზარი სქელ ღრუბლების ქვეშ ახველებდა,
გულში ეძინათ წმინდა ნინოს შეფრენილ ცრემლებს...
მკვდრები ცივ სივრცეს მიჰყვებოდნენ და გზად, ხანდისხან
ქვეყნიერების კოშკებისკენ იშვერდნენ ხელებს.

პოეტური აზროვნება ურთულესი, გაუთვალისწინებლობით აღსავსე მექანიზმია, რომლისთვისაც, გარდა ეროვნულისა, უცხოა სხვა, თუნდაც ფუძემდებლური კონცეფციებისადმი თანმიმდევრული ერთგულება. მისი დინამიკური ბუნება ვერაფრით გუობს კვალში ჩადგომას და თავაუღებელი ერთგულებით უკან მიყოლას. მისი სიცოცხლის აზრი შეუზღუდველ თავისუფლებაშია.

უნაპირო სივრცეებში საფრენად მას საკუთარი ინტუიცია და ემოციური იმპულსები გააჩნია და რაც მთავარია, მას აქვს გრძნობა, რომელიც ყველაზე საიმედო დასაყრდენია მისთვის. არ უნდა იყოს მოულოდნელი, თუ ვიტყვი, რომ ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი მარტოობის იპოსტასია - „სათუთად შეინახეთ ის სამყარო, რომელიც თქვენს სიღრმეშია დაფარული. უწოდეთ მას, როგორც გენებოთ: ბავშვობის მოგონება თუ მომავალზე ფიქრი მაგრამ იყავით განუხრელად ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც თქვენში ხდება; და გახსოვდეთ, რომ ეს ყველაზე მნიშვნელოვანია, რაც ქვეყანაზე არსებობს. თქვენი იდუმალი სულიერი ცხოვრება თქვენივე სრულ მონაწილეობას ითხოვს. სწორედ მას უნდა მოანდომოთ მთელი ძალები და არ დაკარგოთ დრო და სულის მხნეობა სხვა ადამიანთა შორის თქვენი ადგილის გამოსარკვევად... კარგია, იყო მარტო, იმიტომ, რომ მარტოობა ძნელია. და რამდენადაც ძნელია ის, რაც ჩვენ გვსურს, იმდენად დიდია ჩვენთვის მიზეზი სწორედ მას მიაღწიო.“

ამ სიტყვებით რილკემ, როგორც მარტოობის აპოლოგეტმა, ხელოვანის ამ ნეტარ წუთებს კიდევ ერთხელ უკმია გუნდრუკი და საცნაური გახადა შინაგანი შთაგონების წარმომშობი გარემოება.

მარტოობის განცდა ნიკო სამადაშვილის ლექსების განუშორებელი განწყობილებაა. მეტ-ნაკლები ძალისხმევით იგი ბოლომდე რჩება მისი ერთგული და, ვითარცა საკუთარ ბედისწერას, მორჩილად უხრის თავს:

დაჩეხილ სხეულს, ამღვრეულ თვალებს
ვინ დააბრალებს ხელდახელ მტრობას?
ბუხრის კვამლს აჰყვა ის სიყმაწვილე
თავქვეშ დაეგო დიდ მარტოობას!...
საღამო ხანი ზარებსა რეკდა,
ჟრუანტელს ჰგვრიდა ცას ხმის სიამე
ის კი, საკუთარ ცრემლებსა ჰკრეფდა,
რომ არ ენახათ ადამიანებს...

როგორც ყოველი ნაღდი ლირიკოსისათვის, ამ უჩუმარი და უპრეტენზიო შემოქმედისთვისაც არაგულწრფელი ყოფილა სევდა, რომელსაც დასაყუჩებლად ბოლომდე სხვას გადაუშლი, რადგან ეს თავის მოტყუებაა და სხვა არაფერი.

ჩვეულებრივ მოკვდავთაგან განსხვავებით პოეტის სულის ხედვა შორსმხედია, ისე შორს, რისი ბუნდოვანი წარმოდგენაც კი გაუჭირდება, ალბათ, ჩვენს წინათგრძნობას. იქნებ ამიტომაც აქვს მას უფრო მეტი ნდობა სევდისა, ვიდრე სიხარულისა. ძვირფასია იგი მისთვის, რადგან, ეს ის წუთებია, როდესაც მასში რაღაც ახალი და სრულიად უცნობი იღვიძებს; და რამდენადაც გულწრფელი და ამტანია პოეტის სული სევდის შემოწოლის ამ წუთებში, იმდენად ღრმად იჭრება და მისი ბედის განუყრელ თანამგზავრად იქცევა იგი.

მხოლოდ პოეტის სულის სიღრმიდან და არა მისი გარემომცველი სამყაროდან იბადება ის, რასაც ბედს ვუწოდებთ.

ამდენად, სულიერ მოღვაწეს, არსებითად, გარდა მარტოობისა, სხვა არჩევანი არ გააჩნია.

მაგრამ ისიც ხომ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ყველას აქვს სულის გამორჩეული ძალა ამ შინაგანი სიღრმეებიდან ამოზიდულ სიახლეთა „მოდრეკის“ და ინტელექტუალური ოპერირებისა.

როგორც ნიკო სამადაშვილის პოეტური ქმნილებებიდან წარმოჩინდა, თურმე ინფანტილური ფსიქოლოგიით და ნაივური ინტუიციით აღბეჭდილი პოეტური სული ამ დროს ერთგვარად იბნევა და თავბრუხვევის უცნაური გრძნობით იმსჭვალება. თვალსაწიერს, თითქოს, გამოეცალა ყოველივე ის, რაზეც ხედვა ისვენებდა. თვალსა და ხელს შუა გაქრა ახლობელი და მშობლიური, ხოლო შორეული უსასრულოდ შორეულად გადაიქცა.

უჩვეულო შეკრთომა უცნაური ძალის შემოტევის გამო თრგუნავს და შეუბრალებლად აწვება მას.

თითქოს მისგან დამოუკიდებლად იბადებიან უჩვეულო წარმოდგენები. და უცნაური გრძნობები, რომელნიც ერთის შეხედვით აღემატებიან ყოველივე იმას, რისი ატანაც სულს შეეძლო:

არ ვიცი რა ვქნა, რომელ გზებზე მივუშვა ბედი,
იქნებ ქარბუქში შემერიოს სიცოცხლის აზრი.
მარადისობავ, საუკუნოდ გაგიხმეს ქედი;
რომ ასე უღვთოდ დამაბნიე ტიალი მგზავრი!
გინახავთ კაცი, საუკუნეს ხმითაც არ ჰგავდეს,
და ყოველ დილით სისხლის ჭოჭი ღვაროს სახლიდან.
ან სინათლეში მოიწყინოს, მერე გათავდეს...
ასეთი ყოფა ცხენზე შემჯდარ ეშმაკს დაღლიდა.
რა თავში ეცა, ვინც ვარდების ალერსს სწუნობდა,
ვისაც ხელებით გაუთბია თოვლივით გული!
სიჩუმე იდგა, შორს ღრუბელი დაბღლარძუნობდა,
უსულდგმულო ცის რიჟრაჟებთან შეანჩხლებული.

უცხო ხილვათა, შეგრძნებათა და ემოციათა ზვავად მოხეთქილმა ძალამ მასში ადამიანური ტკივილების ისეთი ექო გამოსცა, როგორიც სულის მხოლოდ ღრმა ხეობისთვისაა დამახასიათებელი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ისაა, რომ ავად თუ კარგად მან შეძლო მოძალებულ სტრიქონთან შებმა და მასთან განუწყვეტელი ჭიდილით დაღლილმა და ჩასაძინებლად თავმიდებულმაღა ჩაიქრო სულიერი მარტოსულობით ატეხილი ვნება:

ის ლექსის გარდა არაფერს ქმნიდა, თვალნაცემივით შფოთავდა ხშირად,
და განა ვისაც ეს სენი სჭირდა,10 იმან შეგზარათ და შეგაშინათ.
ის დაიღუპა ბედნაკრძალევი, ბნელოდა, სდუმდნენ დიდი ჭადრები,
და კიაფობდნენ შორს ვარსკვლავები - მარადისობის ჭუჭრუტანები!

ზოგადად პოეზია და კერძოდ ნიკო სამადაშვილის სულის ვიზიონები გონების უბრალო თამაში არ არის, რომ იგი არ იქმნება იმისათვის, რათა გაერთოს, ან თუნდაც სხვა გაართოს, ეს ალბათ, გულუბრყვილო მკითხველსაც კარგად მოეხსენება. ისიც მშვენივრადაა ნათელი მისთვის, რომ პოეტი განცვიფრებული უნდა იყოს საკუთარი სულით და იმ დამოკიდებულებებით უამრავი დაბრკოლებების მიუხედავად, გარესამყაროსთან რომ აკავშირებს. მაგრამ შესაძლოა, მან არ იცოდეს, რომ ერთი შეხედვით თვით ყველაზე უფრო მშვიდი პოეზია, ყოველთვის ჭეშმარიტ სულიერ დრამას წარმოადგენს. ამიტომაა მისი მოქმედება ასე ღრმა და პათეტიკური.

სულის სიღრმემდე უნდა განაცდევინოს პოეტური ელდა უნიკალურ სახეთა მიგნებებით, ფრიად დახვეწილი პლასტიკური მეტაფორით აღბეჭდილმა ხილვამ:

ხე ეკლესიის მათხოვარს ჰგავდა.
თითქოს გულს ქრისტემ ხელი დარია,
შენი ფიქრების ჩრდილთა გოგმანი.
მტრედის სიზმრებში მომიპარია.
რომ ფოთლებიდან მეცქირა დიდხანს,
როგორ მალავდა ცრემლს მეგობარი,
და დამელია ბნელ ლუდხანაში
ჩემი ცხოვრების შესანდობარი.

წარმოიდგენს რა პოეზიის უდიდეს კოლოსებს - ჰომეროსს, შექსპირს, დანტესა და გოეთეს - როგორც თავისი დროის სინდისსა და გრანიტის უმძლავრეს ფუნდამენტებს, პოლ ელუარი ამგვარ დასკვნამდე მიდის: - „ყოველი მათგანი უდიადესი ხმაა, მაგრამ ჩვენ, ჩვენი სისუსტის გამო, ზოგჯერ ვამჯობინებთ ყური სხვა ხმებს მივუგდოთ, იმათ, რომელნიც უფრო სრულად გამოხატავენ ჩვენი ყოფიერების არამყარ ბუნებას და ამიტომ უფრო ადამიანურნი გვეჩვენებიან ისინი. ჩვენი სურვილია პოეტებში დავინახოთ ჩვენივე მსგავსი ადამიანები, ჩვენი ძმები, რომელნიც გამოხატავენ ჩვენს მისწრაფებებსა და სრულყოფილების წყურვილს, მაგრამ ამასთან ერთად ჩვენ ტანჯვასაც, ჩვენ საერთო ადამიანურ ბედს.“

ფრანგი პოეტის ამ სიტყვებში ეპოქის გულისთქმაა თითქოს გამხელილი. ყველას კარგად მოეხსენება, რომ ჩვენი საუკუნე სულიერი დეჰეროიზაციისა და რომანტიკული ილუზიების მსხვრევის საუკუნეა, რომელმაც თითქოს მოამთავრა ღვთაებრივი სიჭაბუკის ამაღლებული სიზმრებით ტკბობა, რათა ცხადად ეხილა და განეცადა მიწიერი ვნებებით აღბეჭდილი ცხოვრების ამაოება.

ამ ამაოების თავი და ბოლო, მისი უსახური, გრანდიოზული დეკორაციების ერთადერთი ცოცხალი ელემენტი მაინც ადამიანური იყო და, ბუნებრივია, მას დააკვდა სამყაროს ცნობისწადილი. ადამიანის სულის მიმართ ერთგვარი „ბიოლოგიური“ ინტერესები წარმოიშვა, რომელმაც შესაძლებელი გახადა მისივე შინაგანი იმპულსების ამოცნობა და წარმოდგენა.

ამასთანავე, რა უსახურიც არ უნდა ყოფილიყო თვალწინ გადაშლილი მიწიერ ვნებათა სივრცე, ამაღლებულის სფეროებში ფრენით დაღლილ ადამიანის სულს მაინც აქ უნდა ეპოვა მოსასვენებელი.

ამ შემთხვევაში, ერთი რამ არის კიდევ საინტერესო და ხაზგასასმელი, კერძოდ, ეპოქის საკრალურ შეგონებად გაცნობიერებული მოწოდება - „დაბრუნება მიწასთან“ - სოციალურ და პოლიტიკურ ქაოტურ მოვლენათა ზუსტი სეისმოგრაფის როლს, მით უმეტეს, მის თავდავიწყებულ მეხოტბეობას კი არ გულისხმობდა, არამედ სამყაროს ბუნებრივი ჰარმონიის მიწიერ განცდას, რომელიც სევდის ელემენტებითაა ყოველთვის გაჯერებული.

ასე და ამგვარად ჩნდება მიწაზე ორივე მუხლით დაჩოქილი სიმართლისა და სიწმინდის ტანჯული აღმსარებელი, ნუგეშის ერთადერთ ნავსაყუდლად სიტყვა რომ მიუჩნევია:

ნეტა იცოდე კითხვა, ჩიტუნავ, წაგიკითხავდი „მგოსანს განწირულს“.
ყურს მიაპყრობდი ჩემს ფიქრთა ტუტუნს, ფრთებს ჩამავლებდი სახრეგადაწნულს.
მეც ვწერდი ლექსებს ქარის ყაყანზედ,11 ეს იყო ჩემი ძუძუ და ხსენი,
თუმც ნანგრევების ბნელ სამყაროდან, თავი ვერაფრით ვერ დავიხსენი.
ჯერ კიდევ თითქმის დედიშობილას ტყის ქარიშხლები მაცმევდნენ შავებს,
ეხლაც არ ვიცი ჩემი სამშობლო რას მერჩის, ნეტა, რა დავუშავე?!
მოდი იქ, სადაც ჩამფლავენ, ჩიტო, არ შეკრთე, ძეგლი დაკრიჭავს კბილებს,
მიუალერსე, ნუ კი იტირებ, შენი ნისკარტით დარგულ ყვავილებს.

მისი ცხოვრების აზრი ერთ სურვილშია თავმოყრილი - მისგანაა ყველა მისი ტანჯვა, ოცნება... შეცდომები.

მე ზევით ვახსენე, უფრო სწორად კი, წარმოვიდგინე ნიკო სამადაშვილის პოეზიის ლირიკული გმირი, რომელიც ყველასგან განრიდებული, საყდრის კედელს მიყრდნობილი, მხურვალე სულისმიერ ხმებს ამოსთქვამს, იქვე, კარებს საბრალო სახით მოსდგომია შორს დარჩენილი ბავშვობის ნახატი, რომელიც თითქოს, მისი სევდის განქარვებას ცდილობს. წამიერია მოქანცულ მზერაში არეკლილი ბავშვობის ხატი, მაგრამ ისიც საკმარისია უნაზეს ხილვათა გამოსახმობად:

გახსოვს - ბაღები, სიმღერა, ჟრჟოლა, ყვავილნარევი ძეძვის ორღობე,
ერთხელ რომ ლექსი გითხრა ტოროლამ, და შენ ბავშვივით რომ მოიღრუბლე.
ტოლებთან ერთად მარწყვზედ შეხვედრა,12 ცივ-ცივი წყარო, ჭალა, მინდორი,
ვიგონებ, თითქოს გული ველდება...
ბინდში ნახირის მუნჯი ვედრება, მდინარის გაღმა ვეება ქორი.
შექვავებული მთებზედ ცხვრის ფარა. ჩვენი ზედა რუ და ეზო თქვენი,
კაკლის რტოებში გაჭრილი შარა და დუესელი მესაფქვავენი.
იმ ეკლესიას - თხელ ქონგურებით, ვიგონებ, თითქოს გული სველდება...13
ნეტავ თუ კიდევ ხატი, ურმები, ოდესმე სადმე გამახსენდება?

მას კიდევ ერთხელ გაახსენდება ბავშვობის წელთა ვნება. ღრმადკოლორიტულია გარდასულიდან სულდამჩნეული ცოცხალი შეგრძნებები, სულითხორცამდე მშობლიური სევდიანი პეიზაჟის რაღაც უნაზესი თრთოლვა. ამ წიაღში დაბადებული განცდები ნაღვლიან მელოდიასავით მწუხარებს და ითუთქება:

როგორ მინდოდა აქ მომკვდარიყავ, დურდლო სიცოცხლე კი ქარს წაეღო,
ქვებივით დამრჩა გულის საყარზე ჭადრების ბინდი, კაკლების წენგო...
...წარსულს ჩამოვრჩი წარსულის ფერფლი, მტკვარი გინებით სადმე გამრიყავს.
როგორ მიყვარდა ჩემი სოფელი, როგორ მინდოდა იქ მოვმკვდარიყავ.

სიკვდილის ასოციაციებით მოწნულ, შეუბღალავ და საბრალო ბავშვობის ხატს მიმწუხრის სამრეკლოდან დარეკილი ზარების ქვითინი მიაცილებს ცივი და ნისლოვანი უსასრულობისაკენ.

„...და ჟამი ჩვენი ცხოვრებისა, მეტი არა არს რა, თუ არა სრბოლა სიკვდილისაკენ, - ღაღადებს ნეტარი ავგუსტინე, - საცა არავის ეძლევა ნება წამით შეჩერებისა, ან ნელა მოძრაობისა. უზენაესი თანაბარი ძალა აიძულებს ყველას იარონ ერთი და იმავ ნაბიჯით.“

თითქოს შორეულ ხილვასავით ბუნდოვანია ახალგაზრდული წამის ელდა, როცა სიცოცხლის ყვავილოვნება თავისი სისავსითა და სურნელითაა გაბრუებული და არა აქვს შიში წარმავლობისა, როცა ფიზიკური სინორჩე გარდაუვალი ჭკნობისა და ფერთა კვდომისაკენ მიემართება, მიიჩქარის, მიქრის და მიფრინავს. რა ადამიანურია სინანული ამ დროს.

ვისაც გაუწყდა ლოცვით ილაჯი,
ჩასწვა ბავშვობა, ყრმობა, ვნებული,
ვისაც გრიგალმა ვერ ამოგლიჯა
წყვდიადი, მკერდზე დამაგრებული...

საგულისხმოა, რომ წარსულისაკენ მთელის არსებით მიბრუნება მხოლოდ ეფემერული სურვილი იყო. თავისი ღრმად რომანტიკული ბუნების გამო, წარსული ხშირად ქცეულა სიცოცხლედაშრეტილი და უნაყოფო სულის საიმედო თავშესაფრად და დაუსრულებელი ცრემლთა ფრქვევის საგნად.

გარდასულის ხელოვნური ძალისხმევით შეკოწიწებულ, ამიტომაც გაქვავებულ და უსიცოცხლო ნანგრევებში დაუსრულებელი ხეტიალი მოგზაურთა აღტყინებულ გულუბრყვილობასა ჰგავს, განცვიფრებულნი რომ შესცქერიან მთების სიმაღლეებს, ზღვის უზარმაზარ ტალღებსა თუ ოკეანეთა უსაზღვროებას და, ამ დროს, უმოწყალოდ ტოვებს საკუთარ თავს, ავიწყდებათ რა, რომ არაფერია საკუთარ სულზე საოცარი, დიადი და ამაღლებული (ნეტარი ავგუსტინე).

პოეტისათვის ბავშვობა ჩვრებში გამოკრული მოწყენილი თოჯინა არ არის, რომელსაც ხელოვნური გრძნობამორევით მკერდზე მიიკრავ, მოეალერსები და კეთილი ზღაპრების მოყოლით დაამშვიდებ.

ბავშვობა მისი ტკივილების ცოცხალი ფესვია, ცხოვრების მწარე გაკვეთილების პირველი უმანკო მსხვერპლი და, ამიტომაც, მისი სულიერი ცხოვრების განუყოფელი, ორგანული ნაწილი.

ამდენად, ბავშვობის იდილია კვლავ ირაციონალური ხილვების ბურუსში უჩინარდება და სულიერი ცხოვრების მღელვარე ტალღებს ერევა.

„თავისი სისტემის დეფექტებში ადამიანმა ამოსწურა ყოველივე ის, რაც მას ადამიანად აქცევს. შემგუებლობის არასრულყოფილება, მოშლილობა და ცდომილება ადაპტაციისა, სხვადასხვაგვარი დარღვევანი და ზემოქმედებანი იძულებულს ხდის მას ილაპარაკოს „ირაციონალზე“, მან იგი კურთხეულჰყო, მასში თავისივე სიღრმე და, იმავ დროს უცნაური პროდუქტი აღმოაჩინა - „მელანქოლიის“ სახით, რომელშიაც დროდადრო, აწ უკვე გაუჩინარებული ოქროს საუკუნეთა თუ რაღაც იდუმალ ხვედრის წინათგრძნობა ხმიანობს.

ყოველგვარი ემოცია, ყოველგვარი გრძნობა ადაპტაციის ხარვეზებს მოასწავებს. იმას, რასაც ცნობიერებასა და გონს ვუწოდებთ ამ ნაჩვრეტებში იდგამს ფესვს და იზრდება.

ადამიანში ზეადამიანურია ის, რომ იგი ამას შეეჩვია: - აქედან ძიება და ქმნა ემოციისა, თავისი დაკარგვისა თუ თავბრუდახვევისა, სიმშვიდის დარღვევისა და გაქრობისაკენ სწრაფვისა. და მაინც ხან აქ, ხან იქ ჩნდება ცნობიერების წარტაცვის, უკუღმართი ხედვის და ილუზორული სახეების ფიზიოლოგიური მოთხოვნილება ვინძლო აღსრულდეს სიყვარული, ურომლისოდაც გაქრებოდა ადამიანთა მოდგმა“. ვალერის ამ ანალიტიკურ რეფლექსებში იმ ლიტერატურული სიტუაციის წვდომის შედეგია გაცხადებული, რომლის ესთეტიკური კულტურა ირაციონალურ მსოფლშეგრძნებას ითვალისწინებდა.

სიმპტომურია, რომ სინამდვილესთან შეუგუებლობის კომპლექსმა თანამედროვეთა მხატვრულ ცნობიერებაში გაიდგა ფესვი.

ირაციონალურ ხილვათა სამყარო სხვა არაფერია, თუ არა საკუთარი იდუმალი ხვედრის ილუზორული სახეებით მოდელირება:

შენ დაგმარხავენ ბინდების ლხინით, სამრეკლო აშლის მღელვარე მტრედებს14
დაუშენს წვიმა, შორს ბალდახინი, დიდხანს იკვნესებს და იჩერჩეტებს.
ფუტურო სხეულს გულის სიზმარი შერჩება, როგორც გოლგოთის თხრილი,
სისხლზე შემხმარი ძვლების ჩინჩხვარი და მოგონება ნისლივით გრილი...
...წყვდიადი მძიმედ დაუშვებს ფარდებს, შეწყდება ფერად ჭინკების ბრძოლა.
გულს შეგიხუთავს ძეძვივით დარდი,15 და ჯოჯოხეთის პირქარი ხრჩოლა.
დაუხვევ ბილიკს ზურგგატრუსული,16 თვალს შეგავლებენ ქვესკნელის წყლები,
წინ ჩაგივლიან მკვდრები კრუსუნით, როცა ქვებშორის წამოგაწყდები...
...„გარეთ გადაყრილ ნაცარსა ვგავდით“ თან იტყვი: „იქნებ ღმერთმა ინება“
ჩაიქნევ მკლავებს და იქვე გვერდით ცრემლებთან ერთად ჩაგეძინება.

პოეტის ამგვარი ვიზიონები ხაზგასმული ინდივიდუალობითაა აღბეჭდილი და, რაც მთავარია, გაცვეთილი პოეტიზმების გადამღერებას არ წარმოადგენს. ამ მომენტს იმიტომ აღვნიშნავ, რომ ნიკო სამადაშვილის პოეტური აზროვნების სისტემა რადიკალურად ემიჯნება ჩვენი მაღალი პოეტური კულტურის მიერ დამკვიდრებულ და, სამწუხაროდ, უკვე სტერეოტიპად ქცეულ გრძნობად-ემოციურ ფორმულებს.

არაფერია უფრო საბრალო და უფერული, ვიდრე მზამზარეული თემებითა და სახეებით მანიპულირება, ამიტომაც სასიამოვნო მოულოდნელობაა ამ საერთო ფონზე ჭეშმარიტად თვითმყოფადი პოეტური სამყაროს აღმოჩენა.

საოცარი თავისუფლება, საკუთარი თავისადმი უსაზღვრო ნდობა, შინაგანი რწმენა იმისა, რომ პოეტის ნება ვერ აიტანს პირობითობის ვერც ერთ გამოვლინებას...

...ასეთი იყო შეუვალობით გაკერპებული მისი გულისთქმა:
რა ექნა, იყო ქვა თუ ზეკაცი, ვისთვისაც ზეცა დაპატარავდა,
ვისაც არ ჰქონდა სარკმელი მზისკენ და რიჟრაჟებში შუქს იპარავდა,
რა ექნა იმას, მგზავრო, მითხარი, ვინც ძვლების ცეცხლი ვერ დაიყოვნა,
ვინც იწანწალა მიწაზე დიდხანს და თავის ჩრდილიც ვეღარ იპოვნა.
ვინც ამ ხრიოკებს ყნოსავდა მარად, ვით ტყის ნადირი, ვით საყდრის გლახა,
ვინც მთებს ზევიდან მოსდევდა ბარად, რომ გზებს შეჰყროდა და ევაგლახა...
...რა ექნა იმას, ვინც ქვესკნელშიაც სივრცეებს თვალი ვერ მოარიდა,
ვინც პირქვე ეგდო და სიცოცხლიდან მერე ვარსკვლავებს გაღმა გაფრინდა.

როგორი ეულიც არ უნდა იყოს ადამიანის სული, გარესამყაროსთან რა შეუთავსებლობაც არ უნდა სტანჯავდეს მას, შეუძლებელია, თუნდაც წამიერი არსებობის მოკრძალებული უფლებით, მოწყვეტილი ყვავილის ჩუმი ოხვრით არ ამოიგმინოს სიყვარულის მივიწყებულმა გრძნობამ - თვითონაც მარტოსულად მოვლენილმა დამიწებულ ანგელოზად ქცეულმა და მათხოვარივით კარდაკარ მოწანწალემ.

უაზრობაა ფიქრი იმაზე, მოჰყვება თუ არა პირველად განცდილი სიყვარულის ელდა და სიხასხასე ცხოვრების მრავალ „სიამეთა“ სიმძიმით დაჩეჩქვილსა და გრძნობადაცლილ ჩვენს გულებს.

...იგი არ იკარგება და ვინ იცის, იქნებ სწორედ მაშინ მწიფდება ჩვენში დიდი და კეთილი სურვილები... ოცნებებიც, რომელთაც უფრო ხშირად აღარ ეღირსებათ ხოლმე სრული გაფურჩქვნა და ჭკნობაშეპარულთ თუ გაფითრებულთ ძილი ეპარება.

ის, ენითუთქმელი ნეტარი გრძნობა იმიტომ აფორიაქებს და სასიამოვნოდ აკრთობს ჩვენს მოგონებებს, რომ ის იყო ჩვენი პირველი ღრმა მარტოობა, რომელმაც უცნაური ძალით გააღვიძა სულის სულ სხვანაირი ძალით ამოძრავების სურვილი.

კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ რა შინაგანმა სულიერმა ქარტეხილებმაც არ უნდა იბობოქრონ ადამიანში, მისი გასალკდევებული არსებიდან ღვთაებრივი ძალა მაინც აღმოაცენებს ღრმად დამარხული სიყვარულის სევდაშეპარულ ფერმკრთალ ყვავილს, მიაბრუნებს მისკენ და ჩურჩულით ათქმევინებს გამაბრუებელ მოგონებათა სევდიან ზღაპარს:

დავიღუპები; ჩაყოლილ ხსოვნებს ოდესმე სადმე გაეღვიძებათ.
ჩვენ ვისაუბრებთ იმაზე დიდხანს, რაც სიცოცხლეში არ შეიძლება.
ჩემი ლექსები შენს მწველ უბეში ბეღურებივით იფართხალებენ.
და ერთხელ მაინც, ჩემო ნუგეშო, იქ, სამარეში გამახარებენ,
დამედებიან მკერდზე ღუღუნით, ამოკენკავენ ჩემს გულს, შენს თვალებს,
შეესევიან მერე უკუნეთს და უკუნეთიც იქ ივალალებს.

ეს, რა თქმა უნდა, არ არის მოსაბეზრებლად გაჭიანურებული, დაუსრულებელი ზღაპარი, რომელსაც ხშირად, არც თავი აქვს ხოლმე და არც ბოლო. იგი უფრო ამაღელვებელი ბრძოლის სევდიანი გამოძახილია, რომელიც ერთადერთ იმედად მიაცილებს მარადიულ სასუფეველში მიმავალს.

ნიკო სამადაშვილის პოეზიის თემატური რეპერტუარი არ არის მრავალფეროვანი და მიუხედავად ამისა, უფრო სწორედ, იქნებ ამიტომაც ღრმა და საოცრად გულწრფელია.

და მისთვის უცხოა, ან თითქმის უცხო, დროის კაპრიზების მიმართ ხარკის გაღება. მაგრამ ის, რაც მისი ბუნებრივი სულიერი მოთხოვნილებიდან ამოდინდება არასოდესაა უნდილი თუ მკვდრადშობილი.

რაოდენობრივი თვალსაზრისით ერთობ ღარიბია თუნდაც მისი ე.წ. „სატრფიალო ლირიკა“, მაგრამ საოცარია, რომ თვით ორიოდე ლექსიც კი გაგრძნობინებს ამ სულიერი „ანახორეტის“ უნაზესი გრძნობების ქროლას. რა ჯიუტიც არ უნდა ყოფილიყო ამ „ცელქ სიოსთან” ჭიდილის ვნება, იგი ალბათ, მაინც სასიამოვნოდ ელამუნებოდა სიგრილის ნეტარებას გადაჩვეულს:

...ხან გუგულის ხმა დაგიძლევია17 და მომხვევიხარ ყელზე - სიბრალულს,
ღმერთო! რამდენი რამ შესძლებია პირველ ჟრუანტელს, პირველ სიყვარულს.
როგორ მიწყნარდა ჟუჟუნა ბედის, როგორ გადახმნენ ეზოს თელები!
ხედავ, კუკურში როგორ დავბერდი18 და გამოწვდილი დამრჩა ხელები...

ხომ უამრავზე უამრავია პოეტური ვარიაციები სიყვარულის თემაზე, ხომ არ დარჩენილა ნეიტრალური ამ გრძნობის მიმართ სიტყვის არც ერთი ოსტატი, მაინც ახლად მოსული ბალახის უმანკო სიმწვანით მშვენიერობს ამ ლექსში „აბიბინებული“ ემოცია. ბუნებრივია ხაზგასმა იმისა, რომ ამ ლექსს ძალასა და შინაგან ენერგიას პირველყოფილი სისუფთავე და სიტყვის უნიკალური განცდა ანიჭებს. მისი ელეგიური პათოსი სულის შინაგანი მდგომარეობაა, რომლისთვისაც აღარაა ძნელი ცინცხალი მჭევრმეტყველების ჰანგზე აამღეროს თავისუფალი წარმოსახვა. გარეგანი ანტურაჟი შინაგანი სიცოცხლის სიმბოლური გამოხატვის ასპარეზია, რომლის წიაღშიც იგი რევერანსის გარეშე გამოხატავს ვრცელი, ნათელი, ღირსეული და კეთილშობილი სულის ხასიათს. მისი ინდივიდუალობის უპირველესი ნიშანი ამ შემთხვევაშიც ის არის, რომ იგი თავისში ატარებს გაუბზარავი რწმენისა და პოზიციის ერთგულებას, რასაც ზოგჯერ თვით ლექსის კეთილხმოვნებაც კი ეწირება.

არ არის მისი მხატვრული სტილი რაფინირებული და სრულქმნილი, მაგრამ საოცარი ისაა, რომ ამ არასრულქმნილებაშიც ძალუმად წარმოჩინდება მაღალი ნიჭით აღბეჭდილი ნაივური პოეზიის ფრიად ორიგინალური იერსახე.

ხომ ნათელია, რომ პოეზიისათვის სიყვარულის გულწრფელი განცდა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე უმაღლესი მხატვრული ოსტატობით გამოძერწილი უსიცოცხლო ბუტაფორია, რომელსაც ყალბი აღმაფრენით „პიროფლიანი“ პოეტი სიყვარულს შეარქმევს.

საგულისხმოა, რომ ნიკო სამადაშვილი მაშინაც გულუბრყვილოდ გულწრფელია, როცა ერთადერთი, ალბათ ბოლომდე გაუცნობიერებელი ლექსით, თავისი ხმა შეუერთა დროჟამის აპოლოგეტთა ყალბ აღფრთოვანებას. საქართველოსადმი მიძღვნილი ეს ლექსი ჩვენი ქვეყნის დუხჭირი წარსულის წარმოდგენით იწყება - საქართველოს მრავალსაუკუნოვანი წარსული, როგორც საშინელი კოშმარი, ცრემლი და მწუხარება, ყოველგვარი გამონათებისა და სულის მოთქმის გარეშე. პოეტის აღფრთოვანება იქიდან იწყება, როდესაც დგება ამ ჯოჯოხეთური ყოფის აღსასრული. პატარა კახის ეპოქალურმა მოწოდებამ („სლავებს ეძმეთო“) შეძლო ეს. ამის შემდეგ სამოთხედ გარდაისახა ყოველივე და აღარაფერი დარჩენია ამ უსაზღვრო ბედნიერების შემხედვარე მგოსანს, რომ გულით უმღეროს „ურიცხვ წალკოტებსა“ და „ფერად შადრევნებს“.

ხომ ბავშვური წარმოდგენებითაა გაყალბებული ჩვენი ერის ისტორია, მისი გუშინდელი და დღევანდელი ცხოვრება, მაგრამ მთავარი ეს არ არის, ამას ბევრი მასზე სახელოვანი თანამოკალმეც მშვენივრად აკეთებდა. უცნაური ის უფროა, რომ თვით ისეთი არაკონტაქტაბელური მარტოსულობით გამორჩეული, დროისა და სივრცის ტანჯული მსხვერპლი და ირაციონალურ ხილვათა თავდავიწყებული მეხოტბე, თუმც წამიერად, მაგრამ მაინც დააბრმავა „კეთილდღეობის“ კაშკაშა ეიფორიამ.

მოთმინებით გაასრულებ რა ნიკო სამადაშვილის სულიერი მარტოობის ამ სევდიან ქრონიკებს და უკანასკნელ ფურცელს დააყრდნობ ცხოვრების მომაბეზრებლად ერთფეროვანი საზრუნავისაგან დაღლილსა და დაქანცულ მზერას, ფიქრებს თავმიცემულმა ერთი რამ არ უნდა დაივიწყო, საბოლოო მსჯავრის გამოსატანად წინ მიდევნებული ლამპარივით ადამიანური გულის სითბო, ანუ სხვისი ტანჯვის გაზიარების დაჩლუნგებული გრძნობა გამოაფხიზლო, აგრერიგად მომრავლებული მხატვრული უსახურობის მტვერი ჩამოიბერტყო და მხოლოდ ამგვარად „განწმენდილმა“ განჭვრიტო პოეტის ყოფნა-არყოფნის საბედისწერო პერსპექტივა.

ჩვენ (და, ალბათ, არა მარტო ჩვენ ) გვჩვევია ამ წუთისოფლიდან წასული ჩვენივე უყურადღებობით გულმოკლული კაცისადმი დაგვიანებული გუნდრუკის კმევა, სინანულისა და უსაგნო სიყვარულის მოძალება; და თუ ეს სენტიმენტალიზმი უიღბლო პიროვნების მიმართ, ასე თუ ისე, კიდევ გამართლებულია, ვეღარავითარ შეღავათებს ვეღარ დაენდობა თუნდაც იობის ტანჯვით გაწამებულის სულიერი ნაღვაწი. დროის შეუბრალებლობა ყველაზე მეტად ადამიანთა მოღვაწეობის იმ სფეროს მიმართ იჩენს თავს, რომელიც სულის სიტყვად ქცევას ითვალისწინებს. აქ იგი, როგორც წესი, უკომპრომისო და შეუვალია.

შემოქმედთა ახლო წრეს და ამ მიზეზით მათ ქმნილებათა ბრმა აღმსარებელთ, მხოლოდ დროებით შეუძლიათ შეაყოვნონ მოჩვენებითი ცხოველმყოფლობით აღბეჭდილი ფსევდოპოეტური სამყაროს კვდომა. ფიზიკურად გაქრება ეს თაობა და მათთან ერთად გაუჩინარდებიან მათი თავგამოდებული აპოლოგიის ობიექტებიც.

მე ამას იმიტომ აღვნიშნავ, რომ ქართველი მკითხველის, უფრო სწორად კი, პოეზიის თაყვანისმცემელთა თვალსაწიერი კიდევ ერთი, ჯერ კიდევ გულდინჯი და გემოვნების ფაზაში მყოფი პოეტური ნაღვაწით შეივსო, თუ არ გავითვალისწინებთ ორიოდე, ჩემის აზრით, გულწრფელი ობიექტურობით აღბეჭდილ ქომაგს, მან სრულიად ბუნებრივად შემოაბიჯა განუკითხაობის ბურუსით მოცულ თანამედროვე პოეზიის საბრძანებელში; მშვიდად, ყოველგვარი მუჯლუგუნის გარეშე (იგი ამას, გარდაცვლილი ვეღარც მოახერხებდა) ჩამოჯდა თითქოს ახალმოსულთათვის განკუთვნილ, სახელდახელოდ გამოჩორკნილ სკამზე და ასე ამგვარად, მდიდრული სავარძლების ჩამყუდროვებულ ბინადართაგან შორს დაყურსული ელოდება დღესაც ობიექტურ მსჯავრს.

რა თქმა უნდა, მისი მოსვლით ქართული პოეზიის ცაზე სულაც არ გაბრწყინებულა კიდევ ერთი თვალისმომჭრელი ვარსკვლავი, პოეზიაში ახალი გზებისა და, თუნდაც, ბილიკების გამკვალავი. ამგვარი რამ ბარე ორიოდ შემოქმედმა თუ შეძლო (კურთხეულ იყოს მათი სახელი) და ეს, მრავალთათვის მწარე სინამდვილე, გვინდა თუ არ გვინდა, ყველასათვის ცხადი უნდა იყოს.

რაც არ უნდა ვმალო, ამას სხვებიც მშვენივრად შენიშნავენ, რომ ნიკო სამადაშვილის ლექსებში გაბნეული, მართლაც რომ უნიკალური პოეტური სტრიქონები მოჩუხჩუხე წყაროსავით არ მოედინება, რომ მისი მხატვრული აზროვნების ქსოვილი უხერხულად ამოკემსილის შთაბეჭდილებას ტოვებს შიგა და შიგ, რომ კომპოზიციური თვალსაზრისით არასაკმარისად შემჭიდროებულია, რომ სულის რაღაც სტიქიური ამაღლებული ფარფატი ხშირ შემთხვევაში უფრო მეტია, ვიდრე თანმიმდევრულობა და სიღრმე; რომ ის უფრო თავდავიწყებული მეოცნებეა, ვიდრე მოაზროვნე და მხატვარი... სულო ცოდვილო, და, იქნებ, ამიტომაც არის იგი ასე ბუნებრივი, ასე გულუბრყვილოდ პოეტური და შინაგან გულისძახილს ჯიუტად მინდობილი.

რაღაც კარგა ხნის დაკარგული და დავიწყებული, საოცრად ქართული სურნელითა და კოლორიტით, ეროვნული რელიგიური განცდის ბუნებრივი კდემამოსილებით და ინტიმით იგი ორგანულად ერწყმის ჩვენს სურვილებსა და წარმოდგენებს.

მას არა აქვს, და ვერც ექნება პრეტენზია (სხვა მისთა მსგავსთა განსხვავებით) იმისა, რომ გრანდიოზულ, მაღალგუმბათოვან ეკლესიად წარმოადგინოს თავი, რომლის სივრცე მარად სანთელთა ციაგით, მგალობელთა ტკბილხმოვანებით და მრავალრიცხოვანი მრევლის სულისგანმწმენდელი ჩურჩულითაა გასხივოსნებული. სულის ამ დიდ ტაძართა ნაკლებობას, მადლობა ღმერთს, არ განიცდის ქართველი ერი.

მაგრამ იმასაც ხომ მშვენივრად ვგრძნობთ, ეროვნული სულის რა მყუდრო ოაზისებივით დგანან (ჯერ კიდევ დგანან) ქართულ მიწაზე ძველთა მადლიანი ხელით ნაგები სადა, მაგრამ საოცრად მეტყველი საყდრები. არ არიან ისინი მშობლიური პეიზაჟების მხოლოდ გაქვავებული დეტალები. ყველაზე მეტად მათთან სიახლოვე გაგრძნობინებს დადუმებული წარსულის მშობლიურ ინტიმს, აქ შემოვა შენში ცივილიზაციის დაელექტროებული ველიდან გამობობღვის და ეროვნულ ფესვთა სურნელში თავდავიწყებული დანთქმის სურვილი. აქ, სადღაც უცხო შორეთიდან შინდაბრუნებულივით უხარია სულს და გრძნობს, რომ გაუნელებელი იქნება მათდამი ჩემი ნოსტალგია.

საყდრის ამ პირველყოფილი სისუფთავითაა აღბეჭდილი ჩემთვის ნიკო სამადაშვილის პოეტური სამყარო. მის დაბინდულ წიაღში შესულთ, პოეზიით განაწამების წრფელი და უშუალო მონოლოგები მოუთხრობენ კიდევ ერთი ტანჯული სულის ცხოვრების ამბავს, თუ როგორ ბავშვურად სჯეროდა წარმოსახვის თავისუფალ ფრთებს მინდობილს, ყოველივე რაც განიცადა.

და მართლაც, მას უკვე აღარ შეეძლო დაეჯერებინა, რომ ცხოვრება, ტანჯვა და საკუთარი თავი, მრავალთა და მრავალთა მსგავსად, მხოლოდ გონებრივი ვარჯიშების საგანი უნდა იყოს და არა შენივე სიღრმიდან ამოვარდნილი იმპულსი. მან, ალბათ, კარგად იცოდა უსამართლობის, სიმდაბლის, ტირანიის და საერთოდ ყოფიერების მთელი სიბილწისა და ზნეობრივი სიმყრალის ფასი (ამიტომაც იყო იგი სასოწარკვეთილი).

მაგრამ მან არ იცოდა და ვერც ისწავლა მრავალთათვის ცნობილი პრაქტიკული სიბრძნე - თუ გინდა იცხოვრო, უარი უნდა თქვა, ნათელი წარმოდგენა იქონიო რაიმე ღირებულსა და მნიშვნელოვანზე, რადგან უიმედოა ფიქრი არსებითის შეცვლასა და უკეთესის მოლოდინზე.

ცხოვრების ამოუცნობ უძირო სიცარიელისაგან შეძრწუნებულის კოშმარულმა ხილვებმა შეიპყრო ეს უნაზესი პოეტური სული და უმწეო მსხვერპლივით ძიძგნა და ათრია იგი.

„არასერიოზული ადამიანები, - სწერდა სკეპსისით სულითხორცამდე გათანგული ფლობერი, - შეზღუდულნი, თვითდარწმუნებულნი და ატაცებულნი, წყურვილშეპყრობილნი არიან ამ ქვეყანაზე ყველაფრისაგან რაღაც დასკვნები აკეთონ. ისინი ცხოვრებაში ეძიებენ აზრს და სურთ უსასრულობის შეცვლა. თავისი საცოდავი ხელით ისინი ჩაბღუჯავენ ხოლმე ქვიშის პეშვს და მიმართავენ ოკეანეს - „აი, ახლა, შენს ნაპირებზე მე ქვიშის მარცვლებს დავითვლი“ და რადგან მარცვლები თითებშუა ცვივა და რომ დათვალო ის - დიდი ხნის საქმეა, აბაკუნებენ ფეხებს და სტირიან. იცით ნაპირზე რა უნდა აკეთოთ? მუხლი მოიდრიკოთ, ან ისეირნოთ, ისეირნეთ.

არც ერთი დიდი გენიოსი არ ცდილა გამოეტანა დასკვნები; არც ერთი დიდი წიგნი ამას არ აკეთებდა, რადგან თვით კაცობრიობა განუწყვეტლივ მოძრაობს, არ გამოაქვს არავითარი დასკვნები. ამას არ აკეთებდნენ არც ჰომეროსი, არც შექსპირი, არც დანტე, არც გოეთე, არც თვით ბიბლია. აი, ასე ღრმად რატომ აღმაშფოთებს დღეს აგრერიგად მოდური სიტყვანი - „სოციალური პრობლემა“. ის დღე, ოდეს იგი გადაწყდება , ჩვენი პლანეტის უკანასკნელი დღე იქნება. ცხოვრება - ეს მარადიული პრობლემაა, ვითარცა ისტორია და სხვა ყოველივე დანარჩენი. საკრები უსასრულოდ მატულობს.

როგორ შეიძლება დაითვალო ბორბლის წკირები, როცა იგი ტრიალებს? მეცხრამეტე საუკუნე თავდახსნილის მზვაობრიობით წარმოიდგენს, თითქოს მზე აღმოეჩინოს. ამბობენ, მაგალითად, რომ რეფორმაციამ მოამზადა საფრანგეთის რევოლუცია. ეს სწორი იქნებოდა, საქმე ამით რომ დამთავრებულიყო. მაგრამ ეს რევოლუცია თავის მხრივ, ხომ შემზადება იყო რაღაც სხვა მდგომარეობისათვის. და ასე შემდეგ, და ასე შემდეგ.

სწორედ იმიტომ, რომ მე მჯერა კაცობრიობის განუწყვეტელი ევოლუციისა და ფორმათა ცვლისა, მეზიზღება ყოველგვარი ჩარჩოები, რომელშიაც ძალით ცდილობენ მოაქციონ იგი, მეზიზღება ყველა განმარტება, რომელიც მას ეძლევა, ყველა გეგმა, რომელსაც ოცნებებში მისთვის აგებენ. დემოკრატია ეს ჯერ კიდევ არ არის მისი საბოლოო სიტყვა, ისევე როგორც არ იყო უკანასკნელი მონობა, ფეოდალიზმი, მონარქია. ადამიანის თვალით აღქმული ჰორიზონტი არ შეიძლება აღმოჩნდეს ნაპირი, რადგან მის იქით იხსნება ახალი ჰორიზონტი, და ასე უსასრულოდ! ამგვარადვე, არგაგონილ სისულელედ მიმაჩნია საუკეთესო რელიგიისა და საუკეთესო მთავრობის ძიება. ჩემთვის საუკეთესოა ის - რომელიც უკვე აგონიაშია, რადგან მან სხვას უნდა დაუთმოს ადგილი.“

იქნებ, გულუბრყვილოდ ატაცებულმა ძალიან შორს გავუტიე და ციტატომანიის ეშხმა დამძლია. გულწრფელად მინდა ვაღიარო, რომ დიდებული ფრანგი მწერლისა და მოაზროვნის ამ ჩანაწერმა გონებაში გამომწყვდეული ფიქრები აშალა და იმ შორეული წარსულიდან ჩვენი სინამდვილის მღელვარე სივრცეში შემოაფარფატა.

საოცარია, რას არ მოეჭიდება ზოგჯერ ცხოვრების უცნაურ კანონზომიერებათა გაუვალ ბურუსში უმწეო ხელისცეცებით მავალი გონება... წყალწაღებული რწმენისათვის ზოგჯერ ხავსიც იმედია და ვერავითარი ბრძნული შეგონება ვერ აიძულებს, საშველად ხელი მისკენ არ გაიწოდოს.

ამ ვრცელი ამონაწერის ერთი მომენტია ჩემთვის ნიკო სამადაშვილის პოეტური პროფილის ხატოვანი განმასახიერებელი.

მე მას - ცხოვრების ვრცლად გაშლილი ოკეანის პირასაც ვხედავ, მუჭში სათუთად მომწყვდეული პეშვი სილით საბრალოდ მდგარს, ჯიუტი ვნებიანობით რომ ითვლის მარცვლებს და, ეცლება რა იგი ხელიდან, სასოწარკვეთილი ამ გულუბრყვილო გატაცებით, გულამომჯდარი ტირის და მწუხარებს.

ასეთი ყოფილა არაერთი ხელოვანის, უფრო კი პოეტის ბედისწერა და არავინ იცის, ამ მწარე ილუზიაში რაოდენი რომანტიკა და სულიერი თრთოლვის შესაძლებლობებია დაფარული.

__________________

9. სწორია: შენ კიდევ ფიქრში მაინც მძუნაობ,

10. სწორია: განა, ვისაც რომ ეს სენი სჭირდა,

11. სწორია: მეც ვწერდი ლექსებს ქართა ყაყანზე,

12. სწორია: ტოლებთან ერთად მარწყვზე შეხვედრა,

13. სწორია: ამ ეკლესიას - თხელ ქონგურებით,

14. სწორია: სამრეკლო აშლის მთვლემარე მტრედებს.

15. სწორია: სულს შეგიხუთავს ძეძვივით დარდი,

16. სწორია: დაუხვევ ბილიკს ზურგ გატრუსული,

17. სწორია: ...ხან გუგულის ხმაც დაგიძლევია

18. სწორია: ხედავ, კუკურში როგორ დავბერდით

2.7 7. ბენაშვილი, გურამ. რანი იყვნენ და რანი არიან:

▲ზევით დაბრუნება


[ნიკო სამადაშვილი]. - თბილისი, 1991. - გვ. 294-309. - ტექსტი იხ.: ბენაშვილი, გურამ. ლიტერატურულ-კრიტიკული ეტიუდები. - თბილისი, 1989. - გვ. 281-300.

2.8 8. ბოტკოველი, ზაალ. რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების:

▲ზევით დაბრუნება


[„შენ ჩემში უსტვენ ვით საყდრის ჩიტი...“ ]. - თბილისი, - 2016. - გვ. 245-246. - ISBN 9789941941061. - ტექსტი იხ.: ბოტკოველი, ზაალ. უფალთან ახლოს... სინათლის წრეში . - თბილისი, - 2020. - გვ. 241.

2.9 9. ბოტკოველი, ზაალ. უფალთან ახლოს... სინათლის წრეში:

▲ზევით დაბრუნება


[„შენ ჩემში უსტვენ ვით საყდრის ჩიტი...“ ]. - თბილისი, 2020. - გვ. 241. - ISBN 9789941483271

ასე მიმართავდა XX საუკუნის კიდევ ერთი დიდი ქართველი პოეტი ნიკო სამადაშვილი თავის ალტერ ეგოს.

საყდრის ჩიტი...

იგი მართლაც წააგავდა საყდრის გუმბათზე შემომჯდარ ჩიტს, რომელიც ღვთის საუფლოდან დაჰყურებდა შეჭირვებულ სამშობლოს, დაჰყურებდა შეღამებათა საუკუნეს (იშვიათად, რომ ვინმეს ასე ზუსტად დაეხასიათებინოს ჩვენი უსასტიკესი XX საუკუნე) და ტრაგიკული განცდებით და ასოციაციებით გულგასერილი მშობელი ქვეყნის გადარჩენას შესთხოვდა უფალს...

სიცოცხლეში წიგნის გამოცემა არ ღირსებია. თითქოს ამ მხრივაც დაჩაგრა არსთა გამრიგემ... მისი, როგორც პოეტის, ნამდვილი სიცოცხლე გარდაცვალების შემდგომ დაიწყო. გარდაცვალების შემდეგ ნება-ნება, აუჩქარებლად შლის არწივებურ ფრთებს და ემზადება ასაფრენად, ემზადება მარადისობაში დასამკვიდრებლად. ქართველი ხალხი თანდათან ხვდება ამ ჭეშმარიტი პოეტის ფასს და სიყვარულის საბურველში ხვევს მას.

ქართველი ერი იბრუნებს ჭეშმარიტ პოეტს, უაღრესად თავისთავადი და ღრმად ეროვნული მსოფლგანცდის მქონე შემოქმედს. ნიკო სამადაშვილი განსაკუთრებული მოვლენაა ქართულ პოეზიაში, მისი მრავალწახნაგოვანი შემოქმედება ჯერ კიდევ ელის სრულფასოვან შეფასებას. ერთი რამ კი ამთავითვე შეიძლება განვაცხადოთ - მისი პოეზია ღირსეულ ადგილს დაიკავებს XX საუკუნის ქართულ პოეტურ საგანძურში...

ამ საოცარი წარმოსახვის მქონე პოეტის ცხოვრება პარადოქსებით იყო აღსავსე, სულისშემძვრელი პოეტური ბიოგრაფია ჰქონდა, ნაღვერდალში, მუდმივ ცხელებაში აქტივობდა მისი სული და შემდეგ მწველ, აფორიაქებულ სტრიქონებში რეალიზდებოდა. მისი პოეზიის უმთავრეს თვისებას სიცოცხლის ვნებიანი, უნაპირო სიყვარული წარმოადგენს...

2.10 10. ბუაჩიძე, ანდრო. ილუზიების მსხვრევა :

▲ზევით დაბრუნება


ლიტერატურული წერილები, ესეები, საუბრები : [მარადისობის პირქუში ქურუმი]. - თბილისი, 2006. - გვ. 39-42. - ISBN 999406505X

სამოცდაათიან წლებში შემთხვევით ჩამივარდა ხელში ლექსების თხელი კრებული „ბეთანია“. ნიკო სამადაშვილის სახელი მაშინ არც კი გამეგონა. წიგნი უბრალოდ იყო გამოცემული, მაგრამ ეს უბრალოება თითქოს შეეფერებოდა კიდეც ლექსებს. ლექსებმა კი მართლაც არაჩვეულებრივი შთაბეჭდილება მოახდინა. ამ ლექსებს თითქოს სიძველის ელფერი გადაჰკრავდა. იქნებ ეს, სიძველესთან ერთად ქართლის მკაცრი და პირქუში პეიზაჟების ცივი ციმციმიც იყო. დაუდევრად მოსროლილი რითმა, მჭიდრო, ერთმანეთზე მიბჯენილი ფერწერული სახეები, უცნაური ლექსიკა ისეთ მთლიანობას ქმნიდა, რომლის წარმოდგენაც გაგიჭირდებოდა.

ის ოცდახუთივე ლექსი, რომელიც კრებულში იყო მოთავსებული, თანაბრად მკაფიო და ძლიერ შთაბეჭდილებას ტოვებდა.

ახლა, როცა ხელთა მაქვს მზია სამადაშვილის წიგნი „უცნობი ნიკო სამადაშვილი“, ინტერესით ვეცნობი გერონტი ქიქოძის ნიკოსადმი მიწერილ ბარათს, სადაც რამდენიმე შტრიხით უაღრესად საგულისხმო თვალსაზრისია გამოთქმული: „თქვენ მთავარ ღირსებას ის წარმოადგენს, რომ არ დადიხართ გატკეპნილი გზებით და არავის ებრძვით, მთავარი შთაბეჭდილება, რომელსაც თქვენი ნაწერები იძლევა, ჩემი აზრით, არის სამყაროს დაშლის შეგრძნება, რაღაც კოსმიური ტრაგედია, რომელსაც სხვა თანამედროვე მწერალიც გრძნობს, მაგრამ სულ სხვანაირად გადმოსცემს“.

ისეთი ავტორიტეტისაგან, როგორიც გერონტი ქიქოძე იყო, ამგვარი შეფასება, ალბათ, მოულოდნელობას წარმოადგენდა. ამ ტექსტის მიღმა აზრის და შთაბეჭდილების ფაქიზი მოძრაობა იკვეთება. მართლაც, რაც უპირველეს ყოვლისა, სამადაშვილის ლექსების წაკითხვის შემდეგ მკითხველს თვალში ეცემა, აბსოლუტური არალიტერატურულობაა. მისი არცერთი ფრაზა, ინტონაცია, მეტაფორა არ იწვევს უკვე ნაცნობი ლიტერატურული სამყაროს შორეულ ასოციაციას. და ცოტა არ იყოს, იბნევა კიდეც კაცი, ვინაიდან იცის, სიცარიელეში არაფერი იბადება, ყოველივეს აქვს თავისი თავდაპირველი დასაბამიერი წიაღი და გარემო. ამ შთაბეჭდილებას აძლიერებს გერონტი ქიქოძის მიერ ზუსტად შენიშნული „კოსმიური ტრაგედიის“ და „სამყაროს დაშლის“ შეგრძნება. ნიკო სამადაშვილის ლექსების სიღრმისეული ინტონაცია ამ შეგრძნებებთან ერთად ერთგვარი შფოთის, იდუმალი განგაშის შეგრძნებასაც აღძრავს. XX საუკუნის ქართული პოეზიისათვის ასეთი, თუ შეიძლება ითქვას, ნეგატიური ნიშნით აღბეჭდილი სულისკვეთება უცხოა და დღეს უკვე გასაკვირი არც არის, რომ ამ ლექსებს იმთავითვე გადაეკეტა გზა მკითხველისაკენ.

ნიკო სამადაშვილის ლექსებში კოსმიური, უკიდეგანო, დაუსაზღვრელია ლირიკული სუბიექტის მოქმედების არეალი. ეს განუზომლობა არა მხოლოდ სივრცისმიერია, არამედ დროითიც. ამ ლექსების შიგნით განფენილ სივრცეში, როგორც პოეტი იტყოდა, „ფეხმძიმე ნისლებია“ ჩამოწოლილი, რაც ამძაფრებს უჟამობის და უსივრცობის შთაბეჭდილებას. ამავე დროს აქ ყოველი საგანი თუ სულდგმული მარადისობის პირქუშ ფონზეა წარმოსახული. აი ვთქვათ მესაფლავე, რომელსაც „უცნაური ხელობა“ აქვს, გათხრილ საფლავთან სეირნობს და „უცქერის ქვეყნის სეირებს“. ეს კაცი არის „ბედუზრუნველი, მუხანათი, წირპლების რული“. მესაფლავის აღმწერი შტრიხები გროტესკულ ელფერს სძენს მის მრუდე სახეს. აბსურდულობა ერწყმის მარადისობას და გაქვავებული პეიზაჟის უძრაობაში იწერება. მარადისობის ხატია მეტწილად აღბეჭდილი ნიკო სამადაშვილის პოეტურ ფრაზებში: „მღვიმეში იდგა ჟამთა სისველე / დაოსებული შემოქმედებით“, „საიქიოდან წუთისოფელი / როგორც მამალი ისე ყიოდა“, „დასაბამს ქვემოთ აქ ტყე ბუდობდა, / პირქუში, როგორც ამაოება“, / „სად მიგვლალავდი? ავდრების ცოდვით / კივილი ედგათ უდაბურ ველებს / ჰო, რა ნუგეშით შემოვცქეროდით / ქაოსებს იქით გაშვერილ ხელებს“.

ნიკო სამადაშვილისათვის თითქოს არ არსებობს კონკრეტული ნივთი და ადამიანი, და თუ არსებობს, წერტილივით ჩანს უაღრესად ხელშესახები, საგნობრივი, მეტაფორულად განსხვავებული მარადისობის ფონზე. პოეტი წერს ადამიანზე და არცერთი წამით არ ავიწყდება, რომ ეს ადამიანი „მარადისობის კონტექსტში“ მოიაზროს. მისთვის არაფერი არ არსებობს მარადისობის გარეშე, არც უახლოესი მეგობარი, არც უსაყვარლესი სოფელი და ცხადია, და არც საკუთარ არსებაში გაღვიძებული პოეტური „მე“. პოეტის მეგობარი ერეკლე ტატიშვილი იყო, რომელსაც ნიკომ კაცი-ფასკუნჯი უწოდა, მაგრამ ამით არ დაკმაყოფილებულა და ერთი შესანიშნავი ლექსიც უძღვნა. ამ ლექსში ნიკოსთვის სათაყვანო, კონკრეტული ნიშნების მქონე, მომხიბლავი კაცი დროისა და სივრცის ისეთ სიღრმეშია გადასროლილი, რომ მკითხველისთვისაც დაუსაბამო და უსასრულო სამყაროს ნაწილად აღიქმება: „რა საოცარი იყო შენი მარადისობაც / დევნილ სიცოცხლეს ბნელ სიზმრების ჯანყი მალავდა, / დრო საუკუნის ჯახაჯუხში ჩაისრისება / და ეგ ცხოვრებაც მოთავდება, როგორც ბალადა“.

ნიკო სამადაშვილის მიძღვნითი პოეზია სრულებით არ განსხვავდება მისი დანარჩენი ლექსებისაგან, ვინაიდან აქაც კოსმიური ტრაგედია ტრიალებს. ნიკო ზოგჯერ სასტიკიც კი არის თავის ადრესატისადმი, რითაც საფუძველშივე უპირისპირდება პოეზიაში მიძღვნითობის ბანალურ-პანგეროიკულ სენტიმენტალობას. აი რას წერს ის იგივე ლექსში ერეკლე ტატიშვილზე: „ეხლა დადიხარ და ხეებსაც კი ერიდები, / ხან არც კი გინდა, რომ ბინაში შემოგყვეს ჩრდილი / ცოტა ხანს კიდევ... იმის მერე, რომ დაბერდები, / ეგ თავის ქალა კლდეს ექნება პირში გაჩრილი. / და შენს ხერხემალს სალამურად გამოიყენებს / არმაზის კერპი ან ქარების ტიალი დოღი, / სანამ გრიგალებს შენს ძვლებს კვერთხით დააყრევინებს, / გოლგოთის მთიდან მორეკილი ღმერთების ჯოგი“.

ამგვარივე გრანდიოზული მარადისობის ფონზეა აღბეჭდილი მისი ორი შედევრის ლირიკული სუბიექტი. ეს ლექსებია „ჩემი სოფელი“ და „ნიკო სამადაშვილს“. პირველში თითქოს სიყმაწვილეში აღქმული სოფლის პეიზაჟები და ნატურმორტებია ტილოზე ზეთის მსუყე საღებავებით შესრულებული, მეორე კი ადრეული ბავშვობიდანვე საკუთარ არსებაში გაღვიძებულ პოეტურ „მეს“ ეძღვნება: „შენ ჩემში უსტვენ ვით საყდრის ჩიტი, / შენა ხარ ჩემი ნუგეშის დარი, / სულ კარგად მახსოვს, შენ რომ გამიჩნდი, / გარეთ ძაღლივით ყმუოდა ქარი“.

პოეტმა თავისი პიროვნების წიაღში პირველად ავარდნილ ცეცხლის ალს, პირველად ამეტყველებულ შთაგონებას საყდრის ჩიტი უწოდა. ამ მოჟღურტულე საყდრის ჩიტის გახმიანებულ ექოს ნიკო სამადაშვილის მთელი არსება გამოსცემდა. საყდარი კი ქართლის რომელიმე მივარდნილი სოფლის მარადიული ლანდშაფტის განუყოფელ ნაწილად იყო ქცეული...

წიგნმა „უცნობი ნიკო სამადაშვილი“ „კოსმიური ტრაგედიის“ მხატვრის პიროვნული სახე გააცნო მკითხველს, რომელსაც შეუძლებელია არ ჰქონოდა ამგვარი ცნობისწადილი. ამ ლექსების ლირიკული გმირი, როგორც ვთქვით, ისეა მარადისობაში გათქვეფილი, რომ მისი პიროვნულ-ადამიანური ნიშნების დანახვა ჭირს. ამიტომაც გვაინტერესებს ვინ იყო ის კაცი, ვისაც „ბინდების ჭრიჭინს“ ადარებდნენ, ვისაც „ლექსების ჯღაბნა წამებად ექცა“ და ვინც თავის თავს დაღუპული და ადრე დაღამებული პოეტი შეარქვა.

უაღრესად მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ტოტალიტარულ ქვეყანაში ნიკო სამადაშვილი, როგორც შემოქმედი, მაინც არსებობდა როგორც „უცნობი პოეტი“. იქნებ სწორედ ამან შეუნარჩუნა მის პოეზიას სრული, განუმეორებელი თვითმყოფადობა? აკი თურმე ერეკლე ტატიშვილი ეუბნებოდა კიდეც, შენ რომ ლექსები გამოაქვეყნო, როგორც პოეტი, ამ ქვეყნიდან აღიგვებიო, იგივე აზრის იყო გალაკტიონიც. და ნიკოსაც აღარ უცდია ლექსების გამოქვეყნება, თუმცა, რომც ეცადა, ძნელი წარმოსადგენია ამ ცდას რაიმე შედეგი მოჰყოლოდა. თვითონვე გამოუტანა განაჩენი თავის ნიჭიერებას, სადაც სევდაც იგრძნობა და სინანულიც: „ვერ გიპატრონე მე ლაზღანდარამ, შენ სხვა მხევალი უნდა გყოლოდა...“

2.11 11. გელაშვილი, მანანა. წახნაგები : წერილები ლიტერატურაზე :

▲ზევით დაბრუნება


[ნისლეთი იყო იმის ქარაგმა...]. - თბილისი, 2012. - გვ. 108-117. - ISBN 9789941177194

„ბეთანია...

რატომღაც ჩუმად, რაღაც უიღბლოდ მივყვებოდით აღმართს. წინ ბატონი ერეკლე მიგვიძღვოდა. მხოლოდ ნიკო ჩარჩა ხევში. შეწირული ბავშვთა ცრემლებიაო, აიჩემა ხევში შემოფეთებულ ღელეზე. ლოდებთან ჩაიმუხლა, სუნთქავდა და თავს დაჰფათფათებდა...“

ნიკო სამადაშვილის ხსენებისას ყოველთვის ეს სურათი წამოტივტივდება ჩემს მეხსიერებაში, წამოტივტივდება და უნებლიედ და ანგარიშმიუცემლად, ალბათ იმიტომ, რომ ამ ნაამბობით პირველად გავიგონე ნიკო სამადაშვილის სახელი (მისი კრებული „ბეთანია“ მაშინ ჯერ არ იყო გამოცემული). მერე და მერე თანდათან ვხვდები, რომ მიზეზი უფრო ღრმა უნდა იყოს, რომ ამ მცირე მოგონებაში საოცარი სიმძაფრითაა გამჟღავნებული ნიკო სამადაშვილის მითო-პოეტური ხედვის განუმეორებლობა და მასში როგორღაც თავს იყრის მისი პოეტური სამყაროს უმთავრესი ხატები: გზა, ბეთანია, მსხვერპლად შეწირვა, ერეკლე ტატიშვილი - მასწავლებელი და მეგობარი ნიკო სამადაშვილისა.

ყველა ეს ხატი ერთმანეთთან მირიადი უჩინარი ძაფითაა დაკავშირებული და ერთიან, შეკრულ სამყაროს ქმნის. საკმარისია ერთ-ერთს გაჰყვეს ადამიანი და ამ ერთის გარშემო დალაგდება მთელი რთული კომპლექსი მოტივთა და სახეთა. ჩვენც ასე მოვიქცეთ, რომელიმე ხატს გავყვეთ, ვთქვათ გზას - ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ხატს ნიკო სამადაშვილის პოეზიისა.

გზა ხომ ოდითგან ხეტიალს უკავშირდება, ხეტიალი კი არა მხოლოდ და არა იმდენად სივრცეში გადაადგილებაა, რამდენადაც ამ სივრცეში საკუთარი ადგილისა და ამდენად საკუთარი მეობისა და ცხოვრების საზრისის ძიება. მოგზაურობისას ხომ საკუთარ თავში დავალთ, ვხვდებით ყაჩაღებსა და გოლიათებს, მოხუცებსა და ახალგაზრდებს, მაგრამ უპირველესად ვხვდებით საკუთარ თავს (მორის მეტერლინკი).

ყველა გზა ჩვეულებრივ სადღაც მიდის. ნიკო სამადაშვილის პოეზიაში კი არსაიდან არსაით მიემართება, ანუ დაბადებამდე არარსებობასა და გარდაცვალების შემდგომ არსებობას შორისაა გადებული. უნებლიედ მაგონდება ერეკლე ტატიშვილის საყვარელი გამოთქმა: განა მე ვიცი საიდან მოველ, რომ ვიცოდე საით მივდივარ?! (მეტერლინკის ზემოთმოყვანილი ფრაზაც მასვე ჰყვარებია).

ამიტომ იძენს ნიკო სამადაშვილის პოეზიაში ეს ხატი უჩვეულოდ მძაფრ ტრაგიკულ ელფერს: გზათვალალობა, გზებშერისხული, გზებგადამცდარი... გზა ხან ქაოსებითაა აკენკილი, ხან ავდრებით გადატიხრული, ხან სიმუნჯით აკრთობს და აშინებს ადამიანს, ხან კი კივილით:

მახსოვს ძახილი, გზების ყვირილი
სად მიხვალ სადა, შეინთე კვარი.
მე მივდიოდი გულშემოყრილი და ქადაგივით ყვიროდა ქარი.

(„ალიონამდე“)

ანდა:

ვინც მთებს ზევიდან მოსდევდა ბარად,
რომ გზებს შეჰყროდა და ევაგლახა.

(„უკუღმართობა“)

ასე იქცევა გზა ნათელისა და მარადიულის ძიებად და ამ ძიებაში გამოვლილ სულიერ შეჭირვებათა ერთგვარ პოეტურ ხატად, ანუ სიმბოლოდ თვით ცხოვრებისა. ვფიქრობ, ყველაზე მძაფრად ეს აზრი შემდეგ ორ სტრიქონში გამოიხატება:

ბოლოს კი დარდი: დედამიწაზე
ნეტავი რისთვის შემოვეხეტე?!

(„წაშლილი კვალი“)

არის ამ ხეტიალში ლტოლვა სამყაროდან გასვლისა, დროისა და სივრცის სამანის გარღვევისა, თუ ბედის საზღვრის გადალახვისა, ან როგორც თვითონ ამბობს, სიცოცხლიდან ვარსკვლავების გაღმა გაფრენის:

მოუყე ქარებს გადაჰყვა ღამე,19
რაღაც საოცრად წაიმხედრულა,
ორჯერ იკივლა სამყაროს მიღმა20
და უკან აღარ დაბრუნებულა.

(„უკუღმართობა“)21

ამიტომ ჩნდება ასე ხშირად ნიკო სამადაშვილის პოეზიაში გარღვეული ზღვრები: გადანგრეული ზეცა, ქაოსებს მიღმა გაშვერილი მკლავები, სურვილი, რომ ლაჟვარდებში მუხლის ჩოქით გადაიპაროს, ან რომ მსოფლიოს გაღმა ეგდოს.

მაგრამ ამგვარი ლტოლვა ჩვეულებრივ საშინელ ჩვენებათაც შეიცავს, რადგან, ჯერ ერთი, გზა მარადისობისაკენ საშინელებათა სამყაროზე გადის და მეორეც, უსაზღვროება და უსასრულობა თავისი სიდიადით შიშითა და ძრწოლით აღავსებს ადამიანს. აკი წერდა კიდეც ვახტანგ კოტეტიშვილს: „...ისე ვიტანჯები უსაზღვროების საშინელებითა და დედამიწის უნუგეშო ხეტიალით, რომ ასე მგონია, თითქოს მე ვარ წერტილი, სადაც თავდება სამყაროს უიმედობა“.

სხვაგან, ერთ ლექსში ასეთ ფორმას აძლევს ამ შეგრძნებას:

მე კი მძრწოლავდა შიშნარევი უსაზღვროება-ო.

(„ზღვის სიმფონია“)

ამგვარი ლტოლვა უჟამობისაკენ კიდევ უფრო ამძაფრებს ნიკო სამადაშვილის პოეტურ აღქმაში სამყაროს ბინდისფერობისა და ყოველივეს ხანიერების შეგრძნებას. ეს წუხილი გამოსჭვივის ყოველი ლექსიდან და თვით ცალკეული ხატებიდანაც კი. აბა რა შეიძლება იყოს უფრო წარმავალი, სევდიანი და ხანმოკლე, ვიდრე ბინდების ჭრიჭინთან შედარებული ლექსები, ანდა რთვილთან ან შემკრთალ ბუჩქის ჩრდილთან შედარებული ცხოვრება. ჯერ ბუჩქის ჩრდილი თქვით და მერე ისიც შემკრთალი.

გზა არარსებობისაკენ მიემართებაო, ზემოთ ვთქვით. მაშინ გარდაცვალება მისი დასასრული და, ამდენად, ხეტიალისაგან განთავისუფლება უნდა იყოს თითქოს, სანატრელი და სასურველი განთავისუფლება:

რა, არ გინახავთ, ცხედარს წასვლა რომ უხაროდა
და თავის ხელით, რომ იბნევდა საკინძის ღილებს.

(„წინათგრძნობა“)

მაგრამ ვაი, რომ ხეტიალი გრძელდება გარდაცვალების შემდეგაც: ხელიღლიაში კუბოამოჩრილს კრუსუნით ჩაუვლიან მკვდრები, ანდა მოვლენ და წავლენ ნაცნობი მკვდრები, რომლებიც ცის სივრცეებს მიჰყვებიან და ქვეყნიერების კოშკებისაკენ იშვერენ ხელებს. ასეა, რადგან „მკვდარი დედამიწიდან გადის და არა სამყაროდან“ (მარკუს ავრელიუსი). ასე ისპობა იმედი გარდაცვალების და სიკვდილი სიცოცხლის ერთგვარ გაგრძელებად იქცევა. ნიკო სამადაშვილს აქვს ასეთი გამოთქმა: მკვდარი სიცოცხლე, რომელშიც ერთიანდება ნათლის გარეშე ყოფა დედამიწაზე და ამ ყოფიდან გასვლის შემდგომი სიზმარეული არსებობა. აქედან იღებს სათავეს ტკივილიანი ამოძახილი, რომ

იმას სიკვდილიც არ ჩააცეცხლეს
კუბოში კიდევ ნატრობდა სიკვდილს.

(უნებლიედ მაგონდება, კოლრიჯს ჰკითხეს: თქვენ როგორც ბრძენსა და მორწმუნეს, სიკვდილის ალბათ არ გეშინიათო. ძალიან მეშინიაო, მიუგო, სწორედ იმიტომ, რომ სიცოცხლე ისევ გაგრძელდება და ვაითუ ეს გაგრძელება ამ სიცოცხლეს ჰგავდესო).

ხეტიალისას, გზაზე ხშირად გაკრთება ხოლმე ვიღაც მგზავრი, უქვეყნო გზებზე მავალი, რომელიც მისანივით ჩაფიქრებული სამყაროს გარეთ ჩაივლის. ეს „ვიღაც“ კოსმიური ღმერთი უნდა იყოსო, ვარაუდობს თამაზ ჩხენკელი. საფიქრებელია, რომ ეს ხატი ერეკლე ტატიშვილსაც უკავშირდებოდეს, კაცს, რომელიც ნიკო სამადაშვილის პოეტურ სამყაროში ხშირად სწორედ ქვეყნის გარეთ იხატება. იხატება, როგორც ვიღაც, ვისაც არ ეყო გზებმიუვალი ქვეყნიერება, როგორც გეთსიმანიის ბაღში მოტრუბადურე, ან როგორც მარადისობის ყელმოღერება, რომელსაც ქაოსებს მიღმა გაუწვდია ხელები.

თუმცა ეს ორი მოსაზრება ერთმანეთს არ გამორიცხავს.

გზის ბოლოს იშვიათად, მაგრამ მაინც ჩნდება ხოლმე ნათელი. იშვიათად, რადგან იგი ძნელად მიიღწევა, გზა კი, მისკენ სავალი გრძელია და ძნელი. ამიტომ, ჩვეულებრივ, გზის სიძნელეთა ხატვას მეტი ადგილი უჭირავს (თვით დანტესაც კი „სამოთხე“ „ჯოჯოხეთზე“ მცირე მოცულობის ნაწილი გამოუვიდა).

საუკეთესო ნიმუში ამგვარი განახლებისა არის ლექსი „შეხვედრები გზის ბოლოს“:

საუკუნეთა გამხმარი ტევრი
ძვლების ნამქერზედ დაიწყებს ზუზუნს22
დაქვავებული იქნება მტვერში
ბავშვის თითებში გამშრალი ძუძუ.
შეშლილი ღამე ღრუბელს ჩაიწნავს.
ძაღლები სივრცეს მოედებიან...

ასეთია სურათი იმ შემაძრწუნებელი სამყაროსი, რომლის გავლითა და დაურვებით მიიღწევა ნათელი. მერე ეს სურათი თანდათან ნათდება:

„მკვდრები დასცლიან ბნელ დედამიწას
და ქარიშხლები მიწყნარდებიან.“

„ტრაგიკული, მაგრამ მუდამ სინათლისაკენ გამყივანი ძახილი“ - ასე დაახასიათა ნიკო სამადაშვილის პოეზია ზურაბ კიკნაძემ. სინათლე კი ხშირად მის სულიერ მოძღვართან არის დაკავშირებული. ასეა ამ ლექსში, ასეა სხვაგანაც; ვთქვათ ლექსში „გენია და სამრეკლო“:

შენ ელვარებდი ნაღვერდალივით
შუქს სცემდი ღამეს და სასოებას.

ან და იქვე:

ტყის ყვავილების სუნთქვით დაგვზარდე,
თან დედასავით გვაყრიდი ნათელს.

„სად მიგვლალავდიო?“ - კითხულობს ამ ლექსში ნიკო სამადაშვილი და ამ კითხვით იკვრება მის საყვარელ ხატთა წრე: გზა, მოძღვარი, სინათლე...

გრძელ გზას სულიერ განახლება უნდა მოჰყვესო, აღვნიშნეთ. ეს კი ნიკო სამადაშვილის სამყაროში მითო-პოეტურად მკვდრეთით აღდგომით, მეორედ მოსვლით შეიძლება გამოიხატოს:

იქნებ მაშინ წამოვდგეთ ბოდვად23
ჭკუა შემცდარი ვნახოთ ქვეყანა
და თან ვიდარდოთ: რა იქნებოდა
ნეტავ ფასკუნჯი წარმოგვეყვანა.

(„შეხვედრები დღის ბოლოს“)

ფასკუნჯს ერეკლე ტატიშვილს უწოდებდა ნიკო სამადაშვილი და ამ სახელდებაშიც ცნაურდება გარდაცვალება-განახლების მოტივი. ფასკუნჯი ქართული ფენიქსიაო, იტყოდა თურმე. ფენიქსი კი ის ფრინველია, რომელიც სიკვდილის მოახლოებას რომ იგრძნობს, დაიფერფლება და ფერფლიდან აღდგება მკვდრეთით. ეს აზრი გასდევს ერეკლე ტატიშვილისადმი მიწერილ წერილსაც, სადაც ნიკო სამადაშვილი მას „ორნახად ადამიანს“ უწოდებს, ანუ „ორჯერ გამოხდილს იმ საარყე ქვაბში, ჩვენ რომ მოსვლას თუ გაჩენას ვუწოდებთ“.

ვფიქრობთ, არსებობის ამგვარი გააზრებიდან იღებს სათავეს მსხვერპლად შეწირვის მოტივი ნიკო სამადაშვილის პოეზიაში. მსხვერპლად შეწირვა ჯერ ერთი ხომ დასაბამია სიცოცხლისა, და მეორეც იგი შეწირულს ღმერთის წილად შეიქმს:

აქ შეგეწირე ნეტავი დედავ,
თავი დამედო და დაგეკალი...

...

რომ ეთქვათ ქარებს, მადლი დედაშენს!
თან ღმერთს შესჭროდი საყდრების გლახა,
რომ ჩემი სისხლი, როგორც ზედაშე,
ქვევრში ჩაგესხა, დაგეტალახა.

(„ბეთანია“)

ნიშანდობლივია, რომ ამ ლექსში, ისევე, როგორც ყველა სხვა ლექსში, სადაც მსხვერპლად შეწირვაზეა ლაპარაკი, ეს აქტი დაკვლით ხორციელდება, სწორედ ისე, როგორც მითოსშია.

„წამოვდგეთ ბოდვად“ - ამბობს ნიკო სამადაშვილი ერთ ლექსში. შეშლილი პოეტი, შეშლილი ბერი, შეშლილი გველი, ცეკვა შეშლილი ქოშებით - ყველა ეს ხატი გარღვევის თემის ერთ-ერთ მოდულაციად გვესახება. კაცის გონების წრეშემოწერილი საზღვრების გადალახვისაკენ ლტოლვად, რაც ღვთაებრივი სიშმაგით მიიღწევა:

იმას ჭკუაზე შერყევა ქვეყნად24
მიაჩნდა რაღაც ბედნიერებად!

(„გარყვნილება“)

ამ ხატებში მჟღავნდება თვით ავტორის დიონისური ბუნება; ქუში, გაუცნობიერებელი, ბედისწერასავით მხოლოდ მისთვის გამიზნული. აკი ამბობს კიდეც ერთგან:

ავადმყოფობა ეგონათ, ბიჭო, ლექსები ტანზე გამონაყარი.

(„ნიკო სამადაშვილს“)

დაწყევლილ პოეტთა მემკვიდრედ მიაჩნდა თურმე თავი, განსაკუთრებით ხშირად ბოდლერს ახსენებდა და მასავით იმეორებდა: ჩემი სიცოცხლის ორმოცი წელი ზოგჯერ ერთ დღეში დამიხარჯიაო. საოცარი იყო, ეს ჩამრგვალებული, გარეგნულად საოცრად არაპოეტური კაცი, როგორი რაინდული თავგანწირვით წარმოსთქვამდა ხოლმე ამ სიტყვებს, იგონებენ მისი მეგობრები.

ხეტიალი კიდევ ერთ მნიშვნელოვან მომენტს უკავშირდება ნიკო სამადაშვილის პოეტურ ხილვებში - საკუთარი ჩრდილის ძიებას, ან პირიქით - მის უარყოფას.

ვინც იწანწალა მიწაზე დიდხანს
და თავის ჩრდილიც ვეღარ იპოვნა.

(„უკუღმართობა“)

ანდა:

ხან არც კი გინდა,
რომ ბინაში შემოგყვეს ჩრდილი.

(„ერეკლე ტატიშვილისადმი“)

ეს ჩრდილი გაორების პირმშოა, იმ გაორებისა, ჯამში ისევ ერთს რომ იძლევა; იგი მისი მეორე მეა, უსათუთესი და „ნისლების ფერად შეღებილი“, რომელსაც პოეტი ასე მიმართავს:

შენ ჩემში უსტვენ, ვით საყდრის ჩიტი,
შენა ხარ ჩემი ნუგეშის დარი,
სულ კარგად მახსოვს, შენ რომ გამიჩნდი
გარეთ ძაღლივით ყმუოდა ქარი.
ვერ გიპატრონე, მე ლაზღანდარამ,
შენ სხვა მხევალი უნდა გყოლოდა
ზეცა სივრცეებს აზანზარებდა
და მზე ყვიროდა ქვეყნის ბოლოდან.

(„ნიკო სამადაშვილს“)

„მეორე მე“ ადამიანის სულში დაუნჯებული ნათელია.

ნიკო სამადაშვილის ორი მე-ს საუბარია მთელი მისი პროზა, რომელიც თამაზ ჩხენკელმა გამოაქვეყნა. ვფიქრობ, თამაზ ჩხენკელიც მისი ბუნების ორმაგობას გულისხმობდა. როდესაც ნიკო სამადაშვილისადმი, მიძღნვილ წერილს „კაცი და პოეტი“ უწოდა. ამგვარი გაორება არ გამორიცხავს შინაგან სიმართლეს, პირიქით, შეიძლება მის შენარჩუნებასაც ემსახურებოდეს („თუ ეს ქაოტური მორევი მაინც ჩაგითრევს, დაე მან ჩაითრიოს შენი სხეული... რადგან გონებას ის ვერ ჩაითრევს“. მარკუს ავრელიუსი).

ნიკო სამადაშვილის „მეორე მე“ ძალიან ჩამოჰგავს მის სულიერ მოძღვარს. ზოგჯერ ძნელიცაა გამიჯვნა ლექსი ერეკლე ტატიშვილისადმია მიძღვნილი თუ მისივე „ალტერ ეგოსადმი“. ნიკო სამადაშვილისეულ სამყაროში ეს ბუნებრივია და გასაგები. მითო-პოეტურ აღქმაში ხომ მამა და შვილი ერთიანად, ერთარსად მოიაზრება, რადგან მამა პოტენციაში შვილს გულისხმობს, შვილი კი „ამხელს მამას“. ამიტომ წერდა იგი:

იტყვიან, უშნოდ დაიხოცნენ მამა და შვილი.

(„საღამო და განწყობილება“)

ზევით ზღვრის გარღვევა ვახსენეთ - მარადისობაში გასვლა. ამ თემის ერთ-ერთ მოდულაციად გვესახება ბეთანიასთან დაკავშირებული ხილვები. ტაძარი ხომ ჩვეულებრივ იქ აიგება, სადაც დედამიწის ჭიპი მდებარეობს. ასეთ ადგილს კი დროისა და სივრცის სამანი გარღვეულია,სწორედ ბეთანიელი ბერის ნაამბობს წარმოადგენს ნიკო სამადაშვილის ერთი განსაცვიფრებელი ლექსი. ბერს უამბია, როგორ შეუკეთა ჩინჩხვარი ბუხარს. წაიმწუხარა ბუხარმა, მერე კი ჭიშკართან კაკუნი ატყდა. გახედა, არავინ ჩანდა. უკან დაბრუნებულს ეჩვენა, რომ გათანგულ ბუხარს ქრისტე და ბუდა შემოსხდომოდნენ. სწორედ აქ შეიძლება მათი შეხვედრა და საუბარი მასზე, „რაც სიცოცხლეში არ შეიძლება“, რადგან აქ მარადისობა სუფევს:

შენ იყოლები ქრისტეს ფარეშად25
და მე კი ბუდას მოჯამაგირედ. -
წერს ერთგან ნიკო სამადაშვილი

ვფიქრობთ, ამ ხილვათა მთავარი იმპულსი ერეკლე ტატიშვილის საუბრები იყო. იგი იყო გატაცებული სხვადასხვა რელიგიებში გაბნეული საკრალური ცოდნის ძიებით და იმის ჩვენებით, რომ ისინი ერთმანეთს კი არ უარყოფენ, არამედ ავსებენ. მასვე ეკუთვნის იშვიათი სიღრმის ესეები ბუდიზმსა და ნიცშეანიზმზე.

სიცოცხლეში დაბეჭდვა არ ეღირსა, მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ გამოქვეყნდა მისი ლექსები. ჯერ რამდენიმე ლექსი გამოჩნდა „ლიტერატურულ საქართველოში“, მას მოჰყვა პირველი კრებული „ბეთანია“ (1973 წ.) თამაზ ჩხენკელისა და არჩილ სულაკაურის წინასიტყვაობით. თამაზ ჩხენკელმავე გამოსცა ნიკო სამადაშვილის პროზა... ცოტა ხნის წინათ „მნათობში“ გამოჩნდა მისი უცნობი ლექსები... წელს კი ახალი სრული კრებული მოამზადეს გამოსაცემად თამაზ ჩხენკელმა და როსტომ ჩხეიძემ.

გამოქვეყნდა წერილები ნიკო სამადაშვილის პოეზიაზე: თამაზ ჩხენკელის, ვახუშტი კოტეტიშვილის, ზურაბ კიკნაძის...

ასე თანდათან შეივსო და სრული სახით წარმოჩინდა მისი განუმეორებელი პოეტური სამყარო.

და მაინც ნიკო სამადაშვილის ხსენებისას ჩემს მეხსიერებაში ყოველთვის ის სურათი წამოტივტივდება თავისი პირველქმნილი შთამბეჭდაობით: ბეთანია და მისკენ სავალი გზა.

_________________

19. სწორია: მოუყევ ქარებს გადაჰყვა ღამე

20. სწორია: ორჯერ იკივლა სამყაროს გაღმა

21. სწორია: („ღია ბარათი“)

22. სწორია: ძვლების ნამქერზედ მოჰყვება ზუზუნს,

23. სწორია: იქნება, მაშინ, წამოვდგეთ ბოდვად

24. სწორია: იმას ჭკუაზედ შერყევა ქვეყნად

25. სწორია: შენ ეყოლები ქრისტეს ფარეშად

2.12 12. გელაშვილი, ნაირა. ტრაგიკული გრადაცია:

▲ზევით დაბრუნება


[გადმორბენა სამყაროსაკენ]. - თბილისი, 1991. - გვ. 3-18.

ვუძღვნი შმაგის (ირაკლი დოლიძეს)

„ბინდში ელავდნენ გრიგალებივით
ღიმმორეული ნაფეხურები“
- „და გრიგალივით სუნთქავდნენ გზები.“

ნიკო სამადაშვილი

გრიგალივით მოძრაობა დგას ნიკო სამადაშვილის პოეზიაში. (მოძრაობა იმდენად შეიძლება იდგეს, რამდენადაც სიტყვაშია დატყვევებული).

მხოლოდ განცდის ინტენსივობას არ ვგულისხმობ. არსებობენ მძაფრი, თითქმის მრისხანე ტემპერამენტის პოეტები. მაგრამ მათი განცდის სივარვარე ძირითადად სულიერ კოსმოსშია მოქცეული, მას აზრიალებს.

ნიკო სამადაშვილის მოძრაობა მანათობელი მოძრაობაა მეტეორისა, ოღონდ არა ვარდნის გრაფიკული მრუდით. („მე ვანათებდი მეტეორივით მარადისობის ხშირ მარგილებთან“). ეს არის სრბოლა სამყაროში: მყარი საყრდენის, თავად სამყაროს საპოვნელად ფრენის უნივერსალური ტრაექტორიით. ამ სრბოლით ვიზუალურადაა დასერილი სამყაროს უკიდეგანო სივრცე: დედამიწის ჯურღმულებიდან, საფლავებიდან, წყლებიდან - ცამდე, პლანეტებამდე, მარადისობამდე, პლანეტებს შორის, სამყაროს მიღმა და მერე ისევ დედამიწისკენ („ფრთხილად ჩაჰყვები უღრან ნაპრალებს... თვალს შეგავლებენ ქვესკნელის წყლები...“, „მინდოდა ზეცა გადამერბინა და საფლავები სტვენით ამეკლო“, „უსაზღვროებას გავცქერივარ, მივეხეტები“, „მთვარისკენ მივალ, შუქს ცრემლების ტალღა იძლევა“, „მე გადმოვრბოდი, ცრემლი გალობდა, ხან ქარიშხლების სვეტებს ვუყუდე“, „ვინც სამყაროდან სიმღერებით ჩამოირბინა“, „ვინც სიცოცხლიდან თუ გინდ ვარსკვლავებს მიღმა გაფრინდა“, „სამყაროს გაღმა ჩაივლის ვიღაც“, „მე კი მოვრბოდი დედამიწისკენ“. „და ატირდება, ვინც სოფელი ამოირბინა“).

სვლა ზეცისაკენ და სვლა მიწისკენ ზოგჯერ ერთდროულად განიცდება როგორც ცხედრის გამგზავრება მიწაში, (ქვესკნელში) და სულის აჭრა კამარებში, უცნობ სივრცეში. განიცდება როგორც სულისა და სხეულის გზაგასაყარი („მე მივქროლავდი როგორც უდაბნო ცხედარზე უფრო დაუზარებლივ და მსოფლიოდან ისევ მიძახდნენ ცადაკარგული, ხშირი ზარები... წასვლა მიწისკენ მეზარებოდა, სახეზე მედო ხავსივით ცრემლი... გამომცქეროდნენ მკვდრები ჯგუფჯგუფად, გრიგალის შუქი ეფინათ ირგვლივ... აქ, მსოფლიოში მზე ჩადიოდა, მე იქ, კამარებს თავს ვაფარებდი...“).

ეს სრბოლა დასაბამს „დასაბამიდან“ და იმის იქიდანაც იღებს („ვიხედებოდი დასაბამისკენ“, „დასაბამს ქვემოთ აქ ტყე ბუდობდა“, „დასაბამიდან გზებს მოსდევდა გულდაწყვეტილი“).

პოეტის მზერა ჟამთა წიაღიდან ან ჟამთუწინარესი ყოფიერებიდან მოუყვება განვლილ და გასავლელ, შესაძლებელ და შეუძლებელ გზებს: გზას სიკვდილისაკენ, გზას უკვდავებისაკენ, საკუთარი სულისა და ადამიანთა საკრებულოსაკენ.

***

„რა ექნა, იყო ქვა თუ ზეკაცი,
ვისთვისაც ზეცა დაპატარავდა...“
„ის ლექსის გარდა არაფერს ქმნიდა...“

(. სამადაშვილი)

პოეტის სრბოლა ფასკუნჯის ფრენაა. ეს მითიური, ძლევამოსილი ფრინველი ქართულ ზღაპრებში უმცროს ძმას, ძმათა შორის ყველაზე ფათერაკიანს, გამორჩეული საქმის უძნელეს გზაზე ნებაყოფლობით შემდგარს, - მიზანდასახულად მიაქროლებს იმ ქვეყანაში, რომელიც ჭაბუკის საშიში მოგზაურობის უკანასკნელი სადგურია. აქ კი, ნიკო სამადაშვილის ქარიშხლებამტყდარ, კოსმიურ სივრცეში ეს ჯადოსნური ფრინველი ყველა მიმართულებით დაფრენს, რადგან არც მან და არც მისმა მგზავრმა არ იციან, სად არის ის საუფლო, სადაც შეჩერება შეიძლება („სამყარო ჩემს ქვეშ ნიადაგ მიჰქრის“), საუფლო, საიდანაც შეიძლება შერიგება სამყაროსთან, მიმქროლავი ყოფიერების მოხელთება. ხშირად კი არც ის იციან, თუ რას ეძებენ, ფრენა თავად არსებობას ემთხვევა: „არ ვიცი, რა ვქნა, რომელ გზებზე მივუშვა ბედი.“ ფრენის ეს გზები, პოეტისავე სიტყვებით: „ბედისწერის რუქაა.“

ფასკუნჯი, ისევე როგორც ბარათაშვილის მერანი, ერთარსებად ქცეული პოეტი და პოეზიაა. („კაცი-ფასკუნჯი თვალებწყეული“ „კაცი, რომელიც, ხან ფასკუნჯია“). ჩვენ გვახსოვს ზღაპრიდან: ფასკუნჯი ფრენისას საკვებს ითხოვს და როდესაც ჭაბუკს მისი საკვები გამოელევა, საკუთარი სხეულიდან ითლის ხორცს - ფრენის საზღაურს. ამით უზუსტესი სიმბოლო იქმნება პოეტისა და პოეზიის საბედისწერო ერთიანობისათვის: როდესაც ფასკუნჯი პოეზიის ფრინველია - თავიდანვე, ყოველწამს მხოლოდ და მხოლოდ პოეტის არსებით იკვებება: მისი სულით და მისი სხეულით. პოეტის სიცოცხლეა ამ ფრენის საწვავი: „ძვლებს უკეთებდნენ ქვაბის ზედადგარს, შიგ შენი სისხლის ზედაშე დუღდა („სულ ლუკმა-ლუკმა მიაქვთ ლექსებს მისი გულ-ღვიძლი“ - გ. ხარანაული).

ეს ფრინველი „თვალებისაგანაა ქმნილი“ (რ. მ. რილკე), თვალებად ქცეული. თვალებითაა დაფარული მისი სხეული, როგორც ქერუბიმი ესაიას ხილვაში. და ეს ფრთოსანი მზერა უზარმაზარი პერსპექტივიდან აღმოაჩენს სამყაროს მიწიერ-ზემიწიერ გეოგრაფიას, განსაცვიფრებელ ლანდშაფტებს, ყოველი მიმართულებით ერთდროულად დანახულ სანახებს. სწრაფად ენაცვლება ერთმანეთს კოსმიური ფრენა-მზერის უცნაური რაკურსები, სივრცის მოულოდნელი ჭრილები, სადაც: „მთვარე ქვასავით ადევს სამყაროს“, „ქარს მთვარის შუქი მსოფლიოს უკან წყლების შუქივით გადუწევია“, „უსაზღვროების დაბლობებს შუა ბინდების გრძელი ორღობე“ მოსჩანს, „კლდეს აფარია წუთისოფელი“, „ბრტყელ ვარსკვლავებს ცის გარედან ასკდებათ ელვა“, „გაღმით უკუღმა გდია ქვესკნელი“ და „დედამიწა მთებში მზესავით“ ჩარბის („ან დედამიწა რად ჩარბოდა მთებში მზესავით?“).

„ფასკუნჯს“ კონკრეტულად თავის დიდ მასწავლებელს - ერეკლე ტატიშვილს უწოდებს პოეტი. ამ ადამიანმა, როგორც ჩანს, ზემიწიერი, კოსმიური სრბოლისათვის აღანთო და გამოკვება მოწაფის სული. მოწაფე-მასწავლებლის შინაგან მსგავსებას გულისხმობს ეს სიტყვა. ისინი ერთნაირად განდეგილობდნენ თავიანთი უხილავი, იდუმალი სულიერი სამყაროს სივრცეში - არასულიერი, უღირსი სინამდვილის განწირულად უარმყოფელნი.

როგორ ახასიათებს თავად პოეტი ამ ფრენა-ხეტიალს სამყაროს სივრცეში?

„უსაზღვროებას გავცქერივარ - მივეხეტები,
ღამე ზრიალებს, ქარიშხლები ემატებიან.
რა ამბავია? - ჩემს საკუთარ ჩრდილს ვეკითხები -
რომ გეძახიან? - მიმავალი პლანეტებია“.
და: „მიწას ურბენდა დედამიწის უარმყოფელი.“

მაშასადამე, ამ პოეტური მისტერიის დრო - ღამეა, მსოფლიო ღამე, რომელსაც „ქარიშხლები ემატებიან.“ ადგილი - მთელი სამყარო. პოეტური ქმედების სახე-მზერა და ხეტიალი („გავცქერივარ, მივეხეტები“). მზერისა და ხეტიალის მიმართულება - უსაზღვროება და დედამიწა. აი, როგორ მეტაფიზიკურ გათანგულობაში, ბედისწერაში, დაძაბულობაშია ჩაშენებული, ჩაყენებული პოეტი. გარდაუვალია მისი ხეტიალი, მისი ფრენით მოგზაურობა სამყაროს სივრცეში, რადგან იგი აღძრულია დედამიწისა და დედამიწის გარეთა პლანეტების, ბოლოვადობისა და უსაზღვროების მიზიდულობის ძალით „ძახილით.“ იგი ორივე საუფლოში ეძებს დასამკვიდრებელს, ბინას, რადგან არსებითად უბინადროა („არა, არ იყო ჩემზე უფრო უბინადარი“), პოეტი გაძაბულია ამ ორ პოლუსს შორის,

ეს ხეტიალი უფრო დემონური სრბოლაა ვიდრე ანგელოზური ფარფატი და ლივლივი. დემონური თავისი უგზოობით, განწირულობითა და სიმარტოვით, ამ ხეტიალს, სრბოლას და მზერას სიმღერა ჰქვია, ანუ პოეზიაა:

„წადი ირბინე, ვიდრე ყვითლად ჩამობნელდება,
წადი იმღერე, და დაოსდი სივრცეებისკენ.“

სივრცეებისკენ სიმღერა, სიმღერით დაოსება არა უბრალოდ ღამეში, რომელსაც გათენება მოსდევს, არამედ საბოლოო ჩამობნელების: სიკვდილის წინ - ეს არის სამადაშვილის პოეტური ყოფიერება - აზრიალებული სიკვდილის ყოველწამიერი ხსოვნისა და ხილვის, მისი სიახლოვის მძაფრი რიტმით. სიკვდილის სამანთან ფასკუნჯის ფრენა წყდება: ქვავდება პოეზიის აქნეული ფრთები, და რჩება თვით სიკვდილის მიღმა გაყოლილი დარდი. „ნეტავ ფასკუნჯიც წამოგვეყვანა“. მრავალი ლექსი უკვე გარდაცვლილის, უკვე სიკვდილს გადაბიჯებულის პირითაა ნათქვამი. მისი თვალებითაა დანახული სიცოცხლე: „იქიდან“ აქეთ, და საკუთარი ყოფაც: „იქ“.

ეს სიკვდილი მხოლოდ საკუთარი აღსასრულის ყოველწამიერი ხილვა და განცდა როდია. ეს არის სამყაროს აღსასრულის აპოკალიპსური ხილვაც, განცდა თავად დედამიწის, სამყაროს ყოფიერების ბოლოვადობისა. („...მთვარეც მოკვდება, შუქი წაუვა.“ „ეს დედამიწა ბოლოს და ბოლოს ხომ სადღაც დიდი სასაფლაოა“). ეს ბოლოვადობა, ეს აღსასრული ყოველ წამს მყოფობს აწმყოში, მისი საკუთარი სიკვდილიც ნიადაგ ჩართულია სიცოცხლის წამებში. მიწიერი ცხოვრების ყველა სურათი: მძიმეც და ძვირფასიც, უცხოც და ინტიმურიც მაშინათვე ერთვის დაქცეულ-დაღუპული სიცოცხლის ხატს, მასში შედინდება და ეს განსაზღვრავს პოეტის „სიმღერის“, მისი ყოფიერების უკიდურეს სიმძაფრესა და დაძაბულობას („შენ კი მიწის ქვეშ შემოგაგდებენ ხელიღლიაში კუბოამოჩრილს... მოიღრუბლები, მკერდში ჩაიტვრენ, ფრთხილად ჩაჰყვები უღრან ნაპრალებს“ „წყვდიადი მძიმედ დაუშვებს ფარდებს, შეწყდება ფერად ჭინკების ბრძოლა, სულს შეგიხუთავს ძეძვივით დარდი და ჯოჯოხეთის პირქარი ხრჩოლვა...“).

როგორც ვთქვით, ფასკუნჯის ფრენის ორი არსებითი მიმართულება იკვეთება: სრბოლა სამყაროსაკენ, დედამიწისკენ („გადმორბენა სამყაროსაკენ“), იქიდან, სადაც სამყარო არ მყარობს, არ ჩანს, არ იგრძნობა; იქიდან, სადაც დედამიწა არ არის, ან მიწა არ არის დედა, და პირუკუ - გაქცევა სამყაროდან, დედამიწიდან („სადღაც ბინდებთან შეაჩერებს იმას ნამქერი, ვინც სამყაროდან სიმღერებით ჩამოირბინა“) უსაზღვროებაში ან არყოფნაში.

დედამიწისკენ გამოქცევა, გარდა მიწიერებასთან დაზავების სურვილისა, უფრო კონკრეტული სათვისტომოსა და სამკვდროს აღმოჩენის წყურვილსაც გულისხმობს: სამშობლოს, ქრისტიანული ტაძრისა და დედის ძიებასაც გვიმხელს პოეტი.

ყოველივე ეს: სამყარო, დედამიწა, სამშობლო, ტაძარი, დედა აუცილებლად საპოვნელი და მისაგნებია, რადგან უკიდეგანო და საბედისწეროა პოეტის „უბინადრობა“. მაგრამ შეეხება თუ არა მათ პოეტის სული, წამსვე უკანვე გაიტყორცნება, შეხების შეუძლებლობით სასოწარკვეთილი გაბედითებით გადაიკარგება უსამშობლობის, უსაზღვროების სიმარტოვეში, უსაგნებო სივრცეთა ქაოსში, პლანეტების უსახელო ძახილსა და კორიანტელში, რათა მერე ისევ უკანვე შემობრუნდეს, ადამიანურ სითბოსა და სიხარულს მოწყურებული, და „მიწას ურბინოს, დედამიწის უარმყოფელმა“.

მისი სრბოლა-ხეტიალის ეს ორი გზა - დედამიწიდან უსაზღვროებისაკენ და უსაზღვროებიდან დედამიწისკენ (წუთისოფლიდან უკვდავებისკენ და უკვდავებიდან წუთისოფლისკენ) - არსებითად უგზოობაა. და ბორგავს პოეტის სული მტანჯველ მისწრაფებაში თანაზიარობისაკენ - სიცოცხლესთან, სხეულთან, საკუთარ თავთან, მიწასთან, სამშობლოსთან, ტაძართან, დედასთან და ადამიანთა საკრებულოსთან.

***

„კარგო, რამდენი მქონდა სათქმელი...“

. სამადაშვილი

სამყაროსთან თანაზიარებას „განდობა“ ჰქვია სამადაშვილის ენაზე. „განდობა“ ანუ გაზიარება. პოეტს გაცნობიერებული აქვს ზენა ბრძანება: ის, როგორც პოეტი, ვალდებულია გაენდოს სამყაროს, გაუზიაროს თავისი შინაგანობა. ეს იწვევს სამყაროში მისი ხეტიალის გარდუვალობას.

„უნდა წახვიდე - მისტვენდნენ გზები,
უნდა მსოფლიოს კიდევ გაენდო!“

„უნდა გაენდო!“ ეს არის პოეტის კატეგორიული იმპერატივი, რადგან პოეზია განდობა და გაზიარებაა: ე.ი. საუბარი გამზიარებელსა და მსმენელს (აქ მსოფლიოს) შორის: რათა მადლად იქცეს გაზიარებული და პოეტის ნათქვამში (ლექსში) ორივენი აირეკლონ: მთქმელიც და მსმენელიც (მსოფლიო), როგორც ერთ სარკეში ისე დაინახონ იქ თავი და ერთმანეთი შესაცნობად.

მაგრამ ჩაკეტილია სიცოცხლის ყველა კარი - რომელსაც კი პოეტი მიადგება: „სადაც არ მიველ, ყველგან ღამეა.“ მხოლოდ შორეული (ხშირად დასაბამს იქითა) წარსულის სხივოსანი წუთები გაკრთებიან ხოლმე მეყსეულად და ოდესღაც მადლცხებული ყოფიერების კამკამა სურათებს გააბრწყინებენ („ვით უკვდავება წყარო ანკარა აცისკროვნებდა ირმების ფერდობს, ქრისტემ ბავშვობა აქ გაატარა და ღვთისმშობელი უგვიდა ეზოს“). იმავე წარსულშია ჩარჩენილი ის მადლი, რომ წუთისოფელი, რომელიც ნიადაგ ჩაესვენება ქვესკნელში „საიქიოდან როგორც მამალი ისე ჰყიოდა“ - ანუ იქ ამომზევდებოდა და მისი „იქაური“ სიცოცხლე სააქაოდანაც საგრძნობი იყო.

აწმყო კი უთვისტომობაა და უადგილობა, უგზობა და უმეგობრობა („მიუსაფრობას სწუხდა, დარდობდა, უკუნეთს შერჩა ჭმუნვის სარქალი“, „და იგრძნო დიდი უმეგობრობა“), აი როგორ საყოველთაოა ნაპრალი პოეტსა და ყოველ საუფლოს შორის. აი, როგორ შეუძლებელია რაიმესთან მიკარებაც კი, როგორ განდევნის პოეტის სულს ყველა საგანი, ყველა სამყოფელი, რომელსაც ის განწირული და მოწყურებული მიელტვის.

სიცოცხლე: „ვისაც სიცოცხლე სიკვდილისაკენ მიჰქონდა როგორც უგრძნობელ მხედარს“.

დედამიწა: „ქარში ლოდები ზედ მაფურთხებდნენ: არ მიგიკარებთ, არ მიგიკარებთ“, „უთხარით მიწას, თუ ჩამიკარებს“ „მთვარე სამყაროს სანათურსა ჰგავს და დედამიწა ამ სარკმლიდან ბარით გადმოყრილ ქვიშას და ნაგავს“.

სამშობლო: „გავჩნდი განგებ, რომ დავღუპულიყავ ჩემს დედინაცვალ საქართველოში“. „მშობელო მიწავ, ნეტავ რისთვის გადამემტერე, იცოდეს ღმერთმა, რომ ცრემლებსაც კი გარიდებდი“. „ჩემო ლიახვო, ალბათ მე და შენ სამშობლოს იქით გადაგვრეკავენ“.

ტაძარი: „დავეშვით ქვემოთ და ბეთანიამ ზურგი გვაქცია ტყეს შეეფარა.“ „უსინანულოდ ვტოვებდით ტაძარს უკანასკნელი ქრისტიანები“.

დედა: „ასე მგონია, თითქოს დედაც გადამემტერა, გორიჯვრის ნიშთან დღეს თუ არა ხვალ მაინც დამკლავს.“

„დედაც მაშინებს და ვიწერ პირჯვარს.“

ამ მეტაფიზიკურ და ადამიანურ გაუცხოვებას გულისხმობს პოეტი, როდესაც ამბობს: „ნისლივით იდგა უმეგობრობა“. მეგობრად მას არც მომავალი თაობა ეგულება, იმ მრავალი პოეტისაგან განსხვავებით, საკუთარი აწმყოსგან გულგამოხრულნი შორეულ შთამომავალთ რომ იგულვებდნენ ჭეშმარიტ გამგონედ.

ნ. სამადაშვილის მიერ ნახილვები წუთისოფლის გაპარტახება-დაქცევის გზა პოეზიისაგან ადამიანის მოწყვეტას თანხვდება და ამდენად, მომავალი თაობა არათუ ლექსდაკარგულ, არამედ ლექსების მტრად ქცეულ მოდგმადაც კი ესახება პოეტს.

„დაიტანს მგზავრებს ზვავი, მეწყერი,
ფეხს იღრძობს კაცი, მერე ბუნება,
შთამომავლობა - ლექსების მტერი
ჩვენს ნაწერებზე აბუზღუნდება.“

პოეტის უსაზმნო მარტოობას ამომწურავად და უმძაფრესად გადმოსცემს მისი ერთი პოეტური ხატი: კაცი, რომელსაც საკუთარი ჩრდილი აქვს წამოსხმული; ყოვლისმომცველ ზამთრის ღამეში, საყოველთაო „სიცივის თარეშში“ ყველაზე ახლობელი, ერთადერთი თანმდევი და თანმხლები პოეტისთვის მისი ჩრდილი აღმოჩნდება, რომელიც არა მარტო ათბობს, არამედ „უსმენს“ კიდეც მას. საკუთარი ჩრდილი ხდება მისი საფარიცა და მსმენელიც („ჩემს საკუთარ ჩრდილს წამოვისხამ ზამთრის ღამეში“, „რა ამბავია?! - ჩემს საკუთარ ჩრდილს ვეკითხები“).

***

„რა ექნა იმას, მგზავრო, მითხარი
ვინც ძვლების ცეცხლი ვერ დაიყოვნა?
ვინც იწანწალა მიწაზე დიდხანს
და თავის ჩრდილიც ვეღარ იპოვა“.26
„ხეები ქარში კითხულობდნენ, ნეტავ ვინ არის,
რომ დაჩვეულა ბედის წყევლას თითის კბენაზე.“

. სამადაშვილი

„იცი სიცოცხლეს რომ ყოველ დილით ვშანთავდი ჩემი თხელი თითებით!“ - ეს აღსარებაა. სიცოცხლის შმაგი, გაუსაძლისი წყურვილი, სამყაროსთან თანაზიარებულობის მხურვალე წადილი სრულიად აღსრულებული რჩება - და სწორედ აქედან, ამ ეგზისტენციალური დაუკმაყოფილებლობიდან ამოიფრქვევა ნ. სამადაშვილის როგორც პოეტის მრისხანება.

ნ. სამადაშვილი უზომოდ გაბრაზებული, განრისხებული პოეტია: გაბრაზებული საკუთარ თავზე, საკუთარ ლექსებზე, ადამიანზე, სიცოცხლეზე, სამშობლოზე, დედამიწასა და მარადისობაზე. ეს არის არა ვიწრო ადამიანური, არა მხოლოდ ბიოგრაფიული, არამედ მეტაფიზიკური ბრაზი, რომელიც ხშირად წყევლის, შეჩვენების არგაგონილ რეგისტრებში გადაიზრდება. მუდამ სინაზის მაძიებელი და ვერმპოვნელი სულიდან ამოიფრქვევა შეჩვენება ყოფიერების როგორც ასეთისა. ამ შეჩვენების არეში ექცევა თავად პოეტის პიროვნება, სიცოცხლე, სიკვდილი, პოეზიაცა და მარადისობაც. („სტუქსავ დღეებს და სწყევლი იმ ხელებს, სამშობლოს გზები ვინც მოგასწავლა“. „და შერეოდა ისევ ღამეებს, დღე და გამჩენი წყევლით აეკლო.“ „ჩემი გაჩენა მიეზღოს ცეცხლად, ვისაც ეს ჩემი იღბალი მართებს.“ „იმასთან სისხლიც ვერ შემარიგებს, მიწისკენ კვალი ვინც მიმასწავლა“. „წყევლიდა გამჩენს, სტუქსავდა დედას“. „ლექსების ჯღაბნა წამებად გექცა... ვის რად უნდოდა ეს თვალთმაქცობა, ნეტავი ქარში გადაგეყარა.“ „ქვესკნელს შემასხი, მარადისობავ, თუ კიდევ შენსკენ გამოვტრიალდე“. „წყევლისფრად სავსე უსაზღვროებავ“. „მარადისობაც დასწყევლა, დაჰგმო“).

„მარადისობავ საუკუნოდ გაგიხმეს ქედი,
რომ ასე უღვთოდ დამაბნიე ტიალი მგზავრი..

რა შემზარავი წყევლაა! ეპოქის რა თავზარდამცემი უფსკრულიდან აღმომხდარი! აქამდე ხომ ჩვენ მარტოოდენ „სოფლის სამდურავს“, წარმავლობისა და წუთისოფლის შეჩვენებას ვიყავით მიჩვეულნი! ახლა კი ყოფიერების მეორე ნახევარსფეროს - უხილავ, მარადიულ საუფლოებსაც გადასწვდომია პოეტის რისხვა!

ნ. სამადაშვილის ბრაზი და შეჩვენება პირველ რიგში საკუთარი თავისკენაა მიმართული და უჩვეულო თვითუარყოფით, დაუნდობლობით აღბეჭდილი. მისთვის ეს დაუნდობლობა ანუ დასტური საკუთარ აღსასრულზე გადაჯაჭვულია პოეტურ თვითდგენასთან. თავად ტერენტი გრანელის ფატალური ლოცვაც კი თვითგაფრთხილების, თავდაცვის იმპულსით იმსჭვალება და ერთდროულად შესთხოვს უფალს ფრენის უზომობასა და ფრენის ზომიერებას: ანუ სიგიჟესა და გონებას, გაწირვასა და დაცვას: „ღმერთო, გამაგიჟე, და შენვე დამიცავ!“ ნ. სამადაშვილისათვის ლექსების წერა გზაა „დაღუპვისაკენ“ („რად მწერდი ლექსებს, რად დაიღუპე“), „უცნაურობა“ ანუ ლექსების წერა „დაღუპვის“ საწინდარია და ამ ბუნებრივი სიახლოვის გამო სიკვდილთან და ბედისწერასთან, პოეტი უკრძალავს მფარველ ძალებს მის „დაფარვას“, დაცვას:

„დავიღუპები, ქარი იტყვის: უცნაურობდა.
არ დამიფარო გრიგალებში, გზაო ძლიერო,
დე დედის მწარე და ღიმშეცვლილი საცოდაობამ
ზეციდან ზეცა ყოველღამე ათვალიეროს.“27

ეს ბრაზი, ეს მოთქმა და შეჩვენება ახალი საუკუნის ტრაგიკული, დემონური ჰანგია. საუკუნისა, სადაც ადამიანი ყოფიერების ჩაკეტილ ჭიშკრებთან და ამოქოლილ თაღებთან დგას, ვერ განმახორციელებელი თავისი ონტოლოგიური რაობისა, ამდენად, უკვალოდ გადავლილი დედამიწაზე შეიძლება იმასაც გრძნობდეს პოეტი, როგორც ეს იგრძნო დიდმა ფილოსოფოსმა ჰაიდეგერმა, რომ არსებითად განხმულია, ღიაა ყოფიერება: მიწიერებაც და მარადისობაც, ღიაა საიდუმლო ამ სამყაროსი, მაგრამ ყოფიერების არსებითი ღიაობა ეპოქალური წყვდიადით, ქარიშხლებითა და შიშითაა ჩახერგილი („ჩვენ გვეშინოდა ღია კარებთან აქ, წუთისოფლის, იქ - გრიგალების“. „ორტოტა ქარი ჩაქოლავს თაღებს, იმ კვალს გადაშლის ჩვენ რომ ვიარეთ“). და იტანჯება, გლოვობს, მრისხანებს პოეტის სული, მოწყურებული ნამდვილ სამშობლოს: ნათლის სამყოფელს. („რამდენი შფოთვა ვასხურეთ ნაღველს, ღმერთო, რამდენი ვიმგლოვიარეთ“). იგი მოტყუებულად გრძნობს თავს („და ბოლოს დარდი: დედამიწაზე ნეტავი რისთვის შემოვეხეტე“), რადგან აღიარებს „ქვეყნიერება ჩვენ დაგვიგეს კაკანათივით“. ქვეყნიერება - მახე, რომელიც აღარ გვიშვებს ჭეშმარიტი სიცოცხლისაკენ.

ამ ყოველივედან აღმოცენდება ქვეყნიერების გარდუვალი დაღუპვის არა მარტო შეგრძნება, არამედ ნატვრაც. ლექსში „ხელის გაშვერა მტკვართან“ - იკვეთება პოეტის თითქმის მბრძანებლური სილუეტი: გაშვერილი ხელით იგი უბრძანებს მტკვარს დედამიწის წალეკვას. მტკვარი აქ, პოეტის აპოკალიფსური ნატვრა-ვიზიონში გამწმენდი, უკუღმართი საუფლოს გადამრეცხავი მდინარეა („მტკვარო, გავარდი! მიატოვე ეს დედამიწა. საწუთრო ლოდებს ეფარება, ნუღარ უცქერი. ქვიშით შეღებე ცის მინდვრები და დამიძახე, როცა გარიყო ზღვის სინათლე და სივრცეები. სტვენით მოთხარე ლაჟვარდების უძირო ქარი, აღარ დაბრუნდე, მე თუ გინდა შიშით ვკიოდე, წყლის რიჟრაჟები სივრცის იქით ისე მინამქრე, რომ ღამე ჩუმად ვარსკვლავებშიც ვერ მოდიოდეს... მტკვარო, გავარდი და ცა ისე გაატიალე, რომ დედამიწა მსოფლიოში ვერ მოდიოდეს“).

ხშირად ჩემს წარმოსახვაში რომელიმე სიტყვა ერთ რომელიმე ადამიანს უკავშირდება და ზოგჯერ არც ვიცი, რატომ მაგრამ ეს ორი სიტყვა, ვიცი რატომაც გამოიხმობს ხოლმე ნიადაგ ამ ორი ადამიანის ხატებას: „დვრიტა“ - ილია ჭავჭავაძეს, „სივალალე“ - კი ნიკო სამადაშვილს.

ოღონდ ერთი კია: ისეთ უზარმაზარ ენერგიას აფრქვევს ნ. სამადაშვილის ჯავრი და სივალალე, რომ პესიმიზმად გონებით აღვიქვამთ, თორემ განცდით - არა. პირიქით, ის უზარმაზარი ენერგია და შემართება (თუგინდ ჯავრისთვის, თუგინდ სასოწარკვეთისათვის!) გადმოდის ჩვენში, გადაგვედება და გვაძლიერებს.

***

„სამყარო არის!“

. სამადაშვილი

გრიგალებისა და ქაოსების ხილვაში, პლანეტების გუგუნში და ზართა ზრიალში ხომ იყო დიდ შინაგან მიგნებათა სხივოსანი წუთებიც! შინაგანი განათებანი! ყური მივაპყროთ მათ:

„სამყაროსკენ გადმორბენა“ იმ უმყარობიდან და ქაოსებიდან ხდება, სადაც სამყაროს არსებობის შეგრძნება დაკარგული აქვს სულს, სადაც გამქრალია სამყაროს კონტური, სადაც „ხატები“ ვერ იქცევიან სულის „ბინად“ („ხატებთან ენთო უბინაობა“), რადგან ჯერ სამყაროს არსებობა უნდა დაიჯეროს მან; ჯერ ქაოტური სიზმრიდან რეალურ სიცხადეში უნდა გავიდეს სული, სული, რომელიც ისეთ უსაყრდენობაში მოქცეულა, რომ ერთადერთ საყრდენად „ქარიშხლის სვეტები“ ანუ ისევ ქროლვისა და სრბოლის მუდმივობა გახდომია („ქარიშხლების სვეტებს ვუყუდე“) და აი, სამყაროს ამ ბედისწერულ ძიებაში, პოეტი შინაგანად მართლაც აღმოაჩენს მის არსებობას. ისეთი ფაქიზი და სათუთია ეს შეგრძნება, რომ ფიქრიც კი „ფრთხილად“ უნდა შეეხოს მას, რათა არ აამღვრიოს სულიერი გასხივოსნების ეს უნატიფესი, საკრალური წუთი, რომელიც დილასავით და მარმარილოსავით გაიქათქათებს ქარიშხლებიან ღამეში:

„ჩემს ნაფეხურებს სუნავდა ქარი,
და მარმარილოს ჰყრიდნენ დილები,
სამყარო არის! ფრთხილად ვფიქრობდი,
სამყარო არის დანამდვილებით.“

ეს დიდი აღმოჩენაა სულიერი თვითდგენის გზაზე. რ. მ. რილკეს ხანგრძლივი, ყოფიერების მოპოვებისაკენ მიმავალი, მტანჯველი გზა ასეთი მონაპოვრებით მთავრდება „სონეტებში ორფევსისადმი“: „მე მივედინები“, „მე ვარ“. ნიკო სამადაშვილის სიტყვებიც: „სამყარო მიჰქრის“, „სამყარო არის“ - ეს სულის გადასვლას ნიშნავს ყოფიერების დენადობიდან მისი მყარი არსებობის შეგრძნებისაკენ. მათ შინაგან ერთიანობაში განცდას.

***

„მხოლოდ ჩიტები მეგუებიან.“
„წამო, კეთილო, ვინ გაგაჯავრა“.

. სამადაშვილი

ასეთი მძაფრი ყოფიერება დუღს ამ მომცრო წიგნში, ნ. სამადაშვილის ლექსების სრულ კრებულში, რომელმაც ესოდენი დაგვიანებით მოაღწია ჩვენამდე (პოეტი ხომ 1963 წელს გარდაიცვალა და სიცოცხლეში მისი არცერთი ლექსი არ დაბეჭდილა. 1973 წელს თამაზ ჩხენკელმა მოახერხა მისი მცირე კრებულის გამოცემა. ამ სრულ კრებულს კი თ. ჩხენკელსა და რ. ჩხეიძეს, მის შემდგენელ-რედაქტორებს უნდა ვუმადლოდეთ) ყდის სიმრუმედან პოეტის სახე ამოზიდულა, იდუმალი, ჩუმი, მოკრძალებული, თავის სიღრმეში მიქცეული იერით, რაღაც ფარულ სინაზეს რომ მალავს ჩამუქებულ გამოხედვასა თუ ტუჩის ჩრდილდაფენილ კუთხეში.

აქამდე სიმძაფრესა და გაბედითებაზე ვილაპარაკეთ, მაგრამ ეს მუქყდიანი, პატარა წიგნი ისეთი უჩუმარი სინაზის სხივებსაც ჩაგვინათებს გულში, რომ უცნაურად გვალმობიერებს. მხოლოდ იმას არა ვგულისხმობ, მისი ალალმართალი და ბავშვური სიტყვები უცებ საოცრად ახლობელს რომ ხდიან ქვეყნის მესიას, როცა მის ბავშვობას წარმოადგენენ: „ქრისტემ ბავშვობა აქ გაატარა და ღვთისმშობელი უგვიდა ეზოს“, „ღვთისმშობლის ქოხში აკვნის რწევა ისმის და ისმის.“ (ან: წმინდა ნინოს ნაფეხურებს სამუდამოდ რომ დააწყვილებს სათუთ იებთან, და დიდი განმანათლებლის ქალურობასა და სინაზეს ფაქიზად ამოტვიფრავს ჩვენს წარმოსახვაზე: „ძირს წმინდა ნინოს ნაფეხურები ჰგავდნენ სისხამზე მოკრეფილ იებს“).

არა, მის თაღებჩაქოლილ წუთისოფელში, დიად საგანთა (დედამიწა, სამშობლო, ტაძარი, დედა) საყოველთაო მიუკარებლობაში („არ მიგიკარებთ“, „არ მიგიკარებთ“), ერთიან უბინაობაში - იყვნენ ის მცირე საგნები, ის არსებანი, რომლებიც ახერხებდნენ პოეტის გულში, სივალალით, ბრაზითა და ტკივილით პირთამდე აღვსილ გულში შეეღწიათ და ბინა დაედოთ. ამ არსებებს შეეძლოთ შესიტყვებოდნენ გამწარებულ გულს და თან გაეყოლებინათ იგი. ესენი იყვნენ ჩიტები, და კიდევ: ხეები. მათი წყალობით ვიგებთ, თუ რა მოსიყვარულობა და მოფერებანი შესძლებია ქვეყნიერების შემაჩვენებელ, გამკაცრებულ კაცს. ჩიტები და ხეები იმ უსახელო შუქს უტოლდებიან, რომელიც „დაეძებს“ პოეტს: „შუქი დამეძებს, უნდა რომ სწუხდეს.“ ისინიც დაეძებენ და დაჰყვებიან პოეტს - „სიცოცხლის მდგმურს“:

„ღამით ჩემს გულში ბეღურებს სძინავთ,28
მხოლოდ ჩიტები მეგუებიან,
ვდგევარ მარტოკა, ჩემი ნაძვები
მიქნევენ ტოტებს და ბრუნდებიან.“
„მივესალმები ჩემს ეზოს წინ ატუზულ ხეებს“
„მე კი ტყის ფოთლებს, როგორც ფრინველი
ვინ იცის, საით გავიტყუილებ“.
„ნაძვებს მიჰყავდათ ქარში უთუოდ, დაოსებული მარტოკა გდებით.“
„კიპარისები მისტირიან დაკარგულ პოეტს“
„თორემ რა ექნათ მის ერთგულ ნაძვებს“
„არც არავის არ ვუნდივარ, არც არავის ვებრალები,
თან დამდევენ რომ დავდივარ, ჩემი ბაღის ფრინველები,
დანარჩენი ყველა სტყუის...“
„მე კი ხვალ ღამით ჩავუხვევ სარდაფს, მთვრალს.. ბედთან
რაღას დამაღვიძლებენ, ჩამეძინება და ჭოჭში სადღაც,
კვლავ ბეღურები გამაღვიძებენ.“

საუბარიც („საკუთარი ჩრდილის“ გარდა) მათთან უნდება და გამოსდის პოეტს:

„ის დადიოდა ქუჩაში დიდხანს,
ფოთლებთან დიდხანს ილაპარაკა.“
„საკინძგახსნილი ხშირად ხეებს ვეკამათები
და მშურს იმათი ასე დიდი თავისუფლება.“
„თან გარეთ ნაძვებს ეკითხებოდა,
გჯერათ თუ არა წარმავალობა.“

ნამდვილი საუბარი ადამიანთან, მეორე სულთან, მხოლოდ სიცოცხლის შემდეგაა წარმოდგენილი, „იქით“:

„დავიღუპები, ჩაყოლილ ხსოვნებს
ოდესმე სადმე გაეღვიძებათ,
ჩვენ ვისაუბრებთ იმაზე დიდხანს,
რაც სიცოცხლეში არ შეიძლება.“

(ეს სტრიქონები ჯოყოლას, აღაზას და ზვიადაურის სულების საუბარს გვაგონებს, რომელიც სიცოცხლეში შეუძლებელი იყო: „ვაჟკაცობისას იტყვიან, ერთურთის დანდობისასა“.)

პროცესიაც, რომელიც მიჰყვება პოეტის ცხედარს, ჩიტებისა და ხეებისაგან შედგება:

„ნაძვები ცხედარს მიასვენებენ“, „ჭრელი მტრედები კუბოს ასწევენ...“

თავის საფლავზეც ჩიტს უხმობს:

„მოდი, იქ, სადაც ჩამფლავენ, ჩიტო,
არ შეკრთე, ძეგლი დაკრიჭავს კბილებს.
მიუალერსე, ნუკი მიტირებ,
შენი ნისკარტით დარგულ ყვავილებს.“

მკვდარიც ხეს ერთვის:

„აქ ხე მარხია პოეტის გვამით
სახადშეყრილი და მოთენთილი.“

ლექსიც ჩიტს აგონებს:

„ჩემი ლექსები შენს მწველ უბეში
ბეღურებივით იფართხალებენ
და ერთხელ მაინც, ჩემო ნუგეშო,
იქ, სამარეში გამახარებენ.
დამედებიან მკერდზე ღუღუნით
ამოკენკავენ ჩემს გულს, შენს თვალებს
შეესევიან მერე უკუნეთს
და უკუნეთიც კი ივალალებს.“

ასეთი მეგობრები ჰყავდა კაც-ფასკუნჯს წუთისოფელში, სადაც დიდი უმეგობრობა იდგა, სადაც ის „დაოსებული“ იყო „ზურგშექცეული ქვეყნიერების“ ცქერითა და უბინაობით:

„დამათენდება ნამთვრალევ პოეტს,
ჩიტები მოვლენ ჩემს ფანჯარასთან,
მეტყვიან, შენთვის ბინა ვიპოვეთ,
წამო, კეთილო, ვინ გაგაჯავრა...“

ეგებ ჩვენც ამ სიტყვებით დავხუროთ ეს მუქი წიგნი, მის ხელმეორედ გადაშლამდე, რაკიღა ჩვენს გულში დავიბინავებთ საბედისწერო ქარიშხლებში მოქცეულ, ამ წუთისოფელში ერთ-ერთ ყველაზე „უბინადარ“ პოეტს, რომელმაც ასე გვიან მოაღწია ჩვენს გულამდე: „წამო, კეთილო, ვინ გაგაჯავრა“.

___________________

26. სწორია: და თავის ჩრდილიც ვეღარ იპოვნა“.

27. სწორია: „დავიღუპები. ქარი იტყვის: უცნაურობდა!
არ დამიფარო გრიგალებში, გზაო ძლიერო...
დე, დედის მწარე და ღიმშეცვლილ საცოდაობამ
ზეციდან ზეცა ყოველ ღამე ათვალიეროს...“

28. სწორია: „ღამე ჩემს გულში ბეღურებს სძინავთ,

2.13 13. დათაშვილი, ლალი. ფერისცვალება:

▲ზევით დაბრუნება


[„გული ღვთისმშობელის ჩვენთვის, ხომ, უხვია... : (ღვთისმშობლის სახე ქართულ ლიტერატურაში)]. - თბილისი, 2009. - გვ. 109-119. - ISBN 9789941018794

ქართული ლიტერატურა, როგორც ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის მიერ შექმნილი კულტურის ნაწილი, გამოირჩევა ყოვლადწმინდა დედის განსაკუთრებული სიყვარულითა და მისდამი მიძღვნილი ლოცვა-საგალობლების სიუხვით.

ჰიმნოგრაფები წარმოაჩენენ დედა-ქალწულის დამსახურებას კაცობრიობის წინაშე: ევას ცოდვის გამოსყიდვას, ახალი ადამის განკაცებას, ცისა და მიწის შეერთებას, დაცემული კაცის კვლავ სასუფეველში დაბრუნებას.

პოეტი-მგალობელი დემეტრე-დამიანე ცნობილ საგალობელში „შენ ხარ ვენახი“ შეფრფინვით აქებს წმ. მარიამს - ედემში დანერგილ მორჩს, სამოთხიდან გამოსულ ალვას, ღვთისგან შემკულს, გაბრწყინებულ მზეს, მშვენიერ შროშანს.

ბორენა დედოფალი იამბიკოთი „ვედრება ღვთისმშობლისადმი“ ასე მიმართავს წმ. მარიამს:

„რომელმან-ეგე ევას მიუზღე ვალი,
ჰრქვი რა გაბრიელს: „ვარ უფლისა მხევალი,
მე, შენი სამსტუვრე, ქვეყნად მავალი: -
დაემხო ძალი, პირველსისხლითა მთვრალი“.
იოვანე მტბევარი ჰმადლობს დედაღვთისას:
„შენ, ღმრთისა დამტევნელო გამოუთქმელად,
კიბეო, რომელსა ზედა გარდამოხდა
ღმერთი და... ზეცად აღმიყვანა
შენ მიერ, ქალწულო...“

(„იამბიკონი, თქმულნი შობისათვის უფლისა“)

წმ. მარიამის განსაკუთრებული სიყვარულითა და თავისი სასოების წყაროდ ყოვლადუბიწო ქალწულის ჩათვლით დავით გურამიშვილი აშკარად გამოირჩევა ქართველ პოეტთა შორის. ის თითქოს ერთმანეთს უთავსებს საერო და სასულიერო პოეზიას, პოეტიცაა და ჰიმნოგრაფიც. მეცნიერთა აზრით, იგი წმ. მარიამს 56 სახელით მოიხსენიებს, მაგალითისთვის რამდენიმეს დავიმოწმებთ:

„კვლავ კლდეო, წყლისა მომცემო, ისრაელთ ცრემლთა მშრობელო,
სახით აბრამის კარაო, ღვთის ტევნით გულთა მყრობელო,
ვით შეუწველო მაყვალო, საღმრთო ცეცხლ-განუქრობელო...“

დავითი ღვთისმშობელს შესთხოვს, დაიფაროს განსაცდელთაგან. მკითხველი გულგრილად ვერ წაიკითხავს მის მხურვალე ვედრებას:

„მოწყალების კარო, შენს ზღურბლს მოვეკარო,
უსახლკარო ვარო, ვითხოვ, შემიფარო,
ვით მოწყალე ხარო, ცოდვილთ მეოხარო!
რაც მე მოგითხარო, შენ მით განმახარო.“

ღვთისმშობლის სახე და სადიდებელი არაიშვიათია ქართულ საერო ლიტერატურაშიც.

წმ. მარიამი უბიწოებისა და სილამაზის სიმბოლოა ქართველ პოეტთათვის:

„ის ხო, ღვთისმშობლის სიზმარსა ჰგავდა...
ო, როგორ ჰგავდა ყარყარა გედებს...“

- წერს ნიკო სამადაშვილი („ის ხო, ღვთისმშობლის სიზმარსა ჰგავდა...“) და წმ. მარიამის სიზმარს მიიჩნევს სიწმინდის, მოხდენილობის, მშვენიერების საზომად.

გალაკტიონ ტაბიძე ღვთისმშობელს ულამაზეს მანდილოსნად წარმოადგენს, რომლისაც თვით ანგელოზებსაც კი „შურთ“, მათაც კი არ უნახავთ მსგავსად მომხიბლავი არსება:

„ჯვართან მისული სურო -
მარტოობა ქნარის...
თვალთა ანგელოზთ შურო,
შენ ღვთისმშობელი კარის!“

(„საღამო“)

ღვთისმშობლის მადონად მოხსენიებაც მის მომხიბვლელობას წარმოაჩენს, რაც ყვავილების ამღერებით, ანუ იადონობით გამოიხატება:

„ხომალდს მიჰყვება თოვლის მადონა
და ყვავილები გიიადონა...“

პოეტი ღვთისმშობელს „მზეს“ უწოდებს, რითაც გამოკვეთს წმინდა დედის პიროვნულ სითბოსა და სილამაზეს (მის მზეობას), მთელ კაცობრიობას რომ გადასწვდება მზის ნათელივით:

„დედაო ღვთისავ, მზეო მარიამ!“

(„სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში“)

ხშირად სიმბოლურ-ალეგორიულადაა გადმოცემული ის აღფრთოვანება და თაყვანისცემა, მწერალი რომ განიცდის ღვთისმშობლის მიმართ. ეს კომუნისტური კონიუნქტურით აიხსნება, რადგან დედა ღვთისას ხსენებისთვისაც კი შესაძლოა, ნაწარმოები დაეწუნებინათ. ჩვენი აზრით, ამგვარი ლექსია ანა კალანდაძის „უსახო ქმნილხარ, მშვენიერებავ“.

პოეტი „უსახო მშვენიერებას“ უწოდებს წმ. მარიამს, ვინც ცასა და ქვეყანაში ბრწყინავს:

„უსახო ქმნილხარ, მშვენიერებავ,
დიდება შენი ქართაგან შლილა...“

ანა კალანდაძე ხარებასაც სიმბოლურად გადმოსცემს, რაც 25 მარტს - ადრე გაზაფხულზე მოხდა, წმ. მარიამს მომავალი დედობის ბედნიერება ეუწყა, ანუ ქალწული „მარტში აყვავდა“:

„აყვავდებოდი ადრე გაზაფხულს
ქვეყანას ზედა და ცათა შინა...“

კაცთა შორის უმაღლესის, ცაში „აციმციმებულის“ - წმ. დედა-მარიამის წიაღმა ნათელი, ანუ იესო ქრისტე, დაიტია.

„იყო მაღალი შენი ციმციმი,
იყო ნათელი წიაღთა შენთა...“ - ამბობს პოეტი.

ლექსში „გაბრწყინებული იყო ტაძარი“ ანა კალანდაძე შესტრფის ყოვლადწმინდა დედას, ულამაზესს, ამ სოფლის მარილს, ვისი შუქითაც ბრწყინავს ტაძარი:

„შენს ლამაზ სახეს კელაპტრის ალი
მიღმა ქვეყნიურ სინათლეს ფენდა...
კვლავ ჩურჩულებდა მოხუცი მნათე:
„შენ ხარ მარილი ამა სოფლისა!“
გაცისკრებული იყო ტაძარი...“

ხოლო ლექსი „შენ, სინათლის მეფევ“, ჩვენი აზრით, ალუზიაა საგალობლისა „ღირს არს ჭეშმარიტად“. პოეტი ბრჭყალებით წერს სიტყვებს: „ღირს ხარ, ღირს ხარ!“ და მიმართავს მას, ვინც არის სასოების მფენი ცისა, ვისი ხელებიც „ცის თაღს მზის სხივებით ჰკრავენ“, რადგან ღვთისმშობელმა „იტვირთა მაცხოვრის განკაცება“, ვფიქრობთ, წმ. მარიამის სახე ყველაზე ნათლად ჩანს სიტყვებში:

„დიდებული შენ ხარ, -
საყოფელი ღვთისა,
ქებათ ქების შენაც
„ღირს ხარ, ღირს ხარ ღირს ხარ!“

განსაკუთრებით ხშირია წმ. მარიამის, როგორც მცველისა და მფარველისადმი აღვლენილი ვედრება. ნიკო სამადაშვილი მარტოსული, მეოცნებე, საოცარი ხილვების პოეტია, რომელსაც თავისი ერთი ლექსიც კი არ უხილავს დაბეჭდილი. მის პოეზიაში ხშირია ღვთისმშობლის ხსენება (შესაძლოა, იმის გამოც, რომ ეს ლექსები არ გამოქვეყნებულა შავრაზმული სოციალიზმის ეპოქაში და კომუნისტური ცენზურა არ გაუვლია).

პოეტი გამოირჩევა წმ. დედის სიყვარულით, მისი რწმენით, უღრუბლო ბავშვობა ღვთისმშობლის წყალობაა, წმ. მარიამი მზრუნველობასა და სითბოს არ აკლებს, აკვნიდანვე თავს დასტრიალებს ბავშვებს, განსაკუთრებით კი პოეტური ნიჭით დაჯილდოებულთ, რომელთაც ისეთი გულები აქვთ, „ვით სისხლიანი ქრისტეს პერანგი“. ლექსში „ნიკო სამადაშვილს“ ავტორი საკუთარ თავს ასე მიმართავს:

„იქამდე, სანამ დათეთქვილ ტუჩებს
არ გალხობიათ ბუერა სევდა,
შენ ძუძუს სწოვდი გაშლილ ალუჩებს
და ღვთისმშობელი აკვანს გირწევდა“.

ატენის სიონში მისვლა პოეტს მაცხოვრის ბავშვობას წარმოადგენინებს, მზრუნველი დედა რომ დასტრიალებდა თავს, ამიტომ ფიქრობს:

„ქრისტემ ბავშვობა აქ გაატარა
და ღვთისმშობელი უგვიდა ეზოს.“

(„ატენის სიონი“)

საგულისხმოა, რომ ნიკო სამადაშვილი წმ. მარიამს მთელ კაცობრიობის დაუძინებელ მეოხად, სწორედ აკვანზე თავდახრილი დედის სიმბოლოთი წარმოგვიდგენს, დაუღლელად რომ არწევს აკვანს:

„გარეთ ღამეა, შიგ ტაძარში ღვიძავს ღვთისმშობელს,
აკვნის რწევა კი განუწყვეტლივ ისმის და ისმის...“

„ლოცვებს აღვავლენ, ფეხაკრებით ღამეც მობრძანდა,
ღვთისმშობლის ქოხში აკვნის რწევა ისმის და ისმის...“ („ისევ ვილოცებ, იქნებ ღმერთმა მაინც მიშველოს“). ღვთისმშობლის მიერ „აკვნის რწევა ისმის და ისმის“ სხვა დროსაც, როგორც კი პოეტი ლოცვად დადგება (ლექსში „პოეტის ლოცვა“).

მლოცველები: ტყე, მიწა, ფრინველი თუ ადამიანი - მუდამ ევედრებიან თავიანთ მფარველს, დაიხსნას და დაიფაროს. პოეტი „ხედავს“, ყველა მათგანი „ღვთისმშობლისკენ გამუდმებით იშვერდა ხელებს“ („ტყე აშრიალდა“).

ნიკო სამადაშვილის აზრით, ღვთისმშობელს ვერავინ დაასწრებს ლოცვას, იგი ისე მიისწრაფვის ტაძრისკენ სალიტანიო ზარების ხმაზე, რომ ფეხშიშველი მიდის, ქოშები ავიწყდება:

„გამოქვაბულთან ზარის რეკა დაიგუგუნებს,
ღვთისმშობელს ცაცხვის ქვეშ დარჩება თეთრი ქოშები.“

(„მოგონება და სინანული“)

ლექსში „ორნი“ პოეტს მწუხარეთა თანაგრძნობის სიმბოლოდ შაოსანი ღვთისმშობელი დაუსახავს:

„გულზე ამოგდის ჭმუნვის ბებერა...
ღვთისმშობლის მხრებზე შავი ჩადრია.“

წმ. დედა თან დაჰყვება ყოველ გაჭირვებულს, რათა დაიფაროს განსაცდელისგან, საგანგებოდ მფარველობს პოეტებს. მისი ერთგულება აოცებს კიდეც სამადაშვილს, ამიტომ კითხულობს: „ან შეშლილ პოეტს ღვთისმშობელი რას დაჰყვებოდა?!“ („ბინდი“). წმ. მარიამი პოეზიის მფარველი და პოეტის შთამაგონებელიცაა: „ლექსს ღვთისმშობელი აწოვებს ძუძუს“ („თვალებში ჩადგა უღრანი სევდა“).

ღვთისმშობელი საუკეთესო მეოხია იმქვეყნადაც. ამას ნიკო სამადაშვილი ასე წარმოიდგენს:

„წლისთავზედ მნათე ჩახსნის ურდულებს,
ძველ ეკლესიას კარზე რომ ედო,
ღვთისმშობელს ქრისტე კვლავ უჩურჩულებს,
ცოდოა, ცოდო, არ გაიმეტო...“

გიორგი ლეონიძის მარიტასაც მზრუნველ და მოსიყვარულე დედასავით ხვდება წმ. მარიამი:

„საიქიოში ოქროს სკამი მიართვესო დაღლილსაო.

ღვთისმშობელს ეთქვა თურმე: „ფერზე გეტყობა, ძლიერ დაღლილხარ, დაჯე შვილო, შორიდან მომავალი ხარო!“ („ნატვრის ხე“).

ლექსში „დომინო“ გალაკტიონ ტაბიძე თავს წარმოიდგენს საშინელ სასახლეში. „აქ მკვდრები დაქრიან ზღაპრული რაშებით“, ყველაფერი სიკვდილითაა დაფარული, პოეტს თავი სამარეში ჰგონია და მხურვალე ვედრებას აღავლენს: „წმინდაო, დამიცევ!“ სამეცნიერო ლიტერატურაში გამოთქმულია თვალსაზრისი, რომ გალაკტიონი ღვთისმშობელს მიმართავს, რადგან დომინო, ანუ დომინა, წმ. დედის სახელთაგანია. („დომინო“).

პოეტი სხვა ლექსებშიც წერს, რომ წმინდა მარიამი, იგივე მადონა, მიაჩნია ადამიანთა მფარველად. სოფლიდან (ანუ მყუდრო სამყოფელიდან) გამოსულს იგი ამგვარად ლოცავს:

„ქალწულთა ბედი და ღვთისმშობელი
იყოს მარადის მისი მფარველი!...
უფალი იყოს ცოდვილის შემწე,
მადონა იყოს მისი მფარველი.“

(„დამშვიდობება“)

განსაკუთრებით ძნელდება ამ ცოდვითა და ტკივილით სავსე სამყაროში თავის გატანა მაშინ, როდესაც ადამიანი მტკიცე რწმენას ვერ ინარჩუნებს.

დავით გურამიშვილი თავისი დროის საქართველოს უბედურების მთავარ მიზეზად ცოდვათა მომრავლებას მიიჩნევს, ხოლო ღვთის რისხვა თავს მაშინ დაატყდა ერს, ღვთისმშობლის სწავლება რომ არად ჩააგდო:

„ღვთისმშობელმა ჰრქვა: „იწამეთ, ვინ ცით გვიწვიმა მანანა,
ქვეყანად უმამოდ ქალწულსა ძე მარწებინა, მანანა.“

ქართველები „დაყრუვდნენ, ბრმანი შეიქმნენ, საქმე ქმნეს გასაშტერები“. უფალი ამიტომაც განურისხდა წმ. დედის შეურაცხმყოფელთ.

გვახსენდება ილიას „განდეგილის“ მთავარი გმირი, ქალთან შეხვედრის შემდეგ რწმენაშერყეული და მორალურად განადგურებული მავედრებელ თვალს სწორედ წმ. დედას მიაპყრობს, მის იმედადღაა. წმ. მარიამი „მადლით, ნუგეშით გადმომზირალი“ ცდილობს, გონს მოიყვანოს ბეთლემელი მწირი, მაგრამ უიმედო, „უძლურქმნილი“ ბერი ვერც პირჯვარს იწერს, ვერც ლოცვას ახერხებს, ხატის ნაცვლად „ქალი წყეული თვალთ ელანდება“ და ხორცთან ჭიდილში მარცხდება.

მხატვრული ღირებულებითა თუ ექსპრესიულობით გამორჩეულ ლექსში „სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში“ გალაკტიონი - „გედი, დაჭრილი ოცნების ბაღით“, ვისი „ცხოვრების გზა სიზმარია და შორეული ცის სილაჟვარდე“, „დაღლილ ქალივით“ მიდის სიონში სალოცავად, ფეხზე ძლივს დგას, სალოცავ კარს მიყრდნობილი. ღვთისმშობელია მისი ნუგეშის ერთადერთი წყარო, უმისოდ გათენების იმედიც აღარა აქვს, სულს იშიშვლებს წმ. დედის წინაშე, შეჰღაღადებს: „აჰა, მოვედი“ და მისგან ელის წყალობას...

თუმცა, მალე განწყობილება მკვეთრად ეცვლება, ბედით დაწყევლილი, ჯოჯოხეთით დაფარული პოეტის სული პეპელასავით კვდება წმ. მარიამის ფერხთით და ღვთისმშობელს საყვედურით ავსებს, წმ. დედას ბრალს სდებს, რომ იგი ტკბება ადამიანთა ტანჯვა-წამების ცქერით:

„შეხედე! დასტკბი! ყმაწვილურ ბედის,
დაღლილ ხელებით, წამებულ სახით!
დასტკბი! ასეა ყველა მგოსნები?
შენს მოლოდინში ასეა ყველა?“

გულგატეხილ პოეტს იმისი იმედიც აღარ რჩება, რომ წმ. მარიამი უკანასკნელ სამსჯავროზე შეაწევს სიტყვას (რაც მართლმორწმუნე ქრისტიანის ყველაზე დიდი ნუგეშია). ჰგონია, რადგან ამქვეყნად გრძნობს საშინელ მარტოობას, მარტო შეეგებება სიკვდილსა და სამუდამო მსჯავრსაც:

„განსასვენებელ ზიარებაზე
ჩემთან არ მოვა შენი ხსენება!“

მადლობა ღმერთს, რომ ესოდენ პესიმისტურად და რწმენის უარყოფით არ დაამთავრა ეს ლექსი. ბოლო სტრიქონებში პოეტი ძალას იკრეფს და როგორც მკვდრეთით აღმდგარი, შეჰღაღადებს ღვთისმშობელს - მზე მარიამს, კვლავ იმედოვნებს მის სითბოსა და შეწევნას. თუმცა ეს ლექსი და მოხმობილი სხვა მაგალითები იმის ნიმუშია, თუ რაოდენ აუტანელია ცხოვრება მაცხოვნებელი რწმენისა და იმედის გარეშე.

ქართულ ლიტერატურაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს საქართველოს ღმრთისმშობლის წილხვედრობის თემას.

ქართველ მწერალთა რწმენით, უმძიმესი ისტორიული პირობების მიუხედავად, ჩვენი სამშობლო რომ გადარჩა და ამჟამამდე არსებობს, წმ. მარიამის მადლითაა, იგი დიდი სიყვარულით ეპყრობა თავის წილხვედრს ქვეყანას, იცავს და მფარველობს მას.

წმ. ილია მართლის „აჩრდილში“ პოემის ლირიკული გმირი წმ. მარიამს შესთხოვს საქართველოს დახსნას განადგურებისა და გადაშენებისაგან, შეახსენებს ჩვენი ერის ერთგულებასა და თავდადებას ჯვარცმული მაცხოვრისადმი, რის გამოც თვითონაც ჯვარს ეცვა და ეწამა საუკუნეების განმავლობაში:

„დედავ ღვთისაო, ეს ქვეყანა შენი ხვედრია,
შენს მეოხებას ნუ მოაკლებ ამ ტანჯულს ხალხსა,
საღმრთოდ მიიღე სისხლი, რომელ ამ ხალხს უღვრია,
ჩაგრულთ სასოო, ნუ არიდებ მოწყალე თვალსა!“

აკაკი წერეთელიც „თორნიკე ერისთავში“ წმინდა დედებს: ნინოს, ქეთევანსა და თამარს - ღვთისმშობლისამდი აღავლენინებს ლოცვას, რათა მან მკვდრეთით აღადგინოს თავისი წილხვედრი ქვეყანა:

„დედაო ღვთისავ შენი ხვედრია
ეს საქართველო დიდჭირნახული,
შეუნდევ ცოდვა, ნუ ააღებ ხელს,
ლმობიერებით იბრუნე გული,
რომ აღადგინო ქართველთა ერი
დღეს დაცემული და ცოცხალ-მკვდარი.“

ლექსში „ჩემი თბილისი“ პოეტი ნიკო სამადაშვილი საქართველოს საუკეთესო მცველად და მფარველად ღვთისმშობელს მიიჩნევს. სწორედ წმ. დედას გადმოუფარებია თავისი კალთა, „ხელში აუყვანია“ თბილისი:

„ჩემ საქართველოს მკერდის თრთოლვას რა შეედრება,
ღვთისმშობლის დარად რო უჭირავს ხელში თბილისი.“

ხშირად ხდება, რომ იმისგან განსაკუთრებით გვწყინს, ვინც გვიყვარს და ვისგანაც ბევრს მოველით, ალბათ, ამითაა გამოწვეული, რომ გიორგი ლეონიძის სამშობლოსა და სარწმუნოების სიყვარულით გამორჩეული პერსონაჟი - ჩორეხი ეჭვით უყურებს საქართველოს ღვთისმშობლის წილხვედრობას:

„მორწმუნე ჩორეხს სრულიადაც არ სჯეროდა, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვდომილი იყო:

- ღვთისმშობელო, თუ შენი წილი ვართ, შენი წილდებული და ხელდებული, რაღათ ააოხრებინე ლეკსა და თათარს საქართველო, ეს ვერ გამიგიაო!

- არა, ძმებო, თუ ღვთისმშობლისა იყო საქართველო, განა თავის მამულს ვერ მოუვლიდა? - იტყოდა გაკვირვებული“ („ნატვრის ხე“), თუმცა ეს „ურწმუნოება“ საუკეთესო გამოხატულებაა იმისა, თუ ჩორეხს როგორ უყვარს დედა-მარიამი და რამდენს მოელის მისგან.

განუზომელია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის როლი საქართველოს გაქრისტიანების საქმეში. „წმინდა ნინოს ცხოვრება“ მოგვითხრობს, რომ ყოვლადწმინდა დედამ მოციქულებს შორის წილისყრის შემდეგ თავის წილხვედრ საქართველოში ქრისტიანობის საქადაგებლად წარმოგზავნა ჯერ წმ. ანდრია პირველწოდებული (რადგან თვით ყოვლადწმინდა დედა შეუძლოდ იყო და არ შეეძლო საქადაგებლად წამოსვლა) და შემდეგ - წმინდა ნინო, რომელსაც ნაქადაგევი, მაგრამ მივიწყებული სარწმუნოების აღდგენა-გაძლიერება დაავალა. მოციქულთასწორმა მოციქულთა ღვაწლი სრულყო და საქართველოს მოეფინა „მზე სიმართლისა და ნათელი სამხრისა“ - იესო ქრისტეს მადლი და რწმენა.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა წარმოგზავნა საქართველოში წმ. იოანე ზედაზნელი და მისი მოწაფეებიც, რათა ჩვენს ქვეყანაში სამონასტრო ცენტრების შექმნით განემტკიცებინათ ქრისტიანობა.

მანვე აკურთხა წმ. ექვთიმე მთაწმინდელი, ქრისტეს მადლითა და ბიბლიისა თუ დიდი ქრისტიანი მამების მიერ დაწერილი ძვირფასი წიგნების თარგმნით გაენათლებინა და გაებრწყინებინა ქართველთა ენა და ქვეყანა.

მკითხველზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს წმ. მარიამის ყოველი გამოჩენა ჰაგიოგრაფიულ თხზულებებში, იგრძნობა დიდი დედის საოცარი სითბო და მზრუნველობა: წმ. ნინოს იგი ჯვარს აძლევს თანადგომის დასტურად; წმ. იოანეს იმ მოღვაწეთა სიას გადასცემს, ვისი საქართველოში წარმოგზავნაც სათნოდ მიაჩნია; წმ. ექვთიმეს ხელს ჰკიდებს და სრულიად გამოაჯანმრთელებს. მომაკვდავი ბავშვის სასწაულებრივად გადარჩენის ეს სცენა, პატარა ექვთიმეს ღაღადისი: „მოვკვდები, დედოფალო!“ და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სიყვარულით სავსე სიტყვები: „ნუ გეშინინ!“ - ემოციურად დამუხტული და მხატვრული თვალსაზრისით დაუვიწყარია.

ეს თემები, როგორც შთამბეჭდავი და მარადიული ცოცხალი თანამედროვე ქართულ მწერლობაშიც აისახება. ანა კალანდაძის ცნობილი ლექსი „მოდიოდა ნინო მთებით“ მოციქულთასწორის საქართველოში შემოსვლასა და იმ განცდებს გადმოგვცემს, პოეტის რწმენით, მთებსა და ტყეებში მარტოდ მომავალი ქალწულის გულს რომ ავსებდნენ: ძრწოდა, ბღაოდა, ღრუბლებს მოჰკიოდა ქარი, მაგრამ სანატრელი ვაზის ჯვარი აძლიერებდა წმინდანს და მხნეობას ჰმატებდა, რომ მშობლის სევდას, შიშსა თუ დაღლილობას რწმენის ძალით გამკლავებოდა, საგულისხმოა, რომ მაცხოვარმა გაამხნევა წმ. ნინო:

„ეს ვინ არი - გამოცხადდა მგზავრის წინა?
„ნუ გეშინინ!“ - მიუგებდა იესო.“

შემდეგ კი მცხეთისკენ მიმავალი გზა მწყემსმა მიასწავლა:

„მწყემსსა ჰკითხა: - რომელია ქართლის გზაი?
მწყემსმა უთხრა: - საქართველო არის ესე!“

ამით „კეთილი მწყემსის“ - იესო ქრისტეს ნება აღსრულდა და ისიც წარმოჩინდა, რომ წმ. ნინო სამოციქულო ღვაწლს უნდა შესჭიდებოდა - ის მოციქულთა მსგავსად, იმ ქვეყნის ენაზე ამეტყველდა, რომელშიც უნდა ექადაგა ქრისტიანობა.

გრიგოლ რობაქიძეც უთბილეს სტრიქონებს უძღვნის წმ. ნინოს - ღვთისმშობლის დობილს და მისგან ელის წყალობას თავისი სამშობლოსათვის:

„...დაო და დედაო,
ვართ შენზე მონდობილი
და შენგან დანდობილი
და შენი შენდობით
არ გადავშენდებით.“

დასკვნისთვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართველი მწერლები უგალობენ და ქებას შეასხამენ ყოვლადწმინდა დედას - უფლის დამტევნელსა და კაცობრიობის მეოხს; გამოკვეთენ განსაკუთრებულ სიყვარულს მისდამი; ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, როგორც სასოების წყაროს, ევედრებიან ხსნისა და წყალობისათვის; შესთხოვენ ცოდვათა მიტევებასა და ცხონებას; წარმოაჩენენ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის როლს თავისი წილხვედრი საქართველოს გაქრისტიანების საქმეში; ასახავენ წმინდა მარიამის ნებითა და კურთხევით აღსრულებულ სასწაულებს.

უნდა დავეთანხმოთ გრიგოლ რობაქიძეს: „გული ღვთისმშობლის ჩვენთვის, ხომ უხვია...“

2.14 14. დოჩანაშვილი, გურამ. [თხზულებათა ექვსტომეული]:

▲ზევით დაბრუნება


. 7 : წერილები, საუბრები ლიტერატორებთან, მონათხრობი არის და იყო უცნაური, ადამიანიც, წუთისოფელიც: [დიდი ნიკო სამადაშვილის პროზაზე, ორიოდ სიტყვა]. - თბილისი, 2011. - გვ. 29-31. - ISBN 9789941104169

ჩვენ რომ ისეთი ერთიც პოეტი გვყოლია, რომ, - მართლაცდა ღვთის წყალობა, ჩვენი როგორი ნაღდი ლიტერატორების მართლაცდა როგორი რუდუნებით რომ გამომზეურდა ამ 35-ოდ წლის წინათ, გვეწყალობა ჩვენ ის პოეტი, ვისაც ამქვეყნიურ სიცოცხლეში თავისი ერთი პწკარიც არ უნახავს ასე ვთქვათ „საქვეყნოდ გამოტანილი“ მისი ლექსების... - წაკითხვა, გაცნობა, გადაკითხვა აქ სხვა სიტყვებია - მათი სულიერად შესისხლხორცებისთანავე უცნაური ნაზავით - სულის თან წყალობად გათელილივით და თან როგორ აღზევებულივით ვიყავ რადგან ეს ჩვენდა მოწოდებად ისე - უბრალო დაძახილი კი არა, რაღაცნაირად უნატიფესი ბღავილი ჭეშმარიტი პოეზიისა იყო, რომელიცა - რომ სულ სხვა დროისთვისაც და სწორედაც ამ დროისათვის დაბადებული პოეტის ღაღადისი გახლდათ, და გახლავთ, რომელიც მისი სულისმიერი რარიგ საღი ყუათიანობით ჩვენს სამშობლოს დღეს, ბატონი ნიკოს დროინდელი გაჭირვებისა და შევიწროების მაგალითით პირიქითაც სწორედაც - რო გადარჩენისთვის, ასე და ამრიგ ასამაღლებლად, დასჭირდებოდა.

და როგორ და რა მტკიცედ გვებოძა, სამარადისოდ, მთელი მისი პოეზია, იმ სტრიქონებიანადაც კი, ერთის მოკლე შეხედვით მიუღებლადაც კი რომ ჩანან მაგრამ რა სიგულწრფელეა მათში, ის სივაგლახით და წარსაწყმედობით ეგრეთწოდებულად „ძმური რესპუბლიკების სოციალისტური კავშირი“ რომ ერქვა და რა უზნეობებსაც ჩაგვჩიჩინებდნენ დამაშინებლობითა თუ არამი ლუკმის გადმოგდებით, იმ კუნაპეტით-მათით გვეხვია და როგორ უნდოდათ რომ სინათლე ვეღარ გვეხილა და მაინც როგორი მოწყალეა ყოვლის მომცველი, ყველგან შემღწევი შუქი, სინათლე - ჭეშმარიტი ანუ ღვთიური სიყვარული ღვთით, - რჩეულთა შორის, ერისკაცობაში ნიკო სამადაშვილიც დაგვებადა და, როგორ ვმხნევდებით რომ წმიდა სამება და მისი მხედრობა თუ გადაგვარჩენს ვის მრევლშიაც რომ როგორი უწმიდესი და უნეტარესი ჩვენი, დღევანდელი და სამარადისო - როგორ ბრძანდება, ჩვენთვის! თავი და თავი, ის გადაგვარჩენს, მისი ლოცვა-კურთხევა, მოუღლელი კი არა და, ვერც ერთი წამით გულ-გუნება და მუხლჩაუხრელი ჩვენთვისი ლოცვა ჩვენი ჩვენ ქვეყნად მოარულსა სიცოცხლეშივე წმიდანისა, გადასარჩენი და გადარჩენილი მომავლისაკენ როგორ ნატრულ და სიბრძნით თმენილ უსათნოესსა მზერაშიაც კი უსპეტაკესი, ქრისტესმიერი დაღით, გვაიმედებს როგორ, და, სულიერებასთან ერთად, მისგანვე როგორი წყალობით ნასაზრდოებ ხელოვნებასთან ერთად, მისას და ყოველი ჩვენგანის, გინდ უმეცართა - რაც რომ სუთავიდანვე და პირველითგან და დასაბამიდან და ოდითგანვე იყო, ანუ სიტყვას, როგორ ფრიადად ძალუძს თავისივე მშობელს შეევედროს ჩვენი გადარჩენისათვის და, - ა-ბატონო, მისით, დიადით, როგორი ჩვენი, უღირსებისაც, მწერალი ნიკო სამადაშვილი.

და ვინ-რომელმა რაღა თქმა უნდა ახლომხედველმაც - ვერ ისეც აღნიშნა რომ, ხელშეწყობა არა ჰქონდათ და არა ჰყავდათ (ანუ არა გვქონდა და არა გვყავდაო) და იმიტომაც ვერ დადგნენ (ანუ ვერ დავდექითო) დიდი შემოქმედებიო, არადა ვინ ეყოლებოდათ უფრო პატრონი წმიდა სამებაზე მეტად და თუ არა მისი მადლი როგორ შექმნიდნენ თავთავიანთებს ანუ წმინდა სამებით, ანუ იმათსას იმ გინდაც როგორ დიადად ნაწყალობევი ძნელბედობით, საერთოდაც და თვით სამშობლოთიც კი „გაჭირვებულები“ - გურამიშვილი, ყაზბეგი, ილია, აკაკი, გოგებაშვილი, ვაჟა-ფშაველა, გალაკტიონი, ტერენტი გრანელი, ლადო ასათიანი... ნიკო სამადაშვილი.

ჩვენები-ც გვკმარა... თვით სერვანტესსაც კი, ნუ მოვიშველიებთ.

და რა ბედნიერ მოულოდნელებად, 2004 წელს ნიკო სამადაშვილის მორიგი, რა ნეტარებად გამოცემული მისი მოცულობითაც დიდი წიგნი - „ფერისცვალება“...

ნეტარებასაც, გააჩნია - ზოგი არხეინულობითაც კი კია, მაგრამ, ეს? - რა მართლაცდა სალბუნად მწველი, რადგან, მის ლექსებიანად? - მისივ მოთხრობები, თურმე ჯერ კიდევ 1982 წელს ჟურნალ „ლიტერატურული მატიანე“-ში დაბეჭდილი 13 მოთხრობა რომელთა მაღალი არსებობაც, ჩემდა სამარცხვინოდ მე არ ვიცოდი, ახლა კი, მებოძა განუზომელი და როგორი რთული ბედნიერება მისი 28 მოთხრობის წაკითხვისა...

ჩვენ, ქართველებს, არ გაგვიკვირდება რადგან არაა ჩვენთვის ისევე როგორც რუსებისათვის (პუშკინით, ლერმონტოვით, ბუნინით, პასტერნაკით...) უცხო ხილი ამ ორ ურთულეს დარგს - პროზასა და პოეზიას სვებედიანად რომ უთავსებს ერთმანეთს მწერალი - ილია, აკაკი, ვაჟა, ლეონიძე, შატბერაშვილი, გრიგოლ აბაშიძე, ნოდარ დუმბაძე, არჩილ სულაკაური, თამაზ და ოთარ ჭილაძეები, ოთარ კუპრავა, მურმან ჯგუბურია, გოდერძი ჩოხელი..., და, ამ მოთხრობებმა თავიანთი როგორი სიღრმით, სირთულითა და პატიოსნებით როგორ შემძრა და ამაღელვა როგორღაც ყოვლად ძალადაუტანებელი და ამასთანავე უმაღლესი, უუმაღლესი ოსტატობით,

და შეუძლებელი იყო არა უაღრესად უძნელესია მათზე რაიმე ისეთი წერილის დაწერა ოდნავ მაინც რომ შესწვდეს ამ მოთხრობების უმაღლეს მხატვრულ ღირებულებებს, მიუხედავად იმისა რომ ბატონი ნიკოს ასეთსავე ურთულეს პოეზიაზე შესანიშნავი და სწორად თქმული როგორი ძნელად მისაგნები სიტყვები ვიცი...

რაღა თქმა უნდა მისი პოეზიის ტოლფასოვანია მისი პროზა, ერთი გულიდან და ხელიდან არიან რადგან, გამოსულები, ისევე როგორც ბატონი გოგლას „ნატვრის ხე“ არამც და არამც არამცთუ ჩამოუვარდება თვით მის პოეზიას, - არამედ... - აღარ დავასრულებ, აქ წინააღმდეგობაში რომ ჩავვარდე დიდად ადვილია, - ჩემი ასეთი აღტაცების ღმერთმა ინებოს და, შეუწყვეტელ, ჟამს.

მე მხოლოდ იმას მოგახსენებთ, რომ ეს რა ენით, რა ქართულითაა დაწერილი, მე გულმოდგინედ შევუდექი მისი ერთ-ერთი მოთხრობიდან ეგრეთ წოდებული „კუთხურობები“ს ამოწერას, როგორებიცაა „სინათლე ჟვანამს“, „მთვარეს დაევახშმა“, „ბეყეყა (უვიცზე)“, „არა ყამდეს“ და კიდევ კარგი რომ მაშინვე მივხვდი ამა-საქმეზე ამ მხრივ ხელი ამეღო რადგან მთელი მისი მოთხრობების გადმოწერა მომიხდებოდა. და ამ „ხელაღების“ ნაცვლად კი როგორ და რა ხშირად უნდა მეკითხა ეს დალოცვილი, ეს შატბერაშვილისეული „თვალადური ქართულის ჭაშნიკი“-ს როგორი თანამდგომი ქართული, მისი ეს სიტყვათქმნადობები და ჩვენში როგორღაც მაინც უფროდაცკი გამორჩეულად დალოცვილი ქართლური კი რა ბოძებაა განსაკუთრებით ჩვენთვის, ასფალტზე გაზრდილებისათვის მშობლიური მიწისმიწიდან რა ნაზ ბალახად თუ ძალუმ მუხნარად ამონაჩქეფი ჩვენი ქართლური.

და მისი სიტყვაქმნადობები? - ზოგს თუ იმდენად ნატიფად რომ აშკარადაც კი (ყაზბეგი, ვაჟა, დავით კლდიაშვილი...), ზოგს რა ნარნარად (ინანიშვილი...), ზოგს შენიღბულად (ქარჩხაძე...), და ბატონ გოგლასავით უსპეტაკესი გრიალ-ზრიალით თუ არა, მოგვენდომოს და ჩვენჩვენის - ეს გინდაც ვითომდაც უმისამართოდ დაგვეყვიროს რა დაშავდება კი არა... თუნდაც იმიტომ რომ სივრცეში ნაღდად, სუარაფერი იკარგება.

ბატონ ნიკოსთან კი, ეს ყველაფერი ჩვენი ასეთი სიმშობლიურე? -

ერთადააა, კი...

გასწვედება ამას ისეთი რარიგად უბრალო თქმა რომ:

„უღრმესი მადლობა“?! - ...

2007 წელი.

2.15 15. იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილი მეორე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია:

▲ზევით დაბრუნება


13 ივნისი, 2014, გორი, საქართველო: სამეცნიერო კონფერენციის მასალები. გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი. ქართული ენისა და ლიტერატურის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრი : [კვარაცხელია, მედეა. თავნება ბოჰემა“ (ნიკო სამადაშვილი) და მისი საბავშვო ნაწარმოებები]. - თბილისი, 2015. - გვ. 127-132. - ISBN 9789941078361

ნიკო სამადაშვილის ძარღვიანი, დამუხტული სტრიქონები საოცარი ძალით ერთიანად გიპყრობს. თამაზ ჩხენკელის სიტყვებით, რომ ვთქვათ, „მისი ბევრი ლექსი მე მაგონებს გაუცრელი თიხისგან გამომწვარ ასიმეტრიულ დოქებს, რომელთაც ამჩნევიათ კოჟრები და ზოგჯერ მომტვრეული აქვთ ტუჩი ან ყური, მაგრამ რომელშიც შეურყვნელი მაგარი ძელგი ღვინოა ჩასხმული“.

იყო პოეტი, ეს ზეგარდმო ნიჭია, ზეშთაგონება, რითაც ერთეულებს აჯილდოებს ბუნება. ერთხელ მუსიკოს თამარ ჩარექიშვილთან, რომელსაც „ცრემლივით ქალი, ჰანგების დაფნა“ უწოდა, ნიკოს ასეთი რამ უთქვამს: „სწორედ ასეთი წარმომიდგენია ის ჩიტი, ჩემთან რომ მოფრინავს და ყურში მიჩურჩულებს. იქნებ ეს არის ჩემი მუზა, ალბათ დღეს თქვენთან რომ ვნახე, ალბათ, ახალ ლექსებს შთამაგონებს. ლადო გუდიაშვილს თავის დროზე შველი სწყალობდა და რატომ არ შეიძლება, ჩიტმა მომანიჭოს პოეტური მუზა, მით უმეტეს, რომ მისი იერ-სახე ასე მომხიბვლელია“.

ამ „თავნება ბოჰემამ“, როგორც მას სიყრმის მეგობარი ქუჯი ძიძიშვილი უწოდებს, 12 წლის ასაკიდან დაიწყო ლექსების წერა, მაგრამ ბედის ირონიით, იმ პერიოდის ყველა ნაწერი ცეცხლმა შთანთქა. უცნაური ლექსების ავტორმა გზაც უცნაურად განვლო.

„გაიცანით, ეს არის დიდი პოეტი საქართველოსი,“ - რუსთაველის პროსპექტს ებუბუნებოდა თურმე დიდი გალაკტიონი და ხშირად ასეთი შეძახილებით უხერხულობას უქმნიდა ნიკო სამადაშვილს. მაგრამ ეს ხდებოდა გვიან. ადრე იყო ობლობა, გაჭირვება, იმედის გაცრუება, დიდი ტკივილი მამის და დის გარდაცვალების, გაჭირვების, დაპატიმრების და ადამიანთა უსულგულობის გამო.

სტუდენტობის წლებში შალვა ნუცუბიძის გამოცდიდან გამოსულს, მშიერს გული წაუვიდა. ხელმოკლეობის გამო საგნები დროულად ვერ ჩააბარა და 1928 წელს უნივერსიტეტიდან გარიცხეს. ერთ წელიწადში დაც გარდაეცვალა. ამ უმძიმესი მდგომარეობიდან სოფელ სადგერის (ბორჯომი) სკოლაში მასწავლებლობისას მოსწავლეებთან ურთიერთობამ და მოსახლეობასთან დაახლოებამ გამოიყვანა, გუნება-განწყობა ცოტათი გაუხალისდა.

დაუდეგარი სულის პატრონი უფერულ სიცოცხლესა და მარტოსულობაზე ჩიოდა, რადგან ხეირიანი ადამიანი სანთლით საძებარი გამხდარიყო.

„ო, რამდენი ფარდები, რამდენი საფრები, რამდენი ღურღუტანები, რამდენი ბექობები გააჩნია ამ ცარიელ, უფერულ სიცოცხლეს, ჯერ რამდენი ადამიანები - ეკალშეხუნძლული მომაკვდავები - უნდა მისწი-მოსწიო, რომ ერთ ხეირიან ადამიანს, არაჟანმოუხდელს, მიუახლოვდე...

რამდენი უნდა იბღავლო და იქვითინო და თუ ფეხი დაგისხლტება, შენ მტერს, ისე გაგსრისავენ, რომ ყორნებსაც შეეზარებათ სავახშმოდ“.

მიუხედავად ბედის უკუღმართობისა, გაჭირვებისა თუ სულიერი ტკივილისა, ნიკო სამადაშვილი ქმნიდა უმშვენიერეს ნაწარმოებებს, რომლებიც მხატვრული სისავსითა და ფილოსოფიური სიღრმით ხასიათდება.

„თავის ქალაში მწვანე ხვლიკები შეძვრება ღამე,
ძვლებზე შემხმარი დაფიქრება მოეწონება.“

ასეთი სტრიქონები უამრავია მის ლექსებში.

ამიტომაც შეადარა ზვიად გამსახურდიამ 1987 წლის 13 თებერვალს გამართულ ნიკო სამადაშვილის ხსოვნის საღამოზე იგი ნიცშეს. ზეცად ამაღლებულმა ირაკლი კოსტავამ კი არაჩვეულებრივი ლექსი უძღვნა.

„...რა კაციც იყავ, რითი ცოცხლობდი, მე არც კი ვიცი, ჭიხვინებს ლექსი, გაუხედნავი, ველური კვიცი“...

აკადემიკოსი გურამ ხარატიშვილი კი წერს: „ერთი „ტლუ“ ბიჭი იყო ხიდისთაველი ნიკო, რომელმაც დაბრძენებულმა თავისი ცითმონაბერი ნიჭით ქართული პოეზიის სვეტიცხოველი შეაზანზარა“.

სკოლაში მასწავლებლად მუშაობამ, ბავშვებთან სიახლოვემ, მათ სამყაროში წვდომამ გადააწყვეტინა, ალბათ, ნიკო სამადაშვილს მათთვისაც ეწერა, ამ გზითაც ეზრუნა მათ აღზრდასა და სულიერ ჩამოყალიბებაზე, რადგან როგორც იაკობ გოგებაშვილი აღნიშნავს: „საყმაწვილო ლიტერატურას დიდი მნიშვნელობა აქვს ერის ცხოვრებაში, რომელზედაც შენდება მთელი ლიტერატურა და მეცნიერება ხალხისა“.

საბავშვო ლიტერატურას მჭიდრო კავშირი აქვს პედაგოგიკასთან. სხვადასხვა ასაკის ბავშვთა ფსიქოლოგიური თავისებურება საყმაწვილო ლიტერატურის სპეციფიკურობას განსაზღვრავს.

ბავშვები ასაკის მიხედვით არიან დაყოფილნი სკოლამდელი, უმცროსი, საშუალო და უფროსი სასკოლო ასაკის მკითხველებად. მათთვის დაწერილი ლიტერატურა არსებითად ამის მიხედვით იცვლება და ვითარდება: მოცულობით, მხატვრული ფორმითა და შინაარსით. მხატვრული ფორმით და ლიტერატურული მიმართულებით საბავშვო ლიტერატურის კლასიფიკაციის ასაკობრივ პრინციპს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება როგორც საბავშვო მწერლობის წინაშე დაყენებული პრობლემატიკის სწორედ გადაწყვეტისათვის (იდეური, შინაარსობრივი, მხატვრული, ენობრივი თვალსაზრისით), ისე ამ ფაქტორების განსაზღვრა-დაზუსტებისათვის.

არა აქვს მნიშვნელობა, იცნობდა თუ არა ნიკო სამადაშვილი საბავშვო ლიტერატურის ამ სფეციფიკურობას, მაგრამ მთავარია, რომ მისი ნაწარმოებები ბავშვებს შთააგონებს ზნეობრივ ღირებულებებს და მოწმობს, რომ, როგორც თავად ამბობს, „ლიტერატურისთვის არ არსებობს მეორე და მესამეხარისხოვანი საკითხები, არსებობენ მხოლოდ მეორე და მესამეხარისხოვანი ნაწერები, რომელნიც ავტორზე ადრე კვდებიან“. პოეტმა ყველა ნაწარმოებს უსწრო, მისი სიკვდილის შემდეგ კი ისინი უფრო პოპულარულები და ხელიხელსაგოგმანებელი გახდა.

საკუთარი ვაჟისადმი მიძღვნილ ლექსში - „იძინე, თამაზ!“ მამა შვილს მოძღვრავს, რომ იცოდეს ქვეყნად კაცის გარჩევა და მშობლის სახელი არ შეარცხვინოს. მანამდე კი:

„იძინე, თამაზ, არ გაგაღვიძებ,
ჩუმად ვიტირებ, ჭირიმე შენი!
წარმომავლობას - შენ რას დაეძებ,
ღმერთო, ბავშვობა როგორა გშვენის“.

ჩურჩულით ნათქვამი მამის ეს სიტყვები ტკბილად ჩაესმის მძინარე ბიჭუნას. მშობელს კი სჯერა, რომ იგი მომავალში აუცილებლად ყურად იღებს მის შეგონებას:

„ალბათ შენს თოთო ხელებს დარჩება
ჩემი ცხოვრების ყრუ მატიანე.“

პოეტი ახალგაზრდებს სამშობლოს ულამაზეს სურათებს უხატავს ლექსში „საქართველოს“. მისეული, განსხვავებული ხელწერით ესიყვარულება ის მამულს.

„ის დრო წავიდა, როცა უკუნეთს
ძაძად ახვევდნენ ურმის ჭალებზე
და ქვატალახა საუკუნენი
ღრუბლიან გზებზე მიჭრიალებდნენ.
სიცოცხლეს ღრღნიდა შიში, კავკავი,
პირქუში ფიქრი, ძრწოლა, გოდება.
ფეხზე ძლივს იდგა კავკასიონი -
მარადისობის გამეორება.“

წარსულის ფონზე, დღეს მხრებგაშლილი და ძლიერი საქართველო იმზირება:

„რუკაზე სჩანხარ ირმის ყელივით,
მტკვარი გაყრია, როგორც ფაფარი,
ჩვენი ეპოქის დიდი მეკვლე ხარ,
ზურგზე ლამაზ რქებგადანაყარი,
შენი კაშკაშით ლაჟვარდა ჭერი,
კიდით-კიდემდე დაითქორება,
ჩემო ივერო, ჭირიმე შენი!
ჩემო სამშობლო, ხუჭუჭფოთლებავ.“

არაჩვეულებრივი ლექსებიდან ნიკო სამადაშვილს პატარა მკითხველები ზღვის საოცრებათა სამყაროში გადაჰყავს პატარა მოთხრობებით, რომლებიც ერთი სათაურის ქვეშაა გაერთიანებული.

კრებული „ზღვის საიდუმლოებანი“ გამოიცა 1947 წელს საბავშვო ლიტერატურის უდიდესი ქომაგის, ანა ღვინიაშვილის რედაქტორობით. მასში შესული ნაწარმოებები: „მედუზა“, „მარჯნის პატარა მშენებლები“, „ღრუბელა“, „ანემონა და ზღვის ვარსკვლავა“, „გივის სიზმარი“ თემატურად ერთ მთლიანობას წარმოადგენს.

საბავშვო ლიტერატურის სპეციფიკურობიდან გამომდინარე, მოთხრობებში მოქმედი პირები მკითხველის თანატოლებთან ერთად უფროსებიც არიან: ძია სიკო, ბებო, დედა, მეზღვაური ლევან იოსელიანი...

კრებული გათვალისწინებულია საშუალო ასაკის მკითხველისათვის (ასე უთითებს ავტორი, მაგრამ დღევანდელი თვალთახედვით, ვფიქრობთ, ის უმცროს კლასელთათვის უფროა მისაღები (თუ რატომ, ვეცდებით გზადაგზა დავასაბუთოთ).

მოთხრობაში „მედუზა“ პატარა მკითხველი ძია სიკოს დახმარებით ეცნობა, რომ ზღვაში მოცურავე „ქოლგა“ ზღვის არსებაა და მისი სხეული უმეტესწილად წყლისგან შედგება, რომლის დაკარგვის შემთხვევაში იგი იკუმშება. მას მედუზა ჰქვია და ძირითადად ზღვის ნაპირს ეტანება, უფრო მეტად უკუქცევისას, მათი უსაყვარლესი ადგილები ტროპიკებია.

„იქ თეთრი ფერის, თითქმის გამჭვირვალე მედუზა იცის. ამ მედუზებს ტანის შუა ადგილზე თითქოს აბრეშუმის ძაფით წითელი ლაქა აქვთ ამოკერილი. ხმელთაშუა ზღვაში მცხოვრები მედუზები შავ ზღვაშიც მრავლად მოიპოვება“.

არაბები თურმე მედუზებს ზღვის ნათურებს ეძახიან, რადგან წყალში ერთ ადგილზე თავშეყრილები ვერცხლისფრად ანათებენ და იქაურობა სარკესავით ლაპლაპებს, ხოლო ამერიკაში ბაცი მწვანე და ღია ცისფერი სხივებით მოლიცლიცე მედუზებია, ისინი მტაცებლები არიან. საცეცების საშუალებით ზღვის ბინადრებს იჭერენ, სუსხავენ და გაბრუებულს ყლაპავენ. ხშირად ღორმუცელობენ კიდეც. გადაყლაპულ მსხვერპლს (თევზს) ვერ ერევიან და იღუპებიან. მედუზებს აქვთ თვალები ე.ი. მხედველობა და წყალში თავისუფლად მოძრაობენ. ზღვაში ვხვდებით აგრეთვე უმოძრაო არსებებსაც, რომლებიც ერთ ალაგას არიან მიკრულნი და საცეცების საშუალებით იგებენ უცხო სხეულის მოახლოებას. მარტივი და რთული ცხოველები, რომლებიც წყლის უკიდეგანო სივრცეებში ბინადრობენ, ულამაზეს სამყაროს ქმნიან, რომელთა შესახებაც სხვა თავებში საუბრობს მწერალი.

„მარჯნის პატარა მშენებლების“ მთავარი მოქმედი გმირი, გივი, მოწყენილი ზის ფანჯარასთან და თვალყურს ადევნებს წვიმის წვეთების თამაშს მინაზე. ოჯახში ყველა დაკავებულია, დედა საქმიანობს, ბებო ჩვეულებრივ კრუსუნებს, გივისთვის არავის სცალია, მაგრამ სტუმარი, რომელსაც ძია სიკო მოიყვანს ოჯახში, ბიჭუნას გაახალისებს.

ცნობილი მეზღვაური ლევან იოსელიანი სუფრასთან მსხდომთ უყვება ინდოეთის მდიდარ ბუნებაზე, ავსტრალიის ფლორასა და ფაუნაზე, ევკალიპტის ტყეებზე, მარჯნის რიფებზე, მარჯნის კუნძულებზე, რომელიც ავსტრალიის ჩრდილო-აღმოსავლეთით 1500 კილომეტრზეა გადაჭიმული.

იგი მსმენელებს უხსნის, თუ როგორ წარმოიშობა მარჯანი, რომ მისი პოლიპების სხეული ძალიან რბილია და ცილას ჰგავს. ის ცოცხალი არსებაა და იკვებება მარტივი ცხოველებით, პირის ხვრელის ირგვლივ ვარდის ფოთოლაკების მსგავსად განლაგებული საცეცების საშუალებით.

მარჯანი პოლიპებით მრავლდება, ახალ სიცოცხლეს იწყებს და უზარმაზარ რიფებს ქმნის. ძია სიკოს მონათხრობმა პატარა გივი ისე დააინტერესა, რომ ბიჭუნა ცდილობს, მეტი გაიგოს გარემომცველ სამყაროზე.

მოთხრობაში „ღრუბელა, ანემონა და ზღვის ვარსკვლავა“ ამ მარტივი ცხოველების ცხოვრებაა ნაჩვენები.

ზემოთ დასახელებული ნაწარმოებების შინაარსი ნიკო სამადაშვილმა თითქოს შეაჯამა მოთხრობაში „გივის სიზმარი“. ბავშვი ძილში ნახულობს ყველა იმ ცხოველს და მცენარეს, რომლებზედაც ლევან იოსელიანმა მოუთხრო.

გივის ესიზმრება, რომ ის თითქოს მყვინთავია და ძალიან კმაყოფილია თავისი პროფესიით, რომლის წყალობითაც ახლოს ნახა მარჯანი, ღრუბელა, ანემონა, ზღვის ვარსკვლავა, აქტინა და მრავალი სხვა. ზოგიერთთან მიახლოვება და მოფერება მოუნდა, თეთრ-მიხაკისფერი, წითელფოჩება ყვავილის მოწყვეტა მოისურვა, მაგრამ, როცა მან, მარჯნის პოლიპზე დასკუპებულმა, საცეცები გამოუშვა, მაშინ მიხვდა მყვინთავი, რომ ეს მცენარე კი არა, ცხოველი იყო. სიზმრიდან დედის თბილი ხელების შეხებამ გამოაფხიზლა. პატარა გივიმ ამ ლამაზი სიზმრის შემდეგ გადაწყვიტა, უკეთ გასცნობოდა და ღრმად შეესწავლა ის სამყარო, რომელიც სტუმარმა გააცნო მას.

როცა საჯარო ბიბლიოთეკაში ვეცნობოდი მოთხრობას „ზღვის საიდუმლოებანი“, შევნიშნე, რომ უცნობ მკითხველს (ალბათ, ბიოლოგს თუ ზოოლოგს) წიგნზე კომენტარი დაუტოვებია: „ტერმინი არასწორია, უნდა იყოს - საჭმლის მოსანელებელი და არა საჭმლის მომნელებელი ორგანოები; უნდა იყოს ღრუ ნაწლავი და არა ნაწლავღრუ“ და ა.შ.

რომ არა წიგნისადმი პატივისცემა, კრებულზე მეც წავაწერდი ჩემეულ კომენტარს - წიგნი საინტერესოა, უმცროსკლასელთათვის გასაგებად დაწერილი და ზოგად წარმოდგენას უქმნის პატარა მკითხველს ზღვის მარტივ ცხოველებზე. ამდენად, არა აქვს მნიშვნელობა, ღრუნაწლავა იქნება თუ ნაწლავღრუ ტერმინად გამოყენებული. ეს არ არის მეცნიერული ნაშრომი, ან თუნდაც სახელმძღვანელო. ეს არის ავტორის ცდა, გარე სამყაროს იდუმალებასა და მშვენიერებაში ჩაახედოს ბავშვები, რაც დასაფასებელია.

„დიდება იმ უბიწო მშობლებს, რომლებიც ბავშვებს ისე ზრდიან, რომ ხელს არ აკარებენ, ისე დაფათფათებენ თავიანთ შვილებს, როგორც მებაღე ხეხილს. არა მგონია, იმ ერმა, თავის ბალღებს ტყუილუბრალოდ რომ აუხირდება, ორკეცი ქამრით უსწორდება და ცემა-ტყეპით ჰკლავს, საცოდავები ალერსის დროსაც რომ იბუზებიან, სათნო, კეთილშობილი ადამიანი წარმოშვას, გარდა მამაცი მტარვალებისა და პირუტყვი ჩაფრებისა“.

ამ პედაგოგიკურ შეხედულებას მწერალი ავითარებს ორიგინალურ მოთხრობაში „ნენეს ზღაპრები“.

როდესაც ნიკო სამადაშვილის კრებულს „წუთისოფლიდან უკვდავებამდე“ ვკითხულობდი, სათაურმა, „ნენეს ზღაპრები“ მიიქცია ჩემი ყურადღება. მასში იმ მარცვალს ვეძებდი, რომელიც საბავშვო ლიტერატურასთან დამაკავშირებდა და, შემიძლია ვთქვა, რომ ეს ავტობიოგრაფიული მოთხრობა არაჩვეულებრივ სამსახურს გაუწევს უფროსი სასკოლო ასაკის მკითხველებს.

ნაწარმოების მთავარი მოქმედი გმირი თავად ნიკო სამადაშვილია, მწერალი სიუჟეტს მოხუცი მათხოვრის, დეიდა ნენეს, საშუალებით ავითარებს. ის ქალაქის შუაგულში „ჩქაფა-ჩქუფით“ მომავალი მდინარის ხიდის ყურეზე ზის, „შავი ხილაბანდის ქვეშ ჭანჭურის ჩირივით დამჭკნარი სახით და უკბილო ღრძილებზე შეკეცილი ტუჩებით. გახუნებული თალხები გამხდარ სხეულზე ისეთ შთაბეჭდილებას სტოვებდა, თითქოს ტოტებგადაკაფულ ჩირგვზე შავი ძაძა გადაეფარებინათ“. მას დახმარებისათვის ჰქონდა ხელი გამოწვდილი. რა იმალება ამ თალხების ქვეშ? საითკენ მიჰყავს მწერალს თავისი მკითხველის ფიქრები?

უამრავ გულგრილ ადამიანს ჩაუვლია მოხუცისათვის: „ბევრი უგულო უკანმოუხედავად ჩაუვლიდა ამ მოხუცს, ზოგი კი მაშინ გაიღებდა ხელგამოწვდილი მოხუცისათვის რამეს, როცა გრძნობდა, რომ უკან ვიღაც მოდიოდა და ან წინ ვიღაც შეხვდებოდა, რომ დაემტკიცებინა თავის გულშემატკივრობა, თორემ წყალობის გამღები არ იყო“. საინტერესო პერსონაჟია ნაწარმოებში მოხუცის ჩუმი და სევდიანი შვილიშვილი, მამით ობოლი და დედისგან მიტოვებული, ღარიბი, მაგრამ თავმოყვარე გოგონა, რომელიც დიდედას მათხოვრობას ძალიან განიცდის და ხშირად ტირის, მაგრამ როცა „ვახშმად მხოლოდ ფაშარ პურის ნატეხებს, ხან ბოღლიწოს, ხან შინდის შეჭამანდს, ხან მახობელას მიირთმევენ“, იცის, რომ სხვა გამოსავალი არ არის. გოგონას, რომელსაც სახელიც კი არა აქვს ნაწარმოებში, რადგან იგი ზოგადი სახეა, ძალიან უყვარს ლიტერატურა. განსაკუთრებით კი პოეზია და იაკობ გოგებაშვილის „ბუნების კარი“. „ბუნების კარს“ გაშლიდა და გატაცებით ეწაფებოდა სანუკვარ მოთხრობებს. ის თითქოს სტრიქონების გაბმულ მავთულებზე მერცხალივით ჭიკჭიკებდა. ხშირად თახჩიდან გამოკრეფილ „ნაკადულის“ ფურცლებს ჩაჰკირკიტებდა და, წააწყდებოდა თუ არა შეუდარებელ შემოქმედის გაზაფხულივით ატეხილ ფიქრებს, ჩიორასავით უცემდა გული“.

„ნენეს ზღაპრებში“ ამბის თხრობისას გვხვდება ე.წ. ლირიკული გადახვევები, რომლებშიც ავტორი ბევრ საკითხზე განსხვავებულ მოსაზრებას გამოთქვამს. მაგალითად: „დიდი მიქარვაა, თითქოს ვინმეს ტანჯვა ასპეტაკებდეს. პირიქით, დაუსრულებელი წამება და ურვა აკუზიანებს, ფიტავს, ასახიჩრებს ადამიანს. უფრო მეტიც, ამხეცებს, აბოროტებს, აანჩხლებს და მთელი სიცოცხლე ყურებდაჭრილი ძაღლივით იღრინება“. იქნებ არის კიდეც ამ აზრში სიმართლის მარცვალი, ღირს ამაზე დაფიქრება, მაგრამ იმავეს ვერ ვიტყვით მის მოსაზრებაზე: „...არც ის მჯერა, თითქოს გენიოსები უკვდავ ქმნილებებს იმ დროს ქმნიდნენ, როცა კუჭი შიმშილით უხმებოდათ და ზურგზე ცხრაპირ ტყავს აძრობდნენ“. ამ აზრს რომ დავეთანხმოთ, რა ვუყოთ ფიროსმანს, ტერენტი გრანელს და მრავალ სხვას, რომ არაფერი ვთქვათ უცხოელებზე.

დასავლეთევროპული ლიტერატურის პროფესორის სახით მწერალმა დახატა არაპროფესიონალი, რომელიც, რაც კი იცის, ყველაფერს ერთმანეთში ურევს. მის ნაცოდვილარს არავითარი ღირებულება არა აქვს: „მეფე ლომს დამთხვეულ კამეჩად გადააქცევდა და ჰამლეტს ფარშევანგის ბუმბულებს ტანისამოსზე დაუბნევდა, ოტელოს მაროკოული მენახშირისგან ვეღარ გაარჩევდი და ლაურას ფლორენციელი გომბიოსგან, ჩვენი პროფესორი ისეთი ავი თვისებისა იყო, რომ დიდი ამყოლი გახლდათ ლიტერატურული ჭორების“.

მოთხრობებში გამოყვანილი უარყოფითი პერსონაჟების ხასიათის ჩვენებითა და ანალიზით დაგმობილია ზოგიერთი ადამიანის უსინდისობა, უნამუსობა, სიხარბე და სხვა მანკიერი თვისებები. აი, თუნდაც მეგობრის ბიძა, „კრიჟანგი“, „წუწურაქი“, „ხარბი“, „გაუმაძღარი“ ადამიანი, რომელსაც მეტსახელად ჯორიღლეტიას ეძახიან (მეგობრის პროტოტიპი თავად ავტორია, ბიძაც საკუთარი ბიძაა). ამ ბოლომოღებული კაცის უნამუსობას საზღვარი არა აქვს. მწერალიც არ ზოგავს და შელამაზებულად აჩვენებს მის უზნეობას და უშნო კუდაბზიკობას:

„...თუ ანაზდად უენო და მდაბიო ხალხში წამოიტყლარჭებოდა, აი, მაშინ უნდა გენახათ სეირი. მოშლილი არღანივით მოემართებოდა, ქატოთი გატენილი ტომარასავით იბერებოდა... აბდაუბდა ყბედობით ბუღს აყენებდა და პირად ტუტუცურ აზრებს სასიქადულო მწერლებს ატმასნიდა. თავის ჭუჭყიან ლათაიებს ხან ჩახრუხაძეს, ხან არსენ იყალთოელს მიაკერებდა, ერთი სიტყვით, ამ გაქნილ მაჯლაჯუნას ყოველგვარ სისაძაგლეზე ჭიპი ჰქონდა მიჭრილი და ხელი გაკვეთილი“.

უბრალო ხალხთან ამპარტავანი, ოჯახში უმაქნისი და დესპოტი, საჭირო დროს ფერს იცვლის - ფარისეველი და მლიქვნელი ხდება, და აი, კიდევ ერთი ყურადსაღები დასკვნა: „ფარისევლობამ გადაარჩინა აურაცხელი ადამიანი ხიფათს, განსაცდელს, ლაჯზე ახევას, ყელის გამოღადვრას, ფარისევლობა ფითრივით შეზრდილია ცხოვრებას. ის ბალამწარასავით მეწლე როდია, ის ყველა ეპოქის ტოტებზე ყვავის, მლიქვნელობას რა დააბერებს, ის კოკოზასავით უგია კაცთმდინარების ნაკადულს“.

ბიძა უსახლკაროდ ტოვებს ძმისშვილს (თავად ნიკოს), რომელიც გაზაფხულის ერთ მზიან დღეს გულსევდიანი მიუყვება ხიდს სიყრმის მეგობართან ერთად და ამ დროს მოულოდნელად გადაეყრება ნენეს. მოხუცმა უამბო, რომ შვილი მოუკვდა, რძალი ვიღაცას გაეკიდა და ახლა დაუძლურებული, მათხოვრობით არჩენს შვილიშვილს. ნენეს ისინი მიჰყავს სახლში, სადაც საოცარი სიდუხჭირე და ლამაზი გოგონა დახვდებათ.

პოეტი ნენეს ხელშია გაზრდილი, ამ წერა-კითხვის უცოდინარმა ქალმა შეაყვარა პოეზია: „ამ უცოდინარ ქალში ისეთი სიდიადე ელვარებდა, რომ გეგონებოდა, მისი ოცნების ჭერი ზურმუხტის თვლებით იყო მოჭედილი“. გოგონას გაახსენდა სტუმრის მიერ დიდედასთვის ყმაწვილობისას ნაჩუქარი ლექსების რვეული და ღარიბულ ქოხში პოეზიის ქარიშხალი დატრიალდა.

სანათის შუქზე კითხულობენ მგოსნის ყრმობისდროინდელ ლექსებს:

„პირველი თრთოლვა, როგორც შარბათი,
ეტიდან-ეტში იების გუბე,
დილით თივის ქვეშ სველი ბარათი:
რად მწერდი ლექსებს, რად დაიღუპე!“

(„ჩემი სოფელი“)

„ფხიზლობ, დადიხარ, ძილში ირევი,29
ვკვირვობ, ეგ ცეცხლი სად დაგეტია,
რამდენი კაციც ცხოვრობს მიწაზე,
ქვეყნად იმდენი საგიჟეთია.“

(„ნაფოტები“)

„გამთენიისას წავიდნენ ქოხიდან სტუმრები, მძინარე გოგონას სახეზე სიმშვიდე და პოეზიის ნათელი ეფინა, ოთახში კი სტრიქონები დასეირნობდნენ“.

„ნენეს ზღაპრები“ ახალგაზრდა მკითხველს საშუალებას აძლევს, გაიზიაროს მგოსნის განწყობილება, პათოსი, შეხედულებები ადამიანებზე, სამყაროზე, პოეზიაზე. გაეცნოს მის აზრებს: „დიახ, ცივილიზაციის სარკმლიდან ზოგჯერ თვალებდაჭყეტილი ველურებიც იჭყიტებიან“, „დრო საუკუნის ჯახაჯუხში ჩაისრისება და ეგ ცხოვრებაც მოთავდება, როგორც ბალადა“ და კიდევ მრავალი ამდაგვარი.

ნიკო სამადაშვილზე - როგორც საბავშვო ნაწარმოებების ავტორზე, საუბარი მოკრძალებით გავბედე, რაც შეეხება მის შემოქმედებას, ის ჯერ კიდევ არ არის სათანადოდ დამუშავებული და შესწავლილი, რამდენჯერაც წაიკითხავ, იმდენჯერ რაღაც ახალს პოულობ მასში.

მინდა, დავასრულო მისივე სიტყვებით („თვალს არ აშორებდა“):

„იწოდა კაცი ჩუმი, მგზნებარე,
თან სიცოცხლეზე რჩებოდა თვალი,
ის მიდიოდა და მაინც კიდევ,
სულ სიცოცხლეზე ეჭირა თვალი.“30

________________

29. სწორია: ფხიზლობ, დადიხარ, ძილში ირწევი,

30. სწორია: ის მიდიოდა ფერშეცვლილ გზებით,
წყალგაღმით ჩრდილებს აენთოთ კვარი
იწოდა კაცი ჩუმი, მგზნებარე,
თან სიცოცხლეზე ეჭირა თვალი.

2.16 16. იაშვილი, თამარ. თამაში წესების გარეშე: ესეები:

▲ზევით დაბრუნება


[თამაში წესების გარეშე]. - თბილისი, 2021. - გვ. 5-49. - ISBN 9789941839115

ღვინით ივსება ჭიქები... იცლება და კვლავ ივსება. სევდას აქარვებს ღვინო... რაც უნდა კარგი ლექსი დაწეროს, მაინც დამარცხებულად გრძნობს თავს, მაინც ვერ აღწევს იმას, იმ რაღაცას, რასაც უნდა რომ მიაღწიოს. ის რაღაც, გააზრებული თუ გაუაზრებელი მიზანი, რომლისკენაც ასე მიისწრაფვის, იქნებ არც მიიღწევა, საერთოდ?.. მაინც წერს... კვლავ მარცხდება, მაგრამ სხვაგვარად არ შეუძლია. წერა შინაგან მოთხოვნილებად ექცა და ისევე სჭირდება, როგორც ჰაერი, პური წყალი... იქნებ ეს არის მისთვის ჰაერიც, პურიცა და წყალიც. სხეულში, სულში თუ გონში რაღაც შეუჩნდა და არ ასვენებს. აწამებს... ბოლოს გარეთ გამოსტყორცნის, ისე, როგორც შეუძლია, როგორც ეწერება, წესების გარეშე... დამარცხებისთვის განწირულ ლექსებად. წერას მაინც აგრძელებს... არ უბეჭდავენ... ცდილობს ღვინოში ჩაახრჩოს ტკივილი, თითო ჭიქა, თითო ჩამხრჩვალი ლექსია: ერთი, ორი, სამი... ლექსები კი არ იძირებიან, პირიქით... ზემოთ, ზემოთ მოიწევენ, ჭიქის ფსკერიდან ზედაპირზე ამოდიან, მთვრალ ბაგეებს ასკდებიან და ღვინის წვეთებივით იფანტებიან ნახევრადჩაბნელებული სარდაფის შემთვრალი სტუმრების სახეებზე...

ხვალ ისევ დაწერს ლექსს, ისევ მოკრძალებით შეაღებს რომელიღაც ლიტერატურული ჟურნალის რედაქციის კარს და იქვე დასჯილი მოსწავლესავით აიტუზება... ლექსებს უხალისოდ დაიტოვებენ, პირდაპირ უარს არ მიახლიან, წავიკითხავთო, დაჰპირდებიან და უკვე კარში გასულს მაინც შეხსენებასავით მიაძახებენ - თქვენ ბუღალტრად მუშაობთ, არა?! განა არ იციან, ეს ისე, თითქოს თავს იზღვევენ, საფუძველს იმზადებენ, საქმეს იადვილებენ, რომ ორიოდ კვირის, თუ ერთი თვის შემდეგ ვინმე ბუღალტერს უცერემონიოდ დაუბრუნონ უკან დაწუნებული ლექსები. მაგრამ ეს მერე, ახლა კი მას ჯერ კიდევ იმ ლექსის იმედი აქვს, ხვალ რომ დაწერს... ახლა ის ჭიქას ჭიქაზე ცლის და ვერც კი წარმოიდგენს, რომ მის სიცოცხლეში ერთი ლექსის დაბეჭდვასაც არ აღირსებენ. ღვინო ქარვისფერია და ხიდისთავის თავთუხებს აგონებს, სევდა უფრო მეტად ეძალება, იმედგაცრუება იპყრობს, რა უნდა ქალაქში, რა ესაქმება აქ, სადაც მისი არ ესმით, სადაც სულის სალბუნი ვერ უპოვია?! იქვე წინ ბავშვობის მეგობარი უზის, საშა მგალობლიშვილი, თავად სანდრო დირბელს რომ ეძახის... შეჰყურებს მას, ყმაწვილკაცობა ახსენდება და სევდაც დირბის ყანებივით ლურჯი ხდება. დირბელს შეიძლება დარდი გაანდოს, თავისი უბედობა შესჩივლოს, რა ხანია ხომ გვერდიგვერდ მიუყვებიან ცხოვრების უსწორმასწორო გზებს... ლექსად გამოთქმა უფრო უადვილდება, სევდა პოეზიას უხდება... აბა ისე წუწუნი რა კაცის საქმეაო, ფიქრობს...

ჩვენ მივდიოდით აწეწილ გზებით
ჩრდილი მოგვდევდა ვით დათვის ბელი,
ღვინის სარდაფებს ჩუმად ვეძებდით,
თუმცა რა გვქონდა სამადლობელი.
ძურწა ბალახის ღეროდ არ ვღირვართ,
ჩვენ სოფლელები რისთვის ვქალაქობთ?
წვიმის გუბეში გულაღმა ვყრივართ
და ნაფოტივით ქარში ვქნაობთ.

ამ ლექსს რომ ამბობს, თავის გულისნადებს ამოთქვამს და ვერც კი წარმოიდგენს, რომ საშა დირბელის შვილიშვილი ამ ლექსს დედის არქივში წააწყდება და თავის ესსეში, როგორც გამოუქვეყნებელ ლექსს ისე ჩართავს. თუმცა, ეს მერე იქნება, ნახევარი საუკუნის შემდეგ... მანამდე კი ეს ლექსი საშას ქალიშვილის - ლეილას არქივში უნდა მოხვდეს... ახლა კი, აქ, ამ ღვინის სარდაფში ლექსის ბედი არ ანაღვლებს, რადგან მისი საუკეთესო ლექსები ჯერ გამოუქვეყნებელია. მან, რაღა თქმა უნდა, არ იცის, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ მისი ლექსების უმრავლესობა გამოქვეყნდება, მას აღიარებენ, მისი პოეზიის საღამოებს გამართავენ და გულწრფელად გაიკვირვებენ - ნეტავ ლექსებს რატომ არ ბეჭდავდაო?! ახლა ის ღვინოს სვამს და საკუთარ უბედობას სასმელში ახრჩობს...

საკუთარ სისხლში მეხრჩობა სევდა,
ჩემში ღვთისმშობლის ცხედარი ბუდობს,
ათას წლებს იქით შემომხედავენ,
ეს კაცი ყიდდა თურმე მუხუდოს.
რაღაცა ჰქონდა გულის ნაჭუჭში
შემონახული ყაჭის ბანდივით,
ის იძინებდა ავდრების ჭოჭში
და მოქანცული დგებოდა დილით.

ამ ლექსსაც ამ ესსეს მეშვეობით პირველად გაეცნობიან მისი პოეზიის მოყვარულები... მაგრამ ეს იქნება მერე, ნახევარი საუკუნის შემდეგ. მანამდე კი, ეს ლექსიც ლეილა მგალობლიშვილის არქივში უნდა მოხვდეს სხვა უამრავ ლექსთან ერთად, რომ შემდეგ ამ ესსეს ავტორმა აღმოაჩინოს. მანამდე ჯერ უამრავი საღამოა დირბელის ოჯახში გასატარებელი... ამ ოჯახში ის სტუმრად არ გრძნობს თავს, ნებისმიერ დროს შეუძლია დაუკაკუნებლად შეაღოს კარი, თბილად შეხვდებიან, მის დანახვაზე პატარა გოგოსაც თვალები გაუბრწყინდება, საშას მეუღლეც დატრიალდება და სახელდახელოდ დააცხობს ხაჭაპურებს. და, საღამოც (თავად მეგობრები „პურის ჭამას“ რომ უწოდებენ) ღვინისა და ლექსების გარეშე არ ჩაივლის. ამ ოჯახში პოეტური სიტყვა უყვართ, აქ მისი ლექსადნათქვამი გულისნადებიც ესმით, აქ არად დაგიდევენ წესებით წერას, აქ შეუძლია ფრთები გაშალოს, თავისი ლექსები გააცოცხლოს, ახალი ელვარებით შემოსოს. ისიც არაფერია, თუ კითხვის დროს რომელიმე სტრიქონი დაავიწყდება, პატარა ლეილა შეაშველებს, მისი ლექსები ხომ სულ ზეპირად იცის. ეს მას ძალიან სიამოვნებს და შიგადაშიგ თამაშობს კიდეც: ვითომ დაავიწყდა, ვითომ ვერ იხსენებს, მერე დავიწყებულ სტრიქონს სახელდახელოდ ახლით ცვლის.

- ასე არ არის! - არ უთმობს ლეილა.

- აბა როგორ არის? - ეკითხება ის. ახლა ლეილა იწყებს მისი ლექსების კითხვას...

- ამან ჩემი ლექსები ჩემზე უკეთესად იცისო, - იცინის.

- აბა, ყური კარგად დამიგდე, კიდევ რამე არ შემეშალოსო, - ეშმაკურად ჭუტავს თვალებს. თავის ერთ-ერთ ძველ ლექსს კითხულობს - „საუბარი ჩემს ორეულთან“. მისის სიკვდილის შემდეგ ეს ლექსი გამოქვეყნდება (საუბარია ლექსზე „ნიკო სამადაშვილს“) ...ჯერ ეს თვითონაც არ იცის, ჯერ ლექსი ბოლომდე დამუშავებულიც არა აქვს, წინა ღამეს ისევ ჩაასწორა, ახალი სტრიქონები დაამატა და ახლა მისი ლექსი „გამოცდას“ გადის, კითხვას იწყებს. პირველ სტროფს ძველებურად კითხულობს, მეორე კი შეუცვლია:

„ვერ გიპატრონე მე ლაზღანდარამ
შენ სხვა მხევალი უნდა გყოლოდა,
ზეცა სივრცეებს აზანზარებდა
და მზე ყვიროდა ქვეყნის ბოლოდან...“

ჩერდება. ლეილას რეაქციას ელოდება...

- არ იყო ეგრე, არ იყო! - ყვირის ლეილა.

- აბა როგორ იყო? - ეკითხება ვითომ გაკვირვებული. ლეილა ამ სტროფის თავდაპირველ ვარიანტს ამბობს:

„ვერ გიპატრონე მე ლაზღანდარამ
შენ სხვა მხევალი გინდოდა ნიკო.
ზარის ხმა სივრცეს აზანზარებდა,
რომ პოეზია დაღუპულიყო.“

- მერე, რომელი სჯობს? - ეკითხება გოგოს.

- ორივე კარგია! - უპასუხებს ლეილა.

- ახლა კი კალამი მოიმარჯვე და ჩაიწერე, სულ ცინცხალი სტროფია, წუხელ მესტუმრა - ამბობს და ლექსის კითხვას განაგრძობს:

„შენ გადარებდნენ ბინდების ჭრიჭინს,
თუმცა სულ მუდამ ტოტს გცემდა ქარი,
ავადმყოფობა ეგონათ, ბიჭო,
ლექსები ტანზე გამონაყარი.“

ლეილა შეჰყურებს და ხმას ვერ იღებს.

მართლაც რა ზუსტად არის ნათქვამი... უმრავლესობა ლექსების წერას მის ახირებად თვლის, ლექსებს უწუნებს და ურჩევს, - თავი დაანებოს წერას. ეს მერე, მისი გარდაცვალების შემდეგ აღიარებენ პოეტად, ზეპირად ისწავლიან მის ლექსებს, მოუწყობენ დაბადებისა და გარდაცვალების თარიღებთან დაკავშირებულ საღამოებს, წიგნების პრეზენტაციებს... თორემ ახლა, მხოლოდ ძველი თბილისის ერთ-ერთი უბნის პატარა აივნიანი სახლის ბინადარნი არიან მისი მსმენელნიც და შემფასებელნიც. დიდებამდე ჯერ შორია, ჯერ მან კიდევ ბევრი ლექსი უნდა დაწეროს... ჯერ ლეილას უნდა ჩააწერინოს ამ ლექსის ახალი ვარიანტი, ამან კიდევ ახლადდაწერილი ერთი-ორი ლექსიც მიუმატოს, რომ მერე რომელიმე საღამოს კვლავ მოაწყონ მსგავსი თამაში. ის ვერც კი წარმოიდგენს, რომ ნახევარი საუკუნის შემდეგ ლეილას ქალიშვილი დედის არქივში ამ ლექსის ძველ ვარიანტს აღმოაჩენს და გაიკვირვებს, რადგან თავად მას დედამ სულ სხვაგვარად ასწავლა... თავის ბავშვობისდროინდელ ზმანებებსაც გაიხსენებს, ასე ძლიერ რომ ჩაჰბეჭდვია სულში...

- გამარჯობა, ძია ნიკო!

- რა შენი ძია ვარ, პაპად გეკუთვნი, მე რომ წუთისოფელს გადავცილდი, შენ ორი წლისაც არ იქნებოდი.

- დედა სულ ძია ნიკოო, - ამბობს, - და რა ვიცი?!

- დედაშენისთვის ძია ვიყავი, შენ კი პაპა ნიკო უნდა დამიძახო. რაო, რას შემომყურებ ეგრე გაკვირვებული?

- ლექსებმა მართლა ტანზე გამოგაყარა?

- ეგეც იცი?

- ერთხელ მეც რაღაცამ გამომაყარა, ასე ამბობდნენ ბატონებიაო...

-ლექსები კი ჩემი ბატონებია, მთელი ჩემი ცხოვრება მათ ვემსახურე. შენც რომ გაიზრდები, იქნებ ლექსებმაც გამოგაყაროს. დედაშენი შენს ასაკში უკვე წერდა.

- ვიცი.

- დედამ ჩვენი თამაში არ გასწავლა?

- მასწავლა.

- მერე, რომელი ჯობნით?

- დედა.

- უყურე შენ! მე კი სულ ვაგებინებდი, - იცინის ძია თუ პაპა ნიკო.

ათი წლის ბავშვს ბატონების მსახური ნიკოს წარმოდგენა უჭირს, ნიკო ძალიან სასაცილო კაცი ჰგონია... უფროსები ნიკოს იხსენებენ, ათასგვარ ამბებს ჰყვებიან მასზე, ხარობენ და იცინიან. ნიკოს მოგონილი თამაშიც დიდად ახალისებს. ახლახან დედამ მისი ლექსი წაუკითხა და ვეღარ გაუგია, ტანზე ლექსებგამოყრილი ნიკო სასაცილოა თუ საწყალი, გაიცინოს თუ მოიწყინოს?!

...ეს ყველაფერი მერე იქნება, ნიკოს გარდაცვალების შემდეგ, ახლა კი მან ჯერ დირბელის თვრამეტი წლის ქალიშვილი, რომელსაც მისი მიბაძვით ლექსების წერა დაუწყია, უნდა წაახალისოს: ლექსებისთვის ალბომი შეურჩიოს და ზედ ოქროსფერი ასოებით ამოატვიფვრინოს, - „ლეილა მგალობლიშვილის ლექსები“; თავფურცელზე წარწერასაც არ დაიზარებს - „სახსოვრად პატარა პოეტესა ლეილას, ნიკო. 1939 წელი“. მერე ახალ თამაშსაც ასწავლის: ჯერ თვითონ იტყვის ლექსს, ან ნაწყვეტს ლექსიდან, - ლეილამ ავტორი უნდა გამოიცნოს. მერე ლეილა ამბობს და მისი ჯერი დგება. ის ან საკუთარ ლექსს ამბობს ან გალაკტიონს. ლეილამ ყველა ეს ლექსი ზეპირად იცის, გამოცნობას ვერავინ დაასწრებს. მერე ლეილა საკუთარ ლექსს უკითხავს.

- გალაკტიონი? - ეკითხება ის.

- კი, უდასტურებს ლეილა.

- ხომ ვამბობდი, რომ გალაკტიონი მაგარია! - ამბობს ის.

- ჩემი ლექსია, ჩემი! - იცინის ლეილა.

ისიც ჰყვება სიცილში... ახლა ლეილა გალაკტიონის ლექსიდან უკითხავს ნაწყვეტს.

- ეს კი ნამდვილად შენია, ვეღარ მომატყუებ.

- გალაკტიონია... - ამბობს ლეილა და ისევ იცინიან...

რას წარმოიდგენს, რომ ეს პატარა გოგო წლების შემდეგ თავის ქალიშვილს ასწავლის ამ თამაშს, მის ლექსებსაც წაუკითხავს, მასზე ამბებს მოუყვება... ეს მერე, მანამდე ბევრმა წყალმა უნდა ჩაიაროს, ჯერ ლეილა მხოლოდ პოეტობაზე მეოცნებე ბავშვია, და ის მოსაყოლი ამბებიც ჯერ არ მომხდარა... ახლა მას მხოლოდ ღვინო თუ უშველის, ახლა ის უგონობამდე უნდა დათვრეს... ღვინო აქარვებს დარდს. არ იცის რა დროა, ალბათ, უკვე გვიანია. ლაღია დირბელი, ბევრს სვამს, მაგრამ ცუდი სიმთვრალე აქვს მეტად. თუ კიდევ დალიეს, დირბელი უთუოდ აუხირდება ვინმეს, ჩხუბს ატეხს, მაგიდებს აატრიალებს და მილეწ-მოლეწავს იქაურობას... მასაც ჩაითრევენ ჩხუბში, დღეს კი მას ჩხუბი არ უნდა, დღეს ის ძალიან ბევრს დალევს და მერე ფეხარეული გაუყვება სახლის გზას... ბავშვებს ალბათ უკვე სძინავთ. შეიძლება, მშივრებმაც კი დაიძინეს. კიდევ უნდა დალიოს რამდენიმე ჭიქა, ჯერ ისე არ დამთვრალა, რომ სახლში წავიდეს. ფხიზელი თვალს ვერ გაუსწორებს ცოლს. ნეტავი ერთი ლექსი მაინც დაებეჭდათ, მაშინ ხომ ამაყად შეაღებდა სახლის კარს, მაშინ ხომ აღარც მისი სიმთვრალე და შემოხარჯული ხელფასი იქნებოდა სათვალავში ჩასაგდები. ახლა კი... ახლა ძალიან მაგრად უნდა დათვრეს... სჯობს, ისევ სიმთვრალისთვის უსაყვედურონ, ოღონდ ლექსის წერისთვის არავინ დაძრახოს, მის დაღლილ ფიქრებს არავინ შეეხოს... ხვალ ისევ დაწერს ლექსს, ისევ წაიღებს ლიტერატურულ ჟურნალში დასაბეჭდად, ამჯერადაც არ გაუმართლებს, მოუბოდიშებენ, აქაოდა მწერალთა კავშირის ჟურნალიაო, შენ კი მწერალთა კავშირის წევრი არა ხარო. თქვე დალოცვილებო, წევრი როგორ გავხდები, თუ ლექსები არ დამიბეჭდეთო?! სხვაგან წაიღეო, ურჩევენ... ეს ისე, სხვათა შორის ეტყვიან, თორემ თავადაც იციან, წასასვლელი არსადაა... ისევ დირბელს უნდა შესჩივლოს, ისევ მას გაუმხილოს დარდი, ლაღია დირბელი და უღალატო...

ლეილა „პატარა პოეტესა“ აღარ არის, მის ლექსებს ბავშვური გულუბრყვილობა დაუკარგავთ, სევდა შეჰპარვიათ... გაზრდილა და უფრო მეტად წააგავს მამას, მამასავით ლაღია, საკუთარი ლექსების ბედი დიდად არ ანაღვლებს, ჯერ არ უგრძნია წლობით უჯრაში გამომწყვდეული ლექსების ტკივილი, თუმცა ერთი ლექსის დაბეჭდვა მაინც უცდია. არ დაუბეჭდეს, ერთი სტრიქონი არ მოეწონათ, - „ლურჯი ზეცა იღვრებოდა ყანწებიდან“, „ლურჯი“ შეცვალე და დაგიბეჭდავთო, ცისფერყანწელებზეა მინიშნებაო... გაჯიუტდა ლეილა, არ შეცვალა. აკი არც დაუბეჭდეს. ძალიანაც კარგი ქენი, რომ არ შეცვალეო, - უწონებს საქციელს; თან შიშობს: ჩემსავით შენს ლექსებსაც უიღბლობა არ დაჰყვესო, რას წარმოიდგენს, რომ ლეილა ისე წავა ამ ქვეყნიდან, ერთ ლექსსაც არ გამოაქვეყნებს, არც არსად მიიტანს. თუმცა კი, მოგვიანებით მასაც დაამძიმებს დაუბეჭდავი ლექსების სევდა, მაგრამ არც ისე მძაფრად, არც ისე მტკივნეულად, ლაღია ბუნებით, მამას ჰგავს... ეს ყველაფერი იქნება მერე, ჯერ კი ის ისევ დაწერს ლექსს, არც თუ ხალისით, მაგრამ მონდომებით... ახლა ეს ლექსია მისი იმედი, ამან უნდა გააატანინოს....

ლეილას „რჩევით“ ბელადზე წერს ლექსს, „პარავოზია“ საჭიროო.

- აბა ნახე სხვა მწერლები როგორ იქცევიან, ჯერ ბელადზე, საბჭოთა საქართველოზე, პარტიაზე დაწერენ, მერე შიგადაშიგ კარგ ლექსებსაც შეაპარებენ... ეგრე რომ არ იქცევი, იმიტომაც არ გიბეჭდავენ, ცოტა მოხერხებაა საჭიროოო...

- შენ რატომ არ იქცევი ეგრე, იმ ლექსში ერთი სიტყვაც რომ ვერ შეგაცვლევინესო? - ეჭვნეულად კითხულობს; არ ეშვება ლეილა, რომელიღაც პოეტის ლექსების კრებულს აკითხებს. მართლაც, ჯერ ბელადზე დაწერილი ლექსები „მიდის“, ამას ჰქვია „პარავოზიო“, - უხსნის... მერე კი პოეტური შედევრები ჩაბმიან ერთმანეთს ვაგონებივით... კარგა ხანს ებრძვის საკუთარ თავს... იმას, მასში საყდრის ჩიტივით რომ უსტვენს, მოფერება და პატრონობა რომ სჭირდება... ბოლოს, ბოლოს კი მაინც დაიხშობს ყურებს, რომ მისი სტვენა ცოტა ხნით დაადუმოს, ისევ მისთვის, ისევ მის გადასარჩენად... თან ეჭვობს, ვაითუ გაბრიყვდეს. მაგრამ მიამიტია და მიმნდობი, ადვილად ეგება ლეილას ამ პატარა ხუმრობაზე, თანაც არც სიმაღლისგან არის შორს, რაც არის არის, დაწერს და რედაქციაშიც მიიტანს, ეგეც თქვენი „პარავოზიო“. ამდენი წვალება სულ წყალში ეყრება, არც ამას დაუბეჭდავენ, თან უკვირს, თან ბრაზდება, ისევ საშას მიაკითხავს, ის არის მისი გულშემატკივარი...

- წაიკითხე, რა დაწერეო, - ეუბნება დირბელი.

-ბელადზე დავწერეო, - უპასუხებს და კითხვას იწყებს.

ის კამკამებდა ვით ცრემლის გუბე,
ალალი გულის ფიქრებით სავსე.
ის დაიღუპა, იქნებ დაღუპეს,
ნეტავი რისთვის? ნეტავი რაზე?!
ისმოდა წყევლა შეშლილ ქოშებით,
და თავგანწირვა უიღბლო ცისთვის,
ზარი გოდებდა ხანგამოშვებით:
ნეტავი რაზე? ნეტავი რისთვის?!

სიცილით კვდება დირბელი: - დაგიბეჭდეს კი არა, მადლობელი არა ხარ, რომ არ დაგიჭირესო?

ფიქრდება ისიც. გარეთ 53 წელი დგას, არეული... ამას კი რა დაუწერია, - ამხელა კაცი ლეილამ როგორ გამაბრიყვაო, - იცინის გულიანად. და ვერც კი წარმოიდგენს, როცა მისი სიკვდილის შემდეგ მისი ლექსების კრებული გამოვა, ეს ლექსიც დაიბეჭდება. ალბათ, როგორ გაიკვირვებს ლეილა, ამ ლექსს სხვა სათაურით რომ ნახავს დაბეჭდილს და სქოლიოში ამოიკითხავს, რომ ლექსი ეძღვნება ალექსანდრე გამყრელიძეს - ცნობილ მკვლევარსა და მთარგმნელს, თუმცა იქვე ჩათვლის, რომ კრებულის შემდგენლებს შეეშალათ, რადგან საშა გამყრელიძე რომ გარდაიცვალა, ნიკო სამადაშვილი უკვე კარგა ხნის გარდაცვლილი იყო და საშას დაღუპვას ვერაფრით გამოეხმაურებოდა, თანაც 1953 წელს საიდან უნდა სცოდნოდა ნიკო სამადაშვილს, რომ 1971 წელს საშა გამყრელიძე გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპებოდა?! (საშა გამყრელიძე გარდაიცვალა 1971 წელს, ნიკო სამადაშვილი გარდაიცვალა 1963 წელს.) ...ეს იქნება მერე, კარგა ხნის შემდეგ ... ახლა კი ის გულიანად იცინის და პირველად იცინის არდაბეჭდილი ლექსის გამო, ბრაზი უქრება და თითქოს სევდაც აღარ ეძალება. ლექსი გადასაგდებად მაინც ენანება, მოგვიანებით სათაურს შეუცვლის, - „სტალინის სიკვდილის“ ნაცვლად „სამიკიტნოში“ წააწერს, სათაურის ქვეშ კი პატარა მინაწერს გაუკეთებს: „ჩემს საშას“, სწორედ ასეთი სახით გამოქვეყნდება ნახევარი საუკუნის შემდეგ ეს ლექსი. რას წარმოიდგენს, რომ ეს პატარა მინაწერი წლების შემდეგ თავსატეხს გაუჩენს საშა დირბელის შვილიშვილს - ამ ესსეს ავტორს, ვერ წარმოიდგენს, რადგან როცა ამ ლექსს წერს, თუ მინაწერს აკეთებს, ჯერ საშას შვილიშვილის დაბადებამდე კარგა შორია... ჯერ არც ის იცის, მისი ლექსები რომ მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ გამოქვეყნდება, თორემ ეტყოდა ამ ესსეს ავტორს: რა თავს იტეხ, ნეტავი შენ, ეს ლექსი რა დიდი საფიქრალიაო... ის ვერც კი წარმოიდგენს, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ, ის და მისი ლექსები ასეთ ინტერესს გამოიწვევენ, თითქმის ყველა, ვინც იცნობდა და არ იცნობდა, „მემუარებში“ მოიხსენიებს, მასთან ყოველ შეხვედრას გაიხსენებს, ესსეებს დაწერს, მასთან ნაცნობობას შეიფერებს და ამით თავსაც მოიწონებს... ვინც ვერ შესწვდება კი, ბოღმით იტყვის: უნიჭო იყოო. დაე, მათ სინდისზე იყოს ნიკოს ნიჭისა და სულიერი სიღრმეების ვერდანახვაც და მისი ხილვების ვერშეცნობაც. სინდისიერებას სხვას ვერ მოსთხოვ... თავად ნიკოს აუგი არავისზე დასცდებოდა და ამ ესსეს ავტორიც ვერ მისცემს თავს ამის უფლებას.

ამ ესსეს ავტორს საშა გამყრელიძის ქვრივის მოგონებაც აქვს წაკითხული, თითქოს როგორ აჩუქა ნიკომ ეს ლექსი მის მეუღლეს... ის თავს უფლებას ვერ მისცემს, ამ მონათხრობში ეჭვი შეიტანოს... მიუხედავად ამისა, ისევ და ისევ ნიკოს სულის პატივისცემის გამო, ის ფაქტებს მაინც ვერ დამალავს და ჰყვება იმ ამბებს, რაც დედისაგან და პაპისგან მოუსმენია ჯერ კიდევ მანამ, სანამ ნიკო სამადაშვილის ლექსები დღის სინათლეს იხილავდნენ... წერს, რადგან ფიქრობს, რომ ნიკოს სათაკილო და მისაჩქმალი არაფერი სჭირდა და თავდაპირველად ვისადმიც არ უნდა იყოს ეს ლექსი მიძღვნილი, ნიკოს პიროვნებას ჩრდილს ვერანაირად მიაყენებს. თანაც თავად ნიკოს ცხოვრების ბოლომდე სულ ეხუმრებოდნენ: როგორ იყო სტალინზე ლექსი რომ დაწერე და კინაღამ დაგიჭირესო? ამაზე ნიკო გულიანად იცინოდა და არასდროს უთაკილია. თუმცა, ეს ყველაფერი მოხდება მერე, ახლა კი მას ავტორის მსჯელობებისთვის არ სცალია. მეგობრები ნავთლუღში მიდიან, დირბელის ვენახში, იქ ქეიფს რა სჯობს: ხის მაგიდაზე სახელდახელოდ გაწყობილი სუფრა, ვენახის შრიალი, დირბელის ხელით დაწურული საუკეთესო ღვინო... ეს ყველაფერი სოფლის ნოსტალგიას აყუჩებს, ორივეს რომ თან სდევს მუდამ... აქ, ამ ესსეს ავტორს ერთი სული აქვს, მომავალში გადაინაცვლოს და ყველაფერი წინასწარ თქვას, რადგან ეს მეტად მნიშვნელოვანი დღეა ნიკო სამადაშვილის ცხოვრებაში... ამ დღეს უნდა გადაწყდეს მისი ლექსების პირველი კრებულის ბედი... მაგრამ ავტორი მაინც ამჯობინებს თავი შეიკავოს და თანდათანობით მიჰყვეს მოვლენებს, რადგან ნიკომაც ჯერ არაფერი იცის, და ვერც ვერაფრით წარმოიდგენს...

ავტორი ჯერ-ჯერობით ისევ საშა გამყრელიძის ქვრივის ნაამბობს უბრუნდება:

„ერთხელ სახინკლეში ხელსაწმენდზე საშაზე ლექსი დაეწერა. საშა სახლამდე მოაცილა და ლექსი მე გადმომცა. წავიკითხე და გადავირიე. ნიკო ამაყად ამბობდა, ნახე ჩემ დაწერილ ლექსს რა შეუძლიანო! მერე მანუგეშებდა, თუ ეს ნუგეში იყო: ასეთი პატიოსანი და ცრემლივით მთრთოლვარე კაცი ჩვენს ქვეყანაში დიდხანს ვერ იცოცხლებსო“. როგორ არა ჰგავს ნიკოს საქციელს! - ამას ამ ესსეს ავტორი მთელი სხეულითა გრძნობს და ვინც ნიკოს კარგად იცნობდა, ისიც დაემოწმება. ნუთუ შეეშინდა ნიკოს, მართლა არ დაეჭირათ და ასე უნიჭოდ და ულაზათოდ დადგა ეს სცენა? დირბელის შვილიშვილი ნიკოს შეშინებას ვერასდროს დაიჯერებს, რადგან მისთვის ის გაუტეხელი სულის ადამიანია, ან იქნებ ორჯერ ციხეგამოვლილმა ნიკომ ჭკუა ისწავლა და უფრო პრაქტიკული გახდა? სწორედ ეს არის ამ ესსეს ავტორის თავსატეხი. სიმართლე კი მხოლოდ ნიკომ იცის და ამ ლექსს თავის ბელეტრისტულ თხზულებაში ჩართავს. იქ ვინმე ქმრის მოღალატე და ქმრისგან ულმობლად მოკლულ ქალს მიუძღვნის და მის სამარეზე ამოკვეთს:

„ის კამკამებდა, ვით ცრემლის გუბე
ალალი გულის ფიქრებით სავსე“ და ა.შ.

(„შეხვედრები და სინანული“. გვ. 217. 1995 .)

მოსწონს ნიკოს ეს ლექსი... უნდა თავის თხზულებაში გამოიყენოს, სხვა ადგილი ვერ უპოვა, თავადაც ხვდება: - სად ქმრის მოღალატე ცოლი და სად ალალი გულის ფიქრები?! ამიტომაც ბოლოში გამართლებასავით დაამატებს, „ღალატის ღამეს ეს ქედმოხრილი სტრიქონები როდი სჯეროდაო“...

ამ ესსეს ავტორმა ნიკოს პატიმრობაზე კარგა ხანს არაფერი იცოდა, მგალობლიშვილების ოჯახში ამ თემაზე საუბარს გაურბოდნენ. თუმცა, როცა გაიგო, არ გაჰკვირვებია. ის უფრო გაუკვირდებოდა, ნიკოსავით თავისუფალი სულის ადამიანი იმ ავბედით წლებში პატიმრობას თუ ასცდებოდა, დედის არქივში გაუგზავნელ ბარათს წააწყდა, ლექსად დაწერილს. 1944 წლის მარტია... საშა ფრონტზეა, ნიკო - ციხეში. 15 წლის ლეილა წერს:

პოეტ ნიკო სამადაშვილს

პირველად შენგნით მოძღვნილ ალბომზე
გაიბნა ჩემი ლექსის რითმები,
მუდამ მიყვარდა შენი ლექსები,
კვლავ მონატრული მათი ვიქნები.
შენ აქ არა ხარ, შენს ლექსის რითმებს
თავისუფლების ვერ ბერავს ქარი.
და შენს რვეულებს, სავსეს რითმებით,
ალბათ, ედება მტვერი მწუხარი.
ნაძვები კუბოს კვლავ აქროლებენ
და ყვავილებიც კვლავ მოაქვთ ქარებს, -
ლაღად დარჩენილ ნაძვების შრიალს
შენი ლექსები თავს რომ აფარებს.
იქნებ, შენ მანდაც უმღერი გრძნობებს,
უძღვნი ლაჟვარდებს წარმტაც სტრიქონებს,
იქნებ, ქმნი ლექსთა და რითმთა ბაღებს.
ხან გასალაღებს, ხან დასაღონებს.
მანდ, სადაც სული სევდით იმტვრევა,
სადაც სიბნელე აკივლებს გულებს.
იგონებ, ალბათ, წარსულ ცხოვრებას
აწ დავიწყებულს, დროგადასულებს.
ან თბილისიდან მობერილ ნიავს
მკერდს გადაუშლი, ალბათ ვედრებით;
ეჰ, სადღა ნახავ საშა დირბელსა,
ბინდზე დაცლილი ალავერდებით.
ან ძმაბიჭების სად ჩანს ქეიფი,
აღარ დაჰქრიან გიჟი ეტლები,
ეჰ, ცხენებია თავაშვებული,
ეჰ, ცხენებია გასახედნები.
შენი ოცნება თბილისს გაგონებს,
მწარე ფიქრში ხარ, ალბათ, გართული,
იქნება ყანწით ღვინო გწყურია,
ლექსად ამოთქვა ტკბილი ქართული.
ეს ბედი არის მოწამე ტანჯვის,
სევდას ვეღარ ცვლის ბასრი კალამი,
დავწერე, მაგრამ სად გამოვგზავნო,
ჩემი მადლობა, ჩემი სალამი.

ამ დღიდან არც ისე შორს არის ის მნიშვნელოვანი ამბავი, რომელიც დირბელის ვენახში ქეიფს უკავშირდება. ყველაფერი კი ასე იწყებოდა: ლეილას მეგობრები ჰყავს ოჯახში მოპატიჟებული: რეზი თვარაძე და თამაზ ჩხენკელი. ბევრი აქვთ საერთო, სამივე ლექსებს წერს, პოეზია უყვართ, ერთმანეთს საკუთარ ლექსებს უკითხავენ, ლიტერატურაზე საუბრობენ... საერთო მეგობრები ჰყავთ, მოგვიანებით ლეილას ქალიშვილი დედის ხელნაწერებში სახუმარო ლექსებსაც აღმოაჩენს, რომლებსაც ერთმანეთს სწერდნენ.

„დღეს რეზი თვარაძე ვნახე. თამაზ ჩხენკელს ახალი ლექსი დაუწერია:

ჩემთან აღარ მოდიხარ,
აღარ მატკბობ ღიმითა,
ჩემო კარგო დოდიკა,
ნეტავ რა მოგივიდა?
აღარა მაქვს ლხენა,
შენ კი დასდევ ყეინებს,
შემოგევლე შენა,
ნეტავ რა გაწყენინე?

პასუხი არ იგვიანებს, ლეილას დღიურის შემდეგი ფურცელი მეორე დღესვეა დაწერილი: „ - რამე მწარე დავუწროთ საპასუხოდ თამაზს, - მეუბნება დოდო. - კარგი ვეთანხმები მე, მაგრამ იმ პირობით, თუ არ გაამხელ, რომ ჩემი დაწერილია, ვითომ შენ დაწერე...

ლექსი დაგიწერია,
მიჯავრდები რაღაზე,
თამაზ მონატრებიხარ
პლეხანოვის „ლამაზებს“.
გიხმობენ, ურჩევნიხართ
ბაირონს და გეინეს,
მე თუ დავდევ ყეინებს,
ამით შენ გაწყენინე?
ლექსად დაგიწერია,
ეგ შენი სამდურავი,
შენ თუ რამე გეწყინა,
მოგიკვდა ჩემი თავი.“

17. 10. 46 .

... ახლა სწორედ რეზისა და თამაზს ელოდება ლეილა. მამა არ არის სახლში. დედა სამზარეულოში ფუსფუსებს, ლეილა სუფრას შლის. მოულოდნელად საშა მოდის სახლში. ოთახში გაშლილ სუფრას რომ დაინახავს, იკითხავს, ვინმეს ველოდებითო? - არავის, სადილობას ვაპირებდითო, - უპასუხებს ლეილა.

- ძალიანაც კარგიო, ამბობს საშა და სუფრას მიუჯდება. მკაცრი მამაა საშა, ვერ ბედავს ლეილა სიმართლის თქმას, ვაითუ გაბრაზდეს მამა, რადგან მას არ დაეკითხა და ისე მიიწვია სახლში ბიჭები. ეს ის წლებია, ყმაწვილკაცების სტუმრობა ქალიშვილთან ცუდ ტონად რომ ითვლება... ის კი არა და, ქალები და ვაჟები სხვადასხვა სკოლებში სწავლობენ.

გარედან იძახიან... საშა დგება და კარებს აღებს. ძალიან კი გაუკვირდება ბიჭების დანახვა, მაგრამ როგორც ქართული სტუმარ-მასპინძლობის წესი მოითხოვს, სახლში შემოიყვანს, სუფრასთან მიიპატიჟებს და საუბარს გაუბამს. გამოჰკითხავს ვინ არიან, რას საქმიანობენ. მოსწონს ბიჭები... ბოლოს გამოირკვევა, რომ ლექსებსაც წერენ. მაშინ ნიკო სამადაშვილზე ჩამოუგდებს სიტყვას. რეზი და თამაზი ნიკოს არ იცნობენ, მაგრამ მისი ზოგიერთი ლექსი უკვე წაკითხული აქვთ ხელნაწერიდან. საშა ბიჭებს ჰპირდება, რომ ნიკოს აუცილებლად გააცნობს. უხარია საშას, ნიკოს ერთი კარგი „პოეზიის საღამო“ უნდა მოვუწყო, ცოტა გახალისდებაო. ლეილას კი საყვედურობს:

- თუ ასეთი კარგი ამხანაგები გყავდა, აქამდე რატომ არ გამაცანიო? რას წარმოიდგენს, რომ ამ ბიჭებიდან ერთ-ერთი - თამაზ ჩხენკელი წლების შემდეგ, გაარღვევს ყველანაირ ბარიერს და ნიკოს რამდენიმე ლექსს დაბეჭდავს გაზეთში, იმ ლიტერატურულ გაზეთში, რომლის რედაქტორიც რევაზ თვარაძე იქნება... 1967 წლის 28 ივლისს... ნიკოს გარდაცვალებიდან 4 წლის შემდეგ, აღსრულდება მისი ოცნება. ამას თავად ნიკოც ვერ წარმოიდგენს, როცა დირბელის ვენახში ლეილას მეგობრებთან, შვილისტოლა ბიჭებთან იქეიფებს.

ღვინო, სადღეგრძელოები, ლექსები... ხარობს ნიკო, უყვარს ახალგაზრდები პოეტურ სიტყვას რომ აფასებენ, სულიერ სიახლოვეს გრძნობს მათთან, სიამოვნებით კითხულობს საკუთარ ლექსებსაც... რა იცის, რა მნიშვნელოვანი დღეა მის ცხოვრებაში, რას წარმოიდგენს, რომ სწორედ ამ ახალგაზრდებმა უნდა უპატრონონ მის პოეტურ მემკვიდრეობას, ეს ქოჩორა ბიჭი კი, ახლა მის გვერდით რომ ზის, სწორედ ის თამაზ ჩხენკელია წლების შემდეგ (1973 წ.) ნიკოს ლექსების კრებულის გამოცემას რომ მიაღწევს და წინასიტყვაობასაც თავად წაუმძღვარებს არჩილ სულაკაურთან ერთად; რომ ეს ბიჭი იქნება მისი მეორე კრებულის რედაქტორ-შემდგენელი როსტომ ჩხეიძესთან ერთად... ახლა ნიკო ქეიფობს და ხარობს და, ვგონებ, სულაც არც კი აქვს დაწერილი თავისი ბელეტრისტული თხზულება „შეხვედრები და სინანული“, რომლის ერთ-ერთი რედაქტორთაგანი ისევ და ისევ თამაზ ჩხენკელი იქნება. რა იცის ნიკომ რომ სწორედ ახლა, ამ ვენახში, ამ ხის მაგიდასთან ხდება ავტორისა და მისი მომავალი რედაქტორ-შემდგენელის პირველი შეხვედრა. ეს რომ იცოდეს, სხვა თვალით შეხედავდა მას, ახლაც და შემდეგაც, სხვა მრავალი შეხვედრისა თუ საუბრის დროს, ...მაგრამ რას წარმოიდგენს, რომ თავის სიცოცხლეში ვერც ერთ ლექსს ვერ იხილავს დაბეჭდილს, და, რომ ამ ბიჭის იმედადღაა დარჩენილი მთელი მისის შემოქმედება. და იქნებ ახლა, სულაც სათვალავში ჩასაგდები არცა ჰგონია ეს დღე. თუმცა, ის დაუვიწყარი აღმოჩნდება თამაზ ჩხენკელისთვის... აკი ნახევარი საუკუნის შემდეგ გაიხსენებს ერთ-ერთ რადიო-გადაცემაში: „ნიკო სამადაშვილი საშა მგალობლიშვილმა გამაცნო, სადღაც ბაღში წაგვიყვანა საქეიფოდო“. ეს მერე იქნება, ახლა კი ის ნიკოს ლექსებს უსმენს, მაგიდაზე ჩამწკრივებულ თიხის დოქებს შეჰყურებს. საშა მგალობლიშვილის ხელით დაწურული „ნამდვილი“ მაგარი ღვინით რომ ივსება დაცლისთანავე და ფიქრობს, როგორ ჰგავს ნიკოს ლექსებიც „გაუცრელი თიხისგან გამომწვარ ასიმეტრიულ დოქებს, რომელთაც თუმცა ამჩნევიათ კოჟრები და ზოგჯერ მომტვრეულიც აქვთ ტუჩი ან ყური, მაგრამ რომლებშიც პოეზიის შეურყვნელი, მაგარი ღვინოა ჩასხმული“. ფიქრობს და, თავის ამ ფიქრს კარგად იმახსოვრებს, რომ შემდეგ, პოეტის პირველად გამოქვეყნებულ ათიოდე ლექსს მინაწერად დაურთოს; მაგრამ, ეს ჯერ თვითონაც არ იცის...

ესსეს ავტორი ისევ ბავშვობისდროინდელ ზმანებას გამოიხმობს:

- გამარჯობა, პაპა ნიკო!

- რაო, რისთვის დამიძახე?

- მართლა წესების გარეშე წერდი?

- ვინა თქვა ეგა?

- დედამ.

- ჰო, ეგრე ამბობენ, შენ რა, სულ წესებით თამაშობ? ვერ გამიგია, ეგ წესები ვიღამ დაადგინა; თანაც წესებისა არაფერი გამეგებოდა, როგორც მეწერებოდა, ისე ვწერდი; როგორც მედარდებოდა, ისე ვდარდობდი...

- თუ წესებისა არა გაგეგებოდა, რისთვისღა წერდი?

- ეჰ, შენ რა იცი, რა შეუძლიათ დარდებს...

ამ ესსეს ავტორი მაშინ ვერაფრით მიმხვდარიყო, დარდებს რა შეეძლოთ. ნიკომ კი იცოდა, აბა მასზე უკეთ ვინ იცოდა „რა მწარეა, როცა სიმთვრალესთან ერთად მთვრალი დარდებიც აგეტორღიალებიან, გულზე გეჭიდებიან, საფეთქლებს გიხურებენ, ნეკნებს გიმტვრევენ, თვალში შუქს გიწრიტავენ, შუბლის ძვალზე გასკდებიან, სხეულს გიმღვრევენ...“ და მერე, გსურს თუ არა გსურს, უწესო, თავაშვებული ბავშვებივით ცვივიან გარეთ, ზოგი წვიმის გუბეში ჩაწოლილა და ზოგიც ლაჟვარდებს გადავლებია... და თუნდაც კეტით სდიო, მაინც ვერ დააოკებ... ახლა ის უგონობამდე უნდა დათვრეს, რომ აღარაფერი ახსოვდეს და არაფერმა შეაშფოთოს... ღვინო აქარვებს დარდს.

ამ ესსეს ავტორი, წერის არჩეული სტილის მეშვეობით, მუდმივად ღვინის სარდაფში „აბრუნებს“ ნიკოსა და საშას, მაგრამ ეს მისი ახირება არ არის; უბრალოდ ავტორმა საქმე გაიადვილა, რომ თავისუფლად ემოძრავა სივრცესა და დროში, და თან ხელიდან არ გასხლტომოდა, ყურადღების მიღმა არ დარჩენოდა მათი ბოჰემური ცხოვრების ნირი:

„ის ყოველ ღამე დაეძებდა ტიალ სარდაფებს,
თითქოს ცისმარე დღე შფოთავდა და ითრობოდა,
შთამომავლობა მის ცხოვრებას რას დაუჯერებს,
კაცი რომელიც სულ ღვინოში იფუფქებოდა.
რომ მას შეეძლო პოეტური უმანკოება,
მიწას ურბენდა, დედამიწის უარმყოფელი,
არ დაგიდევდა, თუ უკმეხად ედგა დროება,
ან თუ სივრცეებს გაყმუოდა წუთისოფელი.
ვიღაც ღიღინით ჩემს საფლავზე ბალახს გათიბავს,
იტყვის რა კრულვით დაიღუპნენ მამა და შვილი,
თან კლდის ნატეხზე მიაწერავს ოდნავ ირიბად:
(აქა მარხია ჩვენი ნიკო სამადაშვილი).
(აქა მარხია ჩვენი საშა მგალობლიშვილი).“

და მაინც, ვინ იყო ის, ვინც ყოველ ღამე ღვინის სარდაფებს დაეძებდა, - ნიკო თუ საშა? - ერთიცა და მეორეც, ეს ლექსი ორივეს ცხოვრებას ერთნაირად შეესაბამება. ლექსის გამოქვეყნებულ ვარიანტში მხოლოდ ნიკო სამადაშვილი წერია, ალბათ ხელნაწერში ასე იყო... მეორე ვარიანტი ამ ესსეს ავტორმა მიაწერა, რადგან ნიკო ასე კითხულობდა მას საშას თანდასწრებით. ისევ გვეთამაშება ნიკო... ხელს ისიც უწყობს, რომ სახელები და გვარები ადვილად ენაცვლება ერთმანეთს მარცვალთა თანაბარი რაოდენობის წყალობით, თუმცა სამართლიანობა მოითხოვს, რომ აღინიშნოს „სამადაშვილი“ უფრო უკეთ ერითმება „მამა და შვილს“, ვიდრე - „მგალობლიშვილი“, მაგრამ განა ნიკო ამას დაგიდევდათ, სწორედაც რითმებს არ უწუნებდნენ?!

საშა თვითონ არ წერდა ლექსებს, მაგრამ სულით საოცრად პოეტური ადამიანი იყო, კარგად განვითარებული პოეტური ინტუიციის წყალობით ადვილად იკვლევდა გზას ნიკო სამადაშვილის პოეტური შემოქმედების რთულ ლაბირინთებში. ერთხელ ნიკოს უკითხავს: - რატომ ლექსებს არ წერ, მგონია, კარგად გამოგივაო. საშას უპასუხია: - აგერ შენ და აგერ ლეილა, განა ერთი ოჯახისთვის ორი პოეტი საკმარისი არ არისო?

...ლექსი ყველგან იწერება. ხშირად „ბუღალტრის მაგიდაზე“ ციფრებთან თამაშს, ისევ სიტყვებთან თამაში ურჩევნია. თანაც საშა მგალობლიშვილიც იქ არის, მგონი 50 წელი შეუსრულდა და ცოტა წაუქეიფებიათ სამსახურში. სიტუაცია ექსპრომტს ითხოვს და, ნიკოც მზად არის:

სანდრო დირბელს

ცხოვრების ნახევარი განვვლეთ, დირბელო,
მომეცი ნება, ლექსი გიძღვნა,
და რო მნახო, არ წამოგცდეს,
რას მიჰქარავ, ხიდისთაველო?!
მეც მაგონდება დირბის ზღვა-ზვრები,
მათთან მობიბინე ლუჯი ყანები,
მოვდივართ ქვეყნად ანგელოზები,
მივდივართ უკან კუდიანები.
ერთი შეხედე ბედის ამ ყისმათს,
თითქოს ცხოვრება ვატარეთ ღრეჭით,
ბედის ორძელზე ვჭიმავდით ყირას,
სიცოცხლეს ღვინის სარდაფში ვლევდით.
ო, რამდენ ღამეს ვუთიეთ ერთად,
ძმაო კეთილო, სანდრო დირბელო,
თითქოს ერთმანეთს გულებს ვართმევდით,
ისე გვიყვარდა ეს საქართველო.
გახსოვს, ტიალი დუქნის მაგიდა,
როგორ წაბილწე მთვრალმა გინებით?!
მე რომ ფხიზელი არ დაგდგომოდი,
აბა სახლის კარს რას მივაგნებდით.
რაც იყო, იყო, კარგად ვატარეთ,
ესღა გვარგუნა განგების ძალამ,
მივხედოთ, მოდი, ახლა პატარებს,
განვსაჯოთ ჩვენში ვინ დაიღალა.
დღე დაითენთა ფიქრების ბინდით.
აბა რად ვგავართ ნახევრად გიჟებს,
ალბათ, ნუნუას ბევრს რომ ვხუხავდით,
და რომ დავდევდით კურკასებრ ბიჭებს.
იცოცხლე დიდხანს კარგი სახელით,
სახე შენ მაინც ქორფა ბალღს გიგავს,
გიძღვნი ამ ნაგლეჯს, გქონდეს სახსოვრად,
როგორც ჩემს ძმას და გულშემატკივარს.

ამ ლექსს რომ წერდა, ალბათ ვერაფრით წარმოიდგენდა, რომ გავიდოდა წლები და მისი ქალიშვილი მოგონებების წიგნს დაწერდა მამაზე, ხოლო საშა მგალობლიშვილს - მის „ძმასა და გულშემატკივარს“, ერთხელაც არ ახსენებდა!.. რომ აღარაფერი ვთქვათ ლეილაზე, რომელსაც მუდამ ანებივრებდა, მამობრივი სიყვარულით ათამამებდა და „გაამზითვა“ კიდეც. როდესაც ლეილა დაქორწინდა (1960 წ.), ნიკოს უკითხავს: მამაშენმა წესისამებრ თუ გაგამზითვა, „ვეფხისტყაოსანი“ თუ გაგატანაო? უარი რომ მიიღო, მაშინ საკუთარი წიგნი აჩუქა და ზედ წააწერა: „ჩემს ლეილას მზითევში ვატან. ძია ნიკო“.

ეს საჩუქარი უფრო მეტად იმით იყო ძვირფასი, რომ ეს იყო ნიკოს ნაქონი წიგნი, რომელსაც კითხულობდა, ჩაჰკირკიტებდა, ხოლო წიგნის ბოლოში იმ სტატიებს აკრავდა, რაც იმდროინდელ პრესაში „ვეფხისტყაოსნისა“ და რუსთაველის შესახებ იბეჭდებოდა, თან ზედ თავის მოკლე კომენტარებსაც ურთავდა. ეს წიგნი დღესაც ინახება ამ ესსეს ავტორის ოჯახში.

უხარია ლეილას საჩუქარი, მაგრამ ცოტა გაკვირვებულია, თან გულიც წყდება, ეგონა ნიკო თავის ლექსების ხელნაწერ რვეულს აჩუქებდა, რადგან იცის: „ის ჩუმად სწერდა თავის რვეულებს, ერთგულ მეგობრებს ატანდა მზითვად, ისედაც ლექსით გადარეულებს, ეს აწვებოდა სულ ზედმეტ ტვირთად.“ (ნ. სამადაშვილი „მწუხრი“).

ლეილა თავს ნიკოს მეგობრად თვლის, მიუხედავად ასაკისა, მათ შორის ხომ საოცარი სულიერი კავშირია, ისე ანდობენ ერთმანეთს გულისნადებს, როგორც მეგობარი მეგობარს, როგორც პოეტი პოეტს... გული წყდება ლეილას, მაგრამ რას იტყვის?! ნიკო უსიტყვოდაც ხვდება, ეღიმება: ჩემი ლექსები რაღად გინდა, ისედაც ყველა ზეპირად იციო. ეს მერე იქნება... ჯერ კი 1951 წელია, ლეილა ნიკოს თავისი ლექსების რვეულს აძლევს შესაფასებლად, ნიკო ორ ლექსს გამოარჩევს და ზედ კომენტარებს დაურთავს.

აი, ეს ლექსებიც:

«О, не борись, не бойся нежной боли,
О, покорись!»

(Гофман)

მზემ საითაც უნდა გადამრიყოს,
ო, მე ვიცი საიდუმლო გულთა,
სულერთია, ჩემი უნდა იყო,
სულერთია შემიყვარო უნდა.
ო, მე შევსვავ შენს წამწამთა სიცილს,
თითქოს ვნებით იზნიქება ლომი,
შენ ჩემს ფეხთით დაიჩოქებ ვიცი
და ჩვენს შორის გათავდება ომი,
შენ გახდები ჩემი ურჩი მონა,
დედოფალი გაგიხდები მევე,
დრო გავა და...
სხვა ჭაბუკი მოვა...
და იმისი წამწამები მძლევენ...
მაგრამ ეხლა... ჰანგი ვიცი გულთა,
მზემ საითაც უნდა გადამრიყოს
სულერთია შემიყვარო უნდა!
სულერთია ჩემი უნდა იყო.

1950 .

დედას

მე ალბად შენზე ბალადებს დავწერ,
როცა ცხოვრება გადავა ბინდად,
ვიტყვი: კვლავ შენი ნანინა მარწევს
და ისევ შენი ალერსი მინდა.
მომაგონდება გიყვარდი როგორ,
როცა მესროდნენ ქვებს და ტალახებს,
მომაგონდება პატარა გოგო
ცრემლთა ალერსში როგორ გამალხვე.
მომენატრება მაგ მკერდის სითბო,
შიგ რომ მალავდი ჩემზე ნალოცვებს,
შენ ოცნებიდან ამოხვალ თითქოს
და გათეთრებულ თმებზე მაკოცებ.
მე ალბად შენზე ბალადებს დავწერ,
როცა ცხოვრება გადავა ბინდად,
ვიტყვი კვლავ შენი ნანინა მარწევს
და ისევ შენი ალერსი მინდა.

1949 წელი სექტემბერი.

კითხულობს ნიკო და ეღიმება, - ერთი ამას უყურეთ, ამასაც დედაზე დაუწერია ბალადაო, მერე კალამს იღებს და ლექსს მინაწერს უკეთებს: „მშვენიერებაა, ნ. სამადაშვილი. 14.02.51.“

თავადაც ხომ მშვენიერი ლექსი მიუძღვნა დედას - ოლღა კობერიძეს და „დედის ბალადა“ დაარქვა... სწორედ დედა-შვილის დაშორებამ განაპირობა ნიკოს ესოდენ ტკივილიანი ბავშვობა და სიყმაწვილე. ამის გამო „ღვთისმშობელიც კი გაბუტულია მათ სიცოცხლეზე“ (ლექსი გამოქვეყნებულია უსათაუროდ, ხელნაწერი ინახებოდა საშა მგალობლიშვილის ოჯახში). ნიკომ საბოლოოდ მოახერხა დედის ჩამოყვანა ბაქოდან (1932 წ.), მაგრამ ამან ვერ გაანელა ბავშვობის ტკივილი. „დედის ბალადასაც“ მუდამ თვალზე ცრემლმომდგარი კითხულობს. ეს თითქოს პირობაა დედისადმი მიცემული:

„მეც გამოვყვები შენს გვირგვინებს ბინდების ფითრი...“
„ლექსებს ჩაგატან... აბა, მეტი რა მაქვავია...“
„ბარბაცით მოვალ მეც ოდესმე შენს სამარესთან...“
„მე გაგასვენებ ჩემი მხრებით...“

ამ ლექსს რომ წერს ანდა კითხულობს ნიკო, ვერაფრით წარმოიდგენს, თუ მიცემულ „პირობას“ ვერ შეასრულებს, რომ უმუხთლებს წუთისოფელი და დედაზე ადრე გარდაიცვლება.

თუმცა იქამდე ჯერ შორია, ჯერ ნიკო და საშა გვერდიგვერდ მიუყვებიან წუთისოფლის ოღროჩოღრო გზებს და ხან დარდს ღვინოში კლავენ და ხანაც „კურკასებრ ბიჭებს“ დასდევენ. კურკა მათი მეგობრის - დათიკო ალავიძის მეტსახელია, რაღაც ფილმში გადაუღიათ მასობრივ სცენაში, დიდად ამაყობს ამით, მსახიობი ვარო, საშას და ნიკოს კურკას მსახიობობა სასაცილოდ არ ჰყოფნით, სიცილით კვდებიან: ფილმის ჩვენებაზე დაგვპატიჟა და ჩვენ იქ კურკა არ გვინახავსო, კურკა იხტიბარს არ იტეხს.

ფილმის ეკრანზე გამოსვლის შემდეგ ბანკეტს მართავს რესტორანში, ამათ არ იწვევს, შიშობს არ „აურიონ“: ნიკო და საშა მოულოდნელად თავზე წამოადგებიან მოქეიფეებს... გამართული არის კურკას ქება-დიდება... ამათი დანახვა კურკას არ სიამოვნებს, მაგრამ რაღას იზამს, სუფრასთან იწვევს. ჯერ საშა ამბობს სადღეგრძელოს, მერე - ნიკო. კურკა შვებით ამოისუნთქავს, - „გადავრჩიო“. მაგრამ ნიკო არ ჯდება, მსახიობს ექსპრომტი უნდა ვუძღვნაო:

„შენა ხარ ჩვენი კინოს დიდება
და ხელოვნების გამხურებელი?
ისემც მ....... ავლა-დიდება
და ყველა შენი მაყურებელი“.

კურკა განაწყენდება და ცხოვრების ბოლომდე ხმას არ სცემს არცერთს, თუმცა მის „მსახიობურ კარიერასაც“ ესმება წერტილი. კურკას გაბრაზებას მაინც სერიოზულად არ უყურებდნენ საშა და ნიკო, მალე გაუვლისო - ფიქრობდნენ.

საშა 50 წლის ასაკში მეორედ დაქორწინდა. მანია მეოჯახე ქალი აღმოჩნდა... იმ დროს მოდაში იყო ჩეხური ბროლის თუ სხვა ძვირფასი ჭურჭლის „ვიტრინებში“ გამოფენა, მანიაც ჩაება „ფერხულში“, ყიდულობს და ყიდულობს... საშა ბრაზობს, ვერ იტანს კარადებში გამოუყენებლად გამოფენილ ჭურჭელს. ნიკო საშას ახალ ოჯახშიც სასურველი სტუმარია.

ერთხელაც საშა და ნიკო სადილობენ, კარგ ხასიათზე არიან, ხუმრობენ, იცინიან. მანია დროს იხელთებს და ახალ ნაყიდ ჭიქებს გამოიტანს, ფიქრობს ნიკოს თანდასწრებით საშა არაფერს ეტყვის.

- ხომ კარგი ჭიქები ვიყიდეო, - კითხულობს მანია დიასახლისის თავმოწონებით.

- სანამ არ გავსინჯავთ, ვერაფერს ვიტყვითო, - ამბობს საშა და ნიკოს თვალს უკრავს. მანიას უხარია, რომ საშა არ გაბრაზებულა და ჭიქებს მაგიდაზე დგამს. ღვინით ივსება ჭიქები. საშა და ნიკო სადღეგრძელოებს ამბობენ, ღვინოს შესვამენ და დაცლილ ჭიქებს ფანჯრიდან ისვრიან... მიფრინავენ ჭიქები ჰაერში, ერთი, მეორე, მესამე... ქვაფენილს ასკდებიან და ხმაურით იმსხვრევიან! - ეს რა კარგი ჭიქები გიყიდია, რა კარგი ხმა აქვთო! - აქებენ მანიას. სანამ მანია გონზე მოსვლას მოასწრებს, ყველა ჭიქა დამტვრეულია. ძნელი წარმოსადგენი არ არის, რა ხასიათზე დადგებოდა მანია, თუმცა, კარგა ხნის შემდეგ, როცა ნიკო უკვე აღარ იქნება ცოცხალი, ამ ამბავს სიცილით მოუყვება ამ ესსეს ავტორს. იქვე სხედან ამ ესსეს ავტორის პაპაც, დედაცა და დეიდაც და ისინიც სიცილით იხოცებიან. ...მოუყვება, რათა კარგად დაიმახსოვროს და თითქმის 40 წლის შემდეგ მოუთხროს ამ ესსეს მკითხველს.

...ისევ ივსება ჭიქები. ღვინოს ფერი შესცვლია, სისხლისფერი გამხდარა... მხოლოდ ამ ღვინით ითქმის გარდაცვლილთა შესანდობარი - მამის სურათი წარმოუდგა თვალწინ, არ ახსოვს მამა, ის ისეთია, როგორც - სურათში... საშას მამა კი ისევე კარგად ახსოვს, როგორც „დირბის ზღვა-ზვრები“ და „მობიბინე ლურჯი ყანები“. აკი ლექსიც დაწერა ანდრიას პიროვნებით შთაგონებულმა „ფრესკები ჩონგურზე“:

„ბაღებს გაზიდავს ყრუ შემოდგომა,
ტყე ჟინჟღლს მოიმცვრევს დილაადრიან,
ქართულ წისქვილის კარს მოადგება,
წვერგაჯენჯილი დინჯი ანდრია,
ხვიმარებიდან დროჟამს ჩამოფქვამს,
გახედავს: ოჩხებს, ჯაგვნარებს, ჭიუხს,
წაიბუტბუტებს ათასჯერ ნათქვამს
და ხელის გულზე დაბერტყავს ჩიბუხს“ და ა.შ.

„ამ ლექსს პოეტი ქმნიდა ოდესღაც წისქვილის წყლის ჩხრიალზე, მესაფქვევეთა ზღაპრებზე.

აქ ჟღარუნებდნენ სიყრმის დღეები, აქ აღმოცენდნენ მოხუც მეწისქვილის შთამაგონებელი საუბრები;

ამ ლექსის მკერდიდან წვეთამდა გულის გეჯაში გამოხდილი სისხლი.

ანდრიას ჭრაქის გაცრილ შუქზე ცეკვავდნენ თავგასული მანჭია ჭინკები, მოწყვეტილი ფოთლის დარად.“

(ნ. სამადაშვილი „შეხვედრები და სინანული.“ გვ. 109.)

სინამდვილეში საშას მამა და ამ ესსეს ავტორის დიდი პაპა - ანდრეა მგალობლიშვილი გორის სათავადაზნაურო ბანკის მმართველი გახლდათ. გარდა ამისა, სოფლის მამასახლისიც იყო და დირბის გარდა სხვა ახლომდებარე სოფლებსაც პატრონობდა. ქართლის კათალიკოსს ანდრეას დიდი პაპა - გოგია მგალობლიშვილი, რომელიც სასულიერო პირი იყო, დირბში მოუწვევია საცხოვრებლად და სამოღვაწეოდ.

მისთვის საკათალიკოსო აზნაურობა უბოძებია და სახნავ-სათესი მიწებითაც უხვად დაუსაჩუქრებია. მგალობლიშვილებს საგვარეულო ეკლესია და საკუთარი წისქვილიც ჰქონიათ. ცნობილი მწერალი სოფრომ მგალობლიშვილი თავის ავტობიოგრაფიაში ზუსტად აღწერს დირბელი მგალობლიშვილების წარმომავლობასა და ცხოვრებას. ისიც ხომ ამ დიდი ოჯახის წევრია. მას და ანდრეას ერთი დიდი პაპა ჰყავთ... სწორედ აქ, სადაც „წინაპრების აჩრდილები ყეფდნენ და წისქვილი კაცივით ოხრავდა“ -

„შემოიტანენ ღვინოს ერთ კოკას,
ანდრეას სახეს შეამღვრევს ბინდი,
შენს სიმს ყურთმაჯში ფრთხილად გამოჰკრავს,
და ეს იქნება ჰანგების მინდი...“

ამ ლექსს რომ წერს, რას წარმოიდგენს, რომ ნახევარი საუკუნის შემდეგ ზოგიერთი ლიტერატორი „დინჯ ანდრეას“ წმინდა ანდრია პირველწოდებულად აღიქვამს, მის წისქვილს კი - ტაძრად... ანდა, სულაც წუთისოფლად, ეს რომ იცოდეს, იტყოდა, - თქვე დალოცვილებო, სად წმინდანი და სად ჩიბუხი, განა ეგეთი „წარმართი“ ვიყავი, რომ წმინდანი ჩიბუხით ხელში წარმომედგინაო? მაგრამ აკი თავად გაგვეთამაშა და ამ ლექსს „ფრესკები ჩონგურზე“ დაარქვა?! და, განა წისქვილის „როხროხი და ბორგვა“ არ წააგავს ამ შფოთიან წუთისოფელს?!

...ახლა ის ღვინის სარდაფში ზის და ჭიქას ჭიქაზე ცლის... დღეს ის უგონოდ უნდა დათვრეს, რომ აღარ ახსოვდეს, დაუბეჭდავად დარჩენილი ლექსები, რომ განთავისუფლდეს ოჯახის არტახებისაგან, დღეს ის სახლში არ წავა... დღეს ის იპოვის თავის „საყდრის ჩიტს“, რომელიც ლაღია და თავისუფალი, მაგრამ სევდიანია მისი გალობა... დღეს ის „საბედისწერო გზას“ დაადგება... „და როგორ დაპატარავდება ყველა უბედურება, როცა სიკვდილის წინ გაიელვებენ ცრემლდალეული სიტყვები: ვცხოვრობდი ჩუმად და მეც ვატარებდი და განვიცდიდი ერთადერთ და ლამაზ სიყვარულს“ (ევა ჩაკალიდისადმი მიწერილი ბარათებიდან).

- ევა! ის, ვისაც პოეზიაზე უფრო უყვარდი, დღეს შეასრულებს ოდესღაც მოცემულ პირობას, - დაგიცდის „გავერანებულ სიცოცხლის ბნელ სამანებთან“, რომ მიხვიდე მასთან და ერთად იაროთ „დედამიწის სივრცეებამდე...“

- იჩქარე, ევა!... თორემ ღვინო აქარვებს „მთვრალ დარდებსაც...“

- მშვიდობით, ნიკო პაპა! მეტად აღარ შეგაწუხებ.

- მაგის სათქმელად დამიძახე?

- მინდოდა მეთქვა, რომ მეც წესების გარეშე წერა მირჩევნია.

- დაგიბეჭდავენ კი?! სევდიანად გამიღიმა პაპა ნიკომ, თვალებში ჩამხედა, თავზე ხელი დამადო, თითქოს კურთხევას მაძლევსო და გაუჩინარდა.

2.17 17. კვაჭანტირაძე, მანანა. წერილები ლიტერატურაზე:

▲ზევით დაბრუნება


[„მე ვარ წერტილი, სადაც თავდება სამყაროს უიმედობა“]. - თბილისი, 2001. - გვ. 121-133.

ვახუშტი კოტეტიშვილის წერილში ნიკო სამადაშვილის ლექსებზე ერთი საკმაოდ რადიკალური აზრია გამოთქმული: „ვერავითარი თხრობა ვერ იქნება ვერასოდეს პოეზიაზე უფრო მეტყველი“. ეს მოსაზრება წერილის ავტორის ერთგვარი მობოდიშებაა ნიკო სამადაშვილის პოეზიის კომენტარების ფაქტთან დაკავშირებით. მაგრამ, მოგეხსენებათ, პოეტი უცნაური მოვლენაა და ნიკო სამადაშვილის ახლახან გამოქვეყნებული პროზაული ქმნილება „შეხვედრები და სინანული“ გვაიძულებს კიდევ ერთხელ გადავსინჯოთ ზემოთ მოტანილი საკმაოდ პოპულარული შეხედულება პროზისა და პოეზიის ძალთა თანაფარდობაზე.

უცნაურია თვით ნიკო სამადაშვილის სურვილი - პროზის ენაზე აამეტყველოს ის რაც ლექსში აქვს ნათქვამი. აშკარაა, რომ „შეხვედრები და სინანული რაღაც განსაკუთრებულ, ღრმად პიროვნულ და პოეტურ იმპულსთა შეჯახების მიჯნაზე იშვა. ამ შეჯახების არსი დაახლოებით ასე უნდა წარმოვიდგინოთ: „მე“-ს მიბრუნება საკუთარი თავისკენ, როგორც „სხვისკენ“ (რაც, სხვათა შორის, ესთეტიკური ფორმის შექმნის პირველმიზეზია). ის ძალა, რომელიც კარნახობს „მე“-ს თავისი ფარული შინაგანი საზღვრების ამოცნობას, არის წმინდა ნებელობითი სიჭარბე, საკუთარ თავთან დაუმთხვევლობით გამოწვეული, ნაბიჯი სამყაროსაკენ - აღსარების, გაზიარების, წერილის ფორმით გამოხატული.

„შემოქმედებით შეპყრობილი“ პოეტის ხეტიალი შემოქმედების ოდნავ განსხვავებულ სარბიელზე - პროზის გზებზე, „შთაგონებით დასნეულებული“ კაცის მარადიული ტანჯვისაგან განთავისუფლების კიდევ ერთი მცდელობა...

„შეხვედრები და სინანული“ სამყაროსა და ადამიანებთან პოეტური სულის მრავალფეროვან შეხვედრათა ანაბეჭდებია, რთული ნაზავი აბსოლუტურად პოეტური განწყობისა და პროზაული თხრობისა. მაგრამ პროზის შექმნის მომენტშიც ნიკო სამადაშვილში პოეტი და პოეტური შთაგონება მძლავრობდა. ამიტომ შემოქმედებითი იმპულსის შეხვედრა ენასთან მის პროზაში ყოველგვარი ფორმალურ-ჟანრობრივი კანონის გვერდის ავლით განხორციელდა. მას ვერ უწოდებთ ვერც მოთხრობათა ციკლს, ვერც რომანს, რადგან სინამდვილის პოეტური აღქმა მომენტალურად შლის მოთხრობისა და რომანის მყარ სიუჟეტურ ხერხემალს. იგი უფრო ჩანახატების კრებულს ჰგავს, ცხოვრების, ერთი შეხედვით, „არაპოეტური“ ფენის ესთეტიზაციის მცდელობას, სადაც სულიერი თავგადასავლები გაერთიანებულნი არიან საერთო ემოციური საფუძვლით და სუბიექტური დროით, ისეთი სტრუქტურებით, რომლებიც მხოლოდ არაცხადად, შინაგანად ასრულებენ გამაერთიანებელ ფუნქციას. ნიკო სამადაშვილის „შეხვედრები და სინანული“ ტექსტის ყველა ნიშანს ატარებს, თუკი ამ ცნებაში მეტყველების, თხრობის თვითდინებას ვგულისხმობთ.

ნიკო სამადაშვილის ამგვარი სულიერი მოთხოვნილება შენიშნულია თამაზ ჩხენკელის წერილშიც: „მერე თავის საყვარელ ლექსებს იტყოდა. ამ ლექსებს დიდის გრძნობით და თავდავიწყებით კითხულობდა. კი არ კითხულობდა, გიყვებოდა, რაღაც სხვას გეუბნებოდა, თითქოს მწარედ ტიროდა, გულს იოხებდა... თითქოს უკვირდა, ასე უგზო, ასე უბედო კაცი რომ არსებობდა და თვითონ რომ იყო ეს კაცი.“

ცხოვრების ჭაობში მოხეტიალე „სულის პურის“ უხვად მთესველი კაცი - ასეთია მისი ტექსტის ავტორი და მთხრობელი. „შეხვედრებსა და სინანულში“ ნიკო სამადაშვილის პოეტური სულისა და მისივე ცხოვრებისეული პროფილის ტრაგიკული და საბედისწერო დაუმთხვევლობა, მისი სულის ვერგანხორციელებული წიაღის ამონათქვამი იკითხება. აი, ერთი ადგილი ვახტანგ კოტეტიშვილისადმი მიწერილი წერილიდან (ყურადღება მივაქციოთ, რომ ამ წერილს ოცდაორი წლის კაცი წერს): „ისე ვიტანჯები უსაზღვროების საშინელებით და დედამიწის უნუგეშო ხეტიალით, რომ ასე მგონია, თითქოს მე ვარ წერტილი, სადაც თავდება სამყაროს უიმედობა“. უსაზღვროების ამ ტრაგიკულ განცდას სჭირდება საზღვარი, დაახლოებით იმგვარად, როგორც გალაკტიონის სტრიქონში: „სულს სწყურია საზღვარი, როგორც უსაზღვროებას“. უსაზღვროება პოეტურ სიტყვაში გადაილახება იმით, რომ დაერქმევა სახელი. სწორედ ამ იმპულსით უნდა იყოს გამოწვეული მისი პროზის გამძაფრებული მატერიალურობა და მგრძნობელობა. ამ მატერიალურობას მისი ხატების გრძნობად-ემოციური სისავსე, პოეტური აზროვნების სიმკვრივე, სახოვანება, ფორმიანობა, ერთი სიტყვით, ენის სუბსტანცია ქმნის. სხვათა შორის, „თავდება“ ურთიერთსაპირისპირო მნიშვნელობებს შეიცავს და ისინი ნიკო სამადაშვილის ამ ფრაზაში პარადოქსულად გადაკვეთენ ერთმანეთს: მნიშვნელობათა ერთი რიგი უკავშირდება დასრულებას, ამოწურვას, დამთავრებას; მეორე - თავმოყრას, ბოლო საზღვარს, უკიდურეს შევსებას. ფრაზის კონტექსტი ახსნის უფრო მეორე ვარიანტს გვკარნახობს, მაგრამ ამ კონტექსტიდან მოცილებული, ცალკე აღებული - იგი მნიშვნელობათა პირველი რიგის მგულისხმებელიცაა. პოეტის სული და პოეტური სიტყვა ის წერტილია, სადაც მთავრდება, ამოიწურება სამყაროს უიმედობა და იმავდროულად ის წერტილიც, სადაც ეს უიმედობა უკიდურესობამდეა გამძაფრებული. აქედან - პოეტური ხვედრის ორმაგობა:“ ტრაგიკულიც და ბედნიერების მომნიჭებელიც.

პოეტი სამყაროსა და მარადისობის ნაწილია, და როგორც მონაწილე პასუხისმგებელია შეტყობინებაზე. ეს შეტყობინება ცნაურდება პოეტური წარმოსახვის მექანიზმით, რომელიც ერთდროულად ახორციელებს უკვე ყოფილს და ჯერ არყოფილსაც, ყველა დრო (ნა-მყო, აწ-მყო, მყო-ბადი) ამ მარადიული მყოფ-ნობის მომენტებია. აი, საიდან მოდის ნიკო სამადაშვილის უმძაფრესი მეხსიერებამდელი ხატები: „წარმავლობის შორეულ მიჯნებიდან ვიღაც იცქირებოდა“, „ნანგრევები ჩაახველებენ ხოლმე სადღაც, ჩაბნელებულ საუკუნეთა გომურში“... აი, სად ისახება პოეტის მესსიანური დანიშნულების, სამყაროს შექმნის თანამონაწილის განცდა. ამ მდგომარეობის ამოთქმა აუცილებელია, ამიტომ და აქედან გამუდმებული შეხსენება: „უნდა წახვიდე, მისტვენდნენ გზები, უნდა მსოფლიოს კიდევ გაენდო“... ამოთქმა შინაგანად აუცილებელია არა მარტო პოეზიის, არამედ პროზის, წერილობის ყველა შესაძლო ენაზე. თავისი ყოვლისმომცველი, უნივერსალური შინაგანი არსის გამო სალექსო ფორმაში ვერჩატეული ეს პოეტური განცდა ადიდებულ მდინარესავით მოედება ენის, მეტყველების ხილულ და უხილავ სივრცეებს. მისი ტანჯვა უსაზღვროების ტრაგედიაა და მისი სწრაფვა საზღვრებში მოქცევის სურვილითაა აღძრული. ამიტომ: სულ გრიგალი, სულ ქარი და ქარიშხალი, მოძრაობა უზომო, საზღვრის გადამლახველი ენერგიით. შემართებით, ძალით, რიტმით: „ძნელია იმღერო და ილაპარაკო კიდეც... თითქოს დედამიწა ფეხებიდან მეცლება, არ ვიცი, სად დავისვენებ, თუნდაც ზეზეულად“. ნიკო სამადაშვილის პროზა ამ „არ ვიცი“-ს ნაყოფია. ნაყოფი იმ სულიერი მდგომარეობისა, როცა ადამიანს სიცოცხლის დროული და სივრცული საზღვრები ისევე ეხამუშება, როგორც ფიზიკურის სხეული და ცხოვრების მისჯილი წესი (სხვათა შორის, ნიკო სამადაშვილის პოეტურ სიტყვაში „ჩამდგარი გრიგალივით მოძრაობა“ ზუსტად აქვს შენიშნული ნაირა გელაშვილს).

ნიკო სამადაშვილის ტექსტთან შეხვედრა გარკვეულ, უპირველესად ფსიქოლოგიურ შემზადებას მოითხოვს. მასში ვერ იპოვით მოვლენის სიუჟეტურ განვითარებას, სადაც ემპირიულ ფაქტებს მხატვრულ-ესთეტიკურთან ერთად თავისთავადი ცხოვრებისეული ღირებულებაც გააჩნიათ. მზერა ჩაბრუნებულია შიგნით, სულის უფსკრულებისაკენ და რეალობა გვეძლევა ამ მზერაში გატარებული, გაუცხოებამდე ფერშეცვლილი ხატებით. ისინი უფრო პლასტიკური, ექსპრესიული მონასმით არიან შესრულებულნი, ვიდრე ფერწერულით. საერთოდ, გამძაფრებული ექსპესიულობა ამ პროზის უმთავრესი ნიშანია. იგი სამყაროს მიელტვის არა რაიმე პოზიტიური ცოდნის შესაძენად, არამედ მასთან ადამიანის ყველაზე ინტიმურ კავშირთა შესაგრძნობად. ხოლო ამ შეხვედრების შედეგი - ყოფიერებს მდიდარი და მრავალფეროვანი ემოციური გამოცდილება გამხელილია ოდნავ პათეტიკური (რაც ყოველთვის ახლავს რიტუალის შესრულებას), არტისტული და საკრალური მანერით. ნიკო სამადაშვილის პოეტური განცდა დაახლოებით ისეთსავე ხარისხს გულისხმობს, როგორიც პაოლო იაშვილის სტრიქონებშია: „და არ არსებობს ტანჯვა უფრო უზარმაზარი, ვიდრე პოეტის შთაგონებით დასნეულება“. მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ნიკო სამადაშვილის ტანჯვა ონტოლოგიურია, ადამიანისა და სამყაროს ერთიანობის რღვევასთან დაკავშირებული. ეს რღვევა ერთგან გამოხატულია უძლიერესი მეტაფორული ხატით „ცაცხვი ფერს შესცდა“. რაღაც უმნიშვნელოვანესი, არსებითი ცვლილებების შემაშფოთებელი წინათგრძნობა ძლიერდება კითხვითი ფრაზით „რა ამბავია?“, რასაც მოსდევს სახადშეყრილი და დაღუპული ხის ხატი: „აქ ხე მარხია, პოეტის გვამით სახად-შეყრილი და მოთენთილი“. იღუპება პოეტურ არსგამოცლილი სამყარო და ამ რღვევის აღქმის არეალი სულ ახალ და ახალ მიჯნებამდე ფართოვდება: დაშრეტის ზღვარამდეა მისული პოეტური განცდა - სამყაროული გზნების ნაწილი, „გულის ემბაზში“ ცხელ წვეთებად ჩაღვენთილი. ამ გზნების ნიშანია იდუმალი ცოდნა, რომელიც ერთიანობის რღვევის კვალდაკვალ გადაიზრდება ძრწოლაში შეუცნობლის წინაშე, დასაკარგად განწირული პოეტური „მე“-ს წინასწარ შიშში სამყაროს უსასრულობის წინაშე („პლანეტათა გაუვალი ნახირი ხომ მაგიჟებს და ტანში მაკანკალებს“). გამოფიტულობა, სიცარიელე, სიფუტუროვე („ძვლები დამიფუტუროვდა“). შენიშნული თამაზ ჩხენკელისა და ნაირა გელაშვილის მიერ, ვფიქრობთ, იმავდროულად პოეტური გზნებისაგან ადამიანის დაცლის მეტაფორაა.

ნიკო სამადაშვილის სივრცე დაცლისკენ მიდრეკილი სივრცეა (შდრ. მისი ენის გამძაფრებულ მატერიალურ მგრძნობელობას). აქედანაა ყოვლისაღმგველი ქარი და გრიგალი, რომელიც ჩვენს წარმოდგენაში უბინადრობის, უსახლკარობის განცდასაც უკავშირდება (გალაკტიონი: „მხოლოდ ქარიშხალს არ ჰქონდა ბინა“). უბინადრობისა და მარტოობის შეგრძნება ძლიერდება ისტორიის მიერ გარიყული რელიგიურ-კულტურულ ღირებულებათა უადგილობის ხატებით: „ხნიერი გამოქვაბულებით“, „თვალებდათხრილი კერპებით“, „ტაძრის ფუტურო ქერქით“. სივრცის გამოცარიელების განცდა გამძაფრებულია დაშრეტილი დროის უჩვეულო, ტრაგიკული მეტაფორებით. გამოფიტული, დაცლილი გარემოს გახშირებული, კონვულსიური სუნთქვა სიკვდილისა და განადგურების წინათგრძნობითაა სავსე. ამ გამოცარიელებულ, უგრძნობ სამყაროში მიედინება პოეტის სიცოცხლე („ვისაც სიცოცხლე მიჰქონდა, როგორც უგრძნობელ ცხედარს“).

ნიკო სამადაშვილის შემოქმედებაში არის ზემატერიალური სივრცის სიჭარბე და მატერიალური სივრცის უკმარობა („ფრთხილად, ხალხი მიწიდან არ გადაცვინდეს“). საპირისპირო მნიშვნელობათა შეხვედრისათვის მზადმყოფ ენობრივ სივრცეში ერთმანეთის გვერდით, ერთდროულად არსებობენ უსაზღვროება და გაუვალობა (უსაზღვროება - მიჯნის უქონლობა, დაუბრკოლებლობა; გაუვალობა - დაბრკოლებათა სიჭარბე უმაღლეს ხარისხში). ყურადღება მივაქციოთ მოღიავებული, დაცლისაკენ მიდრეკილი სივრცის („გაცრეცილი“, „ხუფაყრილი“, „ხრიოკი“. „უკუნეთის ქარაფები“) მოულოდნელ მატერიალურ დატვირთულობასა და ჩაკეტილობას ევროპის აღსასრულის ტრაგიკულ ხატში: „განწირულ ხალხთა დაუსრულებელი ნაკადი ჭირხლივით მოიწევდა კაცობრიობის სასაკლაოზე, დედამიწა უკუნეთის ქარაფების წინ ინჯღრეოდა. ამოვარდნილი ქარიშხლები ზათქით, წუილითა და ღრიანცელით მიერეკებოდნენ შემზარავ ღრუბლების ჯოგს ევროპის გაცრეცილ სივრცეებში... ხუფაყრილი ვულკანები ყვიროდნენ. უსაზღვროების გაუვალ ხრიოკებში ელდანაცემი პლანეტები ბღაოდნენ“. სურათი განიცდება სამყაროს გლობალური კატასტროფის წინასწარხედვად, სიკვდილ-სიცოცხლის მიჯნები წაშლილია, უკიდურესობამდე დაძაბული რიტმი აბორგებული დედამიწის სიკვდილისწინა აგონიას გამოხატავს. სულმოუთქმელად გადაბმული, ვეებერთელა შიდაპოეტური სივრცის მატარებელი მეტაფორული ხატები უწყვეტ ნაკადებად მიექანებიან ერთმანეთისაკენ, ეჯახებიან და ქრებიან, რათა გზა მისცენ ახალ შემზარავ, სისხლიან, სიკვდილით და აპოკალიფსური ხილვებით აღბეჭდილ სახეებს: „ევროპის ხმელეთი შემოხვეული ურჩხულის სიმძიმით იზნიქებოდა, ჩახურებული დედამიწა მკვდრებს ძლივსღა აუდიოდა, სასაფლაოებს ვეღარ ინელებდა, სისხლს აღებინებდა, სუნთქვა ეკვროდა, მზად იყო ზეცის ბალიში გაენგრია და სადღაც შორს, შორს... სინათლის იქით გადახვეწილიყო“.

ტოტალიტარული იმპერიების სიკვდილისწინა აგონიით ატორტმანებული დედამიწა „ღვედდაწყვეტილია“ „ჭაპანს ვეღარ ეწევა და ისტორიის ახირებულ გზებზე გულსაკლავად მოჰბღავის“. საუკუნის გუგუნში გზადაკარგული ქართველისადმი პოეტის გულსაკლავი ძახილიც ისმის: „ჩაფიქრებულხარ გზიდან გზაზე ბედამღვრეული და ქართულ ჰანგებს შენს მკერდის ქვეშ უფართხალიათ. იცი, რომ შენსკენ არსიანის ნაკადულები გულდაწყვეტილი ბალღებივით იცქირებიან?“ უსამშობლობა უპირველესად ნიშნავს იმ სივრცის გაქრობას, რომლის გარეშეც ადამიანი აბსოლუტურად მარტო რჩება სამყაროს უსასრულობის პირისპირ. უსასრულობა თითქოს მატერიალურ სივრცეშია შემოჭრილი, ამიტომ ნიკო სამადაშვილის პოეზიისა და პროზის გმირი თითქმის ერთდროულად განიცდის სივრცის უსაზღვროებასაც და უკმარობასაც. დედამიწა უსასრულობის ნაწილი ხდება: „ხნიერი გამოქვაბულები განუწყვეტლივ უსტვენენ ფარღალალა და ბუმბერაზ სივრცეებში“. „ხნიერი“ - დროის ნიშანია, „ფარღალალა“ და „ბუმბერაზი“ ის მახასიათებლებია, რომლებიც სივრცეს მატერიალურობას უკარგავს. არსებითად, ეს გამოქვაბულები უსაზღვროების, მარადისობის შავი მღვიმეებია. დროის დაუსაბამო სვლა გრძნობადი სივრცული ხატებითაა გადმოცემული: „ავადმყოფებივით ხიხინებენ ასეული წლების შარა-გზებზე მიმავალი საუკუნენი“. უსასრულობასთან „გაშინაურებული“ მზერის ნაყოფია „ცის ბალიში“ და „შემოუღობავი ცის ეზოები“, რომელთაც „მაღალი ხის კენწეროები ჰგვიან“. შინაგანი აფორიაქების მაუწყებელი ეს უზუსტესი ხატი (ეზო ჩემთვის შემოღობილი სივრცეა და რაკი შემოუღობავია, მისი „ამქვეყნიური“ ფუნქცია მოშლილია) კოსმიურ სივრცეებთან პოეტის სულიერი ერთიანობის, მეტიც, რაღაცნაირი ყოფიერებისეული ინტიმის შეგრძნებას აღძრავს, მაგრამ იმავდროულად მატერიალური სივრცის უსაზღვროებით, უმიჯნობით გაჩენილ შეშფოთებაზეც მიგვანიშნებს.

დედამიწა გზასაცდენილია. იგი „ისტორიის მაცდურ ფურცლებს გაურბის“. ისტორიის იძულებით „შეკრული“ დედამიწა ამოვარდნილია მოძრაობის ბუნებრივი ტრაექტორიიდან. სამყაროს უმცირეს ჩქამს ყოფიერების მთელ დროსივრცულ ჭრილში მხოლოდ მისნის მზერა ამჩნევს: „წარმავალობის შორეული მიჯნებიდან ვიღაც იცქირებოდა, ის ბევრის მომსწრე იყო, იმან იცოდა... ის ახლაც იყურება. ის მისანია დასაბამსა და წარმავლობას შორის დასახლებული“. შემდეგ მისნის ხატი კიდევ უფრო უცნაურდება და თითქმის მთლიანად შორდება რეალურ აღქმას: „იმის ცხედარს დაწკრიალებულ წუთისოფელში შემოასვენებენ გაფითრებული გრიგალები“. აქ აუცილებელია ორიოდე სიტყვის თქმა ნიკო სამადაშვილის პოეტურ მეტყველებაზე. მისი მეტაფორები უჩვეულოდ აფართოებენ სიტყვათა და წინადადებათა სემანტიკურ ველს. მოულოდნელზე მოულოდნელი პრედიკაციები კი მის ენას არაჩვეულებრივ ექსპრესიულობასა და გამომსახველობას ანიჭებენ. ნიკო სამადაშვილის პოეტური სიტყვა არ არის მხოლოდ „თავანკარა ქართულის ფლობის“ ნაყოფი. სიტყვათა არეალის შერჩევით იგი მისტიური იდუმალების შექმნის გამორჩეულ უნარს ფლობს. მის მხატვრულ სივრცეში არაჩვეულებრივი მოვლენები ხდება. დავაკვირდეთ: „დაწკრიალებული წუთისოფელი“ უკვე გარდაცვლილთა სამყაროა. აქ კი არ იბადებიან, არამედ უსასრულობიდან მოდიან უკვე გარდაცვლილები, უკვე ცხედრები. მისნის ცხედარს სტიქიონური ძალები მოუძღვებიან. ადამიანისა და სამყაროს მისტიკური ერთიანობის განცდას აღძრავს სამგლოვიარო პროცესიის იდუმალი, ჟრჟოლისმომგვრელი ხატები: ცხედარს ან „განმარტოებული ნამქერი“ მოუძღვის, ან „გაფითრებული გრიგალები“, ან სულაც „ნაძვები მოასვენებენ“. სიკვდილი მხოლოდ თავაზიანობის გამო ესწრება დასაფლავებას. და აი ნიკო სამადაშვილი აზუსტებს მისნის სახეს: „გოლგოთაზე მძიმე ჯვარს ისევ აღმართავენ, ვით სამარადჟამო მძევალს... ქრისტე თუ ბუდა, ბუდა თუ ქრისტე?“ თუ პოეტი, შემოქმედი, რომელსაც უმალ შევიცნობთ უმძრაფრეს ექსპრესიულ ამონათქვამში: „ვინ დამიძახა დედამიწიდან? რა უნდათ ჩემგან?“. სწორედ იგი ნიკო სამადაშვილი ტექსტის ავტორი-პოეტი, მისანი, შემოქმედი - დედამიწაზე „შემოცვენილ ნისლწამოხურულ საუკუნეთა“ მარადიული მეგზური. ჯვარცმის მისტერია მისანთა და შემოქმედთა ყოფიერების მისტერიაა.

ნიკო სამადაშვილის პროზას პოეტურ ხილვათა უჩვეულო ნათება და პოეტური განწყობილების დიდი სიღრმე ახასიათებს. მარადისობისაკენ თვალმიპყრობილი მისი გმირი ისე დახეტიალობს დედამიწის გზებზე, როგორც „სტუმარი“, ან „უსაზღვროების მძევალი“. ამ ხეტიალს თავისი ბუნებრივი არტისტიზმი ახლავს, ხანდახან შინაგანი გზნების კონვულსიებით დეფორმირებული, მაგრამ მაინც ბუნებრივი, რაციონალური ზომიერებით და წონასწორობით შეურყვნელი. „წარმავლობამ“ არ აგიკვიატოს, თორემ თავის ნოტიო კედლებზე შემოგაწყვეტავს, ფრთხილად!“ - აფრთხილებს, მისძახის თავის ორეულს. „წარმავლობის კრაზანებმა მოწამლეს ტვინი, თორემ გულს რა უჭირდა, ტვინმა დაღუპა ქრისტეც და ბუდაც. ტვინი - ბედკრულ გულს რომ დასჩხავის თვალებს შიგნის ურჩხულივით ჩაცუცქული და თავის ქალაში ჭორიკანა ფიქრების აბლაბუდა ქსელს რომ აბავს“. წარმავლობის პირისპირ გულის გარეშე, ტვინის ამარა დარჩენილი ადამიანი განწირულია. აი, განწირულობის მეტაფორებიც: გრიგალებით გადასერილი, მბჟუტავი, ფარღალალა ქვეყნიერება, წყვდიადს იქით თითქოს სამუდამოდ გარდასული მზე და ამ წყვდიადის „პიტალო კლდეზე ძლივსღა მბჟუტავი ტვინშენთხეული სინათლე“. ისტორიაც წარმავალობის მძევალია „ნანგრევების ხრიალია“, „ნანგრევების ლუღლუღი“. „ნანგრევები ჩაახველებენ სადღაც ჩაბნელებულ საუკუნეთა გომურში და ჩვენ ისტორია გვგონია“ (ყურადღება მივაქციოთ, რაოდენ წინასწარმეტყველურად ჟღერს ისტორიის ასეთი ხედვა დღევანდელი ისტორიული კონცეფციის ფონზე - მ.კ.). ნიკო სამადაშვილი სტიქიურად რელიგიურია, ე.ი. მისტიკოსია, ან სხვაგვარად: რელიგიურია არა მსოფლმხედველობრივი ან აღმსარებლობითი კუთვნილების თვალსაზრისით, არამედ სამყაროს პოეტური აღქმის გამოისობით. რელიგია, ჩვეულებრივი აზრით, მისთვის ტვინისმიერი წარმონაქმნია. რწმენა დაპატიმრებულია გონების მიერ, სამუდამოდაა „მილურსმნილი ტაძრის კედლებზე, ამაოების მწველ მდუმარებასთან ხავსივით შერწყმული“. ამიტომ ტაძარი „ავადმყოფი მონასავით თვლემს“. იგი „გზააბნეული შეთქმულია - საუკუნეთა ტევრში გაჩხერილი“. ტაძარი - დაფუღუროებული, გამოფიტული დედამიწის ნაწილია (სწორედ მატერიალური ნაწილი და არა სულიერი) - წარმავლობის სამსახურში ჩამდგარი, დაშრეტილი რწმენის საუფლო. მხატვრული ხატების ამგვარი რიგიც: გზააბნეული, ჩამორჩენილი, საუკუნეთა ტევრში გაჩხერილი, ბინდდაკრული, ფერგახუნებული, დახავსებული - წარმავლობასთან რელიგიის თანამოზიარეობაზე მიგვითითებს. წამებული ღმერთი ტვინის მიერ მძევლად აყვანილი ღმერთია: „რაღაც სიდუხჭირე გადაეფარა სიონის გამოხრულ ჩონჩხს, ზედ ლაფივით გადაასხა თავისი ღვარძლი და ქრისტიანობის უკანასკნელ ნაბიჭვრებს დაგვიტოვა ჯვარგაჩრილი ახმახი თოჯინა“. ამ ნიცშეანური მედიტაციის შემდეგ მოვლენის მსოფლმხედველობრივ შეფასებასაც მოვუსმინოთ: „ქრისტიანობის ტრაგედიის მიზეზი ისიც იყო, რომ სიკვდილი ვერასგზით ვერ მოიშინაურა“.

თანამედროვე ადამიანის რწმენის უნაყოფობას ნიკო სამადაშვილი რელიგიის უნაყოფობას უკავშირებს. მაგრამ მხოლოდ გონებით. ჩვენი ეროვნული ცნობიერების საძირკველში ქრისტესათვის დაღვრილი სისხლია ჩაწურული და ნიკო სამადაშვილის რელიგიური შინაარსის პოეტური ხატების ტრაგიკული ელფერიც ამ ცნობიერების წიაღიდან მოდის: „ნინოს ცრემლები, დამსხვრეული ჯვრის ნაკუწები“ ან „ზურგშექცეულ მოწამეთა ხელის მუჭაში მოგროვილი ცრემლების ჟონა“... ამ ხატებში წინაპრისა და შთამომავლის ტრაგიკული განცდით გაერთიანებული იმ რწმენის ნათელი აღდგება, გარეჯში ჩახოცილ ბერებს ლიტანიის დამთავრებას რომ ავალდებულებდა. ყოველთა დროთა შემმუსვრელი ტრაგიკული წამის სიდიადე აღადგენს ამ ერთიანობას. აღადგენს ყოველგვარი რწმენის ის ფარული სულისმიერი ენერგია, რომელიც ნიკო სამადაშვილისათვის პოეტური გზნების ტოლფასია და რომელშიც „ეგვიპტელი ქურუმების ცეცხლი“ და „გაძევებულ ქრისტიანთა ელამი კელაპტრების ალი:“ თანაბარწილად ელვარებს. პოეტი აქაც წარმომავლობისა და მარადისობის კვალშია ჩამდგარი, აქაც „ჟამთა სიავის კევრით ჩალეწილ დროებათა გალახულ ტუტუნს“ უსმენს მიწაზე ყურმიდებული, რათა რელიგიური გზნების შემორჩენილი ნატამალი შეიგრძნოს. ეძებს და პოულობს „სიონის ქვებზე ამოჭრილ თვალდახუჭულ წარწერებში“, „ხუროთმოძღვრის ნაღვლიან ღიმილში“, „ნიშა ხარის ქანდაკებაზე“ შემორჩენილს. სწორედ ამიტომ იყო პოეტი ყოველთვის მისნის ბედის თანამოზიარე, მასავით „მარადისობის მძევალი წარმავლობასთან“, ხოლო „პოეზიის აკვნის უღელზე მარცხენა მკლავით დაყრდნობილი ღვთისმშობელი იავნანას მღეროდა და საგოგავები ბანს აძლევდნენ“. „პოეტურ გათხრებში“ მწერალი უპირისპირდება ცივილიზაციას, როგორც ქაოსს, როგორც გზადაკარგული კაცობრიობის გაუვალ ბილიკს, დაშორებას ბუნებრივი წესრიგისაგან. დაკარგული დროის ვირტუოზული მატერიალიზაცია სივრცულ ხატებში დანაკარგის სიმძაფრეზე მიგვანიშნებს. „ბაღები სადალაქოს თოჯინებივით შეკრიჭეს“ - გოდებს პოეტი. გავიხსენოთ, რომ ეს ის ბაღებია, სადაც „წარმართი ხეები“ და „მლოცველი ცაცხვები“ დგანან. ცივილიზაციის „კეთილშობილური აგრესიის“ მსხვერპლის ეს ზუსტი ხატი, სხვათა შორის, გვხვდება ანდრეი ტარკოვსკის ფილმშიც, როცა ბავშვობისდროინდელ სახლში მიბრუნებული გმირი ყველაზე მეტად ბაღის გაკრეჭას განიცდის. გავიხსენოთ, როგორ ეუცხოება ადამიანს საკუთარი თავი თმის მოკვეცის შემდეგ: არაცნობიერი აღნუსხავს ჩვენს განმსგავსებას ჩვენივ ბუნებრივ სახისაგან. აქ ალბათ, არც იმის შეხსენება იქნებოდა ურიგო, რომ თმის ფსიქოლოგიური არქეტიპი დედამიწის მცენარეული საფარია. უძველესი რწმენის თანახმად კი ხეებსა და მცენარეებში ბუნების პარციალური სულია დავანებული.

პოეტი არის მაგი, რომელმაც სამყაროს საიდუმლო უნდა ამოხსნას, მაგრამ რაციონალიზმის სახადშეყრილ კაცობრიობას მისი აღარ სჯერა, როგორც თვით იდუმალებისა აღარ სჯერა საერთოდ. რაოდენ მისტიკურია ეს ამაღლება ყოფიერებიდან, სიცოცხლიდან, ეს „გადაცილება წუთისოფლიდან“, „გადაცილება სამყაროებიდან“, ეს განუწყვეტელი ხეტიალი სამყაროს დაუსაბამო გზებზე, ან თუნდაც პოეტთან შეხვედრის მარადიულად მომლოდინე სამყაროს ხატი: „თუ გზას როგორმე ვეღარ გაიგნებ, ქარები მთვარეს ასწევენ მაღლა“...

„პოეტური გათხრები“ თანადროულობიდან გენეტიკური მეხსიერებისაკენ, არაცნობიერისაკენ იწვევს ცნობიერების „რეგრესული ფორმების“ გააქტიურებას და საოცარი პოეტური ხატების მოზღვავებას. მათში ქართულ სიტყვაში ჩაბუდებული მეხსიერებამდელი პოეტური ენერგია ფეთქდება. ეს ფეთქებადი მუხტები ნიკო სამადაშვილის პროზაში ლექსებად არიან გაბნეული, შეუძლებელიც კია მისი პროზის გაგება ამ ჩანართების გარეშე. ესაა სიტყვის იდუმალი მისტიკითა და საკრალური ენერგიით სავსე პოეტურ ხილვათა გამკვრივებული, შედედებული წარმონაქმნები. ნიკო სამადაშვილისათვის პოეტური სიტყვა დუმილის ტოლფასია: „აჰყე, არ დასძრა არსად კრინტი, ხმა და სამყაროებს გადასცილდები“. ის ამბობს: „აჰყე“, „მოსწყდი“ და მისი გზა არის ბედისწერით აღბეჭდილი გზა სამყაროს იქითა სამყაროებისაკენ. აქ სულ გადალახვა, სივრცეთა გადავლა, გადაცილება, სინათლის გაღმა გაქუსვლაა, დროის მიჯნების მსხვრევა და ბედისწერული ჭენებაა პოეტური გზნებისა. მარადისობაში ჩასახული წუთისოფელი ისე ფხრეწს მის ბნელ ფარდას, როგორც მამლის ყივილი - ღამის მდუმარებას. გათენება ღამეში ისახება ისევე, როგორც წუთისოფელი - მარადიულ, ზედროულ სოფელში. ცივი, „პირუტყვი უკუნეთი“ „მეორე წუთისოფლის სანათურებია“. სამყაროს იქით - სამყაროა, პლანეტის იქით - პლანეტა, „პლანეტათა გაუვალი ნახირი“, წუთისოფლის მიღმა - „მეორე წუთისოფელი“. ამ უსასრულობით შეძრული პოეტის სული, მის სივრცეებში განავარდებისათვის შექმნილი, მაგრამ სასრულ ჭურჭელში გამომწყვდეული - დამფრთხალი და შეშფოთებული ადევნებს მზერას ამ უჩვეულო და დაუსაბამო წესრიგს. ამ ფრთხილი და ეჭვიანი მზერის ნაყოფია მისი ერთი ლექსის სტრიქონიც: „სამყარო არის! ფრთხილად ვფიქრობდი. სამყარო არის! დანამდვილებით“.

„შეხვედრები და სინანული“ პოეტურ განცდათა, ხატებისა და ხილვების საოცარი, ელვარე კალეიდოსკოპია. იგი ერთი წუთისოფლის სტუმრის საუბარს ჰგავს სხვა წუთისოფლის სტუმართან, უფრო კი მარადისობის მგზავრთა საუბარს გვაგონებს. ამ წარმოსახვითი შეხვედრების აუხსნელი, ბედისწერული იდუმალებით შეძრული ნიკო სამადაშვილი ფიროსმანისებური კონტრასტებითა და იდუმალებით ხატავს ყოფით სურათებს, ქართველ კაცს, ნდობითა და გზნებით აღწერს სწორედ წუთისოფლის სტუმრებს, მათ ტკივილებსა და სევდას, მათ გახსნილ სადღესასწაულო განწყობას. სამყარო კვდომის, ანუ წარსულად ქცევის მიჯნაზე იმყოფება. მის ხატებს რაღაც განწირული მგრძნობელობა ახასიათებთ, რადგან: კვდება პოეტი და ჩვეულებრივი ადამიანისაგან განსხვავებით, რომელიც „მხოლოდ თავისთავს უკვდება“, პოეტი მთელ სამყაროს უკვდება, ქვეყანა პოეტურად მომზირალი თვალის გარეშე რჩება. გარდაცვალების, გადასვლის წამი (რადგან ადამიანიც მძევალია, შემოხეტებული სტუმარი, რომელიც უნდა წავიდეს და არსებითად მზადაა წასასვლელად ყველა ნიშნით - სივრცეც მზადაა განითქვიფოს უსასრულობაში, გამოფუტუროვებულია, ფარღალალაა, საზღვრები მორღვეულია) შემობრუნებული და აღდგენილია პოეტურ განცდაში, პოეტურ ხატში. ამ გზით შემოქმედებითი ძალისხმევის აქტი - „განდობა სამყაროსთან“ - კვლავ შემოსავს პოეტური არსისაგან განძარცულ ქვეყნიერებას. ამის შემდეგ გასაგები ხდება უსასრულობიდან პოეტის გამოხმობის ფუნქციაც: „ვინ დამიძახა დედამიწიდან“?

„შეხვედრებისა და სინანულის“ დასკვნითი ნაწილი შემოქმედის სასტიკი, ცინიკური განადგურების სურათია. „ჩაქოლილი მწერლის“, „აბღავლებული დედამიწის“, „უმზეოდ დარჩენილი ქვეყნის“ ხატებში თანამედროვე პოლიტიკურ ეპოქასთან პოეტური სულის შეხების ტრაგიკული შედეგები ცნაურდება. „შეხვედრები და სინანული“ დროსა და სივრცეში შეწყვეტილი უიმედო ბგერით მთავრდება. სრულდება ბიოგრაფიული დროის, პოეტურ დროდ ქცევის საოცარი რიტუალებით სავსე პროზა - პოეტური სულის აღსარება, „ლექსის გარეთ“ დარჩენილი პოეტური გზნების ემანაცია. იწყება ზაფხულის ხვატით და მთავრდება ზამთრის ცივი ღამით. იწყება აგუგუნებული ქარიშხლით და თოვლიანი ქარბუქით განსრულდება. კაცობრიობას უკვდება კიდევ ერთი პოეტი, რომელსაც „ღრუბლის ნაძოვი სივრცე უყვარდა“. ეპოქას განაგებს უკიდურესობამდე გაღვივებული „ფლობის“ ინსტინქტი. ნიკო სამადაშვილის ტექსტი „ყოფნობის“ უკანასკნელი ძახილია და მას განდობის, გაზიარების ფორმა აქვს - „თანაყოფნობის“ ონტოგენეტიკური ფორმა. ნიკო სამადაშვილის მხატვრული ენაც მისი მსოფლშეგრძნების იზომორფულია. იგი მთლიანად შინაგანი მეტყველების გამოხატულებაა და იმდენადაა ჩაძირული თავის პოეტურ წიაღში, რომ შეიძლება ითქვას - ეს ენა საკუთარ თავს პოეტური სტიქიის გადალახვას უკრძალავს.

ნიკო სამადაშვილის ხატებსა და აზრებს „სიცოცხლეშივე გადამწვარი პოეტის ლანდი“ წამოსდგომია თავს, ყველაფერში უსახო, გახრწნილი, უფორმო ყოფაა შეჭრილი. აქ პოეზია ვერ ხმიანობს, პოეზია სრულ, აუმღვრეველ სიჩუმეში იქმნება: „იმღერე, სანამ მყუდროა ღამე, სანამ გრიგალებს სძინავთ ძვირფასო“. „შეხვედრები და სინანული“ სიჩუმისა და ხმაურის მიჯნაზე ნათქვამი შინაგანი სიტყვაა, ჩამოაცილეთ მას დიალოგის გარეგანი ფორმა და ხელთ შეგრჩებათ პოეტის ინტიმური აღსარება, მისი მწველი და მშფოთვარე ფიქრი საკუთარ თავზე, ყოფიერებაზე, პოეზიასა და რელიგიაზე, სიცოცხლესა და სიკვდილზე. სწორედ ამ თვალით უნდა წავიკითხოთ ნიკო სამადაშვილის „სულის ტექსტი“.

2.18 18. კიკნაძე, ზურაბ. ავთანდილის ანდერძი :

▲ზევით დაბრუნება


[ნიკო სამადაშვილი]. -თბილისი, 2001. - გვ. 84-87. - ISBN 9992816252

პოეტის სიკვდილის მეათე წელს გამოქვეყნდა მისი ლექსების პირველი წიგნი, მცირე კრებული. ახლა ძნელია წარმოდგენა იმისა, თუ როგორ შეხვდებოდა ქართული ლიტერატურის ამ მნიშვნელოვან ფაქტს განსხვავებული პოეტი, - წიგნში დაბეჭდილი ბევრი ლექსი ხომ მისი სულის აღსარებაა. უკიდურესად გულახდილი და დაუნდობელი. აქ ვერ ვნახავთ ვერცერთ უფერულ ლექსს, უბრალო საბაბით დაწერილს, უღიმღამოს და არაფრისმთქმელს.

პოეზია არ უნდა ყოფილიყო მისთვის მარტოოდენ „ტკბილ ხმათა“ სიმღერა; ნაღვერდალში მუდმივ ცხელებაში აქტივობდა მისი სული და შემდეგ მწველ, აფორიაქებულ, ზოგჯერ მოუწესრიგებელ სტრიქონებში რაელიზდებოდა, თუმცა ამ საქმიანობას სინამდვილის ჟამს „ჯღაბნას“ არქმევდა: „ლექსების ჯღაბნა წამებად გექცა, სჯობდა ვენახის კვალი გებარა, ვის რად უნდოდა ეს თავლთმაქცობა, ნეტავი ქარში გადაგეყარა.“ მაგრამ ტრაგიკული სწორედ იმის მიგნება უნდა ყოფილიყო, რომ იგი ვერასოდეს დააღწევდა თავს ამ „თვალთმაქცობას“. რადგან შემოქმედება - თქმის ჟინი - სისხლხორცეული იყო მისთვის, ძვლამდე გამჯდარი („რა ექნა იმას, მგზავრო მითხარი, ვინც ძვლების ცეცხლი ვერ დაიყოვნა“). იგი თითქოს სხეულის ფორებიდან დევნიდა გარეთ სათქმელს, აუცილებელს და ეს იყო მისი ერთადერთი ნუგეში, სულის დაამება; გულზე მომშვები კათარზისი. ამ ეზოტერულ საიდუმლოებას შემოქმედებისას თავად ამხელს იგი საკუთარი თავისადმი მიმართულ ლექსში („ნიკო სამადაშვილს“): „ავადმყოფობა ეგონათ, ბიჭო, ლექსები ტანზე გამონაყარი“.

ნიკო სამადაშვილი განსაკუთრებული მოვლენაა ქართულ პოეზიაში. პირველ ყოვლისა, უნდა აღინიშნოს მისი ლექსების გამო მოხდენილად თქვეს წიგნის შესავალი წერილის ავტორებმა თ. ჩხენკელმა და ა. სულაკაურმა: „მისი ლექსები მოგვაგონებენ გაუცრელი თიხისაგან გამომწვარ ასიმეტრიულ დოქებს, რომელთაც, თუმცა კი ამჩნევიათ კოჟრები და მომტვრეული აქვთ ტუჩი ან ყური, მაგრამ პოეზიის ძელგი შეურყვნელი, მაგარი ღვინით არიან სავსენი.“

საგანგებოდ უნდა ითქვას, რომ სამადაშვილი უპირატესად პოეტი-მხატვარია: მის პოეზიაში სრულიად გამოუვლენელია ყველა დროის ქართული პოეზიისათვის ეგზომ დამახასიათებელი ჰიმნური ანუ ხოტბური ელემენტი.

პოეტის თვალით დანახული და მისი გეშით განცდილი სოფელი მისი სამშობლოა, ერთი კუთხე ქვეყნიერებისა. დაუვიწყარი ქართული, უფრო ხშირად კონკრეტული ლოკალი - ტანას ხეობის ერთი სოფელი, რაიც დიდი სოფლის, წუთისოფლის ხატად არის წარმოსახული.

მაგრამ მანამდე უნდა ვახსენოთ ლექსი „ჩემი სოფელი“, სადაც ერთმანეთს მისდევს საკვირველი პლასტიურობითა და ლაკონიზმით დახატული ყოფითი კადრები. აქ არაფერი უჩვეულო არ მომხდარა (ლექსი მოგონებაა) და არც რამეა უცნაური სანახავი, სურათები სტატიკურია (ზმნა არსად არის ნახმარი) თითქოს ელის მათ გამხსენებელს („უძრავი ტახტი, წალო), ზანდუკი, ფერისცვალობა, საფლავზე ხილი“, „კერძით გასვრილი ჯამი თაროზე და ძველი სახლი წისქვილის წინა“, „მთებზე ზოზინი სოფლის ნახირის, მდინარის გაღმა ვეება ქორი“), მთელი ლექსი გამსჭვალულია შინაგანი „ფათფათით“. ნაღვლიანი სიყვარულით, თუმცა ეს სიტყვა ერთადერთხელ არის ნახმარი ლექსის ბოლოს: `როგორ მიყვარდა ჩემი სოფელი, როგორ მინდოდა იქ მოვმკვრადიყავ“.

„უკანასკნელი ქრისტიანები“, „ბეთანია“, მთლიანად გასენილია ტრაგიკული განცდით და ასოციაციებით, რასაც თავად ბეთანიის მიწა ინახავს. იქ მიმავალ პილიგრიმთა ხედვაში იღვიძებს ლეგენდა თუ ისტორია, ტაძრის სანახებს შენივთებული: „ხევში მდინარე შემოგვეფეთა - შეწირულ ბავშვთა ცრემლები იყო“, ამიტომაც „ჩვენ მივდიოდით აღმართზე ერთად, რატომღაც ჩუმად, რაღაც უიღბლოდ“, ისტორია: „აქ დანდობილა გლეხი სახრეზე, აქ შესწრებია ორშაბათ დილას“, ორშაბათში განსაკუთრებული სიმბოლო მარხია, რაღაც ხალხურ-ტრადიციული: „კვირაძლის მწუხრზე გავდა ორშაბათს და გულის კვამლი უწვავდა თვალებს“ (ლექსიდან „დაითენთა“); ის ორი სტრიქონი ასე გრძელდება: „ახლაც კი ვამჩნევ ლაშას სახეზე - ჯალალედინის შემოკრულ სილას“, ლაშა - საქართველოს პერსონიფიკაცია; ჯალალედინი - „საქართველოს უკვდავი მტერი“ და ეს ფრაგმენტი გულისმომკვლელი ლეგენდის თუ მითისა: „აქ თავის თათით ითხრიდა საფლავს მწყემსდაღუპული სოფლის ნახირი“, რასაც არაორაზროვნად ეხმიანება პილიგრიმთა ბედი. „ძლივს ვამშვიდებდით შემკრთალ მაცხოვარს რჯულდაწყვეტილი ექვსი ქართველი“. ამავე დროს აქ ცხადად გამოსჭვივის სიმბოლიკა კეთილი მწყემსისა და მისი სამწყსოსი.

ყველა ამ სასოწარმკვეთელ სურათს აბოლებს შემზარავი სანახაობა, ერთ სტროფში გადმოცემული, რაც სავსებით ავლენს სამადაშვილისეულ თვალსა და მანერას წერისა: „მათხოვარი ზის, როგორც ობობა - მყრალ ჯოჯოხეთის მოხდილი პკეა, არც ზღაპარია, აღარც მოთხრობა, ის თითქოს ჩიტებს აუკენკიათ“.

მაგრამ არის სხვა ხილვაც. იმედიანი ასოციაციებით შენივთული. ხილვა მკაცრი და დიდებული დღესასწაულისა ატენის სიონში, რომლის არემარე არაამქვეყნიური შუქით არის განათებული („უფლის ნათელი დაბარბაცებდა გაუთენარი გზების ბოლომდე“) ამ მისტერიულ ღამეს, როდესაც ეს კონკრეტული ლოკალი რაღაც ყოველდროულ ადგილად წარმოუდგება პოეტის თვალს. ეს ადგილი თითქმის ქვეყნიერების ჭიპია, არც მდინარე ტანაა მცირე წყალი, არამედ „სოფლისა წყალნი“ (რუსთაველი) ან იორდანე, ყოველთა მდინარეთა ხატი. ეს ორი სტრიქონი, რომელიც მნიშვნელოვანი სიმბოლოებით არის შეძერწილი, მისტიურ შუქს ახვევს ლექსში დახატულ პეიზაჟს და ამბავს, რეალობას გვერდზე გადაანაცვლებს, თითქოს გადასწევს ფარდას, ჭეშმარიტი სურათის დამფარავს; რაც მას მოჰყვება, იმედისა და წყნარი სიხარულის შუქით არის მოქსოვილი; „დრო იყო, როცა ბნელ სასუფეველს მდინარე ტანა ჩაუდიოდა, საიქიოდან წუთისოფელი როგორც მამალი ისე ჰყიოდა“. ამ ზერეალური სურათის მხილველი პირისპირ დგას უაღრესი საიდუმლოების წინაშე - ქვეყნიერების ახალი დღის გათენების ანუ (რაც იგივეა) ქვესკნელს ჩასული წუთისოფლის მკვდრეთით აღდგომისა, მამალი - მზის სიმბოლო, გათენების მაუწყებელი ფრთოსანი დღევანდლამდე: ძველ ქრისტიანთა თქმულებით მამლის პირველ ყივილზე აღმდგარა ქრისტე, ამიტომაც მამალს ახატავდნენ პირველი ქრისტიანები საფლავის ქვებზე; ჩვეულება გამძლეა და შესაძლებელია ჩვენშიც შემორჩენილიყო იგი.

იმის გამო რომ კონკრეტული ლოკალი განზოგადოებულია, - კერძოში ზოგადის კონტურები იხილვება - ატენის სიონიც, მე-7 საუკუნეში აგებული შენობა, ტანას მყუდრო ხეობაში მიყუჟული, ქრისტიანობის პირველტაძრად ანუ აკვნად განიცდება. ამას გვაუწყებს საკვირველი სტრიქონები: „ქრისტემ ბავშვობა აქ გაატარა და ღვთისმშობელი უგვიდა ეზოს“: ტაძრის საკრალური არეა ღვთისმშობლის მიერ დაგვილ-გაწმენდილი, წმინდა ოჯახის ადგილ-სამყოფელი (ატენის საყდარი, ისევე როგორც ყველა სიონი, ღვთისმშობლის სახელობისაა, „სიონეველი ასულისა“, როგორც გურამიშვილი იტყოდა). ეს ხილვა ტაძრის ეზოში შემთხვევითი არაა, იგი ღრმად უკავშირდება ბავშვობის წიაღს: ღვთისმშობელი, ვითარცა ხატი ყოველდროული დედისა, სხვა ლექსში გამოჩნდება, თავის ალტერ ეგოსადმი მიმართულ ლექსში („ნიკო სამადაშვილს“), როგორც გახსენება სამუდამოდ დაკარგული უბიწოებისა: „შენ ძუძუს სწოვდი გაშლილ ალუჩებს და ღვთისმშობელი აკვანს გირწევდა“.

მაგრამ პოეტის მსოფლხედვა არ არის ასე მარტივი და პირდაპირხაზოვანი: განსაკუთრებული რამ ხედვა არ არის საჭირო ამისათვის; ყველა დროის პოეზია მეტნაკლებად ამით არის გართული. სამადაშვილი არ არის მხოლოდ გარემხედველი, იგი საკუთარი გულის მხილავია და ამავე დროს მამხილებელიც. დაუნდობლობა საკუთარი თავისადმი ზღვარდაუდებელია, იმდენად რომ ზოგჯერ თვალით სახილველი, უხეშნატურალისტური სცენა დაგვიდგება თვალწინ: „ვერ გაოკებდი, დაგდევდი კეტით“ - ასე მიმართავს იგი ალტერ ეგოს („ნიკო სამადაშვილს“); რაღაც მეტაფიზიკური უკმაყოფილება საკუთარი თავით ამგვარ საკრამენტალურ სიტყვებს ბადებს: „ძილი წამებად გადმექცა, დედავ! ველი იმ დღეებს, რომ გავტიალდე, ქვესკნელს შემასხი, მარადისობავ, თუ კიდევ შენსკენ გამოვტრიალდე. ჩემი გაჩენა მიეზღოს ცეცხლად, ვისაც ეს ჩემი იღბალი მართებს. თითქოს ეს გული ამოურეცხავთ ღვიით და სარცხით შიშველ წარმართებს“. რაღაც არაადამიანური სულიერი ტკივილისა ანუ შეურიგებელი სინდისის განცდა უნდა ჰქონოდა კაცს, რომ ამგვარად დაეწყევლა თავი.

სამადაშვილის ყოველი ლექსი მისი სულიერი აპოკალიფსია - საკუთარ თავთან ჭიდილისა და მის მიერვე უარყოფილი ქვეყნიერების წინაშე პირისპირ დგომის დოკუმენტი. პირქუშ ხილვებთან ერთად მასში აღნუსხულია მისი შინაგანი ცხოვრების ბევრი ნათელი წამი.

მრავალფეროვანი ქართული პოეზიის ხომლს ნიკო სამადაშვილის ხმაც უერთდება -ტრაგიკული, მაგრამ მუდამ სინათლისკენ გამყივარი ძახილი.

2.19 19. კიკნაძე, ზურაბ. ცეცხლი და ბურუსი:

▲ზევით დაბრუნება


ვეფხისტყაოსნიდან“ „ვეფხვი და მოყმემდე“ : [ნიკო სამადაშვილი ]. - თბილისი, 2015. - გვ. 241-251. - ISBN 9789941910061

პოეტის სიკვდილის მხოლოდ მეათე წელს იხილეს პირველად დღის სინათლე მისმა ლექსებმა. 1973 წელს გამოქვეყნდა მომცრო კრებული, ოცდაშვიდიოდე ლექსი, სახელწოდებით „ბეთანია“, რომელმაც ძირითადად აჩვენა მისი პოეტური სახე. კარგა ხნის შემდეგ მას მოყვა მეტ-ნაკლებად სრული კრებული „წუთისოფლიდან უკვდავებამდე“ (1989); ბოლოს, გამოქვეყნდა მისი პროზა თან ჩართული ლექსებით (1995). ძნელია წარმოდგენა იმისა, თუ როგორ შეხვდებოდა ქართული ლიტერატურის ამ ფაქტს ავტორი, რომელიც კარგა ხნის გადაჩვეული იყო საჯაროობას, თავისი ნაწერები უკვე აღარ ჰქონდა დასაბეჭდად განკუთვნილი. გადმოცემით ვიცით, რომ მისი უფროსი მეგობარი და ალტერ ეგო ერეკლე ტატიშვილი არ ურჩევდა მას ლექსების გამოქვეყნებას: თუ გამოქვეყნდები, ბოლშევიკები შენც გაგრყვნიანო. და ის დარჩა თავის სიცოცხლეში „პოეზიის გერად“, როგორც თავის თავს უწოდებდა (გერობა კი, ვიცით, მომავალი დიდების საწინდარია). და ის ბუღალტერ-რევიზორის იმხანად არცთუ უხიფათო საქმიანობას შეეხიზნა, რითაც ნამდვილად იხსნა თავი როგორც პოეტმა.

როგორ აიტანდა საჯაროობას მისი პოეზია: მისი თითოეული ლექსი ხომ მისი სულის აღსარებაა, უკიდურესად გულახდილი და უმაგალითოდ დაუნდობელი. „ბეთანიიდანვე“ ჩანდა, რომ პოეზია არ იყო მისთვის „ტკბილ ხმათათვის“ განკუთვნილი სიმღერა. სიმღერა კი, როგორც გულამღვრეული ადამიანის ამოძახილი, ნამდვილად იყო. „პოეზია გულამოსკვნილი სიმღერა არის“, წერდა ის ერთგან თავის პროზაში („შეხვედრები და სინანული“). ერთხელ ნაშობი, როგორც „საყდრის ჩიტი“, მისი პოეზია აფორიაქებულ, ხშირად მოუწესრიგებელ, კატასტროფულ რითმიან სტრიქონებში იღვრებოდა. ამ საქმიანობას სინანულის მოძალების ჟამს „ჯღაბნას“ („ლექსების ჯღაბნა წამებად გექცა...“) არქმევდა. ტრაგიკული იყო იმის შეგნება, რომ იგი ვერასოდეს დააღწევდა თავს ამ საქმიანობას („ვის რად უნდოდა ეს თვალთმაქცობა...“), რადგან შემოქმედება - გამოთქმის, თვითგამოხატვის ჟინი სისხლხორცეული იყო მისთვის, ძვლებამდე გამჯდარი („რა ექნა იმას, მგზავრო, მითხარი, ვინც ძვლების ცეცხლი ვერ დაიყოვნა“). თითქოს ის სხეულის ფორებიდან დევნიდა გარეთ აუცილებელს სათქმელს, და ეს იყო მისი ერთადერთი ნუგეში, სულის მოთქმა და დაამება, გულზე მომშვები კათარზისი. ამ პიროვნულ-ეზოტერულ საიდუმლოებას შემოქმედებისა თავად ამხელს იგი საკუთარი თავისადმი მიმართულ ლექსში („ნიკო სამადაშვილს“): „ავადმყოფობა, ეგონათ, ბიჭო, ლექსები ტანზე გამონაყარი“. ეგონათ - ვის? ცდებოდნენ, რომ ეგონათ? თავად ხომ გრძნობდა, რომ ის, რასაც პოეზიის გამოხატულებას - ლექსებს უწოდებენ, მართლაც გამონაყარი იყო. და ასე შიშვლად, პირდაპირი, უსამკაულო სიტყვით, იშვიათად თუ ვისმე ქართულ პოეზიაში გამოუხატავს შემოქმედების ეს „შიდა“ მხარე, რომ ბუნების ჰარმონიულ სხეულზე სულის ყოველგვარი აქტივობა, ბორგვნა, ბუნებრივი, ჰარმონიული მდგომარეობიდან გადაცდენაა, სნეულების სიმპტომია. თავის პროზაში ერთხელ ხომ კითხულობს მისი ალტერ ეგო : „პოეზია განა ავადმყოფობა არ არისო?“ („შეხვედრები და სინანული“). ერთ კერძო წერილში (1927), ის ადრესატს წერს: „თქვენ უმთავრესად მესაუბრეთ ლექსის ფორმაზე (სტრიქონის გამართვა, რითმა და სხვა...), რაც ჩემთვის თუ არა, ლექსებისთვის, უმთავრესია. თქვენი დარიგება ჩემთვის დარჩება ერთერთ უმშვნიერეს მოგონებად. თქვენი საუბრიდან დავინახე ის სიმახინჯე, რაც არ ეგუება პოეზიის უნაზეს ბუნებას...“. რა შეიძლება ითქვას ამ სიტყვებზე, ან, უფროს სწორად, რას გვეუბნება ეს სიტყვები პოეტის მეგობარ მრჩევლისადმი? თავის მართლებაა თუ პატიების გამოთხოვა? რჩევა-დარიგება, ეჭვი არ არის, ნამდვილად დარჩებოდა „უმშვენიერეს მოგონებად“ (თუ გავითვალისწინებთ მრჩევლის ტრაგიკულ აღსასრულს), მაგრამ მისგან დანახული „სიმახინჯეც“ ხომ დარჩა - ეს სტრიქონის გაუმართაობა, ეს რითმა-ურითმობა, პროსოდიული ჩავარდნები. არა და არ გახდა იგი პროფესიონალი პოეტი, რომ ეზრუნა სტილზე, ენის დახვეწაზე. „შავბნელი პოეზია“, „ხმაბნელი შემოქმედება“, „პოეზია განა ავადმყოფობა არ არის?“ ამ თვითშეფასების შემდეგ კიდევ სტილზე უნდა ეფიქრა? ჩვენ კი ვიფიქროთ, რომ ლექსებით გადმოცემული მისი პოეზიის „შიდა მხარე“ და გარეგანი გამოხატულება, ფორმა (რითმებს და არაორდინალურ, ხშირად ესთეტიზმის უარმყოფელ მეტაფორებს გულისხმობს) ერთმანეთის შესატყვისია.

ნიკო სამადაშვილი განსაკუთრებული მოვლენაა ქართულ პოეზიაში. პირველ, ყოვლისა, რაც თვალში ეცემა პირველწაკითხვისას, ეს მისი ლექსების აკუსტიკური სახეა. მისი ლექსების გამო მოხდენილად თქვეს „ბეთანიის“ შესავალი წერილის ავტორებმა თამაზ ჩხენკელმა და არჩილ სულაკაურმა: „მისი ლექსები მოგვაგონებენ გაუცრელი თიხისგან გამომწვარ ასიმეტრიულ დოქებს, რომელთაც, თუმცა კი ამჩნევიათ კოჟრები და ზოგჯერ მომტვრეული აქვთ ტუჩი ან ყური, მაგრამ პოეზიის ძეგლი, შეურყვნელი, მაგარი ღვინით არიან სავსენი. აქ შევნიშნავთ: არა „თუმცა და მაგრამ“, არამედ სწორედ ამგვარ ღვინოს სწორედ ამგვარი ჭურჭელი შეესატყვისება. ეს ღვინო თავისთავად ფასეულია, როგორც თავად სიტყვა, მაგრამ არანაკლებ ძვირფასია ჭურჭელი, რომელსაც ასევე თავისთავადი ღირებულება აქვს. ესთეტს მოსწონს სწორედ მისი ბუნებრივობა, „ხორკლიანობა“, ტუჩმოტეხილობა, მისი სიმბოლოდ ქცეული, დასახიჩრებული სხეული, ნაღდი, შეულამაზებელი რეალობის ფაქტი, თითქოს არქეოლოგიური მონაპოვარი, მრავალი თაობის ხელში გამოვლილი, შელახული, რომელიც არ ლაპლაპებს გარეგანი შუქით, მას საკუთარი შუქ-ჩრდილები მოსავს. მაგრამ თუ ესთეტის თვალისთვის ის აღტაცების მომგვრელია და ამას „მაღალ თახჩაზე“ შემოდგამს თვალის გასახარად, პოეტისთვის ეს ტანჯული სხეულია. არის ნამდვილად ტრაგიკული შესატყვისობა ამ ჭურჭელსა და მასში მდგარ „მაგარ ღვინოს“ შორის. მაგრამ ეს მაინც არ არის ესთეტიკის საგანი და მისი სამსჯელო. არც ლიტერატურული კრიტიკის საგანია. ის ეგზისტენციალურ სფეროს საკუთრებაა.

„ბეთანიის“ გამომცემელთა აღწერილობით ისიც მინიშნებულია, რომ სამადაშვილი უპირატესად პოეტი-მხატვარია (შემთხვევითი არ არის, რომ პროზაულ ნაწერში პოეტის მეგობარი, რომელსაც ის ეპაექრება, მხატვარია). გრიგოლ რობაქიძის სიტყვები, რომ „თვალი ნაკლებია ქართულ პოეზიაში“, აქ არ მართლდება. თუ სხვათა სტრიქონები მელოდიურობით, ბგერწერით დაგვატყვევებენ, სამადაშვილის ლექსებში სიტყვის გვემული სხეული გვეცემა თვალში, და ის ყოველთვის ვიზუალურია, ზოგან ფერწერული, ზოგან გრაფიკული, ქანდაკებაც გამოერევა. თომას მანი ერთგან წერს, რომ მწერალთა უმრავლესობა მესიტყვენი კი არ არიან, არამედ გზაარეული ფერმწერნი, სკულპტორები, მუსიკოსებიო... სამადაშვილი ამ გზადაკარგულთა, სხვა ადგილზე მოხვედრილთა თუ შემოხეტებულთა (მისი სიტყვებია: „ნეტავ რისთვის შემოვეხეტე?!“) დასს ეკუთვნის. მესიტყვედ შობილი, რაღაც შემთხვევით, იგი ბედისწერით თუ განგებით ფუნჯით თუ საჭრეთელით მუშაობს, კვეთავს სინამდვილეს, რომლის მსგავსი ქართულ პოეზიაში მანამდე არავის უნახავს. ის თავის თავსაც კვეთავს, უკიდურესი სიმკაცრით წვრთნის თუ შოლტავს მას მხილების შოლტით, თავად ამ მოწოდებას შოლტავს, რაშიც სიცოცხლის საზრისი დაინახა. რაღაც საბედისწერო უნდა მომხდარიყო, რომ „საყდრის ჩიტს“, მისი ახალშობილი მუზის გამოხატულებას, რომლის სტვენას ძაღლის ყმუილი შეეგება გარემოში, ასე მოქცეოდა: „ვერ გაოკებდი, დაგდევდი კეტით... ვერ მოგიარე, რა გიყო, ძმაო...“ რატომ? რატომ? ისმის კითხვა, რა დააშავა „საყდრის ჩიტმა“, ისეთი რა დაემართა, რომ პოეტის ალტერ ეგოს შეეძლო ამგვარი სიტყვებით გაეკიცხა ის:

ლექსების ჯღაბნა წამებად გექცა,
სჯობდა ვენახს კვალი გებარა,
ვის რად უნდოდა ეს თვალთმაქცობა,
ნეტავი ქარში გადაგეყარა.

(„ნიკო სამადაშვილი“)

ამ სტრიქონებიდან ჩანს, თუ რა ფასად უჯდებოდა მას ეს მხატვრობა: ცრემლები თუ სინანული იყო მისი შემოქმედების ფასი. მაგრამ, რაც უნდა „ეცემა“ მას თავისი მუზა - ეს ბედკრული ფრინველი - მკითხველი ამ „კეტით მცემელს“ თვალთმაქცობას მაინც ვერ დაწამებს.

ზემორე ნათქვამს რომ დავუბრუნდეთ, მხატვრის თვალით არის დანახული და მხატვრის გეშით არის განცდილი მისი სამშობლო, ქვეყნიერების ერთი კუთხე, დაუვიწყარი ქართული, უფრო ხშირად, ერთი კონკრეტული ლოკალი - ტანას ხეობა ან, თუნდაც ეზო მის სოფელში, მისი ბავშვობის კარ-მიდამო, რომელიც დიდი სოფლის, წუთისოფლის ხატად არის დასახული. ამ მხრივ, პროგრამულია ლექსში სათანადო სათაურით „ჩემი სოფელი“. ის აღწერს სოფელს არა იმ მიზნით, მოგვაწონოს, გვითხრას, აი, ასეთი ლამაზია ჩემი სოფელი. არა. შთაბეჭდილება გვრჩება, ყველაფრის მიღმა, რაც ამ ლექსში სიტყვიერი ფუნჯის მოსმით არის ნათქვამი, მთელი ლანდშაფტის თუ კონკრეტული პეიზაჟის უკან რაღაც სხვა სინამდვილე იმალება, რეალობა, რომელიც სისხლხორცეულად და საბედისწეროდ არის გადაფსკვნილი პოეტის პიროვნებასთან. ლექსში ერთმანეთს მოსდევს საკვირველი პლასტიკურობით და, იმავდროულად, ლაკონიზმით დახატული ყოფითი კადრები. აქ უჩვეულო არაფერი ხდება (ლექსი მოგონებაა) და არც რამეა უცნაური სანახავი. სურათები სტატიკურია (ზმნა არსად ჩანს), ნივთები თითქოს ელიან მათ გამხსენებელს („უძრავი ტახტი, წალო, ზანდუკი, ფერიცვალობა, საფლავზე ხილი..., კერძით გასვრილი ჯამი თაროზე...“). რომელი დროიდან, რომელი აწმყოდან ჭვრეტს ავტორი ამ სურათებს? ალბათ სიცოცხლის ბოლოდან, იმ ჟამიდან, როცა ყველაფერი დამთავრებულია, ჟამთა დინება შეწყვეტილია, სამუდამოდ უძრავია ტახტი, ზანდუკი, ჯამი თაროზე... წუთისოფლის ბოლოდან, როცა ყველაფერი ამქვეყნიური ყავლგასულია, მაშინ არის ნათქვამი ლექსის ეს მოტტო და აკორდი : „როგორ მიყვარდა ჩემი სოფელი, როგორ მინდოდა იქ მოვმკვდარიყავ“.

პოეტი-მხატვარი აბსოლუტური მომავლიდან ჭვრეტს თავის სოფელსაც და მთელს სამყაროს. აპოკალიფსური ხედვა და მსოფლგანცდა, რომელიც მის, როგორც პიროვნების და მერე პოეტის, საკუთრივ-ეკსისტენციალური თვისებაა, ორგანულ საზრდოს ისევ და ისევ მშობლიურ ლანდშაფტში პოულობს. როგორია ეს ლანდშაფტი, მიწის ეს ერთობლიობა? რას ხედავს ის თავის გარშემო? არაფერს სანუგეშოს. მხოლოდ ნანგრევს. მაგრამ არა, ეს სიტყვა ნანგრევი , რომელიც თუმცა მისი ლექსების ერთ-ერთი საკვანძო ნეგატიური სიტყვა-კონცეპტია, აქ მართებული არ არის იმის გამოსახატავად, თუ რას ხედავს ამ ქვეყანაში პოეტის თვალი. ნანგრევს, ცნობილია, თავისი ესთეტიკა მოყვება ისევე, როგორც გამიზნულად დაუმთავრებელს (inachevé) რასმე, მაგრამ ვის აღქმას შეუძლია მშვენიერად გარდაქმნას ის, რაც უიმედოდ ყავლგასულია? ეს „თხრილები“, „ხვრელები“, „გამოქვაბულები“, „ფუტურო სხეულები“, „გამოხრული გული“, „ამოკენკილ-ამოძოვილი თვალები“, „მკერდის ნიჟარები“... ამგვარი სახეები მისი ლექსების საკვანძო სიტყვები და საშენი მასალაა, მაგრამ, რაც მთავარია, მთელი ლანდშაფტია ასეთი. ეს არის დაფუტუროვებული, გამოხრული, გამოფიტული ფუღურო მიწა, ოღონდ არ ვიცით ასეთად შეიქმნა თავდაპირველადვე ძველ გნოსტიკოსთა ბოროტი ღმერთის ხელით, თუ ერთხელ სრულყოფილად შექმნილმა ამოწურა თავის თავი და გამოიფიტა, გამოშრა, გამოიშიგნა საზრისისაგან. ეს მისი ბოლოა და ამ ბოლოდან ჭვრეტს მას ადამიანი? ამ ნიშნით ხედავს ის ყველაფერს თავის გარშემო, ზემოთ და ქვემოთ, მარჯვნივ და მარცხნივ, ისეთი იმედიანი მოვლენა, როგორიც ვარსკვლავია, მასში ამ დასასრულის, კვდომის ასოციაციას იწვევს: „ვარსკვლავნი ისე მოსჩანდნენ ღამე // თითქოს ზეცა ჩრჩილს ამოეჭამა“ („ატენის სიონი“); ასეთი ჩანს ტაძრები, თუმცა რომელთა მიმართ პოეტს პიეტეტი არ გაქრობია: „ჟამს ტაძრის კანი ისე დაუხრავს; // რომ გარეთ ჟონავს ჭრაქის სანთელი“; ან: „ტაძრის ფუტურო ქერქში ჭრიჭინებს // ვიღაც უძეგლო ხუროთმოძღვარი“; კიდევ უარესი: „სამრეკლო იდგა მუდამ პირქუშად; // რომ დარეკავდი გაყრიდა ნაგავს“; ადამიანის პერსპექტივა: „ფუტურო სხეულს გულის სიზმარი; // შერჩება, როგორც გოლგოთის თხრილი“; და კიდევ უარესი: „გარეთ გადაყრილ ნაგავსა ვგავდით...“ აი, რა არის ადამიანის ხვედრი ამქვეყნად: „და უკაკუნე კოდალასავით // ვრცელ და ფუტურო ქვეყნიერებას“ („გენია და სამრეკლო“). და, ბოლოს, ვფიქრობ, მან ფორმულასავით გამოკვეთა ყავლგასული ადამიანობის ხატი, რომელიც ადამიანური საზრისის გამოცლით, სრულიად სხვა განზომილებაშია გადასული, თითქოს სხვა ნივთად არის ქცეული. აი, რა იხილა მან კანდახრული ტაძრის კარიბჭესთან:

„მათხოვარი ზის, როგორც ობობა -
მყრალ ჯოჯოხეთის მოხდილი პკეა,31
არც ზღაპარია, აღარც მოთხრობა,
ის თითქოს ჩიტებს აუკენკიათ.“

ამაზე შორს ადამიანის გადასხვაფერება ვერ წავა. უკიდურეს ზღვარს არის მიღწეული. თუ წავა, მისგან აღარაფერი დარჩება, საბოლოოდ ამოიკენკება (როგორც სარითმო სიტყვა „პკეა“ არის ამოკენკილი).

ზემოთ ჩამოთვლილ საკვანძო სიტყვებს უნდა შევმატოთ „სამრეკლო“, „გამოქვაბული“ (ამჯერად როგორც ეკლესიის წინარე სახე) - ეს კონცეპტუალური სიტყვა-ცნებებია, რომლებიც ქვეყნიერების დასასრულის ხილვებში იჩენს თავს, როგორც ამ წუთისოფლის კვალი უსასრულობაში. პარადოქსია: წუთისოფლის დასასრული ჟამთა უსასრულო სვლაში. მაგრამ ახლაც წუთისოფლის მდინარებაში პოეტი გრძნობს „გატიალების სიბილწეს“ (დან. 9:27; 11:31): ჯერ „ნანგრევს დაეხრა სამრეკლოს კარი“. პოეტი პროზაში განაგრძობს:

სადღაც კლდემოფარებულ წუთისოფელში ვიღაც მგზავრი სოფელს წასწყვეტოდა. ძაღლები ყმუოდნენ. მოწყვეტილი სამრეკლო დაუპატიჟებელ სტუმარს მიშტერებოდა („შეხვედრები და სინანული“).

რატომ მაინცდამაინც სამრეკლო ჩანს უკანასკნელ ჟამს? ხმა აღარა აქვს, ხმის სანაცვლოდ მისგან ნაგავი, ადამიანის მუნმყოფობის კვალი, მისი ერთადერთი დანატოვარი, ცვივა. წუთისოფლის გაუქმების, მარადიულ მდუმარებაში მისი გადასვლის ნიშანს „ჭროღა“ და „ყვითელი“, „ხმაჩახლეწილი“ სამრეკლო გამოხატავს. სოფლის სტუმარს, თუნდაც დაუპატიჟებელს, უხმოდ, უაზროდ და უცხოდ ეგებება. სამრეკლო - წუთისოფლის საზრისის ნიშანი, აწ ყავლგასული, ხავსმოდებული, „დახრული“ ვეღარ ცნობს ადამიანს, რომელსაც ოდესღაც მისი ხმა სმენოდა. ვინ არის ეს მგზავრი, ამ ერთადერთი ორიენტირისკენ მიმავალი? ის ხომ არა, რომელიც ტოვებს ამ წუთისოფელს („და ვიღაც მგზავრი შორდებოდა ამ წუთისოფელს“), რომელიც ამბობს ერთ ადგილას, რომ „მე საქართველოს წყნარი სოფლები ძაღლების ყეფით გამაცილებენ“, ან ის, „ვინც ჰგავდა თოვლზე გადაღვრილ ღვინოს (ანუ სისხლს)“, ან ის, ვინც ნატრობს: „ქვესკნელს შემასხი, მარადისობავ, თუ კიდევ შენსკენ შემოვტრიალდე“, ან ვინც ამბობს, რომ „გარეთ გადაყრილ ნაცარსა ვგავდით“, და ასე და ასე შემდეგ ლექსებში გამოხატული და გამოუხატველი მეტაფორებით... ის უნებლიეთ მოხვდა ამ წუთისოფელში თუ ნებით შემოვიდა („ბოლოს კი დარდი: დედამიწაზე // ნეტავი რისთვის შემოვეხეტე“). შემოვიდა თუ შემოაგდეს და „ეს ოხერი ნათხოვარი წუთისოფელი ადამიანმა დახრა“... ასე მოხდა თუ ისე, ის ყველა შემთხვევაში გზადაკარგულია. და არც გულს უკლავს ადამიანს, ის არის, რომ მასა და ამ ქვეყნიერებას შორის სრული შეუსატყვისობაა, ერთმანეთისთვის არ გაჩენილან. მთელი მისი პოეზია რომ გავწუროთ, ერთადერთი თემა რაც რჩება, ეს ის ბოროტი ონტოლოგიაა, რომელიც რეალისტურ-ნატურალისტურ თუ, უფრო ხშირად, სიურრეალისტურ სცენებსა და სურათებშია დანახული. პოეტი თავისივე ლექსების ჰერმენევტიკოსია, „შეხვედრები და სინანული“ მისი პოეზიის პროზაული გარდაქმნაა. სახეები შენარჩუნებულია. აი, რას გვიცხადებს მისი მეგობარი, თავად პოეტის ალტერ ეგო:

ამ სტრიქონებში იმალებოდა ჩემი პოეტის განწირული ქვეყანა. ამ ლექსში ზედაშესავით ჩაასხა თავისი ბობოქარი ცხოვრების დასაწყისი. ოდესმე ამ ზედაშეს თვალებჩასისხლიანებული ქარიშხლები მოხდიან. ქურუმებივით შემოუსხდებიან გარშემო, გახედავენ ჯვარცმულ კაცობრიობას... („შეხვედრები და სინანული“).

სამადაშვილის პოეზიის ერთ-ერთი გადამწყვეტი თემაა გაქცევა. ქართულ მწერლობაში გარბიან წმიდა მამები, უფრო სწორად, გაურბიან ამ წუთისოფელს; გარბის ავთანდილი (მისი ავტორიც გაქცეულია ქვეყნიდან); გარბის გურამიშვილი; გარბის ბარათაშვილი და როგორც ბარათაშვილს თავის „გაქცევაში“ არ ჰყავს ლიტერატურული წინამორბედი, ასევე ეს მოტივი სამადაშვილთან ლიტერატურული ტრადიციიდან არ მომდინარეობს, არც „მერანია“ მისი ლიტერატურული წყარო. „მერანთან“ მას მხოლოდ სულიერი ნათესაობა შეიძლება ჰქონდეს. ორთავე ნიკოს საკუთარი გამოცდილება უბიძგებს გაქცევისკენ. ერთი XIX ს-ის დასაწყისში გარბის რუტინული მოსაწყენი სამშობლოდან („ქალაქი უსარგებლო სულისა და გონებისათვის“, წერილიდან), რომელთანაც ბედისწერამ დააკავშირა. ამიტომაც, რასაც ის გადალახავს, მისთვის ბედის „სამზღვარია“, მაგრამ რა ელის მას ამ „სამზღვრის“ იქით, მისთვის უცნობია. ის უბედურებაა, სადაც მან ერთადერთი კვალი, შესაძლოა, ყორნისგან გათხრილი საფლავის სახით დატოვოს. იმპონირებს ლიტერატორის თვალში მისი სიტყვები „და ჩემს შემდგომად მოძმესა ჩემსა სიძნელე გზისა გაუადვილდესო“, მაგრამ ამაოა ეს იმედი: მისგან გათელილი გზა სხვის გზას ვერ გაადვილებს. ასეთი რამ არასოდეს მომხდარა: ყველას თავის გზა აქვს გასავლელი და გასათელი, და ამ გათელვის ნაყოფს ვერავის უანდერძებს. ასე რომ ყოფილიყო, მეორე ნიკოს ამგვარი სასოწარკვეთილი ხმა არ გაისმებოდა ქართულ პოეზიაში. სხვისგან გათელილზე სვლა ისეთივე აბსურდია, როგორც ისტორიის გაკვეთილებზე სწავლა. ყოველი მოვლენა და ადამიანის ყოველი ნაბიჯი უნიკალურია და განუმეორებელი. ყველას თავისი ბედი აქვს და ყველას თავისი გადასალახავი „სამზღვარი“. მერანი და შავი ყორანი ლიტერატურული სახეებია, რომლებიც ბარათაშვილის ეკსისტენციალურმა გამოცდილებამ, რა საბაბიც უნდა ჰქონოდა მას, რომანტიზმის ეპოქაში სიმბოლოებად გამოიყენა. ეს სიმბოლოები სამადაშვილს არ აუტაცნია, მას თავისი საკუთარი ენა აქვს გამოძებნილი იმავე „განწირული სულისკვეთების“ გადმოსაცემად, რომელიც მას სულიერად ანათესავებს ბარათაშვილთან. მაგრამ არის „მერანის“ ავტორი მისი წინამორბედი (ლიტერატურის ისტორიკოსს უყვარს ეს ტერმინი)? ნიკო სამადაშვილი გარბის, მაგრამ ამ გაქცევაში არ მოიხმობს რომანტიულ მერანს და ჰუნეს. აქ მთავარია გაქცევა, თავად აქტი გასვლისა ქვეყნიერებიდან, როგორც შიშველი, შეულამაზებელი, ესთეტურობისგან შეუხებელი ფაქტი, თან ყოვლად უმიზეზო, რაც იმას მოწმობს, რომ ეს არ არის ლიტერატურული მოტივი, არ არის სამწერლო ტრადიციით ნაანდერძევი „წინამორბედისგან“. ეს მისი საკუთარი გამოცდილებაა. თუ მოვინდომებთ მისი პოეზიის ერთ ეკსისტენციალზე დაყვანას, ეს ერთადერთი სიტყვა-ცნებით გაქცევით და სემანტიკურად მისი ფარდი სიტყვებით გამოიხატება. ერთმანეთს ენაცვლება: „სამყაროს გაღმა“, „სამყაროს იქით“, „წუთისოფლის გაღმა“, „პლანეტის უკან“, „ვარსკვლავებს გაღმა“, „ქაოსებს იქით“, „ღმერთების იქით“, „მსოფლიოს გარეთ“, „სამყაროს ბოლოს“, „სივრცეებს იქით“. „აჰყევ მძლე მთების ვიწრო ხერხემალს // და წუთისოფელს გადასცილდები... // აჰყევ, არ დაძრა არსად კრინტი-ხმა // და სამყაროებს გადასცილდები“. რა არის იქით? ეს იქით ისეთი მიღმურობაა, რომ ადამიანის არც ცოდნა, არც გუმანი აღწევს. იქით, გაღმა, გარეთ და ა. შ. არარაობაა, სრული სიცარიელეა. ამ გაქცევის ლექსებში მთელი სინამდვილე, რომელსაც ემშვიდობება იგი, დასასრულის პერსპექტივიდან არის დანახული. Sub specie finis!

მას აწვალებს და თან იზიდავს წუთისოფლის დასასრულის სურათები:

„მეც მარტო ყოფნა ათასწლობით მომეწყინება.
თავის ქალაში მწვანე ხვლიკი შეძვრება ღამე,
ძვლებზე შემხმარი დაფიქრება მოეწონება
და მატლებდახრულ თვალებიდან გახედავს ბაღებს.“

(„გამხმარი კაცი“)

ან:

„დავიხოცებით, დაგვსუნავს ლოდი,
გარემოც ყვითლად დაიფერება,
შორს გამოჩნდება ჭროღა სამრეკლო
და შენი ჩუმი ქვეყნიერება.“

(„გენია და სამრეკლო“)

ნიკო სამადაშვილის მონოთემატურ პოეზიაში, რაც ერთფეროვნებას არ ნიშნავს, არის ერთი თემა, სრულიად უცხო ქართულ მწერლობაში, რომელიც, აშკარად თუ შეფარვით, სჭვალავს მის პოეზიას და, შესაძლოა, სუბსტრატადაც კი უძევს. ეს არის იმ ადამიანის ორეულად ყოფნა, რომლის მოწაფედაც ის თავს მიიჩნევდა. ეს ადამიანი იყო ერეკლე ტატიშვილი, რომელსაც „კაცი ფასკუნჯი თვალებწყეული“ და „ფრინველი გზადაკარგული“ შეარქვა, რომლის სიკვდილზე თქვა, „შენ რომ წახვედი, ასე მგონია, მთელი ქვეყანა თან გაიხვეტეო“.

მკითხველს ეჩვენება, რომ ქართველი საზოგადოებისთვის ეს გამოუცნობი პიროვნება ახლავს პოეტს (თუ პირუკუ: პოეტი მას) მის პილიგრიმულ ლექსებში. მისი თვალიც არის იმ ლანდშაფტში, რომც თავად არ იმყოფებოდეს მის გვერდით... ის თითქოს მისი ლექსების თანაავტორია. იქ, სადაც პოეტი მრავლობით პირში ლაპარაკობს („ძლივს ვამშვიდებდით...“, „ვტოვებდით ტაძარს“, „ჩავცდით ხეობებს...“, „დავიხოცებით, დაგვსუნავს ლოდი...“), ერთი მხოლობითი ხმა მისი გურუს ხმაა. ზოგჯერ ის მის ბედში მყოფი მისი ალტერ ეგოა, და ისე უხმობს მას, თითქოს თავის თავს უხმობდეს: „შენ ის კაცი ხარ, ვისაც არ ეყო გზებმიუვალი ქვეყნიერება: ის უცნაური აპოკალიფსური სურათები, რომელთაც პოეტი მისდამი მიძღვნილ, სიმპტომატურად უსათაურო ლექსში ხატავს, ვისი ხილვებია - თავად ავტორისა თუ ლექსის ადრესატის? თუ ეს ლექსი ერეკლე ტატიშვილის პორტრეტია, დაე, თუნდაც ავტორის წარმოსახვაში გაჩენილი, ხილვებიც მისი უნდა იყოს. თუმცა, მგონია, რომ ეს მისი ალტერ ეგოს პროდუქციაა. „ქვეყნიერებას უცქეროდი ათასნაირად“ - ამ ენიგმურ ფრაზაში თავად ავტორის ხედვის ამოკითხვა არ შეგვიძლია? ან ეს სიტყვები „რა საოცარი იყო შენი მარადისობაც“ - არ ამოგვაცნობინებს პოეტს, რომელიც ასეგვარად არის მარადისობას (ეს ხომ მისი პოეზიის ერთ-ერთი საკვანძო სიტყვაა) გაშინაურებული? იგივე ტრაგიკული აღქმა („შენ ჯვარცმაც კი არ გწყალობდა“) ქრისტიანობისა, რაც მისი, შეიძლება ითქვას, პროგრამული ლექსებიდან გამოსჭვივის. მისი პილიგრიმული ლექსი, რომელსაც სათაურად „უკანასკნელი ქრისტიანები“ შეარქვა, სათაურისვე სიტყვებით არ მთავრდება („უსინანულოდ ვტოვებდით ტაძარს...“)? ამ გამოუცნობ ადამიანთან მიმართებაში პოეტი ვიზიონერის როლში გვევლინება. აი, რას წერს იგი თავის ორეულს, თითქოს თავისი თვითშემეცნების წყაროს:

შენ ორეულთან მე ხშირად ვსაუბრობ ხოლმე და ის ბევრს, ძალიან ბევრს მიყვება ხოლმე შენი უცნაური ბუნების, იმ გამოქვაბულის ამბებს, სადაც შენ მარტოობას აღავლენ და სადაც დღემდე ძერას თვალები არ შეუნათებია. ამიტომ არის ასე კარგად გიცნობ. მე შემიძლია, მთელი დღე შენთან ვიდგე, შენ კრინტიც არ დასძრა და შუაღამისას მე დავწერ, უსათუოდ დავწერ, რას ფიქრობდა შენი გული, გული ელდანაცემი და ტვინი უსაფრობით დაღლილი და დატანჯული... იცოცხლე და იდღეგრძელე, ჩემო ფასკუნჯო, შენი ნიკოსთვის.

რა დაინახა მასში პოეტმა ისეთი, რომ „თვალებწყეული“ ფასკუნჯი ან „ფრინველი გზადაკარგული“ შეარქვა. ეს მის საიდუმლოდ რჩება. ორ მეს - თავისას და სხვისას (თავის სხვისას ) ქრისტესა და ბუდას შორის ამგვარად ანაწილებდა: „შენ ეყოლები ქრისტეს ფარეშად // და მე კი ბუდას მოსამსახურედ“ ან პირუკუ: „მე ქრისტე მწამდა, შენ - ბუდას რჯული“... ამ ურთიერთშეჭიდულობის, ერთი „ფარაჯის“ ქვეშ, როგორც ამბობდა, ერთი ბუნების ორ ჰიპოსტასად მოქცევის შემდეგ არც მოულოდნელი, არც გადაჭარბებული არ მოგვეჩვენება გამოსათხოვარი ეს სიტყვები: „შენ წახვედი, ასე მგონია, // მთელი ქვეყანა თან გაიხვეტე“. თუ ვისმე ოდესმე თავის სანატრელ ადამიანზე ამგვარი სასოებით უთქვამს ის, რაც მან მასზე ჯერ კიდევ მის სიცოცხლეში დაწერა: „შენ რო ქვესკნელს შეგასხან, ალბათ იქაც იკამკამებ!“ („შეხვედრები და სინანული“).

ამ სოფლის აპოკალიპსური მომავლის, ყოველივე ხილულის კატასტროფულ დასასრულთან ერთად, როცა ყოველივე არსებული მისი პროფეტული თვალის წინაშე „წარმავალობის ტიალ ყორედ“ და „ჭროღა“ ნანგრევად არის აღმართული, მაინც კრთის მისი გულის სიღრმეში ნატვრა - „ნეტავ თუ კიდევ ხატი, ურმები, ოდესმე სადმე გამახსენდება?“ ან უფრო იმედიანად(?): „დავიღუპებით, ჩაყოლილ ხსოვნებს ოდესმე სადმე გაეღვიძებათ...“. მცირე სოფელი, მისი არემარე და ლანდშაფტი, თუნდა სოფლის წარმავალი ნივთები არის ერთადერთი ნათელი სხივი, რომელიც კიაფობს მის ხსოვნაში. ის აქ ამჩნევს „წმინდა ნინოს ნაფეხურებს“, უფრო მეტიც, აქ ის სახარების ჟამს ჭვრეტს: „ქრისტემ ბავშვობა აქ გაატარა // და ღვთისმშობელი უგვიდა ეზოს“. მაგრამ ამ იდილიურ ბავშვობას, ყოველი ბავშვობის არქეტიპს, ვიცით რა მოყვა: მის დასასრულს სისხლიანი მსხვერპლია, მხსნელი მსხვერპლი, რომელიც ამგვარად აისახა პოეტის, როგორც ლექსში უწოდებს თავის თავს, „უკანასკნელი ქრისტიანის“ განცდაში: „აქ [ბეთანიის ეზოში, ზ. კ.] შეგეწირე, ნეტავი დედა, // თავი დამედო და დაგეკალი“, და, რაც მას მოსდევს, უკვე სცილდება არათუ ქრისტიანული მსოფლგანცდის, არამედ პოეზიის საზღვრებსაც: „რომ ჩემი სისხლი, როგორც ზედაშე, // ქვევრში ჩაგესხა, დაგეტალახა“. სადღაც, ბეთანიის ბნელ ხევ-ხუვებში მომდინარე უჩინო ღელე მისთვის შეწირულ ბავშვთა ცრემლებია, და გვეჩვენება, რომ მათ ცრემლებში მისი ცრემლიც ურევია. მსხვერპლი ტრაგიკულად განცდილი მისი არსებობის ნიშანია.

__________________

31. სწორია: პყარ ჯოჯოხეთის მოხდილი პკეა,

2.20 20. მაისურაძე, გურამ. მგზავრები წუთისოფლისა ანუ ქართული ხასიათის საიდუმლო:

▲ზევით დაბრუნება


კრებული : [შავი ყვავილები ცხოვრება მარტოკაცისა]. - თბილისი, 2020. - გვ. 118-135. - ISBN 9789941823930

ნიკო სამადაშვილი XX საუკუნის ერთ-ერთი საინტერესო და თავისებური პოეტია. პირველ რიგში რითაც სხვებისგან გამოირჩევა, ეს არის განსხვავებული პოეტური ხელწერა, მხატვრული სახეებით აზროვნების განსაკუთრებული სიძლიერე. მის პოეზიაში შეხვდებით შედარებების, ეპითეტების, მეტაფორების, ჰიპერბოლების უამრავ გამაოგნებელ მარგალიტს. მას ხელეწიფება ორ სტრიქონში გადმოსცეს ბუნების დიდებული სურათი:

„ლიახვი ღელავს როგორც ჯეჯილი,
როგორც მზის შუქზე გამსკდარი ნისლი.“

(ლოცულობს ყველა)

ნიავის თეთრი ნაფეხურები
სროლით მიჰქონდათ თვალუწვდენ ყანებს.“

(სიმღერები გამოქვაბულიდან)32

დგება დრო, როდესაც ბარაქიანი შემოდგომა კალთას დაიბერტყავს - სოფელი ბაღ-ვენახის მოსავალს მოკრეფს და დააბინავებს. მერე იწყება ბავშვების საყვარელი გასართობი დრო - მცვრევა: ისინი შეესევიან ზვრებსა და აქა-იქ დარჩენილ-დაშაქრული ხილითა და ყურძნის კიმპალით პირს იტკბარუნებენ. ბოლოს ტყე ფოთლებისგან განიძარცვება. ამას მოჰყვება ჟინჟღლიანი დღეები, ნაადრევი სუსხი. შიშველ ხეებზე დილაობით წვიმის ცრემლები ალმასებად დაეკიდება. ასეთი დღეები პოეტს მცვრევას აგონებს - თითქოს შემოდგომის დღეები ბალღებია, წვიმის მძივები - მოსავლის ნარჩენები. სულ ორ სტრიქონშია დაჭერილი ძალზე ტევადი, დიდოსტატური სურათი ამგვარი ნაღვლიანი შემოდგომისა:

„ბაღებს გაზიდავს ყრუ შემოდგომა,
ტყე ჟინჟღლს მოიმცვრევს დილაადრიან.“

გასაოცრად შთამბეჭდავია ძველი, დრო-ჟამისგან გამოხრული ტაძრის აღთქმა:

„ჟამს ტაძრის კანი ისე დაუხრავს,
რომ გარეთ ჟონავს ჭრაქის ნათელი.“

(ხილვა)

ტაძარი ადამიანის ნამოქმედარია და არა ბუნებისა. ტაძარი ცოცხალი არსებასავით არის - საუკუნეების სიღრმიდან ჩვენამდე მოღწეული სუნთქვა და ხელების სითბოა ხელოვანისა, ოსტატის გონების ნაფიქრ-ნააზრევია, ქვეყნის ზეობისა და ეპოქის მეხთატეხის სურათია. მას ბებერი მხრებით ჩვენამდე მოუტანია ხსოვნა წარსულისა. ამიტომ ის ერთდროულად ჩვენში აღტაცების, ტკივილისა და სევდის გამომწვევიც არის. მაგრამ, პირველ რიგში, მისი ხილვისას ძალაუნებურად გაგიელვებს ფიქრი ხუროთმოძღვრებაზე: ზოგს ბედმა გაუღიმა და მისმა ნახელავმა ჩვენამდე მოიტანა შემოქმედის სახელი, ბევრი კი სამუდამო დავიწყებას მიეცა, ანდა, როგორც პოეტი ამბობს:

„ტაძრის ფუტურო ქერქში ჭრიჭინებს
ვიღაც უძეგლო ხუროთმოძღვარი.“

(ლოცვის ანეული)

ნიკო სამადაშვილი არ ცდილობს ფერადი სათვალეებით ცხოვრების ჭვრეტას, პოეტურ შელამაზებას. ყველა პოეტისაგან განსხვავებით მას არ დაუწერია სამშობლოს ან ვინმე გამოჩენილი პიროვნების სახოტბო ლექსი. თვით თავისი სათაყვანებელი მასწავლებლის ერეკლე ტატიშვილისადმი მიძღვნილი ლექსიც კი ნათელი, მსუბუქი ფერების მაგიერ მძიმე, პირქუში სტრიქონების შემცველია:

„ბედს ნუღარ ერჩი, თუ ლოდებმა ამოიოხრეს,
იტყვიან: ნეტავ დაგენახათ, როგორ წვალობდა,
სანამ დარდებმა საცოდავი სულ არ გამოხრეს.
ეხლა დადიხარ და ხეებსაც კი ერიდები,
ხან არცკი გინდა, რომ ბინაში შემოგყვეს ჩრდილი,
ცოტა ხანს კიდევ... იმის მერე, რომ დაბერდები,
ეგ თავის ქალა კლდეს ექნება პირში გაჩრილი
და შენს ხერხემალს სალამურად გამოიყენებს
არმაზის კერპი ან ქარების ტიალი დოღი,
სანამ გრიგალებს შენს ძვლებს კვერთხით დააყრევინებს
გოლგოთის მთიდან მორეკილი ღმერთების ჯოგი.“

(ერეკლე ტატიშვილისადმი)

ამ ლექსში გასაოცრად შთამბეჭდავად არის დახატული წითელი იმპერიისაგან რეპრესირებული, პატიმარყოფილი, საზოგადოებისაგან დაუმსახურებლად ზურგშექცეული, დავიწყებული და გარიყული ადამიანის ყოფა, ადამიანისა, რომლის „ცხოვრებითაც“ 1937 წლის რეპრესიების გამო საზოგადოებისაგან მოკვეთილმა და ჩრდილადქცეულმა უამრავმა ღირსეულმა ადამიანმა დაასრულა თავისი სიცოცხლე. სამაგიეროდ ამ ლექსით პოეტმა დავიწყებას გამოსტაცა, უკვდავყო ღირსეული მამულიშვილის ერეკლე ტატიშვილის ხსოვნა.

მის შემოქმედებაში ვერც სატრფიალო ლექსებს შეხვდებით. მილიონობით ადამიანისათვის ცხოვრება მძიმე ყოფაა, ჯოჯოხეთია დედამიწაზე, ადამიანთა ურთიერთობები უფრო ხშირად მტკივნეულია, ვიდრე საამური. სწორედ ამის ასახვას წარმოადგენს ნ. სამადაშვილის პოეზია. მისი შემოქმედება ცხოვრების, სამყაროს სხვადასხვა პოზიციიდან ჭვრეტაა: 1. ეს არის, პირველ რიგში, დედამიწაზე საზოგადოების ქვედა ფენიდან - სიღრმიდან დანახული ცხოვრება, ფსკერის ასახვა; გაზულუქებულ-განებივრებული პიროვნების კი არა, ცხოვრების ზვირთცემისაგან ქანცგაწყვეტილი ადამიანის თვალით აღქმული სინამდვილე. 2. დედამიწელის თვალით დანახული ირეალური სამყარო; 3. კოსმიური ხედვა და შორიდან, სხვა სამყაროდან დანახული დედამიწა. ამიტომ ნ. სამადაშვილის პოეზიაში ჭარბადაა მუქი ფერები. ვერც ერთ მის ლექსში ვერ ნახავთ მსუბუქ, ვარდისფერ ტონებს, რაც პოეტების უმეტესობისათვის დამახასიათებელია. ეს არის მხატვარი, რომელიც შავი საღებავებით მუშაობს, მაგრამ შეუძლია მსუყე, კალმის ერთი ჯანიანი მოსმით დიდოსტატური სურათი შექმნას; ამასთან, თუმცა საშენ მასალად იყენებს მძიმე, მოქუფრულ, პირქუშ და უარყოფითი ემოციებით დამუხტულ სიტყვებს, მაგრამ ისეთ დიდებულ სურათებს ქმნის, რომ ესთეტიკურ სიამოვნებას განიჭებთ. ეს ნიკო სამადაშვილის შემოქმედებისათვის დამახასიათებელი და სხვათაგან განმასხვავებელი უპირველესი ნიშანთვისებაა. ცხოველს რომ ქეცი შეეყრება, ბალანი გულისამრევად, ჭრელად გასცვივა და სხეული ალაგ-ალაგ მოტიტვლებული რჩება. ის ძალზე უსიამოვნო შესახედავია, სწორედ ასეთი უცნაური ასოციაცია უჩნდება პოეტს ბუნების ჭვრეტისას - ტყიან ფერდობებზე აქა-იქ ახოები მის წარმოსახვაში ქეციანი ადგილებივით ჩანან, ხოლო მთები მძიმედ ხრჩოლავენ:

„გავხედე ალგეთს, ბოკრო ფერდობებს
ქეცად შეჰყროდათ გაჭრილი ახო,
მთები ხრჩოლავდნენ ნაირფერებით,

***

ლორწო ფლატეებს სწოვდნენ კლდეები.“

(გამგზავრება)33

მრავალი პოეტის შთაგონების წყარო - ვარსკვლავებით მოჭედილი ცა მას ჩრჩილებით ამოჭმულ ქსოვილს აგონებს; ხოლო თუ ვაჟა-ფშაველას პოეტური გენიით დანახული „ნისლი ფიქრია მთებისა, იმათ კაცობის ნიშანი“, სამადაშვილის თვალთახედვით ნისლებიც მძიმედ ხრჩოლავენ. მდინარის ხმაური კი მას სასიამოვნო მელოდიის ნაცვლად ჩაჟანგებული ანჯამების ხრჭიალს აგონებს:

„სქელი ნისლები მდორედ ხრჩოლავდნენ,
ყრუდ ჭრიალებდა ხევის ანჯამა,
ვარსკვლავნი ისე მოჩანდნენ ღამე,
თითქოს ზეცა ჩრჩილს ამოეჭამა.

***

ძირს წმინდა ნინოს ნაფეხურები
ჰგავდნენ სისხამზე მოკრეფილ იებს.“

(ატენის სიონი)

ალბათ, ეს ერთადერთი ადგილია მის ლექსებში, სადაც მსუბუქი ფერი აქვს ნახმარი - წმინდა ნინოს ნაფეხურები უნაზეს სურნელოვან იებს რომ შეადარა. სხვაგან მის ლექსებში კიდევ ერთხელ გაიელვებს ყვავილი, მაგრამ იქ უკვე ჩვეული, ნაღვლიანი განცდით. ლექსში „აგარაკი“ საღამოს მოახლოების გამო მინდვრის ყვავილები პოეტში გოდების გრძნობას იწვევენ:

„ბებერი ლოდი მიწას ჩასცქერის,
ხვივის მდინარე, საღამოვდება,
კაცივით მღერის გამსკდარი ქვევრი
და თან ყვავილებს გააქვთ გოდება.“

(აგარაკი)

ძნელია, წარმოვიდგინოთ უფრო შთამბეჭდავი სურათი ცხოვრების ფსკერისა, დაუნდობელი ცხოვრებისაგან უარყოფილი, უკვე გასრესილი, არარაობად და მოჩვენებად ქცეული ადამიანისა, როგორიც მას დახატული აქვს ლექსში „ლოცვის ანეული“:

„მათხოვარი ზის, როგორც ობობა -
მყრალ ჯოჯოხეთის მოხდილი პკეა,34
არც ზღაპარია, აღარც მოთხრობა,
ის თითქოს ჩიტებს აუკენკიათ.“

აქ პირდაპირ გამაოგნებელი შედარებებით არის სასტიკი ცხოვრების სურათი დახატული. ჰიპერბოლათა მარგალიტებია დიდებული პოეტური სტრიქონები:

„სიონის ზარი სქელ ღრუბლების ქვეშ ახველებდა.“
„მოვლენ დღეები და გაფენენ დახფრეწილ ფიქრებს.“
„ავდრების შემდეგ გაზაფხულისკენ
გაიყმუილებს ბებერი მტკვარი.“
„საღამო მოდის, ნისლის ზედაშეს
სვამენ და დაისს მთები კენკავენ.“

ამ ორ სტრიქონში დაისის დიდებული სურათია მოცემული. პოეტის შემოქმედებაში დიდი ადგილი უკავია სიკვდილ-სიცოცხლის პრობლემას. საიდან მოდის ადამიანი, რისთვის მოდის, სად მიდის? - აი კითხვები, რომლებიც ფუტკრის სკასავით გუგუნებენ მის გონებაში. როგორია სიკვდილის შეგრძნება? მომაკდავის განცდები, სხეულისაგან სულის გაყრა გენიალურად აქვს დახატული:

„სიცოცხლე ტანზე დაიკლაკნება,
ამოვა ქარი და დაბინდდება,
ღამე კაკლიდან ჭოტის კივილი
ჩემს მიწურ ბანზე გადაფრინდება.“

(ფერფლი)

სიკვდილი თავისთავად ამაზრზენია, საშინელებაა. ეს საშინელება საკუთარ თავზე მას ასე წარმოუდგენია ლექსში „ცაცხვის ხე“:

„ყვავებს შეუტევ, მიაყრი რისხვას,
ყმუილს მორთავენ გარშემო მგლები,
ფოთლებს დამაყრი შემოდგომის ხანს
და ეს იქნება შენი ცრემლები.

***

შენი ფესვები ჩემს გულს გამოხრავს,
თხუნელა კუბოს მიარტყამს კვინიხს,
შეეშინდება მოხუც მაცხოვარს
და ფაშარ ლოცვებს კუნჭულში იტყვის.“

შეიძლება თუ არა ყველაზე დიდ საშინელებაში - სიკვდილშიც სილამაზის დანახვა? შეიძლება თუ არა პოეტმა სიკვდილშიც პოეზია დაინახოს? თურმე შეიძლება. ეს სტრიქონები ამის დასტურია. აქ სიკვდილის სისასტიკე საოცარი სიცხადით არის დახატული. ხანმოკლეა კაცის სიცოცხლე. ყველას თავისი გოლგოთის გზა აქვს გასავლელი, ყველამ თავისი ჯვარი უნდა ზიდოს. ბოლო კი ყველასათვის ერთია: კაცი კვდება, მიწას მიაბარებენ და სამარეზე ლოდს დაადებენ, რომელიც მისი სამუდამო და განუყრელი „მეგობარი“ ხდება. პოეტს ეს პროცესი ძალზე თავისებურად აქვს გააზრებული:

„დავიხოცებით, დაგვსუნავს ლოდი,
გარემოც ყვითლად დაიფერება.“

(გენია და სამრეკლო)

...და მერე რიგი რიგს მისდევს თაობას თაობა, დგება ჟამი მიწად ქცევისა, ვისთვის - არდავიწყებისა, ვისთვის - დავიწყებისა; ჟამი, რომელზეც სიცოცხლეში ადამიანები თითქმის არასოდეს ფიქრობენ: პოეტს ამ პროცესზეც ძალზე თავისებური, ფანტასტიკური და შემაძრწუნებელი სურათი აქვს შექმნილი:

„აი ამ მინდვრებში, ამ ხრიოკ მთებში
ჩვენ ხომ ერთმანეთს ვჭამდით მგლებივით.
მეც მარტო ყოფნა ათასწლობით მომეწყინება,
თავის ქალაში მწვანე ხვლიკი შეძვრება ღამე,
ძვლებზე შემხმარი დაფიქრება მოეწონება
და მატლებდახრულ თვალებიდან გახედავს ბაღებს.“

(გამხმარი კაცი)

ნიკო სამადაშვილის პოეზიაში გაცილებით ხშირია ბნელი ღამეები, ვიდრე დღის ნათელი. არ უყვარს სინათლე, რადგან დღის შუქზე, კაშკაშა მზეზე ადამიანთა სიდუხჭირე და წამება უფრო ცხადად ჩანს. მძიმე განცდებისაგან „გულზე ამოსდის ჭმუნვის ბებერა“, ვერ იშორებს „სევდის კრაზანებს“; ამ დროს „ყელში ხრჩოლავენ მღვრიე ცრემლები, უკან - შავბნელი დღეების რიგი“. ეს იმიტომ, რომ „ქვეყნიერება ჩვენ დაგვიგეს კაკანათივით“. ადამიანთა მოდგმის არსებობის ხუთი მილიონი წლის მანძილზე დედამიწაზე ვერ შეიქმნა ჰუმანური და სამართლიანი ცხოვრების პირობები. თუმცა ადამიანთა უამრავი საზოგადოება არსებობდა, მაგრამ:

„რა შემზარავად ყმუიან წლები,

***

ხალხთა უდაბნო დედამიწაზე.“

(გაჭირვება)

სიბნელე ყველა სუდგმულს სძულს, თვით მცენარეებსაც კი:

„ჩამობნელდება, მტირალ წნორებს წაუვათ გული.“

ასეთივე სიბნელის განცდა ეუფლება პოეტს წუთისოფლის ყურებაზე:

„დაღუპულ დღეებს ისევ ვიგონებ,
ხრჩოლავს სოფელი, ბნელა თოვლია;

***

და ღამეებით ჩავბჟირებულვარ.“

(ღია ბარათი)

ასეთი განცდა მისი უმძიმესი ყოფის შედეგია. იმის შედეგია, რომ იგი ცხოვრებისაგან გარიყულია და ზედმეტი ადამიანის განცდა აქვს დაუფლებული, „ძვლები დარდით გამჭვარტლულია“, მისი ყოფიერება გაორებულია - თითქოს შორიდან უმზერს საკუთარ თავს:

„ისე დავდივარ ამ ქვეყანაზე,
თითქოს საკუთარ ცხედარს მივყვები.“

(ჩემი პორტრეტი)

ასეთ დროს „ძვლები ხრჩოლავენ ტანში ყელამდი“ და ისეთი განცდა აქვს, თითქოს „ძვლებს უკეთებდნენ ქვაბის ზედადგარს, შიგ შენი სისხლის ზედაშე დუღდა“. ასეთი დიდი სულიერი ტკივილების დაყუჩებას და თავდავიწყებას სარდაფებში ეძებდა. ხოლო დილით მიდამოს რომ გახედავდა, „ნისლივით იდგა უმეგობრობა“. ის იყო კაცი, „ვინც ზურგშექცეულ მეგობრების ცქერით დაოსდა“. იმდენად აწამებს უმეგობრობა, რომ სიკვდილის დროსაც ჭირისუფლებად ადამიანების ნაცვლად მგლები მიაჩნია, ანუ ადამიანები უფრო დაუნდობლები არიან, ვიდრე მგლები. სიმარტოვეში კი ადამიანი შეიძლება ჭკუიდან შეირყეს:

„იმას ჭკუაზე შერყევა ქვეყნად
მიაჩნდა რაღაც ბედნიერებად.“

პოეტის აზრით ასეთი დიდი ტკივილების გამო დედამიწაზე ბედნიერებაც კი შეუძლებელია:

„რამდენი კაციც ცხოვრობს მიწაზე,
ქვეყნად იმდენი საგიჟეთია.

***

ჭოტი დასცინის ბნელ არე-მარეს,

***

გაუსხლეპავი ღამეა გარეთ35
და პოეტების ნახირი ბღავის.“

(ნაფოტები).

„რომ ამ დასაქცევ დედამიწაზე
ბედნიერებაც დასაგმობია.“

(აქერცლილი მინიატურები)

ადრე ბავშვობაში დაობლებულმა პოეტმა სულიერი და ხორციელი ობლობის სიმწარე ბოლომდე შესვა. ამიტომ მას ხშირად ის ადამიანი ენატრება, ვისი სითბოც ყველაზე მეტად აკლდა - დედა, რომელიც მასზე იზრუნებდა სიცოცხლეში, ანდა სიკვდილის მერე დაიტირებდა დედობრივი ცრემლებით:

„დარდის ხვითქებში გაწურულ პერანგს
თონესთან მიშრობს შეშლილი დედა.“

(ღია ბარათი)

„რომ ჩემი გვამი ხელის კანკალით
გორიჯვრის ძირში ჩაეფლა დედას.“

(ჩემო მდინარევ)

მას ეჩვენება, რომ „ეს დედამიწა ბოლოს და ბოლოს ხომ სადღაც დიდი სასაფლაოა, „რომელშიც შემთხვევით სხვა სამყაროდან „შემოეხეტა“ მისი სული. ამიტომ მზერას ზეცას მიაპყრობს. მთვარე, მარადიული შთაგონება პოეტებისა და შეყვარებულებისა, მას შვებას ვერ ჰგვრის. პირიქით, მთვარის ხილვისას სინაზის ნაცვლად უმძიმესი გრძნობა ეუფლება“

„მთვარე ქვასავით ედო სამყაროს,
სიბნელე წლებთან ერთად კიოდა.“

(დაუსაბამობის ხილვა)

ღრუბლიანი ზეცა მას ნანგრევებს აგონებს: „ზევით კი ქარი ასისინებდა ცის ნანგრევებში ღრუბლების ჩალას“... სადაც აქა-იქ „კიაფობდნენ შორს ვარსკვლავები, მარადისობის ჭუჭრუტანები“. მისი სურვილია, გასცდეს წუთისოფლის საზღვრებს, გაძვრეს ამ ხვრელებში და გააღწიოს მარადიულობის სამყაროში. ვინ იცის, იქნებ იქ სადმე ბედნიერი ცხოვრებაა, საიდანაც იგი შემთხვევით შემოეხეტა ამ ცოდვილ დედამიწაზე? ამიტომ მის ლექსებში ხშირია ირეალური ხილვები, მოლანდება, „სამყაროს იქით მიმავალი მგზავრებისა“:

„ხან მთის კონცხიდან ოდნავ ვხედავდი
სამყაროს იქით მიმავალ მგზავრებს.“

მას სწამს, რომ სიკვდილის შემდეგ მისი სული გააღწევს იმ სამყაროში:

„ჭრელი მტრედები კუბოს ასწევენ,
ზარებს დარეკავს მიწების რიგი,
დაუშენს წვიმა და ელვის ეტლი
ცის კრამიტებზე ასტეხავს ხრიგინს.
მოვარდნილ გრიგალს, ფერწასულს, დაღლილს,
ჩემს სიკვდილს კიდევ დაუმალავენ,
შორს კი ვარსკვლავზე ბარით ჩაივლის
მარადისობის ყრუ მესაფლავე“.

(მარადისობა და მესაფლავე)

პოეტს სწამს, რომ უკვდავებას ეზიარება:

„თუ უკვდავებამ სადმე მიკითხოს:
„ნეტა სად არის ეხლა ის ბიჭი?“
მოუყევ: ქარებს გადაჰყვა ღამე,

***

ორჯერ იკივლა სამყაროს გაღმა
და უკან აღარ დაბრუნებულა.“

(ღია ბარათი)

მას ეჭვი არ ეპარება, რომ მომავალ თაობებში მისი შემოქმედება აზრთა სხვადასხვაობას გამოიწვევს, მაგრამ მის კრიტიკას დაიწყებს მხოლოდ საზოგადოების ნაწილი - „შთამომავლობა, ლექსების მტერი“. მისი აღიარებების დროც დადგება:

„ჩემი სიმღერა და უკვდავება
ალბათ ჟამს შემდეგ ეცოდინებათ.“

(გზათ-ვალალობა)

ასე იყო კომუნისტური იმპერიის ჟამს: სევდიანი, პესიმისტური ლექსების ავტორს, სასტიკი ცხოვრების შეულამაზებლად ამსახველ პოეტს დღის სინათლეს არ აღირსებდნენ. ისინი დაგმობილნი იყვნენ ხელისუფლებისგანაც და კრიტიკოსებისგანაც. აღიარებდნენ მხოლოდ ისეთ პოეტებს, მწერლებს, მხატვრებს, ვინც იმპერიულ ყოფას ხალხთა ბედნიერ ცხოვრებად ნათლავდა. ალიო მირცხულავა რომ წერდა - გლეხის ეზოში თუ შეხვალ, „დგას სურნელება რძის და კარაქის“, სწორედ ასეთი ყალბი პოეზია იყო მისაღები საბჭოთა იმპერიისათვის, ხოლო ტერენტი გრანელისა და ნიკო სამადაშვილის ყაიდის პოეტები მათთვის მიუღებელნი გახლდნენ. ამიტომ შემთხვევითი სულაც არ იყო, რომ ვერც გრანელი და ვერც სამადაშვილი სიცოცხლეში ვერ მოესწრნენ საკუთარი ლექსების გამოქვეყნებას. ნიკო სამადაშვილი 1963 წელს გარდაიცვალა, ხოლო პირველად მისი ლექსების კრებული ათი წლის შემდეგ - 1973 წელს გამოქვეყნდა. ამიტომ წერს იგი ერთ-ერთ ლექსში:

„ვიღაცა მგზავრი ხეზე დამსხდარ ლექსებს აუქშევს,
ამიწიოკებს პოეზიას ხეპრე, რეგვენი.“

ნიკო კომუნისტური რეჟიმის მსხვერპლი იყო - განუწყვეტელ დევნას განიცდიდა. მან თავისი საყვარელი მასწავლებლისა და სულიერი მოძღვრის ერეკლე ტატიშვილის ბედი გაიზიარა. ერეკლე დიდად განათლებული მამულიშვილი გახლდათ - განათლება მიღებული ჰქონდა ლაიპციგის, პარიზისა და ედინბურგის უნივერსიტეტებში, ფლობდა შვიდ უცხო ენას. მისი თაოსნობით დაარსდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დასავლეთ ევროპის ლიტერატურის კათედრა. უნივერსიტეტში ასწავლიდა ინგლისურსა და იურისპრუდენციას. იგი დააპატიმრეს, როგორც ანტისაბჭოთა ელემენტი. აი მცირე ამონარიდი ნიკო სამადაშვილის შვილის მზია სამადაშვილის მოგონებიდან: „ერეკლე რომ გამოუშვეს, 1943 წელს იმავე საქმეზე მამა დაიჭირეს. მასაც ანტისაბჭოთა მოღვაწეობა დასწამეს და 5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. არადა ამ დროს არავითარ პოლიტიკურ საქმიანობაში არ იყო ჩართული. მამა ხშირად იტყოდა ხოლმე - 30-იან წლებში ლექსები რომ გამომექვეყნებინა, 1937 წლის რეპრესიებს ვერ გადავურჩებოდი, აუცილებლად დამხვრეტდნენო. ბუღალტერ-რევიზორი რომ იყო, ამან უშველა, გარკვეულწილად ჩრდილში იდგა. ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს, მაგრამ გამოსვლის შემდეგ განუწყვეტლივ, სიცოცხლის ბოლომდე სდევნიდნენ - უშიშროების თანამშრომლების განუწყვეტელი მეთვალყურეობის ქვეშ იყო. ისინი ჩვენს ოჯახს აკითხავდნენ. მათი ყოველი მოსვლის შემდეგ კი მამა სამსახურს კარგავდა, იქ აღარ აჩერებდნენ, ათავისუფლებდნენ. მამამ ამდენ გაჭირვებას ვერ გაუძლო და 52 წლის ასაკში დამბლა დაეცა. მძიმედ რომ გახდა ავად, მეგობრები შემოეცალნენ, მხოლოდ რამდენიმეს ახსოვდა“. 1963 წლის 1 მაისს 57 წლის ასაკში მეორედ დაემართა სისხლის ჩაქცევა. ქუჩაში უგონოდ მყოფი უცნობმა ახალგაზრდებმა მიიყვანეს საავადმყოფოში, სადაც გონს მოუსვლელად გარდაიცვალა.

ქართულ პოეზიაში ნიკო სამადაშვილი, ალბათ, ერთადერთი პოეტია, რომელსაც სამშობლოსადმი უაღრესად სასაყვედურო სიტყვები წამოსცდა. მან საქართველოს დედინაცვალი უწოდა და ასეთი მკვახე სტრიქონები უძღვნა: „ტუქსავ დღეებს და სწყევლი იმ სულებს, სამშობლოს გზები ვინც მოგასწავლა“. „ეხლაც არ ვიცი, ჩემი სამშობლო რას მერჩის, ნეტავ რა დავაშავე?“, „ჩემს დედინაცვალ საქართველოში“... ბუნების კანონია: ყველა ცოცხალი არსება - ადამიანი, ცხოველი, ფრინველი, ტყე, ბალახი, ყვავილი სინათლისკენ, სიცოცხლის წყაროსკენ - მზისკენ მიიწევს. პოეზიაც ასე უნდა იყოს - მზით და სინათლით უნდა იყოს გაჯერებული. ცხოვრების ქარტეხილებით დაღლილ და გათოშილ ადამიანს უნდა ათბობდეს, ანუგეშებდეს, ამხნევებდეს. ცხოველებისაგან ადამიანი იმით გამოირჩევა, რომ მეტყველება და პოეზიით ტკბობა შეუძლია. ამასთან, პოეზია უნდა ასაზრდოებდეს ადამიანს მარადიული საკაცობრიო, უმაღლესი ღირებულებებით - სიკეთის, სიყვარულის, მეგობრობის, კაცთმოყვარეობის, სიცოცხლის, სილამაზის გრძნობით, მკითხველს უნდა აკეთილშობილებდეს და უბიძგებდეს სიკეთის ჩადენისაკენ, ადამიანთა მოდგმისა და მათი სახლის - დედამიწის სიყვარულისკენ. ეს არის დიდი პოეზიის დანიშნულება. მაგრამ პოეზიამ უნდა განგვაცდევინოს ადამიანთა ტკივილებიც, დაგვანახოს ცხოვრების სისასტიკეც. ნიკო სამადაშვილის შემოქმედებაში აქცენტი სწორედ ამ ტკივილებზეა გადატანილი, მასში გაცილებით მეტია პირქუში, შავი ფერები; მას ხშირად წამოსცდება სამდურავი არა მარტო იმ გარემოსადმი, სადაც ცხოვრობს, არამედ საერთოდ დედამიწისადმი. მაგრამ თუ ადამიანმა პირადი ცხოვრება ვერ მოაწყო, ეს მშობლისა და სამშობლოს ბრალი არ არის. ცხოვრება რომ მოუგვარებელია, ეს მისი შვილების, მმართველების, უხეირო მეთაურების, შეუბრალებელი და უძღები თანამოქალაქეების, ქვეყნის კოლონიური ყოფის ბრალია, მტაცებელი მეზობლების მიერ დაძიძგნილ-დატაცებული და დანაწილებული სამშობლოს შედეგია. სამშობლო ხშირად იმაზე უარეს დღეშია, ნ. სამადაშვილი რომ იყო. სამშობლო მისმა შვილებმა უნდა დაიცვან და არა სამშობლომ - შვილები. სამწუხაროდ, მისი შემოქმედება ვერ ამაღლდა ეროვნულ და ზოგადკაცობრიულ დონემდე. ამაში დიდი როლი შეასრულა მისმა დუხჭირმა ცხოვრებამ: იზრდებოდა ბავშვობიდანვე ობლობაში, სცადა სწავლა უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და ფილოლოგიის ფაკულტეტებზე, მაგრამ ვერც ერთი ვერ დაამთავრა სიდუხჭირის გამო; კვალიფიკაციის კურსების შემდეგ იცხოვრა რიგითი ბუღალტერ-რევიზორისა და ხელმოცარული კაცის ცხოვრებით; მძიმე პირობების გამო იყო სარდაფების ხშირი სტუმარი და ღვინით ცდილობდა სულიერი ტკივილების ჩახშობას. მისი ცხოვრება ისეთივე იყო, როგორიც იმდროინდელ ქართველთა უმეტესობისა - აღსავსე სირთულეებით, ყოველდღიური მოუგვარებელი წვრილმანი ყოფითი პრობლემებით, იმპერიის არაადამიანური, კოლონიური ჩაგვრის პირობებით. განსხვავება მხოლოდ ის იყო, რომ, სხვათაგან გამორჩევით, მის სულსა და ძვალ-რბილში „უკურნებელი სენი“ - პოეზია იყო ჩასახლებული და ცხოვრებას გაცილებით მტკივნეულად და ღრმად განიცდიდა, ირგვლივ მყოფებს კი ამ მარტოკაცისა არაფერი ესმოდათ. ამის შესახებ ყველაზე ცხადად ლაპარაკი აქვს ლექსებში „ნიკო სამადაშვილი“ და „განკითხვა:“

„შენ ჩემში უსტვენ, ვით საყდრის ჩიტი,

***

ავადმყოფობა ეგონათ, ბიჭო,
ლექსები ტანზე გამონაყარი.“

(ნიკო სამადაშვილი)

„ჩემი ცხოვრება ძანძახი იყო,
ნოემბრის ჟინჟღლი, დეკემბრის თოში,
გავჩნდი განგებ, რომ დავღუპულიყავ
ჩემს დედინაცვალ საქართველოში.“

(განკითხვა)

მისი ცხოვრება და შემოქმედება იმ ეპოქის თვალსაჩინო სურათია, იმის ნიმუშია, რაოდენ დიდი ბორკილი და ტრაგედიაა ნიჭიერი შემოქმედი კაცისათვის სამშობლოსა და პირად თავისუფლებათა არქონა. ამიტომაც ასე ხელშესახებად, ცხადად აისახა მასში თავისუფლებადაკარგული საქართველოს რიგითი ადამიანების კოლონიური ყოფა, ცხოვრების ფსკერი. სწორედ ამიტომაა განსაკუთრებით ღირებული ქართული ლიტერატურის ისტორიისათვის ნიკო სამადაშვილის და ტერენტი გრანელის შემოქმედებანი. ალბათ, ნიკოს გონება რომ არ ყოფილიყო სიდუხჭირეზე ფიქრით ზედმეტად დაკავებული, შესაძლოა უფრო ხშირად ეფიქრა ეროვნულ და ზოგადსაკაცობრიო საკითხებზე. მაშინ იგი გაცილებით უფრო დიდი პოეტი იქნებოდა. მიუხედავად ამისა, მას საოცრად ძლიერი მხატვრული აზროვნება აქვს. მისი პოეზია პირქუში, შავი ყვავილებია, რომლებიც თავისი მხატვრული მარგალიტებით თვალისმომჭრელად ბრწყინავენ და საოცარ სურნელებას აფრქვევენ. ალბათ, გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ მხატვრული სახეების სიძლიერით რუსთველისა და ვაჟა-ფშაველას შემდეგ ქართულ პოეზიაში (იქნებ მსოფლიო პოეზიაშიც) ნიკო სამადაშვილს ბადალი არ ჰყავს!

2006 წლის აპრილი

____________________

32. სწორია: „ნიავის თეთრი ნაფეხურები
სროლით მოჰქონდათ თვალუწვდენ ყანებს“
(სიმღერები გამოქვაბულიდან) ლექსის სათაური არის გასეირნება

33. ლექსის სათაური არის უკანასკნელი ქრისტიანები ან ბეთანია

34. სწორია: პყარ ჯოჯოხეთის მოხდილი პკეა,

35. სწორია: გაუსხიპავი ღამეა გარეთ

2.21 21. IX საერთაშორისო ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები, ტრადიცია და თანამედროვე მწერლობა:

▲ზევით დაბრუნება


(სიმპოზიუმი ეძღვნება აკაკი წერეთლის გარდაცვალებიდან 100 წლისთავს): მასალები. ნაწ. 1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი: [გონჯილაშვილი, ნანა. ნათლის სვეტი - სიმბოლო სულიერი ნათლისა და XX საუკუნის ქართული მწერლობა ]. - თბილისი, 2015. - გვ. 315-335. - ISBN 9789941134807

წინამდებარე ნაშრომი ერთგვარად ასრულებს „ნათლის სვეტის“ პარადიგმის კვლევას, რომელიც V-XVIII ს. ს-ის ქართული მწერლობის პერიოდს მოიცავდა. საკითხის შესწავლამ წარმოაჩინა „ნათლის სვეტის“ ბიბლიურ არქეტიპთან მიმართებანი, განსახოვნების თავისებურებანი; ამავდროულად, მისი შემდგომი პერსპექტივები გამოიკვეთა, რამეთუ „ნათლის სვეტის“ პარადიგმა, როგორც ცნობილია, მთელი ქართული მწერლობის და ზოგადად, კულტურის თანამდევი ნიშანსვეტია.

ერთობ საინტერესო და მნიშვნელოვანია „ნათლის სვეტის“, იგივე „სვეტი-ცხოველის“ პარადიგმის პერსპექტივების წარმოჩენა და შესწავლა XX ს-ის მწერალთა შემოქმედებაში; როგორ და რა შინაარსითაა იგი მოხმობილი, რა კონტექსტითაა მოწოდებული, ბიბლიური პარადიგმის კვალობაზეა გააზრებული თუ ახალი ინტერპრეტაციით წარმოჩენილი, ვლინდება თუ არა მასში ძველ ქართულ მწერლობაში შემუშავებული და დამკვიდრებული ტრადიციების გავლენა. ნაშრომში, შეძლებისდაგვარად, დაძებნილია „ნათლის სვეტის“ პარადიგმის ნიმუშები XX ს-ის შემოქმედთა მხატვრულ ნააზრევში, თუმცა მისი სისრულით წარმოჩენა ერთობ რთულია და ნაშრომს ამის პრეტენზიაც არ აქვს.

სახისმეტყველებისა და, კერძოდ, პარადიგმული სახისმეტყველების თვალსაზრისით უაღრესად საინტერესო და მნიშვნელოვანია გალაკტიონ ტაბიძის პოეზია; საინტერესოა განსახოვანებათა მრავალმხრივი შინაარსით, მათი „დამტევნელობით“ და მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც მასში ტრადიციული პარადიგმები ახალ სახექმნადობებად გარდაისახება და პერსპექტიულ სახე-იდეებს ქმნის, ყოველივე ერთად კი რეცეფციული ესთეტიკის სფეროს მიემართება.

გალაკტიონის ერთ-ერთი საუკეთესო და ყველასათვის ცნობილი ლექსი - „პოეზია უპირველეს ყოვლისა“ - „ნათლის სვეტის“, იგივე „სვეტი-ცხოველის“ პარადიგმას ეხმიანება. ლექსში პოეტი ყოფიერების საზრისზე, პოეზიაზე და მის სისხლხორცეულ განცდაზე გვესაუბრება. და ეს შინაგანი „ამუსიკება“, მთელ ქვეყანას რომ სწვდება, სისპეტაკის, თავგანწირული ბრძოლისა და მხედრული შემართების, „სიკვდიმდე გასატანი“ მღერისა და პოეტური ღირსებით სიკვდილის წადილი, უპირველეს ყოვლისა, პოეზიის სულითაა საცნაური, მისი სუნთქვითაა ნასაზრდოები, მისი განცდითაა „ნასიხარულევი“ და მისი სიყვარულითაა განწმენდილ-ამაღლებული.

გალაკტიონისათვის პოეზია ნათელია, „შუქით შემობურვილი“, სიხარულისა და ბრძოლის სიმღერაა და „სვეტიცხოვლის შუქია“ -

თავდადებულ ბრძოლებისთვის ნახევარ
გზად დაღლილი არავის არ ვუნახივარ,
მარად მანათებს შუქი სვეტიცხოვლისა:
პოეზია - უპირველეს ყოვლისა!

(ტაბიძე 1973: 3)

„სვეტიცხოვლის შუქი“ სვეტი-ცხოვლის ნათელია, მიწიერების ზეცად ამყვანი; და ეს ნათელი გალაკტიონისათვის პოეზიაა, ღვთივსულიერების მომფენი და ღმერთთან მიმაახლებელი; პოეზია სულია ცხოველმყოფელი და სიცოცხლის, ყოფიერების ნათელი სვეტი.

„სვეტი ცხოველის“ პარადიგმა გალაკტიონის კიდევ ერთ დიდებულ ლექსში - „ქებათა ქება ნიკორწმინდას“ - წარმოჩინდება, თუმც კი ლიტერატორ-მეცნიერთათვის და პოეზიის მოყვარული მკითხველისათვის იგი დღემდე შეუმჩნეველი დარჩა. ლექსის ერთ ნაკვეთში პოეტის აღფრთოვანებული სიტყვა-განცდა და მზერა ნიკორწმინდის ტაძრის ვითარცა ხუროთმოძღვრების მშვენიერი, დიდებული ქმნილების ჰარმონიულ წყობას მიემართება. სწორედ ამ პასაჟში იხილვება „ნათლის სვეტის“ პარადიგმა -

„...აქ რომ თაღებია,
სვეტთა შეკონება,
ისე ნაგებია,
სიზმრის გეგონება.
ნეტავ ვინ ააგო.
რა ნიჭმა ააგო,
რა მადლმა ააგო
სვეტი - ნიკორწმინდა!“

(ტაბიძე 1973; 492)

ნიკორწმინდის თაღთა მოყვანილობა და მოხაზულობა, „სიტყვის კონის“ გამომთქმელ „სვეტთა შეკონება“ პოეტის ცნობიერებაში სიზმრისეული ხილვის განცდას იწვევს. მისი ზეაღმსწრაფი აღფრთოვანება-გაოცება ტაძრის უცნობ მშენებელს, მის ნიჭსა და „ხელოვნებას“ მიემართება და, უპირველეს ყოვლისა, ღვთიურ მადლს, რომლის ძალითა და შეწევნით აღიმართა და განსულიერდა, სრულიქმნა „ქვათა ჰარმონია“. ყოველივე ეს ნიკორწმინდას - „ნათლის სვეტს“ - შეესიტყვება და მის ამაღლებასა და ცხოველმყოფელობას, ზეაღმსწრაფ სულიერებას განასახოვანებს.

„ნათლის სვეტის“ პარადიგმა თავჩენილია ცისფერყანწელთა შემოქმედებაში, კერძოდ, ტიციან ტაბიძის ნოველაში „აჩრდილთა გოდება“. მასში აღწერილია მზის დაბნელების ჟამი, რომელსაც ახლავს მეხისტეხა და სატანის „საშინელი ხითხითი“, ბელზებლის მიერ ჩამოკრული ზარების ხმა, მიწის წიაღიდან გამოსული და ჯოჯოხეთიდან სოფლად მლტოვლველი ტარტაროზები. ეს დრო, როგორც პოეტი გვამცნობს, ქვეყნის პირველყოფილი სახის დაკარგვის და კოსმოსის ქაოსად ქცევის ჟამია, „არყოფნის ღამე“, როდესაც ჩაიხა სოლომონის ტაძრის კრეტსაბმელი, მკვდრებმა დატოვეს სოფლები და აჩრდილები ქვეყნად ავიდნენ.

ტიციანის მიერ ზემოაღწერილი სურათი ერთგვარი აპოკალიფსური ხილვაა; „არყოფნის ღამე“ ესქატოლოგიური ჟამის დადგომის დროა, რომელიც საბოლოოდ ყოფნა-არყოფნის ზღვარდამდები და განმსაზღვრელია, აღნიშნულის დამამოწმებელია მზის დაბნელების, ბუნების რისხვის სურათი, სოლომონის ტაძრის კრეტსაბმელის „ჩახევა“ და სატანის „საშინელი ხითხითი“, თავისი მოვლინების ზარების რეკვით ქვეყნიერების მაცნე.

ხილვა გრძელდება და აჩრდილები შემოქმედს, რომელმაც ისინი საფლავებიდან გამოიხმო და დღის ნათლის ხილვას შეჰპირდა, ემუდარებიან, საუკუნო ლოდინი აუხდინოს, რადგან ისინი საფლავშიც მასზე ლოცულობდნენ, „ჩონჩხების ქნარზე“ უმღერდნენ საგალობელს, რომელიც ნაღვლიანი იყო, მაგრამ - „დაფერფლილი გულის ლოცვა“. აჩრდილები მიმართავენ უფალს: „გვაღირსე ნათელი, - ცოდვილ სულთაც მოსწყინდათ საფლავის მდუმარება. ჩვენ გარიჟრაჟის ნახვა გვენატრება, ამ ბნელ ღამეშიც გაგვინათე ნათლის სვეტი, როგორც მოსეს უნათებდი არაბეთის უდაბნოში. შენი ბრძანებით მზემ სცნო ჟამი დასავალისა. შენი ბრძანებით ის კვლავ ამობრწყინდება“ (ტაბიძე 1985: 359).

მოხმობილი ნაწყვეტიდან როგორც ჩანს, ჯოჯოხეთში მოხვედრილი ცოდვილი სულები, მეორედ მოსვლის საუკუნო ლოდინით დაქანცულნი, შემცნობნი საკუთარი ცოდვებისა და მონანულნი, უფლისაგან წყალობას და „გარიჟრაჟის“, ნათელი დღის მათთვის გამობრწყინებას ითხოვენ და ელიან. მათთვის ეს ნათელი ჯოჯოხეთისა და ჯოჯოხეთური ბნელი ღამის „ნათლის სვეტად“ განიცდება და წარმოდგება, რომელიც აჩრდილთ, მოსეს დარად, წარუძღვება და სამშვიდობოს გაიყვანს. ამდენად, ნათლის სვეტი მათი სულების მაცხოვნებელი „სვეტი-ცხოველია“, უფლის მზის ამობრწყინების დრო-ჟამის ნიშან-სვეტი.

ყოველივე ზემოთქმულის მიხედვით, „ნათლის სვეტი“ ტიციანის ნოველაში „აჩრდილთა გოდება“ თავის ბიბლიურ პარადიგმას ეხმიანება, რაც თავად ტექსტშია გაცხადებული. ტიციანის ნააზრევში განსხვავებული ხედვაც წარმოჩინდება; პოეტი ნათლის სვეტს ჯოჯოხეთიდან გამომხსნელ ფენომენად წარმოსახავს, თუმცა კი სიმბოლური გააზრებით შესაძლებელია, იგი კვლავაც ძველი აღთქმის მამამთავრის გზას დავუკავშიროთ - მოსესა და ებრაელების ეგვიპტელთა ჯოჯოხეთიდან გამოსვლას და ნათლის სვეტის წინამძღვრობით აღთქმული ქვეყნისკენ სვლას.

ახალ სახექმნადობათა თვალსაზრისით გ. ლეონიძის პოეზია ერთ-ერთი გამორჩეულია ქართულ მწერლობაში. ამდენად, გ. ლეონიძის მხატვრული სიტყვა საყურადღებოა პარადიგმული სახისმეტყველების შესასწავლად, რამეთუ აქ ვლინდება პოეტი-შემოქმედის ნააზრევის მიმართება საყოველთაო უნივერსალიებთან, სახე-ნიმუშებთან და სახე-იდეებთან, რომლებიც პოეტის „ხელოვანებითა“ და ხელოვნებით აწმყოში ცოცხლდება, ახალ დატვირთვას იძენს და ამავდროულად მომავლის შემოქმედთა და მკითხველისათვის მრავალსახეობრივი წაკითხვის დასაბამი ხდება. ამ მიმართულებით საინტერესოა გ. ლეონიძის პოეზიაში „ნათლის სვეტის“ პარადიგმის განსახოვნების წარმოჩენა-შესწავლა.

პოეტი ლექსში - „დავით აღმაშენებელს“ - ქებას ასხამს გვირგვინოსნის დიდ საქმეებს: საქართველოს განმტკიცებას, დერბენდიდან დარიალამდე „რკინის კარის შებმას“, მის აღმშენებლობით ღვაწლს, რომელიც პოეტის დრომდე „დაუმდნარია“ და ქვეყანას კიდევ ატყვია. გ. ლეონიძე აღფრთოვანებით მიმართავს დავით მეფეს, რომ მას „დაუდგრომელ მხედარს“, წინამორბედთაგან ვერავინ ვერ შეედრება, ვერც საქმითა და ვერც სიბრძნით. სამშობლოსათვის „აღმდგარი ლომი“, „ხმალაწვდილი“ დავითი, ყველა რჯულის მომხდურს თავზარსა სცემდა. პოეტის თქმით, დავით აღმაშენებელი დაუსრულებელ ბრძოლებში საქართველოს მომავალს ჭვრეტდა, მის ხვალინდელ დღეს ამზადებდა. ზემოაღნიშნული ღვაწლის გამო, გ. ლეონიძე მას „ფრთიან ვეფხვს“ და „ნათლის მხედარს“ უწოდებს, რომელიც საქართველოს „სვეტად იდგა“:

„აბჯრის ჩხერაში, ხმალთა ელვაში,
მზერდი მომავალს შორს გამხედარი
და იდექ სვეტად საქართველოსი,
ვეფხვი ფრთიანი, ნათლის მხედარი.“

(ლეონიძე 1980: 207)

გ. ლეონიძე, მოხმობილი სტროფის მიხედვით, დავით აღმაშენებელს „საქართველოს სვეტს“ უწოდებს. იმთავითვე უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი სახელდება არაერთგზის გვხვდება ქართულ მწერლობაში და არა მარტო ქართულში. თავისთავად „სვეტი“ ვერ წარმოაჩენს პიროვნების მნიშვნელობას, მის სიდიადესა და აღმატებულობას, თუ მასში სხვა შინაარსი არაა საგულვებელი. „სვეტის“ პიროვნებასთან მიმართებას სხვადასხვა რელიგიათა და კულტურათა მსოფლხედვის მიხედვით, სხვადასხვაგვარი დატვირთვა ენიჭება. მათგან ქართული მწერლობისათვის უმთავრესი მითოსური (უმეტესწილად, ქრისტიანული მოდიფიცირებით) და ბიბლიური პარადიგმული სახისმეტყველებაა. გ. ლეონიძის ლექსშიც დავით აღმაშენებლის „საქართველოს სვეტად“ ხმობა ბიბლიური თვალთახედვითაა გასააზრებელი და „ნათლის სვეტის“ პარადიგმის კვალობაზეა ამოსაცნობი. ლექსის შინაარსი ამგვარ წაკითხვას გვკარნახობს. უპირველეს ყოვლისა, თავად თავით აღმაშენებლის პიროვნება, მისი ღვაწლი და „მოქალაქეობაა“ ამ სახელდების ამოსავალი და განმსაზღვრელი. საქართველოს „თანამდევი და უკვდავი სული“ - ილიას ეს სიტყვები სავსებით შეესატყვისება მეფე-პოეტსა და გვირგვინოსანს. „საქართველოს სვეტი“ იგივე სვეტი-ცხოველია, ნათლის სვეტია, ერის წინამძღოლი, მფარველი და გზის დამსახავი. ამდენადაა იგი, პოეტის თქმით, „ნათლის მხედარი“, იგივე წმინდა მხედარი. გამორჩეული პიროვნების „ნათლის სვეტის“ სახექმნადობით წარმოდგენა, როგორც უკვე აღინიშნა, განსხვავდება აგიოგრაფთა განსახოვნებისაგან და რუსთაველის შემოქმედებას უკავშირდება.

„ნათლის სვეტის“ პარადიგმის მსგავსი გააზრება წარმოჩინდება გ. ლეონიძის ლექსში - „აკაკისადმი“. პოეტი აკაკი წერეთელს სიმღერისა და ლექსის „მეფეს“, „ნახევარღმერთს“ უწოდებს, რომლის ქნარით საქართველო „დამაგრდა“, გაძლიერდა, გაერთიანდა. გ. ლეონიძე მიმართავს „საქართველოს ბულბულს“, რუსთაველის ქნარით „აჟღერებულს“ და მას, დავით აღმაშენებლის დარად, ერის დაბადების ნათელში მდგარ „სვეტად“ მიიჩნევს :

„სამშობლოს სუნთქვით გაღვიძებულო,
შენში აჟღერდა რუსთველის ქნარი,
შენ - ბედნიერო,
შენ - დიდებულო,
ერის ნათელში სვეტად ხარ მდგარი!“

(ლეონიძე 1980: 333)

გ. ლეონიძე, როგორც მოხმობილი ტაეპებიდან ჩანს „სვეტთან“ „ნათელს“ აღარ მოიხმობს, რადგან ის თავისთავად იგულისხმება. ამასთანავე, მას წინ უძღვის „ნათელი“, ერის ცხოვრების დიდების, ბრწყინვალების გამომხატველი. ამდენად, ეს „სვეტი“ ნათელში მდგარი, ნათელმოსილი ცხოველმყოფელი სვეტია, „ნახევარღმერთი“, „დიდებული“ აკაკისა და მისი პოეზიის სახე-სიმბოლო. გ. ლეონიძე „რუსთაველის ქნარით აჟღერებულ“, შთაგონებულ და „ამუსიკებულ“ აკაკის, დავით აღმაშენებელის დარად, რუსთველისეული „ნათლის სვეტის“ განსახოვნებით წარმოგვიდგენს, რომლის არქეტიპი, რა თქმა უნდა, ბიბლიურია.

ლექსის მომდევნო სტროფებში „სამშობლოს სუნთქვით გაღვიძებული“ აკაკი დაუცხრომელ მებრძოლად, ქვეყნის „ჭირისუფლად“, მისი ბედის „ბერ დარაჯად“, სიკვდილის შემდგომაც ხმალშემართულ მეომრადაა წარმოდგენილი, რომელმაც ხალხის გულში ჰპოვა სავანე და სასუფეველი. გ. ლეონიძე „ნახევარღმერთს“ კვლავაც ღვთაებრივი ნათლის მფენლად სახავს, რომლის ბადალს საქართველო სხვას ვერ ინატრებს:

„და ქართლში შენებრ სხვა ვინ ინატროს,
შენებრ უკვდავი ნათლის მფენელი!“

(ლეონიძე 1980: 334)

დამოწმებულ სტროფებში მოხმობილი სიტყვები - „მღვიძარება“, „ნათელი“, „ნათლისმფენელი“, „სვეტი“, „სუდარა“, „სასუფეველი“, რომლებიც აკაკის სახეს მიემართება, ქრისტიანული დატვირთვის შემცველია და ერთიანი შინაარსითაა წასაკითხ-აღსაქმელი, „ნათლის მფენელი“ და „ნათელში სვეტად მდგარი“ - ამგვარია აკაკის პიროვნების ლეონიძესეული განსახოვნება, ნათლის ესთეტიკის პრინციპთა კვალობაზე წასაკითხ-ამოსაცნობი.

„სვეტი-ცხოველის“ პარადიგმული სახისმეტყველების თვალსაზრისით მეტად საინტერესოა გ. ლეონიძის ლექსი „სვეტიცხოველი“, რომელშიც სვეტი-ცხოველის ტრადიციული გააზრებისგან განსხვავებული პოეტური ხედვა და მისი შინაარსის ახლებური ინტერპრეტაცია წარმოჩინდება. პოეტი ამგვარად მიმართავს სვეტი-ცხოველს:

„ალვის შტო იყავ, სარო, ლამაზი,
მოგკვეთეს თურმე, ზეცას წახველი...
სადა ხარ, მტკვარზე მოჭრილო ხეო,
ნუთუ არ წაგყვა მიწის ნაღველი?
ჩამო, აჰყვავდი... ბრწყინავს მაისი,
ყველა ხეების გამომჩარხველი...“

(ლეონიძე 2008: 55)

ლექსის შინაარსი სვეტი-ცხოველის, ვითარცა უფლის საფლავზე აღმოცენებული ხის, ღვთაებრივი ძალით აღმართულ-დაფუძნებული სიწმინდის, სვეტიცხოვლის მთავარი ბურჯის, ქართველთა ეროვნული საზრისისა და სულიერების გამომხატველი სახე-იდეის სრულიად სხვაგვარ გააზრებას გვთავაზობს. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ ლექსის მიხედვით, მოკვეთილი ხე ალვისაა, „სარო ნაზარდი“ (ვფიქრობთ, ამგვარად უნდა გავიაზროთ პირველი ტაეპის შინაარსი, სხვაგვარად - „ალვა“ და „სარო“ ერთი და იგივე ხე ვერ იქნება). განსხვავებით „წმ. ნინოს ცხოვრების“ რედაქციებში წარმოდგენილი ცნობისა - „და მოჰკუეთეს დაძჳ იგი შეამზადეს სვეტად. და ძირთა მისთა ზედა დადვეს საფუძველი ეკლესიისა“ („მოქცევაჲ ქართლისაჲ“ 1963: Ⴀ 138) და „მახლობელ არს ადგილი იგი ნაძუსა მას ლიბანით მოსრულსა და მცხეთას დანერგულსა“ (იქვე, Ⴀ 130). „წმ. ნინოს ცხოვრების“ რედაქციებში ალვის ხეზე საუბარია მცხეთის პატიოსანი ჯვრის აღმართვის შესახებ თხრობისას - „და იყო ხილვაჲ მისი შუენიერ და სულ-ჰამო, ვითარცა სმენით ვიცით ხისა მისთჳს ალვისა...“ (იქვე, Ⴀ 148). ფაქტობრივი თვალსაზრისით, საინტერესოა ის გარემოებაც, რომ ამ ალვის ხისგან მაისის თვეში შეუქმნიათ ჯვრები და კიდეც აღუმართავთ - „თუესა მაისსა ერთსა შეიქმნნეს ჯუარნი ესე და შჳდსა მის თჳსასა აღემართნეს ჴელის დადებითა მეფისაჲთა...“ (იქვე, Ⴀ 148); ლექსის მიხედვითაც გ. ლეონიძე ალვის ხეს მიწაზე დაშვებას სთხოვს სწორედ მაისის თვეში. ამასთანავე, საჯვრე ალვის ხისა და ლეონიძისეული ალვის სვეტის მსგავსება მათს სილამაზე-მშვენიერებაში ვლინდება („და იყო ხილვაჲ მისი შუენიერ და სულ-ჰამო, ვითარცა სმენით ვიცით ხისა მისთჳს ალვისა...“ და „ალვის შტო იყავ, სარო, ლამაზი...“). ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულის მიხედვით, ლეონიძისეული სვეტი-ცხოველისათვის მოკვეთილი ხის აღწერილობა „წმ. ნინოს ცხოვრების“ რედაქციებში საჯვრე ალვის ხის შესახებ მონათხრობს უფრო მსგავსობს, ვიდრე - ლიბანის ნაძვისგან შემზადებული სვეტისას. ვერ ვიტყვით, პოეტმა რა მიზნით შეცვალა სვეტი-ცხოველის ხის სახელი, ყოველ შემთხვევაში, წარმოუდგენლად გვეჩვენება, რომ ზემოაღნიშნული ძველი ქართული მწერლობის მკვლევარ პოეტს არ სცოდნოდა.

ლექსის შემდგომი პასაჟები სვეტის შესახებ გ. ლეონიძის არაორდინალურ ხედვას გამოკვეთს. პოეტის წარმოსახვაში მოკვეთილი სვეტი ზეცადაა აწევნულ-ამაღლებული და მოწყვეტილია მიწიერებას, რაც ხაზგასმითაა გამოკვეთილი პოეტის შემდეგ სიტყვებში - „ნუთუ არ წაგყვა მიწის ნაღველი?“ „ზეცას წასული“ ხისადმი (სვეტისადმი) გ. ლეონიძის მიმართვაში მისი ქვეყნად ჩამოსვეტების ერთგვარი თხოვნა-სურვილი ისმის. პოეტი სვეტს მიწიერი დრო-ჟამის (მაისის) დადგომით და მშობლიურ სივრცულ გარემოში დაბრუნებით ამქვეყნად აყვავება-გახარებას სთავაზობს. ლექსის ამგვარი შინაარსის აღქმა-გაცნობიერება ძალზე რთულია. ერთი მხრივ, იგი სვეტი-ცხოველის ხეს მიემართება, თუმცა მასში სვეტი-ცხოველის არსი და საზრისი სრულიად გამქრალია, მხოლოდ ალვა-სარო და მისი მოკვეთა შეგვაგრძნობინებს სვეტი-ცხოველთან დაკავშირებულ რეალობას. გ. ლეონიძის მხატვრულ ნააზრევში სვეტი-ცხოველი თითქოს არც კი დაფუძნებულა თავის ხარისხზე და შესაბამისად, არც სვეტიცხოვლის ტაძრის აგებაა საგულვებელი. ეს „ლამაზი“ „ალვის შტო“ თითქოს ამქვეყანას „მოუკვდა“, მიწასთან გაწყვიტა ყოველგვარი კავშირი. ამგვარი გააზრება სრულიად ეწინააღმდეგება სვეტი-ცხოველის საზრისს, ვითარცა მიწიერების ზეციერთან დამაკავშირებელ ღვთივსულიერ სიწმინდეს, რომელიც უფლის საფლავს ემყარება და თავისი არსითა და სახელდებითაც ცხოველმყოფელია, აღყვავებული და „მორჩი კეთილი“. სვეტიცხოველის ამგვარი გააზრება მკითხველისათვის სრულიად მოულოდნელია და იმავდროულად დიდი ფიქრის აღმძვრელი, რაც თავისთავად, მნიშვნელოვანია, მით უფრო, რომ გ. ლეონიძის შემოქმედებას ეხება. იბადება კითხვები, ჩნდება ვარაუდები - რისი თქმა სურს პოეტს, რატომ წარმოსახა ამგვარად სვეტი-ცხოველი? პასუხი სხვადასხვაგვარი და, შესაძლოა, ურთიერთსაწინააღმდეგოც იყოს, ან საერთოდ არ ან ვერ გაეცეს პასუხი და იდუმალებით მოცულად და დუმილში განსაცდელად დარჩეს.

ჩვენი აზრით, გ. ლეონიძის პოეტურ წარმოსახვაში ამეტყველებულ „უცხო და საკვირველ“ ნააზრევს მითოსური „ხილვებისკენ“ მივყავართ, ხის წარმართული კულტის ძირებთან; ამგვარ ფიქრს გვკარნახობს ისიც, რომ „წმ. ნინოს ცხოვრების“ რედაქციებში სვეტად შემზადებული ხე წარმართული ქართლის მკვდირთათვის გამორჩეულია თავისი არსითა და რაობით. სავარაუდოდ, გ. ლეონიძის სიტყვა-აზრი ამ ხეს დასტრიალებს და მისი პირვანდელი სახის ხილვას სურვილობს, იმ ხისას, რომელიც გარდაისახა, ფერი იცვალა და „ახალი“ ხის, განმაახლებლის, განმაცხოვლებლის შინაარსი შეიძინა.

გ. ლეონიძის პოეზიის სახისმეტყველება მრავალსახეობრივ წაკითხვას ითხოვს. „სვეტიცხოვლის“ გააზრება-ანალიზი კვლავაც ბადებს რემინისცენციებს. ზემოაღნიშნულთაგან დაკავშირებით, როგორც უკვე აღინიშნა, საყურადღებოა „წმ. ნინოს ცხოვრების“ რედაქციებში მცხეთის ჯვრის აღმართვის სასწაულის აღწერა - „ჟამსა ღამისასა ვიხილეთ საშინელითა ხილვითა და თუალთ-შეუდგამითა ნათლითა ზეცით ქუეყანად შთამომავალსა ნიშსა ჯუარისასა და სუეტსა ამას ნათლისასა, ღამე ყოველ ზედა დადგრომილსა და რიჟურაჟუს ოდენ კუალად ზეცადვე ამაღლებულსა“ („მოქცევაჲ ქართლისაჲ“ 1963: Ⴀ 149). მოხმობილი ნაწყვეტიდან ირკვევა, რომ ჯვრის აღმართვას სვეტიცხოველის სასწაულებრივი ხილვა განაბრწყინებს, რაც თეოფანიის მაუწყებელია. შესაძლოა, გ. ლეონიძის ლექსის შინაარსი „წმ. ნინოს ცხოვრების“ ზემოაღნიშნული ეპიზოდის კვალობაზე გავიაზროთ. „მშვენიერ და სუ-ჰამო“, ნათელღებულ და „მოქცეულ“ ალვის ხის ჯვართან ცით ჩამოესვეტება ნათლის სვეტი და ერთსულოვნებით, ჯვარსახოვნებით დროჟამიერში მარადისობას განფენენ, მაისის თვეში „იყვავილებენ“ და „ჰამო“ სულსა და სურნელს მოჰფენენ მთელ სივრცულ გარემოს. ამგვარ გააზრებას შეესატყვისება „წმ. ნინოს ცხოვრებაში“ საჯვრე ალვის ხის მოკვეთის შემდგომ აღწერილი სასწაული - „და დადგა ხჱ იგი ოც და ათჩჳდმეტ დღემდე, და არა შეიცვალა ფურცელი მისი, ვითარცა ძირსა ზედა მდგომარისა თავსა წყაროჲსასა, ვიდრემდის ყოველნი ხენი მაღნარისანი შეიმოსნენ ფურცლითა და ხენი ნაყოფიერნი შეიმკნეს ყუავილთა. მაშინ თთუესა მაისსა ერთსა შექმნნეს ჯუარნი ესე...“ (იქვე, Ⴀ 148).

„სვეტიცხოვლის“ შინაარსის გააზრებისათვის, ვფიქრობთ, საინტერესოა გ. ლეონიძის ლექსის - „მეცამეტე საუკუნე“ - ერთი პასაჟის გახსენება, კერძოდ, ლექსის დასასრულს, როდესაც პოეტი „მონგოლური“ იერსახის მქონე ანგელოზის თბილისზე თავსდადგომას, სიმბოლურად, ქალაქის დაპატრონებას, მისი „გულის დაბეჭდვას“ წარმოსახავს, ნათქვამია:

„და ქართლი განკვართული -
ნაპრალებში,
მღვიმეებში
ჩააყენებს ნათელს.“

(ლეონიძე 1978: 21)

მოხმობილ ტაეპებში ჩვენთვის საყურადღებოა „განკვართული ქართლის“ სახექმნადობა, რომელიც, სიმბოლურად, უფლის კვართისაგან, რწმენისგან, განძარცვულ ქვეყანას მოასწავებს, მტრის ძალმომრეობით ღირსებააყრილს, შეგინებულსა და მიწასთან გასწორებულს; მომდევნო ტაეპთა შინაარსში (ნათლის „ჩაყენება“-ჩამოსვეტება ქართლის სანახებში) კვლავ უფლის კვართით „შემოსვა“, რწმენის განახლება-აღდგომა იგულისხმება. ზემოაღნიშნულით იმის ჩვენება გვსურს, რომ გ. ლეონიძის პოეტურ წარმოსახვაში, სიმბოლურად, შესაძლებელია (დაშვებულია) ქართლის „განკვართვა“. ამისდა კვალობაზე „სვეტიცხოვლის“ ზემოაღნიშნული სახისმეტყველების გააზრებაც ხდება შესაძლებელი - სიმბოლურად, მოჭრილი ხის ზეცად „წასვლა“ შესაძლოა, ქართველთა ქრისტიანული სარწმუნოებისგან დაშორებას მიანიშნებდეს, პოეტის თხოვნა მისი მიწად ჩამოსვლისა და აყვავების შესახებ კი ერის სულიერი მზაობის, უფლის წიაღში მიბრუნების აღმნიშვნელი იყოს. აქვე უნდა ითქვას, რომ ლექსში ტრაგიკული განცდა არ ჩანს, პირიქით, სილაღე და სიმსუბუქე უფრო იგრძნობა, რაც ერთობ არაორდინალურია ამგვარი გააზრებისათვის.

გ. ლეონიძის „სვეტიცხოვლის“ გააზრებისათვის საყურადღებო და მნიშვნელოვანია დავით გურამიშვილის „დავითიანში“ (კერძოდ, „დავითის შესხმა პირველი“) უფლის ჯვარცმის განსახოვნება:

„ვითა ნამყენი, გამოსაყენი.
უკვდავებისა ხილთ მოსართლვედი,
უგბილთ იხილეს, არად იხილეს,
მოჰკვეთეს, ჰკადრეს: ავს ხილს იბემდი.
იგ მოკვეთილი, ნაყოფ კეთილი
ისევ განცხოვლდა, მე მით ვილხენდი.
მტრით დაცემული, ცეცხლს მიცემული
საგრილ-საჩრდილად მე მას ვირხევდი.“

(გურამიშვილი 1955: 180)

დავით გურამიშვილი, როგორც მოხმობილი ნაწყვეტიდან ჩანს, უფალს „უკვდავების ხილის“ გამომღების, „ნაყოფ კეთილი“ „ნამყენის“ სახექმნადობად წარმოსახავს. რომელიც უკეთურთ და „მზედადგრომილთ“ მოჰკვეთეს, უბრალოს ბრალი დასდეს, მისი „კეთილი ნაყოფი“ „ავ ხილად“ მიიჩნიეს და ამ ბრალეულობით „მოჰკვეთეს“. „მტრით დაცემული“ მოკვეთილი ხე, დავითისათვის (ისევე როგორც მთელი კაცობრიობისათვის) ცხოველმყოფელ ხედ იქცა, სულის სალხენად და მეოხად. „საგრილ-საჩრდილობლად“.

უფლის ჯვარცმისა და აღდგომის გურამიშვილისეულ გააზრებას, ვფიქრობთ, ერთგვარად ეხმიანება გ. ლეონიძის „სვეტიცხოვლის“ სახისმეტყველება - უფლის კვართზე ამოზრდილი და სვეტიცხოვლის დედაბოძად შემზადებული ხის მოკვეთა, მისი ზეცად აღსვლა და შემდგომ მისი აყვავება-განახლებისკენ სწრაფვა.

დასასრულს დავძენთ, რომ ეს მხოლოდ ფიქრია, სიმბოლური გააზრება გ. ლეონიძის ლექსის შინაარსისა, მცდელობა მისი იდუმალების ამოცნობისა, პოეტის ჩანაფიქრთან მიახლებისა. „სვეტიცხოველი“, ერთი შეხედვით, მსუბუქი და ლაღი ფერებით მოწოდებული პოეტური წარმოსახვაა, თუმც კი, როგორც წარმოჩინდა, ერთობ რთული სახისმეტყველების დამტევნელი სახე-სიმბოლოა.

„სვეტი-ცხოველსა“ და „სვეტიცხოვლის“ სახისმეტყველება განსაკუთრებით საინტერესოდაა წარმოჩენილი ქართულ მწერლობაში ერთ-ერთი გამორჩეული, თავისთავადი სიტყვისა და ხედვის შემოქმედის - ნიკოლოზ სამადაშვილის - პოეზიაში, რომელსაც მკითხველი არაორდინალურ და იდუმალებით მოცულ სამყაროში შეჰყავს, სადაც, ძალზე რთული, ხშირად ამოუცნობი და ინტუიტურად საწვდომი, ლოგიკას დაუქვემდებარებელი აზრობრივი კონსტრუქციები და უაღრესად ტევადი სახექმნადობები „ბუდობს“.

ნ. სამადაშვილი ლექსში „სვეტიცხოველი“ ტაძარს საუკუნეთა სავანე „საბუდრად“ სახავს, სადაც „დროთა ხაფანგია“ დაგებული, რაც ამიერის შეჩერების, დროის „დატყვევების“ სიმბოლოდ აღიქმება. ამ ზედროულ სივრცეს, პოეტის წარმოსახვით, ქმნის ქრისტიანთა განდობა, აქ დამარხული უფლის კვართი, ერეკლე მეფის, „პატარა კახის“ და სამშობლოსათვის შეწირულ მამულიშვილთა სამარხები. ლექსში ამგვარ ჰარმონიას უპირისპირდება „მსახვრალი“ დროის ავბედობა, როდესაც „სამშობლოს კალთა შემოახიეს“ და „ხატებს თხუპნიდნენ მურით, ნახშირით“ (სამადაშვილი 2004: 151). ასეთ დროს, ნ. სამადაშვილის თქმით, სვეტიცხოვლის ტაძარი იყო მცველი, ჩასაფრებული მეომარი, ქართველთა ფარი და ხმალი, რომელიც „სამხედრო გზაზე უყელებს დუშმანს“. (სამადაშვილი 2004: 152).

ლექსში გადმოცემის სახით გახმიანდება ამბავი მცხეთიდან იერუსალიმს წასული ებრაელი ელიოზისა, რომელიც ქრისტეს ჯვარცმას დაესწრო, პოეტი აღნიშნულ ფაქტს ამგვარად განასახოვნებს:

„ის ებრაელი გოლგოთის მთაზე
ქრისტეს ჯვარცმასო როცა დაესწრო.
სვეტიცხოველმა ბევრი იტირა
და მტკვრის ნაპირზე მაშინ დაემხო.“

(სამადაშვილი 2004: 152)

ვფიქრობთ, რომ მოხმობილი სტროფი ჯვარსახოვანებითაა წასაკითხი. თავისთავად ცხადია, რომ პირდაპირი, ჰორიზონტალური წაკითხვით, „სვეტიცხოველი“ ტაძარს არ გულისხმობს (აქ ქრისტეს ჯვარცმის პერიოდზეა საუბარი). ამ თვალსაზრისით, შესაძლებელია, პოეტი აქ სვეტი-ცხოველის ხეს გულისხმობდეს, რომელიც შემდგომ უფლის ხელითა და წმ. ნინოს ლოცვის ძალით აღიმართა, მაგრამ ამგვარ წაკითხვასაც მხატვრული წარმოსახვის სფეროში შევყავართ. ზემოაღნიშნული სტრიქონები მკითხველს უდიდეს ტკივილსა და სინანულს აზიარებს და მათ „სვეტიცხოვლის“ გლოვის თანაგანმცდელებად აქცევს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ზემოაღნიშნული პასაჟი გვახსენებს „წმ. ნინოს ცხოვრების“ რედაქციებში დაცულ ერთ ეპიზოდს, როდესაც ელიოზის დედამ მცხეთაში გაიგონა ქრისტეს ჯვარცმისას სამსჭვალებზე უროს დაკვრის ხმა, „იკრჩხიალნა“, გოდების სიტყვები წარმოთქვა და აღესრულა - „ხოლო დედასა მისსა, ვითარცა ესმა ჴმაჲ, ოდეს პასენიკმან ჯუარსა ზედა სამშჭუალსა დასცა კუერი მჭედლისაჲ იერუსალჱმს. აქა ესმა ჴმაჲჲდა იკრჩხიალნა მწარედ დედაკაცმან მან და თქუა: „მშვიდობით, მეფობაო ჰურიათაო, რამეთუ მოჰკალთ თავისა მაცხოვარი და მჴსნელი, და იქმნენით ამიერთგან მტერ შემოქმედისა. ვაჲ თავსა ჩემსა, რომელ არა წინარჱ მოვკუედ, რომელმცა ეს არღა-რა სმენილ იყო, და არცა კნინ უკუანაჲსრჱ დავრჩი, რომელმცა მეხილვა ნათელი გამობრწყინვებული წარმართთა ზედა და დიდებაჲ ერისა ისრაჱლისაჲ“. და ამან სიტყუასა ზედა შეისუენა დედაკაცმან მან, დედამან ელიოსისმან“ („მოქცევაჲ ქართლისაჲ 1963 Ⴀ 129). ნ. სამადაშვილის ლექსის დამოწმებული სტროფი, როგორც ვხედავთ, სავსებით შეესატყვისება „წმ. ნინოს ცხოვრების“ ზემოაღნიშნულ პასაჟს. ამდენად, შესაძლებელია, ნ. სამადაშვილის პოეტური ხილვა სიმბოლურად გავიაზროთ - ელიოზის დედის მსგავსად, „სვეტი-ცხოველი“ გლოვობს უფლის ჯვარცმას და ამ შემზარავი ამბის გამო „ემხობა“.

ზემოაღნიშნული სიმბოლური მიმართების პარალელურად, ვფიქრობთ, რომ მოხმობილ ტაეპებში გადმოცემული აზრი ვერტიკალური, ალეგორიული, თვალსაზრისითაა წასაკითხი და ამოსაცნობი. ცნობილია, რომ ქრისტიანობამ ვექტორული დროით ანტიკური ციკლური დრო შეცვალა. აქვე გასათვალისწინებელია დროის ვექტორულ და ციკლურ გაგებათა ერთიანობა. „ქრისტიანული დროის მთავარი საზრისი მარადიულობისაკენ სწრაფვაა. თანაც ყოველწლიურად მეორდება საკრალური მოვლენა, მაგალითად, ხარება, შობა, აღდგომა და ა. შ. ამით შეიგრძნობა დრო ჟამიერი და დრო მარადისი, „უჟამო ჟამი“. „შებრუნებული პერსპექტივაც არაა ოდენ სივრცული რამ, ის დროული რაობაცაა: კონკრეტულად, ჟამიერ მოვლენაში შემოდის მარადიულობის უსაზღვროება. დრო სივრცულია და სივრცე დროული“ (სირაძე 2008: 5-6).

ჩვენი აზრით, ნ. სამადაშვილს ქრისტიანული დროის ამგვარი გაგებაც აქვს გათვალისწინებული და ამდენად, მოხმობილ სტრიქონებში, ერთი შეხედვით, დროითი მოვლენების შეუსაბამობა საზრისს იძენს და, შესაბამისად, შინა-არსი მთლიანდება, დროთა კავშირი აღდგება.

ყოველივე ზემოაღნიშნული ხელს არ უშლის, მოხმობილ განსახოვნებაში სხვაგვარი შინაარსი ამოვიკითხოთ - პოეტი, შესაძლოა, „სვეტიცხოვლის“ „დამხობას“ თავის ეპოქას უკავშირებდეს, კომუნისტური რეჟიმის პერიოდს, როდესაც სისხლით შეიღება ქვეყანა, როდესაც ეკლესია-მონასტრები და ტაძრები დაემხო - განადგურდა და როდესაც ქრისტე „მოკლეს“. ამგვარი წაკითხვით, შესაძლებელი ფიქრი იმისა, რომ პოეტმა ბოლშევიკთა მიერ ჩადენილი ანტიქრისტიანული ქმედებები, სიმბოლურად, ებრაელთაგან ქრისტეს ჯვარცმის ამბად წარმოისახა, რასაც „სვეტიცხოვლის“. ქართული ქრისტიანული ეკლესიის უმთავრესი ბურჯის, „გლოვა“ და „დამხობა“ მოჰყვა. კომუნისტურ საქართველოში მართლაც დაემხო და შეიბღალა რწმენა - „სვეტიცხოველი“. ამგვარ გააზრებას ეთანხმება ლექსის წინარე და მომდევნო ტაეპთა შინაარსი. როგორც უკვე ითქვა, ლექსის დასაწყისში წარსულს აწმყო ენაცვლება და სვეტიცხოვლის დიდებას „კალთაშემოხვეული“ სამშობლოს და მურით „გათხუპნული“ ხატების დრო მოჰყვება. აღნიშნულს სვეტიცხოველთან დაკავშირებული ჩვენთვის საყურადღებო ტაეპები მოსდევს. ლექსის დასასრულიც მოვლენებს ამთლიანებს:

„მას აქეთია არმაზის კერპი,
ჩუმად უცქერის კოდმანის კლდიდან,
სისხლით გასვრილი წარმართ ხელებით,
სვეტიცხოველის ლოცვებს კიკნიან.“

(სამადაშვილი 2004: 152)

ამგვარი დასასრულით ნ. სამადაშვილს შესაძლოა იმის თქმა სურს, რომ არმაზის კერპი ცნობიერად არ დანგრეულა და როგორც „წმ. ნინოს ცხოვრებაშია“ აღნიშნული, „მისი ადგილი შეუძრავ არს“ (ამ სიტყვებს წარმოთქვამს მირიან მეფე არმაზის ნგრევის შემდგომ - Ⴀ 132); რომ სისხლისმსმელი არმაზის ბუნების (გავიხსენოთ, რომ არმაზი ყრმათა სიცოცხლეს ითხოვდა მსხვერპლად) გამოვლენა ყოველ დროშია შესაძლებელი, მით უფრო, პოეტის თანადროულ ეპოქაში, კომუნისტური, დესპოტური რეჟიმის ბატონობის ჟამს; „სისხლით გასვრილი წარმართ ხელებით“ - სავსებით ესადაგება მათს ქმედებებს, ხოლო „სვეტიცხოვლის ლოცვების კიკნა“ მათი საქმიანობის ჰუმანისტური პრინციპებით შენიღბვას ან მათი „სანიმუშო“ ზნეობისა და მორალის „ძალმოსილებით“ ქრისტიანული რწმენის, ქრისტიანული სიწმინდეების შთანთქმას უნდა გულისხმობდეს.

„ნათლის სვეტის“ პარადიგმა ანა კალანდაძის პოეზიაშიც იხილვება. პოეტი ერთ უსათაურო ლექსში თავის სულიერ განცდებსა და სურვილებს გვიმხელს; უფალთან სიახლოვის სიშორის ტკივილს, მისი სახის ხილვის, მასთან საუბრის „სიხარულის ენის“ დავიწყებას წუხს; შენატრის იმ ადამიანს, ვისაც უფლის ხმის გაგონება, მისი ცეცხლოვანი მოსასხამის ხილვა ეღირსება:

„დამვიწყდა ენა სიხარულისა
და სახე მისი და თვალთა ბრწყინვა,
ხმა, მოსასხამი ცეცხლისმიერი
ნეტარ, ვის მოხვდეს კვლავ მისი ხილვა!“

(კალანდაძე 1976: 111)

ლექსის მომდევნო სტროფში ლირიკული გმირი მის მიმართ ნათქვამ უფლის სიტყვებსაც გვიმხელს:

„მრქვა, - ჰა, საყდარი ჩემი მაღალი,
დამკვიდრებული ზე ნათლის სვეტი
აღვედ, იყავი ზეთ თანაზიარ!
მივუგე, ვინც შენ გიხილოს, ნეტარ!

.................

გამვიწყდა ხატი სიხარულისა...“

(კალანდაძე 1976: 111)

სწორედ უფლის სიტყვებში იხილვება ნათლის სვეტის პარადიგმა, ვითარცა ღმერთის სავანე-საყდრის „მკვიდრი“ დედა-ბოძი. უფალი სევდა-სინანულით აღვსილ სულს უფლებას აძლევს მასთან მიახლოებისა, მისი ზეთის „თანაზიარობისა“.

საფიქრებელია, რომ მოხმობილ სტროფში „ზეთის“ ხსენება მირონმდინარე „სვეტიცხოველს“ უნდა უკავშირდებოდეს, რომელთანაც მიახლება და ხელისშეხება, როგორც „წმ. ნინოს ცხოვრების“ რედაქციები გადმოგვცემენ, სულისა და ხორცის ღვთაებრივთან ზიარების, სულისა და ხორცის კურნებისა და სიმართლის საწინდარია.

ღვთის სიტყვების პასუხად პოეტის მადლიერებით აღვსილი ხმა ისმის, რომელიც უფლის ხილვის ბედნიერებით თავს „ნეტარად“ მიიჩნევს, თუმცა კი დასასრულს ლექსის პირველ ტაეპში გამოთქმული წუხილი („დამვიწყდა ენა სიხარულისა...“) ისმის - „გამვიწყდა ხატი სიხარულისა...“ ლექსის პირველი და ბოლო ტაეპები ლირიკული სუბიექტის განწყობით ერთმანეთს მსგავსობს, მათ მხოლოდ წყვილები „დამვიწყდა“ და „განმიწყდა“, „ენა“ და „ხატი“ განამსგავსებს, თუმც კი შინა-არსი ერთია. პირველ შემთხვევაში, როგორც უკვე აღვნიშნეთ, პოეტს უფალთან საუბრის ენა, „ენა სიხარულისა“ დაავიწყდა; მეორეგან „გა“ ზმნისწინის მოხმობა „დავიწყების“ კონტექსტს ერთგვარად ცვლის. საფიქრებელია, რომ „განმვიწყდა“ განშორებასაც გულისხმობს და იმავდროულად დავიწყებასაც. ამდენად, ანა კალანდაძის სიტყვებში, ჩვენი აზრით, უფლის სახე-ხატს დაშორებისა და უფლის სახე-ხატის დავიწყების სევდა-წუხილი ისმის.

ყოველივე ზემოაღნიშნულის მიხედვით როგორც ჩანს, ანა კალანდაძის ლექსში მოხმობილი „ნათლის სვეტის“ პარადიგმა ტრადიციულია და იგი უფლის მყოფობის ნიშან-სვეტია, ღვთაებრიობის სიმბოლო და სახე-იდეა. აქვე საცნაურდება ნათლის სვეტის ანა კალანდაძისეული „ქართული“ ხედვა - ნათლის სვეტი უფლის სავანის დედაბოძად განიცდება, ვითარცა „სვეტი-ცხოველი“ - სვეტიცხოვლის ბურჯად.

„ნათლის სვეტის“ პარადიგმის წარმოჩენა-შესწავლის თვალსაზრისით საინტერესოა ი. ნონეშვილის პოეზია, რომელშიც აღნიშნული პარადიგმა არაერთგზის ვლინდება. ლექსში - „რომ მზეში დარწეულიყო“ - პოეტი ქებას ასხამს სიქველეს, მამაცობასა და თავგანწირვას უცნობი ჯარისკაცისას, რომლის ნეშტის თბილისში დაკრძალვას „საქართველო... ვით მგლო-ვიარე მშობელი“ თავს ადგა. პოეტის თქმით, ჯარისკაცის იარები და ნატყვიარი „სხვა შუქით შემოსილია“; ჯარისკაცის გმირობა და ქართველთათვის საკუთარი ოცი წლის სიცოცხლის „განაწილება“ მას უცნობელობიდან ყველაზე ცნობილ ქართველ ჯარისკაცად აქცევს. ი. ნონეშვილი ჯარისკაცის მხედრულ დიდებას „მზის სვეტის“ ბრწყინვალებით ამოწმებს:

„თავს დასდგომია
მზის სვეტად
ნათელი
ჩაუქრობელი...
დგას საქართველო
მის ნეშტთან,
ვით მგლოვიარე მშობელი.“

(ნონეშვილი 1982, . I: 207)

პოეტი ლექსის მომდევნო და დამასრულებელ ტაეპებში ჯარისკაცის სამარეს ნათლით მოსავს და მასში ჩასვენებულ მზის შუქს გმირის დაფნით შემკობის სიმბოლოდ გაიაზრებს, გუშაგად მდგარი მარადისობა კი ჯარისკაცის სახელს უკვდავყოფს.

დამოწმებული ტაეპების მიხედვით ცხადად წარმოჩინდება, რომ ი. ნონეშვილის მიერ მოხმობილი „მზის სვეტი“ იგივე „ნათლის სვეტია“, „ნათელი ჩაუქრობელი“, რომელიც სამშობლოსათვის შეწირულ მხედარს მარადისობასთან აზიარებს. უცნობი ჯარისკაცის ცხედარზე მდგარი „ნათლის სვეტი“ უფლის ნიშან-სვეტია, გმირის ღვთიურობასთან ზიარების დამამოწმებელი. ამდენად ი. ნონეშვილის მიერ „ნათლის სვეტის“ ამგვარი გააზრება გარკვეულწილად ბიბლიურ პარადიგმას მიჰყვება და კიდევ ერთხელ გამოკვეთს აზრს, რომ სამშობლოსათვის შეწირულ ერისშვილთა სიცოცხლე ღვთივკურთხეულია და რომ „ნათლის სვეტის“ თავჩენისათვის დრო-სივრცული ზღვარი არ არსებობს.

ი. ნონეშვილის ლექსი - „მისი სურათი ნაპოვნი არის“... - ნიკოლოზ ბარათაშვილს ეძღვნება. პოეტი მამადავითზე „გვიანი მთვარის“ „მოღლილი სხივის“ გარდატეხას ბარათაშვილის შავი ზღვის დარ თვალთ აგონებს, „უძირო სევდის ნათლის“ დამტევნელს; საარაგვოდან „დაბერილი“ და მცხეთას მიწვდენილი ქარის ქროლას და მტკვრის ხმას კი მის სუნთქვად სახავს. სვეტიცხოვლის ტაძარში მდგარი და ერეკლე მეფის საფლავს მაცქერალი ი. ნონეშვილი გვიზიარებს თავის განცდებს და ეს განცდები ნათლის სვეტსა და ბარათაშვილის ფიქრს უკავშირდება:

„როს სვეტიცხოვლის ტაძარში მდგარი
ერეკლეს საფლავს მდუმარედ უმზერ
და ნათლის სვეტი გეცემა გულზე,
მგოსნის ფიქრი და ხმა იდუმალი
შენში გადმოდის უხილავ ძალით.
მისი სურათი ნაპოვნი არის!“

(ნონეშვილი 1982, . I: 97)

მოხმობილი ნაწყვეტის მიხედვით, პოეტის სივრცული გარემო ღვთაებრიობითაა აღვსილი; სამი სიწმინდე განსაზღვრავს მის სულიერ ყოფას - სვეტიცხოვლის ტაძარი. ერეკლე მეფის საფლავი და ნათლის სვეტი. და ამ დრო-სივრცულ უსაზღვროებაში პოეტის არსებაში ნიკოლოზ ბარათაშვილის იდუმალი ხმა და ფიქრი ღვთაებრივი ძალით გადადის, მასში განსულიერდება და გაცხოველდება.

„ნათლის სვეტის“ იგივე „სვეტი-ცხოველის“ ზემოაღნიშნული პარადიგმა ღვთაებრივი სიწმინდის, ღვთაებრივი მადლის გადმოსვლის ნიშან-სვეტია, რომელიც პოეტს ზეაღმსწრაფი სულიერებით მსჭვალავს და უხილავ გრძნობა-განცდებთან აზიარებს.

„ნათლის სვეტის“ პარადიგმა ი. ნონეშვილის სხვა ლექსშიც - „ფიქრები რუსთაველის ძეგლთან“ - წარმოჩინდება. პოეტის ფიქრი და სიტყვა მოსკოვში აღმართულ რუსთაველის ძეგლს მიემართება, რომელიც ორი ერის მეგობრობისა და ძმობის სიმბოლოდ აღიქმება. ი. ნონეშვილი ქებას ასხამს რუსთაველს - ქართველთ ბურჯს, დიდებას და სიბრძნეს, სიუხვესა და სიდარბაისლეს - რომლის ხმა რუსეთშიც გაისმის. პოეტის წარმოსახვაში ქვაში გამონაკვთული რუსთაველი „ამაყად მდგარი“ და „პირმომცინარეა“, მის მხრებზე კი ნათლის სვეტია გაბრწყინებული:

„დგახარ ამაყად
პირმომცინარე,
შენს მხრებზე
ნათლის სვეტი კიაფობს.
როგორც მტკვარი და მოსკოვ-მდინარე,
უკვდავი ლექსით
დროჟამს მიაპობ.“

(ნონეშვილი 1982, . II: 118)

ი. ნონეშვილის „ნათლის სვეტის“ პარადიგმას, როგორც ჩანს, რუსთაველის სულიერების, სიდიადისა და ამაღლებულობის დამამოწმებელ ნიშან-სასწაულად მოიხმობს, რომელიც პოეტის „უკვდავ ლექსს“ ღვთიურობით მოსავს და „დროჟამის“ გადამლახავს მარადისობასთან აზიარებს.

„ნათლის სვეტის“ პარადიგმა ი. ნონეშვილის ცნობილ ლექსში - „გიყვარდეს საქართველო...“ - იხილვება. პოეტი „მშობლიურ მხარეს“, საქართველოს ქება-დიდებას ასხამს და მოგვიწოდებს, რომ „გვიყვარდეს საქართველო სიცოცხლეზე მეტად!“, გვწამდეს მისი სიმაღლე და უკვდავება, გვახსოვდეს სამშობლოსათვის თავდადებულთა, მამა-პაპათა დაღვრილი სისხლი. ი. ნონეშვილის წარმოსახვით, მისი დროის საქართველოში „სხვა სიო უბერავს“, მისი რესპუბლიკა „სხვა შუქ-მადლით ბრიალებს“ და ეს „შრომის სუფევასა“ და გარჯას, ადამიანთა სხვაგვარ მეგობრობა-ძმობას უკავშირდება. პოეტი ქებას არ იშურებს ერთგული და მარჯვე ადამიანების მიმართ; მათთვის, ვინც ქვეყნის წინსვლას შრომაში ხედავს, ვინც „ახალ ტემპსა და ხალისს“ ფეხი აუწყო. ი. ნონეშვილის თქმით, რევოლუცია ახალ გმირებს უხმობს, ახალი სულისკვეთებით ნასაზრდოებ ადამიანებს ითხოვს. ლექსის დასასრულს და აღნიშნული მოწოდების შემდგომ „ნათლის სვეტის“ პარადიგმაა წარმოჩენილი, რომელიც სამშობლოსათვის თავდადებულთა შეწირულ სიცოცხლეს უკავშირდება:

„სისხლი თავდადებულთა
ჩვენს ძარღვებში სწვეთავს...
მათი კაცურკაცობა
გვადგას ნათელ სვეტად...
მათ თუ სისხლი დაღვარეს.
ჩვენ რა მოგვდის ნეტავ...
ჩვენ საქმით ვასახელოთ,
გვიყვარდეს საქართველო და
გვიყვარდეს საქართველო
მეტად!... უფრო მეტად!..“

(ნონეშვილი 1982, . II: 186)

მოხმობილი ციტატის მიხედვით, საქართველოსა და ქართველებზე ნათლის სვეტის თავს დგომა ღვთის მფარველობის სიმბოლოა, მოწმობა იმ ღვაწლისა, რომელიც სამშობლოსათვის თავდადებულმა გმირებმა თავისი სისხლით დაამტკიცეს, „მოიღვაწეს“ და საქართველო „დედად წმინდათა” აქციეს. სწორედ გარემოების შეხსენებით პოეტი ცდილობს ქართველთა გამოფხიზლებას და სამშობლოს „მეტად“ სიყვარულისკენ მოგვიწოდებს.

ი. ნონეშვილის ლექსი „არაგვი მხრებზე გაგიდვიათ...“ ჟინვალჰესის მშენებლებს ეძღვნება. რაოდენ საკვირველი და მოულოდნელიც არ უნდა იყოს, „ნათლის სვეტის“ პარადიგმა სწორედ აქ არის თავჩენილი. პოეტი მიმართავს მშენებლებს:

„...ბევრი რამ მსმენია...
ეს აღარ გამიგია.
მდინარე არაგვი მხრებით
მოგაქვთ ბიჭებს...
ვით სვეტი,
ცხოველი.
მხრებზე გაგიდვიათ
და თბილისისკენ
დინჯად მოაბიჯებთ.“

(ნონეშვილი 1982, . II: 196)

ვფიქრობთ, რომ აქ „სვეტი ცხოველი“ მხოლოდ და მხოლოდ ვითარცა არაგვის წყლის ცხოველმყოფელობის, ფიზიკური სიცოცხლის მიმნიჭებელი სიმბოლოს მნიშვნელობითაა მოხმობილი და არა რაიმე ღვთაებრივის ან ღვთიურობასთან წილნაყარობის გამოსახატავად (თუმც კი ლექსში ჟინვალჰესის მშენებლობა და არაგვის თბილისის წყალთან შეერთება ბევრისმსმენელი პოეტისათვის გაუგონარ და საოცარ, ზღაპრულ ამბავთან, არაკთან და ოცნებასთანაა გაიგივებული).

პარადიგმული სახისმეტყველების თვალსაზრისით საყურადღებოა ი. ნონეშვილის ერთი უსათაურო ლექსი (1941 წ.), რომელიც საქართველოს მიწა-წყლის, მისი განუმეორებელი სილამაზის, მთა-ბარისა და დაბლობების, კავკასიონის „დარახტული მთების“. ციხეებისა და ტაძრების. „მზედაკრული ვენახების“, „ნაპერწკლებად გაშლილი“ ვარსკვლავების და „თეთრ ღრუბლებში“ ანთებული ოქროს კვარის“ სადიდებელია. პოეტს სწამს, რომ სამშობლოს „დაჩრდილვასა“ და წართმევას ვერვინ გაბედავს, მას სტალინის „ერთ დაძახებაზე“ „წამონთებული“ „ფიცნაჭამ“ ვაჟკაცთა გული და „მოკაშკაშე“ მახვილები დაიცავენ.

ლექსში საქართველოს „ძველთა-ძველი მიწა-წყლის“ საუნჯეთა, გრემისხევისა და კრწანისის დაბლობების, ბებრისციხის „ძვალბებერი“ გალავნის, ხსენებისას ყურადღებას იპყრობს „სვეტიცხოვლის სვეტ-მაღალი სიონი“. „სვეტმაღალი“, რა თქმა უნდა, სვეტიცხოვლის მთავარ სვეტსა და ბურჯს, „სვეტი-ცხოველს“ მიემართება, ხოლო მთელი ტაეპის შინაარსის გასაგებად სვეტი-ცხოველისა და სვეტიცხოვლის ტაძრის საზრისის გაცნობიერება, ამასთანავე მათ სახელდებათა გააზრებაა უცილობელი.

აღნიშნულ პრობლემატიკასთან დაკავშირებით უმნიშვნელოვანესია რ. სირაძის ნაშრომი - „სვეტიცხოველი, აია-სოფია და სიონი“ (სიმბოლოთა გააზრებისათვის) (წიგნშ რ. სირაძე, კულტურა და სახისმეტყველება, გამომც. „ინტელექტი“, თბილისი: 2008). რ. სირაძე საუბრობს ამ სამი ტაძრის სიმბოლურ მნიშვნელობაზე და სვეტიცხოველთან მიმართებით განიხილავს. ნაშრომში აღნიშნულია, რომ „სვეტი-ცხოველი“ გულისხმობს საღვთო ჭეშმარიტებას, საღვთო, ანუ წმინდა სიბრძნეს („აია სოფია“), რომელიც არის მაცხოვნებელი სიბრძნე, „ცხოველთა ღვთის“ სიბრძნე. ასეთი შინაარსის შემცველია „სვეტი-ცხოველიც“ (სირაძე 2008: 67-68).

ცნობილია, რომ „აია სოფია“ პირველად კონსტანტინე იმპერატორმა ააშენა. ტაძარს ორი სახელი ჰქონდა - „აია სოფია“ და „სიონი“ („დიდი ღმრთისა ეკლესია წმიდა სოფია პირველად აღაშენა დიდმა კონსტანტინე სიონად, - და გამრავლა სუეტებითა მრავლითა“ - ო. ბერიძე, ბიზანტიური ტრაქტატი სოფიის ტაძრის აშენების შესახებ, თბილისი: 1982, გვ. 21). რ. სირაძის აზრით, „აია-სოფია“ „სვეტიცხოვლის“ ტაძრის პირველნიმუში უნდა გამხდარიყო და ქართული ტაძრის სახელდებაში აია-სოფიას (წმინდა სიბრძნის) აზრი უნდა ჩადებულიყო. ამასთანავე, რ. სირაძე თვლის, რომ „აია-სოფია“ და „სვეტიცხოველი“ სოლომონის ტაძარს, ვითარცა სიბრძნის ტაძარს (აქ იდგა რჯულის კიდობანი, რომელშიც ინახებოდა დაფები ათი მცნებით), უნდა დაფუძნებოდა. ამასთანავე ზემოაღნიშნულ ტაძართა პირველნიმუშად ქრისტეს საფლავის ტაძარი (რომლის სახე სვეტიცხოველში ჩადგმული მცირე ეკლესიაა, უფლის კვართის, სიმბოლურად, უფლის საფლავის, ადგილას) და სიონი უნდა ქცეულიყო.

სიონი, როგორც ცნობილია, უმთავრეს ეკლესიათა ზოგადი სახელია. „სიონი“ დავითის გოდოლისა და ღვთისმშობლის მიძინების ადგილია. ძვ. ქართული თხზულებების მიხედვით, ღვთისმშობელს ქართლისადმი მოციქულეობრივი მისია დაეკისრა. „სიონი: ღვთისმშობლის ტაძრებს ეწოდებოდა. რ. სირაძის აზრით, „ამიტომაც შეიძლებოდა სვეტიცხოვლისათვის ეწოდებინათ „სიონი“ (სირაძე: 2008).

და მართლაც, „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ მიხედვით, სოჯი დედოფალთან დაკავშირებით აღნიშნულია, რომ იგი მივიდა „მცხეთად ქალაქად და დიდებულად, ადგილად წმინდად სიონად, სახლად ღმრთისად (გვ. 103). აქვე აღნიშნულია „სიონისა კათოლიკე ეკლესია“ და „წმიდა სიონი“.

ზემოაღნიშნულის საფუძველზე სავსებით გასაგები ხდება ი. ნონეშვილის მიერ ლექსების ტაეპის - „სვეტიცხოვლის სვეტმაღალი სიონი“ - საზრისი.

დასასრულს შესაძლებელია ითქვას, რომ XX ს-ს მწერალთა შემოქმედებაში დაძებნილი „ნათლის სვეტის“ პარადიგმის შინაარსი, უმეტესწილად, თავისი ბიბლიური არქეტიპის გააზრებას მიჰყვება, თუმცა რიგ შემთხვევებში, მას სცილდება და ახლებურ განსახოვნებებს გვთავაზობს. ამგვარ სახექმნადობებში ახალი სახისმეტყველების შინაარსის წარმოჩენა ქართულ სიტყვიერებაში და, ზოგადად, ქართულ კულტურაში „ნათლის სვეტის“ პარადიგმის მნიშვნელობაზე მეტყველებს. უმნიშვნელოვანესია ისიც, რომ აღნიშნული ეპოქის შემოქმედთა მხატვრულ ნააზრევში თავჩენილი „ნათლის სვეტის“ პარადიგმა მრავალმხრივი წაკითხვა-გაცნობიერების საშუალებას იძლევა და მკითხველის წარმოსახვისათვის მრავალმხრივ პერსპექტივას ქმნის.

2.22 22. ნიშნიანიძე, რუსუდან. XX საუკუნის ქართული ლიტერატურის ისტორიიდან...:

▲ზევით დაბრუნება


[ნიკო სამადაშვილი ]. - თბილისი, 2000. - გვ. 263-369. - ISBN 9992815728

ერთ ლექსში ფიქრიანად და ტკივილით შეძრული გაენდო ნიკო სამადაშვილი თბილისს:

ჩემო ქალაქო, ისტორიას მე რას დაგიწერ,
ჩემი ცხოვრებაც კი არ ვიცი როგორ იწყება...

ამ უცნაურობით შეცბუნებული თავადვე შეეცადა ყოველივეს მოგონებას. საგვარეულო საგოდებელი გაახსენდა პირველად. ამით დაიწყო კიდეც თხრობა: „სოფელ ხიდისთავს სამხრეთის მხრიდან თრიალეთის ხრიოკი და მოტიტვლებული ქედი მობჯენია - როგორც ბაბილონის გოდოლი. იმ ქედის ბეჭზე გაჭიმულია მწირი ურწყავი მიწები - ზედაველა. მიჰყვება ველებს, ხრიოკებს და ზედა რუს დაჰყურყუტებს.

ერთ-ერთი ქედის მხარეზე ფხვიერი კლდის ნაშალზე და თიხანარევ მიწაზე ხიდისთაველებს სასაფლაო გაუშენებიათ.

უწესრიგოდ მიყრილ სამარის ლოდებს და ჭირისუფალ დაკარგულ საფლავებს რომ აჰყვე, მიაწყდები რკინის ნამოაჯირალ ხიწვიან ბალახით შესუდრულ სამარეს, საფლავის ქვა ნეკნებამდე რო ჩაფლულა მიწაში, სადაც განუწყვეტლივ ზენა ქარი სისინებს.

აი, იქ მარხია მამაჩემი.

საცოდავი მამა ოცდათორმეტი წლის კაცი გამოესალმა წუთისოფელს. რა ცოტა ხანი ჰქონდა დარბაზობა ამ წყალწაღებულ ქვეყნიერებასთან.

საოცარია, რომ არასოდეს არც დედას, არც დიდედას, არც რომელიმე ახლობელს არავის უამბნიათ ჩემთვის მამის ხასიათი, შნო, ლაზათი, თუგინდ სიმახინჯე. და როცა მის სურათს ვუცქერი, ვხედავ: შავგვრემან შავთვალწარბა ადამიანს, მაგრამ ნერვიულად შეკრულ ტუჩებს, ახალ ბრაზგადაყრილ სახის კუნთებს.

ჰო, ვხედავ კი არა ვგრძნობ კიდევაც.

მარცხენა ხელი ჩემ თოთო წელზედ შემოუხვევია, თითქოს იმის სახეზედ გამოკრთის კმაყოფილება და სიამაყე მემკვიდრე ვაჟისადმი. მე ორი წლის ბალღი არც კი ვიქნები, რო ვზივარ მშობლების შუაში მაღალ სკამზე.

და ორი წლის და ექვსი თვის არ ვიქნებოდი, რომ მამიდან ობოლი დავრჩი.

ის წავიდა და მე დავრჩი: წამებისათვის, ტანჯვისათვის, არამზადობისათვის, სივალალისათვის.

მამა გარდაიცვალა ქ. ალექსანდროპოლში; მგონი სააქციო სამმართველოს ჩინოვნიკი იყო, თუ „აკალოდნიჩი“ კარგად არ ვიცი...

დიდედაჩემს მამის ცხედარი ხიდისთავში წამოუსვენებია...“

აქ მთავრდება, უფრო სწორედ, წყდება ნიკო სამადაშვილის მიერ დაწყებული ავტობიოგრაფია. აქ წყდება და ლექსებში გრძელდებაო - იტყვის ვინმე. ცხოვრება, რომელიც მისთვის არცთუ ისე იოლი და სვებედნიერად განვლილი იქნება.

პოეტის სულის წვდომა, იდუმალების ამოცნობა არცთუ იოლი საქმეა და დიდ ძალისხმევას მოითხოვს, „პოეზია უცნაური მადლია და პოეტი ამ მადლით მოსილი კაციო“ (1,17), - წერდა თავის დროზე ილია ჭავჭავაძე. მარტოოდენ მადლი კი არა, უცნაური მადლიო. ამ ღვთაებრივ „უცნაურობას“ კი მიხვედრა, მიახლოება უნდა:

„შენ ჩემში უსტვენ ვით საყდრის ჩიტი,
შენა ხარ ჩემი ნუგეშის დარი,
სულ კარგად მახსოვს, შენ რომ გამოჩნდი,
გარეთ ძაღლივით ყმუოდა ქარი.“

„ნიკო სამადაშვილს“, - ასე ჰქვია ამ ლექსს, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა მის პოეზიაში. პირველი ლექსი ყმუილთან ერთად იშვა. ყმუილი კი (თუნდაც ქარის) უბედურების მომასწავებელი ნიშანია. ალბათ ამიტომაა, რომ ასეთი კოსმიური მასშტაბით იძრა ბუნება:

„ზეცა სივრცეებს აზანზარებდა
და მზე ყვიროდა ქვეყნის ბოლოდან.“

რაინერ მარია რილკე თავის წერილებში ახალგაზრდა პოეტისადმი წერდა: ჩაღრმავდით საკუთარ თავში. ეძებეთ ის იდუმალი ხმის სათავე, წერისკენ რომ მოგიწოდებთ... გამოუტყდით საკუთარ თავს, მოკვდებოდით თუ არა, თქვენთვის წერა რომ აეკრძალათ... თუკი თქვენ ამ სერიოზულ კითხვას შეეგებებით მტკიცე და უბრალო პასუხით: „მე უნდა ვწერო“, მაშინ ააგეთ თქვენი ცხოვრება ამ აუცილებლობის მიხედვით (2, 282-283). სწორედ ასეთივე აუცილებლობას, სულიერ მოწოდებას განიცდიდა ნიკო სამადაშვილი, თუმცაღა ამ გაუსაძლისი ტკივილით გაღიზიანებულს ეჭვიც იპყრობდა:

„ლექსების ჯღაბნა წამებად გექცა,
სჯობდა ვენახის კვალი გებარა,
ვის რად უნდოდა ეს თვალთმაქცობა,
ნეტავი ქარში გადაგეყარა.“

მძაფრი ტკივილი სულის უღრმეს შრეებს რომ მოივლის და ასეთივე სახით იჩენს თავს:

„ავადმყოფობა ეგონათ ბიჭო,
ლექსები ტანზე გამონაყარი“.

ინტონაცია ლექსს ემოციურობით ავსებს. სამადაშვილი ცდილობს პოეტურ „მეს“ ააცილოს „ბუერა სევდა“ და მასში პირველყოფილი სიწმინდე ხელუხლებლად დატოვოს, რადგანაც:

„შენ ძუძუს სწოვდი გაშლილ ალუჩებს
და ღვთისმშობელი აკვანს გირწევდა“.

თუმცა მისი მცდელობა წარმატებით არ სრულდება:

„ვერ მოგიარე, რა გიყო ძმაო,
ორივე შემკრთალ ბუჩქის ჩრდილს ვგავდით.“

ზუსტად განსაზღვრა ვ. კოტეტიშვილმა, მინდა მხოლოდ დავადასტურო: „ეს არის იმ ლექსთაგანი, რომელიც შერჩება ქართულ პოეზიას“ (3, 4).

უთქვამთ: ბიოგრაფია მარტო აღწერა როდია, იგი გაგებაც არის. ამ გაგებაშიაო სიძნელე. გამოჩენილი გერმანელი ფილოსოფოსი ერნ. კასირერი ერთ თავის ნაშრომში წერდა: „ბიოგრაფიათა გაცნობა ისეთი საგნების მოწმედ გვხდის, რაც წმინდა პრაგმატული თვალსაზრისით მეტად უმნიშვნელო მოჩანს. მაგალითად გოეთეს წერილს ან საუბარში გაკვრით ნათქვამ სიტყვას არ დაუტოვებია რაიმე კვალი ლიტერატურის ისტორიაში... მიუხედავად ამისა, ესა თუ ის წერილი ან გამოთქმა, ყოველგვარი პრაქტიკული შედეგის გარეშე, მიეკუთვნება იმ საბუთებს, რომლებიც მნიშვნელოვანია გოეთეს ისტორიული სახის აღსადგენად“ (4, 305). შევეცადეთ, უყურადღებოდ არ დაგვრჩენოდა არცერთი საბუთი, სადაც ნიკო სამადაშვილის გვარი იყო ფიქსირებული და არც ის ფურცლები, რომლებიც უშუალოდ პოეტის კალამს ეკუთვნის. ჩვენს ხელთაა ოფიციალური დოკუმენტები, მიმართვები, განცხადებები, საქმიანი ქაღალდები, ოქმების ჩანაწერები, სასამართლოს განაჩენები, ლიტერატურისათვის თითქოს ნაკლებად საინტერესო ფურცლები, მაგრამ ისინი დიდად დაგვეხმარებიან ნ. სამადაშვილის ტრაგიკული ბიოგრაფიის აღდგენის საქმეში.

გვარის წარმომავლობა-წარმოქმნის შესახებ.

ზ. სიხარულიძე წერს: ქართლში დამოწმებული ამ გვარ-სახელის ფუძეა ანთროპონიმი „სამადა“, რაც თუშეთში დადასტურებულია „სამად“ ფორმითაც. კაცის ამ საკუთარი სახელის ვარიანტად შეიძლება მივიჩნიოთ „სამატა“ (კახეთი); აგრეთვე ქალის სახელი „სამათა“ (სვანეთი) „სამადა“ II „სამატა“ ფუძე გამოიყოფა აგრეთვე გვარ-სახელებში „სამადაძე“ (ახალქალაქის რ-ნი) II „სამატაძე“; იქვე: „სამად“ II „სამადა“ არაბული წარმომავლობის ანთროპონიმია, მნიშვნელობით „მარადიული“... კაცის ეს საკუთარი სახელი წარმოდგება არაბული სიტყვისაგან „სამად“ - „ის, ვისაც მიმართავენ; მეთაური, ბელადი, მარადიული“ (5, 125).

სამადაშვილთა გენეალოგიური შტო

0x01 graphic

0x01 graphic

იოსებ ოქუაშვილს სამი ქალიშვილი ჰყავდა: ეკატერინე, ეფემია და მარიამი. გოგონები გათხოვდნენ. მათ შორის ერთ-ერთი - ეფემია სპირიდონ სამადაშვილის მეუღლე გახდა. შეეძინათ ვაჟი, რომელსაც მიხეილი დაარქვეს. მოგვიანებით, ახალგაზრდა მიხეილმა აგდამში (აზერბაიჯანის სსრ) დაიწყო მუშაობა. აქ გაიცნო ოლღა სიმონის ასული კობერიძე, რომელზეც დაქორწინდა კიდეც.

1905 წელს პატარა ოჯახს პირველი წევრი შეემატა. ვაჟს ნიკოლოზი დაარქვეს. გორის მაზრის თემ. სოფ. ხიდისთავის ნედისის ეკლესიის 1905 წლის დაბადებულთა სამეტრიკო წიგნში მითითებულია: „დაბადების წელი, თვე და რიცხვი - 19 ივლისი 1905 წ.“ (6, ფ. 3) სახალხო განათლების კომისარიატის მიერ გაცემულ მოწმობაში (დედანი) დაბადების თარიღად აღნიშნულია 1905 წლის 1 ივლისი (7, ფ. 1), ასევეა ამავე მოწმობის ასლშიც (8, ფ. 2). უმაღლეს სასწავლებელში შესასვლელი პირადი ფურცლის (ანკეტის) შევსებისას თავად ჩაუწერიათ: „დაბადების წელი 1905 წელი 19 თიბათვე“ (9, ფ, 7), იგივე რიცხვია (19 ივლისი) აღნიშნული აგრეთვე პირად წიგნაკშიაც ფორმა №4 (§9): „დაბადების დრო - 1905 წელი 19 ივლისი“ (10, ფ. 8).

ამ მონაცემების მიხედვით, ნიკოლოზ სამადაშვილი დაიბადა 1905 წლის 19 ივლისს.

1989 წელს გამოცემულ ნ. სამადაშვილის წიგნის „წუთისოფლიდან უკვდავებამდე“ მინაწერში (ავტ. თ. ჩხენკელი, რ. ჩხეიძე) ვკითხულობთ: „ნიკო სამადაშვილი დაიბადა... თბილისში“ (11, 184). ქართული პოეზიის თხუთმეტტომეულის ტ. 15 ცნობარში აღნიშნულია: „ნიკო სამადაშვილი დაიბადა... სოფ. ხიდისთავში (გორის რ.)“ (12, 546).

საკვლევია დაბადების ადგილიც. ცნობას დაბადებულის შესახებ გასცემს გორის მაზრის გორის თემ. სოფ. ხიდისთავის ეკლესია. თვითონაც გრაფას - „დაბადების ადგილი“ ავსებს: „გორის თემი სოფელი ხიდისთავი“ (13, ფ. 8), ასევე მოგვიანებით კადრების აღრიცხვის პირად ფურცელში ჩაწერს: „დაბადების ადგილი - გორი“ (14, ფ. 2). ამავე ფონდში დაცულ ავტობიოგრაფიაშიც ვკითხულობთ: „დავიბადე 1905 წელს სოფ. ხიდისთავში, რომელიც ექვემდებარება გორის რაიონს“ (15, ფ. 4). ამდენად, დასახელებული წიგნის მინაწერში აღნიშნული ცნობა არასწორია.

ნიკო სამადაშვილი დაიბადა 1905 წლის 19 ივლისს გორის რაიონის სოფ. ხიდისთავში. მალე ოჯახს მეორე წევრი შეემატა, დაიბადა გოგონა, რომელსაც ელენე დაარქვეს.

მამის, მიხეილ სპირიდონის ძე სამადაშვილის გარდაცვალების შემდეგ, პატარა ნიკო ბებია ეფემიასთან სოფელ ხიდისთავში იზრდებოდა. რამოდენიმე თვის და კი დედასთან, ბაქოში დარჩა (მოგვიანებით, დედა, ოლღა სიმონის ასული კობერიძე გათხოვდა, ცოლად გაჰყვა ჯორჯაძეს, შეეძინათ ბავშვიც, რომელიც სულ რამოდენიმე წლისა გარდაიცვალა).

ვინაიდან, მომავალმა პოეტმა ბავშვობა და ყრმობა ხიდისთავსა და გორში გაატარა, წარმოვადგენთ ამ რაიონის იმჟამინდელ მდგომარეობას.

გორის მაზრა დაყოფილი იყო 15 რაიონად.

„... არის საქმე, - წერდა იმდროინდელი გორის გაზეთი, რომელიც სახელმწიფოს დაუხმარებლად ვერ გაკეთდება, არის საქმე, რომელსაც მარტო რაიაღმასკომმა და სოფლის საბჭომ ან გლეხკომმა უნდა მოუაროს. მაგალითად, ცხინვალის ან ხიდისთავზე მიმავალ საქალაქო გზის შეკეთებას და თავის სიმაღლეზე დაყენებას სჭირია მაზრის და თვით თბილისის დახმარება“ (16, 1). რამოდენიმე ნომრის შემდეგ გაზეთი მკითხველებს აცნობებს: გაკეთებულია ხიდისთავის გზა ოხერიდან გორის საზღვრამდე 3½ ვერსი, ნაპირებზე რუების ამოღებით და მსხვილი ღორღის დაყრით... ასევე სოფ. ხიდისთავში თბილისისაკენ მიმავალი გზა და სასოფლო გზა 1½ ვერსი აქეთ-იქით თხრილების ამოღებით, ქვიშის და ღორღის დაყრით... გაკეთებულია ახალი ბოგირი ხიდისთავიდან გორის მოსავალ გზაზე ჭაობში, რომელსაც დაეყარა აქეთ-იქით ნაპირებზე 400 ურემი ქვა და ღორღი“ (17, 2).

1923-24 სასწავლო წელს გორის მაზრაში არსებობდა 134 სასწავლებელი. ამ რიცხვში ოთხწლიანი შრომის სკოლა იყო 112, შვიდწლიანი 11, ცხრაწლიანი 3, ჰუმანიტარული ტექნიკუმი 2, პედაგოგიური ტექნიკუმი 1, საბავშვო სახლი 2, „საპროფესიო სკოლა“ (ჭრა-კერვის) 3... სასწავლებლებში მოსწავლეთა რიცხვი უდრიდა 975-ს, მასწავლებელთა... 321 (18,2).

პატარა ნიკო სასწავლებელში ხიდისთავიდან გორში დადიოდა. მოგვიანებით თავად წერდა: „ხელმოკლეობის გამოისობით დედაჩემმა 7 წლის ასაკში მიმაბარა გორის სასულიერო სასწავლებელში“ (19, ფ. 4).

1917 წლიდან იგი გორის ვაჟთა გიმნაზიაშია, რომელიც შემდგომ ჰუმანიტარულ ტექნიკუმად გადაკეთდა. ბავშვი ბებიასთანაა, ცხოვრობენ შეძლებისამებრ. სწორედ ამ დღეებიდან იწყება მისი შეხვედრა რეალურ ცხოვრებასთან. ბევრს კითხულობდა, ცელქობდა, ენამახვილობდა, ყველაზე ახლობლებს თავის ლექსებსაც უკითხავდა. როცა მისი სკოლის მეგობარს ბ-ნ სიმონ ცერცვაძეს ვკითხე, რომელი საგნები უყვარდა-თქო განსაკუთრებით, მან გაიღიმა და მითხრა: „სწავლა მაშინ სავალდებულო იყო და ყველაფერს ვსწავლობდით, სწავლობდა ისიც“. იქვე დაუმატა: „არა, ქართული ლიტერატურა უყვარდა“. უთქვამთ ცხოვრება გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე მის შესახებ მსჯელობაო. მართალიცაა, რაც არ უნდა ეცადო, გულდაგულ მიჰყვე მის პერიპეტიებს, შეიძლება მოულოდნელად გაგისხლტეს ხელიდან, უფრო კონკრეტულად. იმ წლებში მოხდა საყოველთაოდ ცნობილი მიწისძვრა გორში. По литературным данным самыми выдающимися сейсмическими явлениями в этом районе в прошлом были: разрушительное Карталинское землетрясение 20.II. 1920 года (20,155).

ამავე ხასიათის მეორე ნაშრომში მითითებულია, რომ 20 февраля 1920 г. в II ч. 45 м. по Гринвическому времени произошло землетрясение, координаты которого: 42 ОC, 44 I B, M. 6, 2... Найболее сильные разрушения и жертвы выпали на долю города Гори, сел: Тинисхиди, Скра, Орташени, Хидистави, Уплисцихе и другие, расположенных в эпицентральной области... В г. Гори разрушено 233 кирпичных дома, 238 каменных и 21 деревянных. Число сильно поврежденных строений: 140 кирпичных, 222 каменных и 92 деревянных, вполне сохранилось всего два здания (21, 6-7).

მიწისძვრის შემდგომ ხუთი წლისთავზე რაიონული გაზეთი წერდა: „ყველა გორელისათვის დაუვიწყარი იქნება კატასტროფის ის კოშმარული დღე და ღამე, როდესაც დედამიწის ერთი გაბრძოლებით და გაზმორებით განიავდა და გატიალდა რამოდენიმე თაობათა მიერ შექმნილი სიმდიდრე“ (22, 1).

სასწავლებელი, სადაც ნიკო სწავლობდა, დაინგრა და როგორც შემდგომ ამ სასწავლებლის ყოფილი მოსწავლე ბ-ნი ს. ხუციშვილი იგონებდა, ისინი თბილისში გადმოუყვანიათ რამდენიმე თვით სწავლის გასაგრძელებლად. გიმნაზიაში კი ამ დროს სწავლობდნენ: სიმონ ცერცვაძე, ლეო ხარატიშვილი, ვალოდია ნანეიშვილი, რომლებიც ბოლომდე სამადაშვილის მეგობრებად დარჩნენ.

ამ პერიოდში გიმნაზიაში სხვადასხვა საგანს ასწავლიდნენ: ერეკლე ტატიშვილი (დამრიგებელი), ვ. ო. ხიზანიშვილი, ნ. რ. ღვინიაშვილი, ი. დ. ქუმსიაშვილი, გარსევანიშვილი, თ. თ, ჟორდანია, ნ. ნ. ჯულუხაშვილი, ა. ი. ქიტიაშვილი, ი. ა. კაპანაძე, გაბარაშვილი (დირექტორი).

სწორედ ამ პერიოდიდან უახლოვდება ნ. სამადაშვილი ერეკლე ტატიშვილს. ის „...ეთაყვანებოდა მრავალთა სულიერ მოძღვარს ერეკლე ტატიშვილს, რომელსაც თავის მხრით, ნიკო გამორჩევით უყვარდა. ერეკლეს ნიკო ხშირად ცხარედ ეკამათებოდა, უბრაზდებოდა კიდეც, მაგრამ არა მგონია, რომელიმე მოგვს ოდესმე ისეთი რიდი და თაყვანისცემა ჰქონოდეს თავისი კერპისა, როგორც ნიკო სამადაშვილს ერეკლე ტატიშვილისა“, - წერდა თავის მოგონებებში ნიკოს მეგობარი ქუჯი ძიძიშვილი (23, 34). გაიოზ იმედაშვილი კი აღნიშნავდა: „სამადაშვილი, როგორც პოეტი, ერეკლე ტატიშვილმა აღმოაჩინა, რომლის განსაკუთრებული ავტორიტეტი კულტურის, ფილოსოფიის, მწერლობისა და პოეზიის, უმთავრესად კი - დანტეს, შექსპირის, გოეთეს, ნიცშეს, ედგარ პოს, ჰემინგუეის თუ სხვების დედნებში კითხვა-თარგმანსა და კომენტარებში კარგადაა ცნობილი... ჩვენი მასწავლებელი, მოძღვარი და მეგობარი ერეკლე ტატიშვილი დაბეჯითებით გვიმტკიცებდა, რომ სამადაშვილი არის დიდი პოეტი და საყურადღებოა არა მხოლოდ საქართველოს მასშტაბით. ამის გაზიარება მაშინ მიახლოებითაც კი შეუძლებლად მიგვაჩნდა“ (24, 147). ალბათ, სწორედ ზუსტი ინტუიციის მქონეს შეეძლო, დაენახა ყმაწვილის მომავალი დიდი პოეტური პოტენცია. ნიკო სამადაშვილმა არაერთი ლექსი უძღვნა ერეკლე ტატიშვილს, სადაც მან თავისი მოწიწება, სიყვარული და თანადგომა გაამჟღავნა. მასწავლებელმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ყმაწვილის ცხოვრებაში და ბუნებრივია, გავლენა იქონია მის ჩამოყალიბებაზე. როგორც ითქვა, სწორედ ამ პერიოდს ეკუთვნის ნიკო სამადაშვილის პირველი ლიტერატურული ნაბიჯები. ამ წლებში იბეჭდება რაიონულ გაზეთშიც. სამწუხაროდ, ხელთ არ გვაქვს სრული მასალა, საფუძვლიანად ვისაუბროთ ამ დროს შექმნილ ლექსებზე.

ჭაბუკის ცნობისმოყვარეობა ბევრ რამეს იტევს. ტყუილად კი არაა ერეკლე ტატიშვილის საყვარელი მოწაფე. თუმცა, ცხოვრება თავის სასიცოცხლო ინტერესებსაც შეახსენებს ხოლმე. ყოველნაირად ცდილობს ლიტერატურითა და თეატრით შემოფარგვლას, კითხულობს, წერს, ცდილობს კონფლიქტებს გაერიდოს, რადგან შეგუება მათთან უკვე შეუძლებელი ხდება, მაგრამ მათი აცილებაც აღარაა შესაძლებელი...

ხიდისთავის კომლთა სიიდან ამოწერენ...

უნდა გაიცნოს საკუთარი და... შეხვედრა... გაცილება... თითქოს ვერც ასწრებს დის გამოჩენით დამშვიდებას და შეჩვევას... ცნობა ბაქოდან - ელენე ტიფით გარდაიცვალა.

ყველაზე მძიმე და მშფოთვარე - დედის გაცნობა.

სული დაიღალა ამდენი ემოციით და მოულოდნელობით.

ერთგული რამდენიმე ადამიანი და თავისი ხელნაწერები-ღა შემორჩა. ამ არეულობაში ნაწერები ერთ თავის ნათესავ ოჯახს (ბებია ეფემიას დის შვილს ნინა ჯაოშვილ-აბულაძისას) მიაბარა, დროებით. მიაკითხა, განუკურნელი დარტყმა. ყველაფერი დაეწვათ. მოუბოდიშეს... ცეცხლში გაიფანტა გათენებული ღამეები, მუყაითი, ბეჯითი შრომის ნაკვალევი, ბედნიერი ჩანაწერები თუ თავისთვის მიწერილი უცრემლო დღეები. თითქოს ბავშვობა საბოლოოდ გაქრა...

ნიკო სამადაშვილს არაერთხელ მონატრებია ყრმობის ადგილები. ფიქრიანი მზერით მიმოუვლია თვალი სანატრელი სანახებისაკენ:

„აქ ბარბარუკა, იქ ნიშხანიშხა,
კვერნაქის ვაკე, რუხი მინდორი,
მთებზე ზოზინი სოფლის ნახირის,
მდინარის გაღმა ვეება ქორი.“

(„ჩემი სოფელი“)

...მშობლიური კერა, ყოველდღიურად ათასჯერ, ხელშენავლები საგნები:

უძრავი ტახტი, წალო, ზანდუკი,
ფერიცვალობა, საფლავზე ხილი.

წისქვილის წინ მდგარი ძველი სახლი, ყანის ბიბინი, მწყრის ქვითქვითი, ჭრაქის კიაფი ყოველ საღამოს, თაროზე შემოდებული ჯამები, საქონლის ფშვინვა, ცაცხვის ხიდან ჭოტის ქოქოლა, - კადრებივით შემორჩა მოგონებას:

„დარდის ხვითქებში გაწურულ პერანგს
თონესთან მიშრობს შეშლილი დედა.“

რობ გრეის ნათქვამი რომ გავიმეოროთ: „პოეზია მხოლოდ ფორმაა სამყაროსი“ (25, 235). სწორედ პოეტისეული სამყაროა წარმოდგენილი ამ ლექსებით, დამოუკიდებელი, სრულიად განსხვავებული სამყარო:

„დგახარ, წარსული შენზე პაექრობს,
გულზე ამოგდის ჭმუნვის ბებერა,
შენ ის კაცი ხარ, ვისაც არ ეყო
გზებმიუვალი ქვეყნიერება“.

„ადამიანის ბედნიერი ბავშვობა მაშინ თავდებაო სწორედ, როცა მას სასწაულისა უკვე აღარ სჯერა“ (26, 77), - წერდა კონსტანტინე გამსახურდია. გათავდა სასწაულებით აღსავსე დღეები, დამთავრდა ბავშვობა. პოეტის თქმისა არ იყოს, „ფუნჯით ნახატი წლები“. დრო, რომელსაც წარუშლელი შთაბეჭდილებები დაუტოვებია და რომელიც არაიშვიათად გაახსენებდა ხოლმე თავს:

„დაღუპულ დღეებს ისევ ვიგონებ.
ხრჩოლავს სოფელი, ბნელა , თოვლია.“

(„ღია ბარათი“)

გარდასულის გამეორება შეუძლებელია, თუმცაღა არც დავიწყებაა შესაძლებელი. ქვეცნობიერად სულში მფეთქავი მონატრება დაუფლებია სხეულს:

„ყოველ ღამე სიზმრებში ვარ,
გულს ლოცვებით ვატიალებ.

....................

საყდარი სჩანს, ზარებია...“

„ზარები“ შემთხვევით არ მოლანდებია პოეტს. ნიკო სამადაშვილის ლექსებში არაერთხელ გაისმება მათი რეკა:

„გარეთ ბინდია ქარის მაგივრად
და ზარი კივის საბედისწეროდ.“

(„ფერისცვალება“)

ან კიდევ:

„რაღაც სიჩუმე დაჰყურებდა ცივ სასაფლაოს
გაოგნებული სამრეკლო კი, რეკდა და რეკდა...“

(„დაგასაფლავეს დიდ მუნათით და მიგატოვეს“)“

ან:

„ისეთი გზნებით რეკდი დიდ ზარებს,
როგორც ხატისგან შეშლილი მნათე.“

(„გენია და სამრეკლო“)

პროზაულად: სამრეკლოზე მტრედების ფათური ისმოდა, ზენარი ზარები სდუმდნენ წირვებით დაქვრივებულნი, ასეულ წლებში მუდარით და რეკვით დაოსებულნი.

(„ბეთანია“)

(მრავალი მაგალითის მოტანა შეიძლება, ამით შემოვიფარგლებით).

ზართა ჩამორეკა არაა მოზეიმე სულის დღესასწაული, როცა იმედეულს მისი ხმა რწმენის, სიმტკიცის, მხარდაჭერის სიმბოლოდ ჩაესმის, არამედ აქაა სიცივის, ბედისწერის, განგაშის მტკივნეულად განცდა. მიგვაჩნია, რომ ნიკო სამადაშვილს სწორედ ასეთი განწყობა ეუფლებოდა ამ ხმის გაგონებისას:

„ზარივით გასკდა ამდენი რეკით,
ზედ რომ მამხია ეს თავის ქალა.“

(„ნიკო სამადაშვილს“)

პოეტის არქივზე მუშაობისას მოვიძიე ერთი წერილი, რომელიც გაგზავნილია ნიკო სამადაშვილის მიერ ვახტანგ კოტეტიშვილისადმი. ბარათი დაუთარიღებელია, მოვიტან საინტერესო ნაწყვეტს:

„არაფერი არა მწამს, მაგრამ ზარების გლოვა რათა მხდის ცუდათ დღესაც ვერ ავხსნი, ხან მგონია მიწაზე დაოსებული ადამიანი იქით მხრიდან ვიღაცას უძახის და ასეთ ფიქრში ჟრუანტელის ცეცხლი გულზე მეკიდება“ (27, 2).

არ ვიცი როდის დაიწერა ეს წერილი, ან კიდევ ლექსი „შემოდგომა და ფილტვების სიყვითლე“, მაგრამ მგონია, რომ მათ შორის მტკიცე შინაგანი კავშირი არსებობს:

„გზებს მიჰყვებოდი სულგამწარებით,
სიცოცხლე გძულდა, სიკვდილი გერქვა,
მე კი მოვრბოდი დედამიწისკენ,
რომ შემეწყვიტა ზარების რეკა.“

მძიმე შთაბეჭდილებები შემდგომში აშკარად დაეტყობა მის ლექსებს. განვლილ ტკივილიან დღეებს ახალი სიმძაფრით განიცდიდა ყოველი გახსენებისას, თითქმის ორმოცდაშვიდს მიტანებული, ლექსში, რომელსაც „ძალო ეკატერინეს“ უძღვნიდა, წერდა:

„ორმოცი წელი დაფრენილი ლექსების გუნდი,
ჩემი სხეულის საგიჟეთში გამომწყვდეულა.
ვის დავეწევი, ანდა უკან საით დავბრუნდე,
ჩემი აკვანი ჩემო ძალო, რად დარწეულა.“

ნიკო სამადაშვილს არ მიესადაგებოდა მკვლევართა მიერ ლონგფელოზე გამოთქმული ამგვარი შეხედულება: „იგი ცოტას წერდა ისეთ ფაქტებზე, რომლებიც დღეს ასე ძალიან აინტერესებთო მის ბიოგრაფებსა და ლიტერატურის ისტორიკოსებს“ (28, 48). პირიქით, პოეტმა არაერთი ბიოგრაფიული ტკივილი აქცია ლიტერატურულ ფაქტად. ხანდახან პირობითი ქრონოლოგიითაც კი შეგვიძლია გავადევნოთ თვალი მის ცხოვრებას. გათავდა სიყმაწვილის დღეები. ცხოვრება თავის არჩევანს ითხოვს, „თითოეულ ადამიანს იმისათვის, რომ არა მარტო ფიზიკური, არამედ მასთან ერთად მორალური ცხოვრებითაც ცხოვრობდეს, უნდა ჰქონდეს ცხოვრებაში ერთგვარი ინტერესი, რაიმესადმი რაღაც მუდმივი მიდრეკილების, გულისთქმის მსგავსი რამ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი ცხოვრება ან არასრული იქნება, ანდა უშინაარსო... ერთი თავის ვნებას, თავის ცხოვრების პათოსს პოულობს მეცნიერებაში, მეორე ხელოვნებაში, მესამე სამოქალაქო მოღვაწეობაში და ა. შ.“ (29, 190). მრავალ გზათაგან ერთის ამორჩევა, ერთი მთავარი ცხოვრებისეული მიზნის დასახვა, - აი, არსებითი ამჟამად პოეტისათვის:

„არ ვიცი რა ვქნა, რომელ გზებზე მივუშვა ბედი,
იქნებ ქარბუქში შემერიოს სიცოცხლის აზრი.“

(„გათხრები“)

ნიკო სამადაშვილმა დაამთავრა ჰუმანიტარული ტექნიკუმი. საქართველოს უახლესი ისტორიის სახელმწიფო არქივის ფონდში (471 2 1766) დაცულია სახალხო განათლების კომისარიატის მიერ გაცემული მოწმობის როგორც დედანი, ასევე ასლიც:

„მიეცა ესე გორის ჰუმანიტარული ტექნიკუმის მიერ ნიკოლოზ მიხეილის ძე სამადაშვილს დაბადებულს 1905 წლის 1 ივლისს მას შინა, რომ მან 1923/24 სასწ. წელში დაამთავრა ტეხნიკუმის სრული კურსი და შესწავლილი აქვს შემდეგი საგნები:

ქართული ენა და სიტყვიერება, რუსული ენა, გერმანული ენა, ფრანგული ენა (ლურჯი მელნით გადახაზულია - რ. ნ.), არითმეტიკა, ალგებრა, გეომეტრია, ტრიგონომეტრია, ფიზიკა, კოსმოგრაფია, ქიმია, ბუნების მეტყველება, გეოგრაფია, საქართველოს ისტორია, მსოფლიო ისტორია, პოლიტიკური ეკონომია, საბჭოთა აღმშენებლობა, ფსიქოლოგია, ლოღიკა, ჰიგიენა; აქვე ლურჯი მელნით მიწერილია: დასავლეთ ევროპის ლიტერატურა.

ამის გამო მიეცა სამადაშვილს ეს მოწმობა, რომელიც ანიჭებს მას სწავლის გაგრძელებისათვის უმაღლეს სასწავლებელში შესვლის უფლებას.

ხელს აწერს: გამგე, მოადგილე, პედაგოგიური საბჭოს წევრები, საბჭოს მდივანი. გაცემულია № 336 1924 წ. 27 აგვისტოს.

ტექნიკუმის დამთავრების შემდეგ ყმაწვილი აპირებს უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელებას და გორის თემაღმასკომის თავმჯდომარის სახელზე იწერება შემდეგი შინაარსის განცხადება: „ვინაიდან გამოცდების დროს ოჯახური მდგომარეობის გამო ვერ მოვხვდი უნივერსიტეტში, ამიტომ უმორჩილესად გთხოვთ მიშუამდგომლოთ პედაგოგიურ ფაკულტეტზე, რომ მიმიღონ.

. სამადაშვილი
30/X 25 . (30, . 6)

აქვეა რეზოლუციაც: „აღიძრას შუამდგომლობა პედაგოგიურ ფაკულტეტის წინაშე № 185 31/X 25 წ.“ როგორც ირკვევა, განცხადებას გულისყურითა და საქმიანად მოჰკიდებიან და იმავე დღეს 31.X. 1925 წ. № 400 გორის თემის აღმასრულებელი კომიტეტის სახელით ეგზავნება ოფიციალური წერილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბჭოს, შემდეგი შინაარსით: „გიდგენთ რა ნიკოლოზ სამადაშვილის განცხადებას, ვშუამდგომლობ, რათა იგი იქმნეს მიღებული პედაგოგიურ ფაკულტეტზე, ვინაიდან ოჯახური მდგომარეობა ხელს არ უწყობდა თავის დროზე გამოცხადებულიყო და როგორც უღარიბესი გლეხის შვილი“ (31, ფ. 5).

წარმოგიდგენთ რამდენიმე პუნქტს, რომელიც პირად ფურცელში (ანკეტაში) ნ. სამადაშვილს ასე შეუვსია:

„... განათლების ცენზი (როდის, სად და რომელი სასწავლებელი დაამთავრა) - გორის ჰუმანიტარული ტექნიკუმი 1924 წელს.

რომელ ფაკულტეტზე აპირებს შესვლას - პედაგოგიურზე, ფილოსოფიურ დარგზე.

რომელი დაწესებულების ან ორგანიზაციის მიერ არის მივლინებული უმაღლეს სასწავლებელში - გორის თემაღმასკომის მიერ.

შევსების თარიღი 1925 წელი“ (32, ფ. 7)

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქმიან საბუთზე 1291 № 1146 „საბუნებისმეტყველო დარგი“ გადაშლილია სიტყვა „საბუნებისმეტყველო“ და ფანქრით მიწერილია: „სიტყვიერების“. აქვეა შევსებული გრაფაც - უნივერსიტეტში ჩარიცხვის წელი - 1925 (33, ფ. 9).

ჩვენს ხელთაა ნიკოლოზ სამადაშვილის „ბილეთი და სალექციო წიგნაკი № 1318“ (იგივე ჩათვლის წიგნაკი - რ. ნ.) შევსებული ამგვარად:

„პედაგოგიური ფაკულტეტი

სიბრძნისმეტყველების განყოფილება

ფილოსოფიური მელნით გადაშლილია და მიწერილია - სიტყვიერების დარგის.

უნივერსიტეტში ჩარიცხვის წელი 1925 წ. შემოდგომა.

სტუდენტის ხელმოწერა - (ხელმოწერილია) ნ. სამადაშვილი

უნივერსიტეტის რექტორი პროფ. კ. კეკელიძე (ხელმოწერილია) (34, 1).

საგანგებოდ გავეცანით მატრიკულით სარგებლობის, გამოცდების ჩაბარების, ფაკულტეტიდან ფაკულტეტზე გადაყვანის, სწავლის ფულის გადახდისა და უნივერსიტეტიდან გამორიცხვის წესებს. ერთ-ერთ ჟურნალში მოვინიშნეთ სწორედ ის, რაც ამჯერად გვაინტერესებს:

„ერთი ფაკულტეტიდან (განყოფილებიდან ან დარგიდან) მეორეზე გადარიცხვა მატრიკულში აღინიშნება მხოლოდ დეკანის მიერ.

აქვეა შენიშვნა: ამ შემთხვევაში მატრიკული ძველი რჩება“ (35, 1),

ნიკო სამადაშვილის მატრიკულშიც, რასაკვირველია, არის „ერთი ფაკულტეტიდან მეორეზე გადარიცხვის აღსანიშნავი გვერდი“, ეს გვერდი ცარიელია.

ჩვენს მიერ წარმოდგენილი ეს ოფიციალური დოკუმენტები დღემდე უცნობია. ასე დაწვრილებით იმადაც ვისაუბრეთ, რათა თანმიმდევრული და ლოგიკური ყოფილიყო აქედან გაკეთებული დასკვნა: ნიკო სამადაშვილმა გორის ჰუმანიტარული ტექნიკუმი დაამთავრა 1924 წელს და მომდევნო, 1925 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სიბრძნისმეტყველების (იგივე ფილოლოგიურ) ფაკულტეტზე, თუმცაღა განზრახული ჰქონია ფილოსოფიურ დარგზე. ამ მოსაზრებას ქვემოთ უშუალოდ სწავლის პერიოდზე მსჯელობისას ფაქტებით და საქმიანი ქაღალდებით კიდევ უფრო განვამტკიცებთ, მაგრამ აქვე მინდა პოეტის მიერ 1951 წელს დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ერთი ადგილი დავიმოწმო: „შევედი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლიტერატურის ფაკულტეტზე“ (36, ფ. 4).

თბილისის უნივერსიტეტის ფონდებში დაცულია სახელობითი სიები სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტისა. მათ შორისაა პედაგოგიურ ფაკულტეტის სალიტერატურო დარგის 1927/28 წლის მეორე კურსის სტუდენტთა სია, სადაც № 77 მოხსენიებულია სამადაშვილი ნიკოლოზ მიხეილის ძე (37, 6). ასევეა თსუ 471 1 223 ფონდში (№ 97) გვ. 133, ამავე ფონდის სხვა სიაში 97 ნომრით გვ. 137. თსუ 471 2 150 ჟურნალში პედაგოგიური ფაკულტეტის სიტყვიერების დარგის სტუდენტთა ოთხი სხვადასხვა სიაა. პირველში 115 სტუდენტია ჩამოთვლილი, მეორე სიაშიც - 115-ია, მესამეშიც - იგივე რაოდენობაა, ხოლო მეოთხეში - 110. სამადაშვილის გვარი ოთხივე მათგანშია (ნომრით 81).

უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში სხვადასხვა სემესტრში ნიკო სამადაშვილს ჩაბარებული აქვს შემდეგი საგნები:

გ. ახვლედიანი ..................ზოგადი ფონეტიკა ..................საკმაო 15.X.26

დ. უზნაძე .................. .....ფსიქოლოგია .................. ..................საკმაო 14.VI.26

შ. ნუცუბიძე ..................ლოგიკა .................. ..................საკმაო 17.VI.26

შ. ნუცუბიძე ..................ფილოსოფიის შეს. ..................ფრიად 2. VI 26

გ. ახვლედიანი ..................ენათმეცნიერება ..................საკმაო 15.X. 26

გ. ახვლედიანი ..................რუსული ენა .................. ......საკმაო 15.X.26

ალ. წერეთელი ..................კრეტა-მიკენის კულტ. ..........ფრიად 10. VI.27

კ. კეკელიძე ..................ქართ. ლიტ. ისტ. .................. ........ფრიად 21.IX.27

კვიცარიძე ..................პოლიტ. ეკონ. შეს. ................. .........საკმაო

ერქომაიშვილი ..................კომ. პარტ. ისტ. ..................ფრიად 7.VI.27

ი. ჯავახიშვილი ..............ქართველი ერის ისტ. ..............საკმაო 10.IX.28

ჯანაშია

სპეციალურად მოვიძიე სხვადასხვა საგნის საგამოცდო ფურცელი და ყველგან სრული იდენტობა სალექციო წიგნაკში ჩაწერილ ნიშანთან და თარიღთან (თსუ 471 2 141 გვ. 71, 471 2 139 გვ. 20, 471 2 118ა გვ. 66, 471 2 116 გვ. 58).

ნიკო სამადაშვილთან ერთად სწავლობდნენ ახალგაზრდები, რომელთაც მოგვიანებით თავისი სიტყვა თქვეს მწერლობასა და მეცნიერებაში. ესენი იყვნენ: ირ. ბ. აბაშიძე, თ. ლ. ანდღულაძე, ი. კ. კაკაბაძე, გ. ვ. კაჭახიძე, მ. ა. მრევლიშვილი, ფ. კ. ნაროუშვილი, ნ. კ. ჩიხლაძე, ს. ბ. ჯიქია. ი. ბ. იმნაიშვილი, ლ. მ. კვაჭაძე, პ. ი. ქიქოძე და სხვები.

სრულიად საქართველოს მწერალთა პირველ ყრილობაზე სიტყვით გამოსულმა პ. ინგოროყვამ არაერთი საკითხი დააყენა, რომლებიც დაუყოვნებლივ მოითხოვდნენ მოგვარებას. ამჯერად, ჩვენთვის საინტერესო პრობლემაზე მან თქვა: „ახალი ყოფის განმტკიცებასთან ერთად ზეპირი სიტყვიერების ნაშთები დავიწყებას ეძლევა. არაა აქ საჭირო სიტყვის გაგრძელება იმის შესახებ, რომ ქართული ზეპირსიტყვიერების გამოქვეყნება განსაკუთრებულ ინტერესს შეიცავს არა მარტო მეცნიერებისათვის, არამედ პირველ რიგში მხატვრული მწერლობისათვის“ (38,92).

სიტყვას საქმე მოჰყვა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის ქართული ლიტერატურის საგნობრივმა სხდომამ (ოქმი №2, თავმჯ. - პროფ კ. კეკელიძე, მდივანი - ალ. ბარამიძე) 1927 წლის 16 ოქტომბერს დაადგინა, რომ ქართული ხალხური სიტყვიერების კურსის კითხვა მინდობოდა ვ. კოტეტიშვილს. აქვე გადაწყდა, რომ კურსის მოსმენა პირველკურსელთა გარდა სავალდებულო გამხდარიყო მეორე, მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტებისთვისაც (39, ფ. 85). ქართული ფოლკლორის უძველეს წარმომავლობაზე საინტერესო ლექცია-საუბრებმა, ლექტორის ენთუზიაზმმა და სტუდენტთა დაინტერესებამ წარმოშვა იდეა, რომ მოწყობილიყო მეცნიერულ-ფოლკლორული ექსპედიციები, რომელთა მთავარი მიზანი უცნობი ხალხური პოეტური ნიმუშების გამოვლინება იქნებოდა. მხარდაჭერამაც არ დაახანა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის ქართული ლიტერატურის საგნობრივი კომისიის სხდომის ოქმში №4 (თავმჯ, პროფ. კ. კეკელიძე, მდივ. ალ. ბარამიძე), რომელიც 1928 წლის 19 მარტს შედგა, ჩაიწერა:

„საჭიროდ იქნას ცნობილი მიმდინარე წლის საზაფხულო არდადეგებში მოეწყოს ექსპედიცია ხალხური სიტყვიერების მასალების შესაკრებად. ექსპედიცია გათვალისწინებული იქნას 5 კაცის შემადგენლობით ორი თვის ვადით, რისთვისაც გამოეთხოვოს ფაკულტეტს სამი ათასი (3000) მან.“ (40, ფ. 83). არ არის სწორი პროფ. ელ. ვირსალაძის ცნობა იმის შესახებ, რომ თითქოს „1930 წლის ზაფხულში ვახტანგ კოტეტიშვილის ხელმძღვანელობით მოეწყო ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი ფოლკლორისტული ექსპედიცია, რომელშიაც მონაწილეობდნენ ფილოლოგიური ფაკულტეტის უფროსი კურსის სტუდენტები“ (41, 14-15) პირველი ექსპედიცია გაცილებით ადრე შედგა და მან წარმატებითაც იმუშავა. საქ. უახ. ისტ. სახელმწ. არქივის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უზარმაზარ საარქივო მასალაში წავაწყდით ერთ ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვან საქმიან ქაღალდს, რომელსაც ორი რეზოლუცია აქვს დადებული, წარმოვადგენთ სრულად:

„ქართული ლიტ. საგნობრივი კომისიის თავმჯდომარეს და კათედრის გამგეს

გთხოვთ, მიიღოთ ზომები, რომ სათანადო მოწმობები მიეცეთ უნივერსიტეტის სტუდენტებს:

1) იოსებ ბართლომეს ძე მეგრელიძეს

2) ალექსანდრე რევ. ძე გაბაშვილს

3) ვახტანგ ვარლამის ძე ჯაფარიძეს

4) შალვა ვასილის ძე ხიდაშელს

5) ივანე სერგის ძე ბაბუაძეს და

6) ნიკოლოზ სამადაშვილს

რომელნიც მიემგზავრებიან საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში, ხალხური სიტყვიერების მასალის შესაკრებად.

პატივისცემით ვახტანგ კოტეტიშვილი“ (42, ფ. 125).

რეზოლუციები: I - „ვშუამდგომლობ ფაკულტეტის დეკანატის წინაშე მიეცეს აღნიშნულ სტუდენტებს შესაფერისი მოწმობა.

კ. კეკელიძე 24 V. 1929“

და მეორე: „აღნიშნულ სტუდენტებს მიეცეს მოწმობა დეკანატის სახელით, რომ მათ დავალებული აქვთ ხალხური სიტყვიერების მასალების მოგროვება საქართველოს სხვადასხვა პროვინციებში.

ს. ხუნდაძე 4.VI. 29 წ.“

იმავე დღეებში პედაგოგიური ფაკულტეტის საბჭომ დაადგინა, რომ აღეძრა შუამდგომლობა განათლების სახ. კომისარიატის წინაშე, რათა გაღებულიყო სათანადო თანხა სტუდენტთა ჯგუფის გასაგზავნად ვ. კოტეტიშვილის ხელმძღვანელობით (43, ფ. 87).

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ექსპედიცია შედგა და მან ნაყოფიერად იმუშავა. არაერთი ხალხური შედევრი იქნა ჩაწერილი. მოძიებული მასალა მრავლად დაგროვდა. დადგა საკითხი მისი გამოცემის შესახებ. კვლავ თსუ პედაგოგიურ საბჭოს (ოქმი № 3 1929 წ. 22 VI) განუხილავს ეს საკითხი და დაუდგენია, რომ ხალხური შემოქმედების კრებულის შედგენა მიენდოს უნივერსიტეტს“ (44, ფ. 167).

უნივერსიტეტის მიერ ამ კრებულის გამოცემა ვერ მოხერხდა. 1934 წ. ვ. კოტეტიშვილმა გამოსცა „ხალხური პოეზიის“ პირველი ტომი, რომლის შესავალშიც წერდა: „იმედი არის, რომ ამას იქით... მუშაობა უფრო ენერგიულად წავა და დავიცავთ იმ მხატვრულ განძეულს, რომელსაც ხალხური შემოქმედება ეწოდება. ამ ხასიათის წიგნების გამოშვება განზრახული მაქვს ათ ტომად“. ტომეულების რაოდენობის წინასწარ განსაზღვრაც კი წარმოაჩენს სამომავლოდ იმ დიდი და სერიოზული მუშაობის სამზადისს მეცნიერი წინასწარ რომ შედგომია. სამწუხაროდ, ამ ჩანაფიქრს განხორციელება არ ეწერა.

ამჯერად ჩვენთვის ისაა მნიშვნელოვანი, რომ ამ პირველ ექსპედიციაში სწორედ ნიკო სამადაშვილს მიუღია მონაწილეობა და შესაძლებელია, გარკვეული რედაქტირებაც გაუკეთებია, მაგრამ ჩაუწერია ისეთი არაჩვეულებრივი და გავრცელებული ლექსი, როგორიცაა „ბინდის ფერია სოფელი“, მასთან ერთად კიდევ რამოდენიმე: „გოგო წყაროს მიდიოდა“ და „სიმღერა ბარვის დროს“. სამივე ლექსი სათანადო მითითებით შეტანილ იქნა 1934 წელს გამოცემულ დასახელებულ კრებულში, შენიშვნებში კი, რასაკვირველია, აღინიშნა ჩაწერის ადგილი, მთქმელი და ჩამწერი.

„ბინდის ფერია სოფელი“ - ქართლი, ხიდისთავი, მთქ. გიგო წამალაშვილი, ჩამწ. ნიკო სამადაშვილი, „გოგო წყაროს მიდიოდა“ - ქართ. ხიდისთავი, მთქ. შ. ზედაქსოვრელი, ჩამწ. ნიკო სამადაშვილი, „სიმღერა ბარვის დროს“ - ქართ. ხიდისთავი, ჩამწ. ნ. სამადაშვილი. ასევეა მითითებული 1961 წელს ელ. ვირსალაძის რედაქტორობით გამოცემული „ხალხური პოეზიის“ ტექსტების პასპორტშიც (გვერდ, 461, 468). მხოლოდ რატომღაც 1979 წელს გამომც. „მეცნიერების“ მიერ დასტამბულ „ქართული ხალხური პოეზიის“ მეშვიდე ტომში არასწორადაა მითითებული, რომ „ბინდის ფერია სოფელი“ ჩაწერილია ნ. სამადაშვილის მიერ მთქმელ გ. წამალაშვილისაგან მესხეთში. შეცვლილია გეოგრაფიული ადგილი.

კვლავ სტუდენტურ პერიოდს დავუბრუნდეთ. უფრო სწორედ, მის ბოლო ხანას. სალექციო წიგნაკში 1927 წლის შემოდგომის III სემესტრის მიმდინარეობის აღმნიშვნელ გვერდზე შენიშვნაში ლურჯი ფანქრით მიწერილია: დატოვებულია მეორე კურსზე

ს. ყაუხჩიშვილი XII 30.“

ხოლო უკვე 1928 წლის გაზაფხულის IV სემესტრის შენიშვნის გრაფაში მელნით ჩაწერილია:

„გამორიცხულია 21.X.28 წ. დეკანის ხელმოწერა“ (45, 22-23).

ფაქტის გადამოწმებისათვის მივმართეთ საუნივერსიტეტო არქივს. 1927 წლის 14 აპრილს უნივერსიტეტის გამგეობის სხდომა (ოქმი № 21) მოისმენს აკადემიური წმენდის დროს გამორიცხულ სტუდენტთა აღმდგენი კომისიის მოხესნებას მისი მუშაობის შესახებ და დაადგენს, რომ შეწყდეს აღდგენის თაობაზე განცხადებების მიღება (46, 97). მომდევნო, ოთხმოცდამეთვრამეტე ფურცელზე მოცემულია პედაგოგიური ფაკულტეტის სიბრძნისმეტყველების განყოფილების სხვადასხვა კურსის სტუდენტთა ანბანის რიგზე სია: ალიხანაშვილი თ. ი. - 4 კ. აფხაიძე პ. მ. - 1 კ. ბაქრაძე გ. ს. - 3 კ... მათ შორისაა: „115 სამადაშვილი ნიკოლოზ მიხეილის ძე - 2 კურსი“.

უნივერსიტეტიდან გამორიცხვა იყო უდიდესი ფსიქოლოგიური დარტყმა, რომელიც პოეტმა მძიმედ და მტკივნეულად გადაიტანა, მთელი ცხოვრება განიცდიდა სწავლის დაუსრულებლობას. მით უფრო, იმ დღეებში მომხდარი ფაქტი ძნელად შესაგუებელი აღმოჩნდა.

„ამას წინად ერთი ძველი ლექსის ფურცელი ვიპოვე და ქვეშ ეწერა „ჭკუაზედ შეშლა, არის ჩემთვის ერთად ერთი ბედნიერება“. ნუთუ ეს წინათგრძნობა მართალი გამოდგება და კიდევ ერთხელ და უკანასკნელად დამატყდება ჩემი ბედის დიდი ბოროტება. რა ვქნა ჩემო კარგო მეგობარო, რა ვქნა...“ - წერდა თავის უფროს მეგობარს და მასწავლებელს ვ. კოტეტიშვილს. ბარათი მთავრდება: „ძვირფასო ვახტანგ, ეს წერილი იმიტომ მოგწერეთ, რომ მე მოსვლა ვერ მოვახერხე. ეს ერთი კვირაა ლოგინში ვწევარ, მაქვს სიცხე და მტეხავს მთელი ძვლები. უნივერსიტეტისათვის ერთი საგანი როგორც იყო მოვამზადე „ენათმეცნიერება“, მხოლოდ აღდგენის საქმე როგორ წავა არ ვიცი“ (47,4).

საერთოდ, უნივერსიტეტის სასწავლო პრაქტიკაში ჩვეულებრივი იყო გარიცხულ სტუდენტთა აღდგენა, მაგრამ სწორედ მაშინ მომხდარა გამონაკლისი. ამას ვიგებთ უნივერსიტეტის გამგეობის მიმართვიდან, რომელიც გაეგზავნა გაზეთ „კომუნისტის“ რედაქციას დასაბეჭდად: „სახელმწიფო უნივერსიტეტის გამგეობა აცხადებს ყოფილ სტუდენტთა საყურადღებოდ, რომ წელს წინა წლებში გამორიცხულ სტუდენტთა აღდგენები არ იწარმოებს, რის გამოც შემოტანილი განცხადებები არ იქნება განხილული“ (48, ფ. 40).

ასე დამთავრდა ნიკო სამადაშვილის სტუდენტური წლები. რამოდენიმე ათეული წლის შემდეგ თავად წერდა: „ოჯახური უსახსრობის გამოისობით უნივერსიტეტს თავი დავანებე და მოვეწყვე მოანგარიშეთ (გორში მქონდა დამთავრებული საბუღალტრო კურსები). მას აქეთ ვმუშაობ... ბუღალტერ-რევიზორის თანამდებობაზე“ (49, ფ. 4). მოემი თავის გახმაურებულ წიგნში „შეჯამება“ წერდა: „მწერალს სჭირდება დრო არა მარტო იმისათვის, რომ საკუთარი თავი იპოვოს, არამედ იმისთვისაც, რომ დაარწმუნოს ის ადამიანები, ვისაც მაღალფარდოვნად თავის მკითხველს უწოდებს, რომ სწორედ მათ მოთხოვნილებას აკმაყოფილებს. რაც უფრო თავისთავადია მწერალი, მით უფრო უძნელდება ამის მიღწევა და მით უფრო მეტი დრო ეკარგება საარსებო წყაროს ძიებაში“ (50, 133-134). შორეულად შეიძლება ეს სიტყვები ნიკო სამადაშვილსაც დავუკავშიროთ. იჭვი, საკუთარი თავის ძიება, უცნაური პოეტური ხილვები უკვე რომ სწვევია და ამიერიდან ცხოვრების საარსებო საშუალებებზეც უნდა იზრუნოს.

შემდგომი ბიოგრაფიული თარიღების დაზუსტება და სამუშაო ადგილის გარკვევა კიდევ უფრო მეტ სირთულეებთან იყო დაკავშირებული, რამეთუ მუშაობის წლები მის მიერ შევსებულ კადრების აღრიცხვის ფურცლებში და სასამართლო საქმეებში მოთავსებული ცნობები მეტ-ნაკლებად განსხვავდება ერთმანეთისაგან. მოვლენებს გავუსწრებ და ვიტყვი: ნიკო სამადაშვილი 1943 წელს დააკავეს და მის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. დეტალურად გასაცნობად დოკუმენტებთან ხელი არ მიგვიწვდა, თუმცა კი მივაღწიეთ იმას, რომ ჩვენთვის საინტერესო შეკითხვებზე უშიშროების კომიტეტიდან (სადაც ეს საქმე ინახებოდა) მივიღეთ რამოდენიმე პასუხი. რამდენად ზუსტია ეს თარიღები და საერთოდ საქმე, ამას ქვემოთ მოგახსენებთ. ამჯერად კი წარმოგიდგენთ სწავლისა და შრომითი საქმიანობის იმ ეტაპებს, რომლებიც ოფიციალურად იქნა მიჩნეული (ვისარგებლებთ ზემოაღნიშნული ორგანიზაციიდან მოწოდებული ცნობებით). აქ წერია, რომ ნიკო სამადაშვილი „1927 წელს მუშაობდა გაზ. „წითელი ქართლის“ კორექტორად... სწავლას 1930 წლამდე ათავსებდა მუშაობასთან (მოანგარიშე-კონტროლიორის თანამდებობაზე „ერკოოპე“). 1931-32 წლებში მუშაობდა ბუღალტერ-კონტროლიორად, 1932-33 წლებში კვლავ ბუღალტერ-კონტროლიორად საქკვებვაჭრობაში, 1933-35 წლებში ისევ ბუღალტერ-კონტროლიორია საქ. თბილისის კვებვაჭრობაში. 1935 წლის მარტიდან 1940 წლამდე მუშაობს თბილისის კაფე-რესტორნების საფინანსო-საკონტროლო ნაწილის სარევიზიო ჯგუფის ხელმძღვანელად, 1940-41 წლებში ცეკავშირის ბუღალტერ-რევიზორია. 1941 წლის თებერვლიდან ივნისამდე მუშაობდა ბუღალტერ-ექსპერტად საქართველოს პროკურატურასთან. დაპატიმრებამდე დაკავებული იყო ლიტერატურული საქმიანობით“.

წარმოვადგენთ იმ ცნობებსაც, რომლებიც ამ პერიოდის ირგვლივ მოვიძიეთ დამატებით. კერძოდ, საქართველოს საზკვებტრესტთა გაერთიანების დირექტორიატის სხდომის ოქმებში დასახელებულია ნ. სამადაშვილის გვარი; ხან როგორც კრებაზე დამსწრე პირისა (ოქმი № 1, 3, 7), ხან მოხსენიებულია, როგორც კომისიის წევრი (ოქმი № 1 გვ. 2). როგორც ჩანს, იგი აქტიურ სამსახურებრივ საქმიანობას ეწეოდა. საქართველოს სამომხმარებლო ორგანიზაციათა ცენტრალური კოოპერატიული კავშირის, ცეკავშირის ვაჭრობის საგეგმო სექტორიდან 3.IV. 1932 №107304 გამოგზავნილ საქმიან ქაღალდსა და დავალებას გადასცემენ სამადაშვილს, რაზეც მეტყველებს წარწერა: „დაამუშავეთ და პრაქტიკული ღონისძიებები წარმოადგინეთ გამგეობაში“ (51, ფ. 14). აღნიშნავენ კიდეც მის სამსახურებრივ დამსახურებას. ასე მაგალითად, საქსაზკვებტრესტის გაერთიანების დირექტორიატის სხდომის ოქმში № 8 1932 წ. 29/IX ფიქსირებულია: თესვის „კამპანიის წარმატებით ჩატარებისათვის მიეცეს ჯილდო... ამხ. სამადაშვილს ერთი თვის ხელფასი“ (52, 4).

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სამადაშვილის მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. იგი 1943 წლის 12 იანვარს დაკავებულ იქნა თბილისში, თავის ბინაზე - კოჩუბეევის № 11.

ბრალდება: «На основании статьи 58/10 часть II УК ГССР от 28 августа 1943 г. Особым Совещанием при НКВД ССР Самадашвили Н. М. как социально-опасный элемент руководствуясь ст. 7-35 УК РСФСР был осужден к лишению свободы на 5 лет».

სასამართლო საქმეში აღნიშნულია, რომ წაყენებულ ბრალდებაში სამადაშვილმა თავი დამნაშავედ ცნო; რომ 1929 წელს იგი იყო ერთ-ერთი ხელმძღვანელთაგანი იატაკქვეშ მომუშავე კონტრრევოლუციური ორგანიზაციისა „ახალგაზრდა მარქსისტები“, აერთიანებდა ახალგაზრდებს ზემოაღნიშნულ ორგანიზაციაში, თუმცა უარყოფდა მავნებლურ ანტისაბჭოთა აგიტაციის ჩატარებას.

იმ წლებში საქართველოში რამდენიმე ახალგაზრდული ორგანიზაცია არსებობდა: ახალგაზრდა მარქსისტები, ახალგაზრდა სოციალისტ-ფედერალისტები, ახალგაზრდა ეროვნულ-დემოკრატთა ორგანიზაცია და სხვ. „ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაცია“ 1915 წელს შეიქმნა თბილისში. თავის რიგებში აერთიანებდა რამოდენიმე ათას წევრს. ჰქონდა თავისი ორგანოც, ჟურნალი „ახალი კვალი“. მათ 1922 წელს გამოაქვეყნეს მოწოდება „დასავლეთის ახალგაზრდობის ყველა ორგანიზაციისადმი“, რომელშიც დახმარებისათვის უხმობდნენ დასავლეთ ევროპას. როგორც ცნობილი გახდა, მოწოდება გერმანული გაზეთის „ფორვერტსის“ ფურცლებზეც დაისტამბა. საქართველოს კომუნისტურმა პარტიამ თავის II ყრილობაზე 1923 წელს დაშლილად გამოაცხადა ყველა ჯგუფი და ფრაქცია და შესაბამისად, მთელ რესპუბლიკაში მასშტაბურად დაიწყო ორგანიზაციების დაშლის პროცესი. ამავე წელს გამოაცხადა თვითლიკვიდაცია „ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაციამაც“. დაჰგმო ახალგაზრდობის II ინტერნაციონალი, გააუქმა მასში „ახალგაზრდა მარქსისტთა“ ორგანიზაციის წარმომადგენლის მანდატი და აღიარა III ინტერნაციონალის პლატფორმა. თუმცა ცალკეული ჯგუფები კვლავ განაგრძობდნენ არსებობას (ქსე-ში სალიკვიდაციო ყრილობის თარიღად 1921 წლის 28 ოქტომბერია მითითებული). მხოლოდ 1929 წლიდან ედება ბრალად ნიკო სამადაშვილს ამ „ნახევრადგაუქმებულ“ ორგანიზაციაში აქტიური მონაწილეობა, რისთვისაც აკავებენ 1943 წელს. შორეული რემინისცენციით გალაკტიონ ტაბიძის უბის წიგნაკიდან ერთი ჩანაწერი შეიძლება გაგვახსენდეს: „შ... შემდეგ... იგი დაიჭირეს სტალინის გამო კიევში. ამ შვიდი წლის წინადო ე.ი. 1940 წ. დაჰკითხეს თბილისში ქელბაქიანს: ხომ იცნობდიო... სემინარიაშიო? რას აკეთებდაო... ე.ი. 23 წლის წინადაო!!! უ. უ. უ. (53)“. გაურკვეველია ვის ეხება ეს ჩანაწერი. თავის დღიურსაც კი არ ანდობს გალაკტიონი ეჭვმიტანილის გვარს, გაკვირვებას კი ვერ მალავს: „უ. უ. უ.“ - ეს ის შეძახილია, ეპოქებს რომ გადასწვდება და არა მხოლოდ მის თანამედროვეებს გამოაფხიზლებს. ნ. სამადაშვილის შემთხვევაშიც დაახლოებით იგივე ემოცია შეიძლება გაჩნდეს: 20 (ან 22) წლის წინ გაუქმებულ ორგანიზაციაში საქმიანობისათვის რომ სთხოვენ პასუხს და საბრალდებულო სკამზე აღმოაჩენს თავის თავს. გარდა ამგვარი კურიოზისა, ბევრი რამ დასადგენია და დასაზუსტებელი.

ქრონოლოგიური თვალსაზრისითაც ბევრი რამ არ თანხვდება ურთიერთს.

საქმეში აღნიშნული ცნობა, რომ „ჰუმანიტარული ტექნიკუმი დაამთავრა 1926 წელს“ - სიმართლეს არ შეესაბამება (სწავლის პერიოდზე უკვე ვისაუბრეთ და სიტყვას აღარ გავაგრძელებთ). არც ისაა სწორი, რომ 1927 წელს იყო გაზეთ „წითელი ქართლის“ კორექტორი, სადაც აქვეყნებდა თავის ნაწერებს“. ამ პერიოდში ნ. სამადაშვილი სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხოლო „წითელი ქართლი“ გორის რაიონული გაზეთი გახლდათ. ერთი წუთით შეიძლება დავუშვათ, რომ იგი იყო კორესპონდენტი გაზეთისა; თბილისში სწავლის პერიოდში ეს უფრო მოსახერხებელი შეიძლებოდა ყოფილიყო, მაგრამ აქ გარკვევით წერია „კორექტორი“. ეს უკანასკნელი კი თანამდებობრივად და მოვალეობით გაზეთის მთელ მასალას ეცნობა, ასწორებს სტამბაში აწყობილი ტექსტების ანაბეჭდებში შემჩნეულ შეცდომებს და გარკვეულწილად პასუხისმგებელია მასზე. ასეთ რთულ საქმეს თბილისის უმაღლეს სასწავლებელში მყოფი სტუდენტი თავს ვერ გაართმევდა, თუმცა ეს წინადადება შემთხვევით არ დაგვიწყია სიტყვებით: „ერთი წუთით შეიძლება დავუშვათ“... ეს უბრალო ვარაუდისათვის, თორემ საქმე შემდეგშია: 1925 წლის 19 აპრილს გაზეთი „წითელი ქართლი“ № 14 (29) პირველივე გვერდზე აქვეყნებს სტატიას სათაურით: „ჩვენი გაზეთის დახურვის გამო“. აქ ნათქვამია: დღეს გამოდის ჩვენი გაზეთი „წითელი ქართლი“-ს უკანასკნელი ნომერი. ეს ამბავი ერთგვარ უკმაყოფილებას გამოიწვევს ჩვენი „წითელი ქართლი“-ს შეყვარებულ ზოგიერთ მკითხველსა და თანამშრომლებს შორის“. სტატიაში მიმოხილულია ის დადებითი და უარყოფითი მხარეები, რასაც გაზეთი მუშაობისას ვერ ასცდა. აქაა ინფორმაცია, რომ „ცენტრმა გამოსცა გაზეთი „ახალი სოფელი“. სტატია მთავრდება საბოლოოდ მიღებული გადაწყვეტილებით: „ჩვენ... ვწყვეტავთ „წითელი ქართლის“ გამოცემას“.

დადგინდა ანბანური ჭეშმარიტება - 1925 წელს დახურულ გაზეთში 1927 წელს მუშაობა (თუნდაც კორექტორად) სრულიად შეუძლებელია, ე.ი. არც ეს ცნობაა მართალი.

ჯერ კიდევ 1925 წელს პირადი ფურცლის (ანკეტის) ორ გრაფას შემდეგნაირად ავსებს:

„რომელი პარტიის წევრი ხართ - კომკავშირელი.

პარტიაში შესვლის წელი, პარტიის ბილეთი № - 1925 წელი № 135“ (54, ფ. 7).

ასეთივე პასუხს სცემს პირადი წიგნაკის ფორმა № 4 § 9 შევსებისას: „რომელ პარტიას ეკუთვნის - კომკავშირელი“ (55, ფ. 8) (შევსებულია - 6. VI. 1925) თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ თბილისის მაზრის სამხედრო კომისარიატისადმი 1926 წ. 15/I გაგზავნილ სიაში ნ. სამადაშვილის გვარის გასწვრივაა: „ახალგაზრდა კომკავშირელი“ (56, 97). ნიშანდობლივია და გასათვალისწინებელია ისიც, რომ პირველი დაბეჭდილი ლექსები სწორედ ამ სულისკვეთებითაა გაჟღენთილი. „ლენინ“ ასე ჰქვია ლექსს, რომელიც გაზეთ „წითელ ქართლში“ დაიბეჭდა რევოლუციის ბელადის გარდაცვალების წლისთავზე 1925 წელს. ამავე ხასიათისაა მეორე ლექსიც, მისი სათაურია „თქვენ“ და ეძღვნება წითელ ლაშქარს. ამდენად, საკმაოდ მოულოდნელია მოგვიანებით მისი მსოფლმხედველობის ასეთი მკვეთრი ცვლილება.

ნიკო სამადაშვილი ვადაზე ადრე გაათავისუფლეს, დადგენილებაში ნათქვამია: «В связи с тем, что он находясь в заключении проявший себя с положительной стороны, решением Особого Совещания при НКВД СССР от 24 марта 1944 г. Самадашвили был снижен срок наказания и освобожден из-под стражи».

ერთი შეხედვით, პარადოქსულიც კია, მაშინ, როცა სახელმწიფო ომს აწარმოებს, უფრო ზუსტად გადამწყვეტ ბრძოლებს ატარებს მტრის წინააღმდეგ (ომის მძიმე, რთული წლებია, მის დამთავრებამდე ჯერ კიდევ წელიწადზე მეტია დარჩენილი), ათავისუფლებენ პოლიტიკურად საშიშ დამნაშავეს იმ მოტივით, რომ «находясь в заключении проявший себя с положительной стороны».

ისევე როგორც დაკავება იყო უჩვეულო, მისი ამგვარად გათავისუფლებაც გაუგებრად გვეჩვენება.

ცხოვრების შემდგომი წლებიც ასევე მძიმედ წარიმართა პოეტისათვის. საყოველთაოდ ცნობილია, თუ როგორ მატერიალურსა და ეკონომიურ პირობებში უხდებოდათ ცხოვრება ქართველ მოღვაწეებს. სამუშაო ადგილის უქონლობა, მისი გამუდმებული ძიება, უფულობა, გაჭირვება ყოველი ფეხის ნაბიჯზე სდევდა მათ. „უდიდესი საჩუქარი უფლის მიერ ადამიანისათვის ბოძებული ეს არის შრომის აუცილებლობაო,“ - წერდა ვოლტერი (57, 144). მართალია, გონებრივი სამუშაო გამოულევლად ჰქონდა მწერალს, მაგრამ ამის გვერდით არსებობდა ელემენტარული საარსებო საშუალებათა ძიების აუცილებლობაც, უთქვამთ, როცა იძულებული ხარ აუცილებლობის გამო ერთ საქმეს მიეჯაჭვო, ეს არსებობაა და არა ცხოვრება. ნიკო სამადაშვილი არ ყოფილა პროფესიონალი პოეტი, ის სიკვდილამდე რევიზორ-ბუღალტრად მუშაობდა და მწვავედაც განიცდიდა ამას. 1951 წელს შევსებულ კადრების აღრიცხვის ფურცელში აღნიშნავს, რომ 1944-45 წლებში მუშაობდა უფროს რევიზორად საქპურტრესტში, 1945-47 წლებში იყო მთავარი რევიზორი კვების მრეწველობის სამინისტროში, 1947-1949 წლებში უფროსი რევიზორი სარეწაო კავშირში, 1950-51 წლებში მუშაობდა გორისა და ქარელის რაიონებში რევიზორად (58, ფ. 2). როგორც ზემოთ აღინიშნა, ხშირად მის მიერ აღნიშნული თარიღები არ ემთხვევა ერთმანეთს. ასე მაგალითად, 1952 წელს შევსებულ ანკეტაშია, რომ 1943-47 წლებში მუშაობდა კვების მრეწველობის სამინისტროში უფროს რევიზორად, 1947-51 წლებში გორისა და ქარელის რაიონებში ასევე რევიზორად, 1951-52 წელს ცეკავშირის საორგანიზაციო-სარევიზიო განყოფილების ინსტრუქტორ-რევიზორია (59, ფ. 9).

ამოტივტივდა ახალი ფაქტი. საქართველოს ცეკავშირის არქივში ფ. 1 ან 1 შესან. ერთ. № 2024 დევს წერილი: „ცეკავშირის სპეცგანყოფილებას“, რომელშიაც წერია: „თქვენს ორგანიზაციაში მუშაობს რევიზორი სამადაშვილი ნიკო... ფაქტი: 1948 წელში კვების სამინისტროში მუშაობის დროს პასუხისგებაში იყო მიცემული და სასამართლოს მიერ მიესაჯა პატიმრობა 124 მუხლით... კატეგორიულად მოვითხოვთ დაუყოვნებლივ გააძევოთ სამადაშვილი“; და ბოლოს: „ერთდროულად ამ წერილთან ერთად სათანადო ცნობა ეგზავნება ცენტრალურ კომიტეტს“. ხელს აწერს ი. ნებიერიძე 12.VIII.52 წ. თბილისი.

1943 წლის სისხლის სამართლის საქმეზე არაფერი თქმულა და დაწერილა, ხოლო ეს მეორე ფაქტი კი აღინიშნა ზოგიერთ წერილში. რამოდენიმე ფაქტი ნიკო სამადაშვილის ცხოვრება-შემოქმედებისადმი მიძღვნილი სტატიებიდან, რომელიც მისი ცხოვრების ამ ეპიზოდს ეხება.

„იგი სიკვდილამდე რევიზორ-ბუღალტრად მუშაობდა, რათა შეენახა თავისი დიდი ოჯახი და, - ვიყოთ პირდაპირნი, - ამ პროფესიასთან დაკავშირებული ბევრი უსიამოვნება იწვნია. - წერს კრიტიკოსი თ. ჩხენკელი. იყო მის ცხოვრებასა თუ ბედში რაღაც ფრანსუა ვიიონისებური, რაღაცნაირი, თითქოს ერთმანეთის გამომრიცხველი საწყისების ფანტასტიკური თავმოყრა, რომელთა მწვავე დაპირისპირება და შეჯახება უცნაურად მტკივნეულ ექოს გამოსცემდა მის ლექსებში. მე ვერ ვიტყვი, რომ მისი ცხოვრების ეს ყოფითი მხარე ყოველთვის უმწიკვლო ან შეუსვრელი ყოფილიყო, მაგრამ იმ ამარტის მსგავსად, რომელსაც ერთი ძველი პოეტის თქმით, ტალახში ჰქელავენ გამვლელები, ნიკო სამადაშვილს, როგორც ადამიანსა და პოეტს, შენარჩუნებული ჰქონდა გულის შეუბღალავი სიწმინდე და წრფელი უშუალობა“ (60, 264). გაიოზ იმედაშვილის აზრით კი, სამადაშვილის პიროვნული მე არ ჰგავდა მის პოეტურ „მეს“... დიდი იყო ზღვარი მის შემოქმედებაში „მესა“ და მოქალაქეობას შორის, რამდენი ამაღლებული და წვრილმანი იყო ერთად მოთავსებული მის ცნობიერებაში. ამიტომ ქვეყნის ორომტრიალით შეშფოთებული მისი „მეს“ წარმოსადგენად მინდა მოვახერხო და შესაძლებლობამდე გულწრფელი ვიყო - კარგიცა და ავიც მოურიდებლად ვთქვა, - წერს ავტორი. რომ ბოლომდე იყოს გასაგები და გამართლებული მისი ტრაგიზმის ყველაზე მეტად ის საბედისწერო გაუგებრობა, თუ მის პიროვნებაში მარადისობაზე ჩაფიქრებულ პოეტს როგორ დაუნდობლად ებრძოდა მისივე სულში ჩაბუდებული ფილისტერი და მერკანტილისტი... ეს ფული იყო მისი უბოროტესი ბედისწერა და პიროვნული ღირსების ულმობელი მტერი (61, 154). უფრო კონკრეტულია ქუჯი ძიძიშვილი თავის მოგონებაში: „ნიკო სამადაშვილი, ბუხჰალტერ-რევიზორი, უკეთურ ბრალდების გამო დააპატიმრეს... მახსოვს, სასამართლო პროცესზე ერეკლე ტატიშვილმა ნიკოს დამცველად სახელგანთქმული იურისტი და საზოგადო მოღვაწე პეტრე ქავთარაძე მიუჩინა. ბატონი პეტრე გაოცებული იყო ნიკოს ნიჭიერებით, ბრალდების გასაბათილებლად ლოგიკური მსჯელობითა და ერთი შეხედვით, უცნაური, მაგრამ დამაჯერებელი არგუმენტაციით. მას პროცესზე თავი ეჭირა არა როგორც ქედმოხრილად შეწყალების მთხოვნელ ბრალდებულს, როცა მას საბოლოო სიტყვა მისცეს, თავის მჭევრმეტყველებასაც მოუხმო და სიტყვა ასე დააბოლოვა: „მე ბრალდებული ნიკო სამადაშვილი, ბუხჰალტერ-რევიზორი ვარ, ვისაც ყველა კრიჭაში უდგას და მის წახდენას ლამობს. მე ყვავილების გამყიდველი კი არ ვარ, რომ ყველას ვუყვარდე!“ ისე ჩანდა, რომ ამ სიტყვამ მოსამართლე და მსაჯულები კეთილად განაწყო ბრალდებულისადმი“ (62, 345). ამავე მოგონებაში ავტორი ერთ მნიშვნელოვან მომენტზე ამახვილებს ყურადღებას: „ბრალდებულ სამადაშვილს ანტისაბჭოური ლექსების წერასაც სდებდნენ ბრალად, რაკიღა თვით მართლწესრიგის დამცველნი ნიკო სამადაშვილის პოეტურ ხილვებს ვერ ჩასწვდნენ, ეს ლექსები სპეციალისტ ექსპერტებს, ქართველ პოეტებს გადასცეს დასკვნისათვის. დასკვნა კი ამგვარო იყო: „ფუტურისტული ლექსებია, ანტისაბჭოური ამ ლექსებში არაფერიაო“.

წერილში „პოეტი და მკითხველი“ სანდრო ცირეკიძე აღნიშნავდა: „ხელოვანისათვის მარტოობა სიკვდილია. ხელოვნება ხომ თქმაა - თქმას მსმენელი უნდა“ (63, 12). მართალია, ნიკო სამადაშვილი მოწყვეტილი იყო აქტიურ ლიტერატურულ მუშაობას და სამყაროს, მაგრამ მიუხედავად ამისა, იგი კვლავ განაგრძობდა მეგობრებისა და ახლობლების წრეში ლექსების კითხვას, წერას. თუმცა ბეჭდვას ვეღარ ახერხებდა. იგი უცნობი დარჩა ქართველი მკითხველისათვის, მაგრამ მკითხველი აქ მაინც რაოდენობრივი თვალსაზრისით უნდა ვიგულისხმოთ, თორემ მის პოეზიას თითო-ოროლა ნამდვილი შემფასებელი მაინც ჰყავდა. ისეთები, როგორებიც შალვა ნუცუბიძე და პავლე ინგოროყვა, გერონტი ქიქოძე და ვახტანგ კოტეტიშვილი იყვნენ. ერთ ხელნაწერზე თავად გალაკტიონ ტაბიძეს წაუწერია:

„დავრწმუნდი მე თქვენს სიძლიერეში;
მომავლისაკენ! წინ! იერიში!“

ერეკლე ტატიშვილს ხომ ასე მტკიცედ სწამდა მისი პოეტური ძალმოსილება, ნიშანდობლივია, რომ ნ. სამადაშვილს თავადვე შეურჩევია ლექსები, გადაუბეჭდია, ერთ კრებულად აუკინძავს და ყდაშიც ჩაუსვამს.

მას შეეძლო გაემეორებინა ტერენციუსის ცნობილი სენტენცია - ადამიანი ვარ და არაფერი ადამიანური ჩემთვის უცხო არ არის (64, 99). არც ილია ჭავჭავაძის სიტყვები იქნებოდა მისი პიროვნებისათვის უცხო: ჭეშმარიტი კაცობა არქონა ცოდვისა კი არ არის, არამედ ქონაა მადლისაო (65, 74). ეს ცოდვა-მადლიანი კაციც ცდილობდა დახმარების ხელი გაეწოდებინა მრავალთათვის, ყურადღება არ მოეკლო. ასე მფარველობდა ის უფროსი მეგობრის ვახტანგ კოტეტიშვილისა და სხვათა ოჯახებს. ამგვარი საქციელი იმ წლებში ზნეობრივი გმირობის ტოლფასი იყო.

ნ. ლორთქიფანიძე მინიატურაში „ოჯახი“ წერდა: ყოველს ადამიანს ერთი ადგილი მაინც უნდა ჰქონდეს, სადაც იგი ხელუხლებელი, საყვარელი, მუდამ ერთიდაიგივე უკვდავი წევრია... ცხოვრების საერთო სიმკაცრე, ცოტა არ იყოს, სუსტდება ოჯახის კერასთან (66.86). საბუღალტრო საქმეებით დაქანცული, პოეტური ხილვებით აღსავსე, დაღლილი ნიკო სამადაშვილი ოჯახში პოულობდა ნამდვილ მყუდროებას. ის ადრე დაქორწინდა; ოფიციალურად კი ხელი გარდაცვალებამდე სულ რამდენიმე კვირით ადრე მოაწერეს -1963 წლის აპრილის თვეში. მისი მეუღლე, მარიამ ნიკოლოზის ასული ამანათაშვილი. საოჯახო არქივში დაცულია პოეტის პირადი წერილები, „გამარჯობა ჩემო მანია! (7.VIII.1947), ჩემო მარიკელა (20.VIII.1947), ჩემო მანია (იმავე წერილში: ჩემო კეთილო 9.IX.1947), ჩემო მარიამ (7.VI.1951), ჩემო კოკროჭინა მეუღლევ (იმავე წერილშია: ჩემო სანუკვარო დედაკაცო 17.VIII.61). - ასე იწყება მეუღლისადმი მიწერილი თითქმის თითოეული ბარათი. ისინი ერთად განიცდიდნენ სიხარულსა და ბედნიერებას და გაჭირვებასაც ერთად ხვდებოდნენ. „მატერიალურად გვიჭირდა. ფართობი არ გვქონდა, საწერ მაგიდას უჯრა გამოვაცალეთ, რომ ადგილი განთავისუფლებულიყო“, - იგონებს მეუღლე.

„უყვარდა მეგობრები, უყვარდა ცოლ-შვილი, - წერდა ქ. ძიძიშვილი, მაგრამ ზოგჯერ ასედაც ხდებოდა: უგზო-უკვლოდ დაგვეკარგებოდა, ვერც მის ასავალს გავიგებდით, ვერც დასავალს, მეგობრები შეშფოთებულნი დავეძებდით, მაგრამ ამაოდ. ერთადერთი ადამიანი, ვინც ამ დროს გულდინჯად იყო, ნიკოს მეუღლე მარიამი (მანია) გახლდათ. იგი ჩვენ გვამშვიდებდა: ნუ წუხთ, არ დაიკარგება, დღეს არა - ხვალ-ზეგ გამოჩნდებაო!“ მართლაც მეორე თუ მესამე, ზოგჯერ მეოთხე დღეს დაკარგული პოეტი გულარხეინად გამოგვეცხადებოდა, მეუღლე მშვიდად და ალერსიანად შეეგებებოდა, სასაყვედურო სიტყვაც არ დასცდებოდა...“ კეთილი დიასახლისი ყოველმხრივ ცდილობდა, საოჯახო, ყოფითი პრობლემები აეცილებინა მისთვის. ღირსეულად აფასებდა მეუღლის ნიჭიერებას.

შეეძინათ სამი შვილი - ორი ვაჟი (თამაზი და ნუგზარი) და ერთი ქალიშვილი (მზია). საოცრად მზრუნველი და ყურადღებიანი იყო ბავშვების მიმართ. წერილიდან: „თამაზის უთხარი, თუ უნდა გამახაროს, კარგად ისწავლოს, მზიამაც წასწიოს სწავლის საქმე წინ. ჩემი ნუგზარი - მაგას ვენაცვალე, ხომ კარგად არის. აკოცე ბევრი, სულ ბევრი, ვეღარა ვძლებ უმაგისოდ. სულ ვეღარ“ (7.VIII.1952); ნაწყვეტი კიდევ ერთი ბარათიდან: „ამ წერილს გწერ თქვენი წასვლიდან 10 წუთის შემდეგ. დღესვე გამომიგზავნე წერილი როგორ იმგზავრეთ. ვინ იცის რამდენი იწვალეთ. ალბათ სულ ფეხზე იდექით. ნიკო მოგიკვდეთ! ნიკოი!“ (30.XII.1958 წ.) მამობრივი გულისხმიერებით ურჩევდა, რომელი წიგნი წაეკითხათ, ეფიქრათ... ოჯახში სიყვარული და თანადგომა სუფევდა.

1963 წლის 1 მაისს ნიკო სამადაშვილი ესტუმრა თავის მეგობარს ჟორა ოქუაშვილს. ახლობლის ოჯახიდან წამოსული უეცრად ცუდად გახდა და ბელინსკის ქუჩაზე დაეცა.

ქართული პოეზიის თხუთმეტტომეულის მეთხუთმეტე ტომის ცნობაში გარდაცვალების თარიღი არასწორადაა მითითებული. კერძოდ, აქ წერია: „გარდაიცვალა 1964 წელს“ (67, 546).

ნიკო სამადაშვილი გარდაიცვალა 1963 წლის 1 მაისს. თბილისის ჯანდაცვის სამმართველოს ა. ს. ალადაშვილის სახელობის № 2 კლინიკური საავადმყოფოს 1963 წლის სტაციონარის ჟურნალში (გაიხსნა 19.III - დაიხურა 27. V) ჩაწერილია: „ნიკოლოზ მიხეილის ძე სამადაშვილი შემოვიდა 1 მაისს 17 საათსა და 15 წთ-ზე... გიპერტონიული დაავადებით, აპოპლექსიით და გარდაიცვალა გიპერტონიული კრიზით იმავე დღეს“. იმავე საავადმყოფოს პათანატომიური გაკვეთების ჟურნალში დაფიქსირებულია დადგენილი დიაგნოზი: „ჰიპერტონიული დაავადება. თავის ტვინის მარცხენა ჰემისფეროში დიდი სისხლჩაქცევა, რომელიც გადის პარკუჭით ღრუებში. მოგრძო ტვინში სისხლჩაქცევა (ვაროლის ხიდში)“ (68, 30).

ნიკოლოზ მიხეილის ძე სამადაშვილი დაკრძალულია ქ. თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე.

***

ნიკო სამადაშვილის შემოქმედების თაობაზე არაერთი სტატია გამოქვეყნდა. ამ საინტერესო წერილებში ერთი რამ მაინც ხაზგასმით გამოიკვეთა: იგი ისე გარდაიცვალა, რომ სიცოცხლეში არაფერი გამოუქვეყნებიაო (გაზ. ლიტერატურული საქართველო 28.VII.1967, სამადაშვილის წიგნის „ბეთანია“ წინასიტყვაობა 1973, გაზ. ახალგაზრდა კომუნისტი 22 V.1973, ლიტერატურული საქართველო 25.V.1973, გაზ. გამარჯვება 25.IX.1973. ალმან. ლიახვი 1982, იგივე ალმანახი 1986, ალმან. პირველი სხივი 1984, ქართული პოეზია 15 ტომად, ტ. 15 1984, ლიტ. კრებული კავკასიონი № 4 1986). 1987 წლის 13 თებერვალს მწერალთა კავშირის დარბაზში ნიკო სამადაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოზე პროფ. ს. ხუციშვილმა ეს „ტრადიცია“ დაარღვია და დამსწრე საზოგადოებას მოულოდნელად გორის გაზეთ „წითელ ქართლში“ დაბეჭდილი პოეტის ლექსი „ლენინ“ წაუკითხა, რამოდენიმე თვის შემდეგ დასტამბულ სტატიაში (გაზ. „ახალგაზრდა კომუნისტი“ 19.IV.1987) კვლავ ჯიუტად გამეორებულია: „ნიკო სამადაშვილმა ერთი ლექსის დაბეჭდვაც ვერ მოახერხა“.

გორის რაიონული გაზეთის „წითელი ქართლი“ სრული კომპლექტი არ არსებობს, თუმცა ჩვენთვის საინტერესო რამოდენიმე ნომერი მაინც შემონახულა. ჩვენს პუბლიკაციაში (ალმან, „განთიადი“ № 6 1988) წარმოდგენილი იყო არა მხოლოდ სამადაშვილის დაბეჭდილი ლექსები, არამედ მისეული რეცენზიაც სათაურით „გორის თეატრის გარშემო“. არც ამას მოჰყოლია სათანადო რეაგირება. 1989 წელს გამოცემულ ნ. სამადაშვილის წიგნის „წუთისოფლიდან უკვდავებამდე“ მინაწერში კვლავ გრძელდება არასწორი ინფორმაცია: „სიცოცხლეში არც ერთი ლექსი არ გამოუქვეყნებია“. ზუსტად იმავე სიტყვებით იმეორებს იგივე აზრს „ლიტერატურის მატიანეში“ (გამომც. დიოგენე, თბ. 1998) პუბლიკაციის ავტორი.

ერთ-ერთი პირველი ლექსი, რომელიც ნიკო სამადაშვილმა გორის რაიონულ გაზეთში „წითელი ქართლი“ 1925 წლის 18 იანვარს დაბეჭდა, იყო ლექსი „ლენინ“. როგორც მთელ საბჭოთა, ისე ქართულ მწერლობაშიც, არაერთი ნაწარმოები შეიქმნა ვ. ი. ულიანოვზე. განსაკუთრებით კი 1924 წლიდან, მისი გარდაცვალების შემდეგ არ დარჩენილა თითქმის არცერთი ქართველი მწერალი, რომელიც ამ თემას არ შეხებოდა, იქნებოდა ეს დავით სულიაშვილისა და ივანე გომართელის მხატვრული ნარკვევები, რომლებიც გაზეთ „ალიონის“ ფურცლებზე დაიბეჭდა (პირველი 1917, ხოლო მეორე 1918 წელს), თუ პოეტური და პროზაული ნაწარმოებები: გ. ტაბიძის, ს. შანშიაშვილის, ა. მირცხულავას, დ. შენგელაიას, შ. დადიანის, პ. იაშვილის, ვ. გაფრინდაშვილის, გ. ქუჩიშვილის, ს. ფაშალიშვილის და სხვათა... ყურადღებისა და აღწერის საგანი გახდა მისი ბავშვობა, ყრმობა, საქმიანობის ეპიზოდები, ზოგიერთი მოვლენა ერთბაშად ხდებოდა რამოდენიმეს შთაგონების მუზა. პეტროგრადი, მოსკოვი, სმოლნი, კრემლი - მხატვრულ სიმბოლოებადაც კი ჩამოყალიბდა. გამომუშავდა (სახოტბო ასპექტით) გარკვეული სტერეოტიპიც, თუმცაღა, იშვიათად, განსხვავებული სტრიქონებიც გამოერეოდა. ინასარი პიესაში „ადამიანი ყველგან“ ლირიკულ გმირს ათქმევინებს:

„ლენინი ღამეს დღეთ აქცევს, დღეს კიდევ ღამეთ“ (69, 36).

ქართულ ენაში გამოთქმა: დღე დაგიბნელდესო (ან იგივე: მზე დაგიბნელდესო, მზე-დღე გასაქრობი) წყევლის ტოლფასია. აქ კი ლენინი ის პიროვნებაა, რომელიც გათენებულ დღეს ღამეთ აქცევს (აბნელებს). კომენტარი, ალბათ, საჭირო აღარაა.

ვინაიდან ნიკო სამადაშვილის ლექსი „ლენინ“ შემდგომ აღარ გამოქვეყნებულა და არ შესულა მის არცერთ კრებულში, მოვიტანთ მთლიანად:

„შენი სიკვდილით დიდო გენია მოსკოვის კრემლი ტრაურში მოსჩანს.
ცივ ღამის სუნთქვით გარემოცული „მავრის“ დაწერილ ლეგენდას ბოდამს.
მსოფლიო სტირის - შფოთამს პლანეტა, შავებში ყველა დღეს იძირება
ალბათ ველურიც სდგას შენს სურათთან და შენს თვალებში ღრმად იცქირება.
შენ სჩანხარ ყველგან, ვით მზის სიცილი, შენ სჩანხარ, როგორც ცის მეტყველება.
ბედნიერი ხარ დიდო გენია, რომ ისტორია დღეს თავს გევლება.
შენი ეპოქის წითელ ეკრანზე, არ მოსჩანს არსად ტანჯვა-ბნელეთი,
არამედ მუდამ შენს დროშას შესტრფის ხალხთა უდაბნო-აღმოსავლეთი.
დღეს საქართველოც შენს სიკვდილს გლოვობს - ქვითინებს მტკვარი, შფოთამს რიონი
შენს დამძიმებულ ღრუბლებში იწვის, მუდამ ჭაღარა კავკასიონი.
შენი მოძღვრების ვერაგი მტრები, შორეულ ნისლში წყევლით ქრებიან
ჯერ კიდევ ლენინ, შენს სამარესთან ო, ბევრი წლები ატირდებიან.“ (70,2).

როგორც ითქვა, ლექსი ეძღვნება ლენინს და დაწერილია ბელადის გარდაცვალების შემდეგ. თუმცა ეს არაა დატირება იმ ტრადიციული ფორმით, რომელიც ამ პერიოდში დაწერილ ბევრ ლექსში გვხვდება. მოსკოვი, კრემლი - რევოლუციის ეს სიმბოლური სახეები სხვა განწყობით მუხტავენ ლექსს. ლენინის სახე დანახულია ისტორიულ პლანში, მოძებნილია ისტორიული პერსპექტივაც („ო, ბევრი წლები ატირდებიან“). 20 წლის ყმაწვილის ლექსში უკვე მისეული ხელწერა და ინდივიდუალური აზროვნების მანერა იგრძნობა, სოციალური მომენტიც კი პოეტიზირებულია: „შენი ეპოქის წითელ ეკრანზე, არ მოსჩანს არსად ტანჯვა-ბნელეთი“. მიმართვის ობიექტის, ამ შემთხვევაში რევოლუციის ბელადის, დახასიათებაც უჩვეულო მხატვრული სახეებითაა მოწოდებული:

„შენ სჩანხარ ყველგან, ვით მზის სიცილი, შენ სჩანხარ როგორც ცის მეტყველება.“

1922 წელს ჟურნალ „ლომისში“ დაბეჭდილ სტატიაში „ახალი საქართველო და ეროვნული შემოქმედება“ კ. აბაშიძე გოეთეს სიტყვებს იმეორებდა: „აავსეთ თქვენი გული და გონება, რაც უნდა საგრძნობი იყოს მათი სიდიადე, თქვენი საუკუნის იდეებითა და გრძნობებით და მხატვრული ნაწარმოების წარმოშობა არ დაიგვიანებს“. ნიკო სამადაშვილმა გულწრფელად მიიღო რევოლუცია და არც ამ თემატიკაზე დაწერილმა ლექსებმა „დაიგვიანეს“ გაზეთ „წითელი ქართლის“ იმავე ნომერში (№ 6 (21) 22. II. 1925), რომელშიაც დაბეჭდილია ნ. სამადაშვილის სტატია სათაურით „გორის თეატრის გარშემო“, ოღონდ მეორე გვერდზე, ლექსია ინიციალებით ნ. ს. არა იმიტომ, რომ იგი ნიკო სამადაშვილის სახელსა და გვარს თანხვდება და აქედან გამომდინარე, ჩვენი სურვილია ლექსი მას მივაკუთვნოთ, არამედ იმიტომ, რომ ასეთი სახეებით აზროვნება სწორედ ამ პოეტისთვისაა ნიშანდობლივი, ვფიქრობთ, რომ იგი მის კალამს ეკუთვნის. ლექსის სათაურია „თქვენ“... ფრჩხილებში: ძღვნად წითელ ლაშქარს.

„თქვენ, ხომ გრიგალში დაიბადეთ წლების ჭენებით,
თქვენში ხომ მუდამ ცეცხლის სუნთქვას ბრძოლა აცინებს
თქვენი ყიჟინა დასერილი სისხლის დროშებით
შავ საუკუნეს სასიკვდილო მარშით აცილებს.“

რევოლუციურ ეპოქაში ძალაუფლების მოპოვება გაცილებით უფრო ადვილია, ვიდრე ამ ძალაუფლების სწორად გამოყენება, - წერდა ჯერ კიდევ თავად ვ. ი. ლენინი (7, 102), გაფრთხილებასავით ისმოდა სტრიქონები:

„ბებერ სამყაროს ემუქრებით შურის ძიებით
ტლანქი ევროპა დაიბადა წითელი შუქით.“

ერთგვარი მხატვრული სახეებით აზროვნება ვახსენე ზემოთ, თუ ლენინისადმი მიძღვნილ ლექსში ავტორი პროლეტარიატის ბელადს ადარებს „ვით მზის სიცილს“ და „როგორც ცის მეტყველებას“, გარდა იმისა, რომ მსგავსი სახეა, სრულიად ბუნებრივია, რომ მისი ლაშქრის ჯარისკაცებსაც იგივე შედარება მიუსადაგოს - „ვით მზის შუქი ცის უდაბნოში“. პირველ ლექსში გამოყენებულია „ხალხთა უდაბნო“, მეორეშია - „მშრომელთ უდაბნო“. ლექსში „თქვენ“... ასეთი სტრიქონებია:

„თქვენი ყიჟინა დასერილი სისხლის დროშებით
შავ საუკუნეს სასიკვდილო მარშით აცილებს.“

ზემოხსენებულ თეატრალურ რეცენზიაში კი, ნიკო სამადაშვილს ერთი ასეთი წინადადება აქვს ნახმარი: „..თეატრმა ახალი საუკუნის ყიჟინით განდევნა მოძველებული დრამატიზმი“.

როგორც ზემოთ აღინიშნა, გაზეთ „წითელი ქართლის“ სრული კომპლექტი არ არსებობს. ამდენად, საშუალება არ გვაქვს სხვა ნაწარმოებებზეც ვისაუბროთ. თუმც აქვე აღვნიშნავთ, რომ ამ დასტამბულ ლექსებს ჰქონდათ იდეური მნიშვნელობა ამ ეტაპზე.

1967 წ. 28 ივლისს გაზ. „ლიტერატურული საქართველოს“ (რედაქტ. რ. თვარაძე) ფურცლებზე დაიბეჭდა ნ. სამადაშვილის რამდენიმე ლექსი („ატენის სიონი“, „ჩემი სოფელი“, „ნიკო სამადაშვილს“, „დამშვიდობება და სინანული“, „ბეთანია“).

1975 წლის მაისში ჟურნალი „ოქროს საწმისი“ № 1 (რედაქტ. ზ. გამსახურდია) მკითხველებს სთავაზობდა 13 ლექსს; პოეტური ნიმუშების ბეჭდვა შემდეგ ნომერშიც („ოქროს საწმისი“ № 2 1975 წ. ივლისი) გაგრძელდა, დაისტამბა 10 ლექსი. დღემდე გამოცემულია ნიკო სამადაშვილის ერთი პროზაული და სამი ლექსთა კრებული.

მცირე გამონაკლისის გარდა, ნ. სამადაშვილის ლექსები დათარიღებული არ არის და ამდენად, ქრონოლოგიური პრინციპით მათი განხილვა არაა შესაძლებელი, ამიტომ მათზე საუბარი თემატური პრინციპის მიხედვით მოგვიხდება.

***

ისევე, როგორც ტრადიციულად ქართულ პოეზიაში, პატრიოტიზმს ნ. სამადაშვილის შემოქმედებაშიც განსაკუთრებული ადგილი უკავია. ლექსში „აღსარება“ ერთი ასეთი სტრიქონი აქვს: „დავიბადე ძალიან გვიან“. რაა ეს, სინანული თუ ნაგვიანები სიყვარულის ხმამაღლა გაცხადება?! ბეთანია, ატენის სიონი, თამარის მღვიმე, გარეჯის მონასტერი მისთვის მარტოოდენ არქიტექტურული ხელოვნების ნიმუშები კი არ არის, არამედ საქართველოს ისტორიის მეტყველი მოწმენი. თუმცა იგი აქაც თავისებურია. განსხვავებით სხვათაგან, გარეგნული სილამაზით აღფრთოვანებისა და მოწიწების გარეშე, შინაგანი ჭვრეტითა და ლაკონური თხრობით ამჟღავნებს ამ თაყვანისცემასა და სიყვარულს:

„ლორწო ფლატეებს სწოვდნენ კლდეები,
ფილტვებს ფურჩქნიდა სუნთქვის ყუათი,
მიწა გაირღვა, თითქოს ქვესკნელმა
ამოისროლა ტაძრის გუმბათი!“

(„უკანასკნელი ქრისტიანები“)

ეს მოულოდნელობა არა მარტო ლექსისათვის, ქართული ტაძრებისთვისაცაა დამახასიათებელი: დაუსრულებელი სივრცე და უეცრად თავს წამომდგარი ძეგლი. ლექსი დინამიურად აღწერს მსვლელობას და ულამაზესი პოეტური ნათქვამი:

„ხევში მდინარე შემოგვეფეთა -
შეწირულ ბავშვთა ცრემლები იყო.“

სიმშვიდეა ირგვლივ, მაგრამ ტრაგიკული სიმშვიდე. ეს ნაბიჯები ნაკვალევს არ ტოვებენ, პირიქით, ეს სხვათა მიერ აღბეჭდილი დიდი ნაფეხურების დახედვაა, თვალის გადავლება. ალბათ ამიტომაც:

„ჩვენ მივდიოდით აღმართზე ერთად,
რატომღაც ჩუმად, რაღაც უიღბლოდ“.

ლექსის სათაურის ქვეშ გაერთიანებულია რამდენიმე პოეტური ჩანახატი, ან რამოდენიმე მხატვრული კადრი, თუ შეიძლება ასე ითქვას; ისტორიულის გახსენება:

„აქ დანდობილა გლეხი სახრეზე,
აქ შესწრებია ორშაბათ დილას,
ეხლაც კი ვამჩნევ ლაშას სახეზე,
ჯალალ-ედინის შემოკრულ სილას“.

დიდი ქართველი ისტორიკოსი ივ. ჯავახიშვილი ლაშა-გიორგის მეფობის უკანასკნელ დღეებზე წერდა: „მოულოდნელად 1222 წ. 18 იანვარს ლაშა-გიორგი გარდაიცვალა. რამ გამოიწვია ასეთი უეცარი სიკვდილი, არა ჩანს, - მისი თანამედროვე მემატიანესაც კი ამაზე არაფერი აქვს ნათქვამი. მისი ერთი გამონათქვამის მიხედვით, რომ მონღოლებთან ბრძოლის დროს „პირველი წყლულება მათგან იქმნა“-ო, შესაძლებელია გვეფიქრა, მხოლოდ რომ ეს ცნობა ლაშა-გიორგის გულისხმობს და ჭაბუკი მეფეც სწორედ ამ წყლულებმა იმსხვერპლა“ (72,5). როგორც საქართველოს ისტორიის ნარკვევებშია აღნიშნული, წყაროების მონაცემების მიხედვით ირკვევა, რომ მონღოლებს სამჯერ ჰქონიათ შეტაკება ქართველებთან 1220-21 წლებში და სამივეჯერ გაუმარჯვიათ. მათ სარდლები: ჯებე და სუბუდაჲ ედგნენ სათავეში. ჯალალედინი მხოლოდ 1125 წელს დაიძრა საქართველოსაკენ. ამ დროისათვის ქვეყანას უკვე რუსუდანი მართავდა. ასე რომ, ლაშა-გიორგი და ჯალალედინი ერთმანეთს ბრძოლის ველზე არც შეხვედრიან, მაგრამ მისი ტომის ლაშქარმა პირველი ბზარები გაუჩინა ერთიანი საქართველოს სიმტკიცეს, პირველი ჭრილობები მიაყენა ქართველ მეფეს. „ოქროს ხანამ“ ამ დღეებიდან იწყო დასრულება. ეს ის პირველი ხელის აღმართვა იყო, რომელიც უძლიერეს სახელმწიფოს შეჰბედეს.

ამდენად, „ჯალალედინის სილა“ - ზოგადად მონღოლის, მტრის გამარჯვებაა, ლაშა -საქართველოს სიმბოლური სახე.

უცნობი უძეგლო ხუროთმოძღვრის ქმნილება გამოფუტუროებულა. შორეული საუკუნეების წინ აგებული, ოდესღაც დიდებული ტაძარი აწ უკვე შერყეულა, მოძველებულა:

„ჟამს ტაძრის კანი ისე დაუხრავს,
რომ გარეთ ჟონავს ჭრაქის ნათელი.
ძლივს ვამშვიდებდით შემკრთალ მაცხოვარს
რჯულ დაწყვეტილი ექვსი ქართველი.“

ამ სტროფთან დაკავშირებით კრიტიკოსი ს. ჟორდანია წერდა: „პოეტი ელოლიავება რელიგიური კულტის საგანს, ხუროთმოძღვრების ძეგლს, მაგრამ ამასთანავე, მის დაუძლურებულ, გამოფიტულ სხეულზე გადააქვს აქცენტი. ეს არ უნდა იყოს ჩვეულებრივი, რეალისტური მოვლენის მარტივი კონსტატაცია, ტაძრის კედლების სიძველის, რღვევის ან მოშლის აღნიშვნა. ორი სტროფის შემდეგ იგი კვლავ უბრუნდება ტაძრის ავადმყოფობის, დაუძლურების, სიბერის დეტალს და მის კედლებს ხის ფუტურო ქერქთან აიგივებს; ტექსტში ჭინჭრის ხსენება კიდევ უფრო გვიძლიერებს გავერანების, არქაულობის, უდაბურობის შეგრძნებას“: (73, 59).

„დაუსუსხია ბზის ბუჩქი ჭინჭარს,
ქანდაკება სდგას აღთქმული მგზავრის,36
ტაძრის ფუტურო ქერქში ჭრიჭინებს
ვიღაც უძეგლო ხუროთმოძღვარი.“

კიდევ უფრო შორეული გადახედვა.

ისტორიული პლანი კიდევ უფრო წინ მიიწევს, მუხლმოდრეკილი წარმართები დიდ გიორგობას გაკვირვებულნი რომ კითხულობენ: „ხედავთ კაცობრიობას?“ პირქუშად მდგარი სამრეკლო, ხანდახან რომ შემორეკავდა ზარებს:

„აკლდამის ჭოჭში დახოცილთ ძვლები,
ეყარა, როგორც მოჭრილი ფიჩხი.“

დაცხრა გახსენებით გამოწვეული განცდები, უკან დარჩა მოგონება.

„ძნელია მუდამ გულდაძმარება,
კაცის შელოცვა ტლანქი მთქნარებით
უსინანულოდ ვტოვებდით ტაძარს
უკანასკნელი ქრისტიანები.“

სათაურით „ბეთანია“ 1982 წელს „ლიტერატურის „მატიანეში“ (7-8) დაიბეჭდა პროზაული ნაწარმოები, რომელიც იწყებოდა სიტყვებით:

„- ხომ იცი, ჩვენ უკანასკნელი ქრისტიანები დავიბადეთ, ჩვენს შემდეგ ახალი რაღაც განმეორდება უკეთესი და დიდებული!“

გმირები საუბრობენ წარმართობასა და ქრისტიანობაზე, უკვდავებაზე, ხელოვნების დანიშნულებაზე. მათ წინ აღიმართება ბეთანიის ტაძარი.

„- რა დიდებულია! - წამოვიძახე აღფრთოვანებულმა, რადგან პირველად მოვკარი თვალი ქართული დიდების ძეგლს.

- ეს ის ტაძარია, - მანცვიფრებდა მგოსანი - თავისი არსებობის სამხარზე უკვდავებად რომ აღიკვეცა.

ნაწარმოებში აღწერილია ისტორიული სანახები, გარემო, საინტერესოდაა დახატული ბერების სახეები; ესაა ერთი დღის მხატვრული სურათი. „ტაძრის მაღალ კედელზე გიორგი მესამის, თამარ მეფის და ორი ტომის ნაშიერის გიორგი ლაშას სურათები კიაფობდნენ, კიაფობდნენ ჟამთა სიავის ყურებით დაღლილნი. ბუდეშურის ოდენა ცრემლები მარგალიტის დარად შეჭვავებოდათ მეფურ სამოსზე“.

სევდა ახლავს აღწერილ სურათს. სამშობლო ქვეყნის ბედზე დაფიქრებული და მოჭირნახულე კაცის ტკივილი. მართალია, პროზაულ ნაწილში „ჯალალედინის შემოკრული სილა“ აღარ აგონდება პოეტს, მაგრამ აქ ლაშა „ორი ტომის ნაშიერადაა“ წარმოდგენილი, ავტორი თავად ტაძარსაც სამომავლო პერსპექტივის გარეშე ხედავს. ის წერს:

„ბეთანიის ტაძარი ავადმყოფი მწირივით სთვლემდა, თითქოს სივრცეებში გაჭრილ სამრეკლოების ქარავანს უკან ჩამორჩენოდა და გზა-აბნეული შეთქმულივით საუკუნეთა ტევრში გაჩხერილიყო“.

ავტორი აღტაცებულია ქართული მოლხენით, ქართული ნადიმით. აქვეა მთლიანად ჩართული ლექსი „ბეთანია“ რამდენიმე შესწორებით.

კერძოდ, აქაა:

„ძლივს ვამშვიდებდით შემკრთალ მაცხოვარს
რჯულდაწყვეტილი ორი ქართველი.“

ლექსი „ატენის სიონი“ ასევე საინტერესოა ნ. სამადაშვილის შემოქმედებაში. ხედვა პოეტიზირებულია:

„უფლის ნათელი დაბარბაცებდა
გაუთენარი გზების ბოლომდე.“

ეს ნათელი არა მხოლოდ ამ წმინდა ადგილს მოჰფენია, არამედ იგი მთელ დედამიწაზეა განფენილი. ლექსში „გზათვალალობა“ პოეტს ერთი ასეთი სტროფი აქვს:

„ის ერთხელ ნათელს გამოჰყვა ზიზღით,
სოფელს წააწყდა, ავდარი იყო,
წინ დაეხედა, თურმე ნუ იტყვით,
ეს დედამიწა გამომდგარიყო.“

ლექსში „ატენის სიონი“ თხრობა გრძელდება სიონის ტაძრისა და მისი მრევლის შესახებ. რომანტიკული ელფერი გადაჰკრავს მთელ ლექსს - მხატვრული სახეებით ასე დატვირთულს:

„დრო იყო, როცა ბნელ სასუფეველს
მდინარე ტანა ჩაუდიოდა,
საიქიოდან წუთისოფელი,
როგორც მამალი, ისე ჰყიოდა.“

ამ სტროფის გარშემო საინტერესო მოსაზრება აქვს გამოთქმული ზ. კიკნაძეს. მოვიტანთ მოზრდილ მონაკვეთს: „ამ ზერეალური სურათის მხილველი პირისპირ დგას უაღრესი საიდუმლოების წინაშე - ქვეყნიერების ახალი დღის გათენების, ანუ (რაც იგივეა) ქვესკნელს ჩასული წუთისოფლის მკვდრეთით აღდგომისა. მამალი - მზის სიმბოლო, გათენების მაუწყებელი ფრთოსანი დღევანდლამდე, ძველ ქრისტიანთა თქმულების მიხედვით მამლის პირველ ყივილზე აღმდგარა ქრისტე, ამიტომაც მამალს ახატავდნენ პირველი ქრისტიანები საფლავის ქვებზე; ჩვეულება გამძლეა და შესაძლოა ჩვენშიც შემორჩენილიყოს იგი (74, 6).

უფლის ნათელი და წარმართული კერპები თითქოს ერთად თავმოყრილან და გარინდებულან. თხრობის დინამიკური ხაზი არსად იხრება, ქრისტიანულისა და წარმართულის ხსენება უმტკივნეულოდ ენაცვლება ერთიმეორეს:

„წარმართთა ძვლებზე იდგა ტაძარი,
ზევით ლეგენდა მიჰქონდათ მთიებს,
ძირს წმინდა ნინოს ნაფეხურები
ჰგავდნენ სისხამზე მოკრეფილ იებს.“

პოეტი საგანგებოდ ჩერდება საქართველოს ისტორიის ტრაგიკულ ეპიზოდებზე:

„როცა ვიგონებ ღამე დაღვრილ გარეჯის ცრემლებს,
ძარღვებში სისხლი მეყინება, სისხლი მიშრება,
- რა დაგიშავეს? შემოვარდნილ ვერაგ სპარსელებს
ექვსი ათასი საუკუნე შეეკითხება.“

ეს უსათაურო ლექსიც „როცა ვიგონებ“... მოგვიანებით პროზაულ ნაწარმოებში („გარეჯის მონასტერი“) ჩართო ავტორმა. მისი სიუჟეტური ღერძი დიალოგის (უფრო ზუსტად კი, კამათის), პრინციპზეა აგებული. ესაა რამოდენიმე გმირის საუბარი წარმართობისა და ქრისტიანობის შესახებ. აქ კიდევ ერთხელაა ხაზგასმული ქრისტიანობის უპირატესობა და ქრისტიან მოწამეთა და მეფეთა ამაგი:

„... ლუარსაბ და არჩილ მეფე, ქეთევან დედოფალი, მთავრები დავითი და კონსტანტინე, გაათკეცებული რაინდული მხნეობით რომ ეწამნენ სამშობლოს კეთილდღეობისათვის; ვერავითარმა საპყრობილემ, ხელ-ფეხშეკრულების აქაფებულ მდინარეში გადაყრამ, გახურებულ შანთებით ხორცების გლეჯამ, ვერ მოდრიკა იმათი გმირული ნებისყოფა. ეს ხომ აკაჟებდა და აფოლადებდა ქართულ სულს“.

ავტორი არაჩვეულებრივ მხატვრულ ხატს ქმნის და შთამბეჭდავ სურათს გადმოსცემს: „აკლებული მონასტერი თავისი დაღორღნილი და დაფუტუროვებული კედლებით, შემოგლეჯილი პერანგით, ჟამთა სიავის ტიალ გზაზე გონებაშერყეული უფლისწულივით ივლის, როგორც განკიცხული მშვენიერება, როგორც დაუნდობლობის უდანაშაულო მსხვერპლი“.

საქართველოს დაშორებით გამოწვეული ნოსტალგიაა აღწერილი ლექსში, რომლისთვისაც ავტორს „განმარტება“ დაურთავს: „თურქეთში გატაცებულ ქართველს პოეტი სწერდა“:

„...ოშკის სამრეკლოს ჩუქურთმებში ბუდობს სიმღერა,
ეგ იავნანაც თამარ მეფის სახის ხალია.
ჩაფიქრებულხარ გზიდან-გზაზე ბედამღვრეული,
და ქართულ ჰანგებს შენს მკერდის ქვეშ უფართხალიათ.“

(„დედამიწა ბღაოდა“)

„ნიკო ბარათაშვილმა და გრიგოლ ორბელიანმა, ილია ჭავჭავაძემ და აკაკი წერეთელმა, ბოლოს ჩვენმა დიდმა ვაჟა-ფშაველამ კვლავ შეახსენეს ტფილისსა და ქართველ ხალხს თავისი დიდებისა და სამერმისო იდეალების ამბავი. არც თანამედროვენი ჩამოვრჩებით ჩვენს დიდ წინაპრებს ტფილისისა და ქართული ისტორიის, ქართული კულტურისადმი სიყვარულში. ამიტომაც ვაქებთ და ვადიდებთ ჩვენს ტფილისს“ (27, 274), - წერდა კ. გამსახურდია.

„შენს წყაროებში მეც დავიწვი იმ ხოხობივით.“

ამ ფერად წყლებით გორგასლანი სამოთხეს რწყავდა, - წერს ლექსში „ჩემი თბილისი“ ნ. სამადაშვილი. არაერთი შესანიშნავი ლექსი მიუძღვნეს საქართველოს დედაქალაქს ქართველმა პოეტებმა. „თბილისის მომღერალი“ - იოსებ გრიშაშვილი ამ შემთხვევაში ხომ ცალკე აღნიშვნის ღირსია. ამის თაობაზე წერდა კიდეც ჟურნალი „ილიონი“ (№ 1 1922): „მისი პატრიოტიზმი (იგულისხ. გრიშაშვილი - რ. ნ.) ტფილისური პატრიოტიზმია, საქართველოს არცერთ კუთხის ბუნებას ისე ინტიმურად არა გრძნობს პოეტი, როგორც ტფილისს, ეს გვაგონებს პეტრარკას რომაულ პატრიოტიზმს“. მართალია, ნიკო სამადაშვილთან არც ამხელა მასშტაბები წარმოჩენილა და არც რაოდენობის თვალსაზრისით მიუძღვნია ბევრი ლექსი. მაგრამ ის, რაც დაუწერია, დაუწერია დიდი სიყვარულით და ფიქრით:

„აქ თამადობდა ჯიხვის ყანწით თურმე მხარგრძელი,
თან აქლემების ქარავანი იდგა გირაოდ,
სადღაც... მღვიმეში დაღმუოდა ბედს მთაწმინდელი:
„და... უფროისად მარტოს ღამე მიწერიაო!“

დიდი ქალაქის „ისტორიული ორომტრიალი“ და ერთგვარი შთაბეჭდილებისმიერი ზადაპირულობა იმ დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას მაინც არ იძლევა ითქვას -დამოკიდებულება ყალბია:

„მე მხოლოდ ჩემი ჩათხრობილი ჟინით მიყვარხარ,
მინდა სულ შენთან, შენს ცქერაში ამომძვრეს სული,
არსად არ წავალ, თუ გინდ მიწა შემომაყარონ,
თუ გინდ დავბრმავდე, ვიცი, მაინც გიპოვის გული.“

ეს ლექსიც მცირეოდენი ცვლილებით მოქცეულია პროზაულ ნაწარმოებში, რომელსაც „თბილისური მხურვალება“ ჰქვია.

„ვინ იცის, რამდენი სიდუხჭირე აგემა თბილისმა, რამდენი სივალალე, გულცივობა, ხელისკვრაც კი... მაგრამ თბილისი უყვარდა, უყვარდა ყველაზე ძლიერ, სიცოცხლეზე მეტად“, - ვკითხულობთ აქ. ნაწარმოებში ნატურალისტური სიზუსტითაა აღწერილი არა მხოლოდ ქუჩები, აივნიანი სახლები და მისი ეზოები, არამედ თბილისის მოქალაქეებიც: მეეტლეები, სოვდაგრები, როსკიპები, კინტოები, მეკურტნეები, ეკლესიის მათხოვრები და სხვანი. როგორც აღინიშნა, პოეტი უმთავრესად აქცენტს სამშობლოსათვის თავგანწირვასა და თავდადებაზე აკეთებს და ყოველივე ამას მკითხველს აწვდის არა მშრალი, რიტორიკული ტონით, არამედ მხატვრულად, ჩამოქნილი სახეებით, როგორც ამ შემთხვევაშია: „ნარიყალა... თეთრად ქათქათებდა, რადგან ომში დახოცილ ქართველ რაინდების ძვლებით იყო ნაშენ-ნაგები. ნარიყალას გალავნის თვითოეული სვეტი ქართველი ერის გაქვავებული ცრემლებია“.

პროზაულ ტექსტში ჩართული ლექსი იდენტურია კრებულში დაბეჭდილთან, ერთი სტროფის განსხვავებით. ეს ბოლო სტროფი სხვა ვარიანტია, ვგონებ წარუმატებელი იმ ცალკე, ლექსად დასტამბულთან შედარებით:

„მე, მხოლოდ ჩემი ჩათხრობილი ჟინით მიყვარხარ,
მინდა სულ შენთან, შენს ქუჩებში ვიხრუკებოდე.
არსად არ წავალ, თუ გინდ მიწა შემომაყარონ,
ოღონდ სულ შენთან... შენი ქვიშით ვიკვებებოდე!“

(პირველი ვარიანტი ზემოთ უკვე დავიმოწმე და აღარ გავიმეორებ).

საქართველოს გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის ფონდებში, ნ. სამადაშვილის არქივში დაცულია თორმეტფურცლიანი რვეული ნომრით 26602, იგი სხვისი ხელითაა გადაწერილი, ოღონდ ჩასწორებულია ავტორის მიერ. ესაა ლირიკული პოემა „საქართველოს“, ორ ვარიანტად. პირველი ვარიანტი 26 სტროფისაგან შედგება, ხოლო მეორე - ოცი:

„ის დრო წავიდა, როცა უკუნეთს
ძაძათ ახვევდნენ ურმის ჭალებზედ
და ქვატალახა საუკუნენი
ღრუბლებთან გზებზე მიჭრიალებდნენ.“

ნაწარმოები არ გამოირჩევა განსაკუთრებული სრულყოფილებით, მაგრამ რიგი სტროფები საინტერესოა და მხატვრულად გამართული:

„ფეხზე ძლივს იდგა კავკასიონი
მარადისობის განმეორება.“

ქართული პოეზიის თხუთმეტტომეულის მეთხუთმეტე ტომში დასტამბულს რედაქტირების კვალი ეტყობა (სხვაგან ის არ დაბეჭდილა). კერძოდ, შემოკლებულია და დაყვანილი 14 სტროფამდე. კრიტიკოსი გ. ბენაშვილი მისი საფუძვლიანი განხილვის შემდეგ ასეთ დასკვნამდე მივიდა: „საქართველოსადმი მიძღვნილი ეს ლექსი, ჩვენი ქვეყნის დუხჭირი წარსულის წარმოდგენით იწყება. საქართველოს მრავალსაუკუნოვანი წარსული, როგორც საშინელი კოშმარი... პოეტის აღფრთოვანება იქიდან იწყება, როდესაც დგება ამ ჯოჯოხეთური ყოფის აღსასრული. პატარა კახის ეპოქალურმა მოწოდებამ („სლავებს ეძმეთო“) შესძლო ეს. ამის შემდეგ სამოთხედ გარდაისახა ყოველივე და აღარაფერი დარჩენია ამ უსაზღვრო ბედნიერების შემხედვარე მგოსანს, გულით რომ უმღეროს „ურიცხვ წალკოტებსა“ და „ფერად შადრევნებს“. ავტორი განაგრძობს: „ხომ ბავშვური წარმოდგენებითაა გაყალბებული ჩვენი ერის ისტორია, მისი გუშინდელი და დღევანდელი ცხოვრება, მაგრამ მთავარი ეს არ არის, ამას ბევრი მასზე სახელოვანი თანამოკალმეც მშვენივრად აკეთებდა. უცნაური ის უფროა, რომ თვით ისეთი არაკონტაქტაბელური, მარტოსულობით გამორჩეული, დროისა და სივრცის ტანჯული მსხვერპლი და ირაციონალურ ხილვათა თავდავიწყებული მეხოტბე, თუმც წამიერად, მაგრამ მაინც დააბრმავა „კეთილდღეობის“ კაშკაშა ეიფორიამ (76, 138).

ზოგადად ეგებ სამართლიანიც კი იყოს ეს მოსაზრება, ოღონდ ერთი შესწორებითა და დამატებით. მეფე ერეკლეს მიერ სლავებთან დაძმობილების შემდეგ არ მოსულა სრული ბედნიერება. როგორც ზემოთ აღვნიშნე, მრავალი სტროფი არ დაბეჭდილა, თორემ ზემომოტანილი სიტყვების ავტორს ეცოდინებოდა, რომ პოეტი სხვა ყოფას უმღერის:

„კრემლის რიჟრაჟთა ძახილი გწამდა:
თავისუფლებით დანატრულებულს.“

დიახ, ახალ ეპოქას, „კომუნისტების მტკიცე პარტიას“ უმადლის ის ამ ბედნიერებას და არა მარტო ერეკლეს „დაძმობილების ტრაქტატს“. უფრო მეტიც, აქ მეფის სახელის ხსენების შემდეგ რევოლუციის ბელადის შესახებ ნათქვამია:

„გახსოვს? ლენინმა გულში ჩაგიკრა,
როცა აანთო მთელი სამყარო!...
ჩემო ჭოროხო, დაუკარ ჩანგი,
შენც იჭიკჭიკე გუდამაყარო.“

ავტორის მიერ შექების და დიდების ღირსია ის, ვინც დიდ ოქტომბრის ყლორტებზე ამყნო კაცობრიობის ბედნიერება.

აქედან მხოლოდ ერთი დასკვნის გამოტანა შეიძლება: თუკი ნაწარმოები არ აკმაყოფილებს ლიტერატურულ მოთხოვნათა კრიტერიუმებს, იგი არ უნდა დაიბეჭდოს (ხსენებულ შემთხვევაში ამოღებულია 10-ზე მეტი სტროფი). რედაქტორებს არ აქვთ უფლება, თავისი მოსაზრებების შესაბამისად შეკვეცონ ნაწარმოები, გამოტოვონ სალექსო სტრიქონები. ამით არა მარტო პოეტის ნააზრევი იცვლება (იმის მიუხედავად, მოგვწონს ის თუ არა, მათაც აქვთ მნიშვნელობა თუნდაც ფაქტობრივი თვალსაზრისით), არამედ ლიტერატურის ისტორიკოსიც შეგვყავს შეცდომაში. გავიხსენებდი ბოდლერის ცნობილ სიტყვებს, ფრანგმა პოეტმა თავის რედაქტორს რომ მისწერა: „ამოიღეთ მთელი ნაწარმოები, თუ თქვენ ამ ნაწარმოებში არ მოგწონთ მძიმე, მაგრამ ნუ ამომიშლით მძიმეს, მას აქვს თავისი აზრი!“ (77, 46) ნიკო სამადაშვილის შემოქმედება მხოლოდ ახლა იმკვიდრებს თავის ადგილს მრავალსაუკუნოვანი ქართული ლიტერატურის ისტორიაში და ამდენად, არა მარტო სასურველია, არამედ აუცილებელიც, რომ ის თავისი რჩეული სახით წარსდგეს პროფესიონალური სამყაროსა თუ ჩვეულებრივი მკითხველის წინაშე (თავისი კონიუქტურითა და პრინციპულობით).

პოეტს ერთგან ასეთი სტრიქონები აქვს:

„მთა მედიდური, მთა დანახავსი,
მაღალი, როგორც ჩემი სამშობლო.“

ნიკო სამადაშვილი იმ სიმართლეს ეძიებდა და ჭვრეტდა, რომელსაც ქმნიდა მისი შორეული წინაპრის მეომარი და შემოქმედი სული.

***

ელზა ტრიოლე წერდა: როცა ჩემი ნაწარმოებები გადავიკითხე, იმანაც გამაოცა, რომ სხვადასხვა პერიოდის წიგნებში არა მარტო აზრების განმეორებას წავაწყდი, არამედ ამ აზრების სიტყვიერი გამოხატვის მსგავსებასაცო (78,52). ნიკო სამადაშვილთან განწყობილების ერთგვარობა მონოტურობის საშიშროებას ქმნის; მაგრამ ყოველი განმეორებული ინტონაცია მოწოდებულია განსხვავებული მხატვრული საშუალებით და ამდენად, იძენს სხვაგვარ პოეტურ ხატებას.

ყოველდღიურ ცხოვრებას თავისი პრობლემები მოაქვს. ამგვარ მოვლენათა თავისებური ქრონიკაა ლექსი „ფერისცვალება“:

„მარტო უზიხარ საწერ მაგიდას,
გული არ გერჩის რამე დაწერო.
გარეთ ბინდია - ქარის მაგივრად
და ზარი კივის საბედისწეროდ.“

შემოქმედებითი კრიზისი, დროებითი გამოფხიზლება სულისა, ზმანებისა და ოცნების სამყაროდან:

„ზიხარ მარტოკა, უცქერი კედლებს,
გარეთ ცა ელავს, თან წვიმებია -
მაღლა ვეღარ სწევ ჩაქნეულ ხელებს,
ტირილიც ვეღარ გიწამებია.“

პოეტური სახეებით დატვირთული ამავე ლექსის ერთ-ერთი სტროფი მხატვრულად იმეორებს იმავე აზრს - ზემოთ მოცემულს:

„ჩემად იცვლები აჭრილ სისხლისგან.
გადასჩვევიხარ ლანდებთან ბაასს,
გზებზე სუყველას ჩაუწიხლიხარ,
უმზერი კედლებს, უცქერი საათს.“

ამ სამყაროში ვერ გაიგონებთ ხმამაღალ ხარხარს, ყურს ვერ მოგჭრით გულიანი სიცილი, არამედ ღიმილი „ბაგეთა ოდნავ შეეტყობოდეს“; აქ დიდი სულიერი ტკივილით გამსჭვალული ადამიანები უნიღბოდ დადიან:

„გათენდა ისევ, გამომეღვიძა,
ნუთუ ეს არის სულის ცხონება?
თავზე მადგია, ვით შავი ძიძა
წყალწაღებული ჩემი ცხოვრება.“

(„გათენდა ისევ, გამომეღვიძა“)

იმავე სიმძაფრით მეორდება იგივე განცდა ლექსში „დაითენთა“:

„წინ ფერს იცვლიდა სიცარიელე.
თერხვს ამოჰქონდა ქვესკნელის ხიდი.
ყელში ხრჩოლავდნენ მღვრიე ცრემლები,
უკან - შავბნელი დღეების რიგი.“

„შავი ძიძა“, „შავბნელი დღეები“... ნიკო სამადაშვილთან სიბნელის, სიცივის, სიმძიმის, მომავლით დამთრგუნველი შავი ფერი მის ცხოვრებასთან კონტექსტში არცთუ იშვიათად იხმარება და ეს არ ხდება სხვა კონკრეტული ფერებისა და სახეების ფონზე. უამრავი მაგალითის მოტანა შეიძლება:

„ჩემი ცხოვრება გულზე გაწვა შავი ლოდივით“

(„ძალო ეკატერინეს“)

„ჯერ კიდევ თითქმის დედიშობილას
ტყის ქარიშხლები მაცმევენ შავებს.“

(„შეხვედრა“)

„გამოვალ გარეთ, გავიხურავ უიღბლო ჭიშკარს,
მივესალმები ჩემს ეზოს წინ ატუზულ ხეებს,
ტუჩზე შემრჩება ამღვრეული ბედის ჭაშნიკი.“

და სინანული, სივალალე გაშვერილ ხელებს, - წერს პოეტი ლექსში „გარეთ“. ამ სტროფებს სევდა მოაქვთ. უკმარობის გრძნობა, გრძნობა მიუღწევლობის, ფუჭად ჩავლილი წლების სინანულისა:

„ღამეა, ბუხრის ცეცხლი გუზგუზებს,
გარეთ ტირიან ცივი მინდვრები.
ვზივარ, სიცოცხლეგაბეზრებული,
სისხლი მიშრება, ვატყობ, ვფითრდები.“

(„დარდი ბუხართან“)

სიტყვა ზედმეტია. სტატიკურია სურათი.

ნ. სამადაშვილი განსაკუთრებული ფსიქოლოგიური განწყობის მხატვარია, რომლის ლირიკული გმირის ტკივილების მოშუშება შეუძლებელია ნაჩქარევად. ეს ის კაცია, ვინც სივრცეებსა თუ ქვესკნელებს ჯიქურ უყურებდა, მძაფრად განიცდიდა წარსულისა და აწმყოს ტრაგიკულ მოვლენებს, „ვისაც გრიგალმა ვერ მოაგლიჯა წყვდიადი, მკერდზე დამაგრებული.“ („უკუღმართობა“)

როგორც ითქვა, ყოველდღიურ ყოფას თავისი პრობლემები და საზრუნავი მოაქვს. ფაქტია, რომ ცხოვრებისეული რეალობა ვერ იქცევა დაუსრულებელ ჰარმონიად. ყოველი დღე ახალი შთაბეჭდილებებით ივსება. ამავე ლექსში პოეტი იყენებს მკითხველთან უშუალო გასაუბრების, უფრო სწორად კი შეკითხვის ფორმას:

„რა ექნა, იყო ქვა თუ ზეკაცი,
ვისთვისაც ზეცა დაპატარავდა.
ვისაც არ ჰქონდა სარკმელი მზისკენ
და რიჟრაჟებში შუქს იპარავდა!
რა ექნა იმას, მგზავრო, მითხარი...“

ამგვარ შემთხვევბს გულისხმობდა მ. ზანდუკელი, როდესაც წერდა: ამა თუ იმ მოვლენის თუ საგნის მნიშვნელობა რომ უფრო მკვეთრად გახსნას და თავისი დამოკიდებულება მოვლენებისადმი უფრო მეტი სისრულითა და უშუალობით გამოხატოს, მწერალი იყენებს მიმართვის, შეკითხვის, უარყოფის ამ მტკიცების ხერხს (79, 268). ამგვარ ხერხთა მონაცვლეობა კი ხშირია სამადაშვილის ლექსებში: ხან იშვიათად მსუბუქად მოსმული კალამი, გვერდიდან მაცქერალი ირონიული მზერით, ხან კი ისეთი პირქუში და მძიმე სტრიქონები პოეტისა, როცა თითქოს დროის შეჩერებას ლამობს. ეს არ არის ის ლამაზი და აღფრთოვანებული ფრაზა: „შეჩერდი წამო, რა მშვენიერი ხარ“, არამედ ესაა უტყვი კივილი სულს რომ მობჯენია:

„შენი არ ვიცი მე დავითენთე,
სად არის, სადა... ქვეყნიერება?
როგორ არ მინდა, რომ ხვალ გათენდეს,
როგორ არ მინდა ბედნიერება.“

(„სად არის, სადა!“)

ამ კონტექსტში ინტერესმოკლებული არ იქნება გავიხსენოთ ტიციან ტაბიძის ერთ-ერთი ლექსის სტრიქონები:

„დღემ მოატანა ალაზანამდე
ნისლის შავი ზღვა რომ გადათელა.
დღეო, ნეტავი აღარ დაღამდე
თუ დაღამდები, არ გაგათენა.“ (80, 605).

ამ ლექსებს განწყობილებათა კარნახით დაწერილად თუ მოვიაზრებთ, უნდა ვაღიაროთ. რომ ის განწყობილება მძაფრია და სუბიექტივიზმით დაყურსული.

ნიკო სამადაშვილის მიერ „უარყოფილი ქვეყნიერება“ ხანდახან ძალიან მატერიალურად განსახიერდება მის პოეზიაში, ყოველდღიურობის დაღით აღბეჭდილი, თუმცა საინტერესოდ და მძაფრად გადმოცემული. ასეა უსათაურო ლექსშიც - „მივალ, კარებზე უდევთ ურდული...“

„მივალ, კარებზე უდევთ ურდული,
დავაკაკუნებ, ხმას არავინ მცემს,
და რომ ვაცხოვრო ჯალაბი კრული,
გარეთ ქუჩაში ვეძებ ნამცეცებს.
დავაბრახუნებ კარს კიდევ მძლავრად,
ყველამ გამრიყა... ვიღაც მტარვალი,
ალბათ, ყვირილზე ხალხს მომიგროვებს.“

„უკვე კარგა ხანია, რაც უარი ვთქვი ესთეტიკურ პატივმოყვარეობაზე, - წერდა ჰერმან ჰესე ერთი განსაკუთრებული შემთხვევის გამო, - და ნაწარმოებებს კი არ ვწერ, არამედ აღსარებას: ასე დასახრჩობად განწირული ანდა მოწამლული აღარ ზრუნავს დავარცხნილ თმაზე ან ხმის მოდულაციებზე - იგი ყვირის...“ (81, 14) ასეთივე განწირულის ღაღადისი ამოიკითხება ნ. სამადაშვილის პოეზიაში. აქ არ არის ლიტონი აღტაცება, ცრუ აღფრთოვანება. ყოველივე ამათ ცვლის პოეტის მიერ მიღებული ერთგვარად მძიმე შთაბეჭდილებანი. ამდაგვარადვეა იგი გადმოცემული ლექსში „გადმორბენა სამყაროსკენ“:

„მე გადმოვრბოდი. ცრემლი გალობდა.
ხან ქარიშხლების სვეტებს ვეყუდე...
ხატებთან ენთო: უბინაობა
და კამარებში მტრედების ბუდე.“

ემოცია კიდევ უფრო მძაფრდება შემდეგ სტროფში:

„მიწები ჩანდნენ, ოდნავ ეძინათ.
ღამე ლოკავდა ყვითელ სამრეკლოს,
მინდოდა: ზეცა გადამერბინა
და საფლავები სტვენით ამეკლო.“

ვერ გავიზიარებთ ს. ჟორდანიას მიერ გამოთქმულ მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ „წარმოსახვის ენერგია, სტილის ექსპრესიულობა მეტყველებს იმაზე, რომ პოეტი წლობით ატარებდა გულში დარდის იდეას. დიახ, დარდის იდეას და არა მხოლოდ დარდს, მხოლოდ გრძნობას, ვინაიდან განსაზღვრული განწყობილება, ღრმა და ხანგრძლივი კაეშნის განცდა, ყოველგვარი უარყოფითი (თუ დადებითი) ემოცია ჭეშმარიტი ტალანტის შემოქმედებაში განსაზღვრული იდეის, განსაზღვრული თვალთახედვის ნაყოფია. გვებადება კითხვა, - აგრძელებს მსჯელობას მკვლევარი, ხომ არ არის ნიკო სამადაშვილის განწყობილების, მისი სევდის საფუძველი აკვიატებული აზრი იმის შესახებ, რომ პოეზია დარდს უკეთ ესადაგება ვიდრე სიხარულს? თუკი ეს ასეა, მაშინ პოეტის სუბიექტური თვალსაზრისი ხელოვნებაზე მცდარი უნდა იყოს“ (82, 51). ვიზიარებთ გ. ბენაშვილის მოსაზრებას, როდესაც ის წერს: „ნიკო სამადაშვილის კაეშანი სულის ბუნებრივი მდგომარეობა, მისი სიღრმიდან მომდინარე შთაგონების იმპულსია. ის ისეთივე ორგანულია მისთვის, როგორც სიცოცხლე“ (83, 32). თუმცა მოულოდნელად ავტორი რამოდენიმე გვერდის შემდეგ სხვაგვარ თვალსაზრისს გვთავაზობს. კერძოდ, „როგორც ყოველი ნაღდი ლირიკოსისათვის, - წერს ის, ამ უჩუმარი და უპრეტენზიო შემოქმედისათვისაც არაგულწრფელი ყოფილა სევდა, რომელსაც დასაყუჩებლად ბოლომდე სხვას გადაუშლი, რადგან ეს თავის მოტყუებაა და სხვა არაფერი.“ მგონია, მკვლევარი შორეულად მ. ლერმონტოვის ერთხელ გამოთქმულ შეფასებას ავითარებს, როცა ეს უკანასკნელი აცხადებდა: რუსოს აღსარებას უკვე ის ნაკლი აქვს, რომ იგი მას თავის მეგობრებს უკითხავდაო (84, 61). ნიკო სამადაშვილიც უკითხავდა თავის ახლობლებს ლექსებს, თუმცა ვფიქრობ, ის ბოლომდე გულწრფელი რჩებოდა, არაფრის შელამაზებას ან ხელოვნურად გამართლებას არ ცდილა. ლექსში „ქაოსებს შორის“ ის წერდა:

„ნამტირალევი მოვდივარ დღესაც,
სადაც არ მივალ, ყველგან ღამეა.
ნეტავ ჩემ გულში ჩამოგახედათ,
რამდენი კვნესა და ვარამია.“

ლექსში „განზე სიარული“ ნატურალისტური პასაჟიც კია მოხმობილი:

„რა წყალს მივეცე, როგორ მარტო ვარ,
რა უგვანოა სიცოცხლე გრილი.
იმ დღეს ღვინის ფულს ვთხოვდი მათხოვარს
და ვუკითხავდი ლექსებს ტირილით.“

დიდი ქართველი მწერალი კონსტანტინე გამსახურდია ერთგან წერდა: თავად მასალა თხრობისა იძლევაო სტილს, ინტონაციის გასაღებს (85, 596). სწორედ მასალამ განსაზღვრა პოეტის ამგვარი ტონი.

ნიკო სამადაშვილის ლექსი „თამაზი“ ერთ-ერთი საუკეთესოა მთელ მის პოეზიაში. ესაა განდობაც, აღსარებაც და ანდერძიც ერთბაშად. იმ კაცის მონოლოგი

„ვინც ჰგავდა თოვლზე გადაღვრილ ღვინოს,
ვინც გულს ჩასტირა და ჩაისეტყვა.“

ჯერ კიდევ ხის ცხენით მოთამაშე უზრუნველი ბავშვის სული ვერ იგრძნობს მშობლის განცდებს:

„მამა ლოთობით რომ ამოიხრჩო
და შენ უგონოდ ებრალებოდი.“

ეს იყო „მწუხარებით ლოთობა“.

იყო პოეტი, ამბობს ჰ. იბსენი, ნიშნავს მსაჯულად მოევლინო საკუთარ თავს. პოეზია ერთ-ერთი ფორმაა, რითაც ადამიანი თავის თავსა და თავის ცხოვრებას განიკითხავს. იგი თვითშემეცნებაა და თვითკრიტიკაა (86, 94). შვილისადმი მიძღვნილ ლექსში პოეტმა ყველაფერ თქვა საკუთარი თავის შესახებაც.

ცრემლებით გაჟღენთილი „განჯინის“ ძირში დაყრილი ფურცლები შვილს მამის ტკივილებზე დააფიქრებენ. ბავშვს, რომელსაც ჯერ კიდევ არა აქვს შეცნობილი ცხოვრების საზრისი, მისი არსი; ტკბილად მძინარს სიზმრები არ აშფოთებენ.

„იძინე, თამაზ, არ გაგაღვიძებ,
წარმავალობას შენ რას დაეძებ...
ღმერთო, ბავშვობა როგორა გშვენის.“

და ბოლოს, დარიგება და ანდერძი ერთბაშად:

„იცოდე ქვეყნად კაცის გარჩევა,
მკვდარი ცისკრის დროს გამომიტანეთ,
ალბათ შენს თოთო ხელებს დარჩება
ჩემი ცხოვრების ყრუ მატიანე.“

თუ ლექსი და ღვინო დასაბამიდან ერთმანეთის საბედისწერო შთაგონებას წარმოადგენდნენ, ქართულ პოეზიაში მათი დაძმობილების ერთი თავგამოდებული ადეპიც ნიკო იყო, რომელმაც, ალბათ, ერთ-ერთმაც ღვინის სმა აქცია პოეზიის რიტუალად, აუცილებლობად და ვალდებულებად (87, 151), - წერდა ი. იმედაშვილი.

„მთვრალი ვარ ღვინით, მივალ, ვტორტმანებ,
ჩემ გულში მღვრიე სიცოცხლე ღმუის,“ -

წერდა პოეტი ლექსში „ადევნება“. არ იყო ეს მოულოდნელი, რამეთუ „ღვინოშია ჭეშმარიტება“ - იმ ეპოქის არაერთმა პოეტმა გაიზიარა. ტ. ტაბიძეს ხომ ასეთი ირონიული სტრიქონებიც აქვს:

„შემიძლია დავიჩემო, რომ სიზარმაცის
ნამდვილი ღმერთი ვარ.
და თუ ამას დაემატება,
რომ ლოთობა ჩემი სტიქიაა -
ჩემზე ეროვნული პოეტი
არ ყოფილა საქართველოში.“

დრო განუსაზღვრელია და წინასწარ გაუთვალისწინებელი:

„ის ყოველ ღამე დაეძებდა ტიალ სარდაფებს.“

(„ის ყოველ ღამე...“)

ან:

„დამათენდება ნამთვრალევ პოეტს.“

(„ხვალ“)

ვფიქრობ, გარდა ბოჰემისა, ამ ფაქტორზე პოეტის ბიოგრაფიის მძიმე დღეებმაც გარკვეულწილად იმოქმედეს:

„და დამელია ბნელ ლუდხანაში
ჩემი ცხოვრების შესანდობარი.“

(„ხე ეკლესიის მათხოვარ ჰგავდა“)

ნიკო სამადაშვილი სათქმელის გაზიარების სხვადასხვა ფორმას ეძიებს, რიგ შემთხვევაში წერს თითქოს სხვაზე, სხვაზე გვიამბობს, მაგრამ საკუთარ თავს გულისხმობს.

ის ჩუმად წერდა, თითქოს მალულად,

უყვარდა ნისლით ნალექი გზები, - წერს იგი ლექსში „ქურდი“. ამ „მეორე“ გმირზე უფრო დეტალურად პროზის განხილვისას ვისაუბრებთ. ლექსში „გზათა ვალალობა“ კი წინასწარ იგრძნობა მომდევნო სტრიქონების სევდა:

„საღამო ხანი ზარებსა რეკდა,
ჟრუანტელს ჰგვრიდა ცას ხმის სიამე,
ის კი საკუთარ ცრემლებსა კრეფდა,
რომ არ ენახათ ადამიანებს.“

უთქვამთ: ადამიანთა ქმედებანი უთუოდ მათივე წარსულითააო შეპირობებული. სწორედ ამ წარსულს უცქერის პოეტი ტკივილით, სევდით და ხანდახან ირონიითაც კი. ლექსში „პასუხი“ მიმართვის საგანი მეორე პირია, მაგრამ იოლი ამოსაცნობია, რომ ის სწორედ თავის ორეულს მიმართავს:

„გავაღებ ფანჯრებს, გავხედავ ქალაქს,
ქუჩებში სიცხის ბუღი იდგება.
შემოვბრუნდები, ფანჯრებს ავქოლავ
და გული მწარედ ამიდუღდება.
შენ კი იდექი, მანდ, გლახასავით
უმზირე ხალხის ბედნიერებას.
და უკაკუნე კოდალასავით ვრცელ და ფუტურო ქვეყნიერებას.“

ნიკო სამადაშვილთან სიკვდილის მტკივნეული პრობლემაც ფიქრისა და მსჯელობის საგანია. ერეკლე ტატიშვილისადმი მიძღვნილ უსათაურო ლექსში პოეტი იმ დასკვნამდე მიდის, რომ:

„დრო საუკუნის ჯახაჯუხში ჩაისრისება,
და ეგ ცხოვრებაც მოთავდება, როგორ ბალადა.“

სიკვდილის მოსვლის ისეთი ხატოვანი სურათია წარმოდგენილი, რომ სტრიქონების კითხვისას თვალნათლივ წარმოგვიდგება აღწერილი:

„ეხლა დადიხარ და ხეებსაც კი ერიდები,
ხან არც კი გინდა, რომ ბინაში შემოგყვეს ჩრდილი,
ცოტა ხანს კიდევ... იმის მერე, რომ დაბერდები,
ეგ თავის ქალა კლდეს ექნება პირში გაჩრილი.
და შენს ხერხემალს სალამურად გამოიყენებს
არმაზის კერპი ან ქარების ტიალი დოღი,
სანამ გრიგალებს შენს ძვლებს კვერთხით დააყრევინებს
გოლგოთის მთიდან მორეკილი ღმერთების ჯოგი.“

ლექსში „უცნაური ხელობა“ თავად პიროვნებაა წარმოჩენილი, რომლისთვისაც სიკვდილი არარაობად ქცეულა. იგი ჩვეულებრივ ხვდება ამ საშინელ ფაქტს და ადამიანთა ბოლო სასუფეველში გაცილებაც თავად უკისრია. მაშინ, როდესაც ურემზე დასვენებული მიცვალებულის დანახვაზე ნიშა ხარები აზმუვდებიან, ქანდაკებები იყვირებენ „და კრუხებივით დაფრთხებიან ციდან მზეები...“ მაშინ:

„ჩამობნელდება... მტირალ წნორებს წაუვათ გული.
უკვდავებაა, სიცოცხლეზე რომ ისეირნებს.
და მესაფლავე მახინჯ მხარზე ბარგადებული
სასაფლაოზე პურის ჭამით გაისეირნებს.“

სიკვდილისეული განცდები პოეტს არაერთ ლექსში აქვს დახატული.

სულს როცა ლევდა, უკანასკნელად ბოროტ თვალებით გაჰხედა ველებს, - წერს იგი ლექსში „სამანი“ და მკითხველი გრძნობს სულთმობრძავის უკანასკნელ გაბრძოლებას, მის შურს ცოცხლად დარჩენილთა მიმართ. გარდა ამ გრძნობისა, სხვა ლექსში („თვალს არ აშორებდა“) იგრძნობა დიდი გულდაწყვეტაც ამ ღვთაებრივ ბედნიერებასთან -სიცოცხლესთან განშორების გამო:

„ცისკრის ამოსვლა ბეწვზე ეკიდა,
ნანგრევს დაეხრა სამრეკლოს კარი,
ის მიდიოდა და მაინც კიდევ
სულ სიცოცხლეზე ეჭირა თვალი.“

თავადაც უხმაუროდ წავა წუთისოფლიდან, გულდაკვამლული, წავა და მაინც „სიცოცხლეზე დარჩება თვალი“.

წერილი არქივიდან:

„მთავარი შთაბეჭდილება, რომელსაც თქვენი ნაწერები იძლევა, ჩემის აზრით, არის სამყაროს დაშლის შეგრძნება. რაღაც კოსმიური ტრაგედია, რომელსაც ზოგიერთი სხვა თანამედროვე მწერალიც გრძნობს, მაგრამ სულ სხვანაირად გადმოსცემს“ (89, 1) - 1953 წლის 3 აგვისტო. გერონტი ქიქოძე.

ლექსში „ჩემი ფეხის ხმა მთვარისკენ“ პოეტი წერდა:

„უსაზღვროებას გავცქერივარ, მივეხეტები.
ღამე ზრიალებს, ქარიშხლები ემატებიან.
რა ამბავია? - ქვებზე დამჯდარ ქარს ვეკითხები,
რომ გუგუნებენ? - მიმავალი პლანეტებია...“

ნ. სამადაშვილის ლექსებში დიდი პანორამის ესკიზები იხატება, გაიაზრება კოსმიური მასშტაბები. ლექსთა სათაურებიც მეტყველებენ ამაზე: „გადმორბენა სამყაროსკენ“, „ჩემი ფეხის ხმა მთვარისკენ“. „დაუსაბამობის ხილვა“. რამდენიმე მათგანს კი ქვემოთ, სადაც ლექსის შექმნის თარიღი თუ ადგილი მიეთითება ხოლმე, მიწერილი აქვს: „მარადისობის ნაკამარევი“ ან „შეშლილი ბინდების ჭიშკრებთან“.

„...დედამიწაზე
ნეტავი რისთვის შემოვეხეტე?!“

(„წაშლილი კვალი“)

ეს სიტყვები დამახასიათებელია სამადაშვილის აზროვნებისათვის. შემოქმედი დგას „დაუსაზღვრელი კოსმოსის“ წინაშე და ამგვარად აღქმულ სამყაროს მხატვრულად ხატავს ლექსებში:

„აჰყე პირდაპირ ქედს, მთის ხერხემალს.
ცრემლებსაც ნუღარ ჩააცივდები.
აჰყე, არ დასძრა არსად კრინტი, ხმა
და სამყაროებს გადასცილდები“.

(„ქედი სივრცეში“)

ან კიდევ:

„ვინც ლაჟვარდებში მუხლის ჩოქით გადაიპარა,
ფრთხილად წამოდგა და გასწია, ვინ იცის, საით...“

(„ბინდი“)

პროზაულად: სად მიბზუის ჩვენი დედამიწა?.. რად ბღავის უსაზღვროების ხრიოკ მინდვრებში?

(„მეწისქვილე“)

ამგვარი ხილვები გამოარჩევს მას სხვა პოეტთაგან. ასეთ მასშტაბებში გაიაზრება მისი მსოფლგანცდა. ლექსში „ღია ბარათი“ პოეტი წერს:

„მოუყევ: ქარებს გადაჰყვა ღამე,
რაღაც საოცრად წაიმხედრულა,
ორჯერ იკივლა სამყაროს გაღმა
და უკან აღარ დაბრუნებულა.“

სივრცეთა აღქმა გარკვეულ ლოკალსაც გულისხმობს.

„ჩვენ გვეშინოდა ღია კარებთან,
აქ წუთისოფლის, იქ გრიგალების.“

(„ფილტვების სიყვითლე“)

პოეტისეული დაყოფა: „აქ“, „იქ“, „გაღმა“, „გამოღმა“ შემთხვევითი მხატვრული ხერხი არაა; პირიქით, ესაა მისი მსოფლმხედველობის გამოხატულება. მართალია, მკვეთრადაა გამიჯნული ურთიერთისაგან „სააქაო“ და „საიქიო“, მაგრამ აზრობრივი მოდელი ერთ განუყოფელ მთლიანობას ქმნის.

„შენ კი მიწის ქვეშ შემოგაგდებენ
ხელიღლიაში კუბოამოჩრილს.
მოიღრუბლები. მკერდში ჩაიტვრენ,
ფრთხილად ჩაჰყვები უღრან ნაპრალებს,
გამოღმა განგებ მძლავრად დამისტვენ,
მე კი ამ სტვენას ქარს დავაბრალებ.“

ლექსში „დამშვიდობება და სინანული“ სიკვდილით არ მთავრდება ყოველივე, ეს არაა დასასრული. გარდაცვლილსა და ცოცხალს მხოლოდ მანძილი („გამოღმა“) აშორებთ. ამჯერად, მათ შორის ურთიერთობის სახეცვლილი ფორმა მყარდება.

...სიცოცხლიდან
მერე ვარსკვლავებს გაღმა გაფრინდა.

(„უკუღმართობა“)

ეს მხოლოდ დედამიწიდან გასვლაა, რადგან „მკვდარი დედამიწიდან გადის და არა სამყაროდან“ (მარკუს ავრელიუსი). ამგვარი მხატვრული აზროვნება უცხო არაა ქართულ პოეზიაში. ამ მიმართებით საინტერესოა შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ ერთი ეპიზოდი, სახელდობრ, როცა ავთანდილი ლომ-ვეფხვთან შერკინების შემდგომ ტარიელს პოულობს, პოეტი ასე აღწერს სურათს:

„რა ტარიელ დაინახა, განაღმაცა დაეღრიჯა:
ახლოს მყოფი სიკვდილისა ჯდა და პირი დაებღნიჯა,
საყელონი გარდეხივნეს, თავი სრულად გაეგლიჯა,
მას აღარა შეესმოდა, სოფლით გაღმა გაებიჯა.“ (90, 185).

„სოფელი სამ სახედ ითქმის - განმარტავს სულხან-საბა ორბელიანი, საუკუნო იგი სოფელი და წუთის სოფელი, და კაცის ბუნებაც სოფლად ითქმის“ (91, 287). ამ შემთხვევაში ამ ქვეყნიდან, წუთისოფლიდან გასვლაა მგოსნის მიერ ნაგულისხმევი. ტარიელს „გაღმა გაებიჯა“, ე.ი. სიცოცხლის ნიშანი აღარ ეტყობოდა, რადგან იგი იყო „ახლოს მყოფი სიკვდილისა“.

ცნობილი ქართველი კრიტიკოსი კიტა აბაშიძე თავის დროზე წერდა: ქართველი მწერლები გაურბიან სიკვდილის პრობლემას და ყურადღებას არ აჩერებენო მასზე. არადა, განსაკუთრებით ყურადსაღებია ეს მომენტი ნ. სამადაშვილთან. „დასამხრებული სიცოცხლე“ გმირებში გადასული ავტორისა, რომელიც იდუმალ ვარსკვლავდამარცვლულ ბნელ ღამეებს ადარებდა თავს და დანანებით ეთხოვებოდა უთქმელ ლექსებს საოცარი ხილვებითაა აღსავსე. ერთ-ერთი მოთხრობისათვის ასეთი ეპიგრაფი წაუმძღვარებია:

„რა არ გინახავთ, ცხედარს წასვლა რომ უხაროდა
და თავის ხელით რო იბნევდა საკინძის ღილებს?“

მოულოდნელად მოწოდებული ასეთი მხატვრული სახე ერთგვარად გვიბიძგებს, რომ ნაწარმოების კითხვა სხვა განწყობით გავაგრძელოთ. სულიერ სახმილს გამოვლილი განცდები სხვადასხვანაირად წარმოდგება.

„შენ კი ჩადრივით მოგისხია მხრებზე სიცოცხლე.“

ეს, ერთი შეხედვით, მსუბუქი შედარება დიდ დატვირთვას მოიცავს. გაორება თუ საკუთარი სხეულის გაუცხოებაა ეს პოეტისა,

„ვისაც სიცოცხლე სიკვდილისაკენ
მიჰქონდა, როგორც უგრძნობელ მხედარს.“

(„ვინ იყო“)

ლექსში „სინანული“ პოეტი წერს:

„იცი, სიცოცხლეს რომ ყოველ დილით,
ვშანთავდი ჩემი ცხელი თითებით?“

ლიტერატურული რემინისცენციის მეშვეობით გაგვახსენდება მირზა გელოვანის „დისადმი“ მიძღვნილი ლექსის სტროფები:

„ჩემივ საკუთარ ტვინს გასთხრიდნენ ჩემი თითები.“ (92, 57).

ხილვა ზოგჯერ პარადოქსამდეც კი მიდის, არარსებულ სფეროებს წვდება.

„კუბოში კიდევ ნატრობდა სიკვდილს.“

(„ღვინის სარდაფში, ანთებულ კვარზე...“)

ასეთი მომენტის შესახებ გეი „სიტყვის ხელოვნებაში“ აღნიშნავდა: „ის, რაც არ არის, არსებობს - ეს პარადოქსია, მაგრამ, ახდენს რა არარსებულის მოდელირებას, ლაპარაკობს რა შეუძლებელზე, ხელოვნება წვდება რეალურის ისეთ სფეროებს, რომლებიც მიუღწეველია შემეცნების სხვა სფეროებისათვის“ (93, 220).

დიდია ქართული აგიოგრაფიული ძეგლის, იოანე საბანისძის „წამება წმიდისა და ნეტარისა მოწამისა ქრისტეისისა ჰაბოისი“ მნიშვნელობა, იქნება ის ისტორიული თუ მხატვრულ-ლიტერატურული. ამ უკანასკნელიდან გამოვყოფთ ერთ მათგანს და გავიმეორებთ აწ უკვე გაცხადებულ ჭეშმარიტებას, რომ ამ ნაწარმოებში მოცემულია პოეტური ნათელმხილველობის შესანიშნავი ნიმუში. მოვიტანთ ნაწყვეტს:

„ხოლო იგი (ჰაბოი - რ. ნ.) მივიდოდა, ვითარცა ვინ მოგზაურ ექმნის მკვდარსა, ეგრე ხედვიდა თვისსა მას გვამსა“ (94, 77); ე.ი. წმინდანი აბო ისე მიჰყვება და ხედავს საკუთარ გვამს, როგორც სხვა პიროვნება. აგიოგრაფიულ ძეგლში გადმოცემულის პოეტურ პერიფრაზად არ აღიქმება ნიკო სამადაშვილის ლექსი „ჩემი პორტრეტი“, თუმცა ხილვა აქაც იმგვარივეა, გამძაფრებული და მოულოდნელი.

„ბოღმა კვამლივით მედება ყელზე
ირგვლივ რიყეა, უდაბნოს ქვები.
ისე დავდივარ ამ ქვეყანაზე,
თითქოს საკუთარ ცხედარს მივყვები.
სადღაც კიაფობს მთვარის ბულული -
შუქი დამეძებს, უნდა რომ სწუხდეს,
თითქოს მე ვიყვე გამოქვაბული
და ჩემ ქვეშ სისხლის მდინარე ჰქუხდეს.“

პოეტი, რომლისთვისაც „სიცოცხლე ტანზედ დაიკლაკნება“ („ფერფლი“) საკუთარ ორეულს ისე უცქერის, რომ ეს ალბათ, სწორედ ხილვას თუ დაედრება.

ჩემს საკუთარ ჩრდილს წამოვისხავ ზამთრის ღამეში, - წერს ლექსში „კარების გაჯახუნება“, ან მისივე ბოლო სტრიქონი:

„და ჩემს მკვდარ სხეულს ჩემი ხელით დავასაფლავებ.“

ამგვარი პოეტური სახისმეტყველება არაა უცხო XX საუკუნის ქართველ მწერალთათვის.

მაგალითები:

. მიწიშვილი: „მე გადაგიხდი საფლავში ქორწილს“ (95, 794).

(„ფანტასტიკური ქორწინება“)

. ტაბიძე: „მე საფლავშიც მასზე ვტიროდი“ (96, 315)

(აჩრდილთა გოდება“)

. გაფრინდაშვილი:

„კვლავ მომელანდება სასტიკი ლანგარი,
მასზედ მოკვეთილი თავით რომ ვტიროდი.“ (97, 7).

(„ყელსახვევის პოეტიკა“)

იმავე პოეტის: „რომ ჩემ საფლავში ვიოცნებო დამპალ მთვარეზე“ (98, 5) („ძონძებში“).

ჭ. ლომთათიძე: „მე ვდგავარ დაჩოქილი ჩემი ცხედრით სავსე კუბოს წინაშე და ვიღვრები ცრემლად“ (99, 273).

არაერთი მაგალითის მოტანა კიდევ შეიძლება.

ამგვარ საკითხთა გაანალიზება და პარალელების შეჯერება მით უფრო საინტერესოა, რამდენადაც ევროპულ ლიტერატურათმცოდნეობაში მუშავდება არაერთი ასპექტი და მათ შორის ასეთი დასათაურებითაც: „სიკვდილის მოტივები თანამედროვე პოეზიაში“. ნიკო სამადაშვილი ერთგან წერდა: „პოეზია სიმინდის ქოჩოჩი როდია. ის გულამოსკვნილი სიმღერა არის, ის ხელოვნების ცისკრის ციმციმზე და მარადისობის ატეხილ ზარების ჰანგებზე როკავს... უკიდურესი სასოწარკვეთილებაც არ არსებობს ცხოვრების გარეშე“. პოეტური სტრიქონებით კი სათქმელს ასე გამოხატავდა: კითხვას სვამდა, რომელშიც შეფარულად პასუხიც იგულისხმებოდა:

„გინახავთ კაცი, საუკუნეს ხმითაც არ ჰგავდეს,
და ყოველ დილით სისხლის ჭოჭი ღვაროს სახლიდან.“

მართალიცაა, ამ რევოლუციებისა და ომების, ნგრევისა და შენების საუკუნეში პოეტს თავისი ზღვარდადებული სამყარო გააჩნია და ე.წ. „ ცხოვრებისეულ სასიცოცხლო მოვლენებს“ თავისი პოეზიით არ ეხმაურება. ლიტერატურაშიც ხომ არაერთი მოვლენა თუ სიახლე იმკვიდრებს ადგილს. ალბათ, ამას გულისხმობდა ქართველი ფილოსოფოსი შალვა ნუცუბიძე, როცა 1957 წლის 14 სექტემბერს ნიკო სამადაშვილს წერდა: „საჭიროა გადამუშავება ჩვენი დროის სამწერლო მოთხოვნილებათა შესაბამისად“ (100, 1). თუმცა, თუ მეორე პოეტის, ტერენტი გრანელის ნათქვამს ვერწმუნებით: „პოეზია... შენი სულის აღსარებაა და მეტი არაფერი. ხოლო ცხოვრება თვით შენს სულშია, ამიტომ პოეტმა შენს სულში უნდა ჩაიხედო უფრო ღრმად“ (101, 33).

„ის დაიღუპა ბედნაკრძალევი,
ბნელოდა, სდუმდნენ დიდი ჭადრები
და კიაფობდნენ შორს ვარსკვლავები -
მარადისობის ჭუჭრუტანები!“

***

ნიკო სამადაშვილის ლექსების ნაწილი მიძღვნითი ხასიათისაა. ამ შემთხვევაში, რასაკვირველია, ავტორს ემუქრება ბანალურობის გარკვეული საფრთხე, მაგრამ საგულისხმოა, რომ იგი აქაც ინარჩუნებს უშუალობასა და სიწრფელეს.

ზემოთ აღინიშნა ნიკო სამადაშვილისა და ერეკლე ტატიშვილის განსაკუთრებული ურთიერთობის შესახებ. ამ უკანასკნელის სახელთან არის დაკავშირებული უნივერსიტეტში საერთაშორისო კერძო სამართლის სწავლება, შემდეგ კი დასავლეთ ევროპული ენების კათედრის ჩამოყალიბება. მათი ურთიერთობა ჯერ კიდევ გორის სასწავლებლიდან დაიწყო და სიცოცხლის უკანასკნელ დღეებამდე გაგრძელდა. ტატიშვილის სამარეს მან (ნიკომ - რ. ნ.) დაადო გათლილი ქვა. მასწავლებელი საინტერესო გაკვეთილებითა და საუბრებით აღვივებდა ჭაბუკის ცნობისმოყვარეობას და უამრავი შეკითხვის წინაშე აყენებდა. მან დიდად შეუწყო ხელი თავისი მოწაფის გონებრივი ჰორიზონტის გაფართოებას.

„ქვეყნიერებას უცქეროდი ათასნაირად,
წარმართ თვალებზე ქრისტეს წყევლა გქონდა აკრული,
მთვარე დაისით გაგითბია, როგორც დაირა,

და ანგელოზებს ულანძღიხარ, მუხლებ დაზრული,“ - წერს პოეტი უსათაურო ლექსში („ქვეყნიერებას უცქეროდი, ათასნაირად“), რომელსაც მას უძღვნის (იგი მოთხრობაშიც „ღრუბლიანი ტაროსი“ აქვს ჩართული შემდეგი განმარტებით: „ლექსი თავის სანატრელ ადამიანს უძღვნა“).

ერეკლე ტატიშვილმა თარგმნა ნიცშეს „ასე იტყოდა ზარატუსტრა“. ავტორია არაერთი საინტერესო ლიტერატურული ნარკვევის. მისდამი მიძღვნილ ლექსში „სიზმრების ნაღვერდალი“ ნ. სამადაშვილს ერთი ასეთი სტრიქონი აქვს:

„აქ არის რაღაც მწველი სიამე,
გულს რომ ჩასტირი და იმალები.
შენი საკანი ან ზღვის ღამეა,
ან დაღუპული ნიცშეს თვალები.“

ნიცშეს სახელი კვლავ ერეკლესთან კონტექსტში გაიელვებს ლექსში „მოგონება“: - „გზებგადამცდარი ნიცშე ბღაოდა“. ტატიშვილთან თავს იყრიდნენ მისი მოწაფეები, ახალგაზრდა მეგობრები. ამ დღეების ერთგვარი გახსენებაა და მასთან, შეფასება ლექსი „სიზმრების ნაღვერდალი“.

„შენ რომ მრევლი გყავს, ისე ამოდის,
როგორც შერისხულ მლოცველთა ხროვა,
იწყება ჭმუნვა მორთხმულ მოგვების
და შორიახლო ავდრების გლოვა.“

სამშობლოზე, სიკვდილ-სიცოცხლეზე საუბარში დრო უსწრაფესად გადის. განსაკუთრებით მოძღვრისთვისაა დღე დატვირთული.

„აგეკვიატე, ნეტა რა ჭირად?
შენ რას აგწერდა რემბრანტის ფუნჯი.
მაგ დროს ხელებში გველი გიჭირავს,
და თვალებიდან მოჩანს ფასკუნჯი.“

კაცი-ფასკუნჯი - ამგვარ მიმართვას პოეტი არა მხოლოდ ლექსებში („სიზმრების ნაღვერდალი“, „მთვრალის შეკითხვა“, „შეხვედრები დღის ბოლოს“) მოიშველიებდა, არამედ პირად წერილებშიც არაერთხელ გამოუყენებია, ასე მაგალითად: 1940 წლის 31 ივლისს გაგზავნილ ბარათშია: „საოცარი ხარ, საოცარი. ჩემო ფასკუნჯო“. ამ ორ პიროვნებას ბევრი რამ ჰქონდა საერთო. ლექსში „მთვრალის შეკითხვა“ მართალია კითხვას: „-გჯერათ თუ არა წარმომავლობა!“ - კაცი-ფასკუნჯი სვამს, მაგრამ ეს ხომ ავტორის საფიქრალიცაა; ავტორის, რომლის განუწყვეტელი ფიქრის საგანი სიკვდილ-სიცოცხლე, წარმომავლობა და უკვდავება, ჭეშმარიტების ძიებაა. ამ კონტექსტში ინტერესმოკლებული არ იქნება მოვიტანოთ ნაკვეთი წერილიდან, რომელსაც ერეკლე ტატიშვილი უგზავნის ნიკო სამადაშვილს: „შენ ეძებ ადამიანს - ჭეშმარიტებას: ვინ ჰპოვა, ან ვის შეეძლო. ვერ ხედავ თვალუწვდენელ ციცაბო კლდესთან ხარ და არ გინდა უკან მიიხედო. ის რაც ადამიანს დასაბამიდან აწუხებდა, ის პილატეს სამსჯავროში გადაწყდა და გადაწყდა ერთი კითხვა-პასუხით წარმართ რომაელის და ქრისტიან ქრისტეს გამოხმაურებით“ (103, 2). ალბათ ამიტომაცაა, რომ მასწავლებლის და ამასთან, დიდი მეგობრის გარდაცვალების შემდეგ ასე დაცარიელდა ქვეყანა. ალბათ, იოლად არ იწერებოდა ლექსის „ერეკლეს“ სტრიქონები“:

„როცა გხვდებოდი, ჩემს საგონებელს
ვფიქრობდი, ვუმზერ შუბლმაღალ ხეთებს.
შენ რომ წახვედი, ასე მგონია,
მთელი ქვეყანა თან გაიხვეტე.“

ნიკო სამადაშვილის მიძღვნითი ხასიათის ლექსებია: „მანანა ქართველიშვილს“, „ნიკო იაშვილს“, „ჩემს ვახტანგს“, „ძალო ეკატერინეს“, „შეხვედრა“ - ასე ჰქვია ლექსს, რომელიც თამაზ ჩხენკელს ეძღვნება, „სამიკიტნოში“ - ცნობილ მკვლევარს და მთარგმნელს, ალექსანდრე გამყრელიძეს, „შეხვედრები დღის ბოლოს“ - ვასო მურვანიძეს. თითოეული ლექსი არა მხოლოდ სხვადასხვა პიროვნებას ეძღვნება, არამედ (და ეს ბუნებრივია) სხვადასხვა მოვლენასთანაა დაკავშირებული. სხვა რითმი და წყობა აქვს „ძალო ეკატერინესადმი“ მიძღვნილ ლექსს, სხვაგვარია ლექსი „ჩემს ვახტანგს“. მიუხედავად იმისა, რომ ორივე თითქმის ბიოგრაფიული შინაარსის შემცველია.

„მე არ ვიცნობდი დედის ალერსს,
მაგრამ შენს ზრუნვას ხომ დავზმუოდი,
ჩემო ძალო, როგორც მოზვერი.
ქარი ცეკვავდა დიდ ვერხვების უზუნდარაზე
და დანახვისი იდგა როგორც ძველი საბძელი.“

ამ ქალს თვალსაჩინო წვლილი მიუძღოდა ნიკოს გაზრდაში. პოეტიც დიდად ემადლიერებოდა მას და ლექსში სიყვარულითა და სინანულით იხსენებდა ბავშვობის დღეებს. ზემოთ დასახელებული მეორე ლექსიც, როგორც ვთქვით, ამავე ჟანრს განეკუთვნება:

„შენ იცი მხოლოდ ყველაზე მეტად,
როგორ ჯვარს ვეცვი, სულ გამწარებით.
როგორ ტიროდა ციხესთან დედა,
როგორ მითევდნენ ღამეს ქარები“.

სიტყვა „წვლილი“ ვახსენეთ. ლიტერატურათმცოდნესა და მთარგმნელ თამაზ ჩხენკელს დიდი დამსახურება მიუძღვის ნიკო სამადაშვილის ფართო აუდიტორიისათვის გაცნობის საქმეში.

საინტერესოა პოეტის ლექსიც, რომელიც მის უმრწმეს მეგობარს ეძღვნება. სათაურით „შეხვედრა“:

„მეც დამელოდე გაზაფხულამდე,
სანამ შესცურავს ტბებში ნიავი.
ირემი წყალში შევა მუხლამდე -
ლამაზი, სახეგაუქირდავი.“

მათაც არაერთი დღე და საათი გაუტარებიათ ერთად: ერთი ტკივილით, ერთი სიხარულით. განსხვავებული დამოკიდებულების, თუმცა მაინც ამ ჰარმონიის ერთგვარი გამოხატულებაა ამავე ლექსის სტრიქონები:

„მოქუხს პოეტის დიდი მდინარე,
გვრიტების სტვენა მოსწყდება ჭალას,
მე წაგიკითხავ ვარდებს, ბენარესს,
შენ კი მიმღერებ შენს გიტანჯალას.“

გარდა მადლიერების და სიყვარულის გამომხატველი მიძღვნითი ლექსებისა, პოეტს სარკასტულიც უწერია, „ოდესღაც ახლობელს“, ასე ჰქვია ერთ მათგანს. ახლა ძნელია, უთანხმოებათა და გაუგებრობათა მიზეზ-შედეგებში გარკვევა; არცაა საჭირო. ფაქტია, ამ განშორებას უკვალოდ არ ჩაუვლია:

„დავბრუნდი ჩუმად, მიგატოვე კაცი-გოდორი,
და საქართველოს ვაყოლებდი ლალისფერ დარდებს.“

ვიდრე სხვა ლექსების განხილვას განვაგრძობდეთ, ერთ საკითხზე შევჩერდეთ. ცნება: „ფილოსოფიური ერთდროულობა“. „იგი... ჭეშმარიტია მაღალი პოეზიის თვალსაზრისით. ეს სფერო სულიერი კულტურისა როდი ემორჩილება მარტივ ბიოლოგიურ კანონს - ყველაფერი რაც დაიბადა, უნდა მოკვდეს; „ფილოსოფიური ერთდროულობა“ გულისხმობს, რომ ყველა თაობანი წარსულისა და აწმყოსი ურთიერთ შორის თანამედროვენი არიან... ეს აძლევს დანტეს შესაძლებლობას ელაპარაკოს ვირგილიუსს, როგორც თანამედროვეს... ის აძლევს შესაძლებლობას აკაკი წერეთელს ელაპარაკოს რუსთაველს“ (104, 24-25). ნიკო სამადაშვილიც თავის ლექსებში საუბრის სწორედ ასეთ ხერხს ირჩევს, ის ელაპარაკება იმ ლირიკულ გმირს, რომელსაც უძღვნის ლექსს. ამ შემთხვევაში უნდა დავასახელოთ „მამადავითის პანთეონი“, რომელიც ეძღვნება ილია ჭავჭავაძეს:

„დიდო მგოსანო, ქალაქს გაჰყურებ,
თბილისი შენთვის რომზედ დიდია,
ფხიზლობ მეუფევ და გულისყური
სულ საქართველოს გულზე გიდვია.“

პოეტი ელაპარაკება ილიას, როგორც თანამედროვეს, თუმცა მათ რამოდენიმე ათეული წელი აშორებთ ერთმანეთისაგან. არ იშურებს სახოტბო სიტყვებსაც, ასეთივე განწყობა გრძელდება მეორე ლექსშიც, რომელიც ამავე პოეტს ეძღვნება და ასე ჰქვია: „ილია ჭავჭავაძეს“.

„შენ ხმაურობდი მბორგავ თერგივით,
ხალხის სიმღერავ, ცამდე მართალო,
ბრგე მხრებზე გესხა მთების პერანგი.
ქართული ლექსის შნო და ბაჯაღლოვ.“

პოეტი ეთაყვანება ილიას, არა მხოლოდ როგორც „პოეტთა გუთნისდედას“, არამედ მისთვის არაა უმნიშვნელო მისი მამულიშვილური მოღვაწეობაც:

„ოქროსდარ აკვნებს ეძებდი ტბაზე,
ვით ივერიის ბრწყინვალე ზოდებს,
შენი ფიქრები თეთრ ნისკარტებით
ერის სიხარულს ეზიდებოდნენ“.

ავტორი აწმყოს გათვალისწინებით მომავალსაც ჭვრეტს და ისტორიულ პერსპექტივასაც ხედავს:

„მაგრამ ის, რასაც წერდი, მგოსანო,
საუკუნეთა ყამირს გადახნავს“.

ნიკო სამადაშვილი ასეთივე სულიერ თანაზიარობას განიცდიდა ნიკოლოზ ბარათაშვილის მიმართ. უსათაურო ლექსში „ჩემო თბილისო“... შემთხვევითი არაა სტრიქონები:

„შენში დარბოდა ჩემი ტატო ბარათაშვილი.“

სიტყვა „ჩემი“ სხვაგვარ ინტიმს, სითბოს ანიჭებს სტროფს. ნიკოლოზ ბარათაშვილს პოეტმა ცალკე ლექსიც მიუძღვნა:

„დიდო პოეტო, ივერიის ღვიძლო გენიავ!
როგორ გსუსხავდა წარსულ დროთა ყინვა და თოში,
როცა მთაწმინდას ვუმზერ ხოლმე, ასე მგონია:
შენი ძეგლია აღმართული საქართველოში“.

პოეტის მსოფლმხედველობითი ასპექტები გარკვეულწილად ახლოსაა ბარათაშვილის პოეტურ ნააზრევთან.

ამ მიძღვნითი ლექსების მიღმა ხან პიროვნებას, ხანაც იმ დამოკიდებულებას ვხედავთ, რომელიც ასე მნიშვნელოვანია ავტორისათვის.

***

პროზაულ ნაწარმოებში „დაბურული ადგილები“ ერთი ასეთი პასაჟია: ორი გმირი ესაუბრება ერთმანეთს. მათ შორის ერთ-ერთი სვამს კითხვას:

„ - რას უწოდებთ ბედნიერებას?

- ის, რაც უბედურებით დამთავრდა,“ - პასუხობს მეორე.

ეს განწყობა გასდევს თითქმის ყოველს ლექსს, რომელიც სიყვარულის თემაზეა შექმნილი.

„წყალმა რამდენი თრთოლვა წაიღო!“ - წერს პოეტი ლექსში „ფერისცვალება“ და ცოცხლდებიან დღეები... ვეება ჭალა, ანკარა წყარო, „ყვავილნარევი ძეძვის ორღობე“, ბინდში ნახირიდან დაბრუნებული ნახირი...

პირველი თრთოლვა, როგორც შარბათი,
ეტიდან ეტში იების გუბე.
დილით თივის ქვეშ სველი ბარათი:
„რად მწერდი ლექსებს, რად დაიღუპე!“

(„ჩემი სოფელი“)

ვერ ვიტყვით. რომ ამ თემაზე პოეტს ბევრი ლექსი აქვს დაწერილი, ანუ რაოდენობრივი თვალსაზრისით უხვია მისი მუზა, მაგრამ ამ რამოდენიმე ლექსშიც რაოდენ გულწრფელია იგი და ფაქიზი.

„ხან გუგულის ხმაც დაგიძლევია
და მომხვევიხარ ყელზე სიბრალულს,
ღმერთო, რამდენი რამ შესძლებია,
პირველ ჟრუანტელს, პირველ სიყვარულს!“ („გამახსენდა“)

პოეტი არაერთხელ ახსენებს „პირველ სიყვარულს“, დანანებითაც კი ეთხოვება მას:

„ბავშვურ სიყვარულს გული რაღას გაიმეორებს.“

(„სძინავთ ჩიორებს“)

როგორც აღინიშნა, ეს სევდა, ტკივილი, დაშორება რაღაცნაირ ლაიტმოტივად გასდევს ამ ლექსებს. უსათაურო „შენ გიგროვებდი მთვარის ბულულებს“ ერთ-ერთი საუკეთესოა ამ თემაზე დაწერილთ შორის. განუმეორებელი მხატვრული ინდივიდუალობა არაა მოკლებული პოეტურ მშვენიერებას:

„თეთრკაბა იებს რად წასკდათ ცრემლი,
იქნებ მოსწყინდათ ჩვენი ფერება?..
გარეთ ქარი დგას ფეხის ცერებზე,
უკან რად იხევს ბედნიერება?..“

თმებში ჩაბნეული ციცინათელები, იმედის შუქურებივით რომ ანათებენ წყვდიად ღამეში. ეჭვით შეშფოთებული სული... და გაუნელებელი სინანული...

„რად გიყვებოდი მოქარგულ ზღაპარს,
სადაც სიმღერა ჟრუანტელს ერთვის...
შენ ღვთისმშობელმა ხელით გატარა,
მე კი სიზმრები მომქონდა შენთვის.“

ნიკო სამადაშვილის პოეტურ მუზას უმეტესად ასაზრდოებდა სიყვარულის არა ზოგადი იდეა, არამედ რეალური ობიექტი, კონკრეტული პიროვნება.

„კვირაძლის ბინდი შენთვის მიყვარდა
შენთვის ვანთებდი წინაპართ კანდელს,
შენში ვცხოვრობდი როგორც ბალადა,

შენ გიყვებოდი ამ გულის ნადებს,“ - წერს პოეტი ლექსში, რომელსაც „მანანა ქართველიშვილს“ უძღვნის. მომდევნო სტროფებში მხატვრულადაა გადმოცემული ის მოლოდინი „ხსოვნა-დაღლილი“, რომელიც ამ ტრფობას მოჰყვა. ერთგვარად მოულოდნელია ლექსის ფინალი და დასკვნა (თუ განაჩენი), რომელიც გამოაქვს პოეტს:

„რა ვუყოთ მერე, ჭირიმე შენი,
ასე სჩვევიათ სიცოცხლის მდგმურებს.
ვინც ქვესკნელიდან ამოგაშენა,
სწორედ ის ღმერთი გაგანადგურებს.“

როცა სიყვარულის მოტივზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება არ აღინიშნოს ლექსი „დაუმთავრებელი ბარათი“, რომელიც გამოირჩევა თავისი ლირიზმით:

„შენ რომ გამშორდი, თხელ ნაფეხურებს
დიდხანს უმზერდნენ ხიდან ჩიტები
და კვლავ ბარდნიდნენ ჩემს მწუხარებას
თოვლი და მკრთალი პანაშვიდები“.

მიხეილ ჯავახიშვილი ერთგან წერდა - უწინ იტყოდნენ ხოლმე: ყველა გზები რომისკენ მიდისო. მე კი მოგახსენებთ, ტყუილია, ჭორია! ყველა გზა და ბილიკები იმედების ნანგრევებზე იყრის თავს (105, 203). თითქოს ძალიან სიმპტომატურია ეს სიტყვები ამ ლექსებისათვის.

„წუხელის შენი სიზმრები ვნახე,
ლივლივა ტბა და ნავი, მგოსნები.“

(ორივე ეს ზემოთ მოტანილი უსათაურო „შენ გიგროვებდი მთვარის ბულულებს...“ და „ჩემი სიზმარი“ - ჩართულია პროზაულ ნაწარმოებში, რომლის სათაურიცაა „მანანას გიშერი“).

სიზმრებში გაცხადებული მონატრება ლექსებად ქცეულა, ლექსში, რომელსაც „გახსენება“ ჰქვია, პოეტი წერს:

„მე რომ მიყვარდა ამბრიანთ გოგო,
ნეტავ ვის უხდის ღიმილის ნაღებს?..
ის ჩემში ჩუმად დაგოგმანობდა,
მე მის სიზმრებში ვათევდი ღამეს.“

გაუმხელელი სიყვარული სატანჯველია, მაგრამ მას თან ახლავს თავისი ნეტარებაც (106, 55) - წერდა ბლეზ პასკალი. უსათაურო ლექსში „ის როდი ჰკრეფდა...“ შორიდან გაცხადებული ეს გრძნობა საჩინოა და სათუთი:

„ის როდი ჰკრეფდა იებს სიცილით,
მხოლოდ ჰკოცნიდა თითო ღეროებს,
მე კი, მარტოკა, ცრემლებდაცლილი,
ვუმზერდი ცაცხვის დიდ კენწეროებს.“

ასე „მარტოკა“ მდგომი, მდუმარი, თუმცა სიყვარულით გულანთებული სხვა ლექსებშიაც წარმოგვიდგება. უთქვამთ: სიყვარული ცეცხლს ჰგავს: ჰქრება თუ საკვები არ ექნაო (107, 125). ასე „საკვებ“ და შეშა-მოკლებული ცეცხლი მინავლებულია, მიფერფლილი, თუმცა ჯერ კიდევ ჩაუმქრალი.

„ხეობა მოსჩანს, მიდიხარ, კრთები,
შენ რომ ჰყვაოდი, აი ის მთებია.
დღეს კი რას ვხედავ, ჭაღარა თმებში
ჩემი დუმილიც ჩაგთეთრებია.“

ეს დუმილი არ ჰგავს იმას, რომელზედაც გიორგი მერჩულე ამბობს: „ბრძნად მეტყველება ვერცხლი არს წმიდა, ხოლო დუმილი - ოქრო რჩეული“ (108, 125). იგი არც იმდაგვარია, როგორზეც წერს ლეო ქიაჩელი მოთხრობაში „სტეფანე“: „მეგობრები სდუმდნენ და ისე უგდებდნენ ყურს ერთმანეთს“ (109, 57).

ჭოლა ლომთათიძის ერთ მოთხრობას ასეც ჰქვია „დუმილი“, სადაც იგი წერს: „ერთ ალაგას ბალზაკი ამბობს, რომ დუმილი შეიძლება ადამიანმა გაიგონოსო... მერწმუნეთ, შეიძლება დუმილი ადამიანმა გაიგონოს“ (110, 301).

მდუმარება ვაჟკაცურ სიტყვაძვირობას ჰგავს. ეს არაა სათქმელის არქონა, ესაა დიდი სათქმელის ართქმა (რ. სირაძე 111, 142).

ნიკო სამადაშვილის ლექსებშიც დუმილი არაა „ოქრო“, ეს სწორედ „სათქმელის ართქმაა“. უთქმელობამ, სიტყვაძუნწობამ კი თავისი სევდით მონისლული ნაყოფი გამოიღო:

„და მოგვყვებოდნენ უკან ჩურჩულით
გაუთენარი ჩვენი დღეები.“

(„გასეირნება“)

ნიკო სამადაშვილის პოეტური ქვეყანა განირჩევა სხვათაგან; ის კოლორიტულ გარემოს, პეიზაჟს თავისებური მანერით ხატავს:

„ნისლები სდუმდნენ და ზევით
აპრილი ჩეკავდა მაისს,
მხატვარი ხატავდა ზეთით,
ვიღაც მგზავრსა და დმანისს.
ნისლები ჰყვარობდნენ მზექალს,
წყაროსკენ მისდევდნენ რხევით,
ეს სწყინდა ხანშესულ სარქალს,
იღუშებოდა ხევი.“

(„ნისლები სდუმდნენ და ზევით“)

პოეტის ლექსებში ჭეშმარიტად ნაკლებია სინათლე, მზე. „დასწყევლოს ჭირმა, რაღა ნისლებს დაუმეგობრდი“, - წერს თავადაც ერთგან და ამ მეგობრობას ბოლომდე ინახავს.

„სქელი ნისლები მდორედ ხრჩოლავდნენ,
ყრუდ ჭრიალებდა ხევის ანჯამა.“

(„ატენის სიონი“)

„ნისლის სვეტები იდგნენ გარშემო,
ნისლებს შუადღეც ვერ ათენებდა“.

(„დაუსაბამობის ხილვა“)

ან კიდევ:

„წყევლა ესმოდათ ფეხმძიმე ნისლებს“.

(„თვალს არ აშორებდა“)

ან:

„გასწი, ნისლებმაც თუ გაგიტყუონ,
საკუთარ თვალებს ნუღარ ენდობი.“

(„წუთისოფლიდან უკვდავებამდე“)

პოეტის მთავარი სტიქიონი ქარია, რომელსაც არ ენაცვლება მისი სინონიმები: სიო, ნიავი, ნიავქარი, არამედ იგი მძლავრად დაიქროლებს და მხატვრული სახით შემოდის ლექსებში.

მაგალითები:

„ზევით კი ქარი ასისინებდა
ცის ნანგრევებში ღრუბლების ჩალას.“

(„დაითენთა“)

(„სისინი“ დადებით ემოციასთან არ უნდა იყოს დაკავშირებული. ჩალაში გასრიალებული ქარის ხმა უსიამო ასოციაციას ბადებს)

„ქარები მთვარეს ასწევენ მაღლა.“

(„ქედი სივრცეში“)

„ქარი ნავიდან აგლეჯილ აფრებს
მოიტანს, ტანზედ ნელა გაფარებს.“

(„ღია ბარათი“)

„...ქარებს გადაჰყვა ღამე.“

(„ღია ბარათი“)

„...მუხის ქვეშ ტიროდა ქარი“.

(“მზე ჩადიოდა მაღალ მთებს იქით“)

„ქარი ამაოდ ეძებდა მკვლელებს.“

(„ნაძვები“)

ამ უკანასკნელ მაგალითებზე შევჩერდებით. მოქმედ გმირად შემოყვანილი ბუნების ეს მოვლენა პოეტური სახეა სხვადასხვა საშუალებით ესთეტიკურად მოწოდებული. ამ შემთხვევაში ქარი პერსონიფიცირებულია: „ყმუოდა ქარი“ („ნიკო სამადაშვილს“), „ქარი კიოდა“ („ღრუბლების ნაკვეთი“), „...მორთავენ ჭმუნვას ქარები“ („ფერფლი“), „ყვავილები მიჰქონდათ ქარებს“ („ნაძვები კუბოს მიასვენებდნენ“), „ქარები დასწვდნენ გადაყრილ ვარდებს“ („ბინდი“), „ქარი ამიხსნის“ („კარების გაჯახუნება“), „ქარი ცეკვავდა დიდ ვერხვების უზუნდარაზე“, („ძალო ეკატერინეს“) და ასე შემდეგ. მაგალითების გაგრძელება შესაძლებელია, მაგრამ ვფიქრობ, ესეც საკმარისია დასკვნისათვის, რომ ლექსებში ხდება ბუნების ამ სტიქიონის გაპიროვნება - ინდივიდუალიზება; და ეს ხერხი ხშირად ეხმარება ავტორს სათქმელის ზუსტად გადმოცემაში.

შემოქმედებითი პროცესის შესახებ ნ. სამადაშვილი წერდა: „შემოქმედი გონებადაკარგვამდე უნდა ყვარობდეს ლექსის სიმღერას; ყოველი ლექსი გულის კურთხეულ სისხლში ბარძიმივით უნდა იყოს ამოვლებული... შემოქმედის ცეცხლმა უნდა მოგიტაცოს, რომ იქ დაიწვე და დაიფერფლო. შენს ვენახში ქართული ლექსიკონის რთველს რომ მორჩე შენივე შთაგონების ქვევრში ჩაასხი და არ ამორწყო, სანამ კარგად არ დამაჭრდება და შენი ფიქრებიდან ფიქრებში ერთი-ორჯერ მაინც არ გადაიღებ“. ერნ. კასირერის აზრით, პოეზიის ისტორიას თავისი კვალი დაამჩნია ჰორაციუსისა და სიმონიდეს გამონათქვამებმა - მხატვრობა არის უტყვი პოეზია, პოეზია - კი მეტყველი მხატვრობა (112, 220). ასეთი „ჩვენება“ მრავლადაა ნიკო სამადაშვილის პოეზიაში, რის დასტურადაც არაერთი ლექსის მოტანა შეიძლება.

„ღმერთებს აბამდნენ ხისქვეშ თოკებით,
ხალხზე იწევდნენ თურმე საწყლები...
ქვეყანა იწვა გაყრილ ხიშტებით,
და ყორნებივით ჩხაოდნენ წლები.
.............................
ბავშვები დედებს ეძებდნენ სადღაც,
იღრუბლებოდა ცა და კამარა,
უდაბნოს ბერს კი ყელგამოღადრულს,
მთელი სამყარო გამოეპარა.“

მართალია, ლექსს „უსათაურო“ ჰქვია, მაგრამ თვალნათლივაა მოცემული გრაფიკული სურათები: თოკებით დაბმული ღმერთებისა თუ უდაბნოში სიცოცხლეგატარებული ბერისა, ასე თვალდახელ რომ გამოეპარა სამყარო და წუთისოფელი; ბერისა, მტრებმა რომ აუკენკეს ლოცვანი.

„შენი ფესვები ჩემს გულს გამოხრავს.
თხუნელა კუბოს მიარტყამს კვინიხს,
შეეშინდება მოხუც მაცხოვარს
და ფაშარ ლოცვებს კუნჭულში იტყვის“.

ესაა სტროფი ლექსიდან „ცაცხვის ხე“. როგორც კინოს ენაზე იტყვიან, მსხვილი პლანით მოცემული ეს მიკრო სურათები კადრებივით ენაცვლებიან ერთმანეთს. აქ ერთგვარად რბილდება კიდეც სიკვდილის ის საზარელი შეგრძნება, ის დასასრული, რაც აზრობრივადაა ჩადებული თითოეულ სტრიქონში,

„ყვავებს შეუტევ, მიაყრი რისხვას.
ყმუილს მორთავენ გარშემო მგლები.
ფოთლებს დამაყრი შემოდგომის ხანს
და ეს იქნება შენი ცრემლები“.

ასეთივე ხატოვანია ლექსი „მოუსვენრობა“. ღამის სურათი თავისი დეტალებით მკითხველის თვალწინ ერთბაშად გაიელვებს:

„ღამის ნაფაზი, მთვარის შუქზე ძაღლების ყეფა,
ჩაშლილი ძნები, მიგდებული კევრი, არნადი,
ალიონზე კი მერცხლის ფრთებით აისის კრეფა,
და წიგნის ყდაზე... იცი ბიჭო, როგორ მიყვარდი?!“

არც პროზაული ნაწარმოებებისთვისაა გამონაკლისი ამგვარი სახისმეტყველება. მოთხრობაში „შადრევანთან“ ავტორი ლამაზი მხატვრული სურათის მოწმედ გვხდის.

„...ასწლოვან კაკლის ხის დატოტვილ ფოთლებში ბუ შეფრინდა, თითქოს ნახევარი ღამეც შიგ შეითრია.

გათენებამაც მოატანა.“

პოეტური სურათი, პოეტური „ფერი“ იმაში მდგომარეობს, რომ სიტყვით გამოხატული სურათი თითქმის უნებურად შეეთვისოს მკითხველის გონებას (ნ. ნიკოლაძე). ფერთა გამა ნაკლებია ნიკო სამადაშვილის ლექსებში. ვერ გამოვყოფდით რომელიმე ცენტრალურ ფერს მათგან. ისინი უფრო გრაფიკულ ნახატებს წარმოადგენენ შავ-თეთრ შტრიხებში მოცემულს, სადაც ხაზი არაა პლასტიური, დინამიკური, არამედ ხისტია, მკვეთრი, ზოგ შემთხვევაში ნაკლებ დამუშავებულიც, როგორც მხატვრები ასეთ შემთხვევაში იტყოდნენ „მკვდარი წერტილი“, ან „მკვდარი ადგილი“, მაგრამ მთლიანობაში, წარმოსახვაში ერთბაშად წარმოდგება როგორც ნერვიული ხელით ნახატი დასრულებული სურათი.

„მზე გადიოდა ცას ბორანივით,
ტყეში შიშველი ქარი ჰკიოდა.
ლექსს იძახოდა ხიდან ყორანი
ქრისტე მოსჩანდა საიქიოდან.“

(„წარწერა“)

ფერი უმეტეს შემთხვევაში გამოკვეთილი არაა, ხშირია, როცა მას ფერადოვნების შინაარსი გამოცლილი აქვს. ასეა, მაგალითად ლექსში „თვალს არ აშორებდა“:

„ის მიდიოდა ფერშეცვლილ გზებით,“

ან კიდევ:

„წინ ფერს იცვლიდა სიცარიელე.“

(„დაითენთა“)

ან:

„განუკითხავად ფეთქავდნენ პოეტის ფერწასული დღეები“

(„მანანას გიშერი“)

ნ. სამადაშვილი ინტენსიურად არა, მაგრამ ხანდახან თავის პალიტრაში გამოურევს მწვანე, ყვითელ, ჭრელ ფერებს (თავისთავად აქტიური ფერებია), მაგრამ ისინი ისეთ მხატვრულ კონტექსტში არიან მოქცეული, რომ ფერგამქრალ, გაცრეცილ ასოციაციებს ბადებენ.

„შენ უცქეროდი გაოგნებული
ჩემი ფილტვების ჩამქრალ სიყვითლეს.“

(„ფილტვების სიყვითლე“)

„გულზედ ხავსივით მწვანე სიზმარი.“

(„ღია ბარათი“)

არცთუ იშვიათად აზრობრივი და ესთეტიკური გამთლიანებულია:

„თუ მოგერიოს ოდესმე ცრემლი,
წყევლისფრად სავსე უსაზღვროებავ.“

(„გზათ-ვალალობა“)

ან:

„ღვინო დარდისფრად ეკიდებოდა.“

(„მთვრალის შეკითხვა“)

როგორც აღინიშნა, ხშირია (და ძირითადი) შავ-თეთრის მონაცვლეობა:

„მთვარის სინათლე გაგიჭრის საფლავს
მოჩარდახებულს თეთრი ფრესკებით“.

(„ფრესკები ჩონგურზე“)

„აქ კი ყმუოდნენ თეთრი ძაღლები.“

(„გზათ-ვალალობა“)

ამ სიტყვიერ გრაფიკულ ლექსებს ერთი საერთო თავისებურება ახასიათებთ - ესაა მოულოდნელობა. ბუნებრივია, ყოველ ლექსში სათანადოდ ნახმარი მხატვრული სახე -იქნება ეს მეტაფორა, ეპითეტი თუ კიდევ სხვა რაიმე, თავის ესთეტიკურ ზემოქმედებას ახდენს მკითხველზე (ესაა მათი ფუნქციაც); ზოგ შემთხვევაში მათი გამომსახველობითი სიმძაფრე ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს. აი, თუნდაც ლექსის „გამხმარი კაცი“ ერთი სტროფი მოვიტანოთ საილუსტრაციოდ:

„მეც მარტო ყოფნა ათასწლობით მომეწყინება.
თავის ქალაში მწვანე ხვლიკი შეძვრება ღამე,
ძვლებზე შემხმარი დაფიქრება მოეწონება
და მატლებდახრულ თვალებიდან გახედავს ბაღებს.“

ნიკო სამადაშვილის ზოგიერთ ლექსში განსხვავებული სტრუქტურული აგებულებაც გვხვდება, მაგრამ ეს ისე ორგანულადაა შერწყმული მთლიან კომპოზიციას, რომ რეფრენისებური თქმები ცალკეულ აკორდებად ჟღერს და კიდევ უფრო მატებს მას მუსიკალურობას. ლექსი მუსიკალური ხდება.

„ის ხომ ღვთისმშობლის სიზმარსა ჰგავდა,
როგორ დამთავრდა?..
მოუკლეს მამა, მოუკლეს დედა, დაღუპეს კერა...
იმის სიმღერა,
გადაედოთ ჩიტებს, ბეღურებს, ჭალაში გვრიტებს,
ვინ დაიტირებს?“

(„ის ხომ ღვთისმშობლის...“)

მსგავსი შემოქმედებითი მხატვრული მეთოდია გამოყენებული უსათაურო ლექსში „კარის ვენახში პაპა ბარავდა“. იგიც ამ პრინციპითაა შექმნილი.

„თალხი გაცვია, შავი ნატის ხელთათმანები,
ხის სიყმაწვილეს თვალს შეავლებ და ატირდები,
შენს ფანჯარასთან აღარ ღვიძავთ იასამანებს,
როგორ ბინდდები.“

ცნობილია, რომ პოეტური აზროვნება თავისი ბუნებით კონკრეტულია, - წერდა მიხეილ ზანდუკელი. მწერლის აზრმა უთუოდ უნდა მიიღოს ხატოვანი განსხეულება, ხორცი უნდა შეისხას, რათა ის პოეტურ აზროვნებად გადაიქცეს... ყოველი პოეტური სახე ავტორის ხანგრძლივი ფიქრის, ძიებისა და შრომის შედეგია (113, 115). ნიკო სამადაშვილის პოეზიაში უამრავი მხატვრული სახე გვხვდება. რომელთაც თავისი აზრობრივი და ესთეტიკური დატვირთვა გააჩნიათ. ისინი ერწყმიან ურთიერთს და ასეთი გამთლიანებული სახით წარმოგვიდგებიან, საილუსტრაციოდ არაერთი მაგალითის მოტანაა შესაძლებელი, რომლებიც მხატვრული აზროვნების საინტერესო ნიმუშს წარმოადგენენ:

„ვარსკვლავნი ისე მოსჩანდნენ ღამე,
თითქოს ზეცა ჩრჩილს ამოეჭამა.“

(„ატენის სიონი“)

„ხევში მდინარე შემოგვეფეთა -
შეწირულ ბავშვთა ცრემლები იყო.“

(„უკანასკნელი ქრისტიანები“)

„ალიონზე კი მერცხლის ფრთებით აისის კრეფა.“

(„მოუსვენრობა“)

ხე ეკლესიის მათხოვარს ჰგავდა.

(„ხე ეკლესიის...“)

ვაზის ცრემლივით მარტო დარჩა მწუხარე დედა.

(„დაგასაფლავეს დიდ მუნათით და მიგატოვეს“)

მატარებელს რიჟრაჟი ქედანივით აედევნა და ზღვაც გამოჩნდა. ზღვის მოქანავე მინდვრების დასასრულთან გემი ამოყურყუმელავდა, როგორც სამანი ქვეყნიერებასა და სივრცეებს შორის ჩაგდებული.

(„განდობა“)

ციყვივით მოუსვენარი ნიავი ღრუბლის ბღუჯას ფიჩხის კონასავით დაათრევდა კამკამა ცაზე.

(„ბეთანია“)

აივანზე მთვარე ფეხაკრეფით შემოჩერჩეტდა, ორიოდე თუნგი სინათლე შემოიტანა და სიზმრებში გადაკარგულ პოეტს მოჰკრა თუ არა თვალი, უკან გატრიალდა, ტაძრის გამოხურულ კარებთან ჩაიცინა.

(„ბეთანია“)

რამოდენიმე სიტყვით შევეხებით პოეტის შემოქმედებით ლაბორატორიას. არქივზე მუშაობის დროს აღმოჩნდა, რომ ხელნაწერებში ზოგიერთ შემთხვევის გარდა, ვერ ვპოულობთ გადახაზულ სტრიქონებს, შეცვლილ მხატვრულ სახეებს, გადაადგილებულ ფრაზებს, რასაც ვერ ვიტყვით პროზის შესახებ. პოეტურ ნაწარმოებებზე მუშაობის პროცესი უმეტესად წარმოსახვითი ხასიათისაა; თუმცა აქა-იქ, როგორც ვთქვით, შეგვიძლია მუშაობის პროცესზე თვალის მიდევნება. ლექსი „ერეკლეს“ არაერთხელაა ნასწორები: „შენ რომ გხვდებოდი“, ხაზგადასმულია და შეცვლილია ამგვარად: „როცა გხვდებოდი“. სტრიქონი: „ვუმზერდი ჭკვიან შუბლმაღალ ხეთებს“, ნასწორებია: „ვფიქრობდი, ვუმზერ შუბლმაღალ ხეთებს“. დაუსტამბავ ლექსში „სამხარზე“ პირველი სტროფის „ამ საუკუნის ნახევარზე მეტი გავიდა“ პირველივე სიტყვაა ხაზგადასმული და შეცვლილი: „მთვრალ საუკუნის“... ზოგიერთ ლექსში შეიმჩნევა მხატვრულ სახეთა მოძალება, რაც იწვევს თქმის ბუნდოვანებას. მაგალითად ამგვარი სტროფი:

„ნაძვები ბაღში ვარდებს უკრავდნენ...
გუმბათებს ნთქავდა თოვლივით წირვა.“

(„გადმორბენა სამყაროსკენ“)

ან ამავე ლექსში ასეთი სტრიქონი:

„სადღაც, სანთლებთან ტიროდნენ ტბები.“

პოეტურ მშვენიერებას მოკლებულია ამგვარი სტროფი:

„ქარებს ბურავდა მსუბუქი მტვერი,
მიტოვებული ვიწრო ღრუბლებთან.
მე ვანათებდი მეტეორივით
მარადისობის ხშირ მარგილებთან.“

(„გადმორბენა სამყაროსკენ“)

იშვიათად გვხვდება ისეთი შემთხვევაც, როცა სტრიქონები ერთმანეთთან არც აზრობრივად და არც მხატვრულად არ არიან დაკავშირებულნი, არც სათქმელია გამოკვეთილი და ამდენად, ვერაა მიღწეული სასურველი შედეგი. ასეა მაგალითად ლექსში „ხელის გაშვერა მტკვართან“.

„კვალდაკარგული მთების ჯოგი იხეტიალებს
და მწვანე ტალღა სადმე ქვებთან ყრუდ მომიგონებს.
მტკვარო, გავარდი და ცა ისე გაატიალე,
რომ დედამიწა მსოფლიოში ვერ მოდიოდეს.“

არაერთხელ თქმულა, რომ შემოქმედის მარცხის გაანალიზებაც ისევე საინტერესოა, როგორც შემოქმედებითი გამარჯვებისა. წარმატებულ ცდას ვერ დაარქმევ ამ სტრიქონებს:

„ალუჩის ხეებს მიგზავნიდი როგორც შიკრიკებს,
მთხოვდი წირვაზე მოვსულიყავ და დამეცადა,
მე შენს თვალებში ვისწორებდი თმას და კიკინებს.
სადა ხარ, სადა?..“

(„კარის ვენახში პაპა ბარავდა“)

***

„შეხვედრები და სინანული“ - ეს პროზაული კრებული პოეტმა მიუძღვნა თავის მასწავლებელს წარწერით: „ჩემი ცხოვრების სიხარულსა და გულშემატკივარს, ერეკლე ტატიშვილის ხსოვნას“.

საკითხის ისტორიისათვის. სსლმ ნიკო სამადაშვილის არქივში დაცულია პოეტის მიერ 1959 წლის 10 აგვისტოთი დათარიღებული ხელნაწერი: „1957 წელს ცენტრალურმა კომიტეტმა ჩემი „შეხვედრები და სინანული“ გადაუგზავნა მწერალთა კავშირს, ამ უკანასკნელმა ძლივს იპოვნა, სადღაც განჯინაში მიგდებული და დამიბრუნა 1959 წლის 9 თებერვალს“. მკვლევარების თ. ჩხენკელისა და რ. ჩხეიძის მოსაზრებით, „პირველი ბიძგი, რამაც ნიკო სამადაშვილს ამგვარი წიგნის დაწერა შთააგონა, ის უნდა ყოფილიყო, რომ ჩანაფიქრმა საკმაოდ გამომსახველი ფორმა შეიძინა და საბოლოოდ შეიქმნა ორიგინალური სტრუქტურული თხზულება, სადაც პროზაული ნაწილი მხოლოდ გარეგნულ ფონს კი არ უქმნის ლექსებს, არამედ თავისთავად მხატვრულ ღირებულებასაც ინარჩუნებს და პოეტის სულიერ ტრაგიზმსაც რელიეფურად გამოჰკვეთს“ (114=4, 16). იმავე მოსაზრებას იზიარებდა ქ. ძიძიშვილიც (115, 347).

როგორც აღინიშნა, პროზაულ ნაწარმოებებში ჩართულია ლექსები. ზოგ შემთხვევაში გამთლიანებულია ლექსისა და პროზაული ნაწილის ძირითადი შინაარსი, ხოლო ზოგში კი ლექსები სრულიად დამოუკიდებლად არის წარმოდგენილი. თუმცა იმგვარი შემთხვევაცაა, როცა პროზაული ნაწილი ლექსის ვრცელ კომენტარს წარმოადგენს. აქ არ არის ეგრეთწოდებული „დიდი სიუჟეტის“ გაშლა, არც მრავალრიცხოვან ტიპაჟთა გალერეაა წარმოდგენილი. ძირითადად ერთი და იგივე პერსონაჟები მოქმედებენ.

ძნელია თვით ჟანრის დადგენაც. „ამ ტიპის წიგნი სავსებით უჩვეულოა ჩვენს მწერლობაშიო,“ - (116, 16) უთქვამს პოეტს ს. ჩიქოვანს. ასევე ნიშანდობლივია ამ მხრივ ცნობილი ქართველი მწერლისა და მთარგმნელის გ. ქიქოძის მოსაზრება, რომელიც მის ერთ უცნობ წერილშია გამოთქმული. მოვიტანთ ნაწყვეტს: „ძმაო ნიკო, მე ყურადღებით წავიკითხე თქვენი ნაწერები, არ ვიცი, რა ვუწოდო მათ: ფილოსოფიური მოთხრობები, ესკიზები, პატარა პოემები პროზაში თუ სხვა რაიმე. თქვენს მთავარ ღირსებას ის წარმოადგენს, რომ თქვენ არ დადიხართ გატკეპნილი გზებით და არავის ბაძავთ“ (117, 1). მართლაც, ესაა უჩვეულო ფორმის პროზაულ ნაწარმოებთა კრებული, აქ მთავარი პერსონაჟი, თითქმის ყველა ნაკვეთში „პოეტი“ რომ ჰქვია, ავტორისეულ მოსაზრებას ავითარებს. არცთუ იშვიათად ნაწარმოების ეს გმირი შეიძლება გავაიგივოთ ავტორის პიროვნებასთანაც. თუმცა, რასაკვირველია, მხატვრულ ნაწარმოებში არ ვგულისხმობთ პერსონაჟისა და მწერლის აბსოლუტურ იდენტიფიკაციას. აქ მხოლოდ განსაზღვრულ სიახლოვეზე შეიძლება ვილაპარაკოთ ავტორსა და მთხრობელს შორის. აღნიშნულ ნაწარმოებებში ჩვენთვის ძალიან ნიშნეული ბიოგრაფიული ფრაგმენტები გაიელვებს:

„მამაჩემს დავრჩი ბიჭი ობოლი,
მზრდიდა ვერხვების რწევა და ტაში,
როგორ მიყვარდა ჩემი სამშობლო
და წეროების ძახილი მთაში.“

რაც დრო გადიოდა და დღეები ჰაერში გაფანტულ კვამლივით ილეოდნენ, რაღაც ცოდვის კითხვა ეუფლებოდა ჩემს მეგობარს... ტანს იყრიდა და ტანთან ერთად უჩვეულო მჭმუნვარებასაც... ჩემს მეგობარს სიცოცხლე ღვინოსავით ერეოდა და პოეზიისაგან თვალნაცემი, შერისხულივით დაწრიალებდა შეშლილობის და ზმანების გაუვალ ჭირხლში“ („მთვლემარე ცისკარი“).

ზოგ შემთხვევაში ფაქტობრივი ხასიათის ისეთი დეტალია შემოტანილი, როცა შემოქმედსა და ლიტერატურულ გმირს შორის განსხვავება ქრება, როგორც ეს თუნდაც ამ შემთხვევაშია („ღრუბლიანი ტაროსი“).

„ჩემი ქველმოქმედი ნაცნობის მეოხებით მოვაწყეთ (ლაპარაკია „მეგობარ პოეტზე“ - რ. ნ.) ზომა-წონის პალატაში დამხმარე რეგისტრატორად...

ერთ დღეს ჩემი ნაცნობი საგანგებოდ მესტუმრა და ასე მისაყვედურა: „დიდ ბოდიშს ვიხდი, მომიტევეთ, თქვენს მეგობარს ვერასგზით ვეღარ გამოვესარჩლები... ამას წინათ, ჩემმა საქმეთა მმართველმა, იმის საწერ მაგიდაზე რაღაც ლექსი იპოვა, უნდა გეყურებინათ და თქვენს ბედნიერ ყურებს მოესმინათ, რა აურზაური ასტეხეს: ჩვენი რეგისტრატორი პოეტობანას თამაშობსო!“

ნ. სამადაშვილმა თავისი სათქმელის გადმოსაცემად, სულიერი განწყობის და თვალთახედვის საჩვენებლად ამჯერად პროზას მიმართა. აქაა ცხოვრების არსზე დაფიქრება, ადამიანის საზრისის ძიება, პატრიოტული სულისკვეთების გამომხატველი, სიყვარულის მოტივზე დაწერილი ნაწარმოებები, მაგრამ ყველა ეს საკითხი თვალშისაცემად არაა მოცემული, არამედ გამთლიანებულია და ლირიკული თხრობითაა გადმოცემული, ავტორი ხშირად იყენებს ასახვის კონტრასტების მეთოდს.

„ზოგიერთმა ქართულმა სიტყვამ იცის: წინ მწყერივით წამოგიფრინდება. აი, თუ ბიჭი ხარ, მოასწარი, ჩაიწერო გაფრენილი ჩიტის სიმღერა და თუ დაიჭერ, ეცადე შეგეჩვიოს, რომ იჭიკჭიკოს, ყველა პოეტური პწკარი შენი კვირტებია, შენი თრთოლვის ნაკადულებით რომ იფურჩქნებიან“, - წერს მოთხრობაში „შადრევანთან“.

ნაწარმოებში სამი პერსონაჟი მოქმედებს - პოეტი, მისი მეგობარი და მოხუცი - გრიგოლ დავითის ძე. მთავარი გმირის მონოლოგებში ლიტერატურული (უფრო ზოგადად, ხელოვნების) პრობლემით დაინტერესებული პერსონაჟის სახე გამოიკვეთება; ამგვარია იგი მაშინაც, როცა მოკამათესთან (ქვეცნობიერად მკითხველთანაც) პოლემიკას იწყებს.

„ხშირად გული მიკვდება, მისივდება, როცა ვუცქერი შოთა რუსთაველის გავრცელებულ სურათს: ქულაჯაში გამოპრანჭული კაცი ზის, თავზე სადღესასწაულო ფაფახი ახურავს, სახე გაშეშებია, ტუჩები ფერუმარილ წაყრილ დედოფალივით მოუპრუწია, ხელში ჩხირივით მიუჩეჩებიათ ბატის ფრთა, წინ გადაშლილი წიგნი უძევს, თითქოს თუნუქის ფირფიტები ეყაროს!.. ნუთუ ქართველი გენია, ასე გამოწკეპილი და ტანგაფშეკილი წერდა:

„ვა, სოფელო, რაშიგან ხარ, რას გვარგუნებ, რა ზნე გჭირსა?!“

არა! ის სურათი სასიქადულო რუსთაველის სახეს არ ეკუთვნის“.

როგორც აღინიშნა, ავტორი ხშირად იყენებს დაპირისპირების, კონტრასტების მეთოდს, თხრობა ძირითადად დიალოგებზეა აგებული. სად არ კამათობენ გმირები პოეზიის დანიშნულების ყოფნა-არყოფნის, სამყაროს ზოგადფილოსოფიური ჭვრეტის, პიროვნული ტკივილების შესახებ: მატარებელში („განდობა“), ღვინის სარდაფში („ძველი სარდაფი“), ბაღში („შადრევანთან“), წისქვილში („მეწისქვილე“) და ა. შ. მაგრამ მწერლის დამსახურება ისაა, რომ ეს პრობლემები ამ სხვადასხვაგვარ სიტუაციაში გროტესკულ სახეს არ იღებენ.

პოეზიაზე საუბრის დროს აღინიშნა ერთი დამახასიათებელი მომენტი, როცა ავტორი სხვას მიმართავს, სხვას ანუგეშებს, მაგრამ ეს „სხვა“ მისივე ორეულია. ნ. სამადაშვილი პროზაშიც იყენებს ამ ლიტერატურულ მეთოდს. მოთხრობაში „ზამთრის სიმფონია“ გასაუბრების შესაძლებლობას წერილი იძლევა:

„ჩემო კეთილო! ნუ შემრისხავ, რამდენი ხანია ვეღარ შეგეხმაურე, ყველაფერი უნდა მომიტევო. რომ შემირიგდე, გიგზავნი პატარა ნაწარმოებს. ბუხრის ალზე ვძერწავდი და რატომღაც მინდა, შენც განიცადო მეგობრის მღელვარება და სიხარული.“ აქვეა ლექსის სტრიქონებიც:

„სიჩუმე რქებით მაწვება გულზე
თოვლია გარეთ, აღარც გზებია.
ენთე ბუხარო და იგუზგუზე
მე მაინც სითბო არ მღირსებია.“

ნაწარმოებში „მეწისქვილე“ კი მხატვრულადაა აღწერილი წისქვილის მყუდრო გარემო, სოფლელი გლეხები საკუთარი საფქვავითა და ჭირ-ვარამით რომ სტუმრებიან აქაურობას. ყოველდღიური ყოფის, გარჯა-ფუსფუსის ხატოვნად გადმოცემის შემდეგ მოთხრობა მარადიულობის, წარმავლობაზე ფიქრის, საკმაოდ პესიმისტური ფილოსოფიური განსჯით მთავრდება „... გაქვავდება სამყარო და მის ხავსგაცვენილ მერქანს დაბრეცილი მინიატურებივით შერჩება: ღრუბლებს ზევით აზიდული სასახლეები, უზარმაზარი მოედნები, აკადემიკოსთა ღვაწლი, ყაყანა ხალხით გაჭედილი სათათბირო დარბაზები... შუქ გაწეწილი მთვარე, მზის ხვიმირებიდან ამოწყული მინდივით დარჩება მარადიულ უსასრულობაში“.

ნიკო სამადაშვილი სათქმელის გადმოსაცემად ახალ-ახალ ფორმებს ეძიებდა. სსლმ სამადაშვილის არქივში დაცულია კ. ბობოხიძის მიერ 1960 წლის 18 აპრილს პოეტისადმი გაგზავნილი წერილი. მოვიტანთ ჩვენთვის საინტერესო ნაკვეთს: „წავიკითხე შენი მხატვრული ნარკვევი „შეხვედრები და სინანული“. უნდა გითხრა გულწრფელად, რომ ამ ნაწარმოების დამწერს უთუოდ აქვს დიდი ნიჭი და ცოდნა“. გალაკტიონ ტაბიძეს კი 1958 წლის 17 იანვარს „ლიტერატურული გაზეთის“ არეზე მიუწერია: - „ნიკო სამადაშვილი, გაბაშვილის ქ. № 4. 20 თებერვალი. ესკიზი“. თავისთვის ჩაუნიშნავს დიდ პოეტს მისთვის საინტერესო ნაწარმოები. მართლაც, ესაა ლირიკული პროზის შესანიშნავი ნიმუში. ავტორი თავისი პიროვნების პრიზმაში ხედავს და განიხილავს მომხდარს. მონოლოგი მკაცრი პოლემიკაა განვლილ დღეებთან.

პროზაულ ნაწარმოებებში ფილოსოფიური პრობლემატიკა, ყოველდღიური არსებობა, ადამიანური განცდები და იმედები ერთ მთლიანობადაა ქცეული, სადაც არაა ყალბი პათეტიკა და ხელოვნური ესთეტიზმის მოძალება. თუმცა ხანდახან მხატვრული გადამუშავების სურვილს ერთფეროვნების საშიშროებაც აღძრავს. რიგ შემთხვევებში ეს საკმაოდ ცხადი და საცნაური ხდება. ვფიქრობ, ეს პროზაული ნაწარმოებები მნიშვნელოვანია ნ. სამადაშვილის შემოქმედებაში.

***

საუკუნის დასაწყისში აღორძინება დაიწყო ქართულმა თეატრალურმა ხელოვნებამ. ამის თაობაზე „სახალხო გაზეთის“ ფურცლებზე 1911 წელს კ. აბაშიძე საზეიმო სათაურით დაბეჭდილ წერილში „ქართული თეატრის განახლება“ წერდა: „ჩვენი სასცენო ხელოვნება სრულიად სხვა გზას ადგება. იმ გზას, რომელიც უეჭველია მომასწავებელია მისი განახლებისა“. თუმცა აზრს ყველა არ იზიარებდა. იყვნენ ისეთნიც, ვინც ახლა უკვე მომავალი დიადი ხელოვნების იდეით კინოს შეეგებნენ. „თეატრი კვდება. ვერავითარი გაახალგაზრდავება მას ვერ უშველის, კინო არის ახალი ხელოვნება“ (118, 45), - ამგვარი კატეგორიული მოსაზრებებიც არაიშვიათად იბეჭდებოდა.

1925 წლის 22 თებერვალს გაზეთი „წითელი ქართლი“ № 6 (21) პირველივე გვერდზე აქვეყნებს ნ. სამადაშვილის სტატიას სათაურით: „გორის თეატრის გარშემო“, ე.ი. თითქმის იმავდროულად იბეჭდება პირველი ლექსი და პირველი თეატრალური რეცენზია.

ცოტა რამ ისტორიიდან: გორის თეატრალური ცხოვრების მატიანე 1865 წლის ივლისიდან იწყება, როდესაც ადგილობრივ სცენისმოყვარეთა ძალებით წარმოადგინეს ახალი ქართული რეალისტური თეატრის ფუძემდებლისა და დრამატურგის - გიორგი ერისთავის კომედია „ძუნწი“ (119, ). 1873 წლიდან წარმოდგენების გამართვამ სისტემატური ხასიათი მიიღო, არაერთი ადამიანი დაინტერესებულა, რათა გარკვეულწილად თავისი წვლილი შეეტანა ამ საქმეში და მათ შორის სოფრომ მგალობლიშვილიც, რომელმაც გარს შემოიკრიბა ნიჭიერი ახალგაზრდობა და თეატრალურ ტრადიციას მკვიდრი საფუძველი განუმტკიცა. გორში წარმოდგენებს ნიკო ლომოურიც მართავდა. იქვე დაიბადა და მოღვაწეობდა ცნობილი დრამატურგი ზურაბ ანტონოვი. მოგვიანებით, სათეატრო საქმის ხელმძღვანელობა დრამატურგმა ნიკო შიუკაშვილმა ითავა. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ჩამოყალიბდა სცენისმოყვარეთა წრე, რომელიც მუშათა თეატრად გადაკეთდა.

სოფელ ხიდისთავშიც მოქმედებდა სახალხო თეატრი. რაიონული გაზეთისათვის გაგზავნილ კორესპონდენციაში ვკითხულობთ: სოფელში გაკეთდა თეატრი; იდგმება პიესები კომკავშირელთა მიერ (120, 3). მუშაობამ იმდენად სერიოზული ხასიათი მიიღო, რომ დეკორაციებისათვის ზრუნვაც კი დაიწყეს... ასე, რომ ნ. სამადაშვილს ერთგვარად ჰქონდა ის თეატრალური გარემო, რომელსაც გარკვეულწილად მისი მიზიდვა შეეძლო, შესაბამისად, თვითონაც დაინტერესებულა არაერთი პრობლემით და ბევრ მოვლენაზე თუ თეატრალურ მოღვაწეზე დამოუკიდებელი შეხედულებაც გააჩნდა.

ახალგაზრდა რეცენზენტის ზემოხსენებულ სტატიაში პრინციპულადაა განხილული გორის თეატრის მდგომარეობა. „ქ. გორის თეატრალური ხელოვნება ხომ საშინლად ჩამორჩენილია, - წერს ავტორი, რომ მას არ ადევს არავითარი ახალი ელფერი, რომ მას არ აქვს ამორჩეული სწორი გზა მომავალ თეატრალურ გამარჯვებისაკენ, რომ მოხუცი მოგვიანებით დაეხეტება ძველი საუკუნის მთაგრეხილებში დრომოჭმული პიესების მეტყველებით, ეს ყველაფერი ჭეშმარიტებაა.

ესეთი დაცემა კი უდიდესი დანაშაულია ჩვენი ხელოვნების წინაშე, როდესაც ქორელი ამბობს „ის დრო გავიდა, სურათი გამოიცვალა, დადგა აღმშენებლობითი ხანა, ეხლა საჭიროა ხალხში ხელოვნების განვითარება - განსაკუთრებით თეატრი“. აი, ამ დროს ჩვენი თეატრი სდგას მყინვარივით გაციებული და წარსულის ეპოქის ზღაპრებით იცქირება სასტიკ დამარცხების უფსკრულში, როდესაც თანამედროვე თეატრმა ახალი საუკუნის ყიჟინით განდევნა მოძველებული დრამატიზმი და ჩააბარა სიძველეთა არქივს როგორც ისტორიული დოკუმენტი“.

ავტორი თანმიმდევრულად განიხილავს თეატრის აქტუალობის პრობლემას და თავისი პოზიციის განსამტკიცებლად იმოწმებს ცნობილ თეატრალურ მოღვაწეთა მოსაზრებებს. ქორელი გვარიც შემთხვევით არ უხსენებია. როდესაც კ. აბაშიძემ წერილების სერია გამოაქვეყნა თეატრის განახლების პრობლემებზე, ამ საქმის დიდ ინიციატორებად ალ. წუწუნავა, მ. ქორელი, ვ. შალიკაშვილი და სხვები დაასახელა. მათ თეატრში მოიტანეს ახალი ესთეტიკური პრინციპები.

ახალგაზრდა რეცენზენტი ეხება რუსთაველის თეატრის რეპერტუარს, მისაბაძ მაგალითად სახავს მას, აღტაცებული ახსენებს ამ დასის მიერ დადგმულ პიესას „შპიგელ მენშ“ და ასკვნის, რომ ხსენებული თეატრი „ჩაება მსოფლიო თეატრის ფერხულში აღმოსავლეთის მზით გალაღებული“.

ნ. სამადაშვილი ზემოხსენებულ რეცენზიაში რუსთაველის თეატრის პარალელურად მთელი პრინციპულობით იხილავს გორის თეატრის მიმდინარე რეპერტუარს და ასკვნის: „გორის თეატრი დაბობღამს წარსულის ორწოხებში დაუძლურებულ მოხუცივით და ვერ მოშორებია ისეთ დაძველებულ პიესებს, როგორც არიან „ხანუმა“, „ტოჩკა ზაპეტაია“, „ტიტველი ქალი“, „რაც გინახამს, ვეღარ ნახამ“, „სტუმარ-მასპინძლობა“ და სხვ. ცხადია, რომ ასეთი არსებობა არ ეპატიება ჩვენს თეატრს, მით უმეტეს „მუშათა თეატრს“.

ცნობილი ჭეშმარიტებაა, რომ ეროვნული თეატრის განვითარებას საძირკველი ორიგინალურმა დრამატურგიამ უნდა ჩაუყაროს, ბიძგიც მანვე მისცეს. თანამედროვეობის დიდი კათედრა - ასე უწოდებდა მას ლ. ტოლსტოი. სწორედ ამ მაღალი კათედრიდან უნდა მოესმინა მთელ ერს მისი სიხარული და ტკივილი, აქ უნდა განეცადა კათარზისი. ამიტომ პრინციპულად დასმული პრობლემა: თუ დავუკვირდებით მთელი სეზონის მსვლელობას დავინახავთ, რომ არცერთი ორიგინალური პიესა არ დადგმულა“ - ავტორის უბრალო შთაბეჭდილებისმიერი განაცხადი არ არის.

სტატიაში დანახულია თეატრის სამომავლო პერსპექტივა და იგი ამგვარადაა ჩამოყალიბებული: „დროა შევქმნათ ახალი თეატრი, რომელიც უნდა შეუერთდეს მხატვრულ სილამაზით გალაღებული პროლეტარულ ხელოვნების სამეფოში, სადაც მძლავრად უნდა გაშალოს ფრთები თანამედროვე ეპოქის დაძახილით... სადაც უნდა ამეტყველდეს შექსპირის გენიალური საუკუნე, ს. შანშიაშვილის პიესების მიმზიდველი სურნელება და ემილ ვერჰარნის მეამბოხე გმირების ცეცხლოვანი ყიჟინა თავისუფლებისაკენ“.

ნ. სამადაშვილი, ამასთანავე, საზოგადოდ აყენებს პროფესიონალიზმის პრობლემასაც, ეთანხმება კ. მარჯანიშვილის მოსაზრებას, რომ „თეატრისთვის საჭიროა მსახიობი და არა სცენისმოყვარე“, თავადაც კატეგორიულად დაასკვნის: „დროა მუშათა თეატრმა შემოიკრიბოს ნიჭიერი მსახიობების ჯგუფი, სადაც უნდა დაიდგას ახალი რევოლუციონური პიესები“. სტატიის ავტორი „მშრომელი კლასის ინტელექტუალური დონის“ ამაღლების საკითხს აყენებს და თეატრს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ამ პრობლემის გადასაჭრელად. მას კიდევ ერთი სპექტაკლი მოჰყავს სანიმუშოდ და წერს: „ტფილისმა ახალი საუკუნე დაიწყო „ფუენტე ეხუნას“ დადგმით“. მოგვიანებით, პროფესიონალი თეატრმცოდნეები დაწერენ: ლოპე დე ვეგას „ცხვრის წყაროს“ რეპეტიციები 1922 წ. 1 სექტემბერს დაიწყო. 25 ნოემბერს პრემიერა შედგა. თეატრში ნამდვილი რევოლუციური გადატრიალება მოხდა“ (121, 84).

ახლა, უკვე დროის გადასახედიდან შეიძლება ვთქვათ, რომ მისეული შეფასებანი ამა თუ იმ სპექტაკლისა თუ თეატრალური მოღვაწის შესახებ ზუსტია და სწორი; აქვე დავსძენ -ამ სტატიას 20 წლის ხიდისთაველი ყმაწვილი წერს.

თეატრალურ მოსაზრებებთან დაკავშირებით კიდევ ერთ წერილს გავიხსენებ. ამჯერად, ეს კერძო ბარათია. გაგზავნილი 1961 წლის 16 თიბათვეს. წერილი სხვა ფენომენია. პიროვნება სხვაგვარად გადმოსცემს ნაფიქრსა და ნაგრძნობს, როცა ბარათი ერთი ადამიანისთვისაა განკუთვნილი. ეს წერილი სცილდება ოდენ მოკითხვის ბარათის და თუნდაც, შთაბეჭდილების ფარგლებს და რეცენზიას უფრო ემსგავსება.

ნიკო სამადაშვილი თავის მოსაზრებას უზიარებს ცნობილ ქართველ რეჟისორს გიორგი ჟურულს, რომლის რეკომენდაციითაც უნახავს 1861 წელს რუსთაველის თეატრში დადგმული სპექტაკლი „ფიროსმანი“ (წერილიდან „შენ მაძალებდი ნახეო...“)

ცოტა რამ სპექტაკლის თაობაზე.

1961 წლის 6 ივნისს რუსთაველის თეატრში გაიმართა გ. ნახუცრიშვილის პიესის „ფიროსმანი“ პრემიერა (რეჟისორი - დ. ალექსიძე, მხატვარი - ფ. ლაპიაშვილი, კომპოზიტორი - ა. ჩიმაკაძე, მთავარ როლში - ს. ზაქარიაძე). იმდროინდელი გაზეთები, მოგვიანებით, რეცენზენტები და პროფესიონალი თეატრმცოდნეები, რამოდენიმე შენიშვნის აღნიშვნით, აღტაცებულ რეცენზიებს უძღვნიდნენ სპექტაკლს, მოვიტან რამდენიმე მათგანს: გაზ. თბილისი №133 (2448) 7.VI.1961: პრემიერას წილად ხვდა დიდი და დამსახურებული წარმატება; გაზ, კომუნისტი № 20 (12043) 8.VI.1961: პიესაში მართლად და დამაჯერებლად ასახულია უბრალო მუშა-შემოქმედის ცხოვრების გზა. პიესა „ფიროსმანი“ რომანტიკული, გულშიჩამწვდომი ნაწარმოებია, რომელიც მოგვითხრობს ნიკო ფიროსმანაშვილის ტრაგიკულ ბედს.

დ. ჯანელიძე: ჩინებულად წარმოგვისახა ავტორმა თვით ფიროსმანი, განსაკუთრებით პიესის მეორე ნახევარში. დრამატურგმა საინტერესოდ სცადა დაეხატა მხატვრის გარემო, თუმცა არც ისეთი წვდომით და სიღრმით, როგორითაც თვით ფიროსმანის სულიერი ცხოვრება. ჭეშმარიტი დრამატული ალღოთი და გზნებით არის გამოხატული დაპირისპირებანი და შეჯახებანი, სადაც ვლინდება ფიროსმანის შინაგანი ბუნება და ხასიათი, მაგრამ დასანანებელია, პიესის კომპოზიციური აღნაგობა რომ ჩამოუქნელია და ერთ მთლიანობაში მოყვანა - დაუსრულებელი... რუსთაველის თეატრის ეს წარმოდგენა აღიქმება, როგორც სიმღერა ფიროსმანზე (გაზ. კომუნისტი № 214 (12128) 19.IX.1961).

მ. ლევინი: ს. ზაქარიაძის მიერ ნათამაშევი ფიროსმანი ცხოვრებაში შემოვიდა, როგორც კონკრეტული პიროვნება, რეალობა, თუმცა ერის სიმბოლომდე ამაღლებული (ლევინი, სერგო ზაქარიაძე, თბ. 1975 გვ. 320-321).

ე. ქარელიშვილი: არ შეიძლება განსაკუთრებული მადლიერების გრძნობით არ გაიმსჭვალოთ დრამატურგის მიმართ, რომელმაც თავდაუზოგავი შრომა და სიყვარული ჩააქსოვა თავის ნაწარმოებში, რათა ფიროსმანის დასამახსოვრებელი ცოცხალი ფიგურა გამოეძერწა. რა ნაკლიც უნდა მოუნახოთ პიესას, იმ ღირსებას ვერ წაართმევთ, რომ მასში „საწყალი ნიკალა“ თავისი ცხოვრებით ცხოვრობს. უშუალობა არ აკლია და მკითხველისა და მაყურებლის ერთსულოვან თანაგრძნობას იმსახურებს (ნახუცრიშვილი, პიესები, გამომც. ხელოვნება, თბ. 1973 გვ. 11).

ნ. სამადაშვილი თავის წერილში სპექტაკლის თითქმის თითოეულ სურათსა და ეპიზოდს განიხილავს. ჩვენ საშუალება გვაქვს გამოთქმული მოსაზრებანი მხოლოდ პიესას შევადაროთ. თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რამდენი სხვაობა შეიძლება იყოს დაწერილ მასალასა და დადგმულ სპექტაკლს შორის. ეს წერილი იმის დამადასტურებელია, რამდენად განსხვავებული და ვთქვათ. სხვაგვარი დამოკიდებულება გააჩნდა ყოველი მოვლენისა თუ პიროვნების მიმართ, აღვნიშნავთ მხოლოდ როგორც ფაქტს!

„ქართველები იტყვიან ხოლმე „მღვდელს ჭილობში იცნობენო“. აი ამ ჭილობში ვერ ვიცანი ბედისაგან დახრული, თავის უკვდავ სურათებზე აგლესილი, გზადაბნეული მხატვარი“, - ამ სიტყვებით ამთავრებს წერილს ავტორი. არაა შემთხვევითი, რომ ფინალით დავიწყეთ ბარათის განხილვა, რადგანაც აქ გამოთქმული აზრი ძირეულად მიუთითებს წერილის დედაარსს.

ნიკო ფოროსმანმა თავისი საინტერესო პიროვნებით, გამოუცნობი ბიოგრაფიითა და არაჩვეულებრივი მხატვრობით იმთავითვე მიიქცია ქართველ მწერალთა ყურადღება. გრ. რობაქიძის, ტ. ტაბიძის, პ. იაშვილის, ვ. გაფრინდაშვილისა და გ. ლეონიძიდან მოყოლებული არც ინტერესი განელებულა მის მიმართ და არც კვლევა-ძიება შეწყვეტილა. არაერთი მხატვრული ნაწარმოები მიეძღვნა, შეიქმნა მთელი ციკლები...

„მე ვუსმენ ყველას, წარმოვიდგენ ცხოვრებას მისას,
ცოცხლდება ჩემ წიმ მკრთალი სახე ფერების მგოსნის,
მთვარეულივით დავემხობი თბილისის მიწას
და დიდი ნიკო ფიროსმანის ნატერფალს ვკოცნი!“ (122, 74)

დაიწერა ეს ლექსი და თითქოს მრავალი მათგანის თაყვანისცემაც გამოიხატა ამით.

ნიკო სამადაშვილიც, როგორც ჩანს, საკმაოდ მტკივნეულად განიცდიდა დიდი მხატვრის სახელთან დაკავშირებულ ყოველ დეტალს. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ამ სპექტაკლის თაობაზე არაერთი გამოკვლევა დაისტამბა, რასაკვირველია, განსხვავებული აზრებიც გამოითქვა, მაგრამ პოეტის შეხედულებანი მაინც კარდინალურად განსხვავდება მათგან, გიორგი ჟურულსაც მისეულ განმარტებას სთავაზობდა:

„ის რევოლუციონერი იყო ხალხურ შემოქმედებაში, ისე როგორც ბარათაშვილი ქართული ლექსის „გადატრიალებაში“, ეს უნდა ეჩვენებინა დრამატურგს და არა აუცილებლად მიეჩეჩებინა პროკლამაციები...“

კიდევ ერთი კომენტარი:

„...თუ რესტორანში პოლკოვნიკი აბუჩად იგდებს ფიროსმანს და ის კი მაინც განაგრძობს ხატვას რა არის ეს, ხელოვანის ცხოვრების, ხასიათის, თვისების და რაც მთავარია „ქართული სულის“ არ ცოდნა“.

მართლაც, პიესაში ასეთი ეპიზოდია (მოქმედ. III, სურVII):

ნიკალა. ...ქართული სუფრა მუდამ ჭკუის სასწავლო და გონების სალესავია...

დავით ზურაბიჩი. გაჩუმდი ერთი, მამა გიცხონდა!.. ესე ხომ ჩემი ბავშვიც თხუპნის!.. (ამფსონები ხარხარებენ)

I ამფსონი. მართლაცდა, ერთი ამას შეხედე!..

II ამფსონი. ვაჰ, რა ყველას თვალები დაუჭყეტია!.. (კვლავაც სიცილი)

ალექსი (ჩუმად). დავით ზურაბიჩ... შენ გენაცვალე, ძალიანა გთხოვ... ეწყინება და...

დავით ზურაბიჩი. ჰმ! ეწყინება და, ცივი წყალი დალიოს“ (123, 148-149).

ეს ეპიზოდი სხვაგვარად იქნა შეფასებული ერთ-ერთ დასტამბულ რეცენზიაში. კერძოდ: „დარბაზი სულგანაბული ადევნებდა თვალს მოქმედებას. ს. ზაქარიაძესთან ერთად განიცდიდა ხელოვანის სიდუხჭირეს, გაჭირვებას, დაცინვას, აბუჩად აგდებას“ (გაზ. თბილისი № 211 (3134) 7.IX. 1963).

ან კიდევ (სხვა ავტორის მიერ გამოთქმული) ამგვარი მოსაზრება: „ბოლო სურათში ფიროსმანის სახე ატანილია ტრაგიკული განსახიერების სიმაღლემდე. რა გულსაკლავად ღიღინებს, როგორ უმასპინძლდება ლადო გუდიაშვილს: - აი, აქ პურის ნატეხიც მქონდა“ (გაზ. კომუნისტი № 214 (12128) 19.IX.1961). ნიკო სამადაშვილი ამ შემთხვევაში უკომპრომისოა. სხვაგვარ პრიზმაში გადატყდება მისთვის სცენაზე წარმოდგენილი და წერს რეჟისორს: „ლადო გუდიაშვილის საუბარი შეიძლება სინამდვილეში ასეც იყო, მაგრამ თეატრმა ეს „წვეულება“ მგონი ვერ აიტანა. არა მგონია, ლადოს ფიროსმანის ნახვა მარტო ფულის მიტანით გამოეხატა. ეს ორი დიდი ხელოვანი ისე ხვდებიან ერთმანეთს, როგორც „პაჟი და მათხოვარი“. არა, ეს გულმოსაკლავია“.

და ბოლოს, კიდევ ერთ ეპიზოდს განვიხილავ: მოქმედება IV, სურათი IX - ორი ახალგაზრდა კირილი და მიშელი სამიკიტნოში თხოვენ ალექსის ფოროსმანის გაცნობას:

მიშელი. ძალიან გვინდა მისი ნახვა...

ალექსი. ეგ ადვილია... მით უფრომ რომ თქვენ უკვე ნახეთ...

კირილი. როდის? სად?

ალექსი (ღიმილით). აი, ამ კიბეზე რომ ჩამოდიოდით...

მიშელი. ის ჩამოგლეჯილი, გაუპარსავი მოხუცი კაცი?

ალექსი. დიახ!.. აგერ, აბრას მიხატავს... (ფანჯარაში გაახედებს).

მიშელი. ძალიან გთხოვთ, აქ მოიყვანეთ.

ალექსი. (კარებში გასძახებს). ნიკალა, ბიჭო!.. ჩამოდი აქა... შენ გკითხულობენ... ვინ არიან და - ვიღაც კარგი ახალგაზრდები... შენი ნახვა სურთ... (სამიკიტნოში ჩამოდის ნიკალა დაღვრემილი სახით. კირილი და მიშელი ფეხზე წამოდგებიან, განცვიფრებით შეჰყურებენ მას)“ (124, 157).

ამ სურათსაც უარყოფითად აფასებს ნ. სამადაშვილი და წერს: „კირილთან და მიშელთან შეხვედრის სცენა ფსიქოლოგიურად ღარიბია. ფიროსმანი რესტორანში კი არ უნდა მოეყვანათ, თვითონ უნდა ენახათ „სადმე“, ასე იციან თაყვანისმცემლებმა“.

როგორ თანხვდება სამადაშვილის მოთხოვნა თვითმხილველის, ილია ზდანევიჩის მიერ 1912 წელს ჩაწერილ ნაამბობს, რომელიც საგანგებოდ ამ შემთხვევისათვის მოვიძიეთ. აქ ნათქვამია: „მოვძებნეთ მხატვარი. მივედით მალაკნების ქუჩაზე ერთ სახლთან, აქ გვიჩვენეს - აგერ ნიკალა, ქვაფენილზე დგასო, მას ფუნჯით გამოჰყავდა წარწერა „სარძეო“, ჩვენსკენ მობრუნდა, ღირსეულად თავი დაგვიკრა და განაგრძო მუშაობა. ეს შეხვედრა დამამახსოვრდა: თეთრ კედელთან დგას მხატვარი დახეულ შავ პიჯაკში, თავზე ახურავს რბილი ფეტრის ქუდი. მაღალი, მშვიდი, ამაყი, მაგრამ გულში ჩამარხული რაღაც მწუხარებით“ (125, 19).

ხელოვნების კიდევ ერთი დარგი, რომელმაც ნ. სამადაშვილის ყურადღება მიიქცია 40-იან წლებში იყო კინო. მან დაწერა სცენარი „ლეგენდა სამგორზე“, რომელიც დაიკარგა და ქუჯი ძიძიშვილთან ერთად ასევე კინოსცენარი „ნიკო სულხანიშვილი“. რამოდენიმე წლის წინ საშუალება მქონდა მესაუბრა სცენარის თანაავტორთან ბ-ნ ქ. ძიძიშვილთან. როგორც მან მითხრა, დაწერის იდეა ნ. სამადაშვილს დაბადებია, როცა გასცნობია იმხანად გამოცემულ გიორგი ნადირაძის წიგნს ნ. სულხანიშვილზე. რაღაც საერთო დაინახა თავის თავსა და ამ კომპოზიტორს შორისო, - მიამბობდა ბ-ნი ქუჯი. ნიკო ფიროსმანი, ნიკო სულხანიშვილი - ორი ნიჭიერი შემოქმედი, რომელთა ბიოგრაფიებიც ტრაგიკულ ელფერს ატარებს. თუმცა ეს ტრაგიკული ორივე შემთხვევაში ყოფითს გულისხმობს, ქართველი პოეტისათვის ისეთივე ახლობელი და გათავისებულია ეს ტკივილები, რომ ახლა ამათგან ერთ-ერთის ცხოვრებას უნდა რომ ფეხდაფეხ მიჰყვეს, აღწეროს.

საქართველოს ლიტერატურისა და ხელოვნების ცენტრალურ სახელმწიფო არქივში ინახება კინოსტუდია „ქართული ფილმის“ სასცენარო საბჭოს სხდომათა ოქმები. მათ შორის მოვიძიე ჩვენთვის საინტერესო ოქმი № 14 (რუსულ ენაზეა). აქ დაფიქსირებულია სხდომის მსვლელობა, რომელიც შედგა 1945 წლის 27 ნოემბერს (თავმჯდომარე: აკ. ბელიაშვილი, მდივანი - რ. მიქაძე), სხვა სცენარებთან ერთად № 2 საკითხად განხილულ იქნა ქ. ძიძიშვილისა და ნ. სამადაშვილის სცენარი „ნიკო სულხანიშვილი“. ვინაიდან ამ ფაქტზე არაფერი თქმულა და არც დაწერილა, მიზანშეწონილად მიმაჩნია უფრო დეტალურად ვისაუბრო. მთავარი მომხსენებლის (კოპაძე) აზრით, სცენარი თავისთავად საინტერესო ეპიზოდების კონგლომერატს წარმოადგენდა. შემოთავაზებული მასალა შეიძლებოდა განხილულიყო როგორც დამხმარე და არა სცენარი, რადგანაც ის თვლიდა, რომ აქ არ იყო დრამატული კონფლიქტი, კვანძის შეკვრა და გახსნა, არ იყო წარმოჩენილი ტრაგიკული ბედი გმირისა. მომხსენებელი ავტორებს სთავაზობდა ტექსტის შემცირებას (იმ ეპიზოდთა დატოვებას, რომელთაც ორგანული კავშირი ექნებოდათ სიუჟეტურ ღერძთან), გმირის ხასიათის გამოკვეთას და მომავალი ფილმისათვის მეტი სოციალური და პოლიტიკური ჟღერადობის მინიჭებას. მრავალი საყურადღებო აზრი გამოითქვა არა მხოლოდ კინემატოგრაფიული თვალსაზრისით, არამედ კომპოზიტორის მუსიკალური მემკვიდრეობის პოპულარიზების და მისი ცხოვრების ეკრანიზაციის მიმართებითაც. საბოლოოდ, სასცენარო საბჭომ გამოიტანა დადგენილება (მოვიტანთ მთლიანად):

«Представленый для создания сценария материал нужно считать приемлемым,при условии, если авторы разработают драматургическую канву, необходимую для создания кинодраматургического произведения.

Предложить сценарному отделу, в согласии с авторами, подыскать опытного кинодраматурга в помощь им и тему о Сулханишвили включить в тематический план 1946 года» (126. 19)

აქვე აღვნიშნავ, რომ შემდგომი მსვლელობა ამ საქმეს აღარ მისცემია. მართალია, დაიდო ხელშეკრულება და სათანადო თანხაც იქნა გაცემული, მაგრამ ფილმი აღარ გადაღებულა. ეს სცენარიც არსად დაბეჭდილა და იგი საზოგადოებისათვის უცნობია.

ვიდრე კინოსცენარის შესახებ საუბარს შევუდგებოდეთ, ერთი პრინციპული საკითხი თავიდანვეა გასათვალისწინებელი: რაოდენ დიდია განსხვავება სცენარსა და ფილმს შორის. აქედან გამომდინარე, არც ჩვენ გვაქვს საშუალება ასეთი შედარების მოხდენისა: რა იყო სცენარში და რა ვნახეთ ფილმის დემონსტრირების შემდეგ, როგორ მოხდებოდა მთლიანობაში გმირის პიროვნების წარმოჩენა და ამის მიხედვით, რაზე გამოიკვეთებოდა მაყურებლის რეაქცია დაბოლოს, რა დარჩებოდა სცენარის „ლიტერატურულ გააზრებად“.

კინოსცენარი იწყება მომავალი ფილმის კადრებით, იმ გარემოს აღწერით, რომელშიც მთავარ გმირს უხდება ცხოვრება. ტიტრით: „1878 წელი. სოფელი აწყური.

ზაფხულის უღრუბლო დილა, სოფლის გზებზე გლეხობის ფუსფუსია, რიგი ურემში ხარებს აბამს, რიგი ფიწლებით და არნადებით ქვევით მიდიან, რიგი ძნებდადებული ურმებით ბრუნდება სოფელში. ქალები მხარზე შედგმული დოქებით მიდიან წყაროზე, შორს კალოობა მოსჩანს.“

აქვე ხდება გმირის გაცნობაც.

„მთის ზეგანზე ფარეხები და ცხვრის ფარა მოსჩანს; პატარა ღელე. ორიოდე ქორაფი შრიალებს, კიკო ყევარ ხარ-კამეჩს, ორ ძროხას, ერთ ჭედილას, ორ თოხლს და ერთ თხას უდგია. სახრე იღლიაში ამოუჩრია და ქორაფის ძირზე მიყუდებული სალამურს უკრავს. ცქვიტი თვალებით ხან საქონელს გასცქერის, კიკოს ფეხებთან „ბუღრია“ ჩაცუცქული.

ესაა სცენარი ბიოგრაფიული ხასიათის ფილმისათვის. მომავალ კომპოზიტორს ბავშვობიდანვე ვეცნობით, მყუდრო ოჯახური გარემოდან - სიცოცხლის უკანასკნელ დღეებამდე. მოქმედ გმირთა გალერეა საკმაოდ მრავალრიცხოვანია: მამა პაატა, დედა ნინო, და ბაბალე, უმცროსი ძმა დათიკო, ამხანაგი გიგლა, ცხოვრების შემდგომ წლებში შეხვედრილი ადამიანები: შალიაპინი, გორკი, ერთგული მეგობარი დავით პავლიაშვილი, იგივე „ნაპოლეონი“, ქვრივი ნენე, მეუღლე ანა, შვილები და სხვანი. ეპოქის კოლორიტის შექმნისათვის სცენარში ამ პერიოდის არაერთი გამოჩენილი მოღვაწის სახეა გააზრებული. ესენია: ბარბარე ჯორჯაძე, ილია ზარაფიშვილი (მას ცოლად ჰყავდა ნიკოს უფროსი და სოფიო), ანტონ ფურცელაძე, დიმ. მაჩხანელი, ალექსანდრე ყაზბეგი, აკაკი წერეთელი, ილია ჭავჭავაძე, ვაჟა-ფშაველა... მოქმედება ვითარდება აწყურში, თელავსა და თბილისში.

„ნიკო სულხანიშვილის ბიოგრაფიის აღდგენას დიდი სიძნელეები შეხვდა, - წერდა კომპოზიტორზე დაწერილი მონოგრაფიის ავტორი გ. ნადირაძე. მათ შორის მთავარია ის, რომ მე იძულებული ვიყავი ძირითადად მისი ნაცნობების ზეპირ მოგონებებს დავმყარებოდიო და ზოგჯერ ამ მოგონებათა მეტი სხვა არაფერი მქონია, ამიტომაც კომპოზიტორის ცხოვრების აღწერილობამ ფრაგმენტული ხასიათი მიიღო“ (127, 5).

ნ. სამადაშვილისა და ქ. ძიძიშვილის სცენარი ზედმიწევნით ახლოა ხსენებულ გამოკვლევასთან. უყურადღებოდ არაა დატოვებული არცერთი მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი მომენტი და იგი გასცენიურებულია. ხანდახან ის შინაარსობივადაც იდენტურობას ავლენს მონოგრაფიასთან.

ერთ-ერთი ეპიზოდი ეთმობა აწყურში გიორგობის დღესასწაულს. საქართველოს ყოველი კუთხიდან მოეშურება ხალხი. გათვალისწინებულია ფონი, ხედები, ე.ი. მომავალი კადრები. ხალხმრავლობაა. გამოჩნდებიან ვასილ ბარნოვი, დიმიტრი მაჩხანელი და მათ „შუა ჩარდახიან ურემში ქართულად ჩაცმული, ამაყად მჯდომი ხანში შესული ბარბალე ჯორჯაძე“. მას ეუბნებიან, რომ კიკომ წაიკითხა ბაირონის „ჩაილდ ჰაროლდი“. მამა კიდევ უფრო აზუსტებს ინფორმაციას: „წაიკითხა ეს ლექსი და ხელად სიმღერაც შესთხზა!“

სცენარში მოტანილია სიტყვები:

მშვიდობით! ლაჟვარდ სივრცეში ჰქრება
სახე სამშობლოს ნაპირებისა...და ა.შ.

(ამის თაობაზეცაა მონოგრაფიაში დოკუმენტური მასალა).

მომავალი კომპოზიტორის ყველაზე დიდი გატაცება მუსიკაა, აფთიაქართან საუბარში ის ამბობს: „სოფელში ყველგან მუსიკაა - ყანაშიც, ტყეშიც, კალოზედაც, ვენახშიაც, ურმის ჭრიალშიაც; სოფლად ყველაფერი მღერის: ცაც, დედამიწაც, მდინარეც... გლოვა რომ გლოვაა, იქაც მუსიკაა, ჩვენებური მომტირალის ზარში ამაზრზენი მუსიკაა... მაგრამ ყველაფერი ეს ჩემში ღელავს, ჩემში... ყველაფერი ჩემშია და ხმის ამოღება სწყურიათ... ხმა კი როგორღა ამოვაღებინო თუ არ ვისწავლე?“

სცენარში თანამიმდევრულადაა აღწერილი მოწაფეობის წლები, შეხვედრა შალიაპინთან და გორკისთან (ისინი თავშესაფარს სთავაზობენ თბილისში სწავლის გასაგრძელებლად ჩასულს) და ასე გრძელდება ცხოვრების გზა... თუმცა ერთ ეპიზოდს დავუბრუნდეთ, რომელიც ფურცლებზეც კი კინოს ენით, კადრებად იკითხება. სანიმუშოდ მოვიტან მოზრდილ მონაკვეთს:

თბილისის სასულიერო სემინარიის საკლასო ოთახი.

„ერთ-ერთი მოწაფე შარჟს ჰხატავს მასწავლებლისას: მელოტ თავს, უკანიდან, კადრში ისმის გაბზარული, მშრალი ხმით, ლათინური გრამატიკული ბრუნება: Nominativus - rosa, Genitivus - rosis, Dativus-rosis...

- კვლავ ვხედავთ მელოტ თავს უკნიდან, დაფასთან მიმდგარს. გამხდარი ხელებით დაფაზე ლათინურის მასწავლებელს გამოჰყავს ლამაზი ასოებით ბრუნვის სიტყვები“. ამას მოჰყვება კლასის აღწერა.

„...მოწაფეს შარჟი გაუთავებია, სხვები შემოსხდომიან და ჩუმად იღრიჭებიან. კიკო ფანჯარაში იყურება...

კვლავ ისმის მონოტონურად: Nominativus, Genitivus, Dativus...

ვხედავთ მელოტ თავს დაფასთან, გამხდარი ხელი განაგრძობს წერას...

...ვამჩნევთ, რომ კიკოს ამ კლასისა აღარაფერი ესმის...

ლათინური სიტყვების მონოტონური წამოძახილების ფონზე გაისმის კიკოს წკრიალა სიმღერა:

„ლურჯი სუფრაც გადუშალეს თამარ ქალსა დიელო-და...“

დაფასთან მდგომი მელოტი თავი მკვეთრად შემობრუნდა და მხოლოდ ეხლა დავინახეთ ლათინურის მასწავლებლის ბოროტი, გამხდარი სახე გაფშეკილი ულვაშებით“.

როგორც ითქვა, სცენარში მოცემულია ის ისტორიული გარემო, რომელშიაც კომპოზიტორს მოუხდა ცხოვრება. თავდაპირველად, ბრძოლა მეფის თვითმპყრობელობის წინააღმდეგ, მარშის შეთხზვა, კონფლიქტი ჟანდარმერიასთან, შემდეგ ურთიერთობა მენშევიკურ მთავრობასთან.

ჯერ კიდევ სცენარის პირველივე გვერდებზეა ასეთი ეპიზოდი:

„- მამილო, ადამიანები ერთმანეთს სიმღერით რად არ ელაპარაკებიან? განა ასე უკეთესი არ იქნებოდა?

პაატა საურავს კამეჩის ფერდზე შეაჩერებს, კიკოს გაკვირვებული შეჰხედავს, ჯერ იცინის და შემდეგ დაუტევს:

- შენ ხომ სულ სიმღერასა და სალამურის დაკვრაზე გიჭირავს თვალი! არა შვილო, ჩვენს გაჭირვებულ ცხოვრებას მუდამ სიმღერა როდი არგებს!“

ამ სიტყვებიდან სოციალურ უსამართლობაზე წუხილი მოჩანს. სცენარში სადიქტორო ტექსტის დახმარება შედარებით იშვიათად ხდება. უფრო ხშირად გამოიყენება ტიტრებით მოწოდებული ცნობა. ასე მაგალითად: ნიკო იწერს ხალხურ სიმღერებს. „ეკრანზე ჩნდება წარწერა გაზეთის ფურცლიდან:

კომპოზიტორი ნიკო სულხანიშვილი მოგზაურობს კახეთსა და ქიზიყში. მან მრავალი შესანიშნავი ხალხური ჰანგი გადაიტანა ნოტებზე..

შემდგომში გმირს დროსთან აქვს კონფლიქტი. სცენარში უმეტესად ფაქტის კონსტატაცია ხდება და არა მისი (ფაქტის) მხატვრული მიწოდება.

ნიკო სულხანიშვილი ვერ ახერხებს თავისი მიზნების სრულად განხორციელებას, მის ხორცშესხმას. ამას თვითონაც განიცდის და ფილმის დასასრულს ამბობს:

„ - ეჰ, ნიკო სულხანიშვილო! ესეც შენი ტკბილი სიცოცხლე, ესეც შენი გზები და ფრთაგაშლილი სიმღერა“.

კინოსცენარში მრავლადაა ეპიზოდი, რომელთაც მელოდრამატიზმის იერი დაჰკრავთ (ეს ეხება გმირის რომანულ თავგადასავლებს). აქვე საკმაოდ დიდი ადგილი აქვს დათმობილი ნიკოს ერთგული მეგობრის დავით პავლიაშვილის სახეს. ასევე მეტნაკლებად საინტერესოდაა დახატული ქალთა სახეებიც.

როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, იმ ეპოქის თითქმის ყველა ღირსეული მოღვაწეა წარმოდგენილი. თავისთავად ჩანაფიქრი არაა ურიგო, მაგრამ ზოგ შემთხვევაში ვფიქრობ, შედარებით ხელოვნურადაა. მათი გამაერთიანებელი პრინციპი მექანიკურია. რიგ შემთხვევაში ეპიზოდი მშრალი ფაქტის ილუსტრაციაა და არა აუცილებლობით ნაკარნახევი. სხვა კუთხით ითქვა კიდეც სასცენარო საბჭოს სხდომაზე: «Наличие в произведении почти всех выдающихся деятелей данной эпохи, поскольку они сюжетно с темой не увязаны, излишна. Кроме того, они выглядят весьма неблогоприятно, поскольку сделаны автором безучастными к судьбе Сулханишвили. Отсюда возникает опасность, что жизнеописание композитора превратится в пасквиль против прогрессивной части грузинской общественности».

სანიმუშოდ რამდენიმე მაგალითს მოვიტან. ვასილ ბარნოვის, დიმ. მაჩხანელის, ბარბარე ჯორჯაძის შესახებ უკვე აღვნიშნე. ასევე დამოუკიდებელი ეპიზოდია თავყრილობა ილია ზარაფიშვილის ოჯახში, სადაც მრგვალ მაგიდას უსხედან სანდრო ყაზბეგი, ანტონ ფურცელაძე, ილია ზარაფიშვილი, მისი მეუღლე სოფიო; სოფიოს მახლობლად ფეხზე დგას ვასილ ბარნოვი. მოშორებით სავარძელში სხედან დ. მაჩხანელი და ივერიელი, კედლის ხალიჩაზე ცალმხრივ მიყრდნობილი, გულხელდაკრეფილი დგას იოსებ დავითაშვილი.

მაგიდაზე რვეულის ყდაზე ვკითხულობთ წარწერას (აქაც ტიტრის გამოყენებაა გათვალისწინებული): „ელგუჯა, სანდრო ყაზბეგი კითხულობს, ყველანი სმენად არიან გადაქცეულნი. სანდრომ დაამთავრა იმ სცენის კითხვა, როცა მათია და მზაღო მარტონი არიან დარჩენილნი“.

შემდეგი შეკრების ადგილი - მესხიშვილის იუბილეა.

„ორკესტრის პულტთან გამოჩნდება ზაქარია ფალიაშვილი...“

„... ხალხის ოვაციებში აკაკის აჰყავს იუბილარი მაღალ კვარცხლბეკზე, შემდეგ შემობრუნდება და ხალხს მიმართავს სიტყვით“.

სულხანიშვილის „სალიტერატურო-სამუსიკო დილაზე სოსო გრიშაშვილი ამბობს ლექსს:

„არ შეგცივდეს ბარაშკაჯან,
ზამთრის ქუდი დაიხურე...“

ვაჟა ფშაველას სახე რამდენჯერმე გაიელვებს სცენარში. თავდაპირველად, ის ნიკოს ოჯახში გამოჩნდება, შემდეგ ჩოფურას დუქანში წერს ლადო მესხიშვილისადმი მიძღვნილ ლექსს. ამ ეპიზოდში ერთ დეტალზე შევაჩერებ ყურადღებას. კინოსცენარში ვაჟა მიმართავს ნიკო სულხანიშვილს: „სიმღერადა ხარ გაჩენილი, შე დალოცვილო! მაგრამ შენი თავი რომ ვერ გიპოვნია? მე და შენ მთებისათვისა ვართ გაჩენილი. მთა კი ჩვენთვის! რა გინდა ამ ტიალ ქალაქში? (უჩვენებს გახამებულ საყელოსა და სამაჯურებზე) - მოიხსენი ეგ ფიცრები, წამო, გამომყე მთაში და ლაღად იმღერებ, თვალიც დაგეწმინდება და გულიცა!“ სასცენარო საბჭოს სხდომაზე ეს ეპიზოდის საკამათო გამხდარა. ერთ-ერთი გამომსვლელის (ერმოლინსკი) აზრით, «неправильно трактован Важа Пшавела, которому в сценарии дан один мотив: это его совет композитору бросить город и уйти в горы. Считает ошибкой толкать Сулханишвили в деревню». აქ ერთი რამ არ გაუთვალისწინებია მომხსენებელს (უფრო სწორად, არ სცოდნია). კერძოდ, ის, რომ ეს სიტყვები დრამატურგთა ფანტაზიის ნაყოფი არ არის, იგი რეალურად ითქვა და ავტორთა მიერ სიტყვასიტყვითაა გადმოღებული ნიკო სულხანიშვილის დის ბარბარე სულხანიშვილის მოგონებიდან (128, 104).

ყველაზე გამართლებული და სიუჟეტურ ხაზთან ორგანულად დაკავშირებულია ეპიზოდი, როცა ილია ჭავჭავაძე და ვასო აბაშიძე (თბილისში, ყოფილ ინჟინერთა კლუბის შენობაში) ისმენენ ოპერას „სევილიელი დალაქი“ და მათ შორის ასეთი დიალოგი იმართება:

„ვასო აბაშიძე: ჰა, როგორ მოგწონთ ბატონო ილია, ჩვენი ფილიმონ ქორიძის სიმღერა? რაში ეტევა მაგ დალოცვილისშვილს ე მაგოდენა ხმა, ჰა?

ილია ჭავჭავაძე: ჩინებული ხმა აქვს ჩვენს ფილიმონს, მაგრამ... (მცირე პაუზა. ილია ნაღვლიანად განაგრძობს) სად არის ჩემო ვასო, ქართული სიმღერა, ქართული ოპერა! ჩვენი სიმღერები სრულს ახალს ამბავს უნდა წარმოადგენდეს მუსიკის ისტორიისა და თეორიისათვის... ნეტა ისე არ მოვკვდე, რომ ქართულ ოპერას არ ვეღირსო...

ვასო აბაშიძე: ბატონი ილია, ქართულ ოპერას რომ მოვესწრებოდე, შერცხვენილი კაცი ვიყვე, თუ სიხარულით მეც არ ავმღერდე“.

მხოლოდ ისტორიული კოლორიტის შექმნისათვის არაა მოხმობილი ილია ჭავჭავაძის სახე, არამედ აქ მას აზრობრივი შინაარსის ჩამოყალიბებაში თავისი ფუნქცია გააჩნია; ყოველი ქართული საქმის აღორძინება და განვითარება იყო მისი საფიქრალი და, რაც მთავარია, ფილმიც ხომ იმ პიროვნებას ეძღვნება, ვისაც პირველი ქართული ოპერის შექმნა სურს.

კინოსცენარის ბოლო კადრებიც კომპოზიტორის უკანასკნელი დღეების ტრაგიკული აკორდების გახმიანებით მთავრდება. ცნობილი ფაქტია, რომ ნიკო სულხანიშვილი გადათეთრებულ დედნებს არასოდეს იშორებდა. მისი ახლო მეგობრების მოგონებით, მას მუდამ ავადმყოფური შიში აწუხებდა: უთუოდ დავკარგავ ამ ნაწერებს, ან ვინმე მომპარავსო. სამწუხაროდ, ეს აუხდა კიდეც: „სიკვდილის დღეს კომპოზიტორი გაქურდეს და უკვალოდ გადამალეს მისი ნაწერები (129, 5). სცენარშიც ფილმის დასასრული ასეა წარმოდგენილი:

„ქაშვეთის ეკლესიის ხედი: სამგლოვიარო ზარის რეკაა. ეკლესიიდან გამოდის პროცესია, წინ მიუძღვება მგალობელთა გუნდი. მღერის ნიკო სულხანიშვილის ჰიმნს „ღმერთო, ღმერთო“ და ეს საგალობელი ისე ისმის, როგორც რექვიემი.

კადრი იხურება. გალობა თანდათან გადადის სიმფონიურ მუსიკაში: კვლავ „ღმერთო, ღმერთო“, მუსიკა სულ უფრო და უფრო ძლიერდება. მთვარის შუქზე მოსჩანს უბრალო საფლავი, რომელიც თანდათან თოვლით იბურება, ამოვარდება ქარი და თოვლს ატრიალებს. სასტუმროს ეზოს მკრთალად ანათებს მთვარის შუქი და მბჟუტავი ფარანი. ნაპოლეონი აგროვებს კიკოს ბარგს და თან ცრემლს იწმენდს.

ქარი აფრიალებს კიკოს ხელნაწერებს.“

მართალია, სცენარის შექმნაში ქ. ძიძიშვილიც იღებდა მონაწილეობას, მაინცაა შესაძლებელი, ცალკეული ფრაზები გამოვყოთ, რომელნიც ნ. სამადაშვილის ტრადიციული ხელწერის ყალიბში ზის. ასე მაგალითად:

ავადმყოფი „კიკო უეცრად წამოჯდება და ბოდავს.

- აჰა, გესმის? - სიცოცხლემ გამოსამშვიდობებელი ზარი ჩამორეკა... ეჰ...“

და კიდევ: მართალია, ცოტა მოზრდილი მონაკვეთის წარმოდგენა მიწევს, მაგრამ მისი მხატვრული აზროვნების უფრო სრულყოფილად წარმოსაჩენად ერთი შესაძლებლობა კვლავ გვეძლევა. რეჟისორ გიორგი ჟურულისადმი გაგზავნილ ზემომოტანილ წერილში (სპექტაკლთან დაკავშირებით) ერთი ასეთი ადგილია:

„...ძველი თბილისის ბაზარი, რა საშინელი სიცარიელეა ამ ბაზარში. ვირთხებივით გამოძვრებიან ყასაბი, მეთევზე და ისევ იმალებიან (სად არის აქ მასიურობა, რომელიც ასე დამახასიათებელია ბაზრისათვის). მარტო დიმიტრის ღრიალი საქმეს ვერ შველის“.

რასაკვირველია, სხვადასხვაა კინოსა და თეატრის სპეციფიკა, შესაძლებლობანი, გამომსახველობითი საშუალებანი. თუკი ნახუცრიშვილის პიესაში ნ. სამადაშვილის თვალსაზრისით, შედარებით მწირია ბაზრისათვის მახასიათებელი ხალხმრავლობის სცენები, ამ კინოსცენარში, ვფიქრობ, იგი საკმაო წარმატებითაა მიღწეული. ასე მაგ.:

„ბაზარში ხალხის ფუსფუსია. ვხედავთ ყასბებს, მემწვანილეებს, მოვაჭრე გლეხებს... ფეხაჩქარებით მოდის კიკო, ხელში ჩემოდნით და მიემართება დილიჟანსის სადგურისაკენ.

ხალხი შემოჰხვევია პეტრუშკას წარმოდგენას: ბანჯგვლიანი შავი ძაღლი უყეფს პეტრუშკას, პეტრუშკა ჭყიპინებს; ამ დროს ამოჰყოფს თავს მეეზოვე და პეტრუშკას თავში კეტს ჩაჰკრავს. წარმოდგენას უცქერის ერთი მიამიტი გლეხი და გულიანად იცინის. გლეხს გვერდით ამოსდგომია ჯიბგირი და ჯიბეში ხელს უყოფს.

ისმის არღნის ხმა. მაყურებლების წრეში ყოჩების ჭიდაობაა. ყოჩების პატრონი ყარაჩოღელები აქეზებენ თავ-თავის ყოჩებს.

თავზე თაბახშედგმული კინტო დადის და გაჰყვირის:

- აბა ქორფა კიტრი, უშვილობის წამალი, კაი ტარხუნა, პატარძლის დაკრეფილი, იფ, ჰა, ჰა, ჰა, ჰა!

კინტოს შეაჩერებს ერთი ხნიერი დედაკაცი.

დედაკაცი: როგორ კიტრი შვილო?

კინტო: წყვილი ერთი შაური!

დედაკაცი: უი, დამიდგეს თვალები! რა ძვირია, ქა!

კინტო: ძვირია დედიჯან? ერთი თვის შემდეგ მოდი, ხუთი ცალი კაპეიკად მოგცე!

სადგომიდან გამოემართა დილიჟანსი: ხალხში გზას ძნელად იკვალავს და ნელ-ნელა მიიზლაზნება, მედილიჟნე კი საყვირს აჭყვიტინებს.

ბაზრის თავში ვხედავთ ნენეს: თავშალი მოუხურავს და გაჩქარებით გამორბის, მაგრამ წარა-მარა ხალხს აწყდება და გზა ეღობება.

ფაცი-ფუცში ერთ კინტოს მიეჯახა.

კინტო: ვა, კუკლაჯან, რას მეჯახები, გენაცვალე, სუსტი გული მაქვს!

ნენე მიუახლოვდა დილიჟანსს, თვალი მოჰკრა შიგ მჯდომ კიკოს. ნენე (გაჰყვირის): კიკო, კიკო! მაგრამ ნენეს ყვირილი ხალხის ჟრიამულში იფანტება. დილიჟანსმა გზა გაიკვლია, ფართო გზაზე გავიდა და სვლას თანდათან უმატებს“.

ნ. სამადაშვილი აქტიურად იყო დაინტერესებული როგორც ქართული თეატრის პრობლემებით, ასევე კინოს განვითარებით და შემოქმედებითად გამოხატავდა ამ თანადგომას.

სტრიქონები... ფანჯრებია პოეტის სამყაროს დასანახავად. არ ვიცი, ჩემმა ფანჯრებმა დაგანახვეს თუ არა ჩემი ნამდვილი გოლგოთა, იქნებ ელამი გამოდგა ის ჩემი შუშაბანდი, რომელსაც უნდა დაენახვებინა ის ადგილები, სადაც შეშინებული ადამიანივით დავიარები, - წერს ნ. სამადაშვილი ვ. კოტეტიშვილისადმი გაგზავნილ წერილში. ბავშვობის ტრაგიკული შთაბეჭდილებები, ყოველდღიური ყოფის დეტალები, ადამიანის საზრისი, არ-ყოფნა... - აი, პოეტის საფიქრალი. კ. გამსახურდია ერთგან წერდა: ლიტერატურათა ისტორია იცნობს არაერთ ჟონგლიორს სიტყვისას; მათ ლექსებიც ბევრი დაუწერიათ, პოემები, დრამები და რომანებიცა, მაგრამ ისინი ისე ჩაფერფლილან დავიწყების ავლში, როგორც უნაყოფო ხეთაგანი ერთი, რადგან მათ მხოლოდ წვის ფუნქცია ჰქონდათ მინიჭებული და არა მეტეორისებრი განათების უნარი (130, 136). ნ. სამადაშვილის ვერცერთ ლექსს „ლიტერატურულ ჟონგლიორობას“ ვერ დავწამებთ. თუმცაღა ის ამგვარ მივიწყებულ პოეტთა რიცხვს ეკუთვნის. მისთვის ლექსი არ არის უბრალო სიტყვათა თამაში. სიტყვათა, რომელნიც ერთ რიტმულ თუ რითმულ სიბრტყეზე არიან დალაგებულნი. მისი ლექსის პირველი სტრიქონებიდანვე იქმნება სასურველი ინტიმი, რწმენა იმისა, რომ განცდა მოგონილი არ არის. აქ ხელოვნური არაფერია, ტკივილი თავისით ამბობს სათქმელს; ტკივილი, რომლის დაფარვა პოეტს არც უცდია.

გაივლის დრო და დიდი ხნის მერე,
იტყვიან: ნიკო გვეწვია,
შემოეხვევა ცის უწვდენ მერქანს,
ჩემი ცხოვრება და პოეზია, - წერდა თავად და სწორედ დიდი დროის გავლის მერე, მრავალი წლის შემდეგ გავეცნობით მის ცხოვრებას, ვეზიარებით მის პოეზიას და ვიტყვით: ბატონი ნიკო გვეწვია!

____________________

36 სწორია: ქანდაკება დგას აღთქმული მგზავრის,

2.23 23. ნიშნიანიძე, რუსუდან. შეხვედრები:

▲ზევით დაბრუნება


[მწერლები... არ იცვლებიან]. - თბილისი, 2008. გვ. 9-38. - 9789941121883

...საგამოფენო დარბაზში ვსხედვართ... ხელნაწერები, უნიკალური წიგნები, ექსპონატები... მუზეუმისთვის ნიშნეული სიმყუდროვე.

- ჰოდა, მთელი ღამე თამაშობენ ნარდს კარლო კალაძე და ლევან ასათიანი. მეც მათთან ერთად ვარ. გამთენიამაც მოატანა. თითქმის დილის 5 საათია. კარლოს ოთხი ქვა აქვს გამოსატანი; თუ არა, პარტია წაგებულია. მოულოდნელად დგება სკამიდან, იღებს ტელეფონის აპარატს და რეკავს.

- ალო, სერგო, შენ ხარ, მე ვარ კარლო.

თურმე კაცო, სერგო კლდიაშვილთან დაურეკავს. ახლა სერგო წითური ხო იყო და... სერგო, მჭირდება დუშაში და უნდა მომცე.

- კარგა ხნის პაუზის შემდეგ ყურმილში სერგოს ხმა გაისმის:

- მომიცია!

... და წყვეტილი ზუმერი. სერგომ ყურმილი დადო.

კარლომ კამათელი გააგორა. მართლა დუშაში არ დაჯდა, კაცო?

მერე მთელი კვირა ემალებოდა გამეხებულ ლევან ასათიანს სერგო კლდიაშვილი.

ყველა ერთად გულიანად ვიცინით. ამას ბატონი გიორგი ნატროშვილი გვიამბობს. თითქმის მთელი ცხოვრება ამ ადამიანთა გვერდით გაატარა, ბოლოს საქართველოს გ. ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი იყო... და მახსენდება: „მუზეუმი ნამდვილი საკუჭნაოა, განვლილი გრძნობების, გადასული ფერების, გადახდილი ომების ძველი საკუჭნაო“ (კ. გამსახურდია). სწორედ ომების, და ომის ყველა კანონზომიერების მიხედვით იყვნენ სარდალნიც და უპოვარნიც, გმირებიცა და მსტოვრებიც. ბრძოლაც უმეტეს, უთანასწორო და უსამართლო იყო, მაგრამ მოპოვებულ გამარჯვებასაც თავისი გამორჩეული ღირსება ჰქონდა. საინტერესოა, თავად რას განიცდიდა ამ დროს უახლესი ლიტერატურული ნაშრომ-ნაღვაწის ლამის პირველი წამკითხველი და გამომრჩევი ახლა ამ ხელნაწერებს საინტერესო წიგნში გატარებულ სამუზეუმო ექსპონატად ალბათ, ძნელად წარმოიდგენდა, არცთუ იშვიათად, მუზეუმში სერგო კლდიაშვილი მოდიოდა (თანმხლებთან ერთად). მერე დიდხანს დარჩებოდა. საუბრობდნენ, შესაძლოა ხშირად ისეც ისხდნენ უთქმელად, ულაპარაკოდ. სიტყვა კარგავდა თავის დატვირთვას, უბრალოდ ერთად იყვნენ და „ის დროც“ მათთან ერთად გაირიდებოდა. კიდევ ერთი კოლორიტული პიროვნება - კოლაუ ნადირაძე. შეშფოთებული სახით, რომ გაინდობოდა მოსული. რასაკვირველია, გარეშემო პირთათვის უცნობი იყო კონკრეტულად საუბრის დეტალები, თორემ თემა - იმხანად მთელ საქართველოში გახმაურებული. გამოსულიყო კრებული „პოეტის ათასი სტრიქონი“, რომელშიც სხვებთან ერთად ბატონი კოლაუს ლექსებიც იყო დასტამბული. ლიტერატურის მუზეუმის ფონდებში დაცული ლექსი „25 თებერვალი 1921 წელი“ (ხელნაწერის ფაქსიმილე) დაბეჭდეს შემდგენლებმა:

„თოვდა. და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.
ძილ-ღვიძლად იყო ქალაქი ჩემი,
საშინელებას კვლავ ჭედდა გრდემლი -
ისევ გოლგოთა, სისხლი და ცრემლი!
მშობელო დედავ, ისევ გაგვყიდეს...“

ეს სტრიქონები ბევრად განსხვავდებოდა ამ თემაზე დაწერილ უამრავ „ნიმუშთაგან“ განსხვავდებოდა პოეტური ოსტატობით, გამომსახველობის საშუალებებით და არც უმთავრესია, ასე პირდაპირ და დაუფარავად, ხმამაღლა გაცხადებული ტკივილით. რეაგირებამაც არ დააყოვნა. ხელნაწერთა განყოფილების გამგე მოხსნეს, მუზეუმის დირექტორს - გ. ნატროშვილს სასტიკი საყვედური გამოუცხადეს. ისე, კაცმა რომ თქვას, არაფერ შუაში იყო. მოთხოვნაზე რეზოლუცია დადებული არ ჰქონია, მაგრამ „ღონისძიება“ თვალსაჩინოდ უნდა გაეტარებინათ!..

ალბათ, ამაზე ვისაუბრებთ. კიდევ ბევრ რამეს მოიგონებს, გასახსენებელი ხომ უამრავი აქვს.

ტელეფონით შევთანხმდით.

მისთვის ჩვეული თავაზიანობით შემეგება. დავსხედით. სახე შეწუხებული აქვს: რა ვიცი, გული კი არა მაქვს, ისეთი უბედურებაა, ვის უნდა, ვის აინტერესებს, დაკარგა ინტერესი ყველაფერმა. დაიკარგა. რა ღვთის წყრომაა, რა ვიცი, კაცო, რა ვიცი, რა ვიცი.

მოულოდნელად ტელეფონის ზარი გვაწყვეტინებს საუბარს. მოიბოდიშა; ხმამაღლა აწეული ტონი მეორე ოთახში ისმის:

- ყველაფრის გაჩერება შეიძლება, „მნათობისა“ არ შეიძლება. „მნათობი“ არ უნდა გაჩერდეს.

როდესაც აქ მოვდიოდი ბატონი გიორგისადმი მიძღვნილი გიორგი ლეონიძის ლექსი კიდევ ერთხელ გადავიკითხე. „მე მოვდიოდი შორიდან“ - მართალია ეს სტრიქონები ლექსში სხვა კონტექსტს გულისხმობს, მაგრამ ამჯერად მინდა, ეპოქაზე ვისაუბროთ, იმ შორეულ და ახლობელ ეპოქაზე... ცოტა ხნის შემდეგ ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ საუბარს. უფრო ზუსტად - ვიწყებთ.

- ბატონო გიორგი, თქვენ თვალწინ მთელმა ეპოქამ გაიარა. თითქმის ჭაბუკობიდან იცნობდით თანამოკალმეებს. როგორები იყვნენ ისინი ახალგაზრდობაში და მერე, ხანდაზმულობის წლებში. იგივენი დარჩნენ? ცვლილება ხომ არ შეგიტყვიათ, რომელიმე მათგანი უფრო მგრძნობიარე გახდა თუ პირიქით, გამკაცრდა?

- არა, პირიქით არა... ისე რუსუდან, მგონი, მწერლები საერთოდ არ იცვლებიან.

- უპირველესად ვის გულისხმობთ. ვინ იყვნენ და არიან თქვენი უახლოესი მეგობრები?

- რა ჩამოთვლის? ბევრი მათგანი აღარ არის ცოცხალთა შორის, მაგრამ ჩემს ხსოვნაში ისინი ცოცხალნი არიან. რა დამავიწყებს თუნდაც კონსტანტინე გამსახურდიას! მახსენდება ომისშემდგომი წლები, როცა გამოიცა მისი ნოველების ახალი კრებული. ეს წიგნი უმალ დაგმეს და შეაჩვენეს. გაზეთმა „კომუნისტმა“ ამ წიგნს გამანადგურებელი სარედაქციო წერილი მიუძღვნა სათაურით: „ნაბიჯი უკან, ძველი პოზიციებისაკენ“, რომელშიც აღნიშნული იყო: „ამ წიგნის გამოცემა წარმოადგენს უხეშ პოლიტიკურ შეცდომას. ანტილენინურმა შეხედულებებმა შესაძლებლობა მისცეს კონსტანტინე გამსახურდიას, დაენახა საბჭოთა სინამდვილე, დაუმახინჯებლად აესახა იგი თავის ნაწარმოებებში... ნოველების ავტორი ყოველგვარი ამორალიზმისა და გარყვნილების მქადაგებლად გამოდის. ამ ბოდვას საბჭოთა იდეოლოგიასთან საერთო არა აქვს რა... ეს მტრული პროპაგანდაა.“

ნოველების კრებული აკრძალეს და მთელი ტირაჟი გაანადგურეს. ამას გარდა, ქვაბში ჩაყარეს ლითონი ანაწყობისა კონსტანტინეს მეორე ახალი წიგნისათვის, რომელიც დასაბეჭდად მზადდებოდა. ერთხანად აიკრძალა მისი სახელის ხსენებაც კი. შეწუხდა მწერალი. გატეხით კი მაინც არ გატყდა. ესტუმრა ქალაქ რუსთავს და დაწერა მშვენიერი ნარკვევი იქაურ მეფოლადეებზე, ძველ იბერიელებზე და კოლხებზე, რომლებმაც მორგანის აზრით, რკინის დამუშავების საიდუმლო გაუმხილეს მთელ კაცობრიობას. ეს კი დაწერა, მაგრამ ახლა გამოქვეყნება იყო საჭირო, კარები ყველგან გადაკეტილი დაუხვდა.

მოვიდა მაშინ ბატონი კონსტანტინე „ლიტერატურული გაზეთის“ რედაქციაში და მითხრა:

- გიორგი, შენ ახლა უნდა დაამტკიცო, რომ ჩემი ძმა ხარ!

- ვეცდები-მეთქი, ვუთხარი და გულში გადავწყვიტე, რადაც უნდა დამიჯდეს, აქ უკან დახევა არ შეიძლება-მეთქი. ეს ამბავი თვითონ ბატონმა კონსტანტინემ გაიხსენა შემდგომში თავის წერილში „მწერალი და მხედარი“, რომელიც „ლიტერატურული საქართველოს“ ფურცლებზე გამოქვეყნდა 1970 წელს, რევაზ მარგიანის რედაქტორობის ჟამს. მასში მწერალი აღნიშნავდა: „ჩემი ცხოვრების უმძიმეს წლებში გიორგი ძმურად მიდგა მხარში“. ნარკვევი რუსთავზე იმავე კვირაში დაიბეჭდა, მაგრამ ეს როდი იყო მთავარი. საქმე ის იყო, რომ ამიერიდან, ასე ვთქვათ, ყადაღა აეხსნა კონსტანტინეს ნაწარმოებებს, თუმცა უსამართლო გამოხდომები კვლავ გრძელდებოდა. თვე არ გავიდოდა, ამ ჯურის კრიტიკოსებს, ქვა არ ესროლათ „ლიტერატურული გაზეთისთვის“. ხშირ შემთხვევაში თავს ესხმოდნენ გამსახურდიას ნაწარმოებებს. მომიტევეთ და ყოველივე ამას რაღაც სახელის მოსახვეჭად როდი მოგახსენებთ. ეს რედაქტორის მოვალეობა იყო და მე შეძლებისდაგვარად, ვასრულებდი კიდეც; და ამას თვითონ დიდოსტატი ისე აფასებდა, რომ საჭიროდ მიიჩნია, აღენიშნა თავის რჩეულ თხზულებების მეშვიდე ტომში: „მანიაკებმა ლამის იყო აიკლეს გიორგი ნატროშვილი“.

მახსოვს ერთად გატარებული დღეები. ხშირად დავდიოდით სანადიროდ მე და კონსტანტინე, ხანდახან ვაჟსაც წამოიყვანდა. ჩუმი იყო, ჩუმი და უთქმელი, სიტყვას არ იტყოდა.

- რაზე ნადირობდით?

- ფრინველზე, ფრინველზე. დავით გარეჯაში ზვიადიც გვახლდა... ისე უმეტესად, მცხეთაში დავდიოდით.

- ცხენებით?

- არა, მანქანით. ისე, კონსტანტინე ცხენით კიკეთში დადიოდა, მწერლების სახლი იყო იქ. ხშირად ქართველი გენერალი... უჰ, რამ დამავიწყა მისი გვარი... აძლევდა ცხენებს. ჩვენ მანქანით დავდიოდით.

ერთი ამბავი მინდა გავიხსენო კიდევ.

ერთხელ კონსტანტინეს ვახლდი თელავში საღამოზე. დაპატიჟეს თელაველებმა. წავედით აქედან მე, კონსტანტინე და მისი ქალიშვილი თამრიკო, კიდევ იყო შოფერი სურიკა. ჩავედით თელავში და ოო, დიდი სიხარულით შეხვდნენ. ჯერ არ დაწყებულა საღამო და მოვიდა ჩემთან ორი თუ სამი ახალგაზრდა ბიჭი და მითხრა, ეხლა კი ჩავიგდეთ კონსტანტინე გამსახურდია ხელშიო. მე ვუთხარი:

-კაცო, რას სულელობთ, რომ დაპატიჟეთ, როგორ ახლა...

- გაკრიტიკებას აპირებდნენ?

- ხო, ხო, ტყავს გავაძრობთო. მე ვუთხარი, გაჩერდით კაცო, ამდენი ხალხი არის თავმოყრილი... საზეიმო ისაა, დაპატიჟეთ, საპატიო სტუმარია, არ გაბედოთ-მეთქი.

- ეს ახალგაზრდები იბეჭდებოდნენ, თუ ისე, მოყვარული მკითხველები იყვნენ?

- მათ შორის ერთი ბეჭდავდა, გაზეთში მუშაობდა, სხვებიც მოლიტერატურო ხალხი იყო.

მართლაც, ჯერ არაფერი. კარგი მოხსენება წაიკითხა პირველმა მომხსენებელმა, იქაური ქალი იყო ... მერე მაინც გამოვიდნენ. თქვეს: სუყველაფერი ყირაზეა ამ რომანში დაყენებულიო. კახელები მეცხვარეებად არიან გამოყვანილი, თუშები ვენახს აკეთებენო.

- „ვაზის ყვავილობაზე“ მსჯელობდნენ?

- ხო. ვის გაუგია თუშის ვენახიო. ეს ჩანგრეული ღობეებიო... კონსტანტინემ გადმომილაპარაკა:

- ეხლავე ჩავასხმევინებ სურიკას ბენზინს მანქანაში, ჩამოვივლი მაგათთან ერთად და რამდენ ჩანგრეულ ღობეს და მოუვლელ, ღარიბ კარ-მიდამოს ვნახავთ, მერე მიყურონო...

... ათასი რაღაცეები. ზომებს არ იცავსო ვაზთა შორის ვენახის რიგებშიო. საერთოდ, ჩვენ კახელები, წინააღმდეგი ვართო.

მე ვუთხარი:

- კაცო, კახელები უკმაყოფილო ვართო, რომ ამბობთ, მე კახელად არ მთვლით, რომ დავბეჭდე ეგ რომანი-მეთქი.

დამიძახეს: - არა, შენ კახელი არა ხარო.

- აბა, ვინა ვარ-მეთქი.

- ქიზიყელიო.

ახლა კი ვისარგებლე ამით და ვუთხარი, ასე დაყავით საქართველო: ჯერ თუშები გამოაცალკევეთ, მერე კახელები, ახლა ქიზიყელები, ბარემ მთითო სოფელს ცალ-ცალკე... ვერაფერი თქვეს ამაზე. გაჩერდნენ.

- ბატონმა კონსტანტინემ არაფერი უპასუხა?

- არა, თქვა რაღაც, მაგრამ მე უკვე ვრცელი სიტყვა ნათქვამი მქონდა.

სამაგიეროდ, მერე შესანიშნავი სუფრა გაშალეს. მაინც წაამწარა კონსტანტინემ იმ სუფრაზე, იქა. მე კი არ მიმიქცევია ყურადღება, შევედით, „მასწავლებლის სახლში“. მე არ მიმიქცევია ყურადღება, ამას მიუქცევია ყურადღება, რომ იაკობ გოგებაშვილის სიტყვები რუსულად იყო მოყვანილი. თქვა:

- კაცო, არ გრცხვენიათ, იაკობ გოგებაშვილიო... თუმცა რაა, რატომ არ შეიძლება, მაგრამ... კაცი შემოდის აქაო, არ გრცხვენიათ, მარტო რუსულით რომაა იაკობ გოგებაშვილი წარმოდგენილიო. სუფრაზე უთხრა.

მოიხადეს ბოდიში, გამოვასწორებთო.

მიჭირს თავის თავზე საუბარი, მაგრამ ვეცდები არა ზოგადი ფრაზებით, არამედ ფაქტებით ვილაპარაკო. სულ იმასა ვცდილობდი, მხარში ამოვდგომოდი იმ ქართველ მოღვაწეებს, რომლებიც თავიანთი ცხოვრების უმაღლეს მიზნად ერის კეთილდღეობას, მის სიკეთეს მიიჩნევდნენ. ასეთი იყო მაგალითად, დიდად სახელგანთქმული მკვლევარი, ისტორიკოსი პავლე ინგოროყვა. იკვლევდა რა თვით უშორეულესი ეპოქების ვითარებას და ხსნიდა ისტორიის ჯერაც ამოუხსნელ საიდუმლოებებს; პავლეს ამ მუშაობის პროცესში დიდად შველოდა მიგნების ჯადოსნური ალღო და გუმანი, პირდაპირ მისნური მიხვედრა და ინტუიცია, რითაც განგებამ ბატონი პავლე გულუხვად დააჯილდოვა. ის მანამდე უვალი და გაუკვალავი გზით მიდიოდა, ამ გზით აღწევდა ჭეშმარიტებას და მაინც, მის გაბედულ დასკვნებსა და დებულებებს ფართო მეცნიერულ წრეებში ყოველთვის როდი იზიარებდნენ. წინ აღუდგებოდნენ ხოლმე და იწყებოდა ფრიად ცხარე პოლემიკა, რომლის დროსაც საქართველოს მწერალთა გაზეთი - „ლიტერატურული საქართველო“, რომელსაც იმ ხანებში თქვენი მონა-მორჩილი რედაქტორობდა, პავლეს უჭერდა მხარს; პავლეს განკარგულებაში იყო და ჩვენი ხელშეწყობა, თუკი რამე შეგვეძლო, მას არ აკლდა. რას მიშვებოდა ახლა. იცით, ერთ სარდაფში 10 გვერდზე მეტი არ შეიძლება. რას აკეთებდა. მომიტანდა სტატიას, ბოლო გვერდზე 10 აწერია, შიგნით კი არის - გვერდი 7, 7ა, 7ბ, 7გ... და ა.შ. ხომ არ მოვტყუვდები, კაცო (გულიანად იცინის). ასეთი უცნაურობები იცოდა. სულ მალე ცხარე დისკუსია გასცდა ლიტერატურული გაზეთის ფარგლებს. ზუსტად იმ ხანებში აკად. სიმონ ყაუხჩიშვილმა და მე ერთად დავწერეთ ვრცელი წერილი: „რუსთველოლოგია ახალ მიჯნაზე“, რომელიც არამარტო „ვეფხისტყაოსნის“ საკითხებს კი არ ეხებოდა, არამედ მოიცავდა ისტორიისა და ლიტერატურის განვითარების უაღრესად ფართო წრეს, რომელიც ინგოროყვას კვლევა-ძიების ცენტრში იყო მოქცეული. დაიბეჭდა იგი გაზ. „კომუნისტში“ 1964 წლის 23 მაისს. მაშინ დამიგვიანდა მე მიმეტანა ჩემი ნაწილი სიმონთან. მახსოვს, რომ გაიგო: გამომჭერი ყელი? - მითხრა. - არა კაცო, ხვალ მივუტან-მეთქი. აი, ასე იყო. სპეციალური შეკრებაც მოაწყვეს მწერალთა კავშირის დარბაზში. გამოვიდნენ მწერლები, უნივერსიტეტიდანაც... გააძრეს ტყავი. ირაკლი აბაშიძე იყო თავმჯდომარე. კარგი კაცი იყო სარგის ცაიშვილი, შესანიშნავი მკვლევარი იყო, მაგრამ... ეს იწერს, იწერს, იწერს. გამოდიან ორატორები: ერთი, ორი, სამი, ოთხი და... ირაკლიმ თქვა, მე მეგონა იწერსო, თურმე ხატავს ცხენებს, ვირებს, კურდღლებს. ყურსაც არ უგდებდა. გასაოცარი, უცნაური ხალხი იყო... შემდგომში მე და ლავროსი კალანდაძემ გამოვაქვეყნეთ ვრცელი ერთობლივი წერილი სათაურით: „წიგნი და ავტორი“, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ინგოროყვას ყოველი ახალი გამოკვლევა, მთელი მისი დაუღალავი ძიება, რომლის წყალობითაც ნათელი მოეფინა ბევრ მანამდე ბნელით მოცულ საკითხსა თუ მოვლენას, არის ძვირფასი შენაძენი მეცნიერებისათვის და მოასწავებს ქართული მხატვრულ-ესთეტიკური კულტურის ამაღლებას.

აი, ეს არის, ცნობილი წიგნია ბატონი გიორგი თავისი სამუშაო მაგიდიდან იღებს და მაწვდის კრებულს, ეს არის პავლე ინგოროყვას თხზულებათა IV ტ. ძველად ბერები რომ წერდნენ ხოლმე, საძმო ორდენი რომ ჰქონდათ, ისეთი წარწერა არის. ნახეთ ერთი.

- ძმას.

- ჰო, ძმას. ახლა რატომაა ასე. ვერ მოითმინა, რომ ჩაესვა ყდაში. სტამბიდან წამოიღო წიგნი, აკინძული ძაფზე და მომიტანა - აქაოდა, დროზე წაიკითხეო. მერე მე წავიღე კერძო ხელოსანთან, ჩავასმევინე ყდაში და მქონდა რედაქციაში. მოვიდა პავლე, ვუჩვენე, გამომართვა და სწორედ მაშინ წამიწერა სატიტულო ფურცელზე:

„ძმას - გიორგი ნატროშვილს ვუძღვნი ამ წიგნს

გულითადი სიყვარულით

ძმა პავლე ინგოროყვა 9 ივლისი, 1978 წელი, ქ. თბილისი“

გასაოცარი ხალხი იყო.

მაგონდება ორმოცდაათიანი წლები. იყო პერიოდები, როცა სტამბაში დიდი გადატვირთვის გამო, „ლიტერატურულ გაზეთს“ გათენებისას გაუშვებდნენ ხოლმე მანქანაზე. ისე რომ, ხუთშაბათობით ხშირად ღამის თევა გვიხდებოდა და პავლე იყო ერთადერთი კაცი ავტორთაგან, რომელიც როცა მისი წერილი იბეჭდებოდა, ჩვენთან ერთად ათევდა ღამეს. მზის პირველ სხივებზე რომ გაშლიდა ხოლმე ახალ გაზეთს, ჩაათვალიერებდა თავის წერილს, მერე გამოგვხედავდა და სანახევროდ ხუმრობით, სანახევროდ სერიოზულად გვეტყოდა:

- მორჩა, გასულია რაკეტა ორბიტაზე!

რა ვიცი, იმდენია გასახსენებელი... ახლა რაშია იცი საქმე? ისე მომიხდა, 40 წელი რედაქტორი ვიყავი, ჯერ გაზეთისა, მერე „დროშისა“ და მერე „მნათობის“ ე.ი. ფაქტიურად ყველა ეს მწერალთა ორგანო იყო... ბუნებრივია, ყველასთან ახლო უნდა ვყოფილიყავი.

- როგორ ფიქრობთ, როგორი რედაქტორი იყავით?

- რა ვიცი. ჩვენი დრო, განვლილი ათწლეულები თითქმის მუდამ შფოთიანი და საგანგაშო იყო. თითქმის არასოდეს ყოფილა იგი წყნარი და მშვიდობიანი, კაცმა არ იცოდა, რა მოგელოდა ხვალ, ზეგ...

ამ შეკითხვის პასუხად ერთი ამბავი მინდა გავიხსენო. წელი ზუსტად არ მახსოვს, დაახლოებით 50-იანი წლების ბოლო იქნებოდა, როცა მწერლების ერთი ჯგუფი მანქანებით თბილისიდან ჭიათურაში, სოფ. ზედა რგანში მიემგზავრებოდა. ჯგუფში შედიოდნენ ალიო მირცხულავა, ალექსანდრე გომიაშვილი, არჩილ სულაკაური, ოთარ ჩხეიძე, ვახტანგ ჭელიძე, ალეკო შენგელია და მე. სხვებიც იყვნენ. ბოდიშს ვიხდი მათ წინაშე, ვინც არ გამახსენდა. გზა და გზა ვისვენებდით. კერძოდ, გორში მახსოვს, კარგა ხნით გავჩერდით. ამ შესვენებების დროს იყო ერთი დავა და კამათი, ნაუცბათევად, იქვე შექმნილი ლექსები.

იმ ხანებში თბილისის ლიტერატურულ საზოგადოებაში იყო ერთი მითქმა-მოთქმა იმის გამო, რომ ალიო მირცხულავა ჟურნალ „მნათობის“ მთავარი რედაქტორი ერთი გაბედული ნაწარმოების დაბეჭვდვისათვის სამსახურიდან მოხსნეს. ბუნებრივია, რომ ამ მგზავრობის დროს მწერლებმა ეს ამბავიც გაიხსენეს. იყო ერთი ხუმრობანარევი მისამძიმრება ალიოსადმი, ნუ იდარდებო, მოხსნა რა ბედენაა, მალე ეგ აქლემი ჩვენს კართანაც დაიჩოქებსო. მოკლედ რომ ვთქვათ, იყო თანაგრძნობით აღსავსე სიტყვები... შემდეგ ყველა შეიპყრო პოეზიის გიჟურმა ეშხმა და კოლექტიურად შექმნეს ერთ, თუ შეიძლება ასე ითქვას, მეგრულ-ხევსურული სტროფი:

ალიო ჯვეში მაგვიხსნეს,
ეს დღე მოგველის ყველასა.
მოხსნილი ვაჟი გერჩივნოს
ლაჩარსა, მაუხსნელასა.

ლექსს თავისი ქვეტექსტი ჰქონდა იმის გამო, რომ ჯგუფში იყვნენ რედაქტორებიც, დირექტორებიც, გამომცემლობის ხელმძღვანელებიც, ისე, რომ ლექსი მთლად სახუმარო არ იყო.

ისე, (იღიმება) არც კურიოზების გარეშე იყო...

ზაფხულის ერთ ცხელ დღეს ვართან ატრიანი რედაქციაში შემოვიდა და მითხრა:

- გიორგი, ცუდად ჩამოცხა ეს ტიალი. ბავშვები, ბავშვები მეცოდება. კურორტზე მინდა გავგზავნო და კაპიკი არ მაქვს. ავანსი უნდა მომცე. ვამთავრებ მოთხრობას და სულ მალე მოგიტანო.

წუთიერად დავფიქრდი... გაზეთი თვითანგარიშზე იყო და ფული არც ისე თავზესაყრელი გვქონდა. ამიტომ შევეკითხე:

- რამდენსა თხოულობ?

- 600 მანეთი უნდა მომცე.

- აუჰ, რა ამბავია, ვართან. მაგდენს ვერ შეძლებს ჩვენი ღარიბი სალარო. გავყოთ შუაზე, 300 მაინც უნდა დამჯერდე.

- ეგ თანხა თუნდა მოგიცია, თუნდა არა. საგზურს მაინც არ ეყოფა.

- რა ვქნა, ჩემო ვართან, მაქვს და არ გაძლევ?

- კარგი, 550 მანეთი იყოს, - დაუკლო ვართანმა.

- მაინც ბევრია. 350 წაიღე. დანარჩენი სხვაგან იშოვე, შე კაცო.

- სად ვიშოვო? სად სხვაგან? განა ცდა დავაკელი? 500 მანეთს მაინც დაგჯერდები.

- 400 წაიღე და მომწყდი თავიდან.

შევხედე სახეში. თვალები ეშმაკურად აუციმციმდა და მითხრა:

- მე შენ ქართველი მეგონე, სომეხი ყოფილხარო (იცინის) სომეხმა თქვა თვითონ, კაცო, სომეხმა თქვა. მე გამეცინა.

- ყოჩაღ-მეთქი, - ვუთხარი და 600 მანეთი მივეცი.

- ბატონო გიორგი, საერთოდ, რა აზრის ბრძანდებით კრიტიკის დანიშნულებაზე?

- ისევ მეგობრებს მინდა დავუბრუნდე და რამდენიმე ამბავი თქვენთან კიდევ გავიხსენო: ეს ამბავიც კარგა დიდი ხნის წინ მოხდა. სამგზავრო მატარებელი „მოსკოვი-თბილისი“ გუგუნით მოჰქროდა რუსეთის თვალუწვდენელ ტრამალებზე. ის იყო შებინდდა და მგზავრები საძილედ გაემზადნენ, მაგრამ ერთ კუპეში დაუცხრომელი დავა და კამათი იყო გაჩაღებული. ეს კუპე ქართველ მწერლებს ეჭირათ, ისინი ბრუნდებოდნენ მოსკოვიდან თბილისში. მოსკოვში, კრემლში სხვა მწერლებთან ერთად, მათ მთავრობის უმაღლესი ჯილდოები - ორდენები მიიღეს. ამაზე იყო ვაგონში მსჯელობა. გიორგი ლეონიძემ გულისტკივილით თქვა:

- ყველაფერი კარგი იყო და მოსაწონი, მადლობის მეტი რა გვეთქმის, მაგრამ ერთი ეს იყო საწყენი რას ერჩიან პასტერნაკს, უზარმაზარი პოეტური ტალანტის კაცს, რად დაივიწყეს. მიეცათ მისთვისაც ერთი ორდენი, რა დაშავდებოდა, მას ხომ პირველს ეკუთვნოდა ყველაზე მაღალი ჯილდო!

გიორგი ლეონიძეს უმალ დაეთანხმნენ იქვე მყოფი პაოლო იაშვილი, ტიციან ტაბიძე, ილო მოსაშვილი, სერგო კლდიაშვილი. მარტო სანდრო შანშიაშვილი გაჯიუტდა: პასტერნაკი არავითარი პოეტი არ არისო. შეედავნენ. შეედავნენ, მაგრამ ვერა და ვერ დაიყოლიეს. ბოლოს სანდრომ განაცხადა:

- კარგი პოეტი ის არის, ვისი ლექსებიც ხალხმა ზეპირად იცის. აბა, პასტერნაკის ერთი ლექსი მაინც მითხარით ზეპირად. თუ ბიჭები ხართ, მითხარით და თქვენი ხმალი იყოს და ჩემი კისერი.

- ერთს კია არა, თუ გინდა, ათს გეტყვი ზეპირად, - შეეპასუხა სერგო.

- ათი არ მინდა, ერთი მაინც მითხარი.

- მაშ მომისმინე, უთხრა სერგომ და დაიწყო:

«Я помню чудное мгновенье,

Передо мной явилась ты,

Как мимолетное виденье,

Как гений чистой красоты…» და ასე ბოლომდე ჩაიკითხა ეს მართლაც გენიალური ლექსი.

პირველი სტრიქონის წარმოთქმისთანავე კუპეში მყოფთა სახეებზე ღიმილი აღიბეჭდა. რა თქმა უნდა, მიხვდნენ, რაოდენ მაცდური სარმა გამოსდო სერგომ გაჯიუტებულს. სერგომ ლექსის კითხვა რომ დაამთავრა, სანდრომ უთხრა:

- აბა, ეგ ლექსია? წმინდა სილამაზის გენიოსი გამომეცხადაო! ბარემ ლამაზების პრეზიდენტი დეეწერნა!

ახლა კი ატყდა ხარხარი. სიცილით გული რომ იჯერეს, ჰკითხეს:

- მართლა არ იცი, სერგომ ვისი ლექსი წაიკითხა? და უთხრეს ვისიც იყო.

- იმასაც თავგზა დაბნევია! - უპასუხა გაჯიუტებულმა პოეტმა ისე, რომ წარბიც არ შერხევია.

რა იყო ეს: ლიტერატურული მისტიფიკაცია თუ უბრალო ხუმრობა მომქანცველი მგზავრობის დროს? ეს იყო ერთი მცირე ეპიზოდი მაღალი ლიტერატურისათვის ბრძოლისა, როცა უნდა გამოიყენო არა მარტო პოლემიკის ჩვეული ხერხები, ლოგიკის კანონები, არამედ მძაფრი ირონიაცა და ხუმრობაც.

მაგონდება კიდევ ერთი ეპიზოდი სერგო კლდიაშვილის ბიოგრაფიიდან: მაჩაბლის ქუჩაზე, მწერალთა კავშირის ბაღში ნებივრად ჩამომსხდარან დაა საუბრობენ რამოდენიმე მწერალი და მათ შორის - სერგოც. საუბრის თემაა - ვინ რაზე მუშაობს. სერგო გულმოსულია ილო მოსაშვილზე, რომელმაც ლიტერატურული წლის შემაჯამებელ დისკუსიაზე უსამართლოდ გაკენწლა მისი ნოველების კრებული - ავტორი არააქტუალურ თემებზე წერსო. და ახლა ცხადია, შეკრებილთ აინტერესებთ, რაზე მუშაობს სერგო კლდიაშვილი, რა აქტუალური თემა აირჩია.

- ჩემი ახალი ნოველის სათაურია „იუდეველთა პროკურატორი,“

- დაიწყო სერგომ და ზუსტად მოჰყვა შინაარსი ანატოლ ფრანსის ამავე სახელწოდების გენიალური ნოველისა, რომელიც სწორედ იმ ხანებში ითარგმნა ქართულ ენაზე. ჰყვება ნოველის შინაარსს სერგო და ლაპარაკობს რომის იმპერატორ ტიბერიოსზე და პონტოელ პილატეზე, იესო ნაზარეველზე და მარიამ მაგდალელზე... ერთი სიტყვით, ანატოლ ფრანსის ნაწარმოების ერთი დეტალიც კი არ გამოუტოვებია. მსმენელები იმ ერთის გარდა, იღიმებიან; იციან, რომ სერგო ახლა კისრულით გადაიტანს და მიწაზე დაანარცხებს მოწინააღმდეგეს და მოუთმენლად ელიან საპასუხო რეაქციას. და მართლაც, ანკესზე მარჯვედ წამოგებული მოპირისპირეც არ აყოვნებს:

- გესმით რაებს ჰყვება? - მიმართავს ილო დამსწრეებს. - მოდი და გაჩუმდი. რა არის სერგო, მაგ სისულელეს როგორ წერ, არც აზრი, არც სიუჟეტი, არც არავითარი იდეა მაგ შენს ახალ ნოველას არა აქვს! არა, ამხანაგებო, ამ უკუღმართ კაცს არაფერი არ ეშველება, მთლად დაკარგული აქვს ყოველგვარი კლასობრივი ალღო დაბოლოს, გაბრაზებით დაასკვნა: არაა მაგ ჩვენი კაცი!

დამსწრენი იცინიან და გაცხარებულ მოპაექრეს ვერ გაუგია, რა არის აქ სასაცილო...

გარეგნულად ეს ყველაფერი თითქოს სასაცილოდ ჩანდა, მაგრამ მას თავისი შინაგანი აზრი ჰქონდა. იგი ბუნებრივად და უშუალოდ ეხმაურებოდა, როგორც წეღან ვთქვი, მწერლის ბრძოლას მაღალი ლიტერატურისათვის და ესთეთიკური მრწამსის სიწმინდისათვის, იმ მრწამსის დაცვისათვის, რომელიც ვერ ურიგდება კონსერვატიული აზროვნების შაბლონებში ჩაჭედილ სტანდარტულ ფორმულებს. აი, სერგო კლდიაშვილის შემოქმედებაში ბუნებრივად ერწყმიან ერთი-მეორეს უნაზესი ლირიზმი და მძაფრი ირონია, სადაც სატირული ფერები უშურველად და უხვად არის ჩაქსოვილი მწერლის იმ ტილოებში, რომელზეც ქვეყნის აწმყო და წარსულია გამოხატული.

- რამდენადაც ვიცი, თქვენ დიდი მეგობრობა გაკავშირებდათ...

-კი, კი. იმდენია მოსაგონებელი...

ახლა, სადაც შევიდოდით ამ წიგნის მაღაზიაში, უმთავრესად ახალგაზრდა ქალიშვილები მუშაობდნენ. დაუწყებდა გამოკითხვას: გათხოვილი ხარ, თუ არა. მერე ისა, თუ ეტყოდა, გათხოვილი ვარო, ქმარი ვინ არისო. თუ არა - რატომ არა ხარო. კაცო, რა გინდა შენ (იცინის) არა, ისინიც იცნობდნენ, მაგრამ ისე უხერხულადა ვგრძნობდი თავს, რომ რა წესი იყო მაინც. არა, ისე ცუდიც კი არაფერი, მაგრამ ახლა მაინც რაა კაცო.

- თამამი კაცი იყო?

- ჰო

- რუსუდან, თქვენ დისერტაცია ნიკო სამადაშვილზე დაიცავით არა?

- დიახ, - ვუდასტურებ.

- ნიკო სამადაშვილს შესანიშნავად ვიცნობდი. ძალიან საოცარი კაცი იყო. სვამდა ბევრს ხო იცი, დარდისგან. არა, რაშია საქმე იცი? ყველა გრძნობდა, ყველა ვგრძნობდით, რომ მართლაც ის იყო... ისეთი შეზღუდული ვიყავით, გასაოცარი იყო პირდაპირ. მახსოვს ერთ ლექსს ვბეჭდავდი, აწყობილი იყო უკვე, მთავლიტმა ამოიღო.

- რომელი ლექსი იყო, აღარ გახსოვთ?

- არ მახსოვს, არ მახსოვს.

- ბატონო გიორგი, გიძნელდებოდათ თქმა, რომ ეს სუსტი ნაწარმოები ან წერილია? უკან გატანება როგორ ხდება ხოლმე.

- არა, პირდაპირ ვეუბნებოდი. ისე, ძნელი იყო, რა თქმა უნდა, მაგრამ...

- თუ გქონიათ შემთხვევა, რომ დაგიკვეთავთ ვინმესთვის წერილი?

- კი, რა თქმა უნდა. იყო ეგრე.

- ვინ როგორ რეაგირებდა ჩასწორებაზე; აი, მაგალითად, გალაკტიონი, გიორგი ლეონიძე...

- გალაკტიონი? გალაკტიონი სხვაგვარი იყო. ვერ გაუგებდი. მისი უბის წიგნაკი ვნახე. ჩაწერილი აქვს ჩემი გვარი, სახელი და მისამართი. მაშინ ძნელაძის ქუჩაზე ვცხოვრობდი, ძნელაძის I ჩიხში, მეოთხე ნომერში, რად უნდოდა, არ ვიცი. გალაკტიონი უცნაური კაცი იყო, უცნაური. ისე, გენიალური იყო კი ბევრ რამეში იყო. რაში იყო უბედურება იცი, აღიარებული იყო და მაინც არ სჯეროდა, ხომ იცი. მაინც ეგონა, რომ არ აფასებდნენ. არადა, აფასებდნენ.

- მერე, თვითმკვლელობის შემდეგ მწერალთა კავშირში ითქვა რაიმე?

- არაფერი. თავის მოკვლამდე ორი დღით ადრე, უნივერმაღის პირდაპირ რომ კაფე იყო, კამოს ქუჩიდან, არ გახსოვს? კამოს ქუჩიდან პირდაპირ იყო კაფე-სასადილო, არ გახსოვს?

- არა, ბატონო გიორგი. უნივერმაღი ვიცი, კამოს ქუჩაც, მაგრამ ის კაფე-სასადილო არ „მახსოვს“, - ვეუბნები ღიმილით.

- ჰოდა, - განაგრძობს ის. - ვისხედით იქა და ვსვამდით მე, ალეკო შენგელია, ოთარ ჭელიძე და კიდევ ვიღაცა. შემოვიდა გალაკტიონი. ცოტა მარილიანია, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა. შემოვიდა გალაკტიონი და დაჯდა. რა თქმა უნდა, ჩვენ მაშინვე დავუძახეთ, მისი სადღეგრძელო დავლიეთ. დალია რამდენიმე ჭიქა და ეტყობოდა, ცუდ ხასიათზე იყო. არ იყო ხასიათზე. არ იყო. ოთარ ჭილაძეს მიაჩერდა და ჰკითხა:

- შენ ვინა ხარო?

ოთარმა უთხრა: მეო, ბატონო გალაკტიონ, ახალგაზრდა მხატვარი ვარო, აკადემიაში ვსწავლობო.

- ჰოო, აბა ის ვინ არის, უნიჭო ბალადებს რომ წერსო.

- არ გატყდა ბატონი ოთარი?

- არ გატყდა.

ეეჰ, საწყალი გალაკტიონი...

ჰო, ჩასწორებაზე მკითხე. ერთხელ სტამბაში რომ ვიყავი, გოგლამ თან თავისი ქალიშვილი, თინა მოიყვანა. პოემა იბეჭდებოდა მისი. თვითონ დაგვიწყო საუბარი და თინა, შენ წაიკითხეო. წაიკითხა თინამ და ამოიღო ოთხი სტრიქონი. ჩვენ ვერ ვუბედავდით, ხომ იცი და ამან...

მე ვუთხარი, რას შვრები-მეთქი.

- ეტყობა, მართლა არ ვარგაო; ენდობოდა, იცი?

- ბატონო გიორგი, ასეთ რამესაც იგონებენ, გიორგი ნატროშვილს ძალიან მოსწონდა ლეონიძის პოეზია, პროზაზე კი ამგვარივე შეხედულებისა არ იყოო. ბატონი ნიკა აგიაშვილის ჩანაწერებში იუმორით გამთბარი ერთი ფუნაგორია წავიკითხე: „როცა გოგლა ლეონიძემ მოთხრობების კრებული გამოსცა, გიორგი ნატროშვილს დიდი რიხით უთხრა: ხომ დავაწვინე ბეჭებზე ჩემი ნოველებით პროზაიკოსებიო.

- მაშა, მაშა, - მიუგო გიორგიმ, - იორამაშვილი და მაისურაძეო“.

- მართლა ასე იყო?

- არა კაცო, როგორ თქვეს ესა. არა. „ნატვრის ხეზე“ ვგიჟდებოდი. ძალიან მომწონდა.

აგერა მაქვს, დგება სავარძლიდან და წიგნების უზარმაზარ კარადასთან მიდის. აგერა მაქვს... მაჩვენებს ცოტა ხნის შემდეგ, „ნატვრის ხე“ მისი წარწერით. აფორიაქებული კვლავ იმეორებს:

- არა, კაცო, „ნატვრის ხე“ მომწონდა საოცრად და ახლაც მომწონს, როგორ დაწერეს ეგა

წიგნის თავფურცელზე კი დიდ პოეტს წაუწერია:

„ძღვნად
ძვირფასს გიორგის
ჩემს მოამაგეს
ძმური სიყვარულით
. ლეონიძე

სკამიდან დგება და რაღაცას კარადაში კიდევ ეძებს. როგორც ჩანს, იპოვა და გადაშალა.

- ეს რადიოში ჩაიწერეს 1967 წლის 10 ივნისს, მინდა შენც წაგიკითხო, 30 წლის წინათ მონათხრობი. მოზრდილი კია, მაგრამ ეგებ გამოიყენო. სწორედ მის ერთ პროზაულ ნაწარმოებზე ვსაუბრობ.

- კი ბატონო, ძალიან საინტერესო იქნება-მეთქი, - ვეუბნები და მოსასმენად ვემზადები.

მინდა გავიხსენო, როგორ დაიწერა გიორგი ლეონიძის ერთი უმშვენიერესი მოთხრობა, რომელსაც „ორი შემოხედვა“ ჰქვია.

საერთოდ მწერლის ცხოვრებაში ხშირია ასეთი შემთხვევა, როცა რომელიმე ნაწარმოების დაწერას გადაწყვეტს და საფუძვლად მას ნამდვილად მომხდარ ამბავს უდებს, ან ნამდვილად არსებული ადამიანების ცხოვრებას ხატავს. ასეთ დროს არ შეიძლება მწერალმა ხელახლა არ მოინახულოს ის ადგილი, ის მიდამოები, სოფელი იქნება თუ ქალაქის რომელიმე უბანი, მთა, ტყე, სადაც მოქმედება ხდება და რის აღწერასაც ის აპირებს. დიახ, ეს აუცილებლად საჭიროა, რათა ფანტაზია დაიძაბოს, ადრინდელი, ბავშვობისა თუ ყრმობისდროინდელი შთაბეჭდილება განახლდეს. ვინ იცის ნაცნობი პეიზაჟის დანახვაზე იქნებ უცებ გაცოცხლდეს რომელიმე ისეთი წუთი, რომელიც აღარ გვახსოვს და რომელმაც შეიძლება ყველაზე მეტად მოხიბლოს მკითხველი. გიორგიმ ცხადია ეს ძალიან კარგად იცოდა და მწერლის ლაბორატორიული მუშაობის ამ ტრადიციას თუ ხერხს არასოდეს არღვევდა.

ორმოცდაათიანი წლების ბოლო იყო; სწორედ ის პერიოდი, როცა გიორგი ლეონიძე „ლიტერატურულ გაზეთსა“, „მნათობსა“ და „ცისკარში“ ზედიზედ აქვეყნებდა თავის ახალ-ახალ მოთხრობებს. „ორი შემოხედვა“ ჯერ დაწერილი არა ჰქონდა, ყოველ შემთხვევაში, ჯერ არ გამოეტანა მკითხველის წინაშე. ამ მოთხრობაში აღწერილია სოფელი კლდის წყარო და იმისი მკვიდრნი. სინამდვილეში კი ეს არის სოფელი ახალსოფელი ლოჭინის ხეობაში.

იმ ხანებში გიორგიმ რამდენჯერმე გამოთქვა სურვილი, წასულიყო ახალსოფელში, მაგრამ როგორღაც ვეღარ მოიცალა და ეს გამგზავრება რამდენჯერმე გადადო. ერთხელ შუადღისას, გიორგი „ლიტერატურული გაზეთის“ რედაქციაში მოვიდა. აქ ორი თუ სამი მწერალი აიყოლია, ბაზარში გავიაროთო; იქ ბოსტნის სურნელი დგას: ქინძისა, წიწმატისა, ცერეცოსი და ასე მგონია, ბოსტნის კედლებში დავდივარო. იქ მყოფმა ერთმა ახალგაზრდა პოეტმა გიორგის ლექსი გაიხსენა:

„ვხედავ, პატარა ბაღჩაში
ფუსფუსებს ჩემი მშობელი,
გადაკვალთული კალთებით
დღე-ღამე მოსაქმობელი,
წინსაფარში რომ უწყვია
ბოსტნეული და კვერცხები,
მამა-პაპური კერისა
ყოველდღე მომნაკვერცხლები...
თან რომ ჭიკჭიკით დასდევენ
შოშიები და მერცხლები...“

წავედით ბაზარში. გაზაფხული იყო, სწორედ ის დრო, როცა სატაცური შემოდის. გიორგიმ ბაზარში სატაცურს დაუწყო ძებნა. ძალიან უყვარდა.

- ხომ იცი, რომელია სატაცური? - წყვეტს კითხვას და ახლა მე მეკითხება.

- არა, არ ვიცი

ბატონმა გიორგიმ ენციკლოპედია გადმოიღო, მოძებნა და ხმამაღლა წაიკითხა მისი განმარტება. ვერ დაკმაყოფილდა:

- არ წერია სრულად.

- დიახ, ვერც მე მივინიშნე, რომელ მცენარეზეა ლაპარაკი.

მოხდა ისე, - აგრძელებს მოგონებას, რომ ვერ ვიშოვეთ, არავის არ ჩამოეტანა. ერთხანს ვიარეთ ბაზარში და გამოვბრუნდით. ახალსოფელში წასვლა აღარც კი ახსოვდა გიორგის, როცა ქუჩაში, აუარებელ ხალხში, თითქოს ბედზე ვიღაც ახალსოფლელ ჭაბუკს მოჰკრა თვალი. თურმე იქაური ტრაქტორისტი ყოფილიყო. მაშინვე დაუძახა. ჭაბუკი მოუახლოვდა და მოკრძალებით მიესალმა. გიორგიმ სიყვარულით მოიკითხა და მერე ჰკითხა:

- ახალსოფელში როდის უნდა გაბრუნდე?

- დღესვე უკან მივდივარ, - უპასუხა ჭაბუკმა.

- მაშ, ესმას გადაეცი, ხვალ ჩამოვალ და სატაცური გამიმზადოს.

- ძია გიორგი, ოღონდ შენ ჩამოდი და სატაცური რას მიქვიან, სულ გავწყვეტ, რაც ეზოში ფრინველი მყავს. რამდენი ხალხიც გინდა, იმდენი წამოიყვანე, - გამოიდო თავი ტრაქტორისტმა.

ესმა ამ ტრაქტორისტის ცოლი იყო, იმ სოფლის მასწავლებელი.

მეორე დღეს გიორგის მანქანით გავემგზავრეთ. ლოჭინის ხევს ზემოთ, სათავისაკენ შევუყევით და გეზი ახალსოფლისაკენ ავიღეთ. სწორედ მაშინ გიორგიმ თავისი ბავშვობა მოიგონა, ჩვენთვის უცნობ რაჟდენა მეწისქვილესა და გნოლა ხარზე დაიწყო ლაპარაკი. მალე იმ სოფელში ვიყავით. მასპინძლები გულითადად შეგვეგებნენ. ვიდრე სუფრას გააწყობდნენ, გიორგიმ სოფლის დასათვალიერებლად წაგვიყვანა; გვიამბო, რომ ბავშვობის წლებში თურმე აქაურ სკოლაში ესწავლა. მაშინ აქ ცხოვრობდა მისი მამიდა მაშო. ვიდრე აქაურობას მოვივლიდით, სუფრა გაეშალათ. მართლაც, მარტო სატაცური კი არა, არაფერი აკლდა სუფრას.

საღამოთი სკოლაში მიგვიწვიეს, მასწავლებლებს და ბავშვებს გიორგისთან შეხვედრა უნდოდათ. ნაუცბათევი და იმპროვიზირებული საღამო ძალიან კარგად ჩატარდა. ახალსოფლელების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ძალიან გახარებული იყო თვითონ გიორგიც, ბედნიერი და გაღიმებული, დაბრუნებული თავისი სანეტარო ბავშვობის ბურუსში.

ჩვენ, მისმა თანამგზავრებმა რა ვიცოდით, თურმე ეს იყო გამგზავრება წარსულში, ბავშვობის წლებში და სატაცური აქ უბრალო საბაბი იყო გიორგისათვის ჩვეული ხუმრობით შეზავებული. მწერალს ახალსოფელში ჩასვლა უნდოდა, რადგან ზემოხსენებული მოთხრობის დასაწერად ემზადებოდა. ამის შემდეგ სულ მალე გიორგიმ გამოაქვეყნა თავისი „ორი შემოხედვა“. მე განსაკუთრებული ინტერესით წავიკითხე ეს მოთხრობა, რაკიღა ნანახი მქონდა ის სოფელი, რომელიც იქ იყო აღწერილი.

მოთხრობის დასაწყისში ლოჭინის ხევისწყალია აღწერილი, თავმდაბალი რომ მოწანწკარებს ქვიშაზე. ყველა მკითხველი ამა თუ იმ ნაწარმოებს თავისებურად იგებს და თავისებური სიამის გამო შეიყვარებს. მეც ეს მოთხრობა ძალიან მომწონს; ჯერ ერთი იმიტომ რომ ის გიორგისებური სილაღით და გულგაშლილი მშვენიერებით არის მადლფენილი, მეორეც იმიტომ, რომ თავისი პეიზაჟით ილიას მოთხრობას მაგონებს -„სარჩობელაზედ“. დიდი ილიაც ხომ ლოჭინის ხევის აღწერით იწყებს თავის ნაწარმოებს.

ლოჭინის ხევისწყალს რომ აღწერს, გიორგი განაგრძობს: „ამ წყალსაც ახსოვს ჩემი ბავშვობა! ზემოთ, პატარა სოფელში, რომელსაც კლდის წყარო ჰქვია, მამიდაჩემის განიერ მამულში ჩამოჩხრიალებდა, ჩამოციმციმებდა უნაღვლოდ. მე კარგად მიცნობს ეს პატარა წყალი! ჰკითხეთ, მოგიყვებათ, თუ ჩემს ყრმობაში როგორ ვესტუმრებოდი ხოლმე მამიდაანთ. რა მოამაგე ბიძა მყავდა - ნიკოლოზი. რა კარგი ტოლები მყავდნენ იმ სოფელში... ნიკოლოზის ძმას, გარსევანს, ისიც ხომ ნათესავად მომხვდებოდა - ჩარხიანი წისქვილი ჰქონდა ზვარში. მბრუნავ ჩარხზე წყალი იმსხვრეოდა ალმას ჩქერებად. ჩამოვჯდებოდი ხოლმე წისქვილის გვერდით, დიდ, გადაჩრდილულ კაკლის გრილში და ვტკბებოდი წყლის ჩქერალის ფრქვევით, თითქოს ჩარხზე ათასი ცისარტყელა ყოფილიყოს დახვეული“.

აქ რომ კლდის წყაროა მოხსენებული, როგორცზემოთ უკვე ვთქვი, ეს ახალსოფელია. მწერალმა მარტო სოფლის სახელი გამოცვალა, დანარჩენი ყველაფერი უცვლელად დატოვა. ჩვენს იქ ყოფნისას გიორგიმ გვაჩვენა ის ვენახი, სადაც ჩარხიანი წისქვილი მდგარიყო და ის კაკალიც ხეც, საიდანაც ბავშვის წლებში გასცქეროდა ერთბაშად დანთებულ ათას ცისარტყელას. სწორედ მაშინ გაიხსენა ნიკოლოზ ელიავაც, მისი ძმა გარსევანიც და მისი მეწისქვილე რაჟდენიც - მთავარი გმირი თავისი მოთხრობისა. დიახ, ამ წისქვილზეა დაწერილი მოთხრობა. ეს ადამიანი დახატა გიორგიმ, მაგრამ როგორ დახატა! უბრალო მეწისქვილე კი არა, აქ მთელი ხალხია თავისი სულით, თავისი დიდი სიკეთითა და სიწმინდით! მთელი ხალხი პერსონიფიცირებული ერთ კაცში. მეწისქვილე რაჟდენი ძალზე საოცარი პიროვნებაა. თითქოს უბირი კაცია და თანაც დიდი ფილოსოფოსი, უბრალო და უშუალო, როგორც მინდვრის ბალახი და ბრძენი, როგორც მინდია. გულუბრყვილო შემოცქერა აქვს და გამომცინარი თვალები, აჭრილი ვაზის აკიდოს ჰკოცნის, ჭირნახულს აღმერთებს - წმინდააო, მართლაც, ჭირნახულიო. ნიავწანწალა რომ ჩამოივლის, პირსიცილი მოსდის - ეგრეშემოიქროლე, ნიავო, არ დაიღალო, ცოდვაა ადამიანი. ჩვენ ხომ ახლა ამ ჩრდილში ვისვენებთ, რამდენი მუშაობს მზის გულზე. ზნა მოდის ჯარა-ჯარა, ზედ ოფლის წვიმა მოსწვიმს, იცოდე!“

ეს იყო პირველი დიდი უნივერსიტეტი პატარა გოგლასათვის. აქ ეზრდებოდა და უმაგრდებოდა ნორჩი ფრთა მის ფანტაზიას, ფრთა, რომელსაც ასე ღონივრად გაშლიდა და მოიქნევდა დავაჟკაცებისას. ეს ავტობიოგრაფიული მოთხრობა ბევრ რამეს ხსნის გიორგი ლეონიძის ბიოგრაფიაში. რამ დაამეგობრა ეს ორი, სრულიად სხვადასხვა ასაკის, სხვადასხვა წრის ადამიანი - ბეჩავი მოჯამაგირე და პატარა ბიჭი შეძლებული ინტელიგენტური ოჯახიდან გამოსული? დაამეგობრა გნოლა ხარის შემოხედვამ. მწერალი ამ ამბავს ასე გადმოგვცემს:

„დედაჩემმა ჩემი საყვარელი გნოლა ხარი გაყიდა. უღელს ეურჩებოდა, უარშიობდა. ლამაზი იყო ჩვენი ხარი, გნოლისფერი, ლამაზთვალება. მეც ვუყვარდი გნოლას, კისერზე ვეკიდებოდი, ბალახს ვთავაზობდი. მაგრამ რა მექნა! მოვიდა მყიდველი, გახარებულმა აპეური გამოაბა, ჩასჭიდა ხელი წასაყვანად და... უცებ, ჭიშკართან გნოლა ხარმა შემომხედა ისეთი თვალებით, რომ კინაღამ იქვე გავიყინე. დღესაც კი მახსოვს გნოლას სამდურავიანი თვალები, გნოლას თვალის ღრუბელი...“

ეს ამბავი მოუთხრო პირველი შეხვედრისთანავე პატარა ბიჭმა მეწისქვილეს და მეწისქვილემ იტირა. ამის შემდეგ დამეგობრდნენ ისინი. აი, რას ასწავლის მეწისქვილე პატარა ბავშვს:

- ყური მოიმახვილე, ყველა სულიერია! მაშ მიწა რად ტირის? არ გინახავს მიწის ტირილი დილაადრიან? ბალახი რომ ნამს გაუშვებს, ის მიწის ტირილია. რა ატირებს, ჩვენი ცოდვა? თუ მზის ამოსვლა უხარია? შენ იცი, რომ ხემაც და ქვამაც იცის დარდი.

რაჟდენმა ყველა ბალახისა და ყვავილის სახელი იცის და ყოველ მათგანს ეფერება, ეალერსება, ესიყვარულება, იმათში ერთი რომელიღაც უკვდავების წამალიაო. ვერხვიც იმისი მეგობარია და ქებით ეუბნება რაჟდენა ხეს: შენისთანა შრიალი არავის არ გამოყვაო. ეფერება ღობეზე შემომჯდარ წიფლისჩიტას და შიშისმქრალას, მათზე საწყალი არავინ არისო; ეფერება ხარებს - გლეხკაცის ძმები არიანო, ეფერება და ელაპარაკება ვარსკვლავებსაც. წევს რაჟდენი წისქვილის გვერდით, ახლოს პატარა ბიჭი უზის. მეწისქვილე ცაზე ხელით უჩვენებს და ყრმა გოგლას ეუბნება:

- აი, ის ჟუჟუნა სამხიარულო ვარსკვლავი მიყვარს, ბღუჯა-ბღუჯა სხივებს რომ ყრის, ის მაცოცხლებს. ის კი, მეორე, ჩემსავით მიბჟუტული, გულმიმქრალი, არ მიყვარს, არა!“ ამას მოსდევს კიდევ უფრო საოცარი ფრაზა: მოხუცი მეწისქვილე და პატარა გიორგი გულაღმა გაწოლილები მისჩერებიან ცაზე ირმის ნახტომს და მისი სანახაობით ტკბებიან. ბოლოს, მეწისქვილე წამოიძახებს:

- ეს ირმის ნახტომი რომ არ იყოს, ცხოვრება ჩალად არ ეღირებოდაო!

განსაცვიფრებელი ნათქვამია, ერთსა და იმავე დროს გულუბრყვილოც და ბრძნულიც. აბა, რას უშველის ამ ბეჩავს მარტო ირმის ნახტომი კი არა, მთელი ცის თანავარსკვლავედების ბრწყინვაც, რა სხივს მოუმატებენ მის ჩაბნელებულ ცხოვრებას, მაგრამ რა, თურმე ამ კაცს ისეთი ძლიერი სანთელი უნთია სულში სილამაზის ტრფიალისა, რომ საცოდავ მოჯამაგირეს, ბოგანოს, ცაც და ქვეყანაც თავისი ჰგონია, აკი ამბობენ სოფლელები მასზე - ცის მეცნიერიაო; იმას შეჰხარის მეწისქვილე, სიცოცხლეს ამით იადვილებს და არა მარტო შესაძლებელს ხდის, არამედ ლამაზსაც, თორემ მართლაც ვერ გაძლებდა, იმდენი ჭირი და ვაგლახი უჩვენა ცხოვრებამ. მარტო იაპონიის ომში ყოფნა რად უღირდა, ორჯერ დაუჭრიათ - ლია ონთან და პორტ-არტურთან. მეწისქვილე პატარა გიორგის უამბობს:

„ - რა ყოფილა ომი. ნუღარ მკითხავ. მე რომ იქ გაჟუჟული ხალხი ვნახე, გახრული მკლავები. თავის კეჩხო ქვისაზე მეტი ეყარა. ნეტა რა სამართალმა უნდა უშველოს ჩვენს სახელმწიფოს - ჩუმად იტყოდა, თან სიფრთხილით აქეთ-იქეთ გაიხედავდა:

- რას სჩადიან ეს ხელმწიფეები... რომ ნახო მათი ნამხეცავი, ნაქნარი, ნადირიც კი არ იკადრებს. ზოგი სალდათი შავად, ქონივით დამდნარიყო მიწაზე... ძნელია საამბობლად.“

რუსეთ-იაპონიის ომიდან შინ მობრუნებულ რაჟდენს სახლის მაგიერ - პარტახი დახვდა, დედა გარდაცვლია, მერე უკვდება ცოლიც, ხეტიალში თვითონაც უპატრონოს ჭლექი შეჰყრია. მის უბედურებას ისიც ემატება, რომ წისქვილის ჩარხში ხელს მოაყოლებს და სიკვდილს კი გადარჩება, მაგრამ ხელს დაჰკარგავს. ცალხელა მეწისქვილე ვის რაღად უნდა - გარსევანი დაითხოვს. და აი, მეგობრების - მეწისქვილისა და შვიდი თუ რვა წლის გიორგი ლეონიძის უკანასკნელი შეხვედრა. რაჟდენა დაჩაგრა გარსევანმა, სასამართლოში საქმე მოიგო და ხეიბარ მოჯამაგირეს სულ სამათხოვროდ გაუხადა საქმე.

ერთხელ ვაშლის ხის ქვეშ სხედან გარსევანი და პატარა გიორგი. გზაზე რაჟდენა მეწისქვილე ჩაივლის. გარსევანი დაინახავს და პატარა ბიჭს ეტყვის: მაინც მეცოდება, დაეწიე, დაუძახე, ტკბილ სიტყვას ვეტყვიო.

და მწერალი განაგრძობს:

„მეც გამეხარდა, დავეწიე, გეძახის-მეთქი. აჩქარებული რაჟდენა წამით მობრუნდა, შედგა და ერთი შემომხედა იმ გნოლა ხარივით, გული კინაღამ გადამიქანდა. მას მერე აღარ მინახავს...“

ამიტომ ჰქვია ამ მოთხრობას „ორი შემოხედვა“. არ შემიძლია, მოთხრობის ბოლო სტრიქონიც არ მოვიტანო: „დავინახავ თუ არა ლოჭინის წყალს, მაშინვე საწყალი რაჟდენა მომაგონდება. თითქოს ლოჭინის წყლის წყნარი ზვირთებიდან რაჟდენას სევდიანი ხმა მეძახისო. ამ ზვირთებიდან ჩემი ყრმობა მეციმციმება. ვერა. ვერასოდეს დავივიწყებ რაჟდენას შემოხედვას ისევე, როგორც დღემდე არ მასვენებს გნოლა ხარის თვალის ღრუბელი.“

როცა ეს მოთხრობა წავიკითხე, მაშინ მივხვდი, თუ რამ წაიყვანა კიდევ ერთხელ გიორგი ლეონიძე ლოჭინის ხევზე და ახალსოფელში. ჩვენ მისი თანამგზავრები ვიყავით, მაგრამ თურმე ის იმ წუთებში ჩვენთან არ იყო, ნაცნობმა ადგილებმა მას საყვარელი აჩრდილები გაუცოცხლეს და თვალწინ დაუყენეს, რომ კიდევ ერთხელ გაეგონა მათი ხმა და ასე სიმართლით, ასე ფაქიზად და სიყვარულით აღებეჭდა ეს ხმები და სახეები ქაღალდის ფურცლებზე.

ასე დაიწერა გიორგი ლეონიძის მოთხრობა „ორი შემოხედვა“.

.............................................................................................................................................................

გოგლა გადასარევი იყო. გოგლა გადასარევი იყო.

ერთხელ დამიძახა თავისთან, თავის კაბინეტში. რედაქციიდან გამოვედი და შევედი მასთან.

- ეს მწერალთა კავშირში ხდება?

- კი, მწერალთა კავშირში. არ წახვიდე სახლში; მინდა, სადღაც. გამოვედით, ჩავსხედით მანქანაში და წავედით. „სამგორი“ რომ არის რესტორანი; რესტორანში კი არა, რესტორანს იქით სარდაფი იყო ღვინისა, კახელების. „სამგორი“ იყო ვორონცოვის მოედნის იქიდან. არ გახსოვს?

- არა, - ვეუბნები კვლავ ღიმილით.

- კარგი. შესახვევი იყო. კარგი ღვინო ჰქონდათ. იყიდა გოგლამ ღვინო, 50 ბოთლი.

- და რამდენი იყავით?

- ორნი. არა, განა სარდაფში, შინ წასაღებად. ჩააწყვეს მანქანაში. უცებ გოგლა მომიბრუნდა და მეუბნება:

- ახლა მე სხვაგან მივდივარ, ჩემი შოფერი მიგიყვანს და მერე მიიტანს ამას. სახლში რომ მიხვალ, დაურეკე ფეფუცასო და უთხარი, რომ შენ ღვინო მიიღე კახეთიდანო და თქვი, რად მინდა ამდენი და გოგლას გადაეცითო.

- ძალიან კარგი, კი-მეთქი.

მივედი სახლში. დავურეკე. ფეფუცა შემხვდა.

- ქალბატონო ეფემია-მეთქი, - მე ვუთხარი. ღვინო ჩამომივიდა კახეთიდან, რად მინდა კაცო, მე ამდენი...

- უიმე, რაზე შეწუხდიო. უკვე იცოდა. შოფერს ეთქვა, ესაო, გიორგიმ აჩუქაო.

- გიხადათ მადლობები?

- მიხადა მადლობები.

- (კვლავ ვიცინით)

მეორე და მესამე დღეა და გოგლაც უცნაური იყო, კაცო. მეორე თუ მესამე დღეა და ის ღვინო უნდა დავლიოთო. გოგლას სახლში ვართ. გამოიტანა ეს წითელი ღვინო. ხო, ახლა ფართი-ფურთა კაცი იყო და წაექცა ისა და დაუსვარა ახალთ-ახალი სუფრა. რა ვიცი, ეშინოდა თუ ხათრი ჰქონდა ფეფუცასი, კაცო, მე არ დამაბრალა? მე რას ვეტყოდი, გამოვიდა ფეფუცა... მეორე დღეს კი ვუთხარი... შენ არაფერს გეტყოდა, მე ამიკლებდაო.

- იმ წლებზე ხომ არაფერს იხსენებდა? ოჯახზე ან ძმაზე, რომელიც დახვრეტილი ჰყავდა, ხომ არ მოიგონებდა რაიმეს?

- არა. არა, ნაკლებად. რა ვიცი ახლა. ლექსში კი ახსენა, მაგრამ ის სხვა ლევანია. ფაქტიურად, ის სახელს ეალერსება. გოგლა იყო ბრწყინვალე, არ გაჩნდება მაგნაირი კაცი... წავიდა ნამდვილი მწერლობა, რუსუდან, ხომ იცი. აი, ასეთი გოგლა რომ იყო, გალაკტიონი, ხომ აღარ განმეორდება...

- იცით, ისინი იმითაც იყვნენ ბედნიერნი... გალაკტიონი აკაკის გზადალოცვილი კაცი იყო, გოგლას რომ აქვს: „როგორც დამლოცა ვაჟა ფშაველამ, დამსკდარი ხელი თავზე დამადო“. მიხეილ ჯავახიშვილი ილია ჭავჭავაძისგან გზის დალოცვას იგონებს ანუ, მათ ჰქონდათ ის ათვლის წერტილი, ვისაც მხარს უსწორებდნენ, ვისთვისაც ცდილობდნენ...

- რა კარგად თქვი ახლა ეგა, შესანიშნავია. ეგ უნდა დაწერო! რა კარგად თქვი! გახსნილია მაგათი საიდუმლო... შესანიშნავია, რა კარგად თქვი...

რუსუდან, ჩემი წიგნი არა გაქვთ არა, „ბარათაშვილის უკანასკნელი ღამე?“ დგება, იღებს ორ წიგნს: „ბარათაშვილის უკანასკნელი ღამე“ და „თეთრხალათიანი კაცი“. ორივეს წააწერს: „რუსუდან ნიშნიანიძეს - პატივისცემითა და სიყვარულით ავტორისაგან“ და ღიმილით მაწვდის. ფეხზე ვდგები და დიდ მადლობას ვუხდი.

........................................................................................................................................

საუბარს ვაგრძელებთ.

სადღაც წავიკითხე. არ მახსოვს, სად წავიკითხე ვაჟას ამბავი, ვაჟა ფშაველას ამბავი. რედაქციაში სხედან ყვებიან... ათასი ლაპარაკია აქეთ და იქით. თანაც, ერთი მუშაკია 310

რედაქციისა, მგონი ილია აღლაძე. ვაჟას ლექსები რომ მიუტანია, ათვალიერებს იმ ლექსებს და ამზადებს გასაგზავნად სტამბაში. ვაჟა ჰყვება რაღაცას აქეთ-იქით და დაინახა, რომ აიღო იმან კალამი, კალამი აიღო, რაღაც უნდა ჩაასწოროს.

- ხელიო, - უყვირა ამან ე.ი. როგორი დარწმუნებული იყო, დააგდეო; როგორი დარწმუნებული იყო ვაჟა თავის თავში და სავსებით სამართლიანად. არა? სავსებით! ზოგიერთი კი ოღონდ დაიბეჭდოს და...

- ბატონო გიორგი, როგორ ფიქრობთ, იქაც „ჩემს მოამაგეს“, „ძმას“, რატომ დაიკარგა ქართული სიტყვები, რატომ აღარ მივმართავთ ასე?

- საოცრება ხდება. რა ვიცი ახლა. ოჯახივით იყო მწერალთა კავშირი. რაღაც ისე იყვნენ - უფროსი, უმცროსი. ეფერებოდნენ უფროსები უმცროსებს. ახლა აღარაფერი აღარ არის, კაცო. რა ვიცი. დაიკარგა იმათთან ერთად.

- და შესაბამისად, სიტყვებიც დაიკარგა?

- სიტყვებიც დაიკარგა.

ერთ დღეს გრიშა აბაშიძემ შეკრიბა მთელი პრეზიდიუმი და წაიყვანა ინაურთან. წაგვიყვანა ინაურთან და ვეხვეწეთ... ყველა დადიოდა.

- მართლა?

- აბა როგორ, აბა რა? რამდენჯერმე ვიყავით ზვიადის (გამსახურდიას გულისხმ. რ. ნ.) გამო.

- ეს მაშინ, სკოლის მოსწავლე რომ იყო?

- არა, სკოლის მოსწავლე არა, უფრო გვიან. მთელი პრეზიდიუმი იყო. ვინ იტყოდა უარს.

- ხომ არ გახსოვთ, ვინ იყო?

- ეხლა აღარ მახსოვს ვინ იყო, მე ვიყავი, მთელი პრეზიდიუმი იყო, მაგრამ გრიშა იყო მაგის ინიციატორი.

- რა ვქნაო, - ინაურმა თქვა, განა მე კი არ მინდა, გავუშვაო, მაგრამ ეს ოხერი ვალდებული ვარო.

- ბატონი კონსტანტინეც გახლდათ?

- არა, კონსტანტინე არა. არა, ეს ინაურმა თქვა, მე თვითონ მეცოდება, როგორ შეიძლებაო. ვის არ ენანებოდა?! ყველას!

- კიდევ ვის გაიხსენებდით დიდი მწერლური ოჯახიდან?

- საოცრად კარგი პიროვნება იყო ლეო ქიაჩელი. საოცრად ტკბილი კაცი.

- როგორ ფიქრობთ, სად უფრო გამოვლინდა მისი მწერლური ნიჭი - ნოველებსა თუ რომანებში?

- ნოველების ავტორი სჯობს. განსაკუთრებით სამეგრელოზე წარმართული დროის თემაზე დაწერილი მომწონს. მეგრული - უძველესი ქართულის გადმონაშთი. „თავადის ქალი მაია“ შესანიშნავი ნოველაა, „ალმასგირ კიბულან“ იმდენად არა, რამდენადაც ეს „თავადის ქალი...“ „ჰაკი აძბაც კარგია, მაგრამ რაა, ამ აფხაზებმა სულ წაახდინეს ყველაფერი, ამან გამიტეხა გული. ისე, გულიამ ხომ დაწერა: ნამეტანს გვანებივრებდითო.

რა ამის პასუხია და კარლო კალაძემ იხუმრა ერთხელ კარგად: მოდიოდა თურმე დიმიტრი გულია და გიორგი გულია. დიმიტრი იყო ფუძემდებელი აფხაზური ლიტერატურისა. ეს კი, გიორგი - მისი შვილი იყო, მაგრამ რუსულად დაიწყო წერა. რუსულად, აფხაზურად არ წერდა. კარლომ შეხედა და თქვა:

«Вот идут начало и конец Абхазской литературы» (გულიანად ვიცინით).

კარლო გასაოცარი ხუმარა იყო.

- უამრავ კურიოზს იგონებენ ბატონი კარლოს სახელთან დაკავშირებით...

- კი. ახლა, რომ იხუმრებს კაცი ცოლის კუბოსთან. გულიკო რომ გარდაიცვალა, ცოტა ადრე მივედით და ვსხედვართ: მე, თამარა ანდღულაძე და კიდევ სხვები... ჩუმად ვართ. შემოვიდა ამ დროს გუგულა, კარლოს მძღოლი. შემოვიდა და ქაღალდები უჭირავს.

- რაია, ბიჭო, მაგიო, - იკითხა კარლომ.

- დეპეშებია, ბატონო კარლო.

- ვისი დეპეშააო.

- ერთია აგერ, შინკუბასიო.

- შინკუბა მინდა ახლა მე, შინ კუბო მიდგას სახლშიო.

ვართანი რომ ვახსენე, ატრიანი. ვართანი საკმაოდ გულუბრყვილო კაცი იყო და თანაც, გულმავიწყი. ერთხელ მწერალთა კავშირის სასახლეში, მაჩაბლის ქუჩაზე ვართანი ისე მოვიდა პარტიულ კრებაზე, იქვე ახლოს ცხოვრობდა, საშინაო ხალათი ეცვა. საოცარი იყო, კაცო. ისე ჩაგრძელებული მოვიდა პარტიულ კრებაზე. ხალათი ზონრით ჰქონდა შეკრული და ფეხებში ებლანდებოდა. დაინახა ეს განთქმულმა ენამახვილმა კარლო კალაძემ და რატომღაც რუსულად თქვა:

«Что за халатное отношение к такому важному событию»

სხვათა შორის, რუსმა პოეტმა ზაბოლოცკიმ კარლო კალაძეზე თქვა:

- პირველად ვხედავ ჩემ სიცოცხლეში, რომ კაცი ასე გონებამახვილურად ხუმრობდეს იმ ენაზე, რომელიც მან არ იცისო.

მართლაც საოცრება იყო.

- ბატონო გიორგი, ცოტა უფრო შორეულიც გავიხსენოთ ეგებ. თქვენ თავად როგორ დაიწყეთ. სად და როდის დაბეჭდეთ პირველი წერილი?

- პირველი წერილი? რაიონში გაზეთი კი გამოდიოდა, მაგრამ თბილისში, გაზეთში „ახალგაზრდა კომუნისტი“ დავბეჭდე. პირველი მოთხრობა კი ომისშემდგომ გამოქვეყნდა „ლიტერატურულ გაზეთში“. ჭრილობის გამო ადრე დავბრუნდი. მძიმე ჭრილობა მივიღე. ფეხზე წამომდგარს მთელი ჯერი მომხვდა ტყვიამფრქვევისა, დამიმტვრია ორივე ფეხი.

- ხედავდით მტერს?

- არა, ვერ ვხედავდი, ღამე იყო, შუაღამე. სოფელი უნდა გაგვეთავისუფლებინა სმოლენსკის ოლქში.

- თქვენ მოხალისედ იყავით თუ გაწვეული?

- გაწვეული. მოხალისედ რა მინდოდა? (იცინის)

- ბრონი არ გქონდათ?

- არა, ბრონი არ მქონდა. ბრონი მწერლებს კი ჰქონდათ. მე არ მქონდა, ალექსი გომიაშვილს, არა ჰქონდა სასა სულავას... არც მიცდია, რა ვიცი, ალბათ, ახალგაზრდა ვიყავი, ხომ იცი უნივერსიტეტიდანვე... ზაფხულში სტუდენტები მიჰყავდათ ხან გორში, ხან ავჭალაში. შემდეგში აღარ იყო ეს. სპეციალური სტუდენტთა რაზმეულები იყო; რაკიღა ჩინი მომანიჭეს, მე ვეღარ დავუსხლტი.

- როგორი იყო პირველი რეაქცია, როცა თქვენი მოთხრობა გამოქვეყნდა, მოულოდნელი იყო?

- მოულოდნელი იყო იმიტომ რომ მე კრიტიკულ წერილებს ვწერდი და მხატვრული პირველად ვცადე. დაიმსახურა მოწონება. ჩემი პირველი წიგნის განხილვა მწერალთა კავშირში მოეწყო, მოხსენება ლევან ასათიანმა წაიკითხა. უეჭველად მოვნახავ ამ მოხსენებას და გაჩვენებ, მაქვს შენახული სადღაც. პირველი რედაქტორი შალვა რადიანი იყო. წასვლამდე რედაქტორის მოადგილე ვიყავი. მთელი ომის განმავლობაში, რაც მე არ ვიყავი აქ, დაბრუნებამდე მაინც ეწერა რედკოლეგიაში ჩემი გვარი. ჩემთვის ახლა ისე იყო შინ რომ მიხვიდე, სახლში. ჩამოვედი თუ არა, დამნიშნეს რედაქტორად.

- ბატონო გიორგი, თქვენ იმხელა გზა გაქვთ გავლილი არა მხოლოდ ლიტერატურული, საომარიც... გჯერათ თუ არა ბედისწერის?

- ხან არის წუთები, რომ გჯერა, როცა გჯერა, ხომ იცი, ახლა მაინცდამაინც ფეხებში რომ მომხვდა, ცოტა მაღლა რომ დაეჭირა იმას (იცინის) გათავდებოდა ჩემი ტანჯვა-წვალება. მორჩებოდა. მე ოცეულის მეთაური ვიყავი, ოცეული მებარა -განჯიდან.

- და რამდენი ხანი იყავით ფრონტზე?

- 1941 წლის ოქტომბრიდან 42-ის აპრილის ბოლომდე.

- საიდან დაიწყეთ და სად დაასრულეთ?

- პირველად პოდმოსკოვიე, მოსკოვის ოლქში, მალე გადავედით სმოლენსკის ოლქში. უმთავრესად მაინც სმოლენსკის ოლქში.

- როცა მწერალი მიდიოდით, როგორი განცდა გქონდათ?

- ომში ხო, მართალია. ახლა რაშია საქმე იცი? საოცარი ამბავი ხდება. დავწერე ერთხელ კიდეც, ხომ იცი, მაგრამ კი ვერ გავბედე. როგორ იყო, იცი? საოცრება იყო სმოლენსკის ოლქში. ერთ სოფელში ალყაში მოგვიმწყვდიეს. ერთ ქოხში ვართ მე და ჩემი მებრძოლები. ჩემი ოცეულიდან ვინც გადარჩა. ოცეულის მეთაური ვიყავი, აქედან წავიყვანე, განჯიდან. ერთ გასასვლელ მხარეს ქუჩაა, მეორე, უკანა მხრიდან - ტყე. ამ ტყის იმედი გვაქვს. არ დავიძარით ადგილიდან, ვიდრე არ გამოჩნდნენ გერმანელი ჯარისკაცები.

- რატომ? რას ელოდებოდით? (ვსვამ, ალბათ, ომისთვის ყველაზე გულუბრყვილო შეკითხვას).

- ველოდებოდით საერთო განკარგულებას უშველეთ თავსო.

- ეს განკარგულება საიდან შემოაღწევდა ამ ალყაში?

- ალყაში მთელი სოფელი იყო მოქცეული და ბოლოს, მე და ჩემი ოცეული რომ გავედით ქოხის უკანა მხრიდან, ისინი წინიდან შემოვიდნენ. ასე, ამ მანძილზე.

- და არ უსვრიათ?

- არა. არც ჩვენ, არც იმათ! არ ვიცი, რამდენად მართალი იყო, მაგრამ ამბად გავრცელდა, მოხდა ასეთი ამბავიო. ერთი ღამე ერთ ქოხში გაათიეს საბჭოთა და გერმანელმა ჯარისკაცებმა. დაღლილებმა და დაქანცულებმა. ისინი შევიდნენ და დაეყარნენ, ოღონდ დილით რომ გაიღვიძეს, მეორე მხარე აღარ იყო. არ ვიცი, რამდენად მართალია, მაგრამ ეს ამბავი ძალზე გავრცელებული იყო მაშინ, დაწერა მინდოდა მაგისი.

- მთავარია, რომ ქოხში გვამი არ იყო.

- არა, არცერთის

ომმა ბევრი რამ დაგიტოვათ?

- ხო, არა, რა თქმა უნდა.

- როგორ ფიქრობთ, შეიცვალეთ? სხვანაირი იქნებოდით?

- არა, არა მგონია... მე დიდხანს მომიხდა ჰოსპიტალში წოლა. ძალიან ძნელად გამოვკეთდი. ძალიან დიდხანს ვმკურნალობდი. სმოლენსკის ოლქიდან თვითმფრინავით გადმოგვიყვანეს ჯერ მოსკოვში, მერე პოდოლსკში, მერე ვლადიმირში, მერე უფაში. უფაში მოვრჩი... წამოვედი აქეთ, კასპიის ზღვისაკენ... და ჩამოვედი თბილისში. აღარ აკონკრეტებს ბატონი გიორგი; ლექსს კი „შინმოსულისა“ ჰქვია.

„ათჯერ ვემთხვიე შენს მიწას,
ასჯერ სიცოცხლე მანატრე,
თბილისო, შენმა ლამპრებმა
როდესაც შემომანათეს!...“

- მართლა იყო ის აღტყინება, რომ მწერლები ითხოვდნენ ომში წასვლას. უნდოდათ, თუ ეს მხოლოდ აგიტაცია იყო?

- არა, აგიტაცია, აგიტაცია იყო... არა, როცა მდგომარეობაში ჩადგები არა. იქ მაშინ უკვე თავს ავალდებულებ; ვალდებულად ხდი თავს მოიქცე ისე, როგორც შეჰფერის... თავისთავად, სხვაგვარად აღარ შეიძლება...

- ბატონო გიორგი, მახსენდება მირზა გელოვანის მიერ რაჟდენ გვეტაძისადმი გაგზავნილი წერილი, ტკივილიანი წერილი, რომელიც პოეტს ხარკოვიდან გამგზავრების უკანასკნელ დღეს, 8 მარტს დაუწერია: „გამამწესეს“ ანუ ნომერი დამაკერეს და წამართვეს საკუთარი გვარი და სახელი, რომ ვინიცობაა... ნომრით გამომიცნონ“.

უჩვეულო დაძაბულობით და რასაკვირველია, სარკაზმით თქმული: „მოკლე ხანში შემასწავლეს საომარი მანქანა და ხელოვნება როგორ უფრო ადვილად შეიძლება მოკვლა მტრის-კაცის. ეს კი ბევრად ადვილია, ვიდრე ფიქრი სინტაქსზე - და მე ამაში უთუოდ მექნება წარმატება. საინტერესოცაა იბრძოლო იქ, სადაც შენს მამა-პაპას არ უბრძოლია არასოდეს“. თავად სრულიად ახალგაზრდა კაცისგან თითქოს მოულოდნელიც კია სხვათა გაფრთხილების ამხელა ნიჭი და ძალა: „მე მათზე ვფიქრობ - მჭადით დაზრდილ შავტუხა ბიჭებზე და მენანება მათი უვაჟკაცოდ დატოვებული ოჯახები (ჩვენი ოჯახიც ისე დარჩა ჩემი ძმის წამოყვანის შემდეგ) და მინდა მთელი ძალით ვიყვირო, რომ დაუბრუნონ ისინი საქართველოს ერსა და მიწას. დააბრუნონ ისინი და ისინი და ადე, პირველმა ტყვიამვე მიმსხვერპლოს მე“. წერილი მთავრდება სიტყვებით: „...შეცდომით დამკიდეს ნომერი და წამართვეს საკუთარი გვარი!“

- მართალია, მეც ასე არ ვიყავი? რა მინდოდა ახლა იქ. რა ჭირი მინდოდა, მაგრამ როცა...

- თურმე ერთხელ უილიამ ფოლკნერს ჰკითხეს: ვინ არის თქვენი საყვარელი ავტორი? და მან უპასუხა: ეს შეკითხვა მწერლისთვის უსარგებლოა, რადგან მწერლისთვის მთავარი ის კი არ არის, თუ ვინ დაწერა, არამედ ის, თუ რა დაწერა. ჩემთვის... წიგნში გმირი არის მთავარი და სულაც არ მაღელვებს, ვინააო ავტორი და შემდეგ ჩამოთვლის გმირებს...

თქვენთვის როგორაა?

- არა, რათა კაცო, არა. მერე ეგ ძაან ინდივიდუალურია. საყვარელი ავტორი, საყვარელი მწერალი, ერთი კი არაა. თქვენ ახლა, მაგალითად, რუსუდან, ერთი მწერალი ხომ არ მოგწონთ, ალბათ ბევრი...

- იცით, როგორ ვგულისხმობ, რომელი ავტორი მოგნატრებიათ ხოლმე, რომელი გმირი.

- გმირი არა, ავტორი, უფრო ავტორი, რუსი თუ ქართველი?

- თუ გნებავთ, მსოფლიო მასშტაბით.

- მსოფლიო მასშტაბით... ახლა ჩემი მდგომარეობა სხვა არის, იმიტომ, რომ რედაქტორი ვიყავი და ბოლოს და ბოლოს, უფლებაც არა მქონდა, უფლებაც არა მქონდა რომ სხვანაირად... უნდა ყველა მყვარებოდა.

- როგორც მკითხველს?

- როგორც მკითხველს? გამსახურდია, გერონტი... რა ვიცი კიდევ... აი, გერონტი ქიქოძის ნაწარმოებია შესანიშნავი, ის მის ტომებში არ შეიტანეს: „არიფიონი ჰერეთში“, ჟურნალ „არიფიონში“ დაიბეჭდა. ჩვენი კოლეგიის წევრი იყო, პირდაპირი და პრინციპული კაცი.

- ბატონო გიორგი, ამას წინათ ვკითხულობდი ქეთევან ნუცუბიძის მოგონებათა საინტერესო წიგნს. ერთხელ ბატონ შალვასთან სტუმრად მისულთ ღიმილით გაუხსენებიათ თავს გადახდენილი არაერთი ეპიზოდი და მათ შორის - საგამოცდოც. „ერთ გამოცდას გიორგი ნატროშვილიც ესწრებოდაო, -ვკითხულობთ იქვე, როცა თქვენ (იგულ. ბ-ნი შალვა - რ. ნ.) ერთს შეეკითხეთ: „რა ერქვა ბომარშეს საყვარელს? სტუდენტმა გაიკვირვა: „რა მნიშვნელობა აქვს ბომარშეს შემოქმედებისთვის მის საყვარელსო“. „შენ თუ ეგ არ გესმის, უპასუხეთ თქვენ, - არც მისი შემოქმედებისა გაგეგება რამე. ამას ის მნიშვნელობა აქვს, რომ ბომარშემ თავისი პიესა მასზე დაწერა.

- კი, იყო ასეთი (იღიმის). შალვა ძალიან საინტერესო და განათლებული პიროვნება იყო.

- ბატონო გიორგი, დღიურებს წერთ?

- არა, არა კაცო, ჩემი ნაწერები, საქაღალდეები მინდა დავალაგო, მაგრამ ვერა ვარ კარგად. სულ ვუცდი, რომ კარგად გავხდები.

- ჯვარდაწერილი ბრძანდებით?

- არა (ამასაც ღიმილით ამბობს). არავინ იწერდა მაშინ ჯვარს.

- როგორ გაიცანით?

- „ახალგაზრდა კომუნისტის“ რედაქციაში ვმუშაობდი, რომლის რედაქტორი იყო ვლადიმერ დევაძე, ჰოდა, იმისი ცოლის და იყო ეს ჩემი ცოლი. იმის სახლში გავიცანი.

- რომანტიკული შეყვარებული იყავით?

- ალბათ, რა ვიცი (იცინის გულიანად)

- ბატონო გიორგი, თუ გქონიათ სურვილი, რომელიმე ცხოველი გაგეზარდათ?

- ცხოველი?

- ჰო! ან რომელიმე თუ გაგიზრდიათ?

- როგორ არა. ძაღლი გვყავდა ჩვენ. ძაღლი გვყავდა. იმასთან მეძინა სულ შირაქში.

- და რა ერქვა იმ ძაღლს, ხომ არ გახსოვთ?

მცირე ხნით ჩაფიქრდა და... ტიგრანა.

- რა ერქვა? - ვეკითხები ხელახლა და ვიცინი, ჩავწერო?

- არა, უხერხულია, უხერხული. შეწუხებული სიცილს ვეღარ იკავებს და ხელახლა იმეორებს: - უხერხული არ არის? სომხებს ეწყინებათ...

- რომ არქმევდით, მაშინ არ გიფიქრიათ სომხებზე, ვაგრძელებ სიცილს. რა უშავს, რა მოხდა, თუკი ასე ერქვა, - ვეუბნები გულწრფელად. რა ჯიშის ძაღლი იყო, ბატონო გიორგი?

- ქოფაკი იყო ჩვეულებრივი, მაგრამ ძალიან მგრძნობიარე ძაღლი იყო. სომხებს რომ ეწყინებათ ძალიან... არ ვიცი, რატომ ავურჩიე ეს სახელი, არ ვიცი... (კვდება სიცილით...)

- რომელი ფერი გიყვართ?

- ლურჯი და მწვანე.

- თამადობა გიყვართ?

- არა, არა, მიძნელდება.

ისევ მწერლობას მივუბრუნდეთ. ცოტა უფრო გვიანდელი პერიოდის ქართული მწერლობა? როგორ ფიქრობთ, მათზე როგორც...

- მოგვიანებო პერიოდის? შოთა კარგია (ნიშნიანიძეს გულისხმობს რ. ნ.) სხვებიც... (დაფიქრდება) მაგრამ ანას არცერთი არ შეედრება ანა (კალანდაძეს გულისხმობს - რ. ნ.) ძალიან კარგია. მახსოვს „ლიტერატურულის“ რედაქციაში ვსხედვართ; ბევრნი იყვნენ. არის ერთი ლაპარაკი, ლაზღანდარობა. მითხრეს:

- ერთი ქალიშვილია მოსული ლექსები აქვს მოტანილიო - თხოვეთ-მეთქი, - ვუთხარი.

შემოვიდა. მომცა სქელი, შავყდიანი, ასფურცლიანი რვეული და დამიტოვა. წავიდა. ეს ლაზღანდარობა ირგვლივ გრძელდებოდა. ვფურცლავ... წავიკითხე ერთი, მეორე... არაჩვეულებრივია, კაცო.

- არიქა, დაეწიეთ, მოაბრუნეთ. თქვენ არ იცით, აქ ვინ იყო-მეთქი, მაგრამ ვეღარ მიუსწრეს…

- პროზაიკოსებზე რას იტყოდით?

- მიძნელდება თქმა, არ ვიცი... იქნებ კი ვცდები, მაგრამ ნოდარ დუმბაძეზე არა ვარ მაღალი შეხედულების... სხვები კიდევ... რა ვიცი... ერთხელ ვართ „მნათობის“ რედაქციაში: მე, რევაზ ჯაფარიძე, ოტია იოსელიანი და სხვები. იბეჭდება ოტიას რომანი „ცისფერი და შავი მდინარე“ გაგრძელებით. მე ვუთხარი:

- კაცო, რა არის ეს დაღვლარჭნილი, გრძელი წინადადებები, გაასწორე, შეცვალე-მეთქი.

- როგორო, თავი ასწია გაკვირვებულმა და სრულიად სერიოზულად მეუბნება:

- მე კი არ ვწერ, ის მკარნახობსო და ზევით მიუთითა.

- ის კი გკარნახობს, მარა ეტყობა, შენ არ უგდებ კარგად ყურსო, - იქვე „განუმარტა“ რევაზ ჯაფარიძემ.

ოთარ ჩხეიძე ეალერსება სიტყვას, აღარ მოეშვება, ატრიალებს. რა ტანჯვა-წამებით ვბეჭდავდით. ზოგი კი უწუნებს, მაგრამ მე ისე შევეჩვიე, მე მომწონს როგორც წერს, მისი სტილი.

- ბატონო გიორგი, ამ ბოლო ხანებში გამოცემული მისი რომანი „არტისტული გადატრიალება“ ხომ არ წაგიკითხავთ?

- კი, კი, წავიკითხე. მართალია ყველაფერი...

ახლა რა უნდა გიამბო: ერთხელ კონსტანტინე გამსახურდიამ დამირეკა რედაქციაში; მოგვიანებით, გამომიარა და წავედით რუსთავის გზაზე „ლურჯი რესტორანი“ ჰქვია, იქ. ხომ იცი, გზისპირზე რომ იყო.

- არც ეს არ გახსოვთ? - მეკითხება და სათვალეს უხერხულად შეისწორებს...

- რა, ბატონო გიორგი, ამ «дореволюционный» ამბებს რომ მეკითხებით. საინტერესოა, საიდან უნდა მახსოვდეს. გაგონილი მაქვს მხოლოდ... იმ „უბრალო“ მიზეზით არ „მახსოვს“, რომ არ მოვსწრებივარ! - ვეუბნები სიცილით.

- უი, კაცო, უი (დიდხანს იცინის გულიანად) ეს რა დამემართა, კაცო, რა მომივიდა... (იცინის) მაგრამ იმდენ ადამიანზე და ნაწარმოებზე ვლაპარაკობთ, ასე მგონია, არადა, იმდროინდელი თბილისი საიდან, კაცო... უკაცრავად, უკაცრავად... (სიცილი აღარ ასრულებინებს).

- ჰოდა, ორნი ვართ, - აგრძელებს მერე. დავსხედით. მეორე მაგიდასთან შოფრები და ვიღაცეები სხედან. ქეიფობენ. ხმაურობენ. მოკლედ, არიან ერთ ამბავში. მერე ჩვენკენ დაიწყეს ყურება და ხმასაც დაუწიეს. ასე 6-7 კაცი იქნებოდა. ჩვენც გაწყობილი გვაქვს მაგიდა, ვლაპარაკობთ. როგორც ჩანს. იმათ დაამთავრეს ქეიფი და წამოიშალნენ. წამოვიდნენ აქეთკენ და რომ მოგვიახლოვდნენ, კონსტანტინესთან მივიდნენ, დაიხარნენ და სათითაოდ ცალ-ცალკე ყველამ მარჯვენა ხელზე აკოცა. ასე გაბრუნდნენ და წავიდნენ. საოცარია, არა? მოულოდნელობისგან კონსტანტინეც შეცბა, ისე უცნაურად მოხდა ყველაფერი, უცებ მეკითხება:

- გიორგი, რა იქნება საქართველოში მეფე რომ ავირჩიოთ... ცოტა ხნის დუმილის შემდეგ - ან კათალიკოსიო?..

უცნაური ხალხი იყო, უცნაური.

უცნაურია, სწორედ დღეს ვკითხულობდი «Литературная газета»-ში ვასილი სუბოტინი ამბობს... მოიცა, მოვიტან ამ გაზეთს. გადის, შემოაქვს გაზეთი და არ ვიცი, ვინ არის ეს კაცი, იმისი ჩანაწერებიდან ნაწყვეტებს ბეჭდავენ; ეტყობა, აღარ არის. მაშასადამე, ეს ნაწყვეტი ასეთია (ხმამაღლა კითხულობს): «когда такая огромная страна разучилась работать, последствия могут быть самыми непредставимыми». აბა, ეს ნახეთ -მაწვდის გაზეთს და მე თავად მაკითხებს ნაწყვეტს. - არ დაეთანხმები ამას? ძნელია მაგ თემაზე ლაპარაკი...

რაზეც გინდა ლაპარაკობდე, ფიქრობდე, იგონებდე, არ გცილდება კაცს აზრი: - რა ეშველება ამ საქართველოს და ჩამოგივარდება ხელები... გული არა მაქვს აღარაფრის, დაკარგა ინტერესი ყველაფერმა... „მოვიკლათ წარსულ დროებზე დარდი“ - გახსოვს, ილიას ნათქვამი: „ჩვენ უნდა ჩვენი ვშვათ მყოობადი“... სწორედ ილია მოკლეს... რა გვეშველება, არ ვიცი...

- ბატონო გიორგი, როგორ ფიქრობთ, რას ეტყოდა 85 წლის გიორგი ნატროშვილი 25 წლის გიორგი ნატროშვილს?

- (იცინის) რას ეტყოდა? რთული კითხვაა ეგ... მაგაზე მერე მოვიფიქრებ და მერე...

მისი სავარძლის უკან, კედელზე სურათი ჰკიდია: სამუშაო მაგიდასთან გიორგი ნატროშვილი ზის. წინ უამრავი ქაღალდი და წიგნები უწყვია. ხელები გულზე აქვს გადაჯვარედინებული, სათვალე შუბლზე აუწევია, ზეაწეული წარბებით თითქოს რაღაცას ამბობს ან პირიქით, კითხვას სვამს. მართლაც, უცნაური წუთი დაუფიქსირებია ფოტოაპარატს. ეს სიტყვა „უცნაური“, ვგონებ, თავადაც გამორჩეულად უყვარს.

ვემშვიდობები; როგორც ყოველთვის, მადლობას ვუხდი, კარამდე მაცილებს... მოვდივარ... არაერთი ნაამბობი გზაშივე მახსენდება და მეღიმება... ჩვენ კიდევ ბევრ რამეზე ვისაუბრეთ...

2.24 24. ნიცშე საქართველოში : ეძღვნება თამაზ ბუაჩიძის ნათელ ხსოვნას:

▲ზევით დაბრუნება


[დალაქიშვილი, ლევან. ნიცშეს ათვისების კულტურული პირობები საქართველოში] / რედ.-შემდგ. თენგიზ ირემაძე: - თბილისი, 2007. -გვ. 35-46.

ჩვენს ხელთ არსებული ლიტერატურა, რომლის მიმოხილვაც ამ ნარკვევის მონახაზში არ თავსდება, ცხადყოფს, რომ ნიცშეს ფილოსოფიით დაინტერესებას საქართველოში ხანგრძლივი ისტორია აქვს. ნიცშეს ადრე შემოსვლა და იოლად დამკვიდრება წიგნიერ ქართველთა წრეში მხოლდ იმის გამო არ მომხდარა, რომ თანამედროვე დასავლეთის აზროვნებასა და კულტურაზე სრულიად განსაკუთრებული გავლენის მქონე ამ გერმანელის სწავლება საუნივერსიტეტო განათლების კურსით იყო გათვალისწინებული; მოვლენას უფრო ღრმა და საინტერესო მიზეზი აქვს. თამაზ ბუაჩიძემ შენიშნა ნიცშეს მსოფლგანცდითი ნათესაობა ქართველთან. სწორედ ეს არის საკითხის არსებითი და ჩვენგან ჯერაც გასააზრებელი მხარე.

ნიცშეს „კეთილად ვითანიებთ“, ხოლო ფიქრი ამის მიზეზთა შესახებ ასეთი გზით მიდის: ერთი მხრივ, არავინ დავობს იმაზე, რომ ნიცშე თანამედროვე დასავლეთის მოაზროვნეთაგან ერთ-ერთი უდიდესი ფიგურაა - სხვათა შორის, წიგნიერი ქართველი მისი ფილოსოფიის პრობლემატიკას „შემოვლითი გზით“ თომას მანისა და რობერტ მუზილის შემოქმედებასთან ნაცნობობის გამოც ღრმად ითავისებს; - მეორე მხრივ, საქართველოს დასავლური კულტურული სივრცის ნაწილად ამბობენ და აქედან ნიცშეს შემოსვლა ჩვენს სულიერებაში სავსებით მოსალოდნელ, არაუცნაურ ფაქტად მიიჩნევა.

მაგრამ სწორედ ამგვარი არაუცნაური, ასე ვთქვათ, კარგად „გატკეპნილი“ ფაქტები საჭიროებენ მათი ჩვეულ-მზა მოცემულობის ნიადაგის მოსინჯვას, მის მიერ ერთგვარ „გაფხვიერებას“. რას ნიშნავს ამა თუ იმ მოვლენის დასავლურობა; რატომაა ქართული კულტურა დასავლური; რა არის ჩვენს კულტურაში ისეთი, რამაც ნიცშეს შეთვისებისათვის ხელსაყრელი პირობა შექმნა? ამ საკითხებზე პასუხის გაცემა ჩვენი კულტურული ვინაობის უკეთ გაგებაში დაგვეხმარება.

დასავლურობის (იგივე ევროპელობის) საძირკველს ფილოსოფია და მისი განაყოფი მეცნიერებანი ქმნიან. ყველგან სადაც კი ფილოსოფიას და მეცნიერებას გაბატონებული პოზიცია არ უკავია საზოგადოების ცხოვრებაში, ვართ „აღმოსავლეთში“ - თავისებური მითოსსა და რელიგიაზე მიმართული სოციო-კულტურული ინტენციით. უკვე ვახუშტი ბატონიშვილი აღნიშნავს ქართველის მიდრეკილებას მეცნიერებათა დაუფლებისკენ: „[...] გონიერნი, მსწრაფლ-მიმხდომნი, მჩემებელნი, სწავლის მოყუარენი“. გ. ქიქოძე კი წერს ქართველთა მისწრაფებაზე „მაღალი უცნობი სფეროებისკენ“, მათ ხასიათში „სიფხიზლისა და აღფრთოვანების შეუღლებაზე“. ამავე ავტორის მტკიცებით: „ქედფიცხელი არისტოკრატების ერი ვიყავით და თვითოეულს ჩვენგანში ლიპარიტ ორბელიანის სული სცხოვრობდა [...]“, ასკეტობისა და მისტიციზმის ნაცვლად „რეალიზმი და ჰუმანიზმი“ გვახასიათებდა: ხოლო „ჩვენი წარმართული ტრადიციები და ჩვენი ინდივიდუალისტური მორალი პირიქით პიროვნების დადასტურებას აღიარებდა.

სწრაფვა მეცნიერებისაკენ ასკეტობა-მისტიციზმის ნაცვლად; სიფხიზლე და ინდივიდუალიზმი; წარმართული ტრადიციების სიმძლავრე; პიროვნულის დამფასებლობა; ეს ის ნიშნებია, რომლებიც ჩვენი კულტურის ტიპიურ დასავლურობას ცხადყოფს. წინამდებარე ნარკვევის შემდგომი გაშლა ნიცშეს ფილოსოფიის სპეციალურ დალაგებას და ასე გათვალისწინებას მოითხოვს.

პასტორის ოჯახში გაზრდილმა, კლასიკური ფილოლოგიისა და თავისი დროის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ავანგარდული იდეების კარგად მცოდნე ნიცშემ მძიმე დარტყმა მიიღო - ღვთისა და ყოვლის ტრანსცენდენტურის რწმენა დაჰკარგა. მის გაურწმუნოებას ორი მიზეზი ჰქონდა: ერთი მხრივ, ნიცშე ხედავდა, რომ სულიერი პროცესების მიმდინარეობა, ხარისხი და რეზულტატურობა დაკავშირებულია ტანის სიმრთელესთან. დაბერება, სნეულება, მიხრწნილება დაამცრობს სულიერ ძალებს, აქრობს მათ შემოქმედებით ნაყოფიერებას, ამის გამთვალისწინებელი ნიცშესთვის სულის სიკვდილშემდგომი არსებობის რწმენა მეცნიერულ საბუთს მოკლებული, თუმცა უძლიერესი ადამიანური მოტივით - მარად ყოფნის სურვილით - ახსნადი ოცნება გამოდგა. მეორე მხრივ, იგი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ პიროვნული ცხოვრება მართლაც ავტონომიური და სრულმნიშვნელოვანი შეიძლება იყოს მხოლოდ მექანიკური პროცესების სამყაროში, სადაც ღმერთს მომავალთან არავითარი შეხება არ აქვს. იმისთვის, რომ პიროვნების ცხოვრებას საზრისი ჰქონდეს, ღმერთი არ უნდა არსებობდეს, ასეთია „სერიოზულობისა და პასუხისმგებლობის პოსტულატურული ათეიზმის“ (მაქს შელერი), - ნიცშეს მიერ საფუძველდადებული სააზროვნო მიმართულების, - არსი. ამის გათვალისწინებით უნდა გავიგოთ ნიცშეს ცნობილი გამონათქვამი: „ღმერთები რომ არსებულიყვნენ, როგორ ავიტანდი, რომ მე არა ვარ ღმერთი? ამგვარად, არავითარი ღმერთები არ არსებობენ!“

ღვთისმოსავი ქრისტიანის პოზიციიდან ნიცშეს ეს გამონათქვამი საშინელი მკრეხელობაა; მაგრამ არსებობს ვითარების ფილოსოფიურად ხედვის გზაც. ჰაიდეგერის მიხედვით, ნიცშე მხოლოდ „რადიკალურად ამწვავებს და ბოლომდე მიიყვანს დეკარტის მიერ საფუძველჩაყრილ მეტაფიზიკურ მიდგომას, რომლითაც კაცობრიობა, მისი ისტორიითურთ, ქრისტიანი ადამიანის მჭვრეტელობითი რწმენის ჭეშმარიტების სფეროდან სუბიექტზე დაფუძნებული არსებულის წარმოდგენილობაში ინაცვლებს, რის საფუძველზეც პირველად ხდება შესაძლებელი ახალევროპული გაბატონებული მდგომარეობა ადამიანისა“. ღმერთი მოკვდა და სამყაროს პლატონურ-ქრისტიანული ხედვის წესი გამტყუნდა. მოვიდა დრო, როცა მედინი სამყარო ერთადერთ რეალობად მიიჩნევა, „ადამიანი თავს მიღმური სამყაროებისა და ცრუ ღმერთებისკენ გასხლტომის ყოველგვარ გზას უჭრის, მაგრამ ვერ იტანს ამ სამყაროს, რომლის უარყოფაც უკვე შეუძლებელია“. ნიცშეს ამოცანაა ამ აუტანელ სამყაროში გაგრძელების გზა გამონახოს. ფილოსოფოსს, რომელსაც ერთ დროს კეთილი ღმერთისა და საუკუნო სასუფევლის ეიმედებოდა, ხელთ სიცოცხლის მილევადი პროცესი შერჩა; ხოლო როდესაც სიცოცხლის იქით აღარაფერია, ადამიანი - ეს „მეტაფიზიკური არსება“ - უმძიმეს გასაჭირში ვარდება, ასე იყო ნიცშეს შემთხვევაშიც, მას თავისუფლად შეეძლო ლოტრეამონის სიტყვების გამეორება: „J'ai reçu la vie comme une blessure“. პრინციპი, რომლის მეოხებითაც, ყოვლის მიუხედავად, ყოფნის ტვირთს აიტანდა ადამიანი, ნიცშემ ჩამოაყალიბა მოწოდებად: „გიყვარდეთ მიწა!“ „მიწა“ აქ სიმბოლოა ყოველივე მიღმურის, ტრანსცენდენტურის, უსხეულოს მიმართ საპირისპიროსი; ის ამქვეყნიურ ცხოვრებას ნიშნავს. „მიწა“ კრებითი სახელია ყველაფერ იმისა, რასაც სიცოცხლე მიელტვის. ყოვლის მცოდნე, კეთილი და ყოვლის შემძლე არსთა გამრიგის რწმენადაკარგული ნიცშე ყოფნის მთელ ტვირთს იკისრებს თვითონ და აკისრებს ადამიანს.

თუ ქართველის მსოფლგანცდაში არის რაიმე საერთო ამგვარი მეტაფიზიკური ნაბიჯის წამდგმელ ფილოსოფოსთან, ის ბუნებრივია, ჩვენი სულიერების წარმართულ განძთსაცავში უნდა ვეძებოთ. წარმართულია (ქრისტიანულისგან „განზე წასულია“) მსოფლხედვა, რომელიც არსებულს ჭეშმარიტ (იდეალურ, ტრანსცენდენტურ) და მოჩვენებით (ხრწნად, წარმავალ) სამყაროებად არ ყოფს; მისთვის სამყარო ერთია. წარმართი არ არის ასკეტი, ის არ თმობს ამ ქვეყანას და არ ცდილობს სანაცვლოდ მიიღოს მარადი ყოფნა მიღმა მხარეში. წარმართს არ ახასიათებს ღმერთის მსასოებლობა; ამიტომ მისი მსოფლგანცდა მძაფრად ტრაგიკულია, ასე მაგალითად:

ბრძენი სილენოსი მეფე მიდასს შეკითხვაზე, თუ რა არის მისთვის საუკეთესო ხვედრი, პასუხობს: „ყველაზე უკეთესი შენთვის საერთოდ მიუღწეველია: არ დაიბადო, არ იყო, არარა იყო. შემდგომ ამისა კი შენთვის უკეთესია - მალე მოკვდე“, მაგრამ მისი ზესკნელ-ქვესკნელი არ არის გაყოფილი სანუკვარ და უფასურ ნაწილებად, ის „მონოლითია“. წარმართს დია უღირს ეს ქვეყანა; ჰადესში ყოფნა მისთვის აქ ყოფნის მხოლოდ ჩრდილია, მაგრამ აქ და იქ ყოფნა მაინც ერთი მთლიანის ნაწილებია.

ჩვენს კულტურაში წარმართობას მუდამ ღრმად ჰქონდა ფესვი გადგმული. ძველი წარმართული ადათ-რიტუალები ზოგან იმდენად უცვლიდნენ სახეს ოდინდელ ქრისტიანულ დღესასწაულებს, რომ მათ სახელწოდების გარდა აღარაფერი ჰქონდათ საერთო ქრისტიანულ დღესასწაულთან. რაც შეეხება ჩვენი წარმართობის თავისებურებას ბერძნულთან შედარებით იგი უფრო ნათელი და „მზიანი“ ჩანს: ქართულ წარმართულ საგანძურში ვერ იპოვით სილენოსის პასუხისდარ პირქუშ სურათს კაცთა ბედის შეფასებისა. ჩვენთვის წარმართულ ღვთაებებთან ნათესაური და მოყვრულად კეთილგანწყობილი ურთიერთობა ყოფილა დამახასიათებელი.

„მზე - დედაა ჩემი,
მთვარე - მამა ჩემი
მოციმციმე ვარსკვლავები
და და ძმაა ჩემი.“

„ზეცას ვიყავ, ზეცა ვნახე,
ვარსკვლავებსა დავენახე,
მთვარემ კაცი მომიგზავნა: -
თუ აქ იყავ, რად არ მნახე!“

ქართული წარმართობისთვის საზოგადოდ ნიშანდობლივია სინათლის, სიკეთის ძალთა მოიმედეობა შესაბამისი განწყობით. ლილეს (ბარბოლ-დოლაშთან ერთად პერსონიფიცირებული მზე ღვთაების) სასახლის საძირკველზე „ირმები წვანან“, „ქონგურზე სხედან შევარდნები“, „მისი ხარები ბუღრაობენ“, „ბრიალებს ოქროს დარბაზები“; ხოლო „ბნელი თაღები ირღვევიან“ და „ქვესკნელის ბჭენი ირყევიან“.

ახლა ვნახოთ, რას შემოგვთავაზებს ქრისტიანული ქართული სულიერება; მეოთხე საუკუნიდან ხომ ჩვენი კულტურა ქრისტიანულია და ასეთია „ვეფხისტყაოსანი“ -„ხერხემალი მისი“. რუსთაველის გმირებს სწამთ სამყაროს შეუმცნებადი კეთილი ღმერთი და სულის უკვდავება. ასეთ ეპოქას, თითქოს, არაფერი უნდა ჰქონდეს საერთო ნიცშეს მეცხრამეტე საუკუნესთან, მაგრამ არის ერთი გასათვალისწინებელი მომენტი: სწორედ ამ დროს შეიქმნა ქართულ ხელოვნებაში სახე, რომელიც ერთსა და იმავე დროს ძალიან ჰგავს და არა ჰგავს ზეკაცს - ავთანდილი. ვნახოთ, სახელდობრ რითი ჰგავს და რითი არა ზეკაცს ქართველთა „შემდგომ თაობათა ბედ-იღბლისთვის უმახვილესი“ (გალაკტიონი) პოემის ეს გმირი. არ ჰგავს იმით, რომ ყველა საქმეში ღმერთი ეგულება შემწედ: „უგანგებოდ ვერას მიზმენ, შე-ცა-მებენ ხმელთა სპანი; განგებაა არ დავრჩები. ლახვარნია ჩემთვის მზანი; [...] ვინცა იცის ესე ასრე ჩემებრვეა გულოვანი“. ავთანდილის მხედრული შემართების, მხნეობის, გამბედაობის საყრდენი - მისი პირადი თვისებები არ გამორიცხვით - ღმერთია.

ახლა მსგავსებას მივხედოთ. ავთანდილის ღმერთი „უცნაური და უთქმელი“ უფალია და ამიტომ ყველა შეძლებით ლამის ოლიმპიელი ღმერთის ტოლი ეს სპასპეტი მხოლოდ თავის ნება-გონებას, ძალასა და მიხვედრას მინდობილი მოქმედებს, ანუ იმ ზომის თავადია, რა ზომისაც სწორედ ზეკაცს შეეფერება თავადობა. ამასთან, ავთანდილი სამხედრო არისტოკრატიის ნამდვილი წარმომადგენელია, თავისი კასტური ღირსება-უპირატესობის სრული შეგნებით; უყვარს და სათანადო ფასსა სდებს ამქვეყნიურ ყოფნას მისი ყველა სიამით: ქალით, ლხინით ნადირობით. თავისი ქცევის გასამართლებლად ენდობა ფილოსოფოსთა მიერ „სწავლად თქმულსა“ - ღვთის მიმართ ლოცვასაც მიმართავს, მაგრამ პოემაში არსადაა სამების ხსენება, არც ქრისტიანული ღმერთის მიმართ მლოცველის პასიური მსასოებლობაა მისი ხასიათის ნიშანი. ბოლოს: ავთანდილი დაუფიქრებლად არღვევს ქრისტიანობის პირველ მცნებას, ლაღად მიდის ჭაშნაგირის მოსაკლავად; გზად მის ორ დარაჯს გაურევს ტვინსა და თმას ერთმანეთში. ჭაშნაგირს „ხელი მოჰკიდა, მიწასა დაასკვნა, დაკლა დანითა“. მერე ბეჭდითურთ თითი მოჰკვეთა, რათა ფატმანისათვის მიეტანა, ნიშნად განზრახული საქმის მოთავებისა. ჭაშნაგირის გვამი სარკმლით გასტყორცნა და ზღვაში დაჰკარგა, ასე მოაკვდინა კაცი, რომლის დანაშაული მხოლოდ ის იყო, რომ ავთანდილს მისცა საფუძველი ეთქვა:

„იმა კაცსა ვერა ვხედავ მეომრად და ჩემად დარად,
რაცა ვუყო, მოგახსენებ, მომიცადე, იყავ წყნარად.“

ფატმანთან დაბრუნებული ავთანდილი სულიერად ისე მშვიდია, თითქოს ეს ესაა სამი კაცის მკვლელი კი არა, არაბი ვინმე, არქეოლოგი იყოს, ცნობისმოყვარე მეგობარ ქალს ახალაღმოჩენილ ექსპონატს რომ უჩვენებს სადმე ბუდუარში. ავთანდილი იმდენად თავისუფალია, რომ არღვევს ათი მცნებიდან უპირველესს: „არა კაც ჰკლა“. რჯულიდან ასეთი გადახრისათვის მისთვის კმარა გუმანით გრძნობა იმისა, რომ რაღაც სასარგებლო ამბავს შეიტყობს, რამაც შესაძლოა ხელი შეუწყოს საქმის კეთილად მოგვარებაში. ხოლო ეს საქმე მისი მეგობრის ამქვეყნიური ბედნიერებაა, რისთვისაც ავთანდილი არაფერს იშურებს: „მე იგი ვარ, ვინ სოფელსა არ ამოვჰკრეფ კიტრად ბერად, ვის სიკვდილი მოყვრისათვის თამაშად და მიჩანს მღერად“. აქ იგი ნიცშეს ლომსაც ჰგავს და ბავშვსაც; „მიწის“ მოყვარე ზეკაცს, რომელიც დიდი ძალით, ნებიერად და თამაშით ქმნის თავსა და სამყაროს თვისას. პრაქტიკულად ავთანდილი ზეკაცია, მსოფლმხედველობრივ - უცნაური ღმერთის მორწმუნე; როგორც ჩვენი „კულტურის ხერხემლის“ შუაგული, იგი ქართველთათვის სიქველის ზომის დამდგენი იდეალური გმირია. ქართველი თავისი იდეალური მეობის გამოხატულებას ავთანდილში ხედავს, მასში კი ზეკაცის შესაფერი მრავალი თვისებაა მოცემული. კულტუროლოგიურად საინტერესოა ამ პერსონაჟის აღქმა-გაგების ისტორია.

სანამ სეკულარიზაციის სრულიად ევროპული პროცესი არცთუ შორს წასული იყო, ავთანდილის სახე კეთილი ღმერთის მსასოებელი ეპოქის მშვიდ სულიერ ლანდშაფტში ეწერებოდა მიუხედავად იმისა, რომ ჭაშნაგირის და მცველთა მისთა დახოცვა მის ქრისტიანულ-მორწმუნეობას ჩრდილს აყენებდა. XIX საუკუნიდან ამ სახის გაგებას თანდათან ჩამოსცილდა თეოლოგიური შინაარსი, მოხდა მისი „წმინდა ესთეტიზაცია“. გაგების ისტორიულობამ ის მოიტანა, რომ ავთანდილში ამიერიდან შუა საუკუნეების დიდგვაროვანი მხედარი იცნობა - ლაღი, მხნე, გამბედავი, სიცოცხლით ტკბობა-თრობის უნარიანი, სიკვდილის არად ჩამგდე კეთილშობილი რაინდი - ისე, რომ ღვთისა და მისი წერილის წინაშე მისი პირნათელობის საკითხი ესთეტიკური ფიქრისა და განცდის პერიფერიაზე აღმოჩნდება. ღმერთის სიკვდილის შემდეგ ავთანდილს ეჭვით მსინჯავი თვალი მოსცილდა მკითხველისა, რომელმაც დროის შესაფერ გაიგო, წმინდა ესთეტიურად შეაფასა: „მჭვრეტელთა მზე და მებრძოლთა მხეცი და ვითა ზარია“.

საგანგებოდაა განსახილველი, თუ რა მოხდა XIX, ასე ვთქვათ „ნიცშეს საუკუნეში“. აქ ნიკოლოზ ბარათაშვილმა ერთ ლექსში ჩაატია პრობლემატიკა, რომელსაც შემდგომ ფილოსოფოსი (პოეტი, მუსიკოსი, კლასიკური ფილოლოგიის შესანიშნავად მცოდნე გერმანელი მეცნიერი) ნიცშე მრავალ ტომად გაშლილ შემოქმედებას მიუძღვნის:

„მაგრამ თუ ერთხელ სოფელს უნდა ბოლო მოეღოს,
მაშინ ვიღამ სთქვას მათი საქმე, ვინ სადღა იყოს?“

ნიკოლოზ ბარათაშვილის პასუხიც მის მიერ დასმულ კითხვაზე არსებითად სიცოცხლის ფილოსოფიის თანხმიერია:

„არც კაცი ვარგა, რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს,
იყოს სოფელში და სოფლისთვის არა იზრუნვოს!“

არ უნდა იყოს ზედმეტი იმის აღნიშვნა, რომ „ფიქრნი მტკვრის პირზედ“ 1837 წლით თარიღდება.

ჩვენს სამეცნიერო ლიტერატურაში ვახტანგ კოტეტიშვილმა აღნიშნა, რომ „ქართულსა და ევროპის ლიტერატურის შორის კონტაქტი ნიკოლოზ ბარათაშვილმა დაამყარა“, შესანიშნავი მკვლევარი ჩვენს პოეტს ბაირონს ადარებს და ორივეს სულში „რაღაც ზე-კაცურის“ ბუდობას ჰგონებს. ვახტანგ კოტეტიშვილი აღნიშნავს ნიკოლოზ ბარათაშვილის მეობის საქართველოსგან განუყრელობას და იქვე ჩვენი წერილის თემასთან დაკავშირებულ საგულისხმო სიტყვებსაც დაურთავს „[...] პოეტი ტიტანისებურ ძალას იჩენს. „[...] და ნიცშესებური ზეკაცობით“ ირჯებაო. მართლაც, „მერანის“ ავტორის „ბედის სამზღვართან“ შეურიგალ სულის გრიგალში ძნელია ზეკაცის თანამოძმის ვნება ვერ იცნო. „ამ ლექსში ყველაფერი გამძაფრებულია, დინამიკა პირდაპირ გეოლოგიური ძალისაა, საზღვართა გადალახვის უდიდესი მაგალითია. [...] იდეები ერთმანეთს ეფინებიან და ისეთი აჩქარებით სცვლიან ერთმანეთს, რომ გგონიათ, თითქოს ქვეყანა ილეწებოდეს რაღაც საშინელი კატასტროფით. ტაეპი ტაეპს მისდევს [...] ყოველი მუხლის ხმა მაღლა იწევს, რომ ზარიანი გრიალით გათავდეს ეს რაღაც პრომეთესებური ლოცვა თუ ანათემა [...].

ნიკოლოზ ბარათაშვილის მემკვიდრე ჩვენმა დიდკაცებმა, თავისი პოეტური ინდივიდუალობის კვალად, გზა მისცეს ისეთ მოტივებს, რომელთა შინაარსეული სიახლოვეც ნიცშეს ფილოსოფიასთან, მის „მსოფლშეგრძნებასთან“ შეუმჩნეველი არ დარჩენილა. ნიკო სამადაშვილი „ვითარცა ლერწამი ირხევა“ ტრადიციულ ქრისტიანულ მსოფლგანცდასა და უმძაფრეს ტრაგიკულ პოეტურ ხილვებს შორის, რომლებიც აშკარად ნიცშეს ფილოსოფიითაცაა შთაგონებული. ნიკო სამადაშვილის პოეზია ის ადგილია, სადაც ქრისტიანული ტაძრის „ღობეც წმინდაა“ და იქვე, ხევში, მდინარე - „შეწირულ ბავშვთა ცრემლები“ - შემოგვეფეთება. სადაც დაბლა დაშვებული ტაძარი „ზურგს აქცევს, ტყეს ეფარება“. მაგრამ აღმა მსვლელნიც „რატომღაც ჩუმად, რაღაც უიღბლოდ“ მივლენ; არ ჩანს, რა გზით, ქრისტესით? მაშინ რას ნიშნავს:

„აქ თავის თათით ითხრიდა საფლავს
მწყემს დაღუპული სოფლის ნახირი.“

ჩნდება ეჭვი, რომ ნახირი აქ საქონელი როდია - მას ჩლიქი აქვს და არა თათი - ნახირი აქ გაიგება ხალხად, რომელსაც მწყემს-ქრისტე დაღუპულს, ისღა დარჩენია, თავისი ხელით გაითხაროს სამარე; ეს ის ადგილია, სადაც:

„ჟამს ტაძრის კანი ისე დაუხრავს,
რომ გარეთ ჟონავს ჭრაქის ნათელი.
ძლივს ვამშვიდებდით შემკრთალ მაცხოვარს,
რჯულ დაწყვეტილი ექვსი ქართველი“.

ეს ის ადგილია, სადაც გზა „ჩანდა ოდნავ“ და „ბექობს ზევით ქრებოდა განცდა - გზნების მომგვრელი“, სადაც მიმავალთ „ხატის მიზეზით სახადშეყრილი“ მგლის (ტოტემური ცხოველის?!) ყმუილი სწვდებათ და, აი, მათი აღსარებაც:

„უსინანულოდ ვტოვებდით ტაძარს
უკანასკნელი ქრისტიანები.“

ნიკო სამადაშვილის გონება ნიცშეანური ეპოქისათვის დამახასიათებელი ფიქრების სამჭედლოა. აქ:

„ქუჩებში მარტო და გაცრეცილი
გზებგადამცდარი ნიცშე ბღაოდა“.

მაგრამ თუ ნიცშეს გზებგადამცდარობა უეჭველია, არც სიკვდილშემდგომ სასუფევლისა და მკვდრეთით ხორციელ აღდგომის რწმენაა ურყევი:

„ცოტა ხანს კიდევ... იმის მერე, რომ დაბერდები,
ეგ თავის ქალა კლდეს ექნება პირში გაჩრილი“.

და გასაგებია ასეთი ამოძახილი:

„ჩემი გაჩენა მიეზღოს ცეცხლად,
ვისაც ეს ჩემი იღბალი მართებს,
თითქოს ეს გული ამოურეცხავთ
ღვიით და სარცხით შიშველ წარმართებს.“

ამ ნარკვევის ერთი ნაწილით ქართული კულტურის იმ ნიმუშებს შევეხე, რომელთა წარმართულ-ნიცშეანური პრობლემურობა გერმანელ ფილოსოფოსთან კავშირის გარეშეა აღმოცენებული ჩვენს ნიადაგზე. მეორე მხრივ, ნიკო სამადაშვილის შემოქმედების ჩართვამ განხილვის არეში თან მოიტანა სხვა დრო, როცა ნიცშე უკვე ნაცნობია წიგნიერი ქართველობისათვის. როგორ გარდატყდება ნიცშეს ფილოსოფიის პრობლემები ამ ახალი დროის ქართველ ხელოვანთა შემოქმედებაში? გალაკტიონის ერთ ლექსს („თოვლით და ყინვით“) დავაკვირდეთ:

„არ ეუბნება იგი სრულიად
ვისმეს: რა არის მისი შვენება,
წარსული მისთვის გაძარცულია,
წარსული მას არ მიეშველება,
პირიქით: იგი კიდევ აპირებს
ფრთა გაუსწოროს ისარს დაცინვით
და მიუღწეველ მწვანე ნაპირებს
შემოსავს ძველი თოვლით და ყინვით“.

ეს ზომით მცირე შედევრი ყოფნის არსების გამომხატველი ვიზიონებით სუნთქავს: ყოფნა ხიფათითაა სავსე, მის წინად ღირსეულად დგომა გამბედაობას მოითხოვს; ცხოვრების უმნიშვნელოვანესი, ხან საბედისწერო მოვლენები მუდამ მომავალში „გვისაფრდებიან“. იქიდან გარდაგვხვდებიან; ხსნის წარსულიდან ან სადმე გარედან მოსვლის იმედით ყოფნა უსაფუძვლოა, ასეთი „გარე“ სფერო არც არსებობს, ამიტომ ყოველგვარ ვითარებაში მხოლოდ საკუთარ ძალას უნდა დავენდოთ, მეტაფიზიკურ იმედებს - „მიუღწეველ მწვანე ნაპირებს“ - მხოლოდ გულგრილი, ცივი მზერა ჯობს შევაგებოთ.

ქართული კულტურა, ხალხური თუ მსოფლიო მასშტაბის დიდ პოეტურ ინდივიდუალობათა შემოქმედებით წარმოდგენილი, არსებითად ისეთი შინაარსისაა, რომ ნიცშეს ფილოსოფიას არაფრით იუცხოვებს. ჩემი მიზანი ამ მოსაზრების დამადასტურებელი საბუთების მოძიება იყო, უფრო მომცველი და პრობლემაში ჩაღრმავებული კულტუროლოგიური სამუშაოს ჩატარება ვრცელი გამოკვლევის სამომავლო ამოცანად რჩება.

2.25 25. პოეზია 1986 : [კრებული]:

▲ზევით დაბრუნება


[კიკნაძე, ზურაბ. მუდამ სინათლისკენ გამყივარი ძახილი] / რედ. : ჯანსუღ ჩარკვიანი ; შემდგ.: გივი გეგეჭკორი, როსტომ ჩხეიძე. - თბილისი, 1986. - გვ. 68-71.

პოეტის სიკვდილის მეათე წელს გამოქვეყნდა მისი ლექსების პირველი წიგნი, მცირე კრებული. ახლა ძნელია წარმოდგენა იმისა, თუ როგორ შეხვდებოდა ქართული ლიტერატურის ამ მნიშვნელოვან ფაქტს განსვენებული პოეტი, - წიგნში დაბეჭდილი ბევრი ლექსი ხომ მისი სულის აღსარებაა, უკიდურესად გულახდილი და დაუნდობელი. აქ ვერ ვნახავთ ვერცერთ უფერულ ლექსს, უბრალო საბაბით დაწერილს, უღიმღამოს და არაფრის მთქმელს.

პოეზია არ უნდა ყოფილიყო მისთვის მარტოოდენ „ტკბილ ხმათა“ სიმღერა; ნაღვერდალში, მუდმივ ცხელებაში აქტივობდა მისი სული და შემდეგ მწველ, აფორიაქებულ, ზოგჯერ მოუწესრიგებელ სტრიქონებში რეალიზდებოდა, თუმცა ამ საქმიანობას სინანულის ჟამს „ჯღაბნას“ არქმევდა: „ლექსების ჯღაბნა წამებად გექცა, ჯობდა ვენახის კვალი გებარა, ვის რად უნდოდა ეს თვალთმაქცობა, ნეტავი ქარში გადაგეყარა“. მაგრამ ტრაგიკული სწორედ იმის შეგნება უნდა ყოფილიყო, რომ იგი ვერასოდეს დააღწევდა თავს ამ „თვალთმაქცობას“. რადგან შემოქმედება - თქმის ჟინი - სისხლხორცეული იყო მისთვის, ძვლამდე გამჯდარი („რა ექნა იმას, მგზავრო, მითხარი, ვინც ძვლების ცეცხლი ვერ დაიყოვნა“). იგი თითქოს სხეულის ფორებიდან დენიდა გარეთ სათქმელს, აუცილებელს და ეს იყო მისი ერთადერთი ნუგეში, სულის დაამება, გულზე მომშვები კათარზისი. ამ ეზოტერულ საიდუმლოებას შემოქმედებისას თავად ამხელს იგი საკუთარი თავისადმი მიმართულ ლექსში („ნიკო სამადაშვილს“): „ავადმყოფობა ეგონათ, ბიჭო, ლექსები ტანზე გამონაყარი“.

ნიკო სამადაშვილი განსაკუთრებული მოვლენაა ქართულ პოეზიაში. პირველ ყოვლისა, უნდა აღინიშნოს მისი ლექსების გარეგანი მხარე, კერძოდ, პროსოდიული სახე. მისი ლექსების გამო მოხდენილად თქვეს წიგნის შესავალი წერილის ავტორებმა თ. ჩხენკელმა და ა. სულაკაურმა: „მისი ლექსები მოგვაგონებენ გაუცრელი თიხისაგან გამომწვარ ასიმეტრიულ დოქებს, რომელთაც, თუმცა კი ამჩნევიათ კოჟრები და ზოგჯერ მომტვრეული აქვთ ტუჩი ან ყელი, მაგრამ პოეზიის ძელგი, შეურყვნელი, მაგარი ღვინით არიან სავსენი“.

საგანგებოდ უნდა ითქვას, რომ სამადაშვილი უპირატესად პოეტი-მხატვარია: მის პოეზიაში სრულიად გამოუვლენელია ყველა დროის ქართული პოეზიისათვის ეგზომ დამახასიათებელი ჰიმნური ანუ ხოტბური ელემენტი.

პოეტის თვალით დანახული და მისი გეშით განცდილი სოფელი მისი სამშობლოა, ერთი კუთხე ქვეყნიერებისა, დაუვიწყარი ქართლი, უფრო ხშირად ერთი კონკრეტული ლოკალი - ატენის ხეობის ერთი სოფელი, რაიც დიდი სოფლის, წუთისოფლის ხატად არის წარმოსახული.

მაგრამ მანამდე უნდა ვახსენოთ ლექსი „ჩემი სოფელი“, სადაც ერთმანეთს მისდევს საკვირველი პლასტიურობითა და ლაკონიზმით დახატული ყოფითი კადრები. აქ არაფერი უჩვეულო არ მომხდარა (ლექსი მოგონებაა) და არც რამეა უცნაური სანახავი, სურათები სტატიკურია (ზმნა არსად არის ნახმარი) თითქოს ელის მათ გამხსენებელს („უძრავი ტახტი, წალო, ზანდუკი, ფერიცვალობა, საფლავზე ხილი“, „კერძით გასვრილი ჯამი თაროზე და ძველი სახლი წისქვილის წინა“, „მთებზე ზოზინი სოფლის ნახირის, მდინარის გაღმა ვეება ქორი“), მთელი ლექსი გამსჭვალულია შინაგანი „ფათფათით“, ნაღვლიანი სიყვარულით, თუმცა ეს სიტყვა ერთადერთხელ არის ნახმარი ლექსის ბოლოს: „როგორ მიყვარდა ჩემი სოფელი, როგორ მინდოდა იქ მოვმკვდარიყავ“.

„უკანასკნელი ქრისტიანები“, „ბეთანია“ მთლიანად გასენილია ტრაგიკული განცდით და ასოციაციებით, რასაც თავად ბეთანიის მიწა ინახავს. იქ მიმავალ პილიგრიმთა ხედვაში იღვიძებს ლეგენდა თუ ისტორია, ტაძრის სანახებს შენივთებული: „ხევში მდინარე შემოგვეფეთა - შეწირულ ბავშვთა ცრემლები იყო“, ამიტომაც ჩვენ მივდიოდით აღმართზე ერთად, რატომღაც ჩუმად, რაღაც უიღბლოდ“, ისტორია: „აქ დანდობილი გლეხი სახრეზე, აქ შესწრებია ორშაბათ დილას“. ორშაბათში განსაკუთრებული სიმბოლო მარხია, რაღაც ხალხურ-ტრადიციული: „კვირაძალის მწუხრზე გავდა ორშაბათს და გულის კვამლი უწვავდა თვალებს“ (ლექსიდან „დაითენთა“); ის ორი სტრიქონი ასე გრძელდება: „ახლაც კი ვამჩნევ ლაშას სახეზე - ჯალალედინის შემოკრულ სილას“. ლაშა - საქართველოს პერსონიფიკაცია; ჯალალედინი - „საქართველოს უკვდავი მტერი“ და ეს ფრაგმენტი გულისმომკვლელი ლეგენდის თუ მითისა: „აქ თავის თათით ითხრიდა საფლავს მწყემსდაღუპული სოფლის ნახირი“, რასაც არაორაზროვნად ეხმიანება პილიგრიმთა ბედი. „ძლივს ვამშვიდებდით შემკრთალ მაცხოვარს რჯულდაწყვეტილი ექვსი ქართველი“, ამავე დროს აქ ცხადად გამოსჭვივის სიმბოლიკა კეთილი მწყემსისა და მისი სამწყსოსი.

ყველა ამ სასოწარმკვეთელ სურათს აბოლოებს შემზარავი სანახაობა, ერთ სტროფში გადმოცემული, რაც სავსებით ავლენს სამადაშვილისეულ თვალს და მანერას წერისას: „მათხოვარი ზის, როგორც ობობა - მყრალ ჯოჯოხეთის მოხდილი პკეა, არც ზღაპარია, აღარც მოთხრობა, ის თითქოს ჩიტებს აუკენკიათ“.

მაგრამ არის სხვა ხილვაც. იმედიანი ასოციაციებით შენივთული. ხილვა მკაცრი და დიდებული დღესასწაულისა ატენის სიონში, რომლის არემარე არაამქვეყნიური შუქით არის განათებული („უფლის ნათელი დაბარბაცებდა გაუთენარი გზების ბოლომდე“), ამ მისტერიულ ღამეს, როდესაც ეს კონკრეტული ლოკალი რაღაც ყოველდროულ ადგილად წარმოუდგება პოეტის თვალს. ეს ადგილი თითქმის ქვეყნიერების ჭიპია, არც მდინარე ტანაა მცირე წყალი, არამედ „სოფლისა წყალნი“ (რუსთაველი) ან იორდანე, ყოველთა მდინარეთა ხატი. ეს ორი სტრიქონი, რომელიც მნიშვნელოვანი სიმბოლოებით არის შეძერწილი, მისტიურ შუქში ახვევს ლექსში დახატულ პეიზაჟს და ამბავს, რეალობას გვერდზე გადაანაცვლებს, თითქოს გადასწევს ფარდას, ჭეშმარიტი სურათის დამფარავს; რაც მას მოჰყვება იმედისა და წყნარი სიხარულის შუქით არის მოქსოვილი; „დრო იყო, როცა ბნელ სასუფეველს მდინარე ტანა ჩაუდიოდა, საიქიოდან წუთისოფელი როგორც მამალი ისე ჰყიოდა“. ამ ზერეალური სურათის მნახველი პირისპირ დგას უაღრესი საიდუმლოების წინაშე - ქვეყნიერების ახალი დღის გათენების ანუ (რაც იგივეა) ქვესკნელს ჩასული წუთისოფლის მკვდრეთით აღდგომისა. მამალი - მზის სიმბოლო, გათენების მაუწყებელი ფრთოსანი დღევანდლამდე: ძველ ქრისტიანთა თქმულებით, მამლის პირველ ყივილზე აღმდგარა ქრისტე, ამიტომაც მამალს ახატავდნენ პირველი ქრისტიანები საფლავის ქვებზე; ჩვეულება გამძლეა და შესაძლებელია ჩვენშიც შემორჩენილიყოს იგი.

იმის გამო, რომ კონკრეტული ლოკალი განზოგადებულია, - კერძოში ზოგადის კონტურები იხილვება - ატენის სიონიც, მე-7 საუკუნეში აგებული შენობა, ტანას მყუდრო ხეობაში მიყუჟული, ქრისტიანობის პირველტაძრად ანუ აკვნად განიცდება. ამას გვაუწყებს საკვირველი სტრიქონები: „ქრისტემ ბავშვობა აქ გაატარა და ღვთისმშობელი უგვიდა ეზოს“. ტაძრის საკრალური არეა, ღვთისმშობლის მიერ დაგვილ-განწმედილი, წმინდა ოჯახის ადგილ-სამყოფელი (ატენის საყდარი, ისევე როგორც ყველა სიონი, ღვთისმშობლის სახელობისაა, „სიონეველი ასულისა“, როგორც გურამიშვილი იტყოდა). ეს ხილვა ტაძრის ეზოში შემთხვევითი არაა, იგი ღრმად უკავშირდება ბავშვობის წიაღს: ღვთისმშობელი, ვითარცა ხატი ყოველდროული დედისა, სხვა ლექსში გამოჩნდება, თავის ალტერ ეგოსადმი მიმართულ ლექსში („ნიკო სამადაშვილს“), როგორც გახსენება სამუდამოდ დაკარგული უბიჭოებისა: „შენ ძუძუს სწოვდი გაშლილ ალუჩებს და ღვთისმშობელი აკვანს გირწევდა“.

მაგრამ პოეტის მსოფლხედვა არ არის ასე მარტივი და პირდაპირხაზოვანი; განსაკუთრებული რამ ხედვა არ არის საჭირო იმისათვის, რომ კაცმა ამქვეყნად ნათელის და ბნელის დაპირისპირება შენიშნოს; ყველა დროის პოეზია მეტ-ნაკლებად ამით არის გართული. სამადაშვილი არ არის მხოლოდ გარემხედველი, იგი საკუთარი გულის მხილავია და ამავე დროს მამხილებელიც. დაუნდობლობა თავისადმი ზღვარდაუდებლობა, იმდენად, რომ ზოგჯერ თვალით სახილველი, უხეშნატურალისტური სცენა დაგვიდგება თვალწინ: „ვერ გაოკებდი, დაგდევდი კეტით“ - ასე მიმართავს იგი თავის ალტერ ეგოს („ნიკო სამადაშვილს“); რაღაც მეტაფიზიკური უკმაყოფილება საკუთარი თავით ამგვარ საკრამენტალურ სიტყვებს ბადებს: „ძილი წამებად გადმექცა, დედავ! ველი იმ დღეებს, რომ გავტიალდე, ქვესკნელს შემასხი, მარადისობავ, თუ კიდევ შენსკენ გამოვტრიალდე. ჩემი გაჩენა მიეზღოს ცეცხლად, ვისაც ეს ჩემი იღბალი მართებს. თითქოს ეს გული ამოურეცხავთ ღვიით და სარცხით შიშველ წარმართებს“. რაღაც არაადამიანური სულიერი ტკივილისა ანუ შეურიგებელი სინდისის განცდა უნდა ჰქონოდა კაცს, რომ ამგვარად დაეწყევლა თავი.

სამადაშვილის ყოველი ლექსი მისი სულიერი აპოკალიფსია - საკუთარ თავთან ჭიდილისა და მის მიერვე უარყოფილი ქვეყნიერების წინაშე პირისპირ დგომის დოკუმენტი. პირქუშ ხილვებთან ერთად მასში აღნუსხულია მისი შინაგანი ცხოვრების ბევრი ნათელი წამი.

მრავალფეროვანი ქართული პოეზიის ხომლს ნიკო სამადაშვილის ხმაც უერთდება - ტრაგიკული, მაგრამ მუდამ სინათლისკენ გამყივარი ძახილი.

2.26 26. ჟორდანია, სულხან. კრიტიკის ფილოსოფია:

▲ზევით დაბრუნება


[„უკანასკნელი ქრისტიანები“ ]. - თბილისი, 1998. - გვ. 191-210.

ნიკო სამადაშვილი მეორედ თავის წიგნთან ერთად დაიბადა.

პოეტის მეორედ დაბადება კი უკვე უკვდავებასთან გახდა წილნაყარი. კითხულობთ მის ლექსებს, აკვირდებით პოეტის ფუნჯით მოხატულ ქართლის პეიზაჟებს, გვრიტის ფრთებივით მოჭედილ ჭალას, ვეება ჭადრებს, ნაირფერებით მხრჩოლავ მთებს, კუნელისფერ ღამეებს... თქვენ გესმით ქუში ქედების ყეფა, უდაბურ ველების კივილი, ბინდების ჭრიჭინი, მზის ყვირილი ქვეყნის ბოლოდან,... ხარბად ისუნთქავთ ტყის ყვავილების სურნელს, მოცელილი ბალახის არომატს და ნათლად შეიგრძნობთ მღვიმის სისველესა თუ ნისლების სიგრილეს.

ღელეთა მწუხრში ჩახვეული ლანდები, ციცინათელების შუქის წვეტები, მდორედ მხრჩოლავი სქელი ნისლები, ჯიღა ცაცხვები, პირქუში ტყე თუ რუხი მინდვრები, ეს მტირალა წნორები, ეს კვირაძლის ბინდი, ლანდების როკვა, ბნელი ქარები, ეს მომცვარული ტყე, მთელი ეს, - თქვენთვის კარგად ნაცნობი, ახლობელი, მშობლიური სახეები, - სულს გივსებენ სევდანარევი ბედნიერებით.

ფილოსოფოსები ამტკიცებენ და პოეტებისაგან გაგვიგონია, რომ როგორც კი იპოვის აზრი სიტყვას, აღარაა იგი ღრმად შინაგანი და სერიოზული და უფრო მეტიც, როგორც კი იწყებს იგი არსებობას სხვისთვის, წყვეტს არსებობას ჩვენში. შეიძლება ეს თვალსაზრისი გარკვეულწილად მართალიც იყოს.

მაგრამ ძირითადად აზრი, აზროვნების პროცესი და სიტყვა ერთი და იგივეა, ვინაიდან აზროვნება დიალოგს გულისხმობს, გულისხმობს „სულის უხმო საუბარს საკუთარ თავთან“. გარდა ამისა, დიალოგი, შენი გრძნობების, გაუცნობიერებელი განწყობილებებისა თუ შინაგანი იდეის სიტყვაში ობიექტივიზირება, სხვისთვის გადაცემა არამთუ არ ამცირებს გამოუთქმელი აზრის ღირებულებას, არამედ, გამომდინარეობს რა აზროვნების არსიდან, უკუმოქმედებს მასზე, ხვეწავს, აღრმავებს, აკეთილშობილებს ინტელექტუალურსა და გრძნობით პროცესებს.

დიახ, სიტყვიერ მასალაში ობიექტივიზირებული აზრი თუ აზრთა მთელი სისტემა კეთილმყოფელად მოქმედებს მოაზროვნის, პოეტისა თუ ფილოსოფოსის ინტელექტუალურ გარჯაზე, მის სულსა და გონებაში სხვადასხვა პროცესთა წარმმართველ მექანიზმზე. ხოლო შემდგომ, ფართო აუდიტორიასთან კონტაქტი, საკუთარ ნაწარმოებთა გამოქვეყნება აქტიური, „ნასვენი“ სისხლის ჭავლით ავსებს მის ძარღვებს, ახალი შემოქმედებითი ენერგიით მუხტავს მის არსებას.

ნიკო სამადაშვილი მოკლებული იყო ამ სიკეთეს. იგი ისე გარდაიცვალა, ვერც ერთი ლექსი - სულის ამოძახილი - დაბეჭდილი ვერ იხილა.

„შენ ჩემში უსტვენ ვით საყდრის ჩიტი,
შენა ხარ ჩემი ნუგეშის დარი,
სულ კარგად მახსოვს შენ რომ გამიჩნდი,
გარეთ ძაღლივით ყმუოდა ქარი.
ვერ გიპატრონე მე ლაზღანდარამ,
შენ სხვა მხევალი უნდა გყოლოდა,
ზეცა სივრცეებს აზანზარებდა
და მზე ყვიროდა ქვეყნის ბოლოდან,
შენ გადარებდნენ ბინდების ჭრიჭინს,
თუმცა სულ მუდამ ტოტს გცემდა ქარი.
ავადმყოფობა ეგონათ, ბიჭო,
ლექსები ტანზე გამონაყარი“ -

ამბობს პოეტი ერთ უცნაურად დასათაურებულ („ნიკო სამადაშვილს“) უცნაურ ლექსში, სადაც ნიკო სამადაშვილი „პრაგმატიკოსი“ გულის ნაღველს, გულის საიდუმლოს უმხელს ნიკო სამადაშვილს - შემოქმედს. „ვერ გიპატრონე“. „ვერ მოგიარე“, აი, ლექსის შინაარსის უზოგადესი, უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილი. ეს მოტივი წითელ ხაზად გასდევს ნიკო სამადაშვილის პოეზიას. სხვადასხვა ვარიაციებით გვხდება იგი ლექსებში - „იძინე, თამაზ, მოშუშდი შვილო“, „იქით“, „შუქზე“, და სხვ. „ვიცი გულცივი რომ არ იქნები, /ოდესმე ნახე განჯინის ძირი,/ სადაც ეყრება ჩემი ფურცლები, /შედუღებული ცრემლების კირით“; „ჩემი ლექსები შენს მწველ უბეში/ ბეღურებივით იფართხალებენ/ და ერთხელ მაინც, ჩემო ნუგეშო,/ იქ სამარეში გამახარებენ“...

ამ მოტივის ლექსიდან ლექსში გამეორება და მისი უჩვეულო პოეტური ძალით გამოკვეთა, განსახიერება გვაფიქრებინებს, რომ საბოლოო ჯამში, ნიკო სამადაშვილის მძიმე ცხოვრებისეული შთაბეჭდილებანი და პოეზიის „მძაფრად დრამატული ტონი“ დიდად განაპირობა უიღბლობამ ლიტერატურულ ასპარეზზე. შეიძლება ითქვას, რომ, გარკვეული თვალსაზრისით, პირველი შედეგი იყო, მეორე - მიზეზი.

პოეტის ლექსთა პატარა კრებულისადმი („ბეთანია, თბილისი, „მერანი“, 1973) წამძღვარებულ წინასიტყვაობაში თამაზ ჩხენკელი და არჩილ სულაკაური წერენ, რომ სამადაშვილის პოეზია მათ გაუცრელი თიხისგან გამომწვარ ასიმეტრიულ დოქებს აგონებთ, „რომელთაც, თუმცა კი ამჩნევიათ კოჟრები და ზოგჯერ მომტვრეული აქვთ ტუჩი ან ყური, მაგრამ პოეზიის ძელგი, შეურყვნელი, მაგარი ღვინით არიან სავსენი“.

ნიკო სამადაშვილის შემოქმედებაში მართლაც ვხვდებით ისეთ დეტალებს, რომლებიც თითქოსდა მოკლებულნი არიან კლასიკურ სინატიფესა და დახვეწილობას, კოჟრების, ბზარებისა და ასიმეტრიის ასოციაციებს იწვევენ თანამედროვე მკითხველში:

„ვერ მოგიარე, რა გიყო ძმაო,
ორივე შემკრთალ ბუჩქის ჩრდილს ვგავდით:
შენ კიდევ მაინც ფიქრში მძუნაობ,37
მე კი ბუწუწიც გამცვივდა დარდით“

- მიმართავს პოეტი თავის ორეულს. მაინც რა გვეცემა თვალში მოულოდნელობის, განუმეორებლობის, ორიგინალობის, პოეტური თვითმყოფადობის თვალსაზრისით ამ სტროფში? რასაკვირველია, მეტაფორა მძუნაობ. ორეულთან საუბარი ყველასათვის ნაცნობი პოეტური მოდელია და, ალბათ, არც კი ღირს აქ იმის ჩამოთვლა, თუ სად და როგორ არის იგი რეალიზებული პროზასა თუ პოეზიაში (დავკმაყოფილდეთ ივანეს საუბრით ეშმაკთან რომანში „ძმები კარამაზოვები“). კიდევ უფრო ხშირი უნდა იყოს ადამიანის მცენარესთან, ხესთან, ბალახთან, ბუჩქთან (მცენარის ჩრდილთან) შედარება. არც დარდით ბუწუწის გაცვენა, ერთგვარი ხალხური გამოთქმის ელფერი რომ დაჰკრავს, გამოირჩევა განსაკუთრებული ორიგინალობით. სულ სხვაა მძუნაობ.

პოეტის შემოქმედებითი წამების, ინტელექტუალური გარჯის მეტაფორული გაიგივება მძუნაობასთან იშვიათია სიტყვაკაზმულ მწერლობაში. ხოლო რაც შეეხება ამ მოდელის სამადაშვილისეულ რეალიზაციას, დარწმუნებულნი ვართ, რომ მისი ანალოგი არც სხვა ერების ლიტერატურაშია ადვილი საპოვნი. უნიკალურია ეს ტროპი, ისევე უნიკალური, როგორც ვარსკვლავიანი ცის ჩრჩილის მიერ ამოჭმულ ქსოვილთან შედარება. მიუხედავად ამისა, ალბათ, მრავალი ამ ხატს ერთგვარად უხეშ, ვულგარულ მეტაფორად ჩათვლის, მძუნაობისა (მძუვნობა - „ძაღლთა და მხეცთა მაკინტლობა“ - საბა) და შემოქმედებითი ეგზალტაციის შეუსაბამობის თუ ესთეტიკური შეუთავსებლობის და უთანაზომობის გამო. შეიძლება, თავისებურად, ისინი მართალნიც იყვნენ. ნიკო სამადაშვილის სამყარო გაპოხიერებულია ცნებათა ამ სახის შეუსაბამობებით.

„გავხედეთ ალგეთს, ბოკრო ფერდობებს,
ქეცად შეჰყროდათ გაჭრილი ახო,
მთები ხრჩოლავდნენ ნაირფერებით,
ცხვრის ფარა იდგა კვარცხლბეკის ახლო“ -

ამბობს პოეტი „უკანასკნელ ქრისტიანებში“. ნაირფერებით განათებული ბუნების, ალგეთის პანორამის თვალისმომჭრელი მომხიბვლელობის კონტექსტში ამ სავსებით არაპოეტური, ანტიესთეტიკური ცნების შემოტანა, თუნდაც იგი გაკაფული ტყის პოეტური სინონიმის ფუნქციით იყოს შემოთავაზებული. (თუკი შევხედავთ მას ცივი გონების თვალით), მოკლებულია ყოველგვარ ლოგიკურ თანმიმდევრობას. მაგრამ ეს ლოგიკური არათანმიმდევრობა მხატვრულ ნაწარმოებში დასაშვებად მიგვაჩნია თუნდაც იმიტომ, რომ არც ისე ხშირად ვხვდებით ჩვენ მას ბუნებაში, ცხოვრებაში საერთოდ. ფსიქოლოგიური დამაჯერებლობა, მხატვრული სიმართლე და მხატვრული კონცეფციის ძალმოსილება შედუღაბებული ცხოვრებით, ისტორიით, ადამიანის დანიშნულებაზე ღრმა და გამჭრიახი თვალსაზრისით, ზღვარგადასული გამბედაობის, თავისებური მოურიდებლობის ნებას აძლევს შემოქმედს ფერების შერჩევისას. „გაიხსენეთ იუვენალის რომი, ეს შხამიანი გომბეშო ვენერას თვალებით“, - ამბობს დასავლეთის უდიდესი სტილისტი „ყველა ფასეულობის გადაფასებაში“. ორი ურთიერთგამომრიცხველი ცნების ერთ ხილვაში გაერთიანება დღეს არ გვეჩვენება უხეშობად, პირიქით, იგი ზედმიწევნით ზუსტად გადმოგვცემს არსებითს იუვენალისდროინდელი რომის საზოგადოების შესახებ. იმავეს თქმა შეიძლება მთელ რიგ მეტაფორებზე ნიკო სამადაშვილის პოეზიაში. თუმცა ზოგჯერ პოეტი ტროპებს იმ განზრახვით იყენებს, რომ გადმოგვცეს რაღაც უჩვეულო განწყობილება, ემოცია, მისწრაფება, გაუცნობიერებელი სწრაფვა.

„და შენს ხერხემალს სალამურად გამოიყენებს
არმაზის კერპი ან ქარების ტიალი დოღი,
სანამ გრიგალებს შენს ძვლებს კვერთხით დააყრევინებს
გოლგოთის მთიდან მორეკილი ღმერთების ჯოგი“.

ეს სტროფი ერეკლე ტატიშვილისადმი მიძღვნილი ლექსიდანაა აღებული. შეადარეთ ამას „გამხმარი კაციდან“ შემდეგი სტროფი:

„მეც მარტო ყოფნა ათასწლობით მომეწყინება.
თავის ქალაში მწვანე ხვლიკი შეძვრება ღამე,
ძვლებზე შემხმარი დაფიქრება მოეწონება
და მატლებდახრულ თვალებიდან გახედავს ღამეს.“

„ამ სამყაროს ბუნებას, - გვეუბნება ფიხტე, - ორი მხარე აქვს. იგი ჩვენი შეზღუდულობის შედეგიც არის და ერთდროულად ჩვენი თავისუფალი, იდეალური ქმედებისაც... პირველი თვალსაზრისის მიმდევარი მხოლოდ შერყვნილ, გაჭეჭყილ, მოკრძალებულ ფორმებს ხედავს; ხედავს სიმახინჯეს. ვინც მეორე შეხედულებას იზიარებს, ხედავს ბუნების, სიცოცხლისა და მისწრაფების ძალოვან სისავსეს; ის ხედავს მშვენიერებას“. ნიკო სამადაშვილი ნებისმიერ ფორმას სივრცეში სხეულის შინაგანი სისავსისა და ძალის გამჟღავნებად აღიქვამს. ნებისმიერ მოვლენაში იჭერს იმაზე მეტს, რასაც ეს მოვლენა, ჩვეულებრივ რიგით მოთვალთვალეს სთავაზობს. ამიტომ არის, რომ მისი პოეზიის გარეგნულ გაურანდაობას „იმპულსურ ძალმოსილებად“ აღიქვამს მკითხველი, ამიტომ ქრება, უჩინარდება, იფერფლება ამ პოეზიის ყველა ნაკლი შემოქმედის სულის აღტინებასა და აღმაფრენაში.

თუმცაღა ისიც საკითხავია, გვაქვს თუ არა უფლება ნაკლად ჩავთვალოთ ზოგიერთი გადახვევანი სალიტერატურო ენის ნომრიდან ნიკო სამადაშვილის პოეზიაში. საკითხავია თუნდაც იმიტომ, რომ ის რაც სხვა პოეტთან მიუღებელი იქნებოდა, ნიკო სამადაშვილის საოცარი ნიჭით გამოძერწილ პოეტურ სამყაროში მისაღები ხდება. აი, ამის მაგალითიც:

„როგორ მინდოდა იქ მოვმკვდარიყავ,
დურდლო სიცოცხლე კი ქარს წაეღო.
ქვებივით დამრჩა გულის საყარზე
კაკლების წენგო.“38

ამ მიკროკონტექსტში ჩვენთვის გასაგებია, რომ დურდლო სიცოცხლე უხალისო, მოდუნებული სიცოცხლეა, რომ გულის საყარი, გულის ფიცარი ანუ მარტივად, უფრო პირდაპირ, მეხსიერება, გონებაა. ყოველგვარი გადახვევა სალიტერატურო ენის ნორმიდან თუ დახვეწილი კლასიკური პოეზიის ნორმებიდან ნიკო სამადაშვილის მხატვრულ სამყაროში ჰარმონიაშია როგორც მის უახლოეს ენობრივ კონტექსტთან, ასევე პოეტის მთელი შემოქმედების ფსიქოლოგიურ ფონთან, ერთ უზოგადეს განწყობილებასთან.

„ცოტა ხანს კიდევ... იმის მერე, რომ დაბერდები,
ეგ თავის ქალა კლდეს ექნება პირში გაჩრილი...“

ეს ბწკარები სხვა პოეტის მხატვრულ სამყაროში, ვთქვათ, დავით გაჩეჩილაძის პოეზიაში, ალბათ გარეშე სხეულად მოგვეჩვენებოდა, ნიკო სამადაშვილთან - არა. დავით გაჩეჩილაძის ყველაზე უფრო ეფექტურ ხილვებშიც კი, სადაც თავისუფალი ასოციაციის ძალით ორი უშორესი, პოლარულ ცნებათა ველის საგანი უახლოვდება ერთმანეთს, თავისებურად, შედარებით მაინც დაცულია უკიდურესობათა შერწყმის, წინააღმდეგობათა გაერთიანების დასაშვები ნორმები.

„რარიგ სხვა იყო, სანამ დავწერდი...
განცდა თოფდაკრულ ხარირემივით
გამექცა ქაღალდს გადარბენილი,
სისხლიღა დარჩა ჩამონაწვეთი...
რარიგ სხვა იყო, სანამ დავწერდი...“

აქ დავით გაჩეჩილაძე პოეტის შინაგან მღელვარებას, შემოქმედებით აღტინებას, შიშველ განცდას, სიტყვაში ჯერ არგამოხატული გონების აგზნებას ცოცხალ არსებას, ტყიურს ადარებს, ხოლო პოეტურ პწკარებს, ე.ი. სიტყვაში ობიექტივიზირებულ ემოციას კი - სისხლის წვეთებს. ეჭვს გარეშეა, რომ პოეტური ხილვის ამოსავალ წერტილს ლოგიკური მსჯელობის აბსოლუტური მორღვევა წარმოადგენს. მაგრამ ხარირემი ჩვენთვის თანამდევი ასოციაციების ისეთ შარავანდედშია გახვეული, რომ მისი ადამიანის ემოციასთან შედარება ერთგვარად არბილებს, ანაზებს, აკეთილშობილებს ლოგიკურ პარადოქსს. მხატვრული შედარება ამიტომ რაფინირებული, დახვეწილია. ავიღოთ მეორე მაგალითი. დავით გაჩეჩილაძის მშვენიერ ლექსში „და გამოვიდა მთესვარი თესვად“ ვხვდებით ასოციაციური აზროვნების ასეთ ნიმუშს -

„და გამოვიდა თესვად მთესვარი.
აჰა დრო იგი წმინდა ჩასახვის, -
რომ განიხდიდა მიწა ცახცახით
ნისლებს საღამურ სამოსელივით.“

მიწის ეს არაორდინალური ფემინიზირება გამართლებულია იმ განსაკუთრებული განწყობილებით, რომელსაც „წმინდა ჩასახვის“ ცნება განავრცობს სტროფში. იგი სავსებით ლოგიკურია ფანტაზიის სამყაროსათვის, წარმოდგენის ლოგიკის სფეროში, თუმცა გონების ლოგიკის დონეზე მიწის ქალწულთან გაიგივება თანმიმდევრული მსჯელობის უგულებელყოფაა. წარმოდგენის ლოგიკის დონეზე ორგანულადაა ერთმანეთთან შერწყმული ასეთი ცნებებიც: ნისლი - სამოსელი; მიწა განიხდიდა ნისლებს და მიწა განიხდიდა სამოსელს. იგივე ჰარმონიას ვხვდებით მომდევნო სტროფებში შემდეგი ხილვების სახით: „და თითქოს რხევა ოქროს თავთავთა, / კრთოდა ღიმილი იმის სახეზე“; და კიდევ: „დილა კი ჰგავდა რტოს ატმისფერსა, / ხნულიც - განფენილ ჩეროს ღრუბელთა... / და სადაც იგი ხნულს გადურბენდა./ წვიმის ჩურჩულად ისმოდა თესვა“... შეუფერხებლად, გამართულად მიედინება ჩვენი წარმოდგენის კალაპოტში მთესვარის ღიმილის შედარება ოქროს თავთავთა რხევასთან, განთიადისა - ატმისფერთან, ღრუბლის ხსენების შემდეგ წვიმის ხმისა - მარცვლების ფანტვით გამოწვეულ ხმებთან.

სულ სხვაა სამადაშვილი. „ვარსკვლავიანი ცა - ჩრჩილნაჭამი ქსოვილი“, „ქეცი - საყანედ გაკაფული ტყე“, „ლექსები - ავადმყოფობის ტანზე გამოყრა“ და მრავალი სხვა წარმოსახვის ლოგიკის დონეზეც კი გვეჩვენება ალოგიკურად, გაურანდავად, ხორკლიანად, მაგრამ გაცილებით უფრო უჩვეულოდ, მოულოდნელად, ვიდრე დავით გაჩეჩილაძის ან კიდევ ბევრი სხვა შესანიშნავი პოეტის დახვეწილი ხილვები. სამადაშვილის მეტაფორული აზროვნების უჩვეულო სიმდიდრე მოულოდნელობით შექმნილი ინფორმაციით პოეტის ნიჭის განსაკუთრებულ თვითმყოფადობაზე მიგვანიშნებს. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მისი პოეტური წარმოსახვის მანერა გამორიცხავს ყველაფერს, რაც სცილდება იმ დაუწერელი კანონების საზღვრებს, ქართველი მკითხველის ესთეტიკური ალღოთი რომ არის ნაკარნახევი. რაგინდ ზღვარგადასული გამბედაობით არ გამოირჩეოდეს მისი პოეზია, ვერ ნახავთ თქვენ იქ ტილის ხურტკმელთან (რობერტ ბერნსი) შედარებას. სამადაშვილის პეგასი უფსკრულის პირას მიჰქრის, მაგრამ გადაჩეხა არ უწერია.

თუკი შევხედავთ ნიკო სამადაშვილის შემოქმედებას გარკვეული პერსპექტივიდან, თუკი შევეცდებით აღვიქვათ იგი მთლიანობაში, მაშინ მთელი მისი ნააზრევი ერთ მხატვრულ ტილოდ წარმოგვიდგება. ზოგი რამ ამ ტილოზე სისხლსავსე სიცოცხლით ცხოვრობს, დახვეწილია და მკაფიო, ზოგიც - დაუმთავრებელი, გაურკვეველი. სურათის მთელი სინათლე მის ცენტრში აღმართულ ტაძარზე მოდის. ტაძარს მკვეთრად გამოყოფს საერთო ფონზე ჩამუქებული, ძაძაჩაცმული ტყის წინაპლანი და მის იქით -რძისფერი ჯანღი, ხეობაში რომ ჩამოწოლილა. მესამე პლანზე შორს, სივრცეში - მთები, მთებს ზემოთ - აქა-იქ გაცრეცილი ღრუბელი. ცას ჩამავალი მზის სხივებით ანთებული ღრუბლის სისხლისფერი გადასდებია. მთელ სურათს რაღაც უცნაურად ავისმომასწავლებელი ელფერი დაჰკრავს... დეტალების, ფრაგმენტების ამ ერთობლიობას არტისტული ყოყმანის, პოეტური მერყეობისა და კომპოზიციური ბუნდოვნების დაღი ადევს. მიუხედავად ამისა, თქვენ მოჯადოებული ხართ: დიდი ხნის წინ მივიწყებული სურვილი და მისწრაფებანი, მივიწყებული შთაბეჭდილებანი, ეპიზოდები, ყველაფერი წლების მანძილზე რომ თველმდა თქვენს არსებაში, მოგონებანი გარდასულ დღეთა, უცებ ცოცხლდება თქვენს სულში და თქვენც ხელახლა განცდით მათ ისე, როგორც ოდესღაც ბავშვობისას, სიყმაწვილეში, მრავალი წლის წინ. რატომ? იმიტომ რომ ნიკო სამადაშვილის პოეზია ინტელექტუალური გარჯის შედეგი კი არ არის, გულის ამოძახილია... მისი თვითმყოფადობა იქაც კი ვლინდება, სადაც წინამორბედთა ზეგავლენა ეჭვს გარეშეა. სამადაშვილთან ეს ზეგავლენა უფრო სულიერ ნათესაობაზე მიგვანიშნებს, ვიდრე წარმოსახვის გამოფიტვაზე, ალუზიის ფუნქციას უფრო ასრულებს, ვიდრე დასესხებისას. „დაოსდა, მოსწყდა უაზრო ცქერით, /იფიქრა, იქნებ წვიმად მოვიდეს“... ვკითხულობთ ლექსში „დაითენთა“. ვაჟა-ფშაველას სიახლოვე აშკარაა, მაგრამ ვაჟასეული ელემენტი ორგანულადაა შეზრდილი სამადაშვილის პოეზიის ქსოვილს. „თუ ზამთრის ღამეს ოდესმე წამლად / მთვარე კრიალით გამოჰყავს ქაოსს“... - ამბობს პოეტი სხვაგან („ცაცხვის ხე“) და აქ უკვე გალაკტიონის სამყაროს ფერი და სურნელია განუყოფელი სამადაშვილის პოეზიისაგან. ამოგლიჯეთ ეს ორი ბწკარი ლექსიდან, სტროფებს შუა, ალბათ, სისხლი გამოჟონავს!

ნიკო სამადაშვილის შემოქმედების ერთობლივ ტილოზე უმაგალითო ნიჭის „კაპრიზებს“ ნებისყოფის რაღაც სისუსტე, მიზანსწრაფვის რაღაც გაურკვევლობა ენაცვლება. პოეტს რომ საკუთარი ძალმოსილება ეწამა, ეწამა იმ რწმენით, მთებს რომ ძრავს ხოლმე, დღეს ჩვენ ცალკეული პოეტური გაბრწყინებების ნაცვლად, მისი შემოქმედების სახით ჭეშმარიტად ჰარმონიულ, ღრმა და ვრცელ სამყაროს ვიხილავდით. სამწუხაროდ, ეს ასე არ არის. სამწუხაროდ, ნიკო სამადაშვილი ჭმუნვის, კაეშნის, ბინდების პოეტად მოგვევლინა -

„ის გასცქეროდა მომავალ შარას.
ელოდა მზრუნველს, მეგობარს, ალერსს.
კვირაძლის მწუხრზე ჰგავდა ორშაბათს
და გულის კვამლი უწვავდა თვალებს.
წყევლიდა გამჩენს, ტუქსავდა დედას.
ახსოვდა, რაც რომ მიუზღო ბრბომა.
დილით მიდამოს რომ გახედავდა -
ნისლივით იდგა უმეგობრობა.“

პოეტის აზრი მიწყივ ხრიოკებზე, მარტოობაზე, სიცივეზე, მიუსაფრობასა და უიღბლობაზე ლივლივებს, თითქოსდა ნებივრობს დარდების სითბოში. ამ სიტყვებს ლექსის ბოლო სამი სტროფი, ალბათ, მეტ დამაჯერებლობას შესძენს -

„წინ ფერს იცვლიდა სიცარიელე,

თურხს ამოჰქონდა ქვესკნელის ხიდი.

ყელში ხრჩოლავდა მღვრიე ცრემლები,39
ყელში ხრჩოლავდნენ მღვრიე ცრემლები,
უკან - შავბნელი დღეების რიგი.
სინათლეს ხელით ძლივსღა სინჯავდა.
მაინც ვაგლახით გახედა შარას.
ზევით კი ქარი ასისინებდა
ცის ნანგრევებში ღრუბლების ჩალას.
უსაფრთხოებას სწუხდა, დარდობდა.
უკუნეთს შერჩა ჭმუნვის სარქალი.
ჯერ ხომ ჩაძმარდა, მერე დაობდა,
ღმერთმანი, კაცი ცამდე მართალი“.

წარმოსახვის ენერგია, სტილის ექსპრესიულობა მეტყველებს იმაზე, რომ პოეტი წლობით ატარებდა გულში დარდის იდეას. დიახ, დარდის იდეას და არა მხოლოდ დარდს, მხოლოდ გრძნობას, ვინაიდან განსაზღვრული განწყობილება, ღრმა და ხანგრძლივი კაეშნის განცდა, ყოველგვარი უარყოფითი (თუ დადებითი) ემოცია ჭეშმარიტი ტალანტის შემოქმედებაში განსაზღვრული იდეის, განსაზღვრული თვალთახედვის ნაყოფია. გვებადება კითხვა, ხომ არ არის ნიკო სამადაშვილის განწყობილების, მისი სევდის საფუძველი აკვიატებული აზრი იმის შესახებ, რომ პოეზია დარდს უკეთ ესადაგება ვიდრე სიხარულს? თუკი ეს ასეა, მაშინ პოეტის სუბიექტური თვალსაზრისი ხელოვნებაზე მცდარი უნდა იყოს. ჩვენ არ უარვყოფთ, რომ დიდი პოეზია, დიდი ლიტერატურა შეუძლებელია ღრმად პიროვნული დრამატიზმის გარეშე, მაგრამ ერთდროულად გვჯერა ისიც, რომ ბედნიერება, სიხარულია ის საპირწონე, რომელიც უნაპირო კაეშანს და მის იდეალურ საფუძველს, აზრს ცხოვრებისეულ გრძნობადობას, საზღვრების განსაზღვრულობას ანიჭებს. ხატოვნად რომ ვთქვათ, დარდი და სიხარული ისევე სჭირდება ადამიანს, როგორც მაგნიტს სჭირდება დადებითი და უარყოფითი პოლუსი. ხელოვნების არსიც, პოეზიის ბუნების სისავსე და სრულქმნილობა სევდისა და სიხარულის ორგანულ კავშირში ხორციელდება.

დადგა, ალბათ, ის დრო, როცა გვეტყვიან, რომ ლექსი ფილოსოფიური ტრაქტატი არაა და რომ ერთ ლექსიდან გამომდინარე პოეტის მსოფლგანცდასა და მსოფლმხედველობაზე მსჯელობა და, მით უმეტეს, დასკვნის გამოტანა, გაუმართლებელია. კეთილი და პატიოსანი. ავიღოთ სხვა ლექსები. ავიღოთ „დამშვიდობება და სინანული“ -

„შენ დაგმარხავენ ბინდების ლხინით,
სამრეკლო აშლის მთვლემარე მტრედებს,
დაუშენს წვიმა...“

ესაა ელეგიის დასაწყისი, კაეშნით გამსჭვალული ლირიკა სევდის, უიმედობის, სასოწარკვეთის გაძლიერების პრინციპზე აგებული. აი, მისი გაგრძელებაც -

„ფუტურო სხეულს გულის სიზმარი
შერჩება, როგორც გოლგოთის თხრილი,
სისხლზე შემხმარი ძვლების ჩინჩხვარი40
და მოგონება ნისლივით გრილი.
სოფლის წისქვილთან რუ ადიდდება,
ქუხილი მთებში ჩაისვრის აჩრდილს,
შენ კი მიწის ქვეშ შემოაგაგდებენ
ხელიღლიაში კუბოამოჩრილს“.

***

„წყვდიადი მძიმედ დაუშვებს ფარდებს,
შეწყდება ფერად ჭინკების ბრძოლა.
სულს შეგიხუთავს ძეძვივით დარდი
და ჯოჯოხეთის პირქარი ხრჩოლა.
დაუხვევ ბილიკს ზურგატრუსული.41
თვალს შეგავლებენ ქვესკნელის წყლები,
წინ ჩაგივლიან მკვდრები კრუსუნით.
როცა ქვებშორის წამოგაწყდები.
გვირგვინს დამადებ, რთვილს მიმამსგავსებ...“

რაოდენ დიდი პოეტური ენერგიით არის დატვირთული ეს სტრიქონები, რა დიდი ძალისხმევა გააჩნია ცალკეულ ხილვას, ცალკეულ ჩანახატს! მაგრამ რას გამოხატავს ყველაფერი ეს? საშინელ სურათს! არავითარი იმედი, არავითარი ძალა, არავითარი აღიარება, აღიარებაზე მინიშნების ნატამალიც კი არა, არც წარსულში, არც აწმყოში, არც მომავალში, თუნდაც სიკვდილის შემდეგ! იმედი... სად გაქრა იგი?! ვერ ნახავთ თქვენ მას ვერც „ფერის ცვალებასა“ და „ფრესკებში ჩონგურზე“, ვერც „გენია და სამრეკლოში“ და „გამხმარ კაცში“, ვერც ლექსებში „იქით“, „იძინე თამაზ, მოშუშდი შვილო“, „მანანა ქართველიშვილს“, „ღრუბლის ნაკვეთი სადღაც უშნოდ დაბღლარძუნობდა“, „მთვრალის შეკითხვა“, „ჩემი სოფელი“... რომელი ერთი დავასახელოთ? და ყველგან ერთი და იგივე ხალასი არტისტიზმი, ერთი და იგივე მხატვრული წარმოსახვის სიღრმე და ძალა. ნიკო სამადაშვილს შეეძლო ეთქვა ასე: „დავიხოცებით, დაგვსუნავს ლოდი. /გარემოც ყვითლად დაიფერება, / შორს გამოჩნდება ჭროღა სამრეკლო, / და შენი ჩუმი ქვეყნიერება“ („გენია და სამრეკლო“); ასე მიემართა თავის alter egos-სთვის: „ჩემი ძაგძაგი, თრთოლვა და სუსხი, / ტანის მერქანში თითქოს ძვლებსა ხრავს, / ღვინომორეულს, ოხშივარასხმულს, /ბინაში ბევრჯერ დამიკოცნიხარ („ნიკო სამადაშვილს“); ასე გამოეხატა სინანული: „წარსულს ჩამორჩი წარსულის ფერფლი, / მტკვარი გინებით სადმე გამრიყავს. / როგორ მიყვარდა ჩემი სოფელი, / როგორ მინდოდა იქ მოვმკვდარიყავ („ჩემი სოფელი“). მისთვის შორეული ვარსკვლავები მარადისობის ჭუჭრუტანებია, ბურუსი ბავშვივით წრფელია, მდინარე - შეწირულ ბავშვთა ცრემლები, მკათათვის ღამე კაცია ფასკუნჯი თვალებწყეული; სამადაშვილის ლექსებში ხვიმირებიდან დროჟამი იფქვება, თვალუწვდენ ყანებს სროლით მიაქვთ ნიავის თეთრი ნაფეხურები, გრიგალიც კი ვერ აგლეჯს ადამიანს მკერდზე დამაგრებულ წყვდიადს, უიღბლო კაცი გარეთ გადაყრილი ნაცარია გზადაკარგული ფრინველივით გასცქერის იგი მთვარიან ქედებს, პოეტს ჰგონია, რომ ყველგან ყოველთვის, ყოველი ნაბიჯის გადადგმისას ედება იგი უხილავი ობობის ქსელს და მოძრაობის დროს ვერც კი ამჩნევს, თუ როგორ იხლართება მის მსუბუქ, მაგრამ მჭიდე, ფოლადზე უმტკიცეს ძაფებში...

მწერლის დამოკიდებულება ცხოვრების მიმართ სხვადასხვაგვარი შეიძლება იყოს. იგი შეიძლება ეძებდეს და ვერ პოულობდეს გარემომცველ რეალობაში შინაარსს, სტიმულს შემოქმდებისათვის, მან შეიძლება უგულვებელყოს რეალობა და წარსულს ან მომავალს მიაპყროს მზერა, ან კიდევ მრავალფეროვანი ცხოვრების მხოლოდ მძიმე, სევდიანი მხრით მოინუსხოს. ნებისმიერ შემთხვევაში პოეტის ტალანტს სრული, მაქსიმალური გამოვლენა, მაქსიმალური განვითარება არ უწერია.

უკვე აღინიშნა: ნიკო სამადაშვილი ბინდების, კაეშნის პოეტად განხორციელდა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ზურგი აქცია მან ბედნიერებას, ჩვენ მაინც გვჯერა, რომ სულის სიღრმეში იგი ბედნიერებისაკენ მიდრეკილი პოეტი იყო. ეს პარადოქსიც გასაგებია იმისთვის, ვინც იცის, რომ თუ კაცის ბუნებაში ბედნიერებისაკენ სწრაფვა არაა მოცემული, ვერასოდეს უარყოფს იგი ამ განცდას ჭეშმარიტი ხელოვანის გულახდილობით. მხოლოდ იმას უნდა შეეძლოს ბედნიერების უარყოფა, ვინც ვერ ეუფლება ამ დიად განცდას, თუმცა კი მიილტვის მისკენ მთელი არსებით.

ავტორის შინაგანი ჭვრეტა და პათოსი, მთელი მისი ცხოვრების გაბატონებული აზრი, აზრი მისი არსებობისა, - აი, ის ძირითადი მომენტები, რომელთა გამოვლენაც ევალება კრიტიკოსს ნებისმიერი მწერლის შემოქმედებაში. ნიშნავს თუ არა ეს, რომ ამ „ზეამოცანის“ ამოხსნა შეუძლებელია ყოველგვარი ფილოლოგიური წვრილმანის, ყოველგვარი ფრაგმენტის, ცალკეულის, კერძოს, ფორმისა და მხატვრულობის ანალიზის გარეშე? არა გვგონია. არა გვგონია თუნდაც იმიტომ, რომ საკმაოდ ხშირად პოეტის მთელი ნააზრევის ძირითადი, უმნიშვნელოვანესი იდეა, განწყობილება თუ მისწრაფება თანმიმდევრულად კი არ ვითარდება, თანმიმდევრულად კი არ იშლება მისი შემოქმედების ყველა ფაზაში, არამედ სავსებით მოულოდნელად გამოიკვეთება ხოლმე ერთ ან რამდენიმე მხატვრულ ნაწარმოებში და მეტიც - მაქსიმალურად ვლინდება ლექსის, პიესის, მოთხრობის, რომანის ცალკეულ ეპიზოდში, ცალკეულ ჩანახატში, ზოგჯერ კი რაღაც ერთ განსაკუთრებულად ეფექტურ, იღბლიან პოეტურ ხილვაში. ამიტომ არც უნდა გავიკვირვოთ, თუკი ნიკო სამადაშვილის სევდიანი პოეზიის უზოგადესი განწყობილებისა თუ უმნიშვნელოვანესი აზრის ძიებისას პოეტის ერთ ლექსზე გავამახვილებთ განსაკუთრებულ ყურადღებას.

შესანიშნავ ნარკვევში ომის თაობაზე დიმიტრი უზნაძე წერდა, რომ ერთ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანების, ერთი ეროვნების წარმომადგენელთა „სულიერი თვისებანი ერთი და იმავე შთაბეჭდილებების გამო ერთმანეთს უნათესავდებიან, ერთგვარი მისწრაფებებით ივსებიან, ერთგვარი ინტერესებით ხელმძღვანელობენ... ადამიანის სულიერი ცხოვრების მუშაობის ყოველი მომენტი მჭიდრო ძაფებით არის გადახლართული თავის თანამოაზრეთა აზრსა და გრძნობასთან“. და მართლაც, დაკვირვება გვაჩვენებს, რომ არც ერთი მწერალი, რომელსაც ერი უსმენს, არ ამოდის მხოლოდ საკუთარი ნეტარებიდან, საკუთარი ტკივილიდან, არ იზღუდება საკუთარი, კერძო ინტერესებით. თავის თავში გამოკეტილი პიროვნება, ისევ დიმიტრი უზნაძის აზრს თუ გავიმეორებთ, არ შეიძლება იყოს კულტურული შემოქმედების სუბიექტი. ჭეშმარიტი ტალანტი საერთო ნიადაგზე აშენებს ხელოვნების ტაძარს. მისი აზრი და ემოცია მხოლოდ მას აღარ ეკუთვნის, ვინაიდან იგი „რთული ერთეულის“, ერის, შემადგენელი ნაწილია. ყველა ეროვნული მხატვრული ნაწარმოები იმიტომაა დიდი, რომ მასში გამოხატული ბედნიერებისა თუ კაეშნის ფესვები ღრმადაა ჩაზრდილი ეროვნული ისტორიისა და აწმყოს ნიადაგში, იმიტომ ასრულებს ხელოვნების დიად დანიშნულებას, რომ საზოგადოების წარმომადგენლად გვეცხადება.

ნიკო სამადაშვილის ცხოვრების აზრი, ზნეობრივი ძალა და სულის აღფრთოვანება განსაკუთრებული სიღრმითა და რელიეფურობით „უკანასკნელ ქრისტიანებში“ გამოვლინდა. ლექსის ჩანაფიქრს, ლექსში გამოხატულ განწყობილებასა და აზრის პოლიფონიას პოეტის მიერ ბეთანიის, ქართული მონუმენტური ფერწერის შესანიშნავი სტილით მოხატული ტაძრის (XII-XIII სს.), ხილვა დაედო საფუძვლად. ორიგინალური ამ ფაქტში არაფერია. ხელოვნება არასოდეს მიჰყვება ეულად განმარტოებულ ბილიკებს, იგი ყოველთვის უკავშირდება ეროვნულ მსოფლგანცდას, ერის კოლექტიურ არაცნობიერს, მისი გონების სხვადასხვა სფეროს, მითოლოგიას, ბუნებას, კლიმატს, ისტორიას. გასაკვირი არ არის ამიტომ ისიც, რომ ქართულ პეიზაჟში ჰარმონიულად შეზრდილი ციხე-ტაძრები მარადჟამ იზიდავდნენ, აღაგზნებდნენ ქართველ პოეტებს. შეიძლება ითქვას, რომ ციხე-ტაძრების ჭვრეტით მიღებულმა შთაბეჭდილებებმა უჩვეულოდ ამაღლებული და გასხივოსნებული აზრითა და გრძნობით გაამდიდრა ქართული სიტყვაკაზმული ლიტერატურა. ნიკო სამადაშვილის „უკანასკნელ ქრისტიანებში“ ცხოვრების აზრმა, მისი მღელვარებით აღსავსე, მთრთოლვარე საწყისმა განუმეორებელი გამოხატულება ჰპოვა.

კომპოზიციის თვალსაზრისით „უკანასკნელი ქრისტიანები“ ოთხ, ერთმანეთისგან სემანტიკურად მეტნაკლები ხარისხით დაშორებულ, ფრაგმენტად არის დაყოფილი, ამათგან ყველაზე დიდი შვიდი ოთხბწკარიანი სტროფისგან შემდგარი მეორე ფრაგმენტი, ძირითადად, ბეთანიის შემოგარენთა არტისტულ აღწერას წარმოგვიდგენს. მის პირველ სტროფზე ჩვენ უკვე ვიმსჯელეთ, ახლა გვინდა მეორე სტროფის მხატვრულ ძალოვანებაზე გამოვთქვათ აზრი.

„ლორწო ფლატეებს სწოვდნენ კლდეები,
ფილტვებს ფურჩქნიდა სუნთქვის ყუათი,
მიწა გაირღვა, თითქოს ქვესკნელმა
ამოისროლა ტაძრის გუმბათი.“

ძნელი უნდა იყოს სულ რამდენიმე სიტყვით ამაზე კარგად გამოხატო ტყის წიაღში ტაძრის უეცარი გამოჩენის უჩვეულო ეფექტი, ამაღლებული და მშვენიერი სანახაობა, ადამიანის მოჯადოება მშობლიური ბუნების სიდიადით, მშობლიური კლიმატის კეთილმყოფელი ზეგავლენა ყველაფერზე, რაც ცოცხალია, რაც სუნთქავს, რაც აზროვნებს. „ფილტვებს ფურჩქნიდა სუნთქვის ყუათი!“ გვეჩვენება, რომ ასე მხოლოდ ნიკო სამადაშვილს შეეძლო ეთქვა. „ჩუმად ვიცლები აჭრილ სისხლისგან“. - ამბობს იგი სხვაგან. ადამიანის ფილტვის, სისხლის ამგვარი პოეტიზირება უჩვეულოა მხატვრულ ლიტერატურაში. ამ ხატის უნიკალობა ზოგად-პოეტურ, ინტერნაციონალურ ფონზე ქართული ზმნის ფურჩქნის სემანტიკური სტრუქტურის თავისებურებითაც არის განპირობებული. მეტაფორულად ნახმარი ეს ზმნა მკითხველის წარმოსახვას ვაზის ფურჩქნისკენაც უბიძგებს (ზედმეტი ფოთლისა და ყლორტის მოცლისაკენ) და ყვავილის, კოკრის გაშლისკენაც (შეეცადეთ და გადმოეცით ეს ასოციაციური სინთეზი თარგმანში!). ყურადსაღებია ისიც, რომ ფილტვების ამ ბწკარში ფურჩქნის, ადამიანზე კეთილმყოფელად მოქმედებს არა ჯანსაღი ჰაერი, არამედ მისი ყუათი, ე.ი. ძალა, ღონე, სინოყიერე, რაც უკვე თავისთავად წარმოადგენს მეტაფორას და სტრიქონის პირველ ნაწილთან კავშირში კიდევ უფრო ზრდის სტროფის საერთო, ზოგად ექსპრესიულობას. მეოთხე სტროფის პირველ ორ ბწკარს -

„ხევში მდინარე შემოგვეფეთა -
შეწირულ ბავშვთა ცრემლები იყო.“

სევდიანი, მინორული განწყობილების ინტონაცია შემოაქვს ადამიანის ბუნებასთან შერწყმის იდილიაში და ამიტომ უკვე სავსებით უადგილოდ გვეჩვენება ამ ინტონაციის არახატოვანი, პროზაული აღნიშვნა მომდევნო ბწკარებში: „ჩვენ მივდიოდით აღმართზე ერთად, / რატომღაც ჩუმად, რაღაც უიღბლოდ...“. ყრუდ ჟღერს აგრეთვე მესამე სტროფის ბოლო ორი ბწკარიც: „ცოდო არ გვქონდა, იცოდეს ღმერთმა, / ღობის სიწმინდეც რომ შეგვებღალა“, ვინაიდან ბუნების მშვენიერებისადმი უშუალო ინტერესის გამჟღავნება კეთილი სულის თვისებაა და თუკი ეს ინტერესი მუდმივია და თანაც ხალისით ერწყმის ბუნების ჭვრეტას, მაშინ იგი ზნეობრივი გრძნობისთვის სასიკეთო სულიერ განწყობილებაზეც მიგვანიშნებს. აქ კი ბუნებისადმი ინტერესის გამჟღავნებასა და ბუნების ჭვრეტაზე გაცილებით უფრო მნიშვნელოვან და სერიოზულ ფაქტთან გვაქვს საქმე, რამეთუ პოეტი არა მხოლოდ პასიურად თანაუგრძნობს ბუნების მშვენიერებას, არამედ აქტიურად გამოხატავს თავის დამოკიდებულებას ბუნებისადმი, თავის შინაგან მღელვარებას სათანადო მხატვრულ ფორმაში აქცევს. პოეტ-დემიურგსს, პოეტს, ღმერთსა და ადამიანებს შორის შუამავალს, თავის მართლება არ უხდება.

ნიკო სამადაშვილის ზოგიერთი ლექსის კითხვისას თქვენ იხიბლებით ფანტაზიის უჩვეულო აღმაფრენით, შემოქმედებითი ენერგიის ინტენსიურობით, სახეთა პლასტიკურობით, მაგრამ მოულოდნელად რაღაც უადგილო, ყრუ და მოუქნელი ბწკარი, რაღაც უხერხული გამოთქმა ერთგვარად ანეიტრალებს ხოლმე ხალასი ნიჭით შობილ ეფექტს. „უკანასკნელი ქრისტიანების“ მეორე ფრაგმენტი ლირიკის იმ სახეს წარმოადგენს, თავიდან ბოლომდე ერთ მაღალმხატვრულ სტილში რომ არის შესრულებული. ლექსი ან მისი ცალკეული ნაწილი ასეთ შემთხვევაში ორგანულ მთლიანობას წარმოადგენს, არაფერი აკლია მას, არაფერია მასში ზედმეტი. მეორე ფრაგმენტის პირველ ორ სტროფს, წინამავლისაგან განსხვავებით, სადაც „მოქმედება“ აწმყოში მიმდინარეობდა, შორეულ წარსულში გადაჰყავს მკითხველი. ძლიერდება, კიდევ უფრო გამოიკვეთება სამშობლოს ბედუკუღმართი წარსულის წარმოდგენით გამოწვეული სევდა. ავტორი ასახელებს ისტორიულ პირებს - ლაშას, ქართველების მოსისხლე მტერს ჯალალედინს, თამარ დედოფალს, ქართველ გლეხს... მაგრამ ისტორიული უბედურების განცდას, რაგინდ უცნაურად არ უნდა მოგვეჩვენოს ეს ფაქტი, პოეტიზირებული ნახირის მხატვრული სახე უფრო ღრმად და ეფექტურად გადმოგვცემს, ვიდრე ადამიანისა. აი, ამის მაგალითიც -

„აქ დანდობილა გლეხი სახრეზე,
აქ შესწრებია ორშაბათ დილას,
ახლაც კი ვამჩნევ ლაშას სახეზე
ჯალალედინის შემოკრულ სილას.
აქ გაუხსნია გული დედოფალს,
თმაში ჩაუწნავს ბაფთის შაირი,
აქ თავის თათით ითხრიდა საფლავს
მწყემსდაღუპული სოფლის ნახირი.“

რა არის შემოქმედება აზრის გარეშე? - სვამდა ბელინსკი რიტორიკულ შეკითხვას და თვითონვე სცემდა მას პასუხს - ადამიანი სულის გარეშე, ცხედარი. არა გვგონია, რომ ეს ფორმულა მოკლებული იყოს ჭეშმარიტებას. თუმცა არც იმის დამალვას ვაპირებთ, რომ შემოქმედებითი ფანტაზია განუსაზღვრელად ბატონობს ხელოვნებაში თანმიმდევრულ ლოგიკურ მსჯელობაზე, ისტორიულ სიზუსტესა თუ ერთგულებაზე, საერთოდ, ჭვრეტის ობიექტზე:

„აქ შეგეწირე ნეტავი, დედა,
თავი დამედო და დაგეკალი,
ალბათ ოდესმე წესს ამიგებდა
შავი ღრუბლების ცივი წინწკალი.
რომ ეთქვათ ქარებს - მადლი დედაშენს!...42
თან ღმერთს შესჭროდი საყდრების გლახა,
რომ ჩემი სისხლი, როგორც ზედაშე
ქვევრში ჩაგესხა, დაგეტალახა“.

სამადაშვილის ამონაკვნესში ანგელოსების ქოროს გალობა გაისმის. და ეს მიუხედავად იმისა, რომ საშინელ ანაქრონიზმად, აზრის აღმაშფოთებელ შერყვნად შეიძლება ჩაეთვალოს მას ქრისტიანული უცოდველობის საუფლოში წარმართული მსხვერპლშეწირვის ნატვრა, მოხმობა, ან თუნდაც, მხოლოდ ხსენება. არამცთუ ახალი აღთქმის ძველი აღთქმის ლოგიკიდან გამომდინარეც კი ადამიანის სიცოცხლის ღმერთის საკურთხეველზე შეწირვა უსამართლობაა. ღმერთის ნება, მისი ბრძანება აბრაამის მიმართ, ცხვარივით დაეკლა საკუთარი შვილი, აპოდიქტურად არ მტკიცდება. ასე ფიქრობდა კანტი. მისი აზრით, ბიბლიის ამ ნაწილში რაღაც გაუგებრობას უნდა ჰქონოდა ადგილი. ჩვენი პოეტი არ მიჰყვება ლოგიკური არგუმენტირების გზას, არ იცავს ისტორიულ სიზუსტეს. იგი ცხოვრების ფარული აზრისკენ, დედააზრისკენ ინტუიციით მიილტვის. მისი ხელოვნება ისეთ სახეებს გვიხატავს, ჩვენი ცხოვრების და სინამდვილის გაგებას რომ შეესაბამება. ბუნების მშვენიერებით აღფრთოვანება, წარმართული და ქრისტიანული მოტივების პოეტიზირება, ისტორიული ფაქტების მოხმობა ამ ლექსში ერთი მხატვრული იდეის ჰიპოსტაზების გამოსახვას ემსახურება. სამშობლოს სიყვარულის ღვთაებრივი იდეა აქ მუსიკალურ ფუგას მოგვაგონებს: ხდება ამ თემის სხვადასხვა, იმიტირებული განვითარება, მაგრამ ისინი ერთმანეთს ეხმიანებიან, ერთმანეთს ავსებენ. სწორედ ეს არის, ერთის მხრივ, თავისებურად რომ აძნელებს მთავარი იდეის იდენტიფიცირებას, და სწორედ ეს არის, მეორე მხრივ, რაც უჩვეულო ექსპრესიულობას, გამომხატველობით ძალას ანიჭებს მას.

ცნობილია, რომ ქართული ტაძრის ემოციური გარემო, რომელიც სხვა ფაქტორთან ერთად დიდად არის განპირობებული შენობის ჩინებული არქიტექტურით, საუკეთესო აკუსტიკით, შუქჩრდილების ჰარმონიული შეფარდებით, შესანიშნავი ფრესკებითა და ადგილმდებარეობით, ძლიერ ფსიქოლოგიურ გავლენას ახდენს არა მარტო მორწმუნეებზე, არამედ იმათზეც, ვისი გონებაც კატეგორიულად უარყოფს რელიგიურ დოგმებს. სამადაშვილი მონუსხულია ბეთანიის ტაძრის იდუმალი მშვენიერებით, პატრიოტული და ესთეტიკური გრძნობა თითქოსდა, ერთი შეხედვით უკავშირდება, ერწყმის მის სულში რელიგიურ განწყობილებას, მაგრამ მგრძნობიარე ყურს არ გამოეპარება ისიც, რომ საბოლოო ჯამში პოეტის კდემამოსილება შორს არის მორწმუნის მონური ქედმოხრისგან. ამ იდეას ლექსში იდეალური ფორმა განასახიერებს -

„ჟამს ტაძრის კანი ისე დაუხრავს,
რომ გარეთ ჟონავს ჭრაქის ნათელი.
ძლივს ვამშვიდებდით შემკრთალ მაცხოვარს
რჯულდაწყვეტილი ექვსი ქართველი.“

პოეტი ელოლიავება რელიგიური კულტის საგანს, ხუროთმოძღვრების ძეგლს, მაგრამ, ამასთანავე, მის დაუძლურებულ, გამოფიტულ სხეულზე გადააქვს აქცენტი. ეს არ უნდა იყოს ჩვეულებრივი, რეალისტური მოვლენის მარტივი კონსტატაცია, ტაძრის კედლების სიძველის, რღვევის ან მოშლის აღნიშვნა, ორი სტროფის შემდეგ იგი კვლავ უბრუნდება ტაძრის ავადმყოფობის, დაუძლურების, სიბერის დეტალს და მის კედლებს ხის ფუტურო ქერქთან აიგივებს; ტექსტში ჭინჭრის ხსენება კიდევ უფრო გვიძლიერებს გავერანების, არქაულობის, უდაბურობის შეგრძნებას -

„...დაუსუსხია ბზის ბუჩქი ჭინჭარს,
ქანდაკება დგას აღთქმული მგზავრის.
ტაძრის ფუტურო ქერქში ჭრიჭინებს
ვიღაც უძეგლო ხუროთმოძღვარი...“

მიუხედავად იმისა, რომ მთელ რიგ ფილოსოფიურ ნაწარმოებებსა და პოეტურ ქმნილებებში ფანტაზია და ლოგიკური მსჯელობა ისე ენაცვლება, ისე ერწყმის ერთმანეთს, რომ ძნელიც კი ხდება ხოლმე დაზუსტებით იმის თქმა, თუ სად მთავრდება ერთი და სად იწყება მეორე, ჩვენ მაინც ალღოთი ყოველთვის ვგრძნობთ იმ საზღვარს, რომელიც გამოჰყოფს ხელოვნების ენას მეცნიერების, ფილოსოფიის, ან თუნდაც სამოძღვრო ენისგან. პოეზიის ენა შორს არის გონებრივი ფორმების, მკაცრი დასკვნების და მსჯელობებისაგან, მაგრამ სამაგიეროდ, ის დიდი კონკრეტულობით, ხატოვანებით და ერთდროულად აბსტრაქტულობით და იმპლიციტურობითაც ხასიათდება. ასეთია, კერძოდ სამადაშვილის ენა „უკანასკნელ ქრისტიანებში“. წარმოსახვის ყველაზე წინა, ხელშესახებ პლანში ჩვენ ნათლად, მკაფიოდ ვხედავთ კონკრეტულ საგნებს, მაგალითად, ვხედავთ ბზის ბუჩქს, რომელიც ჩვეულებრივ დანახული კი არ არის, არამედ ჭინჭრით დასუსხულია, ე.ი. განსაკუთრებულ, განკერძოებულ ვითარებაში მოცემული ბზის ბუჩქია; ჩვენ ვხედავთ მათხოვარს და ისიც უნიკალურია, ზის როგორც ობობა, როგორც მოხდილი პკე ჯოჯოხეთისა... მაგრამ ფანტაზიის ზღვარზე უკვე გამოკრთის ის სიმბოლო, რომელიც ამაღლებს პოეტის სულს კაეშნის შავბნელ უფსკრულზე.

პოეტი ემიჯნება იმ ღმერთს, რომელიც ადამიანის ეგოიზმმა ისე გამოკვეთა, რომ შესაძლებელი გახადა მისი გულის მოგება ცოდვებისაგან განწმენდით, დოგმატების აღიარებით, საეკლესიო დისციპლინისა და წეს-ჩვეულებათა შესრულების გზით. ეკლესიის ეზოში გაყუჩული მათხოვარი არც ისე დიდად განსხვავდება კერპთაყვანისმცემლისგან: ორივე შემთხვევაში ადამიანი ცდილობს განუსაზღვრელი წყალობა გამოსძალოს მასზე მაღლა მდგომ არსებას გაცილებით უფრო პატარა წყალობის გაღების გზით. ამისათვის კი სულაც არ არის აუცილებელი კეთილი იყო, შენს ყოველდღიურ მეცადინეობაში იმოქმედო შენივე ზნეობრივ არსზე. ასეთია კონკრეტული მხატვრული საშუალებებით გამოხატული ის ზოგადი იდეა, რომლიდანაც ამოიზარდა ნიკო სამადაშვილის ემოციური განწყობილება „უკანასკნელ ქრისტიანებში“.

ნიკო სამადაშვილის პოეზიისადმი მიძღვნილ წერილში ჩვენ ყურადღება მისი შემოქმედების სევდიან, გრძნობად ხილვებზე გავამახვილეთ. ამ ხილვებს უნიკალურ მხატვრულ სახეში აქვს ფესვი გადგმული, საიდანაც ასეთივე უნიკალური სილამაზე წარმოიშობა. მომხიბლავია იგი, როგორც ცის გახსნა. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მოვლენა თანამედროვე ქართულ პოეზიაში.

1986

______________________

37. სწორია: შენ კიდევ ფიქრში მაინც მძუნაობ,

38. სწორია: ჭადრების ბინდი, კაკლების წენგო.

39. სწორია: თერხვს ამოჰქონდა ქვესკნელის ხიდი.

40. სწორია: სისხლზედ შემხმარი ძვლების ჩინჩხვარი

41. სწორია: დაუხვევ ბილიკს ზურგ გატრუსული.

42. სწორია: რომ ეთქვათ ქარებს, მადლი დედაშენს... (სასვენი ნიშნები)

2.27 27. სირაძე, რევაზ. ესსეები და თარგმანები:

▲ზევით დაბრუნება


[„მოჰქონდა ჯვარი“... ]. -თბილისი, 2011. - გვ. 54-63. - ISBN 9789941031557

„ჩუქურთმებს ტაძრის ბანი აეპყროთ, ელავდა მთვარე - ქურუმთა ოდა, მოჰქონდათ ჯვარი, ჭაღები ენთო და დანახვისზე ჭოტი კიოდა“, - ამ სტრიქონებში, ნიკო სამადაშვილის ერთ-ერთი ყველაზე კარგი ლექსიდან, მისი პოეზიისათვის დამახასიათებელი თითქმის ყველა არსებითი ნიშანია: აქაა ქრისტიანობა, აქ სხვა რაღაც კულტიც ჩანს („ელავდა მთვარე - ქურუმთა ოდა“), აქაა ტაძრული სილამაზეც და აქვე უბედურებისა და მარტოობის ხმაც ისმის.

ყველაფერს მსჭვალავს დიდი სიკეთე, რომელიც შეუძლებელია რაიმეს დაექვემდებაროს ან დაემორჩილოს. ის თვითმიზანია. მის ლექსებში ძალზე ხშირია აღსარებანი საკუთარი ურწმუნოებისა და ასეთ შემთხვევაში იგი მაღლდება ყოველგვარ არტისტიზმზე, გნებავთ, თვით პოეტურობაზედაც კი, რადგან მისთვის არსებობს ზესთა-სამყარო, რომელიც თვით პოეტურობაზეც მაღლა დგას. მის ლექსებში ღმერთის ნაცვლად „ღმერთებია“ („ის ღმერთებს იქით გადაფრინდება“). ამით გაცხადებულია, რომ ჩვენ ღმერთს წარმართულად აღვიქვამთ-ხოლმე, რომ ჩვენს სულში წარმართობა კვლავ დასაძლევია.

ნ. სამადაშვილის ლექსების კითხვისას ჩნდება ასეთი ფიქრი: მიწა კარგავს ნათელ-მირონს და ცამდე აღწევს ურწმუნოება. ამიტომ ჰაერი უნდა აღივსოს ანგელოზებით, როგორც ეს „სიქსტის მადონას“ ჰაეროვან ფონშია და სული უნდა აღივსოს წარმოდგენებით, რომლებიც განიმსჭვალება სულიერი საქართველოს სახეებით, როგორიცაა, თუნდაც მცხეთის ჯვრის კარიბჭის ბარელიეფი, სადაც ფრთოსან ანგელოსებს ზეცად მიაქვთ ტოლფერდა ჯვარი, ჩასმული მარადისობის წრეში. ვფიქრობთ, ასეთი წარმოდგენები ხდებოდა წყარო ნიკო სამადაშვილის სახისმეტყველებისა: „ქარები მთვარეს ასწევენ მაღლა“ („ქედი სივრცეში“); „და კიაფობენ შორს ვარსკვლავები, მარადისობის ჭუჭრუტანები“ („მოსწყდით“).

მის ლექსებში სულ ისმის რაღაც ხმა ან ქრის ქარი. ხმა არის ღვთაებრივად იდუმალი ან სრულიად გაუგებარი. ხედვით სახეებსაც თავისი ხმები ახლავს. შეიძლება ითქვას, მის ლექსებში ხედვითი ხატებიც „ისმის“. ეს ხმები ხან ლოცვას გვაგონებს, ხანაც ურწმუნოების ამოძახილს, ლოცვის ხმასაც - კი ხშირად ტრაგიზმის განცდა ახლავს, თუკი ლოცვა წარმოითქმის ქარში ან ჭოტის კივილის დროს („ჭოტის კივილზე ნანგრევები მართავენ ლოცვას“. - „გული და ჯანღები“).

არის ზეციური სამყარო და არის რეალობა ამა ქვეყნისა. მათ შორის ხილული და უხილავი კავშირებია. ხან ზეციდან ეფინება ღვთიურობა ქვეყნიერებას, ხანაც ქვეყნიერება აღმოაცენებს ზეცისკენ ასამაღლებელ სიკეთეს. ეს მიმოქცევა გაივლის ხოლმე ადამიანის სულსა და გულს. და როცა ეს ჭირს, პოეზია შეგვეშველება, ნ. სამადაშვილისთანა პოეზია, მის ლექსებში სახისშემქმნელ სიტყვათაგან ერთ-ერთი ყველაზე ხშირადხმარებულია - „ქარი“. აქ სულ ქარების ქროლვაა. მაგრამ უმთავრესია, როცა ეს აღძრულია ზეცისა და მიწის კავშირით, ან მათი ჰარმონიით ან თუნდაც - დისჰარმონიით. ხან კიდევ სრულიად უმიზეზოდ დაქრის ქარი. პოეზიასავით ნებისმიერად აღმოცენებული. სულ სხვაგვარია ხეთა არსებობა. ხე ყოველმხრივ დასაზღვრულია, სივრცითაც, ადგილითაც და დროითაც („ჯიღა ცაცხვები იდგნენ ყორესთან. ვით ხანშესული ქალდეველები“). ერთსახოვანია მათი სწრაფვა. ესაა სწრაფვა მაღლა, ზეცისკენ. ხეთა სიმშვიდეს არღვევს ქარი, ჰორიზონტისკენ მიმსწრაფი ძალა. ამიტომაცაა სიმშვიდის მომასწავებელი ხეთა და ქართა ურთიერთობის თანხმობა. თუნდაც ასეთი: „ნაძვები ცხედარს მიასვენებდნენ და გვირგვინები მიჰქონდათ ქარებს“. ამქვეყნის უბედურებას ქარები აღმოთქვამდნენ ხოლმე („უსინათლობა“, „ალიონამდე“). ხან დედის ბალადას თვით ამბობს ქარი და ხანაც პოეტს ჰკარნახობს ლექსს. ვფიქრობთ, იდუმალი ქარის განცდა მსჭვალავს მთელს ამ სტროფს: „შენ გადარებდნენ ბინდების ჭრიჭინს, თუმცა სულ მუდამ ტოტს გცემდა ქარი, ავადმყოფობა ეგონათ ბიჭო, ლექსები ტანზე გამონაყარი“. სხვა შემთხვევაში გალაკტიონიც ეძალება ქართა წარმოდგენას.

ნ. სამადაშვილის პოეზიაში არის იმისი განცდა, რომ სიცოცხლე ევალება ადამიანს და ესაა ღვთიური მოვალეობა... და ევალება პასუხის გაცემაც ასეთ კითხვაზე: რა არის ცხოვრება? ნ. ბარათაშვილისა და ნ. სამადაშვილის პიროვნებანი ამ კითხვას მხოლოდ პოეზიით პასუხობენ, რადგან სხვა ნამდვილი ცხოვრება მათ არ გააჩნიათ. პოეზია დაძლევაა რეალობისა.

ზემოდასმული კითხვის ტოლფასი ხდება ასეთი კითხვაც - რა არის პოეზია? (საქმე ისაა, რომ ასეთი პოეტების წინაშე თავიდან წარმოდგება ყველა ოდითგანვე არაერთგზის პასუხგაუცემელი კითხვები). სწორედ პოეზია ქმნის წონასწორობას რწმენა-ურწმუნოების გზაზე. პოეტურ აზროვნებაში ხორციელდება შეუთავსებელი შეთავსება, მაგალითად, ასე: „წარმართთა ძვლები იდგა ტაძარში, ზევით ლეგენდა მოჰქონდათ მთიებს. ძირს წმინდა ნინოს ნაფეხურები ჰგავდნენ სისხამზე მოკრეფილ იებს“. აზროვნების სხვა რა ფორმა დაუშვებდა ეგოდენ შეუთავსებელ წარმოდგენათა გვერდის-გვერდით დგომას: „წარმართ თვალებში ქრისტეს წყევლა გქონდა გაკრული... ბნელ გეთსიმანის ბაღში დიდხანს ტრუბადურობდი, ღმერთების ჯოგი გოლგოთაზე გელანდებოდა, დასწყევლოს ღმერთმა, რაღა ნისლებს დაუმეგობრდი!“ („ერეკლე ტატიშვილისადმი“). ტაძართან მჯდარ მათხოვარზეა თქმული: „მათხოვარი ზის როგორც ობობა“... ნ. სამადაშვილის პოეზიაში ბუნებაც დიდ იდუმალ ტკივილს განიცდის. ესაა ავისმომასწავებელი დიდი უბედურება, რომელსაც იგი ძნელად უმხელს ადამიანს, თითქოსდა ერიდება იმის გამხელას, რომ თვით ადამიანია ამ ტკივილის მიზეზი.

ზოგჯერ კიდევ ისეთი განცდა გეუფლება, რომ სულიერება აღარაა ამაღლებული, სულიერება მხოლოდ აქვეა, ბიწიერებათა გვერდით, ამიტომაც იგი ვეღარ ეთიშება ბიწიერებას, ყველაფერი ერთმანეთშია არეული და აჭრილი. „მათხოვარი ზის როგორც ობობა“ და ეს ხდება იქ, სადაც „კედელზე სანთლის შუქი იჭრება“. ეს ბეთანიასთან ხდება. აქ „ჟამს ტაძრის კარი ისე დაუხრავს, რომ გარეთ ჟონავს ჭრაქის ნათელი“. ტაძრებთან უფრო მკვეთრდება შუქიც და ჩრდილიც. აქ მოდიან „რჯულდაწყვეტილი ქართველები“, „უკანასკნელი ქრისტიანები“. აქ „დედოფლის“ სახე იხილვება. თუმცა, ჯერ კიდევ კარგად ჩანს მისი სახე, მაგრამ იგი სახელით აღარ მოიხსენება, თითქოს, უნდა გაქრეს მისი ხსენება. „აქ თავის თათით ითხრიდა საფლავს მსწყემსდაკარგული სოფლის ნახირი“; „ხევში მდინარე შემოგვეფეთა. შეწირულ ბავშვთა ცრემლები იყო“. აქაურობასთან მიახალოებისას „მიწა გაირღვა, თითქოს ქვესკნელმა ამოისროლა ტაძრის გუმბათი“. აქედან დანახული ყველაფერი ტაძარსა ჰგავს: ადამიანიც, პატარა სოფელიც, ტყეც, ხევიც და მთელი ქვეყანაც. იგრძნობა სიძნელე ტაძართა არსებობისა. რთული არ არის არსებობა მხოლოდ იმ ხისა, რომლის არსებობასაც აზრი არა აქვს. რასაც აზრი აქვს, ყველაფერი სირთულით მყოფობს. ასეა ლექსიც და ასევეა თვით ტაძარიც კი.

ნ. სამადაშვილის პოეზიაში თემები კი არაა წამყვანი, არამედ სახეები. აქ ყველაფერი, კითხვის დასმაც კი სახისმეტყველებითია. „ბუხრის კვამლს აჰყვა ის სიყმაწვილე“; „ზევით ღრუბელი, ძირს ნოემბერი“; „გაუხარელი ამინდებია, წვიმები ბუხარს ისევ აქრობენ, წისქვილთან ბევრი საფქვავებია და სოფლად ჩუმად ლაპარაკობენ“; „წუხელ მე შენი სიზმარი ვნახე“; „მე საქართველოს წყნარი სოფლები ძაღლების ყეფით გამაცილებენ“; „მთა მედიდური - მთა დანახვისი. მაღალი როგორც ჩემი სამშობლო“; „მეცხვარე მღერის და ცა თეთრია“; „თითქოს საკუთარ ცხედარს მივჰყვები“; „მეც დამელოდე გაზაფხულამდე, სანამ შეცურავს ტბაში ნიავი“. აღარას ვამბობ უფრო ყურადღებულ სახეებზე ცნობილი ლექსებიდან, მაგალითად: „ვით უკვდავება, წყარო ანკარა, აცისკროვნებდა ირმების ფერდობს ქრისტემ ბავშვობა აქ გაატარა და ღვთისმშობელი უგვიდა ეზოს“.

ნ. სამადაშვილის ლექსებში ხშირია მიმზიდველი მოულოდნელობით აღბეჭდილი სახეები, ამასთანავე არის ისიც, რასაც, შეიძლება ითქვას, მოელოდა ქართული სახისმეტყველება. ასეთია პიროვნების ტაძრად წარმოდგენა ცნობილ ლექსში - „ნიკო სამადაშვილს“: „შენ ჩემში უსტვენ ვით საყდრის ჩიტი, შენა ხარ ჩემი ნუგეშის დარი, სულ კარგად მახსოვს, შენ რომ გამიჩნდი, გარეთ ძაღლივით უსტვენდა ქარი“. ქრისტიანული მისტიკით, ტაძარია ქრისტე ან „სძალი ქრისტესი“. აგრეთვე, განწმენდილი რელიგიური პიროვნება. მაგრამ პოეტური სიახლეა პიროვნების გააზრება ტაძრად ისე რომ პოეტის სული სულიწმინდის დარად მტრედად წარმოისახებოდეს, ამას მოჰყვება შინაგანი წინააღმდეგობა, რაც შეიგრძნობა ამ ლექსიდან. შემოდის ტრაგიკული განცდა, რომ ადამიანის სხეულში ვეღარც-კი ძლებს პოეტური სული და ჩნდება კითხვა: არის კი საერთოდ ღირსი პოეზიისა ადამიანი? („სიზმრების ნაღვერდალი“). თუ, ყოვლისმომცველია ის დასკვნა, რომ - „ამ დასაქცევ დედამიწაზე ბედნიერებაც დასაგმობია“ („აქერცლილი მინიატურები“) და თუ მაინც მიესწრაფვის პიროვნება პოეზიას, ეს იმიტომ რომ პოეზია არჩევანი არ არის, პოეზია ბედისწერაა. აქ მაინც არის რაღაც წესრიგი, თუნდაც ეფემერული. მაგრამ ამასაც აფერმკრთალებს ქაოსი („ნ. სამადაშვილთან „ქაოსებია“ და ამ ფორმით უფრო გამოირიცხება ყოველგვარი გარკვეულობა, თანაც ეს სახე ძალზე ხშირია). ერთმანეთს უპირისპირდება ხოლმე ქაოსი და სამრეკლო: „სადღაც მნათე ზეცის თაღს რეკს. წუთისოფლის კარის გაღმით. ქაოსები გზებს კენკავენ, ასე ხდება ყოველ ღამით“. როცა ვერაფრით ვერ დაიძლევა ქაოსი, ის შეიძლება პოეზიამ დაძლიოს.

უმთავრესი კითხვა, რომელიც ნ. სამადაშვილის პოეზიის მთლიანობაში გათვალისწინებით წარმოდგება, ასეთია: თუ შეიძლება არსებობდეს ამხელა სიმართლე, როცა თითქმის აღარავინ არის ასე მართალი?! ანდა: ღირს თუ არა ამხელა სიმართლე, როცა ის შეიძლება აღარც კი შეესაბამებოდეს რეალურ სინამდვილეს?! ეს კითხვები სინანულის აღმძვრელია, სინანული კი ღირსებაა პიროვნებისა. სინანულში იმედის წინათგრძნობაა. მის პოეზიაში სიღრმისეული ნათელია, რომელიც მისგან ტაძრისეული სინათლისდარად გამოსჭვივის.

P. S.

ნ. სამადაშვილის ლირიკის მიმართებას ნიცშესთან არსებითად განსაზღვრავს პოეტის სახისმეტყველების თავისებურება. ლ. მეგრონის კვალობაზე თუ ვიტყვით, „ჰიპერტოფია მგრძნობელობისა“ და არა რაიმე ფილოსოფიური სისტემა, რისკენაც თვით ნიცშე არ მიისწრაფვოდა. ამასთანავე, საამისო ვითარებას ქმნიდა ერეკლე ტატიშვილთან (1884-1946) ახლობლობა. „ნიკო სამადაშვილის პოეტური შთაგონება, შეიძლება ითქვას ერეკლე ტატიშვილია“ (თამაზ ჩხენკელი).

ნიცშეს წარმოჩენას ერეკლე ტატიშვილისადმი მიძღვნილ ლექსებში აღნიშნავს რუსუდან ნიშნიანიძე.

არსებობს ასეთი ცნობაც: 1987 წელს ერთ გამოსვლაში „ზვიად გამსახურდიამ ნიკოს შემოქმედება ნიცშეს ლექსებს შეადარაო“ (მზია სამადაშვილი).

ნ. სამადაშვილს ბევრი ლექსი აქვს მიძღვნილი ერეკლე ტატიშვილისადმი. ერთ-ერთ მათგანში („ერეკლე ტატიშვილისადმი“) რამდენიმე იმგვარი რეალობაა, რომელშიც შეიძლებოდა გვეგულვებინა ანარეკლი იმისა, ერეკლე ტატიშვილმა რომ თარგმნა ფრიდრიხ ნიცშეს - „ესე ამბობდა ზარატუსტრა“: „წარმართ თვალებზე ქრისტეს წყევლა გქონდა აკრული“; „ღმერთების ჯოგი გოლგოთაზე გელანდებოდა, დაწყევლოს ჭირმა, რაღა ნისლებს დაუმეგობრდი“ (13). ეს სიტყვები ნიცშესადმი მიმართვადაც შეიძლებოდა ჩაგვეთვალა.

ლექსში - „ერეკლეს“ კარგად ჩანს ნ. სამადაშვილის დიდი სულიერი სიახლოვე ერეკლე ტატიშვილთან: „როცა გხვდებოდი, ჩემს საგონებელს ვფიქრობდი, ვუმზერ შუბლმაღალ ხეთებს, შენ რომ წახვედი, ასე მგონია, მთელი ქვეყანა თან გაიხვეტე“. იგივე ითქმის ლექსზე - „საღამო და განწყობილება“, რომელსაც ასეთი მინაწერი აქვს: „წაკითხულია ერეკლესთან მეგობრულ ღვინის სმაზე“. სხვა ლექსში ე. ტატიშვილი ასე წარმოდგება: „დღეს მაცხოვარი როგორ ვიწამო, როცა ეს ცეცხლი შენშიც მკვეთრია. სად დავისვენოთ, მითხარი, ძმაო, როცა ერეკლეც საგიჟეთია“. („შეხვედრები დღის ბოლოს“).

საწინააღმდეგოც ბევრი რამ შეიძლება ითქვას, მაგრამ ჩვენ არ გვგონია შემთხვევითი ან სასხვათაშორისო იყოს ნ. სამადაშვილის ლექსში ნიცშეს ასეთი ხსენება:

„გამოქვაბული, ქარის ტირილი, ქვესკნელს ზევიდან - ხევში ჩაჰქონდა. ქუჩებში მარტო და გაცრეცილი, გზებმაგადმცდარი ნიცშე ბღაოდა“ („მოგონება“).

უფრო მნიშვნელოვანია შემდეგი რამ: ძალზე ხშირად ნ. სამადაშვილის პოეტურ სახეებში სიტყვები ისე უკავშირდებიან ერთმანეთს, რომ უარყოფილია ლოგიკურობა. სახეთა აღარც სინთეზური კავშირებია სახეთა თანმხლებ განწყობათა შორის. ნ. სამადაშვილთან (ისევე როგორც ნიცშესთანაც) ამას ემატება თვითუარყოფამდე მისული ტრაგიზმი. ესაა ტრაგიზმი ცნობიერებისა.

„წარმართ თვალებზე ქრისტეს წყევლა გქონდა აკრული“ („ერეკლე ტატიშვილისადმი“); „ხე ეკლესიის მათხოვარს ჰგავდა“ (131); „და შენ იქ ნახავ დაკარგულ გრძნობას ღიმშეშლის და გადარეულს“ („ნიკო იაშვილს“; აქაც და სხვაგანაც არის ხოლმე, თუ შეიძლება ითქვას, სალოსური ეგოცენტრიზმი).

ნ. სამადაშვილის ცნობილი ლექსი - („ბუღალტერ ნიკო სამადაშვილს პოეტ ნიკო სამადაშვილისაგან, თუ პირიქით“), ასე იწყება: „შენ ჩემში უსტვენ ვით საყდრის ჩიტი“. აქ თავისებური მუსიკური თვითაღქმაა, ტრაგიკული თვითაღქმა. ნიცშეს მიხედვით თუ ვიტყვით, აქ „ტრაგედიის წარმოშობაა მუსიკის სულიდან“, მუსიკური ცნობიერება ტრაგედიის სიდიადეს წარმოაჩენს და ტრაგედია სასოწარკვეთამდე არ მიჰყავს. ადამიანი ვითარცა ტაძარი, სიკეთით აღვისლი სივრცეა, მაგრამ მაინც დახშულის სივრცე; და მასში გამომწყვდეული ჩიტის გალობასავით ისმის სულიერი ხმა, რომელსაც სურს გასცილდეს თვით ტაძრულ სივრცესაც კი („განაბრწყინა და განაშუენა ყოველი იგი ციხე სულიერითა მით ქნარითაო“, - ნათქვამია შუშანიკზე. „ციხის“ გაბრწყინება“ აქ სულიერ თავისუფლებასაც მოასწავებს ყოფიერების საპყრობილეში).

ესაა ლოგოსური ენა, პოეტისთვისაა „სულიერი ქნარი“, რომელიც არა მხოლოდ ისმის, არამედ „ანათებს“ კიდევაც, აქ „ანათებს“ მეტაფორულობას კარგავს და მისტიკურ რეალობად იქცევა, მისტიკურ ცნობიერების შინაარსს იძენს.

ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ხან ნ. სამადაშვილისეული პოეტური სახელდებანი საგნებისა და ხდომილებისა სიტყვათა „მეორადი მოდელირება“ კი არაა, არამედ მათი პირველყოფილი, „ადამიანური“ განცდა. სიტყვები კარგავენ მეტაფორულობას და მისტიკურ სახელდებად იქცევიან. ეს ილუზიაც რომ იყოს, მაინც გვაკვალიანებს სიტყვის საგნისადმი მუსიკური მიმართების არსებობაზე. თუ ამას მაინც მეტაფორულობას დავარქმევთ, ასე თითქოსდა თვით ყოფიერებაში შეიძლება ვიხილოთ მეტაფორულობა. ხეს რომ „ხე“ ჰქვია და ცას რომ „ცა“, ამის უკმარისობის შეგრძნებაა ნ. სამადაშვილისთანა პოეზია. ე.ი. პარადოქსულობა თითქოს საგანთა პირველად სახელდებშივეა.

ნ. სამადაშვილის პოეზიაში ჩანს კულტურული სუბიექტების თვითუარყოფა, თვითდაძლევა, ნიცშეს მიხედვითაც - ადამიანი არის ის, რაც უნდა დაიძლიოს.

ნიცშე ამბობს: „ჩემი უძლიერესი თვისებააო თვითდაძლევა“.

თვითგვემა, თვითუარყოფა, თუ თვითგადალახვა, ფრიდრიხ ნიცშესთან ერთობ მძლავრობდა ეს მიდის ხოლმე ლამის სალოსობამდე. ნ. სამადაშვილთანაც გვხვდება „პოეტური სალოსობის“ მაგვარი რამ, ხან მაშინ, როცა ფიქრობს საკუთარი განკითხვის დღეზე, ან თავის ორეულზე: „მე ვნახე ორეული, ოდნავ გადარეული“ („ყველაფრის შაირი“), ან როცა ლექსში („უკუღმართობა“) „ზეკაციც“ გამოჩნდება და „საყდრის გლახაც“; ან კიდევ როცა: „გიჟი ღმერთები დასევიან საწყალ ბეთჰოვენსო“...

ნიცშე ადამიანში ხედავს ანტიქრისტესა და ეს გადმოაქვს თავის თავზე. თანაც ეს არ ხდება გაუბრალოებით ცნობილი პრინციპებისა - „ვინც დაიმდაბლოს თავი თვისი, იგი ამაღლდესო“. არსებობს „ნებაყოფლობითი სალოსობა“ (Алексей Кузнецов «Юродство и стопиничество», М. 2000, с. 90 150). როგორც თვითუარყოფა, უარყოფა ამქვეყნიური სიბრძნის ამაოებისა. მისი ირონიზება ხდება. პოეტური სალოსობა ამაღლებაა ამქვეყნიურ სიბრძნეზე, რასაც მოსდევს ასეთი მაქსიმალიზმი: თვით ამქვეყნიური სიბრძნეაო უაზრობა.

რაციონალური აზროვნების დაძლევის გზაა მუსიკა. ასეა ნიცშესთან და ასევეა ნ. სამადაშვილის პოეზიაში. ეს საყურადღებო თემაა ნ. სამადაშვილის პოეზიის გასაზიარებლად.

2.28 28. სიხარულიძე, ზაზა. სიცოცხლე სიყვარულისთვის:

▲ზევით დაბრუნება


[„...თითქოს სხვა მსოფლიოში დავდივარ...“]. - თბილისი, 1992. - გვ. 3-12.

...ჩემი ლექსები...
იქ - სამარეში გამახარებენ...

- ამ წინასწარმეტყველური სტრიქონების ავტორის პოეტურ ნაწარმოებთა პირველ პუბლიკაციას ქართველი მკითხველი გაზეთ „ლიტერატურული საქართველოს“ 1967 წლის 28 ივლისის ნომერში გაეცნო. იმ ხუთიოდე ლექსმა და მათთვის თანდართულმა თამაზ ჩხენკელისეულმა ბოლოთქმამ მაშინვე აშკარა გახადა: მეოცე საუკუნის ეროვნულ პოეზიაში თურმე არსებულა კიდევ ერთი თვითმყოფადი პოეტური სამყარო, რომლის შუქმაც, სამწუხაროდ, დაგვიანებით, „ჩაქრობის“ შემდეგ, მაინც მოაღწია ჩვენამდე...

განვლილი ოცწლეულის მანძილზე გამოქვეყნდა ნიკო (ნიკოლოზ) მიხეილის ძე სამადაშვილის (1905-1963) პირველი პოეტური კრებული „ბეთანია“ (შეადგინეს და წინასიტყვაობა დაურთეს თამაზ ჩხენკელმა და არჩილ სულაკაურმა, გამომცემლობა „ნაკადული“ 1973) და ნაირფერი საარქივო მასალები (ლექსები, პროზა, კრიტიკული სტატია, ბარათები); აგრეთვე მწერლის ცხოვრება-შემოქმედებისადმი მიძღვნილი მოგონებანი და სტატიები, რომელთა ავტორები არიან: თამაზ ჩხენკელი, დავით ჯავახიშვილი, ვახუშტი კოტეტიშვილი, გაიოზ იმედაშვილი, ზურაბ კიკნაძე, მანანა გელაშვილი, რუსუდან ნიშნიანიძე...

ერთი სიტყვით, შემზადებულია მკვიდრი საფუძველი, რასაც უნდა დაეყრდნოს მკვლევარი პოეტის ცხოვრებისა და შემოქმედების თავისებურებათა შესასწავლად, ამ გამორჩეული ხელოვანის ადგილის დასადგენად ჩვენი საუკუნის თანამოკალმეთა, უპირველეს ყოვლისა, თანამემამულეთა შორის.

1987 წლის 18 მარტს „ლიტერატურნაია გაზეტამ“ დასტამბა ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორის ვ. ბარნოვის მეტად საყურადღებო სტატია: „აღფრთოვანებით თუ ობიექტურად? (ბოლო ხანების ზოგიერთი ლიტერატურის პუბლიკაციის შესახებ)“. წერილის ავტორი ეხება საკითხს: ყველაფერი, რაც „გარკვეულ“ მიზეზთა გამო, თავის დროზე არ გამოქვეყნებულა, ვბეჭდავთო ხელაღებით, განურჩევლად, ღირსეული შეფასების გარეშე, მარტოოდენ „ვაშას“ ძახილით, თუ ეს ნაწარმოებები უნდა გამოიცეს ფარგლების დაცვით? სწავლული, სავსებით მართებულად, ობიექტურობისაკენ მოგვიწოდებს...

ვ. ბარნოვი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მკითხველთა შორის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობენ „ძნელი და ტრაგიკული ბედის შემოქმედნი“, რადგანაც ყველა ჩვენთაგანში მძაფრადაა განვითარებული სოციალური სამართლიანობის გრძნობა.

სწორედ ობიექტურად უნდა შეფასდეს ერთ-ერთი ამგვარი ბედის ხელოვანი, „სიცოცხლეში ადრე დაღამებული“ პოეტის, ნიკო სამადაშვილის შემოქმედებაც, ამ მოთხოვნის დაცვა კი ყოველთვის როდი ხერხდება მწერლის მემკვიდრეობისადმი მიძღვნილ სტატიებში.

წინამდებარე წერილში ჩვენ შეძლებისდაგვარად შევეხებით ნიკო სამადაშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების ზოგიერთ ასპექტს.

1. მწერლის გვარ-სახელისათვის.

როგორი იყო პოეტის ბიოგრაფია? - ამ კითხვის საპასუხოდ ბევრი არაფერი მოგვეძევება: ვიცით, რომ ნიკო სამადაშვილი ექსპერტ-ბუღალტრად მუშაობდა, იყო დიდი ოჯახის მამა... იყო ერეკლე ტატიშვილისა და ვახტანგ კოტეტიშვილის სტუდენტი, შემდგომ კი მეგობარი... მზრუნველობდა უღვთოდ დაღუპული უფროსი მეგობრის ოჯახს... უყვარდა ახლობელთა წრეში მოლხენა და პოეზიაზე საუბარი...

არაფერი ვიცით მწერლის წინაპართა შესახებ...

პოეტის გვარ-სახელის წარმომავლობა-წარმოქმნის თაობაზე კი შეიძლება ითქვას ორიოდე სიტყვა...

ამ ბოლო ხანს დაიწყო სისტემატური შესწავლა ქართული ლიტერატურის იმ წარმომადგენელთა პატრონიმებისა, რომელთაც საფუძვლად უდევთ აღმოსავლური, კერძოდ, არაბული წარმოშობის საკუთარი სახელები. ამნაირ გვარ-სახელთაგან უკვე სპეციალურად გამოკვლეულია შემდეგი პატრონიმები: „აბაშიძე“, „აბუსერიძე“, „არაბული“, „ასათიანი“, „ბარათაშვილი“... შეკრებილია მასალები სხვა ამ რიგის გვარ-სახელთა შესახებ... ქართულ პატრონიმთა აღნიშნულ ჯგუფს განეკუთვნება „სამადაშვილი“-ც.

ქართლში დამოწმებული ამ გვარ-სახელის ფუძეა ანთროპონიმი „სამადა“, რაც თუშეთში დადასტურებულია „სამად“ ფორმითაც. კაცის ამ საკუთარი სახელის ვარიანტად შეიძლება მივიჩნიოთ „სამატა“ (კახეთი); აგრეთვე ქალის სახელი „სამათა“ (სვანეთი) (ალ. ღლონტი, ქართველური საკუთარი სახელები: ანთროპონიმთა ლექსიკონი, მე-2 გამ. - თბ.: საბჭოთა საქართველო, 1986, გვ. 184, 296; შდრ. ილ მაისურაძე, ქართული გვარსახელები: სალექსიკონო ბიბლიოგრაფიული მასალები - თბ.: მეცნიერება, 1981, გვ, 142). „სამადა“//“სამატა“ ფუძე გამოიყოფა აგრეთვე გვარ-სახელებში „სამადაძე“ (ახალქალაქის რ.)//“სამატაძე“ (ილ. მაისურაძე, დასახ. ნაშრ. გვ. 142).

„სამად“//“სამადა“ არაბული წარმომავლობის ანთროპონიმია, მნიშვნელობით „მარადიული“ (А. Г. Гафуров, Лев и Кипарис: о восточных именах - М. Наука, 1971, გვ. 223). კაცის ეს საკუთარი სახელი წარმოდგება არაბული სიტყვისაგან „სამად“ - „ის, ვისაც მიმართავენ; მეთაური, ბელადი; მარადიული“ (იხ. ვ. გირგასისა და ხ. ბარანოვის არაბულ-რუსული ლექსიკონები).

2. დრო და პოეტი.

ნიკო სამადაშვილის ცხოვრება-შემოქმედების სრულყოფილად წარმოჩენას ის გარემოებაც აძნელებს, რომ პოეტის ხელნაწერთა აბსოლუტური უმრავლესობა, ეპისტორალური მემკვიდრეობის ნიმუშთა გარდა, სამწუხაროდ, უთარიღოა - მხოლოდ ერთი ოთხსტრიქონიანი ლექსის. („...გათენდა ისევ...“) დაწერის დროა ცნობილი (1961 წ.); რამდენიმე პოეტური ნაწარმოების დათარიღება, მიახლოებით მაინც, ხერხდება მწერლის პირადი წერილების მიხედვით.

ვახტანგ კოტეტიშვილისადმი მიმართული ბარათების (26/IX. 1927 წ.; 5.XI. 1933 წ.) დაწერის დროის თანახმად, შეიძლება დავასკვნათ, რომ ლექსები „გადმორბენა სამყაროსკენ“, „ჩემი ფეხის ხმა მთვარისკენ“, „დაუსაბამობის ხილვა“, „ხელის გაშვერა მტკვართან“ და „წუთისოფლიდან უკვდავებამდე“ უნდა შექმნილიყო 1933 (ყოველ შემთხვევაში, 1937) წლამდე, ხოლო ერეკლე ტატიშვილისათვის გაგზავნილი წერილი (31.VII.40) თარიღის მიხედვით, უსათაურო „...ის გასცქეროდა მომავალ შარას...“ შეთხზულია 1940 წლის ივლისის თვეში (ეს ლექსი კრებულში დასტამბულია სათაურით „დაითენთა“).

მაგრამ ეს დროისადმი მწერლის დამოკიდებულების საკითხის ერთი ასპექტია, თუ შეიძლება ამგვარი ითქვას, „ლოკალური“, კერძო-პიროვნული ასპექტი. პრობლემის მეორე მხარე გულისხმობს დროის, როგორც ეპოქის, გაგებას; პოეტი და დრო ამ მხრივ გაიაზრება საერთო-საზოგადოებრივი შინაარსით.

აღნიშნული თვალსაზრისით განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს გაიოზ იმედაშვილის შემდეგი სიტყვები: „ნიკო სამადაშვილი... ერთი მათგანი იყო, ვინც აშკარად ჩამორჩა დროს და სინამდვილეს, რომლის აბსტრაგირებაში ვერ შეძლო გაეხედა ცხოვრების ბნელი მხარეების მიღმა. მაგრამ ეს იყო დიდი ეპოქის წინაშე მთელი თაობის საბედისწერო გაუგებრობა, არა ერთი კაცის ერთპიროვნული შეცდომა. და ის როგორც ერთი კაცი მთელი თაობის მაგიერ პასუხს ვერ აგებს... მაგრამ წარსულის ასეთი იდეოლოგიური კრახი განა მისი პოეტური წვლილის მნიშვნელობას მთლიანად აუფასურებს?“ (გაიოზ იმედაშვილი, სიცოცხლეში ადრე დაღამებული პოეტი, ალმანახი „ლიახვი“, თბ.: მერანი, 1982, გვ. 149).

ვფიქრობთ, ციტირებული შეხედულება ალაგ-ალაგ შევსება-დამატებას და შესწორებას საჭიროებს.

და აი რატომ: ჯერ ერთი, არასწორად გვეჩვენება დებულება, რომ პოეტი „აშკარად ჩამორჩა დროს“, რადგანაც ვერ გაიგო თავისი ეპოქის არსი.

ნიკო სამადაშვილის, როგორც შემოქმედისა და მოქალაქის ცხოვრებისეული პოზიციის მთავარი ასპექტები თავისი თანამედროვე ხანის მიმართ ნათლად ჩანს 1956 წელს დაწერილი კრიტიკული სტატიიდან „ლიტერატურული გულცივობა“. გავიხსენოთ ამ წერილის ერთი ფრაგმენტი“

„...პიროვნების კულტის დროინდელ პოეზიაში ერთ-ერთი უბედურება ის გახლდათ, რომ ზოგიერთი მწერალი უფრო გატაცებული იყო მლიქვნელობით, ფარისევლობით, უადგილო ადგილას „გაუმარჯოს!“ ყვირილით, ვიდრე გულწრფელი გულშემატკივრობით საბჭოთა ხელოვნების, ლიტერატურის გრანდიოზული მშენებლობით. იმ უბადრუკ მჯღაბნელებს აღარ ახსოვდათ ხალხის შთაგონებული ძალა, ცხოვრების სიდუხჭირე და ბედნიერება. რამდენ ახალგაზრდა მწერალს და საყვარელ შემოქმედს მოუღეს ბოლო სწორედ იმ ლიტერატურულმა გაიძვერებმა.

ახლა კი საბჭოთა მწერლების ზეცა კარგად მოწმენდილია...“ („ლიტერატურის მატიანე“, 7-8, თბ.: საბჭოთა საქართველო, 1982 , გვ. 307-308).

ნიკო სამადაშვილის ეს სიტყვები უდავოდ ცხადყოფს, რომ მწერალს საკმაოდ კარგად ესმოდა თავისი ეპოქისათვის ნიშანდობლივი ზოგიერთი ასპექტი და თავის შემოქმედებაში შეგნებულად ცდილობდა გამოეხატა უკმაყოფილება სინამდვილის მანკიერი მხარეებით, რამაც ძირითადად განაპირობა გარემოს ასახვის სამადაშვილისეული მხატვრული მანერა.

ამიტომაც ვერც დავეთანხმებით გაიოზ იმედაშვილის მეორე, პირველით ნასულდგმულევ, თვალსაზრისსაც - პოეტმა „ვერ შეძლო გაეხედა ცხოვრების ბნელი მხარეების მიღმა“-ო.

როგორც ნიკო სამადაშვილის კრიტიკული წერილის დასასრულიდან ირკვევა, მწერალი თავისი ეპოქის ნათელ ფერებსაც ამჩნევდა და ახალ ტენდენციებსაც მიესალმებოდა, მაგრამ როგორც ნიკო სამადაშვილის უკანასკნელი ლექსებიდან ჩანს, შემოქმედი ულმობელმა სინამდვილემ მალე დაარწმუნა, რომ დამაიმედებელი სიახლეები სუბიექტივიზმისა და ვოლუნტარიზმის ხანაში მძლავრად ვერ გაშლიდა ფრთებს...

მაგრამ აღნიშნული მხოლოდ ერთი ასპექტია პოეტის შემოქმედებითი მრწამსისა და ლიტერატურული მემკვიდრეობისა.

საზოგადოდ, დროისადმი ხელოვანის დამოკიდებულებას მესამე განზომილებაც ახასიათებს. დრო ასეთ შემთხვევაში კოსმოსური, მარადიული მასშტაბით გაიაზრება. მარადისი დრო, თავის მხრივ, დაუსაზღვრელ სივრცეს გულისხმობს, ამგვარი დრო-სივრცე განსაკუთრებულ როლს ასრულებდა ნიკო სამადაშვილის მსოფლგანცდისა და შემოქმედების თავისებურებათა ფორმირებას, პოეტის მემკვიდრეობისათვის ნიშანდობლივი ეს სპეციფიკა, ვფიქრობთ, ანათესავებს ნიკო სამადაშვილის შემოქმედებას ტერენტი გრანელის პოეზიასთან, რასაც ადასტურებს ამ ორი ხელოვნების შედარებით-სახისმეტყველებითი ანალიზიც.

დრო-სივრცისადმი მწერლის დამოკიდებულება კარგად ჩანს ვახტანგ კოტეტიშვილისადმი მიწერილი ერთი ბარათიდან (26/IX.1927 წ.);

„...არა ვარ დიდი ჰასაკისა, მაგრამ ისე ვიტანჯები უსაზღვროების საშინელებით და დედამიწის უნუგეშო ხეტიალით, რომ ასე მგონია, თითქოს მე ვარ წერტილი, სადაც თავდება სამყაროს უიმედობა

...პლანეტების გაუვალი ნახირი ხომ მაგიჟებს და შიშით ტანში მაკანკალებს. ვიკარგები ხანდახან სადღაც, თითქოს სხვა მსოფლიოში დავდივარ და სანამ არ შევკრთები სადმე, ვეღარ ვბრუნდები...

ხან თითქოს დედამიწა ფეხებიდან მეცლება...“ („მნათობი, 1980, № 2, გვ. 80).

ახლა ლექსების სათაურებიც გავიხსენოთ: „მარადისობა და მესაფლავე“, „დაუსაბამობის ხილვა“, „წუთისოფლიდან უკვდავებამდე“, „ჩემი ფეხის ხმა მთვარისკენ“, „გადმორბენა სამყაროსკენ“...

ლექსთა ფრაგმენტები:

„...მე... მოვრბოდი დედამიწისკენ...“

(„შემოდგომა და ფილტვების სიყვითლე“);

„...დედამიწაზე
ნეტავი რისთვის შემოვეხეტე?“

(„წაშლილი კვალი“)

„უსაზღვროებას გავცქერივარ, მივეხეტები,
ღამე ზრიალებს, ქარიშხლები ემატებიან,
რა ამბავია? - ქვებზე დამჯდარ ქარს ვეკითხები, -
რო გუგუნებენ? - მიმავალი პლანეტებია...
კიდევ გონებადაკარგული მივეხეტები,
ფეხის ხმა ესმით, ქარიშხლები მემატებიან.
რა ამბავია? - ჩემს საკუთარ ჩრდილს ვეკითხები, -
რო გიძახიან? -შებინდული პლანეტებია...“43

(„ჩემი ფეხის ხმა მთვარისკენ“);

„პლანეტებს გაღმა ვიღაც ნანობდა...“

(„გადმორბენა სამყაროსკენ“);

„აქ, მსოფლიოში, მზე ჩადიოდა,
მე იქ, კამარებს თვალს ვაფარებდი...“

(„დაუსაბამობის ხილვა“);

„...დედამიწა რად ჩარბოდა მთებში მზესავით...“

(„ბინდი“)...

ამგვარი, ასე ვთქვათ, პლანეტარული ხედვა გახლავთ ნიკო სამადაშვილის, როგორც პოეტის, განსაკუთრებულობის ერთ-ერთი მიზეზი.

დროისა და მწერლის ურთიერთდამოკიდებულებას მეოთხე განზომილებაც ახასიათებს. ამჯერად ეს მიმართება გულისხმობს ხელოვანის ცხოვრებისეულ ბიოგრაფიას.

ორიოდე ფრაგმენტი ნიკო სამადაშვილის ცხოვრება-შემოქმედებისადმი მიძღვნილი სტატიებიდან:

პოეტი „სიკვდილამდე რევიზორ-ბუღალტრად მუშაობდა, რათა შეენახა თავისი დიდი ოჯახი და ვიყოთ პირდაპირნი - ამ პროფესიასთან დაკავშირებული ბევრი უსიამოვნება იწვნია. იყო მის ცხოვრებასა და ბედში რაღაც ფრანსუა ვიიონისებური; რაღაცნაირი, თითქოს ერთმანეთის გამომრიცხველი საწყისების ფანტასტიკური თავმოყრა, რომელთა მწვავე დაპირისპირება და შეჯახება უცნაურად მტკივნეულ ექოს გამოსცემდა მის ლექსებში. მე ვერ ვიტყვი, რომ მისი ცხოვრების ეს ყოფითი მხარე ყოველთვის უმწიკვლო ან შეუსვრელი ყოფილიყო... მაგრამ იმ ამარტის მსგავსად, რომელსაც, ერთი ძველი პოეტის თქმით, ტალახში ჰქელავენ გამვლელები, ნიკო სამადაშვილს, როგორც ადამიანსა და პოეტს. შენარჩუნებული ჰქონდა გულის შეუბღალავი სიწმინდე და წრფელი უშუალობა, რომელსაც იგი პოეზიაში და თავის უახლოეს მეგობრებთან ავლენდა...“ (თამაზ ჩხენკელი, კაცი და პოეტი, წიგნში: პოეზია - სიბრძნის დარგი. - თბ.: საბჭოთა საქართველო, 19789, გვ. 264).

„...სამადაშვილის პიროვნული მე... არა ჰგავდა მის პოეტურ „მეს“, - მართლაც როგორი დიდი იყო ზღვარი მის შემოქმედებაში „მესა“ და მოქალაქეობას შორის, რამდენი ამაღლებული და წვრილმანი იყო ერთად მოთავსებული მის ცნობიერებაში. ამიტომ ქვეყნის ორომტრიალით შეშფოთებული მისი „მეს“ წარმოსადგენად მინდა მოვახერხო და შესაძლებლობამდე გულწრფელი ვიყო - კარგიცა და ავიც მოურიდებლად ვთქვა, რომ ბოლომდე იყოს გასაგები და გამართლებული მისი ტრაგიზმის ყველაზე მეტად ის საბედისწერო გაუგებრობა, თუ მის პიროვნებაში მარადისობაზე ჩაფიქრებულ პოეტს როგორ დაუნდობლად ებრძოდა მისივე სულში ჩაბუდული ფილისტერი და მერკანტილისტი... ეს ფული იყო მისი უბოროტესი ბედისწერა და პიროვნული ღირსების ულმობელი მტერი...“ (გაიოზ იმედაშვილი, დასახ. წერილი, გვ. 154).

თამაზ ჩხენკელს მწერლის, როგორც მოქალაქის, გამართლების მიზნით დამოწმებული აქვს თაგორის სიტყვები: „მე ჩემს ცხოვრებაში ნებსით თუ უნებლიეთ, შეიძლება ბევრი ცუდი საქციელი ჩამიდენია, მაგრამ ჩემს პოეტურ შემოქმედებაში არასოდეს მითქვამს უმართლო სიტყვა. იგი წმინდათა წმიდაა, სადაც ივანებენ უღრმესი ჭეშმარიტებანი ჩემი სულისა“.

თუკი აღნიშნულს გავითვალისწინებთ, ვფიქრობთ, უნდა დავასკვნათ, რომ ნიკო სამადაშვილმა შეგნებულად არ აირჩია პროფესიონალი პოეტის გზა, თორემ მისი ტალანტის პატრონს როდი გაუჭირდებოდა ლიტერატურული შრომით ცხოვრება. სამადაშვილის შემოქმედებითი მრწამსი უკომპრომისობას მოითხოვდა პოეტური მუზის მსახურებისას, პოეტს, როგორც ჩანს, ერჩივნა საბუღალტრო დავთრებისა და საანგარიშოს ამარა ერჩინა თავისი ოჯახი, ვინემ ყალბი პწკარი დაეწერა და ამ გზით მოეპოვებინა სიცოცხლის სახსარი, მწერალმა შემოქმედებითი თავისუფლება ამჯობინა „აღიარების“ ოქროს ბორკილებს, თავის თავს არ უღალატა და თავისი პოეტური სულის უტყუარი სურათი დაგვიტოვა, ამ მიმზიდველი სურათის ცქერა კი პოეზიის ჭეშმარიტ მოყვარულს არასდროს მოსწყინდება.

3. პოეტის სახისმეტყველებისათვის.

„საგანგებოდ უნდა ითქვას, - აღნიშნავს ზურაბ კიკნაძე, - რომ სამადაშვილი უპირატესად პოეტი-მხატვარია“ (ზურაბ კიკნაძე, მუდამ სინათლისკენ გამყივარი ძახილი, ალმანახი „პოეზია - 1986“, თბ.: მერანი 1986, გვ. 69). ჩვენი ფიქრით კი „უკანასკნელი ქრისტიანების“ ავტორი იმდენადვეა პოეტი მხატვარი, რამდენადაც პოეტი-მოაზროვნე, ფიქრის პოეტი. ნიკო სამადაშვილის შემოქმედებაში ჰარმონიულადაა ერთურთს შერწყმული გრძნობა და აზრი, ხატი და ფიქრი - აი, რაა ყველა ჭეშმარიტი პოეტის, მათ შორის „ბეთანიის“ ავტორის, მემკვიდრეობის მიმზიდველობის საიდუმლო, პოეტის უკანასკნელი საწინდარი.

ნიკო სამადაშვილის, როგორც პოეტი-მხატვრის, ყალმის ყოველი მოძრაობა ემსახურება მისი როგორც პოეტი-მოაზროვნის, ფიქრთა ნიუანსების უკეთ გამომჟღავნებას. აღნიშნულს ადასტურებს ხელოვანის მთელი მემკვიდრეობა, ერთადერთ გამონაკლისს წარმოადგენს ლექსი „ჩემი სოფელი“, რასაც ემყარება სწორედ ზურაბ კიკნაძე თავის შეხედულების დასაბუთებისას.

კაცი და მისი სული მარადიულ დრო-სივრცეში (იგულისხმება ორივე სოფლის ერთიანობა). ადამიანის ძე დაუსაზღვრელი კოსმოსის წინაშე, ყოფიერებისა და ცხოვრების არსი - აი, რა გვესახება ნიკო სამადაშვილის პოეზიის ლაიტმოტივად. ამ მთავარი ტენდენციის დასასურათხატებლად მოხმობილია ხელოვანის მთელი შემოქმედებითი უნარი, ყველა პოეტური ხერხი, რაც კი „წაშლილი კვალის“ ავტორს ხელეწიფებოდა.

ვახუშტი კოტეტიშვილი პოეტის ნაწარმოებთა ერთ-ერთი პუბლიკაციის წინასიტყვაობაში ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სამადაშვილის „ლექსებში ექსპრესიონისტული თუ სიურეალისტური ხატების გაელვებამ შესაძლოა ვინმე შეცდომაში შეიყვანოს და ევროპის ლიტერატურულ მიმდინარეობაში დააწყებინოს მათი ანალოგიების ძებნა, მაგრამ ეს ფუჭი გარჯა იქნება, ვინაიდან ქართლის სოფლიდან ახლადჩამოსულ ყმაწვილს არაფერი შეიძლებოდა სცოდნოდა ევროპული ხელოვნების ზემოთხსენებულ მიმართულებათა შესახებ“ („მნათობი“, 1986, № 2, გვ. 81).

ამ მოსაზრების უარყოფა ანდა გაზიარება ჭირს, ჯერ ერთი, პოეტის ბიოგრაფიული ფაქტების ზუსტად არცოდნისა და, მეორეც სამადაშვილის ლექსების დაუთარიღებლობის გამო. ყოველ შემთხვევაში, ვახტანგ კოტეტიშვილსა და ერეკლე ტატიშვილთან გაცნობა-დამეგობრების (ეს იყო, ალბათ, ოციანი წლების მეორე ნახევარში) შემდგომ შექმნილ ნაწარმოებებს კი უდავოდ უნდა დასტყობოდათ სამადაშვილის მოძღვარ-მეგობართა ერუდიციის კვალი. სწორედ ამ ნიშნით შეიძლება დავასკვნათ, რომ ლექსები „უკანასკნელი ქრისტიანები“, „...ქვეყნიერებას უცქეროდი ათასნაირად...“ (ეძღვნება ერეკლე ტატიშვილს), „გასეირნება“ ოციანი წლების ბოლოს ან მერმეა დაწერილი.

ასეა თუ ისე, როცა ვეხებით ნიკო სამადაშვილის პოეზიაში გაელვებულ „ექსპრესიონისტულ თუ სიურეალისტურ ხატებს“, ვფიქრობთ, დამაჯერებლად შეიძლება ვიმსჯელოთ აღნიშნულ მიმდინარეობებთან პოეტის მხატვრული მანერის მხოლოდ ტიპოლოგიური მსგავსების (და არა უშუალო გავლენის) თაობაზე.

სწორედ ამიტომ მართებულად გვეჩვენება თამაზ ჩხენკელის შეხედულება, რომ სამადაშვილის „პოეზიის ფორმისმიერი მასალა ან გარეხედი ფესვეულად ეროვნულია (ეთნიკურიც კი) უმცირეს დეტალებამდე, და იგი სათავეს ხალხური აზროვნების წიაღიდან იღებს, რომელშიც ორგანულად იყო შერწყმული წარმართული კოსმიზმის წარმოდგენები და ქრისტიანული დღესასწაულებისა და ზნე-ჩვეულებების პათეტიკური სილამაზე, ხოლო შინაარსი უნივერსალური, ამავე დროს, უაღრესად თანადროულია და ზოგად ხაზებში დასავლეთის ახალ პოეზიას ენათესავება“ (თამაზ ჩხენკელი, დასახ. წერილი, გვ. 272).

როგორც თამაზ ჩხენკელმა დაასაბუთა, ეროვნული პოეზიის ხაზით ნიკო სამადაშვილის შემოქმედების მასაზრდოებელ ფესვებს ვაჟა-ფშაველას მხატვრულ სამყაროსთანაც მივყავართ (თამაზ ჩხენკელი, დასახ. წერილი, გვ. 269), ჩვენის მხრით კი დავუმატებდით, რომ ტიპოლოგიური მსგავსების თვალსაზრისით ბევრი საერთო აკავშირებს ერთმანეთთან გრანელისა და სამადაშვილის ლექსებსაც, ვფიქრობთ, რაღაც შინაგანი, სისხლხორცეული კავშირები იგრძნობა სამადაშვილისა და შოთა ჩანტლაძის მემკვიდრეობას (რომ აღარაფერი ვთქვათ შემოქმედებითი ბედ-იღბლის მსგავსების გამო) შორის.

პოეტის ერთ-ერთი ახლობლის გადმოცემის თანახმად, ერეკლე ტატიშვილი „დაბეჯითებით“ ამტკიცებდა, „რომ სამადაშვილი არის დიდი პოეტი და საყურადღებოა არა მხოლოდ საქართველოს მასშტაბით...“ (გაიოზ იმედაშვილი, დასახ. წერილი, გვ. 147). თვით გალაკტიონის მოწონებაც კი დაუმსახურებია „უკანასკნელი ქრისტიანების“ ავტორის ლექსებს, რასაც დიდი პოეტის მინაწერი მოწმობს სამადაშვილის ნაწარმოებთა ხელნაწერზე (იქვე, გვ. 148).

და თუკი ნიკო სამადაშვილის პოეზიას დღემდე აკლია ღირსეული, საყოველთაო აღიარება, ეს იმ გარემოების ბრალია, რომ აქამდე ვერ მოხერხებულა მწერლის მემკვიდრეობის სრულიად გამოქვეყნება (თუმცა, თუ არ ვცდებით, ამგვარი კრებული უკვე მოამზადეს დასაბეჭდად თამაზ ჩხენკელმა და როსტომ ჩხეიძემ)... პოეტის ნაწარმოებთა ამა თუ იმ პერიოდულ გამოცემაში გაფანტულმა პუბლიკაციებმა, ლექსთა ადრინდელ პატარა წიგნთან ერთად, ძნელია, სრულყოფილად შეაფასებინოს მკითხველს ნიკო სამადაშვილის ტალანტის ჭეშმარიტი სიდიადე...

________________

43. სწორია: რომ გიძახიან? - შებინდული პლანეტებია...“

2.29 29. სულაკაური, არჩილ. თბილისური ჩანახატები:

▲ზევით დაბრუნება


[ნიკო სამადაშვილი ჟამი შეხვედრისა და ჟამი განშორებისა ]. - თბილისი, 2013. - გვ. 43-52. - ISBN 9789941054075

ნიკო სამადაშვილი - ეს სახელი და გვარი პირველად უნივერსიტეტში გავიგონე.

უკვე ასპირანტი ვიყავი, ლექსების პირველი წიგნი გამოცემული მქონდა და ლიტერატურული წრის სხდომებს მაინც ერთგულად ვესწრებოდი. ერთხელ, სხდომის დამთავრების შემდეგ, ჩემთან მოვიდა და გამეცნო ქალიშვილი, რომელიც ყურადღებას იმით იქცევდა, რომ წრეზე იშვიათად, დროდადრო გამოჩნდებოდა ხოლმე, დაუდევრად თუ უცნაურად ეცვა, აუდიტორიაში განმარტოებით იჯდა და ხმას არ იღებდა. საკმაოდ მომხიბვლელი სახე ჰქონდა, ოდნავ დამცინავად იღიმებოდა. თითქოს უფრო მეტი იცოდა, ვიდრე ამჟღავნებდა.

უნივერსიტეტის სტუდენტი აღმოჩნდა - ციალა მგალობლიშვილი, დაუსწრებლად სწავლობდა ფილოლოგიის ფაკულტეტზე და რამდენადაც მახსოვს, თანამედროვე ლიტერატურულ პროცესებში კარგად ერკვეოდა. როგორც ვთქვი, წრის სხდომებზე ხანდახან გამოჩნდებოდა ხოლმე და ერთ-ერთი ასეთი ვიზიტის შემდეგ თითქოს სხვათა შორის მკითხა, ნიკო სამადაშვილი თუ გაგიგონიაო.

იმ დღეს პირველად გავიგონე ეს სახელი და გვარი - ნიკო სამადაშვილი.

მერმე განზე გამიყვანა და დერეფანში, ფანჯრის წინ ზეპირად მითხრა ნიკო სამადაშვილის სხვადასხვა ლექსის რამდენიმე სტროფი. მომეწონა. უფრო მეტიც: ძალიან მომეწონა. ასევე ვუთხარი. ციალა მგალობლიშვილი კმაყოფილი დარჩა და შემპირდა, შემდეგ სხდომაზე ლექსებს მოგიტანო. მართლა მომიტანა მანქანით გადაბეჭდილი ექვსი თუ შვიდი ლექსი. წაკითხულმა ჩემზე უფრო ძლიერი შთაბეჭდილება დატოვა. ამ შვიდიოდე ლექსის მიხედვით ნიკო სამადაშვილი ჩამოყალიბებულ პოეტად მომეჩვენა. ისეთ პოეტად, რომელსაც თავისი სამყარო უკვე აღმოჩენილი ჰქონდა. ცხადია, იმასაც მივხვდი, იგი ჩვენი თაობისა არ უნდა ყოფილიყო.

ალღომ არ მიმტყუნა, ნიკო სამადაშვილი სხვა თაობის კაცი აღმოჩნდა. ჩემზე ოცდაორი-ოცდასამი წლით უფროსი, დაოჯახებული, სამი შვილის მამა. სადღაც მუშაობდა რევიზორ-ბუღალტრად. სად? დღემდე არ ვიცი.

ციალა მგალობლიშვილმა მითხრა, ლექსები ხომ წაგაკითხე, ახლა თავად ნიკოს გაგაცნობო და ერთ საღამოს შინ მიმიპატიჟა. თუ არ ვცდები, მერკვილაძის ქუჩის ბოლოში ცხოვრობდა. ნიკო სამადაშვილი ციალას უფროსი დის, ანიკოს მეგობარი და მათი ოჯახის ხშირი სტუმარი იყო. იმ საღამოს მე კი ვეწვიე მგალობლიშვილებს, სამი დის საზოგადოებაში მურაბიანი ჩაიც მივირთვი, მაგრამ ნიკო სამადაშვილი არ გამოცხადებულა. დიდხანს ველოდე, გვიანობამდე, მერმე გაწბილებული და გულდაწყვეტილი დავბრუნდი შინ. ეს კი იყო, მაჩვენეს კარგა ხნის წინ გადაღებული ჯგუფური პორტრეტი, რომელზეც სხვებთან ერთად ნიკო სამადაშვილი და ანიკო იყვნენ აღბეჭდილები.

ამასობაში ლექსები თამაზ ჩხენკელს მივუტანე. თამაზმა გულისყურით წაიკითხა და თქვა: ეს კაცი უსათუოდ უნდა გავიცნოთო. მე რაც ვიცოდი, ყველაფერი წვრილად მოვუყევი, მაგრამ ეს ცოდნა არც მე მაკმაყოფილებდა და არც თამაზ ჩხენკელს. დრო გადიოდა, ნიკო სამადაშვილის გაცნობა ვერ მოვახერხე. ციალა მგალობლიშვილი, ვისი იმედიც მქონდა, ლიტერატურული წრის სხდომებზე კარგა ხანს არ გამოჩენილა. არადა, ამ კაცის შესახებ უფრო მეტი გვინდოდა გვცოდნოდა, გვინდოდა სხვა ლექსებიც წაგვეკითხა, რომ სრული წარმოდგენა გვქონოდა მასზეც და მის სამყაროზეც.

ერთ საღამოს მე და თამაზ ჩხენკელი რუსთაველზე „ბორიას სახინკლეში“ შევედით. უამრავი ხალხი ირეოდა, ლუდის მოყვარულთა ბოდიალსა და ჟრიამულში, თამბაქოს ბოლსა და ხინკლის ოხშივარში ნიაზ დიასამიძის ხმა გავიგონე. ყველას გასაგონად სალუდეს აუწყა ჩვენი შემოსვლა, გარკვევით წარმოთქვა ჩვენი გვარები, თამაზ ჩხენკელსა და არჩილ სულაკაურს მივესალმებიო. მისალმებას შთაბეჭდილება არ მოუხდენია, არავითარი. სალუდემ ცხოვრება ჩვეულებრივად გააგრძელა. ჩვენ კი, ცხადია, ცოტათი შევცბით და უხერხულად შევიშმუშნეთ. მერმე ჩვენს მაგიდასთან თავის ჭიქიანად ნიაზი მოვიდა და თამაზ ჩხენკელმა უსაყვედურა, რა საჭირო იყო ჩვენი გვარების ასე საჯაროდ გამოჭენებაო. ფართო საზოგადოება თქვენს გვარებს ნელ-ნელა უნდა შევაჩვიოო, უპასუხა მისთვის დამახასიათებელი ინტონაციით ნიაზ დიასამიძემ.

ისინი ლაპარაკს შეჰყვნენ, ჩემი ყურადღება კი მიიპყრო ვიღაც მელოტმა კაცმა, რომელიც ნახევრად ბნელ სალუდეში დაჟინებით მიმზერდა. დავაკვირდი, გაიღიმა და მე ერთი წამით გონება გამინათდა, მგალობლიშვილების ოჯახში ნანახი ჯგუფური პორტრეტი გამახსენდა. მივხვდი, უფრო ზუსტად - იერით ვიცანი ნიკო სამადაშვილი, მიუხედავად იმისა, რომ სურათზე გაცილებით ახალგაზრდად გამოიყურებოდა. ნიკო სამადაშვილიც მიხვდა, მე რომ ის ვიცანი და ჩვენ სიტყვის უთქმელად მივუახლოვდით ერთმანეთს, ხელი ჩამოვართვით.

- შენი გვარი რომ გავიგონე, რაღაცნაირად გამიხარდა. - მომმართა შინაურულად, -მაპატიე, ჩემო არჩილ, იმ საღამოს ვერ მოვედი... ვერ მოვედი კი არა, არ მოვედი. ეტყობა, მე სხვა ყაიდაზე ვარ მოჭრილი, არ შემიძლია, კაცის გასაცნობად მურაბიან ჩაიზე რომ დაგპატიჟებენ და მიხვალ. ასეთი ცერემონიების თავი არა მაქვს. მოულოდნელად მირჩევნია კაცის გაცნობა, წინასწარ შეუმზადებლად.

გამახსენდა ის უხერხული დაძაბულობა, რომელიც მგალობლიშვილების სახლში დამეუფლა. სამ დასთან ერთად ჩაის სმით გატარებული დრო საუკუნედ რომ მომეჩვენა. ნიკო სამადაშვილის მოლოდინში აღარ ვიცოდით, რაზე გველაპარაკა.

მერმე ესეც მითხრა: თუ რამე გიჭირთ, ნუ მოგერიდება. მე ხომ ვიცი თქვენი ამბავი, ბორიას თქვენი საათების მთელი კოლექცია აქვსო. ამჯერად ყველაფერი რიგზეა-მეთქი, მორცხვად გავიღიმე. თან მის ნათქვამში ვიგრძენი მზრუნველი კილო, თბილი, მამაშვილური. გაივლის დრო და მე მივხვდები, რომ ნიკო სამადაშვილმა გაცნობის პირველი წუთებიდანვე დაიწყო ჩემზე ზრუნვა და არა მარტო ჩემზე. მას ასეთივე დამოკიდებულება ჰქონდა ჩემი მეგობრების მიმართაც, რომლებიც შემდეგ გავაცანი. ეს მისი მრავალმხრივი შინაგანი ბუნების ერთ-ერთი გამოვლინება იყო. იმ საღამოს დავთქვით: სამი დღის შემდეგ, ზემელზე შევხვდებოდით ერთმანეთს.

ჩემს მაგიდას რომ დავუბრუნდი, ნიაზ დიასამიძე უკვე წასული დამხვდა. თამაზ ჩხენკელმა მკითხა, ეგ კაცი ვინ იყო, ვის ელაპარაკებოდიო, ნიკო სამადაშვილს-მეთქი, ისე ვითომც არაფერი, უმნიშვნელოდ ვუპასუხე. რატომ არ გამაცანიო გაუკვირდა. გაგაცნობ, რა გვეჩქარება, აქ არ არის-მეთქი, იმავე ტონით ვეუბნები. მერმე გაცნობა დავაპირე, მივდექ-მოვდექი, ძებნა დავუწყე, გარეთაც გავედი. როგორც ჩანს, ვიდრე თამაზ ჩხენკელი და მე ვსაუბრობდით, ნიკო სამადაშვილი თავის მეგობრებიანად ისე წავიდა, რომ ვერ შევნიშნე. ცხადია გული დაგვწყდა.

ასე შემთხვევით, ნიაზ დიასამიძის თითქოსდა უადგილო წამოძახილის წყალობით, გავიცანი ნიკო სამადაშვილი.

სამი დღის შემდეგ დათქმულ ადგილას შევხვდით. ნიკო სამადაშვილი იქვე, რუსთაველის მოედანთან, მოსკოვის ქუჩის ერთ-ერთ ასახვევში ცხოვრობდა თურმე. შევხვდით როგორც დიდი ხნის ნაცნობები. ისე კი, კაცმა რომ თქვას, ჩვენ ნაცნობები არასდროს ვყოფილვართ, ჩვენი გაცნობის დღიდანვე დავუმეგობრდით ერთმანეთს. თუმცა, მე ყოველთვის ბატონობით მივმართავდი და, თუ არ ვცდები, ასე მიმართავდნენ ჩემი მეგობრებიც: თამაზ ჩხენკელი, რევაზ თვარაძე და რამაზ პატარიძე, რომლებიც სულ მალე გავაცანი ბატონ ნიკოს.

უცნაური რამ ხდებოდა. იმ დროს ჩემთვის გაუგებარი: ნიკო სამადაშვილის ლექსები უბით დამქონდა, ზოგი უკვე ზეპირად ვიცოდი, ვუკითხავდი ნაცნობ პოეტებს, ვუკითხავდი არაპოეტებსაც, უბრალოდ - პოეზიის მოყვარულებს და ყველანი შეთქმულებივით გულგრილად მომჩერებოდნენ, უკეთეს შემთხვევაში დაეჭვებულნი იღიმებოდნენ, არც ისეთი ლექსებია, შენ რომ გგონიაო. ზოგი რითმას უწუნებდა, ზოგი - ვერტიფიკაციას, ზოგი - რას და ზოგი - რას. ზოგჯერ ეჭვიც კი შემპარვია ჩემს თავსა და ჩემი მეგობრების ცოდნასა და გემოვნებაში. მერმე შევხვდებოდი ჩემს მეგობრებს, ვისაუბრებდით და ყოველგვარი ეჭვი უკვალოდ ქრებოდა.

თანდათან დავუახლოვდი ლიტერატურულ გარემოს, რედაქციებს, მერმე მე თვითონ დავიწყე მუშაობა ჟურნალ „მნათობის“ რედაქციაში და მეგონა, გულგრილობის ბარიერს როგორღაც გავარღვევდი, ამაოდ, ერთმა რედაქტორმა ნიკო სამადაშვილის „ბეთანია“ რომ წაიკითხა, ყურადღება ამ სტრიქონზე შეაჩერა: „ახლაც კი ვამჩნევ ლაშას სახეზე ჯალალედინის შემოკრულ სილას“. ეს ორი სტრიქონი ხმამაღლა წაიკითხა, გაკვირვებულმა შემომხედა და მითხრა: შენს მეგობარს საქართველოს ისტორია წესიერად არ წაუკითხავს, ლაშა-გიორგი და ჯალალედინი ერთმანეთს არასადროს შეხვედრიანო. ლექსში ლაშა კი არა ეპოქა იგულისხმება-მეთქი, ვცადე განმარტება, მაგრამ არაფერი გამომივიდა.

ნიკო სამადაშვილი სამჯერ თუ ოთხჯერ მოვიდა „მნათობის“ რედაქციაში. მე უკვე მრცხვენოდა მასთან შეხვედრა, ლექსების დაბეჭდვა, რომ ვერ მოვახერხე. ის გრძნობდა ჩემს უხერხულ მდგომარეობას და აქეთ მამშვიდებდა, შენ ნუ წუხხარ, მე შეჩვეული ვარ ეგეთ ცხოვრებასო. მერმე წავიდოდით რომელიმე სასადილოში, იშვიათად - სალუდეში. დიდი რესტორნები მაინცადამაინც არ იზიდავდა, უყვარდა კედელთან ჯდომა და მყუდრო საუბარი, ლექსების კითხვა. ხშირად იგონებდა ერეკლე ტატიშვილს, როგორც ჩანს, განსაკუთრებულ პატივს სცემდა, ჩემი მასწავლებელიაო, სიამაყით ამბობდა. იხსენებდა მეგობრებს - ფიზიოლოგიის პროფესორს, ქუჯი ძიძიშვილსა და ალექსანდრე გამყრელიძეს, ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეციალისტს, მთარგმნელს, რომლებიც მის გვერდით არასდროს მინახავს.

მაინტერესებდა მეგობრების დამოკიდებულება ნიკო სამადაშვილისადმი. მაგრამ ისინი ჩემზე უფროსები იყვნენ, თან არ ვიცნობდი და ჩემს თავს უფლებას ვერ მივცემდი, მივსულიყავი მათთან და მეკითხა, თქვენს მეგობარზე რა აზრისა ხართ-მეთქი. გარკვეული ხნის შემდეგ, როცა ნიკო სამადაშვილი უკვე ამქვეყნად აღარ იყო, ორივე გავიცანი და მათი აზრიც შევიტყვე: ნიკო სამადაშვილი ძველი, მეგობრული სიყვარულით უყვარდათ, ოღონდ გზასაცდენილ კაცად, ხელმოცარულ პოეტად თვლიდნენ, გულწრფელად წუხდნენ იმის გამო, რომ ასეთმა ნიჭიერმა კაცმა ცხოვრებაში თავისი ადგილი ვერ მონახა. ცხადია, მე მათ აზრს არ ვიზიარებდი, მაგრამ ჩემთვის სასიამოვნო აღმოჩნდა ის, რომ ბოლომდე იმეგობრეს, ბოლომდე შეინარჩუნეს სიჭაბუკის დროინდელი სიყვარული. ეს კი იყო, როცა ცნობილი ფიზიოლოგის ლექსების კრებული წავიკითხე, მივხვდი რატომაც თვლიდა იგი თავის მეგობარს ხელმოცარულ პოეტად. ამ წიგნის ავტორს, რა თქმა უნდა, ნიკო სამადაშვილის ლექსები არ უნდა მოსწონებოდა.

ნიკო სამადაშვილი შინ თუ არ გამომივლიდა, კვირაში ერთხელ მაინც მირეკავდა, შენცა და შენი მეგობარიც უგულოები ხართო, მისაყვედურებდა ხოლმე. ის შენი ძმაკაცი მაინც სად დაიკარგა, თამაზ ჩხენკელს გულისხმობდა, დორანში ხომ ჩავარდაო, ე.ი. ხომ არ გამდიდრდაო, იცინოდა. დაწვრილებით გამომკითხავდა, როგორ ვცხოვრობდით, რამე ხომ არ გვიჭირდა. მოკითხვის შემდეგ სულ ამას მეუბნებოდა, მანდ რას უზიხარ, ბიჭო, გავიდეთ, ამ ქაოსს თავი დავაღწიოთ, გავიდეთ, გავიდეთო... მე ვერ ვხედავდი იმ გზას, რომელიც ქაოსს იქით გაგვიყვანდა. არც ვიცოდი, რა გზა იყო ეს გზა. მე მგონი, ვერც ნიკო სამადაშვილი ხედავდა თავის დასაღწევ გზებს.

ნიკო სამადაშვილს უკანასკნელად 1963 წლის 30 აპრილს შევხვდი. ბინდდებოდა, შინ ვბრუნდებოდი. რუსთაველის მოედანზე შევეფეთე. ორივეს ძალიან გაგვიხარდა მოულოდნელი შეხვედრა, მივესალმეთ, გადავეხვიეთ, ერთმანეთი მოვიკითხეთ. მერმე მითხრა, ამხანაგებთან ერთად „გემოში“ ვზივარ, ვეღარ გავძელი, სული დამეხუთა და გარეთ გამოვედიო. მხარზე ხელი მომხვია და „გემოსკენ“ წამიყვანა. გავუძალიანდი, ნამდვილად არ მინდოდა იქ ჩასვლა და უცხო ხალხთან ჯდომა, მაგრამ ბატონმა ნიკომ ხელი არ გამიშვა, მეც ხათრი ვეღარ გავუტეხე.

მაშინ „გემო“ ჩვეულებრივი სასადილო იყო. მერმე გადააკეთეს რესტორნად და რამდენიმე კედელი ლადო გუდიაშვილს მოახატვინეს. სასადილო თითქმის ცარიელი დამხვდა. მეორე დღეს მაისი დგებოდა და ხალხი, ეტყობა, საპირველმაისოდ ემზადებოდა, მივედით მაგიდასთან, რომელსაც სამი კაცი უჯდა - ნიკო სამადაშვილის თანამშრომლები. შინაურული ხალხი აღმოჩნდა, სუფრისკაცები, სმაც რომ იციან და პირის გემოცა აქვთ, სადღეგრძელოებიც ემარჯვებათ, თავისებურად ხუმრობენ კიდეც და დროს ატარებენ. შინაურულად მიმიღეს და მეც მალე გავუშინაურდი.

ნიკო სამადაშვილი თავის თავს არ ჰგავდა, ბორგავდა, შფოთავდა, თითქოს სუფრიდან გაქცევას ლამობდა. თანამშრომლები ეხუმრებოდნენ, დაბერდი, შე ოხერო, სუფრაზე ჯდომა აღარ შეგიძლიაო. უცებ ლექსის წაკითხვა ვთხოვე, ჯერ თანამშრომლებს გადახედა, მერმე მე მომაპყრო გაოცებული მზერა, ვითომ რა დროს ეგ არისო. მე ჩემსაზე დავდექი, შევეხვეწე. თანამშრომლები გამომცდელად გაყუჩდნენ, ალბათ არ მოელოდნენ, ანდა არ ეგონათ, შუა პურის ჭამაში თუ ვინმეს ლექსის მოსმენა მოუნდებოდა. ერთი ლექსი რომ წაიკითხა, ახლა მეორე-მეთქი, არ მოვეშვი. სულ ოთხი ლექსი წაიკითხა, მეტი აღარ შემიძლიაო, ღრმად ამოისუნთქა.

მერმე ფეხზე ავდექი და ნიკო სამადაშვილი ვადღეგრძელე. დიდი მჭევრმეტყველი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ იმ საღამოს სიტყვის ძებნა არ დამიწყია. გულწრფელად ვთქვი, გავუმხილე ის სიყვარული და პატივისცემა, რასაც აქამდე რატომღაც ვერ ვეუბნებოდი. ყველამ ადღეგრძელა. მხოლოდ ერთმა, თითქოს სხვათა შორის, იჭვნეულად ჩაილაპარაკა, თუ ეგეთი პოეტია, ლექსებს რატომ არ უბეჭდავენო. დღეს თუ არა, ხვალ უსათუოდ დაუბეჭდავენ-მეთქი, „დავამშვიდე“. მერმე სუფრას ბოდიში მოვუხადე და წამოვედი. ნიკო სამადაშვილს დარჩენა არ დაუძალებია, გამომაცილა, ნახევარსარდაფიდან ქუჩაში ამოვედით, რუსთაველის მოედნამდე ერთად ვიარეთ. ჩემთან შეხვედრით კმაყოფილი ჩანდა, ეს გამოხატა კიდეც.

- კიდევ კარგი, შეგხვდი. ხანდახან, ალბათ, ეგეც საჭიროა. ერთმანეთს მხარი უნდა გავუმაგროთ. - შეჩერდა, დიდხანს იდგა ჩაფიქრებული. - სულ მინდოდა კაცურად მეცხოვრა, თითქოს ვიცხოვრე, კაცურად გავიარე ცხოვრების გზა, მაგრამ... რა არის, იცი, ერთი დღე არ მახსოვს ისეთი, თავი რომ ადამიანად მეგრძნო, ეს სულ სხვა რამეა, ჩემო არჩილ, სულ სხვა... მითხარი, შეიძლება, კაცმა სამოცი წელი იცხოვროს ქვეყანაზე და ერთხელ მაინც ვერ იგრძნოს, რომ ის ადამიანია?! ამ ქაოსიდან ვერ გავედი, ვერა და ვერ გავედი...

ჩვენ გადავეხვიეთ ერთმანეთს და დავემშვიდობეთ. ნიკო სამადაშვილი თანამშრომლებთან დაბრუნდა, სირცხვილია, მივატოვეო, მითხრა დამშვიდობებისას.

მეორე დღეს შინიდან დილით გამოსულა. საპირველმაისო დემონსტრაცია უკვე დაწყებული ყოფილა. რუსთაველის მოედნამდე ჩაუღწევია და წაქცეულა. ნიკო სამადაშვილის გარდაცვალება რომ შევიტყვე, თავზარი დამეცა...

„ჰო, რა ნუგეშით შემოვცქეროდით
ქაოსებს იქით გაშვერილ ხელებს.“

დროდადრო მეხსიერებიდან ამოტივტივდება ეს სტრიქონები და რომელიღაც ფრესკის დეტალს მაგონებს, რომელიც ვერაფრით გამიხსენებია.

P.S. გარდაცვალებიდან სამი წლის შემდეგ გამოქვეყნდა მისი ლექსები. 1967 წელს რევაზ თვარაძე დანიშნეს გაზეთ „ლიტერატურული საქართველოს“ მთავარ რედაქტორად. მან დაბეჭდა პირველად ნიკო სამადაშვილის ხუთი ლექსი. 1973 წელს გამომცემლობა „მერანმა“ გამოსცა ნიკო სამადაშვილის ლექსების პირველი კრებული „ბეთანია“, რომელიც შეადგინა თამაზ ჩხენკელმა. თამაზ ჩხენკელმა უპატრონა პოეტის ლიტერატურულ მემკვიდრეობას და დაწერა პირველი წერილი მის პიროვნებასა და შემოქმედებაზე. შემდეგ მე განვახორციელე ჩემი ძველი ჩანაფიქრი: „ნაკადულში“ მუშაობისას გამოვეცი მრავალსაუკუნოვანი ქართული პოეზიის ჩვიდმეტტომეული. მეთხუთმეტე ტომში ნიკო სამადაშვილი წარმოჩენილია სამოცდაერთი ლექსით, რითაც დამკვიდრებული აქვს თავისი ადგილი ქართული პოეზიის განვითარების დიდ გზაზე. მეთხუთმეტე ტომი შეადგინეს: გივი გეგეჭკორმა, ემზარ კვიტაიშვილმა და ტარიელ ჭანტურიამ. ამავე დროს მოვლენები ბუნებრივად ვითარდებოდა, ნიკო სამადაშვილმა შეიძინა ბევრი თაყვანისმცემელიცა და... ჭირისუფალიც.

2.30 30. ქადაგიძე, იკა. ვის მივყიდით ქართულ მწერლობას?!:

▲ზევით დაბრუნება


[დრამატული პარალელები]. - თბილისი, 2009. - გვ. 64-67. - ISBN 9789941405488

რილკეს თუ დავუჯერებთ, „წიგნები ცარიელია... საკუთარი სისხლი უნდა იკითხოს კაცმა...“

ფრანც (მასზე) - 30კაფკას შემოქმედება აბსურდში გვითრევს.

საინტერესოა, ნამდვილი ცხოვრება ხელოვანს რას სთავაზობს: ყოფით დრამას თუ რეალურად არსებული აბსურდის ქარაგმულ მიწიერ ვარიაციებს?

გააჩნია, პიროვნების ბიოგრაფიის შედგენისას იღბალი რას ანიჭებს უპირატესობას, უმათვრესად რით ხელმძღვანელობს. ამგვარი მოვლენების შეფასებისას ზუსტი პასუხის გამოძებნა შეუძლებელია, ვინაიდან არაერთი ცხოვრებისეული მაგალითი ურთიერთგამომრიცხავ, წინააღმდეგობრივ ქარგაზეა აღმოცენებული. რაც შეეხება ლიტერატურულ გამოცდილებას, საკუთარი მოსაზრების განსამტკიცებლად უმჯობესია ორიოდე უჩვეულო მაგალითი მოვიხმოთ.

ძნელია დაეჭვდე ცხოვრებისეულ აბსურდში, როდესაც მსგავს ამბავს წააწყდები: ცნობილი ქართველი პოეტი ნიკო სამადაშვილი 1943 წელს წარმოუდგენელი ბრალდებით დააპატიმრეს, მას XX საუკუნის დასაწყისში ჩამოყალიბებული პარტიის წევრობა „გაუხსენეს“, პარტიისა, რომელმაც პოეტის დაბადებამდე განიცადა ლიკვიდაცია. თავად პოეტის ცხოვრების წესიც აბსურდის ტიპიური ნიმუშია. რევიზორად გამწესებული „ჩინოვნიკი“ ფარულად წერდა ლექსებს. სამსახურში კი გაუთავებლად საყვედურობდნენ, რომ მას თითქოს ხელოვნება და განსაკუთრებით პოეზია არ უყვარდა. სწორედ იმის უგულვებელყოფაში ადანაშაულებდნენ, რის გამოც მთელი ცხოვრება ჯვარს ეცვა.

„ავადმყოფობა ეგონათ, ბიჭო,
ლექსები ტანზე გამონაყარი.“

ერთხელ ამ სტრიქონების ავტორმა სამსახურებრივი მოვალეობის აღსრულების დროს ადგილზე ქონების დიდი გაფლანგვა აღმოაჩინა. კომუნისტურ პერიოდში გაუგონარი სკანდალის თავიდან ასაცილებლად მას დუმილის სანაცვლოდ ფულით სავსე ჩემოდანი შეაძლიეს, ნიკო სამადაშვილმა ვეება ჩემოდანი პავლე ინგოროყვას სახელგანთქმულ პორტფელთან ვერ გააიგივა და ცხადია, „ძღვენზე“ უარი თქვა. ამ შემთხვევის ფინალი შემდეგნაირად გასრულდა. პოეტის მიერ დაწუნებული ქრთამი მაშინდელი ცეკავშირის გამგეობის თავმჯდომარემ აიღო, ნიკო სამადაშვილი კი, როგორც არაპროფესიონალი რევიზორის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

პოეტ-რევიზორს გოგენისთვის დამახასიათებელი გადაწყვეტილების მიღების უნარი არ აღმოაჩნდა. იგი სიცოცხლის ბოლომდე ბიუროკრატიული სამსახურის მოხელეობას დასჯერდა, რადგან დრო იდგა აბსურდული და შემოქმედმა განიზრახა აბსურდი თავის სამსახურში ჩაეყენებინა.

სახარებისეული შეგონება „შენს მტერს ზედმეტად ნუ გააღიზიანებ“, მაშინ არნახულად ჭრიდა.

უკვე აღვნიშნე, რომ ხელოვანმა აბსურდის დეკორაციების სათავისოდ გამოყენება მოინდომა, რადგან საჯარო აღიარებას შეურყვნელი სიცოცხლე ერჩივნა. დიდების ეშაფოტზე ასვლას არ ჩქარობდა. სწორედ ამგვარი არჩევანის სირთულეში იკითხება პოეტის პიროვნული სიძლიერე, ნებისყოფის ნებელობა, რომელსაც სწამს, რომ ხელოვანი თანამედროვეობის მიერ გაღებული მოწყალების ნარჩენებით არ უნდა დაპურდეს. შემოქმედისთვის დამახასიათებელი უკომპრომისობაც აქედან იღებს სათავეს და რაც უფრო ყურადსაღებია, ეს მომთხოვნელობა, უპირველესად, თავად საკუთარი სამყაროს გასაცხრილადაა მიმართული.

წინააღმდეგ შემთხვევაში ნიკო სამადაშვილი ვეღარ დაიკვეხნიდა ლექსის გაუხედნავი სილაღითა და ხორკლიანობით, რაც მის პოეზიას ესოდენ განასხვავებს დანარჩენ თანამოკალმეთა საჭიროზე მოწესრიგებული სიმშრალისა და ყალბი ჰეროიკულობისგან.

პოეტი იძულებული შეიქმნა აბსურდის მიერ შეთავაზებული ბრძოლის ყველა წესი დაეცვა, რისი მეშვეობითაც უფლება ენიჭებოდა ცხოვრებისეული კანონზომიერება ნებისმიერ დროს დაერღვია. მან ალღო აუღო იმას, რომ აბსურდის ძალმოსილება შემდეგში მდგომარეობს: ჩვენ უნარი არ შეგვწევს მისი არსებობა უბრალოდ ვაღიაროთ ან მეცნიერულად დავამტკიცოთ. საამისოდ მეტისმეტად ხელმოსაჭიდი, რეალური საბუთია საჭირო.

ნიკო სამადაშვილი საკუთარ თავს იმის ფუფუნების უფლებას აძლევდა, თუნდაც ჩრდილში მდგომს წარმოეთქვა ის, რასაც მისი სიღრმიდან ამომართული შინაგანობა კარნახობდა, უღალატოდ მიჰყოლოდა მხოლოდ მისთვის გამწესებულ დამრეც ბილიკს, რომელზედაც სხვები ფეხს ვერასოდეს მოიკიდებდნენ. სწორედ ამ მიზეზის გამო აღმოჩნდა იგი აბსურდის წიაღთან დანათესავებული. იქ, სადაც პიროვნების თვითდგინება დაუნანებელი ურვისა და სისხლის გაღების ფასად ხორციელდება.

ნამდვილი ხელოვნების დასაცავად სისხლი გაიღო გამორჩეულად ტრაგიკული ხვედრის მქონე შემოქმედმა - მიხეილ ჯავახიშვილმა, რომლის ბედიც აბსურდის ყველაზე უშეღავათო მოთხოვნებს აკმაყოფილებს. ჩვენ აქ დიდი მწერლის ბიოგრაფიის ერთ მცირე მონაკვეთს შევეხებით. მხედველობაში გვაქვს გახმაურებული რომანი „კვაჭი კვაჭანტირაძე“, სადაც აბსურდის სრულუფლებიან პერსონაჟად თავად ავტორი გვევლინება. მწერალი თხრობის ორიგინალურ ხერხს მიმართავს, წინასწარ სრულიად უპირობოდ, გაუფრთხილებლად იჭრება აბსურდის დაუსრულებელ ლაბირინთში, რომლის ცენტრშიც სახელმოხვეჭილი ავანტიურისტი კვაჭი კვაჭანტირაძე აღმართულა.

მიხეილ ჯავახიშვილს ამ ცნობილი თაღლითის ოინები საკუთარ თავზე უწვნევია. ცხოვრებაში თვითონ გადაეყარა კაცს, რომელიც მოგვიანებით თავისი რომანის გმირად აქცია. საეჭვო საქმეების უბადლო „გამაიმასქნებელ“ კვაჭანტირაძეს ამიერკავკასიის საოლქო ინსპექტორი მიხეილ ჯავახიშვილი აფიორაში გამოიჭერს.

ერთი შეხედვით ყველაფერი გარკვეულია, სიცრუე გამოაშკარავდა, დამნაშავე მხილებულია. კანონმორჩილ ინსპექტორს ისღა დარჩენია, საკუთარი მოვალეობა კეთილსინდისიერად აღასრულოს, მაგრამ აბსურდის არსი ხომ ის არის, რომ მოსალოდნელი შედეგის განხორციელება არ დაუშვას.

თუკი კაფკას „პროცესში“ უდანაშაულო პერსონაჟს დაუმსახურებელი სასიკვდილო განაჩენით უსწორდებიან, აქ მოვლენა პირუკუ ვითარდება: კანონის აღმასრულებელი მხარე დამნაშავესთან მომგებიან ვაჭრობას აწარმოებს, ცდილობს ამ ბინძური საქმიდან გამორჩენა თავადაც დარჩეს. ამგვარი შინაარსის გარიგებიდან გამომდინარე, დაზღვევის ინსპექტორის სამართლიანი პოზიცია კულტურული გაუხმაურებლობით ბათილდება, არავითარი მნიშვნელობა აღარ აქვს იმ ფაქტს, რომ მიხეილის მიერ აფერისტის საქმიანობა გამოაშკარავებულია.

დასკვნა: დაუსჯელობის სინდრომით წახალისებული თაღლითი წყლიდან მშრალი ამოდის.

სამადაშვილის შემთხვევა უფრო ტრაგიკულად წარიმართა - მიხეილ ჯავახიშვილი წერს იმას, რაც მრავალწლიანი გამოცდილების შედეგად დაუგროვდა. ამ გზით წარმოაჩენს, რომ დაუშვებელი აბსურდი ნამდვილ ცხოვრებად გარდასახულა და ვაი იმის ბრალი, ვისაც ეს ჯერ არ შეუგნია. რეალობასთან შესისხლხორცებული აბსურდი სიმართლის მაძიებელ პიროვნებას სწორედ იმ სისხლს გამოსწოვს, რომელიც ამ უკანასკნელმა მასთან ბრძოლას უნდა შეახარჯოს.

გამოწვევა მიღებულია.

მიხეილ ჯავახიშვილმა კუთვნილი სისხლი ბოლომდე გაიღო. ნიკო სამადაშვილს გულმა ბოლომდე ვერ გაუძლო და სისხლდაწრეტილი პოეტი უეცრად ქუჩის აურზაურში გამოესალმა სიცოცხლეს. უსისხლო სტრიქონს გამოკიდებული ადამიანები კი სისხლსავსე ცხოვრებას ებღაუჭებიან. მათ ენატრებათ თუნდაც სხვის ძარღვებში ძალადაუტანებლივ მოდგაფუნე სისხლი და გულის სიღრმეში მზად არიან ნასესხები სისხლით უშინაარსო, აბსურდული ყოფა გაიხანგრძლივონ. დემნა შენგელაიას „სანავარდოში“ წინაპართა დაშრეტილ სისხლს მისტირის ბონდო ჭილაძე, რადგან გრძნობს, უსისხლოდ გადაბარებულ უმომავლო მემკვიდრეობას ღირებულება არ გააჩნია.

აბსურდის ძალმოსილება სწორედ ამ ნამდვილი მაცოცხლებელი სისხლის მოძიებასა და ამოხაპვაში ვლინდება, სხვაგვარად მისი დანიშნულება ვერაფრით დამტკიცდება.

ადრე თუ გვიან, ვისაც ვაჟკაცობაზე მეტად იღბალი შეეწევა, აბსურდს თავის წილ სისხლს აუცილებლად მოჰკითხავს. მანამდე კი: „წიგნები ცარიელია: საკუთარი სისხლი უნდა იკითხოს კაცმა“.

2005 წელი, გაზეთირაეო“ № 10, 2005 წელი.

2.31 31. ქადაგიძე, იკა. ვის მივყიდით ქართულ მწერლობას?!:

▲ზევით დაბრუნება


[ნიკო სამადაშვილის ხორკლიანი სიმართლე ]. - თბილისი, 2009. - გვ. 88-89. - ISBN 9789941405488

ნიკო სამადაშვილის პოეზიაში სიტყვა სიჩუმის ანატომიას ეწინააღმდეგება. ტრაგიკულ საბურველში გახვეული განცდა ბობოქრობს, შორეული პლანეტებისკენ გვიხმობს და ზესკნელიდან ამოხეთქილი თავდავიწყებისკენ გვიბიძგებს.

პოეტის ლექსებიდან გადმოღვრილი ფერი წარმოსახვაში ალმაცერ ანარეკლად გარდაისახება.

ისეთი შეგრძნება გიპყრობს თითქოს, სტიქიის ტალღებს მინებებული ებრძვი ყოფიერებას. იქ გადადიხარ, სადაც ხილულისა და უხილავის საზღვარი სულიდან ამომსკდარ ამბოხს ეწირება.

შორს, ფანსკუჯივით იშვიათი შეფერილობის სივრცე ილანდება, სიტყვიერი პლასტიკა ხორკლს გადაიკრავს.

ეს ნიკო სამადაშვილის სამკვიდროა. მისი ლექსი მკითხველისაგან მუდმივ დაძაბულობას მოითხოვს, აიძულებს მანამდე დაულაშქრავ სიმაღლეს მიაპყროს ყურადღება, უსწორმასწოროდ ნაშენ სტრიქონებს ადვილად ვერ მოიშინაურებ, ადვილად ვერ მოირგებ, მით უმეტეს ვერ გადააკეთებ.

დაუსრულებელი კატაკლიზმების მაუწყებელი შემოქმედი ერთგან ამბობს:

„დავიღუპები, ისე როგორც შეჰფერის ოხერს,
მუხის კივილი ზარდამცემი წავა-წამოვა,
საუკუნეებს მაცხოვარი გაჰყვება მეხრედ,
საუკუნეებს დასაბამი რომ მოაძოვა“.

იგი საკუთარ დასაბამს მუხის კივილთან აიგივებს.

მუხა - ძველქართულ ცნობიერებაში სიბრძნისა და სიძლიერის საწყისი, ნიკო სამადაშვილთან დაუფარავი ტრაგედიის ექოდ ასოცირდება. პოეტის მეხსიერებას მუხა შემოუნახავს, როგორც ოქროს საწმისის შენარჩუნების მარადიული სიმბოლო.

მას შემდეგ ათწლეულთა წყება ჩაივლის და ნიკო სამადაშვილი თვალში საცემი გულახდილობით დაიტირებს სიბნელეში ჩანთქმულ სამყაროს, იგლოვებს უღვთოდ გაძარცულ მუხას, მთვარის ბულულს. რაც თავი ახსოვს, მონატრებულ შუქს დაეძებს, ლექსთან ჭიდილისას ამირანს ემსგავსება, მასში ერთდროულად თანამყოფობს ტიტანი, რომელიც უზენაესს არ ცნობს, წარმართ ღვთაებებს უჯანყდება და კაცი, ვინც თავის მოდგმას ქაოსის დასამარცხებლად ღმერთებისგან მოპარულ სინათლეს უზიარებს.

„რა ექნა, იყო ქვა თუ ზეკაცი,
ვისთვისაც ზეცა დაპატარავდა.
ვისაც არ ჰქონდა სარკმელი მზისკენ
და რიჟრაჟებში შუქს იპარავდა.“

ნიკო სამადაშვილს სამყაროს ამგვარი ხედვა ასაზრდოებს. იგი რთული ქვეტექსტების მატარებელი შემოქმედია, სათქმელის გამჭვირვალება არ მოსდგამს, წინააღმდეგობრივ ფერთა ხატებებს დაუღალავად ძერწავს. მოულოდნელი სახეებით აღსავსე სტრიქონებში ჰადესისა და კოსმოსის უთანასწორო თანაარსებობას ამკვიდრებს.

სამადაშვილის ლექსთან მიმართებაში აზრი ყურს ეხამუშება, სტერეოტიპი ბათილდება, გაცვეთილ ეპითეტად აღიქმება დასკვნა, რომ ნიკო მხოლოდ გენიოსია, ტიტანი. იგი გაცილებით იდუმალ ზედწოდებას იმსახურებს, რომლის შესატყვისი საყდრის ჩიტად გარდასახული მგოსნის უღრმესი შრეებიდან უნდა ამოვზიდოთ. დაფარულის ამოკითხვა მუდამ განსაკუთრებულ ძალისხმევას გულისხმობს. საკრალურის გასათავისებლად დაუცხრომელი მზაობა აუცილებელია.

მისი ლექსი გაუცხოებულ ფორიაქს აღძრავს. ბოსხისეულ ფერთა გამა თვალისმომჭრელად ლივლივებს. ყოველგვარ პირობითობისგან თავდახსნილ პოეტს უხერხულია აღმატებითი ხარისხი მიუსადაგო, თუმცა „მარადისობის ჭუჭრუტანიდან“ გამომსხლტარი სინათლე ცხადყოფს, რომ ნიკო სამადაშვილის ჟამმა ჩამორეკა.

უნაპირო თვითგვემით შეპყრობილი გენიოსი ჩვენსკენ მოემართება. დაუსრულებელი უკმაყოფილების განცდა საყოველთაოდ გაბატონებულ უღმერთობაზე არანაკლებ თრგუნავს. ამავე დროს თავისივე ბუნება აშინებს. შეუმცდარად გრძნობს, რომ სიყალბის სასარგებლოდ მისხალ თავისთავდობასაც ვერ დათმობს. ღვთაებებთან უშეღავათო ჭიდილისას მოპოვებული ცეცხლით მოემართება მკითხველისკენ, დროულ აღიარებასა და დაფასებას მოკლებული უკანასკნელი ქრისტიანი გაუგებრობის ჯებირს მოანგრევს, გაუმართლებელ გაუცხოებას გაურბის, რომელიც აიძულებს, სამშობლოს დედინაცვლობა უკიჟინოს.

ვერაფრით გაუგია, მისგან რატომ მოითხოვენ მრავალთა მწირი წარმოსახვა მოაწესრიგოს, ამა ქვეყნის ძლიერთა დაკვეთით იმუშაოს, მედროვეებს ხარკი უხადოს.

იგი განსხვავებულ კაცად დაიბადა და გატკეპნილ გზაზე სიარულს ვერავინ აიძულებდა.

ამიტომაც ყველასგან უმოწყალოდ დევნილია, მის მიერ ლექსად გარდაქმნილი სინათლე მამაზეციერის უხილავი ძალმოსილებასავით თრგუნავს გარშემომყოფთ, შინაგანი უარყოფის ტვიფარი მას პიროვნულად დასტყობია.

სამადაშვილის ლექსი მზამზარეულ სიამოვნებას არ განიჭებს, პირიქით ჰაეროვანი ოცნებების ნაცვლად პირველ ცოდვის მარადიულ სიმძიმესთან მიგვაახლებს. განსჯაზე მეტად გულიდან ამოფრქვეულ ლავას უმორჩილებს იდუმალებით მოსილ სულს.

ავადმყოფობად მონათლული ლექსი ყრუ მესაფლავესავით ოხრავს და ამავდროულად ბრძოლის ჟინითაა დამუხტული. ლექსად გარდაქმნილი ბედისწერა თვლემს პოეტურ ნაკრძალში, ნიკო სამადაშვილის საუფლო რომ ჰქვია.

აქ ადვილად ვერავინ შეაბიჯებს, ნასესხები ცნობისმოყვარეობითა და სულწასულობით აღჭურვილი ადამიანები სათავისოს ვერაფერს ჰპოვებენ.

ნიკო სამადაშვილს დღენიადაგ აწამებდა განცდა, რომ ნასესხები სიცოცხლით სულდგმულობდა. სიცოცხლე, რომელიც ღვთისგან არ უთხოვია. იქნებ სულაც ლექსებისგან ნასესხები მარადიულობით ედგა სული?

ვინ იცის...

2007 .

2.32 32. ქართველი მწერლები: ბიოგრაფიები, ხელნაწერები, ფოტოები:

▲ზევით დაბრუნება


[წიგნი-ალბომი]: [კუპრეიშვილი, ნონა. ნიკო სამადაშვილი: 1905-1963] / ლიტერატურის მუზეუმი; პროექტის ავტორი დავით ყანჩაშვილი; რედაქტორები: ნინო კერესელიძე, მარიკა დაუშვილი; დიზაინერი თამარ დემეტრაშვილი. - თბილისი, 2016. - გვ. 364-373. - ISBN 9789941084478.

„ავადმყოფობა ეგონათ, ბიჭო, ლექსები ტანზე გამონაყარი...“ - ასეთი სიმძაფრით გამოხატა გასული საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული პოეტური ხმის შემოქმედმა, ნიკო სამადაშვილმა, საზოგადოებასთან თავისი გაუცხოების ტრაგედია. ძნელი დასაჯერებელია, რომ ტოტალიტარიზმის პირქუშ ეპოქაში ცხოვრობდა პოეტი, რომელიც არათუ პოეტიკის ნორმების რამდენადმე დაცვის ან რომელიმე ლიტერატურული სკოლისადმი ერთგულების, არამედ თანამედროვეთაგან ელემენტარული თანადგომის გარეშე აგრძელებდა XX საუკუნის 10-იანი წლებიდან დაწყებული ქართული მწერლობის მოდერნიზების, ძველი ლიტერატურული ტრადიციებისგან მისი გათავისუფლების გზას, რითაც გვარიანად აფრთხობდა საბჭოთა დოქტრინიორების მიერ ნამდვილ ლიტერატურას გადაჩვეულ მკითხველს. ერთი შეხედვით, დაუჯერებელიც კი ჩანს, რომ „იმან, ვისაც განსაკუთრებულ პოეტად ვახტანგ კოტეტიშვილი, ერეკლე ტატიშვილი და გერონტი ქიქოძე მიიჩნევდნენ, პრაქტიკულად ვერც ერთი სტრიქონი ვერ გამოაქვეყნა“. ამიტომაც ასე იგონებს ნიკო სამადაშვილის მწერლობაში დაბრუნების მტკივნეულ პროცესს მწერალი არჩილ სულაკაური: „უცნაური რამ ხდებოდა, იმ დროს ჩემთვის გაუგებარი: ნიკო სამადაშვილის ლექსები უბით დამქონდა, ზოგი უკვე ზეპირად ვიცოდი, ვუკითხავდი ნაცნობ პოეტებს, ვუკითხავდი არაპოეტებსაც, უბრალოდ - პოეზიის მოყვარულებს და ყველანი შეთქმულებივით გულგრილად მომჩერებოდნენ, უკეთეს შემთხვევაში დაეჭვებულნი იღიმებოდნენ, არც ისეთი ლექსებია, შენ რომ გგონიაო... ზოგჯერ ეჭვიც კი შემპარვია ჩემს... ცოდნასა და გემოვნებაში. მერე შევხვდებოდი ჩემს მეგობრებს (იგულისხმება თ. ჩხენკელი, რ. თვარაძე და რ. პატარიძე - ნ. კ.), ვისაუბრებდით და ყოველგვარი ეჭვი უკვალოდ ქრებოდა“. სწორედ ამ ახალგაზრდა ლიტერატორებმა, ე.წ. „ახალმა სამოციანელებმა“, იგრძნეს თუ არა საგანგებოდ დაშლილ-დანაწევრებული და ამასთან ტლანქად დიფერენცირებული ჩვენი კულტურის მთლიანობის აღდგენის, მისი სოცრეალისტური ბუტაფორიისგან გათავისუფლების აუცილებლობა, ნიკო სამადაშვილის პოეზიის ადგილისა და მნიშვნელობის მართებული შეფასება გადაუდებელ და საშურ საქმედ მიიჩნიეს.

ყველაფერი უნივერსიტეტის ლიტერატურული წრის მორიგი საღამოდან დაიწყო, რომელზედაც არჩილ სულაკაურმა ერთ-ერთი სტუდენტი გოგონასგან ნიკო სამადაშვილის სახელი გაიგო. შემდეგ მანვე წააკითხა უცნობი პოეტის ლექსები და პირადად გაცნობასაც დაჰპირდა. წაკითხულმა ახალგაზრდა მწერალზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. მის წინაშე იყო უჩვეულო, ღრმა ინდივიდუალიზმით გაჯერებული სულიერი ცხოვრების ანაბეჭდი, რომელსაც რეალობას მოწყვეტილი, განსაკუთრებული წარმოსახვით შექმნილი უჩვეულო მხატვრული სახეები ასაზრდოებდნენ. გასული საუკუნის 50-იანი წლების ბოლოს, რომელსაც პოსტსტალინურ ხანასაც უწოდებენ, ერთგვარი თავისუფლების სიომ დაბერა. შეიქმნა იმის ილუზია, რომ შესაძლებელი იყო თავად სოციალიზმის კორექტირება. მისი ასე ვთქვათ, გაადამიანურება. ამიტომაც ნიკო სამადაშვილის მსგავსი თვითნაბადი პოეტი, რომელიც (თუ არ ჩავთვლით პროვინციული გაზეთის რედაქტორის მიერ კორექტირებულ ორიოდე ლექსს) ამასთან ერთად, არასოდეს დაბეჭდილა, ძალზე მიმზიდველი და საინტერესო ჩანდა. არჩილ სულაკაურს შემოუერთდა ახალგაზრდა ლიტერატორი თამაზ ჩხენკელი, რომელიც პოეტის უმცროს მეგობრად იქცა. ნიკო სამადაშვილის გარდაცვალების შემდეგ კიდევ ერთმა „სამოციანელმა“, რევაზ თვარაძემ, როგორც კი „ლიტერატურული საქართველოს“ რედაქტორი გახდა, გამოაქვეყნა პოეტის რამდენიმე ლექსი (1967 წ.), თამაზ ჩხენკელმა კი ითავა და განახორციელა კიდეც პირველი კრებულის „ბეთანიის“ პუბლიკაცია. რამდენად კანონზომიერად მიაჩნდათ ამ ახალგაზრდებს ნიკო სამადაშვილის პოეტური ფორმის ორიგინალობა და ინტონაციური ჟღერადობა, კარგად ჩანს თ. ჩხენკელის წერილში „კაცი და პოეტი“, რომელიც 1964 წელს გამოქვეყნდა: „მისი ბევრი ლექსი მე მაგონებს გაუცრელი თიხისგან გამომწვარ ასიმეტრიულ დოქებს, რომელთაც ამჩნევიათ კოჟრები და ზოგჯერ მომტვრეული აქვთ ტუჩი ან ყური, მაგრამ რომელშიც შეურყვნელი, მაგარი ძელგი ღვინოა ჩასხმული“.

ნიკო სამადაშვილი წარმომავლობით გორის რაიონის სოფელ ხიდისთავიდან იყო, თუმცა 1905 წლის 19 ივლისს დაიბადა თბილისში, სადაც დედამისი, ოლღა კობერიძე, იმხნად აზერბაიჯანიდან იყო სტუმრად ჩამოსული. იქ, აზერბაიჯანის ქალაქ ალექსანდროპოლში, სააქციო სამმართველოს ჩინოვნიკად მსახურობდა მისი მეუღლე, მიხეილ სამადაშვილი. 1907 წელს სამადაშვილებს კიდევ ერთი შვილი, ელენე, შეეძინათ და, ალბათ, ამ ოჯახის ცხოვრება ჩვეულ რიტმში გაგრძელდებოდა, რომ არა მამის, მიხეილის უეცარი გარდაცვალება. იგი მაშინ მხოლოდ 32 წლის იყო. დიდედამ, ეფემიამ, შვილი ხიდისთავში გადმოასვენა და პატარა ნიკოც თან წამოიყვანა. შვილიშვილი მისთვის ერთადერთი მემკვიდრე და გვარის გამგრძელებელი იყო. მომავალი პოეტის დედამ კი ამასობაში ახალი ოჯახი შექმნა, რის გამოც შვილთან შეხვედრები სულ უფრო იშვიათი გახდა.

ნიკო სამადაშვილი ასე იგონებს თავისი ბავშვობის ადგილს: „სოფელ ხიდისთავს სამხრეთის მხრიდან თრიალეთის ხრიოკი და მოტიტვლებული ქედი მიბჯენია - როგორც ბაბილონის გოდოლი. ამ ქედის ბეჭზე გაჭიმულია მწირი, ურწყავი მიწები -ზედაველა მიერეკება ველებს, ხრიოკებს და ზედ რუს დაჰყურყუტებს. ერთ-ერთი ქედის მხარზე, ფხვიერი კლდის ნაშალზე და თიხანარევ მიწაზე ხიდისთაველებს სასაფლაო გაუშენებიათ... აქ მარხია მამაჩემი...“ ობლობას, განსაკუთრებით კი დედისგან შორს ყოფნას, ნიკო, როგორც ჩანს, ძალიან განიცდიდა. მეტიც, ობლობის ეს ტკივილი მომავალში მისი პოეზიის გამჭოლ თემად იქცა: „აქ შეგეწირე ნეტავი, დედავ, / თავი დამედო და დაგეკალი, / ალბათ, ოდესმე წესს ამიგებდა / შავი ღრუბლების ცივი წინწკალი...“

როგორც მოსალოდნელი იყო, ნიკო მეურნე და მიწის ყადრის მცოდნე მუშაკიც ვერ გამოდგა. მისი ქალიშვილი, მზია სამადაშვილი იგონებს - თურმე „ვენახში, ვაზის საფურჩქნად რომ გააგზავნიდნენ, გზიდან გადაუხვევდა და სადმე ჩრდილს შეფარებული წიგნს ჩაჰკირკიტებდა“. შვიდი წლის ბავშვი გორის სასულიერო სასწავლებელში შემიყვანესო - ასე წერს პოეტი თავის ავტობიოგრაფიაში. ამ სასწავლებლის დამთავრების შემდეგ გორის ვაჟთა გიმნაზიის მოწაფეა, თუმცა 1920 წელს ქალაქში მომხდარი მიწისძვრისა და სასწავლებლის შენობის დანგრევის შემდეგ მოწაფეები სწავლის გასაგრძელებლად თბილისის გიმნაზიაში გადაჰყავთ... პოეტის ცხოვრების ამ მნიშვნელოვან ფაქტს საინტერესო ახსნას უძებნის მკვლევარი ზაზა აბზიანიძე: „ნიკო სამადაშვილის ცხოვრება პარადოქსებითაა სავსე: ხომ ყველაფერში უკუღმა ტრიალებდა მისი ბედის ჩარხი. მაგრამ გორის 1920 წლის საშინელი მიწისძვრა მაინცადამაინც მისთვის აღმოჩნდა იღბლიანი“. აქ, პირველ ყოვლისა, იგულისხმება ახლობელთა ყურადღებას მოკლებული ახალგაზრდის შეხვედრა გიმნაზიის მასწავლებელთან და მის მომავალ სულიერ მოძღვართან, ერეკლე ტატიშვილთან. ამ კეთილშობილმა ადამიანმა ბიძის, მიხეილ კობერიძის მიერ ბავშვთა სახლში მიბარებული ყმაწვილი კერძო პანსიონში გადაიყვანა და სწავლის საფასურსაც თვითონ უხდიდა.

ერეკლე ტატიშვილი ევროპულად განსწავლული ქართველი ინტელიგენციის ის წარმომადგენელი იყო, რომელიც საქართველოს პოლიტიკურ და კულტურულ ორიენტაციას დასავლეთის ცივილიზებულ სამყაროს უკავშირებდა. გერმანული ენის უბადლო მცოდნემ თარგმნა ნიცშეს „ესე იტყოდა ზარატუსტრა“, რითაც მნიშვნელოვნად განსაზღვრა კიდეც მომავალი პოეტის წინააღმდეგობრივი მსოფლმხედველობა.

პროფესორი გაიოზ იმედაშვილი თურმე იგონებდა, რომ „როგორც პოეტი, ნიკო სამადაშვილი ერეკლე ტატიშვილის აღმოჩენაა. სწორედ ის „ამტკიცებდა დაბეჯითებით, რომ სამადაშვილი არის დიდი პოეტი და საყურადღებოა არა მხოლოდ საქართველოს მასშტაბით“. გასაკვირია, რომ მსგავსი პროგნოზი ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა შემოქმედის, სულ რამდენიმე ლირიკული ლექსის გაცნობის შემდეგ გაკეთდა. ნიკო სამადაშვილის პოეზიის კიდევ ერთი ანალიტიკოსი, პროფესორი ზურაბ კიკნაძე კი მიიჩნევს, რომ ერეკლე ტატიშვილის უტყუარ ინტუიციაზე მეტყველებს ერთი შეგონებაც, რომელსაც იგი თავის შეგირდს ხშირად უმეორებდა: შეიკავე თავი ლექსების გამოქვეყნებისაგან, კომუნისტები აუცილებლად გაგაფუჭებენო...

ვერ ახდა ნიკო სამადაშვილის ერთი ყველაზე დიდი ოცნება, მიეღო უმაღლესი განათლება. იგი უნივერსიტეტში კი ჩაირიცხა, მაგრამ აწეწილი ცხოვრების გამო საგნები ვერ ჩააბარა და მეორე კურსიდან გაირიცხა. ავტობიოგრაფიაში ვკითხულობთ: „ოჯახური უსახსრობის გამო უნივერსიტეტს თავი გავანებე და მოვეწყვე მოანგარიშეთ (გორში მქონდა დამთავრებული საბუღალტრო კურსები). მას აქეთ ვმუშაობ ბუღალტერ-რევიზორის თანამდებობაზე“. თუმცა აქაც დამარცხებას სხვა ხასიათის გამართლება მოჰყვა. მხედველობაში გვაქვს მისი დაახლოება უნივერსიტეტის მაშინდელ ლექტორთან, პირველხარისხოვან ლიტერატურისმცოდნესა და კრიტიკოსთან, ვახტანგ კოტეტიშვილთან. რომ იტყვიან, სულმა სული იცნოო, სწორედ ეს მოხდა მათი პირველივე შეხვედრის დროს. ნიკო სამადაშვილის გულწრფელ და ფაქიზ დამოკიდებულებას ავლენს მისი სამი ბარათი, რომელთა ადრესატი ვახტანგ კოტეტიშვილია. აი, რას წერს იგი უფროს მეგობარს 1927 წლის 26 სექტემბერს: „ბატონო ვახტანგ! თქვენ ინახულეთ ჩემი შემოქმედება. შეიძლება ეს ჩემი მხრიდან სითავხედეც იყო, რომ ასე მოურიდებლად მოგიტანეთ ლექსების რვეული, რადგან თქვენ ისედაც საკმაოდა ხართ დატვირთული ლიტერატურული მუშაობით. და ეს ყველაფერი გავბედე იმიტომ, რომ მე მინდოდა გამეგო იმ ადამიანის აზრი, რომელიც შემოქმედებაზე ღვთაებრივი ჟინით არის შეყვარებული და რომელსაც სტრიქონების იქით შეუძლია დაინახოს პოეტის სახე, იდუმალი ქარით გადამწვარი. აი, მიზეზი ჩემი თქვენთან მოსვლისა...“ სამწუხაროდ, ეს ურთიერთობა ხანმოკლე გამოდგა. მაღალი პროფესიონალიზმის, ნონკონფორმისტული სულისკვეთების გამო ოფიციოზის მიერ მიზანში ამოღებული ვახტანგ კოტეტიშვილი „ჩეკა“-ს ჯურღმულებში აღმოჩნდება. მას, წამებისა და ყალბი ბრალდებების წარდგენის შემდეგ, 1937 წლის დასასრულს დახვრეტენ. ნიკო სამადაშვილი აღმოჩნდა იმ რამდენიმე ადამიანს შორის, რომლებმაც, მიუხედავად გარკვეული საშიშროებისა, უმძიმესი განსაცდელის დროს არ მიატოვეს ოჯახი და დაობლებულ ბავშვებს (ლეილასა და ვახუშტის, შუათანა გოგონა, მანანა, ამ დროისათვის უკვე ლეიკემიით იყო გარდაცვლილი) თანადგომა აღმოუჩინეს. მოგვიანებით, 40-იან წლებშია დაწერილი პოეტის ეს სტრიქონები, რომელიც გაჯერებულია მწარე შეგრძნებით, ერეკლე ტატიშვილისა და ვახტანგ კოტეტიშვილის წასვლის შემდეგ უთუოდ რომ დაეუფლებოდა ნიკო სამადაშვილის მგრძნობიარე გულს: „ის გასცქეროდა მომავალ შარას, / ელოდა მზრუნველს, მეგობარს, ალერსს... / შეხიზნებოდა კარზე ორშაბათს / და დაღლილობა მოესხათ თვალებს. / ემდურებოდა გამჩენს, ხან დედას. /ბრბომ შეუბღალა მაღალი გრძნობა. / დილით მიდამოს რო გახედავდა, / ნისლივით იდგა უმეგობრობა!...“

ნიკო სამადაშვილი ლიტერატურული ცხოვრების მიღმა აღმოჩნდა. მან თვითონ აღზარდა საკუთარ თავში სრულიად დამოუკიდებელი, შაბლონისა და ტრაფარეტისგან თავისუფალი პოეზიის ესთეტიკა და შექმნა კიდეც მითი დროის მიღმა მდგარი, წერას ატანილი, უიღბლო და გაუხარელი კაცისა, რომელიც „მიყრუებული მონასტერივით უშინაარსო ცხოვრებით ცხოვრობს“... ეს ცხადია, გადამეტებული შეფასებაა, რადგან უშინაარსოს ნამდვილად ვერ უწოდებ იმ უცნაურ ხილვებსა და შეგრძნებებს. რომელსაც წარმოაჩენენ მისი აფორიაქებული სულის გამომხატველი სტრიქონები: „მე მივდიოდი და გრიგალები / მეღობებოდნენ მუდამ ქარდაღმა, ბუ ჩამცქეროდა მღვრიე თვალებში, / სამშობლო იყო ჩემი ქარაგმა. / რას მთხოვდა ნეტავ უბედურ პოეტს, / მე რა მექვავა ლექსების გარდა...“ მტანჯველ კითხვაზე კი, რომელიც დროდადრო უჩნდებოდა, ასეთი პასუხი ჰქონდა: „საყვედურებით ნუ ამავსე, ჩემო კეთილო, / რა უყოთ მერე, პოეზიას თუკი გავშორდი? / ჩემ საუკუნის ბედმიხდილი კათაკმეველი, / როგორც ნადირი ჩემი ძვლების ხვრელში ვცხოვრობდი...“

ომის წლებში ისედაც მიუსაფარ და გზააბნეულ ყმაწვილს აპატიმრებენ ახალგაზრდა მარქსისტთა ერთ-ერთი არალეგალური წრის ხელმძღვანელობის ბრალდებით, მეორედ კი უკვე მისი ბუღალტრულ-სარევიზიო საქმიანობასთან დაკავშირებით. საბედნიეროდ, იმ დროს, როცა ადამიანის გაწირვა ან მისი „შორეულ გადასახლებების მტვერში ჩაკარგვა“ დიდ სირთულეს არ წარმოადგენდა, ნიკო სამადაშვილის პატიმრობები წელიწადზე მეტხანს არ გაგრძელებულა.

ლექსების წერა თორმეტი წლის ასაკში დაუწყია. თბილისში რომ გადმოუყვანიათ, თავისი ლექსები ერთი გორელი ნათესავი ქალისთვის მიუბარებია, იმას კი ყველაფერი ცეცხლში დაუწვავს, რასაც პოეტი თურმე ძალიან განიცდიდა. 1928 წელს ნიკო სამადაშვილი საცხოვრებლად ბორჯომის რაიონის სოფელ სადგერში გადადის და იქ სოფლის დაწყებით ოთხკლასიან სკოლაში მასწავლებლობას იწყებს. როგორც მისი ერთ-ერთი მოწაფე სოლომონ სტეფნაძე იგონებს, ნიკო ცდილობდა განათლება შეეტანა სოფელში. ამის გამო დიდი ავტორიტეტით სარგებლობდაო. ახალგაზრდა მასწავლებელს დრამატული წრეც ჩამოუყალიბებია და ეკლესიის ეზოში, გალავნის წინ წარმოდგენები გაუმართავს. წიგნებიც ხშირად ჩამოჰქონდა თურმე, რათა შემდეგ წერა-კითხვის უცოდინარი გლეხობისთვის ხმამაღლა წაეკითხა რომელიმე მხატვრული ნაწარმოები. თურმე ლიტერატურულ გარჩევებსაც აწყობდნენ. მაგ. ალ. ყაზბეგის „მამის მკვლელის“ შესახებ გლეხების მიერ გამოთქმული მოსაზრებები ნიკო სამადაშვილს ასე შეუფასებია: „ზოგი ცნობილი კრიტიკოსის ნააზრევი ახლოსაც ვერ მივა სოფლის უხუცესთა სიბრძნესთან“.

პირადი ცხოვრებაც საკმაოდ არათანმიმდევრული და შფოთიანი ჰქონდა. ჯერ იყო და, ხიდისთავში მათიკო მაისურაძეზე გამიჯნურებული სიღარიბისა და ობლობის გამო დაიწუნეს და უარით გაისტუმრეს (ამბობენ, ამ ქალის სურათს მთელი სიცოცხლე უბით ატარებდაო). მერე თითქოს იპოვა გულისწორი, ლამაზი ბერძენი ქალი ევა ჩაკალიდი (მათ 1930 წელს იქორწინეს), მაგრამ აქაც იმედგაცრუება ელოდა: მშობლებმა ახალდაქორწინებულების დასაცილებლად გარკვეულ ხერხს მიმართეს, თავიანთი ქალიშვილი მომავალი ქმრის სახლში არ გაუშვეს. ნიკომაც ღირსების გადასარჩენად, თავის მხრივ, ჩასიძებაზე უარი განაცხადა. მზია სამადაშვილის შეფასებით, მას შემდეგ, რაც ევა ქმართან საცხოვრებლად არ გადმოვიდა და ფეხმძიმობაც ხელოვნურად შეიწყვიტა, „ნიკო უსიტყვოდ დასცილდა ქალს, რომელიც „პოეზიაზე უმეტეს ბედნიერებად მიაჩნდა“.

1932 წელს დიდი ხნის დაშორებული დედა-შვილი, ბოლოს და ბოლოს, შეერთდა: ნიკომ ბაქოდან თბილისში ჩამოიყვანა დედა და სიკვდილამდე გვერდიდან არ მოუცილებია. ამასობაში სადგერელ 31 წლის მასწავლებელს თვალში მოუვიდა თავისი 15 წლის მოწაფე მარიამ ამანათაშვილი, რომელზედაც იქორწინა კიდეც. წყვილს სამი შვილი შეეძინა და თუ ნიკო სამადაშვილის მიუსაფრობის განცდა ზოგჯერ მაინც მინავლდებოდა, ამაში დიდი წვლილი მის მეუღლეს მარიამს მიუძღვის.

1963 წელს ნიკო სამადაშვილი სტუმრად ეწვია დიდი ხნის მონატრებულ თამაზ ჩხენკელს და თავისებური დაყვავებით შესძახა: „კარგი რა, რამდენი ხანია გიყვირი, სადა ხარო... (ადრე თურმე იმავე საყვედურის შემდეგ მკლავში ხელი ჩასჭიდა, სადღაც მიჰყავდა და თან ეუბნებოდა: წამოდი ერთი ექიმთან, გული გაქვს თუ არა, უნდა გაგისინჯოო) მე თუ არ გნახე, მოსვლა არ იკადროო, ესეც ოთარაანთ ქვრივის შემართებით დაუმატებია და თან მაგიდაზე მცირე სანოვაგე და იორდასალამის შეკვრა დაულაგებია. თამაზ ჩხენკელი შენიშნავს, რომ იმ დღეს ლამის ჩოჩვით მოსიარულე პოეტი ძალიან მოტეხილი და დასუსტებული მეჩვენაო... იმავე წელს, პირველმაისობის დღესასწაულის შემდეგ, როცა მთელი ქალაქი პარტიული მუშაკების სურათებით, წითელი დროშებით და ყალბი ტრანსპარანტებით სახელდახელოდ გაკეთებული ტრიბუნების წინ ჩაივლიდა (70-იან, განსაკუთრებით კი 80-იან წლებში, ჩაირბენდა) მოქალაქენი ერთმანეთს მოიკითხავდნენ, შინაურულ სუფრებთან ჭიქა ღვინოს ასწევდნენ. ნიკო სამადაშვილი იმ დღეს თავის ძველ მეგობართან, გიორგი ოქრუაშვილთან ყოფილა. იქ თავი შეუძლოდ უგრძნია, თუმცა მასპინძელებისთვის შინ მიცილებაზე კატეგორიული უარი უთქვამს. წამოსულა და მალე ყოფილი ბელინსკის (დღევანდელი თ. ჭოველიძის) ქუჩის დასაწყისში დაცემულა. ამბობენ, გარს შემოხვეულთაგან ვიღაცამ გულის ჯიბეში ხელი ჩაუყო და პირადობის მოწმობა ამოუღო: „ნიკოლოზ მიხეილის ძე, ბუღალტერ-რევიზორი, ხმამაღლა რომ წაიკითხა, ჩუმად ჩაილაპარაკაო: ამას კაი ფული ექნება ნაშოვნიო...

„მე წაგასვენებ, სხვა პატრონი არ გეყოლება, / ჩვენ შესანდობარს მათხოვრები ღრეჭით დალევენ, / მარადისობა მრე ზარების ხმით ახრჩოლდება, / ჩემი ლექსები შენს კუბოში იფართხალებენ...“ - თვითონ კი დაახლოებით ასე ჰქონდა წარმოდგენილი მარადიულ შფოთვაში გატარებული სიცოცხლის დასასრული.

ზურაბ კიკნაძე ნიკო სამადაშვილის მეორე კრებულის „წუთისოფლიდან უკვდავებამდე“ (1989 წ.) წინასიტყვაობაში წერდა: „აქ ვერ ვნახავთ ვერც ერთ უფერულ ლექსს, უბრალო საბაბით დაწერილს, უღიმღამოს, არაფრისმთქმელს. პოეზია არ უნდა ყოფილიყო მისთვის მარტოოდენ „ტკბილ ხმათა“ სიმღერა; ნაღვერდალში, მუდმივ ცხელებაში აქტივობდა მისი სული და შემდეგ მწველ, აფორიაქებულ, ზოგჯერ მოუწესრიგებელ სტრიქონებში რეალიზდებოდა. თუმცა ამ საქმიანობას სინანულის ჟამს „ჯღაბნას“ არქმევდა: „ლექსების ჯღაბნა წამებად გექცა, სჯობდა ვენახის კვალი გებარა, ვის რად უნდოდა ეს თვალთმაქცობა, ნეტავი ქარში გადაგეყარა“. მაგრამ ტრაგიკული სწორედ იმის შეგნება უნდა ყოფილიყო, რომ იგი ვერასდროს დააღწევდა თავს ამ „თვალთმაქცობას“, რადგან შემოქმედება - თქმის ჟინი - სისხლხორცეული იყო მისთვის...“

როდესაც ნიკო სამადაშვილის მიერ შექმნილ სახეთა პლასტიკურობაზე ფიქრობ, გახსენდება მრავალგან ციტირებული მისი ერთი დაუვიწყარი სტროფი: „მათხოვარი ზის, როგორც ობობა / მყრალ ჯოჯოხეთის მოხდილი პკეა, / არც ზღაპარია, აღარც მოთხრობა, / ის თითქოს ჩიტებს აუკენკიათ“. თ. ჩხენკელი შლის ამ პოეტურ სტრუქტურას და თითოეული ნაწილის დეტალურ ანალიზს გვთავაზობს: „მარტო პირველი სტრიქონი იკმარებდა მათხოვრის ნიშანდობლივი სურათის დასახატავად, მათხოვრისა, რომელიც გატვრინული და უსახურია და ნაწყალობევს ხარბად აცხრება. მეორე სტრიქონი პირველის ფსიქოვიზუალურ სურათს ყნოსვისმიერ შეგრძნებასაც უმატებს, ამავე დროს ფსიქოლოგიურად კიდევ უფრო აღრმავებს... ჯოჯოხეთი თავისთავად საშინელი და შიშის მომგვრელია. სიმყრალე ამძაფრებს და ზიზღის ნიუანსს უმატებს ამ ნიშანს. მოხდილი პკე დაღვარჭნილობის, საძაგელი სისველის განცდას იწვევს, პკე - ღვინის ობი - ავადმყოფობაა და იგი, როგორც უვარგისი, არასასურველი რამ, მოსაშორებელი და გადასაგდებია. მესამე სტრიქონში მათხოვარი... არც ცხადლივია, არც სიზმარეული, არც ნამდვილი. მეოთხე სტრიქონი ფანტასტიკურია. ეს ადამიანისათვის უვარგისი არსება გადაგდებულია, მას ჩიტები კენკავენ“... გადაგდებულობის, ერთგვარი „გადაღვრილობის განცდა“ (თ. ჯაფარიძე) არაერთხელ ჩნდება ნიკო სამადაშვილის ლექსებში. იგი საკუთარ თავს „თოვლზე გადაღვრილ 386

ღვინოს“ ადარებს და თუ გალაკტიონის ცნობილ სტრიქონებს გავიხსენებთ - „ცხოვრება ჩემი უანკარეს ღვინის ფერია...“ - ვნახავთ, რამდენად განსხვავებულ თვითშეფასებასთან გვაქვს საქმე.

პასუხი კითხვაზე, ქართული პოეზიის მაინც რომელ მიმართულებას ავითარებს თავისი შემოქმედებით ნიკო სამადაშვილი, რომელ სტილისტიკასთანაა იგი განსაკუთრებით ახლოს, გასცა ახალგაზრდა პოეტმა და მთარგმნელმა გიორგი ლობჟანიძემ: „იყო გალაკტიონი, რომელმაც აკაკის ხაზი განავითარა და აბსოლუტურად დამოუკიდებელი ღირებულება შესძინა ამ ზედნაშენს, მაგრამ მივიწყებული იყო და ვერ ვითარდებოდა ბარათაშვილის ხაზი, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ქართული პოეზიისათვის, ნიკო სამადაშვილმა ეს ხაზი განავითარა თავის ლექსებში და მოგვცა სრულიად განსაკუთრებული და გამორჩეული ღირებულება მთელი თავისი პოეზიის სახით...“ შესაძლებელია ეს მოსაზრება სადავოც იყოს, მაგრამ საყურადღებოა სწორედ იმიტომ, რომ ნიკო სამადაშვილის პოეტური მემკვიდრეობის ახლებურად წაკითხვის მცდელობას წარმოადგენს. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ ამ კონკრეტული ავტორის პოეზია ახალ თაობას აინტერესებს და დავიწყებისათვის არ ემეტება. მართლაც, რამდენი ლიტერატურის გენერლად თუ ჩინოვნიკად მოვლენილი და ამის გამო თავაღერილი ცრუპოეტი იყო დიდ პატივში. მათ გვერდით ნიკო სამადაშვილს არავინ არ გაიხსენებდა და არც შეაქებდა. თუმცა დღეისათვის ამ პატივცემულ გვამთა სახელების გახსენებაც კი ჭირს მაშინ, როდესაც ნიკო სამადაშვილისადმი ინტერესი სულ უფრო მეტად იზრდება. სწორედ ამას უწოდებენ დროის გამოცდას, რომელსაც მხოლოდ ნამდვილი შემოქმედება უძლებს. რამდენიმე ათეული წლის წინ, როდესაც არა მარტო უსულო ლექსთა მთხზველები, არამედ ლიტერატურისმცოდნენი და კრიტიკოსები პოეტის ავკარგიანობას თემატური აქტუალობით ზომავდნენ, აი რას იწერს თავის რვეულში ნიკო სამადაშვილი: „...ლიტერატურისთვის არ არსებობს მეორე და მესამე ხარისხოვანი საკითხები, არსებობენ მხოლოდ მეორე და მესამე ხარისხოვანი ნაწერები, რომელნიც ავტორზე ადრე კვდებიან. ნიჭიერი შემოქმედი ცხოვრების „მესამე ხარისხოვან საკითხს“ ისე ააბრდღვიალებს, რომ ის პოეზიაში „პირველ ხარისხოვნად“ დარჩება. დროა ჩვენმა ლიტერატურულმა კრიტიკამ ყურადღება მიაქციოს მარტო იმას კი არა, თუ რა თემაზე წერენ მგოსნები, არამედ იმასაც, თუ როგორ წერენ...“ ეს ჩანაწერი 1956 წლითაა დათარიღებული. საკმაოდ ხანგრძლივმა პერიოდმა უნდა გაიაროს მანამდე, სანამ ამ სიტყვების სამართლიანობა უმრავლესობისთვისაც ცხადი გახდება.

ნიკო სამადაშვილის სრულიად ორიგინალურ პოეტიკაზე მისი ლექსებით დაინტერესებული ყველა მკვლევარი საუბრობს. ზოგი ამას „ველურ წარმოსახვას“, „რეაქციულ ხატოვანებას“, „აგრესიულ ექსპრესიულობას“ თუ სასტიკ ესთეტიკურ ვნებას“, ზოგიც „უკანასკნელი ქრისტიანის ძალისხმევასა“ და „ახალი ქრისტეს მაძიებლობას“ უწოდებს. მართლაც, ნიკო სამადაშვილი ხშირად წარმოგვიჩენს ღვთისმშობლისა და მაცხოვრის შთამბეჭდავ სახეებს, შესთხოვს თანალმობას, თავს აფარებს მათ მადლსა და მათივე მიმტევებლობის უსაზღროებას, თუმცა უნდა დავეთანხმოთ მხატვარ თემო ჯაფარიძეს, რომლის აზრით, გამარჯვებული ათეიზმის იმ ურთულეს პერიოდში, როდესაც თვითშეცნობისა და თვითმიგნებისკენ მიმართული ყოველგვარი ქმედება მკაცრად იდევნებოდა, „ქრისტიანობა ნიკო სამადაშვილისთვის მხოლოდ ინდივიდუალურ რელიგიას კი არ წარმოადგენდა, არამედ საქართველოს კულტურის სჯულისეულად განმსაზღვრელ მოძღვრებას“. დიდი პოეტური ინტუიციის წყალობით ნიკო სამადაშვილი კაცობრიობის, მთელი პლანეტარული სამყაროს გაურკვეველ ზღვართან დგომას გრძნობდა, ამიტომ მას აშფოთებდა რაღაც ძალიან მნიშვნელოვანის დაკარგვა მშობლიურ კულტურასა და ზოგადად სამყაროში და ამ შინაგანი განგაშის განცდას მიყურადებული, შეიძლება ითქვას, თამამი. ქართული პოეზიისათვის სრულიად უცხო ხილვების ფიქსაციას ახდენდა: „მე გამოვრბოდი. ცრემლი გალობდა. / ხან ქარიშხლების სვეტებს ვეყუდე... / ხატებთან ენთო უბინაობა / და კამარებში მტრედების ბუდე. / მიწები ჩანდნენ. ოდნავ ეძინათ. / ღამე ლოკავდა ყვითელ სამრეკლოს. / მინდოდა ზეცა გადამერბინა / და საფლავები სტვენით ამეკლო...“ საგულისხმოა ის, რომ ნიკო სამადაშვილმა გალაკტიონისებურად თავის დიდ მარტოობას არა ვიწრო ლოკალური სახე, არა ერთი პიროვნების ჩაკეტილ-მოზომილი არეალი, არამედ გაცილებით მეტი ადგილი, ე.ი. მასშტაბურობა და სიდიადე შესძინა. სამყაროს სიმყიფის შეგრძნება და საკუთარი თავის ლამის უკანასკნელ ქრისტიანად, უკანასკნელ ადამიანად წარმოდგენა მისი პოეზიის ერთ-ერთი უძლიერესი მხარეა. თავადაც უკვირდა, სულიერების დახლართულ ლაბირინთებში გავლილ მის „დანგრეულ სხეულს / გულის სიწმინდე როგორღა შერჩა, ვით მერცხლის ბუდე...“ თუ მისი ერთი ცნობილი სტრიქონის პერიფრაზს მოვიშველიებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნიკო სამადაშვილს, ისე როგორც არავის, შეეძლო „გადაეწერა წარმავალობა“, თუმცა არა ყოვლისმცოდნე მოწმის ან თვითმხილველის სიმშვიდით, არამედ წუხილით ადამიანის საგრძნობლად შელახულ სულიერებაზე: „გატეხილ სარკეს, დამსხვრეულ საათს / დრო არ დაგიდევს, დრო მაინც მიდის. / რა ეშველება დაღუპულ ადათს / ან ასე მწარედ გარეცხილ სინდისს“. ამ საყოველთაო დამუნათებიდან იღებს სათავეს თვითკრიტიკის მისეული ხარისხი, საკუთარი პიროვნებისა და მოწოდების უმკაცრესი განსჯა: „სალახანა“, „ვერ გაოკებდი, დაგდევდი კეტით“. „ბრიყვი იყო, ხან პოეტი, ხან სივალალე...“, „სახე უგავდა სიმწიფისგან კანდაშლილ ჟოლოს, / ყელყელაობით აქლემს ჰგავდა. ვიდრე შემოქმედს“, „მე რიჟრაჟების გამჭვირვალე მტვერი ვარ, მტვერი“ და სხვ., რაც სრულიად ლოგიკურად სულის შემძვრელი, ცხოვრების გაცუდების ლამის აპოკალიფსური სურათით სრულდება: „ჩემი ცხოვრება ძანძახი იყო, / ნოემბრის ჟინჟღლი, დეკემბრის თოში, / გავჩნდი განგებ რომ დავღუპულიყავ / ჩემს დედინაცვალ საქართველოში.../ ჟამთა სიავეს მგზავრი ასცდება, / მოვა, დახედავს მკერდის ნიჟარებს, / მიცნობს, შეკრთება, შევეცოდები / და ტანში ცივად შეაჟრიალებს...“

გალაკტიონმა, რომელიც იშვიათად და ძუნწად თუ შეაქებდა ვინმეს, ნიკო სამადაშვილს დაუწერა: „დავრწმუნდი მე თქვენს სიძლიერეში; მომავლისაკენ! წინ! იერიში!“ ეს სიტყვები უთუოდ გულს მოეფონებოდა უსახელო პოეტს. საკითხავია, ან კი როგორ უთავსებდა ბუღალტერის ცხოვრებას პოეტის მღელვარე სულის მოძრაობას. რად უჯდებოდა ეს გაორება და საერთოდ რამდენად გაუსაძლისი უნდა ყოფილიყო ასეთი ხვედრი. არადა, თითქოს საგანგებოდ იყო დაშორებული ყველაფერ იმას, რაც ეძვირფასებოდა, რათა კიდევ უფრო მძაფრად ეგრძნო სულისა და ხორცის შეუთავსებლობა, დიდი პოეტების თანამდევი ეს გადაულახავი წინააღმდეგობა, რომლის აღიარება მათ ხშირად (გალაკტიონის მსგავსად) სიცოცხლის ფასადაც კი უჯდებოდათ. ხელოვანთა ამ გადაუჭრელ ჰამლეტურ კითხვას ემატებოდა, როგორც თემო ჯაფარიძე აღნიშნავს, „ბედკრული ქართული კულტურის საკუთარ თავში განსახიერების“ აუცილებლობა, ჩლუნგი გარემო, რომელიც „გამოგონილი ოპტიმიზმით კომუნიზმს უკავშირდებოდა“. რა უნდა დაეპირისპირებინა ყოველივე ამისთვის იმას, ვინც „ადამიანის შინაგან სინამდვილეს ჭეშმარიტი შუქის აღმოჩენის მიზნით ქექავდა და თან ძველ ჭეშმარიტებათა ნანგრევებს ელოლიავებოდა“. ნიკო სამადაშვილზეც შეიძლება ითქვას, რომ ისიც „ამ საუკუნის გვიანი მგზავრი იყო“.

ფლობდა თუ არა ნიკო სამადაშვილი „ეზოთერულ საიდუმლოს, რომელიც ისტორიულ სინამდვილედ იქცევა, შეიცვლება მიწის ბედი“. ფლობდა, თუმცა იმდენად, რამდენადაც ეს პოეტურ წარმოსახვას შეეძლო დაეტია, რამდენადაც ეს პოეტისათვის და არა ბიბლიური წინასწარმეტყველისათვის იყო საჭირო. ხორკლიანი, ხშირად ნაკლებად დახვეწილი ფორმები, რომელიც მის სათქმელს განსხვავებულ აზრს, ხმას კი ასეთსავე ჟღერადობას ანიჭებს, კარგადაა მორგებული პოეტის „ალტერეგოსთან“. სამყაროს მისეული ხედვისა და მხატვრულად რეალიზების ინდივიდუალურ ესაძლებლობებთან: „რა გენაღვლება, შენს კარმიდამოს / თრთვილივით ედოს პოეტის ნიჭი. / თუ უკვდავებამ სადმე მიკითხოს: / „ნეტა სად არის ეხლა ის ბიჭი?“ / მოუყევ, ქარებს გადაჰყვა ღამე. / რაღაც საოცრად წაიმხედრულა, / ორჯერ იკივლა სამყაროს გაღმა / და უკან აღარ დაბრუნებულა.“ ვარსკვლავები მარადისობის ჭუჭრუტანებიო - ამბობს ერთგან პოეტი და მართლაც, მისი მზერა რაღაც აუხსნელი ძალით ერთდროულადაა მიმართული შიგნით და გარეთ. გარეთ, მაგრამ არა ხედვის რომელიმე ადვილად პროგნოზირებადი, ადვილად განსაჭვრეტი ადგილიდან, არამედ თვით, სამყაროს შუაგულიდან, სადაც პლანეტების შიშის მომგვრელი გადაძახილი ისმის და სადაც პოეტის ფრთებდაგლეჯილი სული კიდით-კიდემდე დაფრინავს: „ჩემს ნაფეხურებს სუნავდა ქარი / და მარმარილოს ჰყრიდნენ დილები. / სამყარო არის - ფრთხილად ვფიქრობდი, / სამყარო არის დანამდვილებით“.

ნიკო სამადაშვილის პოეზია საკუთარი, უშუალოდ განცდილი სულიერი გამოცდილებითაა შექმნილი. ამიტომ მასში თითოეული ბგერა ფეთქავს და კვნესის. დღეს, როგორც მარინა ცვეტაევა წერდა, ძველ ღვინოსავით მეტი ფასი ედება ორიგინალურ პოეტურ სიტყვას, მის გაუხუნარ ელვარებას. ნიკო სამადაშვილიც ასეთ პოეტთა რიცხვშია, ეს კი პოეზიისათვის გაღებული მსხვერპლის გამართლებაა.

2.33 33. ქართველი მწერლები : ბიოგრაფიები, ხელნაწერები, ფოტოები:

▲ზევით დაბრუნება


[წიგნი-ალბომი] : [კუპრეიშვილი, ნონა. ნიკო სამადაშვილი: 1905-1963] / რედაქტორები: ნინო კერესელიძე, მარიკა დაუშვილი ; დიზაინერი თამარ დემეტრაშვილი. - თბილისი : ნოტა-ბენე, 2022. - გვ. 364-373. - ISBN 9789941849435. - ტექსტი იხ.: ქართველი მწერლები: ბიოგრაფიები, ხელნაწერები, ფოტოები: [წიგნი-ალბომი]: [კუპრეიშვილი, ნონა. ნიკო სამადაშვილი: 1905-1963] / ლიტერატურის მუზეუმი; პროექტის ავტორი დავით ყანჩაშვილი; რედაქტორები: ნინო კერესელიძე, მარიკა დაუშვილი; დიზაინერი თამარ დემეტრაშვილი. - თბილისი, 2016. - გვ. 364-373. - ISBN 9789941084478.

2.34 34. ჩხეიძე, როსტომ. როცა შვიდნი ვართ:

▲ზევით დაბრუნება


ლიტერატურული წერილები, სილუეტები, ესეები : [ორეული]. - თბილისი, 1995. - გვ. 91-100.

პიროვნების გაორების ის მხატვრული ხერხი, რასაც ნიკო სამადაშვილი იყენებს თავის პროზაულ ჩანაწერებში, სხვადასხვა ნიუანსობრივი თავისებურებითაა ნაცნობი ევროპული მწერლობისათვის. მისი საწყისი ჯერ კიდევ ანტიკურ ლიტერატურაში ძევს და დღემდე არაერთხელ მიუმართავთ წარმატებით.

ჩვენს მწერლობაში ჯერ კიდევ იოვანე საბანისძესთან გაიელვებს („აბო ტფილელის მარტვილობა“) და მოგვიანებით ხომ არაერთხელ გამოუყენებიათ: ილია ჭავჭავაძეს („კაცია-ადამიანი?!“), მიხეილ ჯავახიშვილს („ჯაყოს ხიზნები“), კონსტანტინე გამსახურდიას („ტაბუ“), ლეო ქიაჩელს („მე და ჩემი ორი მე“), ტერენტი გრანელს („სიკვდილის შემდეგ“), ლადო ბალიაურს („გატეხილი ღამე“), გიორგი შატბერაშვილს („მკვდრის მზე“), ჯემალ ქარჩხაძეს („დღე ერთი“)...

ნიკო სამადაშვილმა ეს მხატვრული ხერხი - როცა გმირი საკუთარ თავს ისე შეჰყურებს, ან ისე ექცევა და ესაუბრება, როგორც სხვას - ერთიან ლიტერატურულ მეთოდად გაიაზრა და ამ მეთოდზე დაყრდნობით ააგო სტრუქტურა ორიგინალური შინაარსის თხზულებისა „შეხვედრები და სინანული“.

როგორც მინაწერი გვაუწყებს, ეს მხოლოდ პირველი წიგნია, მაგრამ მისი გაგრძელება მწერალს აღარ დასცალდა.

„შეხვედრები და სინანული“ თითქმის მემუარებია, მაგრამ სინამდვილეში ბელეტრისტული თხზულებაა. ქუჯი ძიძიშვილის ესეიც მოწმობა, რომ ნიკო სამადაშვილის ცხოვრებაში რეალურად მომხდარი ამბები სრულიად განსხვავდება აქ მოთხრობილ ეპიზოდთაგან. ეს არის მწერლის ცდა, აღადგინოს თავისი სულიერი ბიოგრაფია, მძაფრი შინაგანი ჭიდილი და, ამასთან, ის გარემო და ლანდშაფტი, რასაც ბავშვობიდანვე შეჰყურებდა და საიდანაც ამოიზარდა მისი პოეზია.

ერთი შეხედვით კომპოზიციურად არცთუ ისე მტკიცედ შეკრული ეს წიგნი - მასში მოქცეული ნაირგვარი ჩანაწერები, ჟანრობრივად ზოგი ნოველას, ზოგიც ესკიზსა თუ მინიატურას რომ მოგვაგონებს - არსებითად, ლექსების საერთო ფონია, ოღონდ აღადგენს არა იმდენად მათი შექმნისდროინდელ განცდებსა და განწყობილებებს, რამდენადაც მათი შემოქმედის უფრო გვიანდელი ხანის შთაბეჭდილებებს, თანაც საკმაოდ მისტიფიცირებულს.

და სწორედ აქ არის გამოყენებული პიროვნების გაორების მხატვრული ხერხი: შემოქმედის სახის დახატვისას, - და თავიდანვე თვალსაჩინო ხდება, რომ დახატვისას, - და თავიდანვე თვალსაჩინო ხდება, რომ პოეტი - ვინც ჯანღებმა გამოსცეს და ნისლების ფერად შეღებეს - ვიღაც სხვაა, ან უფრო სწორედ, სხვა ნიკო სამადაშვილია, ხოლო მთხრობელი - სხვა ნიკო სამადაშვილი, რომელიც თითქოს საკუთარ სულიერ ყოფაზე კი არ გვიამბობს, არამედ თავისი მისტიფიცირებული მეგობრის (სინამდვილეში თავისი მე-ს) გარეგნულად ექსცენტრულ ცხოვრებაზე, მის ფორიაქსა და სულიერ კოლიზიებზე.

გვიამბობს კაცზე, რომლის წუხილსა და ტანჯვასაც საკუთარივით განიცდის, მაგრამ მაინც სხვაზე;

კაცზე, რომლის ზოგიერთ ლექსს ზეპირადაც ამბობს, მაგრამ ეს კაცი მაინც სხვაა და მისი ლექსებიც სხვისი ლექსებია; კაცზე, რომელსაც ხან უკმეხად მიმართავს, ჭკუას არიგებს, ამუნათებს, მაგრამ ის მაინც არ ეპუება და თავისას არ იშლის, კვლავაც საკუთარი გზით მიდის; კაცზე, რომელიც „...დიდი მიდეგა და მეტად თავნება იყო... კერპი იყო, როგორც უთხელის ლატანი, სულთამხუთავივით ჩაგაცივდებოდა, თავის ნათქვამს არ გადავიდოდა, თუ გინდა წინ ფიანდაზად გაშლოდა, სხვა გზით ვეღარ დაიყოლიებდი, მაინც თავისას გააჭენებდა“; კაცზე, ვისაც „სულ წანწალში სძვრებოდა სული, თავის ბინაზე იშვიათად დაიჭერდი“; კაცზე, რომელიც ხან კიდეც შემოსწყრებოდა, ფეხს დაჰკრავს და ალანძული გავარდება, როცა მთხრობელი - ეს ნიკო სამადაშვილი - მკაცრად დატუქსავს, „რად ატიალებ შენს ცხოვრებას, რისთვის იღუპები, როგორც ქუჩის ბოგანოო“; იმ სხვა კაცზე, ვინც ხან „...მოწყვეტილ ვარდივით თავის ჰანგების ლივლივში გდია, ანთებული სანთელივით იღვენთება და ესმის ცხელი წვეთების წკაპა-წკუპი, საკუთარი გულის ემბაზში“.

ძირითადი საფუძველი ამ მხატვრული ხერხის გამოყენებისა - ეს მძაფრი თვითგვემა, ეს უკმაყოფილება საკუთარი თავით, ეს შეურიგებელი ჭიდილი საკუთარ თავთან - ღრმად არის ჩაკირული ნიკო სამადაშვილის სულიერ წყობასა და ზნეობრივ მრწამსში, რისი ხილული დასტურიც მისი პოეზიაა ეს „ტანზე გამონაყარი“, „უიღბლო“ ლექსები. ამ პოეზიის შინაგანი არსისა თუ სახისმეტყველების დრამატულ ბირთვსს საკუთარი პიროვნებისადმი დაუნდობელი და შეურიგებელი წინააღმდეგობა ჰქმნის.

ამ ფონზე იკვეთება მკაფიოდ პოეტის სულიერი ტრაგიზმი.

როგორც ზურაბ კიკნაძე შენიშნავს, „...დაუნდობლობა საკუთარი თავისადმი ზღვარგადაუდებელია იმდენად, რომ ზოგჯერ თვალით სახილველი, უხეშ-ნატურალისტური სცენა დაგიდგება თვალწინ: „ვერ გაოკებდი, დაგდევდი კეტით“.

საკუთარი თავისადმი ზღვარდაუდებელი დაუნდობლობის გამომჟღავნებაა იქვე დამოწმებული სტრიქონებიც, მძაფრი გამოხატულება „არაადამიანური სულიერი ტკივილისა ანუ შეურიგებელი სინდისის განცდისა“:

„ჩემი გაჩენა მიეზღოს ცეცხლად
ვისაც ეს ჩემი იღბალი მართებს
თითქოს ეს გული ამოურეცხავთ
ღვიით და სარცხით შიშველ წარმართებს“.

საამისო ნიმუში სხვაც არაერთი დაიძებნება და ეს განცდა, რომ ასეთი ნიშანდობლივია მისი პოეზიისათვის, ეს ხერხიც იმიტომ გამოიყენა ასე ბუნებრივად ჯერ კიდევ იმ საკუთარი ორეულისადმი მიძღვნილ ლექსში „ნიკო სამადაშვილს“, მერე მეთოდადაც იმიტომ აქცია და ამიტომაც შეძლო საკუთარ თავს გარედან, თითქოს უცხო თვალით დაკვირვებოდა, ასე გარედან დაკვირვებით შეეღწია თავის სულიერ სამყაროში.

ამ კაცს შეეძლო საკუთარი გარდაცვალებაც დაენახა და ეს დრამატული ხილვებიც -პიროვნების გაორების ამავე ხერხის თავისებური სახეცვლილება-პირველყოვლისა, საკუთარ გულსა და გონებაში არის გამოტარებული. ეს რომ ლიტერატურული ზეგავლენის ნაყოფი იყოს, ვთქვათ, ტერენტი გრანელის პოეტურ განცდათა ან „ჯაყოს ხიზნების“ გავლენით შექმნილი, რომლის ერთ-ერთ ეპიზოდშიც თეიმურაზ ხევისთავს საკუთარი თავი გარდაცვლილად წარმოუდგება, ნიკო სამადაშვილის პოეზიის ლირიკული გმირი მხოლოდ იმის წარმოსახვით შემოიფარგლებოდა, თუ როგორ მისდევს საკუთარ ცხედარს („ისე დავდივარ ამ ქვეყანაზე, თითქოს საკუთარ ცხედარს მივყვები“) და ვერაფრისდიდებით ვერ მიაღწევდა იმ უკიდურეს სიმძაფრეს, რასაც ეს ხილვები აღწევს:

„გული ტირილით ამოუვარდა,
როცა მიწაში ჩაფლეს ნიჩბებით“

ან:

„იმას სიკვდილიც არ ჩააცეცხლეს,
კუბოში კიდევ ნატრობდა სიკვდილს“

ანდა:

„რომ მიიცვალა უცბად, ქურდულად,
თან გაიტაცა თავის ლექსები,
და მეგობრებმა გადააქოთეს
მთელი ოჯახი, წალო, კარადა,
ვერ მოისაზრეს, ვერც მოიფიქრეს
თუ მკვდარი ლექსებს მოიპარავდა“.

ან კიდევ:

„შენ კი მიწის ქვეშ შემოგაგდებენ
ხელიღლიაში კუბო ამოჩრილს“.

და არაერთი სხვა მსგავსი პოეტური ხატი.

წარმოსახვათა ამავე რკალს ეხმაურება პროზაული ჩანაწერების ერთი ფრაზაც, ეს უიღბლო წარწერა კლდის ნატეხზე: „აქ განისვენებს ადამიანი, რომლის გული ჯერ კიდევ ფეთქავს!..“

ეს უჩვეულო და გამაოგნებელი სურათები და, საერთოდ, ამგვარი წარმოსახვანი ერთ-ერთი ყველაზე არსებითი და მოუცილებელი მოტივია ნიკო სამადაშვილის პოეზიისა და ისევე არ შეიძლება რაიმე ზეგავლენის ნაყოფი იყოს, როგორც „ჯაყოს ხიზნების“ ზემოხსენებული ეპიზოდი შეუძლებელია იყოს, ვთქვათ, „კაცია ადამიანის“ ან პროსპერ მერიმეს მოთხრობის - „სულნი სალხინებლისანი“ - ფინალის თავისებური ვარიაცია.

ხილვათა ეს უკიდურესი სიმძაფრე არა მარტო ორ კაცს მიჯნავს ასე მკვეთრად პოეტის არსებაში, მოულოდნელად მის მეორე მე-საც შესაძლოა, თავის მხრივ, კიდევ ერთი ორეული ამოებლანდოს და ზამთრის ვაგლახ სიჩუმეში ამ შეჩვენებულ ორეულთან ფარიკაობდეს.

ხილვათა ეს სიმძაფრე, რომელიც ასე პირწმინდად შლის საზღვარს სიცოცხლესა და სიკვდილს შორის, მოუვლენს პოეტს იმის უნარს, რომ არამარტო მნათეს მიერ ზარებისა თუ ზეცის თაღის რეკვა ისმინოს წუთისოფლის კარგა გაღმიდან, ან მთის კონცხიდან ოდნავ დაინახოს სამყაროს იქით მიმავალი მგზავრები, არამედ თავის ორეულთან ერთად წუთისოფელს გადასცილდეს, სივრცეები გადალახოს და სინათლის გაღმა მოქუსლოს.

ეს უკიდურესი სიმძაფრე პირწმინდად შლის ყოველგვარ დროულ მიჯნასაც და, ერთი მხრივ, თუ სიონის ტაძარს ქრისტიანობის პირველაკვნად წარმოადგენს („ქრისტემ ბავშვობა აქ გაატარა და ღვთისმშობელი უგვიდა ეზოს“), მეორე მხრივ, თვითმხილველივით განიცდის ძლევამოსილი ქართული სახელმწიფოს დამხობას; და ეს პოეტური წარმოსახვა:

„ეხლაც კი ვამჩნევ ლაშას სახეზედ;
ჯალალედინის შემოკრულ სილას“.

თავისი ტრაგიკული სულისკვეთებითა და სურათის სახიერებითა და ექსპრესიით ეხმიანება გიორგი ლეონიძისეულ განცდას, აღძრულს თემურ-ლენგის სასტიკი შემოსევის თვალნათლივი ხილვით:

„თითქოს მან ქართლი ამ წამს გასრისა
და ერთი ფეხით ვერ მოვუსწარი.“

ნიკო სამადაშვილის ღრმად ეროვნული მსოფლგანცდა და მისი პოეზიის ფორმისმიერი მასალის სათავე სავსებით სამართლიანად დაუკავშირეს ვაჟა-ფშაველას ლირიკულ ხილვებსა და ხალხურ აზროვნებას, „...რომელშიც ორგანულად იყო შერწყმული წარმართული კოსმიზმის წარმოდგენები და ქრისტიანული დღესასწაულებისა და ზნე-ჩვეულებების პათეტიკური სილამაზე“ (თამაზ ჩხენკელი); ამ შემთხვევის ნათელსაყოფად მოხმობილმა ცალკეულმა მხატვრულმა სახეებმა, სტრიქონებმა თუ მთელმა ლექსებმა ბუნებრივად გამოაჩინა ამ ორი ნაკადის ორიგინალური გააზრება და გადადნობა პოეტის სულიერ ქურაში, სულიერი სიახლოვე ამ ორ მხატვრულ ტრადიციასთან, მაგრამ აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ თვითონ ნიკო სამადაშვილი რაღაც განსაკუთრებულ სიახლოვეს გრძნობდა ნიკოლოზ ბარათაშვილთან და ალბათ სწორედ ამის გამო უძღვნის მას ამ მინიატურას, სადაც პათეტიკური აღტკინებით გამოთქმული თაყვანისცემა ლამის ბავშვურ აღტაცებად გადაიზარდოს:

„რა ვუყოთ, თუ ჩემი მარტვილი პოეტი კოჭებამდე ვერ სწვდებოდა ბარათაშვილის ხელოვნების მწვერვალებს, მაგრამ მუხლებზე ხომ ეხვეოდა, ხომ უკოცნიდა ნაღვლიან თვალებს, იმასაც ხომ ერეოდა სიხარულის ჟრუანტელი, როცა მთაწმინდას შემოაღამდებოდა და დიდი პოეტის რუხი ლანდი მთვარის განიერ სინათლეს მდინარის ტოტივით გადმოაგდებდა ხოლმე საქართველოში“.

„ჩემი მარტვილი პოეტიო“, ასე რომ იხსენებს, ეს მარტვილი პოეტი ხომ თვითონ არის, ანუ მისი ორეული, მის არსებას თითქოს მოწყვეტილი ის სხვა ნიკო სამადაშვილი.

ეს პათეტიკა, ეს ეგზალტირებული კილო, ეს „მუხლებზე მოხვევა იმასაც ხომ არ ნიშნავს, რომ ნიკო სამადაშვილი ბარათაშვილს თავის ლიტერატურულ წინაპრად აღიარებდა და თავს მისი მხატვრულ-ესთეტიკური კონცეფციის გამგრძელებლად თვლიდა?

ვიდრე ამ მხრივ საბოლოოდ გაირკვეოდეს, ზოგადი შთაბეჭდილება იმგვარი რჩება, რომ ნიკო სამადაშვილის პოეზია თავისებურად უნდა აგრძელებდეს ბარათაშვილის მიერ დანერგილ პოეტურ ტრადიციასაც.

მაგრამ ბარათაშვილთან სულიერი სიახლოვე მარტო ამით არ მთავრდება. შესამჩნევია თვალშისაცემი ბიოგრაფიული მსგავსებაც, მსგავსება იმ ბედისწერისა, რომ ნიკო სამადაშვილის არცერთი სტრიქონი არ დაბეჭდილა მის სიცოცხლეში.

სხვაგვარადაც შეიძლებოდა.

ეს პოეზია სრულიად იყო ამოვარდნილი მთელი იმ დროის მოთხოვნებიდან, სრულიად იყო დაცილებული გაბატონებულ ყალბ, არაგულწრფელ წარმოსახვებს, ცრუპანეგირიკულ სტილს, ზერელე აზროვნებას, სიცრუის მარწუხებს...

ეს იყო მტანჯველი ყოფა, მაგრამ სხვაგვარად შეუძლებელი გახლდათ იმ ირეალური, იმ იდუმალი სამყაროს გადარჩენა, რასაც მართალი თვალი ასე ღრმად ჩაწვდა და ასე შთამბეჭდავად აამეტყველა.

ყოველი პოეტისათვის ნიშანდობლივი მტანჯველი ეჭვები აქ კიდევ უფრო მკვეთრდებოდა, კიდევ უფრო მწვავდებოდა და სულისშემხუთავი ხდებოდა; ლამის გული ორად გაეპო, ლამის მთელი არსება გაეხლიჩა ორად ამ ალტერნატიულ კითხვას: ღირდა კი თავგანწირვა, იქნებ ჯობდა იმ მეორე უკომპრომისო ნახევარს ქედი მოეხარა და ისიც ყოფის მღვრიე მდინარებას დამორჩილებოდა... იქნებ ჯობდა...

არა, არ ჯობსო, არწმუნებდა მისი მოძღვარი და მეგობარი ერეკლე ტატიშვილი, „კაცი-ფასკუნჯი“, ვინც ნიკო სამადაშვილს მსოფლმხედველობა ჩამოუყალიბა და ძალიან დაეხმარა პოეტური ძიებანი მისთვის ყველაზე უფრო შესაფერისი და ბუნებრივი გზით წარემართა; ვისი ლიტერატურული ლანდიც მოუცილებლად სდევს თან ნიკო სამადაშვილის ლირიკულ ხილვებს და „შეხვედრები და სინანული“ ვის ხსოვნასაც ეძღვნება („ჩემი ცხოვრების სიხარულსა და გულშემატკივარს...“).

არა, არ ჯობსო, ამას ამტკიცებდა თვითონ ერეკლე ტატიშვილის ქედუხრელი ცხოვრება და მისი ხსოვნაც, პოეტის ცნობიერებაში გაუხუნრად დარჩენილი მისი სახებაც მარად მღვიძარი სინდისივით სულ ამას იმეორებდა.

თვალწინ ეს იმისთანა ზნეობრივი მაგალითი ჰყავდა, ვერასგზით ვერ აჰყვებოდა ვერანაირ ცდუნებას, რადგან სხვაგვარად თავის სულიერ მოძღვარს პირნათელი ვერ წარუდგებოდა...

ცხადია, შემოქმედის სულიერი განცდები და წინააღმდეგობანი გაცილებით რთული მოვლენაა, მაგრამ როცა ნიკო სამადაშვილის პროზაულ ჩანაწერებში ეს წინააღმდეგობანი ორი განსხვავებული კაცის სახეს ღებულობს, ეს ვითარება მის გამოუვალ ცხოვრებისეულ ყოფასაც დავუკავშიროთ.

ამიტომაც აშკარად ჩანს, რომ პიროვნების გაორების მხატვრული ხერხი ნიკო სამადაშვილის ამ წიგნში გამოწვეული არამარტო ავტორის ესთეტიკური მრწამსით, ინტუიციისა და გულის კარნახით, არამედ პირადი ცხოვრებითაც.

რაც შეეხება შემოქმედის სულში ჩაბუდებულ ფორიაქსა და მტანჯველ ეჭვებს, „შეხვედრებისა და სინანულის“ კომპოზიციური სტრუქტურაც კი ისეა აგებული, რომ ეს სულიერი ფორიაქი, რაც შეიძლება, ძალუმად შეგვაგრძნობინოს. მხოლოდ ერთი შეხედვით თუ მოგვეჩვენება, რომ ეს წიგნი კომპოზიციურად არც ისე მტკიცედაა შეკრული და მექანიკურად უფრო აერთიანებს ცალკეულ, სრულიად სხვადასხვა ეპიზოდებსა და სურათებს, მაგრამ სინამდვილეში ეს ერთგვარი დარღვევაა კომპოზიციური სტრუქტურისა, მისი რამდენიმე ფრაგმენტული ხასიათი თავის მხატვრულ მიზანს ისახავს: კომპოზიციური სტრუქტურის ერთგვარი ფრაგმენტულობისა და, მასთან ერთად, მოქმედების ადგილის წამდაუწუმ შენაცვლების ფონზე მკაფიოდ გამოიკვეთოს შინაგანი ჭიდილით აღძრული სულიერი ტკივილები.

მითუმეტეს, რომ ავტორის მკაფიოდ ჩამოყალიბებული შეხედულებით, „ეს ნაკუწებიც საკმარისია. ხანდახან მესერის დარანიდან, თუ ჭუჭრუტანიდან ცუდად როდის მოჩანს კარ-მიდამო. ადამიანის ცხოვრების დაწვრილებით მოყოლა რის მაქნისია“.

მოქმედების ადგილი კი მართლაც წამდაუწუმ და, თანაც, კონტრასტულად იცვლება: შავი ზღვის სანაპირო თუ ერთი მივარდნილი სოფელი, ძველი სარდაფი თუ ბეთანია, სოფლის განაპირას ჩადგმული წისქვილი თუ თბილისი, ატენის სიონი თუ ლიახვის ნაპირები, გარეჯის მონასტერი, შორეული პატარა ქალაქი თუ ლომისის ხატის დღეობა... და ეს ყველაფერი, ერთი მხრივ, თუ პოეტის შინაგანი ჭიდილის ფონის, მეორე მხრივ, მათი იერი ამ ჭიდილის შესაფერისადაა შეფერილი ანუ რაღაც იდუმალით შებურვილი. ის არაერთი ლექსი, რომელიც სრული სახითაა პროზაულ ჩანაწერებში ჩართული - იმ მოტივით, რომ ხან ორეული, მისტიფიცირებული მეგობარი კითხულობს და ხან თვითონ მთხრობელი, როგორც ამ თავისი მეგობრის ლექსს - ბუნებრივად ერწყმის თხრობის საერთო აზრობრივსა და ენობრივ სტილს. მთლიანობაში ეს ერთი საერთო სტილია (თუ არ ჩავთვლით ჩანაწერების ცალკეულ სატირულსა თუ ირონიულ პასაჟებს, რაც უცხოა მისივე პოეზიისათვის), ენობრივადაც ერთიან სამოსელშია მოქცეული; მკვეთრი პოეტური მეტყველება იწვევს თხრობის პათეტიკურსა და ეგზალტირებულ მანერას, ექსპრესიულსა და მთრთოლვარე განცდას, შობს სწორედ იმგვარ სტილს, რაც ქმნის სევდის, იდუმალებისა და ამაღლებულის განწყობილებას და რამაც ამ სევდით, ამ იდუმალებითა და ამ ამაღლებულის განცდით უნდა განგვსჭვალოს.

ვთქვათ ეს პასაჟი -

„გზას ვიმოკლებდით. მთვარის ნაფეხურებზე როკავდა ვერხვების ჩრდილი. აღმოსავლეთის მთაგრეხილების მწვერვალზე აჩაჩხული ღამე ბურტყუნებდა. საიდანღაც მოისმოდა ურმულის ღიღინი, ბოყბოყა ხევში სახადშეყრილი მდინარე მოქშუოდა, მის თხელ ტალღებს შემოდგომის ფოთლებივით დაფარფატებდნენ უკანასკნელ ქრისტიანთა სინანული და დამშვიდობება“;

ანდა ეს, გარეგნულად თითქოს განსხვავებული, მაგრამ იმავე მოტივის გამგრძელებელი -

„მხოლოდ ჩემი პოეტის ლანდი კვლავ ირწეოდა საფლავებ შორის. ის ხშირად აუძღვებოდა ხოლმე უცნობ ცხედარს. ის თითქოს შუაზე გაპობილ სამყაროს ასდევდა, სადაც ორივე მხრიდან ჩაუდის სიხარულისა და კრულვის მდინარე, სადაც სიცოცხლე და სიკვდილი ჟამთა სრბოლის დასაწყისიდან ერთი-მეორეს ედავებიან და მაინც ერთმანეთი ვერ ამოიჭამეს“.

ამ და ამგვარ წარმოსახვებსა და სურათებს ირონიული პასაჟები კი არ ანელებს, პირიქით, ამ გაელვებით ჩავლილი, გაშარჟებული პერსონაჟების სულიერებას სავსებით მოკლებული ყოფის უბადრუკობის ჩვენებით კიდევ უფრო მწვავედ გამოიკვეთება სულიერებისკენ სწრაფვის აუცილებლობა, ლტოლვა საკუთარი ღირსების, ნამდვილი არსის გადარჩენისკენ - თუნდ წინააღმდეგობრივი, მაგრამ თავგანწირული ლტოლვა.

სხვა თვალით უნდა შეხედო საკუთარ თავს, შეხედო ფხიზელი და დაუნდობელი მზერით, ღრმად ჩაწვდე და გააშიშვლო სულის უფსკრულები, რათა თვითგამართლების ყალბი გზების ძიებას ამაოდ არ ეცადო, - უთუოდ ეს არის „შეხვედრებისა და სინანულის“ მხატვრულ-იუდეური კონცეფცია.

და ამ კონცეფციის ხორცშესასხმელად სწორედ შესაფერისი და მარჯვედ მიგნებული გამოდგა პიროვნების გაორების მხატვრული ხერხი.

რაც შეეხება თხრობის მკვეთრად პოეტურსა და ფერადოვან მეტყველებას, როცა მთხრობელი თავისი ორეულის („მეგობრის“) საპირისპირო ნატურაა და თითქოს ასე არ უნდა მეტყველებდეს - მისი ენა არც მეტაფორებით უნდა იყოს აღსავსე და რაც მძაფრი მხატვრული სახეებით (ვთქვათ, „აღარ მოსჩანდა ბეთანიის ლაჟვარდები, აღარც შეწირულ ბავშვთა ცრემლის მდინარე, აღარც დაყურსული ტაძარი, ის თითქოს გზად მიმავალ ბეღურებს აეკენკათ“) - აშკარაა, რომ ამგვარი სტილური მანერის არჩევით გამოკვეთილია ის რეალობა, რომ მხატვრულმა პირობითობამ როგორც უნდა გამიჯნოს შემოქმედის სულში ორი „მე“, ეს ხომ მაინც ერთი არსებაა, ერთი მთლიანი მოვლენა და ეს ერთი წუთითაც არ უნდა დაგრჩეს მხედველობის მიღმა.

თითქოს სხვადასხვანი არიან მაინც ხომ ერთნი, ერთი ზნეობრივი მრწამსის გადარჩენის მოწადინენი.

1987-88

2.35 35. ჩხენკელი, თამაზ. პოეზია - სიბრძნის დარგი:

▲ზევით დაბრუნება


[კაცი და პოეტი]. - თბილისი, 1978. - გვ. 258-275.

იმას სიკვდილიც არ ჩააცეცხლეს,
კუბოში კიდევ ნატრობდა სიკვდილს.

ნიკო სამადაშვილი.

ნიკო სამადაშვილის სახელი პირველად არჩილ სულაკაურისაგან გავიგეთ ამ ჩვიდმეტი წლის წინათ. მაშინ ჩვენ ახალგაზრდები ვიყავით და მოგვეწონა მისი ცხოვრების ბოჰემური მხარე, რასაც სხვათა მეშვეობით ვიგებდით. ამავე ხანებში მითხრა არჩილმა ნიკო სამადაშვილის ერთი სტროფი, რომელიც სამუდამოდ ჩამრჩა ხსოვნაში:

„მათხოვარი ზის როგორც ობობა,
მყრალ ჯოჯოხეთის მოხდილი პკეა,44
არც ზღაპარია, აღარც მოთხრობა,
ის თითქოს ჩიტებს აუკენკიათ...“

ჩვენ მაშინვე გაგვაოცა ამ სახეების ბრწყინვალებამ და ორიგინალობამ, თუმცა არ ვიცოდით და არ გვესმოდა მისი ავტორის ტალანტის მთელი სიღრმე და სერიოზულობა.

მარტო პირველი სტრიქონი იკმარებდა მათხოვრის ნიშანდობლივი სურათის დასახატავად, მათხოვრისა, რომელიც გატვრინული და უსახურია და ნაწყალობევს ხარბად აცხრება. მეორე სტრიქონი პირველის ფსიქოვიზუალურ სურათს ყნოსვისმიერ შეგრძნებასაც უმატებს, ამავე დროს ფსიქოლოგიურად კიდევ უფრო აღრმავებს ამ სურათს. ჯოჯოხეთი თავისთავად საშინელი და შიშისმომგვრელია. სიმყრალე ამძაფრებს და ზიზღის ნიუანსს უმატებს ამ ნიშანს. მოხდილი პკე დაღვლარჭნილობის, საძაგელი სისველის განცდას იწვევს. პკე - ღვინის ობი - ავადმყოფობაა და იგი, როგორც უვარგისი, არასასურველი რამ, მოსაშორებელი და გადასაგდებია. მესამე სტრიქონში მათხოვარი საკვირველად არის წარმოსახული. იგი არ არის მკვეთრად გარკვეული რამ, არც ცხადლივია, არც სიზმარეული, არც ნამდვილი, არც მოჩვენებითი. იგი თითქოს წაშლილი და ბოლომდე შეუცნობელია. მეოთხე სტრიქონი ფანტასტიკურია. ეს ადამიანთათვის უვარგისი, საზიზღარი არსება გადაგდებულია და მას ჩიტები კენკავენ, როგორც დამპალ ნაყოფს ან ცხოველთა სკორეს. ეს ასოციაცია აუცილებლობით იბადება, თუმცა ეს არ არის თქმული. მეოთხე სტრიქონი ფაქტიურად მესამეს ხსნის. მათხოვარი იმდენად უსახო, გაურკვეველი რამ არის, რომ ჩიტების აკენკილ რასმე ჰგავს. ეს სტროფი ამომწურავად, უჩვეულოდ თვალსაჩინო და ხელშესახებ, ფსიქოლოგიურად ღრმა და მართალ სურათს იძლევა. მაგრამ მთავარი ეს არ არის. იგი ჩვენში იწვევს რაღაც საშიშროების თუ საზარლობის განცდას და მკითხველში ავტორის ჩანაფიქრისათვის სასურველ განწყობილებას ჰქმნის.

უფრო გვიან ნიკოს ამბებს იმ წრიდან ვგებულობდი, რომელიც ნიკო სამადაშვილთან, ჩვენი ცნობილი სწავლულის, ერეკლე ტატიშვილის მეშვეობით იყო დაკავშირებული. ერეკლე ტატიშვილი იყო დიდი ერუდიციის კაცი, ევროპული კულტურისა და ლიტერატურის შესანიშნავი მცოდნე, მეტად საინტერესო პიროვნება, რომლისთვისაც, მე ვიტყოდი, უცხო არ იყო ერთგვარი დემონიზმი (ნიკოს ლექსებში იგი მოხსენებულია როგორც „კაცი ფასკუნჯი“). ეს მოაზროვნე კაცი თავისი ბრწყინვალე განათლებისა და პიროვნული მომხიბვლელობის წყალობით დიდ გავლენას ახდენდა შედარებით ახალგაზრდა, ზოგჯერ სავსებით ყმაწვილ მეგობრებზე. ნიკო სამადაშვილი მოწაფე და მეგობარი იყო ერეკლე ტატიშვილისა, რომელიც მას რაღაც უცნაური ძალით უყვარდა თავისი სიცოცხლის ბოლომდე. ჩვენი მეგობრობის მანძილზე მე არ მახსოვს არც ერთი შეხვედრა ღვინისმიერი თუ უღვინო, რომ მას გულისშემძვრელი სიყვარულითა და თაყვანისცემით არ მოეგონებინოს ამ კაცის სახელი. ეს მართლაც საოცარი იყო და ჩემზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენდა. მე მინდა ვთქვა, რომ რამდენადმე ამ ძლიერ პიროვნებასთან ურთიერთობამ განაპირობა ნიკო სამადაშვილის პოეტური ბიოგრაფიის თავისებური გეზი.

ნიკო სამადაშვილმა იცოდა ეს. მეგობრისა და მასწავლებლის სიკვდილის შემდეგ იგი ცდილობდა გამოენახა გზები (როგორც შინაგანად, ისე გარეთ) იმ მარტოობის დასაძლევად, რაც ქართულ ლიტერატურულ ცხოვრებასთან მისმა უკონტაქტობამ გამოიწვია. უკანასკნელ ხანს იგი თითქოს ძალიან ახლოს იყო სანუკვარ მიზანთან. რუდუნებით მუშაობდა, დაიმედებული იმით, რომ გადალახავდა თავისთავში და თავის გარეთ იმ დაბრკოლებებს, რომლებიც მას ხალხის დიდ აუდიტორიას აშორებდა. მე მინდა მწამდეს, რომ ეს ასეც მოხდებოდა, სიკვდილს რომ არ მოესწრო მისთვის...

არასოდეს დამავიწყდება ამ ბავშვურად გულწრფელი კაცის მამობრივად მზრუნველი გული, ამ უცნაურად მოსიყვარულე, წერით ატანილი, დატანჯული მარტოკაცის ცხოვრება. არასოდეს დამავიწყდება მასთან გატარებული საღამოები. ღვინის სმა და ჩემდამი სიყვარული, თუმცა მისი სიყვარული მარტო ჩემზე არ გადმოღვრილა. ის იძლეოდა ბევრს და იმკიდა ცოტას - ასეთი ხვედრი ჰქონდა. მეხსომება მისი უცნაურად თქმული: მიკვირს, რა უჯიგრო ხარ - და ერთხელ ჩემთან ვითომ შეშფოთებით მოსვლა - კარდიოლოგიურში წამომყევიო. - რა მოხდა, ბატონო ნიკო! - წამომყევი, უნდა გავასინჯო, გული გაქვს თუ არაო... სულის მობრუნება უნდოდა და პოეზიაზე საუბარი. სწყუროდა ეს, გიჟდებოდა. ეს ფაქიზი სულის კაცი ბუღალტერი იყო და ყოველდღიურ ცხოვრებაში პოეზიისადმი გულგრილ ხალხში ტრიალებდა.

ჩემთან საუბარში ხშირად მოიკითხავდა ხოლმე ვახუშტი კოტეტიშვილს, რომელზედაც ამაგი ჰქონდა და რომლის მამასაც სიყვარულით ახსენებდა: დიდებული ვაჟკაცი იყოო. სიამოვნებით იგონებდა მასთან პურმარილით დატვირთული ეტლით ავლას ატენში; ვახტანგ კოტეტიშვილს შეეთვალა თურმე - ხალხი მყავს სამუშაოდ ატენში და შიმშილით სული გვძვრებაო. მისი დავალებით შეუკრებია ქართლის ფალიკური სიმღერები. ეს ნაშრომი დაიკარგა. სიამოვნებით იგონებდა აგრეთვე იმას, თუ როგორ წაიყვანა ერეკლე ტატიშვილი დუქანში და არღანზე აქეიფა. მიყვებოდა თავისი ჭაბუკური დროსტარების ამბებს, ტაბახმელაზე ბოშა ქალებთან ნადიმს და სხვა პიკანტურ შემთხვევებს. ამ ამბებს თითქმის ყოველ სერობაზე იმეორებდა რაღაცნაირი სინანულითა და ნაღველით. მისტიროდა თავის ახალგაზრდობას, ენანებოდა, ნაღვლობდა გზა რომ გაუმრუდდა. მერე თავის საყვარელ ლექსებს იტყოდა. ამ ლექსებს დიდის გრძნობით და თავდავიწყებით კითხულობდა. კი არ კითხულობდა - გიყვებოდა, რაღაც სხვას გეუბნებოდა, თითქოს მწარედ ტიროდა, გულს იოხებდა:

„შენ ჩემში უსტვენ ვით საყდრის ჩიტი,
შენა ხარ ჩემი ნუგეშის დარი.
სულ კარგად მახსოვს, შენ რომ გამიჩნდი
გარეთ ძაღლივით ყმუოდა ქარი:
ვერ გიპატრონე მე, ლაზღანდარამ,
შენ სხვა მხევალი უნდა გყოლოდა.
ზეცა სივრცეებს აზანზარებდა
და მზე ყვიროდა ქვეყნის ბოლოდან.
შენ გადარებდნენ ბინდების ჭრიჭინს
თუმცა სულ მუდამ ტოტს გცემდა ქარი,
ავადმყოფობა ეგონათ, ბიჭო,
ლექსები, ტანზე გამონაყარი.
ჩემი ძაგძაგი, თრთოლვა და სუსხი,
ტანის მერქანში თითქოს ძვლებსა ხრავს,
ღვინომორეულს, ოხშივარასხმულს
ბინაში ბევრჯერ დამიკოცნიხარ.
იქამდე, სანამ დათეთქვილ ტუჩებს
არ გალხობიათ ბუერა სევდა.
შენ ძუძუს წოვდი გაშლილ ალუჩებს
და ღვთისმშობელი აკვანს გირწევდა.
ლექსების ჯღაბნა წამებად გექცა,
სჯობდა ვენახის კვალი გებარა,
ვის რად უნდოდა ეს თვალთმაქცობა,
ნეტავი ქარში გადაგვეყარა
ქარები უფრო წაიკითხავდნენ,
ჩაბჟირდებოდნენ სადმე სიცილით,
ჩემი ცრემლებით ღამეს ხატავდი,
და ბეთანიას მაისის დილით.
ვერ გაოკებდი, დაგდევდი კეტით
ხან მელეოდა მუხლებში ძალა,
ზარივით გასკდა ამდენი რეკით
ზედ რომ მამხია, ეს თავის ქალა.
ვერ მოგიარე, რა გიყო ძმაო,
ორივე შემკრთალ ბუჩქის ჩრდილს ვგავდით
შენ კიდევ მაინც ფიქრში მძუნაობ,45
მე კი ბუწუწიც გამცვივდა დარდით.“

უცნაურად ამბობდა, ბიჭური ხმით და მიმიკით, გაოცების ინტონაციით. თითქოს უკვირდა, ასე უგზო, ასე უბედო კაცი რომ არსებობდა და თვითონ რომ იყო ეს კაცი. მართლაც საკვირველი იყო.

ნიკო სამადაშვილის უბედურება ის იყო, რომ მისი პოეტური მოწიფულობისა და დადგინების ხანა შესაფერის ლიტერატურულ ატმოსფეროს არ დაემთხვა. გასათვალისწინებელია აგრეთვე ის გარემოება, რომ იგი არ გაჰყვა პროფესიული ლიტერატურული ცხოვრების გზას. ამ გზას მან ჩრდილში დარჩენა ამჯობინა, რაც საბედისწერო აღმოჩნდა მისთვის, როგორც პოეტისთვის. იგი სიკვდილამდე რევიზორ-ბუღალტრად მუშაობდა, რათა შეენახა თავისი დიდი ოჯახი და, - ვიყოთ პირდაპირნი, - ამ პროფესიასთან დაკავშირებული ბევრი უსიამოვნება იწვნია. იყო მის ცხოვრებასა თუ ბედში რაღაც ფრანსუა ვიიონისებური; რაღაცნაირი თითქოს ერთმანეთის გამომრიცხველი საწყისების ფანტასტიკური თავმოყრა, რომელთა მწვავე დაპირისპირება და შეჯახება უცნაურად მტკივნეულ ექოს გამოსცემდა მის ლექსებში. მე ვერ ვიტყვი, რომ მისი ცხოვრების ეს ყოფითი მხარე ყოველთვის უმწიკვლო ან შეუსვრელი ყოფილიყო („მე ჩემს ცხოვრებაში ნებსით თუ უნებლიეთ, შეიძლება ბევრი ცუდი საქციელი ჩამიდენია, მაგრამ ჩემს პოეტურ შემოქმედებაში არასოდეს მითქვამს უმართლო სიტყვა. იგი წმინდათა წმინდაა, სადაც ივანებენ უღრმესი ჭეშმარიტებანი ჩემი სულისა“; რ. თაგორი), მაგრამ იმ ამარტის მსგავსად, რომელსაც, ერთი ძველი პოეტის თქმით, ტალახში ჰქელავენ გამვლელები, ნიკო სამადაშვილს, როგორც ადამიანსა და პოეტს, შენარჩუნებული ჰქონდა გულის შეუბღალავი სიწმინდე და წრფელი უშუალობა, რომელსაც იგი პოეზიაში და თავის უახლოეს მეგობრებთან ავლენდა. ბედისაგან მიგებულმა ამ უკუღმართობამ დიდად განაპირობა ნიკო სამადაშვილის პოეზიის როგორც საერთო გეზი, ისე პოეზიის ნაკლულევანი მხარე, მით უმეტეს, რომ მისი ბიოგრაფიის ადრინდელი პერიოდის მრუმე, მაგრამ ძლიერი შთაბეჭდილება ხელსაყრელ ნიადაგს იძლეოდა ამისათვის. ამ ინტიმურ შთაბეჭდილებათ ქვეცნობიერი დინება ძალუმად იგრძნობა მხოლოდ მისთვის ნიშანდობლივი სახეების რთულ კომპლექსში. ყველაფერი ეს უცნაურად დრამატულ იერს აძლევს მის პოეზიას. თამამად ვიტყვი, ქართულ პოეზიაში სხვას არავის ჰქონია ესოდენ გამახვილებული, წინათგრძნობის საზღვრამდე მისული მტკივნეული განცდა ცხოვრების სიცარიელისა, მიუსაფრობისა და განწირულობისა. მის მიმართ დე-კუინსის სიტყვები იქნებოდა ზედგამოჭრილი: „ამრიგად მან იხილა საგნები, რომელთა ხილვა არა ხამს, მან იხილა გულისამრევი, შემაზრზენი სანახაობა და ენით უთქმელი საიდუმლოება. მან წაიკითხა უძველესი ჭეშმარიტებები, დამაღონებელი ჭეშმარიტებები, დიადი და შემზარავი ჭეშმარიტებები“.

ნიკო სამადაშვილის პოეზიას უცვლელად გასდევს ერთი ძირეული განცდისაგან მოგვრილი ხილვა, რომელიც სახეების მრავალფეროვანი ვარიაციით მეორდება. თავდაპირველად ეს განცდა ემბრიონალურად ვლინდება და მეტ-ნაკლები სიმწვავის დრამატულ სახეებს მოიცავს, მაგრამ ყველგან ჩანს ან იგულისხმება სიცარიელე და სიფუღუროვე: „ტაძრის ფუტურო ქერქში ჭრიჭინებს ვიღაც უძეგლო ხუროთმოძღვარი“. საოცარია, როგორა ჰგავს ეს სტრიქონები შუასაუკუნეების ერთ იაპონურ ხაიკუს:

„ჰოი განგებავ, უმოწყალო,
ამ დიდებული მუზარადის ქვეშ
ახლა პატარა მწერი ჭრიჭინებს“.

თუმცა აქ გარეგნული მსგავსების ფონზე არსებითი განსხვავებაა. ნიკო სამადაშვილთან ეს მწერი თავად ადამიანის სულია, რომელიც თავის ქმნილებაში ისე ხმიანებს, როგორც უსაზღვრო რამეში ჭრიჭინის გალობა. ეს საოცარი ჭრიჭინი და სტვენა პოეტისათვის დამახასიათებელი მსოფლშეგრძნების გამოხატულებაა.

„და ჭრიჭინები ორღობეებთან
უძახდნენ ხნიერ გამოქვაბულებს“.

„გამოღმა განგებ მძლავრად დამისტვენ,
მე კი ამ სტვენას ქარს დავაბრალებ“.

ეს სიტყვები უსასრულობისა და უდაბურობის შემცველ სივრცობრივ განზომილებას გულისხმობენ და ამდენად ესადაგებიან სამყაროს უგულო ფუტუროების თავისებურ კონცეფციას. სამყაროს ბნელი და უდაბური ინტერიერი კიდევ უფრო მკაფიოდ ჩანს შემდეგ სტრიქონებში: „და კიაფობენ შორს ვარსკვლავები, მარადისობის ჭუჭრუტანები“. ეს ინტერიერი - შიგნითა სივრცე - ყველგან იგრძნობა. და აქ შეუძლებელია არ გაგვახსენდეს თომას ელიოტის „ფუტურო ადამიანები“: ეს ქვეყანა ვრცელი და ფუტუროა და მას კოდალასავით უკაკუნებენ ადამიანები, რომლებიც, თავის მხრივ, გამოქვაბულებს ჰგვანან. ფიქრებს სკადა აქვთ თავის ქალა, რომელშიც ხან მინდვრის ბალახი ამოჰყოფს თავს, ხან კი გველი შედის სისინით. თავის ქალა ზარივით ამხია ადამიანს და იგი გამუდმებული რეკვისაგან სკდება:

„ჩვენ ვართ ფუტურო ადამიანები,
ჩალით დატენილი ადამიანები
და ერთმანეთს ჩუმად ვეტმასნებით.
ჩვენს თავის ქალაში თივა ხრაშუნობს
და ფუყე მკერდით ვეჩურჩულებით ერთიმეორეს,
და ამ ჩურჩულის უაზრო ფაჩუნი
ბალახებში ქარის შრიალივით იკარგება,
როგორც გატეხილი შუშის შარიშური,
როცა სარდაფში თაგვები შლიგინობენ.
უსახო ტანი უფერო ლანდი,
შებორკილი ძალა, უმოძრაო მიმოხვრა.
თქვენ, - თვალის გაშტერებით
სიკვდილის საუფლოში გადასულნო,
მოგვიხსენიეთ ჩვენ, არა როგორც სულნი,
რომელთაც დაღუპვა თავისი ნებით დაიმკვიდრეს,
არამედ უბრალოდ, როგორც ფუტურო ადამიანები,
ჩალით დატენილი ადამიანები.“

ეს შედარება მხოლოდ ერთ რამეზე მეტყველებს - ნიკო სამადაშვილის ინტუიციის ფართო დიაპაზონზე, მის ღრმა პეცეფციაზე. ამ ასპექტში მათი თანხვდომა მით უფრო საოცარია, რომ ნიკო სამადაშვილი არსად არ გადის კონკრეტულად მოხაზული ქართული ველტბილდის საზღვრებიდან; ამავე დროს, ნიკო სამადაშვილის ფუტურო ადამიანი ჩალითა და თივით არ არის დატენილი:

„ფუტურო სხეულს გულის სიზმარი
შერჩება როგორც გოლგოთის თხრილი...“

აქ ტანჯვითა და წამებით სიცოცხლეამომშრალი ადამიანი დგას. „გულის სიზმარი“ ხორცშეუსხმელი სიცოცხლეა, რომელიც გოლგოთის თხრილად იქცევა (არამეულად: გულგუთა - თავის ქალა). ეს ნიუანსი აქ ჩანს და თავის ქალაც ამიტომ გვხდება ასე ხშირად მის ლექსებში. ამ თავის ქალაში გონების შემარყეველი რეკვა, იდუმალი სტვენა და ჭრიჭინი გაისმის.

ნიკო სამადაშვილის ლექსებში ხშირად გვხვდება ღვთისმშობელი და დედა. ისინი ზოგჯერ გაიგივებულნი არიან. ქრისტეს, რომელსაც აგრეთვე ახსენებს პოეტი, კოსმიური ღმერთის მნიშვნელობა არსად არ ახლავს. ასეთი ღმერთი, უფრო სწორად „ვიღაცა“, მხოლოდ ერთი-ორჯერ ჩნდება როგორც „ ჩაფიქრებული მისანი“, ისიც როგორც ისეთი ვინმე, ვინც სამყაროს გარეთ „ჩაივლის“.

უღმერთობის ასეთნაირი განცდიდან მოდის თვითშემუსვრის, სიცოცხლის ზვარაკად გამეტების პირქუში მოტივი, რაც ნიკო სამადაშვილის პოეზიას მსოფლმხედველობრივ განზომილებას აძლევს. „უკანასკნელ ქრისტიანებში“ უკვე გვხვდება სტრიქონები, რომლებიც საზარელი მსხვერპლშეწირვის ჩვენებას აღძრავს:

„ხევში მდინარე შემოგვეფეთა -
შეწირულ ბავშვთა ცრემლები იყო.
ჩვენ მივდიოდით აღმართზე ერთად,
რატომღაც ჩუმად, რაღაც უიღბლოდ.“

ანდა:

„აკლდამის ჭოჭში დახოცილთ ძვლები
ეყარა როგორც მოჭრილი ფიჩხი...“

ბეთანიის აღმართი მათთვის გოლგოთაა და აქ პოეტის წარმოსახვაში, ეს ქრისტიანული ტაძარი - სათნოების, დიდებისა და მორჩილების სახლი - აცტეკურ თეოკალის ემსგავსება, სადაც ადამიანთა სიცოცხლე მსხვერპლად ეწირება მძვინვარე, გამოუცნობ და უჩინარ ღვთაებას:

„ნეტავი, დედა აქ შეგეწირე,46
თავი დამდედო და დაგეკალი...
ასე მგონია, თითქოს დედაც გადამემტერა.
გორისჯვრის ნიშთან
დღეს თუ არა, ხვალ მაინც დამკლავს.“

ნიკო სამადაშვილის ეს პირქუში განწყობილება გულის შემაღონებელი დეტალიზაციით აღბეჭდილ სახეებს ბადებს: „ძვლებს უკეთებდი ქვაბის ზედადგარს, შიგ ჩემი სისხლის ზედაშე დუღდა“ (ზედაშე - შეწირული ღვინო), „თითქოს მე ვიყო გამოქვაბული და ჩემს ქვეშ სისხლის მდინარე ქუხდეს“. „ვინც თვალის ჩინი ამოგიძოვა, შეგასხა კედელს როგორც ზედაშე“ და სხვ. და ამ ხაზით ვაჟასეული „დევების ქორწილს“ ხილვებს ენათესავება (ვაჟადან უნდა იღებდეს სათავეს ფსიქოლოგიური შინაარსით დატვირთული „ნისლი“ ნიკო სამადაშვილთან: „და მოგონება ნისლივით გრილი“, „ნისლივით იდგა უმეგობრობა“, „ნისლი დაფარავს აპყრობილ ხელებს“).

ამ განწყობილებებს სიცოცხლის მომნიჭებელი საწყისის უჩინარობის, დაკარგულობის განცდა უდევს საფუძვლად. ღმერთი არა ჩანს თავის ქმნილებაში და ეს იწვევს სამყაროს ფუტუროობის, სიცოცხლის უაზრობისა და ამიტომ უფასურობის, ზედმეტობის გრძნობას. ნიკო სამადაშვილი გროტესკულად ზუსტ სახეებს ძებნის ამ სიკვდილისმაგვარი სიცოცხლის გამოსახატავად. „ისე დავდივარ ამ ქვეყანაზე, თითქოს საკუთარ ცხედარს მივყვები“. უცნაური ის არის, რომ თავად სიკვდილშიც არ თავდება სიცოცხლე, სიკვდილშიც არ არის საშველი მოსვენება. არის რაღაც საშინელების მომგვრელი გრძნობა იმ ხილვაში, რომელიც ეპიგრაფად არის წამძღვარებული, ან ასეთ სტრიქონებში:

„ღრუბლის ნაწოლი სივრცე უყვარდა,
და დაქექილი ბაღების თმები,
გული ტირილით ამოუვარდა,
როცა მიწაში ჩაფლეს ნიჩბებით“.

ეს გული, რომელიც კუბოშიაც კი სიკვდილს ნატრობს, საფლავში „სიმსივნით იბერება“. თვითონ საფლავები ჰკივიან, სიბნელე იღრინება, ხოლო „სანთლების შუქზე აჭრილი მკვდრები“ თვალებს ახელენ და სამძიმარს ავრცელებენ.

ყველა ეს შთაბეჭდილება თავს იყრის ვაჟასეული ვიზიონერობით დაწერილ ლექსში („დამშვიდობება და სინანული“), სადაც წაშლილია ზღვარი სიცოცხლესა და იმქვეყნიურ არსებობას შორის. აქ, უცნაურ ჰადესში, პოეტს ვირგილიუსივით ხვდება თავისი საყვარელი მასწავლებელი და ინსპირატორი“...

„შენ დაგმარხავენ ბინდების ლხინით,
სამრეკლო აშლის მთვლემარე მტრედებს.
დაუშენს წვიმა, შორს ბალდახინი
დიდხანს იკვნესებს და იჩერჩეტებს.
ფუტურო სხეულს გულის სიზმარი
შერჩება როგორც გოლგოთის თხრილი,
სისხლზე შემხმარი ძვლების ჩინჩხვარი
და მოგონება ნისლივით გრილი.
სოფლის წისქვილთან რუ ადიდდება,
ქუხილი მთებში ჩაისვრის აჩრდილს,
შენ კი მიწისქვეშ შემოგაგდებენ
ხელიღლიაში კუბო ამოჩრილს.
მოიღრუბლები, მკერდში ჩაიტვრენ,
ფრთხილად ჩაყვები უღრან ნაპრალებს,
გამოღმა განგებ მძლავრად დამისტვენ,
მე კი ამ სტვენას ქარს დავაბრალებ.
წყვდიადი მძიმედ დაუშვებს ფარდებს,
შეწყდება ფერად ჭინკების ბრძოლა.
სულს შეგიხუთავს ძეძვივით დარდი
და ჯოჯოხეთის პირქარი ხრჩოლა.
დაუხვევ ბილიკს ზურგატრუსული,
თვალს შეგავლებენ ქვესკნელის წყლები.
წინ ჩაგივლიან მკვდრები კრუსუნით,
როცა ქვებს შორის წამოგაწყდები.
გვირგვინს დამადებ, რთვილს მიმამსავსებ,
ბედმომკილ დღეებს დიდხანს იჯავრებ.
პირქვე დამხობილს საყვარელ გვამზე
ქარები ტანჯვით აგაგლიჯავენ.
„გარეთ გადაყრილ ნაცარსა ვგავდით“,
თან იტყვი: „იქნებ ღმერთმა ინება“.
ჩაიქნევ მკლავებს და იქვე გვერდით
ცრემლებთან ერთად ჩაგეძინება.“

„გარეთ გადაყრილ ნაცარსა ვგავდით“, - აქ არის ნიკო სამადაშვილის პოეზიის სუბსტრატი. სხვა ლექსში ამ ზუსტ ფორმულას სხვა მოდუსს უძებნის: „ვინც ჰგავდა თოვლზე გადაღვრილ ღვინოს“ - და მით ქართული სულის ვნებიანობითა და ფეროვნებით გამოხატავს თავისი პოეზიის ეგზისტენციურ ხასიათს.

ნიკო სამადაშვილის პოეზია უსათუოდ საპატიო ადგილს დაიჭერს XX საუკუნის ქართულ პოეზიაში. მისი პოეზიის ფორმისმიერი მასალა ან გარეხედი ფესვეულად ეროვნულია (ეთნიკურიც კი) უმცირეს დეტალებამდე, და იგი სათავეს ხალხური აზროვნების წიაღიდან იღებს, რომელშიც ორგანულად იყო შერწყმული წარმართული კოსმიზმის წარმოდგენები და ქრისტიანული დღესასწაულებისა და ზნე-ჩვეულებების პათეტიკური სილამაზე, ხოლო შინაარსი უნივერსალური, ამავე დროს, უაღრესად თანადროულია და ზოგად ხაზებში დასავლეთის ახალ პოეზიას ენათესავება. მთლიანობაში იგი განუმეორებელ შთაბეჭდილებას ჰგვრის მკითხველს, მით უმეტეს, რომ დიდი პოეზიისათვის დამახასიათებელი ორივე ეს ასპექტი უჩვეულოდ ორიგინალური მსოფლშეგრძნებით არის აღბეჭდილი. ეს მსოფლშეგრძნება ტრაგიკულ-გროტესკულია და თვალისმომჭრელი სახეებით ცნაურდება.

ნიკო სამადაშვილი თავანკარა ქართულს ფლობდა. მისი ენის მოდულაციები შეუმღვრეველია როგორც ინტონაციურად, ისე სინტაქსურად, ლექსიკა - მდიდარი და სურნელებით დაყურსული. იგი იშვიათად ხმარებული სიტყვებისა და ქართლურიდან შემოტანილი არაერთი მნიშვნელოვანი სიტყვის მეშვეობით განუმეორებელი, თავისებური ელვარების პოეტურ ფრაზებს ქმნიდა თავისი უჩვეულო ხილვების გასამჟღავნებლად. მისი სიტყვა პირველქმნილობის პოხიერებით სუნთქავს. იგი ხაოიანია, ხვიფლიანი და ფეროვანი, მაგრამ მოკლებული კლასიკურ დაკრისტალებასა და რაფინირებას. ეს ყველაზე კარგად მის რაღაცნაირად შეშფოთებულ, დისონანსურად ალუფხულ რითმებში ხდება საცნაური. არის რაღაც ხასიათისმიერი ანგრეულობა, რაღაც შინაგანი მოუწესრიგებლობა მის ლექსებში, რაც ზოგჯერ სიცოცხლისუნარიანობად თუ იმპულსურ ძალმოსილებად განიცდება მკითხველის მიერ. მისი ბევრი ლექსი მე მაგონებს გაუცრელი თიხისაგან გამომწვარ, ასიმეტრიულ დოქებს, რომელთაც ამჩნევიათ კოჟრები და ზოგჯერ მომტვრეული აქვთ ტუჩი ან ყური, მაგრამ რომელშიაც შეურყვნელი, მაგარი, ძელგი ღვინოა ჩასხმული.

1963 წლის აპრილის პირველ რიცხვებში ნიკო სამადაშვილი ბინაში მეწვია. კარის გაღებისთანავე თავისებური უხეში დაყვავებით (რომ ოდნავ მაინც დაეფარა შეხვედრის სიხარული) შემძახა: კარგი რა, რამდენი ხანია გიყვირი, სადა ხარო. მარცხენა ხელში ჩანთა ეჭირა და ორი მშვენიერი იორდასალამი, მაგრამ ჩემი გაოცებული ყურადღება მისმა სიარულმა მიიპყრო იმ წუთში. იგი მოკლე ნაბიჯებით მიჩოჩავდა თითქოს. კარგა ხანია არ მენახა და შემაძრწუნა ამან. ნიკომ ჩანთიდან ყველი, მწვანილი, კონსერვები და არყის ბოთლი ამოალაგა. მე თუ არ გნახე, მოსვლა არ იკადროო (ოთარაანთ ქვრივისებურად), ბაზარში გავიარე, - მშვენიერი ყველიაო, - ვითომ ეს იყო მთავარი. ჩემთან ორი ახალგაზრდა, არ ეპრიანა, მაგრამ თავაზიანად მიმართა: - აბა, ყმაწვილებო, მიირთვით, მე ვერ დავლევ, თქვენ სვითო. ასეთი სიარულით როგორ წავიდა ბაზარში, ან ჩემთან როგორ ამოვიდა-მეთქი, ვფიქრობდი. სულ მისი ჩოჩვით სიარული მელანდებოდა. მერე ქუჩაში გავედით, ყმაწვილები გამოგვემშვიდობნენ. იმათ ხომ არ გაყვებიო, - ტაქტიანად შემეკითხა. ასე ჩოჩვით მოდიოდა. ბელინსკის ქუჩის კუთხეში გასვენებაში მიმავალი პიერ კობახიძე შეგვხვდა. მოიკითხეს ერთმანეთი. რაღაც წნევის განმკურნავ იაპონურ სამაჯურზე ილაპარაკეს (ორივეს სიკვდილი ეწერა იმ ზაფხულს). შემდეგ დაბლა დავეშვით - რუსთაველის მოედანთან მთხოვა: წამო, რესტორანში ჩავიდეთო. „გემოში“ ჩავედით. პაპიროსის მოწევა მოუნდა, არ მივეცი. ბალღივით შემეხვეწა - ერთს მოვწევო, - არა-მეთქი! ასე ვისხედით. მითხრა: ჩემი სახლი ხომ აქვეა, ღვინოცა მაქვს, მაგრამ რესტორანში ჯდომა მიყვარსო. რომ გამოვედით, თქვა: აღდგომამდე თუ არ მოვრჩი, მაინც დავლევ ღვინოსო, ექიმებს ყური რომ ვუგდო, მომკლავენ ეგ შეჩვენებულებიო. იქვე, მოედანზე დავშორდით. ასე ჩოჩვით მიდიოდა, საწყალობლად.

ღმერთს ვუმადლი, რომ მაისამდე ნიკოსთან შევიარე. ხმელ ხილზე მიმიპატიჟა - ჩემი საკუჭნაო მაქვსო. ოთახი თვითონ გავდა საკუჭნაოს, ისეთი პატარა იყო. თავისი ლექსები მომცა და ხმამაღლა მაკითხა. ასეთი რამ უყვარდა, როცა შევუვლიდი, ასე მაკითხებდა ხოლმე. ნიკოს სიკვდილი მისი გარდაცვალების მეორე ღამეს გავიგე. ნაშუადღევს მივედი, მაგრამ კარი ჩაკეტილი დამხვდა. ნიკო სამადაშვილს სამი შვილი დარჩა და ეს კარი ჩემთვის არასოდეს იქნება დაკეტილი. სხვა კარი მიიხურა. სამუდამოდ ჩაიკეტა...

ასე მოკვდა ეს კაცი, ბრწყინვალე, მძაფრი და უჩვეულო ლექსების ავტორი. კაცი და პოეტი. დიდი გულისკაცი. ნამდვილი პოეტი. ჩემი მეგობარი.

______________________

44. სწორია: პყარ ჯოჯოხეთის მოხდილი პკეა

45. სწორია: შენ კიდევ ფიქრში მაინც მძუნაობ

46. სწორია: აქ შეგეწირე, ნეტავი, დედავ

2.36 36. ცხადაია, ზოია. XX საუკუნის ქართული ლირიკის ისტორიიდან (1930-1940; 1970-1980):

▲ზევით დაბრუნება


[პორტრეტები - რეცენზიები: ნიკო სამადაშვილის გაუთენებელი გზა]. - თბილისი, 2006. - გვ. 218-221. - ISBN 9994086022

ნიკო სამადაშვილის პოეტური მემკვიდრეობა სრული სახით 80-იანი წლების მიწურულს (1989 წ.) გამოცემულ კრებულში გამოვლინდა. პოეტი, რომელსაც სიცოცხლეში არცერთი ლექსი არ გამოუქვეყნებია, პირველად 1973 წელს გამოცემული წიგნით გაიცნო მკითხველმა, თუმცა მის პოეზიას ხელნაწერებში იცნობდნენ და აფასებდნენ ერეკლე ტატიშვილი, გალაკტიონ ტაბიძე, გერონტი ქიქოძე, ვახტანგ კოტეტიშვილი, თამაზ ჩხენკელი.

თუ პოეზია ლიტერატურის ყველაზე უფრო ფილოსოფიურ მოვლენად (არისტოტელე) მოიაზრება, ასეთ შემთხვევაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადგილს უცილობლად იკუთვნებს ნიკო სამადაშვილის ლირიკა - მიწიერი ტანჯვის გამოვლენა, იდუმალთან მიახლოების განცდა და განცხადება... პირველი შთაბეჭდილება ამ ტექსტიდან გამომდინარე (არცთუ უსაფუძვლოდ), შემაშფოთებლად მძიმეა, უკიდურესი, უძველესი და ნაცნობი სევდის პარალელით: „წუთისოფელი მეტად ცუდია, რომ კვლავ სიცოცხლე ისურვოს კაცმა“ (პირამიდების ტექსტიდან)... მივყვეთ პოეტის ტკივილს. მას გზადაგზა გრძნობს მკითხველი. არათუ იგრძნობა, თვალსაჩინოვდება კიდეც ეს ტკივილი - ზოგჯერ ირონიას შეფარებული: „რა, არ გინახავთ, ცხედარს წასვლა რომ უხაროდა, და თავის ხელით რომ იბნევდა საკინძის ღილებს?“ („წინათგრძნობა“). ქვეყნიერების უარმყოფი პოეტისთვის ცხოვრება „გაუთენარი დღეების“ ჯამია, დედამიწა - „ბარით გამოყრილი ქვიშა და ნაგავი“, სადაც ადამიანური წუხილის დეტონატორია: „მარადისობავ, საუკუნოდ გაგიხმეს ქედი, რომ ასე უღვთოდ დამაბნიე ტიალი მგზავრი...“

უმთავრესი და თითქმის ერთადერთია ნიკო სამადაშვილის პოეზიაში ქვეყნიერების უარყოფითად დაძრული ფიქრების მედიტაციური ნაკადი, „ბოლოს კი დარდი: დედამიწაზე ნეტავი რისთვის შემოვეხეტე?“ გამორჩეულად ძლიერია მის ლირიკაში სამყაროს იდუმალ სიდიადეში ჩაკარგული ადამიანის მსოფლშეგრძნება, წარმავლობის განცდა: „ან მოსვლა რა იყო, ან წასვლა რა არის ამ „ვრცელ და ფუტურო ქვეყნიერებაში?..“ სიტყვა „დედამიწა“ მის ტექსტებში კარგავს თავდაპირველ სემანტიკას, „დედა-მიწა“ „დედინაცვალ მიწის“ არსს იძენს: „ჩემს დედინაცვალ საქართველოში რომ მოვმკვდარიყავ, იმიტომ გავჩნდი“. ქვეყნად მოსვლის ფაქტი მისთვის რაიმე სიხარულის მომნიჭებელი არ არის, პირიქით: „ის ერთხელ ნათელს გამოჰყვა ზიზღით, სოფელს წააწყდა, ავდარი იყო, წინ დაიხედა, თურმე ნუ იტყვით, ეს დედამიწა გამომდგარიყო.“ შეუძლებელია, ამ შემთხვევაში არ გაგვახსენდეს ტერენტი გრანელი: „შენ, დედამიწავ, უფრო მაშინებ...“ მაგრამ მათ შორის პარალელთან ერთად არის განსხვავებაც: ნიკო სამადაშვილს დედამიწა აშინებს თავისი წამიერობით, წუთისოფლური რეალობით, რომელიც „გაშლილი ალუჩების ძუძუსაც აწოვებს“ და გარდაუვალი ცხადის ძალით „კლდეში გაჩხერილი თავის ქალით“ ისახება. იგი საწუთროს, ქვეყნიერებას უფრო მატერიალური, ყოფით სივრცეებიდან ჭვრეტს, გრანელი - მწუხარე, მაგრამ მაინც - ოცნებიდან. ნიკო სამადაშვილისთვის ქვეყნიერების მიღმა არსებობს მხოლოდ გზა სიკვდილისა, ანუ არსებობს სიცოცხლე და სიკვდილი, სადაც სიცოცხლის ბაზარზე დაფიქრება სიკვდილს უფრო საჩინოს ხდის. ტერენტი გრანელისთვის კი: „არა სიცოცხლე, არა სიკვდილი, არამედ სულ სხვა...“ იგი უჩვეულოდ წარმოსახვითში, ტრანსცედენტულში, ზეშთაგონების მიღმა ეძებს (ამაო) ხსნას. მისი წარმოსახვების თვალსაწიერი ირეალურია, მშვენიერი, მაგრამ თვალშეუდგამი ჩვეულებრივი მოკვდავისთვის. ნიკო სამადაშვილის შინაგანი ხმა, საამსოფლო ურვა საზიაროა ნებისმიერისათვის, ვინც ერთხელ მაინც ჩაღრმავებია ან ჩაუღრმავდება ქვეყნიერებისა და მარადისობის ურთიერთმიმართებას და ამ ფონზე ადამიანის უმწეობის (რაგინდ ოპტიმისტებიც არ უნდა ვიყოთ) შეგრძნებას. გრანელისაგან განსხვავებით, ნიკო სამადაშვილისათვის „იდუმალი“ არ არის სიმშვიდეს შენაპარი... მისთვის აქ, მიწიერ ცხოვრებაში მთავრდება ყველაფერი. ეს არის თავი და თავი ამ დიდი ტკივილისა. იგი თითქოს კონკრეტული „დროის, ეპოქის“ გარეთ ცხოვრობს. არსებული სახელწიფოებრივი სინამდვილე, იდეოლოგიის დამთრგუნველი წნეხი (ერთ-ერთი მიზეზი უთუოდ, რის გამოც იგი საერთოდ არ აქვეყნებდა ლექსებს) და სოციალურ-პოლიტიკური ვითარება თითქოს მის ინტერესებს მიღმა რჩება (ალბათ, ყოველივე ამასაც ისე წარმოიდგენდა, როგორც წამისყოფას, წარმვალს, დროებითს, კნინს)... მას აწუხებდა უფრო გლობალური და მწვავე ფილოსოფიური კითხვები, რომელსაც თავიდანვე პასუხობს:

„ქარი საფლავში ჩაგიგებს ბუმბულს,
სიმსივნით გული გაიბერება,
შენს თავის ქალას, ჯირკვთან მიგდებულს,
მინდვრის ბალახი გამოერევა“.

ქვეყნიერება - „ხნიერი გამოქვაბული“ წარმოდგენილია უდაბურობის მიმანიშნებელ სიმბოლოთა მთელი კომპლექსით: ღამურები, ბუები, ჭრიჭინები, ჭოტის კივილი, შიშველი ქარი, ქარების დოღი და სხვ. ამ ფონზე კი - დიდი მარტოობის განცდა:

„მარტოკამ ქეშად უმზირა ზეცას,
იდგა: სიჩუმე ქაოსთა გროვა.
უცბად მთრთოლვარე მუხლზე დაეცა,
და იგრძნო დიდი უმეგობრობა...
უსაფარობას წუხდა, დარდობდა,47
უკუნეთს შერჩა ჭმუნვის სარქალი,
ჯერ ხომ ჩამძიმდა, მერე დაობდა,
ღმერთმანი, კაცი ცამდე მართალი.“

ბოლომდე გაუცხოებული და გაწბილებულია იგი ამ წუთისოფელში: „ისე დავდივარ ამ ქვეყანაზე, თითქოს საკუთარ ცხედარს მივყვები“ - „გაუთენებელი გზა“, ანუ ცხოვრება - ყოველთა გამაწბილებელი, საიქიო სასუფეველში მოალანდებს გათენებისა და განათების პერსპექტივას, მაგრამ ეს უფრო ირონიაა: „საიქიოდან წუთისოფელი, როგორც მამალი, ისე ყიოდა“.

გათენება არ შედგა: „შეჰყეფდნენ სივრცეს და მამალი ღამე ყიოდა“. პოეტური სინტაგმა „მამალი ღამე“ ამ არშემდგარი გათენების მეტაფორაა. მამალი ამ შემთხვევაში ძლიერების სიმბოლოა, ე.ი. - ღამე - მყარად გაუნათებელი. იგივე თემა - ახალ კონტექსტში, რომელიც კიდევ ერთხელ გაახმიანებს ადამიანის წყევლა-კრულვიან საფიქრალს:

„თითქოს სიკვდილი რჩებოდა ოხრად,
მარადისობაც დასწყევლა, დაჰგმო,
ღამე ტირილით გამოიხურა
და გათენებას ვეღარ მიაგნო“.

ნიკო სამადაშვილის პოეტური ხმა ძირითადად აქცენტირდება სათქმელის შინაარსში. ლექსის გარეგნული სამკაულები მისთვის არ არის საგანგებო ყურადღების საგანი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მისი პოეზიისათვის უცხო არ არის სრულიად ორიგინალური პოეტური სახეები: „ძირს წმინდა ნინოს ნაფეხურები ჰგავდნენ სისხამზე დაკრეფილ იებს“, - დამოკიდებულება ქრისტიანული სიწმინდეებისადმი; „ვარსკვლავნი ისე მოჩანდნენ ღამე, თითქოს ზეცა ჩრჩილს ამოეჭამა“ - სრულიად საპირისპირო შემთხვევა ვარსკვლავიანი ცის სახისმეტყველებისათვის, ან: „და კიაფობდნენ შორს ვარსკვლავები - მარადისობის ჭუჭრუტანიდან“; ერეკლე ტატიშვილისადმი მიძღვნილი ლექსიდან: „შენ რომ წახვედი, ასე მეგონა, მთელი ქვეყანა თან წაიხვეტე“, - მარტოობის, განწირულობის, სიცარიელის ჰიპერბოლური განცდა...

ნიკო სამადაშვილი იშვიათად გამოდის სამყაროს (სიურეალისტური) უმწარესი ხილვებიდან, მაგრამ მის პოეზიაში შიგადაშიგ მაინც გაიელვებს თანამედროვეთა და ახლობელთა ძვირფასი სახელები, ილიასადმი, ნიკოლოზ ბარათაშვილისადმი მიძღვნილი ლექსები, ისტორიული თემატიკა, წუხილი წარსულის გამო, კონკრეტულად სპარსელების მიერ აოხრებული გარეჯის ხილვით აღძრული განცდა:

„გადაკაფული უამრავი სანთლების ცეცხლი,
კვამლივით დადგა მიუწვდომელ ზეცის ბოლოში,
ამ მონასტერზე იყო თურმე ბუდე მერცხლების,
მას აქეთ აღარ მოფრენილან საქართველოში.“

სამშობლო, საქართველო - მოკრძალებულ და ემოციურ კონტექსტში: „მე საქართველოს წყნარი სოფლები ძაღლების ყეფით გამაცილებენ.“ ან: „მთა მედიდური - მთა დანახვისი, მაღალი, როგორც ჩემი სამშობლო“. პოეტური მიმართვა საკუთარი პერსონისადმი („ნიკო სამადაშვილს“) მისი შინაგანი პორტრეტია:

„შენ ჩემში უსტვენ, ვით საყდრის ჩიტი,
შენა ხარ ჩემი ნუგეშის დარი,
სულ კარგად მახსოვს, შენ რომ გამოჩნდი,
გარეთ ძაღლივით ყმუოდა ქარი.
ვერ გიპატრონე მე ლაზღანდარამ,
შენ სხვა მხევალი უნდა გყოლოდა,
ზეცა სივრცეებს აზანზარებდა
და მზე ყვიროდა ქვეყნის ბოლოდან.“

ყველაფრის ბოლოს მაინც ერთი რამ იქცევს ყურადღებას - რა აძლებინებდა პოეტს, როგორც ადამიანს, რომელმაც უარყო ქვეყნიერება? ამის პასუხად შეიძლება მისივე ამ ერთი სტრიქონის დამოწმება: „რა ვქნა, მიყვარდა: ლექსი, ცა და მარადისობა.“

___________________

47. სწორია: უსაფარობას სწუხდა, დარდობდა,

3 ჟურნალები

▲ზევით დაბრუნება


3.1 37. აბზიანიძე, ზაზა. ნიკო სამადაშვილი:

▲ზევით დაბრუნება


[ლიტერატურული პორტრეტები] // კრიტერიუმი. - თბილისი, 2000. - № 1. - გვ. 68-74.

1963 წლის 1 მაისი იყო. ბელინსკის ქუჩის მტვერში ვიღაც უცნობი კაცი ეგდო. თავდაპირველად მთვრალი ეგონათ. კი ჰქონდა მსმელის გარეგნობა: ღაჟღაჟა, მელოტი, კეფიდან სასოებით წამოვარცხნილი თმის ორი ღერით, ჩამრგვალებული მუცლით... უცნობი ვერ ლაპარაკობდა, მხოლოდ დროდადრო უმწეოდ ახელდა ცისფერ თვალებს... რომელიღაც გამვლელმა, დემონსტრაციიდან წამოყოლილი დროშა კედელს მიაყუდა, უცნობის გულის ჯიბიდან პირადობის მოწმობა ამოიღო და წაიკითხა: „ნიკოლოზ მიხეილის ძე სამადაშვილი, ბუღალტერ-რევიზორი“. მერე ჩაილაპარაკა, - ამას კაი ფული ექნება ნაშოვნიო, - და გზა განაგრძო.

ნიკო სამადაშვილი იმავე დღეს გარდაიცვალა საავადმყოფოში, სახლში რომ მოასვენეს, ოჯახში სულ ოთხი მანეთი აღმოაჩნდათ.

ერთი შეხედვით, თითქოს სწორედ ასე პროზაულად უნდა დამთავრებულიყო ცხოვრება ბუღალტერ-რევიზორისა, ღვინოში რომ ახრჩობდა თავის დარდსა და ვარამს, თავის ობოლ ბავშვობას, თავის პირველ სიყვარულს, თავის მუხთალ ბედს, თავის ვერნაპატრონებ ნიჭსა და გაცრუებულ იმედებს რომ დასტიროდა. და მხოლოდ რამდენიმე ადამიანი გარშემოთაგან ხედავდა მწარე უსამართლობას მის სიკვდილშიც და მის ცხოვრებაშიც, სასჯელის სახეობად რომ აღექვა თვით ნიკო სამადაშვილს და უკანასკნელ წუთამდე ვერ მოეძებნა ამ სასჯელის პირველმიზეზი...

ეს ადამიანები მისი ლექსების რვეულის პირველი მკითხველები იყვნენ. იმ რვეულისა, ოთხ მანეთთან ერთად რომ დაუტოვა ოჯახს უკანასკნელ, მაგრამ უკვე მარადიულ გზაზე მიმავალმა ნიკო სამადაშვილმა. გადავშალოთ ეს რვეული, დღეს უკვე ჩვენი საკუთრებაც რომ გახდა, და თუ მოვინდომებთ ნიკო სამადაშვილის „ქერქგადაგლეჯილი“ გულის სიღრმეში ჩახედვას, პოეტი თვითონვე დაგვეხმარება თავისი ლირიკული ავტოპორტრეტით:

„შენ ჩემში უსტვენ ვით საყდრის ჩიტი,
შენა ხარ ჩემი ნუგეშის დარი,
სულ კარგად მახსოვს, შენ რომ გამოჩნდი,
გარეთ ძაღლივით ყმუოდა ქარი.
ვერ გიპატრონე მე ლაზღანდარამ,
შენ სხვა მხევალი უნდა გყოლოდა.
ზეცა სივრცეებს აზანზარებდა
და მზე ყვიროდა ქვეყნის ბოლოდან.
შენ გადარებდნენ ბინდების ჭრიჭინს,
თუმცა სულ მუდამ ტოტს გცემდა ქარი,
ავადმყოფობა ეგონათ ბიჭო.
ლექსები ტანზე გამონაყარი“.

ამ, სასოწარკვეთილი გაბედულებით თავისი თავისადმი მიძღვნილ ლექსს, ასეც ჰქვია - „ბუღალტერ ნიკო სამადაშვილს“. და მაინც, ისე მგონია, რომ ნიკო სამადაშვილის მთავარი სატკივარი მის გაორებულ ცხოვრებაში კი არ იყო, მის გაუმზეურებულ ტალანტში, არამედ უფრო შორიდან, მისი ბავშვობიდან მოდიოდა და მთელ მის შემდგომ უიღბლობაში მოისმის ობლის ბალიშში ჩაგუდული ტირილის გამოძახილი...

ნიკო სამადაშვილი 1905 წლის 19 ივლისს დაიბადა სოფელ ხიდისთავში, გორის მახლობლად. სამი წლის არ იყო, მამა რომ გარდაეცვალა. დედამ ხელი დაავლო უმცროს ქალიშვილს და ბაქოში გადასახლდა, სადაც ხელმეორედ გათხოვდა კიდეც. პატარა ნიკო კი ბებიის, - „ძალო ეკატერინეს“ ამარა დარჩა.

მიტოვებული შვილის გაუნელებელი ტკივილი შეუხორცებელ იარად დაემჩნა ნიკო სამადაშვილის მთელ ცხოვრებას“:

„...ბავშვი ობოლი, თოთო, საწყალი,
გუშინ კარდაკარ ეძებდა დედას.“

თავის არსებობას ნიკო სამადაშვილი რაღაც ერთიან, მსხვერპლშეწირვად აღიქვამდა, სადაც განგებას მისთვის სწორედ ზვარაკის როლი განემზადებინა:

„აქ შეგეწირე ნეტავი დედავ,
თავი დამედო და დაგეკალი,
ალბათ, ოდესმე წესს ამიგებდა,

შავი ღრუბელის ცივი წინწკალი“.

ბავშვობიდან გამოყოლილი ცხოვრების შიში, სურვილი ვისმე კალთას ამოფარებისა, „ქვეყნიერების დაგებულ კაკანათს“ რომ გადაურჩეს, ეს შიში, ჭოტის კივილით რომ იწყება და კივილითვე რომ მთავრდება, კაცს თუ დასჩემდა, მას ვეღარაფერი იხსნის. ცოტა ხნით შველა ღვინოსაც შეუძლია, ქალსაც, ლექსსაც, ალბათ, ვარსკვლავიანი ცის ცქერასაც, თუკი ვარსკვლავებს „მარადისობის ჭუჭრუტანებად“ აღიქვამ, ცხადია, მაგრამ მხოლოდ ცოტა ხნით...

ობლობის სუსხმა ბავშვის გულის გახევება თუ ვერ მოასწრო, მისთვის მომადლებული შვილობრივი სითბო ვისმე ღვთისნიერს ერგება: ასეთი შვილობრივი გრძნობით უყვარდა ნიკოს თავისი აღმზრდელი „ძალო ეკატერინე“ და შემდგომში კი - მისი მფარველი, უფროსი მეგობარი და მასწავლებელი ერეკლე ტატიშვილი.

ნიკო სამადაშვილის ცხოვრება პარადოქსებითაა აღსავსე: ხომ ყველაფერში უკუღმა ტრიალებდა მისი ბედის ჩარხი, მაგრამ, გორის 1920 წლის საშინელი მიწისძვრა მაინცადამაინც მისთვის აღმოჩნდა იღბლიანი. სასწავლებელი, რომელშიც ნიკო გორში სწავლობდა, მიწისძრვამ დაანგრია და მოწაფეები სწავლის გასაგრძელებლად თბილისის გიმნაზიაში გადმოიყვანეს. სწორედ აქ შენიშნა იგი ერეკლე ტატიშვილმა.

„სამადაშვილი, როგორც პოეტი, ერეკლე ტატიშვილის აღმოჩენაა, - იგონებდა აწ განსვენებული პროფესორი გაიოზ იმედაშვილი, - ... ჩვენი მასწავლებელი, მოძღვარი და მეგობარი ერეკლე ტატიშვილი დაბეჯითებით გვიმტკიცებდა, რომ სამადაშვილი არის დიდი პოეტი და საყურადღებოა არა მხოლოდ საქართველოს მასშტაბით. ამის გააზრება მაშინ მიახლოებითაც კი შეუძლებლად მიგვაჩნდა. დრომ გვაჩვენა. რომ ეს დიდი აღიარება უსაფუძვლო არ ყოფილა“.

ნუ დავივიწყებთ, რომ აქ ოციანი წლების დასასრულზეა ლაპარაკი: ამ დროისთვის ნიკო სამადაშვილი ავტორია სულ რამდენიმე ლირიკული ლექსისა, რომლებსაც განდობილთა ვიწრო წრეში კითხულობს: გამოქვეყნებული კი ორად ორი ლექსი აქვს გორის რაიონულ გაზეთში „წითელი ქართლი“ - ერთი ლენინზე და მეორე წითელ არმიაზე.

რა იყო აქ მეტი? ოცი წლის ყმაწვილის რევოლუციური ილუზიების ანარეკლი, თუ ფარული პატივმოყვარეობით ნაკარნახევი სურვილი თავისი გვარისა და სახელის გაზეთში ხილვისა? თუ ერთიცა და მეორეც? ასეა თუ ისე, მიამიტური სტრიქონები „წითელი ქართლიდან“ კიდევ ერთხელ შეგვახსენებენ, რაოდენ საფრთხილოა ერთი, ზედაპირული შთაბეჭდილებით პოეტის ნიჭისა და მომავლის განსჯა. მით უფრო დასაფასებელია ერეკლე ტატიშვილის ინტუიცია და ის დაბეჯითება, რომლითაც იგი თავის უმცროს მეგობარს ლექსების გამოქვეყნებისგან თავის შეკავებას ურჩევდა. როგორც არჩილ სულაკაურმა გაიხსენა, ერეკლე ტატიშვილის სიკვდილის შემდეგ, ნიკოს მაინც უცდია გამოექვეყნებინა თავისი ლექსები, მაგრამ უშედეგოდ...

ის ლექსები, რომელთა დაბეჭდვაც ნიკო სამადაშვილს ასე ეწადა, მხოლოდ ავტორის სიკვდილის შემდეგ გამოქვეყნდა - გაზეთ „ლიტერატურულ საქართველოში“ 1967 წლის 28 ივლისს. წინათქმა ეკუთვნოდა თამაზ ჩხენკელს. რომელმაც საზოგადოდ, ბევრი რამ გააკეთა იმისათვის, რომ ქართველ მკითხველს გაეცნო და გაეთავისებინა ეს უჩვეულო პოეტი.

ერეკლე ტატიშვილის სიფრთხილე დღეს სავსებით გასაგები ხდება: იგი ხომ სხვაზე უკეთ ხედავდა, რომ სამადაშვილის პოეზიის მაგნეტიზმი პარადოქსულად უკავშირდებოდა მისივე მინუსებს - ლიტერატურული ტრადიციიდან განდგომას, პოეტიკის კანონების არცოდნას თუ არაგათვალისწინებას, რაღაც იშვიათ სიჯიუტეს, რომლის გამოც ნიკო ერთხელ უკვე დაწერილ ტექსტს აღარ უბრუნდებოდა...

როგორც ეტყობა, ერეკლე ტატიშვილს ეშინოდა, რომ სამადაშვილის თვითმყოფადობა, ველური წარმოსახვა და განცდის სიმძაფრე უთუოდ დაოკდებოდა და ქვეცნობიერად მაინც აღიარებული ლიტერატურული კალაპოტისაკენ წარიმართებოდა, ნიკოს თავისი ლექსებისათვის მომავალი რედაქტორების თვალით რომ დაეწყო ცქერა. სხვათა შორის, ამის დასტურია სწორედ ამგვარად „გაშალაშინებული“ ორიოდე მისი „საიუბილეო ოდა“, რომლის „სიგლუვეც“ დღეს გაცილებით უფრო გეუცხოვებათ, ვიდრე ის გაუმართავი სტრიქონები, კოჟრად რომ ემჩნევა სამადაშვილის არაერთ ლექსს.

ახლა, კვლავ ნიკო სამადაშვილის სულისშემძვრელ პოეტურ ავტობიოგრაფიას დავუბრუნდეთ:

„მზე გადიოდა ცას ბორანივით.
ტყეში შიშველი ქარი კიოდა.
ლექსს იძახოდა ხიდან ყორანი,
ქრისტე მოჩანდა საიქიოდან.
ძლივს ვამშვიდებდი მოქანცულ ჩიტებს,
თვალს მიშტერებდა წარმართის ლოცვა.
ლოდებზე იჯდა გიჟი პოეტი,
კვნესოდა მთების ყრუ გარემოცვა.
დაფლეთილ სხეულს, დაღალულ ფიქრებს,
ახსოვდათ მხოლოდ სიცოცხლე მკვდარი.
სადღაც ეშოვნათ კუბო ჯიბგირებს
და მოეწერათ ზედ ჩემი გვარი!“

ნიკო სამადაშვილის ლექსებში შეხვდებით საუკუნის დასაწყისის დეკადენტური რეკვიზიტისათვის დამახასიათებელ „მკვნესარე ბალდახინებს“, „ქაოსებს“, „მკრთალ პანაშვიდებს“, მაგრამ თავისი სულის შეშფოთება მან ირეალური სურათების ისეთი წყებით გამოხატა, რომელთაც ფერწერულ ტრადიციასთან მეტი ჰქონდათ საერთო, ვინემ ლიტერატურულთან.

სამადაშვილი, რაღაც უცნაურად უნაცვლებს ერთმანეთს სიკვდილ-სიცოცხლეს: სიცოცხლის სურათში, როგორც წესი, სიკვდილის კლანჭია ჩახატული, თვით სიკვდილი კი, ასევე მოულოდნელად, ამეტყველებული და ამოძრავებულია: არის რაღაც სიურეალისტური იმ წარმოსახულ მიზანსცენებში, როდესაც ცხედარი „სარეცელზე ხვნეშის“, „საკინძის ღილებს იბნევს“ ან „მოთქმით ტირის“, მაგრამ, თუკი არსებობს ეგზისტენციალური შიში, „შიში არსებობისა“, უფრო მაშინ გიჩნდებათ, როდესაც „მსოფლიოს გარეთ პირქვე დაგდებულ“ პოეტში ბელინსკის ქუჩაზე დაცემულ უცნობს ამოიცნობთ; როდესაც სამადაშვილის თვალით დაინახავთ დედამიწას - „ბარით გადმოყრილ ქვიშასა და ნაგავს“, „დიდ სასაფლაოს“, „ჯვარცმის შავ დედანს“ - კოსმიურ სიბნელეში და სიცივეში გატყორცნილს. გარკვეულ მომენტამდე, ამ სივრცობრივ მასშტაბს მაინც პოეტურ პირობითობად აღიქვამთ, მაგრამ დგება წუთი, როდესაც თავის მომავალ სამარესთან მდგომი ადამიანის შიში გადმოგედებათ და შეგაჟრჟოლებთ კოსმიური თუ სიკვდილის სუსხისგან. თვით ნიკო სამადაშვილისათვის, როგორც ეტყობა, ეს შეგრძნება ჩვეული რამ იყო: თავისი დაობლებაც, უმცროსი დის ნაგვიანევი გაცნობის ნაცვლად, მისი უეცარი სიკვდილის ამბავიც, დაპატიმრების მოლოდინიც - ყოველივე ესაა, რომ ათქმევინებს: „ჩემი გაჩენა მიეზღოს ცეცხლად, ვისაც ეს ჩემი იღბალი მართებს“, სიკვდილს რომ ანატრებინებს და თავისსავე შესანდობარს შეასმევს:

„ხე ეკლესიის მათხოვარს ჰგავდა,
თითქოს გულს ქრისტემ ხელი დარია,
შენი ფიქრების ჩრდილთა ტორტმანი
მტრედის სიზმრებში მომიპარია.
რომ ფოთლებიდან მეცქირა დიდხანს,
როგორ მალავდა ცრემლს მეგობარი,
და დამელია ბნელ ლუდხანაში
ჩემი ცხოვრების შესანდობარი.“

ნიკო სამადაშვილის ცხოვრების დრამას თუ დავუბრუნდებით, მისი უიღბლო სტუდენტობაც უნდა გავიხსენოთ, ვერ ჩააბარა საგნები და მეორე კურსიდან გაირიცხა. „ოჯახური უსახსრობის გამო უნივერსიტეტს თავი გავანებე, - წერდა თვითონ ნიკო ავტობიოგრაფიაში, - და მოვეწყვე მოანგარიშეთ (გორში მქონდა დამთავრებული საბუღალტრო კურსები). მას აქეთ ვმუშაობ ბუღალტერ-რევიზორის თანამდებობაზე“.

სამადაშვილის რევიზორული მოღვაწეობა ორჯერ შეწყდა იძულებით: პირველად ომის დროს დააპატიმრეს, - თხუთმეტი წლის წინ „ახალგაზრდა მარქსისტთა“ არალეგალურ წრეს ხელმძღვანელობდიო; მეორედ, უკვე ომის შემდეგ. ამჯერად მის რევიზორულ საქმიანობასთან დაკავშირებით. ბედად (თუკი შეიძლება ამას ბედი დაერქვას), ორივე დაპატიმრება წელიწადზე მეტ ხანს არ გაგრძელებულა...

ნიკო, როგორც ეტყობა, სუფრის კაცი იყო, ვინემ ოჯახისა და თუკი ჰქონდა კიდეც რაღაც გამორჩენა თავის რევიზორობიდან, ისევე და ისევ მეგობრულ სუფრას ახარჯავდა: აქ იყო მისი სტიქია, აქ მოეძალებოდა ხოლმე ლექსის თქმის სურვილი, აქ ისმენდა დაფასებისა და აღიარების იმ სიტყვებს, რომლებიც, დროდადრო, ყველაზე თავმდაბალ შემოქმედსაც კი ჭირდება...

-ოჯახი ვახსენე: პირველი ცოლი ნიკოს ადრე შეურთავს და ადრევე გასცილებია - ეს ყოფილა ძალზე ლამაზი ბერძენი ქალი ევა ჩაკალიდი (მათი რომანტიკული მიმოწერის ნაწილი გადარჩა და გამოქვეყნდა კიდეც); შემდეგ, სადგერში (ბორჯომის მახლობლად) ხანმოკლე მასწავლებლობისას, ოცდათერთმეტი წლის ნიკო მოიხიბლა თავისი თხუთმეტი წლის მოწაფით - მარიამ ამანათაშვილით და ჩამოიყვანა კიდეც იგი თბილისში. მარიამს, ნიკოს სამი შვილის დედას, არასდროს დასცდენია საყვედური, რომ მისი პოეტი მეუღლე მთელი ცხოვრება უბით დაატარებდა თავისი პირველი სიყვარულის - მათიკო ამბრიაშვილის სურათს, იმ მათიკო ამბრიაშვილისა, ხიდისთავში მშობლებმა არასგზით რომ არ გაატანეს ღარიბ და ობოლ თანასოფლელ ბიჭს.

გულის სიღრმეში მიყუჩებული პირველი სასიყვარულო მარცხის ტკივილი გამოკრთებოდა ხოლმე ნიკო სამადაშვილის ლექსებში, მაგრამ, საზოგადოდ, სასიყვარულო ლირიკა მასთან არ იქცა იმ გამორჩეულ ჟანრად, როგორც ეს ჩვეულებრივ ხდება ხოლმე და პირველობა სხვა თემებსა და განწყობილებებს დაუთმო.

ნიკო სამადაშვილმა საკუთარი მითოლოგია შექმნა; წარმართის სითამამით დასეირნობს იგი ბიბლიურ პანთეონში, სადაც, ხან „გოლგოთის მთიდან მორეკილ ღმერთების ჯოგს“ გადააწყდება, ხან „შეშინებულ მოხუც მაცხოვარს“, ხან „გზად მომღერალ წმინდანებს“, ხან „გაბუტულ ღვთისმშობელს“, ხან კი, გაკვირვებული თვალს გააყოლებს „შეშლილი ღმერთის ცეკვას“... ის გაშინაურება და ფამილარობა, რაც სხვასთან მკრეხელობად მოგეჩვენებოდათ, სამადაშვილთან რაღაც იშვიათ სითბოს იძენს, ხოლო ბიბლიური და ქართული რეალიების, დროისა და სივრცის უცნაური ნაზავი, სრულიად მოულოდნელ, ლამის ვიზუალურ დამაჯერებლობას:

„წარმართთა ძვლებზე იდგა ტაძარი,
ზევით ლეგენდა მიჰქონდათ მთიებს,
ძირს წმინდა ნინოს ნაფეხურები
ჰგავდნენ სისხამზე მოკრეფილ იებს.

ვით უკვდავება, წყარო ანკარა
აცისკროვნებდა ირმების ფერდობს.
ქრისტემ ბავშვობა აქ გაატარა
და ღვთისმშობელი უგვიდა ეზოს.“

და ისევე ცხადლივ, როგორც ეს ატენის სიონის ეზო, დაინახა ნიკო სამადაშვილმა თავისი საფლავის ბორცვი და თავისი სიკვდილის შემდგომი სიცოცხლე:

„ჩამობნელდება...
მტირალ წნორებს წაუვათ გული.
უკვდავებაა, სიცოცხლეზე რომ ისეირებს...
და მესაფლავე მახინჯ მხარზე ბარგადებული,
სასაფლაოზე პურის ჭამით გაისეირნებს.“

ცოცხალ, ბედის უსამართლობით მიწაზე გართხმულ ნიკო სამადაშვილს თავისმა დრომ გულგრილად გვერდზე ჩაუარა. და მხოლოდ მისი სიკვდილიდან კარგა ხნის შემდეგ, როცა ობოლმა საფლავმა რაღაც უჩვეულო ფერისცვალება იწყო, მოტრიალდა, საფლავის ქვასთან შეჩერდა, თავი დახარა და, როგორც იქნა, ამოიკითხა ნიკო სამადაშვილის სახელი...

3.2 38. აბზიანიძე, ზაზა. სხვა კალაპოტი (ნიკო სამადაშვილის პოეზია)

▲ზევით დაბრუნება


// ლექსმცოდნეობა: ყოველწლიური კრებული / შოთა რუსთაველის ქართ. ლიტ. ინ-ტი. -თბილისი, 2021. - № 13, ლექსმცოდნეობის მეცამეტე სამეცნიერო სესია (მასალები): ეძღვნება ნიკო სამადაშვილს. - გვ. 5-13.

1963 წლის 1 მაისი იყო. ბელინსკის ქუჩის მტვერში უცნობი კაცი ეგდო. თავდაპირველად მთვრალი ეგონათ. კი ჰქონდა მსმელის გარეგნობა: ღაჟღაჟა, მელოტი, კეფიდან სასოებით წამოვარცხნილი თმის ორი ღერით, ჩამრგვალებული მუცლით... უცნობი ვერ ლაპარაკობდა, მხოლოდ დროდადრო უმწეოდ ახელდა ცისფერ თვალებს... რომელიღაც გამვლელმა, დემონსტრაციიდან წამოყოლილი დროშა კედელს მიაყუდა, უცნობის გულის ჯიბიდან პირადობის მოწმობა ამოიღო და წაიკითხა: „ნიკოლოზ მიხეილის ძე სამადაშვილი, ბუღალტერ-რევიზორი“, მერე ჩაილაპარაკა, - ამას კაი ფული ექნება ნაშოვნიო, - და გზა განაგრძო. ნიკო სამადაშვილი იმავე დღეს გარდაიცვალა საავადმყოფოში. სახლში რომ მოასვენეს, ოჯახში სულ ოთხი მანეთი აღმოაჩნდათ.

ერთი შეხედვით, თითქოს სწორედ ასე პროზაულად უნდა დამთავრებულიყო ცხოვრება ბუღალტერ-რევიზორისა, ღვინოში რომ ახრჩობდა თავის დარდსა და ვარამს, თავის ობოლ ბავშვობას, თავის პირველ სიყვარულს, თავის მუხთალ ბედს, თავის ვერნაპატრონებ ნიჭსა და გაცრუებულ იმედებს...

გარეშემოთაგან მხოლოდ რამდენიმე ადამიანი ხედავდა მწარე უსამართლობას მის სიკვდილშიც და მთელ მის ცხოვრებაშიც, სასჯელის სახეობად რომ აღექვა თვით ნიკო სამადაშვილს და უკანასკნელ წუთამდე ვერ მოეძებნა ამ სასჯელის პირველმიზეზი...

ეს ადამიანები მისი ლექსების რვეულის პირველი მკითხველები იყვნენ. იმ რვეულისა, ოთხ მანეთთან ერთად რომ დაუტოვა ოჯახს უკანასკნელ, მაგრამ უკვე მარადიულ გზაზე მიმავალმა ნიკო სამადაშვილმა.

ჩვენც გადავშალოთ ეს რვეული და თუ მოვინდომებთ ნიკო სამადაშვილის „ქერქგადაგლეჯილი“ გულის სიღრმეში ჩახედვას, გადავიკითხოთ სასოწარკვეთილი გაბედულებით თავისი თავისადმი მიძღვნილი მისი ლექსი:

„შენ ჩემში უსტვენ ვით საყდრის ჩიტი,
შენა ხარ ჩემი ნუგეშის დარი,
სულ კარგად მახსოვს, შენ რომ გამოჩნდი,
გარეთ ძაღლივით ყმუოდა ქარი.
ვერ გიპატრონე მე ლაზღანდარამ,
შენ სხვა მხევალი უნდა გყოლოდა,
ზეცა სივრცეებს აზანზარებდა
და მზე ყვიროდა ქვეყნის ბოლოდან.
შენ გადარებდნენ ბინდების ჭრიჭინს,
თუმცა სულ მუდამ ტოტს გცემდა ქარი,
ავადმყოფობა ეგონათ, ბიჭო,
ლექსები ტანზე გამონაყარი“.

და მაინც, ისე მგონია, რომ ნიკო სამადაშვილის მთავარი სატკივარი მის გაორებულ ცხოვრებაში კი არ იყო, მის გაუმზეურებელ ტალანტში, არამედ უფრო შორიდან, მისი ბავშვობიდან მოდიოდა და მთელ მის შემდგომ უიღბლობაში მოისმის ობლის ბალიშში ჩაგუდული ბღავილის გამოძახილი...

ნიკო სამადაშვილი 1905 წლის 19 ივლისს დაიბადა სოფელ ხიდისთავში, გორის მახლობლად. სამი წლისა არ იყო, მამა რომ გარდაეცვალა. დედამ ხელი დაავლო უმცროს ქალიშვილს და ბაქოში გადასახლდა, სადაც ხელმეორედ გათხოვდა კიდეც.

პატარა ნიკო „ძალო ეკატერინეს“ ამარა დარჩა. ეს „ძალო ეკატერინე“ გახლდათ ნიკოს დიდედის - ეფემიას დაი, - ადრე დაქვრივებული და უშვილო.

ეფემია, როგორც ეტყობა, აშკარად არ წყალობდა შვილიშვილს. მისი დაი უფრო ღვთისნიერი აღმოჩნდა.

„ძალო ეკატერინე“ სამუდამოდ დარჩება ნიკო სამადაშვილის ხსოვნაშიც და მის პოეზიაშიც, ხოლო ამ სახელით დასათაურებული ნოსტალგიური ლექსი განსაკუთრებული სისათუთით გამოირჩევა:

„მახსოვს, შენ გზას გასცქეროდი, მელოდებოდი,
კაკლის რტოები ჩრდილსა ყრიდნენ ღობის ნაპირას.
ჩემი ცხოვრება გულზე გაწვა შავი ლოდივით,
მუდამ მეძახდი, ჩემო კარგო, ცისმარე დილას.
მე არ ვიცნობდი დედის ალერსს, მაგრამ შენს ზრუნვას
ხომ დავზმუოდი, ჩემო ძალო, როგორც მოზვერი.48
ქარი ცეკვავდა დიდ ვერხვების უზუნდარაზე
და დანახვისი იდგა როგორც ძველი საბძელი.

დაბოლოს -

მე გიწოდებდი არა ძალოს, მხოლოდ დედილოს,
მიყვარდა შენთან შენს კალთაში სიზმრების ცქერა.
დამიძახებდი, ბიჭო, მოდი, ცისმარე დილას,
მეც ხომ მიყვარდა შენი სითბო და შენი კერა“.

შესაძლოა, ეს ურთიერთობანი, სინამდვილეში არც ისეთი იდილიური იყო. ყოველ შემთხვევაში, ბიოგრაფიულ ნარკვევში, რომელიც პოეტის ქალიშვილის, მზია სამადაშვილის კალამს ეკუთვნის, ერთი პასაჟი უსიამოვნოდ გჭრით ყურს: როდესაც ნიკო სამადაშვილმა „1925 წელს თბილისის უნივერსიტეტში დააპირა სწავლის გაგრძელება, ... საცხოვრებელი ადგილიდან ცნობა ვერ წარადგინა - სოფელ ხიდისთავის კომლთა სიიდან ამოწერილი აღმოჩნდა. გამზრდელმა ქვრივმა, ქ-მა ეკატერინემ კი განაცხადა - აქ ნიკუშას არაფერი ეკუთვნისო! უდედოდ გაზრდილს მამის ქონებაზეც უარი უთხრეს, მშობლის სახსოვრად მხოლოდ ერთი ვერცხლის კოვზი ერგო“.

მიუხედავად ამისა, თუკი რამ წყენა ახსოვდა ნიკოს ბებიისა თუ „ძალო ეკატერინესაგან“ - წყენად დარჩა; როგორც მისი ქალიშვილი იგონებს, ხიდისთავშიც ამოიკვეთა ფეხი, მაგრამ ამ „ყოფით წყენას“ ლიტერატურაში აღარ გადაუნაცვლებია - ყოფაშივე დარჩა... აი, მიტოვებული შვილის გაუნელებელი ტკივილი კი შეუხორცებელ იარად დაემჩნა ნიკოს ცხოვრებასაც და პოეზიასაც:

„...ბავშვი ობოლი, თოთო, საწყალი,
გუშინ კარდაკარ ეძებდა დედას.
ჩემი ცხოვრება გულზე გაწვა შავი ლოდივით,
მუდამ მეძახდი, ჩემო კარგო, ცისმარე დილას.
მე არ ვიცნობდი დედის ალერსს, მაგრამ შენს ზრუნვას
ხომ დავზმუოდი, ჩემო ძალო, როგორც მოზვერი“.49

თავის არსებობას ნიკო სამადაშვილი რაღაც ერთიან მსხვერპლშეწირვად აღიქვამდა, სადაც განგებას მისთვის სწორედ ზვარაკის როლი განემზადებინა:

„აქ შეგეწირე ნეტავი, დედავ,
თავი დამედო და დაგეკალი,
ალბათ, ოდესმე წესს ამიგებდა,
შავი ღრუბლების ცივი წინწკალი.“

აი, სად გვზაფრავს ბავშვობიდან გამოყოლილი ეგზისტენციალური შიში, სურვილი ვისმე კალთას ამოფარებისა, „ქვეყნიერების დაგებულ კაკანათს“ რომ გადაურჩეს. შიში, ჭოტის კივილით რომ იწყება და კივილითვე რომ მთავრდება.

ობლობის სუსხმა ბავშვის გულის გახევება თუ ვერ მოასწრო, მისთვის მომადლებული, გაუხარჯავი შვილობრივი სითბო ვისმე ღვთისნიერს აუცილებლად ერგება: ასეთი შვილობრივი გრძნობით უყვარდა ნიკოს თავისი „ძალო ეკატერინე“ და შემდგომში კი - მისი მფარველი, უფროსი მეგობარი და მასწავლებელი ერეკლე ტატიშვილი.

„სამადაშვილი, როგორც პოეტი, ერეკლე ტატიშვილის აღმოჩენაა, - იგონებდა პროფესორი გაიოზ იმედაშვილი, - „ჩვენი მასწავლებელი, მოძღვარი და მეგობარი ერეკლე ტატიშვილი დაბეჯითებით გვიმტკიცებდა, რომ სამადაშვილი არის დიდი პოეტი და საყურადღებოა არა მხოლოდ საქართველოს მასშტაბით. ამის გაზიარება მაშინ მიახლოებითაც კი შეუძლებლად მიგვაჩნდა. დრომ გვაჩვენა, რომ ეს დიდი აღიარება უსაფუძვლო არ ყოფილა“.

ნუ დავივიწყებთ, რომ აქ გასული საუკუნის ოციანი წლების დასასრულზეა ლაპარაკი: ამ დროისათვის ნიკო სამადაშვილი ავტორია სულ რამდენიმე ლირიკული ლექსისა, რომლებსაც განდობილთა ვიწრო წრეში კითხულობს: გამოქვეყნებული კი ორად-ორი ლექსი აქვს გორის რაიონულ გაზეთში „წითელი ქართლი“ - ერთი ლენინზე და მეორე წითელ არმიაზე.

რა იყო აქ მეტი?! - ოცი წლის ყმაწვილის სოციალური ილუზიების ანარეკლი, თუ ფარული პატივმოყვარეობით ნაკარნახევი სურვილი თავისი გვარისა და სახელის გაზეთში ხილვისა?! თუ ერთიცა და მეორეც?! ასეა თუ ისე, მიამიტური სტრიქონები „წითელი ქართლიდან“ კიდევ ერთხელ შეგვახსენებენ, რაოდენ საფრთხილოა ერთი, ზედაპირული შთაბეჭდილებით, პოეტის ნიჭისა და მომავლის განსჯა.

მით უფრო დასაფასებელია ერეკლე ტატიშვილის ინტუიცია და ის დაბეჯითება, რომლითაც იგი თავის შეგირდს ლექსების გამოქვეყნებისაგან თავის შეკავებას ურჩევდა. ბრძენი გურუს სიკვდილის შემდეგ, ნიკო მაინც მიადგა „მნათობის“ კარებს, თუმცა

უშედეგოდ...

ის ლექსები, რომელთა დაბეჭდვაც ნიკო სამადაშვილს ასე ეწადა, უკვე ავტორის სიკვდილის შემდეგ გამოქვეყნდა, 1967 წელს, „ლიტერატურულ საქართველოში“. წინათქმა ეკუთვნოდა თამაზ ჩხენკელს, რომელმაც, საზოგადოდ, ბევრი რამ გააკეთა იმისათვის, რომ ქართველ მკითხველს გაეცნო და გაეთავისებინა „სხვა კალაპოტში“ მოქცეული პოეტური სამყარო.

ერეკლე ტატიშვილის სიფრთხილე დღეს სავსებით გასაგები ხდება: იგი ხომ სხვაზე უკეთ ხედავდა, რომ სამადაშვილის პოეზიის მაგნიტიზმი პარადოქსულად უკავშირდებოდა მისივე მინუსებს - ლიტერატურული ტრადიციიდან განდგომას, პოეტიკის კანონების არცოდნას თუ არაგათვალისწინებას, რაღაც იშვიათ სიჯიუტეს, რომლის გამოც ნიკო ერთხელ დაწერილ ტექსტს არასოდეს უბრუნდებოდა...

როგორც ეტყობა, ერეკლე ტატიშვილს ეშინოდა, რომ სამადაშვილის თვითმყოფადობა, ველური წარმოსახვა და განცდის სიმძაფრე უთუოდ დაოკდებოდა და აღიარებული ლიტერატურული კალაპოტისაკენ წარიმართებოდა, ნიკოს თავისი ლექსებისათვის მომავალი რედაქტორების თვალით რომ დაეწყო ცქერა.

სხვათა შორის, მისი ორიოდე საიუბილეო ოდის სწორედ ამგვარი „გაშალაშინება“ დღეს გაცილებით უფრო გეუცხოვებათ, ვიდრე ის ყურისმომჭრელი და გაუმართავი სტრიქონები, კოჟრად რომ ემჩნევა სამადაშვილის არაერთ ლექსს.

ეს პრეტენზიები იმწამსვე გავიწყდებათ, როდესაც ნიკო სამადაშვილის სულისშემძვრელ პოეტურ ავტობიოგრაფიას ვუბრუნდებით:

„მზე გადიოდა ცას ბორანივით.
ტყეში შიშველი ქარი კიოდა.
ლექსს იძახოდა ხიდან ყორანი
ქრისტე მოჩანდა საიქიოდან.
ძლივს ვამშვიდებდი მოქანცულ ჩიტებს.
თვალს მიშტერებდა წარმართის ლოცვა.
ლოდებზე იჯდა გიჟი პოეტი,
კვნესოდა მთების ყრუ გარემოცვა.
დაფლეთილ სხეულს, დაღალულ ფიქრებს,
ახსოვდათ მხოლოდ სიცოცხლე მკვდარი.
სადღაც ეშოვნათ კუბო ჯიბგირებს
და მოეწერათ ზედ ჩემი გვარი!“

ნიკო სამადაშვილის ლექსებში შეხვდებით საუკუნის დასაწყისის დეკადენტური რეკვიზიტისათვის დამახასიათებელ „მკვნესარე ბალდახინებს“, „ქაოსებს“, „მკრთალ პანაშვიდებს“, მაგრამ თავისი სულის შეშფოთება მან ირეალური სურათების ისეთი წყებით გამოხატა, რომელთაც ფერწერულ ტრადიციასთან მეტი ჰქონდათ საერთო, ვინემ ლიტერატურულთან.

ეს მხატვარი (ანუ - პოეტი) რაღაც უცნაურად უნაცვლებს ერთმანეთს სიკვდილ-სიცოცხლეს: სიცოცხლის სურათში, როგორც წესი, სიკვდილის კლანჭია ჩახატული, თვით სიკვდილი კი, ასევე მოულოდნელად, ამეტყველებული და ამოძრავებულია.

არის რაღაც სიურეალისტური იმაში, რომ „ცხედარი სარეცელზე ხვნეშის“, „საკინძის ღილებს იბნევს“ ან „მოთქმით ტირის“... თუმცა, თუკი არსებობს „ეგზისტენციალური შიში“, უფრო მაშინ მოგეძალებათ, როდესაც „მსოფლიოს გარეთ პირქვე დაგდებულ“ პოეტში ბელინსკის ქუჩაზე დაცემულ უცნობს ამოიცნობთ; როდესაც სამადაშვილის თვალით დაინახავთ დედამიწის მეტაფიზიკურ სურათს: „ბარით გადმოყრილ ქვიშასა და ნაგავს“; „დიდ სასაფლაოს“; „ჯვარცმის შავ დედანს“ - კოსმიურ სიბნელეში გატყორცნილს...

გარკვეულ მომენტამდე, ამ სივრცობრივ მასშტაბს მაინც პოეტურ პირობითობად აღიქვამთ, მაგრამ დგება წუთი, როდესაც თავის მომავალ სამარესთან მდგომი ადამიანის შიში გადმოგედებათ და იმ, კოსმიური თუ სიკვდილის სუსხისაგან გაგაჟრჟოლებთ...

სწორედ ამგვარი განცდით დავუბრუნდეთ ჩვენი თხრობის ძირითად ქარგას: მოვლენათა ფატალური წყება იმდენად დრამატულს ხდის ნიკო სამადაშვილის ბიოგრაფიას, რომ ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევს არც პოეტსა და არც ბუღალტერს...

თავისი დაობლებაც, უმცროსი დის ნაგვიანევი გაცნობის შემდეგ, მისი უეცარი სიკვდილის ამბავიც, დაპატიმრების მოლოდინიც - ყოველივე ესაა, ნიკო სამადაშვილს რომ ათქმევინებს:

„ჩემი გაჩენა მიეზღოს ცეცხლად, ვისაც ეს ჩემი იღბალი მართებს“, სიკვდილს რომ ანატრებინებს და თავისსავე შესანდობარს შეასმევს:

„ხე ეკლესიის მათხოვარს ჰგავდა,
თითქოს გულს ქრისტემ ხელი დარია,
შენი ფიქრების ჩრდილთა ტორტმანი50
მტრედის სიზმრებში მომიპარია.
რომ ფოთლებიდან მეცქირა დიდხანს,51
როგორ მალავდა ცრემლს მეგობარი,
და დამელია ბნელ ლუდხანაში
ჩემი ცხოვრების შესანდობარი“.

ნიკო სამადაშვილის ცხოვრების მდინარება ორჯერ შეწყდა იძულებით: პირველად ომის დროს დააპატიმრეს, სოფელ სადგერში (1943 წლის იანვარში) - თხუთმეტი წლის წინ „ახალგაზრდა მარქსისტთა“ არალეგალურ წრეს ხელმძღვანელობდიო“, მეორედ - უკვე ომის შემდეგ, 1947 წელს, ამჯერად მის რევიზორულ საქმიანობასთან დაკავშირებით. ბედად (თუკი შეიძლება ამას „ბედი“ დაერქვას), ორივე დაპატიმრება წელიწადზე მეტ ხანს არ გაგრძელებულა.

ნიკო, როგორც ეტყობა, სუფრის კაცი უფრო იყო, ვინემ ოჯახისა და თუკი ჰქონდა კიდეც რაღაც გამორჩენა თავისი რევიზორობიდან, ისევ და ისევ მეგობრულ სუფრას ახარჯავდა: აქ იყო მისი სტიქია, აქ მოეძალებოდა ხოლმე ლექსის თქმის სურვილი, აქ ისმენდა დაფასებისა და აღიარების იმ სიტყვებს, რომლებიც, დროდადრო, ყველაზე თავმდაბალ შემოქმედსაც კი სჭირდება...

ოჯახი ვახსენე: პირველი ცოლი ნიკოს ადრე შეურთავს და ადრევე გასცილებია - ეს ყოფილა ძალზე ლამაზი ბერძენი ქალი ევა ჩაკალიდი. მათი რომანტიკიული მიმოწერის ნაწილი გადარჩა და გამოქვეყნდა კიდეც.

ამის შემდეგ, ახლა უკვე სადგერში (ბორჯომის მახლობლად) ხანმოკლე მასწავლებლობისას, ოცდათერთმეტი წლის ნიკო მოიხიბლა თავისი თხუთმეტი წლის მოწაფით - მარიამ ამანათაშვილით და ჩამოიყვანა კიდეც იგი თბილისში. მარიამს, ნიკოს სამი შვილის დედას, არასოდეს არ დასცდენია საყვედური, რომ მისი პოეტი მეუღლე მთელი ცხოვრება უბით ატარებდა თავისი პირველი სიყვარულის - მათიკო მაისურაძის სურათს, იმ მათიკო მაისურაძისა, ხიდისთავში მშობლებმა არასგზით რომ არ გაატანეს ღარიბ და ობოლ თანასოფლელ ბიჭს.

გულის სიღრმეში მიყუჩებული პირველი სასიყვარულო მარცხის ტკივილი გამოკრთებოდა ხოლმე ნიკო სამადაშვილის ლექსებში, მაგრამ, საზოგადოდ, სასიყვარულო ლირიკამ მასთან „ვერ იხარა“ და პირველობა სხვა თემებსა და განწყობილებებს დაუთმო.

ნიკო სამადაშვილმა საკუთარი მითოლოგია შექმნა: წარმართის სითამამით დასეირნობს იგი ბიბლიურ პანთეონში, სადაც, ხან „გოლგოთის მთიდან მორეკილ ღმერთების ჯოგს“ გადააწყდება, ხან „შეშინებულ მოხუც მაცხოვარს“, ხან „გზად მომღერალ წმინდანებს“, ხან „გაბუტულ ღვთისმშობელს“, ხან კი, გაკვირვებული თვალს გააყოლებს „შეშლილი ღმერთის ცეკვას“...

ის გაშინაურება და ფამილარობა, რაც სხვასთან მკრეხელობად მოგეჩვენებოდათ, სამადაშვილთან რაღაც იშვიათ სითბოს იძენს, ხოლო ბიბლიური და ქართული რეალიების, დროისა და სივრცის უცნაური ნაზავი, სრულიად მოულოდნელ, ვიზუალურ დამაჯერებლობას:

„წარმართთა ძვლებზე იდგა ტაძარი,
ზევით ლეგენდა მიჰქონდათ მთიებს,
ძირს წმინდა ნინოს ნაფეხურები
ჰგავდნენ სისხამზე მოკრეფილ იებს
ვით უკვდავება, წყარო ანკარა
აცისკროვნებდა ირმების ფერდობს.
ქრისტემ ბავშვობა აქ გაატარა
და ღვთისმშობელი უგვიდა ეზოს.“

ისევე ცხადლივ, როგორც ეს ატენის სიონის ეზო, დაინახა ნიკო სამადაშვილმა თავისი საფლავის ბორცვიც და თავისი სიკვდილსშემდგომი სიცოცხლეც:

„ჩამობნელდება... მტირალ წნორებს წაუვათ გული.
უკვდავებაა, სიცოცხლეზე რომ ისეირებს...
და მესაფლავე მახინჯ მხარზე ბარგადებული,
სასაფლაოზე, პურის ჭამით გაისეირნებს“.

ცოცხალ, ბედის უსამართლობით მიწაზე გართხმულ ნიკო სამადაშვილს თავისმა დრომ გულგრილად გვერდზე ჩაუარა. და მხოლოდ მისი სიკვდილიდან კარგა ხნის შემდეგ, როცა ობოლმა საფლავმა რაღაც უჩვეულო ფერისცვალება იწყო, მოტრიალდა, საფლავის ქვასთან შეჩერდა, თავი დახარა და, როგორც იქნა, ამოიკითხა ნიკო სამადაშვილის სახელი...

___________________

48. სწორია: რომ დავზმუოდი, ჩემო ძალო, როგორც მოზვერი

49. სწორია: რომ დავზმუოდი, ჩემო ძალო, როგორც მოზვერი.

50. სწორია: შენი ფიქრების ჩრდილთა გოგმანი

51. სწორია: რომ ფოთლებიდან მეცქირა ჩუმად

3.3 39. ალიმბარაშვილი, იოსებ. ნიკო სამადაშვილი და ხიდისთავი

▲ზევით დაბრუნება


// ჩვენი უნივერსიტეტი - გორი, 2015. - № 3. - გვ. 23-26.

როგორც ჩანს, პირადი ცხოვრების მოუწესრიგებლობა დიდი ადამიანების თანმდევი თვისებაა. ეს ალბათ იმითაცაა გამოწვეული, რომ პირადზე მეტად მათ ქვეყნისა და საზოგადო სატკივარი აწუხებთ, ამიტომ მასზე ფიქრსა და საქმიანობას მეტ დროს უთმობენ.

ერთ-ერთი ასეთი დიდი ადამიანი ნიკო სამადაშვილი იყო, ტექსტის ავტორი ლეგენდად ქცეული სიმღერისა - „ბინდისფერია სოფელი“. მას ჯერ კიდევ ჭაბუკობისას უწინასწარმეტყველა მომავალი გალაკტიონმა: „დავრწმუნდი მე თქვენ სიძლიერეში, მომავლისკენ, წინ, იერიში!“ ფაქტია, რომ გალაკტიონი ასეთ დითირამბებს ყველას არ უძღვნიდა და ქართული პოეზიის ლეგენდა არც შემცდარა.

ოდნავ მოგვიანებით, ასევე ცნობილი ლიტერატურათმცოდნე, რუსთველოლოგი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი გაიოზ იმედაშვილი ნიკო სამადაშვილს „პოეზიის ფიროსმანს“ უწოდებდა.

ცხოვრების 58 წლიდან ნიკო სამადაშვილმა ბავშვობისა და ყრმობის 23 წელი ხიდისთავში გაატარა.

სამადაშვილების ოჯახი ცხოვრობდა აზერბაიჯანის ქალაქ აგდემში. ორი წლის იყო ნიკო (დაიბადა 1905 წლის 19 ივლისს), როდესაც მამა ფილტვების ანთებით გარდაეცვალა. დიდედა ეფემიამ ნათესავის ცხედარი ხიდისთავში გადმოასვენა და მცირეწლოვანი ნიკოც თან წამოიყვანა. როგორც ნიკო სამადაშვილის ქალიშვილი მზია სამადაშვილი წერს, იმ იმედით, რომ „შემდგომში როგორც მამულების პატრონი, მეურნე დამდგარიყო“.

1913 წელს, რვა წლის ნიკო ჯერ გორის სასულიერო სასწავლებელში შეიყვანეს, ხოლო მისი დამთავრების შემდეგ, 1917 წელს გორის ვაჟთა გიმნაზიაში გააგრძელა სწავლა და 1924 წელს უკვე გორის ჰუმანიტარული ტექნიკუმის სახელწოდებით დაამთავრა.

გორშივე გაიცნო მან ცნობილი საზოგადო მოღვაწე ერეკლე ტატიშვილი, რომელიც წლების განმავლობაში მზრუნველობას უწევდა ნიკოს და თავისი ხარჯით ასწავლიდა თბილისში.

ხიდისთავში ცხოვრებისას, ახალგაზრდა და ნიჭიერი ნიკო აქტიურად მონაწილეობდა კულტურულ ღონისძიებებში. ამ სოფლის მკვიდრსა და თბილისის დრამატული სტუდიის მოსწავლეს - ირინე ამბრიაშვილს, ადგილობრივი და სოფელში სტუმრად ჩამოსული ახალგაზრდებისაგან ჩამოუყალიბებია სცენისმოყვარეთა დასი, რომელშიც ნიკოს როლიც დიდი იყო. იმის გამო, რომ ახალგაზრდებს შესაფერისი შენობა არ ჰქონდათ, წარმოდგენებს მართავდნენ ეზოებში. რამდენადაც სოფლის საზოგადოება სპექტაკლებს დიდი კმაყოფილებით ესწრებოდა, სოფლის მესვეურებს ზედაველას ძირში აუშენებიათ უბრალო ხის კლუბი, სადაც ადგილობრივი გაბო დალაქიშვილის ხელმძღვანელობით დაუდგამთ ოპერეტა „არშინ მალალან“. თეატრის მოყვარულთა დასს დაურწმუნებია ხიდისთავის საბჭოს თავმჯდომარე სიკო ოქრიაშვილი, რომ თბილისელი ინჟინრის - ალიბეგოვისათვის ჩამორთმეული სახლი მათთვის დაეთმოთ და, დიდი ძალისხმევის შემდეგ, მიზნისთვისაც მიუღწევიათ. სამი ოთახის ტიხრები დაუნგრევიათ და კლუბად გადაუკეთებიათ. აქ ირინე ამბრიაშვილის ხელმძღვანელობით დაუდგამთ „გაყრა“, „დავა“, „ხანუმა“, „მზის დაბნელება საქართველოში“ და სხვა სპექტაკლები.

ახალგაზრდები ამ საქმეში იმდენად დახელოვნებულან, რომ წარმოდგენებს მეზობელ სოფლებშიც მართავდნენ.

ხიდისთაველების გატაცებას ადგილობრივი პრესაც გამოხმაურებია. გაზეთ „წითელი ქართლის“ კორესპონდენტი ა. მზარეულიშვილი 1925 წლის იანვარ-თებერვლის ნომრებში იუწყება, რომ ხიდისთავში მოქმედებს სახალხო თეატრი, სადაც კომკავშირელთა მიერ იდგმება პიესები და მოსახლეობაც ხალისით ესწრება.

ამავე გაზეთის 1925 წლის 15 მარტის ნომრის ერთი კორესპონდენციიდან ვიგებთ, რომ თეატრის მოყვარულებს დახმარებია რკინიგზის მთავარი სამმართველოც, რომელიც შეფობას უწევდა ხიდისთავს. მათ თეატრისათვის საფარდე ქსოვილი შეუძენიათ და დეკორაციებსაც შეჰპირებიან.

ცალკე უნდა აღინიშნოს ნიკო სამადაშვილის შემოქმედების ის ნაწილი, რომელიც ხიდისთავში გატარებულ წლებს ასახავს. მიუხედავად იმისა, რომ მამა თითქმის არ ახსოვდა, მისი საფლავი ახალგაზრდა პოეტში სევდიან მოგონებებს აღძრავდა. ზედაველას შესახებ, სადაც ხიდისთავის სასაფლაო მდებარეობს, ნიკო სამადაშვილს შემდეგი ჩანაწერი აქვს: „სოფელ ხიდისთავს სამხრეთიდან ხრიოკი და მოტიტვლებული ქედი მიბჯენია - როგორც ბაბილონის გოდოლი. ამ ქედის ბეჭზე გაჭიმულია მწირი, ურწყავი მიწები. ზედაველა მიერეკება ველებს, ხრიოკებს და ზედ რუს დაჰყურყუტებს. ერთ-ერთი ქედის მხარეზე, მხვიერი კლდის ნაშალზე და თიხანარევ მიწაზე, ხიდისთაველებს სასაფლაო გაუშენებიათ. უწესრიგოდ მიყრილ სამარის ლოდებს და ჭირისუფალ დაკარგულ საფლავებს რომ აჰყვე, მიაწყდები რკინის ნამუაჯირალ ხიწვიან ბალახით შესუდრულ სამარეს, საფლავის ქვა ნეკნებამდე რო ჩაფლულა მიწაში, სადაც განუწყვეტლივ ზენა ქარი სისინებს“.

საკუთარი მამის ტრაგიკული ბედისწერა ნიკო სამადაშვილმა თითქოს ერთ ლექსში იწინასწარმეტყველა:

„ვიღაც ღიღინით ჩემს საფლავზე ბალახს გათიბავს,
იტყვის: რა კრულვით დაიღუპნენ მამა და შვილი!
თან კლდის ნატეხზე მიაწერავს ოდნავ ირიბად:
(აქა მარხია ჩვენი ნიკო სამადაშვილი).“

ნიკომ მშობლიურ სოფელს არაერთი ლექსი მიუძღვნა. ამ ლექსებში ნათელი ფერებით ცოცხლდება სოფლის ხალისით სავსე ყოველდღიური ყოფის სურათები: „საყდრის გადასწვრივ ჟღრიალა ლხინი, ცეკვა დავლური, ლეჩაქის ქროლა“, „სალამურის ხმა ქვევით საყარზე“, „ლამზე ბღლაძუნი, ცურვა-მკლაური, „კაკას ფერდაზე“ მაღალი ალუჩები და ალუბლის წვენით „გათუთხნული ტუჩები“ (ლექსი „ნახული“, სიმღერა „შუშის ფარნებით“ („ძალო ეკატერინეს“), „ფშანში ფიცრის დაგება“, „ყაჩაღების ბუდობა, ღამე ყურძნის ქურდობა“, „სახრის ზურგზე გადაწნა, კვერცხებზედ ვაშლის გადაცვლა“ („ყველიერის შაირი“), მეთევზეების მიერ ტანის ტოტის დაწყვეტა, ფაცრის დაგება და ნარიყის მოგროვება, მთებზე ზოზინით მიმავალი ნახირი („ჩემი სოფელი“). სოფლის რელიგიური დღესასწაული, გართობა და ტრადიციები: „ფერიცვალება“, საფლავზე ხილის გატანა, „ამბრიაანთ ოჩას“ დუქნის წინ დუდუკების ფონზე ჭრაქებზე ლხინი, „ბარბარუკა“ და „ნიშხა-ნიშხა“ („ჩემი სოფელი“), „უბნის გუბე, ჭოჭები, ყველიერის კოჭები“ („ყველიერის შაირი“). სოფლის კოლორიტები: ღვთისნიერი „ძია ყაყიტა“ („ნახული“), „თაყინას გინება“ („ყველიერის შაირი“), ჭარმაგი ნალბანდები ხიდის ყურეზე, „ამბრიაანთ ოჩა“ თავისი დუქნით („ჩემი სოფელი“). პოეტს არც ადგილობრივთა სიამაყის საგანი - „ხიდისთაური“ რჩება ყურადღების მიღმა: „ორი ხელადა ჩამოგვისხეს ხიდისთაური, თან ფიცულობდნენ, უნაკლოა, სუფთა, ღმერთმანი!“ და სხვ., მაგრამ ყველაზე უკეთ სათქმელ-სატკივარს იგი ლექსში „ჩემი სოფელი“ გადმოსცემს. ლექსი XX საუკუნის 20 წლების ბობოქარი ცხოვრების, ხიდისთავში გატარებული წლებისა და პოეტის დაუოკებელი სურვილის გამოძახილია. გარდა შესანიშნავად გადმოცემული სოფლის იმდროინდელი პეიზაჟებისა, ლექსში საოცარი სინაზე იგრძნობა პოეტის პირველი სიყვარულის მიმართ, სევდა და ტკივილი ეძალება მამის საფლავზე გასვლისას. როგორც ჩანს, ნიკო სამადაშვილი, სხვა დიდი პოეტების მსგავსად, წინასწარ გრძნობდა, რომ მისი ცხოვრება ია-ვარდით მოფენილი არ იქნებოდა., ამიტომ საკუთარ სოფელში სიკვდილს ამჯობინებს, თუნდაც მტკვარმა „გინებით სადმე გარიყოს“. ასევე ნაღველი აწვება და „ფათფათი სჭვალავს“, როცა იგონებს „ხვართქლანარევ ორღობეს“, „გვირილის ფრთებით მოჭედილ ჭალას“, „ეტიდან-ეტში იების გუბეს“, წისქვილის წინ ძველ სახლს, რუს ჩხრიალის ფონზე ნაძვებთან გატარებულ საღამოებს.

ამავე ლექსშია გაჟღერებული მისი სურვილი, ბალღამნარევი სიცოცხლის შემდეგ მშობლიურ სოფელში დამარხვისა, რომელსაც მეტად შთამბეჭდავი სიტყვებით გადმოგვცემს:

„როგორ მინდოდა იქ მომვკვდარიყავ,
დურდღლო სიცოცხლე კი ქარს წაეღო...“

სამწუხაროდ, პოეტს ეს სურვილი არ შეუსრულდა. მალე დიდედა ეფემიასთან მიწის თაობაზე კონფლიქტი წარმოიშვა და საქმე სასამართლომდე მივიდა. როგორც ზემოთ ითქვა, ეფემია იმედებს ამყარებდა, რომ ნიკო მამულებს მოუვლიდა, თუმცა მის ამ სურვილს ასრულება არ ეწერა. როგორც პოეტის ქალიშვილი მამისადმი მიძღვნილ წიგნში იგონებს, „ვენახში სამუშაოდ გაგზავნილ მამას რომელიმე ხის ძირას ნახულობდნენ წიგნით ხელში, რაც დიდედას რისხვას იწვევდა.“ სხვაგან აღწერილია, თუ ათიოდ გოგო-ბიჭი საკუთარ ვენახში როგორ წაიყვანა ნიკომ და სიმინდის ტაროებით, საუკეთესო მსხლითა და ატმით გაუმასპინძლდა., ხოლო, როდესაც ეფემიამ ვენახში „ქურდების“ კვალი აღმოაჩინა, ნიკომ როგორ დაამშვიდა: „ნუ გაჯავრდები, დიდედა, იქნებ როგორ უნდოდათ, ღმერთმა შეარგოთ“. ბუნებრივია, ამგვარი მეურნე ეფემიას ვერ გამოადგებოდა.

სამწუხაროდ, სასამართლოზე ეფემიას მხარე დაიჭირა მისმა დამ, ნიკოს გამზრდელმა ეკატერინემაც.

საბოლოოდ, დიდედები და ნიკო გაიყარნენ. გორის სახელმწიფო არქივში დაცულია ერთი დოკუმენტი (აქტი), რომელიც 1937 წლის 26 ნოემბერს არის შედგენილი გორის რაიონის უფროსი მიწათმომწყობის გ. გომართელის მიერ. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 1933 წელს პატარა ოხერის მკვიდრ ეკატერინე ოქუაშვილსა დ მის დისშვილ - ნიკო სამადაშვილს, ჰქონიათ საერთო უძრავ-მოძრავი ქონება და ამავე წელს გაყრილან. ნიკო სამადაშვილს საკუთარი წილი მოძრავი ქონება გაუყიდია და თბილისში წასულა, ხოლო დიდედასთან სადავო ბაღ-ვენახი საკუთარი სურვილით გადაუცია სასოფლო საბჭოსთვის. საბჭოს ეს ვენახი მიუზომია არსენ ფუხაშვილისთვის, როგორც საკარმიდამო მინიმუმ ნორმაზე მცირე მქონესათვის, ამიტომ ეკატერინე ოქუაშვილის მოთხოვნა მიწის უკან დაბრუნების შესახებ არ დაკმაყოფილებულა.

ზემოთქმულის მიუხედავად, ნიკო ყოველთვის პატივს სცემდა გამზრდელ დიდედას და ლექსიც კი მიუძღვნა („ძალო ეკატერინეს“), რომელშიც მოწიწება, პატივისცემა და მადლიერებაა გამოხატული და სინდისის ქეჯნასაც კი გრძნობდა ახალგაზრდული სიფიცხისა და დიდედას სურვილის ვერ შესრულების გამო:

„მე არ ვიცნობდი დედის ალერსს, მაგრამ შენს ზრუნვას
ხომ დავზმუოდი, ჩემო ძალო, როგორც მოზვერი.52
...როგორ ნაღვლობდი, როცა ავცდი გზას და ქვეყანას,
როცა სარდაფებს მივაშურე ბედის ურგებმა.
მითვლიდი, ბიჭო! მაგ ღვთის ცეცხლში რაზე ყაყანებ,
ნუთუ სიმშვიდე დაგავიწყეს საძნე ურმებმა?!
მოშორდი ქალაქს, დამიხედე შენს კარმიდამოს,53
დარგავ ყვავილებს, ამყნი თუთას, ან უსურვაზებს,
შემოუკვართავ ძველი სახლის ფუტურო ბოძებს,
და შენ სიცოცხლეს ოდნავ მაინც გაალამაზებს.“

(„ძალო ეკატერინე)

მზია სამადაშვილის გადმოცემით, ეკატერინესაც მალევე გაუცნობიერებია მომხდარი, სიკვდილის წინ თურმე ნიკოს ნახვას ნატრობდა და „ნიკუშას“ ძახილში ამოხდა სული, მაგრამ გულნატკენი ნიკო ხიდისთავში აღარ დაბრუნებულა.

XX საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს გადაწყვეტილა ხიდისთავში ნიკო სამადაშვილის სახლ-მუზეუმის გახსნა. საამისოდ მის ნასახლართან ტერიტორიაც კი შეურჩევიათ, მაგრამ ეს კარგი წამოწყება 90-იანი წლების დასაწყისში, ქვეყანაში განვითარებული ცნობილი მოვლენების გამო, ვეღარ განხორციელდა.

არც ახლაა გვიან...

___________________

52. სწორია: რომ დავზმუოდი, ჩემო ძალო, როგორც მოზვერი.

53. სწორია: მოშორდი ქალაქს, და მიხედე შენს კარმიდამოს,

3.4 40. ანასაშვილი, თინათინ. „საღმრთოთა სახელთათვის“ ნიკო სამადაშვილის პოეზიაში

▲ზევით დაბრუნება


// ფილოლოგიური პარალელები. - თბილისი, 2013. - № 6. - გვ. 227-236.

„მეფისტოფელის საუკუნედ“ (გალაკტიონი) სახელდებულ ეპოქაში „მრავალფეროვანი პოეზიის ხომლს ნიკო სამადაშვილის ხმაც უერთდება, - ტრაგიკული, მაგრამ მუდამ სინათლისკენ გამყივარი ძახილი“ (სამადაშვილი, 1989, 8).

რა გასაკვირია, რომ მეფისტოფელის საუკუნე ვერ იხდენდა უფალს და ტაძარს, გზასა და მარგალიტს, კარსა და მწყემსს, ვენახსა და ჭეშმარიტებას... ალბათ, ამადაც ნიკო სამადაშვილს სიცოცხლეში არც ერთი ლექსი არ გამოუქვეყნებია, თუმცა, მრავლისმთქმელია ის, რომ მის პოეზიას, ხელნაწერებიდან იცნობდნენ და აფასებდნენ გალაკტიონ ტაბიძე, ტერენტი გრანელი, გერონტი ქიქოძე, ვახტანგ კოტეტიშვილი, პავლე ინგოროყვა, ერეკლე ტატიშვილი...

„სხვა საუკუნის მგზავრი გვიანი“ საკუთარ რჩეულობასაც გრძნობდა და დროის უჩვეულობასაც. „უღვთოდ დაბნეული ტიალი მგზავრი“ ჩუმი სასოწარკვეთით კითხულობდა: „გინახავთ კაცი, საუკუნეს ხმითაც არ ჰგავდეს...“

ერთ გენიოს პოეტს ჩინოვნიკის ხვედრი ერგო კავკასიის უზენაეს სასამართლოში და „იმ მხეცებისა არ იყოს, რომლებიც ზამთარში თათების წოვით ირჩენენ თავს, ბარათაშვილსაც თავისი სულიერი საუნჯისგან უნდა ესაზრდოებინა თავისი ნიჭი (ი. მეუნარგია), მეორე - სიცოცხლის ბოლომდე ბუღალტერ-რევიზორი იყო და საუკეთესო „ალტერ ეგოს“ - პოეტ ნიკო სამადაშვილს მიმართავდა: „შენ ჩემში უსტვენ, ვით საყდრის ჩიტი, შენა ხარ ჩემი ნუგეში დარი...“

„ლირიკა მონოლოგია, ლირიკოსს არ ჰყავს აუდიტორია. მისი ლექსი ლოცვაა და ამ ლოცვის დროს ავტორი განმარტოებულია. ლირიკოსი უდაბნოში ქმნის თავის ლოცვებს... ლირიკოსი ობოლი სულია, მაგრამ ის იწვის და მისი სული დიდ მანძილზე ანათებს.

ლირიკა ხშირად ავტობიოგრაფიულია, მაგრამ პოეტმა, უნდა გააზღაპროს თავისი ავტობიოგრაფია.

ლირიკა არის პოეტის ავტოპორტრეტი და არა ფოტოგრაფია...

ქართული პოეზია ჯერ ეპოსით ამაყობს, მაგრამ დგება საბედისწერო წამი, როცა გოლგოთაზე უნდა ავიდეს ქართველი პოეტი“... (ვ. გაფრინდაშვილი, 1990, 491-492).

„მზე ჩადიოდა მაღალ მთებს იქით, თან ცხელი მიწა ყრუდ ნელდებოდა, ის აღავლენდა ლექსს დაჩოქილი და ვერც კი გრძნობდა, რომ ბნელდებოდა“, - ლექსი ლოცვაა პოეტისთვის, ლოცვა - უფალთან საუბარი. ბინდნაკრავ სამყაროში უფალთან სიახლოვით თუ მოიბრუნებდა სულს...

ქართველ პოეტთაგან მრავალს გაუვლია თავისი გოლგოთა, ჯვარსაც მრავალი ცმულა, რადგან პირველად იყო სიტყვა-ლოგოსი, სიტყვა-მაცხოვარი და პოეზიაც, სხვა მრავალ ნიჭთა შორის აღმატებული, სულიწმინდის მადლია...

უღმერთო საუკუნეებში, სულიწმინდის მადლმოსილი მწუხარე პოეტი დაწერს: „უფლის ნათელი დაბარბაცდება გაუთენარი გზების ბოლომდე...“

ზეციურ სანთელს მოკლებულ ეპოქაში, ბარბაცით მოარული უფალი როდია... საუკუნეთა წინ წერდა ჰაგიოგრაფი რწმენაშერყეულ ქართველებზე ტკივილით, - „შიშით განილევიან და ირყევიან, ვითარცა ლერწამნი ქართაგან ძლიერთა...“

და რადგან „ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს და ბნელი იგი მას ვერ ეწია“ (იოანე 1.5), გაუთენარ გზებს მღვიმიდან გამონაშუქი კანდელი გაანათებს: „სადაც მღვიმეში ენთო კანდელი, ხელში ხატები ეჭირათ ჩრდილებს, მოციქულებს კი, გარდატნის კლდეზე ჩასძინებოდათ აღთქმით დაღლილებს“. მოციქულებს - უფლის სიტყვის მღაღადებლებს ქვეყნის ოთხივე მხარეს მიერულათ... დემონთა ზეობის ჟამს უფლის სიტყვას ვის შეასმენდნენ?!

ნათელი მაცხოვარია. „ნათელი მოვიდა სოფლად“ იოვანე 3.19) - გვაუწყებს ევანგელე.

„მე ნათელი სოფლად მოვივლინე, რაითა ყოველსა, რომელსა რწმენეს ჩემი, ბნელსა შინა არა დაადგრეს“ (იოანე 12.46) - გვანუგეშებს ძე ღვთისა.

ღვთაებრივი უწყის პოეტმა:

„სადღაც კიაფობს მთვარის ბულული,
შუქი დამეძებს - უნდა რომ სწუხდეს.
თითქოს მე ვიყვე გამოქვაბული
და ჩემ ქვეშ სისხლის მდინარე ჰქუხდეს“.

უფალი არასდროს ტოვებს სამწყსოს, არასდროს გაწირავს რჩეულს სიბნელისათვის... ამადაც დაეძებს შუქი - ნათელი ჩაწყვდიადებულ სამყაროში, და ისიც, „სინათლეს ხელით ძლივსღა სინჯავდა, მაინც ვაგლახით გახედა შარას... ზევით კი ქარი ასისინებდა ცის ნანგრევებში ღრუბლების ჩალას“, - თვალი სარას მიპყრობია, ღვთაებრივს მიელტვის პოეტი, უწყის [უფალს] გზა ეწოდა, რამეთუ თქვა: „მე ვარ გზაი და ჭეშმარიტებაი და ცხოვრებაი“, რამეთუ ზეცად აღმავალთა გვექმნების ჩვენ გზა“ (ქართული მწერლობა, 1987, 447).

„მიწას სინათლე ეკრა ხავსივით“.54
„შენ ელვარებდი ნაღვერდალივით,
შუქს სცემდი ღამეს და სასოებას.
რამდენი შვება მოჰქონდათ, ღმერთო,
შენს გულს, შენს ფიქრებს, შენს მყუდროებას.“

ქრისტიანული ტაძარი წარმართთა ძვლებზე აღმართულა, ლეგენდა მთიებს აუტაცნია, წმინდა ნინოს ნაფეხურები სისხამზე მოკრეფილ იებს აგონებს პოეტს... და იქვე გაბრწყინდება ფსალმუნური ფრაზა, - „ვით უკვდავება, წყარო ანკარა აცისკროვნებდა ირმების ფერდობს“...

„ვითარცა სახედ სურინ ირემსა წყაროსა მიმართ წყალთასა, ეგრეცა სურის სულსა ჩემსა შენდამი, ღმერთო!“ (ფს. 41.1)

ირმების ფერდობს წყარო ანკარა აცისკროვნებს... ღვთაებრივ ნათელს გამოსცემს წყალი, ვით იმ ღამეს მტკვარი, ქრისტიანობისთვის წამებული წმიდა აბო თბილელის ნეშტი რომ მიიბარა: „ხოლო კვალად მეორესა ღამესა უმეტესდა წყალთა გამოსცემს განსაკვირვებელი ნათელი, რომელთა-იგი საოცარ ეგონა ქვეყანასა ზედა და ჰაერსა ქვეშე ცეცხლი იგი ზეცისაი, უნდა დაფარვად საკვირველებათა მათ, კვალად წყალთა ვერვე დააყენეს და ვერცა დაშრიტეს ფიცხელთა მათ მფოფინარეთა ღელვათა და სიღრმეთა“ (გვ. 467).

წყალი მაცხოვრის სიმბოლოდ ჯერ კიდევ ძველი აღთქმისეულ წინასწარმეტყველებაში მოიაზრება: „აღმივსეთ წყალი მხიარულებითა წყაროთაგან ცხოვრებისათა“ (ეს. 12,3).

„რამეთუ შენგან არს წყარო ცხოვრებისა და ნათლითა შენითა ვიხილეთ ჩვენ ნათელი“ (15.11).

ახალ აღქმაში წყალთან შედარებულია მაცხოვრის სიტყვები: „და ხმაი მისი, ვითარცა ხმაი წყალთა მრავალთაი“ (გამოცხ. 1.15).

ძველი აღთქმიდან მოყოლებული, წყარო, წყალი მიჩნეულია სიწმინდის სიმბოლოდ: „ესრეთ გამობრწყინდეს პირი შენი, ვითარცა წყალი წმიდაი“ (იობ. 2.15). კაცის სიტყვა ღრმა წყალს არის შედარებული, ხოლო სიბრძნე - მდინარეს: „წყალი ღრმაი არს სიტყვაი გულსა კაცისასა, ხოლო მდინარე გამომცინარე წყაროი სიბრძნისაი“ (იგ. 18.4).

საღმრთო წერილის ბრძანებადაც გაუაზრებია წყალი დავით მეფსალმუნეს: „ადგილსა მწვანვილსა მუნ დამამკვიდრა მე; წყალსა ზედა განსასვენებელთასა გამომზარდა მე“ (ფს. 22.2) და თავსდატეხილ უბედურებადაც: „მაცხოვნე მე ღმერთო, რამეთუ შევიდეს წყალნი სულად ჩემადმდე“ (ფს. 68.1).

წყლის პარადიგმას უკავშირდება ზღვის ბიბლიური პარადიგმა.

შესაქმის პირველივე სიტყვები გვაუწყებს: „ქვეყანა იყო უხილავ და განუმზადებელ და ბნელი იყო ზედა უფსკრულთა და სული ღმრთისა იქცეოდა ზედა წყალსა... და თქუა ღმერთმან: იქმენინ სამყარო შორის წყლისა... და უწოდა ღმერთმან ხმელსა ქუეყანაი და შესაკრებელსა წყალთასა უწოდა ზღუებ (შესაქმე. 1,8-10).

„პირველი იგი ცაი და პირველი იგი ქვეყანაი წარხდეს და ზღუაი არღარა არს“ (გამოცხ. 21.1), - გვაფრთხილებს ბიბლიის უკანასკნელი წიგნი.

„სოფლისა ზღვაი აღძრულ არს ღელვითა ცოდვისაითა. საშინლად დამნთქამს მე“... შექმნის თუ თარგმნის „ზეცისა კაცი და ქუეყნისა ანგელოზი“ - გრიგოლ ხანძთელი.

საუკუნეთა უწინ ცოდვის მორევად დაისახავს წყალს დავით მეფსალმუნე: გამოავლინე ხელი შენი მაღლით, მიხსენ და განმარინე მე წყალთაგან მრავალთა“ (ფს. 144,7).

„ბინდების გაღმით წყალივით ჩანდა - მარადისობის ჩუმი უდაბნო“.

ღვთაებრივი უწყის პოეტმა... წუთისოფლის ავად მფოფინარე ზღვაში მგზავრია და „ვითარცა საწუთროის მოყვარულ კაცთა“ ზღვის სიყვარული ერგო:

„მე გავიწუწე, მთვარე ზღვაში რომ ჩადიოდა,
ზღვის სიყვარული დამასხურეს მეზღვაურებმა...“

ტალღების ქშუილი სწვდება სმენას, მებადურები - მაცხოვრის სიტყვის მესაიდუმლენი ბჭობენ, უსაზღვროების დაბლობებს შორის ბინდების გრძელ ორღობეს იხილავს პოეტი. უფლის წიაღში მარადი ნათელი მეფობს, ბინდი საწუთროეულია... ჯერ კიდევ როდის იტყვის უზუსტესად „ყმა ტკბილი და ტკბილ-ქართული“ - „ბინდის გვარია სოფელი...“ ამადაც მიმართავს საკუთარ ორეულს პოეტი:

„შენ იბადები ბინდების რწევით,
კვდები, როდესაც რიჟრაჟი არი.“

უღმერთო საუკუნეში, „ბინდების რწევით“ იბადება პოეტი და განთიადისას მიიცვალება, რათა ნათლისმქმნელს მიეახლოს...

„ზღვა დაგაოსებთ, კვიმატი არი -
ნაფეხურები კიოდნენ მინდვრად.
შენთან სულ ყოფნა და ხეტიალი
როგორ მიყვარდა, როგორ მინდოდა.“

ზღვა - წუთისოფლისაგან განრიდებას, უფალთან სიახლოვეს, მასთან ერთად ხეტიალს მოისურვებს პოეტი... უფალია გზა და ჭეშმარიტება...

მაგრამ ზღვა საშიშია, მრისხანედ აბორგებული... ტალღებში ფარეხის შავი ძაღლები ყეფენ, თეთრ სასახლეებს იმარხავს ფსკერი:

„ზღვა დაღმუოდა აჭრელებულ რიყე ნაპირებს,
ტალღებში მყეფდნენ ეს ფარეხის შავი ძაღლები.
მიწა ზღვებს იქით ჩადიოდა და ვით ნაპრალებს,
ისე სცვიოდა ზღვაში თეთრი სასახლეები.“

მიხეილ ჯავახიშვილის რომანი „ჯაყოს ხიზნების“ მეორე გამოცემის (1926 წ.) გარეკანზე დახატული იყო ორი შავი ძაღლი, რომლებიც ყმუოდნენ (მხატვარი სოსო გაბაშვილი). მწერლის ქალიშვილი, ქეთევან ჯავახიშვილი იგონებს, რომ როდესაც მწერლისთვის ამის შესახებ უკითხავთ, მას მხოლოდ ეს უთქვამს: „მარგო ელის თავის გათავისუფლებას და ყმუილი ამას ნიშნავსო“. უბის წიგნაკში კი აღუნიშნავს: „ჯაყოს ხიზნები დამაწერინა მიმავალმა ქვეყანამო“.

თავად რომანში კი თეიმურაზ ხევისთავის უსაშველო სულიერი ტანჯვა შთამბეჭდავადაა გადმოცემული. ნაკაცარ, ნათავადარ, ნავექილარ ხევისთავს სიცოცხლე კისერზე ჩამოეკიდა, როგორც ლეკვის აყროლებული ლეში, რომელიც ვერ იქნა და ვერ მოიშორა.

გალაკტიონის პოემაში „მოგონებები დღეებისა, როცა იელვა“ (პოემა 1924 წლით თარიღდება) არის შთამბეჭდავი პასაჟი, სადაც ბოლშევიზმის მთელი არსია ახსნილი:

„მთელი სამი დღე გრძელდებოდა სროლა, სისხლი ათავდა.
ორი მრისხანე სტიქიის ბრძოლა მწარედ გათავდა.
დაჭრილი მკვდარი, მრავალი მსხვერპლი მსხვერპლს ეფარება.
სახლების ნაცვლად - ნაცარი, ფერფლი, მგლოვიარება.
პირიდან გლეჯენ ერთიმეორეს ხორცის ნაფლეთებს“.

ქრისტიანული სახისმეტყველებით ძაღლი რიტუალური უწმინდურობის და ბოროტების სიმბოლო, ბნელ, ქვესკნელურ ძალთა მცველია. ჯერ კიდევ ძველი აღთქმის წიგნებში ვკითხულობთ: „და ვინმე იყოს, რომელი ეზიაროს ყოველთა ცხოველთა თანა? არს სასოებაი, რამეთუ ძაღლი ცოცხალი უმჯობეის არს ლომისა მკვდრისა“ (ეკლესიასტე, 9.4).

„გზაჯვარედინზე მდგომმა ქართულმა სახელმწიფომ XX საუკუნის ოციან წლებში ძველიდან ახალში გადასვლის პრობლემა ასე გადაწყვიტა: ძველ ლომს - ეროვნული სუვერენობის სიმბოლოს - მან კლასობრივი ბრძოლის იდეოლოგიაზე დაფუძნებული ქვეყანა - ახალი ძაღლი არჩია“ (ნ. კუპრეიშვილი, 2002,1).

ტალღებიდან გამომყეფარი შავი ძაღლები, როგორც გალაკტიონისა და ჯავახიშვილის შემოქმედებაში, ნიკო სამადაშვილის დამოწმებულ ლექსშიც ბნელი ძალის სახე-სიმბოლოდ უნდა გავიაზროთ. პოეტი ერისა და ეპოქის „მაჯაშისა შემტყვებარია“...

საწუთროულ ზღვაში ინთქმება თეთრი სასახლეები. სასახლე, კოშკი უფლის მეტაფორული სახელია, უფლის სამყოფელი, უფლის წიაღი... „ღმერთო... ძლიერი კოშკი ხარ, მტრისაგან დამცველი“ (ფს. 61,4).

კოშკში იზრდება ნესტან-დარეჯანი, რათა განარიდონ ამსოფლიურ ორომტრიალს. „სულთა ვყიდდი გულისათვის, კოშკი ამად გამებაზრა“ - ტკივილით იტყვის ინდოეთში დატრიალებული ტრაგედიის წინათმგრძნობი ტარიელი.

მ. ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნების“ ფინალურ სცენაში ვკითხულობთ: „კვლავ ასვეტილა ბნელ სივრცეში ბნელი კოშკი. კვლავ მოჩანს იმ კოშკიდან იმედის სანთელი. კვლავ მობრუნდება თეიმურაზ ხევისთავი და გულშვებით გაიღიმებს. აღარსად სჩანან ძაღლის მძორები. აღარც მათი სუნი მოსდის იმედნაკრავ ნაკაცარს“. კოშკი აქ უფლის წიაღს განასახიერებს. უფლის სიახლოვეს თუ მოიპოვებს სულიერ სიმშვიდეს თეიმურაზ ხევისთავი.

„ვიბურებოდი ჩამოცვენილი ქარის ფოთლებით.
ზღვამ წაიმღერა თავის დიდი ამოება.
ტალღები ისე წკავწკავებდნენ, როგორც ძაღლები
და მაღონებდა ყრუ და მდორე უსაზღვროება.“

ზღვა - წუთისოფელი ამაოა... წუთისოფლის ამაოებისაგან თავის დასახსნელად მთვარის ფოთლებით შეიბურა პოეტი. ქრისტიანული სახისმეტყველებით მთვარე ღვთისმშობლის სიმბოლოა: „მთოვარე დადგა წმინდასა ზედა თვისა, ქალწული უბიწო“ (უძველესი აიდაგარი, 1997, 439). ძაღლთა, ამჯერად უკვე უილაჯო წკავწკავისაგან, დედა ღვთისა თუ იხსნის ავდრებისაგან (ეპოქის სული) გაოგნებულ მგზავრს...

კიდევ ერთხელ გაბრწყინდება კოშკის სიმბოლიკა: „კიბეზე ვიღაც ნისლივით მგზავრი, თუ ბეთჰოვენის ფრთხილი ნაბიჯი! ბაღს ზევით კოშკი სვეტგაბზარული, ნაქალაქევთან მთვარის ნარინჯი“.

„წუხელის შენთან ვათიე ღამე,
სასახლეს ირგვლივ ეფინა ბაღი.
და გაფრენილი მუსიკის ღალღა
სადღაც უსტვენდა მდინარის იქით.“

სასახლის ირგვლივ დაფენილი ბაღი, ნესტან-დარეჯანის სამყოფელს წამოგვაგონებს, ნესტან-დარეჯანისა - რომლის მსგავსი არ არის ქვეყნად, უფლისწულის სამყოფელს ასე ახასიათებს ტარიელი: „ მეფემან კოშკი ააგო, შიგან საყოფი ქალისა... პირსა ბაღჩა და საბანლად სარაჯი ვარდის წყალისა“, უტურფეს ბაღჩაში „ფრინველთაგან ხმა ისმოდა, უამესი სირინოსა“.

პოეტიც უფლის სამყოფელშია „ღამეთა მთეველი“, სასახლეს გარს ბაღი აკრავს, მტილი - ღვთისმშობლის მეტაფორული სახელი...

უხმაუროდ ჩაუვლის პოეტი ნაცნობ ბაღს... ღვთის სამყოფელის გვერდის ამვლელს, რა გასაკვირია, შფოთვა ეუფლება, მაგრამ უფალი უნუგეშოდ არავის ტოვებს...

„ჩუმად ჩაუვლი ნაცნობ ბაღებსაც,
დაგეკვებება შფოთვა და დარდი,
დილით ჩიორებს ეტყვი რაღაცას,
ბაღი სასახლეს განიშნებს ვარდით.“

ბაღი ღვთისმშობელია, ვარდი - მაცხოვრის უნატიფესი მეტაფორა, მაცხოვრის ყვავილი...

„ქრისტემან ისმაიტელთა შორის, ვითარცა ვარდი ეკალთაგან, გამოგარჩია“ (472), ქრისტიანობისთვის წამებულ არაბ ჭაბუკს განადიდებს ჰაგიოგრაფი.

„ღვთაებრივ კომედიაში“ სამოთხე წარმოდგენილია გიგანტური სიდიადის თეთრ მისტიკურ ვარდად, მის ფურცლებზე ნეტარებენ წმინდანები, რომელთაც პოეტი „მარადიულ ვარდებს უწოდებს“ (გ. ნადირაძე, 1958, 347).

კოშკსა და სასახლეს ტაძარი ენაცვლება - უფლის სახლი, უფლის სამყოფელი...

„მიწა გაირღვა, თითქოს ქვესკნელმა
ამოისროლა ტაძრის გუმბათი“.

ქვესკნელიდან ამომზევდება ტაძრის გუმბათი, „ჟამს ტაძრის კანი ისე დაუხრავს, რომ გარეთ ჟონავს ჭრაქის ნათელი“. ჟამი დროცაა, მარად მედინი და, ამასთანავე, ეპოქის სულიც იმზირება ტაძრის დახრული კანიდან, ღვთაებრივ ნათელთან ერთად...

„შენ გეკუთვნოდა ტბა, სასახლე, ხშირი ბაღები,
თეთრ მარმარილოს კიბეებზე ყვაოდა დილა...“

უფლის სამყოფელი თუა ხშირი ბაღებით დაბურული სასახლე... თეთრი მარმარილოს კიბეებზე აყვავებული დილა.

სასულიერო მწერლობაში კიბე ღვთისმშობლის სიმბოლოა. წმიდა მარიამია ზეცასა და ქვეყანას შორის გადებული კიბე, რომლითაც ძე ღვთისა მოევლინა წუთისოფელს და განახლდა კავშირი შემოქმედსა და შექმნილს შორის. ჰიმნოგრაფი შეღაღადებს დედაღვთისას:

„შენ, ღმრთისა დამტევნელო გამოუთქმელად,
კიბეო, რომელსა ზედა გარდამოხდა
ღმერთო ხატი მონისაი.“

მიიღო დღეს და ზეცად აღმიყვანნა შენ მიერ ქალწულო“ (პ. ინგოროყვა, 1913, 56).

ამავე დროს ღვთისმშობელი მოიაზრება სულიერ კიბედაც, რადგან მას ძალუძს იხსნას ადამიანთა ცოდვილი სულები გეჰენიის ტანჯვისაგან: „კიბეო სულიერო, იაკობის ხილულო“ (პ. ინგოროყვა, 1913, 383).

დავით გურამიშვილი მიმართავდა დედოფალ მარიამს: „ხიდო, წიაღმაყვანებელო, კიბევ, ცათამდის მწდომელო“.

„მარიამის სიმბოლოა „დილა“, ქრისტესი - „დილის ძე“ (ლ. სორდია).

„შევხვდებით ბაღთან რიდებით, დარდით,
სად შაშვის ხმაზე შეგშინებია,
თან მოგიყვები, როგორ მიყვარდი
და სიმღერებში რომ მძინებია.“

რიდითა და დარდით მიეახლება ბაღს პოეტი, სიყვარულზე ესაუბრება შემოქმედს. რიდით, რადგან უფალს სძაგს ამპარტავნობა, „ვისაც სიმდაბლე არ გააჩნია, ის ვერასოდეს მოიპოვებს სულიერ ხედვას, ხოლო სარწმუნოების მეშვეობით სულიერი თვალი ღმერთს ხედავს“ (სიტყვა მართლისა სარწმუნოებისა, 1951, 435). სიყვარულით, რადგან „ღმერთი სიყვარული არს“ (იოანე 4, 8) უწყის სულიწმიდის მადლით განბრძნობილმა პოეტმა, რომ „მეცნიერებაი განალაღებს, სიყვარული აღაშენებს“ (I კორინთ. 8,1). „არამედ ჭეშმარიტ ვიყვნეთ სიყვარულსა ზედა და აღვაორძინებდეთ მისა მიმართ ყოველსა, რომელ არს თავ მისა ქრისტე“ (ეფეს. 4,15).

„ხშირად დიდ ბაღში ფერად ზამბახებს
შენზე ბაასი ჩამოუგდიათ.“

ბაღი, „მტილი დაბეჭდული“ ღვთისმშობლის მეტაფორული სახელია, ზამბახი -ღვთისმშობლის ყვავილი. სულხან-საბას ლექსიკონში განმარტებულია: „ზამბახი... სხვათა ენაა, ქართულად შროშანი ჰქვიან“ (სულხან-საბა ორბელიანი, 1991, 275). შროშანი ღვთისმშობლის ყვავილია. „როგორც ძველ, ასევე ახალ აღთქმაში შროშანი მიჩნეულია ყვავილთაგან უმშვენიერესად (ქებათ ქება 2,1; მათე 6, 28-30). სწორედ შროშანს ადარებს სოლომონი ქებათა ქებაში მშვენიერ სახლს, რომელიც წინარე სახეა ქრისტეს ეკელსიისა“ (კუცია, 508). ბოტანიკურ ლექსიკონში დაზუსტებულია ზამბახის ფერები - თეთრი და იისფერი. გალაკტიონის პოეზიაში არაერთგზის ზამბახის უნატიფესი მეტაფორა: „მოცელავს მაღალ ზამბახებს ცელი, ატირდება დრო და ჩემი ლექსი“ (ცამეტი წლის ხარ“); „მწუხარე გრძნობა ქროლის, მიმოვლის და ზამბახების წყებად დაწვენა“ („თოვლი“). წუთისოფლის მიმოდაზრუნვას განრიდებული პოეტი ხშირ ბაღს შეეფარება, ღვთისმშობელს უსმენს, ღვთისმშობელზე ისმენს...

„ნიკო სამადაშვილის პოეზია უსათუოდ საპატიო ადგილს დაიჭერს XX საუკუნის ქართულ პოეზიაში. მისი პოეზიის ფორმისმიერი მასალა ან გარეხიდი ფესვეულად ეროვნულია (ეთნიკურიც კი) უმცირეს დეტალებამდე, და იგი სათავეს ხალხური აზროვნების წიაღიდან იღებს, რომელშიც ორგანულად იყო შერწყმული წარმართული კოსმიზმის წარმოდგენები და ქრისტიანული დღესასწაულებისა და ზნე-ჩვეულებების პათეტიკური სილამაზე, ხოლო შინაარსი უნივერსალური, ამავე დროს, უაღრესად თანადროულია და ზოგად ხაზებში დასავლეთის პოეზიას ენათესავება. მთლიანობაში იგი გაუმეორებელ შთაბეჭდილებას ჰგვრის მკითხველს, მით უმეტეს, რომ დიდი პოეზიისათვის დამახასიათებელი ეს ორივე ასპექტი უჩვეულოდ ორიგინალური მსოფლმხედველობით არის აღბეჭდილი. მსოფლშეგრძნება ტრაგიკულ-გროტესკულია და თვალისმომჭრელი სახეებით ცნაურდება (თ. ჩხენკელი, 1989, 441-442).

უნაზესი ბიბლიური პარადიგმითაა განატიფებული ნიკო სამადაშვილის პოეზია.

უღმერთობით დამზრალ საუკუნეში გზა - უფალს დაემატება პოეტი - მგზავრი: „რა იქნებოდა, გზა რომ გამეგო, მიწაზე მაინც აენთოთ კვარი.“ მას შეეძლო მოესმინა, ან უკეთ ეგრძნო - „ბინდში ნახირის მუნჯი ვედრება“. ეხილა - „აქ თავის თათით ითხრიდა საფლავს მწყემს დაღუპული სოფლის ნახირი“, მაგრამ იქვე გამონათდებოდა იმედი: „საუკუნეებს მაცხოვარი გაჰყვება მეხრედ, საუკუნეებს - დასაბამი რომ მოაძოვა“.

________________

54. სწორია: „მიწას სინათლე ხავსივით ეკრა“

3.5 41. ანფიმიადი, დიანა. პოეტის მასწავლებელი

▲ზევით დაბრუნება


// ბუქსითი: ლიტერატურულ-საინფორმაციო ჟურნალი. - თბილისი, 2015. - № 6. - გვ. 8-9.

მახსოვს, მე-11 კლასში ვიყავი. ბუკინისტებთან ნაყიდ „ასე იტყოდა ზარატუსტრას“ ვკითხულობდი მეტროს ვაგონის კართან მდგარი. ჰო, ზუსტად იქ, სადაც ჩემს ბავშვობაში რუსულად და ქართულად ეწერა - „ნუ მიეყრდნობით“.

„როგორი სხვანაირი ახალგაზრდობა მოდის, - თქვა სკამზე, კუთხეში მჯდარმა ჭარმაგმა მამაკაცმა, - ნიცშესაც კითხულობენ და არ ეშინიათ, თან ეგ ისეთი თარგმანია, ისეთი კაცის თარგმანი - ერეკლე ტატიშვილის“.

რისი უნდა შემშინებოდა, დიდად ვერ მივხვდი, მაგრამ ეს კადრი რატომღაც დამრჩა მეხსიერებაში და მერე, დიდი ხნის მერე, როცა ერეკლე ტატიშვილის ბიოგრაფიისთვის მასალებს ვეძებდი, გამახსენდა. მივხვდი, რომ ეს თარგმანი და საერთოდ ერეკლე ტატიშვილის მთელი ცხოვრება უშიშარი ადამიანის ისტორიაა.

ზოგჯერ არის ხოლმე, როდესაც ორი განსაკუთრებული ადამიანი იპოვის ერთმანეთს და ეს პოვნა - ძალიან დიდ კულტურულ და საგანმანათლებლო პროცესად, მეგობრობად, ლიტერატურად იქცევა. ასე მოხდა ნიკო სამადაშვილისა და ერეკლე ტატიშვილის შემთხვევაში. ჩემს საყვარელ პოეტზე მერე მოგიყვებით, ახლა მინდა მის მასწავლებელზე გიამბოთ.

ერეკლე ტატიშვილი - ჩემი საყვარელი პოეტის, ნიკო სამადაშვილის, სულიერი მამა და ძმა, ფილოსოფოსი, მეცნიერი, პედაგოგი 1884 გორში დაიბადა, გორის გიმნაზიის შემდეგ ელიზავეტოპოლის გიმნაზიაში სწავლობდა, უმაღლესი განათლება ჯერ ლაიფციგის, შემდეგ, მონპელიეს უნივერსიტეტებში მიიღო, 1913 წელს კი პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა უმაღლესი სკოლა დაამთავრა საერთაშორისო სამართლის სპეციალობით.

1918 წელს, როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, ევროპული განათლებითა და გამოცდილებით აღჭურვილი ერეკლე ტატიშვილი სამშობლოში დაბრუნდა და პედაგოგიურ მოღვაწეობას მიჰყო ხელი, ჯერ გორის ვაჟთა გიმნაზიაში, მერე კი თბილისის ვაჟთა ქართულ გიმნაზიაში ასწავლიდა გერმანულ ენას. შემდეგ მცირე ხნით დაუბრუნდა პოლიტიკურ მოღვაწეობას: 1920-1921 წლებში იყო საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური განყოფილების გამგე, მერე - ამავე სამინისტროს ხელმძღვანელი, მაგრამ მალევე მიატოვა თანამდებობა.

1921-1923 წლებში ასწავლიდა ვაჟთა მესამე ტექნიკუმში, ამავე წლებში იყო მწერალთა აკადემიური ასოციაციის წევრი, რომელიც საქართველოს კულტურული ავტონომიის შენარჩუნებას ცდილობდა.

1923 წელს ივანე ჯავახიშვილმა, რომელიც უნივერსიტეტის იდეის გარშემო აერთიანებდა ყველა განათლებულ, პატრიოტ მოღვაწეს, ერეკლე ტატიშვილი მიიწვია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საერთაშორისო, საჯარო და კერძო სამართლის ლექტორად, სადაც 1927 წლიდან უცხო ენებსა და ლიტერატურასაც ასწავლიდა.

1931 წელს ხელისუფლებამ დაარბია და საბოლოოდ დაშალა ქართველ მწერალთა აკადემიური ასოციაცია და მის წევრებთან ერთად, ერეკლე ტატიშვილიც გარიცხეს მწერალთა კავშირიდან.

1935 წელს იყო უნივერსიტეტისათვის უმნიშვნელოვანესი მოვლენის ინიციატორი -უცხო ენათა კათედრის დამაარსებელი და პირველი გამგე.

სწორედ იმ დროიდან დაიწყო მისი დევნა, ჯერ უნივერსიტეტში სწავლება აუკრძალეს, კურსები ჩამოართვეს, ხოლო შემდეგ, 1941 წლის 23 ივნისს დააპატიმრეს. მან ორ წელიწადზე მეტი ხანი დაჰყო თბილისის საპატიმროში. გათავისუფლების შემდეგ კვლავ უნივერსიტეტს და პედაგოგიურ მოღვაწეობას დაუბრუნდა, თუმცა დიდხანს აღარ უცოცხლია.

გარდაიცვალა 1946 წლის 1 თებერვალს, რამდენიმე მეგობარმა დაკრძალა ვაკის სასაფლაოზე.

დიდია ერეკლე ტატიშვილის წვლილი ქართული სამეცნიერო თუ მხატვრული ლიტერატურის წინაშე. მნიშვნელოვანი თარგმანები - ჩარლზ დარვინის „სახეობათა წარმოშობა“, ფრიდრიხ შილერის „ვერაგობა და სიყვარული“ (პირველად დაიდგა 1935 წელს), ბერნარდ შოუს „კეისარი და კლეოპატრა“, ფრიდრიხ ნიცშეს ფილოსოფიური რომანი „ასე იტყოდა ზარატუსტრა“...

იგი თავისი პუბლიცისტური თუ კრიტიკული წერილებით აქტიურად ეხმიანებოდა ქართული კულტურისათვის ძალიან რთულ დროს, როგორც ჭეშმარიტი ინტელექტუალი - გულშემატკივარიც და კრიტიკოსიც ერთდროულად.

„ლიტერატურული ესთეტიკა ჯერ კიდევ აკვანში განისვენებს, სადაც კრიტიკა ვერ გასცილებია პირადი სიმპატია-ანტიპათიის შურის მისრით შეზღუდულ არეს, სადაც პიროვნების დაფასება-პატივისცემა შორეულ ჟამთა არაკად გარდაქმნილა, სადაც ყველა კუთხეში პამპულას ძონძებში გამოწყობილ, ფაფარაშლილ კადნიერებას თავისი ბალაგანი დაუდგამს და უამრავ „საკუთარ ფირმათა“ ჭრელი იარლიყების გამოფენა ადამიანს თავბრუს დაახვევს, სადაც ყველა უსუსურ ბავშვსაც კი წარმოდგენილი აქვს, რომ ზეცას ცეცხლი მოსტაცა, რათა თავის მოძმე უბედურ მომაკვდავთ ძვალ-რბილი გაუთბოს. რა გასაკვირველია: „ჩვენი ქვეყანა ხომ ამირანის ქვეყანაა?! (ერეკლე ტატიშვილი, „ეკლიანი გზით ვარსკვლავებისაკენ“).

ერეკლე ტატიშვილს, როგორც ნიკო სამადაშვილის მასწავლებელს, მისი პოეზიის გულშემატკივარსა და ერთგვარად, აღმომჩენსაც ძალიან დიდი როლი ენიჭება XX საუკუნის ქართული პოეზიის ისტორიაში.

თამაზ ჩხენკელი წერს: „ერეკლე ტატიშვილი იყო დიდი ერუდიციის კაცი, ევროპული კულტურისა და ლიტერატურის შესანიშნავი მცოდნე, მეტად საინტერესო პიროვნება. ეს მოაზროვნე კაცი, თავისი ბრწყინვალე განათლებისა და პიროვნული მომხიბვლელობის წყალობით, დიდ გავლენას ახდენდა შედარებით ახალგაზრდა, ზოგჯერ სავსებით ყმაწვილ მეგობრებზე. ნიკო სამადაშვილი მოწაფე და მეგობარი იყო ერეკლე ტატიშვილისა. რომელიც მას რაღაც ძალით უყვარდა თავისი სიცოცხლის ბოლომდე. ჩვენი მეგობრობის მანძილზე მე არ მახსოვს არც ერთი შეხვედრა ღვინისმიერი თუ უღვინო, რომ მას გულისშემძვრელი სიყვარულითა და თაყვანისცემით არ მოეგონებინოს ამ კაცის სახელი. ეს მართლაც საოცარი იყო და ჩემზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენდა. მე მინდა ვთქვა, რომ რამდენადმე ამ ძლიერ პიროვნებასთან ურთიერთობამ განაპირობა ნიკო სამადაშვილის პოეტური ბიოგრაფიის თავისებური გეზი“.

„შეხვედრები და სინანული“ - ეს პროზაული კრებული პოეტმა სწორედ ერეკლე ტატიშვილს მიუძღვნა წარწერით: „ჩემი ცხოვრების სიხარულსა და გულშემატკივარს, ერეკლე ტატიშვილის ხსოვნას“.

„როცა გხვდებოდი. ჩემს საგონებელს
ვფიქრობდი, ვუმზერ შუბლმაღალ ხეთებს,
შენ რომ წახვედი, ასე მგონია,
მთელი ქვეყანა თან გაიხვეტე“, -

ასეთი სიტყვებით გააცილა პოეტმა მეგობარი და მასწავლებელი უკანასკნელ გზაზე.

3.6 42. არაბული, ამირან. დასასრული ლექსისა „ბინდისფერია სოფელი“ და სხვა

▲ზევით დაბრუნება


// ჩვენი მწერლობა. - თბილისი, 2009. - 29 მაისი. - № 11 (89). - გვ. 31-36.

„...იყვნენ ისეთნიც მსოფლიო ინტელექტუალთაგან, რომელნიც თვით სიკვდილის მოახლოების ჟამს საკუთარ თავს უმართავდნენ უკვდავსაყოფ დიალოგს, მისი პირდაპირი მნიშვნელობით“.

ეპისკოპოსი ზენონ იარაჯული

დიდად სანდო, კომპეტენტური ავტორების - გივი ალხაზიშვილი, თამაზ ნატროშვილი, გრიგოლ სენეკური - ოპუსებისათბის (გამოქვეყნდა 2008 წლის ჟურნალ „ჩვენი მწერლობის“ 19, 21, 22, 25 ნომრების ფურცლებზე), შესაძლოა, საგანგებო ყურადღება არც კი მიმექცია, რომ არა ადრეული სიყმაწვილიდან დღევანდელამდე მოღწეული, ხსოვნაში ღრმად ჩარჩენილი ძლიერი შთაბეჭდილება: ზაფხულის მცხუნვარე დღეა. მთაში თიბვა ჯერ არ დაწყებულა. მოცალეობაა და სოფლის სამკითხველოდან (ასე ვეძახოდით ერთოთახიან ბიბლიოთეკას) „გამოწერილ“ გრიგოლ აბაშიძის „ლაშარელას“ ვკითხულობ... „საღომლიაში“ გრილა. სიჩუმეა. ხელს არავინ მიშლის... თვალის მიმტაცია წიგნის სისქე, ფორმატი, ყდის ფერი და ზედ გამოყვანილი სახელწოდების შემადგენელ; ასოთა მოხაზულობაც... ისე გამიტაცა და ამიყოლია თხრობის მდინარებამ, გარეთ რა ხდება, საერთოდ აღარ მაინტერესებს... დაახლოებით ორას გვერდამდე რომ წავიკითხე, მაშინღა დავხურე წიგნი და ბანზე გამოვედი. თავბრუ დამეხვა და თვალთ დამიბნელდა. მზედაკრულივით (ესეც გამოცდილი მქონდა ნახირში ყოფნისას) უღონოდ გავხდი. გავხედე საცხვრე მთებს და ლურჯ-მწვანე ფერები ერთმანეთში აირია. არ ვიცი მძაფრი ემოციის ბრალი იყო თუ გონებრივი გადაღლისა, ის კი აქამდე არ დამვიწყებია, რომ კიდევ ერთხელ დავიმსახურე საკუნსაღბე მიწურიდან ეზოში გამომავალი დედაჩემის წყრომანარევი შენიშვნა და ჩვეული დავალება: „ვის რა ჩაამაყარ წიგნების ჩახედვნამ, რას ღგვიხარ, ფერ აღარ გძეს, წაე, მთრეხის გორზეით ხბოებ მაათვალიერ, ან წყალს არცა ეცნან, ნახ, სად არიან!...“

ყოველივე ეს ფრაგმენტებად, ნაწყვეტ-ნაწყვეტ, ხოლო გულსა და გრძნობას განსაკუთრებული სიცხადით შემორჩა მშვენიერი თამთას და მისი „გადარეული“ ტრფიალით დანავლებული კარის მგოსნის თურმან თორელის დაუვიწყარი სახელები...

მათმა სახებამ საუკუნეთა ტევრები გამოიარა, გამოარღვია; გაუძლო დაუნდობელ დროთა მღვრიე ნაკადებს და ისტორიული ბედ-უბედობით ფრთებწაჭრილი სახმილის გულისგულით მზიდავ სხივოსან ნამლევებად მოვიდა ჩვენამდე...

იქიდანვე მომდევს, მომყვება და ხმიანობს ჩემში (ხან საგალობლელს ჩამოჰგავს, ხანაც ზანზალაკების წკრიალს) ის საცილობელი თუ ფიქრისა და განსჯის საგნად ქცეული სტროფი, რომლის მხატვრულ ფასეულობასა და შემეცნებით ღირებულებას მისივე სიწრფელე, შინაგანი სიმართლე და ხალხური პოეზიისათვის ნიშანდობლივი გენიალური სისადავე განაპირობებს.

***

„ბინდისფერია სოფელი“. ჩაწერილი ქართლში, ხიდისთავში, ნიკო სამადაშვილის მიერ (ჩაწერის წელი მითითებული არაა) და გამოქვეყნებული ვახტანგ კოტეტიშვილის კრებულში „ხალხური პოეზია“ (ქუთაისი, 1934 წ.), ბევრად არ განსხვავდება შემდგომში მოპოვებული და დაბეჭდილი ვარიანტებისაგან, ოღონდ ერთის გათვალისწინებით: მას არ ახლავს ორი ფინალური სტროფი („ისაც მოკვდება“ და ა. შ.), რომელიც 1961 წლიდან ჩნდება ფოლკლორისტთა საველე რვეულებში და ბუნებრივად აგრძელებს ფილოსოფიური ლექსის ძირითად, მაგისტრალურ სათქმელს.

აი, ლექსის ეს ნაწილი:
„ისაც მოკვდება, ამქვეყნად
გვეგონა ვინც გრძლათ იარა,
შუქს ბნელი შასჭამს, ვარდს - ჭია,
კაცის გულს - ჯავრის იარა,
უჩუმრად მოვა სიკვდილი,
იმ წამში აგვყრის იარაღს,
ჩვენ რას წავიღებთ ამქვეყნათ,
სხვას არა წაუღია-რა“

(... VII, გვ. 42).

ხალხური ლექსის თანდაყოლილი „თვისება“ და აქსიომური, მუდამ თანმდევი კანონზომიერებაა სიტყვის, სინტაგამის, ტაეპის, სტროფის დამატება, გამოკლება ანდა შეცვლა და საგრძნობი გადასხვაფერება. ზეპირი სახით ხალხში მოარული ძირითადი ტექსტი, თუკი ის ვარგისი და ღირებულია, თანდათანობით იჩენს ვარიანტებს და ავტორგაუჩინარებული განაგრძობს შემდგომ ცვლილებასა და არაერთსახოვან არსებობას ათწლეულებისა თუ ასწლეულების განმავლობაში.

იბადება ლოგიკური კითხვა: სად და როდიდან დაემატა ნ. სამადაშვილის მიერ მიკვლეულ საპროგრამო, გნებავთ, ქრესტომატიულ, ხალხურ ლექსს ის რვა სტრიქონი, რომელთა გარეშე მსმენელსა თუ მკითხველზე მისი მხატვრულ-ესთეტიკური ზემოქმედების წამლეკავი ძალა ესოდენ ამოულეველი ვერ იქნებოდა? (თუმც ძველი, მოკლე ვარიანტიც არაა მოკლებული მონოლითურობასა და სრულფასოვნებას, რაზეც ვ. კოტეტიშვილი მიუთითებდა „ხალხურ პოეზიაზე“ დართულ შენიშვნებში: „ეს ლექსი, გარდა თავისი მხატვრული მთლიანობისა და აზრის მონუმენტალური ნაკვეთობისა, საინტერესო არის სახეობრივი აზროვნების საოცარი ექსპრესიით...“)

პირველი ფოლკლორული ჩანაწერი, რომელიც „ბინდისფერია სოფელი“-ს ახალ, გაცილებით ვრცელ, ყოფითი მოვლენის ფილოსოფიური გააზრების მომცველ ზემომოტანილ ნაწილს წარმოგვიდგენს, შესრულებულია კახეთში, 1961 წელს, უჩა ცინდელიანის მიერ (პირველად დაიბეჭდა ქ.ხ.პ. VII ტომში, 1979 წელს).

ვ. კოტეტიშვილის კრებულში დასტამბული ტექსტი, სავარაუდოდ, შეიქმნა და ინფორმატორთა შორის გავრცელდა გასული საუკუნის 20-30-იან წლებში.

ამგვარი ეჭვიც კი შეიძლება გაკრთეს: ხომ არ მიუძღვის, თუ არა მთლიანი, ნაწილობრივი წვლილი მაინც მის სრულქმნაში თვით ნიკო სამადაშვილს?

აქვს ასეთ ეჭვს არსებობის უფლება, ვინაიდან მსგავსი შემთხვევები არაა იშვიათი ზეპირშემოქმედების სფეროში. მაგალითისათვის: გიორგი (იურა) ჯაფარიძემ 1962 წელს ხევსურეთიდან ჩამოიტანა ლექსი „დარდისას გეტყვი“ და ფოლკლორულ ჩანაწერებს „შეურია“, როგორც ხალხური (თავდაპირველად „ხალხური სიბრძნის“ მე-4 ტომში გამოქვეყნდა, ხოლო მერე - ქ.ხ.პ. VII ტომში). შენიშვნებსა და ვარიანტებში ნათქვამია, რომ ლექსი ხალხურია. სინამდვილეში თავად იურა გახლდათ ავტორი ამ შესანიშნავი ქმნილებისა და ვიდრე მეგობრებმა არ გაუთქვეს საიდუმლო, ყველა ხალხურად თვლიდა და აღიქვამდა მას...

აქვე ჩნდება ერთი უწყინარი კითხვა: უნებლიე დამთხვევაა თუ აქაც სესხების კვალი უნდა ვეძებოთ?

იმავე 1962 წელს გოგი თურმანაულის მიერ ჭრელა უძილაურისაგან ფშავში ჩაწერილ ლექსში „გული რად უნდა სტკიოდეს“ ვკითხულობთ: „ბარში გალობდეს ბულბული, მთაში არწივი წიოდეს...“ შესაბამისი ნაწყვეტი იურა ჯაფარიძის გახალხურებული ლექსიდან: „ბარიდან მთა გიძახოდეს, მთაში არწივი ყიოდეს...“ გარდა ამისა, პირველის სათაურს ახლოდან ეხმიანება მეორე ლექსის მეოთხე ტაეპი: „სული სიმწრითა გტკიოდეს...“ უნდა ვიგულვოთ თუ არა „დარდისას გეტყვი“-ს ბიძგად და შთამაგონებლად უნიჭიერესი ფშაველი მელექსისგან გაგონილი და დაფიქსირებული, არცთუ მთლად მწყობრი და მკვრივად შეკრული ფილოსოფიური ხასიათის ლექსი?..

ტიპიური კითხვები მრავლად წამოტივტივდება ხალხური პოეზიის უკიდეგანო სამყაროსთან მიმართებაში და უნდა ითქვას, ამ კითხვაზე სარწმუნო და დამაჯერებელი პასუხების გაცემა ყოველთვის როდი ხერხდება...

დავუბრუნდეთ მთავარს და გავიხსენოთ გრიგოლ სენეკურის ეპისტოლეს („ჩვენი მწერლობა“, 2008, 25) დასათაურება: „ვისია ეს სტროფი?“

ხსენებული ეპისტოლე დაიწერა იმ უკმარისობის განცდის გამო, რაც „უჩინოდ“ თუ „უჩუმრად“ მოსასვლელი სიკვდილის პოეტური ინტერპრეტაციის ნამდვილი ავტორის დადგენის ცდასთან არის დაკავშირებული...

გივი ალხაზიშვილთან პირად საუბარში, რასაც გრ. სენეკურიც აღნიშნავს, თავის დროზე გრიგოლ აბაშიძეს უთქვამს, რომ ეს სტროფი მისი დაწერილია და იმდენად გახალხურებული, რომ არცკი აპირებს ამტკიცოს, რომ მართლაც მისია.

შეუძლებელია დაგაეჭვოს ჯერ „ლაშარელას“ ავტორის განმარტებამ, ხოლო მერე - ამ განმარტების ჩვენამდე მოტანის პროფესიულმა პატიოსნებამ.

რაში გამოიხატება „ლაშარელას“ პირველი გამოცემის (1957) დასასრულს (რომანის მომდევნო გამოცემებს - 1963, 1965, 1969... ერთი თავი აქვს დამატებული) მომაკვდავ მეფესთან თურმან თორელის ნამღერი ტექსტის გახალხურება? ნაწარმოების გამოქვეყნებიდან სულ რაღაც სამ-ოთხ წელიწადში რამდენად დაშორდა პირველწყაროს ხალხურ მთქმელთა რეპერტუარში მოხვედრილი, კახეთში დაფიქსირებული ვარიანტი?

შეიძლება ითქვას, რომ სხვაობა მაინცადამაინც არსებითი ხასიათის არაა და ვლინდება პირველი ტაეპის შედარებით საფუძვლიან მოდიფიკაციასა და რამდენიმე ლექსიკური ერთეულის სხვა სიტყვებით ჩანაცვლებაში.

სახელდობრ -

თურმან თორელი მღერის:

„იმასაც მოკლედ უვლია,
გრძლად ვინც გვეგონა იარა...“

უჩა ცინდელიანის ინფორმატორი ამბობს:

„ისიც მოკვდება, ამქვეყნად
გვეგონა ვინც გრძლათ იარა...“

გრ. აბაშიძისეული (რაც „ლაშარელას“ ყველა გამოცემაში უცვლელად მეორდება) „მოვა სიკვდილი უჩინოს“-ს ნაცვლად მის კახურ ვარიაციაში იკითხება: „უჩუმრად მოვა სიკვდილი“ და ა.შ.

გახალხურებული ლექსის ჟღერადობა, რიტმულ-ინტონაციური წყობა და არქიტექტონიკა, თუ კარგად დავაკვირდებით, მნიშვნელოვნად არა, მაგრამ მაინც სხვაობს თავისი ბეჭდური წინამორბედებისაგან. სათქმელის ამგვარად („გრძლად ვინც გვეგონა იარა“) გაფორმება ზეპირსიტყვიერი ნიმუშისთვის, ცოტა არ იყოს უჩვეულო და არაორიგინალურია. მას აშკარად ატყვია „მაღალი სტილის“ ანუ მწიგნობრობის კვალი, სხვაგვარად, შეთხზულია პოეტური მეტყველების იდუმალ ხვეულებში დიდად დახელოვნებული პროფესიონალი პოეტის მიერ.

ინდივიდუალური შემოქმედის ხელიდან გამოსული სტროფი (თუ სტროფები!) ანონიმმა მელექსემ, როგორც ჩანს, სუბიექტური გემოვნების შესაბამისად შეცვალა, გარდათქვა, ოღონდ იმგვარად, რომ აზრობრივი მხრივ საგრძნობლად არ დაქვეითებულა, არ დაზარალებულა.

„გვეგონა ვინც გრძლათ იარა“ ბევრად ხალხურია, ვიდრე „გრძლად ვინც გვეგონა იარა“.

პოეტური ფოლკლორის შემგრძნებთათვის და სწორად წამკითხველთათვის (რაც, სამწუხაროდ, ერთობ გაიშვიათდა ჩვენში!) არც ამაში დარწმუნება უნდა იყოს ძნელი...

***

არ იქნება ურიგო, თუკი საკითხის განვრცობის განზრახვით მცირე წიაღსვლას ჩავატარებთ მოტივურ-ლიტერატურული პარალელებისა და „კოლექტიური“ და ინდივიდუალური შემოქმედების იმანენტური ნიშან-მახასიათებლების სფეროში.

ვაჟა-ფშაველას ხალხური ყაიდის ლექსი „სიკვდილი გმირისა“, რომელიც წინაპირველად 1899 წელს დაიბეჭდა „მოამბეში“, იქცა უშუალო წყაროდ და სტიმულად სერგი მაკალათიას მიერ XX ს-ის 30-იან წლებში თუშეთის სოფელ გირევში ჩაწერილ ლექსისა „გარა დარცალის სიკვდილი“.

ავტორი თუ ავტორმთქმელი ამ ზეპირსიტყვიერი ნაწარმოებისა, ს. მაკალათიას და კ. ჭრელაშვილის მოწმობით, გახლავთ საბა ითიურიძე, ცნობილი მელექსე და მთიელთა ისტორიული წარსულის კარგი მცოდნე.

საბა ითიურიძემ წყაროს მიუთითებლად ისარგებლა ვაჟას პატრიოტული ლექსით (რომელიც, თავის მხრივ, დავალებულია და მოხდენილი სიმარჯვით ახდენს პოეზიის თემატურ-სახეობრივი და ფრაზეოლოგიური თავისებურებების დამოუკიდებელ მხატვრულ ერთეულად ჩამოძერწვას) და შექმნა საყოფიერო პოეტური ნაწარმოები, რომლის ცალკეულ მონაკვეთებში მცირეოდენი სხვაობით მეორდება წინამავლის ლექსიკა და მხატვრული პასაჟები. ამ ორი ქმნილების სიუჟეტურ სიახლოვეს ადასტურებს თუნდაც მომაკვდავი გმირების - მისრიათ ქალის შვილი ბერიძე და გარა დარცალი - ანდერძი, სადაც საუბარი მათი ცხენებისა და საომარი იარაღის სოფელ-ქვეყნისთვის საიმედო ღირსეული ვაჟკაცებისთვის გადაცემას ეხება.

ვაჟა-ფშაველას პოეტურ მემკვიდრეობაში შემოქმედებითი „წრებრუნვის“ მეორე მეტყველი მაგალითია „გალაშქრება ლაშარის ჯვრის დროშით“, ლექსი, რომელიც ნიკო გოგოჭურის დაკვირვებით, ტექსტობრივად და შინაარსობრივად თამარ მეფეზე შექმნილი ხალხური ლექსების ციკლს ემთხვევა...

ხალხური პოეზიის მრავალტომეულში ვაჟა ფშაველას გახალხურებული ლექსების შეტანას ალ. ჭინჭარაულის მწვავე კრიტიკული წერილები მოჰყვა, რაც არაორაზროვნად მოწმობდა იმას, რომ საკმაოდ აქტუალური იყო (და არის დღესაც) ორმხრივი ფოლკლორულ-ლიტერატურული გავლენების არახალი პრობლემა.

კომპილაციურობა, საერთოდ, ზეპირსიტყვიერების თანშობილი ნიშანია და არამც და არამც მისი ღირსების დაბალი დონის მაჩვენებელი. პირიქით: უსაგნო ნოვატორულ ძიებებს და თვითმიზნურ ორიგინალობას დიდწილად სჯობნის ჯანსაღი ტრადიციის უშრეტი წიაღიდან „თეთრი ყოილივით“ აღმოცენებული ხალხური ლექსი, რომლის თვითოეულ სიტყვას, „სახამუშო“ ხაოსთან ერთად, თვითმიერობის მოუხელთებელი ხიბლი ახლავს...

ხალხურ მელექსეს აუგად არ ეთვლება წინამავალ „მათქვამთა“ პოეტური შემოქმედების გათავისება, გამოყენება და კლიშეებად თუ სტერეოტიპულ ფორმულებად ქცეული მათი ტროპული სახეების ანდა რიგი მხატვრული დეტალების თავისუფალი „ტრანსპალტაცია“ საკუთარ ნაღვაწში.

ვინც ხალხური პოეზიის VII ტომში ამოიკითხავს: „გულო, გამაგრდი, გაკლდევდი, კლდეო, კლდედ გახდი სალადა“, ბუნებრივია, უმალ მოაგონდება ვაჟას ლექსი „გულო. არ გასტყდე“, რომელიც სიმტკიცისაკენ და უდროობის წინააღმდეგ მედგარი ბრძოლისკენ მომწოდებელ ბრწყინვალე „სიმღერას“ წარმოადგენს.

თანხვედრათა ანალოგიური შემთხვევებით ერთობ მდიდარია ფოკლორულ-ლიტერატურული თანაზიარობის საკვლევად საგულისხმო და თავისებურად აზარტული, მიმზიდველი სფერო.

ხალხურ ავტორ-მთქმელთათვის, საუკუნეზე მეტია, ბაძვისა და შთაგონების მაგნიტურ, „მაცდუნებელ“ ძალას ინარჩუნებს ვაჟა-ფშაველას მართალი, მრავალფეროვანი პოეტური შემოქმედება და არაფერია უცნაური იმაში, თუკი უპრეტენზიო, სახელ-დიდების არამაძებარი მელექსე მისებურად მომართავს ინსტრუმენტს ანდა მეხსიერებაში სამუდამოდ „ჩამჯდარ“ ვაჟასეულ სტროფსა თუ სტრიქონს ყალბი მობოდიშების გარეშე მიაბამს თავის პოეტურ ნათქვემ-ნააზრევს.

ახლახან ხელთ მომხვდა თიანეთის მირზა გელოვანის სახელობის საშუალო სკოლის მოსწავლის ლევან ბერიკაშვილის მიერ ს. დულუზაურებში (ძვ. არხალი) ჩაწერილ, მისი დიდი პაპის ალექსანდრე დულუზაურის ლექსი, რომელიც, მიუხედავად „გოგოთურ და აფშინას“ ერთ-ერთი მკვეთრად პატრიოტული პასაჟის „მონური“ მორჩილებისა, მაინც ინარჩუნებს უხმაურო არსებობის მოკრძალებულ უფლებას:

„არხლის ნიავი თუ არ მცემს,
გული ქალებურ ტირისა,
მომეთარსება გუნება,
მონაცა ვხვდები ჭირისა.
არც პური მინდა, არც წყალი,
არცა გაღება პირისა,
რაღაა კაცის სიცოცხლე,
თუ არ მექნება ლხინიცა“.

მოწონებულ ლექსს ანდა ამ ლექსის რომელიმე ნაკვთსა თუ ეპიზოდს გულისხმისმყოფელი მსმენელი ზეპირად იმახსოვრებს, იშინაგანებს, გულ-გონებაში „გადახარშავს“. პირად განცდათა გადმოცემის ადეკვატურ ყალიბად მოიაზრებს და ისე მიუსადაგებს თავის ახალ, დამოუკიდებელ პოეტურ ნაწარმოებს, რომ უხერხულობის ოდნავი გრძნობაც არ შეაწუხებს იმ საძრახი ლიტერატურული მოვლენის გამო, რასაც სწავლულნი ეპიგონობას ანდა, უარეს შემთხვევაში, პლაგეატს ეძახიან.

„ბინდისფერია სოფელი“-ს განვრცობილი, კომპილაციური ვარიანტის სახით სწორედ მსგავსი შემოქმედებითი პროცესის შედეგთან უნდა გვქონდეს საქმე...

ძნელია გადაჭრით თქმა, იქონია თუ არა მიხა ხელაშვილზე პირდაპირი ზეგავლენა აკაკის „განთიადმა“: „...დედა-შვილობამ, ბევრს არ გთხოვ - შენს მიწას მიმაბარეო“, ის კი ერთი შეხედვითაც ცხადზე უცხადესია. რომ ასეთივე მუდარისა და სურვილის ღონიერი ტალღა მღელვარებს უბინაო, ტყე-ველად გასული ჭაბუკი პოეტის საუცხოო სიტყვებში: „უთვალავ ყვავილს დაიყრი, ახადის არემარეო, შენსამც მოვკვდები გულზედა, შენ მიწა მომაყარეო...“ ნებით თუ უნებლიეთ, აქვე წამოგვაგონდება ტრაგიკული ბედის მქონე ნიჭიერი ხევსური პოეტის, „უბედურის“ თიკუნით ცნობილი გიორგი ჭოლიკაურის ზემოურებთან რაღაცით მსგავსი სტრიქონი: „შენს მკერდზემც ამოვბორცვდები...“

სხვათა ნათქვამის მითვისება-გათავისება, როგორც უკვე აღინიშნა, არ ითვლება დიდად საჯაყ, სასაყვედურო მოვლენად ხალხურ პოეზიაში. მელექსე არ ფიქრობს, რომ მპარავია. არა! უბრალოდ, ამახსოვრდება ნათავედი, ღირრსაცოდნელი ნათქვამი და როცა ლექსის „ყუვი“ ანუ რითმა მოიტანს, უცერემონიოდ, უნებართვოდ და ურევერანსოდ მოიმარჯვებს და „მოიხმარს“ გონებაში გადანახულ სხვის კუთვნილ არაორდინალურ პოეტურ ხატს...

დიდი რუდუნებით შედგენილი ხალხურ მელექსეთა სოლიდური კრებულისათვის „კლდის ფხაზე თეთრო ყვავილო“ (2008 წ.) დართულ „ზოგიერთ შენიშვნაში“ ვახუშტი კოტეტიშვილი წერს: „კლდის ფხაზე თეთრო ყვავილო“ - ივანეს ეს ლექსი რომ მოვუწონე, ალალად მითხრა: „ამ ლექსში რამდენიმე სტრიქონი სხვისია, ვისი, აღარ მახსოვს, მომეწონა და ჩავრთე, არ დაიკარგოს მეთქი“. ეს „სხვა“ მიხა ხელაშვილი აღმოჩნდა. შესაძლოა, ეს ივანემაც იცოდა, მაგრამ „ძველი ინერციით“ მაინც მოერიდა მისი სახელის ხსენება“.

მიხა ხელაშვილის 1924 წლით დათარიღებული, ასე ვთქვათ, „პოეტური წინასწარმეტყველების „ჩემო მნათობო“ აღმავალი ექსპრესიით აღბეჭდილი სტროფი (იწყება ასე: „ან ტყვია შამათამაშებს...“) ისე შეუმჩნევლად შეენივთა ივანე წიკლაურის 1951 წელს დაწერილ, ასევე განსაცვიფრებელ ლექსს „კლდის ფხაზე თეთრო ყვავილო“, არაა გამორიცხული, საკითხის არსში ჩაუხედავმა მკითხველმა არც კი დაიჯეროს, რომ მისი პირველმთქმელი არა „რამ დამაბერა“-ს, არამედ „ლექსო, ამოგთქომ ოხეროს“-ს ავტორია...

2007 წელს გამომცემლობა „პალიტრამ“ მკითხველს მიაწოდა ივ. წიკლაურის ლექსების კრებული „რამ დამაბერა“. წიგნში, რასაკვირველია, კუთვნილი ადგილი ეთმობა პოეტის ზემოთ ნახსენებ ლექსს, რომელსაც იქვე ერთვის შემდეგი შინაარსის კომენტარი:

„ამ ლექსის მოტივებს (მიუსაფრობა, უიმედობა, დაღუპვის წინათგრძნობა, სატრფოსადმი გამოსათხოვარი მიმართვა) პარალელები აქვს ერთ ლექსთან, რომელიც გასულ საუკუნეში ხალხში ზეპირად ვრცელდებოდა. შემდეგ სხვადასხვა ვარიანტით დაიბეჭდა კიდეც და, ფაქტობრივად, ისიც დადასტურდა, რომ მისი ავტორი ყოფილა ფშაველი ახალგაზრდა, ქაქუცა ჩოლოყაშვილის პატრიოტ მებრძოლთა რაზმის წევრი მიხა ხელაშვილი (მოკლეს მილიციის აგენტებმა 1625 წელს).

პოეზიის მოყვარულთა ერთ-ერთ შეკრებაზე, 1980 წელს ივანე წიკლაურმა თქვა: ეგ ლექსი გაგონილი მქონდა, ხევსური ახალგაზრდები მღეროდნენ ჩონგურზე. ვისი იყო, არც მათ იცოდნენ. ლექსი მომეწონა, მისი აზრი ჩემს მაშინდელ მდგომარეობას და განწყობას გამოხატავდა; დასაკარგავად არ მემეტებოდა და ზოგიერთი სტრიქონი ჩემს ლექსში შევიტანეო...“

ხელისუფლების მხრიდან შერისხულ, დევნილ, ხალხის მტრებად გამოცხადებულ „დაწყევლილი“ თაობების ავტორთა „საეჭვო“ პოეტური ნაწარმოებების მსმენელამდე მისვლა მხოლოდ და მხოლოდ ზეპირი გზით იყო შესაძლებელი და, ამდენად, დასაშვებია, ივანე წიკლაურს მართლაც არ სცოდნოდა, ვის ეკუთვნოდა მის მიერ ყოვლად „უბოროტო“, უწყინარი, კეთილშობილური განზრახვითაც კი (არ დაიკარგოსო!) მისაკუთრებული ლექსის სტრიქონები...

მიხა ხელაშვილის სახელის ხმამაღლა ხსენება ხომ თავგანწირვის რისკთან იყო წილნაყარი. მისი შედევრი „ლექსო, ამოგთქომ“ ბოლო ათწლეულებამდე ხალხურად ცხადდებოდა და იბეჭდებოდა, როგორც ანონიმური. და თუკი რომელიმე ქართველი მწერალი გარკვეული მოსაზრებით ჩართავდა ამ ლექსს თავის ნაწარმოებში, აუცილებლად შეცვლიდა ნამდვილ, უტყუარ გზა-მისამართებს და მის შენიღბვას შეეცდებოდა... ასეც მოიქცა გრიგოლ აბაშიძე. რომანში „ლაშარელა“ ხმელგორზე გამართული ლხინის დროს ლაშა გიორგის თხოვნით ბრმა ხევსური ფანდურზე მღერის მ. ხელაშვილის ამ დიდებულ ლექსს და მეფეს ეუბნება, ეს ლექსი ჩემიაო...

იმის გამოცნობას, ინდივიდუალური შემოქმედის ნაღვაწია თუ „კოლექტიური ქვეცნობიერის“ (იუნგი) ნაყოფი მავანი მწერლის პროზაულ თხზულებაში შეტანილი ესა თუ ის ფოლკლორული ჯურის ლექსი, ზოგჯერ ისიც ართულებს, რომ მისი ავტორობა თუ იმპროვიზირება ამ თხზულების რომელიმე პერსონაჟს მიეწერება ხოლმე.

ლევან გოთუას რომანში „გმირთა ვარამი“ სამკაულებივით ჩარიგებული პატარ-პატარა მოხალხურო ლექსების ავტორმთქმელებად და გამხმოვანებლებად სხვადასხვა ასაკისა და სოციალური წრის კოლორიტული წარმომადგენლები გვევლინებიან, ესენია: გრემელი ზაზა კახნიაური, ქოხსალამურა, ოქროპაპა, ფილო მნათე, ტახ-ბერიკა, ყეენი. ხონთქარი და ბაკუკ-კაცი...

იქვე ვეცნობით ლეკის ქალ ზუჰრას, რომელიც მშობლიურ ენაზე დასტირის აბუბექირს, გმირულად დაღუპულ თავის სანაქებო ქმარს...

რევაზ ინანიშვილის წიგნიდან „ჩიტების გამომზამთრებელი“ ბევრ ჩვენგანს ახსოვს ლირიკული ტონალობით გამთბარი მოთხრობა „ფშავლები“. ამ მოთხრობაში „ქარვისფრად გაბრწყინებულ ოქტომბრის დღეს“ თითქოსდა მოულოდნელად შექმნილ სპონტანურ სიტუაციასთან ოსტატურადაა შეხამებული ერთურთისათვის სრულებით უცხო ქალ-ვაჟის, უფრო ზუსტად, დამხვდურისა და ჩარგლის მცირეხნიანი სტუმრის, ნაუცბათევი გაკაფიავება.

ქალაქელი ვაჟი ფქვილით სავსე ტომრის აწევაში და სავაჭრო ფარდულიდან ბებერ წნორამდე მიტანაში მიეშველება „მკლავმაგარ, ახალგაზრდა ფშაველ ქალს“...

„-მადლობელი, ძმისავ!..“

ამ სიტყვებით მუხლმოკვეთილი და „თვალისსამანწაშლილი“, სევდიანი და ალერსიანი ვაჟი ეუბნება:

ქმარი სადა გყავ, ბეჩავი,
მარტოს რად გიშვებს შარასა.

ქალი პასუხობს:

ქვემოთ, ჭინჭრებში დამირჩა,
არავინ მაიპარავსა.

ვაჟს სითამამე ემატება:

რათ გინდა ეგეთი კაცი,
მე გამამყევი ხარასა.

ქალი „უკანდახეულის გამბედაობით“ შეაგებებს:

შენ უთხარ აეგ სათქმელი,
ჩემს არ იჯერებს არასა...

მაინტერესებდა და ერთ-ერთი შეხვედრისას ბ-ნ რეზოს გულუბრყვილოდ ვკითხე, „ფშაველებში“ რომ კაფიაა, სად ჩაიწერეთ-მეთქი? ღიმილით მითხრა, ჩემია, მე დავწერეო.

მიუხედავად იმისა, რომ დაჰკრავს ლიტერატურობის იერი, იმდენად ლაღი და რაღაცნაირად მიამიტურია, ამასთან, საღი ხალხური მახვილგონიერებით ნიშანდებული, დღემდე ალბათ ბევრს ფოლკორული წარმომავლობისა, ფშაველებს შორის შექმნილი ჰგონია ქართული სიტყვის დიდი მესაიდუმლის ეს უჩვეულო და რამდენადმე „არატიპიური“ ნაკამლევი...

ამავე ასპექტით არანაკლებ საინტერესო ექსკურსიების ჩატარების საშუალებას იძლევა გიორგი ლეონიძის „ნატვრის ხე“, სადაც ავტორის მიერ შეთხზულ პერსონაჟთა სამღერ და საღიღინო ტექსტებს შუმი ხალხური ლექსების კასკადი მოსდევს და მათი გარჩევა და დაცალცალკევება არც ისე ადვილი საქმეა...

ღირს ხსენება იმ ერთგვარი უხერხულობისაც, რაც ხალხური ლექსის ავტორობის დელიკატური საკითხის რკვევისას იქმნება ხოლმე.

დღემდე ღია თუ ფარული, „კულისებსმიღმა“ კამათის, ხშირად უკომპრომისო ცილობისა და პოლემიკის საგნად რჩება „ვეფხვისა და მოყმის“ მეორე ნაწილის ანუ გაგრძელების („იარებოდა დედაი“...) ავტორის ვინაობა. ასახელებენ მიხა ხელაშვილს, გიორგი ჯაბუშანურს... პროვინციულ ელფერს იძენს თვალსაზრისთა დაპირისპირება, როცა პაექრობის ტექსტსა და ქვეტექსტში ვიწრო კუთხური პატრიოტიზმის საცოდავი ბაცილები იჩენენ თავს. ეს უბადლო ბალადა, უწინარეს ყოვლისა ზოგადქართული მონაპოვარია, ეროვნული სულიერი კულტურის უბერებელი ძეგლია, პოეტური აზროვნების უიშვიათესი ნიმუშია, ხალხური ცნობიერების, ნიჭისა და წარმოუდგენელი დიდსულოვნების გამოვლინებაა და მეათეხარისხოვანი მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს, მისი გვიანდელი ნაწილის ამომთქმელი ტომით და გვარით ფშაველია, ხევსური თუ საქართველოს რომელიმე სხვა კუთხის შვილი...

არის შემთხვევები, როცა რომელიმე წონადი პოეტური ნიმუშის ნამდვილი ავტორის მიგნებისა და დანამდვილების ფილოლოგიური ინტერესი შუა გზაზე გაჩერების ნებას არ გაძლევს და, რაკი კვანძი შეიკრა, ცნობისმოყვარე მკითხველსაც ერთი სული აქვს, ჩაწვდეს ბურუსით მოცული შემოქმედებითი აქტის საიდუმლოს.

მხედველობაში გვაქვს ვახუშტი კოტეტიშვილის მიერ აღმოჩენილი და ხალხური პოეზიის ერთ-ერთ საღამოზე გახმიანებული ლექსი „თუ ასე ტურფა იყავი“. რომელზედაც, აღმოჩენიდან სულ მოკლე ხანში, შესანიშნავი სიმღერა შექმნა ანზორ ერქომაიშვილმა (მღეროდა ჰამლეტ გონაშვილი ანსამბლ „რუსთავთან“ერთად).

საქმე ისაა, რომ თავიდან ამ ლექსის ავტორად გარეკახელი თინა ბეჟიტაშვილი მოგვევლინა, ხოლო შემდეგ გაირკვა, რომ მისი ავტორი ყოფილა აწ გარდაცვლილი მწერალი და ლიტერატურათმცოდნე ნათელა ონაშვილი, შვილი თინა ბეჟიტაშვილისა.

მეორე მხრივ, იოლად შესამჩნევია მთელ საქართველოს მგრძნობიარე სიმღერად მოფენილი ამ მშვენიერი ლირიკული ნიმუშის ლექსიკურ-ინტონაციური სიახლოვე და ბგერწერული მსგავსება ვაჟა-ფშაველას შედევრთან „იას უთხარით ტურფასა“...

***

„ბინდისფერია სოფელი“-ს გვიან შეძენილ, რაღაცით ესქატოლოგიურსმაგვარ დასასრულს, სადაც, გარდა, უკლებლივ ყველა დედის მუცლით ნაშობის წარმავალობისა და განქარვების უნუგეშო პერსპექტივისა, თითქმის არაფერი იკითხება, ხალხურისავე პოეზიაში მოეძევება არა იდენტური, არამედ ბევრი რამით მსგავსი, მონათესავე „ორეული“. ესაა ლექსი „ტიალი წუთისოფელი“, რომელსაც, საპასპორტო მონაცემებით“, ალ. წყარუაშვილს ჩაუწერია სიმონ კობაიძისგან, 1935 წელს, სოფელ. ნაოსარში:

„ტიალი წუთისოფელი
ხილვას არ გვაცლის მზისასა!
უდროვოდ გადაგოქცევს-კე
მგზავრსა შავეთის გზისასა.
ბევრს ჩააჭკნობს-კე კაი ყმას,
ბევრს ქალს-ვარსკვლავსა ცისასა.
როგორც მზე მოჭრილს უდროოდ
ნორჩსა აყრილსა ხისასა.
კაცნი ვართ, მაინც ვილხინოთ,
გულს ნუ ვახარებთ მტრისასა,
ჩვენც ისე დავიხოცებით.
როგორცა ვხედავთ სხვისასა“.

საფუძველმოკლებული არ უნდა იყოს თქმა იმისა, რომ „ბინდისფერია სოფელი“-ს განმვრცობი იცნობდა ამ ფოლკორულ ტექსტს და, ნებით თუ უნებლიეთ, მოექცა კიდეც მისი კეთილისმყოფელი გავლენის არეალში. ამგვარი აზრის სისწორისა და მართებულობის არგუმენტად გვეგულება ის გარემოება, რომ ამ ლექსთა ურთიერთსიახლოვის გამოხატვას განაპირობებს ოპოზიციური წყვილების (ჩვენც/სხვისასა, ჩვენ/სხვას) განლაგების თანაგვარი კომბინაცია:

„...ჩვენც ისე დავიხოცებით,
როგორცა ვხედავთ სხვისასა...
...ჩვენ რას წავიღებთ ამქვეყნით
სხვას არა წაუღია-რა...“

„ტიალი წუთისოფელი“-ს უფრო ადრინდელი ჩანაწერი თედო რაზიკაშვილს ეკუთვნის. ის ქართლშია შესრულებული და ბევრად მოკლეა მომდევნოსთან შედარებით.

იკვეთება მკრთალი კვალი ხალხური ლექსის ძველი, ძირითადი ვარიანტის შესხვაფერებისა, ეტაპობრი განვრცობისა და სიუჟეტური (თუკი შესაძლებელია სიუჟეტზე საუბარი) განვითარებისა. კუთხიდან კუთხეში ზეპირად მოარული ზეპირსიტყვიერი ქმნილება გონიერი გამგონის წყალობით იცვლის სახეს, განიცდის ტრანსფორმაციას, მატულობს მოცულობაში, ახალი დეტალებით ივსება, მდიდრდება და გენეტიკური კოდის მოუმცდარობის მეოხებით ინარჩუნებს ფესვეულ კავშირს თავის წინამავალ ვარიანტთან...

წუთისოფლის ციკლის ხალხურ პოეზიაში გულისხმა მისაპყრობია ადამიანთა ყოფნა -სიცოცხლის შედარება თუ შეტოლება ჩიტთან, როგორც მუდმივად მოძრავ, ადგილის მალი-მალ მცვლელ, დაუდეგარ არსებასთან.

უცნობი არტნელი (ივრისხეობელი) ავტორ-მთქმელის იოსებ გარაშვილის ერთ ლექსში, განსხვავებით გამოქვეყნებული ხალხური ლექსებისაგან, დაკონკრეტებულია ფრთოსნის სახეობა, რომელსაც შეიძლება ჰგავდეს ჩვენი უხანო, უნდობარი საწუთრო: „გაფერე, წუთისოფელო. გუგულის გაფრენასაო...“

სახეობრივი ნიუანსების აქცენტირებამ შორს რომ არ გაგვიტყუოს, კვლავ ძირითად თემას დავუბრუნდეთ და კიდევ ერთხელ დავსვათ ნაცნობი კითხვა: ვისია სტროფი (სტროფები), რომელმაც ესოდენ ცხარე ინტერესი აღძრა ინტელექტუალთა შორის?

ჩვენი ცალსახა ვარაუდი (კატეგორიული დასკვნისგან თავს შევიკავებდით) სრულიად ემთხვევა და ეთანხმება გივი ალხაზიშვილის და თამაზ ნატროშვილის თვალსაზრისს, რომლის თანახმად, „საჭოჭმანო“ სტროფის ავტორია გრიგოლ აბაშიძე.

უფრო მეტიც: „ლაშარელას“ ავტორს უნდა ეკუთვნოდეს წინარე სტროფიც, რომელსაც თავის ეპისტოლეში რატომღაც ყურადღების მიღმა ტოვებს გრიგოლ სენეკური.

რომანში თურმან თორელი მომაკვდავ მეფეს უმღერის:

„იმასაც მოკლედ უვლია,
გრძლად ვინც გვეგონა იარა,
შუქს ბნელი შესჭამს, ვარდს - ჭია.
კაცის გულს- ჯავრის იარა.“

სურათი ასეთია: ვახტანგ კოტეტიშვილის კრებულში მოთავსებული ტექსტისგან კახეთში მოპოვებული ვარიანტის უცნობმა ავტორმა მხოლოდ პირველი სტროფი დატოვა, ჩამოაცილა დანარჩენი სამი და მათ ადგილას უწვალებლად ჩასვა „ლაშარელაში“ ამოკითხული, ხალხურ ხმას და ყაიდაზე გაწყობილი რვა უნაკლო, ღრმააზროვანი სტრიქონი.

გრიგოლ აბაშიძემ, ჩვენი აზრით, ისარგებლა ვ. კოტეტიშვილისეული ვარიანტით, საწყისი სტროფი უცვლელად აიღო, ხოლო თავში და ბოლოში ორ-ორი სტრიქონი დაუმატა:

„წარმავალია ნათელი,
სულ მოსაჩვენრად ბრწყინდება...
... ... ...
ჩვენ ნასახლარზეც ოდესმე
ბალახი აბიბინდება...“

***

გაზეთ „ლიტერატურულ საქართველოში“ (1982, 1992 წწ.) დაბეჭდილია გრიგოლ აბაშიძის წერილები ხალხური პოეზიის საკითხებზე. პირველში განხილულია დავით წერედიანის მიერ სვანურიდან უტოლო ოსტატობით გადმოღებული ლექსების წიგნი „ირინოლა“, ხოლო მეორეში - თუშური და ფშაური ნატირლების ორი კრებული: „მგოსანნი გლოვისანი“ და „ხმით ნატირლები“...

ეს ფაქტიც ნათლად მოწმობს, რომ მწერლის ინტერესი და მუდმივი ლტოლვა სიბრძნის ულევი საბადოებისადმი სულაც არ ატარებდა სპორადულ, ეპიზოდურ ხასიათს. მისი სმენა და მზერა ნიადაგ იქითკენ იყო მიმართული, სადაც სისხლსავსე ეროვნული ძარღვი ფეთქავდა, მშობლიური ხმა და ბგერა გაიგონებოდა და მამულის ხნოვანი სანახები იხილვებოდა... საფუძვლიანად იცნობდა ხალხურ სიტყვიერებას, ქართველ ტომთა ეთნოგრაფიულ ყოფას, მათ წეს-ადათებსა და რწმენა-ჩვეულებებს... და ეს ყოველივე საცნაურია მის თხზულებებში, განსაკუთრებით - ისტორიული მოვლენების უკუმფენ რომანებში...

„მოვა სიკვდილი უჩინოო...“

პროზაული ტექსტის ქმნადობის პროცესში სპონტანურად ჩნდებოდა ასოციაციები, რემინისცენციები; ირღვეოდა სამანი ინდივიდუალური შემოქმედის მხატვრულ წარმოსახვასა და ხალხის გულში წლობით ნაბრუნ, ნადუღ, ნამტკიც ხალას პოეზიას შორის... ირღვეოდა და ზეპირსიტყვიერების უფსკერო „სამალავებიდან“, შრეებიდან და სახიზარებიდან წამოღებული ხატოვანი ნათქვამი, ლექესმა თუ სტრიქონი „წრებრუნვის“ უცვლელი კანონის კარნახით კვლავ პოეტურ ფოლკლორს უბრუნდებოდა...

კაცის გულს რომ ჯავრი კლავს და არც არასდროს ელევა („კაცის გულს-ჯავრის იარა...“), რახანია ხმობს და „გვაფრთხილებს“ ხალხური პოეზია: „გულო, ჯავრისგან მოკლულო...“ „ნისლმა ხო ვერა დამათრო, - ჯავრმა, გულს გადამდინარმა...“ „გულს ჯავრი, ღორღი მამულსა აროს არ დაელევაო...“

სიკვდილი რომ მუდამჟამ მალვით მავალია („მოვა სიკვდილი უჩინო...“) და ძეხორციელი ვერსად დაემალება, ესეც კაი ხნის დანამდვილებით აქვს ჩვენს ზეპირსიტყვიერებას: „თორ მალე მოვა სიკვდილი ტუქსი, არ-მოცინარიო...“ „მოვა სიკვდილი ტიალი, მახვილად დამეღირება...“ „სიკვდილო, ვერ დაგემალე, კლდე გამოვკაფე სალია...“

არც ისაა უცხო და უცნობი უსახელო-სახელიან გლოვის მგოსანთათვის, რომ ამ ცოდვამადლიანი მიწიდან ადამიანი „მუნ“ ბევრს ვერას წაიღებს („ჩვენ რას წავიღებთ...“): „სამი ადლი ტილოს მეტი სამარეში არ ჩაგყვება?..“

არსებობდა საიმისო ნიადაგი. თანაც მყარი და ნოყიერი, მწერლის ფიქრი გარკვეული დროით მელექსეთა ცნობიერების სადენსა თუ სადინარზე რომ გადართულიყო და შექმნილიყო „უბირ“ მათქვამთა ფილოსოფიურ წიაღსვლებზე არაფრით ნაკლები ნიმუში კლასიკურ-ხალხური პოეზიისა.

არანაირი უფლება და საფუძველი არ გაგვაჩნია, არ ვერწმუნოთ თვით მწერლისმიერ ცნობას და „ბინდისფერია სოფელი“-ს შთამბეჭდავი დასასრულის ავტორი ვეძებოთ იქ, სადაც ის არაა. „ეს ლექსი არც ხალხურია და არც სინამდვილეში არარსებული თურმან თორელისა. გრიგოლ აბაშიძე გახლავთ მისი ავტორი“ (თ. ნატროშვილი).

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, აღსარების სიწრფელით აღსავსე ჩინებული ლექსის - „არყოფნისაკენ“ - ავტორზე უკეთ ვის უნდა „დაენახა“ და დაეხასიათებინა უსერო და უსხეულო, ადამიანის ნება-წადილისაგან დამოუკიდებელი ის ტრანსცენდენტული არსება, რომელსაც სიკვდილი ჰქვია და რომლის ნამოქმედარი ისეთივე შეუქცევადია, როგორც დღის დაღამება.

3.7 43. არგანაშვილი, გია. ათი მართალი ლექსი პოეზიის გადასარჩენად (ნიკო სამადაშვილის შემოქმედებითი პორტრეტისათვის)

▲ზევით დაბრუნება


// ლექსმცოდნეობა: ყოველწლიური კრებული / შოთა რუსთაველის ქართ. ლიტ. ინ-ტი. - თბ., 2021. - №13, ლექსმცოდნეობის მეცამეტე სამეცნიერო სესია (მასალები): ეძღვნება ნიკო სამადაშვილს. - გვ. 14-32.

ნიკო სამადაშვილი არა უბრალოდ ნიჭიერი პოეტი, არამედ ქართული პოეზიის გენერალური ხაზის გამგრძელებელი, მემკვიდრეობითობის დიდი ტვირთის მატარებელია.

ამ ციკლში წარმოდგენილ პოეტთა შორის ის შესაძლოა პირველიც ყოფილიყო, მიუხედავად იმისა, რომ აქ პირველ-მეორეობა რამე განსაკუთრებულ შემოქმედებით უპირატესობას არ გულისხმობს. ნიკო სამადაშვილი სრულიად სხვა ნიშნით გამოირჩევა სხვათაგან. იმ დროს, როდესაც ქართული პოეზია (მცირე გამონაკლისის გარდა) მხოლოდ ერთი მიმართულებით ვითარდებოდა, პოეტმა შეძლო მის გვერდით დამშრალ კალაპოტში ერთი ძლიერი ნაკადის გადაშვება, რათა ქართულ პოეზიას თეთრი და შავი არაგვივით კვლავაც ორი გზით, ორ მდინარებად ედინა (ვიდრე ისინი არ შეერთდებოდნენ) და ქართული ლექსის მრავალფეროვნება არ დაკარგულიყო.

ქართული პოეზიაც ხომ იმით იყო მდიდარი, რომ რუსთაველის შემდეგ ორ მაგისტრალურ ხაზად მოედინებოდა, პირობითად მას ჩვენ ნიკოლოზ ბარათაშვილის და აკაკი წერეთლის პოეტურ მიმართულებას ვუწოდებთ. საბოლოოდ ისინი ერთმანეთს ავსებენ და ჩვენი ლიტერატურის ერთ ძლიერ დინებას ქმნიან. აქ არ შევუდგებით მათ გამოწვლილვით განხილვას, ვიტყვით მხოლოდ, რომ მეოცე საუკუნეში ბარათაშვილის ხაზი დაიწრიტა, ხოლო საუკუნის მთელ სიგრძეზე აკაკის ხაზი გაიჭიმა ცალწვერა თოკივით.

შემდეგ ამ მიმართულებამ ეპოქალური მნიშვნელობა შეიძინა და მას გალაკტიონის სახელი ეწოდა. დღეს ვერავინ უარყოფს, რომ „გალაკტიონის შემდეგ ქართული პოეზია წავიდა და მიდის გალაკტიონის გზით“ (ვახტანგ ჯავახაძე). ეს, ერთი მხრივ, ძალზე სასიხარულოა, რადგან ამ მიმართულებით ქართული ლექსი (ზოგადად, პოეტიკა) დაიხვეწა და ახალ სიმაღლეზე ავიდა. თუმცა ამის პარალელურად ქართულ პოეზიაში შეინიშნებოდა გარკვეული ერთფეროვნება და ალბათ, ძალზე სუბიექტური იქნება მისი დამოკიდებულება, ვინც ამ პროცესს ერთმნიშვნელოვნად დადებით მოვლენად აფასებს.

მსგავსი შეხედულებები უფრო თამამად და პროფესიულ დონეზე გამოითქვა ნიკო სამადაშვილის ხსოვნის საღამოზე (2015 წელს), სადაც ცნობილმა მწერლებმა (გიორგი ლობჟანიძე, გივი შაჰნაზარი, თამაზ ჩხენკელი, ზურაბ კიკნაძე) შეაფასეს ქართული ლიტერატურის ის დინება, რომელშიც ჩვენ ნიკო სამადაშვილის შემოქმედებას მოვიაზრებთ (აქ ჩვენ ვეყრდნობით რადიო „თავისუფლების“ ჩანაწერს /ავტორი ჯიმშერ რეხვიაშვილი/: „ნიკო სამადაშვილი - ვერდავიწყებული პოეტი“).

თავის გამოსვლაში გიორგი ლობჟანიძემ ზუსტად ახსნა ნიკო სამადაშვილის შემოქმედების „დავიწყების“ ობიექტური მიზეზი:

„იყო გალაკტიონი, რომელმაც აკაკის ხაზი განავითარა და აბსოლუტურად დამოუკიდებელი ღირებულება შესძინა ამ ზედნაშენს, მაგრამ მივიწყებული იყო და ვითარდებოდა ბარათაშვილის ხაზი, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ქართული პოეზიისთვის. ნიკო სამადაშვილმა ეს ხაზი განავითარა თავის ლექსებში და მოგვცა სრულიად განსაკუთრებული და გამორჩეული ღირებულება მთელი თავისი პოეზიის სახით. ეს რაც შეეხება ფორმის თვალსაზრისით, თუმცა შინაარსსაც მოიცავს, გარკვეულწილად, და ნებისმიერი სტრიქონიდან გამოსჭვივის ის, რომ საქმე გვაქვს ძალიან დიდ პოეტთან“.

იგივე ვარაუდი დაადასტურა პოეტმა და მთარგმნელმა გივი შაჰნაზარმა: „ერთი უზარმაზარი პოეტი, გალაკტიონი, სხვა იყო და ერთი დამალული, დაფარული, უბრწყინვალესი, ძალიან ტკივილიანი ნიკო სამადაშვილი მეორე გზით წავიდა“.

ზურაბ კიკნაძე უფრო ღრმად ჩაჰყვა ნიკო სამადაშვილის ლექსის სულიერ მხარეს და პოეზიის „ბნელ“ ხვეულებს“:

„ყოველი ლექსი მისი სულიერი აპოკალიფსია, - საკუთარ თავთან ჭიდილისა და მის მიერვე უარყოფილი ქვეყნიერების წინაშე პირისპირ დგომის დოკუმენტი. პირქუშ ხილვებთან ერთად მასში აღნუსხულია მისი შინაგანი ცხოვრების ბევრი ნათელი წამი. მრავალფეროვანი ქართული პოეზიის ხომლს ნიკო სამადაშვილის ხმაც უერთდება, - ტრაგიკული, მაგრამ მუდამ სინათლისაკენ გამყივარი ძახილი.“

თავის დახასიათებაში თამაზ ჩხენკელმა სრულიად სხვა შინაარსით შეავსო ნიკო სამადაშვილის პორტრეტი და მკითხველს მისი პოეზიის ტექნიკურ მხარეზე მიაქცევინა ყურადღება:

„ნიკო სამადაშვილის სიტყვა ხვიფლიანი და ფერადოვანია. იგი მოკლებულია კლასიკურ დაკრისტალებასა და რაფინირებას, რასაც იმპულსურ ძალმოსილებად განიცდის ხოლმე მკითხველი. მისი ლექსები მოგვაგონებს გაუცრელი თიხისგან გამომწვარ ასიმეტრიულ დოქებს, რომელთაც თუმცა კი ამჩნევიათ კოჟრები და ზოგჯერ მომტვრეული აქვთ ტუჩი ან ყური, მაგრამ პოეზიის ძელგი, შეურყვნელი, მაგარი ღვინით არიან სავსენი“.

ჩვენ კი დავამატებთ, რომ „ხვიფლიანი“ და კოჟრიანი სიტყვა ნიკო სამადაშვილის პოეზიისთვის არა მხოლოდ ლიტერატურული სტილია (აქ სრულიად ზედმეტია პოეტის გამოუცდელობასა ან უყურადღებობაზე საუბარი), არამედ ერთგვარი ზნეობრივი პოზიციაა, რომლითაც ავტორი პოეზიის საერთო სივრცის ე.წ. სიტყვიერ „ეკოსისტემას“ განადგურებისგან იცავდა.

სიტყვა და მისგან შედგენილი მხატვრული ფორმები, ისევე როგორც სხვადასხვა „საშენი“ მასალა (ლითონი, ქვა, ხე, ძვალი) ექვემდებარება შემდგომ დამუშავებას. ამ ხელობის ოსტატები ზუსტად ხვდებიან იმ ზღვარს, სადაც მასალის დახვეწა უნდა შეწყვიტოს, რათა მეტისმეტი გულმოდგინების გამო ხელში არ შემოატყდეს დეტალი.

სწორედ ამ საშიშროებას გრძნობდა ფაქიზი შეგრძნებების და სმენის მქონე ნიკო სამადაშვილი. მან გალეული ფორმების და დაღლილი სიტყვების ნაცვლად ნედლი, ბუნებითი სიმყარის მქონე სიტყვები და უცნობი მხატვრული სახეები შემოიტანა პოეზიაში. ამით კიდევ უფრო გამდიდრდა ქართული ლექსი. მისი ეს ძალისხმევა კი უფრო თვალსაჩინო გახდა მას შემდეგ, რაც გალაკტიონის მრავალრიცხოვანი ეპიგონების ხელში მისმა (გალაკტიონის) მდიდარმა სიტყვამ სიცოცხლე დაკარგა, ხოლო მხატვრულ სახეებს ჩვეული ბზინვარება დააკლდა...

მწერლის არალიტერატურული ცხოვრება

ნიკო სამადაშვილის შემოქმედებითი გზა ხშირად (მათ შორის პროფესიონალ ლიტერატურათმცოდნეთა ტექსტებში) ფასდება, როგორც „არალიტერატურული“ და არატრადიციული, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ აღიარებით ჩვენ შემოქმედებით სივრცეში გარკვეული სტერეოტიპების არსებობას ვადასტურებთ, შეზღუდვებს ვუწესებთ ყველაზე თავისუფალი სფეროს წარმომადგენლებს, რომელთა წარმატებაც მეტწილად ინდივიდუალური ცხოვრების წესზეა დამოკიდებული. ჩვენ კი ამგვარი „არალიტერატურული“ და გაუკვალავი გზით სიარულს ლამის დანაშაულად ვუთვლით მათ.

შემოქმედი ადამიანის ცხოვრება კი სახარებისეული მთესვარის იგავს და იმ მარცვალს გვაგონებს, რომლის ბედი დამოკიდებულია გარემოზე, სადაც ის ჩავარდება და თანამდევ მოვლენებზე, რომლებმაც შესაძლოა სრულად ჩაკლას მასში ბუნებითი ნიჭი ან მრავალი კეთილი ნაყოფი გამოაღებინოს.

ნიკო სამადაშვილის ცხოვრების მარცვალი თავიდანვე ეკალბარდებში ჩავარდა („...და რომელიმე დავარდა შორის ეკალთა; და აღმოსცენდეს ეკალნი და შეაშთვეს იგი“ (ლუკა 8, 5-15),) და რომ არა მისი ძალისხმევა უთუოდ, პირდაპირ აღსრულდებოდა სახარებისეული იგავი მისი ცხოვრების მიმართ.

პოეტი 1905 წლის 19 ივლისს დაიბადა ხიდისთავში (გორის მახლობლად). მის დაბადებამდე მშობლები (დედა - ოლღა სამსონის ასული კობერიძე, მამა - მიხეილ სამადაშვილი) აზერბაიჯანის ქალაქ აგდამაში ცხოვრობდნენ.

მამის გარდაცვალების შემდეგ პატარა ნიკო ბებია ეფემიასთან იზრდებოდა სოფელ ხიდისთავში.

შვიდი წლის ასაკში ის მიაბარეს გორის სასულიერო სასწავლებელში, რომელიც 1917 წელს დაამთავრა. შემდეგ სწავლობდა გორის ვაჟთა გიმნაზიაში, რომელიც მოგვიანებით ჰუმანიტარულ ტექნიკუმად გადაკეთდა. გიმნაზიაში სწავლა ნიკომ 1924 წელს დაამთავრა. გორის ვაჟთა გიმნაზიაში გაიცნო ნიკომ თვალსაჩინო მოღვაწე და მოაზროვნე ერეკლე ტატიშვილი, რომელმაც უდიდესი გავლენა მოახდინა მის შემოქმედებაზე. საგულისხმოა, სწორედ ერეკლე ტატიშვილმა აღმოაჩინა ნიკო სამადაშვილი, როგორც პოეტი.

1920 წელს ნიკო ბიძამ თბილისში ჩამოიყვანა და ბავშვთა სახლში მიაბარა, საიდანაც ერეკლე ტატიშვილმა წაიყვანა და საკუთარი ხარჯით მზრუნველობდა წლების განმავლობაში. ნიკომ უნივერსიტეტში ლიტერატურის ფაკულტეტზე განაგრძო სწავლა, საიდანაც 1928 წელს გარიცხეს.

1928 წელს ნიკო სამადაშვილი თბილისიდან ბორჯომის რაიონის სოფელ საგდერში გადადის საცხოვრებლად და იქ სოფლის დაწყებით, ოთხკლასიან სკოლაში მასწავლებლობს. სოფელშივე დააარსა ღამის სკოლა მოზრდილთათვის. მისი ყოფილი მოსწავლე სოლომონ სტეფნაძე იგონებს: „ნიკო დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა სოფელში. მაშინ ჩვენი გლეხობა წერა-კითხვის უცოდინარი იყო. ნიკო მოხუცებთან ოჯახებშიც დადიოდა“.

1929 წელს პოეტი თბილისში დაბრუნდა, სპეციალური კურსების გავლის შემდეგ მუშაობა ბუღალტერ-რევიზორად დაიწყო. მიუხედავად სამსახურისა, მას უკიდურეს გაჭირვებაში უხდებოდა ცხოვრება და ოჯახს ბუღალტრის მოკრძალებული ხელფასით ინახავდა.

ნიკო სამადაშვილი, როგორც საზოგადოებისთვის საშიში ელემენტი, ორჯერ - 1943 და 1947 წლებში - გაასამართლეს. როგორც პოეტის ქალიშვილი, მზია სამადაშვილი, მამაზე დაწერილ მოგონებებში წერს, ის ვერ ეგუებოდა კომუნისტურ რეჟიმს, რომელიც თავისუფალ პიროვნებას სულიერად და მორალურად ანადგურებდა. მოგონებებში ასევე ვკითხულობთ:

„მამა სამუშაოს სამუშაოზე იცვლიდა, რომ თავისი დიდი ოჯახი ერჩინა. ხან რევიზორ-ბუღალტრად, რევიზორ-ექსპერტად და სტილისტად მუშაობდა. ერთხანს გორში პედაგოგობდა კიდეც. განუწყვეტელმა დევნამ, სამსახურიდან უსამართლოდ დათხოვნამ თავისი ნაყოფი გამოიღო - იგი ჰიპერტონიით დაავადდა.“

ნიკო სამადაშვილი გარდაიცვალა 1963 წლის 1-ელ მაისს. დაკრძალულია ქალაქ თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე.

გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე პოეტი რუსთაველის მოედანზე არჩილ სულაკაურს შეხვდა. დამშვიდობებისას კი ნიკო სამადაშვილმა ასე შეაფასა თავისი განვლილი ცხოვრება:

„სულ მინდოდა კაცურად მეცხოვრა. თითქოს ვიცხოვრე, კაცურად გავიარე ცხოვრების გზა, მაგრამ... რა არის, იცი, ერთი დღე არ მახსოვს ისეთი, თავი რომ ადამიანად მეგრძნო. ეს სულ სხვა რამეა, ჩემო არჩილ, სულ სხვა... მითხარი, შეიძლება, კაცმა სამოცი წელი იცხოვროს ქვეყანაზე და ერთხელ მაინც ვერ იგრძნოს, რომ ის ადამიანია?! ამ ქაოსიდან ვერ გავედი, ვერა და ვერ გავედი...“

შემოქმედებითი პორტრეტი

დიდი პოეტების შემოქმედება მართლაც მწვერვალებს ჰგავს. მათ სხვადასხვა სირთულის ასასვლელი აქვთ. გამოცდილმა მთამსვლელებმა იციან, რომ ეს „ტრასები“ ერთმანეთისგან ბუნებრივი წინააღმდეგობებით და შთაბეჭდილებების ნაირგვარობით გამოირჩევა. თუმცა ისინი ასასვლელად ხშირად ყველაზე რთულ გზას არჩევენ, რათა უკეთ შეიგრძნონ მწვერვალის ინდივიდუალური სახე და საკუთარი პროფესიონალური უნარებიც გამოსცადონ...

ამის მსგავსად, ზოგიერთი ძნელადგასაგები შემოქმედის შინაგან სამყაროს რომ ჩავწვდეთ, ლიტერატურაში სხვა გზით, სხვა მწერალთა მხატვრული ტექსტების გავლით, სხვა ესთეტიკის გაზიარებით უნდა მივიდეთ, ვიდრე ამას თანამედროვე მკითხველთა აღზრდის ტრადიციული სკოლა გვთავაზობს...

სწორედ ამგვარ შემოქმედთა რიცხვს ეკუთვნის ნიკო სამადაშვილი, რომლის შემოქმედებითი გზის სირთულე ისეთ მკითხველშიც (და შემოქმედშიც) კი ეჭვს და გაორებას იწვევდა, როგორიც არჩილ სულაკაური იყო:

„უცნაური რამ ხდებოდა. იმ დროს ჩემთვის გაუგებარი: ნიკო სამადაშვილის ლექსები უბით დამქონდა, ზოგი უკვე ზეპირად ვიცოდი, ვუკითხავდი ნაცნობ პოეტებს, ვუკითხავდი არაპოეტებსაც, უბრალოდ - პოეზიის მოყვარულებს და ყველანი

შეთქმულებივით გულგრილად მომჩერებოდნენ, უკეთეს შემთხვევაში, დაეჭვებულნი იღიმებოდნენ, არც ისეთი ლექსებია, შენ რომ გგონიაო. ზოგი რითმას უწუნებდა, ზოგი - ვერსიფიკაციას, ზოგი - რას და ზოგი - რას. ზოგჯერ ეჭვიც კი შემპარვია ჩემს თავსა და ჩემი მეგობრების ცოდნასა და გემოვნებაში“.

ამგვარი შესავლის შემდეგ, ალბათ, უფრო მიზანშეწონილი იქნება, პოეტი უპირველესად იმ კუთხიდან დავინახოთ, საიდანაც მისი სიმაღლე და „ერთადერთობა“ ეჭვს არ გამოიწვევს. მკითხველისთვისაც უფრო ადვილად გადასალახავი გახდება ის წინააღმდეგობა, რომელსაც ასეთ დროს თანამედროვე ქართულ პოეზიაში გამეფებული საზოგადოებრივი გემოვნება (მოდა) იწვევს. სწორედ ამის გათვალისწინებით, მინდა ნიკო სამადაშვილის შემოქმედების კარი ლექსით „დარდი ბუხართან“ გავაღო. ამ თემაზე მე არ მახსენდება, რომელიმე ქართველ პოეტს (რუსთაველის გარდა) ამაზე უფრო ხელშესახებად ეგრძნობინოს მკითხველისთვის კოსმოსური სამყარო:

„ცივა, ნაღველი მედება გულზე,
თოვლია გარეთ, აღარც გზებია,
ენთე, ბუხარო, და იგუზგუზე,
მე მაინც სითბო არ მღირსებია.
კვამლო, არ შეწყდე, გასწიე ზევით,
გაჭვარტლე ზეცა, ღმერთმაც ვერ გვძლიოს,
უსაზღვროება ისე შესუდრე,
რომ ჩემს პლანეტას გზა აერიოს.
წარმავალობა მიზიდავს უღრანს,
იქ არც შუქია, არც ლაჟვარდები,
არარაობა დაიწყებს ღრენას,
და იკივლებენ ეს საფლავებიც.
ჩამხრჩვალი სივრცე ყრუთ იშიშინებს,
ხმას გაიკმენდავს ზღვა და გრიგალი.
ვინ იცის, რამდენ მზეს შეაშინებს...
ჩემო პლანეტავ, შენი ღრიალი.
ზეცა ათასგან დაიღრიცება.
კვამლს მოედება დროთა ისარი.
სამყაროს გაღმა ჩაივლის ვიღაც,
ჩაფიქრებული, როგორც მისანი.
ღამეა, ბუხრის ცეცხლი გუზგუზებს,
გარეთ ტირიან ცივი მინდვრები.
ვზივარ, სიცოცხლეგაბეზრებული,
სისხლი მიშრება, ვატყობ ვფითრდები.“

იმ კრიტერიუმთა შორის, რომლებითაც პოეზიას ვაფასებთ, აზროვნების სივრცითი მასშტაბი ერთ-ერთი უპირველესია. ნიკო სამადაშვილის პოეზიაში სივრცე შეუზღუდავია. მის შემოქმედებაში შეიძლება „პლანეტას გზაც აერიოს“, ან „პლანეტის ღრიალმა მზე შეაშინოს“, „სამყაროს გაღმა ვიღაცამ ჩაიაროს“ და „ზეცა ათასგან დაიღრიცოს“.

ნიკო სამადაშვილის ცხოვრებას რომ არ ვიცნობდე (საერთოდ, ვიდრე პოეტის ლექსებს წავიკითხავდეთ ჯობია, რომ არ ვიცნობდეთ მის ბიოგრაფიას), შესაძლოა ის ჩვენი თანამედროვე გვეგონოს, ან ათასწლეულების წინ მაცხოვრებელ ადამიანად წარმოვიდგინოთ, რადგან იშვიათია მის შემოქმედებაში ისეთი ლექსი, რომელშიც დრო არსებით როლს თამაშობდეს და მნიშვნელოვანი იყოს ლექსის გაგებისთვის.

პოეტი თავის ლექსებში დროს არ აღნიშნავს. ის არა მხოლოდ სივრცის უსაზღვროებიდან, არამედ დროის მარადიულობიდანაც დამზერს დღევანდელობას და კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ამოება ამაოებათა სამყაროს მთავარი მახასიათებელია.

ჩვენი ციკლის („ათი მართალი ლექსი პოეზიის გადასარჩენად“) მთავარი პირობა პოეტის ლიტერატურული მემკვიდრეობიდან ათი საუკეთესო ლექსის ამორჩევაა, ნიკო სამადაშვილის შემოქმედებიდან ამის გაკეთება ძალდაუტანებლად შეიძლება, თუმცა თითოეული მათგანის წაკითხვა და გააზრება ძალზე ვრცელ სააზროვნო სივრცეს ითხოვს, რაც წერილის სტანდარტებს დაარღვევდა. ამიტომ ჩვენ ვარჩიეთ ათი ისეთი პოეტური სტრიქონი შეგვეთავაზებინა მკითხველისთვის, ყოველ მათგანს ლექსის სათ- ქმელი რომ მოაქვს:

1. ძლივს ვამშვიდებდით შემკრთალ მაცხოვარს,
რჯულდაწყვეტილი ორი ქართველი.

(„უკანასკნელი ქრისტიანები“)

2. ძირს წმინდა ნინოს ნაფეხურები
ჰგავდნენ სისხამზე მოკრეფილ იებს.

(„ატენის სიონი“)

3. საუკუნეებს მაცხოვარი გაჰყვება მეხრედ,
საუკუნეებს - დასაბამი რომ მოაძოვა.

(„გარეთ“)

4. მინდოდა ზეცა გადამერბინა
და საფლავები სტვენით ამეკლო.

(„გადმორბენა სამყაროსაკენ“)

5. არსად არასდროს მე არავინ არ მეყოლება,
და ჩემ მკვდარ სხეულს ჩემი ხელით დავასაფლავებ.

(„კარების გაჯახუნება“)

6. წყეულიც იყვეს სამუდამოდ ამ ქვეყანაზე,
თბილისო ჩემო, შენს შუქს იქით გამოფხიზლება.

(„ჩემი თბილისი“)

7. და დარიალთან თერგი მშფოთვარე
შეაჟღარუნებს ელვარე დეზებს.

(„ბოლო“)

8. დასაბამიდან გზებს მოსდევდა გულდაწყვეტილი
კაცი, რომელიც სინათლეშიც არ ინთებოდა...

(„ბინდი“)

9. კაცივით მღერის გამსკდარი ქვევრი
და თან ყვავილებს გააქვთ გოდება,

(„აგარაკი“)

10. სადღაც ეშოვნათ კუბო ჯიბგირებს
და მოეწერათ ზედ ჩემი გვარი!

(„წარწერა“)

თითოეული ეს სტრიქონი (უმეტესად, მეტაფორები) ნიკო სამადაშვილის მიერ შექმნილ შემოქმედებით სამყაროს საზღვრავს. ვრცელი და მრავალმხრივია ეს სამყარო, მაგრამ რითაც ის მკითხველის ყურადღებას იქცევს, ეს განსხვავებული ხედვის კუთხე და გამოხატვის ინდივიდუალური ხასიათია. ავტორი ცდილობს უფრო სიღრმეში ჩაახედოს მკითხველი, რათა მძინარე და „გამოუცნობი ქიმერები“ (გალაკტიონი) დაანახვოს. აქ იკითხება მისი პორტრეტი, რომლის წარმოსაჩენად ჩვენ ამ თემატიკის სულ რამდენიმე ნიმუშს დავიმოწმებთ. მათ შორისაა „ჩემი პორტრეტი“:

„ნამტირალევი მოვდივარ დღესაც,
სადაც არ მივალ, ყველგან ღამეა:
ნეტავ ჩემ გულში ჩამოგახედათ,
რამდენი კვნესა და ვარამია.
ბოღმა კვამლივით მედება ყელზედ,55
ირგვლივ რიყეა, უდაბნოს ქვები.
ისე დავდივარ ამ ქვეყანაზე
თითქოს საკუთარ ცხედარს მივყვები.
სადღაც კაიფობს მთავრის ბულული -
შუქი დამეძებს, უნდა, რომ სწუხდეს,
თითქოს მე ვიყვე გამოქვაბული
და ჩემ ქვეშ სისხლის მდინარე ჰქუხდეს.“

ამ ლექსში უპირველესად ეს სტრიქონი - „თითქოს საკუთარ ცხედარს მივყვები“ იქცევს ყურადღებას და მკითხველს უმალ ახსენდება იოანე საბანისძის „აბოს წამება“, „ხოლო იგი მივიდოდა, ვითარცა ვინ მოგზაურ ექმნის მკუდარსა, ეგრე ხედვიდა თჳსსა მას გუამსა; და სულითა თჳსითა მოგზაურ ქმნული“ (იოანე საბანისძე).

ეს პარალელი ადრეც შეუნიშნავს ქართულ კრიტიკას, გამოითქვა კიდეც მრავალი ვარაუდი, თუ რა ახსნა შეიძლება მოეძებნოს მხატვრული ხერხის ამ მსგავსებას. მე იმ აზრს ვემხრობი, რომ ამგვარი გადაწყვეტა პოეტს შეგნებულ ნაბიჯად ჩავუთვალოთ, რადგან ის ცდილობდა პირდაპირ მიენიშნებინა მკითხველისათვის საკუთარი ცხოვრების მოწამეობრივი გზის შესახებ, იმის გათვალისწინებითაც, რომ ლექსს სწორედ „ჩემი პორტრეტი ჰქვია“.

ამ ლექსში არის კიდევ ერთი დეტალი, რომელიც პოეტის პორტრეტის შექმნისთვის უთუოდ ძალზე მნიშვნელოვანია, მით უფრო, რომ ის მის ლექსებში ხშირად მეორდება.

ეს არის ის ადგილი, სადაც პოეტი საკუთარ თავს გამოქვაბულს ადარებს. აქ ეს შედარება ძალზე გამჭვირვალეა და თითქმის არავითარი აზრი აღარა აქვს სხვა ლიტერატურული პარალელების ძიებას. ასოციაციები აქ თავისთავად ჩნდება და ის, უპირველესად, სახარების ალუზიას აღძრავს, რადგან სწორედ გამოქვაბულში იბადება ღმერთი, ხოლო „სისხლის მდინარე“, რომელიც მის (გამოქვაბულის) ქვეშ მიჰქუხს, ეპოქის სისხლიან სახეს აჩვენებს და იმ ინფორმაციულ მდინარებას მოგვაგონებს, ღმერთს რომ შესჩუხჩუხებს სამართლის სათხოვნელად.

ნიკო სამადაშვილის ლექსების კრებულის გაცნობისას მკითხველს უსასოობის განცდა იპყრობს, რომ მის ტკივილს ბოლომდე ვერ გაითავისებს, ვერც შეეშველება მწერალს ამ ტვირთის ზიდვაში, რადგანაც ტკივილს აქ ფრთები არა აქვს, რომ მხოლოდ ფრენით გამოწვეული აღტაცება აგრძნობინოს მკითხველს.

შემოქმედ ადამიანში ორი პიროვნული მე მოქმედებს. ერთი, რომელიც ის ცხოვრებაშია, ხოლო მეორე, რომელიც სურს, რომ თავის შემოქმედებაში იყოს. სხვადასხვა პოეტის ცხოვრების მაგალითზე თუ ვიმსჯელებთ, ვნახავთ, რომ უმრავლესობა ცდილობს ამ ორ პიროვნულ მეს შორის საზღვარი წაშალოს და თანამედროვეთა თვალშიც პოეტად დარჩეს. ამგვარი დამოკიდებულება მათ ხელს უწყობს სოციალური სტატუსის განმტკიცებაში და ბუნებრივია, რომ მრავალნი მიილტვიან ამისკენ.

ნიკო სამადაშვილი კი შეგნებულად მიჯნავს ცხოვრებას შემოქმედებისგან. ბუღალტერი ნიკო სამადაშვილი ყოველნაირად ცდილობს პოეტ ნიკო სამადაშვილს ქვეყნიერების ბიწი და ჭორი ააშოროს. ამიტომ პოეტი მასში მხოლოდ სულიერების სივრცეში მოქმედებს და მიწაზე ფეხსა არ აკარებს.

ერთხელ, სულ ერთადერთხელ, ბუღალტერი ნიკო სამადაშვილი წარმოუდგენს მკითხველს თავის ორეულს პოეტ ნიკო სამადაშვილს (თუ პირიქით).

ეს ლექსი ყველაზე პოპულარულია ნიკო სამადაშვილის შემოქმედებაში. მასობრივი მკითხველი მას „თავის ტექსტად“ აღიქვამს, ამის მიზეზი კი ისაა, რომ ლექსი სიუჟეტურია (შესაძლოა, მასში პოემის კომპოზიციაც კი დავინახოთ), ავტორი ჰყვება დრამატულ ისტორიას იმის შესახებ, რომ ერთ ქარიან დღეს, მოსალოდნელი ცუდი წინათგრძნობის ფონზე (ძაღლივით ყმუილი), მისდა ნუგეშად, როგორ დაიბადა საყდრის ჩიტის სახით მასში პოეტი:

„შენ ჩემში უსტვენ ვით საყდრის ჩიტი,
შენა ხარ ჩემი ნუგეშის დარი,
სულ კარგად მახსოვს, შენ რომ გამოჩნდი,
გარეთ ძაღლივით ყმუოდა ქარი.“

ინტერესი ამგვარი სიუჟეტის მიმართ ერთიორად გაიზრდება, თუ მკითხველს ვაჟა-ფშაველას პატარა ლეგენდას „გოჩი“ გავახსენებთ. მსგავსება მათ შორის მართლაც აშკარაა. ინტერპრეტაცია კი დროისა და ამოცანის გათვალისწინებით, ბუნებრივია.

უნდა ვივარაუდოთ, რომ ნიკო სამადაშვილი იცნობდა კიდეც ამ ტექსტს (ის 1886 წელს გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა), თუმცა ამას მნიშვნელობა არცა აქვს, რადგან ამბავი იმ მრავალრიცხოვანი სიუჟეტების „კრებულიდან“ არის, რომლებიც კაცობრიობას თავის პრეისტორულ მეხსიერებაში აქვს დალექილი.

გავიხსენოთ როგორ ჩაუსახლა ღმერთმა საზარელ გოჩის პატარა ნიბლია ჩიტის სახით სიყვარული:

„სიყვარული პირველად მაშინ ჩამოვიდა ქვეყნად. სიყვარული წამოვიდა ციდამ პატარა, ნაზი, ნიბლია ჩიტის ტოლა, ჩიტის სახით; ნაცრის ფერი ჰქონდა და უმანკო იყო. დაჯდა გოჩის პირდაპირ ერთის კლდის თავზედ და მოჰყვა მღერას.

გოჩის რამდენის ჩიტის ხმა გაუგონია, მაგრამ ყური არ უგდია; სიყვარულის მღერაზე კი დაჰკიდა დიდრონი, გაწეწილი თავი, თვალები მოუწყლიანდა, გაეღიმა პირველად თავის სიცოცხლეში. საუცხოვო ძალა იგრძნო გოჩიმ, მოინდომა სიყვარულთან ახლო მისვლა, მაგრამ მანამ ის ადგებოდა, სიყვარული თვითონ მიფრინდა და დაუჯდა წინ. სიყვარულმა ნახა ძვლები კაცისა, გასისხლული კარისპირი და შაეზარა.

- მოგეწონა ჩემი ხმა? - ჰკითხა მან გოჩსა.

- ფრიადო, - მიუგო გოჩმა, - ნეტავი სულ ჩემთან გამყოფა და ეგრე გაგალობაო.

სიყვარული გაფრინდა და ჩასახლდა გოჩის გულში“.

ღვთითბოძებული საჩუქარი დიდი მადლია ადამიანისთვის, მაგრამ ის მეოცე საუკუნეშიც ისევე მძიმე ტვირთად შეიძლება იქცეს, როგორ პირველყოფილი ჰომო საპიენსისთვის.

თუმცა პოეტს ამის გამო სინანული იპყრობს:

„ვერ გიპატრონე მე ლაზღანდარამ,
შენ სხვა მხევალი უნდა გყოლოდა,
ზეცა სივრცეებს აზანზარებდა
და მზე ყვიროდა ქვეყნის ბოლოდან.“

გოჩისათვის კი სინანული ჯერ უცხოა, მას სიყვარულიც სასჯელად ექცა და ცდილობს კიდეც ამისგანაც გათავისუფლდეს:

„- ღმერთო, მომაშორე, ეს რაღაც ბარგი ამკიდე - სინიდის-სიყვარულები, რომ დასვენებული ვიყო, ვიცხოვრო, როგორც აქამდის მიცხოვრიაო“.

(აქ, პოეტი, შესაძლოა, თავის შემოქმედებაში პირველად და უკანასკნელად ხარკს უხდის მასობრივ მკითხველს და მისთვის მშობლიურ მეტაფორაში (და საკმაოდ გაცვეთილი მხატვრულ სახეში) გაკვირვებას გამოხატავს იმის გამო, ლექსების თხზვა ლამის პირველყოფილ განცდებს იწვევდა იმდროინდელ მკითხველთა საზოგადოებაში:

„შენ გადარებდნენ ბინდების ჭრიჭინს,
თუმცა სულ მუდამ ტოტს გცემდა ქარი,
ავადმყოფობა ეგონათ, ბიჭო,
ლექსები ტანზე გამონაყარი.“

ბუღალტერი კი არანაკლებ ეწამება (ვიდრე გოჩი) მგალობელი ჩიტის „თვალთმაქცობით“ (ის ლექსების წერას ჯღაბნას უწოდებს) და კეტით დასდევს პოეტს, რადგან მისი ხმა ზარივით რეკავს და თავის ქალას უხეთქავს. თუმცა (გოჩისგან განსხვავებით) ის ღმერთს მაინც არ სთხოვს მისგან გათავისუფლებას:

„ლექსების ჯღაბნა წამებათ გექცა,
სჯობდა ვენახის კვალი გებარა,
ვის რად უნდოდა ეს თვალთმაქცობა,
ნეტავი ქარში გადაგეყარა.
ქარები უფრო წაიკითხავდნენ,
ჩაბჟირდებოდნენ სადმე სიცილით;
ჩემი ცრემლებით ღამეს ხატავდი
და ბეთანიას მაისის დილით.
ვერ გაოკებდი, დაგდევდი კეტით,
ხან მემლეოდა მუხლებში ძალა,56
ზარივით გასკდა ამდენი რეკით,
ზედ რომ მამხია ეს თავის ქალა.“

ვაჟა-ფშაველას ლეგენდაში („გოჩი“) ღმერთმა იწყინა გოჩის ამგვარი თხოვნა და მკაცრი, თუმცა სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო:

„- მაგას, რაკი სიკეთე არ ესმის, ისეთს მდგომარეობაში ჩავაგდებ, რომ თავისი თავი თვითონ დაასვენოს და მე აღარ შემაწუხოსო“.

ნიკო სამადაშვილი პოემა - ლეგენდაში კი ავტორს სინანული სტანჯავს, რომ სათანადოდ ვერ გაუფრთხილდა ღვთის საჩუქარს:

ვერ მოგიარე, რა გიყო ძმაო,
ორივე შემკრთალ ბუჩქის ჩრდილს ვგავდით;
შენ კიდევ მაინც ფიქრში მძუნაობ,57
მე კი ბუწუწიც გამცვივდა დარდით.

ამ ორი მხატვრული ტექსტის შედარებითი ანალიზი იძლევა იმის თქმის უფლებას, რომ ნიკო სამადაშვილმა თავის შემოქმედებაში ერთგვარად გააგრძელა და გააღრმავა ვაჟა-ფშაველას თემატიკა, ახალი სახასათო კონტურები შესძინა შემოქმედის ზოგად პორტრეტს, რომელსაც ქართული პოეზიის მემკვიდრეობით გალერიაში ყოველთვის უპირატესი ადგილი ეკავა და პოეტური შეჯიბრის საგნად იყო ქცეული.

ლეგენდა და სინამდვილე

ნიკო სამადაშვილისადმი მიძღვნილ წერილებსა და მოგონებებში აღნიშნულია, რომ პოეტს თავის სიცოცხლეში არცერთი ლექსი არ დაუბეჭდავს და ამის მიზეზად მისი პედაგოგის, ერეკლე ტატიშვილის (ასევე გალაკტიონის) რჩევა - დარიგებას იხსენებენ. შესაძლოა, ერეკლე ტატიშვილს მართლაც მიაჩნდა, რომ შემოქმედების პუბლიკაცია გაუმრუდებდა პოეტის შემოქმედებით ინდივიდუალურ ხაზს, მაგრამ მეეჭვება, რომ ამ რჩევას ძალზე კატეგორიული ტონი ჰქონდა, რადგან თუ ბოლოდროინდელ კვლევებს დავეყრდნობით (მათ შორის ახალგაზრდა მკვლევრის მზია აბულაძის სამაგისტრო ნაშრომიც - (ხელმძღვანელი რუსუდან ნიშნიანიძე), დავრწმუნდებით, რომ პოეტმა სიცოცხლეში რამდენიმე ლექსი გამოაქვეყნა გაზეთ „წითელი ქართლის“ ფურცლებზე. ასე, რომ ზეპირ გადმოცემას იმის შესახებ, რომ ნიკო სამადაშვილს სიცოცხლეში არაფერი დაუბეჭდავს, საფუძველი ეცლება. თუმცა პრინციპულად ეს არაფერს ცვლის (ერთი პუბლიკაცია ვერ გახდებოდა თვისობრივი ცვლილების მიზეზი), რადგან ნიკო სამადაშვილის პოეზია მაინც მონოლოგის პრინციპით შეიქმნა, მას არასოდეს უგრძვნია მკითხველთან დიალოგის (პუბლიკაციის) სასიკეთო შედეგი.

თუმცა ამავე დროს მაინც დგება მეორე საკითხი, თუ „წითელი ქართლის“ ფურცლებზე დაიბეჭდა მისი რამდენიმე ლექსი, რა უშლიდა ხელს, რომ ის ცენტრალური ლიტერატურული პრესის ფურცლებზეც დაბეჭდილიყო?!.

ვფიქრობ, ამის მიზეზი უფრო საზოგადოებრივი აზრია, რომელიც მთელი კატეგორიულობით ითხოვდა პროლეტარიატის „ახალი კულტურის“ ჩამოყალიბებას. გულუბრყვილობაა ვიფიქროთ, რომ ამ „ახალ კულტურაში“ იდეოლოგია (ბელადების ხოტბა) მთავარი მოთხოვნა იყო. გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან უკვე ყალიბდება ახალი ესთეტიკა (შესაბამისად, ახალი ლიტერატურა), რომელიც ადამიანის ინდივიდუალობის ხარჯზე საფუძველშივე ატარებს მასობრივი ცნობიერების პროპაგანდას.

ამგვარი ტენდენცია კი, შესაძლოა ისეთ მოთხოვნებში გაცხადდეს, რომელშიც დღესაც არავის შეაქვს ეჭვი. იგულისხმება ხალხური ლექსის უბრალოებასა და მუსიკალობისკენ სწრაფვა და ეს იმ დროს, როდესაც სახალხო მთქმელის ანონიმური ავტორის შემოქმედების ერთმანეთისგან გარჩევა დღესაც ვერ ხერხდება. ერთი რამ ცხადია, ნიკო სამადაშვილი ინდივიდუალურ პოეზიას ქმნიდა და მნიშვნელობა არა აქვს გადაუხდიდა თუ არა ხარკს არსებულ იდეოლოგიას, ის მაინც მიუღებელი გახდებოდა საზოგადოებრივი აზრისთვის, რასაც ზემოდან კარნახის გარეშეც დიდი ენთუზიაზმით მიემხრობოდა მასობრივი მკითხველი.

ვფიქრობ, რომ ეს საკითხი უფრო გამოწვლილვით ძიებას მოითხოვს და არა იმიტომ, რომ წარსულში რომელიმე ლიტერატურული აგენტის ან რედაქტორის სახით ჩვენ პოტენციური დამნაშავე აღმოვაჩინოთ, არამედ იმიტომ, რომ იმ ტენდენციას მოვფინოთ ნათელი, რომელიც მუდამ იყო ნიკო სამადაშვილის პოეზიის წინააღმდეგ მიმართული და არ გაგვიკვირდება, თუ მსგავს რეციდივებს დღესაც აღმოვაჩენთ.

მეორე ლეგენდა, რომელიც ნიკო სამადაშვილის სახელის გარშემო ტრიალებს, ცნობილი ხალხური ლექსის „ბინდისფერია სოფელის“ ავტორობას ეხება. ზეპირი გადმოცემით, მას ნიკო სამადაშვილს მიაწერენ, თუმცა ზედაპირული ანალიზიც ცხადყოფს, რომ ამ ლექსის წარმომავლობა უფრო შორეულ დროს უკავშირდება.

არაფერს ვამბობ იმაზე, რომ ნიკო სამადაშვილის გარდა, ამ ლექსის ავტორობაში გრიგოლ აბაშიძე და მიხა ხელაშვილი ეცილებიან ერთმანეთს (ამ საკითხზე გრიგოლ აბაშიძის სასარგებლოდ როსტომ ჩხეიძემ საკმაოდ დამაჯერებელი არგუმენტები მოიყვანა თავის სტატიაში, რომელიც ბასილ მელიქიშვილის ახლახან გამოცემულ კრებულში დაიბეჭდა). მე ამჯერად თავს შევიკავებ კატეგორიული დასკვნებისგან. თუმცა, ვიტყვი, რომ ეს ლექსი სათავეს რუსთაველის პოემიდან იღებს და შუა საუკუნეებში მას გახალხურების (შესაბამისად, ინტერპრეტაციის) ძალზე ხელსაყრელი პირობები ჰქონდა.

ნიკო სამადაშვილი და ბასილ მელიქიშვილი

პოეზიაში ნიკო სამადაშვილის შემოქმედება ნიკოლოზ ბარათაშვილის გაკვალულ გზას უკავშირდება, თუმცა ცხოვრებასა და სულიერ ბრძოლაში თავისი მეგობრის 1930 წელს, ოცდახუთი წლის ასაკში გარდაცვლილ ძალზე ნიჭიერი მწერლის, ბასილ მელიქიშვილის ბედს იზიარებს.

ეს ორი მწერალი ერთმანეთს ერეკლე ტატიშვილმა შეახვედრა და ქართველი ნიცშეანელის (ერეკლე ტატიშვილმა თარგმნა ფრიდრიხ ნიცშეს „ასე იტყოდა ზარატუსტრა“) გავლენა უდავოდ ორივე მათგანის შემოქმედებას ეტყობა.

მკვლევარმა მარინა რევიშვილმა ბასილ მელიქიშვილის შემოქმედებისადმი მიძღვნილ მონოგრაფიაში „ქვირინაი“ ზუსტად მოხაზა ამ ორი მწერლის შემოქმედებითი პორტრეტების მთავარი კონტურები და ის ძალდაუტანებლად ერეკლე ტატიშვილის, ჭეშმარიტი ინტელიგენტის, სულიერი მოძღვრის სწავლებას და პრინციპებს დაუკავშირა:

„ერეკლე ტატიშვილის პიროვნებამ და მისმა ნააზრევმა ღრმა კვალი დაამჩნია მისი მოწაფეების სულიერ თუ მსოფლმხედველობრივ ჩამოყალიბებას. თუ ამ კუთხით გავიაზრებთ ბასილ მელიქიშვილის და ნიკო სამადაშვილის შემოქმედებას, ცხადი გახდება, თუ რატომ არის მათი ნაწერები აზრობრივადაც და სულისკვეთებითაც სრულიად გამიჯნული და თითქოს ერთგვარად „ამოვარდნილი“ უსახური ლიტერატურული პროცესიდან და უშუალოდ უკავშირდება ჩვენი მწერლობის მთავარ ძარღვს“.

ნიკო სამადაშვილის და ბასილ მელიქიშვილის შემოქმედება უპირველესად მითოლოგიური სახეების სიჭარბით იქცევს ყურადღებას. ისინი უმეტესად ბიბლიური ნარატივის მითოლოგიზირებას ახდენენ, თუმცა განსხვავებით სხვა მწერლებისგან, მათი სამყარო ხელშესახებად ნამდვილი, უშუალო და ყოფითი დეტალებით გაცოცხლებულია.

აღიარება

ხშირად ამბობენ, რომ ნიკო სამადაშვილის აღიარება 70-იან წლებში თამაზ ჩხენკელის, არჩილ სულაკაურის და ზურაბ კიკნაძის ძალისხმევით დაიწყო და ეს გარკვეულწილად სიმართლეა, რადგან იმ დროს ახალგაზრდა ლიტერატორებმა მართლაც დიდი ამაგი დასდეს ნიკო სამადაშვილის პირველი პოეტური კრებულის („ბეთანიის“) გამოქვეყნებაში და სიცოცხლეშიც ბევრი სიხარულის დღე აჩუქეს თავიანთ უფროს კოლეგას (ნიკო სამადაშვილმა ლექსიც კი მიუძღვნა თამაზ ჩხენკელს).

თუმცა ნიკო სამადაშვილის პოეზიას სიცოცხლეში საკმაოდ ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავდა და მათ შორის გერონტი ქიქოძე და ვახტანგ კოტეტიშვილიც იყვნენ. პოეტის შემოქმედების ნამდვილი შეფასება კი მის სიცოცხლეში აი ამ სტრიქონებით მოხდა:

„დავრწმუნდი მე თქვენს სიძლიერეში.
მომავლისაკენ, წინ, იერიში!“

(გალაკტიონ ტაბიძე)

ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ წარმოვიდგინოთ, თუ რამდენი ცნობილი ქართველი მწერალი (პოეტი) ინატრებდა თავისი ეპოქის პოეზიის გამრიგესგან ამგვარ ქებას, მაგრამ ის მხოლოდ ნიკო სამადაშვილს ხვდა წილად. პოეტს, რომელშიც გალაკტიონ ტაბიძემ, რამდენიმე სხვა პოეტთან ერთად, ერთ-ერთი თავისი სიმბოლური მეწყვილე დაინახა, რომელთაც „ვითარცა ხართა დაუღვლილთა“ ერთად უნდა გაეწია მეოცე საუკუნის ქართული პოეზიის მძიმე საზიდარი.

* * *

წერილის დასასრულს პოეტის კიდევ ერთი ავტოპორტრეტი მინდა შევთავაზო მკითხველს, რომელშიც ნიკო სამადაშვილის ინდივიდუალური სახის ერთი მნიშვნელოვანი კონტური იკვეთება:

„ის მიდიოდა ფერშეცვლილ გზებით,
წყალგაღმით ჩრდილებს აენთოთ კვარი,
იწოდა კაცი ჩუმი, მგზნებარე,
თან სიცოცხლეზე რჩებოდა თვალი.
წყევლა ესმოდათ ფეხმძიმე ნისლებს,
სადღაც კი ყეფდნენ ქუში ქედები,
მღვიმეში იდგა ჟამთა სისველე
დაოსებული შემოქმედებით.
ცისკრის ამოსვლა ბეწვზე ეკიდა,
ნანგრევს დაეხრა სამრეკლოს კარი,
ის მიდიოდა და მაინც კიდევ
სულ სიცოცხლეზე ეჭირა თვალი.“

თუ ამ საოცარ მხატვრულ სახეებს - „ფეხმძიმე ნისლებს“, „დაოსებული შემოქმედებით“ და „ჟამთა სისველე“ - არ მივაქცევთ ყურადღებას (ამგვარი სახეებით ხომ ძალზე მდიდარია ნიკო სამადაშვილის შემოქმედება), მაშინ ამ ლექსში თითქოს აღარაფერი მიიქცევდა ჩვენს ყურადღებას, რომ არა ეს ფრაზა: „...ის მიდიოდა და მაინც კიდევ სულ სიცოცხლეზე ეჭირა თვალი“.

ჩვენს პოეზიაში სიცოცხლისთვის ზრუნვა მეცხრამეტე საუკუნემდე რატომღაც სულის უკვდავებისთვის ზრუნვის საწინააღმდეგოდ აღიქმებოდა, ამიტომ ჩვენს ლიტერატურაში (უმეტესად კი პოეზიაში) ერთგვარ მიუღებლადაც ითვლებოდა სიცოცხლის აპოლოგია. საზოგადოებრივ აზროვნებაშიც ამ მხრივ გამეფებული იყო მასობრივი ცნობიერება და შუასაუკუნეობრივი სიკვდილის პარადიგმა („შენი ჭირიმე სიკვდილო, სიცოცხლე შვენობს შენითა“ - ვაჟა-ფშაველა), რაც, ერთი მხრივ, აადვილებდა მამულისთვის თავგანწირვას, ხოლო, მეორე მხრივ, სიცოცხლეს ფასს უკარგავდა.

რომანტიკოსთა შემდეგ ამგვარი დამოკიდებულება ნელა, მაგრამ მაინც იცვლებოდა და მხოლოდ მეოცე საუკუნეში გამოიკვეთა ის ასე ცხადად. ამ მხრივაც ნიკო სამადაშვილის ეს ლექსი შეგვიძლია სიცოცხლისკენ ერთგვარი შემობრუნების ნიშნად ჩავთვალოთ.

* * *

დაბოლოს, დღეს ჩვენ უკვე გვაქვს საშუალება, რომ პოეტის რეიტინგი და პოპულარობის სიმაღლე გავზომოთ. ინტერნეტი, სოციალური ქსელები საშუალებას იძლევა, რომ წლების მიხედვით მკითხველის პოეტისადმი დამოკიდებულების შესაბამისი გრაფიკული დიაგრამა გავაკეთოთ. სწორედ ამ მონაცემებზე დაყრდნობით, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ჩვენ უკვე გავიზარდეთ ნიკო სამადაშვილის პოეზიის გასაგებად...

_____________________

55. სწორია: ბოღმა კვამლივით მედება ყელზე

56. სწორია: ხან მელეოდა მუხლებში ძალა

57. სწორია: შენ კიდევ ფიქრში მაინც მძუნაობ,

3.8 44. არჯევანიძე, ნათია. „ნამტირალევი მოვდივარ დღესაც“ (ნიკო სამადაშვილი)

▲ზევით დაბრუნება


// სამეცნიერო ნაშრომთა კრებული / სუხიშვილის უნივერსიტეტი; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. - გორი, 2011. - გვ. 294-297. - განათლებისა და ჰუმანიტარული მეცნიერებები.

„მაშინ ჩვენ ახალგაზრდები ვიყავით და მოგვწონდა მისი ცხოვრების ბოჰემური მხარე“. ასე აფასებს თამაზ ჩხენკელი პოეტ ნიკო სამადაშვილს. ხოლო მისი მხილველი, გორელი ქალბატონი ციალა მგალობლიშვილი შემდეგნაირად იგონებს მას: „ჩვენ, მე და ჩემი დები, ხშირად ვიყავით ბიძაჩემთან და იქ ვხვდებოდით ბატონ ნიკოს, მიუხედავად იმისა, რომ წლოვანებით პატარა ვიყავი, (სად შევძლებდი ჩავწდომოდი იმ დიდებული ლექსების სიღრმეს ან თუნდაც მის იუმორს), ყოველთვის მხიბლავდა ბატონი ნიკოს იუმორი და ლექსები. მერე როგორ კითხულობდა იგი ლექსებს გასაოცრად, მომხიბვლელად.

გარეგნულად არ იყო მიმზიდველი კაცი. პირიქით - დაბალი, ჭროღა თვალებით, თითქმის უსიმპატიო. მაგრამ, როცა იგი ლექსს კითხულობდა - ეს ულამაზო კაცი უმშვენიერესი ხდებოდა ჩვენს თვალში, ჩვენც ვაღმერთებდით მას“.

ნიკო სამადაშვილი დაიბადა 1905 წლის 19 ივლისს ქ. თბილისში. სამი წლის ნიკო დიდედას წამოუყვანია სოფელ ხიდისთავში, სადაც გაატარა ბავშვობისა და სიჭაბუკის წლები. აქ გაიზარდა, აქ ცხოვრობდა, ამ მიწამ, ცამ, გარემომ, ადამიანებმა ჩამოაყალიბეს მისი პიროვნება, ხასიათი და მრწამსი.

სოფელი ხიდისთავი მდებარეობს ქ. გორიდან 3 კმ-ის დაშორებით, იქ სადაც მდინარე ტანა უერთდება მტკვარს. სოფელს სახელი დაერქვა იმის გამო, რომ იგი ახლოსაა გორის ხიდთან (ნიკო სამადაშვილი (ხიდის თავზე). ამ ნახიდარის ქვითკირის ბურჯები დღესაც დგანან მტკვარზე. მგზავრები და ქარავნები ჩერდებოდნენ ჯერ ამ ხიდის თავში და ნებართვის მიღების შემდეგ გადადიოდნენ ხიდზე და ასე შედიოდნენ ქალაქ გორში.

ლამაზია ტანას ხეობა, რომლის ნაპირას მიიკლაკნება სოფელ ატენის ვიწრო გზა.

პოეტის თვალით დანახული, ყველაფერზე ახლობელი და მშობლიური ნიკო სამადაშვილისათვის, ქართლის ერთ-ერთი სოფელი ხიდისთავია.

როგორ უყვარს თავისი სოფელი და რა მშვენიერი ლექსი უძღვნა მას. ლექსი „ჩემი სოფელი“ დიდი განცდაა პოეტისა:

„ტოტის დაწყვეტა, ტანა ნარიყი -
როცა ვიგონებ, ფათფათი მჭვალავს.“

ფათფათით დანახული, სიტყვა „ფათფათი“ რამხელა ემოციით არის მოსილი, მდინარე ტანა პატარა, მაგრამ პოეტისათვის უდიდესია მდინარეთა შორის. ტანა აუცილებლად უნდა ყოფილიყო ნიკოს მაცოცხლებელი საგანი.

რა დიდებული ფერებით აქვს წარმოდგენილი პოეტს თავისი სოფლის პეიზაჟები. ვერ გაექცევი ხიდისთავის ამსახველ ლამაზ სტრიქონებს: „გავხედავ ხვართქლანარევ ორმოებს“, მთის წვეროებთან მიხვეულ ღრუბლებს“, ანდა

„აქ ბარბარუკა, იქ ნიშხანიშხა,
კვერნაკის ვაკე, რუხი მინდორი.
მთებზე ზოზინი სოფლის ნახირის,
მდინარის გაღმა ვეება ქორი“.

- იხსენებს პოეტი ბავშვობისდროინდელ გასართობ თამაშობებს; ლექსი „ჩემი სოფელი“ სავსეა მოგონებებით. რა დიდი მნიშვნელობისაა ნიკო სამადაშვილისათვისუბრალო ნივთები, რომლებიც მის ბავშვობასთან არის დაკავშირებული:

„უძრავი ტახტი, წალო, ზანდუკი,
ფერისცვალება, საფლავზე ხიდი“,
„ჭრაქის კიაფი, საქონლის ფშვინვა,
კერძით გავსილი ჯამი თაროზე“.

იგი ხოტბას ასხამს „მკათათვის ფუნჯით ნახატ წყლებს“ და „რუხ ჩხრიალაზე ნაძვებთან გატარებულ ღამეს“.

ლექსის დასასრულს თავისი ნატვრა და სინანული პოეტმა ასეთი სიტყვებით გამოხატა:

„როგორ მიყვარდა ჩემი სოფელი,
როგორ მინდოდა იქ მოვმკვდარიყავ.“

ბევრის მთქმელია ნიკო სამადაშვილის პოეზია. იგი მეხოტბე პოეტია. მისი ლექსები მისი სულის გამოხატულებაა. მათში ამჟღავნებს ბუნების მოვლენათა ღრმა ცოდნას. იგი ზედმიწევნით ფლობს ბუნების მშვენიერებას.

ატენის ხეობაში გაზრდილი პოეტი კარგად გრძნობს და აფასებს მაღალი მთის ჰაერს, ფიჭვისა და ნაძვის ტყეებს, საძოვრებს, ბაღ-ვენახებს, ატენურ ღვინოს და როგორც ვახუშტი წერს: „არს ესე ხეობა ვენახოვარი ხილიანი“-ო.

ასევე ლამაზია ტანას მყუდრო ხეობაში წამომართული, ხუროთმოძღვრების საყურადღებო ძეგლი ატენის სიონი, რომელიც აშენებულია VII საუკუნეში. იგი როგორც გ. ჩუბინიშვილი ამტკიცებს „ასლია მცხეთის ჯვრისაო“:

„წარმართთა ძვლებზე იდგა ტაძარი.
ზევით ლეგენდა მიჰქონდა მთიებს,
ძირს წმინდა ნინოს ნაფეხურები
ჰგავდნენ სისხამზე მოკრეფილ იებს“.

ლექსში „ატენის სიონი“, „ჩუქურთმებს ტაძრის ბანი აეპყროთ“, მნახველს აოცებს მისი ფერების ჰარმონიული შეხამება.

ბუნება სამეფო ლექსში პოეტმა მხატვრულად ასე გადმოგვცა:

„შეხიზნებოდა მთებს ქურდებივით
გამოქვაბული და მყუდროება.“

ან და

„ვარსკვლავნი ისე მოსჩანდნენ ღამე,
თითქოს ზეცა ჩრჩილს ამოეჭამა.“

ატენის სიონი ყოველთვის იზიდავდა მოსახლეობის დიდ ნაწილს და ჰყავდა მრავალრიცხოვანი მლოცველი.

„სიონში მრევლის ტევა არ იყო,
გარეთ გალობდნენ მწირი ბერები.“

ნიკო სამადაშვილს ატენის სიონი ყველაზე წმინდა ადგილად მიაჩნია და პირველობას ანიჭებს მას.

„ქრისტემ ბავშვობა აქ გაატარა
და ღვთისმშობელი უგვიდა ეზოს.“

მეტად ორიგინალური და უჩვეულო ნათქვამია. ლექსი დიდ შთაბეჭდილებას ახდენს და მოჯადოებულს სტოვებს მკითხველს.

არ შეიძლება უყურადღებოდ დავტოვოთ ლექსი „ჩემი პორტრეტი“, სადაც გადმოცემულია ნიკო სამადაშვილის განწყობილება უფასური და უაზრო სიცოცხლისადმი, სიცოცხლე, რომელიც სიკვდილს ჰგავს „ბედი რომ მხერხავს, ვით ბირდაბირი“ - ამბობს იგი. ლექსი საყვედურია პირქუში სიცოცხლისადმი. პოეტი ვერ გაექცა კვნესას და ვარამს, რომლითაც სავსეა გული. უსაშველო ღამე დარდად შემოსწოლია მას.

„ნამტირალევი მოვდივარ დღესაც.
სადაც არ მივალ, ყველგან ღამეა.
ნატამც ჩემს გულში ჩამოგეხედათ.58
რამდენი კვნესა და ვარამია.“

„თითქოს გაბრაზებული იყო ყველაზე და ყველაფერზე: სამყაროზე, ადამიანებზე, მარადისობაზე და საკუთარ თავზე რაც მთავარია“.

ყველა მწერალი, დიდი თუ პატარა, თავის თავს, თავის ცხოვრებას წერს. ნაწარმოებიც ავიც და კარგიც მისი განცდილია. რა აზრი და რწმენაც აქვს თავისი ორეული გმირებიც ისეთი რწმენისანი არიან. ამას მოწმობს ლექსის ბოლო სტრიქონები:

„ისე დავდივარ ამ ქვეყანაზე
თითქოს საკუთარ ცხედარს მივყვები.“

ხიდისთაველი პოეტი კაცი, რომლის ლექსები სიცოცხლეში არ დაბეჭდილა, ჩრდილში ყოფნას არჩევდა და არ გამოსულა ლიტერატურულ ასპარეზზე.

„ლექსების ჯღაბნა წამებად გექცა,
სჯობდა ვენახის კვალი გებარა,
ვის რად უნდოდა ეს თვალთმაქცობა,
ნეტავი ქარში გადაგვეყარა“.

და კიდევ მეტი გულგატეხილობა:

„ავადმყოფობა ეგონათ ბიჭო,
ლექსები ტანზე გამონაყარი.“

(ნიკო სამადაშვილი)

მიუხედავად ყველაფრისა, პოეტს მაინც უყვარს ეს უთვისტომო ლექსები, სიყვარულით და ლოთობით შექმნილი ლამაზი სტრიქონები. თავის მცირე შემოქმედებას იგი ავედრებს პატარა თამაზს, რომ ოდესმე მონახოს მიყრილი ლექსებით სავსე ფურცლები:

„ვიცი გულცივი რომ არ იქნები,
ოდესმე ნახე განჯინის ძირი.
სადაც ეყრება ჩემი ფურცლები
შედუღებული ცრემლების კირით.“

(თამაზი)

ნიკო სამადაშვილი განსაკუთრებული მოვლენაა ქართულ პოეზიაში. მის პოეტურ მემკვიდრეობას დიდი შემფასებლები ჰყავს თამაზ ჩხენკელის, რეზი თვარაძის, ზ. კიკნაძის, არჩ. სულაკაურის, ჯ. ღვინჯილიას და სხვათა სახით.

„ბატონი რეზი თვარაძე ნიკო სამადაშვილს ევროპული მასშტაბის დიდ პოეტს უწოდებს“, ხოლო თამაზ ჩხენკელი ღმერთს უმადლის, რომ ხშირად ხვდებოდა ნიკო სამადაშვილს უკანასკნელ თვეებში, „სულის მობრუნება უნდოდა და პოეზიაზე საუბარი სწყუროდა ისე. ეს ფაქიზი სულის კაცი ბუღალტერი იყო და ყოველდღიურ ცხოვრებაში პოეზიისადმი გულგრილ ხალხში ტრიალებდა“.

„ასე მოკვდა ეს კაცი, ბრწყინვალე, მძაფრი და უჩვეულო ლექსების ავტორი. კაცი პოეტი . დიდი გულის კაცი, ნამდვილი პოეტი. ჩემი მეგობარი“ - ამბობს თ. ჩხენკელი.

ნიკო სამადაშვილი „ვინც ჰგავდა თოვლზე გადაღვრილ ღვინოს“ გარდაიცვალა 1963 წლის 1 მაისს.

___________________

58. სწორია: ნატავ ჩემს გულში ჩამოგახედათ.

3.9 45. ბაბუნაშვილი, ილია. ნისლს იქით - ნიკო სამადაშვილი

▲ზევით დაბრუნება


// ლიტერატურული პალიტრა. - თბილისი, 2010. - № 12 . - დეკემბერი. - გვ. 158-159.

უკიდეგანო, აზვირთებული, ფორმააშლილი, ზვავისებური, ღამეული, აქა-იქ ელვით განათებული სამყარო ერთ წერტილში შეიკუმშა და ამ წერტილს ძალიან ზუსტი მისამართი აქვს: თბილისი, ბელინსკის ქუჩა, მიწის ის ნაგლეჯი, სადაც 1963 წლის 1 მაისს დაეცა და გარდაიცვალა ნიკო სამადაშვილი. და სწორედ აქ, თბილისური მიწის ამ პატარა მონაკვეთზე, იქ, სადაც უკანასკნელად დაინახა თავისი შემოქმედი, ბინა დაიდო და უხილავი სინამდვილე შექმნა სამყარომ, რომელიც იმავდროულად ისეთივე უსასრულო დარჩა, როგორიც პოეტის სიცოცხლის წლებში იყო. მას მერე ორმოც წელიწადზე მეტია გასული, ძეხორციელთა ცხოვრება თავისი წესით მიდის; ვიღაც ვაჭრობს, ვიღაც ქორწინდება, ვიღაც სახლს აშენებს, მანქანები ხრჩოლავენ და ვერავინ ხედავს, რომ სწორედ ამ დროს, იქ, იმ ადგილას ერთმანეთში საოცარი, ტიტანური და, ალბათ, შემაძრწუნებელი სურათები იხლართება, ოღონდ ამ ყველაფერს ბელინსკის ქუჩის ჰაერში გაბნეული პოეზიის ნისლი ფარავს.

გავრცელებული აზრია, რომ ნიკო სამადაშვილი გაორებული იყო. ამის დასტურად პოეტის ყველაზე პოპულარული ლექსი მოჰყავთ - ის, რომელსაც ასე ჰქვია „ნიკო სამადაშვილს“ და რომელშიც პოეტი თავის თავს, იმავდროულად კი სულ სხვა ნიკო სამადაშვილს მიმართავს. მაგრამ, მოდი, დავაკვირდეთ, იქნებ ის გაორებული კი არა, არც მეტი, არც ნაკლები, ორი იყო - გაორებული ხომ მაინც ერთს ნიშნავს, ორი კი სულ სხვა რამ არის - ყოველ შემთხვევაში, ვინც ბელინსკის ქუჩის ჰაერში შერეული ნისლის მიღმა შეიხედავს, ერთმანეთისგან სრულიად დამოუკიდებელ სამადაშვილებს დაინახავს და იქნებ დამეთანხმოს კიდეც.

თუმცა, მოდი, გავგიჟდეთ და კიდევ უფრო შორს წავიდეთ: მხოლოდ ორი? იქნებ მეტიც იყო?

მერედა, ასე მგონია, იქ, იმ საოცარ სამყაროში, ნიკოები არ იკრიბებიან, არსად ერთიანდებიან. სამადაშვილი მხოლოდ ჩვენს, მატერიალურ სამყაროში იყო ერთი ცნება, ერთი სხეული, რომელიც მრავალ ლტოლვას, წინააღმდეგობას, სულისკვეთებას, მრავალ ნიკოს კრებდა და ვინ იცის, სწორედ ეს იყო 1905-დან 1963 წლამდე სოფლად მოარული, თითქოსდა შეუმჩნეველი ბუღალტრის ნამდვილი ტრაგედია.

სხვებისთვის კი რა, სხვისი ჭირი, ღობეს ჩხირიო: ავადმყოფობა ეგონათ ლექსები ტანზე გამონაყარი. თუ არ ვცდები, ერთი-ორი ახლობლის გარდა, მაინცდამაინც თავიც არავის შეუწუხებია ამ გამონაყარის შესწავლით. გამონაყარი კი, ოჰო-ჰო, იცოცხლე, ძლიერი იყო.

ხოლო პოეზიის ნისლს მიღმა გადაშლილ საოცარ და საშინელ სამყაროში ზოგი ნიკო უფრო მკაფიო და ღონიერია, ზოგი კი - თითქოს ლექსის სტრიქონებში ლანდად გაბნეული. სხვა ამბავია, რომ თითოეული მათგანი თავისთავადია და ძარღვიანი.

აი, ერთ ნიკო სამადაშვილს მხარზე საკუთარი კუბო გაუდვია, ხოლო კუბოში მისი გული ასვენია. ეს ის ნიკოა, რომელიც თავის სხეულს უამრავჯერ მიაცილებს საფლავამდეც, თუმცა იქაც ბორგავს, ვერ ისვენებს, მკვდარიც არ კვდება:

„... კუბოდან კარგად ვუმზერდი ყველას
როგორ მომსდევდნენ თვალდახუჭული..

... საკუთარ კუბოს მე გავასვენებ...

... რა, არ გინახამთ, ცხედარს წასვლა რომ უხაროდა
და თავის ხელით რომ იბნევდა საკინძის ღილებს?

... ეხლა შორს ქარში კიდევ ძაგძაგებს დაუმარხავი პოეტის გვამი...

... მარტო სწევს კუბოს გიჟი პოეტი...

... ჩრდილწამოსხმული იჯდა ცხედარი...

... ჩემი გვამი ჩემი ხელით გადამეტანა...“

იმ ტკივილიან სამყაროში, რომელსაც შესასვლელი ბელინსკის ქუჩიდან აქვს, ეს ნიკო სამადაშვილი კუბოში წევს და საფლავებს ესაუბრება. ეს რომელი ნიკოა, იცით? სიკვდილის მძიმე თემას ატლანტივით რომ შედგომია, რათა ის დედამიწაზე არ დაეზღერთოს და კაცობრიობა არ გათელოს.

... ფიქრებს სკათ ჰქონდათ ეგ თავის ქალა...

და ამ ფიქრით ტანჯულს არსთაგამრიგესთან შეკითხვები ებადება.

და ის, როგორც ნამდვილი შემოქმედი, ანუ პასუხთა მაძიებელი და მოჯანყე, კამათს იწყებს.

ბელინსკის ქუჩის მისტიკური კარიბჭის ზღურბლიდანვე ნათლად ჩანს, რომ იმ სამყაროში, სადაც ქარში დაუმარხავი პოეტის გვამი ცახცახებს, უფალთან კამათი მასთან ურთიერთობისა და დაახლოების ხერხია. მეორე ნიკო სამადაშვილს, რომელიც კუბოს თრევით გათანგული პირველი ნიკო სამადაშვილის შორიახლოს ხელებგაშლილი პირქუშ ზეცას აჰყურებს, ღვთის არსებობაში არათუ ეჭვი არ ეპარება, არამედ გამუდმებით მას ესაუბრება და ეს საუბარი ვაჟისა და მამის რთულ ურთიერთობას მოგაგონებთ. ვაჟა კარგად იცის, რომ მამა მამაა, მაგრამ დაგროვილი კითხვები აწვალებს და მათზე საუბარს თავს ვერ არიდებს, ხოლო ამ კითხვებზე პასუხები მეტწილად მიუწვდომელია და ამიტომაც ვაჟის ხმაში უკმაყოფილება, გაღიზიანება, სიბრაზე ერევა:

„- ვინც ქვესკნელიდან ამოგაშენა,
სწორედ ის ღმერთი გაგანადგურებს.

- შენ თითქოს ღმერთებს თვლაში გამორჩი...

- შეეშინდება მოხუც მაცხოვარს
და ფაშარ ლოცვებს კუნჭულში იტყვის.

- როს გათენდება, ციურ ნაკვალევს
მისდევს შეშლილი ღმერთი ბუტბუტით.

- ღმერთებს აბამდნენ ხის ქვეშ თოკებით...

- და მონასტრის ხმაც რაღაცას სტყიუს...

- დიდხანს იცეკვებს შეშლილი ღმერთი...“

ღამეული ზეცისკენ ხელებაწვდილი ნიკო სამადაშვილის ამოძახილებიდან ასეთი სტრიქონების ამოკრება კიდევ მრავლად შეიძლება. ეს კიდევ რაა, - შვილი მამას ხანდახან უფრო მწარედაც ეკამათება, მაგრამ აშკარაა, სამადაშვილის ფრაზათა კოლექციონერობას აზრი არ აქვს. რატომ? იმიტომ, რომ ჯერ ერთი, ამ სამყაროში მთლიანად უნდა ჩაყვინთო, მისი წინადადებად დაშლა კი ზღვიდან წყლის ჭიქებით ამოტანასა და ტანზე შესხმას ჰგავს და მეორე, ყველა ეს ფრაზა ერთსა და იმავეს ამტკიცებს: ნიკო სამადაშვილმა დანამდვილებით იცის, რომ უფალი არსებობს და მას ამიტომაც ეკამათება.

... მოვლენ და წავლენ ნაცნობი მკვდრები...
კაცში კაცს ეძებთ? არ გეზარებათ?
იწამეთ ღამე და ნანგრევები.

დააკვირდით ბოლო ნათქვამს? აი, მთავარი თემა სხვა სიტყვებით:

... ვეკამათები კენჭებს გზადაგზა -
სიცოცხლეს მაინც რა არ სჯობიან! -
რომ ამ დასაქცევ დედამიწაზედ
ბედნიერებაც დასაგმობია.

თითქოს ყველაფერი გასაგები ხდება, არა? ბედნიერება ილუზიაა, ჩვენ, ყველამ, ღამე და ნანგრევები უნდა ვიწამოთ, მაგრამ რატომ? რატომ, ღმერთო, რომელიც დანამდვილებით არსებობ? ღმერთო, შენ ხომ იმდენად არსებობ და იმდენად ცოცხალი ხარ, რომ შენთან კამათიც შეიძლება, ჰოდა, რატომ? რა საჭიროა სიკვდილი? თან, სიკვდილი არა მხოლოდ ხორციელი, არამედ ლექსების, მოწოდების, შთაგონების სიკვდილი - აი, მესამე ნიკო სამადაშვილის ტკივილი.

ო, ეს ტკივილი ძალიან ძლიერია. ალბათ, ამიტომაც არის მესამე ნიკო ასეთი ნერვიული, თითქმის მოცახცახე:

... ღორმუცელობა ლექსების ჭამით
და ხრაშახრუში ლექსის მტევნების...

როგორც ხედავთ, ეს ნიკო სამადაშვილი წინა ორისგან მოშორებით დგას და მოქუფრული ზეცისკენ კი არ იყურება, ადამიანის სიმაღლეზე ეძებს იმას, რასაც ვერასდროს იპოვის, რადგან ამ ადგილებში მის მაგივრად დიდძალი ჭუჭყია დაბუდებული. ამიტომაც გრძნობს ეს ნიკო, რომ:

... ლექსებიც სადმე გამიოხრდება,
სუნი აუვათ როგორც რომ მძორებს,
მკვდრებიც კი ხელებს მიიფარებენ.

მან კარგად იცის - აქ ჭეშმარიტი შემოქმედება ყოველთვის როდი სჭირდებათ. იქნებ ერთმანეთისთვის თვალის ასახვევად ერთი-ორი შემოქმედი იკმარონ, დანარჩენებს კი წიხლი ამოჰკრან და სიძლიერისგან ტანზე გამოყრილ ლექსზე ავადმყოფობააო, უთხრან.

...მეც ვწერდი ლექსებს, იცი, გოგო, მეც ვწერდი ლექსებს,
მეც ვერეოდი მარაქაში, მე სისხლ ნარწყევი.

კი მაგრამ, ვის სჭირდები? აქ სხვა კანონებია.

...მე სამშობლოზე რათ ვიყავი მუდამ ნაწყენი,
აბა, რა ვიცი, რათ შემრისხეს, ან რათ ჩამქოლეს?
ეს იცის ღმერთმა, თუკი სადმე ჯერ კიდევ ბორგავს
და თუ ჯერ კიდევ ყრუთ უნთია თეთრი სანთელი.

მაგრამ ნიკო სამადაშვილის მიწიდან ცამდე გაჭიმულ ძარღვს ვერავინ ხედავს.

...სტუქსავ დღეებს და სწყევლი იმ ხელებს,
სამშობლოს გზები ვინც მიგასწავლა.

სამშობლო... სამშობლომ ნიკო სამადაშვილი ორჯერ დააპატიმრა ღმერთთან მოკამათეს ბუღალტერიას ედავებოდნენ. ეს, ალბათ, ერთგვარი მკურნალობაც იყო იმ ავადმყოფობისგან, სიმპტომად ტანზე ლექსების გამოყრა რომ აქვს.

...ის ხომ ლექსის გარდა არაფერს ქმნიდა, ზოგჯერ ლოცვის ჟამს შფოთავდა ხშირად.

„განა, ვისაც რომ ეს სენი სჭირდა,
იმან შეგზარათ და შეგაშინათ?“

ხანდახან კი ისადგურებს ეჭვი და დაბნეულობა:

„ ... კვლავ დაქანცული გავდივარ გზებზე;
არ ვიცი რა ვქნა, ვისთან მივიდე?
ღმერთებს გავურბი, ვხვდები მიზგითებს;
სამშობლო რაზე გადავიკიდე.“

და 1963 წლის 1 მაისს სხეულმა, რომელიც ჩვენ მიერ ჩამოთვლილ მეტ ნიკო სამადაშვილს ამქვეყნად კრებდა, ვეღარ გაუძლო. ის ბელინსკის ქუჩაზე დაეცა და მისგან ამოიფრქვა ტიტანური ენერგია, უკიდეგანო, ფორმააშლილი, აზვირთებული, ღამეული სამყარო, რომელმაც იქვე პარალელური არსებობა დაიწყო.

და ამ ვეება სამყაროს წინაშე რიდითა და მოკრძალებით ქედს იხრის თქვენ მიერ ახლახან ჩაკითხული კადნიერი მოსაზრებების ავტორი.

3.10 46. ბარბაქაძე, თამარ. ნიკო სამადაშვილის მეტრიკისა და მეტაფორის ზოგიერთი თავისებურება

▲ზევით დაბრუნება


// ლექსმცოდნეობა: ყოველწლიური კრებული / შოთა რუსთაველის ქართ. ლიტ. ინ-ტი. - თბილისი. - 2021. - №13, ლექსმცოდნეობის მეცამეტე სამეცნიერო სესია (მასალები): ეძღვნება ნიკო სამადაშვილს. - გვ. 33-43.

ნიკო სამადაშვილის ლექსი უნიკალური ფენომენია XX ს. ქართული პოეზიისა. პოეტმა, ერთი მხრივ, აგვიკრძალა მკვლევარ- ფილოლოგებს თავისი ლექსების ანალიზი:

„რად მინდა ჩემი გვარი,
ფიქრები დარჩნენ და ჯიჯგნონ ფილოლოგებმა.59
ამით ხომ უკან არ მოვფრინდები,
რომ კვლავ შემყეფონ შავმა ლოდებმა.“

(„უკანასკნელი ზარების რეკა“, გვ. 34)

მეორე მხრივ, მეგობარს სთხოვდა, 20-მარცვლიანი ფისტიკაურით, არ დაევიწყებინათ მისი სახელი:

და მეგობარო, / მეც მომიგონე, / როს გაგეფურჩქნოს/ დიადი ნიჭი,
სთქვი: მეც მიყვარდა საქართველოში სოფლის ბოგანო / მელექსე ბიჭი!

(„საქართველოდან პარიზისაკენ“ (1924). გვ. 8)

სწორედ მეგობრებმა არ დაივიწყეს, საბედნიეროდ, ეს გენიალური პოეტი, რომელიც 1967 წლიდან (მისი ლექსების პირველად გამოქვეყნებიდან) დღემდე გამოცანად, ქარაგმად რჩება მკითხველისათვის, რომელიც განიცდის, გრძნობს და მუდმივად ცდილობს, ახსნას ეს ლექსი, საკაცობრიო სატკივარს რომ აზიარებს ქართველს.

ამჯერად, პანდემიის დროს, თითქოს ხელახლა აღმოვაჩინეთ ნიკო სამადაშვილის აპოკალიფსის მოლოდინით სავსე პოეტური შედევრები. 1960 წელს დაწერილი ლექსი - ხილვა გვაუწყებს:

„უცბად იკივლეს გრიგალებმა და დაიკარგნენ, 5/4/5
ასე მგონია, მსოფლიოში მე დავითენთე 5/4/5
და ქართველები ჩემ ლექსების წალკოტში ჩადგნენ. 5/4/3/2

რა ვუწოდო ჩემ ლექსების გულწასულ დუმილს, 4/4/5
ხმას არ იღებენ, დაიკარგა ბედის მშვენება.“ 5/4/5

(„წვიმა“. გვ. 24)

სამყაროს აღსასრულის კონვულსიური ტკივილითა და გმინვით განცდილი ემოცია 5/4/5-ის ფონზე განსხვავებული რიტმული სვლა, ვარიაცია და 5/4/3/3 მოულოდნელად აჩერებს მკითხველს.

ნიკო სამადაშვილის ამ ლექსის არათანაბარმარცვლიანმა საზომმა (4/2/3, 5/4/5, 4/4/3/3/, 4/4/3/2, 5/4/5, 5, 5/5) კიდევ ერთხელ დაგვიმოწმა გავრცელებული აზრი: პოეტი აღარ ასწორებდა, არ ზრუნავდა თავისი ლექსის მეტრის მოწესრიგებაზე, ორთოგრაფიისა და სალიტერატურო ნორმების დაცვაზე.

ერთი შეხედვით, ნიკო სამადაშვილის ლექსის მეტრი და რიტმი ერთფეროვანია: უმთავრესად, სიმეტრიული ათმარცვლედითა (5/5) და ბესიკური თოთხმეტმარცვლედით (5/4/5) არის დაწერილი მისი ლექსების 80%25, მაგრამ მოულოდნელად გაიელვებს 8 მარცვლიანი მაღალი შაირი („მილულვა“):

„ყოველ ღამე სიზმრებში ვარ,
გულს ლოცვებით ვატიალებ.
საყდარი სჩანს, ზარებია...
და მეც ლანდებს დავტრიალებ.
......................
სადღაც მნათე ზეცის თაღს რეკს,
წუთისოფლის კარგა გაღმით...
ქაოსები გზებს კენკავენ,
ასე ხდება ყოველ ღამით.“

(„მილულვა“. გვ. 51)

1953 წელს დაწერილი ლექსი „სახლი ნარიყალაზე“, რომელსაც პოეტი თავის უმცროს ვაჟს, ნუკრის (ნუგზარს), უძღვნის 5/4/5-ით არის დაწერილი, მაგრამ პირველი ტაეპის რიტმული სქემა განსხვავებულია 4/4/5: „ნარიყალას ბოკრო ფერდობს აყვება კაცი“; როგორც აღმოჩნდა, ამავე ინტონაციურ ხერხს მიმართავს პოეტი 5/5-ის მეტრით გამართულ ზოგიერთ ლექსშიც: 3/3/4.

მინიმალური პოეზიის ერთი ასეთი ნიმუშიც დაუწერია ვერლიბრით 1952 წელს:

„ნეტავი ერთი / წამოგახედა / ჩემო მეუფევ
და სიხარულო,
ეს, ეს
ოხერი / ლექსიც წყდება
ხოლმე, აბა რა იქნება
საბუღალტრო ჩოთქის გვერდზე.“

(„***ნეტავი ერთი წამოგახედა“. გვ. 12)

ოცმარცვლიანი ფისტიკაური („საქართველოდან პარიზისაკენ“), ცალკეულ სტრიქონებად წარმოდგენილი, ხშირად, რამდენჯერმე კი დ. გურამიშვილის მიერ დამკვიდრებული 15-მარცვლიანი საზომის დატეხილი ფორმით ( 5/5, 5) გვხვდება:

ის ხომ ღვთისმშობლის სიზმარსა ჰგავდა, I. 5/5/, 5 - 12
როგორ დამთავრდა?.. II. 5/5/5, 5 - 20
მოუკლეს მამა, მოუკლეს დედა, დაღუპეს კერა...III. 4/25, 5, 5 - 19,5
იმის სიმღერა IV. 5/4/5, 5/5 -14, 10
გადაედოთ ჩიტებს, ბეღურებს, ჭალაში გვრიტებს,
ვინ დაიტირებს?
ჰკითხეთ ბაღნარებს, და თუ გინდათ, სამრეკლოს მტრედებს.
ო, როგორ ჰგავდა ყარყარა გედებს.

(„***ის ხომ ღვთისმშობლის სიზმარსა ჰგავდა“. გვ. 201)

უჩვეულო ანჟამბემანი: („იმის სიმღერა / გადაედოთ ჩიტებს“) მოულოდნელი პოეტური აზრის (მოკლულის სიმღერის ჩიტების მელოდიად გარდაქმნა) ფიქსაციას ემსახურება.

ცალკე გამოტანილი, ხუთმარცვლიანი მუხლები ერითმება წინამავალ ტაეპს: (სიზმარსა ჰგავდა - ვინ დაიტირებს, სამრეკლოს მტრედებს - ყარყარა გედებს) უკანაცეზურული რითმები ამ გრძელსაზომიან ლექსში, ერთი შეხედვით, ჩახრუხაულს მოგვაგონებს, რომელსაც სავალდებულო წინაცეზურული ომონიმური რითმა აქვს, მეორე მხრივ, სრულიად ახალი სალექსო ფორმაა!

ნიკო სამადაშვილის 2004 წელს გამოცემული, ყველაზე სრული კრებულის მიხედვით, საიდანაც ვიმოწმებთ გვერდებს, 334 ლექსი აღვნუსხეთ, ამის გარდა, 39 ვარიანტიც ვნახეთ. მართალია, როგორც ვთქვით, ლექსების უმრავლესობა სიმეტრიული ათ-მარცვლედის რიტმს მიჰყვება, მაგრამ მოულოდნელად, ამგვარი მეტრით დაწერილი ლექსის დასაწყისი ტაეპის განსხვავებული რიტმული ვარიაცია პროზის ინტონაციით იკითხება:

დღე და ღამე მარტო ზის გატრუნული, 4/3/4
ესმის ზუზუნი ათასი წლების. 5/5
ის ეხლა არის გამოქვაბული 5/5
დაღლილი ლოცვით და მოწყალებით. 5/5

(„საით, ვინ იცის?!“ გვ. 217)

გავიხსენოთ:

თითქოს მე ვიყო გამოქვაბული
და ჩემს ქვეშ სისხლის მდინარე ჰქუხდეს.

(„ქაოსებს შორის. გვ. 263 (ვარიანტები)

კაცი - გამოქვაბული, რომელსაც ჭრილობებიდან სისხლი სდის და მდინარედ მიედინება.

ამ ლექსში განსაკუთრებით იქცევს ყურადღებას და მერე, სხვა ლექსებშიც, თითქოს მკითხველის გასაღიზიანებლად, თემის ნიშანი -ავ ზმნებს -ამ-ად ეცვლება:

შენი სიდინჯე, მთვრალია ოდნავ
შუბლი ხან ჟინჟღლამს, ხან ავდარია,
დახრილ რაინდის ქარაგმებს ბოდამ,
გული ხომ ჯვარცმა და საყდარია.

(„გიის პორტრეტი“. გვ. 61)

დიალექტური, ქართლური მეტყველებისათვის ზედმეტად სტილიზებული „ჟინჟღლამს“, „ბოდამ“, უნებურად იქცევს ყურადღებას. „ბოდამ“ ერითმება პირველი ტაეპის: „ოდნავ“. ბუნებრივია, მართებული ენობრივი ფორმა „ბოდავ“ სარითმო წყვილს უფრო ევფონიურად დაუკავშირდებოდა: ოდნავ-ბოდავ, მაგრამ ნიკო სამადაშვილი, თითქოს, გამომწვევად, ყურადღების მისაქცევად „ავ“-ს „ამ“-ით ცვლის: სად მიგვლალამდი?“ („გენია და სამრეკლო“. გვ. 66). ნიკო სამადაშვილის ლექსის ფენომენის ამოხსნას თუ თანამედროვე ლიტერატურათმცოდნეობისა და კულტუროლოგიის კონცეფციებით შევეცდებით, იქნებ უფრო მეტი სინათლე დავინახოთ ამ პოეტური ნათელხილვების ბუნდოვანებაში.

პერფორმაციული მეტყველების კონცეფცია XX ს. 50-იანი წლებიდან იღებს დასაბამს ბრიტანელი ფილოსოფოსის, ჯ. ლ. ოს-ტინის, ნააზრევით, რომელიც მერე ჟაკ დერიდამ გააღრმავა. პერფორმატივი განსხვავდება კონსტანტიური გამონათქვამისაგან. პერფორმატივი იმ მოქმედებას აღწერს, რომელსაც მიემართება გამონათქვამი. დერიდას გააზრებით, პერფორმატივი უპირატესობას ანიჭებს ენობრივ პრაქტიკას, რომელიც მანამდე მარგინალურად მიიჩნეოდა (ეს არის აქტიური, სამყაროს შემოქმედი ენა, რომელიც ლიტერატურულს ემსგავსება) და გვეხმარება ლიტერატურა მოქმედებად, ან მოვლენად მივიჩნიოთ. ლიტერატურას, როგორც პერფორმატივს, თავისი წვლილი შეაქვს ლიტერატურის დაცვაში, იგი მის „გამართლებას“ ემსახურება: ლიტერატურა ქარაფშუტული ფსევდომტკიცებულებები კი არ არის, არამედ მას საკუთარი ადგილი აქვს ენობრივ აქტებში, რომლებიც გარდაქმნიან სამყაროს, წარმოქმნიან საგნებს, რომელთაც სახელს არქმევენ“ (ქალერი 2014: 134).

ენა პერფორმაციულია იმ თვალსაზრისით, რომ ის არა მხოლოდ ინფორმაციას გადმოსცემს, არამედ მოქმედებასაც გამოხატავს დადგენილი დისკურსული პრაქტიკების განმეორებით. პერფორმაცია-კონსტატაციის ურთიერთდაპირისპირებულობის საჩვენებლად ჯ. ქალერს მოჰყავს მაგალითად ნაწყვეტი რობერტ ფროსტის ლექსიდან „შუაში გვიზის იდუმალება“:

„წრიულად მროკავთ, ვარაუდი თუ გვევალება
შუაში გვიზის ყოვლისმჭვრეტი იდუმალება“

და აღნიშნავს, რომ ეს ლექსი აგებულია ცოდნისა და ვარაუდის ურთიერთდაპირისპირებაზე. ყოვლისმჭვრეტ იდუმალებას წარმოქმნის ვარაუდის აქტი, რომელსაც ობიექტად მიჩნეული იდუმალება (ვიღაცამ იცის საიდუმლო), აქცევს სუბიექტად (იდუმალება ყოვლისმჭვრეტია). ლექსის კონსტატაციური მტკიცება, რომ იდუმალება ყოვლისმჭვრეტია, დამოკიდებულია პერფორმაციულ ვარაუდზე, რომელიც იდუმალებას სუბიექტად აქცევს. ლექსში ნახსენები იდუმალება ყოვლისმჭვრეტია, მაგრამ ამას ლექსის ვარაუდად წარმოგვიჩენს (ქალერი 2014: 139).“

პერფორმაცია-კონსტატაციის ზემოხსენებული მეთოდის გამოყენებით, შესაძლოა, ნიკო სამადაშვილის მიერ შექმნილი ახალი პოეტური ენის იდუმალებაზეც გამოვთქვათ ვარაუდი: ცნობილია, რომ ნიკო სამადაშვილს ძალიან უყვარდა საკუთარი ლექსების ხმამაღლა წაკითხვა. ლექსის ორკესტრირებას, ბგერწერას, ჟღერადობას, ხმიერებას რომ საგანგებო ყურადღებას აქცევდა, პოეტის ეს სიტყვებიც დაგვიმოწმებს: ნიკო სამადაშვილის, როგორც რეცენზენტის, ახალგაზრდა პოეტების (ვასო გვეტაძის, სანდრო ბეგიაშვილის, შოთა ნიშნიანიძის, ოთარ მამფორიას) დამცველის სახესაც გვიჩვენებს ეს წერილი: „ლიტერატურული გულცივობა“): „დროა, ჩვენმა ლიტერატურულმა კრიტიკამ ყურადღება მიაქციოს მარტო იმას კი არა, თუ რა თემებზე წერენ მგოსნები, არამედ იმასაც, თუ როგორ წერენ, რამდენად ახალია სახეები, თვალთახედვა, განწყობილება, ჟღერა - მთელი ლექსის ორკესტრი. რაც არ უნდა აქტუალურ მოვლენებს ეხებოდეს პოეტის ლექსი, გულს ვერ დაუდებ, თუ იქ გაცვეთილი რითმებია, ღარიბი სცენები, ქართული ენის ჯლოყინი... ვაჟა-ფშაველა თავის ლექსებს ფანდურს დაამღერებდა და არა არღანს“ (სამადაშვილი 2004: 462).

1956 წელს დაწერილი ეს კრიტიკული წერილი რამდენიმე ფრთხილი ვარაუდის გამოთქმის გაბედულებას გვაძლევს ნიკო სამადაშვილის პერფორმაციული მეტყველების იდუმალების შესაცნობად:

ა) ზემოხსენებული „ამ“ თემის ნიშნით შენაცვლება მართებულ „ავ“ ფორმანტის მაგივრად, ხომ არ გულისხმობდა საკუთარი გვარის ამ საყრდენთანხმოვნიანი მარცვლის „ამ“ (სამადაშვილის) თამამად გაჟღერებას ქართლური დიალექტით? ეჭვი არ მეპარება, რომ ნიკო სამადაშვილმა საკუთარი გენიის მნიშვნელობაც იცოდა და ქართლურ კილოსაც საგანგებო ფუნქციას აკისრებდა XX ს. II ნახევრის ქართული სალექსო ენის პერფორმაციის პროცესში. პოეტის ემოციური წარმოსახვით შექმნილი ხატის შესაცნობად საჭიროა დუმილისა და ჭვრეტის ენერგიის გამთლიანება.. მაგალითად, ლექსში:

„ლოცულობს ყველა, ვისაც ჯერ კიდევ
შერჩა ხალისი და მდუმარება.“

პოეტი ლიახვისა და საკუთარი ბედისწერის მსგავსებას აღიარებს და წინასწარმეტყველივით შენიშნავს:

„ ... ჩემო ლიახვო, ალბათ მე და შენ
საქართველოდან გამოგვრეკავენ.“

ან:

„ ავდრების შემდეგ გაზაფხულისკენ
გაიყმუილებს ბებერი მტკვარი.“

„ ...მხოლოდ ეს გული ეგდოს რიყეზე,
ვით სისხლიანი ქრისტეს პერანგი.“

(„*** ლოცულობს ყველა“... გვ. 235)

ლიახვს ისე ეფერება პოეტი, როგორც უძველესი წარწერა გვაუწყებს ძევახ პიტიახშის მიმართ წარმოთქმული სიყვარულის ფიცს: ასონანსური რითმა: ლიახვო - ძევახო - ორი საკუთარი სახელი - ტოპონიმი და ანთროპონიმი - ისე შერწყმია ერთმანეთს, როგორც უძველესი მდინარის შეუწყვეტელი დიალოგი, საუბარი აწმყოსთან:

„ლოკე და ლოკე გულის ზედაშე,
არ გაწყენს არა, ჩემო ლიახვო.
იქნებ ეს გული აქ აღარ გაშრეს,
ჩემო სიცოცხლევ, ჩემო ძევახო!“

(„*** ლოცულობს ყველა“... გვ. 235)

შემდეგი კატრენის 3 ტაეპი „ტ“ ბგერის ალიტერაციით, გვამზადებს ქართლური კილოსათვის დამახასიათებელი ზმნის „დაგიტატანოს“ მოსასმენად, თანაც, ატენის სიონის, ტანას, ხეობის ასოციაციაც იღვიძებს, პოეტის სუბიექტური „მე“ ობიექტურ სინამდვილეს ერწყმის და იდუმალებით ნაკარნახევი ვარაუდიც ჩნდება:

„გვემული ტანი რომ გაგატანო,
ვაითუ, მოსწყდნენ შენი ტალღები.
ვინ იცის, ვინმემ დაგიტატანოს,
და შევკრთე უცბად ცხედრის წაღებით.
ლიახვი ღელავს, როგორც ჯეჯილი,
როგორც მზის შუქზე გამსკდარი ნისლი.“

(„*** ლოცულობს ყველა“... გვ. 235)

ბ) ნიკო სამადაშვილის უკვდავი მეტაფორა „საყდრის ჩიტი“ სწორედ ედ. ზივერსის „ჟღერის ანალიზის“ ცნობილი თეორიის დახმარებით გვინდა ავხსნათ: საყდარი ნიკო სამადაშვილის პოეზიაში, ჩემი აზრით, ილია ჭავჭავაძის „გაუქმებული ტაძრის“ საზრისის გაფართოებაა („...და დაუგდიხარ ვით ტაძარი გაუქმებული“). XX ს. ამერიკული ლიტერატურისმცოდნის ფილიპ უილრაიტის თეორია მეტაფორის არსის ანალიზს უკავშირებს სემანტიკურ გარდასახვებს. ის, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია მეტაფორაში, არის მისი სულიერი სიღრმე, რომელზეც გადაინაცვლებენ გარემომცველი სამყაროს ობიექტები - რეალურნი თუ გამოგონილნი - წარმოსახვის „ცივი ცხელების“ საშუალებით. გადანაცვლების პროცესი ამ დროს შეიძლება აღიწეროს, როგორც სემანტიკური მოძრაობა. მეტაფორული ქმნადობის ორი მთავარი ელემენტია: განვრცობა და დაკავშირება (ანუ ეპიფორა და დიაფორა).

ეპიფორა აღნიშნავს მნიშვნელობის განვრცობას, გაფართოებას შედარების მეშვეობით.

დიაფორა არის ახალი მნიშვნელობის გაჩენა; ეპიფორა არის შეგრძნებადი ფარული შესაძლებლობა, აღნიშნოს რაღაც უფრო მეტი, ვიდრე ის, რაც (რეალურად) სიტყვებითაა გამოხატული; დიაფორა კი გამომდინარეობს ყოველი გამონათქვამის გამოუთქმელი ბუნებიდან.

ნიკო სამადაშვილის პოეტური საზრისი, მისი ლექსის ფიქრის სათავე ნიკოლოზ ბარათაშვილისა და ილიას გზაა: ამას მათდამი მიძღვნილი ლექსებიც მოწმობს. გალაკტიონის გარდა, მხოლოდ ილიასა და ბარათაშვილს (ილიას ასე მიმართავს: „გინდა, რომ ოფლი სულ არ შეგაშრეს, / გაჰყვე ეპოქებს ვით ძლევის სფინქსი“; ხოლო ნიკოლოზ ბარათაშვილს ასე ესაუბრება: „როცა მთაწმინდას ვუმზერ ხოლმე, ასე მგონია: შენი ძეგლია აღმართული საქართველოში“. არც ნიკოლოზ ბარათაშვილის და არც ილიას ლექსის ფორმა არ გამოირჩევა სიახლით; პირიქით, ორივეს ლექსის სტრუქტურა მკვლევართ ზოგჯერ აღიზიანებდათ კიდეც: ბარათაშვილი თუმცა ქართული ლექსის რეფორმატორია, მაგრამ არცერთი ახალი საზომი, ან სალექსო ფორმა არ შემოუტანია, ილიას ლექსის გრამატიკული შეცდომების თაობაზე შენიშნავდა თვით აკაკიც კი. ილიას „ჩიტი“ კი „ტკბილი ხმების“ გვერდით აზრის, სათქმელის აუცილებლობას გულისხმობს) აღიარებს თავისი ლექსის სულიერ წინაპრებად. ნიკო სამადაშვილის დროინდელ, ურწმუნოდ, უიმედოდ, გადაგვარებული ქართველების ამარა დარჩენილი სამშობლოც, ჰარმონიულ ხმებს კი არა, კვნესა-წყევლასა და „ჯლოყინს“, „დატატანებას“, „მკვახე შეძახილს“ მოითხოვდა, ალბათ. ქართლის წიაღში აღზრდილი პოეტიც ამიტომ აფუძნებდა ამ ახალ ენას: უხეშს, ოკრობოკროს, ზიგზაგიანს, რათა „გაუქმებული ტაძრის“ ბინადარ ქართველს ღამე გაეთია, ეფიქრა და ისე მიმხვდარიყო „საყდრის ჩიტის“ ნათქვამს. „სამშობლო იყო ჩემი ქარაგმა“, „ჩემი სისუსტე იყო ქარაგმა / და ეს ქარაგმა ვერ ამოვხსენი“.

„ბოლო მომიღეს ჰანგებით მდიდარს.
ეხლაც არ ვიცი, ჩემო სამშობლოვ,
კაცი, რომელიც იბადება ლექსათ ამღერდეს
ის აკვანშივე უსათუოდ მოსაკლავია,“

- წერს ნიკო სამადაშვილი ლექსში „სამხარზე“:

„მთელი სამყარო ტორტმანობდა, კორიკაობდა,
სხეულში ჭირათ გასჩენოდა ჭია და სრსვილი,
დანიის პრინცი ჭორაობდა, ხან კინკლაობდა,
ჩვენი პლანეტა ღრიალებდა სისხლში გასვრილი.“

(„სამხარზე“. გვ. 33)

ჰამლეტისეული თავის ქალა და ქვეწარმავალი ეპიფორული მეტაფორის საფუძვლად შეიძლება მივიჩნიოთ ნ. სამადაშვილის „გამხმარი კაცის“ მწვანე ხვლიკის მხატვრული სახის შექმნისას:

„მეც, მარტო ყოფნა ათასწლობით მომეწყინება.
თავის ქალაში მწვანე ხვლიკი შეძვრება ღამე,
ძვლებზე შემხმარი დაფიქრება მოეწონება,
და მატლებ დახრულ თვალებიდან გახედამს ბაღებს.“ 5/4/5

(„სძინამთ ჩიორებს“. გვ. 82)

დიალოგურია ამ შედევრის დასაწყისი ორი ტაეპი, რომელსაც მოჰყვება დოკუმენტური სიზუსტით დახატული სურათი სიკვდილისა ტრადიციული სახეებით:

„აჲ , ამ მინდვრებში, ამ ხრიოკ მთებში,
ჩვენ ხომ ერთმანეთს ვჭამდით მგლებივით.
იქ სურათია: სდგას მხედარი, უჭირავს თეფში
და ზედ ამხია კაცის თავი გველის ხვრელივით.“

(„გამხმარი კაცი“. გვ. 90)

სიკვდილის ძლევა, ადამიანის ცნობიერების მარადიული სიფხიზლე, ნ. სამადაშვილის რწმენით, ჰანგის, სიტყვის ამღერების, თანამოძმეებისათვის ხმის მიწვდენით შეიძლება:

„ნუკიღა კვნესი, იმღერე რამე.
- მაინც რომელი სიმღერები მოგეწონება?
- რაც გაამდიდრებს კაცის გონებას.
კარგათ იყავით, ძილინებისა - ძილინებისა.“ 5/5/5

(„სტუმარი“. გვ. 87)

„ბოლო მომიღეს ჰანგებით მდიდარს“, - წერდა პოეტი, რომელსაც აშინებდა ჩვენი პლანეტის საზარელი მომავალი: უხმო, უსიტყვო:

„ჩამხრჩვალი სივრცე ყრუთ იშიშინებს,
ხმას გაიკმინდამს ზღვა და გრიგაკი,60
ვინ იცის, რამდენ მზეს შეაშინებს...
ჩემო პლანეტავ, შენი ღრიალი.“

(„დარდი ბუხართან“)

ჰანგის ნაცვლად „არარაობა დაიწყებს ღრენას“, ამიტომაც გულის სითბო, ბუხრის ცეცხლით გაძლიერებული და პოეტის სიტყვებით გაცოცხლებული, მარადიულად უნდა აძლევდნენ ძალას მკითხველს.

4/3//4/3-ით არის დაწერილი „***გარეთ ძლიერ ციოდა, ზეცას ფიფქი სცვიოდა“, რომელიც ნ. სამადაშვილს 1926 წელს მატარებელში ჩაუწერინებია თამარ ლომიძე-კლიმიაშვილისათვის. აქაც ბუნების ჰანგი ერწყმის ადამიანის გულის რიტმს და ამხნევებს მას. ნიკო სამადაშვილის ლექსების რიტმის ინდივიდუალობა, ერთად- ერთობა, უკვდავება არ ეეჭვება მკითხველს, რომელიც რწმენით მიჰყვება, ხანდახან ბრმადაც კი ენდობა პოეტის ხილვებს, რადგან სმენა უტყუარად ინახავს ამ ლექსის ჟღერადობას:

„ქვეყნიერებას რომ არ ვუმზიროთ
თვალებს დავხუჭამთ, რა ვუყოთ ყურებს!
ჩამორეკილნი ბოლნისის მზვარით61
ვგავართ დაღრეცილ მინიატურებს.“

(„ფრესკები ჩონგურზე“. გვ. 50)

„ჰანგების მინდი“ არის პოეტის გენიის ანაზღაურების ერთგვარი ფორმა, ბუნებისაგან ნაბოძები ნიჭი („პოეზია იყო ვერაგი ჭირი, როს შემეყარა მე ბალღობისას ჩემი ფუტურო ძვლების მერქანში“), რომლის ხმა აუცილებლად იკრებს თანამოაზრეებს ახლაც, XXI ს. საქართველოში. ნიკო სამადაშვილის ლექსის სუნთქვა, სიცოცხლე ახალ საუკუნეებსაც აახმიანებს:

„ფაფუკ ნაწერებს დასწვავს ბუხარი,
შენც დაიღლები, მარად რომ სძგერდი.
დაუკრავ ჩონგურს და ეს ოხერი,
დიდხანს იცეკვებს შეშლილი ღმერთი!“

(„ფრესკები ჩონგურზე“. გვ. 50)

__________________

59. სწორია: რად მინდა ჩემი გვარი, ფიქრები
დარჩეს და ჯიჯგნონ ფილოლოგებმა.

60. სწორია: ხმას გაიკმინდავს ზღვა და გრიგალი,

61. სწორია: ჩამორეკილნი ბოლნისის მზვარად

3.11 47. ბარბაქაძე, ლალი. ქარის რეცეფცია ნიკო სამადაშვილის პოეზიაში

▲ზევით დაბრუნება


// ლექსმცოდნეობა: ყოველწლიური კრებული / შოთა რუსთაველის ქართ. ლიტ. ინ-ტი. - თბილისი. - 2021. - №13, ლექსმცოდნეობის მეცამეტე სამეცნიერო სესია (მასალები): ეძღვნება ნიკო სამადაშვილს. - გვ.227-235.

„ქართულ პოეზიაში სხვას არავის ჰქონია ესოდენ გამახვილებული წინათგრძნობის საზღვრამდე მისული მტკივნეული განცდა ცხოვრების სიცარიელისა, მიუსაფრობისა და განწირულობისა“ (ჩხენკელი 2010), - ასე შეაფასა თამაზ ჩხენკელმა ნიკო სამადაშვილის შემოქმედება. ეს „მტკივნეული განცდა“ იმ მოვლენებითაა განპირობებული, რომელსაც პირისპირ შეეჩეხა ფაქიზი სულის მგრძნობიარე პოეტი.

როცა ეპოქალური ქარიშხლის პირობებში გიწევს ცხოვრება, უჯრედულ დონემდე იცი, რა შეიძლება მოჰყვეს არსებულს, იძულებული ხარ, ბუღალტრის „შინელში“ ჩაეტიო და პროზაულ ხალხში შენი პოეტური სული მალულად გადაირჩინო. ამიტომ ვერ იქნები მყარად, მიწა მიწა აღარაა და შენ ირყევი მის ზედაპირზე, ირყევი და მერე ეჩვევი კიდევაც რყევას, გაქცევას და მხოლოდ ქარში თუ იპოვი სულიერ ძმას, ქარში, რომელსაც ასე ენათესავები. „ქარი არს მზისა და ვარსკვლავთა მიერ ქვეყ(ა)ნით აღტაცებული სიმჴურვალისა და სიჴმელის(ა) აღორთქლებაჲ და ჰაერთა შინა მოძრავი. უკეთუ ზე აღჴდა ღრუბელთასა, იქმნების უცივეს, ხოლო უქვემოესი - უთბოს“ (ორბელიანი 2013: 270).

ნიკოლოზ ბარათაშვილი ბედისწერის საზღვრის გადასალახად მერანზე ამხედრებული გაურბოდა „შავ ყორანს“, სამწუხაროდ, XX საუკუნეში ქართველს ამ გაქროლების უნარიც ჩაუხშეს და ის იძულებულია, მხოლოდ ამ სტიქიის ღმუილს უგდოს ყური:

მე მივდიოდი გულშემოყრილი
და ქადაგივით ღმუოდა ქარი.62

(სამადაშვილიალიონამდე“)

პოეზიაში არსებობს მხატვრული ხერხი-ნეოლოგიზმი, ხოლო ნ. სამადაშვილთან ნეოლოგიზმი ახალი სიტყვებით კი არ გამოიხატება, არამედ ახალი მხატვრული ხედვებით. მაგალითად, ქადაგი სიტყვას ქადაგებს, იმეორებს, აქ კი ქარი ჰგავს ქადაგს, რადგან მისი ღაღადება გამთოშველი, თავგზისამრევია, მისივე გაყინული თვალებისგან წამოსული სიცივის ქარიშხლის ავი ღრიალის მსხვერპლი ხარ. ხოლო, თუ ბიბლიური წინასწარმეტყველივით გრძნობ ცთომილთა მომავალს, მაშინ გარე ქარიშხალს შიდა ქარიშხალიც მოჰყვება და ცხოვრება წამებად გექცევა, მუხლებს კანკალი შეუდგება, ყველაფერი კი პიროვნული გაცამტვერებით დასრულდება:

„რა იქნებოდა, გზა რომ გამეგნო,
მიწაზე მაინც აენთოთ კვარი.
მე ვიყავ ბედით გაოგნებული
და ძვლებში მწარედ მივლიდა ქარი.“

(სამადაშვილი, „ალიონამდე“)

აღნიშნულ ლექსში ნარატორი მხატვრული ნეოლოგიზმებით გვასხამს თავბრუს:

ცის გუმბათებზედ ქარებს სციოდათ,
და დასაბამი ღრუბლებს ეფარა.

(სამადაშვილი, „ალიონამდე“)

გამაოგნებელი მხატვრული სახეა, პირამიდაა, ოღონდ თავდაყირა. ალბათ, რთულია იმისი ამოცნობა, თუ რას გულისხმობს თავად პოეტი, მაგრამ ის ცა, „რომელიც ლურჯია გუმბათივით (გ. ტაბიძე)“, ის ცა, რომელიც საქართველოს, ბუნებრივ ტაძარს, ადგას თავზე - ქარებს ვერ ეგუება, ამიტომ გუმბათს კი არ „სცივა ქარით“, არამედ „გუმბათებზედ სცივათ ქარებს“, რადგან ის მათთვის უცხოა, ხელოვნურია, უჩვეულოა. ამითი იხსნება, ალბათ, ის მომდევნო თქმაც: „და დასაბამი ღრუბლებს ეფარა“. ეს ყოველივე მუნკის „კივილივით“ გამაოგნებელია.

„რა იქნებოდა, გზა რომ გამეგნო,
მიწაზე მაინც აენთოთ კვარი.“

(. სამადაშვილიალიონამდე“)

ტოტალიტარულმა რეჟიმმა ყველანაირი ღირებულება შეარყია, ყველაფერი, რასაც რწმენა, სამშობლო, წინაპარი, მოძღვარი გიქადაგებდა, ეპოქამ ნაცარტუტად აქცია, ღმერთიც ეჭვქვეშ დადგა. საკუთარი რწმენა, მძიმე ნამსხვრევებად დაშლილი, ხტუნვა-ხტუნვით გადაიჩეხა უფსკრულში და სწორედ ეს ხმაა აქ ლექსად გადმოცემული. ჩვენ შორს ვართ იმ მოსაზრებისგან, რომ ამინდი, სტიქია, ქარი - განყენებული, მხოლოდ სტიქიური მოვლენებია. უამინდობა პოეზიაში თითქოს განდობილთა კოდური ენაა, გალაკტიონიც ხომ მას აფარებდა თავს: „დაქრიან უდაბნოს ქარები“... (გ. ტაბიძე „შემოდგომა „უმანკო ჩასახების“ მამათა სავანეში“). სამადაშვილი კი პირდაპირ მიგვანიშნებს:

გაუხარელი დღეები არი,
გაუხარელი ამინდები სდგას.

(სამადაშვილიამინდები“)

ან როგორ შეიძლება, თვალისმომჭრელი მზის სილამაზე დაინახო მაშინ, როცა

ბავშვი - ობოლი, თოთო, საწყალი,
გუშინ კარდაკარ ეძებდა დედას.

(სამადაშვილიამინდები“)

აღნიშნულ ლექსში მხატვრულ სახე ქარს არც კი ახსენებს პოეტი, მაგრამ ქარიშხლის გულგამგმირავი ხმა ისმის და მსხვერპლადქცეულ ნარატორს ისღა დარჩენია, რომ

ღამეები უთიოს ქარიშხალს.

(სამადაშვილიარავის ერჩის“)

აღნიშნული მხატვრული სახის ნარატივი ასე წარმოგვიდგენია - ღამის სიბნელე პოეტისთვის საკუთარ თავთან მარტო დარჩენის იდილიაა, როცა დღიური ყოფის მარაზმი არ ჩანს, არც ბუღალტრული მშრალი ციფრების თავბრუდამხვევი ტრიალი უჭრელდება თვალებში და ყოფის ქარიშხლის გამო მხოლოდ ღამეში არის ის, ვინც არის - პოეტი ნიკო სამადაშვილი. ალბათ, იმედიანი სიყმაწვილე პატარა ნიკოს თვალებსაც „ცვრებით, იებით ანთებდა“ (გ. ტაბიძე), მაგრამ ოცნების სასაკლაოდ ქცეულმა სახელმწიფომ მალე შეუკვეცა ფრთები, ამიტომ იგი პოეზიას უოცნებობაში ხედავს:

„რა ოხრად გინდა ყველამ შენზე ილაპარაკოს,
გაქონ, გადიდონ, ყველა ბრიყვი მტლადაც დაგედოს,
არ გირჩევნია ისე ჩუმად გადაიკარგო,
რომ შენი ბინა მეეზოვემ ლანძღვით დაკეტოს?
ასეა მარად, როცა ქარი ჩადგება ხოლმე,
დარწეულ ხეებს ფერი დიდხანს არ ემატებათ.
დადიხარ მარტო, იცი ღამეც აღარ გაბრკოლებს
და ხედავ, მაინც არაფერი არ გენატრება. დარდი ბუხართან.“63

(სამადაშვილი. „ასეა მარად“)

აქ სწორედ ის სულერთიობა იკითხება, რომელიც ქარიშხლის ჩადგომის მერეც ვეღარ მოგათქმევინებს სულს. ვისაც ადამიანთა გარდამქმნელ სახელმწიფოში არ უცხოვრია, ვერასდროს მიხვდება, როგორ იმსხვრევა იმედები და ოცნებანი. და ის ბუნება, რომლის ჭვრეტამაც წმინდა ბარბარე ჭეშმარიტებამდე მიიყვანა, ვეღარ ამაღლებს კაცს ღმერთამდე.

„ქარის“ რემინისცენცია სამადაშვილის პოეზიაში მხოლოდ დინამიკური არაა, ანდა დინამიკურია და მასთან ერთად კონკრეტულიც, იმდენად, რამდენადაც პოეტი „ხან ქარიშხალის სვეტებს ვეყუდე (ნ. სამადაშვილი „გადმორბენა სამყაროსკენ“)“. მაგრამ როგორი საყრდენია ეს ქარი? ლექსში „გადმორბენა სამყაროსკენ“ ტრაგიზმის განცდაა წარმმართველი: „ხატებთან ენთო უბინაობა...“, „შიში გეფინა მხრებზე ზემოდან...“,

კუბო წვიმების წინ ეცემოდა
და გრიგალები რეკავდნენ ზარებს.

(სამადაშვილი, „ასეა მარად“)64

აღნიშნული ლექსის დასაწყისში პოეტი იმ ქარს აღწერს, რომელსაც „ეყუდა“, მაგრამ ლექსის დასასრულ ვიგებთ, „ჩემს ნაფეხურებს სუნავდა ქარი“. ეს ტრაგიზმის ისეთი განცდაა, როდესაც გრძნობ, რომ მას ვერც ვერსად წაუხვალ და თუ გაბედავ, ავი ძაღლივით ჩაგიდგება კაცს კვალში:

„გავჩნდი განგებ, რომ დავღუპულიყავ
ჩემს დედინაცვალ საქართველოში.
სად ჩავძაღლდები, აბა ვინ იცის.
რა თავში ვიხლი სამოთხის კარებს.
ქარიშხლებს სადღაც ჩაეცინებათ,
უდაბნოს ხვითქში გაზრდილ მასხარებს.
ჟამთა სიავეს მგზავრი ასცდება,
მოვა, დახედავს მკერდის ნიჟარებს
მიცნობს, შეკრთება, შევეცოდები
და ტანში ცივად შემაჟრიალებს.
წავა და საყდრის წინ დაეცემა,
ყველა გამვლელს ნაფიც ჯავარად,65
და საცოდავი ჩემ ცხოვრებაზე
მოჰყვება ტიტინს, როგორც ჯაფარა.“

(სამადაშვილი. „განკითხვა“)

ქარის ძალმომრეობასა და ავ ხმაურზე პოეტის რეაქცია მხოლოდ ქრისტიანულია, ესაა კიდეც მისი გამარჯვება გარეგანი დამარცხების საპირწონედ, ეს ქართული პასუხია ძალმომრეობის წინააღმდეგ, ჩვენ ხომ მუდამ ჯვრითა და ჯვრისთვის ვიბრძოდით. მაგრამ მაშინ მტრისგან სარწმუნოება განგვასხვავებდა, - ახლა კი - ურწმუნოება ყოველგვარ ადამიანურ საწყისს ებრძვის და ამ დროს შენ შენთვის სისხლხორცეულ იარაღს იყენებ - საუკუნეებით გამოცდილს და ეს იარაღი ქრისტეს ჯვარია. ლექსი „ქვეყნიერებას უცქეროდი მრავალნაირად...“ კიდევ უფრო განსაკუთრებულია. მის მოულოდნელობას, ალბათ, განაპირობებს ქვეყნიერების ამოყირავებული ხედვა. აქ ანგელოზი მფარველი კი არა, დაუნდობელია: „და ანგელოზებს ულანძღიხარ მუხლებდამზრალი“. კიდევ უარესი, გოლგოთა ქრისტეს ჯვარცმისა და გამარჯვების გზა კი არ არის, არამედ: „ღმერთების ჯოგი გოლგოთაზე გელანდებოდა.“ შეუძლებელია, გოლგოთის ეს ალუზია „ქართული კალმის“ მასთან გაიგივების გარეშე წამოტივტივდეს გონებაში და არ გაგახსენდეს მ. ჯავახიშვილის რომანი „ჯაყოს ხიზნები,“ რომელშიც ცხვრის ტყავში გახვეულ მგლებზე განგაშის ზარი ჩამოკრა მწერალმა. პოეტ ნ. სამადაშვილთანაც „მღმრთომებელი“ ფარისევლები სწირავენ უფალს და „ჯოგია“ იგი, რადგან მისით ხსნა კი არადა, ჯოჯოხეთში დანთქმაა მოსალოდნელი. ამ თვალთმაქცობის „შემოქმედი“ ქვეყნიური სულია, რომელიც „ხეებში ავობს“ (გ. ტაბიძე), ღრიალებს, მცხეთაში სვეტიცხოველს არ უტოვებს ადგილს, ან იქ მისი ადგილი უკვე აღარაა. სამაგიეროდ, „არმაზის კერპი“ ბედნიერი აღმდგარა:

„არმაზის კერპი, ან ქარების ტიალი დოღი,
სანამ გრიგალებს, შენს ძვლებს კვერთხით დააყრევინებს,
გოლგოთის მთიდან მორეკილი ღმერთების ჯოგი.“

(სამადაშვილი. „ქვეყნიერებას უცქეროდი ათასნაირად...“)

აქ მძაფრდება გალაკტიონის „ლურჯა ცხენების“ აბსოლუტური უიმედობა: „მშრალ რიცხვების ამარა უდაბნოში ღელდება“... ქარიშხლისგან „ამოყირავებული“ რეალობის განმცდელ სამადაშვილსაც გალაკტიონსავით სიკვდილი ეჩქარება, სიკვდილი, რომლის მერე უფლის წიაღი აღარ არსებობს: „სამუდამო მხარეში მხოლოდ სიმწუხარეა“ (გ. ტაბიძე).

„ცოტა ხანს კიდევ... იმის მერე, რო დაბერდები,
ეგ თავის ქალა კლდეს ექნება პირში გაჩრილი.
და შენს ხერხემალს სალამურად გამოიყენებს.“

(სამადაშვილი. „ქვეყნიერებას უცქეროდი მრავალნაირად...“)

და ესაა კიდეც „ხენეში ხის ნაყოფი“, ნაყოფი „ღმერთების ჯოგისა“. განა შეიძლება, გაუძლოს ადამიანმა ბოროტების ამ ავ ხარხარს? ამიტომ პოეტს უკვდავება აღარც ეოცნებება, მოკითხვასავით უბარებს მხოლოდ:

„თუ უკვდავებამ სადმე მიკითხოს:
„ნეტა სად არის ეხლა ის ბიჭი?“
მოუყევ: ქარებს გადაჰყვა ღამე,
რაღაც საოცრად წაიმხედრულა,
ორჯერ იკივლა სამყაროს გაღმა
და უკან აღარ დაბრუნებულა.“

(სამადაშვილიღია ბარათი“)

შეუძლებელია, ღვთის ხატად შექმნილმა ადამიანმა გაუძლოს იმას, რაც XX საუკუნეში ავადსახსენებელი რეჟიმის პირობებში ხდებოდა. თითქმის წარმოუდგენელია, გრძნობდე, რომ „სულის ჭურჭლად“ შეგქმეს, რომ საერთოდაც სულის ნატამალი გაქვს და განღმრთობისთვის დაბადებულხარ. ასეთ შემთხვევაში ვერანაირი სულიერი ენერგია ვერ გაგყვება და ვერ გადაგარჩენს, პირიქით, ფიტულად გაქცევს და მხოლოდ სხეულის ფორმების შენარჩუნებასღა ახერხებ, სხეულის, რომელიც თითქოს თავადვე აოცებს ლირიკულ გმირს, რომ აქვს საერთოდ „თითქო საკუთარ ცხედარს მივყვები“.

მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, მაინც არის ხოლმე ის ერთი ლექსი, რომლითაც ყველაზე მეტად ეთქმევინება პოეტს სათქმელი, ასეთია ბარათაშვილისთვის „მერანი“, გალაკტიონისთვის - „სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში“, ხოლო ნ. სამადაშვილისთვის - „ჩემს ორეულს, ბუღალტერ ნიკო სამადაშვილს, პოეტ ნიკო სამადაშვილისგან“. აქ სათაურშიც კი ტრაგიკული პოეზიაა, ის იძულებაა, რომელიც საკუთარ მესთან კომპრომისზე წაგიყვანს და კოსმიურ უკიდეგანობაში მოლივლივე სულს ბუღალტრის

ციფრებში გამოგამწყვდევს.

განა შეიძლება, მშვიდი იყოს პოეტის ბუღალტრად ქცევის პროცესი? ცხადია, არა! და ეს სიავე ისევ ქარის მხატვრული სახით იხატება:

„სულ კარგად მახსოვს, შენ რომ გამოჩნდი,
გარეთ ძაღლივით ყმუოდა ქარი.“

(სამადაშვილი. „ჩემს ორეულს, ბუღალტერ
ნიკო სამადაშვილს , პოეტ ნიკო სამადაშვილისგან“) 514

ან გარდასახვის მტკივნეული პროცესი უკვალოდ ჩაივლიდა? განა ერთი პოეტის „გალაზღანდარება“ ცისა და მიწის დამხობით არ ხმიანდება, განა თითოეული ადამიანი არაა თავის თავში უფლის მშობელი და „ამავე დროს დამამხობელიც“?

„ზეცა სივრცეებს აზანზარებდა
და მზე ყვიროდა ქვეყნის ბოლოდან.“

(.სამადაშვილი - ჩემს ორეულს, ბუღალტერ
ნიკო სამადაშვილს პოეტ ნიკო სამადაშვილისგან“)

მაგრამ ის, რაც კაცში სულიწმინდის მადლით ანთია, ვერ და არ დაიკარგება, ვერ ჩაქრება, მაგრამ იერსახე კი ეცვლება, თუ შეუსაბამო გარემოში აღმოჩნდება. ილიას მხილებას ხომ სიძულვილად ნათლავდა თავგზაარეული ერი, ასეა სამადაშვილთანაც. სულიერი ნათება, რომელსაც პოეტმა კალმით ჩაწერის ფუფუნებაც კი აღუკვეთა, თურმე თავს ვერ იმალავს და „ლექსები ტანზე აქვს გამონაყარი“:

„ავადმყოფობა ეგონათ, ბიჭო,
ლექსები ტანზე გამონაყარი...
იქამდე, სანამ დათეთქვილ ტუჩებს
არ გალხობიან ბუერა სევდა,
შენ ძუძუს სწოვდი გაშლილ ალუჩებს
და ღვთისმშობელი აკვანს გირწევდა,
ლექსების ჯღაბნა წამებათ გექცა,
სჯობდა ვენახის კვალი გებარა,
ვის რად უნდოდა ეს თვალთმაქცობა,
ნეტავი ქარში გადაგეყარა.
ქარები უფრო წაიკითხავდნენ,
ჩაბჟირდებოდნენ სადმე სიცილით;
ჩემი ცრემლებით ღამეს ხატავდი
და ბეთანიას მაისის დილით.
ვერ გაოკებდი, დაგდევდი კეტით,
ხან მელეოდა მუხლებში ძალა,
ზარივით გასკდა ამდენი რეკით,
ზედ რომ მამხია ეს თავის ქალა.
ვერ მოგიარე, რა გიყო ძმაო,
ორივე შემკრთალ ბუჩქის ჩრდილს ვგავდით;
შენ კიდევ მაინც ფიქრში მძუნაობ,66
მე კი ბუწუწიც გამცვივდა დარდით.“

(სამადაშვილი. „ჩემს ორეულს, ბუღალტერ
ნიკო სამადაშვილს, პოეტ ნიკო სამადაშვილისგან“)

პოეტის ეს ტკივილი უკანასკნელი რექვიემივით ვრცლად შემოგთავაზეთ, რათა ერთად განვიცადოთ ის, რამაც სული აუწეწა პოეტს.

მიუხედავად ყველაფრისა, მან მაინც გადაირჩინა სულში პოეტი, უპირველესად მომავლისთვის, რომელიც წუთიერი გარინდებით უნდა მიაგებდეს პატივს ცხოვრების ქარიშხლისაგან ბუღალტერ ნიკო სამადაშვილში ჩამჯდარ მართალ პოეტ ნიკო სამადაშვილს.

_________________

62. სწორია: და ქადაგივით ყვიროდა ქარი

63. სწორია: და ხედავ, მაინც არაფერი არ გენატრება.

64. სწორია: (სამადაშვილი, „გადმორბენა სამყაროსკენ“)

65. სწორია: ყველა გამვლელის ნაფიც ჯავარად,

66. სწორია: შენ კიდევ ფიქრში მაინც მძუნაობ

3.12 48. ბარბაქაძე, ცირა. ნისლის პოეტიკა

▲ზევით დაბრუნება


// სემიოტიკა : სამეცნიერო ჟურნალი / საქართველოს სემიოტიკის საზოგადოება; სემიოტიკის კვლევის ცენტრი. - თბილისი, 2009. - № 5. - გვ. 29-30. - ტექსტი იხ.: ბარბაქაძე, ცირა. პოეზიის სემიოტიკა. - თბილისი, 2009. - გვ. 112-122.

49. ბენაშვილი, გურამ. ლიტერატურული ვიტრაჟები : ნიკო სამადაშვილი; შოთა ჩანტლაძე; გურამ რჩეულიშვილი; რეზო ამაშუკელი; ესმა ონიანი / გურამ ბენაშვილი // ჩვენი მწერლობა. - თბილისი, 2013. - 25 იანვარი. - № 2 (184). - გვ. 36-42.

ნიკო სამადაშვილი, როგორც უნიკალური პოეტური ხილვებით აღბეჭდილი ლირიკოსი, სრულიად კანონზომიერად დამკვიდრდა XX საუკუნის ქართული პოეზიის სივრცეში...

ყოველი ნამდვილი შემოქმედის მსგავსად, წარმოსახვათა სამყაროებში „საფრენად“, მასაც მხოლოდ საკუთარი ინტელექტუალური თუ წმინდა პოეტური ინსტიქტები გააჩნდა. რაც ყველაზე არსებითია, მას ჰქონდა თავისი „ექსკლუზიური“ სევდა, პოეზიის ეს უძვირფასესი „საუნჯე“... ამიტომაც სულის სიღრმემდე შემძვრელია მისი ლირიკული მედიტაციების გრძნობად-ემოციური კონტექსტები, მათი სემანტიკური ჰორიზონტები...

რომანტიკული სულის ირაციონალური წიაღსვლები, ზედროულსა თუ ზესივრცულთან იდენტიფიცირდება...თეოსოფიური მსოფლგანცდით მანიპულირება - მის პოეტურ რეფლექსიათა არსებით კონოტაციებს განასახიერებენ...

და ეს ყოველივე იქმნებოდა რომანტიკული ილუზიების გამძვინვარებული მსხვრევის ჟამს... როცა სასტიკად იკრძალებოდა სულის თავისუფალი „სიზმრებით“ აზროვნება... ნეგატიურის აღქმის მეტაფიზიკური თუ რომანტიკული პათოსი...

პოეტისა და პოეზიის „მარგინალური“ მოდიფიკაცია ნიკო სამადაშვილის ეგზისტენციითაც ავლენდა თავს...

მისი ოდენ აპოკალიფსური ვიზიონები, პოეტის ხაზგასმულ ინდივიდუალობას ამჟღავნებს და რაც მთავარია, არ წარმოადგენს კარგად გამოცდილი და ნაცნობი პოეტიზმების გადამღერებას...

სრული თავისუფლება, საკუთარი რეფლექსებისადმი ნდობა, შინაგანი რწმენა იმისა, რომ პირობითობათა უმნიშვნელო გამოვლინებაც კი აუტანელია მისთვის - პოეტის ესთეტიკის თვალშისაცემ კონცეპტებს წარმოადგენენ...

ნიკო სამადაშვილის თემატური რეპერტუარი არ არის განსაკუთრებული მრავალფეროვნებით „განებივრებული“... იქნებ ამიტომაცაა სუბსტანციური და გულუბრყვილობამდე თვითკმარი...

ის, რაც სულის წიაღიდან იბადება, არასოდესაა უფერული და მკვდრადშობილი...

გულისყურით გაასრულებ რა ნიკო სამადაშვილის სულიერ თავგადასავალთა ფანტასმაგორიულ ქრონიკებს, ერთი რამ არ უნდა დაივიწყო - საბოლოო მსჯავრის გამოსატანად პოეტის ტანჯვის გაზიარების ამაღელვებელი გრძნობა გამოიფხიზლო, ირგვლივ მომრავლებულ „მხატვრულ“ უსახურობათა „მტვერი ჩამოიფერთხო“ და მხოლოდ ამგვარად განჭვრიტო და შეაფასო მისი ღირსებანი...

იგი არ საჭიროებს არც მოჭარბებული გუნდრუკის კმევას და არც კვაზიპოპულარიზაციას, რადგან მისი ქრისტიანული ალეგორიებით აღბეჭდილი კამერული მედიტაციები, ისევე როგორც მრავალი ღირებული რამ ამქვეყნად, საყოველთაო აღტაცებისთვის არ არის მოწოდებული...

მისი მითოპოეტური მსოფლხედვა და სრულიად უნიკალური, არაკონვეციური ცნობიერებაა ამგვარი პროგნოზირების საფუძველი... მედიტაციური ლირიკა, დარწმუნებული ვარ, მასის მხოლოდ ზედაპირული აღფრთოვანების საგანი იყო ყოველთვის...

არც ჩემი ესსეა პოეტის აპოლოგია...

ის უფრო სტიქიური, ჭეშმარიტად ქართული ირაციონალური წიაღიდან ამოტყორცნილი ტალანტია, თავდავიწყებული მეოცნებეა, წარმართულ თუ ქრისტიანულ წარმოდგენათა თავისებური სიმბიოზია და სოფლის სამდურავით გულდამძიმებული რიტორია, რომელსაც ღრმად სწამდა წარსულის გადავიწყების ფატალური შეუძლებლობა...

მისი ლირიკული ტექსტები „საჭიროდ მიიჩნევენ“ ყოფიერების იმ პირობითობების, კოდებისა და აზროვნების კონცეპტუალიზაციას, რომელნიც ეროვნული იდენტობით გამოირჩევიან და ამძაფრებენ წარსულის იდეალიზაციას...

ბუნებას შეხიზნული, უძველესი ქართული ქრისტიანული საყდრის პირველყოფილი უმანკოებითაა აღბეჭდილი ჩემთვის ნიკო სამადაშვილის პოეტური სამყარო, ანუ ის ემოციური აურა, რომელსაც იგი ამკვიდრებს...

მის დაბინდულ წიაღში შესულთ, პოეზიით „განაწამების“ წრფელი მონოლოგები მოუთხრობენ კიდევ ერთი ტანჯული სულის ცხოვრების იგავს... თუ როგორ ბავშვურად სჯეროდა იმისა, რაც განიცადა... რაც თითქოს იყო და არასოდეს განმეორდება...

მისთვის ამოუცნობი და გაუცხოებული ყოფიერებისაგან შეძრწუნებულის ხილვებმა

შეიპყრეს იგი და უმწეო მსხვერპლივით სტანჯეს და აწამეს...

ფლობერის ერთი ელეგანტური ვიზიონის პროტაგონისტივით, მე მას დრო-ჟამის ვრცლად გადაშლილი ოკეანის პირას „ვხედავ“, ჯიუტი ვნებიანობით რომ ითვლის მუჭში მომწყვდეული სილის მარცვლებს და ეცლება რა იგი ხელიდან, წუხს და ვალალებს...

ასეთი ყოფილა არაერთი ხელოვანის, უფრო კი პოეტის ბედისწერა და არავინ იცის, ამ რომატიკულ ილუზიაში რაოდენი სიბრძნე და სულიერი თრთოლვის შესაძლებლობებია დაფარული...

საზოგადოებისათვის ახლად აღმოჩენილი ამგვარი „მარგინალები“ სრულიად ბუნებრივად გადაადგილდებიან ხოლმე ერის შიდაკულტურულ სივრცეში... პერმანენტულად „განახლებულნი“, ისინი ნიადაგ ცოცხალ ფიქრთა მრავალფეროვანი სემანტიკით იმოსებიან და თავის კანონიერ ადგილს იმკვიდრებენ ერის კულტურულ სივრცეში...

3.13 50. ბენაშვილი, გურამ. ნიკო სამადაშვილი:

▲ზევით დაბრუნება


[პოეტის შემოქმედებითი პორტრეტი] // მნათობი. - თბილისი, 1989. - № 4. - გვ.131-140. - ტექსტი იხ.: ბენაშვილი, გურამ. ლიტერატურულ-კრიტიკული ეტიუდები . - თბილისი, 1989. - გვ. 281-300.

51. გელაშვილი, მანანა. ნიკო სამადაშვილი უცნობი წერილი : [ერეკლე ტატიშვილისადმი] // კრიტიკა. - 1984 . - № 2. - გვ. 172-176.

ქართული ლიტერატურის მუზეუმმა ხანგრძლივი დუმილის შემდეგ ისევ ააღორძინა გიორგი ლეონიძის მიერ საფუძველჩაყრილი ტრადიცია - „ლიტერატურის მატიანის“ გამოცემა.

მატიანის ახალმა წიგნმა მრავალი საინტერესო მასალით მიიზიდა მკითხველი იქნება ეს ტიციან ტაბიძის, მიხეილ ჯავახიშვილის, გაბრიელ ჯაბუშანურის წერილები, კოტე ხიმშიაშვილის მოთხრობები და წერილები, ტერენტი გრანელის, შალვა კარმელის გამოუქვეყნებელი ლექსები, თუ მოგონებები გიორგი ლეონიძის, ვალერიან გაფრინდაშვილის, მიხეილ თამარაშვილის შესახებ.

აქვეა დაბეჭდილი ნიკო სამადაშვილის უცნობი ლექსები, პროზა და კრიტიკული წერილი, რომელიც მუზეუმის ფონდიდან გამოსაქვეყნებლად მოამზადა თამაზ ჩხენკელმა. ეს პუბლიკაცია უთუოდ მნიშვნელოვანი შენაძენია ჩვენი ლიტერატურისათვის, რადგან უფრო სრულ წარმოდგენას ქმნის ნიკო სამადაშვილის პოეტური სამყაროს თავისთავადობაზე. კიდევ ერთხელ წარმოაჩენს პოეტის განუმეორებელ ხედვასა და უჩვეულო, ამავე დროს, ზუსტ ხატოვანებას.

ნიკო სამადაშვილის (1905-1963) შემოქმედებისადმი ინტერესი, რომელიც მისი რამდენიმე ლექსის, შემდეგ კი კრებულის - „ბეთანია“ (1973) - გამოქვეყნებამ აღძრა, დღითიდღე იზრდება. ამის დასტურია ზურაბ კიკნაძის, ვახუშტი კოტეტიშვილის, თამაზ ჩხენკელის, დავით ჯავახიშვილის წერილები, გაიოზ იმედაშვილის ახლახან „ლიახვში“ დაბეჭდილი ვრცელი სტატია.

ვფიქრობთ, მკითხველისათვის ინტერესმოკლებული არ იქნება ნიკო სამადაშვილის ერთი პირადი წერილი, რომელიც ერეკლე ტატიშვილისადმია მიწერილი.

ერეკლე ტატიშვილი (1884-1946) ევროპული ენებისა და ლიტერატურის და საერთაშორისო სამართლის ბრწყინვალე სპეციალისტი იყო. მის სახელთან არის დაკავშირებული ახალგახსნილ უნივერსიტეტში საერთაშორისო კერძო სამართლის სწავლება, შემდეგ კი დასავლეთ ევროპული ენების კათედრის ჩამოყალიბება. განსაკუთრებით დიდია ერეკლე ტატიშვილის ღვაწლი ევროპული ენებისა და ლიტერატურის სპეციალისტთა აღზრდის საქმეში. საკმარისია ითქვას, რომ მის მოწაფეთა შორის არიან: ციალა თოფურიძე, ნუნუ ქადეიშვილი, ნათელა კეშელავა, ქუჯი ძიძიშვილი, გაიოზ იმედაშვილი, ნოდარ კაკაბაძე, ნიკო ყიასაშვილი, ვახტანგ ჭელიძე, ოთარ ჩხეიძე, აწ განსვენებული ბასილ მელიქიშვილი, კოტე ხიმშიაშვილი, ნიკო სამადაშვილი, ალექსანდრე საჯაია, მიხეილ კვესელავა, ოთარ ჯინორია, ალექსანდრე გამყრელიძე, მერი იანქოშვილი და სხვანი და სხვანი. მაგრამ უმთავრესი ერეკლე ტატიშვილის პიროვნებაში, მის დიდ განათლებასა და ღრმა აზროვნებასთან ერთად, მისი განსაკუთრებული მოძღვრული თვისებები იყო უმთავრესი, რადგან საფიქრებელია, რომ სწორედ ეს განსაზღვრავდა იმ მნიშვნელოვან ზეგავლენას, რაც ერეკლე ტატიშვილს ჰქონდა თავის მოწაფეებზე. მის თავისებურ სამყაროსთან წილნაყარია ნიკო სამადაშვილის პოეტური ხილვებიც.

მაგრამ ჯობს თვითონ ნიკო სამადაშვილს მოვუსმინოთ. ერეკლე ტატიშვილისადმი მიწერილი მისი ბარათი ერთი რომ გულთამხილავის მიერ დახატული პორტრეტია ერეკლე ტატიშვილის, და მეორეც, ის თვით ავტორის, ნიკო სამადაშვილის პოეტურ სამყაროსაც წარმოაჩენს.

აი, ეს ბარათიც:

გამარჯობა ბატონო ირაკლი!

ეს, ეს არის სოფლიდან ჩამოვედი და შენი წერილი დამხვდა.

მადლობა ღმერთს, რახან ნეძურამ მაინც შეძლო შენი დამშვიდება, დაშოშმინება და ზღაპრული ნეტარება.

ეგ მდინარე შენს ბუნებას ძლიერა ჰგავს და ამიტომ არის, რომ როცა ერთად შეიყრებით ხოლმე, ბავშვებივით ლაღობთ და გიხარიათ, ცმუკავთ და ნავარდობთ, ბოდავთ და ხითხითებთ.

მადლობა გამჩენს, რომ ნეძურას მაინც შესძლებია შენი „გამოთრევა“ წუთისოფლის ვარამმოდებული საკნიდან.

საოცარი ხარ, საოცარი, ჩემო ფასკუნჯო. ხან მომთმენი, ხან ბუტია, ხან გზნების დიდი სამრეკლო, ხან კვერნაკი; ხან სიცოცხლისა და სიკვდილის დახშულ ქედებს შორის ჯანყივით იცი ჩამოწოლა, ხან ცხოვრების მრისხანე ტალღები ისე შეგაძრწუნებენ ხოლმე, რომ გემბანზე ვეღარ ჩერდები და „კაიუტაში“ იკეტები...

ამიტომ მე რომ მხატვარი ვიყვე, - ფერწერის ოსტატი, შენს პორტრეტს სულ სხვანაირად დავხატავდი, სადაც დაოსდებოდი ჯერ სიცილით, მერე ტირილით, და შეშლილივით დიდხანს, დიდხანს იბუზღუნებდი.

ეს იქნებოდა ორნახადი ადამიანი, ესე იგი ორჯერ გამოხდილი იმ საარაყე ქვაბში, ჩვენ რომ გაჩენას თუ მოსვლას ვუწოდებთ.

შენ ორეულთან მე ხშირად ვსაუბრობ და ის ბევრს, ძალზე ბევრს მიყვება ხოლმე შენი უცნაური ბუნების, იმ გამოქვაბულის ამბებს, სადაც შენ მარტოობას აღავლენ და სადაც დღემდე ძეარსს თვალები არ შეუნათებია.

ამიტომ არის, რო ასე კარგად გიცნობ. მე შემიძლია მთელი დღე შენთან ვიდგე, შენ კრინტიც არ დასძრა და შუაღამისას მე დავწერ, უსათუოდ დავწერ, რას ფიქრობდა შენი გული, გული ელდანაცემი და ტვინი უსაფრობით დაღლილი და დატანჯული.

რა თქმა უნდა, შენს ნეძურას ეს ეწყინება, მაგრამ შეეხმაურე: რომ არის ადამიანი ამ ქვეყანაზე, რომელიც ისევე მგრძნობს, როგორც შენ, ჩემო ნეძურავ.

შენ ერთით თუ გიხარია, რომ ასე ღრმად გიცნობ, მეორეთი გწყინს, რადგან შენი ყაიდის ადამიანები ქვესკნელშიც კი ჩავლენ, ოღონდ თვალი არავინ მოჰკრას, ხვაშიადის ამობალთვა არ მაინცადამაინც ეპიტნავებათ.

ო, რამდენი ფარდები, რამდენი საფარები, რამდენი ღუღრუტანები, რამდენი ბექობები გააჩნია ამ ცარიელ და უფერულ სიცოცხლეს.

ჯერ რამდენი ადამიანი - ეკალშეხუნძლული მომაკვდავი - უნდა მისწიმოსწიო, რომ ერთ ხეირიან ადამიანს, ადამიანს არაჟანმოუხდელს მიუახლოვდე.

რამდენი უნდა იბღავლო და იქვითინო და თუ ფეხი დაგისხლტდა, შენს მტერს ისე გაგსრისავენ, რომ ყორნებსაც კი შეეზარები სავახშმოდ.

და როგორ გეტკინება გული, როგორ ჩაგეთუთქება მთელი სხეული, ვისთანაც ასეთი წვითა და დაგვით მიხვედი, მიხვედი იმიტომ, რომ ილოცო, იელვარო, ცოდვები მოინანიო, შენთვის იბუტბუტო, ივალალო, იხარო...

როცა ასეთი ადამიანი, უცბად რაღაც უმიზეზოდ დაგემდურება და პირჯვრის წერის დროს ცხელ წყალს გადმოგასხამს.

და, დაეცემი ძირს, ტირილიც კი ვეღარ გიწამებია.

სიცოცხლე, ბატონო ირაკლი, ძალიან მოკლეა, მოკლე. ადამიანის გასაცნობად სულ ცოტა საუკუნენახევარია საჭირო; ისიც სულ ამ ორფეხა ეშმაკის დაკვირვებაზე უნდა იყო გადამდგარი.

ამიტომ არის, ჩვენი ინსტიქტია, თუ რა ჯანდაბა, ვგრძნობთ სიცოცხლის სიმოკლეს და ერთიმეორეს გაცნობაში თუ „ათვისებაში“, „აღქმაში“ ვჩქარობთ.

სიჩქარე კი ყველგან მიუტევებელია, (ეს „სიჩქარე“ პამპულა ცივილიზაციამ შემოიღო) და ამ სიჩქარეში ვცდებით.

სიჩქარის ბრალია, მე მგონი, რომ ქრისტე შეცდა.

შენ რომ იმ ღამეს დამკვირვებოდი, პაპაჩემის კომბალივით არ მიმაყუდებდი ტრამვაის გაჩერებასთან და არ წახვიდოდი მარტო.

მე კი შენთან ყოფნა დედაზე მეტად მინდოდა: იმ ღამეს მე ვიგრძენი რაღაც დიდი, დიდი უმეგობრობა. ვის შევჩივლებდი ჩემს ნაღველს, არავის და ისევ პოეზიას, შევკვნესე, შევტირე.

ის გასცქეროდა მომავალ შარას.
ელოდა მზრუნველს, მეგობარს, ალერსს.
კვირაძლის მწუხრზე ჰგავდა ორშაბათს
და გულის კვამლი უწვავდა თვალებს.
წყევლიდა გამჩენს, ტუქსავდა დედას.67
ახსოვდა, რაც რომ მიუზღო ბრბომა,
დილით მიდამოს რომ გახედავდა -
ნისლივით იდგა უმეგობრობა.
დაოსდა, მოსწყდა უაზრო ცქერით,
იფიქრა იქნებ წვიმად მოვიდეს,
ან იქნებ სადმე ატყდა ნამქერი
და ღრძო ქარებმა ტევით მომიკლეს.
მარტოკამ ქეშად უმზირა ზეცას.
იდგა სიჩუმე. ქაოსთა გროვა.
უცბად მთრთოლვარე მუხლზე დაეცა
და იგრძნო დიდი უმეგობრობა.
წინ ფერს იცვლიდა სიცარიელე.
თერხვს ამოჰქონდა ქვესკნელის ხიდი.
ყელში ხრჩოლავდა მღვრიე ცრემლები,
უკან - შავბნელი დღეების რიგი.
სინათლეს ხელით ძლივსღა სინჯავდა.
მაინც ვაგლახით გახედა შარას.
ზევით კი ქარი ასისინებდა
ცის ნანგრევებში ღრუბლების ჩალას.
უსაფრთხოებას სწუხდა, დარდობდა.
უკუნეთს შერჩა ჭმუნვის სარქალი.
ჯერ ხომ ჩაძმარდა, მერე დაობდა
ღმერთმანი, კაცი ცამდე მართალი.

ამ ლექსში შეიძლება „ლეიტ-მოტივი“, არ არის, მაგრამ გულისტკივილი, ჩემი გულისტკივილი ხომ არის?

კიდევ მოგწერდი, მაგრამ ხომ ხედავ, ადგილი აღარ არის, შემდეგისათვის.

იცოცხლე და იდღეგრძელე, ჩემო ფასკუნჯო, შენი ნიკოსათვის.

31.VII.40. 523

ნიკო სამადაშვილის ეს წერილი, რომელიც პირველად ქვეყნდება, ერეკლე ტატიშვილის პირად არქივშია დაცული. მადლობას ვწირავთ ერეკლე ტატიშვილის მემკვიდრეებს, რომლებმაც ნება მოგვცეს ამ მასალის გამოყენების.

___________________

67. სწორია: სწყევლიდა გამჩენს, ტუქსავდა დედას.

3.14 52. გვირჯიშვილი, მარიამ. ღამის რეცეფცია ნიკო სამადაშვილის პოეზიაში

▲ზევით დაბრუნება


// ლექსმცოდნეობა: ყოველწლიური კრებული / შოთა რუსთაველის ქართ. ლიტ. ინ-ტი. - თბილისი, 2021. - № 13, ლექსმცოდნეობის მეცამეტე სამეცნიერო სესია (მასალები): ეძღვნება ნიკო სამადაშვილს. - გვ. 236-247.

რომანტიზმი, როგორც ლიტერატურული მიმდინარეობა, აღმოცენდა XVIII საუკუნის საფრანგეთში, ბრიტანეთსა და გერმანიაში და შემდგომ გავრცელება პოვა კულტურის არაერთ სფეროში. ლიტერატურაში „რომანტიზმის ჩამოყალიბება უკავშირდება სამყაროს წინააღმდეგობრიობას, რაც აუცილებლობასა და არსებულს, იდეალსა და სინამდვილეს შორის უფსკრულს გულისხმობს. განმანათლებლობის მიერ შემოთავაზებული იდეალების განუხორციელებლობის გამო, რომანტიზმმა შეიმუშავა სინამდვილის დაგმობისა და იდეალების სამყაროში ჩაკეტვის პოზიცია“ (ლომიძე 2017: 73). ამიტომ აღიარებს რომანტიკოსი ორ სამყაროს და ცდილობს, წინააღმდეგობები ხილული სამყაროდან წარმოსახვითში გადაიტანოს, ეს ორი მოცემულობა შეაპირისპიროს ერთმანეთს. მშვენიერია, ის რაც ხილულ სინამდვილეს სცდება. ამან გამოიწვია რომანტიზმის ესთეტიკაში არარეალურისა და ფანტასტიკურის კულტის დამკვიდრება. „მე მგონია, რომ ჩემი სულის მდგომარეობას ყველაზე კარგად ზღაპარში გამოვხატავ, ყველაფერი ზღაპარია“ (კალჰუნი 1992). გერმანელმა მწერალმა და საზოგადო მოღვაწემ, იოჰან ვოლფგანგ გოეთემ საუცხოოდ მოარგო ერთმანეთს სინამდვილისა და წარმოსახვითი სამყაროს ესთეტიკა თავის ლექსში „ტყის მეფე“:

„ჩემო ბიჭუნავ, რატომ ძრწი და ან რა გაფეთებს?
„მამილო, ნუთუ ვერა ხედავ, მურყვანის მეფეს?
მურყვანის მეფეს გრძელი კუდით და თავზე ჯიღით?“
„ჩემო ბიჭუნავ, ზოლები ჩანს მარტოდენ ნისლის.“

(გოეთე, ..)

მურყვანის მეფე ამ ნაწარმოებში ანარეკლია ირეალური სამყაროსი, რომელიც ბიჭუნას შიშს გვრის, რადგან აშკარა დაღუპვას უქადის მას ეს ლანდი. მეორე მხარეს კი ვხედავთ რეალური სამყაროს ნაყოფს, ბიჭის მამის სახით, რომლისთვისაც დახშულია კარი წარმოსახვითის აღქმისათვის.

„ვინ მიქრის ტყეში ასე გვიან, ქარიან ღამით?“ - ამ სტრიქონის წაკითხვისას, შეუძლებელია, პარალელი არ გავავლოთ ქართველი რომანტიკოსის, ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსს - „ხმა იდუმალთან“ („ვისი ხმა არის ეს საკვირველი?“) ამ ორ ლექსს შორის არის უდავო კავშირი არა მხოლოდ პოეტური ლექსიკის თვალსაზრისით, არამედ კონცეპტუალურითაც, მაგრამ თუ გოეთეს „ტყის მეფე“ რომანტიზმის დასაწყის ეტაპად შეგვიძლია მივიჩნიოთ, ბარათაშვილთან უკვე ვხვდებით ჩამოყალიბებულ რომანტიკულ მსოფლმხედველობას. მასთან იდუმალი ხმა აღარ აღიქმება უცხოდ, ზღაპრულ მოვლენად, არამედ რეალურად და თანამდევად ადამიანისა - „ნუთუ ხმა ესე არს ხმა დევნისა / შეუწყალისა სინიდისისა?“ (ბარათაშვილი 1836)

ნიკო სამადაშვილისთვისაც არაა უცხო ხმიანობა, ძირს დამხობილი ღამის ფონზე, მაგრამ მისი „ხმა“ უფრო ახლოა ადამიანთან და ძლიერ სიმბოლურ დატვირთვას ატარებს:

„ხე შრიალებდა, ხე მოსთქვამდა, ხე ქვითინებდა,
ფანჯრის მინებზედ ირყეოდნენ ფოთოლთ ჩრდილები.
ღამე ძირს ემხო, არსაიდან არ თენდებოდა,
და შორს ფეხის ხმა მოისმოდა ბნელ გრიგალების.“

(სამადაშვილი 2003: 105)

„ბნელი გრიგალების ფეხის ხმა“ ისედაც დამწუხრებული, აქვითინებული ბუნების ფონზე კარგს არაფერს მოასწავებს. კონსტანტინე გამსახურდიას ექსპერიმენტულ ნოველაში „ზარები გრიგალში“ შესაშური სიზუსტითაა წარმოდგენილი საბჭოთა ეპოქაში დატრიალებული ტრაგიკული ამბავი. ყოველდღიური პრაქტიკული საზრუნავით თავგზააბნეულმა, რევოლუციის იდეებით გაბრუებულმა ადამიანმა, ნებსით თუ უნებლიედ, ზურგი აქცია ჯვარსა და ეკლესიას. სწორედ ამგვარი დამოკიდებულების ლოგიკური შედეგი აღმოჩნდა შერყვნა ყველაფერი წმინდისა, ეგზისტენციალური კრიზისი, რომელიც „ბნელ გრიგალივით“ დააცხრა

თავს ადამიანს.

აღსანიშნავია, რომ საზოგადოების ეგზისტენციალური ჩიხის გამოსახვა ლექსებში არ არის მხოლოდ ნ. სამადაშვილისეული მოვლენა. გერმანელ მწერალთა კონცეპტუალურ-სახისმეტყველებითი თანამოაზრეები მრავლად გვხვდებიან მსოფლიო ლიტერატურაში და რა თქმა უნდა ქართულ მწერლობაშიც იჩინა ამ ტენდენციამ თავი. გალაკტიონ ტაბიძე ერთ-ერთი ამ თანამოაზრეთაგანია: „მე ვიცოდი, რომ ადამიანებს შორის აღარ არის არავითარი კავშირი, უსულო და უგულო ანგარიშების გარდა, რომ ამაოდ წყუროდათ ამ ადამიანებს იდეალი და ჰარმონია, რომ ეგოისტურმა ანგარიშებმა

სრულიად წალეკეს ლტოლვა არაქვეყნიურ ოცნებისადმი, გაჰქრა მწუხარება ვაკენროდერის, გაჰქრა ზმანებები ნოვალისის“ (ტაბიძე 1975: 20).

ლექსი „აღარ არის მენესტრელი“ თვალსაჩინოს ხდის გალაკტიონის დამოკიდებულებას ნოვალისისადმი, გერმანული რომანტიზმისადმი მის კონცეპტუალურ-ესთეტიკურ თანამოაზრეობას:

„ეს ოცნება არის ჭრელი
ფიქრი ბნელი ღამისა
აღარ არის მენესტრელი
უნაზესი დამისა.
იყო ირგვლივ ზიანება
და ყორნების ჩხავილი,
თოვლმა სილას მიანება
ნოვალისის ყვავილი.
მაგრამ გულში დარდს ნუ ისევ,
ოცნება ნუ გშორდება,
ყოველივე იგი ისევ
ისე განმეორდება.“

(ტაბიძე 1973: 192)

ლექსში იკვეთება შემდეგი პოეტური სახეები და კონცეპტები: ღამე, ოცნება, ყვავილი. პოეტური კონცეპტები „მენესტრელი“ და „ნოვალისის ყვავილი“ ქმნის საერთო სახისმეტყველებით სიბრტყეს, კერძოდ, არის ტრანსცენდენტური საღვთო რეალობის სიმბოლო, რომლის საშუალებითაც, გალაკტიონი ეგზისტენციალურ ჩიხზე მიანიშნებს, რომელიც გამოწვეულია ღვთაებრივის ყოფიერებასა და ადამიანის სულიერ ცხოვრებაში რედუცირებით. „თოვლმა სილას მიანება ნოვალისის ყვავილი“ ისევე, როგორც „ნაწვიმარ სილაში“ აღმოჩნდა გალაკტიონის „ვარდი“, ანუ თვალსაჩინოა სულიერი კრიზისი, რამაც წარმოქმნა დაკარგულ ღვთაებრივ ყოფიერებაზე ოცნება, მისი მოგონების ალუზია. თუმცა ლექსი პოზიტიურ ნოტზე სრულდება, რაზეც მიუთითებს

ღამის ქრონოტიპი, იგი პირველქმნილ მეტაფიზიკურ ღამეზე მიგვითითებს, რომლის წიაღშიც იშვა ღვთაებრივი ნათელი.

ნიკო სამადაშვილის შემოქმედებაში ღამის თემატიკა მეტად აქტუალურია და, ამასთანავე, ტრაგიკულიც:

„აქ მონასტერი ზარს აღავლენდა,
ღობის ქათიბზე ეძინათ იებს,
ღამეს დავშორდი ქარიშხლებს გაღმით
და განთიადებს ვერ დავეწიე.“

(სამადაშვილი 2003: 26)

აღნიშნულ ლექსში („ის კიდევ სწერდა ლექსებს“) პოეტის სულიერი კრიზისია დახატული. მართალია, მან თავი დააღწია ღამეს, მაგრამ განთიადამდე მიღწევა ვერ შეძლო. ლექსი წინასწარმეტყველური, პროფეტული ხასიათისაა, პოეტს საკუთარი კუბო

მხრებით მიაქვს და „მარადისობა ცის ქვეშ ყბედობს“. სამადაშვილი ფიქრობს, რომ ვერ გაარღვია ადამიანური ჩარჩოები, ვერ ამაღლდა მარადისობამდე, ამიტომ არის, რომ ღვთისმშობელი შეწუხებულია, მას ეცოდება პოეტი, თანაუგრძნობს მის სულიერ წამებას:

„სადღაც ღვთისმშობელს ვეცოდებოდი...
ღამეს დავცილდი - ტიალ უკუნეთს
და განთიადებს ვერ დავეწიე.“

(სამადაშვილი 2003: 26)

ადამიანს სჭირდება სიახლოვე მარადიულთან, საღვთო გამოვლინებასთან, რათა შეიძინოს და შეინარჩუნოს იმედი, მას არ სურს არყოფნის დაჯერება, ამიტომაცაა, რომ მუდამ ცვლის სხვად და სხვაგან ყოფნად, ცდილობს უფრო თვალსაჩინო, ხელშესახები გახადოს იგი, რაც საბოლოოდ სიკვდილის მტანჯველი შიშის დაძლევას ემსახურება, მაგ.: ბერძნულმა მითოლოგიამ თანატოსი უწოდა სიკვდილს. მას რკინის გული აქვს და სწორედ ამიტომ არ იცოდებს არავის, მაგრამ მეორეს მხრივ იგი ერთადერთი არსებაა, რომლის მოსყიდვაც არ შეიძლება, რაც მას გარდაუვალს ხდის. განსხვავებით ნიკო სამადაშვილისაგან, გალაკტიონთან მარადისობა აცლის მწუხარებას სიკვდილს:

„აქ მწუხარე სასაფლაოს, ვარდით და გვირილით,
ეფინება ვარსკვლავების კრთომა მხიარული...“

(ტაბიძე 2014: 56)

ზეცა, ვარსკვლავების მარადისობიდან მხიარულად უყურებს სასაფლაოზე განფენილ წარმავალ ყვავილებს: ვარდებს, გვირილებს, რადგან იცის, უკვდავთა ასპარეზიდან დაჰყურებს მოკვდავ, წარმავალ სამყაროს, ამიტომ არ აშინებს სიკვდილი და დასცინის კიდეც მას. ნოვალისის „ღამის ჰიმნებში“ ლირიკული გმირის სატრფოსადმი ლტოლვა სიმბოლიზებულია სულიერი სრულყოფის, უსასრულობისა, და ტრანსცენდენტურობის შემმეცნებელი სუბიექტის სწრაფვაში. შესაბამისად, იგი გარდაიქმნება სამოთხისეული ეგზისტენციის სიმბოლოდ: „ნისლში შთაინთქა მთა და

ვიხილე სატრფოს ნათლითმოსილი ნაკვთები. მის თვალებში დაევანა მარადისობას. ხელი შევავლე სასურველს და ცრემლები იქცნენ მბრწყინავ, უწყვეტ მძივად. ათასწლეულები წარილტვნენ შორეთში, ვით ავდრის ქარები. მის ყელს დავადინე ნეტარების ცრემლები ახალი ცხოვრებისათვის. და ეს სიზმარი ერთადერთია. მხოლოდ მას შემდეგ ჩამესახა მარადი, შეურყეველი რწმენა ღამეული ზეცისა და მისი ნათლისადმი - სატრფოსადმი“ (ნოვალისი 2007: 18)

ნოვალისსა და გალაკტიონთან ღვთისმშობლისადმი ლირიკული გმირის მისტიკური სწრაფვა სიმბოლურად უკავშირდება დაკარგული საღვთო ყოფის კვლავ მოპოვების, რწმენის დაბრუნებას, სიკვდილითა და სიზმრის პოეტური სახეებით, - ეს კი ერთგვარ გარდამავალ საფეხურს წარმოადგენს, რომლის გადალახვით ლირიკული გმირი სრულქმნას აღწევს. ღვთაებრივ ყოფიერებაში დაიმკვიდრებს ადგილს:

„მარიამ, გიხილე ათას ხატებში,
ვერვინ შეგიცნობს ვით სული ჩემი.
მე ვუწყი მხოლოდ, წუთისოფელი
მას მერე სიზმრად განმიქარდება,
და უტკბილესი, უთქმელი ზეცა
მარად ჩემს სულში ჩამესახება.“

(ნოვალისი 1981: 198)

ნიკო სამადაშვილის „ღამე“ კი, ერთი შეხედვით, პოლ ვერლენის სიმბოლურ ღამეს მოგვაგონებს, რომელიც აპოკალიფსური დაქცევისა და აღსასრულის გამომხატველია და არა საღვთო ეგზისტენციის დასაწყისისა, მაგრამ დარდი და სინანული, ბრძოლა გრიგალებთან, სურვილი „განთიადის დაწევისა“ მაინც ტოვებს უკეთესის იმედს, გათენების მოლოდინს.

აკადემიკოსი გურამ ხარატიშვილი იგონებს თუ რამდენად ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა მასზე ნიკო სამადაშვილის ლექსებმა პირველად მოსმენისას: „განვცვიფრდი. ქვეცნობიერმა სახარება ამოაკრთო, რომელიც პაპაჩემის სასთუმალთან დაუნჯებული წიგნი იყო“ (ხარატიშვილი 2002: 30). მხოლოდ ამ შეფასების მოსმენაც კი კმარა იმის მისახვედრად, თუ რაოდენ ძლიერად გაუდგამს ქრისტიანულ დოგმებს ფესვები სამადაშვილის შემოქმედებაში და წარმოუდგენელია ამგვარი ადამიანი ტრაგიკული, უიმედო, ურწმუნო ღამის პოეტად მოვნათლოთ, რომელსაც დღე, ღვთიური ნათელი დასცილებია:

„მე მივქროლავდი როგორც უდაბნო,
ცხედარზე უფრო დაუზარებლივ...
და მსოფლიოდან ისევ მეძახდნენ
ცადაკარგული ხშირი ზარები.“

(სამადაშვილი 2003: 43)

ზარი ოდითგანვე სიმბოლოს წარმოადგენდა და განსაკუთრებული ადგილი ეკავა ჩვენი ხალხის, და არა მარტო ჩვენი ხალხის, ცნობიერებაში. ზარის რეკვით იწვევდნენ ხალხს განსაკუთრებული შემთხვევებისათვის, იქნებოდა ეს: სახალხო კრება, დღესასწაული, ომის დასაწყისი თუ ა.შ. გზააბნეულ მგზავრსაც გზას, სწორედ ზარის ხმა უკვალავდა.

„ზარის ჟღერადობა საშუალებას აძლევს ყანაში მომუშავე გლეხს ან მგზავრს გზაში, რომ აზრით, გონებით ტაძარში იყოს. ის თითქოს ადამიანის სადარაჯოზეა. იგი სინდისისაკენ უხმობს მას, ვინც დაივიწყა თავისი ვალი და არასწორი გზით წავიდა. ზარი ეკლესიის ხმაა, მძინარე კაცობრიობის გამომღვიძებელი“ (გურული 2006: 612).

ნიკო სამადაშვილის შემოქმედებაში ტრაგიზმს ზარისა და სამრეკლოსათვის ამ უკანასკნელი ფუნქციის წართმევა ქმნის. მრავალფეროვნებით არ გამოირჩევა ეპითეტები, რომელთაც პოეტი სამრეკლოს დახასიათებისათვის იყენებს: „პირქუში“, „მოწყენილი“, „კრიჭაშეკრული“, „ატირებული“. ამგვარი აღწერა მხოლოდ ერთ რამეზე მიგვანიშნებს - სამრეკლო დუმს, რადგან დაკარგა ფუნქცია, დაკარგა „ცა“, ამიტომ მას აღარ შესწევს უნარი ადამიანთა სადარაჯოზე დგომის და ვეღარც გზააბნეულ მგზავრს

დაუბრუნებს ჭეშმარიტებას. მაგრამ პოეტის გულისტკივილი, წუხილი, რომელსაც ეგზისტენციალური ჩიხი, სარწმუნოებრივი კრიზისი იწვევს, ისევ და ისევ იმდროინდელი ტოტალიტარული რეჟიმის, საბჭოთა იდეოლოგიისა და რელიგიისადმი მიდგომის მხილებად უნდა ჩავთვალოთ და არა პოეტის პირად დამოკიდებულებად რელიგიისადმი:

„სამრეკლო იდგა მუდამ პირქუშად,
თუ დარეკავდა გაყრიდა ნაგავს,
სვეტიცხოველი ზურგით ზიდავდა
თუნგში ჩამოსხმულ ქოთქოთა არაგვს.“

(სამადაშვილი 2003: 48)

„ნაგავში“ პოეტი ტოტალიტარული რეჟიმის მიერ მოტანილ იდეოლოგიას უნდა გულისხმობდეს, რომელსაც სამრეკლო გაყრიდა, თუ მას თავისუფლად რეკვის უფლებას მისცემდნენ. მაშასადამე, ნიკო სამადაშვილის ლირიკის სახე-სიმბოლოები გადაჯაჭვულნი არიან ნარატორის პოეტად ჩამოყალიბების ხანასთან და იმ დიდ ეროვნული უბედურების გამოაშკარავებას ემსახურებიან, რომლის წინაშეც საბჭოთა ადამიანი იდგა.

ღამეს აუცილებლად უნდა მოჰყვეს დღე, ნათელი, რომელიც გამოაღვიძებს არემარეს, სხვა შემთხვევაში ადამიანი დაიღუპება. ილია სწორად აფასებდა ქართვლისა და ქართველი ერის მდგომარეობას, ლექსში „ელეგია“ მიძინებული ქართვლის სურათს პოეტი ნეგატიურად სწორედ ამიტომ აფასებს:

„ოხ, ღმერთო ჩემო! სულ ძილი, ძილი,
როსღა გვეღირსოს ჩვენ გაღვიძება?!“

(ჭავჭავაძე 1859)

აშკარა ნეგატივი იკვეთება გალაკტიონის ლექსშიც:

„და მჯერა: ვინმე განთიადამდე
ისმენს ამ ოხვრას და მწარე გმინვას,
კივის... დაეძებს ნათესავს, ლანდებს
და ყველას სძინავს, სძინავს... ოჰ! სძინავს.“

(ტაბიძე 1915)

იმედი ჯერ კიდევ არის, ბუნებისა და ადამიანის, ამ, ერთი შეხედვით, წყნარსა და ნეტარ ძილში დროგამოშვებით ტანჯვის მკვნესარე ხმა ისმის, ჩანს ქვეყნის მაცოცხლებელი ძარღვი მთლიანად არ არის მოდუნებული, ვიღაც ჯერ კიდევ ფხიზლობს, ხედავს იმ დიდი უბედურებას, რაც მის სამშობლოს, მის ხალხს თავს დასტყდომია და წუხს. ეს წუხილი კი უკვე დასაწყისია გამოღვიძებისა. გავიხსენოთ ნიკო სამადაშვილის ლექსი „სვეტიცხოველი“:

„სამშობლოს კალთა შემოახიეს,
ხატებს თხუპნიდნენ მურით, ნახშირით.“

(სამადაშვილი 2003: 151)

საუკუნეთა „ბუდეა“, პოეტის აზრით, ეს ტაძარი, სადაც „დროთა ხაფანგია დაგებული“. სწორედ აქ დაფლეს ქრისტეს პერანგი და აქ გალობდნენ ქრისტიანები და ზარებს რეკავდა მაცხოვარი. ლექსის დასასრულს წარსულს ახლანდელი ენაცვლება, დრო, როდესაც მურითა და ნახშირით თხუპნიან ხატებს. სისხლისმსმელი არმაზის (ყრმათა სიცოცხლეს ითხოვდა მსხვერპლად) ნაცვლად, ნიკო სამადაშვილის დროებაში კომუნისტური, ბოლშევიკური რეჟიმი მართავდა „სისხლში გასვრილი წარმართი ხელებით“ ქვეყანას. ლექსში „პოეტის ლოცვა“ მრავლად გვხვდება ქრისტიანული

სახე-სიმბოლოები:

„მოხუცი მნათე ტაძრის უკან თვლემს და ჩიფჩიფებს,
თითქოს სამრეკლოს მწუხარებას შეუვერცხლია,
ბალახზე სცნობდა დილით ქრისტეს ფეხის ნაბიჯებს,
თურმე ქრისტესთვის ერთხელ თმებიც დაუვარცხნია.“

(სამადაშვილი 2003: 185)

ამ ლექსს მოეპოვება უსათაურო ვარიანტიც, სადაც ბოლო ორი სტრიქონი შეცვლილია:

„ბალახზე სცნობდა ყოველ დილით ქრისტეს ნაფეხურს,
თურმე იმის წინ ნინოს თმებიც დაუვარცხნია.“

(სამადაშვილი 2003: 266)

ტაძრის ეზოში ისევ ხარობენ ასწლოვანი ხეები, მაგრამ „მთვლემარე“ მოხუცი მნათე უკვე ვეღარ ცნობს ქრისტეს ნაფეხურებს ე.ი. მაცხოვრის მიერ განვლილ, გაკვალულ გზას. გაქრა მისი სიახლოვე ქრისტიანულ სარწმუნოებასთან, რაც ქრისტესათვის, ან წმინდა ნინოსათვის თმის დავარცხნით გამოიხატება. მაგრამ იმედი მაინც არსებობს, რადგან ტრაპეზის უკან აკვნის რწევის ხმა ჯერ ისევ არ მიჩუმებულა, პოეტს კი ღრმად სწამს, რომ „უბედურ“ მოხუც მნათეს „მაცხოვარი შეჩვევია“.

სოციალურად ბედკრული ადამიანის გასაჭირის დახატვით პოეტი თითქოს იმ საყოველთაო გასაჭირზე მოგვითხრობს, რომელიც ქართველ ერს დასტყდომია თავს:

„მათხოვარი ზის, როგორც ობობა -
მყარ ჯოჯოხეთის მოხდილი ბკეა,68
არც ზღაპარია, აღარც მოთხრობა,
ის თითქოს ჩიტებს აუკენკიათ.“

(სამადაშვილი 2003: 47)

ნიკო სამადაშვილი პოეტი მხატვარია. პირველ სტრიქონში გვიხატავს დამუნჯებულ, გაარაფრებულ მათხოვარს, რომელიც ნაწყალობევს ჩასაფრებია. მეორე ტაეპი ამ წარმოდგენას უფრო ნათელს ხდის ყნოსვისმიერი შეგრძნების დამატებით. ჯოჯოხეთი

და პკე, თავის მხრივ, შიშსა და ზიზღს იწვევს ადამიანში. მესამე სტროფში მათხოვარი წარმოდგენილია მატერიად, რომელიც არც ცხადია და არც მოჩვენება, რაღაც ყოფნასა და არყოფნას შორის. მეოთხე სტროფი კი გვამცნობს, რომ ეს საზიზღარი, ადამიანთათვის უვარგისი არსება ჩიტების საკენკად არის გადაქცეული. მას დაკარგული აქვს თავისი ადგილი ამ სამყაროში. ფაქტობრივად, ყოველი მომდევნო სტროფი წინამორბედს ხსნის და საბოლოოდ ვიღებთ მძლავრი ემოციებითა და განწყობილებით დატვირთულ სურათს, რომელიც პოეტის სულის გამოძახილს გადმოგვცემს.

თემო ჯაფარიძე, ამ მისტიკური სტროფის ინტერპრეტაციისას, აღნიშნავს: „მათხოვრის იერსახის ტრაგედია ბევრად სცილდება სოციალურად ბედკრულის გასაჭირს, ზოგადდება და იმდენად საყოველთაო შინაარსს იძენს, რომ მასში მარადისობის მთხოვნელი ზოგადადამიანი დაინახება. მასში ამაოების ყველა საშინელებათა მხილველი სასოწარკვეთილი ეკლესიასტეც შეგვიძლია განვჭვრიტოთ. არა მხოლოდ ეკლესიასტე, არამედ წარმავლობასთან გონით და განცდით შებრძოლებული ყველა ნატანჯი მაძიებელი“ (ჯაფარიძე 2003: 551).

პოეტი-ნარატორი ოსტატურად არგებს ერთმანეთს, ერთი მხრივ, ქრისტიანულ, მეორე მხრივ, არქაულ (მითოლოგიურ), ხალხური რელიგიის მოტივებს. მაცხოვრის სახის გვერდზე ვხვდებით ადამიანთა მსხვერპლშეწირვას, ზედაშეებს, სიმბოლურ ორშაბათსა და რჯულგაწყვეტილ ექვს ქრისტიანს, უძეგლო ხუროთმოძღვარს, მათხოვარს და ა.შ. ლექსის დასასრულს კი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს იმდროინდელ ადამიანთა სულიერ დაცემაზე, სიკეთის, სინათლისაგან განდგომაზე - მიტოვებული, ნაგვით დაფარული სამრეკლოს, მათხოვრისა და უკანასკნელი ქრისტიანების ხსენებით: „უსინანულოდ ვტოვებდით ტაძარს, უკანასკნელი ქრისტიანები“ (სამადაშვილი 2003: 48). ურწმუნოებამ შეაკრთო მაცხოვარი, მასთან ერთად მათხოვარიცა და სამრეკლოც მიატოვეს ადამიანებმა, თუ ერთი ჩიტების საკენკად იქცა, მეორეს მტვერი ფარავს, უკანასკნელი ქრისტიანები კი, რომლებიც უსინანულოდ ტოვებენ ტაძარს ადამიანთა გულგრილობაზე მიგვანიშნებს, რწმენის მიმართ გულაყრილობაზე.

ბეთანიიდან მომავალმა მაცხოვარმა „იხილა ლეღვი ერთი გზასა ზედა და მოვიდა მისა და არარაი პოვა მას შინა, გარნა ფურცელი ხოლო. და ჰრქუა მას: ნუღარ იყოფენ ნაყოფი შენგან საუკუნოდ. და განხმა ლეღვი იგი მეყსეულად“ (მათე 21: 19). უნაყოფო, ფუტურო ადამიანიც სწორედ ამ ლეღვს ჰგავს - იფოთლება, მაგრამ ნაყოფს არ იძლევა. ლექსიდან გამომდინარე კი, ლირიკული გმირები „რჯულგაწყვეტილი ექვს ქართველია“, რომლებიც სინანულის ნაყოფს აღარ ისხამენ. საინტერესოა თავად რიცხვი ექვსის სიმბოლური რაობა. ჩვენთვის ცნობილია, რომ სამყაროს შესაქმის დღეების რაოდენობა განისაზღვრება ექვსით, რაც სრულყოფას აღნიშნავს, ანუ ღვთის მიერ სრულქმნილი სამყარო ისეთივე იდეალური და უნაკლო იყო, როგორც რიცხვი ექვსი. სწორედ ამიტომ აქვს ამ რიცხვს განსაკუთრებული სიმბოლური დატვირთვა მსოფლიო ლიტერატურაში. მაგალითად: წმინდა ნინოს ექვსწლიანი მოღვაწეობა განესრულა მეშვიდე წელს - მირიან მეფის მონათვლითა და ქრისტიანობისათვის სახელმწიფო რელიგიის სტატუსის მინიჭებით. შუშანიკი ექვსწლიანი ტანჯვის შემდეგ, სწორედ, მეშვიდე წელს, აღესრულა.

რიცხვი შვიდი უძველეს ხალხებში არის სამყაროს უნივერსალური კოსმოლოგიური კონსტანტა. გავიხსენოთ, თუნდაც, თებეს მითი: შვიდსიმიანი კითარით აგებული შვიდბჭიანი თებე შვიდი თაობის მანძილზე არსებობდა, ასევე შვიდი თაობის მანძილზე ცოცხლად მყოფი მისი წინასწარმეტყველის მეტამორფოზათა შვიდწლიანი ციკლები მხოლოდ და მხოლოდ ამ რიცხვის საკრალურ, სიმბოლურ მნიშვნელობაზე მიუთითებენ. ამგვარად, ექვსს განასრულებს შვიდი და ნიკო სამადაშვილის ექვსი ქრისტიანიც ვიღაც მეშვიდეს ელის, ვინც მათ ერთადყოფნას განასრულებს, „რჯულგაწყვეტილობას“ ჩამოაცილებს და დააბრუნებს ნათელში.

მართალია, ნიკო სამადაშვილის პოეზიაში ჩანს დაცემის, აღდგომის, რწმენის, ურწმუნობის, ეჭვის მომენტები, მაგრამ არა დანებებისა, ხელის ჩაქნევისა, პოეტი მუდამ თვითსრულყოფის პროცესშია - მის ლექსებში მუდამ იცოცხლებს ქრისტეს ცხოვრების მისტერია, რომელიც „საუკუნეებს გაყვება მეხრედ“. მაშასადამე, ნიკო სამადაშვილი არა ღამის, არამედ - „ღამისთევის პოეტია“, როგორც მას თემო ჯაფარიძე უწოდებს, საკითხზე - ნათელია თუ პირქუში ნიკო სამადაშვილის პოეზია, მსჯელობისას: „რა თქმა უნდა ნათელია, რადგან ყველა სიბნელე, ფიზიკურიც და განცდისმიერიც, გასათევად არის მასში მომართული, ყველა ტკივილი ჭეშმარიტი სიხარულის მოსაპოვებლად არის. ეს არის ღვთით კურთხეული წმინდა გათენებისთვის ტანჯული ღამისთევის პოეზია“ (ჯაფარიძე 2003: 559).

ამგვარად, ნიკო სამადაშვილის სიახლოვე რომანტიზმთან, როგორც ლიტერატურულ მიმდინარეობასთან, მისი ლირიკული გმირების მისტიკური სწრაფვა, ოცნება დღეზე, უკმაყოფილება რეალობით, სიმბოლურად უკავშირდება დაკარგული საღვთო ყოფის კვლავ მოპოვებას, რწმენის დაბრუნებას, რომელსაც მოკლებული იყო ათეიზმის ჟამს მცხოვრები ადამიანი.

___________________

68. სწორია: პყარ ჯოჯოხეთის მოხდილი პკეა,

3.15 53. გოგია, ხათუნა. სივრცობრივი ასპექტები ნიკო სამადაშვილის პოეზიაში

▲ზევით დაბრუნება


// ლექსმცოდნეობა: ყოველწლიური კრებული / შოთა რუსთაველის ქართ. ლიტ. ინ-ტი. - თბილისი, 2021. - № 13, ლექსმცოდნეობის მეცამეტე სამეცნიერო სესია (მასალები): ეძღვნება ნიკო სამადაშვილს. - გვ. 44-54.

ქრონოტოპზე (დროისა და სივრცის ერთობლიობაზე მხატვრულ ნაწარმოებში) უფრო ხშირად პროზასთან დაკავშირებით საუბრობენ, მაგრამ ოდნავ განსხვავებულად უნდა განვიხილოთ ის პოეზიაში. თუ პროზაში ე.წ. „სივრცული არქიტექტონიკა“ უპირველესად თხრობის სტრუქტურასა და პერსონაჟთა ფსიქოლოგიის გახსნას ემსახურება, ლირიკაში სივრცული მოდელები და მათი კონფიგურაცია, ზოგადად, შემოქმედის შინაგანი სამყაროს, მისი მსოფლმხედველობის, ინდივიდუალურ-ესთეტიკური თვალსაწიერის ცხადი ანარეკლი და „გასაგნებაა“. პროზაში ქრონოტოპი გამიზნული და წინასწარ ორგანიზებულია, ხოლო ლირიკაში, შესაძლოა, არაცნობიერად კონსტრუირდებოდეს. ჩვენი მიზანია, დავაკვირდეთ სივრცის წარმოდგენის მხატვრულ საშუალებებსა და მახასიათებლებს ნიკო სამადაშვილის პოეზიაში. ვფიქრობთ, ამ თვალსაზრისით მისი შემოქმედება საყურადღებოა.

1. ფიზიკური და მეტაფიზიკური ქრონოტოპი. ნიკო სამადაშვილის ლექსების მხატვრული სივრცის წყობაში თვალსაჩინოა ორი ძირითადი სეგმენტი: ა) მშობლიური, ნაცნობი ადგილების პეიზაჟები, რომელიც ზოგადად სამყაროს ტოლია, მისი მოდელია. ამას პირობითად ვუწოდეთ ფიზიკური ქრონოტოპი; ბ) მიღმა მხარეს, კი მის საპირისპიროდ - მეტაფიზიკური ქრონოტოპი; სივრცის ამგვარი დაყოფა და მონაცვლეობა კარგად ჩანს სათაურების ესთეტიკაშიც: „გადმორბენა სამყაროსკენ“, „დაუსაბამობის ხილვა“, „იქით“ „წუთისოფლიდან უკვდავებამდე...“ პოეტი არ ეტევა მატერიალური სამყაროს ზომებში. მისი გონება და აღქმა სცილდება ემპირიულს, მასზე შორს, „კარგა გაღმა“, „იქით“ გადის. ის მიანიშნებს ინტუიციით ნაგრძნობ არამატერიალურ სივრცეებზე. სწორედ იქ ხდება რაღაც ყველაზე მნიშვნელოვანი.

სხვანაირად თუ ვიტყვით, მოვლენა, რომელიც პოეტის არსებაში ძლიერ ემოციას აღძრავს, მატერიისა და წუთისოფლის კანონებით ვერ აიხსნება. ამისი გამოსახვა ტექნიკურად ადგილის ზმნიზედების გამოყენებით ხდება:

- სადღაც მნათე ზეცის თაღს რეკს წუთისოფლის კარგა გაღმით... („ალიონამდე“).

- სამყაროს გაღმა ჩაივლის ვიღაც, ჩაფიქრებული, როგორც მისანი („დარდი ბუხართან“).

- მოუყევ: ქარებს გადაჰყვა ღამე, რაღაც საოცრად წაიმხედრულა, ორჯერ იკივლა სამყაროს გაღმა და უკან აღარ დაბრუნებულა („ღია ბარათი“).

- ქარს მთვარის ელვა მსოფლიოს უკან წლების შუქივით გადაეწია („გადმორბენა სამყაროსკენ).

- ხან მთის კონცხიდან ოდნავ ხედავდი სამყაროს იქით მიმავალ მგზავრებს („ფერისცვალება“).

- პლანეტებს მიღმა ვიღაც ნანობდა, ვინ იცის, ბარში ვეღარ დაბრუნდეს... („შიში მეფინა მხრების ზემოდან“).

- დასაბამს იქით მთვარე დაჰყრის სინათლის მორებს. ბურუსის იქით ჩიტებივით დავიკარგებით! („გული და ჯანღები“).

მსგავსი მაგალითების მოყვანა კიდევ მრავლად შეიძლება.

„ატენის სიონის“ პირველ ორ სტროფში პოეტის ხედვის რაკურსი ჯერ ცხად ჰორიზონტს მიუყვება, მხატვრულად ასახავს რეალურ გეოგრაფიულ ობიექტებს: ატენს, ბეთანიას, გარდტანის კლდეს, მდინარე ტანას, ლომისს... ხედვის დიაპაზონი ნელ-ნელა, ტაეპ-ტაეპ იზრდება და ფართოვდება. სივრცე უფრო და უფრო მრავალფეროვანი, მრავალკომპონენტიანი ხდება. თანდათან ჩნდება მთა, ტყე, ბნელი გამოქვაბული, მღვიმე, ნისლიანი ხევი, გზები, ბორცვები... ანალოგიურად, „უკანასკნელი ქრისტიანების“ სივრცულ არქიტექტონიკაში რეალური ტოპონიმი ალგეთია და მის გარშემო გაშლილია უზარმაზარი სივრცე: ოკრობოკრო ფერდობები, ცხვრის ფარაშეფენილი, „ნაირფერად მხრჩოლავი“ მთები, ფლატეები, კლდეები... პოეტი ისეთ ვრცელ პანორამას მოხაზავს, თითქოს ამ ყველაფერს დიდი სიმაღლიდან უყურებდეს. სივრცეში არ შეიძლება არსებობს რეალური წერტილი, საიდანაც ეს ყველაფერი ერთბაშად შეიძლება გამოჩნდეს. ხედვის ეს წერტილი მხოლოდ პოეტის წარმოსახვაშია. ლექსებს აქვს ემოციური კულმინაცია, სადაც ფიზიკური ქრონოტოპი გადადის მეტაფიზიკურში. სივრცე უკვე იმდენად გადასცდება გრძნობად მატერიას, რომ კარგავს ფიზიკურ მახასიათებლებს, აბსტრაგირდება და იძენს მისტიკურობას: „სადღაც მღვიმეში ენთო კანდელი, /ხელში ხატები ეჭირათ ჩრდილებს. /მოციქულებს კი, გარდტანის კლდეზე, /ჩასძინებოდათ აღთქმით დაღლილებს“. პეიზაჟები გარდაისახება ზერეალობის გამომხატველ, იდუმალ სურათებად. „გაღმით ბორცვებთან“ რჩება საშიში სივრცე, რომელიც მითოლოგიური განსახოვნებით იხატება. ეს არის ადგილი, სადაც „ჟამს კივილით ჩამოყოლილი კერპები“ თვლემენ /„ატენის სიონი“/.

2. „ქვედა“ VS „ზედა“ იერარქია. სივრცე არ არსებობს მოძრაობის გარეშე. გარდა იმისა, რომ არსებობს სამყარო და მის „მიღმა მხარე, „აქ“ და „იქ“, სააქაო და საიქიო, ხშირად ლესებში დაფიქსირებულია მოძრაობის მიმართულება ზევიდან ქვევით ან პირიქით. „უკანასკნელ ქრისტიანები“ იწყება ასე: „დავეშვით ქვევით და ბეთანიამ /ზურგი გვაქცია, ტყეს შეეფარა!.. „ატენის სიონიც“ კი ასე: „დასაბამს ქვემოთ აქ ტყე ბუდობდა“ ... ორივე ლექსში დასაწყისიდანვე გამოკვეთილია მოძრაობის მიმართულება - დაშვება - ზევიდან ქვევით, რაც ქმნის უიღბლობისა და ტრაგიკულობის გამომხატველ დაღმავალ განწყობას. რაკი არსებობს აღმავალი და დაღმავალი მოძრაობა, გამოდის, რომ ნ. სამადაშვილის პოეტური სივრცე იერარქიულია. ამ იერარქიაში ქვედა, დანისლულ მხარეს წუთისოფელი მდებარეობს და ის უფრო ხშირად მუქი ტონებით გამოისახება. წუთისოფლის - ყველაზე ცხადი და ხშირი მახასიათებელია სიბნელე და ნისლი, რომელსაც შუადღის მზეც კი ვერ ფანტავს. მასში სინათლის მხოლოდ თხელი სვეტები აღწევენ. ადამიანები შავად ჩანან, თითქოს ჯვარზე იყონ გაკრულები. ეს სივრცე რაღაც დიადი მთელის საშიში და ხიფათით სავსე დაბალი განზომილებაა: „ქვეყნიერება ჩვენ დაგვიგეს კაკანათივით, ქაოსებს იქით... კრიჭაშეკრულ სამრეკლოებთან” („გული და ჯანღები“). სააქაო, როგორც კიბის უქვემოესი საფეხური, გამოისახება სხვადასხვაგვარად:

ა) ხრწნის კოშმარული კადრებით;

ბ) ქარის, ქარიშხლის, გრიგალის პოეტიკით;

გ) საშიში ხმების გადმოცემით.

ა) ხრწნის კოშმარული კადრები:

„ქარი საფლავში ჩაგიგებს ბუმბულს, სიმსივნით გული გაიბერება, შენს თავის ქალას, ჯირკთან მიგდებულს, მინდვრის ბალახი გამოერევა“ („ბალახი როცა ამოვა“);

- „მეც მარტო ყოფნა ათასწლობით მომეწყინება. თავის ქალაქში მწვანე ხვლიკი შეძვრება ღამე, ძვლებზე შემხმარი დაფიქრება მოეწონება და მატლებდახრულ თვალებიდან გახედავს ბაღებს“ („გამხმარი კაცი“);

- „ეგ თავის ქალა კლდეს ექნება პირში გაჩრილი და შენს ხერხემალს სალამურად გამოიყენებს, არმაზის კერპი, ან ქარების ტიალი დოღი, სანამ გრიგალებს, შენს ძვლებს კვერთხით დააყრევინებს, გოლგოთის მთიდან მორეკილი ღმერთების ჯოგი“ („ქვეყნიერებას უცქეროდი ათასნაირად“) .

საყურადღებოა, რომ პლანეტებიც კი ხშირად მიწიერი დასაზღვრულობით, შფოთითა და ტრაგიზმით ხასიათდება, რაც იმით აიხსნება, რომ ისინიც მატერიაში არიან მოქცეულნი, მისი ნაწილები არიან და მისი მახასიათებლები აქვთ:

- „კვამლო, არ შეწყდე, გასწიე ზევით, გაჭვარტლე ზეცა, ღმერთმაც ვერ გვძლიოს, უსაზღვროება ისე შესუდრე, რომ ჩემს პლანეტას გზა აერიოს“ („დარდი ბუხართან“).

- „ვიღაც გასცემდა მბორგავ პლანეტებს, უკუნეთს გაღმით, დიდ სიშორეზედ“ („კიდევ“).

ვარსკვლავები აღქმულია ძალიან მიწიერსა და ყოფით განზომილებაში: „ვარსკვლავნი ისე მოსჩანდნენ ღამე, თითქოს ზეცა ჩრჩილს ამოეჭამა“. ვარსკვლავების ასეთ კონტექსტში ხსენებას სიმაღლის შეგრძნება არ ახლავს, ზეცაც კი დაჩრჩილული და ნაკლულია. მიუხედავად იმისა, რომ „ჩრჩილით ამოჭმული ზეცა“ ვერტიკალურად ზედა მიმართულებაა, არ შეიძლება იყოს გამოხატულება ზესთასოფლური სიმშვიდისა და წესრიგისა, ესეც უფრო ხრწნადი რეალობის გამოსახვაა. გამოდის, რომ ზედა იერარქია გულისხმობს არა ემპირიულ სიმაღლეს, არამედ მაღალი სულიერების მეტაფორაა და იგი შინაგანად განმსჭვალავს რეალურ სამყაროს. ზეაღმავალი სულიერება ნათელი და გამჭვირვალე სახე-ხატებით იხატება, ხოლო ქვედა კი - მუქი, კოშმარული სახეებით. პოეტი მონაცვლეობს ამ სივრცეებში თავისი სულიერი განწყობილებების შესაბამისად. მუდამ იგრძნობა სწრაფვა სიმაღლისკენ. ის, მუდამ დაძაბულია, ცერებზე დგება, რომ მაღლა აიწიოს, ზღვა სივრცეებში გადაინაცვლოს, თვალი უფრო დიდ კამარებს შეაფაროს. პოეტისთვის ყველაზე სასურველი მოძრაობის მიმართულება ეს არის ქვევიდან ზევით, რაც თვალსაჩინოა ბევრ ლექსში.

ბუღალტერი ნიკო და პოეტი ნიკო - ერთი ადამიანის ორი ალტერ ეგოა. ეს გაორება მისი მენტალური დისჰარმონიულობის გამოვლენაა. დავაკვირდეთ, სივრცის რომელ სეგმენტებში არიან ორეულები დამკვიდრებული? პოეტი თავისი განწყობების მიხედვით მონაცვლეობს არათანასწორ კამარებში, ხან დაბლა ეშვება, ხან მაღლა ადის. ქვესკნელში მისჯილი აქვს იძულებითი ყოფა ბუღალტერ ნიკო სამადაშვილს, რომლის სული ესწრაფვის მაღალ სულიერ იერარქიებს. ბუღალტერი ნიკო ბინაშია, დასაზღვრულ, ჩაკეტილ ადგილზე, ხოლო პოეტი ნიკო გაშლილი ალუჩების ნაჟურით საზრდოობს, პარადიზული სამყაროს წიაღში ნეტარებს: „შენ ძუძუს სწოვდი გაშლილ ალუჩებს და ღვთისმშობელი აკვანს გირწევდა“. ერთი ნიკო მოძრაობაშია, „ჭრიჭინში“, მეორეს კი შიშითა სიფრთხილით სავსეს უწევს ძაგძაგი. ერთი ლაღი, დაუოკებელი და დაუსაზღვრელი, მეორე კი დასაზღვრული და ჩაკეტილი. ერთი - ნისლიან, ბნელ ქვედა იერარქიაში ჩაკარგული, ვაჟკაცურად იბრძვის, დაუცხრომლად ილტვის მაღლა, ქვესკნელში მყოფიც ღია სივრცეებს ჭვრეტს: რა ექნა იმას, ვინც ქვესკნელშიაც სივრცეებს თვალი ვერ მოარიდა! /“უკუღმართობა“/.

ლექსის „დარდი ბუხართან“ სათაურიდან მოსალოდნელია, რომ სივრცე, რომლის ცენტრშიც თბილი კერაა, შემოსაზღვრული, ჩაკეტილი და მყუდრო იქნება, მაგრამ პოეტის მზერა მიუყვება ბოლს, რომელიც ცაში ადის, თვალსაწიერი პლანეტებამდე აღწევს, დაბლა კი რჩება - დახშული, ყრუდ მოშიშინე სივრცე, შეშინებული მზეები და აღრიალებული დედამიწა: „წარმავალობა მიზიდავს უღრანს, იქ არც შუქია, არც ლაჟვარდები, არარაობა დაიწყებს ღრენას, და იკივლებენ ეს საფლავებიც. ჩამხრჩვალი სივრცე ყრუთ იშიშინებს, ხმას გაიკმენდავს ზღვა და გრიგალი. ვინ იცის, რამდენ მზეს შეაშინებს... ჩემო პლანეტავ, შენი ღრიალი“.

„დაუსაბამობის ხილვა“ ორი სივრცის ზღურბლზე მდგომი პოეტის სკეპსისის გამოხატვაა. მსოფლიო, როგორც ის უწოდებს წუთისოფელს, არის ადგილი, სადაც ადამიანები სივრცეში არიან გაკრული და შავად მოჩანან; სიბნელეა, რომელიც კივის; ნისლია, რომელსაც შუადღის მზეც კი ვერ ფანტავს; მკვდრები, რომლებიც ურდულით კეტავენ კარებს; დახავსებული ცრემლი, მთვარეც კი ქვასავით ადევს სამყაროს... თუ სხვა ლექსში წუთისოფლიდან მოსული ხმაური მამლის ყივილად აღიქმებოდა, ამ ლექსში ზარების რეკა ჯერ კიდევ მოისმის, მაგრამ მისი ხმაც კი „ცადაკარგულია“. ნათელი სივრცეების არსებობას გრძნობს, მაგრამ სინათლე წუთისოფლამდე მხოლოდ სუსტი ანარეკლის სახით აღწევს. პირველი ტაეპი დინამიკურია: მე მივქროლავდი, როგორც უდაბნო ცხედარზე უფრო დაუზარებლივ... პარადოქსულია, რომ ცხედარი ტრადიციულად სტატიკურობის ასოციაციას უნდა იწვევდეს, ამ ლექსში კი, პირიქით, მოძრაობასთან არის დაკავშირებული. „მსოფლიოდან ისევ მეძახდნენ ცადაკარგული ხშირი ზარები. სიტყვებს ვუგდებდი შეხვედრილ შარას: „ტერფებს ფოთლებით ვერ დამიამებ, მონასტრებს ზევით ვხედავდი შავად სივრცეში გაკრულ ადამიანებს. ნისლის სვეტები იდგნენ გარშემო, ნისლებს შუადღეც ვერ ათენებდა. გული იწვოდა და ლურჯი კვამლი მსხვილად მდიოდა ბნელ თვალებიდან. მე ხმა მესმოდა, როცა ქვეშ მკვდრები მძიმე ურდულით კეტავდნენ კარებს. ქარში ლოდები ზედ მაფურთხებდნენ: არ მიგიკარებთ, არ მიგიკარებთ. წასვლა მიწისკენ მეზარებოდა. ხავსივით მედო სახეზე ცრემლი. თუმცა ზარები კიდევ მეძახდნენ და ანათებდნენ ზღვა სივრცეები. მთვარე ქვასავით ედო სამყაროს, სიბნელე წლებთან ერთად კიოდა მხოლოდ სინათლე ამ წუთისოფლის თხელ კამერებში გამოდიოდა“...

გ) საშიში ხმების გადმოცემა.

სამადაშვილის ლირიკაში სივრცის გამოსახვის დროს დიდი როლი ენიჭება აკუსტიკურ სახეებს, ხმებს, რაც ცალკე დაკვირვების საგნად შეიძლება ჩავთვალოთ. აქ არ ვგულისხმობთ ალიტერაციებს, არამედ ხმების, ბგერების მხატვრულ გამოსახვას. ყველაზე ხშირად მის ლექსებში გაისმის ზარების რეკა, მაგრამ ასევე ნიშანდობლივია შემაშფოთებელი ბგერებისა და ხმების ესთეტიკა. ხშირად გაისმის ღამეული იდუმალი ხმები ჭრიალისა, კივილისა.../ სხვა ლექსებში - შიშინი, ყმუილი, ყეფა, ყვირილი...

- „ესმოდა შორეთს ღრიალი გზების, ძაღლების ყეფა - მარადისობას“ (ერთი იმათაგანი).

- „უსასრულობას ქარბუქების ღმუილი დრეკდა, რაღაც სიჩუმე დაჰყურებდა ცივ სასაფლაოს, გაოგნებული სამრეკლო კი,

„რეკდა და რეკდა“... (დაგასაფლავეს დიდ მუნათით და მიგატოვეს“)... ანალოგიური მაგალითების მოყვანა უხვად შეიძლება. ეს ხმები ყველგან ძირითადად საშიში და ავისმომასწავებელია, რადგან დაბალ განზომილებას გამოსახავს. ორი სამყაროს, ორი სივრცის შემაერთებელ სახედ გვხვდება შთამბეჭდავი აკუსტიკური სახე - მამლის ყივილი, რომელიც მოისმის სხვა სამყაროდან: „საიქიოდან წუთისოფელი, როგორც მამალი, ისე ყიოდა“. პოეტი ფიზიკურად თითქოს უკვე არ არის წუთისოფელში და ამქვეყნიური ხმაური მამლის ყივილად ჩაესმის. ეს ხმა სინანულის კონოტაციით, მოციქულ პეტრესთან ასოცირდება როგორც გამოფხიზლების აღმნიშვნელი.

აკუსტიკური სახეების კონტრასტი გვაქვს ლექსში „ჩემს ორეულს, ბუღალტერ ნიკო სამადაშვილს, პოეტ ნიკო სამადაშვილისგან (თუ პირიქით)“. პოეტ ნიკო სამადაშვილის ხმა საყდრის მობინადრე ჩიტის სტვენაა, ხოლო იქ, სადაც ბუღალტერი ნიკო იმყოფება, ძაღლივით ყმუის ქარი. საყდრის ჩიტის ხატებით მოგვრილი სიმშვიდე კონტრასტს ქმნის ქარის ყმუილთან. ეს დაპირისპირება იმდენად ტრაგიკულია, რომ სივრცეებს აზანზარებს და მზეც კი ყვირის სასოწარკვეთისგან.

თუ ქვედა იერარქია ბნელი, კოშმარული, შემაშფოთებელი ხმებით არის ავსებული, მიღმა სამყაროში, ანუ ზედა იერარქიიდან სინათლე მოდის. ეს მხარე გაცისკროვნებულია, ირმების სამყოფელი, ანკარა წყაროების ადგილია: „ვით უკვდავება, წყარო ანკარა აცისკროვნებდა ირმების ფერდობს. ქრისტემ ბავშვობა აქ გაატარა და ღვთისმშობელი უგვიდა ეზოს“. უსაზღვრო სიმშვიდე გვეფინება ამ ტაეპიდან. ეს იშვიათი ნათელი ტონია სამადაშვილის პოეზიაში, სადაც სხვაგან თვით თეთრი და ყვითელი ფერიც კი ნეგატიური განწყობის გადმოსაცემად გვხვდება. აქ კი სრულიად სხვა სურათი გვაქვს. ღვთისმშობლის პოეტური ხატება ანეიტრალებს ყველა ბინდსა და ბურუსს, რომლითაც ლექსის დასაწყის სტროფებში გარე სივრცეები გამოისახა. ღვთისმშობლის სახე ასეთივე მშობლიური და ნუგეშისმომცემია ლექსში „მოგონება და სინანული“: „გამოქვაბულთან ზარის რეკა დაიგუგუნებს, ღვთისმშობელს ცაცხვის ქვეშ დარჩება თეთრი ქოშები“. ლექსში მონიშნული ადგილი „ცაცხვის ქვეშ“, არ შეიძლება იყოს კონკრეტული წერტილი კონკრეტულ სივრცეში, ეს უკვე მეტასამყაროს, ზესთასოფლის დახვეწილი ესთეტიკური გამოსახვაა და აქ ქოშების „თეთრი ფერიც“ ასრულებს გარკვეულ როლს შესაფერისი განწყობის შექმნაში.

შეიძლება დავასკვნათ, რომ სამადაშვილის პოეზიაში მუსიკა, ჰარმონია (ჩიტის გალობა) წესრიგის მახასიათებელია, ხოლო დისჰარმონია, ხმაური, შემაშფოთებელი ხმები - ქაოსის, დისონანსისა და უწესრიგობის. პირველი დამახასიათებელია იერარქიის ქვედა საფეხურის - წუთისოფლისთვის, ხოლო მეორე კი - ზედასთვის.

3. ზღურბლის ქრონოტოპი.

„ზღურბლის ქრონოტოპი“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანია კულტურაში. საკმარისია გავიგოთ, რომ ესა თუ ის ადამიანი რაღაცის ზღურბლზეა, მაშინათვე აზრობრივი სიღრმე წარმოგვიდგება (ბახტინი 1986: 239). ხშირად ზეააღმავალ იერარქიაში, სადაც დასაზღვრული სივრცე უსაზღვროებაში გადადის, შეინიშნება საზღვარი, მიჯნა და ეს არის ხან კლდე, ხან კი მდინარე. „ატენის სიონში“ „მიღმა მხარეს“ წუთისოფელთან გამყოფ ხაზად მიუყვება მდინარე ტანა: „დრო იყო, როცა ბნელ სასუფეველს მდინარე ტანა ჩაუდიოდა. თითქოს მდინარე მიჯნავს და კიდეც აკავშირებს ორ სოფელს. ანალოგიურად ხდება „უკანასკნელ ქრისტიანებში“. ბეთანიის მახლობლად სოფლისა და ზესთასოფლის გასაყარზე ჩამოედინება მდინარე - კოლალელ ყრმათა ცრემლები: „ხევში მდინარე შემოგვეფეთა - / შეწირულ ბავშვთა ცრემლები იყო“ /. იშვიათია სიწმინდის ასეთი შთამბეჭდავი გამოსახვა.

ამ სტროფში გვხვდება „ღობის სიწმინდეც“. ღობე ზღურბლია. ღობე - დამცავი ბარიერი და გამყოფია, თავისებური აკროპოლისი მოწესრიგებული არელისა, წესრიგისა და ქაოსისა. ამას უკავშირდება სიწმინდე, რომელიც არ უნდა შეიბღალოს: „ცოდო არ გვქონდა, იცოდეს ღმერთმა,/ ღობის სიწმინდეც რომ შეგვებღალა“.

ლექსებში „ქედი სივრცეში“ და „ფერისცვალება“ გამყოფი ზოლის როლს ასრულებს მთა: აჰყე მძლე მთების ვიწრო ხერხემალს და წუთისოფელს გადასცილდები („ქედი სივრცეში“). ხან მთის კონცხიდან ოდნავ ხედავდი სამყაროს იქით მიმავალ მგზავრებს („ფერისცვალება“). სამადაშვილის პოეზიაში დინამიკის, მოძრაობის გამოსახვა ხშირად ქარების მეტაფორებით ხდება. ქარიშხალი, ქარბუქი, გრიგალი ყველაზე მისტიკური შუამავალია ორ სამყაროს შორის:

- „შავი ღრუბლების ზედახორა სივრცეებს ფლობდა, უსასრულობას ქარბუქების ღმუილი დრეკდა, რაღაც სიჩუმე დაჰყურებდა ცივ სასაფლაოს, გაოგნებული სამრეკლო კი, რეკდა და რეკდა“.. /„დაგასაფლავეს დიდ მუნათით და მიგატოვეს“/...

- „არ ვიცი, რა ვქნა, რომელ გზებზე მივუშვა ბედი, იქნებ ქარბუქში შემერიოს სიცოცხლის აზრი“ /„გათხრები“/.

- „ბინდში ელავდნენ გრიგალებივით ღიმმორეული ნაფეხურები. შეხვედრილ ქარებს ვწერდი პირიჯვარს, რომ დამშვიდება მაინც მეხილა“ /„დაუსაბამობის ხილვა“/.

4. სივრცის არსობრივი ცენტრი.

წარმოსახულსა და რეალურ სივრცეებს აქვს საერთო არსობრივი ცენტრი. ხშირად ეს ცენტრი არის სამრეკლო, საყდარი, მონასტერი. თუნდაც, „კრიჭაშეკრული“, დადუმებული, ფუნქციადაკარგული, ის მაინც ეპიცენტრია სამყაროსი. „ატენის სიონში“ და „უკანასკნელ ქრისტიანებშიც“ ასეთი ტელეოლოგიური ცენტრია ტაძარი - პირველში - ატენის სიონი, ხოლო მეორეში - ბეთანია. ვრცელი სივრცული პანორამის შემდეგ უეცრად ჩნდება ტელეოლოგიური ცენტრი - თითქოს ქვესკნელიდან ამოსროლილი - ტაძრის გუმბათი. ტაძარი ორივე ლექსში სივრცის საზრისია. ატენის სიონი და ბეთანია ორივე ლექსში ნავსაყუდელია, ოაზისია. ის არის ათვლის წერტილი, მოძრაობის მიმართულება მასთან დაკავშირებით განისაზღვრება - ქვევით თუ ზევით, იქით თუ აქეთ, გარეთ თუ შიგნით... ყველაფერს აზრი აქვს მხოლოდ მასთან მიმართებით.

5. გზის ქრონოტოპი.

ნ. სამადაშვილთან გზები თითქოს ამ სამყაროდან გასასვლელი გვირაბებია. გზა, რომელმაც უნდა მიგიყვანოს დათქმულ ადგილამდე, ფოთლებით არის დაფარული, მაგრამ ჯერ მთლიანად გამქრალი არ არის და მისი ხმა, როგორც ჩიტის სტვენა, პოეტს მაინც ჩაესმის: „ღრუბლებს სანთლები სადღაც აენთოთ. უნდა წახვიდე! - მისტვენდნენ გზები“. გზა მოუწოდებს, რომ უნდა წავიდეს, დატოვოს ეს განზომილება და ზევით ავიდეს. ისევ იკვეთება განსხვავებული სივრცეები: აქ და იქ: აქ, მსოფლიოში, მზე ჩადიოდა, მე იქ, კამარებს, თვალს ვაფარებდი. იკვეთება მოძრაობის მიმართულება - ქვევიდან ზევით: „ვიწევდი მაღლა ფეხის ცერებით. უკან ზარები ისევ ტიროდნენ და გუგუნებდნენ ზღვა სივრცეები“... („დაუსაბამობის ხილვა“). გამოდის, რომ „აქ“ არის ქვედა ქვეყანა, ხოლო „იქ“ კი მის მაღლა მდებარე დაუსაზღვრელი სივრცეები.

სხვა ლექსში პოეტი თავის თავს მარადისობაში ნათელი მეტეორივით ხედავს: „მე ვანათებდი მეტეორივით მარადისობის ხშირ მარგილებთან“ („გადმორბენა სამყაროსკენ“). როცა სხვა ლექსში ამბობს: „ისე დავდივარ ამ ქვეყანაზე, თითქოს საკუთარ ცხედარს მივყვები“ („ჩემი პორტრეტი“).

6. დროის მითოლოგიზაცია.

სივრცის საკრალიზებას დროის მითოლოგიზაციაც ერთვის. მოციქულებისა და წმინდა ნინოს ხსენება ახლანდელ დროში ხდება: „მოციქულებს კი, გარდტანის კლდეზე, ჩასძინებოდათ აღთქმით დაღლილებს“. დრო ხდება ამორფული, არ არის მედინი და სწორხაზოვანი. დაკარგული აქვს ყველა ემპირიული მახასიათებელი. დროის ამგვარი აღქმაა „ატენის სიონის“ მეხუთე სტროფში და ხშირად სხვა ლექსებშიც: მაგ: „დავიღუპები, ჩაყოლილ ხსოვნებს ოდესმე სადმე გაეღვიძებათ. ჩვენ ვისაუბრებთ იმაზე დიდხანს, რაც სიცოცხლეში არ შეიძლება“ („იქით“). 544

„უკანასკნელი ქრისტიანების“ მეორე ნაწილში დროის ქრონოტოპი წარსულისა და აწმყოს კავშირით განისაზღვრება. აქ წარსული მოწოდებულია ტრაგიზმის ესთეტიკით, მაგრამ რომანტიკულად განდიდებულია. მისი კვალი არ იშლება, აწმყოსთან კავშირი თვალსაჩინოა: „ეხლაც კი ვამჩნევ ლაშას სახეზედ ჯალალედინის შემოკრულ სილას“.

დასკვნა: ყოველივე ის, რაც სივრცის კონფიგურაციას ეხება, პოეტის მსოფლმხედველობის გამოხატულებაა და იგი მყარია. სივრცეში არჩატევა და მუდამ „მიღმა“ სამყაროს შეგრძნება და მის ზღვარზე რყევა, ყოფიერების დისჰარმონიულობა და წარმავლობის განცდა, დაბნეულობა, შიში - ყოველივე ეს მოდერნისტული ეპოქის ესთეტიკის საერთო მახასიათებლებია. ნიკო სამადაშვილთანაც გამოხატულია ეგზისტენციალური კრიზისი, ისმის გაუცხოვებისა და გაუგებრობის გამომხატველი წყევლაც კი: „მარადისობავ, საუკუნოდ გაგიხმეს ქედი, რომ ასე უღვთოთ დამაბნიე ტიალი მგზავრი“ („გათხრები“), მაგრამ ეს არის ის პოეტი, რომელიც გამზადებულია იყოს მსხვერპლი სამყაროს გამოსასყიდად და გადასარჩენად: „აქ შეგეწირე ნეტავი დედავ,/ თავი დამედო და დაგეკალი, /ალბათ ოდესმე წესს ამიგებდა/ შავი ღრუბლების ცივი წინწკალი./ რო ეთქვათ ქარებს მადლი დედაშენს!/თან ღმერთს შესჭროდი საყდრების გლახა,/ რომ ჩემი სისხლი, როგორც ზედაშე,/ ქვევრში ჩაგესხა დაგეტალახა“ („უკანასკნელი ქრისტიანები“).

3.16 54. გოგიაშვილი, ნინო. ამაოების რეცეფცია ნიკო სამადაშვილის პოეზიაში

▲ზევით დაბრუნება


// ლექსმცოდნეობა: ყოველწლიური კრებული / შოთა რუსთაველის ქართ. ლიტ. ინ-ტი. - თბილისი, 2021. - № 13, ლექსმცოდნეობის მეცამეტე სამეცნიერო სესია (მასალები): ეძღვნება ნიკო სამადაშვილს. - გვ. 55-62.

„ისე დავდივარ ამ ქვეყანაზე, თითქოს საკუთარ ცხედარს მივყვები“, - წერს ნიკო სამადაშვილი და ეს განცდა სხვა არაფერია - თუ არა ამაოების; სიცოცხლეშივე მუდმივად სიკვდილით შეპყრობილი კაცის ეჭვშეუვალი სიმართლე - ადამიანის ფიზიკური ცხოვრების დასაზღვრულობით და ფატალურობით დეტერმინებული. რიგითი ადამიანი არცთუ ისე ხშირად ფიქრობს ფიზიკურ აღსასრულზე, თუმცა, ეს მისთვის განსაკუთრებით მტკივნეული და მიუღებელია. ხელოვანს მუდამ თან სდევს დროებითობის, კვდომის განცდა და ნაირგვარ არტისტულ პლასტად გარდასახავს მას. ლექსში - „დარდი ბუხართან“ - ნიკო სამადაშვილი წერს:

„წარმავალობა მიზიდავს უღრანს.
იქ არც შუქია, არც ლაჟვარდები,
არარაობა დაიწყებს ღრენას,
და იკივლებენ ეს საფლავებიც.“

(სამადაშვილი: 6)

რადგან სიცოცხლე წარმავალია და არარაობა იღრინება, ამ დროს საფლავები ღაღადებენ და კივიან. საოცარი მეტაფორით ხსნის პოეტი ძრწოლასა და შიშს მიწიერი ამაოების წინაშე, - რომ ბევრ მზეს შეაშინებს ამ პლანეტის ღრიალი! დედამიწა ის ადგილია, სადაც ადამიანი შიშსა და ძრწოლას აუტანია, რადგან არაფერია მარადიული, არაფერია მყარი და შეუვალი; შესაძლებელია, ერთ დღეს ყველაფერი შეიცვალოს და ამიტომ პოეტი „სიცოცხლემობეზრებულია“ და „გაფითრებული“. ლექსში „გამახსენდა“ იგი წერს:

„ხედავ კუკურში როგორ დავბერდით
და გამოწვდილი დაგვრჩა ხელები.“

(სამადაშვილი: 6)

სწორედ ამ გამოწვდილი და უსაყრდენოდ დარჩენილი ხელების გამო იწერება შემდეგი სტრიქონებიც, ლექსში „წაშლილი კვალი“:

„საკინძ გახსნილმა შუბლის ფიცარზე
ვის არ უყურე, ვის არ ეხვეწე,
ბოლოს კი დარდი: დედამიწაზე
ნეტავი რისთვის შემოვეხეტე?!“

(სამადაშვილი: 6)

ნიკო სამადაშვილისთვის დედამიწა მშობლიური ადგილი არ აღმოჩნდა და „დედამიწაზე შემოხეტებულად“, შემთხვევით მოხვედრილად ასახელებს თავს. მისი ბიოგრაფია მთლიანად ყოფიერებაზე, რუტინაზე გამობმული კაცის ამბავია; პირველმა დიდმა სიყვარულმა უსაზღვრო ტკივილი მოუტანა პოეტს, რაც გარკვეულ ცხოვრებისეულ მეტაფორადაც განსხეულდა მისთვის: ამ სიყვარულის ნაყოფი სიყვარულის ობიექტის სურვილით განადგურდა. ნიკო სამადაშვილს აღარც კი მიუხედავს საყვარელი ქალისკენ, მიუხედავად იმისა, რომ ის მთელი ცხოვრება ელოდა.

მეორე ოჯახი იღბლიანი აღმოჩნდა და, ცოლისა და სამი შვილის უზრუნველსაყოფად, პოეზიით სნეული და „ტანზე გამონაყარი ლექსებიანი“ კაცი ბუღალტრად მუშაობდა შეუსვენებლად. „მოდერნიზმი აღწერს შინაგან ცხოვრებას ინდივიდისა, რომელიც სულიერი კრიზისით და გარესამყაროსადმი იმედგაცრუებით არის მოცული, მაგრამ მხოლოდ შინაგანად განუდგება ურბანულ სამყაროს და სოციუმს; ფიზიკურად რჩება მის სივრცეში, სულიერად კი მხოლოდ საკუთარ სუბიექტურ სამყაროში მყოფობას

აღიქვამს“ (წიფურია 2016: 63) სწორედ ამის გამო, ეს დიდებული ქართველი პოეტი უცნობ პოეტად გარდაიცვალა. „უცნობი ნიკო სამადაშვილი“ - ასეთი სათაური აქვს მზია სამადაშვილის წიგნს, რომელიც ნიკო სამადაშვილს მიუძღვნა. ლექსში „პასუხი“ ნიკო სამადაშვილი წერს:

„და უკაკუნე კოდალასავით
ვრცელ და ფუტურო ქვეყნიერებას.“

(სამადაშვილი: 6)

მიუსაფრობის, უსაყრდენობის, სიმარტოვის და, აქედან გამომდინარე, ამაოების განცდა ნიკო სამადაშვილის ლექსების მუდმივი თემაა:

„ჭვალივით მივლის სხეულში ბედი
და საძაგელი ჩემი ცხოვრება.“

(სამადაშვილი: 6)

ფატალურობის და „ბედი-მდევარის“ პერმანენტული, მღრღნელი შეგრძნება, უღიმღამო რუტინასთან შერწყმული, გაუსაძლის დარდს აჩენს პოეტის გულში. მიუხედავად ამისა, ფასადური და სოციალური ქცევის თვალსაზრისით, ეს არასოდეს მჟღავნდებოდა ნიკო სამადაშვილის პიროვნებაში. სიკვდილიც ასეთი ჰქონდა, - უცაბედი, მოულოდნელი, ქუჩის აღმართზე, მარტოს და ტკივილით შეწუხებულს. ნიკო სამადაშვილი წერს:

„სამრეკლოს ზევით - დასაქცევი ცა იღრუბლება,
ქრისტე იცინის, გარეთ გადის და მარტო მტოვებს.“

(სამადაშვილი: 6)

თუ წუთისოფლის სამდურავს რუსთაველი რწმენით ანეიტრალებს („მაგრამ ღმერთი არ გასწირავს, კაცსა შენგან განაწირსა“), ნიკო სამადაშვილი რწმენაშიც ვერ ჰპოვებს სუბსტანციას; ის აბსოლუტურ მარტოობას განიცდის და სწორედ აქედან ჩნდება ამაოების ნიჰილისტური განცდა. სამადაშვილის ლირიკული გმირი მუდმივად „ყოფნა-არყოფნის“ შექსპირისეულ ზღვარზე დგას. როგორც ანდრო ბუაჩიძის წერილში ვკითხულობთ, გერონტი ქიქოძე ასეთ შეფასებას აძლევდა ნიკო სამადაშვილის პოეზიას: „თქვენ მთავარ ღირსებას ის წარმოადგენს, რომ თქვენ არ დადიხართ გატკეპნილი გზებით და არავის ბაძავთ. მთავარი შთაბეჭდილება, რომელსაც თქვენი ნაწერები იძლევა, ჩემის აზრით, არის სამყაროს დაშლის შეგრძნება, რაღაც კოსმიური ტრაგედია, რომელსაც სხვა თანამედროვე მწერალიც გრძნობს, მაგრამ სულ სხვანაირად გადმოსცემს“ (ქიქოძე 2009: 3).

„დავიღუპები, ჩაყოლილ ხსოვნებს
ოდესმე სადმე გაეღვიძებათ.
ჩვენ ვისაუბრებთ იმაზე დიდხანს,
რაც სიცოცხლეში არ შეიძლება...“

(სამადაშვილი: 6)

ნიკო სამადაშვილმა პოეზიით გადაწყვიტა საუბარი, თუმცა, მისი სიტყვა თითზე ჩამოსათვლელმა ადამიანმა გაიგო; პოეტის სიცოცხლეში მისი არც ერთი ლექსი არ დაბეჭდილა და რა უნდა ყოფილიყო ხელოვანისთვის არცნობაზე, არმიღებაზე, ვერგაგებაზე მწარე?! სწორედ ამგვარი სევდით გულგატეხილის სტრიქონებში ჟონავს ამაოების გაუსაძლისი განცდა. მისი ლექსის ფორმაც შინაარსის შესაბამისია, - ვერსად ნახავთ იუველირის სიზუსტით გამოყვანილ რითმებს, განსაკუთრებულ ევფონიას ან ბგერწერას, პოეტურ ხარკს - მკითხველზე შთაბეჭდილების მოსახდენად. ნიკო სამადაშვილის პოეზია ყელში ცხოვრებაწაჭერილი კაცის ტექსტებია; თითქოს, რომ არ ამოეთქვა, ვეღარ ამოისუნთქებდა. „პოეზიის უდიდესი მიღწევაა, როცა ფანტაზია მოხმობილია არა გარკვეული ფორმის შესაქმნელად, არამედ აზროვნების ძლიერად ასამოქმედებლად, როცა ისევ და ისევ გვთავაზობს იმას, რაც ერთხელ დაგმობილია, და ხელახლა ქმნის იმას, რაც ერთხელ უკვე უარყოფილია“, - წერს სამუელ ტეილორ კოლრიჯი (კოლრიჯი 2009: 250). როგორც პოეზიაში, ისე ცხოვრების გზაზე, მიუხედავად უამრავი სიძნელისა, ნიკო სამადაშვილი კომპრომისზე არ წასულა. მისი ლექსი საოცრად ჰგავს მას: მართალი, მტკიცე, შეუვალი. გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე არჩილ სულაკაურს შეხვედრია და ასეთი რამ უთქვამს მისთვის: „სულ მინდოდა კაცურად მეცხოვრა. თითქოს ვიცხოვრე, კაცურად გავიარე ცხოვრების გზა, მაგრამ... რა არის, იცი, ერთი დღე არ მახსოვს ისეთი, თავი რომ ადამიანად მეგრძნო“ (სულაკაური: 1). მიუხედავად იმისა, რომ თვით გალაკტიონი მაღალ შეფასებას აძლევდა ნიკო სამადაშვილის პოეზიას, პოეტი სიცოცხლეში შეუმჩნეველი დარჩა. მახსენდება უდიდესი ჰოლანდიელი მხატვარი ვან გოგი, რომელმაც თავის სიცოცხლეში სულ რამდენიმე ნახატის გაყიდვა შესძლო - ისიც, გროშებად. ხელოვანს სჭირდება გამგები და დამფასებელი, რადგან ხელოვნება თვითგამოხატვის უნიკალური, სპეციფიკური ფორმაა. ხელოვნების ნებისმიერი პროდუქტი ადამიანებისთვის, სოციუმისთვის იქმნება; სწორედ აქედან გამომდინარე, არტისტის დაუფასებლობა იწვევს მის განცდებს, ცხოვრების ტრაგიზმის გამძაფრებულ შეგრძნებას, რასაც მოსდევს უამრავი ეგზისტენციალური კითხვის ნიშანი. ნიკო სამადაშვილი ამ კითხვებზე პასუხს ეძებს ქრისტიანობაში, წარმართობაში, მითოსში... მიუხედავად ამისა, ტრანსცენდენტული გზის გაკვლევა ამაოების შეგრძნებით მთავრდება. „ამაოება ამაოთა, ყოველივე ამაო“, - ძველი აღთქმის ამ ფრაზების სულისკვეთება ლაიტმოტივად გასდევს ნიკო სამადაშვილის შემოქმედებას:

„ხევში მდინარე შემოგვეფეთა -
შეწირულ ბავშვთა ცრემლები იყო.
ჩვენ მივდიოდით აღმართზე ერთად,
რატომღაც ჩუმად, რაღაც უიღბლოდ...“

(სამადაშვილი: 6)

წერს პოეტი ლექსში „უკანასკნელი ქრისტიანები“ და ბეთანიის სანახებში მოგზაურობისას, ქრისტიანობისა და წარმართობის სინთეზს გვთავაზობს. მისი მსოფლგანცდა და სამყაროს წვდომის სურვილი ერთ კონკრეტულ აღმსარებლობით ჩარჩოს სცილდება და აზროვნების მასშტაბური ტრაექტორიით კოსმოსს სწვდება. როგორც თამაზ ჩხენკელი წერდა, ნიკო სამადაშვილს ახასიათებდა „წარმართული კოსმიზმის წარმოდგენები და ქრისტიანული დღესასწაულების პათეტიკური სილამაზე“. მიუხედავად არნახული პოეტური სივრცეებისა, ნიკო სამადაშვილის ყველა სტრიქონში ამაოებაა ჩასახლებული და ჩასაფრებული:

„მახსოვს ძახილი, გზების, ყვირილი,
სად მიხვალ, სადა, შეინთე კვარი.
მე მივდიოდი გულშემოყრილი
და ქადაგივით ყვიროდა ქარი.“

(სამადაშვილი: 6)

„ბედით გაოგნებული“ ლირიკული გმირი გულდაწყვეტილია: „რა იქნებოდა, გზა რომ გამეგნო“... მისი ლირიკული მე მუდმივად უპირისპირდება და გამორიცხავს მისსავე ემპირიულ მე-ს, ეს თვითრეფლექსიური დინამიკა კი მუდმივად ერთი და იგივე ჩიხით - ამაოების აღიარებით სრულდება. უპრიანია, სრული სახით მოვიყვანო მაგალითად მისი ლექსი - „აღარც ნუგეში“:

„ნეტავი რისთვის ცოცხლობდა ქვეყნად,
თუ სულ არავინ არ მიიკარა,
მოესწრო მაინც ლექსით ყაყანი,
ამ მთიებს რაზე გადაეყარა?!..
რა ძალა ადგათ ხატს რომ შესწირეს,
ალიზის ქოხში, ჩამქრალ ბუხართან.
ნეტავ ტირილი მაინც მოესწრო
თვალებჩალეწილ თავის ცხედართან.“

(სამადაშვილი: 6)

ფილოლოგი და ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი წერს, რომ XX საუკუნის ქართული პოეზია, ძირითადად, ორ პოეტიკას შორის მერყეობდა; პირველი იყო გალაკტიონის, ხოლო მეორე - ნიკო სამადაშვილის: „მეორე - ნიკო სამადაშვილის „წამოცარიელებული“ (კენოზისური) პოეტიკაა, რომელიც გველაპარაკება ცოდვილ და დაცემულ ადამიანზე - „უკანასკნელ ქრისტიანზე“ - რომლის ტანზე ლექსი ამოყრილია როგორც ავადმყოფობა, როგორც დასაბამიერი ცოდვა. გურამიშვილის შემდეგ ქართულმა პოეზიამ ასეთი რამ ნამდვილად არ იცოდა... აქ ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ გალაკტიონის „მრავალფეროვნებისა“ და „სიმდიდრის“ ფონზე ნიკო სამადაშვილი „ცუდი“, „გაურანდავი“ პოეტია, ღარიბი მეტრული რეპერტუარითა და ღარიბი რითმებით“ (შათირიშვილი 2009: 4).

ნიკო სამადაშვილის პოეტური ესთეტიკა ხისტია და პირდაპირი, ისევე, როგორც, ზოგადად, ყველა სიმართლე. ვერანაირი მანერული პლასტი ვერ დაიტევს ისეთ სულისშემძვრელ განცდას, როგორიცაა ამაოება - ეს გაყინული, უძრავი, საშიში მოცემულობა: „ვეკამათები კენჭებს გზადაგზა,/ სიცოცხლეს მაინც რა არ სჯობია“! (სამადაშვილი: 6) მისთვის დედამიწა „დასაქცევის“ ეპითეტით განისაზღვრება; და ამგვარად ფორმულირებულ ადგილზე ისეთი გაუსაძლისი მარტოობა სუფევს, რომ, „იცოდე, ვინმემ თუ გაგიხსენა,/ის ჯადოქრების მოგზავნილია“ (სამადაშვილი: 6). მარტოობა ადამიანისთვის უცილობელი ეგზისტენციალური მოცემულობაა; მთელი ცხოვრება რომ გაურბის მას, ემალება, ნიღბავს, აფერადებს, თუმცა, ის მისი უდიდებულესობა მარტოობაა და ბოლოს ყველას უწევს მასთან დაზავება თუ არა, მისი გარდაუვალობის აღიარება მაინც. მარტოობისა და ამაოების წინაშე პირისპირ დარჩენილი პოეტის სამყარო საშინელებათა ფილმს ემსგავსება: აქ არიან არმაზის კერპზე მიკრული ბავშვები, „ტლუ მათხოვარი სასაფლაოზე“, ქაოსებს იქით გაშვერილი ხელები,

უდაბური ველების კივილი, „ხატისგან შეშლილი მნათე“, „უიღბლო ჭიშკარი“, „გიჟი ღმერთები“, თვალებიდან გადმოღვრილი სისხლის სქელი ლავები და საკუთარი თავის დასაფლავება:

„არსად არასდროს მე არავინ არ მეყოლება,
და ჩემ მკვდარ სხეულს ჩემი ხელით დავასაფლავებ“.

(სამადაშვილი: 6)

ყველაზე უპატრონო მიცვალებულსაც კი პატრონი უჩნდება, პოეტის მარტოობა კი იმგვარ რეესტრშია წარმოდგენილი, რომ თავის თავს თვითონ ასაფლავებს; ცხადია, აქ საქმე გვაქვს უსაშველო და უშეღავათო მარტოობის ბრწყინვალე მეტაფორასთან, რაც მხოლოდ ამაოების უკომპრომისო განცდით შეიძლება ფორმირდებოდეს. ნიკო სამადაშვილი, როგორც ქართული მოდერნისტული ლიტერატურის განსაკუთრებული წარმომადგენელი, მოდერნისტული მსოფლმხედველობისთვის დამახასიათებელი რადიკალური ინდივიდუალიზმით გამოირჩევა. „მოდერნიზმი იმდენად ორიენტირებულია სუბიექტის შინაგან სამყაროზე, რომ სავსებით ემიჯნება სოციუმის, საზოგადოების ტრადიციულ სივრცეს და ხშირად მოდერნისტული მსოფლაღქმის ინდივიდი ასოციალურობის აღიარებამდე მიდის“ (წიფურია 2016: 63). ნიკო სამადაშვილი ქართული ლიტერატურული მოდერნიზმისთვის დამახასიათებელ ევროპულ მოდერნისტულ ესთეტიკასა და მსოფლგანცდას ექსკლუზიური სტილითა და ინდივიდუალიზმით წარმოგვიდგენს. მისი შინაგანი პოეტური მონოლოგი მხატვრული

რიტორიკის მეტად თავისებური პლასტებით ლაგდება; მოდერნისტებისათვის ხშირ შემთხვევაში დამახასიათებელი მანერულობა მის ტექსტებში თითქმის უგულებელყოფილია. ამაოების სიმძაფრე მისი ლექსის იმდენად მძიმე ტვირთია, რომ პოეტურ სიმსუბუქეს ვერ ინარჩუნებს; თუმცა, პოეტი ამას არც ცდილობს.

„ტანში სიცოცხლე დაგვერია ღვინოზე მეტად,
ოქროს ქოჩრება, ერთი შეხე როგორ დავერცხლდით?!
ვეება შარა მოვილიეთ... ჰო, რა ტყუილად -
როგორ დავკნინდით, გაგონილა?! როგორ ჯვარს ვეცვით!“

(სამადაშვილი: 6)

გალაკტიონის „შემოდგომა „უმანკო ჩასახების“ მამათა სავანეში“ და მისეული ლირიკული „ჯვარცმა“ ჰაეროვანია, ნიკო სამადაშვილის - უშეღავათო. მისი ლექსის იმანენტური პლანი უსაშველო რეალობასთან შეჯახებით წარმოქმნილი ამაოების განცდითაა დაღდასმული. მკვლევარი ლუარა სორდია თავის მონოგრაფიაში „ნიკო სამადაშვილის პოეზია“ წერს: „ნიკო სამადაშვილის შემოქმედება სრულიად ახალი სიტყვაა არა მხოლოდ მეოცე საუკუნის ეროვნული მწერლობის ფარგლებში, არამედ ზოგადსაკაცობრიო მასშტაბითაც. მისმა პოეზიამ არა მხოლოდ ტოტალიტარული ეპოქის კატაკლიზმები, ბოლშევიკური ტირანია ამხილა, არამედ უკიდეგანო, კოსმიურ განზომილებაში, ასტრალურ სამყაროში მოარული ადამიანის სულის საიდუმლოებებს გვაზიარა, ქვესკნელ-ზესკნელის მარადიულ, ჯერაც ამოუხსნელ გამოცანებში შეიჭვრიტა“. (სორდია 2021: 5) მისი ლიტერატურული პორტრეტი კი, ამაოების უცნაური, პარადოქსული შუქით განათებული, იმგვარია, როგორც თავად დახატა ლექსში „ფერისცვალება“:

„მარტო უზიხარ საწერ მაგიდას,
გული არ გერჩის რამე დაწერო.
გარეთ ბინდია - ქარის მაგივრად
და ზარი კივის საბედისწეროდ.“

(სამადაშვილი: 6)

3.17 55. დათაშვილი, ლალი. მთელი საქართველოს ერთად გალობას რომ გაიგონებს ღმერთი, გადმოგვხედავს!:

▲ზევით დაბრუნება


ინტერვიუ; ესაუბრა ლელა ჩხარტიშვილი // კარიბჭე : მართლმადიდებლური ჟურნალი. - თბილისი, 2015. - 23 აპრილი. - 6 მაისი. - № 9 (277). - გვ.11-14.

ქრისტიანული მსოფლხედვა უფლის, სამყაროსა და კაცის ურთიერთდამოკიდებულების საფუძვლად თითოეული ადამიანის რწმენის სიღრმესა და ძალას მიიჩნევს. ამ მხრივ, განსაკუთრებით მნიშვნელოვნად გვესახება მოვლენათა პროვიდენციალური მსოფლმხედველობით აღქმა. ცხადია, ჩვენი წინაპრები მათზე დაყრდნობით ცხოვრობდნენ, მთელი ძველი ქართული სასულიერო თუ საერო ლიტერატურა ამის დასტურია. მეოცე საუკუნემ შეარყია ადამიანთა რწმენა, თუმცა მწერლობამ, როგორც კაცის სულის მეცნიერებამ, შემოინარჩუნა სარწმუნოებრივი ღირებულებანი და შეფარვით მაინც მოახერხა ერის სულის გადარჩენისათვის ზრუნვა.

გვესაუბრება ფილოლოგიის დოქტორი ლალი დათაშვილი.

- რას გულისხმობს პროვიდენციალიზმი?

- პროვიდენციალიზმი, როგორც მოძღვრება, გულისხმობს, რომ ქრისტიანს (ყოველ ადამიანს, თუ შესაბამისად, თითოეულ ერს) ყოველივე დამსახურებისამებრ მიეზღვება, რადგან უფლის ყოვლისმხედველი თვალი უყურებს, ჭვრეტს ადამიანის ყოველ განზრახვას, ნაბიჯსა თუ ფიქრს, სიტყვასა თუ საქმეს... „ღვთის პროვიდენციაში განგება ითვალისწინებს ადამიანის თავისუფალ აქტებს მისი შედეგებითურთ“ (ზურაბ კიკნაძე, „სიტყვითა და საქმითა“).

- ქართველ მწერლებს როგორ აქვთ გააზრებული პროვიდენციალიზმის არსი?

- დავით გურამიშვილი დარწმუნებულია, XVIII საუკუნის საქართველოს უბედურების მიზეზი ის იყო, რომ „ქართველთ მადლს ცოდვამ დასძლია, რა აღმწონელმან აწონა“.

ამ თვალსაზრისით საინტერესოა, რომ ნიკო სამადაშვილი ლექსში „ბეთანია“, („უკანასკნელი ქრისტიანები“) ბეთანიაში სალოცავად წასვლისა და ტაძრის იმჟამინდელ მდგომარეობას ასახავს. კომუნისტების ეპოქაში „რჯულდაწყვეტილი ქართველების“ ხილვა თვით მაცხოვარსაც კი აკრთობს („ძლივს ვამშვიდებდით შემკრთალ მაცხოვარს რჯულდაწყვეტილი ექვსი ქართველი“). ისინი უმწყემსოდ დარჩენილი, ნახირად გადაქცეული ადამიანები იყვნენ, რომელთა თვალსა და გულში უფალი „მოკვდა“, რომელნიც ურწმუნოებისა და ანტითეიზმის ჭაობში ჩაძირულნი საკუთარი ნებით მიექანებოდნენ ჯოჯოხეთისაკენ:

„აქ თავის თათით ითხრიდა საფლავს
მწყემსდაღუპული სოფლის ნახირი.“

უმწყემსოდ დარჩენილი ნახირი მკითხველში უპატრონობისა და სიბრალულის განცდას აღძრავს ისევე, როგორც გურამიშვილისეული სახე უკრუხო წიწილებისა („დავიწყეთ, ვითა წიწილთა უკრუხობითა წკრტიალი“) და კიდევ ერთხელ დაგვაფიქრებს, თუ რა ცოდოა უფლის იმედსა და მზრუნველობას მოკლებული, ურწმუნო და უსასოო ადამიანი.

- რას გულისხმობს ოლამური მსოფლმხედველობა და როგორ აქვთ გააზრებული ჩვენს მწერლებს?

- ოლამი წუთისოფელსა და ზესთასოფელში შესაქმიდან ესქატოლოგიურ აღსასრულამდე მიმდინარე დრო და ქრისტიანისთვის წინაპარსა და შთამომავალთან ერთობით ცხოვრების წესია. რწმენისა და სიყვარულის მადლით, ოლამის წევრი საუკუნეებით დაშორებულ ადამიანებთან ცოცხალ სიახლოვეს, საყვარელ წინაპართან ცოცხალ ერთობას შეიგრძნობს, ცდილობს, მათ მიბაძოს, მათსავით იცხოვროს, მათი მაგალითით, „ია-ვარდითამც გალიოს სულეთის ქვეყნისკენ მიმავალი ამ წუთისოფლის შარაგზა“ (გოდერძი ჩოხელის ერთ-ერთი პერსონაჟის სიტყვები რომ მოვიშველიოთ).

ვაჟა-ფშაველა დავით გურამიშვილს უძვირფასეს პაპად მიიჩნევს, მისი ცრემლები ფაფაში ეწვეთება და მათს სიმწარეს შეიგრძნობს. ამიტომაც მიმართავს თავის წინაპარსა და წინამორბედს:

„შენის ცრემლებით მოვხარშე
ჩემის გრძნობების ფაფაო,
გავუღე სული და გული,
როდის ხანია ვყლაპაო...“

ღია გულის ადამიანებისთვის ოლამური ერთობის განცდა, შუა საუკუნეებთან ერთად არ დამთავრებულა.

ლაშას სახეზე ჯალალედინის შემოკრულ სილას ხედავს ბეთანიაში მისული ნიკო სამადაშვილი...

წინაპრებთან ერთობას გალაკტიონი თერგის ხმაურის მოსმენისას გრძნობს. აქ ხომ დიდ ქართველებს გაუვლიათ, ათასი რამ უფიქრიათ; ზოგი ხმისამოუღებლად გასცლია აქაურობას გულდამძიმებილი, ზოგს მდინარისთვის შეუჩივლია გულის დარდი, უპირველეს ყოვლისა, ილია გაგვახსენდება თავისი „მგზავრის წერილებით“, ალ. ყაზბეგი, გრ. ორბელიანი თუ ალექსანდრე ჭავჭავაძე... ესენი და სხვანი არიან გალაკტიონ ტაბიძისთვის „ძვირფასი ლანდები“. თვითონაც ჩუმად ხვდება მშობლიურ მიწას, თუმცა აქაურობის ხილვის სულ ერთი წამი საკმარისია იმისთვის, რომ დარიალიდან მომავალი „ზარით“ დამწუხრდეს და ფიქრის, განცდის ერთობამ, მსგავსად მოფიქრალ, გულდარდიან ქართველებთან თერგის შუამავლობით დააკავშიროს:

„სულ ერთი წამით, განსაცდელ ჟამად,
შეხვედრა ჩუმი მე შენად მერგო,
მოგონებებით რაც ჩემს გულს ანთებს,
იმ ძვირფას ლანდებს გადაეც თერგო!..“

(„მშობლიური ეფემერა“)

გიორგი ლეონიძის „ნინოწმინდის ღამე“ წინაპრებთან ამგვარი ერთობის მაგალითია. პოეტისთვის ყველაფერი, ხსოვნისა და სიყვარულის ღირსი, მასთან ერთად ცოცხლობს აწმყოში და ისევე ცხადი, რეალური და ხელშესახებია, როგორც „თოთო გაზაფხულის რძის სუნი“ ან „ცა, ატმებით მსხმოიარე, ჩახჩახა“. მას უყვარს, უხარია და სტკივა წინაპრების სადარდელ-საწუხარი.

...1926 წლის 26 მარტს ნინოწმინდის გალავანში „ცისფერყანწელ ძმებთან ერთად სუფრას ხორცშესხმული წარსული უზის, ძმები იქ არიან წარსულში, წინაპრები კი აქ - აწმყოში. ასე იქმნება მარადისობა, მარადიული დრო და მარადიული სივრცე.

- XX საუკუნის ქართული ლიტერატურიდან რწმენის ასახვის თვალსაზრისით რომელი მწერლები არიან განსაკუთრებით საყურადღებონი?

- ამ მხრივ გამორჩეულია, რაღა თქმა უნდა, გოდერძი ჩოხელის ნაწარმოებები. „ღმერთის შვილები“ მისი სევდისა და სიკეთით სავსე მოთხრობების საერთო სათაურად შეიძლება ჩავთვალოთ, რადგან „გაცოცხლებული მიცვალებული“, „პაპა ჩაღმას სიზმარი“, „თევზის წერილები“, „დავიწყების მდინარე“, „მოხევის სადღეგრძელო“, „უფლისჩიტა“, „სამოთხის გვრიტები“, „ლუკას სახარება“... იმ ადამიანებზე მოგვითხრობს, ამ სამყაროში მარტოობისა და კაცად ყოფნის სევდას ძლივს რომ უმკლავდებიან, მხოლოდ უფლის რწმენა და ერთმანეთის სიყვარული რომ აძლიერებთ.

„ღმერთის შვილებში“ მწერალი თხრობას იმით იწყებს, რომ ამ სოფელში ერთხელ უფალს ღამე გაუთევია და იქაურები დაურიგებია, ღირსეულად ეცხოვრათ. თანდათან ეს პატარა სოფელი ამქვეყნიურობის სიმბოლო ხდება თავისი კეთილი თუ ბოროტი ადამიანებით, სატანა მძლავრობს და ღმერთის შვილები ცდილობენ, სულიერი სისპეტაკე შეინარჩუნონ, თავიანთ შთამომავლებსაც სულიერი ძალა და მადლი შეჰმატონ.

მწერალი ჩამოთვლის კეთილშობილთა მოდგმას: მღვდელი, თავადიშვილი, შეძლებულები, პოეტები, მწერლები, ხელოვანი ხალხი და გულისტკივილით შენიშნავს, რომ ისინი გადაასახლეს და დახოცეს, ამიტომაც „აღარავინ დარჩა კაცური კაცი“. გვახსენდება, რევაზ ინანიშვილმა ვიტგენშტაინთა გაქრობის სევდას მიუძღვნა „ფრთხებიან ყვავები დამბაჩის ხმაზე“.

„წუთისოფლისას რას გაიგებ“... ბევრი ადამიანი წუხს: „ისე დავბერდი, ერთხელაც არ მომიკრავს იღბლისათვის თვალიო“, მაგრამ ღვთის შვილებს თავისი მისია აქვთ და „საიქიოს იქით კიდევ საიქიოა“, მაშინაც ვერ დაივიწყებენ ერთმანეთსა და კაცურ ვალს.

არაკაცებზე დაფიქრებულ პერსონაჟს ათქმევინებს მწერალი: „კიდევ რამდენი, რამდენი ცოდვიანი დადის და მიკვირს, როგორღა ბრუნავს ეს დედამიწა. მძიმდება და მძიმდება დედამიწა ცოდვიანი კაცებით, ის მაინც კეთილად ბრუნავს. ღმერთის ხელი აბრუნებს და იმიტომ“.

თავისებური ახსნაც მოუძებნია. მისი რწმენით, ღმერთი ცოდვიანი კაცებით სავსე დედამიწას უფლის რჩეულების ხათრით აბრუნებს.

ჰაგიოგრაფიამ ადამიანისათვის მიწიერი ცხოვრების სწორად გასავლელად, უფლისკენ სვლის ნიმუშად წმინდანების - „ქვეყნის ანგელოზთა“ სახეები შექმნა.

გოდერძი ჩოხელი რიგით, უბრალო, სოფლელ დედაკაცებსა თუ მამაკაცებში ხედავს ანგელოზებს.

ადამიანს „ისეთი სიმძიმე აქვს სააქაოს ნატარები“, მიწის ანგელოზები რომ არა, ცხოვრება ძალიან გაჭირდებოდა ჩვენშიც და მთელ სამყაროშიც:

„ნამუსი კაცის მარილია“.

ნამუსიანი კაცები „თავისი ნამუსით ერის მარილად იქცნენ. სადღაც, ქართველი ერის ისტორიის კუთხე-კუნჭულში, სანთლებივით აენთნენ ეგეთი ადამიანები და დღესაც იმათი ნათელი გვინათებს, თორემ ისეთი სიბნელე იქნებოდა, მგლების ხროვასავით დავერეოდით ერთმანეთს და დავჭამდით. ბნელში გამკითხავი ვინ იქნებოდა, მიდი და ხვრიპე შენივე მოძმის ხორცი და ძვალი, ვინ რას გაიგებს, ბნელა, არსაიდან ნათელი არ ჩანს.“

გოდერძი ჩოხელის პერსონაჟები უფლის შვილები და თავისებურად ღრმადმორწმუნენი არიან.

საპყარის ერთ-ერთი საუკეთესო წერილი მეგობარს იმ საოცარ გრძნობებს უმხელს, ზიარებისას რომ განიცადა. მწერალი ოსტატურად ხატავს პერსონაჟის თოთო ბავშვივით ნაზ სულსა და ქრისტეს სისხლითა და ხორცით აღფრთოვანებას. ჯერ სასწაული, ღვთისმშობლის მიერ ბრძოლის ველზე სისხლსა და მიწაში არეული მეომრის გადარჩენა და შემდეგ ვარძიისკენ მიმავალი გზა სულის სამოთხისაკენ სვლის შთაბეჭდილებას ტოვებს: საზვერის სიძნელეების გადალახვაც რომ უწევს (წვიმს, სცივა, შია, წვალობს), თუმცა სამოთხის ხილვის იმედი რომ ათბობს და სანთელივით უნათებს სავალს. ამიტომაც ამბობს საპყარი: „ვარძიისკენ მიმავალ გზაზე პატარა ნუშებისა და ტყემლების ხეები ყვავის, უკუნეთ ღამეში სანთლებივით გვინათებენ ეს ხეები გზას“.

აღმართის ათავება და ვარძიის ღვთისმშობლის ეკლესიაში შესვლა კი ზეციურ საქართველოში მოხვედრას გულისხმობს. ამიტომაც ვეღარ იტევს სიხარულს პერსონაჟი: „შენ ვერ წარმოიდგენ, რა განცდა მქონდა მაშინ, ფრესკებს კი არ ვხედავდი, ჩემ გარშემო ყველაფერი ცოცხალი იყო. ერთად იყო მთელი საქართველო, ერი და ბერი, მეფენი და მხედრიონნი, ამათ ყველაფერს თავს დაჰყურებდა დედა ღვთისმშობელი და მაცხოვარი ჩვენი. აი, ამ პატარა კლდეში გამოჭრილ ეკლესიაში ეტეოდა მთელი დიდი საქართველო, ჩვენს მაცხოვარს რომ მთელი სამყარო ვერ დაიტევს, ისიც იქ ეტეოდა და კიდევაც იყო დარჩენილი ადგილი, რომ შენი საბრალო ძმაც იქ დატეულიყო. ასე მეგონა, რომ ქვემოთ, ხეობებშიც ქართველთა ჯარი იდგა და ტევა არ იყო იმათ სიმრავლის“.

გოდერძი ჩოხელი ღმერთის შვილთა შორის განსაკუთრებულ როლს აკისრებს მწერალს. ის, მისი რწმენით, ნამდვილი ღვთის შვილია, რომელმაც იცის, „ვისთვის, რატო და რას წერს... და რომ ამას უღმერთოდ არ აკეთებს“, თანაც, მიიჩნევს, რომ უფლის ნების გარეშე ვერაფერს შექმნის. ხელოვანი სულიერი სიმაღლის გამო ღმერთთან ახლოა: „ეტყობა, ღმერთისკენ უფრო ახლოს თუ გასწევ თავს, კარგი აზრები მოგივა“.

საოცარი პასუხი აქვს გოდერძი ჩოხელს კითხვაზე, როგორი უნდა იყოს მწერალი: „იმ მზის სხივს უნდა ჰგავდეს, გაზაფხულზე ნაადრევად მოსულ ყვავილს მოყინულ ფოთლებს რომ გაულხობს, გაყინულ ფესვებში გამლხვალ თოვლის თბილ ცრემლებს რო ჩააწვეთებს, საიდანღაც წითელ პეპელას რომ შეისვამს და ყვავილის მხრებზე დასვამს“.

ასეთი საოცარი სულიერი სინაზე გამოარჩევს მწერლის რიგით მოკვდავთაგან, თუმცა აბერებს და აჭკნობს, როგორც კი ბოროტება იმძლავრებს. ამიტომაც ამბობს ავტორი: „ყვავილებმა კი აუცილებლად უნდა უსმინონ მწერლებს, თორემ ამქვეყნად მწერლებზე ადრე არავინ ჭკნება, თუ მათ არ უსმენენ“...

ენის, სიტყვის პატივისცემა ჩოხის წმინდა გიორგისგან, ანუ წმინდა გიორგის ენის სალოცავისაგან, გამოჰყოლიათ მთის შვილებსა და, განსაკუთრებით, ჩოხელებს, ამ სალოცავისთვის შეცოდება „ღვთის სიტყვის“ უარყოფას ნიშნავს; ელიას მთა კი, მათი რწმენით, „მთა კი არ არის, არამედ წმინდა წიგნია, სადაც ძველი აღთქმისა და აღთქმის ნიშნები იკითხება“.

გოდერძი ჩოხელი ამბობს: „ამ წუთში ისე ახლოს ვგრძნობ დედამიწას და მკითხველი ხვდება მის განსაკუთრებულ სიახლოვეს იმ ყველაფერთან, რაც სამშობლოსა და უფალთან ასოცირდება: წინაპრებთან, ანბანთან, ქართულ სიმღერა-გალობასთან... რწმენა და მამულის სიყვარული ჩაწნულა მის სულში.“

თავისი მშობლიური გარემოთი აღფრთოვანებული ჩვენც გვარწმუნებს: „მართლა ისეთი ლამაზია არხოტი, კაცი აქეთ-იქით იყურება, ღმერთი ხომ არსად ზის, ან ყვავილებში ხომ არ დასეირნობსო...

არხოტი ღმერთის ტახტივითაა ჩადგმული მთებს შორის ამ დედამიწაზე.

სამშობლო კი ეკლესიად წარმოუდგენია, საქართველოს რუკის ფორმის ეკლესიას ხედავს სიზმარში ბაყდარი, უგუმბათოს, ჩამორღვეული კედლებით, ქართველები შიგნით კი არა გარეთ დგანან და რაღაცას ელოდებიან. პერსონაჟი ნატრობს, ისეთი დრო დადგეს, რომ ჩვენს ქვეყანაში ყველა ეკლესია შეკეთებული, მოხატული იყოს და ჩუქურთმებიც ჩანდეს.

მწერალი იხსენებს, რომ მოსეს დროს უფალმა „ანბანი დადო ერსა და ღმერთს შორის“ და ებრაელთა მაგალითით დაასკვნის:

„ჩვენი ერის ღმერთთან მისასვლელი გზაც ჩვენი ანბანია“, განსაკუთრებით მაშინ, სიტყვა გალობით თუ გაისმის, რადგან „ქართველების გალობა ქართველების ლოცვაა ღმერთის წინაშე“...

მწერალი თავის ნატვრას პერსონაჟის სიტყვებით გვიმხელს: „შევალთ მერე ქართველები აშენებულ ეკლესიაში, ჩვენი წინაპრების ანბანით დაწერილ საგალობელს ვიგალობებთ და ღმერთიც შეგვისმენს“.

ამიტომაც ნებისმიერ ჩვენგანს მიმართავს: „ამყევი, ბიჭო, ამყევი. იქნებ მთელი საქართველოს ერთად გალობას რომ გაიგონებს ღმერთი, გადმოგვხედავს!“

ასე რომ, ქართული ლიტერატურა დასაბამიდან დღემდე რწმენით, იმედით და სიყვარულით სვლას გვირჩევს ამ სოფლიდან სასუფევლისკენ.

3.18 56. დათაშვილი, ლალი. „შენ, იესო,მწყემსო ჩვენო, ჩვენთვის სისხლის დამანთხეო!“:

▲ზევით დაბრუნება


[ინტერვიუ]; ესაუბრა ლელა ჩხარტიშვილი // კარიბჭე : მართლმადიდებლური ჟურნალი. - თბილისი, 2012. - 5-18 იანვარი. -- № 1 (191). - გვ. 1 0-11.

ქრისტიანული კულტურა უფლისა და კაცის ურთიერთობის უმთავრეს გამოხატულებად სიყვარულს მიიჩნევს. „ძე შეცდომილის იგავი“ მაცხოვრისა და მთელი კაცობრიობის, უფლისა და ყოველი ადამიანის ურთიერთდამოკიდებულების დროით-სივრცითი პარადიგმაა. ადამიანი დაკარგული ცხვარია, რომელიც უნდა მოიძიოს უფალმა და თავის ღვთაებრივ „ფარეხში“, კეთილ სამწყოსთან დააბრუნოს. ცხადია, ამის საყრდენად, ტკბილი იესოს ნებასთან ერთად, კაცის სურვილი, ღმრთის სიყვარული და მისკენ სწრაფვა იგულისხმება.

მწყემსი კეთილისლიტერატურულ პარადიგმებზე გვესაუბრება ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ლალი დათაშვილი.

- საიდან იღებს სათავეს ეპითეტი: „მწყემსი კეთილი“?

- „მწყემსი კეთილი“ ლუკას სახარებაში გვხვდება. უფალი უხსნის მოციქულებს, რომ, როგორც მწყემსი მიატოვებს ოთხმოცდაცხრამეტ ცხვარს და ერთი „წარწყმედილის“ მოსაძებნად გაემართება, რა იპოვის, „დაისუას იგი მხართა თვისთა ზედა სიხარულით“, ასევე, დიდად გაიხარებს უფალი ყოველი მონანული ცოდვილის ცათა სასუფეველში დაბრუნებით (ლუკა 15, 4-7).

სახარებაში დაკარგული ცხვრისა და დაკარგული დრაქმის ამბავი დაკარგული ძის თემად გადაიზრდება. დაკარგულის, შეცდომილის, წარწყმენდილის მოძიების მოტივს „ძე შეცდომილის“ იგავი აგვირგვინებს. ცხვარს თავისი გულუბრყვილობითა და უმეცრებით ებნევა გზა, შორდება ფარას, იგი მსხვერპლია. დაკარგულს უფალი - „მწყემსი კეთილი“ მოიძიებს და უკან აბრუნებს.

ჩვენი აზრით, იესო ქრისტეს სახელი „მწყემსი კეთილი“, ქართულ საერო თუ სასულიერო ლიტერატურაზე დაყრდნობით, რამდენიმე ასპექტს მოიაზრებს: უფალი მასწავლებელია, თავის დამდებია თავისი სამწყოსათვის, კაცზე მზრუნველი და მისი გამომხსნელია ეშმას კლანჭებიდან...

- ჰაგიოგრაფიულ ნაწარმოებებშიც, როგორც ცნობილია, ხშირად შეიმკობიან წმინდანები ამ ეპითეტით...

- დიახ. მაგალითად, წმინდა გრიგოლ ხანძთელი ხშირად შეიმკობა „მწყემსი კეთილის“ ეპითეტით, რითაც ჰაგიოგრაფი მას უდიდეს მწყემსს - უფალს ამსგავსებს. საყურადღებოა, რომ ხუედიოს დაყუდებული მამა გრიგოლის ღვაწლს განსაკუთრებით აღმატებულად იმიტომ მიიჩნევს, რომ იგი მწყემსია: „წმიდაო ღმრთისაო, დაღაცათუ დღითა უმრწემეს ხარ, საქმით კუალა უხუცეს ხარ ჩემსა, რამეთუ შენ იყო მწყემსი კეთილი მრავალთა პირმეტყველთა საცხოვართა ქრისტესათა“.

დედა ფებრონიამაც ზენონ სამცხელი წმიდა გრიგოლს რომ წარუდგინა, ჰაგიოგრაფი ამ ამბავს ასე გადმოსცემს: „შეაწყნარა წმიდასა მას უმანკოი იგი კრავი მწყემსსა მას კეთილსა.“

მამა გრიგოლის მოწაფეები რჩეული კრავები არიან, რითაც ჰაგიოგრაფი პარალელს ავლებს უფალსა და მის მოწაფეებთან. როდესაც დიდი ხანძთელი მამა თეოდორესა და ქრისტეფორეს მოსაძებნად აფხაზეთში მიდის, ამ ამბავს ჰაგიოგრაფი ასე გადმოგვცემს: „წარვიდა ძიებად კრავთა მათ რჩეულთა მწყემსი იგი კეთილი“.

თანაც ეს დიდი მამა „ცხოვართა“ დასახსნელად იბრძვის სატანის წინააღმდეგ და ღმერთის შეწევნით, ისე იოლად ამარცხებს მას, როგორც ქარი გლეჯს ობობას ქსელს. მასზე მინდობილი სამწყსო, მისი იმედითა და მადლით გამხნევებული, თავს კარგად და დაცულად გრძნობს. უფლისათვის სათნოდ ცხოვრობს და დაუბრკოლებლად იღწვის: „ვიდრე მოსვლამდე გრიგოლ მწყემსისა მის კეთილისა ცხოვარნი ქრისტეისნი განბნეულ იყვნენ სივრცესა მას უდაბნოთასა, ხოლო მოსლვასა წმიდისა გრიგოლისსა ცხოვარნი იგი განმხნდეს და ყოველი წესი საღმრთოი განემართა“.

გარდაცვალების წინ წმინდა გრიგოლი განსაკუთრებით იმის გამო ემადლიერება უფალს, რომ ტაძართა სახით ააშენებინა „მრავალთა სულთა ნავთსაყუდელი“ და ადამიანთა მწყემსად აკურთხა: „ჩემ მიერ აღაორძინენ ნებისმყოფელნი შენნი. ქრისტე“.

ამ სახელით საუკეთესოდ გადმოიცემა წმინდა გრიგოლ ხანძთელის მისიის მერჩულესეული ხედვა - ეს დიდი მამა ეშმაკის განმაოტებელი და ცხოვართა გადამრჩენელია, რითაც უფალს ბაძავს და მისთვის სათნო საქმეს აღასრულებს.

- დავით გურამიშვილთანაც ძალიან საინტერესოდ არის წარმოდგენილი მეცხვარის პარადიგმა - მაცხოვარი...

- დავით გურამიშვილი ათი პროფესიის დახასიათებისას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მწყემსს, გამოკვეთს მის ყურადღებიანობას, თავგანწირულობას ცხვართათის და თავისი სამწყსოს დაცვას ეშმას კლანჭებიდან. ამით მეცხვარის პარადიგმად მაცხოვარს მიიჩნევს. ვისაც დაცვასა და წყალობას ევედრება:

„მწყემსობა უნდა სიფრთხილით,
აქვნდეს მცირედი ძილია,
მუდამ მხნედ სამწყსოს უვლიდეს,
დღე ყინული თუ თბილია,
„მწყემსმან კეთილმან ცხვართათვის
დადვისო სული ტკბილია“, -
ვინც ბრძანა, მან მე მარიდოს
უხილავთ მხეცთა კბილია.“

ხელმწიფეც კეთილი მწყემსია, ამიტომაც მის პოეტისეულ დახასიათებაში იესოს თვისებები სჭარბობს: სიბრძნე, სიუხვე, სიმშვიდე, სამართლიანობა:

„ხელმწიფე უნდა მართალი, -
ვით ბრძენთა დაუწერია.
ბრძენი უხვი და მოწყალე,
მრისხველი ზომიერია,
სჯულმტკიცედ, სწორეს სამართლით
იყოს და ჰყვანდეს ერია,
მწყსიდეს, მწყემსობის ნიშანი ხელთ,
სკიპტრა, მას უჭერია.“

- მეფისა და მწყემსის შედარება სულხან-საბასთანაც გვხვდება...

- დიახ. სულხან-საბას პერსონაჟი ლეონიც ერთმანეთს მეფესა და მწყემსს ადარებს, როდესაც უხსნის ფინეზს, რომ ზოგჯერ მეცხვარე ხელმწიფეს სჯობია, რადგან მეფემ შესაძლოა ჯეროვნად ვერ მოუაროს თავის ხალხს, მწყემსის ყურადღებასა და მზრუნველობაზე კი მისი ფარაა დამოკიდებული: „მწყემსი ხამს. ცხოვართათვის იჭირვოდეს, კეთილთა ბალახთა აძოოს, ამოდ ატაროს, დაკოდილი შეუხვიოს და მპარავს არიდოს. ეს თუცა ვერა ყოს, სამწყსო შეუმცირდეს“.

- ურჯულოთა მიერ დატყვევებული დავითის (გურამიშვილი) ლოცვაც, ალბათ, სწორედ ლუკას სახარების გამოძახილია...

- დავითი, როგორც დაკარგული ცხვარი, უზენაესს მოძიებასა და ამქვეყნად - სამშობლოში, იმ ქვეყნად კი სასუფეველში დამკვიდრებას ევედრება; პოეტი შეჰღაღადებს მაცხოვარს, ეშმას ანუ უხილავი მხეცისგან დაიცვას, „თიკანთა“ - ჯოჯოხეთისათვის განწირულთა რიგებში არ ჩააყენოს და სამოთხის მკვიდრთ - „კრავებს“ შეუერთოს:

„შენ იესო, მწყემსო ჩვენო, ჩვენთვის
სისხლის დამანთხეო!
ვით ცხოვარი ვარ წყმენდილი,
ნუ დამკარგავ, მომნახეო,
ჩემზედ მხეცთა უხილავთა ნუ
მოუშვებ, შერისხეო,
მარცხნივ თიკანთ განმარიდე,
მარჯვნივ კრავთან შემრაცხეო!“

დავითს ცოდვით დაცემისა და წარწყმენდის შიში იპყრობს. სწამს, მხოლოდ მაცხოვარს ძალუძს ადამიანის განწმენდა, ცოდვების მიტევება და ცოდვით მკვდრის მადლით გაცოცხლება. ამიტომაც მუხლომყრილი ევედრება უფალს, თავისი იმედის ერთადერთ წყაროს, მამა ღმერთთან უშუამდგომლოს, ცოდვის ორმოში (ხნარცვში) ჩავარდნილი ამოიყვანოს, თავისუფლება და ბედნიერება დაუბრუნოს:

„იესო, მწყემსო კეთილო,
ჩემებრ წარწყმენდილთ მპოველო,
ჩავვარდი ცოდვის ხნარცვშია.
ვსცადე და ვერ ამოველო.
ბრძანე: „ძის თხოვნით მამასა
სთხოვე, რაც გინდეს, მთხოველო.
ვითხოვ, შემინდე ცოდვანი,
როს მკვდარი განმაცხოველო.“

უკვე მეორე ტყვეობიდან - მაგდებურგიდან დაბრუნებული დავითი მთელი თავისი საცხოვრებლის დაკარგვას ისევ ცოდვების სიმრავლით ხსნის, თავს დაკარგულ ცხვართან აიგივებს და იესოს ევედრება, წყალობის თვალით მოხედოს, იგი „ათი ქალწულის იგავსაც“ მოიშველიებს და მაცხოვარს შეჰღაღადებს, მომადლოს სინანულის ცრემლები, ცოდვები მიუტევოს, ბრძენი ქალწულივით შეაძლებინოს ლამპრის ანთება და არ ჩაკეტოს სამოთხის კარი:

„ვითა ცხოვარი, გზაშეცდომილი.
მგელთ წარსატაცად ფარეხთა გარე,
ეგრეთ შენ, თაო, ხარ გახდომილი.
ისეთი საქმე მე მოგიგვარე!
ქრისტევ, განმკურნე ბრმა-ყრუ-საპყარი.
რომ მე აგინთო ბაზმა-ლამპარი.
მომეც ლოცვაში თვალთ ცრემლთ წანწკარი.
რომ შენ განმიღო ქორწილის კარი!“

„ქაცვია მწყემსის“ მიხედვითაც უფალი-მწყემსია ყველას იმედი და ნუგეშინისმცემელი. რადგან ამ პოემით დავით გურამიშვილი, სოლომონ ბრძენის „ქება ქაბათაის“ მსგავსად, უფლის სიყვარულს სიმბოლურად ქალისა და ვაჟის ურთიერთტრფობით გამოხატავს, შემთხვევითი არ უნდა იყოს, რომ ვაჟი მეცხვარეა. ქალს მისი (სიმბოლურად - უფლის) ხილვა ყოველგვარ ტკივილსა თუ სადარდელს ავიწყებს.

„რა ნახა იმ მწყემსის პირი, სულ
დაავიწყდა, რაც სჭირდა ჭირი.“

იგი მუხლებზე დაცემული განადიდებს „თავის მხსნელს, ძალ-ღონეს, იმედს“ და მადლიერებით შეჰღაღადებს“

„დღეს შენგნით მეფონა,
ხსნა აღარ მეგონა
ჩემის თავისა.“

უფალი ხომ ერთადერთი უღალატო მხსნელია კაცისა, მაშინაც კი შემწე და ხელისამპყრობელი, როდესაც ადამიანი საშველს ვეღარსად ხედავს.

- ნიკოლოზ ბარათაშვილი „ბედი ქართლისაში“ ასახავს კრწანისის ბრძოლას - საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ მძიმე და ღალატით წაგებულ ომს. აქაც გვხვდება მეფე ერეკლეს ლოცვა, სადაც იგი მწყემსს - მაცხოვარს თავის სამწყსოს ავედრებს...

- რაღა თქმა უნდა, ბრძოლის დაწყებამდე ერეკლე მეორე ევედრება უფალს. ხსნა და წყალობა არ მოაკლოს „ჭირმომდგარ“ მის სამშობლოს. მეფე მხურვალე გულითა და ცრემლებით სწორედ „გულთამხილავ“ უფალ-მწყემსს შეჰღაღადებს, გადაარჩინოს თავისი ცხვრები. მხოლოდ მისი იმედი აქვს, რომ მოსიყვარულე მამა თავის სამწყსოს არ მიატოვებს განსაცდელში:

„მწყემსო კეთილო, შენს წმიდას სამწყსოს
შემოვავედრებ ჩემსა სამეფოს!..
მრავალ არიან, უფალო, მტერნი
და წარიტაცონ შენნი ცხოვარნი!
გვესწრაფე, ჩვენო
ხელთამპყრობელო
და აღადგინე დღეს საქართველო!“

- თანამედროვე მწერლობაში რამდენად ჟღერს ეს მოტივი?

- ნიკო სამადაშვილი თავის ლექსში „ბეთანია“ („უკანასკნელი ქრისტიანები“) ბეთანიაში სალოცავად წასვლასა და ტაძრის იმჟამინდელ მდგომარეობას ასახავს.

პოეტი მთას უფლის კვარცხლბეკად მოიხსენიებს. მისი სტრიქონი - „ფარა კვარცხლბეკის ახლო“ სიმბოლური შინაარსისად მიგვაჩნია და იმ უფლის კაცთა კრებულზე მიმანიშნებლად, ვისი რიცხვიც კომუნისტების ეპოქაში საგრძნობლად შემცირდა; ხოლო „რჯულდაწყვეტილი ქართველები“. რომელთა ხილვა თვით მაცხოვარსაც კი აკრთობს, - იმ ნახირად გადაქცეულ ადამიანებად, რომელთა თვალსა და გულში უფალი „მოკვდა“, რომელნიც ურწმუნოებისა და ანტითეიზმის ჭაობში იყვნენ ჩაძირულნი და საკუთარი ნებით მიექანებოდნენ ჯოჯოხეთისაკენ:

„აქ თავის თათით ითხრიდა საფლავს
მწყემსდაღუპული სოფლის ნახირი.“

უმწყემსოდ დარჩენილი ნახირი მკითხველში უპატრონობისა და სიბრალულის განცდას აღძრავს (ისევე, როგორც გურამიშვილისეული სახე უკრუხო წიწილებისა) და კიდევ ერთხელ დაგვაფიქრებს იმაზე, თუ რა ცოდოა უფლის იმედსა და მზრუნველობას მოკლებული ადამიანი.

ასე რომ, ადამიანთა საზოგადოება მუდამ უნდა ცდილობდეს, იყოს „ერთ სამწყსო ერთისა მწყემსისა“. მაშინ ჩვენი უფალი - „მწყემსი კეთილი“ მარადის მასთან იქნება ორსავე სოფელში.

3.19 57. ენუქიძე, ქეთევან. ნიკო სამადაშვილის მეტრის თავისუბურებები

▲ზევით დაბრუნება


// ლექსმცოდნეობა: ყოველწლიური კრებული / შოთა რუსთაველის ქართ. ლიტ. ინ-ტი. - თბილისი, 2021. - № 13, ლექსმცოდნეობის მეცამეტე სამეცნიერო სესია (მასალები) : ეძღვნება ნიკო სამადაშვილს. - გვ. 64-71.

ნიკო სამადაშვილის განხილული 365 ლექსიდან ლოგაედური 10-მარცვლედით (5/5) დაწერილია 218 ლექსი, ბესიკური 14-მარცვლედით (5/4/5) - 102, მაღალი შაირით (4/4) - 6, 20-მარცვლედით - 3, ჰეტეროსილაბურია (5/10) - 2 ლექსი, 14-მარცვლიანია (4/3//4/3) მხოლოდ ერთი, ხოლო 33 ლექსი განსაკუთრებით იპყრობს ყურადღებას მეტრული თვალსაზრისით.

ზოგადად, ამ ეპოქის პოეზიაში ძირითადად ჭარბობს ლოგაედური 10-მარცვლედი, მაღალი/დაბალი შაირი და ბესიკური 14-მარცვლედი. ლოგაედის შუა (მესამე) მახვილი და მეორე პეონის მეორე მახვილის თანხვედრა თავისებურ ჰარმონიას ქმნის, რომელიც ენის ბუნებასთანაც მიახლოებულია და ტექსტში როგორც სიტყვის (არ ცვლის მის ორგანულ ჟღერადობას), ისე ემოციის ბუნებრივად გადმოცემას განაპირობებს.

ამავე დროს, ამ მეტრის პოპულარობა განაპირობა ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლისა და სიმბოლისტების შემოქმედებამ. კონკრეტულად ნიკო სამადაშვილის შემთხვევაში შეიძლება გავიხსენოთ ნიკოლოზ ბარათაშვილის ლირიკაც.

თუმცა მეტრულად სრულყოფილად ორგანიზებულ ლექსებს შორის მაინც გამოირჩევა რამდენიმე, რომელთა მაგალითით შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ პოეტისთვის მეტრი მხოლოდ სტრუქტურული მოწესრიგების საფუძველს არ წარმოადგენდა და მას იყენებდა გარკვეული ემოციური ეფექტების შექმნისთვისაც.

განსაკუთრებით გამოვარჩევდით რამდენიმე ლექსს:

„ჩემი დღე“ (გვ.18) იწყება ბესიკური 14-მარცვლედით, თუმცა მეორე ტაეპის მეორე ტერფი არა მეორე პეონი, არამედ დაქტილია. რიტმის ცვლილება არ ფიქსირდება, რადგან მახვილი თავის ადგილზეა, სამაგიეროდ, გამოკვეთილია სინტაგმა „ჩემს ბალღებს“. ცვლილებაა მეოთხე ტაეპშიც: „სიცოცხლის გზაზე არ დავინდო არც გარეშე, არც შინაური“. „არც შინაური“ ცალკე ტაეპს ქმნის - სავარაუდოდ, ისევ გამოკვეთის მიზნით. ლოგაედს ნაცვლად გვხვდება ორი დაქტილი. სწორედ ეს სამი დაქტილი, მათი გამოკვეთის საფუძველზე, წარმოგვიდგენს ტექსტის მთავარ სათქმელს და პოეტის შინაგან ტრაგიზმს. მეორე სტროფის მეორე ტაეპში პირველ ლოგაედს მეორე პეონად გარდაქმნის ფრაზით „წინ კი რიყვა“, რომელიც აგრძელებს პირველი სტროფის პათოსს.

კიდევ ერთი საინტერესო ტაეპია „ნისლი მწყემსავდა სარქალივით ჩემ /// ნორჩ პატარებს“. სინტაგმა „ნორჩ პატარებს“ ასევე ცალკე ტაეპს ქმნის. შედეგად, ბოლო ლოგაედი გახლეჩილია (1+4), თუმცა, თუ დავაკვირდებით მახვილებს, ტაეპი ერთ მთლანობას წარმოადგენს და გაყოფა მხოლოდ გრაფიკულია - სავარაუდოდ, ისევ სინტაგმის გამოყოფის, მასზე ყურადღების გამახვილების მიზნით.

მინაწერი ლექსის ბოლოს („თოვს“) ასევე საყურადღებოა, რადგან ეს გარემოება პოეტს დაფიქსირებული აქვს ლექსის შინაარსის გასამძაფრებლად და, ვფიქრობთ, ტექსტის საზრისისთვის ამასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, იმის გათვალისწინებით, რომ ნიკო სამადაშვილის ლექსებისთვის ასეთი კომენტარები ტიპური არ არის და მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაში გვხვდება.

წვიმა (გვ.24)

გამოვედი გარეთ, გათენდა (4/5)
მწვანე ჭანდრებმა დააჭყიტეს ლურჯი თვალები, (5/4/5)
მარტო ვიყავი, ქუჩის ბოლოს ვინ ამედევნა, (5/4/5)
რა ღვთის წყრომაა, ნუთუ კაცი არ ვებრალები. (5/4/5)
გამოვედი სახლიდან და უცებ გათენდა, (4/4/5)
უცებ იკივლეს გრიგალებმა და დაიკარგნენ, (5/4/5)
ასე მგონია, მსოფლიოში მე დავითენთე. (5/4/5)
და ქართველები ჩემ ლექსების წალკოტში ჩადგნენ. (5/4/5)
რა ვუწოდო ჩემ ლექსების გულწასულ დუმილს, (4/4/5)
ხმას არ იღებენ, დაიკარგა ბედის მშვენება. (5/4/5)
უბედურ პოეტს (5)
რა ეშველება, რა ეშველება. (5/5)

ლექსის თორმეტი ტაეპიდან შვიდი ბესიკური 14-მარცვლედითაა დაწერილი.

მეორე პეონებით დაწყებულ ტაეპებს და თავად ტერფებს თუ დავაკვირდებით, აშკარად ჩანს კონკრეტული სიტყვების გამოკვეთის სურვილი: „გამოვედი“, „რა ვუწოდო“. სწორედ ამ სიტყვებში ჩანს განსაკუთრებით მკაფიოდ ლირიკული გმირის ძიების სურვილი, ხოლო ბოლო ტაეპებში, რომლებიც ლოგაედებითაა წარმოდგენილი, იკითხება ერთგვარი დასკვნა, რომელიც ამ ძიების შედეგია.

საინტერესოა პირველი ტაეპი. პოეტს სასვენი ნიშნით გაყოფილი აქვს პირველი ექვსი მარცვალი, თუმცა, მახვილების გათვალისწინებით, ორი ტერფი გვაქვს (მეორე პეონი და ლოგაედი), რომელთაგან მეორე ერთ ტერფად კრავს სასვენი ნიშნით გამიჯნულ სიტყვებს. ამავე დროს, რაკი „გამოვედი“ სხვა ტაეპშიც გვხვდება როგორც განსაკუთრებული ტერფი, შეგვიძლია ტაეპი დავშალოთ სამ ტერფადაც. შედეგად მივიღებთ მეორე პეონს, ქორეს და დაქტილს და არა ლოგაედს. ეს ნიშნავს, რომ მივიღებთ მაინც სამ მახვილს, როგორც სხვა ტაეპებში.

მათხოვარი ეკლესიის კიბესთან (გვ. 152)

ზის კიბეზე ხელგაწვდილი, ცრემლნამიანი, (4/4/5)
ოდესღაც იყო ადამიანი. (5/5)
ღმერთს კი არა, ქალს ყვარობდა, უნაზესს, (4/4/3)
ნარნარს. (2)
ახლა კი გაურბის ბაღნარს, (3/5)
ჩიფჩიფებს ჩუმად მოგონებებს, უხილავ (5/4/3)
ამბებს. (2)
ვიღაც ლამაზი (5)
ჩაუშრიალებს აბრეშუმის (5/4)
მოქარგულ კაბებს. (5)
გამოვა ქრისტე, გამოიყვანს დავრდომილ (5/4/3)
დედას. (2)
და მათხოვარი სადაც ხედავს (5/4)
ნათელს, სანთლებს, იუდას, მსტოვარს, (2/2/3/2)
აღარაფერი ენატრება საწყალ მათხოვარს. (5/4/5)

ტექსტის ძირითად მეტრულ საყრდენს წარმოადგენს ბესკური 14-მარცვლედი, მაგრამ სრულყოფილი სახით ეს საზომი მხოლოდ ბოლო ტაეპში გვხვდება. განსაკუთრებით საინტერესოა ორტაეპად გადანაწილებული სტრუქტურა 5/4/3+2, რომელიც ერთ ვარიანტში გვაძლევს 4/4/3+2 ორტაეპედს. ამ შემთხვევაში მეორე პეონს წარმოადგენს ფრაზა „ღმერთს კი არა“. ცალკე ტაეპებად გამოყოფილია სიტყვები, რომლებშიც პოეტის ემოციური დამოკიდებულება იგრძნობა: ქალის სინარნარე, უხილავი ამბები, დავრდომილი დედა. ბოლოსწინა ტაეპი ოთხ მახვილს მოიცავს, რადგან ინტონაცია მათ ორ ტერფად მოაზრების საშუალებას არ გვაძლევს: „ნათელს, სანთლებს, იუდას, მსტოვარს“. გარდა ამისა, აშკარაა შიდარითმებიც, პირველ წყვილში - ვაჟური, მეორე წყვილთან - ქალური, თუმცა ეს სუსტი კლაუზულები მაინც ეფექტურ ჟღერადობას ინარჩუნებს - სწორედ მახვილების გამო.

სვეტიცხოველი (გვ.151)

საუკუნენი აი, აქ ბუდობენ
აი, აქ დააგეს დროთა ხაფანგი,
ქრისტიანები აი აქ გალობენ,
აი აქ დამარხეს ქრისტეს პერანგი.
აქ განისვენებს პატარა კახი,
ომში დაღლილი მამულის ეშხით,69
სამშობლოს კალთა შემოახვიეს,70
ხატებს თხუპნიდნენ მურით, ნახშირით.
ჩასაფრებულა სვეტიცხოველი,
სამხედრო გზაზე უყელებს დუშმანს,
ზარს ჩამორეკავს სვე-მაცხოვარი.
ბერი ფანჯრებზე ფარდებს დაუშვებს.
ის ებრაელი გოლგოთის მთაზე
ქრისტეს ჯვარცმასო როცა დაესწრო,
სვეტიცხოველმა ბევრი იტირა
და მტკვრის ნაპირზე მაშინ დაემხო.
მას აქეთაა არმაზის კერპი,
ჩუმად უცქერს კოდმანის კლდიდან,71
სისხლთ გასვრილი წარმართ ხელებით,
სვეტიცხოველის ლოცვებს კიკნიან.

ლექსი ლოგაედური 10-მარცვლედითაა დაწერილი. საყურადღებოა რითმა და, ასევე ტაეპები, რომლებშიც გამოყენებულა ჩვენებითი ნაწილაკი აი. აშკარაა, რომ ი-ს ნაცვლად იგულისხმება ჲ, რის საფუძველზეც 10-მარცვლიანობა არ ირღვევა.

დაუკარ ჩემო მემუსიკევ (გვ. 174)

დაუკარ, ჩემო მემუსიკევ, (5/4)
დაუკარ მალე! (5)
ოღონდ ნურც სიკვდილს, (5)
ნურც სიცოცხლეს ნუ დამაძალებ. (4/5)
ნუ დამაყვედრი თუ ჰანგების (5/4)
ლივლივს დავაკვდე. (5)
ჯანდაბას, ძმაო, ერთიათად მიანგარიშე. (5/4/5)
სულ გადაგიხდი, თუნდ (5+1)
ვალების მწუხრში ჩავვარდე. (3+5)
ნეტავ შემეძლოს (5)
მკერდის ძვალი რომ ამოვიჭრა, (4/5)
მეც ჩავბერამდი, ჩემი (5+2)
მკერდის გამოთლილ ტუჩებს (2+5)
მე ბოგანო და ბედის ურჩი (5/4)
დაგიდებდი დიდ სანაძლეოს, (4/5)
გაგახარებდი მეფანდურევ, (5/4)
როგორც ვაჭარი. (5)
მაინც რა არის, რომ ღარიბი (5/4)
სულ არავის ეპრიანება, (4/5)
სულ სხვა რამეა მდიდართ ღაღადი... (5/5)
როგორ გიხდება მემუსიკევ ჩემი გინება.

ლექსის სტრუქტურა ნიკო სამადაშვილის პოეზიისთვის ერთ-ერთი ყველაზე ორგანული მეტრით, 14 - მარცვლიანი ბესიკურითაა აწყობილი, მაგრამ აქ საყურადღებოა არა ტაეპის გაყოფა, არამედ გაყოფის არაერთგვაროვნება. ეს კარგად ჩანს მერვე/მეცხრე, მეთორმეტე/მეცამეტე ტაეპებში. ასევე, საინტერესოა მეთხუთმეტე/მეთექვსმეტე და მეთვრამეტე/მეცხრამეტე ტაეპები, რომლებშიც ლოგაედები და მეორე პეონები შებრუნებული სახითაა მოცემული. ოთხი ტაეპი თითო ლოგაედითაა წარმოდგენილი („დაუკარ მალე!“ „ლივლივს დავაკვდი“, „ნეტავ შემეძლოს“, როგორც ვაჭარი“). მეოცე ტაეპი ლოგაედური 10-მარცვლედია, ხოლო ბოლო ტაეპი - ბესიკური 14-მარცვლედი. 14-მარცვლედი ლექსში მხოლოდ ორჯერ გვხვდება (VII და XXI ტაეპებში). ასეთი ტიპის დაყოფა ძალიან კარგად გამოკვეთს პოეტის სევდიან განწყობას, მის აღმავალ და დაღმავალ ემოციებს, რომლებიც უფრო მძაფრდება მიმართვისა და კომენტარების მონაცვლეობით.

ლექსში „ნაყარ-ნუყარი“ (გვ.196) ისევ ვხვდებით ლოგაედების თავისუფალ მონაცვლეობას, თუმცა აქ სტრუქტურა უფრო მწყობრია, თუ არ ჩავთვლით ბოლო ორტაეპედს.

„ნუთუ ჩემი გვარი, ჩემი წინაპრები, იმიტომ
ვარჯიშობდნენ, რომ მე წარმოვშობილიყავი?“

ეს ტაეპები, ფაქტობრივად, არ ექვემდებარება მეტრულ წესრიგს, თუმცა პოეტი ტაეპებად ყოფს და ლექსისგან არ მიჯნავს. მეტრულად ჰარმონიული ტაეპების ბოლოს ეს სტრიქონები უდავოდ მიგვანიშნებს ლირიკული გმირის შინაგან მდგომარეობაზე.

მეფე ერეკლეს ფიქრები (გვ. 162)

მეთვრამეტე საუკუნის მიწურულია, (4/4/5)
შემოდგომაა, ანანურის ციხე მდუმარებს, (5/4/5)
ქვეყნიერება თითქოს ღმერთთან გაბუტულია, (5/4/5)
მეფე ერეკლე იქვე ლოდზე ზის (5/5)
გარემოცული, და მიყვება ფიქრების ნახირს. (5/4/5)
თბილისი ახსოვს მტრის დაშნებით აოხრებული, (5/4/5)
და დაკოდილი შმაგი ღრეჭა სპარსელი შახის, (5/4/5)
ჯიღა ხევსური კაჟის თოფზე რო დაყრდნობილა. (5/4/5)

მეტრულ სქემაში კარგად ჩანს, რომ პოეტი 14-მარცვლედით აგებს ლექსს. მხოლოდ პირველ ტაეპშია, ფაქტობრივად, შეკვეცილი ლოგაედი და მის ნაცვლად მოცემულია მეორე პეონი; ასევე, მეოთხე ტაეპში, რომელშიც ნახსენებია მეფე ერეკლე, გამოყენებულია ლოგაედური 10-მარცვლედი და გადატანა, რაც განაპირობებს ყურადღების კონცენტრირებას სწორედ ამ მონაკვეთზე. ფაქტობრივად, ამ საშუალებით (10-მარცვლედით და გადატანით) წაკითხვის დროს იგრძნობა სამი ლოგაედი, რადგან გადატანას მოჰყვება კავშირი (და) და პირველი ლოგაედის შემდეგ ძლიერი აკუსტიკური პაუზა ფიქსირდება. რაც შეეხება პირველ ტაეპს, ნიკო სამადაშვილის არაერთ ლექსში შევხვდებით პირველი ტაეპის შეკვეცილ ტერფს. ასევე, მთელი ტექსტისგან განსხვავებულ მეტრს. მაგალითად, ლექსში „ჩემი სოფელი“, რომელიც 9 სტროფი 10-მარცვლიანი ლოგაედითაა შექმნილი, მხოლოდ პირველი ტაეპია მოცემული განსხვავებული მეტრული სქემით „გავხედავ ხვართქლანარევ ორღობეს“ (3/4/3).

პირველ ტაეპებში გვხვდება მეტრული დისჰარმონია კიდევ ერთ ლექსში - „ჩემს მარიამს“:

მე შენ მიყვარხარ ისე კი არა, (5/5)
ხალხმა რომ იცის, ანდა (5+2)
წიგნებში როგორც სწერია, (3+5)
მიყვარხარ ისე, როგორც იციან (5/5)
ტყის მოჭიკჭიკე ცის ფრინველებმა. (5/5)

განსხვავებული რიტმი აქაც ლოგაედის გაყოფით და გადატანით არის მიღწეული და უდავოდ მისი გამოკვეთის სურვილით უნდა იყოს განპირობებული.

ამ თვალსაზრისითვე საყურადღებოა ლექსი „ჩემი გულთამხილავი“ (გვ. 243)

ჩემოივლის ვიწრო დაღმართებს, ჩრდილთა (4/5/2)
ასურეთელი მოგვის დარი ფარეში. (5/5)
აქ ყველა ქვის ქვეშ ჩუმად მარხია (5/5)72
ბარათაშვილის გულწასული გზნების ღაღადი. (5/4/5)

ლექსის მომდევნო ნაწილში გვხვდება 14-მარცვლედებისა და 10-მარცვლედების მონაცვლეობა. განსხვავებული მეტრით მხოლოდ პირველი ტაეპი გამოირჩევა.

ასევე, „გადახვეწილი შადრევანი“ (გვ.252):

სიფრიფანა ქაღალდის ნახევს ეწერა: (4/5/3)
„ბიჭო! როგორა ხარ, გამაგებინე...“ (2/4/5)

როგორც წესი, ასეთ ეფექტს ქმნის სწორედ მეორე პეონის გამოყენება ლოგაედის ნაცვლად და ეს ხერხი, რა თქმა უნდა, მიზანმიმართულად უნდა მივიჩნიოთ. ლოგაედებს შორის მოქცეული მეორე პეონი ლოგაედების მიერვე შექმნილ საერთო რიტმში ერთგვარი ჰარმონიის ნაწილია, მაგრამ როდესაც ტაეპის თავში მოექცევა, დისონანსს ქმნის და ყურადღების კონცენტრირებას განაპირობებს.

თუ გავითვალისწინებთ, რომ პოეტის ლექსების 90%25-ზე მეტი აბსოლუტურად ორგანიზებულია მეტრის თვალსაზრისით, ვფიქრობთ, გრაფიკულად/ფაქტობრივად წარმოდგენილი ცვლილებები/ აცდენა ტრადიციული ფორმებისგან მიზანმიმართული უნდა იყოს.

საყურადღებოა, რომ ეს თავისებურებები მეტწილად ფიქსირდება ერთი-ორ ტაეპის ფონზე და, როგორც დაკვირვებით ჩანს, სავარაუდოდ, განპირობებული უნდა იყოს ემოციის გამოკვეთის სურვილით.

სწორედ ეს გარემოება ქმნის პოეტის ინდივიდუალურ ხელწერას მეტრის თვალსაზრისით. იმის მიუხედავად, რომ ნიკო სამადაშვილის შემოქმედებაში სტრუქტურას, როგორც წესი, ნაკლებად ექცევა ყურადღება, როგორც გვაჩვენებს მისი შემოქმედების ანალიზი, მეტრი პოეტის შემოქმედებაში ერთ-ერთ საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს.

___________________

69. სწორია: ომით დაღლილი მამულის ეშხით

70. სწორია: სამშობლოს კალთა შემოახიეს,

71. სწორია: ჩუმად უცქერის კოდმანის კლდიდან,

72. სწორია: იქ ყველა ქვის ქვეშ ჩუმად მარხია

3.20 58. ვახანია, ნინო. ქართლის სოფელი ნიკო სამადაშვილის პოეზიაში

▲ზევით დაბრუნება


// ლექსმცოდნეობა: ყოველწლიური კრებული / შოთა რუსთაველის ქართ. ლიტ. ინ-ტი. - თბილისი, 2021. - № 13, ლექსმცოდნეობის მეცამეტე სამეცნიერო სესია (მასალები) : ეძღვნება ნიკო სამადაშვილს. - გვ. 72-78.

ქართული სალიტერატურო კრიტიკა თუმცა ჯერ კიდევ ვალშია ნიკო სამადაშვილის წინაშე, უკვე საყოველთაოდ აღიარებულია, რომ იგი დიდი პოეტია და მისი შემოქმედებითი სამყაროს არაერთი არსებითი თავისებურებაც შენიშნულია. კრიტიკოსები, რომლებსაც კი უკვლევიათ ნიკო სამადაშვილის პოეზია, თითქმის ერთხმად აღნიშნავენ, რომ მისი ხელწერისთვის დამახასიათებელია უშუალობა, გულწრფელობა, სათქმელის გულში ღრმად გამოტარება და გარეგნული ფორმების უბრალოება.

2004 წელს გამოცემულ კრებულში „ფერისცვალება“ თითქმის სრულად შევიდა ნიკო სამადაშვილის მხატვრული მემკვიდრეობა. აქვე რამდენიმე შესანიშნავი წერილია დაბეჭდილი ამ თავისებური და „უცნაური“ პოეზიის შესახებ. ზაზა აბზიანიძე წერს: „ერეკლე ტატიშვილის სიფრთხილე დღეს სავსებით გასაგები ხდება: იგი ხომ სხვაზე უკეთ ხედავდა, რომ სამადაშვილის პოეზიის მაგნეტიზმი პარადოქსულად უკავშირდებოდა მისივე მინუსებს: ლიტერატურული ტრადიციიდან განდგომას, პოეტიკის კანონების არცოდნას თუ არგათვალისწინებას...“ (აბზიანიძე 2004: 525).

ფორმის სისადავეს, ტრადიციულისგან განსხვავებულ ყალიბს აქცევს ყურადღებას თემო ჯაფარიძეც წერილში „ღამისთევის პოეზია“: „მის შემოქმედებაში ვერ ვპოულობთ არაფრის გამო, ან მსუბუქი გრძნობით დაწერილ ლექსებს... ის მხოლოდ იმაზე მუშაობს, რომ თავის ღრმა განცდას შესატყვისი არაკოკეტური ფორმა უპოვნოს (ჯაფარიძე 2004: 532).

პოეტის მრავალფეროვან შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართლის სოფელს - მის პეიზაჟს, ბავშვობის მოგონებებით განათებულ სამკვიდროს, ნაზი, ფაქიზი გრძნობების გამომწვევ სამყაროს.

ისევ თემო ჯაფარიძეს უნდა დავესესხო და ვრცელი ციტატა მოვიყვანო ზემოდამოწმებული წერილიდან: „...ეს თემები სასიცოცხლო ნერვს სამადაშვილის ქართლთან და თბილისთან ურთიერთობაში იძენენ. ქართლის პეიზაჟები, ტაძრები, ადამიანები, მეგობრები: ერეკლე ტატიშვილი, ვახტანგ კოტეტიშვილი, თამაზ ჩხენკელი, ახლობლები: დედა, ძალო ეკატერინე, ანონიმი მეძავი და მესაფლავე, მათხოვარი, შვილი თამაზი, საქართველო ხან დედასავით სათნო, ხან დედინაცვალივით უცხო, ქრისტე, ღვთისმშობელი, ილია ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ბარათაშვილი პოეტის სახოვანი აზროვნების ის ძირითადი ელემენტები არიან, რომელთა საშუალებითაც განყენებული იდეები და სააზროვნო მოტივები ყოფიერების ფაქტებად გარდაიქმნებიან“ (ჯაფარიძე 2004: 541). ქართლის, თბილისის, მეგობარ-ნაცნობების, ახლობლების, სულიერი წინაპრების მხატვრული სახეები ჯერ კიდევ საკვლევია სამადაშვილის პოეზიაში. თითოეულ მათგანს შეიძლება არაერთი ცალკე წერილი თუ ნარკვევი მიეძღვნას. ამჟამად ჩემი დაკვირვების სფერო უფრო ლოკალურია და მხოლოდ ქართლის სოფლის მხატვრულ სახეს გულისხმობს.

გაიოზ იმედაშვილის თქმით, „...მთელი სიცოცხლე სოფელს ეტრფოდა: ტყეები, ორღობეები, ბაღ-ვენახები, ველ-მინდვრები, წყაროები და ნაკადულები ენატრებოდა...“ (იმედაშვილი 2002: 42).

ხოლო 1989 წელს გამოცემული ნიკო სამადაშვილის წიგნის „წუთისოფლიდან უკვდავებამდე“ წინათქმაში („მუდამ სინათლისკენ გამყივარი ძახილი“) ზურაბ კიკნაძე ღრმად გაიაზრებს სოფლის მხატვრულ სახეს სამადაშვილის პოეზიაში: „პოეტის თვალით დანახული და მისი გეშით განცდილი სოფელი მისი სამშობლოა, ერთი კუთხე ქვეყნიერებისა, დაუვიწყარი ქართლი, უფრო ხშირად ერთი კონკრეტული ლოკალი - ტანის ხეობის ერთი სოფელი, რაიც დიდი სოფლის, წუთისოფლის ხატად არის წარმოსახული“ (კიკნაძე 2004: 515).

სწორედ ასე - ერთი სოფელი, ხიდისთავი, სამშობლოცაა და წუთისოფელიც. ასეა, სხვათა შორის, ეს ოთარ ჩხეიძის შემოქმედებაშიც. მისი „ჩემი სოფლის ეტიუდები“, ერთი მხრივ, საკუთარი სოფლის - ყელქცეულის გარემოს ხატავს და სამშობლოს სიყვარულის

ღრმად განცდილ გრძნობას ამჟღავნებს, მეორე მხრივ კი, ზოგადამიანურ ყოფას წარმოაჩენს და საერთოდ, წუთისოფელს გულისხმობს.

ქართლის სანახები ბევრი ქართველი მწერლის შთაგონების წყარო გამხდარა. ეკატერინე გაბაშვილის, სოფრომ მგალობლიშვილის, ნიკო ლომოურის, ანტონ ფურცელაძის... ხალხოსნური (თუ ისტორიული) ნაწარმოებები შემკულია ქართლის პეიზაჟების აღწერით. ეს XIX საუკუნეში. იქ ბუნება, ძირითადად, ფონია ხალხის გასაჭირის ასაწერად.

ატენის ხეობა, კუმურდო, ტანა, კვერნაქის მთები, ბრუტსაბძელი, მუხრანის ველი, უფლისციხისა თუ სხვა ადგილების შემოგარენი არაერთი მწერლის მიერ სულ სხვადასხვა ჭრილში, სხვადასხვა სათქმელის გამოსახატავად არის გამოყენებული XX საუკუნის ქართულ მწერლობაშიც.

მგონი, რომ მკითხველზე ემოციური ზეგავლენის თვალსაზრისით ერთ-ერთი გამორჩეულია ამ ბოლო დროს მანანა ჩიტიშვილის მიერ შექმნილი სტრიქონები:

„ქართლი, როგორც გაროზგილი დედაჩემი,
გადატყაულ მუხლისთავზე მისვენია.“

ქართლის სოფელი ერთი მნიშვნელოვანი მხატვრული სახეა ნიკო სამადაშვილის პოეზიაში.

ბავშვობის მოგონებებით გამთბარი ლექსი „ჩემი სოფელი“ ერთი მხრივ, სოფლის იდილიურ სურათს ხატავს, მეორე მხრივ კი, ღრმა ტრაგიზმითაა გაჟღენთილი. აშკარაა პოეტის წუხილი, სევდა, ნაღველი უკვე დაკარგულისა და გამქრალის გამო, ვარამი იმაზე, რაც თვალსა და ხელს შორის მიედინება და სამუდამოდ გასაქრობადაა განწირული. ამ ლექსში უფრო მეტია ნათქვამი, ვიდრე დარდი ჩავლილი ბავშვობის გამო. ტრაგიკული განცდაც იმიტომ ვუწოდე, რომ სტრიქონებს შორის ნაგულისხმევი, დაფარული თუ დაშიფრული უფრო ღრმა, მნიშვნელოვან და იდუმალ რამეზე მიანიშნებს მკითხველს. ეს დაკარგული სამშობლოა, მოშლილი სამკვიდრო. სამკვიდრო კი მარტო ტერიტორია ან დრო როდია, პოეტისთვის ის სულიერი თავშესაფარია. ხოლო სულ სხვა ხილვებს, სხვა სამყაროს ნაზიარები სული მწვავედ გრძნობს და განიცდის თავშესაფრის არქონას, არარსებობას:

„როგორც თვისტომი, ისე ვუყვარდი
გვრიტების ფრთებით მოჭედილ ჭალას.“

(სამადაშვილი 2004: 207)

ეს სხვა არაფერია, თუ არა სამივე დროსა და სამივე სივრცეში (ზეცაში, ქვეყანასა და ქვესკნელში) განფენილი სამშობლოს სიყვარულის უაღრესად ინტიმური შეგრძნება. კიდევ უფრო გულისშემძვრელი, სიამაყისა და სინანულის ერთდროულად გამომხატველია შემდეგი სტრიქონები: „როგორ მიყვარდა ჩემი სოფელი, როგორ მინდოდა იქ მოვმკვდარიყავ.“

ამ უცნაური, არაორდინალური განცდის, დამოკიდებულების სწორად, გასაგებად, რეალისტურად გადმოცემაც შეუძლებელია და მეტისმეტად რთული და გაუსაძლისი ჩანს თუნდაც გულში, ჩუმად ტარებაც:

„როგორ მინდოდა იქ მოვმკვდარიყავ,
დურდღლო სიცოცხლე კი ქარს წაეღო.“

არ გამოხატავს ეს სტრიქონები სიკვდილის ნატვრას. უფრო ცასა და მიწასთან შეერთებას, მათში განლევა-განივთებას გულისხმობს და ამდენად, უკვდავების შეგრძნებასთან უფროა წილნაყარი, ვიდრე სიკვდილის განცდასთან.

ნიკო სამადაშვილის ბავშვობის მეგობარი, ნინო ამბრიაშვილი იგონებს: „ვინც წაიკითხავს ნიკოს „ჩემს სოფელს“, იტყვის, ნეტა რა წენგო: რა ციცინათელა? მაგრამ, რომ იტყვიან, მუნჯის ენა დედამ იცისო, მეც ისე მესმის თითოეული ამ სიტყვის მნიშვნელობა. ნიკო თავის ლექსში წერს: „მკათათვის ფუნჯით ნახატი წლები“. მართლაც, განსაკუთრებით ლამაზი იყო იმ დროს ხიდისთავი: მთვარიან ღამეს ცარიელა ურმები რომ მიჰქონდათ ძნის ამოსატანად და ზედ მეურმე ტკბილ ურმულს დამღეროდა. ჩვენ, ნიკო და მთელი ჩვენი მეგობრების ჯგუფი, გამოვეკიდებოდით ამ ურმებს, დავსხდებოდით ზედ და კარგა მანძილით გავყვებოდით, უკან რომ ვბრუნდებოდით, ორღობეებში ციცინათელებს დავდევდით“ (ამბრიაშვილი 2002: 24).

საინტერესო, გარდასულის ცოცხლად აღმდგენელი მოგონებაა. ამ კუთხით, ამ თვალითაც მეტისმეტად საყურადღებოა „ჩემი სოფელი“ - მდიდარი ლექსიკა, მრავალფეროვანი სინტაქსი, ორიგინალური პოეტური ხილვები - გამორჩეულ ლირიკულ ლექსთა შორის უმკვიდრებს მას ადგილს.

გურამ ხარატიშვილის თქმით, „ერთი „ტლუ“ ბიჭი იყო ხიდისთაველი ნიკო, რომელმაც, დაბრძენებულმა, თავისი ცით მონაბერი ნიჭით ქართული პოეზიის სვეტიცხოველი შეაზანზარა. სულ იქიდან ილტვიან ეს საოცარი ხილვანი:

„შენ ჩემში უსტვენ ვით საყდრის ჩიტი,
შენა ხარ ჩემი ნუგეშის დარი“...

(სამადაშვილი 2002: 27)

საოცარ, სრულიად გამორჩეულ, არაჩვენებურ ხილვებში ხვევს შემოქმედს ატენის სიონი. მოულოდნელი შედარებები, უცნაური მეტაფორები, დინჯი ტემპი, თავისებური - არაამქვეყნიური - მელოდია, მუსიკა მკითხველს სხვა სამყაროსკენ იწვევს და იზიდავს.

თითქოს გვესმის ხევის ანჯამის ყრუ ჭრიალი; ვხედავთ ტყეს, პირქუშს, როგორც ამაოებას; შევყურებთ სქელი ნისლების მდორედ ხრჩოლვას; ვარსკვლავები ისე მოჩანან, თითქოს ზეცა ჩრჩილს ამოეჭამოს; აქ: „უფლის ნათელი დაბარბაცებდა გაუთენარი გზების ბოლომდე. კერპები თვლემდნენ გაღმით ბორცვებთან, ჟამს რომ კივილით ჩამოჰყოლოდნენ“.

წარმართთა ძვლებზე დამდგარი ტაძრის შემოგარენს ცხადად ეტყობოდა წმინდა ნინოს ნაფეხურები, რომლებიც ჰგავდნენ სისხამზე მოკრეფილ იებს. ეს ჩვენებები კი მიდის ლოგიკურ დაგვირგვინებამდე:

„ქრისტემ ბავშვობა აქ გაატარა
და ღვთისმშობელი უგვიდა ეზოს.“

(სამადაშვილი 2004: 205)

მოხუცი ღმერთის, ხანშესული ქალდეველების, მწირი ბერების, ანთებული ჭრაქების... ფონზე (თუ გარემოცვაში) განუმეორებელი, არაამქვეყნიური ნათელი დგას. მკითხველი ერთდროულად ცხოვრობს მე-20 საუკუნეშიც და ქრისტიანობის გავრცელებისა და დამკვიდრების პირველ ხანებშიც, იმავე დროს წარმართულ ეპოქაშიც არსებობს.

შეიძლება სიტყვებით ზუსტად ვერ ახსნას კაცმა, მაგრამ აუცილებლად მთელი სისავსით იგრძნობს სოფლისა და ზესთასოფლის, რეალურისა და ირეალურის, ფიზიკურისა და მეტაფიზიკურის, ერთობას (ერთად ყოფნას).

თინათინ ანასაშვილმა შეისწავლა საღმრთო სახელები ნიკო სამადაშვილის პოეზიაში და ამ თვალსაზრისითაც გამოარჩია „ატენის სიონი“. მკვლევარი წერს: „ირმების ფერდობს წყარო ანკარა აცისკროვნებს... ღვთაებრივ ნათელს გამოსცემს წყალი, ვით იმ ღამეს მტკვარი, ქრისტიანობისთვის წამებული წმინდა აბო თბილელის ნეშტი რომ მიიბარა“(ანასაშვილი 2018).

უმძაფრესი ტრაგიზმით არის აღბეჭდილი „ლიახვის ნაპირები“, რომელშიც მკაფიოდ იხილვება სხვა სამყაროს, სხვა სივრცეებს შეხიზნული სული. თუმცა ყველაფერი მაინც სუნთქავს, გაჯერებულია სამშობლოს წარსულით, აწმყოთი და მომავლით:

„ჩემი ლექსებიც აქ ჩაქრებიან,
როგორც გარეჯის ხელთნაწერები.

***

რომ ჩემი გვამი ხელის კანკალით
გორიჯვრის ძირში ჩაეფლა დედას.

***

ჩემო ლიახვო, ალბათ მე და შენ
საქართველოდან გამოგვრეკავენ.“

(სამადაშვილი 2004: 121)

ლიახვს სხვა, ერთსტროფიან ლექსსაც უძღვნის პოეტი და ამით ერთგვარად განაგრძობს ქართულ ლიტერატურულ ტრადიციას (საქართველოს მდინარეები ჩვენს სიტყვაკაზმულ მწერლობაში თითქმის სრულად არის ასახული. უშუალოდ მიძღვნების რამდენიმე ჩინებული ნიმუშიც გვაქვს - ვაჟა-ფშაველას „არაგვს“, ვახტანგ ორბელიანის „ა-ს“, სავარაუდოდ, ალაზანს და სხვა). თუმცა სამადაშვილთან ხედვის, აღქმის სხვა კუთხე, სხვა ჭრილია შერჩეული, რეალისტურთან ერთად (ან მისგან განსხვავებით) ირეალური წარმოსახვებით ნასაზრდოები.

მსჯელობის ამ კონტექსტში, ცხადია, არ გამოიტოვება „შენი სოფელი“. მასში სიტყვებისა თუ ფრაზების მნიშვნელობა პირდაპირაც შეიძლება გავიგოთ და მეტაფორულადაც. ვთქვათ, „ყვავილნარევი ძეძვის ორღობე“, ერთი მხრივ, სავსებით გასაგები, რეალისტური სურათია, მეორე მხრივ, მეტაფორულად მძიმე, გაუხარელ ცხოვრებაში გამოჩენილ სილამაზეს (ლექსების წერას) შეიძლება გულისხმობდეს. დახატულია წმინდა, გულუბრყვილო ყმაწვილი, ტოროლა რომ ლექსს ეუბნება. ციხის

თხელი ქონგურები კი მარტო ბავშვობისა და სოფლის მოგონება კი არაა, არამედ სამშობლოს წარსულის, და, მაშასადამე, საკუთარი ძირების, ფესვების ხსოვნაცაა. ლექსი სევდიანი შეკითხვით მთავრდება:

„ნეტავ თუ კიდევ ხატი, ურმები,
ოდესმე სადმე გამახსენდება.“

თუმცა მკითხველმა უკვე იცის, რომ ცივცივი წყაროს, ჭალის, მინდვრის, ბინდში ნახირის მუნჯი ვედრების, მთაზე შექვავებული ცხვრის ფარის, კაკლის რტოებში გაჭრილი გზის, მდინარის გაღმა ვეება ქორისა თუ დუისელი მესაფლავეების ცნობიერი თუ გაუცნობიერებელი ხსოვნის გარეშე, ალბათ, არცერთი ლექსი არ დაიწერებოდა, არ გვექნებოდა ის დიდი და ღრმა სამყარო, რომელსაც ნიკო სამადაშვილის პოეზია ჰქვია.

3.21 59. იაშვილი, თამარ. აფრინდებიან ლანდები...

▲ზევით დაბრუნება


// კულტურა პლუს = Culture plus : საგანმანათლებლო-საზოგადოებრივი ჟურნალი. - თბილისი, 2020. - № 2 (20). - გვ. 62-65.

ხის მაგიდაზე სახელდახელოდ გაწყობილი სუფრა, ვენახის შრიალი, საუკეთესო ღვინო... რა სჯობს სანდრო დირბელის ვენახში ქეიფს. ეს ყველაფერი სოფლის ნოსტალგიას აყუჩებს, ორივეს რომ თან სდევს მუდამ, რომელიც მოსვენებას არ აძლევს ხიდისთაველ ნიკო სამადაშვილს და დირბელ ალექსანდრე მგალობლიშვილს... ქალაქში გადმოსახლებულებს ისევ რაღაც ეწევათ სოფლისკენ. „როგორ მიყვარდა ჩემი სოფელი, როგორ მინდოდა იქ მოვმკვდარიყავ“ („ჩემი სოფელი“). მიწის სიყვარულით დირბელს ნაკვეთი უყიდია ნავთლუღში, ვენახი გაუშენებია, ღვინოს თავისი ხელით წურავს, რომელსაც მეგობრები ერთად აგემოვნებენ.

ერთი ჩვეულებრივი მზიანი დღეა, რომელიც მომავალში მეტად მნიშვნელოვანი აღმოჩნდება ნიკო სამადაშვილის ცხოვრებაში... ამ დღეს უნდა გადაწყდეს მისი ლექსების პირველი კრებულის ბედი... თუმცა ნიკო ამას ვერც კი წარმოიდგენს.

დირბელი თავისი ქალიშვილის, ლეილას ამხანაგ ბიჭებს ჰპირდება, რომ ნიკოს აუცილებლად გააცნობს: ერთი კარგი „პოეზიის საღამო“ მოვაწყოთ, ნიკო ცოტა გახალისდებაო. ბიჭებსაც უხარიათ, უკვე სმენიათ ნიკო სამადაშვილის შესახებ, მისი ხელნაწერი ლექსებიც წაუკითხავთ.

...ღვინო, სადღეგრძელოები, ლექსები... ხარობს ნიკო. უყვარს ახალგაზრდები პოეტურ სიტყვას რომ აფასებენ, სულიერ სიახლოვეს გრძნობს მათთან. სიამოვნებით კითხულობს საკუთარ ლექსებსაც... ასეთ დროს იმედით ივსება, ეცინება მათზე, ვისაც „ავადმყოფობა ეგონათ ბიჭო, ლექსები ტანზე გამონაყარი“. ახლა ის ჭიქას ცლის და ვერც კი წარმოიდგენს, რომ მის სიცოცხლეში ერთი ლექსის დაბეჭდვასაც არ აღირსებენ.

ღვინო ქარვისფერია და ხიდისთავის თავთუხებს აგონებს, სევდა უფრო მეტად ეძალება, ხანდახან იმედგაცრუება იპყრობს, რა უნდა ქალაქში, რა ესაქმება აქ, სადაც მისი არ ესმით, სადაც სულის სალბუნი ვერ უპოვნია?! „ლექსების ჯღაბნა წამებად გექცა, სჯობდა ვენახის კვალი გებარა, ვის რად უნდოდა ეს თვალთმაქცობა, ნეტავი ქარში გადაგეყარა“. იქვე, წინ ბავშვობის მეგობარი უზის, ალექსანდრე მგალობლიშვილი, თავად სანდრო დირბელს რომ ეძახის... შეჰყურებს მას, ყმაწვილკაცობა ახსენდება და სევდაც დირბის ყანებივით ლურჯი ხდება.

დირბელს შეიძლება დარდი გაანდოს, თავისი უბედობა შესჩივლოს, რა ხანია რომ გვერდიგვერდ მიუყვებიან ცხოვრების უსწორმასწორო გზებს...

ლექსად გამოთქმა უფრო უადვილდება, სევდა პოეზიას უხდება... აბა ისე წუწუნი რა კაცის საქმეაო, ფიქრობს...

აქ ისევ ახლდებიან მისი ხილვები, ქართლი, ტანას ხეობა, სოფელი... „აფრინდებიან ლანდები“...

აქ შეუძლია ცოტა ღვინო დალიოს და გაილაღოს, თორემ ნიკოზე უკეთ ვინ იცის რა მწარეა, როცა სიმთვრალესთან ერთად მთვრალი დარდებიც აგეტორღიალებიან, გულზე გეჭიდებიან, საფეთქლებს გიხურებენ, ნეკნებს გიმტვრევენ, თვალში შუქს გიწრიტავენ, შუბლის ძარღვზე გასკდებიან, სხეულს გიმღვრევენ... და მერე, გსურს თუ არ გსურს, უწესო, თავაშვებული ბავშვებივით ცვივიან გარეთ, ზოგი წვიმის გუბეში ჩაწოლილა და ზოგიც ლაჟვარდებს გადავლებია... და თუნდაც კეტით სდიო, მაინც ვერ დააოკებ...

რაც უნდა კარგი ლექსი დაწეროს, მაინც დამარცხებულად გრძნობს თავს, მაინც ვერ აღწევს იმას, იმ რაღაცას, რასაც უნდა რომ მიაღწიოს, ის რაღაც გააზრებული თუ გაუაზრებელი მიზანი, რომლისკენაც ასე მიისწრაფვის, იქნებ არც მიიღწევა საერთოდ?... მაინც წერს... კვლავ მარცხდება, მაგრამ სხვაგვარად არ შეუძლია. წერა შინაგან მოთხოვნილებად ექცა და ისევე ჭირდება, როგორც ჰაერი, პური, წყალი... იქნებ ეს არის მისთვის ჰაერიც, პურიცა და წყალიც.

სხეულში, სულში თუ გონში რაღაც შეუჩნდა და არ ასვენებს, აწამებს... ბოლოს გარეთ გამოსტყორცნის, ისე როგორც შეუძლია, როგორც ეწერება, წესების გარეშე... დამარცხებისთვის განწირულ ლექსებად. წერას მაინც აგრძელებს, სხვაგვარად არ შეუძლია, ვერ იხშობს სულის სიმღერას - „შენ ჩემში უსტვენ, ვით საყდრის ჩიტი“.

არ უბეჭდავენ... ცდილობს ღვინოში ჩააღრჩოს ტკივილი, თითო ჭიქა, თითო ჩაღმრჩვალი ლექსია. ლექსები კი არ იძირებიან, პირიქით... ზემოთ, ზემოთ მოიწევენ, ჭიქის ფსკერიდან ზედაპირზე ამოდიან, მთვრალ ბაგეებს ასკდებიან და ღვინის წვეთებივით იფანტებიან ნახევრადჩაბნელებული შემთვრალი თანამერიქიფეების სახეებზე...

ასეთ წუთებში მისი სასოწარკვეთაც უკვალოდ ქრება, აქ ზედმეტია მისი აღსარება.

ხვალ ისევ დაწერს ლექსს, ისევ მოკრძალებით შეაღებს რომელიღაც ლიტერატურული ჟურნალის რედაქციის კარს და იქვე დასჯილი მოსწავლესავით აიტუზება...

ლექსებს უხალისოდ დაიტოვებენ, პირდაპირ უარს არ მიახლიან, წავიკითხავთო, დაპირდებიან და უკვე კარში გასულს მაინც შეხსენებასავით მიაძახებენ: - თქვენ ბუღალტრად მუშაობთ, არა? განა არ იციან, ეს ისე, თითქოს თავს იზღვევენ, საფუძველს იმზადებენ, საქმეს იადვილებენ, რომ ორიოდ კვირის, თუ ერთი თვის შემდეგ ვინმე ბუღალტერს უცერემონიოდ დაუბრუნონ უკან დაწუნებული ლექსები.

მაგრამ ეს მერე, ახლა კი მას ჯერ კიდევ იმ ლექსის იმედი აქვს, ხვალ რომ დაწერს...

რა იცის, რა მნიშვნელოვანი დღეა მის ცხოვრებაში. რას წარმოიდგენს, რომ ამ ბიჭებიდან ერთ-ერთი თამაზ ჩხენკელი წლების შემდეგ, გაარღვევს ყველანაირ ბარიერს და ნიკოს რამდენიმე ლექსს დაბეჭდავს გაზეთში, იმ ლიტერატურულ გაზეთში, რომლის რედაქტორიც რეზი თვარაძე იქნება...

სწორედ ეს ქოჩორა ბიჭი, ახლა მის გვერდით რომ ზის, მიაღწევს წლების შემდეგ (1973 წ.) ნიკოს ლექსების კრებულის გამოცემას და წინასიტყვაობასაც თავად წარუმძღვარებს არჩილ სულაკაურთან ერთად; რომ ის იქნება მისი მეორე კრებულის რედაქტორ-შემდგენელი როსტომ ჩხეიძესთან ერთად... და, ვგონებ, ჯერ არც კი აქვს დაწერილი თავისი ბელეტრისტული თხზულება „შეხვედრები და სინანული“, რომლის ერთ-ერთი რედაქტორთაგანი ისევ და ისევ თამაზ ჩხენკელი იქნება. რა იცის ნიკომ, რომ სწორედ ახლა, ამ ვენახში, ამ ხის მაგიდასთან ხდება ავტორისა და მისი მომავალი რედაქტორის პირველი შეხვედრა. ეს რომ იცოდეს, სხვა თვალით შეხედავს მას, ახლაც და შემდეგაც, სხვა მრავალი შეხვედრისა და საუბრების დროს, ...მაგრამ არ იცის, რომ თავის სიცოცხლეში ვერც ერთ ლექსს ვერ იხილავს დაბეჭდილს, და რომ ამ ბიჭის იმედადღაა დარჩენილი მთელი მისი შემოქმედება.

და იქნებ ახლა, სულაც სათვალავში ჩასაგდები არცა ჰგონია ეს დღე. თუმცა, ის დაუვიწყარი აღმოჩნდება თამაზ ჩხენკელისათვის... აკი ნახევარი საუკუნის შემდეგ გაიხსენებს ერთ-ერთ რადიოგადაცემაში: „ნიკო სამადაშვილი ალექსანდრე მგალობლიშვილმა გამაცნო, სადღაც ბაღში წაგვიყვანა საქეიფოდო“. ეს მერე იქნება, ახლა კი ის ნიკოს ლექსებს უსმენს, მაგიდაზე ჩამწკრივებულ თიხის დოქებს შეჰყურებს, დირბელის ხელით დაწურული ნამდვილი, მაგარი ღვინით რომ ივსება დაცლისთანავე და ალბათ ფიქრობს, როგორ ჰგავს ნიკოს ლექსებიც „გაუცრელი თიხისგან გამომწვარ ასიმეტრიულ დოქებს, რომელთაც თუმცა ამჩნევიათ კოჟრები და ზოგჯერ მომტვრეული აქვთ ტუჩი ან ყური, მაგრამ რომლებშიც პოეზიის შეურყვნელი, მაგარი ღვინოა ჩასხმული“.

ფიქრობს და, თავის ამ ფიქრს კარგად იმახსოვრებს, რომ შემდეგ, პოეტის პირველად გამოქვეყნებულ ათიოდე ლექსს მინაწერად დაურთოს.

3.22 60. იაშვილი, თამარ. თამაში წესების გარეშე (ფრაგმენტი რომანიდან)

▲ზევით დაბრუნება


// ჩვენი უნივერსიტეტი. - გორი, 2011. - № 7. - გვ. 17-19.

- გამარჯობა, ძია ნიკო!

- რა შენი ძია ვარ, პაპად გეკუთვნი, მე რომ წუთისოფელს გადავცილდი, შენ ორი წლისაც არ იქნებოდი.

- დედა სულ ძია ნიკოო, - ამბობს, - და რა ვიცი?!

დედაშენისთვის ძია ვიყავი, შენ კი პაპა ნიკო უნდა დამიძახო. რაო, რას შემომყურებ ეგრე გაკვირვებული?

- ლექსებმა მართლა ტანზე გამოგაყარა?

- ეგეც იცი?

- ერთხელ მეც რაღაცამ გამომაყარა, ასე ამბობდნენ, - ბატონებიაო...

რომ გაიზრდები, იქნებ ლექსებმაც გამოგაყაროს. დედაშენი შენი ხნისა უკვე წერდა. ლექსებისთვის სპეციალური ალბომიც კი ვაჩუქე, ზედ ოქროსფერი ასოებით ამოვატვიფრინე: „ლეილა მგალობლიშვილის ლექსები“. მერეც, ყმაწვილქალობისას, სულ მაკითხებდა თავის ლექსებს. მომწონდა, კარგად წერდა.

- ვიცი. დედა, ლექსების ერთ რვეულში ვნახე მინაწერი. ერთ ლექსს წარწერა აქვს: „მშვენიერებაა!“ ნიკო სამადაშვილი“, მეორეს კი - „მართლაც დიდებული ომია! ძია ნიკო“

- დედამ ჩვენი თამაში არ გასწავლა?

- მასწავლა.

- მერე, რომელი ჯობნით?

- დედა.

- უყურე შენ! მე კი სულ ვაგებინებდი, - იცინის ძია თუ პაპა ნიკო.

10-11 წლის ვიქნებოდი, მე და დედას ერთი ასეთი თამაში გვქონდა: სათითაოდ ვამბობდით სხვადასხვა პოეტთა ლექსებს. ჯერ დედაჩემი იტყოდა, მე უნდა გამომეცნო, რომელ პოეტს ეკუთვნოდა. თუ გამოვიცნობდი, მერე მე ვიტყოდი და ა.შ. თამაში ხანდახან საათობით გრძელდებოდა. უამრავი ლექსი ვიცოდი ზეპირად, მაგრამ რა თქმა უნდა დედა მჯობნიდა.

ერთხელ, მე რომ მეგონა, დედას ლექსების მარაგი ამოეწურა, მან სრულიად უცნობი ლექსი წამიკითხა: „შენ ჩემში უსტვენ ვით საყდრის ჩიტი...“ ეს სრულიად განსხვავებული იყო ყველაფრისგან, რაც კი მანამდე გამეგონა თუ წამეკითხა. ავტორი ხომ ვერაფრით გამოვიცანი. მაშინ ნიკო სამადაშვილის ლექსები ჯერ კიდევ არ იყო გამოქვეყნებული. აღმოჩნდა, რომ ეს ჩვენი თამაშიც მისი მოგონილი ყოფილა.

- ძია ნიკო ან თავის ლექსს კითხულობდა, ან - გალაკტიონს, მაშინვე ვხვდებოდი - ამბობს დედაჩემი, - მე კი სხვადასხვა პოეტებს ვუკითხავდი და ის ხშირად ცდებოდა, ისეც მომხდარა, ჩემი ლექსი წამიკითხავს, ძია ნიკოს კი უკითხავს: - გალაკტიონია? - კი, ვუდასტურებდი მე. - ხომ ვამბობდი, რომ გალაკტიონი მაგარია! - იტყოდა ძია ნიკო. მერე გაირკვეოდა, რომ გალაკტიონის კი არა, ჩემი ლექსი იყო და ორივენი ვიცინოდით. ხან გალაკტიონის რომელიღაც შედარებით უცნობ ლექსს წავუკითხავდი. - ეს კი ნამდვილად შენია, ვეღარ მომატყუებ! - იტყოდა ძია ნიკო. არ ვიცი, მართლა ეშლებოდა თუ არა, მაგრამ ბუნებით იმდენად მიამიტი ადამიანი იყო, ასე ოსტატურად ვერ ითამაშებდა, - ირწმუნებოდა დედა.

- ლექსებს რატომ არ ბეჭდავდა, არ უნდოდა? - ვკითხე ერთხელ გულუბრყვილოდ.

- არ უბეჭდავდნენ, იმიტომ, რომ წესების გარეშე წერდა, - მითხრა დედამ.

- გამარჯობა, ნიკო პაპა!

- რაი, რისთვის დამიძახე?

- მართლა წესების გარეშე წერდი?

- ვინ თქვა ეგა?

- ჰო, ეგრე ამბობენ. შენ რა, სულ წესებით თამაშობ? ვერ გამიგია, ეგ წესები ვიღამ დაადგინა? თანაც წესებისა არაფერი გამეგებოდა. არ გიამბო დედაშენმა როგორ გამაბრიყვა?

მოგვიანებით დედამ თავისი პატარა ხუმრობის შესახებაც მიამბო, თურმე ერთხელ ნიკოსთვის „ურჩევია“: - ძია ნიკო, ვერა ხედავ, სხვა პოეტები როგორ იქცევიან?! ჯერ ბელადზე, საბჭოთა საქართველოზე, პარტიაზე დაწერენ, მერე შიგა და შიგ კარგ ლექსებსაც შეაპარებენ, შენ სწორედ იმიტომ არ გიბეჭდავენ, ეგრე რომ არ აკეთებ, ცოტა ეშმაკობაა საჭირო. მერე რომელიღაც კარგი პოეტის ლექსების კრებული გამოუტანია, ჯერ ბელადზე დაწერილი ლექსები წაუკითხავს, მერე კი - მართლა მშვენიერი ლექსები.

- შენ რატომ არ იქცევი აგრეო, - დაეჭვებულა ძია ნიკო, - იმ შენს ლექსში ერთი სიტყვა ვერ შეგაცვლევინეო?!

- იმიტომაც არ მიბეჭდავენო, - უპასუხია დედას.

ნიკო სამადაშვილი დედას ერთ ლექსზე („ბესიკი და ჭავჭავაძე“) ამბობდა, იქ ერთი ასეთი სტროფი იყო - „ლურჯი ზეცა იღვრებოდა ყანწებიდან“, ლურჯი შეცვალე და დაგიბეჭდავთო, უთქვამთ დედაჩემისთვის, ცისფერყანწელებზე მინიშნება დაუნახავთ. დედა გაჯიუტებულა და არაფრით შეუცვლია.

- ძალიან კარგი ქენი, რომ არ შეცვალეო, - უთქვამს ნიკოს. მაგრამ კარგა ხნის შემდეგ, როგორც ჩანს, დედაჩემის „რჩევა“ ჭკუაში დაუჯდა, ალბათ უფრო მისთვის დამახასიათებელი მიამიტობის გამო. ერთ დღეს გაბრაზებული მისულა პაპაჩემთან, ლექსი კიდევ არ დამიბეჭდესო.

- წაგვაკითხე, რა დაწერე ასეთიო, უთხოვია პაპას.

- სტალინზე დავწერეო და შემდეგი ლექსი წაუკითხავს: „ის კამკამებდა ვით ცრემლის გუბე, ალალი გულის ფიქრებით სავსე, ის დაიღუპა, იქნებ დაღუპეს, ნეტავი რისთვის? ნეტავი რაზე?!“ და ა. შ. პაპაჩემს გასცინებია: - მადლობელი არა ხარ, რომ არ დაგიჭირესო? ნიკო ჩაფიქრებულა, მერე კი გულიანად უცინია. - ამხელა კაცი ლეილამ როგორ გამაბრიყვაო, - უთქვამს დედაჩემზე. ეს კურიოზი გახმაურებულა და ნიკოს თურმე სულ ეხუმრებოდნენ: - როგორ იყო, ნიკო, სტალინზე რომ ლექსი დაწერე და კინაღამ დაგიჭირესო?!

შარშან ნიკოს ქალიშვილმა მზია სამადაშვილმა დამირეკა, მარჯანიშვილის თეატრში ნიკოს ხსოვნის საღამოზე დამპატიჟა. წავედი. ერთ-ერთი გამომსვლელისგან ასეთი ვარაუდი მოვისმინე: „ალბათ, უნდოდა ნიკო სამადაშვილს თავისი ლექსების გამოქვეყნება, აბა რომელ პოეტს არ უნდაო?!“ გული დამწყდა, რომ რაიმეს თქმის საშუალება არ მქონდა. რასაც სხვები ვარაუდობდნენ, მე ზუსტად ვიცოდი, მაგრამ ჩუმად ვიჯექი დარბაზში.

პაპასაგან ვიცოდი, რომ ის და ნიკო სამადაშვილი დიდი მეგობრები ყოფილან, ერთად მუშაობდნენ და საღამოებსაც ერთად ატარებდნენ - ხან ღვინის სარდაფში, ხან პაპაჩემის ვენახში, ხან კი ჩვენს ოჯახში. ნიკო სამადაშვილი თავის ლექსებს ძირითადად სუფრასთან კითხულობდა. სადღეგრძელოს იტყოდნენ, ჭიქებს ძირს დაანარცხებდნენ (ეგეთი ჩვეულება ჰქონდათ) და ნიკო ლექსს წაიკითხავდა, ასე გრძელდებოდა ყოველი სადღეგრძელოს შემდეგ. მათი უბრალო პურის ჭამა ყოველთვის პოეზიის საღამოდ გადაიქცეოდა-ხოლმე. პაპა თვითონ ლექსებს არ წერდა, მაგრამ პოეზია ძალიან უყვარდა. ალბათ, იმიტომ, რომ სულით საოცრად პოეტური ადამიანი იყო. ერთხელ ნიკოს უკითხავს: - საშა, რატომ ლექსებს არ წერ, ასე მგონია, კარგად გამოგივაო. პაპას უპასუხია: - ერთი ოჯახისთვის ორი პოეტი განა საკმარისი არ არისო? (ნიკოს და დედაჩემს გულისხმობდა).

პაპას განსაკუთრებით უყვარდა მისი ერთი ლექსი („ის ყოველ ღამე დაეძებდა ტიალ სარდაფებს“), თვლიდა, რომ მასზე იყო დაწერილი, რადგან ნიკო იმ ლექსის ბოლო სტროფს სხვაგვარად კითხულობდა, არა ისე, როგორც მის კრებულშია გამოქვეყნებული. ალბათ, იმიტომ, რომ ეს ლექსი თავისი შინაარსით, თანაბრად მიესადაგებოდა როგორც თავად ნიკოს, ისე პაპას ცხოვრებას, ხოლო სახელები და გვარები ადვილად ენაცვლებოდა ერთმანეთს მარცვალთა თანაბარი რაოდენობის გამო. „ვიღაც კრულვით დაიღუპნენ მამა და შვილი! თან კლდის ნატეხზე მიაწერავს ოდნავ ირიბად: (აქა მარხია ჩვენი საშა მგალობლიშვილი).“

რომანის წერა რომ დავიწყე, დედაჩემსაც მივაკითხე, ვიცოდი სამადაშვილის ორი ხელნაწერი („დედის ბალადა“, „სანდრო დირბელს“) მასთან ინახებოდა.

ხელნაწერები არ აღმოჩნდა. ნიკოს ქალიშვილისთვის მიუცია კარგა ხნის წინ. მზია სამადაშვილმა მეც მთხოვა - მამაჩემის ხელნაწერებს ვაგროვებ და რაიმე ხომ არა გაქვსო. ხელნაწერი არა., მაგრამ ჩვენს ოჯახში დღესაც რელიქვიად ინახება სამადაშვილისეული „ვეფხისტყაოსანი“, მაგრამ ვერ მივეცი, ვერ გავიმეტე.

- ძია ნიკომ მკითხა, მამაშენმა ადათ-წესების მიხედვით თუ გაგამზითვა, „ვეფხისტყაოსანი“ თუ გაგატანაო? - მიამბობდა დედაჩემი, - რომ ვუთხარი, არა-მეთქი, მაშინ საკუთარი წიგნი მაჩუქა. წიგნს ზედ წარწერა აქვს „ჩემს ლეილას მზითვში ვატან. ძია ნიკო.“ ბოლოში კი გაზეთებიდან ამონაჭრები ჩაუწებებია თავისი მოკლე კომენტარებით.

საბედნიეროდ დედაჩემს ორივე ლექსი ზეპირად ახსოვდა. „დედის ბალადა“ უკვე გამოქვეყნებული ლექსი აღმოჩნდა - „მეც გამოვყვები შენს გვირგვინებს ბინდების ფითრი...“, მეორე ლექსი კი პაპაჩემისთვის მიუძღვნია. როგორც ჩანს ექსპრომტად, სამსახურში თუ ქეიფობდნენ, რადგან ლექსს ქვემოთ მინაწერი ჰქონია „ბუღალტრის მაგიდა“. ერთ-ერთი სტროფით დავინტერესდი:

„დღე დაითენთა ფიქრების ბინდით,
აბა რად ვგავართ ნახევრად გიჟებს?!
ალბათ ნუნუას ბევრს რომ ვხუხავდით
და რო დავდევდით კურკასებრ ბიჭებს.“

- კურკასებრი ბიჭები რას ნიშნავს? - ვკითხე დეიდაჩემს.

- კურკა მათი მეგობარი იყო - დათიკო ალავიძე, რაღაც ფილმში გადაუღიათ მასობრივ სცენაში. დიდად ამაყობდა თურმე, მსახიობი ვარო. საშას და ნიკოს კურკას მსახიობობა სასაცილოდ არ ჰყოფნიდათ, იცინოდნენ: ფილმის ჩვენებაზე დაგვპატიჟა და ჩვენ იქ კურკა არ გვინახავსო.

კურკას, ფილმის ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ ბანკეტიც გაუმართავს, რესტორანში, მთელი ნაცნობ-მეგობრები მოუწვევია. ესენი, რა თქმა უნდა, არ დაპატიჟა, გამამასხარავებენო. შუა ქეიფში საშა და ნიკო თავზე წასდგომიან მოქეიფეებს, არის თურმე კურკას ქება-დიდება. რაღას იზამდა კურკა და ესენიც სუფრაზე მიუწვევია. სადღეგრძელო ჯერ საშას უთქვამს, მერე - ნიკოს. ის იყო კურკას ამოუსუნთქავს, გადავრჩიო, რომ ნიკოს სურვილი გამოუთქვამს, მსახიობს ექსპრომტი უნდა ვუძღვნაო:

„შენ ხარ ჩვენი კინოს დიდება
და ხელოვნების გამხურებელი?
ისემც მ-----ან ავლა-დიდება
და შენი კინო მაყურებელი.“

კურკა ისე განაწყენებულა, რომ ცხოვრების ბოლომდე არ ელაპარაკებოდა არცერთს. საშა და ნიკო კი მის გაბრაზებას სერიოზულად მაინც არ უყურებდნენ.

დედაჩემს ის ლექსების ალბომიც შენახული აქვს, ნიკო სამადაშვილს 11 წლის ლეილასთვის რომ უჩუქნია და თავფურცელზე წაუწერია:

„სახსოვრად პატარა პოეტესა ლეილას. ნიკო. 1939 წ.“

„პატარა პოეტესა“ დიდ პოეტს ვალში არ დარჩენია, იმედებს უმართლებდა, სტრიქონ-სტრიქონ ავსებდა მის ნაჩუქარ ალბომს. მაშინაც კი, როცა ძია ნიკო მის გვერდით არ იყო, თავისი ლექსების შემფასებლად ის მაინც ეგულებოდა, მას უძღვნიდა მონატრების სტრიქონებს. ახლახან დედას ნაწერებში ასეთი ლექსი აღმოვაჩინე:

პოეტ ნიკო სამადაშვილს

პირველად შენგნით მოძღვნილ ალბომზე
გაიბნა ჩემი ლექსის რითმები,
მუდამ მიყვარდა შენი ლექსები,
კვლავ მონატრული მათი ვიქნები.
არ ვიცი, სად ხარ, შენდა მოკითხვად
შემართულია ჩემი კალამი,
მაგრამ არ ვიცი, საით გავგზავნო
ჩემი მადლობა, ჩემი სალამი.
შენ აქ არა ხარ, შენ ლექსის რითმებს
თავისუფლების ვერ ბერავს ქარი.
და შენს რვეულებს, სავსეს რითმებით,
ალბათ, ედება მტვერი მწუხარი.
„ნაძვები კუბოს კვლავ აქროლებენ
და ყვავილებიც კვლავ მოაქვთ ქარებს,“
ლაღად დარჩენილ ნაძვების შრიალს
შენი ლექსები თავს რომ აფარებს.
იქნებ, ქმნი ლექსთა და რითმთა ბაღებს,
ხან გასალაღებს, ხან დასაღონებს.
მანდ, სადაც სული სევდით იმტვრევა,
სადაც სიბნელე აკივლებს გულებს,
იგონებ, ალბათ, წარსულ ცხოვრებას
აწ დავიწყებულს, დროგადასულებს.
ან თბილისიდან მობერილ ნიავს
მკერდს გადაუშლი, ალბათ ვედრებით;
ეხ, სადღა ნახავ საშა დირბელსა,
ბინდზე დაცლილი ალავერდებით.
ან ძმაბიჭების სად ჩანს ქეიფი,
აღარ დაჰქრიან გიჟი ეტლები,
ეხ, ცხენებია თავაშვებული,
ეხ, ცხენებია გასახედნები.
შენი ოცნება თბილისს გაგონებს,
მწარე ფიქრში ხარ, ალბათ, გართული,
იქნება ყანწით ღვინო გწყურია,
ლექსად ამოსთქვა ტკბილი ქართული.
ეს ბედი არის მოწამე ტანჯვის,
სევდას ვეღარ ცვლის ბასრი კალამი,
დავწერე, მაგრამ სად გამოვგზავნო,
ჩემი მადლობა, ჩემი სალამი.

1944 . მარტი
ლელა მგალობლიშვილი

(საშა დირბელი არის პაპაჩემი - ალექსანდრე მგალობლიშვილი, სოფელ დირბიდან. 1944 წელს ფრონტზე იმყოფებოდა).

- მშვიდობით, ნიკო პაპა! მეტად აღარ შეგაწუხებ

- მაგის სათქმელად დამიძახე?

- მინდოდა მეთქვა, რომ მეც წესების გარეშე წერა მირჩევნია.

- დაგიბეჭდავენ კი? - სევდიანად გამიღიმა ნიკომ, თავზე ხელი გადმომისვა, თითქოს მამხნევებსო, და წავიდა.

1999 წელი

3.23 61. იმედაშვილი, გაიოზ. სიცოცხლეში ადრე დაღამებული პოეტი :

▲ზევით დაბრუნება


[. სამადაშვილი] // ლიახვი. - თბილისი, 1982. - გვ. 145-159.

ჩვენი ლიტერატურული საზოგადოებრიობისათვის უკანასკნელ ხანებამდე ნიკო სამადაშვილი სავსებით უცნობი იყო როგორც პოეტი და პარადოქსალურია, რომ პოეზიის, წიგნის, პრესის ამ დიდ ეპოქაში, როდესაც ყოველი ჩვეულებრივი შესაძლებლობის პოეტი თუ მწერალი ახერხებს ბეჭდვას და ასე თუ ისე ცნობილი ხდება, - საკუთარი პოეტური ხმისა და მშვენიერი ქართული სიტყვის მქონე ეს კაცი, აღსავსე შთაგონებითა და გემოვნებით, ორმოცი წლის განმავლობაში დარჩა დაუბეჭდავი და უცნობი.

სამადაშვილის ერთადერთი ლიტერატურული გაცნობა და აღიარება იყო მეგობართა ვიწრო წრეში ლექსების კითხვა და შემთხვევიდან შემთხვევამდე ამ პოეტურ განდობასა და ზიარებას სწირავდა ის სიჩუმეში გამოუთქმელობით დაგროვილ მთელ პათოსს. „სიცოცხლეში ადრე დაღამებულ პოეტს“, როგორც თავის თავს უწოდებდა, რამდენი ნებისყოფა და სიყვარული ჰქონდა ლექსის, რომ პოეზიისათვის უცხო კაცის ცხოვრებას ატარებდა და თავისი ლექსების დეკლამირებით შეჰქმნა გაუმჟღავნებელი პოეზიის კულტი. შესაძლოა, ამიტომაც პოეზია იყო მისთვის ერთადერთი რეალობა და დიდი რწმენა ასული რელიგიამდე, რომლისადმი მისმა ფანატიკურმა სიყვარულმა და თავდადებამ საზღვარი არ იცოდა. ლექსი მას აკეთილშობილებდა, ის მიდიოდა ლექსთან, როგორც სალოცავთან მოწიწებით და ლექსზე გულთამხილავი მისანივით აბოდებდა. მას უხაროდა კარგი ლექსი და სიტყვა, და შეეძლო მთელი დღე-ღამე გაეტარებინა ლექსთან, როგორც მეტყველ მეგობართან, ელხინა ლექსით, ეტირა ლექსისთვის და სხვებიც ეტირებინა. პოეზიით ასეთი ამაღლების ჟამს, ჩვეულებრივად ყოველდღიურობის წვრილმანებზე ზრუნვაში ჩაკარგული და გაუბრალოებული ეს კაცი, წამისყოფით სხვა პიროვნებად გარდაიქმნებოდა, მანამდე შეუმჩნეველი შთაგონებით ივსებოდა, მშვენიერების ექსტაზში იწმინდებოდა, ღრმავდებოდა, ბრძენდებოდა, თითქოს პოეზიის ქურუმად იქცეოდა.

მისი აფორიაქებული სული მოცული იყო განწირულობის დაუოკებელი გრძნობით - ქვეყნის ორომტრიალში თავისი გზა გაუკვალავი რჩებოდა, სხვა დროს იყო მოსული, სხვა გზაზე ერჩოდა გული და სხვაზე მიდიოდა. ალბათ, ბედის დაცინვაც იყო, რომ პოეტური სიტყვის სათქმელად დაბადებულმა ცხოვრება ექსპერტი ბუღალტრის თანამდებობაზე გაატარა და ასეთი ხვედრით შინაგანად შეძრწუნებული მწვავედ განიცდიდა თავისი არსებობის ამ ფატალურ გაუგებრობას, საკუთარ უდროობას, უადგილობასა და მოუწყობლობას, რაც მას თანადროული სინამდვილის მიღმა სტოვებდა. მიუხედავად ამისა, არაფერში არ ახდენდა არჩევანს, არაფერი ჰქონდა დასანანი, მისთვის არავითარი დილემა არ არსებობდა, და, როგორც პოეტმა, კარგად იცოდა თუ წინააღმდეგობებით აღსავსე მისი „მე“ საით მიდიოდა და რას იქმოდა.

ამასთან ერთად, თუმცა ამაყი იყო და ჯიუტი, ზოგჯერაც გული ბოღმით ევსებოდა, რომ ვერაფერს შეცვლიდა ასეთნაირად მოწყობილ ადამიანურ სინამდვილეში, ვერ სძლევდა დაცემულობის განწყობილებას და ეს გამოუსავლობის შემაშფოთებელი გრძნობა ყველაფრისა და ყოველივეს უარყოფისა და ურწმუნოებაში თავის პოეზიას გაცდენილ ბედზე გაუთავებელ მოთქმად აქცევდა, მაგრამ არა სინამდვილესთან მორიგებისა და საკუთარი თავის გადარჩენისათვის. ეს გოროზი პიროვნება ნაკლებად ნიჭიერი და ნაკლებად ამაყი რომ ყოფილიყო, უფრო პრაქტიკული იქნებოდა, ალღოს აუღებდა სინამდვილეს, გაარღვევდა მის მიერვე შექმნილ წყვდიადის კედელს, რომელიც თანამედროვეობისაგან აშორებდა და მოახერხებდა როგორც ბევრი სხვა, ბედნიერი ცხოვრების მოტივებზე ლექსების წერით პოეტური კარიერის გაკეთებას. მაგრამ გადაჭარბებული სიამაყე და ჯიუტობა ნიკო სამადაშვილს ხელს უშლიდა თავისი პოეტური „მე“ და მოქალაქეობრივი ცხოვრება დროის შესაფერისად მოეწყო და მოსწრებოდა თავისი ნიჭის აღიარებას, რის გამოც თავი „დაღუპულ პოეტად“ მიაჩნდა. ჩვეულებრივ კი ასეთი მკაცრი ხვედრის მიუხედავად, ნიკო სამადაშვილი ყველაფრისადმი უკომპრომისო იყო, ბოლომდე შეურიგებელი და შეუპოვარი თავის უმოწყალო ბედისწერასთან. დაეჭვებულ ნიჰილისტს, ქვეყანასთან გაბუტულს, სავსეს ბრაზით და ჯანყით, პირობითი გზებით სიარული, სტანდარტიზირებული ენთუზიაზმით წერა არ შეეძლო და ნაძალადევ პათოსს არჩია პოეტის სახელის გარეშე ჩრდილში დარჩენილიყო. პროტესტანტის როლში იმისადმი, რასაც ყოველ დროს წარმოადგენდა ნებადართული პანგეროიკული პოეზია და ჩუმად გადაეტანა გაუგებლობისა და უთქმელობისათვის განწირულის გამოუსავალი ხვედრი.

ამ უსაშველო განმარტოების სევდიანობაში ის მაინც არ იყო მოწუწუნე სანტიმენტალისტი. მისი პოეზია არსებობის ჩამუქებულ და ალოგიკურ გაგებაში, თუ სინამდვილეს მხოლოდ შავბნელი ფერებით აღიქვამდა, მან მკაცრი სიმართლით მაინც ერთიანად გააზრებული საკუთარი სამყარო ააგო. მის პოეზიაში ეს იყო კოშმარებითა და მიაზმებით აღსავსე ადამიანური ყოფნის პირდაპირი ჭვრეტა, სინამდვილის საშინელებათა გაბედული და შეულამაზებელი აღიარება, სევდის ობიექტური გამხელა, მაგრამ არა მოდური პესიმიზმი. მარაზმით მოცული მისი სულის კვნესა შველას და თანაგრძნობას არ ითხოვდა, რასაც იგი სიცოცხლეში არც ელოდა. ამიტომაც თქვა თავის თავზე - მან გაიტაცა თავისი ლექსებიო, იმ აზრით, რომ სიცოცხლეში არაფერი არ დაბეჭდა, ოფიციალურად ცნობილი არ გახდა:

„რომ მიიცვალა უცბად, ქურდულად,
თან გაიტაცა თავის ლექსები,
და მეგობრებმა გადააქოთეს,
მთელი ოჯახი, წალო, კარადა,
ვერ მოისაზრეს, ვერც მოიფიქრეს,
თუ მკვდარი ნაწერს მოიპარავდა...“

და აი, სამადაშვილის გარდაცვალების ათი წლის შემდეგ, 1973 წელს „მერანმა“ გამოსცა მისი ლექსების პატარა წიგნი „ბეთანია“ თამაზ ჩხენკელისა და არჩილ სულაკაურის მცირე წინასიტყვაობით, რომელშიაც პირველად დაიძრა სიტყვა კაცზე, როგორც პოეტზე. მაგრამ „ბეთანია“ მეტად მცირე ნაწილია სამადაშვილის პოეტური მემკვიდრეობისა, თუმცა კი ესეც მის ბობოქარ სულსა და შემოქმედებით შთაგონებაზე საკმაოდ გვიქმნის შთამბეჭდავ წარმოდგენას, და იმაშიც გვარწმუნებს, რომ მისი პოეზია ღირსია ჩვენმა მკითხველმა საზოგადოებამ უფრო სრულად გაიცნოს. მართლაც ახდა სამადაშვილის წინასწარმეტყველება საკუთარ თავზე - ჩემი ლექსები სამარეში გამახარებენო. ეს განჭვრეტა არ იყო მოულოდნელი მისი ჩვეული მოტივებისა და სახეების განწყობილებისათვის, და არც თქმა:

„მწამს მოვარდნილი საუკუნენი,
ო, ჩვენზე დიდ ხანს დაფიქრდებიან...“

(საცოდაობა ჩემი დღეების, 1926)

მაგრამ ეს იყო გასაგები, არა როგორც ეგოისტის პრეტენზია რაიმეზე, არამედ უფრო აწმყოს უიმედობით სხვისი მომავლიდან თავის წარსულში გადახედვა, რადგან მისთვის რეალობა მხოლოდ მომავალი იყო, ოღონდ არა აწმყო, რომელიც მას არ უღიმოდა. ის უყურებდა თავის თავს, როგორც უკვე წარსულს და საკუთარი აწმყოდან გაქცევის თეზა ამიტომაც ძლიერად გასდევს მის მთელ შემოქმედებას. ასე ესმოდა მას თავისი დროის ყოფნა და ამიტომაც თქვა:

„ჩვენ ვისაუბრებთ იმაზე დიდხანს,
რაც სიცოცხლეში არ შეიძლება.“

(იქით).

***

სამადაშვილი, როგორც პოეტი, ერეკლე ტატიშვილმა აღმოაჩინა, რომლის განსაკუთრებული ავტორიტეტი კულტურის, ფილოსოფიის. მწერლობისა და პოეზიის, უმთავრესად კი - დანტეს, შექსპირის, გოეთეს, ნიცშეს, ედგარ პოს, ჰემინგუეის თუ სხვების დედანებში კითხვა-თარგმნასა და კომენტარებში კარგადაა ცნობილი. მან თარგმნა ნიცშეს „ასე იტყოდა ზარატუსტრა“ და დაწერა მეტად საინტერესო ორიგინალური ლიტერატურულ-ფილოსოფიური ნარკვევები ბუდიზმსა და ნიცშეანიზმზე. 1923 წლიდან მოყოლებული მის ირგვლივ დაჯგუფებული იყო ახალგაზრდობა - ბასილ მელიქიშვილი, მიხეილ მრევლიშვილი, ქუჯი ძიძიშვილი, მიხო ბერიტაშვილი, ლადო დონაძე, ამბროსი კიკნაძე, ამ სტრიქონების ავტორიც, შემდგომად კი - ოთარ ჯინორია, დავით ლაშქარაძე, ვახტანგ ჭელიძე, ალექსანდრე გამყრელიძე, ოთარ ჩხეიძე, ციალა თოფურიძე, პირველ შემოქმედებით ნაბიჯებს რომ დგამდნენ... ჩვენი მასწავლებელი. მოძღვარი და მეგობარი ერეკლე ტატიშვილი დაბეჯითებით გვიმტკიცებდა, რომ სამადაშვილი არის დიდი პოეტი და საყურადღებოა არა მხოლოდ საქართველოს მასშტაბით. ამის გააზრება მაშინ მიახლოებითაც კი შეუძლებლად მიგვაჩნდა. დრომ გვიჩვენა, რომ ეს დიდი აღიარება უსაფუძვლოდ არა ყოფილა, მით უმეტეს, თუკი ნიკო სამადაშვილის იმავე ლექსების ხელნაწერზე დიდი ხნის შემდეგაც - 1955 წლის 12 ოქტომბერს გალაკტიონ ტაბიძემ ასე დააწერა:

„ნიკო სამადაშვილს:

დავრწმუნდი მე თქვენს სიძლიერეში.
მომავლისაკენ, წინ იერიში.“

ყოველ შემთხვევაში უკვე 1923-26 წლებშივე ნიკო სამადაშვილის პირადი მეგობრებისათვის შესამჩნევი იყო მისი აზროვნებისა და მეტყველების ის თავისებურებანი, რომელნიც ძირითადად არც სიცოცხლის ბოლომდე შეუცვლია. ეს იყო ორიგინალური პოეტური ხედვა, ცხოვრებისეული სიბრძნის პრობლემები ანტიურბანისტული სწრაფვებითა და იმ ტიპოლოგიური შეცდომებითაც, რომ მისი პოეტური სამყარო უაღრესი პესიმიზმით გამოთიშული იყო ყოველდღიურობის სინამდვილისაგან, რაც ერთგვარად რეტროგადიულ ხასიათს ანიჭებდა მის მხატვრულ აზროვნებასა და სოციალურ შეგრძნებას, რომელსაც მის შემოქმედებაში შემდგომი ევოლუცია აღარც განუცდია. მაგრამ თუ ის ბოლომდე რჩებოდა არსებობის პრინციპულად ნეგატიურ გაგებაზე და ყველაფერი მიაჩნდა ფატალობად და განწირულებად, გამოსავალს არც ეძიებდა.

***

არარაობის ამ ფილოსოფიით, თუ ადამიანის არსებობა გამოუვალობის ჩიხშია მოქცეული, ეს კაზუსი მსოფლიო ომისა და რევოლუციის კატაკლიზმებით გადაღლილ, იდეოლოგიურად ბოლომდე ჩამოუყალიბებელი ინტელიგენციის იმ ფენის გადაწყვეტილება იყო, რომელიც უაღრესი სუბიექტივიზმით და ინდივიდუალიზმით ვერ გაერკვა ახალი დროების მღელვარე პრობლემებში და მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკური ცხოვრების დროებითი გაუგებრობანი, უკუღმართობანი და ყოველდღიური ყოფის სიძნელენი მან ქვეყნის მარადიული ტრაგიზმის ამოსავლად მიიჩნია და თანადროულობის მიმართ პასიური პროტესტისა და ინდიფერენტიზმის პოზიციაზე დადგა. ტოტალური სულიერი კრიზისის, იდეოლოგიური დაბნეულობის, ფლეგმატურობისა და საზოგადოებრივი კეთილდღეობის ურწმუნოების ასეთ ვითარებაში, საკუთარ მეში ჩაძირულ ნიკო სამადაშვილს თავის თაობასთან ერთად ყოვლის უარმყოფელი სკეფსისი ღრღნიდა და ადამიანური ცხოვრების სინამდვილე გაუთავებელი კოშმარების ქაოსად ეჩვენებოდა. სადაც სხვები სილამაზეს, სიკეთეს, ჰარმონიას ხედავდნენ, მას წყვდიადი, ბოროტება და სიკვდილი ეზმანებოდა, რაც მის ლირიკაში ადგილს აღარ სტოვებდა სიყვარულისათვის. ეს იყო მკაცრი ლოგიკა მისი ცხოვრებისა და შემოქმედებისა, ვინც კონკრეტულ სინამდვილისგან არავითარ ილუზიას არა ჰქმნიდა და თავისი პოეტური მეთი უშუალოდ შესცქეროდა მის მიერვე წარმოსახული სამყაროს არარაობის ხახას. ასეთ განწირულობაში იგი თავის თავს არავითარი ხსნის იმედს არ უტოვებდა, რისთვისაც ცოცხლადვე ემშვიდობებოდა ქვეყანას და ადრევე უმღეროდა თავის სიკვდილს.

ამ სწრაფვებში იგრძნობოდა კვალი ქართულად გაგებული შოპენჰაუერის, ნიცშეს, შპენგლერის შემაშფოთებელი განჭვრეტისა, თუ ბოდლერის „ბოროტების ყვავილების“ პასაჟებისა, რაც სინამდვილეს უპირისპირდებოდა ირაციონალურად გააზრებულ სამყაროს მისტიკას. არარაობის საშინელებათა მოტივები მის პოეტურ მეში თავისთავადაც კიდევ იმ პარადოქსაც გვიხსნიან, რომ ქალაქის ასეთმა მოძულემ, არსებითად ურბანული სუნთქვით აღბეჭდილი, სპლინითა და წყვდიადით სავსე პოეზია თითქოს იმიტომ შეჰმნა, რომ საკუთარ სულში მთელი მსოფლიო ჯავრის ბალღამი გაეტარებინა და თავისი დანგრეული პიროვნება თვითონვე ფეხით გადაეთელა.

ამიტომ დღესდღეობით მაინც რით არის ჩვენთვის საინტერესო სიკვდილის რომანტიკის ეს პოეზია, რომელსაც თითქოს ცრემლი და სისხლი გამოსდის? ამჟამად მისი შემოქმედება შესძლებს ისეთივე ადგილი მოიპოვოს ჩვენი მწერლობის ისტორიაში, როგორიც მას, ალბათ ელოდა თავიდანვე დაბეჭდილი და აღიარებული რომ ყოფილიყო? თუ იგი ირგვლივ მხოლოდ გაუნეთებელ ღამეს ხედავდა, არაფერი არ უხაროდა, მისი წარმოსახვა თუ სინამდვილეში მხოლოდ ოდიოზურ მოვლენებს ამჩნევდა და, ამით მან რეალურად არსებული განწყობილებანი გამოხატა, რაც მაშინდელი ეჭვისა და შიშის მასობრივი ფსიქოზის პირობით, იქნებ, გარდაუვალიც კი იყო არა მხოლოდ მისთვის. ამიტომ ახლა არც შეიძლება სერიოზული მსჯავრის საგანი იყოს სულიერი მარაზმით მოცული ამ თაობის იდეოლოგიური სიმართლე. ეს თავისთავად გადაწყდა მათივე საკუთარი თავის იზოლაციისა და თვითგანადგურების კურიოზული პოზიციით, რამაც ისინი ფაქტიურად ისტორიის გარეშე დატოვა.

ნიკო სამადაშვილიც ერთი მათგანი იყო, ვინც აშკარად ჩამორჩა დროს და სინამდვილეს, რომლის აბსტრაგირებაში ვერ შეძლო გაეხედა ცხოვრების ბნელი მხარეების მიღმა. მაგრამ ეს იყო დიდი ეპოქის წინაშე მთელი თაობის საბედისწერო გაუგებრობა, არა ერთი კაცის ერთპიროვნული შეცდომა. და ის როგორც ერთი კაცი მთელი თაობის მაგიერ პასუხს ვერ აგებს. კარგად იტყოდა გალაკტიონი:

„წარვლიან თვენგნით მთელი ჯგუფები,
მთელი თაობა,
სადაც არავის წაეჩხუბება
უკვდავებათა სხვადასხვაობა.“

(თქვენ აჩრდილები წარსულისა, 1928)

მაგრამ წარსულის ასეთი იდეოლოგიური კრახი განა მისი პოეტური წვლილის მნიშვნელობას მთლიანად აუფასურებს? სხვა არა იყოს რა ნიკო სამადაშვილის შემოქმედებაში სიკვდილ-სიცოცხლის მარადი კითხვები ქართველი ადამიანის ფილოსოფიისა და ესთეტიზმის პოზიციით არიან დანახული. აქაა ქართული ხასიათის, ბუნებისა და სიტყვის დიდი გრძნობა, ორიგინალურად აღქმული მის წარმოსახვაში. ყოველი მისი ლექსი, მოტივი, სახე, ცალკეული თქმა სინამდვილის უშუალო შეგრძნების გარდასახვა იყო, რამეთუ მას მუდმივად სდევნიდა განადგურების არსებობის უაზრობის დაუნდობელი ხილვანი, მარადი გაუგებრობა, უდაბურობისა და არარაობის განუწყვეტელი ძახილი, მაგრამ არა შიში და არც არსაიდან არ ელოდა შველას. ამიტომაც იყო, რომ ის ერთგვარი თავგამოდებითაც ეგებებოდა ცხოვრების ყოველგვარ უკეთურობას და სიკვდილის გარდაუვალობას, როგორც ემპირიული სინამდვილის ერთადერთ რეალობას, რაც, ცხადია, მისთვის არ იყო უბრალო მანერიზმი და დეკლამატიურობა. სწორედ ყოფნა-არყოფნის ტრანსცედენტური კაზუსების გამოდევნებამ მას საბოლოოდ ხელი შეუშალა ელემენტარულად გარკვეულიყო ცხოვრებისეული ფილოსოფიის საკითხებში, რომ თავი დაეღწია სიკვდილის მეტაფიზიკის და მისტიკისათვის. ამიტომ ვერ ითქმის, თუ მისი საზარელი განჭვრეტანი წარსულის, აწმყოს თუ მომავლის სინამდვილეს ეკუთვნის, რადგან კოშმარებით აღსავსე მისი სამყარო - საკუთარი არსებობით, ისტორიით, ყოფნისა და აზროვნების ფორმებით, განუჭვრეტელი დროისა და სივრცის დაუსაბამო უსასრულობაში ჩასაღუპად იყო განწირული და სხვა სინამდვილე მას არ ესახებოდა.

ამდენადვე გასაგებია ისიც, თუ ნიკო სამადაშვილი თავის აწმყოს რატომ უყურებდა როგორც უკვე დიდი ხნის წარსულს და რატომ შეეძლო საკუთარ პიროვნებაზე ეფიქრა და ელაპარაკა, როგორც უკვე მკვდარსა და დამარხულ პოეტზე. ამიტომაც მის მრუმე პოეზიაში ერთი ნათელიც არა ქრის და რაიმე სიხარულის ოდნავ გამოვლინებასაც გაუთავებელი ნაღველი სძალავს. ის სავსეა უსაზღვროება-უკიდეგანობის მისტიკით, გაუთენარი ღამეების შეგრძნებით, სიცოცხლის სიმძიმით, მისი პოეზია მისივე დანგრეული სულის პორტრეტია, რომელშიაც აღბეჭდილია თანადროული ადამიანის აპოკალიპსური ზმანებანი და რომელთა რიგებში თვითონ პირველი დგას - საოცრად ძლიერი მოჯანყე სულის ეს უწყალოდ უბედური კაცი და მწერლობის მიღმა გაუმჟღავნებელად დარჩენილი მოაზროვნე და პოეტი.

***

ამრიგად ნიკო სამადაშვილის წარმოსახვაში ცალმხრივად აღქმული ადამიანური სინამდვილე მხოლოდ ცრემლისა და სისხლისაგან შედგებოდა. ცხოვრების ყოველდღიურობა არსებობისათვის გარჯით, წვალებით, მას „შავბნელი დღეების რიგად ეჩვენებოდა“. „სიცოცხლე დაღამებულად“ და თავის თავში ჩამწყვდეულს ცხოვრებისეული ტკივილების ჩამუქებით შეეძლო მხოლოდ ებუზღუნა და თავი ეჯიჯგნა წარმავლობისა და მსოფლიო სევდის პრობლემებით, რომელთა წყვდიადში მარტო პირქუშ ამაოებას ხედავდა. აქ იყო „ქაოსების გროვა“, „წარსულის ფერფლი“, „უდაბურება“ და გასაგებია, რომ თავის შემოქმედებას თვითონვე უყურებდა როგორც „დაბურულს, დახშულს, გადარეულს“.

ნიკო სამადაშვილი ამღვრეული სულით შესცქეროდა ცხოვრებას, წუხდა ქვეყნის გაოხრებას, მოსთქვამდა ადამიანის გაორების ტრაგედიას, რომ ცხოვრებაში არავინ არა დგას თავის ადგილას, მით უფრო, რომ თვითონ არ იდგა თავის ადგილას, იყო გაორებული, საკუთარ მოწოდებას აცდენილი კაცი და ხედავდა, თუ მისი „სიყმაწვილე როგორ ფუჭად წავიდა“. აკი ასე შესჩივლა თავის პოეტურ „მეს“:

„ვერ გეპატრონე მე ლაზღანდარამ,
შენ სხვა მხევალი უნდა გყოლოდა...
ვერ მოგიარე, რა გიყო ძმაო...“

(ნიკო სამადაშვილს)

ზოგჯერაც კი იმის დაეჭვებითაც იწვალებდა თავს, რომ:

„ლექსების ჯღაბნა წამებად გექცა,
სჯობდა ვენახის კვალი გებარა,
ვის რად უნდოდა ეს თვალთმაქცობა,
ნეტავი ქარში გადაგეყარა.“

(იქვე).

მაგრამ სინანულითა თუ კმაყოფილებით იტყოდა თავის თავზე: „ის ლექსის გარდა არაფერს ჰქმნიდა?“, „ლექსის წერა“ მართლაც „შესაზარი სენი“ იყო? მისი ეჭვი, თუ სამდურავი, გაუცხოებული „მეს“ ძახილი იყო - განდგომა, უარყოფა, თვითგანადგურება, შესაძლოა, ინტუიტური პროტესტის გზაც შეუცნობელი უმიზნობისაკენ, რამაც ის დატოვა აქტიური მოქალაქური ცხოვრებისა და საზოგადოებრივად ცნობილი პოეზიის გარეშე:

„გინახავთ კაცი საუკუნეს ხმითაც არ ჰგავდეს,
და ყოველ დილით სისხლის ჭოჭი ღვაროს სახლიდან,
ან სინათლეში მოიწყინოს მერე გათავდეს.“

(ღრუბლის ნაკვეთი)

ნიკო სამადაშვილს ეცოდებოდა თავისის თავი ამ ტიალ ქვეყანაზე, სადაც მისთვის „დრო საუკუნის ჯახაჯუხში ჩაისრისება“ (ერეკლე ტატიშვილისადმი).

„ვისთვისაც ზეცა დაპატარავდა...
ვინც იწანწალა მიწაზე დიდხანს.
და თავის ჩრდილიც ვეღარ იპოვნა.“

(უკუღმართობა)

„ვინც ჰგავდა თოვლზე გადაღვრილ ღვინოს,
ვინც გულს ჩასტირა და ჩაისეტყვა.“

(იძინე, თამაზ)

ის თავისთავს უყურებდა, როგორც „გარეთ გადაყრილ ნაცარს“ (დამშვიდობება), „დაღუპულ პოეტს“ და ასე „გაუთენარ დღეებში“ (გასეირნება) იწერებოდა „მისი ცხოვრების ყრუ მატიანე“ (იძინე, თამაზ). ეს დანგრეული სულის კივილი ადამიანური განწირულების მოტივებს ერთვის, რაც მისთვის მაინც არ არის ლიტერატურული მიბაძვა. დროების მიხედვით სევდის მოტივების აყოლა. ეს არის თვითონ პოეტი და მოქალაქე, თავისთავად ასეთი „პირქუში, როგორც ამაოება“, რომელსაც თითქოს „გული ღვიით და სარცხით ჰქონდა ამორეცხილი“ (სინანული). ამ თვალსაზრისით, ყოველი მისი ლექსი უპირველესად მისივე ავტორიტეტი და ავტობიოგრაფიაა, „შავბნელი დღეების“ და „ბნელი შემოქმედების“ ხატი.

ამ უსაშველო განწირულობის ფსიქოზს ის მიჰყავდა ღვინოსთან ჩახრჩობამდე, გაუგებრობამდე და შეურაცხადობამდე და აქ ისიცაა საოცრება, რომ ღვინოში ჩამხრჩვალი ეს კაცი საბოლოოდ მაინც არც ბოჰემა გახდა, რადგან ძლიერ უყვარდა ცოლშვილი და კოპწიად სიარული, რომ თუ ტანისამოსი უნდა ალამაზებდეს ადამიანს და ადამიანი ტანისამოსს, ნიკო სამადაშვილიც ამშვენებდა თავის ჩაცმულობას, იყო უკომპრომისო რიგორისტი და დენდი. ამასთან ერთად, თუ ლექსი და ღვინო დასაბამიდან ერთმანეთის საბედისწერო შთაგონებას წარმოადგენდნენ, ქართულ პოეზიაში მათი დაძმობილების ერთი თავგამოდებული ადეპტიც ნიკო სამადაშვილი იყო, რომელმაც, ალბათ, ერთ-ერთმაც ღვინის სმა აქცია პოეზიის რიტუალად, აუცილებლობად და ვალდებულებად. მაგრამ ამდენადვე არ შეიძლებოდა ცისფერი თვალებით შთამბეჭდავად მზირალი ამ კაცის გრძნობაზე მართლაც გვემსჯელა თუ გვეფიქრა მისი ერთი თქმის მიხედვით:

„ღვინომორეულ კაცს შემიბრალებთ,
და საგიჟეთში გაცნობილ პოეტს.“

(სურათის გადაღება)

არარაობა - წარმავლობის იდეალებს ასეთ ჩაციებაში გასაგებია, თუ ნიკო სამადაშვილის ანომალიური ექსტაზი რატომ აქცევდა რეალობას ზმანებად, ირეალურს სინამდვილედ, დედამიწას ეფემერულ მოჩვენებად, მირაჟებისა და ფანტომების ქაოსად და მის შემოქმედებაში ასე დამკვიდრებულ საშინელებათა თემატიკას, შეიძლება ითქვას, ჩვენს მწერლობაში ამდენი არავინ მიუზღო. მისი ეზოტერიული ხილვებია - გოლგოთის მთიდან მორეკილი ღმერთების ჯოგი, შეშლილი ღმერთის ცეკვა, ახალი მოდგმის ურწმუნო ქრისტე, ხატისგან შეშლილი ქრისტე, გზებმიუვალი ქვეყნიერება, სამყაროს იქით მიმავალი მგზავრები, უსაზღვროების დაბლობებს შუა ბინდების გრძელი ორღობე, ქაოსებს იქით გაშვერილი ხელები, შეწირულ ბავშვთა ცრემლების მდინარე; მას ღვთისმშობელი აკვანს ურწევს, მას ესმის ქვეყნის ბოლოდან მზის ყვირილი, აღმოსავლეთის ღმუილი, ძვლების ოჩხზე თავისი წუწუნი, ესმის, თუ როგორ ჭრიჭინებს ტაძრის ფუტურო ქერქში ვიღაც უძეგლო ხუროთმოძღვარი, მას სულს უხუთავს ჯოჯოხეთის პირქარი ხრჩოლა, ის ხედავს თეფშზე დამხობილ გველის ხვრელივით კაცის თავს, სისხლზე შემხმარი ძვლების ჩინჩხვარს, ქვების ზედადგარს შეკეთებულ თავის ძვლებს, ქვევრში ჩასხმულ თავის სისხლს, საკუთარ თავს, რომელსაც მიწისქვეშ შემოაგდებენ ხელიღლიაში კუბოამოჩრილს, კუბოს, რომელზედაც მიწერილია მისი გვარი, მკვდარი ჩიტივით დაგდებულ პოეტის დარდს, მესაფლავეს, რომელიც მახინჯ მხარზე ბარგადებული სასაფლაოზე პურის ჭამით გაისეირნებს, ადგილს, სადაც ხე მარხია პოეტის გვამთან; ხედავს ჯვარცმულის თმებით დაწნულ ჩრდილს, ჩრდილ წამოსხმულ ცხედარს, გაღმით უკუღმა დაგდებულ ქვესკნელს, კუთხეში ხატთან დადუმებულ ობობას; ის უკაკუნებს კოდალასავით ვრცელ და ფუტურო ქვეყნიერებას, ესაუბრება ქვებზე დამჯდარ ქარს; მისთვის სინათლე თეთრი ფრესკებით მოჩარდახებულ საფლავს სჭრის. მან ისიც ნახა, რომ:

„გული ტირილით ამოუვარდა,
როცა მიწაში ჩაფლეს ნიჩბებით.“

ესაა ლექსებში - ერეკლე ტატიშვილისადმი, ფრესკები ჩონგურზე, იცოდე, ორნი, გენია და სამრეკლო, ბეთანია, წარწერა, სურათის გადაღება, უკუღრმართობა, დამშვიდობება. შუქზე, ფერისცვალება, ნიკო სამადაშვილს, გამხმარი კაცი, უცნაური ხელობა, ცაცხვის ხე, გარყვნილება, სინანული, გადარბენა სამყაროსაკენ, პასუხი, საცოდაობა ჩემი დღეების, შენი ლექსი.

მსგავსად შემაშფოთებელ კოშმარულ მოლანდებებსა და მისტიურ ჭვრეტებში ის ადრევე ეგებება სიკვდილს, როგორც არსებობის ერთადერთ ნამდვილობას, რომლის გარდაუვალობა მრავალგვარი ჩვენებით სინამდვილესთან ყოველ შეხებაში განუწყვეტლად თან სდევს მის პოეტურ ხედვას:

„ეხლა შორს ქარში კიდევ ძაგძაგებს, დაუმარხავი პოეტის გვამი.“

(ჩაეფლათ მაინც)

„და ჩემი გვამი ხელის კანკალით
გორიჯვრის ძირში ჩაეფლა დედას.“

(მოგონება)

„შენი ფესვები ჩემს გულს გამოხრავს,
თხუნელა კუბოს მიარტყამს კვინიხს.“

(ცაცხვის ხე)

„თავის ქალაში მწვანე ხვლიკი შეძვრება ღამე,
ძვლებზე შემხმარი დაფიქრება მოეწონება
და მატლებდახრულ თვალებიდან გახედავს ბაღებს.“

(გამხმარი კაცი)

ადამიანური ყოფნის წარმომავლობა - არარაობის მსგავსი მოტივების გადმოცემაში ნიკო სამადაშვილი მკაცრად რეალურია თავის ფანტასმაგორიულ-ქიმერულ ხილვებშიც, რომელნიც სინამდვილეს ცოცხალ სურათებში ენაცვლებიან, რაშიაც თითქოს არაფერია ბუნდოვანი და გაუგებარი. მართლაც, მის მიერ დახატულ საშინელებათა მისტიური ჩვენებანი თავისთავად ცხადი მოტივებისა და სახეებისგან შესდგებიან. კოსმიური წყვდიადითა და უკიდეგანობით თავზარდაცემული პოეტი თავის „მეს“ პოზიციით აღიქვამს ასოციალურად გაგებული ადამიანისა და ამდენადვე მთელი კაცობრიობის მოუწყობლობას, რომლისგანაც ვერავითარ ხსნას ვერა ხედავს. ის მისტირის სამყაროს დაუსაბამობაში ჩაკარგული ადამიანის გამოუსავალ ხვედრს, რომელიც მისი რწმენით სულის ამაო ღაფვაში მარადისობა-უსასრულობის ილუზიურ პრობლემებს შესჭიდებია:

„ცოტა ხანს კიდევ...
იმის შემდეგ, რომ დაბერდები,
ეგ თავის ქალა კლდეს ექნება პირში გაჩრილი...
და შენს ხერხემალს სალამურად გამოიყენებს,
არმაზის კერპი ან ქარების ტიალი დოღი.
სანამ გრიგალებს შენს ძვლებს კვერთხით დააყრევინებს,
გოლგოთის მთიდან მორეკილი ღმერთების ჯოგი.“

(ერეკლე ტატიშვილისადმი)

სიკვდილ-სიცოცხლის კოშმარების ამ საოცარ მეტყველებას, ძნელია ღირსეული ანალოგია მოენახოს ჩვენს სინამდვილეში და სიკვდილის მეტაფიზიკასა და აპოლოგიაში ჩაძირულს იმაზე კიდევ მეტი რაღა შეეძლო ამ მხრივ ეთქვა - „კუბოში კიდევ ნატრობდა სიკვდილსაო“. თითქმის მისი ყოველი ლექსიდან ქვეყნის აღსასრულისა და სიკვდილის რაიმე მოტივი ისმის საკუთარი თავის გამოტირებასა თუ აპოკალიფსურ ზმანებებში. და შეიძლება ითქვას, რომ მთლიანად ნიკო სამადაშვილის პოეზია ქვეყნის დაღუპვაზე ესქატოლოგიური მონოლოგივით ჟღერს და თითქოს თავის თავზე შედგენილ რეკვიემს წარმოადგენს, რომლის ხმები მისი პირველი ლექსებიდანვე ისმის. თუნდაც შეკითხვაში ადამიანებისადმი: „გჯერათ თუ არა წარმავალობა“, რაც ისეა გადმოსროლილი მარადისობა-წარმავლობის დაპირისპირებაში, თითქოს ამითვე პასუხიცაა ნათქვამი, რაშიც იგი თანმიმდევარია ბოლომდე:

„მარადისობავ, საუკუნოდ გაგიხმეს ქედი,
რომ ასე უღვთოდ დამაბნიე ტიალი მგზავრი.“

(ღრუბლის ნაკვეთი)

„ვინც ქვესკნელიდან ამოგაშენა,
სწორედ ის ღმერთი გაგანადგურებს.“

(მანანა ქართველიშვილს).

ამაოების უძველეს თემატიკაზე ღაღადებაში გილგამეშის, უპანიშადებისა და ეკლესიასტეს შემდეგ, რასაკვირველია, ძნელია რამე ითქვას არსებითად ახალი, მაგრამ აქ უშუალობასა, სურათიანობის ორიგინალობასა და თქმის ექსპრესიულობასთან ერთად. ნიკო სამადაშვილი მკაცრი რეალიზმით დაუნდობლად აუქმებს პოეტების მიერ შექმნილ უკვდავების ილუზიას. მსგავსი მოტივები მას სავსებით უპრეტენზიო, ძლიერ სადა ფორმითაც აქვს გამოხატული, რაც მას ეპიგონურს გახდიდა, ის რომ ორგანული არ იყოს მის შემოქმედებაში:

„გავჩნდი განგებ, რომ დავღუპულიყავ,
ჩემს დედინაცვალ საქართველოში...“

ჭეშმარიტად სათქმელიც ჰქონდა“ „ბედი რომ მხერხავს, ვით ბირდაბირიო“ (იძინე, თამაზ). მართლაც, ნიკო სამადაშვილი თითქოს ისე საგანგებოდ იყო დაჩაგრული ობლობითა და მიუსაფარობით, რომ „ჭკუაზე შერყევა ქვეყნად მიაჩნდა რაღაც ბედნიერებად“ (გარყვნილება). ამდენადვე შემთხვევით არა თქვა:

„ენთე, ბუხარო, და იგუზგუზე,
მე მაინც სითბო არ მღირსებია.“

(დარდი ბუხართან)

***

ასეა ნიკო სამადაშვილის პოეზია „შედუღებული ცრემლების კირით“. მას „მკერდზე წყვდიადი აქვს დამაგრებული“, ღამე თავისი ცრემლით აქვს დახატული“ (ნიკო სამადაშვილს). მან „ღამე ტირილით გამოიხურა და გათენებას ვეღარ მიაგნო“. მას ქვეყანა ეჩვენებოდა საფლავების უდაბნოდ, ქაოსების გროვად. იგი წყევლიდა დაბერებულ ქვეყანას და ნატრობდა კოსმიურ კატასტროფას, რომ დაუსაბამო სივრცეში უაზროდ მოხეტიალე ეს გაგიჟებული დედამიწის ბურთი სადმე უფსკრულში გადაჩეხილიყო და სამუდამოდ გათავებულიყო ადამიანთა გაძაღლებული ცხოვრება. წარმავლობის სევდით მოშხამულს და დაუოკებელს, მთელ ქვეყანაზე დამდურებულს და გაბოროტებულს, თითქოს უფლებაც ჰქონდა უხეშიც ყოფილიყო და არ ინდობდა არავის, არც საკუთარ თავს, ყველასადმი და ყველაფრისადმი დაბოღმილს და შეუდრეკელს არავითარი რიდი და და პატივი აღარ ჰქონდა ვინმეს ღირსებისა თუ რაიმეს ღირებულებისადმი და დაუზოგავი ლანძღვა-გინებით იკლებდა ყველას და ირგვლივ ბრაზს ანთხევდა. ჩვეულებრივ ყველასათვის აკრძალული სიტყვები, აზრები თუ განზრახვები ყოველგვარი ნორმის დარღვევაში, თითქოს შეეფერებოდა და ეპატიჟებოდა მხოლოდ მის მუდმივად მოჯანყე დაუდგრომლობას, მით უმეტეს ის გულწრფელი და უშუალო იყო თავისი ფანტასტიკური სურვილებითა და გაუმართლებელი ქცევებით.

ნიკო სამადაშვილის ასეთ დაჟინებულ თვითნებობაში იყო რაღაც ატავისტური ძალა, რომელიც არაფრის წინაშე არ იხევდა. ყველაფრის უარყოფის ეს ფსიქოზი ხსნის მის პიროვნებაში კიდევ ერთ მოულოდნელ პარადოქსს - ზოგჯერაც თუ მორწმუნეს პოზაში იდგა, თვითონ ნამდვილად იყო საოცრად უღმერთო, უეკლესიო, ნატურალური ათეისტი და ეფემერულ ხილვათა მიუხედავად, მისთვის ორგანულად უცხო იყო ყოველგვარი რელიგიური მისტიკა.

ამიტომაც მის ლექსნარევ ესეიში „უკანასკნელი ქრისტიანები“, რომლისაგანაც ზოგი ლექსი „ბეთანიაშია“ მოთავსებული, მართლაც არაფერია ქრისტიანული და საერთოდ რელიგიური. ამ ორიგინალური ხასიათისა და სტილის ლირიკულ გაბაასებაში მეგობრებთან, საკუთარ თავთან, სახსოვარ საგნებთან თუ იდეალებთან, პირიქით, პოეტი ემშვიდობება ღმერთს, ქრისტიანობას და გვევლინება როგორც ღმერთის გარდაცვალების მახარობელი. ამიტომაა, რომ მის ქაოტურ ქვეყანას ღმერთი არ განაგებს.

ღმერთი, ღვთისმშობელი, ქრისტე, ანგელოზები, ეკლესია მისთვის იყო სინამდვილის გაუცხოვების მხატვრული გამოსახვის თავისებურება, პოეტურ მეტყველებაში ტრადიციით დამკვიდრებული სტილისტური პირობითობა, და არა მსოფლმხედველობრივი რელიგიური თვითშეგნების რელიგიური გამოხატულება. ტყუილად არა თქვა:

„სად ჩაძაღლდები, აბა ვინ იცის,
რა თავში ვიხლი სამოთხის კარებს...“

ადამიანისა და ღმერთის გარეშე ეს ყოფნაც იყო დეპრესია, - ქალაქური ცხოვრების ძლიერი ძღვენი, ხალხის მასებით, ხმაურითა და ინდუსტრიული მტვერით სავსე ქალაქი მისთვის იყო უდაბნო აღსავსე ათასგვარი საცთურით. რომლისაგან ხსნას ის ვერა ხედავდა. აღარც სოფლელი იყო, ვერც ნამდვილი ქალაქელი გახდა და ნანობდა გვიან დაბადებას, რომ ვერ მოესწრო სოფლური იდილიის დასასრულს, მანქანური საუკუნის შეშლილ ტემპს და ქალაქური ცხოვრების მოჩვენებით პროგრესულობას. ამიტომაც თავზარდაცემული კითხულობდა:

„ქვეყნიერებას რომ არ ვუმზიროთ,
თვალებს დავხუჭავთ, - რა ვუყოთ ყურებს?!“

და ქალაქური ცხოვრების უკეთურობათაგან, ერთი, ალბათ, სიკვდილზე უფრო დიდი უბედურება ის იყო, რომ მისთვის დაიკარგა ადამიანი და ღირებულება დაეკარგა ცხოვრებასაც, მით უფრო, რომ თავისი თავიც დაკარგულად მიაჩნდა. სამადაშვილის პიროვნული მე ხომ არა ჰგავდა მის პოეტურ „მეს“, - მართლაც როგორ დიდი იყო ზღვარი მის შემოქმედებაში „მესა“ და მოქალაქეობას შორის, რამდენი ამაღლებული და წვრილმანი იყო ერთად მოთავსებული მის ცნობიერებაში, ამიტომ ქვეყნის ორომტრიალით შეშფოთებული მისი „მეს“ წარმოსადგენად მინდა მოვახერხო და შესაძლებლობამდე გულწრფელი ვიყო - კარგიცა და ავიც მოურიდებლად ვთქვა, რომ ბოლომდე იყოს გასაგები და გამართლებული მისი ტრაგიზმის ყველაზე მეტად ის საბედისწერო გაუგებრობა, თუ მის პიროვნებაში მარადისობაზე ჩაფიქრებულ პოეტს როგორ დაუნდობლად ებრძოდა მისივე სულში ჩაბუდებული ფილისტერი და მერკანტილისტი. ეჭვი არ არის სწორედ ამ გაორებაში მიმდინარე შეუსვენებელმა ქიშპობამ დაღუპა კიდეც ნიკო სამადაშვილის პოეტობაცა და ადამიანობაც და მისი ცხოვრება წამებად აქცია, თუკი ის ზოგჯერაც იძულებული ხდებოდა თავის რომანტიკულობასთან სასტიკი მერკანტილიზმიც შეეთავსებინა. ეს ფული და მისი უბოროტესი ბედისწერა და პიროვნული ღირსების ულმობელი მტერი. აკი ქალაქში ცხოვრების პერმანენტულმა უფულობამ ერთხელაც ათქმევინა:

„იმ დღეს ღვინის ფულს ვთხოვდი მათხოვარს,
და ვუკითხავდი ლექსებს ტირილით.“

ცხოვრების წვრილმანებში ჩაკარგვის ამ ტრაგიზმით ისიც არ იყო მოულოდნელი, რომ მან შეჰქმნა ლირიკა უადამიანოდ და უსიყვარულოდ და ადამიანზე ჩვეულებრივ მსჯელობდა უფრო როგორც მომავლის გვამზე. არსებობის, როგორც მუდმივი კრიზისის, ეს გაგება საზოგადოებრივი ცხოვრების განვითარების ის პარადოქსულობა იყო, რომ ტექნიკური პროგრესის ტემპს ბევრად ჩამორჩებოდა ადამიანის სულიერი ევოლუცია, ინტელექტუალურ ემანსიპაციას ადამიანის მორალური დეგრადაცია უსწრებდა. ამიტომაც ზნეობრივი შიმშილით შეშფოთებული ნიკო სამადაშვილი კითხულობდა - „კაცში კაცს ეძებთ, არ გეზარებათ“... მის გულში „მღვრიე სიცოცხლე ღმუოდა“, და ძლიერ იშვიათად გაისმოდა სანუგეშო ხმაც: „მოვა ოდესღაც, ვისაც ვუყვარდი“, ან „ღმერთო, რამდენი რამ შესძლებია პირველ სიყვარულს“. ჩვეულებრივ კი მის განწყობილებას შავი ნაღველი ეუფლებოდა, - მინდა „ჩემ ქვეშ სისხლის მდინარე ქუხდესო“. ის არ ნატრობდა და არ ელოდა სიხარულს, პირიქით:

„როგორ არ მინდა. რომ ხვალ გათენდეს.
როგორ არ მინდა ბედნიერება.“

(სადა ხარ, სადა)

მან ვერ გაუძლო თავისივე თავთან შეჭიდებას და საკუთარი ზმანებათა მსხვერპლი გახდა. აკი თვითონაც ამბობდა:

„ზარივით გასკდა ამდენი რეკით,
ზედ რომ მამხია ეს თავის ქალა.“

(ნიკო სამადაშვილს)

„დარდებით გამოხრული“ და „ცამდე მართალი კაცის“ (დაითენთა) ამ ცრემლისა და სისხლის იქით, ჩანს სევდანარევი ღიმილით გაბრწყინებული სახის საოცრად თვალახელილი პიროვნება, რომელსაც თუ თავისივე ცხედარი თვითონვე ეჭირა ხელში და საფლავს დასცქეროდა, ამავე დროს იმასაც ამბობდა თავის თავზე, რომ:

„ის მიდიოდა და მაინც კიდევ
სულ სიცოცხლეზე ეჭირა თვალი.“

(თვალს არ აშორებდა)

მაშ რაღა იზიდავდა მის თვალს ადამიანურ სინამდვილეში, სადაც ის უპირატესად სისხლსა და სიკვდილს ხედავდა და რის გამოც თავისი პოეზიით თავის თავს სულთათანას უგალობდა? ეს იყო მისი სოფელი ბუნების სტიქიონთა გარემოთი, რომელსაც მის წარმოსახვაში ყოველივე წმინდა და ნათელი უკავშირდებოდა. და თუ ქალაქისათვის მას მხოლოდ წყევლა-კრულვა და ლანძღვა-გინება ემეტებოდა, სოფელს მთელი გულისყურითა და ნდობით ელოლიავებოდა. ქალაქში უსიყვარულოდ დარჩენილს, მით უფრო ჰქონდა გამძაფრებული შთაგონებაში მშობლიური სოფლის სურათების მოგონებანი ქართლისათვის დამახასიათებელი პეიზაჟებით, მთებით, ტყე-ველებით, ბაღ-ვენახებით, ადამიანებითა და ცხოველებით: ბარბარუკა, ნიშხანიშხა, ტანა, დანახვისი, გარდატენი, ეტი. თერხვი, კვერნაქი, ხრიოკები, ხვართლნარევი ორღობეები, ჭადრების ბინდი, ცხვრის ფარა, მთებზე სოფლის ნახირის ზოზინი, ტოტის დაწყვეტა, კაკლების წენგო, მთის წვეროებიდან მიხვეტილი ღრუბლები, ღელეთა მწუხრში ჩახვეული ლანდები, ხევში შემოფეთებული მდინარე, ღრუბლების ჩალა, ღვია, კვირინჩხი, ღამურები, ბუები, ჭრიჭინები. ამ სიტყვებისა და თქმების კოლორიტიც კარგად გვაგრძნობინებს, თუ რა ათქმევინებს ქალაქში ჩაღუპულ პოეტს:

„როგორ მიყვარდა ჩემი სოფელი,
როგორ მინდოდა იქ მომკვდარიყავ.“

(ჩემი სოფელი)

მშობლიური სოფლის ცხოვრების ყოველი წვრილმანის გახსენება მას განსაკუთრებული სიხარულით ავსებდა. სწორედ სოფლის სურათების დახატვაში ყველაზე უშუალო და დამაჯერებელი ხდებოდა მისი მხატვრული სიტყვაცა და აზრიც. ამ მხრივ მისი „ფრესკები ჩონგურზე“ სანიმუშოა დამაჯერებელი სურათიანობითა და ექსპრესიით - ქართული წისქვილის თავისებურებათა ამსახველი ტილოს დახატვაში:

„ქართულ წისქვილის კარს მოადგება.
წვერგაჯენჯილი დინჯი ანდრია...
ხვიმირებიდან დროჟამს ჩამოფქვავს,
გახედავს ოჩხებს, ჯაგნარებს, ჭიუხს,
წაიბუტბუტებს ათასჯერ ნათქვამს
და ხელის გულზე დაბერტყავს ჩიბუხს.
ყბედი მეურმე გააბამს ზღაპარს.
დაუსვენებელს როგორც მდინარე,73
ძაღლი შეუყეფს ვიღაც წინაპარს,
და თვალს გაახელს ხარი მძინარე...
და ისევ ღამე კუნელის ფერი.
შავი ბუღრია, ვით ჯოჯოხეთი.
შეხვალ, გეტყვიან - სად დაითვერი.
მადლობა გამჩენს, რახან მოხვედი.
..............
ვიღაცა ჭრაქით დახედავს საფქვავს...
კაცივით ოხრავს ჩარხის წისქვილი.
ჭერი სავსეა აბლაბუდებით...“

***

ურბანიზმთან შეჯახებასა და თემატურ დაპირისპირებაში იდილიის გრძნობაზე არანაკლებად ძლიერია მისი თაყვანისცემა ქართული ისტორიის დიდების მოწმე სიძველეთა ძეგლებისადმი. ატენის სიონი, მცხეთის ჯვარი, ბეთანია, სამთავისი, საერთოდ - ტაძრები, სამრეკლოები, ფრესკები, ჩუქურთმები, ხატები, ზარები, ნანგრევები, ასევე თვითონ „ქართლის ცხოვრება“, თუ ძველი ქართული კულტურის სხვა საგნები და ცნებანი მის პოეტურ ზმანებაში სულდგმული არსებანი არიან. ისინი გაცოცხლებულია ნიკო სამადაშვილის განცდებსა და წარმოსახვაში - ქართველი კაცის განწყობის ყველაზე სანუკვარი გრძნობებით ორიგინალურ სახეებში. ძნელია წარმოვიდგინოთ მთებს შორის ღრმა ხევში მდებარე ბეთანიის ხედის მხატვრულ გააზრებაში უფრო შთამბეჭდავი სურათი:

„მიწა გაირღვა, თითქოს ქვესკნელმა,
ამოისროლა ტაძრის გუმბათი.“

მაგრამ ეს არაა მხოლოდ გარეგანი ხილვა, მის შინა პლანში საგრძნობია მინიშნება საქართველოს ისტორიისათვის ამ სათაყვანებელი ტაძრის თითქოს ზებუნებრივ აშენებაზედაც. მის ხედვაში ატენის სიონი წარმართთა ძვლებზე დგას, აღთქმით დაღლილ მოციქულებს გარდატნის კლდეზე ჩასძინებიათ. ძირს წმინდა ნინოს ნაფეხურები მოსჩანს და თითქოს:

„ქრისტემ ბავშვობა აქ გაატარა;
და ღვთისმშობელი უგვიდა ეზოს...“

აქედან ისიც ჩანს, რომ ნიკო სამადაშვილის მეტყველებაში მხატვრული სამკაული არასოდეს არაა თვითმიზანი და მისი თქმები ყურადღებას იქცევენ გამოკვეთილი სურათიანობით, უმთავრესად - შედარებებში, რომელნიც ზომიერებით, ღრმა შინაარსით, ემოციურობითა და პლასტიკურობით გამოირჩევიან:

„ახლაც კი ვამჩნევ ლაშას სახეზე,
ჯალალედინის შემოკრულ სილას.“

(ბეთანია)

მხატვრული თქმის მიმზიდველობა აქ მისივე ქვეტექსტებითაა გაცხოველებული ქართული ისტორიის დასავლის მინიშნებით. საერთოდაც, ეროვნული ძნელბედობის დრამატიზმს მოხდენილი, ხატოვანი ლაკონური თქმებით გამოსახავს:

„ქართლის ცხოვრების ხნიერ ფურცლებზე,
კორიანტელი ათევდა ღამეს.“

(საქართველოს)

აქედან ჩანს, რომ ქართველი კაცის სულისა და ხასიათის ასახვაში ის მყვირალა სტერეოტიპულ ფრაზებს არ მიმართავდა, არც დეკლარატიული პატრიოტიზმი მიაჩნდა ღირსეულ საქმედ და საქართველოს ისტორიის საბედისწერო წუთებზე ქართველი კაცის მწუხარებას შეფარული სევდითა და სიამაყის გრძნობით ამჟღავნებდა:

„ფეხზე ძლივს იდგა კავკასიონი,
მარადისობის განმეორება.“

მსგავსად მომხიბლავია მისი ჩვეულებრივი შედარებანიც:

„ვარსკვლავნი ისე მოსჩანდნენ ღამე,
თითქოს ზეცა ჩრჩილს ამოეჭამა.“

(ატენის სიონი)

„ძირს წმინდა ნინოს ნაფეხერები
ჰგავდნენ სისხამზე მოკრეფილ იებს.“

(იქვე)

არაიშვიათად მის თქმებში სიტყვა მდიდრდება ახალი შინაარსით. ვარსკვლავებს ის უწოდებს „მარადისობის ჭუჭრუტანებს“, მისთვის „ფერს იცვლიდა სიცარიელე“. მის პოეტურ ლექსიკაში არსებობს „დარდის ფერი“, დარდის სითბო“, „სამიწე დარდი“, „დურდლო სიცოცხლე“, „ჟამთა სისველე“, „ბედმომკილი დღეები“, როგორც ჩვეულებრივ სიტყვათა უცნობი სემასიოლოგიური ნიუანსები. მიუხედავად ასეთი ნეოლოგიზმებისა, მას ნაკლებად იზიდავდა მეტყველების ბრჭყვიალება, პათეტიურობა, რადგან მისთვის ლექსი იყო არა გამოგონება, არამედ ზმანება და აღსარება.

***

უშუალობითა და ლექსის ტექნიკური პრიმიტივობით ნიკო სამადაშვილი გვაგონებს ფიროსმანის მოვლენას. ისიც აკადემიზმის, სკოლური სწავლულობისა და მიბაძულობის გარეშე ეზიარება მხატვრულ სიტყვას, როგორც ფიროსმანი - ფერს. მისი სიტყვა და ფრაზა მისთვის ისევე იყო შეუცნობელი გუმანის გამოხატვა, როგორც ფიროსმანისათვის ხაზისა და ფერის ტილოზე დადება. ისიც ბავშვივით მიამიტია, ჯიუტი და ამაყი, თანაც უხარია, რომ არის ის, რაც არის. ეს ჯიუტობა და სიამაყე იგრძნობა საკუთარ ლექსებისადმი დამოკიდებულებაში, რაც თვალსაჩინოდ იმაში მჟღავნდება, რომ ყველაზე დიდი ავტორიტეტი მისთვის პოეზიაში საკუთარი პიროვნებაა. შეიძლება, ამიტომაც მისი ლექსი არ არის გაშალაშინებული და დაუთოებული. ესაა მისი პირველი სიჯიუტე - ერთხელ მოფიქრებულსა და დაწერილ ლექსს აღარასოდეს გაასწორებდა, რადგან მისი ლექსის ყოველი სიტყვა მისთვის შექმნილი იყო და არა დაწერილი. სიტყვა მისთვის ერთხელ იყო დაბადებული როგორც ცოცხალი არსება, რომლის შეცვლა მისთვის არ შეიძლებოდა და ყოველგვარი შეხება სიტყვასთან შეურაცხმყოფელად მიაჩნდა.

ნიკო სამადაშვილს არ სწამდა გასწორებული ლექსი და მთელი ორმოცი წელიწადი ის ცოცხლობდა თავისი დაუბეჭდავი ლექსების შთაგონებაში პირვანდელი და ერთადერთი რედაქციით ისე, რომ 1926 წელს დაწერილ ლექსს 1946 წელსაც ერთ სიტყვას არ შეუცვლიდა, რადგან მთელი მისი პოეზია ჩაბეჭდილი იყო მთლიანად მის მეხსიერებაში, ზეპირად იცოდა ყოველი თავისი ლექსი და ყოველი სიტყვა მისთვის თავის ადგილას იჯდა. ეს, შეიძლება, იმითაც აიხსნას, რომ ის ზეპირად წერდა ლექსებს და დეკლამირებაში ხვეწდა, ვიდრე ქაღალდზე გადაიტანდა, რის შემდეგაც აღარაფერს არ შეცვლიდა, კარგად უთხრა თავის თავს: „ავადმყოფობა ეგონათ ბიჭო, ლექსები ტანზე გამონაყარი“. მისი ლექსი მართლაც იყო, „ძაგძაგი, თრთოლვა და სუსხი“, რომელიც თითქოს „ტანის მერქანში ძვლებსა ხრავს“ (ნიკო სამადაშვილს). მის პოეტიკაში არ იგრძნობა ფორმის ძიება. მისი სტრიქონი და სიტყვა მიჰყვება მხოლოდ საკუთარ ხმას, ფერსა და სახეს, გრამატიკის გარეშე, პოეტური ფრაზის შინაგან გრძნობას, უჩვეულო ექსპრესიითა და მოულოდნელი სურათიანობით.

ამიტომ რჩებოდა მისი ლექსი თანამედროვე პოეტური ხელოვნების, ვერსიფიკაციური სიახლისა და ტექნიკური გამართულობის გარეშე, რის გამოც ზოგჯერაც მისი წინადადება თითქოს უმია, მოუქნელი, დაუხვეწავი და თავისი პოეტური ფორმით ყოველთვის არა დგას მისივე აზრისა და განცდის დონეზე, მაგრამ აქ არც არაფერია ტრივიალური.

ტექნიკური დაუმუშავებლობის მიუხედავად, მისი ლექსი ხშირად ერთ რომელიმე სტროფსა თუ სტრიქონში მაინც ნათდება პოეტური სახისა თუ ფრაზის მოულოდნელ ხედვაში რაღაც დასამახსოვრებელი მიგნებით, რომელიც მთელ ნაწარმოებზე ბატონობს, მისი სიტყვა და სახე სავსებით მისი პოეტური არსების ნაწილია, მისი ფიქრის, განწყობილებისა და გემოვნების ნატურალური ელემენტი, მხოლოდ ისეთი, როგორიც პირველ ხილვაში ეზმანება მისივე ქვეტექსტში ჩამარხული ზრახვებით. აქედან ცხადია ისიც, რომ მისი პოეტური მე უფრო ძლიერი იყო, ვიდრე ოსტატობა, თუნდაც იმიტომ, რომ მისი ფრაზა მთლიანად ვერ განთავისუფლდა იმდროინდელი ყალბად გაგებული სიმბოლიზმისათვის თითქოს დამახასიათებელი სინტაქსურ-მორფოლოგიური მანერულობისაგან, რითაც ვხსნი იმასაც, რომ მას მოეპოვება ცარიელი და ხელოვნური თქმებიც.

ქართული დახვეწილი წინადადების მსგავს ტკივილებს მაშინ ვერ აცდა საერთოდ ჩვენი პოეზია და ნიკო სამადაშვილიც თუ ვალს უხდიდა ერთგვარ სტილისტურ სიახლეს, მისი პოეზია მაინც ერთი რიტმითა და განწყობილებით შექმნილი მთლიანი ნაწარმოებია, რომელშიაც ლექსები ერთმანეთს ერთ მელოდიასა და ფერებში მისდევენ. მისი ალალი ფრაზა გვატკბობს ძარღვიანი ქართლური ქართულით, რომელშიც საგრძნობია, ხალხური თქმის ლაკონურობასა და ექსპრესიასთან ერთად, ენობრივი ხატვის თავისუფლება, სიტყვის სილაღე და ვულგარიზმის აუცილებელი სიდარბაისლე, რითაც იგი ყოველთვის ახლობელი და ინტიმურია.

მეტყველების ხალხური ნაკადის ეს ბუნებრიობა აშკარად ანსხვავებს მას ჩვენში, ოციან წლებში გავრცელებული ეგრეთწოდებული „სიმბოლიზმისა“, თუ ყოველგვარი მოდერნიზმისათვის დამახასიათებელი წიგნური მეტყველების რამე გამოხატულებისაგან. მის ასეთ თუ ისეთ გავლენას ბევრი ჩვენი ცნობილი პოეტიც ვერ აცდა, რაც ესმოდათ როგორც სტილისტური მანერა, ფაქტიურად კი ხელოვნური თქმებისა და აბსტრაქტული სახეების უაზრო დახვავებას წარმოადგენდა. ამ გარდამავალი ხანის „დეკადენტურ-სიმბოლისტური“ პოეზიისათვის ჩვეული სიტყვისა და სახის პირობითობა-ბუნდოვანებას, ნიკომ არჩია ხალხური მეტყველების სისადავე. ახლა ჩანს რომ თავის ბუნებრივ გულუბრყვილო რეალიზმში პოეტი უფრო მართალი იყო, თუმცა ყოველგვარი სახის რეალიზმი, როგორც თითქოს პრიმიტივობისა და ჩამორჩენილობის გამოხატულება, მაშინ უსამართლო დაცინვის საგანს წარმოადგენდა.

ნიკო სამადაშვილისათვის, შესაძლოა, ამ „პრიმიტიულობის“ გამოც, არ არსებობდა შინაარსისა და ფორმის პრობლემა, რადგან მისი შემოქმედების თემატიკისა და სტილის ხასიათით, ის ცალკე მოვლენებად და ცნებებად არ იაზრებოდა. რამეთუ მის ლექსში ყველაფერი აშკარადაა თქმული პირვანდელი განცდითა და შთაბეჭდილებით. მისი ყოველი სიტყვა და თქმა ამტკიცებს, რომ მისი დიდი თავისებურება და ღირსება სწორედ შეუფერხებელი სიცხადეა, რომელშიაც არაფერია ბუნდოვანი, ძნელად გამოსაცნობი თუ ეჭვით საგულისხმებელი.

ეს სიცხადე, უპირველესად, მისივე ხასიათია, ბუნებრივი ფრაზა და ორიგინალური ლექსიკა, როგორც აღინიშნა ხალხური მეტყველების ნაკადით, რომელიც თავისუფალია ყოველგვარი მანერულობისაგან. უკიდურესობამდე შესაძლებელი უბრალოებით, ის ზოგჯერაც სცილდება ლიტერატურულ ნორმას. მაგრამ ეს არც მხოლოდ სტილის თავისებურებაა. სიცხადე მჟღავნდება მხატვრული აზროვნების თანმიმდევრობაშიც. რომელშიაც შესამჩნევია ხალხური მეტყველებისათვის დამახასიათებელი იმპროვიზირებაც. აქ არაა სოციალურ-პოლიტიკური ცხოვრებისა და აზროვნების დღიური ლოზუნგების გალექსვა, როგორც თვითონ იტყოდა, ის „არც ყურს უგდებდა დროების ჭიდილს“. აქაა უაღრესად პიროვნული ემოციებისა და სწრაფვების დაუფარავი გამოხატვა, რაც ერთგვარი სიახლე იყო ოცი-ოცდაათიანი წლების ქართულ პოეზიაში, როდესაც ძველის შეცვლის იდეოლოგიურ დუღილში, ჯერ კიდევ არ იყო დამთავრებული ეჭვებითა და გაუგებრობებით აღსავსე სტილისა და თემების ძიება, და ამ გარდამავალი დროის სულისკვეთებაში პოეტი თავის ჯიუტობას თვითონვე შეეწირა კიდეც.

სუფთა ხელოვნების მარადიული სილამაზის იდეალების გამოდევნება, მისთვის ლიტერატურულ მერკანტილიზმთან, თუ უხეშად კულტივირებულ უტილიტარიზმთან დაპირისპირებაში ინტუიტურად მიღებული თეზა იყო, და ამდენადვე დეკადენტური განწყობილების ზოგი გამოხატულება მისთვის იყო არა სკოლური აღიარება, არამედ პირადი გუმანი. აღსანიშნავია ისიც, რომ მან თავი დააღწია ასეთი განსაზღვრული თემატიკისა და მოტივების სტერეოტიპებით მოსალოდნელი პოეტური თქმის მონოტონურობასა და ლექსიკურ ტავტოლოგიას, თავისი სახეებისათვის ყოველთვის ახალ-ახალი ფორმების მიგნებით, რასაც ხელს უწყობდა ისიც, რომ მისი შემოქმედება არ იყო შეზღუდული შეკვეთის რაიმე პირობითობებით, - ის ხომ დასაბეჭდად არა წერდა ლექსებს?! ეს იყო სწორედ მისი ღირსებაცა და ნაკლიც, რაც ყოველ შემთხვევაში მის პოეზიას შესამჩნევი უშუალობის ბეჭედს ასვამდა და საგრძნობს ხდიდა, როგორც მისი ფორმის, აგრეთვე შინაარსის შინაგან თავისუფლებას.

ნიკო სამადაშვილს ზეპირი მეტყველების თავისებური მანერა და კილო ჰქონდა, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ინტონაციითა და რიტმით, რომელშიაც უფრო საგრძნობი ხდებოდა მისი ლექსიკის განსაკუთრებული ხასიათიც. ის ლექსს კითხულობდა ამოოხვრით, ტირილით, შეკივლებით, აბღავლებით და ზოგჯერაც თითქოს შეყეფებით, როგორც ეს განსაკუთრებით იცოდა ტიციან ტაბიძემ, მაგრამ ეს უცნაური დეკლამაცია, დაჯერებული საუბარი თავის მოტივებთან და სახეებთან, და კითხვა თითქოს მხოლოდ თავის თავისთვის, თანდათან ხდებოდა გასაგები, როგორც მისი პოეზიის ერთადერთი გახმიანება საკუთარი განწყობილების უკეთ გახსნისათვის. მისი ლექსის ეს დაჟინებული მეტყველება იყო თითქოს ყივილი სხვა სამყაროდან, რამეთუ მან სიკვდილამდე დაიტირა თავისი თავი და თავისთავადაც მთელი მისი პოეზია ჰგავდა თავის თავზე გადახდილ პანაშვიდს სიცოცხლის შემდგომი გაბაასებით, სიკვდილის რომანტიკით, მიტოვებული სასაფლაოებით, კუბოებით, გვამებით, გამოთხრილი ძვლებით, იმიტომ, რომ ის ყოველ ლექსში მარხავდა თავის თავს და მიყვებოდა თავის კუბოს.

მრავალმხრივ სიმბოლური იყო მისი აპოპლექსური სიკვდილიც, - მთელი სიცოცხლე სოფელს ეტრფოდა: ტყეები, ორღობეები, ბაღ-ვენახები, ველ-მინდვრები, წყაროები და ნაკადულები ენატრებოდა, მაინც სოფელს მოშორებით ქალაქის ასფალტზე მოკვდა. მაგრამ ეს იყო, ალბათ, მის ცხოვრებაში ერთადერთი ასრულებული ნატვრაც - რჩეულთა სიკვდილს ეზიარა, მოკვდა არა ლოგინში მწოლიარე, სახლისა და საავადმყოფოს კედლებში სიკვდილს შემაცქერალი ავადმყოფი, არამედ თბილისის ქუჩაზე დანდობილად მიმავალი მოულოდნელად სასიკვდილოდ წაიქცა, როცა, შესაძლოა, ამაოებაზე ჩაფიქრებული გუნებაში თავის რომელიმე ლექსს ამბობდა...

_________________

73. სწორია: დაუსრულებელს როგორც მდინარე,

3.24 62. იმედაშვილი, კობა. „ორმოცდაათი წლის მერე გაიგებენ ჩემს გულისთქმას“:

▲ზევით დაბრუნება


დაუვიწყარი სახელები // ჩვენი მწერლობა. - თბილისი, 2009. - 21 აგვისტო. - № 17 (95). - გვ. 2-6.

პატარა რომ ვიყავი, შინაურთა თუ სტუმართა გასახალისებლად წარმოდგენას ვმართავდი. კარგად მახსოვს, ოტელოს მონოლოგს ვკითხულობდი, ბოლოს საწოლზეც გადავიქცეოდი სიტყვებით: „და დავკალ აი, ასე“ და სანამ ვინმე არ ამაყენებდა, ვიწექი. მაგრამ ამით არ მთავრდებოდა ყველაფერი, ერთი ლექსიც უნდა მეთქვა, რომელიც ასე მთავრდებოდა: „გაუმარჯოს დიდ სტალინს, ვოროშილოვს, ბერიას“, თანაც ხელი ჯერ სადღაც შორს, სტალინისკენ, უნდა გამეშვირა, მერე აქვე, ჩვენსავე ოთახში კედელზე ჩამოკიდებული ვოროშილოვის სურათისაკენ და, ბოლოს ისევ სადღაც შორეთისაკენ, ბერიასკენ...

რომ გავიზარდე და ჭკუაში ჩავვარდი, სულ მიკვირდა, რა უნდოდა ვოროშილოვის სურათს ჩვენს ოჯახში ან რატომ ვამბობდი ამ ლექსს... კარგა ხანს ეკიდა ეს სურათი... ბოლოს, 1983 წელს, პაპაჩემის, იოსებ იმედაშვილის, იუბილესთვის მზადების დროს, კედლიდან ჩამოხსნილი ვოროშილოვი ყველას ფეხებში ებლანდებოდა და დეიდაჩემმა, ერთადერთმა კომუნისტმა ჩვენს საგვარეულოში, ფეხი გაკრა, „რა გააჭირა საქმეო“. შუშა გატყდა, ვოროშილოვის სურათი გაიხა და მის უკან რაღაცამ გამოანათა. ავახიეთ ვოროშილოვი და ხელთ ნოე ჟორდანიას პორტრეტი შეგვრჩა, 1920 წელს ნატურიდან დახატული ცნობილი პორტრეტისტის, კოტე ქავთარაძის, მიერ - თავისუფალი საქართველოს სახსოვარი და სიმბოლო.

ასეთი იყო ჩვენი ცხოვრება, ორმაგი, სამმაგი... მრავალ შრეში შეფუთული, დახურული და დაგმანული გარე თვალისგან.

პაპაჩემი, ახალგაზრდობაში რევოლუციონერი, მიჩვეული იყო ამ ყოველივეს, როდესაც ჯერ კიდევ მაშინ, მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს, დამწყებ წიგნითმოვაჭრესა და გამომცემელს, ლეგალური წიგნების ყდებში აკრძალული წიგნები ჰქონდა მიჩქმალული... ახლა მას უკვე დამოუკიდებელ საქართველოზე ოცნების დაფარვა უწევდა... ეს ძნელი იყო მისთვისაც და ჩვენთვისაც...

1924 წელს, მის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“, დაიბეჭდა უცნობი მხატვრის ვარლამ მახარობლიძის ნახატი, ნეიტრალური, არაფრისმთქმელი წარწერით „თანამედროვე კულტურა“, მაგრამ ახლა რომ ვუყურებ ამ ფანტასმაგორიულ სასაკლაოს, მეორე მხარეს გალაკტიონის ლექსის მინაწერით: „აქ მკვდრები დაჰქრიან ზღაპრული რაშებით და ბედის ეტლები, რომელთაც ჰაერი სიკვდილით დაფარეს! („დომინო“), აშკარად ჩანს, რომ იგი 1921 წლის სისხლიანი დღეების გამოძახილია. იქნებ ამიტომაც ეს ნიჭიერი მხატვარი ვერ შეეგუა საბჭოთა სინამდვილეს და საბჭოთა სინამდვილემაც ვერ იგუა იგი.

მერე, უკვე 1926 წელს, ჟურნალის დახურვის წელს, იოსებ იმედაშვილი გადაწყვეტს ერთი უცნობი ავტორის ლექსის დაბეჭდვას. წააწერს კიდეც ლექსის ფურცლის ზემოთ, კუთხეში „მთავლიტს. ი.. 22. IV“. მაგრამ ეს ალბათ მის მიერ მთავლიტში გაგზავნილი ბოლო ტექსტია, რადგან მარტის თვეში შეჩერებულ ჟურნალის გამოცემას გაგრძელება აღარ ეწერა. არადა, მეტად მნიშვნელოვანი გახლდათ ეს ლექსი თავისი მხატვრული სიახლით, მოქალაქეობრივი სინდისიერებითა და გამბედაობით, სხვებისგან განსხვავებული ხიბლით:

„სიცოცხლევ ჩემო. ვეღარ შეამჩნევ
ხეობის გაღმა მონასტრის ზარებს.
აღმოსავლეთი ღმუილს შეგაჩვევს.
ზღვის ქარი ნახირს გამოატარებს.
ბედუინები შავად მოდიან.
ტყის მცველს დაეწვის მუხის სავანე.
სიცოცხლევ წადი, საშიშ ომიდან,
სიმღერით სადმე გადამიყვანე.
აზიელი ვარ. შუბებს მოღუნავ?!
ბარიკადებთან წლები დგებიან.
მწამს მოვარდნილი საუკუნენი,
ჩვენ სისხლის ტბებთან დაფიქრდებიან.
ცის ვრცელ ლაჟვარდებს კვამლი ერევა.
ღვთის ანგელოზი მსხვერპლად დაიკვლის.
გავერანებულ ბერლინის გვერდით,
მთხოვარ ბავშვების ხროვა გაივლის.
სიცოცხლევ ჩემო, შენ, მაინც, ისევ,
დაიწყებ ბოდვას, ვით ნამთვრალევი.
და წამებული, ვით მშვიდი ქრისტე!
მიწიდან წახვალ ნამტირალევი.“

1926 .

1926 წლის მარტის თვის შემდეგ ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება“ აღარ გამოსულა და ვერც ეს ლექსი - „მომავლის ნახევი“ - დაიბეჭდა, რომლის ავტორი ახალგაზრდა კაცი, ოცდაერთი წლის ნიკო სამადაშვილი გახლდათ.

იოსებ იმედაშვილმა თავის დროზე ბევრ მწერალსა თუ მხატვარს აადგმევინა ფეხი ამ ჟურნალში, მაგრამ ნიკო სამადაშვილისა და საქართველოს ბედმა ისე ინება, რომ სწორედ ახლა ჩაკეტილიყო ის კარი, რომელიც სად მიიყვანდა პოეტ სამადაშვილს, კაცმა არ იცის, რადგან ასე წერა და აზროვნება, არამცთუ ბეჭდვა, მაშინ და მერეც არ შეიძლებოდა. თუმცა დაჭერას მაინც ვერ გადარჩა. 1943 წელს დააპატიმრეს და საბჭოთა ხელისუფლების დამხობის მოწოდებისათვის ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს (რეაბილიტირებულ იქნა 1989 წელს). მადლობა ღმერთს, მხოლოდ ერთი წელი იჯდა.

მხატვრულ ტექსტს ყოველი ჩვენთაგანი ჩვენი ჭკუისა და გემოვნების მიხედვით ვკითხულობთ და აქ მესამე კაცი, ალბათ საჭირო არაა, მაგრამ მაინც მინდა გთხოვოთ, დაფიქრდეთ, რა დგას ამ სახეებს მიღმა, რატომ ამბობს ამას პოეტი და როგორ ამბობს: „ვეღარ შეამჩნევ ხეობის გაღმა მონასტრის ზარებს“, „ტყის მცველს დაეწვის მუხის სავანე“, „მწამს მოვარდნილი საუკუნენი, ჩვენ სისხლის ტბებთან დაფიქრდებიან“, „ღვთის ანგელოზი მსხვერპლად დაიკვლის, გავერანებულ ბერლინის გვერდით, მთხოვარ ბავშვების ხროვა გაივლის“... მართალი გითხრათ, აქ „ბერლინის“ ხსენება ვერაფრით ავხსენი... პირველ მსოფლიო ომში ბერლინს არაფერი მსგავსი არ დამართნია, მეორემდე დიდი დროა... მაგრამ ამ ყოველივეს თუ საშინელებათა ხატად აღვიქვამთ, ბერლინის გვერდით „მთხოვარ ბავშვების“ წარმოდგენა მართლაც მძიმე სურათს ჰქმნის, მაგრამ 1945 წლის ტრაგედია ოცდაათი წლის წინ დაწერილ სამადაშვილის ლექსში წინასწარმეტყველურად რატომ უნდა ასახულიყო? თუმცა რა იცი... ერთი კია, როცა ამაზე ვმსჯელობდი, ზაზა აბზიანიძემ მარტივად გადამიწყვიტა ყველაფერი: „ბერლინის ნაცვლად მანდ რაღაც სამმარცვლიანი სიტყვა უნდა იყოს, ალბათ თბილისი“. მაშინ ყველაფერი თავის ადგილზე დგება. ეს მშვენიერი ლექსი ეპოქის საშინელებასთან გვაჯახებს ცხვირ-პირით, იმასთან, რაც დაგვემართა 1921-24 წლებში.

ასეა თუ ისე, იგი მაშინ ვერ დაიბეჭდა ორი უბრალო მიზეზის გამო: „თეატრი და ცხოვრება“ დახურეს და მთავლიტიც მის დაბეჭდვაზე ნებას არ მისცემდა. ამაში დარწმუნებული ვარ.

არადა, ამ ლექსს სასოწარკვეთილი ავტორის, ახალგაზრდა ამბიციური კაცის დიდი იმედები და ამ იმედების მსხვრევაც ახლდა თან. სამი სასოწარკვეთილი წერილი აქვს გამოგზავნილი 26-27 წლებში ნიკო სამადაშვილს „თეატრი და ცხოვრებას“ პასუხისმგებელ მდივანთან, შალვა იმედაშვილთან, იოსებ იმედაშვილის უფროს ვაჟთან, რომელიც 1924 წლის აჯანყებასთან დაკავშირებით უკვე ნაჯდომი იყო და ძლივს დაიხსნა იგი მამამისმა... ცუდ დროს და, საბჭოეთის შეხედულებით, ცუდი დახმარების იმედი ჰქონდა ახალგაზრდა პოეტს. ამ სამ წერილში უკიდურესი სასოწარკვეთა ისმის მარტოსული და მიუსაფარი ადამიანისა:

„მეგობარო შალვა,

როგორც ვატყობ, თქვენი ჟურნალის გზები კვლავ შებნელდა. მე კი ამდენი ლოდინით სული მეგუბება, განსაკუთრებით როცა ვუმზერ უდღეო და ფულისთვის შეთითხნილ ჟურნალების „ბაზარს“.

ვერ გამიგია, ოხერი ბედი ძეძვის ღობესავით რად შემომერტყა, ისეც ტანჯულ და უბედურ ადამიანს.

მინდა სირბილი, გატაცება და უცნაური თავდავიწყება, მაგრამ გასაქანს კი ვერსად ვერ ვხედამ...

...ვფიქრობ, კოპერნიკის და გალილეის დროს ისე არ იყო სიტყვის თავისუფლება დახშული, როგორც დღეს“...

...„არ ვიცი ეს ოხერი ლექსები სად გადავყარო, რომლებმაც ასე დაღრღნეს და მომიწამლეს მთელი ჩემი ახალგაზრდობა“...

...„სხვა რაღა გითხრა. - ტყიბულში წამოვედი ლუკმაპურის საშოვნელად“.

ნიკო სამადაშვილი 20/X-26 .

„ძვირფასო შალვა!“...

„...უცქერი ჩემს მომავალს და გული მიკვდება, მე კი სიცოცხლე მინდა. მე არ მინდა ჩემი საძაგელი ცხოვრება სიკვდილს დაუგორავო...

მე მინდა ჩემი ლექსები პოეზიის სივრცეზე გაფრინდნენ.

შეიძლება დიდი არაფერი მოუტანო ქართულ კულტურას , მაგრამ საკმარისი იქნება იმ დამწვარ სხეულის კვამლი, რომელიც მძიმედ შეჩერდება საქართველოს ღრუბლიან სივრცეზე. ეხლა კი მწყურია გიჟური გატაცება და პოეზია.

ჯერ ცნობილი მწერლები რა დღეში არიან და, ვიღაც ოხერ უცნობ მელექსეს რა ეშველება მეგობარო შალვა, რომელსაც შენს მეტი ვერავინ იცნობს. რა სიმწარით ვუყურებ მუდამ ნიჭიერ ხალხის საშინელ დაპატარავებას“.

„...მე დაღუპვას ვარჩევ და ჩემს ლექსებს სახელგამში ვერ მივიტან გასაყიდად“...

ნიკო სამადაშვილი 7/XII-26 .

„მეგობარო შალვა.

მესამე წერილს გიგზავნი და პასუხად მხოლოდ სიჩუმეა, სიჩუმე, რომელიც გულს მიკორტნის და სულს მიწვალებს“.

„მე არ მეგონა, თუ ჩემი პოეზიის ბედიც ასე მწარე და საძაგელი გამოდგებოდა.

გეფიცები, ამდენი მდუმარებით სული მიგუბდება და არ ვიცი ჩემი უდაბური გზა რომელ უფსკრულს შემოუხვევს. მე კი თქვენგან მოველი შველას, რადგან თქვენს მეტი არავინ არ მიცნობს (არც მინდა კიდევ სხვა ვინმე იცნობდეს ჩემს პირად ცხოვრებას).

რა ამაოა და, ცარიელია ჩემი ცხოვრება და, როგორ ბნელდება ახალგაზრდული ბედნიერება - გზა შემოქმედებისაკენ. არ ვიცი როგორ დავიმშვიდო გაოგნებული სული და, როგორ დავაყენო გაშმაგებული ოცნების მძლე მღელვარება, რომელმაც უკვე დამასნეულა“.

...„პოეზიის გარეშე ჩემი ცხოვრება შემზარავია და მუდამ ამღვრეული მდინარებაა“...

იყავით კარგათ
თქვენი ნიკო სამადაშვილი 25/II-27 .“

ამ წერილების მერე და ჟურნალის საბოლოოდ დახურვის მერე ურთიერთობა იმედაშვილებთან თითქოს უნდა შეწყვეტილიყო, მაგრამ, ეტყობა, არა. მსგავსი სული მსგავსს პოულობს, იგი უმეგობრდება გაიოზ იმედაშვილს (შალვა იმედაშვილის უმცროს ძმას), მის თანატოლს, რომელიც ადრე კაიუს პელის ფსევდონიმით აქვეყნებდა ლექსებს. მან საჯაროდ ლანძღა ბოლშევიკები 1921 წელს, და მერეც, სიკვდილამდე, შინაგან ემიგრაციაში დარჩა. მათ მთელი ცხოვრება ბევრი რამ აკავშირებდა... სხვათა შორის, ერეკლე ტატიშვილის უდიდესი სიყვარული და გაღმერთებამდე მისული პატივისცემაც. მე ვიცი, როგორ უყვარდა ბიძაჩემს, გაიოზ იმედაშვილს, დიდ მეცნიერს, ნიკო სამადაშვილი და, ეტყობა, მასაც ასევე უყვარდა იგი, რისი დასტურიცაა ორი ლექსი, ერთი მიძღვნა - „ჩემი პორტრეტი გაიოზ იმედაშვილს“ და მეორე ლექსზე („გულთამხილავი“) მინაწერი: „ჩემო გაიოზ, გქონდეს სახსოვრად“. რაკიღა ეს ლექსები და მესამეც არსად დაბეჭდილა, მინდა ახლა შევთავაზო მკითხველს:

ჩემი პორტრეტი
გაიოზ იმედაშვილს

„ის ყოველღამე დაეძებდა ტიალ სარდაფებს,
თითქმის ყოველდღე სულ შფოთამდა და იმღვრეოდა.
შთამომავლობა მის ცხოვრებას რას დაიჯერებს,
კაცი, რომელიც ბნელ გრიგალებს გადამღეროდა!
რომ მას შეეძლო პოეტური უმანკოება;
მიწას ურბენდა, დედამიწის უარმყოფელი.
არ დაგიდევდა თუ უკმეხათ ედგა დროება
ან, თუ სივრცეებს გაყმუოდა წუთისოფელი!
ვიღაც, ღიღინით მის საფლავზე ბალახს გათიბამს,
იტყვის: რა კრულვით დაიღუპნენ მამა და შვილი?
თან კლდის ნატეხზე მიაწერავს ოდნავ ირიბათ,
აქა მარხია ჩვენი ნიკო სამადაშვილი.“

22.VI-49 .

(არ აგერიოთ ეს ლექსი ამ სათაურით დაბეჭდილ სხვა ლექსში).

მეორე ლექსი, „გულთამხილავი“, მხოლოდ ნაწილობრივ იმეორებს სამადაშვილის „ფერისცვალებაში“ დაბეჭდილ ლექსს (პირველი ბწკარი ემთხვევა იმედაშვილების არქივის ვარიანტს ერთი სხვაობით, მერვე ბწკარი ასე იკითხება: „სადაც ჰყვაოდა სიყმაწვილე და გარემოცვა“, შემდეგ კი სხვა ტექსტია):

გულთამხილავი

„ვიწრო შეღმართებს, დუღაბისფერ უბნების ნაკრძალს,
კაცი შეჰყვება - ასურეთელ მოგვების დარი.
შეიშრიალებს მაღალ ცაცხვზე, კვირაძალივით,
ხატის მიზეზით დაცემული ალგეთის ქარი.
აჰყვება ზევით... საკმეველზე გამურულ ღმერთებს,
ბედის შუქს უცბად გააბრუებს მთაწმინდის ლოცვა!
ის სველ უბეში შეინახამს დედის სიმღერებს,74
სადაც ჰყვაოდა სიყმაწვილე და გარემოცვა.
ხანშესულ ზარებს ტაშის გრიალს შეეკითხება,
ზეჰანით იგრძნობს დევნილ მგზავრის თხელ ნაფეხურებს!
ის უწინ სიზმრებს უგრილებდა შეხერაზადას,
იქ ნისკარტებით რო მოჰქონდათ დილა ბეღურებს.
დაბრეცილ ქუჩებს შეღმართებაზე ჩამოფენილებს,
აჰყვება კაცი ბურუსივით, ვით მატიანე...
დაბურულ ანდერძს დაუტოვებს ფერად ფრინველებს,
ცხედარს კი ქვევით ნიაღვრები ჩამოიტანენ.
კვიმატი სიო უსურვაზთან დაიგებს ჩრდილებს,
მკერდს გაუკაწრამს ბასრი ფრთებით ფიქრების თოში.
შენზე იტყვიან: ქადაგივით ჰკრეფდა გვირილებს,
და სულ ლაჟვარდებს უცინოდა საქართველოში.“

23 ღვინობისთვე 49 .
მინაწერი: „ჩემო გაიოზ, გქონდეს სახსოვრად“.

დაბოლოს, კიდევ ერთი უცნობი ლექსი, „ძვლის სალამური“, რომელიც ასევე ავტოპორტრეტის ჟანრშია დაწერილი 1929 წელს:

„ქვეყნიერებას უცქეროდი ათასნაირად,
წარმართ თვალებზე ქრისტეს წყევლა გქონდა აკრული!
მთვარე დაისით გაგითბია, როგორც დაირა
და, ანგელოზებს ულანძღიხარ მუხლებ-დაზრული.
შენ, გეთსიმანის ბაღში დიდხანს ტრუბადურობდი.
ღმერთების ჯოგი გოლგოთაზედ გელანდებოდა!
დასწყევლოს ჭირმა!.. რაღა ნისლებს დაუმეგობრდი,
თუ არ იცოდი: სად ინათლა, სად ბნელდებოდა.
რა საოცარი იყო შენი მარადისობაც!
დევნილ სიცოცხლეს ბნელ სიზმრების ჯანყი მალავდა,
დრო საუკუნის ჯახა-ჯუხში ჩაისრისება,
და ეგ ცხოვრებაც მოთავდება როგორც ბალადა...
ძლივს დარწმუნდები, რომ შენ ჯვარცმაც კი არ გწყალობდა.
ბედს ნუღარ ერჩი, თუ ლოდებმაც ამოიოხრეს.
იტყვიან: ნეტავ დაგენახათ როგორ წვალობდა.
სანამ დარდებმა საცოდავი სულ არ გამოხრეს.
ეხლა, დადიხარ... და ხეებსაც კი ერიდები,
ხან არცკი გინდა რომ ბინაში შემოგყვეს ჩრდილი!
ცოტახანს კიდევ... იმის მერე რომ დაბერდები,
ეგ თავის ქალა კლდეს ექნება პირში გაჩრილი!
და შენს ხერხემალს, სალამურად გამოიყენებს,
არმაზის კერპი ან ქარების ტიალი დოღი.
სანამ გრიგალებს, შენს ძვლებს კვართხით დააყრევინებს
გოლგოთის მთიდან მორეკილი ღმერთების ჯოგი.“

1929 წელს.

ამ ლექსების გარდა იოსებ იმედაშვილის არქივში (თუ არქივის ქურდმა ხელს არ გააყოლა) ან სხვაგან საძებარია ნიკო სამადაშვილის კიდევ ხუთი ლექსი: „ჩამორბენა მოგონებიდან“, „გაფიქრება ბაღებთან“, „შენი ლექსი“, „საცოდაობა ჩემი დღეების“, „მოულოდნელი გაქცევა“. ეს ლექსები მოხსენიებული აქვს ნიკო სამადაშვილს თავის ერთ-ერთ წერილში, შალვა იმედაშვილს რომ გამოუგზავნა (7.XII.26).

ნიკო სამადაშვილი ჩვენი მამების თაობის კაცი გახლდათ, მაგრამ მათი პოეტი ვერასდროს ვერ გახდა. მას იცნობდნენ, პატივს სცემდნენ, მაგრამ დიდ პოეტად არ აღიქვამდნენ. არადა თავიდანვე, თუნდაც 26-29 წლებში დაწერილ ლექსებში, იგი უკვე დასრულებული, თავისუფალი შემოქმედია, სხვათაგან მკვეთრად განსხვავებული ტრაგიზმით, ლექსში უკომპრომისო, ქვეყნისა და პოეზიის სიყვარულში ბოლომდე ერთგული და სრულად დახარჯული.

გაიოზ იმედაშვილი თავის მოგონებაში წერს: „სამადაშვილი, როგორც პოეტი, ერეკლე ტატიშვილის აღმოჩენაა. ჩვენი მასწავლებელი, მოძღვარი და მეგობარი ერეკლე ტატიშვილი დაბეჯითებით გვიმტკიცებდა, რომ სამადაშვილი არის დიდი პოეტი და საყურადღებოა არა მხოლოდ საქართველოს მასშტაბით. ამის გაზიარება მაშინ მიახლოებითაც კი შეუძლებლად მიგვაჩნდა. დრომ გვიჩვენა, რომ ეს დიდი აღიარება უსაფუძვლო არ ყოფილა“.

სამწუხაროდ, ნიკო სამადაშვილი მიუღებელი აღმოჩნდა მისი თაობის პოეტური გემოვნებისთვის. ელიტამაც კი ვერ გაითავისა (შალვა ნუცუბიძე, პავლე ინგოროყვა, გერონტი ქიქოძე). მხოლოდ მომდევნო თაობამ შესძლო ნიკო სამადაშვილის ლექსების ქართულ პოეტურ სამყაროში შემოყვანა. პირველად რეზი თვარაძემ დაბეჭდა იგი თავის „ლიტერატურულ საქართველოში“, სხვათა შორის, ასევე რეზი თვარაძემ დაბეჭდა პირველად იმავე გაზეთში მეორე შესანიშნავი პოეტის, ესმა ონიანის, ლექსები. მანამდე არც მას უხსნიდნენ გზას მისივე თანამედროვენი. ეს ბევრს მეტყველებს როგორც თავად ბატონი რეზის, შესანიშნავი ლიტერატორის, გემოვნებასა და გონიერებაზე, ისე იმ ახალგაზრდების (არჩილ სულაკაური, თამაზ ჩხენკელი, ვახუშტი კოტეტიშვილი) გემოვნებაზე, რომელთაც ყველაფერი იღონეს, რომ ნიკო სამადაშვილი, დიდი პოეტი, ქართულ პოეზიას არ დაეკარგა, ბევრს მეტყველებს იმ დროზე, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობდით და კონსერვატიული გემოვნების ინერციის მსხვრევის სიძნელეზეც.

ასე ვცხოვრობდით. ამ ორმაგმა ცხოვრებამ ნაირკითხვაობის სტილიც კი შექმნა ქართულ ხელოვნებაში და ასეთ მხატვრულ ტექსტებს ქართული კრიტიკა სავსებით შეგნებულად ბოლომდე არც შიფრავდა. ყველაფრის ბოლომდე თქმა შეიძლება დასმენადაც აღქმულიყო.

შორს გამექცა სიტყვა. ასეთ მხატვრულ სივრცეში ნიკო სამადაშვილს ხომ თავად ეხუთებოდა სული („ოღონდ ნურც სიკვდილს, ნურც სიცოცხლეს ნუ დამაძალებ“), მაგრამ სასტიკ რეალობაზე მისი მოურიდებელი რეაგირებაც, რომელიც კანონიზირებულ პოეტურ ენასთან უხეშ დამოკიდებულებაშიც ვლინდებოდა, ბევრი მკითხველისათვის, თავად პროფესიონალებისათვისაც კი, მიუღებელი გახლდათ. უნდა მოსულიყო ახალი თაობა, რომელიც მას ადეკვატურად აღიქვამდა, და მის შემოქმედებას შესაბამისად გაანალიზებდა არა მხოლოდ ქართული პოეზიის, არამედ მსოფლიო პოეზიის კონტექსტში, თავის სახელს დაარქმევდა ყველაფერს და ჩასწვდებოდა იმ სიღრმეებს, რაც ნიკო სამადაშვილს საქართველოს გარეთაც დიდ პოეტად წარმოაჩენს.

***

ჩვეულება მაქვს ასეთი, ხელნაწერმა, სანამ მბეჭდავთან წავიღებ, ერთი-ორი ღამე სახლში უნდა გაათიოს. მერე რომ წავიკითხავ, შესწორებას და დამატებას თუ არ მომთხოვს, ეტყობა, ჩემგან მეტს ვერაფერს გამოდნება და უნდა გადავაბეჭდინო. ახლაც ასე იყო და როცა მეგონა, ვეღარაფერს დავუმატებდი, ნიკო სამადაშვილის კიდევ ერთი ლექსი ამოტივტივდა არქივში: „მოგონება და სინანული“, 1953 წლის თებერვალში დაწერილი, ზედ მინაწერით: „ჩემო გაიოზ! ეს ლექსი შენ გისახსოვრე. ნ. სამადაშვილი. 11.II-53 წელი“.

11 თებერვალს ბიძაჩემის, გაიოზ იმედაშვილის დაბადების დღეა და ეს შესანიშნავი ლექსიც - ბრწყინვალე საჩუქარი. ეტყობა, მათ ბოლომდე უერთგულეს ერთმანეთს და თავის მეგობრობას. აი, ეს ლექსიც:

მოგონება და სინანული

„შენ დამივიწყე ეხლა კი არა, დიდიხნის წინათ,
ელდა დაწყვეტილ მოგონებებს გაიხმობს ვიღაც...
ჩარხის წისქვილთან სარანგივით ილოცებს წვიმა,
დაჭრილმა ლექსმა ჩაიყოლა საფლავში ტყვიაც.75
მოვლენ დღეები, მოიტანენ დაფხრეწილ ფიქრებს,76
გზების მერქანში სიყმაწვილეს ქცეულს ფუტუროთ,
წეროს ყვირილი ცის ტატნობში დაიფერფლება,
რვალიც გადნება კაცის თვალმა სულ რომ უყუროს.
გამოქვაბულთან ზარის რეკა დაიგუგუნებს,
ღვთისმშობელს! ცაცხვის ქვეშ დარჩება თეთრი ქოშები.
მნათეს ძახილი შემოსწვდება ციხის ქონგურებს,
ბალდახინები იცეკვებენ ძირს მარმაშებით.
გული დაგწყდება მეგობარო, რომ ვერ იხილავ,
შენი ფარეშის ტვინშერყევას - სიბედნიერეს.
გზებზე დავრჩები, როგორც კეტით მოკლული ხალთა,
საკუთარ ძვლებთან ვიკენჭავებთ ასი წლის მერე.
დედის ვედრება მაინც გწამდა ნისლივით წმინდა,
შენ რომ უსმენდი იმ განგების უმანკო შვებით.
რა ვუყოთ მერე!.. ღამე იყო, თუ ძლიერ წვიმდა.77
ბალდახინები ხომ ცეკვავდნენ თეთრ მარმაშებით.“78

თებერვალი 53 .

ეს ლექსი დაბეჭდილია ნიკო სამადაშვილის შესანიშნავ კრებულში „ფერისცვალება“ (შემდგენელი და რედაქტორი იზა ორჯონიკიძე, 2004. გვ. 239), მაგრამ სიტყვიერი თუ პუნქტუაციური განსხვავებანი მას ახალ ვარიანტად აქცევს, ამიტომაც გადავწყვიტე მისი გამოქვეყნება.

და კიდევ, ერთი დეტალი - ლექსი ჩადებული იყო გაკეცილ ფურცელში, რომელზეც ჩაწერილი იყო ორი მეგობრის საუბარი მახინჯი სინამდვილის შესახებ: „ქვეყანას ატყუებენ ძმობისა და ერთობის სახელით... ნამდვილად კი ამ წითელ სტიქიაში ნამდვილმა რუსმა დათვმა გაიღვიძა... ის წაგვლეკავს ჩვენ და ჩვენს დაღუპვას, ჩვენი ერის განადგურებას - მსოფლიოს ამცნობს როგორც ჩვენს აღორძინებას. ნამდვილი რუსული საქმე დაიწყო რუსული მეთოდით - უხეში ძალით, ნგრევით, სისასტიკით და სხვისი კულტურული ტრადიციების განადგურებით. თვითონ ხო ასეთი არც ჰქონიათ, ხოდა, რა ენაღვლებათ?.. მონგოლების ისტორიულ მემკვიდრეებს... მშივრები და ტიტვლები შემოვიდნენ ტფილისში, დაძღნენ და ჩაიცვეს ჩვენი მთავრობის მიერ დატოვებული სანოვაგითა და ტანსაცმლით“...

გაიოზ იმედაშვილს თავისი თვალით ჰყავდა ნანახი ეს „ტიტველი და მშიერი“ რუსეთი, რასაც იმ დროის ჩანაწერიც მეტყველებს: „1921.24.II... „ქუჩაზე გაატარეს ტყვე ბოლშევიკები ფრონტიდან. ისინი რუსები იყვნენ. მხოლოდ იმან გამაოცა, რომ დაფლეთილები და ალბათ მშივრები იყვნენ“... „უფორმო, დაგლეჯილი ტანსაცმელი, ზოგი ფეხშველა“...

თანატოლებმა, ნიკო სამადაშვილმა და გაიოზ იმედაშვილმა, ერთნაირად დაინახეს და განიცადეს საქართველოს თავს დატეხილი უბედურება. ვერც ერთი ვერ შეეგუა და ვერ შეურიგდა სინამდვილეს, ერთმა ბუღალტრის პროფესიას შეაფარა თავი, მეორემ „ვეფხისტყაოსნის“ კვლევას. ეტყობა, ამანაც განაპირობა მათი მეგობრობა. მაგრამ ეს უკვე სხვა თემაა.

შინაგან ემიგრაციაზე ჯერ კიდევ ბევრია მოსაძიებელი, გასაანალიზებელი და დასაწერი.

ერთი კია... როგორ მეორდება ყველაფერი... მაშინაც ისე მზაკვრულად შემოცვივდნენ, როგორც ახლა, მაშინაც ისევე მშივრები და ტიტვლები იყვნენ, როგორც ახლა...

გაძღომა, წაგლეჯვა და წართმევა, აი, მათი ყველაზე დიდი, მხეცური მოტივაცია, რომელიც არც ერთ ადამიანურ კანონს არ ექვემდებარება...

რა გაამთელებს ჩვენს ჭრილობებს.

1801 წლიდან დღემდე რუსეთის იმპერიამ და მისმა მოდიფიკაციებმა, საბჭოთა თუ თანამედროვე რუსეთის სახით, ქართველი ხალხის საუკეთესო ნაწილი მოსპო ფიზიკურად თუ მორალურად, მეტიც, დამპყრობლებმა დაპყრობილებს მადლობაც არაერთხელ ათქმევინეს, ღირსებაც შეულახეს და თავმოყვარეობაც.

ათიათასობით დახოცილი, გადასახლებული, ნაწამები... განადგურებულია ერის გენოფონდის საუკეთესო ნაწილი... და ბევრს მაინც ჰგონია, რომ მადლობა გვაქვს მათთვის სათქმელი... არცაა გასაკვირი. ასე გვზრდიდნენ.

ვისაც დაავიწყდა, გავახსენებ, ხოლო ვინც არ იცის, იცოდეს:

1936 წელს საქ. კ.პ.(ბ)ც.კ. პარტგამომცემლობაში დაისტამბა „საქართველოს მშრომელთა წერილი ხალხთა ბელადს დიდ სტალინს“, რომლის ავტორები იყვნენ პაოლო იაშვილი, გიორგი ლეონიძე, ნიკოლოზ მიწიშვილი, ალიო მაშაშვილი.

მანამდე, 1924 წელს გიორგი ლეონიძეს ძმა დაუხვრიტეს, მერე პაოლო იაშვილი თვითმკვლელობამდე მიიყვანეს, დახვრიტეს ნიკოლოზ მიწიშვილი.

„საბჭოთა საქართველოს ოცდახუთი წლისთავის საზეიმო დღეებში ქართველმა პოეტებმა ახალი კოლექტიური წიგნი მიუძღვნეს სტალინს, ორმოცდახუთი თანამედროვე პოეტი მონაწილეობდა ამ წიგნში...

1952 წელს გამოსულ ანალოგიურ წიგნში ორმოცდაერთ ქართველ პოეტთან ერთად ოცდათექვსმეტი საბჭოთა და ოცდაშვიდი უცხოელი პოეტია წარმოდგენილი.

ყველა ისინი სტალინის სახით, ფაქტობრივად, რუსეთს აღუვლენდა ხოტბას საქართველოსა და მსოფლიოს უპირველეს მტერს, ვერაგსა და უპიროს.

ზოგმა ამ პოეტთაგან პრემიები, ორდენები და თანამდებობები დაირიგა, ზოგი დახვრიტეს, ზოგიც გადასახლებაში დაიღუპა.

კიდევ კარგი, რომ ნიკო სამადაშვილი არცერთ სიაში არ მოხვდა... არც დახვრეტილებში და არც აღზევებულებში...

კიდევ კარგი, რომ მისი ლექსი არ დაიკარგა და მძიმედ შეჩერდა საქართველოს ღრუბლიან სივრცეზე“.

____________________

74. სწორია: ის სველ უბეში შეინახავს დედის სიმღერებს,

75. სწორია: დაჭრილმა ლექსმა ჩაიყოლა საფლავში ტყვია

76. სწორია: მოვლენ დღეები, და გაფენენ დაფხრეწილ ფიქრებს,

77. სწორია: რა ვუყოთ მერე, ჭირხლი იდგა თუ ძლიერ წვიმდა.

78. სწორია: ბალდახინები რომ ცეკვავდნენ თეთრ მარმაშებით.

3.25 63. კვარაცხელია, მედეა. მარტოდმოვარდნილი „პოეზიის გერი“ და „ნენეს ზღაპრები“

▲ზევით დაბრუნება


// კულტურათაშორისი კომუნიკაციები = Intercultural communications = Межкультурные коммуникации. - თბილისი, 2008. - აპრილი. - № 4. -გვ. 29-39.

„ოჰ, ეს სიცოცხლე ნეტა როდის გამობნელდება
რა კარგი ჰქენი, უკვდავება რომ არ მიკისრე,79
„წადი იარე“, - მიყვირიან, ხრჩოლავს სიბნელე,
გასწი, ირბინე და იცხოვრე სივრცეებისკენ.“80

ამ სტრიქონების ავტორი დიდი ხნის წინათ ჩემმა ბიძაშვილმა კაკო კვარაცხელიამ გამაცნო.

ადრიანი გაზაფხული კეკლუცობდა სოფელში. ვარდისფერი და თეთრი ყვავილებით ლამაზად იყო გადაპენტილი ატმის და ტყემლის ხეები. ეზოსკენ მიმიწევდა გული. თითქოს ვგრძნობდი ჩემში რაღაც უნდა მომხდარიყო. მაშინ პატარა გოგონას ბუნების ეს სიმშვენიერე მაფორიაქებდა. რა ვიცოდი, რომ ცოტა ხანში სულიც ამითრთოლდებოდა.

თბილისიდან ახალჩამოსული ჩემი ბიძაშვილი, ხელში რაღაც გაზეთით, ეზოში შემოვიდა. ერთმანეთს მივესიყვარულეთ. იმ დროს ის სტუდენტი იყო და ეროვნული მოძრაობით სულდგმულობდა. ვიფიქრე, რაღაც არალეგალური გაზეთი აქვს ჩამოტანილი-მეთქი, მაგრამ ხელში „ლიტერატურული საქართველო“ ეჭირა. მითხრა, ნახე, წაიკითხე, დაიმახსოვრე, ამ ხუთიოდე ლექსის ავტორი ნიკო სამადაშვილია.

ვერ ვიტყვით, რომ იმ ლექსების არსს მაშინ სიღრმემდე ჩავწვდი. დღესაც ვერ ვბედავ მის პოეზიაზე საუბარს, მაგრამ მეხსიერებაში ღრმად ჩარჩენილი სტრიქონები, „შენ ძუძუს სწოვდი გაშლილ ალუჩებს და ღვთისმშობელი აკვანს გირწევდა“ (ნ. სამადაშვილი, თბ., 1995, 37), „ავადმყოფობა ეგონათ, ბიჭო, ლექსები ტანზე გამონაყარი...“ არ მავიწყებს აპრილის იმ ლამაზ დღეს.

ის ძალიან პოეტური და ნიჭიერი იყო. თამაზ ჩხენკელის სიტყვებით რომ ვთქვათ, „მისი ბევრი ლექსი მე მაგონებს გაუცრელი თიხისგან გამომწვარ ასიმეტრიულ დოქებს, რომელთაც ამჩნევიათ კოჟრები და ზოგჯერ მომტვრეული აქვთ ტუჩი ან ყური, მაგრამ რომელშიც შეურყვნელი მაგარი ძელგი ღვინოა ჩასხმული“ (1, 37).

მისი მუზა ჩიტია. აკი თითონ თქვა მუსიკოს თამარ ჩარექიშვილთან, რომელსაც „ცრემლივით ქალი ჰანგების დაფნა“ უწოდა, „სწორედ ასეთი წარმომიდგენია ის ჩიტი, ჩემთან რომ მოფრინავს და ყურში მიჩურჩულებს. იქნებ ეს არის ჩემი მუზა. დღეს თქვენთან რომ ვნახე, ალბათ, ახალ ლექსებს რომ შთამაგონებს. ლადო გუდიაშვილს თავის დღეში შველი სწყალობდა და რატომ არ შეიძლება ჩიტმა მომანიჭოს პოეტური მუზა. მითუმეტეს, მისი იერსახე ასე მომხიბვლელია“.

ამ „თავნება ბოჰემამ“, როგორც მას სიყრმის მეგობარი ქუჯი ძიძიშვილი უწოდებს, 12 წლის ასაკიდან დაიწყო ლექსების წერა, მაგრამ ბედის ირონიით, იმ პერიოდის ყველა ნაწერი ცეცხლმა შთანთქა. უცნაური ლექსების ავტორმა ცხოვრების გზაც უცნაური განვლო.

„გაიცანით, ეს არის დიდი პოეტი საქართველოსი“, რუსთაველის პროსპექტს ებუბუნებოდა თურმე დიდი გალაკტიონი და ხშირად ასეთი შეძახილებით უხერხულობას უქმნიდა ნიკო სამადაშვილს. მაგრამ ეს ხდებოდა გვიან. ადრე იყო ობლობა, გაჭირვება, იმედის გაცრუება, დიდი ტკივილი მამის და დის გარდაცვალების, გაჭირვების, დაპატიმრების და ადამიანთა უსულგულობის გამო.

დაიბადა 1905 წლის 19 ივლისს ქ. თბილისში. თუმცა მისმა მშობლებმა აზერბაიჯანში, ქალაქ ადგამში გაიცნეს ერთმანეთი, სადაც მამა, მიხეილ სამადაშვილი, ჩინოვნიკად მსახურობდა. დედა. ოლღა კობერიძე, იმ ზაფხულს თბილისს სტუმრობდა და ამ დროს დაიბადა მომავალი პოეტი საქართველოში. აზერბაიჯანში ბედნიერ ოჯახს 1907 წელს კიდევ ერთი შვილი, ელენე შეეძინა, მაგრამ ორი წლის ნიკომ უკვე იწვნია ობლობა. როგორც თვითონ აღნიშნა, მამამისმა „ძალიან ცოტა ხანი იდარბაზა ამ ქვეყანაზე“.

მამის გარდაცვალების დღიდან დაიწყო მისი წამება, ბებია-ბაბუიდამ ის დედის კალთას მოაშორეს და გორში, ხიდისთავში, წამოიყვანეს გასაზრდელად. მთელი ცხოვრების მანძილზე განიცდიდა უდედობას ნიკო. საბოლოოდ კი გამზრდელებმა უსახლკაროდ დატოვეს და მამისეული ქონებიდან მხოლოდ ერთი ოთახიღა არგუნეს, სადაც მას არასდროს უცხოვრია. სიკვდილის წინ ბებიამ უხმო შვილიშვილს, მაგრამ განაწყენებულმა პოეტმა პირი არ იბრუნა ხიდისთავისკენ, თუმცა იმდენად კეთილშობილი იყო, რომ ბებიის საქციელი გაამართლა, დამ აიძულა, თორემ ის ასე არ მოიქცეოდაო. უბედურებას უბედურება ემატებოდა. რომ არა გიმნაზიაში მისი გერმანულის მასწავლებელი (შემდგომში მისი სულიერი მეგობარი) ერეკლე ტატიშვილი, მას უპატრონო ბავშვთა სახლშიც მოუწევდა დიდხანს ცხოვრება.

სტუდენტობის წლებში შალვა ნუცუბიძის გამოცდიდან გამოსულს, მშიერს გული წაუვიდა. ხელმოკლეობის გამო საგნები დროულად ვერ ჩააბარა და 1928 წელს უნივერსიტეტიდან გარიცხეს. ერთ წელიწადში დაც გარდაეცვალა, ამ უმძიმესი მდგომარეობიდან სოფელ სადგერში (ბორჯომი) სკოლაში მოსწავლეებთან ურთიერთობამ და მოსახლეობასთან დაახლოებამ გამოიყვანა, გუნება-განწყობა ცოტათი გაუხალისდა, მაგრამ ოჯახს, სამ შვილს რჩენა უნდოდა და უფრო შემოსავლიან საქმეს, რევიზორობას მიჰყო ხელი. ამ პროფესიას არაფერი საერთო ჰქონდა პოეტის სულთან და გონებასთან „...სულის მობრუნება უნდოდა და პოეზიაზე საუბარი სწყუროდა... ეს ფაქიზი სულის კაცი ბუღალტერი იყო და ყოველდღიურ ცხოვრებაში პოეზიისადმი გულგრილ ხალხში ტრიალებდა“ (თ. ჩხენკელი „კაცი და პოეტი“. მშვენიერი მკვლევარი, თბ., 1989).

სიცოცხლის ბოლომდე რევიზორ-ბუღალტრობა არა მარტო მიუღებელი, არამედ საშინლად დამღლელი იყო ნიკოსთვის. მივლინებიდან მეუღლეს, მარიამ ამანათაშვილს წერდა, „ძალიან დავიღალე რაიონებში ხეტიალით, ეხლა რომ ჩამოვალთ, უნდა ვთხოვო, რომ თბილისში გადმომიყვანონ, აღარ შემიძლიან, ეს დაუსვენებელი კამანდიროვკები“.

შეწუხებული და „ბუერა სევდით“ შეპყრობილი პოეტის გულიდან ამოხეთქა ამ სიტყვებმა:

„ჩემი გაჩენა მიეზღოს ცეცხლად
ვისაც ეს ჩემი იღბალი მართებს,
თითქოს ეს გული ამოურეცხავთ
ღვიით და სარცხით შიშველ წარმართებს.“

მოფუთფუთე სულის პატრონი სანატრელ სიცოცხლეში ბექობებისა და უფსკრულებისგან ცდილობს თავდახსნას, ხეირიანი ადამიანი რომ მოძებნოს.

„ო, რამდენი ფარდები, რამდენი საფრები, რამდენი ღურღუტანები, რამდენი ბექობები გააჩნია ამ ცარიელ უფერულ სიცოცხლეს. ჯერ რამდენი ადამიანები - ეკალშეხუნძლული მომაკვდავები - უნდა მისწი-მოსწიო, რომ ერთ ხეირიან ადამიანს არაჟანმოუხდელს მიუახლოვდე...

რამდენი უნდა იბღავლო და იქვითინო და თუ ფეხი დაგისხლტება, შენს მტერს, ისე გაგსრისავენ, რომ ყორნებსაც შეეზარებათ სავახშმოდ“.

სიტყვა გამიგრძელდა, არადა, თავიდან ვთქვი, რომ მის ფილოსოფიურ, სულისშემძვრელ და თავისებურ პოეზიაზე საუბარი ჩემს ძალებს აღემატება. ვერანაირად ვერ ვხსნი, როგორ ახერხებდა პოეტის გონება ამ ულამაზესი სტრიქონების ჩამოყალიბებას:

„უკვდავებაა, სიცოცხლე რომ ისეირებს.“
„იწოდა კაცი - ჩუმი, მგზნებარე, თან სიცოცხლეზე რჩებოდა თვალი.“
„ის გადიოდა და მაინც კიდევ სულ სიცოცხლეზე ეჭირა თვალი.“
„ავადმყოფობა ეგონათ ბიჭო, ლექსები ტანზე გამონაყარი“.
„ვარსკვლავნი ისე მოსჩანდნენ ღამე, თითქოს ზეცა ჩრჩილს ამოეჭამა.“
„საიქიოდან წუთისოფელი, როგორც მამალი ისე ყიოდა.“
„იდგა სიჩუმე, ქაოსთა გროვა.“
„ლორწო ფლატეებს სწოვდნენ კლდეები.“
„ფილტვებს ფურჩქნიდა სუნთქვის ყუათი.“
„ფეხზე ძლივს იდგა კავკასიონი, მარადისობის განმეორება.“
„თავის ქალაში მწვანე ხვლიკი შეძვრება ღამე,
ძვლებზე შემხმარი დაფიქრება მოეწონება.“
და ასეთი უამრავია მის ლექსებში.

ამიტომაც შეადარა ზვიად გამსახურდიამ 1987 წლის 13 თებერვალს გამართულ ნიკო სამადაშვილის ხსოვნის საღამოზე მისი შემოქმედება ნიცშეს ლექსებს. ამიტომაც უძღვნა ზეცად ამაღლებულმა ირაკლი კოსტავამ არაჩვეულებრივი ლექსი, სადაც მიმართა „...რა კაციც იყავ, რითი ცოცხლობდი მე არც კი ვიცი, ჭიხვინებს ლექსი გაუხედნავი, ველური კვიცი...“

ამიტომაც მოეფერა მას აკადემიკოსი გურამ ბარათაშვილი, „ერთი ტლუ“ ბიჭი იყო ხიდისთაველი ნიკო, რომელმაც დაბრძენებულმა თავისი ცითმონაბერი ნიჭით ქართული პოეზიის სვეტიცხოველი შეაზანზარა“.

საოცარი სიყვარულით წერდა ბავშვებისთვისაც.

სკოლაში მასწავლებლად მუშაობამ თავისებური შეხედულება ჩამოუყალიბა ახალგაზრდობაზე. ვერ ვიტყვი, რომ მთლიანად გადართულია საბავშვო ლიტერატურის განვითარების ორომტრიალში, მაგრამ თავის შემოქმედებით იზიარებს იაკობ გოგებაშვილის შეხედულებას, „საყმაწვილო ლიტერატურას დიდი მნიშვნელობა აქვს ერის ცხოვრებაში, რომელზედაც შენდება მთელი ლიტერატურა და მეცნიერება ხალხისა“.

საბავშვო ლიტერატურას მჭიდრო კავშირი აქვს პედაგოგიკასთან. სხვადასხვა ასაკის ბავშვთა ფსიქოლოგიური თავისებურება, საყმაწვილო ლიტერატურის სპეციფიკურობას განსაზღვრავს.

ბავშვები ასაკის მიხედვით არიან დაყოფილნი სკოლამდელი, უმცროსი, საშუალო და უფროსი სასკოლო ასაკის მკითხველებად. მათთვის დაწერილი ლიტერატურა არსებითად ამის მიხედვით იცვლება და ვითარდება: მოცულობით, მხატვრული ფორმითა და შინაარსით. მხატვრული ფორმითა და ლიტერატურული მიმართულებით საბავშვო ლიტერატურას კლასიფიკაციის ასაკობრივ პრინციპს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, როგორც საბავშვო მწერლობის წინაშე დაყენებული პრობლემატიკის სწორად გადაწყვეტისათვის (იდეური, შინაარსობრივი, მხატვრული, ენობრივი თვალსაზრისით), ისე ამ ფაქტორების განსაზღვრა-დაზუსტებისათვის.

არ ვიცი რამდენად იცნობდა საბავშვო ლიტერატურის ამ სპეციფიკურობას ნიკო სამადაშვილი, მაგრამ საკუთარი ვაჟისადმი მიძღვნილი უსათაურო ლექსით, „იძინე, თამაზ“ კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ „ლიტერატურისათვის არ არსებობს მეორე და მესამე ხარისხოვანი ნაწერები, რომელნიც ავტორზე ადრე კვდებიან“.

„პოეტმა ყველა ნაწარმოებს უსწრო, მისი სიკვდილის შემდეგ კი ისინი უფრო პოპულარულები და ხელიხელსაგოგმანებელი გახდა“.

ზემოთდასახელებული უსათაურო ლექსი არის დამრიგებლური ხასიათის. მამა დიდ მისიას აკისრებს შვილს „იცოდეს ქვეყნად კაცის გარჩევა“ და მშობლის სახელის უკვდავსაყოფად ბევრი რამ უნდა გააკეთოს. მანამდე კი - „იძინე თამაზ, არ გაგაღვიძებ. ჩუმად ვიტირებ, ჭირიმე შენი! წარმომავლობას - შენ რას დაეძებ, ღმერთო, ბავშვობა როგორა გშვენის“. ჩურჩულით ნათქვამი მამის ეს სიტყვები ტკბილად ჩაესმის მძინარე ბიჭუნას და ამ ასაკში მშობლისგან დამოძღვრილი, მომავალში აუცილებლად შეუსრულებს მას თხოვნას - „იზარდე თამაზ, ვგრძნობ, დედას ხედავ, ტუჩზე ღიმილს სიო გედება. ვინძლო მოყვარედ არ გაიხადო ჩემი ხმაბნელი შემოქმედება... იგრძენ, თუ როგორ ვეწამე ბიჭო, იმ დროს, შენ როცა ხის ცხენით რბოდი... ალბათ, შენს თოთო ხელებს დარჩება ჩემი ცხოვრების ყრუ მატიანე“.

დაიმედებული პოეტი თავისი შვილებისტოლა ახალგაზრდებს სამშობლოს ულამაზეს სურათებს უხატავს ლექსში „საქართველოს“. მისეული, განსხვავებული ხელწერით ესიყვარულება ის მამულს:

„ის დრო წავიდა, როცა უკუნეთს
ძაძად ახვევდნენ ურმის ჭალებზე
და ქვატალახა საუკუნენი
ღრუბლიან გზებზე მიჭრიალებდნენ.“

სიცოცხლეს ღრღნიდა შიში, კავკავი, პირქუში ფიქრი, ძრწოლა, გოდება, ფეხზე ძლივს იდგა კავკასიონი - მარადისობის განმეორება. წარსულის ფონზე, დღეს მხრებგაშლილი და ყელმოღერებული საქართველო იმზირება. ის ულამაზესია.

რუკაზე სჩანხარ ირმის ყელივით, მტკვარი გაყრია, როგორც ფაფარი
ჩვენი ეპოქის დიდი მეკვლე ხარ, ზურგზე ლამაზ რქებგადანაყარი
შენი კაშკაშით ლაჟვარდა ჭერი, კიდით-კიდემდე დაითქორება,
ჩემო ივერო, ჭირიმე შენი! ჩემო სამშობლო, ხუჭუჭფოთლებავ.

ამ არაჩვეულებრივი ლექსებიდან ნიკო სამადაშვილს პატარა მკითხველები საოცრებათა სამყაროში გადაჰყავს. ამჟამად უკვე პატარა მოთხრობებით, რომლებიც ერთი სათაურის ქვეშ გააერთიანა.

კრებული „ზღვის საიდუმლოებანი“ გამოიცა 1947 წელს საბავშვო ლიტერატურის უდიდესი ქომაგის ანა ღვინიაშვილის რედაქტორობით. მასში შესული ნაწარმოებები, - „მედუზა“, „მარჯნის პატარა მშენებლები“, „ღრუბელა“, „ენემონა და ზღვის ვარსკვლავა“, „გივის სიზმარი“, სხვადასხვა სათაურის მიუხედავად ერთ მთლიანობას წარმოადგენს.

საბავშვო ლიტერატურის სპეციფიკურობიდან გამომდინარე, მოთხრობებში მოქმედი პირები მკითხველის თანატოლ გივისთან და ელენესთან უფროსებიც არიან: ძია სიკო, ბებო, დედა და ქართველი მეზღვაური ლევან იოსელიანი.

კრებული გათვალისწინებულია საშუალო ასაკის მკითხველისათვის (ასე უთითებს ავტორი მ. კ.), მაგრამ დღევანდელი თვალთახედვიდან გამომდინარე, ვფიქრობ, ის უმცროსკლასელთათვის უფროა მისაღები (თუ რატომ, ვეცდები გზადაგზა დავასაბუთო).

მოთხრობაში - „მედუზა“ პატარა მკითხველი ძია სიკოს დახმარებით ეცნობა, რომ ზღვაში მოცურავე „ქოლგა“ ზღვის ცხოველია და მისი სხეულის უმეტესი ნაწილი დაფარულია წყლით, რომლის დაკარგვის შემთხვევაში იკუმშება, მას მედუზა ჰქვია და ძირითადად წყლის ნაპირს ეტანება, უფრო მეტად, მაშინ, როცა ის უკუიქცევა, მათი უსაყვარლესი ადგილები ტროპიკებია. „იქ, თეთრი ფერის თითქმის გამჭვირვალე მედუზა იცის. ამ მედუზებს ტანის შუა ადგილზე თითქმის აბრეშუმის ძაფით წითელი ლაქა აქვთ განგებ ამოკერილი. ხმელთაშუა ზღვაში მცხოვრები მედუზები უფრო ლამაზად არიან შეფერილნი ევროპის სხვა ზღვებში მცხოვრებნი, მედუზები შავ ზღვაშიც მრავლად მოიპოვება“.

არაბები, თურმე, მედუზებს ზღვის ნათურებს ეძახიან, რადგან წყალში ერთ ადგილზე თავშეყრილები, ვერცხლისფრად ანათებენ და იქაურობა სარკესავით ლაპლაპებს, ხოლო ამერიკაში ბაც-მწვანე ან ღია ცისფერი სხივების გამომშვები მედუზებია. ისინი მტაცებლურ ცხოვრებას ეწევიან, ე.წ. შემხების საშუალებით ზღვის ცხოველებს იჭერენ, სუსხავენ და გაბრუებულს ყლაპავენ. ხშირად ღორმუცელობენ კიდეც. გადაყლაპულ მსხვერპლს (თევზს) ვერ ერევიან და იღუპებიან. მედუზები თვალის მეშვეობით წყალში თავისუფლად მოძრაობენ. ზღვაში ვხვდებით აგრეთვე უმოძრაო ცხოველებსაც, რომლებიც რომელიმე საგანზე მიმაგრებულნი შემხების საშუალებით იგებენ უცხო სხეულის მოახლოებას. მარტივი და რთული ცხოველები, რომლებიც წყლის სიღრმეებში ბინადრობენ, საოცარ სამყაროს ქმნიან, რომელთა შესახებაც სხვა თავებში საუბრობს მწერალი.

„მარჯნის პატარა მშენებლების“ მთავარი მოქმედი პირი, გივი მოწყენილი ზის ფანჯარასთან და თვალყურს ადევნებს წვიმის წვეთების თამაშს შუშაზე. ოჯახში ყველა დაკავებულია, დედა საქმიანობს, ბებო ჩვეულებრივ კრუსუნებს. გივისთვის არავის სცალია, მაგრამ სტუმარი, რომელსაც ძია სიკო მოიყვანს ოჯახში, ბიჭუნას გაახალისებს.

ცნობილი მეზღვაური ლევან იოსელიანი სუფრასთან მსხდომთ უყვება ინდოეთის მდიდარ ბუნებაზე, ავსტრალიის ცხოველებსა და მცენარეებზე, ევკალიპტის ტყეებზე, მარჯნის რიფებზე, მარჯნის კუნძულებზე, რომელიც ავტრალიიის ჩრდილო-აღმოსავლეთით 1500 კილომეტრზეა გადაჭიმული.

აქვე მსმენელს უხსნის, თუ როგორ წარმოიშვება მარჯანი, რომ მისი პოლიპების სხეული ძალიან რბილია და ცილას ჰგავს. ის ცოცხალი არსებაა და იკვებება მარტივი ცხოველებით, პირის ხვრელის ირგვლივ ვარდის ფოთოლაკების მსგავსად განლაგებული შემხების საშუალებით.

მარჯნის პოლიპების საშუალებით ახალი ცხოვრება იწყება, ამაზე ძია სიკო პატარა გივის უყვება და იმდენად საინტერესოდ, რომ ბიჭუნა, ამ ცხოველებზე შეხედულებას იცვლის.

მოთხრობაში „ღრუბელა, ანემონა და ზღვის ვარსკვლავა“ ამ მარტივი ცხოველების ცხოვრებაა ნაჩვენები.

ზემოთდასახელებული ნაწარმოებების შინაარსი ნიკო სამადაშვილმა თითქოს შეაჯამა მოთხრობაში, „გივის სიზმარი“, ბავშვი ძილში ნახულობს ყველა იმ ცხოველს და მცენარეს, რომლებზედაც წინა თავში იყო საუბარი.

გივის ესიზმრება, რომ ის თითქოს მყვინთავია და ძალიან კმაყოფილია თავისი პროფესიით, რომლის წყალობითაც ახლოდან ნახა მარჯანი, ღრუბელა, ანემონა, ზღვის ვარსკვლავა, აქტინა და მრავალი სხვ. ზოგიერთთან მიახლოება და მოფერება მოუნდა. თეთრი, მიხაკისფერი და წითელფოჩება ყვავილის მოწყვეტა მოისურვა, მაგრამ, როცა მან შემხები გამოუშვა და მარჯნის ტოტზე დასკუპდა, მაშინ მიხვდა მყვინთავი, რომ ეს მცენარე კი არა, ცხოველი იყო. სიზმრიდან დედის თბილი ხელების შეხებამ გამოაფხიზლა, მან საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო, ის აუცილებლად უკეთ გაეცნობა და ღრმად შეისწავლის იმ სამყაროს, რომელიც ნიკო სამადაშვილმა გააცნო მას.

მწერალი ისე ზედმიწევნით აღწერს ზღვის ამ მარტივი ცხოველების ცხოვრებას, რომ არა მოუცლელობა, უამრავი განსაცდელი და ჭირ-ვარამი მსგავს თემაზე ალბათ კიდევ ბევრ საბავშვო ნაწარმოებს შექმნიდა ის.

„ზღვის საიდუმლოებანზე“ - მუშაობისას (საჯარო ბიბლიოთეკაში, მ. კ.) შევნიშნე, რომ უცნობ მკითხველს (ალბათ ბიოლოგს, თუ ზოოლოგს) წიგნზე კომენტარები დაუტოვებია.1. ტერმინი არასწორია, უნდა იყოს - საჭმლის მოსანელებელი და არა საჭმლის მომნელებელი ორგანოები. 2. უნდა იყოს ღრუ ნაწლავა და არა ნაწლავ ღრუ და ა.შ.

რომ არა ის ორი ზედამხედველი ქალბატონი, რომლებიც ბიბლიოთეკის დარბაზში ზედმეტი მოძრაობის საშუალებას არ გვაძლევენ, კრებულზე მეც გავაკეთებდი ჩემეულ კომენტარს, წიგნი საინტერესოა. უმცროსკლასელთათვის გასაგებად დაწერილი და ზოგად წარმოდგენას უქმნის პატარა მკითხველს ზღვის მარტივ ცხოველებზე, ამ ეტაპზე, არა აქვს მნიშვნელობა ღრუნაწლავა იქნება, თუ ნაწლავ ღრუ ტერმინად გამოყენებული. ვერ ვიტყვი, რომ კრებული საბავშვო ლიტერატურის ერთ-ერთ საუკეთესო შენაძენს წარმოადგენს, მაგრამ მწერლის ცდა, რომ ამ სამყაროშიც შეიხედოს თავისი ჭკვიანი თვალებით, აუცილებლად დასაფასებელია.

„დიდება იმ უბიწო მშობლებს, რომლებიც ბავშვებს ისე ზრდიან, რომ ხელს არ აკარებენ, ისე დაფათფათებენ თავიანთ შვილებს, როგორც მებაღე ხეხილს. არა მგონია ის ერი თავის ბალღებს ტყუილუბრალოდ რომ აუხირდება, ორკეცი ქამრით რომ უსწორდება და ცემა-ტყეპით ჰკლავს, საცოდავები ალერსის დროსაც რომ იბუზებიან, სათნო, კეთილშობილი ადამიანი წარმოშვას, გარდა მამაცი მტარვალების და პირუტყვი ჩაფრების“.

ამ პედაგოგიურ შეხედულებებს თავისი არაჩვეულებრივი და ორიგინალური მოთხრობა - „ნენეს ზღაპრებიდან“ გვიზიარებს.

როდესაც ნიკო სამადაშვილი კრებულს „წუთისოფლიდან უკვდავებამდე“ გულდასმით ვკითხულობდი, უნებურად „ნენეს ზღაპრებმა“ სათაურის გამო მიიქცია ჩემი ყურადღება. მასში იმ მარცვალს ვეძებდი, რომელიც საბავშვო ლიტერატურასთან დამაკავშირებდა და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს ავტობიოგრაფიული მოთხრობა, არაჩვეულებრივ სამსახურს გაუწევს უფროსი სასკოლო ასაკის მკითხველებს.

ნაწარმოების მთავარი მოქმედი პირი - თვითონ ნიკო სამადაშვილია, მაგრამ მწერალი სიუჟეტს მოხუცი ქალბატონის საშუალებით ხსნის. ის ქალაქის შუაგულში „ჩქაფა-ჩქუფით“ მომავალი მდინარის ხიდის ყურეზე ზის, „შავი ხილაბანდით ქვეშ ჭანჭურის ჩირივით დამჭკნარი სახით და უკბილო ღრძილებზე შეკეცილი ტუჩებით. გახუნებული თალხები გამხდარ სხეულზე ისეთ შთაბეჭდილებას სტოვებდა, თითქოს ტოტებგადაკაფულ ჩირგვზე შავი ძაძა გადაეფარებინათ“. მას დახმარებისთვის ჰქონდა ხელები გამოწვდილი“. რა იმალება ამ თალხების ქვეშ? საითკენ მიჰყავს მწერალს თავისი მკითხველი?

მოჩვენებით გულკეთილ ადამიანებს მოუყრიათ თავი მოხუცის ირგვლივ, „ბევრი უგულო უკანმოუხედავად ჩაუვლიდა ამ მოხუცს, ზოგი კი მაშინ გაიღებდა ხელგამოწვდილი მოხუცისათვის რამეს, როცა გრძნობდა, რომ უკან ვიღაც მოდიოდა ან წინ ვიღაც შეეხებოდა, რომ დაემტკიცებინა თავისი გულშემატკივრობა, თორემ წყალობის გამღები არ იყო“ - ჩუმი და უთქმელი, სევდიანი და საინტერესო პერსონაჟის ნაწარმოებში მოხუცის შვილიშვილი, მამით ობოლი და დედისგან მიტოვებული, ღარიბი და საოცრად თავმოყვარე გოგონა, რომელიც დიდედის მათხოვრობის გამო თავმოყვარეობა შელახულია და ხშირად ტირის. მაგრამ, როცა „ვახშმად მხოლოდ ფაში პურის ნატეხებს, ხან ბოღლიწოს, ხან შინდის შეჭამანდს, ხან მახობას მიირთმევენ“, - იცის, რომ სხვა გამოსავალი არ არის. უყვარს კითხვა, უფრო მეტად იაკობ გოგებაშვილის „ბუნების კარს“ ეტანება. „ბუნების კარს“ გაშლიდა და გატაცებით ეწაფებოდა სანუკვარ მოთხრობებს, ის თითქოს სტრიქონების გაბმულ მავთულებზე მერცხალივით ჭიკჭიკებდა. ხშირად თახჩიდან გამოკრეფილ „ნაკადულის ფურცლებს ჩაჰკირკიტებდა და წააწყდებოდა თუ არა შეუდარებელ შემოქმედის გაზაფხულივით ატეხილ ფიქრებს, ჩიორასავით უცემდა გული“.

გოგონას, რომელსაც სახელიც კი არა აქვს ნაწარმოებში, ძალიან უყვარს ლიტერატურა. განსაკუთრებით კი, პოეზია. „ნენეს ზღაპრებში“ მწერლის მიერ წინა პლანზე წამოწეულ ზოგიერთ პრობლემაზე, ალბათ თავისებურ შეხედულებას ჩამოაყალიბებენ უფროსი ასაკის მკითხველები. საინტერესოა მათი აზრი ამ ციტატაზე „დიდი მიქარვაა თითქოს ვინმეს ტანჯვა ასპეტაკებდეს, პირიქით, დაუსრულებელი წამება და ურვა აკუზიანებს, ფიტავს, ასახიჩრებს ადამიანს, უფრო მეტიც, ამხეცებს, აბოროტებს, აანჩხლებს და მთელი სიცოცხლე ყურებდაჭრილი ძაღლივით იღრინება“.

საკამათოა, აგრეთვე, მისი შეხედულება გენიოსებთან დაკავშირებით „...არც ის მჯერა, თითქოს გენიოსები უკვდავ ქმნილებებს იმ დროს ქმნიდნენ, როცა კუჭი შიმშილით უხმებოდათ და ზურგზე ცხრაპირ ტყავს აძრობდნენ“. ამ აზრს რომ დავეთანხმოთ, რა ვუყოთ ფიროსმანს, ტერენტი გრანელს და მრავალ სხვას, რომ არაფერი ვთქვათ უცხოელებზე?!

დასავლეთ ევროპის ლიტერატურის პროფესორის სახით, მწერალი გვიჩვენებს იმ სავალალო შედეგს, რომელიც არაპროფესიონალის ქცევას შეიძლება მოჰყვეს.

სავალალო შედეგი მოაქვს დასავლეთ ევროპის ლიტერატურის პროფესორის არაპროფესიონალიზმს. მწერალი საოცარი შტრიხებით გვიხატავს მის გაუბედურებულ სახეს. „მეფე ლომს დამთხვეულ კამეჩად გადააქცევდა და ჰამლეტს ფარშევანგის ბუმბულებს ტანისამოსზე დაუბნევდა, ოტელოს მაროკოელი მენახშირისაგან ვეღარ გაარჩევდა და ლაურას ვენეციელი გომბიოსაგან. ჩვენი პროფესორი ისეთი ავი თვისებისა არ იყო, რომ დიდი ამყოლი გახლდათ ლიტერატურული ჭორების“ (გვ. 186).

მოთხრობაში გამოყენებული ანალიზებით ნიკო სამადაშვილი ხაზს უსვამს ზოგიერთი ადამიანის უსინდისობას, უნამუსობას და სიხარბეს, ერთ-ერთი მოქმედი პირის, ავტორის მეგობრის ბიძის სახით (სინამდვილეში ის მეგობარი მისი პროტოტიპია). „კრიჟანგ“, „წუწურაქ“, „ხარბ“, და „გაუმაძღარ“ ადამიანს გვიხატავს, რომელსაც ზედმეტსახელად ჯორიღლეტიას ეძახიან. ამ ბოლომოღებული კაცის უსინდისობას და უნამუსობას საზღვარი არა აქვს. მწერალს არ უყვარს მეგობრის (საკუთარი) ბიძა და ყველანაირი ხერხით აჩვენებს მის უზნეობას.

„...თუ ანაზდად უენო და მდაბიო ხალხში წამოიტყლარჭებოდა, აი, მაშინ უნდა გენახათ სეირი. მოშლილი არღანივით მოემართებოდა, ქატოთი გატენილი ტომარასავით იბერებოდა... აბდაუბდა ყბედობით ბუღს აყენებდა და პირად ტუტუცურ აზრებს სასიქადულო მწერლებს ატმასნიდა. თავის ჭუჭყიან ლათაიებს ხან ჩახრუხაძეს, ხან არსენ იყალთოელს მიაკერებდა. ერთი სიტყვით, ამ გაქნილ მაჯლაჯუნას ყოველგვარ სისაძაგლეში ჭიპი ჰქონდა მოწყვეტილი და ხელი გაკვეთილი“ (გვ. 189).

ჩვენი აზრით, საჭიროზე მეტ დროს უთმობს ავტორი ამ „წუწურაქის“ დახასიათებას, თუმცა ახალგაზრდა თაობის წინაშე ფარისეველი და მლიქვნელი კაცის სახეა განაჩენისათვის წარმოჩენილი. „ფარისევლობამ გადაარჩინა აურაცხელი ადამიანი ხიფათს, განსაცდელს, ლაჯზე ახევას, ყელის გამოღადვრას, ფარისევლობა ფითრივით შეზრდილა ცხოვრებას. ის ბალამწარასავით მეწლე როდია, ის ყველა ეპოქის ტოტებზე ყვავის. მლიქვნელობას რა დააბერებს, ის კოკოზასავით უგია კაცთმდინარების ნაკადულს“.

ეს კაცი ოჯახშიც უსარგებლო, უნიათო და შარიანია. უაზროდ უყვირის ხან მეუღლეს და ხან ბიჭუნას.

„სუ, კრინტი მეთქი! ნუ ზმუკუნებ, თორემ მარტო წამოტიალებას კი არ გაკმარებ, აი ამ კედელზე ციკანივით შემოგაწყვიტამ და ნაჭყაპურებს გამოვადენ“. ბუნებრივია, წლების განმავლობაში პედაგოგად მოირთვება და სუფრაც ათასნაირი ნუგბარით დამშვენდება. ოდესღაც პატარა ბიჭის (მგოსნის) მიერ დეიდა ნენესთვის ნაჩუქარი ლექსების რვეული, რომლის არსებობა გოგონას ახსენდება, „ღარიბულ ქოხში პოეზიის ქარიშხალს დაატრიალებს“.

სანათის შუქზე კითხულობენ და ჩურჩულით წარმოსთქვამენ მგოსნის ყრმობისდროინდელ ლექსებს:

„პირველი თრთოლვა, როგორც შარბათი, ეტიდან-ეტში იების გუბე
დილით თივის ქვეშ სველი ბარათი, რად მწერდი ლექსებს, რად დაიღუპე...
ფხიზლობ, დადიხარ, ძილში ირევი, ვკვირვობ ეგ ცეცხლი სად დაგეტია.
რამდენი კაციც ცხოვრობს მიწაზე, ქვეყნად იმდენი საგიჟეთია.“ (გვ. 204)

„გამთენიისას წავიდნენ ქოხიდან სტუმრები, მძინარე გოგონას სახეზე სიმშვიდე და პოეზიის ნათელი ეფინა, ოთახში კი სტრიქონები დასეირნობდნენ“. (გვ. 204)

„ნენეს ზღაპრებო“ ახალგაზრდა მკითხველს საშუალებას აძლევს გაიზიაროს მგოსნის განწყობილება, პათოსი, შეხედულებები ადამიანებზე. სამყაროზე, პოეზიაზე. აქვე დაეთანხმოს მას, „დიახ, ცივილიზაციის სარკმლიდან ზოგჯერ თვალებდაჭყეტილი ველურებიც ეჭყიტებიან“. (გვ. 191) და „დრო საუკუნის ჯახა-ჯუხში ჩაისრისება, და ეგ ცხოვრებაც მოთავდება, როგორც ბალადა“. (გვ. 106)

ნიკო სამადაშვილზე საუბარს, როგორც დავიწყე დაახლოებით, ისე დავამთავრებ. იგი მე 37 წლის წინ გაზაფხულის ერთ ლამაზ, აკაციისა, ტყემლისა და ატმის ყვავილების სურნელით დამტკბარ დღეს ჩემმა ბიძაშვილმა გამაცნო.

მაშინ მწერლის შესახებ არაფერი ვიცოდი, დღეს - რაღაც წარმოდგენა მაქვს მასზე.

ნიკო სამადაშვილზე - როგორც საბავშვო ნაწარმოებების ავტორზე, საუბარი მოკრძალებით გავბედე, რაც შეეხება მის შემოქმედებას, ის ჯერ კიდევ არ არის ძირფესვიანად დამუშავებული და შესწავლილი, რამდენსაც მეტს კითხულობ, იმდენჯერ ახალს პოულობ მასში, ერთადერთი, რაც ლამაზად შემიძლია ვთქვა, ესაა -

„იწოდა კაცი ჩუმი, მგზნებარე, თან სიცოცხლეზე რჩებოდა თვალი,
ის მიდიოდა და მაინც კიდევ, სულ სიცოცხლეზე ეჭირა თვალი.“

______________________

79. სწორია: ოხ, ეს სიცოცხლე ნეტა როდის გამომნელდება!
ო, უკვდავება, კარგი ჰქენი, რომ არ მიკისრე.

80. სწორია: „წადი ირბინე, სანამ ყვითლად ჩამობნელდება,
წადი, იმღერე და დაოსდი სივრცეებისკენ“.

3.26 64. კვაჭანტირაძე, მანანა. „მე ვარ წერტილი, სადაც თავდება სამყაროს უიმედობა“:

▲ზევით დაბრუნება


[. სამადაშვილის შემოქმედებითი პორტრეტი] // ლიტერატურა და ხელოვნება. - თბილისი, 1991. - N3. - გვ. 132-153.

ვახუშტი კოტეტიშვილის წერილში ნიკო სამადაშვილზე ასეთი აზრია გამოთქმული: „ვერავითარი თხრობა ვერ იქნება ვერასოდეს პოეზიაზე უფრო მეტყველი“. ეს მოსაზრება წერილის ავტორის თითქოსდა ერთგვარი მობოდიშებაა ნიკო სამადაშვილის პოეზიის კომენტირების ფაქტთან დაკავშირებით. მაგრამ, მოგეხსენებათ, პოეტი უცნაური მოვლენაა და ნიკო სამადაშვილის ახლახან გამოქვეყნებული პროზაული ქმნილება „შეხვედრები და სინანული“ გვაიძულებს კიდევ ერთხელ გადავსინჯოთ ზემოთ მოტანილი საკმაოდ პოპულარული შეხედულება პროზისა და პოეზიის ზემოქმედების ძალთა თანაფარდობაზე. უცნაურია თვით ნიკო სამადაშვილის სურვილი - პროზის ენაზე აამეტყველოს ის რაც ლექსში აქვს ნათქვამი. აშკარაა, რომ „შეხვედრები და სინანული რაღაც განსაკუთრებულ, ღრმად პიროვნულ და პოეტურ იმპულსთა შეჯახებისა და აფეთქების მიჯნაზე იშვა. ამ შეჯახების არსი დაახლოებით ასე უნდა წარმოვიდგინოთ: „მე“-ს მიბრუნება საკუთარი თავისკენ, როგორც „სხვისკენ”. ის ძალა, რომელსაც გამოჰყავს „მე“- მე-სგან, არის წმინდა ნებელობითი სიჭარბე, საკუთარ თავთან დაუმთხვევლობა, პირველადი არჩევანი - მოქმედების, აღსარების, ლიტერატურის ფორმით გამოხატული.

„შემოქმედებით შეპყრობილი“ პოეტის ხეტიალი ამჯერად შემოქმედების ოდნავ განსხვავებულ სარბიელზე - პროზის გზებზე, „შთაგონებით დასნეულებული“ პოეტის მარადიული ტანჯვისაგან განთავისუფლების კიდევ ერთი მცდელობაა... „შეხვედრები და სინანული“ სამყაროსა და ადამიანებთან პოეტური სულის მრავალფეროვან შეხვედრათა მატიანეა, რთული ნაზავი აბსოლუტურად პოეტური განწყობისა და პროზაული თხრობისა. ნიკო სამადაშვილის პროზა მონათხრობია მისი სულის მრავალრიცხოვან ანაბეჭდებზე, საკუთარ თავსა და ცხოვრებაზე. აქ რაღაც უფრო სხვაა, ისეთი, რაც ლექსმა ვერ დაიტია, ვერ გამოხატა. უფრო ზუსტად კი პროზისათვის ძალზე „ახლობელი“ თემა ეპოქის ძალმომრეობისა პოეტის სულზე, ყოფიერების პროზის (რის ნაწილსაც ალბათ საკუთარი ცხოვრებისეული პროზის ტრაგიკული აღქმაც შეადგენდა) თავისსავე ფორმით ხორცშესხმის ცდა. მაგრამ პროზის შექმნის მომენტშიც ნიკო სამადაშვილში პოეტი და პოეტური შთაგონება მძლავრობდა. ამიტომ ფორმისა და მისი რეალური შინაარსის შერწყმა „შეხვედრებსა და სინანულში“ ფაქტობრივად ჟანრის კანონების გვერდის ავლით განხორციელდა. მას ვერ უწოდებთ ვერც მოთხრობათა ციკლს (ასეთს ჰგავს, მაგრამ „ციკლი“ არაა, რადგან „შეხვედრებისა და სინანულის“ ჩანახატები მყარად არიან გაერთიანებულნი სულიერ თავგადასავალთა საერთო სიუჟეტით, ისეთი წარმონაქმნით, რომელიც სიუჟეტის გარეგნულ ნიშნებს არ ატარებს, მაგრამ შინაგანად, ემოციურად ასრულებს ამ ფუნქციას), ვერც რომანს, რადგან აკლია რომანის თითქმის ყველა კომპონენტი. მას ქმნის სულიერი მოთხოვნილება თავისი პოეტური „მეს“-ს შესახებ თხრობისა, სულიერი „ამბის“ შექმნისა, თავისი „არაპოეტური“ ცხოვრების ესთეტიზაციისაა.

ნიკო სამადაშვილის ამგვარი სულიერი მოთხოვნილება შენიშნულია თამაზ ჩხენკელის წერილშიც: „მერე თავის საყვარელ ლექსებს იტყოდა. ამ ლექსებს დიდის გრძნობით და თავდავიწყებით კითხულობდა. კი არ კითხულობდა, გიყვებოდა (ხაზი ჩვენია - მ. კ.). რაღაც სხვას გეუბნებოდა, თითქოს მწარედ ტიროდა, გულს იოხებდა... თითქოს უკვირდა, ასე უგზო, ასე უბედო კაცი რომ არსებობდა და თვითონ რომ იყო ეს კაცი.“

ცხოვრების ჭაობში მოხეტიალე „სულის პურის“ უხვად მთესველი კაცი - ასეთია მისი პროზის გმირი. მასში ნიკო სამადაშვილის პოეტური „მე“ ადამიანური პროფილით იმზირება და ისე უცქერს მას, როგორც მეგობარი - მეგობარს - სიბრალულით, თანაგრძნობით. „შეხვედრებსა და სინანულში: მისი პოეტური სულისა და მისივ ყოფისეული სახის ტრაგიკული და საბედისწერო დაუმთხვევლობა, მისი სულიერების ვერგანხორციელებული წიაღის ამონათქვამი იკითხება: „ინტიმურ შთაბეჭდილებათა ქვეცნობიერი დინება ძალუმად იგრძნობა მხოლოდ მისთვის ნიშანდობლივი სახეების რთულ კომპლექსში“ (თამაზ ჩხენკელი).

იმ ტიპის ნაწარმოებთაგან განსხვავებით, სადაც მწერალი საკუთარი შინაგანი ცხოვრების გამოხატვას ცდილობს „შეხვედრებსა და სინანულში“ შეხვდებით ამ ცხოვრების, მისი ავტორის გარეგნული ხატის მატარებელ მხატვრულ სტრუქტურას, რაც აქ თითქოს ნაკლებად იყო მოსალოდნელი. იგი გაფორმებულია მთხრობელსა და მისი მეგობრის სახეებში, მაგრამ მხატვრულად ფუნქციონირებს სხვა გზით: წარსულის მოგონებათა, განცდათა, სხვა ცხოვრებათა, სხვა ადამიანთა ხატების სახით. ფუნქციურად ყველაზე ფასეული მათ შორის მეგობრის, თანამოსაუბრის - მგოსნის სახეა. მთხრობელთან ერთად იგი შედის ამ სამყაროში, როგორც მისი ემოციური და ნებელობითი მიმართულების კანონმდებელი.

სანამ უშუალოდ ნიკო სამადაშვილის ქმნილებაში შევაბიჯებდეთ (სწორედ „შევაბიჯებდეთ“, რადგან ამ პროზის გაცნობას ახლავს სწორედ უცნაური გადალახვის რაღაც მატერიალური შესვლის შეგრძნება. ეს მატერიალური მისი ხატების მეტაფორული სისავსეა, პოეტური აზროვნების სიმკვრივე, წონადობა, ფორმიანობა, ერთი სიტყვით პოეტური მატერიალურობაა), მინდა მკითხველს შევახსენოთ ერთი ადგილი ვახტანგ კოტეტიშვილისადმი მიწერილი მისი წერილიდან (ყურადღება მივაქციოთ, რომ ამ წერილს ოცდაორი წლის კაცი წერს): „ისე ვიტანჯები უსაზღვროების საშინელებით და დედამიწის უნუგეშო ხეტიალით, რომ ასე მგონია, თითქოს მე ვარ წერტილი, სადაც თავდება სამყაროს უიმედობა“. უსაზღვროების ამ ტრაგიკულ განცდას სჭირდება საზღვარი, დაახლოებით იმგვარად, როგორც გალაკტიონის სტრიქონშია: „სულს სწყურია საზღვარი, როგორც უსაზღვროებას“. უსაზღვროება ნიკო სამადაშვილთან განცდილია, როგორც დროისა და სივრცის სამყაროულ საზღვართა არარსებობა („პლანეტათა გაუვალი ნახირი ხომ მაგიჟებს და ტანში მაკანკალებს“), გადატანილი ადამიანის სულში და ეს განცდა ისე ანგრევს ადამიანის დროითა და სივრცით შემოსაზღვრულ სხეულსა და სიცოცხლეს, როგორც კოსმიური გრიგალი, ყველაფრის აღსაგველად მოვლენილი, სწორედ აქ ჩნდება ნიკო სამადაშვილის პოეზიაში ჩამდგარი „გრიგალივით მოძრაობა“, სავსებით სწორად შენიშნული ნაირა გელაშვილის წერილში ნიკო სამადაშვილის პოეზიაზე. ეს ვითარება თანაბრად დამახასიათებელია მისი პროზისთვის (მხოლოდ ნაკლები ინტენსივობით, რაც ჟანრის სპეციფიკით აიხსნება). ერთი კომენტარით: არა მხოლოდ იმიტომ დგას ეს გრიგალივით მოძრაობა, რომ „სიტყვაშია დატყვევებული“, არამედ, და ვფიქრობ უმთავრესად იმის გამო, რომ პოეტის სული განცდილია როგორც „წერტილი, სადაც თავდება სამყაროს უიმედობა“, ხოლო მისი სიცოცხლე, როგორც თავშესაფარი, საბოლოო მიჯნა უსასრულო ყოფიერებაში (გავიხსენოთ: ძველ ბერძნებთან სიცოცხლის ის დრო იყო წერტილი და არა მონაკვეთი). გრიგალის „დგომა“, ანუ განუწყვეტელი მოძრაობისა და ენერგიის ამ რეალური სიმბოლოს დაკავშირება სრულიად საპირისპირო მოქმედებასთან (დგომასთან), გამოხატავს ნიკო სამადაშვილის პოეზიის არსებით ნიშანს -წინააღმდეგობას ერთიანობაში (გრიგალი - მოძრაობა და დგომა - უძრაობა). ამ გრიგალს „დგომა“ ევალება იმ გამაწონასწორებელი ძალის უზენაესი კარნახით, რომელმაც უსაზღვროება მოაქცია წერტილში და აქცია ზღვრულად, ანუ მიანიჭა ადამიანის ფორმა („მე ვარ წერტილი“). ასევე, სულის გრიგალი უნდა დადგეს, მოთავდეს, შეყოვნდეს პოეტურ ხატში - პოეტური ძალის კარნახით და ამ წერტილში - პოეტის „მე“-ში - როგორც განმასრულებელ, საზღვრისეულ წერტილში აღიკვეთება, გათავდება სამყაროს უიმედობა. როგორც მარადისობა განსახიერდება დროში (დრო, პლატონის მიხედვით არის მარადისობის არსებობის დამადასტურებელი მოძრავი ხატი - „ტიმეა“, 37 დ), ისე სამყაროს უსასრულობა განსახიერდება პოეტის „მე“-ში, ერთადერთ წერტილში, „სადაც თავდება სამყაროს უიმედობა“. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საზღვრის მძებნელი უსაზღვროება პოულობს საზღვარს (აღწევს მიზანს) პოეტის სულში, მისი შთაგონების ნაყოფში. და როგორც მარადისობისათვის დროით ნაყოფში და როგორც მარადისობისათვის დროით წერტილში მოქცევა არის უჩვეულო მდგომარეობა (ამ გადართვის მომენტები, ისევ პლატონის მიხედვით, არის დაბადება, სიკვდილი და ცვალებადობა), ისევე უსაზღვროებისათვის ადამიანის „მე“-ში მოქცევა არის უჩვეულო „დამდგარი“ ცვალებადობა, ანუ მეტაფორულ ენაზე გამუდმებული გრიგალივით მოძრაობა. ცვალებადობის დრო ეკუთვნის არა წარმავლობას, არამედ მარადისობას, აქედან - ნიკო სამადაშვილის მოგონებებისა და ანტიციპაციების არაჩვეულებრივი, განცდილი ხატოვანება. დროში მოქცეულია მარადისობის შეტყობინება საკუთარ თავზე (დრო მისი მოძრავი ხატია). ეს შეტყობინება ცნაურდება წარმოსახვის მექანიზმით, რომელიც ერთდროულად ახორციელებს უკვე ყოფილს და ჯერ არ-ყოფილსაც , ყველა დრო (ნა-მყო, აწ-მყო, მყო-ბადი) ამ მარადიული მყოფობის მომენტებია. აი, საიდან მოდის ნიკო სამადაშვილის ცნობიერებამდელი მეხსიერების უმძაფრესი იდუმალი ხატები: „წარმავლობის შორეულ მიჯნებიდან ვიღაც იცქირებოდა“ „ნანგრევები ჩაახველებენ ხოლმე სადღაც ჩაბნელებული საუკუნეთა გომურში“... აი, სად ისახება პოეტის მესსიანური დანიშნულების, სამყაროს შექმნის მონაწილის განცდა (ეს განცდა ნიკო სამადაშვილთან პოეტური განცდით სახით არსებობს). პოეტი სამყაროსა და მარადისობის ნაწილია, და როგორც მო-ნაწილ-ე პასუხისმგებელია შეტყობინებაზე. ამ მდგომარეობის ამოთქმა აუცილებელია ამიტომ და აქედან გამუდმებული შეხსენება: „უნდა წახვიდე, - მისტვენდნენ გზები, /უნდა მსოფლიოს კიდევ გაენდო“... ამოთქმა აუცილებელია, შინაგანად აუცილებელია არა მარტო პოეზიის, არამედ პროზის, წერილის ენაზეც, ყველა შესაძლო ენაზე, რადგან ყოველგვარი სამეტყველო კონტაქტი არის განდობა საკუთარი დანიშნულებისა და მდგომარეობისა. თავისი ყოვლისმომცველი, უნივერსალური შინაგანი არსის გამო სალექსო ფორმაში ვერჩატეული ეს პოეტური განცდა ადიდებულ მდინარესავით მოედება პოეზიის, პროზის ხილულ და უხილავ სივრცეებს. მისი ტანჯვა უსაზღვროების ტრაგედიაა და მისი სწრაფვა საზღვრებში მოქცევის სურვილთა ნაკარნახევი. ამიტომ: სულ გრიგალი, სულ ქარი და ქარიშხალი, მოძრაობა, უზომო, საზღვარს მიტანებული ინტენსივობით, შემართებით, ძალით, რიტმით: „ძნელია იმღერო და ილაპარაკო კიდეც... თითქოს დედამიწა ფეხებიდან მეცლება, არ ვიცი, სად დავისვენებ, თუნდაც ზეზეულად (ბარათაშვილი: „სად დაისვენოს სულმა, სად მიიდრიკოს თავი?“). ნიკო სამადაშვილის პროზა ამ „არ ვიცი“-ს ნაყოფია, ნაყოფი იმ სულიერი მდგომარეობისა, როცა ადამიანს სიცოცხლის დროული და სივრცული საზღვრები ისევე ეხამუშება, როგორც თავისი ფიზიკური სხეული და ცხოვრების მისჯილი წესი.

აქ აუცილებელია შევჩერდეთ ფორმისადმი ნიკო სამადაშვილის დამოკიდებულებაზე, ენის ფორმის თეორიის ენაზე ნიკო სამადაშვილის მიმართება ფორმისადმი არის ფორმის „ყოფნობის“ აღიარება და უარი მის „ფლობაზე“ („თქვენ უმთავრესად მესაუბრებით ლექსის ფორმატზე (სტრიქონის გამართვა, რითმა და სხვა), რაც ჩემთვის თუ არა, ლექსისთვის უმთავრესია: - ვახტანგ კოტეტიშვილისადმი მიწერილი წერილიდან, აქ მჟღავნდება მისი პროტესტი თანამედროვე ადამიანის ტვინში გამჯდარი „ფლობის“ ინსტინქტის წინააღდეგ. პოეტის პიროვნება აღქმულია თავის ორმაგ ყოფიერებაში: როგორც სოციალური მოვლენა და როგორც შინაგანი „მე“, სამყაროს განუყოფელი ნაწილი და უსაზღვროების უკანასკნელი მიჯნა.

იგი ცდილობს იმეტყველოს იმ ენაზე, რომლისთვისაც მოწოდებულია - თავისი სულის ენაზე, ესაუბროს, გაენდოს მთელს, როგორც ნაწილი. ცნობილია, რომ პოეტური „მე“-ს გამოყოფა და გარეთ გამოტანა ხდება მხოლოდ ესთეტიკური მოსაზრებით. პოეტისათვის მისი შინაგანი სულისმიერი ყოფიერება მოკლებულია სიუჟეტურ მნიშვნელობას. თავის შიგნით იგი ესთეტიკურ ფორმად ვერ იქცევა, რადგან „მე“-სთან სრული დამთხვევა აქრობს ესთეტიკურ მომენტს. ნიკო სამადაშვილის, როგორც მთხრობელის სიტყვა აღსარებისა და დიალოგის ფორმათა უცნაური სიმბიოზია. ზოგან მთხრობელის თანამოსაუბრე გამოიცქირება მექანიკურ წანაზარდად, „შინაგანად შეუთანხმებელი ექსპრესიის აკომპონიმენტად“, რომელსაც მხოლოდ ფორმალური ფუნქცია აკისრია. ეს გარემოება იმით უნდა იყოს გამოწვეული, რომ ნიკო სამადაშვილის „შინაგან სიტყვას“ ახასიათებს განსაკუთრებით მაღალი ძაბვის აღსარებითი პათოსი.

„აღსარების ლიტერატურულ ფორმაში არ არის ავტორი და არ არის გმირი, რადგან არ არსებობს პოზიცია მათი ურთიერთმოქმედებისათვის - ფაბულა. შინაგანი სიტყვა ერთხმიანია და არა ორხმიანი“ (მ. ბახტინი). აღსარება, თავისთავად, ჩვენი მეტაფიზიკური არსის გამოხატვის ერთ-ერთი ფორმაა (განდობა უზენაესთან მხოლოდ მასთან კავშირის საფუძველზეა შესაძლებელი), აქედან - ამ აქტის მისტიკური ხასიათი, ჩემი შინაგანი სიტყვა, არსებითად, ჩემი ფიქრის ფორმაა და ჩემი მზადყოფნაა დიალოგისათვის (მაგრამ არა აუცილებლად კონკრეტულ ადამიანთან დიალოგისათვის), ეს დიალოგი ჯერ არ დაწყებულა, ეს სიტყვა ეკუთვნის სამყაროს, მარადისობას, სიცოცხლეს და პოეზიას. შინაგანი სიტყვა „ამოქმედდება“ მხოლოდ მას შემდეგ, რაც გადავა გარეგან ფორმაში, ანუ დიალოგში, ან აღსარებაში, მაგრამ დიალოგი არა მარტო წინააღმდეგობას, არამედ თანხმობასაც გულისხმობს. იგი არის „მე“ და „შენ“-ის ურთიერთობის, ნდობის, სიყვარულის აუცილებლობის, ერთმანეთის გარეშე არსებობის შეუძლებლობის ფორმა. აი, სწორედ ამ იდეის გამოხატულებაა ნიკო სამადაშვილის დიალოგის თანამონაწილე პერსონაჟი - პოეტი, მგოსანი, მხატვრულ ტექსტში იგი ამ აუცილებლობის სიმბოლოს დანიშნულებას ასრულებს და არამც და არამც კონკრეტული პიროვნების ან თუნდაც რეალურად არსებული სულიერი მეგობრისა.

ადამიანური ყოფიერების ნამდვილობის გარანტია არის მისი სიცოცხლის დინება, მოძრაობა, ცვალებადობა, ე.ი. ნამდვილობის შეგრძნება ფიქსირდება სიცოცხლის დენადობის (ამოწურვისკენ, სიკვდილისკენ) ხარჯზე. ამაში არის აზროვნების პარადოქსი - ამოწურვის მეშვეობით დგინდება სისავსის ზომა. ასე უნდა წავიკითხოთ ნიკო სამადაშვილის ერთი ლექსის სტრიქონიც: „სამყარო არის! ფრთხილად ვფიქრობდი. /სამყარო არის! დანამდვილებით“. რეალობის სიბრტყეზე ეს შეძახილი მხოლოდ რიტორიკული შეიძლება იყოს, პოეტურ განზომილებაში კი სამყაროს ყოფნობის მიმართ ამ ეჭვიანობით (რაც, პირიქით, უეჭვობის ფორმითაა გამოხატული) ცვალებადობის არსის წვდომა ცნაურდება. ცვალებადობა მარადისობას ეკუთვნის, ამიტომ სამყარო, როგორც ცვალებადობა, დანამდვილებით არის, არსებობს, როგორც მარადისობის შეტყობინება.

ნიკო სამადაშვილის პროზასთან შეხვედრა გარკვეულ შემზადებას მოითხოვს, უპირველესად ფსიქოლოგიურს. მასში ვერ იპოვით მოვლენის სიუჟეტურ განვითარებას, სადაც ემპირიულ ფაქტებს მხატვრულ-ესთეტიკურთან ერთად თავისთავადი ცხოვრებისეული ღირებულებაც გააჩნიათ. ამ დანიშნულებით ნიკო სამადაშვილის პროზა რეალურ ფაქტებს გამორიცხავს. მზერა ჩაბრუნებულია შიგნით, სულის უფსკრულებისკენ და სამყარო გვეძლევა ამ მზერაში გატარებული, გაუცხოებამდე ფერშეცვლილი ხატებით. ისინი უფრო პლასტიკური, ექსპრესიული მონასმით არიან შესრულებულნი, საერთოდ, გამძაფრებული ექსპრესიულობა ამ პროზის უმთავრესი ნიშანია. ნიკო სამადაშვილის პოეტური პროზა ემოციათა რთული ერთიანობით იქმნება და სამყაროს ითვისებს არა მისი გაცნობიერების მიზნით, არამედ მასთან ადამიანის ყველაზე ინტიმურ კავშირთა შეგრძნების მიზნით, ხოლო ამ შეხვედრების შედეგი -ყოფიერების ტრაგიზმი მდიდარი დ მრავალფეროვანი ემოციური გამოცდილება გამხელილია ოდნავ პათეტიკური (რაც ყოველთვის ახლავს რიტუალის შესრულებას), არტისტული და საკრალური მანერით. ნიკო სამადაშვილის პოეტური განცდა შთაგონების დაახლოებით იმგვარივე ხარისხს ითვალისწინებს, როგორსაც პაოლო იაშვილთან ვხვდებით: „და არ არსებობს ტანჯვა უფრო უზარმაზარი, ვიდრე პოეტის შთაგონებით დასნეულება“. მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ნიკო სამადაშვილის ტანჯვა ონტოლოგიურია, არა მხოლოდ შთაგონებისეული, არამედ უფრო გლობალური -ყოფიერებისეული, ადამიანისა და სამყაროს ერთიანობის რღვევასთან დაკავშირებული. ამ ერთიანობის რღვევა გამოხატულია უძლიერეს სინესტეზიურ ხატში „ცაცხვი ფერს შესცდა“. რაღაც უმნიშვნელოვანესი, არსებითი ცვლილებების შეშფოთებული წინათგრძნობა ძლიერდება კითხვითი ფრაზით „რა ამბავია?“ რასაც მოსდევს სახადშეყრილი და დაღუპული ხის ხატი „აქ ხე მარხია, პოეტის გვამით/ სახად-შეყრილი და მოთენთილი“. იღუპება პოეტური არსგამოცლილი სამყარო. ადამიანისა და სამყაროს ერთიანობის ამ კატასტროფული რღვევის პოეტური აღქმის არეალი სულ ახალ და ახლა მიჯნებამდე ფართოვდება. დაშრეტის ზღვრამდეა მისული პოეტური „მე“ ადამიანში, სამყაროული გზნების ნაწილი, „გულის ერბაზში“ ცხელ წვეთებად ჩაღვენთილი. ამ გზნების ნიშანია იდუმალება, რომელიც ერთიანობის რღვევის კვალდაკვალ გადაიზრდება ძრწოლაში შეუცნობლის მიმართ, დასაკარგავად განწირული პოეტური „მეს“-ს წინასწარ შიშში სამყაროს უსასრულობის წინაშე („პლანეტათა გაუვალი ნახირი ხომ მაგიჟებს და შიშით ტანში მაკანკალებს“). გმოფიტულობა, სიცარიელე, სიფუტუროვე („ძვლები დამიფუტუროვდა“), შენიშნული თამაზ ჩხენკელისა და ნაირა გელაშვილის მიერ, იმავდროულად არის სამყაროს პოეტური შეგრძნებისაგან ადამიანის დაცლის მეტაფორა. ნიკო სამადაშვილის სივრცე დაცლისკენ მიდრეკილი სივრცეა. აქედანაა ყოვლისაღმგველი ქარი და გრიგალი, რომელიც ჩვენს წარმოდგენაში უბინადრობის, უსახლკარობის განცდასაც უკავშირდება (გავიხსენოთ გალაკტიონი: „მხოლოდ ქარიშხალს არ ჰქონდა ბინა“). უბინადრობისა და მარტოობის შეგრძნება ღრმავდება ისტორიის მიერ გარიყულ რელიგიურ-ეთნიკურ ღირებულებათა უბინადრობის ატებით: „ხნიერი გამოქვაბულებით“, „თვალებდათხრილი კერპებით“, „ტაძრის ფუტურო ქერქით“. სივრცის გამოცარიელების შეგრძნება ძლიერდება დროის დაშრეტის განცდით. ხატების ამ არეალში ნაძვის სახე კონტრასტისთვისაა შემოტანილი. „ნაძვები ცხედარს მოასვენებენ“. ნაძვი - მარადიული სიცოცხლის მეტაფორაა. იგი მარადისობის ელჩია წარმავლობასთან.

გამოფიტული, დაცლილი გარემოს გახშირებული, ორგიასტული სუნთქვა (მხოლოდ ფორმითა და ინტენსივობით ორგიასტული, შინაარსით - ანტიორგიასტული) განადგურების წინათგრძნობითაა სავსე. გამოცარიელებულ, უგრძნობელ სამყაროში მიდის პოეტის სიცოცხლე („ვისაც სიცოცხლე მიჰქონდა, როგორც უგრძნობელ ცხედარს“). პიროვნული თვითგანადგურების განცდა გამძაფრებულია ეროვნული უპატრონობის გაცნობიერებით (ერთიანობა ნიკო სამადაშვილთან ბედისწერული შინაარსისაა. ეროვნული ერთიანობა მთლიან სულიერებას გულისხმობს, მისი რღვევა ამ სულიერი მთლიანობის მოსპობას ნიშნავს. იგი ყოველგვარ მატერიალურ სივრცულ-დროულ ერთიანობაზე მაღლა დგას და წარმოადგენს ისტორიულ-კულტურული, ენობრივი, მსოფლშეგრძნებითი, ფსიქო-გენეტიკური ერთიანობის კრისტალიზაციის შედეგს): „ჩაფიქრებულხარ გზიდან გზაზე ბედამღვრეული/ და ქართულ ჰანგებს შენს მკერდის ქვეშ უფართხალიათ/, იცი, რომ შენკენ არსიანის ნაკადულები/ გულდაწყვეტილი ბალღებივით იცქირებიან?“

ნიკო სამადაშვილის შემოქმედებაში არის ზემატერიალური სივრცის სიჭარბე და მატერიალური სივრცის უკმარობა („ფრთხილად, ხალხი მიწიდან არ გადაცვინდეს“), ერთმანეთის გვერდით, ერთდროულად არსებობენ უსაზღვროება და გაუვალობა (უსაზღვროება - მიჯნის უქონლობა, დაუბრკოლებლობა, გაუვალობა - ამ მიჯნის არსებობა). ურთიერთსაპირისპირო, სივრცულ იდეათა ერთიანობა ესთეტიკურ ხარისხშია აყვანილი ევროპის აღსასრულის ტრაგიკულად განვრცობილ ხატში: „განწირულ ხალხთა დაუსრულებელი ნაკადი ჭირხლივით მოიწევდა კაცობრიობის სასაკლაოზე, დედამიწა უკუნეთის ქარაფების წინ ინჯღრეოდა. ამოვარდნილი ქარიშხლები ზათქით, წუილითა და ღრიანცელით მიერეკებოდნენ შემზარავ ღრუბლების ჯოგს ევროპის გაცრეცილ სივრცეებში... ყუფაყრილი ვულკანები ყვიროდნენ. უსაზღვროების გაუვალ ხრიოკებში ელდანაცემი პლანეტები ბღაოდნენ“ (გავიხსენოთ „პლანეტათა ნახირი“).

ყურადღება მივაქციოთ მოღიავებული, დაცლისკენ მიდრეკილი („გაცრეცილი“, „ხრიოკი“, „ხუფაყრილი“) სივრცის მოულოდნელ მატერიალურ დატვირთულობასა და შებორკილობას. სურათი განიცდება სამყაროს გლობალური კატასტროფის წინასწარხედვად, სიკვდილ-სიცოცხლის მიჯნები წაშლილია, უკიდურესობამდე დაძაბული რიტმი, აბორგებული დედამიწის სიკვდილისწინა აგონიის გამომხატველია, მოვუსმინოთ, როგორ გუგუნებს „ღვედდაწყვეტილი დედამიწის” გამეჩხერებული, გაცრეცილი სივრცე, რა ზარდამცემი ხმაურით იჭრება სიკვდილი სიცოცხლის სადგომში. სულმოუთქმელად გადაბმული, ვეებერთელა შიდა-პოეტური სივრცის მატარებელი ხატები უწყვეტ ნაკადად მიექანებიან ერთმანეთისაკენ, ეჯახებიან და ქრებიან, რათა გზა მისცენ ახალ შემზარავ სისხლიან, სიკვდილით დაღდასმულ ხატებს: „ევროპის ხმელეთი შემოხვეული ურჩხულის სიმძიმით იზნიქებოდა, ჩახურებული დედამიწა მკვდრებს ძლივსღა აუდიოდა, სასაფლაოებს ვეღარ ინელებდა, სისხლს აღებინებდა, სუნთქვა ეკვროდა, მზად იყო ზეცის ბალიში გაენგრია და სადღაც შორს, შორს... სინათლის იქით გადახვეწილიყო“.

ტოტალიტარული იმპერიების სიკვდილისწინა ენერგიით ატორტმანებული დედამიწა „ღვედდაწყვეტილია“. „ჭაპანს ვეღარ ეწევა და ისტორიის აოხრებულ გზებზე გულსაკლავად მობღავის“. საუკუნეთა ბოროტების გუგუნში გზადაკარგული ქართველისადმი პოეტის გულსაკლავი ძახილიც ისმის: „მანდ რჯულშეცვლილი დაემხობი მეჩეთის ხვრელთან, მესხეთში შენი ქრისტიანი დედა მარხია“. უსამშობლობა უპირველესად ნიშნავს იმ სივრცის გაუჩინარებას, გაქრობას, რომლის გარეშეც ადამიანი აბსოლუტურად მარტო რჩება სამყაროს უსასრულობის პირისპირ, გავიხსენოთ სამშობლოსთან განშორების უბრწყინვალესი ილიასეული ხატი: „თქვენ ჩემთან ივლით განუყრელად ვით ჩემი გული/, თქვენთან, ჰე მთებო, ბუნებითა შეუღლებული“ და შევადაროთ ნიკო სამადაშვილის ლექსის სტრიქონებს: „დარდი კვამლივით მედება სულზე, ირგვლივ რიყეა, უდაბნოს ქვები/, ისე დავდივარ ამ ქვეყანაზე, თითქოს საკუთარ ცხედარს მივყვები“. ერთგან მთებია, მეორეგან უდაბნო, ილიასთან გენეტიკური სივრცე წარმოსახვაშიც ინარჩუნებს სიცოცხლისუნარიანობას, ნიკო სამადაშვილთან იმთავითვე, რეალობაშივე სავსებით გაუცხოვებულია. ნიკო სამადაშვილის პოეზიისა და პროზის გმირი თითქმის მუდმივად განიცდის მატერიალური სივრცის უკმარობას, სივრცისადმი გაუცხოებას. „ცის შეღობავ ეზოებს“ მხოლოდ უსაზღვროებას მიჩერებული თვალი ხედავს. ეს გახლავთ შინაგანი აფორიაქების მაუწყებელი უზუსტო ხატი (ეზო - ჩემთვის შემოღობილი სივრცეა, ჩემი ყოფის საზღვარია, მაგრამ რაკი შემოუღობავია, მისი ფუნქცია მოშლილია. იგივე ხატი, ამავე დროს, აქ კოსმიურ სივრცესთან სულიერი ერთიანობის შეგრძნება აღბეჭდილია ყოფიერებისეული დისკომფორტის აქცენტირების ხარჯზე. ყველაფერი, რაც დედამიწისეულია, იმავდროულად უსასრულო სივრცის ნაწილებს წარმოადგენენ: „ხნიერი გამოქვაბულები განუწყვეტლივ უსტვენენ ფარღაღალა და ბუმბერაზ სივრცეებში“ („ხნიერი“ დროის ნიშანია, სივრცე დროის მეტაფორითაა გამოხატული). ფარღალალა და ბუმბერაზი ის მახასიათებლებია, რომლებიც სივრცეს მატერიალურობას უკარგავს. არსებითად, ეს გამოქვაბულები მატერიალური სივრცის ნაწილები არცაა, ისინი უსაზღვროების, მარადისობის შავი მღვიმეებია. უმიჯნოა სივრცის ზემოთმოტანილი ხატიც, სადაც „ცის ეზოები შემოუღობავია და მათ მაღალი ხის კენწეროები ჰგვიან“. ასეთივე დაუსაბამო სივრცეში მიედინება დროც: „ავადმყოფებივით ხიხინებენ ასეული წლების შარა-გზებზე მიმავალი საუკუნენი“.

დედამიწა გზასაცდენილია. იგი „ისტორიის მაცდურ ფურცლებს გაურბის“. ისტორიის იძულებით „შეკრული“ დედამიწა ამოვარდნილია მოძრაობის ბუნებრივი ტრაექტორიიდან. სამყაროს უმცირეს ჩქამს მისი ყოფიერების მთელ სივრცულ და დროულ ჭრილში მხოლოდ და მხოლოდ მისნის მზერა ამჩნევს: „წარმავლობის შორეული მიჯნებიდან ვიღაც იცქირებოდა, ის ბევრის მომსწრე იყო, იმან იცოდა... ის ახლაც იყურება. ის მისანია დასაბამსა და წარმავლობას შორის დასახლებული“. შემდეგ მისნის ხატი კიდევ უფრო უცნაურდება და თითქმის მთლიანად შორდება რეალურ აღქმას: „იმის ცხედარს დაწკრიალებულ წუთისოფელში შემოასვენებენ გაფითრებული გრიგალები“. აქ აუცილებელია რაიმეს თქმა ნიკო სამადაშვილის მხატვრულ სიტყვაზე. იგი არ არის მხოლოდ „თავანკარა ქართულის ფლობის“ ნაყოფი. იგი იდუმალი სიტყვაა უჩვეულო მეტაფორული ხატოვანებითა და სიღრმით. იგი არა მარტო აღმნიშვნელია, არამედ თითქმის ყოველთვის მიმანიშნებელიცაა იმავდროულად. ნიკო სამადაშვილი სიტყვათა არეალის შერჩევით იდუმალი სივრცის შექმნის გამორჩეულ უნარს ფლობს. ამ სივრცეში ჩვეულებრივი მოვლენები არ ხდება. მის ერთადერთ ფუნქციას პოეტურ სივრცედ არსებობა შეადგენს. დავაკვირდეთ: „დაწკრიალებული წუთისოფელი“ უკვე გარდაცვლილთა სამყაროა. აქ კი არ იბადებიან, არამედ მოდიან უკვე გარდაცვლილები - უსასრულობიდან; უკვე ცხედრები - სასიცოცხლოდ მისნის ცხედარს სტიქიონური ძალები მიუძღვებიან. იდუმალი, ჟრჟოლვისმომგვრელი, საოცარი ხატები სამგლოვიარო პროცესისა: „სიკვდილი მხოლოდ თავაზიანობის გამო ესწრება დასაფლავებას“. ცხედარს ან „განმარტოებული ნამქერი მოუძღვის“, ან „გაფითრებული გრიგალები მოასვენებენ“. და აი ნიკო სამადაშვილი აკონკრეტებს მისნის სახეს: „გოლგოთაზე მძიმე ჯვარს ისევ აღმართავენ, ვით სამარადჟამო მძევალს... ქრისტე თუ ბუდა თუ ქრისტე?“ თუ პოეტი, შემოქმედი, რომელსაც უმალ შევიცნობთ უმძაფრეს ექსპრესიულ ამონათქვამში: „ვინ დამიძახა დედამიწიდან? რა უნდათ ჩემგან?“. სწორედ იგი ნიკო სამადაშვილის პროზის გმირი - პოეტი, მისანი, შემოქმედი - დედამიწაზე „შემოცვენილ ნისლწამოხურულ საუკუნეთა“ მარადიული მომზირალი. ჯვარცმის მისტერია მათი ყოფიერების მისტერიაა.

ნიკო სამადაშვილის პროზას პოეტური ხილვათა უჩვეულო ნათება და პოეტური განწყობილების დიდი სიღრმეები ახასიათებს. ნიკო სამადაშვილი წარუვალისა და მარადიულის მხილველი და შემგრძნობი პოეტი გახლდათ და რაციონალური ესთეტიზმის ჩარჩოებში მომწყვდევა უთუოდ დაგვაშორებს მისი ქმნილების უმთავრეს სულს. მარადისობისაკენ თვალმიპყრობილი მისი გმირი ისე დახეტიალობს დედამიწის გზებზე, როგორც „სტუმარი“, ან უსაზღვროების „მძევალი“. ამ „ხეტიალს“ თავისი ბუნებრივი არტისტიზმი ახლავს, ხანდახან შინაგანი გზნების კონვულსიებით დეფორმირებული, მაგრამ მაინც ბუნებრივია, რაციონალური ზომიერებით და წონასწორობით შეურყვნელი. მისი ფიქრიც ერთთავად ამას უტრიალებს: „წარმავლობამ არ აგიკვიატოს, თორემ თავის ნოტიო კედლებზე შემოგვაწყვეტს, ფრთხილად!“ - აფრთხილებს, მისძახის თავის ორეულს, „წარმავლობის კრაზანებმა მოსწამლეს ტვინი, თორემ გულს რა უჭირდა. ტვინმა დაღუპა ქრისტეც და ბუდაც! ტვინი - ბედკრულ გულს რომ დასჩხავის თვალებს შიგნით ურჩხულივით ჩაცუცქული და თავის ქალაში ჭორიკანა ფიქრების აბლაბუდა ქსელს რომ აბავს“. აქ შეჩერება აუცილებელია. ნიკო სამადაშვილის პოეტური მსოფლშეგრძნების უმთავრესი ნაყოფი ჩამოკრეფილია და მისი სულიერი ტრაგედიის მიზეზებიც ცნაურდება: „წარმავლობის კრაზანებმა მოსწამლეს ტვინი“ - სიკვდილის შიშმა მოსწამლა ადამიანი და უარი ათქმევინა ველზე, გრძნობაზე, რწმენაზე. ადამიანი, დარჩენილი წარმავლობა პირისპირ გულის გარეშე, ტვინის ამარა - განწირულია. აი, განწირულობის მეტაფორებიც: გრიგალებით გადასერილი, მბჟუტავი, ფარღალალა ქვეყნიერება, წყვდიადს იქით თითქოს სამუდამოდ გარდასული მზე და ამ წყვდიადის „პიტალო კლდეზე ძლივსღა მბჟუტავი ტვინშენთხეული სინათლე“. არსებითად აქ მსოფლმხედველობრივი განსხვავება მისივე პოეზიასთან არ ჩანს. ნიკო სამადაშვილი სტიქიურად, რელიგიურია, ე.ი. მისტიკოსი. სხვაგვარად: რელიგიურია არ მსოფლმხედველობრივი ან აღმსარებლობითი კუთვნილების თვალსაზრისით, არამედ სამყაროს პოეტური აღქმოისობით. რელიგია, ჩვეულებრივი აზრით, მისთვის ტვინისმიერი წარმონაქმნია. რწმენა - დაპატიმრებული გონების მიერ, სამუდამოდ „მილურსმნილი ტაძრის კედლებზე, ამაოების მწველ მდგომარეობასთან ხავსივით შერწყმული“. ამიტომ ტაძარი „ავადმყოფი მონასავით თვლემს“, იგი „გზააბნეული შეთქმულია - საუკუნეთა ტევრში გაჩხერილი“. ტაძარი დაფუღუროებული, გამოფიტული დედამიწის ნაწილია (სწორედ მატერიალური ნაწილი და არა სულიერი), წარმავლობის სამსახურში ჩამდგარი, დაშრეტილი რწმენის საუფლო. მხატვრული ხატების ამგვარი რიგი (გზააბნეული, ჩამორჩენილი, დახავსებული) წარმავლობასთან რელიგიის თანამოზიარეობაზე მიგვითითებს. წამებული ღმერთი ტვინის მიერ მძევლად აყვანილი ღმერთია: „რაღაც სიდუხჭირე გადაეფარა სიონის გამოხრულ ჩონჩხს, ზედ ლაფივით გადაასხა თავისი ღვარძლი და ქრისტიანობის უკანასკნელ ნაბიჭვრებს დაგვიტოვა ჯვარგაჩრილი ახმახი თოჯინა“. ამ ნიცშეანური მედიტაციის შემდეგ მოვლენის მსოფლმხედველობრივ შეფასებასაც მოვუსმინოთ: „ქრისტიანობის ტრაგედიის მიზეზი ისიც იყო, რომ სიკვდილი ვერასგზით ვერ მოიშინაურა“. რელიგიის უნაყოფობას ნიკო სამადაშვილი მსოფლმხედველობრივად თანამედროვე ადამიანის რწმენის უნაყოფობას უკავშირებს. მაგრამ მხოლოდ გონებით. ჩვენი ეროვნული კულტურული ცნობიერების საძირკველში ქრისტესათვის დაღვრილი სისხლია ჩაწურული და ნიკო სამადაშვილის რელიგიური პოეტური ხატების უაღრესად ეროვნული და ტრაგიკული შინაარსიც. ამ ცნობიერების წიაღიდან მოდის: „ნინოს ცრემლები, დამსხვრეული ჯვრის ნაკუწები“ ან „ზურგშექცეულ მოწამეთა ხელის მუჭაში მიგროვილი ცრემლების ჟონა“ ...ამ ხატებში წამიერად წინაპრისა და შთამომავლის ტრაგიკული განცდით გაერთიანებული იმ რწმენის ნათელი აღდგება, გარეჯში ჩახოცილ ბერებს ლიტანიის დამთავრებას რომ ავალდებულებდა. ყოველთა დროთა შემმუსვრელი ტრაგიკული წამის სიდიადე აღადგენს ამ ერთიანობას. აღადგენს ყოველგვარი რწმენის ის ფარული სულისმიერი ენერგია, რომელიც ნიკო სამადაშვილისათვის პოეტური გზნების ტოლფასია და რომელშიც „ეგვიპტელი ქურუმების ცეცხლი“ და „გაძევებული ქრისტიანთა ელამი კელაპტრების ალი“ თანაბარწილად ელვარებს. პოეტი აქაც წარმავლობისა და მარადისობის კვალშია ჩამდგარი, აქაც „ჟამთა სიავის კევრით ჩალეწილ დროებათა გალახულ ტუტუნს“ უსმენს მიწაზე ყურმიდებული, რათა შეიგრძნოს რელიგიური გზნების შემორჩენილი ნატამალი. ეძებს და პოულობს „სიონის ქვებზე ამოჭრილ თვალდახუჭულ წარწერებში“, „ხუროთმოძღვრის ნაღვლიან ღიმილში“, „ნიშა ხარის ქანდაკებაზე“ შემორჩენილს. სწორედ ამიტომ პოეტი მისნის ბედის თანამოაზრეა, მასავით „მარადისობის მძევალთა წარმავლობასთან, სწორედ ამიტომ: „პოეზიის აკვნის უღელზე მარცხენა მკლავით დაყრდნობილი ღვთისმშობელი იავნანას მღეროდა და, საგოგავები ბანს აძლევდნენ“.

„შეხვედრები და სინანული“ პოეტურ აღქმათა და განცდათა, ხატებისა და ხილვების საოცარი, ელვარე კალეიდოსკოპია. ამ კალეიდოსკოპის ბუნება ძალზე თავისებურია. იგი ერთი წუთისოფლის სტუმრის საუბარს ჰგავს სხვა წუთისოფლის სტუმართან, უფრო ზუსტად კი იგი მარადისობის მგზავრთა საუბარია. ამ პროზას თავისი მსმენელი ჰყავს, სწორედ მსმენელი, რადგან ძალუმად შეიგრძნობა რიტმი, ინტონაციური მახვილები, სიჩუმე - ჭარბი განცდისაგან ყელში მოწოლილი და ამბოხებული სიტყვის ჩამაწყნარებელი, სიტყვათა უცნაური სიუხვე ქმნის ფარღალალა წუთისოფლის სიტყვით შევსების შეგრძნებას. აქ კიდევ ერთხელ მოგვიხდება იმის შეხსენება, რომ მოქმედების განვითარება ამ პროზის პრინციპი არ არის. ეს კი ნიშნავს, რომ მთხრობელის შინაგანი დრო შეჩერებულია, ეს დრო არის უსასრულობაში სასრულის დაფიქსირების, მოხელთების მომენტი, სამყარო ამ წამში ერთხელ და სამუდამოდ მიცემულია. პოეტური ხედვა ინტრავერსტუდია, ხოლო ამ ხედვის ნაყოფი იმთავითვე არსებობს მყოფნობის და არა განვითარების მდგომარეობაში. აქ მოქმედების სიუჟეტური განვითარების ანალოგიურ ფუნქციას მეტაფორაში ასახული სულიერი გამოცდილების დაგროვების პროცესი ასრულებს. ეს კი ნიშნავს, რომ დრო, როგორც შინაგანი გამოცდილების ფორმა გამოხატულია არა გარეგნულად, არამედ შინაგანი რაკურსით (ე.ი. ასახულია არა დროის სვლის გარეგნული სახე, არამედ სწორედ განცდათა ვერტიკალური იერარქია). ცნობილია, ესთეტიკური ხატის წარმოქმნის ერთი პრინციპი დროში მის დასრულებას გულისხმობს. ეს ფორმალურად, ხოლო პოტენციურად - შესაძლო აზრობრივ მნიშვნელობათა დაუსრულებლობას). ამ ესთეტიკურ საზღვრებს ადამიანის სიცოცხლეს სიკვდილი ანიჭებს, ხოლო ცნობიერების მოძრაობას - დროში ჩაკეტვა ანუ წარსულად ქცევა. ეს კი ნიშნავს, რომ რეალური ცხოვრების განსრულების შემდეგ ყოველი მოვლენა, საგანი, ადამიანი ახალი, ესთეტიკური სიცოცხლის დაწყების პოტენციას ატარებს. ესთეტიკური განსახიერების პროცესში მოვლენაში ჩადებული შესაძლებლობა მხატვრულ რეალობად იქცევა. ნიკო სამადაშვილთან სამყარო წარსულად ქცევის მიჯნაზე იმყოფება. არა მარტო ემოციურად, არამედ მსოფლმხედველობრივად და ესთეტიკურად რწმენას ენაცვლება რელიგია, გულს - ტვინი, რაც მთავარია, კვდება პოეტი და ჩვეულებრივი ადამიანისაგან განსხვავებით, რომელიც „მხოლოდ თავისთავს უკვდება“, პოეტი მთელ სამყაროს უკვდება და ქვეყანა რჩება პოეტურად მომზირალი თვალის გარეშე. თვით ის ფაქტიც, რომ „შეხვედრები და სინანული“ ჟანრის გარეშეა, სავსებით კანონზომიერია, რადგან სწორედ გადასვლის მომენტს აფიქსირებს. გარდაცვალების, გადასვლის წამი (რადგან ადამიანიც - მძევალია, შემოხეტებული სტუმარი, რომელიც უნდა წავიდეს და არსებითად მზადაა წასასვლელად ყველა ნიშნით - სივრცეც მზადაა განითქვიფოს უსასრულობაში, გამოფუღუროვებულია, დათხრილია, საზღვრები მორღვეულია) შემობრუნებული და აღდგენილია პოეტურ განცდაში, პოეტურ ხატში, ე.ი. შენარჩუნებულია სამყაროსათვის დროში, როგორც ესთეტიკური ფასეულობა. ამ გზით შემოქმედებითი ძალისხმევის აქტი - „განდობა სამყაროსთან“ - პოეტური არსისგან განძარცვულ სამყაროს კვლავ შემოსავს პოეტური მზერით. აი, ეს შეყოვნებული სამყაროა ნიკო სამადაშვილის პოეზიის და პროზის სამყარო. ამის შემდეგ უკვე აღარც უსასრულობიდან პოეტის გამოხმობის პასაჟი „ვინ დამიძახა დედამიწიდან“ ჟღერს პათეტიურად.

„ბაღები სადალაქოს თოჯინებივით შეკრიჭეს“ - გოდებს პოეტი. (გავიხსენოთ, რომ ეს ის ბაღებია, სადაც „წარმართი ხეები“ ან „მლოცველი ცაცხვები“ დგანან). ცივილიზაციის „კეთილშობილური“ აგრესიის მსხვერპლის ეს ზუსტი ხატი, სხვათა შორის, გვხვდება ანდრეი ტარკოვსკის ფილმშიც, როცა ბავშვობისდროინდელ სახლში მიბრუნებული ფილმის გმირი ყველაზე მეტად ბაღის გაკრეჭას განიცდის. გავიხსენოთ, როგორ გვეუცხოება საკუთარი თავი თმის მოკვეცის შემდეგ, ჩვენი არაცნობიერი აღნუსხავს განმსგავსებას ჩვენს ბუნებრივ „მეს“-თან. „შეხვედრები და სინანული“ უმძაფრესი მონატრებაა, დატირებაა „ჟივილ-ხივილისა“ დაბინდების ჟამს. „სამყაროს პირველყოფილი ბედნიერებისა“. სოციალური ცხოვრების ყველა დეფორმაცია სამყაროს პირველქმნილი მთლიანობის ხელყოფის ნაყოფია და ადამიანის მიერ სამყაროს პოეტური აღქმისგან განდგომის შედეგად მოსჩანს, „პოეტურ გათხრებში“ მწერალი უპირისპირდება ცივილიზაციას, როგორც ქაოსს, როგორც გზადაკარგული კაცობრიობის გაუვალ ბილიკს, როგორც დაშორებას ბუნებრივი წესრიგისაგან. ისტორია „ნანგრევების ხრიალია“, „ნანგრევების ლუღლუღი“. „ნანგრევებში ჩაახველებენ ხოლმე სადღაც ჩაბნელებულ საუკუნეთა გომურში და ჩვენ ისტორია გვგონია“.

პოეტი არის მაგი, რომელმაც სამყაროს საიდუმლო უნდა გახსნას, მაგრამ რაციონალიზმის სახადშეყრილ კაცობრიობას მისი აღარ სჯერა, როგორც თვით იდუმალებისა აღარ სჯერა, როგორც თვით იდუმალებისა აღარ სჯერა საერთოდ. რაოდენ მისტიურია ეს ამაღლება ყოფიერებიდან, სიცოცხლიდან, ეს „გადაცილება წუთისოფლიდან“, „გადაცილება სამყაროებიდან“, ეს მარადიული ხეტიალი სამყაროს დაუსაბამო გზებზე. „თუ გზას როგორმე ვეღარ გაიგებ, /ქარები მთვარეს ასწევენ მაღლა“... (ადამიანთან შეხვედრის მარადიულად მომლოდინე სამყაროს ხატი). „პოეტური გათხრები“ თანადროულობიდან გენეტიკური მეხსიერებისაკენ, არაცნობიერებისაკენ იწვევს საოცარი პოეტური ხატების მოზღვავებას. მათში ქართულ სიტყვაში ჩაბუდებული მეხსიერებამდელი პოეტური ენერგია ფეთქდება. ეს ფეთქებადი ბურთები ნიკო სამადაშვილის პროზაში ლექსებად არიან გაბნეული, შეუძლებელიც კია მისი პროზის გაგება ამ ჩანართების გარეშე. ესაა სიტყვის იდუმალი მისტიკით და საკრალური ენერგიით სავსე პოეტური ხილვათა გამკვირვებელი, შედედებული წარმონაქმნები. ნიკო სამადაშვილის შეგრძნებები სამყაროულია, დაცილებული მატერიალურ ყოფიერებას ზუსტად იმდენად, რამდენადაც დუმილი - სიტყვას: „აჰყე, არ დასძრა არსად კრინტი - ხმა/ და სამყაროებს გადასცილდები“. ის ამბობს „აჰყე“, „მოსწყდი“ და მისი გზა არის ბედისწერით აღბეჭდილი გზა სამყაროს გარე სამყაროებისკენ. აქ სულ გადალახვაა, სივრცეთა გადავლაა, გადაცილებაა, სინათლის გაღმა გაქუსვლაა, დროის მიჯნების მსხვრევაა, ბედისწერული ჭენებაა პოეტური გზნებისა. მარადისობაში ჩასახული წუთისოფელი ისე ფხრეწს მის ბნელ ფარდას, როგორც მამლის ყივილი - ღამის მდუმარებას. გათენება ღამეში ისახება ისევე, როგორც წუთისოფელი მარადიული, ზედროულ სოფელში. ცივი, პირუტყვი უკუნეთი „მეორე წუთისოფლის სანათურებია“. სამყაროს იქით - სამყაროა, პლანეტის იქით - პლანეტა, „პლანეტათა გაუვალი ნახირი“, წუთისოფლის მიღმა „მეორე წუთისოფელი“ და ამ უსასრულობით შეძრული პოეტის სული, მის სივრცეებში განავარდებისათვის შექმნილი, მაგრამ სასრულ ჭურჭელში მოქცეული, დამფრთხალი და შეშფოთებული.

ლექსების დაკავშირება წამიერ შთაბეჭდილებებთან, ცხოვრებისეულ მოვლენებთან თუ განწყობილებებთან და ამ კავშირის განსაკუთრებით ხელშესახები, ცოცხალი ფორმები ნაკარნახევი უნდა იყოს მის მიერ არაერთგზის გამოთქმული მოსაზრებით, რომ არაფერი, მით უფრო პოეტი არ არსებობს ცხოვრების მაცოცხლებელი წვენის გარეშე. ის გარე სამყარო, რომელსაც პოეტის შინაგანი ბუნება გამუდმებით ეურჩება და უარყოფს, მისივე ნაწილია, მის წიაღში დაბადებული და პოეტური შთაგონებით აღელვებული, ბედისწერის ნიშნით აღბეჭდილი. ცხოვრება პროზისა და პოეზიის უცნაური ხლართია. ამ უცნაურობის ნიშნით არიან აღბეჭდილნო ნიკო სამადაშვილის პროზის პერსონაჟები - სიკეთისა და ბოროტების სასწაულებრივი ნარევი, წარმავლობის ჭუჭყში ალესილნი, სიკეთის თავგადაკლული მაძიებელნი და გაწბილებული სიყვარულის შემოქმედნი ერთდროულად, წარმავლობის ამ ორომტრიალში პოეტი სხვისი სიცოცხლის ჩუმი, უტყვი მეთვალყურეა, ცხოვრებისეულ პროზაში პოეზიის ძებნას გადაყოლილი.

ნიკო სამადაშვილი საოცარი ძალით ხატავს ყოფით სურათებს, ფიროსმანისებური კონტრასტებით და იდუმალებით რაღაც არაამქვეყნიური ნდობითა და გზნებით აღბეჭდავს მათ გახსნილ სადღესასწაულო განწყობას, ხატავს ქართველ კაცს - თავის გარემოს განუყრელ ნაწილს, ამ გარემოდან ბუნებრივად ამოზრდილს, ხატავს წუთისოფლის მარადიულ სტუმრებს, მათთან შეხვედრის იდუმალი, ბედისწერული აუცილებლობით შეშფოთებული. აქა-იქ გაელვებული ბიოგრაფიული მომენტები; პაექრობა საკუთარ სულთან; „პოეტური „მე“-ს დაბადება და გამოღვიძება („შენ ჩემში უსტვენ / ვით საყდრის ჩიტი“); „პოეზიით დასნეულების“ უცნაურად მატერიალური და იმავდროულად, იდუმალი ხატები შეზავებული უხვი, ჭარბად ექსპრესიული მედიტაციებით.

„შეხვედრებისა და სინანულის“ დასკვნითი ნაწილი შემოქმედის სასტიკი, ცინიკური განადგურების სურათია. სწორედ აქ მოდის ყველაზე მძაფრად ნიკო სამადაშვილი შეხებაში თავის თანამედროვე ეპოქასთან, მის სახელმწიფოებრივ-პოლიტიკურ ბოროტ, დამანგრეველ არსთან. „ჩაქოლილი მწერლის“, „აბღავლებული დედამიწის“, „უმზეოდ დარჩენილი ქვეყნის“, ხატებაში პოეტის, შემოქმედის, ადამიანის მიმართ ეპოქის სასტიკი და ულმობელი განაჩენი იკითხება: „ორთავიანი არწივი ფრთებს იქნევდა, გულგასაწყალებლად ყაპყაპებდა და თავისი ვერაგი ბრჭყალები დაჯმუჯვნილ თავისუფლებისათვის გაეყარა“. „შეხვედრები და სინანული“ სივრცესა და დროში გაწყვეტილი უიმედო ბგერით მთავრდება. სრულდება ფსიქოლოგიური დროის პოეტურ დროდ ქცევის საოცარი რიტუალებით სავსე უცნაური პროზა. პოეტური სულის აღსარება, „ლექსის გარეშე“ დარჩენილი პოეტური გზნების ემანაცია. იწყება ზაფხულის ხვატით და მთავრდება ზამთრის ცივი ღამით. იწყება აგუგუნებული ქარიშხლით და თოვლიანი ქარბუქით განსრულდება. კაცობრიობას უკვდება კიდევ ერთი პოეტი, რომელსაც „ღრუბლის ნაწოვი სივრცე უყვარდა“. ეპოქას განაგებს უკიდურესობამდე გაღვივებული „ფლობის“ ინსტინქტი. ნიკო სამადაშვილის პროზა და პოეზია „ყოფნობის“ უკანასკნელი პროტესტია, თავისივე უძალობის დამაფიქსირებელი. იგი კიდევ ერთხელ აღადგენს, აღიარებს ადამიანური ყოფიერების დასაბამიერ ზნეობრიობას - წესრიგსა და ჰარმონიას, სამყაროსთან ერთიანობას. ამ აღიარებას აქ განდობის, გაზიარების ფორმა აქვს - „ყოფნობის“ მდგომარეობის ონტო-გენეტიკური ფორმა. ამავე მდგომარეობას ასახავს პოეტურ დროსა და სივრცეში ამეტყველებული მისი ენაც. ნიკო სამადაშვილის მხატვრული ენა შინაგანი მეტყველების გამოხატულებაა და იმდენადაა ჩაძირული თავის პოეტურ წიაღში, რომ კომუნიკაციის ფუნქციას მხოლოდ ესთეტიკურ დონეზე ახორციელებს. სხვაგვარად, ეს ენა გარდამავალია შინაგანი ენიდან - მეტყველებისაკენ, პოეზიიდან - პროზისაკენ. მას არ უწერია ამ საზღვრის გადალახვა იმ დიდი შინაგანი პოეტური ენერგიის გამო, რომელიც მას პოეზიის სტიქიის გადალახვას უკრძალავს. იგი რჩება პოეტურისა და ესთეტიკურის საზღვარზე, როგორც ნიმუში შინაგანი ხილვის ერთადერთობისა და ამოუწურაუბისა, მისი პოტენციური გაუზიარებლობისა. ეს საზღვარი გვაგონებს საზღვრის იმ ტიპს, რომელიც მეტაფორასა და შედარებას შორის არსებობს. მეტაფორა ვერ იქცევა შედარებად შინაგანი სიღრმისა და მნიშვნელობათა სიჭარბის გამო, ვერ მოექცევა ერთმნიშვნელოვან სტიქიაში.

აუცილებელია ორიოდე სიტყვით დავახასიათოთ აზროვნების ის სტილი, რომელიც 20-ინი წლების მწერლობისათვის არის დამახასიათებელი და რომელიც ეპოქალურ კატაკლიზმების მითო-პოეტური კონცეპციის ნაყოფს წარმოადგენს. ამ ვარაუდის გამოთქმის ნებას გვაძლევს მთელი 20-იანი წლების ქართული პროზა, მათ შორის - ნიკო სამადაშვილის „შეხვედრები და სინანული და 20-იანი წლების უდროოდ გარდაცვლილი მწერლის ბასილ მელიქიშვილის მოთხრობები. ნიშანდობლივია, რომ ორივე სახელი მსოფლმხედველობრივ და ლიტერატურულ-ესთეტიკურ შეხედულებათა გარკვეულ სისტემასა და სულიერ მეგობართა საერთო წრეს უკავშირდება. ერეკლე ტატიშვილი, ბასილ მელიქიშვილი, ნიკო სამადაშვილი ამ წრის წევრები გახლდნენ და ამიტომ მოულოდნელი არაა, რომ მნიშვნელოვანი განსხვავებების მიუხედავად, ადამიანურ ყოფიერების ტრაგიზმის განცდა სამივეს ერთნაირად ახასიათებდათ. პოეტურ სახეთა უცნაური ხატოვნება, სამყაროსთან ინტიმური განდობის ფორმა, მარადისობის სუსხიანი მზერით აღძრული იდუმალების განცდა, აღქმათა ესთეტიზაცია და მეტაფორიზაცია მათი პროზის დამახასიათებელი თავისებურებებია. მათი ქმნილებები კოსმიური ნგრევის წინათგრძნობით შეპყრობილი, ადამიანისა და სამყაროს რღვევის შემგრძნები პოეტური სულის გამონათებებია და განწირულების ნიშნით არიან აღბეჭდილნი.

ამ „დაშლის“ პოეტური ხატი „შეხვედრებისა და სინანულის“ პირველსავე ნაკვეთში გვხვდება: და „მე“ - ადამიანის ორადგახლეჩილი შინაგანი არსი თანამოსაუბრის ხატად იქცევა და მთელს მის პოეტურ სამყაროში განიბნევა მეგობრის, მგოსნის, მოხუცისა თუ მწერლის ხატებად. თითქმის ყველა შეხვედრას ყოფიერებასთან შეხებაში მოსული პოეტური სულის მსხვრევის ხმაური ახლავს. თუკი XX საუკუნის ევროპული ესთეტიკა ბოჰემაში იბადებოდა, ქართული პოეტური აზროვნება საკუთარი საბედისწერო ისტორიის, შეურაცხყოფილი რელიგიისა და დამსხვრეული სულის ესთეტიზაციას ახდენდა. ნიკო სამადაშვილის ესთეტიზმი ტანჯვის ნიშნით არის აღბეჭდილი, რადგან ეს ქვეყანა „მწყემსდაღუპულ სოფლის ნახირად“ ქცეულა. აი, სწორედ ეს განწირული ქვეყანაა ჩაწურული მის პოეზიასა და პროზაში. აქ ისევ ხმიანობენ „ტაძრის ფუტურო ჩუქურთმები“, „მთვრალი ბერები“, მაგრამ სიცოცხლის ეს უკანასკნელი ხმები ყოვლისმომცველ მდუმარებაში თითქოს შემთხვევით შეჭრილი ხმებია: „ზენარი ზარები სდუმდნენ წირვებში დაქვრივებულნი, ასეულ წლებში მუდარით და რეკვით დაოსებულნი“. ნიკო სამადაშვილის ხატებსა და აზრებს „სიცოცხლეშივე გადამწვარი პოეტის ლანდი“ წამოსდგომია თავს. ყველაფერში უსახო, გახრწნილი, უფორმო ყოფაა შეჭრილი. აქ პოეზია ვერ ხმიანობს, პოეზია სრული, აუმღვრეველი სიჩუმეში იქმნება „იმღერე, სანამ მყუდროა ღამე/, სანამ გრიგალებს სძინავთ, ძვირფასო!“ მთელი თხზულება აღსარებათა კრებულია, ჩამოაცილეთ მას ეს დიალოგური ფორმა, როგორც განდობის, გაზიარების გარეგანი ფორმა და ხელთ შეგრჩებათ პოეტის ინტიმური აღსარება, მისი მწველი და მშფოთვარე ფიქრი საკუთარ თავზე, ყოფიერებაზე, პოეზიასა და რელიგიაზე, სიცოცხლესა და სიკვდილზე. ჩვენ, სწორედ ამ თვალით უნდა წავიკითხოთ ნიკო სამადაშვილის „სულის რომანი“.

3.27 65. კუჭუხიძე, გოჩა. ყოფიერების პრობლემა ნიკო სამადაშვილის პოეზიაში

▲ზევით დაბრუნება


// ლექსმცოდნეობა: ყოველწლიური კრებული / შოთა რუსთაველის ქართ. ლიტ. ინ-ტი. - თბილისი, 2021. - № 13, ლექსმცოდნეობის მეცამეტე სამეცნიერო სესია (მასალები): ეძღვნება ნიკო სამადაშვილს. - გვ. 80-110.

ჰაგიოგრაფიიდან ვიცნობთ მონაზვნებს, რომლებსაც წუთისოფელი მოძულებული აქვთ, განრიდებულნი არიან წარმავალ ცხოვრებას და მთლიანად ზეციური, არაამქვეყნიური სამყაროებისაკენ აქვთ ყურადღება მიმართული, ისინი ანგელოზთა წიაღებს მიელტვიან, ანგელოზებთან, ზეციურ იერარქებთან მიახლოებულებად გრძნობენ თავს და იქიდან გადაჰყურებენ მიწიერ ქვეყანას; უცხოა მათთვის ის ფიზიკური ქვეყნიერება, ის წუთისოფელი, რომელში მყოფნიც წამიერი ფასეულობებისათვის იბრძვიან და რომელშიაც ერთმანეთს დასაღუპავად იმეტებენ ადამიანები და სულიერი ძილისა და სიკვდილის პირას მიჰყავთ საკუთარი სული...

ჩვენ გვერდით ისეთი ადამიანებიც იმყოფებიან, რომელთაც ასევე არ იზიდავს წარმავალობა, გაუცხოებულნი არიან მისგან, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ სცდებიან წუთისოფელს, თითქოს ცასა და მიწას შორის გაჭედილანო, მიწიერებას გაურბიან, მაგრამ ვერც ზეციურ სიმშვიდეში შედიან, - იქნებ იმის გამო, რომ დიდანგელოზური რწმენა და ძალა არა აქვთ, ან იქნებ - იმიტომ, რომ რელიგიის ფარისევლურად აღმსარებელთ შეუშლიათ ცათა სიღრმეთაკენ სწრაფვაში ხელი და ყოველდღიური ყოფა და საზრუნავიც შექმნიათ წინაღობად; ორ სამყაროს შორის მოქცეულთ ტანჯვად ჰქცევიათ ცხოვრება, სტუმრებივით იარებიან წუთისოფელში, ზოგჯერ თრობით ცდილობენ ამ ტანჯვის ჩახშობას და ასე, წამებაში, გადის მათი წუთისოფელი.

ასეთ ადამიანებს უჭირთ ზეციურ სასუფეველში სულიერად შესვლა, მაგრამ, ამ ქვეყანას მორგებულთაგან განსხვავებით, მაინც სულიერ წმიდა წიაღთა შვილებად გრძნობენ თავს, ცათა სიღრმეთაკენ მიუწევთ გული და იმას მაინც აღწევენ, რომ იცნობიერებენ, ზეციურ სამშობლოს რომ მიეკუთვნებიან და უმეტეს შემთხვევაში ხდება ისე, რომ ცათა სიმაღლეთაკენ მიმავალ ბილიკებზე ამთავრებენ მიწიერ სიცოცხლეს, მიდიან როგორც ამ ქვეყანას ვერშეგუებულნი...

ბედნიერია ის, ვინც ახერხებს, ამქვეყნადაც ცხოვრობდეს მშვიდად და - სულიერ სამყაროებშიაც, ღმერთთან და ღვთისმშობელთან ახლოს იმყოფებოდეს და ამ სოფელს დანათოდეს და ათბობდეს ზეციური შუქით; ანგელოზს ემსგავსება ასეთი ადამიანი, - თავად ღმერთის, მთავარანგელოზის მიერ წარმოგზავნილს, ამსოფლად ცხოვრებისას შეცდომებსაც უშვებს ხოლმე, მაგრამ არ ავიწყდება, შინაგანად ახსოვს, ღვთისგან გამოგზავნილი სული რომ არის და, ადრე თუ გვიან, მაინც აღასრულებს ვალს, - ღვთაებრივ შუქს შეჰმატებს წუთისოფელს... ასეთები არიან ქრისტეს მოციქულები, წმიდანები, ანდა, დანტესა და ვაჟა ფშაველას, ბახისა და ვივალდის მსგავსი ადამიანები, ზოგმა მათგანმა არც იცის, ღვთაებრივი მისიის აღმასრულებელი რომ არის ამ ქვეყანაში...

ნიკო სამადაშვილი აქ აღწერილ უფრო იმ ადამიანს ჰგავს, ცასა და მიწას შორის რომ იარება და ჯერ რომ ვერ უპოვია ზეცასთან მისასვლელი გზა; წუთისოფელი უცხოა მისთვის და, როგორც ამის შესახებ ბევრჯერ არის ლიტმცოდნეობაში აღნიშნული, არაამქვეყნიურ მიღმა სამყაროებს მიელტვის ეს მისტიკურად განწყობილი ადამიანი; ქარად და ქარიშხლად ესახება წუთისოფელი („სულ ქარების ქროლვაა“ მის პოეზიაში; სირაძე 2011: 55), ამქვეყნიური აწეწილი ფიქრები თავგზააბნეულ ქარს ემსგავსება მისთვის და სუსხავს წუთისოფლისაგან მოღვრილი ქარი; სულიერ სამყაროებს მიელტვის, მათ დაეძებს, უახლოვდება, ძალიან ახლოს ჩაუვლის ხოლმე სულიერ კარიბჭეს, მაგრამ ჯერ ვერ შედის და ვერ მკვიდრდება მასში (მაია ჯალიაშვილის სავსებით მართებული აღნიშვნით, ქრისტეს რწმენას ნიკო სამადაშვილისთვის „დროდადრო მოაქვს შინაგანი სიმშვიდის განცდა, რომელიც გარესამყაროსაც აწესრიგებს, მაგრამ ეს დიდხანს არ გრძელდება. ფიქრთა ნაკადები ქარიშხლებად იქცევიან და ჰარმონიას კვლავ ქაოსად აქცევენ“; ჯალიაშვილი 2016); ჯერ არ არის ნიკო სამადაშვილი სასუფეველში სულიერად შესული და ღვთაებრივი სიმშვიდის ნეტარებაშეგრძნობილი, ესა თუ ის ზემოხსენებული მიზეზი უშლის ხელს ცათა სიღრმეებში ამაღლებას, ქვემოთ ბრუნდება, მიწისაკენ მოემართება, ვერც აქ ისვენებს, მოსვენებას არ აძლევენ, ქარივით უწეწავენ სულს ფიქრები, იტანჯება, ღვინით ცდილობს ამ ფიქრთა ჩახშობას; მაგრამ რადგან იცის, მთელი არსებით გრძნობს, რომ წუთისოფლის შვილი არაა, მაინც განაგრძობს გზას ზეცათაკენ, თუმც, ძალიან უჭირს ძებნა (ცოტაღა უკლია, არარაობაზე დაიწყოს ფიქრი, რომ ტერენტი გრანელივით აღარც სიცოცხლე უნდოდეს და აღარც სიკვდილი და „რაღაც სხვაზე“ მოეძალოს ფიქრები); ხან მიწიერი დემონები ებრძვიან პოეტს, ხან ბნელი სულიერი წიაღებიდან ილაშქრებენ მის წინააღმდეგ ეს დემონები, სასოწარკვეთილებაში უპირებენ ჩაგდებას, შეშინებასა და სულიერ განადგურებას ცდილობენ მისას და სწორედ ეს ბრძოლა, ეს შინაგანი მეხთატეხა, ქარი და ქარაშოტია მის ლექსებში ასახული; სულიერი ცხოვრების დღიურებს ემსგავსება ლექსები, ამ „დღიურებიდან“ ვხედავთ ადამიანს, ყოფით ცხოვრებას რომ ვერ შეგუებია და ვერც წარმოსახულ სულიერ სამყაროებში დამკვიდრებულა და ასე, სულიერად აფორიაქებული, წერს იმის შესახებ, რასაც განიცდის, ხშირად საკუთარ თავს ელაპარაკება, ან მესამე პირში გვიამბობს მასზე, ზოგჯერ გარედან უყურებს თავის პიროვნებას და, შესაძლოა, მოგვეჩვენოს, რომ მკითხველი არც ჰყავს ადრესატად, თუმცა, ძალიან კარგად იცის, დღეს თუ არა - ხვალ, აუცილებლად რომ წაიკითხავენ მის ნაწერებს და მომავალ მკითხველებს აგებინებს, გულწრფელად, ზედმეტი მანერიზმის გარეშე, წარმოუჩენს, თუ როგორ ცხოვრობდა, როგორ აღიქვამდა სამყაროს, რა უყვარდა და რას დაეძებდა ამსოფლად მცხოვრები ერთი კაცი - ნიკო სამადაშვილი...

სამადაშვილის ერთ ლექსს „ქედი სივრცეში“ ჰქვია, როგორც ეს სხვა ლექსებშიც ხდება ხოლმე, აქაც საკუთარ თავს მიმართავს პოეტი:

„ჯანყს ეფარები, ვინმე რომ გხედავს,
მოსწყდი სქელ ჯანყებს, რას აცივდები?!
აჰყე მძლე მთების ვიწრო ხერხემალს,
და წუთისოფელს გადასცილდები.
თუ გზას როგორმე ვეღარ გაიგნებ,
ქედები მთვარეს ასწევენ მაღლა;
იმასთან სისხლიც ვერ შეგარიგებს,
მიწისკენ კვალი ვინც მოგასწავლა.
აჰყე პირდაპირ ქედს, მთის ხერხემალს,81
ცრემლებსაც ნუღარ ჩააცივდები.
აჰყე, არ დასძრა არსად კრინტი, ხმა
და სამყაროებს გადასცილდები.“

როგორც ვხედავთ, ცათა სიმაღლეებისაკენ მოუწოდებს პოეტი საკუთარ თავს, სურს გასცდეს ამ მიწას, სიმაღლეებში გადაიკარგოს, მისი სხვა ლექსებიდანაც კარგად მოჩანს, ზეცისაკენ გზის გაგნების სურვილი რომ მოსძალებია, თითქოს მიწისაკენ მოხედვაც აღარ სურს, უნდა, რომ მოსწყდეს „სქელ ჯანყებს“ (ერთი და იმავე მნიშვნელობით ხან „ჯან/ყ/ს“ წერს ნიკო სამადაშვილი, ხან - „ჯან/ღ/ს“, სხვა სიტყვების შემთხვევაშიც იყენებს განსხვავებულ ფორმებს, იქმნება შთაბეჭდილება, რომ საუბარშიც სხვადასხვა ფორმას მიმართავდა და ლექსის წერის დროსაც არ ადგენდა ზუსტ ფორმებს, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა არც ჰქონდა მისთვის, როდის რა ფორმას დაწერდა... ასეთი „ბუნებრივობა“ სამადაშვილის ტექსტისთვის დამახასიათებელი ერთ-ერთი ნიშანია... ამ საკითხებს ქვემოთ მოვუბრუნდებით), მაგრამ ის უფრო იგრძნობა ლექსებიდან, გზა რომ ერევა ამ სიმაღლეებში, ვერ იგნებს, ვერ იკვლევს გზას, რადგან, იქნებ, იმის გამო, რომ სულიერი სამყაროების არსებობაში მტკიცედ ვერაა დარწმუნებული, დიდ მონაზონთაგან განსხვავებით, სიმშვიდის ნეტარებას ვერ ზიარებია, დაბნეულა, გზა ვერ უპოვია, დაეხეტება სულიერ ბილიკებზე და გზა-კვალარეულს ისეთი მწარე ფიქრები ეხვევა გარს, რომ კოსმიურ მსუსხავ ქარებად ესახება ეს ფიქრები, სასტიკ ქარიშხლებად აღიქმებიან ისინი პოეტის წარმოსახვაში; სწორედ ეს ქარი უბერავს მის ლექსებში, ზოგჯერ ქარიშხლად რომ ექცევა ხოლმე; იტანჯება ამის გამო პოეტი, ზოგჯერ სევდიანი ღიმილითაც უყურებს ამ ყველაფერს, ხდება ისეც, რომ საკუთარ თავს უბრაზდება, ურწმუნოებასა თუ მტკიცედ ვერდგომაში დებს ბრალს (როგორც რევაზ სირაძე აღნიშნავს, მის „ლექსებში ძალზე ხშირია აღსარებანი საკუთარი ურწმუნოებისა“; სირაძე 2011: 54...), ფარისევლური რწმენა ვერ დაამშვიდებს ასეთ სულს, არ ჰყოფნის ძალა, ვერ პოულობს მარადისობას; ათეისტურ საზოგადოებაში მცხოვრებს შუა საუკუნეების ბერივით ძალუმი არ აქვს რწმენა, რომც ჰქონდეს, ალბათ არ აპატიებენ ამ რწმენას ათეისტური სახელმწიფოს მესვეურები და, ფარისეველთა გარდა, ესეც უშლის ხელს ძალუმ რწმენასთან მიახლებაში (მტკიცედ ჩამოყალიბებულ მსოფლმხედველობას არც ემყარება მისი სარწმუნოება); რამდენიმე მეგობარი ჰყავს, ერთი, რომელსაც მასწავლებელს უწოდებს არჩილ სულაკაური წერს ამის შესახებ; - სამადაშვილი 2003:498), ნიცშეს უხსენებს ხოლმე საუბარში, ბევრი რამ აინტერესებს, თითქოს ოდნავ შვებასაც ჰგვრის მაძიებელ სულს ამ კაცთან ურთიერთობა, მაგრამ მაინც ვერ ისვენებს, წრიალებს, სუსხავენ ქარიშხლებად მოვარდნილი ფიქრები, აღიზიანებენ და ღვინოში, ღვინის სარდაფში, იკლავს დარდებს; ზოგჯერ შორეული ბავშვობის სურათები წარმოესახება და ენატრება ისინი, ზოგჯერაც იმედი ეძლევა, რომ აწეწილ ფიქრთაგან სოფლის იდილიაში დაბრუნება იხსნის, ის დააბრუნებს სიმშვიდეში, თითქოს ებოდიშება, დამნაშავედ გრძნობს თავისი გამზრდელის წინაშე თავს („როგორ ნაღვლობდი, როცა ავცდი გზას და ქვეყანას, / როცა სარდაფებს მივაშურე ბედის ურგებმა“, ლექსის სათაურია - „ძალო ეკატერინეს“), ბავშვური უმანკოება აგონდება, ის სამყაროა მისთვის ბავშვობა, სოფელთან რომ ასოცირდება, ლიახვშიც კი ბავშვურ უმანკოებას ხედავს და ამბობს: „ლოდებს ხავსის ქვეშ შექანებიან / ნეტარ ბავშვობის ტანტარა წლები“ („ლიახვის ნაპირებს“); სოფელში, ანუ იმ გარემოში უხმობს გამზრდელი, რომელშიც გაატარა ბავშვობა („მითვლიდი, ბიჭო! მაგ ღვთის ცეცხლში რაზე ყაყანებ, / ნუთუ სიმშვიდე დაგავიწყეს საძნე ურნებმა? / მოშორდი ქალაქს და მიხედე შენს კარმიდამოს, / დარგავ ყვავილებს, ამყნი თუთას, ამ უსურვაზებს“; - ლექსი „ძალო ეკატერინეს“), მაგრამ, რადგან ერთხელ აწეწვია სული, ვეღარ უბრუნდება იდილიას, იმ მტრედისფერ წყნარ სიმშვიდეში ვეღარ შეძლებს ცხოვრებას, დემონებსა თუ ამქვეყნიურ დემონიურ ადამიანებს ბავშვობაც წაურთმევიათ მისთვის („საღი ცხოვრება ვინ ჩაგაშხამა, / ვინ მოგიწამლა ბავშვის კაკანი“; ლექსი - „ო, რა მწარეა, როცა ლექსებზე“...), ისევ ცასა და მიწას შორის ურჩევნია ხეტიალი, ვერ გაურკვევია, იმ ნეცშეანურ ზეკაცთან სცადოს მიმსგავსება, ერეკლე ტატიშვილი რომ ესაუბრება ხოლმე, თუ ისეთ ადამიანად მოინდომოს ყოფნა, რომელიც, საჭიროა, მტკიცედ იდგეს მიწაზე, რათა სულიერი ორიენტირები მთლიანად არ დაეკარგოს და შეშლილობის ზღვარს არ მიუახლოვდეს; ზეციური სასუფევლის გარეშე ვერ იცხოვრებს, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ვერ მიუგნია, რადგან მაინც უახლოვდება ხოლმე ზეციურ ნათელს, მცირე ნაპერწკალს მაინც სტაცებს მას და ამითაც მოაქვს სიკეთე ხალხისთვის; ერთ ლექსში ასე წერს: „რა ექნა, იყო ქვა თუ ზეკაცი, / ვისთვისაც ზეცა დაპატარავდა, / ვისაც არ ჰქონდა სარკმელი მზისკენ / და რიჟრაჟებში შუქს იპარავდა“; ლექსი - „უკუღმართობა“), ქვესკნელშიც რომ დაინთქას ასეთი კაცი, იონა წინასწარმეტყველივით ვერა, მაგრამ მაინც იქაც უთუოდ თვალს მოკრავს ღვთის შუქს („რა ექნა იმას, ვინც ქვესკნელშიაც / სივრცეებს თვალი ვერ მოაშორა“), - იმიტომ, რომ ეს ის კაცია, „ვინც პირქვე ეგდო, ან სიცოცხლიდან / თუ გინდ ვარსკვლავებს იქით გაფრინდა“... აქ მოყვანილი ლექსი („უკუღმართობა“) თავისი ნიცშეანული „ზეკაცით“ ერეკლე ტატიშვილზე დაწერილსაც ჰგავს და ისეთ შთაბეჭდილებასაც ტოვებს, რომ საკუთარ თავსაც ხატავს მასში ნიკო სამადაშვილი... ბავშვობა ენატრება, ოღონდ, ჩანს, ბავშვობაშიც ფიქრობდა ხოლმე წარმავალობასა და მარადისობაზე და ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სულის ტანჯვა მერე კი არ გაჩნდა ერთბაშად, არამედ ბავშვობიდანვე უნდა იყოს აღმოცენებული, „რა ძალა ადგათ ხატს რომ შესწირეს / ალიზის ქოხში, ჩამქრალ ბუხართან“, წერს პოეტი ლექსში - „აღარც ნუგეში“ და ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ოდესღაც, - ჯერ კიდევ მაშინ, როცა „ალიზის ქოხში“ ცხოვრობდა, ჩამქრალი ბუხრის პირას დაფიქრებია ბავშვი ცხოვრებას, მაშინ ქცეულა „ხატსშეწირულად“ და ასეთები კი ჩვეულებრივი ადამიანის ცხოვრებით ვეღარ ცხოვრობენ ხოლმე... მის ბავშვობაზე საუბრისას მართებულად წერს ზაზა აბზიანიძე: „ასე მგონია, რომ ნიკო სამადაშვილის მთავარი სატკივარი მის გაორებულ ცხოვრებაში კი არ იყო, მის გაუმზეურებელ ტალანტში, არამედ უფრო შორიდან, მისი ბავშვობიდან მოდიოდა და მთელ მის შემდგომ უიღბლობაში მოისმის ობლის ბალიშში ჩაგუდული ბღავილის გამოძახილი; სამადაშვილი 2003: 523)...

ერეკლე ტატიშვილი ვახსენეთ ზემოთ და მასზე გავამახვილებთ ყურადღებას: არ არის შეუძლებელი, რომ ნიკო სამადაშვილის პოეზია ამ კაცის, - ნიკოს უფროსი სულიერი მეგობრისა და მის მასწავლებლად ცნობილი პიროვნების შინაგანი სახის დანახვაშიც დაგვეხმაროს ცოტათი მაინც; ყოველ შემთხვევაში, შესაძლოა, სამადაშვილის თვალით აღქმული ტატიშვილი მაინც დავინახოთ და, ამასთან, მათ ურთიერთობაზეც შეგვექმნას უფრო ცხადი წარმოდგენა; ერეკლესადმი მიძღვნილ ლექსში („მთვრალის შეკითხვა“) ამას წერს სამადაშვილი:

„ასე გოდებდა მკათათვის ღამეს
კაცი - ფასკუნჯი თვალებწყეული.
გულს აყოლებდა ხანდაზმულ ნაღველს
ისედაც გულში გამომწყვდეული.
ღვინო დარდისფრად ეკიდებოდა,
ნისლში ბჟუტავდა გზათ ვალალობა,
თან გარეთ ნაძვებს ეკითხებოდა:
- გჯერათ თუ არა წარმავალობა!“

ჩვენ წინ იხატება კაცი, რომელიც ადამიანში „კაც ფასკუნჯს“ ხედავს; ზღაპრულ სამყაროებში მოხეტიალე ადამიანის სიმბოლოს ემსგავსება „ფასკუნჯი“, როცა სხვა ლექსში („სიზმრების ნაღვერდალი“) ასე მიმართავს ნიკო სამადაშვილი ერეკლე ტატიშვილს: „აგეკვიატე ნეტა რა ჭირად? / შენ რას აგწერდა რემბრანდტის ფუნჯი, / ამ დროს ხელებში გველი გიჭირავს / და თვალებიდან მოჩანს ფასკუნჯი“, იქმნება შთაბეჭდილება, რომ სახარებისეული რემინისცენციით წერს, სახარებიდან ვიცით იესოს სიტყვები მოციქულთა მიმართ თქმული: „იყუენით უკუე მეცნიერ, ვითარცა გუელნი და უმანკო, ვითარცა ტრედნი“ (მ. 10: 16); „გუელის“ ხსენებისას ის იგულისხმება, რომ ქრისტიანი გონიერი უნდა იყოს, ადამიანის მაცდუნებელს არ უნდა ჩამორჩეს გონიერებით, მთავარანგელოზთა სიბრძნეს უნდა უგდოს ყური, რათა არ დაჯაბნოს უკეთურმა ძალამ, „ტრედნი“ კი, ცხადია, სიწმიდისა და უმანკოების სიმბოლოა; აქ გავიხსენებთ, რომ ბავშვებზე ამას ამბობს უფალი: - „უკუეთუ არა მოიქცეთ და იქმნნეთ, ვითარცა ყრმანი, ვერ შეხჳდეთ სასუფეველსა ცათასა~ (მ. 18:3); ზემოთ ბავშვობაზე ვსაუბრობდით, ახლა დავძენთ, რომ, ვფიქრობთ, სახარების ამ სიტყვების კონტექსტში უნდა ვიყოთ მოქცეულნი, როცა ნიკო სამადაშვილისეულ ლექსის ბავშვობაზე ვსაუბრობთ და აქვე ვიტყვით, რომ სამადაშვილის პოეზიაში არაერთგზის ნახსენები სიტყვა - ფასკუნჯი, ყოველ შემთხვევაში, უმეტესწილად, სულიწმიდის და, შესაბამისად, ბავშვური უმანკოების სიმბოლოსაც მოჰგავს და იქნებ მტრედის სინონიმადაც უნდა მივიჩნიოთ იგი; ერეკლე ტატიშვილში იმ ადამიანს ხედავს სამადაშვილი, რომელშიც გონიერებაც არის, სიწმიდეც, თუმც, მეგობარი, ერთგულ სულიერ შემწედ რომ ჰქცევია ნიკოს, თავადაც გაწამებულ „მოხეტიალეს“ მოჰგავს და გვრჩება შთაბეჭდილება, რომ ამ ხეტიალისას მასაც სტანჯავენ დემონები, ამ ტანჯვა-წამების კვალსაც ხედავს მის თვალებში ნიკო სამადაშვილი და ამიტომ არის, სიტყვა „წყეულს“ რომ ახსენებს ამ ლექსში; არ არის ადვილი სათქმელი, რა იზიდავდა ნიკო სამადაშვილს ერეკლე ტატიშვილის ნაუბარში, მაგრამ იმის თქმა დანამდვილებით შეიძლება, „ღმერთის სიკვდილზე“ ფიქრი მისაღები რომ არ იქნებოდა მისთვის, - მარადისობის მძებნელისათვის; ნიცშე, - კაცი, რომელიც მთელ ევროპულ კულტურას, თავის პლატონთან და ნეოპლატონიზმთან, რენესანსთან, მონანიებასთან, საერთოდ, ქრისტიანულ და სხვა რელიგიურ პოსტულატებთან ერთად, უარყოფდა, ადამიანის დამონავების იარაღად მიიჩნევდა ამ ყველაფერს და მიწიერი ზეკაცი და მიწიერებით მტკბობარი ზეკაცი მიაჩნდა მას იდეალად, ღმერთი და მარადისობა არ ჩანს ნიცშეს სამყაროში და ეს უთუოდ შეაშინებდა ნიკო სამადაშვილს, იქნებ იმან კი დააინტერესა, რომ ფარისევლობა გაჯდა ახალი საუკუნეების ადამიანში, რომ მის სულში ჭეშმარიტი ღმერთი დაიკარგა, იქნებ ამ საკითხებზე ერეკლე ტატიშვილთან მართლაც იტაცებდა ნიცშეზე საუბარი, თანაც, ნიცშე აკრძალული იყო საბჭოთა კავშირში და ეს აკრძალვა უფრო დააინტერესებდა ალბათ, მაგრამ უღმერთობას და მარადისობის ურწმუნობას ვერ მოიწონებდა ნიცშეს ფილოსოფიაში, სულს უარესად აუწეწავდა იმ ადამიანის სწავლება, რომელთანაც ღმერთს ვერა და ვერ დაინახავდა და ათეიზმის სული კი უფრო ძალუმად გამოჰხედავდა მისი ფილოსოფიიდან; ისიც არ ვიცით დანამდვილებით, რამდენად ხშირად საუბრობდნენ ნიცშეზე ერეკლე და ნიკო სამადაშვილი, მართალია, ნიცშე თარგმნა ერეკლე ტატიშვილმა, მაგრამ ეს სულაც არ მეტყველებს იმაზე, რომ ჩამოყალიბებული ნიცშეანელი იყო იგი და ყველაფერში ეთანხმებოდა ამ ფილოსოფოსს, ფართო განათლება ჰქონდა ერეკლე ტატიშვილს და, ჩვენი აზრით, არ უნდა წარმოვიდგინოთ ისე, თითქოს ყოველთვის ძირითადად ნიცშე იქნებოდა მათი მთავარი

სასაუბრო თემა და, საერთოდ, მწერლობასა და კულტურაზე არ ისაუბრებდნენ; თუმც, ამ საუბრისას ღმერთისაგან ადამიანის დაცილების საკითხებს მაინც ვერ აუვლიდნენ გვერდს, ერთთავად თუ არა, ის არაა საეჭვო, რომ მაინც შეეხებოდნენ ნიცშეს და, რადგან, როგორც ქვემოთ ვნახავთ, სწორედ ამაზე მეტყველებს ნიკო სამადაშვილის ლექსები, ვფიქრობთ, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ფარისევლური რწმენის მომძლავრება და ადამიანში ღმერთის დაკარგვის თემა უთუოდ დააინტერესებდა ნიკო სამადაშვილს და, რადგან მარადისობაზე პასუხს ვერ იპოვიდა ნიცშეს ფილოსოფიაში, თუ ისიც მოეჩვენებოდა, რომ უარყოფდა ეს ფილოსოფოსი მარადისობას და ერეკლეც დიდად არ ეწინააღმდეგებოდა ამ საკითხში, აქედან გამომდინარე, ერთგვარად გაორებულ ადამიანადაც მოეჩვენებოდა ერეკლე ტატიშვილი; სიწმიდეს ხომ დაინახავდა მის მზერაში და ზოგჯერ, იქნებ, არამარადიული სამყაროს არსებობაში, თითქმის, დარწმუნებული კაცის თვალებითაც გამოხედავდა ხოლმე ერეკლე, ან უწმიდური ძალის მიერ შეძრწუნებულ სულს ხედავდა ამ ადამიანში, - იმისგან შეძრწუნებულს, ვინც ჩასძახოდა, რომ მხოლოდ ადამიანის სულში კი არ „მოკვდა ღმერთი“, არამედ მართლა უღმერთოა მთელი სამყარო და უნდა შეეგუოს ამას „ზეკაცი“ და ვფიქრობთ, სწორედ ამიტომ უწოდა სამადაშვილმა ერეკლეს „თვალებწყეული“, ეს ის „წყეულობა“ უნდა იყოს, რამაც საბოლოოდ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მიიყვანა ნიცშე, - კაცი, რომელმაც უდიდესი ზეგავლენა მოახდინა ადამიანებზე და დღესაც ახდენს ამ ზეგავლენას; ტატიშვილში, ჩანს, ღვთაებრივსაც ხედავს და ეშმაკეულსაც ნიკო სამადაშვილი (ტატიშვილის სრულ ნიცშეანელობაში იმ უბრალო მიზეზის გამოც გვეპარება ეჭვი, რომ დაუმეგობრდა მას ნიკო სამადაშვილი); ლექსში, რომელიც ზემოთ მოვიყვანეთ, ერეკლე, ვგონებ, იმ კაცად წარმოდგება, ზოგჯერ თავისი მეგობარივით ღვინოში რომ იკლავს დარდს და მარადისობაზე ფიქრს ასევე რომ ვერ ანებებს თავს; ძალიან ძნელია, სიკვდილის შემდეგ ადამიანის სულის გაქრობასთან შეგუებულად წარმოვიდგინოთ ის ადამიანი, რომელიც ნაძვებს ეკითხება, - „სჯერათ თუ არა წარმავალობა“, ყოველ შემთხვევაში, ნიკო სამადაშვილი ასეთ კაცად ვერ აღიქვამს ერეკლე ტატიშვილს, მასწავლებელს უწოდებს, მაგრამ, თუ სჯერა, რომ ისეთი ჩამოყალიბებული ნიცშეანელია ტატიშვილი, რომელსაც სულის უკვდავება არ სწამს, იქნებ ეკამათება ხოლმე და მარადისობაში მის დარწმუნებას ცდილობს და იქით უწევს მასწავლებლობას ზოგჯერ (მასწავლებელიაო რომ ამბობდა, იქნებ იმას უფრო გულისხმობდა, გიმნაზიაში რომ ასწავლიდა ერეკლე ნიკოს?); ჩვენ მაინც გვგონია, რომ სამადაშვილის მიერ დანახული ერეკლე ტატიშვილი მაძიებელ სულს უფრო ჰგავს, ვიდრე - იმ ნიცშეანელს, სტოიკურად რომ არის შეგუებული აზრს, რომლის თანახმად, სულს „უნდა ერთხელ ბოლო მოეღოს“... უფრო ვფიქრობთ, რომ ორი მაძიებელი სული იხატება ჩვენ წინაშე და რომ, გონიერების გარდა, სულიწმიდისეულ სისუფთავესაც ხედავს ამ ადამიანში ნიკო სამადაშვილი; ერთმანეთთან საუბარში, ალბათ, ხშირად ეხებოდნენ წარმავალობისა და მარადიულობის თემას და სამადაშვილის პოეტიკაზე საუბრისას კი სიტყვა „ფასკუნჯი“, როგორც ითქვა, „მტრედის“ სინონიმად გვესახება, - რითმას რომ არ მოეთხოვა ზემომოყვანილ ლექსში ამ სიტყვის ხმარება („ფუნჯი“ - „ფასკუნჯი“), იქნებ, არც ეხმარა ეს სიტყვა, შესაძლოა, სწორედ ამგვარმა რითმამ (იქნებ, რომელსამე გამოუქვეყნებელ ლექსში ნახმარმა) დაამკვიდრა მის პოეტურ მეტყველებაში ეს სიტყვა და, გადაჭრით ვერ ვიტყვით, მაგრამ, როგორც ზემოთაც გამოჩნდა, ვვარაუდობთ, რომ მტრედის (ან - მისი მსგავსი) სემანტიკა შეაძენინა მას (სიტყვა „მტრედს“, როგორც სიწმიდის გამომხატველს, პოეტის სხვა ლექსებში არაერთგან შევხვდებით: „მტრედის ნისკარტით დაწერ ბარათებს“... „ხატებთან ენთო უბინაობა, / და კამერებში მტრედების ბუდე“... „დაჭრილ მტრედივით დაეცემა სველი ბარათი“... `შენი ფიქრების ჩრდილში გოგმანი, / მტრედის სიზმარში მომიპარია“... „ალალი გულის კიაფობა თვალის სარკმელში, / ტანის ბოლოზე მტრედის დარად გაშლილი ფრთები“... „რომ დაგეძებდი, ფოთლები მიხვდნენ, / მითხრეს: ვარდებმა კოცნით დაღალეს, / ძლივს ჩაიძინა... მტრედებიც დასხდნენ / და ნისკარტები ფრთებში დამალეს“...); ნიკო სამადაშვილის ლექსებს პოეტური დამუშავების კვალი ნაკლებად ემჩნევა (ზემოთ ითქვა, რომ ერთსა და იმავე სიტყვას ხან ერთი ფორმით წერს, ხან - მეორით... ამ საკითხზე ქვემოთ განვაგრძობთ საუბარს), ბუნებრივად იბადება მისი სულის სიღრმიდან რიტმი და რითმა (ლექსისათვის მოხდენილი რიტმის შერჩევა რომ მშვენივრად ეხერხება, საილუსტრაციოდ ეს სტრიქონები გაგვახსენდა: „სადღაც მნათე ზეცის თაღს რეკს, / წუთისოფლის კარგა გაღმით, / ქაოსები გზებს კენკავენ, / ასე ხდება ყოველ ღამით“, - წარმოიდგენს, რომ, როცა დაღამდება, ცის თაღთან მდგარი ღამეული მნათე ზარს ჩამორეკს და სასიამოვნო გრძნობა დაიბადება უთუოდ არაერთი მკითხველის სულში, მოხდენილი და სხარტი რიტმით გვიხატავს ამ სურათს) და ამ ბუნებრივი და გულწრფელი სტრიქონებიდან იმ კაცად მოჩანს ერეკლე ტატიშვილი, რომლისაც არ ესმის უმეტესობას და, იქნებ, ბოლომდე ვერც ნიკო გებულობს:

„სად ვინ შეიგრძნობს იმ კაცის თვალებს,
კაცი, რომელიც ხან ფასკუნჯია.“

(„სიზმრების ნაღვერდალი“)

ნიცშესადმი სამადაშვილის, და, იქნებ, ასევე, ერეკლე ტატიშვილის დამოკიდებულებაზე მსჯელობისას აუცილებელია შევეხოთ ერთ ლექსს, რომელსაც ქვემოთ მოვიყვანთ:

„მეუბნებოდა, გადავკრათ ღვინო,82
როგორც თეძაფი, ისე გადავკრათ,
ჩვენც იქნებ გულში ჩავიღიღინოთ...
გარეთ კი ისევ წვიმდა საძაგლად.
გამოქვაბულში ქარის ტირილი
ქვესკნელს ხევიდან ხევში ჩაჰქონდა.
ქუჩაში მარტო და გაცრეცილი
გზებგადამცდარი ნიცშე ბღაოდა.“83

ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ღვინო დაულევია ორ კაცს, ნიცშესა და მარადიულობაზე უსაუბრიათ, მერე ნაღვინევები გამოსულან ქუჩაში და ერთ-ერთი მათგანი ამ დროს ემოციურად გამოხატავდა ტანჯვას იმის გამო, რომ ვერა და ვერ დაინახა მარადისობისაკენ მიმავალი გზა; თუ ერეკლეა ეს ტანჯული, თუ, საერთოდ, მას ეძღვნება ლექსი, მაშინ უფრო სარწმუნო ხდება, რომ ერეკლესაც სტანჯავდა წარმავალობაზე ფიქრი და ისიც საფიქრებელი ხდება, რომ არა მარტო მისი, არამედ თავად ნიცშეს განწირული ყვირილი ესმის მის ხმაში ნიკო სამადაშვილს; რომც არ იგულისხმებოდეს ტატიშვილი ამ ლექსში, რადგან თავად ნიკო სამადაშვილის მსოფლხედვა კარგად იკითხება მასში და, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ იქნებ ეკამათებოდნენ კიდეც ერთმანეთს, ძირეულ საკითხებში მაინც მსგავსი ექნებოდათ ეს მსოფლხედვა და ამგვარი აზრი კი უფრო გვიმტკიცებს შეხედულებას, რომ ერეკლეც მარადისობის მაძიებელი სული იყო; იქმნება შთაბეჭდილება, რომ ოდესღაც ძალიან გაუტაცია ნიცშეს ფილოსოფიას ერეკლე ტატიშვილი, რომ შემდეგ ნიკოც აუყოლიებია და ორივეს ბევრი რამ მოსწონებია ნიცშეში; მაგრამ მერე, რადგან ღმერთი ვერ დაუნახავთ მისეულ სამყაროში, ორივეს დაუკარგავს მოსვენება; ყოველ შემთხვევაში, ნიკო სამადაშვილზე მეტი ალბათობით შეიძლება, რომ ითქვას ეს; შესაძლოა, იმ „სალოსისებურ“ ადამიანს ხედავდა გერმანელ ფილოსოფოსში, რომელიც ტრადიციულს ყველაფერს უარყოფდა, რათა ამით მიეგნო ჭეშმარიტებისთვის, მაგრამ მერე ღმერთისა და მარადისობისგან შორს მყოფად დაინახა და, თუ ჩამოყალიბებულ ათეისტად არ მიიჩნია, „გზებგადამცდარად“ აღიქვა იგი და ამის შემდგომ გაუჭირდებოდა ნიცშესთან დგომა; ვიმეორებთ: თუ ერეკლე ტატიშვილს ეძღვნება ლექსი, მაშინ ძლიერდება აზრი, რომ ერეკლეც მარადისობას ეძებდა და ისიც ეჭვდებოდა ხოლმე ნიცშეში.

ცხადია, ძალიან ძნელი იქნებოდა ასეთ ადამიანთა ცხოვრება იმ დროს, როცა ათეისტები ნუგეშის მოკვლას ცდილობდნენ მათ გარშემო, როცა, მიუხედავად იმისა, რომ ნიცშეს ფილოსოფიას უარყოფდნენ, ამტკიცებდნენ, რომ ფიზიკური სიცოცხლის გაქრობასთან ერთად ყველაფერი ქრება და ეგებ ვერც ხვდებოდნენ, ნუგეშისმცემელ, ანუ სულიწმიდას რომ გმობდნენ ამით, ე.ი. იმ ცოდვას სჩადიოდნენ, რომელზეც სახარებაში ასეა ნათქვამი: - „ყოველი ცოდვაჲ და გმობაჲ მიეტეოს კაცთა, ხოლო სულისა წმიდისა

გმობაჲ არა მიეტეოს კაცთა“ (მ. 12: 31); როგორც მიაჩნიათ, ამგვარადაც განიმარტება უფლის სიტყვები... ეს მოუნანიებელი ცოდვა განსაკუთრებით საშინელი ჩანს...

ბავშვობასთან დაკავშირებით ერთსაც დავძენთ: - ნიკო სამადაშვილის პოეზიაში შეხვდებით სიტყვებს, რომლებშიც კერპებს შეწირული ყრმები არიან ნახსენები, რამდენად მართალია ის შეხედულება, რომ წარმართულ ხანებში კერპებისათვის ბავშვების შეწირვა ხდებოდა, ეს სხვა საკითხია, მაგრამ ნიკო სამადაშვილს, შესაძლოა, სჯეროდა, რომ ასე ხდებოდა წარმართულ ეპოქაში, როცა წერდა: „არმაზის კერპთან ბავშვს მიაკრავენ“ (ლექსს ჰქვია „ბოლო“), ალბათ იჯერებდა, რომ ასე იქცეოდნენ წარმართი წინაპრები და ამ სიტყვებში სწორედ მათ მიერ შეწირული ყრმები იგულისხმა, მაგრამ ჩვენ მისი სიტყვები შეგვიძლია განვაზოგადოთ და ისიც წარმოვიდგინოთ, რომ, საერთოდ, მსხვერპლად უმანკოების შეწირვაზე, ადამიანის გამეტებაზეა აქ საუბარი; ლექსი გალაკტიონთანაც ამჟღავნებს სიახლოვეს („ქუჩაში, მტვერში წაიქცა ბავშვი“...) და, როცა მოყვანილი სტროფის ბოლო ტაეპებსაც წავიკითხავთ, შესაძლოა, ისეთი შთაბეჭდილებაც შეგვექმნას, რომ პოლიტიკური მინიშნებაც არის ამ სიტყვებში: „აქ დარიალთან ჩონგურს უკრავენ, / თუ ვიღაც ცეკვავს რუსულ გარმონით?“; დარიალია აქ ნახსენები, - საქართველოს საზღვარი, ვხედავთ შეპირისპირებას - ჩონგური და რუსულ გარმონზე ცეკვა... გამოთქმა - „სხვის დაკრულზე ცეკვა“ გვახსენდება და გამიზნულად დაწერილ თუ შემთხვევით დაცდენილ პოლიტიკური შინაარსის ფრაზად გვესახება ეს სიტყვები... პოლიტიკური მინიშნება, არაა გამორიცხული, ამ სტრიქონებშიც იყოს: „და დარიალთან თერგი მშფოთვარე“ / შეაჟღარუნებს ელვარე დეზებს“ (ლექსი - „ბოლო“), თერგს ილია ჭავჭავაძისადმი მიძღვნილ ლექსშიც ახსენებს და თითქოს სამადაშვილის ცნობიერებაშიც დაუმორჩილებლობისა და ბრძოლისაკენ მოწოდების განწყობას ბადებს იგი...

ლექსში - „ლიახვის ნაპირებს“ ასე წერს პოეტი:

„ჩემო ლიახვო, ალბათ მე და შენ
საქართველოდან გამოგვრეკამენ.“84

შესაძლოა, მოგვეჩვენოს, რომ ამ შემთხვევაშიც პოლიტიკური მინიშნებაა და, იქნებ, ნაწილობრივ ასეც იყოს, მაგრამ, ვფიქრობთ, სხვა სათქმელიც ისმის ლექსიდან, - ლაღ ბავშვობას იგონებს პოეტი (მაშინაც ფიქრობდა ხოლმე წარმავალობასა და მარადისობაზე, მაგრამ, ჩანს, მაინც ლაღი ჰქონდა ბავშვობა...), გვიჩვენებს, რომ ძველებურად ხალისით სავსე შეეგება ლიახვი, მაგრამ თვითონ აღარ არის ასეთი და სულიერ გზებზე ხეტიალში გზააბნეულ მგზავრს დამსგავსებულა („ჩემო მდინარევ, დამხვდი ბალღივით, / მე კი გესტუმრე გზების ავყია“), თითქოს ვეღარ სცნობს ლიახვი იმ ხალისიან ბავშვს და ეს „გაზრდილი ბავშვიც“ ვეღარ გრძნობს მასთან თავს ძველებურად („ეს ნაპირები როდიღა მცნობენ, / მეც ვეღარ ვამჩნევ სიყრმის ალაგებს“ (პარალელი ისევ გალაკტიონთან: „მაგრამ სამშობლოს ძველი გზებით ვეღარ მოვაგენ“...), შემდეგ ვხედავთ, რომ აქ სადღაც დასამარებულა მისი ბავშვობა („ლოდებს ხავსის ქვეშ შექვავებიან / ნეტარ ბავშვობის ტანტარა წლები, / ჩემი ლექსებიც აქ ჩაქრებიან, / როგორც გარეჯის ხელთნაწერები“), ამბობს სხვას არაერთს, საიდანაც ვხედავთ, თუ როგორ განსხვავდება პოეტი თავისი ბავშვობისგან, წერს ასეთ სიტყვებს: „შურთხის ფრთებს ჰგევხარ, ჩემო ლიახვო, / ნეტავ ამ ფრთებზე მომეკლა თავი“... „ან აელოკა გული ნაკადულს... / სანთლების შუქზე ეფიქრა ცხედარს, / რომ ჩემი გვამი ხელის კანკალით / გორიჯვრის ძირში ჩაეფლა დედას“ და ამის შემდეგ ამბობს: „საღამო მოდის, ნისლის ზედაშეს/ სვამენ და დაისს მთები კენკავენ, / ჩემო ლიახვო, ალბათ მე და შენ / საქართველოდან გამოგვრეკამენ“; საქართველოს ლაღი მდინარეა ლიახვიც და, თუ პოეტის შემოქმედებაში ამ სილაღეს დაკარგავს იგი, თუ პოეტივით ისიც გზაარეულობასთან და სიკვდილთან ასოცირდა (და წარმოდგენილ ლექსში ვხედავთ, რომ უკვე ხდება ასე), მაშინ, როგორც თვითონ ფიქრობს, ეს პოეტიც მიუღებელი გახდება ქვეყნისთვის და - მის მიერ აღწერილი ლიახვიც...

ეს ლექსი ტიციან ტაბიძის სიტყვებს გვაგონებს („გარჩენილი ვარ ქვებზე კალმახი / და ახეული მაქვს ლაყუჩები, / შემართულია ფეხზე ჩახმახი / და უსიკვდილოდ ვერ გადვურჩები“), ტიციანივით სასიკვდილოდ გამზადებულს დამგვანებია აქ ნიკო სამადაშვილი და ეს კი, ჩანს, თავად პოეტსაც არ მოსწონს, მიაჩნია, რომ საქართველო არ მიიღებს სიკვდილთან და უკიდეგანო პესიმიზმთან წილნაყარ ადამიანს, სიცოცხლით სავსე ქვეყანად ესახება საქართველო, სიცოცხლისა და ხალისის, მგზნებარების განსახიერებასთან ასოცირდება მისი ერთ-ერთი მდინარე და, თუ ასეთები ვერ იქნებიან თვითონ და მისი დახატული მდინარე, ფიქრობს, რომ ვეღარ იცნობს სამშობლო და გარიყავენ, „გარეკავენ მათ საქართველოდან“; აქ მივადექით წინამდებარე სტატიის ერთ-ერთ მთავარ სათქმელს:

პოეტის წარმოსახვაში საქართველო ის ქვეყანაა, რომელიც სიმშვიდის მბოძებელია, რომელშიაც ზეცა და მიწა - ორივე მშვენიერია და მას შეუძლია, ადამიანი სწორ გზაზე დააყენოს, სიცოცხლის ხალისისა და სიმშვიდის მოპოვებაში შეეწიოს, ოღონდ, საჭიროა, რომ შეიგრძნოს ეს ძალა და კოსმიურ ბილიკებზე ხეტიალისას არ დაეკარგოს სამშობლო, არ ჩაქრეს იგი მისთვის „გარეჯის ხელთნაწერებივით“; თითქოს შეგუებულია ამგვარ ხვედრს („რა ვუყოთ მერე, ვიღაცა მგზავრი / გაყვება სტვენით გზნების მოლაღურს, / და შეადარებს გაკმენდილ ზარებს / მწყემსის უბეში მოკლულ სალამურს“), მაგრამ, ცხადია, არ უნდა, რომ „გაეკმინდოს სალამური“, რომ ყურთ აღარ ჩაესმოდეს მშობლიურ ტაძართა ზარების რეკა... იესო ქრისტესა და დედა ღვთისას სამშობლოდ ესახება საქართველო ნიკო სამადაშვილს და ქრისტიანული სულის ნავსაყუდელად აღიქვამს მას, მისთვის თითქოს ყველა ნამდვილი დედა ღვთისმშობელსა ჰგავს, მამა ალბათ - იოსებ მართალს...

ლექსში - „ატენის სიონი“ ნათლად იგრძნობა, სიმშვიდისა და გადარჩენის ერთ-ერთ უმთავრეს წყაროდ რომ ესახება პოეტს საქართველო, - ეს ის ქვეყანაა, რომელშიაც „დასაბამს ქვემოთ“ პირქუში ტყე ბუდობდა; სიბნელე მეფობდა ერთ დროს საქართველოში, მაგრამ მასში უკვე მაშინ „შეხიზნებოდა მთებს ქურდებივით / გამოქვაბული და მყუდროება“; გამოქვაბულის ხსენება ბეთლემში ყრმა იესოს დაბადებას გვახსენებს და შემდეგ და შემდეგ უფრო ძლიერდება განცდა, რომ ქრისტეს და ქრისტიანული სულიერების დაბადებაზე წერს პოეტი: - ამ პირქუშ ტყეში ადრე „სქელი ნისლები ხრჩოლავდნენ“, ამაოებასა და უიმედობას მოეცვა გარემო, მაგრამ იმედად იმ დროს „ვარსკვლავნი ისე მოსჩანდნენ ღამე, / თითქოს ზეცა ჩრჩილს ამოეჭამა“; გამოქვაბულთან, მღვიმესთან ერთად ვარსკვლავების ხსენება იმ განცდას იწვევს, რომ სულიერად ქრისტეს დაბადების ადგილად ესახება პოეტს საქართველო, „ჩრჩილები“ თითქოს უცნაურად ჟღერს, მაგრამ ისიც ჩანს, რომ დაძველებულ სამყაროზეა აქ საუბარი, სიძველეს თითქოს ზეცაც გაუჩვრეტია, მაგრამ ცათა წიაღებიდან სამაგიეროდ ვარსკვლავებს გამოუნათიათ, ახალ სამყაროს გადმოუხედავს ღვთისგან მოწყვეტილი ადამიანებისკენ, ვხედავთ, რომ ჯერ ღამე იყო, მაგრამ „უფლის ნათელი დაბარბაცებდა / გაუთენარი გზების ბოლომდე“, რომ ბოროტი ძალები ვერ ისვენებდნენ, რომ ოდნავ მიწყნარებულიყვნენ კერპები, თვლემდნენ, მაგრამ ემზადებოდნენ, რომ ახალი ერის დაწყების შემდეგ ჩვენს დროშიაც გადმოეღწიათ და „ჟამს კივილით ჩამოჰყოლოდნენ“; ჯერ არ გათენებულიყო, მაგრამ, როგორც პოეტი ამბობს, „საიქიოდან წუთისოფელი როგორც მამალი ისე ყიოდა“ და, იქნებ, ამით იმაზეც მიგვანიშნებს, რომ ქრისტეს შობის ჟამიც ახლოვდებოდა და ის დღეც ახლოს იყო, როცა პეტრე მოციქულის მიერ სამჯერ უარყოფის შემდეგ მამალმა იყივლა, როცა უნდა წამებულიყო მაცხოვარი სიკვდილის ტყვეობიდან სიცოცხლის გზაზე ადამიანთა დასაყენებლად (ლექსმა სხვადასხვაგვარი ასოციაცია შეიძლება გამოიწვიოს, პოეტის მიერ ზოგჯერ გაუცნობიერებლად ჩახატული ბევრი სურათი შეიძლება გაგვახსენდეს და ლექსის სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაცია არაერთ შემთხვევაში არ ეწინააღმდეგება ხოლმე ერთმანეთს; მაგალითად, ხსენებული ლექსის ანალიზისას ზურაბ კიკნაძე მიიჩნევს, რომ „ამ ზერეალური სურათის მხილველი პირისპირ დგას უაღრესი საიდუმლოს წინაშე - ქვეყნიერების ახალი დღის გათენების წინ, ანუ (რაც იგივეა) ქვესკნელს ჩასული წუთისოფლის მკვდრეთით აღდგომისა. მამალი - მზის სიმბოლო, გათენების მაუწყებელი ფრთოსანი დღევანდლამდე. ძველ ქრისტიანთა თქმულებით მამლის პირველ ყივილზე აღმდგარა ქრისტე, ამიტომაც მამალს ახატავდნენ პირველი ქრისტიანები საფლავის ქვებზე, ჩვეულება გამძლეა და შესაძლოა ჩვენშიც შემორჩენილიყოს იგი“; - სამადაშვილი 2003: 516), შემდეგ ასე განაგრძობს სამადაშვილი: „სადღაც მღვიმეში ენთო სანთელი“, ანუ ისევ გვიჩვენებს, რომ იმედი ღვიოდა და იქვე ამბობს, რომ მოციქულებს „ჩასძინებოდათ აღთქმით დაღლილებს“, ამით იმ წუთებს გვახსენებს, როცა ლოცულობდა შეპყრობის წინ იესო და მოციქულებს კი ეძინათ, რაც, როგორც ჩანს, იმას ცხადჰყოფდა, მისი ჯვარცმის გარეშე რომ ვერ გაიღვიძებდა კაცობრიობა და გააგრძელებდა სიკვდილთან მიახლოებულ ძილს, შემდეგ ისევ წარმართებსა და წმიდა ნინოზე, მის ნაფეხურებზე წერს პოეტი („სისხამზე მოკრეფილ იებს“ რომ ჰგავდნენ), რითაც ქრისტიანული ჟამის მოახლოებას გვახსენებს და მერე კი ამბობს:

„ვით უკვდავება, წყარო ანკარა
აცისკროვნებდა ირმების ფერდობს.
ქრისტემ ბავშვობა აქ გაატარა
და ღვთისმშობელი უგვიდა ეზოს.“

მრავალპლანიანია ეს ლექსი, წმიდა ნინოა მასში ნახსენები და ქართლის მოქცევაზე, მასში ქრისტიანული სულის დამკვიდრებაზეა ლაპარაკი, მაგრამ სხვა სათქმელიც ისმის აქ: ლექსში იესოს დაბადების სურათიც არის საგრძნობი და პოეტი ფაქტიურად გვეუბნება, რომ საქართველოში დაიბადა იესო, - იმ გამოქვაბულში გაჩნდა, ზემოთ რომ ახსენა პოეტმა; ეს მხოლოდ ეგზალტაციით წარმოთქმული მეტაფორული ფრაზა არ არის (ასეთი სტილი სამადაშვილისთვის ნაკლებადაა დამახასიათებელი), ამ ფრაზებში ქრისტესა და მისი დედის სულიერ სამშობლოდ არის წარმოსახული პოეტის სამშობლო, ასე თამამად იმიტომ ამბობს ასეთ მოულოდნელსა და ცოტა უცნაურ სიტყვებს („და ღვთისმშობელი უგვიდა ეზოს“), რომ უპირველესად ქრისტიანობასთან ასოცირდება მისთვის საქართველო და იმ ქვეყნად მიაჩნია იგი, რომლის სულიერებას ძალუძს, მყარად დაადგინოს ცასა და მიწას შორის მიმოხვეულ ბილიკებზე მოხეტიალე პოეტი; ეს სიმყარე შეაგრძნობინებს ქრისტეს სულს; აქაური მიწა, რომელიც პატარ-პატარა, თითქოს, მიწასთან ორგანულად შეზრდილი ტაძრებითა და იმ ვენახებითაა სავსე, ქრისტესთან და ღვთისმშობელთან დაკავშირებულ განწყობილებას რომ აღძრავს, ზეცასთან კავშირის განწყობილებასაც ბადებს; ცასთან სიახლოვესაც გრძნობს ამ მიწაზე სიყვარულით მოსიარულე, მასზე შეყვარებული ადამიანი; პოეტს სჯერა, რომ საქართველოსთან მიახლება სულიერად აამაღლებს და სწორი გზით წაიყვანს ღმერთისაკენ მიმავალ გზაზე; ამ მიწასთან სიახლოვე სულიერებისკენ სვლას არ უშლის ხელს, პირიქით, - რადგან აქ თითქოს ერთიანდება ზეცა და მიწა, ეს ტაძრები და ვენახები, ეს ლოცვად წარმოთქმული „მრავალჟამიერი“ ზეცისაკენ ეზიდება სულს და ამას ისე აკეთებს, რომ მიწისაგან არ წყვეტს ადამიანს; რენესანსული სულია საქართველოში შინაგანად დამკვიდრებული, მზე და ხალისია ამ ქვეყანაში დაუნჯებული და ასეთი პოეტისათვის სიმშვიდის მოგვრის ძალა შესწევს მას; ნიკო სამადაშვილისთვის სიმშვიდის წყაროა საქართველო, ღვთისმშობლის მიერ ტაძრებითა და ვენახებით გამშვენიერებულ, ადამიანში ქრისტიანული სულიერების გასაზრდელად მოვლილ-მოწესრიგებულ ქვეყნად ესახება იგი და მასთან მიახლება, მასთან სულიერად დაბრუნება მიაჩნია გადარჩენის საწინდარად, „სხვა გზა, სხვა გზა“ არც ამ პოეტს „არ გააჩნია“ (როგორც მურმან ლებანიძე იტყვის წლების შემდეგ... თუმც, აქ ბოლოს ხსენებული პოეტის ლექსი, ცხადია, სულ სხვა განწყობილებითაა დაწერილი...) და ზოგჯერ ცდილობს, მისით გადაირჩინოს თავი, ოჯახი, ცოლ-შვილი აძლევს სიცოცხლის ძალას, მაგრამ უსამშობლოდ მაინც ვერა დგას ფეხზე მყარად და ოჯახის რჩენაში, მის მოვლა-გადარჩენაშიც, უნდა, რომ, სამშობლომ მისცეს ძალა; ლიახვი ხომ თერგივით სიცოცხლის ჟინით დამუხტული მდინარეა და ასეთია თბილისიც, - ქალაქი, რომელშიც „ზეცის ლურჯი მინდორი ღვივის“ და რომელსაც „კამარების ელამი ჭერიც“ ამშვენებს; თბილისისადმი მიძღვნილ ლექსში („ჩემი თბილისი“) ასეთ სიტყვებს წერს ნიკო სამადაშვილი - „ამ ფერად წყლებით გორგასლანი სამოთხეს რწყავდა“ (პოეტური სახეებით ღვთისმშობლის მიერ ყრმა იესოს ეზოს გვის სურათს ენათესავება ეს სტრიქონი) და ქალაქი, რომელშიაც „ქათქათებს“ მისი „დიდი მოსახლეობა“, ადამიანივით ცოცხალ და მთელი საქართველოსავით გადამრჩენელ ძალად ესახება პოეტს; მზე და სიცოცხლეა თბილისი, ისეთი ამქვეყნიური სიცოცხლით შეუძლია ადამიანის დატკბობა, რომელიც აღმა-დაღმა კი არ გახეტიალებს, არამედ გაგათბობს, მიწიერი სინოყივრით გაგახურებს და ზეციურ სითბოსაც შეგაგრძნობინებს ერთდროულად... თითქოს დაუღლია ნიკო სამადაშვილი ამ უთავბოლო ხეტიალს და იმასაც გრძნობს, რომ ღვინოში ამაოდ ცდილობს დარდის ჩაკვლას (`შმაგი სიცოცხლით, ეს ოხერი, გამოვჩერჩეტდი, / მინდა, როგორმე რომ ლოთობით გავისაძლისო“), შემდეგ ამბობს: „წყეულიმც იყოს სამუდამოდ ამ ქვეყანაზე, / თბილისო ჩემო, შენს შუქს იქით გამოფხიზლება“ და ჩვენ მიერ ბოლოს მოხმობილი სიტყვები ცხადჰყოფს, რომ თბილისში, ისევე, როგორც მთელ საქართველოში, ხედავს იგი გადარჩენის გზას, „თბილისის შუქს იქით გამოფხიზლება“ გადარჩენის აქაური ცხოვრების გარეშე მცდელობას გულისხმობს, გრძნობს, რომ ვერც სარდაფებში ღვინით წუთიერი თავდავიწყება და ვერც იმ გზებზე ხეტიალი უშველის, რომლის აქეთ-იქიდან დემონები მძვინვარებენ და ედგარ პოსა თუ ბარათაშვილისეული ყორანი დასტრიალებს თავს (ბარათაშვილს ემსგავსება ხოლმე ზოგჯერ სამადაშვილი, - ვთქვათ, მაშინ, როცა ცუდ მომავალს უწინასწარმეტყველებს თავს /ან თვითონვე უწერს საკუთარ თავს ბედს გაუცნობიერებლად/, ასეა, მაგალითად, ამ ლექსში („გული და ნაღები“): „ვინ დაგვინანებს... მხოლოდ ნისლი დაგვაყრის ნაღველს, / მერე ჭრიალით შეეყრება უღრან ტყის ფიჭვნარს“... და ასეა აქაც: „მკვდარს დაგეყრება თებერვლის ნავლი / და ქარბუქისგან მოყრილი ქვიშა, / ქორი საფლავში ჩაგიგებს ბუმბულს“... (ლექსს ჰქვია - „ბალახი როცა ამოვა“); ბარათაშვილის ამ სიტყვებს გვაგონებს მისი ზემოხსენებული სტრიქონები: „შავი ყორანი გამითხრის საფლავს / მდელოთა შორის ტიალის მინდვრის“ / ბარათაშვილისა და ნიკო სამადაშვილის სიახლოვეზე ლიკა ბარათელსა და ლელა წიქარიშვილს აქვთ დაწერილი; - ბურუსი 2009), ბარათაშვილსავით არ ასვენებენ მასაც „შავად მღელვარი“ ფიქრები, ეძებს საშველს და თავის გადარჩენის ერთ-ერთ საშუალებად საქართველოს, მის დედაქალაქს პოულობს (ლექსებში, იქნებ, ის აზრიც იყოს ჩაბუდებული, რომ ერთ-ერთი ქრისტესმიერი მესიანისტური ქვეყანაა საქართველო), თითქოს იცნობიერებს, სულიერად გზააბნეული ქართველი პოეტისთვის წამლობა და მისი სწორ გზაზე დაყენება რომ შეუძლია საქართველოს, მაგრამ უბედურება ისაა, რომ პოლიტიკური ვითარება მაინც არ აძლევს ფრთების თავისუფლად გაშლის საშუალებას (ქრისტიანულ სულიერებაზე ვერ დაიწყებს თავისუფლად წერას და საბჭოთა წყობილების ქებაზე რომ გადავიდეს და მეხოტბედ იქცეს, ამას უფრო ვერ შეეგუება), ანდა იმიტომ, რომ რწმენა მაინც ვერა აქვს ძალიან ძლიერი და ფარისევლური სარწმუნოება კი სულიერებას ვერ უკმაყოფილებს, ვერც აქ ისვენებს და ისევ ძველებურ ცხოვრებას განაგრძობს, ხედავს საქართველოს ძალას, - იმას, რომ მიწასთანაც შეაგუებს და ზეცისაკენაც აღამაღლებს სულიერად მისეულ სულიერებაში დარჩენა, მაგრამ, როგორც ითქვა, ვერა აქვს ისეთი ძალუმი რწმენა, რომ გულდადინჯებით იდგეს მიწაზე, იაროს ცისკენ და ლექსებში კი ნახევარტონებითა და მინიშნებებით წეროს სულიერებაზე, ისევ სპონტანურად მიუყვება თავის ბილიკებს და, როცა, დემონურ ქართა გარდა, სულიერი ზეციდან გადმონათებულ სხივებს დაინახავს, აძლევს ამ სხივებს ლექსებში შემონათების საშუალებას, დემონურ ქარსაც გრძნობს მისი მკითხველი და ქრისტეს შუქიც ეღვრება სტრიქონთაგან და ასე გადის პოეტის ცხოვრება, - ისევ ქარები, სარდაფები, აწეწილი ფიქრები, მოუსვენრობა, მეგობარში სულიერი მოძღვრის ძიება და აქაც - ეჭვები და დაუკმაყოფილებლობა... ედგარ პოსეული ყორანი ისევ და ისევ არ ეშვება და ზოგჯერ მაშინაც გვაგრძნობინებს ხოლმე იგი თავს, როცა სიტყვა „ყორანი“ სულ არაა ნახსენები („ღამე კაკლიდან ჭოტის კივილი / ჩემს მიწურ ბანზე გადმოფრინდება“; ლექსი „ფერფლი“)...

ქართული სულიერება რომ სუფევს ნიკო სამადაშვილის პოეზიაში, ეს შენიშნულია ლიტერატურათმცოდნეობაში, ამჯერად იმ აზრის გამოკვეთა გვინდა, რომ ხსნის საფუძვლად წარმოუდგენია მას საქართველო (დაპყრობილია მისი სამშობლო, თვითმყოფადი სულიერებისა და კულტურის აღორძინება ადვილი არ არის მისთვის, მაგრამ ძალუძს სამშობლოს პოეტის გადარჩენა, დაპყრობილი იყო, მაგრამ ბუნებას ხომ ვერ წაართმევდნენ, ადამიანურ ურთიერთობებს მთლიანად ხომ ვერ მოშლიდნენ); სამშობლოში რომ ეძებს ნავსაყუდელს, ეს იმ ლექსშიც ჩანს, „ატენის სიონი“ რომ ჰქვია და იმასაც ნათლად ვხედავთ, რომ ვერ პოულობს ამ საყუდელს და ისევ სუსხიან და გამჭოლ ქარად დანახული ფიქრებით მოცული განაგრძობს ცხოვრებას...

ლექსში - „უკანასკნელი ქრისტიანები“ ის ადამიანი მოჩანს, რომელსაც მიაჩნია, რომ ცოდვილია და ვერ მიეახლება უფალს; ბეთანიისკენ მიდის პოეტი, იქით მიემართებიან პოეტის მიერ უკანასკნელ ქრისტიანებად წოდებული ადამიანები; თითქოს სიძველის ხავსი მოსდებიაო მიდამოს („გავხედე ალგეთს, ბოკრო ფერდობებს / ქეცად შეჰყროდათ გაჭრილი ახო“), ქართული მდელოების მშვენიერება, შეფენილი ფარა ცხვრისა, ცხადია, ვერ დაემალება მის მზერას, მაგრამ სიტყვა „ხრჩოლვას“ ახსენებს და გვექმნება შთაბეჭდილება, რომ ადამიანთა ავადყოფნის მაუწყებლადაც ისახება პოეტის აღქმაში ეს მიდამო („მთები ხრჩოლავდნენ ნაირ ფერებით / და ხან ცხვრის ფარა კვარცხლბეკის ახლო“), შემდეგ „ლორწო ფლატეებს“ ახსენებს სამადაშვილი, გვეუბნება, რომ „ფილტვებს ფურჩქნიდა სუნთქვის ყუათი“ და სწორედ ამ დროს, როცა თითქოს ისეთი განცდა უნდა დაგვებადოს, რომ გამაცოცხლებელი სუფთა ჰაერი შეისუნთქა პოეტმა და მალე გახალისდება, უეცრად ამბობს: „მიწა გაირღვა, თითქოს ქვესკნელმა / ამოისროლა ტაძრის გუმბათი“; ჩვეულებრივი, რეალისტური სურათიც არის აქ დახატული (მიდიოდნენ ტყიურ გზაში და მოულოდნელად გამოჩნდა ტაძარი), მაგრამ „ქვესკნელიდან ამოსროლა“ იმ ასოციაციასაც ბადებს, რომ ცოდვილ ადამიანს სიმართლის დანახვის უნარი დაჰკარგვია და, წმიდა ტაძრის ნაცვლად, დემონურ მოჩვენებად ელანდება ეს ტაძარი, ეჩვენება, რომ მკაცრად წამოიმართა, ქვესკნელიდან ამოსროლილად ესახება იგი; შემდეგ ასე განაგრძობს პოეტი: „დავეშვით ქვევით და ბეთანიამ / ზურგი გვაქცია, ტყეს შეეფარა!.. / ცოდო არ გვქონდა, იცოდეს ღმერთმა, ღობის სიწმინდეც რომ შეგვებღალა“, „ძლივს ვამშვიდებდით შემკრთალ მაცხოვარს / რჯულდაწყვეტილი ექვსი ქართველი“ და იმგვარი შთაბეჭდილება გვრჩება, რომ ღმერთთან ვერ ბედავენ ცოდვილად თავმიჩნეული ადამიანები მიახლოებას, თავს იმართლებს პოეტი, - „ცოდო არ გვქონდა, არ შეგვიცოდავს იმით, რომ ვერ მივეახლეთ ტაძარს, ცოდვილები ვიყავით და იმიტომ ვერ შევბღალეთო ღობე“; შორი-ახლოდან უვლიან, ვერ მიდიან თავიანთ საყვარელ ტაძართან, სხვა სახისად ეჩვენება იგი პოეტს და მერე კი ქვემოთ ეშვებიან და ჩვენ კი პოეტის ეს სიტყვები მოგვესმის: „ხევში მდინარე შემოგვეფეთა - შეწირულ ბავშვთა ცრემლები იყო. / ჩვენ მივდიოდით აღმართზე ერთად, / რატომღაც ჩუმად, რაღაც უიღბლოდ“ (სამადაშვილი 2003: 46; ჯერ წერს: „დავეშვით ქვევით“, მერე: - „ჩვენ მივდიოდით აღმართზე“, ფიზიკური გზის გარდა, დაღმა და აღმა მოსიარულე ყარიბთა გზა იხატება თითქოს, ჯერ ვერ ახერხებენ, მაგრამ ღმერთთან ცდილობენ მიახლოებას ეს ყარიბები...), ვხედავთ, რომ ახლა, როცა უკვე მდინარეს უყურებს სხვათაგან განსხვავებული თვალით, წარმართთა მიერ შეწირულების ცრემლებად ეჩვენება იგი და საკუთარ თავსაც მიიჩნევს ამ ცოდვასთან წილნაყარად და იხატება მისტიკური სურათები, ვხედავთ, როგორ დაიარებიან ცოდვილებად თავმიჩნეული ადამიანები ცოდვათა წიაღებში, იონა წინასწარმეტყველისაგან განსხვავებით, ვერ იცნობიერებენ, რომ ღმერთი ყველგანაა, რომ სინამდვილეში მართლა ჯოჯოხეთშიც კი ღვთის ნათელი სუფევს, რომ ამისი გაცნობიერებაა საჭირო, რათა ადამიანმა ჯოჯოხეთის მეუფებისაგან თავის დაღწევა დაიწყოს, რომ დემონი არის ის სული, რომელიც საკუთარი ფანტაზიით ქმნის ახალ წიაღებს და მასში ატყვევებს თავისზე მინდობილ სულებს, ამ შემთხვევაში ისე აშინებს ეს დემონი პოეტს, რომ ღვთის ტაძარსაც კი, სიყვარულით რომ ელის შვილებს, შემაშინებლად აჩვენებს და ასე სევდიანად მიემართებიან ქვემოთ ადამიანები, რომლებსაც ამ შემთხვევაში ის მართებთ, რომ მოინანიონ, თუ რამ მართლა შეუცოდავთ დამბადებლის წინაშე...

ნიკო სამადაშვილი შემდეგ ჯალალ ად-დინს (ჯალალედინს), მის მიერ ლაშა-გიორგისათვის „შემოკრულ სილას“ ახსენებს (აქ გავიხსენებთ, რომ არჩილ სულაკაურს ჟურნალ „მნათობში“ უცდია ამ ლექსის დაბეჭდვა, რედაქტორს უთქვამს, - „შენს მეგობარს საქართველოს ისტორია წესიერად არ წაუკითხავს, ლაშა-გიორგი და ჯალალედინი ერთმანეთს არასოდეს შეხვედრიანო“ და, მიუხედავად იმისა, რომ აუხსნია სულაკაურს, - „ლექსში ლაშა კი არა, ეპოქა იგულისხმებაო“, მაინც ვერ დაურწმუნებია იგი, ჩანს, არ მოეწონათ ეს ლექსი და ვერ დაუბეჭდა იგი არჩილ სულაკაურმა უფროს მეგობარს, რის გამოც, როგორც თვითონ იგონებს, უხერხულობაში იყო პოეტის წინაშე და ის კი იქით ამშვიდებდა; - სამადაშვილი 2003: 498), ლექსში ნათქვამია: „აქ გაუხსნია გული დედოფალს, / თმებში ჩაუწნავს ბაფთით შაირი“, შემდეგ ასეთ სიტყვებს წერს პოეტი: „აქ თავის თათით ითხრიდა საფლავს / მწყემსდაღუპული სოფლის ნახირი“ და იქვე დასძენს, რომ ბეთანიაში სტუმრად მისული ეს „რჯულდაწყვეტილი“ ქართველები ძლივს ამშვიდებდნენ „შემკრთალ მაცხოვარს“, შემდეგ კი ამბობს: „აქ შეგეწირე ნეტავი დედავ, / თავი დამედო და დაგეკალი“; ჯალალ ად-დინის ხსენების შემდეგ უკვე ძნელი მისახვედრი აღარ არის, რომ „გულგადახსნილი დედოფალი“ ღვთისმშობელია, - უფრო სწორად, ის ხატია, რომელზე ფეხის დაბიჯებაც უბრძანა ჯალალ ად-დინმა ქართველებს და რომელთაგან, როგორც ისტორია გვამცნობს, 100 000 ისეთი ადამიანი აღმოჩნდა, ვინც არ გააკეთა ეს და მოწამეობით დაასრულა ამქვეყნიური სიცოცხლე, „მწყემსდაღუპულ სოფლის ნახირში“ შესაძლოა, ის ადამიანები იგულისხმებოდნენ, რომლებმაც ღმერთი დაკარგეს (არსებობს იმგვარი ინტერპრეტაციაც, რომ აქ იგულისხმებიან ადამიანები, რომლებსაც ჰქონდათ რწმენა, მაგრამ „ცხვრის ტყავში გახვეული მგლის“ ხელში, ასეთი „მწყემსისაგან“ მიტოვებულნი აღმოჩდნენ;- იხ. აბულაძე 2019: 10), ანუ, ჩანს, ტატიშვილის თვალით აღქმულ ნიცშესთან შეხმიანებით თუ ვიტყვით, აქ ჩნდება სახება იმ ადამიანებისა, რომლებშიც „მოკვდა ღმერთი“, რისი შედეგიც ის იყო, რომ დააბიჯეს მათ ხატს და ხატის მიღმა „ღმერთმკვდარ ნაპირას“გადააბიჯეს და პოეტს საკუთარი თავიც და თანმხლებნიც მათი მსგავსნი ჰგონია; ნიკო სამადაშვილი ნანობს, რომ იმ 100 000 მოწამის მსგავსად თვითონაც არ შეეწირა ღმერთს, რჯულდაწყვეტილებად, ღვთისგან დაცილებულებად აღიქვამს საკუთარ თავსადა გვერდით მყოფებს და შემდეგ კი ეჩვენება, რომ დაღუპვის პირას არიან ის და მისი მეგობრები მისულნი („სჩანს, წმინდანებმა როდი მიგვიღეს“), შემდეგ მოდის სტრიქონები, რომელთა სიმბოლიკა კიდევ მოითხოვს დაფიქრებას და მათზე მსჯელობისგან ამჯერად თავს შევიკავებთ, ხატავს პირქუშად მდგარ სამრეკლოს, რომელიც, „თუ დარეკავდი, გაყრიდა ნაგავს“ (რადგან, იქნებ, ურწმუნო ხელით ირეკებოდა, იქნებ, ესეც დემონის მიერ თვალაბმული ადამიანის ხილვაა), აღწერს სევდიან გარემოს და ბოლოს კი ლექსის იმ ნაწილში, „გამობრუნება“ რომ უწოდებია, წერს:

„გზა სჩანდა ოდნავ, ხან ბექობს ზევით
ჰქრებოდა განცდა - გზნების მომგვრელი,
უკან ყმუოდა ხატის მიზეზით
სახადშეყრილი ვარაზის მგელი.“

ძალზე სევდიანია გამობრუნების სურათი, იქნებ, შორიდან მართლაც მოესმით მგლის ყმუილი, მაგრამ „ხატისაგან დამიზეზებულ და სახადშეყრილ მგლად“, ჩანს, საკუთარ თავსაც გულისხმობს პოეტი, იმ ცოდვილად აღიქვამს თავს, ხატებთან რომ ვეღარ გაუბედავს მისვლა, ცოდვილებად და ურწმუნოებად ეჩვენება სხვებიც, იქ მყოფნი, და ასე მოდიან უკან სულიერად დამძიმებულნი.

ურწმუნოება მართლაც შეჰყრიათ და მიზეზი ამ ურწმუნოებისა, ალბათ, ისაა, რომ ძველი სწავლება ვეღარ აკმაყოფილებთ, ღმერთსა და მარადისობას ეძებს სამადაშვილი, მაგრამ, იქნებ, გულს ვერ უდებს ამ ძიებას, იქნებ, მიზეზი ამ გულდაუდებლობისა რელიგიის მიმართ ფორმალურად ან ნიჰილისტურად განწყობილთა მიერ შექმნილი გარემოა, ასეა თუ ისე, ვერ ახერხებს მარადისობაში სულიერად მტკიცედ დამკვიდრებას და ამიტომაა, ძველ ქრისტიანთაგან განსხვავებით, ურწმუნოდ და უბედურად რომ მიიჩნევს თავს (საინტერესოდ მსჯელობდა ამ საკითხზე თემო ჯაფარიძე, მისი თქმით, „ახალი იდეალის ძიებას, ახლებურ ღვთისმაძიებლობას, ალბათ, ახალი ქრისტეს ძიებაც შეიძლება ეწოდოს, იმ გაგებით, რომ ახალი ეპოქის ადამიანი გრძნობს ახალი ხსნის აუცილებლობას“; - სამადაშვილი 2003: 555; აქ, ალბათ, უფრო ქრისტეს ახალი სიღრმეებით შეცნობაზე უნდა ვისაუბროთ...), ამიტომ ეჩვენება, რომ არ ღებულობენ წმიდანები; ლექსის ბოლოს ამას ამბობს სამადაშვილი:

„ძნელია მუდამ გულდაძმარება,
კაცის შელოცვა ტლანქი მთქნარებით,
უსინანულოდ ვტოვებდით ტაძარს
უკანასკნელი ქრისტიანები.“

გალაკტიონი თუ იტყვის, რომ ბეთანიაში დასახლება უნდა („წამყე ბეთანიისაკენ! იქ სადღაცა ახლომახლო / იყო ორბელიანების / და ირაკლის სამოსახლო“... მოდი, სადმე უდაბური ვპოვოთ კუთხე ქედმომაღლო, / გადმოვხედოთ მაღლით თბილისს - / მე აქ უნდა დავესახლო“), ნიკო სამადაშვილი ასე სევდიანად ამთავრებს ლექსს; „უსინანულობის“ ხსენების ფაქტი, შესაძლოა, უშუალოდ ნიცშეს სწავლებასაც ეხმიანებოდეს (ნიცშე მიიჩნევდა, რომ მონანიება მიუღებელია, იმასაც კი აცხადებდა, რომ თავად ქრისტე არ მოგვიწოდებდა ამისაკენ და პავლე მოციქულს სდებდა ბრალს ამ, მისი აზრით, ცრუ სწავლების გავრცელებაში და ეს - მაშინ, როცა იოანე ნათლისმცემელი, ქრისტეს უშუალო წინამორბედი, მისი გზის მომამზადებელი, ამბობს მათეს სახარებაში: „შეინანეთ, რამეთუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათა“; მ. 3: 2), მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მოსწონს სამადაშვილს, მონანიების უნარი რომ შეუსუსტდათ ადამიანებს, ამ უნარის დასუსტების ფაქტს ხედავს ადამიანებში და ამაში, ალბათ, ეთანხმება ნიცშეს, მაგრამ, ხსენებული ფილოსოფოსისაგან განსხვავებით, ადამიანთა უბედურებად მიაჩნია მოუნანიებლობა და იმ აზრს კი კატეგორიულად ვერ მიიღებს, რომ არ არის საჭირო მონანიება; ნიკო სამადაშვილთან ერთად ხუთი ადამიანი ყოფილა, ექვსნი იყვნენ ერთად (ამ ლექსში ნახსენები რიცხვ ექვსის სიმბოლიკის ასპექტიდან განხილვა, ცხადია, გამართლებულია /იხ. აბულაძე 2019.../, მაგრამ სიმბოლური საზრისი, რა თქმა უნდა, სრულებით არ გამორიცხავს იმას, რომ მართლა ექვსნი იყვნენ ბეთანიაში), ექვსი ყოფილა, ექვსი მეგობარი „გაჰყოლია ერთმანეთს ბეთანიისკენ“, წასულან, მაგრამ ძველებური რწმენა ვერ დაუნახავს ნიკო სამადაშვილს ვერც საკუთარ თავსა და ვერც თანმხლებთა შორის და დატანჯულა ამით; ზემოთ ვამბობდით, რომ, ჩვენი აზრით, ნიცშესაგან, ძირითადად ის უნდა ჰქონდეს შეთვისებული ნიკო სამადაშვილს, რომ ფარისევლური სარწმუნოება და რწმენის სისუსტეა გამჯდარი ხალხში და რომ ყოველივე მართლაც ასეა, ეს განსახილველ ლექსში მოჩანს ძალზე მკაფიოდ, ამ ლექსიდანაც ხდება საფიქრებელი, რომ ეთანხმება პოეტი ნიცშეს, რომლის თანახმად, თანამედროვე ადამიანის სულში „მოკვდა ღმერთი“, რომ ფარისევლობა ზეობს, მაგრამ, რადგან ღმერთს ვერ პოულობს მის ნაღვაწში, ჩანს, შორს აღარ მისდევს ამ ფილოსოფოსს და, რადგან ვერც ბოლომდე ამარცხებს მას, იტანჯება ამით (ფარისევლობასთან დაკავშირებით დავამატებთ, რომ ნიცშესაგან უნდა იყოს დავალებული ლექსო ივანიშვილისადმი მიძღვნილი ეს სტრიქონები, რომლებშიც სწორედ ფარისევლურ მორწმუნეებზე ჩანს საუბარი: „ის ეკლესია, შენ რომ გიყვარდა, / დილის საკენკით ართობს ბეღურებს. / ვინც განდიდების კვერით დანაყრდა, / რა ეშველებათ იმ უბედურებს“; სამადაშვილი 2003: 59); ქრისტიანულ სარწმუნოებაში სიღრმეებს ეძიებს სამადაშვილი, იქნებ გაცილებით უფრო თანამედროვე კუთხიდან უნდა, რომ ახსნას, ვინ იყო იესო, როგორ აღდგა მკვდრეთით, როგორ არის შესაძლებელი, რომ ყველა ადამიანში დამარცხდეს სიკვდილი და მოკვდავება, როგორ აღდგებიან ისინი ქრისტეს მსგავსად და როგორ დაბრუნდებიან მარადისობაში, რა არის, საერთოდ, მარადისობა, იქნებ, ძალზე გაღრმავებული ფილოსოფიური კუთხიდან უნდა, რომ შეხედოს ამ ყოველივეს და ნაივურთან მიახლოებული სწავლებით კი ვეღარ კმაყოფილდება, მაგრამ ვერ ახერხებს, რომ თანამედროვე თვალთახედვით მიეახლოს ქრისტეს, გაურკვევლობაში ექცევა და, რადგან ცუდად გრძნობს თავს, ისევ ძველ ქრისტიანებს შენატრის, იქნებ ღრმა ფილოსოფია არ აინტერესებდათ, მაგრამ ძლიერი რწმენა მაინც ჰქონდათ მათ და, აქედან გამომდინარე, მოწამეობაც შეეძლოთ, მათთან შედარებით ძალიან სუსტ მორწმუნედ მიაჩნია თავი, მათ ფონზე გადაშენების პირას მისულ, უკანასკნელ ქრისტიანად მიიჩნევს თავს და თანმხლებ ადამიანებსაც ასეთებად სახავს.

ცოდვილად მიაჩნია თავი და ვერ ბედავს ღმერთთან მიახლოებას, მაგრამ სწორედ ეს ცოდვილად თავის აღქმაა გადარჩენის საფუძველი, ტაძრიდან ასე მორიდებული გამობრუნება მეტად განწმედს ადამიანს, ვიდრე - თვითკმაყოფილების განცდით მასში თამამად შებიჯება, სახარებისეულ იმ იგავს გვახსენებს ლექსი, რომელშიც ცოდვილ მებაჟეზეა მოთხრობილი და პირადად ჩვენ იმ „ყარიბებადაც“ გვესახებიან ეს ადამიანები, სულიერად ახლოს რომ არიან ცათა სასუფეველთან და შევლენ იქ...

საქართველო რომ მიაჩნია იმ ძალად, გადარჩენას რომ ჰპირდება და დედასავით რომ მოუხმობს შვილს სახსნელად, ამ სიტყვებშიაც იგრძნობა (ლექსი „ფრესკები ჩონგურზე“):

„ბაღებს გაზიდავს ყრუ შემოდგომა,
ტყე ჟინჟღლს მოიმცვრევს დილაადრიან.
ქართულ წისქვილის კარს მოადგება
წვერგაჯენჯილი დინჯი ანდრია.“

ეს მოციქული ანდრია არ არის, ჩანს, ერთი გლეხკაცია, - ბავშვობისდროინდელი მოგონებებიდან წარმომდგარი (ეს ის კაცია, „ოჩხრებს და ჯანგრებს, ჭიუხს“ რომ გახედავს და მერე კი „წაიბუტბუტებს ათასჯერ ნათქვამს / და ხელისგულზე დაბერტყავს

ჩიბუხს“), მაგრამ ქართული სულის ხატვისას საქართველოს ერთ-ერთი გამაქრისტიანებლის ასოციაციასაც იწვევს ამ სახელის ხსენება, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ღმერთის მოციქულს გვახსენებს და იმასაც ხდის საცნაურს, სამშობლოც რომ არის პოეტისათვის ხსნის საშუალება... მოციქულისებური სიმშვიდე ესაჭიროება ასეთ პოეტს გადასარჩენად... სიმშვიდის საყრდენს ვერ პოულობს ნიკო სამადაშვილი, გზაარეული დაეხეტება სულიერად ცასა და მიწას შორის, მაგრამ მარადისობას, მის საზღვრებს უახლოვდება ამ ხეტიალისას და ანგელოზები ჩუქნიან იმ ზეციურ მარგალიტებს, ასე მშვენივრად რომ გაიელვარებენ ხოლმე მის ლექსებში ადგილ და ადგილ („მე ვანათებდი მეტეორივით / მარადისობის ხშირ მარგილებთან“; - ლექსი „შიში მეფინა მხრების ზემოდან“).

ზემოთ ითქვა, რომ მომავლის მკითხველებს მიმართავდა ნიკო სამადაშვილი თავისი შემოქმედებით. მის სიცოცხლეში ორი ლექსი და გორის თეატრის შესახებ დაწერილი ერთი რეცენზია რომ გამოქვეყნდა 1925 წელს გაზეთ „წითელი ქართლის“ ორ ნომერში და ის ლექსი, რომელიც ინიციალებით გამოქვეყნებული ერთ-ერთი ლექსი, უდავოდ ნიკო სამადაშვილის მიერ რომ არის დაწერილი, ეს რუსუდან ნიშნიანიძეს აქვს წარმოჩენილი თავის ნაშრომში - „ნიკო სამადაშვილი“, ერთი ლექსი ლენინს ეძღვნება, მეორე (ინიციალებით გამოქვეყნებული) - წითელ არმიას; გიორგი ხორბალაძემ თავისებური ინტერპრეტაცია სცადა ამ ლექსისა და მიიჩნია, რომ მინიშნებებით წერს მასში ნიკო სამადაშვილი და წითელი არმიის მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას ამჟღავნებს, ინიციალებით გამოქვეყნების მიზეზს იმითი ხსნის, რომ ვინაობას მალავდა ლექსის ავტორი (იხ. ხორბალაძე 2018: 85-94); ამ აზრს არ უარვყოფთ, თუმც, არაა გამორიცხული, ინიციალებით გამოქვეყნების ფაქტი იმ უბრალო მიზეზითაც აიხსნებოდეს, რომ, რადგან მისი რეცენზიაც იბეჭდებოდა ამავე ნომერში, რედაქციამ ლექსის შემთხვევაში ინიციალებით დაბეჭდვა შესთავაზა ავტორს (არ ეფიქრა მკითხველს, რომ ავტორები არ ჰყავდა გაზეთს), არც ის არის შეუძლებელი, რომ მართლაც საქებრად მიაჩნდა მაშინ წითელი არმია ნიკო სამადაშვილს; უფრო კი ისაა საფიქრებელი, რომ ეს ისეთი ლექსები იყო, „პარავოზებს“ რომ უძახდნენ ლიტერატორთა წრეებში (სხვა, გულით დაწერილი ლექსებისათვის კაფავდნენ ხოლმე გზას „პარავოზები“), ასეა თუ ისე, ამ ორი ლექსიდან ჩანს, რომ შემოქმედების დასაწყისში ჩვეულებრივი შემოქმედებითი ცხოვრების სურვილი ჰქონია ნიკო სამადაშვილს და გამარგინალების მიზეზი პოლიტიკურ გარემოში მართლაც არის საძებნელი; ამასთან, ადამიანს, რომელიც მტკიცე სულიერ საყრდენებს ვერ ხედავდა, იქნებ, შემდგომში აღარც ჰქონდა სურვილი, ასეთი სახით წარმდგარიყო ფართო მკითხველის წინაშე და იმას კი დათანხმდა, ოდესმე გასცნობოდა მკითხველი ლექსებში ასახულ მის აუწყობელ ცხოვრებას; ერთხელ რომ არ დაბეჭდა, შესაძლოა, მერე უბრალოდ აღარც ეხალისებოდა ლიტერატურულ სამყაროში თავის დამკვიდრებისთვის ბრძოლა; მის ხასიათს სრულიად აღარ შეესაბამებოდა ასეთი ბრძოლა (არჩილ სულაკაურს რომ უცდია, მისი ლექსების დაბეჭდვა, ეს უკვე ითქვა, როცა „ლიტერატურული საქართველოს“ რედაქტორად რევაზ თვარაძე დაინიშნა, მხოლოდ მაშინღა მოხერხდა ნიკო სამადაშვილის ლექსების გამოქვეყნება, პირველი წერილი სამადაშვილზე პოეტის ახალგაზრდა მეგობარმა, შემდგომში, საერთოდ, მისი შემოქმედების გადასარჩენად მზრუნველმა და ბევრის გამკეთებელმა, თამაზ ჩხენკელმა დაწერა... სამადაშვილი 2003: 501).

საუბრის დასასრულს პოეტის ენასაც შევეხებით მოკლედ; თემო ჯაფარიძე მართებულად წერს: „კლასიკურ გამართულობამდე რომ მიეყვანა სამადაშვილს თავისი ლექსის სტრუქტურა, დაკარგავდა ქართულ აქცენტებს, რომელიც განსაკუთრებულ ინტიმის ტონს აძლევს მის ბობოქარ და სახოვან ხილვებს, გარდა ამისა მისი ლექსიდან გაქრებოდა ერთ-ერთი ინდივიდუალისტური ელემენტი, იმ შემთხვევაშიც კი, თუ პოეტი პროფესიონალური ნების გარეშე, ანუ უნებლიედ აკეთებდა ისეთ ფორმას, როგორიც გამოსდიოდა, სწორედ და მხოლოდ და მხოლოდ ამ ფორმის საშუალებით ვეცნობით მდიდარ და ღრმა პოეზიას“ (სამადაშვილი 2003: 533), „ლექსი კოჭლიც რომ იყოს, სწორედ ამგვარი კოჭლობა აღმოჩნდებოდა პოეზიის უპირატესობა ამ შემთხვევაში“ (სამადაშვილი 2003: 535), „მის პოეტურ იერსახეებს ლიტერატურული მუშაობა ეტყობა იმ თვალსაზრისით, რომ ჩანს პოეტის ნება: არ იგრძნობოდეს უბრალო ტკბილხმოვანება, ან თუნდაც თვით ძლიერი განცდის მომაჩლუნგებელი დახვეწილობა“ (სამადაშვილი 2003: 535); მკვლევარის თანახმად, სამადაშვილი აზრის პოეტია (სამადაშვილი 2003: 546); როგორც ზემოთ ერთი მაგალითიდან ვნახეთ („სადღაც მნათე ზეცის თაღს რეკს, / წუთისოფლის კარგა გაღმით“...), ძალზე მოხდენილი რიტმითაც შეუძლია ნიკო სამადაშვილს წერა და, თუ მოინდომებდა, ლექსის „გაკეთებასაც“ შესანიშნავად შეძლებდა და სულის სიღრმიდან მომდინარე, ყოველგვარი ხელოვნურობისაგან თავისუფალ, ბუნებრივად დაბადებულ „მუსიკასაც“ მოგვასმენინებდა იგი, დაუჯერებელიც კი არის, ასეთი ნიჭის კაცს, ვერ მოეხერხებინა ლექსის დახვეწა, მაგრამ ეს ფორმა, ერთგვარი ნაივურობა, მართლაც შეეფერება მის ხასიათს და, თუ არ ზრუნავდა ლექსის დამუშავებაზე, თვითგამოხატვისათვის საჭირო გამიზნულ ქმედებას უნდა მივაწეროთ ეს „უზრუნველობ“ მართლაც და არა - სისუსტეს; მისი გულწრფელობა ვლინდება ასეთი ენის საშუალებით; ეს ის მანერული და სტილიზებული გულწრფელობა და უბრალოება კი არ არის, რომლის უკან სიტყვის ოსტატის დიდი შრომის დანახვა შეუძლია ლიტერატურათმცოდნეს, არამედ ცხოვრებისეული მართალი კაცი გვესაუბრება, ალალად, უბრალოდ გვეუბნება იმას, რასაც გრძნობს და განსაკუთრებულად არ ზრუნავს თვითგამოსახატავი ორიგინალური ფორმის მიგნებაზე; რომ ებეჭდა, იქნებ ეზრუნა კიდეც ამისთვის.

კიდევ ბევრის თქმა არის შესაძლებელი ნიკო სამადაშვილზე, ბევრია სასაუბრო მის სიმბოლიკაზე, სხვა პოეტებთან მიმართებაზე (სტრიქონები: „ეკლესიის წინ ილოცებს გველი, / საკმევლის სუნი გამოვა გარეთ“, ცხადია, ბევრს მოაგონებს ანა კალანდაძის ამ სიტყვებს: „მუხლებს მოიყრის და შიშის მგვრელი / ლოცულობს გველი“; ლექსი „გადმორბენა სამყაროსკენ', სტრიქონები: „თვალებში იდგა განმარტოებით / სქელი სიბნელე, როგორც ბორანი“, ინტონაციით, სიტყვა „ბორნის“ ხსენებით გალაკტიონს გვაგონებს: „გადმოფრენას ეს ყორანი მადათოვზე აპირებს, / გაანათებს რესტორანი / ტივებიან ნაპირებს“, - იმ მისტიკური კუნძულის ასოციაციას იწვევს ეს ლექსი, რომელზეც ერთი ისეთი დუქანიც იდგა, რომლის კედელზეც, როგორც ამბობენ, ფიროსმანის დახატული ფარშევანგი ეხატა და რომელზეც ბორნითა და ტივით გადადიოდნენ...), კიდევ ბევრი დაგვრჩა ამ პოეტზე სათქმელი, მაგრამ აღარ გავაგრძელებთ სიტყვას და დასკვნითი ნაწილისაკენ გადავინაცვლებთ:

ნიკო სამადაშვილის წინაშე ყოფიერების პრობლემა დგას, ცხოვრებისათვის აუცილებელი სულიერი საყრდენი წერტილის პოვნა უჭირს, მხოლოდ მატერიალური ფასეულობებით ვერ იცხოვრებს, გრძნობს, რომ მიწა მისი სამშობლო არ არის, მაგრამ ვერც ზეციურ სამყაროში ახერხებს სულიერად დამკვიდრებას, მისი შინაგანი სულიერი ცხოვრება (რაც ჩვეულებრივ ყოფაში, იქნებ, ცხადად არც ჩანდა) ერთი დიდი ძიება, შეიძლება ასეც ითქვას, მოგზაურობაა ცასა და მიწას შორის და სწორედ ამ ძიების კვალია ასახული მასთან, პოეტის მიერ განვლილი მტანჯველი გზები იხატება მის ლექსებში, მაგრამ, რადგან სულიერებას, ზეცას, გაცილებით მეტი ფასი აქვს მისთვის, რადგან იზიდავს სულიერი სიმაღლე, უმშვენიერესი სამყარო, ცასთან სიახლოვე კარგად იგრძნობა და ამ სამყაროს კონტურები ძალუმად იხატება მის პოეზიაში; ცასა და მიწას შორის მოხეტიალე ადამიანს ვხედავთ ნიკო სამადაშვილის ლექსებიდან და ფასეულია მისი ნაღვაწი, ფასეულია, რადგან ადამიანის სულიერი ბიოგრაფიაც მოჩანს მათგან და სხვათათვის სულიერი გამოცდილების მისაღებ საშუალებადაც წარმოდგება ისინი; ნიკო სამადაშვილს თავისუფლად შეეძლო გაემეორებინა თავისი დიდი სეხნიას მიერ ნათქვამი და ამ სიტყვებით დაემშვიდებინა თავი: „ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის ეს განწირულის სულისკვეთება“...

მიუხედავად იმისა, რომ საყრდენი წერტილის პოვნა უჭირს, მაინც ზეცის შვილია ნიკო სამადაშვილი და, ალბათ, მაინც შეაბიჯა ზეციურ სასუფეველში, ფიქრთა ქარიშხალი ჰქროდა მის სულში, მასაც დასჩხაოდა ყორანი და ამ ყორნის ხმა ისმის მისი ლექსებიდან, მაგრამ სასუფეველსაც ხედავდა სამყაროთა მიღმა, ახლოს გრძნობდა მარადისობას, რომლის სუნთქვა ძალუმად იგრძნობა მის ლექსებში, არეული დაეხეტებოდა ცასა და მიწას შორის, მაგრამ საბოლოოდ მაინც არ მოსწყდებოდა სასუფეველს, რადგან მშობლიური იყო იგი მისთვის... სტატიას ნიკო სამადაშვილის იმ ლექსით დავამთავრებთ, „წარწერა“ რომ ჰქვია:

„მზე გადიოდა ცის ბორანივით,
ტყეში შიშველი ქარი ჰკიოდა,
ლექსს იძახოდა ხიდან ყორანი,
ქრისტე მოსჩანდა საიქიოდან.“

__________________

81. სწორია: გაჰყე პირდაპირ ქედს, მთის ხერხემალს,

82. სწორია: მეუბნებოდა, დავლიოთ ღვინო,

83. სწორია:

გამოქვებული, ქარის ტირილი
ქვესკნელს ზევიდან - ხევში ჩაჰქონდა.
ქუჩებში მარტო და გაცრეცილი,
გზებგადამცდარი ნიცშე ბღაოდა.

84. სწორია: საქართველოდან გამოგვრეკავენ.

3.28 66. ლომაძე, სერგი. სამწერლო ცხოვრების კვალდაკვალ. იკა ქადაგიძის ლიტერატურული წერილები

▲ზევით დაბრუნება


// ჩვენი მწერლობა. - თბილისი, 2010. - № 5. - გვ. 44-46.

არ ვიცი, რა ადგილს დაიჭერს ქართული მწერლობის მატიანეში იკა ქადაგიძე და მისი შემოქმედება. არც ის ვიცი, არის თუ არა ჩვენს თაობაში ვინმე ნამდვილად ისტორიული პიროვნება, ხელოვანი, მაგრამ თუნდაც ის ფაქტი, რომ ახალგაზრდა პოეტმა ქალმა უკვე ხუთი წიგნი გამოსცა, და რომ ამათგან თითოეულს აქვს თავისი ღირებულება, მას ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ლიტერატორად (პოეტი, პროზაიკოსი, კრიტიკოს-მკვლევარი) აქცევს.

აქვე აღვნიშნავ - პოეტი საქართველოში არ არის იშვიათი მოვლენა, პირიქით. მაგრამ, აი, პოეტი ქალი, რომელმაც ლიტერატურულ სამყაროში თავისი ნიშა მოიპოვა, საკმაოდ იშვიათია. პოეტი ქალები ყოველთვის იჩრდილებოდნენ, მათგან სულ რამდენიმემ შეძლო თავისი კვალის დატოვება.

პოეზიაზე იმიტომ ვამახვილებ ყურადღებას, რომ იკა ქადაგიძე ჩემთვის უპირველესად პოეტია. იგი ლირიკულობით გამოირჩევა თავის ესოდენ ფერად პროზაშიც (გავიხსენოთ თუნდაც მისი ძველი მოთხრობა „ზღვა და ქვიშა“ ან სულაც ახალი მოთხრობები - „თეთნულდის მთვარე“ (2004) და „შეხვედრა“ (2008), მაგრამ წელს გამოცემული „ვის მივყიდით ქართულ მწერლობას?!“ უფრო მეცნიერის, ფილოსოფოსის ნაშრომია, ვიდრე პოეტისა და პროზაიკოსისა.

წიგნში მხატვრული პროზა სულ ორი მოთხრობითაა წარმოდგენილი (ზემოთხსენებული ნაწარმოებები), ხოლო მკვლევარის თვალთახედვა ფართო სპექტრს მოიცავს. ეს იკას მრავალმხრივობაზე მეტყველებს, რადგან წინარე წიგნებში მსგავსი რამ არ ყოფილა, ან თუ იყო, უმნიშვნელოდ, თითქმის სრულიად შენიღბული წმინდა მხატვრულ ფერებში.

მაშ, ასე, „ქვიშის ცხედარი“, „დედისერთა სივრცე“, „ჯანდაბისფერი მზე“, „ვარსკვლავმორბედი“ და, აი, „ვის მივყიდით ქართულ მწერლობას?!“

მაინც რა არის ეს წიგნი? როგორია?

ის იწყება ცნობილ პიროვნებათა მოსაზრებებით ავტორის, შემოქმედის შესახებ, ამას კი მოყვება პოეტის, პროზაიკოსის, კრიტიკოსისა და მეცნიერის მიმართვა მკითხველისადმი.

პირველი წერილი არის „წიგნი ორმოცდაორი წლის შეთქმულებაზე“, და მკითხველი უკვე ინტრიგაში ვარდება: აქ გაცოცხლებულია გასული საუკუნის 40-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ფურცლები, მღელვარე დრო საქართველოს ისტორიისა, - მეორე მსოფლიო ომის წლებში, უზარმაზარი რყევების ეპიცენტრში თუ როგორ ცდილობდა რამდენიმე ახალგაზრდა, რომ ორი იმპერიის სამკვდრო-სასიცოცხლო შეჯახებისას გადარჩენილიყო ჩვენი პატარა სამშობლო. ეს იყო უშედეგო, ტრაგიკული მცდელობა საქართველოსთვის დამოუკიდებლობის დაბრუნებისა.

ჩვენს წინაშე ცოცხლდება შესანიშნავი მწერლების კოტე ხიმშიაშვილის, ადამ ბობღიაშვილის და ძმათა მათთა დღესაც კი ბურუსით მოცული პერსონები...

იკას ეს წერილი ჯერ კიდევ 1995 წელს დაერთო ბოლოსიტყვაობად როსტომ ჩხეიძის წიგნს „დაწყევლილი თაობა“.

შემდეგი წერილი, გარკვეული თვალსაზრისით, პირველის გაგრძელებას წარმოადგენს. „ჯონქა ხორნაულის დაბრუნება“ სწორედ კოტე ხიმშიაშვილსა და მის რომანს - „ჯონქა ხორნაული“ - ეძღვნება. ეს არის მოკლე, მაგრამ ფრიად საგულისხმო ცდა, რომ უსამართლოდ მივიწყებულმა კოტე ხიმშიაშვილმა ქართულ ლიტერატურაში კუთვნილი ადგილი დაიბრუნოს.

მკვლევარი თავის სიმაღლეზე დგას, - იკას პოეტურ-მეცნიერული ანალიზი გვაფიქრებინებს, რომ იგი ჯერ კიდევ 1997 წელს, როდესაც დაიწერა ეს სტატია, ჩამოყალიბებული ლიტერატორი იყო.

იგი მთელი ცხოვრების განმავლობაში ეძებს მხოლოდ საკუთარ დამოუკიდებელ გზას (მე ამას „ავანგარდულ ტრადიციონალიზმს“ დავარქმევდი). ასეთია იგი ხელოვნებისა და მეცნიერების ფრონტზე, მაგრამ აქვე ვიტყვი, ჩემი აზრით, 90-იან წლებში მასზე მაინც იგრძნობოდა რამდენიმე ადამიანის ზეგავლენა. ამათგან ერთი იყო უნივერსიტეტის პროფესორი ტარიელ კვანჭილაშვილი, რომელმაც იკას განუმტკიცა ქართული ლიტერატურის სიყვარული (ვთქვათ, სიყვარული მიხეილ ჯავახიშვილის შემოქმედებისა), ხოლო მეორე - როსტომ ჩხეიძე. უდავოდ ნოვატორული აზროვნების მკვლევარი. დიახ, თავიდან თითქოს იმ გზასაც ადგას იკა, მაგრამ მერე... როცა ამავე წიგნში წავიკითხე „ღია წერილი ბატონ როსტომ ჩხეიძეს“, რომელიც 2008 წლით თარიღდება, გამიჩნდა კითხვა - „რაშია საქმე?!“

ვფიქრობ, აუცილებელია, რომ ცნობილმა ლიტერატორმა ამ წერილს არ აარიდოს თავი და გასცეს პასუხი, რათა საბოლოოდ მოეფინოს ნათელი ბევრ კითხვას ლიტერატურული ბრძოლების შესახებ. ლიტერატურული ბრძოლები ვახსენე და მივადექით მესამე წერილს - „ოტარიდი“, რომელიც სწორედ ამგვარ შერკინებებსა და წინააღმდეგობებს ეხება. წერილი დაბეჭდილია 2000 წელს. გაოცებას იწვევს, როგორ გაბედა მაშინ, თითქოს ათი წლის წინათ, სრულიად ახალგაზრდა ქალმა ასეთ მწვავე თემებზე წერა? აშკარაა, რომ იკას უკვე მაშინვე არჩეული ჰქონდა მებრძოლი ლიტერატორის პოზიცია.

„ოტარიდი“ იყო ლიტერატურული გაერთიანება, რომელიც შეიქმნა 1996 წლის აპრილ-მაისში თამაზ წივწივაძის, თემურ მასხულიასა და სხვათა იდეის განხორციელებით. გაერთიანებაში თავი მოიყარეს იმ დროის თვალსაჩინო პოეტებმა, მწერლებმა და ლიტერატორებმა, და თუმცა ეს ჯგუფი მწერალთა კავშირს ექვემდებარებოდა. ორივე გაერთიანებას ჰქონდა თავისი სისუსტეები. მაგ. კავშირი ფრიად მოძველებული იყო და აშკარად საჭიროებდა განახლებას, რეფორმას. „ოტარიდის“ ძირითადი ნაკლი კი ეს გახლდათ; მისი წევრები ამ გაერთიანებამდე საკმაოდ ცნობილი ადამიანები იყვნენ. მეტიც, უმეტესობას უკვე გადაელახა შემოქმედებითი პიკი. ამიტომ „ოტარიდი“ თითქოს ძალადშეკოწიწებული ერთობა იყო, რომლისგანაც სიახლეს ბევრი არც ელოდა. მისი მესვეურები ცდილობდნენ ყოველივე ეს რეფორმად გაესაღებინათ. იყო ლაპარაკი გარკვეულ ფინანსურ დაინტერესებაზეც... ხოლო როცა ამ გაერთიანების თავკაცი მწერალთა კავშირში გაპირველდა, „ოტარიდის“ არსებობამაც აზრი დაკარგა.

იკას წერილი მაშინ აღიქვეს, როგორც ორივე დიდი გაერთიანების საკმაოდ მწვავე კრიტიკა და მან ბევრი მხარდამჭერი დაკარგა უფროს თაობაში, თუმცა ერთი რამ აშკარაა: ეს წერილი როსტომ ჩხეიძის მებრძოლ პოზიციას იზიარებდა.

შემდეგი სამი წერილიდან განსაკუთრებით დამაინტერესა: „ვის მივყიდით ქართულ მწერლობას?!“ სწორედ ამ სტატიის სათაურია გატანილი წიგნის სახელწოდებად.

2004 წელს შექმნილი წერილი ამყარებს იკას, როგორც მებრძოლი ლიტერატორის იმიჯს. აქაც დაპირისპირებაზეა საუბარი: მწერალთა კავშირი ამჯერად მწერალთა ფედერაციას უპირისპირდება, არის სხვა ქვედინებებიც.

ახალი საუკუნის დადგომამ ყველაფერი არია, ჩვენი ქვეყნის მდგომარეობასავით ჩახლართული გახდა ლიტერატურის ბედიც. ამას დაემატა გლობალიზაციის პროცესის გაძლიერება.

მოკლედ, იკა ქადაგიძემ აირჩია გზა ქართული, ეროვნული ლიტერატურის საუკეთესო ტრადიციების შემონახვა-გადარჩენისა, და ამ წერილში უკვე არა მარტო ძველ თაობას ეხება, არამედ ახლებს უფრო აკრიტიკებს, ასე ვთქვათ, „ტელევიზიის შვილობილებს“ (მისივე ტერმინია), გავლენიან ახალგაზრდებს, რომელთაც თითქოს სურთ რეფორმა, მაგრამ ამას არ უნდა გადააყოლონ ჩვენი ერის, კულტურის საუკეთესო ტრადიციები.

მაშ ასე: უცნაური პარადოქსი მივიღეთ: პოეტი თითქოს ყველას გაემიჯნა, იგი მარტოა, მაგრამ ამ მარტოობისა არ ეშინია, იგი ძლიერია, ესე იგი არასდროს დარჩება ეული. იკაც ყოველთვის ახერხებს თავის გარშემო გარკვეულ თანამოაზრეთა შეკრებას.

იგი ბობოქარი 90-იანი წლების თაობას მიეკუთვნება. სწორედ მაშინ გამოჩნდა იგი ლიტერატურაში. ესაა ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თაობა, რომელმაც თავის თავზე იწვნია ომები და იმედგაცრუება. ამან ქვეყანა საკმაოდ მოარყია, ხოლო სექტანტურმა მიმდინარეობებმა მართლმადიდებლობასაც შეუტია. იკა აქაც ტრადიციების, კერძოდ კი ჩვენი უძველესი რელიგიის სადარაჯოზე დადგა.

ამიტომაცაა, რომ მის ნაწერებში ვხვდებით რელიგიურ-ფილოსოფიურ თემებსაც. და აი, წერილიც: „ჯიბრან ხალილ ჯიბრანის იესო ძე კაცისა“ - აშკარაა, ხალილ ჯიბრანი იკას უფრო იმიტომ აინტერესებს, რომ მან, არაბმა, სწორედ იესოს შესახებ დაწერა წიგნი. აქ მეცნიერს ახსენდება აბო თბილელის ბიოგრაფია, რომელმაც ქართველობისთვის, ქრისტიანობისთვის თავი გაწირა. იკას არ დავიწყებია ამ პარალელის გავლება, ხოლო ჯიბრანის სიტყვებს, უფლის შესახებ ნათქვამს: „როცა ის მოკვდა, მოკვდა მთელი კაცობრიობა“, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს. იგი აქვე გვთავაზობს პარალელს ნიცშესთან: „ღმერთი მოკვდა, გაუმარჯოს ზეკაცს!“ და ასკვნის, რომ ღმერთი (თუნდაც მისი „შემცვლელი“) ადამიანს, მის გონსა და სულს ყოველთვის სჭირდება...

აშკარაა, დიდია ერუდიცია პოეტისა და მეცნიერის, ფართოა მისი თვალთახედვა და სამოქმედო არეალი.

შემდეგ ორი წერილის გმირთაგან ერთია ლეგენდად ქცეული დიმიტრი ყიფიანი, რომლის შესახებაც დღეს თითქმის ყველაფერი ვიცით. ამიტომ უფრო საინტერესოა მეორე სტატია - პოეტ შალვა მჭედლიშვილზე.

ვფიქრობ, 40-იანი წლების თაობა, რომელსაც „დაწყევლილი თაობა“ ეწოდა, მეცნიერისთვის საინტერესოა იმიტომაც, რომ იგი იმ დროის ადამიანებსა და თავის თაობას შორის საერთოს პოულობს - ორივე დროში არსებული მძიმე პირობების გამო. ბატონი შალვა კი რომელსაც იკა პირადად იცნობდა, მისი სულის მონათესავეა.

შალვა მჭედლიშვილი, პოეტი და დისიდენტი, მართლაც გამორჩეული პიროვნებაა, რომლის ღვაწლიც ჯერ კიდევ ელის ჭეშმარიტ დამფასებელსა და ამღიარებელს.

იკა ქადაგიძემ გადაწყვიტა, მშობლიური ლიტერატურისთვის ამ ადამიანის ჩამქრალი სახელი დაებრუნებინა.

ვფიქრობ, პოეტმა ყოველთვის უნდა იზრუნოს არა მარტო საკუთარი თავის, არამედ სხვა, ნამდვილი პოეტების წარმოსაჩენადაც. ეს ანბანური ჭეშმარიტება დღეს ხშირად გვავიწყდება, ხოლო იკა, როგორც ჩანს, სწორედ მორალური გადასახედიდან აფასებს საკუთარ პიროვნებას. ამ კუთხით უყურებს იგი სხვასაც:

„ბატონმა შალვამ შეძლო ყველაზე მკაცრი გამოცდის ჩაბარება. დრომ მის კაცთმოყვარეობას ვერაფერი დააკლო. ამიტომაც გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ იგი ნებისმიერი თაობის შემოქმედისთვის ზნეობრიობის ნიმუშია“.

წიგნი გრძელდება. ჩვენს წინაშეა სტატიებისა და თემების სიმრავლე. რას არ წააწყდებით აქ - ნააზრევს ძველ ქართულ ხუროთმოძღვრებაზე, თანამედროვე ინტერიერში დანახული ქართული ენის შესახებ, მსჯელობას მუსიკისა და თუ ჭედური ხელოვნების ირგვლივ...

აქვეა მეტად საინტერესო წერილი კრიტიკოსის წიგნზე: „გინდოდა გოგოთურსაცა წამასჯდომიყავ თავზედა?!“ მართლა საინტერესოა, თუ როგორ უყურებს ერთი კრიტიკოსი მეორის (ჯემალ მეხრიშვილი) ნაშრომს...

დიდი ინტერესით წავიკითხე ორი წერილიც: „ჩვენში ჩარჩენილი მეამბოხე გმირები“ და „პოეტის პოეტის სასჯელად?!“

პირველი მიშა თუმანიშვილის მიერ დაარსებულ გაზეთ „მესამე ათასწლეულში“ დაიბეჭდა. სხვათა შორის, „მესამე ათასწლეული“ სწორედ მე დავარქვი პოეტურ ჯგუფს, რომელიც გაზეთამდე არსებობდა. შემდეგ გაზეთსაც ეს სათაური მიენიჭა... უფრო მწვავე კი მაინც მეორეა, რომელიც შეულამაზებლად გადმოგვცემს ხელოვანთა, უფრო პოეტთა შორის მძიმე დაპირისპირებებს, ერთმანეთის გაუტანლობას. ვფიქრობ, ეს სამწუხარო რეალობა ვაი-პოეტებს უფრო ეხებათ.

გამიკვირდა, როცა წიგნში წავაწყდი იკას მიერ რუსულიდან გადმოღებულ ვლადიმირ სოლოვიოვის „მოკლე თხზულებას ანტიქრისტეს შესახებ“. ეს ღრმა რელიგიურ-ფილოსოფიური ნაშრომი პოეტს შესანიშნავად უთარგმნია.

ჯერ კიდევ სტუდენტობის დროიდან ვიცნობ და აქამდე არ ვიცოდი, რომ ასეთ ნაწარმოებთა თარგმანზეც მუშაობდა. იკა ქადაგიძის, როგორც ყველაზე მებრძოლი ლიტერატორის იმიჯს, კიდევ ერთხელ განამტკიცებს სტატია „ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორის გლობალური საფრთხისა და „ანტიტყაოსნის“ დამცველის შინაური საფრთხის გზაჯვარედინზე“.

თუმცა ჩემს განსაკუთრებულ ინტერესს მაინც იწვევს ამ წიგნში გაჟღერებული გალაკტიონის, ტერენტი გრანელისა და ნიკო სამადაშვილის სახელები.

აქვე უნდა ვახსენო წერილი თემურ ფირცხალაიშვილზეც - დღეს უსამართლოდ დავიწყებულ პოეტზე, უნდა ვაღიარო: იკას შესაშური ნიჭი აქვს განკიცხულთა ქომაგობისა. ეს კი იქნებ განსაკუთრებული თვისებაა ადამიანის ყველა თვისებათა შორის - განკიცხულთა ქომაგობა და მოყვასისადმი ერთგულება.

„პოეზია სულიერების განაჩენი თუ სისპეტაკე“ - მოკლედ ასე განსაზღვრავს ხელოვნების ამ უმაღლეს სახეს იკა ქადაგიძე. სწორედაც ამ პოზიციიდან უყურებს იგი გრანელს, რომლისთვისაც ნაშრომი უძღვნია მხატვარ რეზო ადამიას.

წიგნს შეეხო იკა და ძალაუნებურად მოუწია დაწერა გრანელის შესახებ.

„გრანელის სულის თავისებურების ამოკითხვა მხოლოდ მას ძალუძს, ვინც არნახული ტკივილის გავლით აღიქვამს სამყაროს, მის მიწიერ წესრიგს ვერაფრის დიდებით ეგუება, რადგან კოსმოსი თავისას ითხოვს“, - ეს ის სიტყვებია, რომელიც ყველაზე ზუსტადაა ნათქვამი.

„ტერენტის სულში დავანებული სივრცის თაღი ნაღვლიან ვარსკვლავთა ციაგითაა მოჭიქული“, - ამბობს პოეტი, ჩემი მხრივ გულწრფელად უნდა ვაღიარო, იშვიათად წამიკითხავს ესოდენ პოეტური შეფასება. აქ ხელოვნება და მეცნიერება ერთმანეთს შეეზავა და შეერწყა. აშკარაა, იკა ქადაგიძისთვის გრანელი და კონნე სპერელი, ოციანი წლების მთელი ლიტერატურული სამყარო საოცრად მახლობელია. თუმცა გრანელის იკასეული დანახვა ნაკლებად გაუკვირდება მას, ვინც წაიკითხავს იკას სხვა წერილს: „მარტოობის ტრაგედია“...

სტატიის გმირებად ნიკო ბარათაშვილი და ფრიდრიხ ჰოლდერლინი გვევლინებიან. ბარათაშვილი ხომ ქართული ლირიკული ტრიუმვირატის (გალაკტიონსა და გრანელთან ერთად) პირველი წევრი იყო, ხოლო ვისაც ესმის ამ იგავმიუწვდომელი პოეტის გულის ძგერა, მისთვის არც გრანელია უცხო. მარტოობის ტრაგედია მათ და ამავე განზომილებაში იკითხება ნიკო სამადაშვილიც.

წიგნში შეგხვდებათ სტატია: „დრამატული პარალელები“, სადაც შეპირისპირებულია ნიკო სამადაშვილი და მიხეილ ჯავახიშვილი. ეს თითქოს ამზადებს მკითხველს მეორე წერილისთვის, რომელსაც ეწოდება „ნიკო სამადაშვილის ხორკლიანი სინათლე“.

ჩანს იკასთვის ერთ-ერთი ყველაზე ახლობელი სწორედ ნიკო სამადაშვილის პოეზია აღმოჩნდა. აი, რას წერს ნიკოს შემოქმედებაზე: „ისეთი შეგრძნება გიპყრობს სტიქსის ტალღებს მინებებული ებრძვი ყოფიერებას, იქ გადადიხარ, სადაც ხილულისა და უხილავის საზღვარი სულიდან ამომსკდარ ამბოხს ეწირება“...

პოეტური შეფასებაა, ოღონდ აქ პოეზიამ მეამბოხეობა გაიარა, შეისისხლხორცა, როგორც იკას მეამბოხე თაობამ.

ასეთივე შეურიგებელი იყო 40-50-იანელთა თაობაც, რომელსაც ნიკო სამადაშვილი ეკუთვნოდა.

იკა ცდილობს შეაღწიოს პოეტის სულში, სამადაშვილის ლირიკულ სამყაროში, გაშიფროს, გახსნას მისი იდუმალებით მოცული სახე-სიმბოლოები, და ამას ახერხებს კიდეც: „მუხა ძველ ქართულ ცნობიერებაში სიბრძნისა და სიძლიერის საწყისი ნიკო სამადაშვილთან დაუფარავი ტრაგედიის ექოდ ასოცირდება. პოეტის მეხსიერებას მუხა შემოუნახავს, როგორც ოქროს საწმისის შენარჩუნების მარადიული სიმბოლო...“

დამაფიქრებელი სიტყვებია...

არ შემიძლია არ აღვნიშნო ერთი დაკვირვებაც, რომელსაც ზოგი მკვლევარი რატომღაც გარს უვლის: „სამადაშვილის ლექსი მზამზარეულ სიამოვნებას არ განიჭებს. პირიქით, ჰაეროვანი ოცნებების ნაცვლად, პირველცოდვის მარადიულ სიმძიმესთან მიგვაახლებს. განსჯაზე მეტად გულიდან ამოფრქვეულ ლავას უმორჩილებს იდუმალებით მოსულ სულს...“

მაგრამ ყველაზე საინტერესოა სტატიის ბოლო, დამამთავრებელი ფრაზები, ამ წიგნის მშვენება რომ გამხდარა.

„ნიკო სამადაშვილს დღენიადაგ აწამებდა განცდა, რომ ნასესხები სიცოცხლით სულდგმულობდა, სიცოცხლით, რომელიც ღვთისგან არ უთხოვია. იქნებ სულაც ლექსებისგან ნასესხები მარადიულობით ედგა სული? ვინ იცის“.

როგორც უკვე აღვნიშნე, წიგნში შესულია მოთხრობებიც. მათ განხილვას არ ვაპირებ, რადგანაც ეს სხვა თემაა, თუმცა... მოკლედ ვიტყვი: ამ მოთხრობებმა განმაცვიფრა, უცნაურობით, სიძლიერით. აქვე არ შემიძლია არ ამოვიწერო პირველი მოთხრობის წანამძღვარი:

„ახლა ღმერთს ვგავდი -
ვტივტივებდი ჰაერში,
სული მქონდა ახალი,
ყინულივით მჭრელი და წმინდა...“

ეს სილვია პლათია და... სულო ცოდვილო, უცებ ისიც კი გავიფიქრე, ხომ არ არის იკას საიდუმლო მიზანი ის, რომ ქართველ სილვია პლათად ან ემილ დიკინსონად დარჩეს.

ეს არავინ იცის იკას და მომავალი დროის გარდა...

3.29 67. ლომოური, სალომე. ნიკო სამადაშვილის ათმარცვლიანი საზომი პოეზიაში

▲ზევით დაბრუნება


// ლექსმცოდნეობა: ყოველწლიური კრებული / შოთა რუსთაველის ქართ. ლიტ. ინ-ტი. - თბილისი, 2021. - № 13, ლექსმცოდნეობის მეცამეტე სამეცნიერო სესია (მასალები): ეძღვნება ნიკო სამადაშვილს. - გვ. 249-258.

ათმარცვლიანი საზომი ქართულ პოეზიაში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეტრია. ის აღორძინების ხანაში დამკვიდრდა 20-მარცვლედის გაყოფის შედეგად. ათმარცვლედი გაცილებით მსუბუქი და მოქნილია, ვიდრე გრძელი საზომები, ამიტომ ქართველი პოეტები მას ხშირად მიმართავდნენ. სიმეტრიული 5/5 ათმარცვლედის ყველაზე გავრცელებული სახეა, მაგრამ მისი სხვა ვარიაციებიც გვხვდება, მაგალითად, ლუწმარცვლიანი მუხლებით აგებული 4/4/2 ან 2/4/4. შედარებით იშვიათად შეიძლება

3/3/1-საც გადავაწყდეთ. ზოგ შემთხვევაში მთავარ ცეზურას მცირე ცეზურები ემატება და ვიღებთ ახალ ვარიაციებს - 3/2//3/2 ან 2/3//2/3 და ა.შ. (ხინთიბიძე 2000: 51).

ნიკო სამადაშვილის შემოქმედებაში ათმარცვლიანი საზომი ძირითადი მეტრია. პოეტის საარქივო გამოცემა „ფერისცვალებაში“ დაბეჭდილი 336 ლექსიდან 203 სწორედ ათმარცვლედითაა შესრულებული. უმეტეს შემთხვევაში, ლექსებში იზოსილაბური სიმეტრიული 5/5 საზომი გვაქვს, თუმცა შეიმჩნევა ისეთი შემთხვევებიც, როცა 3/2//3/2-ის მონაცვლეობებია. რამდენიმე ლექსში ჩართულია 11-მარცვლიანი საზომი ცალკეული ტაეპების სახით, მაგრამ ამგვარი შემთხვევები ძალიან იშვიათია.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ პოეტის ათმარცვლიანი მეტრით გამართული ლექსები თემატიკითაც უკავშირდებიან ერთმანეთს. შეიძლება ითქვას, რომ პოეტი ერთ მაგისტრალურ ხაზს მიჰყვება, რომლიდანაც ძალიან იშვიათად უხვევს. სტროფიკის მხრივ, ის სიახლეს არ გვთავაზობს. ლექსები კატრენებითაა დაწერილი. ბევრი მოკლეა, ერთ-სტროფიანი. ზოგჯერ გვხვდება ორტაეპედებიც, მაგრამ უფრო გამონაკლისების სახით. ნიკო სამადაშვილი ჯვარედინ აბაბ რითმას ანიჭებს უპირატესობას. ამ რითმითაა გამართული ათმარცვლიანი ლექსების უმრავლესობა.

სტროფიკისა და საზომის ერთგვაროვნების ფონზე ყურადღებას იქცევს საინტერესო მხატვრული სახეები. ლირიკული გმირის თანმდევია ქარი, ქარბუქი, ღამე. სამადაშვილის ათმარცვლიანი ლექსები გვიხატავენ ტანჯულ, მიუსაფარ პიროვნებას, რომლისთვისაც საშველი არ არის:

„ასე დავძრწივარ ბავშვობის ხნიდან,
ვერ გავიკაფე გზა სინათლისკენ!
ღმერთო! რა სევდა გადამეკიდა,
ნეტა, სად მივდევ ამ ქარაფ ქვესკნელს.
ჩემი გაჩენა ცოდვის კითხვაა,
ვინ იტყვის ჩემზე, ის იყო კაცი!
ჩემს ბნელ სამარეს თვითონ გავითხრი
და შიგ ჩავწვები ფეხის ბარბაცით.“

(სამადაშვილი 2004: 18)

ობლობის სევდა ბოლომდე თან სდევს ლირიკულ გმირს. ის თითქოს არსად და არავის ეკუთვნის. თვით სამშობლოც კი ხშირად დედინაცვლის სახით გვევლინება. ლექსში „თელა და ჩიტი“ პოეტი ჩივის:

„მე ყველამ კარი გამომიხურა,
იცი, ნუგეში როგორა მშიან?!...“

(სამადაშვილი 2004: 20)

ეს ლექსი დაპირისპირებებითაა აგებული - ერთი მხრივ, ბედნიერი, მოჭიკჭიკე ჩიტი, მეორე მხრივ, „ცხოვრებით გაჩანაგებული“ ლირიკული გმირი. აქვე ჩნდება ქარის მხატვრული სახე, რომელიც სამადაშვილის ბევრი ლექსის თანმდევია. საინტერესოა, რომ ქარი ზოგჯერ მეგობრის, დამხმარის ფუნქციას კისრულობს, ზოგჯერ კი პირიქით, პოეტის ცხოვრების გზას უფრო მძიმეს ხდის:

„მე ლექსებს ვწერდი ქართა ყაყანზედ,
ეს იყო ჩემი ძუძუ და ხსენი,
მაგრამ ამ პირქუშ კაცთ სამყაროდან
თავი ვერაფრით ვერ დავიხსენი.
ჯერ კიდევ, თითქმის დედიშობილას,
ტყის ქარიშხლები მაცვამდნენ შავებს,
ეხლაც არ ვიცი, ჩემი სამშობლო,
რას მერჩის, ნეტავ რა დავუშავე?!“

(სამადაშვილი 2004: 21)

ხანდახან ლირიკული გმირი თითქოს გაორებულია. ერთი ნიკო მეორეს მიმართავს. მოუსვენრობის, თუ არდასვენების განცდა ასეთ ლექსებსაც გამსჭვალავს. საშველი არ არის. თვით ღმერთი, რელიგიაც კი უძლურია, რომ პოეტს სიმშვიდე მოჰგვაროს:

„ცოცხლობდა კაცი, თრთოდა, იწოდა,
ხელის გულის ქვეშ უმზერდა სივრცეს.
სამშობლოსაგან გულის სწყდებოდა,
საქართველოში გრძნობდა სიცივეს...“

(სამადაშვილი 2004: 24)

ტრაგიკულია ხვედრი კაცისა, რომელიც „წმინდანებმაც ვერ დაამშვიდეს“. საყურადღებოა „ყრუ აკაციის“ მხატვრული სახე, რომელიც ტაძრის წინ დგას. ხეები სამადაშვილის შემოქმედებაში ხშირად გვხვდება, ზოგჯერ ისინი მეგობრის როლში გვევლინებიან, ზოგჯერ კი ამ აკაციასავით გულგრილნი არიან პოეტის ტანჯვის მიმართ. დროდადრო იელვებს მწირის სახეც. თუ ტიციან ტაბიძის შემოქმედებაში მწირი - მუდმივად უდაბნოში ხეტიალისთვის განწირული მიუსაფარი, ლირიკული გმირია, სამადაშვილის მწირი დევნილია („ის დადიოდა მწირი, დევნილი“), მას დევნიან ცხოვრება, სამშობლო, „ძმათ მეგობრები“.

ლექსები ერთადერთი ნუგეშია, მაგრამ ისინიც კი ლირიკული გმირის გარდა ყველასთვის გაუგებრად რჩებიან. „ავადმყოფობა ეგონათ, ბიჭო,/ ლექსები ტანზე გამონაყარი!“ - მიმართავს პოეტი თავის ალტერ ეგოს ლექსში „ნიკო სამადაშვილს“. ამ ლექსში ქარი უარყოფით ფუნქციას კისრულობს - ლირიკულ გმირს ტოტს სცემს. ის თითქოს პოეტის შინაგან ორგემაგობასაც ითვისებს - ერთი მხრივ, გაპიროვნებულია („ქარები უფრო წაიკითხავდნენ,/ ჩაბჟირდებოდნენ სადმე სიცილით“), მეორე მხრივ, გასაგნებულია („ვის რად უნდოდა ეს თვალთმაქცობა,/ ნეტავი ქარში გადაგეყარა“). ერთი მხატვრული სახის ორმაგი კონტექსტით დატვირთვა საინტერესო მხატვრულ ეფექტს ქმნის და საკმაოდ ხშირად გვხვდება სამადაშვილის ლექსებში.

პოეტის ცხოვრება დაუსრულებელ ღამეს ემსგავსება, რომელიც ათას განსაცდელს ფარავს. სიბნელეში დარჩენილ ლირიკულ გმირს ზოგჯერ მკვდრები იტაცებენ.

სიკვდილის მოტივი თან ახლავს ღამეს. მაგრამ პოეტს ის არ აშინებს, პირიქით, ზოგჯერ უხმობს კიდეც:

„ის გაიტაცეს ღამე, ჩანჩქრებთან
....
ის დაიკარგა. თუ, დაიღუპა,
რა საჭიროა კითხვა და ძებნა...“

(სამადაშვილი 2004: 23)

ლექსში „ის კიდევ სწერდა ლექსებს...“ პირველსა და ბოლო სტროფში მცირედი სხვაობით მეორდება ფრაზა: „ღამეს დავშორდი ქარიშხლებს გაღმით/ და განთიადებს ვერ დავეწიე.“ ლირიკული გმირი კუბოთი მიასვენებს საკუთარ გულს. მისი გზა რთულია, დაბრკოლებებით სავსე:

„ხან გრიგალები მართმევდნენ ცხედარს,
ყრუ აღმართები ყალყზე დგებოდნენ
მუხლი მწყდებოდა ქარების მხედარს,
სადღაც ღვთისმშობელს ვეცოდებოდი.“

(სამადაშვილი 2004: 26)

მსგავსი მოტივი მეორდება ლექსში „ერთი კიდევ, თუ ღმერთი გწამს“, მხოლოდ, ამჯერად პოეტი ითხოვს, რომ საკუთარ ცხედარს მოსწყვიტონ. „ქარიშხალია კიდით კიდემდე“ და ლირიკული გმირიც ამ ქარიშხალივით დაუდეგარი და მოუსვენარია.

„მინდა ვეწამო, ვიწოდე ცოცხლად,
ასწიეთ კუბო, უთხარით დედას,
შიგ ჩავდეთ შენი ყვავის ბახალა.
მაგრამ იქაც კი ვერ მოისვენა...“

(სამადაშვილი 2004: 27)

პოეტის სული მიჰყვება „ქარების ბღლაძუნს“ და ქარშივე ქვითინით იღუპება. მგლოვიარე კუბოს მხატვრულ სახეს ენაცვლება ღვთისმშობლის წინ მორბენალი ბალღი, რომელიც შეიძლება დაღუპული პოეტის პროტოტიპადაც გავიაზროთ. მხოლოდ ზრდა სრული ლირიკული გმირისგან განსხვავებით, ბავშვს სიცოცხლე სწყურია და უკუნი სძულს, რომელიც პოეტის მუდმივი მეგზური გახდება. აღსანიშნავია ლექსის დასასრული: „ჩვენ დავინახეთ ქარი დაბრუნდა/ და ტანზე ეცვა იმის [დაღუპული გმირის] პერანგი“. ქარი - ქარების მხედრის პერანგით შემოსილი, რომელიც ერთდროულად მოყვარეც არის და ნემესისიც.

ორივე ლექსში გვხვდება ღვთისმშობელი. მასთან ერთად ხშირად ფიგურირებს იესოც. სამადაშვილის ლექსებში ღვთისმშობელი რეალური ქალის სახეს იძენს. იგი ერთგვარად დედის ფუნქციას ითავსებს, მაგრამ არა წმინდა, განყენებული, შორეული დედის, არამედ ფიზიკური, ხელშესახები, მიწაზე მყარად მდგარი ქალის, რომელიც ეზოს უგვის პატარა იესოს. იგი არასოდეს არის შორს და ლირიკული გმირის მიმართ სიბრალულითაა განწყობილი. თუმცაღა ღვთისმშობლის სიახლოვე საკმარისი არ არის

სიბნელის განსადევნად. მარტოსულ პოეტს ერთადერთ სიმდიდრედ ლექსები დარჩენია, რომელთა სამყაროსთან გაზიარებაც არ სურს:

„ის ჩუმად წერდა, თითქმის მალულად,
უყვარდა ნისლით ნალექი გზები,
რომ მიიცვალა, უცბად, ქურდულად,
თან გაიტაცა თავის ლექსები.“

(სამადაშვილი 2004: 30)

ისევ ერთმანეთს უპირისპირდება ორი ნიკო - ბუღალტერი და პოეტი. მაგრამ ლირიკულ გმირს რაღაც სხვა უნდა: „მე არაფერი აღარ მიზიდავს,/ შეაჩხლებული ბედის ურგები,/ ის დრო მერჩივ-ნასაზანდარივით,/ როცა მღეროდნენ საძნე ურმები“ (სამადაშვილი 2004: 40).

ბავშვობა, სოფელში გატარებული დრო, მიუხედავად ობლობის ტკივილისა, პოეტს ზოგჯერ ნოსტალგიითა და სითბოთი ახსენდება. ლირიკული გმირი თავის თავს ეკითხება, ხომ არ სჯობდა სოფელი ქალაქს, რომელიც დედინაცვლად ექცა და შიმშილი და გაჭირვება მოუტანა.

ეს მონატრება მჟღავნდება ლექსში „ფრესკები ჩონგურზე“. ყოველი სტროფი დახუნძლულია მხატვრული სახეებით, რომლებიც სოფლური ყოფის სურათებს გვიხატავს:

„ბაღებს გაზიდამს ყრუ შემოდგომა,
ტყე ჟინჟღლს მოიმცვრევს დილა ადრიან.
ქართულ წისქვილის კარს მოადგება,
წვერგაჯენჯილი დინჯი ანდრია.“

ჯ, ჭ, წ, ხ - ბგერათა ალიტერაცია მთელ ლექსს მიჰყვება. ევფონია საოცრად მჟღერია, ცოცხალი და მეტყველი. დინჯი ანდრია „ხვიმირებიდან დროჟამს ჩამოფქვამს,/ გახედავს: ოჩხებს, ჯაგვნარებს, ჭიუხს...“ მესამე სტროფში კი „ყბედ მეურმეს“ ვეცნობით, რომელიც მდინარესავით დაუსრულებელ ზღაპარს გააბამს. ლექსი მდიდარია მეტაფორებით, შედარებებით, გაპიროვნებებით. ღამე კუნელის ფერია და აქაც, როგორც სხვა ლექსებში, იგი ლირიკული გმირის წილხვედრია.

„ნუთუ ბოსელშიც არ გვქონდა წილი,/ ლოცვებს ვთვლით, მაინც ვუბედურდებით“ - გულისტკივილით ამბობს პოეტი. გასაქცევი არსადაა, მაშინაც კი, როცა თვალებს ხუჭავს („რა ვუყოთ ყურებს!“). შეშლილი ღმერთი ჩონგურის ხმაზე ცეკვავს - ხსნა არსაიდან ჩანს. ტკივილს შეჩვეული პოეტისთვის თითქოს უფრო ადვილი ხდება მისი ატანა, ვიდრე იმის დაშვება, რომ შეიძლება ბედნიერება მოიპოვოს. უფრო მეტიც, ბედნიერებისთვის ბრძოლის მოტივიც არ ჩანს. ხანდახან სამადაშვილი პირდაპირ უარყოფს მას. ლექსში „სად არის, სადა?“ პოეტი აცხადებს:

„შენი არ ვიცი, მე დავითენთე,
სად არის, სადა... ქვეყნიერება?
როგორ არ მინდა, რომ ხვალ გათენდეს,
როგორ არ მინდა ბედნიერება.“

(სამადაშვილი 2004: 53)

მისთვის ნაცნობია ღამე, რომელიც არც ისე ბნელია და ჭრიჭინების ბაასით სავსე. „იწამეთ ღამე და ნანგრევები“ - მოითხოვს ლირიკული გმირი და უარს ამბობს კაცის ძიებაზე. დღისთვის, ბედნიერებისთვის, უარის თქმის მოტივი და ისევ მარტოსულობის

არჩევა სხვა ლექსებშიც გვხვდება:
„ვიცი, იტყვიან: რომ ბნელ ღამეებს,
ის რიჟრაჟებმაც ვერ გამოჰგლიჯეს,
ბედნიერებას სთხოვდა ნაპრალებს,
და სულელივით სთვლიდა ნაბიჯებს.“

(სამადაშვილი 2004: 55)

ლირიკული გმირი ამ ბედნიერებას ვერ პოულობს და ისევ ღამეებს შეერევა.

სამადაშვილის ლექსებში ხშირად ფიგურირებს დედამიწაც. ის პოეტს მოუსვენრობისა და განრიდების გრძნობებს აღუძრავს. სწორედ დედამიწის ხილვა გახდება ღამესთან დაბრუნების მიზეზი. თითქოს ლირიკული გმირი გარედან უყურებს მას, მთლიანობაში აღიქვამს და არ მოსწონს ის, რასაც ხედავს:

„ის ერთხელ, ნათელს გამოჰყვა ზიზღით,
სოფელს წააწყდა, ავდარი იყო,
წინ დაეხედა, თურმე ნუ იტყვით,
ეს დედამიწა გამომდგარიყო!“

ანდა:

„ხალხთ უდაბნოა დედამიწაზე,
ერთ შეხედე, რა უშნოთ უდევს.“

(სამადაშვილი 2004: 59)

ლირიკული გმირისთვის სამყარო, რომელშიც მონათესავე სულები თითქმის არ ეგულება, უდაბნოდ ქცეულა. ადამიანებით სავსე დედამიწა მისთვის ცარიელია, რადგან გულშემატკივარი არავინ ჰყავს. სამშობლოც უფრო დედინაცვალია, ვიდრე დედა

და პოეტს სიცოცხლის ბოლომდე ტანჯავს იმაზე ფიქრი, თუ რატომ ექცევა იგი ასე სასტიკად.

ლექსში „ფერისცვალება“ სამადაშვილი საკუთარ „მეს“ ესაუბრება: „შენი თვალები ლაჟვარდებს ნთქამდა,/ სადღაც მისდევდი სივრცეთა მზვარეს“ (სამადაშვილი 2004: 62). წარსულში „ლანდებთან მობაასე“ პოეტს აწმყოში იმედგაცრუებული ლირიკული

გმირი ენაცვლება, რომელიც სინანულით კითხულობს:

„შენი გაჩენა, ღმერთო, რა იყო?!
რა სიყმაწვილე წავიდა ფუჭად,
წყალმა რამდენი თრთოლვა წაიღო!“

ამ სტრიქონებში ცხოვრებისგან გარიყული, ტანჯული ადამიანის ტკივილი მძაფრი ემოციით ცხადდება. რიტორიკული შეკითხვა გადმოსცემს იმ ადამიანის გაოგნებას, რომელიც აღმოაჩენს, რომ ძნელბედობაში ძვირფასი წლები ხელიდან ისე გამოსცლია, რომ ცხოვრების სიტკბოების შეგრძნება არ დასცლია. „სუყველასაგან გზაზე ჩაწიხლულ“ პოეტს გარინდებაღა დარჩენია. თითქოს ცდილობს დროის მსვლელობას გამოეთიშოს, მაგრამ დროს ვერაფერი აჩერებს. იგი მაინც მიდის, მაშინაც კი თუ დამსხვრეული საათი აღარ მოძრაობს. იმედს, ლაჟვარდებს, ისევ ღამე ენაცვლება.

მიუხედავად იმისა, რომ ლირიკული გმირი ღამისგან გარიდებაზე ფიქრობს, სიბნელისგან თავის დაღწევას ვერ ახერხებს: „ღამე ტირილით გამოიხურა/ და გათენებას ვეღარ მიაგნო“ („მარადისობის უარყოფა“).

საინტერესოა, რომ ნიკო სამადაშვილის ლექსებში ხშირად ფიგურირებს ცხედრები, მკვდრები, კუბო („მიცვალებულნი წავლენ მიწიდან“/ „ნაძვები ცხედარს მიასვენებდნენ“/ „მარტო სწევს კუბოს გიჟი პოეტი“). მართალია, სიკვდილზე ფიქრი პოეტის თანმდევია, მაგრამ მას სიცოცხლეც არ ეთმობა („ის მიდიოდა და მაინც კიდევ,/ სულ სიცოცხლისკენ ეჭირა თვალი“). ქარი კი ის ძალაა, რომელიც ყველაფერს ატრიალებს, სიცოცხლეს სძენს. ის ისეთივე მოქმედი პერსონაჟია, როგორც თავად ლირიკული გმირი - შეიძლება ითქვას, ქარი სამყაროს სულია. ის ყველგან გვეფეთება, ხან ქადაგივით ყვირის, ხან საზარელ ამბებს ჰყვება, ხან კი ლირიკულ გმირს ატყვევებს ან სხვებისგან იფარავს. ქარის/ქარების გარდა, პოეტი ხშირად იხსენიებს ქარბუქს ან გრიგალს („მე გრიგალების მძევლად ვიყავი“/ „შენ შემიბრალებ, ძმაო ქარბუქო“). პოეტისთვის, რომელსაც სჯერა, რომ „სულ არავინ არ დაიტირებს“, ერთადერთ ჭირისუფლად ისევ ქარები რჩებიან, ყვავილებით რომ მიჰყვებიან კუბოს. და თუმცა მას არასოდეს ეღირსება მზის სხივი, მაგრამ ქარები, ღამღამობით შარაგზებზე რომ დაჰქრიან, არასოდეს მიატოვებენ. მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში ენაცვლებიან ქარებს ნისლები. ნიკო სამადაშვილის ათმარცვლიან ლექსებს შორის სულ რამდენიმე ლექსია განსხვავებული განწყობით დაწერილი. მათგან აღსანიშნავია თავისი შვილის - ნუგზარისადმი მიძღვნილი „ნუგეშს და იმედს“, რომელიც გამორჩეულად თბილ, მხიარულ განწყობას ატარებს:

„აგერ, ნუგზარი ეზოში ცელქობს,
მაისის დღეა - მერცხლების ზარი.
გზას რო გასცქერის, ზოგჯერ სიცილით,
მამას მიელის ჩემი ნუგზარი.“

(სამადაშვილი 2004: 13)

ლექსში ნ, ზ და რ ბგერების ალიტერაცია შეინიშნება, რომლებიც სახელ ნუგზარის ასოციაციას იწვევენ და ლექსის მთავარ გმირს ყურადღების ცენტრში აქცევენ. ასევე, განსხვავებულია მიძღვნითი ხასიათის რამდენიმე ლექსი. მათგან ზოგი ნიკოს მეგობარსა და მასწავლებელს, ერეკლე ტატიშვილს ეძღვნება. თუმცა ტატიშვილისადმი მიძღვნილი ლექსები მაინც სევდიან განწყობილებას ატარებს, რადგან ერეკლე ის პიროვნებაა, რომლისთვისაც პოეტს გულის გადაშლა და თავისი ტკივილის გაზიარება შეუძლია.

სამაგიეროდ, განსხვავებულ განწყობას ბადებს ლექსი „მანანა ქართველიშვილს“. ყველაზე თვალშისაცემი აქ გამეორებებია, ყოველი მომდევნო სტროფის პირველი სტრიქონი ერთმანეთს უკავშირდება ან გამეორებებით, ან ალიტერაციით:

„კვირაძლის ბინდი შენთვის მიყვარდა,
შენთვის ვანთებდი წინაპართ კანდელს,
შენში ვცხოვრობდი როგორც ბალადა,
შენ გიყვებოდი ჩემს გულის ნადებს.“

(სამადაშვილი 2004: 80)

ლექსში მოცემული გვაქვს ანაფორები, რომლებიც საკმაოდ იშვიათია ნიკო სამადაშვილის ათმარცვლიანი საზომით დაწერილ ლექსებში:

„კვირაძლის მწუხრზე შენთვის ვლოთობდი,
შენს სადღეგრძელოს ვსვამდი ფათფათით.
ხსოვნა ანთებულ მკერდში გალობდა,
ხსოვნა - დაღლილი სამიწე დარდით.“

საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, ნიკო სამადაშვილის ათმარცვლიანი საზომით შესრულებული ლექსები მდიდარია საინტერესო მხატვრული სახეები და დახვეწილი ევფონიით გამოირჩევა. პოეტის სამყარო მრავალფეროვანია. მიუხედავად იმისა, რომ სევდა და ტკივილი მისი თანამგზავრია, ან შესაძლოა, სწორედ ამის გამოც, ნიკო სამადაშვილი ახერხებს გამორჩეული სიტყვა თქვას ქართულ პოეზიაში.

3.30 68. მანიჟაშვილი, ირინე. გზის სემიოტიკა ქართული ენის მასალების მიხედვით

▲ზევით დაბრუნება


// სემიოტიკა = Semiotics : სამეცნიერო ჟურნალი / საქართველოს სემიოტიკის საზოგადოება სემიოტკის კვლევის ცენტრი. - თბილისი, 2012. - № 12. - გვ. 189-201.

გზის სემიოტიკა ქართული ენის სივრცეში თავისთავად მოიცავს ლექსემა გზის სემანტიკური ველის გააზრებას, ეტიმოლოგიურ წიაღსვლებს, გზის მეტაფორულ ინტერპრეტაციებს მხატვრულ ლიტერატურასა და ზოგადად კულტურაში.

გზის სემიოტიკის კვლევისას ვიყენებთ სიტყვა-ნიშანს და არა - სიმბოლოს. მიუხედავად იმისა, რომ ორივეს აგებულება სამკომპონენტურია - აღმნიშვნელი, აღსანიშნი და დენოტატი (საგანი, მოვლენა ან მოქმედება) - ლინგვისტიკაში „სემანტკური სამკუთხედით“ ცნობილი, ანუ სემიოტკური კავშირია მათ შორის, ისინი ურთიერთშენაცვლებადი არ არიან და სხვადასხვა სიბრტყეზე განიხილებიან. ნიშანი მოითხოვს გაგებას, სიმბოლო კი - ინტერპრეტაციას. მათი გამოყენება პრინციპულად განსხვავებულია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სემანტიკური გზა აკავშირებს სახეს მეტაფორასთან, სემიოტიკური გზა კი - სიმბოლოსა და ნიშანთან.

ყოველი კონკრეტული ენის საფუძველს განსაზღვრავს ძირითადი ლექსიკური ფონდი და გრამატიკული წყობა. ძირითად ლექსიკურ ფონდში შედის ის სიტყვები, რომლებიც ქმნიან ლექსიკის ყველაზე ძველსა და მკვიდრ ნაწილს. „ეს არის ყველაზე აუცილებელი და სტაბილური ნაწილი ლექსიკისა“ (არნ. ჩიქობავა, 1952, გვ, 24, 25). გზა, როგორც სემანტიკური ერთეული, არის ქართული ენის ძირითად ლექსიკურ ფონდში შემავალი სიტყვა, ე.წ. „გასაღები სიტყვა“. ლინგვისტიკაში არსებობს ასეთი ტერმინი - სემანტიკური უნივერსალია. ეს იგივეა, რაც „გასაღები სიტყვა“. ეს სიტყვები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ ენის მფლობელთა კულტურისათვის. ძირითადი ფონდის დადგენა შესაძლებელია სიხშირეთა ლექსიკონებით, ენის ფრაზეოლოგიასა და იდიომატიკაში რომელიმე ლექსიკის აქტუალიზაციით, მისი უნარით, შექმნას მყარი შეხამება მეორე სიტყვასთან.

„გასაღები სიტყვა“ არის იგივე კონცეპტი, რომლის მეშვეობითაც ხდება კულტურის ახსნა. ლინგვისტურ აზროვნებაში კონცეპტი თავის გულისხმობს ლოგიკურ-ფსიქოლოგიური და ენათმეცნიერული კატეგორიების ორგანულ შერწყმას. ერთ-ერთი ასეთი გასაღები სიტყვა ქართულ სალიტერატურო ენაში არის „გზა“. სიტყვა გზის სემანტიკური ველი ქართულში მრავლისმომცველი და მრავალმნიშვნელოვანია.

ძველი ქართული ენის ლექსიკონში წარმოდგენილია გზის განმარტება, მისგან ნაწარმოები სიტყვები და ის მყარი სიტყვათშეხამებანი, რომელიც გზას უკავშირდება. გზა - სავალი(ი.ა.), გზად-ყოფა-გაცილება, მგზავრობა, მიმოსვლა, გზაში ყოფნა, გზათაებრ-მსგავსად გზებისა, მოგზავნება, მოგზაური, მომგზავრება, საგზალი, სასაგზლე, უგზო(ი.ა.). გზა სამეუფო - დიდი გზა(ი.ა.). გზა სოფლისა - (დიდი გზა) (ი.ა.). გზა-ყოფა - გაყოლა. გაცილება(ი.ა.) გზისა ზიარი - მოგზაური, გზისა მავალი - მოგზაური (ძველი ქართული ენის შეერთებული ლექსიკონი, 2008, გვ. 86).

სულხან-საბა ორბელიანი სემანტემა გზას ასე განმარტავს: გზა - არის ზომიერი კაცთა სავალი, ხოლო შარა - ვრცელი და ბილიკი - ვიწრო, ხოლო ქაშანი (ხაზგასმა ჩემია - ი. მ.) - შამბნართა ანუ თოვლთა ზედა გატკეცილი სავალი და წავარნა - კლდეთა ზედა ვიწრო რამე ნადირთა წარსავალი. სვლად, გზად ითქმის ფოლორცნი და შუკანიცა. ნაწარმოები სიტყვები: ბაბუასაგძალა, გზის, მოგზაური, ორგზის, საგზალი, საგზური, საგძალი, შაბათის გზა (სულხან-საბა ორბელიანი, 1991, გვ. 158).

სულხან-საბას ლექსიკონში დასტურდება გზასთან დაკავშირებული უძველესი ქართული ფუძეები: ქაშანი, წავარნა, ფოლორცნი, შუკანი.

საინტერესოა, რომ სიტყვა-ნიშანი „გზა“ ქართველურად ქართულ-ჭანური ერთიანობის დონეზე აღდგება, როგორც არსებითი სახელი. თუმცა, სვანურში მას ზმნური მნიშვნელობა აქვს. დღევანდელი სვანური სიტყვა ლიზი - „სვლა“ დასაბამისეული ფორმით აღდგება, როგორც ლი-გზ-ეი (მსგავსი მნიშვნელობით ჭანურში გვხვდება ზმნა ი-გლაზ-უ: წავიდა, გაემგზავრა) (იხ. გამყრელიძე, მაჭავარიანი, გვ. 348). მაშასადამე, ჩანს, სიტყვა გზა რაღაც ობიექტს კი არ აღნიშნავდა, არამედ გზაზე დგომას, რაღაცის ქმედებას; ანუ დასაბამისეული მნიშვნელობით გზა ნიშნავს არა რაღაც კომუნიკაციას, ტრასას ან ბილიკს, არამედ - გზაზე დგომას, ქმედებას.

ქართული ენის ფრაზეოლოგიაში, იდიომებში „გზა“ გადატანითი მნიშვნელობით მრავალფეროვნად არის წარმოდგენილი: ვინმეს მოღვაწეობის მიმართულება, რაიმეს განვითარების გეზი, გზა ხსნილია (დაბრკოლება არ შეხვდება), გზას ააცდენს - ცუდ გზაზე დააყენებს. ცხოვრების გზა, გზა-კვალი (სავალი გეზი, მიმართულება). თავგზას აუბნევს - დააბნევს, გზიანი სიტყვა -- გონივრული სიტყვა და სხვ.

გზის მოდელი სხვაგვარადაა გააზრებული მითოლოგიაში, ფილოსოფიაში, ძველსა და ახალ აღთქმაში. ქართული ენა, როგორც ქრისტიანული კულტურის მატარებელი, მართლმადიდებლური ტრადიციის დამცველი, მთავარ ორიენტირად იღებს სახარებისეულ გზის ეპითეტს: „მე ვარ გზა და ჭეშმარიტება და ცხოვრება. არა ვინ მოვიდეს მამისა, გარნა ჩემ მიერ“ (იოანე, თ. 14.6).

წმინდა წერილში არაერთგზის მეორდება, რომ ამ ქვეყნად ჩვენ მგზავრები და სტუმრები ვართ. გზად ყოფნა მარადიულ მოძრაობას, ახლის ძიებას, წინსვლას გულისხმობს. ადამიანი ამოვარდნილია თავისი ბუნებრივი კონტექსტიდან მას შემდეგ, რაც იგი ცდუნდა ცნობადის ხის ნაყოფით; განდევნილია უზენაესი კონტექსტიდან - განვითარების უწყვეტი, უნივერსალური გზიდან და მისი ამქვეყნიური ცხოვრების გზა მარადიული მცდელობაა, ოცნებაა იმ პირველ და დასაბამისეულ კონტექსტში დაბრუნებისა.

როგორც აღვნიშნეთ, გზის მეტაფორული ხატი სხვადასხვაგვარია - გზა ქვეყნიდან ქვეყანაში, გზა დროიდან დროში, გზა სივრციდან სივრცეში, გზა ტაძრისკენ, გზა შინისკენ... ეს ერთ-ერთი ყველაზე თბილი ქართული სიტყვათშეხამებაა. შინა - ჩემი სახლი (თუშურ დიალექტში „შინაი“ - სახლი), მიკროსამყარო, სადაც ყველაზე მყუდროდ, დაცულად ვგრძნობ თავს. ფართო გაგებით, ეს ცხოვრებისეული გზაა და ქვეტექსტი მოიაზრება, როგორც გზა შემოქმედისკენ, აბსოლუტისკენ სწრაფვა. ამ შემთხვევაში გზა სულიერ პლანშია გააზრებული.

საინტერესოა „ცრემლიანი გზის“ მეტაფორა ქართულ ხალხურ ზღაპარში. გზაზე მიმობნეული ხახვის ფურცლები... უფროსი ძმა ტოვებს კვალს გზადაგზა, რათა უმცროს ძმას (შთამომავლობას) სიძნელე გაუადვილოს. გზის გავლა ყოველთვის სიძნელეების დაძლევასთან არის დაკავშირებული. ქართული მწერლობიდან ამის კლასიკური მაგალითია ნ. ბარათაშვილის „მერანი“: „და გზა უვალი, შენგან თელილი, მერანო ჩემო, მაინც დარჩება, და ჩემს შემდგომად მოძმესა ჩემსა სიძნელე გზისა გაუადვილდეს...“ (ნ. ბარათაშვილი, ლექსები, 1968, გვ. 65). გალაკტიონისათვის კი ცხოვრების გზა სიზმარია და „შორეული ცის სილაჟვარდე“ (“სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში“); სიკვდილის გზა კი ვარდისფერია „სიკვდილის გზა არრა არის, ვარდისფერ გზის გარდა...“ („მთაწმინდის მთვარე“) - სიმშვიდის, მარადისობის ფერია (აქ ყოფიერების გზაზეა ლაპარაკი) (ტაბიძე, 1988, გვ. 51).

ერთ-ერთი უნივერსალური მეტაფორაა გზის კავშირი დროსთან. პროფესორი ზ. კიკნაძე თავის სტატიაში „ადამიანი ბიბლიურ დროში“ ხაზს უსვამს გზისა და დროის მიმართებას ბიბლიაში: „ბიბლიურ თხრობას იზიდავს ადამიანი, რომელიც მიმოდის ქვეყანაში. ბიბლია ეგვიპტეს ან უდაბნოს კი არ აღწერს, არამედ გზას უდაბნოში, დრტვინვას, მოსმენას, რითაც ივსება უდაბნოში გატარებული დრო, უდაბნოს დრო. ეგვიპტე და უდაბნო ის ჭურჭლებია, რომლებშიც მიედინება ხალხის ჩამოყალიბებისათვის აუცილებელი დრო, რომელიც მიმართულია დასასრულისაკენ“. „ძველ აღთქმაში“ აბრაამი მუდმივად გზაშია, არსად სივრცეში მას მუდმივი სამკვიდრო არა აქვს. გზის არსებითი მახასიათებელი კი დროა. დროჟამის განმავლობა თავის კვალს ტოვებს სივრცეზე. ამდენად, სიცოცხლე - ცხოვრება იდენტიფიცირდება გზის გავლასთან, დროსთან.

ქართული ენის ლექსიკაში სემანტემა გზის შესასწავლად უპირველესად საჭიროა იდიომატიკასა და ფრაზეოლოგიაზე დაკვირვება. ყველაზე მასშტაბურად საკვლევ სურათს წარმოაჩენს მხატვრული ტექსტების ანალიზი. გზის შემეცნებითი, კომუნიკაბელური და ესთეტიკური ფუნქცია მრავალგვარადაა გააზრებული ქართულ მწერლობაში. ამ შემთხვევაში გამორჩეულია ოთარ ჭილაძის შემოქმედება. პოეზიასა თუ პროზაში ავტორს უხვად აქვს გამოყენებული გზის სემანტემა გზა პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით. ლექსში „ჭრილობაში ჩარჩენილი ტყვია“ გზის მეტაფორის გლობალური გააზრებაა მოცემული“:

„რაც არ ყოფილა, ის არც იქნება. მაგრამ რაც იყო, იქნება კვლავაც. გზა გაიხსნება, ან შეიკვრება, მომსვლელი მოვა, წამსვლელი წავა“. (ჭილაძე, 2009, გვ. 126).

ავტორი გზას ყოვლისმომცველი, ყველა გზის შემკრები „დაოს“ მნიშვნელობით მოიაზრებს. „დაო“ ძველი ჩინური ფილოსოფიიდანაა ცნობილი და თარგმნიან, როგორც გონებას, საზრისს. დაო ნიშნავს ყველაფრის მომაგზავებელ გზას, ის საიდანაც ფიქრი ძალგვიძს, რაც გონების, გონის, ყველაფრის გამოთქმის საფუძველია (იხ.: კახა კაციტაძე, „გზის შესახებ“).

გზისა და დროის ურთიერთკავშირს მთელი სიმძაფრით გრძნობს პოეტი:

„...და მაინც დიდი გზაა იქამდე, კვლავ შევესწრები ხის აყვავებას...
და სანამ მხრებზე მემსხვრევა წვიმა, გზები ნაბიჯებს სანამ მითვლიან,
მე დაკარგულად ვერ ჩავთვლი იმას, რაც ჩემი ნებით არ დამითმია.“

(. ჭილაძე, 2009, გვ. 98).

საგულისხმოა, რომ ამ ლექსს ეპიგრაფად წამძღვარებული აქვს ხალხური სტრიქონები: „რა წამს კი დავიბადებით, იქვე საფლავი მზა არი“.

პოეტისათვის ცხოვრების გზა შესაძლოა ორად გაიყოს და ტანჯვის, გვემის გზად იქცეს:

„...და გზა, რომელიც გაიყო ორად -
აწ უკვე იქცა ცოდვად და ჭორად
იყოს დღეგრძელი, რომ შენი წილი,
თავისი ღორღით, მტვრითა და ჩრდილით
ტანჯვის გზად იქცეს და უცხო თვალი:
ყრმის თუ მოხუცის, კაცის თუ ქალის.
გხედავდეს მხოლოდ ამ გზაზე მავალს.
რადგან დღეიდან მე შენი ხმა ვარ...“

მტვრიანი გზის მეტაფორა ცნობილია ქართულ მწერლობაში. გალაკტიონ ტაბიძე: „ქალაქში, მტვერში წაიქცა ბავშვი...“ ბესიკ ხარანაულის „წიგნი ამბა ბესარიონისა“ შესანიშნავად აცოცხლებს ამ მეტაფორას:

„რაც გინდა ხალიჩაზე მიაბიჯებდე,

ერთადერთი ჭეშმარიტი გზა - მტვრიანია...“

მტვერი, ბუნდოვანება, ჭუჭყი იდენტიფიცირდება აქაც სიძნელესთან, გზის გაუვალობასთან.

ო. ჭილაძესთან გზის სემიოტიკა საბოლოოდ მაინც უნივერსალისკენ, აბსოლუტისკენ, უზენაესისკენ სწრაფვით არის შთაგონებული:

„დედაა, რასაც პირველად ნახავ,
მამით იწყება გზებზე ფიქრები,
მერე ჩვენ ვძერწავთ საკუთარ სახეს
იმ დღისთვის როცა აღარ ვიქნებით.“

(. ჭილაძე, 2009, გვ. 23).

შემდეგი ლექსიც ამის დასტურია:

„გამომიტანა ბუნებამ მსჯავრი:
სულზე ბორკილად მადევს ასაკი
და მაინც შენი ეტლის ვარ მგზავრი.
თუ გნებავს - შენი გზის ავაზაკი.“ (გვ. 120)

„გზის ავაზაკი“ საინტერესო სინტაგმაა. ამ სიტყვათშეხამებით ავტორი ხაზს უსვამს ადამიანის ცოდვილ ბუნებას და ამავე დროს, სახარებისეული მონანიე ავაზაკის ასოციაციასაც ქმნის, რომელმაც გულწრფელად მაცხოვრის აღიარებით მოიპოვა სასუფეველი.

გზის მეტაფორას მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია და ერთ-ერთი მთავარი სახე-სიმბოლოა ო. ჭილაძის პროზაში. თითქმის ყველა რომანი საკუთარი თავის შემეცნების, ჭეშმარიტებასთან ზიარებისა და სინამდვილესთან დაბრუნების გზაზე შემდგარი მარადიული მგზავრების ერთი დიდი მოძრაობაა. ჩვენ შევჩერდებით მის ბოლოდროინდელ რომანზე „გოდორი“, სადაც გზის სემიოტიკა სხვადასხვა, ზოგჯერ ურთიერთგამომრიცხავ პლანშია გააზრებული.

ო. ჭილაძე გზას როგორც გარდაუვალ აუცილებლობას ისე განიხილავს. წუთისოფლის გასავლელი გზა ისევე ერთადერთია ადამიანისათვის, როგორც უფლის ნებით ბოძებული ცხოვრების ჯვარი, რომელიც ყველამ თავისი უნდა იტვირთოს და მოთმინებით, თავმდაბლობით ზიდოს... „ყველა ადამიანი თავისი საკუთარი, ერთადერთი, განუმეორებელი გზით იბადება და თავცოცხალი ვერ გადაუხვევს ამ გზიდან“ (ჭილაძე, 2006, გვ. 263).

ავტორისათვის ან „ერთადერთი გზაა“, ან „არარსებული“: „არარსებული გზების ძიება... დიახაც რომ არარსებული გზების ძიებაა ადამიანობა, თორემ მისთვის არასასიამოვნო სიტუაციიდან ვირთხაც კი დაეძებს გამოსავალს“ (ჭილაძე, 2006, გვ. 355)

ო. ჭილაძესთან გზის კიდევ ერთი საინტერესო გააზრება გვხვდება - ე.წ. „გზის ნაგლეჯი“, რომელიც რამდენჯერმე გაიელვებს რომანში. ეს მეტაფორა ერთდროულად გულისხმობს როგორც იმედს, ასევე უიმედობას სხვადასხვა კონტექსტში. „სარკმლიდან ქუჩის მაგივრად, რატომღაც, სოფლის გზის პატარა ნაგლეჯი მოჩანდა მხოლოდ... არსაიდან მომავალი და არსაით მიმავალი, გზის ნაგლეჯს ბალახი მოსდებოდა. ბალახს ურმისა თუ ეტლის ნაბორბლარი ეტყობოდა. ნაბორბლარში წყალი ჩამდგარიყო. წყალს ნემსიყლაპია დასტრიალებდა. „ვიდრე თუნდაც გზის ეს პატარა ნაგლეჯი არსებობს, ეს პაწაწინა ნაგლეჯიო“ - ფიქრობდა კნიაჟნა ქეთუსია“ (ჭილაძე, 2006, გვ. 39). მაგრამ სასოწარკვეთილი ლიზიკოსთვის კი „გზის ნაგლეჯი“ უიმედობის, დაღუპვის, განწირულობის ნიშანია: „იქ არის მისი ადგილი (კაშელებთან - დაზუსტება ჩემია, ი.მ.), ცოცხლისთვისაც და მკვდრისთვისაც. სხვა გზა არ არსებობს. გზა არ არსებობს საერთოდ, გზისგან პატარა ნაგლეჯიღა დარჩა, არსაიდან არსაითკენ მიმავალი.... ბალახმოდებული... ვინ იცის, როდინდელ ნაბორბლარში, ვინ იცის რამდენი წვიმის წყალი ჩამპალა“ (ჭილაძე, 2006, გვ. 124). იგივე აზრის გაგრძელებაა შემდეგი ამონარიდი ტექსტიდან: „აი, ერთადერთი გზა, რომელიც მან ცხოვრებით დაიმსახურა - არსაიდან მომავალი და არსაით მიმავალი - გზა კი არა, გზის ნაგლეჯი, გზის მონარჩენი, ასფალტმოსხმული და ხავსის მწვანე ბურძგლებით მოფენილი...“ ტკივილამდე საგრძნობი და შემაძრწუნებელია ამგვარი უიმედობის განცდა, რომელიც მწერალმა გზის სემიოტიკური ნიშნით გადმოსცა.

ო. ჭილაძე მაინც იმედით, ბრძოლის ჟინით განაწყობს მკითხველს: „ვიდრე ბილიკის ეს ნაგლეჯი მაინც არსებობს, არც ჩვენ არა გვაქვს ფარ-ხმლის დაყრის უფლება (ჭილაძე, 2006, გვ. 375).

სემანტემა გზის ერთგვარი შეჯამება კი მოცემულია რომანის ფინალში, სადაც ავტორს მთავარ იდეასთან მივყავართ: „ქარავანი კი მიდის. ისიც არ ვიცით, საით მიდის, ან საიდან მოვიდა. ალღოც დავკარგეთ, ყნოსვაც და შინისკენ გზაც ვერ გვიპოვნია... აღარ გვახსოვს, რას ნიშნავს „შინ“... (ჭილაძე, 2006, გვ. 378).

აბსოლუტთან შეხვედრის რწმენა და იმედი ასაზრდოებს ო. ჭილაძის რომანებს და შინისკენ მიმავალი გზების ძიებაა მთელი მისი შემოქმედება.

ქართულ პოეზიაში ნიკო სამადაშვილის პოეტური გენია ორიგინალურად აცოცხლებს გზის მეტაფორულ ხატს. ცნობილია, რომ მთელი მისი შემოქმედება მისტიკურ - ალეგორიული ხასიათისაა. „ცარიელი გზები“ თანმდევია ნ. სამადაშვილის პოეზიის...

„შენს შემკრთალ ძეგლთან მესაფლავე აიტუზება,
ცარიელ გზებზე შეაჩერებს მორბენალ თვალებს,
დაუშენს წვიმა, წვივებამდე გაიწუწება,
ის კი გზებისკენ ცქერას მაინც არ გაათავებს.“

(სამადაშვილი, 1999, მარიამს - მეუღლეს).

„ცარიელი გზები“ მხოლოდ ნიკო სამადაშვილისთვის დამახასიათებელი მსოფლგანცდაა, როგორც თამაზ ჩხენკელი აღნიშნავდა, ქართულ პოეზიაში სხვას არავის ჰქონია ესოდენ გამახვილებული, წინათგრძნობის საზღვრამდე მისული მტკივნეული განცდა ცხოვრების სიცარიელისა, მიუსაფრობისა და განწირულობისა. ამიტომ ლოგიკურიც არის გზების შემაძრწუნებელი სიცარიელე. მის შემოქმედებაში ყველგან ჩანს სიცარიელე და სიფუტუროვე. ნ. სამადაშვილის პოეზიაში არაერთხელ შეგვხვდება გზების განწირული ყვირილიც:

„ეს შენი გული არყის ქვაბია
და ქვეშ უნთია შენი ლექსები.
ამაზე მეტი რა გაქვავია,
აგერ მთის იქით ყვირიან გზები.“

(სამადაშვილი, 1999, გვ. 8.)

მომდევნო ლექსშიც იგივე განწყობაა:

„მახსოვს ძახილი, გზების ყვირილი,
სად მიხვალ, სადა, შეინთე კვარი
მე მივდიოდი გულშემოყრილი
და ქადაგივით ყვიროდა ქარი.“

(სამადაშვილი, 1999, გვ. 23)

გზების ეს ყვირილი სხვაგან ღრიალშიც გადაიზრდება:

„სწყევლიდა გამჩენს, კაცთა გასაგისს.85
ესმოდა შორეთს ღრიალი გზების.
ძაღლების ყეფა მარადისობას,
სიონის მაღლა გლოვა ზარების.“

(სამადაშვილი, 1999, გვ. 39)

ამავე ლექსში გვხვდება საინტერესო სინტაგამა - „ლეწილი გზები“: „ის დადიოდა ლეწილი გზებით, გულის კანკალით ხვდებოდა ყველას...“

ლეწილი გზები, გაუთენარი გზები, უმისამართო სვლა გზებზე ან შარაგზაზე გათენება ნიკო სამადაშვილის მსოფლაღთქმისათვის დამახასიათებელი სემიოტიკური ნიშნებია: „უფლის ნათელი დაბარბაცებდა გაუთენარი გზების ბოლომდე“ („ატენის სიონი“).

„ის მიიწევდა, თუმცა გზა კი არცკი იცოდა,
ხანგამოშვებით იცინოდა და იცინოდა.“

(სამადაშვილი, 1999, გვ. 7)

სხვა ლექსში „მგზავრს შარაგზაზე დაათენდება - კაცი ქარიშხლებს რომ გამოსტაცეს“ („კაცის ბუნება“). რამდენადაც ღრმად საგრძნობია მის პოეზიაში სარწმუნოებრივი კრიზისი, იმდენად დიდია სინათლის, შუქის მოთხოვნილება. საკუთარ სახიფათო ხილვებთან მარტო დარჩენილი პოეტი დანანებით ამბობს:

„რა იქნებოდა, გზა რომ გამეგნო,
მიწაზე მაინც აენთოთ კვარი.
მე ვიყავ ბედით გაოგნებული
და ძვლებში მწარედ მივლიდა ქარი.“

(სამადაშვილი, 1999, გვ. 24)

როგორც ერთ ლექსში - „მოგონება“ თავადვე მოიხსენებს: „ქუჩებში მარტო და გაცრეცილი, გზებგადამცდარი ნიცშე ბღაოდა...“ სწორედ „გზებგადამცდარი“ ნიცშეს ზეკაცის იდეით იყო მოწამლული მისი მსოფლხედვა, შერწყმული მხოლოდ მისეულ სამყაროულ აღქმას.

„კვლავ დაქანცული გავდივარ გზებზე.
არ ვიცი რა ვქნა, ვისთან მივიდე?..
ღმერთებს გავურბი, ვხვდები მიზგითებს,
სამშობლო რაზე გადავიკიდე.“

(სამადაშვილი, 1999, გვ. 41).

ნ. სამადაშვილის ურთულეს პოეტურ სამყაროში გზის სემიოტიკის ისეთი მრავალფეროვანი გააზრებაა მოცემული, რომ დაუსრულებლად შეიძლება ამაზე საუბარი. თუმცა, დავამატებდი „ფერშეცვლილი გზების“ მეტაფორასაც, რადგან მაინც ოპტიმალურად ჟღერს ლექსში „თვალს არ აშორებდა“:

„ის მიდიოდა ფერშეცვლილ გზებით,
წყალგაღმით ჩრდილებს აენთოთ კვარი,
იწოდა კაცი ჩუმი, მგზნებარე,
თან სიცოცხლეზე რჩებოდა თვალი.“

(სამადაშვილი, 1999, გვ. 60)

ავტორი უფრო ადრინდელ ლექსში თუ ნატრობდა კვარის ანთებას, სინათლის სხივს, წინამდებარე ლექსში გზები უკვე ფერშეცვლილია, იგულისხმება ნათლითმოსილი და კვარიც ანთებული...

ქართული ენის წიაღში, ეს იქნება ზეპირსიტყვიერი ფონდი თუ კლასიკური მწერლობა, „გზა“ და მისგან ნაწარმოები სიტყვები, გზასთან დაკავშირებული ფრაზეოლოგიზმები თუ იდიომები ხასიათდება უფრო დადებითი სემენტიკით, ვიდრე - უარყოფითი. რადგან გზა თავისთავად გულისხმობს მოძრაობას, სვლას, მოქმედებას.

_________________

85. სწორია: სწყევლიდა გამჩენს, კაცთა გასაძლისს.

3.31 69. მანიჟაშვილი, ირინე. ნიკო სამადაშვილის პოეტური ტექსტების სემანტიკური ფუნქციები

▲ზევით დაბრუნება


// ლექსმცოდნეობა: ყოველწლიური კრებული / შოთა რუსთაველის ქართ. ლიტ. ინ-ტი. - თბილისი, 2021. - № 13, ლექსმცოდნეობის მეცამეტე სამეცნიერო სესია (მასალები): ეძღვნება ნიკო სამადაშვილს. - გვ. 111-122.

ნიკო სამადაშვილის პოეტური აზროვნება კოსმიურ მასშტაბებს სწვდება. მის შემოქმედებაში დროისა და სივრცის უცნაური ნაზავია და თითქოს ერთ მთლიანობად აღიქმება ზეციური, მიღმიური სამყარო და რეალური, ემპირიული სინამდვილე. მოშლილია მკვეთრი დასაზღვრულობა: ქარებს მიმოაქვთ ამბები, ვნებები, ამ სამყაროსთვის უცნობი, იდუმალი ხმები. ამგვარი მსოფლხედვიდან გამომდინარე, მის პოეტურ ტექსტებში დასაშვებია პოლისემანტურობა, ინტონაციური თავისებურებები. განსაკუთრებულია ამ ლექსების მუსიკალურობა, სულ სხვაგვარი მიყურადება სამყაროსთვის. ნიკო სამადაშვილი „მარადისობის მღვიმეების“ მაძიებელი პოეტია და შესაბამისად, მის პოეზიაში უხვადაა მისტიციზმი, ეგზისტენციალური მოტივები, უარყოფა და მიუღებლობა ამა სოფლის. დასაწყისშივე აღვნიშნეთ მისი ტექსტების პოლისემანტურობის შესახებ. ჩვენს წერილში შევეცდებით, პოეტის უხვი და მდიდარი ენობრივი წიაღიდან რამდენიმე ლექსიკურ ერთეულზე გავაკეთოთ აქცენტი. ვფიქრობთ, ეს სიტყვა-ნიშნები განმსაზღვრელია მისი მსოფლხედვის და შინაგანი განწყობის. ერთ-ერთი ასეთი გასაღები სიტყვა ნიკო სამადაშვილის პოეტურ ნარატივში არის „გზა“. გზის მოდელი სხვადასხვაგვარადაა გააზრებული მითოლოგიაში, ფილოსოფიაში, ძველსა და ახალ აღთქმაში. ამ სიტყვის სემანტიკური ველი ქართულში მრავლისმომცველი და მრავალმნიშვნელოვანია. ნ. სამადაშვილი ორიგინალურად აცოცხლებს გზის მეტაფორულ ხატს. მისი პოეზიის თანმდევია „ცარიელი გზების“ მეტაფორა:

„შენს შემკრთალ ძეგლთან მესაფლავე აიტუზება,
ცარიელ გზებზე შეაჩერებს მორბენალ თვალებს,
დაუშენს წვიმა, წვივებამდე გაიწუწება,
ის კი გზებისკენ ცქერას მაინც არ გაათავებს.“

(სამადაშვილი 1999: 48)

„ცარიელი გზები“ მხოლოდ ნიკო სამადაშვილისთვის დამახასიათებელი მსოფლგანცდაა. როგორც თამაზ ჩხენკელი აღნიშნავდა, ქართულ პოეზიაში სხვას არავის ჰქონია ესოდენ გამახვილებული, წინათგრძნობის საზღვრამდე მისული მტკივნეული განცდა ცხოვრების სიცარიელისა, მიუსაფრობისა და განწირულობისა (ჩხენკელი 2010). ამიტომ ლოგიკურიც არის გზების შემაძრწუნებელი სიცარიელე. მის შემოქმედებაში ყველგან არის სიცარიელე და სიფუტუროვე. არაერთხელ შეგვხვდება გზების განწირული ყვირილიც:

„ეს შენი გული არყის ქვაბია
და ქვეშ უნთია შენი ლექსები,
ამაზე მეტი რა გაქვავია,
აგერ მთის იქით ყვირიან გზები.“

(სამადაშვილი 1999: 8)

მომდევნო ლექსშიც იგივე განწყობაა:

„მახსოვს ძახილი, გზების ყვირილი,
სად მიხვალ, სადა, შეინთე კვარი.
მე მივდიოდი გულშემოყრილი
და ქადაგივით ყვიროდა ქარი.“

(სამადაშვილი 1999: 23)

გზების ეს ყვირილი სხვაგან თავგანწირულ ღრიალშიც გადაიზრდება:

„სწყევლიდა გამჩენს, კაცთა გასაგისს,86
ესმოდა შორეთს ღრიალი გზების,
ძაღლების ყეფა მარადისობას,
სიონის მაღლა გლოვა ზარების.“

(სამადაშვილი 1999: 39)

ამავე ლექსში გვხვდება საინტერესო სინტაგმა „ლეწილი გზები“:

„ის მიდიოდა ლეწილი გზებით,
გულის კანკალით ხვდებოდა ყველას.“

ლეწილი გზები, გაუთენარი გზები, უმისამართო სვლა გზებზე, ან შარაგზაზე გათენება ნიკო სამადაშვილის მსოფლაღქმისთვის დამახასიათებელი სემიოტიკური ნიშნებია:

„უფლის ნათელი დაბარბაცებდა გაუთენარი გზების ბოლომდე“ (სამადაშვილი 2006: 15). „ის მიიწევდა, თუმცა გზა კი არც კი იცოდა, ხანგამოშვებით იცინოდა და იცინოდა“ (სამადაშვილი 1999: 7) სხვა ლექსში „მგზავრს შარაგზაზე დაათენდება - კაცი ქარიშხლებს რომ გამოსტაცეს“ („კაცის ბუნება“).

რამდენადაც ღრმად საგრძნობია მის პოეტურ ტექსტებში ცნობიერების ტრაგიზმი, იმდენად დიდია სინათლის შუქის მოთხოვნილება. ამიტომაც უწოდა ზურაბ კიკნაძემ მის ლექსებს „სინათლისკენ გამყივარი ძახილი“ (კიკნაძე 2010). საკუთარ სახიფათო ხილვებთან მარტო დარჩენილი პოეტი დანანებით ამბობს:

„რა იქნებოდა, გზა რომ გამეგნო,
მიწაზე მაინც აენთოთ კვარი.
მე ვიყავ ბედით გაოგნებული
და ძვლებში მწარედ მივლიდა ქარი.“

(სამადაშვილი 1999: 24)

ძვლებამდე ატანს მის ლექსებში ტკივილები, ტრაგიკული განცდები. ნისლიანია მისი გზები: „უყვარდა ნისლით ნალექი გზები“ (სამადაშვილი 2003: 30)

როგორც ერთ ლექსში, „მოგონება“, თავადვე მოიხსენებს: „ქუჩებში მარტო და გაცრეცილი, გზებგადამცდარი ნიცშე ბღაოდა...“ სწორედ „გზებგადამცდარი“ ნიცშეს ზეკაცის იდეით იყო მოწამლული მისი მსოფლხედვა, შერწყმული მხოლოდ მისეულ სამყაროულ აღქმას:

„კვლავ დაქანცული გავდივარ გზებზე,
არ ვიცი რა ვქნა, ვისთან მივიდე?
...ღმერთებს გავურბი, ვხვდები მიზგითებს
სამშობლო რაზე გადავიკიდე.“

(სამადაშვილი 1999: 41)

„ფერშეცვლილი გზების“ მეტაფორაც გვხვდება მასთან და შედარებით ოპტიმალურად ჟღერს ლექსში „თვალს არ აშორებდა“:

„ის მიდიოდა ფერშეცვლილ გზებით,
წყალგაღმით ჩრდილებს აენთოთ კვარი,
იწოდა კაცი ჩუმი, მგზნებარე,
თან სიცოცხლეზე რჩებოდა თვალი.“

(სამადაშვილი 1999: 60)

ავტორი უფრო ადრეულ ლექსში თუ ნატრობდა კვარის ანთებას, სინათლის სხივს, წინამდებარე ლექსში გზები უკვე ფერშეცვლილია, იგულისხმება ნათლითმოსილი და კვარიც ანთებული.

ნიკო სამადაშვილის ურთულეს პოეტურ ტექსტებში გზის ისეთი მრავალპლანიანი გააზრებაა მოცემული, რომ , რა თქმა უნდა, სტატიის ფორმატით ვერ ამოვწურავთ სათქმელს.

რევაზ სირაძე მართებულად შენიშნავს, რომ „ნიკო სამადაშვილთან უფრო მეტად სახეებია, ვიდრე - თემები. სახისშემქმნელ სიტყვათაგან, ერთ-ერთი ყველაზე ხშირადხმარებულია - „ქარი“. აქ სულ ქარების ქროლვაა, მაგრამ უმთავრესია, როცა ეს აღძრულია ზეცისა და მიწის კავშირით, ან მათი ჰარმონიით, ან თუნდაც - დისჰარმონიით“ (სირაძე 2021: 525). სახისმეტყველებით ტრადიციაში ქარის, გრიგალის სიმბოლიკა რამდენიმე სემანტიკის შემცველია: 1. იგი განასახიერებს ღვთის მრისხანებას, 2. ადამიანური ცხოვრების არარაობასა და ამაოებას, 3. ასევე, პოეტურ ინსპირაციას.

მუდმივად ისმის ქარის მუსიკა მის ლექსებში. ზეციურ სამყაროსა და ქაოსურ ყოფას შორის „ქარი კიოდა, ტატნობებზედ გაფიჩხებული“... (სამადაშვილი 2003: 68)

თითქოს იდუმალი ქარის განცდა მსჭვალავს მის პოეტურ ტექსტებს:

„იქნებ ქარბუქში შემერიოს სიცოცხლის აზრი...“

ან კიდევ:

„თუმცა სულ მუდამ ტოტს გცემდა ქარი...
................................
ლექსების ჯღაბნა წამებად გექცა,
სჯობდა ვენახის კვალი გებარა,
ვის რად უნდოდა ეს თვალთმაქცობა,
ნეტავი ქარში გადაგეყარა.
ქარები უფრო წაიკითხავდნენ...“

(სამადაშვილი 2006: 130)

პოეტს ზოგჯერ პანაშვიდებთან ესმის ქარის ბალადა:

„ზამთრის ღამეში ხრჩოლვა ძველ ბუხრის,
პანაშვიდებთან ქარის ბალადა...“

(სამადაშვილი 2003: 69)

„და შენს ცხედართან გაცრეცილი იდგნენ ქარები.“

(სამადაშვილი 2003: 85)

„ცხედარი ქარში სიტყვას ამბობდა...“

(სამადაშვილი 2003: 254)

ქარები მეგზურებია მისთვის: „რამდენჯერ ქარში ქარს გავყოლივარ, რამდენგან უცბად ჩამძინებია“ (სამადაშვილი 2003: 73), ზოგჯერ სამყაროს გაღმაც გაჰყავთ პოეტი:

„თუ უკვდავებამ სადმე მიკითხოს:
ნეტა სად არის ეხლა ის ბიჭი?
მოუყევ: ქარებს გადაჰყვა ღამე,
რაღაც საოცრად წაიმხედრულა,
ორჯერ იკივლა სამყაროს გაღმა,
და უკან აღარ დაბრუნებულა.“

(სამადაშვილი 2003: 75)

სამყაროს კოსმიური აღქმა პოეტს იმდენად აახლოვებს მარადისობასთან, რომ „წუთისოფლის კედლებს უკან“ სწვდება მისი მზერა და სმენა, ესმის უსაზღვროების ხმები:

„ქარს მთვარის შუქი წუთისოფლის კედლებს უკან87
წყლის ფიქრებივით გადაეწია.“

(სამადაშვილი 2003: 260)

ან კიდევ:

„თითქოს ლაჟვარდებს ხნავდნენ ქარები,
მარადისობის ყამირს და მინდვრებს.“

(სამადაშვილი 2003: 227)

ერთი მხრივ არის საწუთროს ქარი, მეორე მხრივ - ზენა ქარი, რომელიც ზოგჯერ სახლშიც იჭრება; ისინი ხშირად ჰარმონიულად გადადიან ერთმანეთის სივრცეებში, ზოგჯერ კი დისჰარმონია იჩენს თავს:

„შენ ზენა ქარი სახლშიც გიბერამს...88
ხშირად გაღვიძებს გულის ტირილი...“

(სამადაშვილი 2003: 79)

აქვე:

„გახსომს, საწუთროს ქარმა რომ უცბად
განათლებული ცა გადაგლიჯა.
ბოლოს კი დარდი: დედამიწაზე
ნეტავი რისთვის შემოვეხეტე?!“

დასაწყისშიც აღვნიშნეთ, რომ მისი პოეტური ტექსტებიდან აშკარაა ავტორის ცნობიერების ტრაგიზმი, მძაფრი შინაგანი წინააღმდეგობა. ხშირად ერთმანეთს უპირისპირდება ქაოსი და სამრეკლო. აქვე დავიმოწმებთ რეზო სირაძის თვალსაზრისს, რომ „ძალზე ხშირად ნიკო სამადაშვილის პოეტურ სახეებში, სიტყვები ისე უკავშირდება ერთმანეთს, რომ უარყოფილია ლოგიკურობა... ამას ემატება თვითუარყოფამდე მისული ტრაგიზმი. ესაა ტრაგიზმი ცნობიერებისა“ (სირაძე 2021: 527). ამიტომაც არის თავზარდამცემი მისი განწყობა, სიტყვათა სემანტიკური ველი. „სიცოცხლე- ჩაძმარებული“ პოეტი ბნელი ფიქრით არის მოცული:

„მარადისობავ, საუკუნით გაგიხმეს ქედი,
რომ ასე უღვთოდ დამაბნიე ტიალი მგზავრი...
...გინახავთ კაცი, საუკუნეს ხმითაც არ გავდეს.“

(სამადაშვილი 2003: 20)

სიცოცხლეგაბეზრებული კაცის სიტყვებია:

„რამდენი კაციც არის მიწაზედ,89
ქვეყნად იმდენი საგიჟეთია.“

(სამადაშვილი 2003: 53)

ან კიდევ:

„ჩემს გულში მღვრიე სიცოცხლე ღმუის...“

(სამადაშვილი 2003: 57)

მარტოსულობისა და მიუსაფრობის უმძაფრესი განცდა ჩანს არაერთ სტრიქონში:

„ჯერ ხომ ჩაძმარდა, მერე დაობდა,
ღმერთმანი, კაცი ცამდე მართალი.“

(სამადაშვილი 2003: 58)

ამიტომაც აღმოხდება სასოწარკვეთილს: „ოჰ, ეს სიცოცხლე ნეტა როდის გამომნელდება“ (სამადაშვილი 2003: 69).

მკითხველისთვის აუხსნელი და ამოუცნობია მისი კოსმიური სამყარო. აკი თვითონაც საკუთარ თავთან ჭიდილსა და გაურკვევლობაშია:

„ჩემი სიცოცხლე იყო ქარაგმა,
და ეს ქარაგმა ვერ ამოვხსენი...“

(სამადაშვილი 2003: 35)

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ქარი-სახე ხან ბალადას ყვება, ხან ღმუის, ყვირის; „გაუვალი ქარებიც“ ხშირია მის პოეტურ ნარატივში, ზოგჯერ ძაღლივითაც ყეფავს: „ქარი კი ყეფავს ხიდზე ძაღლივით“ (სამადაშვილი 2003: 150). ქარის სტიქიური ძალა სამყაროს მხედველმა მდორე თვალებმა უნდა იგემონ: „ამოგიძოვენ მდორე თვალებს მცხეთის ქარები“ (სამადაშვილი 2003: 164). შემთხვევითი არ არის მცხეთის ქარები. მცხეთა ისტორიულად წმინდა ქალაქია, მეორე იერუსალიმად წოდებული, სადაც მაცხოვრის კვართია დაბრძანებული. ამიტომაც მდორე, უფალთან გაბუტულ თვალებს ამოძოვს მცხეთის ქარები. სხვაგან იტყვის: „ქვეყნიერება თითქოს ღმერთთან გაბუტულია...“ (სამადაშვილი 2003: 162); ან კიდევ: „ღვთისმშობელი გაბუტული ჩვენს სიცოცხლეზე“ (სამადაშვილი 2003: 163).

მიუხედავად პოეტის სულში ჩასახლებული უღრანი სევდისა, სულ თან სდევს უფლის ნათელი, უფრო ხშირად - მადლდაკარგული სინანული:

„ლექსს ღვთისმშობელი აწოვებს ძუძუს,
ძუძუს აწოვებს თვალებშეშლილი.
ბებერი ღმერთი მოყვება ძუნძულს,
შეიშრიალებს შიშით ხეხილი.“

(სამადაშვილი 2003: 228)

ამ პოეტურ ტექსტშიც თითქოს სიტყვები დამოუკიდებლად არსებობენ და ლოგიკური კავშირი დაკარგულია მათ შორის: ღვთისმშობელი-თვალებშეშლილი (ალოგიკურია), ისევე როგორც „ყრუ ღვთისმშობელი“: „და იავნანას ბალღს უმღერის ყრუ ღვთისმშობელი...“ (სამადაშვილი 2003: 229).

მის შემოქმედებაში მუდმივად იგრძნობა უღმერთო ეპოქის ტკივილით გამოწვეული სევდა და პროტესტი. ამის დასტურია ისეთი მხატვრული სახეები, როგორიც არის „საყდრის ჩიტი“, „ხავსმოკიდებული სამრეკლო“, „მგლოვიარე ზარი“, ობობის ქსელში გახვეული ხატები („კუთხეში ხატთან დუმდა ობობა“ (სამადაშვილი 2003: 259); ან კიდევ: „ხატებთან ენთო უბინაობა და კამარებში მტრედების ბუდე“ (260); „შორს... ტურასავით გაჰკიოდა ძველი საყდარი და გუბე-გუბე იდგა სამრეკლო“ (სამადაშვილი 2003: 260). შემზარავია ტურების გამყინავი კივილის ხმაზე საყდრის სახე და გუბეში მდგარი სამრეკლო.

პოეტისთვის ეს ქვეყანა ქრისტეს გარეშე დარჩენილი უდაბნოა, მკვდარი სამყოფელი კაცთა:

„მზე გადიოდა ცას ბორანივით;
ტყეში შიშველი ქარი ჰკიოდა
ლექსს იძახოდა ხიდან ყორანი,
ქრისტე მოჩანდა საიქიოდან.“

(სამადაშვილი 2003: 194)

უსასოო სურათია ნაჩვენები: შიშველი ქარის კივილი, უბედურების მაცნე ყორანი. ქრისტე კი შორს მოჩანს, გაღმა ნაპირზე, საიქიოდან.

ნიკო სამადაშვილის პოეტურ სამყაროში მუდმივად თანაარსებობენ ღვთისმშობელი და მაცხოვარი ჩვეულებრივ, ყოფით გარემოში. ემოციურ მუხტს აძლიერებს ღვთისმშობლის არაკანონიკური სახე - დედა პატარა იესოსი:

„ღვთისმშობლის ქოხში აკვნის რწევა ისმის და ისმის...
გარეთ ირმები წყაროს სვამენ თეთრი ბარძიმით,
სივრცისკენ მოსჩანს გადაწყვეტილი მერცხლების სიმი.“

(სამადაშვილი 2003: 258)

ან კიდევ:

„ღვთისმშობელს ღვიძამს, აკვნის რწევა - ისმის და ისმის.“ (266).

ცნობილი ლექსიდან „ატენის სიონი“: „ქრისტემ ბავშვობა აქ გაატარა და ღვთისმშობელი უგვიდა ეზოს“ (სამადაშვილი 2006:16).

და მაინც, არ ცხრება ქარები მის პოეტურ ნარატივში და შესაბამისად, მუდამ ქაოსი და ბინდია:

„ქარმა შეხეთქა ჩემი ცხოვრება,
და მღვიმეებში ხშირმა ვედრებამ,
ჩემი წანწალიც დაიხურება,
ულექსო კაცი რას ემგვანება.“

(სამადაშვილი 2003: 141)

ნიკო სამადაშვილის შემოქმედებაში არის ერთი გამორჩეული ლექსი „მარადისობის ნაკამარევი“, რომელშიც თითქოს რაღაც კოსმიური ტრაგედიაა ნაჩვენები, სამყაროს დაშლის შეგრძნება და აქაც, ლირიკული გმირი ავტორთან ერთად ქარია:

„უსაზღვროებას გავცქერივარ, მივეხეტები.
ღამე ზრიალებს, ქარიშხლები ემატებიან.
რა ამბავია? - ქვებზე დამჯდარ ქარს ვეკითხები,
რომ გუგუნებენ? - მიმავალი პლანეტებია...“

(სამადაშვილი 2003: 143)

მთვარე ფანარივით ბჟუტავს და მიწა სიბნელეს და გაუვალ ქარს ეფარება, ტრაგიკული აპოკალიფსის სურათი იშლება მკითხველის თვალწინ: მფრინავი გუმბათები, ნისლებში გზადაკარგული ზღვა საფლავები... წვიმასა და ელვაში ლირიკული გმირი ცდილობს, გადალახოს მიწის საზღვარი და შეუერთდეს სივრცეებს

(ცნობილია, სამადაშვილის იდეური კავშირი ბარათაშვილთან და ეს ლექსიც არის ალუზია „მერანთან“). ქარწამოსხმული პოეტი შეუდარებელი მხატვრული სახეა:

„მთვარეზე დავალ ჭანდარივით ქარწამოსხმული.
სადღაც ძაღლები სინათლისკენ იყეფებიან.
ბოლოს მომიღებს, კამარებო, თქვენი ხმაური,
და ქარში თვალებს ხმა წაუვათ და ჩაქრებიან.“

ამ ტაეპშიც გვხვდება სიტყვათა ალოგიკური ბმა: თვალებმა სინათლე შეიძლება დაკარგოს და არა - ხმა, მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნეთ, მასთან ხშირად სიტყვები ისე უკავშირდება ერთმანეთს, რომ უარყოფილია ლოგიკურობა:

„დავიღუპები, ქარი იტყვის: უცნაურობა.
არ დამიფარო გრიგალებში, გზაო ძლიერო...
დე, დედის მწარე და ღიმშეცვლილ საცოდაობამ
ზეციდან ზეცა ყოველ ღამე ათვალიეროს.“

(სამადაშვილი 2003: 143)

ამაზე მძაფრი კოსმიური შეგრძნება სამყაროსი წარმოუდგენელია: შვილდაკარგული დედის ღიმშეცვლილი საცოდაობა ზეციდან ზეცას ყოველ ღამე ათვალიერებს.

ასეთ ეფემერულ სურათებს ამძაფრებს ბინდი და ქარიშხლები. არაერთ ლექსში ზაფრავს მკითხველს პოეტის პორტრეტი: „ვისაც სიცოცხლე ღვინოსავით ერეოდა და მწუხარება ვერაფრით მოილოგინა“ (სამადაშვილი 2003: 199); ან კიდევ: „ისე დავდივარ ამ ქვეყანაზე, თითქოს საკუთარ ცხედარს მივყვები“ (223). ის სასოწარკვეთასთან და სოფლის სამდურავთან ერთად ღრმა სინანულსაც განიცდის და შენდობას სთხოვს სიცოცხლეს, საწუთროს ასე მოძულებისთვის:

„აისს მოითრევს ჩიტების გუნდი,
ალბათ ამ ტყიდან გავალ მინდორზე.
სიცოცხლევ, იქნებ კვლავ დაგიბრუნდე,
და ხავსმოდებულს შემინდე დროზე.“

(სამადაშვილი 2003:198)

ნიკო სამადაშვილთან პოეზია საკუთარი სხეულის, ფიზიკური ტკივილების ერთ მთლიან ნაწილად აღიქმება. ამაზე მეტყველებს არაერთი სტრიქონი მისი ლექსებიდან:

„ავადმყოფობა ეგონათ, ბიჭო,
ლექსები ტანზე გამონაყარი.“

(სამადაშვილი 2006:130)

ან კიდევ:

„ფილტვებში მენთო დარდი და ძნია.“

(სამადაშვილი 2003: 26);

თუნდაც:

„საკუთარ ლექსებს ჩემს ძვლებზე ვაფენ,
ამ სარეცხს მუდამ ძირს მიყრის ქარი.
..................
ლექსებს მიჭრიან ტანზე დუქარდით,
თან ღრიანცელი გაუდით ტყეებს,
წელში გადავწყდით ამდენ მუქარით,
რა ეშველებათ აპყრობილ ხელებს?!“

(სამადაშვილი 2003: 255)

ნიკო სამადაშვილის პოეტური ტექსტების სემანტიკური ფუნქცია სწორედ ავტორის მსოფლმხედველობისთვის გასაღების მორგებაა. რამდენადაც ძალზე რთული და წინააღმდეგობრივია მისი შინაგანი სამყარო, ამავე დროს შემაძრწუნებელი თავისი

კოსმიური მასშტაბებით, იმდენად საინტერესო და მიმზიდველია შეღწევა ავტორის პოეტურ სივრცეში. ერთი რამ კი ცხადია, რომ მისი „შინაი“ იყო ზეციური სამყარო და გამუდმებით ისწრაფვოდა უსაზღვროებისკენ.

„გაივლის დრო და დიდი ხნის მერე,
ღმერთნი იტყვიან, ნიკო გვეწვია.90
შემოეხვევა ცის უწვდენ მერქანს
ჩემი ცხოვრება და პოეზია.“

(სამადაშვილი 2003: 213)

___________________

86. სწორია: „სწყევლიდა გამჩენს, კაცთა გასაძლისს.

87. სწორია: ქარს მთვარის შუქი წუთისოფლის კედლების უკან

88. სწორია: შენ ზენა ქარი სახლშიც გიბერავს...

89. სწორია: რამდენი კაციც ცხოვრობს მიწაზე

90. მეორე საბოლოო ვარიანტი: გაივლის დრო და დიდი ხნის მერე, იტყვიან: - ნიკო გვეწვია.

3.32 70. მეხრიშვილი, ჯემალ. ქართული პოეზიის ხემძევალი

▲ზევით დაბრუნება


// ცისკარი. - თბილისი, 1999. - №12. - გვ. 114-119.

უცხო პლანეტის მოლურჯო კონტურებიდან გამაოგნებელი მოულოდნელობით ამოჩნდება სევდიანი პრინცი, მის მხრებზე წამოსხმული ლაჟვარდოვანი უკიდეგანო სივრცის ბოლო კოსმოსურ მტვერს რომ მოიყოლებს, ერთ აზრჩაყოლებულ მზერას გადმოაყოლებს მთელ სამყაროს და დაახლოებით იგივეს თქმას, შექსპირმა ხუთმოქმედებიანი ტრაგედია „ჰამლეტი“ რომ მოანდომა, ის ორად ორი სალექსო სტრიქონით ამოიოხრებს:

„ხალხთა უდაბნო დედამიწაზე,
ერთი შეხედე, რა უშნოდ უდევს.“

ეს მთელი ნიკო სამადაშვილია!!! ამ ორი სტრიქონით ბევრ რამეს ეფინება ნათელი, მეტადრე კი ორ მომენტს. მისი მთქმელი რომ გენიოსია და რომ ამ შეგნების მატარებელი კაცი ვერასოდეს იქნება მოსვენებული და თვითკმაყოფილი. ბედნიერებაზე ლაპარაკიც ხომ ზედმეტია! ამას თვით პოეტიც აღიარებს: „როგორ არ მინდა, რომ ხვალ გათენდეს, როგორ არ მინდა ბედნიერება... რომ ამ დასაქცევ დედამიწაზე ბედნიერებაც დასაგმობია“. თუმცა აქ რომელ ბედნიერებაზეღა შეიძლება ოცნება, როცა პოეტის მგრძნობიარე და ფაქიზმა გონებამ საზარელი რამ შენიშნა!

„ქვეყნიერება ჩვენ დაგვიგეს კაკანათივით.
ქაოსებს იქით, კრიჭაშეკრულ სამრეკლოებთან.“

დავდოთ ქუდი და ვთქვათ სამართალი: ეს ორი სტრიქონი მსოფლიოს რომელი გენიოსის ნაწარმოებს არ ჩაექარგებოდა ბუნებრივად?!

სამადაშვილს ერთგან ასეთი ფრაზა უელვარებს: „გაღმით უკუღმა ეგდო ქვესკნელი“ -ეს განსაცვიფრებელ ასოციაციურ ცდუნებას იწვევს მკითხველში, ვინაიდან ამ ქვესკნელს გარდა ჩვენს თვალწინ უკვე უკუღმა გდია კომუნისტური იდეოლოგია, ბოროტების იმპერია და, რაც ამ შემთხვევაში უფრო მნიშვნელოვანია, სახელმწიფოს იდეოლოგიური წნეხის შედეგად 20-30-იან წლებში შედგენილი ქართველ მწერალთა კარიკატურული პანთეონი, სადაც ილიასთვის, მიხეილ ჯავახიშვილისთვის და ტიციან ტაბიძისთვის ადგილი არ აღმოჩნდა და რომლის შემადგენლობა და თანმიმდევრობა ბევრს უცვლელი და მარადიული ეგონა, მაგრამ აქ დრომ კარგა ხანია დაიწყო ცვლილებების შეტანა და, როგორც ეტყობა, არსებითი ცვლილებები მომავალშიც მოხდება. ამ თვალსაზრისით რუსეთის მაგალითიც კმარა. XX საუკუნის ყველაზე დიდი რუსი მწერლების დასასახელებლად წელს იქ მოაწყეს არჩევნები-კენჭისყრა, რომელშიც თურმე 6597 კაცი მონაწილეობდა. რევოლუციის მეხოტბე მაიაკოვსკი ყურადღების მიღმა დარჩენილა. გორკი ბეწვზე გადარჩა - 14.51 პროცენტით სულ ბოლო, მეათე ადგილზე აღმოჩნდა, შოლოხოვს მეცხრე ადგილი არგუნეს. ხმათა 63,68 პროცენტით პირველი ადგილი დაიკავა მიხეილ ბულგაკოვმა! ეს ის ბულგაკოვია, კრემლის ფუნქციონერები და უნიჭო მოშურნენი უსაფუძვლო კრიტიკით სიცოცხლეს რომ უშხამავდნენ და, მიუხედავად თვით სტალინის არაერთგზის გამოსარჩლებისა, მაინც თავისი გაიყვანეს - 49 წლისა უდროოდ დაასამარეს!

მწიგნობართა ასოციაციამ ახლახანს გამოსცა ნიკო სამადაშვილის პაწია, გულის ჯიბით სატარებელი „სინათლის მიმოქცევა“ (რედაქტორი ამავე ასოციაციის თავმჯდომარე ქალბატონი ლია ნადარეიშვილი). არ დავმალავ, ეს ჩემი პირველი შეხვედრა იყო ავტორთან და ისეთი გამაოგნებელი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ დღესაც ვერ გავრკვეულვარ, თავს როგორ მივეცი უფლება: წიგნის ნახევარგოჯიან ანოტაციაში მოხსენიებული პოეტის მეუღლის, ქალბატონ მარიამის და მათი ქალიშვილი ქალბატონ მზიას ბინის ტელეფონის ნომერი კითხვა-კითხვით გავიგე და მოწიწებით ვითხოვე მათთან შეხვედრა. ამ პაწია წიგნში ჩაბუდებული ჯადოსნური პოეზიით ისე ვიყავი გაოგნებული, ბალღივით მჯეროდა რაღაც სასწაული: ჩვენი საუბრისას ან ბინდიან კუთხეში, ან უხმაუროდ გაპობილი კედლიდან უცაბედად თვით ჯვარცმული პოეტის ხატი გაიელვებდა და წამით მაინც მოვასწრებდი თვალის შევლებას!..

თავაუღებლად კითხულობთ ხალას პოეზიას, გამტკნარებული ისმენთ დედა-შვილის თავშეკავებულ მონათხრობს საყვარელ ადამიანზე და შეძრული რჩებით - ერთი შეხედვით პროზაული პროფესიის კაცს, რევიზორ-ბუღალტერს თურმე რა უკუღმართი, ბობოქარი და ნარეკლიანი ცხოვრება გამოუვლია, ცხოვრება, რომელიც პატრონისეული რაინდული მოთმინებით ელის თავის პირუთვნელ ბიოგრაფს.

უფრო შემაძრწუნებელია სამადაშვილის თვითნაბად პოეტურ ტალანტთან დაკავშირებული ტრაგედია. შური, უმეცრება, ვერაგობა, ბრმა-ყრუობა, იდეოლოგიური სწორხაზოვნება... უკვირდებით და აშკარაზე აშკარა ხდება: საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში პიროვნების (თანაც როგორი პიროვნების!) მიმართ ჩადენილია ერთ-ერთი ყველაზე საშინელი დანაშაული, რომლის გამოსყიდვა ადამიანთაგან უკვე აღარავის ძალუძს და არც მხოლოდ ბოლოს ღმერთმა ინება - ისიც ისევ და ისევ თვით ნიკო სამადაშვილის გენიის წყალობითა და საშუალებით.

ტანზე პირდაპირ საკირის მხურვალება გცემთ და სუნთქვა გეკვრით, როცა თვალნათელი ხდება: ტოტალიტარულ რეჟიმს და ამ რეჟიმით დემონურად მოსარგებლე მწერალ-ფუნქციონერებს, მოშურნე ჩინოსან მდარე კალმოსნებს, ხალასი ნიჭის მიგნება-განადგურებაში დახელოვნებულ და ამით მხეცურ სიამოვნებანაჩვევ მოლიტერატორო ბრაკონიერებს ქართული პოეზიის თუ რა ჯანსაღი, განსაცვიფრებლად ხალდაკრული და ელვარე, განუმეორებელი ჯიშის ოქროს კალმახისთვის საგულდაგულოდ გადაუხერგ-გადმოუხერგავთ მკითხველისკენ გასაცური ყველა ნაკადი და უმოწყალო ზნეობრივი ტანჯვა-წამებით 57 წლისა ისე დაუსამარებიათ, „ჰანგებით მდიდარი“ პოეტი, რომ იგი სიცოცხლეში ვერ ღირსებია თუგინდ ერთი პაწია დაბეჭდილი ლექსი მაინც ეხილა თვალით და იმქვეყნად ზიარების მადლივით წაეყოლებინა მისი სტამბური სურნელი!

„ხედავ რას სჩადის გულქვა საწუთრო
და ყინულივით გულქვა ქვეყანა“91

ცრემლი მოიწმინდე, გულჩვილო მკითხველო, ნუ გეშინია, ყველაფერი არ დაკარგულა! თურმე ღმერთი ზევიდან ყველაფერს ხედავდა, იმახსოვრებდა და თანამოკალმეთაგან შურით ჩაწიხლულ ნიკო სამადაშვილს ქართული პოეზიის ხემძევლად ინახავდა!!! მართლაც, მისი გარდაცვალებიდან გაივლის რაღაც ოცდაათიოდე წელი, დაიწყება ღირებულებათა გადაფასების შეუქცევადი პროცესი და „პოეზიის გერის“ მოშურნეთა მდარე, ჰონორარებისთვის უსირცხვილოდ განზრახ გაბერილი სქელ-სქელი ტომები მკვდრადშობილ ნაწარმოებთათვის განკუთვნილი ლიტერატურული მორგის ბნელსა და ნესტიან თაროებზე გადალაგდებიან, ნიკო სამადაშვილის ცოცხლად დამარხული მადლიანი პოეზია კი მკვდრეთით აღსდგება და ქართველი მკითხველის გულში იპოვის ბინას. კითხულობთ ამ მართლაც სისხლით დაწერილ დიდოსტატურ შედევრებს და გჯერათ - ისინი იცოცხლებენ მანამ, სანამ ამ ცოდვილ დედამიწაზე იბოგინებს სიცოცხლე და გადარჩება თუგინდ ერთი წიგნიერი ქართველი

1947 წლის მკათათვეში ციალა თოფურიძისადმი მიძღვნილ ლექსში „სტრიქონების ქარაფი“ 42 წლის ნიკო სამადაშვილი იგონებს:

„პოეზია იყო ვერაგი ჭირი,
რომ შემეყარა მე ბალღობისას.“

ნათქვამი ელდასავით მოქმედებს. წიგნს ელვისებურად ხურავთ თითჩატანებით და დაკვირვებით ახლაღა აშტერდებით პრიალა ყდაზე გამოსახულ 5 წლის ნიკოს, რომელიც თურმე ორწლინახევრისა დაობლებულა და ბებია ეკატერინეს აზერბაიჯანიდან ხიდისთავში ჩამოუყვანია. გეჩვენებათ, რომ ეს პატარა ბიჭუნა უკვე პოეზიის ჭირშეყრილია ანდა სწორედ ახლა მიმდინარეობს ამ საშინელი სენით დასნებოვნების ღვთაებრივი რიტუალი. ამ განცდას აძლიერებს ძველებური სკამის ოვალურ-გუმბათოვანი საზურგე და ღმერთის ნებით ვიღაცის მიერ სკამის კიდეში პროვინციული პრიმიტიულ-უშუალობით ჩამაგრებული საოცრად ცოცხალი შტო, რომლის ყველაზე თამამი ფოთოლი დემონ-ანგელოზის ფრთასავით ეხება პატარა ნიკოს მხარს - თითქოს ეფერება, ამხნევებს, მაგრამ იმავდროულად ამ ძვალგაუმაგრებელ არსებას იქვე უმთავრებს უზრუნველ ბავშვობას - გარდაუვალი აუცილებლობისა და უზეშთაესის წილნაყარობის კარნახით მარადისობისკენ მიმავალ გრძელსა და ნარეკლიან გზისკენ ახედებს.

სახეზე დააკვირდით: კოხტა, განსაკუთრებული ინდივიდუალობის მაუწყებელი ნატიფი ნიკაპი, ჭკვიანურად მოკუმული გაბანტული ტუჩები, სოთი ცხვირი, მეტყველ შუბლზე ღვთიური შუქის ლივლივი, გადაკალმული წარბები, ირიბჭრილიან თვალებში ჩაგუბებული ბავშვობამოთავებული ნორჩის სევდა, გონიერება და გარინდება. ერთი შეხედვით ყოვლად უმნიშვნელო ბერეტიც კი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს და კეთილ ღიმილს იწვევს: თითქოს უცხოეთის რომელიღაც პრესტიჟულ მეცნიერებათა აკადემიას, იგი თავის ყველაზე ახალგაზრდა საპატიო დოქტორად აერჩიოს და შესაბამისი თავსაბურავითაც შეემკოს. მოკლედ, ეს უკვე ის ყმაწვილი აღარ არის, ფოტოაპარატის ობიექტივიდან გამოსაფრენი ჩიტით რომ მოატყუებენ. სხვა დროს ანჩხლი, მფრთხალი, მჩხავანა, მოუსვენარი თუ შეუსმენელი ბავშვების მოტყუება-გაჩერებით სისხლგამშრალი ფოტოგრაფი ახლა, ალბათ, აღტაცებული და დაფაცურებულია, მუხლებზე ასე ბრძენკაცურად ხელებდაწყობილი ყმაწვილი გაუნძრევლად რომ უზის წინ. მაგრამ აქ არის კი? ვინ იცის ფიქრებით სად არის და რას დასტრიალებს მისი გონება! ანდა, შესაძლოა, სულაც გულაცრუებით უცქერის გორელი ხელოსნის ზედმეტ ფუსფუსს, რომლის ჯაბახანა აპარატმა ახლა ისტორიული მისია უნდა შეასრულოს და წამი გააქვავოს - უკვდავება აღბეჭდოს. ნეტავი თუღა მოხერხდება იმ ფოტოხელოსნის ვინაობის დადგენა - დაე, ისიც ნიკო სამადაშვილის უკვდავების ერთი რიგითი და უპრეტენზიო თანამგზავრი გამხდარიყო!

ფოტოზე აღბეჭდილი პატარა ნიკო და მწვანე რტო ღმერთმა თითქოს ერთმანეთს შეასისხლხორცა, უხვად აწოვა ქვესკნელის ნაჟური და ქართლის მადლიანი მიწიდან ქართული პოეზიის ერთი იმისთანა ხემძევალი ამოაქანა, რომლის ფოთოლხშირ ტოტებს პოეზიის ბევრი თაყვანისმცემელი და ცხოვრების გზებზე დაქანცული მგზავრი მოიჩრდილებს.

XX საუკუნის ქართველ პოეტთა შორის მეორე არავინ მეგულება, ვინც სამადაშვილივით ასეთი სიტყვამომჭირნეობით ქმნიდეს თავის პოეზიას. ეტყობა, ამას ბევრი მიზეზი განაპირობებს, მთავარი კი მაინც ეს მგონია: საგნებისა და მოვლენების, პოეტური ხილვების ლაკონურად ჭვრეტის ღვთივ მომადლებული უნიკალური ნიჭი. დააკვირდით: მის პატარ-პატარა ლექსებში თითოეული სიტყვა ჩამოჰგავს სასიკვდილო ალყაში მოტანებული ვაზნებდათვლილი ჯარისკაცის მიერ ძუნწ, კარაბინის ხრახნიან ლულაში გაწურულსა და ზუსტად შიგ გულში მორტყმულ სნაიპერულ ტყვიას და არა პოეტი-მაყრის გლუვლულებიანი თოფიდან მუჭა-მუჭა ნატყორცნ საფანტს, ჩალიანში წარამარა რომ გააქვს ხრიალი, შედეგი კი გაცილებით ნაკლებია. ტრაგიკოსი პოეტის კალამი გამძვინვარებით იელვებს ხოლმე ცარიელ სივრცეში და ერთი ზუსტი ჩანისკარტებით სრულიად არსაიდან და არაფრიდან ისეთ მოსხლეტილ სტრიქონებს ამოაგდებს სუფთა ფურცელზე, რომ ჩვენს გვერდით მოკრძალებით მდგარი ახალგაცნობილი ავტორი თვალსა და ხელს შუა გვიქრება და ისე ელვისებურად აღმოჩნდება ხოლმე მსოფლიო პოეზიის კორიფეთა შორის, რომ თვალის აყოლებას ძლივს ვასწრებთ: ქვესკნელს შემასხი მარადისობავ, რომ კიდევ შენსკენ გამოვტრიალდე“, „ჩემი გაჩენა მიზღოს ცეცხლად, ვისაც ეს ჩემი იღბალი მართებს“, „მიწიდან ხალხი ამოცვინდება, შემოღამებულ სივრცეებს იქით“, „უსაზღვროება ისე შესუდრე, რომ ჩვენს პლანეტას გზა აერიოს“, „ვგავართ დაღრეცილ მინიატურებს“, „დაქვავებული იქნება მტვერში ბავშვის თითებში გამშრალი ძუძუ“, „გული იწვოდა და ლურჯი კვამლი მსხვილად მდიოდა ბნელ თვალებიდან“, „რამდენი კაციც ცხოვრობს მიწაზე, ქვეყნად იმდენი საგიჟეთია“, „ბუხრის კვამლს აჰყვა ის სიყმაწვილე, თავქვეშ დაეგო დიდ მარტოობას“, „გარეთ გადაყრილ ნაცარსა ვგავდით“, „ავადმყოფობა ეგონათ, ბიჭო, ლექსები ტანზე გამონაყარი“, „ალბათ, ავდრები თან წაიღებენ საუკუნეთა ხშირ კენწეროებს“, „მეც მარტო ყოფნა ათასწლობით მომეწყინება, თავის ქალაში მწვანე ხვლიკი შეძვრება ღამე, ძვლებზე შემხმარი დაფიქრება მოეწონება და მატლებდახრულ თავლებიდან გახედავს ბაღებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ!..

სამადაშვილი ერთგან წერს: არ მოგეწონა ღმერთებს რომ შევხვდი და გაუხვიე სივრცეებს ცერად“. რა თამამი და ვაჟკაცური ნათქვამია! საერთოდ, თუ რამე პრინციპული მნიშვნელობა არა აქვს, მეტად სახიფათო და ამასთან უმადური საქმეა - ისიც რიგითი მკითხველისთვის - ცალკეული პოეტური სტრიქონების წრეგადასული შიგვნა: აქ მაინც და მაინც რა არის ნაგულისხმევი? ის კი არა, თვით ავტორსაც რომ ვკითხოთ, შეიძლება მისი პასუხიც არ იყოს ელექტროსაპარსის თუ მაცივრის ინსტრუქციასავით პუნქტობრივი და ნათელი. ანდა, იქნებ შეგნებულად არც გვიპასუხონ: დაე, თითოეულმა მკითხველმა თავისებურად გაიგოსო და, ალბათ, მართალნიც იქნებიან! მიუხედავად ამისა, მაინც საშინლად მაინტერესებს: პოეტს რა არ მოეწონა ღმერთებთან შეხვედრისას და რატომ გაუხვია სივრცეებს ცერად?

შეიძლება მიპასუხოს ვინმემ: ღმერთებში შეფარვით კომუნისტი ბელადები იგულისხმაო. ეს ნაკლებსარწმუნოდ მეჩვენება. პოსტის „რჯულდაწყვეტილობა“ ან შეჩეხების ელდა? მაშინ პოეზიის ოქროპირი მას სხვანაირად იტყოდა. ან იქნებ, როგორც „მონასტრის ხმა რაღაცას ტყუის“, პოეტმა მიიჩნია, რომ ღმერთიც ტყუის რაღაცას. მაგრამ როგორ შეიძლება ღმერთი მატყუარად მივიჩნიოთ - სამადაშვილისთანა კაცსა და პოეტს ეს არ შეეშლებოდა! მაშ, რა, რა არ მოეწონა?! შემოქმედში იქნებ თავგაზვიადებული ამირანის ვნებამ იჩინა თავი, თავის ნათლიას, ქრისტე ღმერთს დაჭიდება რომ... თუმცა აქ ერთი უფრო მიწიერი ამბავი მახსენდება. ტოლსტოის ერთხელ იასნაია პოლიანას მინდვრებში სეირნობისას წინ გლეხი ცოლ-ქმარი შემოეყარა. ქმარი იგინებოდა. ტოსლტოის რომ გაუსწორდნენ, დედაკაცმა ქმრის დაშოშმინება სცადა.

«- Замолчи, вон граф едет.
- А что мне граф? Я - сам граф!»

ტოლსტოი აღტაცებაში მოიყვანა ამ ბოლო სიტყვებმა და თურმე სიკვდილამდე ახსოვდა.

თითქოს აქაც რაღაც მსგავსი რამ მეორდება. მეჩვენება რომ აქ სრულიად „შემთხვევით“ ერთმანეთს წააწყდა არა ღმერთი და ვიღაც მოკვდავი, მორჩილი კაცუნა, არამედ მოხდა ორი ღმერთის - მამაღმერთის და პოეზიის ღმერთის - მოულოდნელი შეხვედრა. თუ პირველ მათგანს, ჩვეულებისამებრ, სამყაროს საზრუნავი აწვა, არც მეორე იყო დალხენილ-მოსვენებული: რწმენადაკარგულობის, მარადისობის, წარმავალობის, „რჯულდაწყვეტილობის“, დაცემული სამშობლოს, გარიყულობის და სხვა ათასობით „ფიქრებს სკათ ჰქონდათ ეგ თავის ქალა“. ჰოდა, პოეტს ღმერთებთან უეცარმა შეხვედრამ ამდენი ფიქრის კრიალოსანი რომ გაუწყვიტა, შეიძლება, სწორედ, ეს არ მოეწონა! თუმც სუბორდინაცია და რაინდული ზრდილობა როდი ეშლება: ღმერთებს დიდსულოვნად უტია გზა და სივრცეებს ცერად გაუხვია არეული პოეტური ხილვების აღსადგენად...

მთვარეზე, ვარსკვლავებზე, უცხო პლანეტებზე, საერთოდ, ცის საუფლოზე ვის რა აღარ დაუწერია, მაგრამ ჩემზე ისეთი ცოცხალი, წარუხოცელი და გამაოგნებელი შთაბეჭდილება არაფერს მოუხდენია, როგორც ნიკო სამადაშვილის უშრეტი პოეტური ფანტაზიით შექმნილ კოსმოგრაფიას:

„პლანეტებს გაღმა ვიღაც ნანობდა,
ვინ იცის, ბარში ვეღარ დაბრუნდეს.“

ლექსს ზემოქმედების ისეთი დემონური ძალა გააჩნია, რომ ამოდენა კაცს თანაგრძნობა-შიშისაგან სისხლი მეყინება - ვაითუ მართლა ვეღარ დაბრუნდეს და რა ეშველება პლანეტებს მიღმა მარტოდ დარჩენილ პოეტის ორეულს, ზეკაცს თუ მსოფლიო სატკივარის მატარებელ სალოსს-მეთქი! მაგრამ იქვე მეხილება თვალი: ის თავმოძულებული მამაცი მგზავრია და წინდაწინვე შეგუებულია ყოველგვარ მოულოდნელობას - ეს მისი მისიაა თუ ბედისწერაა! ახლა მთლად ჭკვიანურ- ობივატელური აზრი მიჩნდება: ის ჩემი ცოდვით სავსე, მარტოკა რამ წაიყვანა, ვინმე მაინც გაეყოლებინა! ლექსის სულისკვეთება, საერთოდ, პოეტის ხმის ინტონაცია აქაც მშველის: ეს წვრილფეხა ადამიანები ერთიანდებიან და ქმნიან ათასგვარ დასს, წრეს, მარაქას, საძმოს, გუნდს, რაზმს, ექსპედიციას, პარტიას, ბრიგადას, ამხანაგობას, პლატფორმას, ასოციაციას და კიდევ, ღმერთმა უწყის, რაღას არა! გენიოსები კი ყველგან და ყოველთვის მარტოდმარტო წალდავენ გზას!!! „სადღაც ბინდებთან შეაჩერებს იმას ნამქერი, ვინც სამყაროდან სიმღერებით ჩამოირბინა“, „სამყაროს გაღმა ჩაივლის ვიღაც დაფიქრებული, როგორც მისანი“, „ვინც ლაჟვარდებში მუხლის ჩოქით გადაიპარა, ფრთხილად წამოდგა და გასწია, ვინ იცის, საით...“, „ხან ქაოსებში დამინახონ, ხან მთვარის გასწვრივ“, „გასწი, ირბინე და იცხოვრე სივრცეებისკენ“, „მეც ვანათებდი მეტეორივით მარადისობის ხშირ მარგილებთან...“ „შორეულ გზაზე დასველდება ის მოგზაური, მსოფლიოს უკან შეთქმულივით რომ ჩაიარა, წაიღო ძვლები თოვლისაგან მთლად დაბზარული და მზის წერტილებს გრიგალივით გადაეფარა...“ კითხულობ ამ და მსგავს სტრიქონებს და გული გიჩქროლდება: პოეტის წყალობით შენც ამ ფანტასტიკურად მიმზიდველ პლანეტებზე იმყოფები, ოღონდ როგორც სასურველი სტუმარი და არა როგორც მარადიული ბინადარი. ჩვენც რაღა გვეთქმის - ამაზეც მადლობელსა ვართ!

უზარმაზარი საოკეანო ლაინერი შემთხვევით ან შეცდომით მდინარეში თუ მოხვდა, მანევრირება უჭირს და წვალობს, ხშირად კი უიმედოდ იჩხირება ან სულაც იღუპება, ვინაიდან მისი სტიქია უკიდეგანო წყლის სივრცეებია და არა მდინარე, რა გინდ დიდიც უნდა იყოს იგი. ამ უმადურ დედამიწაზე იგივე ემართება ნიკო სამადაშვილსაც. „შენ ის კაცი ხარ, ვისაც არ ეყო გზებმიუვალი ქვეყნიერება“, „ბოლოს კი დარდი: დედამიწაზე ნეტავი რისთვის შემოვეხეტე?!“ ტრაგიკოსი პოეტისათვის დედამიწა ხან სამყაროს სარკმლიდან „ბარით გადმოყრილ ქვიშას და ნაგავს“ ჰგავს, ხან კიდევ „სამყაროს უსასრულო თორეზე... ეს დედამიწა კუტია ჩავარდნილი სივრცის ნაცარში“. ეს კიდევ არაფერი - აქ მოუსმინეთ!

„ის ერთხელ ნათელს გამოჰყვა ზიზღით,
სოფელს წააწყდა, ავდარი იყო,
წინ დაეხედა, თურმე ნუ იტყვით,
ეს დედამიწა გადმომდგარიყო!“

ჩემი მხრიდან მკრეხელობა იქნება ამ გენიალურ სტროფს გარჩევის მსგავსი რამ ვაკადრო. მხოლოდ ერთს ვიტყვი და ისიც იმიტომ, რომ აქედან მიღებულ ჩემსავე ზნეობრივ ტკივილს ეხება, რომელიც ამავე დროს ფიზიკურ ტკივილშიც გადადის. გულალალი პოეტის მიერ ასე დარდიმანდული გულუბრყვილობითა და უბოროტო ირონიით ნახმარი ჩართული გამოთქმა - თურმე ნ უ იტყვით - გულში სადგისივით იჩხვლიტება, ვინაიდან იგი ჩემს ცნობიერებაში უამრავ სასტიკ „თურმე ნუ იტყვით“-ს წარმოშობს: თურმე ნუ იტყვით, ამ დედამიწაზე ბოროტებსაც უცხოვრიათ! თურმე ნუ იტყვით... „ჰანგებით მდიდარ“ პოეტს ნიჭიერება არ აპატიეს და „მუჯლუგუნით ჩაუქრეს გული“. თურმე ნუ იტყვით, რეჟიმი მას არასაიმედო „ელემენტად“ ჩათვლის და დევნაშევიწროებას დაუწყებს! თურმე ნუ იტყვით, უმიზეზოდ ციხეს მიუსჯიან ხუთი წლით და წელიწადნახევარს მაინც მოიხდის! თურმე ნუ იტყვით, მამაპაპეული მცირე ქონებიდან არაფერს არგუნებენ და მშრალზე დასვამენ! თურმე ნუ იტყვით, ვეღარ გაუძლებს ამდენ ბოროტებას და 1963 წელს 57 წლის უიღბლო პოეტი ქუჩაში დაეცემა და სულს დალევს. თურმე ნუ იტყვით, დღეს, როცა სამართალმა პური ჭამა, ზოგიერთებს სახე ეღუშებათ და კრიჭა ეკვრებათ მისი პოეზიის ხსენებაზე! თურმე... მაგრამ არ კმარა?! აი, რა საშინელი „თურმე ნ უ იტყვით“- ები სცოდნია მტრედივით უბოროტო პოეტის მიერ ერთ ავდრიან დღეს ასე შემთხვევით და „თურმე ნუ იტყვით“ აღმოჩენილ ბოროტებით დაორსულებულ დედამიწას!!!

ნიკო სამადაშვილის ბიოგრაფიას და პოეზიას რომ ვუკვირდები და ვადარებ ერთმანეთს, ასეთი სურათი მეხატება; იგი თითქო მწერალთა და ხელოვანთა გამოქნა-გახედნაში გაწაფული რეჟიმის მიერ უზარმაზარ სატაძრო - კომპლექსში - რომელიც მთელ ქართლს მოიცავს! - შემწყვდეული მძევალია და მისგან მოთმინებით ელიან დანებება-შემორიგების ნიშანს. თავისი პრინციპების ერთგული პოეტი კი ქედს მაინც არ იხრის, თუმცა ბავშვივით უჭერდნენ ხელებს გეჩვენებათ, რომ თვით განგების მიერ ამორჩეულ, სასიკვდილოდ თავგადადებულ ერისკაცს - თავად მძევალმა მეუღლე და სამი შვილიც რომ სასტიკ რეჟიმს შეატოვა მძევლად - ეკლესიათა კედლებსა და გუმბათებზე თავამოყოფილი ჯუჯა ხის ფესვებითა და ნაყოფით, ნესტიანი ლოდების ირგვლივ ამოსული მხალეულითა და წვიმის წყლით გააქვს თავი, თავისი პირუთვნელი პოეზიის სამრეკლოზე კი თეთრ ბაირაღებს არა და არ კიდებს. თან არც ერთი საწუწუნო სიტყვა თავის ნივთიერ სიდუხჭირეზე! პირიქით, პოეტს ისევ ისინი ებრალება, ვინც მოჩვენებითი პოპულარობისთვის, წოდება-თანამდებობისა თუ მაძღარი ცხოვრებისთვის ფეხის პირველი დაბაკუნებისთანავე სრულიად წინააღმდეგობის გაუწევლად ანდა საკუთარი ინიციატივით რეჟიმს მიჰყიდა თავისი სული, ნიჭი, სამშობლოს მომავალი და ინტერესები. ვინც განდიდების კვერით დანაყრდა, რა ეშველებათ, იმ უბედურებს“. თავისი მწარე ხვედრის მაგიერ ისევ სხვებს ტირის მათგანვე წიხლჩაკრული და გარიყული პოეტი.

მოკლედ, ეს ყველაფერი რაღაცით ბიბლიურ ამბავს ჩამოჰგავს და ერთსა და იმავე დროს სამწუხაროც არის, რომ ამდენ შემოქმედთა შორის ნიკო სამადაშვილის მეტმა ვერავინ შეინარჩუნა პრინციპულობა და სულის სიფოლადე. და ამავე დროს სასიხარულოც არის, რადგან ერთმა კაცმა მაინც იტვირთა ის მოწამეობრივი გვემა და მისია, რათა მის წმინდანურ პიროვნებაში შეეფარებინა თავი კომუნისტური იდეოლოგიისაგან სასიკვდილოდ დევნილ ჭეშმარიტებას. სწორედ ამნაირი კრისტალურად სუფთა ერისკაცის გულსა და ნამუსში გაევლო, გაწყვეტას გადარჩენილიყო და სამომავლოდაც გაგრძელებულიყო ათასხუთასწლოვანი ქართული მწერლობის ჯანსაღი ძარღვი. აი, რა აუზენაესებს ნიკო სამადაშვილის ისედაც ნიჭითცხებულ პოეზიას, რომლის თავანკარა დინებისთვის სრულიად უცხოა წნეხის გემო და იდეოლოგიური შმორის სუნი.

წიგნის ბოლო ლექსია „სინათლის მიმოქცევა“. ეს ერთგვარად შეჯამება და დამშვიდობებაა. აქ ნიკო სამადაშვილი თავისი ფილოსოფიური ჭვრეტითა და მხატვრული ოსტატობით რამდენიმე სტროფში ისეთ სიმაღლეებს აღწევს, რომ წარმოსახვაში თავისთავად მეძერწება სურათი: მსოფლიო პოეზიის ქურუმთა პანთეონის მდუმარე ბინადარნი რა კეთილშობილური სტუმართმოყვარეობით მიიწ-მოიწევიან, რათა ადგილი გაუჩინონ და გვერდით დაიყენონ თავიანთი სადარი კალმოსანი. ოღონდ ჩემი გონება ამას კი ვეღარ სწვდება: თავის დროზე „პოეზიის გერად“ მიჩნეული და ამისაგან სამუდამოდ გულნატკენი ნიკო სამადაშვილი მათ ღირსად ჩათვლის თავს და კრძალვა-რიდით დაიკავებს შემოთავაზებულ ადგილს თუ, წეღანდელი ღმერთებთან შეხვედრისა არ იყოს, რაღაც არ მოეწონება, ერთს თავისებურად „წაიმხედრულებს“ და გაუყვება „სივრცეებს ცერად“. არ ვიცი, ეს კია, თუმცა, ყველა სხვა ლექსში თავს პოეტის გვერდით ვგრძნობდი - თითქო ერთად ვწერდით და განსაცდელსაც განვიცდიდით. ეს აქ აღარ მეორდება. ამ ლექსში და ამ ლექსით ჩვენ სამუდამოდ ერთმანეთს ვშორდებით. არავის ეგონოს, პოეტი ხელისკვრით იშორებდეს მკითხველს. არა! ეს განშორება ჩემთვის რამდენადაც მტკივნეულია, იმდენადვე ბუნებრივი, ვინაიდან მკითხველის გეშით ვგუმანობ: არ შეიძლება პოეტს, რაგინდ საყვარელიც უნდა გახდეს შენთვის, ყველა ლექსში ფეხებში ებლანდებოდე. პოეტის კილოსა და ლექსის პირველივე სტროფებიდან ვხვდები: უთუოდ ნატანჯი შემოქმედი უკვდავებასა და მარადისობაში გადადის და მე უკვე აღარ მმართებს იქაც შეყოლა. მკითხველი სამანს აქეთ უნდა დარჩეს. ამიტომ პოეტი თავისთავად უჩინარდება და სამყაროს მიღმა, ქაოსებს შორის გაფანტული პლანეტებიდან მხოლოდ მისი ხმაღა ჩამოისმის - საოცრად შეცვლილი, მშვიდი, თანაბარი, დამაჯერებელი:

„ამინ ყველაფერს, რაც რომ ქვეყნად მიმდინარეობს,
რაც ამ მდინარით ჩაუვლიათ ყველა დროს აფრებს,
რა ვუყოთ მერე, მზის სინათლეც გადაიდარებს.
ამინ ყველაფერს.
ამინ ყველაფერს - ბოროტებას, სიკეთეს, ნუგეშს,
რა ვუყოთ მერე, თუ მთხოვრებმა ყაყანით ჩაგფლეს.
გასწი, იარე, მომაკვდავო, ნუ გეშინიან.
ამინ ყველაფერს.
ამინ ყველაფერს, რაც მიწაზე ჩამოუყრიათ -
ბედნიერება, სინანული, ტანჯვა, სიგიჟე.
უკაცობრიოდ დედამიწაც გამოყრუვდება,
თუ გინდა გული დღეში ასჯერ ამოიგლიჯე.
სუყველაფერი უკლებ მიაქვს დროს
აშლილ ლაფებს.
ამინ ყველაფერს.
ამინ ყველაფერს, რაც ცდუნებით წარმოშობილი -
გენიალობა, სივერაგე, ზმანება, ბოდვა.
სუყველაფერი ეს ღმერთების ბოდვა ყოფილა.
ამინ ყველაფერს.“

განშორების ნაღველი ყელში ბურთივით მაწვება და ვგრძნობ, ვემსგავსები ამ ნაფერებ ფინიას, პატრონმა დილით სასეირნოდ რომ წაიყვანა უკიდეგანო სივრცეში, ერთ უდაბურ სადგურზე თავად მოულოდნელად სადღაც გაემგზავრა, ის კი მარტოკა დააგდო და როგორც საწყალი ფინია ყეფა-წკავწკავით მოკურცხლავს ხოლმე შინისაკენ, რაკი ჰგონია, რომ პატრონი იქ დახვდება, მეც გამალებით ვიწყებ წიგნის უკუფურცვლას. აქ კი ფინიას შეშურდება ჩემი მდგომარეობა: მსგავს შემთხვევაში იგი პირში ჩალაგამოვლებული რჩება, მე კი რომელ ფურცელსაც უნდა დავკრა თვალი, კვლავ ვხვდები მარადისობიდან გამოხმობილ საყვარელ პოეტს, ისევ გვერდი-გვერდ ვიმყოფებით და კვლავ იწყება ჩვენი ტკბილ-მწარე დღესასწაული!!!

„ბედნიერებას სთხოვდა ნაპრალებს
და სულელივით სთვლიდა ნაბიჯებს.“

არაფერი გეცნოთ და გენიშნათ, მკითხველო, მსგავსი რამ თქვენ არ შეგმთხვევიათ?

ან:

„ერთი მელექსე თქვენც შეგენახათ,
იქნებ ამასაც სწყუროდა ზეცა!“

ო, თურმე სწყურებია და მერე როგორ! არ გებრალებათ განზრახ გაყრუმუნჯებული თანამოკალმეთაგან განზრახ გარიყული კაცი?

„იმ დღეს ღვინის ფულს ვთხოვდი მათხოვარს
და ვუკითხავდი ლექსებს ტირილით.“

რას არ მივცემდი, ოღონდ აქ მის ადგილას მე ვყოფილიყავი. ახლა ადვილია, როცა ხედავ, მსოფლიო რანგის პოეტთან გვაქვს საქმე. აბა, თუ ბიჭი ხარ, ეს მაშინ გენატრა, როცა უმეცარი რედაქტორი მიწასთან ასწორებდა: ვიღაც სამადაშვილს ტანზე გამონაყარი სახადი და ავადმყოფობა პოეზია ჰგონებიაო. როცა აუტანელი ფილისტერული ნორმებიდან გადაცდენილი, მოძმეთაგან განზრახ მიჩქმალული პოეტი ზოგს მართლა გიჟი ეგონა „და ეზო-ეზო ცეკვავდა მარტოდ.“ დრომ დაამტკიცა, ვინ გიჟი იყო და ვინ გენიოსი, ვინ რეგვენი, ვინ გულბოროტი...

ან კიდევ:

„როცა საღამო მოვა ხოლმე, ვეძებ სარდაფებს,
და როს ვიპოვი ოკრობოკრო კიბიან სარდაფს,
ცალკე კუნჭულში მაგიდასთან ვთხოულობ ღვინოს.“

იცანით, მიხვდით? თუმცა ამას რა დიდი მიხვედრა უნდა? აი, პოეტის ტალანტითა და განგების ნებით სარდაფის ამ „ცალკე კუნჭულში“ ერთმანეთს ბუნებრივად შეხვდა და შეერწყა ორი ნიკო - ნიკო სამადაშვილი და ნიკო ფიროსმანაშვილი! ორმა ნიკომ მაინც რა სასწაულებრივად გაიელვა ამ ასწლეულის თავსა და ბოლოს. ნიკო ფიროსმანაშვილი საუკუნის ათიანი წლების ბოლოს აღმოაჩინეს, მაგრამ იქვე მიივიწყეს და საზოგადოებამ ვერც კი გაიგო, როგორ მოკვდა ან სად ჩაფლეს. ნიკო სამადაშვილი საუკუნეების ბოლოსღა გაიცნო მკითხველმა. იგი საბურთალოს სასაფლაოზე ყოფილა დასაფლავებული. ხალხში ოქროს მონეტებივით მიმობნეულმა მისმა მინიატურულმა წიგნებმა უკვე წარმოშვა აზრი - გენიოს პოეტს საკადრისი სამუდამო სასუფეველი მიუჩინოს.

უპატრონოდ მიგდებული დიდი ამერიკელი მწერალი ედგარ ალან პო (1809-1849) ისე ძაღლუმადურად ჩაკვდა, რომ დღევანდელმა ამერიკამ მთელი მსოფლიოს გასაგონად აღიარა ამაში თავისი დანაშაული. თუმც უკვე ამასაც ამატებენ ამაყად: პოს შემდეგ ამერიკას შეცდომა აღარ მოსვლიაო!

ნეტავი საქართველო როდის იტყვის მსგავს ფრაზას და ვინ იქნება ის უკანასკნელი ტანჯული?!

„სინათლის მიმოქცევა“ სწორედ მაშინ გამოჩნდა, როცა პუშკინის დაბადების მე-200 წლისთავის საზეიმო დღეები მიმდინარეობდა. გაზეთებში კვლავ გაიელვა პოეტის შესანიშნავმა მოსკოვურმა ძეგლმა. ცადატყორცნილი პუშკინი ძირს სევდიანად დაიყურება. რას უცქერის ან ვის ელოდება? მეჩვენება ანდა უბრალოდ მსურს, რომ ასე იყოს. იგი პიედესტალის ძირას თითქოს თავის მტრების პატარ-პატარა სტატუეტების განლაგებას უცდის, რათა ხალხს თვალწინ ედოს წარსული, აწმყო და მომავალი - ვინ ვინ იყო, ვინ ვინ არის და ვინ ვინ იქნება! როგორც თვალსაჩინოება და გაფრთხილება. პიედესტალის ირგვლივ მართლა რომ შემოემწკრივებინათ პოეტის მტრების ბრინჯაოს ძეგლები, ოღონდ ცხადია, ლილიპუტების ზომის, ხომ წარმოგიდგენიათ, რა საზოგადოება შეიყრებოდა?! საბავშვო კარუსელის ცხენზე ამხედრებული რუსეთის თვითრჯული იმპერატორი, კოხტაპრუწა დანტესი, ვერაგი ბენკენდორფი, დანტესის მამობილი, ცბიერი გეკერნი, პუშკინის ცერცეტი ცოლისდები, ოჯახურ დრამაში სულ დანტესის მხარი რომ ეჭირათ, ანონიმური წერილების ავტორები, კარის ჭორიკნები, ჟანდარმები, პოეტის ნიჭის მოშურნენი...

ჭეშმარიტ შემოქმედთა ძეგლების დადგმის მართლა რაღაც ამგვარი სავალდებულო წესი რომ შემოეღოთ, ღრმად მწამს, მშობლიური ცის ქვეშ ასვეტილი ნიკო სამადაშვილის ფერხთითაც ქონდრისკაცების საკმაოდ ჭრელი ჯგრო შემოგროვდებოდა: პროლეტარიატის ბელადები, პარტიული მწვალებელ-ფუნქციონერები, უგემოვნო რედაქტორები, შურით გასიებული მდარე კალმოსნები, პოეზიის პროფანები, მოლიტერატურო ჯიბგირები, ბრაკონიერები, კუ-კლუქს-კლანელები, ფირალები და ფირალუკები!.. ეპიგონები, პლაგიატ-ბაცაცები, ტაკიმასხარები... ხარბი ახლობელი, ახირებული მეზობელი... სამსახურის ბიუროკრატი ხელმძღვანელი... ციხის უფროსი... მიჩენილი ჯაშუშები და სხვანი, რომელთა ერთობლივმა ბოროტებამ ნაადრევად დაასამარა და რომლებმაც ამავე დროს - ღმერთო, შემინდე თუ ვცდებოდე! - სრულიად გაუცნობირებლად ერთგვარად თან ხელიც შეუწყეს მისი კრიტიკული აზროვნების გაფხიზლებას, პოეტური სტიქიის შინაგანად გამძვინვარებას და თავგანწირულობამდე მიყვანას, ტალანტის აბობოქრებას, შემოქმედებითი მოთმინების ფიალის ავსებას და იქიდან შედევრების გადმოღვრას...

ამინ ყველაფერს!!!“

________________

91. სწორია: და ყინულივით ცივი ქვეყანა

3.33 71. მთვარელიძე, მურად. პოეტისა და პოეზიის არსის ძიება ნიკო სამადაშვილის შემოქმედებაში

▲ზევით დაბრუნება


// ლექსმცოდნეობა: ყოველწლიური კრებული / შოთა რუსთაველის ქართ. ლიტ. ინ-ტი. - თბილისი, 2021. - № 13, ლექსმცოდნეობის მეცამეტე სამეცნიერო სესია (მასალები): ეძღვნება ნიკო სამადაშვილს. - გვ. 123-134.

„თუ უკვდავებამ სადმე მიკითხოს
ნეტა სად არის ეხლა ის ბიჭი,
მოუყევ: ქარებს გადაჰყვა ღამე
რაღაც საოცრად წაიმხედრულა,
ორჯერ იკივლა სამყაროს გაღმა
და უკან აღარ დაბრუნებულა.“

უკან გვიან დაბრუნდა და დაბრუნდა როგორც სრულიად განსხვავებული ხმისა და შთაგონების შემოქმედი, რომლისთვისაც სხვა უამრავ კითხვასთან ერთად, უმთავრესი იყო საკუთარ პოეზიასა და აზროვნებაში დაედგინა თუ რა იყო ზოგადად პოეზია და რას წარმოადგენდა ის მისთვის.

ნიკო სამადაშვილი არ განეკუთვნებოდა იმ შემოქმედთა რიგს, რომლებმაც სიცოცხლეშივე დაიდგეს თავზე დაფნის გვირგვინი. იმდროინდელ ლიტერატურულ წრეებში ის არამცთუ რჩეულ შემოქმედად, ზოგადად, ისეთ პოეტადაც კი არ მოიაზრებოდა, რომლის მიმართ შეიძლებოდა რედაქტორებსა და ცნობილ ლიტერატორებს, მიუხედავად პოეტის მხრიდან მრავალი ცდისა, ყურადღება გამოეჩინათ. ორი უღიმღამო გამონაკლისის გარდა, მან ვერ შეძლო სიცოცხლეში ეხილა თავისი ლექსების პუბლიკაცია, რამაც, ვფიქრობ, პოეტის არსებაში კიდევ უფრო მეტად გაამძაფრა განცდა იმისა, არის თუ არა მისი პოეზია ჭეშმარიტი და, ზოგადად, რა არის მისთვის პოეზია და რა გამოხატულებას პოულობს შემოქმედებითი იმპულსი მასში, როგორც შემოქმედსა და ადამიანში. პოეტის მეორე კრებულის წინასიტყვაობაში პროფ.

ზ. კიკნაძე ყურადღებას ამახვილებდა იმ გარემოებაზე, რომ „პოეზია არ უნდა ყოფილიყო მისთვის მარტოოდენ „ტკბილ ხმათა“ სიმღერა; ნაღვერდალში, მუდმივ ცხელებაში აქტივობდა მისი სული და შემდეგ მწველ, აფორიაქებულ, ზოგჯერ მოუწესრიგებელ სტრიქონებში რეალიზდებოდა... ტრაგიკული სწორედ იმის შეგნება უნდა ყოფილიყო, რომ იგი ვერასოდეს დააღწევდა თავს ამ „თვალთმაქცობას“, რადგან შემოქმედება, თქმის ჟინი სისხლხორცეული იყო მისთვის, ძვლამდე გამჯდარი“ (სამადაშვილი 1989: 3).

პირველი შთაბეჭდილება, რაც ამ საკითხთან მიმართებაში ნიკო სამადაშვილის პოეზიის კითხვისას ეუფლება მკითხველს, არის მეტად თვალშისაცემი: პოეზია მისთვის არის ტანჯვა, წამება... თვალსაზრისი იმის შესახებ, რომ ზოგადად პოეზია ტანჯვის ნაყოფია, კარგა ხანია არსებობს, მაგრამ არცთუ იშვიათად ეს ტანჯვა ამა თუ იმ პოეტთან ერთგვარად ხელოვნურ იერს იღებს, ის ერთგვარი პოზაა. გაბედულად შეიძლება ვთქვათ, რომ ნიკო სამადაშვილისათვის პოეზია არის ტანჯვა, რომელიც მისი ცხოვრების ერთგვარ წესადაა ქცეული („ლექსების ჯღაბნა წამებად გექცა, სჯობდა ვენახის კვალი გებარა“) (სამადაშვილი 2003: 7). პოეტისათვის ის არის მოურჩენელი ჭირი, სახადი, რომელიც ბავშვობაში შეეყარა და მთელი ცხოვრების სატანჯველად ექცა, რადგან ეს სახადი მან ვერაფრით ვერ მოიხადა („პოეზია იყო ვერაგი ჭირი, რომ შემეყარა მე ბავშობისას“) (სამადაშვილი 2003: 11).

პოეტის პირველი წიგნის („ბეთანია“) წინასიტყვაობაში პოეტები თამაზ ჩხენკელი და არჩილ სულაკაური შენიშნავდნენ, რომ პოეტის „ძიება, ჭიდილი საკუთარ თავთან ზოგჯერ ტრაგიზმამდეც მიდის, მაგრამ ეს არის ტრაგიზმი მშობელი ხალხის თავგადადებულად მოყვარული ადამიანისა, სამშობლოს მოჭირნახულე კაცისა“ (სამადაშვილი 1973: 6). ვფიქრობ, მიზეზი ამ ტრაგიკულობისა მხოლოდ ეს არ უნდა იყოს. აქ ამ ტრაგიზმის ამოსავალი არის უფრო ღრმა და პოეტის პირად ცხოვრებასა თუ მდგომარეობაშია საძიებელი. ქართველ პოეტთა შორის ძნელი წარმოსადგენია მეორე შემოქმედი, რომლისთვისაც ეს „სახადი“ იქნებოდა ერთდროულად ასეთი მტანჯველიც და გარკვეულწილად სასურველიც, რადგან პოეტის მთელი სამყარო სწორედ ამ ტანჯვისაგან არის ნასაზრდოები. მისთვის ეს ტანჯვა-წამება, ამავე დროს არის მისი არსებობისათვის ერთგვარად აუცილებელი საშუალება იმ შინაგანი ენერგიის, მუხტის გადმოსაცემად, რომელიც მასში ასე იყო მომძლავრებული. უკვე დაწერილი ლექსი კი მისთვის ერთგვარი „ტანზე გამონაყარია“, რომელიც სხვაში შესაძლებელია ავადმყოფობის ასოციაციასაც კი იწვევდეს („ავადმყოფობა ეგონათ ბიჭო, ლექსები ტანზე გამონაყარი“) (სამადაშვილი 2003: 7), არადა, ის სწორედ პოეტის სულის მასაზრდოებელი წყაროა.

ე. კასირერი თავის წიგნში „რა არის ადამიანი“ პოეზიის არსზე კოლინგვუდის შეხედულებებთან დაკავშირებით წერს, რომ ამ მკვლევარს ყურადღების გარეშე გამორჩა შემოქმედებითი პროცესი, „რომელიც როგორც თვით მხატვრული ქმნილების, ისე მისი აღქმისა და გაგების შესაძლებლობის პირობაა“ (კასირერი 1983: 225). ეს არ უნდა გამოგვრჩეს ნიკო სამადაშვილის პოეზიის ანალიზისას.

ნიკო სამადაშვილთან პოეზია და შემოქმედებითი პროცესი თითქოს პოეტის პიროვნული ტრაგედიის მონაწილენი ხდებიან, მისი ლექსების დაბადება მოჰგავს ცეცხლიდან გამოსვლას. („ეს შენი გული არყის ქვაბია და ქვეშ უნთია შენი ლექსები, ამაზე მეტი რა გაქვავია, აგერ მთის იქით ყვირიან გზები“) (სამადაშვილი 2003: 137). ეს პროცესი კი იმდენად დამზაფვრელია, იმდენად ცხადიც და სულისშემძვრელიც, რომ მკითხველი თითქოს გრძნობს ცეცხლზე დაშაშხული ხორცის სუნს, გრძნობს პოეტის ძვლების ჭახჭახს, რომელზედაც ის პოეზიის სარეცხს კიდებს („დღეს ჩემს სხეულში სუნთქვა გაქვავდა, ძვლებზე ლექსების სარეცხი მოჩანს, თან აფრიალებს ჩემ ლექსებს ქარი, გათენებამდე ნეტავ ვინ მომკლავს... მეყასბედ სჯობდა რომ ვყოფილიყავ,92 ანდა მეარღნედ ოჩას დუქანში, მე გრიგალების მძევლად ვიყავი და ლექსს მაჭრიდნენ ტანზე დუქარდით“) (სამადაშვილი 2003: 106).

ძვლებამდე ტკივილის განცდა, ძვლების, როგორც შინაგანი ინიციაციის ერთგვარი შემოტანა პოეზიისა და შემოქმედებითი პროცესის სიმძლავრის გამოსახატავად ნიკო სამადაშვილთან სრულიად განსაკუთრებულ სახეს იღებს, ესაა განცდის უმაღლესი ხარისხი. ამაზე უკეთ, ამაზე ღრმად, ამაზე ტრაგიკულად, ალბათ, ძნელია წარმოიდგინო, რა იყო პოეტისათვის პოეზია, რას განიცდიდა, რა სახადს იხდიდა ან რა ცეცხლით იწვოდა ყოველი ახალი ლექსის შექმნისას. ერთ ლექსში პოეტი საკუთარ თავზე დაწერს:

„მისი სხეული იყო სათონე და ძვლებზე ჩუმად ისხდნენ ლექსები“ (სამადაშვილი 2003: 123). აქ ყველაფერია თქმული: ერთი მხრივ, ტანზე გამონაყარი ლექსები, რომელსაც, მეორე მხრივ, დუქარდით აჭრიან (ეს უკანასკნელი სახე მას სხვა ლექსშიც აქვს გამეორებული: „საკუთარ ლექსებს ჩემს ძვლებზე ვაფენ, ამ სარეცხს მუდამ წინ მიყრის ქარი... ლექსებს მაჭრიან ტანზე დუქარდით“ (სამადაშვილი 2003: 255).

პოეზია და შემოქმედებითი პროცესი, როგორც ცეცხლში წვა ნიკო სამადაშვილისათვის ბუნებრივი შეგრძნებაა, ტრაგიკული და სულისშემძვრელია ამ წუთების პოეტისეული წარმოდგენა:

„ქართულ აგურის იატაკზე დამხობილ პოეტს
ორტოტი ცეცხლი მეკიდება, ვატყობ ვრინდდები...
მე ჩემთვის ვწერდი, თუმცა ზოგჯერ წინ მეპნეოდა
ეს დასაქცევი ნაწერები -მკერდის ვედრება.
შენ დაყვედრებას ხშირად როდი ვეპუებოდი,
ხასათ არ მსურდა რომ ვყოლოდი ბედნიერებას.“

(სამადაშვილი 2003: 258)

ცეცხლი და ზედ დაყრილი ძვლები პოეტის სულის ფორიაქის შემაძრწუნებელი სურათია, რომლითაც ის ასე ემიჯნება თავისი დროის ბედისაგან და ხელისუფლებისაგან განებივრებულ კოლეგებს „სულ ცეცხლზე იწვის, თითქოს ამ ცეცხლში თავის საკუთარ ძვლებს უკეთებდეს“ (სამადაშვილი 2003: 29).

ძვლების კონცეპტი კიდევ რამდენჯერმე შემოვა სამადაშვილის პოეზიაში, როგორც პოეზიისათვის აუცილებელი ერთგვარი კომპონენტი, რომლის გარეშე ვერ შეიქმნება ჭეშმარიტი ლექსი. თუ პოეტის ლექსებზე დაყრდნობით თვალს გავაყოლებთ პოეზიის არსისა და შემოქმედებით პროცესებს, აღმოვაჩენთ, რომ ეს ლექსები იქმნება პოეტის დიდი ფიზიკური ტანჯვის შედეგად. აქ არაფერია მოჩვენებითი ან ხელოვნური, პოეტის სული გადმოსცემს იმას, რასაც ის იმ წუთს გრძნობს. მოხდენილად შენიშნავდა თავის დროზე თ. ჯაფარიძე: „პოეტს თავისი განცდებისადმი სმენის დიდი უნარი გააჩნია და პოეზიისადმი დიდ ტრფიალს არ აძლევს უფლებას, ეცდუნოს ლექსის თხზვის ლამაზი პოტენციებით. ის მხოლოდ იმაზე მუშაობს, რომ თავის ღრმა განცდას შესატყვისი არაკოკეტური ფორმა უპოვნოს“ (სამადაშვილი 2003: 519).

საკუთარი სულის ქურაში გამოტანჯული სული და სხეული თითქმის გალეულია, ხორცი ძვლებამდეა დასული და ახლა სწორედ ეს დაშაშხული ძვლები იფენენ ლექსებს როგორც ერთგვარ სალბუნსაც და მონაპოვარსაც ამ დიდი ტანჯვის შემდგომ, მაგრამ ყველაფერი ჯერ წინაა, ამ ძვლებიდან პოეტმა სალამური უნდა გამოთალოს, რომლიდანაც ისეთი ჰანგი უნდა ამოვიდეს, რომელიც სხვისას არ ემგვანება. პოეტი მიგვანიშნებს კიდეც, რომ პოეზიასაც ჰყავს თავისი ნახირი, რომელიც მოვა და წავა, თვალს მიეფარება, მის მიერ გამოთლილი სალამური კი სულ მუდამ იჟღერებს („ათასი წლების ნახირი წავა ძოვით, შუქს გაღმა, სივრცეებს იქით, მაგრამ ვერავინ ვერ დარწმუნდება ძვლიდან სალამურს როგორა ვთლიდი. როცა ჩემს მახინჯ სურათს ნახავენ, იტყვიან, ნუთუ ეს კაცი წერდა? ის ალბათ კერპებს რომ არ დაეხრათ, შერყეულ ღმერთზე ჯვარს დაიწერდა“ (სამადაშვილი 2003: 234). რაკი პოეზია ტანჯვაა, შესაბამისად, მისი შემოქმედი ტანჯული ადამიანია, წამებულია ან პირიქით, სწორედ ცხოვრებისაგან ნაწამები ადამიანი ქმნის თავისი სულისა და განწყობილებების შესატყვის ნაწარმოებებს. ტერენტი გრანელის შემდეგ, ალბათ, სწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ ნიკო სამადაშვილია ის შემოქმედი, რომელთანაც პოეზია ასეთ აპოკალიფსურ ტრაგიზმთან იყო დაკავშირებული. დაბადებიდანვე განწირულია პოეტი, - ასეთია მისი შეფასება საკუთარი პერსონისადმი. („ჩემი გაჩენა ცოდვის კითხვაა, ვინ იტყვის ჩემზე ის იყო კაცი! ჩემს ბნელ სამარეს თვითონ გავითხრი და შიგ ჩავწვები ფეხის ბარბაცით. ნისლები მოვლენ მთიდან ბუზღუნით, დაიჩოქებენ და დამწყევლიან, ჩემი ლექსები მწველი ზუზუნით სადღაც ქარბუქში ამოწყდებიან“ (სამადაშვილი 2003: 18). პოეტის ეს განწყობა უფრო მეტად კონკრეტდება ვახტანგ კოტეტიშვილისადმი მიწერილ ბარათში: „სტრიქონები ხომ ფანჯრებია პოეტის სამყაროს დასანახავად. არ ვიცი, ჩემმა ფანჯრებმა დაგანახეს თუ არა ჩემი ნამდვილი გოლგოთა. იქნებ ელამი გამოდგა ის ჩემი შუშაბანდი, რომელსაც უნდა დაენახვებინა ის ადგილები, სადაც შეშინებული ადამიანივით დავიარები... რაც მე ასე მაწვალებს და ღრნის ჩემს სატიალე სულს, ღრნის ისე, ბატონო ვახტანგ, რომ ძვლები დამიფუტუროვდა. საჭიროა ერთი ღონიერი გრიგალი, რომ მიწის მტვერიდან უფსკრულებში გადამიტანოს“ (სამადაშვილი 2003: 278). ესაა ის ერთადერთი სურვილი, რაც პოეტს მის გარშემო არსებული რეალობიდან იხსნის. „რა უნდა ეღონა ლიტერატურული წრეებისათვის უცნობ ბუღალტერს, რომელსაც მოსვენებას არ აძლევდა მოურჩენელი ჭირი - ლექსები ტანზე გამონაყარი? - კითხულობს პოეტი იზა ორჯონიკიძე, - ეს კაცი საუკუნეს ხმითაც არ ჰგავდა, ვერ გაეჯიბრებოდა გაქნილ კალმოსანთა მოწინავე კოჰორტას, ვერც ლიტერატურულ საქმოსანთა იმ არმიებს, რომლებსაც კონსტანტინე გამსახურდია გამომცემლობათა საჯინიბოების ფეხმარდ ულაყებსა და ფსევდოლიტერატურის ჩემპიონებს უწოდებს (სამადაშვილი 2003: 505).

პიროვნული ტრაგედიის განცდა (პოეტი - ამ ტრაგედიის გმირი) არსებობისათვის ბრძოლა, უგულო საზოგადოება, დაგმანულ კარზე მუშტების რახუნით გამოწვეული ტკივილი, შიმშილამდე მისული შვილები, ეს მძაფრი რეალობა მასში კიდევ უფრო მეტად აძლიერებს ტრაგიზმის განცდას („წყეულიმც იყოს შენი ჯიში და წარმოშობა, წყალმა წაიღოს შენი თრთოლვა შენი ლექსები“; სამადაშვილი 2003:19). ილიასადმი მიძღვნილ ლექსში პოეტი ერის დიდ მოამაგეს თითქოს შესჩივის, რომ მისი „ცხოვრებაც წამებული წიწამურია“ (სამადაშვილი 2003:142), რომელსაც სხვისგან თანაგრძნობა ენატრება („იცი ნუგეში როგორა მშიან“? სამადაშვილი 2003: 20). ამ მხრივ საგულისხმოა მისი წერილი პირველი მეუღლისადმი, სადაც პოეტი ამ გარემოებაზეც ამახვილებს ყურადღებას: „მე ყველა ადამიანისაგან გულგრილობის მეტი არაფერი არ მღირსებია. ალბათ ამას დაინახავ ჩემს ლექსებში და ო, როგორ გამეხარდება, ძვირფასო ევა, თუ ცოტათი მაინც თანაუგრძნობ, ჯერ კიდევ საიდუმლოებით შთანთქმულ მწუხარებას“ (სამადაშვილი 2003:464). პროფ. გ. ბენაშვილი შენიშნავდა, რომ „უცხო ხილვათა, შეგრძნებათა თუ ემოციათა ზვავად მოხეთქილმა ძალამ მასში ადამიანური ტკივილების ისეთი ექო გამოსცა, როგორიც სულის მხოლოდ ღრმა ხეობისთვისაა დამახასიათებელი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ისაა, რომ ავად თუ კარგად მან შესძლო მოძალებულ სტიქიონთან შებმა და მასთან განუწყვეტელი ჭიდილით დაღლილმა და დასაძინებლად თავმიდებულმა ჩაიქრო სულიერი მარტოსულობით ატეხილი ვნება“ (ბენაშვილი 1989: 286-287).

და ამ ყველაფრის ფონზე ნიკო სამადაშვილი ქმნის საკუთარი პიროვნების არაერთ მეტაფორას:

უბედური პოეტი - „უბედურ პოეტს რა ეშველება, რა ეშველება“ (სამადაშვილი 2003: 24), „იტყვი ვიცნობდი უბედურ პოეტს“ (სამადაშვილი 2003: 25).

ღარიბი პოეტი - „ღარიბი იყავ, პოეზიამ დაგღუპა კიდეც, რა ძალა გადგა, რას ჯღაბნიდი, რას ლუღლურებდი?!“ (სამადაშვილი 2003: 35).

დაღუპული პოეტი - „გამოხვალ გარეთ, გაყვები შორეთს,93 დაღუპულ პოეტს რაღას მიშველი“ (სამადაშვილი 2003: 45); „ვიღაც სტიროდა დაღუპულ პოეტს, ის ხომ სიცოცხლემ გზებზე უარყო“ (სამადაშვილი 2003: 155); „იცნობ დაღუპულ პოეტის ალერსს“ (სამადაშვილი 2003: 165); „ეს მწყუროდა დაღუპულ პოეტს“ (სამადაშვილი 2003: 252).

დაღვრემილი პოეტი - „სანთლების შუქი მეგებება დაღვრემილ პოეტს“ (სამადაშვილი 2003: 110).

გარიყული პოეტი - „გარიყულ პოეტს მტკვრის ნაპირზე მიხდება წოლა“ (სამადაშვილი 2003: 229).

მკვდარი პოეტი - „გამიშვი ქარო, იწამე ღმერთი, მე შუაღამის მხევალი მქვია, ხედავ მკვდარ პოეტს რა დაემართა94 და შუაღამემ სად დაითრია“ (სამადაშვილი 2003:106).

უცნაური პოეტი - „საოცარ ღამეს უცნაურ პოეტს მიყვარდა მუდამ სითბო დარდების“ (სამადაშვილი 2003: 82)

ყბედი პოეტი - „ის ღრუბელივით გადაიყარეს, ის პოეზიის უშრეტი ყბედი“. (სამადაშვილი 2003:138); „იმ ხეხილებზე ჰყვაოდა ბედი, ბედი, რომელიც ჩაწიხლეს გზებზე, ვიყავი მუდამ მგოსანი ყბედი და ვაწყდებოდი სულ მუდამ ძეძვებს“ (სამადაშვილი 2003: 41).

პოეზიის გერი: „ზედმეტ სახელად პოეზიის გერი დამარქვეს, თითქოს ჩემს მრწამსში არ ღვიოდა გუდამაყარი“ (სამადაშვილი 2003: 111); „მარტოდ მივარდნილს პოეზიის გერი დამარქვეს“ (სამადაშვილი 2003: 258).

გიჟი პოეტი - „მარტო სწევს კუბოს გიჟი პოეტი“ (სამადაშვილი 2003: 102); „ლოდებზე იჯდა გიჟი პოეტი, კვნესოდა მთების ყრუ გარემოცვა“ (სამადაშვილი 2003: 194); „რათ სჩანდა ზეცა ღრუბლიანში გადაწეწილი ან შეშლილ პოეტს ღვთისმშობელი რას დაჰყვებოდა“ (სამადაშვილი 2003: 208); „ორმოცი წელი დაფრენილა ლექსების გუნდი, ჩემი სხეულის საგიჟეთში გამომწყვდეული“ (სამადაშვილი 2003: 233).

ცნობილი მათემატიკოსის, გიორგი ჭოღოშვილისადმი მიწერილ ერთ ბარათში კი სამადაშვილი თავის თავს „შტატგარეშე დარჩენილ პოეტს“ უწოდებს (სამადაშვილი 2003: 474).

ეს ყველაფერი პოეტის სიცოცხლის თანმდევია, მაგრამ რა იქნება მომავალში, რა ადგილს დაიკავებს მისი შემოქმედება ქართული პოეზიის საგანძურში? - ეს ყველაზე კარგად თავად ავტორმა იცის. ის დარწმუნებულია, რომ მომავლის პოეტია, რომ აწმყო არ წყალობს, მაგრამ მომავალში მის პოეზიას აუცილებლად შეიცნობენ და სათანადო პატივს მიაგებენ. ვახტანგ კოტეტიშვილისადმი მიწერილ ბარათში პოეტი სწორედ ამაზე მიანიშნებს წერილის ადრესატს: „შეიძინეთ დიდი ცოდნა“ - მირჩევდა პავლე ინგოროყვა. ვიძენ კულტურას და ვგრძნობ, კარგი არ მეყრება იმედი ჩავიგდო გულში და რის იმედით ვთქვა ის: რომ ქვეყანა ათასი წლის მერე ბედნიერი იქნება, თუ ნიცშესავით დავიტრაბახო „ორმოცდაათი წლის მერე გაიგებენ ჩემ გულის თქმას“, თუ ბარათაშვილივით წამოვიძახო ჩემ ნავალზე შთამომავლობას სიარული გაუადვილდება-მეთქი. მე ვფიქრობ, პოეტმა თავის გზა არავის არ უნდა ურჩიოს.

რა ცუდი აუდიტორია ყოფილა ეს ოხერი საქართველო (იქნებ მთელი კაცობრიობაც) ფეხადგმული პოეტისათვის, რომელსაც ყველაფერი ენანება, იმიტომ არის, რომ მე უფრო ნაძვებთან და ფოთლებთან მიყვარს სიარული, რაც ამათ მასწავლეს, იმას ხუთი უნივერსიტეტი ვერ შთამინერგავდა“ (სამადაშვილი 2003: 476-478).

პოეტის ტრაგედია ისიცაა, რომ იცის ლექსის ფარაონია, რომელსაც თანადროულობა „ჯიბგირობას“ აბრალებს, მაგრამ მომავალი რეალურ შეფასებას პირდება. „ჩემი სიმღერა და უკვდავება, ალბათ ჟამს შემდეგ ეცოდინებათ“ (სამადაშვილი 2003: 55). ეს ყოფა პოეტისათვის უმძიმესია, ამიტომაა ასე დამძიმებული მისი სულიერი განწყობილებაც. ის პროფესიით ბუღალტერია, მოწოდებით - პოეტი, მაგრამ არაღიარებული. მის სულს კი სწორედ ეს სჭირდება („მე მიძახიან ბუღალტერს, პოეტს, გულს კი ოხერი რაღაც სხვა უნდა“) (სამადაშვილი 2003: 40).

სწორედ ამ მესამის მოლოდინში გაილია წუთისოფელი, ეს „სხვა“ იქცა მისთვის იმად, რაც ტერენტი გრანელისათვის - მესამე გზა. ისევე როგორც ტერენტი გრანელს, მასაც ეს მესამე რამ აინტერესებდა, ამისკენ ილტვოდა და ამ იმედითა და მოლოდინით გაჰქონდა თავისი წილი წუთისოფელი. ამ თვალსაზრისით საინტერესოა პოეტის შემოქმედების მაგალითზე ავტორის ავტოპორტრეტის გამოკვეთა. ამ მიმართებით ჩატარებულმა კვლევამ კიდევ ერთხელ ნათელყო, რომ პოეტი ფიზიკურად ცხოვრობდა ერთ რეალობაში, სულიერად კი სულ სხვა რეალობისაკენ ისწრაფვოდა. მისი რეალური სამყარო სრულიად არ ჰგავდა სხვისას. ამის შესახებ საინტერესოდ შენიშნავდა იზა ორჯონიკიძე: „ნიკო სამადაშვილის პოეტური ქვეყნიერება - უეცრად, იდუმალის წიაღიდან ამოზრდილი, აქამდე უსახელო ავტონომიური სახელმწიფო, რომელიც სრულიად გამორჩეულია სხვათა მიწა-წყლისაგან თავისი მოსახლეობით, პეიზაჟით, ტაროსით, დღე-ღამის შეფერილობით, ქარწვიმით, კანონითა და სამართლით, სიზმრითა და ცხადით, სიყვარულითა და ჰორიზონტს მიღმა გადავარდნილი მზეებით... და ყველა ეს საოცრება, რაც ჩამოვთვალე, გამოითქმის და გამოიხატება სიტყვით - მხოლოდ ამ პოეტის ენაზე, სწორედ ამიტომ ხდება, რომ რამდენი დიდი პოეტიც დაბადებულა, იმდენივე ენა უშობია დედაენის უშრეტ წიაღს“ (სამადაშვილი 2003: 507).

ამიტომ არის, რომ სამადაშვილისათვის პოეზია თავშესაფარიც არის და საპატიმროც, სასახლეც და სასჯელიც, რომელიც მერყეობს ამ ყოფნა-არყოფნის ზღვარზე და ამ საერთო ტანჯვაში იწერება მისი საუკეთესო ლექსები:

„რა ექნა, იყო ქვა თუ ზეკაცი
ვისთვისაც ზეცა დაპატარავდა,
ვისაც არ ჰქონდა სარკმელი მზისკენ
და რიჟრაჟებში შუქს იპარავდა.
რა ექნა იმას, მგზავრო, მითხარი
ვინც ძვლების ცეცხლი ვერ დაიყოვნა?
ვინც იწანწალა მიწაზე დიდხანს
და თავის ჩრდილიც ვეღარ იპოვნა?!“

(სამადაშვილი 2003: 99)

ეს გაორება და ტანჯვა გასდევს მთელ მის ცხოვრებას, რაც ასევე აისახა მის პირად მიმოწერაშიც. „მე ვიცი, ჩემი ვულგარული ლექსებით ვერავის მოვწყვეტ ყოველდღიური ყოფიდან, ვერ წავიყვან იქ, სადაც შიშია და იდუმალება. საქართველოს თუმცა პოეზიის ქვეყნად თვლიან, მაგრამ, ჩემი აზრით, თითებზეა ჩამოსათვლელი ის ხალხი, რომელთაც მხოლოდ შემოქმედება ესმით... პლანეტების გაუვალი ნახირი ხომ მაგიჟებს და შიშით ტანში მაკანკალებს. ვიკარგები, ხანდისხან სადღაც, თითქოს სხვა მსოფლიოში დავდივარ და სანამ არ შევკრთები სადმე ვეღარ ვბრუნდები... ხან თითქოს დედამიწა ფეხებთან მეცლება... ძნელია იმღერო და ილაპარაკო კიდეც... არ ვიცი, სად დავისვენებ, თუნდაც ზეზეურად“ (სამადაშვილი 2003: 479).

როგორც უკვე ითქვა, შემოქმედებითი პროცესი ეს ცეცხლსა და დუღილს უკავშირდება. ცეცხლი პოეტის ძვლებისგანაა დანთებული, დიდ ქვაბში კი პოეტის სისხლი დუღს. („ძვლებს უკეთებდნენ ქვაბის ზედადგარს, შიგ ჩემი სისხლის ზედაშე დუღდა“ (სამადაშვილი 2003: 259).

სისხლი პოეზიისათვის არაა უცხო თემა. ჯერ კიდევ რუსთაველმა განსაზღვრა მისი როლი მაღალმხატვრული ნაწარმოების შექმნის პროცესში („თამარს ვაქებდეთ მეფესა სისხლითა ცრემლდათხეული“), რამაც თავისი გაგრძელება ჰპოვა შემდგომი პერიოდების შემოქმედთა ნააზრევში. „მე სისხლით ვწერდი, გულის სისხლით და არა მელნით“ - (გალაკტიონი); „დაფასთან ვდგავარ და ვშლი ძველ ლექსებს, ცარცით კი არა სისხლით რომ ვწერდი“ (ტ. ტაბიძე); „ხელოვნება გულის სისხლს მოითხოვს საფასად“

(კ. გამსახურდია). მკვლევარი მ. კიკვაძე გალაკტიონის ლექსზე „ხელოვნება“ წერს, რომ ბი„პოეტური წარმოსახვის შედევრები დაწერილია სისხლის წვეთით, სასოეთ“ (კიკვაძე 1988: 5). ნიკო სამადაშვილის პოეზიაც სისხლითაა ნაწერი, ადუღებულ, საკუთარი ძვლებით დანთებულ ძვლებზე შემომდგარ სხეულში მოთახთახე სისხლისაგან: „ნეტავ იცოდე კითხვა ჩიტუნავ, წაიკითხავდი სისხლებით ნაწერს... შემიბრალებდი სახრეგადაწნულს“ (სამადაშვილი 2003: 21). პოეტისათვის ლექსი ტვინში სისხლის ჩაქცევის ტოლფასია, რომელიც იმავე ლექსებმა გამოხრეს, ცარიელ თავის ქალაში შემძვრალ ხვლიკს კი ლექსის ქება სურს („ლექსი ჩამექცა ტვინში სისხლივით, ტვინი გამოხრეს ტიალ ლექსებმა, თავის ქალაში შეძვრება ხვლიკი და მოუნდება ლექსების ქება“ (სამადაშვილი 2003: 140).

პოეტის შემოქმედების ანალიზი უფლებას გვაძლევს ვთქვათ, რომ ნიკო სამადაშვილი, როგორც პოეტი იმედგაცრუებული ადამიანია და მისი ტრაგიზმის საგანიც სწორედ ესაა. მან ვერ მიაღწია მთავარს - მისი პოეზია ვერ გახდა მოსაწონი სხვებისთვის, არადა, პოეტი გრძნობს, რომ ის რასაც ქმნის, უაღრესად ფასეულია. ამიტომაც მის არსებაში ხშირად ისადგურებს ერთგვარი გაორების, გაურკვევლობის განცდა. ზოგჯერ ეჭვიც ღრნის, რომ რასაც ის წერს, იქნებ მხოლოდ თვალთმაქცობაა და სხვა არაფერი? („ვის რად უნდოდა ეს თვალთმაქცობა, ნეტავი ქარში გადაგეყარა“).

სამადაშვილისათვის ლექსიც, ისევე როგორც პოეტის ხვედრი ერთგვაროვანი არ არის, არსებობს სხვადასხვა სახეობის ლექსი, რომელთაგან გამოვყოფთ მთავარს:

წამებული ლექსი - „ოჰ, რას ჩაგატან, აკი გითხარ, წამებულ ლექსებს“ (სამადაშვილი 2003: 185).

უიღბლო ლექსები - „შენ კითხულობდი უიღბლო ლექსებს და თხელ მკერდის ქვეშ გტკიოდა გული“ (სამადაშვილი 2003: 130).

ტიალი ლექსი - „ზედ დაგაყრიან ჩემს ტიალ ლექსებს“ (სამადაშვილი 2003: 138).

ხმაბნელი ლექსი - „ვინძლო მოყვარედ არ გაიხადო ჩემი ხმაბნელი შემოქმედება“ (სამადაშვილი 2003: 169).

დაჭრილი ლექსი - „დაჭრილმა ლექსმა ჩაიყოლა საფლავში ტყვია“ (სამადაშვილი 2003: 239).

თავთუხა ლექსი -„გვალვა დაუდგა თავთუხა ლექსებს“95 (სამადაშვილი 2003: 127).

ასევე გვხვდება, ზამბახთა ჩრდილიანი და ფუტურო ლექსების სახეობა.

ლექსების ამ შეფასებაშიც პოეტის პიროვნული მდგომარეობაა განივთებული. ყველა ამ ლექსის სახეს შინაგანი ტრაგიზმის იერი აქვს.

და ბოლოს, ისმის კითხვა: როგორი იქნებოდა სამადაშვილის პოეზია, მას რომ ახალგაზრდობაშივე მოეპოვებინა აღიარება? პასუხი ერთია: პოეტის სტილი, მისი მიდგომები, შეხედულებანი, შინაგანი დამოკიდებულებები მას არასოდეს მისცემდა უფლებას, გადაეხვია იმ გზიდან, რომელიც განგებით ჰქონდა მინიჭებული. მას უნდა ეცხოვრა ბუღალტრის ცხოვრებით, რათა მომავლის საქართველოს დაბრუნებოდა როგორც დიდი პოეტი.

________________

92. სწორია: მეყასბედ სჯობდა რომ ვგდებულიყავ,

93. სწორია: „გამოხვალ გარეთ, გაყვები შარას,

94. სწორია: მე შუაღამის მძევალი მქვია,
ხედავ მკვდარ პოეტს რა დამემართა

95. სწორია: „გვალვა დაუდგათ თავთუხა ლექსებს“

3.34 72. მჭედლიძე, ირინე. ნიკო სამადაშვილი - ქართული პოეზიის ფიროსმანი

▲ზევით დაბრუნება


// გუმბათი. -თბილისი, 2010. - № 46. - გვ. 14.

პოეტ ნიკო სამადაშვილს ქართული პოეზიის მკვლევარები გალაკტიონის გვერდით აყენებენ. მას პოეზიის ტიტანს, მეოცე საუკუნის ქართულ გენიას უწოდებენ. პოეტმა მთელი ცხოვრება გაჭირვებაში გაატარა, ხელმოკლედ ცხოვრობდა. ამიტომ ხშირად მას ქართული პოეზიის ფიროსმანადაც მოიხსენიებენ.

კომუნისტები ნიკო სამადაშვილს სიცოცხლეს უმწარებდნენ, დევნიდნენ, ავიწროვებდნენ. საბჭოთა იდეოლოგიის მეხოტბები გარდაცვალების შემდეგაც არ ასვენებდნენ. მის ლექსებს არ ბეჭდავდნენ, თავის კუთვნილ ადგილს არ ანიჭებდნენ. ამიტომაც იყო, რომ ქართველმა ხალხმა მისი შემოქმედება გვიან, მისი გარდაცვალებიდან რამდენიმე წლის შემდეგ გაიცნო.

* * *

ნიკო სამადაშვილის პოეზიის თაყვანისმცემლები, რომლებმაც პოეტის ბიოგრაფია არ იციან, ალბათ ვერასოდეს წარმოიდგენენ, რომ ნიკო რევიზორ-ბუღალტერი იყო. ვერც თანამედროვეები ხვდებოდნენ, რომ მათ გვერდით გენიოსი პოეტი დადიოდა. ერთხელ მის სამსახურში პოეზიის საღამო მოაწყვეს, მწერლები და მუსიკოსები მიიწვიეს. ნიკო იმ საღამოზე არ მივიდა. მეორე დღეს უფროსმა უთხრა, ნიკო, კარგი კაცი ხარ, მაგრამ პოეზია რომ არ გიყვარს, ამაში იჭრებიო. ყოველთვის ჩრდილში იდგა. თავის შედევრებს მხოლოდ ახლო წრეს, ოჯახის წევრებსა და მეგობრებს აცნობდა. მისმა პოეზიამ, ალბათ, ამიტომაც შეინარჩუნა სისუფთავე, მას არც საბჭოთა ბელადებისთვის მიუძღვნია საქებარი სიტყვები და არც დიდ საბჭოეთზე უწერია ლექსები. წერდა, როგორც ეწერებოდა და რასაც გრძნობდა. კომუნისტებისთვის კი თავი არასოდეს დაუხრია.

პოეტის სულიერი მოძღვარი ერეკლე ტატიშვილი გახლდათ, რომელსაც განათლება ლაიფციგის, პარიზისა და ედინბურგის უნივერსიტეტებში ჰქონდა მიღებული. ის 7 ენას ფლობდა. ერეკლე საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლი გახდა. მას ანტისაბჭოთა მოღვაწეობა დასწამეს, დააპატიმრეს, მაგრამ გაათავისუფლეს. თუმცა იგივე საქმეზე 1943 წელს ნიკო სამადაშვილი დააკავეს და 5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს, მაგრამ არ ასვენებდნენ, განუწყვეტლივ, სიცოცხლის ბოლომდე სდევნიდნენ. ის და მისი ოჯახი მუდამ უშიშროების თანამშრომლების მეთვალყურეობის ქვეშ იყვნენ. შინსახკომიდან ოჯახში ხშირად აკითხავდნენ, ამოწმებდნენ. სამსახურებიდანაც ხშირად ათავისუფლებდნენ.

ნიკო სამადაშვილი თავიდან ბოლომდე ტრაგიკული პიროვნება გახლდათ. მისი ბავშვობაც ტრაგიზმით იყო სავსე. სამი წლის იყო, მამა რომ გარდაეცვალა. მაშინ ბაქოში ცხოვრობდნენ. მამის დედამ რძალს ბაქოში ჩააკითხა და ნიკო გორში წამოიყვანა. ცოტა ხანში დედამ შვილს ჩააკითხა და დედამთილმა ბავშვი დაუმალა. ნიკოს ორი წლით უმცროსი და, ელენე ჰყავდა, რომელიც პირველად 18 წლის ასაკში ნახა. ელენე საქართველოში მეორედ რომ ჩამოვიდა, იმ დროს დიდი მიწისძვრა მოხდა. და-ძმა ცოცხლები გადარჩნენ, მაგრამ სახლ-კარი დაენგრათ. გორში დედის ძმამ ჩააკითხა და ბავშვები თბილისში წამოიყვანა. ელენეს თვითონ ზრდიდა, ნიკო კი უპატრონო ბავშვთა სახლში მიაბარა.

სანამ თბილისში წამოიყვანდნენ, გორის გიმნაზიაში სწავლობდა, სადაც გერმანულ ენას ერეკლე ტატიშვილი ასწავლიდა. ერეკლემ ნიკოს ბავშვთა სახლში მიაკითხა. იქიდან გამოიყვანა და ინგლისურ პანსიონატში მიაბარა. სწავლის ქირას ის უხდიდა. პანსიონატის დირექტორმა, ეროვნებით ინგლისელმა ქალბატონმა, ნიკოს სთხოვა, ინგლისში გამომყევი, გიშვილებო, მაგრამ არ გაჰყვა. ნიკოს არ შეეძლო თავისი ქვეყნის დატოვება. როცა უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა, ერეკლე ნიკოს უნივერსიტეტშიც ასწავლიდა, ასე რომ, მთელი ცხოვრება პოეტის გვერდით იდგა, მისი სულიერი მოძღვარი იყო.

ნიკო თითქმის მშიერი იყო. ხელმოკლე სტუდენტებთან ერთად მასაც უფასოდ ეძლეოდა ყოველგვარი საკვები ულუფა. ერთხელ თურმე შალვა ნუცუბიძის გამოცდისთვის ერთი კვირა ემზადებოდა. მაშინდელ კიროვის ბაღში დადიოდა. საფლავის ლოდზე იჯდა და სწავლობდა. საგანი ფრიადზე ჩააბარა, მაგრამ გამოცდიდან რომ გამოვიდა, შიმშილისგან გული წაუვიდა. სწავლის პარალელურად მოანგარიშედ მუშაობდა. სტუდენტობისას მონაწილეობა მიიღო უნივერსიტეტის პირველ სამეცნიერო-ფოლკლორულ ექსპედიციაში, რომელსაც ვახტანგ კოტეტიშვილი ხელმძღვანელობდა. სხვათა შორის, ლექსი „ბინდისფერია სოფელი, უფრო და უფრო ბინდდება...“ ნიკომ დაწერა, თავის ლექტორს, ვახტანგ კოტეტიშვილს მიუტანა და სახლში დაუტოვა. შემდეგ კი ისე მოხდა, რომ ლექსი ხალხურად ჩათვალეს. ბევრს დღემდე ხალხური ჰგონია.

ნიკო უნივერსიტეტიდან გარიცხეს. მიზეზი ისევ ხელმოკლეობა და შიმშილი გახდა. საგნები დროზე ვერ ჩააბარა. ბორჯომის რაიონ სოფელ სადგერში სკოლის დირექტორად დაიწყო მუშაობა. სწორედ აქ გაიცნო მომავალი მეუღლე 14 წლის მარიამი. მისმა მშობლებმა ქალიშვილის ხელის სათხოვნელად მისული ახალგაზრდა უარით გაისტუმრეს. უპასუხეს, ჯერ პატარააო. მეორე წელს კი მიათხოვეს. მაშინ ნიკო 31 წლის იყო, მარიამი - 15 წლის.

პოეტი მეუღლეს მთელი ცხოვრება აღმერთებდა. ოჯახი მისთვის ყველაფერს ნიშნავდა. ის ნამდვილი რაინდი იყო. ნიკოსთვის ეს მეორე ქორწინება იყო. მისი პირველი მეუღლე ულამაზესი ბერძენი ქალი ევა ჩაკალიდი გახლდათ. მათი ქორწინება ხანმოკლე იყო, ერთმანეთს მალევე დაშორდნენ. ამბობენ, ევას ნიკო მთელი ცხოვრება უყვარდა და მის დაბრუნებას ელოდებოდა და მას შემდეგ ოჯახი აღარ შეუქმნიაო.

* * *

მარიამს და ნიკოს ძალიან უჭირდათ, მაგრამ შვილებს სიყვარულსა და სითბოში ზრდიდნენ. პოეტის ქალიშვილი მზია სამადაშვილი იგონებს:

„ათი წლის ვიყავი, დედამ ლამაზი, ცისფერი ფეხსაცმელები რომ მიყიდა. მერე ისინი დაიხა, როცა პირს აღებდა, დედა გულმოდგინედ მიკერებდა. კარგი ოსტატი ვერ იყო, ამიტომ ფეხსაცმლის დაკერება ხშირად სჭირდებოდა. ერთხელ ჩემმა თანაკლასელმა გოგონამ მკითხა: „მზია, დახეული ფეხსაცმელი რატომ გაცვია?“ ამ შეკითხვამ გული მომიკლა, ცრემლები შევიკავე და ამაყად ვუპასუხე: „ჩემს მშობლებს საშუალება არ აქვთ, რომ ახალი მიყიდონ!“

ძალიან უნდოდათ, შვილებს კარგი განათლება მიგვეღო და ამას რომ ვერ ახერხებდა, დარდობდა. მუსიკალური სასწავლებლიდან გამომიყვანეს, რადგან მშობლებმა საფასურის გადახდა ვერ შეძლეს. შვილები მამას, როგორც ღმერთს, ისე ვუყურებდით. ეს კი, პირველ რიგში, დედის, მარიამის დამსახურებაა. დედა გვეუბნებოდა, ნიკო არის დიდი პოეტი და რომ გაიზრდებით, ამას მერე მიხვდებითო.

ჩვენთან ხშირად მოდიოდნენ სტუმრები. მამა სუფრასთან თავის ლექსებს კითხულობდა. უაღრესად კეთილი ადამიანი იყო. მისი ერთ-ერთი მეგობარი დაიჭირეს. მამა ოჯახის სანოვაგეს ყოფდა და მეგობრის ოჯახში მიჰქონდა. მის არქივში ერთ მონაწერსაც კი ვერ ნახავთ, სადაც ვინმეს აუგს ამბობს. ყველას მიუტევებდა. ჩვენს ოჯახს ბევრმა მიაყენა ტკივილი, მაგრამ მამასავით ჩვენც ყველას ვაპატიეთ“.

* * *

ნიკომ ამდენ გაჭირვებასა და უსამართლობას ვეღარ გაუძლო და 52 წლის ასაკში თავის ტვინში სისხლი ჩაექცა, დამბლა დაეცა. რამდენიმე წლის შემდეგ სისხლჩაქცევა ისევ განმეორდა. ცუდად ქუჩაში გახდა. საავადმყოფოში უცნობებმა მიიყვანეს. ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. პოეტი 57 წლის ასაკში გარდაიცვალა.

3.35 73. ნიშნიანიძე, რუსუდან. ნიკო სამადაშვილის პოეზიის მთავარი აქცენტები პოეზიაში

▲ზევით დაბრუნება


// ლექსმცოდნეობა: ყოველწლიური კრებული / შოთა რუსთაველის ქართ. ლიტ. ინ-ტი. -თბილისი, 2021. - № 13, ლექსმცოდნეობის მეცამეტე სამეცნიერო სესია (მასალები): ეძღვნება ნიკო სამადაშვილს. - გვ. 135-145.

„რაღაც სიცილი, უნახავი შიში დამჩემდა,
ქრისტეს ჯვარივით ჩემ ლექსებზედ გადაზნექილი.“

(„დასასრული“. სამადაშვილი 2004: 22)

როცა ამ სტრიქონებს წერს, გარეთ 1958 წლის დეკემბერი დგას და ადამიანები შობის სასწაულს ელოდებიან. არადა, იმ ჯვარის შეგრძნება განსხვავებულია: სიტყვის სიმძიმე და პასუხისმგებლობაც ერთდროულად მოდის. კადრებივით მოწოდებულ პოეტის გრაფიკულ ლექსებს ერთი საერთო თავისებურება ახასიათებთ - ესაა მოულოდნელობა. ბუნებრივია, ყოველ ლექსში სათანადოდ გამოყენებული მხატვრული სახე - იქნება ეს მეტაფორა, ეპითეტი თუ კიდევ სხვა რაიმე, თავის ესთეტიკურ ზემოქმედებას ახდენს მკითხველზე; აკი ესაა მათი ფუნქციაც. ნიკო სამადაშვილის შემთხვევაში გამომსახველობის სიმძაფრე მოლოდინს აჭარბებს. რამდენიმე კლასიკური მაგალითი:

„მეც მარტო ყოფნა ათასწლობით მომეწყინება.
თავის ქალაში მწვანე ხვლიკი შეძვრება ღამე,
ძვლებზე შემხმარი დაფიქრება მოეწონება
და მატლებდახრულ თვალებიდან გახედავს ბაღებს.“

(„გამხმარი კაცი“. სამადაშვილი 1989:123)

სხვაგან:

„შენ ჩემში უსტვენ ვით საყდრის ჩიტი.
შენა ხარ ჩემი ნუგეშის დარი,
სულ კარგად მახსოვს შენ რომ გამიჩნდი
გარეთ ძაღლივით ყმუოდა ქარი.“

(სამადაშვილი 1989: 182)

„ნიკო სამადაშვილს“ - ასე ჰქვია ამ ლექსს, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა მის პოეზიაში. პირველი ლექსი ყმუილთან ერთად იშვა. ყმუილი კი, თუნდაც ქარის, უბედურების მომასწავებელი ნიშანია. ალბათ ამიტომაა, რომ ასეთი კოსმიური მასშტაბით იძრა ბუნება:

„ზეცა სივრცეებს აზანზარებდა
და მზე ყვიროდა ქვეყნის ბოლოდან.“

ნიკო სამადაშვილის ლექსებში დიდი პანორამის ესკიზები იხატება, გაიაზრება კოსმიური მასშტაბები. ლექსთა სათაურებიც მეტყველებენ ამაზე: „გადმორბენა სამყაროსკენ“, „ჩემი ფეხის ხმა მთვარისკენ“, „დაუსაბამობის ხილვა“. რამდენიმე მათგანს კი ქვემოთ, სადაც ლექსის შექმნის თარიღი თუ ადგილი მიეთითება ხოლმე, მიწერილი აქვს: „მარადისობის ნაკამარევი“, ან „შეშლილი ბინდების ჭიშკრებთან“.

„... დედამიწაზე
ნეტავ რისთვის შემოვეხეტე?!“

(„წაშლილი კვალი“. სამადაშვილი 2004: 79)

დასვამს კითხვას და იმ სივრცეში კომუნიკაციის აღწერას დემონსტრაციული ჟესტით გააგრძელებს. ორი სამყარო - სრულიად ბუნებრივი და მისთვის ჩვეულებრივად აღქმადი. ეს სხვა სიბრტყეა. და აქ შესაძლოა, კიდევ ერთი შეკითხვა გაჩნდეს: მხატვრული თვალსაზრისით რამდენად ბუნებრივ კავშირშია ეს „გაღმა“ - „გამოღმა” ერთმანეთთან? ვფიქრობ, ეს არ არის სამადაშვილის ლიტერატურული თვითმიზანი, უბრალოდ, ეს მისი პოეტური ხელწერაა. ლექსში „ღია ბარათი“ დაწერს:

„მოუყევ: ქარებს გადაჰყვა ღამე,
რაღაც საოცრად წაიმხედრულა,
ორჯერ იკივლა სამყაროს გაღმა
და უკან აღარ დაბრუნებულა.“

(სამადაშვილი 1989: 91)

სივრცითი აღქმა გარკვეულ ლოკალსაც გულისხმობს:

„ჩვენ გვეშინოდა ღია კარებთან,
აქ წუთისოფლის, იქ გრიგალების.“

(„ფილტვების სიყვითლე“. სამადაშვილი 1989: 67) 745

პოეტისეული დაყოფა: „აქ“, „იქ“, შემთხვევითი მხატვრული ხერხი არაა; პირიქით, როგორც ვთქვი, ესაა მისი მსოფლმხედველობის გამოხატულება. მართალია, მკვეთრადაა გამიჯნული ურთიერთისაგან „სააქაო“ და „საიქაო“, მაგრამ აზრობრივი მოდელი ერთ განუყოფელ მთლიანობას ქმნის:

„შენ კი მიწის ქვეშ შემოგაგდებენ
ხელიღლიაში კუბოამოჩრილს.
…...................
გამოღმა განგებ მძლავრად დამისტვენ,
მე კი ამ სტვენას ქარს დავაბრალებ.“

(სამადაშვილი 1989: 64)

ლექსში „დამშვიდობება და სინანული“ სიკვდილით არ მთავრდება ყოველივე. ეს არაა დასასრული. გარდაცვლილსა და ცოცხალს მხოლოდ მანძილი („გამოღმა“) აშორებთ, ამჯერად, მათ შორის ურთიერთობის სახეცვლილი ფორმა მყარდება:

„...სიცოცხლიდან
თუ გინდ ვარსკვლავებს გაღმა გაფრინდა.“

(„უკუღმართობა“. სამადაშვილი 1989: 82)

ეს მხოლოდ დედამიწიდან გასვლაა, რადგან „მკვდარი დედამიწიდან გადის და არა სამყაროდან“ (მარკუს ავრელიუსი). ამგვარი მხატვრული აზროვნება უცხო არაა ქართულ პოეზიაში. ამ მიმართებით ვფიქრობ, საინტერესოა შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ ერთი ეპიზოდი, სახელდობრ, როცა ავთანდილი ლომ-ვეფხვთან შერკინების შემდგომ ტარიელს პოულობს, პოეტი ასე აღწერს სურათს:

„რა ტარიელ დაინახა, განაღამცა დაეღრიჯა:
ახლოს მყოფი სიკვდილისა ჯდა და პირი დაებღნიჯა,
საყელონი გარდეხივნეს, თავი სრულად გაეგლიჯა,
მას აღარა შეესმოდა, სოფლით გაღმა გაებიჯა.“

(რუსთაველი 1951: 185)

„სოფელი სამ სახედ ითქმის - განმარტავს სულხან-საბა ორბელიანი, საუკუნო იგი სოფელი და წუთის სოფელი, და კაცის ბუნებაც სოფლად ითქმის“ (ორბელიანი 1884: 287) ამ შემთხვევაში ამ ქვეყნიდან, წუთისოფლიდან გასვლაა მგოსნის მიერ ნაგულისხმევი. ტარიელს „გაღმა გაებიჯა“, ე.ი. სიცოცხლის ნიშანი აღარ ეტყობოდა, რადგან იგი იყო „ახლოს მყოფი სიკვდილისა“.

„ცნობილია, რომ პოეტური აზროვნება თავისი ბუნებით კონკრეტულია, - წერდა მიხეილ ზანდუკელი. მწერლის აზრმა უთუოდ უნდა მიიღოს ხატოვანი განსხეულება, ხორცი უნდა შეისხას, რათა ის პოეტურ აზროვნებად გადაიქცეს... ყოველი პოეტური სახე ავტორის ხანგრძლივი ფიქრის, ძიებისა და შრომის შედეგია“ (ზანდუკელი 1968: 115). ნიკო სამადაშვილის პოეზიაში უამრავი მხატვრული სახე გვხვდება, რომელთაც თავისი აზრობრივი და ესთეტიკური დატვირთვა გააჩნიათ. ისინი ერწყმიან ურთიერთს და ასეთი გამთლიანებული სახით წარმოგვიდგებიან. საილუსტრაციოდ არაერთი მაგალითის მოტანაა შესაძლებელი, რომლებიც მხატვრული აზროვნების საინტერესო ნიმუშს წარმოადგენენ:

„ვარსკვლავნი ისე მოსჩანდნენ ღამე,
თითქოს ზეცა ჩრჩილს ამოეჭამა.“

(„ატენის სიონი“. სამადაშვილი 1989: 16)

„ვაზის ცრემლივით მარტო დარჩა მწუხარე დედა.“

(„დაგასაფლავეს დიდ მუნათით და მიგატოვეს“)

„ალიონზე კი მერცხლის ფრთებით აისის კრეფა.“

(„მოუსვენრობა“)

„საყდრის წინ იდგა ყრუ აკაცია.“

(„ნუთუ ის აღარ განმეორდება“)

„იქ ნისკარტებით რო მოჰქონდათ დილა ბეღურებს.“

(„გულთამხილავი“)

„იქ ცრემლისფერი ამინდებია.“

(„სტრიქონების ქარაფი“)

„გათენდა, ქარმა გადასწია ღამის ფარდები“

(„შიმშილი“)

„კუბოში ავდრით გავიწუწები.“

(„ფიქრებს იქით“)

ამ ბოლო სტრიქონზე შევაჩერებ ყურადღებას და იდენტურ რამდენიმე მაგალითს კვლავ წარმოვადგენ, რაკიღა ის, ვფიქრობ, განსაკუთრებით ყურადსაღებია. „დასამხრებული სიცოცხლე” გმირებში გადასული ავტორისა, რომელიც იდუმალ ვარსკვლავს - დამარცვლულ ბნელ ღამეებს ადარებდა თავს ერთ მოთხრობას ასეთ ეპიგრაფს წაუმძღვარებს:

„რა არ გინახავთ, ცხედარს წასვლა რო უხაროდა
და თავის ხელით რო იბნევდა საკინძის ღილებს?..“

ასეთი მხატვრული სახე ერთგვარად გვიბიძგებს, ტექსტის კითხვა სხვა განწყობით გავაგრძელოთ. ხილვა ზოგჯერ პარადოქსამდეც კი მიდის, არარსებულ სფეროებს წვდება: კუბოში კიდევ ნატრობდა სიკვდილს (*ღვინის სარდაფში, ანთებულ კვარზე...).

ასეთი მომენტების შესახებ გეი „სიტყვის ხელოვნებაში“ აღნიშნავდა: „ის, რაც არ არის, არსებობს - ეს პარადოქსია, მაგრამ, ახდენს რა არარსებულის მოდელირებას, ლაპარაკობს რა შეუძლებელზე, ხელოვნება წვდება რეალურის ისეთ სფეროებს, რომლებიც მიუღწეველია შემეცნების სხვა სფეროებისათვის“ (გეი 1967: 220). ერთი ლიტერატურული რემინისცენცია: იოანე საბანისძის აგიოგრაფიული ძეგლი „წამება წმიდისა და ნეტარისა მოწამისა ქრისტეისისა ჰაბოისი“ - უდიდესი მნიშვნელობის ნაწარმოები როგორც ისტორიული, ისე მხატვრული თვალსაზრისით. ამ უკანასკნელიდან გამოვყოფ ერთ მათგანს და გავიმეორებ აწ უკვე გაცხადებულ ჭეშმარიტებას, რომ აქ მოცემულია პოეტური ნათელმხილველობის შესანიშნავი ნიმუში. ამონარიდი:

„ხოლო იგი (ჰაბოი - რ.ნ.) მივიდოდა, ვითარცა ვინ მოგზაურ ექმნის მკვდარსა, ეგრე ხედვიდა თვისსა მას გვამსა“ (საბანისძე 1978: 77); ე.ი. წმინდანი აბო ისე მიჰყვება და ხედავს საკუთარ გვამს, როგორც სხვა პიროვნება. რასაკვირველია, პოეტურ პერიფრაზად არ აღიქმება სამადაშვილის ლექსი „ჩემი პორტრეტი“ (სათაურის ესთეტიკა!), თუმცა ხილვა აქაც იმგვარივეა:

გამძაფრებული და მოულოდნელი;
„ბოღმა კვამლივით მედება ყელზე
ირგვლივ რიყეა, უდაბნოს ქვები.
ისე დავდივარ ამ ქვეყანაზე,
თითქოს საკუთარ ცხედარს მივყვები.“

პოეტი, რომლისთვისაც „სიცოცხლე ტანზედ დაიკლაკნება“ („ფერფლი“) საკუთარ ორეულს ისე უცქერის, რომ ეს ალბათ, სწორედ ხილვას თუ დაედარება.

ჩემს საკუთარ ჩრდილს წამოვისხამ ზამთრის ღამეში, - წერს ლექსში „კარების გაჯახუნება“, ან მისივე ბოლო სტრიქონი:

„და ჩემს მკვდარ სხეულს ჩემი ხელით დავასაფლავებ.“

ქართულ მწერლობაში არ მომხდარა ე.წ. კულტურული წყვეტა; პირიქით, ეს ერთი მხატვრული ხაზია. აქვე ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ამგვარი პოეტური სახისმეტყველება (შესაძლოა, არა ამხელა მოცემულობით) არცთუ იშვიათია XX საუკუნის ქართულ მწერლობაში. მაგალითები:

ნ. მიწიშვილი:

„მე გადაგიხდი საფლავში ქორწილს.“

(„ფანტასტიკური ქორწინება“.
მიწიშვილი 1982: 794)

ტ. ტაბიძე:

„...მე საფლავშიც მასზე ვტიროდი.“

(„აჩრდილთა გოდება“. ტაბიძე 1966: 315)

ვ. გაფრინდაშვილი:

„კვლავ მომელანდება სასტიკი ლანგარი,
მასზედ მოკვეთილი თავით რომ ვტიროდი“.

(„ყელსახვევის პოეტიკა“. გაფრინდაშვილი 1923: 7)

ჭ. ლომთათიძე: „მე ვდგავარ დაჩოქილი ჩემი ცხედრით სავსე კუბოს წინაშე და ვიღვრები ცრემლად“ („ჩემი დღიური“. ლომთათიძე 1956: 273).

აქედან დასკვნა: ეს ერთი გამორჩეული ხაზია მრავალსაუკუნოვანი ეროვნული პოეტური აზროვნების.

კიდევ ერთი თემა - აქცენტი. ვფიქრობ, ნიკო სამადაშვილს არ მიესადაგებოდა მკვლევართა მიერ ლონგფელოზე გამოთქმული ამგვარი შეხედულება: „იგი ცოტას წერდა ისეთ ფაქტებზე, რომლებიც დღეს ასე ძალიან აინტერესებთო მის ბიოგრაფებსა და ლიტერატურის ისტორიკოსებს“ (ვლადიმირსკაია ... 1984: 48). პირიქით, პოეტმა არაერთი ბიოგრაფიული ტკივილი აქცია ლიტერატურულ ფაქტად. ხანდახან პირობითი ქრონოლოგიითაც კი შეგვიძლია გავადევნოთ თვალი მის ცხოვრებას.

„ჩემი გაჩენა ცოდვის კითხვაა“, - იტყვის ერთ ლექსში („აღსარება“) და იქვე სავარაუდო მერმისსაც განსაზღვრავს:

„ჩემს ბნელ სამარეს თვითონ გავითხრი
და შიგ ჩავწვები ფეხის ბარბაცით.“

ძალიან მკაცრი ნათქვამი ხომ არაა. ეგებ, ცოტა შორეული ამბავიც გავიხსენოთ: ჭაბუკის ცნობისმოყვარეობა ბევრ რამეს იტევს. ტყუილად კი არაა ერეკლე ტატიშვილის საყვარელი მოწაფე. თუმცა, ცხოვრება თავის სასიცოცხლო ინტერესებსაც შეახსენებს ხოლმე. ყოველნაირად ცდილობს ლიტერატურითა და თეატრით შემოფარგვლას, კითხულობს, წერს, ცდილობს კონფლიქტებს გაერიდოს, რადგან მათთან შეგუება უკვე შეუძლებელი ხდება, მაგრამ მათი აცილებაც აღარაა შესაძლებელი.

ხიდისთავის კომლთა სიიდან ამოწერენ...

უნდა გაიცნოს საკუთარი და... შეხვედრა... გაცილება... თითქოს ვერც ასწრებს დის გამოჩენით დამშვიდებას და შეჩვევას... ცნობა ბაქოდან - ელენე ტიფით გარდაიცვალა. ყველაზე მძიმე და მშფოთვარე - დედის გაცნობა.

სული დაიღალა ამდენი ემოციითა და მოულოდნელობით.

ერთგული რამდენიმე ადამიანი და თავისი ხელნაწერები-ღა შემორჩა. ამ არეულობაში ნაწერები ერთ თავის ნათესავ ოჯახს (ბებია ეფემიას დის შვილს, ნინა ჯაოშვილ-აბულაძისას) მიაბარა, დროებით. მიაკითხა. განუკურნელი დარტყმა. ყველაფერი დაეწვათ. მოუბოდიშეს. ცეცხლში გაიფანტა გათენებული ღამეები, მუყაითი, ბეჯითი შრომის ნაკვალევი, ბედნიერი ჩანაწერები თუ თავისთვის მიწერილი უცრემლო დღეები. თითქოს ბავშვობა საბოლოოდ გაქრა.

გონიერ მწერალს უთქვამს: „ადამიანის ბედნიერი ბავშვობა მაშინ თავდებაო სწორედ, როცა მას სასწაულისა უკვე აღარა სჯერა“ (გამსახურდია 1967: 77). გათავდა „სასწაულებით“ სავსე დღეები, დამთავრდა ბავშვობა. პოეტის თქმისა არ იყოს, „ფუნჯით ნახატი წლები“. დრო, რომელსაც წარუშლელი შთაბეჭდილებები დაუტოვებია და რომელიც არაიშვიათად გაახსენებდა ხოლმე თავს:

„დაღუპულ დღეებს ისევ ვიგონებ
ხრჩოლავს სოფელი, ბნელა, თოვლია.“

(„ღია ბარათი“)

გარდასულის გამეორება შეუძლებელია, თუმცაღა არც დავიწყებაა შესაძლებელი. ქვეცნობიერად სულში მფეთქავი მონატრება დაუფლებია სხეულს:

„ყოველ ღამე სიზმრებში ვარ,
გულს ლოცვებით ვატიალებ.
. . . . . . . . . . . . . .
საყდარი სჩანს, ზარებია...“

ამ სახე-სიმბოლოზე განსაკუთრებით შევაჩერებდი ყურადღებას. „ზარები“ შემთხვევით არ მოლანდებია პოეტს. ნიკო სამადაშვილის ლექსებში არაერთხელ გაისმება მათი რეკა:

„გარეთ ბინდია ქარის მაგივრად
და ზარი კივის საბედისწეროდ.“

(„ფერისცვალება“)

ან კიდევ:

„რაღაც სიჩუმე დაჰყურებდა ცივ სასაფლაოს“

(„დაგასაფლავეს დიდ მუნათით და მიგატოვეს“)

ან:

„ისეთი გზნებით რეკდი დიდ ზარებს,
როგორც ხატისგან შეშლილი მნათე.“

(„გენია და სამრეკლო“)

პროზაულად:

„სამრეკლოზე მტრედების ფათური ისმოდა, ზენარი ზარები სდუმდნენ წირვებით დაქვრივებულნი, ასეულ წლებში მუდარით და რეკვით დაოსებულნი“ („ბეთანია“).

ვფიქრობ, ზართა ჩამორეკა არაა მოზეიმე სულის დღესასწაული, როცა იმედეულს მისი ხმა რწმენის, სიმტკიცის, მხარდაჭერის სიმბოლოდ ჩაესმის, არამედ აქაა სიცივის, ბედისწერის, განგაშის მტკივნეულად განცდა. მგონია, რომ ნიკო სამადაშვილს სწორედ ასეთი განწყობა ეუფლებოდა ამ ხმის გაგონებისას. ამას ლექსის, სათაურით: „ნიკო სამადაშვილს“ ეს სტრიქონებიც მაფიქრებინებს:

„ზარივით გასკდა ამდენი რეკით
ზედ რომ მამხია ეს თავის ქალა.“

ჩანართის სახით: ჩემი საკანდიდატო დისერტაციის თემა „ნიკო სამადაშვილის ცხოვრება და შემოქმედება“ გახლდათ. ეს იყო პირველი სამეცნიერო ნაშრომი მასზე. რასაკვირველია, სხვადასხვა არქივზე მუშაობის გარდა, ოჯახსაც დავუკავშირდი. პირველი მისი ვაჟი - ბატონი ნუგზარი გახლდათ. საოცრად თბილი, კეთილგანწყობილი და პოეტური სულის ადამიანების ერთობა, სწორედ ისეთი, ნიკო სამადაშვილს რომ უნდა ჰყოლოდა. ქალბატონი მზია მამაზე მოგონებებს აგროვებდა და იწერდა მისი მეგობრებისა თუ ნაცნობებისაგან და მეც შემომთავაზა თუკი სურვილი მექნებოდა, გამეცნო ეს ადამიანები. ასე მოვიარეთ გორის რაიონი, სოფ. ხიდისთავი, სოფ. სადგერი, თბილისელი ახლობლები. ის იწერდა. მე ძირითადად ვუსმენდი, თუმცა შიგადაშიგ ვინიშნავდი რაღაცეებს. ეს კიდევ ცალკე თემაა. ამჯერად, ერთი ფრაგმენტი მინდა დავიმოწმო ბატონი რამაზ პატარიძის ნაამბობიდან:

„საიდუმლო პიროვნება. რაღაც ფენომენალური თუ შეიძლება ასე ითქვას, სწორედ საიდუმლო პიროვნება იყო...

რაღაცნაირი გაორება, გაუცხოება სჭირდა. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს სული ცალკე იყო, სხეული - ცალკე. ბოლოს შემხვდა ერთხელ ქუჩაში, მგონი ნაწილობრივი დამბლა ჰქონდა, ცალ ფეხს მოათრევდა, რაღაც ისეთი თქვა, თითქოს თვითონ - სხეული ცალკე არსებობდა, სული კი ცალკე. მერე აღარ მინახავს. გავიგე... (აღარ ამთავრებს ისედაც გასაგებ ფრაზას - რ.ნ.)

ასეთ რამეებს ამბობდა ხოლმე; ერთ ლექსში რომ აქვს: „ლამის გამისკდეს ამდენი რეკით/ზედ რომ მამხია ეს თავის ქალა“ (ფიქრიანი, ზეპირად ამბობს ამ სტრიქონებს - რ. ნ.). ასე, თავისი სხეულის ნაწილებზე (თავზე, ხელზე) შეეძლო ასე განცალკევებულად ელაპარაკა, თითქოს ის სხვისი იყო, რაღაც დამოუკიდებელი... ეს გაუცხოება ხშირად ჰქონდა. თითქოს გარედან უყურებდა თავის თავს. ამას ვგრძნობდი მე“.

პოეტის არქივზე მუშაობისას კი მოვიძიე ერთი წერილი, რომელიც გაგზავნილია ნიკო სამადაშვილის მიერ ვახტანგ კოტეტიშვილისადმი. ბარათი დაუთარიღებელია. მოვიტან საინტერესო ნაწყვეტს:

„არაფერი არა მწამს, მაგრამ ზარების გლოვა რათა მხდის ცუდათ დღესაც ვერ ავხსნი, ხან მგონია მიწაზე დაოსებული ადამიანი იქით მხრიდან ვიღაცას უძახის და ასეთ ფიქრში ჟრუანტელის ცეცხლი გულზე მეკიდება“ (სამადაშვილის არქივი: 2).

არ ვიცი, როდის დაიწერა ეს წერილი (დაუთარიღებელია), ან კიდევ ლექსი „ფილტვების სიყვითლე“, მაგრამ მგონია, რომ მათ შორის მტკიცე შინაგანი კავშირი არსებობს.

„გზებს მიჰყვებოდი სულგამწარებით,
სიცოცხლე გძულდა, სიკვდილი გერქვა,
მე კი მოვრბოდი დედამიწისკენ,
რომ შემეწყვიტა ზარების რეკა“.

საწერ მაგიდასთან მარტო მჯდომი არაერთხელ დაფიქრდება „რამე დაწერო“-ს, ოთახის კედლებსაც მიმოავლებს თვალს და ხელსაც ჩაიქნევს, მით უფრო, როცა „გარეთ ცა ელავს, თან წვიმებია“, თუმცა გასაუბრება კი მოენატრება: „ჩვენ ვისაუბრებთ იმაზედ დიდხანს, რაც სიცოცხლეში არ შეიძლება“ („იქით“) (სამადაშვილი 2004: 86).

ნიკო სამადაშვილის ლიტერატურულ მემკვიდრეობაზე საუბარი კიდევ დიდხანს გაგრძელდება; მისი უჩვეულო და საოცარი პანორამული სამყარო საინტერესო იქნება პროფესიული თუ ჩვეულებრივი მკითხველისთვის. იმ თემებზეც, სხვადასხვა პიროვნებისადმი მიძღვნილ ლექსებს ერთი მხატვრული ხაზი რომ გასდევთ, ან ე.წ. სიყვარულის თემაზე: „ისე კი არა, ხალხმა რო იცის, ანდა/წიგნებში როგორც სწერია“, ან პოეტის მიერვე დასმულ რიტორიკულ შეკითხვებზე, პასუხს რომ არ ითხოვენ, იმგვარზე; მაგრამ მათზე უკვე სხვა დროს და სხვა განწყობით.

3.36 74. ნიშნიანიძე, რ. ნიკო სამადაშვილის ცხოვრებიდან

▲ზევით დაბრუნება


// განთიადი. - ქუთაისი, 1988. - № 6. - გვ. 231-236.

ჟურნალ „მნათობში“ ახლახანს დაიბეჭდა ზაზა სიხარულიძის საინტერესო წერილი ნიკო სამადაშვილის შესახებ. ავტორი სვამდა კითხვას: „როგორი იყო პოეტის ბიოგრაფია?“ და იქვე დასძენდა: „ამ კითხვის საპასუხოდ არაფერი მოგვეძევებაო.“ თავად პოეტს კი ერთი ასეთი სტრიქონი აქვს: „ჩემი ცხოვრების ყრუ მატიანე“. მართლაც, ბევრი რამ არ ვიცით მისი ბიოგრაფიიდან, საყურადღებო კია.

„სოფელ ხიდისთავს სამხრეთის მხრიდან თრიალეთის ხრიოკი და მოტიტვლებული ქედი მობჯენია - როგორც ბაბილონის გოდოლი, იმ ქედის ბეჭზე გაჭიმულია მწირი ურწყავი მიწები - ზედაველა მიჰყვება ველებს, ხრიოკებს და ზედა რუს დაჰყურყუტებს.

ერთ-ერთი ქედის მხარზე ფხვიერი კლდის ნაშალზე და თიხა ნარევ მიწაზე ხიდისთაველებს სასაფლაო გაუშენებიათ.

უწესრიგოთ მიყრილ სამარის ლოდებს და ჭირისუფალ დაკარგულ საფლავებს რომ აჰყვე, მიაწყდები რკინის ნამოაჯირალ ხიწვიან ბალახით შესუდრულ სამარეს, საფლავის ქვა ნეკნებამდე რო ჩაფლულა მიწაში. სადაც განუწყვეტლივ ზენა ქარი სისინებს.

აი იქ მარხია მამაჩემი.

საცოდავი მამა ოცდათორმეტი წლის კაცი გამოესალმა წუთისოფელს. რა ცოტა ხანი ჰქონდა დარბაზობა ამ წყალწაღებულ ქვეყნიერებასთან.

საოცარია რომ არასოდეს არც დედას, არც დიდედას, არც რომელიმე ახლობელს არავის უამბნია ჩემთვის მამის ხასიათი, შნო, ლაზათი, თუგინდ სიმახინჯე. და როცა მის სურათს ვუცქერ, ვხედამ: შავგვრემან შავთვალწარბა ადამიანს, მაგრამ ნერვიულად შეკრულ ტუჩებს, ახალ ბრაზ გადაყრილ სახის კუნთებს.

ჰო, ვხედამ კი არა ვგრძობ კიდევაც.

მარცხენა ხელი ჩემ თოთო წელზედ შემოუხვევია, თითქოს იმის სახეზედ გამოკრთის კმაყოფილება და სიამაყე მემკვიდრე ვაჟისადმი. მე ორი წლის ბალღი არცკი ვიქნები, რო ვზივარ მშობლების შუაში მაღალ სკამზე.

და ორი წლის და ექვსი თვის არ ვიქნებოდი, რომ მამიდან ობოლი დავრჩი.

ის წავიდა და მე დავრჩი: წამებისათვის, ტანჯვისათვის, არამზადობისათვის, სივალალისათვის.

მამა გარდაიცვალა ქ. ალექსანდროპოლში; მგონი სააქციო სამმართველოს ჩინოვნიკი იყო, თუ „აკალოდნიჩი“ კარგად არ ვიცი...

დიდედაჩემს მამის ცხედარი ხიდისთავში წამოუსვენებია...“

სამწუხაროდ, აქ მთავრდება, უფრო სწორად, წყდება ბ-ნ ნიკოს მიერ დაწყებული ავტობიოგრაფია. აქ წყდება და ლექსებში გრძელდებაო, - გვეტყვის ვინმე; ცხოვრება, რომელიც მისთვის არცთუ ისე იოლი და სვეგონიერად განვლილი იქნება („თავზე მადგია ვით შავი ძიძა/წყალწაღებული ჩემი ცხოვრება“).

ცოტა შორეული ამბავიც გავიხსენოთ.

იოსებ ოქუაშვილს სამი ქალიშვილი ჰყავდა: ეკატერინე, ეფემია და მარიამი. გოგონები გათხოვდნენ. მათ შორის ერთ-ერთი - ეფემია, ბაგრატ სამადაშვილის მეუღლე გახდა. შეეძინათ ვაჟი, რომელსაც მიხეილი დაარქვეს. მოგვიანებით, ახალგაზრდა მიხეილმა აგდამში (აზებაიჯანის სსრ) დაიწყო მუშაობა. აქ გაიცნო ოლღა სიმონის ასული კობერიძე, რომელზედაც დაქორწინდა კიდეც.

1905 წლის 1 ივლისს პატარა ოჯახს პირველი წევრი შეემატა, ვაჟს ნიკოლოზი დაარქვეს, მალე გოგონა, ელენე დაიბადა. მამის გარდაცვალების შემდეგ ბიჭი ბებიასთან, სოფელ ხიდისთავში იზრდებოდა, რამდენიმე თვის და კი დედასთან ბაქოში დარჩა. ერთი შეხედვით, თითქოს არაფერია, ბავშვი ბებიასთან ერთადაა, ცხოვრობენ შეძლებისამებრ, სწორედ ამ დღეებიდან იწყება მისი შეხვედრა რეალურ ცხოვრებასთან. უთქვამთ, ცხოვრება გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე მის შესახებ მსჯელობაო. მართალიცაა, რაც არ უნდა ეცადო, გულდაგულ მიჰყვე მის პერიპეტიებს, შეიძლება მოულოდნელად გაგისხლტდეს ხელიდან. ამიტომ ჩვენ მხოლოდ რამდენიმე ასპექტზე შევჩერდებით.

ცხოვრება, როგორც ყოველთვის, თავისი გზით მიდიოდა. პატარა ნიკოც სკოლაში (ხიდისთავიდან გორში) დადიოდა. ბევრს კითხულობდა, ცელქობდა, ენამახვილობდა, ყველაზე ახლობლებს თავის ლექსებსაც უკითხავდა. როცა მისი სკოლის მეგობარს, ბ-ნ სიმონ ცერცვაძეს ვკითხეთ, რომელი საგნები უყვარდა განსაკუთრებითთქო, მან გაიღიმა და გვითხრა: „სწავლა მაშინ სავალდებულო იყო და ყველაფერს ვსწავლობდით, სწავლობდა ისიც“. იქვე დაუმატა: „ქართული ლიტერატურა უყვარდა“.

ამ პერიოდიდან უახლოვდება ერეკლე ტატიშვილს. ახლა უკვე ბევრი დაიწერა მათი ურთიერთობის შესახებ, როგორ დაიწყო და შემდეგ თბილისში სიცოცხლის ბოლომდე როგორი ურთიერთპატივისცემითა და სიყვარულთ გრძელდებოდა. არა მხოლოდ ამ ურთიერთობაზე, თავად ნიკო სამადაშვილის ცხოვრებასა და შემოქმედებაზეც ბევრი დაიწერა. ამ საინტერესო წერილში ერთი რამ მაინც ხაზგასმით გამოიკვეთა: იგი ისე გარდაიცვალა, რომ სიცოცხლეში არაფერი გამოუქვეყნებიაო (გორის რ-ნის გაზ. „გამარჯვება“, 1973 წ. 25. IX, სამადაშვილის წიგნის „ბეთანია“ წინასიტყვაობა, 1973. ალმანახი „ლიახვი“ 1982, იგივე ალმანახი 1986, გაზ. „ახალგაზრდა კომუნისტი“ 1987 19. IV. წიგნის წინასიტყვაობის მიხედვით ამასვე ვიმეორებდით ჩვენც 1984 წ. ალმანახ „პირველ სხივში“), გასული წლის 13 თებერვალს მწერალთა კავშირის დარბაზში ნიკო სამადაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოზე ბ-მა სოლომონ ხუციშვილმა ეს „ტრადიცია“ დაარღვია და დამსწრე საზოგადოებას მოულოდნელად გორის გაზეთ „წითელ ქართლში“ 1925 წლის 18 იანვარს დაბეჭდილი პოეტის ლექსი „ლენინ“ წაუკითხა. 20 წლის ყმაწვილის ლექსში უკვე მისეული ხელწერა ჩანს.

სამწუხაროდ გაზეთის სრული კომპლექტი არ არსებობს. თუმცა, რამდენიმე ჩვენთვის საინტერესო ნომერი მაინც შემონახულა.

1925 წლის 2 თებერვლის „წითელი ქართლი“ №6 (21) პირველივე გვერდზე აქვეყნებს ნიკო სამადაშვილის სტატიას „გორის თეატრის გარშემო“; თითქმის იმავდროულად იბეჭდება პირველი ლექსი და პირველი თეატრალური რეცენზია. ორიოდე შტრიხი ისტორიიდან... გორის თეატრის პირველი სპექტაკლი 1865 წ. ივლისში ნაჩვენები გ. ერისთავის „ძუნწი“ გახლდათ. 70-იანი წლებიდან წარმოდგენების გამართვამ სისტემატური ხასიათი მიიღო. სოფრომ მგალობლიშვილი, ნიკო ლომოური, ზურაბ ანტონოვი, ნიკო შიუკაშვილი. აი, ის ქართველი მწერლები და დრამატურგები, რომლებიც სხვადასხვა დროს იყვნენ დაკავშირებულნი ამ თეატრთან და მისი წარმატებებისთვის ზრუნავდნენ. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, ჩამოყალიბდა სცენისმოყვარეთა წრე, რომელიც შემდგომ მუშათა თეატრად გადაკეთდა... ახალგაზრდა რეცენზენტის სტატიაში პრინციპულადაა განხილული გორის თეატრის მდგომარეობა; ვინაიდან ის შემდეგ აღარ გამოქვეყნებულა, გაგაცნობთ მნიშვნელოვან მონაკვეთს ამ წერილიდან:

„ქ. გორის თეატრალური ხელოვნება რომ საშინლად ჩამორჩენილია, რომ მას არ ადევს არავითარი ახალი ელფერი, რომ მას არ აქვს ამორჩეული სწორი გზა მომავალ თეატრალურ გამარჯვებისაკენ, რომ მოხუცი მოგვივით დაეხეტება ძველი საუკუნის მთაგრეხილებში დრომოჭმულ პიესების მეტყველებით, ეს ყველაფერი ჭეშმარიტებაა.

ესეთი დაცემა კი უდიდესი დანაშაულია ჩვენი ხელოვნების წინაშე, როდესაც ქორელი ამბობს „ის დრო გავიდა, სურათი გამოიცვალა, დადგა აღმშენებლობითი ხანა, ეხლა საჭიროა ხალხში ხელოვნების განვითარება - განსაკუთრებით თეატრის“. აი ამ დროს ჩვენი თეატრი სდგას მყინვარივით გაციებული და წარსული ეპოქის ზღაპრებით იცქირება სასტიკ დამარცხების უფსკრულში.

როდესაც თანამედროვე თეატრმა ახალი საუკუნის ყიჟინით განდევნა მოძველებული დრამატიზმი და ჩააბარა სიძველეთა არქივს როგორც ისტორიული დოკუმენტი.

როდესაც აკადემიურმა დრამამ შესძლო ისეთი რთული პიესის დადგმა, როგორიც არის „შპიგელ მენშ“ რომლის მთლიანად განსახიერება თვით რუსეთის დიდ თეატრსაც უძნელდება და ევროპის კულტურულ ქვეყნებსაც. რუსთაველის თეატრი ყველა სიძნელით დაძლეული თავის მხატვრულ შემოქმედებით ავიდა გიმალაის მწვერვალებზედ და ჩაება მსოფლიო თეატრის ფერხულში აღმოსავლეთის მზით გალაღებული...

ამ დროს გორის თეატრი დაბობღამს წარსულის ორწოხებში დაუძლურებული მოხუცივით და ვერ მოშორებია ისეთ დაძველებულ პიესებს, როგორც არიან: „ხანუმა“, „ტოჩკა ზაპეტაია“, „ტიტველი ქალი“, „რაც გინახამს, ვეღარ ნახამ“, „სტუმარმასპინძლობა“ და სხვა. ცხადია, რომ ასეთი არსებობა არ ეპატიება ჩვენს თეატრს, მით უმეტეს „მუშათა“ თეატრს. უკანასკნელი ორი ნაბიჯით უკან მაინც უნდა მისდევდეს ტფილისის თეატრალურ წინსვლას, რადგან „თეატრი ფეხდაფეხ უნდა მისდევდეს ცხოვრებას“ (ი. გარვინი). ამას კი არ ამართლებს ჩვენი თეატრი. თუ დავუკვირდებით მთელი სეზონის მსვლელობას, დავინახავთ, რომ არცერთი ორიგინალური პიესა არ დადგმულა... სამართლიანად ამბობს ქართული თეატრის ქურუმი კ. მარჯანიშვილი „ჩემში საბოლოოდ განმტკიცდა ის აზრი, რომ თეატრისთვის საჭიროა მსახიობი და არა სცენის მოყვარე“. დიახ დროა მუშათა თეატრმა შემოიკრიბოს ნიჭიერი მსახიობების ჯგუფი. სადაც უნდა დაიდგას ახალი რევოლუციონური პიესები... სადაც უნდა ამეტყველდეს შექსპირის გენიალური საუკუნე, ს. შანშიაშვილის პიესების მიმზიდველი სურნელება და ემილ ვერჰარნის მეამბოხე გმირების ცეცხლოვანი ყიჟინა თავისუფლებისაკენ...

თუ ტფილისმა ახალი საუკუნე დაიწყო „ფუენტე ოვერხუნას“ დადგმით, ჩვენც დროა, გავიღვიძოთ, შევიტანოთ „ხალხის სულში მხატვრული შემოქმედების სიდიადე ახალი პიესის ორიგინალობით, რომელიც ისტორიულ დატათ დარჩება ჩვენს მეხსიერებაში... „ხელოვნება ადამიანის უმაღლესი მოწოდებაა, ამბობს როდენი, მაშ უკანასკნელად კიდევ ვიტყვით, რომ გორის თეატრი უნდა მოშორდეს აქვსენტი ცაგარელის მომაკვდავ ტიპებს და გაჰყვეს იმ გამარჯვებულ გზას რომელი გზაც მიიმართება კულტურულ ეპოქის სიღრმეში ბრწყინვალე ოქტომბერივით, დროა გამოვიდეს იმ უდაბნოდან რომელ უდაბნოშიც დაეხეტება „ძველი ზღაპრებით გარემოცულ სასიკვდილო ლიანდაგზე“.

დამეთანხმებით, საკმაოდ საინტერესო წერილია, სწორედ ნიკო სამადაშვილისეული მხატვრული ხელწერით აღბეჭდილი, დახვეწილი გემოვნება, მომთხოვნელობა და განათლება რომ ჩანს, ისეთი. მერეც არ განელებია თეატრის სიყვარული. საუბარში მეგობრებიც განსაკუთრებით გამოჰყოფდნენ ხელოვნების ამ დარგისადმი მის დაინტერესებას. მოგვიანებით დაწერა კიდეც კინოსცენარი „ლეგენდა სამგორზე“ და ქუჯი ძიძიშვილთან ერთად პიესა ნიკო სულხანიშვილზე, რომელიც კინოსტუდიამ მიიღო და ხელშეკრულებაც დაიდო, მაგრამ გადაღება აღარ განხორციელდა.

და კიდევ ერთი... 1961 წლის 6 ივნისს რუსთაველის თეატრში გაიმართა გ. ნახუცრიშვილის პიესის „ფიროსმანის“ პრემიერა (რეჟ. - დ. ალექსიძე, მხატ. - ფ. ლაპიაშვილი, კომპ. ა. ჩიმაკაძე, მთ. როლში - ს. ზაქარიაძე). იმდროინდელი გაზეთები და მათი რეცენზენტები დადებითად აფასებდნენ სპექტაკლს. ჩვენ შეგვეძლო კონკრეტულად მოგვეტანა ჟურნალისტებისა თუ პროფესიონალი თეატრმცოდნეების შეხედულებანი, რომლებიც საერთო ჯამში (რამოდენიმე შენიშვნის აღნიშვნით) აღტაცებულ რეცენზიებს უძღვნიდნენ სპექტაკლს. ჩვენ არ შევუდგებით იმის მტკიცებას, თუ რამდენად სამართლიანია ნიკო სამადაშვილის მოსაზრება (თუნდაც იმიტომ, რომ სპექტაკლი არ გვინახავს), მაგრამ ვფიქრობთ, ის საყურადღებო და საინტერესოა. ცნობილია, რომ წერილი სხვა ფენომენია. პიროვნება სხვაგვარად გადმოსცემს ნაფიქრსა და ნაგრძნობს, როცა ბარათი ერთი ადამიანისთვისაა განკუთვნილი. წერილი, რომელსაც ახლა წარმოგიდგენთ, უცნობია. ნიკო სამადაშვილი თავის მოსაზრებას უზიარებს ცნობილ ქართველ რეჟისორს გიორგი ჟურულს.

„ჩემო გიორგი,

როგორც იყო და არ იყო, 15 თიბათვეს ვიხილე თქვენი თეატრის დრამა „ფიროსმანი“. კარგად იცი, არავითარ პრეტენზიებს არ ვაცხადებ თეატრალურმცოდნეობაზე და არც თავი მომაქვს ხელოვნების ქურუმად. მაგრამ შენ მაძალებდი: ნახეო და ამიტომ მინდა, როგორც მეგობარს გაგიზიარო ჩემი შთაბეჭდილება.

არიან გენიოსები, რომელნიც ისე მიდიან და იკარგებიან წარმავლობის წარღვნაში, რომ სრულებით ვერ გრძნობენ (უფრო კი არ ჰყოფნით „განათლება“) საკუთარი ნიჭის ღვთაებრიობას. ასე დაემართა ჩვენში ვაჟა ფშაველას, ნიკოლოზ ბარათაშვილს, ევროპაში ტორკვატო ტასოს, მარსელინა დებორდ ვალმორს და ვინ იცის კიდევ რამდენს. ვინ მოსთვლის, რამდენი ბრწყინვალე შთაგონების ადამიანი წევს მიწაში, კაცობრიობამ კი ამის შესახებ არაფერი იცის.

ჩვენი ფიროსმანიც ოქროს ზოდი იყო ხალხური შემოქმედების დიდი ფრიალო კლდეების საგანძურიდან მოტეხილი და ჩამოტანილი, ნიაღვრებისაგან ოდნავ გათხუპნული, გამორიყული, ცოდვილი ქვეყნის რიყეზე.

ის არ თამაშობდა ცხოვრების თეატრის სცენაზე, არა, ის დადიოდა, იწოდა, მდუმარებდა და გულის ალმური ეხმარებოდა გასაოცარი სურათების შექმნაში.

მე მგონია ეს ვერ გაიგო თქვენმა თეატრმა. ის მსახიობი უფროა, ვიდრე მხატვარი. ის აბუზული იცქირება (თუ მიწას ჩასცქერის) სცენიდან, ის - ლაღი, ირემივით რქებაყრილი დადიოდა. აქ კი ჯიუტი კერპი, გახტაგანი და ბოლოს რევოლუციონერიც - ეს არის უხეირო წარმოსახვა დიდი ხელოვანისა.

ის რევოლუციონერი იყო ხალხურ შემოქმედებაში, ისე როგორც ბარათაშვილი ქართული ლექსის „გადატრიალებაში“, ეს უნდა ეჩვენებინა დრამატურგს და არა აუცილებლად მიეჩეჩებინა პროკლამაციები.

რატომღაც ჰგონიათ, ზოგიერთ ხელოვნების დამსახურებულ მოღვაწეებს, რომ ბოჰემა ეს არის როსკიპები, არაყი. დუქნები - ეს ელემენტებია და ამ „ელემენტებში“ უნდა ჩანდეს ხელოვანის ბობოქარი სული.

სერგო ზაქარიაძე მიყვარს, მაგრამ მეცოდებოდა, როცა ეს დიდი მსახიობი „იაფფასიანი ეპითეტების“ ხლართებიდან ძლივს ძვრებოდა. მარტო გარყვნილ ვარინკასთან შეხვედრა რად ღირს. აქ ფიროსმანი უცოდველია, რაღაც თავაზიანი. აქ ისე იქცევა, როგორც „ბებერი კნეინა“. ნუთუ მთვრალი ხელოვანი უსათუოდ წესიერი და მორალურად ამაღლებული უნდა იყვეს? - ეს ფოჩიანი კამფეტის ფასია.

ანდა ავიღოთ სამიკიტნოში (ეტყობა, რეჟისორს სამიკიტნო არ უნახავს, მრევლიშვილის ნახატებს ან გუდიაშვილის სამიკიტნოებს მაინც გასცნობოდა). თუ რესტორანში პოლკოვნიკი აბუჩად იგდებს ფიროსმანს და ის კი მაინც განაგრძობს ხატვას. რა არის ეს? ხელოვანის ცხოვრების, ხასიათის, თვისების და რაც მთავარია „ქართული სულის“ არცოდნა.

თუ გინდა ძველი თბილისის ბაზარი, რა საშინელი სიცარიელეა ამ ბაზარში. ვირთხებივით გამოძვრებიან ყასაბი, მეთევზე და ისევ იმალებიან (სად არის აქ მასიურობა, რომელიც ასე დამახასიათებელია ბაზრისათვის). მარტო დიმიტრის ღრიალი საქმეს ვერ შველის.

კირილთან და მიშელთან შეხვედრის სცენა ფსიქოლოგიურად ღარიბია. ფიროსმანი რესტორანში კი არ უნდა მოეყვანათ, თვითონ უნდა ენახათ „სადმე“, ასე იციან თაყვანისმცემლებმა.

ნატურალიზმმა კინაღამ არ დალეწა თეატრი, კინაღამ არ დაანგრია (განა მარტო თეატრი!) აქაც ავიღოთ უკანასკნელი სცენა კიბის ქვეშ. რა ზარდამცემი ნატურალიზმია. გეგონება ფიროსმანი კი არ კვდება, არამედ ვიღაც მაწანწალა. აქ გამოშიგნულია ფიროსმანის შინაგანი აგონია. არ ჯობდა ჯერ ზეზე გვენახა (თუ გინდ დავრდომილი, რომელიც თავის სურათებს ესაუბრება, კოცნის...) და მერე ეგორავა საწოლზე?!

ლადო გუდიაშვილის საუბარი შეიძლება სინამდვილეში ასეც იყო, მაგრამ თეატრმა ეს „წვეულება“ მგონი ვერ აიტანა. არა მგონია. ლადოს ფიროსმანის ნახვა მარტო ფულის მიტანით გამოეხატა. ეს ორი ხელოვანი ისე ხვდებიან ერთმანეთს, როგორც „პაჟი და მათხოვარი“. არა, ეს გულმოსაკლავია.

ერთი სიტყვით, ჩემო გიორგი, ეს სპექტაკლი გაკეთებულია ყურმოკრული ამბებით. რესტორნებმა, სამიკიტნოებმა, გულგამაწყალებელმა ცეკვებმა (განსაკუთრებით სხირტლაძის რესტორანში), ყარაჩოღელებმა, როსკიპებმა ვერ „უშველეს“, რომ გრანდიოზულად ამართულიყო გენიალური ფიროსმანის ცხოვრება (სწორედ ბოჰემური).

ვერ უშველა ფიროსმანს ვერც ფრაკმა, ვერც დაძენძილმა ტანისამოსმა.

ქართველები იტყვიან ხოლმე „მღვდელს ჭილობში იცნობენო“. აი ამ ჭილობში ვერ ვიცანი ბედისაგან დახრული, თავის უკვდავ სურათებზე აგლესილი, გზადაბნეული მხატვარი.

შენი ნიკო სამადაშვილი
16 თიბათვე, 61 .

ნიკო სამადაშვილის ბიოგრაფიით დავიწყეთ და მისმა გატაცებამ და სიყვარულმა დრამატურგიითა და ქართული თეატრით ჩვენც გაგვიტაცა. უკან დავიხიოთ, გვინდა ერთი მოსაზრება კიდევ შემოგთავაზოთ. „წითელი ქართლის“ იმავე ნომერში, რომელშიც გორის თეატრზეა სტატია დაბეჭდილი, ოღონდ მეორე გვერდზე, ლექსია ინიციალებით ნ. ს. არა იმიტომ. რომ ეს ნიკო სამადაშვილის სახელსა და გვარს თანხვდება და აქედან გამომდინარე, ჩვენი სურვილია, ლექსი მას მივაკუთვნოთ, არამედ იმიტომ, რომ ასეთი სახეებით აზროვნება სწორედ ამ პოეტისათვისაა ნიშანდობლივი, ვფიქრობთ, რომ იგი მის კალამს ეკუთვნის:

თქვენ...
(ძღვნად წითელ ლაშქარს)

„თქვენ ხომ გრიგალში დაიბადეთ წლების ჭენებით,
თქვენში ხომ მუდამ ცეცხლის სუნთქვას ბრძოლა აცინებს,
თქვენი ყიჟინა დასერილი სისხლის დროშებით
შავ საუკუნეს სასიკვდილო მარშით აცილებს,
თქვენ გეზიზღებათ მშრომელ ჯარის მძიმე წვალება,
ბებერ სამყაროს ემუქრებით შურის ძიებით,
ტლანქი ევროპა დაიბნიდა წითელი შუქით
და ღრმა ნაპრალში ესვენება ზღაპრულ მითებით.
თქვენ კი მიჰქრიხართ - ვით მზის შუქი ცის უდაბნოში,
წარსული იწვის, შიშით ხუჭამს ნერონის თვალებს,
კაცობრიობას ახალ მოძმედ თქვენ ევლინებით
და დიდ ოქტომბრით ასამარებთ „ქვეყნის ვანდალებს“.
მძიმე მსოფლიო ხალხის ტანჯვას კიდევ მეტყველებს,
ჯერ კიდევ ისმის ჯალათების უხეში ბოდვა.
მშრომელთ უდაბნო დროა მათზედ რომ ახარხაროთ,
დროა, რომ მიწას ჩააყოლოთ ვეშაპთა ცოდვა.“

ყმაწვილის ცნობისმოყვარეობა ბევრ რამეს იტევს, ტყუილად კი არაა ერეკლე ტატიშვილის საყვარელი მოწაფე, თუმცა, ცხოვრება თავისი სასიცოცხლო ინტერესებსაც შეახსენებს ხოლმე. ყოველნაირად ცდილობს ლიტერატურითა და თეატრით შემოფარგვლას, კითხულობს, წერს, ცდილობს კონფლიქტებს გაერიდოს, რადგან შეგუება მათთან უკვე შეუძლებელი ხდება, მაგრამ მათი აცილებაც აღარაა შესაძლებელი... 16 წლისას ხიდისთავის კომლთა სიიდან ამოწერენ.

უნდა გაიცნოს საკუთარი და... შეხვედრა... გაცილება... თითქოს ვერც ასწრებს დის გამოჩენით დამშვიდებას და შეჩვევას... ცნობა ბაქოდან - ელენე ტიფით გარდაიცვალა...

ყველაზე მძიმე და მშფოთვარე... დედის გაცნობა.

სული დაიღალა ამდენი ემოციითა და მოულოდნელობით.

ერთგული რამდენიმე ადამიანი და თავისი ხელნაწერებიღა შემორჩა. ამ არეულობაში ნაწერები ერთ თავის ნათესავ ოჯახს მიაბარა, დროებით. მიაკითხა, განუკურნებელი დარტყმა. ყველაფერი დაეწვათ. მოუბოდიშეს... ცეცხლში გაიფანტა გათენებული ღამეები, მუყაითი, ბეჯითი შრომის ნაკვალევი, ბედნიერი ჩანაწერები, თუ თავისთვის მიწერილი უცრემლო დღეები. თითქოს ბავშვობა საბოლოდ გაქრა.

ეს მძიმე შთაბეჭდილებები შემდეგში აშკარად დაეტყობა მის ლექსებს. განვლილ ტკივილიან დღეებს ახალი სიმძაფრით განიცდიდა და ყოველი გახსენებისას თითქმის ორმოცდაშვიდს მიტანებული. ერთ დღემდე უცნობ ლექსში, რომელსაც „ძალო ეკატერინეს“ უძღვნიდა, წერდა:

„ორმოცი წელი დაფრენილი ლექსების გუნდი,
ჩემი სხეულის საგიჟეთში გამომწყვდეულა.
ვის დავეწევი, ანდა უკან საით დავბრუნდე,
ჩემი აკვანი ჩემო ძალო რად დარწეულა.
მუდამ გიგონებ, როცა ჩუმად გავხედავ ხსოვნებს,
თითქოს თქვა რუში შენი თხელი მანდილი გდია,
შენი კაკლის ხე დარდით დაჭკნა აღარც კი ისხამს,
მხოლოდ გამხმარი ფოთლებიღა ქარში დადიან“.

ჩვენ ნაწყვეტი მოვიტანეთ ამ ლექსიდან (დაწერილია 1952 წ.). ის დავით ოქუაშვილის მეუღლემ ქ-ნ ელენემ გადმოგვცა. იგი ეძღვნება იმ ადამიანს, ვისაც დიდი ამაგი მიუძღოდა ნიკოს გაზრდაში.

მრავალ გზათაგან ერთის ამორჩევა, ერთი მთავარი ცხოვრებისეული მიზნის დასახვა, - აი, არსებითი ამჟამად და ისევ „არ ვიცი რა ვქნა, რომელ გზებზე მივუშვა ბედი“... შემდეგ თბილისი, უნივერსიტეტი, დაუსრულებელი ძიება, შრომა... გაურკვეველი მომავალი...

„ძვირფასო ვახტანგ!

„შემოქმედებითი ჰანგები შენში ჯერ კიდევ არ ადუღებულან“, ასე მითხარით ერთხელ და ეს მჯერა. მჯერა და დიდი ეჭვიც შემეპარა იმ ლიტერატურულ მუშაობაში, რომელსაც მე ვეწევი. ვუკვირდები გენიოსებს და ვგრძნობ, რომ მათი ცხოვრება შემოქმედებაზე უფრო მძაფრ სიმფონიას წარმოადგენს. ჩემი არსებობა კი ყოველდღიური ადამიანის უხეშ ბოდვას არ სცილდება და რომ მეც შევქმნა პოეზია, ხომ საჭიროა უცნაური ცხოვრება. მე კი ეს არ მინდა და მეშინია, მეშინია ისე, როგორც სასიკვდილოთ გამზადებულ ადამიანს. საშუალო ყველაფერი მეჯავრება (თვით ადამიანიც) და ამან საკუთარი თავიც შემაძულა. არც პოეტია, არც ნორმალური ადამიანი. რა საძაგელი ყოფილა ასეთი გზაჯვარედინი. არც დედამიწა გინდა და სივრცეებისაც გეშინია!.. მე და ჩემ ლექსებს ჩხუბი მოგვდის; ისინი სადღაც მიიწევენ, მე კი არ მივდევ. იმიტომ კი არა, რომ წამებას ვერიდები? არა, რაღაც მაშინებს და ამ შიშმა ასე ახალგაზრდა დამასნეულა, რომ ვიცოდე მეორეთ განვმეორდები და ვიცხოვრებ, ისე როგორც ჩვეულებრივი ადამიანი, ჯანდაბას, ამ სტრიქონებს გავყვებოდი, მაგრამ რომ მჯერა, მეორეთ აღარ გავჩნდები, აქ ვკრთები და სიცოცხლე ღვინოსავით მეკიდება.

მარტო დარჩენილს ხშირად რაღაც გუგუნი მესმის და ზოგჯერ სად გავრბივარ, მეც არ ვიცი, თითქოს უსაზღვროებისაგან ვიყვე თვალნაცემი.

ამას წინად ერთი ძველი ლექსის ფურცელი ვიპოვე და ქვეშ ეწერა „ჭკუაზედ შეშლა, არის ჩემთვის ერთად ერთი ბედნიერება“. ნუთუ ეს წინათგრძნობა მართალი გამოდგება და კიდევ ერთხელ და უკანასკნელად დამატყდება ჩემი ბედის დიდი ბოროტება. რა ვქნა ჩემო კარგო მეგობარო, რა ვქნა:

„შეიძინეთ დიდი კულტურა“, „მირჩევდა“ პავლე ინგოროყვა. ვიძენ კულტურას და ვგრძნობ კარგი არ მეყრება. იმედი ჩავიგდო გულში და რის იმედი ვთქვა, ის: რომ ქვეყანა ათასი წლის მერე ბედნიერი იქნება, თუ ნიცშესავით დავიტრაბახო „ორმოცდა ათი წლის მერე გაიგებენ ჩემს გულისთქმასო“, თუ ბარათაშვილივით წამოვიძახო ჩემ ნავალზე შთამომავლობას სიარული გაუადვილდება მეთქი. მე ვფიქრობ პოეტმა თავისი „გზა“ არავის არ უნდა ურჩიოს.

არა და დავიღუპები: უხეიროდ, უშნოდ და ტლანქად, არაფერი არა მწამს, მაგრამ ზარების გლოვა რათა მხდის ცუდათ დღესაც ვერ ავხსენი, ხან მგონია მიწაზე დაოსებული ადამიანი იქით მხრიდან ვიღაცას უძახის და ასეთ ფიქრში ჟრუანტელის ცეცხლი გულზე მეკიდება...

მახსოვს ერთხელ რო მითხარით „მე მინდა გადაგარჩინო სარკოფაგისაგან“. ეს სიტყვები თან წამოვიღე და აღელვებულ დროს გეკითხებით: არის თუ არა ჩემთვის გზა - გადარჩენისკენ? დამეთანხმებით, თუ არა იმაში, რომ პოეზია მე გამაუბედურებს თუ პოეტს არა ადამიანს ხომ მაინც.

თქვენ იტყვით ძვირფასო ვახტანგ, რადგან თქვენი გული ყველაზედა კარგად გრძნობდა და გრძნობს ყველაფერს. და თუ დავიღუპები, თქვენ ერთს, მაინც დაგრჩებათ - თუ გინდ ცოტა ხნით - ჩემი გულამოსკვნილი ტირილი, რომელიც თქვენს გარშემო ნისლებივით გუბდებოდა.

ძვირფასო მეგობარო, ალბათ იტყვით: იყო ახალგაზრდა ადამიანი, შემოქმედების სამანებთან მივიდა, შეეშინდა არარაობის და უკან გამობრუნდა, თუმცა იმას „დიდი კულტურაც“ ვერ უშველიდა:

და მე ო როგორ მიხარია, რომ ეს ჩემი უძლურება თქვენ ერთს გეცოდინებათ და სხვას არავის.

თქვენი ნიკო სამადაშვილი
იანვრის ღამე

ძვირფასო ვახტანგ, ეს წერილი იმიტომ მოგწრეთ, რომ მე მოსვლა ვერ მოვახერხე. ეს ერთი კვირაა ლოგინში ვწევარ. მაქვს სიცხე და მტეხავს მთელი ძვლები.

უნივერსიტეტისთვის ერთი საგანი როგორც იყო მოვამზადე „ენათმეცნიერება“. მხოლოდ აღდგენის საქმე როგორ წავა, არ ვიცი.

ამ წერილის მომტანს თუ დააბარებთ რამეს, მადლობელი ვიქნები.

ნიკო

ეს დაუთარიღებელი წერილიც უცნობია. იგი ამჟამად საქართველოს გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში ვახტანგ კოტეტიშვილის არქივში დევს. ამ ორი პიროვნების ურთიერთობაზე საინტერესოდ და სითბოთი წერდა ბატონი ვახუშტი, როცა მამის არქივში მოძიებული ნიკო სამადაშვილის წერილები და ლექსები გამოაქვეყნა. ამ წერილის დაწერის დრო ალბათ 1925-დან 30-იანი წლებით უნდა განისაზღვროს.

მოემი თავის გახმაურებულ წიგნში „შეჯამება“ წერდა: მწერალს სჭირდება დრო და არა მარტო იმისათვის, რომ საკუთარი თავი იპოვოს, არამედ იმისთვისაც, რომ დაარწმუნოს ის ადამიანები, ვისაც მაღალფარდოვნად თავის მკითხველს უწოდებს, რომ სწორედ მათ მოთხოვნილებას აკმაყოფილებს, რაც უფრო თავისთავადია მწერალი, მით უფრო უძნელდება ამის მიღწევა და მით უფრო მეტი დრო ეკარგება საარსებო წყაროს ძიებაში“. შორეულად შეიძლება ეს სიტყვები ნიკო სამადაშვილსაც დავუკავშიროთ. იჭვი, საკუთარი თავის ძიება, უცნაური პოეტური ხილვები უკვე რომ სწვევია და ამიერიდან ცხოვრების საარსებო საშუალებებზეც უნდა იზრუნოს. თუმცა, აღარ გავაგრძელებთ; პირიქით, შეგნებულად მოვერიდეთ უფრო დაწვრილებით დეტალიზებას, ეს სამომავლო საქმეა. ჯერჯერობით აქ შევწყვეტთ.

3.37 75. ონაშვილი, ირმა. მარტოობის წუხილი ნიკო სამადაშვილის პოეზიაში

▲ზევით დაბრუნება


// ლექსმცოდნეობა: ყოველწლიური კრებული / შოთა რუსთაველის ქართ. ლიტ. ინ-ტი. -თბილისი, 2021. - № 13, ლექსმცოდნეობის მეცამეტე სამეცნიერო სესია (მასალები): ეძღვნება ნიკო სამადაშვილს. - გვ. 259-269.

გალაკტიონ ტაბიძეს, ჯერ კიდევ 1955 წელს, ასეთი წარწერა გაუკეთებია ერთი უცნაური ლექსების ავტორისათვის: „ნიკო სამადაშვილს, - დავრწმუნდი მე თქვენს სიძლიერეში, მომავლისაკენ! წინ! იერიში!“

არავინ იცოდა, ვინ იყო ნიკო სამადაშვილი, - სიცოცხლეში გამოუმჟღავნებელი. სიკვდილის შემდეგ - უეცრად აღმოჩენილი. მარტოკაცი, არავის მსგავსი. მისი ხვედრი - უიღბლობა. მისი ფიქრი - მუდამ დარდიანი. ის იყო კაც-პოეტი და იყო ადამიანი, რომელსაც ამ ქვეყნად ვერ ეპოვა თავშესაფარი და სიცოცხლით მშიერი იმ ქვეყნად ეძიებდა სასუფეველს:

„ნამტირალევი მოვდივარ დღესაც,
სადაც არ მივალ, ყველგან ღამეა,
ნეტავ, ჩემ გულში ჩამოგახედათ,
რამდენი კვნესა და ვარამია.
ბოღმა კვამლივით მედება ყელზე,
ირგვლივ რიყეა, უდაბნოს ქვები.
ისე დავდივარ ამ ქვეყანაზე,
თითქოს საკუთარ ცხედარს მივყვები.
სადღაც კიაფობს მთვარის ბულული -
შუქი დამეძებს, უნდა, რომ სწუხდეს,
თითქოს მე ვიყვე გამოქვაბული
და ჩემ ქვეშ სისხლის მდინარე ჰქუხდეს.“

- ამბობს ის და ამით ამთლიანებს სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარს..

დიდი ხნის განმავლობაში ფართო მკითხველისათვის ნიკო სამადაშვილის სახელი არ იყო ცნობილი. საკუთარი ლექსების გამოქვეყნებას ავტორი არ მოსწრებია. მან არ აირჩია პროფესიული პოეტური გზა.

თამაზ ჩხენკელი წერდა: „ნიკო სამადაშვილის უბედურება ის იყო, რომ მისი პოეტური მოწიფულობისა და დადგინების ხანა შესაფერის ლიტერატურულ ატმოსფეროს არ დაემთხვა. გასათვალისწინებელია, აგრეთვე, ის გარემოება, რომ იგი არ

გაყვა პროფესიული ლიტერატურული ცხოვრების გზას. ამ გზას მან ჩრდილში დარჩენა ამჯობინა, რაც საბედისწერო აღმოჩნდა მისთვის, როგორც პოეტისათვის...“:

„ის ლექსის გარდა არაფერს ჰქმნიდა,
თვალნაცემივით შფოთავდა ხშირად,
განა, ვისაც რომ ეს სენი სჭირდა,
იმან შეგზარათ და შეგაშინათ?!“

და მაინც, ვინ იყო ის?!

ნიკო სამადაშვილის შემოქმედება ერთ მთლიან დიდ წრედ იკვრება და იმავე სიტყვით ბოლოვდება, რითიც იწყება. მას არასოდეს გადაუხვევია ერთხელ არჩეული გზიდან. ეს არის საოცარი ნებისყოფის წყალობა, გაუტეხავი ადამიანის მრწამსი, რომელიც რელიგიად გადაქცეოდა კაც-პოეტს.

თავისი შემოქმედებით იგი ყველაზე ახლოს დგას ტრაგიზმთან და ყველაზე შორს სიხარულის მომნიჭებელ წუთებთან. მისთვის უცხოა აქტიურობა და ბედნიერება, თავისი იმპრესიულობით ის, თითქოს, ვან გოგის „მზესუმზირებს“ წააგავს, მზის მცხუნვარებით გამომშრალი და მომლოდინე..

პოეტი ხშირად წერს სიკვდილზე, ხილვებზე, რომლის შემდეგ აღარაფერი რჩება და ამ წარმოდგენებში ეძიებს შვებას. მისი პოეტური შედარებებით, მისი მეტაფორებით და მეტამორფოზებით ვხედავთ, თუ სად გადის ზღვარი ქვესკნელსა და ზესკნელს შორის, სად არის მისი „მემენტო მორი“:

„სულს როცა ლევდა, უკანასკნელად,
ბოროტ თვალებით გაჰხედა ველებს,
გაღმით უკუღმა ეგდო ქვესკნელი
და შიგ სისინი გაჰქონდათ გველებს.
დაუმარხავი გვამივით ყარდა,
ქარი სუნავდა ხანგამოშვებით.
წარმავალობის ტიალ ყორესთან
ისმოდა ცეკვა შეშლილ ქოშებით.“

ნიკო სამადაშვილისთვის მატერიალური, ყოფითი და ეგზისტენციური ფასეულობები ნაკლებმნიშვნელოვანია. მისთვის მთავარია, მოერიოს სულიერ დანაკლისს, რომელსაც განიცდის. მუდამ კონფლიქტშია საკუთარ თავთან და ხშირად ცდილობს გაქცევას რეალობიდან:

„ხან დიდხნობამდე გადაკარგულხარ,
ნეტავი რაზე, ნეტავი რისთვის,
როცა დიდებას უმზერდი მტრულად,
როცა არ სწუხდი უკვდავებისთვის.“

მის შემოქმედებაში პოეტური მარტოობის სენი ღრმადაა ფესვგადგმული. თავისი გროტესკული აჩრდილებით თავადვე მიეცემა ხოლმე თვითგვემას, დარდსა და ჭმუნვას. მხოლოდ მან იცის, რა სურს და ამიტომ, საკუთარ ფილოსოფიურ ჭრილში განიხილავს

აღტყინებული სურვილის სიჯანსაღეს. თავის ხედვებში იმ მკრეხელური ზღვარის გადალახვას ცდილობს, რომელიც ხელს უშლის ცხოვრებაში:

„აჰყევ იმ მთების ვიწრო ხერხემალს
და წუთისოფელს გადასცილდები.“

ის მუდმივად მიუყვება თავის აღმართს, თავის გოლგოთას „ხელიღლიაში კუბოამოჩრილი“ და ხედავ, თუ რა ცოტა მანძილია დარჩენილი მისი წუთისოფლიდან მის უკვდავებამდე..

ნიკო სამადაშვილს ჰქონდა დიდი ნიჭი ლოდინისა და რადგან, ლოდინში იბადება რწმენა ადამიანისა, მასაც უნდოდა დაეჯერებინა აუხდენელის ახდენა. მაგრამ, გადიოდა დრო და ის ისევ მარტო იყო, საკუთარი ხილვებითა და სიმბოლოებით გაჟღენთილი:

„ის გასცქეროდა მომავალ შარას,
ელოდა მზრუნველს, მეგობარს, ალერსს...“

საინტერესოა, მაინც, რა იყო მიზეზი ამ პოეტური სულის ადამიანის ასეთი განმარტოვებულობისა.

შესაძლოა, სამყაროს ასეთი ტრაგიკული ხედვა ღრმა ბავშვობის ფსიქოლოგიური ტრავმებიდან იღებს სათავეს. მშობლების გარეშე დარჩენილი პატარა ნიკო ემოციურად აღიქვამს გარესამყაროს: „წყევლის გამჩენს, ტუქსავს დედას“ და მის ირგვლივ ნისლივით დგას „უმეგობრობა“...

ყველა და ყველაფერი უცხოა მის გარშემო, - წინ მხოლოდ სიცარიელეა, უკან - „შავბნელი დღეების რიგი“. იქნებ, საკუთარი თავი თავადვე დასაჯა პოეტმა და არჩია ცხოვრების გზაზე უმნიშვნელო ნაბიჯებით ევლო. იქნებ, თვითრწმენა შემოაკლდა „ქვესკნელის ხიდთან“ მღვრიე ცრემლებით მდგარს. ასე დაითენთა „კაცი, ცამდე მართალი“, რომელმაც საკუთარი თავი „ჭმუნვის სარქალს“ შეადარა:

„უსაფარობას სწუხდა, დარდობდა,
უკუნეთს შერჩა ჭმუნვის სარქალი,
ჯერ ხომ ჩაძმარდა, მერე დაობდა,
ღმერთმანი, კაცი ცამდე მართალი.“

იმავე ეპითეტით საკუთარი თავის მდგომარეობას სხვა დროსაც მოიხსენიებს კაც-პოეტი:

„მე კი სიცოცხლე ჩაძმარებული
ბნელ ფიქრებს ვმწყემსავ ჭმუნვის სარქალი...“

ნიკო სამადაშვილი არასოდეს ზრუნავდა საკუთარი თავის განდიდებაზე. მისთვის მთავარი იყო განეძღო სულიერი შიმშილი, რომელსაც განიცდიდა და რომლის დაოკებასაც დროდადრო ვერ ახერხებდა. ამიტომ სჭირდა მას არარსებულთა ხილვადობა, ავადმყოფურ მანერად რომ გადაქცეოდა ცხოვრების მანძილზე. ის თანახმა იყო, დასჯერებოდა საკუთარი თავის გვემასაც:

„შენ დაგმარხავენ ბინდების ლხინით,
სამრეკლო აშლის მთვლემარე მტრედებს.
დაუშენს წვიმა, შორს ბალდახინი
დიდხანს იკვნესებს და იჩერჩეტებს.
ფუტურო სხეულს გულის სიზმარი
შერჩება, როგორც გოლგოთის თხრილი,
სისხლზედ შემხმარი ძვლების ჩინჩხვარი
და მოგონება ნისლივით გრილი.
სოფლის წისქვილთან რუ ადიდდება,
ქუხილი მთებში ჩაისვრის აჩრდილს,
შენ კი მიწის ქვეშ შემოგაგდებენ
ხელიღლიაში კუბოამოჩრილს.“

საკუთარი თავის ნუგეში მხოლოდ თავად შეიძლებოდა ყოფილიყო. იგი ეძიებდა და იცოდა, რომ ვერ ჰპოვებდა, მაგრამ, მაინც იმ მკრეხელური ზღვარის გადალახვას ცდილობდა, რომელიც ხელს უშლიდა ცხოვრებაში.

ვინ იცის, როგორ წარიმართებოდა მისი უცნაური მომავალი, რომ არა, მის ცხოვრებაში იღბლიანი შემთხვევითობით გამოჩენილი ერთი ფრიად განსწავლული და მოაზროვნე ადამიანი. მოგვიანებით, მისი შვილი, მზია სამადაშვილი წერს მოგონებებში:

„გიმნაზიაში ყმაწვილი ნიკო ერეკლე ტატიშვილს შეხვდა. „კაციფასკუნჯი“ მომავალი პოეტის კლასის დამრიგებელიც იყო, გერმანული ენის მასწავლებელიც და ის პირველი მოძღვარიც, რომელთანაც აღსარების თქმას არ გაურბიან გულჩათხრობილი მოწაფეები. მათი ურთიერთობა, ურთიერთპატივისცემა და სიყვარული ნიკო სამადაშვილის წარმოსახვას მთელი სიცოცხლის მანძილზე ასაზრდოვებდა“.

მოწიფულობის ასაკში კი საკუთარი თავი თავადვე დასაჯა: გადაუხვია იმ გზას, რომელზედაც შეძლებდა ღირსეულად საკუთარი მრწამსის ტარებას და არჩია ყველასაგან უმნიშვნელოდ ევლო.. ის თავს ანებებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, სადაც სწავლობდა ჯერ ფილოსოფიის, შემდეგ ფილოლოგიის ფაკულტეტზე და დროებით მასწავლებლობს სოფ. სადგერის ოთხკლასიან სასწავლებელში. სპეციალური კურსების დამთავრების შემდეგ კი სიკვდილამდე ბუღალტერ-რევიზორად მუშაობს. იქნებ, შემთხვევითი არ იყო მისი ეს ქმედება და სურდა, გასცლოდა ყოველივეს და განმარტოვებულიყო.

ნიკო სამადაშვილის ლექსებში სიტყვათა შეკავშირება უკიდურეს წარმოდგენებამდე მიდის, სადაც სიკვდილის ფენომენი საკმაო არსითაა გააზრებული. ხშირად იმეორებს სიტყვებს: ცხედარი, გვამი, კუბო, საფლავი, რაც ერთგვარ სიმბოლოებად ქცეულა მის პოეზიაში. ამ სიტყვების დატვირთვით მკითხველში აღძრავს იმ უკანასკნელ განცდას, რაც ადამიანის სიცოცხლის ბოლოს აუცილებლად მოდის. მაგრამ, მისთვის ეს არის დასასრული როგორც ერთის - სიცოცხლის, ასევე დასაწყისი მეორის - იმქვეყნიური ცხოვრების და ამით ის კოსმიურ მარადისობაზე ქადაგებს.

პოეტის აღქმაში წარმართობა და ქრისტიანობა ორგანულად ერწყმის ერთმანეთს და ქართულ ცნობიერებაში ერთ გამთლიანებულ რელიგიად წარმოადგენს. როგორც ზაზა აბზიანიძემ თქვა, - „პოეტმა საკუთარი მითოლოგია შექმნა. იგი წარმართის სითამამით დასეირნობს ბიბლიურ პანთეონში“...

ქრისტიანული მრწამსის პარალელურად, ავტორი თავის „ღმერთებში“ ჰარმონიულად ათავსებს წარმართულ ხედვებსაც, რაც ვაჟა-ფშაველასა და ქართული ხალხური პოეზიიდან იღებს სათავეს. მის მძაფრ ხილვადობას რიტუალების სახე მიუღია:

„თითქოს ნადირი ფაჩუნობს სადღაც,
ასე მგონია, მოვა და შემჭამს,
მდევები სვამენ ჩემს სადღეგრძელოს,
შეექცევიან კაცის შეჭამანდს.“

ამ სტრიქონების წაკითხვამ შეუძლებელია არ მოგვაგონოს ალუდა ქეთელაურის სიზმრის კონტურები:

„დავჯდე ჟამ ვინამ დამიდგა,
კაცის ხორც იყო წვნიანი,
ვსჭამდი, მზარავდა, თუმცა-ღა
კაცის ხელ-ფეხი ძვლიანი.“

ასეთ ხილვებთან ერთად ნიკო სამადაშვილი საკუთარ თავში ქრისტეს სახელის ძლიერი მატარებელია, რაც მის შემოქმედებაში მეტისმეტი სიცხადითაა გამჟღავნებული, როცა გეთსიმანიას ასახელებს, როგორც თავის სამყოფელს. პოეტი საკუთარ თავს არ განიხილავს რომელიმე კონკრეტული ეპოქის შვილად, მისი არსებობაც, თითქოს, დროშია გაშლილი:

„დავიბადე ძალზე გვიან,
აღარ მცნობენ ეს ველები,
დღედაღამე დამტირიან
გეთსიმანის ფრინველები.“

ავტორი, ასევე, - ქრისტეს, ღვთისმშობელს მოიხსენიებს, როგორც რეალურ პიროვნებებს:

„აქ ღვთისმშობელი დადიოდა ადრიან დილით,
ქრისტეს სწყევლიდა და რაღაცას სულ აყვედრიდა...“

ანდა,

„ღვთისმშობელს ცაცხვის ქვეშ დარჩება თეთრი ქოშები,“ -

სადაც მეტისმეტი სითამამით ყავს გასუბიექტურებული. ქრისტიანული მცნების თანახმად, ნიკო სამადაშვილი თვითგვემის გზის მიმდევარია, რადგან, ზეციერ სრულყოფას მხოლოდ საკუთარი ხორცის წვალებით შეიძლება მიაღწიო. ის განკერძოებული პიროვნებაა, რომელიც სულით ატარებს უდიდეს საიდუმლოებას:

„დავიღუპები, ისე, როგორც შეჰფერის ოხერს,
მუხის კივილი ზარდამცემი წავა-წამოვა,
საუკუნეებს მაცხოვარი გაჰყვება მეხრედ,
საუკუნეებს, - დასაბამი რომ მოაძოვა.“

ნიკო სამადაშვილისეულ ამ ძლიერ განცდაში შეუძლებელია არ აღმოვაჩინოთ გადაძახილი ბარათაშვილის მერანთან:

„დაე, მოვკვდე მე უპატრონოდ მისგან ოხერი!
ვერ შემაშინოს მისმა ბასრმა მოსისხლე მტერი!..“

ეს ორი, ბედით და ხვედრით განწირული ადამიანი სხვადასხვა ეპოქის შვილია, მაგრამ, მათ შორის არსებული ანალოგია გვაფიქრებინებს წუთისოფლის სამდურავის კოსმიურ მარადისობაზე:

„ალბათ, მერანმა ფრთები გაჰკრა მარადისობას,
რომ ვარსკვლავები ცაში გაჩნდნენ ნაპერწკლებივით“.

- მიმართავდა იგი ივერიის ღვიძლ გენიას.. და ის ძლიერი სევდა, დარდი, რასაც ეს ორი პოეტი განიცდის, არის ნაყოფი იმ შეუცნობლისა, რასაც უკვდავებაში გადასვლა მოსდევს..

ნიკო სამადაშვილის პიროვნება ყველაზე საინტერესოდ თავის თავისადმი მიმართულ ლექსში იკითხება. შენივე მეორე „მე“, ალტერ ეგო, რომელსაც განუწყვეტლივ ეკამათები, შეგიძლია შეიცოდო კიდევაც:

„შენ ჩემში უსტვენ, ვით საყდრის ჩიტი,
შენა ხარ ჩემი ნუგეშის დარი,
სულ კარგად მახსოვს, შენ რომ გამიჩნდი,
გარეთ ძაღლივით ყმუოდა ქარი“.

აქ არის მისი სულიერი ავტოპორტრეტი, სადაც საყდრის ჩიტი შინაგანი თავისუფლების მოლოდინშია..

ეს სტრიქონები ყველაზე უფრო ნათლად წარმოაჩენს სამადაშვილისეულ უსაზღვრო თვალთახედვის არეს. ავტორმა საკუთარი თავი შეადარა საყდრის ჩიტს, რომელიც ადამიანის თავისუფლებამოსილი სულის სიმბოლოა. მისი სხეული კი სალოცავი საყდარი.. ესაა შეგონება, რომ ამ სხეულის კვდომის შემდეგ, ჩიტი - სული უნდა აიჭრას ზეცად და იქ ეძიოს მარადიული სასუფეველი. ყველა ადამიანს დაბადებისას ეწერება თავისი ბედი.. და ნიკო სამადაშვილის გაჩენასაც ქვეყანა ძაღლის ყმუილით შეხვედრია, თურმე. ლექსის ამ ერთი მოკლე მონახაზით მთავრდება, თითქოს, პოეტის სულიერი ავტოპორტრეტი, სადაც უიღბლო კაც-პოეტის უიმედო ცხოვრებისეული ბიოგრაფიაა აღწერილი:

„შენ გადარებდნენ ბინდების ჭრიჭინს,
თუმცა, სულ მუდამ ტოტს გცემდა ქარი,
ავადმყოფობა ეგონათ, ბიჭო,
ლექსები ტანზე გამონაყარი...“

ანდა,

„- ლექსების ჯღაბნა წამებად გექცა
სჯობდა, ვენახის კვალი გებარა,
ვის რად უნდოდა ეს თვალთმაქცობა,
ნეტავი, ქარში გადაგეყარა.
ქარები უფრო წაიკითხავდნენ,
ჩაბჟირდებოდნენ სადმე სიცილით,
ჩემი ცრემლებით ღამეს ხატავდი
და ბეთანიას მაისის დილით.“

შემოქმედის სახელის ტარება ყველაზე მძიმე ტვირთია ამქვეყნად. ნიკო სამადაშვილი ამ ტვირთს მარტოდმარტო, საკუთარი დარდით აღსავსე ზიდავდა. გრძნობდა პოეტი, რომ ქვეყნად ადამიანები იმდენად მოეცვა აზრის სიმსუბუქეს, რომ მისი სიტყვის სიმძიმილი მხოლოდ თვალთმაქცობად თუ მოეჩვენებოდა ვისმეს.

რა ექნა მას, „ვისაც არ ჰქონდა სარკმელი მზისკენ?“

ის იძულებულია რიჟრაჟებში იპაროს შუქი და თავის ძვლების ცეცხლი დაიყოვნოს.

მაგრამ, საბოლოოდ, საკუთარ აჩრდილსაც კი ვერ ჰპოვებს. ამიტომ, დადის ის მუდამ ცრემლგაწუწული და „კრიჭაშეკრულს სძულს სუყველა“...

ნიკო სამადაშვილი ადამიანი კი არ იყო, რომელსაც ჰქონდა სული, არამედ, ის იყო სული, რომელსაც გარს ემოსა სხეული. „ზეგარდმო მომავალი იგი ყოველთა ზედა არს და რომელი არს ქვეყანით, ქვეყანისაგანი არს და ქვეყანისასა იტყვის, ხოლო ზეცით მომავალი ყოველსა ზედა არს“ (იოანე 3,31) .

ნიკო სამადაშვილი არის სინათლე უსაშველო სიბნელეში.. და სწორედ, ამის გამო, კაც-პოეტი თავის სათქმელს გულში იმალავდა მუდამ. თითქოს, უნდოდა, წაეღო იმქვეყნად, სადაც ჭეშმარიტი სასუფეველი ეგულებოდა:

„ის ჩუმად წერდა, თითქმის მალულად,
უყვარდა ნისლით ნალექი გზები,
რომ მიიცვალა, უცბად, ქურდულად,
თან გაიტაცა თავის ლექსები.
და მეგობრებმა გადააქოთეს
მთელი ოჯახი, წალო, კარადა,
ვერ მოისაზრეს, ვერ მოიფიქრეს,
თუ მკვდარი ლექსებს მოიპარავდა.“

ნიკო სამადაშვილს ცხოვრებაში თავისი ლექსების ხმამაღალი კითხვა უყვარდა. იქნებ, იმიტომ, რომ ის, რაც სხვისთვის უნდოდა ეთქვა, უბრალო სიტყვას ვერ ანდობდა:

მის პოეზიაში იმდენად დახვეწილად არის ერთმანეთთან შეთანხმებული მხატვრული ხერხები, იმდენი პოეტური ფრაზა იქმნება ბუნებრივად, შეუძლებელია, პოეტის გამორჩეულობასა და გენიალურობაში შეგეპაროს ეჭვი. მისთვის უცხოა არისტოკრატულად დავარცხნილი ლექსები, უფრო უხეში, ხორკლიანი და მრავალწახნაგოვანია. მასში უფრო მეტი დრამატიზმი და ტრაგიზმია, ვიდრე სამყაროს ლირიული ან რომანტიული აღქმა, -

„რა წყალს მივეცე, როგორ მარტო ვარ,
რა უგვანოა სიცოცხლე გრილი,
იმ დღეს ღვინის ფულს ვთხოვდი მათხოვარს
და ვუკითხავდი ლექსებს ტირილით“.

უცნაური ლექსების ავტორი იდგა და გასცქეროდა შორეულ გზას, საითკენაც მიმავალი თავისიანს იპოვიდა და ამქვეყნად მარტო იმქვეყნიურ მეგობარს შეიძენდა.. იმ გზის მოლოდინში დაითენთა კაც-პოეტი.

...არ გასრულდა დიდი დრო და აღესრულა პოეტის სიტყვა. არავინ უწყის, გაუმართლა თუ არა მოლოდინში ნიკო სამადაშვილს იმქვეყნად. იმად კი აუხდა, რომ ზღვარი მის სიკვდილ-სიცოცხლეს შუა უფრო ადრე გაუქმდა, ვიდრე ეს უნდა მომხდარიყო. ორმოცდათვრამეტმა უსაშველო და დაუმთავრებელმა წელიწადმა ჯანმრთელობითაც საბოლოოდ მოტეხა სულის მარტოობის

სენით შეპყრობილი ლექსების პატრონი ...
„ის მიდიოდა ფერშეცვლილ გზებით,
წყალგაღმით ჩრდილებს აენთოთ კვარი,
იწოდა კაცი ჩუმი, მგზნებარე,
თან სიცოცხლეზე რჩებოდა თვალი...“

სულ მალე, საყდრის ჩიტმა მიატოვა ძველი სამყოფელი და ზეცად აიგო თავისი საუკუნო სალოცავი. ეს არის ტაძარი თვითხილვებისა, ტაძარი თავისი მისტერიებისა, ტაძარი თავისი უკვდავებისა..

ნიკო სამადაშვილი აღესრულა 1963 წლის 1 მაისს, გამთენიისას.. უნდა ითქვას, რომ ნიკო სამადაშვილის შემოქმედება, ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის გამოკვლეული და მოითხოვს მეტ გაშიფვრას, რომლის წიაღიდანაც შესაძლებელია ხელუხლებელი ისტორიული აზროვნების ნიმუშების ამოლაგება. ის უფრო ზოგადსაკაცობრიოდ მოაზროვნე პოეტია, ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს და არა მხოლოდ საქართველოს მასშტაბით. ამიტომ, მის მემკვიდრეობას სათანადო დაფასება და შესწავლა სჭირდება ლიტერატურის მკვლევარებისაგან..

თამამად შეიძლება ვაღიაროთ, რომ ნიკო სამადაშვილი არის მე-20 საუკუნის ეპოქის ტარიგად შეწირული პოეტი ქართული ლიტერატურის ცნობიერებაში...

3.38 76. სამადაშვილი, მზია. ნიკო სამადაშვილს შინსახკომი მთელი ცხოვრება დასდევდა:

▲ზევით დაბრუნება


ლიტერატურა / მზია სამადაშვილი ; ესაუბრა მანანა ნოზაძე // გუმბათი. - თბილისი, 2008. - 3-9 ნოემბერი. - № 44 (58). - გვ. 29.

ნიკოლოზ ბარათაშვილი განჯაში ყაჩაღებს დასდევდა, ტერენტი გრანელი კონდუქტორობდა, ნიკო სამადაშვილი ბუღალტრად აღესრულა. დღეს თითქმის არავინ იცის, რომ ხალხურად მიჩნეული ლექსის „ბინდისფერია სოფელის“ ავტორი მისი თანამედროვეობისაგან დევნილი და მიჩქმალული პოეტი ნიკო სამადაშვილია, რომლის ლექსების კრებულიც გარდაცვლილ მერაბ კოსტავას თავთით ედო. გვესაუბრებიან პოეტის მეუღლე მარიამ ამანათაშვილი და ქალიშვილი მზია სამადაშვილი.

- რატომ იყო მიჩქმალული ნიკო სამადაშვილის პიროვნება?

- მზია სამადაშვილი: მამა 1943 წელს ხალხის მტრის ბრალდებით დააპატიმრეს. აბრალებდნენ ახალგაზრდა მარქსისტთა წრის ხელმძღვანელობას, რომელიც ანტისაბჭოთა მოღვაწეობას ეწეოდა. მისი დევნა 1963 წლამდე გრძელდებოდა. იგი ბუღალტრად მუშაობდა, რათა მრავალრიცხოვანი ოჯახი შეენახა. ამბობდა, მწერლობას რომ გავყოლოდი, 37 - დამხვრეტდნენო. ანტისახელმწიფოებრივი მოღვაწეობის მოტივით მეორედაც დააპატიმრეს, არადა, ისეთი კაცი იყო, ქათამიც არ დაუკლავს. ნიკო სამადაშვილი პოლიტიკას არასდროს მიჰყვებოდა, იგი პოეტი გახლდათ. მასზე უდიდესი გავლენა მისმა პედაგოგმა ერეკლე ტატიშვილმა მოახდინა. ამ პიროვნებამ სორბონა დაამთავრა, შედეგ კონსტანტინოპოლში კითხულობდა ლექციებს და თბილისის უნივერსიტეტში ინგლისურს ასწავლიდა. 7 ენა იცოდა. ტატიშვილმა მამა გორში გაიცნო, სადაც გერმანულს ასწავლიდა ობოლ ნიკოს. ერეკლე აცხადებდა, რომ ნიკო იყო დიდი პოეტი არამარტო საქართველოს, ევროპის მასშტაბითაც. 1942 წელს ერეკლე ტატიშვილი ხალხის მტრად გამოაცხადეს და დაიჭირეს, გამოვიდა თუ არა საპატიმროდან, ერთ წელიწადში ნიკოც გაუყენეს მის გზას. ვფიქრობ, მამის დაპატიმრების ერთ-ერთი მიზეზი ერეკლე ტატიშვილთან მეგობრობა იყო, რადგან ბატონი ერეკლე ნიცშეს მიმდევარი გახლდათ. სახლშიც ნიცშეს დიდი სურათი ეკიდა. დაჭერის წინ ახლობლებმა სურათის ჩამოხსნა ურჩიეს, მაგრამ იუარა, მაინც ვერ იცნობენო. მართლაც, ჩეკისტებს ფოტოზე გამოსახული ნიცშე ერეკლეს ბიძა ეგონათ.

მარიამ ამანათაშვილი: ნიკო რომ დააპატიმრეს, მას შემდეგ ხშირად მოდიოდნენ, ბინაში უკანონო ჩხრეკას ატარებდნენ. როცა გამოუშვეს, მაინც გვამოწმებდნენ, არ უნდოდათ, გამოჰპარვოდათ, სად დაიწყებდა მუშაობას. განსაკუთრებით, შინსახკომის თანამშრომელი სიმონ გაგუა აქტიურობდა. იგი ნიკოს სადევნელად იყო მიმაგრებული. სიკვდილამდე, ცოტა ხნით ადრე ჩემს მეუღლეს საბუთები ამოაცალეს, გაგუამ დაიბარა და საშინლად ლანძღა, უთხრა, არ გაგახარებო. მოგვიანებით ნიკომ საჩივარი დაწერა ცეკაში, ამდენი წელია მდევნის, თავმოყვარეობას მილახავსო. დაიბარეს გაგუა და სასტიკად გააფრთხილეს, მოეშვიო.

მზია სამადაშვილი: არაა გამორიცხული, მოგვიანებით მამის დევნის მიზეზი რევიზორ-ბუღალტრობაც გამხდარიყო. იგი ქრთამს არ იღებდა. ერთხელ კახეთში თხილისა და კაკლის ბიზნესის წარმომადგენლებმა ჩემოდნით დიდი რაოდენობით ქრთამი შეაძლიეს. მან ქრთამი არ აიღო და დარღვევის საქმე პროკურატურას გადასცა. შავი ბიზნესის წარმომადგენლებმა მაინც არ მოისვენეს და ჩემოდანი ამჯერად უკვე ნიკოს უფროსს გადასცეს. ამის შემდეგ მამა მოხსნეს, როგორც უხარისხო რევიზორი. მამა ციხის ბადრაგის სიყვარულით სარგებლობდა. ავად რომ გახდა, გაციების სამკურნალოდ დაფშვნილი შინდის კურკებისგან დამზადებული ფხვნილი მიუტანეს. დაკითხვის დეტალებს არასდროს გვიყვებოდა. პირველი დაჭერის დროს მისი საკნიდან ახალგაზრდა ბიჭი გამოუყვანიათ, რომ დაბრუნებულა, უკვე გაჭაღარავებული ყოფილა. ნიკოს მეგობრებისგან ვიცით, მამა საკნიდან ხშირად გაჰყავდათ, ვითომ უნდა დაეხვრიტათ. ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდნენ მასზე და არ ხვრეტდნენ. მამა ძლიერი პიროვნება იყო და არ ტყდებოდა.

- რატომ მოხდა, რომ დედა რამდენიმე ათეული წლის შემდეგ ნახა?

- 2 წლისას მამა გარდაეცვალა. მაშინ ოჯახით აზერბაიჯანში ცხოვრობდნენ, რადგან ბაბუას სამსახურეობრივად ევალებოდა იქ ყოფნა. ნიკოც იქაურ ქალაქ აგდანში დაიბადა. მამის გარდაცვალების შემდეგ ბებიამ გორიდან ჩააკითხა ნიკოს და ხიდისთავში ჩამოიყვანა, ნიკოს დედა და და კი აზერბაიჯანში დარჩნენ, რადგან ფუძე იქ ჰქონდათ და ვერ მოშალეს. ნიკო ნიჭიერი იყო, როცა მამულში სამუშაოდ გაუშვებდნენ, იგი ხეზე აძვრებოდა და კითხულობდა. 12 წლისამ დაიწყო ლექსების წერა. მთელი მისი იმდროინდელი შემოქმედება განადგურებულია, რადგან თბილისში სასწავლებლად რომ ჩამოდიოდა, ნათესავს მიაბარა ნაწერები. მან კი ცეცხლში დაწვა.

- რატომ ითვლებოდა ხალხურადბინდისფერია სოფელი?“

- ნიკომ ფილოლოგიურზე ჩააბარა, შალვა ნუცუბიძესთან ერთად გავიდა გამოცდაზე, შიმშილით გულწასული დაეცა, სწავლის პარალელურად მოანგარიშედ მუშაობდა, რის გამოც მოგვიანებით გამოცდის ჩაბარება ვერ მოასწრო და მეორე კურსიდან გარიცხეს. ვახუშტი კოტეტიშვილის მამა, ვახტანგი, ნიკოს მასწავლებელი იყო. პირველ ექსპედიციაშიც მან წაიყვანა ქართლში. ნიკომ ხალხური უამრავი ლექსი თუ თქმულება შეკრიბა. მათ შორის, ვახტანგ კოტეტიშვილს საკუთარი ლექსი „ბინდისფერია სოფელი“ გადასცა, ოღონდ მორიდების გამო ხალხურად გამოაცხადა. მოგვიანებით მამა გამოგვიტყდა, რომ ეს ლექსი მისი იყო, მაგრამ სირცხვილის გამო ვეღარ იტყოდა სიმართლეს. გაუგებრობა დღემდე დარჩა. თუმცა. საბედნიეროდ, რეზო ჭეიშვილს სცოდნია სიმართლე და უთქვამს, ვიცოდი, ეს ლექსი რომ ნიკოსი იყოო.

- გალაკტიონიც მოხიბლულა მისი ლირიკით.

- დიახ, გალაკტიონთან მეგობრობდა. გალაკტიონმა მას წარწერაც მიუძღვნა: „დავრწმუნდი მე შენს სიძლიერეში, წინ იერიშით!“ პატარა რომ ვიყავი, რუსთაველზე სეირნობისას შეგვხვდა გალაკტიონი. მაშინ არ ვიცოდი, ვინ იყო ეს წვერიანი კაცი. გალაკტიონი მოგვიახლოვდა, ნიკოს ამ ბუმბერაზი პიროვნების წინაშე ცოტა ალმურმა გადაჰკრა. უცებ გალაკტიონმა ხელი აღაპყრო, ხალხისკენ გაიხედა და დაიძახა, ეს არის დიდი პოეტი საქართველოში, იცნობდეთო. ნიკოს ასეთი რამ ეუხერხულებოდა. მის ლექსებს ვიწრო წრეში აფასებდნენ გალაკტიონი, გერონტი ქიქოძე, ვახტანგ კოტეტიშვილი, პავლე ინგოროყვა, ოფიციოზი კი არ აღიარებდა.

- ერთ-ერთ ლექსში წერდაქრისტემ ბავშვობა აქ გაატარა და ღვთისმშობელი უგვიდა ეზოს.

- იგი რელიგიური იყო, კარგად იცოდა ქრისტიანობა და სხვა სარწმუნოებაც. მიაჩნდა, რომ ადამიანი ყველა აღმსარებლობას უნდა გაეცნოს. ბუდიზმზეც არაერთი წიგნი დაგვიტოვა. ახალგაზრდობაში ლიტანიობას არ აცდენდა. საქართველოში არაერთი ეკლესია მოვლილი ჰქონდა, ლექსში „ატენის სიონს“ წერდა: „წარმართთა ძვლებზე იდგა ტაძარი, ზევით ლეგენდა მიჰქონდა მთიებს, ძირს წმინდა ნინოს ნაფეხურები ჰგავდნენ სისხამზე მოკრეფილ იებს.“

- მის ლექსებში სახეობრივი აზროვნება იგრძნობა.

- იგი სახეებით აზროვნებს. მაგალითად, „შენ ჩემში უსტვენ, ვით საყდრის ჩიტი“ ან კიდევ „წუხელის შენი სიზმარი ვნახე“ ან „მათხოვარი ზის, როგორც ობობა“. ლექსში „უცნაური ხელობა“ მესაფლავის შესახებ საუბრობს:

„და მესაფლავე მახინჯ მხარზე ბარგადებული
სასაფლაოზე პურის ჭამით გაისეირნებს.“

ერთხელ მამამ ლადო გუდიაშვილს ჰკითხა, ლადო, შენ დახატავ მესაფლავესო? ლადომ უპასუხა, ეს ურთულესი სახეა, რასაც მხოლოდ რემბრანდტი დახატავდაო.

- სხვა პოეტების მსგავსად, ისიც ბოჰემურად ცხოვრობდა?

- მას ბოჰემური ცხოვრება ჰქონდა, თუმცა ძალიან უყვარდა თავისი ულამაზესი მეუღლე მარიამი და 3 შვილი. ბორჯომში გაიცნეს ერთმანეთი, მარიამი იქაური იყო და 15 წლის გოგონა 31 წლის ნიკოს გაჰყვა ცოლად.

მარიამი: ერთხელ თბილისში მომღერალი ქალი ლალა ჩორნაია ჩამოვიდა. მას თაყვანისმცემელთა მთელი არმია ელოდა ფაეტონებით, თუმცა ქალებს ნიკოს რაინდული ბუნება ხიბლავდათ და ლალამ ყურადღება მასზე შეაჩერა. ნიკომ ორთაჭალის ბაღებში სამ დღეს აქეიფა, ბრილიანტის საყურეები უყიდა და მოსკოვში გაისტუმრა.

მზია სამადაშვილი: დევნამ, შეურაცხყოფამ მამაზე იმოქმედა და იგი 57 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბელინსკის ქუჩაზე სასიკვდილოდ წაიქცა, მის სანახავად საავადმყოფოში დედა რომ მივიდა, მისი მისვლა გაიგო და მხოლოდ მკერდი აამოძრავა. მთელი ქუჩა მიაცილებდა ნიკოს. მას შემდეგ ოფიციოზს შორის არავინ გამოჩნდა, ვინც მის სახელს პატივს მიაგებდა. საღამოები იმართება, თუმცა ეს ძირითადად ჩვენი ინიციატივითაა. სადაც მამა ცხოვრობდა, მეტრო რუსთაველთან, გაბაშვილის 14-ში, მემორიალური დაფაც არაა გაკრული. არადა, გიგი უგულავა, ზაალ სამადაშვილი შესანიშნავად იცნობენ მის პოეზიას. ჩვენი პრეზიდენტის ბაბუა, მიხეილ წერეთელი, მამას ბავშვობის მეგობარი გახლდათ. ნიკომ დამბლა რომ გადაიტანა, ყოველდღე მოდიოდა და მკურნალობდა, სანამ ფეხზე არ დააყენა.

3.39 77. სამადაშვილი, ქეთევან. ნიკო სამადაშვილის პირაქეთა ცხოვრება და „ქაოსებს მიღმური“ პოეზია

▲ზევით დაბრუნება


// ლექსმცოდნეობა: ყოველწლიური კრებული / შოთა რუსთაველის ქართ. ლიტ. ინ-ტი. - თბილისი, 2021. - № 13, ლექსმცოდნეობის მეცამეტე სამეცნიერო სესია (მასალები): ეძღვნება ნიკო სამადაშვილს. - გვ. 270-286.

რა არის შემოქმედის უპირველესი დანიშნულება, თუ არა ცდა, სააქაოს მღვიმიდან თავის დაღწევისა, პლატონისეული გონითი წვდომის საშუალებით მიღმიერის შეცნობა, რაც, ზოგჯერ ცნობიერის ბორკილების მსხვრევასაც ჰგავს, იმ ჯაჭვის დაწყვეტას, კაცის თვალსაწიერს ჩრდილების, ლანდების, ანარეკლების ტყვედ რომ აქცევს და ეზოს ძაღლივით ხის ჩრდილის მიღმა არ უშვებს.

ყველაზე უკეთ ვის, თუ არა - პოეტს, შეუძლია ხილული სამყაროს მიღმა ვერც ხელით შესახები, ვერც მზერით აღსაქმელი, უჩინარის წვდომა, ზოგჯერ დაბზარული რითმითა და დისჰარმონიული ჟღერადობით შემკობა და ლექსების ტაეპებად გარდაქმნა, მკითხველამდე ჩამოტანა. არ გადავაჭარბებთ, თუკი მგოსნებს პრომეთეს ხვედრის გამზიარებლებად ჩავთვლით - მარადისობას ერწყმის ცეცხლის ალზე ხელმომწვარი მიჯაჭვული ტიტანის მოუშუშებელი ტკივილი, კაცის სააქაო ცხოვრებას კი მუდმივ სენად დაჰყვება ერთხელ თავჩენილი ავადმყოფობა - „ლექსები, ტანზე გამონაყარი“ (სამადაშვილი 2004: 7).

თამაზ ჩხენკელი სტატიაში „კაცი და პოეტი“ წერს: „ნიკო სამადაშვილის უბედურება ის იყო, რომ მისი პოეტური მოწიფულობისა და დადგინების ხანა შესაფერის ლიტერატურულ ატმოსფეროს არ დაემთხვა. გასათვალისწინებელია, აგრეთვე, ის გარემოება, რომ იგი არ გაჰყვა პროფესიული ლიტერატურული ცხოვრების გზას. ამ გზას მან ჩრდილში დარჩენა ამჯობინა, რაც საბედისწერო აღმოჩნდა მისთვის, როგორც პოეტისთვის... იგი სიკვდილამდე რევიზორ-ბუღალტრად მუშაობდა, რათა შეენახა თავისი დიდი ოჯახი“ (სამადაშვილი 2004: 504).

ნ. სამადაშვილის ცხოვრების ყველა მნიშვნელოვანი ეტაპი მისთვის სუბიექტური აღქმის ასახვის საშუალებად, ლირიკულ ლექსად, იქცა. შესაბამისად, პოეზიის კვლევა დაგვეხმარება, მივყვეთ გზას ერთი ბუღალტრის სულიერი ბიოგრაფიის გადასარჩენად.

როდესაც ნიკო სამადაშვილის შემოქმედებას ვეცნობით, გვრჩება შთაბეჭდილება, რომ საკუთარი სამზეო ნებით დათმო. მის ბიოგრაფიაში იდიომა - ჩრდილში დგომა, კარგავს გადატანით და იძენს პირდაპირ მნიშვნელობას: მაშინ, როდესაც ჟურნალ- გაზეთები საზრდოობდა მედროვე მეხოტბეთა შემოქმედებით, ყოველდღიურობა დახუნძლული იყო თითიდან გამოწოვილი დღესასწაულებით, საპირველმაისოდ თბილისის ქუჩები არა ვარდფურცლებით, არამედ ალისფერი ალმებით იფინებოდა - ვერშეცნობილი პოეტი, სანამ საკუთარ, დაუძლურებულ სხეულს სულთმობრძავი დააფენდა დედაქალაქის მტვრიან ტროტუარს, ქალაქური მეჩხერი ტოტების ჩრდილს რუდუნებით აფარებდა და ვერც აფარებდა „ბინდების ჭრიჭინით“ (სამადაშვილი 2004: 7) აწრიალებულ სულს.

ნიკო სამადაშვილის ნისლნარევი პოეზია მიღმიერით სუნთქავს. მისთვის ჩვეულებრივი ამბავია „მსოფლიოს გარეთ გასვლა“ და ირეალურ სამყაროში ხეტიალი. ეს მდგომარეობა თითქმის ყველა ლექსში შეიგრძნობა, მაგრამ ზოგან - ხელშესახებად: „მარადისობის ხილვა,“ „ბეთანია,“ „ფილტვების სიყვითლე,“ „გადმორბენა სამყაროსკენ,“ „მარადისობა და მესაფლავე“ და სხვ. შეიძლება ითქვას, იგი რეალობას მარადისობის გადმოსახედიდან აღიქვამს. ლექს „დაუსაბამობის ხილვაში“ (სამადაშვილი 2004: 43) „ნისლის სვეტებში“ დაკარგული პოეტი „ცადაკარგულში ხშირი ზარების“ ხმას აყურადებს. საგულისხმოა, რომ სწორედ ნისლს აღიქვამს იგი რეალურისა და მიღმიერის წყალგამყოფად:

„ნისლები მოვლენ მთიდან ბუზღუნით,
დაიჩოქებენ და დამწყევლიან.“

(სამადაშვილი 2004: 18)

რეალურსა და ირეალურს შორის, თითქოს, ღამისა და ვარსკვლავების ფარდაა ჩამოფარებული, რასაც გონების თვალით განჭვრეტს შემოქმედი.

ნიკო სამადაშვილთან ბუნებრივად, ძალდაუტანებლად ხდება პირაქეთა სამყაროდან პირიქითაში გადასვლა:

„ის დაიკარგა გველის სისინით,
ის გაიტაცეს ღამე, ჩანჩქრებთან,
სულ უცაბედათ, როცა კისკისით
ნაკადულებთან გვირილებს ჰკრეფდა.“

(სამადაშვილი 2004: 23)

ამ ბუნებრიობის ფონზე უცნაური, მაცდური კითხვაც კი იბადება: იქნებ იგი ირეალურის მკვიდრია და სააქაოს - მხოლოდ სტუმარი? მართლაც, სამადაშვილი მუდამ დინების საწინააღმდეგოდ მიდიოდა: სიჭარმაგის გადასახედიდან გაცილებით იოლად აფასებს ბავშვობას, როცა თანატოლებივით ვერ განიცდიდა ცხოვრების მარტივ ბედნიერებას, რადგან, როგორც ავტობიოგრაფიულ ლექსში ესაუბრება მეს:

„შენ ძუძუს სწოვდი გაშლილ ალუჩებს
და ღვთისმშობელი აკვანს გირწევდა.“

(სამადაშვილი 2004: 7)

წარმართული იერი დაჰყვება სამადაშვილის ღვთისმშობლის სახებას. უდედობოთ დაჩაგრული, კაცად ქცეული ბავშვის სევდა ჩანს ყველა ტაეპში, სადაც იგი დედა მარიამს ახსენებს.

ლექსში „ატენის სიონი“ პოეტი თითქოს შესწრებულს, მოგონებებში გადანახულს იხსენებდეს, წერს:

„ქრისტემ ბავშვობა აქ გაატარა
და ღვთისმშობელი უგვიდა ეზოს.“

(სამადაშვილი 2004: 205)

ყრმობაში დედის სითბოს მოკლებული, დაღარულ ცხოვრებაგავლილი პოეტი ერთ უსათაურო ლექსში მისაკუთრებული, მისეული მარიამის ხატს გვიწერს: მოალერსეს, მგრძნობიარეს, მზრუნველს:

„ღვთისმშობელს ღვიძამს,
აკვნის რწევა ისმის და ისმის...“

(სამადაშვილი 2004: 266)

დედის მარადიულ ღვიძილში შეუძლებელია, ჩვილს რაიმე საფრთხე დაემუქროს:

„აგერ სარკმელში ღამურებმა შემოიხედეს
და ღვთისმშობელმა ყრმას მანდილი გადააფარა.“

(სამადაშვილი 2004: 266) 781

სამადაშვილი მოზრდილ ასაკშიც არ ჰგავდა სხვებს - მიწისაკენ მორჩილად თავდახრილთ, მუდმივად ცდილობდა, თავი დაეძვრინა ყოფითი აუცილებლობებისგან - ოღონდ მიწის ჩიჩქვნას არიდებოდა, ოცნების ასრულება მოიმიზეზა და ქართლის ფერდობებიდან შორს, ქალაქს მიაშურა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა, თუმცა მიზანს ბოლომდე მაინც ვერ მიჰყვა:

„ნუთუ ვერ გრძნობდი, გვერდს მიხვევდა ტიალი აწმყო,
ჩავაფლავებდი უმაღლესში ყოველგვარ სწავლას,“

(სამადაშვილი 2004: 32)

- წერს სინანულით.

თვითგვემა თუ იყო, ტაეპებივით ოკრობოკრო ცხოვრება შესწირა საქმეს, არასოდეს რომ ჰყვარებია, ჯანმრთელობაშერყეული კი ბახუსის ერთგულ მეგობრად დარჩა:

„შმაგი სიცოცხლით, ეს ოხერი, გამოვჩერჩეტდი.
მინდა ლოთობით რომ როგორმე გავისაძლისო“.

(სამადაშვილი 2004: 92)

იგი ბოლომდე ერთგულობდა ღვთაებრივ თრობასაც, მიუხედავად არაერთი თვითდამუნათებისა:

„ლექსების ჯღაბნა წამებათ გექცა,
სჯობდა ვენახის კვალი გებარა,
ვის რათ უნდოდა ეს თვალთმაქცობა,
ნეტავი ქარში გადაგეყარა.“

(სამადაშვილი 2004: 7)

ჩვენი გადასახედიდან, თვალთმაქცობა ბუღალტრული საქმიანობა უფრო იყო - ცხოვრების სცენაზე უტყვი ციფრებით მოლაპარაკე კაცი კულისებში ლოთ პოეტად გარდაისახებოდა, დუქნებში ადამიანებთან ურთიერთობის წყურვილს იკლავდა. ლოთი კაცისა კი რა დაიჯერება, ამიტომ რამდენჯერ იკითხავდნენ ეჭვით: „თუ ეგეთი პოეტია, ლექსებს რატომ არ უბეჭდავენო“ (სამადაშვილი 2004: 500).

თავის მართლებად ღირდა კი ფართო საზოგადოებისათვის გამოუმზეურებელი ტაეპები? ვფიქრობთ, არა. სამადაშვილიც კარგად ხვდებოდა ამას, თუმცა, ალბათ, უფრო გარშემომყოფთათვის თვალის ასახვევად, კიდევაც ეცადა, „მნათობში“ დაებეჭდა ლექსები. უშედეგოდ.

მეგობარ ციალა თოფურიძისადმი მიძღვნილ „სტრიქონების ქარაფში“ პოეტი თავს იმართლებს:

„ნუ დამაყვედრი დაუსტამბავ ლექსების ნაყარს,
ნუ დამაყვედრი.
ხომ იცი, რიდი იყო ჩემი გუდამაყარი.
ალალი ხვედრი.“

(სამადაშვილი 2004: 10)

ცხოვრების სცენაზე რუტინული ყოფა შესანიშნავადაა აღწერილი ლექსში „ჩემი დღე“:

„აი, გათენდა. ეს ოხერი უნდა წამოვდგე,
გარეთ გავიდე, ჩემს ბალღებს ვუშოვნო პური,
უნდა ვიარო, ვიწანწალო, თითქმის მთელი დღე,
სიცოცხლის გზაზე არ დავინდო არც გარეშე,
არც შინაური.“

(სამადაშვილი 2004: 18)

ასეთი დღეები მხოლოდ ხორცს თუ გადაარჩენენ, პოეზიისათვის, უბრალოდ, აღარ რჩება ადგილი. ერთი უსათაურო ლექსი ლოგიკურად აგრძელებს არაღიარებული პოეტისა და ვერშემდგარი ბუღალტრის სათქმელს:

„ეს, ეს
ოხერი ლექსიც წყდება
ხოლმე, აბა რა იქნება
საბუღალტრო ჩოთქის გვერდზე.“

(სამადაშვილი 2004: 12)

„ჩემი დღის“ დასასრულს ვკითხულობთ ცხადზე არანაკლებ მრუმე სიზმარს, უარაფრო დღის ჭიშკარს რომ აღებს:

„აი გათენდა, პირქუშ სიზმრებს გარეთ ვაცილებ
და ლუკმაპურის საშოვნელათ გავდივარ გარეთ.“

(სამადაშვილი 2004: 19)

„ქაოსებს იქით“ კი „მარადისობის ჩუმი უდაბნოა,“ (სამადაშვილი 2004: 247) შემოქმედის მიღმური სამყარო, ჩვეულებრივ მოკვდავთათვის ხელმიუწვდომელი, უცხო.

ლექსში „ფერისცვალება“ პოეტი წერს:
„შენი თვალები ლაჟვარდებს თქამდა,
სადღაც მისდევდა სივრცეთა მზვარეს.
ხან მთის კონცხიდან ოდნავ ხედამდი96
სამყაროს იქით მიმავალ მგზავრებს.“

(სამადაშვილი 2004: 62)

სხვაგან („დაუსაბამობის ხილვა“) აღიარებს:

„მონასტრებს ზევით ვხედავდი შავად
სივრცეში გაკრულ ადამიანებს.“

(სამადაშვილი 2004: 43)

დაუსაბამობა მასთან მარადისობის აზრს იძენს, მიღმურს უკავშირდება. „ქაოსებს იქით“ (სამადაშვილი 2004: 66) ჭვრეტა მხოლოდ გონების თვალითაა შესაძლებელი. პოეტი წუხს: „ქვეყნიერება ჩვენ დაგვიგეს კაკანათივით“ (სამადაშვილი 2004: 70).

მიუხედავად ყველაფრისა, მაინც წერდა, უბრალოდ, არ ეწერა, არ შეეძლო, რადგან „ლექსები ტანში ფართხალებდნენ, ვით ბეღურები“ (სამადაშვილი 2004: 11) - ქალაქის უბარაქო ნამცეცს დახარბებული ამ ჯიუტი, რუხი ჩიტების ფრთადაკრულ ტაეპებს ბედისწერასთან უტყვად თავდახრილი კაცის სიცოცხლის შენარჩუნება ევალათ.

ლექს „აღსარებაში“ პოეტი მიზნისაკენ სწრაფვის უღონობას უჩივის:

„ასე დავძრწივარ ბავშვობის ხნიდან,
ვერ გავიკაფე გზა სინათლისკენ!“

(სამადაშვილი 2004: 18)

დაუძლურებული კაცის ღაღადში, ვფიქრობთ, „ქარაფ ქვესკნელს“ გადაკიდებული დედამიწა მოიაზრება - მზისკენ დაუღალავად რწევადი და მაინც - საკუთარი ღერძის გარშემო მბრუნავი.

სიმბოლურია თოთხმეტმარცვლედით (5/4/5) შესრულებული ლექსის სათაური „დასასრული“ - აჩრდილთა შორის პირქვე დაცემული პოეტისათვის ხსნის გზა, ისევ სინათლეს რომ უკავშირდება, აღარ ჩანს:

„ცოდვის კითხვაა... სივრცეებიც დაკეტილია,
გარედან მთვარის შუქი ადევს, როგორც ურდული.“

(სამადაშვილი 2004: 22)

მზის ქვეშ თუ იწვიან ლანდები, დედამიწის თანამგზავრი პლანეტის ნასესხები სხივებით გათამამებულნი, სივრცეში იბნევიან. უბრალო კაცის ცხოვრება ჩრდილისა და სხივის მონაცვლეობაა, უიღბლო პოეტისა კი - ეჭვებითა და უნდობლობით სავსე, ლხენა-წუხილით გაზავებული „უმთენარო ღამეთა“ ჯაჭვი. გასაქცევი არსაითაა, უფლის ძის სიახლოვეც კი შვების ნაცვლად მარადიული გოლგოთის შეხსენებაა მხოლოდ, რადგან ღმერთის რწმენა განელებულია, ბედნიერება - სათუო და შიშისმომგვრელი:

„რაღაც სიცილი, უნახავი შიში დამჩემდა,
ქრისტეს ჯვარივით ჩემ ლექსებზედ გადაზნექილი.“

(სამადაშვილი 2004: 22)

სამადაშვილთან უფლის რწმენაც თავისებურადაა გააზრებული. ლექსებში არაერთგზის ვხვდებით დრო-ჟამში ქრისტეს იქით მყოფთ, სამოთხის კარდახშობილი სულების ბორგვას. მიღმიერიდან გამოიხმობს პოეტი ცოდვილთა სულებს და, თითქოს, მათ ნაცვლად ითხოვს შენდობას... ლექსში „დაუსაბამობის ხილვა“ ცდილობს, მკითხველიც საზარელი სანახაობის თანამონაწილედ აქციოს:

„ნისლის სვეტები იდგნენ გარშემო,
ნისლებს შუადღეც ვერ ათენებდა. [...]
გამომცქეროდნენ მკვდრები ჯგუფ-ჯგუფად,
გრიგალის შუქი ეფინათ ირგვლივ“.

(სამადაშვილი 2004: 264)

არაამქვეყნიური, მიღმიერი სამყარო ცოცხლდება ლექსში „ხელის გაშვერა მტკვართან“ (სამადაშვილი 2004: 94). პოეტი „სივრცის იქით“ ჭვრეტს წყლის რიჟრაჟებს, ნამქერებს, კვალდაკარგული მთების ჯოგს... ეს ხილვა აპოკალიფსურია. იგი „ფერშეცვლილი გზებით“ მიდის და სიცოცხლისაკენ უჭირავს თვალი:

„სამყარო არის - ფრთხილად ვფიქრობდი,
სამყარო არის! დანამდვილებით.“

(სამადაშვილი 2004: 124)

პოეტს გამუდმებით ჩაესმის „იდუმალი ზარების“ რეკა (სამადაშვილი 2004: 149) ამ ფონზე დგას კაცი-ფასკუნჯი. „პლანეტებს გაღმა“ (სამადაშვილი 2004: 124) უძვირფასეს აღმზრდელსა და მეგობარს, ერეკლე ტატიშვილს, ლაჟვარდების გუგუნში აღიქვამს, სად „ბუდას მეკვლეს მზვარა მოჰყავდა უკუნეთიდან“ (სამადაშვილი 2004: 126).

ნიკო სამადაშვილი მიღმურ სამყაროს უკავშირებს წარმართობას. არაერთ ლექსში ახსენებს არმაზის კერპს:

„არმაზის კერპმა სვეტიცხოვლის კარი შეაღო
და ღვთისმშობელმა აიტაცა ხელებში შვილი.“

(სამადაშვილი 2004: 176)

იქ, მიღმიერში „სიცივეა, ჭირხლი, ბურუსი,“ (სამადაშვილი 2004: 130) ენით აუწერელი საშინელება ტრიალებს:

„გაღმით უკუღმა ეგდო ქვესკნელი
და შიგ სისინი გაჰქონდათ გველებს.“

(სამადაშვილი 2004: 130)

„სამყაროს მიღმა ქარი მძვინვარებს,“ (სამადაშვილი 2004: 146) არმაზის კერპი კი კოდმანის კლდეზე ცეკვავს.

„სულისშემძვრელია ხილვა:
ძროხა იბღავლებს სასაკლაოზე,
ყასაბს დასწყევლის და შეაჩვენებს.“

(სამადაშვილი 2004: 146)

ერთ უსათაურო ლექსში - „მზე ჩადიოდა მაღალ მთებს იქით“ (სამადაშვილი 2004: 164) პოეტი ამორძალებს ხედავს, წისქვილის რუსთან რომ აუნთიათ კვარი.

შესამჩნევია, წარმართთა ჟამში მოგზაურობისას პოეტი მუდამ ქარის კიბის საფეხურებს მიჰყვება, ხილვებში კერპთაყვანისმცემელთა არსაით აწვდილ ხელებს კი მუდამ ქარაშოტი დაჰზუზუნებს. მკითხველსაც გარკვევით ჩაესმის სულების ამაფორიაქებელი სტიქიის შფოთვა-გოდება. ლექს „ბაგინეთში“ (სამადაშვილი 2004: 268) ქარი წინარექრისტიანული ძეგლის წინ მორჩილად იყრის მუხლს, სისხლისმღვრელი ომისკენ მოუწოდებს გონებადაბინდულთ:

„არმაზის კერპთან ქარბუქი პირქვე დაცემული...
ქანდაკებათა აპყრობილი მკლავების ტევრი.
წარმართთა დრტვინვა, თან შუბებზე სტვენა ქარბუქის.“

ლექსში „ჩემი პორტრეტი“ პოეტი თითოეული წვრილმანის გათვალისწინებით გვიხატავს მოძმეთაგან გარიყულ, ამქვეყნიურ ნათელს მოკლებულ ადამიან-ქვაბულს, რომელიც იტევს თავისი მყოფობის არა, ვთქვათ, 50 ან 60 წელიწადს, არამედ ათასწლეულებს, ყურს უხშობს უძველესი და მარადახალი სისხლის ნაკადების სიჩქეფე:

„სადღაც კიაფობს მთვარის ბულული -
შუქი დამეძებს, უნდა, რომ სწუხდეს,
თითქოს მე ვიყვე გამოქვაბული
და ჩემ ქვეშ სისხლის მდინარე ჰქუხდეს.“

(სამადაშვილი 2004: 223)

ტაეპები შუქჩამდგარი ბილიკებით თუ უპერსპექტივო ცხოვრებიდან სინათლისაკენ გზასავალია, სამადაშვილის შემოქმედებაში არანაკლები დატვირთვა აქვს ჰაერის სტიქიასაც - ბობოქარი ძალა მოვარდება, რათა საკუთარი თავისგან იხსნას ლირიკული პერსონაჟი, რომელშიც, ძირითადად, ავტორი მოიაზრება:

„უცბად იკივლეს გრიგალებმა და დაიკარგნენ,
ასე მგონია, მსოფლიოში მე დავითენთე,
და ქართველები ჩემ ლექსების წალკოტში ჩადგნენ“.

(სამადაშვილი 2004: 24)

ერთ ლექსში პოეტი საკუთარი სხეულის მარტოკაც ჭირისუფლად ქცეულა, განიცდის გამქრალ განთიადებს, ნაადრევ შემოღამებას... სამგლოვიარო პროცესიას მხოლოდ ქარები მიჰყვებიან:

„ხან გრიგალები მართმევდნენ ცხედარს,
ყრუ აღმართები ყალყზე დგებოდნენ
მუხლი მწყდებოდა ქარების მხედარს,
სადღაც ღვთისმშობელს ვეცოდებოდი.“

(სამადაშვილი 2004: 26)

ყ-ღ-ხ ბგერათა ალიტერაციით შთამბეჭდავადაა გადმოცემული ქართა ღმუილი. პოეტი გარდაცვალებას ქვეყნიერების აღსასრულთან აიგივებს და აპოკალიფსურ ხილვას რითმავს: ზურგში გრიგალთა ცემა-წიოკი, წინ კი შეუსმენელ აღმართთა ბარიერები, გაუსაძლისი მდუმარება - ისეთი, რომელიც შეუძლებელია, ახასიათებდეს სააქაოს. დაბინდულ სურათში იჭრება სინათლე - დედა-ღვთისმშობელი, როგორც შვება და გზა ხსნისა. მიუხედავად ამისა, დასასრული ისევ უიმედოა:

„ღამეს დავცილდი - ტიალ უკუნეთს
და განთიადებს ვერ დავეწიე.“

(სამადაშვილი 2004: 26)

თითქმის ყველა ლექსში მხოლოდ სვლაა, გავაკების მცდელობა და არასდროს - გადალახული აღმართები. გვეჩვენება, რომ პოეტისათვის სულიერი წამება ხორციელი გვემის თანმდევი და განუყოფელი ნაწილია.

ლექსი „შიმშილი“ თოთხმეტმარცვლიანია, 5/4/5 მეტრული სიდიდეების მონაცვლეობით. გამონაკლისს წარმოადგენს პირველი ტაეპი 3/6/5 მეტრული სიდიდეების მონაცვლეობით: „გათენდა, ქარმა გადასწია ღამის ფარდები“ (სამადაშვილი 2004: 27) - ავტორი სამმარცვლიანი მუხლით მიჯნავს დილას, როგორც შესაძლებლობას, ქარების თანამეინახეობით შეცვალოს დღე.

შემდეგ ტაეპებში ზღაპრის უხეირო პერსონაჟი, ნაბოლარა ძე გვიდგება თვალწინ, ყველასაგან დამუნათებული და მიტოვებული:

„არავინ მოდის, ყველამ პირი მიბრუნა, ძმაო,
სულ აღარავის არ უნდივარ, არც მიკარებენ.“

(სამადაშვილი 2004: 28)

აქ კიდევ ერთი სტიქია, წყალი ჩნდება, ჰაერში დაგროვილ შესქელებულ ორთქლად სახეცვლილი, ვითომ მეგობრობს გზაზე დამდგარ ლირიკულ პერსონაჟთან, სინამდვილეში - სასიკეთოს არაფერს უქადის:

„სულ ღრუბლების ქვეშ მივდიოდი დაღონებული,
ავდრების თავსხმამ ამიტაცა და შემიყვარა.“

(სამადაშვილი 2004: 27)

ზღაპარში უმცროს შვილად გაჩენილის ხვედრი გაუკაფავი გზით სიარულია, დასასრულს - გარდაუვალი დაღუპვა-ხელახლა შობით, რაც განაღმრთობს კიდეც მას. სანამ გაინაპირებდეს, ბედის ანაბარად დაგდებულმა, არაერთი ზებუნებრივი, უჩვეულო განსაცდელი უნდა გადალახოს. ბევრი მათგანის გამო კიდევაც ჩივის, უკან იხევს:

„წყეული იყავ, შე ოხერო მარადისობავ...
შენს გზებზე უშნო ხეტიალით რო დამაოსე.“

(სამადაშვილი 2004: 27)

უკანასკნელ ტაეპებში კარგად ჩანს, როგორ ებრძვის ნ. სამადაშვილი საკუთარ თავში პოეტს - გამორჩეულობას, სააქაოში უკანასკნელ კაცად ყოფნის აუტანლობასა და საიქიოში - გარდაუვალი მუდმივობის სევდას. ბუნებრივია, ყველგან უცხოა: „სასაფლაოზეც მიმიხურეს მკვდრებმა კარები“ (სამადაშვილი 2004: 28) - მიწა უარს ამბობს, მიიღოს ცხედარი კაცისა, ირეალურს რომ ძმობდა. ლეშისმჭამელი ფრინველის ნაცვლად, ჯადოსნური ზღაპრის რჩეული პერსონაჟის სხეულს, ქარი ეტანება - ისეთსავე ხელშეუხებელს ხდის, როგორიც თვითონაა, სხვაგვარად ხომ შეუძლებელია პარალელურ, სულთა სამყაროში გარდასახვა: „მთელი გულღვიძლი ქარიშხლებმა ამომიძოვეს“ (სამადაშვილი 2004: 28). ნ. სამადაშვილი ღ-ძ ბგერების ალიტერაციით შიგნეულის ლპობასთან აიგივებს მგზავრის სულიერ შიმშილს და კიდევ ერთხელ გვახსენებს, რა ბედი ელის ადამიანად დაბადებულს - უხილავის შეცნობის მსურველს.

მაგრამ პოეტი არ უფრთხის „მარადისობის ყრუ მესაფლავეს,“ (სამადაშვილი 2004: 175), შორეულ ვარსკვლავზე რომ დააბიჯებს ბარით ხელში. იგი, თითქოს, დედამიწაზე შემთხვევით შემოხეტებული, „ბინდის ძახილს“ (სამადაშვილი 2004: 82) მიჰყვება და მსოფლიოს გარეთ გასული წუხს, რომ „წარმავალობა ანიავებდა მარადისობის ყვითელ ბულულებს“ (სამადაშვილი 2004: 43), რომ ნაქარალ ხეებს უჭირთ სულის მოთქმა, ფერზე მოსვლა:

„ასეა, ასე, როცა ქარი ჩადგება ხოლმე,
დარწეულ ხეებს ფერი დიდხანს არ ემატებათ.“

(სამადაშვილი 2004: 189)

„მარადისობის ჩუმი უდაბნო“ (სამადაშვილი 2004: 64) „ძანძახი“ ცხოვრების მუდმივი თანმდევი და თავშესაფარია. ზეშთაგონებასაც მის წიაღში ელოდება:

„ნისლეთი იყო იმის ქარაგმა
და დედა მიწა კი მთვარეული!“

(სამადაშვილი 2004: 173)

ცნობიერი სამყარო ქარის სიმღერითა და ცაცხვების სურნელებითაა გაჯერებული.

ერთ უსათაურო ლექსში ავტორი მოსწრებულად ადარებს პოეტს ქვეწარმავალს - თუ ხვლიკი მოქნილი სხეულით გაძვრომა-გამოძვრომაშია დახელოვნებული, შეუსისხლხორცდება ნებისმიერ ფერს, ქვასა თუ ბალახს, პოეტი სიტყვათქმნადობის დიდოსტატია და არანაკლებ მარტივად შეუძლია, დროების ფეხის აყოლა, თუკი მოინდომებს. ნიკო სამადაშვილის პოეზია სხარტალა, მოუხელთებელია, ხვლიკის კანივით იცვლის სიჭრელეს, არაერთგზის „კუდმოწყვეტილი“ აღდგენა-განმეორებადობით ხასიათდება:

„იყავი ცივი და უმადური,
და დაძვრებოდი ყველგან ხვლიკივით.
ზურგით დაგქონდა შენ პოეზია,
დაატარებდი კარიდან კარზე.“

(სამადაშვილი 2004: 28)

ამავე ლექსის შესავალში ისევ ვხვდებით ქარს, როგორც გამოფხიზლებას: „ქარები სპობდნენ მისავალ ბილიკს“ - მოკვდავის მიერ სწორ გზად მიჩნეული, ხშირად არასწორი აღმოჩნდება ხოლმე, სტიქიის გადმოსახედი უფრო ზუსტი და ჭეშმარიტია, მით უფრო მაშინ, როდესაც ზებუნებრივ ძალებთან კავშირში მყოფ კაც-პოეტს უბიძგებს არჩევანისკენ.

ათმარცვლიან (5/5) „კამარების შეჭმუხვნაში“ ავტორი ლირიკულ პერსონაჟს გარდასახვისკენ მოუწოდებს:

„კმარა, შესდექი, მოეშვი წერას!..
ხმაც შეიცვალე, სახის იერიც,
რა მიქარვაა ეს ბედისწერა,
იქნები ვირი, თუ მეცნიერი?!“

(სამადაშვილი 2004: 30)

ნ. სამადაშვილის შემოქმედებაში ძნელად თუ დაიძებნება ლექსი, რომელშიც არ ჩანდეს ბრძოლა ამქვეყნიურ მისიასთან - წეროს. ყველგან აქილიკებს და დასცინის საკუთარ თავს, არაღიარებულ პოეტობასა და შეუმდგარ ბუღალტრობას. გარშემომყოფთათვის უჩინარ ხილვებს ხშირად თავადაც ეჭვის ქვეშ აყენებს, ადამიანებისაგან ვერშეცნობილ, გარითმულ სიტყვებს კი ქარწასაღებად იმეტებს:

„რა ჭირათ უნდათ ლექსის ბაჯაღლო,
ან მღვიმეების სანთლების მწუხრი,
რა კარგს ჩაიდენ, თუ შენს ნაჯღაბნებს
მშიერ ქარბუქებს გზათ გადაუყრი.“

(სამადაშვილი 2004: 30)

ერთხელ არასწორად გადადგმული ნაბიჯის ხელახალი აღიარებაა გარდაცვალებამდე ორი წლით ადრე, 5/4/5 მეტრული სიდიდეების მონაცვლეობით შექმნილი ლექსი „აი, დედასა...“ ავტორი ისევ საყვედურობს და უხეშად მიმართავს საკუთარ თავს თბილისში ჩარჩენის გამო - „ნეტავ სოფელში ვგდებულიყავ“ (სამადაშვილი 2004: 32), იქვე კი იმ მომავალს აღწერს, რომელიც არასოდეს დამდგარა. მკითხველის თვალწინ მშვიდი ყოფა იშლება, უპრობლემო, უპრეტენზიო:

„მე გუთნის დედა ვიქნებოდი, შენ კი მებაღე,
ვახშმობის შემდეგ თითისტარზე ძაფს დაართავდი,
და ადუღებულ რძეს მოხდიდი ტუჩსისქე ნაღებს.“

(სამადაშვილი 2004: 32)

პოეტის მიერ წარმოსახული სურათი იმდენად იდილიურია, რომ იგი მხოლოდ თავის დასამშვიდებლად თუ გამოდგება - ორმაგი ნიღბის მატარებელ კაცს ძალიან გაუჭირდებოდა მამლების ყივილითა და მოზვრების ზმუილით გაჯერებულ ერთფეროვან სრულყოფილებასთან შეგუება, სულიერისა და ფიზიკურის ჰარმონია კი მხოლოდ განსაცდელების გადალახვის შემდეგ მიიღწევა. ხორცის სიმაძღრე სულაც არ ნიშნავს სულის სიმშვიდეს, მით უფრო მაშინ, როდესაც კაცი პოეტია, სამყაროს მესამე თვალით უყურებს და მეექვსე გრძნობით აღიქვამს.

მოახლოებული სიკვდილის წინათგრძნობა თუა 1961 წელსვე შექმნილი ლექსი „სამხარზე.“ პირველ ორ ტაეპში ავტორი ყურადღებას კვლავ პიროვნულ არარაობაზე ამახვილებს:

„მთვრალ საუკუნის ნახევარზე მეტი გავიდა,
რაც დაყიალებ ჩემო ძმაო ამ ქვეყანაზე.“

(სამადაშვილი 2004: 33)

ჩნდება კითხვა, ვის უმიზნო ხეტიალზეა საუბარი - ბუღალტერი თუ პოეტი ნიკო სამადაშვილის? პასუხიც აქვეა:

„ყარიბი იყავ, პოეზიამ დაგღუპა კიდეც,
რა ძალა გადგა, რას ჯღაბნიდი, რას ლუღლუღებდი...“

(სამადაშვილი 2004: 33)

სამშობლოში უცხოობაში მყოფი, საძმოში უთვისტომო კაცი, გაუცნობიერებლად ბრბოში ეძებდა საყრდენს, ბრბოს კი ერთი განსაკუთრებული თვისება აქვს - ჯვარცმისგან ყოველთვის ბარაბას იხსნის:

„თავქვას ახლიდი, შენ გეგონა ბრბო შეგივრდომებს...
შენ რომ დარდობდი, ამ შენს ლექსზე ხალხი ღრეობდა.“

(სამადაშვილი 2004: 33) 792

ცხოვრებაში მუდმივი სულიერი ჯვარცმის ტრაგიკული განცდა თუა შემდეგი სიტყვები:

„კაცი, რომელიც იბადება ლექსათ ამღერდეს,
ის აკვანშივე უსათუოდ მოსაკლავია.“

(სამადაშვილი 2004: 33)

სხვაგან დასაკლავი ხბოსავით შებღავის დედას პოეტი და მკითხველი ხვდება, რაოდენ უმისამართოა მისი ძახილი:

„აქ შეგეწირე, ნეტავი, დედა,
თავი დამედო და დაგეკალი.“

(სამადაშვილი 2004: 47)

ერთ უსათაურო ლექსში, სამადაშვილი გვიყვება ვიღაც მესამის ამბავს ცივად, დაწვრილებით. მკითხველი კი რამდენიმე სტროფის მეშვეობით დეტალურად ეცნობა „შავბნელი დღეებით“ ნაგები პოეტის ბიოგრაფიას.

ის, მესამე, მთელი ცხოვრება სითბოს მოლოდინით შარას გაჰყურებდა: „ემდურებოდა გამჩენს, ხან დედას...“ მის გარშემო კი მუდმივად „...ნისლივით იდგა უმეგობრობა“ (სამადაშვილი 2004: 267).

ბოლოს, როდესაც „დაოსდა გზაზე უძილო ცქერით, იფიქრა: „იქნებ ციდან მოვიდეს...

...და მარტომ, დიდხანს უმზირა ზეცას...“ (სამადაშვილი 2004: 267) აქედან დაიწყო დაუსაბამოსა და მიღმიერის წვდომის მცდელობა, გაცილებით რთული, ვიდრე ცხოვრების სცენაზე ბუღალტრის ნიღბით იძულებითი თამაში.

ისევე, როგორც მიწაზე, უსასრულო და მარადიულ სივრცეშიც „იდგა: სიჩუმე, ქაოსთა გროვა“ (სამადაშვილი 2004: 267). მიღმიერების ხილვას, სადაც არც დროა, არც სივრცე, გამქრალია წარსულის, აწმყოსა და მომავლის შეგრძნება, შემდეგნაირად აღგვიწერს პოეტი:

„წინ ფერწაშლილი სიცალიერე,
ზედ დადებული ქვესკნელის ხიდი.“

(სამადაშვილი 2004: 267)

მარადისობის თვალსაწიერიდან უკეთ ჩანს იგი - ლაჟვარდებში მუხლის ჩოქით გადაპარული მიღმური, არამიწიერი სამყაროს მესაიდუმლე:

„ის მიდიოდა ფერშეცვლილ გზებით,
უკან ბჟუტავდა ქოხი და კვარი:
წინ მიიწევდა გული - მგზნებარე,
თან სიცოცხლეზედ რჩებოდა თვალი.“

(სამადაშვილი 2004: 101)

პოეტად დაბადებული კაცის მოვალეობა სიტყვათქმნადობის მსახურებაა, ადამიანის ძირითადი მიზანი კი - მონანიებით ღმერთთან მიახლოება - ნიკო სამადაშვილის შემოქმედება თავიდან ბოლომდე თვითგვემა და სინანულია, „უმთენარო ღამეებით“ დაჭირხლული.

რითმებად დანაწევრებული ცხოვრების ტრაგიზმს საუკუნეთა სიღრმიდან ამონაშუქი, ალმაცერი სხივცეცხლი, ან, იქნებ, უფლის უკრთობი შარავანდი დაჰყვება, მხოლოდ თვალჩუბინთათვის შესამჩნევი:

„ქრისტეს ნათელი დაბარბაცებდა
გაუთენარი გზების ბოლომდე.“

(სამადაშვილი 2004: 205)

- გვანდობს პოეტი - ნიკო სამადაშვილის პირაქეთა ცხოვრების თანადროულობასთან შეუსაბამობისა და გარესამყაროსთან აცდენის თანაფარდობაც „ქაოსებს მიღმური“ პოეზიის იდუმალებაში უნდა ვეძიოთ.

__________________

96. სწორია: ხან მთის კონცხიდან ოდნავ ხედავდი

3.40 78. სარია, ზეინაბ. ერთი ლექსის ანალიზი (ნ. სამადაშვილის „ჩემს ორეულს, ბუღალტერ ნიკო სამადაშვილს პოეტ ნიკო სამადაშვილისაგან (თუ პირიქით)“ პოეზიაში

▲ზევით დაბრუნება


// ლექსმცოდნეობა: ყოველწლიური კრებული / შოთა რუსთაველის ქართ. ლიტ. ინ-ტი. - თბილისი, 2021. - № 13, ლექსმცოდნეობის მეცამეტე სამეცნიერო სესია (მასალები): ეძღვნება ნიკო სამადაშვილს. - გვ. 147-152.

იმ ავადსახსენებელ კომუნისტურ რეჟიმს შეუგუებელი პოეტი ერთ ლექსში ასე გვეკითხება: „გინახავთ კაცი, საუკუნეს ხმითაც არ ჰგავდეს? („გათხრები“)“. თავის საუკუნეს რომ არაფრით არ ჰგავდა, ისეთი პოეტი ნიკო სამადაშვილი, როგორც ცნობილია, ორჯერ ჰყავდა ხელისუფლებას დაპატიმრებული: პირველად 1943 წლის 12 იანვარს და ციხეში იყო მეორე მსოფლიო ომის დამთავრებამდე; მეორე - 1947 წელს. თითქმის მთელი წელიწადი პატიმრობაში გაატარა. მას ანტისაბჭოთა აგიტაციას სდებდნენ ბრალად. სულ ტყუილად გვგონია, რომ 1937 წლის რეპრესიებზე ნაკლები იყო არაადამიანობით 40-იანი წლების საბჭოთა უმსგავსობანი.

ცხოვრობდა, როგორც ბუღალტერი, ეს იყო მისი გარეთა სახე. ამ საფარველქვეშ ის მალავდა პოეტ ნიკო სამადაშვილს, შინაგან ემიგრაციაში გადახვეწილს, რომელიც წერდა საყურადღებო ლექსებს, მაგრამ სიცოცხლეში არსად არ იბეჭდებოდა.

ჩემი ნაშრომი არის მოკრძალებული ცდა, მისი უმთავრესი ლექსი, ავტორის სავიზიტო ბარათად რომ გამოდგება, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში წავიკითხო და გავიგო, რას გვეუბნება ეს ტექსტი ავტორზე, ეპოქაზე...

ყველაზე გამართლებული გზა არის ვეძიოთ კითხვის სტრატეგია თავად ტექსტში.

ტექსტის გაგების რომელი სტრატეგია უნდა ავირჩიოთ, რომ უკეთ შეგვიძღვეს ამ ლექსის სამყაროში? ხომ სიმართლეა, რომ „მხატვრული ტექსტი მოიცავს აზრთა უსასრულო სიღრმესა და ინტერპრეტაციის ამოუწურავ შესაძლებლობებს, რაც მისი წაკითხვისა და კვლევის უამრავ ხერხს ბადებს“ (ტალიაშვილი 2010: 119). ჰერმენევტიკული დაკვირვების საფუძველზე შეიძლება ტექსტმა გვითხრას, რას გამოხატავს და აღძრას ჩვენში ემპათია, აღმოგვაჩენინოს იმ ეპოქისთვის დამახასიათებელი ნიშნები, როცა იქმნებოდა ტექსტი. ამისათვის საჭიროა დავუკვირდეთ ტექსტის აზრობრივ ქსოვილს. ... და აქვე გაგვახსენდება, რომ ლექსის ინტერპრეტაცია უნდა ითვალისწინებდეს ავტორის მიერ სამყაროსა და საკუთარი თავის გააზრების ურთიერთდამოკიდებულებას. საუბრის დასაწყისში ჩვენ მიერ მოხმობილი ტაეპი ამ თვალსაზრისით კარგ მინიშნებას გვაძლევს („გინახავთ კაცი, საუკუნეს ხმითაც არ ჰგავდეს?“).

საანალიზო ლექსს ასეთი დამაფიქრებელი სათაური აქვს: „ჩემს ორეულს, ბუღალტერ ნიკო სამადაშვილს პოეტ ნიკო სამადაშვილისაგან (თუ პირიქით)“.

ვინ არის ორეული? უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი ასე განმარტავს: „სავსებით სხვისი მსგავსი ადამიანი“, ე.ი. სრულიად სხვა, ვინც ვინმეს ზედმიწევნით ჰგავს გარეგნულად. პოეტი ცხოვრობდა, როგორც საკუთარი თავის ორეული. მან სამუდამოდ გადამალა ხელისუფლების იქედნეს მზერიდან შემოქმედი და უჩვენა მათ ბუღალტერი, მოანგარიშე, ე.ი. იმის საპირისპირო, რაც სინამდვილეში იყო.

და აი, როგორ გვიკარნახა სათაურმა კითხვის სტრატეგია: უნდა ვიმოძრაოთ ბუღალტრის გარე საფარველიდან პოეტის სიღრმისაკენ და პოეტის შინასკნელიდან აქეთ, ბუღალტრის ზედაპირისაკენ.

ნაწარმოები იწყება ასე: „შენ ჩემში უსტვენ“. დავაკვირდეთ სიტყვებს „ჩემში“ და „შენ“. ვინ ვის მიმართავს?

ლექსების ჯღაბნა წამებად გექცაო, რომ ამბობს, ესე იგი, მიმართვის ობიექტია პოეტი ნიკო სამადაშვილი. ბუღალტერი მიმართავს პოეტს. მაგრამ... ლექსების ჯღაბნა წამებად გექცაო, რომ ამბობს, რატომ არ შეიძლება, რომ მიმართვის ობიექტი ბუღალტერი ნიკო სამადაშვილი იყოს და, პირიქით, პოეტი მიმართავდეს ბუღალტერს?

განვიხილოთ პირველი ვერსია: ბუღალტრის ხორციელ გარსში ჩასაიდუმლოებულ პოეტს შეიძლებოდა ლექსი წამებად ქცეოდა, როგორც დასამალი რაობა. ლექსი, რომელიც სოციალისტურ რეალიზმს ვერ შეუთავსდებოდა, მისთვის სახიფათო იქნებოდა, ნიკო სამადაშვილს კი არც პათოსი ახასიათებდა სოციალისტურ-ბოლშევიკურ-კომუნისტური და არც განწყობილება, პარტიის შემოთავაზებული მეთოდით დაენახა სამყარო. ესე იგი, ლექსი უკვე იყო მისთვის განსაცდელი.

დავუკვირდეთ მეორე ვერსიას: ბუღალტერ-მოანგარიშეს, პრაგმატისტული მსოფლხედვის კაცს, თხემით ტერფამდე ყოფითი რეალობის შვილს სწორედ რომ წამებად ექცეოდა „ლექსების ჯღაბნა“, რადგან მათგან ვერავითარ მატერიალურ სარგებელს ვერ მიიღებდა. იმ წერტილიდანაც იკითხება ნაწარმოები და ამ წერტილიდანაც. ამგვარი ორგემაგობა თვით სათაურშია მინიშნებული („ჩემს ორეულს, ბუღალტერ ნიკო სამადაშვილს პოეტ ნიკო სამადაშვილისაგან (თუ პირიქით)“.

პოეტი, რომელიც ვერ დაბეჭდავდა თავის ლექსებს, ცხადია, გაუცხოებული იქნებოდა თანამედროვე საზოგადოებისაგან. ცნობილი ფაქტია, რომ ხელნაწერებში კითხულობდნენ მის ლექსებს გალაკტიონი, ტერენტი გრანელი, გერონტი ქიქოძე, ვახტანგ კოტეტიშვილი, პავლე ინგოროყვა, ერეკლე ტატიშვილი... კითხულობდნენ და ურჩევდნენ, რომ არ დაებეჭდა ისინი. გამოდის, არის ვიწრო წრე მეგობრებისა, სადაც ესმით მისი. საზოგადოება კი არც იცნობს მას, როგორც პოეტს. პოეტი ნიკო სამადაშვილი სათავისო სოციუმში კი არა, ბუღალტერ ნიკო სამადაშვილის წიაღში ცხოვრობს:

„შენ ჩემში უსტვენ, ვით საყდრის ჩიტი“. ეგ საყდრის ჩიტი პოეტ ნიკო სამადაშვილისთვის სიკეთის სიმბოლოა, სანუგეშო რწმენაა: „შენა ხარ ჩემი ნუგეშის დარი“. როდესაც ეს სტვენა გაიგონა, ანუ როდესაც პოეტი ჩამოყალიბდა მოანგარიშის არსებაში, „გარეთ ძაღლივით ყმუოდა ქარი“. ძაღლივით აყმუვლებული ქარი უდროობის დროზე მიგვანიშნებს, განწირულების განცდა შემოაქვს ლექსში.

„ვერ გიპატრონე მე ლაზღანდარამ“, - პოეტი ეუბნება ბუღალტერს თუ პირიქით? ორი სხვადასხვა რაკურსიდან შეიძლება ამ ტაეპის წაკითხვაც. ბუღალტერს შეეძლო ლაზღანდარა ეწოდებინა საკუთარი თავისათვის და იმავე ეპითეტით პოეტსაც შეეძლო შეემკო საკუთარი თავი. ბუღალტერ-რევიზორის რაკურსით პოეტი სწორედ ლაზღანდარა - ე.ი. ულაზათო ოხუნჯი - გამოჩნდებოდა, ხოლო პოეტსაც შეეძლო ლაზღანდარა ეწოდებინა თავისათვის, რადგანაც ვერაფრით უერთგულებდა რევიზორ-ბუღალტრის ცნობიერებას, ვერ იანგარიშებდა შესანახად განკუთვნილ თანხას და ვერ იქნებოდა ყაირათიანი მხარჯველი. ე.ი. საანგარიშომომარჯვებული ადამიანისათვის ის სწორედ ლაზღანდარად ჩაითვლებოდა. დროება რომ რთული იყო, ამას შემდეგი ორი პწკარიც გვამცნობს:

„ზეცა სივრცეებს აზანზარებდა
და მზე ყვიროდა ქვეყნის ბოლოდან.“

მზე - აბსოლუტური სინათლისა და სიკეთის გამომხატველი სუბსტანცია - შეჭირვებულ ვითარებაშია, ისიც კლანჭებშია, ყვირის... „სულ მუდამ ტოტს გცემდა ქარი“ ათვალსაჩინოებს ერთ-ერთი თუ ორივე ნიკო სამადაშვილის ავ ბედისწერას:

„ავადმყოფობა ეგონათ, ბიჭო,
ლექსები, ტანზე გამონაყარი“.

აქ ექსპრესიულად გამოიხატა საზოგადოებასთან გაუცხოება, მისი ვერგაგება. ე.ი., გარეთ საბედისწერო ამინდია, ბუღალტრის წიაღში პოეტი ინიღბება. ის სათავისო სოციუმში კი არა, რევიზორის შიგნით ცხოვრობს, როგორც საკუთარ საიდუმლოსთან. ავტორმა გამოიარა განსაცდელი, რომელიც თავის გამოცდილებად უქცევია. აყვირებული მზე ტრაგიზმის განცდას ქმნის, მზე უკეთურების მარწუხებშია.

„შენ ძუძუს სწოვდი გაშლილ ალუჩებს“ - მთელი სამყაროს მშვენიერებიდან იქმნებოდა მისი პოეტური ნატურა.

„და ღვთისმშობელი აკვანს გირწევდა“ - ერთდროულად უჩვეულო ბედზეც მიგვანიშნებს და იმაზეც გვაფიქრებს, რომ ღვთისმშობელი არამიწიერი ყრმისთვის ღვთაებრივ შარავანდედს მოკლებული, ჩვეულებრივი მიწიერი ქალია. აქ, ვფიქრობ, შეიძლება საუბარი იმაზე, რომ გაკრთა პოეტის პროვიდენციალისტური ხედვა. პროვიდენციალიზმი მოვლენებს ხსნის არა მათი შინაგანი კანონზომიერებით, არამედ განგების ძალით; გვაფიქრებინებს, რომ პოეტის ამქვეყნად მოვლინებას აქვს ღვთიური წინასწარხედვით გამართლებული მიზანი. შემოქმედის არსებობაში ღვთიური ჩანაფიქრის ხორცშესხმა ვლინდება. ლექსში ავტორს ჰყოფნის შინაგანი ძალა, ირონიული შეფერილობით ისაუბროს თავის პოეტურ მისიაზე:

„ლექსების ჯღაბნა წამებად გექცა,
სჯობდა, ვენახის კვალი გებარა,
ვის რად უნდოდა ეს თვალთმაქცობა,
ნეტავი ქარში გადაგეყარა.
ქარები უფრო წაიკითხავდნენ,
ჩაბჟირდებოდნენ სადმე სიცილით...“

ამას რომელი ნიკო ამბობს, პოეტი თუ ბუღალტერი? არ გაუჭირდებოდა ბუღალტერს, ეთქვა მოხმობილი ტაეპები და აღექვა ლექსზე ფიქრი ფუჭ შრომად. საქმე ის არის, ამის თქმა პოეტ ნიკოსაც შეეძლო. აქ გამოჟონავდა დაუფასებლობა და წუხილი დაფარული ოსტატობის გამო:

„ზარივით გასკდა ამდენი რეკით
ზედ რომ მამხია, ეს თავის ქალა.“

ზარის სახესიმბოლო ცალკე დაფიქრების საგანია ამ ავტორთან. ცხადია, აქ ზარს სადღესასწაულოდ ხმობის ფუნქცია არა აქვს, იგი არც სალოცავად მოგვიწოდებს, სამრეკლოს ფუნქცია დაკარგული აქვს და თუ მაინც ისმის მისი ხმა, ეს მხოლოდ საბედისწერო ხმიანობა შეიძლება იყოს. ბუნებრივია, თავის საუკუნეს ხმით რომ არა ჰგავს, იმ პოეტისთვის ავი ბედისწერა რეკავს. არც ბუღალტერ ნიკოსთვის იქნება ეს ზარი სიკეთის მაცნე. მის პრაგმატისტულად მოანგარიშე გონებას ხომ გაუძნელდება პოეტის დატევა თავის არსებაში?..

„ვერ მოგიარე, რა გიყო, ძმაო“. ეს ტაეპი ბოლო სტროფიდან არის. პოეტი მიმართავს ბუღალტერს, ვერ შეგეზიარეო შენს მიწიერ ინტერესებში. ბუღალტერი მიმართავს პოეტს: ვერ გიერთგულეო შენს არამატერიალურ სწრაფვებში.

აი ასეთი საინტერესო ლექსია ჩვენი საუბრის თემად შერჩეული ნაწარმოები. ის გვეუბნება, რომ, იქნებ, თავისებური ფსიქოთერაპია იყო პოეტური შემოქმედება ავტორისათვის... იქნებ, იგი ეხმარებოდა ნეგატიური ემოციების დაძლევაში... პრობლემებთან გამკლავებაში აძლიერებდა, უქმნიდა დამალულობის განცდას და, აქედან გამომდინარე, უძლიერებდა უსაფრთხოების შთაბეჭდილებას. ესე იგი, ეს პოეტური ფსიქოთერაპია თვითგაძლიერების შესაძლებლობით აუმჯობესებდა ავტორის მდგომარეობას, თვითდაცვის ინსტინქტს უძლიერებდა და უაქტიურებდა შინაგან ძალებს („შენა ხარ ჩემი ნუგეშის დარი“). შემოქმედება იყო პოეტისათვის ყოფითი სინამდვილიდან გაღწევის საშუალება. ამ ლექსის ლირიკული გმირი უჩვეულოა: მისი გარეთა მხარე ბუღალტრის საანგარიშოთი „ხელდამშვენებული“ ნიკო სამადაშვილია, ხოლო შიდა მხარე - უნატიფესი პოეტი ნიკო სამადაშვილი. ყოფის ტრაგიზმი იმაშია, რომ ისინი განუყოფლად ცხოვრობენ, ერთდროულად არსებობენ.

განსაკუთრებით საინტერესო ის ფაქტია, რომ ნიკო სამადაშვილი ცხოვრობდა ლიტერატურაში სოციალისტური რეალიზმის ბატონობის ხანაში (1905-1963), ხოლო მთელი თავისი შემოქმედებით, როგორც დასაწყისშივე აღვნიშნე, ეკუთვნოდა სხვა დროს, შემდგომ საუკუნეს. ის ცხოვრობდა მთავლიტის დიქტატურის ეპოქაში. როგორც ვიცით, 1922 წლის 6 ივნისს შეიქმნა მთავლიტი (ლიტერატურისა და საგამომცემლო საქმეთა მთავარი სამმართველო), რომელიც თითქმის შვიდი ათეული წელი არსებობდა და მხოლოდ 1991 წელს დაიშალა (წერეთელი 2013: 179-185). მის მეთვალყურეობას ემორჩილებოდა და მისი ცენზურის ქვეშ იმყოფებოდა ყველა ბეჭდური გამოცემა. მკვლევარ თ. ბიგანიშვილის თქმით, „ეპოქების მიჯნაზე წამყვანი მორალური, მხატვრული, კულტურული, პოლიტიკურ-ეკონომიკური და კაცობრიული ცივილიზაციის სხვა ძირეული სტრუქტურების ფორმათა განვითარების კრიზისი ტიპური მოვლენაა“ (ბიგანიშვილი 2014: 179), ხოლო ნიკო სამადაშვილი ეპოქების მიჯნაზე არ ცხოვრობს, მაგრამ მისი შინაგანი შემოქმედებითი დრო ნამდვილად სხვა ეპოქას ეკუთვნის, სხვა სულისკვეთებითაა გაჯერებული, ამიტომაც სხვაგვარ ფერისცვალებას გვიჩვენებს და ამას ეს საანალიზო ლექსიც ადასტურებს.

3.41 79. სერვასტიანცი, ნინო. ნიკო სამადაშვილის პოეზიის მითოლოგიური სამყარო („საყდრის ჩიტი“)

▲ზევით დაბრუნება


// ლექსმცოდნეობა: ყოველწლიური კრებული / შოთა რუსთაველის ქართ. ლიტ. ინ-ტი. - თბილისი, 2021. - № 13, ლექსმცოდნეობის მეცამეტე სამეცნიერო სესია (მასალები): ეძღვნება ნიკო სამადაშვილს. - გვ. 287-293.

„მითი აუცილებელზე აუცილებელი, აზრისა და სიცოცხლის კატეგორიაა; მასში სრულიად არ არის არაფერი შემთხვევითი, არასაჭირო, თვითნებური, გამოგონილი ან ფანტასტიკური. ეს - ჭეშმარიტი და მაქსიმალურად კონკრეტული რეალობაა“ - ალექსეი ლოსევი.

„მითოსი მოგვითხრობს საკრალურ (წმინდა) ისტორიას; იგი გადმოგვცემს ხდომილებას, რომელიც მოხდა წინარედროში, „ყოვლის დასაწყისების“ ხანაში. ეს არის თხრობა რაიმეს წარმოშობის, შექმნის შესახებ; იგი მოგვითხრობს თუ როგორ დაიწყო არსებობა რეალობამ, იმ სინამდვილემ, რომელშიც დღეს ადამიანი იმყოფება“ - ეს სიტყვები ეკუთვნის მირჩა ელიადეს. მითოსური თხრობა ეს არის მისტიკური ცოდნის, არსებობის საზრისის, სულიერი გამოცდილების გადმოცემა ადამიანის შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობების გათვალისწინებით, სახე სიმბოლურად, უხილავზე მიმანიშნებელ ხილულ საგნებსა და ქმედებებში გამოხატული. „მითი გახლავთ ცოცხალი, გამომხატველობითი და სიმბოლურ-გამომხატველობითი... ნივთიც კი, სიმბოლოდ ქცეული, უკვე მითია“.

პოეტს, რომელსაც აგერ ასი წელი შეუსრულდა, სამწუხაროა, მაგრამ ვერ ეღირსა სათანადო ყურადღებას და დაფასებას. ფართო საზოგადოებისათვის მისი შემოქმედება დღესაც უცნობია.

მის ნაწარმოებებს უმაღლეს შეფასებას ანიჭებდნენ გერონტი ქიქოძე, ვახტანგ კოტეტიშვილი, ერეკლე ტატიშვილი. თვით გალაკტიონი, რომელიც პოეტებს დიდად არ სწყალობდა, მას „საქართველოს დიდ პოეტად“, „დიდ ნიკოდ“ აღიარებდა. გალაკტიონმა მას ასეთი ბწკარებიც კი მიუძღვნა: გალაკტიონს ხშირად უთქვამს ნიკოსთვის: „ნუ გამოაქვეყნებ შენს ლექსებს, თორემ, შენს პოეზიასაც ისევე გარყვნიან კომუნისტები, როგორც ჩემი გარყვნეს“.

მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ ერეკლე ტატიშვილმა, რომელიც ნიცშეს ეპოქალური ნაშრომის, „სახეობათა წარმოშობის“, „ვერაგობისა და სიყვარულის“ და სხვა საინტერესო ლიტერატურის, მხატვრული ტექსტისა თუ სამეცნიერო ნაშრომის მთარგმნელია, უდიდესი გავლენა მოახდინა პოეტის შემოქმედებაზე, იქიდან გამომდინარე, რომ იგი იყო ნიკო სამადაშვილის სულიერი ცხოვრების გზამკვლევი, ის იყო პიროვნება, რომელმაც მკვეთრად განსაზღვრა პოეტის ბედ-იღბალი, პოეტური ბიოგრაფიის თავისებური გეზი. ერეკლე ტატიშვილი მხოლოდ მასწავლებლის ამპლუაში არ დარჩენილა ნიკოსთან მიმართებით, ის მისი დიდი მეგობარი და თანამოაზრე იყო. ის ფაქტი, რომ პოეტად ჩამოყალიბების ხანას შესაფერისი სალიტერატურო თუ საზოგადოებრივი ატმოსფერო არ დაემთხვა, ნიკოს მთავარ უბედურებად იქცა. მას ათეიზმის ჟამს უწევდა ცხოვრება, როდესაც მკაცრად იდევნებოდა რწმენის, სულიერების ნებისმიერი სახით გამოვლენა, პოლიტიკურ დანაშაულად მიიჩნეოდა ღმერთის თაყვანისცემა. ამ სოციალურმა პროცესებმა პოვა გამოძახილი მის შემოქმედებაში (საკუთრივ ლექსშიც „საყდრის ჩიტი“). ლექსებში გამოიხატება, ერთი მხრივ, ურწმუნო, უიმედო ადამიანის არსებობის ტრაგედია, მეორე მხრივ კი ლტოლვა ღმერთთან ზიარებისა, საბოლოოდ პოეტი სძლევს სულიერ კრიზისს და ეზიარება ღმერთს, სარწმუნოებას.

ნიკო სამადაშვილის ბიოგრაფიის განხილვა ძალიან მნიშვნელოვან კავშირს დაგვანახებს მის შემოქმედებასთან, უფრო კონკრეტულად კი მსოფლმხედველობასა და წერის სტილზე. მის პოეზიაში მითოლოგიური სამყაროსა და მხატვრული ხერხების გაანალიზების საფუძველზე დავინახავთ თუ როგორი მაღალი ინტელექტუალური და ლიტერატურული შესაძლებლობები ჰქონდა მწერალს.

უშუალოდ ბიოგრაფიიდან გამომდინარე, შესაძლებელია ნიკო სამადაშვილის ტრაგიკული მსოფლშეგრძნებით ნიკოლოზ ბარათაშვილის მიმსგავსება მონათესავე პოეტური სულით. რომ დავაკვირდეთ, ცხოვრების გზითაც წააგავს იგი ბარათაშვილს: ნიკო სამადაშვილი ბუღალტერი გახლდათ, ბარათაშვილი კი გადამწერი იყო. ნიკო სამადაშვილის პოეზია გაჯერებულია ტრაგიზმით, უდიდესი სევდით, ტკივილით, მარტოობის, უიმედობის განცდით, რომელიც მისი ცხოვრების გამოძახილია, მისი გრძნობების სტენოგრამაა. პოეტი ყოველთვის ესაუბრება თავის მეორე „მეს“, რაც კიდევ ერთხელ ამძაფრებს იმ განცდას, რომ ის მარტოსულია.

საინტერესოა ის თუ როგორ აიტანდა საჯაროობას მისი პოეზია: მისი თითოეული ლექსი ხომ მისი სულის აღსარებაა, უკიდურესად გულახდილი და უმაგალითოდ დაუნდობელი. „ბეთანიიდანვე“ ჩანდა, რომ პოეზია არ იყო მისთვის „ტკბილ ხმათათვის“ განკუთვნილი სიმღერა. სიმღერა კი, როგორც გულამღვრეული ადამიანის ამოძახილი, ნამდვილად იყო. „პოეზია გულამოსკვნილი სიმღერა არის“, წერდა ის ერთგან თავის პროზაში („შეხვედრები და სინანული“). ერთხელ ნაშობი, როგორც „საყდრის ჩიტი“, მისი პოეზია აფორიაქებულ, ხშირად მოუწესრიგებელ, კატასტროფულ რითმიან სტრიქონებში იღვრებოდა. ამ საქმიანობას სინანულის მოძალების ჟამს „ჯღაბნას“ („ლექსების ჯღაბნა წამებად გექცა...“) არქმევდა. ტრაგიკული იყო იმის შეგნება, რომ იგი ვერასოდეს დააღწევდა თავს ამ საქმიანობას (კიკნაძე 2015).

როგორც ჩანს, პირადი ცხოვრების მოუწესრიგებლობა დიდი ადამიანების თანმდევი თვისებაა. ეს, ალბათ იმითაცაა გამოწვეული, რომ პირადზე მეტად მათ ქვეყნისა და საზოგადო სატკივარი აწუხებთ. ამიტომ მასზე ფიქრსა და საქმიანობას მეტ დროს უთმობენ. სწორედ ასეთი დიდი ადამიანი იყო ნიკო სამადაშვილი. მას ჯერ კიდევ ჭაბუკობისას უწინასწარმეტყველა მომავალი გალაკტიონმა: „დავრწმუნდი მე თქვენს სიძლიერეში, მომავლისაკენ, წინ იერიშიო!“ ფაქტია, რომ გალაკტიონი ასეთ დითირამბებს ყველას არ უძღვნიდა და ქართული პოეზიის ლეგენდა არც შემცდარა. იმის გარდა, რომ იგი გამოირჩეოდა ლექსების წერით, აგრეთვე მნიშვნელოვანი იყო მისი მოქალაქეობრივი წვლილი, საზოგადოებისა თუ ქვეყნის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება.

უშუალოდ ამ გრძნობების გამოხატვა ნიკო სამადაშვილმა შეძლო მრავალი სახე-სიმბოლითა და ტროპული მეტყველებით:

„შენ ჩემში უსტვენ ვით საყდრის ჩიტი,
შენა ხარ ჩემი ნუგეშის დარი,
სულ კარგად მახსოვს, შენ რომ გამოჩნდი,
გარეთ ძაღლივით ყმუოდა ქარი.“

ჩნდება შეკითხვა თუ რატომ საყდრის ჩიტი და რატომ შეიძლება იქცეს იგი ნუგეშის დარად? ოთარ ჭილაძე აღნიშნავს ვრცელ რომანზე „საყდრის ჩიტები“, რომ ქართლი მისთვის პირობითი ცნებაა, რომელშიც იმედიც კი ვეღარ ეტევა თვისი სივიწროვის გამო. სწორედ ამიტომაა, რომ საყდარში ტკივილით ფრთებდაკეცილი, მობუზული და უსამშობლო ჩიტები სხდებიან. ერთი მხრივ, საყდრის ჩიტია, ანუ სიკეთე, რწმენა და სიწმინდე. მეორე მხრივ კი, ქარი, რომელიც ძაღლივით ყმუის, ანუ სიცივის, ტკივილის, ბოროტების სიმბოლო, მზისკენ სწრაფვა გამოწვეულია მისი ავბედითობით, ცხოვრებისეული დეკადანსით, ის იყო: „კაცი, რომელიც სინათლეშიც არ ინთებოდა...“, ამიტომ ამბობს: „სამყაროს ბოლოს მზე მოსჩანდა, როგორც წერტილი და მე მეგონა, ეს ქვეყანა იქ თავდებოდა...“ აქაც იგივეა: „და მზე ყვიროდა ქვეყნის ბოლოდან~, თითქოს, მზეც კომუნიზმის მარწუხებში იყო მოქცეული. აქვე ამბობს: „ლექსების ჯღაბვნა წამებად გექცა, სჯობდა ვენახის კვალი გებარა...“, იმედგაცრუება უფრო და უფრო მძლავრობს. დაუფასებლობის, მარტოობის სიდუხჭირის, ფუჭის გარჯის პოეტისეული ხედვა (გაგუა 2017).

საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ნიკო სამადაშვილი მრავლად იყენებს ღვთისმშობლის სახეს თავის ლექსებში. მაცხოვრის სახეზე მეტად ღვთისმშობელი ჰყავს წინ წამოწეული. თითქოს თავის შემწედ ჰყავს გამოყვანილი, მხსნელად და ღვთაებად, რომელიც დააძლევინებს მას გასაჭირს-ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი ეგზისტენციალურ კრიზისს, ჩიხს, რომელშიც აღმოჩნდა ქართველი ხალხი. ბეთანიის ტაძარშიც ხომ სწორედ საყდარზე დაბრძანებული ღვთისმშობელია გამოსახული. „ბეთანია მაისის დილით“ - ცალკეა აღსანიშნი მაისის თვე, რომლის ძველ ქართული სახელწოდებაა ვარდობისთვე. ვარდი როგორც ყვავილების დედოფალი თავისი სურნელით, ფერითა და გარეგნული ფორმის სილამაზით წარმოდგენილია ცხოვრებისეული სილამაზის სრულყოფილ სახედ. ეკლიანი ვარდი ასოცირდება ცოდვასთან (ადამისა და ევას პირველ ცოდვასთან, რომლის შემდეგ ვარდს გაუჩნდა ეკალი) საკუთრივ, მარიამ ღვთისმშობელს „უეკლო ვარდს“ უწოდებენ, ვინაიდან, საეკლესიო სწავლებით, მარიამი საღვთო მადლით (და არა ბუნებით) ყოვლადუბიწო და უცოდველ ადამიანად ითქმის. ნიკო სამადაშვილის პოეტურ ტექსტში ვხვდებით „ღვთისმშობლის მიერ აკვნის რწევას“. მართალია ლექსში უიმედო მდგომარეობაა იგრძნობა, მაგრამ აკვნის რწევა მიანიშნებს სიკეთისა და რწმენის დაბრუნებაზე, ბოროტების დაძლევასა და სიმშვიდის დამკვიდრებაზე.

კიდევ ერთი სიმბოლო, რომელიც არ უნდა გამოგვრჩეს არის ვენახი: უმშვენიერესი ქმნილება, უძლიერესი და ლამაზი, რომელიც შემკულია საუკეთესო ნაყოფით და თავად ღმერთის მიერ არის დარგული და დაცული. იგი აგრეთვე სახლში დამყარებული სიმშვიდისა და სიწყნარის გამოხატულებაა.

საქმე ისაა, რომ პოეზია რჩება, შემოქმედება მარადიულია, დაუშრეტელი. შეიძლება საზოგადოება ვერც იგებს ლექსს, შესაბამისად, ვერც ნიკო გაიგო.

თუმცა, პიროვნების, შემოქმედის ხელოვნების ქმნილების ვერ გაგება, მის უარყოფას, გაცამტვერებას, მორალურ განადგურებას არ უნდა გულისხმობდეს.

„ლექსები იყო მისი საგზალი“, „ავადმყოფობა ეგონათ, ბიჭო, ლექსები ტანზე გამონაყარი“. აქ, მხოლოდ ნიკოზე არ ვსაუბროთ, აქ ყველა ის ადამიანი ერთიანდება, რომლებიც საზოგადოების გაუცხოებამ, ხელის კვრამ, უგულობამ, შეუფასებლობამ და დაუფასებლობამ შეიწირა ან ამ გზას ადგანან...

„შენ ჩემში უსტვენ ვით საყდრის ჩიტი,
შენა ხარ ჩემი ნუგეშის დარი,
სულ კარგად მახსოვს შენ რომ გამიჩნდი
გარეთ ძაღლივით ყმუოდა ქარი.

ვერ გიპატრონე მე ლაზღანდარამ,
შენ სხვა მხევალი უნდა გყოლოდა.
ზეცა სივრცეებს აზანზარებდა
და მზე ყვიროდა ქვეყნის ბოლოდან.

შენ გადარებდნენ ბინდების ჭრიჭინს,
თუმცა სულ მუდამ ტოტს გცემდა ქარი,
ავადმყოფობა ეგონათ, ბიჭო,
ლექსები ტანზედ გამონაყარი!

ჩემი ძაგძაგი, თრთოლვა და სუსხი,
ძვლების მერქანში თითქოს ქვებსა ხრავს,
ღვინო მორეულს, ოშხივარ ასხმულს,
ბინაში ბევრჯელ დამიკოცნიხარ.

იქამდე, სანამ დათეთქვილ ტუჩებს
არ გალხობიათ ბუერა სევდა,
შენ ძუძუს სწოვდი გაშლილ ალუჩებს
და ღვთისმშობელი აკვანს გირწევდა.

ლექსების ჯღაბნა წამებათ გექცა,
სჯობდა ვენახის კვალი გებარა,
ვის რათ უნდოდა ეს თავლთმაქცობა,
ნეტავი ქარში გადაგეყარა.

ქარები უფრო წაიკითხავდნენ,
ჩაბჟირდებოდნენ სადმე სიცილით,
ჩემი ცრემლებით ღამეს ხატავდი
და ბეთანიას მაისის დილით.

ვერ გაოკებდი, დაგდევდი კეტით,
ხან მელეოდა მუხლებში ძალა,
ზარივით გასკდა ამდენი რეკით,
ზედ რომ მამხია ეს თავის ქალა.

ვერ მოგიარე, რა გიყო, ძმაო,
ორივე შემკრთალ ბუჩქის ჩრდილს ვგავდით,
შენ კიდევ მაინც ფიქრში მძუნაობ,
მე კი ბუწუწიც გამცვივდა დარდით.“

ლექსში საოცარი სინაზე იგრძნობა, სევდა და ტკივილი. შესაბამისად, ყოველი მხატვრული ხერხი, რომელსაც ავტორი იყენებს (გაპიროვნება: „ქარები უფრო წაიკითხავდნენ“, შედარება: „ვით საყდრის ჩიტი“, „ძაღლივით ყმუოდა ქარი“, „ზარივით გასკდა“; მეტაფორა: „ლექსები ტანზე გამონაყარი“, ეპითეტი: „ოხშივარასხმული“, „ღვინომორეული“) მთავარი აზრის გადმოსაცემად, არის უნიკალური, ვინაიდან ძალიან იშვიათად ვხვდებით მსგავს რთულ მეტაფორებსა თუ გაპიროვნებებს როგორც პოეზიაში, ისე პროზაში. რთულ ტროპულ მეტყველებას იმიტომ, რომ ყველას არ ძალუძს მისი ამოცნობა. მაგალითად - „მზის ყვირილი ქვეყნის ბოლოდან“, ან თუნდაც „ლექსები ტანზე გამონაყარი“ და სხვ. იმისათვის, რომ ჩავწვდეთ მხატვრული ტექსტის იდეას, აუცილებელია მრავალი ფაქტის გათვალისწინება - ისეთი ფაქტების, როგორიცაა: ბიოგრაფია, პოეტის შემოქმედება, სხვადასხვა სიტყვისა თუ ფრაზის სიმბოლური დატვირთვა.

სულიერი გამოცდილების გადმოცემა, რეალური ფაქტების გაერთიანება, პარალელების გავლა მითოლოგიასთან და მისი გაანალიზება გვაახლოებს პოეტის მთავარ სატკივართან. ვხვდებით, რომ ის ჩიტი, რომელიც საყდარზე ზის, რეალურად, ბეთანიაში გამოსახულ საყდარზე დაბრძანებულ ღვთისმშობელ მარიამთან არის დაკავშირებული და სწორედ ამიტომ გვესახება იგი „ნუგეშის დარად“, „აკვნის რწევაც“ იმედისა და რწმენის სიმბოლოა. ამიტომ არის მითოლოგია აუცილებელი, აზრისა და სიცოცხლის კატეგორია, იგი ხომ შემთხვევით არ იყენებს კონკრეტულ რეალურ ფაქტებს, რომლებსაც მივყავართ ჭეშმარიტებამდე. მასში სრულიად არაფერი არ არის თვითნებური, არასაჭირო ან ფანტასტიკური.

3.42 80. სორდია, ლუარა. ბიბლიური პარადიგმები ნიკო სამადაშვილის პოეზიაში

▲ზევით დაბრუნება


// ათინათი. - თბილისი, 2018. - № 4. - გვ. 214-217.

ნიკო სამადაშვილის გამორჩეულობის საწინდარი იყო ზღვარის გავლება ეფემერულსა და მარადიულს, სიყალბესა და ჭეშმარიტებას შორის. პოეტს არასოდეს უვლია დინების მხარეს, არ დაუკარგავს სწორი გეზი, არასდროს მდგარა აპოკალიფსურ მხეცთა ნაშიერების გვერდით, პირიქით, მისი უმთავრესი მახასიათებელია ბოროტების მხილება, სიმართლის, სიკეთის სულიერების, რწმენის მსახურება, თემიდას ერთგულება.

პოეტმა ავადსახსენებელი სოციალიზმის დროს, სისხლით, ტოტალიტარიზმით ცნობილ ეპოქაში იცხოვრა, მაგრამ არასოდეს გამრუდებია გზა, არ დაუკარგავს სწორი ორიენტირები, ზედმიწევნით სწორად აფასებდა მოვლენებს და სიმბოლურ-მეტაფორული სახეებით ამხელდა მეფისტოფელის საუკუნეს.

ნიკო სამადაშვილის შემოქმედებაში ბოროტული ძალების მახასიათებელია ნიანგები, დათვები, ძაღლები, მგლები, ნადირთა ხროვა, გველი, ჭინკა, დევები, ალი, აფთარი, ალქაჯი, ტურა.

ამ სახეთა წინაპრებს მრავლად ვიპოვით ბიბლიის, სასულიერო პოეზიის, ქართული თუ უცხოური კლასიკური მწერლობის წიაღში.

ბიბლიაში ღარიბი ხალხის მჩაგვრელები შედარებულნი არიან ლომსა და დათვთან: „რაღა მბრდღვინავი ლომი და ღრიალა დათვი და რაღა ბოროტეული ბატონი ღარიბ-ღატაკი ხალხისთვის“ (იგავნი სოლომონისა, 28,15) (1,636).

მთავრები, მსაჯულები გამოირჩევიან მხეცური მტაცებლობით, გაუმაძღრობით: „მისი მთავრები მბრდღვინავი ლომებია... მისი მსაჯულნი მგლებია, დილისთვის ძვალსაც რომ არ ტოვებენ“ (სოფონია წინასწარმეტეყველი, 3,1-3) (2,294).

ცრუწინასწარმეტყველთა, მთავართა მახასიათებელია ნადირის ინსტინქტები: „შეთქმულან აქ მისი წინასწარმეტყველნი, ლომები ბრდღვინავენ, ნადავლს გლეჯენ და ცოცხლად ჭამენ.

მათი მთავრები მგლებივით გლეჯენ ნადავლს, სისხლს ღვრიან, სიცოცხლეს უსწრაფებენ ანგარებისთვის“ (ეზეკიელ წინასწარმეტყველი, 25,27,28) (2,214).

გველის ფესვიდან გამოსული უნასის ნაშიერში გველეშაპს ჭვრეტდა ესაია წინასწარმეტყველი: „...გველის ფესვიდან გამოვა უნასი და მისი ნაშიერი მფრინავი გველეშაპი იქნება“ (4,29) (2,84).

წინასწარმეტყველი ესაია ჰგოდებდა: „ასპიტის კვერცხებს ჩეკავენ და ობობას აბლაბუდას ქსოვენ. მათი კვერცხის მჭამელი კვდება და თუ გატყდა, უნასი იჩეკება“ (58,5) (2,117).

ბიბლიაში მრავალგზის გვხვდება სამოთხეში გველის სახით შეპარული მაცდური გველის ნაშიერი გველეშაპი.

ეგვიპტის მეფე, ფარაონი მოიხსენება, როგორც „დიდი გველეშაპი“ (ესაია წინასწარმეტყველი, 29,35) (2,221).

გვლეშაპისებური მტაცებელია ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორი: „შემჭამა, დამღეჭა ნაბუქოდონოსარმა, ბაბილონის მეფემ, ცარიელ ჭურჭლად მაქცია, გადამყლაპა გველეშაპივით“ (იერემია წინასწარმეტყველი, 51,34) (2,77).

კერპების მოთაყვანე ისრაელის ხალხს, იერუსალიმის „ტურების ბუნაგად“ ქცევით, „მიწის მხეცების“ შესაჭმელად გამეტებით ემუქრება ღმერთი (იერემია წინასწარმეტყველი, 9,10,16,4)(2,134,140).

ბიბლიაში ურწმუნოთა სასჯელად მოაზრებულია უდაბნოს მხეცების, ალქაჯების, ტურების, ველური ძაღლების მოვლინება (ესაია წინასწარმეტყველი 13,21,22) (2,83).

იოანე მოციქულის გამოცხადებაში „დიდ წითელ გველეშაპს - ეშმაკს და სატანას ციდან გამოაგდებენ მიქაელი და მისი ანგელოზი, ხოლო ბოროტების თაყვანისმცემლებად გვევლინებიან ზღვისა და მიწის მხეცები (8,12,13) (3,501-507).

ბიბლიის კომენტატორები ზღვისა და მიწის მხეცების სახეებში ლენინისა და სტალინის არქეტიპებს ხედავენ (აპოკალიფსი და დღევანდელობა) (4,411).

მომნანიებელთ, სიკეთის გზაზე დამდგართ მხეცებისგან, უკეთური ძალებისგან დაცვას ჰპირდება ღმერთი (ეზიკელ წინასწარმეტყველი, 34,25,28) (2,224).

ცოდვებისგან განკურნება ლომის ხახისგან თავის დაღწევად წარმოიდგინება: „მე თავი დავაღწიე ლომის ხახას“ (პავლე მოციქული, II ტიმოთე, 4,17)(3,461).

დავით წინასწარმეტყველი ევედრებოდა ღმერთს: „მიხსენი ლომის ხახისგან და მარტორქისგან გადამარჩინე“.

„მათი შხამი მსგავსია გველის შხამისა, ყრუ ასპიტისა“ (ფს.21,22,68,32) (3,543,581).

არც „ლერწმიანის მხეცის“ „ოქროს ზოდებია“ დავიწყებული: „შერისხე მხეცი ლერწმიანისა, ხარების ჯოგი ხბოებს შორის, რომლებიც ტრაბახობენ ოქროს ზოდებით“ (ფს.68,31) (3,581).

აპოკალიფსურ მხეცთა ნაშიერების სახეები გვხვდება მიხეილ ჯავახიშვილის, კონსტანტინე გამსახურდიას, გრიგოლ რობაქიძის, გალაკტიონ ტაბიძის, ტერენტი გრანელის, ოთარ ჭილაძის, გოდერძი ჩოხელის, რევაზ მიშველაძის შემოქმედებაში ეროვნულ, სოციალურ, პოლიტიკურ, ფილოსოფიურ ასპექტებში.

ნიკო სამადაშვილი ზედმიწევნით იცნობდა წინაპართა ტრადიციებს.

პოეტს ესმოდა „ნადირთა ღრიალი“, „ღამურების სისინი“ (ტყე შრიალებდა) (5,230).

აძრწუნებდა ჭირისუფლად მოვლენილი მგლების ყმუილი, სისხლიანი წლების მსხვერპლად მიიჩნევდა თავს: „ალბათ შენს ცხედარს მოასვენებენ97 და ჭირისუფლად ყმუიან მგლები, შენ არასოდეს გაგიხსენებენ სისხლით დასვრილი ვერაგი წლები“ (გეჯა) (6,12).

თავისი ლექსების მკითხველებადაც ადამიანებად გარდასახულ მგლებს ხედავდა: „...აბა რათ მინდა წიგნის ფურცლებზე თავი ამოჰყონ ჩემმა ლექსებმა, იმატაციონ თავის ლექსებით98 და შარაგზაზე შეღრინონ მგლებმა. ჩემი ცხოვრება მუდამ ბნელოდა“ (უკანასკნელი ზარების რეკვა) (5,34-35).

პოეტის სიმდიდრე მხოლოდ ლექსები იყო, მაგრამ სისხლიანი დინგებით ცნობილი ნადირებისგან კარგს არაფერს მოელოდა: „ამოუსვრიათ სისხლში დინგები, ნადირებივით შეჭამენ ლექსებს“ (კამარების შეჭმუხვნა) (5,3).

აღთქმის მხარის მაძიებელი, ნიანგებს აწყდებოდა ბარდებში, თავის საფლავზეც დათვები, ჯიბგირები ელანდებოდა: „რა უცნაური ყოფილა ყოფა,99 როგორ მფარავდა სიყალბის რიდე... როცა მირწევდნენ აკვანს ნანინით, ვფიქრობდი, მოვხვდი აღთქმის მხარეში, შემომიტყუეს, თურმე ნიანგებს შეუტბორიათ ქვეყნის ბარდებში. ანდა საფლავიც ნეტა რად მინდა, ილაზღანდარონ მომაკვდავებმა, ზედ დამაყარონ წუწკი შენდობა, გადამიარონ ღამე დათვებმა. ან ჯიბგირებმა მომინახულონ, ყომარი გახსნან იქვე მწვანეზე... მივალ მოკლული დარდით,100 შეკუმშულ გულში ათევს ზამთარი, იტყვიან, მოკვდა შავი სახადით, მოვიდა, იყო ეხლა არ არის“ (რა საოცარი ყოფილა ყოფა) (5,39).

ქარბუქში დაღუპვის მაცნედ ჩაესმოდა მგლების ყმუილი, გველის სისინი (კაცი, სადა ხარ?) (5,23).

„ამქვეყნის უხალისო, უიღბლო მდგმურს“ „წყვდიადი, ქარაშოტი ეღობებოდა“, „ხალხის ზრიალს“ გველის ხვევნად აღიქვამდა (5,161).

მათხოვრების, ყორნის თანხლებით წარმოიდგენდა თავის გასვენებას, საფლავშიც გველის ჩაძრომას მოელოდა (წინათგრძნობა) (5,56).

გუბეში მდგარი ძველი საყდრიდან ტურის კივილი მოესმოდა (სინათლის მიმოქცევა) (5,244).

ცხოვრებას აღიქვამდა უდაბურ ტყედ, სადაც ნადირები, დევები ღრეობდნენ, კაცის შეჭამადს მიირთმევდნენ, თითქოს ალი, ალქაჯი ეპარებოდა ღამით, ესმოდა აფთრის ღმუილი, დაკარგული იყო ბილიკი და მხოლოდ ასწლოვან მუხაში ეძებდა თავშესაფარს (5,197-197).

მუხა ერის სულის სიმბოლოა გალაკტიონ ტაბიძის, კონსტანტინე გამსახურდიას შემოქმედებაში. ასეთი გააზრება აქვს ამ სახეს ნიკო სამადაშვილის პოეზიაშიც.

„წარმავლობის ტიალ ყორესთან“ ქვესკნელის გველები ბუდობენ (სამანი) (6,122). „ელამ ძეგლზეც კვერნაქის გველს ჭვრეტდა (ვიღაც მგზავრი) (5,236).

გველი სიბრძნის სიმბოლოა ვაჟა-ფშაველას „გველის მჭამელში“, გრიგოლ რობაქიძის დრამაში „ლამარა“, კონსტანტინე გამსახურდიას ნოველაში „ხოგაის მინდია“.

ნიკო სამადაშვილიც ანალოგიური შინაარსით მიმართავდა ამ სახეს: „მაღალ სიმშვიდეს ასე შეშლის გველით მისნობა“ (შეხვედრებიდან) (5,178).

ზემოხსენებული კლასიკოსების რემინისცენციას იწვევს გველის სიმბოლო ლექსში „სიზმრების ნაღვერდალი“: „ამ დროს ხელებში გველი გიჭირავს და თვალებიდან მოჩანს ფასკუნჯი“ (6,102).

„წუთისოფლის ნადირ-მაიმუნებად მოაზრებული თანამედროვენი ნიკო სამადაშვილს დანაშაულად უთვლიდნენ ბუდა საკია-მუნისადმი ინტერესს: „როგორა გტანჯეს ღმერთო ჩემო, რა უმოწყალოდ, რათ გიყვარდაო-გაგინებდნენ საკია მუნი. რა ვერაგია ეს ტიალი წუთისოფელი, რა ნადირია, რა მშიშარა, რა მაიმუნი“ (ჩემ გივი ერეკლეს ძე ტატიშვილს) (5,42).

პოეტს ესმოდა ხატის მიზეზით სახადშეყრილი ვარაზის მგლის ყმუილი (აქ წარმართები მუხლებს იყრიდნენ) (5,49).

ზიზღს გვრიდა ღვთისმბრძოლ ნადირთა ღრიალი, თავისი თანამედროვე კერპისმქნელი „წარმართების ლოცვა“ (ტყე, შრიალებდა) (5,230).

ჭალიდან „ჭინკის ქროქოლა“ არ ასვენებდა (ნახული) (6,121).

ერთმანეთს ენაცვლებოდა „ბალდახინის“ ხილვა, „ფერად ჭინკების სრძოლა“, „სულშემხუთავი ძეძვივით დარდი და ჯოჯოხეთის პირქარი ხრჩოლა“ (დამშვიდობება და სინანული) (7,129).

გველებიანი ქვესკნელის ასოციაცია უჩნდებოდა უნუგეშო მდგომარეობაში ჩავარდნილს (სამანი).

ცხოვრებას აღიქვამდა უდაბნოდ, სადაც წელზე გველი ეხვეოდა ქადაგს, „წუპაკი მღვდელი“ კი წესის ამგები იყო (გეჯა) (6,18).

ეკლესიის წინ მლოცველი გველის სახეა ლექსში „სინანული“ (5,111).

„საყდრის გადასწვრივ „ჭინკას უპოვია ასპარეზი“ (ნასთული) (6,121).

მგლებად გარდასახული ადამიანების სამყაროს სურათია ლექსში „გამხმარი კაცი“ (6,44): „ჩვენ ხომ ერთმანეთს ვჭამდით მგლებივით. იქ სურათია: დგას მხედარი, უჭირავს თეფში და ზედ ამხია კაცის თავი გველის ხვრელივით. თავის ქალაში მწვანე ხვლიკი შეძვრება ღამე, ძვლებზე შემხმარი დაფიქრება მოეწონება და მატლებდახულ თვალებიდან გახედავს ბაღებს“ (გამხმარი კაცი) (6,44).

გარემოს ზარავდა მგლების ყმუილი, ყვავების ჩხავილი (ცაცხვის ხე) (6,39).

ნიკო სამადაშვილის ირგვლივ გამუდმებით ყმუიან ავის მაცნე ძაღლები, თითქოს ცხოვრება საძაღლეთს დამსგავსებია: „უკან სიცოცხლე ძაღლივით მომდევს, სად შევაფარო თავი საძაღლეთს“ (მონასტერი ჩანს მთაზე ნისლივით) (5,140).

წმინდა იოანე ოქროპირი უღირს კაცს ლეშის მჭამელ მგელს ადარებ~ეს: „უღირსებო კაცი ლეშის მჭამელ მგელს ჰგავს“ (8,98).

წმინდა ეფრემ ასური შენატრის „მართლმორწმუნე კაცს“, რომელიც ვერ აცდუნა უწმინდურმა მგელმა: „კურთხეულ არს, ვინც წმინდა ეკლესია ირჩია. ესე არს კრავი, რომელიც ვერ წარიტაცა მგელმა“ (8,101).

წმინდა იოანე ოქროპირი საუბრობს „პატივმოყვარეობის საშიშ კუნძულზე“ მცხოვრები ურჩხულების შესახებ და კითხულობს: „რა ურჩხულებია ასეთი?“ და პასუხი ასეთია: „ეს ურჩხულები არიან მრისხანება, სასოწარკვეთა, შური, მტრობა, ცილისწამება, განკითხვა, სიცრუე, თვალთმაქცობა, მზაკვრობა, გულძვირობა უდანაშაულო ხალხის მიმართ, სიხარული მტერთა გაჭირვების გამო, მწუხარება მათ კეთილდღეობასა ზედა, თავის ქების სურვილი... სწავლა პირფერული, ალერსი თვალთმაქცური... უგულებელყოფა გაჭირვებულთა. მსახურება მდიდრისა,... მიწიერი შიში, გამბედაობა, მოჩვენებითი სიმდაბლე... სიმკაცრე უზომო უბრალო ხალხის მიმართ, ძლიერთა წინაშე უსიტყვობა. ამდენს კი არა, ამაზე მეტ ურჩხულსაც კი იტევს ის კუნძული და თუკი მათ ერთხელ მაინც მოიტაცეს ვინმე, ისე დაიმონებენ, რომ ბევრ რამეს, რაზედაც ახლა უხერხულია ლაპარაკი,... გააკეთებინებენ“ (8,160-161).

ნიკო სამადაშვილი ბინადრობდა არა „პატივმოყვარეობის:, არამედ ჭეშმარიტების კუნძულზე, გაბედულად ამხელდა თავისი თანამედროვე საუკუნის ნადირ-მხეცებს, თავის დიდ ნიჭს არასოდეს ახურდავებდა წარმავალ მოვლენებზე, უმაღლესი გადასახედიდან, მარადისობიდან ჭვრეტდა წუთისოფელს, ერთგულებდა საღვთო სიბრძნეს, საღვთო სიყვარულს, რაც გახდა მისი უკვდავების საწინდარი.

__________________

97. სწორია: ალბათ შენს ცხედარს მიასვენებენ

98. სწორია: იმატაოცონ თავის ცრემლებით

99. სწორია: რა საოცარი ყოფილა ყოფა

100. სწორია: მივალ მივდივარ მოკლული

3.43 81. სორდია, ლუარა. და საქართველო მაინც მეძახის „ნიკო სამადაშვილის პოეზია“

▲ზევით დაბრუნება


// ათინათი . - თბილისი, 2021 . - № 1. - გვ. 223-227.

ნიკო სამადაშვილმა ტოტალიტარული საბჭოთა იმპერიის პროვინციადქცეულ საქართველოში იცხოვრა, სისხლით, ტირანიით, ახალი კერპების შექმნით, ყალბი ორიენტირებით ცნობილი ეპოქა არა პრინციპულ, ობიექტურ, სიმართლის მსახურ შემოქმედთ, არამედ მედროვეთ, უნიჭოთ, ხელისუფლების მეხოტბე - მეტაშეთ სწყალობდა. იდევნებოდა მართალი სიტყვა, დროის უკუღმართობა - უკეთურობათა მამხილებელთა თავზე დამოკლეს მახვილი ეკიდა.

ნიკო სამადაშვილი იყო ამა ქვეყნის თავადთა უკომპრომისო ოპოზიცია: „ის არ ცეკვავდა ფეხის ცერებზე, არც ყურს უგდებდა ეპოქის ჭიდილს“ (ღვინის სარდაფში) (1, 56).

თავის გამორჩეულობას პოეტი თვითონვე უსვამდა ხაზს: „გინახავთ კაცი, საუკუნეს ხმითაც არ ჰგავდეს და ყოველ დილით სისხლის ჭოჭი ღვაროს სახლიდან? ან სინათლეში მოიწყინოს, მერე გათავდეს. ასეთი ყოფა ცხენზედ შემჯდარ ეშმაკს დაღლიდა“ (გათხრები) (1, 66).

ნიკო სამადაშვილი ეზიარა არა წუთისოფლის წარმავალ, ეშმაკეულ სიბრძნეს, არამედ საღვთო მარადიულ ჭეშმარიტებებს.

გენიის მომმადლებელი, ნიჭის მზრდელი უზენაესია - დიდი ნუგეში და ნათელი, ქაოსებში მოარული სულის შუქი და სასოება, წმინდა სულებისათვის ხელის შემშველებელი: „შენ ელვარებდი ნაღვერდალივით, შუქს სცემდი ღამეს და სასოებას, რამდენი შვება მოჰქონდათ, ღმერთო, შენს გულს, შენს ფიქრებს, შენს მყუდროებას... ო, რა ნუგეშით შემოვცქეროდით ქაოსის იქით გაშვერილ ხელებს. ტყის ყვავილების სუნთქვით დაგვზარდე, თან დედასავით გვაყრიდი ნათელს, ისეთი გზნებით რეკდი დიდ ზარებს, როგორც ხატისგან შეშლილი მნათე“.

პოეტის რწმენით, თვით სამარის ლოდიც ვერ დაფარავს სულის სამრეკლოს და ახალ სიტყვებში განსხეულებულ ქვეყნიერებას: „დავიხოცებით, დაგვსუნთქავს ლოდი,101 გარემო ყვითლად დაიფერება, შორს გამოჩნდება ჭროღა სამრეკლო და შენი ჩუმი ქვეყნიერება“ (გენია და სამრეკლო) (1, 67-68).

მორწმუნეობა, მაცხოვრის მორალის გათავისება, ეროვნული იდეალები როდი იყო მთავარი ათეიზმის ბაცილებით დასნებოვნებული, სისხლით მოსული ტირანებისთვის: „გინახავთ კაცი, ტაძრის ზღურბლით ლოცვებით მთვრალი,102 ყრმა მაცხოვარის ნაფეხურებს რომ გაჰყოლოდა103. შორს იღრუბლება. ანთებული ლოცვები დამაქვს, ვით ნაწვიმარი მთების ზვავი, გულის ნაქარი. ზედმეტსახელად პოეზიის გერი დამარქვეს. თითქოს ჩემს მრწამსში არ ღვიოდა გუდამაყარი. ქართულ აგურის იატაკზე დამხობილ პოეტს ორტოტა ცეცხლი მეკიდება, ვატყობ, ვრინდდები“ (ისევ ვლოცულობ, იქნებ ღმერთმა მაინც მიშველოს) (1, 110).

პოეტის მთავარი ესთეტიკური პრინციპების გამჟღავნებაა, შემდეგი სტრიქონები: „...სიზმრების ნიშზე ანთებული მგზავრის ფარანი. განცდების ზვარი ლაჟვარდების უსურვაზებში მივარდნილი ქვეყნიერება, ულეველ გზებზე ატეხილი მშვენიერება“ (სტრიქონების ქარაფი, ციალა თოფურიძეს) (2, 69-70).

სიზმარს, გამონაგონს დიდი ხელოვნების ერთ-ერთ უმთავრეს ინგრედიენტად მიიჩნევდნენ: სტეფან ცვაიგი, დოსტოევსკი, გრიგოლ რობაქიძე, გალაკტიონ ტაბიძე, ტერენტი გრანელი.

პოეტი მოგზაურია მიწაზე, ზეცაში, ცათა ცაში, ქვესკნელში, უდაბნოში, მიღმურში, სულის ლაბირინთებში, ის არის უდაბნოს „ბედუინი“, როგორც გალაკტიონი.

დიდი შემოქმედი, კლასიკური მწერლობის მიხედვით, ხალხის მოძღვარია, მართალი გზების მაჩვენებელი, ზნეობრივი მასწავლებელი.

ნიკო სამადაშვილისთვის პოეტი მარადისობის გზებზე მოარული, მთელი კაცობრიობის სიბრძნის მომხელთებელი „მოგვია“, „ასურეთელი მოგვის დარი ფარეში... გულთამხილავი“ (სახლი ნარიყალაზე) (1,244).

მისი „ლექსის ფარანი“ ხილვაა, ზმანება.

პოეტი ხედავდა სხვათაგან უხილავს: „...ბინდების გაღმა წყალივით ჩანდა მარადისობის ჩუმი უდაბნო“104 (ფილტვების სიყვითლე) (1, 151).

დიდი პოეტები ხომ საღვთო სიბრძნის ადეპტები, „ფიქრგანდობილები“ (გალაკტიონი) არიან, რომლებმაც მსოფლიოს უნდა ამცნონ ბედის საზღვრის, ხილული სამყაროს მიღმა მოხელთებული ჭეშმარიტებები, კოსმიურის, დაუსაბამოს, პლანეტებს იქით დაფარული საიდუმლოებები და „უხილავი“ შთააგონებდა თითქოს: „უნდა მსოფლიოს კიდევ, გაენდო“ (დაუსაბამობის ხილვა) (1, 43).

ნიკო სამადაშვილი ერთდროულად იყო მომადლებული ჭვრეტის, სმენის განსაკუთრებული უნარით: „აქ არის ხილვა, ზარების სმენა და პოეზიის გადარჩენა“ ამბობს ერთგან (1, 231).

პოეტს ესმოდა ათასწლეულების ხმები, აწამებდა ათეისტური ეპოქის ტრაგედიები: „ისმის ზუზუნი ათასი წლების. მას უწოდებდნენ ფიქრების ფარეშს და ჩაძმარებულს ბინდების ნარზედ. ის ჰგავდა ღმერთის გლოვის აფიშას, გაკრულს ამ ტიალ დედამიწაზე“ (საით, ვინ იცის) (1, 217, 218).

„წუთისოფლის გაღმა“ დარეკილი ზარებით, ხილვების სამყაროში დავანებული ლანდებით, სიზმრებით ივსებოდა ყოველი ღამე: „ყოველ ღამე სიზმრებში ვარ, გულს ლოცვებით ვატიალებ. საყდარი სჩანს, ზარებია და მეც ლანდებს დავტრიალებ. სადღაც მნათე ზეცის თაღს რეკს, წუთისოფლის კარგა გაღმით... ქაოსები გზებს კენკავენ, ასე ხდება ყოველ ღამით“ (მილულვა) (1,91).

ნიკო სამადაშვილის „შთაგონების აგარაკში“ ისმის „ბეთხოვენის ფრთხილი ნაბიჯი, ელდაშეწნულ ყვავილთა მწუხრი... პანაშვიდებთან ქარის ბალადა“, იხილვება „გუბე-გუბე განგების ჩრდილი. მონასტრის ეზო“ (თამარის მღვიმე) (1, 68).

პოეტს ესმოდა „უსასრულობის ქარბუქების ღმუილი“ (დაგასაფლავეს დიდ მუნათით და მიგატოვეს) (1, 156), ცისარტყელების ცეკვა (ფილტვების სიყვითლე) (2, 133).

ნიკო სამადაშვილის ლექსებში შეიგრძნობა „დაკარგული, ღიმშეშლილი და გადარეული გრძნობა“ (ნიკო იაშვილს) (1, 210).

„უსაზღვრების დაბლობებს შუა ჩანდა ბინდების გრძელი ორღობე“, წერდა ლექსში „იცოდე“ (1, 142).

ნიკო სამადაშვილისათვის პოეზია იყო ბედისწერაზე გამარჯვების გზა: „მძიმე სახადის დარად მღრღნიდა ეს პოეზია, თითქოს რაღაცას მოველოდი, ბედის დამთრგუნველს“ (მუხლდაქანცული მივყვებოდი ყაყანა ქარებს) (1, 128).

შემოქმედის ურთულეს გზებზე მიანიშნებს ბინდები, ნამქერი: „სადღაც ბინდებთან შეაჩერებს იმას ნამქერი, ვინც სამყაროდან სიმღერებით ჩამოირბინა“ (არავინ ერჩის) (1, 195).

პოეტის შუბლის ფიცარზე მთელი სამყაროს ტრაგედიები ირეკლებოდა და დედამიწაზე ადამიანის მოვლინების აზრს ეძებდა: „...საკინძგახსნილმა შუბლის ფიცარზე ვის არ უყურე, ვის არ ეხვეწე, ბოლოს კი დარდი: დედამიწაზე ნეტავი რისთვის შემოვეხეტე?“ (წაშლილი კვალი) (2, 141).

ნიკო სამადაშვილს ეიმედებოდა მომავლის მართალი მსჯავრი, რომ საუკუნეები მიაშუქებდნენ მის ნაღვაწს „სანთლებს, ჩირაღდნებს“. „ჩემს სიმღერებში შეანათებენ საუკუნენი სანთლებს, ჩირაღდნებს, ფეხაკრეფით, ჩუმის ზმანებით“ (დაჯდები მარტო) (1, 215).

ის იყო „ლაჟვარდების სხვენის“, ქვესკნელის, კოსმიურის ჭვრეტის უნარით მომადლებული, ლოცვით, მარტვილობით გაბრძნობილი: „შენ კი მწირივით მიილტვოდი მღვიმეებისკენ, მისტერიები დაგყვებოდნენ ამორძალებად, თვალი მეჭირა ქარებშეშლილ ღამეებისკენ და მათხოვრობდი ეზო-ეზო მარადისობას“ (საუკუნის ნახევარზე მეტი გავიდა) (1, 269).

„გულის გეჯიდან“ ნახადი სტრიქონებიდან მოდიოდა „წმინდა და საკვირველი სერენადები“. „რა კარგი იყო, რა კეთილი ფიქრების შარა“ (პოეტესა) (1, 170), ამბობს პოეტი.

თითქოს საკუთარი პოეტური პორტრეტი შექმნა ერეკლე ტატიშვილისადმი მიძღვნილ შემდეგ ტაეპში: „ის კამკამებდა, ვით ქრისტეს ლოცვა, ბნელ გრიგალების კოშკების იქით, ტანზე კვირაძლის სიმღერა ეცვა, თან შრიალებდა, როგორც ტირიფი“ (ერეკლე ტატიშვილს) (1, 126).

პოეტს გამუდმებით უბერავდა „ზენა ქარი“, ანუ შთაგონება (წარსულის კვალი) (1, 79).

წმინდა წერილის მიხედვით, ნიჭი სამების მესამე წევრის - სულიწმინდის მადლია (პავლე მოციქული, I კორინთელთა, 1, 10) (3, 374).

შთაგონების მოვლინება შუა საუკუნეების ესთეტიკაში ქარის დაბერვის, საღვთო ნიავის, სიოს მოვლინების სახით გამოიხატებოდა.

შთაგონებაზე მიგვანიშნებს ვაჟა-ფშაველას „ციური ნიავი“, აკაკი წერეთლის „მახარობელი ნიავი“ „სულიკოში“, გალაკტიონის „მზერადიადი სიონი“, „ლურჯა ცხენების“ „ეფემერული და ფერადი ქარები“, ქარის დაბერვა და „ოცნების აჩანჩქარება“, ტერენტი გრანელის „იდუმალი ქარი“.

ნიკო სამადაშვილის შემოქმედებაში გამუდმებით უბერავს „ზენა ქარი“ ანუ ევლინება შთაგონება (წარსულის კვალი) 91, 79).

„ზენაქარის აურაცხელი სიმღერებია“ ლექსში „ჩემი თბილისი“ (1, 92-93).

„შერყეულივით მიმაქვს ქონება. მიყურებს ქარი. ჩიფჩიფებს რაღაც დაბურულ ზღაპარს“, წერს ლექსში „მოვკვდები, წავალ, ვინ მომიგონებს“ (1, 183).

„როცა ქარია და ხეებზე სხედან ლექსები, შენს სამყაროსთან რომ მოვიდე, განა ღირსი ვარ“, ნათქვამია ლექსში „მე ვიცი“ (1, 231).

„ის ყურს უგდებდა ქარის სიმღერას. მისი სხეული სათნე იყო და ძვლებზე ჩუმად ისხდნენ ლექსები. ღვთისმშობელს ქრისტე კვლავ უჩურჩულებს, ცოდოა ცოდო, არ გაიმეტო“ (ჭანდრებთან) (1. 131), ასე უკავშირდება ერთმანეთს უფალი და მის მიერ მოვლენილი შთაგონება, როგორც წყალობა.

ლექსში „წაშლილი კვალი“ ერთდროულად ფიგურირებს შთაგონების ზენა ქარი და საწუთროს მნგრეველი ქარი: „შენ ზენა ქარი სახლშიც გიბერავს, ხშირად გაღვიძებს გულის ტირილი. გახსოვს საწუთროს ქარმა რომ უცბად განათებული ცა გადაგლიჯა“ (წაშლილი კვალი) (2, 141).

სულ შორს და წინ ისწრაფვოდა ფართო თვალსაწიერის პოეტი: „შენ შორს მიდიხარ და ერიდები გზის ნაპირებთან ხრამსა და ფლატეს, ნუ მეშინიან, წინ გასწი მარდად, განთიადებმა თუ გიღალატეს“ (შენ შორს მიდიხარ) (1, 236).

ერთი მხრივ ებრძოდა ცოდვების ზღვას, ამასთან, უყვარდა „სიზმრის ჩვენება“, „პოეზია და „ოკეანეს სიმფონია“ (ნაწყვეტები სინანულიდან) (1, 191).

პოეტი აცხადებდა: „პოეზია გულამოსკვნილი სიმღერა არის, ის ხელოვნების ცისკრის ციმციმზე და მარადისობის ატეხილ ზარების ჰანგებზე როკავს. პოეტი ქარივით ამოვარდება, რომ სამყაროს ნისლმოდებული კალთები შეაშრიალოს“ (ქარაგმა) (2, 723).

ნიკო სამადაშვილის პოეზიაში უმთავრესია მარადიული პრობლემების დასმა და მათზე დამაჯერებელი პასუხების ძიება: „მარადისობა დიდხანს მეფობდა. პოეზია მარადისობამ დაასნეულა“ (მთვლემარე ცისკარი) (4, 27).

ძალზე ხშირად იხსენება ქართველი პოეტის შემოქმედებაში პაგანინი, ბეთხოვენი, ბახი, არც „ზღვის სიმფონიის“, „ზამთრის სიმფონიის“ ხსენებაა შემთხვევითი“.

„ამბობენ: მუსიკამ შობა ქვეყნიერება! ვინ იცის?... როცა სამყაროს აშენებდნენ, ხუროთმოძღვრები თურმე დაიქანცნენ. ხელები დაუდუნდათ. ამ დროს ცის ოთხივ კუთხით მუსიკის ჩანჩქერები აგუგუნდნენ, ყველას ძალღონე გაუასკეცდა, საწუთროს მოჩუქურთმება დაამთავრეს და ჭერი ჰანგების დუღაბით გადახურეს. იმასაც დასძენენ, რომ ვარსკვლავები მოქანდაკეთა ცრემლებიაო“.

„მუსიკამ შეიტყუა ადამიანი დედამიწაზე, მუსიკას შესწევს უნარი ადამიანის დამყაყებული სულიდან გამოხადოს სიხარულის უშრეტი სურნელება“.

„...ჩვენი დედამიწა... რა კარგი საკონცერტო ადგილია, მაგრამ... რამდენმა მოდგმამ ისე უფერულად ჩაიარა, ისე უშნოდ იტორღიალა, რომ ერთი სალამურიც არ დაუკრავს, ერთი სტვირიც არ ჩაუბერია...“ წერს პოეტი (შადრევანთან) (4, 58).

„...ხანდახან სივრცეების გასწვრივ ჩამორეკილ ზარის ნიაღვრებს მერცხალივით უნდა ჩაუქროლო“ ამბობდა „ფერისცვალების“ ავტორი და „საღამო ხანი ზარებს რეკავდა, ჟრუანტელს გვრიდა ცის ხმის სიამე!“...

ნიკო სამადაშვილის ერთ-ერთი კუმირი ფრიდრიხ ნიცშე „ყველა ნაწერებიდან“ „სისხლით დაწერილს“ გამოარჩევდა.

„ხელოვნება გულის სისხლს მოითხოვს საფასად“ (დიდოსტატის მარჯვენა), აცხადებდა კონსტანტინე გამსახურდია. „ვწერდი სისხლით“, ნათქვამია გალაკტიონის „ხელოვნებაში“, „ცრემლი და სისხლი“ იღვრება ტერენტი გრანელის პოეზიიდან.

ნიკო სამადაშვილის ლექსები „ამოვლებულია სისხლის ენდროში“ (შენი სურათი) (1, 171). „სისხლების თქეშია მისი ლექსების ბილიკებზე“ (ხვალ) (1, 160). „და მაჯაჯია სისხლის პერანგი“, აღმოხდება „ბედგაძარცულ პოეტს“ (გადამეყვლიფა გული დარდებით) (1, 157).

„ყოველი ლექსი გულის კურთხეულ სისხლში უნდა იყოს ამოვლებული... ქაღალდზე დაცემული დიდი შემოქმედების სისხლის წვეთი გერჩივნოს უნიჭო ადამიანების აჭრელებულ თაბახებს“, ხაზგასმით ამბობს პოეტი.

გულის სისხლთან ერთად, ძვლიდან გამოთლილი სალამურია ნიკო სამადაშვილის პოეზიის მეტაფორული მახასიათებელი: „ათასი წლების ნახირი წავა, ძოვით შუქს გაღმა, სივრცეებს იქით, მაგრამ ვერავინ ვერ დარწმუნდება, ძვლიდან სალამურს როგორა ვთლიდით“ (გრძნობა) (1, 234).

თითქოს შუქია პოეტის მიერ დათხეული სისხლის საფასური: „შუქი დამეძებს, უნდა რომ სწუხდეს, თითქოს მე ვიყო გამოქვაბული და ჩემს ქვეშ სისხლის მდინარე ჰქუხდეს“ (ჩემი პორტრეტი) (1, 223).

პოეტს სჯეროდა მხატვრული სიტყვის ყოვლისშემძლეობა, ესმოდა მარადისობის ზარები, ხედავდა ცის გახსნას, ხვდებოდა მზეს, ლაჟვარდებში ნავარდობდა: „ცა გაიხსენება და უცბად მძლავრად აგრიალდება მარადისობის ბოხი ზარები... მე შემიძლიან ზეცა დავქორო მარადისობის ზარების ტაშით. მე შემიძლიან, რომ ცას დავეყრდნო და მზეს შევხედე. რომ ცის ლაჟვარდებს გავუხვიო ჩემით იმედით და ლაჟვარდები დაგიგო ქვეშ და დაგიფინო, როგორც მწუხრი“ (მამადავითის მთაზე გაუხვევ) (1, 237-238).

ბედის ღრუბლის გაფანტვის მაცნე იყო პოეტის სამრეკლოდან მომავალი ზარის ხმა: „ბედის ღრუბელი ბინდის იქით ყრუთ იფლობოდა, გაოგნებული სამრეკლო კი რეკდა და რეკდა (დამასაფლავეს მეგობრებმა და მიმატოვეს) (1, 261).

ნიკო სამადაშვილის ლექსებში გამუდმებით ირეკება მრავლისმთქმელი ზარი: „ისეთი გზნებით რეკდი დიდ ზარებს, როგორც ხატისგან შეშლილი მნათე“ (გენია და სამრეკლო) 91, 52).

მართლაც, მისი შემოქმედებიდან ირეკება მწუხარების, დარდის, სიხარულის, გაფრთხილებითი ზარები.

ლექსში „სიმართლე“ (1, 170) პოეტის უმთავრეს დანიშნულებად მიჩნეულია არა მიუღებელი ცხოვრებისათვის ზურგის შექცევა, არამედ რიჟრაჟების ხილვა, სიმართლის მსახურება: „ვინ მისცა პოეტს ან უფლება, ან სამართალი, რომ დაემდუროს ამ თვალუწვდენ კაცობრიობას. ან გაებუტოს ბნელ ფიქრებით შემოკვართული, ან დაემსგავსოს ძველი ბოსლის ხნიერ ობობას. თავში ქვა იცეს, როგორც უნდა წარმართოს ბედი, თუ რიჟრაჟებსაც ზურგს შეაქცევს, მოიღრუბლება, ასეთი კაცი იყურყუტებს ხრიოკ ქედივით, როგორც ცრემლებით მოქსოვილი ქარის თქმულება.“

გალაკტიონმა პოეტს „გრიგალი შერყევა“ უწოდა (კოსმიური ორკესტრი), ნიკო სამადაშვილი ამბობს: „პოეტი ქარივით ამოვარდება, რომ სამყაროს ნისლმოდებული კალთები შეაშრიალოს“ (ქარაგმა) (4, 73).

„ფერისცვალების“ შემქმნელი ლოცულობდა ლიტერატურაზე, ამასთან დანტესის სახით შეაჩვენებდა ყველა უკეთურს, სიტყვის ოსტატთან დაპირისპირებულ ჯალათს: „ლოცულობს კაცი და ავედრებს დაღუპულ ლექსებს, დიახ, ოდესღაც ისიც ენთო სინათლის დარად, ის დაღმუოდა მტკვრის ნაპირზე ვერაგ დანტესებს“ (პოეტის ლოცვა) (1, 185).

ცხოვრებისა და პოეზიის ამაღლებული იდეალებისა და პრაგმატიზმის დაპირისპირება მრავალგზის იჩენს თავს ნიკო სამადაშვილის შემოქმედებაში: „...ახლა დავდივარ ბედგაძარღული... ჩემი ლექსები ხეზე შეფრინდნენ, მათი ჟივილი სადღა არ ყრია, მთელი მსოფლიო მართლაც ბინდდება, ქვეყანა მხოლოდ ბაყლებს უპყრიათ“ (გადამეყვლიფა გული დარდებით) (1, 155).

„ბრმა წმინდანების“ გაგების იმედი არა ჰქონდა, სანთელივით მანათობელი სიტყვების, გუდამაყარით მაღალი მრწამსის პატრონს. „...ვლოცულობ ჩემთვის და ანთებული სანთლები მომაქვს ბრმა წმინდანებთან, როგორც ჩემი გულის ნაქარი, ზედმეტსახელად პოეზიის გერი დამარქვეს, თითქოს ჩემს მრწამსში არ ღვიოდა გუდამაყარი“ (ისევ ვლოცულობ) (ჟ1, 110-111).

„ლექსის ფარაონს“ ეშინოდა, რომ „ჯიბგირობას“ დააბრალებდნენ (ლეოს წერილი) (1,96).

„მარადისობის მღვიმეების ბინადარს“ ბრბო ამაოდ ურჩევდა: „კმარა, შესდექი, მოეშვი წერას... ხმაც შეიცვალე, სახის იერიც“ (უჯიშო ხიდან გამოთლილი ხარ) (1, 31).

ჯვარცმულ პოეტს ქვებზეც გამანადგურებელი წარწერა ელანდებოდა: „რომელი ჯვარცმა შეედრება ამ ჩემს წამებას... დაიკარგეო, ქვებზე ელამს ცუდი წარწერა“ (ჩემი დღე) (1, 18-19).

„მარადისობის კოშკების“ პატრონი, „ჰანგებით მდიდარი“, პოეზიისთვის სისხდათხეული პოეტი „სახრეგადაწნული“ იყო, „ტყის ქარიშხლების“ სამიზნედ ქცეული, სამშობლო არა ცნობდა, პირიქით, ემტერებოდა (თელა და ჩიტი) (1, 20-21).

კატორღად ქცეოდა მამული, შებორკილი და ჩაწიხლული იყო უკეთურთაგან (რევიზიის დროს) (1, 41).

„გულქვა მსოფლიო“ აიძულებდა „უბე ლექსები“, „ზამბახთა ჩრდილი“ გადაეყარა, მაგრამ მომავლის უტყუარი მსჯავრი ანუგეშებდა: „ცხედარი ქარში სიტყვას ამბობდა და ყვავილები მოჰქონდათ ქარებს“ (მარადისობის უარყოფა) (1, 254).

ნიკო სამადაშვილი ამხელდა განდიდების მანიით შეპყრობილთა „დაფხრეწილ ფიქრებს“, „სიყმაწვილეს, ქცეულს ფუტუროდ“ (მოგონება და სინანული) (1, 239). თვითონ კი „მარადისობის ზარებს“ რეკავდა, „გამოქვაბულში“ ზარებს აგუგუნებდა.

„მღვიმეში“ დაოსებულიყო შემოქმედებით და იქაც მთვარე უნათებდა (თვალს არ აშორებდა) (1, 253).

მისი სულის შუქი არა ვიწრო, ლოკალურ არეალს, არამედ მარადისობას ანათებდა: „...მე ვანათებდი ჭრელი თვალების მეტეორივით, მარადისობის ხშირ მარგილებთან“ (მარგილები) (1, 260).

ყოფითობაში „მოკლული ქედანივით“ უიღბლოს, ბახტრიონის სიმაღლე-სიდიადის პოეზია ადიადებდა: „მწამს, რომ ფანჯრებთან იელვებს უცბად ჩემი ოცნება, ვით ბახტრიონი“ (გაყრა) (1, 21).

შეუცნობლობა-დაუნახაობით გაწამებულს, პოეზიის გერად მიჩნეულს, სჯეროდა, რომ თავის კვალს დატოვებდა მისი „ფიქრების წარღვნა“ და მომავალი კუთვნილ ადგილს მიუჩენდა: „პოეზიის გერი დამარქვეს... გადაყრილ ნიჩბებს ატივტივებს ბედი ვერაგი. თვალი ვერ მოჰკრეს, ისე შეწყდა ფიქრების წარღვნა და ტალღებიდან აქოჩრილი ქარის პერანგი ვიღაც მომნახავს, ჩემი ცოდვით დაიფერფლება...“

მართლაც, ახდა პოეტის წინათგრძნობა, არათუ შეამჩნია ობიექტურმა მკითხველ-სპეციალისტმა მისი პოეზია, განსაკუთრებით გამოარჩია, გაითავისა და თანამდევად გაიხადა მისი „ფიქრების წარღვნა, ფიქრთ გაზაფხული, ფიქრის წარღვნა, ფიქრების დიდი ხმელეთი, ლექსების წალკოტი, სიტყვის ბაჯაღლო“...

„პოეზია მარადისობის ატეხილ ზარების ჰანგზე როკავს“ (ქარაგმა) (4, 7), ამბობდა „მარადისობის კოშკების“ პატრონი ნიკო სამადაშვილი, ზოგადსაკაცობრიო, იდეალებზე უტყუარი პასუხების მიმგნები როგორც ეროვნული, ისე მსოფლიოს მასშტაბით, განსაკუთრებული ყურადღების ღირსი ჭეშმარიტი ოსტატი.

„ბედმოკრძალებით“ დაღუპული პოეტი წინასწარ ხედავდა, რომ მისთვის „კიაფობდნენ შორს ვარსკვლავები, მარადისობის ჭუჭრუტანები“ (მოსწყდა) 91, 158).

ნისლის „ბნელი გრიგალების“ მიუხედავად, „პოეტის სიმღერა და უკვდავება“ მაინც გახმიანდებოდა დროთა ვითარებაში, უზენაესისაგან მომადლებული ნიჭის შემოქმედება მისი პოეზია ზეცაში დაივანებდა სამარადისოდ, ასეთი იყო მაღალი იდეალებისათვის მსხვერპლშემწირველი ავტორის რწმენა: „...გაივლის დრო და დიდი ხნის მერე, ღმერთნი იტყვიან, ნიკო გვეწვია,105 შემოეხვევა ცას უწვდენს მერქანს ჩემი ცხოვრება და პოეზია“ (გაივლის დრო და) (1, 213).

პოეტის „ფიქრების დიდი ხმელეთი“ (შდრ. გოეთეს „სულთა დიდი სანერგე ბაღი“) ჩვენი მარადიული პოეზიის დიდი სიამაყეა.

________________

101. სწორია: „დავიხოცებით... დაგვსუნავს ლოდი, გარემოც ყვითლად დაიფერება

102. სწორია: გინახავთ კაცი, ტაძრის ზღურბლთან ლოცვებით მთვრალი,

103. სწორია: ყრმა მაცხოვარის ნაფეხურებს რომ გაჰყოლია?..

104. სწორია: ბინდების გაღმით წყალივით სჩანდა -

105. მეორე საბოლოო ვარიანტი: გაივლის დრო და დიდი ხნის მერე, იტყვიან: - ნიკო გვეწვია.

3.44 82. სორდია, ლუარა. ნისლშემოსილი

▲ზევით დაბრუნება


// ათინათი. - თბილისი, 2020 . - № 4. - გვ. 192-194.

ნიკო სამადაშვილის შემოქმედებაში ცხოვრებას „მრავალგზიანი“ ეწოდება, ხოლო მისი ერთ-ერთი მახასიათებელია ნისლი, ღრუბელი, ჯანღი, გააზრებული როგორც ნეგატიურ, ისე პოზიტიურ ჭრილში. ხშირად ნისლით პოეტი ჭეშმარიტი ნიჭის იგნორირებაზე, შეუცნობლობაზე, მიგვანიშნებს.

ბიბლიის მიხედვით, ღმერთი ნისლში სუფევს და მოკვდავთათვის დაუნახავია. მხოლოდ ებრაელთა წინამძღოლი მოსე, როგორც წმინდა ადამიანი, ახერხებდა შეეღწია საღვთო ნისლში: „მოსე მიადგა ნისლს, სადაც ღმერთი იყო“ (1, 2021).

„ზეშთაარსების ნისლის“ ხილვას ცდილობდა დიონისე არეოპაგელი: „ზეშთაარსებისა იგი ვიხილოთ ნისლი ყოვლისგანვე არსთა შორის ნათლის დამალული“ (2, 201).

ჰიმნოგრაფებში - იოანე მტბევარი, ეზრა, იოანე მინჩხი ელტვოდნენ „შეუვალსა ნისლსა ღვთისასა“.

სასულიერო პოეზიაში ნისლი ასევე გაიაზრება ცოდვის, წვალების, ვნებისა და უღმერთობის სიმბოლოდ.

მრავალნაირ კონტექსტში წარმოაჩინეს ნისლი ვაჟა-ფშაველამ, გალაკტიონმა, ნიკო სამადაშვილმა.

„ფერისცვალების“ ავტორის ლექსში „ლიახვის ნაპირები“ (3, 12) ნისლი წარმოიდგინება, როგორც დაისის მთების „ზედაშე“. „...ნისლის ზედაშეს სვამენ და დაისს მთები კენკავენ“.

ერთგან „მონასტერი ჩანს მთაზე ნისლივით“, სიცოცხლე, ქვეყანა კი საძაღლეთს ჰგავს (4, 140).

მინდვრებზე, გორაკებზე მგზავრთათვის გზების ამრევი ნისლია: „...მინდვრებს, გორაკებს ნისლი სცემდა ფრთებს, რომ პირქუშ მგზავრებს გზა არეოდათ“ (გზათ-ვალალობა) (4, 54-55).

უმეგობრობის, ბრბოში ცხოვრების მახასიათებელი ნისლია ლექსში „დაითენთა“: „...ბრბომ შეუბღალა მაღალი გრძნობა. ნისლივით იდგა უმეგობრობა“ (5, 46).

ამაღლებული იდეალების მიუხედავად, ნისლებს დამგვანებია პოეტის ცხოვრება: „...ნისლეთი იყო იმის ცხოვრება106 და შთაგონების გუდამაყარი“ (თებერვლის ამინდს ჩემად ეღვიძა) (4, 139).

„ნისლებს შორის“ მოქცეულ მგზავრებს „ქვესკნელთ გალობა“ მოესმათ (შეხვედრები დღის ბოლოს) (2, 123).

„ნისლოვანებაში“ (4, 250) ქარაგმაა ნისლეთი, დედამიწა კი მთვარეული: „ნისლეთი იყო იმის ქარაგმა და დედამიწა კი მთვარეული“.

მაწყევარი, არაკეთილმოსურნე მწყემსის როლში მოვლენილი ნისლია მთელი ოჯახის თანამდევი ლექსში „აღსარება“ (4, 18): „ნისლები მოვლენ მთიდან ბუზღუნით, დაიჩოქებენ და დამწყევლიან, ნისლი მწყემსავდა სარქალივით ჩემ ნორჩ პატარებს“.

მწუხარების, შინაგანი ფორიაქის მაუწყებელი ნისლია ლექსში, „ნუთუ ის აღარ განმეორდება“: „...სახეზე მუდამ ნისლი ებურა და წმინდანებმაც ვერ დაამშვიდეს“ (4, 241).

ბუ ამგზავრებია, სამშობლო „ქარაგმად“ ქცევია, ნისლი დაღუპვას უქადის ლირიკულ პერსონაჟს ლექსში „უკანასკნელი ზარების რეკვა“: „ბუ ჩამცქეროდა ღია თვალებში, სამშობლო იყო ჩემი ქარაგმა. ძველი ხალათი, ქუდი და კუბო, ამით ვეწვევი მარადისობას და იქ, ნისლებში რომ დავიღუპო“ (4, 54).

ცრემლი ნისლად დგას ლექსში „ელადა“ (3, 43): „...შენ ჩემი ცრემლი არ დაგენანა, ცრემლი, შენს ახლოს დამდგარი ნისლად“.

გუბე გაუვსია პოეტის ცრემლებს, მაგრამ ის მაინც ნისლით იფარება, ანუ შეუცნობელია: „ის კამკამებდა, ვით ცრემლის გუბე, ის ნისლებს ჰგავდა გულის საყარზედ“ (წარწერა) (5, 168).

ნისლით დაფარული შემოქმედის ნუგეში მხოლოდ ღვინოა, მისი ხვედრი მხოლოდ ვარამია: „...ღვინო დარდისფრად ეკიდებოდა, ნისლში ბჟუტავდა გზათ ვალალობა“ (ერეკლე ტატიშვილს) (3, 45).

ავდრების მომასწავებელი, აცეკვებული ნისლია ლექსში „ლოცულობს ყველა“. „ნიშა ტალღების ზვიად ფერხულზე იცეკვებს ნისლი - ავდრების დარი“ (3, 15).

„ფეხმძიმე ნისლების“ წყევლაა ლექსში „თვალს არ აშორებდა“ (4, 101).

„დასწყევლოს ღმერთმა, რაღა ნისლებს დაუმეგობრდი“, მიმართავს პოეტი ერეკლე ტატიშვილს ლექსში „შენ რომ მოკვდები, მაშინ შეირყევი“ (4, 49).

„მოგონებაც ნისლივით გრილია“ (დამშვიდობება და სინანული) (6, 64-65).

„ჯანღი უკუნია“ ირგვლივ (გადამეყრები, ერთად წავიდეთ) (4, 138).

უბედობის მაცნე ნისლის კვამლია თვალებშიც: „ბეც თვალებიდან შავი კვამლი ამოგდიოდა“ (სმენა) (4, 85), ასევე, „უთქმელ ლექსების კვამლი“ აწვალებს პოეტს.

„სალახანას პორტრეტში“ საყურადღებოა ვაიპოეტის „ნისლობა“ (4, 98-99).

„მუსლიმანთა შეთქმულ ნისლობაზეა“ საუბარი ლექსში „საუკუნის ნახევარზე მეტი გავიდა“ (4, 269). ნისლობა ნეოლოგიზმია.

„შერისული ნისლებია“ ლექსში „თვალს არ აშორებდა“ (4, 255).

პოეტის თანამგრძნობელი ნისლი და ღრუბელია ლექსში „გული და ჯანღები“: „ვინ დაგვინანებს, მხოლოდ ნისლი დაგვაყრის ნაღველს, როგორ ვუყვარდით, მეგობარო, ღრუბლნარა, ღამეს, როგორა გრძნობდა ჩემი გული ბედის ნაბიჭვარს!!!“ (4, 137).

ნისლების მიუხედავად, „ბედის აღვირი“ მაინც ნიჭით გამორჩეულთ ეპყრათ ხელთ (ერეკლე ტატიშვილს) (4,183).

განდიდების მანიით შეპყრობილთა, „პოეტების ნახირთა“ მცდელობით, ნიკო სამადაშვილს ხშირად ებურა შეუცნობლობის ნისლი, მას სპეციალურად აფარებდნენ ნისლის, ღრუბლის, „სიყალბის რიდეს“, რაც ხშირად შემოქმედთა ხვედრია და რასაც სხვა სიტყვის ოსტატებიც ამხელდნენ.

დიდოსტატ ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში ღრუბელ-ნისლთა მთელი ლეგიონია, განსაკუთრებულ ყურადღებას კი იქცევს ბოროტთა და შურიანთა, არასრულფასოვანთა მიერ გამოყენებული ნისლი „იალბუზში“. ეშმაკთან წილნაყარი, შურით მონათლული მთები გაღიზიანებული არიან გოლიათი იალბუზის სახელ-დიდებით, მაგრამ რაკი მისი დაშლა-დანგრევა არ შეუძლიათ, გადაწყვეტენ მეტოქისათვის ღრუბელ-ნისლის, ჯანღების მოხვევას, რათა უჩინარი გახადონ, სიბნელეში მოაქციონ მისი სიმაღლე-სიდიადე. ამ განზრახვას კიდეც მოიყვანენ სისრულეში და მთელი წელი ჯანღებში მოქცეული იალბუზი თითქოს ასპარეზიდან ქრება. იალბუზმა დაასკვნა: „მიზეზად მძულვარებისა ჩემი სიდიდე ვცანია. აღარც ეს მინდა, თუ მისგან შემიძულებენ ძმანია!“ ის ღმერთს ევედრება: „გთხოვ, გამასწორო სხვებთანა და შემიმცირო ტანია, მით მოვსპოთ საშუალება შურისა მოსაყვანია“ (6, 253, 254).

სამართლიანი ღმერთი, მართალი იალბუზის მხარეზე აღმოჩნდა. მან ანგელოზის ნასროლი შურდულით ჯოჯოხეთში ჩააგდო ეშმაკი, იალბუზს მოაცილა ღრუბელ ნისლები, ხოლო შურიან მთებს ჩაუნერგა სიკეთე, „დიდებული მოძმის“ პატივისცემა და ამიერიდან მთებს ანგელოზი დაეპატრონა (6, 260-261).

ვაჟა-ფშაველამ „იალბუზის სიმღერაში“ ქარით და ნამქერით გაწამებულ იალბუზს ათქმევინა: „იქნებ სიმაღლემ მიმრავლა საგრძნობი-საწუხარია!“ ამ ლექსში ნისლი იალბუზის მანუგეშებელია გულგატეხილობის ჟამს.

მრავალგზის გამოიყენა ვაჟა-ფშაველამ ღრუბელ-ნისლი სხვადასხვაგვარი მნიშვნელობით და ამ მაგალითებით ჰომეროსს შეხვდა უნებურად.

ჰომეროსის „ილიადაში“ ტიდევსის „პირმშოს ღმერთი იცავს“, მხრებზე ნისლს დაუფენს, რათა ისარი ააცილოს (7, 84).

ზევსი ჰერას ოქროს ღრუბელს მოახვევს, რათა სხვათათვის უჩინარი გახადოს მათი შეხვედრა.

ასევე ღმერთი გაფანტავს ჯადოსნურ ღრუბელს აქილევსის თვალთა წინაშე (7, 394).

„ოდისეაში“ ტელემაქე და ოდისევსი ათინამ ნისლით შებურა და უგრძნეულოდ გაიყვანა ქალაქიდან (8, 3741).

ნიკო სამადაშვილის პოეზიის ნისლები და ღრუბელ-ჯანღები უმეტესად პოეტის უგულებელყოფას, შურს, შეუცნობლობას უკავშირდება და აქ, იგი, როგორც თავის დიდ ქართველ წინამორბედს - ვაჟა-ფშაველას, ისე გენიალურ ჰომეროსს შეხვდა უნებურად, თანაც ჭეშმარიტი ოსტატის დონეზე.

„ფერისცვალების“ ავტორს „სამყაროს ნისლმოდებული კალთების შეშრიალება“ ხელეწიფებოდა (ქარაგმა).

_____________________

106. სწორია: ნისლეთი იყო ჩვენი ცხოვრება

3.45 83. სორდია, ლუარა. ფრიდრიხ ნიცშეს რემინისცენტიები ნიკო სამადაშვილის პოეზიაში

▲ზევით დაბრუნება


// ლექსმცოდნეობა: ყოველწლიური კრებული / შოთა რუსთაველის ქართ. ლიტ. ინ-ტი. - თბილისი, 2021. - № 13, ლექსმცოდნეობის მეცამეტე სამეცნიერო სესია (მასალები): ეძღვნება ნიკო სამადაშვილს. - გვ. 154-168.

ნიკო სამადაშვილი იყო ფართო თვალსაწიერის, განსაკუთრებული ინტელექტითა და ინტუიციით, ნათელხილვისა და ნათელსმენის ფენომენებით მომადლებული პოეტი. მისი მზერა გასწვდა როგორც დასავლეთს, ისე აღმოსავლეთს, იცნობდა და მიმართებას ამყარებდა ბუდიზმთან, თაგორთან, ნიცშესთან, მაგრამ არავისი ბრმა მიმდევარი არ ყოფილა, მას თავისი განუმეორებელი სამყარო ჰქონდა, დაფუძნებული ქართულ მსოფლგანცდაზე, მრავალსაუკუნოვან ქრისტიანობაზე. ამასთან, როგორც ათეისტური ეპოქის შვილი, ღმერთისუარმყოფელი ეპოქის ტრაგედიებსაც გვიჩვენებდა, მაგრამ ყოველთვის რწმენისკენ იხრებოდა. ხედავდა სხვათათვის უხილავს, ესმოდა უხმო ხმები, სჯეროდა ზეცის, ანუ ღმერთების, წმინდანების სამყოფელი მარადიული ცის არსებობა. პოეტი დაუცხრომელი მოგზაური, სულით მოგზაური იყო მიწაზე, ცაში, ცათა ცაში, პლანეტების, ვარსკვლავების მიღმა, მაძიებელი ჭეშმარიტების, მარადისობის.

პოეტი სნეულებას უწოდებდა უღმერთობას და უზენაესს მოწყვეტილი კულტურა ფსევდოკულტურად ესახებოდა. მის შემოქმედებაში დაფიქსირებულია უღმერთო, ურელიგიო არსებობა, როგორც ჭირი, სნეულება, სახადი, მგელკაცთა მეუფება, ამასთან, ნაჩვენებია რწმენისკენ მიბრუნების პროცესი, სიკეთის, სიმართლის მსახურება, როგორც სრულყოფილი არსებობის საწინდარი.

ნიკო სამადაშვილის კოსმოლოგია ქრისტიანულია, მისი შემოქმედება, ერთი მხრივ, „ღმერთის გლოვის აფიშაა“, ამავდროულად, მარადისობასთან ზიარების სიხარული.

დიდხანს იხეტიალა პოეტის სულმა მიწაზე, ქვესკნელში, გამოქვაბულში, ზღვაზე, ვიდრე ცათა ცის მშვენიერებას, სინათლეს ეზიარებოდა, ვიდრე მთებს აივლიდა და „დაუსაბამოს“ იხილავდა.

„ფერისცვალების“ ავტორი არც ფრიდრიხ ნიცშეს ზარატუსტრას მოძღვრებისადმი ყოფილა გულგრილი, „ესე იტყოდა ზარატუსტრას“ მთარგმნელი ერეკლე ტატიშვილი პოეტის მასწავლებელი და მეგობარი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ამ გენიალურ თარგმანს მათ სიცოცხლეში დღის სინათლე არ უხილავს, აშკარაა, რომ დიდი გერმანელი მწერლის ნააზრევს ნიკო სამადაშვილი ძირისძირობამდე იცნობდა და გარკვეულ მიმართებას ამყარებდა მასთან.

ნიცშე არის ნიკო სამადაშვილის რამდენიმე ლექსის პერსონაჟი, ხოლო მიმართება ზარატუსტრას ავტორის იდეებთან, მისი ნააზრევის რეცეფცია ქართველი პოეტის თანამდევი იყო მთელი ცხოვრების მანძილზე.

სამართლიანად აღნიშნავს ერეკლე ტატიშვილისადმი მიძღვნილი ბიოგრაფიული რომანის ავტორი როსტომ ჩხეიძე... „ნიკო სამადაშვილის ნიცშეანური ხილვა-წარმოდგენები თავიდან ბოლომდე ამოზრდილი გახლავთ ერეკლე ტატიშვილის პირადი საუბრებიდან და საერთოდაც ეს პოეზია ვერ იარსებებდა, რომ არ ყოფილიყო ბატონი ერეკლე, ოდესღაც მისი მასწავლებელი, შემდეგ კი მეგობარი და სულიერი მოძღვარი ნიკო სამადაშვილისა“ (ჩხეიძე 2018: 175).

„ერეკლე ტატიშვილი „ესე იტყოდა ზარატუსტრას“ რომ უმეგზურებდა და ნიკოს გამოზრდიდა ნიტშეანური ხედვის ლირიკოსად“ (ჩხეიძე 2018: 20).

„სადაც გინდა ჩახედე ნიკო სამადაშვილის პოეტურ კრებულს, ყველგან იელვებს ზარატუსტრას შემოქმედის ტრაგიკული სილუეტი, ნამსხვრევებად, ნაფლეთებად, როგორც მისი წინამორბედის დიონისეს განწვალული ღმერთი, იესო ქრისტეს სახებას რომ უნდა გადაჭდობოდა ნიცშეანურ ხილვებსა და წარმოსახვებში და გოლგოთაზე მის სახებასაც ძალდაუტანებლად უნდა შემოენათებინა დიონისეს, დიონისე და მაცხოვარი - ერთსახოვნებად, ერთიმეორის ჰიპოსტაზად, ისიც ჯვარცმული“ (ჩხეიძე 2018: 270).

ანალოგიურ მოსაზრებას ავითარებს ლევან დალაქიშვილი: „ქართული კულტურა, ხალხური თუ მსოფლიო მასშტაბის დიდ პოეტურ ინდივიდუალობათა შემოქმედებით წარმოდგენილი, არსებითად ისეთი შინაარსისაა, რომ ნიცშეს ფილოსოფიას არაფრით იუცხოებს“ (ნიცშეს ათვისების კულტურული პირობები საქართველოში) (ნიცშე 2007: 45). ნიცშეს დამსახურებად თამაზ ბუაჩიძის მიერ მიჩნეული „თანადროულობის გამანადგურებელი კრიტიკა. ეს კრიტიკა აღსავსეა ჭეშმარიტი ქრისტიანისთვის დამახასიათებელი სიმართლისმოყვარეობით“ (ნიცშე 2007: 275).

ნიკო სამადაშვილი გულგრილი ვერ დარჩებოდა ნიცშეს მიერ გაჟღერებული მრავალი იდეისა, რადგან „ქართულ სულთან ნიცშეს ანათესავებს განსაკუთრებული სიძულვილი ჯოგური, მონური ცხოვრებისა, მასაში გათქვეფილი, საკუთარ სახეს მოკლებული ადამიანისა, მდარე, უშფოთველი არსებობისა, პაწია ბედნიერებისა და პაწია კეთილდღეობისა. ქართული სულის მისწრაფებებთან ახლოსაა ნიცშე, როცა ეთაყვანება მოძრაობას, ბრძოლით, ხიფათით და რისკით სავსე დიონისურ ცხოვრებას, უშურველ, ანგარიშიან, განსჯის მოთხოვნათა უარმყოფელ, ლაღ, გულუხვად გამცემ, ბრძენსა და მამაც ადამიანს“ (თამაზ ბუაჩიძე, ფრიდრიხ ნიცშე და მისი „ესე იტყოდა ზარატუსტრა“) (ნიცშე 2007: 245).

ლევან დალაქიშვილის აზრით, „აშკარად ნიცშეს ფილოსოფიით შთაგონებულად მიიჩნევა ნიკო სამადაშვილის რხევა ტრადიციულ ქრისტიანულ მსოფლგანცდასა და უმძაფრეს ტრაგიკულ პოეტურ ხილვებს შორის“ და სამაგალითოდ იმოწმებს პოეტის ლექსის „ბეთანიის“ სტრიქონებს: „აქ თავის თათით ითხრიდა საფლავს მწყემსდაღუპული სოფლის ნახირი“... ნახირი აქ გაიგება ხალხად, რომელსაც მწყემსს - ქრისტედაღუპულს, ისღა დარჩენია, თავისი ხელით გაითხაროს სამარე. ეს ის ადგილია, სადაც „ჟამს ტაძრის კანი ისე დაუხრავს, რომ გარეთ ჟონავს ჭრაქის ნათელი. ძლივს ვამშვიდებდით შემკრთალ მაცხოვარს რჯულ დაწყვეტილი ექვსი ქართველი“ (ნიცშე: 2007: 10).

წერილში ნათქვამია: „ნიკო სამადაშვილის გონება ნიცშეანური ეპოქის დამახასიათებელი ფიქრების სამჭედლოდ“ მიიჩნევა. აქ „ქუჩებში მარტო და გაცრეცილი გზებგადამცდარი ნიცშე ბღაოდა“ (ნიცშე: 2007: 6).

ქართველი პოეტის შემოქმედებაში აირეკლა ღმერთისუარმყოფელი ათეისტური ბოლშევიზმის დაუნდობლობა, „ნადირთა ღრიალი“, ღვთისმბრძოლობა, „ავყია-ქარების“ თარეში, ღამეების სისინი, წარმართების ლოცვა, არმაზის კერპის ბურტყუნი, ქრისტეს ხატის ქირდვა (ტყე შრიალებდა) (სამადაშვილი 2004: 230).

სატანური დროის ავბედითი ტენდენციების დაფიქსირებაა სტრიქონები: „მე გავიგონე ღმერთის ღრიალი, არმაზის კერპი ყელს როცა ჭრიდა“ (უჯიშო ხიდან გამოთლილი ხარ) (ფერისცვალება 2004: 31).

ვფიქრობთ, არმაზის კერპის ადრესატები თავიანთი თავის გაკერპებით ცნობილი ბოლშევიკები არიან.

„ხატის ქირდვაზეა“ საუბარი ლექსში „სინათლის მიმოქცევა“ (სამადაშვილი 2004: 247-242).

ნიკო სამადაშვილის ლექსი „აღთქმა“ რეალური ფაქტის კონსტანტირებაა: „...ხვალ ლაჟვარდები ტყეში ჩამოვლენ, ჩამოიტანენ ღმერთს მიცვალებულს“ (სამადაშვილი 2004: 240).

ერთგან „ბებერი ღმერთის ძუნძულზე“ ხაზგასმა პირდაპირ ნიცშეს ასოციაციას იწვევს: „...ბებერი ღმერთი მოყვება ძუნძულს, შეიშრიალებს შიშით ხეხილი“ (თვალებში ჩადგა უღრანი სევდა) (სამადაშვილი 2004: 228).

ნიცშეს ზარატუსტრა ამბობდა: „ჰეი, ხშირად ვისროდი ბადეს მათ ზღვაში და კარგი თევზი მსურდა დამეჭირა, ხოლო ზევით ყოველთვის მარად მოხუცი ღმერთის თავი ამომქონდა“ (ნიცშე 1993: 101).

ნიცშეს წიგნში მრავალგზის კეთდება აქცენტი ღმერთის სიკვდილზე: „ეს მოხუცი ღმერთი აღარა ჰგიეს. ის საბოლოოდ მოკვდა, ესე იტყოდა ზარატუსტრა“ (ნიცშე1993: 195).

ნიკო სამადაშვილი რწმენის უარყოფას სიმბოლურ-მეტაფორული სახეებითაც გადმოსცემს: „ცის ეზოებში სასახლე ჩანდა, როგორც წარსული და ბალდახინი“ (საღამოხანი) (სამადაშვილი 2004: 120).

სასახლე საღვთო სახელია, ეზო-საღვთისმშობლო, რაც წარსულს ეკუთვნის და ქრისტიანული სარწმუნოების უარყოფაზე მინიშნებაა.

„ვერაგ, ტიალ, ნადირ, მაიმუნ“ წუთისოფელში მრავალმხრივი იდეალების მქონე ერეკლე ტატიშვილს ტანჯვად ქცევია ინტერესი ბუდიზმისადმი, მისთვის უპატიებელი გამხდარა „ცეცხლთან ვედრება“, „ზარატუსტრას ფერხული“: „შენი ცხოვრება ზარატუსტრას ფერხული იყო, მუხლმოყრილ ცეცხლთან განწირული კაცის ვედრება. კარზე გეწერა: ილოცებს დიდხანს, მაგრამ მაინც დაიღუპება, აქ დაიბადა, საიქიოში ძლივს დაბერდება“ (ჩემ ერეკლე ტატიშვილს) (სამადაშვილი 2004: 42).

ლექსში „ნაფოტები“ დედის და ბედისწერის მოთაყვანე პოეტი ღმერთებს გვერდს აუხვევს: „...დიდხანს ასდევდი უღრან აღმართებს, გჯეროდა დედა და ბედისწერა, არ მოგეწონა, რომ შეხვდი ღმერთებს და გაუხვიე სივრცეებს ცერად“ (სამადაშვილი 2004: 53-54).

ზეცის დამდაბლებას, ღმერთის მიცვალებას უშინაარსოდ უქცევია, ჭირს, სახადს დაუმსგავსებია ცხოვრება: „ხვალ ლაჟვარდები ტყეში ჩამოვლენ, ჩამოიტანენ ღმერთს მიცვალებულს, ჩემი ცხოვრება უშნოდ მივლიე, მე ვგავდი სახადს, ჭირს გავრცელებულს“... (აღთქმა) (სამადაშვილი 2004: 240).

ქრებოდა საღვთო ცეცხლი, მაცხოვრის რწმენა: „...დღეს მაცხოვარი როგორ ვიწამო, როცა ის ცეცხლი შენშიც მკვდარია“ (შეხვედრები დღის ბოლოს. ვასო მურვანიძეს) (სამადაშვილი 2004: 123).

„აღსარებაში“ გეთსიმანიის ფრინველები დასტირიან ლექსის პერსონაჟს (სამადაშვილი 1995: 64).

ღმერთის არსებობაში დაეჭვების მიუხედავად, მაინც უფლის მოლოდინშია და „ლოცვებით მთვრალია“ პოეტი (ისევ ვილოცებ) (სამადაშვილი 2004: 110-111).

ეპოქის ქარბუქი ანადგურებდა ზეცას „ნანგრევთან ეგდო სამრეკვლოს ზარი“, მაგრამ ადამიანს მაინც სულ „სიცოცხლისკენ ეჭირა თვალი“ (თვალს არ აშორებდა) (სამადაშვილი 2004: 253).

სიცოცხლე, ცხოვრება საღვთო სახელია: „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე“ (იოანე 14, 17) (ახალი აღთქმა 1992: 211).

ლექსში „მოგონებები“ გამოქვაბულის, „ქარის ტირილის“, ქვესკნელის ფონზე პოეტს ქუჩებში „გზებგადამცდარი ნიცშეს“ ბღავილი ესმის: „გამოქვაბული, ქარის ტირილი ქვესკნელს ხევიდან ხევში ჩაჰქონდა. ქუჩებში მარტო და გაცრეცილი გზებგადამცდარი ნიცშე ბღაოდა“ (სამადაშვილი 2004: 216).

ნიცშე ამათრახებდა სასულიერო წოდებას ეკლესიის მსახურებს, მსახურებს „მატყუარებს“ უწოდებდა, აქილიკებდა „უკეთურ, ყალბ, ბრძნულ მღვდელთა ზებრძნულ სირეგვენეს“ (ნიცშე 1993: 15).

ნიკო სამადაშვილის უარყოფითი დასკვნა ეკლესიაზე, სასულიერო პირებზე ემყარება როგორც პირად დაკვირვებას, ისე ნიცშეს ნააზრევს.

ლექსში „მარგილები“ სამრეკლო გუბეში დგას, ქარი ემტერება მთვარის შუქს, წყლის ფიქრებს, ტურასავით ჰკივის ძველი საყდარი: „შორს ტურასავით გაჰკიოდა ძველი საყდარი და გუბე-გუბე იდგა სამრეკლო ქარს მთვარის შუქი წუთისოფლის კედლების უკან წყლის ფიქრებივით გადაეწია“ (სამადაშვილი 2004: 260).

მთვარე საღვთისმშობლო, წყალი უზენაესის სიმბოლოა.

პოეტი ამხელს მონასტრის სიცრუეს: „მონასტრის ხმა რაღაცის ტყუის“ (სამადაშვილი 2004:161).

წუწკი ყასაბისგან ვერ განუსხვავებია ქრისტიანული ეკლესიის დიაკვანი: „აგერ თვალს როგორ მიბრიალებენ წუწკი ყასაბი და დიაკვანი“ (აღსარება) (სამადაშვილი 2004: 18).

ურწმუნოებას უსვამს ხაზს ნისლი, „გადანგრეული ცა“ (ნისლოვანება) (სამადაშვილი 1995: 250).

სამშობლოსაგან უგულებელყოფილი პოეტი ვერც წმინდანებთან მშვიდდებოდა (ნუთუ ის აღარ განმეორდება) (სამადაშვილი 2004: 24).

შერისხული მლოცველები ჭმუნავდნენ პოლიტიკურ-რელიგიურ ავდრებზე, იხსენებდნენ დაღუპულ ნიცშეს: „...რეკავ იდუმალ ზარებს... შენი მრევლი შერისხულ მლოცველთა ხროვა, იწყება ჭმუნვა მორხმულ მოგვების და შორიახლო ავდრების გლოვა. შენი საკანი ან ზღვის ღამეა, ან დაღუპული ნიცშეს თვალები“ (სიზმრების ნაღვერდალი) (სამადაშვილი 2004:149).

ნიცშეს ზარატუსტრა გველის და არწივის გვერდით ცხოვრობდა გამოქვაბულში.

ერეკლე ტატიშვილი გველით და თვალებში ჩაბუდებული ფასკუნჯით წარმოუდგენია ქართველ პოეტს: „...ისე შმაგია მაშინ ეგ სახე, შენ რას აგწერდა რემბრანდტის ფუნჯი. ამ დროს ხელებში გველი გიჭირავს და თვალებიდან მოჩანს ფასკუნჯი. სად, ვინ შეიცნობს იმ კაცის თვალებს, კაცი, რომელიც ხან ფასკუნჯია“ (სამადაშვილი 2004:136).

გველი სიბრძნის სიმბოლოა, ფასკუნჯი - ფერფლიდან აღდგომის უნარის მქონე ფრინველი.

„ერეკლე, როგორც ფასკუნჯი, უნდა დაფერფლილიყო, რათა ხელახლა შობილიყო“ (როსტომ ჩხეიძე 2018: 277).

ნიცშე სახელმწიფოს „ცბიერების ძაღლს“ უწოდებდა, „ცივ მხეცს, მარჯვე მაიმუნებით სავსეს“ (ნიცშე 1993:103).

ნიკო სამადაშვილისთვის სამყარო, სახელმწიფო არის „მაიმუნი, ნადირი, მგელი“ (სამადაშვილი 2004:134).

ნიცშე აცხადებდა - „ყოველ დაწერილთა შორის მიყვარს იგი, რაც ადამიანს თავისი სისხლით დაუწერია. სისხლითა სწერდე და შეიტყობდე, რომ სისხლი სულია.

„ადვილი არ არის სისხლის შეცნობა.

„რომელი სისხლითა და იგავებით სწერდეს, არა ისურვოს, რათა მას კითხულობდნენ, არამედ იზეპირებდნენ“ (ნიცშე 1993: 35).

ნიკო სამადაშვილის ლექსები „სისხლით ნაწერია“ (თელა და ჩიტი) (სამადაშვილი 2004: 420-21). ამოვლებულია „სისხლის ენდროში“, თითქოს გამოქვაბულშია გამომწყვდეული და „სისხლის მდინარის ქუხილი“ ესმის) (ჩემი პასუხი) (სამადაშვილი 2004:189).

„სისხლის ჭოჭი, თვალებიდან სისხლის ლავები“ გამოარჩევს, სისხლიანია პოეტის პერანგი, ზედაშე სისხლით გაულიცლიცებია „სისხლნარწყევს“.

ამასთან, პოეტმა ამხილა „სისხლით დასვრილი ვერაგი წლები“ (გეჯა) (2004: 163).

ნიცშე წერდა: „მრავალი რამ ბავშვურია ძველ წიგნთა და სიბრძნეთა შორის“ (ნიცშე 1995: 155).

ნიკო სამადაშვილი ასე ეხმიანებოდა გერმანელ წინამორბედს: „ძველი სამყარო დაუძლურდა, გამოჩერჩეტდა“, ან: „...კაცობრიობა კი მღეროდა ძველ უზენდარას“ (სამადაშვილი 1995: 140-156).

ნიცშესათვის „სამშობლო მარტოობაა, ობლობა“ (ნიცშე 1993: 140).

ნიკო სამადაშვილი მარტოსულია, ეპოქისგან გაუცხოებული, მას აწამებს „უნდობლობა ყველა უნდობის“ (სამადაშვილი 2004: 33).

ნიცშეს ეზიზღება „მებაჟენი, ჩარჩები და მეფენი და სხვანი ქვეყნისა და დუქნების მცველნი“ (ნიცშე 1993: 216).

ნიკო სამადაშვილი წერს, რომ „ქვეყანაი მხოლოდ ბაყლებს უპყრიათ“ (2004: 307).

ორივე შემოქმედთან გვხვდება ქარის გაპერსონაჟება. ყველა დაბლობთან, „ძლიერი ქარია ზარატუსტრა ქარი სულია“ (ნიცშე 1993: 169).

ქარი ხან შთაგონებაა, ბოროტება და სიბნელე. ქართველი პოეტი „ქარების მხედარია“, ქარი მისი „მძლავრი ძმაა“: „შენ შემიბრალებ, ძმაო ქარბუქო“. ის არის პოეტი, „ვინც გრიგალების სიმღერებს მოჰყვა“ (მე ვიცი მხოლოდ შენი ნუგეში) (სამადაშვილი 2004: 177).

ნიცშეს ესმის „მომავლის ქარების ხმა“ (ნიცშე 1993: 203).

წმინდა წერილის მიხედვით, ზღვა ამაოებაა, ბოროტება: „ბოროტეულნი აღელვებულ ზღვას ჰგვანან, რომელიც ვერ წყნარდება და მისი ტალღები ისვრიან ლაფს და ტალახს“ (ესაია წინასწარმეტყველი 17, 20) (ბიბლია 1990: 117).

ზღვა ამაოებაა ნიცშესთან, ასევე საუბრობს „ბედნიერების ცისფერ ზღვაზე“.

„ზღვამ წაიმღერა თავის დიდი ამაოება“, წერს ნიკო სამადაშვილი, ამასთან, ესმის „ზღვის სიმფონია“, „ტაშების ტირილი“ (სამადაშვილი 2004: 134).

ნიცშე ხედავდა სულს, როგორც „მლაშე ლორწოს“, აქილიკებდა „შეკვამლულ, განაზებულ, გაცვეთილ, დამყაყებულ სულს“ (ნიცშე 1993: 133).

ნიკო სამადაშვილს აძრწუნებდა სულში ჭია, სრვილი, სახადი (სამადაშვილი 2004: 211).

ნიცშეს სცემდა „მყობად სიმღერათა სურნელება“ (ნიცშე 1993: 141).

ქართველ პოეტს ვიეთთა ლექსებიდან სცემს „მძორების სუნი“ (გადმორბენა სამყაროსკენ) (სამადაშვილი 1999:124-125).

სახარებაში საუბარია ქრისტეს, მოძღვრების კეთილსურნელებაზე: „მადლობა ღმერთს, რომელიც ყოველთვის ძლევას გვანიჭებს ქრისტეში და ჩვენი ხელით ავრცელებს თავისი შემეცნების კეთილსურნელებას ყოველ ადგილას, ვინაიდან ქრისტეს

კეთილსურნელება ვართ ღვთისთვის დახსნილთა შორისაც და დაღუპულთა შორისაც“ (პავლე მოციქული, II კორინთელთა, 3, 15) (ახალი აღთქმა 1992: 387).

ნიცშესთვის ადამიანი „უკეთესი მტაცებელი ცხოველია“ (ნიცშე 1993: 160).

ნიკო სამადაშვილისთვის ადამიანი მგელია, ნადირი, გველი (სამადაშვილი 2004: 230, 12, 18).

ნიცშე „მთვრალია მწუხარებით“, „მთვრალია გამოცანებით“ (ნიცშე 1993: 118, 167).

ქართველი პოეტი „მთვრალია ლოცვებით, მისტერიებით“ (სამადაშვილი 2004:113,114).

გერმანელი შემოქმედი ამბობს: „გამოქვაბულად გარდაიქმნა ჩემთვის ადამიანის დედამიწა, მისი მკერდი ჩაიზნიქა“ (ესე იტყოდა 1993: 167).

ნიკო სამადაშვილი ქმნიდა გამოქვაბულში, დაოსებულიყო მღვიმეში (სიმღერები გამოქვაბულიდან) (2004: 36).

ნიცშესთვის „ქვეყანა ბნელ ცოდვილთა ტყეა“. ის მონადირეა ჭოტებზე, ღამურაზე (ნიცშე 1993: 113, 126, 216).

ნიკო სამადაშვილისთვის ცხოვრება მშიშარა მაიმუნია, მას სდევს ღამურა, ბუ, ჭოტი (სამადაშვილი 2004: 169, 120).

ნიცშე ვერ ფარავდა ზიზღს ბრბოსადმი, „მბრძანებელ, მწერალ და მხიარულ ბრბოს“, სძულდა „ბაზარი, ბრბო და ბრბოს აურზაური“, მისთვის „ავი სუნი ასდის მყრალი ბრბოს ყოველ გუშინსა და დღეს“ (ნიცშე 1993: 76, 78, 212).

ბრბოს ვერ შერიგებია „ფერისცვალების“ ავტორი, რადგან „ბრბომ შეუბღალა მაღალი გრძნობა“, „ახსოვდა, რაც რომ მიუზღო ბრბომა“, აძრწუნებდა „ბრბო, კოშმარები“ (სამადაშვილი 2004: 58, 267, 269).

ნიცშე საუბრობს „სასაფლაოს სიმღერაზე“, ნიკო სამადაშვილისთვის „სასაფლაოა ეს ვერაგი მთელი სამყარო“, „ეს დედამიწა ბოლოს და ბოლოს ხომ რაღაც დიდი სასაფლაოა“ (სამადაშვილი 2004: 119).

ნიცშეს ჩაესმოდა „შხამიანი ბუზების ბზუილი“, ნიკო სამადაშვილს - ქინქლებად მოაზრებული ადამიანების ხმა: „ჩვენ ქინქლებივით დავტრიალებთ ვერაგ საწუთროს“ (დაჯდება მარტო) (სამადაშვილი 2004: 215).

ნიცშეს ზარატუსტრა „სიკეთისა და ბოროტების მიღმა“ ყოფნას ქადაგებდა.

ნიკო სამადაშვილის მახასიათებელია „სამყაროს იქით, წუთისოფლის გაღმა“ გასვლა, მთის კონცხიდან სამყაროს იქით მიმავალი ადამიანების დანახვა, არა საწუთროს, არამედ „სხვა ზეცის“ (ცათა ცის) ძიება (ქედი სივრცეში) (სამადაშვილი 2006:112).

ნიცშეს ზარატუსტრას იდეალია „უგრძესი მგზავრობა“, „უმაღლესი მწვერვალების დალაშქვრა“, ამ „გულადი და დაუღალავი მეზღვაურის“ მიზანია მთამდე ამაღლება (ნიცშე 1993: 163).

ნიკო სამადაშვილს ხელეწიფება „დაუსაბამობის ხილვა“, ის მთის სიმაღლეს ზვერავს, რათა წუთისოფელს გადასცილდეს (წუთისოფლიდან უკვდავებამდე) (სამადაშვილი 2004: 95).

„მთაზე ასვლა ჭეშმარიტების მწვერვალზე ასვლას ნიშნავს“ (ბუაჩიძე) (ნიცშე 2007: 266).

საკუთარ აჩრდილს ელაპარაკება ზარატუსტრა.

„ფერისცვალების“ ავტორი საკუთარ აჩრდილს უსვამს შეკითხვას: „რა ამბავია? - ჩემს საკუთარ ჩრდილს ვეკითხები, რომ გეძახიან? - შებინდული პლანეტებია“ (ჩემი ფეხის ხმა მარადისობის ნაკამარევი) (სამადაშვილი 2004: 143).

ნიცშე იზიარებდა გარდასხეულების თეორიას: „სად საფლავნი ჰგიებენ, ჰგიებენ აღდგომანი“ (ნიცშე 1993: 307).

ქართველი პოეტისთვის ცნობილი იყო ეს მოძღვრება: „...და ისევ ყეფა წუთისოფლის ღია ჭიშკართან“ (გული და ჯანღები) (სამადაშვილი 2004: 70-71), მაგრამ მას არ სურდა სამყაროში ისევ მობრუნება, უკვე განცდილ წამებათა გამეორება: „ქვესკნელს შემასხი მშობელო მიწავ, თუ კიდევ შენსკენ გამოვტრიალდე“ (ვისაც სიცოცხლე ღვინოსავით ერეოდა“ (სამადაშვილი 2004).

ნიცშეს მიხედვით, „სახელმწიფო ცბიერების ძაღლია“ „მარჯვე მაიმუნებით“ სავსე „საშინელი მხეცი“ (გვ. 103).

ნიკო სამადაშვილთან, ცხოვრება ნადირია, მაიმუნი (სამადაშვილი 2004: 123).

ნიცშე ვერ ურიგდებოდა „მდიდარ ღატაკებს“: „შეხედეთ ამ ზედმეტთ! შეიძენენ სიმდიდრეს და ამით ღატაკდებიან... ისინი ტახტისკენ ისწრაფვიან... თითქოს ბედნიერება ტახტს იჯდეს. ხშირად ტალახი ტახტსა ზის და ხშირად ტახტი ტალახსა ზედა“ (ნიცშე 1993: 307).

არც ნიკო სამადაშვილს დარჩენია სიმდიდრის და ტახტის მაძიებელნი, „განდიდების კვერით“ დანაყრებულნი გაქილიკების გარეშე (სამადაშვილი 1995: 209).

ზარატუსტრა საუბრობდა „მდიდარ გლახაკზე, ოქროს ბედნიერების შავ წვეთზე, „ბედნიერების სამსალაზე“, დამარცხების ტოლფას გამარჯვებაზე: „ვინ არ დაუმარცხებია თავის გამარჯვების“, აცხადებდა ღმერთის მგმობელი და ზეკაცის მაძიებელი (ნიცშე 1993: 163, 206).

ნიკო სამადაშვილი გაურბოდა მიწიერ, პრაგმატულ ბედნიერებას: „როგორ არ მინდა, რომ ხვალ გათენდეს, როგორ არ მინდა ბედნიერება, „...ამ დალოცვილ დედამიწაზე ბედნიერებაც დასაგმობია“ (გული და ჯანღები) (სამადაშვილი 2004: 70).

ნიცშეს იდეალი იყო „შემეცნების მაღალ ანძაზე ჯდომა“ (ნიცშე 1993: 149).

ნიკო სამადაშვილის ოცნება იყო „სიტყვის ბაჯაღლო“, არა წუთისოფლის, არამედ „მარადისობის კოშკები“, ბახტრიონივით მაღალი ოცნება.

ნიცშე ასე ამათრახებდა ვაიმეცნიერებს: „გამოველ მეცნიერთა სახლიდან და კარიც გამოვიჯახუნე... ფქვილის ტომრები... უკეთუ იგინი ბრძნობას ჩემულობენ, მათი თქმანი და ჭეშმარიტებანი მამცივნებენ. მათ სიბრძნეს რაღაც სუნი ასდის, თითქოს წუმპეს წარმოეშვას: და ჭეშმარიტად, იქიდან კიდეც მსმენია ბაყაყების ყიყინი.

„ხერხიანები არიან, საათის მექანიზმები, ფრთხილად შხამს ამზადებენ, ყალბი კამათლებით იციან თამაში. „და ოდეს მათთან ვცხოვრობდი, მათ ზემოთ ვცხოვრობდი. ამად შემიძულეს“.

„დაიცავით თავი მეცნიერთაგან. მათ ეზიზღებათ. ისინი ბერწნი არიან! მათ ცივი, გამხმარი თვალები აქვთ. მათ წინაშე ყველა ფრინველი გაბურტყნულია“ (ნიცშე 1993: 97-98,215).

ნიკო სამადაშვილი ხედავდა ხელოვნების, მწერლობის შეფასების მცდარ კრიტერიუმებს, ხელისუფლება აფასებდა მლიქვნელთ, მედროვეთ, ვერ ამჩნევდა „ლექსის ბაჯაღლოს“, „მარადისობის კოშკებს“ და, ბუნებრივია, ირონიას ავლენდა ვაიმეცნიერთა, ვაიპოეტების მიმართ.

ამპარტავან, მხოლოდ პრაგმატული ინტერესებით მცხოვრებ, ზერელე მეცნიერის სიყალბეს დაუნდობლად ამხელდა „ფერისცვალების“ ავტორი: „...თანატოლებს მუდამ პრანჭვით ხვდებოდი. მოველ, გეწვიე, ტახტზე იჯექ, როგორც ბასილა, ნახარშ ხორცის წვენს მადიანად იცოხნებოდი. რასაც ბოდავდი... ენას გიყოფდა ქუჩის მხრიდან გიჟი ბოდლერი, შენც ჩაძაღლდები - მოგძახდა ძუნწო ჩიორავ! მიტატანებდი: შენ ლოთი ხარ, მე კი დოქტორი, გჯეროდა, მთვარე შენთვის თურმე კვერცხებსაც დადებს. დავბრუნდი ჩუმად, მიგატოვე კაცი გოდორი და საქართველოს ვაყოლებდი ლალისფერ დარდებს“ (ოდესღაც ახლობელს) (სამადაშვილი 2004: 203).

ნიკო სამადაშვილი აღშფოთებული იყო, რომ შერისხულნი, შეჩვენებულნი იყვნენ სიმართლის მსახურნი, ოქროპირები, რეგვენები კი, „გახირული ბარდების“ პატრონები განდიდების ტახტზე იყვნენ გამოჭიმულნი. „შემოქმედებითი სიცარიელის ბღავილი ისმოდა ქვეყნიერების სანაპიროზე“... (მთვლემარე ცისკარი) (სამადაშვილი 1995: 21).

ნიცშე არ ინდობდა უნიჭო, მაგრამ პრეტენზიულ პოეტებს: „დავიღალე ძველი და ახალი პოეტებით ზერელედ მეჩვენებიან და დამშრალ ზღვებად. მათ საკმაოდ არ უაზროვნიათ სიღრმით. ამად მათი გრძნობა საფუძველს ვერა სწვდება. ლანდების ასეულად და ჩქერად მეჩვენება მე მათი ქნარის ჟღერა: რა უწყიან მათ დღემდე ბგერათა მსვლელობისათვის! ყველა ისინი თავის წყალს ამღვრევენ, რათა ღრმა გამოჩნდეს... ნახევრად ნახევარნი და უწმინდურნი... და სულის მაგიერ ხშირად მათ შორის მლაშე ლორწო მინახავს.

„ამაოებაც მათ ზღვისგან ისწავლეს. განა ზღვა ფარშევანგთ ფარშევანგი არ არის? მათი სული ფარშევანგთ ფარშევანგია და ზღვა ამაოებისა“.

ნიცშე ამ კალმოსანთ „კალმის მელიას“ უწოდებდა (ნიცშე 1993: 99-110, 146).

ქართველი პოეტი ერთმანეთს უპირისპირებდა „ქაღალდზე დაცემული დიდი შემოქმედების სისხლის წვეთებს“ და „უნიჭო ადამიანების აჭრელებულ თაბახებს“. აქვე სასაცილოდ არის აგდებული „ლიტერატურული მკვლევარების ბოდვები“ (სამადაშვილი 1995: 64).

ნიკო სამადაშვილის „სალახანას პორტრეტში“ ვაიშემოქმედის ნაჯღაბნზე „ახითხითდა ჭორიკანა მარადისობა“. ერთგან გვზარავს „ლექსების სუნი, როგორც მძორების“ (მოვკვდები, წავალ, ვინ მომიგონებს“).

ლექსში „ნაფოტები“ ყურადღებას იქცევს ჭოტის დაცინვა, პოეტების ნახირის ბღავილი: „...ჭოტი დასცინის ბნელ არემარეს. მწყრის ქვითქვითია, ბიბინი ყანის. გაუსხეპავი ღამეა გარეთ და პოეტების ნახირი ბღავის“ (სამადაშვილი 1995: 98, 53-54,123).

„მე შენ მიყვარხარ მარადისობა!“, მრავალგზის იმეორებს ნიცშე (ნიცშე 1993: 174).

წუთისოფლისა და მარადისობის დაპირისპირებაში ნიკო სამადაშვილი არჩევანს ყოველთვის მარადისობაზე აკეთებს, გმობს პრაგმატულ, წარმავალ ინტერესებს და მარადისობას ემსახურება თავისი პირველხარისხოვანი პოეზიით, მისი იდეალია „ლექსი, ცა და მარადისობა“ (შესანდობარი) (სამადაშვილი 2004: 136), ამიტომაც ის ღმერთებმა „ლაჟვარდების სხვენზე შეაგდეს“ (საღამოს წვიმდა) (სამადაშვილი 2004: 195).

ნიკო სამადაშვილის ადრეულ შემოქმედებაში, მართალია, ურწმუნოების ქარებიც იყო, უდაბური, ნადირებით, მდევებით, აფთრებით, ალქაჯებით სავსე ტყეც, რომლებიც, ღვთისმეტყველების მიხედვით, ადამიანის სულის ნეგატიურ საწყისებს განასახიერებენ (იოანე ოქროპირი) (სიტყვა 1991: 160-160).

ურწმუნოების უდაბნოში ძეძვი, ჭინჭარი, ეკალი ხარობდა (უკანასკნელი ქრისტიანები) (სამადაშვილი 2006: 115-116).

პოეტმა არაერთგზის გააკეთა აქცენტი ღმერთის მიცვალებაზე, ბებერ ღმერთზე, ბებერი ღმერთის ძუნძულზე, უზენაესისგან განშორებაზე, დალეწილ ცაზე, დამშრალ წყაროზე, ასეთი სახეების გამოვლენას განაპირობებდა მისი თანამედროვე ათეისტური ეპოქა, რაც ნიცშეს ღმერთისუარმყოფელი მოძღვრებისადმი ყურადღების იმპულსს იძლეოდა, მერე მზერა მიაპყრო „მზრუნველი თვალის“, „მზის“, მაცხოვრის, სამყაროს შემოქმედის ყოვლისშემძლეობას, მთელი დამაჯერებლობით გვიჩვენა უღმერთო, ურელიგიო არსებობის უსიხარულობა, საშინელება და ჯერ კათაკმევლის სულით მოგვევლინა, მერე კი ჭეშმარიტ მორწმუნედ იქცა, როგორც თვითონ აცხადებს, „ის ჰგავდა ღმერთის გლოვის აფიშას“, პოეტს ნიცშესავით არ უძებნია ზეკაცი, ტრადიციულ ქრისტიანულ მართლმადიდებლობას მიუბრუნდა და იწამა ჯვარზე გაკრული, მაგრამ ცაში ამაღლებული ღმერთის მარადიულობა, როცა განაცხადა: „საუკუნეებს მაცხოვარი გაჰყვება მეხრედ, საუკუნეებს - დასაბამი რომ მოაძოვა“ (გარეთ) (სამადაშვილი 2004: 213).

საბოლოოდ, პოეტი მაინც მართლმადიდებლურ ტაძარშია მუხლმოყრილი, წარსული შეცდომისთვის შენდობას ითხოვს, სამადლობელს აღავლენს, რომ განგებამ საბოლოოდ დედა-ძისკენ მიაბრუნა და ჭეშმარიტი გზა აპოვნინა: „...ტაძარში... მუხლმოყრილი მათხოვარივით მძლე მაცხოვარს მისჩერებია... წარმართს შემინდე, თუ სიბრალულს კიდევ ატარებ... აგერ სარკმელში ღამეებმა შემოიხედეს და ღვთისმშობელმა ყრმას მანდილი გადააფარა... ილოცე, ძმაო, ასე ჩადი კუბოს კარამდე... რა უნდა გექნა, უბედურო, გზაც არ იცოდი, მადლობა ღმერთს, რომ მაცხოვარი შემოგეჩვია“ (პოეტის ლოცვა) (სამადაშვილი 2004: 185).

ნიცშე დარჩა ქართველი პოეტისთვის, როგორც თანადროულობის მგზნებარე კრიტიკოსი, სიმართლის, სამართლიანობის მაძიებელი, მაგრამ „გზებგადამცდარი“.

ნიცშეს ზარატუსტრამ, მთელი მსოფლიოს ურწმუნონი და მორწმუნენი აალაპარაკა. საქართველოში მის მოძღვრებას ეხმაურებოდნენ კონსტანტინე გამსახურდია, გრიგოლ რობაქიძე, გალაკტიონ ტაბიძე, ტერენტი გრანელი.

ნიცშეთი დაინტერესდა ანთროპოსოფიის ფუძემდებელი რუდოლფ შტაინერი, რომელმაც განჭვრიტა ნიცშეს სულიერი აგებულება“ (შტაინერი 1994: 253). „კომატოზურ მდგომარეობაში“ მყოფი ნიცშეს ტრაგედიის მიზეზად შტაინერს ესახებოდა მისი ამპარტავნობა, სპირიტუალური ცოდნისგან განდგომა, ბუნებით ინტუიტივისტი ზარატუსტრას ავტორი იყო „ინდივიდუალისტური ამპარტავნობით“ შეპყრობილი, ის ხედავდა ბუნების ადამიანს და არა სულის ადამიანს, ფინალურ აქტს ზეკაცის ტრაგედიისა, მისი ცოდნა არ მოეცვა სულიერ ჭვრეტას, ის თვალს არ უსწორებდა სულს.

ის იყო თანამედროვეობის მგზნებარე კრიტიკოსი, რომელსაც ეს კრიტიკა ხდიდა ავად. მან წარსული მიწიერი ცხოვრებიდან წამოიღო მდიდარი ოქროვანი ელვარება, მაგრამ ვერ შეძლო გაებრწყინებინა იგი ამ ცხოვრებაში, სულის სამეფო მატერიალურის მიღმა მისთვის სიცრუედ იქცა.

„გოეთე ყველგან ჰპოვებდა მატერიაში გამეფებულ სულს.

„ნიცშე, მისწრაფი სულის სამეფოსკენ, გახდა ბუნებაზე არსებული შეხედულებების ტყვე“.

შტაინერმა დაწერა წიგნი: „ნიცშე, თავისი დროის წინააღმდეგ მებრძოლი“ (შტაინერი 1994: 16, 244, 250, 261).

3.46 84. სორდია, ლუარა. წუთისოფელი და მარადისობა ნიკო სამადაშვილის პოეზიაში

▲ზევით დაბრუნება


// ათინათი . - თბილისი, 2019 . - № 4. - გვ. 224-228.

სოფელი და ზესთასოფელი, წარმავლობა და მარადიულობა, მიწა და ზეცა, სული და სხეული, მათი ურთიერთმიმართება ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა რელიგიაში, ფილოსოფიაში, ლიტერატურაში, საერთოდ, ხელოვნების ყველა დარგში.

წარმავლობას ებრძვის და მარადისობას ელტვის ყოველი დიდი მოაზროვნე.

ნიკო სამადაშვილი მუდმივად უპირისპირებს ამ ორ საწყისს, ყოველთვის გმობს მიწას, წარმავლობას და მარადიულისკენ ისწრაფვის.

პოეტის შემოქმედებაში „თვალში საცემია მარადიულობის და წარმავლობის განხეთქილების პრობლემა, აწუხებს ყოფიერების აბსურდულობის შეგნება და მარადიულის მოძიების ვნება“ (თემო ჯაფარიძე 1,553,579).

ქართველი პოეტი იცნობდა იდეალიზმს, ქრისტიანულ რელიგიას, ჩინურ და ინდურ ფილოსოფიას, ბუდიზმს, რომელთაც ბევრი რამ აქვს საერთო დასავლურ აზროვნებასთან. 839

აღნიშნულია, რომ ხდებოდა „წარმართული და ინდური რელიგიურ-მითოლოგიური და მისტიკური წარმოდგენების გაერთება, დასავლური და აღმოსავლური სიბრძნის შერწყმა“ (2,112).

მიუთითებენ მსგავსებაზე ინდურ მისტიციზმსა და დაოსიზმს შორის (2,113).

„ბუდიზმის აღმოცენებას წინ უძღოდა ვედებისა და უპანაშიდების უზარმაზარი სამყარო. ჩინეთში ბუდიზმი გავრცელდა I-II საუკუნეებში (2,135).

„ბუდისტების, დაოსელების აღთქმები“ და მცნებები... პირდაპირ ემთხვევა ქრისტიანულ ათ მცნებას. ბუდიზმიც თანამოძმისადმი სიყვარულს და თანაგრძნობას, დამთმენელობას ქადაგებს, სიძულვილს სიყვარული უნდა მივაგოთ, ცხოვრება სიკეთითა და თანაგრძნობით უნდა ავავსოთ“ (2,13).

მათი საერთო მახასიათებელია „დინების წინააღმდეგ სვლა“ (2, 139).

ლევ ტოლსტოი ხაზგასმით აღნიშნავდა იმ ნათესაურ კავშირს, რაც მართლაც არსებობს ლაო-ძის მოძღვრებასა და ქრისტიანულ რელიგიას შორის.

ლაო-ძის „დაო დე ძინის“ მიხედვით, „მრავალჟამიერია ის, ვინც გადიადდა, ვინც წარუვალში გარდაიცვალა, ანუ გაუკვდავდა“ (2,163).

„ყოვლადბრძენი კი ნიადაგ მწუხრს გარემოუცავს“ (2,123).

„ეს დედამიწა სევდის სრა-სასახლეა, ყოველ ნაბიჯზე ხიბლია, რათა შენი „მე“ დაიჭიროს იმ ხიბლით, რომელსაც უდიდესი ერესი ჰქვია“, გვმოძღვრავს ელენე ბლავატსკაია (მდუმარებიოს ხმა) (...3,61).

„ბჰაგავად-გიტას“ მიხედვით, „ეს ქვეყანა ჭირთა წარმავალი საუფლოა“ (4,60), „წარმავალი და უსიხარულოა საწუთრო“ (4,67), მიზანი კი სიბრძნესთან ზიარებაა. „იქვე დაამარცხა წუთისოფელი იმან, ვისი გულიც შეუძვრელია“ (4,45).

ნიკო სამადაშვილის ფიქრი მიწას, წარმავლობას უარყოფს და წუთისოფლის გაღმა სამყაროს უახლოვდება, მისი „მგზავრის ფარანი“ ერთდროულად მიენათება მარადისობას და წარმავლობის ოხერ მარანს“ (სტრიქონების ქარაფი. ციალა თოფურიძეს) (1,170).

შიშს იწვევს წუთისოფლის გრიგალები, ხედავს „მარადისობის ჩუმ უდაბნოს“ (ფილტვების სიყვითლე) (5,33).

პოეტი გულგრილად უმზერს „ხალხის წარმავალ ბედნიერებას“, არ სურს კოდალასავით უკაკუნებდეს „ვრცელ და ფუტურო ქვეყნიერებას“ (პასუხი) (1,50).

მიწიერი „სამყარო სისხლშია გასვრილი“. „სხეულში ჭირად გასჩენია ჭია და სრვილი“ (სამხარზე) (1,33).

„სიცოცხლე... მკვდარ ნაქალაქევს“ დამგვანებია (სმენა) (1,85).

მიწიერება, „სიცოცხლე ჩალის ფასია“, ადამიანი მტვერია, ამიტომ ეძებს მისი ლირიკის პერსონაჟი მარადიულ ბინას - „მარადისობას“ (საღამო და განწყობილება) (1,33).

ურწმუნო ეპოქაში ზეცა „პატარავდებოდა, პოეტი ქვესკნელს ხედავდა და სიცოცხლიდან „ვარსკვლავებს გაღმა“ გაფრენა ენატრებოდა (უკუღმართობა) (1,99).

„ქვასავით იდგა საწუთრო, „ცა... გადანგრეული იყო, დედამიწა - მთვარეული“ (იცხოვრა, მაგრამ) (6,137).

საწუთრო დაპირისპირებული იყო ცასთან: „საწუთროს ქარმა განათებული ცა გადაგლიჯა“ (წაშლილი კვალი) (6,141).

პოეტს მიწა ესახებოდა, როგორც „ჯვარცმის შავი დედანი“, სადაც ფასობს არა „მარადისობის კოშკები“, არამედ „ქვეყნიერების კოშკები“ (ორი ხელად ჩამოგვისხეს) (6,155).

კოშკი უზენაესის სიმბოლოა: „უფალო, ძლიერი კოშკი ხარ მტრისგან დამცველი“ (ფს. 60,4) (7,584).

ლექსის „ქვეყნიერების კოშკები“ წარმავლობის, მიწიერების სიმბოლოა.

მიწის შვილი დაღუპვას მოელოდა: „დავიღუპები, ამოსული მიწის ქერქიდან“ (1,129).

დედამიწა „ხალხთა უდაბნოა“ (დაითენთა) (1,58).

უდაბნო ურწმუნოების სიმბოლოა.

სიცოცხლე „მკვდარ ნაქალაქევს“ დამსგავსებია (სმენა) (1,85).

სიცოცხლე საღვთო სახელია: „მე ვარ გზა და ჭეშმარიტება და სიცოცხლე“ (იოანე) (14,6) (7,211).

მიწაზე ღმერთიც ჯვარცმულია, ლაჟვარდი ცა იავარქმნილი: „ხვალ ლაჟვარდები ტყეში ჩამოვლენ, ჩამოიტანენ ღმერთს მიცვალებულს“ (აღთქმა) (1,240).

ირგვლივ ისმოდა „წარმავლობის მძლე ქოქოლა“ (შეხვედრები სამხარზე) (1,76) „დასაბამი ღრუბლებს ეფარა, ანუ შეუცნობელი იყო (ალიონამდე) (1,90).

„ყბედ საწუთროში“ „ბნელი ქარები“ მძლავრობდა. „უსაზღვროება ჩრდილთა ნარევს“ ემსგავსებოდა (წყალთან განდობა) (1,251).

„საწუთრო გულქვაა“, „დედამიწა უჟმური“, „გულცივია ვრცელი ქვეყანა“. „სიდამპლის სენი“ შეყრია ყველას (უკუღმართობა) (1,265).

პოეტს ესმოდა „წარმავლობის ღრენა“, „საფლავების კივილი“, პლანეტის ღრიალი და გადაშენების მოლოდინი ეუფლებოდა (ზმანება ზამთარში) (1,257).

„ვერაგი, ტიალი, ნადირი, მშიშარა, მაიმუნი“ - ასეთი ნეგატიური ეპითეტებით არის შემკული წუთისოფელი, რომელიც ტანჯავდა სულიერებით, ერუდიციით გამორჩეულ მოაზროვნეს - ერეკლე ტატიშვილს (ჩემ გივი ერეკლეს ძე ტატიშვილს) (1,169).

როგორც გალაკტიონს, ტერენტი გრანელს. ნიკო სამადაშვილს აღაშფოთებდა დედამიწის ავდარი, წყევლიდა გამჩენს (გზათ-ვალალობა) (1,54-55).

ქვეყანაზე მხოლოდ ბინდს ხედავდა, საქმოსნების ასპარეზს: „... მთელი მსოფლიო მართლაც ბინდდება, ქვეყანა მხოლოდ ბაყლებს უპყრიათ“ (გადამეყვლიფა გული დარდებით) (1,157).

წუთისოფელში ადამიანთა სახით მოვლენილი გველეშაპები ზეიმობენ (დედამიწა ბღაოდა) (8,243).

ინდური სიბრძნე გვმოძღვრავს: „ჩვენი ცხოვრება დაშლის, ლპობის განუწყვეტელი პროცესი იქნებოდა, უკეთუ მხოლოდ ჩვენს სურვილებსა და ვნებებს მივნდობოდით“... „საჭიროა წმინდა, სულიერებისკენ მიმავალი აზრები“ (შრიმად ბჰაგავატამი) (9,110).

რუდოლფ შტაინერი ირწმუნება: „ადამიანს ძალუძს წარმავალი საგნებისა და მოვლენების მარადიულ პირველწყაროებს ჩაწვდეს. წარმავალი ისტორიიდან ადამიანი წარუვალში აღწევს“ (აკაშა ქრონიკიდან) (10,178).

„...ყოფიერების აზრი არ არის წარმავალში, არ არის კერძოში, ერთეულში, ამ წარმავალს უნდა უყურო როგორც სიმბოლოს, როგორც ანარეკლს მარადიული, ჰარმონიული ერთიანობისა“ (11,117).

„თუ გვსურს გავიგოთ ადამიანის სულის რაობა, ჩვენ უნდა ვიცოდეთ მის შესახებ ორი რამ: რამდენად არის გაცხადებული მასში მარადიული და შემდგომ, წარსულის როგორი საუნჯეა მასში“ (11,54).

მიზანი უნდა იყოს „წარუვალი ნათლის“ ძიება, წილნაყარობა „მარადიულ ჭეშმარიტებასთან და სიკეთესთან“ (თეოსოფია) (11,33).

ბიბლიის მიხედვით, ორგვარი სიბრძნე არსებობს: წარმავალი და მარადიული. მარადიული სიბრძნე მხოლოდ წმინდა სულის ადამიანებს მიემადლებათ.

„სად არის ბრძენი, არის მწიგნობარი? სად არის ამ წუთისოფლის მოკამათე? განა სისულელედ არ აქცია ღმერთმა ქვეყნიერების სიბრძნე? ამ წუთისოფლის სიბრძნე უგუნურობას ღვთის წინაშე“, აცხადებს პავლე მოციქული (I კორინთელთა, 319) (7,360).

რუდოლფ შტაინერს აწუხებდა „ზემიწიერი ძალებისგან მოწყვეტა“, „მიწაში ჩაძირვა“, „ადამიანი არ უნდა შეეზარდოს მიწას, არ უნდა დაიძიროს მიწაში“, წერდა ანთროპოსოფიის ფუძემდებელი (12,269,273).

დანტეს „ღვთაებრივ კომედიაში“ მხოლოდ მიწის ინტერესებით მცხოვრებთ, წარმავლობაში ჩაძირულთ მისჯილი აქვს მიწისთვის ცქერა: „რადგანაც თვალნი არასოდეს მიგვიქცევია სიმაღლისადმი, რადგან ვჭვრეტდით მხოლოდ მიწიერს, მართლმსაჯულებამ მოგვისაჯა მიწისთვის ცქერა“ (13,279).

ნიკო სამადაშვილს ესმოდა „შორეთის გზების ღრიალი“, „მარადისობის ძaღლების ყეფა“, „სიონის მაღლა გლოვა ზარების“ (ერთი იმათგანი) (1,158).

„წარმავლობის ტიალ ყორეზე ქვესკნელის გველები“ ბუდობდნენ, „შეშლილ ქოშებით“ ცეკვავდნენ უკეთურნი (რამანი) (15,122).

პოეტს უხდებოდა უდაბნოსათან, გრიგალთან ჭიდილი (შიმშილი) (1,27-28)

ძრწოლას იწვევდა „შიშნარევი უსაზღვროება“, ვარსკვლავები „მარადისობის ჭუჭრუტანებად“ესახებოდა (ზღვის სიმფონია) (1,98).

ქვეყანას, წარმავლობას „კაკანათს“ უწოდებდა (გული და ჯანღები) (1,70-71).

სამყაროს „ათასნაირად უცქეროდა, „ბნელ გრიგალებს“ უსტევნდა, საწუთროს ქარი განათებულ ცას გლეჯდა და ებადებოდა კითხვა: „...დედამიწაზე ნეტავი რისთვის შემოვეხეტე?“ (წარსულის კვალი) (1,79).

წუხდა რომ „გათენებას“ ვეღარ აგნებდა (აგარაკი) (6,14).

ბიბლიაში უზენაეს, ღმერთების სამყოფელ ცას „ცანი ცათანი“ ეწოდება: ღმერთი - „ამაღლებული ძველთაუძველეს“ ცათა ცაში - აგერ ის გამოსცემს თავისი ხმით ძლიერების ხმას“ (ფს. 68,34) (7,592).

ნიკო სამადაშვილი ხედავდა „ზეცაზე ზეცას“ და თითქოს უზენაესი სამყაროს მაყურებლად, მისი საიდუმლოების შესაცნობად იყო მოვლენილი (კამარების შეჭმუხვნა) (1,31).

„ამ პირქუშ კაცთ სამყაროდან“ თავდახსნის გზების ძიება იყო პოეტის მიზანი (ჩიტო ჩიორა).

რუდოლფ შტაინერი გვირჩევს: „საჭიროა წარმავალთან განშორება. გონება უნდა მიაპყრო წარუვალს... სული უნდა მიაპყრო მარადიულს, გრძნობა უნდა მიმართო წარუვალისკენ (11,164).

„თავის დროზე წარუვალი მიემადლება ყველას, ვინც მოთმინებით მოელის და მუშაობს... წარმავლობა გადაიქცევა მისთვის მარადიულ ნაწილად.

„მარადისობა ხდება მისთვის მახლობელი ისე, როგორც უწინ მახლობელი იყო წარმავლობა.

ამ გზით იგი გებულობს ხალდასხმას (ინიციაციას) იქცევა ადამიანის მოდგმის წინამძღვრად, დიად სულიერ ხელმწიფედ. იგი ხდება სიბრძნის მოწაფე. შემმეცნებელი ჰპოვებს ახალ სამშობლოს, იგი ხდება შეგნებული მკვლევარი ზეგრძნობადი სამყაროსი“ (11,165).

მიზანი უნდა იყოს „წარუვალი ნათლის ძიება. წილნაყარობა მარადიული ჭეშმარიტებასთან და სიკეთესთან (თეოსოფია) (11,33).

„აქვე დაამარცხა წუთისოფელი იმან, ვისი გულიც შეუძვრელია, ვინც უზენაეს სიბრძნეს ნაზიარებია“ (ბჰაგავად გიტა) (4,45).

სისხლით მოსვრილ პლანეტაზე ნიკო სამადაშვილი მწირივით ილტვოდა მღვიმეებისკენ, მისტერიები „ამორძალებად“ დაჰყვებოდნენ და მარადისობას ეძებდა (საუკუნის ნახევარზე მეტი გავიდა) (1,269).

პოეტისათვის ორგანული იყო ლოცვები, მისტერიებით თრობა (შეხვედრა. თამაზ ჩხენკელს) (6,122).

ის იყო „ლოცვებით მთვრალი“, „შერისხულ მლოცველთა“, „მოგვების“ მეგობარი, „სამყაროს გაღმა“ მაყურებელი „ჩაფიქრებული მისანი“ (დარდი ბუხართან) (6,37).

ქართველი პოეტი ხედავდა უზენაეს სულებს და თვითონაც გრძნობდა მათ მზერას, ასტრალური მოგზაურობის უნარით მომადლებულს, ბუდა და ქრისტე ადევნებოდნენ და თანაგრძნობით უყურებდნენ (დაუსაბამოს ხილვა) (1,184).

„უჟამო სივრცის“ მხილველი (სინათლის მიმოქცევა) (1,241-242), „გუბე-გუბე განგების ჩრდილს“ ხედავდა (თამარის მღვიმე) (1,68).

პოეტს სჯეროდა, რომ დაღუპვის შემდეგ არა დემონი, არამედ ქრისტე მოევლინებოდა (ფიქრების იქით) (1,108).

„არსებობს სულიერი ზეცა, სადაც ურიცხვი სულიერი პლანეტა და ცოცხალი არსებები არიან, მაგრამ ისინი, ვინც სულიერ სამყაროში ცხოვრებას არ იმსახურებენ, იგზავნებიან მატერიალურ სამყაროში“ (შრიმად ბჰაგავატამი) (14,256).

„წუთისოფლის გრიგალებისგან თავდაღწეული, სულით „მარადისობის მღვიმეებში“ დავანებული ნიკო სამადაშვილი „მარადისობის ჩუმ უდაბნოს“ ხედავდა. ესმოდა „ღმერთის გაფრენის ხმა“, „ცისარტყელების ცეკვა“. ვარსკვლავები „მარადისობის ჭუჭრუტანებად ესახებოდა (მოსწყდა) (1,158).

„წარმავლობა... უღრანია, იქ არც შუქია, არც ლაჟვარდები. მხოლოდ არარაობის ღრენა“ ისმის, ხოლო „სამყაროს გაღმა“ გასულ „ჩაფიქრებულ მისანს“ - პოეტს მზის შუქი ევლინება, რადგან გარკვეული პასუხი იპოვნა კითხვაზე: „რად დავიბადე, ნეტავი რისთვის?“ (ჩემს ნუკრიას) (1,40).

მიწიერი „სიცოცხლე ჩალის ფასი“ იყო, მაღალი იდეალების მსახურებით წუთისოფელს, სამყაროს გადასცილდა, მარადისობაში იპოვა ბინა (ქედი სივრცეში) (6,119).

„აღთქმულ ბილიკებს“ წმინდანების თანხლებით გაუყვა, „პირქუშ კაცთა სამყაროდან“ თავი დაიხსნა, უზენაესის შუქი აედევნა: „შუქი დამეძებს, უნდა რომ სწუხდეს“.

შუქი ღვთის სახელია: „უფალი ჩემი შუქი არის და ხსნაა ჩემი, ვის შევუშინდე?“ (ფს. 26,1) (7,547).

“წუთისოფლის მორევის“ ამაოებას გასცილდა და სილაჟვარდეში დამკვიდრდა გალაკტიონი, მიაღწია „ცის და მიწის შეზავებას“ (შეხვედრა) (14,176).

დედამიწა გალია, ყუთი, სამარე იყო ტერენტი გრანელისთვის, მაგრამ ბოლოს მაინც გაითავისა, რომ მიწიდან უნდა ზიარებოდა ზეცას: „ზეცა მწყურია და მიწა მშია“, „მე ოცნებით მოვშორდები მიწას, გული იგრძნობს მარადიულ ლაჟვარდს“ (მარადისობის ლაჟვარდებს) (15,126).

რუდოლფ შტაინერი საუბრობდა „სულეთის შორეულ ჩონჩხზე“, „სულეთის მატერიკის მასაზე“ (11,105).

ნიკო სამადაშვილმა შექმნა სულიერებით გამორჩეული „ფიქრების დიდი ხმელეთი“, გუდამაყარივით მაღალი ოცნება, მისი იდეალი იყო „ლექსი, ცა და მარადისობა“ (შესანდობარი) (1,136), რაც გახდა იმის საწინდარი, რომ ის ღმერთებმა „ლაჟვარდების სხვენზე შეაგდეს“ (საღამოს წვიმდა) (1,159). პოეტმა გააღწია „წუთისოფლიდან მარადისობამდე.

3.47 85. სორდია, ლუარა. „ხსოვნა ანთებულ მკერდში გალობდა“ (ნიკო სამადაშვილის ესთეტიკის ერთი ასპექტი)

▲ზევით დაბრუნება


// ათინათი . - თბილისი, 2019 . - № 3. - გვ. 203-204.

ნიკო სამადაშვილი ფართო თვალსაწიერის პოეტია. ის ზედმიწევნით კარგად იცნობდა ქრისტიანულ მოძღვრებას, იოგების ფილოსოფიას, ოკულტიზმს, ბუდიზმს, გარდასხეულების თეორიას, რომელიც საერთოა დასავლური თუ აღმოსავლური სამყაროსათვის. ის ხედავდა ზესკნელ-ქვესკნელს, ცას, ასტრალურ სამყაროს, იჭრებოდა კოსმიურ განზომილებაში და ხელეწიფებოდა ასტრალური მოგზაურობა.

პოეტი პირველწყაროებში ეცნობოდა მსოფლიოში ცნობილ მოძღვრებებს და, მათ შორის, პლატონის ფილოსოფიას, მის სახელთან დაკავშირებულ გახმაურებულ თეორიას გარდასხეულების შესახებ, ასევე მოგონების თეორიას.

პლატონის „მენონში“, „ფედონსა“ და „ფედროსში“ განხილულია „მოგონების“ (ანამნესის, რემინისცენცია), როგორც თანდაყოლილი ცოდნის თეორია.

„მენონში“ გამოიყოფა პლატონის მრავალწახნაგოვანი აზრის შინაგანი განვითარების ათი საეტაპო საფეხური, ათი ძირითადი მომენტი, რომელთაგან ერთ-ერთია მეექვსე-მოგონების თეორია.

„მენონში“ სოკრატე იზიარებს სულის უკვდავების ორფიკულ-პითაგორულ პრინციპს, რომლის მიხედვითაც, „რაკი ადამიანის სული უკვდავია, ამიტომ მრავალგზის იბადება; მას ყველაფერი უნახავს და ყველაფერი იცის. სული ყოვლისმცოდნეა... ძიება და შემეცნება სხვა არა არის რა, თუ არა მოგონება. სოკრატეს აზრით, ძიება, შემეცნება და ცოდნა სხვა არა არის რა, თუ არა მოგონება (1, 100).

„ცნებებით გამოხატული ყოველგვარი ცოდნა „ანამნესიაა“ - მოგონებაა. როგორც დასაბამიერი, ყოველგვარ აღქმამდე შეძენილი კუთვნილება სულისა“ („ფედონი“).

„მენონის“ მიხედვით, ცოდნის შეძენა ახლის შეცნობა არ არის, არამედ „იმავეს ხელახლა შემეცნებაა“. „ცოდნის შეძენა მხოლოდ წინასწარ მოცემული ცოდნის საფუძველზე ხორციელდება“.

პლატონის აზრით, ადამიანის სული წინასწარ ფლობს აზროვნების აპრიორულ ფორმებს, ცოდნის გარკვეულ ზოგად საწყისით, რომელთაც ის მხოლოდ „იგონებს“ და ამრიგად თავისსავე თავში პოულობს მათ“ (მენონი) (1, 112).

„მენონსა“ და „ფედონში“ მოგონება შემეცნებასთანაა იდენტიფიცირებული. მოგონებას კი „ღვთიური ნიჭი“ ეწოდება.

„სული, რომელსაც არასდროს უხილავს ჭეშმარიტება, ვერ შეიმოსავს კაცის სხეულს, რადგან კაცი რომ იყო, უნდა გესმოდეს, რა არის იდეა, რომელიც მრავალი კერძო შეგრძნების მონაცემთაგან გამომდინარე, ლოგიკური მსჯელობის გზით, ერთ უზოგადეს მთლიანობად ირწყმის და ყალიბდება“.

ამ ერთობის წვდომა კი „იმის მოგონებაა, რაც ოდესღაც უხილავს ჩვენს სხეულს, როცა ღმერთის თანამდევი და თანამავალი, ზიზღით არიდებდა თვალს ყველაფერს, რასაც ამქვეყნიურ არსთა სახელს ვუწოდებთ და ნეტარებით აღვსილი ჭვრეტდა ჭეშმარიტ არსს...

სრულყოფილების მიღწევა ხელეწიფება იმას, ვინც მართებულად იყენებს მოგონების მისეულ უნარს და, ამრიგად, გამუდმებით ეზიარება უზენაესი სრულქმნილების წმინდათა წმინდა მისტერიებს. კაცთა ფუჭ ფუსფუსს განშორებულს და მხოლოდ ღმერთის მიმართ მზირალს, მას შლეგად თვლიან უმეცარნი და დასცინიან. რა იციან საწყალობლებმა, რომ ის შლეგი კი არ არის, არამედ ზეშთაგონებული“ (1, 193).

„სული ყოვლისმცოდნეა... ძიება და შემეცნება სხვა არა არის რა, თუ არა მოგონება“ (1, 193).

ასეთ შეხედულებას გამოთქვამდნენ ინდოელი ფილოსოფოსები, ორფეოსელები, პითაგორელები, პლატონი და მისი არსი ისაა, რომ ერთი სხეულის სიკვდილის შემდეგ სული გარდასხეულდება, სხვა სხეულში გადასახლდება.

გარდასხეულების მოძღვრების პითაგორულ-ორფეოსული ტერმინია „დაბადებათა ბორბალი“, რაც მიწაზე სულის მუდმივ დაბრუნებას ნიშნავს.

რეინკარნაციის ჯაჭვისაგან სული მაშინ განთავისუფლდება, როდესაც ძლევს ცეცხლის, წყლის, ჰაერისა და მიწის უგონო შფოთსა და უწინდებურ ნეტარ მდგომარეობას დაუბრუნდება“ (პლატონი. „ტიმეოსი“ გვ. 42).

ანალოგიურ მოსაზრებას გამოთქვამს შოთა რუსთაველი „ვეფხისტყაოსანში“ ნესტანის სიტყვებით: „ღმერთსა შემვედრე, ნუთუ კვლა დამხსნას სოფლისა შრომასა, ცეცხლსა, წყალსა და მიწასა, ჰაერთა თანა ძრომასა“ (ამაზე მიუთითეს ნოდარ ნათაძემ, რევაზ თვარაძემ).

სულის მარადიულობის, გარდასხეულების მოძღვრება თავდაპირველად გავრცელებული იყო ინდოეთში. XX საუკუნის მოაზროვნე ვივეკანანდა ამბობდა: მე შანკარას (VIII-IX საუკუნის ფილოსოფოსის) გარდასხეულება ვარო.

ფილოსოფია პლატონის აზრით, „სიკვდილისათვის მზადებაა, ე.ი. მას ევალება, იმდენად სრულყოს სული, რომ იგი სამუდამოდ დარჩეს იდეათა სამყაროში და გადაურჩეს მოკვდავთა ნაკლულ ქვეყანაში დაბრუნებას“ (2, 110).

გარდასხეულების თეორიას იზიარებდნენ გალაკტიონ ტაბიძე, ტერენტი გრანელი, გრიგოლ რობაქიძე, ოთარ ჭილაძე, ნოდარ დუმბაძე, ანა კალანდაძე.

ნიკო სამადაშვილის შემოქმედებაში დიდი ადგილი ეთმობა გარდასხეულების და მოგონების თეორიას.

მოგონებების „უღრანი გზებით“ მავალი პოეტი იყო ნიკო სამადაშვილი, რომელიც „მოგონებების გაუვალი ზვინებიდან“ ჭვრეტდა „ჭეშმარიტებას“: „მოგონებების გაუვალ ზვინებს, თვალების მზერა რას მოაკლდება... ო, რა უღრანი გზებით იარე, ვეებერთელა შარა გამოვლე“ (თებერვალი და მოგონება) (3, 155).

აი, როგორ ითავსებდა პოეტი გარდასულის მოგონებებს: „...როგორ ყვაოდნენ შენი ხსოვნები“ (თეთრი ვარდები ამოგიტანე) (3, 155).

მრავალგვარი მოგონება განცდებს, გაოგნებას უკავშირდება ლექსში „გიშერი“: „...ფერად ხსოვნებით განცდების ფიფქი და გაოგნება დაღუპულ დღეებს სადღაც ასხია“ (3, 145).

ხსოვნა დაღლილია „სამიწე დარდით“, „ხსოვნა ანთებულ მკერდში გალობს“, ის „სამიწე დარდს“ უკავშირდება: „ხსოვნა ანთებულ მკერდში გალობდა, ხსოვნა - დაღლილი სამიწე დარდით, ოდესმე ალბათ მოგაგონდები, როცა ლექსები დალევენ ქეძაფს“ (მანანა ქართველიშვილს) (3,19).

ხან „ჩამქრალ ხსოვნებთან“ ფარფატია, სიზმრებთან ლოცვა, ამღვრეული ნათელი და გაფრთხილებაა: „ჩამქრალ ხსოვნებთან ფრთების ფარფატი. მბჟუტავ სიზმრებთან ლოცვა წმინდანის და ამღვრეული ნათელი ირგვლივ. იქვე წარწერა სისხლიან დანით: „ჩემს ნაკვალევზე ნუღარ გაივლით“ (3, 19).

პოეტი დარწმუნებულია, რომ „ხსოვნაში დავიწყება გამოიდარებს“.

ხან „ხსოვნების ნარია“ ზარებთან, უიღბლო მგზავრებისთვის: „ხსოვნების ნარი დარეკილ ზარებს მიჰქონდათ, როგორც უიღბლო მგზავრებს“ (იცი რა იყო ჩემი სიზმარი? (3, 15).

პოეტის გზებზე იასამანი, ლოცვები და მოგონებებია: „მე დავყურებდი შეშლილ ბილიკებს და იასამანს ლოცვით მოთენთილს და მოგონებას ძირს ჩამოფრენილს. როგორ ყვაოდნენ შენი ხსოვნები“ (თეთრი ვარდები ამოგიტანე) (3, 155).

ამასთან, უმნიშვნელო, წარმავალი მოვლენებით არ უნდა დაზიანდეს „ხსოვნის ალიონი“: „რაც იწრიტება, რათ უნდა შერჩეს ხსოვნის ალიონს“ (ბაასი ბერთან) (3, 88-89).

3.48 86. ქურთიშვილი, შორენა. ნიკო სამადაშვილის ერთი ლექსის სამყაროში

▲ზევით დაბრუნება


// ლექსმცოდნეობა: ყოველწლიური კრებული / შოთა რუსთაველის ქართ. ლიტ. ინ-ტი. -თბილისი, 2021. - № 13, ლექსმცოდნეობის მეცამეტე სამეცნიერო სესია (მასალები): ეძღვნება ნიკო სამადაშვილს. - გვ. 169-174.

ნიკო სამადაშვილს

„შენ ჩემში უსტვენ ვით საყდრის ჩიტი,
შენა ხარ ჩემი ნუგეშის დარი,
სულ კარგად მახსოვს, შენ რომ გამოჩნდი,107
გარეთ ძაღლივით ყმუოდა ქარი.

ვერ გიპატრონე მე ლაზღანდარამ,
შენ სხვა მხევალი უნდა გყოლოდა,
ზეცა სივრცეებს აზანზარებდა
და მზე ყვიროდა ქვეყნის ბოლოდან.

შენ გადარებდნენ ბინდების ჭრიჭინს,
თუმცა სულ მუდამ ტოტს გცემდა ქარი,
ავადმყოფობა ეგონათ, ბიჭო,
ლექსები ტანზე გამონაყარი.

ჩემი ძაგძაგი, თრთოლვა და სუსხი,
ტანის მერქანში თითქოს ძვლებსა ხრავს,
ღვინომორეულს, ოშხივარასხმულს,
ბინაში ბევრჯერ დამიკოცნიხარ.

იქამდე, სანამ დათეთქვილ ტუჩებს
არ გალხობიან ბუერა სევდა,108
შენ ძუძუს სწოვდი გაშლილ ალუჩებს
და ღვთისმშობელი აკვანს გირწევდა,

ლექსების ჯღაბნა წამებათ გექცა,
სჯობდა ვენახის კვალი გებარა,
ვის რად უნდოდა ეს თვალთმაქცობა,
ნეტავი ქარში გადაგეყარა.

ქარები უფრო წაიკითხავდნენ,
ჩაბჟირდებოდნენ სადმე სიცილით;
ჩემი ცრემლებით ღამეს ხატავდი
და ბეთანიას მაისის დილით.

ვერ გაოკებდი, დაგდევდი კეტით,
ხან მერეოდა მუხლებში ძალა,109
ზარივით გასკდა ამდენი რეკით,
ზედ რომ მამხია ეს თავის ქალა.

ვერ მოგიარე, რა გიყო ძმაო,
ორივე შემკრთალ ბუჩქის ჩრდილს ვგავდით;
შენ კიდევ მაინც ფიქრში მძუნაობ,110
მე კი ბუწუწიც გამცვივდა დარდით.“

ლექსში „ნიკო სამადაშვილს“ პოეტმა ნიკო სამადაშვილმა საკუთარი პორტრეტი მეტად არაორდინარული სახით წარმოგვიდგინა. გადაძახილი ორ ლირიკულ სუბიექტს შორის რიტორიკული ხელოვნების თანაზიართ გვხდის და ერთგვარ ინსცენირებას გვთავაზობს:

„შენ ჩემში უსტვენ, ვით საყდრის ჩიტი,
შენა ხარ ჩემი ნუგეშის დარი,
სულ კარგად მახსოვს, შენ რომ გამოჩნდი,111
გარეთ ძაღლივით ყმუოდა ქარი.“

(სამადაშვილი 2003: 7)

ლექსის მთავარი საზრისი, ბედისწერის შეცნობა, პოეტის მიერ აღიარებულია სამწუხარო მისიად, ჯვრად თუ ჯვარცმად. ეს ცნობიერი რეალობაა, რომლიდანაც ის თავს ვერასოდეს დააღწევს, მეტიც, ეს პოეტისავე მეობაა, ნებსითი არჩევანია. ამიტომაც გასაგებია, რომ პოეტი ნიკო სამადაშვილიც ისევე იტვირთებს იმ ძრწოლას, ვნებათღელვასა თუ ორჭოფობას, რაც შემოქმედებითი სულით დაჯილდოებულ ადამიანთა მარადიული ხვედრია.

ლექსი ვერსიფიკაციულად ერთგვაროვანია; თავიდან ბოლომდე მიჰყვება ოთხტაეპიან სტროფულ კომპოზიციას. დაწერილია ლოგაედური წყობის ათმარცვლიანი საზომით (5/5). როგორც ვიცით, აღნიშნული იზოსილაბური საზომი მე-20 საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეტრია. იგივე შეიძლება ითქვას თავად ნიკო სამადაშვილის პოეტიკაზეც, რამეთუ პოეტის შემოქმედების უდიდესი ნაწილიც ლექსწყობის სწორედ ამ სახეობითაა შესრულებული. როგორც ჩანს, 5/5 მეტად ორგანული აღმოჩნდა ნიკო სამადაშვილის პოეტური ხმისა თუ შინაგანი ბუნებისათვის. ათმარცვლედის მოცემული სახეობითა და მისი რიტმული ვარიაციებით პოეტმა ლაღად და სრულყოფილად გადმოგვცა საკუთარი პოეტური სამყარო, განასხეულა მხატვრული ოსტატობა.

ლექსის რითმა არაერთგვაროვანია. პირველი ორი ოთხტაეპედის ჯვარედინ რითმას ინტერვალიანი რითმა ენაცვლება:

„შენ გადარებდნენ ბინდების ჭრიჭინს,
თუმცა, სულ მუდამ ტოტს გცემდა ქარი,
ავადმყოფობა ეგონათ, ბიჭო,
ლექსები, ტანზე გამონაყარი.“

პირველი სტრიქონის ბოლო ფრაზის, „ჭრიჭინის“, სარითმო ერთეული რიტორიკულ მიმართვას ეწირება - „ბიჭო“, რომელსაც მოსდევს მეტად ორიგინალური მეტაფორული წარმოსახვა: „ლექსები ტანზე გამონაყარი“. როგორც ჩანს, ტრივიალური სარითმო სიტყვის შერჩევას პოეტმა გამაოგნებელი მხატვრული სახის შეთხზვა არჩია და ჩვენც ამ ეფექტით დაგვატყვევა. ბუნებრივია, ამის შემდეგ ნებისმიერი არაზუსტი რითმაც კი ლექსის რიტმულ არქიტექტონიკას იოტისოდენა ზიანსაც ვეღარ მიაყენებდა.

შესაძლებელია თუ არა შემოქმედებითი ბუნების, პოეტური ბედისწერის დაძლევა, მისგან გაქცევა, ჩვეულებრივი ადამიანური ხვედრით დაკმაყოფილება მაშინ, თუ „სულ მუდამ ტოტს გცემს ქარი“ ანდა როდესაც „ზეცა სივრცეებს აზანზარებს?“ - ეს ის კითხვებია, რომლებიც დროდადრო ათრთოლებს და აეჭვებს პოეტს. ეს ხომ არც არის გასაკვირი, რამეთუ შემოქმედება ადამიანისათვის ოდენ საამო ზმანება როდია, ის გაუსაძლისი, დაუძლეველი ბედისწერაა:

„ჩემი ძაგძაგი, თრთოლვა და სუსხი,
ტანის მერქანში თითქოს ძვლებსა ხრავს...
ღვინომორეულს, ოხშივარასხმულს,
ბინაში ბევრჯელ დამიკოცნიხარ.“

ღირს კი უარი ითქვას იმ მარტივსა და ტკბილ ადამიანურ ცხოვრებაზე, რომელიც მილიონთა ხვედრია?

„ლექსების ჯღაბნა წამებად გექცა,
სჯობდა ვენახის კვალი გებარა,
ვის რად უნდოდა ეს თვალთმაქცობა,
ნეტავი ქარში გადაგეყარა.“

შემოქმედებით სულსა და რიგით ადამიანად მყოფობის სურვილს შორის არსებული ჭიდილი ქმნის პორტრეტს ხელოვანისა, რომელმაც თავადვე კარგად უწყის, რომ შეუძლებელია საკუთარი ამსოფლიური ხვედრისაგან თავის დაღწევა.

ლიტერატურა და, მით უფრო, პოეზია, აზრისა და ფორმის დაუსრულებელ ინტერპრეტაციათა ხელოვნებაა. მისი მხატვრული ეფექტი ხომ მარტოოდენ იმით არ განისაზღვრება, რომ ყველაფერი გასაგებ ენაზე მოგვეწოდებოდეს; არამედ იმით, რომ

ის გამუდმებით ახერხებს ჩვენს გაოცებას და ამით გვანიჭებს ესთეტიკურ სიხარულს.

ლექსში „ნიკო სამადაშვილს“ პირველი, რაც მკითხველის გულსა და გონებას იპყრობს, ესაა მისი ინტერპრეტირება ორი ლირიკული „მეს“ ავტორობით, რასაც, ბუნებრივია, ორი ცხოვრებისეული საზრისის დაპირისპირებამდე მივყავართ. მსოფლიო

ლიტერატურისათვის კარგად ცნობილი ტრივიალური თემატიკა - ჯანსაღი ყოფიერებისა თუ ფაქიზი სულიერების ალტერნატივა, - პოეტმა ლექსის მთავარ თემად აქცია. მაგრამ, მისი „ხელოვანება“ იმაში მდგომარეობს, რომ მან დაძლია დამკვიდრებული ლიტერატურული კანონი: ორი ლირიკული სუბიექტის წარმოდგენამ ლექსი დაიცვა მონოლოგის ტრივიალური ფორმისაგან და არ გადააქცია ის ერთ-ერთ რიგით ავტოპორტრეტად.

პოეზიის უმთავრესი თვისების, ექსტრავაგანტურობის, თანახმად, შემოქმედებითი საზრისი ვერბალური სტრუქტურების მიღმაც არაერთ მინიშნებას უნდა გვთავაზობდეს. მიუხედავად იმისა, რომ ნიკო სამადაშვილის ლექსის მინიშნებანი: დაეჭვება, სკეფსისი,

თვითირონია თემატურად არახალია, ინტერპრეტირების სწორი არჩევანი ჩვენს ესთეტიკურ ტკბობას იწვევს.

ლექსში თანაბარი ექსპრესიულობით ენაცვლება ერთმანეთს მეტაფორული და არამეტაფორული მეტყველება. თუ, ერთი მხრივ, პოეტი ასე სათუთად წარმოგვიდგენს თავის ლირიკულ მყოფობას: „შენ ძუძუს სწოვდი გაშლილ ალუჩებს და ღვთისმშობელი აკვანს გირწევდა“, მეორე მხრივ, ის პირდაპირ „ადამიანურ ენაზე“ უბნობასაც არ ერიდება და ყოველგვარი რიტორიკული ფიგურების გარეშე გვეუბნება:

„ლექსების ჯღაბნა წამებად გექცა,
სჯობდა ვენახის კვალი გებარა.“

აქვე არ შეიძლება არ მოვიხსენიოთ ულამაზესი პოეტური სახე „ჩაბჟირებული ქარები“, რომელიც პოეტს სკეფსისისა და თვითირონიის გამოსახატად მოაქვს. ლიტერატურული მოცემულობა ჩვენ, მკითხველებს, როგორც წესი, ერთი ამოცანის წინაშე გვაყენებს: უნდა ამოვიცნოთ ტექსტის საზრისი და გავშიფროთ ესთეტიკური სარგებელი, რომელსაც ეს ტექსტი გვანიჭებს. ჩვენს შემთხვევაში საზრისი სახეზეა, - მიწიერ კაცს, ნიკო სამადაშვილს, არ ეყო ძალა საიმისოდ, რომ დაეოკებინა თავისი ბინდებისა და ღამეების მხატვრული ორეული:

„ვერ მოგიარე, რა გიყო, ძმაო,
ორივე შემკრთალ ბუჩქის ჩრდილს ვგავდით,
შენ კიდევ მაინც ფიქრში მძუნაობ,112
მე კი ბუწუწიც გამცვივდა დარდით.“

ამგვარად, ლექსი „ნიკო სამადაშვილს“ ისევე, როგორც ლექსი ზოგადად, არ დაიყვანება მის ვერბალურ მოცემულობამდე ნარატიულობის ფუნქციამდე. პოეტი მას აქცევს ესთეტიკურ ფენომენად არა მარტო რიტორიკული ფიგურებისა და ტროპების მეშვეობით, არამედ მისი ჟანრული უფლებამოსილების შეგნების საფუძველზე. ჩვენს თვალწინაა სქემატური ტყვეობისაგან თავის დაღწევისა და თავისუფლებისაკენ სწრაფვის ნიმუში ისევ და ისევ მთავარი მიზანშეწონილობის - ტექსტის ძირითადი საზრისის დადასტურების მიზნით.

________________

107. სწორია: სულ კარგად მახსოვს, შენ რომ გამიჩნდი,

108. სწორია: არ გალხობიათ ბუერა სევდა,

109. სწორია: ხან მელეოდა მუხლებში ძალა,

110. სწორია: შენ კიდევ ფიქრში მაინც მძუნაობ,

111. სწორია: სულ კარგად მახსოვს, შენ რომ გამიჩნდი,

112. სწორია: შენ კიდევ ფიქრში მაინც მძუნაობ,

3.49 87. შავლაძე, თემურ. ორი ტიტანი - ორი ტრაგედია:

▲ზევით დაბრუნება


[ესე] / თემურ შავლაძე // ხელეური. - თბილისი, 2009. - № 1. - გვ. 22-28.

თუ ქართული ეროვნული პოეზიის ორ ტიტანს - გალაკტიონს და ნიკო სამადაშვილს შევადარებთ (თუმცა ეს შედარებაც პირობითია, როგორც ყოველივე ამქვეყნად!), აღმოვაჩენთ, თუ რაოდენ მომხიბლავი და უსასრულოდ უსაზღვრო, დაუსაბამოა ქართული პოეტური აზროვნების სივრცობრივი მასშტაბები. აქ თავად აზროვნების პროცესი განაგებს სივრცეს, ხოლო მხატვრულ-სახეობრივი აზროვნება ესთეტიკურად (მშვენიერი, ამაღლებული!) აჩუქურთმებს და ამრავალფეროვნებს განზომილებათა ლანდშტაფებს. დაბადება, თავისთავად, ბედისწერაა. ორივე საქართველოში დაიბადა, მაგრამ პირველი - გალაკტიონი 1892 წელს იმერეთში; მეორე - ნიკო სამადაშვილი - 1905 წელს, ქართლში. პირველს - რიონისეული ჭყვიშის ჭაობიან-ნესტიან-ნისლიან სანახებში აეხილა თვალი, მეორეს - ქართლის ბიბლიურ(ად) - ფენოვან გარემოში. ქართლი მაინც ქართული ბიბლიური არეა, ქართული ბიბლიაა, უფრო ნათლად - ბიბლიური ნათლით მოსილი მიწა-ლანდშტაფი. აქ, თითქოს, მართლაც, ხრიოკ ფერდობებზე, მაყვალს ცეცხლი უკიდია, მაგრამ არ იწვის. ხედავ, ამჩნევ, იოანე ნათლისმცემელი შემოდგომის მცხრალ მზეზე სადღაც, ასკილის ბუჩქთან ხავსით ახორკლილ ლოდზე ჩამომჯდარა და კალიების მკალობლობას აკვირდება და ჰა, ჰა, სადაცაა - მდინარე ვერეს ხეობაში - ბეთანიის სიახლოვეს - წამი-წამზე, მაცხოვარიც გამოჩნდება. არა, ქართლი მაინც ქართული სახარებაა, ქრისტე-ქრისტეანობა: ჯვარის სამება.

გალაკტიონი ცივი, გრილი, ნელთბილი (ქარიანი!) ლანდშტაფური არისტოკრატიზმის პირმშო იყო დაბადებიდან. მართალია, ქუთაისი არც პარიზი იყო და არც პეტერბურგი, მაგრამ ცოტ-ცოტა ერთიც იყო და მეორეც - თავისი ხელოვნებით (სწრაფვით!), პოეზიით (ღწვით!) და, რა თქმა უნდა, ხელოვნურობითაც (არტისტიზმით!). დიახ, აქ, არტისტიზმი, უკვე ხელოვნებად ქცეულიყო, უფრო მართლად კი, ხელოვნურ ხელოვნურობად. და არც-თუ შემთხვევით უწოდებს გალაკტიონი თავის გენიალურ პოეტურ კრებულს - „არტისტულ ყვავილებს“ (1919 წ.), რადგან ამ დროს, მისთვის, პოეზია არტისტულ-არისტოკრატიულ ხელოვანებად გარდასახულიყო. თავადაც მის ლექსებში, სიტყვები და მხატვრული სახეები არისტოკრატობდა, ფრანგულ-პარიზულ (ზოგადად, ევროპულ, ევროპეიზებულ!) პარნასსა და პეტერბურგელ ალექსანდრე ბლოკს ქუთაისურ-ქართულ (პოეტურ სივრცეში მოიაზრებდა და შემდგომ უკვე თბილისსაც გადმოამხობდა თავზე (ბარათაშვილის შემდეგ!) საკუთარ ევროპეიზმს.

ნიკო სამადაშვილს ამგვარი რამ არ ააღელვებდა. იგი დაბადებითვე, თვალის ახელის შემდგომб წარმართული და ბიბლიური განცდა-ტკივილებით იყო დახუნძლული და, ამავდროულად, ლექსად აღქმული მხატვრული სივრცე-ხატებით დაავადებული! - „ავადმყოფობა ეგონათ ბიჭო, ლექსები ტანზედ გამონაყარი“, - აი, ასე აღიქვამდა და მიმართავდა საკუთარ პოეტურ „მე“-ს თუ ორეულს.

გალაკტიონს თითქოს არც ჰყავდა და არც უნდოდა მოძღვარი-მასწავლებელი (ის, თითქოს, დაბადებითვე, უკვე პოეზიის მოძღვარ-ქურუმად ჩაეფიქრებინა განგებას!), და თუ ვინმეს მაინც ასეთად თავად მოიაზრებდა, ეს რუსთაველი, ბარათაშვილი და აკაკი იყო. ნიკო სამადაშვილს კი ჰყავდა ასეთი მოძღვარი-ქურუმი, რეალური პიროვნება, ცოცხალი მაგალითი, ევროპაში (ევროპულად!) განსწავლული მაღლად მოაზროვნე - ერეკლე ტატიშვილი (რომელთანაც ხშირად კამათობდა პოეზიაზე, ლიტერატურაზე საერთოდ და, არც-თუ იშვიათად, იყო გაბუტვაც(!). მაინც ვინ იყო ერეკლე ტატიშვილი? - ქართლელი-ქართველი გაევროპ(ი)ელებული (იყო ამ გაევროპ(ი)ელებულში“ რაღაც ანტიკურ-ოლიმპ(ი)ური, ევროპულ-პარნასული!) დენდი-არისტოკრატი, ნიცშეს „ზარატუსტრას“ მთარგმნელი, ევროპულად განსწავლული მოაზროვნე, რევოლუციის შემდგომ საქართველოში ჩარჩენილი და ფრთებდაკეცილი; მაგრამ, ბედად, ნიკო სამადაშვილის შემმჩნევი და აღმომჩენი. მას, ქართველს, ქართლელს, კი მიეღო ევროპული სწავლა-განათლება, მაგრამ, როგორც შემოქმედისათვის, ბევრიც (რამ!) წაერთმია, შესაძლოა თავად შემოქმედებითი უნარი და პოტენციალიც, თუმცა კი, როგორც ჩანს კეთილშობილება აღარ დაეთმო, ვეღარ დაეგმო, და, სწორედ ამ კეთილშობილური სული-სულიერების გამოსხივებას წარმოადგენდა ნიკო სამადაშვილის მფარველობა და იქნებ პატრონობაც კი, სწორედ იმ დროსა და საუკუნეში, სადაც ყოველივე მაღალსულიერი და მაღალზნეობრივი ნიჰილისტურდებოდა და უფასურდებოდა. ამიტომაც არწივივით ჩაჰფრენოდა დიად ნიჭს (უღრმეს პოეტურ ნიჭიერებას!) - ნიკო სამადაშვილს - და არ სურდა დრო-ჟამისთვის დაენებებინა უქმად (ამაოდ!) გასაფლანგავად. „უქმად გაფლანგვაში“, რაღა თქმა უნდა, ნომენკლატურისადმი პოეტური ხარკის გაღება იგულისხმებოდა. ფრთხილობდა ქურუმ-მოძღვარი, რომ მოწაფეს, პოეტური ნიჭით ზეაღმატებულს, ფეხი არ დასცდენოდა ან სული არ წასცდენოდა სადმე, რადმე, უნებლიედ, უნებურად; გალაკტიონს კი (უკვე!) შეექმნა „გემი დალანდი“, ერთგვარი ხარკიც (კი) გაეღო „რევოლუციური საქართველოსთვის“, სწორედ ამ სათაური-დასახელების ლექსიც კი შეექმნა და კოლექტივიზაციისათვისაც ხოტბა შეესხა. მაგრამ, გალაკტიონი ხომ დიდი და არტისტულად აზარტული მოთამაშე გახლდათ ბუნებითაც - დიდი ტრაგიკოსი! მას ყველაფერი მისცა („მიუბოძა“) „მთავრობამ“ (ბინა, აგარაკი, მანქანა, წოდებები, ორდენი, წიგნების გამოცემები და ა.შ. და ა.შ.) სულის წასართმევად, დასაგმობად, წარსაგვრელად და, საბოლოოდ, მაინც მიაღწია მიზანს - ასე თუ ისე - თვითმკვლელობით დაასრულებინა სიცოცხლე. ნიკო სამადაშვილისათვის ამ „მთავრობას“ არათუ არაფერი არ მიუცია და გაუღია, პირიქით, რევიზორ-ბუღალტერობასა და დევნაში ამოხდა სული და უჩინარ-რიგით საბჭოთა მოქალაქედ“ დაასრულებინა ნისლიან-ბინდისფერი წუთისოფელი - ამ მართლაც ტიტანსა და კოსმიურ მოქალაქეს. არადა, შეხედეთ, დიახ, შეხედეთ ამ ლექსს:

„აი, ამ მინდვრებში, ამ ხრიოკ მთებში
ჩვენ რომ ერთმანეთს ვჭამდით მგლებივით.
იქ სურათია: დგას მხედარი, უჭირავს თეფში
და ზედ ამხია კაცის თავი გველის ხვრელივით.
მეც მარტო ყოფნა ათასწლობით მომეწყინება.
თავის ქალაში მწვანე ხვლიკი შეძვრება ღამე.
ძვლებზე შემხმარი დაფიქრება მოეწონება
და მატლებდახრულ თვალებიდან გახედავს ბაღებს!“

(„გამხმარი კაცი“)

ამ ლექსს, რატომღაც თარიღი არ უზის, მაგრამ სწორედ უთარიღობაა მისი მარადიული თარიღიანობის განმსაზღვრელი. ეს სურათი-ხილვა ნიკო სამადაშვილის ცნობიერებაში მუდმივად თანაარსებობდა, უთარიღოდ, მთელი სიცოცხლის მანძილზე. ამგვარი პოეტებისათვის დრო (უბრალოდ!) არ გადის, იგი დგას, გაჩერებულია, გაშეშებული. ირგვლივ მხოლოდ ლანდები მოძრაობენ და ამ ლანდებსაც მხოლოდ ამგვარი პოეტები (თუ!) ამჩნევენ: „ლანდებს სასახლეში მხოლოდ მაშინ ელი, როცა საუბარი ედგარ პოეზეა! აჩრდილს თანაზიარს მარად საშინელი დასდევს განწირულთა შავი პოეზია“ (გალაკტიონი - „საუბარი ედგარზე“). ვინ არს ეს ედგარი? რა თქმა უნდა, დიდი ამერიკელი პოეტი (ბარათაშვილის თანამედროვე!) ედგარ ალან პო, ანუ იგივე პოეზია. მაგრამ, როგორი? - რა თქმა უნდა, გენიალური, ოღონდ შავად-მკრთალი, ლანდური (ლანდისმიერი, ლანდისებური!) მიღმიერი, თითქმის არამიწიერი და, თუ მაინც მიწიერი, ისიც მიწიერად შავი ყორანისეული:

„უცხო მხარეები იგრძნეს ხომალდებმა,
ფარდა შეირხევა როგორც ყრუ ფოთოლი.
კოშკთა სიმაღლედან რეკავს მოლანდება,
ცივი უდაბნოა ღამე უშფოთველი.
თანაც გაიხედავ: შენაც დაღამდები -
ირგვლივ დამჭკნარია ფერი და ფერვალი;
ასეთ სანახავად, როგორც თანამდები,
ბაღში შეშლილივით კვდება თებერვალი.“

დიახ, გალაკტიონი სიტყვიერ-სახიერებითი ფერწერულობითა და მუსიკაში გარდანთქმული აზროვნებითი (მუდმივი!) ჟღერადობით აბანგოვანებდა მკითხველს; ანუ, მას, მკითხველს, უკვე აზრი და აზროვნება კი აღარ იტაცებდა და აინტერესებდა, არამედ თვით სიტყვის, ტაეპის, სტროფის არაბუნებრივი, თითქმის არაამქვეყნიური (მიუწვდომელი!) ფერადოვნება და მუსიკალურობა. ეს უკვე სიტყვიერი მაგია იყო, ჯადოქრობა. იქნებ, სწორედ ამგვარმა განცდა-შეგრძნებამ წარმოათქმევინა თუ წამოაცდევინა პოეტურად უბიწო ტერენტი გრანელს - „გალაკტიონში არის დემონი და ჩემში უფრო ანგელოზია“-ო.

თუმცა, გალაკტიონი (ესეც ერთგვარი, თავისებური პოეტური სიწმინდე-უბიწოება!) ხომ თავად დაეძებდა, უდარაჯებდა, უთვალთვალებდა ანგელოსებს ცაში, თუნდაც წამით გამკრთალსა თუ გაელვებულს - „რო, ანგელოსს დაინახავს მოდარაჯე კაცის თვალი...“ ამგვარი ხილვა, მას, რა თქმა უნდა, საკუთარი პოეზიისათვის ესაჭიროებოდა, ესაჭურვილებოდა, რადგან დრო იყო თავად აბჯარ-ნიღაბის სატარებელი:

„ცხოვრების ეტლის სადარებელი
საცაა გავა მატარებელი.
მიემგაზვრება ჩემი იმედი
ბედის ვარსკვლავის სადარებელი...

***

მატარებელი თვლემს როგორც ლავა
მატარებელი ხუთ წუთში გავა,
ვინც სხვებს აცილებს, დროა ჩასვლისა,
მატარებელი ხუთ წუთში გავა“.

(გალაკტიონი, „უკანასკნელი მატარებელი“)

ანდა, თუ სჯეროდა მაინც „რევოლუციური საქართველოსი“ ანდა ამგვარი საქართველოსადმი მიძღვნილი საკუთარი სტრიქონებისა. თუმცა, კი, ეს ხომ უბრალოდ ლექსი იყო და არა პოეზია, ის კი მხოლოდ და მხოლოდ პოეზიის მსახურად წარმოიდგენდა საკუთარ თავს, წარმოაჩენდა პიროვნულ-მეს, და ემსახურებოდა მშვენიერისა და ამაღლებულის ესთეტიკას. და მაინც ხარკს იხდიდა, მძიმე და დამაკნინებელ (დამამცირებელ, დამამდაბლებელ!) ხარკს უხდიდა კომუნისტურ წყობილებას. რას იზამდა? თუ უნდოდა ლექსი დაებეჭდა ან წიგნი გამოეცა, უნდა ემღერა კიდევაც წყობილებისათვის. ან არადა, უნდა ყოფილიყავი შენთვის. უჩინოდ, უსახოდ, უშინაარსოდ - მაინც ულუკმაპუროდ და მაინც (ისევ და ისევ)!) შიშის ქვეშ. არადა, გაგსრესდნენ, გაგანადგურებდნენ, შარს მოგიდებდნენ, ჭორს გამოგიგზავნიდნენ ან შემოგიგზავნიდნენ; რა, გაუჭირდებოდათ თუ რა?! და შენც ხოტბა უნდა შეგესხა კოლექტივიზაციისათვის:

„მხარი მხარს, მხარი მხარს, კოლექტივო მხარი მხარს...
აბა ჰე, აბა ჰე, აბა მივცეთ მხარი მხარს...
ჰარიქა, ჰარიქა, ჩავეჭიდოთ გუთნის ტარს...
ვინ ნახავს რამე დარს ახალ საქართველოს დარს.
მეხი მეხს, ქარი ქარს, ჩვენ კი მივცეთ მხარი მხარს!“

(გალაკტიონი, „მხარი მხარს, მხარი მხარს“)

რაღა თქმა უნდა, პათეტიკური ლექსია, სადღაც ოდნავ ირონიულიც, შეძახილიანი, ისევე როგორც:

„სალამი ხანას, რომ გასცდა ჩარჩოს
დროშას, გაწევას, ძალთა მოკრებას,
ინტერნაციონალის ხმას გაუმარჯოს,
ინტერნაციონალის აბობოქრებას!“

(გალაკტიონი, „ჩვენი ნათელი ცეცხლის ფერია“)

ნიკო სამადაშვილი ამგვარი იძულებითი ხარკისაგან იმთავიდანვე თავისუფალი იყო. მას, როგორც პოეტსა თუ (თუნდაც!) რიგით ლექსმწერს, ნაცნობ-მეგობრებისა და ორი დიდი ავტორიტეტის - ერეკლე ტატიშვილისა და ვახტანგ კოტეტიშვილის გარდა, თითქმის არავინ იცნობდა, მითუმეტეს სამთავრობო ოფიციოზიდან, და, თუნდაც სცნობოდათ, შარს მაინც ვერ მოსდებდნენ, ამას და ამას რომ წერ, ამასა და ამაზე რატომ არ წერო?! ამ თვალსაზრისითაც, ამგვარი თვალსაწიერითაც, ბუღალტერი და პედაგოგი ნიკო სამადაშვილი, გალაკტიონთან შედარებით, მაინც, ასე თუ ისე, თავისუფალი იყო. არადა, გალაკტიონი, მაშინ, თვით პოეტთაგან (ერთხმად!) აღიარებული - პოეტთა მეფედ მოიაზრებოდა. იქნებოდა, რა თქმა უნდა, ჩუმი ქიშპი, შურიც, მტრობაც, მაგრამ რეალობას მაინც ვერავინ გაექცეოდა. გალაკტიონს, თავის პოეტურ სამყაროში - მეფეს(!), მუშურ-გლეხურ კომუნისტურ წყობილებაში ხომ საკუთარი თავი და სამეფო(!) უნდა გადაერჩინა, მოევლო, ეპატრონა. ამასაც, ყოველივეს, თავისებური თავგანწირვა-თვითშეწირვა და ეშმაკობა სჭირდებოდა. რაღაც უნდა დაეთმო რაღაცის ფასად, რაღაც უნდა დაეგმო რაღაცის ხარჯზე, რომ ყველაზე დიადი საგანძური - პოეზია შთამომავლებისათვის გადაერჩინა. ესეც ერთგვარი მსხვერპლშეწირვა იყო, თუმცა კი, როგორც ჩანს, მაინც (ზოგადად!) სულიერების დამთრგუნველი და შეურაცხმყოფელი. და, რადგან, მაინც, გალაკტიონი გლეხთა სოციალური წრის წარმომადგენლად მოიაზრებოდა „მთავრობის“ თვალში, მისი, როგორც დიდი პოეტის აღიარება და წინ წამოწევა, გარკვეულწილად, კომუნისტური იდეოლოგიური „მანქანის“ ინტერესებსაც თანხვდებოდა. ისე კი, აბა ვინ წარმოიდგენდა, რომ დიდი პოეტისათვის, არათუ სოციალური (გნებავთ, ეროვნული!), თვით სახელმწიფოებრივი-სივრცობრივი საზღვრებიც კი წაშლილია. მაგრამ, წაშლილია კი? აგერ, თვით რუსთაველს, თამარის დროში, ხომ აშკარაა, რომ რაღაც არ აპატიეს! - იქნებ ყოველივეზე და ყველაფერზე ზე-აღმატებულობაც კი! როგორც ჩანს, მტრები, გენიოსებს ყველაზე (უფრო!) მეტი ჰყავთ ან სულ არ ჰყავთ; არ ჰყავთ, თუ ის უკვე აღარ არის ცოცხალი ან თავისი გენიალურობის (გენიოსობის!) მსხვერპლია, ან-თუ გიჟია. გალაკტიონიც თავს იგიჟიანებდა. „ლოთობაც“ ერთგვარი სიგიჟე იყო, თამაში, ნიღაბი, მერე კი - მართლა უკვე ჩვევა და ტრაგედია. პოეტურ ბოჰემასა და სიგიჟეს, ალბათ, აქედან ეწყებოდა სათავე, ეყრებოდა საფუძველი. ნიკოც მოქეიფე იყო, ერთგვარი „პოეტური“ სუფრების მოტრფიალე, ბოჰემა, რადგან სწორედ ასეთ დროს იხსნებოდა სრულიად, კითხულობდა ლექსებს და იცლებოდა ვნებებისაგან. არადა, სუფრა და ქართველი კაცი, მითუმეტეს პოეტი, რა მშვენიერი თემაა. დიახ, ნიკო სამადაშვილი ბოჰემა იყო, ბოჰემით მტკბობარი. აქ სუფრასთან მჟღავნდებოდა მისი დენდობაც, არტისტიზმიც, მაგრამ არა და არა - მსახიობი. დიახ, ის არ იყო დაბადებული მსახიობად და არც მსახიობობდა, ვერ იმსახიობებდა. ის ნიღაბსაც არ საჭიროებდა, წესიერად ვერც მოირგებდა. ის უფრო პოეტი-ასკეტი გახლდათ, უფრო სწორად, პოეტურ მდუმარებასა და იდუმალებაში ასკეტობდა. ცხოვრება და დრო-ჟამი კი წესითა და რიგით მიდიოდა თუ მიგორავდა. ვისთვის-როგორ... გააჩნია, ვისთვის რა იყო ძვირფასი და პირველხარისხოვანი. გააჩნია, ვის, როგორ შეეძლო თამაში იმ სცენა-არენაზე, რომელსაც დიდმა შექსპირმა თეატრი უწოდა. ამ მხრივაც გამოირჩეოდა (განირჩეოდა!) გალაკტიონი. ის მსახიობი (იძულებითი!) ცხოვრებაში, იყო არტისტი პოეზიაში. არტისტიზმი (საერთოდ!) მეტ სივრცესა და სულიერ სილაღეს ითხოვს. რატომ დაარქვა მან რიგით მეორე პოეტურ კრებულს „არტისტული ყვავილები?“ იმიტომ, რომ მის სულში არტისტი ბობოქრობდა, მძვინვარებდა, თარეშობდა, თამაშობდა კიდეც. დიდ პოეზიას სიტყვიერი არტისტიზმი ქმნის. მისი დიდი სულიერი წინაპარიც ხომ მოთქვამდა ნაპოლეონის პირით - „მაგრამ მე გვამში სული ვეღარ მომთავსებიაო“. და რომ ვერ ეთავსებოდა სული სხეულს, ამიტომაც შეიქმნა „სულო ბოროტო“, „ვპოვე ტაძარი“, „ჩემი ლოცვა“ და „მერანი“. პოეზია - სულის მოძრაობის ისტორიაა - იდუმალების ლაბირინთებში. „არტისტული ყვავილები“: - ყვავილი ხომ სილამაზეა, მშვენიერება, სურნელი, ჰაეროვნება. ყვავილები ხომ მიწაზე მოფენილი ლექსებია - ფერწერით, მუსიკით, მშვენიერითა და ამაღლებულით. მაგრამ ის რომ იქცეს პოეზიად, მას სხვა სიტყვიერი მიმოხვრა სჭირდება, სიტყვიერი ფერწერულობა, მუსიკალური ჟღერადობა და ბგერადობრივი ჰარმონია. თვით სიტყვა - ყვავილიც - კი უნდა გარდაისახოს, ამეტყველდეს, გადაიხსნას სურნელოვანი ფერადოვნებით. სიტყვა „არტისტიც“ ხომ (ქვეცნობიერად!) რაღაცით მეტია მსახიობზე, რაღაცით წინმდგომი და აღმატებული (მსახიობი ბევრია, არტისტი მცირეოდენი! მსახიობობა შეიძლება ისწავლო, დაეუფლო როგორც პროფესიას, მაგრამ არტისტობას, ვერასოდეს! არტისტობა ნიჭია - ღვთითბოძებული მადლი!). ყვავილები, როგორც ლექსები, ბევრია; მაგრამ არტისტული ყვავილები - ძალზედ მცირეოდენი. არტისტული ყვავილები მხოლოდ მგოსანთა მეფის კუთვნილებაა, რადგან მეფე ერთია, მითუმეტეს - მგოსანთა მეფე. „არტისტული ყვავილები“ პოეზიის თაიგულია, საამაყო და განუმეორებელი წიგნი. სხვებიც წერენ ლექსებს, კრეფენ ყვავილებს, მაგრამ ვერ კრავენ თაიგულს. „არტისტული ყვავილები“ ანუ არტისტული ლექსების პოეზია - რაღაცით და ამოუხსნელობით მეტი იყო (თვით პოეტი-ავტორისათვისაც კი!) ჩვეულებრივ პოეზიაზე, უფრო სწორად კი პოეტური აზროვნების სიახლით მეტი - ჩვეულებრივ - აქამდე არსებულ(!) პოეზიაზე. გალაკტიონმა (აქამდე შექმნილი!) პოეზია კიდევ უფრო გააპოეტურა, სრულიად ახალი რითმითა და რიტმით ააჟღერა და აღამაღლა, ახალი ფერადოვნებით გააფერწერა, სიტყვა - როგორც მუსიკა - შექმნა ახლად, ფერწერა და მუსიკა შეაზავა ჩვეულებრივ ადამიანურ მეტყველებასთან და ესთეტიზმის ნიმუშად, მეტიც სიმბოლოდ აქცია. საერთოდ სიმბოლიზმი, გალაკტიონმა უფრო შინაგანად განიცადა და აამეტყველა, უფრო სწორად, თეორიის მიღმა დატოვა.

ნიკო სამადაშვილს მეტრულ-რიტმული სიახლე არ(ც!) უძებნია, უბრალოდ, არც სჭირდებოდა. მისი პიროვნება (ადამიანური!) სრულიად, მთლიანად, თავად პოეზიის (პოეტური!) სულიერებითი არსის შესამეცნებლად იყო მომართული. იგი ეძიებდა ცხოვრებისეული (ადამიანად მოვლინების!) შინაგან სულიერ ხატს და ასე წარმოაჩენდა „სამყაროს იქით მიმავალ მგზავრებს“. ანუ, ამქვეყნიურ მიწიერ ქვეყნიერებას - იმქვეყნიური უხილავი ქვეყნიერების მიღმა მავალად (თუ ჩავლილად!) - წარმოსახავდა. მის თიითოეულ ლექსემურ-პოეტურ ნაღვაწში შინაგანი სულიერი განწყობა-მდგომარეობა ეთანხმებოდა და ეთვისებოდა რეალურ (რეალისტურ!) გარეგნულ ყოფიერებას და მასშივე მოიაზრებოდა მისი პიროვნული-ტრაგიკული ყოფიერების არსი.

ძალზედ ტრაგიკული და ძნელად შესათავსებელი (შესაფერებელი!) იყო მისთვის, როგორც პოეტად დაბადებულ-ქმნილებისათვის ბუღალტერობა, როგორც „პროფესია“ და „პური არსებობისას“ წყარო (ძირითადი წყარო!). აი, ეს იყო სწორედ მისი ტრაგედია. მას, პირველ რიგში იცნობდნენ როგორც ბუღალტერს და მერე (ვიწრო წრე!) როგორც პოეტს, უფრო მეტად კი, როგორც ჩვეულებრივ(!) პოეზიის მოყვარულ (რიგით!) ლექსმწერს. გალაკტიონი კი - ყოველთვის თავისუფალი იყო ჩვეულებრივი სამოხელე-ჩინოვნიკური სამსახურისაგან (როგორც აკაკი!) და მხოლოდ და მხოლოდ პოეზიას (უზენაესით ზე-შთაგონებულს!) ემსახურებოდა. ის ბედნიერი იყო, ტანჯულიც კი - ბედნიერი, და მართლაც, განა მეტი რაღაა ბედნიერება, თუ არა ემსახურო იმას, ძალდაუტანებლად, რაც გსურს, გაცოცხლებს და ხელგეწიფება და, თანაც, მაღლიდან დასცქერ ჩვეულებრივ ადამიანთა ადამიანურ ფუსფუსს და ამაოებრივ ყოფიერებას; შენ კი მარადიულობის (უკვდავების!) მსახური ხარ და მარადისობის (სიცოცხლეშივე!) ბინადარი. ამგვარ „ფუფუნებას“ მხოლოდ ერთადერთობით გამორჩეულებს თუ არგუნებს ხოლმე განგება და იგი გახლდათ სწორედ გალაკტიონი. ნიკო სამადაშვილი - განგების მიერვე - ამგვართა შორის არ მოიაზრებოდა. მას სრულიად სხვაგვარი ტანჯვის გზა უნდა გაევლო და განვლო კიდეც ღირსეულად, ქედმოუხრელად, მას უნდა შეეცნო და შეემეცნებინა ის, რაც სხვა პოეტებისათვის ამოუხსნელი და შეუმეცნებელი (უნდა!) დარჩენილიყო - „ლექსებით ტანზე გამონაყარით“ ავადობა (ავ დროში!) და წმინდა პოეტად დარჩენა - არსებობა მომავალში - მომავლისათვის. მისთვის პოეზია გადარჩენა იყო, ავი დრო-ჟამისაგან თავის დახსნა-დაღწევა და გაქცევა-გადახვეწა. მან ეს შესძლო, მოახერხა და პოეზიის ჯვართამტვირთველი პოეზიის ჯვარზევე აღესრულა. დასტოვა ლექსები, როგორც პოეზიის სვეტები. ის, მეოცე საუკუნეში, სულ სხვა დაფარული ნისლოვანი (ჩრდილოვანი) მხრიდან ამოიზარდა - როგორც ტიტანი - და დადგა თავისთვის. იქით - გალაკტიონი, აქეთ - ნიკო სამადაშვილი, ანდა პირიქთ: ერთი -ელვარება, მეორე - ჩრდილთა მარმაში...

და მაინც - ორი ტიტანი! ორი ცის მტანი - ორი ტიტანი! ორი ტიტანი - ორი ტრაგედია...

3.50 88. შავლაძე, თემურ. ჟამის მირაჟი:

▲ზევით დაბრუნება


ნიკო სამადაშვილის პოეტური პორტრეტისათვის // მწერლობა-XXI : ლიტერატურულ-საზოგადოებრივი ჟურნალი. - თბილისი, 2007. - № 3. - გვ. 9-11.

„გინახავს კაცი, საუკუნეს ხმითაც არ ჰგავდეს და ყოველ დილით სისხლის ჭოჭი ღვაროს სახლიდან. ან სინათლეში მოიწყინოს, მერე გათავდეს... ასეთი ყოფა ცხენზე შემჯდარ ეშმაკს დაღლიდა“... არიან პოეტები, რომელთაც მართლაც არ უხდებათ წინასწარ დაწერილის ხმამაღლა წაკითხვა. ასეთებზე გულით უნდა იაზროვნო და იმეტყველო, განუმარტოვდე. მათ არ უხდებათ შექება და დითირამბული პომპეზურობა-მჭევრმეტყველება, თითქოს კიდევაც აკნინებთ ზედმეტსიტყვაობა და ტიტულები, რადგან ისინი მარტო პოეტები არიან, მხოლოდ პოეტები, ჭეშმარიტი პოეტები. სწორედ ასეთია ნიკო სამადაშვილი - ჟამის მირაჟი - წარმართული აღქმა - ცისიერებისა და ბიბლიური ლანდშტაფის პოეტი. ასეთ პოეტებს ბიოგრაფია საერთოდაც არ სჭირდებათ.

მნიშვნელობა არა აქვს, საწყისიდანვე, დაბადებითვე ფასი და აზრი აქვს დაკარგული, -ბუღალტერი იქნება ის თუ კათედრის მაღალი ტრიბუნიდან მობაასე პროფესორი, თუ სხვა ვინმე, ნებისმიერი. ის პოეტის გარდა არავინაა, არაფერია; პოეზიის მიღმა, სხვაგან, უბრალოდ არ არსებობს იგი. უჭირს სიცოცხლე, ყოფნა-არყოფნა და, - დიახ, არსებობა. და თუკი მაინც არსებობს, მხოლოდ იმიტომ, რომ წეროს ლექსი, შექმნას პოეზია და ლექსემურ-პოეტური ლოცვა-აღსარებით ემსახუროს მამაზეციერს, უმაღლესსა და ჭეშმარიტს - ღმერთს. დიახ, ასეთებს, ამნაირებს, ბიოგრაფიაც არ სჭირდებათ, ეზედმეტებათ; მათი ბიოგრაფიები, უბრალოდ, სხვებს სჭირდებათ, ესაჭიროებათ - ხალხს, მასას, უბრალოდ მოკვდავებს.

ნიკო სამადაშვილი კი ბედისწერაა, ბედისწერული პოეტია, ბედისწერისათვის ქმნილი. ასეთებისათვის არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, თუ სად დაიბადება, როგორ ოჯახში, ვისთან; ის მაინც ტანჯულია და ნებისმიერი საზოგადოებისათვის მიუღებელი, უცხო და შეუცნობელი. ის მარტოსულია. ნიკო სამადაშვილი, როგორც პოეტური სული-ფენომენი, საუკუნეებში იყო განფენილი, დავანებული და გარინდებული. ელოდა თავის რიგს, ჯერს, თუ სად, როგორ და ვის სხეულში განხორციელებული მოევლინებოდა ქვეყნიერებას, საწუთროსეულ სოფელსა და ამაოებას. და იგი მოევლინა ქართლს, საქართველოს და დაფასდა (და ამაღლდა) ქართლი, ქართველი და საქართველო.

ისევე. როგორც გოლიათი ვაჟა, ისიც წარმართულ-ქართული და ქართულ-ქრისტიანული ერთი მთლიანი და დაუშლელი (განუყოფელი) პართენონია, პართენონი-ტაძარი თუ ტაძარი პანთეონი, ოღონდ ქართული, წმინდა ქართული. ის ამ ტაძართან მუდამ სტვენს, როგორც საყდრის ჩიტი, როგორც მარადიული მგალობელი ფრინველი; მაგრამ ვერსად აფარებს თავს, რადგან თავშესაფარი მაშინ, მის დროს, მისთვის არსად იყო, უბრალოდ, არ იპოვებოდა: „სადღაც ეპოვნათ კუბო ჯიბგირებს და მიეწერათ ზედ ჩემი გვარი“-ო. დიახ, მისთვის ის ცხოვრება, ის გარემო ცოცხალი სარკოფაგი იყო, ამად მოიაზრებოდა; მისთვის ის დრო, ის საუკუნე, სწორედ ამგვარ სახელმეტაფორად ქცეულიყო. თორემ, ისე, ის ყოველდღე გულზე იხუტებდა წმინდა ნინოს ნაფეხურებს, ანუ - სისხამზე მოკრეფილ იებს და, ამავე დროს, მწარედ ეწვოდა ლოყა, ანუ ლაშა-გიორგის სახეზე ჯალალედინის მიერ შემოკრული მწარე სილა (აი, მართლაც რომ მხატვრულ-სახისმეტყველურად ამეტყველებული „ქართლის ცხოვრების“ მწარე (სამართლიანი!) მეტაფორისტიკა).

ის საკუთარი სხეულებრივი ტკივილით ასიმბოლოვებდა საქართველოს ისტორიას, სულიერი ტანჯვით აკეთილშობილებდა გარემოს; მაგრამ ვის შეეძლო მისი შემჩნევა, ყოველივე ამის აღქმა და გაცნობიერება? კი, იყო ერთადერთი, ერეკლე ტატიშვილი, მაგრამ სხვები? სხვები უფრო ბოჰემას ხედავდნენ მასში, პოეტურ ბოჰემას, სტიქიას; ალბათ ეს იყო და ეს. მისი თაობის პოეტნი, როგორც ჩანს, ახლოსაც არ იკარებდნენ (სხვა იყო გალაკტიონი - „დავრწმუნდი მე თქვენს სიძლიერეში; მომავლისაკენ! წინ! იერიში!“-ო. თარიღიც ამშვენებს - 12 ოქტომბერი, 1955 წელი. - იმარჩიელე, რა იგულისხმა?!), ან, თავადაც არ ეკარებოდა მათ, როგორც ცხოვრებისგან, დროებისგან წამ-ჩინებულებს, გამოჩინებულებსა და წარმოჩინებულებს. ახალგაზრდა პოეტები კი, იმდროისთვის პოპულარულნი და დაფასებულნი, როგორც საერთოდ სჩვევიათ უეცრად აღზევებულთ, ცოტა არ იყოს ქედმაღლობდნენ (მენტორობდნენ!) და პოეზიის (აწ უკვე) მეტრებად მიჩნეულნი, ისე ვერ აღიქვამდნენ, ამჩნევდნენ და აფასებდნენ, როგორც უნდა აღექვათ, დაენახათ, შეედარებინათ და დაეფასებინათ.

მაგრამ რას გაუგებ სიცოცხლეს და სურვილებს კაცთა, ცხოვრებას საერთოდ; და ის ისევ მარტოდ შთებოდა, ეულად; ერეკლე ტატიშვილიც გარდაცვლილიყო; ცხოვრებას, სიცოცხლესაც თითქოს აზრი დაჰკარგვოდა თუ ეკარგებოდა: „როგორ არ მინდა, რომ ხვალ გათენდეს, როგორ არ მინდა ბედნიერება“-ო. არადა, ვინ აძალებდა ბედნიერებას? - კაცს, პოეტს, რომელსაც ერთი ლექსიც ვერ (სად?) დაებეჭდა, შიშობდა თუ აშინებდნენ (?). არადა, მისთვის ბედნიერება იქნებ სწორედ ლექსის დაბეჭდვასთან იგივეობრივდებოდა?! ვინ უწყის... არადა, ნიკო სამადაშვილი იყო ტაძრულ-ფრესკული მეტყველების პოეტი, სწორედ ამგვარი სახისმეტყველებრივი ფენომენი-ლექსმწერი. მის პოეტურ-ლექსემურ სამყაროში იმგვარი განცდა გეუფლება, თითქოს ტაძარში ფრესკასთან დგახარ და ლოცულობ; შეიძლება არც ლოცულობ, უბრალოდ დგახარ, ფიქრობ, განიცდი... დრო-ჟამს კი, ღმერთიც და ტაძარიც ჰქონდა უარყოფილი, -საქონლის სადგომად თუ ტვირთის საწყობად გადაექცია. პოეტის სული კი ტაძრული მყუდროებისაკენ იყო მისწრაფებული, სადაც ფერწერულდებოდა - „მონასტრის ზღრუბლთან შეშლილი ბერი“. არადა, მისთვის თითქმის ყველგან და ყოველთვის „ქრისტე მოჩანს საიქიოდან“. ის კი უკანასკნელ ქრისტიანად აღიქვამს თავისთავს და კიდევ რამდენიმეს - და სწორედ ესენი ამშვიდებენ დრო-ჟამით გაოცებულ. აღშფოთებულსა და განრისხებულ მაცხოვარს. არადა, მართლა რაღა უნდა გაჰკვირვებოდა თითქმის ორი ათასი წლის წინანდელ ჯვარცმულ მაცხოვარს, მაგრამ არა: ნიკო სამადაშვილის დროინდელი ქვეყნიერება თურმე უფრო სასტიკი, მრისხანე (მძვინვარე!), შეუბრალებელი და დაუნდობელი ჩანდა თვით მაცხოვრისათვის: „ძლივს ვამშვიდებდით შემკრთალ მაცხოვარს, რჯულდაწყვეტილი ექვსი ქართველი“-ო. რატომ მაიცადამაინც ექვსი და არა შვიდი ან თორმეტი? თუნდაც მეტი ან ნაკლები? იქნებ იმიტომაც, რომ სწორედ ექვს დღეში შექმნა ღმერთმა სამყაროცა და ადამიანიც და ეს ექვსი ქართველიც სწორედ იმ დასაბამიერიდან მოსდევს ქვეყნიერებას და, მათ შორის, თვითონ პოეტი. ამგვარ განცდას კი იმდენი მხატვრული სახე მოსდევს, აღნუსხვაც გიჭირს, თუნდაც ამგვარის: „საიქიოდან წუთისოფელი, როგორც მამალი, ისე ყიოდა“, ან „მოხუცი ღმერთის აქ ნათქვამ ლოცვებს სამრეკლო ღამე იმეორებდა.“

ის, როგორც კაცი-პიროვნება და პოეტი, თუკი ვინმეს ჰგავდა თუ ემსგავსებოდა, მხოლოდ მხატვარი ნიკალა ფიროსმანი იყო, გარდაცვლილი ბოჰემა, არისტოკრატი გლეხი, იმჯერჯერობით ჯეროვნად ვერაღქმული, ვერშეცნობილი და ვერდაფასებული; არც კი ახსენებს მას, თითქოს გაურბის კიდეც, არც უნდა, რომ მას დაემსგავსოს ან მისი ბედი გაიზიაროს. იქნებ არც აინტერესებს; და მაინც მას ჰგავს ფერწერულ-ფრესკული აზროვნებითა და ქართულ-ბიბლიური ლანდშტაფური წარმოსახვით, პოეტური ხელწერითაც კი. არადა, ფიროსმანი ხომ ფიქრია ფერით, - ფერით აზროვნება და მეტყველება. ტილოზე ამეტყველებული სცენა-სახეები ხომ კვლავ ფიქრის გაგრძელებაა, ამ ფიქრის შემდგომი გაცნობიერება, გასაშუალება-გაშუამავალება ცასა და მიწას შორის. ფიქრი-ირეალური-შესაძლოდ განხორციელებადი და ნახატი-რეალური-განხორციელებული, ისეთი მაღალი რანგის პოეზიად იკითხება, როგორც ჭეშმარიტად დიდებული პოეტური ქმნილებანი. ამიტომაც არის, როდესაც ვფიქრობთ ფიროსმანზე, თუ რითი და რად გვხიბლავს იგი და ვერ ამოგვიხსნია თავად კითხვის საიდუმლოება, ალბათ პასუხი სწორედ ამგვარ ფერთა პოეტურ მეტყველებაშია მოსააზრებელი, საძიებელი; დიახ, ფიროსმანი სწორედ ფერით ქმნის პოეტურ სახისმეტყველებას, ანუ ისიც დიდი და განუმეორებელი პოეტია. ფიროსმანის ხილვისას იმგვარი განცდა გეუფლება, თითქოს ყოველგვარი არტახებისგან თავისუფალ უჩარჩოო ლექსს კითხულობდე, ოღონდ მთავარი ყურადღება გულის ძგერასა და შინაგან სულიერ წვაზეა აქცენტირებული, ანუ - პოეტურ რიტმსა და კეთილხმოვნებაზე.

ნიკო სამადაშვილის პოეზია(ც!) იგივე პოეტური ფერწერაა, ეკლესიურ-ფრესკული სახიერებითი აზროვნება და მეტყველება. ამავე დროს ორივე აღვსილია და განმსჭვალული დიდი (შინაგანი!) სულიერი არისტოკრატიზმითა და სისადავით. ისინი კი არ თამაშობენ ვინმეს გასაოცებლად, აღსაფრთოვანებლად, პირიქით, გაურბიან ხმაურს, ჟრიამულს (აჟოიტაჟს!) პომპეზურობას, ყურადღებას, ყურადღების ცენტრში ყოფნას და იდუმალის ჩრდილოვან სავანეში ყოფნას ეშურებიან, აქედან უფრო ნათლად ჭვრეტენ საკუთარ და ფერწერულ და პოეტურ შესაძლებლობებს. და მაინც, როგორც ჩანს, მას თავადვე აფრთხობდა თუ აშინებდა თავისი სიდიდე და სიდიადე, აფრთხობდა და გაურბოდა კიდეც. აშინებდა, ვინმეს არ დაელაშქრა და წაერთმია მხატვრულ-სახისმეტყველებრივი სახოვანება (არადა, ის ხომ უჩინარი იყო, უჩინარი! ვის რას დაუმტკიცებდა?!).

არის ასეთი შემთხვევებიც, პოეტს ეფიქრება, ეეჭვება. ქვეცნობიერად არ სურს თავისი (წლობით ნაღვაწი და მიგნებული, მხოლოდ მისეული საკუთარი!) პოეტური შემოქმედების თანამედროვეთათვის გამჟღავნება. იქნებ ამიტომაც არ აქვეყნებდა, არ ბეჭდავდა, ხოლო ნაცნობ-მეგობართა წრეში, მხიარულ სუფრებზე ან შეკრებებზე თუ კითხულობდა ლექსებს, ეს მხოლოდ ჟინის ამაო მოკვლა თუ იყო (პოეტურ ლავას სადინარი სჭირდებოდა!), პოეზიით (ისევ და ისევ!) ერთგვარი აღტაცება და აღტინება, თანაც უმალვე დარწმუნება იმაში, რომ ნაცნობ-მეგობრებს ნაკლებად ესმოდათ მისი, როგორც პოეტის პოეზიისა, უფრო მართლად და ნათლად კი, მისი, როგორც ჭეშმარიტი პოეზიის პოეტისა. ის მათთვის მხოლოდ ლექსმწერი-ბუღალტერი იყო, მხარჯველი, მოქეიფე, დროისმატარებელი - პოეზიის ტრფიალი, ერთგვარი ბოჰემა; ზოგიერთებისათვის - ვერშემდგარი პოეტიც! „ავადმყოფობა ეგონათ ბიჭო, ლექსები ტანზე გამონაყარი“-ო. შესაძლოა, აქეზებდნენ და აღიზიანებდნენ კიდეც! რას იზამ, ჭეშმარიტი, ნამდვილი პოეზია არათუ მაშინ, დღესაც ნაკლებად ან სრულიად არ ესმის საზოგადოებას, რადგან ის მართლაც სამეფო ხილია, ზეაზროვნებითი მოვლენა, განკუთვნილი მხოლოდ რჩეულთა და ერთეულთათვის. ლექსს უამრავი წერს და ეტანება (წერას ეტანება!), პოეზიას კი ქმნიან მხოლოდ ერთეულები, უფრო მართლად, ნათლად - ერთადერთობით ხელდასმულნი და გამორჩეულნი. მათთვის - ყოველი ეპოქა - ჟამია, ჟამი - მირაჟი. სწორედ ასეთი იყო ნიკო სამადაშვილი - ჟამის მირაჟი.

დაბოლოს, კიდევ რამდენიმე შტრიხი ნიკო სამადაშვილის ფსიქო-პოეტური პორტრეტისათვის: ეს ის შემთხვევაა, როდესაც ვერავითარი სათქმელი და თქმული ვერ გამოხატავს ნიკო სამადაშვილის პოეზიის ნამდვილ არსს, ანუ სათქმელი ყოველთვის დიდია, მეტია თქმულზე. მაგრამ, ასეთ შემთხვევაში, დუმილიც დანაშაულია, მეტიც - ღალატი.

არსებობს ცხოვრებისეული ზნეობრივი პრინციპი - მაქსიმა: „ან სინდისის სამეფო, ან არაფერი“. ნიკო სამადაშვილის პოეზია, შემოქმედება მთლიანად სინდისის სამეფოა.

ნიკო სამადაშვილი სულიერი ბიოგრაფიის პოეტია, მისთვის რეალური - ფიზიკური ყოფნა-არსებობა - მხოლოდ პარალელური - ფიზიკური ბიოგრაფიაა. ასეთი პოეტები ყოველთვის მარტოსულნი არიან, მარტონი, თუმცა მუდამ ხალხში მოტრიალენი და ბოჰემურნი. და ამიტომაც, იგი, ტერენტი გრანელისაგან განსხვავებით, არ არის პესიმისტი, პირიქით, უყვარს სიცოცხლე, ცხოვრება, ტკბება ბოჰემით და მუდამ მაძიებელია; არცთუ იშვიათად, კონფლიქტურიც, მეამბოხეც და, მაინც, ყოველთვის საკუთარ თავში ჩაღრმავებული;

ნიკო სამადაშვილი მისტერიული ცნობიერების პოეტია. საკუთარი პიროვნებაც მისთვის რეალისტური მისტერიაა და ასევე აღიქმება მოძღვარი - მასწავლებელი ერეკლე ტატიშვილი. პოეტური სიმაღლე-სიდიადით მოსწავლე ძალიან მაღლა აზიდულიყო; ამას გრძნობდა მოძღვარი, ხედავდა (ჭვრეტდა) და რეალურად აღიქვამდა და, ამიტომაც, სურდა მოძღვარს ნიკო სამადაშვილის სახით ხელუხლებლად შეენარჩუნებინა - ყველასაგან გამორჩეული - მხოლოდ ნიკო სამადაშვილისეული - ხიბლი მისტერიული ცნობიერებითი პოეზიისა, პოეტისა და პოეზიისა, და ნიკო სამადაშვილიც, თუკი წმინდათწმინდა ღმერთის სახელს ასიმბოლოებდა და მხატვრულ-მისტერიულ ცნობიერებად გარდასახავდა („ღმერთების ჯოგი გოლგოთაზე გელანდებოდა“, ან „და შენს ხერხემალს სალამურად გამოიყენებს არმაზის კერპი ან ქარების ტიალი დოღი, სანამ გრიგალებს შენს ძვლებს კვერთხით დააყრევინებს გოლგოთის მთიდან მორეკილი ღმერთების ჯოგი“), ეს უფრო ნიცშეს ფილოსოფია-ფსიქოლოგიის სააზროვნო მოდელის ერეკლე ტატიშვილისეულ და, რა თქმა უნდა, მისეულ აღქმას გულისხმობდა და არა ქრისტიანულ დოგმატიკიდან გადაცდენას. ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც, თუნდაც წმინდა ქრისტოლოგიური თვალთახედვიდან გამომდინარე, ძალზე რთულია მისი პოეზიის აღქმა და გაცნობიერება, მისი პოეტური აზროვნებითი სახისმეტყველებრივი მოდელის სრული სახით წარმოჩენა: „გინახავთ კაცი, საუკუნეს ხმითაც არ ჰგავდეს და ყოველ დილით სისხლის ჭოჭი ღვაროს სახლიდან. ან სინათლეში მოიწყინოს, მერე გათავდეს... ასეთი ყოფა ცხენზე შემჯდარ ეშმაკს დაღლიდა.“ მართლაც, რომ გამაოგნებელი სახე-მეტაფორაა იმ საუკუნეში საკუთარი ყოფის წარმოჩენელ-განმასახიერებელი - „ცხენზე შემჯდარი ეშმაკი“ - „მერანის“ ანტი-პარადიგმა, ერთი მთლიანი შინაარსის შემცველი სახისმეტყველებითი სახე-მეტაფორა.

და კიდევ, იშვიათი გამონაკლისი ქართულ პოეტურ სივრცეში: ერეკლე ტატიშვილის, როგორც მხატვრული სახე-მოდელის განუყოფელობა ნიკო სამადაშვილისაგან, - მარადიულობასა და უკვდავებაში.

3.51 89. შაფაქიძე, ნიკოლოზ. ნიკო სამადაშვილის ეგზისტენციის პრობლემა და განზომილებათა საკითხი მისი შემოქმედებისა და ბიოგრაფიის ანალიზის საფუძველზე

▲ზევით დაბრუნება


// ლექსმცოდნეობა: ყოველწლიური კრებული / შოთა რუსთაველის ქართ. ლიტ. ინ-ტი. - თბილისი, 2021. - № 13, ლექსმცოდნეობის მეცამეტე სამეცნიერო სესია (მასალები): ეძღვნება ნიკო სამადაშვილს. - გვ. 295-304.

ნიკო სამადაშვილის პოეზიის გაგებამდე უმნიშვნელოვანესია მისი ბიოგრაფიის რამდენიმე დეტალის განხილვა. მისი პოეზია და განსაკუთრებით ჩვენი განსახილველი ლექსი ეფუძნება ბერძნულ ტრაგედიას იდეურად. შეიძლება გაგეღიმოთ ამ წინადადების წაკითხვისას და იფიქროთ: რა არ ეფუძნება ბერძნულ ტრაგედიას?! მაგრამ ნიკო სამადაშვილის ბიოგრაფიაში არის დეტალი, რომელიც ზემოთ ხსენებული წინადადების ლეგიტიმაციისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს. „1920 წლიდან ნიკო სამადაშვილი ერეკლე ტატიშვილთან იწყებს ცხოვრებას. ნიკო სამადაშვილი, როგორც პოეტი, ერეკლე ტატიშვილმა აღმოაჩინა“ (ბურუსი 2009).

ვინ იყო ერეკლე ტატიშვილი? ამ ადამიანის პიროვნების განხილვაზე დიდხანს არ შევჩერდები, ვინაიდან კვლევის ფორმატი არ გვაძლევს ამის საშუალებას, მაგრამ აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ერეკლე ტატიშვილს აქვს გამოქვეყნებული ესეისტური ნაშრომები სახელწოდებით „ექსტასი“ (http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00009084) და რაც უფრო მნიშვნელოვანია, მან ქართულად თარგმნა ნიცშეს შემოქმედება (ლითერასი 2019). მოგეხსენებათ, ნიცშე ბერძნული ტრაგედიის მკვლევარიც გახლდათ. შესაბამისად, ზემოთ ჩამოთვლილმა ფაქტებმა უდიდესი გავლენა იქონია ნიკო სამადაშვილისათვის ფილოსოფიური ბაზისის შესაქმნელად, რაც აისახა მის შემოქმედებაში.

ძველი ბერძნები აწყობდნენ დიონისეობას, ხშირად უყურებდნენ ტრაგედიებს და როდესაც ნახავდნენ სცენაზე სხვის უბედურებას, ტკბებოდნენ საკუთარი ბედნიერებით, გარდა ამის ეს იყო სულის განწმენდის ერთგვარი რიტუალი (ლოგოსი 2007: 101-110), რომელიც კათარზისად და ექსტაზად იყოფოდა, თითქოს სხვისი ტრაგედიის ყურებისას გამოდიოდა მათი საკუთარი სხეულიდან სული და დასცინოდა იმ სხეულს, გრავიტაციას სრულიად რომ ემორჩილება, ასეა ნიკო სამადაშვილის ლექსშიც, თუ დავუკვირდებით სათაურს „ჩემს ორეულს, ბუღალტერ ნიკო სამადაშვილს პოეტი ნიკო სამადაშვილისგან ან პირიქით“ აქ თითქოს პოეტი აღნიშნავს, რომ არ არის ის, ვისაც შეხედვისას აღვიქვამთ, პოეტს საკუთარი ნებით კი არ ამოუცურავს ბუღალტრების საუკუნის ნაპირებთან, არამედ ის აქ დინებას გამოურიყავს, ღვთაებრივი ძალის დინებას, ღმერთის ნებას და თითქოს ეს ლექსი არის სულის განწმენდა, არის კათარზისი საბჭოთა ბუღალტრული საქმიანობისგან. თითქოს გამომთვლელ მანქანაზე შესრულებული ყოველი ოპერაცია და საბეჭდი მანქანით ფურცელზე დაწერილი შედეგები პოეტის სულს ეტყობა, მელნის ლაქებად ეტყობა მის თეთრ ტანსაცმელს და მის სუდარას, რომელიც სულის შესამოსელი უნდა იყოს სამოთხის კართან.

გარდა ორი ბუნების შეპირისპირებისა, რაც აქტუალური თემაა ნიკო სამადაშვილის პოეზიაში, ვხვდებით საკუთარი თავის ძიებას და აღმოჩენის არაცნობიერ აღიარებასაც, რაზეც მეტყველებს ქარის ხმის სიმბოლიკა. თითქოს ნიკო სამადაშვილის პოეზიაში მუდმივად ისმის სამრეკლოების ზარის ხმა, რომელიც ჩვენამდე არც თუ ისე შორიდან მოაქვს ქარს. პოეტი ამბობს, სოფელ ხიდისთავის მახლობლად თრიალეთის ქედზე ასვლისას შევნიშნე, რომ აქ მუდმივად ზენა ქარი სისინებსო, მეორეგან კი წერდა:

„მამაჩემს დავრჩი ბიჭი ობოლი,
მზრდიდა ვერხვების რწევა და ტაში,
როგორ მიყვარდა ჩემი სამშობლო
და წეროების ძახილი ცაში.“

(http://www.biblioteka.litklubi.ge/view-nawarmoebi.php?id=10217)

ამიტომაც არ უნდა გაგვიკვირდეს ნიკო სამადაშვილის ლექსებში ქარის ხმის მუდმივი არსებობა, ვინაიდან ის სწორედ პოეზიაში გრძნობდა თავს ისე, როგორც მშობლიურ კუთხეში და ქარიც თან გაჰყვა მის შემოქმედებას, როგორც სამშობლოს, ოიკუმენეს არამატერიალური გამოვლინება.

„შენ ჩემში უსტვენ ვით საყდრის ჩიტი,
შენა ხარ ჩემი ნუგეშის დარი,
სულ კარგად მახსოვს, შენ რომ გამოჩნდი,
გარეთ ძაღლივით ყმუოდა ქარი.“

ვის მიმართავს ავტორი სტროფის პირველი სამი სტრიქონით?

ეს არის პოეტში პოეტური სულის გამოღვიძება, პირველი ხილვა, შთაგონება, რომელიც ავტორს ემოციებით ავსებს და აძლევს საშუალებას მისი თავს მოხვეული ყოფითი პრობლემებიდან ფიქრი და ემოცია სხვა კუთხით მიმართოს. ეს იმდენად ემოციური მოვლენაა პოეტისათვის, რომ მისი პირველი ხილვაც კი ახსოვს.

ქარის ძაღლივით ყმუილი ფრიად ტრაგიკული გარემოებაა, სევდას იწვევს ყოველ ადამიანში, თუმცა პირველი სამი სტრიქონიდან გამომდინარე ალოგიკური იქნებოდა ნეგატიური მუხტის შემოტანა ამ სტროფში, შესაბამისად, ქარის ძაღლური ყმუილი განეიტრალებულია სიტყვით - გარეთ. ქარი არეულობაა, შიშია, თავბრუსხვევაა, გზის არევაა, მაგრამ ეს ყველაფერი ხდება გარეთ, ხოლო პოეტის სულში იბადება ლექსი, ზეშთაგონებით აღტაცებული პოეტი ნიკო სამადაშვილი თავს იდეალურად გრძნობს საყდარში, რომელსაც თავს აფარებს, სანამ ბუღალტერი ნიკო სამადაშვილის სხეულს ბუღალტრების საუკუნის ქარები საკუთარ ნებაზე ათამაშებენ.

„ვერ გიპატრონე მე ლაზღანდარამ,
შენ სხვა მხევალი უნდა გყოლოდა
ზეცა სივრცეებს აზანზარებდა
და მზე ყვიროდა ქვეყნის ბოლოდან.“

პოეტი ტრაგიკულად აცნობიერებს საკუთარ წარმავლობას, რასაც მოწმობს ქვეყნის ბოლოს ხსენება, შეხსენება იმისა, რომ დასასრული ყოველთვის არსებობს და თითქოს ამიტომ საკუთარ მუზასთან, საკუთარ სულთან და საკუთარ შემოქმედებასთან იხდის ბოდიშს, თავის პიროვნებას კი მიიჩნევს მეორეხარისხოვნად, არარაობად, ვინაიდან ქორწილში ის არც ნეფეა, არც თამადა და არც საპატიო ადგილას მჯდომი მაყარი, ის საკუთარ თავს მხოლოდ ნამზითვართან აიგივებს, რაც ცხადი ხდება სიტყვის - მხევალი ანალიზისას. „მხევალი - ძვ. ქართ. ნამზითვი ან ნაყიდი ქალი“ (http:// www.ena.ge/explanatory-online).

„შენ გადარებდნენ ბინდების ჭრიჭინს,
თუმცა სულ მუდამ ტოტს გცემდა ქარი,
ავადმყოფობა ეგონათ, ბიჭო,
ლექსები ტანზე გამონაყარი“.

პოეტი ხშირად ცვლის ლექსის მიმდინარეობის სამოქმედო გარემოს, თუ ერთ წამს ქაოსი შეინიშნება, მეორე წამს იდეალურ წესრიგთან აღმოვჩნდებით, თუ ერთ წამს მოქმედება სულის წიაღში ხდება, მეორე წამს მოქმედება მეტაფიზიკურიდან ფიზიკურ სამყაროში გადმოინაცვლებს ხოლმე.

ბინდების ჭრიჭინი სიმშვიდის სიმბოლიზებას ახდენს, თითქოს ქარის ქროლვის შემდეგ უამრავი დრო გავიდა და უეცრად ზაფხულის მშვიდი საღამო დადგა შებინდებისას ჭრიჭინების ხმებით, ვინაიდან, ამ შემთხვევაში, გარემო პოეტის სულის თანაზიარია. თითქოს ნიკოს სულიც მშვიდია, მაგრამ აქ არ შეიძლება არ ითქვას ერთი მნიშვნელოვანი გარემოების შესახებ, რომელიც სრული სიცხადით შემდეგ სტრიქონში რეალიზდება: ამ შემთხვევაში პოეტი პასიურ მდგომარეობაშია, ანუ ის თავად კი არ ქმნის შედარებას ბინდების ჭრიჭინთან, არამედ ამას აკეთებს მესამე პირი, ამ შემთხვევაში, ხალხი. მართლაც, შემდეგ სტრიქონში ჩნდება ტოტის ცემა ანუ ქარიშხალი, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ ხალხს ჩაწყნარებული ჰგონია და მეტიც, ზოგი საერთოდ ვერ დაუშვებს მის არსებობას შესაძლებლად, ისევ მძვინვარებს. ნიკო სამადაშვილი სულიერ სამყაროში არსებული ვითარების აღწერის შემდგომ აღნიშნავს ამ ფაქტორის ზეგავლენას ფიზიკურ სამყაროზე, ასევე გვამცნობს, რომ მისი სული დაავადებულია პოეზიით, მაგრამ ხალხი მისი სხეულის დაავადებებს ვერაფრით უკავშირებს მისი სულის მდგომარეობას.

„ჩემი ძაგძაგი, თრთოლვა და სუსხი,
ტანის მერქანში თითქოს ძვლებსა ხრავს,
ღვინო მორეულს, ოშხივარასხმულს,
ბინაში ბევრჯერ დამიკოცნიხარ.“

თითქოს ეს სტროფი წინა სტროფის უკანასკნელი სტრიქონის ლირიკული გაგრძელებაა, თითქოს ძაგძაგი, თრთოლა და სუსხი პოეზიით გამოწვეული ფიზიკური სიმპტომებია. ზოგადად სითბო არის ენერგიის გამოსხივება, ხოლო სიცივე ენერგიის შთანთქმა, პოეტი გვიმხელს, რომ მის სულში პოეზიის ჩაუქრობელი ცეცხლის გასაღვივებლად მთელი ენერგია გარედან, ფიზიკურიდან მეტაფიზიკურისაკენ მიმართა, სხეულს კი შეატოვა სისუსტეები, სწორედ ამით აიხსნება პოეზიაგამოწურული სხეულის მდგომარეობა, ამ მდგომარეობის დადასტურებაა შემდგომი სტრიქონიც: ტანის მერქანში თითქოს ძვლებსა ხრავს.

აქვე უნდა გავამახვილოთ ყურადღება სიტყვაზე მერქანი. ეს სიტყვა იდეალურად შეესაბამება ლექსის მიმდინარეობას, ვინაიდან მერქანი არის ერთი ფენა, რომლის შიგნითაც სხვა სუბსტანცია, სხვა მთლიანობაა, შესაბამისად ეს მინიშნებაა პოეტის პიროვნებაზე, მის კომპლექსურობაზე. როგორც უკვე აღვნიშნე, ლექსის მიმდინარეობასთან ერთად იცვლება მისი განვითარების არეალიც, უნდა ვიგულისხმოთ, რომ ამ მეოთხე სტროფის მეორე ნახევარშიც მსგავსი რამ ხდება, თუ პირველ და მეორე სტრიქონებში პოეტი ახსენებს კანკალსა და სუსხს მესამე სტრიქონში საკუთარ თავს ოხშივარასხმულს უწოდებს, შესაბამისად აქ მოქმედება არა მატერიალურ, არამედ სულიერ სამყაროში ვითარდება, პოეტის სულს ოხშივარი ასდის, ხოლო მისი სხეული სუსხით იტანჯება, ამას ადასტურებს ღვინის ხსენება, ღვინო ხომ ჭეშმარიტი სახის გამოვლინების გზა და საშუალებაა. საყურადღებოა ბინის ხსენება. რატომ მაინცდამაინც ბინა, როცა შესაძლებელი იყო მის ნაცვლად პოეტს ეხსენებინა ოთახი ან ნებისმიერი სამმარცვლიანი გეოგრაფიული ობიექტი? აქ საჭიროა გავაცნობიეროთ, რომ ნიკო სამადაშვილი არ დაბადებულა ქალაქის ტიპურ ბინაში და შესაბამისად მისთვის სახლი და ბინა განსხვავებული ცნებებია. სახლი არის ადგილი, რომელსაც კავშირი აქვს ჩამვლელ ხალხთან, სოფლის ნებისმიერი მოსახლისთვის ცხადია ვინ რომელ სახლში ცხოვრობს, ხოლო ბინა რადიკალურად განსხვავებული ერთეულია, მას უშუალო კავშირი თითქმის არ აქვს გამვლელ ხალხთან, ჩვეულებრივ ადამიანებს კორპუსის წინ ჩავლისას არ უჩნდებათ შეგრძნება, რომ ეს ვინმეს ბინაა, შესაბამისად ნიკო სამადაშვილისთვისაც ბინა არის პირადულობის სიმბოლო, რაღაც გასაიდუმლოებულისა და დამალულის. რა თქმა უნდა, ეს ქმედება სულიერების სივრცეში მიმდინარეობს.

„იქამდე, სანამ დათეთქვილ ტუჩებს
არ გალხობიან ბუერა სევდა,
შენ ძუძუს სწოვდი გაშლილ ალუჩებს
და ღვთისმშობელი აკვანს გირწევდა...“

სწორედ მეხუთე სტროფის პირველი ნახევარია მტკიცებულება იმისა, რომ მოქმედება სულიერ სივრცეში მიმდინარეობს.

„იქამდე სანამ დათეთქვილ ტუჩებს
არ გალხობიან ბუერა სევდა...“

ნიკო სამადაშვილი გარეგნულად ბუღალტერია, შესაბამისად მისი პოეტური სევდა მის სულში რეალიზდება, მის ლექსად საუბრით დათეთქვილ ტუჩებს ძნელად შორდება სევდა. პოეტი შეიჭრება ხოლმე საკუთარი სულის კარიბჭეში და მუზას ეწაფება, თითქოს რეალობას ღალატობს პოეზიასთან, დაიცლება საკუთარი გრძნობებისგან, ყველაფერი ამ კარიბჭის მიღმა დატოვებს და მერე დაუბრუნდება ბუღალტრის ცხოვრებას. თითქოს ლექსის ემოციური ცენტრი ეს მონაკვეთია. რეალობის ღალატი სამშობლოს ღალატზე უფრო მძიმეა, ამიტომაც, მიუხედავად იმისა, რომ პოეტის სული ამ ღალატით ბედნიერია და ჟინმოკლული უბრუნდება ხოლმე რეალობას, მისი სხეული იტანჯება, თითქოს ნემეზისს განიცდის. ბუნებრივია, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი ადამიანისათვის იდეალურია სულიერი სამყარო, ხოლო ფიზიკური შებღალული, ამიტომაც ავტორი მიღმიერების უმთავრეს ელემენტს საკუთარ ზეშთაგონებას, მუზას, პოეზიას ამაღლებულად მოიხსენიებს:

„შენ ძუძუს სწოვდი გაშლილ ალუჩებს
და ღვთისმშობელი აკვანს გირწევდა.“

გაშლილი ალუჩებისთვის ძუძუს წოვაც გაღმერთების მეტაფორაა, ვინაიდან ბერძნული მითოლოგიის ღმერთები ამბროსიის ყვავილით იკვებებოდნენ და ინარჩუნებდნენ უკვდავებასა და მარადიულ სახეს (სატურნი 2014), თითქოს პოეტი საკუთარი მუზის, საკუთარი შთაგონების მარადიულობას აცნობიერებს და თან სულის უკვდავებასაც ეხმიანება ამ სიტყვებით. ეს ფრაგმენტი კიდევ უფრო საინტერესოა თუ გავიხსენებთ მეორე სტროფში დასმულ წარმავლობის პრობლემას: და მზე ყვიროდა სოფლის ბოლოდან...

სამადაშვილის პოეზიაში უცნაურია მამის ხატი. მას მამა მცირეწლოვნებისას გარდაეცვალა და როცა წერს ლექსში:

„შენ ძუძუს სწოვდი გაშლილ ალუჩებს
და ღვთისმშობელი აკვანს გირწევდა...“

აქ იკითხება მამის დაკარგული ხატება, ვინაიდან ღვთისმშობლის, როგორც დედის როლის გაცნობიერება თავისთავად მოითხოვს მამის ხატების სრულ გაქრობას ცნობიერებიდან, ამაზე მეტყველებს ბინაში ყოფნაც, სახლის მეპატრონედ ძირითადად ასახელებენ ოჯახის უფროსს, ხოლო ბინას მეტად ასახელებენ ნომრებით, შესაბამისად აქ ქვეცნობიერის დონეზე შესაძლოა სამადაშვილი აღწერდეს მამის გაქრობას მისი ბავშვობიდან. მიტოვებული სახლი და ერეკლე ტატიშვილთან ერთად ცხოვრება თითქოს მას საკუთარი სიცარიელის, საკუთარი მამის ხატის გაქრობით შექმნილი სიცარიელის შევსებაში ეხმარება.

აქ კიდევ უფრო ნათელი ხდება პოეტის არჩევანი, თუმცა ცხადია ისიც, რომ პოეტი იტანჯება ამ ორმაგი ბუნებით, იტანჯება იმით, რომ თან პოეტია და თან ბუღალტერი, ნაღვლობს, რომ არ არის მხოლოდ ერთ-ერთი ამ ორთაგან, რაზეც მეტყველებს სხეულისა და სულის მდგომარეობათა შეპირისპირება.

„ლექსების ჯღაბნა წამებათ გექცა,
სჯობდა ვენახის კვალი გებარა,
ვის რად უნდოდა ეს თვალთმაქცობა,
ნეტავი ქარში გადაგეყარა...“

ამ სტროფში თითქოს ალაპარაკდა ნიკოს ბუღალტერი მე, გატანჯული ნახევარი, გატანჯული როგორც საკუთარი უბედურებით, ისე სულის ბედნიერებით. ეს ნახევარი თითქოს ცდილობს განკურნოს საკუთარი თავი და იდეურ ბრძოლას უცხადებს სულს, იქ მომხდარ პროცესებს უსარგებლოს უწოდებს და ამბობს რომ ეს უბრალო წამებაა. აქ ისევ შემოდის ქარის სიმბოლიკა, სხეული ნატრობს, რომ სულის მთელი ნამოღვაწარი სულშივე დატრიალებულ ქარს წაეღო, მაგრამ აქ ჩანს რომ ნიკოს ბუღალტერი ნახევარი სულაც არ იცნობს ნიკოს პოეტ ნახევარს, ვინაიდან, როგორც პირველი სტროფის ანალიზისას აღვნიშნეთ: პოეტს უშუალო შეხება არ აქვს ქართან, ის ქარისაგან დაცულ საყდარშია, ამგვარად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ნიკო სამადაშვილის ბუღალტერი ორეულიც იმ მესამე პირთა სიაშია, რომელნიც პოეტს ზაფხულის საღამოს ადარებენ. როცა ამბობს:

„ლექსების ჯღაბნა წამებად გექცა,
ჯობდა ვენახის კვალი გებარა...“

აქ იგრძნობა ტატიშვილის გავლენა. ნიცშეს „ესე იტყოდა ზარატუსტრა-ს“ განხილვა ამ სიტყვებით დაიწყო ტატიშვილმა, ნიცშეს გონება მისი უდიდესი მტერია, ამის ტრაგიკული გაცნობიერებაა ნიცშეს შემოქმედებაო, მე დავამატებდი, რომ ამ გონების დაკარგვის შიშიც არის ნიცშეს შემოქმედება, გავიხსენოთ რას ამბობს: „ადამიანი ხიდია, გაბმული თოკია ცხოველსა და ზე კაცს შორის და ამ ხიდზე გადასვლისას მას მუდმივად ეშინია“ (ლითერასი 2019: 12). ასეა ნიკო სამადაშვილის შემთხვევაშიც, ერთი

მხრივ ის აცნობიერებს რომ პოეზიაა მისი ტანჯვის მიზეზი, მეორე მხრივ, საკუთარ თავს არ უტყდება, მაგრამ ეშინია პოეზიის დაკარგვის და ეს ჩანს შემდეგიდან - ლექსების ჯღაბნა წამებად გექცა, ეს პირველი იდიომის დასაბუთებაა, ხოლო მეორე მხრივ, ჯობდა ვენახის კვალი გებარა, ჯობდა ამ შემთხვევაში წარსულია, თუ მართლაც რადიკალური ნაბიჯის გადადგმას აპირებს ავტორი რატომ არ წერს ახლანდელ დროში? რატომ მალავს წარსულში საკუთარი ბედნიერების შესაძლებლობას? იმიტომ, რომ ეშინია, ეშინია პოეზიის დაკარგვის, ეშინია იმ სიმსუბუქის, რომელიც პოეზიის დაკარგვას მოჰყვება, რომ გაქრება აღთქმული თავშესაფარი და მერე ქარიშხალსაც შეეძლება მისი სიმსუბუქით ჩაბჟირება.

„ქარები უფრო წაიკითხავდნენ,
ჩაბჟირდებოდნენ სადმე სიცილით;
ჩემი ცრემლებით ღამეს ხატავდი
და ბეთანიას მაისის დილით.“

ეს სტროფი აუცილებელია დაიყოს ორ ნაწილად, პირველი ნაწილი არის პოეტი ნიკო სამადაშვილის პასუხი საკუთარი ბუღალტერი ორეულისთვის, იმის წამიერი გაფიქრება, რომ შეიძლება მართლაც არ იყოს მარადისობისთვის განწირული თავისი ლექსები და ამავდროულად მინიშნება, რომ პოეტს სხვაგვარად არ შეუძლია სიცოცხლე.

მეორე ნაწილი კი (მესამე და მეოთხე სტრიქონი) არის ახალი საუბრის დასაწყისი საკუთარ მუზასთან. საინტერესოა, რატომ ახსენა პოეტმა ბეთანია, ნუთუ მხოლოდ ესთეტიკური მშვენიერების შემოტანის მიზნით? როგორც ჩანს, არა. ბეთანია ებრაული სიტყვაა და ქართულად სიგლახაკის სახლს ნიშნავს, შესაბამისად ეს არის საჩივარი, საჩივარი საკუთარი სულის და საკუთარი მუზის წინაშე, საჩივარი მათთან, ვისაც არამატერიალური სახე აქვს, პოეტს სურს ღმერთს მისწვდეს მისი ხმა, მისი დაჩივლების

ხმა, ეს მონაკვეთი მოგვაგონებს ნიკოლოზ ბარათაშვილს და ნიშანდობლივია, რომ ხშირად ადარებენ ამ ორ პოეტს ერთმანეთს.

„ვერ გაოკებდი, დაგდევდი კეტით,
ხან მელეოდა მუხლებში ძალა,
ზარივით გასკდა ამდენი რეკით,
ზედ რომ მამხია ეს თავის ქალა.“

აქ თითქოს საყვედურია საკუთარი ფიქრის, მუზის მიმართ. შესაძლოა მოგვაგონდეს ოთარ ჭილაძის სიტყვები: „ღმერთო, მასწავლე მოთოკვა ფიქრის ანდა წამართვი ფიქრის უნარი“.

ამ შემთხვევაში ალოგიკურია, რატომ შეიძლება გაუჩნდეს პოეტს საკუთარი მუზისადმი გულისწყრომა უბრალო დაუმორჩილებლობის ნიადაგზე, აქ ისევ უბრუნდება საუბარს ნიკო სამადაშვილის ბუღალტერი ნახევარი, რომელიც ორმაგი არსებობით იტანჯება და სურს მისი ოპონენტის (პოეტი ნიკო სამადაშვილის) დამარცხება. ამ შემთხვევაში თუ გავითვალისწინებთ, რომ მიმართვა: ვერ გაოკებდი, დაგდევდი, გასკდა და მელეოდა წარსული დროით არის გადმოცემული, უნდა მივიჩნიოთ ხორციელი მხარის დამარცხების ტრაგიკულ აღიარებად. პოეტი ნიკო სამადაშვილის გამარჯვებად შეგვიძლია მივიჩნიოთ უკანასკნელი სტროფი:

„ვერ მოგიარე, რა გიყო ძმაო,
ორივე შემკრთალ ბუჩქის ჩრდილს ვგავდით;
შენ კიდევ მაინც ფიქრში მძუნაობ,
მე კი ბუწუწიც გამცვივდა დარდით.“

აქ ხორციელი მხარე თითქოს ნებდება, ამბობს რომ პოეტი ნიკო სამადაშვილი და ბუღალტერი ნიკო სამადაშვილი ვიზუალურად თითქოს ერთნი იყვნენ, ისე ჰგავდნენ ერთმანეთს, როგორც ორი ბუჩქის ჩრდილი, მაგრამ ახლა განსხვავდებიან, ხორციელი მხარე სრულიად დაჩაჩანაკდა, ხოლო სულიერი ისევ მუდმივობის მდგომარეობაშია. ამ სტროფში წარსული და ახლანდელი დროის გამოყენებით პოეტი ცდილობს შექმნას კონტრასტი საკუთარ ბუღალტრულ წარმავლობასა და საკუთარ პოეტურ მუდმივობას შორის. ამ სტროფში პოეტი თითქოს ერთ ბუნებას იძენს და ის უკვე აღარ არის ბუღალტერი, ის მხოლოდ პოეტია და შესაბამისად, აღარ დაიტანჯება ორმაგი არსებობით, ამგვარად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ გამართულ იდეურ დუელში ნიკო სამადაშვილის უკვდავი მხარე იმარჯვებს და ამ გამარჯვების აფიშირებას წარმოადგენს ბუღალტერი ნიკო სამადაშვილის კაპიტულაცია.

3.52 90. ჩხარტიშვილი, ლელა. „გული ღვთისმშობლის ჩვენთვის ხომ უხვია...“

▲ზევით დაბრუნება


// კარიბჭე. - თბილისი, 2009. - №17. - გვ. 22-23.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს უძველესი დროიდან უგალობდნენ ჰიმნოგრაფთა თაობები: იოანე მინჩხი, მიქაელ მოდრეკილი, დავით აღმაშენებელი, დემეტრე-დამიანე...

ყოვლადწმინდას განადიდებდნენ საერო მწერლობაშიც. შეწევნას ევედრებოდნენ პირადი, ეროვნული თუ ზოგადადამიანური ტკივილისა და ცოდვა-მადლის დამტევი და მატარებელი ქართველი მწერლები: ილია, აკაკი, გალაკტიონი, ნიკო სამადაშვილი, გიორგი ლეონიძე...

საიდან იღებს დასაბამს ქართულ მწერლობაში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის განდიდების ტრადიცია და როგორ გრძელდება ახალ დროში?

გვესაუბრება ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ქალბატონი ლალი დათაშვილი.

- ქართული ლიტერატურა, როგორც ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის მიერ შექმნილი კულტურის ნაწილი, გამოირჩევა ყოვლადწმინდა დედისგან საკუთრებული სიყვარულითა და მისდამი მიძღვნილი ლოცვა-საგალობლების სიუხვით...

- ევას ცოდვის გამოსყიდვა, ახალი ადამისგან კაცება, ცისა და მიწის შეერთება, დაცემულის სასუფეველში დაბრუნება - ეს ყოველივე დედა-ქალწულის დამსახურებაა კაცობრიობის წინაშე, რასაც ჰიმნოგრაფები წარმოაჩენენ.

პოეტი-მგალობელი დემეტრე-დამიანე ცნობილ საგალობელში, „შენ ხარ ვენახი“, შეფრფინვითა ქებს წმინდა მარიამს - ედემში დანერგილ მორჩს, სამოთხიდან გამოსულ ალვას, ღვთისაგან შემკულს, გაბრწყინებულ მზეს, მშვენიერ შროშანს.

წმინდა მარიამის განსაკუთრებული სიყვარულითა და თავისი სასოების წყაროდ ყოვლად უბიწო ქალწულის მიჩნევით დავით გურამიშვილი აშკარად გამოირჩევა. ის თითქოს ერთმანეთს უთავსებს საერო და სასულიერო პოეზიას, პოეტიცაა და ჰიმნოგრაფიც. მეცნიერთა აზრით, იგი წმინდა მარიამს 56 სახელით მოიხსენიებს. მაგალითისთვის რამდენიმეს დავიმოწმებთ:

„კვლავკლდეო, წყლისამომცემო,
ისრაელთ ცრემლთა მშრობელო,
სახით აბრამის კარაო, ღვთის
ტევნით გულთა მყრდნობელო,
ვით შეუწველო მაყვალო, საღმრთო
ცეცხლ-განუქრობელო...“

დავითი ღვთისმშობელს შესთხოვს, დაიფაროს განსაცდელთაგან. მკითხველი გულგრილად ვერ წაიკითხავს მის მხურვალე ვედრებას:

„მოწყალების კარო, შენს ზღურბლს
მოვეკარო,
უსახლკარო ვარო, ვითხოვ, შემიფარო,
ვით მოწყალე ხარო, ცოდვილთ
მეოხარო!
რაც მე მოგითხარო, შენ მით
განმახარო.“

- ღვთისმშობლის სახე და სადიდებელი არაიშვიათია თანამედროვე ქართულ საერო ლიტერატურაშიც...

- გალაკტიონ ტაბიძე ღვთისმშობელს ულამაზეს მანდილოსნად წარმოადგენს, რომლისაც თვით ანგელოზებსაც კი „შურთ“, მათაც კი არ უნახავთ მსგავსად მომხიბლავი არსება:

„ჯვართან მისული სურო -
მარტოობაა ქნარის...
თვალთა ანგელოზთ შურო,
შენ, ღვთისმშობელო კარის!“

(„საღამო“)

პოეტი ღვთისმშობელს „მზეს“ უწოდებს, რითაც გამოკვეთს წმინდა დედის პიროვნულ სითბოსა და სილამაზეს (მის მზეობას), მთელ კაცობრიობას რომ გადასწვდება მზის ნათელივით: „დედაო ღვთისავ, მზეო მარიამ!“ („სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში“).

ხშირად სიმბოლურ-ალეგორიულადაა გადმოცემული ის აღფრთოვანება და თაყვანისცემა, მწერალი რომ განიცდის ღვთისმშობლის მიმართ.

ანა კალანდაძე ხარებას სიმბოლურად გადმოსცემს, რაც 25 მარტს - ადრე გაზაფხულზე მოხდა, წმინდა მარიამს მომავალი დედობის ბედნიერება ეუწყა, ანუ ქალწული „მარტში აყვავდა“:

„აყვავდებოდი ადრე გაზაფხულს
ქვეყანას ზედა და ცათა შინა...“

კაცთა შორის უმაღლესის, ცაში „აციმციმებულის“ - წმინდა დედა მარიამის წიაღმა ნათელი, ანუ იესო ქრისტე, დაიტია:

„იყო მაღალი შენი ციმციმი,
იყო ნათელი წიაღთა შენთა...“ - ამბობს პოეტი.

ხოლო ლექსი, „შენ, სინათლის მეფევ“, ჩვენი აზრით, ალუზიაა საგალობლისა „ღირს არს ჭეშმარიტად“. პოეტი ბრჭყალებით წერს სიტყვებს: „ღირს ხარ, ღირს ხარ, ღირს ხარ!“ და მიმართავს მას, ვინც არს სასოების მფენი, ცისა, ვისი ხელებიც „ცის თაღს მზის სხივებით ჰკრავენ“. რადგან ღვთისმშობელმა „იტვირთა“ მაცხოვრის განკაცება, ვფიქრობთ, წმინდა მარიამის სახე ყველაზე ნათლად ჩანს სიტყვებში:

„დიდებული შენ ხარ, -
საყოფელი ღვთისა.
ქებათ ქების შენაც
„ღირსხარ, ღირსხარ, ღირსხარ!“

- განსაკუთრებით ხშირია წმინდა მარიამისადმი, როგორც მცველისა და მფარველისადმი, აღვლენილი ვედრება. ზოგიერთი ქართველი პოეტის ლექსი ღვთისმშობლისადმი აღსარებაა, ცოდვისა და დანაშაულის განცდით გაჯერებული...

- ღვთისმშობლის ხსენება ხშირია ისეთი მარტოსული, მეოცნებე, საოცარი ხილვების მქონე პოეტის შემოქმედებაში, როგორიც გახლავთ ნიკო სამადაშვილი. პოეტი გამოირჩევა წმინდა დედის სიყვარულით. მისი რწმენით, უღრუბლო ბავშვობა ღვთისმშობლის წყალობაა, წმინდა მარიამი მზრუნველობასა და სითბოს არ აკლებს, აკვნიდანვე თავს დასტრიალებს ბავშვებს, განსაკუთრებით კი პოეტური ნიჭით დაჯილდოებულთ, რომელთაც ისეთი გულები აქვთ, „ვით სისხლიანი ქრისტეს პერანგი“. ლექსში, „ნიკო სამადაშვილს“, ავტორი საკუთარ თავს ასე მიმართავს:

„იქამდე, სანამ დათეთქვილ ტუჩებს
არ გალხობიათ ბუერა სევდა,
შენ ძუძუს სწოვდი გაშლილ ალუჩებს
და ღვთისმშობელი აკვანს გირწევდა.“

ნიკო სამადაშვილის აზრით, ღვთისმშობელს ვერავინ დაასწრებს ლოცვას, იგი ისე მიისწრაფვის ტაძრისკენ სალიტანიო ზარების ხმაზე, ფეხშიშველს ქოშები ავიწყდება:

„გამოქვაბულთან ზარის რეკა დაიგუგუნებს,
ღვთისმშობელს ცაცხვის ქვეშ დარჩება თეთრი ქოშები.“

გიორგი ლეონიძის მარიტასაც მზრუნველ და მოსიყვარულე დედასავით ხვდება წმინდა მარიამი:

„საიქიოში ოქროს სკამი მიართვესო დაღლილსაო.

ღვთისმშობელს ეთქვა თურმე: „ფერზე გეტყობა, ძლიერ დაღლილხარ, დაჯე, შვილო, შორიდან მომავალიხარო!“ („ნატვრის ხე“).

- ქართულ ლიტერატურაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს საქართველოს ღვთისმშობლის წილხვედრობის თემას...

- ქართველ მწერალთა რწმენით, უმძიმესი ისტორიული პირობების მიუხედავად, ჩვენი სამშობლო წმინდა მარიამის მადლით გადარჩა და არსებობს, იგი თავის წილხვედრ ქვეყანას დიდი სიყვარულით იცავს და მფარველობს.

წმინდა ილია მართლის „აჩრდილში“ პოემის ლირიკული გმირი წმინდა მარიამს შესთხოვს საქართველოს დახსნას განადგურებისა და გადაშენებისაგან, შეახსენებს ჩვენი ერის ერთგულებასა და თავდადებას ჯვარცმული მაცხოვრისადმი, რის გამოც თვითონაც ჯვარს ეცვა და ეწამა საუკუნეების განმავლობაში:

„დედავ ღვთისაო, ეს ქვეყანა შენი ხვედრია,
შენს მეოხებას ნუ მოაკლებ ამ ტანჯულ ხალხსა,
საღმრთოდ მიიღე სისხლი, რომელ ამ ხალხს უღვრია,
ჩაგრულთ სასოო, ნუ არიდებ მოწყალე თვალსა!“

აკაკი წერეთელიც „თორნიკე ერისთავში“ წმინდა დედებს: ნინოს, ქეთევანსა და თამარს - ღვთისმშობლისადმი აღავლენინებს ლოცვას, რათა მან მკვდრეთით აღადგინოს წილხვედრი ქვეყანა:

„დედაო ღვთისავ, შენი ხვედრია
ეს საქართველო, დიდჭირნახული,
შეუნდევ ცოდვა, ნუ ააღებ ხელს,
ლმობიერებით იბრუნე გული,
რომ აღადგინო ქართველთა ერი,
დღეს დაცემული და ცოცხალ-მკვდარი.“

ლექსში „ჩემი თბილისი“ პოეტი ნიკო სამადაშვილი საქართველოს საუკეთესო მცველად და მფარველად ღვთისმშობელს მიიჩნევს, სწორედ წმინდა დედას გადმოუფარებია კალთა, „ხელში აუყვანია“ თბილისი:

„ჩემ საქართველოს მკერდის თრთოლვას რა შეედრება,113
ღვთისმშობლის დარად რომ უჭირავს ხელში თბილისი.“

- განუზომელია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის როლი საქართველოს გაქრისტიანების საქმეში. მან თავის წილხვედრ ქვეყანაში საქადაგებლად ჯერ ანდრია პირველწოდებული, შემდეგ კი წმინდა ნინო წარმოაგზავნა....

- ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა საქართველოში წარმოგზავნა ასევე წმინდა იოანე ზედაზნელი და მისი მოწაფეები, რათა ჩვენს ქვეყანაში სამონასტრო ცენტრების შექმნით განემტკიცებინათ ქრისტიანობა.

მანვე აკურთხა წმინდა ექვთიმე მთაწმინდელი, ქრისტეს მადლითა და ბიბლიისა თუ დიდი ქრისტიანი მამების მიერ დაწერილი ძვირფასი წიგნების თარგმნით გაენათლებინა და გაებრწყინებინა ქართველთა ენა და ქვეყანა.

მკითხველზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს წმინდა მარიამის ყოველი გამოჩენა ჰაგიოგრაფიულ თხზულებებში, იგრძნობა დიდი დედის საოცარი სითბო და მზრუნველობა. წმინდა ნინოს იგი ჯვარს აძლევს თანადგომის დასტურად, წმინდა იოანეს იმ მოღვაწეთა სიას გადასცემს, ვისი საქართველოში წარმოგზავნაც სათნოდ მიაჩნია; წმინდა ექვთიმეს ხელს ჰკიდებს და სრულიად გამოაჯანმრთელებს. მომაკვდავი ბავშვის სასწაულებრივი გადარჩენის ეს სცენა, პატარა ექვთიმეს ღაღადისი: „მოვკვდები, დედოფალო!“ და ყოვლად წმინდა ღვთისმშობლის სიყვარულით სავსე სიტყვები: „ნუგეშინინ“- ემოციურად დამუხტული და მხატვრული თვალსაზრისით დაუვიწყარია.

ეს შთამბეჭდავი და მარად ცოცხალი თემები თანამედროვე ქართულ მწერლობაშიც აისახება. ანა კალანდაძის ცნობილი ლექსი „მოდიოდა ნინო მთებით“ მოციქულთა სწორის საქართველოში შემოსვლასა და იმ განცდებს გადმოგვცემს, პოეტის რწმენით, მთებსა და ტყეებში მარტო მომავალი ქალწულის გულს რომ ავსებდა: ძრწოდა, ბღაოდა, ღრუბლებს მოჰკიოდა ქარი, მაგრამ სანატრელი ვაზის ჯვარი აძლიერებდა წმინდანს და მხნეობას მატებდა, რომ სევდას, შიშსა თუ დაღლილობას რწმენის ძალით გამკლავებოდა. საგულისხმოა, რომ მაცხოვარმა გაამხნევა წმინდა ნინო:

„ეს ვინ არი - გამოცხადდა
მგზავრის წინა?
„ნუ გეშინინ!“ - მიუგებდა იესო“.

შემდეგ კი მცხეთისკენ მიმავალი გზა მწყემსმა მიასწავლა:

„მწყემსსა ჰკითხა: - რომელია
ქართლის გზაი?
მწყემსმა უთხრა: - საქართველო
არის ესე!“

ამით „კეთილი მწყემსის“ - იესო ქრისტეს ნება აღსრულდა და ისიც წარმოჩნდა, რომ წმინდა ნინო სამოციქულო ღვაწლს უნდა შესჭიდებოდა - ის, მოციქულთა მსგავსად, იმ ქვეყნის ენაზე ამეტყველდა, რომელშიც უნდა ექადაგა ქრისტიანობა.

გრიგოლ რობაქიძეც უთბილეს სტრიქონებს უძღვნის წმინდა ნინოს - ღვთისმშობლის დობილს და მისგან ელის წყალობას თავისი სამშობლოსთვის.

„დაო და დედაო,
ღვთისმშობლის დობილო,
ვართ შენზე მონდობილი,
და შენგან დანდობილი,
და შენი შენდობით
არ გადავშენდებით“.

ასე რომ, ქართველი მწერლები უგალობენ და ქებას შეასხამენ ყოვლადწმინდა დედას - უფლის დამტევნელსა და კაცობრიობის მეოხს; განსაკუთრებულად უყვართ ის; ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, როგორც სასოების წყაროს, ევედრებიან ხსნისა და წყალობისათვის, შესთხოვენ ცოდვების მიტევებასა და ცხონებას; წარმოაჩენენ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის როლს თავისი წილხვედრი საქართველოს გაქრისტიანების საქმეში; ასახავენ წმინდა მარიამის ნებითა და კურთხევით აღსრულებულ სასწაულებს.

უნდა დავეთანხმოთ გრიგოლ რობაქიძეს: „გული ღვთისმშობელის ჩვენთვის ხომ უხვია...“

_________________

113. სწორია: „ჩემ საქართველოს სიდიადეს რა შეედრება,

3.53 91. ჩხარტიშვილი, ლელა. დადგება ჩემი ფერისცვალებაც და ჟამით ჟამზე სიზმარივით გადავხუნდები

▲ზევით დაბრუნება


// კარიბჭე : მართლმადიდებლური ჟურნალი. - თბილისი, 2019. - 25 ივლისი-28 აგვისტო. - № 8 (367). - გვ. 12-13.

ფერისცვალების თემა, რა თქმა უნდა, ასახვას ჰპოვებდა მწერლობაშიც... მწერლები გენიალური მოაზროვნეები ბევრს ფიქრობდნენ ჩვენი ცხოვრების წარმავლობასა და ფერისცვალებაზე, სულიერ მეტამორფოზებზე, იმაზე, რომ „ადამიანის გარეგნული ბიოგრაფია ხშირად არ ემთხვევა მის შინაგანს“ (ბესიკ ხარანაული). „ადამიანი, არავინ იცის, ვინ არის იგი? - ყველას თავისი აზრები და ფორმულები აქვს... მე კი მგონია, რომ იგი არის მხოლოდ ნაბიჯი, ციცქნა ნაბიჯი, არარაობიდან უსაზღვრო სიდიადემდე, ანდა პირიქით“ (შოთა იათაშვილი)... მტკივნეული აღმოჩენაა და ცხოვრების პარადოქსი, რომ შეიძლება ადამიანი ძალიან დახვეწილადაც აზროვნებდეს, ტრაქტატებს წერდეს სიყვარულზე, კეთილშობილებაზე, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგეს, ჩვეულებრივი ობივატელივით, მოიქცეს და შეიძლება, პირიქითაც მოხდეს...

სახარებას რომ გადავხედოთ, რომელი პერსონაჟები არიან იქ ყველაზე საინტერესოები და დადებითები? ღმერთს არ აინტერესებს, ვინ როგორი ცხოვრებით ცხოვრობდა მანამდე, ვინ მეძავი იყო და ვინ ავაზაკი, ვინ პოეტი და ვინ მპარავი. ვინ მღვდელი და ვინ წარმართი. ყველაზე მთავარი, რითაც სახარების რჩეული ადამიანები არიან ღირებულნი, არის ის, რომ მათ იცნეს ქრისტე... აი. ასე, შეიძლება ჩვენ გვერდით ჩაიაროს ღირსებამ და ჩვენ ის ვერ დავინახოთ, ვერ ვიცნოთ... არ გვეყოს მადლი, დანახვის და შეცნობის უნარი. ან სადმე გვეჩქარებოდეს, არ გვეცალოს და უგულისხმობით და გაფანტულობით გავფანტოთ და დავკარგოთ შანსი იმის, რომ რაღაც დიადი დავინახოთ და ვიგრძნოთ, რაც ისევ ჩვენვე გვჭირდება, ჩვენ განგვწმენდს, გაგვაუკეთესებს, თორემ იმ ღირსებას იმით, რომ ჩვენ ვერ ვხედავთ და ვაფასებთ, ან თუნდაც შეურაცხვყოფთ, რა აკლდება? პირიქით, უფრო ემატება შარავანდი. ქრისტე იცნეს ადამიანებმა, რომლებიც არაფრით გამოირჩეოდნენ. იყვნენ მეთევზეები, მეძავები, მეზვერეები. და ვინ რა სიტუაციაში იცნო, მერე რა მოიმოქმედა, რა დათმო მისთვის - ამის მიხედვითაც გამოიკვეთა მათი სახე მთელ ამ ისტორიულ დრამაში... ადვილია, იცნო სასწაულების მომხდენი უფალი, ხუთ პურს რომ ათიათასად გადააქცევს ან მკვდარს აღადგენს, კეთროვანს მოარჩენს. მაგრამ როგორია, იცნო, როცა ისიც შენსავით დამცირებულია და სამარცხვინო ჯვარზეა გაკრული?.. ავაზაკმა სწორედ ჯვარზე იცნო, მისი სული აღივსო მადლით, და იმ მადლმა ასწავლა, რაც უნდა ეთხოვა (არაფერი ამქვეყნიური)... ამიტომაც ის პირველი შევიდა სასუფეველში. საოცრად გულწრფელი და ღრმა ინტიმური განცდებით, აღსარებით არის სავსე ნიკო სამადაშვილის ეს ლექსი:

ფერისცვალება

მარტო უზიხარ საწერ მაგიდას,
გული არ გერჩის რამე დაწერო.
გარეთ ბინდია, ქარის მაგივრად
და ზარი კივის საბედისწეროდ.
ზიხარ მარტოკა, უცქერი კედლებს,
გარეთ ცა ელავს, თან წვიმებია -
მაღლა ვეღარ სწევ ჩაქნეულ ხელებს,
ტირილიც ვეღარ გიწამებია.
გატეხილ სარკეს, დამსხვრეულ საათს
დრო არ დაგიდევს, დრო მაინც მიდის,
რა ეშველება დაღუპულ ადათს,
ან ასე მწარედ გარეცხილ სინდისს.
შენი თვალები ლაჟვარდებს ნთქავდა,
სადღაც მისდევდი სივრცეთა მზვარეს,
ხან მთის კონცხიდან ოდნავ ხედავდი
სამყაროს იქით მიმავალ მგზავრებს.
ახლა იმ თვალებს ფხიზელი ხუჭავ,
შენი გაჩენა, ღმერთო, რა იყო!
რა სიყმაწვილე წავიდა ფუჭად.
წყალმა რამდენი თროლვა წაიღო!
ჩუმად იცვლები აჭრილ სისხლისგან,
გადაჩვევიხარ ლანდებთან ბაასს,
გზებზე სუყველას ჩაუწიხლიხარ.
უმზერი კედლებს, უცქერი საათს.
გარინდებაღა დაგრჩა წვალებად.
თითქოს ანდერძიც გიდნება ხელში.
ასე თავდება ცის ელვარება,
ასე ღამდება ერთ სიცოცხლეში.

გალაკტიონის ამ ლექსში კი ვხვდებით პოზიტიურ, ოპტიმიზმით სავსე განწყობას, რომელიც ადამიანის განახლებას, სულიერ ფერისცვალებას მოაქვს:

„განახლდა გული... დღეს ის აღარ ვარ,
რაც უწინ ვიყავ... ფერი ვიცვალე...
გზა დამიცალე, შავო ბურუსო,
წყეულო ღამევ, გზა დამიცალე!
წინ ვივლი, სანამ დავმიწდებოდე,
ბედს კი მაინც არ შევურიგდები!
წინ ნუ მიხვდები, შავო ბურუსო,
წყეულო ღამევ, წინ ნუ მიხვდები!
ნუთუ არ მეყო, რაც დასაბამით
გაუნელებელ ცეცხლში ვეწვალე?
ჩამომეცალე შავო ბურუსო,
წყეულო ღამევ, ჩამომეცალე!
ვივიწყებ წარსულს... ჩემს სიყმაწვილეს
გამოთხოვების ცრემლებს ვაპკურებ.
გავანადგურებ ხელისშემშლელ ნისლს,
წყეულ ღამესაც გავანადგურებ...
წამების ცეცხლში განახლდა გული,
ფერი ვიცვალე, ფერი ვიცვალე,
გზა დამიცალე, შავო ბურუსო,
წყეულო ღამევ, გზა დამიცალე!“

ნიკო სამადაშვილს სხვა ლექსშიც აქვს ფერისცვალება ნახსენები, ოღონდ უკვე სხვა, მშობლიურ სოფელთან დაკავშირებული ტკბილი მოგონებების კონტექსტში:

ჩემი სოფელი

„გავხედავ ხვართქლნარევ ორღობეს,
ღელეთა მწუხრში ჩახვეულ ლანდებს,
მთის წვეროებთან მიხვეტილ ღრუბლებს
და ხიდის ყურზე წარმაგ ნალბანდებს,
ტოტის დაწყვეტა, ტანა ნარიყი -
როცა ვიგონებ, ფათფათი მჭვალავს,
როგორც თვისტომი, ისე ვუყვარდი
გვრიტების ფრთებით მოჭედილ ჭალას.
როგორ მინდოდა იქ მოვმკვდარიყავ,
დურდლო სიცოცხლე კი ქარს წაეღო.
ქვებივით დამრჩა გულის საყარზე
ჭადრების ბინდი, კაკლების წენგო.
უძრავი ტახტი, წალო, ზანდუკი,
ფერისცვალება საფლავზე ხილი,
ამბრიანთ ოჩას დუქნის დუდუკი
და გალავანთან ჭრაქებით ლხინი.
პირველი თრთოლვა, როგორც შარბათი,
ეტიდან ეტში იების გუბე,
დილით თივის ქვეშ სველი ბარათი:
„რად მწერდი ლექსებს, რად დაიღუპე“.
აქ ბარბარუკა, იქ ნიშხა-ნიშხა,
კვერნაკის ვაკე, რუხი მინდორი.
მთებზე ზოზინი სოფლის ნახირის,
მდინარის გაღმა ვეება ქორი,
ჩიტების როკვა ბოკრო საბძელთან,
მკათათვის ფუნჯით ნახატი წლები,
ხან რუს ჩხრიალზე ღამე ნაძვებთან,
ციცინათელას შუქის წვეთები.
ჭოტის ქოქოლა ჩვენს ცაცხვის თავზე,
ჭრაქის კიაფი, საქონლის ფშვინვა,
კერძით გასვრილი ჯამი თაროზე
და ძველი სახლი წისქვილის წინა.
წარსულს ჩამორჩი წარსულის ფერფლი,114
მტკვარი გინებით სადმე გამრიყავს.
როგორ მიყვარდა ჩემი სოფელი,
როგორ მინდოდა იქ მოვმკვდარიყავ.“

მშობლიური სოფლისა და ბავშვობის მონატრებასთან, გაუნელებელ სიყვარულთან დაკავშირებული ასოციაციები ბევრ უტკბილეს მოგონებას გამოიხმობს. მათ შორის ფერისცვალების დღესასწაულის აღნიშვნას...

ერთი ფეისბუკელი მეგობარი წერს:

„კვახთან ერთად მოხარშული ჭყინტის სიმინდი, ახალი თხილი, წითელტუჩება ლეღვი, ოდნავ შეთრთვილული, აქა-იქ დამწიფებული მტევნებით ადესა-ყურძენი, ტოტებიანა დაკრეფილი ანწლი, ყველით გაბესკნილი, მუცელზე კვერცხის გულწასმული კეცის ხაჭაპური, თაფლის სანთლის შუქზე ალაპლაპებული ზაფხულის ვაშლი, ნაღვლიანი ქლიავისფერი ქლიავი, ალიბუხარი, მოცვის ნაყენი ბროლის გრაფინში, ჭის ცივი წყალი სპილენძის თუნგიაში, მაყვლის წვენში ჩადებული მოხარშული დედალი, სუფსაში დაჭერილი, შუხედავი და პატარა, ზეთში შემწვარი „თებზი“, ნიგვზით შეტიტყნილი ბადრიჯანი და სამტრედიის ვარდისფერი პომიდორი... თეთრ, უნაკეცოდ დაუთოვებულ ქათქათა სუფრაზე, სადაც არ უნდა ვყოფილიყავით, ამ დღეს გურიაში მიგვიხაროდა. რა დროც არ უნდა ყოფილიყო, ვიცოდით, გველოდებოდნენ!

ასეთი იყო ჩემი ბავშვობის ფერისცვალება.

ყოველივე სიკეთე, რაც კი შეიძლება ადამიანს უკეთესობისკენ ცვლიდეს, ჩვენს ბავშვობაშია. გისურვებთ ყველას ჰქონდეს ის პატარა სახლი, სადაც სულ გელიან.“

სასაფლაოზე და ფერისცვალება დღეს „საფლავზე გატანილ ხილზე“ მეც ჩემი სოფელი მახსენდება.

ახლაც, როცა ავდივარ, ყველა საფლავს ჩამოვუვლი ხოლმე. რამდენი საყვარელი ადამიანია წასული... უფრო მეტი ალბათ უკვე იქითააა, იმ ნაპირზე... სულ ეს ლექსი მახსენდება:

„მიწები ჩანდნენ, ოდნავ ეძინათ.
ღამე ლოკავდა ყვითელ სამრეკლოს.
მინდოდა ზეცა გადამერბინა
და საფლავები სტვენით ამეკლო.“

(ნიკო სამადაშვილი)

ნიკო სამადაშვილის საფლავიც მშობლიურია ჩემთვის, ისევე, როგორც მისი გულჯავრიანი ლექსები! ღმერთმა აცხონოს მისი ალალი და „ჩასეტყვილი“ სული და ყველა კარგი ქართველის!

გოდერძი ჩოხელი წერს: „არც მე დამიტოვეს სოფელი, მეც შევწყინდები. დადგება ჩემი ფერისცვალებაც და ჟამით ჟამზე სიზმარივით გადავხუნდები“.

მეც, საფლავის ლოდზე ჩამომჯდარს სოფლის მოკრძალებული საყდრის ეზოში, რამდენჯერ მიფიქრია, განსაკუთრებით საღამოობით, იდუმალი სიჩუმე რომ ისადგურებს და ბუნდოვნად, მკრთალად რომ აღწევს შორეული მიწიერი ხმები, თუნდაც ორღობეში მიმავალი ნახირის ზანზალაკების საამური მუსიკა - იმ მკვდრულ სიჩუმეში სიცოცხლის მყივანი ხმები, როგორც ნიკო სამადაშვილი იტყოდა: „საიქიოდან წუთისოფელი, როგორც მამალი ისე ყიოდა“. ჰოდა, ამ სიჩუმეში, საფლავის ლოდზე ჩამომჯდარს, რამდენჯერ მიფიქრია, როცა მე წავალ, მირჩევნია, წესი უბრალო, გახამებულანაფორიანმა მღვდელმა ამიგოს-მეთქი. არ ვიცი, შეიძლება „დიდოსტატის მარჯვენიდან“ ჩამრჩა, ან კონსტანტინე გამსახურდიას რომ არ ეთქვა, მე დავწერდი. მეფე გიორგიმდე კი ბევრი მიკლია, მაგრამ მაინც, მეც ამას ვინატრებდი ზუსტად: „არ მიყვარს პამპულა ეპისკოპოსები. უბრალო დიაკვნის პუტუნი მენატრება, პიპა.“ ...ძალიან მიყვარს ეს სიტყვები და როცა პირველად წავიკითხე, მახსოვს, ძლიერი ზემოქმედება მოახდინა ჩემზე და ღრმა კვალი დატოვა...

_________________

114. სწორია: წარსულს ჩამოვრჩი წარსულის ფერფლი,

3.54 92. ჩხეიძე, როსტომ. ლექსისა და სიყვარულის ოქრომჭედელი:

▲ზევით დაბრუნება


(ქუჯი ძიძიშვილის ეთიკური მრწამსი) // მწვანეყვავილა. - ქუთაისი, 2018. - № 5 (37). - გვ. 37-41.

- დაუწერელი წიგნი სიბრძნისა.

ასე ერეკლე ტატიშვილს მოიხსენიებდა ქუჯი ძიძიშვილი. რომელსაც აქტიური მონაწილეობა უნდა მიეღო ისეთ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ აქციაში, თავისებურ სიმბოლოდ რომ შემორჩება ჩვენს ზნეობრივ ისტორიას.

ძვირფასი მოძღვრის ნეშტს მისი მოწაფენი და თაყვანისმცემელნი ხელით რომ წაასვენებდნენ მთაწმინდიდან ვაკის სასაფლაოზე.

და ეს ხდება 1946 წლის თებერვლის დამდეგს.
და ამ პატივს მიაგებენ რეპრესირებულ პიროვნებას.

ჯერ ისედაც ამგვარი აქცია ასეთ დროს და... მერე ეს ხომ... ყოფილი პოლიტიკური პატიმრის ასე დაფასება!.. თავზეხელაღებული მოქმედებაა, სხვას ვერას იტყვი - ბოლოსდაბოლოს იმ წუთას თუ არ მოგთხოვენ მკაცრად პასუხს, სად გაგიხსენებენ და სად წაგაკეცავენ არავინ უწყის..

და მაინც: ეს აქცია უნდა აღსრულებულიყო.

ღირსებისა და თავმოყვარეობის საქმე გახლდათ მოწაფეთათვის.

რაო, არ აღიარებულიყო ერეკლე ტატიშვილი გამოჩენილ მეცნიერად, სახელგანთქმულ მწერლად თუ თვალსაჩინო პოლიტიკურ მოღვაწედ?

სამაგიეროდ:

მიიჩნეოდა ბრძენკაცად და მრავალთა გულის ხვაშიადის გრძნეულ ამომკითხველად. გულთამხილავად, იმ ზნეობრივ ფიგურად, ბევრწილად რომ განსაზღვრავდა კულტურის უწყვეტობის შენარჩუნებას უმძიმეს პოლიტიკურ პირობებში.

დაწერით ისედაც ცოტა დაეწერა და მათგანაც ზოგი რამ ცხოვრების უკუღმართობის გამოისობით უკვალოდ დაკარგულიყო?

ქუჯი ძიძიშვილს ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ:

ერეკლე ტატიშვილის მეგობრებსა და მოწაფეებს შორის კვლავაც ცოცხლობდა ყოველი მისი სიტყვა, ყოველი მისი ნამოქმედარი, ყოველი მისი ნაფიქრალი და არაკადაც გადაეცემოდა შთამომავლობას.

ესეც სათავე მისი გალეგენდურებისა.

შინაურობაში როგორი მოჩანდა?

საოცრად ჰარმონიული, უბრალო და თავმდაბალი, ზოგჯერ თითქოს გულუბრყვილოც, მაგრამ მრავალთათვის შეუვალი და ზოგისთვის - უცნაურიც კი. სიკეთისა და სილბოს განსახიერება, ყველასათვის მზრუნველი და ყველა კეთილის უშურველი ქომაგი, უდრეკი და უტეხი ყოველივე იმისადმი, რაც მის კაცობას, მის ალალ ბუნებას არ ეგუებოდა. ზოგჯერ თუ ბავშვივით გულჩვილიც შეიძლება ყოფილიყო და მრავლის დამთმობიც, კერკეტად და კლდედ იქცეოდა, თუკი გარემოება მისგან ადამიანური ღირსების დათმობას მოითხოვდა.

მრავალი ჭირის მომთმენი. კაცი მშვიდი და დარბაისელი, ბრძენი და მიმნდობი შეიძლებოდა მძვინვარე ვეფხვადაც ქცეულიყო?

შეიძლებოდაო, - გვიდასტურებს ქუჯი ძიძიშვილი, - თუ მის კაცობას რაიმე უკადრისი და ვინმე უღირსი შეურაცხყოფდაო.

და ყურადღებას მიგვაქცევინებს:

ბატონ ერეკლეს მინდობილნი ჭეშმარიტ მოქალაქეებად რომ ყალიბდებოდნენ, ჭეშმარიტ მოღვაწეებად იზრდებოდნენ და ცხოვრების დიდსა და ძნელადსავალ გზაზე სხვათა მისაბაძ მაგალითად ხდებოდნენ მეცნიერებაშიც, ლიტერატურაშიც, ხელოვნებაშიც და საერთოდ ყოველგვარ საქმიანობაშიც.

უკიდეგანო სიყვარულს რატომ განიცდიდნენ მისდამი მისი მოწაფენი და უმცროსი მეგობრები?

უბრალო მიზეზით:

თვითონ მოსდგამდა ერეკლე ტატიშვილს ეს უკიდეგანო სიყვარული არამარტო გარშემომყოფდამი, არამედ ადამიანისადმი საერთოდ, მტკიცე რწმენა იმისა, რომ ვერაფერი შემუსრავდა იმ ბირთვს, იმ ნიშატს, იმ დედოძარღვს. რაც ადამიანში ადამიანური გახლდათ.

რა დაავიწყებდა ქუჯი ძიძიშვილს:

მოძღვრის შეშფოთებას მათი მეგობრის, ჭაბუკი მწერლის ბასილ მელიქიშვილის ჭლექით დასნეულების შეტყობისას; და მის მდუმარე გლოვას ბასილის უღვთო სიკვდილის გამო.

მის მიმტევებელ სიყვარულს ნიკო სამადაშვილისადმი, ბატონი ერეკლე სალოცავ ხატად რომ ესახებოდა და როგორც კი ოდნავ ნასვამს ბოღმა მოეძალებოდა, ნაშუაღამევსაც დაუფიქრებლად მიადგებოდა სათაყვანო პიროვნების კარს, შეაბიჯებდა მომღიმარი მასპინძლის ერთიბეწო ოთახში და გარიჟრაჟამდე ესაუბრებოდა და ესაუბრებოდა.

ქუჯისთვის გაემხილა:

- ბატონ ერეკლეს რომ ერთბაშად უცნაურმა ჟინმა მოუაროს და მიბრძანოს, უფსკრულში გადაიჩეხეო, ხომ დავიღუპე, რადგანაც უყოყმანოდ შევუსრულებ თუნდაც ამ ახირებულ მოთხოვნას!

ნიკო სამადაშვილი მასზე გაორებული პიროვნების შთაბეჭდილებას ტოვებდა.

გულმართალიც იქნებოდა და ალალიც, ნიადაგ დაფიქრებულიც და მეტწილად მოღუშულიც, ადამიანური კაეშნითა და ბოღმით გულდამძიმებულიც, ალერსიანიც და მოსიყვარულეც, მაგრამ...

მეტად უცნაურიც და თავისებურიც, ჯიუტიც და გაუტეხელიც, მორალურ ნორმებზე თავისებური შეხედულების მქონეც, ზოგჯერ ისეთ რამეს რომ იტყოდა ან მოიმოქმედებდა, იფიქრებდი: საყოველთაოდ მიღებული, ცხადზე უცხადესი მორალური კატეგორიებისა არა სწამს რაო.

თუკი ათადან და ბაბადან დამკვიდრებული ზნეობრივი ნორმების სიწმინდეზე ჩამოუგდებდი სიტყვას?

გაბრაზებული შემოგიტევდა და დაგტუქსავდა, ცხოვრებაზე გულაღრენილი კაცივით ღვარძლიანად დაგიცაცხანებდა. ზოგჯერ ისეთ რამესაც ჩაიდენდა, სახტად დარჩებოდი, მაგრამ...

ამავ დროს, თუ რამ გაგიჭირდებოდა, მტლად დაგედებოდა და თავს განაცვალებდა.

მისი სახება ქუჯი ძიძიშვილისათვის თავნება ბოჰემასთან იგივდებოდა, ამ თავნება ბოჰემას კი იმდენი ხიბლი ავსებდა, რომ ნიკო სამადაშვილის უცნაურობანი მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი თავისებური კოლორიტით აფერადებდა მის პიროვნებას.

როდესაც ნიკოს, ბუჰხალტერ-რევიზორს, უკეთურთა ბრალდების გამო დააპატიმრებდნენ, სასამართლო პროცესზე ერეკლე ტატიშვილი მის დამცველად სახელგანთქმულ იურისტსა და საზოგადო მოღვაწეს პეტრე ქავთარაძეს შეარჩევდა. და ბატონი პეტრე გაოცებული დარჩებოდა ნიკოს ნიჭიერებით, ბრალდების გასაბათილებლად ლოგიკური მსჯელობითა და, ერთი შეხედვით, უცნაური, მაგრამ დამაჯერებელი არგუმენტაციით.

პროცესზე თავი ეჭირებოდა არა როგორც ქედმოხრილად შეწყალების მთხოვნელ ბრალდებულს, არამედ მის პიროვნულ ღირსებას როგორც შეჰფეროდა, და როდესაც საბოლოო სიტყვას მისცემდნენ, თავის მჭევრმეტყველების უნარს მოუხმობდა და გამოსვლას ასე დააბოლოვებდა.

- მე ბრალდებული ნიკო სამადაშვილი, ბუჰხალტერ-რევიზორი გახლავართ, ვისაც ყველა კრიჭაში უდგას და მის წახდენას ლამობს. ყვავილების გამყიდველი კი არა ვარ, რომ ყველას ვუყვარდე.

ეს სიტყვა მოსამართლესა და მსაჯულებს კეთილად განაწყობდა ბრალდებულისადმი და მათ სახეზე თანაგრძნობის ღიმილიც კი გამოკრთებოდა.

მეგობრული სუფრა და თამადობა რომ ეყვარებოდა, თურმე:

სადაც ნიკო იქნებოდა, იქ საერთოდ თამადას არც ირჩევდნენ, რადგანაც მას ვერავინ შეეცილებოდა. და ქუჯი ძიძიშვილი ამ ჟინს ჭეშმარიტი პოეტის სულისთქმის გამომხატველად მიიჩნევდა. სხვაგვარად ანკი, როგორ, როდესაც უეცრად ისეთ სადღეგრძელოს იტყოდა, დიდი პოეტის ღაღადისად ჩაგესმოდა, თანაც ერთგან ნათქვამს სხვაგან არასოდეს გაიმეორებდა.

ამ სადღეგრძელოებს ჭეშმარიტ პოეტურ შედევრებსაც რომ გაუთანასწორებდა ქუჯი, სინანულს გამოთქვამდა, რომ:

იმ დროს არ გააჩნდათ საშუალება სიტყვა მაგნიტოფონზე ჩაეწერათ, რათა ეს სადღეგრძელოები მაღალოსტატური პოეზიის ნიმუშებად შემორჩენოდა შთამომავლობას, ექსტაზში შესული ნიკო თითქოს თავის თავს რომ ესალმებოდა და სიტყვის ჯადოთი მონუსხულ მსმენელებს ვეღარც კი ამჩნევდა.

სადღეგრძელოში არაერთხელ გამოურევდა ალფონს დოდეს ანდერძს, საფლავის ქვაზე ეპიტაფიად რომ ესურვა წარწერა სახელოვან მწერალს:

- აქ განისვენებს ალფონს დოდე, იგი არაფერი ყოფილა ამქვეყნად, აკადემიკოსიც კი!..

როდესაც პროზაულ თხზულებას შექმნიდა - „შეხვედრები და სინანული“ - და შიგ უხვად ჩართავდა თავისივე ლექსებს, გარეშე კაცს შესაძლოა მოსჩვენებოდა, რომ ნიკო სამადაშვილის თავისი შემოქმედებითი ლაბორატორია გამოეტანა დღის სინათლეზე და იმ ამბებსა თუ ეპიზოდებს იხსენებდა, იმ თავს გადანახადს, ეს ლირიკული სტრიქონები რასაც შთაეგონებინა. მაგრამ მის გარშემო მყოფი ადამიანები იოლად მიხვდებოდნენ, რომ ყველა ეს ეპიზოდი ავტორის მიერ რომ იყო შეთხზული და არაფერი, სრულიად არაფერი აკავშირებდათ ამათუიმ ლექსის შექმნის გარემოებებთან.

ქუჯი ძიძიშვილსაც ადვილად შეეძლო ამოეცნო დაშორება პროზაულ მონათხრობსა და ლექსების შთაგონებას შორის, თუმც როგორც ორიგინალური ქმნილება, ეს ბელეტრისტული ნიმუში ძალიანაც მოეწონებოდა,

დაშორების დასტურად კი ორიოდე შემთხვევის გახსენებაც იკმარებდა.

ერეკლე ტატიშვილთან განდობილი მოწაფეები - ყოფილი სათავადაზნაურო, ქართული გიმნაზიიდან - ტრადიციად დაამკვიდრებდნენ ყოველ ზაფხულს ბეთანიის მოხილვასა და იქ ღამის გათენებას.

საშუალო სკოლის დამთავრებას 1924 წელს ერეკლე ტატიშვილი, მათი კლასის დამრიგებელი, ბეთანიაში ღამისთევით აღანიშნინებდათ და... მას მერე ზაფხულის ყოველი პირველი კვირაძალი ამ რიტუალის შესრულებისა იქნებოდა.

იქ მუდამ სიყვარულით მოელოდნენ უსათნოესი და უმშვიდესი ღვთისმოსავი ბერები: იოანე და გიორგი - ერისკაცობაში ივანე მაისურაძე და გიორგი მხეიძე.

ისინი სათუთად უვლიდნენ ტაძარსაც და საძვალესაც, მშვენივრად მოეხსენებოდათ ტაძრის აშენების ისტორია და ყოველივე, რაც ბეთანიას თავს გადახდომოდა.

თუ რამდენად გულმხურვალე მლოცველნი იყვნენ ეს ბერები, მოგონების ავტორი იმით წარმოაჩენდა, რომ აღარ ეხსომებოდათ ქალაქური ამბები, ისე ახლოს იმყოფებოდნენ თბილისთან, მაგრამ გიორგის ოთხ ათეულ წელზე მეტი იყო, ქალაქისკენ აღარც გამოეხედა. ხოლო იოანე, უფროსი მოძღვარი, აუცილებელი საქმის გამო თუ ჩამოვიდოდა თბილისში, და მაშინაც ერეკლე ტატიშვილს თუ ესტუმრებოდა.

ერთხელ ქუჯისაც მიაკითხავდა. კბილი ასტკივნოდა და სთხოვდა, სტომატოლოგის გზაკვალი მიესწავლებინა.

ნიკოს ეცოდინებოდა ბეთანიაში ამათი ყოველწლიური გამგზავრების ამბავი და სთხოვდა, ისიც თან წაეყვანათ.

ეს იმიტომ, რომ ნიკოს ბატონი ერეკლე გორის სკოლაში ასწავლიდა, ქუჯისა და მის წრეს კი მხოლოდღა გვიან გაეცნობოდა, ომის დაწყებამდე ორი თუ სამი წლით ადრე.

და აი დადგებოდა ნიკო სამადაშვილისათვის მართლაც ნანატრი დღე:

მასაც გაიყოლებდნენ ბეთანიას.

ქუჯის საკვირველად მოეჩვენებოდა, რომ ეს დაუდრგომელი კაცი ბეთანიის გზას ისე გაივლიდა, ხმას არ ამოიღებდა და ტაძარშიც მდუმარედ იდგებოდა, სუფრასთანაც მოერიდებოდა ენაწყლიანობას და მოკრძალებით თუ გაესაუბრებოდა ბერებს, მათგან ბევრ რაიმეს რომ შეიტყობდა საგულისხმოს აქაურობაზე.

დიდხანს მდუმარედ ჩააცქერდებოდა საძვალეს, მერე უჩუმრად შემობრუნდებოდა და თავჩაქინდრული გაეცლებოდა მეგობრებს.

იმ დროს ბეთანიაში მლოცველები არ იქნებოდნენ. მხოლოდ ერთი ახალგაზრდა გლეხი მოვიდოდა მახლობელი სოფლიდან და ბერებს გაესაუბრებოდა. ერთიც გლახაკი, ჩია მათხოვარი იჯდებოდა ტაძრის კართან უხმოდ და ნიკო მას წყალობას უბოძებდა.

როდესაც თბილისს დაუბრუნდებოდნენ, ნიკო მათ მშვენიერი ლექსით გაახარებდა, „ბეთანიად“ დასათაურებულ ნოველაში მთლიანად რომ ჩართავდა, ნოველა კი პირწმინდად შეთხზულ ამბავს მოუთხრობდა მკითხველს - მთვრალ ბერებზეც, მოქეიფე გლეხებზეც, დაუდეგარ ბავშვებზე და ლეჩაქყურგადაგდებულ მანდილოსნებზეც.

მეორე პროზაული ეპიზოდი „მეწისქვილედ“ რომ დასათაურებულიყო, მოხუცი მეწისქვილე ანდრიას ამბავს ჰყვებოდა და შიგ - სხვა ლექსთან ერთად - მოთავსებულიყო ის ჩინებული ლექსიც, რომელიც ასე იწყებოდა:

ბაღებს გაზიდავს ყრუ შემოდგომა, ტყე ჟინჟღლს მოიმცვრევს დილაადრიან, ქართულ წისქვილის კარს მოადგება წვერგაჯენჯილი დინჯი ანდრიაო...

და ნიკოს მიეძღვნა კომპოზიტორ აკაკი ანდრიაშვილისადმი და შინაც მიერთმია, აკაკის ეს ხელნაწერი შემონახული ექნებოდა და გუკვირდებოდა, როდესც ქუჯისაგან შეიტყობდა, ნიკოს ეს ლექსი პროზაულ მონათხრობში აქვს შეტანილიო.

ანდრია მეწისქვილის ამბავი მთლიანად შეთხზული გახლდათ და კარგა ხნის შემდგომ, რაც „წვერგაჯენჯილი დინჯი ანდრია“ ლირიკულ გმირად წარმოისახებოდა.

აქვე ქუჯი იმასაც დაურთავდა, რომ:

ერეკლე ტატიშვილისადმი მიძღვნილი ლექსებიც შეტანილი რომ იქნებოდა ამ პროზაულ თხზულებაში, სრულიად უფუნქციოდ. ანკი რა საერთო შეიძლება ჰქონოდა მონაკვეთთან „განდობა“ ლექსს, რომელიც წარმოაჩნდა სურათს, თუ როგორ მიასვენებდნენ ნაძვის კუბოს, წინ ყვავილები მიჰქონდათ ქარებს, ხოლო მიწიდან მთები იმას უსტვენდნენ, პირქვე რომ ეგდებოდა მსოფლიოს გარეთ...

ერთხელ ნიკო დილაადრიან მიირბენდა ქუჯისთან, სიხარულს რომ ვეღარ მალავდა, და მისვლისთანავე ოთხად გაკეცილ ფურცელს გაუწვდიდა, თან მოშტერებით მიაცქერდებოდა, ვიდრე მასპინძელი ხელნაწერს კითხულობდა, სურდა გამოეცნო, ლექსი რა შთაბეჭდილებას მოახდენდა ადრესატზე - ის ხომ ქუჯი ძიძიშვილს ეძღვნებოდა.

მასპინძელს ლოგინიდან წამოდგომასაც არ დააცდიდა.

და ქუჯი ორსტროფიან ლექსს რომ ჩაიკითხავდა, რამდენჯერმე გაიმეორებდა მის ფინალურ აკორდს:

დაჭრილ მტრედივით ძირს ეგდება შენი რვეულიო.

და მოწონებით მოუწონებდა, დიდად გაიხარებდა სტუმარი

მაგრამ გამოხდებოდა ხანი, ნიკო რაღაც მიზეზის გამო აუხირდებოდა, გაებუტებოდა ქუჯის, იმ მიძღვნილ ლექსს გამოართმევდა და უკან აღარ დაუბრუნებდა. და მერე ქუჯი ძიძიშვილი ამ სტრიქონებს ნიკოს ხელნაწერ კრებულში რომ ნახავდა, იქ მიძღვნა აღარ ეწერებოდა.

სწამდა ქუჯის, რომ დადგებოდა ჟამი ნიკო სამადაშვილის, როგორც პოეტის, მკვდრეთით აღდგომისა.

რარიგ ახარებდა, რომ მეგობრის აღსასრულის შემდგომ მაინც გაირღვეოდა მოჯადოებული წრე და ნელ-ნელა, თანდათან, მაგრამ შემოაღწევდა კი ნიკო სამადაშვილის სახელიც და ლექსიც ლიტერატურულ-კულტურულ სივრცეში - გამოიცემოდა მცირე კრებულიც, მერე გაცილებით შევსებული და სრულიც: „წუთისოფლიდან უკვდავებამდე“... პროზაული თხზულებაც იხილავდა მზის სინათლეს... ცალკეულ პუბლიკაციებზე რომ აღარაფერი ითქვას... დაწერითაც დაიწერებოდა მასზე... აგერ მწერალთა სასახლეში გაიმართებოდა მისი ხსოვნის საღამოც, სადაც ქუჯიც გამოვიდოდა და ენაწყლიანად წარმოსახავდა ერეკლე ტატიშვილის წრესაც და მის შთამაგონებელ ძალასაც ნიკო სამადაშვილის პოეტად და სწორედ ასეთ პოეტად ჩამოყალიბებაზე, ნიცშეანური სახეები და მოტივებიც რომ შეერეოდა მის ლირიკულ წარმოსახვებს, უკანასკნელი ქრისტიანის მსოფლშეგნება, ბუდისტურ გაელვებებისა არ იყოს.

- ესქატოლოგიური პოეზიაა, - თავს ვერ შეიკავებდა დარბაზიდან ზვიად გამსახურდია, უფრო ჩაილაპარაკებდა, მაგრამ ორატორის ყურს მისწვდებოდა ეს სიტყვები და მაშინვე დაეთანხმებოდა:

- ესქატოლოგიურია და სწორედ ამ მხრივ არის უპირველესად საკვლევი და ასახსნელი.

მადლიერებას გამოთქვამდა ყველა იმ პიროვნების მიმართ, რომელთაც რაიმე წვლილი მიუძღოდათ ნიკო სამადაშვილის სახელის წამოწევაში. ცხადია საგანგებოდ გამოარჩევდა თამაზ ჩხენკელის ღვაწლს, ჩამონათვალში კი მოიხსენიებდა იზა ორჯონიკიძესაც, როგორც იმ მცირე კრებულის - „ბეთანია“- რედაქტორს, და დასძენდა:

- სხვათა შორის ქალბატონი იზა გახლდათ ჩემი ლექსების წიგნის რედაქტორიც და ამისთვისაც ვემადლიერები.

- ეგ იყო ჩემი შეცდომა, - მოაძახებდა დარბაზიდან იზა და ისე ამაყად მიმოიხედავდა გარშემო, თითქოს რაღაც მოსწრებული და მოხდენილი ეთქვას.

გაშრებოდა ქუჯი ძიძიშვილი.

- ჩემი წიგნის რედაქტორობა შეცდომა იყო?.. რა ვიცი, ალბათ...

და გააგრძელებდა და შეუფერხებლადაც ჩაამთავრებდა კარგად გააზრებულ სიტყვას, რომელსაც ოთარ ჩხეიძის თხოვნით წერილადაც აქცევდა და გვერდით ამოუყენებდა ერეკლე ტატიშვილის სილუეტსაც, ორივე ნიმუში „ლიახვის“ ფურცლებზე რომ უნდა გამოქვეყნებულიყო... და გენანება, რომ აღარ გააგრძელებდა არც ამ სერიას და არც ლიტერატურულ-მემუარულ ესეებს საერთოდ და ამ ჟანრშიც არ შექმნიდა წიგნს განთქმული ფიზიოლოგი, ლირიკული კრებულის - „მხოლოდ ლექსად ამონათქვამი“ - გამოქვეყნების ცდუნებას რომ ვერ გაუძლებდა, ანკი რატომ უნდა შეეკავებინა თავი და მარტოოდენ მეგობართა ვიწრო წრისა და არქივისათვის მიენდო ის პოეტური ხილვები, არავის წამოსაძახებელი, არავის დასაწუნებელი რომ არ გახლავთ.

წამოძახებას ვინ ჩივის, ისე გაუქუიავებდნენ თამაზ წივწივაძის სახელით გამოქვეყნებულ კრიტიკულ წერილში: „წიგნი და რედაქტორი“ - ქვას ქვაზე აღარ დაუტოვებდნენ, ერთ-ერთი კრიტიკული შენიშვნა, მკაცრი მუნათი კი ეს იქნებოდა.

კრებულში დასტამბულ ლექსებს, უკლებლივ ყველას, მიწერილი აქვს დაწერის თარიღი, რამაც ცუდი სამსახური გაუწია პოეტსო.

დაწერილის თარიღის აღნიშვნა რატომ უნდა უწევდეს ავტორს ცუდ სამსახურს?

თურმე წერილის ავტორი სამამულო ომის პერიოდში დაწერილ ლექსებს გულისხმობდა, და კონტრასტისათვის გაიხსენებდა, რომ:

როცა იწერებოდა გალაკტიონ ტაბიძის „მშობლიურო ჩემო მიწავ“, გიორგი ლეონიძის „არ დაიდარდო, დედაო“, ალექსანდრე აბაშელის „არ მოუშვა, დაჰკარი“, ირაკლი აბაშიძის „კაპიტანი ბუხაიძე“, გრიგოლ აბაშიძის „დროშები“ თუ რევაზ მარგიანისა და იოსებ ნონეშვილის მებრძოლი სტრიქონები. სარეცენზიო წიგნის ავტორი ქუჯი ძიძიშვილი თურმე რა თემებით ყოფილიყო გატაცებული.

ყველა ამონაწერი აქაც რომ აღარ გავიმეორო, თვალსაჩინოებისათვის ორიოდე სტრიქონს მოვიხმობ:

აღარა მყავხარ, რომ ცოცხალი გამომიტირო და სიყვარულით ჩაიხუტო ჩემი ლექსებიო.

ქუჯის ჯავრი სიზმრადაც რომ მოგჯარებოდა, ალბათ მიწას განერთხმოდი, ცრემლით შეაჯერებდიო.

შენ, ჟრუანტელო ხორცშესხმულო, ლანდების გმინვავ, ქალო პატარავ, საწყაულო დიდი გრძნობისაო!

და კრიტიკოსი სიხარულით და იქედნურად დასძენდა:

ჩვენ კეთილსინდისიერად ამოვიწერეთ ციტატები იმ ლექსებიდან, რომლებიც პოეტს დაუწერია 1941 წლის ზაფხულიდან 1946 წლის მაისამდე, და ეს გახლავთ მთლიანად ქუჯი ძიძიშვილის სამამულო ომის პერიოდის პოეზიაო!

კეთილსინდისიერად ამოვიწერეთო...

ამოწერით კი მართლაც კეთილსინდისიერადაა ამოწერილი, მაგრამ... რამდენად კეთილსინდისიერი იყო ამის თქმა 1973 წელს, კომუნისტთა სრული ზეობის ჟამს, სამამულო ომად შერაცხული გერმანია-რუსეთის სასტიკი ჭიდილიც ფარზე რომ აზიდულიყო, გადიადებულიყო, გაიდეალებულიყო და მოწიწებისა და თაყვანების გარდა ვერაფერს შებედავდი?!

და ასეთ დროს საჯაროდ გამოგვაქვს, თანაც როგორი ცინიზმით, რომ:

იმ წლებში თურმე არსებობდა კაცი, რომელიც პოეტური განდობისას ფიქრობდა ადამიანურ გრძნობებზე ლირიკისათვის ნიშანდობლივ განცდებზე, სიყვარულის ირგვლივ რომ იქსოვებოდა, და არა საბჭოთა არმიის გმირულ ბრძოლებზე გერმანელ ნაცისტთა და ოკუპანტთა წინააღმდეგ.

ეს გახლავთ მთლიანად ქუჯი ძიძიშვილის სამამულო პერიოდის პოეზიაო...

პოლიტიკური დასმენა სხვა კი არაფერია!..

მითუმეტეს:

რაც იმჟამად იდევნებოდა და კრიტიკოსიც იდეურობისა და სიფხიზლის სადარაჯოზე დგომას ამჯობინებდა, დღეისდღის გადასახედიდან მხოლოდ ღირსებად გამოიყურება პოეტის, იმ პაწია კრებულის დამამშვენებლადაც და მისი ზნეობრივი მხარის წარმომჩენადაც.

დიახაც: ეს არის ქუჯი ძიძიშვილის იმდროინდელი პოეზია, ვისთვის სამამულო ომის პერიოდთან გაიგივებული, მართლაც ამოვარდნილი რომ ჩანს ეს ლირიკული ფიქრები საერთო ფონზე, და არამარტო იმ ოთხწლეულისა, მანამდეც და მას შემდეგაც ულმობლად რომ იდევნებოდა და იკრძალებოდა ადამიანურ გრძნობათა გამომჟღავნება პოეზიაშიც, დანაშაულად შერაცხილიყო თვით სიყვარულიც, თუკი პარტიისა და ბელადთა თაყვანებას სცილდებოდა და პირად განცდებში გადადიოდა.

ასე დააკაბალებდნენ საბჭოთა ეპოქის ლირიკას, განსაკუთრებით მაინც იმ წლებისას: 30-40-50-იანისა, საშველს რომ არ აძლევდნენ პოეტებს და შანთით დასდევდნენ ადამიანურობის გამოვლინებებს მათ ლექსებში.

დაუნდობლად ესხმოდნენ თავს.

უძნელებდნენ ცალკეულ პუბლიკაციებს.

უძნელებდნენ წიგნების გამოცემას.

და ისინიც იძულებულნი ხდებოდნენ პოლიტიკური კონიუნქტურული ხარკი უხვად გადეხადათ, რათა არ მოწყვეტოდნენ თავიანთ საქმიანობას უკეთესი ჟამის მოლოდინში.

ქუჯი ძიძიშვილი ამ ლექსებს იმჟამად ვერც გამოაქვეყნებდა და არც ფიქრობდა დაბეჭდვას, რაკიღა მაშინ მათ ნაცვლად სულ სხვა ჰანგზე უნდა ამღერებულიყო, ერეკლე ტატიშვილის მოწაფე და უმცროსი მეგობარი კი ამ გზას იმთავითვე გაერიდებოდა.

სამაგიეროდ ხომ მაინც წერდა და ამოთქვამდა პირად საფიქრალსაც და ტკივილებსაც, იქ გარდაისახებოდა სიყვარულის მგზნებარე მომღერლად და ოქრომჭედლად, თვითონ როგორც მიმართავდა საკუთარ თავს, უფალს რომ შესტიროდა და შევალალებდა: ნუთუ იმისთვის დავიბადე, რომ დღენიადაგ მომეცნიერო კაცუნებთან მქონდეს ჭიდილიო?!

და რატომ უნდა დამგვანებოდა უბადრუკს, ბრბოს ფეხებთან დავარდნილ ქადაგს იგი - სიყვარულისა და ლექსების ოქრომჭედელი!..

ოქრომჭედელიო - და... აჭარბებდა ვითომ?..

მეტაფორულად, პირობითად განა რა შავდება, მითუმეტეს: საკმაოდ დახვეწილია ეს ლექსები, პოეზიის საუფლოში ღრმად განსწავლულ პიროვნებას როგორც შეშვენის; და რაღაც განსაკუთრებული მოვლენა თუ არ არის „მხოლოდ ლექსად ამონათქვამი“. როგორც ლირიკული მიღწევა, ზნეობრივი თვალსაზრისით გაუბზარავია და არც არავის ხელწამოსაკრავი - გარდა ლიტერატურის ისტორიაში მიჩენილი ღირსეული ადგილისა, სატრფიალო ლირიკის კრებულების შედგენისას უსათუოდ გამოადგებათ ქუჯი ძიძიშვილის ცალკეული პოეტური ნიმუშებიც, თუნდ „სამამულო ომის“ პერიოდის პოეზიიდან.

არ დარჩებოდა და არც უნდა დარჩენილიყო მარტოოდენ ეს ლექსები ლიტერატურული კულუარების ლაბირინთში, ძალდაუტანებლად რომ გადმოინაცვლებდა სწორედაც მოუთვინიერებელი მწერლობის მდინარებაში, მის დისიდენტურ ნაკადში.

ზნეობრივი გაუბზარაობა მიანიჭებდა ამ ძალას.

მართალია ამ კრებულში ისე ძალუმად არა ტრიალებს ერეკლე ტატიშვილის ლანდი, როგორც ნიკო სამადაშვილის პოეტურ ნაღვაწში, მაგრამ იდუმალად მაინც კრთის, და ჯერ მარტო იმით - ქუჯი ძიძიშვილის თუნდ „სამამულო ომის“ პერიოდის პოეზია ასეთი და სწორედ ასეთი რომ გახლდათ, ერთიანად ლირიზმითა და სიფაქიზით გაჟღენთილი, და არა საომარი ყიჟინით და საბჭოთა ჯარისკაცისა და უპირველესად მაინც მთავარსარდლის ქება-დიდებით.

საერთოდაც რომ არ აჰყვა პოლიტიკურ კონიუნქტურას და ლექსების დაუბეჭდაობა ამჯობინა ყალბი სტრიქონების დახვავებას, „პარავოზებზე“ ზრუნვას...

სიმართლე, მხოლოდ სიმართლე და სიწრფელე!..

ამ ეთიკური იმპერატივით მოქმედებდა და მოღვაწეობდა კაცი, სიცოცხლეშივე რომ გასიმბოლოვდებოდა დაუწერელ წიგნად სიბრძნისა, და აქედან, ამ გაუბზარავი სულიდან ამოიზრდებოდა ის ყლორტები, რომელთა გარეშეც წარმოუდგენელი იქნება არამარტო XX საუკუნის საქართველოს ისტორია, არამედ მისი სულიერებისა და კულტურის უწყვეტობის უმძიმესი, დრამატული, ტრაგიზმითაც აღბეჭდილი, მაგრამ მაინც სისაღეშენარჩუნებული პროცესი.

ამიტომაც გააგრძელებდა - ერეკლე ტატიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოზე, მწერალთა სასახლეში რომ გაიმართებოდა - ასე მარჯვედ ქუჯი ძიძიშვილის მიერ გახსენებას იმ ეროვნული აქციისა ზვიად გამსახურდია.

ხელიდან ანკი როგორ გაუშვებდა ასეთ ხელსაყრელ შემთხვევას, ხელით წასვენებას რომ ახსენებდნენ ნეშტისა, თანაც მთაწმინდის უბნიდან ვაკის სასაფლაოზე.

მთაწმინდის უბანში რომ ცხოვრობდა ერეკლე ტატიშვილი, სამუდამო სამყოფელისკენაც იქიდან უნდა წაესვენებინათ.

ხელით ატატებას სასახლისა მთელი იმ გზის მანძილზე ხელისუფლება ვერაფრისდიდებით ვერ წარმოიდგენდა და ამიტომაც არავითარ ზომებს არ მიიღებდა წინასწარ, თორემ ვინ დაანებებდათ ეროვნულ პროტესტად გადაქცევას დაკრძალვისა.

XX საუკუნის 40-იანი წლების შუაგული გახლდათ, 40-იანი წლების!..

სამუდამო სამყოფელისკენაცო...

ვითომ სამუდამო უნდა ყოფილიყო მისთვის ვაკის სასაფლაოს წიაღი?

არადა ისე მიმზიდველად გაიელვებდა ჰაერში მთაწმინდის სახელი, ზვიად გამსახურდიას იქ ასამაღლებლად, ისედაც რომ ემეტებოდა ამ დიდებული მოძღვრის ნეშტი, და ახლა ხელსაყრელი შემთხვევა მიეცემოდა ამ აზრის გასაცხადებლად:

- იყო დრო, როდესაც ქართველმა ხალხმა ხელით წაასვენა ერეკლე ტატიშვილის ნეშტი მთაწმინდიდან ვაკის სასაფლაოზე, და დადგება ის დროც, როდესაც ქართველი ხალხი ხელით აასვენებს ერეკლე ტატიშვილის ნეშტს ვაკის სასაფლაოდან მთაწმინდაზე.

დარბაზი წამიერად გაირინდებოდა, მერე კი ატყდებოდა ტაშისცემა...

არა მწყინდება ამ სიტყვების განმეორება?

არც მომწყინდება, ვიდრე ეს სწრაფვა - ეროვნული და სახალხო - არ აღსრულდება და ერეკლე ტატიშვილის ძვლებიც იქ არ დაივანებს საუკუნოდ, ქვეყნისათვის თავშეწირული მწერლები და მოღვაწენი სადაც განისვენებენ, მისი სულიერი წინამორბედნი თუ თანამედროვენი თუ შთამომავალნი, უშუალოდ მის გზაზეც რომ შემდგარიყვნენ. და მათ შორის ის ზვიად გამსახურდიაც, რომელიც ერეკლე ტატიშვილსაც მიუვიდოდა თავისი მოწამებრივი აღსასრულის შემდგომ, სულიერ მოძღვარსა და სიბრძნის იმ დაუწერელ წიგნს, რომლის ფურცლების შრიალიც შვებისმომგვრელად გაისმოდა ჯოჯოხეთური პოლიტიკური რეჟიმის პირობები: განთიადის გარდუვალობის, დიდი გამოღვიძების მაუწყებლად.

***

ზნეობრივი ფერისცვალების, ქვეყნის ბედი წყდებოდა იმ ერთ პაწია ოთახშიც, მთაწმინდის კალთაზე, საძრაობა რომ აღარ იყო ხოლმე, როდესაც ყველაზე დაახლოებული მოწაფენი იყრიდნენ თავს და ისე შეჰყურებდნენ მასპინძელს, როგორც ბუდას, ქრისტეს, ნიცშე-ზარატუსტრას მოციქულს, როგორც ახალი სიტყვის ქადაგს, განახლებული ქრისტეს მოვლენების მაუწყებელსა და მომლოდინეს, უღრმესი სიბრძნის შემნარჩუნებელ-დამაუნჯებელს თავის თავშიც და უშურველად გამცემსა და მიმომფანტავსაც, ნოყიერ მიწაში ჩაბნეული თესლისა არ იყოს...

***

დადგება ის დროცო, - ეჭვიც არ ეპარებოდა ზვიად გამსახურდიას...

3.55 93. ჩხენკელი, თამაზ. წინათქმა:

▲ზევით დაბრუნება


[ნიკო სამადაშვილის პროზაული თხზულებისშეხვედრები და სინანულიწინათქმა] / თამაზ ჩხენკელი, როსტომ ჩხეიძე // ცისკარი. - თბილისი. - 1990. - № 3. - გვ. 41.

ნიკო სამადაშვილის (1905-1963) პოეტური მოწიფულობისა და დადგინების ხანა საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური ყოფისა და ლიტერატურული ცხოვრების უაღრესად რთულ პერიოდს დაემთხვა: თავისუფალი აზროვნება მკაცრ არტახებში მოექცა. ახალგაზრდა კაცისთვის, მით უმეტეს, მკვეთრი და ორიგინალური მსოფლშეგრძნების მქონე შემოქმედისათვის, ასეთ დროს სალიტერატურო ასპარეზზე გამოსვლა ძნელი იქნებოდა. ნიკო სამადაშვილს, როგორ ჩანს, არ უცდია ეს. იგი არ გაჰყვა პროფესიული ლიტერატურული ცხოვრების გზას და ჩრდილში დარჩენა ამჯობინა. იგი ვერ დათმობდა ვერც შემოქმედის თავისუფალ ნებას და ვერც იმ პოეტურ სამყაროს, რომელიც მასში კრისტალდებოდა.

თავის პირველ ლექსებს ჯერ კიდევ სავსებით ყმაწვილი ნიკო სამადაშვილი ვახტანგ კოტეტიშვილსა და ერეკლე ტატიშვილს უკითხავდა.

ერეკლე ტატიშვილი, რომელიც ნიკოს გორის ვაჟთა გიმნაზიაში ასწავლიდა და იქ დაიახლოვა, მისი სულიერი მოძღვარი და ინსპირატორი გახდა. იგი ნიკოს თავისი სიცოცხლის ბოლომდე რაღაც უცნაური ძალით უყვარდა. ვერავინ გაიხსენებს ნიკო სამადაშვილთან ვერცერთ შეხვედრას, რომ მას გულისშემძვრელი სიყვარულით და თაყვანისცემით არ მოეგონებინოს ერეკლე ტატიშვილი.

დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ამ იშვიათ პიროვნებასთან ურთიერთობამ განსაზღვრა ნიკო სამადაშვილის პოეტური ბედიც და ცხოვრების თავისებური გეზიც.

მისი პოეზია მხოლოდ შემოქმედის გარდაცვალების მერე მოევლინა ქართულ მწერლობას და, გარკვეულ ვითარებათა გამო, მეტისმეტად ძნელად, მაგრამ ჯიუტად იმკვიდრებდა თავის ღირსეულ ადგილს XX საუკუნის დიდ ქართველ პოეტთა შორის.

შარშან ჩვენი რედაქციით გამოიცა მისი ლექსების მომცრო კრებული „წუთისოფლიდან უკვდავებისკენ“ (გამომცემლობა „ნაკადული“), სადაც თითქმის სრულად არის თავმოყრილი ნიკო სამადაშვილის ლექსები.

ამ კრებულთან დაკავშირებით ჩვენ მოგვიხდა მცირე განმარტების გამოქვეყნება („ლიტერატურული საქართველო“, 1989, 22 სექტემბერი) იმის თაობაზე, თუ რატომ არ მოვინდომეთ ლექსებთან ერთად გამოგვეცა ნიკო სამადაშვილის პროზაული თხზულება, „შეხვედრები და სინანული“, რომელიც სრული სახით აქამდე არ გამოქვეყნებულა.

არადა, მათი ერთად დასტამბვა იმიტომაც იყო და არის შეუფერებელი, რომ ამ ორიგინალური სტრუქტურის თხზულებაში ნიკო სამადაშვილის პოეტური მემკვიდრეობის თითქმის ნახევარია შესული: პროზაულ თხრობაში ლექსები მთლიანად არის ჩართული.

„შეხვედრები და სინანული“ დაწერილია ხატოვანი და ექსპრესიული სტილით, მძაფრი შინაგანი რიტმითა და გამორჩეული ლექსიკური სიმდიდრით. რაც შეეხება მის შინაარსს, მხოლოდ გარეშე კაცს შეიძლება მოეჩვენოს მემუარული ყაიდის თხზულებად. ხოლო სინამდვილეში შემოქმედის ბიოგრაფიის ემპირიულ მხარეს კი არ აღადგენს, მხოლოდ მისი სულიერი ყოფის სურათებს აცოცხლებს. ეს იმგვარად პროზაა, რაც თავისთავადი ღირებულების გარდა ნიკო სამადაშვილის პოეზიის არსშიც უფრო ღრმად გვახედებს.

მაშინ მკითხველს იმასაც დავპირდით, რომ რაც შეიძლება მალე გავაცნობდით „შეხვედრებსა და სინანულს“ სრული სახით.

მართალია, მისი ნაწილი დაბეჭდილია 1982 წ. „ლიტერატურის მატიანის“ 7-8 გაერთიანებულ ტომში, მაგრამ რადგანაც ეს კრებული შეზღუდული ტირაჟის გამო - ნაკლებად ხელმისაწვდომია, ეს ნაწილიც აქ ხელახლა განმეორდება, მით უმეტეს, რომ აღქმის მთლიანობაც არ დაირღვეს.

და, აი, ჟურნალ „ცისკრის“ მხარდაჭერამ დანაპირების შესრულების საშუალება მოგვცა.

იბეჭდება ნიკო სამადაშვილის პროზაული ნაწარმოებები: „მთვლემარე ცისკარი“ (გვ. 42-44), „განდობა“ (გვ. 44-46), „ზამთრის სიმფონია“ (გვ. 46-47), „ძველი სარდაფი“ (გვ. 47-50), „ბეთანია“ (გვ. 50-54), „შადრევანთან“ (გვ. 54-58), „დაბურული ადგილები“ (გვ. 59), „მანანას გიშერი“ (გვ. 59-61), „ქარაგმა“ (გვ. 61-62), „ესკიზი“ (გვ. 62-64), „ღრუბლიანი ტაროსი“ (გვ. 64-66), „პაექრობა“ (გვ. 66-67).

3.56 94. ცხადაია, ზოია. ცხოვრება - როგორც აბსურდია

▲ზევით დაბრუნება


// ლექსმცოდნეობა: ყოველწლიური კრებული / შოთა რუსთაველის ქართ. ლიტ. ინ-ტი. - თბილისი, 2021. - № 13, ლექსმცოდნეობის მეცამეტე სამეცნიერო სესია (მასალები): ეძღვნება ნიკო სამადაშვილს. - გვ.175-182.

ვუძღვნი მზია სამადაშვილის ხსოვნას.

ნიკო სამადაშვილის პოეტური მემკვიდრეობა სრული სახით 80-იანი წლების მიწურულს (1989 წ.) გამოცემულ კრებულში გამოვლინდა. პოეტი პირველად 1973 წელს გამოცემული წიგნით გაიცნო მკითხველმა, თუმცა მის პოეზიას ხელნაწერებში იცნობდნენ და აფასებდნენ ერეკლე ტატიშვილი, გალაკტიონი, გერონტი ქიქოძე, ვახტანგ კოტეტიშვილი, თამაზ ჩხენკელი. 60-იანი წლების თსუ-ის სტუდენტებმა, „პირველსხიველებმა“, მის უნიკალურ პოეზიაზე ბატონ ზურაბ ჭუმბურიძისგან გავიგეთ, რომ იყო ასეთი საინტერესო და უცნობი პოეტი (იმ დროს უკვე გარდაცვლილი)...

მძიმე იყო ნიკო სამადაშვილის ცხოვრების გზა: ორი წლისას მამა გარდაეცვალა. „ის წავიდა, მე დავრჩი წამებისათვის, ტანჯვისათვის, არამზადობისათვის, სივალალისათვის“, - გაიხსენებს მერე. მამის გარდაცვალების შემდეგ ოჯახური მდგომარეობა ისე აეწყო, რომ პატარა ნიკოს დიდედა და დეიდა ზრდიდნენ და მიზნად

ისახავდნენ, რომ შემდგომში მისგან მამულების პატრონი, მეურნე დამდგარიყო, რომელსაც საქმეზე გაგზავნილს რომელიმე ხის ძირას ნახულობდნენ წიგნით ხელში. ასეთი საქციელი დიდედას რისხვას იწვევდა (სამადაშვილი 2002: 10). რვა წლის ბავშვი გორის სასულიერო სასწავლებელში მიიყვანეს, რომელიც 1917 წელს დაამთავრა და იქიდან გორის ვაჟთა გიმნაზიაში გადაიყვანეს, სადაც მას გერმანულს ასწავლიდა ერეკლე ტატიშვილი, რომელმაც განსაკუთრებული მზრუნველობა გამოიჩინა ობოლი და ნიჭით გამორჩეული ყმაწვილისადმი; 1920 წელს, გორის დიდი მიწისძვრის დროს, ბიძამ ნიკო თბილისში უპატრონო ბავშვთა სახლში მიიყვანა (ნიკოს დას, ელენეს, თავად ზრდიდა). ერეკლე ტატიშვილმა ნიკო ამ სახლიდან გამოიყვანა და ინგლისურენოვან კერძო პანსიონში მიაბარა, რომლის დირექტორი ინგლისელი ქალბატონი იყო. ნიკო იქ სწავლობდა, სანამ გორში სწავლა არ აღდგა. 1924 წელს მან გორის გიმნაზია დაამთავრა.

გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე ნიკო მეგობარს მიჰყოლია ოჯახში, დედის სანახავად. დედა შვილს ალერსით შეხვედრია... „მე არასოდეს შემშურებია არავისი, - უთქვამს შინ მობრუნებულ ნიკოს მეუღლისთვის, დედის ალერსი არ მღირსებია და ვახოს რომ ასეთი სიყვარულით მიმართა დედამ, ნამდვილად შემშურდაო. ეს, ალბათ, შური კი არა, დიდი ტკივილი იყო, მოუშუშებელი, მიყუჩებული, უკვე შუახანს გადაცილებულს, გაუხარელი ბავშვობისკენ რომ აბრუნებდა, „ტრავმული განცდების ნარჩენებით“ (ფროიდი)...

ბავშვობას, გულში წყვდიადად ჩარჩენილს, არაერთხელ შეუხსენებია თავი მისთვის:

„ვისაც გაუწყდა ლოცვით ილაჯი,
ჩასწვა ბავშვობა, ყრმობა ვნებული,
ვისაც გრიგალმა ვერ ამოგლიჯა
წყვდიადი, მკერდზე დამაგრებული.“115

ეს მძიმე ბიოგრაფიული შტრიხები ერთგვარი ფონია თითქოს პოეტის სულიერი მდგომარეობისა, ადამიანისთვის, რომლის „ადგილი სამყაროში დაკარგულა“ (ფროიდი); უაღრესად სუბიექტურს დაერთო ტოტალიტარული სისტემის დამთრგუნველი წნეხი, სულიერი ცხოვრებისთვის დახშული რეალობა, ფიზიკური არსებობისთვის აუცილებელი და ყოვლად უმადლო, უსახური ბრძოლა; ეს ყოველივე დეტონატორივით მოქმედებდა მისი სულიერი სამყაროს ჩამოყალიბებაზე, მის ფსიქიკაზე, მაგრამ მთავარი მაინც ის იყო, რომ ნიკო სამადაშვილი თავისი პოეტური ნატურით გახლდათ ისეთი, რომელსაც თან დაჰყვა შეუსაბამობის განცდა ადამიანის ლტოლვასა და სამყაროს შორის. ამ მხრივ, როგორც არაერთხელ აღნიშნავენ მისი ბიოგრაფები და მკვლევარები, დიდია წვლილი მისი დიდებული მასწავლებლის, მოძღვრის - ერეკლე ტატიშვილისა, მასთან საუბრების, ცოდნის გაზიარების და უმთავრესი - ღვთით მომადლებული ნიჭისა, რომლის წყალობით თუ უმოწყალობით, მან თავისი ორბიტიდან იხილა სამყარო, იგრძნო დაუსრულებელი განხეთქილება კაცსა და სიცოცხლეს შორის, რომელსაც ადამიანი მიჰყავს აბსურდის გრძნობამდე; ამ მხრივ, ვფიქრობთ, ნიკო სამადაშვილის სულიერ წყობაზე ძალზე მორგებულია ის ფილოსოფიური დაკვირვებები და დასკვნები, რომლებსაც კამიუ სთავაზობს კაცობრიობას: „ადამიანი გრძნობს თავისი ყოფის, თავისი ტანჯვის უსარგებლობას... ისევ მუშაობა და გზა სახლისაკენ... მეორდება იგივე, იბადება კითხვა, რისთვის ეს ყველაფერი... ასეთ ცხოვრებას არავითარი ღირებულება არ აქვს. ადამიანი ჩვეულების გამო განაგრძობს არსებობას. ერთ მშვენიერ დღეს მას აბსურდის ძლიერი გრძნობა აფხიზლებს. ადამიანი ხვდება, თუ რაოდენ უბადრუკია მისი ცხოვრება, რომ იგი ეულია, მიუსაფარი, უცხო ამ სამყაროში... აბსურდის გრძნობა გვკარნახობს, რომ ადამიანსა და ცხოვრებას შორის უფსკრულია“ (ბუაჩიძე 2003: 73). ამ თვალსაზრისით, ცხოვრება აბსურდის გარემოში ნიშნავს მარადიულ ჯანყს, ამბოხს, რომელიც, თავის მხრივ, ღირებულებას, სიდიადეს ანიჭებს ცხოვრებას; ცხოვრების ეს სიდიადე ნიკო სამადაშვილისთვის იყო მისი პოეზია, არა ამონაკვნესი, არამედ ტრაგიკული ამოძახილი წყვდიადიდან - „არდაბრუნებისკენ“:

ნაძვები კუბოს მიასვენებდნენ, წინ ყვავილები მიჰქონდათ ქარებს.
მიწიდან მთები იმას უსტვენდნენ, პირქვე რომ ეგდო, მსოფიოს გარეთ.
ის სივრცეს გაჰყვა ხელაპყრობილი, თვალებს სინათლეც არ მიაკარა,
წაიღო გზნება - ტალღების ჩრდილი, გულქვა ავდრების წინ გადაყარა.
თითქოს სიკვდილი რჩებოდა ოხრად, მარადისობაც დასწყევლა, დაჰგმო,
ღამე ტირილით გამოიხურა და გათენებას ვეღარ მიაგნო.
ვერ შეუბრუნეს გზებმა ბუნება, თუმცა ბავშვივით უჭერდნენ ხელებს.
ნაფეხურს ერქვა არდაბრუნება! ქარი ამაოდ ეძებდა მკვლელებს.
გვარი რა არი, არც კი ახსენა, არც მიაჭედა ლურსმანი კარებს.

თუ პოეზია ლიტერატურის ყველაზე უფრო ფილოსოფიურ მოვლენად (არისტოტელე) მოიაზრება, ასეთ შემთხვევაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადგილს უცილობლად იკუთვნებს ნიკო სამადაშვილის ლირიკა - მიწიერი ტანჯვის გამოვლენა, იდუმალთან მიახლოების გან-ცდა და გან-ცხადება... პირველივე შთაბეჭდილება, ამ ტექსტებიდან გამომდინარე, შემაშფოთებლად მძიმეა. უკიდურესი, უძველესი და ნაცნობი სევდის პარალელებით: „წუთისოფელი მეტად ცუდია, რომ კვლავ სიცოცხლე ისურვოს კაცმა“ (პირამიდების ტექსტიდან)... მივყვეთ პოეტის ტკივილს. მას გზადაგზა გრძნობს მკითხველი. არათუ იგრძნობა, თვალსაჩინოვდება კიდეც ეს ტკივილები - ზოგჯერ ირონიას შეფარებული: „რა, არ გინახავთ, ცხედარს წასვლა რომ უხაროდა და თავის ხელით რომ იბნევდა საკინძის ღილებს?“ („წინათგრძნობა“). ქვეყნიერების უარმყოფი პოეტისთვის ცხოვრება „გაუთენარი დღეების“ ჯამია, დედამიწა - „ბარით გამოყრილი ქვიშა და ნაგავი“, სადაც ადამიანები ჰგვანან „დაღრეცილ მინიატურებს“. მარადისობა, როგორც ყველა დროის მომცველი სუბსტანციის აღქმა, მისი ადამიანური წუხილის მაპროვოცირებულია:

„მარადისობავ, საუკუნოდ გამიხმეს ქედი,116
რომ ასე უღვთოდ დამაბნიე ტიალი მგზავრი.“

ნიკო სამადაშვილის პოეზიაში უმთავრესია ქვეყნიერების უარყოფიდან დაძრული ფიქრების მედიტაციური ნაკადი; „ბოლოს კი დარდი. დედამიწაზე ნეტავი რისთვის შემოვეხეტე?“ გამორჩეულად ძლიერი რჩება მის ლირიკაში სამყაროს იდუმალ სიდიადეში ჩაკარგული ადამიანის მსოფლშეგრძნება, წარმავლობის განცდა: „ან მოსვლა რა იყო, ან წასვლა რა არის ამ „ვრცელ და ფუტურო ქვეყნიერებაში?“. სიტყვა „დედამიწა მის ტექსტებში კარგავს თავდაპირველ სემანტიკას, „დედა-მიწა“ „დედინაცვალ მიწის“ არსს იძენს: „ჩემს დედინაცვალ საქართველოში რომ მოვმკვდარვიყავ, იმიტომ გავჩნდი“. ქვეყნად მოსვლის ფაქტი მისთვის რაიმე სიხარულის მომნიჭებელი არ არის, პირიქით: „ის ერთხელ ნათელს გამოჰყვა ზიზღით, სოფელს წააწყდა, ავდარი იყო, წინ დაიხედა, თურმე ნუ იტყვით, ეს დედამიწა გამომდგარიყო.“ აქ უნებურად ტერენტი გრანელი გაგვახსენდება: „შენ, დედამიწავ, უფრო მაშინებ“. მაგრამ მათ შორის, მსგავსებასთან ერთად, არის განსხვავებაც. ნიკო სამადაშვილს დედამიწა აშინებს თავისი წამიერობით, წუთისოფლური რეალობით, რომელიც „გაშლილი ალუჩების ძუძუს აწოვებს“ და, ამასთან, გარდაუვალი ცხადის ძალით „კლდეში გაჩხერილი თავის ქალით“ ისახება. იგი საწუთროს, ქვეყნიერებას უფრო მატერიალური, ყოფითი სივრცეებიდან ჭვრეტას, გრანელი - მწუხარე, მაგრამ მაინც - ოცნების სამყაროდან. ნიკო სამადაშვილისთვის ქვეყნიერების მიღმა არსებობს მხოლოდ გზა სიკვდილისა, ანუ არსებობს სიცოცხლე და სიკვდილი, სადაც სიცოცხლის საზრისზე დაფიქრება სიკვდილს უფრო საჩინოს ხდის. ტერენტი გრანელისთვის კი: „არა სიცოცხლე, არა სიკვდილი, არამედ სულ სხვა“. იგი უჩვეულოდ წარმოსახვითში, ტრანსცენდენტულში, ზეშთაგონების მიღმა ეძებს (ამაო) ხსნას. მისი წარმოსახვების თვალსაწიერი ირეალურია, მშვენიერი, მაგრამ თვალშეუდგამი ჩვეულებრივი მოკვდავისთვის მასთან აღმავალი ემოციებია, აღმა-ფრენაც და დაღმა-ფრენაც... ტკივილიც და სიხარულიც - ელვასავით წამიერი, მაგრამ მაინც... ნიკო სამადაშვილის შინაგანი ხმა, საამსოფლო ურვა კი საზიაროა ნებისმიერისთვის, ვინც ერთხელ მაინც ჩაუღრმავდება ქვეყნიერებისა და მარადისობის ურთიერთმიმართებას და ამ ფონზე ადამიანის უმწეობის (რაგინდ ოპტიმისტიც არ უნდა ვიყოთ) შეგრძნებას; გრანელისგან განსხვავებით, ნიკო სამადაშვილისთვის „იდუმალი“ არ არის სიმშვიდეს შენაპირი... მისთვის აქ, მიწიერ ცხოვრებაში, მთავრდება ყველაფერი. ეს არის თავი და თავი იმ დიდი ტკივილებისა. იგი თითქოს კონკრეტული „დროის, ეპოქის“ გარეთ ცხოვრობს. არსებული სახელმწიფოებრივი სინამდვილე, აბსოლუტურად წართმეული (არათუ-შეზღუდული) თავისუფლება (ერთ-ერთი მიზეზი, უთუოდ, იმისა, რის გამოც იგი საერთოდ არ აქვეყნებდა ლექსებს) და სოციალ-პოლიტიკური ვითარება მის ინტერესებს მიღმა რჩება (ალბათ ყოველივე ამასაც ისე წარმოიდგენდა, როგორც წამის-ყოფას, წარმავალს, დროებითს, კნინს)... მას აწუხებდა უფრო გლობალური და მწვავე ფილოსოფიური კითხვები, რომელსაც თავადვე პასუხობდა:

„ქარი საფლავში ჩაგიგებს ბუმბულს,
სიმსივნით გული გაიბერება,
შენს თავის ქალას, ჯირკთან მიგდებულს,
მინდვრის ბალახი გამოერევა“.

ქვეყნიერება, „ხნიერი გამოქვაბული“, წარმოდგენილია უდაბურობის მიმანიშნებელ სიმბოლოთა მთელი კომპლექსით: ღამურები, ბუები, ჭრიჭინები, ჭოტის კივილი, შიშველი ქარი, ქარების დოღი და სხვ. ამ ფონზე კი - დიდი მარტოობის განცდა:

„მარტოკამ ქეშად უმზირა ზეცას,
იდგა: სიჩუმე, ქაოსთა გროვა.
უცბად მთრთოლვარე მუხლზე დაეცა,
და იგრძნო დიდი უმეგობრობა...
უსაფარობას წუხდა, დარდობდა,
უკუნეთს შერჩა ჭმუნვის სარქალი,
ჯერ ხომ ჩამძიმდა, მერე დაობდა,117
ღმერთმანი, კაცი, ცამდე მართალი.“

ბოლომდე გაუცხოებული და გაწბილებულია იგი ამ წუთისოფელში: „ისე დავდივარ ამ ქვეყანაზე, თითქოს საკუთარ ცხედარს მივყვები“... „გაუთენებელი გზა“ ანუ ცხოვრება - ყოველთა გამაწბილებელი, საიქიო სასუფეველში მოალანდებს გათენებისა და განათების პერსპექტივას, მაგრამ ეს უფრო ირონიაა: „საიქიოდან წუთისოფელი, როგორც მამალი, ისე ყიოდა“.

გათენება არ შედგა: „შეჰყეფდნენ სივრცეს და მამალი ღამე ყიოდა“. პოეტური სინტაგმა „მამალი ღამე“ ამ არშემდგარი გათენების მეტაფორაა. მამალი, ამ შემთხვევაში ძლიერის სიმბოლოა, ე.ი. ღამე - მყარად გაუთენებელი. იგივე თემა ახალ კონტექსტში, რომელიც კიდევ ერთხელ გაახმიანებს ადამიანის წყევლა-კრულვიან საფიქრალს:

„თითქოს სიკვდილი რჩებოდა ოხრად,
მარადისობაც დასწყევლა, დაგმო.
ღამე ტირილით გამოიხურა
და გათენებას ვეღარ მიაგნო.“

მეტაფორები „ღამე ტირილით გამოიხურა და გათენებას ვეღარ მიაგნო“ არა მხოლოდ შემაძრწუნებელი ემოციის უნიკალური გამოვლენაა, არამედ ცასა და მიწას შორის სიცოცხლის უარით მიუსაფრობისთვის განწირულის ტრაგიკული პორტრეტია. როგორც ყოველთვის, ამ შემთხვევაშიც უაღრესად ორიგინალურია მისი ხელწერა სამადაშვილის პოეტური ხმა ძირითადად აქცენტირდება სათქმელის შინა-არსში. ლექსის გარეგნული სამკაულები მისთვის თითქოს არ არის საგანგებო ყურადღების საგანი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მისი პოეზიისთვის უცხო არ არის სრულიად ორიგინალური პოეტური სახეები, მის სათქმელს მორგებული: „ძირს წმინდა ნინოს ნაფეხურები ჰგავდნენ სისხამზე დაკრეფილ იებს“, - დამოკიდებულება ქრისტიანული სიწმინდეებისადმი; „ვარსკვლავნი ისე მოჩანდნენ ღამე, თითქოს ზეცა ჩრჩილს ამოეჭამა“, - სრულიად საპირისპირო შემთხვევა ვარსკვლავიანი ცის სახისმეტყველებისთვის ან: „და კიაფობდნენ შორს ვარსკვლავები - მარადისობის ჭუჭრუტანიდან“; ერეკლე ტატიშვილისადმი მიძღვნილი ლექსიდან: „შენ რომ წახვედი, ასე მეგონა, მთელი ქვეყანა თან წაიხვეტე“, - მარტოობის, სიცარიელის ჰიპერბოლური განცდა...

ნიკო სამადაშვილი იშვიათად გამოდის სამყაროს (სიურეალისტური) უმწარესი ხილვებიდან, მაგრამ მის პოეზიაში შიგადაშიგ მაინც გაიელვებს თანამედროვეთა და ახლობელთა ძვირფასი სახეები, ილიასადმი, ნიკოლოზ ბარათაშვილისადმი მიძღვნილი ლექსები, ისტორიული თემატიკა, წუხილი წარსულის გამო, კონკრეტულად - სპარსელების მიერ აოხრებული გარეჯის ხილვით აღძრული განცდა:

„გადაკაფული უამრავი სანთლების ცეცხლი,
კვამლივით დადგა მიუწვდომელ ზეცის ბოლოში,
ამ მონასტერზე იყო თურმე ბუდე მერცხლების,
მას აქეთ აღარ მოფრენილან საქართველოში.“

სამშობლო, - საქართველო - მოკრძალებულ და ემოციურ კონტექსტში: „მე საქართველოს წყნარი სოფლები ძაღლების ყეფით გამაცილებენ“, ან: „მთა მედიდური - მთა დანახვისა, მაღალი, როგორც ჩემი სამშობლო“... სამშობლოს გრძნობა გულდაწყვეტის, სინანულის განცდასაც გამოათქმევინებს, სინანული იმაზე, რომ მის თავზე „დასაქცევი ცა იღრუბლება“, უფალიც „გარეთ გადის“ და მარტო ტოვებს. მის ლოცვად ნათქვამში სამშობლოს სიყვარულიც ჩანს და უკეთ - სამშობლოს მიღმა, მეტაფორულად - „საყდრის“ მიღმა უნუგეშოდ დარჩენილი, არყოფნისთვის განწირულის საყვედურიც:

„ვლოცულობ ჩემთვის და ანთებული ლექსები მიმაქვს
ბრმა წმინდანებთან, როგორც ჩემი გულის ნაჯერი.
ჩემს სამშობლოში დანდობილა რად ჩამაქვავეს,
რა იქნებოდა, მეც მქონოდა ერთი საყდარი...
რა მოხდებოდა, საქართველოს ეთქვა ნუგეში.
იცით როგორი? - რომ ცაცხვის ქვეშ მეც დამესვენა,
რომ ეფართხალათ ყაყაჩოებს გულის უბეში,
რომ სამარისკენ მეც წამეღო მწყემსების სტვენა...“

პოეტური მიმართვა საკუთარი პერსონისადმი („ნიკო სამადაშვილი“) მისი შინაგანი პორტრეტია - ირონიის, ტკივილის, სინანულის თანხლებით:

„შენ ჩემში უსტვენ, ვით საყდრის ჩიტი,
შენა ხარ ჩემი ნუგეშის დარი,
სულ კარგად მახსოვს, შენ რომ გამოჩნდი,
გარეთ ძაღლივით ყმუოდა ქარი.
ვერ გიპატრონე მე ლაზღანდარამ,
შენ სხვა მხევალი უნდა გყოლოდა,
ზეცა სივრცეებს აზანზარებდა
და მზე ყვიროდა ქვეყნის ბოლოდან.“

ყველაფრის ბოლოს მაინც ერთი არა ისტორიული კითხვა - რა აძლებინებდა პოეტს, როგორც ადამიანს, რომელმაც უარყო საბოლოოდ მისი გამაწბილებელი ქვეყნიერება? ამის პასუხად შეიძლება მისივე ამ ერთი სტრიქონის დამოწმება: „რა ვქნა, მიყვარდა: ლექსი, ცა და მარადისობა“.

_____________________

115. სწორია: ჩასწვა ბავშვობა, ყრმობა, ვნებული,
ვისაც გრიგალმა ვერ მოაგლიჯა
წყვდიადი, მკერდზე დამაგრებული?!

116. სწორია: მარადისობავ, საუკუნოდ გაგიხმეს ქედი,

117. სწორია: ჯერ ხომ ჩაძმარდა, მერე დაობდა.

3.57 95. წიკლაური, მარიამ. დაუწერელი წერილებიდან

▲ზევით დაბრუნება


// ქართული მწერლობა. - თბილისი, 2011. - №2. - გვ. 29.

ბოლო ჟამის ქადაგი

ნიკო სამადაშვილი. სახელი, რომელსაც ჯიუტად მინდა ჩემი სახელი დავარქვა, მოვნათლო, ჩემად მოვნიშნო ამხელა მარადისობაში, ვკითხულობ, ვკითხულობ და აი, ვპოულობ კიდეც: ბოლო ჯამის ქადაგი!.. ესაა ნიკო სამადაშვილი.

ის არ ყოფილა თავისი დროის შვილი.

მან „გაუხვია ცერად სივრცეებს“, მაგრამ ვერც იქ იპოვა თავისი დრო, ვერც დაბადება, ვერც სიკვდილი. ვერ იპოვა პასუხი კითხვაზე - „დედამიწაზე ნეტავი რისთვის შემოვეხეტე?“

არადა, დიადისთვის შემოახეტა აქ ბედისწერამ, უძნელეს საუკუნეში. ეს ბევრმა არ იცოდა, არც ეხლა იცის, რაა ეს დიადი?

„ათასი წიგნი ტომი ტომზე დაიჯღაბნება,
შუბლის კანს გასხლავს ფიქრის ბოლო და ნაოჭები,
მაგრამ ვერავინ ვერ მიხვდება რად გვეჯავრება
წარმავალობა და სიცოცხლეს ვებღაუჭებით.“

ალბათ, ჩემსავით ბევრი გაიოცებს, რატომ აქვს მის ლექსებს ასეთი უცნაური და შეუსაბამო სათაურები, ასეთი შესაშინებელი მასშტაბები, და ასეთი თვალით უხილავი პეიზაჟები...

ნიკო სამადაშვილმა საკუთარი ლანდშაფტი შექმნა, საკუთარი სამყარო, რომელიც ქართლის მშობლიურ სოფლის სივრციდან მიღმიერ და კოსმიურ წარმოსახვებში და სივრცეებში გადადის და განიმქრევა... „უსაზღვროების დაბლობებს შუა ჩანდა ბინდების გრძელი ორღობე“.

და ამ რეალურის და ირეალურის საზღვარზე მდგარი ებგურვით, ამ წარმართობისა და ქრისტიანობის, კერპთმსახურებისა და ქრისტიანული სათნოების, სივრცეებისა და ქვესკნელები, ტაძრებისა და საგიჟეებს შორის ყოფნისას დაინახა და შეიგრძნო, ის სამყაროა, რომლის არსებობა თავის პოეტური სიტყვით უტყუარად დაადასტურა - „სამყარო არის, ნამდვილად არის!“

„წუხელის შენი სიზმარი ვნახეო“ - ამ სიტყვებით შეეძლო პოეტს კოსმოსისათვის მიემართა. ის ცხადად შეიგრძნობდა სამყაროს სხვადასხვა დროსა და განზომილებას.

სხვადასხვა რელიგიურ და ისტორიული სივრცეებისა და ჟამთასვლის ისეთ სურათებს აღწერდა, რომლებიც შემაშინებელიცაა ჩვეულებრივი ადამიანური ხედვისთვის და რაღაცნაირად მტკივნეულად სასიამოვნოც.

პოეტი არა მხოლოდ მელოდიურობით, ტკბილხმოვანებით, პროსოდიული მრავალფერადოვნებით და პოეტური არტისტულობით ფასდება. უმთავრესი მაინც ის არის, როგორ ახალ სამყაროს ქმნის, რას „შემოგვაშენებს“, რა გზას დაგვაყენებს კიდევ ერთხელ და ათასმეერთედ, რა არჩევანს გაგვაკეთებინებს დავემკვიდროთ ამ წარმავლობით შეზავებულ მარადისობაში თუ დავიძვრინოთ წარმავლობიდან, ამაოებიდან და იქნებ კიდეც მოვიტყუოთ თავი, რომ მრავალ სახეთა შორის, სამყაროს რომ გააჩნია, ერთ-ერთი ყველაზე მარადიული და უტყუარი სწორედ სიტყვიერი სამყაროა და უნდა კიდეც მივენდოთ მას.

კაცობრიობა მითოსურ დარანებში დაიარება. ამ კაცის წარმოსახვა საიქავ-სააქაოს ერთიან სოფელში დაეხეტება, და მაინც ისე საცოდავია, ჩიტებსღა ეკითხება, „მე გავვერანდი თუ ეს ქვეყანა?“

ნიკო სამადაშვილს სახელი აქვს დასარქმევი.

3.58 96. წოწორია, თამარელა. ნიკო სამადაშვილის რითმა

▲ზევით დაბრუნება


// ლექსმცოდნეობა: ყოველწლიური კრებული / შოთა რუსთაველის ქართ. ლიტ. ინ-ტი. - თბილისი, 2021. - № 13, ლექსმცოდნეობის მეცამეტე სამეცნიერო სესია (მასალები): ეძღვნება ნიკო სამადაშვილს. - გვ. 183-197.

ნიკო სამადაშვილის შემოქმედება - ლექსები თუ პროზაული ჩანაწერები - მცირე მოცულობისაა. მიუხედავად ამისა, მისი პოეტური შემოქმედება თავისი ინდივიდუალობითა და სახისმეტყველებითი ასპექტებით, ასევე სტროფიკით, მეტრით, რითმითა და რიტმით გამორჩეულ ადგილს იკავებს XX საუკუნის ქართულ პოეზიაში.

ნიკო სამადაშვილმა სიცოცხლეში რამდენიმე ლექსი გამოაქვეყნა გაზეთ „წითელი ქართლის“ ფურცლებზე. 1967 წელს ლიტერატურულ საქართველოში დაიბეჭდა ნიკო სამადაშვილის ლექსი („ატენის სიონი“, „ჩემი სოფელი“, „ნიკო სამადაშვილს“, „დამშვიდობება და სინანული,“ „ბეთანია“). 1973 წელს კი გამოიცა ლექსების პირველი კრებული, „ბეთანია“.

გასული საუკუნის 90-იან წლებში გამოიცა პოეტის ლექსების ორი კრებული - „შეხვედრები და სინანული“ და „წუთისოფლიდან უკვდავებამდე“.

მრავალსაუკუნოვანი ქართული პოეზიის ჩვიდმეტტომეულის მეთხუთმეტე ტომში ნიკო სამადაშვილი წარმოჩენილია 71 ლექსით, 1975 წლის მაისში, ზვიად გამსახურდიას რედაქტორობით გამომავალ ჟურნალ „ოქროს საწმისის” პირველ და მეორე ნომრებში დაიბეჭდა პოეტის 10 ლექსი.

2004 წელს საქართველოს გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმმა იზა ორჯონიკიძის რედაქტორობით გამოსცა პოეტის ყველაზე სრული კრებული „ფერისცვალება“, სადაც შეტანილია ლექსები, პროზაული ნაწარმოებები, ვარიანტები, პირადი მიმოწერა და მოგონებები.

როგორც პოეტი, იგი თავისმა მასწავლებელმა, ერეკლე ტატიშვილმა აღმოაჩინა, თურმე ლექსების გამოქვეყნებას არ ურჩევდა, „შენ რომ ლექსები გამოაქვეყნო ამ ქვეყნიდან აღიგვებიო… თუ დაბეჭდავ, კომუნისტები აუცილებლად გაგაფუჭებენო, ეუბნებოდა და მართლაც ასე მოხდებოდა.“

შინაგანი კონსტიტუციითა და ბუნებით ნიკო სამადაშვილი ნამდვილი მხატვარი იყო. მისი ლექსები გამოირჩევა ვიზუალურობით. მიუხედავად იმისა, რომ მეტაფორები ძალიან უჩვეულოა, ყველაფერის დანახვის საშუალებას იძლევა: „უჩვეულო, ანგრეული

რითმებით გამოხატავდა როგორც თავის შინაგან სახეს, ასევე ქვეყნის ბედს. დიდი პარალელიზმი და მსგავსებაა მის ლექსწყობასა და შინაგან წყობას შორის“, - აღნიშნავს ზურაბ კიკნაძე.

ლექსების გამოქვეყნებას არც გალაკტიონ ტაბიძე ურჩევდა, თუმცა, საკმაოდ მაღალ შეფასებას აძლევდა მის შემოქმედებას. გალაკტიონმა პოეზიის გზა დაულოცა და ვიზა გაულექსა კიდეც. „დავრწმუნდი მე თქვენს სიძლიერეში; მომავლისაკენ! წინ!

იერიში! . .“

ნიკო სამადაშვილის სიცოცხლეში, გალაკტიონისა და რამდენიმე სხვა მწერლის გარდა, მისი შემოქმედების მხატვრულ ღირებულებას თითქმის არავინ აღიარებდა.

ნიკო სამადაშვილის შემოქმედება ფართო მკითხველამდე თამაზ ჩხენკელმა და არჩილ სულაკაურმა მიიტანეს.

თამაზ ჩხენკელის შეფასებით: „მისი სიტყვა პირველქმნილების პოხიერებით სუნთქავს. იგი ხაოიანია, ხვიფლიანი და ფეროვანი, მაგრამ მოკლებული კლასიკურ დაკრისტალებასა და რაფინირებას. ეს ყველაზე კარგად მის შეშფოთებულ, დისონანსურად ალუფხულ რითმებში ხდება საცნაური. არს რაღაც ხასიათისმიერი ანგრეულობა. რაღაც შინაგანი მოუწესრიგებლობა მის ლექსებში, რაც უცნაურ სიცოცხლისუნარიანობად თუ იმპულსურ ძალმოსილებად განიცდება...

...მისი ლექსები მოგვაგონებენ გაუცრელი თიხისაგან გამომწვარ ასიმეტრიულ დოქებს, რომელთაც ამჩნევიათ კოჟრები და ზოგჯერ მომტვრეული აქვთ ტუჩი ან ყური, მაგრამ პოეზიის ძელგი, შეურყვნელი, მაგარი ღვინით არიან სავსენი“.

არჩილ სულაკაური კი „თბილისურ ჩანახატებში“ სინანულით იხსენებს იმ დროს, როცა ნიკო სამადაშვილის სიცოცხლეში, არაერთი მცდელობის მიუხედავად, ვერაფრით გაანგრია გულგრილობის კედელი: „ნიკო სამადაშვილის ლექსები უბით დამქონდა, ზოგი უკვე ზეპირად ვიცოდი. ვუკითხავდი ნაცნობ პოეტებს, არაპოეტებსაც, უბრალოდ, პოეზიის მოყვარულებს და ყველანი შეთქმულებივით გულგრილად მომჩერებოდნენ, უკეთეს შემთხვევაში, დაეჭვებულად იღიმებოდნენ, არც ისეთი ლექსებია, შენ რომ გგონიაო. ზოგი რითმას უწუნებდა, ზოგი ვერსიფიკაციას. ზოგჯერ ეჭვიც კი შემპარვია ჩემს თავსა და ჩემი მეგობრების ცოდნასა და გემოვნებაში. მერმე შევხვდებოდი ჩემს სხვა მეგობრებს, ვისაუბრებდით და ყოველგვარი ეჭვი უკვალოდ ქრებოდა~.

არჩილ სულაკაური ნიკო სამადაშვილს გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე რუსთაველის მოედანზე შეხვედრია. ეს შეხვედრა „გემოში“ გაგრძელებულა. როგორც არჩილ სულაკაური მოგონებებში წერს, დამშვიდობებისას, ნიკო სამადაშვილს ასეთი რამ უთქვამს:

„სულ მინდოდა კაცურად მეცხოვრა. თითქოს ვიცხოვრე, კაცურად გავიარე ცხოვრების გზა, მაგრამ... რა არის იცი, ერთი დღე არ მახსოვს ისეთი, თავი რომ ადამიანად მეგრძნო. ეს სულ სხვა რამეა, ჩემო არჩილ, სულ სხვა... ამ ქაოსიდან ვერ გავედი, ვერა და ვერ გავედი...“

„პოეზიით დაღუპული მოყმე“ თავს ახლიდა „დაღუპული ზარების

მერქანს“ და „მათხოვრობდა ეზო-ეზო მარადისობას“, და თან ემუდარებოდა მკითხველს „ო, ჩემს ცხოვრებას დე, ნურავის ნუ მოუყვებით, ეს ნაწერები დიდი ცეცხლით გაანადგურეთ!“

ბედის სამდურავსაც რითმიანი სტრიქონით გამოხატავდა:

„საუკუნის ნახევარზე მეტი გავიდა,
რაც დაეთრევი, ჩემო ნიკო, დედამიწაზე.
წლები გარბოდნენ, შენ კი ყველგან დაიგვიანე.
მერთი რა არის, ისიც თითქოს ვეღარ იწამე.“

ვერც გავიდოდა იმ ქაოსიდან, რადგან სხვებივით არ იქცეოდა, სხვები ხომ ჯერ საბჭოთა საქართველოზე, პარტიაზე და ბელადზე წერდნენ, მერე შიგადაშიგ კარგ ლექსებსაც შეაპარებდნენ, მაგრამ ეგრე რომ არ იქცეოდა, იმიტომაც არ უბეჭდავდნენ, მოხერხება იყო საჭირო. ამ დროს კი ქმნიდა ლექსთა და რითმთა ბაღებს, მისი რვეულები სავსეა რითმებით…

ჩვენ ნიკო სამადაშვილის რითმას „100 ლექსის“ წიგნიდან დავაკვირდით და საინტერესოა ლექსების პირველივე რითმები: ჭიშკარს-ჭაშნიკი 2/3; ხეებს-ხელებს 2/3; ოხერს-მეხრედ 2/3; წავაწამოვა-მოაძოვა 4/3 („გარეთ“). ლექსის კლაუზულის შერითმვა შორეული ჰანგის მოხელთებას ჩამოჰგავს: ამაოება-მყუდროება 5/4; ანჯამა-ამოეჭამა 3/4; ოცნებას-ლოცვებს 3/2; („ატენის სიონი“). ქარი კიოდა - საიქიოდან 5/5 („წარწერა“).

ნიკო სამადაშვილის ლექსი „ბინდი“, ლომისობის განწყობას გადმოგვცემს:

„ქარები დასწვდნენ გადაყრილ ვარდებს,
ქედმა კი სადღაც შეჰყვირა ლომისს.
ხვალ, ალბათ აღარ გაავდარდება -
ზეცაზე თეთრი ღრუბლები მოდის.“

ლექსის რითმები სემანტიკურადაც საინტერესოა და მარცვალთა რაოდენობითაც: ვარდებს-გაავდარდება 2/5 და ლომისს-მოდის 2/2.

საინტერესოა სხვადასხვა სათაურის მქონე ლექსში სიტყვის სემანტიკურად და ევფონიურად განსხვავებული რითმის თანაცალად გამოყენება: დუქარდით-მუქარით და დუქანში-დუქარდით. თუ ლექსში „გეჯა“ დრო ახლანდელია - „ლექსებს მაჭრიან ტანზე დუქარდით“, ლექსში „გამიშვით“, ტანიდან ლექსების მტკივნეული აჭრა, უკვე წარსულშია ნაგულისხმევი: „და ლექსს მაჭრიდნენ ტანზე დუქარდით“.

„ლექსებს მაჭრიან ტანზე დუქარდით,
თან ღრიანცელი გაუდით ტყეებს,
წელში გადავწყდით ამდენ მუქარით,
რა ეშველება აპყრობილ ხელებს?!“

(„გეჯა“)

„მეყასბედ ჯობდა, რომ ვგდებულიყავ,
ანდა მეარღნედ ოჩას დუქანში.
მე გრიგალების მძევლად ვიყავი
და ლექსს მაჭრიდნენ ტანზე დუქარდით.“

(„გამიშვით“)

ამ „100 ლექსიდან“ 16 ლექსი მედალიონია, მიძღვნითი ხასიათისაა და ადრესატებისადმი თვით რითმებიც კი დიდი კრძალვითა და ყურადღებითაა შერჩეული. სათაურში გატანილი მიძღვნის გარდა, ლექსებში ხშირია რითმაში გატანილი საკუთარი სახელი და გვარი, მდინარეთა სახელები და ტოპონიმები. სამი ლექსი ეძღვნება ერეკლე ტატიშვილს, ასევე ილია ჭავჭავაძეს, გალაკტიონ ტაბიძეს, ნიკოლოზ ბარათაშვილს, თამაზ ჩხენკელს, საკუთარ ვაჟიშვილს - თამაზ სამადაშვილს, მარიამს (მეუღლეს), ლექსო ივანიშვილს, ციალა თოფურიძეს, ვასო მურვანიძეს, მარინე ხარატიშვილს, ნიკო იაშვილს, თამარ ჩარექიშვილს.

ოცმარცვლიანი ფისტიკაურითაა შესრულებული ლექსი „ძღვნად გოგის“, რომელიც პოეტის მეგობარი იყო, თუმცა გვარი უცნობია. ლექსი წყვილადი რითმითაა გაწყობილი: დაიწყო დაივიწყო 3/4; ნიჭი-ბიჭი 2/2.

„და როცა, კარგო, იქ, ევროპაში, ფერად ოცნებით ფიქრი დაიწყო,
პარიზთან ერთად გახსოვდეს მუდამ, ძველი თბილისი არ დაივიწყო,
და მეგობარო, მეც მომიგონე, როს გაგეფურჩქნოს დიადი ნიჭი,
სთქვი: მეც მიყვარდა საქართველოში სოფლის ბოგანო მელექსე ბიჭი.“

შერითმულია გეოგრაფიული ადგილი: სამყარო-გუდამაყარო 3/5.

„რად შემიძულე მთელი სამყარო,
რა მახინჯი ხარ ლექსის მეუფევ,
შენ გიმღეროდა გუდამაყარი,
სადაც სიმშვიდე ეხლაცა სუფევს.“

(„უსინათლობა“)

„თავის ქალა-ნარიყალა:
შენ სეირნობდი მთაწმინდის გასწვრივ,
ფიქრებს სკათ ჰქონდათ ეგ თავის ქალა.
შორს მცხეთა სჩანდა ზარჩაწყვეტილი,
ქვევით კი მტკვარი და ნარიყალა.“

(„საღამოხანი“)

შერითმული - მამა და შვილი-სამადაშვილი 5/5, ოდნავ განსხვავებული ვარიანტით ორ სხვადასხვა ლექსში ერითმება ერთმანეთს:

„მალე გაივლის ეს კივილი, ეს მწუხარება.
იტყვიან, უშნოდ დაიხოცნენ მამა და შვილი,
საფლავის ქვაზედ ვიღაც დაწერს ასე ირიბად -
აქა მარხია ჩვენი ნიკო სამადაშვილი.“

(„საღამო და განწყობილება“)

„ვიღაც, ღიღინით ჩემს საფლავზე ბალახს გათიბავს,
იტყვის: რა კრულვით დაიღუპნენ მამა და შვილი!
თან კლდის ნატეხზე მიაწერავს ოდნავ ირიბად:
(აქა მარხია ჩვენი ნიკო სამადაშვილი).“

(„ძველი სარდაფი“)

ასევე ორჯერ გვხვდება გვარი - ბეთხოვენს რითმის თანაცალად: სთხოვენ-ბეთხოვენს 2/3 და მომთხოვენ-ბეთხოვენს 3/3.

„ის ხან ღამეებს უთევს ქარიშხალს,
თუმცა მინდვრები „ძილისგულს“ სთხოვენ,
ის ხანა ანთია მაშხალასავით118
და ხან ბინდივით ელის ბეთხოვენს.“

(„არავის ერჩის“)

„ჩემ საკუთარ ჩრდილს წამოვისხამ ზამთრის ღამეში,
გამოვალ გარეთ, მყინვარები ლოცვებს მომთხოვენ.
ქარი ამიხსნის: რომ ყვირიან აქ სამარეში,
გიჟი ღმერთები დასევიან საწყალ ბეთხოვენს“

(„კარების გაჯახუნება“)

გავისაძლისო - ჩემო თბილისო 5/5.
„შმაგი სიცოცხლით ეს ოხერი, გამოვჩერჩეტდი,
მინდა როგორმე რომ ლოთობით გავისაძლისო,
ტვინი შემერყეს, თან ლოყებზე დავიწყო ჩქმეტა,
და ღრეჭით დიდხანს გარს გირბინო, ჩემო თბილისო!“

(„ჩემი თბილისი“)

შედგენილი რითმის ნიმუშია: ავდრების დარი-ბებერი მტკვარი 5/5.

„ნიშა ტალღების ზვიად ფერხულზე
იცეკვებს ნისლი - ავდრების დარი.
ავდრების შემდეგ გაზაფხულისკენ
გაიყმუილებს ბებერი მტკვარი.“

(„...ლოცულობს ყველა“)

საინტერესოა ასეთი შერითმვა: ლიახვო-ძევახო 3/3.

„ლოკე და ლოკე გულის ზედაშე,
არ გაწყენს, არა, ჩემო ლიახვო!
იქნებ ეს გული აქ აღარ გაშრეს,
ჩემო სიცოცხლევ, ჩემო ძევახო!“

(„...ლოცულობს ყველა“)

ყურადღების ღირსია ასეთი იშვიათი შედგენილი რითმა: შვლის ხალა იებს-ბოლოს მომიღებს 5/5.

„ერთხელაც ჯოხით, ხევში დავძრწივარ,
გეზათ ვუყურებ შვლის ხალა იებს,
შეაღებ კარებს, დაგავიწყდები
და ჟრუანტელი ბოლოს მომიღებს.“

(„აგარაკი“)

ქრისტეს ჩარსავი-უდაბნოსავით 5/5:

„მათრახგადაკრულ ცხენებს სადღაც მიაქროლებდი,
ტანზე გეხურა წამებული ქრისტეს ჩარსავი,
ბაღს იქით მძიმედ ხმაურობდა შენი ლექსები,
ქვეყანა იდგა და გწყევლიდა უდაბნოსავით.“

(„გალაკტიონ ტაბიძეს“)

ვინ დაგამშვენა-ვაჟა-ფშაველა 5/5; ხელებგაშლილი-ბარათაშვილი 5/5/:

„ხევის ქალაქო, ასე ეშხით ვინ დაგამშვენა,
ვინ გიწყალობა ეს სიუხვე ხელებგაშლილი.
შენთან მღეროდა ბედნიერი ვაჟა-ფშაველა,
შენში დარდობდა შენი ტატო ბარათაშვილი.“

(„ნიკოლოზ ბარათაშვილს“)

კრებულში გვხვდება მოულოდნელი რითმები თავისი სემანტიკური მრავალფეროვნებით, რომელიც ორ და ხშირად სამსიტყვიანია; ჯანყი მალავდა-როგორც ბალადა 5/5; უღრან აღმართებს-შევხვდი ღმერთებს 5/4; ვით საყდრის გლახა-და ევაგლახა 5/5; დროთა მწვერვალებს-ბედი გვაწვალებს 5/5; გულის კანდელიკათაკმეველი

5/5; ზარების გიჟი-მიჰყავდათ შიში 5/5; შუბლმა-ღალ ხეებს-თან გაიხვეტე 5/5; მკერდი დამინაფოტეს-შემკრთალ პოეტებს 7/5; რა მაქვავია-ლოცვების სვია 5/5; ბედი გვიანი-ტაშის გრიალი 5/5; გაისეირნებს-სეირებს 5/3; დედაშენს-ზედაშე 3/3; ხავსის ფერი-ხევსური 4/3; ბედის ურგებმა-საძნე ურმებმა 5/5; ყაჭის ბანდივით- (შეხერაზადას) ხილაბანდივით 5/5.

საინტერესოდ ჟღერს რამდენიმე ლექსის რითმის თანაცალად საქართველო.

„ამ სამრევლოში - საქართველოში 5/5:
რად დავიღუპე საქართველოში?
წყეული იყავ, დედავ ცოდვილო,
რად გამაჩინე ამ სამრევლოში,
რა მქონდა ქვეყნად სამოციქულო.“

(„გამიშვით“)

ზეცის ბოლოში - საქართველოში 5/5:

„გადაკაფული უამრავი სანთლების ცეცხლი
კვამლივით დადგა მიუწვდომელ ზეცის ბოლოში...
იმ მონასტერზე იყო თურმე ბუდე მერცხლების,
მას აქეთ აღარ მოფრენილან საქართველოში.“

(„როცა ვიღვიძებ“)

ყინვა და თოში-საქართველოში 5/5:

„დიდო პოეტო, ივერიის ღვიძლო გენიავ!
როგორ გსუსხავდა წარსულ დროთა ყინვა და თოში,
როცა მთაწმინდას ვუმზერ ხოლმე, ასე მგონია:
შენი ძეგლია აღმართული საქართველოში.“

(„ნიკოლოზ ბარათაშვილს“)

„ჩაშლილ კალოში - საქართველოში 5/5:
წისქვილს ახლოს დიდი ხართუთა
ხარებს აბამდა ჩაშლილ კალოში,
ხალხი ოხრობდა და ხარხარებდა,
მე კი ვდარდობდი საქართველოში.“

(„ორი გზა“)

ყურადღებას იქცევს რითმათა სამადაშვილისეული წყვილეულები: განცდების ზვარი-ხუროთმოძღვარი („სტრიქონების ქარაფი“) და აღთქმული მგზავრი-ხუროთმოძღვარი „ლოცვის ანეული“, რომელიც გვაგონებს გალაკტიონის რითმას უთმო ცხვარი - ხუროთმოძღვარი.

„მთიდან ჩამოდის ასრქა, ასთითი,
უფარებელი და უთმო ცხვარი.
ხევებზე ხევებს გადააზრდიდი
ფანტასტიური ხუროთმოძღვარი.“

(„ყვავილებს თეთრებს“)

ასევე საინტერესოა „უკანასკნელი ქრისტიანების“ ციკლის ლექსის „ბეთანიას“ რითმათა წყვილეულები: ახო-ახლო 2/2; ყუათი-გუმბათი 3/3; ბეთანიამ-ღმერთმანი 4/3; შეეფარა-შეგვებღალა 4/4; სახეზე-სახრეზე 3/3; დილას-სილას 2/2;, ნათელი-ქართველი 3/3. ერთი შეხედვით გამორჩეულ რითმათა რიგს აქ არ ვხვდებით, მაგრამ ლექსის მუსიკას გვაგრძნობინებენ რითმაში გატანილი და აქცენტირებული სიტყვები .

ლექსი, მიძღვნილი ამ ადგილისადმი, მეტად მნიშვნელოვანია ნიკო სამადაშვილის პოეზიაში. ოდითგანვე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საკრალურ ადგილებს. ასეთი მნიშვნელობისაა თბილისთან ახლოს მდებარე ბეთანია, თავისი XII საუკუნეში აშენებული ტაძრით. საინტერესოა, როგორ გაჩნდა ეს ტოპონიმი ქართულში და რა სიმბოლური დატვირთვის მატარებელია ის. ისევე როგორც იერუსალიმს, თბილისსაც აქვს თავისი ბეთანია. ეს ადგილი თამარის ხანაში გაშენდა, მაგრამ მისი დამკვიდრების ისტორია გაცილებით დიდი ხნის წინ უნდა დაწყებულიყო. ბეთანია ბიბლიურ -გეოგრაფიული ადგილია, რომელთანაც დაკავშირებულია ქრისტეს ერთ-ერთი სასწაული, კერძოდ კი - ლაზარეს მკვდრეთით აღდგინება. როგორც ზურაბ კიკნაძე აღნიშნავს: „ქართლის ბეთანიაში ისმის პალესტინის ბეთანიაში აღმომხდარი კვნესა! ესაა იდუმალი იგივეობის განცდა და სულისკვეთება, რომლის წყალობითაც ქართლის მიწაზე წმინდა მიწის სახელები ინერგება არა მხოლოდ გასახსენებლად სახარების ამბებისა და სასწაულებისა, არც უბრალოდ წაბაძვის სურვილით, არამედ, დაძველებული ადგილების განსაახლებლად და ახალი შუქით გასანათებლად, განსაწმენდად“.

XII საუკუნის მეორე ნახევარში აგებული ეს ძეგლი პოპულარულია არა მარტო ხუროთმოძღვრობით, არამედ იმიტომაც, რომ მისმა კედლებმა შემოგვინახა გიორგი III-ის, ლაშა-გიორგისა და თამარ მეფის პორტრეტები. (ბეთანია აისახა ქართველ პოეტთა

შემოქმედებაში: გრიგოლ ორბელიანის „თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში“, გალაკტიონ ტაბიძის „წამყე ბეთანიისაკენ“, ანა კალანდაძის „ბეთანიის გზაზე,“ ჯანსუღ ჩარკვიანის „ბეთანია“ და სხვა.)

ნიკო სამადაშვილისათვის ბეთანია ის ტაძარია „თავისი არსებობის სამხარზე უკვდავებით რომ აღიკვეთა“. ამ ტაძრის საკრალურობის განცდა განსაკუთრებით მძაფრია ლექსში „უკანასკნელი ქრისტიანები“ (საარქივო გამოცემაში „ბეთანია“), რომელიც ექვსი ნაწილისაგან შედგება („ბეთანია“, „ხილვა“, „ვედრება“, „ლოცვის ანეული“, „თქმულება“ და „გამობრუნება“.

ლექსის დასაწყისი პოეტის ბიოგრაფიულ ეპიზოდს მოგვაგონებს, როცა მან და მისმა მეგობრებმა გადაწყვიტეს ეს ძეგლი ენახათ და „მაისის წკრიალა ბილიკებით“ ბეთანიის გზას გაუყვნენ. ბეთანიის სანახები უამრავ საიდუმლოს ინახავს. ამ გზაზე მიმავალ მომლოცველთა წარმოსახვაში იღვიძებს საზარელი ლეგენდა თუ ისტორია: „ხევში მდინარე შემოგვეფეთა - შეწირულ ბავშვთა ცრემლები იყო. ჩვენ მივდიოდით აღმართზე ერთად, რატომღაც ჩუმად, რაღაც უიღბლოდ...“ ან: „აკლდამის ჭოჭში დახოცილთ ძვლები ეყარა, როგორც მოჭრილი ფიჩხი...“ ზემოთ მოყვანილ სტროფებთან დაკავშირებით საინტერესო მოსაზრებას გამოთქვამს თამაზ ჩხენკელი: „ბეთანიის აღმართი მათთვის (მომლოცველთათვის) გოლგოთაა და პოეტის წარმოსახვაში ეს ქრისტიანული ტაძარი - სათნოების, დიდების და მორჩილების სახლი - აცტეკურ თეოკალს ემსგავსება, სადაც ადამიანთა სიცოცხლე მსხვერპლად ეწირება მძვინვარე, გამოუცნობ და უჩინარ ღვთაებას.“

ლექსის მეორე ნაწილია „ხილვა“, იგი სამსტროფიანია და შემდეგნაირად გრძელდება: „აქ დანდობილა გლეხი სახრეზე, აქ შესწრებია ორშაბათ დილას“ ორშაბათში განსაკუთრებული სიმბოლოა, ხალხურ-ტრადიციული, ან შესაძლოა, ბიბლიურიც.

ავტორი სხვა ლექსებშიც შავ ორშაბათს ახსენებს: „მძლე ქარიშხალი შავ ორშაბათს დარეკავს ზარებს“ („წინათგრძნობა“). ან კიდევ: „კვირაძლის მწუხრზე ჰგავდა ორშაბათს და გულის კვამლი უწვავდა თვალებს“ („დაითენთა“). დიდ ორშაბათს ეკლესია იხსენებს უნაყოფო ლეღვის გახმობას. ბეთანიიდან მომავალმა მაცხოვარმა „იხილა ლეღვი ერთი გზასა ზედა და... ჰრქუა მას: ნუღარ იყოფინ ნაყოფი შენგან საუკუნოდ. და განხმა ლეღვი იგი მეყსეულად“ (მათე 21;19). უსარგებლო, ფუტურო ადამიანიც სწორედ იმ ლეღვს ემსგავსება, რომელიც ნაყოფს არ ისხამს. უნაყოფო ლეღვი აგრეთვე ყველა იმ ქრისტიანის სიმბოლოცაა, რომელიც სინანულის ნაყოფს არ ისხამს. უსინანულოდ ტოვებს ტაძარს „რჯულდაწყვეტილი ექვსი ქართველიც“. „ფუტურო სხეულს გულის სიზმარი შერჩება როგორც გოლგოთის თხრილი“. ამ თავის რითმებია: ახო-ახლოს 2/2, ყუათი-გუმბათი 3/3, შეეფარა- შეგვებღავლა 4/4.

პოეტის მზერა ბეთანიის ტაძარში არსებულ ფრესკებზე ინაცვლებს: „ახლაც კი ვამჩნევ ლაშას სახეზე ჯალალ-ედინის შემოკრულ სილას“. ეს სტროფი განხილული აქვს რუსუდან ნიშნიანიძეს, რომელიც ეყრდნობა აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის გამოკვლევას. მოულოდნელად, 1222 წელს ლაშა-გიორგი გარდაიცვალა, თუ რამ გამოიწვია მეფის უეცარი გარდაცვალება, საისტორიო წყაროებში არ ჩანს. მაგრამ ნათქვამია, რომ მონღოლებთან ბრძოლის დროს მან „პირველი წყლულება“ მიიღო. ივანე ჯავახიშვილის მოსაზრებით, ეს ცნობა ჭაბუკ ლაშა-გიორგის გულისხმობს და მისი გარდაცვალების მიზეზი სწორედ ეს ჭრილობები უნდა გამხდარიყო. თუმცა, ისიც ცნობილია, რომ ჯალალ-ედინი და ლაშა-გიორგი ერთმანეთს ბრძოლის ველზე არც შეხვედრიან, მაგრამ მისმა ლაშქარმა პირველი ბზარი გაუჩინა ერთიანი საქართველოს სიმტკიცეს, „ოქროს ხანას“. ეს პირველი ხელის აღმართვა იყო, რომელიც უძლიერეს სახელმწიფოს შეჰბედეს“.

ლეგენდისა თუ მითის თხრობას კვლავ აგრძელებს პოეტი: „აქ თავის თათით ითხრიდა საფლავს მწყემსდაღუპული სოფლის ნახირი“. ამ სტრიქონებში აშკარად გამოსჭვივის ბიბლიური მწყემსი კეთილისა და სამწყსოს ურთიერთობა. პოეტის ყურადღებას იპყრობს ჟამთა სიავისაგან იავარქმნილი ტაძრის კედლები: „ჟამს ტაძრის კანი ისე დაუხრავს, რომ გარეთ ჟონავს ჭრაქის ნათელი“. ნათელის თანაცალია რითმა ქართველი. შემდეგ კვლავ საინტერესო რითმა ჩნდება: დედავ-ამიგებდა 2/4, დაგეკალი-წინწკალი 4/3, დედაშენს-ზედაშე 3/3, რომელიც სემანტიკურად ძალიან მდიდარია. მისი მოსაზღვრე რითმაა საყდრების გლახა-დაგეტალახა 5/5. ბეთანიის სანახების აღწერა აქ არ მთავრდება: „დაუსუსხია ბზის ბუჩქი ჭინჭარს, ქანდაკება დგას აღთქმული მგზავრის. ტაძრის ფუტურო ქერქში ჭრიჭინებს ვიღაც უძეგლო ხუროთმოძღვარი..“ ლექსის შემდეგი ნაწილი „ლოცვის ანეულია“, რომელშიც ნიკო სამადაშვილის დახატული ადამიანის სახე სხვა განზომილებაშია გადასული, ანუ, იგი ამქვეყნიურ სამყაროს აღარ ეკუთვნის. ამის ნიმუშია შემდეგი სტროფი: „მათხოვარი ზის, როგორც ობობა - მყარ ჯოჯოხეთის მოხდილი პკეა, არც ზღაპარია, აღარც მოთხრობა, ის თითქოს ჩიტებს აუკენკიათ“. როგორც ობობა ცდილობს საცეცებით თავის გადარჩენას, ასევეა მათხოვარი,

რომელიც ეძებს საკუთარ ადგილს ამ სამყაროში, მაგრამ ამაოდ. თემო ჯაფარიძე ამ სტროფის ინტერპრეტაციისას წერს: „მათხოვრის იერსახის ტრაგედია ბევრად სცილდება სოციალურად ბედკრულის გასაჭირს, ზოგადდება და იმდენად საყოველთაო შინაარსს იძენს, რომ მასში მარადისობის მთხოვნელი ზოგადადამიანი დაინახება“. ეს სტროფი ხატოვნებითა და დრამატიზმით, ლექსის მთავარი აქცენტია. კონკრეტულ მათხოვარში შეკრებილია ადამიანის იმედგაცრუება და ტკივილი. ამ თავის რითმებიც ორიგინალურია თავისი ევფონიური სრულყოფილებითაც: მიგვიღეს-გადაგვიტიხრეს 3/5; იჭრება-ნაბიჭვრებს 3/3; ჭინჭარს- ჭრიჭინებს 2/3; და მას მოსდევს სემატიკურად მდიდარ რითმამათა წყვილეულები: აღთქმული მგზავრის-ხუროთმოძღვარის 5/5; ობობა-მოთხრობა 3/3; მოხდილი პკეა-აუკენკიათ 5/5.

შემდეგი თავია „თქმულება“ - ბეთანიის ტაძრის ძველი დიდებულების უკეთ საჩვენებლად პოეტი გვეუბნება, რომ აქ თურმე წარმართებიც კი იყრიდნენ მუხლს გიორგობის დღესასწაულზე. ახლა კი: „სამრეკლო იდგა მუდამ პირქუშად, თუ დარეკავდა, გაყრიდა ნაგავს. სვეტიცხოველი ზურგით ზიდავდა თუნგში ჩამოსხმულ ქოთქოთა არაგვს“. რითმების გარდა, დიდ გიორგობას-კაცობრიობას 5/5, იყრიდნენ-უყურებდნენ 3/4, ნაგავს-არაგვს 2/2, ძვლები-საბძელი 2/3, ფიჩხი-კვრინჩხი 2/2, სხვა სახისმეტყველებითი პასაჟებიც დაუვიწყარს ხდიან ამ სტრიქონებს.

ბოლო თავია „გამობრუნება“ და ლირიკული გმირის ფიქრები და განცდები მძაფრი ტრაგიზმითაა გაჯერებული. ქრისტიანული ტრადიცია ნანგრევებსღა წარმოადგენს არა მარტო მატერიალური, არამედ სულიერი თვალსაზრისითაც. ამიტომ სრულიად ლოგიკურია ლექსის დასასრული და ის განცდაც, რაც აქ სალოცავად ამოსულ პილიგრიმებს ეუფლებათ: „უსინანულოდ ვტოვებდით ტაძარს უკანასკნელი ქრისტიანები“.

ეს ლექსი გამოირჩევა ტრაგიკულობის განცდით, რაც კარგად არის გადმოცემული სხვადასხვა ასოციაციით, იქნება ეს წარმართული, ქრისტიანული თუ ხალხურ-ტრადიციული. და რაც მთავარია, მისი მოულოდნელი და შედგენილი რითმებით, რომელიც თავისთავად გვაგრძნობინებს მთელ ტრაგიზმს. გამობრუნებულები - კაცების ლოცვითა და რითმაში გატანილი ტლანქი მთქნარებით, როგორ უსინანულოდ ტოვებს ბეთანიის ტაძარს ექვსი რწმენადამცრობილი ადამიანი (ტლანქი მთქნარებით-ქრისტიანები 5/5). საინტერესოა ამ თავის სხვა შორეულ-ასოციაციური რითმებიც: გულდაძმარება-ვტოვებდით ტაძარს 5/5, ხან ბექობს ზევით-ხატის მიზეზით 5/5, გზნების მომგვრელი-ვარაზის მგელი 5/5, რომელთა კანონზომიერი აქცენტირებითა და „საყდრის ჩიტის“ რითმიანი გალობით მაინც რომ ავსებულიყო და გამშვენიერებულიყო „ვრცელი და ფუტურო ქვეყნიერება“.

___________________

118. სწორია: ის ხან ანთია მაშხალასავით

3.59 97. ჯავახიშვილი, ანი. ნიკო სამადაშვილის ფერთამეტყველება

▲ზევით დაბრუნება


// ლექსმცოდნეობა: ყოველწლიური კრებული / შოთა რუსთაველის ქართ. ლიტ. ინ-ტი. - თბილისი, 2021. - № 13, ლექსმცოდნეობის მეცამეტე სამეცნიერო სესია (მასალები): ეძღვნება ნიკო სამადაშვილს. - გვ. 306-312.

ფერი, ერთი შეხედვით, მარტივი კატეგორიაა, რომლის შემეცნებასაც ადამიანი განვითარების პირველივე საფეხურიდან იწყებს. რეალურად კი ფერი რთული ფენომენია, რომელიც ადამიანის (ფართო გაგებით სოციუმისა და კულტურის) ფსიქოლოგიურ შრეებთან იმდენადაა გადაჯაჭვული, რომ მონაწილეობს სამყაროს აღქმის მოდელის ჩამოყალიბებაში. ამის გამო ფერებითა და მათი მნიშვნელობით მეცნიერების სხვადასხვა დარგი ინტერესდება და ფერთა დეკოდირებაც სხვადასხვა ჭრილშია შესაძლებელი, იქნება ეს კულტუროლოგია, ფსიქოლოგია, სემანტიკა, ენათმეცნიერება თუ ლიტერატურა.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართულ სააზროვნო სივრცეში ფერს ეგზისტენციალური გაგება აქვს - ქართულ ენაში ფუძე „ფერ“ გამოხატავს საგნის არსებობას, მყოფობას, შდრ: ყველაფერი, არაფერი, ვერაფერი (ინგ. Nothing, გერმ. Nichts, იტალ. Niente). ეს მსოფლმხედველობა იკვეთება ქართული ლიტერატურის უმთავრესი ნაწარმოების „ვეფხისტყაოსნის“ პროლოგშიც: „ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა“ (რატიანი 2013: 40). ამრიგად, ვფიქრობ, ფერებისა და მათი სემანტიკის კვლევა ქართველ მწერალთა შემოქმედებაში განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან ამ ასპექტზე დაკვირვებამ, შესაძლოა, წარმოდგენა შეგვიქმნას ამა თუ იმ მწერლის იდეურ, ფილოსოფიურ და მსოფლმხედველობრივ საკითხებზე, დაგვეხმაროს მისი შემოქმედების ძირითად ცნებათა დეკოდირებაში.

მოცემულ წერილში ვისაუბრებთ მეოცე საუკუნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პოეტის, ქართული სიმბოლიზმის წარმომადგენლის, ნიკო სამადაშვილის (1905-1963) ფერთამეტყველებაზე. გამოვკვეთთ, როგორ აისახება მის შემოქმედებაში ფერთა სამყარო, რა სიმბოლიკა აქვთ ფერებს მის ლექსებში და რა გავლენას ახდენს ფერთა სამადაშვილისეული აღქმა მისი პოეზიის ზოგად მსოფლმხედველობრივ-ფილოსოფიურ ხედვაზე და მის მიმართებას ფერთა ზოგადკულტუროლოგიურ მნიშვნელობასთან. ფერთა ზოგად სიმბოლიკაზე საუბრისას კი დავეყრდნობით ი. ვ. გოეთეს, ბოდრიარის, ვ. კანდინსკის, მ. ლუშერის თეორიებს.

ნიკო სამადაშვილის შემოქმედება ერთობ პესიმისტური და ტრაგიკული ხასიათისაა, თუმცა მის ლექსებში ვხვდებით ფერთა ფართო გამას: თეთრი, შავი, ლურჯი, ცისფერი, მწვანე (ხავსისფერი), ყვითელი, წითელი, ფერადი; აქვეა ფერთან დაკავშირებით შექმნილი თავად ნიკო სამადაშვილისეული ნეოლოგიზმებიც - დუღაბისფერი, ცრემლისფერი; შეგვიძლია ვთქვათ, რომ პოეტის შემოქმედებაში ასახულია თითქმის ყველა ძირითადი ფერი, თუმცა არსებითი ის არის, რომ სამადაშვილის ლირიკაში ყველა ამ ფერს დამთრგუნველი, ტრაგიკული, საბედისწერო კონოტაცია აქვს. თვით ისეთი ნათელი ფერებიც კი, როგორიცაა თეთრი და ყვითელი, რომლებიც, როგორც წესი ასოცირდება სიკეთესა (სინათლე, სითბო, მზე) და ბედნიერებასთან, ნიკო სამადაშვილთან დაღდასმულია ტრაგიკულობის ნიშნით. ამის საილუსტრაციოდ ქვემოთ განვიხილავთ რამდენიმე მაგალითს სხვადასხვა ფერის საფუძველზე.

დავიწყოთ მწვანე ფერით - მწვანე ასოცირდება დედა-ბუნებასთან, გაზაფხულთან, რის გამოც ადამიანის ქვეცნობიერი მას აღორძინებასთან, ჯანმრთელობასა და სულიერ აღდგენასთან აკავშირებს. ეს ფერი დადებითად მოქმედებს ადამიანის განწყობაზე, იწვევს სიმშვიდის, სიმყუდროვის განცდას, რის გამოც მას ხშირად იყენებენ საცხოვრებელი ინტერიერის შერჩევისას, ასევე, საზოგადოებრივი დაწესებულებების ინტერიერშიც (ხშირად კლინიკებში) ხშირად დომინირებს მწვანე. ლიტერატურაშიც მწვანე უმთავრესად ბუნების წიაღთან - სამყაროს მარადიულობასთან (მითოსურ არქეტიპებთან - ნიცშე) და აქედან გამომდინარე, სიცოცხლესთან კავშირზე მიუთითებს, თუმცა ნიკო სამადაშვილის შემოქმედებაში მწვანე ფერი სიკვდილის, გახრწნის ასოციაციებს იწვევს, შდრ.:

„თავის ქალაში მწვანე ხვლიკი შეძვრება ღამე,
ძვლებზე შემხმარი დაფიქრება მოეწონება
და მატლებდახრულ თვალებიდან გახედავს ღამეს.“

(„გამხმარი კაცი“)

ნიკო სამადაშვილის ლირიკაში სევდიანი განწყობილების მატარებელია ცისფერი და ლურჯი ფერებიც. საზოგადოდ ეს ფერი უპირველესად აღძრავს ზღვის (წყალი) და ცის ასოციაციებს, რის გამოც ის უსაზღვროებასა და მარადიულობას უკავშირდება. ამის გამო ეს ფერი განსაკუთრებით ფართოდაა გამოყენებული ლიტერატურაში და ის რომანტიკოსთა ერთგვარ სიმბოლოდაც იქცა. ცისფერი იქცა მიღმიერების, ტრანსცენდეტალურობისა და დაუსაბამობის გამომხატველ სიმბოლოდ, რაც ნათლად იკვეთება ქართველ რომანტიკოსთა შემოქმედებაში (შდრ.: ნიკოლოზ ბარათაშვილის „ცისა ფერს, ლურჯსა ფერს...“). მ. ლუშერის თანახმად ცისფერი განტვირთვის, სიმშვიდის, სინაზის აღმძვრელი ფერია და ეხმიანება ადამიანის გრძნობად-ემოციურ სამყაროს. გოეთეს აზრით, ლურჯი ფერი აღძრავს სევდას.

ნიკო სამადაშვილის პოეზიაში ლურჯი/ცისფერი, რომანტიკოსთა მსგავსად, უსასრულობასთან ასოცირდება, თუმცა აქ მას აღარ აქვს კავშირი რელიგიურ მისტიციზმთან: ლურჯი ცა უსასრულო და მარადიულია, თუმცა ის ვერ ცვლის „უშინაარსო“ დღეების უფერულობას, მარადიულ ზეცასა და ადამიანურ ცხოვრებას შორის აქ სამუდამოდაა გაწყვეტილი კავშირი, ადამიანი დარჩენილია უიმედოდ მარტო „გაუთენარი დღეების“ უსასრულობაში (იხ. ლექსები: „გასეირნება“, „ჩემი თბილისი“, „პალმები“ „ღია ბარათი“...), შდრ.:

„სადაც სილურჯე თვალს უსწორდება,
თან ბურუსია ბავშვივით წრფელი
იქ თავდებოდა უსაზღვროება...
მე ქრისტე მწამდა, შენ - ბუდას რჯული
და მოგვყვებოდნენ უკან ჩურჩულით
გაუთენარი ჩვენი დღეები...“

(„გასეირნება“)

ყვითელი ერთ-ერთი ყველაზე ამბივალენტური ფერია - ერთი მხრივ, ის უკავშირდება მზეს, სინათლესა და ოქროს ბრწყინვალებას, რითაც აშკარად დადებითი კონოტაცია აქვს, თუმცა ყვითელი ასევე აღძრავს შემოდგომის მოგონებებსაც, რის გამოც ის სიკვდილთან, ავადმყოფობასთან ასოცირდება. უნდა აღინიშნოს, რომ დასავლურ ლიტერატურაში ყვითელი ძირითადად დადებით კონტექსტში გამოიყენება, რასაც შესაძლოა საფუძვლად ედოს ქრისტიანული ნათლის (მზის) ესთეტიკა, რაც ბიბლიიდან მომდინარეობს. ამავე აზრს იზიარებს გოეთეც, რომელიც მიიჩნევს, რომ ყვითელი ასოცირდება ბედნიერებასთან, რადგან ის ახლოსაა სინათლესთან. გოეთეს ცნობილ ფერთა ბორბალზე („Farbenkreis“) ყვითელი ნარინჯისფერსა და მწვანეს შორისაა და შეფასებულია, როგორც „კარგი“ (გუტ), ანუ ის დადებით გავლენას ახდენს მაყურებელზე.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, ნიკო სამადაშვილის შემოქმედებაში ყვითელი სევდიან განწყობილებას ქმნის - პეიზაჟში ყვითელი ფერის შემოტანით გარემო კიდევ უფრო იყინება და კიდევ უფრო მეტად იგრძნობა სიცივე (უმზეობა); ეს ფერი მზით გამთბარ ატმოსფეროს ვეღარ ქმნის, პირიქით, მარტოობასა და მიუსაფრობასთან ასოცირდება, შდრ.:

„გაუხარელი დღეები არი,
გაუხარელი ამინდები სდგას...
ხევის სიყვითლე, შარა დაღლილი
მონასტრის ზღურბლთან შეშლილი ბერი.“

(„ამინდები“)

„ღამე ლოკავდა ყვითელ სამრეკლოს
მინდოდა ზეცა გადამერბინა
და საფლავები სტვენით ამეკლო.“

(„გადმორბენა სამყაროსკენ“)

განსაკუთრებულ ყურადღებას გავამახვილებთ კიდევ ორ ფერზე - შავსა და თეთრზე, რადგან, ვფიქრობთ, რომ ამ ორ ფერზე დაკვირვებით ნათელი ხდება ნიკო სამადაშვილის კონცეპტუალური დამოკიდებულება ფერებთან მიმართებით, იკვეთება თუ რა მიზნით იყენებს ის ფერებს თავის შემოქმედებაში და როგორ ატმოსფეროს, როგორ განწყობილებას ქმნიან ფერები მის ლირიკაში.

შავი და თეთრი ერთ-ერთი ყველაზე მეტად გავრცელებული ოპოზიციური წყვილია და დასავლურ სამყაროში ძირითადად ისინი გამოხატავენ დღისა და ღამის, ნათელისა და წყვდიადის, სიკეთისა და ბოროტების დაპირისპირებას. აღმოსავლურ კულტურებში შესაძლოა შევხვდეთ ამ ფერთა განსხვავებულ სიმბოლურ მნიშვნელობას (მაგალითად ინდოეთში თეთრი უკავშირდება გლოვას - ქვრივ ქალებს ამ ქვეყანაში ყოველთვის თეთრი სარი აცვიათ; იაპონიაში კი შავი ასოცირდება სიმშვიდესა და სიხარულთან), თუმცა დასავლურ სააზროვნო სივრცეში ამ ფერთა სიმბოლიკა ძირითადად უცვლელია და ეს ფერები თავისი ვარიაციებით (სინათლე/სიბნელე, დღე/ღამე და ა.შ.) დასავლურ ლიტერატურაში ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ სიმბოლურ ოპოზიციას ქმნიან.

ნიკო სამადაშვილის ლირიკაში შავი ფერი სიკვდილის, სიცარიელის ასოციაციას ქმნის, რაც, მისი მსოფლმხედველობიდან გამომდინარე, მოსალოდნელიცაა. შავი ფერი აქ ხშირად მოიხსენიება სასაფლაოსთან მიმართებით, რაც განსაკუთრებულად მძიმე, ტრაგიკული მნიშვნელობით ტვირთავს ამ ფერს:

„მონასტრის ზევით ვხედავდი შავად
სივრცეში გაკრულ ადამიანებს...“

(„შეუსაბამობის ხილვა“)

„შავი ღრუბლების ზედახორა სივრცეებს ფლობდა
უსასრულობას ქარბუქების ღმუილი დრეკდა,
რაღაც სიჩუმე დაჰყურებდა ცივ სასაფლაოს.“

(„დაგასაფლავეს დიდ მუნათით და მიგატოვეს“)

„და ისევ ღამე კუნელის ფერი,
შავი, ბუღრია, ვით ჯოჯოხეთი.“

(„ფრესკები ჩონგურზე“)

შავი ფერით შემოტანილი ასეთი მძიმე განწყობილების შემდეგ მოსალოდნელი იქნებოდა, რომ თეთრი ფერი მიგვითითებდეს ბედნიერებაზე. მით უმეტეს, რომ საზოგადოდ თეთრი ფერი ასოცირდება სიკეთესთან, სინათლესთან, რწმენასთან, მომავლის იმედთან. თანაც თეთრთან დაკავშირებული მზისა და ნათლის ესთეტიკა ქართული სახისმეტყველების საფუძველია. თუმცა ნიკო სამადაშვილის პოეზიაში თეთრი ფერიც გამოხატავს სიკვდილს - მის შემოქმედებაში თეთრი/შავი (ნათელი/ბნელი) ოპოზიცია არ დგება და თეთრიცა და შავიც მიგვანიშნებს გარდაუვალ სიკვდილზე, რაც მეტყველებს სრულ ონტო-ეგზისტენციალურ კრიზისზე, შდრ:

„მთვარის სინათლე გაგიჭრის საფლავს,
მოჩარდახებულს თეთრი ფრესკებით.“

(„ფრესკები ჩონგურზე“)

ყურადღებას გავამახვილებთ იმ ფაქტზეც, რომ ნიკო სამადაშვილის ლირიკაში გვხვდება ჭრელი ფერიც. აღსანიშნავია, რომ ჭრელი იწვევს მრავალფეროვნებას, ბუნების მრავალმხრიობის ასოციაციებს, თუმცა ნიკო სამადაშვილი ამ ფერსაც უარყოფითი მნიშვნელობით ტვირთავს, კერძოდ, ის ასოცირდება სიკვდილთან:

„ჭრელი მტრედები კუბოს ასწევენ,
ზარებს დარეკავს მიწების რიგი.“

(„ჭრელი მტრედები კუბოს ასწევენ“)**

სევდიან განწყობილებას ქმნის თავად ნიკო სამადაშვილის მიერ შექმნილი ფერთან დაკავშირებული ნეოლოგიზმებიც, რაც ხაზგასმულია თავად ამ ნეოლოგიზმთა დასახელებაშიც:

„ამ დროს ვიღაც ხრჩოლავდა ქარში
აქ ცრემლისფერი ამინდებია.“

(„სტრიქონების ქარაფი“)

ზემოთ წარმოდგენილი კვლევის საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ნიკო სამადაშვილი ფერებს იყენებს დამთრგუნველი, მძიმე, ტრაგიკული განწყობის გადმოსაცემად და მის ლირიკაში ნათელი ფერებიც ბნელ პეიზაჟებს ქმნიან. ვფიქრობთ, ნიკო სამადაშვილის ლირიკის მხოლოდ ამ ერთ ასპექტზე - ფერებზე, დაკვირვებაც ცხადყოფს პოეტის მოდერნისტულ დამოკიდებულებას სამყაროსთან - მის ერთგვარ ძრწოლას დესაკრალიზებული, უღმერთო (ნიცშე) სამყაროს მიმართ, სადაც ადამიანი დარჩა უიმედოდ მარტო დაცარიელებულ, უაზრო სივრცეებში.

3.60 98. ჯალიაშვილი, მაია. ნიკო სამადაშვილის პოეზიის ესთეტიკა

▲ზევით დაბრუნება


// ლექსმცოდნეობა: ყოველწლიური კრებული / შოთა რუსთაველის ქართ. ლიტ. ინ-ტი. - თბილისი, 2021. - № 13, ლექსმცოდნეობის მეცამეტე სამეცნიერო სესია (მასალები): ეძღვნება ნიკო სამადაშვილს. - გვ. 198-207.

სამყაროს პოეტური მეტამორფოზის სრულიად განსხვავებული მხატვრული მოდელები წარმოჩნდა ნიკო სამადაშვილის პოეზიაში. მისი ესთეტიკა, ერთი მხრივ, ეფუძნება ტრადიციულ გამოცდილებას, მეორე მხრივ, ქართული და მსოფლიო მოდერნისტული პოეზიის ინოვაციურ ძიებებს. ნიკო სამადაშვილის პოეტური აზროვნების დროსივრცული არეალი სამყაროს პირველსაწყისებს სწვდება და წარმოაჩენს, როგორ იბადება ქაოსიდან კოსმოსი, როგორც მხატვრულ სახეთა სისტემა:

„სადღაც მნათე ზეცის თაღს რეკს,
წუთისოფლის კარგა გაღმით,
ქაოსები გზებს კენკავენ,
ასე ხდება ყოველ ღამით.“

(„ალიონამდე“)

მას აქვს კოსმიური სმენა და ყნოსვა, ამიტომაც შეიგრძნობს პლანეტარულ მუსიკას, რომელიც უშორესი სივრცეებიდან მოესმის და სიცოცხლისა და სიკვდილის, სიყვარულისა და სიძულვილის, სიკეთისა და ბოროტების ჭიდილის ქარიშხლიან და სასტიკ ბრძოლას სწორედ ამ ეგზისტენციალური საკითხების ჭრილში ხატავს:

„ზეცა სივრცეებს აზანზარებდა
და მზე ყვიროდა ქვეყნის ბოლოდან...“
(„ჩემს ორეულს, ბუღალტერ ნიკო სამადაშვილს,
პოეტ ნიკო სამადაშვილისგან (თუ პირიქით)“

მისი ლექსების სტრიქონებიდან, უცნაური და იდუმალი ენერგიით დამუხტული, თავბრუდამხვევი მხატვრული სახეებიდან, წარმოსახვის უხილავი განზომილებიდან სამყარო თითქოს ახლიდან იბადება, გამოარღვევს უსახელობისა და უარსობის სიბნელეს და სინათლით ივსება:

„წარმართთა ძვლებზე იდგა ტაძარი,
ზევით ლეგენდა მიჰქონდათ მთიებს,
ძირს წმინდა ნინოს ნაფეხურები
ჰგავდნენ სისხამზე მოკრეფილ იებს...“

(ატენის სიონი“)

„სამადაშვილის ყოველი ლექსი მისი სულიერი აპოკალიფსია, - საკუთარ თავთან ჭიდილსა და მის მეურვე უარყოფილი ქვეყნების წინაშე პირისპირ დგომის დოკუმენტი. პირქუშ ხილვებთან ერთად მასში აღნუსხულია მისი შინაგანი ცხოვრების ბევრი ნათელი წამი“, - წერს ზურაბ კიკნაძე (კიკნაძე 2003: 517). ნიკო სამადაშვილის მეტაფორების თვალისმომჭრელ სინათლეში მკითხველი შეიგრძნობს ღვთის მზერასაც. წუთისოფლის ამაოება, ყოველდღიური წვრილმანებით გათანგული ადამიანური ყოფა, თანამედროვე ცივილიზაციის სულიერი კრიზისი, უმიზნობის, უიმედობისა ჯოჯოხეთური ქაოსი პოეზიით დაიძლევა:

„მზე გადიოდა ცას ბორანივით,
ტყეში შიშველი ქარი კიოდა,
ლექსს იძახოდა ხიდან ყორანი,
ქრისტე მოჩანდა საიქიოდან“.

(*** „მზე გადიოდა ცას ბორანივით“)

რევაზ სირაძე ერთ წერილში, ნიკო სამადაშვილს რომ ეძღვნება, სვამს კითხვას: „არის კი საერთოდ ღირსი პოეზიისა ადამიანი?“ და ასე უპასუხებს: „თუ ყოვლისმომცველია ის დასკვნა, რომ - „ამ დასაქცევ დედამიწაზე ბედნიერებაც დასაგმობია“ („აქერცლილი მინიატურები“), და თუ მაინც მიესწრაფვის პიროვნება პოეზიას, ეს იმიტომ, რომ პოეზია არჩევანი კი არ არის, პოეზია ბედისწერაა. აქ მაინც არის რაღაც წესრიგი, თუნდაც ეფემერული, მაგრამ ამასაც აფერმკრთალებს ქაოსი... როცა ვერაფრით ვერ დაიძლევა ქაოსი, ის შეიძლება პოეზიამ დაძლიოს“ (სირაძე 2006: 8).

ნიკო სამადაშვილის უჩვეულო და უცნაური მხატვრული სახეები იწვევენ მკითხველის სულიერ შეძვრას. როგორც ზურაბ კიკნაძე წერს: „იგი თითქოს სხეულის ფორებიდან დენიდა გარეთ სათქმელს, აუცილებელს და ეს იყო მისი ერთადერთი ნუგეში, სულის დაამება, გულზე მომშვები კათარსისი… ამ ეზოთერულ საიდუმლოებას შემოქმედებისას თავად ამხელს იგი საკუთარი თავისადმი მიმართულ ლექსში („ნიკო სამადაშვილს“): „ავადმყოფობა ეგონათ, ბიჭო,/ ლექსები, ტანზე გამონაყარი“ (კიკნაძე 2003: 514).

ამას კარგად გრძნობდნენ მისი პოეზიის დამფასებლები: ერეკლე ტატიშვილი, გალაკტიონ ტაბიძე, გერონტი ქიქოძე, ვახტანგ კოტეტიშვილი. სწორედ მათი შეფასებები იყო მძლავრი სტიმული იმისა, რომ ეწერა, თუნდაც ვერასოდეს დაბეჭდილიყო. საბჭოთა ეპოქაში მისი ლექსები ვერც გამოიცემოდა, რადგან აშკარა იქნებოდა ავტორის პროტესტი და იმ მხატვრული ენის მიუღებლობა, რომელსაც იდეოლოგია არა მხოლოდ უკარნახებდა, არამედ უბრძანებდა, რომ გამოეყენებინა. თამაზ ჩხენკელის აზრით, „მის მიმართ დე-კუინსის სიტყვები იქნებოდა ზედგამოჭრილი: „ამრიგად, მან იხილა საგნები, რომელთა ხილვა არა ხამს. მან იხილა გულისამრევი, ამაზრზენი სანახაობა და ენით უთქმელი საიდუმლოება. მან წაიკითხა უძველესი ჭეშმარიტებები, დამაღონებელი ჭეშმარიტებები, დიადი და შემზარავი ჭეშმარიტებები“ (ჩხენკელი 2003).

ნიკო სამადაშვილი თითქოს ახლიდან არქმევს სახელებს საგნებსა და მოვლენებს, რომლებსაც წყვდიადს გამოსტაცებს, განწმენდს და განსხვავებული მნიშვნელობებით ავსებს: „დედამიწა უკუნეთის ქარაფების წინ ინჯღრეოდა. ხუფაყრილი ვულკანები ყვიროდნენ. უსაზღვროების გაუვალ ხრიოკებში ელდანაცემი პლანეტები ბღაოდნენ“. ის თითქოს ათავისუფლებს სხვადასხვა ჩარჩოსა და საზღვარში მოქცეულსა და დატყვევებულ ადამიანის სულს და ღვთაებრივ კანონებს აზიარებს. ამიტომაც წერს რევაზ სირაძე: „ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ნიკო სამადაშვილის პოეტური სახელდებანი საგნებისა და ხდომილებისა, სიტყვათა „მეორადი მოდელირება“ კი არაა, არამედ მათი პირველყოფილი, „ადამური“ განცდაა. სიტყვები კარგავენ მეტაფორულობას და მისტიკურ სახელდებად იქცევიან“ (სირაძე 2006: 11).

მის პოეზიაში მოდელირებული სამყარო გასცდება რაციონალური აღქმის საზღვრებს და მისტიკური შეგრძნებებით იტვირთება. მკითხველი გრძნობს, როგორ შემოიჭრება წარმოსახვაში სიზმრისა და ხილვის დარად უცნაური, უცხო სანახები და ლოგოსის ძალით ლაზარესავით აღდგება სიტყვის დაფარული შინაარსები. პოეტი ვარსკვლავთა კიაფში ხედავს მიღმა სამყაროსკენ გამავალ გზებს:

„და კიაფობდნენ შორს ვარსკვლავები
- მარადისობის ჭუჭრუტანები.“

(„მოსწყდით“)

მისი პოეზიის ნიცშეანური მოტივები, რომლებიც, ერთი მხრივ, აბსურდული ყოფის ამაოებას, ადამიანის ღვთისგან მიტოვებულობას გამოხატავენ:

„ქუჩებში მარტო და გაცრეცილი,
გზებგადამცდარი ნიცშე ბღაოდა.“

(„მოგონება“)

ბნელ გეთსიმანიის ბაღში დიდხანს ტრუბადურობდი, ღმერთების ჯოგი გოლგოთაზე გელანდებოდა, დასწყევლოს ჭირმა, რაღა ნისლებს დაუმეგობრდი! („ქვეყნიერებას უცქეროდი ათასნაირად“) მეორე მხრივ, სადღაც, ქაოსის მიღმა არსებული კოსმოსის პოვნის იმედსაც აღძრავენ. მის პოეზიაში იხატება წარმართული, მითებისა და ლეგენდების უცნობი სამყარო, საიდანაც გამოიკვეთება ქრისტეს ნათელი სახე, როგორც ხსნის გზა: „მიწა გაირღვა, თითქოს ქვესკნელმა / ამოისროლა ტაძრის გუმბათი“ („უკანასკნელი ქრისტიანები“), „საუკუნეებს მაცხოვარი გაჰყვება მეხრედ, საუკუნეებს - დასაბამი რომ მოაძოვა“ („გარეთ“). მისთვისაც, როგორც ნიცშესთვის, „სამყაროს არსებობა გამართლებულია მხოლოდ როგორც ესთეტიკური ფენომენისა“ (ნიცშე 2016: 39). თამაზ ჩხენკელი წერს: „მისი პოეზიის ფორმისმიერი მასალა ან გარეხედი ფესვეულად ეროვნულია (ეთნიკურიც კი) უმცირეს დეტალებამდე და იგი სათავეს ხალხური აზროვნების წიაღიდან იღებს, რომელშიც ორგანულად იყო შერწყმული წარმართული კოსმიზმის წარმოდგენები და ქრისტიანული დღესასწაულებისა და ზნე-ჩვეულებების პათეტიკური სილამაზე, ხოლო შინაარსი უნივერსალური, ამავე დროს, უაღრესად თანადროულია და ზოგად ხაზებში დასავლეთის ახალ პოეზიას ენათესავება“ (ჩხენკელი 2003: 509).

„პოეზია სიმინდის ქოჩოჩი როდია. ის გულამოსკვნილი სიმღერა არის, ის ხელოვნების ცისკრის ციმციმზე და მარადისობის ატეხილ ზარების ჰანგებზე როკავს, პოეტი ქარივით ამოვარდება, რომ სამყაროს ნისლმოდებული კალთები შეაშრიალოს; თუ გინდა დაუსაბამობის კიდეებამდე გაუბი ყორე, ის თავის სწრაფვას როდი შეიცვლის, ის ქნარის სიმებს აგიწკრიალებს, თუ გაქვავია“, - წერს ნიკო სამადაშვილი ნოველაში „ქარაგმა“. ამგვარად, პოეზია ათავისუფლებს ადამიანს სხეულებრივი, მატერიალური სამყაროს ტყვეობიდან, ჩარჩოებს ამსხვრევს და სულს უკიდეგანო სივრცეებში

ამოგზაურებს. მკითხველს პოეზია უვითარებს უნარს, პოეტთან ერთად შეიგრძნოს არსებობის იდუმალი საზრისი და ასტრალურ განზომილებაში შეღწევის განცდა. ნიკო სამადაშვილის პოეზიაში ერთმანეთს ერწყმის დიონისური და აპოლონური საწყისები და უჩვეულო ემოციით იმუხტება სტრიქონები. დიონისურია ცხოვრება, რომელიც შემთხვევითობათა დაუსრულებელ თამაშზე, ერთგვარ კარნავალურ სტრუქტურაზეა აგებული. მისთვისაც, როგორც გალაკტიონისთვის, მახლობელია განცდა, „იგი ტრიალებს ვით თვალი ქორის, / ეს საუკუნე - მეფისტოფელი“ („ბრმა ცალი თვალით“). მისთვისაც დრო დემონიზებულია, როგორც გალაკტიონსა და ბოდლერთან, დრო ანადგურებს ყოველივე ძვირფასსა და სანუკვარს. ამ შემთხვევაში, ვგულისხმობთ როგორც ეგზისტენციალურ დროს („ალბათ ავდრებიც თან წაიღებენ /საუკუნეთა ხშირ კენწეროებს“ („აგარაკი“), რომელიც გულგრილად მიედინება, ასევე პოეტის საკუთარ დროს, რომელიც ამ საერთო მდინარებას ერთვის, მაგრამ იგი წარმოსახვითი სამყაროს შექმნით ცდილობს, თავისი დრო პოეზიით გააუკვდავოს:

„შეაღებ კარებს, დაგავიწყდები
და ჟრუანტელი ბოლოს მომიღებს.“

(„აგარაკი“)

„ნიკო სამადაშვილის ლექსების კითხვისას ჩნდება ასეთი ფიქრი: მიწა კარგავს ნათელ-მირონს და ცამდე აღწევს ურწმუნოება. ამიტომ ჰაერი უნდა აღივსოს ანგელოზებით, როგორც ეს „სიქსტის მადონას“ ჰაეროვან ფონშია და სული უნდა აღივსოს წარმოდგენებით, რომლებიც განიმსჭვალება სულიერი საქართველოს სახეებით, როგორიცაა, თუნდაც, მცხეთის-ჯვრის კარიბჭის ბარელიეფი, სადაც ფრთოსან ანგელოსებს ზეცად მიაქვთ ტოლფერდა ჯვარი, ჩასმული მარადისობის წრეში. ვფიქრობთ, ასეთი წარმოდგენები ხდებოდა წყარო ნიკო სამადაშვილის სახისმეტყველებისა: „ქარები მთვარეს ასწევენ მაღლა“ („ქედი სივრცეში“), - წერს რევაზ სირაძე (სირაძე 2006: 4).

მის პოეზიაში დროის წინააღმდეგ ამბოხი გულისხმობს არა მხოლოდ უკვდავების წყურვილს, არამედ იმ კონკრეტული ეპოქის გადალახვასაც, რომელიც ტოტალიტარიზმის ნიშნით იყო აღბეჭდილი. დიქტატურა ჰარმონიის მესაფლავეა, ის არის დემონური, ქაოსური ძალა, რომელსაც ნიკო სამადაშვილი ქრისტიანული რელიგიის რწმენით უპირისპირდებოდა, ქრისტე, ღვთისმშობელი თუ ანგელოზები მის პოეტურ ხილვაში იმგვარად განიცდებიან, თითქოს მათ შორის ცხოვრობდეს. ეს მკითხველსა ამგვარსავე განცდას უჩენს:

„ვით უკვდავება, წყარო ანკარა,
აცისკროვნებდა ირმების ფერდობს.
ქრისტემ ბავშვობა აქ გაატარა
და ღვთისმშობელი უგვიდა ეზოს.“

(„ატენის სიონი“)

„შოპენჰაუერის აზრით, მუსიკა საგნების სულის მხილებაა და მათი უშუალო ექსპრესია“ (ტატიშვილი 1993: 7). ამ ექსპრესიას შეიგრძნობს ნიკო სამადაშვილი და უჩვეულო მხატვრული სახეებით გადმოსცემს. ის აღმერთებდა თავის მოძღვარს, ერეკლე ტატიშვილს, რომელთანაც გრძნობდა სულიერ ნათესაობას. ლექსში მისი პორტრეტის ხატვისას თავისსავე შინაგან სამყაროსაც გამოკვეთს:

„ქვეყნიერებას უცქეროდი ათასნაირად,
წარმართ თვალებზე ქრისტეს წყევლა გქონდა აკრული.
ბნელ გეთსიმანის ბაღში დიდხანს ტრუბადურობდი,
ღმერთების ჯოგი გოლგოთაზე გელანდებოდა.“

(„ქვეყნიერებას უცქეროდი ათასნაირად“)

ნიკო სამადაშვილისთვის ერეკლე ტატიშვილი მოუხელთებელი და სიზმარეული არსებასავით იყო:

„აგეკვიატე, ნეტა რა ჭირად?
შენ რას აგწერდა რემბრანტის ფუნჯი.
ამ დროს ხელებში გველი გიჭირავს,
და თვალებიდან მოსჩანს ფასკუნჯი.“

(„სიზმრების ნაღვერდალი“)

ერეკლე ტატიშვილი მისთვის იყო უძველეს ხეთელთა თანამედროვეობაში შემოხეტებული აჩრდილი:

„როცა გვხვდებოდი, ჩემს საგონებელს,
ვფიქრობდი, ვუმზერ შუბლმაღალ ხეთებს.
შენ რომ წახვედი, ასე მგონია,
მთელი ქვეყანა თან გაიხვეტე.“

(„ერეკლეს“)

როგორც ვერგილიუსი მიუძღოდა დანტეს ჯოჯოხეთის სანახების მოსახილველად, ასეთ მეგზურად იქცა ერეკლე ტატიშვილი ნიკო სამადაშვილისთვის ცხოვრების ჯოჯოხეთში. მის მიერ ნათარგმნმა ნიცშეს „ესე იტყოდა ზარატუსტრა“ დიდი სულიერი საზრდო მისცა პოეტს, ამიტომაცაა, რომ ამ წიგნის გამოძახილი შეიგრძნობა მის პოეზიაში. როცა 10 წლის მთაში განდეგილობის შემდეგ ბარში დაშვებული ზარატუსტრა მოხუც განდეგილს ნახავს და გაესაუბრება, მასთან განშორების შემდეგ იტყვის: „ამ მოხუც წმინდანს ღმერთის სიკვდილი ჯერ არ სმენია“. ნიკო სამადაშვილის პოეზიის ლირიკულ გმირს კი სმენია ღმერთის გარდაცვალების ამბავი და ამის გამო გლოვას შესდგომია. მას თვალი მიუპყრია სამყაროსთვის და იქ სხვა ღმერთების ძებნას შესდგომია ამ განცდის ამსახველია სტრიქონები:

„უსინანულოდ ვტოვებდით ტაძარს
უკანასკნელი ქრისტიანები.“

(„უკანასკნელი ქრისტიანები“)

ზარატუსტრა ქალაქის მოედანზე შეყრილ ხალხს ეუბნება: „გასწავლით ზეკაცს. ადამიანი რაობაა, რომლის ძლევა ჰხამს“. „ამჯობინებთ კვლავ ცხოველებად უკუიქცეოდეთ, ვიდრე სძლევდეთ ადამიანსა?“ „განვლეთ გზა მატლით ადამიანამდე და ბევრი რამ არის თქვენში მატლური“ (// „მატლ ვარ და არა კაც“ (ფსალმუნი“). ოდესღაც მაიმუნები იყავით და ახლაც ადამიანი უფრო მაიმუნია, ვიდრე თვით მაიმუნი“. „ოდესღაც ღვთის გმობა უდიდესი გინება იყო, ხოლო ღმერთი მოკვდა და მასთან ერთად მისი მაგინებელნიც“. „ადამიანი თოკია ცხოველსა და ზეკაცს შორის - თოკი უფსკრულს ზედა“, ნიცშეს აზრით, ადამიანი გარდამავლობაა (ნიცშე, „ესე იტყოდა ზარატუსტრა“).

ქაოსის განცდა ორგვარი შეიძლება იყოს. გარეგანი: სამყაროს უსამართლობით, ბოროტებით, სიმახინჯით, ამაოებითა და ათასგვარი უბედურებით აღძრული და შინაგანი - უმიზნობით, გაურკვევლობით, ურწმუნოებით, არჩევანის შეუძლებლობით, ყოყმანით, გონებრივი უძლურებისა და უსიყვარულობით წარმოშობილი. ნიკო სამადაშვილის პოეზიის ლირიკული გმირი ორივეს მძაფრად განიცდის. მას ერთდროულად უყვარს და სძაგს კიდევაც მიწა, მატერიალური, ხრწნადი. ქრისტეს რწმენას დროდადრო მოაქვს შინაგანი სიმშვიდის განცდა, რომელიც გარესამყაროსაც აწესრიგებს, მაგრამ ეს დიდხანს არ გრძელდება. ფიქრთა ნაკადები ქარიშხლებად იქცევიან და ჰარმონიას კვლავ ქაოსად აქცევენ. მაშინ იბადება სწორედ ასეთი სახეები:

„მათხოვარი ზის როგორც ობობა,
მყრალ ჯოჯოხეთის მოხდილი პკეა,119
არც ზღაპარია, აღარც მოთხრობა,
ის თითქოს ჩიტებს აუკენკიათ.“

(„უკანასკნელი ქრისტიანები“)

…ამ სტრიქონებზე თამაზ ჩხენკელი წერს: „მარტო პირველი სტრიქონი იკმარებდა მათხოვრის ნიშანდობლივი სურათის დასახატავად, მათხოვრისა, რომელიც გატვრინული და უსახურია და ნაწყალობევს ხარბად აცხრება. მეორე სტრიქონი პირველის ფსიქოვიზუალურ სურათს ყნოსვისმიერ შეგრძნებასაც უმატებს, ამავე დროს ფსიქოლოგიურად კიდევ უფრო აღრმავებს ამ სურათს. ჯოჯოხეთი თავისთავად საშინელი და შიშის მომგვრელია. სიმყრალე ამძაფრებს და ზიზღის ნიუანსს უმატებს ამ ნიშანს. მოხდილი პკე დაღვლარჭნილობის, საძაგელი სისველის განცდას იწვევს, პკე - ღვინის ობი - ავადმყოფობაა და იგი, როგორც უვარგისი, არასასურველი რამ, მოსაშორებელი და გადასაგდებია. მესამე სტრიქონში მათხოვარი საკვირველად არის წარმოსახული. იგი არ არის მკვეთრად გარკვეული რამ, არც ცხადლივია, არც სიზმარეული, არც ნამდვილი, არც მოჩვენებითი. იგი თითქოს წაშლილი და ბოლომდე შეუცნობელია. მეოთხე სტრიქონი ფანტასტიკურია. ეს ადამიანთათვის უვარგისი, საზიზღარი არსება გადაგდებულია და მას ჩიტები კენკავენ, როგორც დამპალ ნაყოფს ან ცხოველთა სკორეს. ეს ასოციაცია აუცილებლობით იბადება, თუმცა ეს არ არის თქმული. მეოთხე სტრიქონი ფაქტიურად მესამეს ხსნის. მათხოვარი იმდენად უსახო, გაურკვეველი რამ არის, რომ ჩიტების აკენკილ რასმე ჰგავს. ეს სტროფი ამომწურავად, უჩვეულოდ თვალსაჩინო და ხელშესახებ, ფსიქოლოგიურად ღრმა და მართალ სურათს იძლევა. მაგრამ მთავარი ეს არ არის. იგი ჩვენში იწვევს რაღაც საშიშროების თუ საზარლობის განცდას და მკითხველში ავტორის ჩანაფიქრისათვის სასურველ განწყობილებას ჰქმნის“ (ჩხენკელი 2003: 512). თამაზ ჩხენკელს სამადაშვილის ერთგვარი გაორებული, ქაოსური ყოფა (თან რევიზორ-ბუღალტერი, თან პოეტი) ფრანსუა ვიიონის ცხოვრებას აგონებდა. მის მხატვრულ სახეებს ელიოტს ანათესავებდა („ფუტურო ადამიანები“), ზოგიერთ სტრიქონს კი - ქუინსის პოეზიას, იაპონურ ტანკებს. ამგვარად, ხაზს უსვამდა მისი პოეტური მსოფლმხედველობის მასშტაბებს, იმ დიდ ენერგიას, რომლითაც ის თავისი ლექსების სახით ახალ პოეტურ განზომილებებს, ახალ პოეტურ სამყაროებს ქმნიდა. მისი აზრით, „არის რაღაც ხასიათისმიერი ანგრეულობა, რაღაც შინაგანი მოუწესრიგებლობა მის ლექსებში, რაც უცნაურ სიცოცხლისუნარიანობად თუ იმპულსურ ძალმოსილებად განიცდება. მისი ბევრი ლექსი მე მაგონებს გაუცრელი თიხისაგან გამომწვარ ასიმეტრიულ დოქებს, რომელთაც ამჩნევიათ კოჟრები და ზოგჯერ მომტვრეული აქვთ ტუჩი ან ყური, მაგრამ რომელშიც შეურყვნელი, მაგარი ძელგი ღვინოა ჩასხმული“ (ჩხენკელი 2003: 511).

ქაოსსაც აქვს უჩვეულო და უცხო სილამაზე, რომელსაც დიდი პოეტები შეიგრძნობენ და უჩვეულო მხატვრული სახეებით წარმოაჩენენ. თავის დროზე ეს ბოდლერმა „ბოროტების ყვავილებში“ შესანიშნავად გამოხატა. ჰუგო ფრიდრიხი წერდა: „უბადრუკს, ლპობადს, ბოროტს, ღამეულს, ხელოვნურს თავისი ხიბლი აქვს, რომელიც პოეტურ აღქმას იმსახურებს. ისინი შეიცავენ იდუმალებას, რომელსაც პოეზია ახალ გზებზე გაჰყავს. ბოდლერი დიდი ქალაქის ნაგავში მისტერიას გრძნობს. მისი ლირიკა ამ მისტერიას გამოხატავს ფოსფორისებურ ნათებად“ (ჰუგო 1990)

მიუხედავად განსხვავებულობისა, ნიკო სამადაშვილს აქვს თავისი კავშირი ტრადიციასთან და ეს, უპირველეს ყოვლისა, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და ვაჟა-ფშაველას შემოქმედებასთან ნათესაობით მჟღავნდება. არჩილ სულაკაური იგონებს რა მასთან ნათქვამ ნიკო სამადაშვილის სიტყვებს: „ამ ქაოსიდან ვერ გავედი, ვერა და ვერ გავედი...“ - დასძენს: „მაგრამ გავიდა და ამ გაღწევას ადასტურებენ მისი ლექსები“.

ნიკო სამადაშვილის პოეზიის ესთეტიკა ქმნის მეოცე საუკუნის ქართული პოეზიის სრულიად განსხვავებულ, ინდივიდუალური სტილისტიკითა და პოეტიკით აღბეჭდილ შენაკადს.

________________

119. სწორია: პყარ ჯოჯოხეთის მოხდილი პკეა,

3.61 99. ჯალიაშვილი, მაია. სამყაროს დაბადება ლექსის სულიდან:

▲ზევით დაბრუნება


(ნიკო სამადაშვილის პოეზია) // სემიოტიკა=Semiotics: სამეცნიერო ჟურნალი / ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი: სემიოტიკის კვლევითი ცენტრი: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი. - თბილისი, 2016. - № 16. სემიოტიკის VII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - ქაოსისა და კოსმოსის სემიოტიკა. - გვ. 300-307.

ნიკო სამადაშვილის პოეტური აზროვნების დროსივრცული არეალი სამყაროს პირველსაწყისებს სწვდება და წარმოაჩენს, როგორ იბადება ქაოსიდან კოსმოსი, როგორც მხატვრულ სახეთა სისტემა: „სადღაც მნათე ზეცის თაღს რეკს, წუთისოფლის კარგა გაღმით,/ ქაოსები გზებს კენკავენ, ასე ხდება ყოველ ღამით“. მას აქვს კოსმიური სმენა და ყნოსვა, ამიტომაც შეიგრძნობს პლანეტარულ მუსიკას, რომელიც უშორესი სივრცეებიდან მოესმის და სიცოცხლისა და სიკვდილის, სიყვარულისა და სიძულვილის, სიკეთისა და ბოროტების ჭიდილის ქარიშხლიან და სასტიკ ბრძოლას სწორედ ამ ეგისტენციალური საკითხების ჭრილში ხატავს:

„ზეცა სივრცეებს აზანზარებდა / და მზე ყვიროდა ქვეყნის ბოლოდან.“

მისი ლექსების სტრიქონებიდან უცნაური და იდუმალი ენერგიით დამუხტული, თავბრუდამხვევი მხატვრული სახეებიდან, წარმოსახვის უხილავი განზომილებიდან სამყარო თითქმის ახლიდან იბადება, გამოარღვევს უსახელობისა და უარსობის სიბნელეს და სინათლით ივსება:

„წარმართთა ძვლებზე იდგა ტაძარი, / ზევით ლეგენდა მიჰქონდათ მთიებს./ ძირს წმინდა ნინოს ნაფეხურები/ ჰგავდნენ სისხამზე მოკრეფილ იებს“.

„სამადაშვილის ყოველი ლექსი მისი სულიერი აპოკალიფსია, - საკუთარ თავთან ჭიდილსა და მის მიერვე უარყოფილი ქვეყნების წინაშე პირისპირ დგომის დოკუმენტი. პირქუშ ხილვებთან ერთად მასში აღნუსხულია მისი შინაგანი ცხოვრების ბევრი ნათელი წამი“, - წერს ზურაბ კიკნაძე (კიკნაძე 2010). ნიკო სამადაშვილის მეტაფორების თვალისმომჭრელ სინათლეში მკითხველი შეიგრძნობს ღვთის მზერასაც და წუთისოფლის ამაოებასაც. ყოველდღიური წვრილმანებით გათანგული ადამიანური ყოფა, თანამედროვე ცივილიზაციის სულიერი კრიზისი, უმიზნობის, უიმედობისა ჯოჯოხეთური ქაოსი პოეზიით დაიძლევა:

„მზე გადიოდა ცას ბორანივით,/ ტყეში შიშველი ქარი კიოდა,
ლექსს იძახოდა ხიდან ყორანი, ქრისტე მოჩანდა საიქიოდან.“

რევაზ სირაძე ერთ წერილში, ნიკო სამადაშვილს რომ ეძღვნება, სვამს კითხვას: „არის კი საერთოდ ღირსი პოეზიისა ადამიანი?“ და ასე უპასუხებს: „თუ ყოვლისმომცველია ის დასკვნა, რომ - „ამ დასაქცევ დედამიწაზე ბედნიერებაც დასაგმობია“ („აქერცლილი მინიატურები“), და თუ მაინც მიესწრაფვის პიროვნება პოეზიას, ეს, იმიტომ, რომ პოეზია არჩევანი კი არ არის, პოეზია ბედისწერაა. აქ მაინც არის რაღაც წესრიგი, თუნდაც ეფემერული, მაგრამ ამასაც აფერმკრთალებს ქაოსი... როცა ვერაფრით ვერ დაიძლევა ქაოსი, ის შეიძლება პოეზიამ დაძლიოს“ (სირაძე 2006: 8).

ნიკო სამადაშვილის უჩვეულო და უცნაური მხატვრული სახეები იწვევენ მკითხველის სულიერ შეძვრას, როგორც ზურაბ კიკნაძე წერს: „იგი თითქოს სხეულის ფორებიდან დენიდა გარეთ სათქმელს, აუცილებელს და ეს იყო მისი ერთადერთი ნუგეში, სულის დაამება, გულზე მომშვები კათარზისი. ამ ეზოთერულ საიდუმლოებას შემოქმედებისას თავად ამხელს იგი საკუთარი თავისადმი მიმართულ ლექსში („ნიკო სამადაშვილს“): „ავადმყოფობა ეგონათ, ბიჭო, / ლექსები, ტანზე გამონაყარი“ (კიკნაძე 2010).

ამას კარგად გრძნობდნენ მისი პოეზიის დამფასებლები: ერეკლე ტატიშვილი, გალაკტიონ ტაბიძე, გერონტი ქიქოძე, ვახტანგ კოტეტიშვილი. სწორედ მათი შეფასებები იყო მძლავრი სტიმული იმისა, რომ ეწერა, თუნდაც ვერასდროს დაბეჭდილიყო. საბჭოთა ეპოქაში მისი ლექსები ვერ გამოიცემოდა, რადგან აშკარა იქნებოდა ავტორის პროტესტი და იმ მხატვრული ენის მიუღებლობა, რომელსაც იდეოლოგია არა მხოლოდ კარნახობდა, არამედ უბრძანებდა, რომ გამოეყენებინა. თამაზ ჩხენკელის აზრით, „მის მიმართ დე-კუინსის სიტყვები იქნებოდა ზედგამოჭრილი: „ამრიგად, მან იხილა საგნები, რომელთა ხილვა არა ხამს, მან იხილა გულისამრევი, ამაზრზენი სანახაობა და ენით უთქმელი საიდუმლოება. მან წაიკითხა უძველესი ჭეშმარიტებები, დამაღონებელი ჭეშმარიტებები, დიადი და ჭეშმარიტი ჭეშმარიტებები“ (ჩხენკელი 2010).

ნიკო სამადაშვილი თითქოს ახლიდან არქმევს სახელებს საგნებსა და მოვლენებს, რომლებსაც წყვდიადს გამოსტაცებს, განწმენდს და განსხვავებული მნიშვნელობით ავსებს: „დედამიწა უკუნეთის ქარაფების წინ ინჯღრეოდა. ხუფაყრილი ვულკანები ყვიროდნენ, უსაზღვროების გაუვალ ხრიოკებში ელდანაცემი პლანეტები ბღაოდნენ“. ის თითქოს ათავისუფლებს სხვადასხვა ჩარჩოსა და საზღვარში მოქცეულსა და დატყვევებულ ადამიანის სულს და ღვთაებრივ კანონებს აზიარებს. ამიტომაც წერს რევაზ სირაძე: „ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ნიკო სამადაშვილის პოეტური სახელდებანი საგნებისა და ხდომილებისა, სიტყვათა „მეორადი მოდელირება“ კი არაა, არამედ მათი პირველყოფილი, „ადამური“ განცდაა. სიტყვები კარგავენ მეტაფორულობას და მისტიკურ სახელებად იქცევიან (სირაძე 2006: 11). მის პოეზიაში მოდელირებული სამყარო გასცდება რაციონალური აღქმის საზღვრებს და მისტიკური შეგრძნებებით იტვირთება. მკითხველი გრძნობს, როგორ შემოიჭრება წარმოსახვაში სიზმრისა და ხილვის დარად უცნაური, უცხო სანახები და ლოგოსის ძალით ლაზარესავით აღდგება სიტყვის დაფარული შინაარსები. პოეტი ვარსკვლავთა კიაფში ხედავს მიღმა სამყაროსკენ გამავალ გზებს:

„და კიაფობდნენ შორს ვარსკვლავები - მარადისობის ჭუჭრუტანები.“

მისი პოეზიის ნიცშეანური მოტივები, რომლებიც, ერთი მხრივ, აბსურდული ყოფის ამაოებას, ადამიანის ღვთისგან მიტოვებულობას გამოხატავენ, („ქუჩებში მარტო და გაცრეცილი, / გზებგადამცდარი ნიცშე ბღაოდა“, „ბნელ გეთსიმანის ბაღში დიდხანს ტრუბადურობდი, ღმერთების ჯოგი გოლგოთაზე გელანდებოდა, დასწყევლოს ჭირმა, რაღა ნისლებს დაუმეგობრდი!“), მეორე მხრივ, სადღაც, ქაოსის მიღმა არსებული კოსმოსის პოვნის იმედსაც აღძრავენ. მის პოეზიაში იხატება წარმართული, მითებისა და ლეგენდების უცნობი სამყარო, საიდანაც გამოიკვეთება ქრისტეს ნათელი სახე, როგორც ხსნის გზა: „მიწა გაირღვა, თითქოს ქვესკნელმა ამოისროლა ტაძრის გუმბათი“, „საუკუნეებს მაცხოვარი გაჰყვება მეხრედ, საუკუნეებს - დასაბამი რომ მოაძოვა“. მისთვისაც, როგორც ნიცშესთვის, „სამყაროს არსებობა გამართლებულია მხოლოდ როგორც ესთეტიკური ფენომენისა“ (ნიცშე 2016: 39). თამაზ ჩხენკელი წერს: „მისი პოეზიის ფორმისმიერი მასალა ან გარეხედი ფესვეულად ეროვნულია (ეთნიკურიც კი) უმცირეს დეტალებამდე და იგი სათავეს ხალხური აზროვნების წიაღიდან იღებს, რომელშიც ორგანულად იყო შერწყმული წარმართული კოსმიზმის წარმოდგენები და ქრისტიანული დღესასწაულებისა და ზნე-ჩვეულებების პათეტიკური სილამაზე, ხოლო შინაარსი უნივერსალური, ამავე დროს, უაღრესად თანადროული და ზოგად ხაზებში დასავლეთის ახალ პოეზიას ენათესავება“.

„პოეზია სიმინდის ქოჩოჩი როდია. ის გულამოსკვნილი სიმღერა არის, ის ხელოვნების ცისკრის ციმციმზე და მარადისობის ატეხილ ზარების ჰანგებზე როკავს, პოეტი ქარივით ამოვარდება, რომ სამყაროს ნისლმოდებული კალთები შეაშრიალოს; თუ გინდა დაუსაბამობის კიდეებამდე გაუბი ყორე, ის თავის სწრაფვას როდი შეიცვლის, ის ქნარის სიმებს აგიწკრიალებს, თუ გაქვავია“, - წერს ნიკო სამადაშვილი ნოველაში „ქარაგმა“. ამგვარად პოეზია ათავისუფლებს ადამიანს სხეულებრივი, მატერიალური სამყაროს ტყვეობიდან, ჩარჩოებს ამსხვრევს და სულს უკიდეგანო სივრცეებში ამოგზაურებს. მკითხველს პოეზია უნვითარებს უნარს, პოეტთან ერთად შეიგრძნოს არსებობის იდუმალი საზრისი და ასტრალურ განზომილებაში შეღწევის განცდა. ნიკო სამადაშვილის პოეზიაში ერთმანეთს ერწყმის დიონისური და აპოლონური საწყისები და უჩვეულო ემოციით იმუხტება სტრიქონები. დიონისურია ცხოვრება, რომელიც შემთხვევითობათა დაუსრულებელ თამაშზე, ერთგვარ კარნავალურ სტრუქტურაზეა აგებული. მისთვისაც, როგორც გალაკტიონისთვის, მახლობელია განცდა, „იგი ტრიალებს ვით თვალი ქორის, ეს საუკუნე - მეფისტოფელი“. მისთვისაც დრო დემონიზებულია, როგორც გალაკტიონსა და ბოდლერთან. დრო ანადგურებს ყოველივე ძვირფასსა და სანუკვარს. ამ შემთხვევაში, ვგულისხმობთ როგორც ეგზისტენციალურ დროს („ალბათ ავდრებიც თან წაიღებენ / საუკუნეთა ხშირ კენწეროებს“), რომელიც გულგრილად მიედინება, ასევე პოეტის საკუთარ დროს, რომელიც ამ საერთო მდინარებას ერთვის. მაგრამ პოეტი წარმოსახვითი სამყაროს შექმნას ცდილობს, თავისი დრო პოეზიით გააუკვდავოს: „შეაღებ კარებს, დაგავიწყდები / და ჟრუანტელი ბოლოს მომიღებს“ („აგარაკი“).

„ნიკო სამადაშვილის ლექსების კითხვისას ჩნდება ასეთი ფიქრი: მიწა კარგავს ნათელ-მირონს და ცამდე აღწევს ურწმუნოება. ამიტომ ჰაერი უნდა აღივსოს ანგელოზებით, როგორც ეს „სიქსტის მადონას“ ჰაეროვან ფონშია და სული უნდა აღივსოს წარმოდგენებით, რომლებიც განიმსჭვალება სულიერი საქართველოს სახეებით, როგორიცაა, თუნდაც, მცხეთის-ჯვრის კარიბჭის ბარელიეფი, სადაც ფრთოსან ანგელოსებს ზეცად მიაქვთ ტოლფერდა ჯვარი, ჩასმული მარადისობის წრეში. ვფიქრობთ, ასეთი წარმოდგენები ხდებოდა წყარო ნიკო სამადაშვილის სახისმეტყველებისა: „ქარები მთვარეს ასწევენ მაღლა“ („ქედი სივრცეში“) (სირაძე 2006: 4).

მის პოეზიაში დროის წინააღმდეგ ამბოხი გულისხმობს არა მხოლოდ წყურვილს, არამედ იმ კონკრეტული ეპოქის გადალახვასაც, რომელიც ტოტალიტარიზმის ნიშნით იყო აღბეჭდილი. დიქტატურა ჰარმონიის მესაფლავეა, ის არის დემონური, ქაოტური ძალა, რომელსაც ნიკო სამადაშვილი ქრისტიანული რელიგიის რწმენით უპირისპირდებოდა ქრისტე, ღვთისმშობელი თუ ანგელოზები მის პოეტურ ხილვაში იმგვარად განიცდებიან, თითქოს მათ შორის ცხოვრობდეს. ეს მკითხველს ამგვარსავე განცდას უჩენს:

„ვით უკვდავება, წყარო ანკარა, / აცისკროვნებდა ირმების ფერდობს.
ქრისტემ ბავშვობა აქ გაატარა / და ღვთისმშობელი უგვიდა ეზოს.“

(„ატენის სიონი“)

„შოპენჰაუერის აზრით, მუსიკა საგნების სულის მხილებაა და მათი უშუალო ექსპრესია“ (ტატიშვილი 1993: 7). ამ ექსპრესიას შეიგრძნობს ნიკო სამადაშვილი და უჩვეულო მხატვრული სახეებით გადმოსცემს. ის აღმერთებდა თავის მოძღვარს, ერეკლე ტატიშვილს, რომელთანაც გრძნობდა სულიერ ნათესაობას. ლექსში მისი პორტრეტის ხატვისას თავისსავე შინაგან სამყაროსაც გამოკვეთს: „ქვეყნიერებას უცქეროდი ათასნაირად. / წარმართ თვალებზე ქრისტეს წყევლა გქონდა აკრული“. „ბნელ გეთსიმანის ბაღში დიდხანს ტრუბადურობდი, / ღმერთების ჯოგი გოლგოთაზე გელანდებოდა“. ნიკო სამადაშვილისათვის ერეკლე ტატიშვილი მოუხელთებელი და სიზმარეული არსებასავით იყო: „აგეკვიატე, ნეტა რა ჭირად? / შენ რას აგწერდა რემბრანტის ფუნჯი. / ამ დროს ხელებში გველი გიჭირავს. / და თვალებიდან მოსჩანს ფასკუნჯი“ („სიზმრების ნაღვერდალი“). ერეკლე ტატიშვილი მისთვის იყო უძველეს ხეთელთა თანამედროვეობაში შემოხეტებული აჩრდილი“:

„როცა გვხვდებოდი, ჩემს საგონებელს, / ვფიქრობდი, ვუმზერ შუბლმაღალ ხეთებს.
შენ რომ წახვედი, ასე მგონია, / მთელი ქვეყანა თან გაიხვეტე.“

(„ერეკლეს“).

როგორც ვერგილიუსი მიუძღოდა დანტეს ჯოჯოხეთის სანახების მოსახილველად, ასეთ მეგზურად იქცა იგი ნიკო სამადაშვილისათვის ცხოვრების ჯოჯოხეთში. მის მიერ ნათარგმნმა ნიცშეს „ესე იტყოდა ზარატუსტრა“ დიდი სულიერი საზრდო მისცა პოეტს, ამიტომაცაა, რომ ამ წიგნის გამოძახილი შეიგრძნობა მის პოეზიაში. როცა 10 წლის მთაში განდეგილობის შენდეგ ბარში დაშვებული ზარატუსტრა მოხუც განდეგილს ნახავს და გაესაუბრება, მასთან განშორების შემდეგ იტყვის: „ამ მოხუც წმინდანს ღმერთის სიკვდილი ჯერ არ სმენია“. ნიკო სამადაშვილის პოეზიის ლირიკულ გმირს კი სმენია ღმერთის გარდაცვალების ამბავი და ამის გამო გლოვას შესდგომია. მას თვალი მიუპყრია სამყაროსთვის და იქ სხვა ღმერთების ძებნას შესდგომია. ამ განცდის ამსახველია სტრიქონები: „უსინანულოდ ვტოვებდით ტაძარს / უკანასკნელი ქრისტიანები“.

ზარატუსტრა ქალაქის მოედანზე შეყრილ ხალხს ეუბნება: „გასწავლით ზეკაცს. ადამიანი რაობაა, რომლის ძლევა ჰხამს“. „ამჯობინებთ კვლავ ცხოველებად უკუიქცეოდეთ, ვიდრე სძლევდეთ ადამიანსა?“ „განვლეთ გზა მატლით ადამიანამდე და ბევრი რამ არის თქვენში მატლური“ („მატლ ვარ და არა კაც“ („ფსალმუნი“). ოდესღაც მაიმუნები იყავით და ახლაც ადამიანი უფრო მაიმუნია, ვიდრე თვით მაიმუნი“. „ოდესღაც ღვთის გმობა უდიდესი გინება იყო, ხოლო ღმერთი მოკვდა და მასთან ერთად მისი მაგინებელნიც“. „ადამიანი თოკია ცხოველსა და ზეკაცს შორის - თოკი უფსკრულს ზედა“, ნიცშეს აზრით, ადამიანი გარდამავლობაა. ქაოსის განცდა ორგვარი შეიძლება იყოს. გარეგანი სამყაროს უსამართლობით, ბოროტებით, სიმახინჯით, ამაოებითა და ათასგვარი უბედურებით აღძრული და შინაგანი - უმიზნობით, გაურკვევლობით, ურწმუნოებით, არჩევნის შეუძლებლობით, ყოყმანით, გონებრივი უძლურებისა და უსიყვარულობით წარმოშობილი. ნიკო სამადაშვილის პოეზიის ლირიკული გმირი ორივეს მძაფრად განიცდის. მას ერთდროულად უყვარს და სძაგს კიდევაც მიწა, მატერიალური, ხრწნადი. ქრისტეს რწმენას დროდადრო მოაქვს შინაგანი სიმშვიდის განცდა, რომელიც გარესამყაროსაც აწესრიგებს, მაგრამ ეს დიდხანს არ გრძელდება. ფიქრთა ნაკადები ქარიშხლებად იქცევიან და ჰარმონიას კვლავ ქაოსად აქცევენ. მაშინ იბადება სწორედ ასეთი სახეები:

„მათხოვარი ზის როგორც ობობა, / მყრალ ჯოჯოხეთის მოხდილი პკეა,120
არც ზღაპარია, აღარც მოთხრობა, / ის თითქოს ჩიტებს აუკენკიათ.“

ამ სტრიქონებზე თამაზ ჩხენკელი წერს: „მარტო პირველი სტრიქონი იკმარებდა მათხოვრის ნიშანდობლივი სურათის დასახატავად, მათხოვრისა, რომელიც გატვრინული და უსახურია და ნაწყალობევს ხარბად აცხრება. მეორე სტრიქონი პირველის ფსიქოვიზუალურ სურათს ყნოსვისმიერ შეგრძნებასაც უმატებს, ამავე დროს ფსიქოლოგიურად კიდევ უფრო აღრმავებს ამ სურათს. ჯოჯოხეთი თავისთავად საშინელი და შიშის მომგვრელია. სიმყრალე ამძაფრებს და ზიზღის ნიუანსს უმატებს ამ ნიშანს. მოხდილი პკე დაღვლარჭნილობის, საძაგელი სისველის განცდას იწვევს. პკე - ღვინის ობი - ავადმყოფობაა და იგი, როგორც უვარგისი, არასასურველი რამ, მოსაშორებელი და გადასაგდებია. მესამე სტრიქონში მათხოვარი საკვირველად არის წარმოსახული. იგი არ არის მკვეთრად გარკვეული რამ, არც ცხადლივია, არც სიზმარეული, არც ნამდვილი, არც მოჩვენებითი. იგი თითქოს წაშლილი და ბოლომდე შეუცნობელია. მეოთხე სტრიქონი ფანტასტიკურია. ეს ადამიანთათვის უვარგისი, საზიზღარი არსება გადაგდებულია და მას ჩიტები კენკავენ, როგორც დამპალ ნაყოფს ან ცხოველთა სკორეს. ეს ასოციაცია აუცილებლობით იბადება, თუმცა ეს არ არის თქმული. მეოთხე სტრიქონი ფაქტიურად მესამეს ხსნის. მათხოვარი იმდენად უსახო, გაურკვეველი რამ არის, რომ ჩიტების აკენკილ რასმე ჰგავს. ეს სტროფი ამომწურავად, უჩვეულოდ თვალსაჩინო და ხელშესახებ, ფსიქოლოგიურად ღრმა და მართალ სურათს იძლევა, მაგრამ მთავარი ეს არ არის. იგი ჩვენში იწვევს რაღაც საშიშროების თუ საზარლობის განცდას და მკითხველში ავტორის ჩანაფიქრისათვის სასურველ განწყობილებას ჰქმნის“ (ჩხენკელი 2010). თამაზ ჩხენკელს სამადაშვილის ერთგვარი გაორებული, ქაოტური ყოფა (თან რევიზორ-ბუღალტერი, თან პოეტი) ფრანსუა ვიიონის ცხოვრებას აგონებდა. მისი მხატვრული სახეები ელიოტს ანათესავებდა (ფუტურო ადამიანები). ზოგიერთ სტრიქონს ქუინსს, იაპონურ ტანკებს. ამგვარად ხაზს უსვამდა მისი პოეტური მსოფლმხედველობის მასშტაბებს, იმ დიდ ენერგიას, რომლითაც ის თავის ლექსების სახით ახალ პოეტურ განზომილებებს, ახალ პოეტურ სამყაროებს ქმნიდა. მისი აზრით, „არის რაღაც ხასიათისმიერი ანგრეულობა, რაღაც შინაგანი მოუწესრიგებლობა მის ლექსებში, რაც უცნაურ სიცოცხლისუნარიანობად თუ იმპულსურ ძალმოსილებად განიცდება. მისი ბევრი ლექსი მე მაგონებს გაუცრელი თიხისაგან გამომწვარ ასიმეტრიულ დოქებს, რომელთაც ამჩნევიათ კოჟრები და ზოგჯერ მომტვრეული აქვთ ტუჩი ან ყური, მაგრამ რომელშიც შეურყვნელი, მაგარი ძელგი ღვინოა ჩამოსხმული“ (ჩხენკელი 2010).

ქაოსსაც აქვს უჩვეულო და უცხო სილამაზე, რომელსაც დიდი პოეტები შეიგრძნობენ და უჩვეულო მხატვრული სახეებით წარმოაჩენენ. თავის დროზე ეს ბოდლერმა „ბოროტების ყვავილებში“ შესანიშნავად გამოხატა. ჰუგო ფრიდრიხი წერდა: „უბადრუკს, ლპობადს, ბოროტს, ღამეულს, ხელოვნურს თავისი ხიბლი აქვს, რომელიც პოეტურ აღქმას იმსახურებს. ისინი შეიცავენ იდუმალებას, რომელსაც პოეზია ახალ გზებზე გაჰყავს. ბოდლერი დიდი ქალაქის ნაგავში მისტერიას გრძნობს. მისი ლირიკა ამ მისტერიას გამოხატავს ფოსფორისებურ ნათებად“ (ფრიდრიხი 1990: 271).

მიუხედავად განსხვავებულობისა, ნიკო სამადაშვილს აქვს თავისი კავშირი ტრადიციასთან და ეს, უპირველეს ყოვლისა, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და ვაჟა-ფშაველას შემოქმედებასთან ნათესაობით მჟღავნდება. არჩილ სულაკაური იგონებს რა მასთან ნათქვამ ნიკო სამადაშვილის სიტყვებს: „ამ ქაოსიდან ვერ გავედი, ვერა და ვერ გავედი...“ - დასძენს: „მაგრამ გავიდა და ამ გაღწევას ადასტურებს მისი ლექსები“.

____________________

120. სწორია: პყარ ჯოჯოხეთის მოხდილი პკეა,

3.62 100. ჯაფარიძე, თემო. ღამისთევის პოეზია (მარადისობის მაძიებელი ნიკო სამადაშვილი)

▲ზევით დაბრუნება


// XX საუკუნე . - თბილისი. - 1998. - № 9. - გვ. 148-170.

ნიკო სამადაშვილი ტრაგიკული განცდის პოეტია. ეს მისი ლექსების ზერელე გადაკითხვისასაც იგრძნობა. მაგრამ გააჩნია ტრაგიკული განცდის ხასიათს, არიან დრამატული მუხტით გამსჭვალული პოეტები, რომელთაც საბოლოო ლიტერატურული შეფასების დროს მაინც, ლირიკოსს უფრო ვუწოდებთ, ვიდრე ტრაგიკოსს. ნიკო სამადაშვილის პოეზიას არ აკლია ლირიზმი, მაგრამ იგი იმდენად გაჟღენთილია ტრაგიკული მსოფლშეგრძნებით, რომ, ალბათ უფრო ტრაგიკოსად უნდა ჩავთვალოთ, ვიდრე ლირიკოსად. ყოველ შემთხვევაში მისი ლირიკა მოითხოვს მუქი ტონალობის ეპითეტს. უმიზეზოდ არ უწოდებს თავად სამადაშვილი თავის თავს ხან „განწირულ პოეტს“, ხან კი „შეშლილ პოეტს“. შეშლილი ამ შემთხვევაში ჩვეულებრივობის წრიდან გადასულობას ნიშნავს და არა ავადმყოფობას, მისი შემოქმედების მკვლევარებიც იძულებულნი ხდებიან ამგვარი ეპითეტით განსაზღვრონ იგი. „ხან დაწყევლილ პოეტად“ მოიხსენიებენ, ხან „ღამის პოეტად“. მართლაც, საკმარისია მისი რამდენიმე მეტაფორის გახსენება და ჩვენ ვრწმუნდებით, რომ განსაკუთრებული დრამატული შეგრძნებების პოეტთან გვაქვს საქმე. გავიხსენოთ თუნდაც თავის ქალის პორტრეტი ლექსიდან „გამხმარი კაცი“ ან მათხოვრის ფიგურა ლექსიდან „გადმორბენა სამყაროსკენ“:

„თვალებში იდგა განმარტოებით
სქელი სიბნელე როგორც ბორანი.“

ან:

„მიწიდან მთები იმას უსტვენდნენ
პირქვე რომ ეგდო მსოფლიოს გარეთ.“

მსგავსი განწყობები ცალკეულ შემთხვევებს არ წარმოადგენენ. ასეთი მრუმე შეგრძნებებით არის გამსჭვალული მთელი მისი პოეზია.

ამ ასპექტით თუ შევხედავთ, მეოცე საუკუნის ქართულ პოეზიას, ნიკო სამადაშვილი ყველაზე უფრო ღრმა ტრაგიკოსად მოგვეჩვენება.

უდავოა, ღრმა დრამატულობა არ აკლია ჩვენი საუკუნის დიდი პოეტის გალაკტიონ ტაბიძის პოეზიას, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ პოეტური ესთეტიკის დამახასიათებელ იმ ლიტერატურულ-არტისულ ინტონაციას, რომლითაც გალაკტიონის შემატყობინებელი „მე“ მეტყველებს, დავასკვნით, რომ მასთან ყველაზე ველური სატკივარიც ესთეტიზებულია. ამის გამო გალაკტიონი უფრო ლირიკოსად (გენიალურ ლირიკოსად) გვევლინება, ვიდრე ტრაგიკოსად. ყოველ შემთხვევაში, მისი დრამატული აქცენტი გარბილებულია დეკორატიულ-ორნამენტული ტიპის ოდებით, სახოტბო ლექსებით, სატრფიალო რომანსებით, რომლებიც უხვად აქვს. შეიძლება ასეთი შთაბეჭდილება იმის გამო იქმნება, რომ გალაკტიონის პოეზია საოცრად მოცულობითია თემატიკის და განწყობის მხრივ. დრამატულობა მის პოეზიაში ერთ-ერთი მოტივია და არა ერთადერთი.

გალაკტიონის გენია მხოლოდ იმისთვის მოვიშველიეთ, რომ უფრო კარგად გავუგოთ სამადაშვილს, რომლის ლექსებშიც დრამატული განცდა ერთადერთი მოტივია.

სადაც პოეტური ესთეტიზები არ ხდება, იქ პოეზია არც არის. არავის არასოდეს არ ჩაუთვლია პოეზიად ადამიანის ტკივილისაგან გამოწვეული ღმუილი ან კვნესა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ტანჯვის ინფორმაციას ჭარბად შეიცავენ. პოეზია ესთეტიკის სფეროა. ამ უბრალო ფორმულის გახსნების შემდეგ თუ შევეცდებით გავარკვიოთ, აქვს თუ არა ნიკო სამადაშვილს ლიტერატურულ-არტისტული პოზა, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ ნატურალურ და ველურ განცდას მსმენელისთვის ასატანობა და მიმზიდველობა შესძინოს დეკორატივიზმის, ანუ გამხატვრულების საშუალებით, რა თქმა უნდა, დავასკვნით, რომ მას ლიტერატურული პოზიცია საჭირო დოზით გააჩნია, მაგრამ მის მხატვრულ მეთოდს ზედმიწევნით განსაკუთრებული ხასიათი აქვს. უმახვილესი ექსპრესიულობის გამო მისი მეტაფორული სისტემა და საერთოდ მისი ლექსი განუმეორებელი ხდება. თითქოს მხატვრული სიტყვის გამომსახველი ბუნება პოეტის მეთოდის წყალობით ნატურალურ განცდას აორმაგებს. ესთეტიზება მისთვის ნიშნავს ნატურალური მოვლენის, ან განცდის ისე გამახვილებას, როცა პოეტის დრამატული ნერვი დომინანტური ხდება და ჩრდილში მოაქცევს სიტყვაკაზმულობის ესთეტიკურ ხერხებს. მიუხედავად იმისა, რომ მხატვრულობა და დრამატიზმი განუყოფლად თანხვდებიან ერთმანეთს, მისი ლექსების მსმენელს ეჩვენება, რომ უწრფელეს და თავზარდამცემ აღსარებას აღიქვამს. ამ მხრივ სამადაშვილის პოეზია პოეტური სმენის ელდის დამცემია. ეს სრულებით არ ნიშნავს, რომ მის შემოქმედებას აკლია მხატვრულობის ზეიმი. ანუ ის დეკორატიული სიმშვენიერე, რომლის გამოც ყველაზე ძნელად გადასახარში მძიმე განცდაც კი მიმზიდველი და მომხიბვლელი ხდება.

ნიკო სამადაშვილის ლექსის ორიგინალური სიტყვათწყობა თავისი ძალით გვიპყრობს და ჩვენი პოეზიის მოყვარულობის პასიური ძალით, მისდამი ცნობისმოყვარეობის გამახვილება არ არის დამოკიდებული სიტყვის ჩრჩილად ქცეული წიგნისმოყვარე კაცის იმ პროფესიულ ინტერესზე, რომლისთვისაც უმნიშვნელო პოეტის შემოქმედებასთან კავშირიც გურმანულია. სამადაშვილის ლექსი იმდენად იზიდავს ჩვენს ყურადღებას, იმდენად გვავსებს, რომ ყველაფერს გვავიწყებს. მხატვრული განზოგადება რომ აკლდეთ მის ლექსებს, ასე არ მოხდებოდა. არამხატვრულად გამოთქმული ტკივილი მომაბეზრებელ წუწუნს წარმოადგენს და მსმენელს უკუუბიძგებს.

საჭიროა კი ყოველივე ამის აღნიშვნა? ბოლოსდაბოლოს სამადაშვილის თვითმხილებაზე კი არ ვლაპარაკობთ, არამედ მის გარითმულ სიტყვებზე, ეპითეტებზე და ყოველივე იმაზე, რაც ლექსს ახასიათებს. რაღა საჭიროა კიდევ იმის მტკიცება, რომ ნამდვილ ლექსზე ვსაუბრობთ და არა რაიმე ნატურალურზე. მაგრამ საკითხის ასე დასმის შემთხვევაში ვუახლოვდებით იმ საიდუმლოს, რომელიც პოეტის ესთეტიკას ზედმიწევნით პირადული ტიპის აღსარებად მოგვაჩვენებს. ეს შეიძლება პოეტური ხერხით არც არის მიღწეული. დასაშვებია, რომ აღმსარებლობითი გულახდილობის ინტონაცია ბუნებრივად გამომდინარეობს პოეტის ხასიათიდან. მაგრამ რადგან გულწრფელი გახსნილობის ტონი მხატვრული განზოგადების კანონებს ექვემდებარება, უფრო პოეზიასთან გვაქვს საქმე, ვიდრე ნამდვილ აღსარებასთან. ისე, რომ შეუძლებელია, სამადაშვილი სიტყვის ოსტატად არ მივიჩნიოთ და მისი ლექსების მთელი სიმდიდრე მისი პიროვნების მარტივ გულახდილობას მივაწეროთ, მისი მეტაფორების ელასტიური, შეიძლება ითქვას, - ვირტუოზული სირთულე სწორედ სიმარტივის საპირისპიროს გვიმტკიცებს. იგი აზრის და განცდის ისეთ სისავსეს ქმნის არაეფექტურ, რამდენადმე განუსაზღვრელ სტროფებშიც კი, რომ შეუძლებელია შემთხვევითი, ინტუიტიური იმპროვიზაციის შედეგად მივიჩნიოთ. მის პოეტურ იერსახეებს ლიტერატურული მუშაობა ეტყობა, იმ თვალსაზრისით, რომ ჩანს პოეტის ნება: არ იგრძნობოდეს უბრალოდ ტკბილხმოვანება, ან ეფექტური გამოთქმების აბსტრაქტულობა, ან თუნდაც თვით ძლიერი განცდის მომაჩლუნგებელი დახვეწილობა, ანუ სიტყვის არისტოკრატიული ნატიფობა. პოეტისათვის, თითქოს ყველაზე ჭეშმარიტი სიტყვკაზმულობა სიტყვების ასეთი შეყრილობაა, როცა ისინი ყველაზე მთავარს - ადამიანის სულიერ დრამას გვამცნობენ რაც შეიძლება ღრმად და დამაჯერებლად. ამას იგი პროფესიულად გამომუშავებული ნებით კი არ აკეთებს, არამედ მისი ხასიათიდან გამომდინარე გემოვნებით და ალღოთი. თავისი მახვილი სახოვანი აზროვნებით ადამიანის სულის ისეთ სიღრმეებში შთავიდა, როგორც ჩანს, არაფრით არ უნდოდა ამ სიღრმეების ლექსთწარმოების სხვა მშვენებების გამოკიდებით მოჩლუნგება. ღრმა განცდის ფორმაში შენარჩუნება არის მისი პოეტური ამოცანა და იგრძნობა, რომ ამაზე განუწყვეტლივ მუშაობს. ეს ისედაც დასტურდება, რომ მის შემოქმედებაში ვერ ვპოულობთ არაფრის გამო, ან მსუბუქი გრძნობით დაწერილ ლექსს.

ე.ი. სამადაშვილის პოეზიის ელდამცემი ზემოქმედების საიდუმლო გარდა მისი პიროვნების ღრმა მნიშვნელობისა, პროფესიულ ალღოზე და ოსტატობაზეც არის დაფუძნებული პოეზიისადმი დიდ ტრფიალს არ აძლევს უფლებას, აცდუნოს ლექსის თხზვის ლამაზი პოტენციებით. ის მხოლოდ იმაზე მუშაობს, რომ თავის ღრმა განცდას შესატყვისი არაკოკეტური ფორმა უპოვოს.

სიტყვა პოეტიზება გამშვენიერების ან გრძნობათა სენტიმენტალური უტრირების სინონიმად იქცა თანამედროვე ყოფაში. მაგრამ გააჩნია პოეზიას ასპექტი, რომელიც არ თავსდება პოეტიზების ცნებაში. ამ ასპექტით პოეზია აბსტრაქტული აზროვნების ისეთ სფეროდ იქცევა, რომელშიც სახეების საშუალებით ისეთი არსებითი სინამდვილე გამოიხატება, რაც პირდაპირმნიშვნელოვნად არ გამოითქმება. ასეთ შემთხვევაში პოეტური სახეების ურთიერთმონაცვლეობა უსიტყვო ფილოსოფიური ან რელიგიური მსჯელობის ქვეტექსტს გადმოსცემს. შემთხვევით არ არის საღვთო წერილები ლექსის სტრუქტურით შექმნილი. საღვთო წერილების კითხვა გალობასთან უფროა ახლოს (ყველაზე მშრალ რეჩიტატივულ შემთხვევაშიც), ვიდრე პროზაულ ლაპარაკთან, რომელიც ყოველდღიური ყოფიერების ჩვეულებრივობას მიესადაგება. ამაში მჟღავნდება პოეზიის ის თვისება, რომლითაც იგი სინამდვილის უკან დაფარულ, სხვა სინამდვილის განზომილების ენას აწარმოებს, პოეზიის გალობის კუთხით დანახვა ჩვენ დაგვეხმარება მივხვდეთ, რას წარმოადგენს პოეტიზება ნიკო სამადაშვილისათვის. ნიკო სამადაშვილი სინამდვილის ან შეგრძნების პოეტიზებას კი არ ეწევა, არამედ თავისი სულიერი დრამის გალობას თხზავს. პოეტური ფორმალიზმის ასეთი მკაცრი საზღვრების დაცვა იმდენად რთული და ძნელია, რომ სამადაშვილის ლექსის ფორმის შეფასების დროს ინტუიტურ უნარს და მოუხეშავ პოეტიკას უფრო ხედავენ, ვიდრე ლექსის ოსტატს. როცა ნიკო სამადაშვილის ლექსს კლასიკური ლექსის ნორმებს სთხოვენ, მხედველობიდან გამორჩებათ ხოლმე თანამედროვე ხელოვნებისათვის დამახასიათებელი ფორმის ინდივიდუალისტური პრინციპი, რომლის მეშვეობითაც პოეტი თავის ავტონომიურ შემოქმედების სახეს აგებს. კლასიკურ გამართულობამდე რომ მიეყვანა სამადაშვილს თავისი ლექსის სტრუქტურა დაკარგავდა ქართლურ აქცენტს, რომელიც განსაკუთრებულ ინტიმის ტონს აძლევს მის ბობოქარ სახსოვარ ხილვებს. გარდა ამისა, მისი ლექსიდან გაქრებოდა ერთადერთი ინდივიდუალისტური ელემენტი. იმ შემთხვევაშიც კი თუ პოეტი პროფესიული ნების გარეშე, ანუ უნებლიედ აკეთებდა ისეთ ფორმას, როგორიც გამოსდიოდა, სწორედ და მხოლოდ და მხოლოდ ამ ფორმის საშუალებით ვეცნობით მდიდარ და ღრმა პოეზიას.

სწორი არ ვიქნებით, თუ ძლიერი ინდივიდუალობის გამომხატველ ასიმეტრიულ სახეს ძველი ბერძნული ქანდაკების კლასიკურ სიმეტრიებს მოვთხოვთ, ისინი ხომ ინდივიდუალობის ნიშანსაც კი არ შეიცავენ.

ხელოვნების ისტორიაში არსებობს ასეთი ფაქტი: 1950 წ. დაწერილ წიგნში „მანედან ლოტრეკამდე“ ცნობილი ხელოვნებათმცოდნე ლიონელო ვენტური ვინსენტ ვან გოგისადმი მიძღვნილ ესეში ეხება ხელოვნებაში მხატვრული განცდის ობიექტივაციის რთულ საკითხს. იგი რამდენადმე კრიტიკულად აფასებს, ვან გოგის მხატვრულ მეთოდს, რომელშიც ფოვიზმის ჩასახვა უფრო დაინახებოდა, ვიდრე იმპრესიონისული ვირტუოზულობა. ედუარდ მანესადმი თაყვანისცემით გამსჭვალული ვენტური „ფრანგული ფერწერის ნატიფურობას“ სთხოვს ვან გოგის თავშეუკავებელ სიველურეს ფერთან დამოკიდებულებაში. ჭეშმარიტ ხელოვნებას იგი ხედავს იმ შემთხვევაში, როცა მხატვრული განცდის სრული ობიექტივაცია ხდება, ე.ი. ფერწერულ ნაწარმოებში მისი შეხედულებით არ უნდა ჩანდეს მხატვრის ჭარბი ემოციურობის ნიშნები, სუბიექტური თვითგამოხატვის ფორმალური ელემენტები. იგი აპირისპირებს ერთმანეთთან სინამდვილეს ობიექტური ასახვის პრინციპებს და თვითგამოხატვის ინდივიდუალისტურ პრინციპს. ასეთ ობიექტივაციას, ანუ მხატვრული განცდის აუცილებელ გასაგნებას, იგი ხედავს ვან გოგის „მზესუმზირებში“. ვენტური თვლის, რომ „მზესუმზირებში“ ვან გოგი მაყურებელს არ აწუხებს თვითგამომხატველი ემოციებით. ვენტური ბრწყინვალედ განმარტავს „მზესუმზირების“ მხატვრულ რაობას, მაგრამ აკრიტიკებს მხატვრის ისეთ ტილოებს, რომლებშიც ვან გოგი უფრო თავის ემოციებს გამოხატავს ვიდრე ობიექტურ სინამდვილეს.

დრომ დაამტკიცა, რომ თვითგამოხატვის პრინციპი თანამედროვე ფსიქიკის ადამიანისათვის უფრო მეტყველი და აქტუალურია, ვიდრე სინამდვილის ასახვის პრინციპი. ფოვიზმი (ფოვ-ველური) ისეთივე და არანაკლები მხატვრული ინფორმაციულობის ენაა, როგორც იმპრესიონიზმი. თვითგამოხატვის პრინციპი თანამედროვე ხელოვნებაში წამყვანიც კი გახდა. მან უკიდურესი და აბსტრაქტული ფორმებიც კი მიიღო. დღეს ვან გოგის პლანეტებიანი ცის ველური და თავზარდამცემი დინამიზმი სავსებით მიესადაგება ობიექტივაციის ექპრესიონისტულ კანონებს. „მზესუმზირებზე“ არანაკლები სიყვარულით სარგებლობენ ვან გოგის უხეში „ფეხსაცმელები“ „სკამი ჩიბუხით“, „კიპარისები“, ოქროსფერი მღელვარე ყანები და სხვ. თუ სამადაშვილის ლექსებში ადამიანებივით მფშვინავ დიდ სივრცეებს, კლდეებს და პლანეტებს გავიხსენებთ, გაგვაკვირვებს ვან გოგის კოსმიურ შეგრძნებებთან ნათესაობა.

ეჭვს არ იწვევს, რომ სამადაშვილის პოეზია თვითგამოხატვის პრინციპით უფრო აიხსნება, ვიდრე სინამდვილის ასახვის ნორმებით. მიუხედავად იმისა, რომ გარეგნული სტრუქტურებით მისი ლექსი ტრადიციული ლექსის ქარგას იმეორებს, საბოლოო შეფასებით იგი უფრო ექპრესიონიზმის, სიურეალიზმის და ინტელექტუალური ნაივობის კანონზომიერებათა სინთეზის პოეტია.

სხვა სამადაშვილი არ არსებობს და რადგან მისი ლექსიდან დიდი პოეტური ძალა მოდის, ფრთხილად უნდა შევაფასოთ ფორმა, რომელიც ამ დიდ ძალას გვამცნობს. ეს ფორმა ერთადერთი პოეტური ფენომენია (და სხვა არაფერი), რომელსაც ნამდვილი პოეზიის წიაღში შევყავართ. თუკი ასეა, პატივი უნდა ვცეთ მას. ალბათ შეუძლებელია სუსტმა, გაუმართავმა ფორმამ ძლიერი პოეტური სული გამოამჟღავნოს:

წავიკითხოთ ლექსი „შუქზე“:

„შენ კითხულობდი უიღბლო ლექსებს
თხელი მკერდის ქვეშ გტკიოდა გული,121
ხან გასცქეროდი მთვარიან ქედებს
როგორც ფრინველი გზადაკარგული.
შუქი ბაღს რწყავდა. ცის მყუდროება
თითქოს მოჰქონდათ ღამურებს, ბუებს
და ჭრიჭინები ორღობეებთან
უძახდნენ ხნიერ გამოქვაბულებს.“

ამ ლექსს არ აკლია ნატიფობა. „თხელი მკერდი“ მართლაც ანატიფებს ტკივილს.

„უიღბლო ლექსებში“ კი მხატვრული განზოგადების ეთიკურობით მთელი ეპოქის უკუღმართობა, ტოტალიტარული რეჟიმისაგან გამოთაყვანებული მასების მხრიდან ძლიერი შემოქმედებითი ინდივიდის ვერგაგება არის გამოხატული. და მაინც ამ ლექსების მთავარი ხიბლი ნატიფობაში და ეთიკურობაში არ მდგომარეობს.

ის, რომ ჭრიჭინები ხნიერ გამოქვაბულებს უხმობენ ლექსის ძირითად აქცენტს ქმნის. ეს მეტაფორა განცდის და აზრის ისეთ სიმსუყეს ქმნის ლექსში, რომ ნაკლებად გვაინტერესებს ლექსის სხვა მშვენება. აღარ არის საინტერესო, ოსტატურად გამართულია თუ არა რითმები, ნატიფია თუ არა სტრიქონთა წყობა და სიტყვების განლაგება. ბოლო ორი სტრიქონი „თხელ მკერდთან“ და გზადაკარგულ ფრინველთან შეთანხმებაში ორღანის უნისონივით გუგუნებს ჭრიჭინათა ვიოლინოების ფონზე. „ხნიერი გამოქვაბულები“ უძველესი ჭეშმარიტებების ნაღვლიანი გარინდებით წარსულის დიდ სივრცეს უქმნიან პოეტის სიმარტოვეს და ჭრიჭინებიან პეიზაჟს. ოდესღაც ამ გამოქვაბულებში წმინდა ბერები თვითგვემის ფასად აშენებდნენ ღმერთზე თავიანთ წარმოდგენას. სწორედ ამ ტანჯვებს და წარმოდგენებს ენათესავება „გზადაკარგული ფრინველი“, იმიტომაც არის გზადაკარგული.

ლექსი ფორმალურად კოჭლიც რომ იყოს, სწორედ ამგვარი კოჭლობა აღმოჩნდებოდა პოეზიის უპირატესობა ამ ლექსის შემთხვევაში. მაგრამ ლექსი კოჭლი არ არის. ოდნავ მეტი ტკბილხმოვანება და დახვეწილობა კი ყურადღებას გაფანტავდა და გააზერელებდა აზრის და განცდის სიმდიდრეს. სწორედ ამ აუცილებელი, შინაგანი სიმდიდრის შემომნარჩუნებელი ფორმის ოსტატია ნიკო სამადაშვილი.

არის კიდევ ერთი ასპექტი, რომლის გაგებაც ჩვენ კიდევ უფრო დაგვარწმუნებს იმაში, რომ სამადაშვილის პოეზიას სწორედ ასეთი ფორმა აქვს, როგორიც უნდა ჰქონდეს. ლექსში „შეხვედრები დღის ბოლოს“ ასეთი სტროფია:

„საუკუნეთა გამხმარი ტევრი
ძვლების ნამქერზედ მოყვება ზუზუნს,
დაქვავებული იქნება მტვერში
ბავშვის თითებში გამშრალი ძუძუ.“

შესაზარი წინასწარმეტყველების ასოციაციას იწვევს ამ სტროფის ხმოვანება. ასეთი მძაფრი სახოვანი აზროვნება დამახასიათებელია სამადაშვილისათვის. იგი მართლაც ჰგავს წარსულის წინასწარმეტყველთა პირგამეხებით გამოთქმულ სისხლიან სიმბოლოებს. უმართებულოა ასეთი ტიპის პოეზიას მოვთხოვოთ ფორმის ზედმიწევნითი გამართულობა, რადგან მასში სახეების მისტერიები ქმნიან პოეზიას და არა აკუსტიკური რიტმიკა. ნატიფობა ასეთ შემთხვევაში ან ზედმეტია, ან მეტაფორების მძვინვარე ძალაში უნდა დავინახოთ. ჭარბი ექსპრესიულობის გამო ამ ტიპის სახეები ექსპრესიონიზმის ჩარჩოებში აღარ თავსდება, რადგან სურეალისტური კოშმარის ნიშნებს იძენს.

ადამიანის შინაგან სამყაროში არის სიღრმეები, რომელთა პროფესიული მჭერმეტყველებით და შეუწყვეტი რატრატით გამოთქმა შეუძლებელია. ასეთ შემთხვევებში ადამიანი მიმართავს სახოვან აზროვნებას, იგავს, სიმბოლოებს. ასეა რელიგიაში, მხატვრობაში, მუსიკაში, პოეზიაში. სახოვანი აზროვნების სანიმუშოდ გავიხსენოთ „გამოცხადება იოანესი“ თავი XII - დედაკაცი შემოსილი მზით; ბავშვი; წითელი დრაკონი“: „დრაკონი კი დადგა დედაკაცის წინ, რომელსაც უნდა ემშობიარა, რათა როცა შობდა გადაეყლაპა მისი ბავშვი“. იოანე სახე-სიმბოლოს საშუალებით გამოთქვამს მისტერია, რომელიც მომავალში უნდა მოხდეს. ამ სახე-სიმბოლოში ნაგულისხმევი სინამდვილის პირდაპირმნიშვნელოვნად გამოთქმა შეუძლებლად მიაჩნია, გამოსათქმელია ეზოთერული საიდუმლო, რომელიც ისტორიულ სინამდვილედ როცა იქცევა, შეიცვლება მიწის ბედი.

მაგრამ სამადაშვილის ზემოთ მოყვანილი სტროფი და მსგავსი ხილვები მის პოეზიაში პოეზიაა და არა წინასწარმეტყველება. ამიტომ სტროფის სახოვნების წინასწარმეტყველურ მანერას წმინდა მხატვრული საზომებით ვაფასებთ, რის შედეგადაც სიურეალისტურ მეთოდს ვაფიქსირებთ.

პოეტური წარმოსახვის ძალა, ალბათ, იმაში მდგომარეობს, რომ გამონაგონი სახე ხატ-სიმბოლოდ გვევლინება და მათი განცდით ისეთ სინამდვილეს განვიცდით, რომელიც სხვაგვარად ვერ გამოითქმება. ეს დაფარული სინამდვილე „ტყუილ“, გამონაგონ სახეებს ახლავს განუსაზღვრელად, ევფორიულად. მისი კონკრეტულაზრიანობაზე მინიშნება გამონაგონის ხატოვან ცდიმილებაშია ჩაქსოვილი. იგი მკითხველის შეგრძნებაში გამოძახილს პოულობს. მაგრამ მკითხველი ანგარიშს აძლევს თავის თავს. ილუსტრაციისთვის მოვიყვანთ ორ სტროფს ლექსიდან „ღია ბარათი“:

„რა გენაღვლება, შენს კარმიდამოს
თრთვილივით ედოს პოეტის ნიჭი.
თუ უკვდავებამ სადმე მიკითხოს:
„ნეტა სად არის ახლა ის ბიჭი?“
მოუყევ, ქარებს გადაჰყვა ღამე.
რაღაც საოცრად წაიმხედრულა,
ორჯერ იკივლა სამყაროს გაღმა
და უკან აღარ დაბრუნებულა.“

მკითხველისათვის გასაგებია, რომ პოეტის ნიჭის დრამატულობა, თავისებურ ელფერს მისცემს, მოსუსხავს კარ-მიდამოს, მაგრამ უკვდავება არ იკითხავს გადაკარგულ „ბიჭს“, რომელმაც სხვაგვარი მღელვარებით იბობოქრა, ანუ „საოცრად წაიმხედრულა“. უკვდავების ხასიათი განუსაზღვრელია: სულის უკვდავებაა თუ პოეტური სიტყვის საუკუნო მნიშვნელოვანება? სამყაროს გაღმიდან არ დაუკივლია გადაკარგულ პოეტს არც ორჯერ, არც ერთხელ. იქიდან უკან დაბრუნება კი მართლაც შეუძლებელია. მაგრამ მკითხველმა ისიც იცის, რომ ის აბსტრაქტული სინამდვილე, რომელიც გამონაგონს ახლავს უსიტყვოდ, საგანივით არ ძევს სადმე და არც ინახება. ის (სინამდვილე) მხოლოდ მაშინ არსებობს, როცა ამ სტროფების სიტყვები სწორედ ისეთი თანმიმდევრობით შეიყრებიან ერთად როგორც მოცემულია. პოეზიის საიდუმლო ძალა იმაშია, რომ შემოთავაზებულ გამონაგონში ტყუილი განცდებით განიცდება რაღაც ზედმიწევნით ნამდვილი. ეს არის გალობად ქცეული ღრმა ჩაფიქრება სიკვდილის შეუვალობაზე, მასში შეხედვის ნატანჯ ძალისხმევაზე. მიწიერის წარმავლობაზე, მიღმიური და სააქაო სივრცეების გაერთიანების მტკივნეულ ცდაზე, პოეტის ნიჭის დრამატულობაზე, უკვდავების გარინდებაზე. ამ უკანასკნელს განსაკუთრებით გვაგრძნობინებს ის, რომ ლექსში მამასავით იკითხავს - სად არის ის ბიჭი?

სიტყვების აკუსტიკური რიტმიკის პრინციპზე აგებული პოეზიის ნატიფობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი სახეების საშუალებით ისეთ პოეტურ განსაცდელს ქმნის, რომელშიც მისი სულის ფსკერზე მთვლემარე ენით გამოუთქმელ სინამდვილეს განვიცდით განუსაზღვრელად. რა კრიტერიუმებით ვაფასებთ ხოლმე ხელოვანის მხრიდან ადამიანის რაობის საიდუმლოებებში ღრმა წვდომას? ალბათ, უპირველეს ყოვლისა ხელოვანის მიერ თავისი შინაგანი სამყაროს სიღრმეებში ჩაწვდომის უნარის შეფასებით. ამ ასპექტით სამადაშვილი გვევლინება თავისი სულიერი ხდომილებების გამოხატვის ოსტატად. რა პოეტური ნიშნით ვგრძნობთ ამას? სამადაშვილის წარმოსახვებში გამონაგონი სახეების მძაფრ მისტერიებს უსიტყვოდ ახლავს ის სინამდვილე, რომელშიც პოეტმა თვითჩხრეკვისა და ტანჯვის ფასად ჩაიხედა. აქ საუბარი არ არის მისი პოეზიის ისეთ თემებზე და მოტივებზე, რომლებიც თავიანთი კონკრეტულობის გამო, ობიექტურად საცნაურია, ვთქვათ: ქრისტიანული მრწამსის თემა, ბავშვობის მოგონების მოტივი და სხვ. საუბარია ისეთ სახოვან მეტაფორა-გამონაგონებზე, რომელთა უკანაც პირდაპირმნიშვნელოვნად ვერგამოსათქმელი ღრმა სულიერი სინამდვილე იგულისხმება. დაფარული სინამდვილე რომ არ ახლდეს გამონაგონ სახეებს, მაშინ მათი სერიოზული განცდა ფუჭი თამაში აღმოჩნდებოდა, სწორედ შინაგანი, განუსაზღვრელი სინამდვილის თანდასწრება განგვაცდევინებს ხატოვან „ტყუილს“ გაორმაგებული სინამდვილის შთამბეჭდაობის ძალით. ლექსში „სინანული“ პოეტი ამბობს: „ქვესკნელს შემასხი მარადისობავ, რომ კიდევ შენსკენ გამოვტრიალდე“. აქ სიკვდილ-სიცოცხლეზე ფიქრის ისეთი ღრმა მნიშვნელობებია ელასტიურად და რთულად შეკუმშული, რომ მათი გაშიფვრის შემთხვევაში ჩავახშობდით იმ დაფარულ სინამდვილეს, რომელიც მხოლოდ ინტონაციაში იგრძნობა, მაგრამ პოეტი განაგრძობს:

„ჩემი გაჩენა მიეზღოს ცეცხლად,
ვისაც ეს ჩემი იღბალი მართებს,
თითქოს ეს გული ამოურეცხავთ
ღვიით და სარცხით შიშველ წარმართებს.“

როგორი თამამი, თითქმის უტიფარი საყვედურია განგების მიმართ. ალბათ პირდაპირმნიშვნელოვნად არ უნდა გავიგოთ წყევლა. მისი საშუალებით პოეტი თავის აუტანელი ცხოვრების სიმძიმეს ხატავს. წარმართების მიერ პოეტის გულის პრიმიტიული და უხეში საშუალებით „ღვიით და სარცხით“ რეცხვა შეიცავს დაფარულ მნიშვნელობას, რომელშიც ან გულის სიწმინდის და შინაგანი ცხოველის ჭიდილი უნდა ვიგულისხმოთ, ან ქრისტიანი ადამიანის კომუნისტურ წარმართობაში მტკივნეული ყოფა. მაგრამ დაკონკრეტება ამცირებს დაფარული სინამდვილის მასშტაბს, რადგან იგი მრავალმნიშვნელადია. რთულ შეგრძნებათა პოეტური ფორმების მისტერია გრძელდება:

„წავალ ჩამყვება უსინდისობა.
სამყარო ჩემ ქვეშ ნიადაგ მიჰქრის,
მიწიდან ხალხი ამოცვინდება,
შემოღამებულ სივრცეებს იქით.

ეკლესიის შინ ილოცებს გველი,122
საკმეველის სუნი გამოვა გარეთ,
რამდენი შფოთვა ვასხურეთ ნაღველს,
ღმერთო! რამდენი ვიმგლოვიარეთ.“

შეუძლებელია მეტაფორების და გამონაგონების ამ ნაკადში, მხოლოდ ეფექტური ექსპრესიულობის დანახვა. აქ იმდენი დაფარული მნიშვნელობაა, თითქოს ადამიანისათვის ყველაზე არსებითი სინამდვილის უსხეულო ბუნებას ვეხებით. ამ სტროფების ღრმააზროვნების დამადასტურებლად ისიც კმარა, რომ პოეტი სინდისიერად „უსინდისოდ“ მოიხსენებს თავის თავს. ანდა წარმავლობის გამომხატველი სტრიქონებიც კმარა: „სამყარო ჩემს ქვეშ ნიადაგ მიჰქრის“. მაგრამ ლექსში ამ მნიშვნელობებზე გაცილებით მეტია გამოხატული. პოეზია ისეთი განსაცდელია რომლის აზრიანობაც უნდა ვიგრძნოთ, დაფარული მნიშვნელობის გაშიფვრა იგივეა რაც ლექსის „ღვიით და სარცხით“ რეცხვა.

ისე, რომ ნიკო სამადაშვილი არავითარ შემთხვავაში არ არის ლიტონი ეფექტების პოეტი. მისი მეტაფორული სისტემა და ფორმალური ლოგიკა მრავლამნიშვნელადია. თავად სამადაშვილისებურად რომ ვთქვათ, „მეტაფორები ის „ჭუჭრუტანებია“, რომლებიც ღრმა მნიშვნელობების სინამდვილეს აგვიხელს (ერთ-ერთ ლექსში იგი ვარსკვლავებს „მარადისობის ჭუჭრუტანებს“ უწოდებს). ყოველ შემთხვევაში უდავოა, რომ პოეტის მეტყველების მანერას გააჩნია მხატვრული დაინტრიგების უნარი. მხატვრული დაინტრიგების ელემენტში თუ თვისებაში ვგულისხმობთ ძალას, რომელიც მკითხველს პოეტის მიერ გამოთქმული მეტაფორისადმი ისეთი დაინტერესების ჟინს წარმოუქმნის, რომელიც აუცილებელია მეტაფორის მიღმა დაფარული სინამდვილის შესაგრძნობად თუ გასაშიფრად. სააზროვნო და განსაცდელ საკითხთა და მნიშვნელობათა საინტერესოობის ასპექტით გამოხატვა შეუძლებელია, თუ პოეტს პიროვნულად არ გააჩნია არსებობის ყველაზე არსებითად განმსაზღვრელი თავის თავში ყოფა. აქედან გამომდინარეობს მხატვრული დაინტრიგების ძალა. მაგალითად ლექსში „ატენის სიონი“ პოეტი ასეთ მეტაფორას გვთავაზობს:

„საიქიოდან წუთისოფელი
როგორც მამალი ისე ყიოდა.“

შეუძლებელია ამ რთული სახით არ დავინტრიგდეთ. რადგან ზედმიწევნით რთულს განვიცდით და გვაინტერესებს რა ხდება. გვინდა გავიგოთ სააქაო მამალივით რატომ ყივის საიქიოდან. უთუოდ გამონაგონთან გვაქვს საქმე, რომელიც ან აბსტრაქტულ სინამდვილეს გულისხმობს განუსაზღვრელად ან რაღაც სიმბოლოზე მიგვანიშნებს. როგორც არ უნდა იყოს ამ წარმოსახვას მხოლოდ პოეტურ ექსპრესიად ვერ მივიჩნევთ. ჩვენ დაინტრიგებული ვართ მარადისობის საუფლოდან წუთისოფლის ყივილით და გვსურს ჩავწვდეთ რომელ სულიერ რეალობას გვიხატავს პოეტი ამ „ტყუილით“. შეიძლება ვერ გავშიფროთ ეს რეალობა, მაგრამ ჩვენი მკითხველური განცვიფრება განუსაზღვრელად განიცდის მის სიღრმეს და მნიშვნელობას. მეორეს მხრივ - მეტაფორა ისეთ კონტესქტში იმყოფებამ რომ უეჭველად ქრისტიანულ საიდუმლოებებს გულისხმობს. კერძოდ ქრისტეს აღდგომით წუთისოფლის აღდგომას მარადისობის სასუფეველში.

გარდა განუსაზღვრელი ღრმააზროვანი შინაარსისა, სამადაშვილის პოეზია აზრმიცემულია უნივერსალურ მნიშვნელობამდე აყვანილი კონკრეტული თემებით, საკითხებით და მოტივებით: ქრისტიანული ტრადიციის მდგომარეობა ქართული წყობიდან გამოსული ტაძრების ფონზე. ქრისტიანული მრწამსის კრიზისი თანამედროვე ქართული ფსიქიკის მქონე ადამიანში. რწმენადაკარგულობის დაბნეულობა, უგზოობა და სინანული. თავისუფლად აზროვნების საფუძველზე მარადისობის ფორმის ამაო ძიება. ყოველივეში წარმავლობის ხედვის ტკივილი. ყოფიერების კრიტიკა თვითკრიტიკის მეშვეობით, ეპოქის ყალბი სულისკვეთების და საყოველთაო დინების წინააღმდეგ წასვლა, ასეთი თავისუფლების დრამატულობა. სიმარტოვე. თანამედროვეთაგან ვერდანახული შემოქმედის ობლობა და განწირულობა. სიკვდილზე განუწყვეტელი ფიქრი. ყალბი ორიენტაციით გაწარმართებული სამშობლოსაგან გაუცხოება. ჭეშმარიტი მშობლიური კულტურის სატკივრების შემოქმედის მეობაში განპიროვნებება“

„წმინდანებს ღვიძავთ... ანთებული ლოცვები დამაქვს.
ვით ნაწვიმარი მთების ზვავი-გულის ნაქარი.
მარტოდ მივარდნილს პოეზიის გერი დამარქვეს,
თითქოს ჩემს მრწამსში არ ღვიოდა გუდამაყარი.
მეც მათრთოლებდა წინაპართა ძეგლების სუნთქვა,
მუდამ მინდოდა, რომ იმათ ხვედრი მეწვნია,123
რომ ეს სიცოცხლე ოშკის ხატში ზვარად შემეთქვა,
და ჩემი სისხლი სვეტიცხოველს ამომერწყია.“

პოეტს თითქოს გაცნობიერებული აქვს თავისი შემოქმედებითი მისია, როცა მიგვითითებს, რომ სურს თავის თავში განაპიროვნოს საქართველოს ბედი. მისი პოეზიის მიზანდასახულობა თანამედროვე ადამიანის რაობის ულმობელი განხილვა და მისი სამყაროში ადგილის მოძიებაა. თუ ჩავთვლით, რომ მის ეპოქაში ჭეშმარიტი ქართული კულტურის საკაცობრიო დონის ამოცანა ამაში მდგომარეობდა, მაშინ შეიძლება ვიფიქროთ, რომ პოეტმა მართლა განაპიროვნა თავის შემოქმედებით „მე“-ში საქართველოს სატკივარები. ქართული კულტურის წიაღში სამადაშვილის პოეზია მართლაც არის ღია ჭრილობა, „სისხლის ამორწყევა“ - როგორც თვითონ პოეტი ამბობს.

ყველა ეს თემები და მოტივები ჩამონათვალში მშრალი კლინიკურობით , უმოქმედო პლასტიკურობით გამოიყურებიან. სამადაშვილთან მათ ცხოვრებისეული ფშვინვა აქვთ შეძენილი. ისინი პოეტის სულიერი ხდომილებებია და როცა პოეტი მათ მძაფრად განსაცდელი სახოვანებით გამოხატავს, ისინი ყველაზე არსებითი ყოფიერების მოდუსებად გვევლინებიან. ამაშია ალბათ, პოეზიის ძალა, იგი ცხოვრებასავით ფაქტიურ არედ გარდაქმნის თავის თავში მყოფ უმოქმედო იდეებს. ეს თემები სასიცოცხლო ნერვს სამადაშვილის ქართლთან და თბილისთან ურთიერთობაში იძენენ. ქართლის პეიზაჟები, ტაძრები, ადამიანები, მეგობრები: ერეკლე ტატიშვილი, ვახტანგ კოტეტიშვილი, თამაზ ჩხენკელი, ახლობლები: დედა, ძალო ეკატერინე, ანონიმი მეძავი, მესაფლავე, მათხოვარი, შვილი თამაზი, საქართველო ხან დედასავით სათნო, ხან დედინაცვალივით უცხო, ქრისტე, ღვთისმშობელი, ილია ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ბარათაშვილი პოეტის ხატოვანი აზროვნების ის ძირითადი ელემენტები არიან, რომელთა საშუალებითაც განყენებული იდეები და სააზროვნო მოტივები ყოფიერების ფაქტებად გარდაიქმნებიან.

საოცრად გამოიყურება ქართლი თავისი „ჩვენებური“ პეიზაჟებით, ეკლესიებით, სახლებით, კარ-მიდამოებით, ადამიანებით და სიტყვით კოსმიური, პლანეტების გრიალის ცენტრში. იგი შეკუმშულ მიკროკაცობრიობასავით აღიქმება. სამყაროს უზარმაზარი სივრცეები ქართლური განწყობილებების შესაბამისად რომ ფშვინავენ და ამ სივრცეებიდან ვიღაც „მისანი“ რომ ჩამოირბენს ხოლმე დედამიწისკენ, ქართლი ღვთაებრივი მისტერიების ცენტრს ემსგავსება. თითქოს აქ წყდება კაცობრიობისათვის დასაბამიდან დღემდე მისასწრაფი მოვლენა: გასცემს თუ არა ღმერთი ადამიანის ხმას. სიკვდილის და წარმომავლობის საზომები ძვლები და თავის ქალები უარის უიმედობას ქმნიან ადამიანის მარადისობაში გახედვის პასუხად. მოჩვენებები, მკვდრები „ხელს იშვერენ“ ქართლ-კაცობრიობისკენ. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს არსებითი ყოფიერება აქ ხდება, თითქოს ქართლია ის ქვეყანა, რომელიც კოსმოსმა მილიარდი წლების ღვაწლის შედეგად შექმნა. თითქოს ადამიანური ყველაზე რთული და ყველაზე მარტივი გამოვლინებები შეყრილა აქ პარადოქსულად და აუხსნელად. აქ არის ღმერთის დასანახი „მოდარაჯე თვალი“ და აქ არის სამყაროს დაწყევლის სიანჩხლე.

ასეთი გრძნობა ალბათ იმიტომ რჩება, რომ პოეტს დიდი უნარი აქვს მისცეს ჩვეულ საგნებს არსებობის უნივერსალური სისავსე სამყაროს ძალთა თავის გარშემო ცენტრალიზების საშუალებით, სამადაშვილის ქართლი პირველადამიანიდან ბოლოადამიანამდე ისტორიული დროის ასპარეზია. ქართლის სამყაროში ეს იშვიათი განვრცობილება ისეთ ღრმა აზრებს ეფუძნება, რომ შეუძლებელია პოეტის შემოქმედებაში მხოლოდ მახვილი ექსპრესიული გამოთქმების ეფექტები დავინახოთ.

ყველა თბილისელისთვის ქართლი ალბათ, სამადაშვილისებურად ჩვენიანია. აქ ქართლის თბილისთან გეოგრაფიული სიახლოვე არ არის გადამწყევეტი. მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომ ქართლი ქართული კულტურის მაგარი ბირთვია. არმაზი, სვეტიცხოველი, ჯვარი, ზედაზენი, უფლისციხე, სამთავისი, წრომი, ატენის სიონი, შიო მღვიმელის კომპლექსის თავზე წამომართული კლდის გამოქვაბულები, ყინწვისი და სხვა მრავალი ძეგლი, თვითონ თბილისი თავისი ანჩისხატით და მთაწმინდით იმის მოწმობაა, რომ აქ იყრის თავს ქართული კულტურა. აქ აგებს გზებს კაცობრიობის სხვადასხვა კულტურებთან, აქ წყდება საქართველოს არსებობის მიზეზთა საკითხები. რა თქმა უნდა, ქართლის ასეთმა ხასიათმა ხელი შეუწყო სამადაშვილს სამყაროს ძალთა ცენტრალიზებაში. მაგრამ იმ ეპოქაში, როცა პოეტი ლექსებს თხზავდა ქართლი ნანგრევს უფრო ჰგავდა (როგორც დღეს), ვიდრე წარმატებული კულტურის ზეიმურ ნაგებობას. ნანგრევები თავისი ღირებულებათა წარმავალობის სევდით ასევე ჩვენიანურად შეიჭრა სამადაშვილის პოეტურ განცდაში ე.წ. ქართული სევდა რომელიც ქართველი კაცის თითოეულ საქციელში და გამოხედვაში, სიმღერაში და შემოქმედებაში იგრძნობა, განუკურნელი სენივით ჭირს ყველა იმ ადამიანს, ვინც ქართულ კულტურას გაიხდის თავის სამშობლოდ, თავისი პიროვნების ჩამოყალიბების საფუძვლად.

სად უნდა შეეფარებინათ თავი ყველა ზემოთ ჩამოთვლილ საკითხებს, ქართლს, ქართულ კულურას თავი იმ ხანებში, როცა სამადაშვილი წერდა. პოეზიაში ყველა დანარჩენმა და კულტურის სხვა დარგებში მაქსიმალურმა უმეტესობამ ქართული კულტურის მთავარი გეზიდან გადაუხვია, თვითგაუცხოვდა, უცხო ილუზიებს სცა თაყვანი, გადაგვარდა. მხოლოდ რამდენიმე პიროვნება ბედავდა დარჩენილიყო ქართული კულტურის წარმომადგენელი. ჩვენი საუბრის კონტექსტში, პრინციპით და არა მასშტაბით, ქართული კულტურა საკაცობრიო კულტურის იდენტურია, რადგან იგი ადამიანის შინაგანი რაობის ჭეშმარიტი გამოვლინების ხარისხს გულისხმობს; სად უნდა ეგლოვა ქართლურ ჩვენიანობას თავისი (კომუნისტური ტოტალიტალური რეჟიმისაგან) უარყოფა, დევნა, უმორჩილესად მიგდება მსოფლიოს ისტორიისთვის უცნობ სივრცეში - დავიწყების სანაგვეში. სად უნდა ამოეღმუვლა სასოწარკვეთილი ძალისხმევით ქართულ კულტურას თუ არა ისეთი შემოქმედის ხმაში, რომელიც თავის პიროვნებას ვერაფრით ვერ ჩამოტეხავდა ქართული სულისგან და აზრისგან, ქრისტიანობისგან, ქართული სიტყვის უბიწო ჭეშმარიტებათა გამოთქმის პოტენციისგან. 30-იან წლებიდან 60-იან წლებამდე პოეზიის დარგში ასეთი მხოლოდ სამადაშვილი აღმოჩნდა. შეიძლება პოეტს არც ჰქონია მიზნად ასეთი დიდი მისია თავის თავზე აეღო ამბიციური პასუხისმგებლობის სახით, მაგრამ რადგან მისი ტალანტის მნიშვნელობა თავის თავად იმსჭვალებოდა ქართული სატკივარით სწორედ მასში განპიროვნდა ქართული კულტურის ტრაგედია.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბევრი შემოქმედი ქართული ისტორიის თემატიკით აგებდა თავისი მხატვრული თვითგამოვლინების სისტემას, მაგრამ მათ ნაწარმოებებში ქართული კულტურა კარგავდა თავის მნიშვნელობას და მხოლოდ ეროვნულობის სამოსელს ინარჩუნებდა. რადგან ასეთმა მწერლებმა ვერ შეძლეს ქართული კულტურის სატკივრის განხორციელება, ისინი ქართული კულტურის გამომყენებლები აღმოჩნდნენ თავიანთი პიროვნების მნიშვნელობის ასაგებად. შესაბამისად, თვითონ ქართული თემატიკაც ვიწრო გაგების ეროვნულობის ჩარჩოებში მოთავსდა. სამადაშვილმა ქართული კულტურისგან ეთნიკურ-ისტორიული სამოსელი კი არ აიღო, არამედ ყველაზე მთავარი - სატკივარი. იგი ქართული კულტურის გამომყენებელი კი არ იყო, არამედ სისხლხორცეულად გამომხატველი. სამადაშვილის შემოქმედებითი მასშტაბი საკაცობრიო ზოგადი ადამიანის სრულყოფის ენერგიას აფრქვევს. ზოგადი ადამიანის სრულყოფაა საერთოდ კულტურის და კერძოდ ქართული კულტურის მიზანდასახულობა. მაგრამ ამ მიზანს ის აღწევს, ვინც თავს სწირავს მას. სამადაშვილი ქართული კულტურის საკაცობრიო გაგებით სრულყოფისათვის თავდადებულ შემოქმედად აღიქმება, რადგან ის პოეზიაში თავისი შესაძლებლობების ფარგლებში ჭეშმარიტ მხატვრულ ღირებულებებს ემსახურებოდა, როგორც შემოქმედების გულმოდგინე „მღვდელი“. სამადაშვილი მოწოდებით პოეტი იყო და მისი პოეზიით თვითგამოვლინების გზა არ აურჩევია არც პიროვნული ნებით, არც ლექსისადმი ტრფიალისა და სიტყვების გარითმვის შემთხვევითი უნარის გამო. მითუმეტეს არ აურჩევია ეს გზა კარიერის აგების მიზნით. ხალასი ტალანტი აიძულებდა დაენახა ყოფიერების საგნები თავ-თავის ადგილას, განესხვავებინა ჭეშმარიტი ღირებულებები ყალბი „ფასეულობებისაგან“ და ილუზიებისგან. შემოქმედებითი მუხტი ეხმარებოდა ჩამდგარიყო ქრონიკული ძალისხმევის პოზიციაში და უკომპრომისო ყოფილიყო. ქართული კულტურის მოთხოვნების მიხედვით ძლიერი პიროვნება აღმოჩნდა, შეძლო აეტანა თანამედროვეთაგან ვერ გაგება, პროფესიონალური მიჩქმალვა, უგულებელყოფა, დევნა. დროებითი კომფორტისათვის და ლექსის გამოქვეყნების ელემენტარული, მაგრამ ძლიერი სიხარულისთვის არ გაყიდა მრწამსი და ქართული კულტურის მოთხოვნები. ჭეშმარიტი მხატვრული ღირებულებებისთვის ტანჯვა, ეულობა, „დაწყევლილ პოეტად“ ყოფნა არჩია ზედაპირულ და ილუზიურ მოწყობას და სიამტკბილობას. საბჭოთა ლიტერატურული ცენზურა ყველაზე ძვირფას ხარკს ითხოვდა შემოქმედისგან. კერძოდ, სუბიექტური მრწამსის და მსოფლმხედველობის „გაყიდვას“, საბჭოთა ილუზიების ხოტბას. ამ ხარკის გადახდის გარეშე ხელოვანი ვერ გავიდოდა ოფიციალურ ასპარეზზე. ე.ი. უცნობ ანონიმად დარჩებოდა იზოლირებულ იატაკქვეშეთში, სადაც უმრევლო მღვდლის მსგავსად ჩაატარებდა წირვის რიტუალს. მაგრამ სამადაშვილი შინაგან კარნახს მისდევდა. მართალია მკითხველთა მრევლი არ ჰყავდა მაგრამ მოწოდების გამო მაინც წერდა და ისე თამამობდა წერაში, როგორც ჭეშმარიტ პოეზიას შეეფერება. სად უნდა აქვითინებულიყო ქართული კულტურა და აზრი, თუ არა ისეთი პოეტის ტალანტში, რომელიც აბსოლუტურად უთვალთმაქცო პოეტურ სინაღდეს ქმნიდა შემოქმედებითი ტანჯვებით. შეიძლება პოეტმა ვერც შეამჩნია, ისე შეაფარა ქართული კულტურის სატკივარმა თავი მის პოეტურ გზნებაში.

ასეთი გააზრების შემდეგ სხვა მნიშვნელობით ჟღერს თავის თავისადმი მიძღვნილ ლექსში ჩასმული მეტაფორა:

„ავადმყოფობა ეგონათ, ბიჭო,
ლექსები ტანზე გამონაყარი.“

თითქოს ჭეშმარიტი ღირებულებების სატკივარმა გამოაყარა უნებლიედ ტანზე პოეტს.

***

შეიძლება გადამეტებული შეფასების შთაბეჭდილება დატოვოს სამადაშვილის პოეზიის ზემოთ მოწოდებულმა ინტერპრეტაციამ. შეიძლება გაჩნდეს გაუბრალოების სურვილი და წარმოშვას მოთხოვნილება უფრო კონკრეტულად და მარტივად ექსპრესიონიზმით მოინათლოს მისი პოეზიის ხასიათი, მაგრამ ასეთი შეზღუდული განსაზღვრა დიდი უკმარობის განცდას იწვევს პოეტის ლექსების პატივისმცემელში.

ექსპრესიული მეტაფორა, საერთოდ ექსპრესია უთუოდ არის მისი ლექსის ერთ-ერთი ძირითადი მახასიათებელი. თითქოს შეცდომა არ იქნება თუ პოეტის წერის მეთოდს ექსპრესიონიზმს ვუწოდებთ, მაგრამ ხშირ შემთხვევაში მეტაფორების მძაფრი გამომხატველობა ცილდება ექსპრესიონიზმის კანონზომიერებებს და სიურეალისტური კოშმარის სახით გვეჩვენება. თანაც ექსპრესიონისტული თვისებები და სიურეალისტური ელემენტები თანაარსებობენ ტრადიციონალიზმთან. ლექსის ფორმაში ნოვაცია არ გვხვდება. იგი ტრადიციულ პრინციპზეა აგებული და ამდენად ინდივიდუალისტური რეალიზმის სისტემაში თავსდება. ასევე მნიშვნელოვნად საგრძნობია ინტელექტუალური ნაივობის ქართლური აქცენტი. იგი ფოლკლორული პრიმატის შთაბეჭდილებას ტოვებს ხანდახან. ყოველ შემთხვევაში ქართლური კილოკავი აქტიურ რეგისტრს ქმნის პოეტის ინტელექტუალური ქვეტექსტის ინტონაციაში. გარდა ამისა, ხანდახან მისი იერსახეები წინასწარმეტყველთა ენის ასცოციაციას იწვევენ. ფრაგმენტები, რომლებშიც, მსგავსი ასოციაციები წარმოიშვება, ალბათ სპირიტუალურ სიმბოლოდ შეიძლება გააზრებულ იქნას.

ცალკე აღებული რომელიმე მხატვრული დინების კალაპოტში იგი ვერ თავსდება, რადგან გაცილებით ფართო მასშტაბის და რთული პოეტია ვიდრე ცალკეული მიმდინარეობა გულისხმობს. უბრალოდ პრიმიტივისტი რომ დავარქვათ, უთუოდ უმეცრება იქნებოდა, რადგან მის უდავო განსწავლულობას და ძლიერ ინტელექტს ვერ შევამჩნევდით. რეალისტ-ექსპრესიონისტი რომ შევარქვათ მხედველობიდან გამოგვრჩებოდა სიურეალისტური ხაზი, ინტელექტუალური ნაივობის მონაცემები და სპირიტუალური სიმბოლოები. თავი რომ დავანებოთ ამ ფორმალურ მიმართებების აღნიშვნას და სადად აზრის პოეტი ვუწოდოთ, ვერ დავადგენდით მისი შემოქმედების ანალიზისთვის ერთ აუცილებელ ფაქტორს, კერძოდ იმას, რომ იგი კლასიკოსი არ არის და არის უაღრესად თანამედროვე პოეტი. ამ გაგებით აქვს მნიშვნელობა იმის აღნიშვნას, რომ მისი ლექსები აგებულია ექსპრესიონისტული, სიურეალისტური და ინტელექტუალური ნაივობის სინთეზის პრინციპით. თანამედროვე ესთეტიკური განცდის ხაზგასმით დაფიქსირება გვიმოწმებს პოეტის თვითმყოფადობას და განუმეორებლობას. ინდივიდუალისტური ავტონომიურობა ძირითადი ამოცანა გახდა მეოცე საუკუნის შემოქმედისთვის. ამას თავისი მიზეზი აქვს. თანამედროვე ხელოვანი ვერავისგან, ვერც კლასიკოსისგან და ვერც წინამორბედი პოეტებისგან ვერ ისწავლის თვითგამოხატვის ფორმას, რადგან ცხოვრება, რომლითაც იგი ცხოვრობს ჯერ არ არის ესთეტიკური ფორმებით გამოხატული. იმიტომ მიელტვიან თანამედროვე შემოქმედები ნოვატორობას, ორიგინალობას, რომ საკუთარ ესთეტიკურ კონცეფციას, ფორმას ეძებენ. სამადაშვილს იმდენად მკვეთრად აქვს მოცემული საკუთარი ესთეტიკური ხმა, რომ მისი ავტონომიურობა შემოქმედებითი შრომის გარეშე მიღწეულ თვითნაშობ ორიგინალობად გვეჩვენება. მაგრამ ასე არ არის - მის ლექსებს ეტყობათ ლიტერატურული მუშაობა. მისი ლექსების ქვეტექსტში აზრგაფანტულობის და უპრინციპო პოეტური ევფორიის საპირისპიროდ განუწყვეტლივ იგრძნობა თანმიმდევრული მოაზროვნის ტრაგიკული და მოუსვენარი მსჯელობა. შეიძლება სწორედ სამადაშვილია მეოცე საუკუნის პოეზიაში ყველაზე პრინციპული და და თანმიმდევრული მოაზროვნე. ჩვენი საუკუნის პოეზიაში იშვიათია, თითქმის არ არის ისეთი პოეზია, რომელშიც ესთეტიკური ფორმა ინტელექტუალურ საფუძველზეა დაფუძნებული. უმეტესად პოეტები უპრინციპო ევფორიული განწყობილებების შემოქმედებად გვევლინებიან. ან ვიწრო გაგების ეროვნულობის აზრით იფარგლებიან, ან სატრფიალო ვნებების და რამდენადმე განუსაზღვრელი ჩაფიქრების დონეს ვერ სცილდებიან. ყოველ შემთხვევაში ვერც ერთ ლირიკოსზე ვერ ვიტყვით, რომ იგი აზრის პოეტია. სამადაშვილის პოეზია კი მოითხოვს, რომ მასში აზროვნება შევამჩნიოთ; ამას ბევრი მონაცემი ადასტურებს: ყველაზე თვალშისაცემი თემა მარადისობის და წარმავლობის მძაფრი დაპირისპირებაა. ეს თემა იმდენად წამყვანია, რომ პოეტს შეიძლება მარადისობის მაძიებელი შევარქვათ. ქვეყნიერების წუთისოფლობის, როგორც უიდეო ყოფიერების მძაფრი კრიტიკა საფუძველია ააგოს მარადისობაზე მყარი წარმოდგენა. მაგრამ ეს უკანასკნელი მიზანი თავისუფალ აზროვნებაზე დაყრდნობით მიუღწეველია. როცა თავისუფლად მოაზროვნეა, იგი ეგზისტენციალისტურ მსოფლმხედველობის წარმომადგენელივით გამოიყურება, მაგრამ არასდროს არ ხდება ნიჰილისტი ან აბსურდისტი. მისი განუწყვეტელი ფორიაქი, ადამიანის სრულყოფისთვის პასუხისმგებელი პიროვნების ტანჯვის სახით გამოიყურება. მარადისობის ძიებაში ეგზისტენციალისტური თავისუფალი აზროვნების უმწეობის გამო ხსნას ქრისტიანულ იდეალში ხედავს, მაგრამ ქრისტიანობასთან დინამიური, მაძიებელი დამოკიდებულება აქვს. ფანატიკოსი მორწმუნე მისგან არ გამოდის, რადგან თანამედროვე რთული ფსიქიკის მქონე ადამიანის კრიტიკული აზროვნება გააჩნია. როცა „რჯულდაწყვეტილობაში“ ამხილებს თავის თავს, ქრისტიანია იმ გაგებით, რომ თავს იდანაშაულებს. როცა ქრისტიანობის ტრადიციულ ფორმებს ეხება, უნებლიედ ქართულ კულტურასთან აქვს საქმე, ამიტომ სათუთად ექცევა ტრადიციულ რწმენას, მაგრამ იმასაც ხედავს, რომ ტრადიცია ნანგრევსღა წარმოადგენს. არასრულყოფილების გამო თავის თავის დადანაშაულების მხრივ იგი აღმსარებელი პიროვნებაა და იმის ამღსარებლად გვევლინება, რომ ვერშემდგარი ქრისტიანია. ეს რეალურად გამოხატავს თანამედროვე ქრისტიანული კაცობრიობის მდგომარეობას. ვერშემდგარი ქრისტიანი პირობითი გამოთქმაა და ფაქტიურად ქრისტიანულ მოძღვრებაში ყოველი ადამიანის ცოდვილად განსაზღვრას ნიშნავს.

მიუხედავად ამისა, უდიდესი გულმოდგინებით იცავს ქრისტიანულ იდეალს. ნიცშეს ლექსის სამკაულის სახით არ ახსენებს. მაც გაცნობიერებული აქვს მისი „აგრესიული ინდივიდუალიზმი“. თავის სათაყვანებელ პიროვნებას ერეკლე ტატიშვილს ეპაექრება , როგორც წარმართს. ნიუანსურად ასხვავებს ადამიანის წარმართულ გამოვლინებებს თავისუფალი აზროვნების დაბნეულობისაგან და ამ ორივე ორიენტაციის ქრისტიანობისაგან განდგომილების ნიშნებს. ბუდიზმი ბუდიზმს, ქრისტიანობა ქრისტიანობას ასე მკვეთრად ყოფს მრწამსებს შორის განსხვავებას. ყოფიერების კრიტიკაში თავისი თავის არასრულყოფილ ქრისტიანად მხილებაში და მარადისობის ფორმის მყარი წარმოდგენის აგების ცდაში „ახალი“ ქრისტეს მაძიებლად გვევლინება. მხოლოდ განახლებულ ქრისტეს მოძიებაში ხედავს კაცობრიობის ხსნას. ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა კომუნისტური ათეიზმის ეპოქაში.

ამ საზრისეულ ქვეტექსტის არშეგრძნობა ალბათ იმას ნიშნავს რომ სამადაშვილი ვერ წაუკითხავთ.

ყოველივე ამის შემდეგ მისი პოეზიის რომელიმე ფორმალური ნიშნით განსაზღვრა უთუოდ იწვევს უკმარისობის განცდას. ვერც აზრის პოეტი, ვერც მეტაფორული აზროვნების პოეტი თუ ტრაგიკოსი პოეტი ცალ-ცალკე ვერ გამოთქვამს პოეტის ხასიათს. ერთად რომ შევრწყათ ექსპრესიონიზმი, სიურეალიზმი, ინტელექტუალური პრიმატი, სპირიტუალიზმი, ტრადიციონალიზმი, აზრისპოეტი ტრაგიკოსი, სახოვანი მეტაფორით მოაზროვნე შეიძლება საჭირო განსაზღვრისთვის მიგვეგნო, მაგრამ ასეთი გამაერთიანებელი ზოგადი სიტყვა არ მოიპოვება.

***

ქართული პოეზია არ იყო ჩვეული პოეტთა მხრიდან აღმსარებლურ თვითკრიტიკას. ეს ფენომენი საერთოდ ყოფიერების წუთისოფლობის კრიტიკის და უარყოფის აზრით ჭარბად იგრძნობა სამადაშვილის პოეზიაში. ეს არის ახალი დროის რთული ფსიქიკის მქონე ხელოვანის ძლიერ კრიტიკულ აზროვნებაზე დაფუძნებული პატიოსანი მისწრაფება ყოველივე მჭევრმეტყველურ ფსევდომშვენებას, მის ფარისევლობას და თვალთმაქცობას ნიღაბი ჩამოხადოს და ადამიანის შინაგანი რაობის ნამდვილი სახე გამოაჩინოს. ჭეშმარიტებაზე და ღმერთზე ლამაზი და პათეტიკური ლაპარაკი არ ნიშნავს, რომ მოლაპარაკე ჭეშმარიტი ან ღვთაებრივია. ასეთი ლაპარაკი უნდობლობას იწვევს თანამედროვე ადამიანში. იგი ხედავს, რომ ყოფიერების რთული ძვრები ერთნაირად ამოსვრიან მიწიურობის ლაფში წმინდანებსაც, რჩეულებსაც, ჩვეულებრივსაც და დაცემულებსაც. იგი თანამედროვე ადამიანი, კრიტიკულად აღუდგა კლასიკურ და რენესანსულ იდეალიზების პრინციპს, შელამაზებულ მშვენიერებას მას ადამიანის ჭეშმარიტი სიმახინჯის ნაკლოვანი სინაღდე უფრო წარმოუქმნის უტყუარი მშვენიერების განცდას.

ჯერ კიდევ ფრანგული სიმბოლიზმში წარმოიშვა ახალი არარენესანსული მხატვრული იდეალი, კლასიკური მშვენიერების კრიტიკის ფონზე ახალი თვალით იქნა დანახული სიმახინჯე, ბოროტება, ცოდვა, ნაკლი. სიწმინდისკენ სწრაფვამ და რეალურმა ნაკლოვანებამ ადამიანი მწარედ ჩააფიქრა, ტრადიციულ ფასეულობათა კრიტიკულ გადაფასებაში ფრიდრიხ ნიცშეს ღმერთი შემოაკვდა. ტექნოკრატიულმა პროგრესმა, მარქსიზმმა, პრაგმატიზმმა, ფროიდიზმმა იმდენად გააუფასურეს ტრადიციული მსოფლმხედველობები და რელიგიები, რომ ადამიანი „ახალი“ ქრისტეს ძიების აუცილებლობის წინაშე აღმოჩნდა. ამ ახალი იდეალის ძიების გარეშე ადამიანი უიდეო აბსურდად გადაიქცა და თავის არარაობაში დარწმუნებული, ცხოველის ცუდ სახეობად გარდაქმნილი უგზოდ მიაბოტებს ქაოსში. ოდესღაც ღვთის ხატად წოდებული ადამიანი დიდ კრიზისშია.

ამ უდიდესი დრამის ინტონაციებით არის გამსჭვალული ნ. სამადაშვილის პოეზია. ლექსში „ადევნება“ მის „გულში მღვრიე სიცოცხლე ღმუის“ და „და მონასტრის ხმა რაღაცას სტყუის“. მორწმუნე ფილოსოფოსის სიორენ კირკეგორის ეკლესიის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება გაგახსენდებათ. ფილოსოფოსი ეკლესიას ბრალს სდებდა, რომ იგი ქრისტეს რევოლუციური მოძღვრებისგან განსხვავებით ყოველგვარ ბოროტ მმართველობას ეგუებოდა პრაქტიკული თვითშენახვის თვალსაზრისით. მაგრამ მიუხედავად კრიტიკული განწყობილებისა, სამადაშვილის ტაძრებთან დამოკიდებულება სათუთია. ამის შესახებ ქვემოთ ვისაუბრებთ. თავად მაცხოვართან კი პოეტს უკრიტიკო დამოკიდებულება გააჩნია. ერთ-ერთ ლექსში იგი დაუეჭვებლად ამბობს: „საუკუნეებს - მაცხოვარი გაჰყვება მეხრედ, საუკუნეებს დასაბამი რომ მოაძოვა“. ხოლო ლექსში „ადევნება: რომელშიც „მონასტრის ხმა რაღაცას სტყუის“, ბოლო სტროფი საკუთარი ცოდვილი ყოფის შეფასების მსგავსად იკითხება: „ქუჩებს ვაწყდები... რაღაცას ვდარდობ. მეძავი დამდევს ვით ძუკნა ძაღლი, ორივე გზიდან გადავვარდნილვართ: სარდაფი, ღამე, აყალმაყალი...“

აქ თანამედროვე ადამიანის გზასაცდენილობა თვითგაკიცხვის ხერხით არის გაკრიტიკებული. „მონასტერი ტყუის“ თვითონ „გზიდან გადავარდნილთა“, მარადიულობის ნაცვლად მასთან მეძავია. ძალიან ჰგავს ეს ნაღვლიანი სურათი დღევანდელი კაცობრიობის თვითეულთაგანის მახასიათებელ მდგომარეობას. მეძავის სქესობრივი ადამიანურობა არაფრით არ წარმოშობს საშველის პერსპექტივას. ეს კიდევ მცირედი ნიმუშია სამადაშვილის კრიტიკული აზროვნების და აღმსარებლური ინტონაციის დასამოწმებლად. ლექსში „უკანასკნელი ქრისტიანები“ იგი ბეთანიაში ექვსი თანამედროვე რწმენაშერყეული ქართველის გამგზავრების ფონზე ბეთანიასა და ქრისტიანობასთან დამოკიდებულებას გვიხატავს. აქ ჩანს, როგორი განუკურნებელი ტკივილით და ახლობლური განცდით ეპყრობა პოეტი საქართველოში უპატრონოდ მიგდებულ ტაძრებს, რომელთა მორყეულობას, თუ ნანგრევისეულ ხავსიან ჟანგს, თითქოს უნაცნობესი გემოც კი აქვს. თითქოს პოეტმა ოდესღაც, ბავშვობაში საქართველო პურივით ჩაკბიჩა და ვერასოდეს, იქნება მარადისობაშიც კი, ვერ განთავისუფლდება საქართველოს ტკივილის გემოსგან. თითქოს ეს გემო პოეტის პირად თვითშეგრძნებად იქცა. ასეა, როცა უსაშველოდ უყვარს ადამიანს ის, რაც ჭეშმარიტად უსაშველოდ შესაყვარებელია. ლექსის ქვეთავში „ხილვა“ (2) იგი ამბობს: „ჟამს ტაძრის კანი ისე დაუხრავს, რომ გარეთ ჟონავს ჭრაქის ნათელი, ძლივს ვამშვიდებდით შემკრთალ მაცხოვარს რჯულდაწყეტილი ექვსი ქართველი“. ბეთანიის ტაძრის გაცვეთილობის ოსტატური გამოსახვის პარალელურად საკუთარი რჯულდაწყვეტილობის თამამი ხსენება ტაძრის სიძველეს, რაღაცნაირად, შესაბრალისსაც ქმნის და თავის საბრალო მიგდებულობაში ჭეშმარიტების ძალის მქონე სიწმინდესაც ანიჭებს. მაგრამ „რჯულდაწყვეტილობას“ ამ სფეროში სხვა პოეტური ძალაც გააჩნია. იგი აღმსარებლური ხასიათისაა და ტაძართან ყოფნის გამო გულახდილი თვითმხილების მშვენიერ სიჩვილეს ამჟღავნებს. მეორე მხრივ იგივე „რჯულდაწყვეტილობის“ „შეშლილი მაცხოვრის“ იერსახის გვერდით ხსენება ექსპრესიული თვითკრიტიკის მუხტსაც გადმოსცემს. გარდა ამისა, ხსენებული „რჯულდაწყვეტილობა“ რაც უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, რჯულდაწყვეტილობასაც, ანუ რწმენის სიცოცხლისუნარიანობასაც ნიშნავს. ეს ასეა, რადგან საკუთარი თავის მკაცრი მხილება პირდაპირი გაგებით უშჯულოებას კი არ ნიშნავს, არამედ შერყეული რწმენის სინანულს თავისი არასრულფასოვნების გამო. თან ეს თვითგაკიცხვა სპეციფიურად პირადული არ არის, ექვს ქართველში ხომ მთელი დღევანდელი საქართველო და კაცობრიობაც დაინახება ღმერთთან მიმართებაში. უნდა რომ სწამდეს დღევანდელ ადამიანს ტრადიციული ღმერთი, მაგრამ ვერ სწამს და ამიტომ აღარც ტრადიციული ღმერთის ეკლესიური ძველი ფორმები არ მფარველობენ მას. დღევანდელ, ზედმიწევნით ჩახლართული ფსიქიკის მქონე ადამიანსა და ტრადიციულ ფორმებს შორის კავშირი შეწყვეტილია.

ლექსის მეოთხე ქვეთავში „ლოცვის ანეული“ პოეტი წერს: „კედელზე სანთლის შუქი იჭრება, ჩანს წმინდანებმა როდი მიგვიღეს, რა გვეშველება წყეულ ნაბიჭვრებს, თუ გზაც ავდრებმა გადაგვიტიხრეს“. და აკი „გადაუტიხრეს გზები“ მსოფლიოს ხალხებს და ერთეულებს შინაგანმა „ავდრებმა“.

როცა წრფელი გულით ლოცვა აღარ ძალგვიძს, საკუთარი შინაგანი წინააღმდეგობრივი დანაწევრების თუ გაფანტულობის გულახდილი ჩვენება და მკაცრი შეფასებაა ლოცვის სანაცვლო. ამ პრინციპს ადგას სამადაშვილი.

ლექსის მესამე ქვეთავში უდიდესი სინანულის გამომხატველი ვედრება-განწყობილება აქვს გამოთქმული პოეტს: „აქ შეგეწირე ნეტავი, დედავ, თავი დამედო და დაგეკალი“. ოღონდ ის მწარე საკუთარი თავი არ ჰქონოდა, რადგან, როგორც სასურველი იყო, ისეთი წმინდა ვეღარ იყო. ნეტა ამ წმინდა ადგილას დაეკლა დედას მსხვერპლის სახით. ეს პოეტური გამონაგონი ისეთ წუხილს შეიცავს, ისე რეალურად მტკივნეულია, რომ წმინდა ლოცვის დონეზე ადის. რა თქმა უნდა, მექანიკური რიტუალური ლოცვის ფარისევლობას არ ვგულისხმობთ. არ ვგულისხმობთ ღმერთთან თანხმობას განიცდის. ამ სტრიქონებში ჩანს სამადაშვილის უაღრესი პატიოსნება: წმინდა გულით ვეღარ ეახლება ღმერთს, მაგრამ თავის ბედუკუღმართ თავს იმდენად შეინანებს, რომ სიწმინდის დამაჯერებელ მოთხოვნილებას არათვალთმაქციურ ლოცვად აღვიქვამთ. ალბათ ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმ ფაქტორზე, რომ თანამედროვე ქართულ პოეზიაში არ გვხვდება, ან ნაკლებად გვხვდება საკუთარი ვინაობის და რაობის ფილოსოფიურად რკვევის ლირიკული ინტონაცია. სამადაშვილის პოეზიაში კი სწორედ ეს ძვირად შესაქმნელი ინტონაცია აძლევს ძირითად პოეტურ აქცენტს ლირიკულ მე-ს.

მეორე სტროფში ასეთი იერსახეა: „თან ღმერთს შესჭროდა საყდრების გლახა“, - შეიძლება „საყდრების გლახაში“ თავის თავსაც კი ხედავს. ქრისტიანული თვითგაკილვა და თვით დამცირება პოეტის თვითგანქიქებაში ფილოსოფიური კრიტიკის პარალელურად შემავალი კომპონენტია. უთუოდ დიდ შეცდომას დაუშვებს ის ადამიანი, ვინც სამადაშვილის აღმსარებლობით თვითჩხრეკვას პოეტის რაიმე კაცებრივ უკეთესობას მიაწერს. ეს უცოდველი კაცი ასე იმიტომ აბიაბურებს თავის თავს, რომ მის შემოქმედებითად განზოგადებულ მეტყველებაში მეოცე საუკუნის ავადმყოფი მიწა ლაპარაკობს. მის ხმაში მეტყველებს მისი დროის ყველა გზასაცდენილი ქართველის შესაძლებელი სინანული, თუ ეს უკანასკნელი გონს მოეგებოდა და შეინანებდა:

„აქ შეგეწირე ნეტავი დედავ,
თავი დამედო და დაგეკალი.“

„საყდრის გლახა“ განუსაზღვრელად და ბუნდოვნად უკავშირდება მათხოვრის იერსახეს, რომელიც ერთი შეხედვით შემთხვევითი პერსონაჟია, მეტაფორებით ყოველმხრივ დახატული ტაძრის თანმხლები ატრიბუტი. ძნელია მისი თქმა, რომ პოეტს მათხოვრის იერსახეში უფრო დიდი მნიშვნელობის აზრის ჩადება უნდოდა, ვიდრე გლახაკის ბეჩავი სახისა, მაგრამ სტროფი, რომელიც მათხოვარს გვიხატავს, იმდენად აქტიურ ყურადღებას იპყრობს თავისი უმაღლესი დანის მხატვრულობით, რომ მკითხველისთვის უზარმაზარ სიმბოლურ დატვირთვას იძენს. „მათხოვარი ზის როგორც ობობა, მყრალ ჯოჯოხეთის მოხდილი პკეა, არც ზღაპარია, აღარც მოთხრობა, ის თითქოს ჩიტებს აუკენკიათ“. ეს სტროფი უნებლიედ, თავისი ინტენსიური ენერგიის ხარჯზე, იქცევა იმ ხატოვანებით მდიდარ ლექსში მთავარ აქცენტად. იგი თითქოს იკრებს თავის თავში „რჯულდაწყვეტილობის“ დრამას, პოეტის ვედრებას „აქ შეგეწირე ნეტავი, დედავ“... მოკლედ ამ ლექსის ქვეტექსტის დრამას. ამიტომ სტროფის ძლიერი მხატვრულობით აღფრთოვანებული მკითხველი თავის თავს უფლებას აძლევს თვითნებური ინტერპრეტაცია გაუკეთოს მას. ჩვენც თუ გამოვიყენებთ ამ უფლებას, შეიძლება, გლახაკის იერსახეში საზოგადოდ მიწის პლანეტა წარმოვიდგინოთ, რომელიც მათხოვარივით მისდევს მზეს და, საერთოდ , ზოდიაქოებს და სინათლეს და მარადისობას იხვეწება. მითუმეტეს, რომ ერთ-ერთ ტრაგიკულ ლექსში („გული და ჯანღები“) პოეტი აშკარად აღნიშნავს დედამიწის მათხოვრობას:

„ბინდი სამყაროს შიშით რაღას მიეკარება,
დასაბამს იქით მთვარე დაჰყრის სინათლის მორებს.
ბურუსის იქით ჩიტებივით დავიკარგებით!
და ბრუციანი დედამიწა შუქს იმათხოვრებს.“

რაც უნდა გადამეტებული იყოს ასეთი ინტერპრეტირება, მათხოვრის იერსახის ტრაგედია ბევრად სცილდება სოციალურად ბედკრულის გასაჭირს, ზოგადდება და იმდენად საყოველთაო შინაარსს იძენს, რომ მასში მარადისობის მთხოვნელი ზოგადადამიანი დაინახება. მასში ადამიანობის ყველა საშინელებათა მხილველი სასოწარკვეთილი ეკლესიასტეც შეიძლება განვჭვრიტოთ. არა მხოლოდ ეკლესიასტე, არამედ წარმავლობასთან გონით და განცდით შებრძოლებული ყველა ნატანჯი მაძიებელი მარადიულობისა. იქნებ უკვდავების ძიებაში გაწამებული გილგამეშიც კი გაგვახსენდეს, პლატონიც, რომელიც ნათელმხილველური ყაიდის აზროვნებით აგებდა უხრწნელი იდეების საუფლოს და სარკასტულად იწუნებდა იდეების ცუდ ჩრდილს - მატერიას. მრავალი შეწირულის ხსენება შეიძლება, მაგრამ მათი ხსენების გარეშეც ბევრს მიანიშნებს მათხოვრის იერსახე. ავტორი დაუნდობელი პოეტური სისასტიკით ხატავს მათხოვარს პირველ ორ სტრიქონში. „მყრალ ჯოჯოხეთის მოხდილი პკეა...“ კმარა პოეტური ხატვა-თამაშის დაუნდობელი ჟინის დასამოწმებლად. ამაში ფსიქოანალიტიკოსებმა შეიძლება აგრესიაც კი განჭვრიტონ. მესამე სტრიქონში ინტონაცია პროზაულად დამცხრალია. მეოთხე სტრიქონში, როცა მათხოვარს ჩიტები კენკავს, პოეტი თითქოს, თან ბოლოს უღებს, თან კი სასტიკად ეფერება ჩიტების საშუალებით.

იქნებ არც არის საჭირო, რომ მათხოვარში მარადისობის მხვეწარი სიმბოლო ვიგულისხმოთ. თავისთავად, ლექსში ამ სტროფის ენერგიული აქტივობით სახეზე ყოფნა, ერთგვარ აბსტრაქტულად ზოგად ყოვლადდაღუპულობის განცდას იწვევს. თითქოს ამ გულჩაგლეჯილი და გარეგნობის სიმრთელე აკორტნილ ფიგურაში ადამიანის ყველა იმედგაცრუება და ტკივილი შეკრებილა ერთად. ამიტომაც არის, რომ ლექსის უკანასკნელი სტრიქონები: „უსინანულოდ ვტოვებდით ტაძარს უკანასკნელი ქრისტიანები“ მწუხარებისგან გონგათიშული კაცობრიობის გულაყრილობას, თუ გულგრილობას მოგვაგონებს და არა ადამიანის თანდაყოლილ ქარაფშუტობას.

როგორც ვხედავთ პოეტი ნაძალადევად არ წმინდანობს, სიმულაციურად არ ბინდავს თვალებს, არ ნათელმხილველობს, არ იოგობს, ის ტანჯული კაცობრიობის წარმომადგენელია და ფხიზლად გაიაზრებს რას ნიშნავს რწმენა და რას ნიშნავს რწმენადაკარგულობა. რა ფასი ექნებოდა ან პოეტის განცდას, ან ლექსს მასში რომ მოვეტყუებინეთ და აეწერა, თუ რა რუდუნებით ლოცულობდა იქ ბეთანიაში და როგორი გაცისკროვნება მიაგეს სამაგიეროდ ტაძრებმა და ლოცვამ. პოეტი ისე აზროვნებს, როგორიც მოვლენათა მდგომარეობა არის და ამით მართლმხილველია. მაგრამ როდესაც ელდანაცემი ვნებით გამოსახავს მოვლენათა მდგომარეობას ისეთი დონის ტკივილს ამჟღავნებს, სულის სიწმინდის დაკარგვის გამო, რომ ამ ტკივილის წინაშე წესიერმა კაცმა თავი უნდა დაიდრიკოს. ეს ტკივილი კათარზისული ხასიათისაა, რადგან სიწმინდის და სულის სიმრთელის გრძნობაა, თავისებური განმწმენდი ესთეტიკური ხატიც არის.

აღსანიშნავია პოეტის ლექსთთხზვის მანერის დამახასიათებელი რამდენიმე მომენტი: ზოგ შემთხვევაში პოეტი უშუალოდ თავის სატკივარზე თუ სიმარტოვეზე ლაპარაკობს. ხან ცხადყოფს ტკივილის მიზეზს, ხან კი მიზეზი განუსაზღვრელია, მაგრამ არის მის პოეზიაში მათხოვრის იერსახის ამსახველი სტროფის მსგავსად არაპირადული მისამართის მეტაფორები, რომლებშიც განსაკუთრებული ვნებით და სახიერებით გამოიხატება ადამიანური დრამა. ასეთ სტრიქონებში პოეტი თავად გამომხატველობის ხარისხში და სიმახვილეში შეაფარებს თავის პირადულს. იმაში შეიძლება დავინახოთ პოეტური განცდის ობიექტივაციის წმინდად ესთეტიკური ხასიათი. ე.ი. პირადულს მთლიანად მხატვრულობის ძალა ცვლის და განსაკუთრებულ განუსაზღვრელ სუბიექტივიზმთან ერთად ობიექტურ, ან ინფინიტივურ დამაჯერებლობას ქმნის. კიდევ ერთ სტროფს მოვიყვანთ ასეთი ობიექტივაციის ნიმუშად: „მეც მარტო ყოფნა ათასწლობით მომეწყინება, თავის ქალაში მწვანე ხვლიკი შეძვრება ღამე, ძვლებზე შემხმარი დაფიქრება მომეწონება და მატლებდახრულ თვალებიდან გახედავს ბაღებს“. ასეთი მხატვრული ძალით აღფრთოვანებულებს მოგვეჩვენება, რომ „მათხოვრის“ და „თავის ქალის“ სტროფებს თვითონ უილიამ შექსპირიც მოაწერდა ხელს. ყოველ შემთხვევაში ეს სტროფები ბოდლერის საუკეთესო ლექსების დონეს მაინც უახლოვდება. (შექსპირის და ბოდლერის ლიტერატურულ ავტორიტეტებს, ალბათ, არაფერი არ დააკლდებათ, თუ მათი საშუალებით ნიკო სამადაშვილის ზოგიერთ პოეტურ მიღწევაზე განსაკუთრებულ მახვილს დავსვამთ. ამ ხერხის არამართებულობა მხოლოდ ჩვენ მოგვიტანს ზიანს და არაკომპეტენტური გემოვნების პირად ჩავითვლებით). როგორც ვხედავთ სტროფში მშვიდი, თითქმის პროზაული ინტონაციით იხატება ჩვეულებრივი ნივთის დარი თავის ქალა, მაგრამ როდესაც ადამიანის სიცოცხლისმოყვარეობა ისმენს ამ „აღწერას“, ქრება ჩვეულებრივი ნივთის აღწერა და შეძრწუნებით განიცდის წარმომავლობას, ამაოების და სიკვდილის სტიქიებს. გონება კი ურიგდება ასეთ სანახაობას, მაგრამ სიცოცხლისმოყვარეობა თავზარდაცემულია. აქ წარმოიშვება განსაკუთრებული ძალით ყოფიერების აბსურდულობის შეგრძნება და მარადიულის მოძიების ვნება. თუ სიცოცხლისმოყვარეობა წუხილით მოჯადოებული გააგრძელებს წარმავლობის საშინელებებზე ფანტაზიორობას, წარმოიდგენს, თავის ქალისთვის „უცხო პირის“ მისტიურად თვითგაუცნობიერებელი მწვანე ხვლიკის თავის ქალაში ერთხელაც რომელიმე მწერი შეძვრება, რომელსაც თავის მხრივ წვიმის წვეთი მოახრჩობს და ა.შ. ასეთია სხეულებრივი არსებობის მდგომარეობა. ხვლიკს ადამიანის თვითგამაუცხოებელი დინამიკა და ენერგია შეაქვს „ნივთი“ თავის ქალის დახატვაში. ეს შეუგნებლობის და ჩვენთვის უცხო ინსტინქტების ნიმუში ქვეწარმავალი საძაგლობის იერით ავსებს თავის ქალის შინაგან ხვრელებს. ის არ დაგიდევთ, რომ ოდესღაც ამ ხვრელებიდან გონიერი თვალები იყურებოდნენ, მარადისობაზე ჩაფიქრების დარდით. მისთვის ეს ჩვეულებრივი ლაბირინთია, რომელშიც იქნებ რაიმე შესასანსლავი აღმოჩნდეს. ხვლიკი თავის მწვანე შეუვალობით და ენასავით რბილი მუცლით თითქოს, ალქიმიური სანტიმეტრია იმ მანძილის გასაზომად, რომელიც თავის ქალაში თვალების ღრმულებსა და მასში ოდესღაც მყოფ და სამუდამოდ გამქრალ მარადისობაზე ფიქრისა და ჭეშმარიტ, მაგრამ უცნობ მარადისობას შორის ძევს. ხვლიკი რომ ზედმიწევნით შეუგნებელი და ინსტიქტური რამ არის, ეს კიდევ უფრო ხაზს უსვამს ადამიანის მოკვდავობაზე და უკვდავებაზე ჩაფიქრების უმეცრების დრამას.

ძველი ეპოქების წინასწარმეტყველები თავიანთ ხილვებს ადამიანის შეგრძნებათა სიჩვილეებისადმი დაუნდობელი პირგამეხებით გამოთქვამდნენ. ასეთ დონემდე ადის შიგადაშიგ სამადაშვილის მხატვრული ძალა.

ისე, რომ სამადაშვილი არაფრით არ არის ლიტონი ეფექტების მქონე ექსპრესიული მეტაფორების პოეტი. იგი ღრმა აზროვნების პოეტია. სიმყუდროვენაპოვნ ჩვეულებრივ მოკვდავს რომ შეაზანზარებს, ისეთი კოსმიური ენერგიით ზემოქმედებენ მისი აზრობრივი მნიშვნელობები ძლიერ სახოვან ფორმებში. აზრ-განცდების მისტერიები - ასე შეიძლება მისი მეტაფორების სახელდება. რა თქმა უნდა ჰედონისტური ესთეტიკის მიმდევრისათვის, მეშჩანურად მოწყობილი, თბილი შეგრძნებების მქონე კულტურის მოყვარესათვის სიამოვნებათა დამანგრეველი გრიგალია პოეტის თვთმამხილებელი აზროვნება.

***

რწმენის კრიზისი კერძოდ სამადაშვილისეული მოვლენა არ არის. იგი ახასიათებს მეოცე საუკუნის კაცობრიობას. თავის დროზე უდიდესი ყურადღება მიაპყრო ამ საკითხს დოსტოევსკიმ. იგი დიდი გულმოდგინებით ეძებდა სრულყოფილი რწმენის რეალურ შესაძლებლობას. გრძნობდა რა, ღმერთის არსებობის აუცილებლობას, რწმენის მრავალი კერძო შემთხვევა მიმოიხილა მხატვრულად თავის რომანებში. სამწუხაროდ სავალალო მდგომარეობა გამოუვიდა. აღმოჩნდა, რომ ტექნოკრატიული პროგრესის წყალობით თავისუფალ კრიტიკულ აზროვნებას, კერძოდ ნატურფილოსოფიას მძლავრად მოეკიდებინა ფეხი ადამიანებში. მკვეთრად განიყო ინდივიდუალური რწმენა ხალხური რწმენისაგან. ეს უკანასკნელი ტრადიციის უკრიტიკო ინერცია უფრო აღმოჩნდა, ვიდრე ღმერთისადმი ცოცხალი მიმართება. ინდივიდუმები კი დაეჭვებული მორწმუნენი აღმოჩნდნენ. ერთ-ერთ რომანში პერსონაჟი ასე ახასიათებს მეორეს: „თუ სწამს, არა სწამს, რომ სწამს, ხოლო თუკი არა სწამს, არა სწამს, რომ არა სწამს“. ამგვარი მრწამსდაკარგულობის, დაეჭვების, ასე ვთქვათ ურწმუნოდ რწმენის მოთხოვნილების განწყობებით და იდეებით აღსავსენი არიან მწერლის რომანის ის გმირები, რომელთაც ინდივიდუალობა გააჩნიათ. ღმერთის არსებობაში დაეჭვება საერთო სენი აღმოჩნდა ახალი, ტექნოკრატიული ეპოქის კაცობრიობისათვის. ძველ ეპოქებში ღმერთის შეუცნობლობა მორწმუნესათვის არ წარმოადგენდა მისი უარყოფის ან კრიტიკის საბაბს. პირიქით, ადამიანი თავის ნაკლებ უმეცრებად მიიჩნევდა იმას, რომ ვერ შეიცნობდა. ამიტომ დაუფიქრებლად ენდობოდა შეუცნობელ გონიერ და კეთილს არსს. ახალი ეპოქის ადამიანი კი რადგან ვერ შეიცნობს, უარყოფს, ეჭვობს. ტექნოკრატიულმა პროგრესმა მას თავისუფალ აზროვნებასთან ერთად ქედმაღლობა განუვითარა.

ღვთისმაძიებლობით, ღმერთის ადამიანთან რეალური კავშირის აღმოჩენის ამოცანით არის მიმართული ეგზისტენციალიზმის ერთ-ერთი წინამორბედის, სიორენ კირკეგორის ფილოსოფია, ეკლესიურ რელიგიაში იგი რწმენის ურწმუნო რიტუალს, ფარისევლობას ხედავს.

მიწაზე კაცობრიობის ყველაზე დიდი მტერის ნიჰილიზმის სწრაფი გავრცელების მიზეზს ქრისტიანობის აღსასრულში ხედავს ფრიდრიხ ნიცშე. იგი ცდილობს ახალი იდეალის ჩამოყალიბებას, მაგრამ სულ სხვა რამ გამოსდის, კერძოდ, „აგრესიული ინდივიდუალიზმი“. ახალი იდეალის ძიებას, ახლებურ ღვთისმაძიებლობას, ალბათ, ახალი ქრისტეს ძიებაც შეიძლება ეწოდოს, იმ გაგებით, რომ ახალი ეპოქის ადამიანი გრძნობს ახალი ხსნა პირობითი გაგებაა, რადგან ხსნა, ანუ ღვთის შვილის ადამიანის ცოდვის გამოსასყიდად ჯვარცმა და ჯვარცმულის მდგომარეობა მხოლოდ ერთხელ შეიძლება მოხდეს საზოგადოდ ხსნის ღვთაებრივრივი მისტერიის ისტორიაში.

მიუხედავად ამისა თანამედროვე ადამიანი მოწყურებულია ხსნის რომელიღაც ზედმიწევნით დამაჯერებელ ფორმას, ისეთ ფორმას, რომელშიც ეჭვს ვერაფრით ვერ შეიტანს. ასეთი მოთხოვნილების ფაქტორი თავისთავად ნიშნავს, რომ მარადღირებული, თუ მარადმოქმედი იდეალი არ არსებობს. უძველეს ეპოქებში სიცოცხლის გეზად ჩამოყალიბებული იდეალი დროებითვადური აღმოჩნდა, რადგან შემდგომმა ეპოქებმა სულ სხვა იდეალები დაისახეს, რომლებიც თავისთავად დროებითვადობით დახასიათდნენ. ადამიანი ცვალებადი მსოფლხედვისა და განწყობების არსება აღმოჩნდა. მის ცვალებადობას სწორედ იდეალების ეპოქათა განმავლობაში სიურპრიზული მონაცვლეობა ადასტურებს. ე.ი. ადამიანი ერთი გარკვეული (ოდესღაც ჩამოყალიბებული) სამუდამოდ ღირებული იდეალის მიმდევარი კი არ არის, არამედ მარადჟამ ახალია - იდეალის მაძიებელი არსებაა.

მიუხედავად ყოველივე ზემოთქმულისა ცხადად შეიმჩნევა ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა: სიცოცხლის ფილოსოფიურ ორიენტაციებში იმედგაცრუებული ადამიანები კვლავინდებურად უბრუნდებიან ქრისტიანულ იდეალს. მართალია ეს დაბრუნება რამდენადმე ფორმალურია, რადგან ნამდვილ რწმენას არ ემყარება. მაგრამ აქედან მაინც შეიძლება გაკეთდეს შემდეგი დასკვნა: ქრისტიანობა ყველაზე მყარი და მარადღირებული იდეალი აღმოჩნდა იმ გაგებით, რომ ქრისტეს მარად ეძებს ადამიანი.

ნიკო სამადაშვილი მეოცე საუკუნის უიდეალო ეპოქის ღვთისმაძიებელი ინდივიდუუმია, იგი ქრისტიანია, მაგრამ ისეთი ქრისტიანია, რომელიც ქრისტიანობის ტრადიციულ ფორმას სინანულით ემშვიდობება და ახალ ქრისტეს ეძებს. ძველი იდეალის მსხვრევა და ახალი იდეალის ჩამოუყალიბებლობა მისი პოეზიის ტრაგიკული განცდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზია. პოეტი ცხოვრობდა საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის ხანაში, როდესაც ქრისტიანობა სასტიკ დევნას და უარყოფას განიცდიდა. რა თქმა უნდა, ეს ფაქტორი კიდევ უფრო ამძაფრებდა პოეტის ტრაგიკულ მსოფლშეგრძნებას. მითუმეტეს, რომ ქრისტიანობა მისთვის მხოლოდ ინდივიდუალურ რელიგიას კი არ წარმოადგენდა, არამედ საქართველოს კულტურის სჯულისეულად განმსაზღვრელ მოძღვრებას.

არიან „მორწმუნენი“, რომლებიც თავიანთ შინაგან სამყაროში სულიერი ხდომილების გარეშე, რამდენადმე გარეგნულად თუ ფორმალურად მიიღებენ ხოლმე ქრისტიანულ ეკლესიურ დოგმატს და სამუდამოდ „სწამთ“ ურწმუნოდ. ასეთ ახალ ფარისევლებს აქვთ საშიშროება, რომ პირადი სულიერი აქტივობის გარეშე ნაპოვნი პროგრამის ყალბ დემაგოგებად იქცნენ. არსებობს გონიერი აფორიზმი (ავტორი არ ვიცით): „გაჰყევი მას, ვინც სიმართლეს ეძებს, მაგრამ გაექეცი იმას, ვინც სიმართლე უკვე იპოვა“. მართლაც, რამდენად ძალუძს ადამიანს ერთხელ და სამუდამოდ ყოველნაირად გადაჭრილი სიმართლე ან იდეალი მოიძიოს, აღმოაჩინოს, ჩამოაყალიბოს. ასეთ რაიმეს თუ დაიჩემებს, ყალბი და ამდენად შემცდარი გამოდგება. არსებობს მეორე ტიპის მორწმუნე, რომელიც მხოლოდ თავისი სულიერი ხდომილებების საფუძველზე და მარად ეძებს ღმერთს - ხან გარეთ, ხან თავის თავში, შინაგანი გაუცნობიერებელი ძვრების და ცვლილებების შესაბამისად. ხან დაეცემა. ხან ადგება, ხან ეჭვშია, ხან დარწმუნებულია და ა.შ. ასეთი მაძიებელი, მუდამ თვითსრულყოფის პროცესში მყოფი რწმენა უფრო იმსახურებს ნდობას თანამედროვე ადამიანში. მისთვის რწმენა ისეთი რამეა, რაც ყოფიერების ყველა ახლებურ და მოულოდნელ სიტუაციაში ახლიდან უნდა მოიპოვო და განამტკიცო. სხვაგვარად იგი ფუყე, სიცოცხლის უნარმოკლებულ უტოპიად ეჩვენება.

სამადაშვილი, როგორც ზემოთ ითქვა, მაძიებელი ტიპის მორწმუნეა. ერთ შემთხვევაში თუ კრიზისულ მდგომარეობას გამოავლენს. სხვა შემთხვევაში ქრისტეს, ღვთისმშობელს, რეალური ახლობლებივით მოიხსენიებს. ქრისტეს ცხოვრების მისტერია, რომელიც „საუკუნეებს გაყვება მეხრედ“, ლექსებში თითქოს, ჯერ კიდევ ხდება „მოდარაჯე კაცის თვალი“ ახლაც იხილავს, როგორ აწოდებს ღვთისმშობელი სეფისკვერს თავის ვაჟს: „...ღვთისმშობელი კი სარკმელიდან, ფაშარ სეფისკვერს ქრისტეს ჩუმად გადააწოდებს“. უცნაურ შინაარსობრივ დატვირთვას იღებს აქ სიტყვა „ჩუმად“, რომელიც ასაიდუმლოებს ღვთისმშობლის და ქრისტეს აქ, ქართულ ტაძართან, ცხადად ყოფნას და პოეტის ხილვად გადააქცევს. თუ - „ჩუმად“ - უბრალოდ უხმობას ნიშნავს, პოეტი ანონიმ ქალს და კაცს ისე წმინდად ხედავს, რომ მათში ღვთისმშობელს და ქრისტეს ცნობს. ლექსში „სიმღერები გამოქვაბულიდან“ ბედისადმი საყვედურის, თვითგანკიცხვის, დიდი მწუხარების არეში მყოფ საგანთა კავშირებში, ისტორიული და აწინდელი მძაფრი მისტერიების ფონზე „ღვთისმშობლის ქოხში აკვნის რწევა ისმის და ისმის“. აკვნის ეს რიტმული ხმა დღევანდელი ღმერთისგან განმდგარი კაცობრიობის ნიჰილისტური ყოფის აკომპანიმენტად გამოდგებოდა. სხვა ლექსში კი, როცა „მკვდრები სივრცეს მიჰყვებოდნენ და გზად ხანდახან ქვეყნიერების კოშკებისკენ იშვერდნენ ხელებს“ - „მიწა რჩებოდა, როგორც ჯვარცმის შავი დედანი“. უდავოა სამადაშვილი განუწყვეტლივ ფიქრობდა ქრისტიანული მისტერიით ინტერპრეტირებულ მარადისობაზე. მუდამ თავისი რელიგიური განცდის გადასინჯვაში და წრთობაში იმყოფებოდა.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის პერიოდში ცალკეული უკომპრომისო, თავისუფლად მოაზროვნე ადამიანებისათვის ქრისტიანული რელიგია უდიდეს საყრდენს და ძალას წარმოადგენდა. ვერც ერთი ფილოსოფიური მოძღვრება ვერ აძლევდა იზოლირებულ ეულობაში მყოფ თავისუფალ მოაზროვნეს, დევნილს ისეთ იმედს და ამტანობის ნებისყოფას, როგორც ამას ქრისტიანული მრწამსი აკეთებდა. სამადაშვილის ლექსებში პირდაპირი მისამართით არსად არ არის ნახსენები არც კომუნისტები და არც სუკის რეაქციული სისასტიკე, არც დევნა და საერთოდ არაფერი პოლიტიკური. მაგრამ უეჭველია, რომ პოეტის პირქუში მწუხარების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ კომუნისტების მიერ საქართველოს კულტურის ჭეშმარიტი ღირებულებების, მათ შორის, ქართული ქრისტიანობის უგულვებელყოფა და დევნა იყო. პოეტი იმდენად აზოგადებს საქართველოს და ქრისტიანობის ბეჩავ მდგომარეობას, რომ დაუკვირვებლად ვერც გავუგებთ რა ტანჯავს ასე უსაზღვროდ. რა თქმა უნდა, მის ტანჯვაში მხოლოდ კომუნისტური კოლონიალური საქართველოს დატირება არ იყო, მასში თავს იყრიდა ადამიანური ყველა კრიზისი და სატკივარი, მაგრამ როცა მის ლექსებში რამდენიმეჯერ წავაწყდებით გამოთქმას - „დედინაცვალი საქართველო“, უნებლიედ ვფიქრობთ, რომ თვითგაუცხოებულ კომუნისტურ საქართველოს გულისხმობს. უფრო ზოგადი და უფრო ფართე გაგებით „დედინაცვალ საქართველოში“ საერთოდ წარმავალი წუთისოფელი უნდა ვიგულისხმოთ, მაგრამ ამ შემთხვევაშიც მიწიერ უსამართლობებს განსაკუთრებულ ბოროტ ელფერს ხომ კომუნისტური გადაგვარებული საქართველო აძლევდა. თუ ვინმემ შეიძლება ითქვას, რომ იმ დროში „შინაგან ემიგრაციაში“ იმყოფებოდა, ეს სამადაშვილია. კომუნისტების მხრიდან ქრისტიანული კულტურის დევნა ასეთ „ემიგრანტებში“ დიდ პროტესტს იწვევდა. პოეტის ლექსებში ტაძრებთან განსაკუთრებით ფაქიზ დამოკიდებულებას ვგრძნობთ. სწორედ მათ წიაღში იშლება ხშირად პოეტის შინაგანი, მეტაფორული მისტერიები. ზემოთ უკვე ითქვა, თუ როგორი სინდისიერი პასუხისმგებლობით და დრამატულობით აღსავსე სინაზით ეფერება პოეტი ბეთანიის სიძველეს და გარიყულობას. ლექსში „ატენის სიონი“ ტაძარი დახატულია, როგორც ქართული ქრისტიანობის საწყისების საუფლო. პოეტის თქმით აქ „უფლის ნათელი დაბარბაცებდა გაუთენარი გზების ბოლომდე“. და კიდევ „ქრისტემ ბავშვობა აქ გაატარა და ღვთისმშობელი უგვიდა ეზოს“. პოეტი ალბათ მიგვანიშნებს, რომ ქართულში ქრისტიანულმა მრწამსმა წმინდად ქართულად აქ ღვთისმშობლის წილნაყარ ქვეყანაში ღვთისმშობლის ზრუნვით გაიმაგრა ქედი.

როცა ტაძრებზე ლაპარაკობს, რჩება შთაბეჭდილება, რომ სამადაშვილი ხალხური რელიგიის წარმომადგენელია. ეს ნაწილობრივ შეიძლება ასეც არის. იგი ვერაფრით ვერ ელევა ხალხური ადათის კეთილშობილებას. მაგრამ ტაძართა ექსპრესიული ხატვის ფონზე იგი ისეთი სიმძაფრის შინაგან დრამებს გამოავლენს, რომ შეუძლებელია უფრო ტრაგიკულ ინდივიდუუმად არ აღვიქვათ, ვიდრე ხალხური რწმენის რიგით წარმომადგენლად. ტრადიციული რწმენა მისთვის საქართველოს ყოფიერების იდენტურია, ამიტომ ვერ თმობს მას, მაგრამ თავად ტრადიციულად მორწმუნე ვეღარ არის. სწორედ იმიტომ, რომ ვერაფრით ვერ ელეოდა ადათს, აჟღერდა მის პოეტურ ხმაში იმ ხანებში ხმაგაკმენდილი ქართული კულტურა. ამ მხრივ იგი მართლაც გარიყული იყო დროისგან და გაყალბებული სამშობლოსგან. ლექსში „გათხრები“ პოეტი ზოგადად, მაგრამ პირდაპირმნიშვნელოვნად ეხება „შინაგანი“ ემიგრაციის საკითხს:

„გინახავთ კაცი, საუკუნეს ხმითაც არ ჰგავდეს
და ყოველ დილით სისხლის ჭოჭი ღვაროს სახლიდან“.

ხოლო ამავე ლექსში როცა ვკითხულობთ:

„მარადისობავ, საუკუნოდ გაგიხმეს ქედი
რომ ასე უღვთოდ დამაბნიე ტიალი მგზავრი.“

ჩვენ ვიჯერებთ მის მარადისობაზე და ქრისტიანობაზე ყველა ჩაფიქრებას, ყველა დაეჭვებას, ყველა შენანებას, განწმენდის სურვილს. ვიჯერებთ, რადგან პოეტი ამ რთული, ძნელად მისაღწევი და მოუხელთებელი ღირებულების გამო იტანჯება თუ იტანჯება. სწორედ ამ ტანჯვებს ენდო ბედშეწყვეტილი ქართული კულტურა და არაკაცობრივი, კოსმიური ხმით აქვითინდა პოეტის შემოქმედებით წვაში.

ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ, ალბათ, გაუგებარი იქნება საკითხს ასე თუ დავსვამთ: ნათელია თუ პირქუშია ნიკო სამადაშვილის პოეზია. რა თქმა უნდა ნათელია, რადგან ყველა სიბნელე, ფიზიკურიც და განცდისმიერიც გასათევად არის მასში მომართული. ყველა ტკივილი ჭეშმარიტი სიხარულის მოსაპოვებლად არის. ეს არის ღვთით კურთხეული წმინდა გათენებისთვის ტანჯული ღამისთევის პოეზია.

სამადაშვილის აზროვნების და შემოქმედების წრთობისა და ჩამოყალიბების საფუძველი ქრისტიანობაა. ზოგ შემთხვევაში, როცა იგი დაეჭვებულია ქრისტიანული იდეალის მიმართ, ეგზისტენციალისტი ხდება, რადგან ღვთისმაძიებელ ვნებას ყოველთვის ავლენს და რადგან რწმენაში დაეჭვების შემთხვევაში თავს დამნაშავედ გრძნობს, მაინც ქრისტიანული ეგზისტენციალიზმის წარმომადგენელია. ამ მხრივ იგი კირკეგორის მონათესავე უფროა, ვიდრე ჰაიდეგერის, სარტრის ან კამიუს აბსურდისტული ეგზისტენციალიზმისა.

მეოცე საუკუნის ქართულ ლიტერატურაში, ალბათ, სამადაშვილივით ღიად და ფილოსოფიურად არავის არ გამოუხატავს ქრისტიანული იდეალის კრიზისი. იდეალების მსხვრევა, უიდეალო ყოფა. ნიჰილიზმის საშიშროება, წარმომავლობის უღმერთოდ ჭვრეტა ტრაგიკული რეგისტრებია მის პოეზიაში. სამადაშვილის მხატვრული განზოგადების დიდი უნარის წყალობით ამ რეგისტრებში მთელი კაცობრიობის დრამაა განხორციელებული, ღმერთდაკარგული ადამიანის ძალისხმევა გაიხედოს მარადისობაში და კვლავ იპოვოს ღმერთი დიდი სიმძაფრით არის გამოხატული პოეტის ლექსებში. ამ მხრივ იგი ნამდვილი ღვთისმაძიებელი შემოქმედია და აქედან გამომდინარე, არა მარტო ასახავს თანამედროვე ადამიანის შინაგან დაფლეთილობას, არამედ სახავს კიდეც მარადისობის ახალი ფორმის აღმოჩენის პერსპექტივას. ამის საწინდარი ის განუზომელი ენერგიაა, რომელსაც ტრადიციული ღმერთის დაკარგვის გამო წარმოთქმული ტკივილი შეიცავს მისი პოეზიის ესთეტიკურ ველში.

***

ნიკო სამადაშვილი ქართული გამართული ლიტერატურული ენით მოაზროვნე შემოქმედია, მაგრამ ნებით, თუ უნებლიეთ, პოეტურ ენაში ქართლურ დიალექტს შეურევს. ქართლური აქცენტი მის ლიტერატურულ ენას ორიგინალური ჟღერადობის გარდა ფორმალურ უპირატესობასაც სძენს. მისი საშუალებით პოეტი ქმნის თვითმყოფად პრიმატს. პრიმატი მეტად მნიშვნელოვანი ფენომენია თანამედროვე ხელოვნებაში. ჩვენი ეპოქის (სიმბოლისტებიდან და იმპრესიონისტებიდან დღემდე) მხატვრული იდეალი სწორედ ფორმის ავტონომიური პრიმატის შექმნას გულისხმობს. ეს აქცევს ხელოვანს შემოქმედებით ინდივიდად. სკოლისგან, ანუ კლასიკური ტრადიციისგან განთავისუფლება და საკუთარი ინდივიდუალისტური ფორმის და შინაარსის შექმნა, საკუთარ ინტუიციაზე დაყრდნობა და პირველადი ინსტინქტებით ფორმადქმნადობა, დამოუკიდებელი მხატვრული სტილის თუ მეთოდის, სისტემის თუ მანერის ჩამოყალიბება - აი რა იგულისხმება პრიმატში. დღევანდელი, ჭეშმარიტი ინდივიდუალობის მქონე ხელოვანი ვერავისგან ვერ ისწავლის თავისი სათქმელის გამოსახვის საშუალებას. მან თვითონ უნდა განახორციელოს ეს საშუალება. ამით განსხვავდება დღევანდელი ხელოვანის ამოცანა, ძვ. ბერძნული ხანიდან იმპრესიონიზმამდელი პერიოდის ხელოვანის მიზნისგან. საკუთარი ძალისხმევის, შრომის, შეცდომების, ტანჯვის და უკომპრომისობის ფასად უნდა მოიპოვოს დღევანდელმა პოეტმა, თუ მხატვარმა თავისი შემოქმედებითი ენა, თავისი ფორმალური სისტემა და სტრუქტურა, თავისი მხატვრული სახე. ფორმის პირველადი ინსტინქტებით შექმნის ასპექტით, არსებობს ინტუიტიური პრიმატი და ინტელექტუალური პრიმატი, ინტუიტიურ პრიმატთან მაშინ გვაქვს საქმე, როცა შემოქმედი მხოლოდ საკუთარი ალღოს კარნახით აგებს გამომხატველობით ენას და ფორმათქმნადობის ისტორიული ცვლილებები არ იცის. ინტელექტუალური პრიმატი იქმნება იმ შემთხვევაში, როცა ისტორიულ ფორმებს დაუფლებული, განსწავლული ხელოვანი შეგნებულად და მიზანდასახულად ამბობს უარს თავის კლასიკურ ცოდნაზე (ფორმის წარმოების გაგებით) და ქმნის ისეთ პრიმატს, რომელიც მას ფორმით მეტყველების არცოდნის მდგომარეობაში აღმოაჩენს. ფორმის გაკეთების ხერხებს, ასეთ შემთხვევაში ვერავისგან ვერ ისწავლის, მაგრამ ფორმის შექმნის ხასიათში ირიბად მაინც იჩენს თავს მისი კლასიკური სკოლისმიერი გამოცდილება.

ახალი დროის ხელოვნებამ იმიტომ დაისახა ასეთი გეზი, რომ პრიმატში ესთეტიკური სათქმელის ყველაზე უტყუარი გამომხატველობის შექმნის შესაძლებლობა იქნა დანახული. პრიმატის ამ თვისებას ეფუძნება სწორედ ველურად აღმსარებლური თვითგამოხატვა.

თუ გავიხსენებთ, რამდენად ყოვლადმეტყველი ესთეტიკური პრიმატი შექმნა ვაჟა ფშაველამ ფშავ-ხევსურულ ფოლკლორზე დაყრდნობით, გავიგებთ რა როლს თამაშობს სიტყვის ქართლურად მოქცევა სამადაშვილთან.

სამადაშვილის ენის ქართლური აქცენტი და ველურად ხატოვანი მეტაფორა, თითქოს ინტუიტივიზმზე, პირველადი ინსტინქტების ღიაობაზე მიუთითებენ, მაგრამ ვინაიდან იშვიათად წავაწყდებით მის ლექსებში უაზრო სილამაზეებს და უაზრო სიმძარფრეებს, ვნაიდამ გამუდმებით ვგრძნობთ ინტელექტუალურ ქვეტექსტს, ვრწმუნდებით, რომ მისი პოეზია ინტელექტუალური ინტუიტიზმის პრინციპით არის აგებული.

***

პოეზიის რომელი თვისებიდან გამომდინარეობს სამადაშვილის მეტყველების დამაჯერებლობა? უბრალო გულახდილობიდან? რა თქმა უნდა ეს დიდ როლს თამაშობს. თვითგანქიქება უთუოდ წარმოშობს გულახდილ ინტონაციას, აღსარების წრფელხმოვანებას, მაგრამ დიდი მხატვრული ძალის მქონე უშუალობა, განცდათა მომხიბვლელი ღიაობა მარტივი ადამიანური სიწრფელით ვერ მიიღწევა. პოეტის შემოქმედების გენია და ოსტატობა სწორედ იმისათვის არიან ლექსთთხზვის აუცილებელი ატრიბუტები რომ ესთეტიკას დამაჯერებელი უშუალობის სიჩვილე შეექმნას. სამადაშვილის გულახდილობას, თვითჩხრეკვას, აღსარებას სინამდვილის იერს ყველაზე მეტად, ალბათ მისი პოეზიასთან დამოკიდებულობის ხასიათი აძლევს. „შინაგან ემიგრაციაში“ მყოფ პოეტისათვის პოეზია ერთადერთი თავშესაფარი იყო, ერთადერთი ფენომენი, რომელიც მას საშუალებას აძლევდა მართალი ყოფილიყო, აქედან გამომდინარე სწორედ პოეზიის წიაღში უჩნდებოდა შეგრძნება, რომელიც ამცნობდა, რომ ჭეშმარიტად თანესწრებოდა იმწამიერ სამყაროს არსებობას. ეს რეალობის განცდა უძვირფასესი რამ იყო მაშინდელ ილუზიურ, ყალბ გარემოსა და ყოფიერებაში.

სამადაშვილის პოეზია თავისი ამაღლებული ბუნებით ადამიანურობის საზომიც კია: პოეზია იმდენად არ ღალატობს, რამდენადაც მას არ ღალატობენ. პოეზია სამადაშვილისთვის მარადიული ღირებულებების, ღმერთის, სულის, გულის სიწმინდის ძიების „რელიგიაა“. როგორც პოეზიას მოექცევი, ისეთი იქნები და ისეთი სამსჯავროც გექნება, თითქოს ამ დევიზით ქმნის თავის პოეტურ ხმას სამადაშვილი. იგი არ თვალთმაქცობს, არ კეკლუცობს პოეზიის წინაშე, იცის, რომ პოეზიის უფაქიზესი ბუნება ვერ იტანს ასეთ სიტლანქეებს, რომლებსაც თავს მოახვევენ თუ არა მაშინვე სხლტება ხელიდან და მის ნაცვლად პოეტს თავისი სიყალბე, ან ოინბაზობა შერჩება. ლაპარაკი აღარ არის იმაზე, როცა პოეტი პოეზიას აიძულებს იმეტყველოს თავად პოეტისთვის უცხო თემებზე, მოტივებზე და სხვ.

სამადაშვილს ერთხელაც არ მიუკარებია პოეზიისთვის ისეთი რამ, რაც მისი რწმენისთვის, მსოფლმხედველობისთვის, განწყობილებებისთვის უცხო იყო. არც სიმულაციური გმირობის და სპეკულანტური შეგრძნებების შექმნა უცდია პოეზიის საშუალებით. ვთქვათ, ტანთ არ შემოუგლეჯია სამშობლოსათვის ლექსებში პატრიოტის სახელის შესაქმნელად. მაშინდელს საქართველოს დედინაცვალიც კი უწოდა.

სამშობლოს იმით გამოუსახა სიყვარული, რომ უსპეტაკესი და უღრმესი პასუხისმგებლობით მიუდგა პოეზიას და ამდენად ქართულ ენას და ქართულმა ენამ და პოეზიამ სამაგიერო მიაგეს პოეტს, საოცარი ძალით ამეტყველდნენ მის ლექსებში. პოეზიასთან პატიოსანი და მზრუნველი დამოკიდებულება აპატიოსნებდა მის პიროვნებას, წმენდდა მის შეგრძნებებს, მის ამღვრევას, დაბნევას და დაღლას. რაც მთავარია, უდიდეს დამაჯერებლობას და გულახდილობის ინტონაციას ანიჭებდა მის მეტყველებას. პოეზიასთან ასეთ დამოკიდებულებას კი დიდი ტალანტი სჭირდება.

იოლი სათქმელია, ისე წავიდა, რომ არცერთი ლექსი არ გამოუქვეყნებია.

რა სიმარტოვე, რა მიგდებულობა და გადაკარგულობა იმალება ამ ფრაზაში. ტალანტისთვის დიდ საფრთხეებს წარმოქმნის საზოგადოების მხრიდან მისი უგულებელყოფა, არდანახვა. ეს საფრთხეებია: პოეტის თავის შესაძლებლობებში ზედმეტი დაეჭვება, გულგატეხილობა, შემოქმედებითი პასუხისმგებლობის მოდუნება და აქედან გამომდინარე პროფესიული შემართულობის მეტად შინაურულ, კუსტარულ მოშვებულობაში გადაზრდა და სხვა. მაგრამ სამადაშვილს ეყო თავისი პოეტური მოწოდების სიმტკიცე და პიროვნული გაუტეხაობა. მან გაუძლო უკუღმართი დროის ყოველგვარ გამოცდას. საბჭოთა ცხოვრებამ პოეზიის ჭეშმარიტ მოყვარულებსაც და დამფასებლებსაც დაუხშო სმენა ნამდვილი პოეზიისადმი. ამბობენ, ერეკლე ტატიშვილმა, ვინც მისი ტალანტის პირველი ამღიარებელი იყო, ურჩია ლექსები არ დაებეჭდა. მაგრამ იმას ვერ ამბობენ, რამ აიძულა ერეკლე ტატიშვილი ასეთი რჩევა მიეცა პოეტისათვის. მიზეზი კი უბრალოა: საბჭოთა ცენზურა უდიდეს ხარკს ითხოვდა შემოქმედისგან იმისთვის, რომ საზოგადოებრივ ასპარეზს აძლევდა. პოეტს სული უნდა მიეყიდა საბჭოთა იდეოლოგიისათვის, ასეთი უფლება რომ მოეპოვებინა. გაყიდული სულით ყალბი ლექსები კი იწერება, მაგრამ ჭეშმარიტი პოეზია არ იქმნება. პოეზიის ბუნება ვერ იტანს მასთან ოდნავ უპატიოსნო დამოკიდებულებას. როცა პოეტი გულახდილობის ტონით არაგულახდილად უმღერის მისთვის უცხო და საძულველ საგნებს და მოვლენებს, აღარც პოეზიასთან გვაქვს საქმე და აღარც ქართული პოეზიის იმპულსთან. საერთოდ, ნამდვილი პოეზიისთვის უცხოა რომელიმე პოლიტიკური წყობის ხოტბა, რადგან ვერცერთი პოლიტიკური წყობილება ვერ წარმართავს ადამიანთა არსებობას დამაკმაყოფილებლად. შეუძლებელია ქართული კულტურის ხმა მოგვესმას ისეთ ლექსებში, რომლებიც ქართული ყოფის ენის და კულტურის ავტონომიურობის მდევნელი პოლიტიკური წყობის და ბელადების ქებას შეიცავენ.

30-იანი წლებიდან 50-იან წლებამდე ერთადერთი სამადაშვილია, ვის ლექსებშიც განვითარებაშეწყვეტილი ქართული კულტურა და აზრი მთელი თავიანთი ფორებით იძლევიან ინფორმაციას თავიანთი ტრაგიკული მდგომარეობის შესახებ. ამიტომ განხორციელდა მის ლექსებში ჭეშმარიტი პოეზია, რომელიც ბევრმა ვერ დაინახა და ზოგმა დაინახა, მაგრამ არ შეიმჩნია.

„მარტოდ მოვარდნილს პოეზიის გერი დამარქვეს“ („სიმღერები გამოქვაბულიდან“) - ამბობს პოეტი და გასაგებია, რასაც გულისხმობს. კომუნისტური ორიენტაციის გამო არაჭეშმარიტ საქართველოში ჭეშმარიტი ხმის მქონე ხელოვანი სწორედაც უცხოდ შეიგრძნობდა თავს. ე. იონესკოს პიესაში „მარტორქა“ ყველა ილუზიების გავლენაში ექცევა და მარტორქად გარდაიქმნება. მთავარი გმირი დიდი შინაგანი ძალისხმევით ცდილობს არ აჰყვეს სხვებს და ადამიანურობა შეინარჩუნოს. საზოგადოების საყოველთაო დინების წინააღმდეგ წასვლა ეგზისტენციალურ ფილოსოფიაში თავისუფლების და ამდენად პიროვნული ნების დამოუკიდებლობის საზომად მიიჩნევა. მხოლოდ ძლიერ პიროვნებებს ძალუძთ იქონიონ თავისუფალი ნება და წინაღუდგნენ საყოველთაო ტყუილს, ილუზიებს, გაოგნებას. სწორედ ასეთ მარტომყოფ ძლიერ და თავისუფალ პიროვნებად გვევლინება ნიკო სამადაშვილი.

არის კიდევ ერთი ასპექტი, რომელიც სულ სხვა განზომილებით ახსნის ხელოვანის საზოგადოებაში მარტო ყოფნას. ეს ასპექტი თანამედროვე ხელოვნების ხასიათიდან გამომდინარეობს. კერძოდ, იგი გულისხმობს იმ სიმარტოვეს, რომელსაც მხატვრული დამოუკიდებელი პრიმატის შექმნის სიძნელე წარმოშობს. რადგან ჩვენი ეპოქის შემოქმედი ვერავისგან ვერ ისწავლის თავისი სათქმელის განუმეორებელი ავტონომიურობის მქონე ფორმის ჩამოყალიბებას, იგი ინდივიდუალისტური პრინციპის ნოვატორი ხდება. იგი უნდა ელოდეს, რომ მას ვერ გაუგებენ, ვინაიდან საზოგადოებისთვის უკვე ნაცნობ ენაზე არ მეტყველებს, უჩვეულოა და ვერგაგებული ღირებულების უიღბლობის განწყობილებით იმსჭვალება.

უიღბლობის განწყობა ღრმავდება იმით, რომ საკუთარი მხატვრული პრიმატის განხორციელება ხელოვანში ჭეშმარიტების ძიების ტოლფასოვან მოვლენად არის ქცეული. საზოგადოების მხრიდან ვერგაგება, სიმარტოვე, ტანჯვა თავისი მხატვრული ინდივიდუალობის შექმნისთვის და დამკვიდრებისთვის განწირულობის ელფერს აძლევს თანამედროვე ხელოვანს. მაგრამ არის კი ავტონომიური შემოქმედებითი პრიმატი ისეთი ფასეულობა, რომ მისთვის შეწირვა ღირდეს, ხელოვანი დარწმუნებულია, რომ - არის. შემოქმედებით პრიმატს იგი განიხილავს, როგორც მნიშვნელოვან ცნება-იდეას კაცობრიობის თავის რაობაზე ჩაფიქრების პროცესში, თავისი ადამიანური რაობის აგების დიად საქმეში.

მართლაც, როცა ვამბობთ: ლეონარდი და ვინჩი, დანტე ალიგიერი, შოთა რუსთაველი, იოჰან სებასტიან ბახი, უილიამ შექსპირი - ეს უღრმესი შინაარსების შემცველი ცნებებია კაცობრიობის თვითგამოვლინების კულტურაში. კულტურის გარეშე კი ადამიანი იმდენად აღარ არის ადამიანი, რომ მისის არსებობის მისია უაზრო და აბსურდული ხდება.

ასეა, თუ ისე, ხელოვანს არ შეუძლია არ უსმინოს თავისი გენიის კარნახს და არ შექმნას. ეს მიზეზი კმარა მისი შემოქმედებითი შრომისთვის მნიშვნელოვნების მისანიჭებლად.

ნორმალურად წოდებული, ჩვეულებრივი ცხოვრების წრიდან გადასულობა, ერთგვარი არაკლინიკური შეშლილობა, დამახასიათებელი გახდა ჩვენი ეპოქის ხელოვნებისათვის. რემბო, ვერლანი მეშჩანური თვალსაზრისით ავანტიურისტებად აღიქმებოდნენ. ა. მოდილიანს „დაწყევლილი მხატვარი“, „დაცემული ანგელოსი“ შეარქვეს, ვინსენტ ვან გოგს შეშლილად მოიხსენიებდნენ. სერვანტესის ცხოვრებას თუ გავიხსენებთ, დავრწმუნდებით, თუ რა უცნაურ ფორმებს იღებს ცხოვრებაში ხელოვანის ყოფიერებით დაუკმაყოფილებლობა, რის ნიადაგზეც მძაფრი კრიტიკული აზროვნება უვითარდებოდათ ხოლმე. სწორედ კრიტიკული აზროვნებისთვის სჯიდა, თითქოს ყოფიერება სერვანტესს, უცნაურ ცხოვრებისეულ სიტუაციებს უქმნიდა.

ყოფიერებით დაუკმაყოფილებლობა მუდმივი ფორიაქის, ბორგვის, მიუსაფრობის მიზეზი გახდა მისთვის. ავტონომიური შემოქმედებითი პრიმატის შექმნისთვის ტანჯვა, საზოგადოების მხრიდან ვერგაგება და უგულებელყოფა უიღბლობის და განწირულობის თვითშეგრძნებად გადაექცა. მაგრამ პოეტი ერთი წამითაც არ წასულა კომპრომისზე. განწირულობის თვითგანცდამ ვერ მოტეხა იგი. პირიქით, გააღვივა მისი წარმავლობის ყოველგვარ ამაო ფორმებთან კრიტიკული აზროვნებით ბრძოლის ენერგია. ალბათ ამ ენერგიიდან გამომდინარეობს მისი ექსპრესიულობა პოეზიაში, რომელიც ერთი შეხედვით პირველადი ინსტინქტების ველურ გამოხატულებად გვეჩვენება, მაგრამ დაკვირვებული აღქმის შემდეგ მისი ლექსები მძლავრ კრიტიკულ აზროვნებაზე აგებულ განცდებით გამოხატულ ფილოსოფიად გაიაზრება.

ნიკო სამადაშვილმა შექმნა ავტონომიური მხატვრული პრიმატი. ქართული პოეზიის წიაღში მას განუმეორებელი ორიგინალობის მქონე ხმა აქვს. მისი ლექსები ქართული პოეზიის ღირებულების სიღრმისუნარიანობის საზომ ერთეულად გამოდგება.

***

ნიკო სამადაშვილის ლექსებში ხშირად გვხვდება ერთი განსაკუთრებული მნიშვნელობის პერსონაჟი, რომელიც თავისი უსაზღვროდ ვრცელი სამოქმედო ადგილსამყოფელით პოეტის საცხოვრისის, ქართლის საზღვრებს სამყაროს მიღმამდე აფართოებს. ამ პერსონაჟის არსებობის მიზეზი ხან მიწიერის და არამიწიერის საზღვრების გადალახვა და დანგრევაა, ხან მიწიერზე ზეციური სიღრმეებიდან ჩაფიქრებაა, ხან რაღაცის შენანება, ხან სიმღერა.

„სადღაც ბინდებთან შეაჩერებს იმას ნამქერი,
ვინც სამყაროდან სიმღერებით ჩამოირბინა...“

(„სადღაც ბინდებთან შეაჩერებს...“)

„ვინც ლაჟვარდებში მუხლის ჩოქვით გადაიპარა
ფრთხილად წამოდგა და გასწია, ვინ იცის საით...“

(„ბინდი“)

„ხან მთის კონცხიდან ოდნავ ხედავდი
სამყაროს იქით მიმავალ მგზავრებს!“

(„ფერისცვალება“)

„შორეულ გზაზე დასველდება ის მოგზაური,
მსოფლიოს უკან შეთქმულივით რომ ჩაიარა
წაიღო ძვლები თოვლისაგან მთლად დაბზარული124
და მზის წერტილებს გრიგალივით გადაეფარა.“

(„ხელის გაშვერა მტკვართან“)

„სამყაროს გაღმა ჩაივლის ვიღაც
დაფიქრებული, როგორც მისანი.“

(„დარდი ბუხართან“)

„პლანეტებს გაღმა ვიღაც ნანობდა
ვინც იცის ბარში ვეღარ მობრუნდეს.“

(„გადმორბენა სამყაროსკენ“)

ამ პერსონაჟისთვის ფიზიკური დაბრკოლებები არ არსებობს. მისი კრიტიკულ ლექსში ყოფნა მასშტაბურ, კოსმიურ განწყობილებას სძენს ლექსის ზოგად მოტივს, მის მეტაფორულ მისტერიებს. ერთგან თუ იგი მღერის და ლექსში მოცემული ხდომილების გამო ატირდება, მეორეგან იგი კაცობრიობის ჩაფიქრებათა პერსონიფიცირებულ სიმბოლო-მოაზროვნეს ასახიერებს. იგი არაფრით არ იწვევს როდენის „მოაზროვნის“ ასოციაციას, რადგან უფრო კოსმიური მასშტაბის არის და უფრო მისტიურია. მომენტალურად ეს ზოგადი პერსონაჟი შეიძლება ქრისტე გვეგონოს, მაგრამ გავურბივართ მისი ვინაობის დაკონკრეტებას და ვარჩევთ თავისი განუსაზღვრელი ზოგადობა შევუნარჩუნოთ. ერთ ლექსში იგი შეთქმულია, მეორე ლექსში იმას ნანობს, რომ მიწაზე შეიძლება ვეღარ დაბრუნდეს.

ეს იერსახე წმინდად სამადაშვილისეულია. პოეტის მხატვრული პრიმატის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი - იგი დიდი სივრცეების გარდა ღრმა სიდიადეს სძენს იმ მეტაფორულ მისტერიებს, რომლებიც ლექსებში პირველმნიშვნელოვანი ამბებივით ხდება. ამ პერსონაჟით პოეტმა თავისი პოეტური მითი შექმნა. ეს არის კოსმიური ჩაფიქრება იმ განხეთქილების შესახებ რომელიც ადამიანში მოხდა უხილავის შეუცნობ ბუნებასთან დაკავშირებით. მისი საშუალებით პოეტი სამყაროს გაღმიდან უყურებს თავის თავს და ზოგადად წუთისოფელს. ეს მითიური პერსონაჟი ჭეშმარიტი ავტონომიურობის ხარისხს და განუმეორებელი დამოუკიდებლობის დონეს ანიჭებს სამადაშვილის პოეზიას.

***

მახვილი გამომხატველობა, რომელიც პოეტური სმენის ელდას იწვევს, პოეტის ზოგიერთ ლექსში მძვინვარედ აქტიური სევდის ენერგიად გარდაიქმნება ხოლმე. ეს პირქუში განწყობილება, სევდა და მწუხარება აღარც კია, იმდენად წააგავს შლეგ სიანჩხლეს, ბობოქარ წყევლას. ქვეყნის გმობის ინტონაციებმა ასეთ ლექსებში, შეიძლება შექსპირული გაავებული პერსონაჟების ხმაბნელი მონოლოგები მოგვაგონოს. განსაკუთრებით გადმოგვცემს ასეთ ვნებას ორ ლექსი: „დარდი ბუხართან“ და „ხელის გაშვერა მტკვართან“. ჩვენ ყურადღებას არ გავამახვილებდით ამ ლექსებზე, მათ რომ შესამჩნევი პოეტური ელფერი და ძალა არ ჰქონდეთ პოეტის ინდივიდუალისტურ შემოქმედებით პრიმატში. მათი აღნიშვნის საჭიროებას ისიც იწვევს, რომ პარადოქსული და ძნელად ასახსნელი ინტონაცია შეაქვთ ლექსების აზრობრივ ქვეტექსტში. ლექსში „ხელის გაშვერა მტკვართან“ პოეტი მტკვარს მიმართავს: „მტკვარო, გავარდი და ცა ისე გაატიალე, რომ დედამიწა მსოფლიოში ვერ მიდიოდეს“. მთელი ლექსი საწუთროს დაღუპვის ვნებით არის დაწერილი. სიცოცხლის წინააღმდეგ შეთქმულის წყევლას ჰგავს ეს ლექსი. შემთხვევით არ ახსენებს პოეტი შეთქმულს:

„შორეულ გზაზე დასველდება ის მოგზაური,
მსოფლიოს უკან შეთქმულივით რომ ჩაიარა.
წაიღო ძვლები თოვლისაგან მთლად დაბზარული
და მზის წერტილებს გრიგალივით გადაეფარა...“

სამწუხაროდ უცნობია ამ ორი ლექსის დაწერის თარიღი. თუ ისინი ოცდაათიანი წლების პირველ ნახევარში შეთხზული აღმოჩნდებოდა, შეიძლება მკვლევარს უფლება მიეცა თავისი თავისთვის და წინააღმდეგობის გამომხატველი უნარი დაეფიქსირებინა. ამ დროისათვის ხომ დიდი განსაცდელი ელოდა ხალხს, კომუნისტური 37 წლის სისხლიანი რეაქცია მილიონების მიმართ. მეორე მსოფლიო ომის საშინელებანი, რომელთაც მთლიანად შეცვალეს შემდგომი პერიოდის ადამიანის ფსიქიკა - მასში საფუძველი გაიდგა ურწმუნოების სასოწარკვეთამ. ასეთ შემთხვევაში ვიფიქრებდით, რომ ნახსენებ ლექსში პოეტმა დროის ყოვლისმსახვრალი სტიქია იწინასწარმეტყველა, მაგრამ თუ ასეთი მიმართებით წარმართავდა მკვლევარი ანალიზს რამდენადმე გვერდით მოიტოვებდა პოეტურ საწყისს და მისტიკის სფეროში გადაიჭრებოდა. ეს კი საფრთხილოა, რადგან სპეკულანტური ვარაუდების განუკითხავ და განუსაზღვრელ ილუზიებში აღმოჩნდებოდა - მაგრამ ამ ლექსებში გამოხატული გამანადგურებელი ჟინი მაინც ითხოვს მისი გააზრებისთვის ისეთ ანალიტიკურ ასპექტს, რომელიც ოდნავ გადაუხვევს ესთეტიკის ჩვეული კანონზომიერებიდან. რაღაც ეფექტური აზრია საჭირო თითქოს, რომ გაშიფრულ იქნას ლექსებში გამოხატული ნგრევის ბორგვა. მაინცადამაინც მისტიკის წიაღში აღარ აღმოვჩნდებით, თუ ვიფიქრებთ, რომ ნიჭიერი შემოქმედი პირადულის დონეზე განიცდის დროის სულისკვეთებას. ამ მხრივ ბუნებრივი იქნება მივიჩნიოთ, რომ სამადაშვილმა პირველ პირში განახორციელა მეოცე საუკუნის შესაზარ ამბავთა სტიქიები. ამ საშინელებათა განზოგადებულ კოშმარს კი, ალბათ ყველაზე მეტად სიურეალისტური ესთეტიკის პრინციპი გამოხატავდა, რაც პოეტმა უნებლიედ განახორციელა კიდეც. მართლაც, ამ ლექსის აღმატებული ექსპრესიულობა ვერ თავსდება ექსპრესიულობის ფარგლებში. მათში სიურეალიზმისათვის დამახასიათებელი კოშმარული, განწყობილება უფრო იკითხება. როგორც ვიცით, სიურეალიზმის ესთეტიკური პრინციპი უარყოფს ცნობიერების ლოგიკას, მის მორალურ მოდუსებს და ქვეცნობიერის განუსაზღვრელ წარმოსახვებს იდეური მოწესრიგების გარეშე ასახიერებს. ამას თუ გავითვალისწინებთ, არ გაგვიკვირდება, რომ პოეტი ლექსებში არ მიმართავს კეთილშობილ კომპრომისს და ლირიკული მორბილებით არ აოკებს ნგრევის მოთხოვნილებას, მაგრამ ლექსების კითხვის დროს იმის ცოდნა, რომ სიურეალიზმთან გვაქვს საქმე, არ მოალბობს ჩვენს შეძრწუნებას.

ლექსის თხზვის პროცესში გამოსახატი თემის, აზრის თუ საგნის მიმართ გამმეტებელი მხატვრული ჟინი საერთოდ დამახასიათებელი რომ არ იყოს სამადაშვილის პოეზიისათვის, ზემოთ ნახსენებ ლექსებში შენიშნული ნგრევის ვნება შემთხვევითობას ან ლექსის მოტივის არაპროფესიონალურ დასრულებას მიეწერებოდა. მაგრამ გამოსახატი ობიექტის ექსპრესიული გამეტება, გაწირვაც კი, პოეტის ესთეტიკური მეთოდის მნიშვნელოვანი კომპონენტია. ამის დასამოწმებლად შეგვიძლია გავიხსენოთ მათხოვრის იერსახე ლექსში „უკანასკნელი ქრისტიანები“. მათხოვრის უბადრუკისადმი თანაგრძნობა რომ გამოხატოს, პოეტი მახვილი მხატვრული საშუალებით წირავს მას, იგი: „მყრალ ჯოჯოხეთის მოხდილი პკეა“ და „თითქოს ჩიტებს აუკენკიათ“. თანაგრძნობა უკურეაქციულია, იგი მათხოვრის მდგომარეობის გამმეტებელი აღწერის ხატოვანებაშია ნევროზულად შეფარული. ლექსში „უთავო მხედარი“ პოეტი თავის ქალაში ხვლიკს რომ შეაძვრენს, ამ გაწირავი უკურეაქციით გამოთქვამს თანაგრძნობას ადამიანის სიცოცხლისმოყვარეობისადმი. თანაგრძნობა უშუალოდ არ ჩანს, იგი ნევროზულად ინტონაციურია. ამ უკურეაქციული საშუალებით თანაგრძნობის გამოხატვის ნიმუშად შეიძლება მოვიყვანოთ ჰამლეტის ოფელიასთან გაავებული გამმეტებლური ლაპარაკი. იგი მონასტერში აგდებს ოფელიას, მაგრამ მის ანჩხლობაში ოფელიასადმი სიყვარულიც ამოიცნობა.

მსგავსი გამმეტებელი მხატვრული უკურეაქცია განსაკუთრებული სიშიშვლით არის გამოსახული ერეკლე ტატიშვილისადმი მიძღვნილ ლექსში. ნიკო სამადაშვილი უდიდეს პატივს სცემდა ერეკლე ტატიშვილს, მისი ლექსების პირველ ამღიარებელს. აქედან გამომდინარე, მიძღვნაში, თითქოს დიდი თაყვანისცემა და სითბო უნდა გამოეხატა სათაყვანებელი პიროვნებისადმი, მაგრამ ამის სანაცვლოდ პოეტი ეპაექრება მისი საყვარელი პიროვნების მრწამსს. საოცარი გამწირავი ექსპრესიით ხატავს ერეკლე ტატიშვილის წარმართად აღქმულ პიროვნებას: „წარმართ თვალებზე ქრისტეს წყევლა გქონდა აკრული...“ ასე მიმართავს პოეტი კაცს, რომელსაც თავის მოძღვრად მიიჩნევდა. გამმეტებელი ტონი შემდეგ სტრიქონებშიც გრძელდება: „დასწყევლოს ჭირმა, რაღა ნისლებს დაუმეგობრდი, თუ არ იცოდი, სად ინათლა, სად ბნელდებოდა?“ ლექსის დასასრულს პოეტის გამწირავი ექსპრესიულობა სასტიკიც ხდება: „ცოტა ხანს კიდევ... იმის მერე, რომ დაბერდები, ეგ თავის ქალა კლდეს ექნება პირში გაჩრილი“. არ შეიძლება მეორე სტრიქონმა თავზარდამცემი ელდა არ გამოიწვიოს მაღალხატოვნებითაც და იმითაც, რომ ეს სისასტიკე უსაყვარლესი სუბიექტისადმი არის მიმართული. ესთეტიკური სიშლეგე კიდევ უფრო რეაქციული ხდება ლექსის ბოლო სტროფში: „და შენს ხერხემალს სალამურად გამოიყენებს არმაზის კერპი ან ქარების ტიალი დოღი, სანამ გრიგალებს შენს ძვლებს კვერთხით დააყრევინებს გოლგოთის მხრიდან მორეკილი ღმერთების ჯოგი“.

როგორც ცნობილია, ერეკლე ტატიშვილი ფრიდრიხ ნიცშეს შემოქმედების და ფილოსოფიის არა მხოლოდ მოყვარული, არამედ მიმდევარიც იყო. სამადაშვილი ეპაექრება მისი საყვარელი პიროვნების იდეურ პოზიციას. იგი ქრისტიანული მსოფლხედვის ასპექტიდან განიხილავს ნიცშეანურ ნეოწარმართობას, რასაც ფილოსოფიაში „აგრესიული ინდივიდუალიზმი“ ეწოდა. მაგრამ ლექსში სწორედ აგრესიული ექსპრესიულობით გვიხატავს „ნეოწარმართული“ მრწამსის ბედი დროის და სივრცის ასპექტით კოსმიურ მთლიანობაში. თუ არ ვიფიქრებთ, რომ ლექსის მთელი ესთეტიკური სისასტიკეები მომართულია იმისთვის, რომ ტრაგიკული მსოფლხედვის პიროვნებას უკურეაქციის მეთოდით თანაგრძნობა გამოხატოს, მოგვეჩვენება, რომ პოეტი რომელიღაც ჩვენთვის უცნობი მიზეზის შურს იძიებს მოძღვარზე. ეს კი ლექსის მცდარად წაკითხვას მოასწავებდა, ფსიქოანალიტიკოსები, ალბათ სწორედ ნიცშეანურ აგრესიას განჭვრიტავდნენ ამ ლექსის მეტაფორულ სისტემაში. იქნებ სამადაშვილმა შეგნებულადაც მიმართა აგრესიულ ხატოვანებას, ეს ვარაუდი უსაფუძვლო არ აღმოჩნდება იმ შემთხვევაში, თუ ერეკლე ტატიშვილს სწორედ ეს რეაქციული ექსპრესია მოსწონდა სამადაშვილის ლექსებში. რეაქციული ხატოვანება, აგრესიული ექსპრესიულობა, სასტიკი ექსპრესიული ვნება სრულ დონეს აღწევს ლექსებში „დარდი ბუხართან“, „ხელის გაშვერა მტკვართა“. ამ ლექსებში ფსიქოანალიტიკოსები არა მარტო აგრესიას, სუბლიმირებულ სექსუალურ სიშმაგესაც ამოიკითხავენ. თუ სხვა ლექსებში უკურეაქციის მეთოდით გამოხატულ ნევროზულ თანაგრძნობას ამოვიცნობთ, ამ ლექსებში დასაღუპად განწირულ სამყაროსადმი თანაგრძნობის ამოკითხვა მეტად ჭირს. მათში განუკითხავად ბატონობს სიურეალისტური კოშმარი. ამ კოშმარში განხორციელებული მხატვრული ჟინის ასახსნელად სუბლიმაციის თეორიის გამოყენება საეჭვო უნდა იყოს. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ სულ სხვა ასპექტით გვინდება ხსენებული ჟინის განხილვა. ლექსებში აგრესიული ტონი უთუოდ არის, პოეტის აბობოქრებული მწუხარება ნგრევის, ყოველივეს განადგურების იმპულსად გარდაიქმნება. ლექსში „დარდი ბუხართან“ პოეტს დარდი აუზვავდება და ასე მიმართავს კვამლს:

„კვამლო, არ შეწყდე, გასწიე ზევით.
გამჭვარტლე ზეცა, ღმერთმაც ვერ გვძლიოს,
უსაზღვროება ისე შესუდრე,
რომ ჩემს პლანეტას გზა აერიოს.“

წარმავლობა მიზიდავს უღრანს, იქ არც შუქია არც ვარსკვლავები - აგრძელებს პოეტი და შემდეგ სტროფში გვიხატავს სამყაროს დაღუპვის სურათებს, ასეთი განწყობილების აღქმის შემდეგ მკითხველის ცნობიერებაში შეიძლება უნებლიედ, გაუფრთხილებლად ამოტივტივდეს სიტყვები - დანაშაულებრივი ვნება, თუ ეცდუნება მკითხველი ამ დანაშაულებრივი ვნებით ახსნას ხსენებული, ორი ლექსის რეაქციული ხატოვანება, უცნაურ დასკვნამდე მივა. მან შეიძლება, მიიჩნიოს, რომ პოეტის თვითდადანაშაულების განწყობათა უკუღმა მხარესთან გვაქვს საქმე. მკითხველს შეიძლება მოეჩვენოს, რომ პოეტის ველური გაანჩხლება ისეთი ტიპის ვნებაა, რომელსაც ცოდვის ჩადენა ძალუძს. თითქოს გასაგები ხდება პოეტი ხშირად რატომ კილავს თავის თავს: დანაშაულებრივი ესთეტიკური ვნება პოეტში საკუთარი ტალანტის სიველურის შიშს იწვევს, რაც შენანებაში, თვითკრიტიკაში მჟღავნდება. ამ პროცესზე მაინცდამაინც ქრისტიანული თვითშეგნების მისადაგება არ არის აუცილებელი. ადამიანი ისედაც ბუნებრივად შეძრწუნდება ხოლმე, როცა ველურ ვნებას გამოავლენს ბრმად. მაგრამ ასე ერთხაზოვნად არ გამოიყურება პოეტის ესთეტიკის იდეური წყობა. მკითხველი ანგარიშს აძლევს ერთის მხრივ თავის თავს, და მეორეს მხრივ პოეტის ასეთ გაშლეგებას იმით ხსნის, რომ მას უშავეს ეპოქაში მოუწია ცხოვრება. კომუნისტური რეჟიმის ეპოქაში, როცა ყოველივე ადამიანური აბუჩად აგდებული იყო და ყველა ჭეშმარიტ ღირებულებას დაკარგული ჰქონდა ფასი. აბსოლუტურ ეულობაში მყოფ პოეტს, მართლაც შეიძლებოდა დაუფლებოდა ამ აბსურდული უსამართლო საწუთროს განადგურების ჟინი. მაგ. იკითხავს მკითხველი, რამდენად დასაშვებია, რომ კომუნისტურ შავ რეაქციაზე იმდენად განაწყენდეს კაცი, რომ მთელი ქვეყნიერების განადგურება მოუნდეს?

შეიძლება მკითხველს ბარათაშვილის „მერანი“ გაახსენდეს სადაც საწუთროდან „განწირული სულისკვეთებით“ გაქცევა ქვეყნიერებაზე უარის თქმის იდენტურია. იქნებ მსგავსი სულისკვეთება უნდა დაინახოს მკითხველმა ხსენებულ ლექსებში. ხელოვნებაში მახინჯ სინამდვილეზე უარის თქმა ან მისი გამანადგურებელი კრიტიკა იშვიათობას არ წარმოადგენს. თანამედროვე ხელოვნებაში და ლიტერატურაში განსაკუთრებით საგრძნობია მახინჯი სინამდვილის ან გარდაქმნის, ან უარყოფის გამომხატველი დრამატული განწყობები. თავად სიურეალიზმი ხომ ბუნებრივი სინამდვილიდან არაცნობიერი და ულოგიკო სიზმარეულ წარმოსახვებში გაქცევაა.

მკითხველი ასე თუ არ იფიქრებს, გაუგებარი გახდება, რომ ღრმად მოაზროვნე ქრისტიანი პოეტი ასეთ ველურ ფაზაში ამთავრებს ლექსებს. განადგურების ინსტინქტები დინოზავრთა შმაგი ბღავილის მსგავსად ვლინდება ამ ლექსებში. ეს ძალა თავზარდამცემია, მაგრამ მომხიბვლელიც, რა ესთეტიკური ჯადო უნდა გააჩნდეს წარღვნის ველურ მოთხოვნილებას, რომ აღმაფრთოვანებელიც იყოს, თუ მასში რაიმე სწორი არ არის. მკითხველი შეეცდება ამ სწორი საზრისის ამოცნობას, თუ აღმოჩენას, იქნებ თვით ნიკო სამადაშვილის იმიტაცია გააკეთოს და ამ ლექსების შეფასების პროცესში ისევე ითამაშოს, როგორც თვით პოეტმა ითამაშა ერეკლე ტატიშვილისადმი მიძღვნილ ლექსში. ამიტომ გაუფრთხილებელ ფიქრებს, გამოთქმას „დანაშაულებრივი ვნება“ და ყოველივე დანარჩენს უფრო უკანდაუხედავად გადაიფიქრებს და გააგრძელებს. დინოზავრის ბღავილი, წარღვნის გუგუნი... იქნებ ნგრევის ანტიმშვენიერ სილამაზეს გვიჩვენებს პოეტი. სამყაროს დიადი ნგრევა. ღმერთის ჩანაფიქრის კატასტროფული ჩაფუშვა. ანდა პოეტი იქნებ იმას გვეუბნება, რომ დანაშაულებრივი მხეცი თითოეულ ადამიანში ბუდობს და მისი გაკეთილშობილების ცდა ამაოა და შეუძლებელი. ასეთი გზნების პოეტს უთუოდ უნებლიედ გამოაყარა ტანზე ლექსებმა და როცა სულ სხვა ლექსში პოეტი ამბობს:

„დანგრეულ სხეულს გულის სიწმინდე
როგორღა შერჩა ვით მერცხლის ბუდე?!“

დინოზავრული მშიერი ბღავილი ისეთ გაადამიანებულ ქვითინად მოეჩვენება მკითხველს, რომელზეც მერცხლის ბუდესავით გულის სიწმინდის მიშენება შეიძლება.

რთული არსებაა ადამიანი. სამადაშვილი კი ისეთი ტიპის გენიაა, რომელიც შეულამაზებლად გვიხატავს ადამიანის შინაგან ლევიათანურ მხეცსაც და გულის სიწმინდის მარადიულ მოთხოვნილებასაც, საჩვენებელ საცდელ კურდღლად კი თავისი თავი ჰყავს გამოყენებული. დიდი სითამამის პოეტია.

მკითხველს პოეტის პირქუში განწყობილებების, კერძოდ წარღვნის მოთხოვნილების აგრესიულობით ახსნა თუ ზედმიწევნით აცდუნებს, შეიძლება მოეჩვენოს, რომ ლექსებში საკუთარი სიკვდილის ხშირი წარმოდგენაც ამ ყაიდის იმპულსიდან გამომდინარეობს. მაგრამ თავის თავის მიმართ გამოხატული განადგურების ჟინი უფრო ყოფიერების მრავალრიცხოვან ნაკლოვანებათა კრიტიკიდან მოდის, ვიდრე აგრესიიდან. აგრესია, ალბათ, სხვისადმი გამოხატული უარყოფით რეაქციას გულისხმობს.

რა თქმა უნდა წარმავლობის, სიკვდილის გამუდმებული ჭვრეტა მუქი ტონებით ავსებს პოეტის შემოქმედებას. სიცოცხლის დამამკვიდრებელი ესთეტიკის საკითხი რომ დაისვას სამადაშვილის პოეზიასთან დაკავშირებით, ვინმემ შეიძლება ჩათვალოს, რომ იგი სიცოცხლის უარმყოფელი პოეტია. მაგრამ ასეთი მიდგომა მეტად ზედაპირული და არასერიოზული იქნებოდა, რადგან მასში გათვალისწინებული არ არის ტრაგიკული განცდის კათარზისული ხასიათი. გარდა ამისა თანამედროვე ხელოვნებისთვის სიმპტომატურია საგნის თუ მოვლენის შეულამაზებლობა. პირიქით, თანამედროვე ხელოვნების პრინციპი კრიტიკული აზროვნების საფუძველზე აშიშვლებს საგანთა და მოვლენათა ჭეშმარიტ რაობას, რის შედეგადაც უარყოფს რენესანსული იდეალიზების, შელამაზების პრინციპს. რენესანსული ასპექტით თანამედროვე ესთეტიკა სიმახინჯის ესთეტიკად აღიქმება. ეს ასე იმიტომ არის, რომ თანამედროვე თვალთახედვით შელამაზება უფრო სიმახინჯეა, ვიდრე ნაკლოვანი ყოფიერების კრიტიკის შედეგად მიღებული „მშვენიერება“. სიტყვა მშვენიერება იმდენად შეესისხლხორცა კლასიკური და რენესანსული იდეალიზების პრინციპს, რომ თანამედროვე ესთეტიკისთვის გამოუსადეგარიც არის. სიცოცხლისდამამკვიდრებლობის თვისება თუ შელამაზებაზეა დამოკიდებული, იგი ილუზორული ხასიათი რამ გამოდის. აქედან გამომდინარე, თანამედროვე ხელოვნების კრიტიკული პრინციპი სიცოცხლისდამამკვიდრებელია იმით, რომ მხოლოდ ჭეშმარიტ, შეულამაზებელ მშვენიერებას აღიარებს.

პოეტს რომ ეთქვა აი, რა წმინდა გული მაქვს, ჩვენ გულგრილნი დავრჩებოდით, რადგან არ ვენდობოდით თვითშელამაზების პრინციპს. ასეთია თანამედროვე რთული ფსიქიკის მქონე ადამიანი. მან კარგად იცის გულის სიწმინდის ფასი, იცის, რომ ნამდვილი არსებობის, სამყაროში მოწყობილად ყოფნის, ჭეშმარიტი სიხარულის უტყუარ გარანტიას სწორედ შინაგანი სიწმინდე იძლევა. მაგრამ ისიც იცის, რა ძნელი გადასარჩენი რამეა გულის სიწმინდე. ყოფიერების უსამართლობები, საკუთარი ვნებები, აგრესიული თუ სექსუალური ვნებები მიუღწეველ მოვლენად აქცევენ გულის სიწმინდის შენარჩუნებას. მიუხედავად იმისა, მან ისიც იცის, რომ ადამიანი მყარ დასაყრდენად მარადიულს და ჭეშმარიტებას რომ ეძებს, ფაქტიურად გულის სიწმინდეს ესწრაფვის, რადგან მხოლოდ ამ ფენომენში არსებობს მარადიულთან და ჭეშმარიტთან მიახლოების შესაძლებლობა.

ამიტომაც არის თანამედროვე ადამიანი მთლიანობაგაგლეჯილი არაჰარმონიული არსება და როცა პოეტი განცვიფრებული ამბობს:

„დანგრეულ სხეულს სულის სიწმინდე
როგორღა შერჩა ვით მერცხლის ბუდე?“

ეს ნდობას იწვევს. მერცხლის ბუდე შიგ გულში კი არ არის, არამედ გულზე მიშენებულია. ზუსტად გამოხატავს თანამედროვე ადამიანის მდგომარეობას. გულში ნგრევაა, ავხორცობაა, ვნებები, აზარტი, სიხარბე, ჟინი, შური, ეგოიზმი. სიწმინდე კი მხოლოდ მიშენებული ბუდეა, რადგან იდეალიზება არ არის, ჭეშმარიტად მშვენიერიც არის ეს მხატვრული სახე. ალბათ ასეთი ასპექტით უნდა დავინახოთ პოეტის სიცოცხლის დამამკვიდრებელი იმპულსი.

***

რაც შეეხება ესთეტიკის ფსიქოანალიტიკური რკვევის მეთოდს, სამადაშვილის პოეზიის ხასიათი ანალიზისათვის გამოუსადეგარი უნდა იყოს.

თუ მაინცადამაინც სექსუალური ლტოლვის სუბლიმაციის თეორიას მიმართავს მკვლევარი, შეუძლია მიუყენოს იგი ისეთ ხელოვნებას, რომელიც სიამოვნების ესთეტიკის პრინციპზეა აგებული. ჰედონისტური ხელოვნება თავის სიტკბოთმოყვარეობაში, ალბათ მართლაც შეიცავს სექსუალურ იმპულსს, სამადაშვილთან კი ყოფიერების ისეთ მწვავე კრიტიკასთან გვაქვს საქმე, რომ წარმავლობის და სიკვდილის ჭვრეტის უარყოფით ხასიათს შეუძლებელია რამენაირად განეხორციელებინა პოეტის სექსუალური ლტოლვა. გარდა ამისა სექსუალურ ინსტიქტს არც მოთხოვნილება და არც უნარი აქვს დაიტანჯოს მარადისობის და ჭეშმარიტების იდეების გამო. თუ სექსუალურ ლტოლვას შეუძლია გამოხატოს შმაგად, რატომ არ შეიძლება უფრო ვნებიანი ფორმა ჰქონდეს სექსზე უფრო მეტის, „გულის სიწმინდის“ და საკუთარი პიროვნების მთლიანობის ძიებას. ისე რომ, სამადაშვილის პოეტური ესთეტიკა არასუბლიმაციური ხასიათისაა. მახვილი ექსპრესია, რომელიც მის პოეზიას გააჩნია სექსუალური სიშმაგიდან, ან რაიმე მსგავსი კომპლექსიდან კი არ გამომდინარეობს, არამედ ადამიანის კოსმიური დანიშნულების ძიებიდან გამომდინარე სინამდვილის კრიტიკიდან.

სიამტკბილობაში ცხოვრების შესახებ თავის შეხედულებას ერთერთ ლექსში აშკარად ამბობს: „ჩვენ ვცვლიდით ჭიქებს და ვახსენებდით, ვისაც განცხრომა მიაჩნდა ძაღლად“ („მოგონება“) თითქოს გამომწვევადაც მიმართავს წამიერი სიამოვნებებით დაკმაყოფილებულებს: „რამდენი დაგრჩათ, მომაკვდავნო, გასაცინარი!“ ამ პატარა სტრიქონებშიც ჩანს მისი პიროვნების საარსებო პროგრამა. მაგრამ ვერავის ვერ აიძულებ დაიტანჯოს „გულის სიწმინდის გამო“. ამიტომ პოეტი იმ საყოველთაო გამოთაყვანებაში ძალიან მარტო გრძნობს თავს. ხან ამბობს „მხოლოდ ჩიტები მეგუებიან“, როცა „მთვარე ქვასავით ადევს საწუთროს“. ხან კი „ციცინათელას შუქის წვეთების“ გასწვრივ „ხავსივით ედო ცრემლი სახეზე“ და ფიქრობდა: „ბუხრის კვამლს აჰყვა ეგ სიყმაწვილე, თავქვეშ დაეგო დიდ მარტოობას“. „აქ არის რაღაც მწველი სიამე, გულს რომ ჩასტირი და იმალები, შენი საკანი თეთრი ღამეა, ან დაღუპული კაცის თვალები“. დაღუპვის სიმბოლო მოეზმანება: „მეც ათას წლობით მარტოობა მომეწყინება ... თავის ქალაში მწვანე ხვლიკი შეძვრება ღამე. ძვლებზე შემხმარი დაფიქრება მოეწონება და მატლებდახრულ თვალებიდან გახედავს ბაღებს“.

შვილისადმი მიძღვნილ ლექსში („თამაზი“) თავისი ცხოვრებისადმი და პოეზიისადმი რთულ დამოკიდებულებას გამოხატავს. „ბედთან, იქნება შენ გამაშველო, ბედი რომ მხერხავს ვით ბირდაბირი“. მიმართავს იგი შვილს. როცა ასეთი დრამატული თვითშეგრძნების შესახებ დავფიქრდებით, შეიძლება მოვნახოთ პასუხი და დავასკვნათ, რომ ასე ხდება, როცა ბედკრული ქართული კულტურის პრობლემებს ასახიერებ შენს თავში, როცა ყველა ყალბი კომუნიზმისკენ მიდის გამოგონილი ოპტიმიზმით, შენ კი ადამიანის შინაგან სინამდვილეს ქექავ ჭეშმარიტი შუქის აღმოჩენის მიზნით და თან ძველ ჭეშმარიტებათა ნანგრევებს ელოლიავები. „ვინც ჰგავდა თოვლზე გადაღვრილ ღვინოს“ ამბობს პოეტი თავის თავზე. ამ რთულ მეტაფორაში აქცენტი ალბათ გადაღვრილობაზე მოდის, მაგრამ თოვლი ართულებს გადაღვრილობაში ნაგულისხმევ ცხოვრების აზრს. ლექსის დასასრულს პოეტი ახსენებს თავისი თოვლზე გადაღვრილობის მიზეზს. იგი მძინარე შვილ-ბიჭუნას ეუბნება:

„შენ რას დაეძებ წარმავალობას.“

სხვა ლექსში იგი აფორიზმივით ამბობს „ვის შეუძლია გადაწეროს წარმავალობა“ („ზღვის სიმფონია“). წარმავალობა რომ მისი მწუხარების მიზეზია, მთელი მისი შემოქმედებიდან ჩანს, თითქოს თანამედროვე გილგამეში იყოს. ლექსში „ფერისცვალება“ დაუნდობლად ხატავს წარმავლობით შეძრული ადამიანის შინაგან ღირებულებათა არამყარობას:

„გატეხილ სარკეს, დამსხვრეულ საათს
დრო არ დაგიდევს, დრო მაინც მიდის.
რა ეშველება დაღუპულ ადათს
ან ასე მწარედ გატეხილ სინდისს.“

აქ „დაღუპულ ადათში“ თითქოს ქრისტიანული იდეალია ნაგულისხმევი, „მწარედ გარეცხილ სინდისში“ კი თანამედროვე ადამიანის ინტელექტუალურ-მეცნიერული გაწარმართება და გაუშჯულოება. ამიტომაც ამბობს პოეტი „ღრჯო უკვდავება მეც შემაგინებს“ („წინათგრძნობა“). წამავალობის ყოვლისმსახვრელობის მწვავე შეცნობის ნიადაგზე პოეტი ასე მიმართავს მძინარე შვილს: „ვინძლო მოყვარედ არ გაიხადო ჩემი ხმაბნელი შემოქმედება“. ლექსში თავისი ცხოვრების და შემოქმედების ამაო არსებობის გამომხატველ სტრიქონებში პოეტი შეფარულად, მხოლოდ ინტონაციურად თან გლოვობს თავის ლექსების ბედს და თან იცავს მათ.

როგორც ვხედავთ, პოეტი თვითონვე აფასებს თავის პოეზიას როგორც ხმაბნელს. მაგრამ როცა გავაცნობიერებთ, თუ როგორი ძალისხმევით ეწინააღმდეგებოდა პოეტი წარმავალობას და როგორ ცდილობდა „გარეცხილი სინდისის“ გაწმენდას, როგორ ელტვოდა „გულის სიწმინდეს“ არ შეიძლება არ ვიფიქროთ, რომ მისი ხმაბნელობის მიზეზი ნათელია. ხმაბნელი, მაგრამ მიზეზნათელი პოეტი.

არის წუთები, როცა გვეჩვენება, რომ ამაოა შეგრძნებების ლექსებით გამოხატვა. ისეთი დიდი კულტურები შთანთქა არარაობის მდორე ბუნებამ, რომელიც სამადაშვილის „მარადისობის ყრუ მესაფლავესავით“ „წირპლების რულით“ გაჰყურებს ყოველივეს.

„კაცი რომელიც უცქეროდა ქვეყნის სეირებს, როგორც ჭინჭარი, როგორც ძეძვი, როგორც ველური“. წარმავალობის, არარაობის, ეკლესიასტეს ამაოების - ამ დიადი მოწმის, წირპლიანი მესაფლავის თანდასწრებაში ჩვენ გვეუფლება უსასოობის განცდა და ვერაფერს ვერ ვაკეთებთ წუთისოფლის უსამართლობების, ჩვენთვის ძვირფას ღირებულებათა მსხვრევის წინააღმდეგ. როგორც ცირცეამ თავისი ჯადოთი ღორებად აქცია ოდისევსის თანამგზავრები, ხოლო თვით ოდისევსი გონგათიშულ უმეცრად - ისე ვგრძნობთ თავს ამაოებისგან მოჯადოებულნი. ვერაფერში ვერ პოულობთ მყარ აზრიანობას, ან შემოქმედისგან დაფარული პატრონობის ხელს. უამრავი შეკითხვები წარმოგვეშვება ამაოების გამარჯვების გამო. პასუხები ან არ არის, ან ისევ წარმავლობის დიადი მოწმე „და მესაფლავე მახინჯ მხარზე ბარგადებული სასაფლაოზე პურის ჭამით გაისეირნებს“. ასეთ ყოფაში თუ გამოჩნდა კაცი, რომელიც ამაოების სიდიადეზე არანაკლებ ტკივილს გამოავლენს ადამიანის მიკარგულობის და დაღუპულობის გამო, ისეთი შეგრძნება გვეუფლება, რომ ჩვენს ურიცხვ შეკითხვებს სასურველი პასუხები გაეცა. პასუხები განუსაზღვრელია, მაგრამ დიდი ტკივილი თავის განმწმენდავი ბუნებით რაღაცით ჯაბნის წარმავალობის ამაოებას. ჯაბნის თუნდაც იმით, რომ მანამ არარაობა შთანთქავს, მტკივნეულად იკივლებს: - არსებობას გაუმარჯოს, სინდისს გაუმარჯოს, გულის სიწმინდეს გაუმარჯოს. ასეთი განმწმენდი ტკივილის პოეტია სამადაშვილი. იგი განაახლებს ჩვენს მოშვებულ ძალებს და გვაიძულებს ვიფიქროთ: - ნათელი მიზნისათვის ტანჯვა ღირს, არამედ აუცილებელიც არის. სამადაშვილი აუცილებელი განცდის პოეტია. ლექსში „განკითხვა“ „ჩემი ცხოვრების ძანძახი იყოო“ ამბობს პოეტი. მერე დასძენს „გავჩნდი განგებ, რომ დავღუპულიყავ ჩემს დედინაცვალ საქართველოში“. მართლაც დედინაცვლებივით მოექცა პოეტს მაშინდელი კომუნისტური ოპიუმით გათიშული საქართველო. სამადაშვილის გენია ვერ შეამჩნიეს. უღირსივით მიაგდეს სიმარტოვის საკანში, რომელშიც „გაღებულ ფანჯრებს წამლად ერთი მგზავრი უნდოდათ“ („გათხრები“). შემდეგ პოეტი ამბობს, რომ არ იცის სად მოეღება ბოლო, და ასეთ უმეგობრო ყოფაში „ქარიშხლებს სადღაც ჩაეცინებათ, უდაბნოს ხვითქში გაზრდილ მასხარებს“. მაგრამ აი, „ჟამთა სიავეს მგზავრი აცდება. მოვა, დახედავს მკერდის ნიჟარებს, მიცნობს, შეკრთება, შევეცოდები და ტანში ცივად შეაჟრიალებს“. პოეტი გრძნობდა თავისი ტალანტის ძალას და სჯეროდა, რომ ერთხელაც მოვლენ მისი ნამდვილი მსმენელები. სამწუხაროდ იგი ვერ მოესწრება ამ დღეს, რადგან ეს დღე სიკვდილის შემდეგ მოვიდა. კიდევ ბევრი დრო დასჭირდა მისი ლექსების გამოქვეყნებას. მანამ ბოლომდე არ მოირყა საბჭოთა ცენზურა, მისი ლექსები ისევ არარსებული ღირებულება იყო საქართველოს საზოგადოებისათვის. ახლა უკვე ბევრნი საუბრობენ მის შესანიშნავ, უნიკალურ პოეზიაზე. მაგრამ ჯერ კიდევ არ არსებობს მისი შემოქმედების შესაფერისი შეფასება. ალბათ ესეც გაკეთდება დროთა განმავლობაში. დღეს მხოლოდ რამდენიმე პიროვნება ხედავს მას იმ შესაბამისობით, როგორც პოეტი იმსახურებს. რთული მეტაფორული სისტემა და არაჰედონისტური ესთეტიკა, მძაფრი ტრაგიკული განცდა რამდენადმე ელიტარული გემოვნების პოეტად აქცევს მას. მაგრამ ისინი, ვინც მისი შემოქმედების ძალას სწორად აღიქვამენ, საბედნიეროდ კომპეტენტურნი არიან პოეზიაში. ისინი ცდილობენ მყარი, მნიშვნელოვანი ადგილი დაუმკვიდრონ პოეტს ქართული პოეზიის წიაღში, თითქოს სრულდება პოეტის წინათგრძნობა: „მგზავრი“, რომელსაც მისდამი თანაგრძნობისგან „ტანში ცივად შეაჟრიალებს“ „წავა და საყდრის წინ დაეცემა, ყველა გამვლელის ნაფიც ჯავარად და საცოდავი ჩემ ცხოვრებაზე მოჰყვება ტიტინს როგორც ჯაფარა“.

„სტანჯავდა მიწა წელში მოხრილი“ („უკუღმართობა“) განსაცდელისგან ილაჯმოხრილი მიწის იერსახე თავისი კუზიანი სილუეტით თუ ჩაკეცილობით რაღაცით ენათესავება „უკანასკნელი ქრისტიანების“ მათხოვრის პორტრეტს.

ამ მეტაფორაში მიწა წელში მოხრილია, ერთ-ერთ მეტაფორაში, როგორც გვახსოვს მიწა ბრუციანია.

„და ბრუციანი დედამიწა შუქს იმათხოვრებს.“

ჯვარცმამ ჯერჯერობით ვერ განკურნა ეს ავადმყოფი პლანეტა. რა სასყიდელია საჭირო, რომ იგი განიკურნოს? თუ მართლაც შემთხვევითი არსებები არიან ადამიანები, როგორც მეცნიერება ამტკიცებდა, და იმის მადლობლებიც უნდა იყვნენ, რომ ცოტა ხნით მაინც არსებობენ? პოეტს იმდენად ტანჯავს ეს საკითხები, რომ ერთ-ერთ ლექსში შეუბღვერს კიდეც მარადისობას:

„მარადისობავ, საუკუნოდ გაგიხმეს ქედი,
რომ ასე უღვთოდ დამაბნიე ტიალი მგზავრი.“

სხვა ლექსში იგი ამბობს:

„იმასთან სისხლიც ვერ შეგარიგებს,
მიწისკენ კვალი ვინც მოგასწავლა.“

ამ შემთხვევაში მას ბოლომდე შეცნობილი აქვს მიწიერი ამაოება. ასეთი განწყობის შემდეგ გამართლებულია პოეტის გამოთქმა „გარეთ გადაყრილ ნაცარსა ვგავდით“ („დამშვიდობება და სინანული“)

მაგრამ პოეტი არ ეკუთვნის იმ ადამიანების რიცხვს, ვინც საკითხს კატეგორიული ცალმხრივობით გადაჭრის ხოლმე. იგი არ დაასკვნის ერთხელ და სამუდამოდ: არა, ღმერთი არ არის, ან ღმერთი არსებობს და ვისაც ამის არ სჯერა, ბნელში იმყოფება. კუზიან მიწას უგი მაინც უტოვებს შანსს. ყოველ შემთხვევაში თავად პოეტს არ შეუძლია სამუდამოდ შერჩეს ამაოების ჭვრეტას. არის და არ არის მის აზროვნებაში რთულ თანადროულობაში მოცემული. როცა მხოლოდ მიწიერი ადამიანია, მაშინ - არ არის და როცა სამყაროსეული, კოსმიური განუყოფლად თანადროულობენ მასში, სიკეთეზე და ბოროტებაზე ფიქრში, სადაც წმინდას ახსენებს იქვეა ჩრდილიც.

„შორს... წმინდანების სიმღერა გზაზე
და ბოროტების ჩუმი ნავალი.“

ამ სადა, პროზაულ სტრიქონებში „ბოროტების ჩუმი ნავალი“ იმდენად შემაშფოთებელია, რომ „წმინდანების სიმღერა“ არაფარისევლურ ფაქტად აღიქმება. სიკეთეზე და ბოროტებაზე რომ ვფიქრობთ, უნებლიედ მივდივართ მარადისობისა და წარმავლობის განხეთქილების პრობლემასთან. მაგრამ ეს ხომ გადაუჭრელი საკითხია. მარადისობა და წარმავლობა ჩვენთვის აუხსნელი სირთულით თანესწრებიან და იქნებ თანხვდებიან კიდეც ერთმანეთს. ადამიანი არსებობის წარმომადგენელია, მას თითქოს სამყაროსგან აქვს ნაბრძანები იცოცხლოს. არსებობის სხვა ფორმები არ იცის, ამიტომ ებღაუჭება სიცოცხლეს.

„ათასი წიგნი, ტომი ტომზედ დაიჯღაბნება,
შუბლის კანს გასხლავს ფიქრის ბუღი და ნაოჭები,
მაგრამ ვერავინ ვერ მიხვდება, რათ გეჯავრება
წარმავალობა და სიცოცხლეს ვებღაუჭებით.“

(„ზღვის სიმფონია“)

ამ ჰამლეტური ჩაფიქრებისგან და ქრონიკული ბორგვისგან განთავისუფლება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ადამიანი ირწმუნება, რომ იგი მხოლოდ და მხოლოდ ნივთიერებათა ცვლის ორგანიზმშია და წარუვალობაზე ფიქრი თავისი აუსრულებელი სექსუალური ლტოლვის სუბლიმაციაა. თავის თავის ასეთ ერთგანზომილებიან ცხოველად აღქმა შეუძლებელია გააჩნდეს ადამიანს, რომელსაც შემოქმედებითი შთაგონება წარმართავს. სამადაშვილისათვის მეორე განზომილება, ანუ, სულიერება იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ქრონიკული ფორიაქით არის შეპყრობილი. სულისა და სხეულის განხეთქილება მისთვის პირველმნიშვნელოვანი დრამაა და ვერაფრით ვერ შორდება ამ საკითხს.

***

სამადაშვილის ლექსების ძირითადი ნაწილი დაწერილია თანამედროვე ადამიანის მრწამსის, სიკვდილზე და მარადისობაზე ფიქრის, სიმარტოვის და „გარეცხილი სინდისის“ თემებზე. ვერ ვიტყვით, რომ ასეთი ლექსები სითბოთი, ან საამური შეგრძნებებით აღავსებს მკითხველს. პირიქით, ლექსების უმრავლესობა მძაფრი ტრაგიკული განცდით ელდას იწვევს მკითხველში. მკითხველი იხიბლება გამომხატველობის ძალით, რომლითაც პოეტი აშიმშილებს თანამედროვე ადამიანის შინაგან მდგომარეობას და სინამდვილის შელამაზების ნაცვლად, მის კრიტიკულ შეფასებას იძლევა. პოეტს ნაკლებად აქვს სასიყვარულო ლექსები. ისე, რომ მკითხველი ვერ დატკბება სიყვარულის სენტიმენტალობის სითბოებით. ასევე ნაკლებად აქვს სამშობლოსადმი მიძღვნილი ლექსები. მხოლოდ რამდენიმე ლექსია ამ თემაზე დაწერილი. როგორც ჩანს, პოეტს სამშობლოს მიმართ სიყვარულის ფიცი-მტკიცის ნაკლებად სწამდა. სამშობლოს სიყვარულს იგი უფრო ძლიერ პიროვნებად ყოფნის ფაქტორში, ღრმა აზროვნებაში, მართლის თამამ თქმაში ხედავდა. საკუთარი ხმის სამშობლოს კულტურის ხმასთან შეწყობა უფრო იყო მისთვის პატრიოტიზმი, ვიდრე ლექსებში სუპერმენად ქცევა და ილუზორული ხმლის ქნევა მტრების წინააღმდეგ. ანდა რა პატრიოტიზმზე შეიძლება ლაპარაკი, თუ კონკრეტულად წარმოვიდგენთ რომელ ეპოქაზე ვსაუბრობთ. საბჭოთა საქართველო რომ არ იყო ჭეშმარიტი ქართული სამშობლო, ამაში ეჭვის შეტანა შეუძლებელია. პოეტი სხვა მაშინდელი მწერლებისგან განსხვავებით, რომლებიც საბჭოთა საქართველოს უმღეროდნენ, ქართული კულტურის სავალალო მდგომარეობით იყო შეძრული. ეს ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია მისი სიმარტოვის და ტრაგიკული ბედის.

მაგრამ დიდი სითბოთია გამსჭვალული ლექსები, რომლებშიც პოეტი ბავშვობას, თავის სოფელს, დედას, გამზრდელს იგონებს. ამ ლექსებში იგი სენტიმენტალურიც არის და დაუფარავად ეფერება ყველა იმ საგნებს, რომლებითაც მისი ბავშვობა იყო გარემოცული.

მოგონებებით პოეტი თავის შინაგან რაობას ჭვრეტს და ზომავს. ბავშვობის სუფთა ხედვა ასაკოვან პოეტში თავისი მოწიფული მეობის გასასინჯი მოვლენაც არის და ამასთანავე, ამ სუფთა ხედვის აღდგინების, თუ გაგრძელების წადილიც. მას სინანული იპყრობს იმის გამო, რომ ბავშვობის მომავლისკენ უბრალო გზებს არ გაჰყვა და გენიის შემოქმედებითი ცეცხლით შეპყრობილობაში მოექცა. თითქოს ამ ცეცხლმა თვალები აუხილა და საწუთროს ყოველგვარი უკეთურობის დანახვა გველისშხამივით შეაჭამა, როგორც გველისმჭამელს და აი, შხამების ტრანსფორმირებით დატანჯული პოეტი შენატრის ბავშვობის სისუფთავეს და გულუბრყვილობას:

„დილის თივის ქვეშ სველი ბარათი:
„რად მწერდი ლექსებს, რად დაიღუპე!“

(„ჩემი სოფელი“)

ცვრიანი თივით დასველებული ბარათი, მხოლოდ ყრმობის წლებში რომ შეიძლება მოგწერონ, საოცრად აცოცხლებს მთელ იმ გულუბრყვილო გარემოს, რომელშიც ჭაბუკს პოეზიით „დაღუპვის“ გზა აურჩევია უკვე.

__________________

121. და თხელი მკერდის ქვეშ გტკიოდა გული

122. ეკლესიის წინ ილოცებს გველი

123. მუდამ მინდოდა, რომ იმათი ხვედრი მეწვნია

124. წაიღო ძვლები თოვლისაგან მთლად გაბზარული

3.63 101. ჯიქია, მარიკა. ნიკო სამადაშვილის პოეტური ქვეყნიერება

▲ზევით დაბრუნება


// ლექსმცოდნეობა: ყოველწლიური კრებული / შოთა რუსთაველის ქართ. ლიტ. ინ-ტი. - თბილისი, 2021. - № 13, ლექსმცოდნეობის მეცამეტე სამეცნიერო სესია (მასალები): ეძღვნება ნიკო სამადაშვილს. - გვ. 209-216.

მხატვრული ნაწარმოების ლექსიკაზე დაკვირვებისას ენათმეცნიერები იკვლევენ ენის დერივაციული საშუალებების შემოქმედებითად გამოყენების უნარს. ავტორისეული სიტყვათქმნადობა შემოქმედებითი პროცესის განუყოფელი ნაწილია და ავლენს ენის შინაგან ბუნებას, მის პოტენციას.

სიტყვის მნიშვნელობის განსხვავებულ ნიუანსთა უსასრულობა, სემანტიკურ სტრუქტურათა გართულება და გაუბრალოება - აი, სიტყვის მრავალწახნაგოვანი არსებობის ზოგიერთი გამოვლენა პოეტურ ტექსტში. ყოველ პოეტს ხომ თავისი პოეტური ლექსიკონი, მყარი სემანტიკური რიგი, სიტყვათა შორის კავშირთა თავისი სამყარო აქვს.

პოეტის ენის შესწავლა, უპირველეს ყოვლისა, ლექსიკა-ფრაზეოლოგიის შესწავლას გულისხმობს. შემოქმედის სასიტყვეთი (ამ სიტყვის შემქმნელი თამაზ კვაჭანტირაძეა) იმითაც არის საყურადღებო, რომ მასში ხშირად შემონახულია ნაკლებად ცნობილი ან ჟამთა სვლის გამო სრულიად მივიწყებული და იქნებ ზოგჯერ უცნობი ინფორმაციაც კი. სიტყვაწარმოების მოდელთა წარმოდგენა, ფაქტობრივად, ენის სიტყვაწარმოებითი სისტემის აღწერა არის ენის პოტენციური შესაძლებლობა, რითაც რეალიზდება პოეტური სიტყვათქმნადობა.

პოეზიაში ხშირია ავტორისეული ნეოლოგიზმები ანუ ოკაზიონალიზმები, რომელთა მეშვეობითაც მდიდრდება ენა. მხატვრული სიტყვის ოსტატი ენის წიაღში ეძებს საშუალებებს სათქმელის გამოსახატავად, სიტყვათა ახალი სემანტიკურ-სტილისტიკური წახნაგების გამოსავლენად (ზექალაშვილი ... 2015: 87).

წინამდებარე წერილში წარმოვაჩენთ პოეტურ სიტყვათთხზვას ნიკო სამადაშვილის შემოქმედების მიხედვით. ეს არის პოეტური ენის ის სიტყვები, რომლებიც არ გვხვდება სალიტერატურო ენაში. ხოლო კრიტერიუმი, რომლითაც სიტყვა სალიტერატურო ენას მიეკუთვნება, მარტივია: იგი უნდა დადასტურდეს ქართული ენის ძირითად, ფუნდამენტურ, აკადემიურ ლექსიკონში. ჩვენს სინამდვილეში ეს ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონია...

როგორც ყველა ენას, მათ შორის ქართულსაც, აქვს საშუალებები, რომელთა მეშვეობითაც იქმნება ნაწარმოები სიტყვები. ამ მხრივ განსაკუთრებული როლი აკისრიათ აფიქსებს. სიტყვაწარმოების დროს სადერივაციო საშუალებებად გამოყენებულია როგორც საგანგებო დანიშნულების აფიქსები, ისე თანდებულები და ბრუნვათა ნიშნები (ღლონტი 1988: 129). ოკაზიონალიზმები ვერ შეიქმნება ენის დერივაციული სისტემის უგულებელყოფით. ახალი ელფერი სიტყვას შეიძლება შესძინოს ერთმა ნიუანსმაც კი, იქნება ეს მოულოდნელი კონტექსტი, სიტყვამაწარმოებელი ყალიბის შეცვლა თუ ამა თუ იმ ფუძესთან აფიქსის მიერთება, რაც ავტორამდე არავის არ გამოუყენებია და ამდენად უცხოა აღსაქმელად. ნეოლოგიზმები, რომლებიც გვხვდება ნიკო სამადაშვილის შემოქმედებაში (ჩვენ პოეზიით ვიფარგლებით), ისეთი სიტყვაწარმოებაა, რომლის დროსაც პოეტი იყენებს თავსართ-ბოლოსართების ორდინალურ ინვენტარს, ლექსიკონებში დადასტურებულ ძირებსა თუ ფუძეებს, მათი შეერთებით იძლევა დერივატს ან კომპოზიტს, რომელიც სავსებით სწორია წარმოების თვალსაზრისით და, ამავდროულად, უჩვეულოა შინაგან კავშირთა მოულოდნელობის გამო.

პოეტური სიტყვათთხზვის მაგალითები ამოვკრიბეთ ნიკო სამადაშვილის კრებულებიდან „ბეთანია“ (სამადაშვილი 1973) და „ფერისცვალება“ (სამადაშვილი 2003).

ნიკო სამადაშვილისეული ოკაზიონალიზმებია: ვალალები, ბოკრო, ფათფათი, ღუღრუტანა, თოში, რუკრუკი ზმნური ოკაზიონალიზმებია: (ჭანდარს/მუხას ქარი) აჯაჯია; მაჯაჯია, შეიბუდებს, ბოდე, ითოვლე, დამაღვიძლებენ, ავეტრუჭო, კორიკაობდა, დავვერცხლდით, გავისაძლისო, მინამქრე, მოსისხა, ველდება, მოვღავდი.

დერივატებია: ნისლეთი, მემუსიკე, ლეწილი, ნისლობა, ღრუბლნარა, ბინდდარა, (ველები), დანახვისი, ვალალობა, სივალალე, გაუთენარი, უბინადარი, უცაო. უკაცობრიოთ, უმეგობრობა, უსაფარობა მიწური, გაუქირდავი დაუგვრემელი, ოქროსდარი, შემოკვართული.

ზმნური დერივატებია: ტრუბადურობდი, გენიალობდა, თრთვილავდა.

წინარე ვითარების სახელები: ნაკამარევი, მაქარი, ნაქარევი.

ნიკო სამადაშვილისეული კომპოზიტებია: ქარდაღმა, ხმაბნელი, პირქარი, ლერწკალა, ქვატალახა, თვალგამჭრიახი, ხუჭუჭფოთლება, ტუჩსისქე, ძირნაყარი, ღიმშეშლილი, ზედარუ, სხივნათელი, კაცთმდინარება, ნისლებნათიბი, ბედმოკრძალებით, ბედურგები, ბედნაკრძალევი, ხმაბნელი, გზათვალალობა.

თხზული სიტყვის მეორე კომპონენტი მიმღეობაა: ბედმიხდილი, კვირტ-გაუფურჩქნავი, მწყემსდაღუპული, თვალებწყეული, გზებ-შერისხული, ბედგაცრეცილი, სოკოგამოყრილი, ოშხივარასხმული, სისხლნარწყევი, ბედმომკილი, თვალებშეშლილი, საკინძგახსნილი, ხმაჩახვეული, სახადშეყრილი, ზარჩაწყვეტილი, მათრახგადაკრული, ლალმოწნული, ბედუწყინარი, ჩრდილწამოსხმული, ღიმამოყრილი, საკინძგადახსნილი, წლებდაგვალული, ბედდახურული, ბედდაცლილი, ტუჩშეშლილი, რჯულდაწყვეტილი, მუხლებდაზრული, ვარსკვლავდამარცვლული, ჩრდილშემოყრილი, საკინძჩამოხეული, თაღმოდგმული. ფილტვებშემკრთალი, წვერგაჯენჯილი, ბედგაძარცული, ცრემლებდაცლილი, ჯანდაცლილი, ღიმამოყრილი, შიშდარეული, მატლებდახრული, ბედდაუნდობელი, ტანაჭინჭრული, ბედუზრუნველი, გზებმიუვალი, თვალებშეშლილი, ხვართქლანარევი, ქერქდაგლეჯილი, გულმკერდდახეული, შუქშემკრთალი, სახრეგადაწნული, კლდემიწნული და სხვ.

სამყაროს ფერებში აღქმა ადამიანური ხედვის განუყოფელი თავისებურებაა, რომლის მიხედვითაც შეიძლება ვიმსჯელოთ ინდივიდის არამარტო ფსიქიკურსა და ინტელექტუალურ თვისებებზე, არამედ ზოგადად მის „ფერით ხედვაზე“. ნიკო სამადაშვილის პოეტური ენის მნიშვნელოვანი შემადგენელი ფერითი შეგრძნებები არ არის. შეიძლება ითქვას, რომ მისი პოეზია ფერადი სულაც არ არის. თუმცა შეგვხვდა ფერის აღმნიშვნელ ტერმინთა დერივატები - კუნელისფერი ღამე, ცრემლისფერი ამინდები, დუღაბისფერი უბნები; გადავაწყდით დარდისფერსა და წყევლისფერს, რომელთა წარმოსახვითობამ სრულიად მოგვნუსხა.

პირის ნიშანთა უჩვეულო გამოყენება - ტალღები მყეფდნენ, სასუფეველი მყეფამს თუ დამთრევს; როგორა გრგძნობდა (<გგრძნობდა) ჩემი გული ბედის ნაბიჭვარს; მე კი მძრწოლამდა შიშნარევი უსაზღვროება; ნეტავ გეავდრა; რიჟრაჟობენ; ვრინდდები; გავვერანდი - და პირის ნიშანთა სიჭარბე: სწვიმდა წვიმა; ღამე სდგა; გაუხარელი ამინდები სდგას; მონასტერი სჩანს; ზარი ჰგოდებდა; სწვიმს შადრევანი; ნისლები სდუმდნენ. ზმნა (მო)ვარაყება იშვიათია I პირისა და სათავისო ქცევის ფორმით: ვივარაყებდით.

ზმნისწინებით მდიდარ ქართულს სამადაშვილის კალამი მეტ ელასტიურობას სძენს მათი მოულოდნელი გამოჩენით: ამომიძოვენ, ამოვიმღერებ, შეუტბორიათ, შეანჩხლებული, შექვავებული, წაიმწუხარა. ზმნისწინების ჩანაცვლებით გამოწვეული სემანტიკურიელფერი უფრო დასამახსოვრებელია.

პოეტის გასააზრებელი ხატებით დატვირთულ, მძიმე სტრიქონებს ერთობ ამსუბუქებს სასაუბრო ფრაზები, რომელთაც ინტონაციური განმუხტვის ფუნქცია ენიჭებათ: თვალი დაუდგეთ; ეს ოხერი; შენი არ ვიცი; იწამე ღმერთი; რა წყალს მივეცე; თავში ქვა იცეს; რას მიჰქარავ, შენც არ იცი; რა ჭირათ გინდა; კარგს მე არას მიქადის, თვალი დაუდგეთ.

განსაკუთრებით წარმოსაჩენია ნიკო სამადაშვილის ლექსების ქსოვილში მიმობნეული სინტაგმები. მსაზღვრელ-საზღვრულის კონსტრუქციით მოწოდებული ორსიტყვედები, გამონაკლისის გარეშე, ნოველების სათაურებია. აი, ისინიც: ფეხმძიმე ნისლები, ავდრების ცოდვა, ბუერა სევდა, ლანდებთან ბაასი, ხნიერი გამოქვაბულები, ელამი დაისები, დარდების სითბო, ჩამქრალ ხსოვნებთან, მბჟუტავ სიზმრებთან, ბედის ავდრები, ფერად ხსოვნებით, საუკუნეთა ყამირი, გაცრეცილი ქარები, თალხი სიზმრები, ფიქრების ზვინი, მარადისობის უდაბნოებში, სიყალბის რიდე, ჭორიკანა მარადისობა, ღრუბლის ნანგრევი, ბედის ნაბიჭვარი, ხსოვნის ალიონი, ბინდების ლხინი, გულქვა ავდრები, უჟამო სივრცე, მოხუცი მაცხოვარი, დარდების თხრილი, მთების ყევარი, ფიქრების ნახირი, უცაო დაბლობი, ბედის ღრუბელი, უსივრცო სიჩუმე, გზების სიმუნჯე, ვალების მწუხრში, ჰანგების ლივლივი, ღამის გადასწვრივ, კლდემიწნული ღობე, ბედის აბუჩი და სხვ.

უკიდეგანოდ ექსპრესიულია სამწევრა სიტყვათშეხამებები:

ლაჟვარდების ყრუ მდუმარება;
მფარავდა სიყალბის რიდე;
ხმაჩახლეჩილ ქარის სიმღერა;
ბურუსია ბავშვივით წრფელი;
მარადისობის ყრუ მესაფლავე;
ფიქრების დიდო ხმელეთო;
ღრუბლის ნაწოლი სივრცე და სხვ.

ნიკო სამადაშვილს ესამხრისება, სიტყვას მიადევნოს ხოლმე გულის განმგმირავი განმარტება:

ლექსები, ტანზე გამონაყარი;
წყვდიადი, მკერდზე დამაგრებული137;
ხსოვნა - დაღლილი სამიწე დარდით;
ვარსკვლავები - მარადისობის ჭუჭრუტანები;
უსაზღვროება გრიგალებით გამოფუღრული;
ხსოვნა - დაღლილი სამიწე დარდით;
ბინდების წევა ანკესებით შუადღის ტბიდან;
ალიონზე კი მერცხლის ფრთებით აისის კრეფა;

პოეტის ხატოვანი აზროვნება ძლიერია, მოჭარბებულად მამაკაცურია, გასაოცარი კომპრესიის მეშვეობით ჩვენს გონებაში იტვიფრება წუთისოფლის ძირითადი პარამეტრები:

„ყრუ აღმართები ყალყზე დგებოდნენ;
მღვიმეში იდგა ჟამთა სისველე;
ნანგრევს დაეხრა სამრეკლოს კარი:
ცხოვრებას კოცნით ვივარაყებდით;
დავიხოცებით, - დაგვსუნავს ლოდი;
და მზე ყვიროდა ქვეყნის ბოლოდან;
მკათათვის ფუნჯით ნახატი წლები;
იქ ჭოტი ძახილს წყალში გაურევს,
იქნებ წმინდანებს ქუნთრუშას უცრის?
ცისკრის ამოსვლა ბეწვზედ ეკიდა;
მზე გადიოდა ცას ბორანივით;
შეკუმშულ გულში ათევს ზამთარი;
ან ვისაც გრიგალმა ვერ მოაგლიჯა
წყვდიადი მკერდზე დამაგრებული;
მიწყნარდებიან ბედის ავდრები
და მე კი შენში გადავიმტვრევი
საიქიოდან წუთისოფელი
როგორც მამალი ისე ჰყიოდა
ჩემი ცრემლებით ღამეს ხატავდი
და ბეთანიას მაისის დილით
იმ დროს ორთქლდება ჭეშმარიტება,
როცა ხალხს უნდა გამოიკვლიოს
ჩემი ცრემლებით ღამეს ხატავდი
და ბეთანიას მაისის დილით
ვარსკვლავნი ისე მოსჩანდნენ ღამე,
თითქოს ზეცა ჩრჩილს ამოეჭამა.“

ქართულში, ისევე როგორც სხვა ენებში, წინადადების მთავარი შემადგენელი, წარმმართველი ძალა, გამონათქვამის სახის, ხასიათის მიმნიჭებელი შემასმენელიაო, გვისწავლია. ნიკო სამადაშვილის პოეტურ ქმნილებებში ოთხჯერ გადავაწყდით უშემასმენლო ლექსს;

„ცრემლივით ქალი. ჰანგების დაფნა,
ბედ-გაცრეცილი ძმათა ბანაკი.
ცისქვეშ უცნობი ქვეყნის გაფრენა,
და შთაგონების ყრუ აგარაკი.
კიბეზედ ვიღაც ნისლივით მგზავრი125
თუ ბეთხოვენის ფრთხილი ნაბიჯი!
ბაღს ზევით კოშკი სვეტგაბზარული,
ნაქალაქევთან მთვარის ნარინჯი.
ელდა შეწნული კლავიშთა მწუხრი,
წინ ყვავილებით სავსე კალათა.
ზამთრის ღამეში ხრჩოლვა ძველ ბუხრის,
პანაშვიდებთან ქარის ბალადა.
ძილგაფრთხობილი სიზმრების ნახვა,
და ალიონზე ხეების ძილი.
დაღლილ ხელების ყელთან შეკრუნჩხვა,
და გუბე-გუბე განგების ჩრდილი.
მონასტრის ეზო, ლოცვა კედელთან.
შორს წიწვნარევი ბილიკთა ფენა.
გული შეშლილი, მკვდარი კანდელი
და ფრინველების დიდი გაფრენა.“

პირიელი ზმნის უქონლობა ნაწილობრივ სახელზმნებით არის „კომპენსირებული“: გაფრენა, ხრჩოლვა, ნახვა, ფენა, გაფრენა.

ასევე უსათაუროა კიდევ ერთი უზმნო ლექსი:

„უძრავი ტახტი, წალო, ზანდუკი,
ფერისცვალება, საფლავზე ხილი,
ამბრიანთ ოჩას დუქნის დუდუკი და
გალავანთან ჭრაქებით ლხინი.
პირველი თრთოლვა, როგორც შარბათი,
ეტიდან ეტში იების გუბე,
დილით თივის ქვეშ სველი ბარათი:
„რად მწერდი ლექსებს, რად დაიღუპე!“
აქ ბარბარუკა, იქ ნიშხანიშხა,
კვერნაკის ვაკე, რუხი მინდორი.
მთებზე ზოზინი სოფლის ნახირის,
მდინარის გაღმა ვეება ქორი.
ჩიტების როკვა ბოკრო საბძელთან,
მკათათვის ფუნჯით ნახატი წლები,
ხან რუს ჩხრიალზე ღამე ნაძვებთან,
ციცინათელას შუქის წვეთები.“

ნიკო სამადაშვილის ლექსებს არაჩვეულებრივ კოლორიტს ანიჭებს დიალექტური ლექსიკა: თერხვი, არნადი, დაიტიშნენ (სწრაფად გაიქცნენ), ტყლოშნიდა, მატაოცობა, ქეში, ეტი….... ასევე ქართლური დიალექტის დამახასიათებელია შემდეგი მოვლენები:

ვითარებითი ბრუნვის ნიშნისეული თანხმოვანი უპირატესად ყრუ ვარიანტით ფიქსირდება: მოსამსახურეთ, კენტათ, მწარეთ, ბედნიერებათ, საბედისწეროთ, წამლათ, ქალბატონათ, მოლოზნათ, მოჯამაგირეთ, მოსატანათ და სხვ.

პოეტს თავისი დიალექტის „ერთგულების“ კვალობაზე უგულებელყოფილი აქვს -ავ- თემის ნიშანი და მხოლოდ -ამ- თემის ნიშანს იყენებს: მალამდა, გაზიდამს, ბოდამ, შფოთამ, დაბერტყამ, შეყეფამს, დახედამს, დავხუჭამთ, გაიკმინდამს, ელამს, დარეკამს, გინახამთ, მოიკლამს, დაღრეცამ, უწვამდა, ჟინჟღლამს.

„რომ“ კავშირს მხოლოდ „რო“-ს სახით ვხვდებით.

მედაირემ დაკვრის წინ დაირა უნდა გაათბოს. ეს იცის პოეტმა და ერეკლე ტატიშვილს ასე მიმართავს:

მთვარე დაისით გაგითბია, როგორც დაირა.

ტერენტი გრანელისა (უფალო ღმერთო, რად გამაჩინე, მე ხომ გაჩენა არ მითხოვია) და ლადო ასათიანის (და სიბერე ძუ მგელივით მოგვიხტება) სტრიქონთა რემინისცენცია გამოსჭვივის შემდეგ სტრიქონებში:

„დედავ ცოდვილო, რად გამაჩინე ამ სამრევლოში;
სიბერე მაინც სვავის ფრთებით წამომეწია.“

ნიკო სამადაშვილის მიერ შექმნილი თვითმყოფადი ხატების გალერეა დაუნჯებულია, მაგალითად, ლექსში „ატენის სიონი“, რომელშიც მანიფესტირებულია ერთი ხატის ჩანაცვლება მეორით „ამ ლექსად ყოფნის“ დროს. მისივე სტრიქონს მოვიხმობ:

დავიხოცებით, - დაგვსუნავს ლოდი...

___________________

125. სწორია: კიბეზე ვიღაც ნისლივით მგზავრი

3.64 102. Абзианидзе, Заза. «... Мифы взлетели с лучами звезды»

▲ზევით დაბრუნება


// Литературная Грузия. - Тбилиси. - 1999. - № 1-6. - с. 92-100.

Было 1 мая 1963 года. На улице Белинского в пыли валялся неизвестный. Поначалу его приняли за пьяного. Он и выглядел как пьяница: красное лицо, лысина, две-три пряди волос, трогательно зачесанные с затылка вперед, небольшое брюшко... Неизвестный не мог говорить, и лишь время от времени беспомощно открывал голубые глаза... Еще до приезда скорой помощи какой-то прохожий, прислонив к стене захваченное с демонстрации знамя, достал из кармана неизвестного удостоверение личности и прочел: «Николай Михайлович Самадашвили, бухгалтер-ревизор», затем тихо проговорил, - небось немало денег скопил, - и продолжил путь.

Нико Самадашвили умер в больнице в тот же день. В доме, когда его привезли, нашлось лишь четыре рубля.

На первый взгляд, наверное, именно так прозаически должна была закончиться жизнь бухгалтера-ревизора, который в вине топил свои горе и печаль, свое сиротливое детство, свою первую любовь, который оплакивал свою неумолимую судьбу, свой неприкаянный талант и несбывшиеся надежды. И лишь несколько человек из его окружения видели горькую несправедливость и в его смерти и в его жизни, самим Нико Самадашвили воспринимавшейся как накзание... Он так и не нашел первопричины этого наказания...

Эти несколько человек были первыми читателями его тетради стихов. Той тетради, которую вместе с четырьми рублями оставил семье ушедший в свой последний, но уже вечный путь Нико Самадашвили.

Раскроем же эту тетрадь, которая сегодня стала и нашим достоянием, и если у нас появится желание заглянуть в святая святых измученного сердца Нико Самадашвили, мы увидим этого удивительного поэта его же глазами:

Ты птицей церковной влетел в мою душу
и в ней поселился, надеждой ведомый.
Я помню то время - осеннюю стужу,
когда, как собака, выл ветер у дома.
Не знал я, как быть мне с таким Божьим даром,
Наверно, другому он был предназначен.
Земля задрожала под неба ударом
И солнце взорвалось неистовым плачем!
Тобой же владели осколки мгновенья,
Носился ты с ветром порою закатной,
Болезнью казалось твое песнопенье,
Как сыпь, что на теле оставила пятно.126

Стихотворение это, с такой отчаянной смелостью посвященное самому себе, так и называется - «Нико Самадашвили».

И все же, мне думается, главная боль Нико Самадашвили не в его раздвоенности, не в его невостребованном таланте. Она уходит вглубь, в прошлое, в его детство, и во время его безрадостном существовании слышен отзвук задушенного в подушке сиротского плача...

Нико Самадашвили родился 19 июля 1905 года в селе Хидистави недалеко от Гори. Ему не было и трех лет, когда умер отец. Мать забрала с собой младшую дочь и переехала в Баку, где вскоре второй раз вышла замуж. Маленький Нико остался на попечении бабушки Екатерины.

Неутешная боль покинутого ребенка незаживающей раной отметила всю жизнь Нико Самадашвили:

... дитя-сирота, малец неприкаянный,
вчера он повсюду маму искал...

Свое существование Нико Самадашвили воспринимал как какое-то жертвоприношение уготовила ему именно роль агнца:

Тут бы и рухнуть мне жертвою, Боже!
Мама, твоя б не ослабла рука,
Я б не роптал - но когда-нибудь все же
Ливнем отпели б меня облака.127

Если человек боится жизни и боязнь эта идет из детства, если он хочет укрыться чьей-то спиной. Чтоб спастись от «рассравленной миром западни», если в плоть и кровь его въелся страх, который зарождается с криком филина и им же заканчивается, то этого человека ничего не спасет. На короткое время ему могут принести облегчение и вино, и женщины, и стихи, а возможно, и лицезрение звездного неба, если, конечно, воспринимать звезды как «щелочки вечности».

Если холод сиротства не успевает остудить детское сердце, сыновнее тепло, дарованное ему природой, достается какому-нибудь доброму человеку: такое чувство испытывал Нико к своей воспитательницей «бабушке Екатерине», а впостедствии - к своему покровителю, старшему товарищу и учителю Эрекле Татишвили.

Жизнь Нико Самадашвили полна парадоксов: колесо его судьбы почти всегда крутилось вспять, однако страшное землетрясение, происшедшее в 1920 году в Гори, неожиданно оказалось для него счастливым. Училище, в котором учился Нико, было разрушено, и учеников для продолжения учебы перевели в тбилисскую гимназию. Именно здесь и заметил его Эрекле Татишвили.

«Самадашвили, как поэт, был открытием Эрекле Татишвили, - вспоминает ныне покойный профессор Гайоз Имедашвили. - …Наш учитель, наставник и друг Эрекле Татишвили упорно доказывал нам, что Самадашвили большой поэт, заслуживающий внимания не только в масштабах Грузии. Тогда нам казалось совершенно невозможным разделить его мнение. Время показало, что такое признание было вполне обоснованным».

Не будем забывать, что речь здесь идет о конце двадцатых годов: к тому времени Нико Самадашвили - автор всего нескольких лирических стихотворений, известных в узком кругу посвященных. Опубликованы же всего два его стихотворения в горийской районной газете «Красная Картли» - одно о Ленине и второе о Красной Армии.

Чего же здесь больше? Отражения революционных иллюзий двадцатилетнего юноши или же продиктованного тайным честолюбием желания увидеть свое имя на страницах газеты? А может быть, и то и другое? Так или иначе, наивные строки из «Красной Армии» еще раз напоминают нам, сколь ошибочной может быть поверхностная оценка таланта поэта и преждевременное суждение о его будушем.

Тем более ценной для нас является интуиция Эрекле Татишвили и та настойчивость, с которой он советовал своему младшему другу воздержаться от публикации стихов. По словам писателя Арчила Сулакаури, после смерти Эрекле Татишвили Нико все же пробовал публиковать свои стихи, но безрезультатно.

Стихотворения, которые так стремился напечатать Нико Самадашвили, были опубликованны после его смерти - в газете «Литературули Сакартвело» от 28 июля 1967 года. Вступление написал поэт и критик Тамаз Чхенкели, который многое сделал для того, чтобы грузинский читатель узнал и принял этого необычного поэта.

Опасения Эрекле Татишвили сегодня вполне понятны: он ведь лучше других видел, что магнитизм поэзии Самадашвили парадоксальным образом связан с его же минусами - отступлением от литературных традиций, незнанием или неприятием законов поэтики, каким-то редким упрямством, из-за которого Нико никогда не возвращался к уже написанному тексту…

По-видимому, Эрекле Татишвили боялся, что взгляни Нико Самадашвили на свои стихи глазами будущего редактора, он непременно бы обуздал свою самобытность, буйное воображение и остроту чувств, и хоть и подсознательно, но направил бы их в признанное литературное русло. Кстати, именно подобное «сглаживание» двух его юбилейных од кажется сегодня намного более режущим слух, нежели те неуправляемые и непривычные для уха строки, которые столь характерны для поэзии Самадашвили.

Однако эти претензии тотчас же забываются, как только мы обращаемся к волнующей поэтической автобиографии Нико Самадашвили.

От берега солнце паромом отбилось,
В лесу голый ветер травою шуршал,
На дереве ворон стихи декламировал,
Христос за чертою земной воссиял.
А я успокоить всех птиц был не в силе -
язычник во мне, цепенея, молился.
Поэт сумасшедший сидел на могиле
и стон затаенный из гор доносился.
И в сумерках гасли, и в ночь уносились
из тела живого последние вспышки…
А воры откуда-то гроб притащили
и имя мое написали на крышке!

В стихах Нико Самадашвили можно встретить «стонущие балдахины», «хаосы» и «бледные панихиды», характерны для декадентского реквизита начала века, одноко смятение своей души он выразил таким рядом ирреальных картин, которые имели общее скорее с живописной традицией, нежели с литературной.

Самадашвили как-то необычно заменяет жизнь смертью и наоборот: в картинах жизни, как правило, приветствует длань смерти, сама же смерть, так же неожиданно, оживает и заговаривает. Есть что-то сюрреалистическое в том, что покойник «вздыхает на постели», «застегивает пуговицы на рубашке» или же «причитая плачет». Но если существует экзистенциальный страх, страх жизни, он скорее возникает тогда, когда в «лежащем навзничь на краю вселенной» поэте вы узнаете упавшего на улице Белинского неизвестного, когда вы видите землю глазами Самадашвили - «заступом навороченные песок и мусор», «большое кладбище», «черновик распятия». До определенного момента вышвырнутая в космическую темноту и холод Земля, весь этот пространственный масштаб все-таки воспринимается как поэтическая условность, но наступает минута, когда вам передается страх человека, стоящего у своей будущей могилы, и вы содрогаетесь от холода сметри. Для самого Нико Самадашвили чувство это было, по-настоящему, привычным: и свое сиротство, и известие о внезапной смерти младшей сестры вместо запоздалого знакомства с ней, и ожидание ареста - вот все то, что заставит его сказать: «Да опалит мое рождение того, кому я обязан своей судьбой», заставит возжелать смерти и выпить за упокой своей души:

Я дерево вижу. Оно - словно нищий
на паперти храма.
Хочу в эту крону назойливой мыслью
проникнуть упрямо,
чтоб спрятаться в листьях и видеть в тумане,
как тешится друг мой слезой,
и горькую выпить, как в темном духане,
за жизни моей упокой…

Возвращаясь к жизненой драме Нико Самадашвили, нельзя не вспомнить его неудачливое студенчество: он не смог сдать экзамены и был отчислен со второго курса. «Из-за отсутствия средств у моей семьи я оставил университет, - писал сам Нико в автобиографии, - и устроился счетоводом. (Я закончил в Гори бухгалтерские курсы). С тех пор работаю в должности бухгалтера-ревизора».

Ревизорская деятельность Нико Самадашвили дважды вынуждено прерывалась: - впервые его арестовали во время войны, - дескать, пятнадцать лет назад он руковадил нелегальным кружком «молодых марксистов», второй раз - уже после войны, на этот раз в связи с его ревизорской деятельностью. К счастью (если это можно назвать счастьем), оба ареста продолжались не более года.

Нико, по-видимому, был больше человеком застолья, нежели семейным, и если и имел какую-то выгоду от своего ревизорства, то опять-таки тратил ее на дружеские пиршества: именно здесь была его стихия, именно здесь им овладевало желание читать стихи, именно здесь слышал он те слова признания, которые время от времени необходимы даже самому скромному художнику…

Я упомянул о семье: первый раз Нико женился рано и вскорости развелся - его женой была очень красивая гречанка Ева Чакалиди (сохранилась их романтическая переписка); позднее в Садгери (близ Боржоми) во время непродолжительного учительствования в возрасте 31 года Нико пленился пятнадцатилетней ученицей - Мариам Аманаташвили и привез ее в Тбилиси. Мариам, мать троих его детей, ни разу не упрекнула своего мужа-поэта, всю жизнь носившего в кармане фотографию Матико Амбриашвили, своей первой любви, той самой Матико Амбриашвили, родители которой ни за что не согласились отдать дочь бедному сироте-односельчанину.

Боль первой любовной неудачи, угнездившаяся в глубине сердца, иногда проскальзывала в стихах Нико Самадашвили, но в целом любовная лирика не стала у него особым жанром, как это обычно бывает, и уступила первенство другим темам и настроениям.

Нико Самадашвили создал свою мифологию: со смелостью язычника разгуливает он по библийскому пантеону, где натыкается то на «пригнанное с Голгофы стадо богов», то на «испуганного старого Спасителя», на «поющих на дороге святых», на «обиженную Божью Матерь», а то, удивленный, проследит взглядом за «пляской сумасшедшего Бога»... Ощущение причастности и фамильярность, которые показались бы кощунством у другого, у Самадашвили пронизаны какой-то редкой теплотой, а необычный сплав времени и пространства, библийских и грузинских реалий обретает совершенно неожиданную убедительность:

Кости язычников - храма подножья,
Мифы взлетали с лучами звезды,
А на земле, на фиалки похожи, -
Нашей Нино пресвятой следы.
Лани топтали склоны косые.
Вечный источник струился с гор...
Здесь, подрастая, играл Мессия
И подметала Мария двор.128

И так же отчетливо, как двор Атенского Сиони, увидел Нико Самадашвили холмик своей могилы и свою жизнь после смерти:

Плакальщиц-ив скроет темное небо,
Восторжествует бессмертье над жизнью,
И мимо могил, жуя кусок хлеба,
Могильщик с лопатой пройдет после тризны.

Время равнодушно прошло мимо живого, обделенного судьбой поэта. И лишь спустя много лет после его смерти, когда сиротливая могила как-то необычно зацвела и преобразилась, время вернулось вспять, остановилось у могильной плиты, склонило голову и, наконец, высветило имя Нико Самадашвили...

_________________

126. Здесь и далее, где переводчик не указан, перевод Гиви Орагвелидзе

127. Перевод Булат Окуджава

128. Перевод Булата Окуджава.

4 გაზეთები:

▲ზევით დაბრუნება


4.1 103. ადამია, რეზო. სამაგიეროს ითხოვდა არრას...: შტრიხები ქართული პოეზიის ერთ-ერთი რაინდის ნიკო სამადაშვილის პორტრეტისათვის

▲ზევით დაბრუნება


// საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2007. - 15 სექტემბერი. - № 178 (5779). - გვ. 8.

ნიკო სამადაშვილის პოეზია თითქოს უხსოვარი დროიდან მოდიოდა, ხალხური პოეზიის უკვდავი ძეგლის „ვეფხისა და მოყმის“ შორეული ეპოქიდან. ასევე, იმ კოლხური, მისტიკური და კოსმიური ლექსიდან „მზე დედაა ჩემი, მთვარე - მამაჩემი“... ამ უძველესი პოეზიის დაბადების თარიღი კი იმდენად შორეულია, ისტორიის მეხსიერებაც უძლურია მის წინაშე. მრავალი ათასწლეული დინჯად იარა კოლხურ-იბერიულმა უძველესმა პოეზიამ და ოქროს საფეხურებით მოაღწია შოთა რუსთაველამდე. მანამდე კიდევ, ვინ იცის, რამდენი ბრილიანტი დაგვიმარხეს ჟამთა სვლამ და ველურმა, კაციჭამია მომხდურებმა.

ქართველი ადამიანი ლექსით გამოთქვამდა სიხარულს, სიყვარულს და ტკივილს. ულამაზესი ბუნების შვილებს მხოლოდ ბულბულის ენით უნდა ესაუბრათ. მათ შორის სასაუბრო ენა ხომ პოეზიაა, საერთაშორისო, უფლის მიერ ბოძებული.

შორეულიდან ასე მოდიოდა ღვთისნიერი და ჰარმონიული მეტყველება, ასე მოაღწია ჩვენი უახლოესი ეპოქების გენიებამდე და მათ მიერ შექმნილი პოეზიის სასწაულებრივი წალკოტი გადაიშალა. აი, მათი წმინდანური პორტრეტებიც: შოთა რუსთაველი, დავით გურამიშვილი, ნიკოლოზ ბარათაშვილი, ცისფერყანწელები და გრიგოლ რობაქიძე, ტიციან ტაბიძე და გალაკტიონ ტაბიძე, შეწირული მწირი მგოსნები, ტერენტი გრანელი და ნიკო სამადაშვილი... ზემოთხსენებულ მგოსნებს მრავალი ღირსეული პოეტი, თავიანთი დიდი პოეზიით, უმშვენებდა და უმშვენებს გვერდს.

ქართულმა პოეზიამ მეომრული შემართებით და გმირულად გამოიარა მრავალი ბნელი თუ ნათელი საუკუნის სისხლიანი და შემოქმედებითი ლაბირინთი და წმინდა ეროვნული პოეზიის ერთი დიდი სამყაროც, ბატონი ნიკო სამადაშვილიც მოვიდა საიდანაც უძველესი წარმართული და ქრისტიანული ეპოქების უმაღლესი, უმდიდრესი და მძაფრი სულია გაცოცხლებული. იშვიათია უახლოესი ეპოქების პოეტებში ამ ზომით, ფორმით და საოცარ პოეტურ დონეზე საგნების, ბუნების მოვლენების, ადამიანების ზნე და ცხოვრების სურათების სიურეალისტური ხედვა და მართალი ხატვა. ყოველივე გაუთავებელი ძიებით და დიდი შრომით შექმნილი შედევრები კი არაა, არამედ ირეალური სამყაროს, უხილავიდან ხილულის რენტგენული ხედვის, მისი სრულყოფილი აღქმის შედეგად დიდი პოეზიის მოვარდნა და თვითდაბადებაა. ჩვენს სივრცეში, ყოველი ადამიანის სულის და მაღალი ზნეობის პოეტური მოძღვრებაა ნიკო სამადაშვილის პოეზია...

ნიკო სამადაშვილთან ადამიანები, მცენარეები, ცხოველები, საგნები და ბუნებრივი მოვლენები, სიცოცხლის მთლიანი და ჯანსაღი ანატომიაა... ისინი ბატონი ნიკოს ლექსში თითქმის ერთ რანგზეც ცოცხლობენ, სულდგმულობენ, მოქმედებენ, აზროვნებენ, უყვართ, განიცდიან, იღწვიან, ქმნიან და ზოგჯერაც ქრებიან... აქ გახლავთ, კოსმიური შემოქმედებითი მთლიანობა, რომელიც ჩვენი პლანეტიდან მხოლოდ მიწისეულად იწყება.

თვითნაბადი მგოსნის ამდაგვარი ხედვა, განცდა და შემოქმედება საერთო პოეზიის სივრცეში, იშვიათობაა. აქ, ბატონ ნიკოსთან, ყველასგან განსხვავებული - ინდივიდუალობა, ხედვის შინაგანი კულტურა, ირეალური - მართალი და უშიშარი აზროვნებაა. ქართული ხალხური სიმღერა „წინწყარო“ ხომ საოცრებაა, მარტო ჩვენს სინამდვილეში კი არა, მთელს პლანეტაზეც... ნიკო სამადაშვილის პოეზია და პროზაული აზროვნება, სიმღერა „წინწყაროს“ არომატი, მისი შინაგანი სიდიადით, უზომო მშვენიერებით, მუსიკალურობით და უნაკლო ხალხურობითაა შემკული.

ნიკო სამადაშვილის პოეზიის განხილვა და ღრმა, ბრძნულ და მეცნიერულ აზრებში ჩახედვა, მისი მიმზიდველი ფილოსოფიის გაშლა დიდ მეცნიერთა საქმეა. მაგრამ მე, როგორც ბატონი ნიკოს შემოქმედების თაყვანისმცემელი, ვცდილობ და ვეცდები თქვენს წინაშე დავხატო და წარვადგინო ლექსის განსაცვიფრებელი, შინდისფერი, ჩალისფერი და ღვინისფერი ფრესკული ფრთები, რითაც პოეტი უკიდეგანოდ ლაღად და რაინდულად დაფრინავს...

ძალიან უცნობი და შორეული ვარ ბატონი ნიკოსთვის, მაგრამ მისი პოეზია უზომოდ მაღელვებს და ამიტომაც ასე ვწერ... ჩემში არსებულ უხილავსა და იდუმალ კოლხურ სიმს მითიურად ჩამოჰკრა ნიკო სამადაშვილის ზეციურმა და უკვე ლეგენდადქცეულმა პოეზიამ... იტყვიან, ბედნიერთათვის სიცოცხლეში ერთხელ მაინც იხსნება ცის კარი, რჩეულთა ბედად, ფართო კარიბჭედ იხსნება თურმე ციური ფორმით გონებაც...

ყოველ საგანში, რეალურსა და ბუნებრივ მოვლენებში, ნებისმიერ ადამიანში და ცოცხალ არსებაში ღმერთი თუ ზის, მაშინ უფლის სრული ნებით იყო მოსილი ნიკო სამადაშვილის ყოველი ლექსი. მგოსანი გრძნობდა ამას ყოველივეს და ამიტომაც არ უკვირდა მიწიერი, მდაბიური და შემთხვევითი; განსაკუთრებით არ აღელვებდა მას იმპერიული დისციპლინით შექმნილი ნაწარმოებები. ნამდვილად გვჯერა და გვწამს, რომ მგოსნის დროებით სხეულს და მარადიულ სულს ფლობდა და პატრონობდა უფლის ზეძალა.

ნიკო სამადაშვილს, მაისის ფუტკარივით, ლექსის თაფლი მიჰქონდა ქართული პოეზიის ანთოლოგიის ოქროს ყუთში ჩამჯდარ ფიჭაში და სამაგიეროს არავისგან ითხოვდა. უთუოდ აქ მჟღავნდებოდა ბატონი ნიკოს მშობლიური კუთხისათვის დამახასიათებელი რაინდული სული, რომელთა ნაღდ ხასიათსა და სულიერ შემართებას გენიალურად გვიხატავს გრიგოლ რობაქიძე თავის შედევრ რომანში „გველის პერანგი“. „რასსის ნატეხები“. „ქართლელთა კამეჩური უდრეკობა და გულის სიმართლე, რომელიც ნიშანია მძლეობის და გამძლეობის“.

აი, ბუნებით ვინ იყო ჩვენი მგოსანი, ბატონი ნიკო!.

ნაღდი ხელოვნება ქვეყნიერების თუ ჩვენი რეალური პლანეტის მოვლენათა და ფორმათა მხატვრული აბსტრაგირებაა, ყოველივე ამას დიდებულად ფლობდა ნიკო სამადაშვილი.

როგორც ხელოვანს, დიდი მორიდება მაქვს, რომ უადგილოდ და უდროოდ არ შევარხიო ბატონ ნიკოს სრულიად დამოუკიდებელი და კოსმიური სული, რომელიც ობობას ქსელივითაა დაქსაქსული ზეციურ სამყაროში...

ლექსის გენია და სიკვდილი ყოველღამე უკაკუნებდა მგოსნის ფანჯარას... ქმნიდა შედევრებს, მშობიარობდა და არ მონობდა არავის, დასაშვებია - თავის მუზასაც. უაღრესად თავისუფალი აზროვნება და გულწრფელობაა მისი პოეზია. ბატონ ნიკოს მეგობრებს და ახლობლებს ეგონათ და სჯეროდათ, რომ მის გვერდით იყვნენ და შველოდნენ მას...

მაგრამ არა, მეგობრებო, ის იმხელა სამყაროს იყო შეჭიდებული, რომ მხოლოდ მისი ნიჭის პატრონს შეეძლო იმ დიდი ბრძოლის ველზე ომი... იმ ომში მარტოდმარტო გაიმარჯვა და დიდი პოეზიის მარადიულობის საფეხურზეც ავიდა.

4.2 104. „ავადმყოფობა ეგონათ, ბიჭო, ლექსები ტანზე გამონაყარი!“

▲ზევით დაბრუნება


// საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2006. - 5 აგვისტო. - № 151 (5492). - გვ. 8.

ფაქტი, რომ ყველა პოეტი მისი შემოქმედების გაცნობის მერე ერთგვარ „უცნობად“ რჩება, მრავალგზის დადასტურდა ლიტერატურის ისტორიაში.

გერონტი ქიქოძე - ნიკო სამადაშვილს:

„ძმაო ნიკო, ყურადღებით წავიკითხე თქვენი ნაწერები. არ ვიცი, რა ვუწოდო მათ: ფილოსოფიური მოთხრობები, ესკიზები, პატარა პოემები პროზაში თუ სხვა რამე. თქვენს მთავარ ღირსებას ის წარმოადგენს, რომ არ დადიხართ გატკეპნილი გზებით და არავის ბაძავთ, მთავარი შთაბეჭდილება, რომელსაც თქვენი ნაწერები იძლევა, არის სამყაროს დაშლის შეგრძნება, რაც კოსმიური ტრაგედიაა, რომელსაც ზოგიერთი სხვა თანამედროვე მწერალიც გრძნობს, მაგრამ სხვაგვარად გადმოსცემს...“

***

პოეტის გარდაცვალების შემდეგ დაიბეჭდა არაერთი წერილი, რომელიც მის პიროვნებას ეხება, - წერს ნიკო სამადაშვილის ქალიშვილი მზია სამადაშვილი, - სამწუხაროდ, ამ წერილებში არ ჩანს ნიკო სამადაშვილი ისეთი, როგორიც სინამდვილეში იყო. ამას იმით ვხსნი, რომ ავტორები არ იცნობდნენ მამაჩემის ცხოვრებას, რომელიც ტრაგიზმით იყო აღსავსე დაბადებიდან სიკვდილამდე...

ვფურცლავ მამაჩემის არქივს და თვალნათლივ ვხედავ, მისი ამაღლებული სული რა ჯოჯოხეთს უძლებდა. აქ ვერ შეხვდები ვერც ერთ ჩანაწერს, რომელიც ვინმეს შეურაცხყოფას აყენებდეს... მამამ უპასუხოდ დატოვა ცნობილი ლიტერატორის შემზარავი კრიტიკული წერილიც... განუწყვეტელმა დევნამ მამას უდროოდ მოუღო ბოლო, მაგრამ ამაყი და ამაღლებული წავიდა...

***

„მიყრუებული ქუჩებით მიხვალ,
გაურკვეველი ფიქრები გფლობენ,
რატომღაც იწვი და გიხარია,
რომ მეგობრებიც არ გკითხულობენ...“

კრებულში „უცნობი ნიკო სამადაშვილი“ (გამომცემლობა „დიოგენე“) ლექსებთან ერთად დაბეჭდილია ეპისტოლური მემკვიდრეობა და მოგონებები.

„ო, ჩემს ცხოვრებას დე, ნურავის მოუყვებით.
ეს ნაწერები დიდი ცეცხლით გაანადგურეთ...“

- ნიკო სამადაშვილის ამ ანდერძივით წარმოთქმულ სიტყვებს აღსრულება არასდროს უწერია...

„კვირაძალის“ მკითხველს ვთავაზობთ რამდენიმე ფრაგმენტს წიგნიდან:

დედა იგონებს: „ნიკო უმეტესად ღამით წერდა. წიგნებსაც ღამე კითხულობდა. ერთი ღამე განსაკუთრებით დამამახსოვრდა. კვალის ქუჩაზე ვცხოვრობდით, 9 კვადრატულმეტრიან ოთახში. შუაღამისას გამეღვიძა. ნიკო წერდა. დავუძახე: - ნიკო! ჩემი დაძახება არც გაუგია. იგი თავის სტიქიაში იყო. სახეზე ღიმილი დასთამაშებდა, თავზე თითქოს ნათელი ადგა.

საოცარი მეხსიერება ჰქონდა. ხშირად ყიდულობდა წიგნებს ბუკინისტურ მაღაზიაში ვერაზე, სადაც გამყიდველად მისი ნათესავი ტიმოთე მახაური მუშაობდა. ტიმოთე დიდ პატივს სცემდა ნიკოს და საჭირო წიგნებსაც უნახავდა.

მე გაჭირვებაზე არასოდეს მიწუწუნია. ვცდილობდი, გული არ სტკენოდა. მხოლოდ ერთი შემთხვევა იყო ასეთი. ნიკო თავის სამუშაო ოთახში წერდა, მე შევედი და მოკრძალებით მივმართე: ნიკო, როგორ შეგიძლია ლექსების წერა, როცა პურის ფული არა გვაქვს? მან თავი ასწია. იდაყვით დაეყრდნო მაგიდას, ხელი შუბლთან მიიტანა, შემომხედა, მაგრამ პასუხი არ გამცა. მე ჩამოვჯექი ტახტზე და როცა პასუხი ვერ მივიღე, უკან გამოვტრიალდი. თვითონვე შემრცხვა. ასე დამთავრდა ჩემი წუწუნი. ეს იყო პირველი და უკანასკნელი, მას შემდეგ არასოდეს მიცდია, მისთვის მსგავსი შეკითხვით მიმემართა“.

***

ვახტანგ ჭელიძე წიგნში „ძვირფასი სილუეტები“ საინტერესოდ აღწერს ერეკლე ტატიშვილისა და მისი მოწაფეების ურთიერთობას, მასთან გატარებულ დღეებს. როცა სტუმრები მეტნი იყვნენ, პირდაპირ საწოლზე ჩამოსხდებოდნენ. ესენი, ჩვეულებრივ, მისი ახლობლები იყვნენ, მისი ძველი მოწაფეები, რომელთაც ტატიშვილი ერთ დროს საშუალო სკოლაში ასწავლიდა და მას შემდეგ მათი მეგობრობა აღარ შეწყვეტილა. პირიქით - დღითი დღე მტკიცდებოდა. შვილებივით შემოერტყმეოდნენ ხოლმე გარს და ყველაზე სასურველი წუთები ბატონი ერეკლესი ეს იყო. ვინ იყვნენ ესენი? კაკო ანდრიაშვილი, ლადო დონაძე, ქუჯი ძიძიშვილი, ლექსო ივანიშვილი, ვანო ტაბიძე, ვასო მურვანიძე, ლუარსაბ იაშვილი, და რა თქმა უნდა, ნიკო სამადაშვილი. მუდამ გაიხსენებდნენ ხოლმე უდროოდ გარდაცვლილ მწერალს ბასილ მელიქიშვილს. ისინი, ჩვეულებრივ, შაბათობით იკრიბებოდნენ თავიანთ მასწავლებლებთან. კვირაძალის შეხვედრებს ეძახდნენ ამას. არა მგონია, რომელიმე შაბათი საღამო გამოეტოვებინოთ; მაგრამ ისე სხვა დღეებშიც ნახავდით ცალ-ცალკე მოსულებს, განსაკუთრებით ნიკო სამადაშვილს, რომელიც ცოტა შეზარხოშდებოდა თუ არა, უსათუოდ მოენატრებოდა თავისი საყვარელი მასწავლებელი და მეგობარი და აქეთკენ მოეშურებოდა. ხშირად გვიან ღამემდე იჯდა. ღელავდა, ბობოქრობდა, ვერ მოესვენა, რაღაც აწუხებდა. ჯიბეში ახალდაწერილი ლექსი ედო და ადრე თუ გვიან უსათუოდ უნდა წაეკითხა. კითხულობდა წამღერებით, ძალიან მქუხარედ, მღელვარედ, მაგრამ არც ცრუ მგზნებარებით. მარცხენა ხელში ლექსი ეჭირა, მეორეს კი რიტმს აყოლებდა - ლაღად, საკუთარი ძალის შეგრძნებით - თითქოს ნიშნის მოგებითაც, ოღონდ არა იმის მიმართ, ვინც იმ დროს იქ ისხდნენ, არამედ იმ პოეტების მიმართ, რომლებიც კონკრეტულად იქნებ არცა ჰქონია წარმოდგენილი, მაგრამ რომლებიც მეტისმეტად ემორჩილებოდნენ კონიუქტურას.

***

მამას ავადმყოფობა საშინელი დარტყმა იყო ჩვენი ოჯახისათვის. ოჯახის რჩენის სიმძიმე დედაჩემს დააწვა მხრებს. იმხნად ჩვენს ქუჩაზე ცხოვრობდა ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქალიშვილი თამარი (ციცნა), რომელიც ცნობილი მკერავი იყო. იგი ყოველთვის სიკეთითა და თანაგრძნობით გამოირჩეოდა, დედამ ქალბატონ ციცნასთან დამხმარედ დაიწყო მუშაობა. ის მცირე თანხა ჩვენი დიდი ოჯახისათვის ბევრ რამეს ნიშნავდა. იმ დროს, თუ ბეგარას არ გადაიხდიდი, კერვა აკრძალული იყო. ბეგარა საკმაოდ დიდი თანხა იყო. ამიტომ გარკვეული პერიოდი ქალბატონი ციცნა ჩვენს სახლში კერავდა. მას მუდმივად თვალს ადევნებდნენ ე.წ. „ფინგანის“ ჩინოვნიკები. მე მახსოვს ამ ჩინოვნიკების ვიზიტები ჩვენს სახლში. ერთი განსაკუთრებით დამამახსოვრდა - დაბალი, ღიპიანი, თვალების მაგიერ თითქოს ღილები ჰქონდა ჩასმული. როცა კარს გავაღებდით, თავის მოკლე კისერს წაიგრძელებდა, თვალებს დააცეცებდა, კარგად რომ დაენახა, რა ხდებოდა. დედა ამ დროს ცდილობდა „კერვის“ კვალი დაეფარა.

ქალბატონი ციცნა მიყვებოდა თავის მამაზე - ქაქუცა ჩოლოყაშვილზე. ხშირად ამბობდა, ჩემი მამა ეროვნულ გმირად არის აღიარებულიო. არასოდეს დამავიწყდება მისი ლამაზი სახე, დიდი შავი თვალები - წყლიანი და სევდიანი. თითქმის განუწყვეტლივ ეწეოდა სიგარეტს. მასთან ერთად ცხოვრობდა მისი დედა, ქალბატონი ნინო და ქალიშვილი ცირა გელოვანი.

ავადმყოფობის შემდეგ პოეტი დიდი ხნის განმავლობაში დადიოდა „ჩოჩიალით“. უნებურად მთვრალი გეგონებოდათ. აღარ იყო ისეთი ელეგანტური, როგორც ადრე.

ყველა ამ უბედურებას, რაც ჩვენს ოჯახს დაატყდა თავს, ისიც დაემატა, რომ ნიკო სამადაშვილი მეგობრებმაც მიატოვეს. ამას განიცდიდა, მაგრამ ამაყი იყო და ცდილობდა, თავისი განცდები დაეთრგუნა.

***

1963 წლის პირველ მაისს მაშინდელი ბელინსკის ქუჩაზე თავისი მეგობრის ჟორა ოქრუაშვილისაგან მომავალი ნიკო დაეცა. ორმა უცნობმა ახალგაზრდამ მანქანაში ჩასვა და ქალაქის „სასწრაფო დახმარების“ მე-2 კლინიკურ საავადმყოფოში მიიყვანა, სადაც გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.

***

დედა იგონებს: ნიკო ხუთ მაისს დავასაფლავეთ. ნუკრი ტატიშვილმა მაგნიტოფონი იშოვა. მისი თხოვნით, ბატონმა ნოდარ ჩხეიძემ ჩაწერა ლექსი „ჩემი სოფელი“, რომელიც პანაშვიდების დროს ჟღერდა. საოცრად კითხულობდა ბატონი ნოდარი. სამწუხაროდ, ის ფირი არ დაგვიტოვეს. ასე დაიკარგა ეს ჩანაწერი. გამოსვენების დღეს შემთხვევით გამოირთო მაგნიტოფონი. სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. შიშმა ამიტანა, თითქოს განგებამ მოაწყო ასე. როცა კუბო ასწიეს, სიჩუმე ჩემი და ჩემის დის ნინოს შეკივლებამ დაარღვია.

ნიკოს გარდაცვალების შესახებ განცხადება გაზეთში გვიან გამოქვეყნდა. მიუხედავად ამისა, ნიკოს ცხედარს ზღვა ხალხი მიჰყვებოდა. სამგლოვიარო პროცესიას ბოლო არ უჩანდა“.

4.3 105. ბენაშვილი, გურამ. პოეზია, მარტოსულობის რეაბილიტაცია: ეტიუდი ნიკო სამადაშვილის პორტრეტისათვის

▲ზევით დაბრუნება


// კალმასობა. - თბილისი, 2004. - ნოემბერი. - № 7. - გვ. 1.

ნიკო სამადაშვილი, როგორც უნიკალური პოეტური ხილვებით აღბეჭდილი ლირიკოსი, სრულიად კანონზომიერად დამკვიდრდა ქართველი მკითხველის ცნობიერებაში...

ყოველი ნამდვილი შემოქმედის მსგავსად, წარმოსახვათა უნაპირო სივრცეებში „საფრენად“, მასაც მხოლოდ საკუთარი ინტელექტუალური თუ წმინდა ადამიანური იმპულსები გააჩნია... რაც ყველაზე არსებითია, მას აქვს თავისი სევდა, პოეზიის ეს უძვირფასესი „სამკაული“, რომლისგანაც ამობრწყინდებიან სრულიად განსაკუთრებული შუქ-ჩრდილები... და რომელთა ენერგეტიკა აღემატება ხოლმე ყოველივე იმას, რისი ატანაც ადამიანის სულს შეუძლია...

საგულისხმო კიდევ ის არის, რომ ამ „უცხო ხილვათა, შეგრძნებათა და ემოციათა „ზვავად“ მოხეთქილმა ძალამ, პოეტში ტკივილების ის იდუმალებით მოსილი ექო გამოსცა, როგორიც სულის მხოლოდ ღრმა ხეობისთვისაა დამახასიათებელი...

სწორედ სულის სიღრმემდე შემძვრელი ელდაა მისი ლირიკული მედიტაციების თანამდევი გრძნობად-ემოციური „ატრიბუტიკა“... რომანტიკული სულის ირაციონალური „ლანდშაფტებთან“ მიახლოვება, ზედროულსა და ზესივრცულში ფარფატი, თეოსოფიური მსოფლგანცდით მანიპულირება აი, მის პოეტურ რეფლექსიათა არსებითი კონოტაციები... და ეს ყოველივე იაზრებოდა და იქმნებოდა დეჰეროიზაციის და რომანტიკული ილუზიების გამძვინვარებული მსხვრევის ჟამს. როცა სასტიკად იკრძალებოდა სულის თავისუფალი სიზმრებით „აზროვნება“ და ცხოვრების ამაოებასთან თუნდაც ამგვარი ჭიდილი... პოეტისა და პოეზიის „მარგინალური“ არსი ნიკო სამადაშვილის სიცოცხლითაც ავლენდა ალბათ თავის თავს...

მისი რაღაც აპოკალიფსური ინფერნალიებით აღბეჭდილი ვიზიონები, ხაზგასმული ინდივიდუალობითაა აღბეჭდილი და, რაც მთავარია, კარგად გამოცდილი და ნაცნობი პოეტიზმების გადამღერებას არ წარმოადგენს... თავისუფლება, საკუთარი რეფლექსიებისადმი ნდობა, შინაგანი რწმენა იმისა, რომ პირობითობის უმნიშვნელო გამოვლინებაც კი აუტანელია მისთვის - პოეტის ესთეტიკის თვალშისაცემ „კაპრიზებს“ წარმოადგენენ...

ნიკო სამადაშვილის პოეზიის თემატური რეპერტუარი არ არის მრავალფეროვნებით მდიდარი, არ არის მოტივაციების თვალწარმტაც „მარაოდ“ გადაშლილი და ყველაფერს მიმოფენილი... იქნებ ამიტომაცაა იგი ღრმა და გულუბრყვილობამდე ალალი...

ის, რაც მისი ბუნებრივი სულიერი წიაღიდან ამოდინდება, ვფიქრობ, არასოდესაა უფერული და მკვდარშობილი...

გულისყურით გაასრულებ ნიკო სამადაშვილის სულიერი მარტოობის ფანტასმაგორიულ ქრონიკებს, ერთი რამ არ უნდა დაივიწყო - საბოლოო მსჯავრის გამოსატანად პოეტის ტანჯვის გაზიარების ამაღლებული გრძნობა გამოაფხიზლო, ირგვლივ მომრავლებულ, „მხატვრულ“ უსახურობათა მტვერი მოიცილო და მხოლოდ ამგვარად „განწმენდილმა“ განჭვრიტო და შეაფასო მისი ღირსება...

იგი არ საჭიროებს არც მომეტებული გუნდრუკის კმევას და არც სინანულისა თუ სიყვარულის „აფეთქებით“ მიღწეულ პოპულარიზაციას, რადგან მისი ღრმად კამერული სულისკვეთებანი, ისევე როგორც მრავალი მაღალი ღირებულებანი ამ ქვეყნად. ყველასა და ყველაფრისათვის არ არის შექმნილი...

ის ვერასოდეს იქცევა საყოველთაო თაყვანისცემის „ობიექტად“... მისი მითოპოეტური მსოფლხედვისა და მსოფლგანცდის იდუმალი გზა-ბილიკებია ამის „საპატიო“ მიზეზიცა და გარანტიც... მედიტაციური ლირიკა, დარწმუნებული ვარ, მასის მხოლოდ მოჩვენებითი „აღფრთოვანების“ საგანი იყო ყოველთვის...

არც ჩემი ეს ეტიუდია პოეტის აპოლოგია...

ვაღიარებ და ვფიქრობ, რომ მისი მოსვლით, ქართული პოეზიის ცაზე სულაც არ აკაშკაშებულა ახალი ვარსკვლავი... ახალი პოეტური კულტურისა თუ იდეოლოგიის დამამკვიდრებელი მგოსანი, სიტყვის თვალისმომჭრელი ჯადოქარი...

ის უფრო სტიქიური, ქართული ირაციონალური ფესვებიდან ამოტყორცნილი თავდავიწყებული მეოცნებეა, წარმართულ თუ ქრისტიანულ ღირებულებათა წინაშე მუხლმოდრეკილი რომანტიკოსი და „სოფლის სამდურავით“ დამძიმებულ „იდუმალთმეტყველი“...

და არა თანმიმდევრულად მოაზროვნე და მხატვარი...იქნებ სწორედ ამიტომაცაა იგი ბუნებასავით ურთულესიცა და სადაც, ბუნდოვანიცა და გამჭვირვალეც... საკუთარ ნაივურ გულისძახილს ასე ჯიუტად მინდობილიცა და მორჩილიც...

რაღაც კარგა ხნის წინ დაკარგული და დავიწყებული ქართული სულის ვირტუალური „ლანდშაფტები“ იმზირებიან მისი ლირიკული მონოლოგებიდან...

სადღაც შორს მიკარგული ძველი ქართული საყდრის პირველყოფილი სისუფთავითაა აღბეჭდილი ჩემთვის ნიკო სამადაშვილის პოეტური სამყარო... მის დაბინდულ „სხეულში“ შესულთ, პოეზიით „განაწამების“ წრფელი და უშუალო მონოლოგები მოუთხრობენ კიდევ ერთი ტანჯული სულის ცხოვრების ზღაპარს... თუ როგორ ბავშვურად სჯეროდა იმისა, რაც განიცადა, რაც მხოლოდ იყო და არ განმეორდება...

მისთვის ამოუცნობი ყოფიერების უძირო სიცარიელისაგან შეძრწუნებულის ხილვებმა შეიპყრო ეს უნაზესი პოეტური სული და უმწეო მსხვერპლივით სტანჯა და აწამა...

მე მას ცხოვრების ვრცლად გაშლილი ოკეანის პირას ვხედავ, მუჭში სათუთად „მომწყვდეული“ სილით საბრალოდ მდგარს, ჯიუტი ვნებიანობით რომ ითვლის მარცვლებს. და ეცლება რა იგი ხელიდან. სასოწარკვეთილი ამ საკრალური გატაცებით. გულამომჯდარი ტირის და მწუხარებს...

ასეთი ყოფილა არა ერთი ხელოვანის, უფრო კი პოეტის ბედისწერა და არავინ იცის ამ რომანტიკულ ილუზიაში რაოდენი სიბრძნე და სულიერი თრთოლვის შესაძლებლობებია დაფარული...

საზოგადოებისათვის ახლად აღმოჩენილი ამგვარი მარგინალები სრულიად ბუნებრივად გადაადგილდებიან ხოლმე ერის შიდაკულტურულ სივრცეში, პერმანენტულად „გაახალგაზრდავებულნი“, ისინი იმოსებიან ახალ-ახალი სემანტიკითა და ნიადაგ ცოცხალ ფიქრთა მრავალფეროვანი გენერაციებით.

4.4 06. თამაზაშვილი, მზია. ეტიუდი ნიკო სამადაშვილის პორტრეტისათვის

▲ზევით დაბრუნება


// კალმასობა. - თბილისი, 2005. - № 5. - გვ. 5.

ხომ ოდითგანვე ცნობილია, რომ პოეზია სიცოცხლეზე ხანგრძლივია. Ars longa, vita brevis! - ამბობს კიდევაც გალაკტიონი, ისიც არ-ახალია, რომ თანამედროვეობითა და ყოფითი პრობლემებით შეჭირვებულ, დევნილსა და დათრგუნვილ პოეტს სიკვდილის შემდეგ, მარადისობაში აღუდგენია თავისი ჭეშმარიტი ხატება; პოეზიის მადლით მომხდარა მისი მარტოსულობის რეაბილიტაცია. სწორედ, ამ კუთხით, ამ თვალსაწიერით წერს პროფ. გურამ ბენაშვილი თავის ეტიუდს ნიკო სამადაშვილის პორტრეტისათვის: „ნიკო სამადაშვილი, როგორც უნიკალური პოეტური ხილვებით აღბეჭდილი ლირიკოსი, სრულიად კანონზომიერად დამკვიდრდა ქართველი მკითხველის ცნობიერებაში“. ეს „პოეტური ხილვები“, ამქვეყნიურ ცხოვრებაში რეალობით, რეალობის სიმძიმით დაბინდულნი თუ ამ სიმძიმეში „ჩაკეტილნი“, მარადისობაში დაიწმინდა, დროის მდინარებაში გამოიხურვა, ვითარცა ოქრო; ჩამოიშორა ამქვეყნიური, ამაო ცხოვრების ბალასტი და ისე წარმოგვიდგა, როგორც „რაღაც აპოკალიფსური ინფერნალიებით აღბეჭდილი ვიზიონები“. ამ პოეტურმა ხილვებმა „პოეტში ტკივილების ის იდუმალებით მოსილი ექო გამოსცა, როგორიც სულის მხოლოდ ღრმა ხეობისთვისაა დამახასიათებელი“... სწორედ ამ სიღრმეებიდან გვესაუბრება პოეტი. იგი წარმავალში ჭვრეტს მარადიულსა და სიღრმეში ისე გარინდებულა, როგორც სიღრმეში, სადაც სიმშვიდე იტევს და გულისხმობს დიდ მღელვარებასა და სიბობოქრეს. ეს მღელვარება პოეტის სულში დაწმენდილია, სისადავის, უბრალოებისა და სიმშვიდის მანტიით შემოსილი. თავის შინაგან სიმშვიდეში პოეტი ჭვრეტს წარმავალი და ამაო ცხოვრების პერიპეტიებსა და ვნებათაღელვას, თვითონვე არის ამა სიმძაფრეთა მჭვრეტელიც და მშვიდი მფლობელიც. გაცნობიერებული მზერით ჭვრეტს იგი ამ მშვიდ სიბობოქრესა თუ ბობოქარ სიმშვიდეს, „ასეთი ყოფილა არაერთი ხელოვანის, უფრო კი პოეტის ბედისწერა,“ - აღნიშნავს ბ-ნი გურამ ბენაშვილი - „და არავინ იცის, ან რომანტიკულ ილუზიაში რაოდენი სიბრძნე და სულიერი თრთოლვის შესაძლებლობებია დაფარული“. სწორედ ამ „შესაძლებლობათა“ მფლობელია ნიკო სამადაშვილი და მისი ლირიკული მონოლოგებიდანაც, რაღაც კარგა ხნის წინ დაკარგული და დავიწყებული ქართული სულის ვირტუალური ლანშაფტები იმზირებიან“.

ბ-ნი გურამ ბენაშვილი განსაზღვრავს ნიკო სამადაშვილის ადგილს ქართულ ლიტერატურაში. აღნიშნავს, რომ ნიკო სამადაშვილის პოეზია ვერასოდეს იქცევა საყოველთაო თაყვანისცემის „ობიექტად“, რადგანაც მაღალი ღირებულებანი „ყველასა და ყველაფრისთვის არ არის შექმნილი“. ნიკო სამადაშვილის პოეზიაც, როგორც მედიტაციური ლირიკა, არ არის მასისთვის განსაზღვრული თუ „ხელმისაწვდომი“. „მისი მითოპოეტური მსოფლხედვისა და მსოფლგანცდის იდუმალი გზა-ბილიკებია ამისი „საპატიო მიზეზიცა და გარანტიც“. ქართულ პოეზიაში ნიკო სამადაშვილი არ გვევლინება, როგორც ახალი „პოეტური კულტურისა თუ იდეოლოგიის დამამკვიდრებელი მგოსანი“, არამედ წარმოგვიდგება, როგორც „უფრო სტიქიური, ქართული ირაციონალური ფესვებიდან ამოტყორცნილი თავდავიწყებული მეოცნებე“. ბ-ნი გურამ ბენაშვილი მას ხედავს „წარმართულ თუ ქრისტიანულ ღირებულებათა წინაშე მუხლმოდრეკილ რომანტიკოსად და „სოფლის სამდურავით“ დამძიმებულ“იდუმალთმეტყველად“. „ამიტომაც წარმოგვიდგება იგი ბუნებასავით ურთულესიც და სადაც, ბუნდოვანიცაა და გამჭვირვალეც“. ცხოვრება, როგორც ოკეანე, მის წინაშე გადაშლილია, იგი კი, მუჭში მომწყვდეული სილით დგას და ითვლის ამ სილის მარცვლებს. თანდათან რომ ეცლება ხელიდან. ამ სასოწარკვეთილების ფსკერიდან ამოაქვს მას სწორედ ეს მღელვარება, სიბობოქრე და გულისდაწყვეტა ცხოვრების გამო, რომელიც ერთდროულად წარმავალიც არის და ამაოც; და ამავე დროს - მშვენიერიცა და ძვირფასიც. ამის პოეტად, ამის მომღერლად გვევლინება ნიკო სამადაშვილი ქართულ პოეზიაში.

დასასრულ, პროფ, გურამ ბენაშვილი წერს:

„საზოგადოებისათვის ახლად აღმოჩენილი ამგვარი მარგინალები სრულიად ბუნებრივად გადაადგილდებიან ხოლმე ერის შიდაკულტურულ სივრცეში, პერმანენტულად „გაახალგაზრდავებულნი“, ისინი იმოსებიან ახალ-ახალი სემანტიკითა და ნიადაგ ცოცხალ ფიქრთა მრავალფეროვანი გენერაციებით“.

სწორედ ამგვარი სიახლით წარმოგვიდგება ნიკო სამადაშვილი პროფ. გურამ ბენაშვილის ეტიუდში „პოეზია, მარტოსულობის რეაბილიტაცია“, რომლითაც მოხაზულია კიდეც პოეტის პორტრეტი. ამ ეტიუდით ნიკო სამადაშვილის პოეზია არის მიჩნეული საფუძვლად მისივე მარტოსულობის რეაბილიტაციისათვის.

4.5 107. იაშვილი, თამარ. თამაში წესების გარეშე

▲ზევით დაბრუნება


// ლიტერატურული გაზეთი. - თბილისი, 2012. - 2-15 მარტი. - № 69. - გვ. 14-15; 30 მარტი-12 აპრილი. - № 71. - გვ. 10; 13-26 აპრილი. - № 72. - გვ. 7.

ღვინით ივსება ჭიქები... იცლება და კვლავ ივსება.

სევდას აქარვებს ღვინო...

რაც უნდა კარგი ლექსი დაიწეროს, მაინც დამარცხებულად გრძნობს თავს, მაინც ვერ აღწევს იმას, იმ რაღაცას, რასაც უნდა რომ მიაღწიოს. ის რაღაც, გააზრებული თუ გაუაზრებელი მიზანი, რომლისკენაც ასე მიისწრაფვის, იქნებ არც მიიღწევა, საერთოდ?.. მაინც წერს... კვლავ მარცხდება, მაგრამ სხვაგვარად არ შეუძლია. წერა შინაგან მოთხოვნილებად ექცა და ისევე სჭირდება, როგორც ჰაერი, პური წყალი... იქნებ ეს არის მისთვის ჰაერიც, პურიცა და წყალიც.

სხეულში, სულში თუ გონში რაღაც შეუჩნდა და არ ასვენებს. აწამებს... ბოლოს გარეთ გამოსტყორცნის, ისე, როგორც შეუძლია, როგორც ეწერება, წესების გარეშე... დამარცხებისთვის განწირულ ლექსებად. წერას მაინც აგრძელებს... არ უბეჭდავენ... ცდილობს ღვინოში ჩაახრჩოს ტკივილი, თითო ჭიქა, თითო ჩამხრჩვალი ლექსია: ერთი, ორი, სამი... ლექსები კი არ იძირებიან, პირიქით... ზემოთ, ზემოთ მოიწევენ, ჭიქის ფსკერიდან ზედაპირზე ამოდიან, მთვრალ ბაგეებს ასკდებიან და ღვინის წვეთებივით იფანტებიან ნახევრადჩაბნელებული სარდაფის შემთვრალი სტუმრების სახეებზე...

ხვალ ისევ დაწერს ლექსს, ისევ მოკრძალებით შეაღებს რომელიღაც ლიტერატურული ჟურნალის რედაქციის კარს და იქვე დასჯილი მოსწავლესავით აიტუზება...

ლექსებს უხალისოდ დაიტოვებენ, პირდაპირ უარს არ მიახლიან, წავიკითხავთო, დაჰპირდებიან და უკვე კარში გასულს მაინც შეხსენებასავით მიაძახებენ - თქვენ ბუღალტრად მუშაობთ, არა?! განა არ იციან, ეს ისე, თითქოს თავს იზღვევენ, საფუძველს იმზადებენ, საქმეს იადვილებენ, რომ ორიოდ კვირის, თუ ერთი თვის შემდეგ ვინმე ბუღალტერს უცერემონიოდ დაუბრუნონ უკან დაწუნებული ლექსები.

მაგრამ ეს მერე, ახლა კი მას ჯერ კიდევ იმ ლექსის იმედი აქვს, ხვალ რომ დაწერს... ახლა ის ჭიქას ჭიქაზე ცლის და ვერც კი წარმოიდგენს, რომ მის სიცოცხლეში ერთი ლექსის დაბეჭდვასაც არ აღირსებენ.

ღვინო ქარვისფერია და ხიდისთავის თავთუხებს აგონებს, სევდა უფრო მეტად ეძალება, იმედგაცრუება იპყრობს, რა უნდა ქალაქში, რა ესაქმება აქ, სადაც მისი არ ესმით, სადაც სულის სალბუნი ვერ უპოვია?! იქვე წინ ბავშვობის მეგობარი უზის, საშა მგალობლიშვილი, თავად სანდრო დირბელს რომ ეძახის... შეჰყურებს მას, ყმაწვილკაცობა ახსენდება და სევდაც დირბის ყანებივით ლურჯი ხდება.

დირბელს შეიძლება დარდი გაანდოს, თავისი უბედობა შესჩივლოს, რა ხანია ხომ გვერდიგვერდ მიუყვებიან ცხოვრების უსწორმასწორო გზებს...

ლექსად გამოთქმა უფრო უადვილდება, სევდა პოეზიას უხდება... აბა ისე წუწუნი რა კაცის საქმეაო, ფიქრობს...

„ჩვენ მივდიოდით აწეწილ გზებით
ჩრდილი მოგვდევდა ვით დათვის ბელი,
ღვინის სარდაფებს ჩუმად ვეძებდით,
თუმცა რა გვქონდა სამადლობელი.
ძურწა ბალახის ღეროდ არ ვღირვართ,
ჩვენ სოფლელები რისთვის ვქალაქობთ?
წვიმის გუბეში გულაღმა ვყრივართ
და ნაფოტივით ქარში ვქნაობთ.“

ამ ლექსს რომ ამბობს, თავის გულისნადებს ამოთქვამს და ვერც კი წარმოიდგენს, რომ საშა დირბელის შვილიშვილი ამ ლექსს დედის არქივში წააწყდება და თავის ესსეში, როგორც გამოუქვეყნებელ ლექსს ისე ჩართავს. თუმცა, ეს მერე იქნება, ნახევარი საუკუნის შემდეგ... მანამდე კი ეს ლექსი საშას ქალიშვილის -107 ლეილას არქივში უნდა მოხვდეს... ახლა კი, აქ, ამ ღვინის სარდაფში ლექსის ბედი არ ანაღვლებს, რადგან მისი საუკეთესო ლექსები ჯერ გამოუქვეყნებელია.

მან, რაღა თქმა უნდა, არ იცის, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ მისი ლექსების უმრავლესობა გამოქვეყნდება, მას აღიარებენ, მისი პოეზიის საღამოებს გამართავენ და გულწრფელად გაიკვირვებენ - ნეტავ ლექსებს რატომ არ ბეჭდავდაო?!

ახლა ის ღვინოს სვამს და საკუთარ უბედობას სასმელში ახრჩობს...

„საკუთარ სისხლში მეხრჩობა სევდა,
ჩემში ღვთისმშობლის ცხედარი ბუდობს,
ათას წლებს იქით შემომხედავენ,
ეს კაცი ყიდდა თურმე მუხუდოს.
რაღაცა ჰქონდა გულის ნაჭუჭში
შემონახული ყაჭის ბანდივით,
ის იძინებდა ავდრების ჭოჭში
და მოქანცული დგებოდა დილით.“

ამ ლექსსაც ამ ესსეს მეშვეობით პირველად გაეცნობიან მისი პოეზიის მოყვარულები... მაგრამ ეს იქნება მერე, ნახევარი საუკუნის შემდეგ. მანამდე კი, ეს ლექსიც ლეილა მგალობლიშვილის არქივში უნდა მოხვდეს სხვა უამრავ ლექსთან ერთად, რომ შემდეგ ამ ესსეს ავტორმა აღმოაჩინოს.

მანამდე ჯერ უამრავი საღამოა დირბელის ოჯახში გასატარებელი... ამ ოჯახში ის სტუმრად არ გრძნობს თავს, ნებისმიერ დროს შეუძლია დაუკაკუნებლად შეაღოს კარი, თბილად შეხვდებიან, მის დანახვაზე პატარა გოგოსაც თვალები გაუბრწყინდება, საშას მეუღლეც დატრიალდება და სახელდახელოდ დააცხობს ხაჭაპურებს. და, საღამოც (თავად მეგობრები „პურის ჭამას“ რომ უწოდებენ) ღვინისა და ლექსების გარეშე არ ჩაივლის.

ამ ოჯახში პოეტური სიტყვა უყვართ, აქ მისი ლექსადნათქვამი გულისნადებიც ესმით, აქ არად დაგიდევენ წესებით წერას, აქ შეუძლია ფრთები გაშალოს, თავისი ლექსები გააცოცხლოს, ახალი ელვარებით შემოსოს. ისიც არაფერია, თუ კითხვის დროს რომელიმე სტრიქონი დაავიწყდება, პატარა ლეილა შეაშველებს, მისი ლექსები ხომ სულ ზეპირად იცის.

ეს მას ძალიან სიამოვნებს და შიგადაშიგ თამაშობს კიდეც: ვითომ დაავიწყდა, ვითომ ვერ იხსენებს, მერე დავიწყებულ სტრიქონს სახელდახელოდ ახლით ცვლის.

- ასე არ არის! - არ უთმობს ლეილა.

- აბა როგორ არის? - ეკითხება ის. ახლა ლეილა იწყებს მისი ლექსების კითხვას...

- ამან ჩემი ლექსები ჩემზე უკეთესად იცისო, - იცინის, - აბა, ყური კარგად დამიგდე, კიდევ რამე არ შემეშალოსო, - ეშმაკურად ჭუტავს თვალებს. თავის ერთ-ერთ ძველ ლექსს კითხულობს - „საუბარი ჩემს ორეულთან“. მისის სიკვდილის შემდეგ ეს ლექსი გამოქვეყნდება (საუბარია ლექსზე „ნიკო სამადაშვილს“) ...ჯერ ეს თვითონაც არ იცის, ჯერ ლექსი ბოლომდე დამუშავებულიც არა აქვს, წინა ღამეს ისევ ჩაასწორა, ახალი სტრიქონები დაამატა და ახლა მისი ლექსი „გამოცდას“ გადის.

კითხვას იწყებს. პირველ სტროფს ძველებურად კითხულობს, მეორე კი შეუცვლია:

„ვერ გიპატრონე მე ლაზღანდარამ
შენ სხვა მხევალი უნდა გყოლოდა,
ზეცა სივრცეებს აზანზარებდა
და მზე ყვიროდა ქვეყნის ბოლოდან...“

ჩერდება. ლეილას რეაქციას ელოდება...

- არ იყო ეგრე, არ იყო! - ყვირის ლეილა.

- აბა როგორ იყო? - ეკითხება ვითომ გაკვირვებული. ლეილა ამ სტროფის თავდაპირველ ვარიანტს ამბობს:

„ვერ გიპატრონე მე ლაზღანდარამ
შენ სხვა მხევალი გინდოდა ნიკო.
ზარის ხმა სივრცეს აზანზარებდა,
რომ პოეზია დაღუპულიყო.“

- მერე, რომელი სჯობს? - ეკითხება გოგოს.

- ორივე კარგია! - უპასუხებს ლეილა.

- ახლა კი კალამი მოიმარჯვე და ჩაიწერე, სულ ცინცხალი სტროფია, წუხელ მესტუმრა - ამბობს და ლექსის კითხვას განაგრძობს:

„შენ გადარებდნენ ბინდების ჭრიჭინს,
თუმცა სულ მუდამ ტოტს გცემდა ქარი,
ავადმყოფობა ეგონათ, ბიჭო,
ლექსები ტანზე გამონაყარი.“

ლეილა შეჰყურებს და ხმას ვერ იღებს, - მართლაც რა ზუსტად არის ნათქვამი...

უმრავლესობა ლექსების წერას მის ახირებად თვლის, ლექსებს უწუნებს და ურჩევს, - თავი დაანებოს წერას.

ეს მერე, მისი გარდაცვალების შემდეგ აღიარებენ პოეტად, ზეპირად ისწავლიან მის ლექსებს, მოუწყობენ დაბადებისა და გარდაცვალების თარიღებთან დაკავშირებულ საღამოებს, წიგნების პრეზენტაციებს...

თორემ ახლა, მხოლოდ ძველი თბილისის ერთ-ერთი უბნის პატარა აივნიანი სახლის ბინადარნი არიან მისი მსმენელნიც და შემფასებელნიც. დიდებამდე ჯერ შორია, ჯერ მან კიდევ ბევრი ლექსი უნდა დაწეროს... ჯერ ლეილას უნდა ჩააწერინოს ამ ლექსის ახალი ვარიანტი, ამან კიდევ ახლადდაწერილი ერთი-ორი ლექსიც მიუმატოს, რომ მერე რომელიმე საღამოს კვლავ მოაწყონ მსგავსი თამაში.

ის ვერც კი წარმოიდგენს, რომ ნახევარი საუკუნის შემდეგ ლეილას ქალიშვილი დედის არქივში ამ ლექსის ძველ ვარიანტს აღმოაჩენს და გაიკვირვებს,რადგან თავად მას დედამ სულ სხვაგვარად ასწავლა... თავის ბავშვობისდროინდელ ზმანებებსაც გაიხსენებს, ასე ძლიერ რომ ჩაჰბეჭდვია სულში...

- გამარჯობა, ძია ნიკო!

- რა შენი ძია ვარ, პაპად გეკუთვნი, მე რომ წუთისოფელს გადავცილდი, შენ ორი წლისაც არ იქნებოდი.

- დედა სულ ძია ნიკოო, - ამბობს, - და რა ვიცი?!

- დედაშენისთვის ძია ვიყავი, შენ კი პაპა ნიკო უნდა დამიძახო. რაო, რას შემომყურებ ეგრე გაკვირვებული?

- ლექსებმა მართლა ტანზე გამოგაყარა?

- ეგეც იცი?

- ერთხელ მეც რაღაცამ გამომაყარა, ასე ამბობდნენ ბატონებიაო...

- ლექსები კი ჩემი ბატონებია, მთელი ჩემი ცხოვრება მათ ვემსახურე. შენც რომ გაიზრდები, იქნებ ლექსებმაც გამოგაყაროს. დედაშენი შენს ასაკში უკვე წერდა.

- ვიცი.

- დედამ ჩვენი თამაში არ გასწავლა?

- მასწავლა.

- მერე, რომელი ჯობნით?

- დედა.

- უყურე შენ! მე კი სულ ვაგებინებდი, - იცინის ძია თუ პაპა ნიკო.

ათი წლის ბავშვს ბატონების მსახური ნიკოს წარმოდგენა უჭირს, ნიკო ძალიან სასაცილო კაცი ჰგონია... უფროსები ნიკოს იხსენებენ, ათასგვარ ამბებს ჰყვებიან მასზე, ხარობენ და იცინიან. ნიკოს მოგონილი თამაშიც დიდად ახალისებს. ახლახან დედამ მისი ლექსი წაუკითხა და ვეღარ გაუგია, ტანზე ლექსებგამოყრილი ნიკო სასაცილოა თუ საწყალი, გაიცინოს თუ მოიწყინოს?!

...ეს ყველაფერი მერე იქნება, ნიკოს გარდაცვალების შემდეგ, ახლა კი მან ჯერ დირბელის თვრამეტი წლის ქალიშვილი, რომელსაც მისი მიბაძვით ლექსების წერა დაუწყია, უნდა წაახალისოს: ლექსებისთვის ალბომი შეურჩიოს და ზედ ოქროსფერი ასოებით ამოატვიფვრინოს, - „ლეილა მგალობლიშვილის ლექსები“; თავფურცელზე წარწერასაც არ დაიზარებს - „სახსოვრად პატარა პოეტესა ლეილას, ნიკო. 1939 წელი“.

მერე ახალ თამაშსაც ასწავლის: ჯერ თვითონ იტყვის ლექსს, ან ნაწყვეტს ლექსიდან, - ლეილამ ავტორი უნდა გამოიცნოს. მერე ლეილა ამბობს და მისი ჯერი დგება. ის ან საკუთარ ლექსს ამბობს და მისი ჯერი დგება. ის ან საკუთარ ლექსს ამბობს ან გალაკტიონს, ლეილამ ყველა ეს ლექსი ზეპირად იცის, გამოცნობას ვერავინ დაასწრებს.

მერე ლეილა საკუთარ ლექსს უკითხავს.

- გალაკტიონი? - ეკითხება ის.

- კი, უდასტურებს ლეილა.

- ხომ ვამბობდი, რომ გალაკტიონი მაგარია! - ამბობს ის.

- ჩემი ლექსია, ჩემი! - იცინის ლეილა.

ისიც ჰყვება სიცილში...

ახლა ლეილა გალაკტიონის ლექსიდან უკითხავს ნაწყვეტს.

- ეს კი ნამდვილად შენია, ვეღარ მომატყუებ.

- გალაკტიონია... - ამბობს ლეილა და ისევ იცინიან...

რას წარმოიდგენს, რომ ეს პატარა გოგო წლების შემდეგ თავის ქალიშვილს ასწავლის ამ თამაშს, მის ლექსებსაც წაუკითხავს, მასზე ამბებს მოუყვება... ეს მერე, მანამდე ბევრმა წყალმა უნდა ჩაიაროს, ჯერ ლეილა მხოლოდ პოეტობაზე მეოცნებე ბავშვია, და ის მოსაყოლი ამბებიც ჯერ არ მომხდარა...

ახლა მას მხოლოდ ღვინო თუ უშველის, ახლა ის უგონობამდე უნდა დათვრეს... ღვინო აქარვებს დარდს.

არ იცის რა დროა, ალბათ, უკვე გვიანია. ლაღია დირბელი, ბევრს სვამს, მაგრამ ცუდი სიმთვრალე აქვს მეტად. თუ კიდევ დალიეს, დირბელი უთუოდ აუხირდება ვინმეს, ჩხუბს ატეხს, მაგიდებს აატრიალებს და მილეწ-მოლეწავს იქაურობას... მასაც ჩაითრევენ ჩხუბში, დღეს კი მას ჩხუბი არ უნდა, დღეს ის ძალიან ბევრს დალევს და მერე ფეხარეული გაუყვება სახლის გზას... ბავშვებს ალბათ უკვე სძინავთ. შეიძლება, მშივრებმაც კი დაიძინეს. კიდევ უნდა დალიოს რამდენიმე ჭიქა, ჯერ ისე არ დამთვრალა, რომ სახლში წავიდეს. ფხიზელი თვალს ვერ გაუსწორებს ცოლს. ნეტავი ერთი ლექსი მაინც დაებეჭდათ, მაშინ ხომ ამაყად შეაღებდა სახლის კარს, მაშინ ხომ აღარც მისი სიმთვრალე და შემოხარჯული ხელფასი იქნებოდა სათვალავში ჩასაგდები. ახლა კი... ახლა ძალიან მაგრად უნდა დათვრეს... სჯობს, ისევ სიმთვრალისთვის უსაყვედურონ, ოღონდ ლექსის წერისთვის არავინ დაძრახოს, მის დაღლილ ფიქრებს არავინ შეეხოს...

ხვალ ისევ დაწერს ლექსს, ისევ წაიღებს ლიტერატურულ ჟურნალში დასაბეჭდად, ამჯერადაც არ გაუმართლებს, მოუბოდიშებენ, აქაოდა მწერალთა კავშირის ჟურნალიაო, შენ კი მწერალთა კავშირის წევრი არა ხარო. თქვე დალოცვილებო, წევრი როგორ გავხდები, თუ ლექსები არ დამიბეჭდეთო?! სხვაგან წაიღეო, ურჩევენ... ეს ისე, სხვათა შორის ეტყვიან, თორემ თავადაც იციან, წასასვლელი არსადაა... ისევ დირბელს უნდა შესჩივლოს, ისევ მას გაუმხილოს დარდი, ლაღია დირბელი და უღალატო...

ლეილა „პატარა პოეტესა“ აღარ არის, მის ლექსებს ბავშვური გულუბრყვილობა დაუკარგავთ, სევდა შეჰპარვიათ... გაზრდილა და უფრო მეტად წააგავს მამას, მამასავით ლაღია, საკუთარი ლექსების ბედი დიდად არ ანაღვლებს, ჯერ არ უგრძნია წლობით უჯრაში გამომწყვდეული ლექსების ტკივილი, თუმცა ერთი ლექსის დაბეჭდვა მაინც უცდია. არ დაუბეჭდეს, ერთი სტრიქონი არ მოეწონათ, - „ლურჯი ზეცა იღვრებოდა ყანწებიდან“, „ლურჯი“ შეცვალე და დაგიბეჭდავთო, ცისფერყანწელებზეა მინიშნებაო... გაჯიუტდა ლეილა, არ შეცვალა. აკი არც დაუბეჭდეს.

- ძალიანაც კარგი ქენი, რომ არ შეცვალეო, - უწონებს საქციელს; თან შიშობს: ჩემსავით შენს ლექსებსაც უიღბლობა არ დაჰყვესო.

რას წარმოიდგენს, რომ ლეილა ისე წავა ამ ქვეყნიდან, ერთ ლექსსაც არ გამოაქვეყნებს, არც არსად მიიტანს. თუმცა კი, მოგვიანებით მასაც დაამძიმებს დაუბეჭდავი ლექსების სევდა, მაგრამ არც ისე მძაფრად, არც ისე მტკივნეულად, ლაღია ბუნებით, დირბელს ჰგავს...

ეს ყველაფერი იქნება მერე, ჯერ კი ის ისევ დაწერს ლექსს, არც თუ ხალისით, მაგრამ მონდომებით... ახლა ეს ლექსია მისი იმედი, ამან უნდა გააატანინოს....

ლეილას „რჩევით“ ბელადზე წერს ლექსს, „პარავოზია“ საჭიროო. - აბა ნახე სხვა მწერლები როგორ იქცევიან, ჯერ ბელადზე, საბჭოთა საქართველოზე, პარტიაზე დაწერენ, მერე შიგადაშიგ კარგ ლექსებსაც შეაპარებენ... ეგრე რომ არ იქცევი, იმიტომაც არ გიბეჭდავენ, ცოტა მოხერხებაა საჭიროოო...

- შენ რატომ არ იქცევი ეგრე, იმ ლექსში ერთი სიტყვაც რომ ვერ შეგაცვლევინესო? - ეჭვნეულად კითხულობს; არ ეშვება ლეილა, რომელიღაც პოეტის ლექსების კრებულს აკითხებს. მართლაც, ჯერ ბელადზე დაწერილი ლექსები „მიდის“, ამას ჰქვია „პარავოზიო“, - უხსნის... მერე კი პოეტური შედევრები ჩაბმიან ერთმანეთს ვაგონებივით...

კარგა ხანს ებრძვის საკუთარ თავს... იმას, მასში საყდრის ჩიტივით რომ უსტვენს, მოფერება და პატრონობა რომ სჭირდება... ბოლოს, ბოლოს კი მაინც დაიხშობს ყურებს, რომ მისი სტვენა ცოტა ხნით დაადუმოს, ისევ მისთვის, ისევ მის გადასარჩენად...

თან ეჭვობს, ვაითუ გაბრიყვდეს. მაგრამ მიამიტია და მიმნდობი, ადვილად ეგება ლეილას ამ პატარა ხუმრობაზე, თანაც არც სიმაღლისგან არის შორს, რაც არის არის, დაწერს და რედაქციაშიც მიიტანს, ეგეც თქვენი „პარავოზიო“. ამდენი წვალება სულ წყალში ეყრება, არც ამას დაუბეჭდავენ, თან უკვირს, თან ბრაზდება, ისევ საშას მიაკითხავს, ის არის მისი გულშემატკივარი...

- წაიკითხე, რა დაწერეო, - ეუბნება დირბელი.

- ბელადზე დავწერეო, - უპასუხებს და კითხვას იწყებს.

ის კამკამებდა ვით ცრემლის გუბე,
ალალი გულის ფიქრებით სავსე.
ის დაიღუპა, იქნებ დაღუპეს,
ნეტავი რისთვის? ნეტავი რაზე?!
ისმოდა წყევლა შეშლილ ქოშებით,
და თავგანწირვა უიღბლო ცისთვის,
ზარი გოდებდა ხანგამოშვებით:
ნეტავი რაზე? ნეტავი რისთვის?!

სიცილით კვდება დირბელი: - დაგიბეჭდეს კი არა, მადლობელი არა ხარ, რომ არ დაგიჭირესო?

ფიქრდება ისიც. გარეთ 53 წელი დგას, არეული... ამას კი რა დაუწერია, - ამხელა კაცი ლეილამ როგორ გამაბრიყვაო, - იცინის გულიანად. და ვერც კი წარმოიდგენს, როცა მისი სიკვდილის შემდეგ მისი ლექსების კრებული გამოვა, ეს ლექსიც დაიბეჭდება. ალბათ, როგორ გაიკვირვებს ლეილა, ამ ლექსს სხვა სათაურით რომ ნახავს დაბეჭდილს და სქოლიოში ამოიკითხავს, რომ ლექსი ეძღვნება ალექსანდრე გამყრელიძეს - ცნობილ მკვლევარსა და მთარგმნელს, თუმცა იქვე ჩათვლის, რომ კრებულის შემდგენლებს შეეშალათ, რადგან საშა გამყრელიძე რომ გარდაიცვალა, ნიკო სამადაშვილი უკვე კარგა ხნის გარდაცვლილი იყო და საშას დაღუპვას ვერაფრით გამოეხმაურებოდა, თანაც 1953 წელს საიდან უნდა სცოდნოდა ნიკო სამადაშვილს, რომ 1971 წელს საშა გამყრელიძე გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპებოდა?! (საშა გამყრელიძე გარდაიცვალა 1971 წელს, ნიკო სამადაშვილი გარდაიცვალა 1963 წელს).

...ეს იქნება მერე, კარგა ხნის შემდეგ ... ახლა კი ის გულიანად იცინის და პირველად იცინის არდაბეჭდილი ლექსის გამო, ბრაზი უქრება და თითქოს სევდაც აღარ ეძალება.

ლექსი გადასაგდებად მაინც ენანება, მოგვიანებით სათაურს შეუცვლის, - „სტალინის სიკვდილის“ ნაცვლად „სამიკიტნოში“ წააწერს, სათაურის ქვეშ კი პატარა მინაწერს გაუკეთებს: „ჩემს საშას“, სწორედ ასეთი სახით გამოქვეყნდება ნახევარი საუკუნის შემდეგ ეს ლექსი.

რას წარმოიდგენს, რომ ეს პატარა მინაწერი წლების შემდეგ თავსატეხს გაუჩენს საშა დირბელის შვილიშვილს - ამ ესსეს ავტორს, ვერ წარმოიდგენს, რადგან როცა ამ ლექსს წერს, თუ მინაწერს აკეთებს, ჯერ საშას შვილიშვილის დაბადებამდე კარგა შორია...

ჯერ არც ის იცის, მისი ლექსები რომ მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ გამოქვეყნდება, თორემ ეტყოდა ამ ესსეს ავტორს: რა თავს იტეხავ, ნეტავი შენ, ეს ლექსი რა დიდი საფიქრალიაო... ის ვერც კი წარმოიდგენს, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ, ის და მისი ლექსები ასეთ ინტერესს გამოიწვევენ, თითქმის ყველა, ვინც იცნობდა და არ იცნობდა, „მემუარებში“ მოიხსენიებს, მასთან ყოველ შეხვედრას გაიხსენებს, ესსეებს დაწერს, მასთან ნაცნობობას შეიფერებს და ამით თავსაც მოიწონებს... ვინც ვერ შესწვდება კი, ბოღმით იტყვის: უნიჭო იყოო. დაე, მათ სინდისზე იყოს ნიკოს ნიჭისა და სულიერი სიღრმეების ვერდანახვაც და მისი ხილვების ვერშეცნობაც. სინდისიერებას სხვას ვერ მოსთხოვ... თავად ნიკოს აუგი არავისზე დასცდებოდა და ამ ესსეს ავტორიც ვერ მისცემს თავს ამის უფლებას.

ამ ესსეს ავტორს საშა გამყრელიძის ქვრივის მოგონებაც აქვს წაკითხული, თითქოს როგორ აჩუქა ნიკომ ეს ლექსი მის მეუღლეს,,, ის თავს უფლებას ვერ მისცემს, ამ მონათხრობში ეჭვი შეიტანოს... მიუხედავად ამისა, ისევ და ისევ ნიკოს სულის პატივისცემის გამო, ის ფაქტებს მაინც ვერ დამალავს და ჰყვება იმ ამბებს, რაც დედისაგან და პაპისგან მოუსმენია ჯერ კიდევ მანამ, სანამ ნიკო სამადაშვილის ლექსები დღის სინათლეს იხილავდნენ... წერს, რადგან ფიქრობს, რომ ნიკოს სათაკილო და მისაჩქმალი არაფერი სჭირდა და თავდაპირველად ვისადმიც არ უნდა იყოს ეს ლექსი მიძღვნილი, ნიკოს პიროვნებას ჩრდილს ვერანაირად მიაყენებს. თანაც თავად ნიკოს ცხოვრების ბოლომდე სულ ეხუმრებოდნენ: როგორ იყო სტალინზე ლექსი რომ დაწერე და კინაღამ დაგიჭირესო? ამაზე ნიკო გულიანად იცინოდა და არასდროს უთაკილია. თუმცა, ეს ყველაფერი მოხდება მერე, ახლა კი მას - ავტორს მსჯელობებისთვის არ სცალია. მეგობრები ნავთლუღში მიდიან, დირბელის ვენახში, იქ ქეიფს რა სჯობს: ხის მაგიდაზე სახელდახელოდ გაწყობილი სუფრა, ვენახის შრიალი, დირბელის ხელით დაწურული საუკეთესო ღვინო... ეს ყველაფერი სოფლის ნოსტალგიას აყუჩებს, ორივეს რომ თან სდევს მუდამ...

აქ, ამ ესსეს ავტორს ერთი სული აქვს, მომავალში გადაინაცვლოს და ყველაფერი წინასწარ თქვას, რადგან ეს მეტად მნიშვნელოვანი დღეა ნიკო სამადაშვილის ცხოვრებაში... ამ დღეს უნდა გადაწყდეს მისი ლექსების პირველი კრებულის ბედი...

მაგრამ ავტორი მაინც ამჯობინებს თავი შეიკავოს და თანდათანობით მიჰყვეს მოვლენებს, რადგან ნიკომაც ჯერ არაფერი იცის, და ვერც ვერაფრით წარმოიდგენს...

ავტორი ჯერ-ჯერობით ისევ საშა გამყრელიძის ქვრივის ნაამბობს უბრუნდება:

„ერთხელ სახინკლეში ხელსაწმენდზე საშაზე ლექსი დაეწერა. საშა სახლამდე მოაცილა და ლექსი მე გადმომცა. წავიკითხე და გადავირიე. ნიკო ამაყად ამბობდა, ნახე ჩემ დაწერილ ლექსს რა შეუძლიანო! მერე მანუგეშებდა, თუ ეს ნუგეში იყო: ასეთი პატიოსანი და ცრემლივით მთრთოლვარე კაცი ჩვენს ქვეყანაში დიდხანს ვერ იცოცხლებსო“. როგორ არა ჰგავს ნიკოს საქციელს! - ამას ამ ესსეს ავტორი მთელი სხეულითა გრძნობს და ვინც ნიკოს კარგად იცნობდა, ისიც დაემოწმება. ნუთუ შეეშინდა ნიკოს, მართლა არ დაეჭირათ და ასე უნიჭოდ და ულაზათოდ დადგა ეს სცენა? დირბელის შვილიშვილი ნიკოს შეშინებას ვერასდროს დაიჯერებს, რადგან მისთვის ის გაუტეხელი სულის ადამიანია, ან იქნებ ორჯერ ციხეგამოვლილმა ნიკომ ჭკუა ისწავლა და უფრო პრაქტიკული გახდა? სწორედ ეს არის ამ ესსეს ავტორის თავსატეხი. სიმართლე კი მხოლოდ ნიკომ იცის და ამ ლექსს თავის ბელეტრისტულ თხზულებაში ჩართავს. იქ ვინმე ქმრის მოღალატე და ქმრისგან ულმობლად მოკლულ ქალს მიუძღვნის და მის სამარეზე ამოკვეთავს:

„ის კამკამებდა, ვით ცრემლის გუბე
ალალი გულის ფიქრებით სავსე“ და ა.შ.

(„შეხვედრები და სინანული“. გვ. 217. 1995 .)

მოსწონს ნიკოს ეს ლექსი... უნდა თავის თხზულებაში გამოიყენოს, სხვა ადგილი ვერ უპოვა, თავადაც ხვდება: - სად ქმრის მოღალატე ცოლი და სად ალალი გულის ფიქრები?! ამიტომაც ბოლოში გამართლებასავით დაამატებს, „ღალატის ღამეს ეს ქედმოხრილი სტრიქონები როდი სჯეროდაო“...

ამ ესსეს ავტორმა ნიკოს პატიმრობაზე კარგა ხანს არაფერი იცოდა, მგალობლიშვილების ოჯახში ამ თემაზე საუბარს გაურბოდნენ. თუმცა, როცა გაიგო, არ გაჰკვირვებია. ის უფრო გაუკვირდებოდა, ნიკოსავით თავისუფალი სულის ადამიანი იმ ავბედით წლებში პატიმრობას თუ ასცდებოდა, დედის არქივში გაუგზავნელ ბარათს წააწყდა, ლექსად დაწერილს. 1944 წლის მარტია... საშა ფრონტზეა, ნიკო - ციხეში. 15 წლის ლეილა წერს:

„პოეტ ნიკო სამადაშვილს
პირველად შენგნით მოძღვნილ ალბომზე
გაიბნა ჩემი ლექსის რითმები,
მუდამ მიყვარდა შენი ლექსები,
კვლავ მონატრული მათი ვიქნები.
შენ აქ არა ხარ, შენს ლექსის რითმებს
თავისუფლების ვერ ბერავს ქარი.
და შენს რვეულებს, სავსეს რითმებით,
ალბათ, ედება მტვერი მწუხარი.
ნაძვები კუბოს კვლავ აქროლებენ
და ყვავილებიც კვლავ მოაქვთ ქარებს, -
ლაღად დარჩენილ ნაძვების შრიალს
შენი ლექსები თავს რომ აფარებს.
იქნებ, შენ მანდაც უმღერი გრძნობებს,
უძღვნი ლაჟვარდებს წარმტაც სტრიქონებს,
იქნებ, ქმნი ლექსთა და რითმთა ბაღებს.
ხან გასალაღებს, ხან დასაღონებს.
მანდ, სადაც სული სევდით იმტვრევა,
სადაც სიბნელე აკივლებს გულებს.
იგონებ, ალბათ, წარსულ ცხოვრებას
აწ დავიწყებულს, დროგადასულებს.
ან თბილისიდან მობერილ ნიავს
მკერდს გადაუშლი, ალბათ ვედრებით;
ეჰ, სადღა ნახავ საშა დირბელსა,
ბინდზე დაცლილი ალავერდებით.
ან ძმაბიჭების სად ჩანს ქეიფი,
აღარ დაჰქრიან გიჟი ეტლები,
ეჰ, ცხენებია თავაშვებული,
ეჰ, ცხენებია გასახედნები.
შენი ოცნება თბილისს გაგონებს,
მწარე ფიქრში ხარ, ალბათ, გართული,
იქნება ყანწით ღვინო გწყურია,
ლექსად ამოთქვა ტკბილი ქართული.
ეს ბედი არის მოწამე ტანჯვის,
სევდას ვეღარ ცვლის ბასრი კალამი,
დავწერე, მაგრამ სად გამოვგზავნო,
ჩემი მადლობა, ჩემი სალამი“

ამ დღიდან არც ისე შორს არის ის მნიშვნელოვანი ამბავი, რომელიც დირბელის ვენახში ქეიფს უკავშირდება. ყველაფერი კი ასე იწყებოდა:

ლეილას მეგობრები ჰყავს ოჯახში მოპატიჟებული: რეზი თვარაძე და თამაზ ჩხენკელი. ბევრი აქვთ საერთო, სამივე ლექსებს წერს, პოეზია უყვართ, ერთმანეთს საკუთარ ლექსებს უკითხავენ, ლიტერატურაზე საუბრობენ... საერთო მეგობრები ჰყავთ.

მოგვიანებით ლეილას ქალიშვილი დედის ხელნაწერებში სახუმარო ლექსებსც აღმოაჩენს, რომლებსაც ერთმანეთს სწერდნენ: დღეს რეზი თვარაძე ვნახე. თამაზ ჩხენკელს ახალი ლექსი დაუწერია:

„ჩემთან აღარ მოდიხარ,
აღარ მატკბობ ღიმითა,
ჩემო კარგო დოდიკა,
ნეტავ რა მოგივიდა?
აღარა მაქვს ლხენა,
შენ კი დასდევ ყეინებს,
შემოგევლე შენა,
ნეტავ რა გაწყენინე?“

პასუხი არ იგვიანებს, ლეილას დღიურის შემდეგი ფურცელი მეორე დღესვეა დაწერილი: „ - რამე მწარე დავუწეროთ საპასუხოდ თამაზს, - მეუბნება დოდო. - კარგი ვეთანხმები მე, მაგრამ იმ პირობით, თუ არ გაამხელ, რომ ჩემი დაწერილია, ვითომ შენ დაწერე...

„ლექსი დაგიწერია,
მიჯავრდები რაღაზე,
თამაზ მონატრებიხარ
პლეხანოვის „ლამაზებს“.
გიხმობენ, ურჩევნიხართ
ბაირონს და გეინეს,
მე თუ დავდევ ყეინებს,
ამით შენ გაწყენინე?
ლექსად დაგიწერია,
ეგ შენი სამდურავი,
შენ თუ რამე გეწყინა,
მოგიკვდა ჩემი თავი.“

17. 10. 46 .

... ახლა სწორედ რეზისა და თამაზს ელოდება ლეილა. მამა არ არის სახლში. დედა სამზარეულოში ფუსფუსებს, ლეილა სუფრას შლის. მოულოდნელად საშა მოდის სახლში. ოთახში გაშლილ სუფრას რომ დაინახავს, იკითხავს, ვინმეს ველოდებითო? - არავის, სადილობას ვაპირებდითო, - უპასუხებს ლეილა. - ძალიანაც კარგიო, ამბობს საშა და სუფრას მიუჯდება. მკაცრი მამაა საშა, ვერ ბედავს ლეილა სიმართლის თქმას, ვაითუ გაბრაზდეს მამა, რადგან მას არ დაეკითხა და ისე მიიწვია სახლში ბიჭები. ეს ის წლებია, ყმაწვილკაცების სტუმრობა ქალიშვილთან ცუდ ტონად რომ ითვლება... ის კი არა და, ქალები და ვაჟები სხვადასხვა სკოლებში სწავლობენ.

გარედან იძახიან... საშა დგება და კარებს აღებს. ძალიან კი გაუკვირდება ბიჭების დანახვა, მაგრამ როგორც ქართული სტუმარ-მასპინძლობის წესი მოითხოვს, სახლში შემოიყვანს, სუფრასთან მიიპატიჟებს და საუბარს გაუბამს. გამოჰკითხავს ვინ არიან, რას საქმიანობენ. მოსწონს ბიჭები... ბოლოს გამოირკვევა, რომ ლექსებსაც წერენ. მაშინ ნიკო სამადაშვილზე ჩამოუგდებს სიტყვას. რეზი და თამაზი ნიკოს არ იცნობენ, მაგრამ მისი ზოგიერთი ლექსი უკვე მოსმენილი აქვთ ლეილასაგან.

საშა ბიჭებს ჰპირდება, რომ ნიკოს აუცილებლად გააცნობს. უხარია საშას, ნიკოს ერთი კარგი „პოეზიის საღამო“ უნდა მოვუწყო, ცოტა გახალისდებაო. ლეილას კი საყვედურობს: თუ ასეთი კარგი ამხანაგები გყავდა, აქამდე რატომ არ გამაცანიო? რას წარმოიდგენს, რომ ამ ბიჭებიდან ერთ-ერთი - თამაზ ჩხენკელი წლების შემდეგ, გაარღვევს ყველანაირ ბარიერს და ნიკოს რამდენიმე ლექსს დაბეჭდავს გაზეთში, იმ ლიტერატურულ გაზეთში, რომლის რედაქტორიც რეზი თვარაძე იქნება...

1967 წლის 28 ივლისს... ნიკოს გარდაცვალებიდან 4 წლის შემდეგ, აღსრულდება მისი ოცნება. ამას თავად ნიკოც ვერ წარმოიდგენს, როცა დირბელის ვენახში ლეილას მეგობრებთან, შვილისტოლა ბიჭებთან იქეიფებს.

...ღვინო, სადღეგრძელოები, ლექსები... ხარობს ნიკო, უყვარს ახალგაზრდები პოეტურ სიტყვას რომ აფასებენ, სულიერ სიახლოვეს გრძნობს მათთან, სიამოვნებით კითხულობს საკუთარ ლექსებსაც... რა იცის, რა მნიშვნელოვანი დღეა მის ცხოვრებაში, რას წარმოიდგენს, რომ სწორედ ამ ახალგაზრდებმა უნდა უპატრონონ მის პოეტურ მემკვიდრეობას, ეს ქოჩორა ბიჭი კი, ახლა მის გვერდით რომ ზის, სწორედ ის თამაზ ჩხენკელია წლების შემდეგ (1973 წ.) ნიკოს ლექსების კრებულის გამოცემას რომ მიაღწევს და წინასიტყვაობასაც თავად წაუმძღვარებს არჩილ სულაკაურთან ერთად; რომ ეს ბიჭი იქნება მისი მეორე კრებულის რედაქტორ-შემდგენელი როსტომ ჩხეიძესთან ერთად...

ახლა ნიკო ქეიფობს და ხარობს და, ვგონებ, სულაც არც კი აქვს დაწერილი თავისი ბელეტრისტული თხზულება „შეხვედრები და სინანული“, რომლის ერთ-ერთი რედაქტორთაგანი ისევ და ისევ თამაზ ჩხენკელი იქნება. რა იცის ნიკომ რომ სწორედ ახლა, ამ ვენახში, ამ ხის მაგიდასთან ხდება ავტორისა და მისი მომავალი რედაქტორ-შემდგენელის პირველი შეხვედრა. ეს რომ იცოდეს, სხვა თვალით შეხედავდა მას, ახლაც და შემდეგაც, სხვა მრავალი შეხვედრისა თუ საუბრის დროს, ...მაგრამ რას წარმოიდგენს, რომ თავის სიცოცხლეში ვერც ერთ ლექსს ვერ იხილავს დაბეჭდილს, და, რომ ამ ბიჭის იმედადღაა დარჩენილი მთელი მისის შემოქმედება.

და იქნებ ახლა, სულაც სათვალავში ჩასაგდები არცა ჰგონია ეს დღე. თუმცა, ის დაუვიწყარი აღმოჩნდება თამაზ ჩხენკელისთვის... აკი ნახევარი საუკუნის შემდეგ გაიხსენებს ერთ-ერთ რადიო-გადაცემაში: „ნიკო სამადაშვილი საშა მგალობლიშვილმა გამაცნო, სადღაც ბაღში წაგვიყვანა საქეიფოდო“. ეს მერე იქნება, ახლა კი ის ნიკოს ლექსებს უსმენს, მაგიდაზე ჩამწკრივებულ თიხის დოქებს შეჰყურებს. საშა მგალობლიშვილის ხელით დაწურული „ნამდვილი“ მაგარი ღვინით რომ ივსება დაცლისთანავე და ფიქრობს, როგორ ჰგავს ნიკოს ლექსებიც „გაუცრელი თიხისგან გამომწვარ ასიმეტრიულ დოქებს, რომელთაც თუმცა ამჩნევიათ კოჟრები და ზოგჯერ მომტვრეულიც აქვთ ტუჩი ან ყური, მაგრამ რომლებშიც პოეზიის შეურყვნელი, მაგარი ღვინოა ჩასხმული“.

ფიქრობს და, თავის ამ ფიქრს კარგად იმახსოვრებს, რომ შემდეგ, პოეტის პირველად გამოქვეყნებულ ათიოდე ლექსს მინაწერად დაურთოს; მაგრამ, ეს ჯერ თვითონაც არ იცის...

ესსეს ავტორი ისევ ბავშვობისდროინდელ ზმანებას გამოიხმობს:

- გამარჯობა, პაპა ნიკო!

- რაო, რისთვის დამიძახე?

- მართლა წესების გარეშე წერდი?

- ვინა თქვა ეგა?

- დედამ.

- ჰო, ეგრე ამბობენ, შენ რა, სულ წესებით თამაშობ? ვერ გამიგია, ეგ წესები ვიღამ დაადგინა; თანაც წესებისა არაფერი გამეგებოდა, როგორც მეწერებოდა, ისე ვწერდი; როგორც მედარდებოდა, ისე ვდარდობდი...

- თუ წესებისა არა გაგეგებოდა, რისთვისღა წერდი?

- ეჰ, შენ რა იცი, რა შეუძლიათ დარდებს...

ამ ესსეს ავტორი მაშინ ვერაფრით მიმხვდარიყო, დარდებს რა შეეძლოთ.

ნიკომ კი იცოდა, აბა მასზე უკეთ ვინ იცოდა „რა მწარეა, როცა სიმთვრალესთან ერთად მთვრალი დარდებიც აგეტორღიალებიან, გულზე გეჭიდებიან, საფეთქლებს გიხურებენ, ნეკნებს გიმტვრევენ, თვალში შუქს გიწრიტავენ, შუბლის ძვალზე გასკდებიან, სხეულს გიმღვრევენ...“ და მერე, გსურს თუ არა გსურს, უწესო, თავაშვებული ბავშვებივით ცვივიან გარეთ, ზოგი წვიმის გუბეში ჩაწოლილა და ზოგიც ლაჟვარდებს გადავლებია... და თუნდაც კეტით სდიო, მაინც ვერ დააოკებ...

ახლა ის უგონობამდე უნდა დათვრეს, რომ აღარაფერი ახსოვდეს და არაფერმა შეაშფოთოს... ღვინო აქარვებს დარდს.

ამ ესსეს ავტორი, წერის არჩეული სტილის მეშვეობით, მუდმივად ღვინის სარდაფში „აბრუნებს“ ნიკოსა და საშას, მაგრამ ეს მისი ახირება არ არის; უბრალოდ ავტორმა საქმე გაიადვილა, რომ თავისუფლად ემოძრავა სივრცესა და დროში, და თან ხელიდან არ გასხლტომოდა, ყურადღების მიღმა არ დარჩენოდა მათი ბოჰემური ცხოვრების ნირი:

„ის ყოველ ღამე დაეძებდა ტიალ სარდაფებს,
თითქოს ცისმარე დღე შფოთავდა და ითრობოდა,
შთამომავლობა მის ცხოვრებას რას დაუჯერებს,
კაცი რომელიც სულ ღვინოში იფუფქებოდა.
რომ მას შეეძლო პოეტური უმანკოება,
მიწას ურბენდა, დედამიწის უარმყოფელი,
არ დაგიდევდა, თუ უკმეხად ედგა დროება,
ან თუ სივრცეებს გაყმუოდა წუთისოფელი.
ვიღაც ღიღინით ჩემს საფლავზე ბალახს გათიბავს,
იტყვის რა კრულვით დაიღუპნენ მამა და შვილი,
თან კლდის ნატეხზე მიაწერავს ოდნავ ირიბად:
(აქა მარხია ჩვენი ნიკო სამადაშვილი).
(აქა მარხია ჩვენი საშა მგალობლიშვილი).“

და მაინც, ვინ იყო ის, ვინც ყოველ ღამე ღვინის სარდაფებს დაეძებდა, - ნიკო თუ საშა? - ერთიცა და მეორეც, ეს ლექსი ორივეს ცხოვრებას ერთნაირად შეესაბამება. ლექსის გამოქვეყნებულ ვარიანტში მხოლოდ ნიკო სამადაშვილი წერია, ალბათ ხელნაწერში ასე იყო... მეორე ვარიანტი ამ ესსეს ავტორმა მიაწერა, რადგან ნიკო ასე კითხულობდა მას საშას თანდასწრებით. ისევ გვეთამაშება ნიკო... ხელს ისიც უწყობს, რომ სახელები და გვარები ადვილად ენაცვლება ერთმანეთს მარცვალთა თანაბარი რაოდენობის წყალობით, თუმცა სამართლიანობა მოითხოვს, რომ აღინიშნოს „სამადაშვილი“ უფრო უკეთ ერითმება „მამა და შვილს“, ვიდრე - „მგალობლიშვილი“, მაგრამ განა ნიკო ამას დაგიდევდათ, სწორედაც რითმებს არ უწუნებდნენ?!

საშა თვითონ არ წერდა ლექსებს, მაგრამ სულით საოცრად პოეტური ადამიანი იყო, კარგად განვითარებული პოეტური ინტუიციის წყალობით ადვილად იკვლევდა გზას ნიკო სამადაშვილის პოეტური შემოქმედების რთულ ლაბირინთებში.

ერთხელ ნიკოს უკითხავს: - რატომ არ წერ ლექსებს, მგონია, კარგად გამოგივაო.

საშას უპასუხია: --აგერ შენ და აგერ ლეილა, განა ერთი ოჯახისთვის ორი პოეტი საკმარისი არ არისო?

...ლექსი ყველგან იწერება. ხშირად „ბუღალტრის მაგიდაზე“ ციფრებთან თამაშს, ისევ სიტყვებთან თამაში ურჩევნია. თანაც საშა მგალობლიშვილიც იქ არის, მგონი 50 წელი შეუსრულდა და ცოტა წაუქეიფებიათ სამსახურში. სიტუაცია ექსპრომტს ითხოვს და, ნიკოც მზად არის:

სანდრო დირბელს

„ცხოვრების ნახევარი განვვლეთ, დირბელო,
მომეცი ნება, ლექსი გიძღვნა,
და რო მნახო, არ წამოგცდეს,
რას მიჰქარავ, ხიდისთაველო?!
მეც მაგონდება დირბის ზღვა-ზვრები,
მათთან მობიბინე ლურჯი ყანები,
მოვდივართ ქვეყნად ანგელოზები,
მივდივართ უკან კუდიანები.
ერთი შეხედე ბედის ამ ყისმათს,
თითქოს ცხოვრება ვატარეთ ღრეჭით,
ბედის ორძელზე ვჭიმავდით ყირას,
სიცოცხლეს ღვინის სარდაფში ვლევდით.
ო, რამდენ ღამეს ვუთიეთ ერთად,
ძმაო კეთილო, სანდრო დირბელო,
თითქოს ერთმანეთს გულებს ვართმევდით,
ისე გვიყვარდა ეს საქართველო.
გახსოვს, ტიალი დუქნის მაგიდა,
როგორ წაბილწე მთვრალმა გინებით?!
მე რომ ფხიზელი არ დაგდგომოდი,
აბა სახლის კარს რას მივაგნებდით.
რაც იყო, იყო, კარგად ვატარეთ,
ესღა გვარგუნა განგების ძალამ,
მივხედოთ, მოდი, ახლა პატარებს,
განვსაჯოთ ჩვენში ვინ დაიღალა.
დღე დაითენთა ფიქრების ბინდით.
აბა რად ვგავართ ნახევრად გიჟებს,
ალბათ, ნუნუას ბევრს რომ ვხუხავდით,
და რომ დავდევდით კურკასებრ ბიჭებს.
იცოცხლე დიდხანს კარგი სახელით,
სახე შენ მაინც ქორფა ბალღს გიგავს,
გიძღვნი ამ ნაგლეჯს, გქონდეს სახსოვრად,
როგორც ჩემს ძმას და გულშემატკივარს.“

ამ ლექსს რომ წერდა, ალბათ ვერაფრით წარმოიდგენდა, რომ გავიდოდა წლები და მისი ქალიშვილი მოგონებების წიგნს დაწერდა მამაზე, ხოლო საშა მგალობლიშვილს - მის „ძმასა და გულშემატკივარს“, ერთხელაც არ ახსენებდა!.. რომ აღარაფერი ვთქვათ ლეილაზე, რომელსაც მუდამ ანებივრებდა, მამობრივი სიყვარულით ათამამებდა და „გაამზითვა“ კიდეც.

კიდეც. როდესაც ლეილა დაქორწინდა (1960 წ.), ნიკოს უკითხავს: მამაშენმა წესისამებრ თუ გაგამზითვა, „ვეფხისტყაოსანი“ თუ გაგატანაო? უარი რომ მიიღო, მაშინ საკუთარი წიგნი აჩუქა და ზედ წააწერა: „ჩემს ლეილას მზითევში ვატან. ძია ნიკო“. ეს საჩუქარი უფრო მეტად იმით იყო ძვირფასი, რომ ეს იყო ნიკოს ნაქონი წიგნი, რომელსაც კითხულობდა, ჩაჰკირკიტებდა, ხოლო წიგნის ბოლოში იმ სტატიებს აკრავდა, რაც იმდროინდელ პრესაში „ვეფხისტყაოსნისა“ და რუსთაველის შესახებ იბეჭდებოდა, თან ზედ თავის მოკლე კომენტარებსაც ურთავდა. ეს წიგნი დღესაც ინახება ამ ესსეს ავტორის ოჯახში.

უხარია ლეილას საჩუქარი, მაგრამ ცოტა გაკვირვებულია, თან გულიც წყდება, ეგონა ნიკო თავისი ლექსების ხელნაწერ რვეულს აჩუქებდა, რადგან იცის:

„ის ჩუმად სწერდა თავის რვეულებს,
ერთგულ მეგობრებს ატანდა მზითვად,
ისედაც ლექსით გადარეულებს,
ეს აწვებოდა სულ ზედმეტ ტვირთად.“

(. სამადაშვილიმწუხრი“)

ლეილა თავს ნიკოს მეგობრად თვლის, მიუხედავად ასაკისა, მათ შორის ხომ საოცარი სულიერი კავშირია, ისე ანდობენ ერთმანეთს გულისნადებს, როგორც მეგობარი მეგობარს, როგორც პოეტი პოეტს...

გული წყდება ლეილას, მაგრამ რას იტყვის?! ნიკო უსიტყვოდაც ხვდება, ეღიმება: ჩემი ლექსები რაღად გინდა, ისედაც ყველა ზეპირად იციო.

ეს მერე იქნება...

ჯერ კი 1951 წელია, ლეილა ნიკოს თავისი ლექსების რვეულს აძლევს შესაფასებლად, ნიკო ორ ლექსს გამოარჩევს: ერთ-ერთი მათგანია:

დედას

„მე ალბად შენზე ბალადებს დავწერ,
როცა ცხოვრება გადავა ბინდად,
ვიტყვი: კვლავ შენი ნანინა მარწევს
და ისევ შენი ალერსი მინდა.
მომაგონდება გიყვარდი როგორ,
როცა მესროდნენ ქვებს და ტალახებს,
მომაგონდება პატარა გოგო
ცრემლთა ალერსში როგორ გამალხვე.
მომენატრება მაგ მკერდის სითბო,
შიგ რომ მალავდი ჩემზე ნალოცვებს,
შენ ოცნებიდან ამოხვალ თითქოს
და გათეთრებულ თმებზე მაკოცებ.
მე ალბად შენზე ბალადებს დავწერ,
როცა ცხოვრება გადავა ბინდად,
ვიტყვი კვლავ შენი ნანინა მარწევს
და ისევ შენი ალერსი მინდა.“

ლეილა მგალობლიშვილი
1949 წელი სექტემბერი.

კითხულობს ნიკო და ეღიმება, - ერთი ამას უყურეთ, ამასაც დედაზე დაუწერია ბალადაო, მერე კალამს იღებს და ლექსს მინაწერს უკეთებს: „მშვენიერებაა, ნ. სამადაშვილი. 14.02.51.“ თავადაც ხომ მშვენიერი ლექსი მიუძღვნა დედას - ოლღა კობერიძეს და „დედის ბალადა“ დაარქვა... სწორედ დედა-შვილის დაშორებამ განაპირობა ნიკოს ესოდენ ტკივილიანი ბავშვობა და სიყმაწვილე. ამის გამო „ღვთისმშობელიც კი გაბუტულია მათ სიცოცხლეზე“ (სქოლიო. ლექსი გამოქვეყნებულია უსათაუროდ, ხელნაწერი ინახებოდა საშა მგალობლიშვილის ოჯახში). ნიკომ საბოლოოდ მოახერხა დედის ჩამოყვანა ბაქოდან (1932 წ.), მაგრამ ამან ვერ გაანელა ბავშვობის ტკივილი.

„დედის ბალადასაც“ მუდამ თვალზე ცრემლმომდგარი კითხულობს. ეს თითქოს პირობაა დედისადმი მიცემული:

„მეც გამოვყვები შენს გვირგვინებს ბინდების ფითრი...“
„ლექსებს ჩაგატან... აბა, მეტი რა მაქვავია...“
„ბარბაცით მოვალ მეც ოდესმე შენს სამარესთან...“
„მე გაგასვენებ ჩემი მხრებით...“

ამ ლექსს რომ წერს ანდა კითხულობს ნიკო, ვერაფრით წარმოიდგენს, თუ მიცემულ „პირობას“ ვერ შეასრულებ, რომ უმუხთლებს წუთისოფელი და დედაზე ადრე გარდაიცვლება.

თუმცა იქამდე ჯერ შორია, ჯერ ნიკო და საშა გვერდიგვერდ მიუყვებიან წუთისოფლის ოღროჩოღრო გზებს და ხან დარდს ღვინოში კლავენ და ხანაც „კურკასებრ ბიჭებს“ დასდევენ.

კურკა მათი მეგობრის - დათიკო ალავიძის მეტსახელია, რაღაც ფილმში გადაუღიათ მასობრივ სცენაში, დიდად ამაყობს ამით, მსახიობი ვარო, საშას და ნიკოს კურკას მსახიობობა სასაცილოდ არ ჰყოფნით, სიცილით კვდებიან: ფილმის ჩვენებაზე დაგვპატიჟა და ჩვენ იქ კურკა არ გვინახავსო, კურკა იხტიბარს არ იტეხს. ფილმის ეკრანზე გამოსვლის შემდეგ ბანკეტს მართავს რესტორანში, ამათ არ იწვევს, შიშობს არ „აურიონ“.

ნიკო და საშა მოულოდნელად თავზე წამოადგებიან მოქეიფეებს... გამართული არის კურკას ქება-დიდება... ამათი დანახვა კურკას არ სიამოვნებს, მაგრამ რაღას იზამს, სუფრასთან იწვევს. ჯერ საშა ამბობს სადღეგრძელოს, მერე - ნიკო. კურკა შვებით ამოისუნთქავს, - „გადავრჩიო“. მაგრამ ნიკო არ ჯდება, მსახიობს ექსპრომტი უნდა ვუძღვნაო:

„შენა ხარ ჩვენი კინოს დიდება
და ხელოვნების გამხურებელი?
ისემც მ....... ავლა-დიდება
და ყველა შენი მაყურებელი.“

კურკა განაწყენდება და ცხოვრების ბოლომდე ხმას არ სცემს არცერთს, თუმცა მის „მსახიობურ კარიერასაც“ ესმება წერტილი. კურკას გაბრაზებას მაინც სერიოზულად არ უყურებდნენ საშა და ნიკო, მალე გაუვლისო - ფიქრობდნენ.

საშა 50 წლის ასაკში მეორედ დაქორწინდა. მანია მეოჯახე ქალი აღმოჩნდა... იმ დროს მოდაში იყო ჩეხური ბროლის თუ სხვა ძვირფასი ჭურჭლის „ვიტრინებში“ გამოფენა, მანიაც ჩაება „ფერხულში“, ყიდულობს და ყიდულობს... საშა ბრაზობს, ვერ იტანს კარადებში გამოუყენებლად გამოფენილ ჭურჭელს. ნიკო საშას ახალ ოჯახშიც სასურველი სტუმარია.

ერთხელაც საშა და ნიკო სადილობენ, კარგ ხასიათზე არიან, ხუმრობენ, იცინიან. მანია დროს იხელთებს და ახალ ნაყიდ ჭიქებს გამოიტანს, ფიქრობს ნიკოს თანდასწრებით საშა არაფერს ეტყვის.

- ხომ კარგი ჭიქები ვიყიდეო, - კითხულობს მანია დიასახლისის თავმოწონებით.

- სანამ არ გავსინჯავთ, ვერაფერს ვიტყვითო, - ამბობს საშა და ნიკოს თვალს უკრავს.

მანიას უხარია, რომ საშა არ გაბრაზებულა და ჭიქებს მაგიდაზე დგამს.

ღვინით ივსება ჭიქები. საშა და ნიკო სადღეგრძელოებს ამბობენ, ღვინოს შესვამენ და დაცლილ ჭიქებს ფანჯრიდან ისვრიან... მიფრინავენ ჭიქები ჰაერში, ერთი, მეორე, მესამე... ქვაფენილს ასკდებიან და ხმაურით იმსხვრევიან! - ეს რა კარგი ჭიქები გიყიდია, რა კარგი ხმა აქვთო! - აქებენ მანიას. სანამ მანია გონზე მოსვლას მოასწრებს, ყველა ჭიქა დამტვრეულია. ძნელი წარმოსადგენი არ არის, რა ხასიათზე დადგებოდა მანია, თუმცა, კარგა ხნის შემდეგ, როცა ნიკო უკვე აღარ იქნება ცოცხალი, ამ ამბავს სიცილით მოუყვება ამ ესსეს ავტორს. იქვე სხედან ამ ესსეს ავტორის პაპაც, დედაცა და დეიდაც და ისინიც სიცილით იხოცებიან.

...მოუყვება, რათა კარგად დაიმახსოვროს და თითქმის 40 წლის შემდეგ მოუთხროს ამ ესსეს მკითხველს.

...ისევ ივსება ჭიქები. ღვინოს ფერი შესცვლია, სისხლისფერი გამხდარა... მხოლოდ ამ ღვინით ითქმის გარდაცვლილთა შესანდობარი - მამის სურათი წარმოუდგა თვალწინ, არ ახსოვს მამა, ის ისეთია, როგორც - სურათში... საშას მამა კი ისევე კარგად ახსოვს, როგორც „დირბის ზღვა-ზვრები“ და „მობიბინე ლურჯი ყანები“.

აკი ლექსიც დაწერა ანდრიას პიროვნებით შთაგონებულმა:

ფრესკები ჩონგურზე

„ბაღებს გაზიდავს ყრუ შემოდგომა,
ტყე ჟინჟღლს მოიმცვრევს დილაადრიან,
ქართულ წისქვილის კარს მოადგება,
წვერგაჯენჯილი დინჯი ანდრია,
ხვიმარებიდან დროჟამს ჩამოფქვამს,
გახედავს: ოჩხებს, ჯაგვნარებს, ჭიუხს,
წაიბუტბუტებს ათასჯერ ნათქვამს
და ხელის გულზე დაბერტყავს ჩიბუხს“ და ა. შ.

„ამ ლექსს პოეტი ქმნიდა ოდესღაც წისქვილის წყლის ჩხრიალზე, მესაფქვევეთა ზღაპრებზე, აქ ჟღარუნებდნენ სიყრმის დღეები, აქ აღმოცენდნენ მოხუც მეწისქვილის შთამაგონებელი საუბრები; ამ ლექსის მკერდიდან წვეთამდა გულის გეჯაში გამოხდილი სისხლი. ანდრიას ჭრაქის გაცრილ შუქზე ცეკვავდნენ თავგასული მანჭია ჭინკები, მოწყვეტილი ფოთლის დარად.“

(. სამადაშვილიშეხვედრები და სინანული.“ გვ. 109.)

სინამდვილეში საშას მამა და ამ ესსეს ავტორის დიდი პაპა - ანდრეა მგალობლიშვილი გორის სათავადაზნაურო ბანკის მმართველი გახლდათ. გარდა ამისა, სოფლის მამასახლისიც იყო და დირბის გარდა სხვა ახლომდებარე სოფლებსაც პატრონობდა. ქართლის კათალიკოსს ანდრეას დიდი პაპა - გოგია მგალობლიშვილი, რომელიც სასულიერი პირი იყო, დირბში მოუწვევია საცხოვრებლად და სამოღვაწეოდ. მისთვის საკათალიკოსო აზნაურობა უბოძებია და სახნავ-სათესი მიწებითაც უხვად დაუსაჩუქრებია. მგალობლიშვილებს საგვარეულო ეკლესია და საკუთარი წისქვილიც ჰქონიათ. ცნობილი მწერალი სოფრომ მგალობლიშვილი თავის ავტობიოგრაფიაში ზუსტად აღწერს დირბელი მგალობლიშვილების წარმომავლობასა და ცხოვრებას. ისიც ხომ ამ დიდი ოჯახის წევრია. მას და ანდრეას ერთი დიდი პაპა ჰყავთ.

სწორედ აქ, სადაც „წინაპრების აჩრდილები ყეფდნენ და წისქვილი კაცივით ოხრავდა“ -

„შემოიტანენ ღვინოს ერთ კოკას,
ანდრეას სახეს შეამღვრევს ბინდი,
შენს სიმს ყურთმაჯში ფრთხილად გამოჰკრავს,
და ეს იქნება ჰანგების მინდი...“

ამ ლექსს რომ წერს, რას წარმოიდგენს, რომ ნახევარი საუკუნის შემდეგ ზოგიერთი ლიტერატორი „დინჯ ანდრეას“ წმინდა ანდრია პირველწოდებულად აღიქვამს, მის წისქვილს კი - ტაძრად... ანდა, სულაც წუთისოფლად, ეს რომ იცოდეს, იტყოდა, - თქვე დალოცვილებო, სად წმინდანი და სად ჩიბუხი, განა ეგეთი „წარმართი“ ვიყავი, რომ წმინდანი ჩიბუხით ხელში წარმომედგინაო? მაგრამ აკი თავად გაგვეთამაშა და ამ ლექსს „ფრესკები ჩონგურზე“ დაარქვა?! და, განა წისქვილის „როხროხი და ბორგვა“ არ წააგავს ამ შფოთიან წუთისოფელს?!

...ახლა ის ღვინის სარდაფში ზის და ჭიქას ჭიქაზე ცლის... დღეს ის უგონოდ უნდა დათვრეს, რომ აღარ ახსოვდეს, დაუბეჭდავად დარჩენილი ლექსები, რომ განთავისუფლდეს ოჯახის არტახებისაგან, დღეს ის სახლში არ წავა... დღეს ის იპოვის თავის „საყდრის ჩიტს“, რომელიც ლაღია და თავისუფალი, მაგრამ სევდიანია მისი გალობა...

დღეს ის „საბედისწერო გზას“ დაადგება... „და როგორ დაპატარავდება ყველა უბედურება, როცა სიკვდილის წინ გაიელვებენ ცრემლდალეული სიტყვები: ვცხოვრობდი ჩუმად და მეც ვატარებდი და განვიცდიდი ერთადერთ და ლამაზ სიყვარულს“ (ევა ჩაკალიდისადმი მიწერილი ბარათებიდან).

- ევა! ის, ვისაც პოეზიაზე უფრო უყვარდი, დღეს შეასრულებს ოდესღაც მოცემულ პირობას, - დაგიცდის „გავერანებულ სიცოცხლის ბნელ სამანებთან“, რომ მიხვიდე მასთან და ერთად იაროთ „დედამიწის სივრცეებამდე...“

- იჩქარე, ევა!... თორემ ღვინო აქარვებს „მთვრალ დარდებსაც...“

***

- მშვიდობით, ნიკო პაპა! მეტად აღარ შეგაწუხებ.

- მაგის სათქმელად დამიძახე?

- მინდოდა მეთქვა, რომ მეც წესების გარეშე წერა მირჩევნია.

- დაგიბეჭდავენ კი?! სევდიანად გამიღიმა პაპა ნიკომ, თვალებში ჩამხედა, თავზე ხელი დამადო, თითქოს კურთხევას მაძლევსო და გაუჩინარდა.

4.6 108. კიკნაძე, ზურაბ. მუდამ სინათლისკენ გამყივარი ძახილი: ნიკო სამადაშვილი. „ბეთანია“

▲ზევით დაბრუნება


// გამარჯვება. - გორი, 1973. - 25 ოქტომბერი. - № 128. - გვ. 3.

პოეტის სიკვდილის მეათე წელს გამოქვეყნდა მისი ლექსების პირველი წიგნი, მცირე კრებული. ახლა ძნელია წარმოდგენა იმისა, თუ როგორ შეხვდებოდა ქართული ლიტერატურის ამ მნიშვნელოვან ფაქტს განსვენებული პოეტი, - წიგნში დაბეჭდილი ბევრი ლექსი ხომ მისი სულის აღსარებაა, უკიდურესად გულახდილი და დაუნდობელი. აქ ვერ ვნახავთ ვერცერთ უფერულ ლექსს, უბრალო საბაბით დაწერილს, უღიმღამოს და არაფრისმთქმელს.

პოეზია არ უნდა ყოფილიყო მისთვის მარტოოდენ „ტკბილ ხმათა“ სიმღერა; ნაღვერდალში, მუდმივ ცხელებაში აქტივობდა მისი სული და შემდეგ მწველ, აფორიაქებულ, ზოგჯერ მოუწესრიგებელ სტრიქონებში რეალიზდებოდა. თუმცა ამ საქმიანობას სინანულის ჟამს „ჯღაბნას“ არქმევდა: „ლექსების ჯღაბნა წამებად გექცა, სჯობდა ვენახის კვალი გებარა, ვის რად უნდოდა ეს თვალთმაქცობა, ნეტავი ქარში გადაგეყარა“. მაგრამ ტრაგიკული სწორედ იმის შეგნება უნდა ყოფილიყო, რომ იგი ვერასოდეს დააღწევდა თავს ამ „თვალთმაქცობას“, რადგან შემოქმედება - თქმის ჟინი - სისხლხორცეული იყო მისთვის, ძვლამდე გამჯდარი („რა ექნა იმას, მგზავრო, მითხარი. ვინც ძვლების ცეცხლი ვერ დაიყოვნა“), იგი თითქოს სხეულის ფორებიდან დენიდა გარეთ სათქმელს, აუცილებელს და ეს იყო მისი ერთადერთი ნუგეში სულის დაამება; გულზე მომშვები კათარზისი. ამ ეზოტერულ საიდუმლოებას შემოქმედებისას თავად ამხელს იგი საკუთარი თავისადმი მიმართულ ლექსში („ნიკო სამადაშვილს“): „ავადმყოფობა ეგონათ ბიჭო, ლექსები ტანზე გამონაყარი“.

ნიკო სამადაშვილი განსაკუთრებული მოვლენაა ქართულ პოეზიაში. პირველ ყოვლისა, უნდა აღინიშნოს მისი ლექსების გარეგანი მხარე, კერძოდ პროსოდიული სახე. მისი ლექსის გამო მოხდენილად თქვეს წიგნის შესავალი წერილის ავტორებმა თ. ჩხენკელმა და ა. სულაკაურმა: „მისი ლექსები მოგვაგონებენ გაუცრელი თიხისგან გამომწვარ ასიმეტრიულ დოქებს, რომელთაც, თუმცა კი ამჩნევიათ კოჟრები და ზოგჯერ მომტვრეული აქვთ ტუჩი ან ყური, მაგრამ პოეზიის ძელგი, შეურყვნელი, მაგარი ღვინით არიან სავსენი“.

საგანგებოდ უნდა ითქვას, რომ სამადაშვილი უპირატესად პოეტი - მხატვარია: მის პოეზიაში სრულიად გამოუვლენელია ყველა დროის ქართული პოეზიისათვის ეგზომ დამახასიათებელი ჰიმნური, ანუ ხოტბური ელემენტი.

პოეტის თვალით დანახული და მისი გეშით განცდილი სოფელი მისი სამშობლოა, ერთი კუთხე ქვეყნიერებისა, დაუვიწყარი ქართლი, უფრო ხშირად ერთი კონკრეტული ლოკალი - ტანას ხეობის ერთი სოფელი, რაიც დიდი სოფლის, წუთისოფლის ხატად არის წარმოსახული.

მაგრამ მანამდე უნდა ვახსენოთ ლექსი „ჩემი სოფელი“, სადაც ერთმანეთს მისდევს საკვირველი პლასტიურობითა და ლაკონიზმით დახატული ყოფითი კადრები, აქ არაფერი უჩვეულო არ მომხდარა (ლექსი მოგონებაა) და არც რამეა უცნაური სანახავი. სურათები სტატიკურია (ზმნა არსად არის ნახმარი), თითქოს ელის მათ გამხსენებელს („უძრავი ტახტი, წალო, ზანდუკი, ფერიცვალობა, საფლავზე ხილი“, „კერძით გასვრილი ჯამი თაროზე და ძველი სახლი წისქვილის წინა“, „მთებზე ზოზინი სოფლის ნახირის, მდინარის გაღმა ვეება ქორი“). მთელი ლექსი გამსჭვალულია შინაგანი „ფათფათით“, ნაღვლიანი სიყვარულით, თუმცა ეს სიტყვა ერთად-ერთხელ არის ნახმარი ლექსის ბოლოს: „როგორ მიყვარდა ჩემი სოფელი, როგორ მინდოდა იქ მოვმკვდარიყავ“.

„უკანასკნელი ქრისტიანები“ „ბეთანია“ მთლიანად გასენილია ტრაგიკული განცდით და ასოციაციებით. რასაც თავად ბეთანიის მიწა ინახავს. იქ მიმავალ პილიგრიმთა ხედვაში იღვიძებს ლეგენდა თუ ისტორია, ტაძრის სანახებს შენივთებული: „ხევში მდინარე შემოგვეფეთა - შეწირულ ბავშვთა ცრემლები იყო“. ამიტომაც „ჩვენ მივდიოდით აღმართზე ერთად, რატომღაც ჩუმად, რაღაც უიღბლოდ“, ისტორია: „აქ დანდობილა გლეხი სახრეზე, აქ შესწრებია ორშაბათ დილას“. ორშაბათში განსაკუთრებული სიმბოლო მარხია, რაღაც ხალხურ ტრადიციული: „კვირაძლის მწუხრზე ჰგავდა ორშაბათს და გულის კვამლი უწვავდა თვალებს“ (ლექსიდან „დაითენთა“); ის ორი სტრიქონი ასე გრძელდება: „ახლაც კი ვამჩნევ ლაშას სახეზე - ჯალალედინის შემოკრულ სილას“, ლაშა - საქართველოს პერსონიფიკაციაა; ჯალალედინი - „საქართველოს უკვდავი მტერი“ და ეს ფრაგმენტი გულისმომკვლელი ლეგენდისა თუ მითისა: „აქ თავის თათით ითხრიდა საფლავს მწყემსდაღუპული სოფლის ნახირი“, რასაც არაორაზროვად ეხმიანება პილიგრიმთა ბედი, „ძლივს ვამშვიდებდით შემკრთალ მაცხოვარს რჯულდაწყვეტილი ექვსი ქართველი“, ამავე დროს, აქ ცხადად გამოსჭვივის სიმბოლიკა კეთილის მწყემსისა და მისი სამწყოსი.

ყველა ამ სასოწარკვეთილ სურათს აბოლოებს შემზარავი სანახაობა, ერთ სტროფში გადმოცემული, რაც სავსებით ავლენს სამადაშვილისეულ თვალს და მანერას წერისას: „მათხოვარი ზის, როგორც ობობა - მყრალ ჯოჯოხეთის მოხდილი პკეა, არც ზღაპარია, აღარც მოთხრობა, ის თითქოს ჩიტებს აუკენკიათ“.

მაგრამ არის სხვა ხილვაც, იმედიანი ასოციაციებით შენივთული, ხილვა მკაცრი და დიდებული დღესასწაულისა ატენის სიონში, რომლის არემარე არაამქვეყნიური შუქით არის განათებული („უფლის ნათელი დაბარბაცებდა გაუთენარი გზების ბოლომდე“) ამ მისტერიულ ღამეს, როდესაც ეს კონკრეტული ლოკალი რაღაც ყოველდროულ ადგილად წარმოუდგება პოეტის თვალს. ეს ადგილი თითქოს ქვეყნიერების ჭიპია, არც მდინარე ტანაა მცირე წყალი, არამედ „სოფლისა წყალნი“ (რუსთაველი) ან იორდანე, ყოველთა მდინარეთა ხატი. ეს ოთხი სტრიქონი, რომელიც მნიშვნელოვანი სიმბოლოებით არის შეძერწილი, მისტიურ შუქში ახვევს ლექსში დახატულ პეიზაჟს და ამბავს, რეალობას გვერდზე გადაანაცვლებს, თითქოს გადასწევს ფარდას, ჭეშმარიტი სურათის დამფარავს; რაც მას მოჰყვება, იმედისა და წყნარი სიხარულის შუქით არის მოქსოვილი: „დრო იყო, როცა ბნელ სასუფეველს მდინარე ტანა ჩაუდიოდა, საიქიოდან წუთისოფელი როგორც მამალი ისე ჰყიოდა“. ამ ზერეალური სურათის მხილველი პირისპირ დგას უაღრესი საიდუმლოების წინაშე - ქვეყნიერების ახალი დღის გათენების, ანუ (რაც იგივეა) ქვესკნელს ჩასული წუთისოფლის მკვდრეთით აღდგომისა. მამალი - მზის სიმბოლო, გათენების მაუწყებელი ფრთოსანი დღევანდლამდე. ძველ ქრისტიანთა თქმულებით მამლის პირველ ყივილზე აღმდგარა ქრისტე, ამიტომაც მამალს ახატავდნენ პირველი ქრისტიანები საფლავის ქვებზე: ჩვეულება გამძლეა და შესაძლოა ჩვენშიც შემორჩენილიყო იგი.

იმის გამო, რომ კონკრეტული ლოკალი განზოგადებულია - კერძოში ზოგადის კონტურები იხილვება, - ატენის სიონიც, მე-7 საუკუნეში აგებული შენობა, ტანას მყუდრო ხეობაში მიყუჟული, ქრისტიანობის პირველტაძრად ანუ აკვნად განიცდება. ამას გვაუწყებს საკვირველი სტრიქონები: „ქრისტემ ბავშვობა აქ გაატარა და ღვთისმშობელი უგვიდა ეზოს“; ტაძრის საკრალური არეა, ღვთისმშობლის მიერ დაგვილ-გაწმენდილი, წმიდა ოჯახის ადგილ-სამყოფელი (ატენის საყდარი, ისევე როგორც ყველა სიონი, ღვთისმშობლის სახელობისაა, „სიონეველი ასულისა“, როგორც გურამიშვილი იტყოდა). ეხ ხილვა ტაძრის ეზოში შემთხვევითი არაა. იგი ღრმად უკავშირდება ბავშვობის წიაღს: ღვთისმშობელი, ვითარცა ხატი ყოველდღიური დედისა, სხვა ლექსში გამოჩნდება, თავის ალტერ ეგოსადმი მიმართულ ლექსში („ნიკო სამადაშვილს“), როგორც გახსენება სამუდამოდ დაკარგული უბიწოებისა: „შენ ძუძუს სწოვდი გაშლილ ალუჩებს და ღვთისმშობელი აკვანს გირწევდა“.

მაგრამ პოეტის მსოფლხედვა არ არის ასე მარტივი და პირდაპირხაზოვანი; განსაკუთრებული რამ ხედვა არ არის საჭირო იმისათვის, რომ კაცმა ამქვეყნად ნათელი და ბნელის დაპირისპირება შენიშნოს; ყველა დროის პოეზია მეტნაკლებად ამით არის გართული. სამადაშვილი არ არის მხოლოდ გარემხედველი. იგი საკუთარი გულის მხილავია და ამავე დროს მამხილებელიც. დაუნდობლობა საკუთარი თავისადმი ზღვარგადაუდებელია, იმდენად, რომ ზოგჯერ თვალით სახილველი. უხეშ - ნატურალისტური სცენა დაგვიდგება თვალწინ: „ვერ გაოკებდი, დაგდევდი კეტით“ - ასე მიმართავს იგი თავის ალტერ ეგოს („ნიკო სამადაშვილს“); რაღაც მეტაფიზიკური უკმაყოფილება საკუთარი თავით ამგვარ საკრამენტალურ სიტყვებს ბადებს: „ძილი წამებად გადამექცა, დედავ! ველი იმ დღეებს რომ გავტრიალდე, ქვესკნელს შემასხი, მარადოისობავ, თუ კიდევ შენსკენ გამოვტრიალდე. ჩემი გაჩენა მიეზღოს ცეცხლად, ვისაც ეს ჩემი იღბალი მართებს. თითქოს ეს გული ამოურეცხავთ ღვიით და სარცხით შიშველ წარმართებს“. რაღაც არაადამიანური სულიერი ტკივილისა ანუ შეურიგებელი სინდისის განცდა ჰქონდა კაცს, რომ ამგვარად დაეწყევლა თავი.

სამადაშვილის ყოველი ლექსი მისი სულიერი აპოკალიფსია, - საკუთარ თავთან ჭიდილისა და მის მიერვე უარყოფილი ქვეყნიერების წინაშე პირისპირ დგომის დოკუმენტი. პირქუშ ხილვებთან ერთად მასში აღნუსხულია მისი შინაგანი ცხოვრების ბევრი ნათელი წამი.

მრავალფეროვანი ქართული პოეზიის ხომლს ნიკო სამადაშვილის ხმაც უერთდება, - ტრაგიკული, მაგრამ მუდამ სინათლისკენ გამყივარი ძახილი.

4.7 109. კოტეტიშვილი, ვახუშტი. ჭეშმარიტი პოეზია

▲ზევით დაბრუნება


// ახალგაზრდა კომუნისტი. - თბილისი, 1973. - 22 მაისი. - № 60. - გვ. 4.

1967 წ. გაზეთ „ლიტერატურულ საქართველოში“, რომელსაც იმხნად რევაზ თვარაძე რედაქტორობდა, დაიბეჭდა ქართველი მკითხველისათვის სრულიად უცნობი პოეტის ნიკო სამადაშვილის (1905-1963 წ.წ.) ხუთი ლექსი. ეს ლექსები გამოაქვეყნა თამაზ ჩხენკელმა და მოხდენილი წერილიც დაურთო, რომ მკითხველისათვის საცნაურეყო უჩინარი პოეტის შემოქმედების ზოგადი სურათი. ხუთივე ლექსი ცხადყოფდა ქართულ ლიტერატურაში სრულიად ახალი პოეტური სამყაროს აღმოჩენას. პოეზიის მოყვარულთა შორის მითქმა-მოთქმა ბევრი იყო, თუმც პრესაში ამ მოვლენას გამოხმაურება არ მოჰყოლია.

და აი, ნიკო სამადაშვილის გარდაცვალების მეათე წლისთავზე გამომცემლობა „მერანმა“ გამოაქვეყნა პოეტის ლექსების კრებული „ბეთანია“. რომელშიც 27 ლექსია შესული. იგი შეადგინა ნიკო სამადაშვილის უკანასკნელი წლების მეგობარმა თამაზ ჩხენკელმა (კრებულს წინ უძღვის მისი და არჩილ სულაკაურის შესავალი წერილი). წიგნის რედაქტორია იზა ორჯონიკიძე.

ნიკო სამადაშვილის შინაგანი სამყარო იმდენად ღრმაა და თავისებური, ისეთი პოეტური ხილვებით განცხადებული, რომ სახელდახელოდ დაწერილ საგაზეთო წერილში ძნელია მისი ღირსეული შეფასება.

ნიკო სამადაშვილი „პროფესიით“ პოეტი არ ყოფილა (ეკონომისტად მუშაობდა), მაგრამ ჭეშმარიტად პოეტად იყო დაბადებული. მის სიცოცხლეში არცერთი ლექსი არ გამოქვეყნებულა. ახალგაზრდობისას 20-30 წლებში ვერ დაბეჭდა, შემდეგ კი როგორც ჩანს აღარც უცდია. საშუალო ტანის, ჭროღათვალება, თმაშეთხელებული, სათვალეებიანი, უაღრესად ენერგიული და სიცოცხლის მოყვარე კაცი ერთი შეხედვით არ ტოვებდა ისეთი შინაგანი ტრაგიზმით დამძიმებული პიროვნების შთაბეჭდილებას, როგორსაც მის პოეზიაში ვხედავთ. გარეგნული „გაორება“ შინაგანი მთლიანობის შენარჩუნების საშუალებას წარმოადგენდა. მას აქვს დაწერილი ერთი საოცარი ლექსი „ნიკო სამადაშვილს“, სადაც ყოველდღიური ცხოვრების მორევში ჩათრეული კაცი თავის არსებაში მბორგავ პოეტურ სულს მიმართავს:

„შენ ჩემში უსტვენ, ვით საყდრის ჩიტი,
შენა ხარ ჩემი ნუგეშის დარი,
სულ კარგად მახსოვს, შენ რომ გამიჩნდი,
გარეთ ძაღლივით ყმუოდა ქარი.
ვერ გიპატრონე მე ლაზღანდარამ,
შენ სხვა მხევალი უნდა გყოლოდა,
ზეცა სივრცეებს აზანზარებდა
და მზე ყვიროდა ქვეყნის ბოლოდან.
შენ გადარებდნენ ბინდების ჭრიჭინს,
თუმცა სულ მუდამ ტოტს გცემდა ქარი,
ავადმყოფობა ეგონათ, ბიჭო,
ლექსები ტანზე გამონაყარი.
ჩემი ძაგძაგი, თრთოლვა და სუსხი
ტანის მერქანში თითქოს ძვლებსა ხრავს,
ღვინომორეულს, ოხშივარასხმულს
ბინაში ბევრჯერ დამიკოცნიხარ...
ლექსების ჯღაბნა წამებად გექცა,
სჯობდა ვენახის კვალი გებარა,
ვის რად უნდოდა ეს თვალთმაქცობა,
ნეტავი ქარში გადაგეყარა,
ქარები უფრო წაიკითხავდნენ,
ჩაბჟირდებოდნენ სადმე სიცილით;
ჩემი ცრემლებით ღამეს ხატავდი
და ბეთანიას მაისის დილით.
ვერ გაოკებდი, დაგდევდი კეტით,
ხან მელეოდა მუხლებში ძალა,
ზარივით გასკდა ამდენი რეკით,
ზედ რომ მამხია ეს თავის ქალა.
ვერ მოგიარე, რა გიყო ძმაო,
ოდნავ შემკრთალი ბუჩქის ჩრდილს ვგავდი
შენ კიდევ მაინც ფიქრში მძუნაობ,129
მე კი ბუწუწიც დამცვივდა დარდით.“

ვფიქრობ, ეს არის ერთი იმ ლექსთაგანი, რომელიც შერჩება ქართულ პოეზიას, იგივე ითქმის მის სხვა ლექსებზეც.

შესაძლოა, ზოგიერთს ნიკო სამადაშვილის ლექსები ქრესტომათიული პოეტიკის თვალსაზრისით გასაჩარხავ-გასაშალიშინებელი ეჩვენოს, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ამ კოჟრიან სიტყვებს მეტი ძალა აქვთ და პირველქმნადობის განუმეორებელი სურნელი. თუ ზოგი პოეტი ფოთოლია პოეზიის დატოტვილი ხისა, ქარში მონანავე და მოშრიალე, ნიკო სამადაშვილი ამ ხის ფესვია - დაკლაკნილი, დაძარღვული, მიწასჩაბღაუჭებული და ჩანესტილი. იქნებ სწორედ ეს არის მიზეზი და დასაბამი მისი უსაზღვრო კოსმიური სივრცეებისადმი ლტოლვისა:

„რა ექნა, იყო ქვა და ზეკაცი,
ვისთვისაც ზეცა დაპატარავდა,
ვისაც არ ჰქონდა სარკმელი მისკენ130
და რიჟრაჟებში შუქს იპარავდა.

***

ვისაც გაუწყდა ლოცვით ილაჯი,
ჩასწვდა ბავშვობა, ყრმობა ვნებული,
ვისაც გრიგალმაც ვერ მოაგლიჯა
წყვდიადი, მკერდზე დამაგრებული.
რა ექნა იმას, ვინც ქვესკნელშიაც
სივრცეებს თვალი ვერ მოარიდა,
ვინც პირქვე ეგდო და სიცოცხლიდან
მერე ვარსკვლავებს გაღმა გაფრინდა.“

ნიკო სამადაშვილის უჩვეულო ხატოვანი აზროვნება მკითხველს აოცებს პოეტური სიმართლითა და განუმეორებელი სიახლის განცდით. აქ ვერსად შეხვდებით გაცვეთილ თქმასა თუ ბანალურ პოეტურ განწყობილებას. მისი მეტაფორული აღქმა ყოველთვის ზუსტია და იმავე დროს, მოულოდნელი; ენა - პოეტური ლექსიკა - მადლიანი და ჭეშმარიტად ხალხური. ამ მხრივ საინტერესოა მისი „ბეთანია“, რომელშიც სამადაშვილისეული პოეტური ხილვები და ლირიკული განცდები უაღრესად თამამი და ძალმოსილი ხატოვანებით არის განცხადებული. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ნიკო სამადაშვილის მიერ აღქმული ქართლის პეიზაჟები, სადაც სინამდვილეს ხშირად მითოსის იერი ეძლევა.

ნიკო სამადაშვილს არასოდეს უღალატია თავისი პოეტური მრწამსისათვის, არასოდეს შეუქმნია ყალბი, „ბრჭყვიალა“, არაფრისმთქმელი ლექსი და არც იმის მთქმელი, რაც მას არ უგრძვნია და არ განუცდია. მისი შემოქმედება თვალნათლივი მაგალითია იმისა, რომ ჭეშმარიტი პოეზია არასოდეს დაიკარგება და ადრე თუ გვიან აუცილებლად ჰპოვებს აღიარებას და ხალხის სიყვარულს.

აქვე მინდა მკითხველებს გავაცნო ის მასალები, რომლებიც ვახტანგ კოტეტიშვილის არქივში დღევანდლამდეა დაცული. ეს გახლავთ ნიკო სამადაშვილის ორი წერილი ვახტანგ კოტეტიშვილისადმი (დაწერილი 1927 წლის 26 სექტემბერსა და 1933 წლის 5 ნოემბერს). ვფიქრობ ეს მასალები ნაწილობრივ მაინც მოჰფენს ნათელს ნიკო სამადაშვილის პიროვნულ პორტრეტს, რომელიც ქართველი მკითხველისათვის დღევანდლამდე ნაკლებად არის ცნობილი.

ნიკო სამადაშვილს ნამდვილი მეგობრობა აკავშირებდა თავისი ყოფილ მასწავლებლებთან ერეკლე ტატიშვილთან და ვახტანგ კოტეტიშვილთან. ერეკლე ტატიშვილის სამარეს, რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, მან დაადო გათლილი ქვა და ამით უკანასკნელი ვალი მოიხადა სულიერი მეგობრის მიმართ. ვახტანგ კოტეტიშვილის სამარე არ იცოდა. სამაგიეროდ მისი შვილებისათვის არ მოუკლია მზრუნველობა და ომის საზარელ დღეებში ხშირად მოევლინა მხსნელად.

მკითხველებს მინდა შევახსენო ისიც, რომ 1934 წელს გამოცემულ ვახტანგ კოტეტიშვილის „ხალხურ პოეზიაში“ შესული ლექსი „ბინდისფერია სოფელი“, „გოგო წყაროს მიდიოდა“ და „სიმღერა ბარვის დროს“ ჩაწერილია სოფელ ხიდისთავში ნიკო სამადაშვილის მიერ.

ქვემოთ წარმოდგენილი წერილები მკითხველს უფრო ნათელ წარმოდგენას შეუქმნის ნიკო სამადაშვილის პიროვნებაზე, ხოლო მისი ადრინდელი შემოქმედების ნიმუშები ნაწილობრივ მაინც შეავსებს ამ უარესად თვითმყოფადი პოეტის შემოქმედებით მემკვიდრეობას.

ბატონო ვახტანგ!

თქვენ ინახულეთ ჩემი შემოქმედება. შეიძლება ეს ჩემი მხრიდან სითავხედეც იყო, რომ ასე მოურიდებლად მოგიტანეთ ლექსების რვეული, რადგან თქვენ ისედაც საკმაოდა ხართ დატვირთული ლიტერატურული მუშაობით. და ეს ყველაფერი გავბედე იმიტომ, რომ მე მინდოდა გამეგო იმ ადამიანის აზრი, რომელიც შემოქმედებაზე ღვთაებრივი ჟინით არის შეყვარებული და რომელსაც სტრიქონების იქით შეუძლია დაინახოს პოეტის სახე, იდუმალი ქარით გადამწვარი - აი მიზეზი ჩემი თქვენთან მოსვლისა.

სტრიქონები ხომ ფანჯრებია პოეტის სამყაროს დასანახავად. არ ვიცი, ჩემმა ფანჯრებმა დაგანახვეს თუ არა ჩემი ნამდვილი გოლგოთა? იქნებ ელამი გამოდგა ის ჩემი შუშაბანდი, რომელსაც უნდა დაენახვებინა ის ადგილები, სადაც შეშინებული ადამიანივით დავიარები... რაც მე ასე მაწვალებს და ღრღნის ჩემს სატიალო სულს. ღრღნის ისე, ბატონო ვახტანგ, რომ ძვლები დამიფუტუროვდა. საჭიროა ერთი ღონიერი გრიგალი, რომ მიწის მტვერივით უფსკრულში გადამიტანოს.

თქვენ უმთავრესად მესაუბრეთ ლექსის ფორმაზე (სტრიქონის გამართვა, რითმა და სხვა...), რაც ჩემთვის თუ არა, ლექსისათვის უმთავრესია. თქვენი დარიგება ჩემთვის დარჩება ერთ-ერთ უმშვენიერეს მოგონებად. თქვენი საუბრიდან დავინახე ის სიმახინჯე, რაც არ ეგუება პოეზიის უნაზეს ბუნებას...

არა ვარ დიდი ჰასაკისა, მაგრამ ისე ვიტანჯები უსაზღვროების საშინელებით და დედამიწის უნუგეშო ხეტიალით, რომ ასე მგონია, რომ მე ვარ წერტილი სადაც თავდება სამყაროს უიმედობა.

სად დავისვენო, როცა მე ქვებისაც მეშინია და ადამიანებისა ხომ უფრო. ხან ისე შემეცოდება ხოლმე ჩემი თავი, რომ ძალაუნებურად უნდა ავტირდე.

მე ვიცი, ჩემი ვულგარული ლექსებით ვერავის მოვწყვეტ ყოველდღიური ყოფიდან. ვერ წავიყვან, იქ სადაც შიშია და იდუმალება. საქართველოს თუმცა პოეზიის ქვეყნად სთვლიან, მაგრამ ჩემი აზრით, თითებზეა ჩამოსათვლელი ის ხალხი, რომელთაც მხოლოდ შემოქმედება ესმით...

პლანეტების გაუვალი ნახირი ხომ მაგიჟებს და შიშით ტანში მაკანკალებს. ვიკარგები, ხანდისხან სადღაც, თითქოს სხვა მსოფლიოში დავდივარ და სანამ არ შევკრთები სადმე, ვეღარ ვბრუნდები...

ხან თითქოს დედამიწა ფეხებიდან მეცლება... ძნელია იმღერო და ილაპარაკო კიდეც... არ ვიცი სად დავისვენებ, თუნდაც ზეზეურად.

მხოლოდ გემუდარები ბატონო ვახტანგ, ჩემი დაახლოება თქვენ სხვანაირად არ მიიღოთ და თუ გაწუხებთ, მაპატიეთ.

ნიკო სამადაშვილი
26/IX - 27 .

P.S. ამ რამდენიმე ხნის წინ, მანამ თქვენთან მოვიდოდი, მიწიშვილს გადავეცი ლექსი დასაბეჭდად. არ ვიცი, დამიბეჭდავს თუ არა, მხოლოდ ეს კი მითხრა: „ყოველი ახალგაზრდა პოეტის შემოქმედებას ეწინააღმდეგებიან, რადგან ეს ჟურნალი მწერალთა კავშირის წევრებისააო“.

. .

***

ბატონო ვახტანგ

დღეს ღამე დავბრუნდი სახლში ჩინოვნიკური „კარიერით“ დაღლილი და გაწვალებული. გზაზე ვფიქრობდი რაღაც სისულელეზე, ვიყიდე საღამოს გაზეთი და დავინახე წერილი «Атенское ущелье». დავინახე და თქვენი გვარიც წავიკითხე.

გამეხარდა, ბატონო ვახტანგ. გამეხარდა, რომ ჯერ კიდევ ყოფილა ხალხი, რომელსაც შესძლებია იმ მშვენიერი მუშაობის დაფასება, რაც თქვენ ატენის ხეობაში ჩაატარეთ. როგორ მიხაროდა, როცა თქვენ იქ საუკუნოების გათხრებს აწარმოებდით და ეძებდით გაქვავებული ფანტასტიკის ჩონჩხებს. და რა გული მიკვდებოდა, როცა ვფიქრობდი, რომ ამ შემოქმედებით არქეოლოგიას არავინ დაგიფასებდა ისე, როგორც ეს საჭიროა ყოველი ცოცხალი ადამიანისათვის. არა, თურმე შემოქმედების გიპნოზი სულ სხვა ყოფილა. ამიტომ მინდა მოგილოცო, ჩემო ვახტანგ, ეს გამარჯვება. გაგიკვირდება ჩემი სიხარული. რა ვქნა, მე არასოდეს არაფერი არ გამხარებია ისე, როგორც ეს პატარა წერილი, იქნებ იმიტომ, რომ ამ სტრიქონებმა - ატენის ხეობაზე - მე მომაგონეს შენი ვაჟა, შენი ყაზბეგი და დიდი ხნის დაკარგული პოეზიის მეგობარი მომატრიალეს ნაცნობ სახეებთან, ჟრუანტელის მომგვრელ ადგილებთან, ვიგრძენი სიხარული, ის, რაც კარგა ხანია, ძვირფასო ვახტანგ, არ განმიცდია. მინდა, რომ დიდხანს იცოცხლო, საყვარელო ვახტანგ. მინდა, რომ დიდხანს უკრავდე და დამღეროდე გრძნეულ ჩონგურზე იმ ლამაზ ზღაპრებს, ლექსებს, ლეგენდებს, რაც ჟამთა სიავეს ზოგი კლდეებში, ზოგი ხნიერი ეკლესიის კედლებზე და ზოგიც უბან-უბან ნაკუწებად მიუნამქრია.

მიიღე ჩემი სიხარული ისე, როგორც მოძღვნილი ლექსი. თუ მალე მოვრჩი ჩემი გავერანებული ცხოვრების დავიდარაბას, მხოლოდ მაშინ გნახავ.

მოკითხვა მეუღლეს, ბავშვებს.
თქვენი ნიკო სამადაშვილი.
5. XI -33 .

_________________

129. სწორია: შენ კიდევ ფიქრში მაინც მძუნაობ,

130. სწორია: ვისაც არ ჰქონდა სარკმელი მზისკენ

4.8 110. „მარადისობის ჩემი უდაბნო“

▲ზევით დაბრუნება


// თბილისი. - თბილისი, 1991. - 15 ნოემბერი. - № 211. - გვ. 4.

ასე ჰქვია ახალ დადგმას, რომელიც მსახიობის სახლში ნიკო სამადაშვილის შემოქმედების მიხედვით წარმოადგინა თბილისის პოეზიის თეატრმა. ახალი თეატრალური სეზონის პირველმა წარმოდგენამ მაყურებლის წინაშე გააცოცხლა კარგა ხნის წინ მივიწყებული პოეტი ნიკო სამადაშვილი. სპექტაკლი დადგა თეატრის ხელმძღვანელმა მიხეილ კინწურაშვილმა, მონაწილეობენ მსახიობები: ეკა ანდრონიკაშვილი, ვალერი კორშია, დიმიტრი ტატიშვილი, გოგა გორგასანიძე, მიხეილ კინწურაშვილი.

4.9 111. სამადაშვილი, მზია. მარადისობის უშრეტი მაძიებელი (ნიკო სამადაშვილი)

▲ზევით დაბრუნება


// კალმასობა. - თბილისი, 2006. - № 4. - გვ. 12.

ყოველთვის, როცა ნიკო სამადაშვილზე ვწერ წერილს, წარმომიდგენია მისი დაღლილი ცისფერი თვალები,რომლებიც თითქოს, გიყვებოდნენ პატრონის ტრაგიკულ ხვედრს, გაუსაძლის გარემოს, რომელშიც ცხოვრობდა და ბობოქრობდა მეოცე საუკუნის დიდი პოეტი. წლების განმავლობაში ფრთხილად ვიხსენებდით მამას, - მის შემოქმედებას - იმისათვის, რომ არ შეებღალათ მისი სახელი. როცა პირველად დაიბეჭდა წიგნი „ბეთანია“ (შეადგინა და გამოსცა თამაზ ჩხენკელმა, რედაქტორი იზა ორჯონიკიძე, გამომცემლობა „მერანი“, 1973) ჩემი მეგობრების წრეში წავიკითხე. ერთი მანდილოსანი ადგა და იკითხა - ნიკოს სიყვარულზე არა აქვს? თან გადაიხარხარა. ეს ხარხარი დღემდე ჩამესმის - ხარხარი დაცინვისა და შეურაცხყოფისა. ამის შემდეგ უფრო ვერიდებოდი ნიკოს ლექსების სადმე მიტანას. მეგობრების ვიწრო წრემ მაინც იცოდა ნიკო სამადაშვილის ფასი და ეს მასულდგმულებდა. პოეტის ლექსები შეიქმნა ბოლშევიკური რეჟიმის პერიოდში, რომელიც მთელი თავისი არსებობის მანძილზე აბუჩად იგდებდა ადამიანს. ამ განუკითხაობის წლებში ამოტივტივდნენ სულმდაბალი ადამიანები, რომელთა „კლანჭებში“ მოექცა ყოველივე ამაღლებული და მათ შორის ლიტერატურის ისეთი სათუთი დარგი, რასაც პოეზია ეწოდება... ამ წლებთან ჭიდილში ნიკო სამადაშვილმა შექმნა არაერთი შედევრი ქართული პოეზიისა - მარადისობის უშრეტმა მაძიებელმა.

მარადისობა და მესაფლავე

„ჭრელი მტრედები კუბოს ასწევენ.
ზარებს დარეკავს მიწების რიგი,
დაუშენს წვიმა და ელვის ეტლი
ცის კრამიტებზე ასტეხავს ხრიგინს.
მოვარდნილ გრიგალს, ფერწასულს, დაღლილს,
ჩემს სიკვდილს კიდევ დაუმალავენ
შორს კი ვარსკვლავზე ზარით ჩაივლის
მარადისობის ყრუ მესაფლავე.
იქ ჭოტი ძახილს წყალში გაურევს,
შეკრთება სადღაც მკვდარი ბუნება,
უკან კი მძლავრად დაიხმაურებს
ათასი ღამის უდაბურება.
როდესაც ყველა იქნება გრილი,
როცა ლოდებიც ვერ დამფარავენ,
წავა და ცისკენ დაიწყებს ტირილს
მარადისობის ყრუ მესაფლავე.“

ხშირად წარმოვიდგენ სურათს, როცა ბატონი ერეკლე და ნიკო საუბრობენ, კამათობენ. მიუხედავად იმისა, რომ პოეტი თაყვანს სცემდა ბატონ ერეკლეს, რომელსაც კაცი-ფასკუნჯი უწოდა, ნიკო წერილში, რომელიც ბატონ ერეკლეს გაუგზავნა სოფელ ნეძვში ასე მიმართავს: „საოცარი ხარ, საოცარი ჩემო ფასკუნჯო, ხან მომთმენი, ხან ბუტია, ხან გზნების დიდი სამრეკლო. ...მე რომ მხატვარი ვიყვე - ფერწერის ოსტატი, შენს პორტრეტებს სულ სხვანაირად დავხატავდი. სადაც დაოსდებოდი ჯერ სიცილით, მერე ტირილით და შეშლილივით დიდხანს, დიდხანს იბუზღუნებდი.

ეს იქნებოდა ორნახადი ადამიანი. ესე იგი ორჯერ გამოხდილი იმ საარყე ქვაბში, ჩვენ რომ გაჩენას, თუ მოსვლას ვუწოდებთ.

...ო, რამდენი ფარდები, რამდენი საფარები, რამდენი ღუღრუტანები. რამდენი ბექობები გააჩნია ამ ცარიელ და უფერულ სიცოცხლეს.

დედა - მარიამ სამადაშვილი იგონებს: ნიკო აღმერთებდა ბატონ ერეკლეს, მაგრამ როცა პოეზიაზე საუბრობდნენ, კამათი იყო მძაფრი. ეს ორი შეუვალი პიროვნება ბობოქრობდა. ერთხელ მოუვიდათ ისეთი კამათი ნიკოლოზ ბარათაშვილზე, რომ გარკვეული დრო უბრად იყვნენ. ამას მოჰყვა ნიკოს წერილი ბატონ ერეკლესადმი და ბატონ ერეკლეს პასუხი. ორივე წერილი გამოქვეყნებულია.

ბატონი ოთარ ჩხეიძე თავის წერილში „ქართული სტილის ძიებაში“ ნიკო სამადაშვილის შესახებ წერს: ნიკო სამადაშვილი ქარიშხალივით შემოიჭრა და ააფორიაქა ოლიმპიური სიმშვიდე სოციალისტური პოეზიისა“.

აფორიაქებას ადვილად ვერ ეგუებოდა მაშინდელი „ელიტარული“ მწერლობა, რომელთაც ხელთ ეპყრათ პოეზიის „აღვირი“. ამიტომ, როცა სიკვდილის წინ მოინდომა ნიკო სამადაშვილმა ლექსების გამოქვეყნება, წინ საოცარი კედელი აღიმართა შურისა და ბოროტებისა. ამას თან დაერთო უმართებულო კრიტიკული წერილი ერთ-ერთი რედაქტორისაგან. ჩემი აზრით, ეს კრიტიკა კი არ არის, ადამიანის გათელვა უფროა. ერთმა რედაქტორმა კი ლექსის გადაკეთება მოსთხოვა. ნიკოსთვის ეს წარმოუდგენელი იყო. მე პატარა ვიყავი, მაგრამ კარგად მახსოვს ნიკო ბოლთას სცემდა და თან იძახოდა: „როგორ გამიბედა ლექსის გადაკეთებაო“. ამ რედაქტორს პოეტმა იუმორით აღსავსე ლექსი უძღვნა, სადაც ასე მიმართავს კომუნისტური იდეოლოგიით გაჟღენთილ რედაქტორს: „მე ჩემი ერი ქვესკნელიდან ამომიყვანს, თქვენ კი კომუნიზმზე დაიმტვრევთ ფეხებს“. ეს ლექსი დაიწერა 1953 წლის ივნისში, მე არ ვაპირებ ამ ლექსის გამოქვეყნებას, რადგან გული არ ვატკინო ადრესატის ოჯახს. ერთმა მწერალმა მიამბო, როგორ მალავდნენ ნიკოს ლექსებს მაშინდელი „ცნობილი“ მწერლები (ეს ხდებოდა 70-იან წლებში, როცა ლექსები ხელნაწერებით ვრცელდებოდა).

ჩემი ბავშვობიდან ველოდი ამაღლებულ წერილს მამის შესახებ. და აი, 1998 წელს ლაშა თაბუკაშვილმა თავის ჟურნალში „XX საუკუნე“ დაბეჭდა მხატვრის და მწერლის თემო ჯაფარიძის ესსე „ღამისთევის პოეზია“. ბატონი თემო წერს: „შეუძლებელია მეოცე საუკუნის ქართულ პოეზიაზე წარმოდგენის შექმნა ნიკო სამადაშვილის პოეზიის გარეშე... არ ვეთანხმები იმ კრიტიკოსებს, რომლებიც ნიკო სამადაშვილის რთულ პოეზიას ვერ ჩასწვდნენ და ამიტომ უხეშობა თუ გაუმართავობა მიაწერეს ლექსების ფორმას“. უმართებულო შეფასებებს მე ამაყად ვხვდები, რადგან თვალწინ წარმომიდგება დიდი ერეკლე ტატიშვილი და ბუმბერაზი გალაკტიონი.

ერეკლე ტატიშვილი: „ნიკო არის დიდი პოეტი არამარტო საქართველოს მასშტაბთ, არამედ ის არის ევროპული სტილის დიდი პოეტი“. გალაკტიონ ტაბიძე: „ნიკო სამადაშვილს. დავრწმუნდი მე თქვენს სიძლიერეში, მომავლისაკენ! წინ! იერიში! 1955 წ. 12 ოქტ.“ ერეკლე ტატიშვილმა შეფასება ოციან წლებში მისცა. ბატონ ერეკლეს და ბატონ გალაკტიონს ხომ ვერავინ დასწამებს იმას, რომ ასეთი შეფასება ვინმემ დაუკვეთა. ესენი ხომ უსპეტაკესი ადამიანები იყვნენ და უდიდესი ავტორიტეტები ლიტერატურაში.

ნიკო სამადაშვილის პოეზიის დიდი მცოდნე გახლავთ ბატონი რამაზ პატარიძე, რომელიც ნიკო სამადაშვილს მეოცე საუკუნის დიდ ქართველ პოეტად მოიხსენიებს.

ბატონმა გურამ დოჩანაშვილმა ნიკოს 100 წლის იუბილეზე წარმოთქვა ამაღლებული სიტყვა: „ნიკოს შემოქმედება ჩვენი გადარჩენისათვის არის უაღრესად საჭირო და გადარჩენილი საქართველო წარმომიდგენია ისეთ ქვეყნად, სადაც ჯეროვნად იქნება დაფასებული ჩვენი ღირსეული ნიკო სამადაშვილი, რომლის პოეზია ჩემთვის არის სასწაული“.

წერილი, რომელმაც ააფორიაქა ჩემი სული არის რეზო სირაძის „მოჰქონდა ჯვარი“ (ნიკო სამადაშვილი) („კალმასობა“ 2005, №6 (88). ბატონი რეზო ნიკო სამადაშვილის პოეზიის შესახებ წერს: „ყველაფერს მსჭვალავს დიდი სიკეთე, რომელიც შეუძლებელია რაიმეს დაექვემდებაროს ან დაემორჩილოს. ის თვითმიზანია. მის ლექსებში ძალზე ხშირია აღსარებანი საკუთარი ურწმუნოებისა და ასეთ შემთხვევაში, იგი მაღლდება ყოველგვარ არტისტიზმზე, გნებავთ თვით პოეტურობაზედაც კი, რადგან მისთვის არსებობს ზესთა-სამყარო, რომელიც თვით პოეტურობაზეც მაღლა დგას. მის ლექსებში ღმერთის ნაცვლად „ღმერთებია“ („ის ღმერთებს იქით გადაფრინდება“). ამით გაცხადებულია, რომ ჩვენ ღმერთს წარმართულად აღვიქვამთ ხოლმე, რომ ჩვენს სულში წარმართობა კვლავ დასაძლევია.

ნიკო სამადაშვილის ლირიკის მიმართებას ნიცშესთან არსებითად განსაზღვრავს პოეტის სახისმეტყველების თავისებურებები.

„წარმართ თვალებზე ქრისტეს წყევლა გქონდა აკრული“... „ღმერთების ჯოგი გოლგოთაზე გელანდებოდა. დასწყევლოს ჭირმა რაღა ნისლებს დაუმეგობრდი“. ეს სიტყვები ნიცშესადმი მიმართვადაც შეიძლებოდა ჩაგვეთვალა.

რაციონალური აზროვნების დაძლევის გზაა მუსიკა, ასეა ნიცშესთან და ასევეა ნ. სამადაშვილის პოეზიაში. ეს საყურადღებო თემაა ნიკო სამადაშვილის პოეზიის გასააზრებლად“.

თითქმის 100 წელი დასჭირდა, რომ ფართო საზოგადოებას ეღიარებინა ნიკო სამადაშვილი როგორც მე-20 საუკუნის დიდი პოეტი. 2005 წლის 23 აპრილს მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში ჩატარდა ნიკო სამადაშვილის დაბადებიდან 100 წლისთავის აღსანიშნავი საიუბილეო საღამო. ამ საღამოს შემდეგ ნიკო თითქოს გაიჭრა და შეუერთდა მარადისობას, რომლისკენაც ასე ისწრაფვოდა მისი ამაღლებული, დიდი პოეზია.

4.10 112. სამადაშვილი, მზია. მოგონებები მამაზე

▲ზევით დაბრუნება


// კალმასობა. - თბილისი, 2004. - ნოემბერი. - № 7. - გვ. 17.

ჩვენს ოჯახში ბუდობენ მოგონებები. ყოველი მოგონება ჩვენი ოჯახის რელიკვიაა, ერთ-ერთი ასეთი მოგონება ეხება დიდ ვახტანგ კოტეტიშვილს, ჩემმა დიდედა ოლღამ გვიამბო: ნიკოს ვახტანგი ჩვენთან პაპანინის ქუჩაზე (ეხლანდელი სარაჯიშვილის) მოჰყავდა ხოლმე. ერთხელ მეფაიტონე ბახჩომ ამოიყვანა ჩვენთან. ბახჩო ნიკოს ერთგული მეფაიტონე გახლდათ, ნიკოს დანახვაზე მისალმების ნიშნად ცხენებს ტორებზე შეაყენებდა ხოლმე. ეს ის ბახჩო იყო, რომელსაც ნიკო ორთაჭალის ბაღებში დაჰყავდა საქეიფოდ, „თავნება ბოჰემა“ (როგორც ნიკოს უწოდებდა მისი უახლოესი მეგობარი, ცნობილი ფიზიოლოგი ქუჯი ძიძიშვილი), თავაწყვეტილი ქეიფობდა, ზოგჯერ რამდენიმე დღესაც გადააბამდა. ამ ბაღებში უქეიფია ცნობილ ბოშა მომღერალთან ლიალია ჩორნაიასთან ერთად, რომელსაც მოსკოვში გამგზავრების წინ ბრილიანტის საყურეები მიართვა საჩუქრად.

ვახტანგის მოსვლას ყოველთვის სუფრის გაშლა მოჰყვებოდა, ასეთი სტუმრობის დროს ნიკოს შემოჰყავდა კარის მეზობელი ბრმა დავით რიკრიკაძე, ძირძველი თბილისელი კაცი, ყოფილი სტამბის მუშა, რომელიც თვითნასწავლი მომღერალიც გახლდათ. ის ასრულებდა ქალაქურ სიმღერებს, ცხვირით ზურნის საოცარ ბგერებს გამოსცემდა. ბატონ ვახტანგს ეს ამხიარულებდა და სიამოვნებით უსმენდა. ძალზე განვიცადეთ ვახტანგის დაპატიმრება, ნიკო ადგილს ვერ პოულობდა, დაიწყებდა ბოლთის ცემას სიგარეტით ხელში და თავისთვის იმეორებდა: რა უყვეს ამ სპეტაკ ადამიანს, მან ხომ ფასდაუდებელი სამსახური გაუწია ქართველ ერს, რისთვის, რაზე? ასე ბობოქრობდა ნიკო ამ შემზარავი ფაქტის გამო.

მე მახსოვს, მამა როგორი სიყვარულით იგონებდა ბატონ ვახტანგს, თავის პირველ ფოლკლორულ ექსპედიციას სოფელ ატენში. სადაც ბატონი ვახტანგი მორიგ ექსპედიციაში იმყოფებოდა ნიკოს შემოუთვალა: სანოვაგე შემოგვაკლდა, მუშები მშივრები მყავს და ამოდიო, ნიკომ ეს დავალება პირნათლად შეასრულა და ურმით დატვირთული სანოვაგით მიადგა თავის უსაყვარლეს მასწავლებელსა და მეგობარს.

მამას გამორჩეული სადღეგრძელოები ჰქონდა. ეს იყო ერეკლე ტატიშვილის, ვახტანგ კოტეტიშვილის, თავისი დაღუპული დის ელენესი და საქართველოსი... ამ სადღეგრძელოებს ისეთი პათოსით წარმოთქვამდა, რომ ხშირად სასმისი ხელში შემოემტვრეოდა, ოჯახში გვქონდა თორმეტი ლამაზი მაღალფეხიანი სასმისი. თერთმეტი საქართველოს სადღეგრძელომ შეიწირა.

როცა მამა ბატონ ვახტანგზე საუბრობდა, განსაკუთრებით აღნიშნავდა მის რაინდულ თვისებებს. ეს ადამიანები რაინდები იყვნენ სამშობლოს მიმართ და ბოლოს ქალბატონების მიმართ. ისინი ქალებს საერთოდ აღმერთებდნენ.

მამას უყვარდა ბატონ ვახტანგის შვილები - ლეილა, მანანა და ვახუშტი. როცა ბატონ ვახუშტის პირველი ბიჭი შეეძინა ვახტანგი დაარქვეს. ნიკოს უხაროდა და დასძენდა. კოტეტიშვილების ჯიშში და ჯილაგში ვახტანგმა უსასრულოდ უნდა იარსებოსო.

პოეტის მეუღლემ მარიამმა მიამბო: ერთხელ ნიკო მივლინებით იყო სადახლოში (როგორც რევიზორი) ერთ-ერთ დუქანში შესულმა ნიკომ დაინახა მაგიდასთან შეკრებილი ახალგაზრდები, რომლებიც ბანქოს ფულზე თამაშობდნენ. ნიკო არ იყო აზარტული მოთამაშე, მაგრამ ბანქოს თამაში იცოდა, ნიკო მიიწვიეს მაგიდასთან სათამაშოდ, ზედიზედ დიდი თანხა მოიგო. მოთამაშეები განცვიფრებულნი შეჩერებოდნენ, ეგონათ თბილისიდან სახელგანთქმული მოთამაშე ჩამოვიდაო. ნიკო ამბობდა, რომ მოთამაშეებს ფერი არ ედოთ, ის მოგებული ფული ნიკოს არ წამოუღია, ისევ იმ მოთამაშეებს დაუტოვა. ასეთი იყო ჩემი მამა - პოეტი და რაინდი.

როდესაც წინდაუხედავად გულს მატკენენ, ვფიქრობ, ჩემი მამა რომ იყოს ცოცხალი, ალბათ დამიცავდა - როგორ შეიძლება ქალის წყენინებაო. მე, როგორც ქალიშვილს, სათუთად მეპყრობოდა ჩემი ორი ძმის ფონზე. მით უმეტეს, რომ ჩემი უმცროსი ძმა ნუგზარი მისი საფიცარი შვილი იყო და განსაკუთრებით ანებივრებდა.

მე მომყავს ნიმუშად ნიკო სამადაშვილის ლექსი „საქართველოს“, რომელიც არ დაუბეჭდეს გაზეთ „კომუნისტში“. იმის გამო, რომ მაშინდელმა რედაქტორმა გიორგი ნატროშვილმა სთხოვა ლექსის გადაკეთება. ნიკომ იუკადრისა ეს საქციელი. მახსოვს როგორ განიცდიდა, ბობოქრობდა და სულ იმეორებდა: როგორ გამიბედა ლექსის გადაკეთებაო. ნიკომ იუმორით აღსავსე ლექსი მიუძღვნა ბატონ გიორგის, რომელიც ასე მთავრდება: „მე ჩემი ერი ქვესკნელიდან ამომიყვანს, ნატროშვილი კი კომუნიზმზე ფეხებს დაიმტვრევს“. ეს იყო ორმოცდაათიანი წლები.

მარტო ის რად ღირს, როცა ბატონმა ოთარ ეგაძემ (ჟურნალ „საბჭოთა ხელოვნების“ რედაქტორი) ნიკოს ურჩია გაეგრძელებინა მუშაობა პროზაში, რადგან ლექსები დაუწუნა.

ალბათ დიდი ერეკლე ტატიშვილი სწორი იყო, როცა ნიკოს არ ურჩევდა ლექსების გამოქვეყნებას იმ პერიოდში, როცა ბოლშევიკური რეჟიმი მძვინვარებდა და სპობდა ყველაფერს ამაღლებულს, სპობდა და ფიზიკურად ანადგურებდა ერის საუკეთესო შვილებს. საოცარია, მაგრამ გალაკტიონ ტაბიძეც არ ურჩევდა ლექსების გამოქვეყნებას: „შენ რომ გამოაქვეყნო შენი პოეზია, შენც გაგრყვნიან ბოლშევიკებიო“.

ზოგჯერ ამეკვიატება რომელიმე მოგონება ჩემი დედის, მარიამ სამადაშვილისა. აი, ერთ-ერთი მოგონება: 1936 წლიდან ჩვენი ოჯახი ცხოვრობდა კვალის ქუჩაზე („იმელის“ შენობის უკან) პატარა ოთახში, რომლის ფართი ცხრა კვ. მ. გახლდათ. ნიკო, როგორც წესი, ღამე წერდა. ჩემს მეხსიერებაში ჩამებეჭდა ერთი საოცარი სურათი, ღამე გამეღვიძა, ნიკოს გავხედე, ის თავის სტიქიაში იყო ჩაფლული. ჩემს შეძახილზე გამოიხედა, მაგრამ ხმა არ გამცა, სახე გაბადრული ჰქონდა, თითქოს ღიმილი დასთამაშებდა სახეზე. მომეჩვენა, თითქოს თავზე ნათელი ადგა.

ვწუხვარ, რომ ნიკო სამადაშვილი ეხლაც მიუღწეველია ფართო საზოგადოებისათვის, ნიკოს წიგნები იყიდება წარმატებით და წლების განმავლობაში არ ჩაწოლილა წიგნის მაღაზიებში, მამას პროზა „შეხვედრები და სინანული“, რომელიც თამაზ ჩხენკელისა და როსტომ ჩხეიძის მეოხებით გამოსცა „მერანმა“ 1995 წელს (დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ბატონ გურამ გვერდწითელს), სწრაფად გაიყიდა, რამდენიმე თვეში და როცა დამჭირდა წიგნები, ერთმა მოხუცმა მამაკაცმა ხელზე მომყიდა, ის მერანთან ახლოს დადიოდა და გამვლელებს სთავაზობდა მამას წიგნს. მე არც შევევაჭრე, ვიყიდე რამოდენიმე ცალი (ყიდდა საკმაოდ იაფად). მოხუცმა გამყიდველმა ასეთი რამ მითხრა: „შვილო, ღმერთმა გაგახაროს, მე პურის ფული არა მაქვს, მაგრამ ნიკოს ფასი კარგად ვიცი - ის არის მეოცე საუკუნის გენიოსი, დაიმახსოვრე ჩემი სიტყვები“. მე ცრემლები მომადგა, მაგრამ არ მითქვამს, რომ მისი შვილი ვარ. ასე დავცილდი ამ გასაოცარ ჩია მოხუცს. ახლა მკითხველს ვთავაზობ 1992 წ. გაზეთ „მაცნეში“ გამოქვეყნებულ მასალას მამას შესახებ:

„გამომცემლობის დარგში მომუშავე კოოპერატივებო და კომერსანტებო, გთავაზობთ იდეას, რომლის ხორცშესხმა, უპირველესად ყოვლისა, სასარგებლო იქნება ქვეყნისათვის, სასარგებლო, სარფიანი და მომგებიანი იქნება თქვენთვის.

საქმე ეხება პოეტ ნიკო სამადაშვილის პოეტურ მემკვიდრეობას, კაცი, რომელმაც მეტეორივით ჩაიქროლა ერის ლიტერატურის ისტორიის კაბადონზე და მიუხედავად იმისა, რომ ლექსების სულ ორადორი მომცრო წიგნი დატოვა, უთვალსაჩინოეს ქართველ პოეტთა მწკრივში ჩადგა. მისი ალალმართალი შემოქმედება უყვარს ქართველ კაცს. იგი, რომ იტყვიან, სანთლით დაეძებს სამადაშვილის წიგნებს, რომლებიც კარგა ხანია ბიბლიოგრაფიულ იშვიათობად გადაიქცა...

საინტერესოა სამადაშვილი, როგორც პოეტი, საინტერესოა, როგორც პიროვნება, ახლა, ამ მცირე წერილში, არც მის შემოქმედებას მიმოვიხილავთ, არც მის ბიოგრაფიას, მაგრამ ერთს კი დავძენთ: სამადაშვილი მთელი მისი ცხოვრება რევიზორ ბუღალტერი იყო, იმიტომ კი არა, რომ დრო არ რჩებოდა ერბინა გამომცემლობებში, უბრალოდ, ამის კაცი არ იყო, არ შეეძლო ეთხოვა ლექსის დაბეჭდვა და მიუხედავად იმისა, რომ გალაკტიონი, გერონტი ქიქოძე, ვახტანგ კოტეტიშვილი, პავლე ინგოროყვა დიდად აფასებდნენ მის ჭეშმარიტ ნიჭს, სიცოცხლეში ნიკო სამადაშვილის არც ერთი ლექსი არ დაბეჭდილა... დღევანდელობა საშუალებას გვაძლევს თუნდაც მცირედით გამოვისყიდოთ დანაშაული პოეტისა და ერის წინაშე, ვისაც ხელი მიგიწვდებათ, დასტამბეთ სამადაშვილის დიდებული ლექსები, გაამდიდრეთ ერის სულიერი სამყარო და ამასთანავე უერთგულეთ პატიოსან კომერციას!“

4.11 113. სირაძე, რევაზ. „მოჰქონდა ჯვარი“: ნიკო სამადაშვილი

▲ზევით დაბრუნება


//კალმასობა. - თბილისი, 2005. - № 6. - გვ. 3-4. - ტექსტი იხ.: სირაძე, რევაზ . ესსეები და თარგმანები. - თბილისი, 2011. - გვ. 54-63.

4.12 114. ქინქლაძე, ზაზა. ნიაღვარიც ვერ გაიყოლებს

▲ზევით დაბრუნება


// ახალგაზრდა კომუნისტი. - თბილისი, 1987. - 19 აპრილი. - № 49-50. - გვ. 7.

საბედნიეროდ, ამ ბოლო წლებში სულ უფრო იკვლევს გზას მკითხველთა გულისაკენ ნიკო სამადაშვილის ერთ დროს დაუმსახურებლად ჩრდილში მყოფი, თავისთავადი, ძალუმი პოეზია. ამის დასტურია ამასწინათ საქართველოს მწერალთა კავშირში გამართული პოეტის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამოც, რომელზეც მრავალრიცხოვან მკითხველთან ერთად ჩვენი მწერლობის გამოჩენილმა წარმომადგენლებმაც მიიღეს მონაწილეობა და კიდევ ერთხელ დასტურყვეს ამ საუცხოო პოეტის დიდი ნიჭი. ამ მხრივ განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს თამაზ ჩხენკელის ღვაწლი, რომელმაც დიდი ამაგი დასდო ნიკო სამადაშვილის შემოქმედების კვლევის, პოპულარიზაციის საქმეს.

ნიკო სამადაშვილი ქართული პოეზიის ის ფიროსმანია, რომლის სახლის ზღურბლსაც მხოლოდ ამას წინათ მიადგნენ ძმები ზდანევიჩები და ლადო გუდიაშვილი. მისი სახელის გამზიანება მხოლოდ ახლა იწყება და ამიტომაც ვიშველიებთ მეორე დიდოსტატის სახელს, თორემ ნიკო ნიკოა და ნიკალა ნიკალაა.

ფიროსმანზე უფრო გაწვალდა იგი ჩრდილში ყოფნით. მხატვარი თუ დუქან-სამიკიტნოებში მაინც აწყობდა თავისებურ გამოფენებს და ამით ოდნავ იამებდა სულს, ნიკო სამადაშვილმა ერთი ლექსის დაბეჭდვაც ვერ მოახერხა. ნიკო სამადაშვილმა, რომელსაც თვით გალაკტიონმა უძღვნა ექსპრომტი:

„დავრწმუნდი მე შენს სიძლიერეში,
გამარჯვებისკენ წინ იერიში!“

სხვა რამითაც ენათესავება იგი ფიროსმანს; მასაც ჰქონდა საიდუმლო ტექნოლოგიის პალიტრა, რომელზედაც სიტყვის საღებავებს საოცარი ფერებით ახამებდა და ჩამოქნიდა, ხშირად ღვინითაც აზავებდა მხატვარივით. მის ლექსებში ხშირად შეგხვდებათ ფიროსმანის რამდენიმე საყვარელი ფერი: იდუმალი შავი, ხალასი მწვანე, მათრობელი ქარვისფერი.

აბა, გაიარეთ მისი ლექსების ხნულში, ფეხის გულები სიცოცხლის წვენით გაჟივებულ მიწასთან ერთად უთუოდ იგრძნობენ ქვა-კენჭების ხორკლსაც, რაც ზოგს, იქნებ, დაუხვეწაობა ეგონოს. არა, ეს სწორედ ის ქვა-ღორღია, რომლის დანიშნულებაც დედაბუნების მიერ ნიადაგში წყლის, ჰაერის, მზის ენერგიის შეტანა და შენარჩუნებაა.

ეს შედარებები საქმის გასაიოლებლად მჭირდება, თორემ ნიკო სამადაშვილი ყველგან და ყოველთვის უსაშველოდ თავითავადია. ავიღოთ თუნდაც თბილისის თემა, ასე ძნელად შესაბედი მასზე შექმნილი შედევრების გამოც:

„რა საჭიროა ჯავარივით ვწერდე მუხამბაზს,
მზეთუნახავნი ბროლის კოშკში მესხდნენ ხიზნებად,
წყეულიმც იყვეს სამუდამოდ ამ ქვეყანაზე,
თბილისო ჩემო, შენს შუქს იქით გამოფხიზლება“.

ჩემი ღრმა რწმენით, არ არსებობს პოეტისათვის პოეტზე უფრო კარგი კრიტიკოსი, რადგან მასავით ალღოიანად არავის ძალუძს იგრძნოს თანამოკალმის სულის მიმოქცევა. ნიკო სამადაშვილი ამ მხრივაც უნიკალურია. - რადგან ბედმა ჩაუკეტა ცხრაკლიტულში ლექსები, ადგა და მათი კრიტიკოსობაც თავად იკისრა. პროზაულ ნაწერებში, რომელიც ბელტებად ქცეული პოეზია უფროა და რომელთა შორის „მეწისქვილე“ ბრწყინვალე შედევრია, თავადვე დაიწყო დაუნდობელი კვლევა. ჩაძირისძირება, ახალი ფერების, ფონების გამოკვეთა, თრთოლვით გვთავაზობს საკუთარი ლექსების ანალიზსაც, რემინსენსიებსაც, თითქოსდა ეშინია ვაი, თუ მკითხველმა ისე ვერ გაიგოს, მე როგორც მინდოდაო. ვერც კი ხვდება, რომ ამით ყველა გზას თავადვე „იჭრის“, შემოქმედება სულაც არ ნიშნავს საკუთარი სულის ცოდნას, ის უმალ სულის გადმოღვრაა. განა არ სჯობს, მკითხველს დაუტოვო საფიქრალ-საოცნებო? რა გულის ამაჩუყებელი, სასტიკი პატიოსნებაა.

იქნებ, ამიტომაც ვერ იცლიდა რიგიანად მკითხველისათვის, არ ასვენებდა მბორგავი სული, გამუდმებული ეჭვით, ფიქრით. ორჭოფობით ღრღნიდა, ბურღავდა საკუთარ წიაღს. ზოგიერთს ამის გამო, შეიძლება ოდნავ ნაწვალებიც მოეჩვენოს მისი ლექსები, მაგრამ ეს - მხოლოდ ერთი შეხედვით.

ნიკო სამადაშვილის კითხვისას გეჩვენება, რომ იგი წარმართებში მოხვედრილი ქრისტიანია, ან პირიქით, ქრისტიანებში მოხვედრილი წარმართია. ყოველ შემთხვევაში, მას ძალიან უყვარს მისტერიულ, კატაკლიზმურ სიტუაციებში მოხვედრა, მრავალ ღმერთთან ურთიერთობა. აბა, გავიხსენოთ: „საწუთროს წვერზე მზე მოსჩანდა როგორც წერტილი და მე მეგონა, ეს ქვეყანა იქ თავდებოდა“, ან „გაღმით უკუღმა ეგდო ქვესკნელი და შიგ სისინი გაჰქონდათ გველებს“, ან „გიჟი ღმერთები დასევიან საწყალ ბეთხოვენს“, ან „მე კი მოვრბოდი დედამიწისკენ, რომ შემეწყვიტა ზარების რეკა“ და ა.შ. ამავე დროს ასეც ხდებოდა:

„მე კი ხვალ ღამით ჩავუხვევ სარდაფს,
მთვრალს ბედთან რაღას დამაღვიძლებენ...
ჩამეცინება და ჭოჭში სადღაც
კვლავ ბეღურები გამაღვიძებენ.“

ღვთაებათა სერობიდან ჩვეულებრივ ლოთობამდე უსწრაფესი დაშვება, ამ საოცრად ადამიანურ უნარს დაუმატეთ მისთვის სისხლხორცეული პასტოლარულიცა და მტკივნეულად ურბანისტულიც, დაუმატეთ ზემგრძნობიარე, იდუმალი ჭვრეტა ყოველივესი, უკიდურესი მოულოდნელობებით აღსავსე მხატვრული აზროვნება, ნედლი, ძარღვიანი, ხალხური ლექსიკა, დაუმატეთ ალმასივით სპეტაკი სულიც, რომელიც უკიდურესად დიდი განცდის ჟამს შეიძლება უეცრად დაიმსხვრეს კიდეც და თქვენ დაახლოებით შეიგრძნობთ ნიკო სამადაშვილის პოეზიას.

დაბოლოს უსაფუძვლო არაა იმათი საყვედურიც, რომლებიც ამბობენ, რომ ნიკო სამადაშვილმა თავის სიცოცხლეში არავითარი გავლენა არ იქონია ლიტერატურული ცხოვრების პროცესზე, რითაც ვინ იცის როგორ დაგვაზარალა, როგორ დაგვიყოვნა ღირებულებათა გადაფასებაო. მაგრამ აი, როგორც იქნა, დადგა ჟამი, როცა უკვე კარგად გამოჩნდება, რა წაირეცხება დროთა მდინარებით და რა დარჩება... მძიმე, კეთილშობილი მინერალების თვისებაა: უთვალავი წლის ღვარცოფში მთავარი ძარღვის ახლომახლო განლაგდებიან, მსუბუქი, უვარგისი ნაშალები კი წყალს მიჰყვება.

ნიკო სამადაშვილის მადანი ქართული მიწის მთავარ ძარღვთან დევს და ვერცერთის ნიაღვარი ვერ გაიყოლებს.

4.13 115. ჩარექიშვილი, თამარ. „შენ დაგიტოვეთ სათქმელად“

▲ზევით დაბრუნება


// წიგნის სამყარო. - თბილისი, 1989. - 12 აპრილი. - № 7. - გვ. 5.

ამ ორმოცი წლის წინათ, გაზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს მე და ჩემს მეუღლეს პროფესორ ლადო დონაძეს გვესტუმრნენ ცნობილი მეცნიერი ერეკლე ტატიშვილი და პოეტი ნიკო სამადაშვილი. როდესაც ჩვენთან სტუმრები მოდიოდნენ, რა თქმა უნდა, მუსიკით ვუმასპინძლდებოდი. დედაჩემი სოფიო ანდრონიკაშვილი, პეტერბურგში აღზრდილი, ძველთაძველ ამბებს გვიყვებოდა, განსაკუთრებით იგონებდა ილია ჭავჭავაძესთან შეხვედრებს, მისი ბიძა იურისტი მიხაკო ანდრონიკაშვილი ილიას განუყრელი მეგობარი იყო. ერეკლე ტატიშვილი და ნიკო სამადაშვილი დიდი ინტერესით უსმენდნენ წარსულის ფაქტებს.

ბატონმა ერეკლემ მთხოვა, რომ ჩემი საყვარელი კომპოზიტორების ნაწარმოებები შემესრულებინა. ყოველთვის მზად ვიყავი ამისათვის, რადგან თავიდანვე საფორტეპიანო ხელოვნების ერთგული ვიყავი. ნიკო სამადაშვილი აქამდე მშვიდად იჯდა და როგორც კი აჟღერებული კლასიკური და რომანტიკული სტილის მუსიკა მოისმინა, მაშინვე შეიცვალა. ვიგრძენი, რომ მუსიკალურმა აზროვნებამ, ლირიული ინტონაციების სახეებმა მასზე ძლიერ იმოქმედეს და ჩურჩული მომესმა, მისი პოეტური ბუნება ამეტყველდა. ბატონმა ერეკლემ გვითხრა: ნიკო რომ ჩურჩულს დაიწყებს, იმას ნიშნავს რომ მუზა „მოუფრინდაო“. ამ დროს ნიკომ ღიმილით შემომხედა და მითხრა: „ცრემლივით ქალი ჰანგების დაფნა, ბედგაცრეცილი ძმათა ბანაკი...“

მაშინ კიდევ უფრო ვიწამე მუსიკის ზეგავლენის ძალა, რომელიც ადამიანთა გრძნობებს ესოდენ აღვიძებს. ერეკლე ტატიშვილმა „ამხილა“ ნიკო სამადაშვილის პოეტური ნიჭი, რადგან მის ლექსებს იცნობდა. ნიკომ წაგვიკითხა ორი ლექსი. შემდეგ მან უეცრად შეამჩნია ჩარჩოში ჩასმული ჩიტის პატარა სურათი, რომელიც თაროზე იდგა. ეს იყო ჩიტი, რომელიც დედამ დამიხატა, როდესაც ექვსი წლისა ვიყავი და რომელიც დღემდე ჩემთან ინახება. როდესაც ამ ჩიტს ვუყურებ, ყოველთვის მაგონდება ნ. სამადაშვილი, რომელმაც თქვა: „სწორედ ასეთი წარმომედგინა ის ჩიტი, რომელიც ჩემთან მოფრინავს და ყურში მიჩურჩულებს. იქნებ ის არის ჩემი მუზა, დღეს თქვენთან რომ ვნახე, ალბათ ახალ ლექსებს შთამაგონებს. ლადო გუდიაშვილს თავის დროზე შვლის ნუკრი სწყალობდა და რატომ არ შეიძლება, მე ჩიტმა მომანიჭოს პოეტური ალღო, მით უმეტეს, რომ მისი იერსახე ასე მომხიბვლელია“.

ბოლოს, ჩვენი შეხვედრა დამთავრდა ჩემს მიერ შესრულებული ბეთჰოვენის „მთვარის სონატით“. ლადო დონაძემ კი, როგორც მუსიკათმცოდნემ, ბეთჰოვენის მუსიკალური აზროვნება დაახასიათა. როცა დაკვრა შევწყვიტე, ნიკომ მკითხა: „დაიღალე?“ მე ვერც მოვასწარი პასუხის გაცემა. ბატონმა ერეკლემ უთხრა: როცა სული აჟღერდება, მაშინ ხელები არ ეღლებათ. თამარი მთელი არსებით ეუფლება ბეთჰოვენის სიბრძნით სავსე ხელოვნებას, ამიტომ არ იღლებაო. როცა ამ სიტყვებს ვიგონებ, მართლაც ვრწმუნდები, რომ მთელი არსებით და სიყვარულით, რწმენით შთაგონებული ხელოვანი არ იღლება, რადგან თავისი სიცოცხლის უნეტარეს წუთებს განიცდის.

შემდეგ ბატონი ერეკლე და ლადო დონაძე განაგრძობდნენ საინტერესო საუბარს, რომელიც ეხებოდა შექსპირის, მიქელანჯელოს, ბეთჰოვენის მიერ მიღწეულ სიმაღლეებს. ამ დროს ნიკო სამადაშვილმა ნაწყენი ტონით თქვა: „რატომ შოთა რუსთაველზე არაფერს ამბობთ, მე მგონია, ის ყველაზე მაღალი მწვერვალია, რომლის სიმაღლე ვერც გაიზომება“. ბატონმა ერეკლემ გაიღიმა და უთხრა: „შენ დაგიტოვეთ სათქმელად, აბა შენ იცი, რასაც იტყვი“.

ნიკოს მიერ თქმულიდან მხოლოდ ეს დამახსომდა. „რუსთაველი - სიბრძნის მთქმელი. სულით წმინდა, როგორც ღმერთი. მიწიერი ჩვენი ერი მან გახადა ბედნიერი“.

ნიკო სამადაშვილმა იმ დღეს პოეტური იმპროვიზაციებით გაგვაოცა.

4.14 116. ჩხენკელი, თამაზ. კაცი და პოეტი : ლიტერატურული ცხოვრება

▲ზევით დაბრუნება


// გამარჯვება. - გორი, 1977. - 30 ივნისი. - № 78 - გვ. 4.

იმას სიკვდილიც არ ჩააცეცხლეს,
კუბოში კიდევ ნატრობდა სიკვდილს...

ნიკო სამადაშვილი... ორმოცდათვრამეტი წლის კაცი მოკვდა ისე, რომ ვერ მოიმკო ჩვენი საზოგადოებისაგან ის დიდი და წრფელი სიყვარულის ნატამალიც კი, რომლითაც მას ქართველი ხალხი და ქართული პოეზია უყვარდა. 1963 წლის მაისში, ძველი მეგობრისაგან შინმიმავალი წაიქცა ქუჩაში. იგი უცხო ხალხმა მიიყვანა საავადმყოფოში, სადაც თავისი ერთგული და სათნო მეუღლის ხელში უგონოდ მყოფი გარდაიცვალა.

ნიკო სამადაშვილს, როგორც პოეტს არ იცნობდა ჩვენი საზოგადოებისა და მწერლობის ზოგიერთი გამოჩენილი პიროვნება. ბევრს სერიოზულად და გულწრფელად მოსწონდა და აფასებდა მის პოეზიას. მის ლექსებს იცნობდა გალაკტიონი, რომელთანაც გულთბილი ურთიერთობები ჰქონდა ნიკო სამადაშვილს.

ნიკო სამადაშვილის სახელი პირველად არჩილ სულაკაურისაგან გავიგე ამ ოცდაათი წლის წინათ. მაშინ ჩვენ ახალგაზრდები ვიყავით და მოგვწონდა მისი ცხოვრების ბოჰემური მხარე, რასაც სხვათა მეშვეობით ვიგებდით. ამავე ხანებში მითხრა ჩემმა მეგობარმა, ნიკო სამადაშვილის რამდენიმე სტრიქონი, რომელიც სამუდამოდ ჩამრჩა ხსოვნაში:

„მათხოვარი ზის როგორც ობობა,
მყრალ ჯოჯოხეთის მოხდილი პკეა,
არც ზღაპარია, აღარც მოთხრობა,
ის თითქოს ჩიტებს აუკენკიათ.“

ჩვენ მაშინვე გაგვაოცა ამ სახეების ბრწყინვალებამ და ორიგინალობამ, თუმცა არ ვიცოდით და არ გვესმოდა მისი ავტორის ტალანტის მთელი სიღრმე და სერიოზულობა.

არასოდეს დამავიწყდება მასთან გატარებული საღამოები, ჩემდამი მამობრივ-ძმური სიყვარული; თუმცა მისი სიყვარული მარტო ჩემზე არ გადმოღვრილა. ის იძლეოდა ბევრს და იმკიდა ცოტას - ასეთი ხვედრი ჰქონდა. მახსენდება მისი უცნაურად თქმული: „მიკვირს რა უჯიგრო ხარ“ და ერთხელ ჩემთან ვითომ შეშფოთებით მოსვლა - კარდიოლოგიურში წამომყევიო.

- რა მოხდა, ბატონი ნიკო! - წამომყევი, უნდა გაგასინჯო გული გაქვს თუ არაო... სულის მობრუნება უნდოდა და პოეზიაზე საუბარი. წყუროდა ეს. გიჟდებოდა. ეს ნაზი სულის კაცი ბუღალტერი იყო და ყოველდღიურ ცხოვრებაში პოეზიისადმი გულგრილ ხალხში ტრიალებდა.

ჩემი მეგობრებიდან არჩილ სულაკაური უყვარდა. გულით მოსწონდა რამაზ პატარიძე, ხშირად მოიკითხავდა ხოლმე ვახუშტი კოტეტიშვილს, რომელზედაც ამაგი აქვს და რომლის მამას სიყვარულით ახსენებდა.

- დიდებული კაცი იყო (სიამოვნებით იგონებდა მასთან პურმარილით დატვირთული ეტლით ასვლას ატენში: თურმე ვახტანგ კოტეტიშვილს შემოეთვალა - ხალხი მყავს სამუშაოდ ატენში და შიმშილით სული გვძვრებაო). მისი დავალებით შეუკრებია ქართლის ფალიკური სიმღერები. ეს ნაშრომი დაიკარგა.

გასათვალისწინებელია აგრეთვე ის გარემოება, რომ ნ. სამადაშვილი არ გაჰყვა პროფესიულ ლიტერატურული ცხოვრების გზას. ამ გზას მან ჩრდილში დარჩენა ამჯობინა. რაც საბედისწერო აღმოჩნდა მისთვის, როგორც პოეტისათვის.

ნიკო სამადაშვილის პოეზიას უცვლელად გასდევს ერთი ძირეული ხილვისაგან მოგვრილი ჩვენება, რომელიც სახეების მრავალფეროვანი ვარიაციით მეორდება. ეს არის ადამიანის, მისი ცხოვრებისეული ხვედრის, სამყაროსა და მისი აზრის გამოშიგნულობის და სიცარიელის ჩვენება. იგი ცხოვრების უფასურობისა და მასში ღრმად ჩახედვის განცდამ დაბადა. თავდაპირველად ეს განცდა ემბრიონულად ვლინდება და მეტნაკლები სიმწვავის დრამატულ სახეებს მოიცავს, მაგრამ ყველგან ჩანს ან იგულისხმება სიცარიელე და სიფუღუროვე: „ტაძარის ფუტურო ქერქში ჭრიჭინებს ვიღაც უძეგლო ხუროთმოძღვარი“.

მე მაქვს ერთი კერძო ხასიათის შენიშვნა. ნიკო სამადაშვილის ლექსებში ხშირად გვხვდება ღვთისმშობელი და დედა. ისინი ზოგჯერ გაიგივებული არიან. ქრისტეს, რომელსაც ასევე ახსენებს პოეტი კოსმიური ღმერთის მნიშვნელობა არსად არ ახლავს. ასეთი ღმერთი, უფრო სწორედ, „ვიღაცა“, მხოლოდ ერთხელ ჩნდება როგორც „ჩაფიქრებული მისანი“, ისიც როგორც ისეთი ვინმე, ვინც სამყაროს გარეთ „ჩაივლის“. მე მინდა ვთქვა, რომ ეს უღმერთოდ დარჩენილი ქვეყანა, რომელიც ნიკო სამადაშვილის პოეზიაში ეკზისტენციალურ შინაარსს იძენს, შესაძლოა, მისი ინტიმური ბიოგრაფიის ექვივალენტს წარმოადგენს პოეტურ პროექციაში, ისევე როგორც - ღვთისმშობლისა და დედის გაიგივება უმანკო ჩასახვის მისტერიისადმი ისეთნაირი ლტოლვის ანარეკლს, რომელიც ქვეცნობიერში დამარხულ რაღაცნაირ მტკივნეულ შეშფოთებას უწყნარებდეს. ამრიგად, გამორიცხული არ არის, რომ მის ლექსებში ფანტასტიკურად ერთიანდებოდეს, ურთიერთს ერწყმოდეს პოეტის, როგორც ადამიანისა და მის მიერ განჭვრეტილი სამყაროს შინაგანი სურათი.

სამყაროს ასეთნაირ ხილვასა და შესაბამის განწყობილებებს, ბუნებრივია, მძაფრი რეაქცია უნდა გამოეწვია და მე ვფიქრობ აქედან მოდის თვითშემუსვრის, სიცოცხლის ზვარაკად გამეტების პირქუში მოტივი, რაც ნიკო სამადაშვილის პოეზიას მსოფლმხედველობრივ განზომილებას აძლევს. „უკანასკნელ ქრისტიანებში“ უკვე გვხვდება სტრიქონები, რომლებიც საზარელი მსხვერპლშეწირვის ჩვენებას აღძრავს:

„ხევში მდინარე შემოგვეფეთა
შეწირულ ბავშვთა ცრემლები იყო.
ჩვენ მივდიოდით აღმართზე ერთად,
რატომღაც ჩუმად, რაღაც უიღბლოდ.
(ანდა) აკლდამის ჭოჭში დახოცილთ ძვლები
ეყარა როგორც მოჭრილი ფიჩხი.“

ნიკო სამადაშვილის პოეზია უთუოდ საპატიო ადგილს დაიჭერს XX საუკუნის ქართულ პოეზიაში. იგი ტიციან ტაბიძის მასშტაბის პოეტია, მაგრამ უფრო თანადროული და მსოფლმხედველობრივი სტრუქტურით უფრო მთლიანი და ღრმა. მისი პოეზიის ფორმისმიერი მასალა ან გარეხედი ფესვეულად ეროვნულია (ეთნიკურიც კი) უმცირეს დეტალებამდე, და იგი სათავეს ხალხური აზროვნების წიაღიდან იღებს, რომელშიც ორგანულად იყო შერწყმული წარმართული კოსმიზმის წარმოდგენები და ქრისტიანული დღესასწაულებისა და ზნეჩვეულებების პათეთიკური სილამაზე; ხოლო შინაარსი უნივერსალური და უაღრესად თანადროულია და ზოგად ხაზებში დასავლეთის ახალ პოეზიას ენათესავება. მთლიანობაში იგი განუმეორებელ შთაბეჭდილებას ჰგვრის მკითხველს, მით უმეტეს, რომ დიდი პოეზიისათვის დამახასიათებელი ორივე ეს ასპექტი, უჩვეულო ორიგინალური მსოფლშეგრძნებით არის აღბეჭდილი. ეს მსოფლშეგრძნება ტრაგიკულ-გროტესკულია და თვალისმომჭრელ სახეებით ცნაურდება.

ნიკო სამადაშვილი თავანკარა ქართულს ფლობდა. მისი ენის მოდულაციები შეუმღვრეველია როგორც ინტონაციურად, ისე სინტაქსურად, ლექსიკა მდიდარი და სურნელებით დაყურსული. იგი იშვიათად ხმარებული სიტყვებისა და ქართლური დიალექტიკიდან შემოტანილი არაერთი მნიშვნელოვანი სიტყვის მეშვეობით განუმეორებელი, თავისებური ელვარების პოეტურ ფრაზებს ჰქმნიდა თავისი უჩვეულო ხილვების საჩინოებისათვის. მისი სიტყვა პირველქმნილობის პოხიერებით სუნთქავს. იგი ხვიფლიანი და ფეროვანია, მაგრამ მოკლებულია კლასიკურ დაკრისტალებასა და რაფინირებას. ეს ყველაზე კარგად მის რაღაცნაირად შეშფოთებულ, დისონანსურად ალუფხულ რითმებში ხდება საცნაური. არის რაღაც ხასიათისმიერი ანგრეულობა, რაღაც შინაგანი მოუწესრიგებლობა მის ლექსებში, რაც ზოგჯერ უცნაურ სიცოცხლისუნარიანობად თუ იმპულსურ ძალმოსილებად განიცდება მკითხველის მიერ. მისი ბევრი ლექსი, მე მაგონებს გაუცრელი თიხისგან გამომწვარ ასიმეტრიულ დოქებს, რომელთაც ამჩნევიათ კოჟრები და ზოგჯერ მომტვრეული აქვთ ტუჩი ან ყური, მაგრამ რომელშიც შეურყვნელი, მაგარი, ძელგი ღვინოა ჩასხმული.

117. ჩხენკელი, თამაზ. მცირე განმარტება: [ნიკო სამადაშვილის ლექსების კრებულისწუთისოფლიდან უკვდავებამდეგამოცემასთან დაკავშირებით] / თამაზ ჩხენკელი, როსტომ ჩხეიძე // ლიტერატურული საქართველო. - თბილისი, 1989. - 22 სექტემბერი. - № 38. - გვ. 16.

რამდენიმე თვის წინ გამომცემლობა „ნაკადულმა“ დასტამბა ჩვენს მიერ შედგენილი ლექსების პატარა კრებული: ნიკო სამადაშვილის „წუთისოფლიდან უკვდავებამდე“.

ის ფაქტი, რომ ამ პატარა კრებულმა თითქმის მთლიანად დაიტია ტრაგიკული ხვედრის მქონე შემოქმედის პოეტური მემკვიდრეობა, უდავოდ თვალსაჩინო ზნეობრივი მაგალითის ძალას იძენს.

ნიკო სამადაშვილი ფსევდოლიტერატურულ ტენდენციებს რომ აჰყოლოდა, იოლად გაითქვიფებოდა საერთო ნაკადში, დაწერდა ბევრს და მდარეს, დაბეჭდვით დაბეჭდავდა, მაგრამ დაჰკარგავდა უჩვეულო პოეტური ხილვების უნარს და ვერაფრისდიდებით ვეღარ მოახერხებდა თავის მხრივაც დაემტკიცებინა ჩვენთვის, რომ სულიერი ავტონომიის შენარჩუნება და მაღალი ეროვნული და ეთიკური იდეალებით ცხოვრება ყოველგვარ გარემოში შეიძლება.

ამიტომაც არის ეს მცირე წიგნი ერთდროულად ლექსების სრული კრებულიც და რჩეულიც: ზნეობრივად უხინჯო და მწვავე სოციალურ კატაკლიზმებზე ამაღლებული.

ზემოთ „თითქმის“ ვახსენეთ, რადგან აღმოჩნდა სხვადასხვა ოჯახში გაბნეული ორიოდე ლექსი და, შესაძლოა, კიდევ რამდენიმეც გამოჩნდეს, მაგრამ კრებულის მოცულობა ამით არსებითად არ გაიზრდება.

ოღონდ საქმე ის გახლავთ, რომ, ეტყობა, წიგნის პატარა ფორმატმა არაერთ მკითხველს თუ პროფესიონალ ლიტერატორს გაუჩინა ის აზრი, რაც უკვე არაერთხელ მოვისმინეთ: „ბარემ ნიკოს პროზაც დაგერთოთ და მისი მხატვრული შემოქმედება ერთ წიგნად თავმოყრილი გამოგეცათ... თორემ პროზა ცალკე როდისღა უნდა გამოიცესო“.

ზოგმა ყურმოკვრით იცოდა ამ თხზულების არსებობა, ზოგსაც წაკითხული ჰქონდა „ლიტერატურის მატიანის“ 7-8 გაერთიანებულ ტომში (1982 წ.) ერთ-ერთი ჩვენგანის მიერ გამოქვეყნებული ეს პროზაული ჩანაწერი.

ეს არ ყოფილა საყვედური, ეს გახლდათ ლიტერატურული ინტერესისა და ნიკო სამადაშვილის შემოქმედებისადმი გამჟღავნებული სიყვარულის გამოხატულება და, ჩვენის მხრივ, ვცდილობდით იქვე, პირად საუბარში განგვემარტა ამის მიზეზი.

ხოლო რადგანაც მოსალოდნელია, რომ მსგავსი აზრი კიდევ სხვებსაც გასჩენოდათ, ალბათ ზედმეტი არ უნდა იყოს ჩვენი განმარტების საჯაროდ გამოტანა.

ჯერ ერთი, ნიკო სამადაშვილი, პირველ ყოვლისა, პოეტია და მკითხველს აუცილებლად უნდა ჰქონოდა ხელთ მისი ლექსების ერთი მთლიანი და დამოუკიდებელი გამოცემა.

და, მეორე და მთავარი:

შეიძლება კი საერთოდ, რომ ნიკო სამადაშვილის ლექსები და პროზა ერთად გამოიცეს?

თითქოს უცნაური კითხვაა, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ამ პროზაული თხზულების აღნაგობასა და შინაარსს, ყველაფერი ნათელი გახდება. მის ორიგინალურ აღნაგობასა და შინაარსზე გარკვეულ წარმოდგენას ქმნის წიგნის ის ნაწილიც, რაც გამოქვეყნებულია. ნაწილი იმიტომ, რომ „ლიტერატურის მატიანეში“ დაბეჭდილია წიგნის ნახევარზე ნაკლები, სხვათა შორის, უსათაუროდ („შეხვედრები და სინანული“) და მიძღვნის გარეშე („ჩემი ცხოვრების სიხარულსა და გულშემატკივარს ერეკლე ტატიშვილის ხსოვნას“).

უბრალო გადაკითხვითაც მკაფიოდ გამოჩნდება „შეხვედრებისა და სინანულის“ ის თავისებურება, რომ პროზაულ თხრობაში ავტორს თავისი ლექსები ჩაურთავს არა ფრაგმენტებად, არამედ თითოეული სრული სახით: არსებითად, ლექსი და პროზა ერთმანეთს ენაცვლება.

ღრმად თუ დავაკვირდებით, ძნელი არ არის მიხვედრა, რომ პირველი ბიძგი, რამაც ნიკო სამადაშვილს ასეთი წიგნის დაწერა შთააგონა, ის უნდა ყოფილიყო, რომ იქნებ ამ გზით მაინც დაებეჭდა ლექსები, რომელთა გამოქვეყნებაზე წლების მანძილზე ამაოდ ოცნებობდა. ოღონდ ისე მოხდა, რომ ჩანაფიქრმა საკმაოდ გამომსახველი ფორმა შეიძინა და საბოლოოდ შეიქმნა ორიგინალური სტრუქტურის თხზულება, სადაც პროზაული ნაწილი მხოლოდ გარეგნულ ფონს კი არ უქმნის ლექსებს, არამედ თავისთავად მხატვრულ ღირებულებებსაც ინარჩუნებს და პოეტის სულიერ ტრაგიზმსაც რელიეფურად გამოჰკვეთს.

როგორც შევიტყვეთ „შეხვედრები და სინანული“ ნიკო სამადაშვილს გამოსაქვეყნებლად ჟურნალ „მნათობის“რედაქციაში მიუტანია. სიმონ ჩიქოვანს მოსწონებია, მოგვიანებით იმასაც ამბობდა ამ ტიპის წიგნი სავსებით უჩვეულოა ჩვენს მწერლობაშიო, მაგრამ ისე მომხდარა რომ ცალკეული შენიშვნები მიუცია ავტორისათვის. იმას კი წიგნი აუღია და წაუღია, რედაქციაში მეტად აღარ გამოჩენილა... ეტყობა ძალიან ამაყი კაცი ყოფილაო, უთქვამს სიმონ ჩიქოვანს...

„შეხვედრებისა და სინანულის“ მხატვრულ ღირსებებზე აქ სიტყვას არ გავაგრძელებთ. ეს ყველაფერი იმის ნათელსაყოფად დაგვჭირდა, რომ ნიკო სამადაშვილის პროზაულ თხზულებაში მისი პოეტური მემკვიდრეობის ნახევარია შესული.

როგორც ჩანს, ეს თხზულება არ არის დამთავრებული, რასაც გვაუწყებს ბოლოში მინაწერი: „პირველი წიგნის დასასრული“. მოსალოდნელია, რომ ჩაფიქრებულ მეორე წიგნში ლექსების ის დარჩენილი ნახევარი შესულიყო.

ასეა თუ ისე, გვერდი გვერდ ლექსებისა და პროზაული თხზულების დაბეჭდვა უთუოდ გამოიწვევს უხერხულობას. ერთი და იგივე ლექსი ერთ წიგნში ორჯერ ხომ არ დაიბეჭდება. თუ პროზაულ თხზულებას გამოაკლდება და იქვე მიეთითება, ესა და ეს ლექსი ამა და ამ გვერდზეა წიგნში დაბეჭდილიო, „შეხვედრების და სინანულის“ ორიგინალური სტრუქტურა მთელს თავის მომხიბვლელობას დაჰკარგავს. თვითონ ლექსებს გამოაკლდეს ნახევარი და წიგნის პოეტური ნაწილი ძალზე მკრთალი გამოჩნდება, მითუმეტეს, რამდენიმე შესანიშნავი ლექსის გარეშე დარჩენილი.

ასე რომ, ნიკო სამადაშვილის ლექსებისა და პროზაული თხზულების ერთ წიგნად გამოცემა გაუმართლებელი იქნებოდა და იქნება, მათი დასტამბვა მხოლოდ ცალ-ცალკე შეიძლება.

„შეხვედრები და სინანული“ მზად გვაქვს დასაბეჭდად და შევეცდებით სრული სახით, რაც შეიძლება, მალე გავაცნოთ მკითხველს.

ამასთან: ვაპირებთ ლექსების ხელახალ გამოცემასაც (ის ორიოდე ლექსიც მიემატება) პირად წერილებთან ერთად. ხელთ გვაქვს პირადი წერილების გარკვეული რაოდენობა, მაგრამ ჩვენი თხოვნაა თუკი ვინმეს ოჯახში ინახება ნიკო სამადაშვილის თუნდ ერთი ბარათი, იქნებ მოგვაწოდოს გაზეთ „ლიტერატურული საქართველოს“ რედაქციის მისამართზე რითაც ძალიან დაგვავალებს.

4.15 118. ჩხენკელი, თამაზ. ნიკო სამადაშვილი

▲ზევით დაბრუნება


// ლიტერატურული საქართველო. - თბილისი, 1967. - 28 ივლისი. - № 30 - გვ. 3. 1075

ნიკო სამადაშვილი (1905-1963) ისე გარდაიცვალა, რომ არც ერთი თავისი ლექსი დაბეჭდილი არ უნახავს. ახლა ძნელია იმის თქმა, თუ რატომ მოხდა ასე. ფაქტი ის არის, რომ ახალგაზრდობაში მას არ უცდია გამოსულიყო ლიტერატურულ ასპარეზზე, როგორც პროფესიონალი პოეტი, ხოლო შემდეგ ამ გზით მეცადინეობისას დაბრკოლებას წააწყდა, რაც ნაწილობრივ მისი პოეზიის მძაფრად დრამატულმა ტონმაც განაპირობა.

ნიკო სამადაშვილის პოეტურ ხილვათა პირველსახეს განსაზღვრავს მისი ბიოგრაფიის ინტიმური მხარე, რომელიც ზოგჯერ მძიმე შთაბეჭდილებათა შემცველიც იყო. უკანასკნელ ხანს პოეტი ცდილობდა გადაელახა ის დაბრკოლებები, რომლებიც მას ხალხის დიდ აუდიტორიას აშორებდა. და ეს ასეც მოხდებოდა, სიკვდილს რომ არ მოესწრო.

ნიკო სამადაშვილის თავისთავადი და ღრმად ეროვნული მსოფლგანცდა სათავეს იღებს ვაჟა-ფშაველას ლირიკული ხილვებისა და ხალხურ-მითოსური აზროვნების წიაღიდან, რომელშიც ორგანულად არის ჩაწურული წარმართული კოსმიზმის წარმოდგენები და ქრისტიანული დღესასწაულის პათეტიკური სილამაზე, თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ მისთვის სავსებით უცხოა რელიგიური ჭვრეტით აღბეჭდილი მსოფლშეგრძნება. პოეტი მსუყე რეალისტური ფერებით ხატავს ქართლის პეიზაჟებს და მათ ფონზე პოეტურ სახეებს ხშირად უჩვეულო გროტესკულობით წარმოგვიდგენს. ნიკო სამადაშვილის სიტყვა ხვილფიანი და ფერადოვანია. იგი მოკლებულია კლასიკურ დაკრისტალებასა და რაფინირებას, რაც იმპულსურ ძალმოსილებად განიცდება ხოლმე მკითხველის მიერ. მისი ლექსები მე მაგონებს გაუცრელი თიხისგან გამომწვარ ასიმეტრიულ დოქებს, რომელთაც, თუმცა კი ამჩნევიათ კოჟრები და ზოგჯერ მომტვრეული აქვთ ტუჩი ან ყური, მაგრამ რომლებშიც პოეზიის შეურყვნელი, მაგარი ღვინოა ჩასხმული.

4.16 119. წუთისოფლიდან უკვდავებამდე:

▲ზევით დაბრუნება


[ნიკო სამადაშვილის ლექსების პირველი სრული კრებულის გამოცემის გამო] // ლიტერატურული საქართველო. - თბილისი, 1989. - 26 მაისი. - № 21. - გვ. 12.

გამომცემლობა „ნაკადულმა“ დასტამბა ნიკო სამადაშვილის ლექსების პირველი სრული კრებული „წუთისოფლიდან უკვდავებამდე“.

ამ წიგნის გამოცემა ჩვენი ლიტერატურული ცხოვრების უდავოდ მნიშვნელოვანი ფაქტია.

წინასიტყვაობაში ზურაბ კიკნაძე წერს: „ახლა ძნელია წარმოდგენა იმისა, თუ როგორ შეხვდებოდა ქართული ლიტერატურის ამ მნიშვნელოვან ფაქტს განსვენებული პოეტი, - წიგნში დაბეჭდილი ბევრი ლექსი ხომ მისი სულის აღსარებაა, უკიდურესად გულახდილი და დაუნდობელი. აქ ვერ ვნახავთ ვერც ერთ უფერულ ლექსს, უბრალო საბაბით დაწერილს, უღიმღამოს და არაფრისმთქმელს...

სამადაშვილის ყოველი ლექსი მისი სულიერი აპოკალიფსია, - საკუთარ თავთან ჭიდილისა და მის მიერვე უარყოფილი ქვეყნიერების წინაშე პირისპირ დგომის დოკუმენტი. პირქუშ ხილვებთან ერთად მასში აღნუსხულია მისი შინაგანი ცხოვრების ბევრი ნათელი წამი.

მრავალფეროვანი ქართული პოეზიის ხომლს ნიკო სამადაშვილის ხმაც უერთდება -ტრაგიკული, მაგრამ მუდამ სინათლისკენ გამყინავი ძახილი“.

კრებულს დაერთვის პოეტის ბიოგრაფიული ცნობები.

შემდგენელ-რედაქტორები არიან თამაზ ჩხენკელი და როსტომ ჩხეიძე.

4.17 120. ჯავახიშვილი, დავით. ნიკო სამადაშვილის ლექსები

▲ზევით დაბრუნება


// ლიტერატურული საქართველო. - თბილისი, 1973. - 25 მაისი. - № 21. - გვ. 3.

ჯერ კიდევ 1967 წელს, გაზეთ „ლიტერატურულ საქართველოში“ დაბეჭდილი რამდენიმე ლექსის წყალობით, ქართული პოეზიის მოყვარულთათვის ცნობილი გახდა კიდევ ერთი ახალი და უდავოდ საინტერესო სახელი - ნიკო სამადაშვილი.

მას შემდეგ ექვსი წელი გავიდა და აი, ამჟამად პოეტის გარდაცვალების ათი წლისთავზე საშუალება მოგვეცა ხელმეორედ და შედარებით უკეთ გავცნობოდით რაოდენობრივად არცთუ მდიდარ მის პოეტურ მემკვიდრეობას.

გამომცემლობა „მერანის“ მიერ დასტამბულ პატარა კრებულს „ბეთანია“ ეწოდება; იგი სულ 27 ლექსისგან შესდგება, რომელთაც წინ უძღვის თამაზ ჩხენკელისა და არჩილ სულაკაურის წინასიტყვაობა. ამ წინასიტყვაობის მეოხებით ჩვენ ვიტყობთ ორიოდ უკიდურესად ძუნწ ცნობას პოეტის ბიოგრაფიიდან: დაბადებულა 1905 წელს, გარდაცვლილა 1968-ში, ისე „რომ არც ერთი თავისი ლექსი დაბეჭდილი არ უნახავს“. დასასრულს, წინასიტყვაობის ავტორები წერენ: „მისი ლექსები მოგვაგონებენ გაუცრელი თიხისაგან გამომწვარ ასიმეტრიულ დოქებს, რომელთაც თუმც კი ამჩნევიათ კოჟრები და ზოგჯერ მომტვრეული აქვთ ტუჩი ან ყური, მაგრამ პოეზიის ძელგი, შეურყვნელი, მაგარი ღვინით არიან სავსენი“.

ჭეშმარიტად!

ძნელია რამე დაუმატო სავსებით კომპეტენტურ პირთა მიერ ნიკო სამადაშვილის თვითმყოფადი შემოქმედების ესოდენ გულთბილ და ხატოვან შეფასებას, მაგრამ კიდევ უფრო ძნელია თავის შეკავება ცთუნებისაგან და სულ აღარაფრის თქმა მასზე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ წერილის ერთადერთი მიზანი შთაბეჭდილების გაზიარება გახლავთ და არავითარი სხვა პრეტენზია მას არ გააჩნია:

„შენ ჩემში უსტვენ, ვით საყდრის ჩიტი,
შენა ხარ ჩემი ნუგეშის დარი,
სულ კარგად მახსოვს, შენ რომ გამიჩნდი.
გარეთ ძაღლივით ყმუოდა ქარი.“

(„ნიკო სამადაშვილს“)

ასე მიმართავს ნიკო სამადაშვილი თავის არსებაში ერთხელ და სამუდამოდ ჩასახლებულ პოეტს. და ამ მშვენიერი სტროფის პირვესალავე სტრიქონს მკითხველი პირდაპირ შეჰყავს მისი პოეზიის ბინდით სავსე სადა საყდარში. ხატების წინ მდგარი სანთლებივით ციმციმებენ აქ განუმეორებელი მხატვრული სახეები, ვიწრო სარკმლიდან შემოფრენილი ჩიტის ნაღვლიანი და მონოტონური სტვენა არღვევს აქაურ მყუდროებას (ეს სამადაშვილისეული ლექსის მუსიკაა), და თუმც ამავე სარკმლით მზის შუქიც იჭრება ხანდახან და წამით აცისკროვნებს ჩაბნელებულ თაღებსა და კუთხე-კუნჭულებს, მაგრამ ეს მზე, სამწუხაროდ, მხოლოდ მკვდრის მზეა. რატომ არის ასე, ჩვენ არ ვიცით. მაგრამ ცხადია, უმიზეზოდ არ უნდა იყოს.

ასეა თუ ისე, „პოეტური საყდარი“ დგას და ძნელია მის წინაშე გულგრილად ჩავლა, პირველად ნანახ ჩუქურთმებს ჰგავს ეს სტრიქონები:

„ვერ გიპატრონე მე ლაზღანდარამ,
შენ სხვა მხევალი უნდა გყოლოდა.
ზეცა სივრცეებს აზანზარებდა
და მზე ყვიროდა ქვეყნის ბოლოდან.
შენ გადარებდნენ ბინდების ჭრიჭინს,
თუმცა სულ მუდამ ტოტს გცემდა ქარი,
ავადმყოფობა ეგონათ, ბიჭო,
ლექსები ტანზე გამონაყარი.“

(„ნიკო სამადაშვილს“)

ან კიდევ:

„დრო იყო, როცა ბნელ სასუფეველს
მდინარე ტანა ჩაუდიოდა,
საიქიოდან წუთისოფელი,
როგორც მამალი ისე ყიოდა.

***

ჩუქურთმებს ტაძრის ბანი აეპყროთ,
ელავდა მთვარე - ქურუმთა ოდა,
მოჰქონდათ ჯვარი, ჭაღები ენთო
და დანახვისზე ჭოტი კიოდა.“

(„ატენის სიონი“)

მე არ ვეცდები დავასახელო ნიკო სამადაშვილის ამა თუ იმ ლექსის ღირსება, მითუმეტეს - ვერ ავხსნი ცალკეული სტრიქონის მკითხველზე ზემოქმედების განსაცვიფრებელ ძალას, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ძალა, მაგიური და მხოლოდ ჭეშმარიტი პოეზიისათვის დამახასიათებელი, ნიკო სამადაშვილის თითქმის ყველა ლექსში ცოცხლად იგრძნობა. მხოლოდ რამდენიმე ადგილზე მინდა შევაჩერო და საგანგებოდ გავამახვილო მკითხველის ყურადღება.

„ერთი მათგანი ადრე უკვე მოვიშველიე:
ზეცა სივრცეებს აზანზარებდა
და მზე ყვიროდა ქვეყნის ბოლოდან.“

(„ნიკო სამადაშვილს“)

ამ სტრიქონების წაკითხვისთანავე გონების თვალწინ თითქოს ბიბლიური მასშტაბების სივრცე იშლება და ისეთი ყრუ და საგანგაშო განცდები იწყებენ სულის სიღრმეში უმწეოდ ფართხალს, როგორიც მხოლოდ წარღვნის ძალის რაიმე მოვლენას თუ შეუძლია გამოიწვიოს ადამიანში.

აი, კიდევ ერთი:

„...ისეთი გზნებით რეკდი დიდ ზარებს,
როგორც ხატისგან შეშლილი მნათე.“

(„გენია და სამრეკლო“)

ეს სტრიქონი მხატვრული თვალსაზრისით იშვიათად ტევადი მეჩვენება და ჩემთვის იგი ერთი მშვენიერი ნოველის ფასია:

და კიდევ:

„სამრეკლო აშლის მთვლემარე მტრედებს...“

(„დამშვიდობება და სინანული“)

სიცოცხლით სავსე სურათია: სიჩუმეს უეცრად არღვევს ჯერ ზარის პირველი შემოკვრის მოგუდული ხმა, შემდეგ კი უთვალავი წყვილი ფრთის შრიალი; მერე უკვე მკაფიოდ ჩანს, როგორ მიიწევს თანდათანობით მაღლა-მაღლა, ღრუბლებისაკენ. მშვენიერია! ხოლო ნამდვილი პოეზიის ერთ-ერთი დანიშნულებაც ხომ სწორედ ეს არის: დაგანახოს და გაგრძნობინოს მშვენიერება.

აღნიშვნის ღირსია ნიკო სამადაშვილის კალმით დახატული სოფლის იდეალური სურათები:

„ჭოტის ქოქოლა, ჩვენ ცაცხვის თავზე,
ჭრაქის კიაფი, საქონლის ფშვინვა,
კერძით გასვრილი ჯამი თაროზე
და ძველი სახლი წისქვილის წინა.“

(„ჩემი სოფელი“)

წაიკითხავ და სოფლის საღამოს სანატრელი მყუდროება მომთენთავ სითბოდ ჩაგეღვრება სულში.

ორიგინალურია და გაუცვეთელი ცალკეული მეტაფორები, ხოლო ეს არც თუ ისე ცოტას ნიშნავს. „გვრიტის ფრთებივით მოჭედილი ჭალა“, „მკათათვის ფუნჯით ნახატი წლები“, „ვარსკვლავნი ისე მოჩანდნენ ღამე, თითქოს ზეცა ჩრჩილს ამოეჭამა“, „სვეტიცხოველი ზურგით ზიდავდა თუნგში ჩამოსხმულ ქოთქოთა არაგვს“, „ჩანდა ბინდების გრძელი ორღობე“, „და კიაფობდნენ შორს ვარსკვლავები - მარადისობის ჭუჭრუტანები“, მოკლედ, რომელი ერთი დავასახელო.

ნიკო სამადაშვილის პოეზია, რა თქმა უნდა, არ არის უხინჯო, მაგრამ ამ საკითხს აქ განზრახ მინდა გვერდი ავუარო. მჯერა, ბევრი რამ ითქმება და დაიწერება ამ თავისებური და საინტერესო პოეტური სამყაროს შესახებ და მისი თითოეული ნაკლი და ღირსება სათანადო კრიტიკული სიზუსტით იქნება აწონილი და შეფასებული. მე კი, წერილის დასასრულს, ლექსების მოყვარული მკითხველის სახელით მსურს გულითადი მადლობა ვუძღვნა გამომცემლობა „მერანს“ და ყველა იმ პირს, ვინც ძალ-ღონე არ დაიშურა იმისათვის. რათა „პოეზიის შეურყვნელი, მაგარი ღვინით სავსე“ ამ პატარა წიგნს, ჩვენდა გასახარად, დღის შუქი ეხილა.

5 პირთა საძიებელი

▲ზევით დაბრუნება


აბაშელი, ალექსანდრე

აბაშელი, ალექსანდრე (მასზე)

აბაშიძე, გრიგოლ (მასზე)

აბაშიძე, ვასო (მასზე)

აბაშიძე, ირაკლი (მასზე)

აბაშიძე, კიტა (მასზე)

აბზიანიძე, ზაზა

აბზიანიძე, ზაზა (მასზე)

აბო თბილელი (მასზე)

აბულაძე, ილია (მასზე)

აგიაშვილი, ნიკა (მასზე)

ადამია, რეზო

ადამია, რეზო (მასზე)

ავრელიუსი, მარკუს (მასზე)

ალავიძე, დათიკო (კურკა) (მასზე)

ალექსიძე, დიმიტრი (მასზე)

ალიბეგოვი (მასზე)

ალიმბარაშვილი, იოსებ

ალიხანაშვილი, თ. (მასზე)

ალხაზიშვილი, გივი (მასზე)

ამანათაშვილი, მარიამ ნიკოლოზის ასული

ამანათაშვილი, მარიამ ნიკოლოზის ასული (მასზე)

ამაღლობელი, რატი (მასზე)

ამაშუკელი, რეზო (მასზე)

ამბრიაშვილი, ირინე (მასზე)

ამბრიაშვილი, მათიკო (მასზე) - იხ.: მაისურაძე, მათიკო

ამბრიაშვილი, ნინო (მასზე)

ანასაშვილი, თინათინ

ანასაშვილი, თინათინ (მასზე)

ანდრიაშვილი, აკაკი (მასზე)

ანდრონიკაშვილი, ეკა (მასზე)

ანდრონიკაშვილი, მიხაკო (მასზე)

ანდრონიკაშვილი, სოფიო (მასზე)

ანდღულაძე, თ. ლ. (მასზე)

ანდღულაძე, თამარ (მასზე)

ანტონოვი, ზურაბ (მასზე)

ანფიმიადი, დიანა

არაბული, ამირან

არგანაშვილი, გია

არისტოტელე (მასზე)

არჯევანიძე, ნათია

ასათიანი, ლადო (მასზე)

ასათიანი, ლევან (მასზე)

ატრიანი, ვართან (მასზე)

აფხაიძე, პ. მ. (მასზე)

ახვლედიანი, გიორგი (მასზე)

ახლოური, დავით

ბაბუაძე, ივანე სერგის ძე (მასზე)

ბაბუნაშვილი, ილია

ბაირონი, ჯორჯ გორდონ (მასზე)

ბაკუნინი, მიხეილ ალექსანდრეს ძე (მასზე)

ბალზაკი, ონორე დე (მასზე)

ბალიაური, ლადო (მასზე)

ბარათაშვილი, გურამ (მასზე)

ბარათაშვილი, ნიკოლოზ (მასზე)

ბარათელი, ლიკა (მასზე)

ბარამიძე, ალექსანდრე (მასზე)

ბარანოვი, ხარლამპი (მასზე)

ბარბაქაძე, თამარ

ბარბაქაძე, ლალი

ბარბაქაძე, ცირა

ბარნოვი, ვასილ (მასზე)

ბასილაძე, ნოდარ

ბაქრაძე, გ. ს. (მასზე)

ბახი, იოჰან სებასტიან (მასზე)

ბახჩო (მასზე)

ბახტინი, მიხეილ (მასზე)

ბეგიაშვილი, სანდრო (მასზე)

ბეთჰოვენი, ლუვიგ ვან (მასზე)

ბელიაშვილი, აკაკი (მასზე)

ბელინსკი, ბესარიონ (მასზე)

ბენაშვილი, გურამ

ბენაშვილი, გურამ (მასზე)

ბეჟიტაშვილი, თინა (მასზე)

ბერია, ლავრენტი (მასზე)

ბერიკაშვილი, ლევან (მასზე)

ბერიტაშვილი, მიხო (მასზე)

ბერიძე, ო.

ბესიკი (გაბაშვილი ბესარიონ ზაქარიას ძე) (მასზე)

ბიგანიშვილი (მასზე)

ბობოხიძე, კ. (მასზე)

ბობღიაშვილი, ადამ

ბოდლერი, შარლ პიერ (მასზე)

ბოდრიარი, ჟან (მასზე)

ბორენა, დედოფალი (მასზე)

ბოტკოველი ზაალ

ბუაჩიძე, ანდრო

ბუაჩიძე, თამაზ (მასზე)

ბულგაკოვი, მიხეილ (მასზე)

ბუნინი, ივანე (მასზე)

ბჰავად გიტა (მასზე)

გაბარაშვილი (მასზე)

გაბაშვილი, ალექსანდრე რევ. ძე (მასზე)

გაბაშვილი, ბესარიონ ზაქარიას ძე - იხ.: ბესიკი

გაბაშვილი, ეკატერინე (მასზე)

გაბაშვილი, სოსო (მასზე)

გაგუა (მასზე)

გაგუა, სიმონ (მასზე)

გამსახურდია, ზვიად (მასზე)

გამსახურდია, თამარ (მასზე)

გამსახურდია, კონსტანტინე (მასზე)

გამყრელიძე, ალექსანდრე (მასზე)

გარაშვილი, იოსებ (მასზე)

გარვინი, ი. (მასზე)

გარსევანიშვილი (მასზე)

გაფრინდაშვილი, ვალერიან (მასზე)

გაფუროვი, ა. გ. (მასზე)

გაჩეჩილაძე, დავით (მასზე)

გეგეჭკორი, გივი (შემდგ.)

გეგეჭკორი, გივი (მასზე)

გელაშვილი, მანანა

გელაშვილი, მანანა (მასზე)

გელაშვილი, ნაირა

გელაშვილი, ნაირა (მასზე)

გელოვანი, მირზა (მასზე)

გელოვანი, ცირა (მასზე)

გვერდწითელი, გურამ (მასზე)

გვეტაძე, ვასილ (ვასო) (მასზე)

გვეტაძე, რაჟდენ (მასზე)

გვირჯიშვილი, მარიამ

გიორგი (გიორგი მხეიძე) (მასზე)

გიორგი III (მასზე)

გოგებაშვილი, იაკობ (მასზე)

გოგია, ხათუნა

გოგიაშვილი, ნინო

გოგოჭური, ნიკო (მასზე)

გოეთე, იოჰან ვოლფგანგ ფონ (მასზე)

გოთუა, ლევან (მასზე)

გომართელი, გ.

გომიაშვილი, ალექსანდრე (მასზე)

გონაშვილი, ჰამლეტ (მასზე)

გონჯილაშვილი, ნანა

გორგასანიძე, გოგა (მასზე)

გორკი, მაქსიმ (მასზე)

გრანელი, ტერენტი

გრანელი, ტერენტი (მასზე)

გრეი, რობ (მასზე))

გრემელი, ზაზა (მასზე)

გრიგოლ ხანძთელი (მასზე)

გრიშაშვილი, იოსებ (მასზე)

გუდიაშვილი, ლადო (მასზე)

გულია, გიორგი (მასზე)

გულია, დიმიტრი (მასზე)

გუმილიოვი, ნიკოლაი

გუმილიოვი, ნიკოლაი (მასზე)

გურამიშვილი, დავით (მასზე)

გურული (მასზე)

დადიანი, შალვა (მასზე)

დავით IV, აღმაშენებელი (მასზე)

დავით წინასწარმეტყველი (მასზე)

დავითაშვილი, იოსებ (მასზე)

დათაშვილი, ლალი

დათაშვილი, ლალი (მასზე)

დალაქიშვილი, გაბო (მასზე)

დალაქიშვილი, ლევან

დალაქიშვილი, ლევან (მასზე)

დანტე ალიგიერი (მასზე)

დარვინი, ჩარლზ (მასზე)

დაუშვილი, მარიკა (რედ.)

დე კუინსი (მასზე)

დევაძე, ვლადიმერ (მასზე)

დემეტრაშვილი, თამარ (დიზ.)

დემეტრე I (მასზე)

დემეტრე-დამიანე - იხ.: დემეტრე I

დერიდა, ჟაკ (მასზე)

დიასამიძე, ნიაზ (მასზე)

დიკინსონი, ემილ (მასზე)

დიონისე არეოპაგელი (მასზე)

დოლიძე, ირაკლი (მასზე)

დონაძე, ლადო (მასზე)

დოსტოევსკი, თეოდორ (მასზე)

დოჩანაშვილი, გურამ

დოჩანაშვილი, გურამ (მასზე)

დულუზაური, ალექსანდრე (მასზე)

დუმბაძე, ნოდარ (მასზე)

ეგაძე, ოთარ (მასზე)

ეზეკიალ წინასწარმეტყველი (მასზე)

ეზრა (მასზე)

ეკატერინე (ბებიის და, ძალო) - იხ. : ოქუაშვილი ეკატერინე (მასზე)

ელიადე, მირჩა (მასზე)

ელიავა, გარსევან (მასზე)

ელიავა, ნიკოლოზ (მასზე)

ელიოტი, თომას (მასზე)

ელუარი, პოლ (მასზე)

ენუქიძე, ქეთევან

ერეკლე II (მასზე)

ერისთავი, გიორგი (მასზე)

ერქომაიშვილი (მასზე)

ერქომაიშვილი, ანზორ (მასზე)

ესაია წინასწარმეტყველი (მასზე)

ეფემია (ბებია) (მასზე) - იხ. : ოქუაშვილი, ეფემია

ეფრემ ასური (მასზე)

ვალერი, პოლ (მასზე)

ვალმორი, მარსელინა დებორდი (მასზე)

ვან გოგი, ვინსენტ ვილემ (მასზე)

ვაჟა-ფშაველა (მასზე)

ვახანია, ნინო

ვახუშტი ბატიონიშვილი (მასზე)

ვეგა, ლოპე დე (მასზე)

ვენტური, ლიონელო (მასზე)

ვერგილიუსი (მასზე)

ვერლენი, პოლ მარი (მასზე)

ვერჰარნი, ემილ (მასზე)

ვიიონი, ფრანსუა (მასზე)

ვირგასი, ვ. (მასზე)

ვირგილიუსი (მასზე)

ვირსალაძე, ელ. (მასზე)

ვლადიმირსკაია (მასზე)

ვოლტერი (მასზე)

ვოროშილოვი, კლიმენტ (მასზე)

ვუნდტი, ვილჰელმ (მასზე)

ზ. ა. (მასზე)

ზაბოლოცკი, ნიკოლოზ (მასზე)

ზანდუკელი, მიხეილ (მასზე)

ზარაფიშვილი, ილია (მასზე)

ზაქარიაძე, სერგო (მასზე)

ზდანევიჩი, ილია (მასზე)

ზდანევიჩი, კირილე (მასზე)

ზენონ სამცხელი (მასზე)

ზენონი (იარაჯული)

ზექალაშვილი, რუსუდან (მასზე)

ზივერსი, ედ. (მასზე)

თაბუკაშვილი, ლაშა (მასზე)

თაგორი, რაბინდნარათ (მასზე)

თამაზაშვილი, მზია

თამარ მეფე (მასზე)

თამარაშვილი, მიხეილ (მასზე)

თემურ-ლენგი (მასზე)

თეოდორე (მასზე)

თვარაძე, რევაზ (მასზე)

თორელი, თურმან (მასზე)

თოფურიძე, ციალა (მასზე)

თუმანიშვილი, მიხეილ (მასზე)

თურმანაული, გოგი (მასზე)

იათაშვილი, შოთა (მასზე)

იანქოშვილი, მერი (მასზე)

იაშვილი, თამარ

იაშვილი, ლუარსაბ (მასზე)

იაშვილი, ნიკო (მასზე)

იაშვილი, პაოლო (მასზე)

იერემია წინასწარმეტყველი

იესო ქრისტე (მასზე)

ივანიშვილი, ლექსო (მასზე)

ითიურიძე, საბა (მასზე)

იმედაშვილი, გაიოზ

იმედაშვილი, გაიოზ (მასზე)

იმნაიშვილი, იოსებ (მასზე)

იმედაშვილი, კობა

იმედაშვილი, შალვა (მასზე)

ინანიშვილი, რევაზ (მასზე)

ინაური, ალექსი (მასზე)

ინგოროყვა, პავლე (მასზე)

იოანე (ივანე მაისურაძე) (მასზე)

იოანე მინჩხი (მასზე)

იოანე მტბევარი (მასზე)

იოანე ნათლისმცემელი (მასზე)

იოანე ოქროპირი (მასზე)

იოანე საბანისძე (მასზე)

იონესკო, ეჟენ (მასზე)

იოსელიანი, ოტია (მასზე)

ირემაძე, თენგიზ (რედ.-შემდგ.)

კაკაბაძე, ი. კ. (მასზე)

კაკაბაძე, ნოდარ (მასზე)

კალანდაძე, ანა (მასზე)

კალანდაძე, ლავროსი (მასზე)

კალაძე, კარლო (მასზე)

კამიუ, ალბერ (მასზე)

კანდინსი, ვასილ (მასზე)

კაპანაძე, ი. ა.

კარმელი, შალვა (მასზე)

კასირერი, ერნსტ (მასზე)

კაფკა, ფრანც (მასზე)

კაციტაძე, კახა (მასზე)

კაჭახიძე, გ. ვ. - 22

კეკელიძე, კორნელი (მასზე)

კერესელიძე, ნინო (რედ.)

კესირერი, ერნსტ (მასზე)

კეშელავა, ნათელა (მასზე)

კვანჭილაშვილი, ტარიელ (მასზე)

კვარაცხელია, გუჩა (მასზე)

კვარაცხელია, კაკო (მასზე)

კვარაცხელია, მედეა

კვაჭანტირაძე (მასზე)

კვაჭანტირაძე, თამაზ (მასზე)

კვაჭანტირაძე, მანანა

კვაჭაძე, ლ. მ. (მასზე)

კვესელავა, მიხეილ (მასზე)

კვიტაიშვილი, ემზარ (მასზე)

კვიცარიძე (მასზე)

კიკვაძე, მ. (მასზე)

კიკნაძე, ამბროსი (მასზე)

კიკნაძე, ზურაბ

კიკნაძე, ზურაბ (მასზე)

კინწურაშვილი, მიხეილ (მასზე)

კლდიაშვილი, დავით (მასზე)

კლდიაშვილი, სერგო (მასზე)

კობაიძე, სიმონ (მასზე)

კობახიძე, პიერ (მასზე)

კობერიძე, მიხეილ (მასზე)

კობერიძე, ოლღა სიმონის ასული (მასზე)

კოლინგვუდი, რობინ (მასზე)

კოლრიჯი, ტეილორ (მასზე)

კოპაძე (მასზე)

კორშია, ვალერი (მასზე)

კოსტავა, ირაკლი (მასზე)

კოტეტიშვილი, არჩილ (მასზე)

კოტეტიშვილი, ვახტანგ (მასზე)

კოტეტიშვილი, ვახუშტი

კოტეტიშვილი, ვახუშტი (მასზე)

კოტეტიშვილი, ლეილა (მასზე)

კოტეტიშვილი, მანანა (მასზე)

კუინსი, თომას დე (მასზე)

კუპრავა, ოთარ (მასზე)

კუპრეიშვილი, ნონა

კუპრეიშვილი, ნონა (მასზე)

კუჭუხიძე, გოჩა

ლაო-ძი (მასზე)

ლაპიაშვილი, ფარნაოზ (მასზე)

ლაშა-გიორგი (მასზე)

ლაშქარაძე, დავით (მასზე)

ლებანიძე, მურმან (მასზე)

ლევინი, მიხეილ (მასზე)

ლენინი (მასზე)

ლეონარდო და ვინჩი (მასზე)

ლეონიძე, გიორგი (მასზე)

ლეონიძე, თინათინ (თინა) (მასზე)

ლერმონტოვი, მიხეილ (მასზე)

ლობჟანიძე, გიორგი (მასზე)

ლომთათიძე, ჭოლა (მასზე)

ლომიძე-კლიმიაშვილი, თამარ (მასზე)

ლომიძე, სერგი

ლომოური, ნიკო (მასზე)

ლომოური, სალომე

ლორთქიფანიძე, ნიკო (მასზე)

ლოსევი, ალექსეი (მასზე)

ლუშერი, მაქს (მასზე)

მაისურაძე, გურამ

მაისურაძე, ილია (მასზე)

მაისურაძე, მათიკო (მასზე)

მაკალათია, სერგი (მასზე)

მამფორია, ოთარ (მასზე)

მანე, ედუარდ (მასზე)

მანი, თომას (მასზე)

მანიჟაშვილი, ირინე

მარგიანი, რევაზ (მასზე)

მარიამ ღვთისმშობელი (მასზე)

მარკუს ავრელიუსი (მასზე)

მარჯანიშვილი, კოტე (მასზე)

მასხულია, თემურ (მასზე)

მაჩხანელი, დიმიტრი (ნადირაძე) (მასზე)

მაშაშვილი, ალიო (მასზე)

მაჭავარიანი (მასზე)

მახარობლიძე, ვარლამ (მასზე)

მგალობლიშვილი, ალექსანდრე (სანდრო) (მასზე)

მგალობლიშვილი, ანდრეა (მასზე)

მგალობლიშვილი, ანიკო (მასზე)

მგალობლიშვილი, გოგია (მასზე)

მგალობლიშვილი, ლეილა (მასზე)

მგალობლიშვილი, საშა (მასზე)

მგალობლიშვილი, სოფრომ (მასზე)

მგალობლიშვილი, ციალა (მასზე)

მეგრელიძე, იოსებ ბართლომეს ძე (მასზე)

მეგრონი, ლ. (მასზე)

მელიქიშვილი, ბასილ (მასზე)

მერიმე, პროსპერ (მასზე)

მესხიშვილი, ლადო (მასზე)

მეტერლინკი, მორის (მასზე)

მეუნარგია, იონა (მასზე)

მეღვინეთუხუცესი, ნინო (მასზე)

მეხრიშვილი, ჯემალ

მეხრიშვილი, ჯემალ (მასზე)

მზარეულიშვილი, ა. (მასზე)

მთვარაძე, რევაზ (მასზე)

მთვარელიძე, მურად

მირიან მეფე (მასზე)

მირცხულავა, ალიო (მასზე)

მიქაელ მოდრეკილი (მასზე)

მიქაძე, რევაზ (მასზე)

მიქელანჯელო (მასზე)

მიშველაძე, რევაზ (მასზე)

მიწიშვილი, ნიკოლო (მასზე)

მოდილიანი, ამადეო (მასზე)

მოემი, უილიამ სომერსეტ (მასზე)

მოსაშვილი, ილო (მასზე)

მოსე (მასზე)

მრევლიშვილი, მიხეილ (მასზე)

მუზილი, რობერტ (მასზე)

მურვანიძე, ვასო (მასზე)

მჭედლიშვილი, შალვა (მასზე)

მჭედლიძე, ირინე

ნადარეიშვილი, ლია (მასზე)

ნადირაძე, გიორგი (მასზე)

ნადირაძე, დიმიტრი (მაჩხანელი) - იხ. : მაჩხანელი, დიმიტრი (ნადირაძე)

ნადირაძე, კოლაუ (მასზე)

ნანეიშვილი, ვალოდია (მასზე)

ნაროუშვილი, ფ. კ. (მასზე)

ნატროშვილი, გიორგი (მასზე)

ნატროშვილი, თამაზ (მასზე)

ნახუცრიშვილი, გიორგი (მასზე)

ნებიერიძე, ი. (მასზე)

ნიკოლაძე, ნიკო (მასზე)

ნიშნიანიძე, რუსუდან

ნიშნიანიძე, რუსუდან (მასზე)

ნიშნიანიძე, შოთა (მასზე)

ნიცშე, ფრიდრიხ (მასზე)

ნოვალისი (გეორგ ფილიპ ფრიდრიხ ფრეიერ ფონ ჰანდერბერგი) (მასზე)

ნოზაძე, მანანა

ნონეშვილი, იოსებ (მასზე)

ნუცუბიძე, ქეთევან (მასზე)

ნუცუბიძე, შალვა (მასზე)

ონაშვილი, ირმა

ონაშვილი, ნათელა (მასზე)

ონიანი, ესმა (მასზე)

ორბელიანი, გრიგოლ (მასზე)

ორბელიანი, ვახტანგ (მასზე)

ორბელიანი, ლიპარიტ (მასზე)

ორბელიანი, სულხან-საბა (მასზე)

ორჯონიკიძე, იზა (მასზე)

ოსტინი, ჯეინ (მასზე)

ოქრიაშვილი, სიკო (მასზე)

ოქრუაშვილი, გიორგი (ჟორა) (მასზე)

ოქუაშვილი, დავით (მასზე)

ოქუაშვილი, ეკატერინე (მასზე)

ოქუაშვილი, ეფემია (მასზე)

ოქუაშვილი, იოსებ (მასზე)

ოქუაშვილი, მარიამ (მასზე)

ოქუაშვილი, ჟორა (მასზე)

პავლე მოციქული (მასზე)

პავლიაშვილი, დავით (მასზე)

პასკალი, ბლეზ (მასზე)

პასტერნაკი, ბორის (მასზე)

პატარიძე, რამაზ (მასზე)

პლათი, სილვია (მასზე)

პლატონი (მასზე)

პო, ედგარ (მასზე)

პრუდონი, პიერ-ჟოზეფ (მასზე)

პუშკინი, ალექსანდრე (მასზე)

ჟორდანია, თ. თ. (მასზე)

ჟორდანია, ნოე (მასზე)

ჟორდანია, სულხან

ჟორესი, ჟან (მასზე)

ჟურული, გიორგი (მასზე)

რადიანი, შალვა (მასზე)

რაზიკაშვილი, თედო (მასზე)

რამანი, ჩანდრასეკარა ვენკატა (მასზე)

რაჟდენი (მასზე)

რატიანი, ირმა (მასზე)

რევიშვილი, მარინა (მასზე)

რემბრანტი (მასზე)

რეხვიაშვილი, ჯიმშერ (მასზე)

რილკე, რაინერ მარია (მასზე)

რიკრიკაძე, დავით (მასზე)

რობაქიძე, გრიგოლ (მასზე)

რუსთაველი, შოთა (მასზე)

რუსო, ჟან-ჯაკ (მასზე)

რჩეულიშვილი, გურამ (მასზე)

ს. დირბელი - იხ.: მგალობლიშვილი, საშა

სამადაშვილი, ბაგრატ (მასზე)

სამადაშვილი, ელენე (მასზე)

სამადაშვილი, ზაალ (მასზე)

სამადაშვილი, თამაზ (მასზე)

სამადაშვილი, მარიამ - იხ.: ამანათაშვილი, მარიამ ნიკოლოზის ასული

სამადაშვილი, მზია

სამადაშვილი, მზია (მასზე)

სამადაშვილი, მიხეილ სპირიდონის ძე (მასზე)

სამადაშვილი, ნუგზარ (მასზე)

სამადაშვილი, სპირიდონ (მასზე)

სამადაშვილი, ქეთევან

სარია, ზეინაბ

საჯაია, ალექსანდრე (მასზე)

სენეკური, გრიგოლ (მასზე)

სერვანტესი, მიგელ დე (მასზე)

სერვასტიანცი, ნინო

სიმონიდე კეოსელი (მასზე)

სირაძე, რევაზ

სირაძე, რევაზ (მასზე)

სიხარულიძე, ზაზა

სიხარულიძე, ზაზა (მასზე)

სოლოვიოვი, ვლადიმერ (მასზე)

სოლომონი (მასზე)

სორდია, ლუარა

სორდია, ლუარა (მასზე)

სოფონია წინასწარმეტყველი (მასზე)

სტალინი, იოსებ (მასზე)

სტენდალი (ანრი მარი ბეილი) (მასზე)

სტეფნაძე, სოლომონ (მასზე)

სუბოტინი, ვასილ (მასზე)

სულაკაური, არჩილ

სულაკაური, არჩილ (მასზე)

სულხანიშვილი, ბარბარე (მასზე)

სულხანიშვილი, ნიკო (მასზე)

სურიკა (მასზე)

ტაბიძე, გალაკტიონ (მასზე)

ტაბიძე, ვანო

ტაბიძე, ტიციან (მასზე)

ტალიაშვილი (მასზე)

ტარკოვსკი, ანდრეი (მასზე)

ტასო, ტორკვატო (მასზე)

ტატიშვილი, გივი (მასზე)

ტატიშვილი, დიმიტრი (მასზე)

ტატიშვილი, ერეკლე (მასზე)

ტატიშვილი, ნუკრი (მასზე)

ტოლსტოი, ლევ (მასზე)

ტრიოლე, ელზა (მასზე)

უგულავა, გიგი (მასზე)

უზნაძე, დიმიტრი (მასზე)

უილრაიტი, ფილიპ (მასზე)

უძილაური, ჭრელა (მასზე)

ფალიაშვილი, ზაქარია (მასზე)

ფიროსმანი (მასზე)

ფირცხალაიშვილი, თემურ (მასზე)

ფიხტე, იოჰან გოტლიბ (მასზე)

ფლობერი, გიუსტავ (მასზე)

ფოლკნერი, უილიამ (მასზე)

ფრანსი, ანატოლ (მასზე)

ფრიდრიხი, ჰუდო (მასზე)

ფროიდი, ზიგმუნდ (მასზე)

ფროსტი, რობერტ (მასზე)

ფურცელაძე, ანტონ (მასზე)

ფუხაშვილი, არსენ (მასზე)

ქადაგიძე, იკა

ქადეიშვილი, ნუნუ (მასზე)

ქავთარაძე, კოტე (მასზე)

ქავთარაძე, პეტრე (მასზე)

ქალერი, ჯ. (მასზე)

ქარელიშვილი, ერემია (მასზე)

ქართველიშვილი, მანანა (მასზე)

ქარჩხაძე, ჯემალ (მასზე)

ქეთევან დედოფალი (მასზე)

ქელბაქიანი (მასზე)

ქიაჩელი, ლეო (მასზე)

ქინქლაძე, ზაზა

ქიტიაშვილი, ა. ი. (მასზე)

ქიქოძე, გერონტი (მასზე)

ქიქოძე, პ. [პლატონ] ი. (მასზე)

ქორელი, მიხეილ (მასზე)

ქორიძე, ფილიმონ (მასზე)

ქრისტეფორე (მასზე)

ქუმსიაშვილი, ი. დ. (მასზე)

ქურთიშვილი, შორენა

ქუჩიშვილი, გიორგი (მასზე)

ღვინიაშვილი, ანა (მასზე)

ღვინიაშვილი, ნ. რ. (მასზე)

ღვინჯილია, ჯანსუღ (მასზე)

ღლონტი, ალექსანდრე (მასზე)

ყაზბეგი, ალექსანდრე (მასზე)

ყანჩაშვილი, დავით (პროექტის ავტ.)

ყაუხჩიშვილი, სიმონ (მასზე)

ყიასაშვილი, ნიკო (მასზე)

ყიფიანი, დიმიტრი (მასზე)

შ. ზედაქსოვრელი (მასზე)

შავლაძე, თემურ -

შათირიშვილი, ზაზა (მასზე)

შალიაპინი, თეოდორ (მასზე)

შალიკაშვილი, ვალერიან (მასზე)

შანკარა (მასზე)

შანშიაშვილი, სანდრო (მასზე)

შატბერაშვილი, გიორგი (მასზე)

შაფაქიძე, ნიკოლოზ

შაჰნაზარი, გივი (მასზე)

შელერი, მაქს (მასზე)

შელი, პერსი ბიში (მასზე)

შენგელაია, დემნა (მასზე)

შენგელია, ალეკო (მასზე)

შექსპირი, უილიამ (მასზე)

შილერი, ფრიდრიხ (მასზე)

შინკუბა, ბაგრატ (მასზე)

შიუკაშვილი, ნიკო (მასზე)

შოლოხოვი, მიხეილ (მასზე)

შოპენჰაუერი, არტურ (მასზე)

შპლენგლერი, ოსვალდ (მასზე)

შტაინერი, რუდოლფ (მასზე)

ჩაკალიდი, ევა (მასზე)

ჩანტლაძე, შოთა (მასზე)

ჩარექიშვილი, თამარ (მასზე)

ჩარკვიანი, ჯანსუღ (რედ.)

ჩარკვიანი, ჯანსუღ (მასზე)

ჩერქეზიშვილი, თამარ

ჩერქეზიშვილი, თამარ (მასზე)

ჩიმაკაძე, არჩილ (მასზე)

ჩიტიშვილი, მანანა (მასზე)

ჩიქობავა, არნოლდ (მასზე)

ჩიქოვანი, სიმონ (მასზე)

ჩიხლაძე, ნ. კ. (მასზე)

ჩოლოყაშვილი, თამარ (ციცნა) (მასზე)

ჩოლოყაშვილი, ქაქუცა (მასზე)

ჩორნაია, ლალა (მასზე)

ჩოხელი, გოდერძი (მასზე)

ჩუბინიშვილი, გ. (მასზე)

ჩხარტიშვილი, ლელა

ჩხეიძე, ნოდარ (მასზე)

ჩხეიძე, ოთარ (მასზე)

ჩხეიძე, როსტომ

ჩხეიძე, როსტომ (შემდგ.)

ჩხეიძე, როსტომ (მასზე)

ჩხენკელი, თამაზ

ჩხენკელი, თამაზ (მასზე)

ცაიშვილი, სარგის (მასზე)

ცერცვაძე, სიმონ (მასზე)

ცვაიგი, სტეფან (მასზე)

ცინდელიანი, უჩა (მასზე)

ცხადაია, ზოია

ძიძიშვილი, ქუჯი (მასზე)

წამალაშვილი, გ. (მასზე)

წერედიანი, დავით (მასზე)

წერეთელი, აკაკი (მასზე)

წერეთელი, ალ. (მასზე)

წერეთელი, მიხეილ (მასზე)

წივწივაძე, თამაზ (მასზე)

წიკლაური, ივანე (მასზე)

წიკლაური, მარიამ

წიფურია (მასზე)

წიქარიშვილი, ლელა (მასზე)

წმ. გრიგოლი (მასზე)

წმ. ექვთიმე მთაწმინდელი (მასზე)

წმ. იოანე ზედაზნელი (მასზე)

წმ. მარიამი (მასზე)

წმ. ნინო (მასზე)

წმ. პეტრე (მასზე)

წმ. შუშანიკი (მასზე)

წოწორია, თამარელა

წუწუნავა, ალექსანდრე (მასზე)

წყარუაშვილი, ალ. (მასზე)

ჭავჭავაძე, ალექსანდრე (მასზე)

ჭავჭავაძე, ილია (მასზე)

ჭანტურია, ტარიელ (მასზე)

ჭეიშვილი, რეზო (მასზე)

ჭელიძე, ვახტანგ (მასზე)

ჭელიძე, ოთარ (მასზე)

ჭილაძე, ბონდო (მასზე)

ჭილაძე, თამაზ (მასზე)

ჭილაძე, ოთარ (მასზე)

ჭინჭარაული, ალექსანდრე (მასზე)

ჭოლიკაური, გიორგი

ჭოღოშვილი, გიორგი (მასზე)

ჭრელაშვილი, კ. (კოტე)

ჭუმბურიძე, ზურაბ (მასზე)

ხარანაული, ბესიკ (მასზე)

ხარანაული, გ. (მასზე)

ხარატიშვილი, გურამ (მასზე)

ხარატიშვილი, ლეო (მასზე)

ხარატიშვილი, მარინე (მასზე)

ხელაშვილი, მიხა (მასზე)

ხიდაშელი, შალვა ვასილის ძე (მასზე)

ხიზანიშვილი, ვ. ო. (მასზე)

ხიმშიაშვილი, კოტე (მასზე)

ხორბალაძე, გიორგი (მასზე)

ხუნდაძე, ს. (მასზე)

ხუციშვილი, სოლომონ (მასზე)

ჯაბუშანური, გაბრიელ (მასზე)

ჯაბუშანური, გიორგი (მასზე)

ჯავახაძე, ვახტანგ (მასზე)

ჯავახიშვილი, ანი

ჯავახიშვილი, დავით

ჯავახიშვილი, დავით (მასზე)

ჯავახიშვილი, ივანე (მასზე)

ჯავახიშვილი, მიხეილ (მასზე)

ჯავახიშვილი, ქეთევან (მასზე)

ჯალალ ად-დინი (მასზე)

ჯალიაშვილი, მაია

ჯალიაშვილი, მაია (მასზე)

ჯანაშია (მასზე)

ჯანელიძე, დიმიტრი (მასზე)

ჯაოშვილი-აბულკაძე, ნინა (მასზე)

ჯაფარიძე, გიორგი (იურა) (მასზე)

ჯაფარიძე, ვახტანგ ვარლამის ძე (მასზე)

ჯაფარიძე, თემო

ჯაფარიძე, თემო (მასზე)

ჯაფარიძე, იურა - იხ.: ჯაფარიძე, გიორგი

ჯაფარიძე, რევაზ (მასზე)

ჯგუბურია, მურმან (მასზე)

ჯიბრანი, ხალილ (მასზე)

ჯინორია, ოთარ (მასზე)

ჯიქია, მარიკა

ჯიქია, ს. ბ. (მასზე)

ჯოისი, ჯეომს (მასზე)

ჯორჯანელი, ნიკა (მასზე)

ჯორჯაძე (მასზე)

ჯორჯაძე, ბარბარე (მასზე)

ჯულუხაშვილი, ნ. ნ. (მასზე)

ჰაიდეგერი, მარტინ (მასზე)

ჰემინგუეი, ერნესტ მილერ (მასზე)

ჰესე, ჰერმან (მასზე)

ჰოლდერლინი, ფრიდრიხ (მასზე)

ჰომეროსი (მასზე)

ჰორაციუსი (მასზე)

Абзианидзе, Заза

Аманаташвили, Мария (о ней)

Амбриашвили, Матико (о ней)

Имедашвили, Гайоз (о нём)

Коберидзе, Ольга Семеновна (о ней)

Ленин (о нём)

Окуашвили, Екатерина (о ней)

Самадашвили, Елена (о ней)

Самадашвили, Михаил Спиридонович (о нём)

Сулакаури, Арчил (о нём)

Татишвили, Эрекле (о нём)

Чакалиди, Ева (о ней)

Чхенкели, Тамаз (о нём)