The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ტიბეტელი ბერის ლექსები და ჩანაწერები

ტიბეტელი ბერის ლექსები და ჩანაწერები


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: მაცუკი ტაშირო
თემატური კატალოგი ეროვნული ბიბლიოთეკის გამოცემები
თარიღი: 2024
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: თარგმნა: რაულ ჩალიჩავამ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა მთარგმნელი მადლობას უხდის გამომცემლობა „საგას“ წიგნის გამოსაცემად მომზადებისთვის თბილისი 2024 Udc (uak) 821.581 – 1+821.581 – 32 m-427 © საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, 2024 © რაულ ჩილაჩავა, თარგმანი, 2024 © პაატა ნაცვლიშვილი, წინასიტყვაობა, 2024 რედაქტორი: თამარ ნინიკაშვილი; პწკარედების ავტორი და კონსულტანტი: პანგ ჩანჰუნი; კრებულის საერთო კონცეფცია: პატრიკ ჩეინჯი; გაფორმების იდეა: ედგარს ლაზმანისი ტიბეტელი ბერის ლექსები და ჩანაწერები თარგმნა რაულ ჩილაჩავამ მეორე, შევსებული და შესწორებული გამოცემა ყდის დიზაინი, კომპიუტერული უზრუნველყოფა მანანა კვერნაძე ISBN 987-9941-9867-7-2



1 ***

▲ზევით დაბრუნება


ტიბეტში მოღვაწე დისიდენტი ჩინელი ბერი ტაშირო მაცუკი, რომელიც იაპონური ფსევდონიმით წერდა და რომელსაც სულ ახლახან დაბადებიდან 100 წელი შეუსრულდა, დღემდე უცნობია როგორც მის სამშობლოში, ასევე საზღვარგარეთაც.

უნიკალური პიროვნების, დიდი პოეტისა და მოაზროვნის წინამდებარე ტექსტები, რომელთა პწკარედებიც მთარგმნელს ხელთ დიპლომატიური გზებით ჩაუვარდა, პირველად საქართველოში გამოქვეყნდა (საგა, თბილისი, 2022) და, ეს პუბლიკაცია, შესაბამისად, მათ მსოფლიო პრემიერად იქცა.

ამჟამინდელი შევსებული გამოცემა იმ პრემიერის ერთგვარი გაგრძელებაა.

2 ჰოდა, დიდი ჩინელი პოეტის ქართული დებიუტი

▲ზევით დაბრუნება


ჰოდა, მრავალსაუკუნოვანი ჩინური პოეზია ქართულ ენაზე მხოლოდ კანტი-კუნტად არის ნათარგმნი. ვინ იცის, რამდენ ჩინელ პოეტს არ იცნობს ქართველი მკითხველი, მაგრამ წარმოუდგენელია, რომ რომელიმე ჩინელ პოეტს, თანაც დიდ პოეტს, გენიოსს, მხოლოდ ქართველი მკითხველები იცნობდნენ, ხოლო სხვები, მათ შორის - ჩინელები არა! წარმოუდგენელია, მაგრამ ასეა: დიდი ჩინელი პოეტის, ტაშირო მაცუკის ბრწყინვალე ლექსები, რომლებიც ამ წიგნშია გაერთიანებული და რომლებიც კონგენიალურად თარგმნა რაულ ჩილაჩავამ, ჩინურად ჯერ არ გამოქვეყნებულა! რატომ და როგორ, ამას დაწვრილებით განმარტავს თავის მოკლე წინათქმაში მთარგმნელი. იქვეა ახსნილი, რატომ წერდა ჩინელი პოეტი იაპონური ფსევდონიმით ან როგორ ჩაუვარდა ხელთ მისი ლექსები ქართველი პოეტს. ამ ლექსებმა 2021 წელს დიდი ინტერესი გამოიწვია ფეისბუქზე, სადაც რაულ ჩილაჩავამ მათი პირველი პუბლიკაცია ინება. ფეისბუქშივე გამოაქვეყნა მან ტაშირო მაცუკის უაღრესად საინტერესო ჩანაწერები.

ჰოდა, განა არა, თავიდან მეც მისტიფიკაცია მეგონა ეს ყველაფერი! მისტიფიკაციის მეტი რა მინახავს და რა წამიკითხავს, თავადაც მიკეთებია, ვაკეთებ და ალბათ კვლავაც გავაკეთებ, და არაფერი საკვირველი არ დამინახავს იმაში, რომ რაულ ჩილაჩავას, რომელსაც, რა ვიცი, რა ჟანრში აღარ უცდია კალამი, ერთ მშვენიერ დღეს მისტიფიკაციაც აერჩია თავისი პოეტური ნააზრევის გამოხატვის ფორმად. ამ განცდით ვკითხულობდი ფეისბუქზე იაპონური გვარ-სახელის მქონე ჩინელის მშვენიერ ლექსებსა თუ ჩანაწერებს და გაოცებული ვიყავი რაულ ჩილაჩავას უნარით, - ასე გარდასახულიყო სხვა ერის შვილად, ასე შეთვისებოდა სხვა, სრულიად სხვა კულტურულ-ისტორიულ რეალობას თუ ესთეტიკურ გარემოს. თითქოს ვეება ცხოვრებისეული თუ პოეტური გამოცდილების და ფართო თვალსაწიერის მქონე ადამიანს ეს არც უნდა გასჭირვებოდა, მაგრამ ხანდახან და არცთუ იშვიათად ტაშირო მაცუკის ნაწერებში მხვდებოდა ისეთებიც, რომლებიც იმდენად ჩინური იყო და იმდენად შორეული თუ განსხვავებული რაულ ჩილაჩავას მთელი აქამომდელი მდიდარ შემოქმედებითი მემკვიდრეობისაგან, რომ უკვე ეჭვი მიპყრობდა, იქნებ მართლა არსებობდა იაპონური გვარის მქონე ეს ჩინელი დისიდენტი, იქნებ მართლა გაექცა მაოს კომუნისტურ დიქტატურას, იქნებ მართლა გარდაიხვეწა ტიბეტს და იქნებ მართლა შეაფარა თავი ბერის კაბას... იქნებ მართლა ჩაუვარდა ხელში მისი ლექსები მავან ჩინელ დიპლომატს... დაბოლოს, იქნებ ამ დიპლომატის კი არა, თავად ავტორის გადაწყვეტილება იყო, რომ მისი ლექსები პირველად არა მშობლიურ ან რომელიმე სხვა მრავალმილიონიან ენაზე, არამედ იშვიათ, ბევრისთვის სრულიად უცნობ ენაზე აჟღერებულიყო?! და იქნებ იმ დიპლომატის დამსახურება მხოლოდ ის გახლდათ, რომ მან საამისოდ სწორედ ქართული ენა და სწორედ რაულ ჩილაჩავა შეარჩია?!

ჰოდა, მე წარმოვიდგინე, რომ დიახაც მე ვარ ის ჩინელი დიპლომატი, შეიძლება ფარული დისიდენტიც, რომელსაც რაღაც განგებით ხელთ ჩაუვარდა თავისი თანამემამულისა და თანამედროვის ხელნაწერები და რომელიც ერთ მშვენიერ დღეს რიგაში მიავლინეს ჩინეთის საელჩოში სამუშაოდ. დიახ, წარმოვიდგინე, რომ სწორედ მე ვარ რაულ ჩილაჩავას ის ჩინელი კოლეგა, რომელიც საათობით იჯდა უკრაინის რიგის საელჩოს შენობაში, საბჭოთა ლატვიის ყოფილი სამხედრო კომისარიატის ბუნკერში, სადაც უკვე ჩინებული საუნა იყო მოწყობილი და ჩინური ჩაის, ქართული ღვინისა და უკრაინული პერცოვკის თანხლებით სიტყვა-სიტყვით ვუთარგმნიდი ქართველ პოეტს ჩემი თანამემამულის სტრიქონებს რუსულად. იქნებ ის ხელნაწერები რაღაც განგებით კი არა, საგანგებოდაც მოხვდა ჩემს ხელთ, იქნებ მე და ტაშირო მაცუკი კარგადაც ვიცნობდით ერთმანეთს იმ დროიდან, როცა მას საკმაოდ მაღალი პოსტი ეკავა კომუნისტური ჩინეთის სახელმწიფო იერარქიაში, მე კი ის-ის იყო ვიწყებდი ჩემს დიპლომატიურ კარიერას და არაერთი პარტიულ ფუნქციონერთანაც მქონდა ნაცნობობა. ან იქნებ ის ბერად აღკვეცილი ყოფილი პარტიული ფუნქციონერი ჩემი ლექტორი თუ მენტორი იყო რაღაც ეტაპზე და იქნებ რაღაც ნიშნით გამომარჩია თავის მოწაფეთაგან და სწორედ ამიტომ მანდო მე თავისი ნაწერები? და თუ ჩემს ხელთ ასეთი განძი აღმოჩნდებოდა, და თუ ამ მშვენიერი ლექსების ავტორი ანდერძად დამიტოვებდა სურვილს, რომ ეს ყველაფერი ოდესმე გამოქვეყნებულიყო იქ და მაშინ, სადაც და როცა მე გადავწყვეტდი გარემოებათა გათვალისწინებით, ცხადია, შევეცდებოდი, ისეთი დრო და ადგილი შემერჩია ლექსების პუბლიკაციისათვის, უსაფრთხო რომ იქნებოდა ჩემთვისაც და ავტორის სახელისთვისაც, და ამავე დროს არც შეუმჩნეველი დარჩებოდა და თავის კუთვნილ ადგილს დაიკავებდა მსოფლიო პოეზიაში. საამისოდ კი რა უნდა ყოფილიყო უკეთესი, ვიდრე რომელიმე შორეული ქვეყანა და რომელიმე ძველი ლიტერატურული ენა. და თუ ასეთი ფიქრებითა და საზრუნავით დატვირთულს ერთ მშვენიერ დღეს რიგაში მიმავლენდნენ ჩინეთის საელჩოში სამუშაოდ და თუ ჩემი ახალი სამსახური ისეთ მრავალმხრივ ქართველ მოღვაწეს და პოეტს შემახვედრებდა, როგორიც რაულ ჩილაჩავაა, რა თქმა უნდა, სწორედ მას გავუზიარებდი ჩემს მრავალწლიან საიდუმლოს და რჩევასაც ვკითხავდი. ხოლო თუ მასთან დაახლოების შედეგად, უკრაინის საელჩოს ბუნკერში საუბრებისას გაჩნდებოდა ჩინური ლექსების პირველად ქართულ ენაზე გამოქვეყნების შესაძლებლობა, განა ეს კი არ იქნებოდა სწორედ ის გზა, რომელსაც ამდენი წლის მანძილზე ვეძებდი?! ეს მე ჩემს ხელთ არსებული განძის სიმძიმისგანაც გამათავისუფლებდა და ჩემი თანამემამულის შედევრების მკითხველამდე მიტანაშიც დამეხმარებოდა. ხომ ვერავინ ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ ჩემი მეშვეობით ჩინური პოეზიის შედევრები ლატვიაში ქართულად ითარგმნებოდა და ასე ამობრწყინდებოდა ტაშირო მაცუკის ვარსკვლავი მსოფლიო პოეზიის კაბადონზე.

ჰოდა, სულაც არ არის საკვირველი, რომ ჩინელი დიპლომატი სწორედ ქართველ კოლეგას გაენდო და სწორედ მას სთხოვა ტაშირო მაცუკის ლექსების თარგმნა და გამოქვეყნება. ყოფილან, როგორ არ ყოფილან პოეტებს შორის ელჩები თუ მაღალი რანგის დიპლომატები, და აქ თუნდაც მხოლოდ ორი ნობელიანტის - პაბლო ნერუდასა და სენ-ჟონ პერსის სახელები იკმარებდა, მაგრამ რაულ ჩილაჩავა მათ ფონზეც კი გამორჩეულია. არა, ნობელის პრემია ჯერ არ მიუღია, - რამდენადაც ვიცი, ჯერ არც წარუდგენიათ, - მაგრამ მისი აღმატებულება, ელჩი რაულ ჩილაჩავა სრულიად უნიკალური მოვლენაა მსოფლიო დიპლომატიაში: თბილისიდან კიევს მივლინებული ახალგაზრდა ჟურნალისტი და პოეტი მალე უკრაინელი პოეტიც და სახელოვანი საზოგადო მოღვაწე გახდა, მერე უკრაინის მინისტრის პორტფელი ჩააბარეს და ბოლოს ლატვიაში დანიშნეს უკრაინის ელჩად! დღეს რაულ ჩილაჩავა სამი ქვეყნის - საქართველოს, უკრაინისა და ლატვიის გამოჩენილი მოღვაწეა, რომელმაც უკვე დატოვა სერიოზული კვალი ამ ქვეყნების ლიტერატურის ისტორიაში და საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ახლა იგი ასეთივე ან უფრო ღრმა კვალის დატოვებას აპირებს ჩინეთის ლიტერატურის ისტორიაში. ყოველ შემთხვევაში, ჩინელები სწორედ მისი ქართული თარგმანებით აღმოაჩენენ XX საუკუნის უდიდეს ჩინელ პოეტს და ალბათ სწორედ რაულის მეშვეობით დაიბრუნებს ეს ქვეყანა თავისი პოეტის ორიგინალურ ხელნაწერებს. უნდა ვივარაუდოთ, რომ ის ჩინელი დიპლომატი სწორედ რაულ ჩილაჩავას გადასცემს ტაშირო მაცუკის რვეულებს, თუ უკვე არ გადაუცია. ყოველ შემთხვევაში, მე მის ადგილას სწორედ ასე მოვიქცეოდი.

ჰოდა, იმის მიუხედავად, რომ რაულთან ნახევარსაუკუნოვანი მეგობრობა მაკავშირებს, მე არ მიკითხავს და ვერც ვკითხავ ვერაფერს ორიგინალური ხელნაწერების შესახებ, ისევე როგორც არ მიკითხავს და ვერც ვკითხავ იმ დიპლომატის ვინაობას, ვინც მას ტოშირო მაცუკის ლექსები გააცნო და სტრიქონ-სტრიქონ უთარგმნა რუსულად. მით უმეტეს, ვერ ვკითხავდი ამ პანდემიურ ეპოქაში, როცა ის თავის კიევშია, მე - ჩემს თბილისში, და ურთიერთობა მხოლოდ ფეისბუქით და მეილებითღა გვაქვს. რომ სდომებოდა და შესაძლებელი რომ ყოფილიყო, რაული მის ვინაობას თავად გაამჟღავნებდა, მაგრამ აკი წერს იგი თავისი თარგმანების შესავალში, რომ ეს მისი კეთილი ნაცნობი კვლავაც მოქმედი დიპლომატია, ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში ხელმძღვანელობს ჩინეთის მისიას და, ბუნებრივია, არ მოინდომებს, რომ ჩინელ დისიდენტებთან თუნდაც მრავალი წლის წინანდელი თავისი ახლო ურთიერთობა გამოააშკარაოს. წიგნში კი არის მოხსენიებული იგი, როგორც პწკარედების ავტორი და მთარგმნელის კონსულტანტი, მაგრამ მისი გვარ-სახელი - პანგ ჩანჰუნი - ნამდვილი არ არის, მთარგმნელის მიერ გამოგონილი ერთჯერადი ფსევდონიმია, რომელიც რაულ ჩილაჩავამ თავისი კოლეგასთან წინასწარ შეათანხმა.

ჰოდა, მშვენიერი მისტიფიკაციაა ეს ყველაფერი-მეთქი ერთი-ორჯერ მივანიშნე რაულს ტაშირო მაცუკის ლექსების კომენტარებში. მან ჩემს ამ ეჭვიან და სახალისო კომენტარებს ყურადღება არ მიაქცია, მით უმეტეს ახსნა-განმარტებას არ მოჰყოლია და ძალიანაც კარგად მოიქცა, რადგან რაც უფრო მეტი და მეტი ლექსი გამოჰქონდა მკითხველის სამსჯავროზე ჩინელი პოეტის შემოქმედებიდან, მით უფრო ვრწმუნდებოდი, რომ საქმე მისტიფიკაციასთან კი არა, ბრწყინვალე ჩინურ ლექსებთან და მათ კონგენიალურ ქართულ თარგმანებთან გვქონდა.

ჰოდა, ამ შემთხვევაში კი აღმოჩნდა ასე, მაგრამ, ჩვეულებრივ, პირიქით ხდება: ადამიანი წაიკითხავს რამეს, პიტალო ჭეშმარიტებად მიიღებს და მერეღა ხვდება, რომ კოხტად გააცურეს, ხელთ ლიტერატურული მისტიფიკაცია შეაჩეჩეს, ხოლო მისი აღფრთოვანება ლექსებითა თუ მისი არარსებული ავტორით, და თვითონ ისიც რეალური ავტორის მიერ ჩაფიქრებული შემოქმედებითი აქტის წინასწარ გათვლილი ნაწილი იყო.

ჰოდა, კიდევ კარგი, დროულად მოვიშორე საფუძვლიანი თუ უსაფუძვლო ეჭვები ტაშირო მაცუკის გამო და იმასღა ვფიქრობდი, მალე მენახა ეს ლექსები წიგნად აკინძული, რომ საფუძვლიანად, უკვე სხვა თვალით წამეკითხა ყველაფერი. ვიცოდი რა რაულის საკუთარი თუ ნათარგმნი შემოქმედების წიგნებად გამოცემის ტემპები, დარწმუნებული ვიყავი, რომ ტაშირო მაცუკიც მალე გაწიგნდებოდა, მაგრამ თუ ამ საქმეში მეც მომიხდებოდა მონაწილეობის მიღება, ვერ წარმოვიდგენდი!

ჰოდა, ერთ მშვენიერ დღეს რაულმა ფეისბუქზე მომწერა, - რაც ჩემს ხელთ იყო ტაშირო მაცუკისა, თითქმის ყველაფერი ვთარგმნე, ახლა იმ ჩემი ჩინელი კოლეგის არააფიშირებული თანადგომით, მინდა წიგნადაც გამოვცე და რაკი ვიცი შენი ინტერესი იაპონური და ჩინური პოეზიის მიმართ, ძალიან გამიხარდება, თუ ამ წიგნისთვის წინასიტყვაობას და(მი)წერო. აბა, უარს როგორ ვეტყოდი და რაულმაც წიგნის მთელი მასალა გამომიგზავნა.

ჰოდა, ჩავუჯექი და ჩავუწექი მთელი ჩემი ლიბროკუბიკულარისტული მოწადინებით. დღეგამოშვებით თუ კვირაში ორჯერ ფეისბუქზე წაკითხული ლექსები სხვაა და ერთად თავმოყრილი - სხვა. წიგნის მკითხველი თავად დარწმუნდება, რომ ტაშირო მაცუკის რაულ ჩილაჩავასეული თარგმანების ეს მომცრო ტომი მართლა მოვლენაა ერთი მხრივ ქართულ, მეორე მხრივ - ჩინურ და საზოგადოდ მსოფლიო პოეზიაში. ეს არის უაღრესად საინტერესო, არცთუ ადვილი და სწორხაზობრივი ბიოგრაფიის მქონე ადამიანის სულიერი ცხოვრების ერთგვარი პანორამა, განფენილი დროში, სივრცესა თუ სიღრმეში. ბევრი რამ შეიძლება ქართველი მკითხველისთვის უცხო და გაუგებარიც იყოს, ცალკეული სიტყვებიდან თუ ფრაზებიდან დაწყებული, ფილოსოფიით, ესთეტიკითა და ისტორიულ-პოლიტიკური რეალიებით დამთავრებული, მაგრამ ეს სულაც არ არის დაბრკოლება საიმისოდ, რომ პოეზიის გურმანმა ამ ლექსებში შორეული პოეტური სანახებიც მოიხილოს და ახალი პოეტური აღმოჩენებიც გააკეთოს.

ჰოდა, ერთი ასეთი აღმოჩენა მე იმ ღამესვე გავაკეთე, როცა რაულის გზავნილი ამოვბეჭდე და მთლიანად გადავეშვი ჩინელი პოეტის ქართულად ნათარგმანებ სამყაროში. ჰოდა, გადავეშვი და... უცებ თითქოს ურო დამკრეს თავში!

მე, ალბათ, მაშინ უნდა მეცხოვრა,
როცა ჩინეთის დიდი კედელი
არ იყო ჯერაც და კაცს შეეძლო
წასვლა იქითკენ, საითაც სურდა.

ჰოდა, წავიკითხე ტაშირო მაცუკის ეს სიტყვები და მომეჩვენა, რომ მე მას მანამდე ვიცნობდი, ვიდრე ის ჩინელი დიპლომატი რაულ ჩილაჩავას მის შესახებ უამბობდა! და ეს არ იყო იმგვარი წარმოდგენა, მე რომ ჩემი თავი იმ ჩინელ დიპლომატად წარმოვიდგინე, როცა ჩემი ეჭვების პროს და კონტრას ვაზუსტებდი. ეს უფრო ცხადი რამ წარმოდგენა გახლდათ, უკეთ - მოგონება, ნანახისა და განცდილის გახსენება. გამახსენდა, რომ მე ტაშირო მაცუკი მართლა მყავს ნანახი! მე მას რეალურ ცხოვრებაში, ლაივში ვიცნობდი! ვიცნობდი - რა! ერთხელ, ერთადერთხელ შევხვდი. მრავალი წლის წინათ. ნეპალში. გამოველაპარაკეთ კიდეც ერთმანეთს და სწორედ ჩვენი იმდღევანდელი საუბარი გამახსენა ზემოთ მოყვანილმა მისმა სტროფმა. მაშინ მე 24 წლისა ვიყავი, ის კი, როგორც ახლა მისი დაბადება-გარდაცვალების წლების მიხედვით ირკვევა, - 55 წლისა. არადა, მაშინ ამდენს ვერ მივცემდი. საერთოდ, ჩინელთა ასაკის გამოცნობა და დადგენა უმადური საქმეა. ყველა ჩინელი იმაზე გაცილებით ახალგაზრდად გამოიყურება, ვიდრე ის არის სინამდვილეში.

ჰოდა, 1976 წელი დგას და მე ნეპალში ვარ „სპუტნიკის“ ახალგაზრდული ტურისტული ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად. კატმანდუში გუშინ თუ გუშინწინ ჩამოვფრინდით კალკუტიდან. ჩვენი ჯგუფი, მგონი, პირველი ტურისტული ჯგუფია საქართველოდან ამ იდუმალ ქვეყანაში და სულ პირველები თუ არა, ერთ-ერთი პირველი ქართველები ვართ ნეპალში. ეგზოტიკური ინდოეთი უკვე მეტ-ნაკლებად მოვლილი გვაქვს და ამ ფონზეც კი გვაოცებს ნეპალი თავისი ეგზოტიკითაც და მისტიკურობითაც. და ამ გასაოცარ ფონზეც კი გამოირჩევა თავისი იდუმალებითა და მისტიკურობით ყვითლებში შემოსული ბუდისტი ბერების მომცრო ჯგუფი. ეტყობა, იმ ვეება ტაძრის მოსალოცად მოსულან, ჩვენ რომ ეს-ეს არის დავათვალიერეთ. ტაძრის ეზოში ვდგავართ რამდენიმე ქართველი ტურისტი, ჯგუფის დანარჩენ წევრებს ველოდებით, რომ ექსკურსია გავაგრძელოთ. ის ყვითელი ბერებიც, როგორც ჩანს ვიღაცას ელოდებიან. აშკარაა, რომ ნეპალელები თუ ინდოელები არ არიან. მე მაშინ ჩინელებს, იაპონელებსა თუ კორეელებს ერთმანეთისგან ვერ ვარჩევდი და იაპონელებად ჩავთვალე. მერე გაირკვა, რომ ჩინელები ყოფილან. ხმამაღლა ვლაპარაკობდით და ერთი მათგანი გამოგველაპარაკა, - რა ენაზე საუბრობთო. ქართულზეო, - პირველი საშა კოხრეიძე მიეპასუხა ინგლისურად, ჩვენი ჯგუფის თარჯიმანი. რომ გაიგეს ქართველები ვიყავით, რუსულზე გადავიდნენ. ტიბეტელი ბერები ვართო. მეორე კვირაა, ჩამოვედით აქაურობის მოსალოცადო. ამასობაში ჯგუფის ხელმძღვანელმა საშას დაუძახა, მიდი, ჩვენი ხალხი მოძებნეო და იმანაც ეს ჩინელი ბერი მე შემატოვა. ახლა ვერც იმის სახეს ვიხსენებ და ვერც რაიმე გარეგნულ ნიშანს, რითაც ის შორიახლოს მდგარი მისი თანამემამულე სხვა ბერებისაგან განსხვავდებოდა. და რაზე შეიძლება ელაპარაკოს ახალუნივერსიტეტდამთავრებული ქართველი ტურისტი ტიბეტელ ბერს 1976 წელს კატმანდუში? მაო ჯერ კიდევ ცოცხალია და წინა საღამოს სასტუმროს წინ ლტოლვილი ჩინელები რაღაც თვითნაკეთ სუვენირებთან ერთად მისი ციტატების პაწაწა წიგნაკებსაც გვთავაზობდნენ. ხუნვეიბინების, ძაოფანებისა და ჯამ-ჭურჭლის ჩხარა-ჩხურით ამოწყვეტილი ბეღურების ამბავი კი ვიცი მეტ-ნაკლებად, მაგრამ პოლიტიკური საუბრები სახიფათოა, შეიძლება სამუდამოდ დამეხშოს უცხოეთის გზა. და რა რჩება, რაზე უნდა დაველაპარაკო? რა რჩება და, ჩინეთის დიდი კედელი - ერთ-ერთი მსოფლიოს საოცრებათაგან!

ჰოდა, ჩინეთის დიდი კედლის ნახვაზე ვოცნებობ-მეთქი, ვუთხარი. იმის რუსული გაცილებით უარესი იყო, ვიდრე ჩემი მაშინდელი ინგლისური. მაგრამ, ეტყობა, თემა მასაც მოეწონა და ზუსტად ის მითხრა დამტვრეული რუსულით, რაც ზემოთ რაულ ჩილაჩავას ბრწყინვალე ქართულ თარგმანში წერია. მაშინ მისი ამ სიტყვებისთვის დიდად ყურადღება არ მიმიქცევია, ორ უცნობ, ერთმანეთის ენების არმცოდნე ადამიანს შორის საუბრის გასაგრძელებელ ფრაზად ჩავთვალე, თანაც ბერის ბაგეთაგან ნათქვამი ძალზე ბუნებრივად ჟღერდა და ნაკლებად ჰგავდა ლექსს. ახლა კი, მრავალი წლის შემდეგ, როცა ტაშირო მაცუკის ეს სიტყვები წავიკითხე და როცა მანამდე წაკითხულ უამრავ ლექსთა თუ სხვა ჟანრის თხზულებათა შორის მსგავსი არაფერი მახსენდება, შემიძლია დანამდვილებით ვთქვა, რომ ის ჩემი კატმანდუელი თანამოსაუბრე სწორედაც ტაშირო მაცუკი იყო! და არა მარტო ამ სიტყვების გამო. სანამ საშა ჩვენებს მოაგროვებდა, სწორედ საუბრის გაგრძელების მიზნით, ვუთხარი, თავიდან რომ დაგინახეთ, იაპონელები მეგონეთ-მეთქი. არ გაუცინია, - ბუდისტი ბერები, მგონი, საერთოდ არ იცინიან, - არაო, ყველანი ჩინელები ვართო, თუმცა მე იაპონელები ძალიან მიყვარსო. ახლა ვხვდები, რომ იაპონელებისადმი თავის დამოკიდებულებას საგანგებოდ გაუსვა ხაზი, რადგან მაშინ არ ვიცოდი, მაგრამ ახლა კი ვიცი, რომ ჩინელები და იაპონელები ერთმანეთის სიყვარულით დიდად არ გამოირჩევიან.

ჰოდა, სხვა რაღა დარჩა?! არა, თავისი იაპონური ფსევდონიმი იმ ტიბეტელ ბერს ჩემთვის არ გაუმხელია, თუმცა ახლა, იმ ერთი სტროფის წაკითხვის შემდეგ, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ის ყვითლებში შემოსილი ბერი სწორედ ტაშირო მაცუკი უნდა ყოფილიყო.

ჰოდა, არც ის და არც ის შორეული შეხვედრა არაფრით გამახსენდებოდა, რომ არა ჩინეთის დიდი კედლის ეს არაჩვეულებრივი პოეტური გათამაშება იაპონური ფსევდონიმის მქონე ჩინელი პოეტის ქართულ თარგმანში. ან რატომ უნდა გამხსენებოდა?! - ვინ იცის, რამდენი ჩინელი და რამდენი იაპონელი მინახავს მას შემდეგ და რამდენთან მისაუბრია ათას რამეზე...

ჰოდა, ახლა იმაზე დავფიქრდი, განა შეიძლება, რომ ადამიანს ისეთი რამ გაახსენდეს მრავალი წლის შემდეგ, რასაც თავის დროზე არავითარი ყურადღება არ მიაქცია. თურმე შეიძლება, თუ საამისოდ შესაფერისი ვითარება შეიქმნა და რაღაცამ იმპულსის როლი შეასრულა.

ჰოდა, აქ გამახსენდა პროფესორი დიტერ უმბახი - გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანი, რომლისგანაც ინტერვიუ ავიღე 2011 წლის სექტემბერში და გამოვაქვეყნე კიდეც ჟურნალ „ობოობაში“. თურმე ნუ იტყვი და, 15 წლის გერმანელი ყმაწვილი, რომელიც მაშინ შვეიცარიაში სწავლობდა და როგორც ჩიტი-კორესპონდენტი, გაზეთ „ვესტდოიჩე ცაიტუნგის“ ჟენევის ბიუროსთან თანამშრომლობდა, გაზეთის რედაქციას ერთა ლიგის სასახლეში მიუვლენია გაზეთის სხვა, გამოცდილ რეპორტიორებთან ერთად. ჟენევაში 1959 წლის მაის-აგვისტოში გამართულა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებულ სახელმწიფოთა საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ეგრეთწოდებულ „ბერლინის ულტიმატუმის“ თაობაზე თავისი ანდრეი გრომიკოთი, სელვინ ლოიდით, კრისტიან გერტერითა და მორის კუვ დე მურვილით...

ჰოდა, როგორც დიტერ უმბახმა ჩემთან ინტერვიუში გაიხსენა, შეხვედრის მიმდინარეობისას ერთა ლიგის სასახლის წინ თურმე დიდძალი ხალხი იკრიბებოდა, ზოგს რა აინტერესებდა და ზოგს - რა. იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ცდილობდნენ, რომ კონფერენციის მონაწილეთათვის თავიანთი პეტიციები თუ სხვა რამ დოკუმენტები მიეწოდებინათ. ერთ-ერთი მათგანი გრიგოლ რობაქიძე ყოფილა, რომელსაც თურმე სეზონის შეუსაბამოდ პალტო ეცვა, თანაც გვარიანად შელახული, და რომელსაც ღონისძიებაზე აკრედიტებული ყმაწვილი კორესპონდენტისთვის საქაღალდე მიუცია თხოვნით - კონფერენციის კანცელარიაში ჩაებარებინა. ბიჭს ეს თხოვნა შეუსრულებია და მერე იქვე კაფეში დამსხდარან, ცოტა უსაუბრიათ და რობაქიძეს მადლიერების ნიშნად ყმაწვილისთვის თავისი „კავკასიური მოთხრობები“ უჩუქებია, წიგნად გამოცემული გერმანულ ენაზე.

ჰოდა, დიტმარ უმბახს მრავალი წლის წინანდელი ეს შეხვედრა მხოლოდ მაშინ გახსენებია, როცა მთელ ევროპაში სახელგანთქმული იურისტი რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში მიიწვიეს. იგი თურმე იმ ადამიანის პიროვნებით დაინტერესებულა, ვის სახელსაც ატარებს უნივერსიტეტი და როცა რობაქიძის ბიოგრაფია გაუგზავნეს და წაიკითხა, ელდანაკრავმა თავის არქივში ის ნაჩუქარი წიგნი მოძებნა და მაშინღა მიხვდა, რომ ბედმა საოცარი სიურპრიზი შესთავაზა! იგი სწორედ იმ გაცვეთილპალტოიანი ადამიანის სახელობის უნივერსიტეტში მიეწვიათ სამუშაოდ, რომელსაც ის სრულიად შემთხვევით შეხვედრია 52 წლის წინათ და რომელიც ამ უნივერსიტეტში კი არა, მთელ საქართველოში ცოცხალი აღარავის ახსოვდა!

ჰოდა, დიტერ უმბახის შემდეგ ჩემი და გიორგი ნიკოლაძის ანალოგიური ამბავიც გამახსენდა, როცა გასული საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს გიორგი დის, რუსუდან ნიკოლაძის ნათქვამი, ჩემმა ძმამ პატარაობისას პარიზში ნავებით შეჯიბრება მოიგოო, მხოლოდ მას მერეღა წამომაგონდა, რაც მთელი 20 წლის შემდეგ უცნობი ფრანგი ბიჭუნას ამბავი გავიგე, რომელიც 1900 წლის პარიზის თამაშებზე ოლიმპიური ჩემპიონი გამხდარა ორ ნიდერლანდელ ნიჩბოსანთან ერთად, როგორც მათი ნავის მესაჭე, და რომლის ვინაობა ისტორიას არ შემორჩა. მე ეს ორი ფაქტი, არაერთი არგუმენტის დამოწმებით, ერთმანეთს დავუკავშირე და ჩემი ვერსია უცნობი ფრანგი ბიჭუნას გიორგი ნიკოლაძეობის შესახებ წიგნებადაც გამოვეცი ქართულად თუ ინგლისურად და დღეს იგი ვიკიპედიაშიც არის მოხსენიებული.

ჰოდა, მიკვირს კი არა, გაოგნებული ვარ რაულ ჩილაჩავას ნათელმხილველური შემოთავაზებით, იქნებ შენ დაწერო ტაშირო მაცუკის ლექსების წიგნის წინასიტყვაობაო! ის ნეპალური შეხვედრა მე არ მახსოვდა და რაულს ნეტა საიდან უნდა სცოდნოდა, რომ შორეულ წარსულში, ფაქტობრივად წინა ცხოვრებაში მე პირადად შეიძლებოდა შევხვედროდი დიდ ჩინელ პოეტს, რომლის შესახებ მხოლოდ დაბადება-გარდაცვალების წლები და ბიოგრაფიის ერთი-ორი მკრთალი შტრიხია დღეს ცნობილი? თუმცა პოეტის ბიოგრაფია, უწინარეს ყოვლისა, მისი ლექსებია. და ამიტომ თამამად შეიძლება ითქვას, რომ ტაშირო მაცუკის, იმ ჩინელ დიპლომატს თუ არ ჩავთვლით, დღეს ყველაზე კარგად დედამიწის ზურგზე სწორედ რაულ ჩილაჩავა იცნობს. მერე ალბათ მე, რაკი ვინ იცის რამდენჯერ წავიკითხე რაულის თარგმანები, სანამ ამ წინასიტყვაობის წერად დავჯდებოდი. დაბოლოს, ჩინელ პოეტს პირველად სწორედ ქართველი მკითხველი წაიკითხავს, რაკი მისი ლექსები ჯერ კიდევ ელის თავის დროს ორიგინალის ენაზე დასაბეჭდად.

ჰოდა, მთავარი და ყველაზე საკვირველი სწორედ ის არის, რომ მილიარდნახევრიანი ჩინეთი ერთ თავის უდიდეს პოეტს სულ რაღაც ოთხმილიონიანი საქართველოს შემდეგ გაიცნობს. თუმცა ოთხი მილიონისა რა გითხრათ და, პოეზიის მცირერიცხოვანი ქართველი მოყვარული კი, დარწმუნებული ვარ, დიდი ინტერესით მიიღებს ამ მართლა მშვენიერ წიგნს, რომელიც შინაარსით თუ არა, მთელი თავისი წინაისტორიით მართლა ასე ძალიან ჰგავს მისტიფიკაციას.

პაატა ნაცვლიშვილი
ოქტომბერი, 2021

3 მაშინ მე მოვალ უსათუოდ, მე დავბრუნდები...

▲ზევით დაბრუნება


მთარგმნელისაგან

ტაშირო მაცუკის სახელი პირველად ამ თხუთმეტიოდე წლის წინათ გავიგონე რიგაში მაღალი რანგის ჩინელი დიპლომატისგან, რომელსაც განათლება მოსკოვში ჰქონდა მიღებული და რუსულს ჩინებულად ფლობდა. ჩინეთის საელჩო უკრაინის საელჩოდან ას მეტრში იყო და ჩვენ თითქმის ყოველდღე ვხვდებოდით ხან ქუჩაში, ხან ახლომდებარე სკვერში, ხან კიდევ სხვადასხვა ოფიციალურ მიღებებზე. განსაკუთრებით დავახლოვდით მას შემდეგ, რაც იგი ჩემი ერთ-ერთი წიგნის წარდგინებას დაესწრო. აღმოჩნდა, რომ თვითონაც წერდა ლექსებს და საერთოდაც შესანიშნავად იცნობდა არა მარტო მსოფლიო კლასიკას, არამედ თანამედროვე მწერლობასაც. როცა ერთმანეთი საკმაოდ გავიცანით და ჩვენს შორის გარკვეული ურთიერთნდობაც დამყარდა, მითხრა, რომ ჰქონდა საინტერესო ხელნაწერი, რომელიც ჯერ არსად გამოქვეყნებულა, თუმცა ამას იმსახურებს. როცა რამდენიმე ნაწყვეტი მითარგმნა ზეპირად, ვთხოვე უფრო დაწვრილებით მოეთხრო მასზე. კოლეგამაც ამიხსნა, რომ ტაშირო მაცუკი იაპონურ ფსევდონიმს ამოფარებული ჩინელია, რომელიც გაექცა მისი ქვეყნის კომუნისტურ დიქტატურას და თავისუფლებისმოყვარე ტიბეტს შეაფარა თავი. მისი ნამდვილი სახელი და გვარი დღემდე გაუშიფრავია, სახელდება მხოლოდ დაბადებისა და გარდაცვალების წლები _ 1921-2005. ცნობილია ისიც, რომ ტაშირო მაცუკად ცნობილ პიროვნებას თავის დროზე ჩინეთის სახელმწიფო იერარქიაში საკმაოდ მაღალი თანამდებობა ეკავა, რომელიც უცებ დატოვა და, როგორც ვთქვი, მოულოდნელად ტიბეტში გაიხიზნა. ჩემი ნაცნობი ჩინელი დიპლომატიც საკმაოდ კრიტიკულად იყო განწყობილი თავისი ქვეყნის ხელისუფალთა მიმართ, ამიტომ მის ნამდვილ სახელსა და გვარს არ ვასახელებ, რადგან იგი დღემდე მოქმედი დიპლომატია და ამჟამად ევროპის ერთ-ერთ სახელმწიფოში დიპმისიას ხელმძღვანელობს. ჩვენი ხშირი საუბრების დროს მომწიფდა აზრი, რომ კოლეგა მე სიტყვა-სიტყვით მიკარნახებდა ტექსტებს, რომლებსაც მერე ენობრივ-სტილისტურად დავამუშავებდი და მხატვრული თარგმანის სახეს მივცემდი. ეს სურვილი უფრო გამიძლიერდა, როცა გავიგე, რომ ტაშირო მაცუკი ორიგინალური ლექსების ავტორიცაა. ასეც მოვიქეცით. მოცალეობის ჟამს, კვირა-უქმეებში, ჩვენ ვსხდებოდით ჩემი საელჩოს კომფორტაბელურ ბუნკერში (შენობაში ადრე ყოფილი ლატვიის სსრ რესპუბლიკის სამხედრო კომისარიატი იყო), სადაც ჩინებული საუნა გვქონდა და ჩინური ჩაის, ქართული ღვინოსა და უკრაინული წიწაკიანი არყის თანხლებით ვთარგმნიდით ინკოგნიტო პოეტისა და მოაზროვნის ტექსტებს, ზოგჯერ დაუმთავრებელსაც.

ტაშირი მაცუკის ხელნაწერში, რომელიც ჩემს კოლეგას ჰქონდა, უხვად იყო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ყოფილი თუ თანამედროვე ლიდერების, ასევე მათი საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის კრიტიკა, მაგრამ მე უფრო დამაინტერესა იმ პასაჟებმა, სადაც ავტორი ეხებოდა ზოგადსაკაცობრიო თემებს, ზნეობის, რელიგიის, ესთეტიკის, ლიტერატურისა და ხელოვნების საკითხებს. თუმცა საჭაშნიკოდ რამდენიმე პოლიტიკური შინაარსის ლექსი თუ ჩანაწერი მაინც ვთარგმნე.

რამდენადაც მე შემიძლია ვიმსჯელო იმ მასალების მიხედვით, რომლებსაც გავეცანი, ტაშირო მაცუკი არ ყოფილა ხმალშემართული დისიდენტი, იგი, თუ შეიძლება ასე ითქვას, „ხავერდოვნად“, უხეშობისა და აგრესიის გარეშე, ტრადიციულად ნატიფ ეროვნულ სტილში გამოხატავდა განსხვავებულ საკუთარ მრწამსს, აზრებს, განცდებსა და მისწრაფებებს, რაც განსაკუთრებით იგრძნობა მის თითქოსდა განყენებულ, რაფინირებულ და უიდეო ლექსებში. მსგავსი დასკვნის საფუძველს, ვფიქრობ, გვაძლევს აქ წარმოდგენილ ლექსთა თარგმანებიც.

სიმართლე რომ ვთქვა, არც ვიცი, როგორ მოხვდა ეს ხელნაწერი ჩემი ნაცნობის ხელში, არც ის, გამოიცა თუ არა იგი სამშობლოში თუ საზღვარგარეთ. მე სულ ვაპირებდი, ჩავჯდომოდი ამ პწკარედებს, მაგრამ საკუთარმა შემოქმედებამ გადამძალა. ბოლო წლებში ათზე მეტი კრებული დავწერე და თარგმანისთვის ვერ მოვიცალე. ახლა ვფიქრობ, ეს ჟამი დადგა და ქართველ მკითხველს ვთავაზობ ამ, ჩემი აზრით, საინტერესო და ორიგინალური ავტორის მცირე, მაგრამ ყურადსაღებ ნაშრომს.

კიევი, 17 ივლისი, 2021

P.S. ტაშირო მაცუკის თარგმანთა პირველი წიგნის გამოსვლა ქართველი კოლეგისგან გზაში შევიტყვე, როცა რუსეთის ვერაგული თავდასხმის გამო უკრაინას ვტოვებდი და პოლონეთისკენ მივემართებოდი. იმ მძიმე დღეებში ჩემთვის ეს ცნობა იქცა სიხარულის პაწია სხივად, რომელიც სულს მითბობდა და სიცოცხლის წყურვილს მიმძაფრებდა. პაპის ნაფუძვნარზე ახლადაგებულ სახლში, სადაც ხელახლა დავემკვიდრე, კვლავ დავუბრუნდი პწკარედთა იმ მარაგს, რომელიც ჯერ კიდევ აუთვისებელი მრჩებოდა და უფლის შეწევნით წინა გამოცემა ახალი თარგმანებით შევავსე. ვფიქრობ, ამ სახით ტაშირო მაცუკის შემოქმედება ქართველი მკითხველისთვის კიდევ უფრო გასაგები და მახლობელი გახდება.

თბილისი, 7 იანვარი, 2024, ქრისტეშობა

4 პირველი ლექსებიდან

▲ზევით დაბრუნება


ვემშვიდობები ხუანხეს და მივდივარ შორეთს

0x01 graphic

საუბარი დუ ფუსთან

წუხელ დუ ფუსთან ვსაუბრობდი არწივის ჩრდილში.
უცებ შორიდან დაიქროლა მძლავრმა ქარმა და
დაძიბაოთა ფრაგმენტები გაფანტა ირგვლივ.
ხუნვეიბინებს არ ასვენებთ ეშმაკი ისევ,
თორემ რა ხდება ცისქვეშეთში, ნეტავ, ისეთი,
რომ ღირდეს ჩვენთვის ხელის შეშლად თუნდ ერთ წამით.

პარტკომში ვფიქრობ ხანჯოუს ტბაზე

მაოს ციტატა შემეშალა და მთელი დღეა
პარტკომში მხოლოდ ჩემს სიჩლუნგეს აკრიტიკებენ.
მე კი ვზივარ და ნეტარებით ვიხსენებ იმ დროს,
სატრფოსთან ერთად ხანჯოუს ტბა რომ გადავცურე.

თოვლი სიჩუანში

ღრუბლებმა მამცნეს: სიჩუანში თოვლი მოსულა.
ისინი ისე მსუბუქი და მშრალი არიან,
მე დავასკვენი - სიჩუანში მოსულა თოვლი.

როცა ბაი ძიუმაც1 ვეღარ მიშველა

ეს იყო მაშინ, როცა ჟლეტდნენ ბეღურებს ყველგან.2
მე მივეძალე ბაი ძიუს, მსურდა დათრობა,
რომ არ მსმენოდა განწირული მათი ჟივჟივი,
მაგრამ ძილშიაც ვერ იქნა და ვერ მოვახერხე.

______________

1. ბაი ძიუ - ჩინური არაყი.

2. ეს იყო მაშინ, როცა ჟლეტდნენ ბეღურებს ყველგან - იგულისხმება „დიდი ნახტომის“ (1958-1962) ფარგლებში სოფლის მეურნეობის მავნებელთა წინააღმდეგ განხორციელებული მასშტაბური კამპანია (მთარგმნ. შენიშვნა).

ფიქრები იმ დროზე, რომელშიც უნდა მეცხოვრა

მე, ალბათ, მაშინ უნდა მეცხოვრა,
როცა ჩინეთის დიდი კედელი
არ იყო ჯერაც და კაცს შეეძლო
წასვლა იქითკენ, საითაც სურდა.
ახლა რაღა ვქნა? ჩემი სამშობლო
ჩაკეტილია დიდ კედლებს შორის
და მე თვითონაც მათ ვარ მითვლილი,
ვინც საზღვარს იქით არავის უშვებს.
ჩავცქერი შურით დუ ფუს სტრიქონებს
და ვწუხვარ, რატომ არ გავჩნდი მაშინ,
როცა პოეტის ფრთებთან მაკრატელს
იმპერატორიც ვერ მიიტანდა.

ვემშვიდობები ხუანხეს და მივდივარ შორეთს

დავტოვებ მალე აყვავებულ ბაღნარებს ჩემსას
და დღემდე უცნობ მონასტერთან შევდგები კრძალვით.
რა მელოდება მე, ცოდვის შვილს, რა მელოდება,
რას მეტყვის უცხო და უცნობი საძმო, რომელთან
უნდა გავიყო დარჩენილი სიცოცხლის დღენი!
მოამქუხარებს ყვითელ ტალღებს ჩემი ხუანხე,
და ვხედავ, როგორ ყვითლდებიან ხეები ირგვლივ.
უკანასკნელად ვაყურადებ დედა-მდინარეს,
გზას რომ მილოცავს უცნობი და შორი მიზნისკენ,
რომელიც რატომ ავირჩიე, არ ვიცი თვითონ.

ბერის სენაკში მე ვიხსენებ კობას სამშობლოს

მე ბავშვობაში ერთი დიდი სურვილი მქონდა -
მენახა ტურფა საქართველო - კობას სამშობლო,
მაგრამ ახდენა არ ეწერა ოცნებას ჩემსას,
დაამხეს კერპი, დააშორეს ლენინის სახელს,
ჩვენ კი აგვიხსნეს, რომ ბელადი ტირანი იყო.
მერე მაოზეც იგივე თქვეს, მაგრამ მის ხსოვნას
სტალინის მსგავსად ლაფის დასხმა ვერ გაუბედეს.
და იგი ახლაც ძველებურად მავზოლეუმში
წევს და თავისი ციტატებით გვესაუბრება.
მე კი სულ ვფიქრობ, ასე, ალბათ, იმიტომ მოხდა,
რომ მბრძანებლობდა ჯუღაშვილი სხვის ქვეყანაში,
მაო კი იყო საკუთარი ქვეყნის მესაჭე.
სხვის ქვეყანაში ანგელოსიც რომ იყო, მაინც
გარჯა ბოლომდე არასოდეს დაგიფასდება!
ვზივარ ამჟამად სენაკში და უწინდებურად
ვფიქრობ, ნეტავი, როგორია კობას სამშობლო?

ჩინეთი დიდი ქვეყანაა...

რიცხობრივობა არ განსაზღვრავს ერის სიდიდეს.
ჩინეთი დიდი ქვეყანაა, რომელსაც მარტო
ხალხის სიმრავლით ნუ გავზომავთ... უმთავრესია
წვლილი, რომელიც ოდითგანვე ჩვენ შევიტანეთ
კაცობრიობის საგანძურში და ახლაც შეგვაქვს.
ჩვენ არ გვჭირდება სხვისი მიწა, სხვისი ნაჯაფი,
მაგრამ მე მტკივა ზიგზაგები კონფუცის დროდან
და დაოსიდან აქამდე რომ გამოვიარეთ.
სამშობლოვ ჩემო, გემსახურე, როგორც შემეძლო,
მაგრამ დღეიდან მე ვიქნები შენზე მლოცველი
მხოლოდ შორიდან - შეხიზნული ჯოკანგის ტაძარს.

ბამბუკის ქოხში

ბამბუკის ქოხში ვიწექი წუხელ,
სადაც ჭრიჭინა განთიადამდე
მე მიგალობდა უნაზესი ხმით
უკვდავ სტრიქონებს ბო ძიუისა!

კომუნიზმის დასასრული

ტიანანმენთან კომუნიზმი
დამთავრდა ჩემთვის
და რა დაიწყო, ჯერ არ ვიცი,
მაგრამ დაიწყო.

ტკივილი

ზოგჯერ ტკივილის გაყუჩება არც უნდა სცადო.
მიუშვი, გტანჯოს, დაგიაროს ბოლო ნერვამდე.
მხოლოდ ამგვარად შეძლებ იგრძნო სხვისი ვაება
და ერთადერთი სანუგეშო სიტყვა იპოვო.

ხილვა „სამყაროს სახურავიდან“

ვდგავარ „სამყაროს სახურავზე“... აქედან უკეთ
მოჩანან მთები, ველ-მინდვრები, ტყეები, ზღვები.
და უკეთ მესმის, რას ფიქრობენ სხვები და სხვები,
ჩემთან უზნეო ჭიდილში რომ მარჯვენა უქეთ.

მე ახლა სხვა ვარ, არ მამძიმებს დღიური წყენა,
და ვფიქრობ თქვენზე, ვინც არ დარჩით ცოდვილთა შორის,
სადაც კვლავ მძლავრობს უნდობლობა, შიში და ჭორი
და ძველებურად უკადრებელს კადრულობს ენა.

იანძის პირას...

იანძის პირას მოწყენილი დგას სახედარი,
წარუტაცია პირქუშ ტალღებს მისი მხედარი.

საბრალო ცხოველს წასასვლელი არ დარჩენია,
სულ განუახლდა, აქამომდე რაც კი სტკენია.

თითქოს ერთბაშად დაჰკარგვია სიცოცხლის აზრი,
იტირე გულო, ივაგლახე, ცრემლებით დაზრი,

იანძის პირას მოწყენილი დგას სახედარი
და ტალღებს მიაქვთ მისი მხედრის ლურჯი ცხედარი.

მკლავების იმედით

სახტად დარჩენას მირჩევნია მარტო დარჩენა,
მე გავძლებ, სანამ არ მიმუხთლებს ომში მარჯვენა.

მე ჯერ მარცხენის იმედიც მაქვს... ორივე მკლავი
სანამდე მერჩის, სამშვიდობოს მგონია თავი.

პარალელი ლაო ძისთან

ამბობს ლაო ძი: „არ მაღელვებს რამდენი რამე!
თუმცა გარშემო განუწყვეტლივ კონცერტებს დგამენ“.

მეც ვამბობ ახლა: „ბევრი რამე არ მედარდება,
რაც არ მარგია, დავიწყების მორევს ბარდება!“

ფიქრები შაოლინის მონასტრის შესასვლელთან

მე უკვე მივხვდი: არ სჭირდება დანა შაოლინს,
ჩანასახშივე რომ აღმოფხვრას დანაშაული.

ჩამავალ მზეზე ყვითელ აფრებს ჰგვანან ბერები,
მე მათ ხელს ვუქნევ და ღრუბლების ზღვას ვეფერები.

ახლა სახლში მარტო ვარ და კვლავაც მარტო ვიქნები

ზამთარია. თოვს და ყინავს. ქარი კარებს აწვება.
მკოცნის სიზმრის დედოფალი, ჩემი ბროლისღაწვება.
ახლა სახლში მარტო ვარ და კვლავაც მარტო ვიქნები.
ირგვლივ ანგელოზის ფრთებით დაფრინავენ წიგნები.
დილით თითქოს ჩემი მეკვლე დაბრუნდება ომიდან
და ბარიდან გამარჯვების ნანატრ ამბავს მომიტანს.

ჩინელების რიგი „მაკდონალდსთან“

„მაკდონალდსთან“ გრძელი მწკრივი გაუჭიმავთ ჩინელებს.
თუა კერძი, რასაც მათი კუჭი ვერ მოინელებს!
რით ვერ გაძღა საკუთარი საჭმელებით, ერი, ჰა?
მგონი, უკვე ფერსაც ვიცვლით, ჩვენც ვთეთრდებით, ერიჰა!

ჩაივლის მალე ეს ზაფხული

აუზში წყალი დამშრალია. ბატონობს გვალვა,
ხეებზე თითქოს დამჭკნარ ფოთლებს ჰგვანან ჩიტები.
ბუნების მიმართ დღემდე შემრჩა შიში და კრძალვა
და ჩემსავ თავში გაორებულ ლანდს ვეჭიდები.

ჩაივლის მალე ეს ზაფხული. აგვისტოს ნაცრით
დაიფარება პაპირუსი ჩანავლულ წამთა
და შორეული ქარბუქების გუგუნი მკაცრი
შემოუძღვება ხეობაში ულმობელ ზამთარს.

...და სულ ახალი მარშრუტისთვის გავემზადები

სიზმრებში ვსახლობ. მე იქ თითქმის ვარ უჩინარი,
ვით ერთი კენჭი ჭრელი ხალხის აყალყულ ზღვაში.
და როცა ვინმე შემამჩნევს და იტყვის: „ვინ არი?“
ავილეწები და უეცრად თვალს ვახელ მაშინ.

მიწყდება თითქოს დედამიწის აურზაური,
მიიჩქმალება ერთობ ჩვენი ყოფის ზადები.
დავატრიალებ სიყრმის გლობუსს, ვით მოგზაური
და სულ ახალი მარშრუტისთვის გავემზადები.

...და მაინც დღემდე შენი ხმების კოცონთან ვთბები

იმ ცხოვრებაში სხვა ვინ მყავდა?.. შენ ერთი მხოლოდ...
და სანამ გთვლიდი სიცოცხლის და სიამის აზრად,
შემომეჩვია ნადირივით ეს სიტყვა: „ხოლოდ!“1
ბროლის ლარნაკში უთვალავი ყვავილი დაზრა.

მე მახსენდება შენი სახე, მხარ-თეძო, თმები
და მზერა, დღემდე უსასოო სულს რომ მიმძიმებს.
და მაინც დღემდე შენი ხმების კოცონთან ვთბები
და მეჩვენება: ვერას მაკლებს ზამთრის სიცივე.

_____________

1. ხოლოდ (რუს.) - სიცივე (ავტ. შენიშვნა).

ბავშვობის ლექსი, როცა ნათელი მომავლის მჯეროდა

დედა ბრინჯს ხარშავს, მამა თევზის საჭერად მიდის
და ლერწმის ქოხში ქონის ჭრაქი ისე პარპალებს,
თითქოს ოჯახის სიღარიბეს ეშმაკს აბრალებს,
ხოლო რადიო ამბავს ჰყვება კიდემდე კიდის,

რომ ჩვენ მაგივრად ჩვენთვის ღამეს ათენებს მაო
და მალე უკუნს გაგვინათებს კომუნა ყველას.
მესმის: იქუხა... ვხედავ ციცქნა სარკმლიდან: ელავს...
ჩვენ გავიმარჯვებთ... გიხაროდეს დაო და ძმაო!

წარსულის ექო

მე ღვინიო არ ვსვამ, ხოლო ლი ბო, პირიქით, სვამდა,
და მეგობარი პოეტებიც სვამენ ხალისით.
ვიდუღებ ჩაის, ვეომები სიცხეს და ავდარს,
მწკლარტე სურნელით იჟღინთება ქოხის ალიზი.

ჟამითი-ჟამად ტრიბუნების მომწვდება ექო
და ცისკიდური ჰგავს ყრილობის ალისფერ პლაკატს.
მე არ ვადიდე და არ ვაქე, რაც უნდა მექო,
მაგრამ წარსული მოსვენებას არ მაძლევს აქაც.

საუბარი ივანთან სავანის აივანთან

ერთხელ საუბარში ამიხტა ივანი,
თქვენი არ არისო, ძმაო, ტაივანი.
არადა, სწორედ ეს ის ივანია,
რომ ფიქრობს, დღემდე ცეკას მდივანია.
დავდექი სავანის ბებერ აივანთან
მცველად სინგაპურთა, მცველად ტაივანთა.
თითქოს გადაფითრდა სადა აივანი.
მიმოვიხედე და - სადაა ივანი!

მზე როცა ჩადის...

მზე როცა ჩადის, სიზმრის და ცხადის
საზღვარზე დიდი ამბები ხდება.
მთებზე ნისლები მოჩანან თითქოს
წაუკითხავი წიგნების ყდებად.

გავყურებ სივრცეს და მეჩვენება:
შორს ჩავლილი დღის ეცემა ჩრდილი.
მზე მწუხრზე სულში დაიდებს ბინას,
მაგრამ ყელიდან ამოვა დილით.

პირველი ლექსებიდან

მე იმ ბაღიდან მოლაღურად გამოვფრინდები...
ეს ფაიფური, ეს ნოხები, ეს ლარნაკები,
ოცნების კოშკი, სპილოს ძვლებით ნაშენ-ნაგები,
თქვენია უკვე, მე კარები გამოვიხურე
და ახლა ვზვერავ მუშტრის თვალით სევდის ჯიხურებს
და ერთ-ერთ მათგანს, ალბათ, ხვალ-ზეგ შევეხიზნები...
ფუჭი ფიქრები, იმედები, ფუჭი მიზნები,
არ მამძიმებენ... ვარ ჩიტივით მსუბუქი, ლაღი
და როცა უცებ აყვავდება სიზმრების ბაღი,
აფეთქდებიან ალუბლები, ბლები, შინდები, -
მე იმ ბაღიდან მოლაღურად გამოვფრინდები.

დამრჩება კვალი?..

არავინ დარჩა, ვინც გამიგებს, ვისაც გავუგებ.
წარსულს საფლავიც გავუთხარე, ძეგლიც ავუგე.
მივგორავ ახლა, როგორც ეტლის მომძვრალი თვალი.
და არ მასვენებს მწველი კითხვა: დამრჩება კვალი?

მხოლოდ შენითა...

მშვიდობით, ჩემო მუნჩეიჩუ, ბრძენო კეთილო,
ხსოვნის გრანიტზე გამოხატულ-გამოკვეთილო!
მე შენითა ვარ, თუ ვარ ვინმე, მხოლოდ შენითა
და იმედი მაქვს, მეც ავიტან, რასაც შენ იტან.

შენი ქოხიდან მე გამომყვა შუქი ზღაპრული,
ხმალი, აბჯარი, შემართება, ხმა წინაპრული
და ერთხელ, როცა უმთავრესი ჟამი დადგება,
ყველა მათგანი უსათუოდ გამომადგება.

მიტომაცა ვართ ცაში ცოტა, მიწაზე - ბევრი

ყველა დაღლაზე მძიმე არის ფიქრებით დაღლა.
თითქოს სიზმრად ხარ, გსურს და ვეღარ მიიწევ მაღლა.
არაქათგაცლილს გლეწავს, გმუსრავს საწუთროს კევრი,
მიტომაცა ვართ ცაში ცოტა, მიწაზე ბევრი.

სტუმარი იქნებ არც მოსულა, ისე წავიდა!..

მე რომ ველოდი, იმ კარიდან არ შემოვიდა
ღამის სტუმარი... გავალ ახლა, ფიჩხს შემოვიტან
და ჩამქრალ ღუმელს გავახურებ ისევ თავიდან...
სტუმარი იქნებ არც მოსულა, ისე წავიდა!

ვინ იცის, ვინმემ იქნებ რამე შემომთავაზოს!..

ვინც თავპატიჟი გამოიდო, ამჟამად ნანობს,
და ამიტომაც თქვენ მოგმართავთ დანო და ძმანო:
„სანამ რაიმეს გთავაზობენ, არ თქვათ უარი,
თორემ ერთხელაც იფიქრებენ თქვენზე: „ყრუ არი!“

და სამუდამოდ დახურავენ სათქვენო დავთრებს,
მე ასე უკვე მომივიდა...“ მე უნდა დავთვრე
და ავღიღინდე: „ჩემო კარგო, ჩემო ლამაზო!..“
ვინ იცის, ვინმემ იქნებ რამე შემომთავაზოს!

მისხლისხელაა მთელი ჩემი ავლადიდება...

მისხლისხელაა მთელი ჩემი ავლადიდება,
იგი არც ლომბარდს ბარდება და არც იყიდება.
ამასობაში შეეპარა ჩემს ბაღსაც ქარვა,
მე არც თავში ვარ, არც ბოლოში, შუაშიც არ ვარ,
ვებრძვი გარშემო მომრავლებულ ეკლებს და ბარდებს,
მერე ვჯდები და ცისკენ მზერით ვიქარვებ დარდებს.

სოკოს კრეფის გახსენება

სოკოს საკრეფად ვიყავით ტყეში...
წამოგვეწია უეცრად თქეში
და შევაფარეთ ბუჩქნარებს თავი...
იგრაგნებოდნენ ღრუბლები შავი,
ქუხდა, გრგვინავდა, ელვა ელავდა,
შენ გვერდით მყავდი, ჩემო ყველავ და,
როცა ზეცასთან შევკარით ზავი,
მნათიც ოქროსფრად აყელყელავდა.

მთვარე თანდათან ბნელ მწვერვალებს უკვე ამოსცდა...

მთვარე თანდათან ბნელ მწვერვალებს უკვე ამოსცდა...
გამიჭირდება ძლიერ, ვატყობ, ამ მიდამოსთან
გამოთხოვება, მაგრამ წილი რომ ნაყარია,
ამას ვერავინ ვეღარ შეცვლის... გარეთ ქარია
და თითქოს ქროლვით ჩემს არჩევანს კვერს უკრავს... და მე
მომჩერებია თვითონ ჩემზე მგლოვარი ღამე.

მალე ეს მიწა დაბარბაცდება...

კაცი კაცობით აღარ ფასდება
და პირფერობას მეტი ფასი აქვს.
მალე ეს მიწა დაბარბაცდება
და წაშლის ბევრის მაცდურ პასიანსს.

გახდება ცხადი, ვის ეპყრა დროშა:
მოთარეშეს თუ მოასპარეზეს
და მე თვითონაც ამ სასტიკ დროში
ვისთან ვიდექი, რომელ მხარეზე!

„ეს“ და „ის“ სიმარტოვე

ისედაც წავალთ... რაც უნდა მოხდეს,
აქ ვეღარავინ ვეღარ დაგვტოვებს.
ამ სიმარტოვეს კი მოევლება,
რა ეშველება იმ სიმარტოვეს!

ნიავი

ამ ქარს აქამდე ერქვა გრიგალი,
მაგრამ დაბერდა, იქცა ნიავად.
მან ძველი ძალა გაანიავა
და სიმშვიდესთან შეურიგალი,

ახლა სიმშვიდით ტკბება და ხარობს,
თითქოს შლეგურად არ უქროლია.
ნუღარ დავძრახავთ, ესეც როლია,
ნუ შევუძახებთ: თვალთმაქცი ხარო!

გულს იმაგრებ და იმედზე მღერი...

ვინ მოიგონა ამდენი ბოდვა:
„თავისუფლება, სამშობლო, ერი!..“
როცა ხარ თვითონ არარაობა -
სამყაროს მკერდზე წაყრილი მტვერი,

და არაფერი შენ არ გეკუთვნის, -
ერთი ნამცეცა ბალახის ღერი!..
და ამიტომაც, რომ არ იტირო,
გულს იმაგრებ და იმედზე მღერი.

საუბარი გუ კაიჩის შანგუანჩოუსეულ
პორტრეტთან, როგორც საკუთარ თავთან

მე შენი სახის გარდა ვის სახეს
ამოვირჩევდი, მოძღვარო ჩემო.
რადგან შენა ხარ მწვერვალთა ზემოთ,
მეც ავდექი და გარდავისახე

ისეთად, როგორც გიცნობდნენ როსმე,
დღეს კი შენდობას გთხოვ, გევედრები,
რომ მკრთალი ლანდი გიგანტს გედრები
შენ - ოქროს ყალმის ზღაპრულად მომსმელს,

მაგრამ რა მექნა, მე მხოლოდ შენში
ვხედავდი ოსტატს, მიბაძვის საგანს.
მიმოიხედე, ვერ ნახავ სხვაგან
ვინმე ჩემსავით შენს ძმას ან შენს შვილს

რომ ასე ჰგავდეს... აღდექი მკვდრეთით
და ახლა ჩემში ნათობ მზესავით.
ჩემი იმედი და საესავი
არის გუაში, ტუში და ზეთი.

სულმა დიდი ხნის უკან ირჩია
განუყოფლობა ფერის და სიტყვის
და ხარობს, როცა გამვლელი იტყვის
ჩემზე: „ნამდვილი გუ კაიჩია!“

ორი ექსპრომტი საკუთარ თავს,
როცა სუმი-ეს სტილში მხატვრობა გადავწყვიტე

1

ტუშს და ფერწერას მე ვეტრფოდი ოდითგან, რადგან
ვამჩნევდი მათში წინაპართა სულსა და მზერას
და როცა უცებ მივატოვე მშობელი კერა,
მივხვდი ერთბაშად: ჩემთვის სწორედ ის ჟამი დადგა,

როცა წერასთან ერთად უნდა კიდევაც ვხატო,
მივუსადაგო ნაფიქრალი ნანახს და განცდილს.
ჩემი ცხოვრების ორ მესამედს მე უკვე გავცდი
და ახლა შენ მწვავ, იდუმალი პალიტრის ხვატო!

2

ბრინჯის ქაღალდზე კალმის მოსმა სხვა ხალისია,
სხვა ზეიმია, სხვა ვნებაა, სხვა ნეტარება,
ვით საოცნებო სატრფოს ხელისგულზე ტარება,
ვით საბოლოოდ გადახდილი ძველი ნისია.

მე ველოდები, როცა ჩემ თავს ვეტყვი, მზად ვარო,
და გამოვსახავ ნაოცნებარ კონტურებს, ხაზებს.
როცა შევკრთები შუაღამით საკუთარ ხმაზე:
„მოვედი, აქ ვარ, გაიღვიძე ჩემში მხატვარო!“

კითხვებს კითხვები ემატება, ჩავლილ წლებს წლები...

რომელ ხახაში ჩაქვესკნელდი, ლუკმავ ყოფილო!
ერთ კმაყოფილზე რამდენია უკმაყოფილო!
სად გაქრა ხმები საყიყლიყო და საკაკანო,
ცხოვრებავ, ვისთვის სიცოცხლეო, ვისთვის საკანო!
კითხვებს კითხვები ემატება, ჩავლილ წლებს - წლები,
რაც იმას ნიშნავს, რომ პასუხებს ვერ მოვესწრები!

რა დამკარგვია, რას დავეძებ, რა მსურს, რა მინდა?..

როდესაც ვიცი, არიან და იყვნენ დიდები,
თვალუწვდენები, ვით ეგვიპტის პირამიდები,
აუღებელნი, ვით ჩინეთის დიდი კედელი, -
ზამთრის ცასავით მდის ცრემლები შეუწყვეტელი:
როდესაც მე არც კედელი ვარ, არც პირამიდა,
რა დამკარგვია, რას დავეძებ, რა მსურს, რა მინდა?

ფიქრსმიცემულმა უსასოოდ ჩავკიდე თავი...

დღეს ჩავიარე ჩვენი სოფლის სასაფლაოსთან.
ყველა აქაა, ვინც საწუთროს გზაზე დაოსდა,
ინიც, იანიც გავიხსენე, ბოლოს დაოც და
ფიქრსმიცემულმა უსასოოდ ჩავკიდე თავი.

5 ჩანაწერები

▲ზევით დაბრუნება


***

ადამიანთა უმეტესობა, რომელმაც არ იცის, რისთვის მოევლინა სამყაროს, დაკავებულია მისთვის სრულიად შეუფერებელი საქმეებით. ამიტომ გვხვდება ყველა სფეროში გულგრილი, ზერელე ადამიანები, რომლებსაც ცხოვრება ხრიკების ხლართვასა და წარმატებული ადამიანებისთვის სარმის დადებაში გაჰყავთ.

***

ჩვენი ცოდნა სამყაროზე, მის წარმოქმნასა და განვითარებაზე საკმაოდ მყიფე, ქაოტური და სუბიექტურია. ღვთისმეტყველების, მოციქულების, წინასწარმეტყველებისა და მეცნიერების მონაყოლებით, ცდებითა და დასკვნებით შეზავებული ცოდნა არასაკმარისია საიმისოდ, რომ დანამდვილებით ვიცოდეთ, როგორ შეიქმნა გალაქტიკა, ცა, დედამიწა, მზე, მთვარე, ვარსკვლავები, როგორ გაჩნდნენ სულიერი არსებები, როგორ ისწავლა ადამიანმა ლაპარაკი და აზროვნება და კიდევ უამრავი რამ. რა თქმა უნდა, ყველა აქ ჩამოთვლილ, დღევანდელი გადასახედიდან თითქოს საკმაოდ გულუბრყვილო კითხვებზე არსებობს სრულიად სერიოზული პასუხები, მაგრამ ისინი ზოგჯერ შეიძლება გააქარწყლოს პატარა ბავშვის მოულოდნელმა შეკითხვამ. ადამიანი ცოცხლობს, არსებობს, საქმიანობს დროის ძალიან მცირე მონაკვეთში და ამიტომ მას არ ძალუძს მთელი სისავსით წარმოიდგინოს, რა იყო მის გაჩენამდე და მით უმეტეს - განჭვრიტოს, რა იქნება მისი გაქრობის მერე. რელიგია ცდილობს შეამსუბუქოს მისი პესიმიზმი, დაამკვიდროს სულის უკვდავების იდეა, მაგრამ ეს სულ უფრო და უფრო ძნელად მისაღწევი ხდება.

***

მხოლოდ დანარჩენი სამყაროსგან სრულიად მოწყვეტილმა შევიგნე, რომ საზოგადოებაში ყოფნით, იქ განუწყვეტელი და უსარგებლო ტრიალით ჩემს ქვეყანას ბევრს ვერაფერს შევმატებდი, ხოლო ზიანი კი ნებსით თუ უნებლიეთ შემეძლო მიმეყენებინა. რაც უფრო მეტი ჩემისთანა დროზე მივა ასეთ დასკვნამდე და არ შეუშლის ხელს ჭეშმარიტად შემოქმედ ხალხს, მით უფრო მეტი შანსი ექნება კაცობრიობას მეტნაკლებად ყველასთვის მისაღები მსოფლიო წესრიგის დასამყარებლად.

***

ღმერთს რომ საკუთარი გულისნადები გააგონო, აუცილებელი არაა ხმამაღალი გალობა, მკერდში მჯიღის ცემა და თუ მიწაზე მუცლით ხოხვა, საკმარისია გაიფიქრო, რაც გსურს და შემოქმედი უთუოდ გაიგონებს მას. ყველა ჩვენგანი უფალთან დაკავშირებულია არა ხმით, არამედ ყოველდღიური აზრითა და მოქმედებით, რაც განსაზღვრავს ჩვენს მრწამსსა და შინაგან რაობას. ამიტომაც ყველაზე დიდი ცოდვა ამქვეყნად უფლის მოტყუების მცდელობაა. იმთავითვე კრახისთვის განწირული მცდელობა.

***

ბრძენი მუნჩეიჩუ მომიყვა: გზის განაპირას ორი კაცი ქვებს თლიდა. მძიმე შრომისგან ორივეს წურწურით ჩამოსდიოდა ოფლი. ჩამოიარა მგზავრმა და ჰკითხა მათ: რას აკეთებთ?

- ვერა ხედავ, ქვებს ვთლი, წელში გავწყდი, დამკვეთი კი ცოტას მიხდის! - ჩაიბუზღუნა ერთმა.

- შენც ასე უკმაყოფილო ხარ? - ჰკითხა ახლა მეორეს.

- როგორ შეიძლება უკმაყოფილო ვიყო, ჩვენ ხომ ტაძარს ვაშენებთ, - მიუგო გაბადრულად მეორემ, თუმცა დაღლა მასაც არანაკლებ ეტყობოდა.

დასკვნა: შესაძლოა მძიმე შრომაც სასიამოვნო იყოს, თუკი საამისოდ წინასწარ დადებითად ხარ განწყობილი.

***

დემოკრატია ტირანიის ურჩი შვილიშვილია. ცდილობს ჩამოშორდეს წინაპრის კალთას და საამისოდ მზადაა შეიცვალოს ეროვნებაც, სახელიცა და გვარიც, მაგრამ არც თუ იშვიათი რეციდივები უტყუარად მიგვანიშნებენ მის წარმომავლობაზე.

***

ამ ცხოვრებაში ფეხი თუ დაგიცურდა, ეს გაცილებით მეტს გაუხარდება, ვიდრე ეწყინება. არადა რატომ უნდა გესიამოვნოს სხვისი გაჭირვება, მაგრამ ასეა მოწყობილი ადამიანის შინაგანად, რომ მას უფრო ახარებს, ვიდრე ამწუხარებს არათუ უცნობის, ზოგჯერ თვით ახლობლის წაფორხილებაც, თითქოს ეს მისთვის რაიმე დივიდენდების მომტანი იყოს. ამიტომ ვერ მოხერხდა და ვერც ოდესმე მოხერხდება სამართლიანი, ჰუმანური, ჰარმონიული საზოგადოებრივი სისტემის შექმნა, რადგან ეს ეწინააღმდეგება თვით ამ საზოგადოების წევრთა თანდაყოლილ ბუნებას. ყველაზე თავგანწირულად ამის გაკეთება კომუნისტებმა სცადეს, მაგრამ უპირველესად ამ ბუნების გარდაქმნა ვერ მოახერხეს და კისერიც წაიტეხეს. ჩინელები ამას რუსებზე ადრე მიხვდნენ და ახლა უკვე კომუნიზმისა და კაპიტალიზმის უჩვეულო ჰიბრიდს ჰქმნიან. დენ სიაოპინმა ფუნდამენტურად გარდაქმნა მაო ძედუნის მოძღვრება, თანაც ისე, რომ ავტორის პიროვნებას არ შეხებია. დატოვა იგი იდეის ფასადად, ხოლო ფასადს მიღმა სულ სხვა შენობა ააგო. ჯერ-ჯერობით ეს შენობა დგას და საკმაოდ მყარადაც. მაგრამ მე მაინც ეჭვი მეპარება, რომ იქ კარდინალურად განსხვავებული სულისკვეთების ადამიანები ცხოვრობენ ან იცხოვრებენ. მათრახისა და თაფლაკვერის პოლიტიკა სანამ იმუშავებს, იდეაც ცოცხალი იქნება, მერე კი არც ჩემს სამშობლოს ასცდება დიდი კატაკლიზმები.

***

ჩვენს საზოგადოებაში ადამიანი ჭანჭიკიც აღარაა. შეიძლება ერთ დღეში მილიონი ჩვენგანი გააქრონ და ეს ვერავინ შეიტყოს. თუ ვინმემ შეიტყო და ხმა ამოიღო, დარწმუნებული იყავით, რომ მას უმალვე დაარწმუნებენ, რომ ეს ხალხი კი არ გამქრალა, არამედ უზენაესი მიზნის მისაღწევად არალეგალურ მდგომარეობაში გადავიდა და იქ აგრძელებს უკიდურესად საჭირო და საპასუხისმგებლო საქმიანობას. გულახდილად უნდა ვთქვა, რომ მასების დარწმუნების საუკეთესო სისტემა გვაქვს. მე ეს ყურმოკრულით როდი ვიცი.

***

ადამიანის სიცოცხლისთვის ყველაზე საშინელი დეფიციტი სიყვარულის დეფიციტია. შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ მას მატერიალური სიკეთეების სინაკლებე ჰქმნის, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ასე არაა. თვით ყველაზე უზრუნველყოფილ, ზოგჯერ ფუფუნების დონეზე მცხოვრებ ქვეყნებშიც კი, სიყვარული სანთლით საძებნია. ეგოიზმი სპობს პერსპექტივას, უაზრობად აქცევს მას, რითაც ჩვენ წესით სხვა სულიერ არსებათაგან უნდა განვსხვავდებოდეთ.

***

დედამიწა ერთი მთლიანი უზარმაზარი სასაფლაოა. ყველგან, სადაც ადამიანის მოდგმას უცხოვრია, აკლდამაა ან ნააკლდამარი. ჩვენ, დედამიწელები, სასაფლაოს ბინადარნი ვართ. ზევით - დროებით, ქვევით - სამუდამოდ.

***

ღალატი ადამიანების უნივერსალური თვისებაა. მეტ-ნაკლებად ყველა ჩვენგანში ზის ლატენტური მოღალატე, რომელიც ამ თვისებას ავლენს სპეციფიკურ ვითარებაში. თუ გარემოებებმა არ გვიბიძგეს, შესაძლოა იგი არც არასოდეს გამოვავლინოთ.

***

ჩემი ცხოვრების უდიდესი ნაწილი საზოგადოების შუაგულში ვტრიალებდი. მეგონა, რომ ზოგადსაკაცობრიო იდეალებს ვემსახურებოდი, ახალ ზნეობასა და ურთიერთობებს ვამკვიდრებდი. ერთ მშვენიერ დღეს კი აღმოვაჩინე, რომ ამაოდ ვშვრები: ადამის მოდგმის აბსოლუტურ უმრავლესობას მიუხედავად იდეოლოგიისა და საზოგადოებრივი წყობისა, ერთადერთი უმთავრესი მიზანი ამოძრავებს - მოაგროვოს მატერიალური დოვლათი, შეიქმნას საყოფაცხოვრებო კომფორტი და სამომავლო პირობები მოუმზადოს შვილებს. სამწუხაროდ ეს ყველას არ გამოსდის, რაც იწვევს მოსახლეობის ქონებრივ დიფერენციაციას, სიძულვილს მდიდრების მიმართ, ზრდის სოციალური უკმაყოფილების მუხტს. უფსკრულს, რომელიც მდიდრებსა და ღარიბებს შორის ჩნდება, თვით ულამაზესი თეორიებითა და ფრთიანი სიტყვებით შეფუთული ლოზუნგებით ვერ ამოავსებ. ეს შესაძლებელია მხოლოდ ფულით, მაგრამ მას საკუთარი ჯიბიდან არავინ გაიმეტებს. სხვა ჯიბე კი არ არსებობს. როცა ამას მივხვდი, სადღაც გაქრა ჩემი რევოლუციური შემართება და ბელადების მხურვალე მისწრაფებებშიც ეჭვი შემეპარა. ვზივარ ახლა ჩემს სენაკში და ვფიქრობ: მაინც რამდენი და რა სჭირდება ადამიანს სრული ბედნიერებისთვის? ჩემი აზრით, ოთხი რამ: იყოს ჯანმრთელი, მაძღარი, ჰყავდეს ჰარმონიული ოჯახი და არ შურდეს სხვისი სიკეთის. ბევრი ამას სიცოცხლის ბოლოს ხვდება, ბევრი კი ვერ ხვდება ვერასოდეს. წუთისოფელიც სხვა არაფერია თუ არა მუდმივი ანტაგონიზმი მიხვედრილთა და მიუხვედრელთა შორის.

***

მონასტრის გალავანზე ჩიტი დასკუპდა და რაღაცას კენკავს. მან იქ ქარის მოტანილ ნამცეცებს მიაგნო და სანამ მათ არ მოასუფთავებს, ფეხს არ მოიცვლის. მერე კი გაფრინდება და სხვაგან დაუწყებს ძებნას საკენკს. მისთვის გალავანი არც ზღუდეა და არც მიჯნა. ჩიტი უსასრულობის ბინადარია და ამით გვჯობნის ჩვენ ღობე-ყორეებით შემოსაზღვრულებს.

***

ნებისმიერი დღესასწაული ლეგენდის პირმშოა. იგი ყოველთვის რაღაც დიადის, ღირსსახსოვრის, გაუხუნარის შეხსენებაა და უპირველესად მათზეა გათვლილი, ვისაც ცხოვრებაში აკლია საკუთარი მიღწევებით გამოწვეული სიმაღლის განცდა. ამიტომ ზეიმობენ მსგავსნი სხვების მიერ ჩადენილ გმირობებს, სასწაულებს, რათა სიმბოლურად მაინც იგრძნონ მათთან წილნაყარობა. ალალად ვიტყვი: ყველაზე დიდი დღესასწაული ჩემი აზრით მაშინაა, როცა არაფერი გტკივა არც ფიზიკურად, არც სულიერად. სამწუხაროდ, იგი ყოველთვის წარსულშია და მის აღსანიშნავად ვერც სუფრას გაშლი და ვერც მეგობრებს დაპატიჟებ.

***

სიმდიდრე არ არის თავისუფლება. პირიქით, იგი საკუთარი უძლეველობის დაკარგვის შიშია, ქიმერული სიდიადის მონობაა. ჭეშმარიტად თავისუფალია ის, ვისაც არაფერი აქვს დასაკარგი. მე ეს მაშინ შევიმეცნე, როცა ყველაფერი დავთმე.

***

მთა იფიტება, მდინარე შრება, ხე ხმება, ადამიანი კვდება და მხოლოდ სიტყვაა უკვდავი. ოსტატი, რომელიც მოჭადრაკესავით ფლობს მათი გადაადგილებისა და დალაგების ხელოვნებას, ხდება თაობათა საკუთრება და მის ხსოვნას გაქრობა არ უწერია.

***

დედამიწა გაჯერებულია ბოღმისა და სიძულვილის შავი ფლუიდებით. ადრე თუ გვიან მათი კრიტიკული მასა იფეთქებს, გაარღვევს ატმოსფეროს, მოედება ცასა და მიწას, იქცევა აპოკალიფსის ურჩხულად და დანთქმით დაემუქრება ყოველივე სულიერს. ძალიან მეშინია, რომ ამ დაუნდობელი ურჩხულის შეუჩერებელი სვლა ჩემი სამშობლოდან არ დაიწყოს.

***

დიდხანს ვაშენებდი სახლს. მინდოდა იგი გამორჩეული ყოფილიყო თავისი გარეგნული არქიტექტურით, ინტერიერით, დიზაინით. როგორც იქნა, მივაღწიე საწადელს, შენობა მართლაც ძალიან ლამაზი და ორიგინალური გამოვიდა. ერთ მშვენიერ დღეს კი მომეჩვენა, რომ ამაოდ გავისარჯე, რადგან არ ღირდა იმდენ გარჯად ის რამდენიმე კვადრატული მეტრი ფართობი, რომელზეც ჩემი საწოლი, საწერი მაგიდა და წიგნების კარადა დაეტია. ადამიანმა უნდა იცხოვროს მოკრძალებულად, ხოლო თავისი ენერგია სულის უკვდავებაზე ზრუნვას მოახმაროს. მიმზიდველი ყოველთვის როდია გამოსადეგი, სასიამოვნო კი სასარგებლო. სწორედ გამოსადეგისა და სასარგებლოს მიუმცდარად შერჩევაში საცნაურდება ჩვენი ალღო, გონება და ნიჭი.

***

განდეგილად არ გავჩენილვარ. საკმაოდ დიდხანს ვიცხოვრე შლეგი ცხოვრებით. მიყვარდა და ვუყვარდით. ვცოდავდი და ვინანიებდი, მერე ისევ ვეშვებოდი ვნების უფსკრულებში, სადაც ზოგჯერ გადარჩენის იმედსაც ვკარგავდი, მაგრამ რაღაცნაირად იდუმალი ძალების წყალობით კვლავ ზედაპირზე აღმოვჩნდებოდი ხოლმე. მე მახსოვს სათითაოდ ყველა, ვისი მხურვალე ბაგეებით დავდაგულვარ, ვისი სისხლსავსე სხეულის ფეთქვა მიგრძნია, ვისი აბრეშუმის თმების შრიალში სუნთქვა შემკვრია და ნაზი ხელისგულების შეხებაზე მითრთოლია. მახსოვს და არც არასოდეს დამავიწყდება. უფრო მეტიც, მათთან დაკავშირებული მოგონებები მილამაზებენ ამჟამინდელ სიმარტოვეს და მმატებენ რწმენას, რომ ბევრი მათგანის ბიოგრაფიაში მადლიერების თითო სტრიქონი მეც მეკუთვნის.

***

ასეთი ამბავი მახსენდება. ერთხელ ისტორიის გაკვეთილზე მასწავლებელმა გვითხრა, მე ვიცი, რომ ჭიანჭველა მოერევა ვეფხვს. თქვენ უნდა ამიხსნათ - როგორ? ერთმა თქვა: ნესტოში შეუძვრება და გააგიჟებს. მეორემ: ბეწვში ჩაუსახლდება და ქავილით სულს ამოხდის. და მხოლოდ მესამე პასუხი მოეწონა მასწავლებელს. ის კი ასე ჟღერდა: ჭიანჭველა ვერ მოერევა ვეფხვს, რადგან ვეფხვი არასოდეს იკადრებს ჭიანჭველასთან ორთაბრძოლას!

***

შიშის გრძნობა ჩვენი დამცველი მექანიზმია. სწორედ იგი გვიბიძგებს ხშირად ისეთი საქციელის ჩასადენად, რომელსაც მერე გმირობად შერაცხავენ ხოლმე. რა თქმა უნდა, შიში, რომელიც მე მაქვს მხედველობაში, არ ნიშნავს სიმხდალესა და სულსწრაფობას, ესენი სულ სხვა რამეა. მე ვგულისხმობ სრულიად გააზრებულ მოქმედებას, რომელსაც საფუძვლად უდევს გონივრული ვარაუდი, რომ სხვანაირად ჩვენ დავკარგავთ ყველაზე უძვერფასესს, რაც გაგვაჩნია - საკუთარ თავს, სამშობლოს, თავისუფლებას, ცხოვრების მიზანს, ახლობელ და საყვარელ ადამიანებს.

***

ახლა ბევრს წერენ და ლაპარაკობენ ფენ შუის დაოსისტურ პრაქტიკაზე: როგორ შევარჩიოთ სახლის ასაგები ადგილი, როგორ დავალაგოთ სახლში ავეჯი და საგნები, როგორ მივაღწიოთ ჰარმონიას ყოველდღიურ ცხოვრებაში. ეს ყველაფერი ფრიად აქტუალური საკითხებია და მათი გონივრულად მოგვარება დიახაც გაგვიადვილებს ცხოვრებას. მე მხოლოდ ერთ რამეს დავამატებდი, უფრო სწორად, ვისურვებდი: ფენ შუი ჩვენივე სულებიდან დაგვეწყო. რატომღაც მგონია, რომ ცხოვრებაში სრულ ჰარმონიას სწორედ ამ გზით მივაღწევთ.

***

როცა თვალს ვაყოლებ ჩემი ორად გაყოფილი ცხოვრების კონტურებს, უნებურად მივდივარ დასკვნამდე: მეგობარი შეიძლება ყალბი იყოს, მაგრამ მტერი მუდამ ნამდვილია. ნუ დაიჯერებთ ყოველთვის თანამეინახის ტკბილ ქათინაურს და ნიადაგ სერიოზულად აღიქვით მტრის ოდნავი მუქარაც, რადგან პირველი შეიძლება ფუჭი სიტყვების გროვა გამოდგეს, მეორე კი რეალურ საფრთხეს შეიცავდეს.

***

გზა, რომლითაც ჩვენ არ წავედით, ყოველთვის იდუმალი, გამოუცნობი და ცნობისწადილის აღმძვრელია. ყოველთვის გვგონია, რომ ის უფრო სწორი, უაღმართო და კომფორტაბელური იქნებოდა. არადა ხომ შეიძლება პირიქითაც ყოფილიყო და მრავალი შემთხვევითობის თუ კანონზომიერების მეოხებით იგი უცებ გამწყდარიყო? თუმცა კანონზომიერი, ალბათ, მხოლოდ ის გზაა, რომელსაც დავადექით და დღემდე მივყვებით. სხვათაშორის, არაა გამორიცხული, რომ ამაში უმთავრეს როლს სწორედ შემთხვევითობები ასრულებდნენ.

***

საკმაოდ დამთრგუნველი და ძნელად ასატანი გრძნობაა სამშობლოს მიერ გაუზიარებელი სიყვარული. და ჩვენ მას მაინც ვიტანთ, რადგან იგი მრავალი სახეობის სიყვარულთა შორის ერთადერთია, რომლის ობიექტსაც ვერ შეცვლი. ეს ის შემთხვევაა, როცა უარმყოფელის ჯიბრზე სხვას ვერ გაუმიჯნურდები. და რჩები ასე მარადიული მოცემულობის მძევლად სიცოცხლის ბოლომდე.

***

ცხოვრებაში ყველაზე წარმატებული ხდება ის, ვინც ადრეულ ასაკში ზუსტად განსაზღვრა, რისი მიღწევაც სურს და ამ მიზნისკენ განუხრელად მიიწევს. ასეთი ადამიანი შესაძლოა, ნაკლებ ნიჭიერიც კი იყოს გზააბნეულ გენიოსზე, რომელიც საკუთარ სურვილებში ვერ გარკვეულა, რამდენიმე კურდღელზე ერთდროულად ნადირობს და საბოლოოდ ვერც ერთი დაუჭერია. იშვიათია იღბლის წყალობით მიღწეული წარმატება. მის უკან, როგორც წესი, ყოველთვის დგას მიზანმიმართული ლტოლვა, უძილო ღამეები, განუწყვეტელი შრომა. ამ დასკვნამდე ბევრი სიბერეში მიდის და ნანობს გავლილ ცხოვრებას, ბედნიერი კი ისაა, ვინც თავიდანვე სწორად განსაზღვრა საკუთარი გზა. მისი სიბერე ამ სისწორის შედეგებით მიღებული ტკბობაა.

***

ლაო ძი ამბობს: „ყველაზე ძლევამოსილია ის, ვისაც საკუთარი თავის ძლევა ხელეწიფება“. რა თქმა უნდა, აქ საუბარია შესაძლებლობაზე და არა მიზანზე. საკუთარი თავის ძლევა არ შეიძლება მიზანი იყოს, მაგრამ მიზანს მიაღწევ თუ შენში თვითძლევის პოტენციალი არსებობს.

***

არაერთ ნაკლთა შორის, რომლებიც, სამწუხაროდ, მაქვს, ყველაზე თვალშისაცემი მგონია ის, რომ არ ვიცი უკანდახევა. მე აქ საკუთარ თავს ვადარებ საჭადრაკო პაიკს, რომელსაც ასევე არა აქვს უკუსვლა. მან მხოლოდ წინ უნდა იაროს, თანაც წინასწარ განსაზღვრული ნაბიჯებით. დადებითი აქ შეიძლება ის იყოს, რომ პაიკი მეფის გარდა ნებისმიერ ფიგურად შეიძლება იქცეს. რაკი მეფობის პრეტენზია არასოდეს მქონია, პაიკობაც ხელს მაძლევს, თუკი, ცხადია, მუდმივ წინსვლას და იერიშებს გავუძელი.

***

მსახიობობა ადამიანის თანდაყოლილი ნიჭია და ჩვენი წარმატებები უმეტეს შემთხვევაში ან ნიჭის ხარისხითაა განპირობებული. პროფესიონალებისგან განსხვავებით ჩვენ მთელი ცხოვრება ჯიუტად და თავგამოდებით ვთამაშობთ ერთ და იმავე როლს სხვადასხვა სცენაზე, სხვადასხვა ნიღბით, სხვადასხვა ამპლუაში. აქ პიესისა თუ სცენარის ავტორები თვითონ ვართ, რეჟისურაც, მიზანსცენებიცა და მუსიკაც ჩვენია. მხოლოდ სალაროს შემოსავალია სხვადასხვა და სწორედ მაშინ ვხვდებით, რომ მარტო ნიჭიც არ ყოფილა საკმარისი. მნიშვნელობა აქვს, როგორი აუდიტორიის წინაშე გიწევს გამოსვლა, რადგან დოყლაპია მაყურებელი ხშირად იაფფასიან შოუში გაცილებით მეტს იხდის, ვიდრე სულისშემძვრელ ტრაგედიაში.

***

შემჩნეული მაქვს: 12 საათის მერე დრო უფრო ჩქარა გარბის, ვიდრე მანამდე. თუმცა ეს შეიძლება მარტო მათ გვეხებოდეს, ვინც დილიდანვე ვგეგმავთ, რა უნდა გავაკეთოთ საღამომდე. სანამ თორმეტი შესრულდება, ჯერ კიდევ გვჯერა, რომ ყველაფერს ვასწრებთ, მერე ჩნდება ბევრი გაუთვალისწინებელი დაბრკოლება და ვხვდებით, რომ გეგმა გვეფუშება. თავის გასამართლებლად კი ყველაზე ადვილი დროის დადანაშაულებაა: უმატა სვლას და ვეღარ ვეწევით.

***

რა ცუდია, როცა ღვინო გაქვს და ვერ სვამ, სატრფო გყავს და ვერ კოცნი, წიგნი გაქვს და ვერ კითხულობ, ბურთი გაქვს და ვერ თამაშობ, მანქანა გყავს და ვერ ატარებ, ფრთები გაქვს და ვერ დაფრინავ. თუ ვერ იყენებ, სჯობს არც ერთი არ გქონდეს. ნაკლებად დაიტანჯები, რადგან გეცოდინება მაინც, რატომ ვერ სვამ, რატომ ვერ კოცნი, რატომ ვერ კითხულობ, რატომ ვერ თამაშობ, რატომ ვერ ატარებ, რატომ ვერ დაფრინავ!

***

იშვიათია შემთხვევა, როცა მეტნაკლებად მნიშვნელოვან სახელმწიფო თუ პარტიულ მოღვაწეს, შემოქმედსა თუ სპორტსმენს თავი შესაბამისად დაფასებული ჰგონია. თითქმის ყველა თვლის, რომ რაღაც დააკლეს, რაღაც მიუფუჩეჩეს, რაღაც არ აღირსეს. ზოგი ამის გამო უკმაყოფილებას ვერ მალავს და საჯაროდ წუწუნებს, ზოგი ბოღმას გულში ინახავს და ფარულად იყრის ჯავრს წარმოსახვით ავის მსურველებზე. ეს ხალხი იმწარებს სიცოცხლეს და უმწარებს სხვებსაც. ზოგი პარანოიდალური თავმოყვარეობის ზენიტში სუიციდსაც კი მიმართავს და თუ ხელთ პისტოლეტი არ აღმოაჩნდა ან ვენებს იჭრის ან ყულფში ყოფს თავს. მე მინდა მივმართო ასეთებს: ძვირფასო კოლეგებო! (მგონი, მაქვს ასეთი მიმართვის უფლება, რადგან სხვადასხვა დროს ყველა ზემოთჩამოთვლილ კატეგორიას მივეკუთვნებოდი. რაც შეეხება სპორტსმენობას, ჰიმალაიზე ასვლა, მგონი, ითვლება ასეთად). ნუ იწყვეტთ ნერვებს, დამშვიდდით. არც ერთი ღვაწლი, თუკი იგი საზოგადოებრივი, სახალხო მნიშვნელობის იყო, არ დაიკარგება. მათ უსათუოდ შეამჩნევს და დააფასებს შთამომავლობა, რადგან თანამედროვეებისგან განსხვავებით ობიექტურია და არც უმადურობის სენი სჭირს. ცხოვრებიდან კარის გაჯახუნების მცდელობა კი ამაოა, ამ ჯახუნს ვერც (არც) ღმერთი გაიგონებს, ვერც (არც) კაცი.

***

კანონიერების ღირსეულად აღსრულება ნებისმიერი ხელისუფლების მუდმივი თავის ტკივილი და თითქმის მიუღწეველი მიზანია. მსოფლიოს პარლამენტები, რომლებიც სხვადასხვა სახელწოდებით მოქმედებენ, მუხლჩაუხრელად წერენ და წერენ ათასი ჯურის კანონებს, დადგენილებებს, გადაწყვეტილებებს, რომლებიც საბოლოოდ უნდა ემსახურებოდნენ ადამიანის უფლებათა დაცვას საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში, ხელს უწყობდნენ სახელმწიფო სტრუქტურების გამართულად მუშაობას, არეგულირებდნენ პიროვნებისა და სახელმწიფოს ურთიერთობებს. თეორიულად ეს იციან მათაც კი, ვისაც ძველი ჩინეთის თუ რომის სამართალი არ უსწავლია, მაგრამ შედეგი ყველგან თითქმის ერთნაირია. კანონს არღვევს ყველა - კანონმდებელიც და აღმასრულებელიც, სახელმწიფოცა და მოქალაქეც, ოღონდ ერთნი ამაზე პასუხს აგებენ, მეორენი არა. და სანამ ასე ხდება, სამართლებრივ სახელმწიფოზე საუბარი ზედმეტია. მით უფრო ტოტალიტარულ ქვეყანაში, სადაც პარლამენტი ბუტაფორიაა და მის მიერ მიღებული კანონი ფარატინა ქაღალდი!

***

როცა რაიმე საქმეს იწყებ, მიახლოებით მაინც თუ არა გაქვს წარმოდგენილი მისი დასასრული, სჯობს დაფიქრდე, ღირს თუ არა დაწყება. ბუნებრივია, ყველაფერს ბოლომდე ვერასდროს გათვლი, ყოველთვის შეიძლება შეიქმნას გაუთვალისწინებელი ვითარება, მაგრამ უმთავრეს შედეგებში არ უნდა შეცდე. სხვაგვარად წყალში ჩაგეყრება ყველაფერი. გამოცდილი და შემოწმებულია მრავალგზის.

***

ზედმეტი თავგამოდება ყოველთვის როდია წარმატების საწინდარი. მაგონდება ბრძენი მუნჩეიჩუს იგავი. ერთ საღამოს გზისპირა ფუნდუკს ორი მგზავრი მიადგა და ღამის გასათევი ითხოვა. ფუნდუკის პატრონმა უთხრა, მხოლოდ ერთი თავისუფალი ლოგინი მაქვს, მეორეს გარეთ მოუწევს დაწოლაო. იღბლიანის გამოსავლენად მან ასეთი თამაში შესთავაზა სტუმრებს: ვინც უფრო ჩქარა დახატავდა გველს, ლოგინსაც ის მიიღებდა. ერთმა სწრაფად დახატა, მეორე კი საკმაო ხანს მოუნდა ხატვას. დაყოვნების მიზეზი კი გამოდგა ის, რომ ფეხებიანი გველი დაეხატა. ჩინურში ახლაცაა გამოთქმა: ნუ დახატავ ფეხებიან გველს! აი, თურმე საიდან მოდის იგი!

***

თვით გამოუსწორებელი ცნობისმოყვარენი და მეოცნებენიც კი სიცოცხლის მიწურულს კარგავენ ინტერესს თითქმის ყველაფრის მიმართ, რაც, თუ შეიძლება ასე ითქვას, მათი არსებობის არსს შეადგენდა. ერთ-ერთი ახსნა შეიძლება იმაში მდგომარეობდეს, რომ ამ დროისთვის მინიმუმამდეა დასული ადამიანის სოციალური თუ ფიზიკური მოთხოვნები, ხოლო პოლიტიკა კი, როგორც მომავლის სამშენებლო ინსტრუმენტი, სულაც ზედმეტი ბარგია სამომავლო პერსპექტივის არარსებობის გამო. და სწორედ მაშინ, როცა თავი თავისუფალია ათასი სისულელისგან, როცა არ გაინტერესებს სპორტული შეჯიბრებებისა თუ პარტიული ყრილობების შედეგები, სახელისუფლებო ინტრიგები, მსახიობთა და სხვა ცნობილ ადამიანთა სატრფიალო თავგადასავლები, „ფორბსის“ ნომინანტთა შემოსავლები და ბევრი ყოვლად უსარგებლო რამ, დგება გავლილ ცხოვრებაზე დაფიქრების ჟამი. ხოლო როცა დაფიქრდები, წუხილით აღმოაჩენ თუ რა ფუჭად გაგიფლანგავს უზარმაზარი დრო, რა წვრილმანებზე გიწყვეტია ნერვები და საბოლოოდ - რა არასწორად გიცხოვრია! საკითხავი მხოლოდ ეს არის: რაოდენ მოსაწყენი იქნებოდა ცხოვრება, წინასწარ რომ გვცოდნოდა, როგორ უნდა გაგველია იგი. სწორედ ის, რაც მიწიერი ყოფის მზედასავალზე თავქარიანობად და უჭკუობად გვეჩვენება, აქცევს ჩვენს წარსულს კეთილმოსაგონრად, მატებს მას ხიბლსა და მიმზიდველობას. მგონი, ყველაზე მძიმე ჩინური წყევლაა, სიბერემდე სწორად გეცხოვროსო! მე ახლა ვხვდები, რამხელა ბოროტი ვინმე იყო იგი, ვინც ეს წყევლა პირველად წარმოთქვა!

***

ვინმეს ნაკვალევზე სიარული მხოლოდ ორ შემთხვევაშია გამართლებული: როცა შვილს ფეხის ადგმაში ეხმარები და უკან მიჰყვები და როცა ბოროტმოქმედს მისდევ. სხვა დროს ეს ან თვალთვალია ან მიბაძვა, რომელთაგან მოსაწონად ვერც ერთი ჩაითვლება!

***

ცხოვრება გვფიტავს, გვღლის, არაქათს გვაცლის, უფსკრულისკენ მიგვაქანებს, ჩვენ კი გვგონია წინ მივიწევთ, ვიმარჯვებთ, სიმაღლეებს ვიპყრობთ, ვარსკვლავებს ვეთამაშებით. უზარმაზარ ილუზიონში, რომელსაც სამყარო ჰქვია, ყველა ჩვენგანი ცდილობს ეს თამაში დაისაკუთროს, თავისად აქციოს, მთავარი როლი მოირგოს. უამრავი კონფლიქტი, რაც კი ჩვენს გარშემო არსებობს, ამ როლისკენ ავადმყოფური მისწრაფებითაა გამოწვეული... (ჩანაწერი დაუმთავრებელია).

***

ადამიანის ცხოვრებაში უსათუოდ დგება მომენტი, როცა წიგნები კარგავენ მაგიას, სიტყვები - აზრს, საგნები - დანიშნულებას, კერძები - გემოს, ქალები - ეშხს, ურთიერთობები - მიმზიდველობას. ერთ დროს ფერადი სამყარო კვლავ ხდება შავ-თეთრი და დღე-ღამეთა მონოტონური მონაცვლეობა ისეთივე მოსაწყენია, როგორც მწირი, ერთფეროვანი მენიუ სათნოების სახლში. დადებითი რამ, რაც ასეთ სიტუაციაში შეიძლება შევნიშნოთ, ისაა, რომ გვტოვებს და სადღაც ქრება შური, ამპარტავნება, შეურიგებლობა, სიჯიუტე და, რაც მთავარია, მკაფიოდ გვესმის ამ თვისებათა მთელი მანკიერება, რომელიც წლების მანძილზე გვიღრღნიდა სულსა და სხეულს, გვიქმნიდა ყოველდღიურ დისკომფორტს... (ჩანაწერი დაუმთავრებელია).

***

როცა სიყვარულში მამაკაცს მეტოქე გამოუჩნდება, წილი ქალმა უნდა ჰყაროს. დაუშვებლად მიმაჩნია მამაკაცების მამლაყინწობა ამ საკითხში. არ ვიცი, შესაძლოა, ასე იმიტომაც ვთვლი, რომ მსგავს შემთხვევებში ქალები არჩევანს რატომღაც მუდამ ჩემზე აკეთებდნენ.

***

ადამიანი რომ ყველაფერს ეგუება, ცნობილია. თუმცა არიან გამონაკლისები, რომლებსაც ვერ წარმოუდგენიათ კომპრომისი თვით ბუნების უზენაეს ძალებთანაც კი და სურთ ბოლომდე თავისი გაიტანონ. სურვილი ერთია, შესაძლებლობა - მეორე. მათი დისბალანსი უძევს საფუძვლად დიდი თუ მცირე ტრაგედიების უმრავლესობას... (ჩანაწერი დაუმთავრებელია).

***

როგორც ჩანს, კეთილშობილება მაინც თანდაყოლილი თვისებაა. მას ვერ შეისწავლი სკოლაში, უნივერსიტეტში, აკადემიაში. თუ შენში ეშმაკი ზის, იგი ანგელოზად ვერ იქცევა, მით უფრო, როცა საამისოდ უზარმაზარი სურვილიცაა საჭირო. სავარაუდო დადებითი როლის შესრულება აქ შეუძლია ოჯახს, თანაც არა ლიტონი სიტყვებით, არამედ ყოველდღიური კონკრეტული მაგალითებით. უზრდელობისგან, უხეშობისგან, ბოროტებისგან თავშეკავება ის მაქსიმუმია მათთვის, ვისაც ბუნებამ არ მიამადლა სათნოება, გულმოწყალება, თანალმობისა და თანადგომის უნარი.

***

ყოველთვის მძიმედ გადამქონდა და გადამაქვს რაიმეს დასასრული. დადებით ამბებზე მოგახსენებთ, ცხადია. გული მწყდება, როცა მთავრდება კარგი ფილმი, კარგი წიგნი, კარგი ღვინო, კარგი ურთიერთობა. წინ თეორიულად კიდევ ერთი საბოლოო გულდაწყვეტაა, რომლის... (დასასრული არ იკითხება).

***

ხომ გადაგირბენიათ ღელეში ჩაწყობილ მსხვილ ქვებზე ასკინკილათი ისე, რომ ტერფიც არ დაგსველებიათ? ხომ გიფიქრიათ ზოგჯერ, რომ ასევე უდარდელად გადაირბენდით ცხოვრების დანაღმულ ველზე? გიფიქრიათ, მაგრამ არ გაგირისკავთ, რაკი ცოცხლები ხართ...

***

რა ვიცით ჩვენ ერთმანეთის შესახებ? პრაქტიკულად არაფერი. არავინ იხსნება სრულად სხვების წინაშე, არასოდეს ამბობს ბოლომდე მას, რასაც ფიქრობს, არასოდეს იქცევა ისე, როგორც მოიქცეოდა, მისი ნება რომ იყოს, არასოდეს წავიდოდა იქ, სადაც იძულებულია წავიდეს. საკვანძო სიტყვა აქ გახლავთ „იძულებულია“. ამიტომაც ვცხოვრობთ ერთ უზარმაზარ საგიჟეთში, სადაც ვცდილობთ ერთმანეთის წინაშე რაც შეიძლება ბრძნული იერით წარვსდგეთ და მხოლოდ ნამდვილი ბრძენკაცები ჰგვანან ჩვენს თვალში გიჟებს, რადგან ისინი ზუსტად ისეთები არიან, როგორებიც არიან რეალურად. და რაკი ჩვენ ასეთი რამე ვერ წარმოგვიდგენია, ვთვლით, რომ მათ ბუნებრივობა აკლიათ ანუ მიეკუთვნებიან გიჟებს.

***

ყველაზე უცნაური და დასანანი ისაა, რომ ჩვენ ხშირად სრულიად დაუძაბავად, საკუთარი თავისთვის ყოველგვარი დანაკარგის გარეშე შეგვიძლია გავაკეთოთ სიკეთე, მაგრამ არ ვაკეთებთ, რადგან გვეშინია (!), რომ ამით ვიღაცა იხეირებს, ჩვენ კი ვერანაირ სარგებელს ვერ ვნახავთ. თუმცა, კაცმა რომ თქვას, ის რა სიკეთეა, რომლისგან აუცილებლად სარგებელს მოელი!

***

შეიძლება კარგი პიროვნება იყოთ, მთელი ცხოვრება სიკეთეს აკეთებდეთ, მაგრამ ეს თუ არავინ შეამჩნია, არ მოჰყვა, არ დაწერა, ყველასათვის უცნობი დარჩებით. ვერ ვიტყვი, რომ გარჯა წყალში ჩაგეყარათ, მაგრამ ისეთ ინფორმაციულ ეპოქაში ვცხოვრობთ, მაინც უფრო უპრიანი იქნებოდა თქვენი საქმიანობა სხვებისთვისაც ცნობილი ყოფილიყო, თუნდაც როგორც სხვებისთვის მისაბაძი მაგალითი.

***

ერიდეთ ადამიანებს, რომლებიც ხელისუფლებისკენ ილტვიან და ცდილობენ რაც არ უნდა დაუჯდეთ, ხელმძღვანელი თანამდებობა დაიკავონ. ასეთი ხალხი არ ცნობს მეგობარს, ნათესავს, ახლობელს, მოკეთეს და მზადაა მიზნისკენ მიმავალ გზაზე ყველა მათგანს დაუნდობლად გადაუაროს. მე მრავლად ვიცნობდი მსგავსთ და ყოველთვის გული მერეოდა მათ მლიქვნელურ ფრაზებზე, რომლებითაც ისინი საზოგადოების გულის მოგებას ცდილობდნენ. ამ კატეგორიის ადამიანებს სინამდვილეში არაფრის გაკეთება შეუძლიათ. მათი დიპლომები ფუჭია, დისერტაციები გამოუსადეგარი, ქცევები თვალთმაქცური, დაპირებები ყალბი. როგორც კი სავარძელი გამოეცლებათ, ისინი იჩუტებიან ლურსმანმოხვედრილი რეზინის ბურთივით, იქცევიან საბრალო, არარა კაცუნებად, რომლებსაც თავის მოსაწონებლად რჩებათ მარტო ჩანაწერი „შრომის წიგნაკში“. მაგრამ, ვაი, რომ აქაც სიყალბესთან გვაქვს საქმე, რადგან სინამდვილეში არანაირი მშრომელი ეს ხალხი არ ყოფილა.

***

რა საცოდავია ხანდაზმული ადამიანი სიცოცხლის ბოლოს, როცა უდავოდ იცის, რომ ბევრი დღე არ დარჩენია და დარჩენილთაგანაც ნებისმიერი შეიძლება უკანასკნელი გამოდგეს. გარშემო თანატოლებიდან თითქმის არავინაა, რომ საუბრებს გული გადააყოლოს, ვინცაა, არარსებულს დიდად არ სჯობს, თვითონაც თითქმის არავის სჭირდება და არის ასე გამოკიდებული ცასა და მიწას შორის. ვიტყოდი, მოგონებებით მაინც გაირთობდა თავს-მეთქი, მაგრამ ხსოვნის ჭაც ისეა ამომშრალი, რომ ბევრი ვერაფრით ინუგეშებს თავს. მადლობა ღმერთს თუ დავიწყებას მეტწილად ცხოვრების გზაზე ჩადენილი უღირსი საქმეებიც მიეცა და სინდისის ქენჯნა მაინც არ შეაწუხებს ცალი ფეხით საფლავში მდგარს. ესეც არაა პატარა შვება!

***

ზაფხულის ცხელ ღამეებში აივანზე წოლა და ვარსკვლავების თვლა მიყვარდა. ჩუმად შრიალებდა ბამბუკის ტევრი, თავის საყვარელ არიებს გადაბმულად მღეროდა ჭრიჭინა, ეზოს გადაღმა მირაკრაკებდა უცნაური სახელწოდების ღელე და თვალებზე ძილმომდგარს ეს გარემო ზღაპრულად მეჩვენებოდა. ძილღვიძილში ვხედავდი, როგორ ეშვებოდა ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავიდან, რომელიც მუდამ ჩემი საწოლის თავზე კიაფობდა, აბრეშუმის კიბე და მე უკვე აღარ მახსოვდა, რომ ვიძინებდი. მივყვებოდი ამ კიბეს მაღლა, სულ მაღლა, ვიდრე რომელიმე თანავარსკვლავედში არ აღმოვჩნდებოდი. დედამიწა იქიდან არ ჩანდა, გარშემო მხოლოდ თვალისმომჭრელი ნათელი იდგა და როცა თვალებს გავახელდი, უცბად ვერც გამეგო: სადა ვარ, ისევ ზეცაში თუ ჩემს აივანზე, საკუთარ საწოლში. მერე ის აივანი გაქრა და ვარსკვლავეთში ჩემი მოგზაურობებიც დასრულდა. მე საბოლოოდ დავემკვიდრე ცოდვილ მიწაზე, სადაც სიზმრები საერთოდ გაიშვიათდნენ, ასე გავიდა მრავალი წელი. საქმეებში ჩაფლულს თითქმის არ მახსოვდა ის სიყმაწვილის დროინდელი ნეტარი ხილვები. და აი, აქ ამოსვლის მერე უკვე რამდენჯერმე ავყევი იმ აბრეშუმის კიბეს და ნაცნობ, ძვირფას სამყაროში აღმოვჩნდი ისევ. არც სხეულის სიმძიმე მიგრძნია, არც სიმაღლის შემშინებია, ყველაფერი ზუსტად უწინდელივით იყო. ვარსკვლავეთში ხომ დრო არ გადის. გადმოვიხედე და პირველად დავინახე არა მარტო დედამიწა, არამედ ის შენობაც, რომელშიც ამჟამად ვცხოვრობ. მე ეს აღვიქვი, როგორც პირდაპირი მინიშნება ჩემი არჩევანის სისწორეზე. ადრე თუ გვიან, მე იგი უნდა გამეკეთებინა. ახლა უკვე ამაში იოტისხელა ეჭვიც არ მეპარება. და მე ბედნიერი ვარ, რომ იგი გავაკეთე.

6 ასი ლექსი „ანდერძთა წიგნიდან“ - წარმავალია ყველაფერი, წვიმების გარდა

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

წარმავალია ყველაფერი, წვიმების გარდა

უმატა წვიმებს, შემოდგომა იქნება ცივი,
ჭიშკარს ჰკიდია გამჭვირვალე ცრემლების მძივი.
ჩემი სენაკი შეუმჩნევლად ივსება სევდით,
ქრება ვარსკვლავი, სიყრმიდანვე რომელსაც ვსდევდი.
თითქოს მივედი საოცნებო აღსავლის კართან:
წარმავალია ყველაფერი წვიმების გარდა!

პატარავდები ჩემ თვალში და... მაინც დიდი ხარ!

ტყუის სინხუა, დაძიბაოც აშკარად ტყუის,
მეგონა, „ვაის“ გავეყარე, შემოვხვდი „უის“.
გაგიჟდა ხალხი, ვეღარ ვხვდები, ირგვლივ რა ხდება,
ვხედავ ცუდ სიზმარს და მგონია, იგი ახდება.
რა გზა არჩიე, ცისქვეშეთო, საით მიდიხარ...
პატარავდები ჩემ თვალში და... მაინც დიდი ხარ!

რაც მთავარია, სულ ციმციმებს, არ ქრება გონი!

რამდენ რამეზე უარის თქმა მომიწევს, ალბათ,
რადგან ვგრძნობ, უკვე ვერ ვიცხოვრებ სხვებივით ყალბად.
მე ახლა მზესაც და მთვარესაც ვხედავ სხვარიგად,
ცამ თითქოს ჩემთვის ვარსკვლავები ჩამოარიგა.
მე მათგან ერთი ავირჩიე, მეყოფა, მგონი,
რაც მთავარია, სულ ციმციმებს, არ ქრება გონი!

შენ შემოგცქერი, გიმზერ, სანამ შუქს გათიშავენ

სიხარულისთვის გაჩენილებს რად გვავიწყდება
სიცოცხლის არსი?.. გლოვის ზარი როცა მიწყდება
მე ვფიქრობ დროზე, როცა ნათელს თესავდი ჩემში
და რომ კვლავ შევხვდეთ, ძველებურად ჭკუიდან შემშლი.
გარეთ თოვს, თითქმის წაშლილია მიწის სიშავე,
შენ შემოგცქერი, გიმზერ, სანამ შუქს გათიშავენ.

ნუ გეგონებით ცხოვრებაზე ხელჩაქნეული

ნუ გეგონებით ცხოვრებაზე ხელჩაქნეული,
მეც ჯერ თქვენსავით განცდებისგან მითრთის სხეული.
მეც ჯერ თქვენსავით ვუცდი დილებს, ვეკრძალვი მწუხრებს,
ვიგონებ სევდით კერის ცეცხლებს, გიზგიზა ბუხრებს.
თქვენსავით მტკივა, მსიამოვნებს, თქვენსავით ვხარობ,
მე მხოლოდ თქვენზე ადრე ვნახე შავბნელი ხარო!

როცა მონასტრის ბჭეზე სხედან თეთრი მტრედები

ბავშვობის ეზოს ამშვენებდნენ თეთრი მტრედები,
მათ ახლაც ვხედავ, წარსულისკენ რომ ვიხედები.
და როცა მესმის შორეული ტკბილი ღუღუნი,
მზით უცნაურით მინათდება ღამე უკუნი.
ასე მგონია, ჩემ ბავშვობას მტლად დავედები,
როცა მონასტრის ბჭეზე სხედან თეთრი მტრედები.

ის, რაც შენია, უნდა იგრძნო, შეიტკბო, ნახო!

უნდა შეიტკბო, რაც გებოძა, რაც გეწილადა,
თორემ ცხოვრება არ ჩაგაგდებს ერთხელ რწყილადაც,
დარჩები მარტო, სამყაროსთვის შეუმჩნეველი
და უმოწყალოდ გაკაფული შენი ტყე-ველი
ვიღაც უცხოს და გადამთიელს დარჩება ახოდ...
ის, რაც შენია, უნდა იგრძნო, შეიტკბო, ნახო!

რა შეიძლება გაგახსენდეს ჩამქრალ ბუხართან?

რა შეიძლება გაგახსენდეს ჩამქრალ ბუხართან? -
გულს რა უნდოდა , რა ეწყინა, რა გაუხარდა.
ზიხარ მარტოკა, სარკმელს მიღმა მთვარე ჰკიდია
და ფიქრობ შენთვის: მამასისხლად რაც გიყიდია,
თუ არის ჯუფთი შორეული მისი კიაფის
და საერთოდაც: რაა „ძვირი?“ რაა „იაფი?“

ასეთი კვამლი ჩემი სახლის გარდა სად ავა?

სადა ვარ-მეთქი, რომ ვიკითხე, მითხრეს: შინა ხარ!
აქ ჩემი სიყრმის ნაფეხური დრომ შეინახა.
ჭიშკართან დღემდე ძველებურად დგას ალუბალი,
თითქოს მის ფესვებს გახმობისგან იცავს უფალი.
სადა ვარ-მეთქი? - არ ვკითხულობ. ვიცი, სადა ვარ.
ასეთი კვამლი ჩემი სახლის გარდა სად ავა?

თქვენ შემაფასეთ, როცა თიხად გადავიქცევი

მე მოვიპოვე დუმილის და სიტყვის უფლება
და როცა წვიმას აპირებს და ცა იღრუბლება,
მინდა - ვიქუხებ, მინდა - მშვიდად ვიჯდები... ვითომ
ასე ისურვა დაღლილ სულში მთვლემარე ხვითომ.
მე ახლა მე ვარ და როგორც მსურს, ისე ვიქცევი,
თქვენ შემაფასეთ, როცა თიხად გადავიქცევი.

ჩემი სიზმრები დაყოფილა სერიალებად...

ჩემი სიზმრები დაყოფილა სერიალებად,
ირგვლივ ლანდები რიალებენ... ერიალებათ.
სანამ ისინი დაცხრებიან, ღამეც გავა და
წყალს მოვუყვები მათ შინაარსს და წყალს გავატან.
შევნიშნე: თუკი არაფერი გემახსოვრება,
ადვილია და საამური ქვეყნად ცხოვრება!

და არც კი ვიცი, რა სახელი შემეფერება

მე მავიწყდება საალერსო სიტყვები ნელა,
იქ, სადაც ადრე შუქი იყო, ამჟამად ბნელა.
ის აღარა ვარ, ვინც ვიყავი, ვინცა ვარ, ისიც
დღის სინათლეზე გამოჩენის არაა ღირსი.
მე მავიწყდება სიყვარული, სითბო, ფერება,
და არც კი ვიცი, რა სახელი შემეფერება.

უმათოდ არსად მე არ წავალ, უფრო - ვერ წავალ!

ვინც კი დამტოვა, ჩემთანაა უკლებლივ ყველა,
ეს მათ კი არა, მე მჭირდება ამჟამად შველა,
რომ კვლავ არ გაქრნენ, არ შეერწყან უცხო მირაჟებს
და უსასოოდ არ დამტოვონ ბედის წინაშე.
სანამ ისინი აქ არიან, თითქოს მეცა ვარ,
უმათოდ არსად მე არ წავალ, უფრო - ვერ წავალ!

და მე ვრწმუნდები: დასაწყისი დასასრულშია!

ზოგჯერ ვიფიქრებ: ყველაფერი არის გვიანი,
დაგრეხილია ბედის ხაზი, როგორც რვიანი.
შორს ალვის ხენი გაწოლილან უძრავ ჩრდილებად,
მდინარეს უკვე ტალღა აღარ ემორჩილება.
მხოლოდ გონება არ ისვენებს, თითქოს სულ შია
და მე ვრწმუნდები: დასაწყისი დასასრულშია!

ხელობა კი მაქვს, თუმც რას შველის მარტო ხელობა!

ვებრძვი ჟამთასვლას, ხან ვიმარჯვებ, ხანაც ვმარცხდები
და მიკვირს, წუთისოფლის ძაფო, როგორ არ წყდები
ამდენ წვიმაში, ამდენ თოვლში და მიწისძვრაში,
ან რა უყავი, რომ მიბოძე ერთხელ, ის რაში?..
ხელობა კი მაქვს, თუმც რას შველის მარტო ხელობა,
ბოლოს მომიღებს, ალბათ, ერთხელ მარტოხელობა.

მგონია, ისევ ავტუზულვარ ბავშვობის კართან

ვან ვეის წიგნში აღმართულან სამშობლოს მთები,
მათი ხილვისას თითქოს სოფლურ კერასთან ვთბები.
იღება კარი, ფიჩხს ამატებს ცეცხლზე ბებია.
ო, მისი სახე მე მრავალჯერ დამსიზმრებია.
მგონია, ისევ ავტუზულვარ ბავშვობის კართან
და მასხივოსნებს ელვარება ვან-ვეის პწკართა.

მაგრამ მე მაინც... მაინც ჩემი აზიის მჯერა

მეც შემივლია ევროპისთვის ოდესღაც თვალი,
მისი სიმაღლით, ელვარებით ვყოფილვარ მთვრალი.
მინახავს რომი, ვატიკანი, ჯოკონდას მზერა,
მაგრამ მე მაინც... მაინც ჩემი აზიის მჯერა,
მე თითქოს ჩემი დიდი კედლის მარტყია ალყა
და უკვდავების შხეფებს მესვრის იანძის ტალღა!

მაინც მგონია, მისი ფიქრი მიფრინავს მაღლა

მეწვია ბრძენი მუნჩეიჩუ... მე ვასხამ ჩაის.
მონასტრის მწვანე ტერასიდან გავყურებთ დაისს.
აგვისტოს სევდა ბამბუკებსაც ნელა ედება.
მე ვაკვირდები: მუნჩეიჩუ შორს იხედება
და მის თვალებში იკითხება სიმაღლით დაღლა.
მაინც მგონია, მისი ფიქრი მიფრინავს მაღლა.

ახლა სამყაროს გულის გული თივის ზვინია!

ჭრიჭინა ტირის... მე ვამტკიცებ: ჭრიჭინა გალობს...
შენ ამ გალობას ყური უგდე , პატარა ქალო!
მიაპყარ სმენა უნაზესი ტრფობის მოტივებს.
ხელს ვერ შეგიშლის სიხორშაკე თუ სინოტივე.
ღამდება ნელა... შენ უსმინე... ნუ გეშინია...
ახლა სამყაროს გულის გული თივის ზვინია!

დავიწყებისთვის ნუ გაწირავ უცნობ ტიბეტელს!

რამდენი ვინმე აღარაა, ვინც მინდა იყოს,
სატკივრებს ჩემსას უკვე თითქმის არავინ იყოფს.
ვის რად ვჭირდები? ჩაიქროლეს ჩემმა რაშებმა,
ოცნებაც უკვე ვარსკვლავს აღარ ეთამაშება.
შემინდე, ბედო, ჯიქურ შებმა რომ გაგიბედე.
დავიწყებისთვის ნუ გაწირავ უცნობ ტიბეტელს!

ვდგავარ ფლატოზე... ქვემოთ ნავში იცდის ქარონი

ბავშვობის სახლი აღარ დარჩა... აღარც დიდობის...
თითქოს მსხვერპლი ვარ მიწის რყევის და წყალდიდობის.
გამომეცალა ფეხქვეშ მიწა, ცამდე ვერ აველ,
უცხო თვალები თითქოს ყველგან ჩუმად მზვერავენ.
ვდგავარ ფლატოზე... ქვემოთ ნავში იცდის ქარონი.
მის დაძახილზე ვიკრიბებით უსახლკარონი.

მე დაგიტოვებთ სიხარულს და რწმენის ნამცეცებს

იმ ასაკში ვარ, რომ არაფრის არ მეშინია,
ფეხმარდ ბედაურს მირჩევნია ჩემი ფინია.
მე ახლა დრო ვარ - თან ვღამდები, თანაც ვთენდები,
ვინც დამივიწყა, ერთხელ მასაც გავახსენდები.
მე დაგიტოვებთ სიხარულს და რწმენის ნამცეცებს,
მანამდე სიზმრის ალქაჯებმა თუ არ ამწეწეს.

მე კი რაც უფრო მიმძიმს, უფრო კეთილი ვხდები

არ მიძინია... მთელი ღამე სახსრებში მტეხდა,
თითქოს ერთმანეთს ტანში ორი ურჩხული შეხვდა.
სხეული თითქოს უსასრულო ბრძოლის ველია
და დღემდე მე რომ ცოცხალი ვარ, საკვირველია.
სისხლს შეუღებავს, მგონი, ჩემი წიგნების ყდები,
მე კი რაც უფრო მიმძიმს, უფრო კეთილი ვხდები.

ვზივარ ღამეში და სანუკვარ მზეს ველოდები

ზვავი ჩამოწვა. გზები შენკენ ჩახერგილია.
მაგრამ მე მომწონს ეს სიმშვიდე და იდილია,
რადგან ამ ტიხარს აღარ ძალუძს ჩვენი გათიშვა.
მე სიზმრად ვნახე, შენმა სუნთქვამ თითქოს მნათი შვა.
გადნება მალე ქიმერული თოვლის ლოდები.
ვზივარ ღამეში და სანუკვარ მზეს ველოდები.

მე ეს შევძელი, როცა ჩემს თავს ვუთხარი: „არა!“

იმ ცხოვრებაში სხვა ვიყავი... სხვა მქონდა გვარი,
მაგრამ ერთხელაც დაგმანული გაიღო კარი
და მე ვიხილე არნახული სინათლის თქეში,
რომელსაც უმალ შევუშვირე მთრთოლვარე პეშვი
და გავხდი ის, ვინც ახლა ვარ და ვიქნები მარად!
მე ეს შევძელი, როცა ჩემს თავს ვუთხარი: „არა!“

ქებას და თაყვანს უთვლის ერთად გაოს ტაშირო!

გაო სინძიანს1 მიუღია წუხელ ნობელი
და მე სხეულში ჟრჟოლა მივლის შეუცნობელი,
რომ ჩემი ჯიშიც მითვლილია დიადთა რიგებს
და უპირველეს ორთაბრძოლას ჩინელი იგებს.
მისი ხვედრია, ცისქვეშეთში ქუხდა ტაში რო,
ქებას და თაყვანს უთვლის ერთად გაოს ტაშირო!

_________________

1. გაო სინძიანი - ჩინელი პროზაიკოსი, დრამატურგი, კრიტიკოსი, მთარგმნელი, მხატვარი, 2000 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (მთარგმნ. შენიშვნა).

ნეტავ, კვლავ როდის გვეღირსება ჟამი სატანო!

მუნჩეიჩუსგან გამიგია: ეპოქა ტანის
იყო ეპოქა სინატიფის, წერწეტა ტანის.
ოქროს მტევნები ესხა თურმე ვენახში ვაზებს
და ფაიფურში აცოცხლებდა ოსტატი ვაზებს.
ნეტავ, კვლავ როდის გვეღირსება ჟამი სატანო,
არა საგიჟო, საველურო და სასატანო.

ვეტყვი დამხვდურებს: „გამარჯობა, აჰა, მოვედი!“

არაფერს ველტვი, მირაჟია ირგვლივ ყოველი
და ერთადერთი, ამიერით რასაც მოველი,
დღეა, რომელიც არასოდეს არ დაღამდება
და ტკივილებიც ერთიანად დამიამდება,
და კმაყოფილი არნახული სიმყუდროვეთი,
ვეტყვი დამხვდურებს: „გამარჯობა, აჰა, მოვედი!“

„აქედან მე რა შემერგება?“ - ფიქრობს კალია

იხვები ტბაში ნებივრობენ. დღეა მზიანი.
ჩახუტებულა უზრუნველად ინთან იანი.
მწიფს სოფლის ყანა. გლეხიკაცი ჭირნახულს ელის,
მზადაა უკვე ქუდზე კაცი - ათასი მკელი.
მალე ერთბაშად მოიმკება, რაც სამკალია.
„აქედან მე რა შემერგება?“ - ფიქრობს კალია.

და მხოლოდ დედის მტკივან გულში იბუდებს ღამე

მეზობლის სახლში ქორწილია. შვილი თხოვდება.
დედა ქალიშვილს ცრემლიანად უახლოვდება.
უნდა დალოცოს, მაგრამ სიტყვა ვერ უპოვია.
უკვირს ქალიშვილს - დედის თმებში დაუთოვია.
მექორწილენი ქეიფობენ: მღერიან, სვამენ
და მხოლოდ დედის მტკივან გულში იბუდებს ღამე.

როცა ფიქრისთვის ბევრი დრო გაქვს...

როცა ფიქრისთვის ბევრი დრო გაქვს, უეცრად ხვდები,
რომ ყოველ დილას მწუხარე და დაღლილი ხვდები,
რადგან გონება არ ისვენებს, ერთ ამბავშია,
ის თითქოს შენი ჭირვეული, ცელქი ბავშვია,
ცნობისმოყვარე და ჭკვიანი პატარა ბიჭი,
ვისთვისაც სწორი პასუხების გაცემა გიჭირს.

მზეს, მთვარეს, ვარსკვლავს სხვა ფერი აქვს სამშობლოს ცაზე...

მზეს, მთვარეს, ვარსკვლავს სხვა ფერი აქვს სამშობლოს ცაზე, -
ჯერ კიდევ ყმაწვილს მუნ ჩეიჩუმ მასწავლა ასე.
და ახლა, როცა ვაკვირდები მნათობებს მთიდან,
ვრწმუნდები, ჩემი ხელდამსმელი რა სწორად მზრდიდა.
ამ მზეს, ამ მთვარეს, ამ ვარსკვლავებს შეავლეთ მზერა
და თქვენც ირწმუნებთ მუნჩეიჩუს მტკიცებას, მჯერა.

ხომალდს განწირულს რატომ სტოვებთ, რატომ - ვირთხები!

მე ბევრ კითხვაზე, სამწუხაროდ, პასუხი არ მაქვს,
რაც მქონდა, მათაც დავიწყების დაჰქროლა ქარმა.
არადა კითხვა-სარეველა ჩნდება და ჩნდება,
და მე ვინა ვარ, რომ გაჩენის არ მივცე ნება!
ხომალდს განწირულს რატომ სტოვებთ, რატომ - ვირთხები!
ჩვენ სად წავიდეთ, ვინც მანდ დავრჩით? - თქვენ გეკითხებით.

კაცი კი არა, ვარ ცხადის და სიზმრის ნაზავი

ბედნიერი ვარ! - არაფერი არ გამაჩნია!
და ვიდრე ჩემი ნაკვალევი მიწას აჩნია,
ვითვლები ცოცხლად და ეს უკვე განძია დიდი,
საწვრილმანოში არც რას ვიძენ, არცა რას ვყიდი.
არც ჭიშკარი მაქვს, არც ურდული, არც სარაზავი,
კაცი კი არა, ვარ ცხადის და სიზმრის ნაზავი.

სხვა რაღა გინდა, მეტი რაღა უნდა ინატრო!

როცა არ გტკივა, არ გშია და წყურვილი არ გკლავს
და შენი სახლი ჰგავს უღრანში სანუკვარ ანკლავს,
სადაც ლექსს წერენ, ღვინოს სვამენ, ტკბებიან ტრფობით,
არ ეკიდება ჩარჩოებში ნახატებს ობი,
სხვა რაღა გინდა, მეტი რაღა უნდა ინატრო,
აკი ისედაც სამოთხეა ეს საბინადრო!

რადგან ის ჩვენი ჯიშისაა, მხოლოდ ჩვენია!

ჩვენ სილამაზეს სხვა თვალებით ვუყურებთ... ჩვენი
მზეთუნახავი სინაზის და სიტურფის მჩენი
სხვებისთვის, ალბათ, ვერ იქნება... ასეა, ოდით...
და მაინც ქალი, რომლის გამოც შლეგივით ვრბოდით,
არათუ გვიყვარს, თვით საკუთარ თავს გვირჩევნია,
რადგან ის ჩვენი ჯიშისაა, მხოლოდ ჩვენია!

როცა ისედაც აღსასრულის ვდგავარ კარებთან!

ბაღში თანდათან დაუმძიმდა ხეხილს ტოტები,
და ვით მებაღე, მეც სიმწიფის ჟამს ველოდები.
განა რამდენი დამჭირდება მე თვითონ ხილი!..
თქვენთვის, კარგებო, რომ არ მსურდეს სიცოცხლე ტკბილი,
განა ეს ბაღი, ეს ბარაქა გამახარებდა,
როცა ისედაც აღსასრულის ვდგავარ კარებთან!

და ალიონზე მიღიმოდა ცეცხლი ბუხრიდან...

ჩემს ბავშვობაში ეწერიდან ტურა კიოდა
და მე მეგონა, იმ საცოდავს რაღაც ტკიოდა.
მთვარის სხივებით ღამე ზამთრის ზღაპარს ქარგავდა
და ის ზღაპარი ბებოჩემის ზღაპარს არ ჰგავდა.
ბამბუკის ტევრი ფაფუკ ფიფქებს ტოტებს უხრიდა
და ალიონზე მიღიმოდა ცეცხლი ბუხრიდან.

რად უნდა მწყინდეს, სახით მართლაც ვგავართ ყველანი

რად უნდა მწყინდეს, სახით მართლაც ვგავართ ყველანი
და სიბერემდე ვრჩებით თითქოს პირტიტველანი.
თუმც ეს ასეა, რომ იტყვიან, მხოლოდ შორიდან.
მე, მაგალითად, რომ დამიდგეს თვალწინ ორი და,
მყის გამოვარჩევ მას, რომელშიც ეშხი მეტია,
რაღა მე, ამას შესძლებს ბოლო შარახვეტია.

მე კი კვლავ მესმის იმ პირველი ავტოს გუგუნი...

როცა სოფელში სულ პირველი გამოჩნდა ავტო,
გამაჟრიალა მე, პირველი ლექსების ავტორს,
რადგან დამთავრდა სიარული სკოლაში ფეხით,
წავიდა ქალაქს საყიდლებზე ნაჯაფი გლეხი.
მას შემდეგ ბევრჯერ გაისერა ღამე უკუნი,
მე კი კვლავ მესმის იმ პირველი ავტოს გუგუნი.

ქალაქით დაღლილს გადამარჩენს მხოლოდ ბუნება...

წვრილი ამბები აღარ მინდა, ნუ მომიყვები,
შეხედე, ხიდან ხეზე როგორ ხტიან ციყვები,
კოალა როგორ იყურება, თითქოს ბავშვია
ან ეს კოდალა ონავარი რა ამბავშია.
ეს სილამაზე სულს და სხეულს ესალბუნება,
ქალაქით დაღლილს გადამარჩენს მხოლოდ ბუნება.

მე ახლა სხვა ვარ, მაგრამ ვინ ვარ, ვერ გამიგია...

ხუთი წელია, სულ სხვა ქვეყნის ვარ ბინადარი,
ჩემს კერიაზე აღარ ღვივის ძველი ღადარი.
მე ახლა სხვა ვარ, მაგრამ ვინ ვარ, ვერ გამიგია,
მაცვია ნისლი, ქვეშაგებად თოვლი მიგია.
ვსულდგმულობ სიტყვით, აღარც მშია, აღარც მწყურია
და ვხარობ, როცა მთვარეს უყეფს ჩემი მურია.

თითქოს მოგმართავ: „ეს ჩაიცვი, ძლიერ გიხდება!“

ამ კარადაში არაფერი არ ინახება
და ზოგჯერ მაინც მიხარია მისი გაღება,
რადგან ის ადრე სავსე იყო შენი კაბებით...
უწინდებურად ახლაც ისე დავიძაბები
და სანამ გული საგულედან ამომიხტება,
თითქოს მოგმართავ: „ეს ჩაიცვი, ძლიერ გიხდება!“

იცოდეს ყველამ: არავისი ვალი არ მმართებს...

თითქოს არა ვარ უკვე მგზავრი საწუთროს გზაზე,
შავ-თეთრ ნახატებს ვაფერადებ... დრო გამყავს ასე.
აგერ ზვინები, აგერ ეზო, აგერ სამზადი,
სადაც ბებია გვთავაზობდა დღეში სამ სადილს.
ძველ წელთაღრიცხვას ვუბრუნდები... ვგავარ წარმართებს...
იცოდეს ყველამ: არავისი ვალი არ მმართებს.

ახალ წელი ჩამოცურდა შავი დაფიდან

დღეები, როგორც ნატეხები ვეება ლოდის,
მიმოიფანტნენ... საახალწლო დრაკონი მოდის.
ჩამომიტანა ქალაქიდან მამამ ტუფლები.
მე პატარა ვარ... წერა-კითხვის მადლს ვეუფლები.
იეროგლიფი იეროგლიფს გადავაბი და
ახალ წელი ჩამოცურდა შავი დაფიდან.

და მხოლოდ ეს ხმა მიმძაფრებს მითვლემილ ტკივილს

მე გავანულე ტკივილები... ახლა ისე ვარ,
თითქოს წმინდათა წმინდა ომის მოხალისე ვარ,
ავისხი ტანზე ფარ-აბჯარი, შევკაზმე ცხენი,
და როგორც მხედარს, მაცილებენ შორეთში ხენი,
სოფლის ბოლოში დაღვრემილი მამალი ყივის
და მხოლოდ ეს ხმა მე მიმძაფრებს მითვლემილ ტკივილს.

მხოლოდ სიჩუმის ზარი რეკავს ყველა კარიდან...

მე თქვენ არ მიცნობთ, რომც მიცნობდეთ, რა ხეირია,
ახლა მავანთა გულგრილობა ისე ხშირია,
რომ არაფერი თითქოს უკვე აღარ სჭირდებათ,
(სულ სხვა საქმეა, როცა რამე გაუჭირდებათ!..)
აღარც ცოცხალი უღირთ რამედ, აღარც მკვდარი და...
მხოლოდ სიჩუმის ზარი რეკავს ყველა კარიდან.

ეს მე ვარ თითქოს, საკუთარ თავს გამოქცეული...

სატრაპეზოში შევექცევით ვახშამს ბერები,
მე ვილუკმები და კედელზე ლანდს ვეფერები.
ცნობისწადილით ვკვდები: ნეტავ, რისი ლანდია?
ვერ გავარჩიე, რადგან მკრთალი ლამფა ანთია.
ძმებიც ხედავენ: მღელვარებით მითრთის სხეული.
ეს მე ვარ თითქოს, საკუთარ თავს გამოქცეული.

მე არ მცოდნია, მაგრამ აწი მემახსოვრება...

რაც მივხვდი: ჩემთვის ყველაფერი არის სულ ერთი,
ცრემლის ორი რუ ერთურთს ერთვის, ერთვის, სულ ერთვის.
დრო თითქოს შედგა, გაეყინა საათს ისრები,
სხივებიც სადღაც გაკრეფილან - მზის ემისრები.
მე არ მახსოვდა, მაგრამ აწი მემახსოვრება,
უდროო დროშიც რომ გრძელდება თურმე ცხოვრება.

ვინძლო კვლავ გავძლო, ისე, როგორც შარშან გავძელი..

მუხლამდე თოვლში მოწყენილად დგანან ხურმები.
მე ვიწერ ჩემთვის: „შენ ამ ზამთარს ნუ ეხუმრები.“
ვინძლო კვლავ გავძლო, ისე, როგორც შარშან გავძელი,
არ წაიქცევა ქარში ჩემი სახლი, საბძელი.
„ყარყატის ბუდე მოჩანს, როგორც ინდუსის ჩალმა!“ -
ეს ვთქვი და კიო, უმალ კვერი დამიკრა რძალმა.

შეხედეთ, ამან თავის თავზე შური იძია!..

სიცოცხლე არის სიკვდილისთვის მზადება, მაგრამ
თუ შენში ყოფნის სურვილი და აზარტი გაქრა,
ვერ იარსებებ, სიკვდილამდე გაგძვრება სული
და როცა ირგვლივ დაივანებს სიჩუმე სრული,
იტყვიან, როგორც ჭორიკნებმა სოფლად იციან:
შეხედეთ, ამან თავის თავზე შური იძია!

მე ვგოდებ, რადგან იმ საცოდავს ვერაფერს ვშველი...

გაუდაბურდა ეზო-კარი... წაიქცა ღობე...
სახლის კედლებიც გარდაუვალ აღსასრულს გრძნობენ.
მკლავს უმწეობა... პაპის ნაჯაფს ბოლო ეღება...
ვერ ეღირსება ბავშვობის ნაშთს ხელის შეხება.
ცახცახებს სული, როგორც ნაკრძალს ამცდარი შველი,
მე ვგოდებ, რადგან იმ საცოდავს ვერაფერს ვშველი.

„ჟენმინ ჟიბაოს“ მოწინავე გვიცდის ჩაიზე!..

დახურულ კლუბში ამ საღამოს ისევ ჯაზია,
შავ ფარდებს მიღმა სვამენ ვისკის, ცეკვავს აზია.
ვისკი ორმაგი და ცხოვრებაც ორმაგი... ღამით
დგება მცირედთა საამებლად ნეტარი ჟამი.
დავტკბით ყველანი... ერთი კაციც არ დარჩა ისე...
„ჟენმინ ჟიბაოს“ მოწინავე გვიცდის ჩაიზე!

მას იქ უთუოდ საკუთარი სული დახვდება...

მე მახსენდება გუანჯოუს სადგური ძველი,
ვზივარ მოსაცდელ დარბაზში და მოთმენით ველი,
როდის ჩავჯდები ჩემს ვაგონში ცრემლმორეული,
რომ გავამგზავრო მიტოვებულ სახლში სხეული,
რომელსაც კითხვა არ ასვენებს: „მანდეთ რა ხდება?“..
მას იქ უთუოდ საკუთარი სული დახვდება.

მე ბევრი რამე ვიცი, მაგრამ მშველის კი ცოდნა?..

შეცნობის წყურვილს დაემატა შიმშილი აზრის,
რომელსაც ახშობს უსასრულო ყაყანი ბაზრის.
გავიქცეოდი, მაგრამ საით? ვისთან? რა გზებით?
სანამ ფიქრში ვარ, ვიფიტები და ვიქსაქსები.
ბალახი თითქმის გადამჭკნარა. აცივდა ოდნავ.
მე ბევრი რამე ვიცი, მაგრამ მშველის კი ცოდნა?

უცხოპლანეტელს დაემსგავსა უკვე სტუმარი...

უცხოპლანეტელს დაემსგავსა უკვე სტუმარი.
გამოვიკეტეთ... ეკრანებთან ბაგემდუმარი
ვზივართ... სიცრუის სანაგვეა ჩვენი თავები.
ეჰ, მოედნები, როსმე ნარბენ-ნაბურთავები,
დაფარულია ეკალ-ბარდით, ძეძვით, ნარეკლით
და... ღამის ბინდით იფარება დღის ანარეკლი.

ნეტავ, რომელი ეპოქაა ამჟამად გარეთ?..

მეყოფა!.. უნდა დავასვენო ბებერი ძვლები!..
დავსვამ წერტილს და მოკაკვული საბანქვეშ ვძვრები.
მაგრამ რად გინდა, მე ძილს მაინც ვერ ვეღირსები,
როგორც ყოველთვის, წარმავალზე დარდით ვივსები.
ნეტავ, რომელი ეპოქაა ამჟამად გარეთ?
სარკმლიდან ვხედავ: ჩემს სიმშვიდეს დარაჯობს მთვარე.

ვერ გაიღიმებ, თუ ფიქრები უამურია...

ვერ გაიღიმებ, თუ ფიქრები უამურია,
ცრემლს ამურივით უდენია, უამურია.
მე რა ხანია, არც ვიცინი, არც ვიღიმები,
დაწყვეტილია სულ ბოლომდე სულის სიმები.
დარდის ნოხები იმიტომაც ვბერტყე და ვფერთხე,
სულის შემძვრელი ჰანგები რომ დავუკრა ერთხელ.

მე ტიხარს მიღმაც ჩემს ოდინდელ ტვირთს ვეზიდები...

ცხოვრების გზაზე შლაგბაუმი როცა დაეშვა,
მეგონა, თითქოს გავემიჯნე ჩვეულ კაეშანს.
მაგრამ ამაოდ... სინამდვილე სულ სხვა ყოფილა,
საწუთრო ორად არასოდეს არ გაყოფილა.
რასაც გონება ვეღარა გრძნობს, გრძნობენ თითები,
მე ტიხარს მიღმაც ჩემს ოდინდელ ტვირთს ვეზიდები.

მთელ დედამიწას დაინახავ საფლავის ქვაში...

საფლავის ქვაზე ჩამომჯდარი გავყურებ შორეთს.
ტალღებს ზღვისაკენ მიაგორებს მდინარე მდორე.
მოძრაობს ირგვლივ ყველაფერი - ნელა თუ ჩქარა
და მხოლოდ მაშინ, როცა ზეცა შესძახებს: „კმარა!“
ო, მხოლოდ მაშინ, მხოლოდ მაშინ, ო, მხოლოდ მაშინ,
მთელ დედამიწას დაინახავ საფლავის ქვაში.

მე ასეთი ვარ, ასეთობა ჩემი ხვედრია!..

მე ჩემ სამშობლოს ბევრ რამეში არ ვეთანხმები,
და სანამ პირში სული მიდგას, სანამ გავხმები,
არ გავჩერდები და არ ვიტყვი შავზე - თეთრია...
მე ასეთი ვარ, ასეთობა ჩემი ხვედრია.
ძვირად მიჯდება სიჯიუტე, ვერ ვხვდები განა?!
მაგრამ ჩემ უკან გოლიათთა ლანდები დგანან.

ძველი ცოცხები ახალ ეზოს, ეჰ, აღარ ჰგვიან!

მილიარდიდან არჩევანი ხომ უნდა გვქონდეს,
ვინც მას არ გვაძლევს, მიპასუხეთ, რარიგად ცხონდეს?
მომბეზრდა მუდამ ერთნაირი ხალხის ყურება,
ეს რუხი მასა, ნეტავ, ვიღას ემსახურება?
იტყვიან ჩემზე: „ეს ბუზღუნა ვის დაკარგვია!“..
ძველი ცოცხები ახალ ეზოს, ეჰ, აღარ ჰგვიან!

თუმცა, ვინ იცის, იქნებ ჯერაც არ არის გვიან...

ხინგანის მთიდან უამური ჰქრიან ქარები.
დაფლეთილ აფრებს ვერც ვკემსავ და ვერც ვეკარები.
ჩემი რეგატა აგვიანებს... გამიწყდა თმენა...
რატომ აქამდე არ ვისწავლე ქარების ენა,
თუმცა, ვინ იცის, იქნებ ჯერაც არ არის გვიან,
მივხვდე, ქარები რას ფიქრობენ და რატომ ჰქრიან.

ბედი ვახსენე, თუმცა ბედი რა შუაშია!..

არსად არა ვარ და რომც ვიყო, რა ბედენაა.
ჩემი ცხოვრება უწყვეტელი სისხლის დენაა.
და არც არავის არ მიუძღვის ბრალი ამაში.
ასე მთავრდება, როგორც წესი, ბედთან თამაში.
შემოვლებია ხელნაწერებს შავი არშია.
ბედი ვახსენე, თუმცა ბედი რა შუაშია!

რადგან ერთხელაც ეს ინატრე სწორედ შემთხვევით...

ო, რა მძიმეა აუხდენელ ნატვრათა დასტა
ან ის სიტყვები, ბაგეებს რომ.შემთხვევით დასცდა!
როცა ხელიდან ყველაფერი ერთად გეცლება,
თან გრძნობ, რომ უკვე სიცოცხლისთვის აღარ გეცლება.
რომ კიდევ ერთი ნაბიჯიც და უფსკრულს ემთხვევი,
რადგან ერთხელაც ეს ინატრე სწორედ შემთხვევით.

როცა ცხოვრებას ჩვენ დავიწყებთ ისევ ახლიდან...

დახლიდარები ამ ქვეყანას რატომ მართავენ?
მათ წინ აკრძალვის ნიშანს რატომ არ აღმართავენ?
მათ ორი სიტყვა ახსოვთ მხოლოდ: „ვყიდულობ“, „ვყიდი“.
თავს გავიდნენ და აღარაფრის არა აქვთ რიდი.
როცა ცხოვრებას ჩვენ დავიწყებთ ისევ ახლიდან,
არ გავაკარებთ ქვეყნის საჭეს არც ერთ დახლიდარს.

შენს მაგიდასთან გუშაგივით დგას სიმარტოვე...

უწყვეტი ფიქრი მარტოობის საზღაურია.
ფიქრის ზღვაური სხვა ქარია, სხვა ზღვაურია.
მძვინვარებს წვიმა. ზრიალებენ სარკმლის მინები,
შენ კი არ გესმის, დღის ნაფიქრალს წერ მოთმინებით
და ქანცგაწყვეტილს უკმარობის განცდა არ გტოვებს:
შენს მაგიდასთან გუშაგივით დგას სიმარტოვე.

მე ცუდად ვცხოვრობ, ლექსები კი, რა გითხრათ, აბა!..

მე ამ ციტატას მუნჩეიჩუს დავესესხები:
„ცუდ ცხოვრებაში იწერება კარგი ლექსები!“..
მე ცუდად ვცხოვრობ, ლექსები კი, რა გითხრათ, აბა,
ჭრელაჭრულაა, ვით მაცთური დიაცის კაბა.
რაც არის, არის, მოიხილეთ, აჰა, ესერა!
სიმართლე გითხრათ, ზოგი ისე შემომეწერა.

ვინც თავს დაიცავს, მას უთუოდ დაიცავს ზენა...

შემოვუსხედით სამონასტრო სუფრას ბერები.
არც სასმელები... არც კერძები ნაირფერები...
ცოტა ბრინჯი და ცოტა თაფლი... ჩაი - ცხადია...
ჩვენ ვცხოვრობთ ასე მერამდენე წელიწადია
და არაფერი აღარ გვტკივა... გასინჯეთ თქვენაც.
ვინც თავს დაიცავს, მას უთუოდ დაიცავს ზენა.

რაც მე მინდოდა, აღარ არის, რაც არის - არ მსურს...

რაც მე მინდოდა, აღარ არის, რაც არის - არ მსურს.
აწმყოდ ქცეული მომავალი ჩაბარდა წარსულს.
ვარ უსურვილოდ, თითქოს უკვე გარდავიცვალე.
მხოლოდ ხანდახან ჩემს თავს ვკითხავ: რისთვის ვიწვალე!
დამღლის ფიქრი და მივენდობი მერე გვიან ძილს.
დამესიზმრება: მიაქანებს ჩემ ნავს იანძი.

გამეღვიძა და გულზე მედო მკვდარი ბეღურა...

გაწყვიტეს ჩვენთან ბეღურები... აღარ არიან.
ციცქნა ჩიტების გამო ჩემი გული მკვდარია.
ისინიც ღმერთმა გააჩინა, ღმერთმა გაზარდა
და მათი ხოცვა, ნეტავ, რატომ გვექცა აზარტად?
წუხელ სიზმარში საბნად ქუფრი ზეცა მეხურა,
გამეღვიძა და გულზე მედო მკვდარი ბეღურა.

მე ცხადად ვხედავ: შემოდგომა დარაბებს აღებს...

ზაფხული გადის... ეზნიქება ტოტები ხეხილს
და უკვე ზამთრის სუსხზე ფიქრობს ყანაში გლეხი.
მას აქვს მიზანი: წლიდან წლამდე თავის გატანა
და არ ანაღვლებს, ასაკი რომ ქარს გაატანა.
მე ცხადად ვხედავ: შემოდგომა დარაბებს აღებს,
უვლის სიყვითლე ჟრუანტელად ფეხმძიმე ბაღებს.

ერთხელ იქნება, დამთავრდება ეს ყველაფერი...

ერთხელ იქნება, დამთავრდება ეს ყველაფერი,
გამოელევა ზღვაში ქანცი აფრებს დაბერილს,
დაინთქმებიან შორ ნისლებში ჰორიზონტები,
რომელთა მიღმაც (გული მიგრძნობს) შენ დაღონდები.
მე ხელს დავუქნევ ამქვეყნიურ წუხილს და ურვას
და გავაგრძელებ უსასრულო სივრცეში ცურვას.

მაწუხებს კითხვა: ნეტავ, ხომ არ დამაგვიანდა?..

ვიგრძენი შვება, როცა ყველა იმედი გაქრა,
თითქოს ვიღაცამ უცაბედად ასანთი გაკრა
და გამანათა, როგორც ელვამ ღამის უკუნი,
და ვით მცხოვრებმა სხვა პლანეტის, სხვა საუკუნის,
დავადგი თვალი შორ გვირაბში შეჭრილ ლიანდაგს...
მაწუხებს კითხვა: ნეტავ, ხომ არ დამაგვიანდა?

ყველა მოხელემ თავი იგრძნო ხელმწიფის კაცად...

ყველა მოხელემ თავი იგრძნო ხელმწიფის კაცად
და უსირცხვილოდ კვლავ იყენებს ათასჯერ ნაცად
სიცრუის მარაგს... მთლად დაკარგეს კანონის შიში.
და ამიტომაც არ ვარ მათთან, დავდექი ჩრდილში,
თუმცა მეც ჩემს წილ დანაშაულს ვერ დავემალე.
ის აქ, ჩრდილშიაც, შემახსენებს თავს მალე... მალე!

შენი ლანდის წინ ჩემი ლანდი დგას თავდახრილად...

მე რომ ოდესღაც შეშლილივით არ მყვარებოდა,
შენი სახელი მინდორ-ველად რომ არ მებოდა,
განა ოდესმე ვიხილავდი იმ სიელვარეს,
რომელსაც დღემდე ვერ ივიწყებს გული მღელვარე.
გაგვყარა ჟამმა, თუმც სუნთქვები აღარ გაყრილა.
შენი ლანდის წინ ჩემი ლანდი დგას თავდახრილად.

მიყვარხართ ყველა, მახსოვხართ და გეამბორებით...

მე შინ დავტოვე წერილებით სავსე კარადა,
და ახლაც, როცა ვეხეტები კარი-კარადა,
მახსოვს თვალნათლივ კონვერტებზე მკრთალი შტამპები,
შიგ განფენილი მოკითხვები, ჭრელი ამბები,
თანატოლები, მეგობრები, გულისსწორები...
მიყვარხართ ყველა, მახსოვხართ და გეამბორებით.

ნეტავ, სად გაქრნენ, სად წავიდნენ ის მწვერვალები!..

ჩემი ბავშვობის მწვერვალები გავაკდა თითქმის.
ყველა მათგანზე ახლა უკვე დაბლობი ითქმის.
ჩემი წრიაპი რა ხანია, კედელს ჰკიდია,
გზები კი სადღაც სულ სხვა მხარეს ხვნეშით მიდიან.
მიპყრობილია დაისისკენ ბერის თვალები...
ნეტავ, სად გაქრნენ, სად წავიდნენ ის მწვერვალები!..

არადა იყო... აქ ცხოვრობდა როსმე მაცუკი!..

რამდენ ქვეყანას ვეღარ ვნახავ, რამდენ მთა და ველს!..
მიშვებულია სამუდამოდ ბედის სადავე.
მე ამ ზღუდეში ჩავრჩები და ჩავიკარგები,
შემცვლიან სხვები - ჩემზე ბრძენნი, ჩემზე კარგები.
აქ მავანს ჩემი ნაბიჯი და ჩემი ხმაც უკვირს.
არადა იყო... აქ ცხოვრობდა როსმე მაცუკი!

მე ისიც მყოფნის, რომ სენაკში ანთია კვარი...

ვინც მიცნობს, იცის, რომ ბუზღუნა სულაც არა ვარ,
მაგრამ რა ვუთხრა, ჩინეთი რომ ეპატარავა,
იმ კაცს... საწყაო როგორია სურვილთა მისთა?
ან მისი გონი სიბრძნის რომელ სამანებს მისწვდა?
კაცთა სიხარბეს, მგონი, მართლა არა აქვს ზღვარი...
მე ისიც მყოფნის, რომ სენაკში ანთია კვარი.

ბედნიერების დანახვისას ყველა ბეცია...

ბედნიერების დანახვისას ყველა ბეცია...
მე იგი ერთხელ შუა გზაზე წამომეწია,
და სურდა ჩემთან სიარული და მასლაათი,
ვთქვი: დრო არა მაქვს!“ და ვაჩვენე ნიშნად საათი.
მეგონა, ვიღაც ოხერია და ლაზღანდარა...
როცა შევდექი, ირგვლივ უკვე არა ჩანდა რა...

ვამყნობ, აკვანს ვთლი, სახლს ვაშენებ - ვაშინებ სიკვდილს...

ხეხილს რომ ამყნობ, აკვანს რომ თლი, სახლს რომ აშენებ,
მაშინ სიცოცხლეს სალამს უთვლი, სიკვდილს აშინებ.
ვიყავ მებაღე, ოსტატი და ხუროც ვიყავი
და როცა კარგად შევიმეცნე სოფლის იგავი,
ვიგრძენი უცებ, საქმეები მშვენივრად მიმდის:
ვამყნობ, აკვანს ვთლი, სახლს ვაშენებ - ვაშინებ სიკვდილს.

აქ ხომ ნამდვილი მობაასე თითქმის არა მყავს...

მე ახლა ისევ ყველაფერი თავიდან მიწევს,
დღისით მარტო ვარ, ღამით გვერდზე წიგნები მიწევს.
მაცვივა უხვად გასარკული ცის ალმასები.
ძვირფას არსებებს სულ სიზმრებში ვებაასები.
ვღონდები, თუკი სიზმრის აზრი ცხადში არ ამყვა,
აქ ხომ ნამდვილი მობაასე თითქმის არა მყავს.

თითქოს პატარა ბიჭი ვიყო, თოვლს ველოდები...

ყვითელ ხეობას დაეუფლა ზამთარზე ფიქრი,
მდინარეც, სანამ გაყინულა, მიჰქრის და მიჰქრის.
ზაფხულის სიო ფერდობებზე ფრთებს უკვე არ შლის,
დაღლილი ტალღა გაჩხერილა წისქვილის ღარში.
ჩიტებსაც უკვე შეპარვიათ სევდის ნოტები...
თითქოს პატარა ბიჭი ვიყო, თოვლს ველოდები.

ბედნიერი ვარ, არ მაღელვებს აღარაფერი...

აქ ტელეფონი აღარ რეკავს, არ მოდის ფოსტა,
გაწყვეტილია საუკუნოდ კავშირი დროსთან.
ბედნიერი ვარ, არ მაღელვებს აღარაფერი,
და ვფიქრობ ჩემთვის ერთი ვინმე ჭაღარა ბერი,
თუ გამოჩნდება კაცი, ქვეყნის გლოვით ამკლები,
როცა გახდება ჩემი ერი ერთით ნაკლები!

სანამ ეს ეტლი არ შედგება ჯადოსნურ თაღთან...

სანამ ეს ეტლი არ შედგება ჯადოსნურ თაღთან
და არ დასცდება გამშრალ ბაგეთ: „ნანატრი ახდა!“
კალამს მელანი ერთი წამით არ შეაშრება
და ვინც იკითხავს: „ის შეშლილი მარტო რას შვება?“
მიუგებს ღამე: „საკუთარ თავს უწერს განაჩენს“,
და რომ დაუწერს, მე მოვყვები მერე დანარჩენს.

მოვა სიკვდილი და შენს ცოდვა-მადლს შეგახსენებს!

მე ასე მესმის: რაც არ გახსოვს, არცა ყოფილა!
არ გახსოვს, მორჩა! ხარ შენთვის და ხარ კმაყოფილად.
ვიღაც გაწირე, ჩააფურთხე ვიღაცას სულში.
შენ კი არ გახსოვს და რაც გახსოვს, იმასაც სულ შლი.
მაგრამ ერთხელაც (თუგინდ ღმერთი ასჯერ ახსენე),
მოვა სიკვდილი და შენს ცოდვა-მადლს შეგახსენებს!

ჩანან ბუჩქები, მუხებია შეუმჩნეველი!..

„გხედავენ, მაგრამ არ გამჩნევენ...“ - თქვა მუნჩეიჩუმ,
თითქოს გააპო აღმართული გარშემო სიჩუმ-
ის გოდოლ-ბურჯი და მეც მოძღვარს მივაპყარ მზერა:
დასტურ, ათასჯერ, არშემჩნევის დამდგარა ერა!
გავყურებ შორეთს, გაფოთლილა მწვანედ ტყე-ველი,
ჩანან ბუჩქები, მუხებია შეუმჩნეველი!

ეკლებით დაწნულ გალიაში მგონია თავი...

საკენკს უყრიან ეშმაკები სამოთხის ჩიტებს,
ბაღში სიწითლე დაკარვიათ მაისის ტიტებს.
ასეა, აბა!.. ქვეყანაში სულ სხვა სიო ჰქრის.
სუნი მცემს დამწვრის... უფრო მეტიც - სუნი სიოხრის.
ეკლებით დაწნულ გალიაში მგონია თავი,
სადაც ბულბულებს დირიჟორობს ბებერი ყვავი.

როცა გაიცნობთ, არ იქნება მაშინ ტაშირო...

როცა გაიცნობთ, არ იქნება მაშინ ტაშირო
და მისი სახე საგრანიტო (სათაბაშირო),
იქნება უკვე დიდი ხნის წინ მიწად ქცეული
და მხოლოდ სული, ცივ მარწუხებს გამოქცეული,
რომელიც მიწყივ შორ ლაჟვარდთა წიაღში ფრენდა,
ძირს ჩამოგძახებთ: „სიე-სიე!“ - მადლობა თქვენდა!

სიცოცხლის გარდა არაფერი არ მახსენდება...

მხურვალე თავი ზაფხულს სიცხის კალთაში უდევს.
მას მთის მდინარე ძიძასავით ღამეებს უთევს.
ოქროს სისხამი მზით მოოჭვილ ალაყაფს აღებს,
სიუხვის კალთა დაჰფენია აგვისტოს ბაღებს.
უფლის დალოცვილ ცისქვეშეთში ისე თენდება,
სიცოცხლის გარდა არაფერი არ მახსენდება.

დავიწყებასაც გულისხმობდა ჩვენი გაჩენა?..

ალბათ, ბევრ ვინმეს დავავიწყდი, ბუნებრივია.
ტურები ხსოვნის უღრანებში მწარედ კივიან.
ვიყავი ერთ დროს, უკვე არ ვარ, თქვენც არ იქნებით,
და ამიტომაც ნურც ნურავის ნუ ელიქნებით!
ვუთხრათ მადლობა მათ, ვინც სოფლის გზები გვაჩვენა...
დავიწყებასაც გულისხმობდა ჩვენი გაჩენა?

ეს ცა, ეს მიწა, ეს მდინარე, ეს მწვერვალები...

ეს ცა, ეს მიწა, ეს მდინარე, ეს მწვერვალები,
მზის ამოსვლისას ავარდნილი ცეცხლის ალები,
გვეკუთვნის ყველას, თუმცა ყველა ვეღარ ვიფერებთ
ამ სიდიადეს და როდესაც მოდის სიბერე,
ხვდება მავანი, რომ სხვა გზით და სხვაგან უვლია
და მისთვის თვალი ერთხელაც კი არ შეუვლია.

თუ შემრაცხავენ მეც ასეთად, ნეტავი, როსმე!..

გამოუთქმელის გამოთქმაში შეჯიბრი ჰქვია
ლექსების წერას... თუმცა იგი დავიწყე გვიან,
რაც თავი მახსოვს, მაწვალებდა ისეთი განცდა,
თითქოს ოსტატის სახელი და სახელო ამცდა.
მე ვეკრძალვოდი მუდამ რიტორს და კალმის მომსმელს.
თუ შემრაცხავენ მეც ასეთად, ნეტავი, როსმე!

სიკეთე მოგცეს, სოფლის ურვით დაღლილო დაო!..

სულ მენატრები, რაც დაგტოვე მარტო დაო შინ!
მე თუ მიკითხავ, ვენდე დაოს1, ვცხოვრობ დაოში.
რამდენ განსაცდელს, რამდენ ხიფათს მან ამაცილა!
უკვე აღარ მღრღნის, არ მაშფოთებს ეჭვის ბაცილა.
გაიხსენებდე, რომ ამქვეყნად არსებობს დაო...
სიკეთე მოგცეს, სოფლის ურვით დაღლილო დაო!

______________

1. დაო - ჩინური ფილოსოფიის ერთ-ერთი უმთავრესი კატეგორია, „გზა“, რომლითაც უნდა ისწრაფოს ყველამ სრულყოფილებისკენ (მთარგმნ. შენიშვნა).

გაოცებას ვარ, რა ისწავლეს მაინც ასეთი...

გაოცებას ვარ, რა ისწავლეს მაინც ასეთი,
აკლებული აქვთ ყველა არხი, ყველა გაზეთი!
არადა ვიცი, ყველა მათგანს რა აქვს გოგრაში!
და სულშიც რა აქვს!.. მაგრამ თუა კაცი ოღრაში,
არას დაგიდევს, იგი მუდამ ცუდის ცდაშია,
რომ გითხრათ ისევ ორი სიტყვით: ის ოღრაშია!

მე საპაექროდ საკუთარი თავიღა შემრჩა...

მე საპაექროდ საკუთარი თავიღა შემრჩა.
ზოგჯერ მიბრალებს, ზოგჯერ კიდევ მგონია, შემჭამს.
და გაგვყავს ასე უამური დრო და ჟამი და,
ხან ის აიტანს ჩემს სიგიჟეს, ხან მე ავიტან
სიგიჟეს მისას... და სიმართლე ასე იშობა...
აუტანელი ხდება ზოგჯერ ორთა გიჟობა!

დღეები შორეთს მიგელავენ, როგორც ცხენები...

დღეები შორეთს მიგელავენ, როგორც ცხენები
და მე თანდათან მავიწყდება ძველი წყენები.
განა ღირს წყენა დახსომებად, სამაგიეროს
მიზღვად... ცდუნება ამარიდე, ყოვლადძლიერო!
უფრო და უფრო ბაცდებიან ჰორიზონტები
და ერთადერთი შენ მახსოვხარ, შენ მაგონდები.

მეც მელოდება ბალდახინი და წკვარამეთი!

მე, იცით, რისი მეშინია? - როცა გავქრები,
არ გაქრეს, რასაც წერდნენ ჩემი კალამ-ფანქრები,
არ ჩაქრეს აზრი, ტკივილი და გრძნობის ნაჟური,
ზოგჯერ ფარული, ზოგჯერ სულაც ეპატაჟური,
თორემ მე ვინ ვარ, განა ვინმეს ვჯობნი რამეთი?
მეც მელოდება ბალდახინი და წკვარამეთი!

და მე მადგამდა გვირგვინს თავზე ცის კაბადონი...

გავაღე კარი, გარიჟრაჟმა შემომანათა,
მეცა სურნელი სხვა სივრცეთა და ქვეყანათა.
ქვემოთ მდინარეს თეთრი ნისლი გადასდიოდა,
ოქროს მამალი მზის ამოსვლას სადღაც ყიოდა,
იყო სინათლე უსასრულო სივრცის ბატონი
და მე მადგამდა გვირგვინს თავზე ცის კაბადონი.

7 ჩანაწერები

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

***

თუ გსურთ ადამიანი მკაცრად დასაჯოთ, მას უნდა წაართვათ არჩევანის უფლება და უთხრათ: თქვენი არჩევანია ის, რასაც მე გთავაზობთ! თავად დიდხანს ვიცხოვრე ასეთ საზოგადოებაში და ზუსტად ვიცი, რომ პიროვნების დათრგუნვის უფრო მძლავრი მექანიზმი არ არსებობს. წარმოიდგინეთ თითქმის მილიარდნახევარი ადამიანი, ერთნაირად ჩაცმულ-დახურული, ერთნაირად დაღვრემილი, ერთნაირად ტაშის დამკვრელი! არნახული საცოდაობაა, მეტი რომ არა ვთქვა. მე ჩემი არჩევანი შეგნებულად გავაკეთე: არც ვინმეს ნებართვა მითხოვია და არც რჩევა. ვიგრძენი, რომ მივადექი ზღვარს, რომლის იქით უფსკრული იყო. ან გადაჩეხვა ან ამ აპოკალიფსისგან თავის დაღწევა, ვთქვი მე და მივხვდი: ეს უკვე არჩევანი იყო, ნამდვილი არჩევანი. და მე იგი გავაკეთე. ამიტომაც ამიერიდან მხოლოდ მე ვაგებ პასუხს მის შედეგებზე. ვოცნებობ იმ დროზე, როცა ყველა ჩემს თანამემამულეს ექნება ასეთი შანსი.

***

ხვალ შუა შემოდგომის დღესასწაული1 იწყება. მიყვარს, ეს დრო, როცა მშრომელი კაცი თავის ალალად ნაღვაწს იმკის, ჭირნახულს აბინავებს, გრძელი და მკაცრი ზამთრისთვის ემზადება. ჩემთვისაც შუა შემოდგომაა ახლა. და მეც გამრჯე გლეხიკაცივით ვარჩევ, ვახარისხებ, ვალაგებ წლობით ნაფიქრალს. ვშლი, ვხევ, ვასწორებ და ისევ ვწერ. მართალია, არ ვიცი და, ალბათ, არც ოდესმე მეცოდინება, გამოადგა თუ არა ვინმეს ჩემი ნაცოდვილარი, მაგრამ არა ვარ შეჩვეული უქმად ჯდომას და რაკი მგონია, რომ რასაც ვაკეთებ, ასე თუ ისე გამომდის, მაინც არჩეული გზის ერთგული ვარ. რა თქმა უნდა, ბედნიერი ვიქნები და ჩემს უძილოდ გატარებულ ღამეებსაც ჯილდოდ მივითვლი, თუკი წლების მერე რომელიმე მკითხველი მტვერს გადააცლის მივიწყებულ ფოლიანტს და ჩურჩულით გააცოცხლებს მისი მივიწყებული ავტორის სახელსა და გვარს: ტაშირო მაცუკი!

________________

1. შუა შემოდგომის დღესასწაული - ჭირნახულის ზეიმი ჩინეთში (მთარგმ. შენიშვნა).

***

„შეიძლება შეცდომით იყიდო, მაგრამ შეცდომით ვერ გაყიდი!“ - ამბობს ჩინური ანდაზა. ეს მართლაც ასეა, მაგრამ ხომ შეიძლება შენი მყიდველი შეცდეს და იყიდოს? რამ გამახსენა? რამ და, თუ ჭეშმარიტებას კრიტიკული თვალით შევხედავთ, შევაბრუნებთ, შევატრიალებთ, საპირისპირო პასუხის მიღებაც არაა გამორიცხული.

***

მსოფლიო ფილოსოფიური აზრის ღრმა ცოდნას ვერ დავიქადნი, მაგრამ ის კი ვიცი, რომ ჩვენი ბრძენი მამები დასაბამიდან ორ კითხვას სვამდნენ: საით მივდივართ და რა გვეშველება? დღევანდელი გადასახედიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ის კითხვები რიტორიკული იყო (ისევე, როგორც ამჟამადაა), რადგან შეუძლებელია მათზე ზუსტი პასუხი ვინმემ გასცეს. ერი, საზოგადოება, სოციუმი თავისი ყოველდღიური საქმიანობით თვითონ ავლებს სამომავლო გზებს, რომლებიც ხშირად ინტუიტიურია, ხშირად კიდევ გარედან თავს მოხვეული და თითქმის არასოდეს იძლევა გარანტიას, რომ მიმართულება სწორია და თუ ასე ვივლით, საშველი დაგვადგება.

***

მუდამ მაოცებდა (თან ერთდროულად მაშინებდა) ყოვლისმცოდნეთა ამპარტავნება. ჯერ ფრაზა არ დაგიმთავრებია და მათ კი უკვე პასუხი მზადა აქვთ, თან წყალგაუვალი და უაპელაციო. ასეთ ხალხთან არა თუ კამათი, ახლოს დგომაც საშიშია. საკუთარი სისწორის დასაცავად მათ შეუძლიათ ფიზიკურადაც არ დაგინდონ.

***

ადამიანს, რომელსაც აქვს შინაგანი მოთხოვნილება მასების მეთაური იყოს, უნდა გააჩნდეს მზაობა პირადი სიამოვნების დასათმობად. ესაა მინიმალური საფასური იმ ტკბობისთვის, რასაც ლიდერის კვერთხი იძლევა.

***

ჩვენი მონასტრის ჭიშკარს გუშინ შვლის ნუკრი მოადგა. ძალიან დამფრთხალი იყო და ეტყობოდა, რომ მტაცებელს გამოექცა. მაშინვე შემოვუშვი და ხელში ავიყვანე. არ გამძალიანებია, პირიქით, თავი ნაზად მომადო და ჩამეხუტა კიდეც. მაშინ გავიფიქრე: ადამიანებს ჯერ კიდევ შეგვრჩენია ნდობის მარაგი, რადგან ნადირს გამოქცეული ასეთი უმწეო არსება დაცვას ჩვენში ეძებს.

***

ცხოვრება გაცილებით მარტივია, ვიდრე ჩვენ გვგონია და ვხატავთ. ძეხორციელთა აბსოლუტური უმრავლესობა არსებობს მხოლოდ იმისთვის, რომ ჰქონდეს ჭერი, ლუკმა-პური და გამრავლდეს. ისინი არც კი ეკითხებიან საკუთარ თავს: რისთვის გავჩნდით, რა გვინდა, საიდან მოვედით და სად მივდივართ? მათთვის მთავარია, არაფერი სტკიოდეთ და მატერიალური კეთილდღეობა არ მოაკლდეთ. და მხოლოდ ჩვენ, ერთი მუჭა ვითომ მოაზროვნეები, ვართ შეჭირვებული კაცობრიობის ბედითა და მომავლით, როცა ამ კაცობრიობას ორივე ერთად სულაც ფეხებზე ჰკიდია.

***

ყველაზე დიდი უაზრობა და ერთდროულად ბოროტება არის ომი. კაცთა კვლას, მათ დამონებას, მატერიალურ ძეგლთა და სიმდიდრეთა განადგურებას შეუძლებელია გამართლება მოეძებნოს. ომით მოპოვებულ ნებისმიერ გამარჯვებას აღემატება გონების, მოხერხების, დიპლომატიის გზით შენარჩუნებული მშვიდობა. რა თქმა უნდა, თუ გავითვალისწინებთ საყოველთაო მოსაზრებას, რომ დედამიწაზე უძვირფასესი და განუმეორებელი ადამიანის სიცოცხლეა.

***

ჩვენი ბუნება ისეა მოწყობილი, რომ აპრიორულად ვერ ეგუება არყოფნის იდეას. ნებისმიერ ჩვენგანს თავი მარადისობის განუყოფელ ნაწილად წარმოუდგენია და ამიტომ გვაღელვებს ის, რაც არა მარტო ჩვენს სიცოცხლეში ხდება, არამედ ისიც, რაც ჩვენი ამქვეყნიდან წასვლის მერე უნდა მოხდეს. ეს მოცემულობა განსაზღვრავს, მაგალითად, უკეთესი მომავლისთვის თავგანწირვის აუცილებლობას. ახლა ვიკითხოთ: რომელ მომავალზეა საუბარი, თუკი თვითონ აღარ ვიქნებით? შვილების მომავლისთვისო, შეგვეკამათება მავანი (რომელიც, სხვათაშორის, თვითონ სულაც არ აპირებს მყოფადის საკურთხეველთან საკუთარი სიცოცხლის მსხვერპლად მიტანას). კი მაგრამ რა ვუყოთ იმას, რომ ჯარისკაცი, რომელმაც ეს კეთილშობილი მისია უნდა იდოს თავს, მეტწილად ახალგაზრდაა და უცოლ-შვილო? მან რატომ ან ვისთვის უნდა გაწიროს თავი? რა თქმა უნდა, ამ მსჯელობაში არის დემაგოგიის მარცვალი, მაგრამ, ვფიქრობ, ვერავინ დაამტკიცებს, რომ იგი მთლად უსაფუძვლოა.

***

შეიძლება საკუთარ თავსაც არ გამოვუტყდეთ, მაგრამ შეუძლებელია არ შევამჩნიოთ, გულის სიღრმეში არ ვიგრძნოთ, რომ გარკვეულ ასაკში ჩვენ გვეკარგება სიახლის წყურვილი, გვიჩლუნგდება საკუთარი თუ სხვისი მიღწევებით გამოწვეული სიხარულის განცდა და ვკმაყოფილდებით მიმდინარე პროცესების უემოციო დამკვირვებლის როლით. ამ მოვლენას ჰქვია კონკრეტული სახელი - სიბერე და სხვადასხვა ადამიანის ცხოვრებაში იგი სხვადასხვა დროს დგება. მართალია, არის ცალკეული გამონაკლისებიც, როცა პიროვნებას სიცოცხლის ბოლო წუთებამდე აინტერესებს ყველაფერი, რაც მის გარშემო ხდება, უყვარს, სძულს, სწყინს, უხარია. და ეს, ჩემი აზრით, ჭეშმარიტი ბედნიერების თავისებური ინდექსია, მეტიც, დადასტურებაა.

***

საკუთარი თავის შესაცნობად ადამიანს სჭირდება სიმარტოვე, სიმყუდროვე, საზოგადოებისგან დისტანცირება. როცა ირგვლივ არავინაა და მხოლოდ შენ შოულობ ყველაფერს, რაც გჭირდება, აგვარებ ყველა პრობლემას, რაც გამოგიჩნდება, ხვდები, რა შეგიძლია და რა არა, რის გადატანას მოახერხებ უსხვისოდ და რისას - ვერა. მხოლოდ ასეთი თვითგამოცდის შემდეგ (თუკი მას ჩაატარებ) უფლებამოსილი ხარ ადექვატური შეფასება მისცე საკუთარ პიროვნებას და შეეცადო დაიკავო ის ადგილი, რომელიც ობიექტურად გეკუთვნის. ჭკვიანი ვინმე ზედმეტს არ წაეპოტინება, კუთვნილისთვის კი თავდაუზოგავად იბრძოლებს.

***

წიგნების კითხვა თავისთავად დიდი ვერაფრის მომცემია. ჯერ ერთი, გააჩნია, რას ვკითხულობთ, მეორე - რას ვიმახსოვრებთ წაკითხულიდან და ბოლოს - სად და რაში ვიყენებთ მიღებულ ცოდნას. რაკი ზოგადად ნებისმიერი ცოდნა საკუთარი და სხვათა გამოცდილების ჯამია, უმთავრესად უნდა მივიჩნიოთ ის თუ როგორ და რა ეფექტურობით ვასხამთ ხორცს ამ „ჯამს“. პირობითად თუ ვიტყვით, არსებობს ორგვარი ცოდნა - კეთილი და ბოროტი. და რაც არ უნდა პარადოქსულად მოგვეჩვენოს, ორივეს ერთი და იგივე წყარო ასაზრდოებს. ყველაფერი დამოკიდებულია ცოდნის შემძენზე, მის სულიერ სამყაროზე, ოცნებებზე, მისწრაფებებზე. მარტივი მაგალითი: ერთს შეიძლება დანა პურის, ყველის, ბოსტნეულის დასაჭრელად დასჭირდეს, მეორეს კი ადამიანის მოსაკლავად, ერთმა შეიძლება დინამიტით ჩამოწოლილი ზვავი ააფეთქოს და გზა გაწმინდოს, ტრანსპორტის მოძრაობა აღადგინოს, მეორემ კი საცხოვრებელი შენობა დაანგრიოს და ათეული მობინადრე სიცოცხლეს გამოასალმოს.

***

თუ გსურთ რომელიმე იდეის, მიმდინარეობის, აზრის, მოდის გავრცელება, ისინი სასტიკად უნდა აკრძალოთ, მათ მიმდევრებს კი დაუწესოთ შეზღუდვები, სანქციები, მოუწყოთ მედიატერორი. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ყველაფერი უკუღმა მოხდება. დამტკიცებულია მსოფლიო გამოცდილებით. მრავალჯერ!

***

ერთ-ერთი საუბრისას მუნჩეიჩუმ სხვათაშორის მკითხა: იცი თუ არა, რომ ტყვედ ჩაბარების სურვილი განსაკუთრებით მძაფრდება გამარჯვებამდე ცოტა ხნით ადრე? ჰოდა თუ იგრძნობ, რომ არაქათი გელევა და სადაცაა წაიქცევი, გამაგრდი, უკანასკნელი ძალები მოიკრიბე და არ დაძაბუნდე, არ დანებდე, რადგან შესაძლოა სულ ცოტა გიკლდეს ჰელომდე. მე დავიმახსოვრე ჩემი ბრძენი მასწავლებლის შეგონება და ზედმიწევნით ვასრულებ მას. არავითარი დაღლა, არავითარი დაეჭვება საკუთარ ძალებში! არ არსებობს ზღუდე და ბარიერი, რომელიც რწმენამ ვერ გადალახოს. მთავარია, ურწმუნობამ არ გვძლიოს ჩვენ.

***

შენ შეგიძლია იყიდო საათი, მაგრამ ვერ იყიდი დროს! კედელზე დახატულ თევზს მხოლოდ ცალი თვალი აქვს. დიდი ხის ქვეშ ყოველთვის იპოვი ფიჩხს! - ესენიც მუნჩეიჩუს გამონათქვამებია. თითქოს უბრალო ჭეშმარიტებებს ამბობდა, მაგრამ მე ვგრძნობდი და ახლაც ვგრძნობ, რომ მათ უკან დამკვირვებლის მახვილი თვალი და ცხოვრებისეული გამოცდილება დგას. ვწუხვარ, რომ ზოგი რამ მისი ბრძნული მონაყოლიდან დამავიწყდა, მაგრამ რაც მახსოვს, მინდა თქვენც გაგიზიაროთ. იმედია გამოგადგებათ.

***

შესაძლებელია თუ არა დემოკრატიის არსებობა ისეთ ქვეყანაში, როგორიც ჩემი სამშობლოა? რა თქმა უნდა. ოღონდ მისი პრინციპების დანერგვა უნდა მოხდეს არა ძალადობრივად და ერთბაშად, არამედ თანდათანობით, ევოლუციური გზით. ცუდია, როცა წიწაკიან ცხარე კერძს უცებ ტკბილეულით ჩაანაცვლებ. ვერც გემოს ჩაატან და გულიც აგერევა. ჯერ კიდევ ლენინი წერდა, რომ არ შეიძლება ადამიანების სამოთხეში კომბლით შერეკვა. სამწუხაროდ, ეს მერე თვითონ მალევე დაივიწყა და სწორედ ასეთი გზა აირჩია. რაც მას მოჰყვა, ვიცით.

***

მარტო კრიტიკული აზროვნება არ კმარა. საჭიროა აზროვნების შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა, მოქმედება, ნაფიქრალის რეალურ საქმეებად ქცევა. ჩვენთან კი რა ხდება? ბამბუკის ტევრში ჭილოფზე წამოკოტრიალებულ ნებისმიერ უქნარას ჰგონია, რომ თუკი ამა თუ იმ მოვლენის, ფაქტის, სიტუაციის გამო წარბებს მრისხანედ შეჰკრავს, საკუთარი ვალი მოიხადა და მეორე მხარეზე კმაყოფილებით გადაბრუნდება. ამასობაში ისინი, ვინც საერთოდ არ გამოხატავენ ემოციებს, ჩუმად, უსიტყვოდ, მეთოდურად ასხამენ ხორცს თავიანთ ბნელ ზრახვებს, რომელთა შედეგებიც მეტწილად სწორედ „მეჭილოფეთა“ სინდისზეა.

***

სანამ ახალგაზრდა ხარ, გნებავთ ქალი იყო, გნებავთ მამაკაცი, დიდ ყურადღებას უთმობ სხეულის სილამაზეს, მის სრულყოფილებას, მაგრამ შეუმჩნევლად მოაწევს ჭკნობის ჟამი, როცა ასაკი ულმობლად ანადგურებს ერთსაც და მეორესაც და მაშინ თითქმის მექანიკურად იწყებ სულის გადარჩენაზე ზრუნვას. ვინც დაიჯერებს, რომ ეს შესაძლებელია, სიმშვიდეს ჰპოვებს და სიბერესაც უდრტვინველად შეეგებება, ვინც - არა, აღმოჩნდება ჯოჯოხეთის მქშინავი ხახის წინ და სიცოცხლის სწრაფწარმავლობით გულგატეხილმა სიბერეს იქნებ ვერც მიაღწიოს. მსგავს სიტუაციაში უმეტესად ქალები აღმოჩნდებიან ხოლმე. განსაკუთრებით კი ის ქალები, რომელთა მთავარი კაპიტალი სწორედ ფიზიკური სილამაზე იყო. ამიტომაც გავურბი ჩემს თანატოლ ქალებთან შეხვედრას, როგორც სიჭაბუკის დანგრეულ სახლში დაბრუნებას.

დავწერე ეს და ერთი იგავი გამახსენდა, ჩემი მოძღვარი მუნჩეიჩუ რომ მომიყვა ოდესღაც.

ერთხელ ერთი მოხუცი ბრძენი დათოვლილ ველზე მიდიოდა, როცა მოტირალი ქალი დაინახა. ჰკითხა, რა გატირებსო. რა და, სიყმაწვილე გამახსენდა, როცა მომხიბლავი ვიყავი, როცა მიყვარდა და ვუყვარდით. ღმერთი სასტიკად მომექცა, როცა მახსოვრობა მიბოძა. მან, ალბათ, იცოდა, რომ გარდასული მშვენების გახსენებისას გული მეტკინებოდა და ვიტირებდიო.

მოხუცი უძრავად იდგა და დათოვლილი ველის ერთ წერტილს მისჩერებოდა. ქალმა უცებ ტირილი შესწყვიტა და ჰკითხა: რას მისჩერებიხართ, ისეთი რა ნახეთო!

- ვხედავ გაფურჩქნულ ვარდებს. ღმერთმა სულგრძელობა გამოიჩინა, როცა მახსოვრობა მიწყალობა. მან, ალბათ, იცოდა, რომ მე ყოველთვის შევძლებ გაფურჩქნული ვარდი წარმოვიდგინო და გავიღიმოო…

***

მძაფრი სიყვარულის შესაგრძნობად აუცილებელია მესამე სუბიექტის არსებობაც, რადგან სწორედ ის იქცევა ჭეშმარიტი განცდის ლაკმუსად. ამიტომაცაა ყველა მეტნაკლებად მნიშვნელოვან ლიტერატურულ ნაწარმოებში, რომელიც ტრფიალის თემას ეძღვნება, აუცილებლად ფიგურირებს მესამეც, რომელსაც სიუჟეტის ძირითად მუხტად და ტრაგიზმის წყაროდ გამოხატავენ ხოლმე. იშვიათად, მაგრამ ხდება ისეც, როცა ის მესამე სულაც მეორედ ან პირველად იქცევა. ცხოვრება უზენაესი ხელოვანია და მასზე აღმატებას ვერც ერთი მოკვდავი დრამატურგი ვერ შესძლებს.

***

ჩემი ვარაუდით, კაცობრიობა უახლოვდება მიჯნას, რომლის იქით „მოდაში“ აღარ იქნება ომი ტრადიციული იარაღების გამოყენებით, რადგან მათ საბოლოოდ ჩაანაცვლებს ადამიანთა მოსპობა მატერიალური ნგრევის გარეშე. ამ პრობლემის გადაწყვეტაზე დიდი ხანია მუშაობენ ე.წ. „ბიოლოგიური ომის“ სპეციალისტები, რომლებიც ათასი ჯურის ვირუსებით, შიდსებითა და ცხოველთა გრიპებით, ეპიდემიებითა და პანდემიებით ემუქრებიან ადამიანთა მოდგმას და ჯერჯერობით არავინ იცის, გაიმარჯვებს თუ არა ვინმე იმ ომში. ასეთი ომი კი ადრე თუ გვიან რომ დაიწყება, ამაში ოდნავი ეჭვიც არ მეპარება.

***

გზის განაპირას გლახა იდგა და მოწყალებას ითხოვდა. ჩამოიარა ერთმა მხედარმა და მას მოწყალების ნაცვლად მათრახი გადაუჭირა.

- ბედნიერება არ მოგაკლოს უფალმა! - მიაძახა გლახამ!

- კაცმა გცემა და შენ ბედნიერება უსურვე? - ჰკითხა გაოგნებულმა გლეხმა, რომელიც ამ ამბავს შეესწრო.

- იგი აშკარად უბედურია. ბედნიერი რომ ყოფილიყო, ასე არ მომექცეოდა! - იყო პასუხი.

მორალი: ერიდეთ უბედურებს, ბედნიერებს თქვენთვის არ სცალიათ. უფრო სწორად: თქვენთვის არავის სცალია!

***

რატომ ვართ იქ, სადაც ვართო, კითხულობს ერთი და მწყრალი მზერით გაჰყურებს ქვეყნიერებას. აბა, სად უნდა ვიყოთო, ნიშნისმოგებით კითხულობს მეორე და მზესუმზირის ჩენჩოს ზიზღნარევად აპურჭყებს. პასუხი არც ერთმა არ იცის. უბრალოდ საუბრობენ. დრო გაჰყავთ. ჩვენ კი ვართ იქ, სადაც უნდა ვიყოთ.

***

თავისუფლების ადექვატური საფასური არ არსებობს. მისი გადახდა მხოლოდ თავისუფლების იდეალებისადმი უანგარო ერთგულებითაა შესაძლებელი.

***

ახალგაზრდობაში ღამეები მოკლეა და არც ზაფხულში, არც ზამთარში ძილისთვის არ გყოფნის. მერე თანდათან სიტუაცია იცვლება და დღეები გეჩვენება მოკლედ, ვერაფერს ასწრებ, უცბად გიღამდება. ბოლოს დგება დრო, როცა დღე-ღამე ისეა გადაბმული ერთმანეთთან, ვერ გაგირჩევია, როდისაა დილა, როდის - საღამო. არა, ასტრონომია აქ არაფერ შუაშია, დედამიწაც ჩვეული სისწრაფით ტრიალებს, მხოლოდ წუთისოფლის ტრიალია განსხვავებული, და ჩვენ სწორედ ამ განსხვავებას ვამჩნევთ, რადგან იგი პირდაპირ აისახება ჩვენს ბიოლოგიურ ყოფაზე. ძალიან ხშირად - არა მარტო ბიოლოგიურზე.

***

ისტორიას არა მარტო გამარჯვებულები წერენ, არამედ დამარცხებულებიც. მათი ტექსტებიდან პრაქტიკულად შეუძლებელია გავიგოთ კონფლიქტის მიზეზი, შევიტყოთ დაღუპულთა რაოდენობა, დავადგინოთ სიმართლე. საერთო, რაც ამ ტექსტებს შეიძლება ჰქონდეთ, ესაა სიცრუისკენ პათოლოგიური მიდრეკილება, საკუთარი უდანაშაულობის და მოწინააღმდეგის სივერაგის ხაზგასმა, თუმცა მაინც მგონია, რომ დამარცხებულთა მიერ დაწერილი ისტორია შედარებით უფრო ადამიანურია და დამაჯერებელი, მეტ ტრაგიზმსა და ემოციას შეიცავს, მაშინ როცა გამარჯვებულთა თხრობას დაფისა და ნაღარას ყალბი ხმები მოჰყვება მომაბეზრებელ რეფრენად.

***

ნუ დავუჯერებთ ვინმეს, რომელიც იტყვის, არჩევანი არ მქონდაო. არჩევანი ყველას აქვს, უბრალოდ, ბევრს უჭირს მისი სწორად გაკეთება, რასაც ხშირად სავალალო შედეგები მოჰყვება. არჩევანი არ არსებობს მხოლოდ ერთ შემთხვევაში, როცა უკვე დაგმანული შენი კუბო ახლადგაჭრილი სამარის კიდეზე დგას.

***

ცოდვა-მადლისა და მონანიების განცდა მხოლოდ ჩვენ გვაქვს, ადამიანებს. ეს ზნეობრივი სამება საფუძვლად უდევს ბევრ რელიგიასა და ჰუმანისტურ მოძღვრებას. რა არის ცოდვა? რა არის მადლი? არსებობს საგანგებო ჩამონათვალები, სადაც მოცემულია მათი კლასიფიკაცია, მითითებულია ჩვენი ყოფაქცევის საზღვრები, რომელსაც არ უნდა გადავაბიჯოთ. და თუკი ნებით თუ უნებლიედ ფეხი მაინც გადაგვიცდა, მითითებულია ბრალის გამოსყიდვის უმოკლესი გზა - მონანიება. ესაა ნებაყოფლობითი თვითგვემის აქტი, ჩადენილი დანაშაულის საკუთარი თავის წინაშე აღიარება, განგების წინაშე თავდადრეკა. ვერ ვიტყვი, არ ვარ დარწმუნებული, მონანიება იმქვეყნიურ მარადიულ არსებობას შეგვიმსუბუქებს თუ არა, მაგრამ დანამდვილებით ვიცი, რომ იგი მიწიერ ცხოვრებაში უჩვეულო შვების მომგვრელია. ამიტომაც ვისურვებდი გვქონოდა ეს მალამო ყველას ჩვენს პირად, საოჯახო აფთიაქში.

***

თანდათანობით უფერულდება, ქრება ჩვენი ყოველდღიური ლექსიკონიდან ცნებები „ნდობა“, „სანდო“, „დანდობა“. ჩვენ საბოლოოდ გადავინაცვლეთ მკაცრ და სასტიკ სამყაროში, რომელსაც დაუნდობელიც შეიძლება ვუწოდოთ. აქ თითქმის არ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც შეიძლება ნდობა გამოუცხადო, სანდო უწოდო. ჩვენი ქუჩები, სადარბაზოები, ოფისები გადაჭედილია სათვალთვალო კამერებით, ჩვენ გვითვალთვალებენ კოსმოსიდან, გვაყურადებენ უხილავი მიკროფონებით, ჩვენი დოსიეებით გამოტენილია სპეცსამსახურების სეიფები და სერვერები. თვალთვალის და მოსმენის შიშით ჩვენ ერთმანეთს არ ვენდობით, ანეკდოტებს არ ვუყვებით, ინტიმურ სურვილებზე თავს ვიკავებთ, ხალხმრავალ სუფრებზე არ ვსხდებით, ერთი სიტყვით, ვართ და არცა ვართ. ცხოვრება ერთი მხრივ დაძაბული, მეორე მხრივ კი მოსაწყენი გახდა. დავკარგეთ გულღიაობა და პრაქტიკულად დავკარგეთ ერთმანეთი.

***

ჩვენ რაღაცნაირი სიმსუბუქითა და დაუდევრობით ვამბობთ ხოლმე: „სიკვდილი!“ სინამდვილეში კი არ ვიცით, რას ნიშნავს ეს კოსმოსური აზრით გაჟღენთილი სიტყვა, სულისა და სხეულის რა ტრანსფორმაცია იმალება მის უკან. მედიკოსებს, რა თქმა უნდა, შეუძლიათ მოგვცენ სიკვდილის სამეცნიერო ახსნა-განმარტება, მაგრამ ეს იქნება მაინც აბსტრაქტული, მიახლოებითი ცოდნა, რადგან მეცნიერებაში შედეგები დგინდება ცდებით, ხოლო ბუნებაში არ შეიძლება არსებობდეს კაცი, ვისაც საკუთარი გამოცდილების საფუძველზე შეეძლება სიკვდილის პროცესის აღწერა. ესაა ჩვენთვის ბოლომდე გაუგებარი, მიუწვდომელი, შეუცნობელი მეტაფიზიკა, რომელიც არსებობს ჩვენგან დამოუკიდებლად. ესაა მარადიული ცალმხრივი ნაცნობობა: ის გვიცნობს, ჩვენ არ ვიცნობთ. ასეა დასაბამიდან. ასე იქნება უკუნისამდე.

***

სოციალისტური სისტემის „განსაკუთრებული მონაპოვარი“ რიგი იმითაა საინტერესო და სასარგებლო, რომ აქ შეგიძლია (რა თქმა უნდა, ნერვები თუ წესრიგში გაქვს) დაისვენო, იფიქრო, ცხელ-ცხელი ამბები გაიგო, საკუთარი ხელისუფლების „ხოტბა“ მოისმინო. მე პირადად სწორედ ერთ-ერთ რიგში დავფიქრდი პირველად ჩვენი სოციალური ყოფის ავ-კარგზე, პირველად გამიელვა აზრმა, რომ ურიგო არ იქნებოდა (უნებურად კალამბური გამომივიდა) ნაფიქრ-ნანახიდან ზოგი რამ ჩამენიშნა, რათა შემდეგ განმევრცო და გამეანალიზებინა. მიუხედავად იმისა რომ ჩემი ადრინდელი სამსახურებრივი მდგომარეობა საშუალებას მაძლევდა ფონს ურიგოდაც გავსულიყავი, იქ დგომა ერთგვარ დოპინგად მექცა და მას ვუმადლი, კალამს რომ ხელი მოვკიდე.

***

ერთდროულად რამდენიმე საქმის კეთება წესად მექცა. ასეთ დროს გონება უკეთ მუშაობს, რადგან დაძაბულია და აკონტროლებს ჩემსავე მოქმედებას. რაც მთავარია, ერთი საქმიდან მეორეზე გადართვისას ნაკლებად ვიღლები, მოწყენა მტოვებს და ფანტაზიასაც მეტი გასაქანი ეძლევა. შესაძლოა ასეთი თვისება სხვისთვის ზადიც იყოს და დილეტანტობას უფრო გულისხმობდეს, მაგრამ მე იგი მშველის ცხოვრებისეული რუტინიდან თავის დასაღწევად და ყველაფერი რომ განზე დავტოვოთ, ესეც არაა პატარა ამბავი. ჩემთვის, რა თქმა უნდა!

***

ფილმების შინაარსს ცუდად ვიმახსოვრებ. სხვათაშორის, წიგნებისაც. სამაგიეროდ ძალიან კარგად მახსოვს თვით სეანსზე დასწრებისა თუ კითხვის პროცესი, ის ემოციური ფონი, ამ პროცესებს რომ სდევდა. ეს ხსოვნა სრულიად უსისტემოდ და ქაოტურად ილექება ქვეცნობიერში, მაგრამ საკმარისია რაღაც შემთხვევამ, სხვა ფილმმა თუ წიგნმა რაღაც ასოციაცია წარმოშვას, წამოვა პარალელების მთელი კასკადი და თითქოს ამ შეუთავსებელი დომხალიდან იბადება ახალი, საკუთარი იდეა, სახე, განწყობილება, რომლებსაც პირველწყაროსთან უკვე არაფერი აკავშირებთ. ესაა შემოქმედების უჩვეულო ხიბლი, რომლის გაშიფვრის მცდელობა ამაო გარჯა იქნებოდა.

***

ვფიქრობ ჩემს ძველ, ადრეულ, პირველ ბიბლიოთეკაზე, წიგნებზე, რომლებსაც ბავშვობიდან ვაგროვებდი. და არა მარტო ვაგროვებდი, ვკითხულობდი ყდიდან, სატიტულო ფურცლიდან დაწყებული სარჩევის, საგამომცემლო თაბახთა რაოდენობის, კორექტურის გვარ-სახელისა და ტირაჟის ჩათვლით. ის ბიბლიოთეკა ახლაც დაცულია სახლში, სადაც დავიბადე და გავიზარდე. სანამ მშობლები ცოცხალი იყვნენ, იქ ხშირად ჩავდიოდი, წიგნებსაც შევათვალიერებდი და ვიხსენებდი, როდის შევიძინე, როდის წავიკითხე, რით იყო ისინი საინტერესო ჩემთვის. რაკიღა მშობლებთან ჩემი სტუმრობები ხანმოკლე და პრაქტიკული საქმეებით იყო დატვირთული, მათი (თუნდაც ზოგი მათგანის) ხელახლა გადაკითხვა ვერ მოვახერხე. ვენდობი ძველ განცდებს და ემოციებს, თუმცა ვიცი, რომ ბევრმა ვერ გაუძლო დროის გამოცდას, უიმედოდ დაბერდა და გადაფასდა, ზოგი კი დღემდე ინარჩუნებს ოდინდელ მხატვრულ სიმაღლეს და მიმზიდველობას. სიყმაწვილის კარადაში ისინი მაინც გვერდი-გვერდ აწყვია, როგორც ჩემი ინტელექტუალური განვითარების საგზაო მაჩვენებლები, რომლებსაც ბოძები მორყევიათ, საღებავი გახუნებიათ, მაგრამ ისევ იმ კეთილ და ბავშვურ განცდებს იწვევენ, როგორც მაშინ, როცა წარმოდგენა არ მქონდა, სად მიმიყვანდა გზა, რომელსაც დავადექი.

***

როგორც ჩვენში იტყვიან, შორ გზაზე მიმავალისთვის ყველა ტვირთი მძიმეა. ეს განსაკუთრებით ეხება თვალით უხილავ ისეთ რამეებს, როგორიცაა წლები, ცოდვა, დანაშაული. რაც უფრო იწელება მანძილი, მით უფრო მძიმდება ტვირთი, მით უფრო ძნელი, ზოგჯერ კი სულაც შეუძლებელი ხდება მისი ზიდვა. არ გამოვრიცხავ, რომ ხშირად სწორედ ეს ფაქტი და არა სხვა რამე ხდება ჩვენი უდროო აღსასრულის პირდაპირი მიზეზიც.

***

თითქმის ყოველთვის, როცა ხიდზე გადავდივარ, ასეთი ასოციაცია მიჩნდება: ხიდი ჩემი სიცოცხლეა, ნაპირები - წარსული და მომავალი, მდინარე კი აწმყო, რომელიც მათ შორის შეუჩერებლად მიედინება. ჩავყურებ ხან კამკამა და ლურჯ, ხან მღვრიე და მუქ ტალღებს და თავბრუ რომ არ დამეხვეს, მოაჯირს ვებღაუჭები. გადახვალ, გადახვალ, ვაიმედებ საკუთარ თავს და ვაბიჯებ გაღმა, რათა ხვალ ყველაფერი თავიდან დავიწყო. და ასე იქნება მანამ, ვიდრე ან ხიდი არ ჩატყდება, ან მე ფეხი არ დამიცურდება და არ გადავიჩეხები. რა თქმა უნდა, არ მსურს ასეთ რამეებზე ფიქრი, მაგრამ ტვინი ისე მაქვს მოწყობილი, მუდამ შედარებების სამყაროში ვტრიალებ, სადაც ბლომადაა ტრაგიკული სიუჟეტებიც. ერთი მათგანი, თუ უმთავრესი არა, ესაა, რომელიც ხშირად მახსენებს თავს და უჟმურ განწყობაზე მაყენებს.

***

როგორ მივხვდეთ, რომ შესაძლებლობა, რომელიც ზოგჯერ გვეძლევა, უნიკალური შანსია და დიდი ალბათობით იქნებ არასდროს განმეორდეს? როგორ ვირწმუნოთ, რომ ქალი, რომელიც სულ ერთხელ ვნახეთ, ჩვენი ბედისწერაა და მისი ხელიდან გაშვება არ შეიძლება? როგორ გავარკვიოთ, რომ გზა, რომლითაც წასვლა არ გვინდა, სწორედ ჩვენი გზაა და მისგან გადახვევა ორიენტაციის დაკარგვას ნიშნავს? როგორ დავიჯეროთ, რომ სიზმარში მოსმენილი წინასწარმეტყველება შეიძლება ცხადში აგვიხდეს?.. ჩვენ თითქმის ყოველდღე კოსმოსიდან დაწყებული ჩვენი ქვეცნობიერით დამთავრებული, ვღებულობთ უამრავ იმპულსს და შეტყობინებას ჩვენს დღევანდელ და ხვალინდელ დღეზე, ჩვენს მომავალზე საერთოდ, და გონების, ინტუიციის, წინათგრძნობის სწორ რეაქციაზეა დამოკიდებული მიღებული ინფორმაციის დადებით შედეგად გადაქცევა. ჩვენ ზოგ წარმატებულ ადამიანს იღბლიანს ვეძახით. სინამდვილეში კი იღბალი არაფერ შუაშია. უბრალოდ, ამ პიროვნებას აქვს მიღებულ იმპულსებსა და ინფორმაციებზე ოპერატიულად და მიუმცდარად რეაგირების უნარი. ზოგჯერ ვგრძნობ, რომ მსგავსი ნიჭი მეცა მაქვს, სხვანაირად, ვეჭვობ, გამეძლო იმ უამრავი გამოცდისთვის, რომლებიც არც თუ ხანმოკლე ცხოვრების მანძილზე საწუთრომ მომიწყო.

***

იმ დროს, როცა ბევრი რამე მქონდა, ყოველთვის რაღაც მაკლდა. ახლა, როცა ჩემი სიმდიდრე მხოლოდ ის სამოსია, რომელიც მაცვია, არაფერი მჭირდება. ვარ მშვიდად, არსად მეჩქარება, საბოლოოდ დამავიწყდა სიტყვები „დეფიციტი“, „შოვნა“, „გახერხება“, „ჩაწყობა“ და ჩვენი სისტემისთვის ეგზომ ნიშნეული სხვა ნეოლოგიზმი. სამაგიეროდ, აღმოვაჩინე სულ სხვა სამყარო, სადაც განსხვავებული ღირებულები და ურთიერთობებია, სხვა სიმაღლეებია და სხვა მისწრაფებები. თურმე ამდენი ხანი დაკარგული ვიყავი, უფრო სწორად, ვიყავი სხვა და გავხდი ის, ვინც უნდა ვყოფილიყავი. ყველა როდი ახერხებს ასეთ გარდასახვას და კვდება ისე, რომ არ იცის, ვინ იყო სინამდვილეში... (მერე არ იკითხება).

***

რატომღაც მგონია, რომ ჩვენ წელიწადის სხვადასხვა დროს სხვადასხვანაირები ვართ და სხვადასხვანაირადაც ვაზროვნებთ. ამინდი ახდენს უდავო გავლენას ჩვენს ფსიქოლოგიურ განწყობაზე. შესაბამისად, ზამთარში უფრო გულდახურული, მოწყენილი და ერთგვარად მკაცრებიც კი ვართ. საგაზაფხულოდ მაჟორული განწყობილება მატულობს, სიმხნევე და იმედი გვემატება, ზაფხულში კი დარდიმანდობის ხასიათზე ვდგებით. და მხოლოდ შემოდგომაა სევდანარევი დაფიქრების ჟამი, სადაც ერთმანეთს ენაცვლება ზამთრის, გაზაფხულისა და ზაფხულის განწყობილებები. ჩვენ ამ დროს თითქოს ვიმკით არა მარტო იმ ჭირნახულს, რომელიც მიწიდან აღმოცენდა, არამედ ჩვენი ინტელექტუალური გარჯის ნაყოფსაც. ერთი მეორის გარეშე არ არსებობს, ორივეს მუხლჩაუხრელი შრომა, ზრუნვა და მოვლა სჭირდება. შემოდგომაა სტარტი ჩვენი წელთაბრუნვისა და ვინც მას ხელხვავიანი შეხვდება, გაუძლებს ზამთრის ყინვებსაც და კვლავ იმედიანად შეეგებება გაზაფხულს. ასე რომ გაუმარჯოს შემოდგომას, მე მასში ვხედავ სიცოცხლის საწყისს და აღორძინების სათავეს.

***

ადამიანი მაშინ კვდება, როცა მის გულში აღარ რჩება ადგილი სიყვარულის, სინანულისა და სიბრალულისთვის. არა, მან შეიძლება შემდეგაც განაგრძოს არსებობა, ოღონდ მას სიცოცხლე უკვე აღარ ერქმევა.

***

ვინ იცის, რომელია გადამფრენი ფრინველების ნამდვილი, პირველადი სამშობლო: საითაც მიფრინავენ თუ საიდანაც ბრუნდებიან?

***

ყველაზე უნაზეს მუსიკალურ ინსტრუმენტად მიმაჩნია ვიოლინო, რომელსაც შეუძლია გადმოსცეს ადამიანის სულის მიმორხევის უზუსტესი ნიუანსები, შეგვძრას, გაგვახევოს, სუნთქვა შეგვიკრას, ლაჟვარდებში აგვიტაცოს, ქვესკნელში ჩაგვიყვანოს. ვიოლინოს ხმა ბგერებში განფენილი ღვთაებრიობაა, მიუღწეველთან მიღწევის ზეიმია, არარსებობის სევდასთან გასამკლავებელი იარაღია. და ამ იარაღს ფანტასტიკურად ფლობს ჩინური წარმოშობის ბრიტანელი მუსიკოსი ვანესა მეი. მე მას მხოლოდ ერთხელ მოვუსმინე, როცა სახელგანთქმულ იო იომასთან და ტან დუნთან ერთად გამოვიდა ჰონკონგში. თითქოს ახლაც ვხედავ იმ სიფრიფანა გოგონას, რომელიც ქარიშხალს ატრიალებდა სცენაზე. მე მას სიმების მბრძანებელი ვუწოდე და იგი ასეთადაც ცოცხლობს ჩემს ხსოვნაში. სულიერი მჭმუნვარების ჟამს არარსებული რადიომიმღებიდან იღვრება ვანესა მეის ზეციური მუსიკა და სანამ იგი ჟღერს, მე ვერწყმი კოსმოსს, საიდანაც დაბრუნება აღარ მინდა. რომელია კიდევ სხვა ძალა, ასეთი რამე რომ შეეძლოს!

***

შეუძლებელია მზად იყო განსაცდელთან შესახვედრად. საამისოდ არც მოთმინება გეყოფა და არც ნერვები. ამიტომ ბუნების უდიდეს ჰუმანურ აქტად მიმაჩნია ის, რომ ჩვენ არასოდეს ვიცით, რა გველოდება თუნდაც რამდენიმე წუთის შემდეგ. ვცხოვრობთ, როგორც მარადისობის შვილები და ეს გვიადვილებს იმ მკაცრი გამოცდების ჩაბარებას, რომლებსაც ცხოვრება ჟამითი ჟამად გვიწყობს.

***

სფეროს, რომელშიც საქმიანობ, უნდა იცნობდე ამომწურავად. სხვაგვარად ვერ შესძლებ კოლეგებისთვის კონკურენციის გაწევას, იქნები მათი მუდმივი ქილიკისა და დაცინვის ობიექტი. პროფესიონალიზმი საკუთარ სფეროში აუცილებელია იმისთვისაც, რათა საჭიროების შემთხვევაში ოსტატურად შესძლო არსებული წესებისა და კანონების დარღვევა. სტანდარტულად მოქმედების შემთხვევაში ვერ მიაღწევ იმაზე მეტს, ვიდრე სხვები აღწევენ. სტანდარტების ფლობა აუცილებელია, რათა ისინი დაარღვიო და საკუთარი დაამკვიდრო.

***

ცხოვრება არ იზომება მარტო გავლილი წლებით. მე პირადად ასაკის ათვლას დავიწყებდი იმ მომენტიდან, როცა ჩვენ მივხვდით, გავიგეთ, შევიმეცნეთ საკუთარი დანიშნულება, გავითავისეთ იდეის არსი, რომელსაც გვსურს ვემსახუროთ. დავწერე ეს და გავიფიქრე: ღმერთო, დიდებულო, ამ კრიტერიუმის გათვალისწინებით რამდენი უასაკო ვინმე გვეყოლება ცოდვილი დედამიწის ზურგზე!

***

მე საკმაოდ დიდხანს მეგონა, რომ კიბე, რომლითაც მაღლა მივიწევდი, სასურველ მიზნამდე მიმიყვანდა, მაგრამ ერთხელ აღმოვაჩინე, რომ იგი სულ სხვა შენობის კედელზე იყო მიყუდებული. ძირს დაშვება, ახალი კიბის ძებნა და ხელახალი აღმასვლა საკმაოდ მტკივნეული და დროში გაწელილი აღმოჩნდა. ამიტომ ჩემი კეთილი რჩევაა, სანამ სიმაღლის დაპყრობას შეუდგებით, კარგად შეამოწმეთ, თქვენი კიბე მართლაც საჭირო კედელსაა მიყუდებული?

***

კაცობრიობა განუწყვეტლივ იმყოფება ერთ უზარმაზარ „ტიტანიკზე“, რომლის მგზავრებიც სულ სხვადასხვა მხარეს მიემართებიან. სწორედ ესაა უმთავრესი ბედისწერა, რომელიც ხომალდს აისბერგისკენ მიაქანებს. მგზავრთა ინტერესების კონფლიქტს ემატება ისიც, რომ მსოფლიო „ტიტანიკი“ არაა აღჭურვილი სამაშველო რგოლებითა და ნავებით, ამიტომ სავარაუდო გადარჩენის შანსი უნარჩუნდება მხოლოდ მათ, ვინც ცურვა იცის.

***

ჯერ კიდევ ჩემს ადრეულ სიჭაბუკეში მიყვებოდა ბრძენი მუნჩეიჩუ: „ჩვენი წარმოდგენები ადამიანებზე, ისტორიულ ფაქტებსა და მოვლენებზე, დღევანდელობასა და ხვალინდელ დღეზე არც თუ იშვიათად მცდარია, სუბიექტურია, მიკერძოებულია, ამიტომ სანამ მათ გავახმოვანებდეთ, სჯობს დავეჭვდეთ და სხვათა აზრებსაც გავეცნოთ, შევაჯეროთ ისინი ერთმანეთთან და მხოლოდ შემდეგ გამოვიტანოთ საკუთარი დასკვნა. ჩვენი უეცარი, იმპულსური შთაბეჭდილებები ან ერთობ დადებითია ან ერთობ უარყოფითი, სინამდვილეში კი არც ერთია სწორი და არც მეორე.“ რამდენი ხანი გავიდა მას შემდეგ, მაგრამ ეს შეგონება ნიადაგ მახსოვს და შეძლების და გვარად შესაბამისად ვიქცევი. ახლა დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა: მე ამან ბევრ უსიამოვნებას, უხერხულობას და თვით მწვავე კონფლიქტსაც ამარიდა.

8 ციკლიდან: მარტოსულობას სევდიანი ახლავს აქცენტი

▲ზევით დაბრუნება


შენ კი საფლავში სამახსოვროდ ცრემლსაც არ მატან...

მე ვარ ჭურჭელი - სავსე ხმებით, სნებით, დარდებით,
არ მყავს მშველელი, არ მყავს მსხნელი, არ მყავს პატრონი
და ამ სენაკში მახსენდება მარტოს სხვა დრონი,
როცა მეგონა ზეცის ასულს შევუყვარდები.
მაგრამ დამქროლა სხვა ნიავმა, სულ სხვა ქარმა და,
იქა ვარ, სადაც უნდა ვიყო განგების ნებით,
მე შენზე ფიქრში ვინავლები, ვილევი, ვდნები,
შენ კი საფლავში სამახსოვროდ ცრემლსაც არ მატან.

მე ცას და მიწას ვაკვირდები დაღლილი მზერით...

მე ამ ცხოვრებამ უმიზეზოდ დამაყადაღა,
ამომიკვეთა ფეხი თითქმის მზის ბანაკიდან
და მიხარია, რომ სხეულო, მაინც მზადა ხარ,
ატარო ტვირთი, შენს პატრონს რომ ბედმა აკიდა.
მე ცას და მიწას ვაკვირდები დაღლილი მზერით,
ვუსმენ ჭრიჭინას გაბმულ ჭრიჭინს, ვასაკას კრუალს.
ზოგჯერ თვითონაც ავცეტდები - ვიცინი, ვმღერი,
მაგრამ ვერავის ვერ ვაგონებ, სამყარო ყრუა.

მინდა შინ ვიყო, შინ დავბრუნდე, დიახ, დიახ - შინ!..

ყველას ჰგონია, მას რომ უყვარს, ისე არავის
არ ჰყვარებია... მეც მგონია ზოგჯერ ამგვარად.
ძველ სიყვარულზე მწარე ფიქრმა ძილი წამგვარა,
თავზე დამამხო გაწყვეტილი სიზმრის კარავი.
სხვა რა საქმე მაქვს - ვიქექები ხსოვნის წიაღში,
სადაც აწყვია ხელუხლებლად ოქროს ზოდები
და როცა ქვეყნად მართლაც არვის შევეცოდები,
მინდა შინ ვიყო და აღსასრულს შევხვდე დიახ - შინ!

და ეს მნათობი შუქით ავსებს ჩვენ შორის მანძილს!..

ცნობისმოყვარედ იმზირება სენაკში მთვარე.
ეცემა შუქი ფოლიანტის იეროგლიფებს.
გახსოვს, დაბლობზე შენთვის ერთხელ ია რომ ვკრიფე
და შენც ჩემ მკერდზე სიხარულის ცრემლები ღვარე.
ბედნიერებას არ სჭირდება მეფური განძი,
და ჩვენც ვიცხოვრეთ სხვა მიზნებით, სხვა გატაცებით.
შურით გვიმზერენ წარსულიდან ქონდრისკაცები
და ეს მნათობი შუქით ავსებს ჩვენ შორის მანძილს!

დანებდნენ იღბალს თვით ჩემზედაც უკეთესები...

ვებრძვი მოწყენას, სიხარული წარსულში დარჩა,
ერთხელ ყველაფერს, სამწუხაროდ, ეღება ბოლო.
მერე რა , თუკი ასეთ დღეში მე არ ვარ მხოლოდ
და რა ხანია, ცაზე ერთი ვარსკვლავი არ ჩანს.
მე ვეგუები ამგვარ ყოფას, თუმც მიჭირს ძლიერ,
თითქოს ხე ვარ და უსაშველოდ მტკივა ფესვები.
დანებდნენ იღბალს თვით ჩემზედაც უკეთესები,
მე კი ვამაყობ, რომ სიკვდილის აჩრდილი ვძლიე.

და დარჩენილი დრო აპრილის თოვლივით დნება...

არადა ქვეყნად განა ბევრი რამე მეწადა:
წყვილი პერანგი, წყვილი ხამლი, შარვალ-ქამარი.
დიდხანს ვლოკავდი პირუტყვივით ბედის ქვამარილს
და მოუთმენლად მიმელტვოდა სული მე ცადა.
მერე და მერე დაიწმინდა, დაღვინდა ვნება,
ბევრი სხვა რამეც მომესურვა, მაგრამ დროებით.
ახლა ვივსები მთის ჰაერით და მყუდროებით
და დარჩენილი დრო აპრილის თოვლივით დნება.

ჩემ მკერდში ისევ ასი გულის ბაგაბუგია...

მეც ხომ მიყვარდა, მეც ხომ მქონდა ხალისი ყოფის,
მეც ხომ მავსებდა მოვარდნილი ვნების ჩქერები.
ახლა დაისის სხივდაქანცულ შუქს ვეფერები
და აშვებული მაქვს ბოლომდე კაშხალის ხოფი.
ჩემს მკერდში ისევ ასი გულის ბაგაბუგია,
როდესაც შუბლზე დამეცემა დილის ნამ-ცვარი.
მე ის გამიგებს, ვინც ყოფილა ტრფობით დამწვარი,
ვინც არ ყოფილა, მას ცხოვრებაც ვერ გაუგია.

თქვენც თუ დაგჭირდეთ, დამიძახეთ, მოვალ, აქვე ვარ!..

ჩირად არ მიღირს ის, რაც სხვისთვის არის ფეტიში,
მე თავად ვადგენ - რას ვემტრო და რას ვცე თაყვანი.
ვეალერსები ჩემ ოცნებას, ხელში აყვანილს,
სხვაგან ვერ ჰპოვებ თუ ვერ ჰპოვე ერთხელ ბედი შინ.
ვპოვე? რა ვიცი! - წვრილმანებში მიჭირს გარკვევა,
სულ არ მაღელვებს, რაზეც სხვები ჭკუას კარგავენ.
მე გავახარე უდაბნოში ჩემი ნარგავი,
თქვენც თუ დაგჭირდეთ, დამიძახეთ, მოვალ, აქვე ვარ!

ბევრ რამეს ვნანობ, თუმცა ბევრგან ვიყავ მართალი...

ახლა, როდესაც ჩავლილ დღეებს ვითვლი, ვაჯამებ,
ვხედავ სიმცდარეს მრავალ ფიქრთა, აზრთა, ნაბიჯთა.
მათგან მრავალი მე უძვირეს ფასად დამიჯდა
და ახლაც მწარედ თავს მახსენებს ის სიაჯამე.
ბევრ რამეს ვნანობ, თუმცა ბევრგან ვიყავ მართალი,
ცუდს და კარგს შორის ვერ აღვმართე ნამდვილი ზღუდე
და მე აქამდე ჩემში მანკს და ცდუნებებს ვუტევ,
როგორც უჯაროდ დარჩენილი მთავარსარდალი.

მეც უამრავი მოკვდავივით ჩუმად მოვკვდები...

მე არ მგონია, რომ ვჯობივარ რაღაცით ვისმე,
მაგრამ ნამდვილად ვიცი, მრავალს არ ვგავარ სულაც.
მე ვხედავ ზოგჯერ დაუნახველს სხვებისთვის სურათს,
ზოგჯერ სხვებისთვის მიუწვდომელ მუსიკას ვისმენ.
გულს ვეუბნები, იბობოქრე, ნუ დაოკდები,
შენ ვის ჰგავხარ და შენ ვინა გგავს, ნუ გედარდება.
ახლა რომ მიდის, ის სპექტაკლი რომ დამთავრდება,
მეც უამრავი მოკვდავივით ჩუმად მოვკვდები.

შემცდარს მეც მიბრძანეთ ერთხელ შენდობა!..

უაზრობასაც აქვს ხანდახან ფარული აზრი,
(ჰაი, დედასა, რა აუვა ჩემ უაზრობებს).
ის, რაც მიწაზე ვერ გაიგეს, ზეცას ვაცნობე,
მაგრამ ზეციდან გავიგონე ყაყანი ბაზრის.
აზრის კითხვისას ყველა თავის გუმანს ენდობა,
არ მაქვს იმედი, ჩემ ნაბოდვარს ვინმე თუ ხვდება
და როცა ჩემთვის ცისკიდური მოქურუხდება,
ათასჯერ შემცდარს მეც მიბრძანეთ ერთხელ შენდობა!

ვბრუნდები შენთან გაუძლისი ავდრების მერე...

მე ახლა თითქოს შენ გიყურებ ჭუჭრუტანიდან,
როგორც ოდესღაც, ბავშვობაში, გულახდილ ნახატს,
როდესაც თვალმა ქალის ეშხი პირველად ნახა
და სიზმრად ექცა სხივფენილი ოქროს ტანი და
დაკარგა თითქოს სხვა რამეზე ფიქრის უნარი...
კვლავ ისეთი ხარ, არაფერი შეცვლილა დღემდე...
ვბრუნდები შენთან გაუძლისი გვალვების შემდეგ
და გულს მიჩქროლებს სიყვარული გაუხუნარი.

ვცადე თავდახსნა, მაგრამ მუდამ ამაოდ დავშვრი...

მე ცხოვრებაში არასოდეს არავინ მყავდა, -
ხელის წამკვრელი, წინ გამგდები, გზის გამკაფავი.
თუ გსურთ იცოდეთ ჩემი ყოფა, ჩემი ამბავი -
რაც თავი მახსოვს, ვეომები უვადო ავდარს.
ბევრჯერ უაზროდ შევუშვირე წვიმას პეშვები,
ვცადე თავდახსნა, მაგრამ მუდამ ამაოდ დავშვრი
და მეჩვენება: ვდგავარ ხიდზე შეშლილი ბავშვი
და სადაცაა შლეგ ტალღებში გადავეშვები!

თქვენი არ ვიცი, მე კი ახლა ზუსტად ასე ვარ...

მარტო დარჩენა, მე თუ მკითხავთ, კარგი შანსია,
რომ უკეთ შეძლო საკუთარი თავის გაცნობა.
თითქოს კოსმოსმა მეტეორის ენით გაცნობა,
რომ დაღლილ გულში სიყვარულის გაქვს ვაკანსია.
თქვენი არ ვიცი, მე კი ახლა ზუსტად ასე ვარ,
და ველოდები, ვინ შემოვა შრიალა კაბით,
რომ ვუწილადო ერთგულების ზღაპრული აბი
და შევძლო ჩემი ვარსკვლავების ცისთვის ასევა.

სიყვარულია ერთადერთი ჩემი.ღვთაება...

მე ბავშვობიდან სიყვარულის ქურუმი მზრდიდა,
თუ რამე ვიცი, მისგან ვიცი და მიხარია,
როცა გარშემო დიდ-პატარა კარგად არიან
და სხვის ტკივილსაც აღმართებში მორჩილად ვზიდავ.
რა უნდა მოხდეს, მე რომ ხვალ-ზეგ სხვა გზით ვიარო,
სხეულზე დამღად არ დამაჩნდეს სხვისი ვაება.
სიყვარულია ერთადერთი ჩემი.ღვთაება,
ჩემი მუსიკა - სამზეო და სამგლოვიარო!

ქვეყნად არაფერს უჩემობა არ დატყობია...

გადარჩენაზე აღარ ვფიქრობ, ის დრო წავიდა,
წინაა სულ სხვა საფეხური, სულ სხვა სტადია.
ჩემი ფიქრები ახლა თითქოს მარსზე დადიან
და თუ დამჭირდა, იქ მიწიერ დარდსაც ავიტან.
ქვეყნად არაფერს უჩემობა არ დატყობია.
გაგიმხელთ ჩუმად: უთქვენობაც არ დაეტყობა.
გავდექი განზე და ჩემ წილხვედრ მიწას მხნედ ვღობავ,
მაგრამ სიხარბე ეს არაა, მხოლოდ ჰობია!

ქარს ველოდები, იქნებ რამე იცოდეს ქარმა!..

ჩემს ახირებებს ვერ გაიგებს, ალბათ, მრავალი,
რა მინდა, რა მსურს, რას დავეძებ ღრუბლების ზემოთ.
რატომ ბოლომდე ვერ გავუგე ცხოვრებას გემო
ან ასე უღვთოდ წარსულს რატომ ჰგავს მომავალი!
რა გითხრათ, აბა, მე თვითონაც პასუხი არ მაქვს
რატომ, რის გამო, რანაირად, ვისთვის, სანამდე?
საითაც წავალ, ეს კითხვები მუდამ თანა მდევს...
ქარს ველოდები, იქნებ რამე იცოდეს ქარმა!

მე ვარ მწვერვალი, ზეგანს რაზე ველაპარაკო!

გამაგებინა, რისთვის ვხარჯავ მელანს და ქაღალდს,
ყველას თავისი სადარდელი ისედაც ყოფნის.
მესალმებიან ჟამი ჟამად ზეგანზე მყოფნი,
ვაკვირდები და ვერც ერთ მათგანს ვეღარ ვცნობ რაღაც.
უცნაური ხარ ჩემი წუთისოფლის არაკო,
ისე მივდივარ, ისე ვცვდები, ისე ვბერდები,
რომ ცარიელი დამრჩეს ლამის წიგნის გვერდები,
მე ვარ მწვერვალი, ზეგანს რაზე ველაპარაკო!

და ვეჭვობ, უკვე ახლოსაა მსოფლიო ძვრები!

როგორც იტყვიან, ჩემი თავის ვარ უბედური,
ვეღარ ვისწავლე ენისათვის კბილის დაჭერა.
ვეღარ ვიჯერებ მას, რაც არ მწამს, რისიც არ მჯერა,
და ნერვებს მიშლის ირგვლივ მყოფთა ბოდვა ყბედური.
მე ყურს ვიყრუებ, თვალს ვიბრმავებ, მიწურში ვძვრები,
არ მსურს ვიხილო, ვით ზეობენ უბადრუკები.
ამასობაში წარყვნეს მიწა, ხელჰყვეს რუკები
და ვეჭვობ, უკვე ახლოსაა მსოფლიო ძვრები!

ბედნიერი ვარ, მე იმ კოშმარს ვერ მოვესწრები...

მინდა ვიცოდე, სად იქნება სამშობლო ჩემი,
როცა გრიგალი ცისქვეშეთის საზღვრამდეც მოვა,
სეტყვით და კოხით შეიცვლება ფაფუკი თოვა
და ოკეანის ტალღებს გაჭრის სიკვდილის გემი!
ამ უჟმურ ფიქრებს შევალიე მთელი ეს წლები,
თუმცა მე ვინ ვარ და ვინ მკითხავს, ხვალ რა მოხდება!
როდესაც მიწა შეირყევა, ცა ამბოხდება,
ბედნიერი ვარ, მე იმ კოშმარს ვერ მოვესწრები.

და მეც ქარებთან უშედეგოდ ვსწავლობ ლაპარაკს...

ვინც რა უნდა თქვას, ყველაფერი მაინც ქალია,
ცაში ამყვანი, საუკუნოდ დამამხობელი.
მე რომ ის მყავდა, რომ მიყვარდა, ვარ მადლობელი,
ახლა რომ არ მყავს, იქნებ სულაც ჩემი ბრალია!
რა მიქნა ჟამმა, მიმატოვა ღვთის ანაბარა,
ავად რომ გავხდე, წყლის მომტანი არავინ არი.
ოთხივე მხრიდან უმოწყალოდ მიბერავს ქარი
და მეც ქარებთან უშედეგოდ ვსწავლობ ლაპარაკს.

ნეტავი, იმ დროს, როცა გული ლაღად მღეროდა...

მე არავისთან არაფერი არ მაქვს სადაო.
არც ვიცოდი და აღარც ვიცი, რა არის ბოღმა.
გადაიქროლა სიჭაბუკის შლეგურმა დოღმა,
შენ დამრჩი მარტო ნუგეშად და ალერსადაო.
შენ, ვისაც ახლა გასევია მნათობთა დასი
და ვარსკვლავივით დამკაშკაშებ სულ სხვა სფეროდან.
ნეტავი, იმ დროს, როცა გული ლაღად მღეროდა
და სულ პირთამდე სავსე იყო ტრფიალის თასი!

გაქრა, აორთქლდა, დრომ წაიღო, რაც მქონდა, რაც მაქვს...

გამოგიტყდები, მარტოობა გამოდგა ძნელი,
მეც ხომ კაცი ვარ, მერე რა, რომ შევდექი ბერად.
მე მენატრება შენი სიტყვის ყოველი ბგერა,
შენი ღიმილი, შენი სითბო, მზრუნველი ხელი.
ვიცი, ცხადია, არაფერი არ დაბრუნდება,
გაქრა, აორთქლდა, დრომ წაიღო, რაც მქონდა, რაც მაქვს.
თოკზე ჰკიდია ტკივილების ფერადი აცმა
და ოცნებები მიფრინავენ ცისკენ გუნდებად.

თითქოს ათასი თვითმფრინავი ჰაერში კივის...

ხომ შეიძლება, ჩავიგუბო პირში წყალი და
დავდუმდე ისე, როგორც დუმან ქვები, ლოდები.
ხელის დაქნევით მიგანიშნო: „დაგელოდები!“
ამოვიკითხო ბედისწერა ცეცხლის ალიდან!
ხომ შეიძლება!.. მაგრამ არა, გული არ შვება
და სულ მახსენებს ახალ-ახალ საწუხარს, ტკივილს,
თითქოს ათასი თვითმფრინავი ჰაერში კივის
და ყველას ერთად ერთ ბილიკზე უნდა დაშვება!

და შენი წასვლით არც არავის არ დააკლდები...

შემზარავია გაფიქრებაც: ადრე თუ გვიან,
წახვალ, გაქრები, არ იქნება შენი ხსენება.
შენთან შენი მზეც საუკუნოდ ჩაესვენება,
მოგწვდება ხმები: „ამიერით არარა გქვია!“
ძეხორციელო, რისთვის წვალობ, რისთვის აკვდები
მიწას, ხარაჩოს, დაზგას, ქაღალდს, საჭეს და შტურვალს,
რადგან ცხადია, ამაოა ჭმუნვა და ურვა
და შენი წასვლით არც არავის არ დააკლდები.

მე ვსწავლობ ახლა ლაჟვარდებში ნიჩბების მოსმას...

ცხოვრება იყო, როგორც ლექსის ცუდი თარგმანი,
როგორც ანდერძის მტვერწაყრილი, ფერმკრთალი ასლი.
რაც გახდა სწორედ ბიძგი ჩემი სახლიდან წასვლის,
ავიღე ხელში გასაღები, კარი დავგმანე,
და სამყარომაც თვალწინ უცებ იცვალა ფერი,
ვით უხილავი ნაწილაკი, შევერწყე კოსმოსს.
მე ვსწავლობ ახლა ლაჟვარდებში ნიჩბების მოსმას
და ყოველ მწუხრზე ჩემთვის მუნჯურ სიმღერას ვმღერი.

მიხედე შენს თავს, არ არსებობს სხვა მიმხედავი...

არ შეგამჩნევენ, ჩაგივლიან ჩქარი ნაბიჯით,
მიხედე შენს თავს, არ არსებობს სხვა მიმხედავი.
ბოღმიანები რას ფიქრობენ გულში, ნეტავი,
და საერთოდაც ნიშნავს რამეს ცნება: „ძმაბიჭი!“
მე ცხოვრებაში მომდებია ბევრჯერ ალები
და მხოლოდ ზოგჯერ თუ მსმენია: „გამაგრდი, ძმაო!“
ეს ის დრო იყო, როცა ჩვენზე ფიქრობდა მაო,
ახლა ვინ ფიქრობს, ვის ვახსოვარ, ვის ვებრალები!

მე ვცხოვრობ ჩემში, მე ვარ ჩემი თავშესაფარი...

სასაცილოა, - ცხოვრებიდან გაქცევა ვცადე,
მეგონა, წარსულს სადმე მთაში დავემალები,
მაგრამ ჩავლილ გზებს ირეკლავენ მაინც თვალები,
წინ ვერ მივდივარ, თითქოს ფეხზე ბორკილი მადევს.
იღბალო ჩემო, მარტოობით რატომ დამთოვე,
რად გამიმწარე ერთ დროს მართლაც ტკბილი ზღაპარი!..
მე ვცხოვრობ ჩემში, მე ვარ ჩემი თავშესაფარი,
და იქ დავრჩები, სანამ ჩემს „მეს“ მე არ დავტოვებ.

ზამთარი არის უპოვართა ნავსაყუდელი...

ზამთარი არის უპოვართა ნავსაყუდელი,
უსახურ სამოსს, დარდს და ნაღველს სიბნელე ფარავს.
ბუხრიდან ასულ კვამლს მიჰყვება ფიქრების ფარა
და ნაკვერჩხლებთან მოკაკვული თბება პუდელი.
არსად მიდიხარ და შენთანაც არავინ მოდის,
სიჩუმეს ზოგჯერ თუ დაარღვევს ჭახჭახით შაშვი.
თოვლის სითეთრე შეუმჩნევლად გადადის შავში
და კვლავ ვიშვიშებ: „გათენდება უფალო, როდის!“

მიხსენი ღმერთო, ჩემში უკვე სიკვდილი ხრჩოლავს...

თითქოს დავკარგე მიწიერი ყოფის ლაზათი,
გავრჩი შუაში, აღარც იქით, აღარც აქეთ ვარ.
კიდევ კარგი, რომ მოვასწარი კარის დაკეტვა
და გადავაგდე ანთებული ქარში ასანთი.
რა მინდა, რა მსურს? - რა მიჭირდა, ეგ რომ ვიცოდე!
დედამ რისთვის მშვა, მამამ რისთვის მასწავლა ბრძოლა?
მიხსენი, ღმერთო, ჩემში უკვე სიკვდილი ხრჩოლავს.
და თუ ვერ მიხსნი, ხელი მაინც გამომიწოდე!

მე გავაგრძელე ჩემი გზა და მივდივარ დღემდე...

მე მზად ვიყავი გაძლებისთვის, მგონი, მაშინაც,
როდესაც ფეხზე ძლივს ვიდექი, გული მტკიოდა.
უარესობის მოლოდინში დრო გადიოდა
და ჩემ ეზოში მგლის ყმუილმაც ვერ შემაშინა.
გამოხდა დრო და ყველაფერი ამგვარად მოხდა:
ბევრი ქარიშლის, ბევრი დელგმის და სეტყვის შემდეგ
მე გავაგრძელე ჩემი გზა და მივდივარ დღემდე
და უსათუოდ მივალ მალე სიზმრების ქოხთან.

ან სიჭაბუკე დამიბრუნე ან დამაბერე...

არ მავიწყდება: მომხიბლავი გეცვა ციპაო.1
მოგჩერებოდი, თვალი ვეღარ ძღებოდა მზერით.
სივრცეს ღებავდა მოკიაფე დაისის ფერი
და არემარე იყო ჭრელი, ვით დაძიბაო.
თითქოს ერთბაშად მარეკებმა საყვირს ჩაბერეს
და კვალი შენკენ მიანიშნეს ყველა მეძებარს!
გადამაჩვიე, შემოქმედო, თვალის ცეცებას,
ან სიჭაბუკე დამიბრუნე ან დამაბერე!

________________

1. ციპაო - ჩინური კაბაა ერთგვარი.

ეჭვი სხეულზე ამოსული მწვანე ფითრია...

მოგონებების მცხუნვარებით ვარ დაზაფრული,
ცხადში აქა ვარ, მაგრამ სიზმრად ვნებები მითრევს.
ვერ გადავრჩები, სიყვარული მაბოდებს ვიდრე
და სამიჯნურო სარეცელს ჰგავს მწველი ზაფხული.
ვინ მიკარნახა ეს ნაბიჯი გულდამდაღველი,
ტრფობის მორევში ვერაგულად ვინ ჩამითრია?
ეჭვი სხეულზე ამოსული მწვანე ფითრია
და მე ფითრივით მღრღნის და მახმობს მწარე ნაღველი.

თითქოს ვმარცხდები და ჭერს არყევს დემონთა ტაში!..

ადამიანში უამრავი ცდუნება ბუდობს:
„მინდა, მწყურია, მენატრება, მხოლოდ ჩემია!“
უკურნელია ეგოიზმის ეპიდემია,
რაც უნდა ალიკაპი მოსდო, რაც უნდა ზღუდო.
მე ვცადე... ვცდილობ... დღე და ღამე ილევა ცდაში.
ხან გავიმარჯვებ, ხან ვმარცხდები... გრძელდება ასე...
გამეღვიძება ზოგჯერ შემკრთალს უცნაურ ხმაზე -
თითქოს ვმარცხდები და ჭერს არყევს დემონთა ტაში!

ბერად შევდექი, მაგრამ ჩემში მაინც მამრია...

ის, რაც ვიყავი, აღარა ვარ, რაც მსურდა - ისიც,
ბერად შევდექი, მაგრამ ჩემში მაინც მამრია.
მე გაორების მწარე განცდამ ხელი დამრია,
და ახლა უკვე აღარ ვიცი, რისი ვარ ღირსი.
ბნელს გავატანე მოელვარე მზის გვირგვინები,
წავედი შორეთს, მაგრამ სახლი დამრჩა კარღია.
რაც ჩემი იყო, მიუწვდომელ ქვაბში მარხია
და სხვის საგანძურს უიმედოდ ვეპოტინები.

დღემდე მაბოდებს ცხადისა და სიზმრის ნაზავი

„მე რომ მცოდნოდა!..“ - რამდენ ვინმეს უთქვამს ამგვარად!
ყველა თავისას გულისხმობდა, ცხადია, თქმაში.
რას ვაკეთებდი, სად ვიყავი, ნეტავი, მაშინ,
როცა ბუნებამ შერჩენილი ჭკუა წამგვარა!
განა იმნაირს რას მირჩევდნენ ბრმები, ყრუები,
რომ ყველაფერი დავიჯერე უწვრთნელ ყრმასავით.
დღემდე მაბოდებს ცხადისა და სიზმრის ნაზავი
და ახალ ყოფას ჯერჯერობით ვერ ვეგუები.

სინამდვილეში იგივე ვარ, იგივე ვრჩები...

მე მაინც მიყვარს, ვისაც რა სურს, ის დამაბრალოს.
ადამიანი ზღვა არის და ვეღარ გაწვდები.
მის შუაგულში ბობოქრობენ მუდამ განცდები
და სანამ უყვარს, არ იქნება იგი საბრალო.
მე თითქოს ფერი ვიცვალე და სხვა კაცი გავხდი,
სინამდვილეში იგივე ვარ, იგივე ვრჩები.
ერთხელ იქნება, აკრძალვათა გავანგრევ ჯებირს
და დაღლილ სხეულს ძალად ჩაცმულ სამოსელს გავხდი.

თითქოს სხეულში აბობოქრდა ისევ იანძი...

მე ადრე ბევრი საქმე მქონდა, არც დღეს მაქვს ცოტა,
მაგრამ ვისწავლე საჭირო და ფუჭის გარჩევა.
ერთი წელია, მხოლოდ ჩემი ფიქრის ხარჯზე ვარ,
ფიქრებში ვაგებ პაგოდას და ფიქრებში ვცოდავ.
შენი წერილი ავგაროზად მიდევს ჩანთაში,
ჩავხედავ ზოგჯერ, მიბრუნდება ძველი სიანცე,
თითქოს სხეულში აბობოქრდა ისევ იანძი
და და ვერას მიზამს შეფარული დარდის შანტაჟი.

მე ის, რაც მოხდა, მფერფლავს, როგორც ვულკანის ლავა...

მე ვერ აგიხსნი, მაგრამ უნდა სიტყვაზე მენდო,
ამ ქვეყანაზე არაფერი არ ღირს ტირილად.
უნდა ჰყვაოდეს სიყვარული, როგორც გვირილა
და ენთოს ცეცხლად, როგორც ჩემში ოდესღაც ენთო.
რაც ერთხელ იყო, არსებობდა - იქნება მარად,
ან მომავალში ან წარსულში - არც ღირს მტკიცება!..
არ მჯერა მისი, ვინც სხვას ამბობს, სხვას იფიცება.
მე ის, რაც მოხდა, მფერფლავს, როგორც ვულკანის ლავა.

და მარტოდმარტო ამისთვისაც ვუმადლი იღბალს!..

დაუფიქრებლად ათას ქალში დაგადგი თვალი,
ჩაგისვი გულში ავგაროზად, გექეცი მცველად.
ჩემო პაწუწავ, მაგ ჯავშანში ხომ არა გცხელა,
მე რომ მომედო, შენც ხომ არ გწვავს იმ ცეცხლის ალი!
მე ახლა შორს ვარ, ზეგანთა და მწვერვალთა მიღმა
და მხოლოდ ზოგჯერ თუ მომწვდება ხმები ბარიდან,
მაგრამ სიშორემ ჩემ ოცნებას ვერ გაგარიდა
და მხოლოდ მარტო ამისთვისაც ვუმადლი იღბალს!

იქით რა მიმაქვს, აქ რა მრჩება - მხოლოდ ნულები...

რამდენ რამეზე მე უბრალოდ არ მიფიქრია,
ახლა რომ ვფიქრობ, უსათუოდ მეფიქრა უნდა.
ცხოვრება დნება, როგორც თოვლის წყალწყალა გუნდა,
და ბოლო წლები უფსკრულისკენ უხმოდ მიქრიან.
სიზმარ-ცხადები, ერთმანეთზე გადაწნულები,
მე მახსენებენ, სად ვიყავი, რას ვესწრაფოდი,
ყოფის სურვილი წყალს მიჰყვება, როგორც ნაფოტი,
იქით რა მიმაქვს, აქ რა მრჩება - მხოლოდ ნულები.

მე საშინაო დავალებებს ვასრულებ აქაც...

თუმც ბავშვობდან უთვალავი წელი გავიდა,
მე საშინაო დავალებებს ვასრულებ აქაც,
კედელზე ვკიდებ ფლომასტერით ჩემ პირველ ნახატს
და გულმოდგინედ სუფთა წერას ვსწავლობ თავიდან.
მე ვსვამ შეკითხვებს, იხატება დღიურში „ხუთი“,
მოჰყვება კითხვებს პასუხების წყება და წყება...
„ის, ვინც კითხვას სვამს, სულელსა ჰგავს სულ ხუთი წუთით,
ვინც დუმილს არჩევს, სიკვდილამდე სულელად რჩება.“1

________________

1. ავტორს მოტანილი აქვს ზუსტი ციტატა კონფუციდან.

მე ველოდები, რას გადაწყვეტს ვარსკვლავთა კრება...

დარსაც, ავდარსაც ერთნაირი სიმშვიდით ვხვდები,
მე არ მაღელვებს, რაც უჩემოდ ისეც მოხდება.
მიწა დააფჩენს ბნელ ხახას თუ ცა ამბოხდება,
წინასწარ ვიცი, გული მიგრძნობს, გუმანით ვხვდები.
გულგრილად ვუმზერ, როგორ მიაქვს სიცოცხლე ასაკს,
მძიმდება ფიქრი, ნაკვალევი უკვალოდ ქრება.
მე ველოდები, რას გადაწყვეტს ვარსკვლავთა კრება
და ვეთანხმები მას უსიტყვოდ, ვერ შევცვლი რასაც.

მე დღეს ფრენების გარჩევა მაქვს, ვიქნები მკაცრი...

წავედი ჩემში. მოვიხურე დარდის კარები.
მე დღეს ფრენების გარჩევა მაქვს, ვიქნები მკაცრი.
აზრებს ტკივილის და სიჩუმის საცერში გავცრი,
სახსნილო სურვილს ახლოს აღარ გავეკარები.
მე დღეს ვიქნები საკუთარი თავის მსაჯული,
სულ სტრიქონ-სტრიქონ დავალაგებ, რაც იყო, არის.
და მე მამცნობენ შუქ-ჩრდილები მზისა და მთვარის,
რისთვის ვიცხოვრე ანუ რისთვის ვარ დახარჯული.

და იწვის თითქოს თივით სავსე ჩემი საბძელი...

ამჟამად რომ მაქვს, მე იმდენი დრო რომ მქონოდა,
მეტი მეფიქრა, გამაჩინა რისთვის განგებამ,
იქნებ მომესწრო კიდეც მცირე სახლის აგება
და სულ სხვა მადნით დამეტვირთა ჩემი რონოდა.
თუმცა ხანდახან ისიც მიკვირს, როგორ გავძელი,
თუნდაც აქამდე... თითქოს წლები უაზროდ ვხარჯე.
ჯერ დავაპირებ რამის თქმას და კვლავ დუმილს ვარჩევ
და იწვის თითქოს თივით სავსე ჩემი საბძელი.

დუმილი მზარავს, უთქმელობას ვერ ვეგუები...

დამიძახე და მე გამოსვლას არ დაგზარდები,
იქნებ რამეში გამოგადგე, მეც ვიცი რაღაც.
ორთა ბაასი ხომ სჯობს ერთის უაზრო ღაღადს,
ერთად გავკაფოთ იქნებ სულის ეკალბარდები.
დუმილი მზარავს, უთქმელობას ვერ ვეგუები,
მაგრამ ხმის გამცემს ოქროს ფასი ადევს უცილოდ.
უძილო ღამეს ენაცვლება ღამე უძილო
და ფუღუროდან მომკივიან მხოლოდ ბუები.

იღვიძებს სევდა, რა ხანია, სულში რომ თვლემდა...

მე მუდამ მთრგუნავს დაკეტილი კარის დანახვა.
სულ მეშინია, რომ არავინ გამოვა გარეთ.
უკაცო სახლთან ბამბუკები ტირიან მწარედ,
უფასო ბანზე მხოლოდ ქარი არის თანახმა.
მე ძველ ნაცნობებს ბარში უკვე ვერ ვეახლები,
ამ სიშორეზე ვერც ისინი ამოვლენ ჩემთან.
იღვიძებს სევდა, რა ხანია, სულში რომ თვლემდა
და გულს მოკლავენ დაკეტილი სოფლის სახლები.

რომ არ გათენდეს, სად მიდიხარ, ვინაა მხსნელი...

რომ არ გათენდეს, სად მიდიხარ, ვინაა მხსნელი,
როგორ გაარღვევ სიცივის და წყვდიადის ბადეს.
ასე ფიქრიც კი უსასრულო საწუხარს ბადებს
და უნებურად ჩამრთველისკენ გაგირბის ხელი.
არადა ერთხელ, გვსურს თუ არა, იქნება ასე,
ჩაქრება შუქი, ცაში ფიფქი გაიყინება
და გამწყდარ ძარღვში დაქანცული სისხლის დინება
ჩვენ მიგვანიშნებს: მეწყერია ცხოვრების გზაზე!

საქმეა განა, ერთმანეთს რომ საფლავებს ვუთხრით!..

უაზრობათა მწვერვალია ჩვენი დავები.
და მაინც ვდავობთ, თითქოს საქმე გამოგველია.
ჰე, ეშმაკურად ფეხს ნუ ითრევ, გამო, გველიან,
მომაკვდავები, უკვე მკვდრები და უკვდავები.
ჩვენ შეგვიძლია ყველა მათგანს ბევრი რამ ვუთხრათ,
ზოგს სამძიმარი, ზოგს მადლობა, ზოგსაც ნუგეში.
დავსხდეთ ჩაის სმად, როგორც როსმე სიჭაბუკეში,
საქმეა განა, ერთმანეთს რომ საფლავებს ვუთხრით!

ჩემ თავს ვეღარ ვცნობ, არ მაქვს თუნდაც მისხალი შიში...

ახლა კი მართლა შემეშინდა: შიშმა დამტოვა,
წავიდა, გაქრა, თითქოს როსმე არც კი მიგრძნია.
მერე რა, თუკი ყვავ-ყორნები ძილში მძიძგნიან,
მერე რა, თუკი ცხადში ჯიქურ მიტევს ქართოვა.
ჩემ თავს ვეღარ ვცნობ, არ მაქვს თუნდაც მისხალი შიში
სიკვდილ-სიცოცხლის, უგზო-უკვლოდ ქარში გაქრობის.
სხეულზე ცეცხლი მიკიდია, არ ჩანს ჩამქრობი
და არხეინად ვუსმენ ჩემი სხეულის შიშინს.

ბედნიერების ფესვიც, ფუძეც, ძირიც იქ არი...

ხან ცუძიუით, ხან კუნჯუთი1 გვქონდა გართობა,
ხან თევზაობით თავს ვიქცევდით სოფლის ბავშვები
და როცა ზოგჯერ ხსოვნის ლანდებს ვეთამაშები,
მე მავიწყდება წუთისოფლის უკუღმართობა.
იქ არ არიან არც გლახები, აღარც მდიდრები,
არ აღმართულა კაცთა შორის კუშტი ტიხარი.
ბედნიერების ფესვიც, ფუძეც, ძირიც იქ არი
და მე ერთხელაც მანდ უთუოდ დავემკვიდრები.

_______________

1. ჩინური ხალხური თამაშები

მეც ამ სტიქიას ვერ ვებრძვი და ვერ ვეომები...

ვერაფერს ვერ ვცვლი, ვებრძვი ბინდს და ვებრძვი ყიამეთს,
მაგრამ ვნებათა ქვაბს სარქველი ვერ დავახურე.
უწინდებურად გულს შენდამი ტრფობა ახურებს
და ჟრუანტელს მგვრის დაგუბული ტანში სიამე.
მანუსკრიპტები, გრაგნილები, მძიმე ტომები,
შენი თითების დენს და ელდას ვერ მავიწყებენ.
მოგონებები ტვინში თითქოს გუგუნს იწყებენ,
მეც ამ სტიქიას ვერ ვებრძვი და ვერ ვეომები.

ვცდილობ ვირწმუნო, უკვე სხვა ვარ და არ გამომდის...

ვცდილობ ვირწმუნო, უკვე სხვა ვარ და არ გამომდის,
სვენებ-სვენებით მივუყვები მონასტრის ბილიკს.
და უცებ ძარღვებს შეატოკებს შეგრძნება ტკბილი
და მე მივხვდები: ცრემლი სწორედ ამის გამო მდის,
რომ სიყვარული არ მოკვდა და ბინადრობს ჩემში,
და ამაოა დავიწყების ყველა მცდელობა.
ბერს არ შეშვენის ამჩატება და თვითმკვლელობა,
მაგრამ ეს განცდა როსმე, ალბათ, ჭკუიდან შემშლის.

ამ ვარაუდზე თავს ვგრძნობ უცებ მე კმაყოფილად...

კაცი, რომელიც მოკვდავივით ახლა აქ დადის,
ხვალ შეიძლება მოგვევლინოს სულ სხვა იერით.
გაწიოს ჩვენი შეზღუდული თვალსაწიერი
და სამაგიდო წიგნად გვექცეს მისი ტრაქტატი.
დაიწყოს უცებ საქებარი სიტყვების ფრქვევა,
როგორც გვინახავს, როგორც გვახსოვს, როგორც ყოფილა.
ამ ვარაუდზე თავს ვგრძნობ უცებ მე კმაყოფილად,
მეტიც, გულწრფელად მეჩვენება - ის კაცი მე ვარ!

სულ შენში დავრჩი, სულ შენში ვარ... შენ თუ მიგონებ?..

ამ სიშორეში შენს გამო ვარ იქნებ სულაც და
ნერვებიც თითქოს სიმებივით მაქვს დაგლეჯილი.
წვიმამ დააზრო, სეტყვამ მოსპო ტრფობის ჯეჯილი
და საალერსო ყველა სიტყვა მიზანს სულ აცდა.
ბევრი ვიფიქრე, ბევრი ვცადე, ბევრი ვიღონე,
ბოლოს მინორი გადაიქცა მაინც მაჟორად.
მე ჩემს წარსულთან სიშორემაც ვერ დამაშორა,
სულ შენში დავრჩი, სულ შენში ვარ... შენ თუ მიგონებ?

და საერთოდაც აქ კაცია ერთი ასიდან...

სადაც ვიყავი, გარჯას ჩემსას ფასი არ ედო,
ახლა სადაც ვარ, საერთოდაც არ ვიცი, რა ღირს.
დიდი ხანია, გახმა ჩემი დარგული ბაღი
და შენც სტრიქონად ვერ გაგრანდე მწირო პწკარედო!
ვინმე გამვლელი სიტყვას მეტყვის ისე, ყასიდად
და საკუთარ გზას გააგრძელებს მშვიდი ნაბიჯით.
არც მეზობელი, არც მოკეთე, აღარც ძმაბიჭი
და საერთოდაც აქ კაცია ერთი ასიდან.

და განწირულის ხმა ამომდის, ვაგლახ, ყელიდან...

დღეს ასეა და ხვალ არ ვიცი, როგორ იქნება,
საწუთროს გზებზე კაცი კაცის ბედით ერთობა,
ზოგს ღმერთი მოსწონს, ზოგს ეშმაკი, ზოგს უღმერთობა,
ზოგს კი საერთოდ ვერ გაუგებ, ვის ელიქნება!
მე ასე ყოფნამ მომითავა ლამის ხელი და
მინდა საკუთარ სიცოცხლეზე ავიღო ხელი.
როგორც მომაკვდავს, ყელში ბურთი გამჩრია ცხელი
და განწირულის ხმა ამომდის, ვაგლახ, ყელიდან.

რა გვეშველება დარჩენილებს მიწის იმედად!..

ცას ავხედე და დავინახე მხოლოდ ღრუბლები,
სხვა ვერაფერი, ვერაფერი ვერ შევამჩნიე.
ახლა ვზივარ და გაწბილებულს ვგავარ მარჩიელს
და საკუთარ თავს სიბერეზე ვესაუბრები.
ჩემთვის ბუნებამ ბევრი რამე არ გაიმეტა,
(ამ სიმკაცრეში კიდევ ვისი ხელი ერია!.)
ღრუბლების გარდა თუ ზეცაში არაფერია,
რა გვეშველება დარჩენილებს მიწის იმედად!

აუ, ვინაა დამნაშავე, მე რომ ვბერდები!..

ჩვენ მუდამ ვეძებთ დამნაშავეს. „ვისი ბრალია?“ -
ეს ერთი კითხვა დღენიადაგ პირში გაგვჩრია.
მართლაც ხანდახან სულს გვართმევენ, სხეულს გვაჭრიან,
მაგრამ სიმართლის დასადგენად არა გვცალია.
დღეები, როგორც წაკითხული წიგნის გვერდები,
აჭრელებული შენიშვნებით, მინაწერებით,
იფურცლებიან, ზუზუნებენ, როგორც მწერები ...
აუ, ვინაა დამნაშავე, მე რომ ვბერდები!

შენთვის მთავარი აღმოჩნდება, რაც იყო, იგი...

დადგება დრო და დაერქმევა ყველაფერს: „იყო!..“
მზე ზენიტიდან დაეშვება დაღმა და დაღმა.
არ შეგაშინოს სევდიანი მომღერლის დაღმა,
სანამ სუნთქავ და გულისსწორთან სიამეს იყოფ!
იგრძენი თავი ბედნიერად და კმაყოფილად,
და როცა შენი გარდუვალი მოაწევს რიგი,
ნახავ, მთავარი აღმოჩნდება, რაც იყო, იგი
და მხოლოდ ნაღველს გაგიმრავლებს, რაც არ ყოფილა!

და ჩვენ ორივე ერთნაირად ვეკუთვნით ტიბეტს...

შენ აქ არ ხარ და ვერც იქნები, თუმცა ძალიან
მინდა აქ იყო, სადაც მთები ზეცას ზვერავენ,
სადაც ვერასდროს ვერ წამართმევს შენს თავს ვერავინ
და სიხარული სიყვარულის ტყუპისცალია.
მე შენი ციცქნა ბარათებით სავსე მაქვს ჯიბე,
რომლებსაც წყენის მცირე ჩრდილიც არ გავაკარე.
შენ აქ არა ხარ, მაგრამ შენი სული აქ არი
და ჩვენ ორივე ერთნაირად ვეკუთვნით ტიბეტს.

ო, იქნებ სხვებმა პასუხები უკეთ იციან!...

ჯერ არ ჩავდივარ, თუმცა ნივთებს მაინც ვალაგებ,
ვიცი, განსაცდელს ვერასოდეს მზად ვერ შეხვდები.
არ მიყვარს, როცა წვრილმანების გამო ვფერხდები
და ამიტომაც მუდამ მზად მაქვს ჩემი ალაგე.
ყველა კითხვაზე ჯერ პასუხი არ გამიცია,
არადა ჩემს თავს მე ისინი დავუსვი თავად.
ყველა მათგანზე სათითაოდ გრძელდება დავა.
ო, იქნებ სხვებმა პასუხები უკეთ იციან!

მეო, შენ სად ხარ, მეშინია, ვაითუ ამცდე!..

მე სულ მინდოდა გამერკვია, რა ვარ და ვინ ვარ,
ჩემი ადგილი ცისქვეშეთში თუ არის სადმე.
შინაარსს, ფორმას თუ ვუპოვი საკუთარ სათქმელს,
თუ შევძლებ ჰიმნად ავაჟღერო უმწეო გმინვა!
მრავალი წელი უშედეგოდ ვუძღვენი ამ ცდებს,
გნებავთ, დამცინეთ, მაინც ვიტყვი: გრძელდება კვლევა...
ჩემი ადგილი არის ზუსტად იქ, სადაც მე ვარ,
მეო, შენ სად ხარ, მეშინია, ვაითუ ამცდე!

ლაუდაციო, მეგობრებო, ლაუდაციო!..1

მოდით, მეც ვიხმარ უცხო სიტყვას: „ლაუდაციო!“
და მას გულწრფელი მოწიწებით მივუძღვნი ყველას,
ვინც ჩემი ქვეყნის ცისკდურზე ვარსკვლავად ელავს,
ვიზეც ამბობენ ცისქვეშეთში: აი, კაციო!
ქებაც უნდა თქვა, სადღეგრძელოც უნდა აწიო,
მისი, ვინც იგი ჭეშმარიტად დაიმსახურა,
უპყრია კვერთხი და გვირგვინი თავზე ახურავს,
ლაუდაციო, მეგობრებო, ლაუდაციო!

________________

1. ლაუდაციო (იტალ.) - პანეგირიკი

მე ცადაწვდილი გიგანტების მემკვიდრე ვარ და...

არ მინდა სიბრძნე დავიბრალო... ჩემ ქვეყანაში
იმდენი სიბრძნე დაფრქვეულა, ვეღარ აწონი,
მაგრამ მათ შორის მეც მაქვს მცირე თავმოსაწონი,
როგორც ლითონის დადნობისას კოქსს და ქვანახშირს.
მე ცადაწვდილი გიგანტების მემკვიდრე ვარ და
გულწრფელად გეტყვით, მათ ჩრდილებქვეშ დაჭკნობა არ მსურს...
როცა ეს წუთიც შეერწყმება სამყაროს წარსულს,
მაშინ ბევრ რამეს აეხდება ისედაც ფარდა.

ის, რაც კონფუციმ არ იცის და არ იცის ბუდამ...

რასაც არ უნდა ვაკეთებდე: ვწერდე, ვხატავდე,
ან სულაც ცაში მიმობნეულ ვარსკვლავებს ვთვლიდე,
შენზე ოცნებით მოვლილი მაქვს სამყაროს კიდე,
გულს ვეუბნები: სიყვარულით უნდა გათავდე.
ჟამი ჩემ ლტოლვას, მადლობა ღმერთს, ვერ მოერია,
მასთან საომრად შემართული ვიყავი მუდამ.
ის, რაც კონფუციმ არ იცის და არ იცის ბუდამ,
აქ წაიკითხე: ჩვენი ტრფობის წიგნში წერია.

მე მკერდში ყველა მეგობრისთვის მიდუღს ბადაგი...

მე მახსოვს ყველა, სიავის ჟამს ვინც გვერდით მყავდა
ან ჩემი გულის აღტაცება გულთან მიჰქონდა.
და ახლა, როცა მიჯრით ვაწყობ სტრიქონს სტრიქონთან,
ვრწმუნდები ისევ - მართალი ვარ საკუთარ თავთან.
ვერ ვიქნებოდი მე უმათოდ ის, ვინც დღესა ვარ,
უვერცხლ-უგანძო, მაგრამ სულით არც თუ ღატაკი.
მე მკერდში ყველა მეგობრისთვის მიდუღს ბადაგი,
ყველა მათგანი მყავს ნუგეშად და საესავად.

ის დროა, როცა საყოყმანოდ წუთიც არ რჩება...

ვიქცევი, როგორც საჭიროა, როგორც შემფერის,
წერაშიც ვცდილობ, არ მივბაძო მავანს და მავანს,
არ ველოდები ცხოვრებისგან უვადო ავანსს,
ისედაც უკვე მომდგომია კარს სექტემბერი.
ის დროა, როცა საყოყმანოდ წუთიც არ რჩება,
და ისტორია იწერება „ჰოთი“, „არათი“
რომ დაგიტოვოთ გავსებული ხსოვნის ბარათი,
ვით ცხოვრებისთვის ჩემი ბოლო გამოსარჩლება!

იხარე ჭერო! გყავს ჭარმაგი ახალმოსახლე!..

მე სიბერეში ძლივს შევძელი სახლის აგება,
რომ ეთქვა ჩემზე ვინმე გამვლელს - მისი სახლია!
გარდასულ ჟამზე ადრე ასე არ მინაღვლია,
ახლა კი ვნაღვლობ, გული მეწვის და მედაგება!
რა საოცარი შეგრძნებაა: ხელი დროს ახლე!
შენ უკვე მასთან ჭეშმარიტად ხარ წილნაყარი.
უსტვენს ჩიტუნა და მე ვამბობ: მის პირს შაქარი!
იხარე ჭერო! გყავს ჭარმაგი ახალმოსახლე!

და ვხედავ ყინვის ყავარჯნებით მომავალ ზამთარს!..

აქ ისევ წვიმს და გადაღებას აღარ აპირებს.
ლამის ერთბაშად ჩამოიქცეს მთათა ქანები.
მეც ნიაღვარში თითქოს დაბლა მივექანები,
რომ სადმე ჯიქურ მიველეწო ველურ ნაპირებს.
რაც ახლა ხდება - სურათია მღელვარე ჟამთა:
ჭექა-ქუხილი, მეხი, თავსხმა, ტალღების ზათქი.
ვებღაუჭები ბედის მიერ მოზომილ ადგილს
და ვხედავ ყინვის ყავარჯნებით მომავალ ზამთარს!

ვერ ვეგუები, ვერ ვიჯერებ, რომ მეც ვბერდები...

უფრო და უფრო ცოტა რჩება, (არც დარჩა, მგონი)
ვისაც ვახსოვარ, მოტანტალე სოფლის შუკებში.
დროს გაჰყოლია სიყმაწვილის ყველა ნუგეში
და დავიწყების მდინარეში აღარ ჩანს ფონი.
ვერ ვეგუები, ვერ ვიჯერებ, რომ მეც ვბერდები,
როგორც ოდესღაც პაპაჩემი, ბრძენი, კეთილი,
და ვარ სენაკში ტუსაღივით გამოკეტილი,
და ვხდები ბერი, სხვანაირად რომ ვთქვათ, ვბერდები.

და მე ვკითხულობ: „კიდევ რამდენს, გუგულო, ნეტავ?“

მე შევეჩვიე ბილიკებზე უხმოდ ხეტიალს,
ვსწავლობ ბალახებს, მოშრიალე ხეებს და ბუჩქებს.
რომლებსაც მწვანე ენერგია ძარღვებში უჩქეფს
და ვხარობ მათით, როგორც ვინმე შარახვეტია.
მე აქ ყველაფერს სხვანაირად განვიცდი, ვხედავ,
თითქოს თვითონაც ნაწილი ვარ ფაუნის, ფლორის.
მესმის გუგულის ნაცნობი ხმა - ახლო და შორი
და მე ვკითხულობ: „კიდევ რამდენს, გუგულო, ნეტავ?“

მე მეტირება, როცა თითქოს ვხარობ და ვმღერი...

მე ბევრ რამეზე ამიცრუვდა გული და ვნანობ,
რომ მზის ამოსვლა ძველებურად არ მიხარია.
ჩემი ერთგული მეგობრები სხვაგან არიან
და არც თქვენა ხართ ახლომახლო, დანო და ძმანო!
ვინ დაიბრუნა ერთხელ უკვე დაკარგული და
ვინ ამოავსო უფსკრულეთის უძირო ფსკერი.
მე მეტირება, როცა თითქოს ვხარობ და ვმღერი
და უხილავი სისხლი დამდის გულის გულიდან.

მეტი რა გითხრათ, ვარ შეძრული და მონუსხული...

მზე ჩადის, ტყეში სურნელია თაფლის და წიწვის,
კიდევ ერთი დღე გაილია, არ ვიცი, რაში.
ცაზე მიგელავს თეთრი ღრუბლის ზღაპრული რაში.
ფეხქვეშ ფოთლების უნაზესი კოცონი იწვის.
ო, ეს მუსიკა, ეს ბგერები სადაურია,
თითქოს გამრთელდა გაწოლილი სულში უფსკრული.
მეტი რა გითხრათ, ვარ შეძრული და მონუსხული
და ბუნებასთან საბოლოოდ შერწყმა მწყურია.

მხოლოდ თქვენ იცით ორადორმა: კაცმა და ქალმა...

არის ამ ქვეყნად ორი რამე: ქალი და კაცი.
სხვა დანარჩენი მათ გარშემო ტრიალებს მხოლოდ.
არ დაგავიწყდეთ, თქვენ ქმნით ამინდს ქმარო და ცოლო,
თქვენით ვსულდგმულობთ, თქვენით ვთბებით, გვათოვს და გვაწვიმს.
ერთობა თქვენი მე ვამსგავსე თვითნაბად ალმასს,
ყოფის არსია, რაც ლოგინში თქვენ შორის ხდება.
ხორცს როგორ ისხამს უმაღლესი ბუნების ნება,
მხოლოდ თქვენ იცით ორადორმა: კაცმა და ქალმა!

აღზევებულა პირფერობა, ღალატი, მტრობა...

მე აქ მარტო ვარ, იქ ერთმანეთს აქებენ სხვები.
აქ ჩემ წილ ჭაპანს ვეზიდები, მე ასე მინდა.
სულ მალე, ალბათ, ცოტა რამე დაგვრჩება წმინდა,
მაგრამ არავის არ ადარდებს, რაზედაც ვყვები.
აღზევებულა პირფერობა, ღალატი, მტრობა,
ისეთი დროა, კაცი კაცს რომ ვეღარ ენდობა.
და აღარც ვიცი, ვის ვემთხვიო, ვთხოვო შენდობა,
რომ ერთ აგურსაც ვერ ვამატებ მსოფლიოს მყოფადს.

სხვებზე რაღა ვთქვა, როცა დღემდე ვერ ვხვდები თავად...

ჩვენ რომ ვიცოდეთ, რისთვის გავჩნდით ან რა გვწადია,
რაღა გვიჭირდა, მაგრამ საქმეც ის არის სწორედ,
საითკენ მიდის ჩვენი ყოფის მდინარე მდორე,
ვერ გაგვიგია, ხოლო წლები ფუჭად გადიან.
სხვებზე რაღა ვთქვა, როცა დღემდე ვერ ვხვდები თავად,
საიდან მოველ, რას ვაკეთებ, ვინმეს ვჭირდები?..
სიცოცხლის ხეზე ყვავილებად იქცნენ კვირტები,
მაგრამ აქამდე არ მთავრდება ნაყოფზე დავა.

მარტოსერობას სევდიანი ახლავს აქცენტი...

წუხელ დღე მქონდა დაბადების... ვის გავახსენდი?
ვინ მითხრა სიტყვა მოსალოცი ორიოდ ღერი!..
მე ჩემ სენაკში მარტო ვტირი და მარტო ვმღერი,
მარტოსერობას სევდიანი ახლავს აქცენტი.
მილიარდ კაცში ჩემი თავი ვის დაკარგვია,
მერე რა, თუკი დაღლილ სახეს წლები ღარავენ!
ასაკთან ერთად შევიმშვენე სიჭაღარავე
და ნუგეშს ვიცემ, რომ ბებერი ჯერაც არ მქვია.

წუხელ მესიზმრა: ჩემს წარსულზე ტიროდა ლი ბო...

ერთხელ, ცხადია, ჩვენ წავალთ და მოვლენ ახლები,
ქვეყნის შენებას დაიწყებენ ისევ თავიდან.
მოაბრუნებენ მდინარეებს შესართავიდან
და ჩვენს აგებულს დაანგრევენ ქარის თანხლებით.
ვნანობ და მტკივა, მეც ვყოფილვარ მნგრეველთა შორის,
რადგან მეგონა, თვითონა ვარ სამყაროს ლიბო...
წუხელ მესიზმრა: ჩემს წარსულზე ტიროდა ლი ბო,
გადამდიოდა თავზე მისი ცრემლების თქორი.

ახლა იქა ვარ, სადაც კაცი ნაკლებად სახლობს...

როცა ვიგრძენი: ამოვწურე თმენის მარაგი
და ძველებურად ყოფნას უკვე აზრი არა აქვს,
მივხვდი, ეს დიდი ცისქვეშეთი რომ პატარაა
და უსათუოდ აქ არაა ღვთის აგარაკი.
ახლა იქა ვარ, სადაც კაცი ნაკლებად სახლობს,
ცოდვად ითვლება მოყვასისთვის სარმის დადება
და სანამ ღამის ქაოსიდან მზე იბადება,
თითქოს მივდივარ სიმართლესთან ყველაზე ახლოს.

ბარემ ავდგე და გავაგრძელო შიმშილთან ზავი…

წასვლა მინდა და აღარ ვიცი, ღირს თუ არა ღირს!
ვის შევეკედლო, სად ვიპოვო თავშესაფარი!
დიდი ხანია, რაც გასცვივდა ჩემ ცხენს ფაფარი,
და სიტყვის გარდა აღარ შემრჩა სხვა იარაღი.
აშკარად ვხედავ, სხვათა დროა, სხვათა ჟამია,
ყველგან ზედმეტად მეჩვენება საწყალი თავი.
ბარემ ავდგე და დავარღვიო შიმშილთან ზავი,
კვირაა, ბრინჯის მარცვალიც კი არ მიჭამია!

მე ვეღარ ვნახე თუ მსგავსი რამ არ არის არსად!

არ გამიმართლა... ვეღარ ვნახე ქვეყნები, სადაც
სუფევს მშვიდობა... არ იციან ღვარძლი და შური,
ზეობს სიკეთე, ყინულს ალღობს სალამი ძმური
და პატივს სცემენ მამა-პაპის წესსა და ადათს.
ვერ ვნახე ხალხი, სადაც მოყვასს სიცოცხლის ფასად
ეფარებიან... გულით საღვთო სიტყვები დააქვთ,
სადაც სუყველა ერთმანეთის ძმაა და დაა...
მე ვეღარ ვნახე თუ მსგავსი რამ არ არის არსად!

რას ვიფიქრებდი, რომ სიყვარულს ასი კარი აქვს...

სხვა რომ გიყვარდა, სხვის ლოდინში როდესაც თრთოდი,
და ღამეები ილეოდა ვნებათა წვაში,
მე ყინვის ცივი მოსასხამი მებურა მაშინ
და დაკარგული მქონდა წვდომის ნანატრი კოდი.
რას ვიფიქრებდი, რომ სიყვარულს ასი კარი აქვს,
მაგრამ ის, შენი, ერთადერთი, ერთხელ იღება.
და ის ზამთარი, ფიფქებით რომ თმას შეგიღებავს,
არ ჰგავს სხვა ზამთარს, ის სულ სხვაა, სხვა ზამთარია.

ჩემი მეგობრის ნაალერსალ-ნაკოცნი ქალი

ჩემი მეგობრის ნაალერსალ-ნაკოცნი ქალი,
(მეტი რომ არ ვთქვა!) უცაბედად მოვიდა ჩემთან,
და ენერგია, თითქოს დაღლილ ტანში რომ თვლემდა,
ატყორცნა ცამდე, ვით ბრიალა კოცონის ალი.
გაბრწყინდა სივრცე, აკიაფდა ნაირფერებად,
მთვრალი ვარ, თუმცა, უკაცრავად, არა ვარ მთვრალი...
ჩემი მეგობრის ნაალერსალ-ნაკოცნი ქალი
ახლა მე მკოცნის, მეხუტება და მეფერება.

რაღა მიჭირდა, ეს შეშლილის ბოდვა რომ იყოს...

წარმოვიდგინე: სხვასთან წევხარ, შენ ხარ შიშველი
და წვდომისაკენ მიდის ყველა გზა და ბილიკი.
შენ აღტაცების ზენიტში ხარ, მე კი პირიქით -
უკვე სიკვდილის კართან მისულს ვეღარ მიშველი.
რაღა მიჭირდა, ეს შეშლილის ბოდვა რომ იყოს
ან პორცელანზე გაჩენილი ოდნავი ბზარი.
ვაი, ვაი, რომ ეს ზარია, ნამდვილი ზარი,
რომლის გუგუნმაც ხვალ-ზეგ უნდა ბოლო მომიღოს!

მე მოვალ მაშინ, როცა ჩიტებს ბარტყებთან სძინავთ...

არც დაგირეკავ, აღარც მოგწერ, უეცრად მოვალ,
ერთბაშად თავზე დაგეცემი ფიფქივით ნაზად,
დასცდება ბაგეთ ერთადერთი უკვდავი ფრაზა
და მერე უხვად გაგრძელდება თოვა და თოვა.
მე მოვალ მაშინ, როცა ჩიტებს ბარტყებთან სძინავთ
და ბამბუკებში დაქანცული სტვენენ ქარები.
უკვე მოვდივარ, უკვე შენკენ მოვეჩქარები.
დამხვდები ისე, როგორც მაშინ, დიდი ხნის წინათ!

ჩემო სიცოცხლევ, არ იფიქრო, რომ შარი მოგდე...

უკვე არ ვიცი, რა მინდა და ვბრაზობ ამაზე,
თანაც არ მინდა უმადურის სახელით მოვკვდე.
ჩემო სიცოცხლევ, არ იფიქრო, რომ შარი მოგდე
ან არ მიზიდავს შენი ხიბლი და სილამაზე.
არა, მე ისევ ვნების ცეცხლი მივლის ელდებად,
მაგრამ იწყება, სამწუხაროდ, სხეულის ცვეთა,
გულიდან სისხლი, თვალებიდან ცრემლები წვეთავს
და მზარავს ის დრო, ცა და მიწა რომ დაბნელდება.

არც ინტრიგები, არც ფანდები, არც ჩაწყობები!..

ხელმწიფის კარზე დიდხანს ყოფნამ დაღი დამასვა,
მაცხოვრა ისე, არასდროს რომ არ მიფიქრია.
და ახლა, როცა წლები იმ კარს მიღმა მიჰქრიან,
სხვაგვარად მოჩანს გასავლელი წლების თამასა.
არც ინტრიგები, არც ფანდები, არც ჩაწყობები!
თურმე ასედაც შეიძლება, ასედაც ხდება!
ჩემი ფარული მოკარნახის სრულდება ნება
და ოქროს ციხეს სამუდამოდ ვემშვიდობები.

ვწერ წიგნებს, ერზე ვლოცულობ და ძალმიძს მეტი რა!

მე მახსოვს, როცა ლექსიკონში გაქრა „უარი“
დრო იყო მხოლოდ „ჰოს“ მთქმელის და მხოლოდ მოტაშის.
ჩემნაირები აღარ იყვნენ უკვე მოდაში,
და მე ვფიქრობდი: ცისქვეშეთი ნუთუ ყრუ არი!
ვისთან გამეყო მწარე დარდი, ვისთან მეტირა,
წვიმას ვითხოვდი გვალვაში და მზე მძვინვარებდა.
ბოლოს აღმოვჩნდი ჩემი ნატვრის ღია კარებთან,
ვწერ წიგნებს, ერზე ვლოცულობ და ძალმიძს მეტი რა!

თავისუფლება არჩევანის არის უფლება...

ჩიტებს საკენკი დავუყარე და ჩაის ვისხამ,
დათოვლილ ქედზე მზემ სხივები დადრიკა რკალად.
ჩემში იღვიძებს მითვლემილი ბუნების ძალა,
დილაადრიან, უთენია, რიჟრაჟზე, სისხამ!
ასეთ დროს გინდა დედამიწა სულში ჩაისვა,
სიცოცხლის ჟინი გათრობს, გბანგავს და გეუფლება...
თავისუფლება არჩევანის არის უფლება,
გინდა! - ჩიტების ჭიკჭიკს უსმენ. გინდა? - ჩაის სვამ!

მზისა და მთვარის შესართავი ჩემი სახლია...

მზისა და მთვარის შესართავთან იწყება ღამე,
ჭრელი სიზმრებით, ლეგენდებით, სიყრმის ზღაპრებით.
სანამ რიჟრაჟი მოაწევდეს, დავიზაფრები,
თითქოს სახლდება და ბობოქრობს სხეულში სხვა „მე!“
ღამეს, ხილვათა სანატრელ და მსუყე დახლიანს,
წინ ულაგია მოლანდება სხვადასხვაგვარი
და სანამ ცასთან ჩემი სული საქმეს აგვარებს,
მზისა და მთვარის შესართავი ჩემი სახლია.

ჩემგან ფარულად ჩართულია მკაცრი საათი...

კი მინდა ძლიერ, მაგრამ ახლა რა დროს ეგ არი, -
კოცონთან ჯდომა მეგობრებთან და მასლაათი!
ჩემგან ფარულად ჩართულია მკაცრი საათი
და უწყვეტ წიკწიკს დრო მიჰყვება დაუდეგარი.
დიდი ხანია, უმოწყალოდ ვართ გაფანტული,
საწუთრომ მართლაც რა არ გვიქნა, სად არ გვატარა...
თითქოს ცხოვრებას ახლა ვიწყებ, მე ვარ პატარა
და ფაფუკ თოვლში იძირება ჩემი ბანდული.

შემოეჩვია ჩემ სამყოფლოს ჭრიჭინობელი...

შემოეჩვია ჩემ სამყოფლოს ჭრიჭინობელი
და ყოველ ღამით მთის და ბარის ამბებს მიყვება.
ვინ ვის ქომაგობს, ვინ ვის ეტრფის, ვინ ვის მიყვება,
ვინ მკრეხელია - კაცისა და უფლის მგმობელი.
ვერ მოვახერხე მისთვის კარგად თვალის შევლება,
სულ სადღაც დახტის, არ ჩერდება, ერთ ამბავშია.
ის თითქოს ჩემი ერთადერთი ცელქი ბავშვია
და რომ რაიმე მოუვიდეს, რა მეშველება!

მე სულ მიყვარხარ, სულ მიყვარხარ და მეყვარები...

დაგავიწყდები, აქამდისაც გახსოვარ თუკი,
ბინდი დაფარავს ჩემს მწუხარე პროფილს და ანფასს.
და როგორც როსმე ლერწმის ქოხში ციმციმა ლამფა,
ჩაქრება ჩვენი სიყვარულის დაღლილი შუქი.
ჩემ ბალიშს ცრემლი უნებურად ბევრჯერ მიღვარდა
და, ალბათ, კვლავაც დამდინდება ცრემლის ღვარები.
მე სულ მიყვარხარ, სულ მიყვარხარ და მეყვარები
და არასოდეს, არასოდეს ვიტყვი: „მიყვარდა!“

როცა სულ წავალ, მაშინ ყანჩად განვმეორდები...

გალავანს იქით ჭაობიდან აფრინდა ყანჩა,
მე ვიხიბლები, როცა იგი ნატიფად ფრთებს შლის.
წარმოვიდგინე, თორემ წეროს რა უნდა მთებში,
სადაც თოვლია და ნისლებში ხეებიც არ ჩანს.
სულ ამაოა, წარსულს შენსას ვერ მოშორდები,
სხეულით აქ ვარ, მაგრამ ჩემი სული დარჩა შინ.
დღეს გავიფიქრე, იგი თითქოს სახლობს ყანჩაში,
როცა სულ წავალ, მაშინ ყანჩად განვმეორდები.

მე ვინც მინდოდა, იგი მაინც ვერ გავხდი, მგონი...

მე ახლა არსად არ დავდივარ, არც ვინმეს ვხვდები,
მოვწყდი სამყაროს, ხმაგაუმტარ ნაჭუჭში ვზივარ.
ზოგჯერ არც ვიცი ზუსტად რას ვგრძნობ: მცივა თუ მტკივა,
რას მპირდებიან გაცრეცილი წიგნების ყდები!
ვწერ რაც მაწუხებს, გულახდილად, დაუფარავად,
მივარღვევ მორევს, უარვჰყავი ხიდი თუ ფონი...
მე ვინც მინდოდა, იგი მაინც ვერ გავხდი, მგონი,
თუმცა აქამდე ვინც ვიყავი, ისიც არა ვარ!

სიმშვიდის კოშკის უხილავი ვარ ბინადარი...

„კარგზე იფიქრე...“ - ბრძენკაცურად მოგცემენ რჩევას,
თავად ქუფრი და ამაზრზენი ფიქრების ტყვენი.
სინამდვილეში ვის რად უნდა განცდები თქვენი,
როცა თვითონაც ვერ უძლებენ სამყაროს რყევას.
მე მართლა ვფიქრობ კარგზე, მაგრამ კარგი სად არი,
სადაა მისი ჭეშმარიტი ფუძე და ძირი,
მაშინაც როცა გულდამწვარი ვზივარ და ვტირი,
სიმშვიდის კოშკის უხილავი ვარ ბინადარი.

ვარ უკვდავების გუნებაზე დილაადრიან...

მე არც რაიმეს ვამტკიცებ და აღარც უარვჰყოფ,
ჩემი საქმეა დაეჭვება და დაფიქრება
და როცა ტვინში შთაგონების ცეცხლი მიქრება,
ვარ საცოდავი, როგორც ქუჩის ლოთი უარყო.
ჩემმა გიჟურმა ახირებამ სად არ მათრია,
მაგრამ დასრულდა ყიალი და აქ ვარ ამჯერად.
მე ვიცი, ერთხელ დავსრულდები, მაგრამ არ მჯერა,
ვარ უკვდავების გუნებაზე დილაადრიან.

თურმე ყველაფერს მხოლოდ შენი სახელი ჰქვია...

თურმე ყველაფერს მხოლოდ შენი სახელი ჰქვია,
თანდათანობით მე დავრწმუნდი უკვე ამაში.
სხვა დანარჩენი წარმოსახვის არის თამაში
და შეუმჩნევლად წაიშლება ადრე თუ გვიან.
ტირილი, დარდი, სიხარული, თვალის გახელა,
მწვერვალზე ასვლა, მზის დანახვა, გაფრენა ორბად,
გაშლილი კვირტი, მწვანე ვარჯი, ყვავილი ქორფა,
ეს სულ შენა ხარ და „შენ“ ჰქვია ყველას სახელად.

„იყო, იცხოვრა, წავიდა და არ დაბრუნდება!“

ერთხელ მორჩება ყველაფერი - კარგიც, ავიც და
დაიხურება ჩემი ყოფის პატარა წიგნი.
ვის რაში უნდა, რა ამბები წერია შიგნით,
ისინი უკვე სხვებს კი არა, მეც დამავიწყდა.
მიეშლებიან წლები კლდეებს თოვლის გუნდებად,
(წინ დაღმართია, ჭიუხია და ქარაფია...)
და ჩემ საფლავზე დაიდება ეპიტაფია:
„იყო, იცხოვრა, წავიდა და არ დაბრუნდება!“

დასრულდა ჩემი ევროპა და ჩემი აზია...

დასრულდა ჩემი ევროპა და ჩემი აზია,
გზაგზა წანწალი, ოტელებში ღამეთა თევა.
მე დავიძინებ, როცა ღამე ღრუბლებში შევა,
გამითბობს სხეულს ხან თივთიკი, ხან ბამბაზია!
ცხოვრება თითქოს ციცაბოზე სიარულს ჰგავდა,
და მე ვიყავი ციცქნა მწერი, კლდეზე მცოცავი.
მიკვირს კიდევაც, რომ მაქვს ჭერი და სალოცავი
და შემიძლია გავუმკლავდე ჯერ კიდევ ავდარს.

აუღელვებლად ვაკვირდები ცვალებას დროთა...

თენდება მთაში და მე ისევ ვიჭერ თადარიგს,
დღე ძველებურად კითხვასა და წერაში გავა.
მწვერვალზე ნისლი მოჩანს, როგორც ტაიჭის გავა,
ირგვლივ ყველა ხეს მგალობელი ჰყავს ბინადარი.
აუღელვებლად ვაკვირდები ცვალებას დროთა.
რომც მოვინდომო, შევცვლი რამეს განრიგში ზეცის?..
შორეთში მზერით დაქანცული თვალები მეწვის,
თითქოს ავსებდეს ფიქრის კვამლი ჩემს ციცქნა ოთახს.

რა იქნებოდა, ჩემ გულისსწორს მაშინ ვენახე...

როცა მიყვარდა, ის დრო იყო ყველაზე კარგი,
მზე მაცხუნებდა, მე კი ვსხლავდი უფლის ვენახებს.
რა იქნებოდა, ჩემ გულისსწორს მაშინ ვენახე,
და სწორედ ჩემგან გამოეჭრა ოცნების თარგი!
მაინც მადლობა, თავდახრა და თაყვანი დიდი,
განა ცოტაა, რომ მეგონა: „რაცა ვარ, მე ვარ!..“
ეს მერე იყო, რომ დაიწყო კერპების მსხვრევა
და სამუდამოდ წარსულს გაჰყვა ცხოვრება მშვიდი.

იცის ნამდვილად, უცილობლად ეს იცის ბერმა!..

„ბერმა რა იცის!“ - შეიძლება ეგონოს მავანს,
და, მართლაც, ბერმა ბევრი რამე არ იცის ნაღდად.
ვიღაცის ავი ჩანაფიქრი, ვთქვათ, რატომ ახდა
ან ბევრი შურმა ასე უღვთოდ რად დააბრმავა?
როდესაც ხალხი ხდება დიდი ცხოველთა ფერმა
და კაცი უკვე კაცს არა ჰგავს, სახე - დრუნჩია.
აი, მაშინ კი, ვინ მეტყველი და ვინ მუნჯია,
იცის ნამდვილად, უცილობლად ეს იცის ბერმა!

თუმცა, ვინ იცის, იქნებ ვჩქარობ, იქნებ ადრეა!..

მე სევდის ბევრი უებარი წამალი ვიცი,
მაგრამ საკუთარ თავს ვერაფრით ვერ ვუაქიმე.
ვდგავარ წყვდიადის კარებთან და ვტოვებ აქ იმედს
და ერთდროულად ვეთხოვები ძილსა და ღვიძილს.
რაც არ მშვენოდა, არასოდეს არ მიკადრია,
თანაც ყოველთვის მოვახერხე თავის დაღწევა
განსაცდელისგან... მალე დავწერ: „ახლა აქ ვწევარ!..“
თუმცა, ვინ იცის, იქნებ ვჩქარობ, იქნებ ადრეა!

სულაც არ მიჭირს სიყვარულის წმინდად შენახვა!..

ვიცხოვრე შენით, თუმც ადვილი არ იყო სულაც
წუხილის, დარდის, სიხარულის და აღტაცების
ერთად ატანა... მაგრამ სხვა ვართ მამაკაცები
და თვითონ ვირჩევთ, თვითონ ვხატავთ სასურველ სურათს.
და მეც დავხატე... იმ ნახატის ჩარჩო შენა ხარ,
რომლის ვარაყშიც საუკუნოდ ვარ მოქცეული.
და სანამ კავშირს ინარჩუნებს სულთან სხეული
სულაც არ მიჭირს სიყვარულის წმინდად შენახვა!

ვიცი სიმღერის დასაწყისი, არ ვიცი ბოლო...

რაც მე მინდოდა, უკვე მოხდა ან ახლა ხდება,
ეს მე ვარ ბედის ნებიერა, ვინმე თუ არი!
უცებ თანხმობად გადაიქცა ყველა უარი,
აიშვა ვნებამ, სხეულში რომ ფარულად ება.
მე ჩემი თავი გამოვძერწე ჩემივე ხელით,
თუ ვინმეს ვგავარ, საკუთარ თავს მხოლოდ და მხოლოდ.
ვიცი სიმღერის დასაწყისი, არ ვიცი ბოლო,
როგორც არ ვიცი ანკეტაში დასკვნითი წელი!

აქვს დედამიწას სახე ჩემი სოფლის, ქალაქის...

აქვს დედამიწას სახე ჩემი სოფლის, ქალაქის
და ამიტომაც მიყვარს იგი - ეს დედამიწა!
ყოველ ნაბიჯზე აქ სასწაულს ვხედავ წამისწამ,
იგია ჩემი სახლიცა და ძვალშესალაგიც.
ეს დედამიწა ვეღარც ქირით, ვეღარც იჯარით
ხელიდან ხელში არ გადადის (ვეღარც გადავა!..)
ვარ მისი მცველი, მეციხოვნე... და სულ მზადა ვარ
დავამახსოვრო ჩემი ყველა ნანაბიჯარი.

ყველა ცოდვისგან ჩვილ ყრმასავით ვარ განწმენდილი...

ფრენაც ვისწავლე, მაგრამ უფრთოდ, საკუთარ ცაში,
წამიც და ჩემი გალაქტიკის ვხდები სტუმარი.
მთვარე წაიცხობს ცივ ლოყებზე ფერს და უმარილს
და კოსმოსს შესძრავს ვარსკვლავების შლეგური ტაში.
რა კარგად მოჩანს ჩემი მიწის ყველა წერტილი
იქიდან, სადაც არ დაუდგამს ფეხი არავის.
და სანამ ძილს არ წაუშლია სიზმრის კარავი,
ყველა ცოდვისგან ჩვილ ყრმასავით ვარ განწმენდილი.

იფურცლებიან განუწყვეტლივ წლები-წიგნები...

დღე შენზე ფიქრით დავაღამე... დღე წიგნი იყო,
რომლის გვერდებზეც ია-იებს დაედოთ ბინა.
შენ ახლა, ალბათ, იმ პატარა ოთახში გძინავს,
სადაც უჩემოდ სიმარტოვეს სიზმრებთან იყოფ.
არ მოგიყვები, მეც დარდებმა როგორ დამბუგეს,
ხვდები ისედაც, ამ შორეთში როგორ ვიქნები.
იფურცლებიან განუწყვეტლივ წლები-წიგნები,
და წელში ტეხენ ქარიშხლები ნატვრის ბამბუკებს.

„ბედნიერი ხარ?“ - თუ მკითხავენ, მივუგებ: „დიახ!“

ვის ვგავარ? ვინ მგავს? - მე არ ვიცი და რომც ვიცოდე,
რა ხეირს ვნახავ, რას მოვიგებ, ნეტავი, ამით?
მთავრდება ჩემთვის მოზომილი სივრცე და ჟამი
და ციცაბოზე ხელს არავინ გამომიწოდებს.
მე მოვითავე ჩემი კალო, ჩემი სათიბი,
და ახლა ტექსტებს დავკანკალებ ღამეთა წიაღ.
„ბედნიერი ხარ?“ - თუ მკითხავენ, მივუგებ: „დიახ!“
და ვალმოხდილი შორი გზისთვის გავემზადები.

მე რომ „იქ“ ვიყო, ვინატრებდი „აქ“ ყოფნას, ალბათ!

„მე რომ იქ ვიყო!..“ - გამიელვებს ხანდახან თავში,
თუმცა არ ვიცი, „იქ“ რომ ვიყო, რას გავაკეთებ.
მომწვდება შორით: „ორპირია, კარი დაკეტე!“
მეც ქვიშის კოშკებს სულის ერთი შებერვით წავშლი!
რამდენი ნატვრა უმწეობის ჭაობში დალპა,
რამდენი კიდევ მკვდრადშობილი იყო თავიდან!
მიზნის ძებნაში უკეთესი წლები გავიდა,
მე რომ „იქ“ ვიყო, ვინატრებდი „აქ“ ყოფნას, ალბათ!

მას არ ექნება, არ ექნება არასდროს ბოლო...

ვერ ვთქვი უარი: რაც ჩემია, დარჩება ჩემად.
თუ არ იცოდი, ახლა გეტყვი: შენა ხარ ჩემი
სურვილის დიდი მთაგრეხილი, კაშკაშა თხემი,
ყველაზე ტკბილი სასუსნავი, რაც მიგემია.
ვერ ვამბობ უარს, ყველაფერზე უარის მთქმელი,
შენს სიყვარულზე... რაც არსებობს, გაქრება, მხოლოდ
მას არ ექნება, არ ექნება არასდროს ბოლო,
და არ ერქმევა, არ ერქმევა არასდროს - „ძველი!“

გემუდარები, არ წახვიდე იქითკენ, არა!

ვიყავი ჩუმი წინამძღოლი თვალხილულ ბრმათა,
დღეს უჩემობას მწარედ ტირის ყველა მათგანი,
როგორც ცხვრის ფარას მოწყვეტილი თოთო ბატკანი,
ბრმებიც ცხვრებია, წინამძღოლი სჭირდებათ მათაც.
მე კი არა ვარ... მე გავთავდი... ო, ჩემო ფარავ,
უმწყემსოდ საით, რომელ მხარეს მიეხეტები.
არ მოიხიბლო უფსკრულების მაცდურ ხედებით,
გემუდარები, არ წახვიდე იქითკენ, არა!

მე დავიღალე... არაფერი არ მიხარია...

მე დავიღალე... არაფერი არ მიხარია,
ამაოებამ ჩამითრია ფსკერის ფსკერამდე.
დედავ, ჩემ გამო ახლა ძაძებს უნდა კერავდე,
კლდეს რომ მოანგრევს, შეღამების შავი ხარია!
სულ მალე მოთოვს... უსაშველო იქნება თოვა,
იეროგლიფებს, ფიფქები რომ მოქსოვენ ცაში,
ამოაცილებს ხეობიდან ქარების ტაში
და შენი სუნთქვა მათთან ერთად შენ შვილთან მოვა.

23-24 ნოემბერი, 2023, თბილისი

9 ჩანაწერები

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

***

მენაღმეებისა და დივერსანტების მიერ აშენებულ ქვეყანაში არავის შეიძლება ჰქონდეს უსაფრთხოების გარანტია.

***

წარმომიდგენია სამოცს გადაცილებული მდიდრის სულიერი ტანჯვა. მან უკვე არ იცის რა მოუხერხოს ათასი ხრიკით ნაშოვნ უამრავ ქონებას და მისი სიცოცხლის ბოლო წლები მოწამლულია ამაზე ფიქრით. და სწორედ ამ ტანჯვის დროსაა იგი ყველაზე საშიში!

***

სასაცილოა გენერლებით სავსე ქვეყანა, რომელსაც არც ერთი ომი არ მოუგია. მით უფრო სასაცილო - ამ გენერლების მთავარსარდალი.

***

დაბადებით და ბუნებით ყველა ადამიანი ეგოისტია. დიდი შინაგანი ენერგია და ნებისყოფის მუდმივი წვრთნაა საჭირო, ჰუმანისტი რომ გახდე.

***

ცუდი არ იქნებოდა, „ბენტლის“, „როლს-როისის“, „მაიბახის“ თუ სხვა ელიტური ავტოების მგზავრებს ახსოვდეთ, რომ ბოლო ტრანსპორტი მაინც კატაფალკია.

***

გაღიმებული მკვდარი არ არსებობს. სიკვდილის სახე მუდამ ტრაგიკულია.

***

ნებისმიერი მსახიობი, მიუხედავად მისი ამპლუასი, ტრაგიკული პიროვნებაა. მასში ცოცხლობს მის მიერ სხვადასხვა დროს ნათამაშები ყველა პერსონაჟი თავისი ავ-კარგით და აფორიაქებს, მოსვენებას არ აძლევს მას. მსახიობის სიკვდილი კოლექტიური სიკვდილია, ამიტომ მისთვის ცოტაა ერთი ჩვეულებრივი საფლავი, მას მთელი ძმათა სასაფლაო სჭირდება.

***

ქალი პოლიტიკოსი იგივეა, რაც ქალი მოკრივე. არ ვიცი, ეს რით ავხსნა, მაგრამ სტატისტიკის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ამ უკანასკნელთა ანგარიშზე გაცილებით მეტი ნოკაუტია, ვიდრე მამაკაცებისა. მე არ მიმაჩნია, რომ პოლიტიკა ქალის საქმეა, მაგრამ როცა საჭირო მომენტში არ ჩანს შესაბამისი მამაკაცი, რომელსაც შეუძლია ქვეყნისთვის საბედისწერო ჟამს საკუთარ თავზე აიღოს მთელი პასუხისმგებლობა, სხვა გზა არ რჩება - ასპარეზზე უნდა გამოვიდეს ქალი, როგორც შურისგების საიდუმლო და მრისხანე იარაღი.

***

ბელადი, რომელიც საკუთარი იდეოლოგიით, საქმიანობით, მოწოდებებით ერს ხლეჩს და ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირებისკენ მიჰყავს, უნდა მოიკვეთოს!

***

სამშობლოს სამსახურისთვის ჯილდო არ უნდა არსებობდეს. სამშობლო თავადაა ყველაზე დიდი ჯილდო!

***

უკიდეგანო ბედნიერება ისეთივე საშიშია, როგორც უკიდეგანო უბედურება.

***

სიყვარულისთვის გაჩენილი ადამიანისთვის ყველაზე დიდი სასჯელი მისადმი სიძულვილია.

***

როცა ქვეყანაში დიდ-პატარა ჭორებსაა აყოლილი, როცა შური და მტრობა სჭარბობს სიკეთესა და გულმოწყალებას, იქ სამართლიანობის პოვნა ჭირს, უფრო ხშირად კი საერთოდ შეუძლებელია.

***

პრეზიდენტები მოდიან და მიდიან, ხალხი კი ზის და ტელევიზორს მისჩერებია.

***

სხვაზე დიდი აზრის რომ გახდე, არც შენ უნდა იყო პატარა.

***

მინდვრის ყვავილები სოფლის უმანკო გოგონებია, რომლებსაც სალონური დახვეწილობა აკლიათ, მაგრამ ბუნებრიობაში ორანჟერეის ვერც ერთი ვარდი ვერ შეედრება.

***

კინო ის კი არ არის, რომელსაც თქვენ სეანსის დროს ეკრანზე ხედავთ. კინო ისაა, რომელიც თქვენს ხსოვნას შემორჩება სახეებად, ხმებად, მუსიკად, პეიზაჟებად, ხედებად, ზოგად განწყობილებად. ნამდვილი რეჟისორი არასოდეს ჰყვება ჩვეულებრივ ამბავს, იგი მუდამ სულის არაჩვეულებრივ თავგადასავლებზე ესაუბრება მაყურებელს.

***

ქალაქში სული მეხუთება, სოფელში ჟანგბადის სიჭარბე მახრჩობს, მდიდრულ სახლში თავს უცხოდ ვგრძნობ, გლეხურ ქოხში ჩემი სოციალური წარმოშობის გახსენება მთრგუნავს, კარეტაში თავბრუ მეხვევა, ურემი კი, ასე მგონია, საცაა ხრამში გადამჩეხავს. ნუთუ საჩემო ადგილი ამ ცოდვილ მიწაზე აღარსად დარჩა?

***

დიდი ქვეყნის შვილობა აპრიორი ვერ გაქცევს თვითონაც დიდად, თუკი შენში არაა იგივე ღირსებები, რომლებმაც შენი ქვეყანა აქციეს დიდად.

***

ცხოვრებიდან ვერ გაიპარები. მას მხოლოდ ერთი კარი აქვს და იგი მხოლოდ მაშინ გაიღება, როცა... (მერე.არ იკითხება).

10 მე ვარ ის კაცი, საკუთარ თავს ვინც აუხირდა

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

და სიბერეშიც სიბრძნეს მმატებს ცის გაკვეთილი...

ისე წვიმს, თითქოს არასოდეს არ უწვიმია,
მიწა კი არა, სუნთქვაც, მზერაც, ფიქრიც სველდება,
თავსხმის თქიშინი განუწყვეტლად მივლის ელდებად,
მზაფრავს ბუნების ულმობელი ეს ალქიმია.
თუმცა იწვიმოს, მე ისედაც ვარ ჩაკეტილი,
ფოლიანტების წიაღიდან ჰბერავენ ქარნი.
ასკდება წვიმა სახლის ფასადს, სახურავს, კარნიზს
და სიბერეშიც სიბრძნეს მმატებს ცის გაკვეთილი.

მითქვამს და ვიტყვი: სხვის იმედად არ დარჩეთ წამით...

მიხედეთ თქვენს თავს, სხვის მოხედვას ნუ ელოდებით,
მიხედეთ თქვენს თავს, სანამ გერჩით მუხლი და მკლავი.
ღმერთმა გაშოროთ ყველა თქვენგანს დღეები ავი,
მაგრამ სიავის ჟამს არავის შეეცოდებით.
მითქვამს და ვიტყვი: სხვის იმედად არ დარჩეთ წამით,
(სხვისი იმედი გაახლოვებთ სამარის კართან),
თქვენ აღარავინ არ მოგხედავთ, სიკვდილის გარდა
და ისიც მაშინ, როცა მოვა სიკვდილის ჟამი.

არავის განვსჯი, ყველამ იცის პირადი ზადი...

ბევრს ვაპატიე: ზოგს სილაჩრე, ზოგს სითავხედე,
ზოგსაც ჩემ პირად საქმეებში ცხვირის ჩაყოფა,
მაგრამ არ ვნანობ, ღმერთმა ყველა კარგად ამყოფა, -
ეს დავწერე და თანხმობისთვის ზეცას ავხედე.
არავის განვსჯი, ყველამ იცის პირადი ზადი
და ისიც, ვისთან ორგული და ვისთან წრფელია.
ბოლოს ხომ მაინც მტყუან-მართალს ერთად გველიან
და ჩვენი არსიც იქ გახდება პირველად ცხადი.

და ჩვენს გარშემო შორეული სუნია შმორის...

არ გაგიგიათ? დუმილისთვის ცალკე ნიხრია,
თქვენ ხმას არ იღებთ, თქვენს მაგივრად ყვირიან სხვები.
მე რომ ამჟამად მიყრუებულ სენაკში ვხმები,
მხოლოდ მიტომ, რომ ქედი არსად არ დამიხრია.
რაც კი გავავლე ზღვარი სახელს და სირცხვილს შორის,
აღარ მაწუხებს, დამავიწყდა დუმილის სენი...
ჩარჩოდან მიმზერს ფიქრიანი სუნ იატსენი1
და ჩვენს გარშემო შორეული სუნია შმორის.

_________________

1. სუნ იატსენი (1866-1925) - ჩინელი რევოლუციონერი და პოლიტიკური მოღვაწე, გომინდანის პარტიის დამაარსებელი.

ვარ კმაყოფილი ძველი ყოფის ალტერნატივით...

მე არ მგონია, რომ ყველაფერს სწორად ვაფასებ
და რასაც ვამბობ, უსათუოდ მუდამ სწორია.
თუმცაღა ჩემი დანახული მწამს ისტორია
და აღბეჭდილი მაქვს კიდევაც ხსოვნის დაფაზე.
თქვენ შეგიძლიათ ჩემ ნაფიქრალს არ სცეთ პატივი,
ისევე როგორც მე არა ვცნო თქვენი ტომები.
დიდი ხანია, რაც საკუთარ თავს ვეომები, -
ვარ კმაყოფილი ძველი ყოფის ალტერნატივით.

ეს მე ვარ, მე ვარ, ბნელ შუკაში ძაღლი მყეფარე!

ზოგჯერ არც ვიცი, რისთვის ვწვალობ, რა მინდა, რა მსურს,
(ცხოვრება თითქოს დასრულდა და უკვე გაღმა ვარ).
ან ის უფსკრული რამ წარმოშვა, რამ გააღრმავა,
რომელიც აწმყოს ასე სწრაფად აშორებს წარსულს!
მე მოვწყდი ჩემ წრეს და უეცრად თვალს მივეფარე,
კიდევ ცოტაც და ბევრი, ალბათ, ვერც გამიხსენებს.
დასცდება ბაგეთ უცაბედად: „ღმერთო, მიხსენი,
ეს მე ვარ, მე ვარ, ბნელ შუკაში ძაღლი მყეფარე!“

შემაკოწიწე, შემაერთე, გემუდარები!..

ჩემ გაქრობაში სხვისი ხელი არ ურევია.
ეს გზა მე თვითონ ავირჩიე ჩემივე ნებით.
თოვლის გუნდა ვარ, მზის სხივებზე ერთბაშად ვდნები,
ჩემი ცხოვრება ოცნებების ნამუსრევია.
თითქოს არც მახსოვს სანუკვარი გემო დარების,
ავდრების წიაღს შევეხიზნე გზაარეული.
სული ცალკეა და ცალკეა ჩემი სხეული.
შემაკოწიწე, შემაერთე, გემუდარები!

ბრძენკაცს ცხადშიაც მზის მანტიით შემოსილს ვხედავ...

ჩემი კეთილი მუნჩეიჩუ სიზმარში ვნახე,
ელვარე დაისს გაჰყურებდა სევდიან მზერით
და გალავანზე ამოსული ბალახის ღერი
ნიავს უმხელდა თავდახრილად საკუთარ სახელს.
ოქროს სხივებში რას ეძებდა მოძღვარი, ნეტავ,
რა იყო მისი დაფიქრების, ჭმუნვის საგანი?..
მარად შეგირდი - მრავალთაგან მრავალთაგანი -
ბრძენკაცს ცხადშიაც მზის მანტიით შემოსილს ვხედავ.

და დავიწყების ცეცხლში მეწვის საველე ფოსტა...

თქვენ თქვენი თქვით და მე კი ვიტყვი, ცხადია, ჩემსას,
არ გაგიკვირდეთ, თუკი ჩემი თქვენსას არა ჰგავს.
და სანამ ბოლო, სულ, სულ ბოლო ზარი დარეკავს,
გონება სიტყვებს გულმოდგინედ ხედნის და მწყემსავს.
იქნებ ვერც ერთმა, (სამწუხაროდ), გაუძლოს დროს და
დასაბამიდან უშედეგოდ ვარ დამაშვრალი,
ვით წაგებული, ოტებული ჯარის მარშალი,
და დავიწყების ცეცხლში მეწვის საველე ფოსტა.

მე მავსებს ვნება, როგორც კოკას ავსებს მთის წყარო...

მე ისევ მიყვარს... სიყვარული! - აი, რა რჩება,
ჩვენგან, როდესაც საუკუნოდ ვერწყმით ყიამეთს!
სიყვარულია ბოლო შვება, ბოლო სიამე
და გაქრობის წინ თავად უფლის გამოსარჩლება.
მე მავსებს ვნება, როგორც კოკას ავსებს მთის წყარო,
თუმც გარეგნულად მშვიდად ვარ და არ ვიმჩნევ სულაც.
მე ყოველ დილით ვესალმები შენს ნათელ სურათს
და ბაგეები ჩურჩულებენ: „დაუვიწყარო!“

ცამ საამისოდ პირობითი მომცა პირობა...

ამჟამად ჩემთვის ყველაფერი პირობითია,
პირობით წვიმას პირობითი ქოლგით დავხვდები.
პირობით მომხვდურს პირობითად შევუთანხმდები,
პირობითობა! - სინამდვილე მხოლოდ მითია!
ზოგს დაებედა ორპირობა და ვამპირობა,
ზოგსაც საერთოდ უპირობა შვენის უცილოდ.
პირობითია ღამეები ჩემი უძილო,
ცამ საამისოდ პირობითი მომცა პირობა.

მე ვარ ის კაცი, საკუთარ თავს ვინც აუხირდა...

მე აქ არავინ არა მყავს და არც მეყოლება.
ვინ უნდა გყავდეს? - თქვენ მკითხავთ და იქნებით სწორი.
უკვე არც ვიცი, ახლოა თუ ძალიან შორი,
მიჯნამდე, სადაც ღამეები გაწვნენ ზოლებად.
მე ვარ ის კაცი, საკუთარ თავს ვინც აუხირდა
და ერთი მცდარი ნაბიჯიც კი არ აპატია.
და არ მასვენებს, კვირაა თუ ორშაბათია,
კითხვა იმ კაცზე: „რატომ? რისთვის? მართლა უღირდა?“

ჩემი ღმერთები ლი ბო, დუ ფუ და ბო ძიუა!..

ჩვენში ზომაზე მეტად ეტრფის ბევრი იუანს.
და მისი სუნით მოწამლული დაეხეტება,
მე კი ნიადაგ სულ სხვა ცეცხლის ალი მედება,
ჩემი ღმერთები ლი ბო, დუ ფუ და ბო ძიუა!
მათ სტრიქონებში რა სიბრძნე და რა სახმილია!
ვკითხულობ მათ და ვერ ვახერხებ მერე ლაპარაკს.
სასწაულია, სასწაული მართლა, აბა, რა,
ეს სამი კაცი (სამი კაცი!) გვყოფნის მილიარდს!

და ერთადერთი, რაც მადარდებს, - დავალ უქალოდ...

რომ არაფერი არ მჭირდება, გითხარით, მგონი,
და თუ არ მითქვამს, ახლა ვამბობ , ზუსტად ასეა.
ჩემად მივიჩნევ, რაც გარშემო სილამაზეა,
ჩემია თითქოს ყველა დიდი მდინარის ფონი.
რომ გათენდება, მზის და ზეცის ვარ მადლობელი,
რომ დაღამდება, ვარსკვლავებს და მთვარეს ვუგალობ.
და ერთადერთი, რაც მადარდებს, - დავალ უქალოდ,
მისი ალერსის, მისი სუნთქვის არ ვარ მფლობელი!

ეს გავიფიქრე, როცა წუხელ ვიყავი ავად...

ყოველთვის, როცა წერტილს დავსვამ, ვფიქრობ, სხვა წერტილს
თუ დავსვამ კიდევ, თუ დამრჩება დრო საამისო,
შევეწირები მსხვერპლად როდის დღის და ღამის ომს,
(რაც თავი მახსოვს, დღენიადაგ ამაზე ვწერდი).
მე კარგად მესმის, რომ წერტილიც არა ვარ თავად,
გავქრები, როგორც დროის მტვერი წიგნის თაროდან.
ვის ააღელვებს, რა მტკიოდა, რა მიხაროდა!.. -
ეს გავიფიქრე, როცა წუხელ ვიყავი ავად.

ფიქრია ჩემი შეუცვლელი, მუდმივი მწვრთნელი…

ფიქრია ჩემი შეუცვლელი, მუდმივი მწვრთნელი,
მით უფრო ახლა, დღენიადაგ როცა მთაში ვარ.
მან, დალოცვილმა, ტვინი ჩემი არ მოაშივა,
და ღამეები გამინათა კუპრივით ბნელი.
ნუ ჩამიქრები, გევედრები, ნუ ჩამიქრები, -
ჩემი დარდი და ჩემი თხოვნა კედლებს აწყდება.
მე ვიცი, მჯერა, ის არასდროს არ დამარცხდება,
ვისაც მცველებად ახვევია წრფელი ფიქრები.

მთამ მაპოვნინა ის, რაც ბარში ერთხელ დავკარგე...

დრო იყო, როცა მეც სხვებივით მეცვა ჩანშანი,1
ახლა მაცვია შინდისფერი სამოსი ბერის.
თვით ჰორიზონტმაც შეიცვალა მას შემდეგ ფერი,
ჩანშანის ნაცვლად ტანთ მაცვია რკინის ჯავშანი.
ზოგჯერ ვიფიქრებ, მესაზღვრე ვარ, ჯარისკაცი ვარ,
ჩემზეც ჰკიდია ქვეყნის ბედი, მისი ავკარგი.
მთამ მაპოვნინა ის, რაც ბარში ერთხელ დავკარგე,
მან განწირული ჩემი გული არ გააცივა.

________________

1. ჩანშანი - მამაკაცის ჩინური ეროვნული ტანსაცმელი.

მე შენი თავი დავიწყების ბურუსს წავართვი...

მე მუდამ მახსოვს, რომ აქ ვარ და აქვე დარჩენა,
მომიწევს, რადგან ყველა ხიდი უკვე დაიწვა.
ასე თუ ისე, მე გადავრჩი, საღად მაინც ვარ,
და ჯერჯერობით ძველებურად მერჩის მარჯვენა.
არც ტელეფონი, არც სახლ-კარი, არც მისამართი.
ცა... ვარსკვლავები... დედამიწა... მე აქ ვბინადრობ.
სხვა რა მინდოდეს, სხვა რა მსურდეს, სხვა რა ვინატრო,
მე შენი თავი დავიწყების ბურუსს წავართვი.

და ყოველი დღე მაინც მზეა და გაოგნება...

სულ ველოდები, ავდგები და ვიქნები უკეთ,
სიზმრებთან ერთად ბინდს გაჰყვება ყველა ტკივილი,
როგორც მამლების შორეული გადაყივილი,
რომლებსაც ყველამ ბავშვობაში სიფხიზლე ვუქეთ.
მაგრამ სასწაულს დღემდე უჭირს ჩემი მოგნება,
და რომ ცოცხალი ვხვდები დილას, ეს მიხარია.
ტიბეტის მთებში ახლა ცივა, ზამთრის ქარია
და ყოველი დღე მაინც მზეა და გაოგნება.

და მე იმ მირაჟს მიფანტავენ ზამთრის ჩიტები...

ჩიტები ჩემთვის ჭიკჭიკებენ, მე მათი ენა
ვისწავლე მაშინ, როცა ხალხი კლავდა ბეღურებს.
ახლა დავეძებ ხსოვნის ველზე ძველ ნაფეხურებს
და მენატრება პაპის ბაღში ბულბულის სტვენა.
შორეთში ვარ და მარტოდმარტო ჟამს ვეჭიდები
და ხმის გამცემი ნუგეშია და ღვთის ნობათი.
ჭუჭრუტანაში მირაჟივით მოჩანს მყოფადი
და მე იმ მირაჟს მიფანტავენ ზამთრის ჩიტები.

ვიტყოდი კიდევ ცოტას, მაგრამ დრო აღარ ითმენს...

ვიტყოდი კიდევ ცოტას, მაგრამ დრო აღარ ითმენს,
მიაქვთ რიჟრაჟებს აუხსნელი სევდის ზოდები.
აღსასრულის ჟამს თუ არავის შევეცოდები,
იქნებ მანამდე ჩემ თავს მაინც ვუშველო რითმე.
ვიღებ ყველაფერს, რაც გადამხდა, საკუთარ თავზე,
რაც მაქვს, ჩემია, რაც არა მაქვს, არა მაქვს ისეც.
თუმცა (მოიცათ!) ამ ხნის კაცი რას ვიტყვი ისეთს,
ყულაბა თქმული სიტყვებით მაქვს პირთამდე სავსე.

რაც უნდათ ის თქვან, გული ქვაზე ვეღარ გავცვალე...

გამკიცხეთ თუნდაც, მაგრამ ცოდვად არ ვთვლი სრულიად
ქალზე ოცნებას, მეოცნებე ბერიც რომ იყოს.
მე მირჩევნია, ქალზე ფიქრმა ბოლო მომიღოს,
თუ გული ჩემი სიყვარულით დაისრულია.
მე სულდგმული ვარ, ყველასავით მეც მაქვს სხეული,
რომელსაც შია, წყურია და ვნება აწვალებს.
რაც უნდათ ის თქვან, გული ქვაზე ვეღარ გავცვალე
და საკუთარი ტრფობის კედელს ვარ მიმსხვრეული.

ამისთვის ვიბრძვი და ამისთვის ვარ დახარჯული...

ბევრ ვინმეს, ვისაც ვენდობოდი, აღარ ვენდობი,
ზოგს სულგრძელობა აღარ ეყო, ზოგსაც კაცობა,
ზოგმა არც ბოთლად ივარგა და აღარც საცობად
და უკვე აღარც სურვილი მაქვს მათი შენდობის.
მაგრამ ეს სულაც არ გულისხმობს, რომ ვარ მსაჯული
და ქვეყნად ყველამ ჩემი ჭკუით უნდა იაროს.
პირიქით, კაცმა რაც სწამს, ის რომ გაიზიაროს,
ამისთვის ვიბრძვი და ამისთვის ვარ დახარჯული.

ცვლილებებია ცხოვრებაში მხოლოდ უცვლელი...

ნურავინ იტყვის, რომ ცხოვრებას რამე გაუგო,
იარა ზუსტად ისე, როგორც საჭირო იყო
და წუთისოფლის ავსაც, კარგსაც იმგვარად იყოფს,
არაფერი აქვს არც საძრახი, არც სააუგო.
ვერ დავიჯერებ, ვერ ვენდობი ამგვარ მტკიცებას,
ან მე ვარ ბოთე, ან ეჭვების მაქვს საფუძველი.
ცვლილებებია ცხოვრებაში მხოლოდ უცვლელი
და კაცთა მზერაც ამ ცვლილებებს ელაციცება.

ცხოვრებაც შუქს ჰგავს, უცაბედად მოდის და მიდის...

შუქი ხან მოვა, ხან ჩაქრება, მე ვანთებ სანთელს
და როგორც ადრე, ბავშვობაში, ვაგრძელებ კითხვას.
საწერი უნდა დაიწეროს, სათქმელი ითქვას,
გამოსაჩენი ბნელშიც უნდა დღესავით ჩანდეს.
ცხოვრებაც შუქს ჰგავს, უცაბედად მოდის და მიდის,
ინტერვალებში რასაც ვასწრებთ, ვეძახით იღბალს.
გონი ვერ წვდება მას, რაც ხდება სინათლის მიღმა
და ვართ ნიადაგ ტყვეობაში ცხადის და მითის.

ო, ფიქრი განა სხვა რამეა? ისიც ომია!..

ვისაც ვევაჭრე, არ დამიკლო არავინ ფასი,
რა კლიენტიც ვარ, მაწერია, ალბათ, სახეზე.
ჩემ სასარგებლოდ ერთი ვინმეც ვერ წავაქეზე,
წუწკი აღმოჩნდა ბაზრობაზე ასიდან ასი.
მიჩვეული ვარ და მე გული არ დამწყდომია,
სადაც მივედი, ყველგან მსგავსი სურათი ვნახე.
ვზივარ ჩემთვის და მეღარება ფიქრებით სახე.
ო, ფიქრი განა სხვა რამეა? ისიც ომია!

და გაღვიძებულს სევდა მიპყრობს პირველყოფილი...

რამდენი რამის ნახვა მსურდა! - ვერ ვნახავ აწი!
გასხლტა ხელიდან ყველა შანსი ჯერ კიდევ როდის.
დაცხრა ხმაური, ყველა მხრიდან სიჩუმე მოდის
და ოცნებების სასაფლაოს ფარულად აწვიმს.
უკვე მთლიანად ფერად სიზმრებს ვარ მინდობილი,
თუნდაც მცირე ხნით, თუნდაც ძილში ვნახულობ კადრებს,
სადაც ყოფნა და ხეტიალი მეწადა ადრე,
და გაღვიძებულს სევდა მიპყრობს პირველყოფილი.

ათენს და სტამბოლს, მათთან ერთად - რომსა და პარიზს...

რომსა და პარიზს, მათთან ერთად - ათენს და სტამბოლს,
რომლებსაც როსმე მიუწვდომელ ოცნებად ვთვლიდი.
დღეს ტიბეტიდან შევუთვალე სალამი დიდი,
პოეტმა მათზე სულ ლექსები სტამბოს და სტამბოს.
მესმის ზრიალი შორეთიდან შუბის და ფარის,
ენაცვლებიან ნათელ ფერებს მუქი ფერები.
მე გულში ვიკრავ, ვუალერსებ და ვეფერები
ათენს და სტამბოლს, მათთან ერთად - რომსა და პარიზს...

მე ცალი ფეხით გავასწარი უვიცთა ერას...

აღარ ვკითხულობ, აღარ ვუსმენ, აღარ ვუყურებ,
აღარ ვესწრები, აღარ ვაქებ, აღარ ვიწონებ.
მე ახლა ყველა უმსგავსობის ვარ საპირწონე
და დუმილს სახლიც საიმედოდ გადავუხურე.
რა ყაყანია სარკმლებს მიღმა? - უკვე ვერ ვიტან,
უაზრო სიტყვას, ბრიყვულ კამათს, მედიდურ მზერას.
მე ცალი ფეხით გავასწარი უვიცთა ერას
და გესალმებით, ვინც ჩემთან ხართ, ყველა ნერვიდან.

და არასოდეს გაეღება არყოფნას კარი...

არ დასრულდება ის, რაც იყო... იგი გადავა
სხვა სივრცეებში, რათა კვლავაც დაბრუნდეს როსმე.
უნდა ახსოვდეს ეს ქვის ოსტატს და კალმის მომსმელს.
პირადად კვერის დასაკვრელად უკვე მზადა ვარ.
არ დასრულდება სიყვარული, რომელიც არის,
ჩვენ როცა წავალთ, ის კოსმოსის გახდება მკვიდრი,
ვით მუნჯი კინოს ბევრისმთქმელი შავ-თეთრი ტიტრი
და არასოდეს გაეღება არყოფნას კარი.

დიახ, შემეძლო მწვერვალზედაც ასვლა მეფურად...

მე ვარ მეწაღე, მე ვარ თერძი, მე ვარ ხაბაზი,
მე ავაშენე ჩემი ქვეყნის დიდი კედელი,
სადაც გავჩნდები, ოფლი დამდის შეუწყვეტელი,
მუქთა სარგებელს მირჩევნია ერთი ნაფაზი.
ბევრი ნათურა სულში ვნების ღელვამ გადაწვა,
მაგრამ წყვდიადმა სული მაინც ვეღარ შებურა.
დიახ, შემეძლო მწვერვალზედაც ასვლა მეფურად,
მაგრამ იქ ყოფნა მირჩევნია, ახლა სადაც ვარ!

მე ყოველ კვირას ვემზადები ბოლო კვირისთვის...

არ დარჩა ვინმე, გადავძახო: „ბიჭო, სადა ხარ?“
ვაი, რომ მეც ვერ დამიძახებს ვერავინ: „ბიჭო!“
წყვდიადით სავსე სიყრმის ოთახს არ შერჩა ღრიჭო
და სიმარტოვის მწარე სევდამ გული დადაღა.
მე ყოველ კვირას ვემზადები ბოლო კვირისთვის,
და საიმქვეყნო მოტივებით ვაზავებ პწკარებს.
ახლა თოვლია, ქარი უტევს დაგმანულ კარებს
და მათ ზღაპრულად ალამაზებს ფიფქთა გვირისტი!

ვტკბები სრულიად სხვა მუსიკით და სხვა ბგერებით...

მე მახსენდება ის დრო, როცა ვუსმენდი ფუ ლინს,1
„ჩვენი მზე - მაო“, ასე ერქვა სიმღერას, მგონი!
გარდასულ დღეებს დღეს სიწრფელის სასწორზე ვწონი:
რა უფრო სჯობდა: მზის რწმენა თუ უბრალოდ ფული!
მზე ჩაესვენა, ფული როგორც არ მქონდა, არ მაქვს,
ვტკბები სრულიად სხვა მუსიკით და სხვა ბგერებით.
ენაცვლებიან საწიერებს საწიერები,
რომელთა მიღმაც გადარეკა წარსული ქარმა.

______________

1. ფუ ლინი - ცნობილი თანამედროვე ჩინელი კომპოზიტორი.

ბუნების ძალავ, უკვე დროა, ნამდვილად მწამდე...

გადაიღებდეს, სხვას არაფერს ვინატრებ ახლა,
წვიმის წვეთებით შეიძლება ახვიდე ცამდე!
ბუნების ძალავ, უკვე დროა, ნამდვილად მწამდე,
შენს გახელებას შესაშური აზარტი ახლავს.
თქიშინებს თავსხმა, გზას მივიკვლევ ხელის ცეცებით,
ვერ მშველის უკვე ვერც ჩექმები, ვეღარც ლაბადა.
გაკრთება ელვის ნაპერწკლებში სატრფოს კაბა და
ნიაღვრის ძალით სადმე ჯებირს შეველეწები!

არავის განვსჯი. მე ვარ ჩემი ბედის მჭედელი...

სიცოცხლე უკვე თავისთავად არის ნობათი.
სულ სხვა საქმეა, ვის როგორი მოუვა კარტი.
მე არც ველოდი და არც ველი ცხოვრებას მარტივს
და ვიმედოვნებ, სანამ მახსოვს სიტყვა „მყოფადი“.
არავის განვსჯი. მე ვარ ჩემი ბედის მჭედელი
და სანამ ვებრძვი ორპირობას, შურსა და ღალატს,
ჩემ დასაცავად უხილავი განგების ძალა
აღმართულია, ვით ჩინეთის დიდი კედელი.

ჰეი, პაწია სიხარულო, ვისი ხარ, ვისი?..

როცა იზრდება მოსაწყენი დღეების რიგი
და მეჩვენება, მწუხარებას ბოლო არ უჩანს,
ფანჯრების მიღმა აფეთქდება უცებ ალუჩა
და ყველა ტკივილს დამავიწყებს ერთბაშად იგი.
რა მცირე მყოფნის: ღამით ციდან ვარსკვლავთა ცვენა,
ჭრელი პეპლების ნაზად რხევა ყვავილზე - დღისით!..
- ჰეი, პაწია სიხარულო, ვისი ხარ, ვისი?
- შენი! - მპასუხობს მზის წამწამთა შერხევით ზენა!

მადლობა ღმერთს, რომ არ შევხვდები მათ არასოდეს...

ბევრი თავს იქებს, ბევრი სხვისგან ითხოვს შექებას,
ბევრი საკუთარ პორტრეტს ხატავს სხვისი სტროფიდან
ანუ იპარავს მას, რაც თვითონ აღარ ჰყოფნიდა,
თან გულში ფიქრობს, კაცად მცნონო ერთხელ ეგება!
მე ასეთ ხალხში რომ ვიცხოვრე, დამღად მატყვია,
გავიხარებდი, მათთან დგომა რომ არ მახსოვდეს,
მადლობა ღმერთს, რომ არ შევხვდები მათ არასოდეს,
წარსულს კი გულში შევინახავ, როგორც ნატყვიარს.

წავედი ჩემში, ვნახო ერთი, რა ხდება მანდეთ...

წავედი ჩემში, ვნახო ერთი, რა ხდება მანდეთ,
ხომ მშვიდობაა, ხომ არ მტკივა, ხომ კარგადა ვარ.
სანამ ეს ჭრელი სინამდვილე ძილში გადავა,
თვალებო, დასკვნის გამოტანის უფლება მანდეთ.
ვივლი ტყეებით, ღრე-ღრეებით, ეკალ-ბარდებით,
გამოვჩხრეკ ყველა კუთხე-კუნჭულს, სოროს და ბუნაგს,
გამოვაძევებ (თუა სადმე!) ხარბსა და მსუნაგს,
და მხოლოდ მერე დავმშვიდდები და დავწყნარდები.

მადლობის ღირსი ვერ ვიპოვე გარშემო კაცი...

მინდა მადლობა გამოვთქვა და ვერ ვნახე დღემდე
კაცი, რომელმაც ჩემგან იგი დაიმსახურა.
სახლში კი წყალი ძველებურად ჩასდის სახურავს
და იატაკი თითქოს ტბაა წვიმების შემდეგ.
ვდგავარ ეზოში, უთავსარქმლოს თქიშინით მაწვიმს.
არა და აღარ გაუვიდა ამ ავდარს ვადა.
მინდა მთელი დღე გულითადი მადლობა ვთქვა და
მადლობის ღირსი ვერ ვიპოვე გარშემო კაცი.

სიზმრად კოშმარებს, ხოლო ცხადად ვებრძვი ერესებს...

თითქოს იგი ვარ, ვინც ვიყავი, თუმცა მთლად არა,
რაღაც დამთავრდა გულის გულში, დაიწყო რაღაც.
ფიქრებს, რომლებიც მებადება, ვერ ვანდობ ქაღალდს,
ვეჩვევი ახალს, ხოლო ძველი იქცა ღადარად.
რაც მოვასწარი, უკვე აღარ მაინტერესებს,
რასაც მოვასწრებ, ნეტავ, ვინმეს სჭირდება კია?!.
მე მთას გავყურებ, ბარში კიდევ მოსავალს მკიან,
სიზმრად კოშმარებს, ხოლო ცხადად ვებრძვი ერესებს.

ბოლომდე მაინც ბედს, ეტყობა, არ ვემეტები...

განდეგილობა არ ყოფილა ადვილი ეგზომ,
თითქოს წახვალ და ყველაფერი მთავრდება ამით!
დღისით ბგერები არ მტოვებენ, ლანდები ღამით,
ლამის მარყუჟი წამიჭიროს სახლმა და ეზომ!
ბოლომდე მაინც ბედს, ეტყობა, არ ვემეტები
და დიდხანს მარტო არ მაჩერებს.საკუთარ თავთან.
ის სიმარტოვის ნებას ადრე მუდმივად მრთავდა,
ახლა კი ყველგან მასთან ერთად დავეხეტები.

და შენი ცრემლი თითქოს თვითონ დამდის ლოყაზე...

დავხურე წიგნი. ბედის წიგნიც დაიხურება.
გადაშლას მისას არ სჭირდება სულაც ზონარი.
ჩემ ეზო-კარში სიჩუმეა გაუგონარი
და აივნიდან ნაღვლიანი და იყურება.
მშვიდობით, დაო, ზუსტი მზერით შენ შემოხაზე
წრე, რომ შეიკრა, რაც დაგტოვეთ სისხლი დ ხორცი.
ის განშორება ახლა მტკივა რატომღაც ორწილ
და შენი ცრემლი თითქოს თვითონ დამდის ლოყაზე.

წავიდა ყველა, ვინც იღბალთან აღარ დაზავდა...

ბუმბერაზები გადაშენდნენ, მაგრამ რაზები
ჯერ კიდევ დარჩა, მათ საკნებს რომ მტკიცედ რაზავდა.
წავიდა ყველა, ვინც იღბალთან აღარ დაზავდა,
ზოგს წიგნი დარჩა, ზოგსაც ფრაზა, ზოგსაც - ფრაზები.
ამ ცხოვრებაში ერთხელ მაინც გამოსარჩლება
სჭირდება ყველას... მეც მჭირდება, მაგრამ სად არი!
აღარც ის ვიცი, ვისი ტოლი, ვისი სადარი
ვარ და, საერთოდ, როცა წავალ, აქ რა დამრჩება!

ვარ ჰაერივით მსუბუქი და თავისუფალი...

თავისუფლებაც არ ყოფილა ბოლო წერტილი
ანუ მწვერვალი ლტოლვის, ვნების, თავდავიწყების.
როცა ვიფიქრებ, რომ დავმთავრდი, მაშინ ვიწყები.
როცა ვიფიქრებ, რომ ავივსე, ვარ დაწრეტილი.
მე მიხარია: ჰყვავის ბალბა, მწიფს ალუბალი,
მერცხალი ჭერქვეშ საგაისოდ ბუდეს იკეთებს.
და ყოველ ჯერზე, როცა სხვისთვის ვნატრობ სიკეთეს,
ვარ ჰაერივით მსუბუქი და თავისუფალი.

მთავრდება ერთხელ ქარი, წვიმა, თოვლი... ომები...

როცა არავინ არ გჭირდება და შენც არავის
აღარ სჭირდები... რა აზრი აქვს: ცოცხლობ თუ აღარ!
შუა ზღვაში ხარ თუ ზღვის ერთ-ერთ ნაპირზე დგახარ,
სასახლე გაქვს თუ უდაბნოში გიდგას კარავი!
მთავრდება ერთხელ ქარი, წვიმა, თოვლი... ომები,
ართრიტი, წნევა, არითმია... ცრემლები, გლოვა
და გსურს თუ არ გსურს უსათუოდ შენთანაც მოვა
ჟამი, როდესაც არც ერთ სულდგმულს არ ენდომები.

ვისაც გგონიათ, რომ იცხოვრეთ, დადეთ საბუთი!

ვისაც გგონიათ, რომ იცხოვრეთ, დადეთ საბუთი!
წარმოადგინეთ თქვენი საშვი ბეჭედდასმული,
სადაც წერია, რომ გაქვთ აწმყო, გქონდათ წარსული
და არ ბრძანდებით შეზღუდული უფლის ტაბუთი!
რა არის ყოფა - შვებაა თუ ცეცხლის მოდება,
მიწაზე ხოხვა, ცაში ფრენა თუ აგონია!
მას, ვინც კვდება და ვიცოცხლეო, ასე ჰგონია,
გულისტკივილით თვალს ვადევნებ და მეცოდება.

და განთიადი ჰგავს პატარძლის გატეხილ სარკეს...

მე რომ არაფერს ველოდები, არ ნიშნავს იმას,
რომ არაფერი არ მოხდება... უბრალოდ ჩემთვის
დროის მდინარე ჩავლილ დღეთა წყალსაცავს ერთვის
და სინანულის ცრემლებია ივნისის წვიმა.
მე ვხედავ, როგორ ეკრობიან წვეთები სარკმელს,
და ძირს დაცვენის ეშინიათ, როგორც მოკვდავებს.
ჭექა-ქუხილი ანაწილებს მთაში ოქტავებს
და განთიადი ჰგავს პატარძლის გატეხილ სარკეს.

ტაშირო თქვენგან სხვას არაფერს, არაფერს ითხოვს!..

არავის ვებრძვი ... არც არაფერს... გადამიარა
ბრძოლების ჟინმა, ვარ დამცხრალი, როგორც ზღვაური.
ბარში დავტოვე წუთისოფლის აურზაური
და შეუმჩნევლად შემიხორცდა ბევრი იარა.
თითქოს ვიყავი... სარეველა მეც ვთიბე თითქოს,
სამშობლოს ველზე მეც გავავლე თითქოს ხნული და..
გამიხსენებდეთ თქვენ, ვინც ახლა იწყებთ ნულიდან,
ტაშირო თქვენგან სხვას არაფერს, არაფერს ითხოვს!

ძმობილნო ჩემნო, თქვენთვის მე სულ ვრჩები ძმობილად...

აღარ არიან, ვინც მე მსურდა, გვერდით მყოლოდა,
და მეც უმათოდ, ვინც ვიყავი, ის აღარა ვარ.
მე ვგლოვობ, მაგრამ ჩემი გლოვა ცამდე არ ავა,
ვიყავ პირველი, დღეს პირველი მე ვარ ბოლოდან.
მაგრამ ეგ არი: მე პირველი ამაშიც არ ვარ,
ყველას გამოსცდის ერთ დროს ყოფის წილადობილა.
ძმობილნო ჩემნო, თქვენთვის მე სულ ვრჩები ძმობილად,
თუმცა ულმობლად ახლოვდება ნოემბრის ქარვა!

არ დაგივიწყებ სიკვდილამდე, ჩემო გუგულო!..

გუგულო, შენს პირს (თუ შენს ნისკარტს!) მართლაც შაქარი!
მესმის მთელი დღე ტყიდან შენი ძახილი შორი,
რომელსაც თითქოს ბანს აძლევსო ზაფხულის თქორი -
სველდება ჩემი ოცნებების ნაქალაქარი.
რომ არ მიყვარდე, უნდა ვიყო მართლაც უგულო,
რადგან სიცოცხლის უსასრულო დღეებს მპირდები,
რომ უცაბედად ამიყვავე მჭკნარი კვირტები,
არ დაგივიწყებ სიკვდილამდე, ჩემო გუგულო!

წავალ იქ, სადაც ყველა მიდის, წავალ ეული!..

მეტი არაა ჩემი მტერი, იქ ვინმე ვნახო,
ამიტომ წასვლას არ ვიჩქარებ თუ შეიძლება.
ამინდის მსგავსად კაცის სულში რწმენაც იცვლება
და თავად სული არის სულაც ცრურწმენის ახო.
თუ შეიძლება, დავყოვნდები, სანამ სხეული
ჯერ კიდევ ტოკავს, ხოლო ტვინში აზრი ტრიალებს.
მერე კი, მერე - საშავმიწე და სატიალე,
წავალ იქ, სადაც ყველა მიდის, წავალ ეული!

მე წარმოსახვით ვფურცლავ კვლავაც ძვირფას ნახატებს...

მე ბავშვობაში „სან ძი ცინიც“1 მიკითხავს ხშირად,
თუმცა ვერ ვიტყვი, რა გავიგე, ვინმემ რომ მკითხოს.
მაგრამ სიბერე სიყმაწვილის ჟრუანტელს ითხოვს
და როცა შაბათს ენაცვლება ხანგრძლივი კვირა,
მე წარმოსახვით ვფურცლავ კვლავაც ძვირფას ნახატებს
ანუ ჩვენ ანბანს, მე რომ ვთვლიდი ბატიფეხურად
და ცა, რომელიც დოულივით2 თავზე მეხურა,
სიყრმის უკვდავი სიმღერებით შემომღაღადებს.

________________

1. ჩინური საბავშვო სახელმძღვანელო, დაწერილი 700 წლის წინათ.

2. დოული - ჩინური ქუდის სახელწოდება.

ახლა ვზივარ და იმ უნათლეს წლებს ვივედრები...

გვიყვარდა ხოლმე თითო თლაშო ბაი ძიუ და
ბამბუკის ტევრზე დაკიდული მთვარის ნათება.
ჩემი ოცნება კვლავ იქითკენ მიემართება,
სადაც არასდროს არ ცხელოდა და არ ციოდა,
და ჩვენ ვიყავით ისეთები, როგორიც გვსურდა
ანუ ნათელი, შეურყვნელი აზრის მხედრები.
ახლა ვზივარ და იმ უნათლეს წლებს ვივედრები
და, სამწუხაროდ, მიბრუნდება წვრილმანი ხურდა!

მე ვიმყოფინე, რაც მერგო და რაც მეწყალობა...

წყალს გავაყოლე უამური სიზმრების დარად,
სიჭაბუკეში დასახული ბევრი მიზანი.
მაგრამ ისინი, როგორც ხმები გალობისანი,
კვლავ დამიბრუნდნენ, დამყვებიან კარიდან კარად.
მე ვიმყოფინე, რაც მერგო და რაც მეწყალობა
და არასოდეს დამცდენია: „მეტი მერგება!“
ჩემი მიზნები აღმოცენდნენ უკვე ნერგებად
და ნორჩ ბაღნარში სმენას ატკბობს სირთა გალობა!

არ მიმატოვო, სანამ ვსუნთქავ, შენ იცი, აბა!..

რასაც არ უნდა ვაკეთებდე: ვწერდე, ვხატავდე,
მე კვლავ სიყვარულს ვუბრუნდები - საწყისთა საწყისს.
ყველაზე მეტად ამ მიწაზე რაც მთრგუნავს, რაც მწყინს,
ისაა, ტრფობავ, ერთხელ შენაც უნდა გათავდე!
ჯერ კარგადა ხარ, ჯერ ჩემში ხარ და ნერვებს ძაბავ,
ჯერ არ გეტყობა, რომ ასაკმა მოგხარა წელში.
რომ მოინდომო, ჯერ ბარეორს ჭკუიდან შეშლი!
არ მიმატოვო, სანამ ვსუნთქავ, შენ იცი, აბა!

და დღეა, როგორც დაცემული თავზე აგური...

დრო რომ არ მქონდა, ვოცნებობდი, დრო მომცა, ნეტავ!
ახლა დრო მაქვს და იმ დროს ვნატრობ, როცა არ მქონდა.
მთელი ქონება შარვლის ცალი ჯიბით დამქონდა,
იყო ნერვების თამაში და ტუჩების კვნეტა.
სად გაქრა უცებ ის ვნება და ქროლვა შმაგური?
ვზივარ ჩემთვის და დაოსიზმის1 კითხვაში ვხმები.
სულს მიწეწავენ შორეთიდან დაძრული ხმები
და დღეა, როგორც დაცემული თავზე აგური.

_____________

1. დაოსიზმი - ერთ-ერთი მთავარი რელიგიური მიმდინარეობა ჩინეთში.

ყველაზე ძვირი არის ის, რაც არ იყიდება…

ყველაზე ძვირი არის ის, რაც არ იყიდება,
ის, რაც ბაზარზე არაა და საერთოდ არ ჩანს.
მე არ შევნატრი სასახლეთა სტავრას და ფარჩას,
ჩემთვის სულ სხვაა საამქვეყნო სახელ-დიდება!
მეტიც - გულწრფელად მეცოდება მდიდართა კასტა,
რომელსაც ძილშიც არ ასვენებს ოქროს ზოდები
და მიყვარს ყველა, ვისაც თავად არ ვეცოდები,
მიწაზე მეტი საერთო მაქვს რადგანაც ცასთან!

მე ვფიქრობ ზოგჯერ: გვყავს თუ არა საერთოდ მხსნელი...

ზიზღის ეპოქა არ მთავრდება... სძულთ ჩვენში ყველა,
ვინც ოდნავ მაინც გაანძრია ტვინი და ხელი.
მე ვფიქრობ ზოგჯერ: გვყავს თუ არა საერთოდ მხსნელი
და ჩვენს ცოდვილ ერს ეღირსება ოდესმე შველა!
თავს დამყურებენ წინაპრები გამჭოლი მზერით,
მე მათ წინაშე დამნაშავე მგონია თავი.
და, აჰა, თითქოს გუნგელიდან1 დაიძრა ზვავი
და სანამ იგი გამიტანდეს, სიმწრისგან ვმღერი!

______________

1. გუნგელი - ჩინეთის უმაღლესი მწვერვალი. 7719 მეტრი ზღვის დონიდან.

ვისაც არ გჯერათ, მოდით, მნახეთ: მართლა ტახტზე ვარ!

აღმოვაჩინე, რომ ყველაზე მოკლე და ნაღდი
ლოცვა: „მიყვარხარ!“ გამჩენს ესმის ისე მკაფიოდ,
იყავი თუნდაც დიდებული, თუნდაც მდაბიო,
მიჯნურის გულში სამეუფო შენია ტახტი.
და მე ვლოცულობ, და ვგრძნობ კიდეც, მან აღმაზევა,
მან, ლოცვამ ჩემმა... აღმაფრენის გამეხსნა გზები.
და ისევ ვიწვი, ვიდაგები ყმაწვილურ.გზნებით,
ვისაც არ გჯერათ, მოდით, მნახეთ: მართლა ტახტზე ვარ!

იცოდეთ, თქვენთან ჩამოფრინდნენ ჩემი ლექსები...

ცის კარადაში შევინახე ჩემი სტროფები,
მათში თოვლია, წვიმაა და მათში ქარია.
რაც ახლა მტკივა, რაც მაწუხებს, რაც მიხარია,
იქაა სულ და მეც იქა ვარ, მანდ ვიმყოფები.
და თუ ერთხელაც დაუბერავს მსუბუქი ქარი,
დაიფარება თოვლით წვიმის მერე ეს გზები,
იცოდეთ, თქვენთან ჩამოფრინდნენ ჩემი ლექსები,
გაცოცხლდა, თქვენ ვინც დიდი ხნის წინ გეგონათ მკვდარი.

მინდა მჯეროდეს, რომ შორსაა ჯერ პანაშვიდი...

ცოტანი დავრჩით და ვინც დავრჩით, ვართ გაფანტული,
სად არ გვატარა ბედმა ჩვენმა, სად არ გვათრია.
დანო და ძმანო, ეს თქვენა ხართ, ვინც მინატრია,
მივდივარ თოვლში, ჩაძირვისგან მიცავს ბანდული.
რაც იყო, იყო, არაფერსაც მე არ წავშლიდი
წარსულის წიგნში... მომწონს ჩემი ყველა ქმედება
და რაკი კვლავაც სიყვარულის ცეცხლი მედება,
მინდა მჯეროდეს, რომ შორსაა ჯერ პანაშვიდი.

და ჩემს მწვერვალზე სიყვარულის ფრიალებს დროშა...

მე ამ ცხოვრების დღესასწაულს ხშირად ვაკლდი და
ვაკლივარ ახლაც... კი არ ვნანობ, უბრალოდ ვყვები.
ჩემთვის უცხოა: „რას იტყვიან, ნეტავი, სხვები?!.“
ხელს გიქნევთ უხმოდ მელოდრამის ბოლო აქტიდან.
მთათა წიაღში სხვაგვარად ვგრძნობ სივრცეს და დრო-ჟამს,
თითქოს საწუთროს წვრილმანები აღარ მეხება.
ვარსებობთ მხოლოდ მე და სატრფო - ოქროსფეხება
და ჩემს მწვერვალზე სიყვარულის ფრიალებს დროშა.

ცხოვრება არის გადარჩენის მცდელობა სუსტი ...

ცხოვრება არის გადარჩენის მცდელობა სუსტი
ანუ ის, დღემდე რაც არავის გამოუვიდა.
და მე აქამდე ამდენ დარდს და ვარამს თუ ვიტან,
მხოლოდ იმიტომ, რომ გვირაბში სინათლეს ვუცდი.
რწმენის სანთელი მე ისედაც ყოველთვის მენთო,
ისიც მსმენია, აზრი მუდამ როდი აქვს ლოდინს!..
უკვე გათალეს კიდეც ჩემი საფლავის ლოდი,
სადაც ორ სიტყვას დააწერენ: „ვცდილობდი, ღმერთო!“

ჰოი, მიღმეთზე თუნდაც ფიქრი არის ღალატი!..

ჩემი საათი ჩართულია... სუნთქვას მიჩქარებს
მისი წიკწიკი... ყველა წამი ყულფს ემსგავსება...
ზოგჯერ მაშინებს უცაბედად მთვარის გავსება,
ზოგჯერ - ასევე უცაბედად - ღია ჭიშკარი!
არ დამიჯეროთ თუ წამომცდა: „ყოფნამ დამღალა!..“
და ამ შეგრძნებას გულმოდგინედ თითქოს ვმალავდი...
ჰოი, მიღმეთზე თუნდაც ფიქრი არის ღალატი!
და მე ჩემს თავსაც არ შევუნდობ როსმე ამ ღალატს!

ეჰ, შიგნით მე რომ ჭაბუკი ვარ, არ ჩანს გარედან!..

მთრგუნავს ასაკი ... უფრო სწორად მთრგუნავს ციფრები,
თითქოს კალენდარს შეეშალა, თითქოს სხვისია.
მე კი დავფარე ყველა ვალი, ყველა ნისია,
მაგრამ აქამდე მეჩვენება: დროს ვეჯიბრები.
თუმცა მთაში ვარ, მიჰქრის, მიჰქრის ჩემი კარეტა,
არც აღმართებს და არც ორმოებს არ უპუება,
ბუნება მჩუქნის სიჭაბუკის წამალს უებარს,
ეჰ, შიგნით მე რომ ჭაბუკი ვარ, არ ჩანს გარედან!

კვლავ რაშზე ვზივარ და ასაკი მხოლოდ წლებია!..

ამომზევდება ნაღდი სიტყვა სულის ხაროდან
და გავიოცებ, არც თუ ცუდად გამომდის თურმე!
გავყურებ სტროფებს, როგორც ბრინჯით დატვირთულ ურმებს
და კვლავ იგივე მიხარია, რაც მიხაროდა!
ანუ - ვზეიმობ, ძველებურად რომ შემძლებია
ვნების გახედნვა, შედუღება აზრის და განცდის,
და თუმცა უკვე ბარე ერთ-ორ ფინიშსაც გავცდი,
კვლავ რაშზე ვზივარ და ასაკი მხოლოდ წლებია!

რაც გარშემოა, ადრე უფრო ლამაზი ჩანდა...

ცხოვრება ხურდას ტაქსისტივით აბრუნებს ზანტად
და შემოდგომის მწიფე ბაღში ცვივა ნაყოფი.
სულ უფრო ცოტას ვხედავ ირგვლივ ლაღს და კმაყოფილს,
რაც გარშემოა, ადრე უფრო ლამაზი ჩანდა.
აქ სულ ერთია - გინდ ილოცე, გინდა იგინე, -
ყველაფრის გამო განუწყვეტლივ გამოაქვთ მსჯავრი...
ჩემს გალავანთან კანტიკუნტად ჩაივლის მგზავრი
და მეეზოვე სავსე ურნას წაახრიგინებს.

ვაშა ამ დილას, ცისკდურზე მზეა მღუარი...

სიკვდილს არ ველი ან რად უნდა ველოდე სიკვდილს!
ელიან მას, რაც ძვირფასია, რაც ნანატრია.
მე მზეს მოველი, მზეს შევხარი დილაადრიან,
სადაც მზე არის, უკვდავების წყაროც ხომ იქ დის!
მე რად ველოდო მას, რაც უკვე ისეც გზაშია,
რაც ისეც მოვა, ასჯერაც რომ ვუთხრა უარი.
ვაშა ამ დილას, ცისკდურზე მზეა მღუარი
და გარს ავლია სიყვარულის ჩემის არშია!

მე ყველა ყვავილს ბოლოს მაინც შენთან მოვიტან!..

მე შენგან უკვე არაფერი არ მეწყინება,
ვიცი ზეპირად, რასაც მეტყვი, - კარგიც და ავიც,
თითქოს ნიადაგ მაქვს ვეშაპის ხახაში თავი
და სულ უფრო და უფრო მშთანთქავს დროის დინება.
მე არ მინდოდა ამ დღის მოსვლა, მაგრამ მოვიდა,
როგორც მერეხი, როგორც თავსხმა და წყალდიდობა.
როგორც შენ იტყვი: „კარგად გნახე, გქონდეს მშვიდობა!“
მე ყველა ყვავილს ბოლოს მაინც შენთან მოვიტან!

ეჰ, სიცოცხლეო, მარადისი სისხლის დენა ხარ!..

არსად არა ვარ, სადაცა ვარ - იქაც შემთხვევით.
„რომ ხარ საერთოდ, აღარ გიკვირს?“ - თავს ვეკითხები.
განკაცებული მიმოდიან ირგვლივ ვირთხები
და ყველა მათგანს ეჩვენება - მკერდზე ვემთხვევი!
მე უკვე ვნახე, მოვისმინე, დიდი ხანია,
რაც ყურებს უნდა მოესმინა, თვალებს ენახა...
ეჰ, სიცოცხლეო, მარადისი სისხლის დენა ხარ
და ერთი ციცქნა სისხლსაცავი ჩემი ტანია!

დღეს კოსმოსია უსასრულო საუფლო ჩემი

სულაც არ მინდა ჩემზე ვინმემ წიგნები წეროს,
წიგნი კი არა საერთოდაც მახსენოს სადმე.
მე თვითონ დავწერ ჩემ საკუთარ ტკივილს თუ სათქმელს,
სუნთქვას გავატან ჭაობიდან აფრენილ წეროს.
იყო დრო, როცა თანადგომა მართლაც მწყუროდა,
მენატრებოდა ხმის გამცემი, ნუგეშის მცემი.
დღეს კოსმოსია უსასრულო საუფლო ჩემი
და გულის ჰანგებს მიხმოვანებს შაშვი სუროდან.

იმ სამყაროზე მოგიყვებით მერე... მთვარიდან...

თუ არ დაბერდი, ვერ გახდები ისე დღეგრძელი,
და თუ არ მოკვდი, უკვდავებას ვეღარ გამოცდი.
ბარე ორ საშიშ, ძნელ მოსახვევს უკვე გამოვცდი
და კვლავ მოვდივარ. მიხარია, რომ ეს შევძელი.
მე ჩემმა ალღომ მილიონთა ბედს ამარიდა,
თორემ ათასჯერ მოვიტეხდი აქამდე კისერს...
მე ეს სამყარო შევიცანი ასე თუ ისე,
იმ სამყაროზე მოგიყვებით მერე... მთვარიდან.

ასეა ახლა, ასე იყო, ასე იქნება...

ვამბობთ სიცრუეს და ჭეშმარიტს ვარქმევთ სახელად,
ასეა ახლა, ასე იყო, ასე იქნება,
სიმართლის ძეგლი ტყუილისგან ჩამოიქნება,
თვალის დახუჭვად ჩაითვლება თვალის გახელა.
მიაღწევს ფორთხვით კვარცხლბეკამდე მთავარსარდალი,
მემატიანე დაწერს, როგორც ეტყვის მრჩეველი,
გაიჩეხება უმიზეზოდ მწვანე ტყე-ველი
და ვერასოდეს მოერევა მტყუანს მართალი.

მატარებელი მაინც სხვაა... სხვა ჟრუანტელი...

მატარებელი მაინც სხვაა... სხვა ჟრუანტელი...
ვაგზალზე წასვლა... გაცილება... კუპე... ვაგონი.
სარკმელს გადაღმა - სინამდვილე, გამონაგონი,
წვიმის წვეთებში გარეული თოვლის ფანტელი.
მოგონებები იფანტება ბრინჯის მარცვლებად,
მთვარე ხან ღრუბლებს ეფარება, ხან ხრამში გდია
და მოდაგდუგე ბორბლებიდან აფრენილ წყვდიადს
ტოროლას ხმებით განთიადი ჩაენაცვლება.

მოფრინდებიან დაისები, როგორც ჩიტები...

მალე ჩაივლის ეს ზაფხულიც... მე გული მიგრძნობს,
ჩაივლის, როგორც ჩაუვლია ჩემთვის, შენთვისაც
და რასაც თვალი შეეჩვია და შეეთვისა,
არ გაქრეს მაინც, დარჩეს ჩვენთან ბოლომდე ვინძლო!
ეს მთაგორები, ეს მინდვრები, ეს ჭალაკები,
ელავენ, როგორც სიჭაბუკის მარგალიტები.
მოფრინდებიან დაისები, როგორც ჩიტები
და მათ სულ ხსოვნის განჯინაში ჩაალაგებენ.

რომ მოვინდომო, დამეტევით მუჭში ყველანი...

კაი, ბატონო, როგორც იტყვით, ნება თქვენია,
მე გავჩუმდები, მე საერთოდ აღარ ვიქნები.
და თუ ოდესმე გამოჩნდება ჩემი წიგნები,
იქ წაიკითხავთ, რაც ოდესმე თქვენგან მწყენია.
რა ცოდვები ხართ!.. მებრალებით, რომ არ ვთქვა, მეტი,
ალბათ, არც უნდა დამეხარჯა თქვენთვის მელანი.
რომ მოვინდომო, დამეტევით მუჭში ყველანი,
თქვენს ურიცხვ „მეებს“ გადავფარავ მარტოკა „მეთი“.

ომის დაწყება, მე მგონია, არასდროს არ ღირს...

ომის დაწყება, მე მგონია, არასდროს არ ღირს,
მაშინაც, როცა შეგიძლია მოგება ომის.
ძლიერს ყოველთვის უნდა ჰქონდეს მოთმენა ლომის,
ერთგულს ყოველთვის უნდა ჰქონდეს სიწრფელე ძაღლის.
ეს უნდა გწამდეს თუ არა ხარ უსულო კუნძი,
და საერთოდაც თუ არა ხარ მართლა ალაოდ!..
სიმამაცე და სილაჩრეა ერთად ძალაო,
უთქვამს სუნ ძის1 და არ იტყოდა სიბრიყვეს სუნ ძი.

________________

1. სუნ ძი - ძვ. წ. VI საუკუნის ჩინელი სტრატეგოსი და მოაზროვნე, ავტორი განთქმული ტრაქტატისა „ომის ხელოვნება“.

შენც, ჩემო თავო, მეჩვენება, რომ ზოგჯერ სხვა ხარ!..

თითქოს ბრძოლის ველს მაღლობიდან გავმზერ ჭოგრიტით,
ებრძვის ერთმანეთს გააფთრებით ტყუილ-მართალი.
რომ არსებობდეს ან სიმართლე ან სამართალი,
ამ ცისქვეშეთში რამდენ ვინმეს შვებას მოვგვრიდი!
მე მაინც ვცდილობ, თუმცა ვიცი, არც ერთი აღარ
არსებობს ახლა და არც ადრე უარსებიათ.
და მეც ჩემები რომ მეგონა, თურმე სხვებია,
შენც, ჩემო თავო, მეჩვენება, რომ ზოგჯერ სხვა ხარ!

კადრს უკან ვახვევ და ხელახლა ვხდები პატარა!..

რა უნდა მსურდეს? კაცმა რომ თქვას, არც არაფერი!
რაც მსურდა - მქონდა! რაც ახლა მაქვს - აღარ მექნება!
ყველა ნატვრის ხე დაიხერხა უკვე მერქნებად
და საწიერსაც თალხისფერად ვხედავ დაფერილს!
მე ამ საწუთრომ აღმა-დაღმა ისე მატარა,
რომ ზოგჯერ ვიტყვი: „აჰა, იგი, ბოლო სადგური!“
მაგრამ უმალვე მე ამნაირ ფიქრს ვანადგურებ,
კადრს უკან ვახვევ და ხელახლა ვხდები პატარა!

რა იქნებოდა, სიყვარულო, რომ მოგეკალი!..

შილიფად ჩაცმულს დაგისიზმრებ ჟამითი ჟამად,
გახდაც კი აღარ დაგჭირდება, ისე გემთხვევი.
შენს ოცნებებში შევიჭრები თითქოს შემთხვევით,
რომ ოდნავ მაინც გავანელო წარსულის დრამა.
ვარდს რომ ფურცლები დასცვივდება, რჩება ეკალი,
ფურცლები ჩვენი წლებია და ეკალი - დარდი.
მე ვმღერი გულში - შეუმდგარი მეტრფე და ბარდი:
„რა იქნებოდა, სიყვარულო, რომ მოგეკალი!“

არადა: „მოკვდა!“ რა სწრაფად და მარტივად ითქმის!..

რა უცნაური შეგრძნებაა: არ ხარ, გათავდი,
კუბოს სარქველი დაახურეს, გმარხავენ უკვე.
რომ იყავი და არ იქნები, არავის უკვირს,
მორჩა, ერთბაშად წაიშალა, რასაც ხატავდი.
გაახელ თვალს და არაფერი შეცვლილა თითქმის:
მზე კვლავ ანათებს, წყარო მღერის, მწვანობს ბალახი
და ჯერაც ბევრი სიმაღლეა გადასალახი,
არადა: „მოკვდა!“ რა სწრაფად და მარტივად ითქმის!

მაინც მწყინს, მაინც გულზე მხვდება ახვართა ფარსი...

მოვიდნენ სხვები, თქვეს, რაცა ვართ, ჩვენ ვართო... ველი,
ხვალ რას იტყვიან, რას იზამენ ეს მუდრეგები.
მე მათ ხრიკებზე, აბა, როგორ წამოვეგები,
მაგრამ სარმას და ზურგში ქირქილს, ნამდვილად ველი!
არა, ახალი არაფერი არ ხდება, ოღონდ
მაინც მწყინს, მაინც გულზე მხვდება ახვართა ფარსი.
მე ვიცი მათი ზომა-წონა, ნამდვილი ფასი,
ყველა მათგანი ჩემთვის არის ჭაობის კოღო.

ისიც მეყოფა, რაც უაზროდ ჟამს ვეკამათე...

ჯადოსნურ ეტლებს დრაკონები მიაქანებენ,
მალე ახალი წელი მოვა, იქნება თოვა.
ახლა რას მარგებს აწ გარდასულ დღეებზე გლოვა!
ვგლოვობდი ადრე, თავი გლოვას მე აქ ვანებე!
რასაც ვერ შევცვლი, რა ხელს მაძლევს!.. არც მედარდება!
დავჯდები, ღამეს ისევ შენზე ფიქრში გავათევ!
ისიც მეყოფა, რაც უაზროდ ჟამს ვეკამათე
და ჩემი ყოფის ყველა წამიც ჟამს რომ ბარდება!

რითი სჯობს მაინც ნასიკეთარს ნათაღლითარი?..

რამდენ თაღლითს და არამზადას იტევს სამყარო,
ვერ შევაჩვიე ყური სიტყვებს, მათგან გაროშილს.
ისინი ზემოთ ბრძანდებიან, ჩვენ ვართ ხაროში
და მითაჟამით საცხოვრისი ჰქვია ამ ხაროს.
უზნეო ყოფა საგულისხმო მაინც რით არი?
რატომ უძღვნიან მას რომანებს, სპექტაკლებს, ფილმებს?
თუ აქვს, ნეტავი, ამ კითხვაზე პასუხი ვინმეს,
რითი სჯობს მაინც ნასიკეთარს ნათაღლითარი?

და მე სიკეთის მახარობლად დაგესიზმრებით...

ვაგროვებ სიზმრებს. აუხდენელს. ზოგჯერ - ახდენილს!
გავავსე უკვე მთელი სკივრი. მთელი ზანდუკი.
ზოგი მათგანი მალამოა, ვით ფარსმანდუკი,
ზოგიც - ფარული სუფლიორი, ცხადის საყრდენი.
სიზმრებში წლები მიფრინავენ, როგორც ისრები,
ხანდახან ისე, არც კი რჩებათ მცირედი კვალი.
როდესაც წავალ, მეგობრებო, დახუჭეთ თვალი
და მე სიკეთის მახარობლად დაგესიზმრებით.

მზის აივნიდან გადავყურებ მსოფლიოს ტრამალს...

რაც გინდათ, ის თქვით, მე კი მაინც ჩემსაზე ვდგავარ,
ვარ მებადური, ვიჭერ ცაში ფიქრის ქორჭილებს.
მე ეს შევძელი - გრძნობა აზრზე დავაქორწინე,
და ჩაის გვერდით (არა - ნაცვლად!) დავასხი ყავა!
მე არც არავის ვედავები, არც ვეომები,
მზის აივნიდან გადავყურებ მსოფლიოს ტრამალს,
სადაც ნიადაგ თამაშდება ფარსი და დრამა
და უგალობენ ზამთარს ბერწი შემოდგომები.

ერთხელ აქედან აბარგება ყველას ხვედრია…

ცხოვრებას უკან გასასვლელი კარები არ აქვს,
რომც მოინდომო, ჩუმად ვეღარ გაიძურწები.
მინდა ვიცოდე, რას ფიქრობენ, ნეტავ, ძუნწები,
როცა ტოვებენ სამუდამოდ შეჩვეულ ალაგს!
ერთხელ აქედან აბარგება ყველას ხვედრია,
არც კი გკითხავენ, ვინ იყავი - ცუდი თუ კარგი.
სულ ბოლო გზაზე რომ მიჰქონდა რაიმე ბარგი,
მე ჯერ ასეთი ბედნიერი არ შემხვედრია.

მე კი, ბედოვლათს, იმედი მაქვს გაცრეცილ დედნის...

დგება მომენტი, როცა ხვდები, დრო არის გაცლის.
კართან მომდგარა გარდუვალი ცვალება ჟამთა.
და არა თოვლის, უკვე ჟინჟღლის ფერი აქვს ზამთარს,
და ყოველი დღე კი არ გატკბობს, არაქათს გაცლის.
ვინც ახლა მოდის, ვერც კი ხვდება, რა ელის ხვალ-ზეგ,
თითქოს ულაყზე ამხედრდდა და ჰგონია, ხედნის.
მე კი, ბედოვლათს, იმედი მაქვს გაცრეცილ დედნის,
და ვფიქრობ ვალზე, გადასახდელ საწუთროს ვალზე.

ვიცხოვრე, ვცხოვრობ, გავაგრძელებ ჩუმად ცხოვრებას...

არ მინდა ცუდად დაგახსომდეთ, თუკი საერთოდ
დაგახსომდებით... ხალხის ხსოვნა შერჩევითია...
თუ გსურს საწუთროს საბაღნაროს შერჩე, ვით ია,
უნდა აყვავდე... ეჰ, ოცნებით სული გაერთო!
არ ვარ მეხოტბე, არც ქომაგი საკუთარ თავის,
ვიცხოვრე, ვცხოვრობ, გავაგრძელებ ჩუმად ცხოვრებას
და არც ვიდარდებ თუ არავის ემახსოვრება,
რომ მკერდი ჩემი იასავით ჰყვავის და ჰყვავის!

მე ამ მიწაზე ჩემ ასაკზე მეტი დავყავი...

თავდება ჩემი საუკუნე და მეც ვთავდები,
კიდევ რამდენი დამრჩენია - თვეები, წლები!
მე ამ კითხვაზე ფიქრით ვცხოვრობ - ვდგები და ვწვები,
არც ვიცი, თუა სადმე ჩემი ყოფის თავდები.
მე ამ მიწაზე ჩემ ასაკზე მეტი დავყავი
და, ალბათ, ერთ დროს სხვებზე მეტი მომეკითხება.
დრო ხან მიფრინავს, ხან ჩემ ფერხთით უხმოდ ირთხმება.
ბოდიში ჩემ დროს, რომ მე იგი ვერ უკვდავვყავი!

ნუთუ ნამდვილად მეც ვარ მათი მონათესავე!..

მაინც საიდან ზიზღით სავსე ამდენი სახე,
თითქოს რაღაცა დავაშავე, თითქოს მერჩიან.
ზოგჯერ ვიფიქრებ გულახდილად - ხომ არ მერჩია,
არ გავიხსენო, დავივიწყო, რაც ჩვენში ვნახე!
სიავის ხნულში ბოღმასა და მტრობას თესავენ,
სხვის სიხარულზე ებინდებათ უცებ თვალები.
და მე დავდივარ მწარე კითხვით განაწვალები:
ნუთუ ნამდვილად მეც ვარ მათი მონათესავე!

და მე ვარ თითქოს შვილობილი კეთილი ბუდის...

ჰყვავის ლოტოსი... წვიმს... ღრუბლებში გამოჩნდა ბუდა,
როგორც ვფიქრობდი, ყველაფერი იმგვარად წავა.
უკვე დავრწმუნდი, აქაური მე მშველის ჰავა,
სურვილებს სუნთქვის ოხშივარით სათუთად ვფუთავ.
მე აქ არ მტოვებს საოცარი შეგრძნება ბუდის,
ანუ სიშორე მირაჟია და ისევ შინ ვარ.
მიახლოვდება იმედივით ხეობის ფშვინვა
და მე ვარ თითქოს შვილობილი კეთილი ბუდის.

მე ჩემი ფრთები მივახატე ხსოვნის დაფაზე...

ფიქრიც ტვირთია, თანაც მძიმე, საკმაოდ მძიმე,
არ დავმალავ და ზოგჯერ კიდეც მიჭირს აწევა.
ავფრინდები და მეჩვენება: კამიკაძე ვარ,
ვემშვიდობები ძირს დაშვების ნამცეცა იმედს.
მაგრამ ეს არის არჩევანი, და ისიც ფიქრის,
ხანგრძლივი ფიქრის ნაყოფია... და მას ვაფასებ.
მე ჩემი ფრთები მივახატე ხსოვნის დაფაზე,
ახლა იმ ფრთებით ჩემი სული კოსმოსში მიჰქრის.

და მომავლის კარს სულ ამაოდ ვეჯაჯგურები!

იმ გზაზე ვდგავარ, ჩვენ რომ ავცდით, იმ გზაზე ვდგავარ,
ისევ ის განცდა, ის განგაში, ის მღელვარება.
აქ სადღაც ჩვენი სიყვარული დაიარება,
სანამ შევხვდებით, ალბათ, მთელი ცხოვრება გავა.
გადამებინდოს ლამის მზერა შორეთს ყურებით,
უკვე ძლივს ვარჩევ ძველ ნაბიჯებს, გადადგმულს მცდარად.
კრიტიკულ მასას ჰგავს ნარევი: „დიახ!“ და „არა!“
და მომავლის კარს სულ ამაოდ ვეჯაჯგურები!

ზოგჯერ ვიფიქრებ: მე ოცნებით ხომ არ დაგბადე!..

გიგზავნი დასტურს -- უშენობა ნიშნავს ყიამეთს.
სადაც შენ არ ხარ - არც შუქია, აღარც ჟანგბადი.
ზოგჯერ ვიფიქრებ: მე ოცნებით ხომ არ დაგბადე
და მიგაწერე ყველა სიტკბო, ყველა სიამე?
ზოგჯერ ვიფიქრებ: ნეტავ, შენაც თუ გეფიქრება,
რომ უჩემობამ გაგიჩინა მკერდზე ნაპრალი?!.
ვანთებ სანთელს და მარტოდმარტო ჩემ თავს ვაბრალებ,
ჩემ თავს ვაყვედრი უსასრულოდ, რომ ის მიქრება!

მსურს შენს ნახატში საკუთარი თავის დანახვა!

მე არ მეცნობა ჩემი თავი, შენ მიცნო იქნებ,
მაინტერესებს, რა დავკარგე, რა შევიძინე.
თუ გელანდები, როცა წვები, როცა იძინებ
და სიზმარეულ ლაბირინთში გზას მარტო იგნებ!
მე მთლად უკვალოდ დაკარგვაზეც არ ვარ თანახმა,
თუმც ბევრი რამე დღეს ნამდვილად არ მენატრება,
და სანამ ყოფა არ გამქრალა შავ-თეთრ კადრებად,
მსურს შენს ნახატში საკუთარი თავის დანახვა!

შენ აქ ხარ, ყოველ ნაბიჯზე და, მე მაინც გეძებ...

გამოგიტყდები: მე უშენოდ ისე ვერა ვარ,
როგორც მეგონა ვიქნებოდი... სევდამ დამრია
ხელი და ვხვდები, რომ მთავარი ჩემში მამრია,
და მწირი სული მარტო ლოცვით ცამდე ვერ ავა.
ვკითხულობ ძვირფას ჩანაწერებს... აქ ყოველ გვერდზე
შენი სახელი ბრწყინავს, როგორც ციცინათელა,
რომელიც ჟამმა ვერც ჩააქრო, ვეღარც გათელა,
შენ აქ ხარ, ყოველ ნაბიჯზე და, მე მაინც გეძებ.

ხომ არ დაგრჩება ჩემთვის ღიად ეზოს ჭიშკარი!

თითქოს ავდივარ გემის ტრაპზე, რომელიც გადის,
შენს თავს მაგონებს, კიჩოსთან რომ წივის თოლია.
მე ამნაირად ჯერ არასდროს არ მითრთოლია, -
გავცდები მალე ბოლო სამანს სიზმრის და ცხადის.
ჯერ არც კი ვიცი, სად მივდივარ, სად მივიჩქარი,
ეს განშორება შენი ცრემლის წვეთადაც თუ ღირს!
როცა კვლავ შენთან მომინდება მდაბალს და უღირსს,
ხომ არ დაგრჩება ჩემთვის ღიად ეზოს ჭიშკარი!

და, ჰა, საცაა სულ, სულ ბოლო საზღვარს გავცდები!

მზეს დედამიწამ კიდევ ერთხელ შემოუარა,
ყვითელ ბალახებს გალავანთა დაეცა ჩრდილი.
მე კვლავ იმაზე ვფიქრობ, რაზეც ვფიქრობდი დილით -
გახსოვარ ისევ? ცოცხალი ვარ შენთვის თუ არა!
რად გამოვცადე თავი ჩემი?.. (ახლა ვბრაზდები!)
განა არ სჯობდა სოფლის ტვირთი ერთად გვეზიდა!..
ვით ბრმა მოგზაურს, დამეკარგა თითქოს გეზი და
ჰა, სადაცაა სულ, სულ ბოლო ზღვარსაც გავცდები!

ბედნიერი ვარ, რომ ცხოვრებამ ვერ მომარჯულა...

ისეთს რას ვიტყვი, რაც არ უთქვამთ და მაინც ვყვები,
ჩემ მონაყოლს ხომ საკუთარი ტკივილი ახლავს.
განვიცდი, ვღელავ, ვიტანჯები აგერ და ახლა,
არ მასვენებენ წამოსული სულიდან ხმები!
ჩემ ყველა სიტყვას, ყველა ნაბიჯს, ყველა საქციელს,
მხოლოდ სიკეთე, მხოლოდ სითბო ედო სარჩულად.
ბედნიერი ვარ, რომ ცხოვრებამ ვერ მომარჯულა
და დამარცხება გამარჯვებად გადავაქციე.

და თუ არყოფნა მომესურვა, ისიც აქვეა!

ვის დაველოდო? - აქ მომსვლელი არავინ არი.
ბალახს სიმწვანე დაავიწყდა, ჭიშკარს ჭრიალი.
ღამით მთავრდება ცისკიდურზე მზის ხეტიალი
და ნაპრალებში სითბოს ეძებს დაღლილი ქარი.
ჩვენ შორის მანძილს აღარც ვიცი, ახლა რა ჰქვია?
ხანდახან ვფიქრობ: იყო ის, რაც იყო უცილოდ?
ჩემი აქ ყოფნა სიზმარია, მაგრამ უძილო
და თუ არყოფნა მომესურვა, ისიც აქვეა!

და ჩემი სუნთქვა ეფინება ნისლივით ტიბეტს...

სანამ ვითვლიდი წლებს, მეგონა, თითქოს ვბერდები,
შევწყვიტე თვლა და სიბერეზე ფიქრებიც გაქრა.
ღრუბლებმა ციდან ჩამომძახეს: „გინდაო აქ რა?“
მე ვუპასუხე: „სხვაგან ვერსად ვერ გავჩერდები!“
თითქოს ოცნების კოშკს მივადგი იმედის კიბე,
ძირს სიხარულის რუ რაკრაკით მიედინება.
მხნედა ვარ ჯერაც, რადგან ზეცამ ასე ინება
და ჩემი სუნთქვა ეფინება ნისლივით ტიბეტს.

ზაფხული მორჩა და ზამთარმაც უმალ იზამთრა...

ადრე თუ გვიან ცა თავისას მაინც იზამდა,
ჩვენ დავასწარით, ვერ დაგვწამებს ვერავინ გაყრას.
უცნობმა მღრღნელმა სიმარტოვის კედელი გახრა,
ზაფხული მორჩა და ზამთარმაც უმალ იზამთრა.
არ დაგვრჩენია არც სადავო, არც გასაყოფი,
ჩვენ, სიყვარულის გარდა ქვეყნად არაფრის მქონეთ.
ჰო, ცრემლსაცავში მლაშე სითხის მატულობს დონე
და ბაღში ხეხილს ღამ-ღამობით სცვივა ნაყოფი.

და ძველებურად კვლავ ჭახჭახებს სუროში შაშვი...

მე მიხაროდა შენთან ყოფნა, მეტიც - მწყუროდა,
და ბედნიერი ვიყავ, როცა გხედავდი გვერდით.
შეუგრძნობელის მოლოდინით მითრთოდა მკერდი
და ჭახჭახებდა გული, როგორც შაშვი სუროდან.
ასეა ახლაც: შენზე ფიქრი არ მაძლევს საშველს,
და სულ ერთია, შენ სადა ხარ და მე სადა ვარ!
უჭკნობ სიყვარულს ხელთ უპყრია ვნების სადავე
და ძველებურად კვლავ ჭახჭახებს სუროში შაშვი.

ვინ იტყვის: „სოფლის საუკუნო მობინადრე ვარ!“

შურმა წაგვლეკა... არშემჩნევა გვქცევია სნებად.
და მე არ მიკვირს, რომ ბევრისთვის ცოცხალი არ ვარ.
თითქოს ჯართია ჩემი ოქრო, ვერცხლი და ქარვა
და სათნოება სიძულვილის კოცონში დნება.
რა ხდება ხალხო, რატომ ანთხევთ ბოღმის შადრევანს,
განა არ გახსოვთ, რომ აქედან წავალთ ყველანი,
როგორც მოვედით - უპოვარნი, ტანტიტველანი, -
ვინ იტყვის: „სოფლის საუკუნო მობინადრე ვარ!“

მე ბავშვობაში საკუთარი ვარსკვლავი მქონდა!

მე ბავშვობაში საკუთარი ვარსკვლავი მქონდა,
რომელიც მუდამ ჩემი სახლის თავზე ეკიდა.
ის ოქროს სხივებს მიგზავნიდა ცის კვარცხლბეკიდან...
მე ბავშვობაში საკუთარი ვარსკვლავი მქონდა.
ცხოვრება ზოგჯერ თოფს მესროდა, მირტყამდა კონდახს
და მე თანდათან დამავიწყდა ცაში ყურება.
ახლა იმ ვარსკვლავს ვისი მზერა ეკურკურება?..
მე ბავშვობაში საკუთარი ვარსკვლავი მქონდა!

სიკეთე მადლად კაცს სიყრმიდან თუ არ ეპკურა...

მე მივატოვე მათზე ფიქრი, ვინც გაიყიდა,
და თქვა უარი უწინარეს საკუთარ თავზე.
მათგან დარჩენილ ცივ ვაკუუმს ლექსებით ვავსებ
და დუმილის ქვებს ვეზიდები სიზმრის რიყიდან.
ეს მხოლოდ ჩემი ნაბიჯია... ვერავის ამით
ვერ გადავაქცევ მეციხოვნედ, შუქის ებგურად.
სიკეთე მადლად კაცს სიყრმიდან თუ არ ეპკურა,
მას უფსკრულისკენ მიაქანებს ყოველი წამი!

უნდა დავიწყო ჩემი სოფლის ქებათა-ქება...

უნდა დავიწყო ჩემი სოფლის ქებათა-ქება,
დიდი ხანია, მან ეს ჯილდო დაიმსახურა.
აქ ჩემ ეზო-კარს იმნაირი ზეცა ახურავს,
რომ მის ქვეშ მყოფთა საწიერზე წუხილი ქრება.
იქ ღამ-ღამობით იმართება ვარსკვლავთა კრება
და მათ კიაფში სულ სხვაგვარად მოჩანს ცხოვრება...
იგია სწორედ, რაც ბოლომდე მემახსოვრება
და რასაც უნდა მე მივუძღვნა ქებათა ქება!

ეს რა ყოფილა - სიყვარულის ნაწყალდიდარი...

ცხოვრების ბოლოს თუ რამ შემრჩა, მხოლოდ შენა ხარ,
ვით განჯინაში ხელთუქმნელი, ძვირფასი განძი.
ვიხსენებ ახლა შენთან გავლილ გზასა და მანძილს,
უკვდავ კადრებად ხსოვნაში რომ შემომენახა.
ეს რა ყოფილა - სიყვარულის ნაწყალდიდარი:
არც ნაპირები, არც მდინარე, არც კალაპოტი!..
ყველას სიმდიდრე დრომ წაიღო, როგორც ნაფოტი
და მხოლოდ შენზე მოგონებით მე ვარ მდიდარი.

რა მინდა ახლა? - სადმე ერთი პატარა სახლი...

რაზე არ წერენ: გვიყვებიან მთისას, ბარისას,
მე კი შენზე ვწერ, შენზე ფიქრით ვათენ-ვაღამებ.
წუხელ ცრემლებით ცა გავრეცხე და გავახამე,
რადგან მეჩვენა, არ ბრწყინავდა ცა საკმარისად.
მე შენი სახე ხან მიქრება, ხან მეცხადება,
ხან სიბნელეა, ხანაც მთვარე დამყურებს მაღლით.
რა მინდა ახლა? - სადმე ერთი პატარა სახლი
და შენს მკლავებზე ძველებურად თავის დადება!

თურმე ყოველთვის ჩემთან რჩება თვისება მარცვლის.

რაც მე ვიცხოვრე, რა თქმა უნდა, არაა ცოტა,
თუმცა მე ცოტად მეჩვენება, რა ვქნა, კაცი ვარ!
ჩემ ხეობაში ზამთარია, მაგრამ არ ცივა,
ვცხოვრობ მარტოკა და ეგ არი: ფიქრებში ვცოდავ!
ადგილის შეცვლა რწმენისათვის არაფერს არ ცვლის,
მით უფრო, როცა მარტო რჩები საკუთარ თავთან.
მე რომ მეგონა, საუკუნოდ დავშორდი თავთავს,
თურმე ყოველთვის ჩემთან რჩება თვისება მარცვლის.

შენ ხარ „არავინ“, „არაფერი“ და „არასოდეს“...

თვალს რომ გაახელ და სიბნელე შეგეფეთება,
გინდა იყვირო, მაგრამ ყელში სკდება ბგერები.
ვინც გენატრება, მას ვერც ხედავ, ვერც ეფერები,
და შენი ცრემლი თითქოს ღამეს დასდის წვეთებად.
შენ ხარ „არავინ“, „არაფერი“ და „არასოდეს“.
და უბრუნდები მრავლისმნახველ ბებერ სარკოფაგს.
არც უკვდავება გემუქრება, არც უარყოფა
და საერთოდაც, გსურს არავის აღარ ახსოვდე.

სამაგიეროდ, ვგრძნობ, ცის შვილი ვარ ჭეშმარიტად...

მე დავარღვიე ყველა წესი, ყველა კანონი,
და რასაც აქ ვწერ, მკრეხელობა უფრო მგონია.
მაგრამ რას ვიზამ, სხვა ცხოვრება არა მქონია,
სულ მიზიდავდნენ სივრცეები უსამანონი.
მე მზის ამოსვლა დამინახავს მთიდან, ბარიდან,
დიდი მდინარის დაბადების ვყოფილვარ მოწმე.
ახლა არც სახლი, აღარც კარი და აღარც მოძმე,
სამაგიეროდ, ვგრძნობ, ცის შვილი ვარ ჭეშმარიტად.

მადგა ნათელი დედამიწის ოთხივე მხარის...

ჩამავალ მზეზე დავინახე წუხელ, ცხენები
გზის პირას ძოვდნენ შემოდგომის დამჭკნარ ბალახებს.
ეს ის წამია, გულს რომ ათბობს, მზერას ალაღებს,
გარწმუნებს: ზეცას ტრფობის კიბედ შეეშენები.
ცხენები ძოვდნენ, მე ვუსმენდი ჩიტების ხივილს,
და არ მახსოვდა, რომ სამყარო სხვაგვარიც არის...
მადგა ნათელი დედამიწის ოთხივე მხარის
და შორ ჰორიზონტს ადნებოდა მზის ბოლო სხივი.

მნესტრავდა კითხვა: „ვინ გიხმობდა, ვინ გეძახოდა!“

როგორ არ მახსოვს!.. შენ იდექი ციცაბო კლდეზე,
გიფრიალებდა ცისფერ კაბას აგვისტოს ქარი.
ვინ გეძახოდა, ვინ გიხმობდა? - სატრფო თუ ქმარი
ან ოცნების რაშს ვინ აკადრა უხეშად დეზი?
ახლოვდებოდა მწუხრის ბინდი გაღმა ახოდან,
დაისის შუქი შენს სილუეტს მატებდა ვარაყს.
ეჭვების ქვაბში მე ვხარშავდი „ჰოსა“ და „არას“,
მნესტრავდა კითხვა: „ვინ გიხმობდა, ვინ გეძახოდა!“

ჩვენ ვართ მასალა დროის ხელში - ვართ და არა ვართ...

ამოუვსია დავიწყებას ხსოვნის ღრმულები
და ბეწვის ხიდზე მიქანაობს, თითქოს ლანდია.
შორ ჰორიზონტზე ერთადერთი სახე ანთია,
რომელსაც დღემდე ძველებურად ვესულდგმულები.
რაა სიცოცხლე ან სიკვდილი!.. ვინ ახსნის, აბა?
ჩვენ ვართ მასალა დროის ხელში - ვართ და არა ვართ.
გვაქვს მოთმინება ტკივილების დასაფარავად,
სხეულებისთვის: ასარჩევად - შარვალი... კაბა!

მე შორ ცთომილებს დარაჯივით ღამეებს ვუთევ…

მშობლიურ ანბანს მაგონებენ ეს ვარსკვლავები.
ყველა მათგანში ბედისწერის ნიშნები ჩანან.
ცა მამულია: იქ საუფლო შრიალებს ყანა,
დაისის შუქში მზეკაბანით ნანანავები.
ვით დამშრალ ფსკერზე ფერს იცვლიან ქვანი, ქვიშანი,
ფერს იცვლის ჩვენი ფიქრისა და ოცნების ბუდე.
მე შორ ცთომილებს დარაჯივით ღამეებს ვუთევ,
რათა შემთხვევით არ გამომრჩეს იგი - ნიშანი!

შენი წარსულის გახსენება მე აქაც მზარავს...

ვერ დამაჯერე, რომ სწორია, რასაც მიყვები
და ის, რაც გინდა დღეს შეცდომად შემომასაღო,
სინამდვილეში ნიშნავს ლოგინს, სხვასთან გასაყოფს
ანუ რა გზითაც ჩემთან მოდი, იმ გზას მიჰყვები.
მეც (არ დავმალავ!) ამ ცხოვრებამ ბევრი მათრია
და სადაც დღეს ვარ, ო, შემთხვევით არა ვარ, არა!..
შენი წარსულის გახსენება მე აქაც მზარავს
და, ჰა, ერთხელაც შემარყია დილაადრიან!

11 ჩანაწერები

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

***

ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი (ყოველ შემთხვევაში მე ასე ვფიქრობ), როცა მას ყოველდღიურობისგან განდგომისა და საკუთარ თავში ჩაღრმავების სურვილი ებადება. მე ვგულისხმობ საღ, მოაზროვნე, კომპლექსებისგან თავისუფალ პიროვნებას, რომელიც ადრე თუ გვიან გრძნობს გავლილი ცხოვრების მანძილზე დაგროვებულ ნეგატიურ ტვირთს და მის მოცილებას საჭიროებს. მე პირადად ასეთი საჭიროება ნამდვილად ვიგრძენი და ჩემი ამჟამინდელი არჩევანიც უპირველესად ამან განაპირობა. მე არ ვყოფილვარ ორთოდოქსი იმ ცხოვრებაში და არა ვარ ახლაც. ბევრი ჩემი გამონათქვამი შესაძლოა არ შეესაბამებოდეს ჩემს დღევანდელ სტატუსს, მეტიც, წინააღმდეგობაშიც კი იყოს მასთან, მაგრამ ეს არც თუ ძალიან მადარდებს, რადგან უმთავრესად ნაფიქრალის სწორად გადმოცემა მიმაჩნია და არა თვით ნაფიქრალის სისწორე. ვინ დაადგინა ნებისმიერი აზრის საბოლოო ჭეშმარიტება, ვინა თქვა, მხოლოდ ერთი აზრია ნაღდი და სხვა დანარჩენს არსებობის უფლება არა აქვსო? საზოგადოებაში, სადაც მთელი შეგნებული ცხოვრება გავატარე, დიახაც ასე მიაჩნდათ, სადაც შემდგომი არსებობა შეუძლებლად მეჩვენა და ამიტომ ვარ ახლა იქ, სადაც ვარ. ამიტომ ვამბობ დაუფარავად მას, რაც მაწუხებს, მაღელვებს, განმაწყობს კრიტიკულად. არა აქვს მნიშვნელობა, ამ სათქმელს ლექსის ფორმა აქვს თუ ჩვეულებრივი პროზაული ჩანაწერისა. ისინი ერთმანეთის გაგრძელებას წარმოადგენენ და აფიქსირებენ იმ წამიერ განწყობას, რომელიც ამა თუ იმ მომენტში მეუფლებოდა. ადამიანი თავისთავად წინააღმდეგობრივი არსებაა და არაფერი უნდა იყოს გასაოცარი იმაში, რომ ჩემს ნაწერებშიც ხშირია ალოგიზმები. მათი არსებობა მოწმობს მხოლოდ ერთ რამეს: იმ მომენტში მე ასე ვფიქრობდი, ასე მეჩვენებოდა, ასე მწამდა. იმედია, ამ შემთხვევაში არა ვარ ორიგინალური და ვგავარ ნებისმიერ თქვენგანს, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ თავადაც ასეთები ხართ.

***

ცხოვრებამ თითქმის ჩაიარა, თან ისეთი სისწრაფით, თვალიც ვერ მივადევნე. ბევრი შემთხვევა, მოვლენა თუ თავგადასავალი მცირე ფრაგმენტებადღა თუ შემორჩა მეხსიერებას, ამიტომ მათი სრულყოფილად აღდგენის მცდელობა ფუჭი გარჯა იქნებოდა. და ეს იმიტომ, რომ ახალგაზრდობაში ქარაფშუტულად ვენდობოდი მახსოვრობას, მაგრამ წლების შემდეგ რომ მიმოვიხედე, აღმოჩნდა: ბევრი რამე სავსებით დამვიწყებია და ამჟამად შორეულ ექოდ თუ სწვდება სმენას. ამიტომ დავწერ მხოლოდ მას, რაც კარგად მახსოვს. რაც დამავიწყდა, როგორც ჩანს არ იყო მნიშვნელოვანი, თორემ მეხსომებოდა.

***

ქალს არასოდეს უნდა აგრძნობინო, რომ ძალიან გიყვარს. მას უნდა ჰქონდეს გარკვეული განგაშის განცდა, რომ საბედისწერო შეცდომის შემთხვევაში შეიძლება შენთან ერთად დაკარგოს საიმედო მეგობარი და, ერთდროულად მატერიალური და სულიერი კეთილდღეობაც. ქალებს ასეთი დანაკარგის ძალიან ეშინიათ და ამიტომ თვითონაც ცდილობენ თავი ისე მოგაჩვენოთ, რომ პირადი დამოუკიდებლობა მათთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თქვენს გვერდით ყოფნა. სინამდვილეში ეს ასე არ არის და მამაკაცს ყოველთვის ექნება მის წინაშე ფსიქოლოგიური უპირატესობა, თუკი ურთიერთობებში მიაგნებს ოქროს კვეთს და საკუთარ ვნებებს ისეთ სადავეს ამოსდებს, რომ დასაწყისში ნახსენები განგაშის განცდა ქალს მუდმივად თან ახლდეს. ეს იქნება მამაკაცისადმი ქალის ლტოლვის მუდმივი სტიმულიც და სქესობრივი ერთგულების გარანტიც.

***

ქალთან ნებისმიერ საკითხზე კომპრომისი საბოლოოდ მამაკაცის მარცხით, დანებებით, კაპიტულაციით მთავრდება ხოლმე. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, ვიყოთ შეუვალი ნებისმიერ საკითხში და არ ვაღიაროთ ჩვენი შეცდომა ან სულაც დანაშაული. პირიქით, ქალს ხიბლავს მის წინაშე გულახდილობა და საკუთარი ცოდვების მონანიება, ამ შემთხვევაში ის გრძნობს თავის უპირატესობას, ძალას, აღმატებას და მზადაა გაიღოს მოწყალება, გაპატიოს მცდარად გადადგმული ნაბიჯი.

***

ქალი მამაკაცისთვის უნდა რჩებოდეს მუდმივ გამოცანად, თვალშეუბამ მწვერვალად, რომლის დალაშქვრის ყოველი მცდელობა ბადებს ისევ და ისევ განმეორების დაუოკებელ წყურვილს. უკმარისობისა და ბოლომდე მიუწვდომლობის განცდა ის ანდამატია, რომელიც იზიდავს და ვნებით აღავსებს შეყვარებული მამაკაცის სულსა და სხეულს.

***

ეჭვიანობა, რომელიც პრაქტიკულად ყველა დიდი.სიყვარულის თანამდევია, ერთის მხრივ შიგნიდან ღრღნის, ასუსტებს და აუძლურებს მას, მეორეს მხრივ კი, რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა მოგვეჩვენოს, იქცევა უშრეტი შთაგონების, დაუოკებელი ფანტაზიისა და შეურყეველი ერთგულების წყაროდ. ეჭვიანობა ყოველთვის როდია პარტნიორის საპასუხო გრძნობათა მიმართ უნდობლობა, არამც და არამც. მე იგი წარმომიდგენია იმ ტექტონიკურ ძალად, რომელიც აფხიზლებს სხეულს, აწრთობს სულს და არ აძლევს მას მოდუნების საშუალებას. მთავარია, იგი არ იქცეს დამანგრეველ მიწისძვრად, რომლის ნანგრევებშიც სიყვარულის ფაქიზი ვარდი უმოწყალოდ გაისრისება.

***

ჩვენი შეხვედრები არასოდეს ყოფილა ბანალური. არც მარტო წვდომის ჟინით და არც მარტო მონატრებით გამოწვეული. ერთმანეთისკენ ნიადაგ მიგვაქანებდა რაღაც აუხსნელი შინაგანი ენერგია, რომლის მოთოკვა არც შეგვეძლო და არც გვიცდია. ჩვენ ვმოქმედებდით სპონტანურად და ეს მოქმედება იმდენად იდენტური და გულწრფელი იყო, თითქოს ყოველ ჯერზე პირველად ვხედავდით ერთმანეთს. ამან არა მარტო გადაგვარჩინა, არამედ ბოლომდე შეგვინარჩუნა სულის. სიფაქიზე და რწმენა იმისა, რომ ორთა კავშირი შეიძლება იყოს, მტკიცე, ურყევი და მარადიული.

***

როცა არაფრის თავი არა მაქვს და მგონია, ყველაფერი დასრულდა, მე მექანიკურად ვუბრუნდები შორეული ბავშვობის წლებს, სადაც მომავალი ვარდისფერ ნისლებშია გახვეული, ხოლო აწმყო ისეთი წარმტაცია და უზრუნველი, არც კი ფიქრობ ხვალინდელ დღეზე. და მე ვიწყებ მოგზაურობას საკუთარ თავგადასავლებში, ხილვებსა და ფანტაზიებში, თანაც ვჩერდები მხოლოდ იქ, სადაც მზე, წარმატება და სიხარულია. ვიცი, რომ წარსული არ განმეორდება, რომ ყველაფერი უკვე ქიმერაა და ილუზია, და მე მაინც ნეტარების განცდა მიპყრობს, რადგან ეს ყველაფერი ერთ დროს იყო და მას საკუთარი გონებით, ნიჭითა და ხელებით მივაღწიე. ეს ვირტუალური ექსკურსი მამშვიდებს, ნერვებს მიწყნარებს, მზერას მიხალისებს და კვლავ სასიცოცხლოდ განმაწყობს. საინტერესოა, რა ემართებათ დეპრესიაში ჩავარდნილ იმ ადამიანებს, რომლებსაც საკუთარ წარსულში.რაიმე ხელმოსაჭიდი არ ეგულებათ?

***

ცხოვრებაში ისე არასოდეს დავცემულვარ, რომ წამოდგომა არ შემძლებოდა. იყო ტრავმები, აუტანელი ტკივილები, ერთგვარი სასოწარკვეთაც, მაგრამ საბოლოოდ ყოველთვის იმარჯვებდა საკუთარი, მხოლოდ საკუთარი თავის რწმენა. მე ნიადაგ ვიმეორებდი ჩემთვის: შენ გაძლებ, აიტან, განიკურნები. ეს უხმო ჩურჩული იყო ყველაზე დიდი სალბუნი, მალამო, ჯადო, რომელიც ჩემში მინავლულ ძალებს აღვიძებდა და შემართებას მკარნახობდა. მახსოვს აღტაცებული სახეები მათი, ვისაც ეგონა, რომ დავსრულდი და წელში ვერასოდეს გავიმართები. მაგრამ უფრო მეტად მახსოვს ისინი, ვისაც ჩემი განსაცდელი თავისად მიაჩნდა და თითქოს ჩემსავით გრძნობდა ბედის მოულოდნელ დარტყმებს. მე ყოველთვის მეხსომება ერთნიც და მეორენიც. ერთნი იმიტომ, რომ არ გავახარო ისინი საკუთარი წარუმატებლობებით, მეორენი კი იმიტომ, რომ თუ ცუდი რამე დაემართებათ, მათ გვერდით ვიყო. ესაა ის ორი წყარო, რომელიც ნიადაგ მმატებს ენერგიას და სასიკეთო საქმეებისთვის განმაწყობს.

***

სულ ბეწვის ხიდზე მიწევს სიარული - ვუნდივარ? არ ვუნდივარ? ვუნდივარ? ყოველი დღე თითქოს გვირილაა და ასეთი კითხვებით ვაწიწკნი მათ წამებსა და წუთებს. მერე საკუთარ თავს ვუბრაზდები და ვეუბნები, რომ ეს სისულელეა, რომ ასე არ შეიძლება, მაგრამ არაფერი გამომდის. არადა იგი ხომ ჩემი არჩევანია, თუ შეიძლება ასე ითქვას, ჩემი ლტოლვისა და ვნების მუდმივი საგანია! მაშ რა გამოდის, ვაღიარებ, რომ შევცდი? რომ შემეშალა? ლამისაა ვიყვირო: არა და არა, ეს შეუძლებელია! თანდათან ვმშვიდდები, გული საგულეში დგება და უბის წიგნაკში მერამდენედ ვიწერ: „მიყვარხარ! ნუ უსმენ ჩემს ავადმყოფურ ბოდვებს! მე შენი მჯერა, მწამს, გენდობი! და სანამ ასეა, ეს ბოდვებიც გაგრძელდება!..“

***

ბრძენი მუნჩეიჩუ მეტყოდა ხოლმე: გადაწყვეტილების მიღებისას არასოდეს აჩქარდე, ბრაზიან გულზე არასოდეს ჩაიფიქრო შურისძიება და არასოდეს უთხრა ერთბაშად უარი მთხოვნელს, რაზეც არ უნდა იყოს მისი თხოვნა. ვწუხვარ, რომ ყოველთვის ვერ ვასრულებდი ამ შეგონებას, რადგან რამდენჯერაც წავუყრუე მას, იმდენჯერაც წავაგე.

***

იმ ღამეს მთვარე ჭაში ჩავარდა. მე ეს სარკმლიდან დავინახე და ვიფიქრე, მეტჯერ არასოდეს ამოვა-მეთქი. და რაოდენი იყო ჩემი გაოცება, როცა მეორე საღამოს იგი კვლავ ცის ტატნობზე დაკიდული ვიხილე. მაშინ ოთხი-ხუთი წლისა თუ ვიქნებოდი, მაგრამ უკვე იმ დროს მტკიცედ ვიწამე სასწაულების და ყოველი მარცხის მერე მჯეროდა, რომ იმ მთვარესავით გადავრჩებოდი. და აკი გადავრჩი კიდეც. დასკვნა: უნდა გჯეროდეს. რაც გჯერა, უსათუოდ მოხდება.

***

მამაკაცი ქალის გარეშე ნახევარმთვარეა, რომელიც არასოდეს გაივსება.

***

ყველაზე დიდი ეგოისტი ამ ქვეყანაზე შეყვარებული მამაკაცია, რომელმაც იცის მარტო ერთი ნაცვალსახელი: „ჩემი“.

***

ქალმა თუ შურისძიება ჩაიდო გულში, მიმიქარავს ყველაზე ბოროტი და ავზნიანი მამაკაცის უკიდურესად სასტიკი ფანტაზიები. თანაც ქალს შეუძლია ისე მიაღწიოს საწადელს, მამაკაცი ვერც მიხვდეს, რომ მასზე შური იძიეს.

***

სრული გულახდილობა არ არსებობს. აღმსარებელი ყოველთვის იტოვებს თავისთვის რაიმე ისეთ დეტალს, რომელიც საჭიროების შემთხვევაში თავის გასამართლებლად გამოადგება.

***

შეგნება იმისა, რომ ამ უსასრულო სამყაროში მღილიც კი არა ხარ, ზოგჯერ ისე დამთრგუნველია, რომ გინდა ხელები ჩამოუშვა, ჩამოჯდე სადმე უკაცრიელ ადგილას და დაელოდო საკუთარ აღსასრულს. მაგრამ როცა გაიხსენებ, რომ გარშემო ყველა (ზოგი ცოტა უკეთესი, ზოგიც ცოტა უარესი, მაგრამ მაინც) შენნაირია, დგები და უბრუნდები ცხოვრების ჩვეულ რიტმს ანუ ისევ ებმები უაზრო მარათონში, რომელსაც ფინიში არ გააჩნია. მთავარია, რომ გარბიხარ. სად, რატომ, რისთვის, მეორეხარისხოვანია, რადგან არც შენი შედეგი აინტერესებს ვინმეს და არც ვინმეა ამ შედეგის შემფასებელი.

***

ცხოველმა არ იცის, რომ მოკვდავია, მაგრამ მასში ინსტიქტურად ცხოვრობს სიკვდილის შიში. ის ემალება მონადირეს, გაურბის მასზე ძლიერს, იცავს საკუთარ შვილს საფრთხისგან. და ყოველივე ამას აკეთებს სიცოცხლის გულისთვის, თუმცა არც ის გაეგება თუ რაა სიცოცხლე. ბოლოს და ბოლოს, ეს არც ჩვენ ვიცით სრულყოფილად. ისე, კაცმა რომ თქვას, თუ გვეცოდინება, შეიცვლება რამე?

***

იმ ცხოვრებაში ბევრჯერ მინატრია, მენახა, როგორ ჩამოატარებდა მდინარე ჩემი ავადმოსურნეების ცხედრებს. ისიც კი წარმომედგინა, რა ნეტარი მზერით შევხდებოდი და გავაცილებდი მათ მოუსავლეთისკენ. ახლა ოდნავაც არ მაქვს ასეთი სურვილი, ის კი არა და, ზოგჯერ საერთოდ მგონია, რამეს თუ მივაღწიე, სწორედ მათი წყალობით. ისინი მაიძულებდნენ მუდმივ სიფხიზლეს, სწორი ნაბიჯების გადადგმას, საკუთარ შესაძლებლობათა რეალურ შეფასებას. ამიტომ, ავისმოსურნენო, თუ კიდევ არსებობთ, მინდა კარგად ყოფნა გისურვოთ. როგორც ცხოვრებამ დამარწმუნა, მე თქვენ მჭირდებით!

***

არასოდეს დაუჯეროთ დიეტოლოგებს და მაჭანკლებს. ერთნი გვასწავლიან, რა უნდა მივირთვათ, როდის და რა დოზით. მეორენი გვირჩევენ, ვის მივაპყროთ მზერა, ვინ მოგვეწონოს და ვისთან შევუღლდეთ. ჩემი რჩევაა: მიირთვით ის, რაც გსიამოვნებთ, შეუღლდით მასთან, ვინც მოგწონთ. თუ საკუთარი აზრი გაგაჩნიათ, განზე მოისროლეთ ეს რჩევაც.

***

მე, რა თქმა უნდა, მივესალმები ქალისა და მამაკაცის თანასწორობას, ოღონდ ერთი პირობით: აქ უსათუოდ გათვალისწინებული უნდა იყოს ორივე სქესის როგორც ანატომიური და ფსიქოლოგიური თავისებურებანი, ასევე მათი თანაარსებობის შესახებ ტრადიციულად არსებული ეროვნული შეხედულებები. თანასწორობის მოტივით მანდილოსანს არ უნდა დავაკისროთ მძიმე მამაკაცური შრომა და პირიქით, მამაკაცის საქმიანობა არ უნდა დავიყვანოთ ძიძისა და დიასახლისის დონემდე. მოკლედ, ე.წ. ემანსიპაცია არ უნდა გავიგოთ პირდაპირ და სქემატურად. მე მომწონს მამაკაცური მამაკაცი და ქალური ქალი. ნებისმიერი გადახრა აქედან ჩემთვის სრულიად მიუღებელია.

***

ტყუილია, რომ გამარჯვებულს არ ასამართლებენ. ასამართლებენ და თანაც როგორ! ოღონდ არა დამარცხებულები, არამედ მომავალ ბატალიებში გამარჯვებულნი, რომლებიც უსათუოდ დაამკვიდრებენ მოწინაათმდეგის ძლევის საკუთარ ფორმულას და უკვე ამით დააკნინებენ წინამორბედთა „მიღწევებს“. ცხადია, ეს ხდება მაშინ, როცა ის ე.წ. მიღწევები საზოგადოების თვალშიც არ იწვევენ ნდობას და ისტორიული თვალსაზრისით აუცილებელ გადახედვას საჭიროებენ .

***

საყვარელი ქალი მუდამ უნაკლოა. იდეალურია მისი ტანფეხი, ძუძუმკერდი, ბაგეები, კბილები, თმები, ხმა, მიხვრა-მოხვრა, აზრები, ქცევები. მისი დესაკრალიზაცია იწყება პირველივე ნაკლის აღმოჩენით. და ამ აღმოჩენების პირდაპირპროპორციულად ეშვება დაბლა სინდიყი ვნებათა თერმომეტრზე. ნეტავი, მას, ვინც ბოლომდე დარჩა პირვანდელი ხიბლის ტყვეობაში და საკუთარი იდეალის სრულყოფილებაში ერთხელაც არ შეპარვია ეჭვი. ასეთები სადღაც ნამდვილად არსებობენ და, ვინ იცის, რომელიმე მათგანს ოდესმე გადავეყარო კიდეც.

***

წარსულის ბილიკებზე გავლა ისევ რომ შეიძლებოდეს, რამდენ ორმოს, ნაპრალს, ციცაბოს ავიცილებდი, გვერდს ავუვლიდი, მაგრამ მაშინ მექნებოდა კი ის გამოცდილება, ახლა რომ გამაჩნია? მოულოდნელი საფრთხეები, ცხოვრება რომ ნიადაგ წინ მახვედრებდა, არასოდეს მრთავდა მოდუნების ნებას და მეც მონადირის სიფრთხილით და ალპინისტის წინდახედულებით ვახერხებდი მათ გადალახვას. ზოგჯერ მიკვირს კიდეც, როგორ მოვახერხე ეს ყველაფერი!

***

ადამიანში ყველაზე მეტად ვაფასებ გადაწყვეტილების მიღების უნარს. შეიძლება ზოგჯერ შეგეშალოს და მცდარი ნაბიჯი გადადგა, მაგრამ ეს უმოქმედობასა და სხვათა კარნახის მოლოდინს მაინც სჯობს. უფრო გულდასაწყვეტია, როცა შიშისა თუ მცონარობის გამო სუფლიორის ჩურჩულს დაელოდები და იგი საბოლოოდ მცდარი აღმოჩნდება არა საკუთარი, არამედ მოკარნახის უჭკუობის გამო. ისე კი, რა თქმა უნდა, საუბარია სწორ, აწონ-დაწონილ, გონივრულ.გადაწყვეტილებაზე, რომელსაც მოჰყვება სერიოზული და დადებითი შედეგი.

***

გველი კანს იცვლის, ადამიანი კი ფსიქოლოგიურ ნიღაბს. დაბადებიდან გარდაცვალებამდე ის გადის განვითარების რამდენიმე სტადიას და ყველა მათგანზე წარმოდგება სხვადასხვა განწყობილებით, რწმენით, შეხედულებებით. ეს მეტამორფოზები არაა მკვეთრად თვალში საცემი, თუკი პიროვნება ნიადაგ საზოგადოებაში არ ტრიალებს და ხმამაღლა არ გამოხატავს საკუთარ აზრებს, მაგრამ ისინი აუცილებლად ხდება. სამწუხაროდ, ყველა ვერ გრძნობს ცვლილებებს საკუთარ თავში და საბოლოოდ ისე ტოვებს ამ ქვეყანას, რომ ვერც იგებს, ვინ იყო, რისთვის გაჩნდა, რა უნდოდა. არადა ე.წ. ელექტორატი. ნებისმიერ ქვეყანაში ასეთი დაბნეული ინდივიდებისგან შედგება. მერე კი გვიკვირს, რატომ ვირჩევთ ამდენ ნაგავს და რატომ ვცხოვრობთ მეტწილად აყროლებულ ნეხვში.

***

გზა ერთია, მგზავრი ურიცხვი და ყველა მათგანი მას თავისებურად გადის. ზოგი დაუბრკოლებლად, სრიალ-სრიალით, ზოგი ბორძიკით, ზოგი - ხოხვით. პარადოქსი კი მდგომარეობს იმაში, რომ მსუბუქად მიმავალი უეცრად დაეცემა და კისერს მოიტეხს, მხოხავი კი ფინიშთან პირველი მივა. სწორედ ესაა იღბალი. სხვა ახსნა მსგავს მოვლენას არა აქვს.

***

მე ვიცი ბედისწერის მხოლოდ ერთი სახელწოდება - ქალი. მამაკაცის პოზიციიდან, რა თქმა უნდა. ქალის პოზიციიდან ბედისწერას რა ჰქვია, ვერ გეტყვით. არ ვიცი!

***

თუ არ დაცემულხარ, მუხლისთავები არ გადაგიტყავებია და ტკივილისგან გონება არ დაგიკარგავს, ვერასოდეს მიხვდები წამოდგომის, წელში გამართვისა და გზის გაგრძელების სიხარულს. მე რამდენჯერმე.მქონდა ასეთი „ბედნიერება“ და სწორედ მაშინ აღმოვაჩინე ჭეშმარიტი მეგობრებიცა და ყალბი თანამგზავრებიც. ჰოდა, თუკი უფლის ნებით არ ეცემით, განზრახ წაიფორხილეთ, თავი მოიკატუნეთ და თქვენ უსათუოდ აღმოაჩენთ უღალატო საძმოს, ღალატიანი კი ისედაც შემოგეცლებათ.

***

როცა საჯარო თავყრილობებზე სიარულის სურვილი დავკარგე, ანეკდოტები და უაზრო ლაყბობები მომბეზრდა, როცა მივატოვე გაზეთის კითხვა და ტელევიზორის ყურება, მივხვდი, დადგა საკუთარ თავში დაბრუნების დრო. ეს იყო საოცარი შეგრძნება: თითქოს გადასახლებაში ვიყავი და ამნისტია გამომიცხადეს. მე დაუფიქრებლად შევახტი ვიწრო ლიანდაგზე მოხრიგინე ბედის მატარებლის ბოლო ვაგონს და ნისლებში გავუჩინარდი. ახლა აქა ვარ ანუ ჩემში და თვითონ ვირჩევ მეგობარს, მოსაუბრეს, თანამგზავრს.

***

თურმე ასეც შეიძლება იცხოვრო: არაფერზე ოცნებობ, არაფერზე წუხხარ, არაფერს გეგმავ, არაფერი გხიბლავს, არაფერი გაინტერესებს... შესაბამისად შენს გარშემოც არაფერი ხდება, სრული სიჩუმეა და სიმყუდროვე. არავინ გჭირდება, არავის ჭირდები. ესაა სულიერი სიმშვიდის ერთ-ერთი შესაძლო მოდელი. თუმცა... - მართლა შესაძლო?

***

არ იყავი... იყავი... არა ხარ... არ იქნები... - ესაა ნებისმიერი ადამიანის სტანდარტული ბიოგრაფია, რომელსაც შეიძლება მცირე სქოლიოები ჰქონდეს. ზოგს ვრცელი, ზოგს მოკლე, მაგრამ ძირითადი ტექსტი მაინც დოგმასავით სტანდარტული და უცვლელი დარჩება. მართალია, შეიძლება მოხდეს ისე, რომ ამ ოთხპუნქტიანი ბიოგრაფიიდან მეორე პუნქტი ამოვარდეს.

***

მთავარია, ყოველთვის გახსოვდეს და იცოდე, სად უნდა იყო აუცილებლობის ჟამს. რა თქმა უნდა, ეს ვერ მოხდება სამხედრო კომისარიატის მოწერილობით, რადგან ადგილს, რომელსაც მე ვგულისხმობ, წინასწარ ვერავინ განსაზღვრავს, აქ მხოლოდ წინათგრძნობა თუ გიშველის. თუ წინათგრძნობამ გიღალატა, აღმოჩნდები ის, საიდანაც შესაძლოა ვეღარც დაბრუნდე.

12 333 მინიმა წიგნიდან „მე რომ შემეძლოს...“

▲ზევით დაბრუნება


***

წუხელ მესიზმრა:
მე ვიყავი გალიის ჩიტი,
შენ კი საკენკი დაგენანა
პაწია ტყვისთვის.

***

როდესაც აღმართს შევუდექი,
მაშინღა მივხვდი:
არ მხსომებია რიგიანად
ერთი დაღმართიც.

***

თუმცა ძველ სკივრში
არაფერი არ იდო უკვე,
მაინც ვიგრძენი
გარდასული ეპოქის სული.

***

კარი გავაღე,
მაგრამ ზღურბლზე არავინ იდგა.
სიმართლე გითქვამს ესე იგი -
აღარ მოვალო!

***

მე მაინც თავი დავიზღვიე
და არ მივედი
იქ, სადაც ბევრი უჩემობას
ვერ შეამჩნევდა.

***

გაგეცინება, მსგავს რამეს
რომ ჩინელი იტყვის:
სულ როგორა აქვთ ერთი სახე
მთავრობის კაცებს!

***

როცა სასწორზე ფეხი დავდგი,
გამკენწლა ეჭვმა:
სხეულის წონას არ ამძიმებს
ცოდვების წონა?

***

ოცი წლის მერე
სოფელში რომ ვერავინ მიცნო,
ვთქვი: დავიწყებას რა მცირე დრო
სჭირდება თურმე!

***

წლები თავისას რომ იზამდნენ,
ვიცოდი, მაგრამ
ასე ულმობლად თუ იზამდნენ,
ეს არ ვიცოდი!

***

ბიოგრაფია მოთხრობაა,
ვინ როგორ განვლო
(და რამდენ ხანში!)
გზა სახლიდან სასაფლაომდე.

***

გვალვების შემდეგ
ოწინარზე დაკიდულ სათლში
თითქოს ბიკფორდის ზონარივით
შიშინებს წვიმა.

***

ყვითელ ქაღალდზე ჩემ ნაწერებს,
მე ასე ვფიქრობ,
ეძლევათ მეტი
ეროვნული შეფერილობა.

***

უნდა მენახე, გამეცანი,
შემყვარებოდი,
სხვაგვარად როგორ გავიგებდი,
რაა სიცოცხლე!

***

ყველა ფოთოლი დაბლა ცვივა
და მხოლოდ ერთი
რაღაც შლეგური თავაწყვეტით
მიფრინავს სხვაგან.

***

მე ვბრაზდებოდი,
როცა ხალხში ათასებს ვგავდი,
ახლა მარტო ვარ და მგონია,
არავის ვგავარ.

***

სანამ ყველაფერს დავარქმევდი
საკუთარ სახელს,
აღმოჩნდა, თურმე
აღარ ახსოვთ ჩემი სახელი.

***

მატარებელმა მოიქნია
კუდი და გაქრა.
მოწყენის ლანდი მე მასწავლის
ღამის გასათევს.

***

არის ქალაქი, სადაც შენთან
შეხვედრა მინდა,
სადაც შენს წარსულს
თავსხმა წვიმამ ჩარეცხავს ზღვაში.

***

მე ძველებურად ვერ მოვიცლი
ბევრი რამისთვის,
რა მომცა, ნეტავ, მან,
რისთვისაც ვიცლიდი დღემდე?

***

ათასი რამე მიხაროდა
ჩემ ბავშვობაში,
ახლა ვფიქრობ და ვერ ვიხსენებ,
რა გამახარებს.

***

მე შევამჩნიე:
როცა გიყვარს, ეს დედამიწა
იმგვარად ბრუნავს,
როგორც შენს გულს გაუხარდება.

***

სოფლად დიდი ხნით
დაკეტილი კარი გავაღე,
იხუვლეს ხმებმა,
იქ რომ მშვიდად ეძინათ დღემდე.

***

მოგონებათა წიგნის წერას
რომ შევუდექი,
ბევრი ვიფიქრე და დავწერე
მხოლოდ: „ვიცხოვრე!“

***

გაზაფხულამდე,
რაც არ უნდა მოხდეს, ცხრა თვეზე
მეტი არასდროს არ დარჩება...
ეს მაიმედებს!

***

ჯერ თქვენ მითხარით,
რა შექმენით, რა გააკეთეთ,
მერე მე გეტყვით,
ეს ყოველი ღირდა თუ არა!

***

წავიოცნებებ,
ახლა მეტი რა დამრჩენია!..
გვერდით რომ გიდგას იმ სურათზე,
მე ვიყო, ნეტავ!

***

რაღა აზრი აქვს წარმატებას,
როცა არავინ
დამრჩა ოჯახში,
ვისაც იგი გაუხარდება!

***

„მე რომ შემეძლოს...“ -
ამ რუბრიკით, ო, რამდენ რამეს
დავწერდი, მაგრამ არ ვწერ,
რადგან არ შემიძლია!

***

ვსაუბრობ შენთან,
მერე რა, რომ შენ აქ არა ხარ.
გისმენდი წუხელ...
შენ მაშინაც აქ არ იყავი!

***

კონტროლიორი შემეკითხა:
„ბილეთი თუ გაქვთ?“
მე გამიკვირდა:
უბილეთოს რად მიმამსგავსა?

***

ჩემ ლექსიკონში ჩავიხედე
და შემეშინდა,
რომ ზმნათა შორის
„მინდა“ ვეღარ აღმოვაჩინე.

***

დაკეტილია ჩემი სახლი,
მაგრამ ეზოში
შუქის საფასურს
ვიხდი... მტრისას უშუქო ეზო!

***

თანაკლასელთა შეხვედრაზე
როცა ვერც ერთი
თანაკლასელი ვერ ვიცანი,
მე მაშინ მოვკვდი.

***

ვიჯდები უქმად,
რადგან ამით კაცობრიობას,
როგორც აქამდე,
არაფერი არ დააკლდება!

***

შენს გამოგონილ სამყაროშიც
თუ ცუდად ცხოვრობ,
მაშინ ნამდვილი სამყაროდან
რას გამორბოდი!

***

ჩემს ფანჯარასთან
ჩამომჯდარა პატარა ჩიტი
და მის დუმილში
მე ვკითხულობ საკუთარ სევდას.

***

ყველაზე დიდი საწუხარი
ამ ქვეყანაზე:
ერთი ნამცეციც აღარა ხარ
კოსმოსის მტვერში!

***

მე სულ ვფიქრობდი,
რომ უსიერ ტყეში ვიდექი,
მიმოვიხედე:
უდაბნოში მარტოკა ვდგავარ!

***

სიცრუის ზღვაში მივაშურე
სიმართლის კუნძულს,
მეგონა, ვინმე დამხვდებოდა -
თქვენც არ მომიკვდეთ!

***

გოგო-ბიჭებო,
ამ გვირილებს რას ერჩით, ნეტავ!
ჩახედეთ ერთურთს თვალებში და
მიიღებთ პასუხს!

***

მატარებელი, ბავშვობაში
მე რომ ჩამოვრჩი,
ჯერაც გზაშია...
ვერ ვიხსენებ, სად მივდიოდი!

***

ასეა მუდამ: მე მამჩნევენ,
როცა ვჭირდებით,
არადა თითქოს ქუდი მხურავს
უჩინმაჩინის.

***

სულზე მომისწრო
შენი მზერის გამონათებამ
და შემახსენა:
ცოცხალია ჯერაც სხეული.

***

ცოდნა, რომელიც
არაფერში არ გამომადგა,
ხსოვნაში ასე ჩაჭედილი
რატომ მაქვს, ნეტავ!

***

მე ერთხელ თოვლზე
დავინახე ჩემი სახელი,
დღემდე ვეძებ და
დამწერს მაინც ვერ მივაგენი.

***

პაპანაქება სიცხეში რომ
შენი დარგული
ხის ჩრდილში ზიხარ,
უკეთესი რა უნდა იყოს!

***

როცა ვერავის ვეღარ შველი
და შენც ვერავინ
ვერ გშველის, - მაშინ, სწორედ მაშინ
ხარ საცოდავი!

***

ცხოვრების ბოლოს
რა ულმობლად პატარავდება
ის, რასაც შენი არსებობის
გვირგვინად თვლიდი!

***

დღეებს ვინ ჩივის,
თვეებსაც კი ვერ ვამჩნევ... ახლა
ჟამთა დინებას წელიწადის
დროებით ვზომავ.

***

საფლავის ქვაზე
ამოტვიფრულ იეროგლიფებს
ერთხელაც თოვლის ფიფქებივით
გაადნობს ჟამი.

***

თუ, ვინიცობა, შეძახება
ვერ მოვასწარი,
გეტყვით წინასწარ,
ეს იქნება სიტყვა: „მშვიდობით!“

***

ნეფევ, შემინდე
უნებური ჩემი ნაბიჯი!..
პირველი კოცნა ბავშვობაში
მე დაგასწარი!

***

ვჩეხავდი შეშას და მეგონა,
რომ უკვე კვამლი
ცრემლებს მადენდა...
ის ცრემლები შეშისა იყო.

***

მე ერთხელ ჩემი მიღწევების
აწონვა ვცადე
და ციფრებს თვალი რომ შევავლე,
სასწორის შემრცხვა.

***

სხვამ რატომ უნდა მომისმინოს
ან დამიჯეროს,
როცა არავის მე არ ვუსმენ,
არც ვისი მჯერა!

***

ფოსტალიონო, ჩემო მაცნევ,
ჩემო შიკრიკო,
მე შენთან ერთად
მოლოდინის განცდა დავკარგე.

***

თქვენ, ვინც ერთმანეთს ვერ იტანდით,
გთხოვთ, მაპატიოთ,
ასე გვერდი-გვერდ რომ ჩამოგსვით
წიგნის თაროზე.

***

თოვლის მოსვლამდე სულ მგონია,
რომ ეს სიცივე
დროებითია და ზამთარი
ჯერ არ დამდგარა.

***

სიჩუმეს ვეღარ ვუმკლავდები...
ნეტავ, ამაღამ
ატეხდეს ვინმე აყალმაყალს,
გავიხარებდი.

***

ჩემ ფანჯარასთან დიდი ხნის წინ
მოჭრილი მსხლის ხე
შეარხევს ტოტებს
და მე, შემკრთალს, გამეღვიძება!

***

მე მეშინია
ჭკვიანების დუმილის, თორემ
უჭკუოებმა იხმაურონ,
რამდენიც უნდათ.

***

თქვენ მიიღებდით
მეგობრობის შეთავაზებას,
მას შემდეგ, როცა
სიყვარულზე უარი გითხრეს?

***

მე ასე ვფიქრობ:
თუნდაც ერთი სიკვდილის მერე
სამყარო უკვე ის არაა,
რაც ადრე იყო!

***

არ შეიძლება ფასი ჰქონდეს
თავისუფლებას
და ამიტომაც მას მდიდრები
ვერ შეიძენენ.

***

თუ მკითხა ვინმემ: „რაა ლექსი?“
მე ასე ვეტყვი:
როცა არავინ გეძახის
და მაინც პასუხობ!

***

იმდენ ახლობელს დავაპკურე
საფლავზე ცრემლი,
რომ ზოგჯერ ვფიქრობ:
უდაბნო ვარ უოაზისო!

***

თქეშში ფოთოლქვეშ
მშვიდად სძინავს ჭიამაიას,
მერე რა, თუკი შეეშალა
დარში ავდარი!

***

მე ვაკვირდები საკუთარი
სხეულის ჭკნობას
და წარმოდგენაც მიჭირს,
შიგნით რ ამბებია!

***

მაინც რა უნდა დაგემართოს,
რა უნდა მოხდეს,
მილიარდ კაცში
რომ ზედმეტი გეგონოს თავი!

***

ავად რომ გავხდე,
კაცი არ მყავს პულსის შემტყობი,
თუმც ახლა, როცა ამას ვფიქრობ,
კარგად ვარ, ვითომ!

***

რამდენჯერ მითქვამს გულდაწყვეტით:
„არ უნდა მეთქვა!..“
თუმც უფრო ხშირად „უნდა მეთქვა!“ -
დამცდება ხოლმე!
***

ბრინჯს როცა არჩევ, შვილო ჩემო,
შავი კი არა,
თეთრი კენჭების გეშინოდეს,
მეტყოდა დედა.

***

საფლავთან რიგი დავარღვიე,
მაგრამ არავინ
არ შემიძახა:
სად მიდიხარ, აქ არ მდგარხარო!

***

თურმე რამდენი ლამაზმანი
ცხოვრობდა ირგვლივ,
მე კი ვერც ერთი შევამჩნიე...
მე სხვა მიყვარდა.

***

მე ყველგან დავრჩი,
ვის გულშიაც ბინა ვიპოვე
და მალე ჩემგან
არაფერი აღარ დარჩება!

***

არის სხვაობა:
ყვავს ყრანტალში სული აღმოხდა,
ბულბულმა ვარდზე
გალობაში დალია სული.

***

ზონარგაყრილი წიგნი არის
შენი ცხოვრება,
იქიდან ფურცელს
შეუმჩნევლად ვეღარ ამოხევ.

***

უცხო ქვეყნიდან
სამშობლოში როცა ბრუნდები,
გრძნობ: მაინც აქ სჯობს...
თუმც იქ სჯობდა, იცი, ცხადია!

***

ასი წლის მერე დედამიწას
ასი სახელი
თუ შემორჩება,
სასწაული იქნება დიდი!

***

კაცს, ვისაც შუბლზე გაწერია,
რომ არ არსებობ,
დრო რატომ უნდა დაგახარჯო
შტერულ კამათში!

***

არც ისე ძნელად მისახვედრი
აზრი მეწვია:
შემთხვევითია ყველაფერი,
სიკვდილის გარდა!

***

ერთხელ კოსტუმში ვერ ვიცანი
მე ფეხბურთელი,
ხოლო მეძავებს
საერთოდაც ვერ ვცნობ კაბაში!

***

მეც რომ მქონოდა
მზვაობრობა პატარა კაცთა,
იქნებ მერწმუნა,
რომ ამაოდ არ ვარ დამშვრალი!

***

დაგპირდებოდი რამეს, მაგრამ
ვერ დაგპირდები,
რადგან ჩემ ნაცვლად სხვა განაგებს
სურვილებს ჩემსას.

***

ჩემი ქალაქი
უჩემოდაც იქნება ჩემი.
თვითონ? არ ვიცი,
არსებობაც ჩემი თუ იცის!

***

გადაყვარება ვერ ვისწავლე
და ამიტომაც
სავსეა გული
წაუშლელი სიყვარულებით.

***

მეზობლის ბაღში
მოპარული ქლიავის გემო
მეზობლის ცოლის კოცნასავით
მწკლარტე გამოდგა.

***

რომ არ ვიცოდე
წუთისოფლის უკუღმართობა,
დავიჯერებდი:
უჭკნობია ეს სილამაზე!

***

როცა არაფერს ელოდები,
დრო იყინება
და სულ ერთია,
რას იძახის ტყეში გუგული!

***

რაც არაფერი აღარ მიკვირს,
ასე მგონია,
ქვეყნად რაიმე გასაკვირი
მართლა არ ხდება!

***

მთაში თოვს ახლა
და პირველი, რაც მახსენდება,
შენი სახლია,
რომლის წინაც ვარ ატუზული!

***

მე მოვიზომე მამაჩემის
ძველი პალტო და
აღარ მომერგო...
ხმა ჩამესმის: „გაზრდილხარ, ბიჭო!..“

***

სანამ იზრდები,
ეს ცხოვრება საბაღნაროა,
მერე, გზადაგზა,
ჰოი, როგორ უდაბურდება!

***

ყველამ ერთბაშად რომ დამტოვეთ,
როგორ გგონიათ,
მე აქ უთქვენოდ,
მარტოდმარტო, დიდხანს დავრჩები?

***

როცა სარკეში ჩავიხედე,
თვალები მეცნო,
მაგრამ შიგ უკვე
აღარ ხტოდნენ ეშმაკუნები.

***

მივხვდი, მე თვითონ სტუმარი ვარ,
მაგრამ ისინი,
მასპინძლებად რომ მოაქვთ თავი,
ვინღა არიან!

***

მე მაინც შენზე ფიქრით ვცხოვრობ,
თუმცა ცხოვრება
დასრულდა, მაგრამ ის, რაც დარჩა,
შენზე ფიქრია!

***

დაგავიწყდიო,
საყვედურით მომწერა ერთმა.
შემეცოდა და არ მივწერე:
„არც მხსომებიხარ!“

***

ო, ჩემო მტრებო,
თუ ძალიან გსურთ გამამწაროთ,
იცოცხლეთ დიდხანს,
სიკვდილით ხომ ვერ გამამწარებთ!

***

სტუმრები წავლენ,
აალაგებს სუფრას მეუღლე
და უცებ მკითხავს:
რომელიმე იცანი მათგან?

***

მე ხომ ვერაფერს ვეღარ ვიგრძნობ
და რატომ მინდა,
იმ დღეს ავდარმა
ხალხს გუნება არ გაუფუჭოს!

***

შენ ხომ იყავი!..
დანარჩენი წვრილმანებია,
რომლებიც ვეღარ გადასწონის
ამ აღტაცებას!

***

სახლიდან გასვლის უაზრობა
როცა ვიგრძენი,
განგაშის ზარმა
შემზარავად მაშინ დარეკა.

***

ცხადია, ჩემი ეზოდანაც
ეს მზე მოჩანდა,
და მაინც, ალბათ,
დახრილობის კუთხე სხვა იყო.

***

ნეტავი, სხვებიც თუ ხედავენ,
როგორ მიტოკავს
ტუჩები, როცა ვიღიმები
სხვის დასანახად!

***

მე დავივიწყე ყველა ცუდი,
უხეში სიტყვა
და საოცარი სიმსუბუქე
ვიგრძენი ტანში.

***

პირობითია „პირველიც“ და
„უკანასკნელიც“,
მათი დამდგენი კომისია
მხოლოდ ცაშია.

***

ამ ქვეყნად კვალის დატოვება
რომ გინდათ ყველას,
თუ იცით, იგი სად, როდის და
როგორ დატოვოთ?

***

წვიმს და ფანჯრიდან
მოწყენილი გავყურებ ფერდობს,
იქ შარშან ამ დროს თოვლი იდო...
მე არ მციოდა.

***

მე ყველაფერი გავაკეთე,
რაც კი შემეძლო,
ისე, მერჩივნა,
ზოგი რამე არ შემძლებოდა.

***

ზამთრის ჩიტები ჩამომსხდარან
და გაზაფხულის
ჩიტებისათვის ზღაპრებს თხზავენ
თბილ ამინდებზე.

***

მე ვადასტურებ: ჩვენ ვისხედით
ერთ თვითმფრინავში,
მაგრამ ფიქრებით მივფრინავდით
სხვადასხვა მხარეს.

***

უარი შენზე კი არ მითქვამს,
მე ვთქვი უარი
კაცზე, რომელიც
მე ვიყავი აქამდე თითქოს.

***

მე გადავწყვიტე: გაპატიო,
რადგან ვერაფრით
ვერ დავივიწყე,
დავიწყება რისიც დაგპირდი...

***

მე იმ ქალაქის ხსენებაზეც
ბუსუსებს მაყრის,
სადაც სხვასთან ხარ,
მე კი თითქოს არ ვარ საერთოდ...

***

ახლა არ მტკივა,
მაგრამ როცა გამახსენდება,
როგორ მტკიოდა,
მიმძაფრდება ტკივილი ისევ...

***

თოვლის ფიფქებით
ჩვენ ზამთარი უსტარს გვიგზავნის
და წუხს, მის ნაწერს
რომ ვაბიჯებთ წაკითხვის ნაცვლად.

***

რა იქნებოდა ჩემი ყოფა,
რომ არ მიყვარდე,
განა არ მახსოვს,
რა ხანია, ვამძიმებ მიწას!

***

უკვე არც ერთი იარაღის
არ მეშინია,
მე თუ განმგმირავს,
ერთადერთი - დროის ისარი!

***

მეც, ყველას მსგავსად,
თუ არ ჩავრჩი საკუთარ დროში,
იქნებ ერთხელაც
შევახსენო პლანეტას თავი!

***

ოცნების ჩრდილში ჩამეძინა...
გაღვიძებულზე
ტრიალ მინდორში
თაკარა მზე მიწვავდა სახეს.

***

მე ვგრძნობ, მთავრდება,
რაც მარადი მეგონა დღემდე
და დღეის იქით მე არ ვიცი
სიტყვა: „მარადი!“

***

ზამთარმა თოვლით ამოგმანა
ღამის ნაპრალი
და ახლა მარტო მთვარემ იცის,
ქვევით რა ხდება.

***

როცა არავინ დაგიძახებს
ბავშვობის სახელს,
იცოდე, უკვე
სიბერისკენ მიემართები!

***

შენი დუმილი
ჩემში მუდამ იწვევდა განგაშს,
ახლა მე ვდუმვარ
და არ ვიცი, შენში რა ხდება!

***

ცუდად მენიშნა:
სიანშუის ტალღებს დაუნთქავთ
ფლატო, რომელზეც
მე პირველად გითხარი: „ჩემო!“

***

თურმე კარგად ხართ უჩემოდაც...
მე კი მეგონა...
თუ რა მეგონა, ვის რად უნდა,
სჭირდება რაში...

***

მეზობელს ვთხოვე ნიჩაბი და
მითხრა, არ მაქვსო,
დღეს ჩემი ნიჩბით მივაყარე
მის საფლავს მიწა...

***

გაჩერებულა - დღეს შევნიშნე -
კედლის საათი,
ჩანს, რომ ჩემსავით ვერ გრძნობს,
კედლის მიღმა რა დროა!

***

როცა ვერ შევძლებ
საწოლიდან წამოვიწიო
და ვთქვა: „მიყვარხარ!“
დაიჯერე, რომ მართლა მოვკვდი.

***

„ის აღარა ვარ!“ -
იმნაირად გეტყვიან ხოლმე,
რომ გეგონება,
თითქოს როსმე
რაღაცა იყვნენ!

***

დავწერ წერილს და აღარ ვიცი,
ვის გავუგზავნო:
არც მისამართი,
აღარც გვარი, აღარც სახელი!

***

მიმოიხედე,
აღარავინ არაა ირგვლივ...
რა გიხარია,
ფინიშთან რომ მარტო მიხვედი?

***

დედამიწაზე
ეს სარკმელი ერთადერთია,
მე საიდანაც
ჩემი ბედის ვარსკვლავს ვპოულობ!

***

რა დღესასწაულს აღნიშნავენ,
რა ხდება გარეთ,
ჩემ კალენდარზე
დეკემბერი წერია მარტო!

***

ბედნიერია,
ვის საფლავზეც დაეწერება:
„მე მივაღწიე,
მე შევძელი, მე მოვასწარი!“

***

მე თქვენს მოსაწონს, როგორც ვატყობ,
ვერაფერს შევქმნი,
და იქნებ ჩემი მოსაწონი
შეგექმნათ რამე!

***

წყალდიდობისას
მოგდის მხოლოდ ასეთი აზრი:
მანქანის ნაცვლად
არ გერჩივნა, ნავი გეყიდა!

***

მე ბევრ რამეზე ვბრაზდებოდი,
ახლა ვიღიმი...
და ისევ ვბრაზობ:
კაცმა რომ თქვას, რა მაბრაზებდა!

***

მეზობლის ჯიბრზე აშენებულ
სახლში ცხოვრობდა
და იქვე მოკვდა
იმ მეზობლის გულგასახარად.

***

ეჭვიანი ვარ და მე ვფიქრობ:
სხვასთანაც ისე
მოიქცეოდი, როგორც ჩემთან
იქცევი ახლა?

***

სიტყვებს, რომლებიც ადრეც გითქვამს,
მე ნუღარ მეტყვი,
ისინი ექოს გამოსცემენ
სხვა სიყვარულის!

***

მე დაპირებას არ ვენდობი,
რადგან არ ვიცი,
შესძლებ, მოასწრებ,
გამოგივა, დამპირებელო!

***

მე შეუმჩნევლის შემჩნევაში
ხელს ვიწაფავდი
და უმალ, როგორც შეგამჩნიე,
ვთქვი: „ოსტატი ვარ!“

***

იმ ხის ქვეშ, სადაც
ჩვენ ვისხედით ჟამითი ჟამად,
ზის ორი ლანდი,
ერთმანეთთან გადახვეული.

***

კაცი, რომელიც
ჟურნალების ყდებზე მინახავს,
წუხელაც ვნახე... შავ ჩარჩოში...
კატაფალკის წინ!

***

ქარმა ერთ ღამეს გააშიშვლა
ირგვლივ ტყე-ველი
და დგას ბუნება,
როგორც ქალი უმაკიაჟო.

***

მე რომ არავინ მეკითხება რაიმეს, -
არ მწყინს,
ვხარობ - არავის რომ რაიმეს
არ ვეკითხები!

***

გამოაკელი შენს ცხოვრებას
ბავშვობის წლები
და საუკუნეც რომ იცოცხლო,
შეგრჩება ნული.

***

მე მხოლოდ ერთხელ დავიბნიე
მთავრობის ჯილდო
და მერე... მერე სულ მგონია,
რომ მკერდი მეწვის.

***

ხსოვნის ღელეში
ლიფსიტებიც ამოწყდნენ უკვე
და მე ნაპირზე
უბედური ვარ მებადური.

***

საათის ისარს შეაბრუნებ,
საითაც გინდა,
დროის ისარს და ნასროლ ისარს -
ვერა და ვერა!

***

შენი კაბიდან აფრენილი
პეპელას ფრთებზე
ჩამავალი მზის ბოლო სხივი
წვალებით კვდება.

***

დამძიმდა სული
შემოდგომის რუხი წვიმებით,
და ახლა ტანი ცეცხლთან შრება,
როგორც ლაბადა.

***

უბის წიგნაკში
მხოლოდ ერთი ნომერი დამრჩა,
ისიც ზეპირად ვიცი
და მას „სასწრაფო“ ჰქვია.

***

სკოლის ახალი შენობიდან
ძველი მერხები
გააქვთ და თითქოს
მათ მიჰყვება ჩემი ბავშვობა.

***

იმდენ რამეზე ჩავიქნიე
ბოლო დროს ხელი,
ახალ წელს ხელი
რიგიანად ვერ ჩამოვართვი!

***

- ჩემს აზრზე ვრჩები!.. -
მრისხანე ხმით თქვა ორატორმა!
- კარგი, ბატონო, მაგრამ აზრი,
აზრი სადაა?

***

ცივ დერეფანში
შეღამების ფეხის ხმა მესმის...
მალე სარკმელში აინთება
მთვარის ნათურა.

***

შენ შემაჩვიე,
რასაც ერთხელ გადავეჩვიე
და აწი მაინც
ამ მიჩვეულს ნუ გადამაჩვევ.

***

მუხლამდე თოვლში
მე ვიხსენებ მუხლამდე ფოთლებს
და თვალს ვაყოლებ:
სად მიცოცავს დროის მუხლუხო.

***

ის, რაც არ იყო,
არც იქნება... რაც იყო ისიც
არაა უკვე...
ერთხელ ჩემზეც იტყვიან ასე.

***

რა უნდა ამ ხალხს, აქ რომ დაძრწის!..
რა აქვთ საერთო
ამათ იმათთან,
ასი წლის წინ აქ რომ დაძრწოდნენ!

***

მე ბედნიერი თუ ვიყავი,
ვიყავი მაშინ,
სოფლის ბოლოში რომ მეგონა
სამყაროს ბოლო.

***

უწარსულოებს,
აწმყოში რომ ფეხი დაუცდათ,
რატომ ვაბარებთ, ძლიერ მიკვირს,
ქვეყნის მომავალს!

***

თქვენ რომ გეგონეთ დაკარგული,
მე ვმუშაობდი,
დღეს თქვენ მუშაობთ,
მე აქა ვარ, თქვენ კი არა ხართ.

***

მე ის მადარდებს,
რომ უჩემოდ შენ შეიძლება
გძლიოს ცდუნებამ
და სულ სხვასთან წამოგცდეს: „დიახ!“

***

პირველი ფიფქი,
ჩემ შემდეგ რომ წამოვა, მთვარის
იეროგლიფი იქნება და
იქნება შენი!

***

მე დანისპირზე სიარული
ვიცოდი როსმე,
დღეს ვსწავლობ თავის შეკავებას
უფსკრულის პირზე.

***

სხვებისთვის ბევრჯერ
ნათქვამი და ნაფიცი სიტყვა,
გულმა - სიცრუის დეტექტორმა -
უმალვე იცნო.

***

მე დამავიწყდა, რაც ვიცოდი...
რაც არ ვიცოდი,
დავწერე აგერ...
განა სხვებზე ნაკლები რით ვარ!

***

თურმე თანდათან,
შეუმჩნევლად დაგემშვიდობე...
მე ეს სადგურის მორიგესგან
გავიგე ახლა.

***

სათაგურსა ჰგავს ჩემი სახლი...
მიტირეთ მაშინ,
როცა მას ქარი გამოაცლის
ჰაერის კედლებს.

***

არ შეიძლება მარტო დარჩეს,
არ შეიძლება,
ქალი, რომელსაც ვნების ცეცხლი
უღვივის გულში!

***

გაქვავდა ჩემთვის ყველაფერი -
დროც და მანძილიც
და დავრჩი მარტო
არჩეული სივრცის ამარა!

***

ჯერ არ ყოფილა მისამართი
შეშლოდა სიკვდილს,
გუშინ გავიგე -
მისამართი შეშლია ფოსტას.

***

ხდება ასედაც:
ჩემ სენაკში ევრორემონტი
ჩინური ტუფით შეასრულეს
უიგურებმა!

***

ჯერ კიდევ შარშან
ამ ქოხიდან ბჟუტავდა შუქი,
ახლა წყვდიადი იმზირება
და ჭოტი კივის.

***

ჩახერგილია ყველა გზა და
ყველა ბილიკი, -
ზამთარი მარტო
წელიწადის დრო არ ყოფილა.

***

ბონდის ხიდიდან
გოგონები ტყეს გაჰყურებენ.
მათ ქვეშ მდინარე
სვლას ანელებს და იშმუშნება.

***

„რასაც მე ვეღარ მოვესწრები,
არ მედარდება!..“ -
ვთქვი და სხეულში
სიმყუდროვემ დაისადგურა.

***

მაშინაც, როცა
სიყვარულზე მესაუბრები,
შენს გულში სხვისი სახეც ხომ არ
გაკრთება ხოლმე!

***

სანამ თვალებით ვუყურებდი
მე ამ სამყაროს,
ვერაფერს მივხვდი,
მაგრამ გულმა მიშველა ბოლოს!

***

როცა ვიგრძენი,
ზედმეტი ვარ ჩემ სამშობლოში,
ვიგრძენი ისიც:
არ მესმოდა გამვლელთა ენა!

***

მე რაც მომწონდა, რაც მიყვარდა,
წარსულს ჩაბარდა,
ხოლო წარსულმა
ხურდად გროშიც არ დამიბრუნა!

***

ცხენებს რას ერჩით,
რა ბრალი აქვთ საცოდავ ცხენებს,
იმათ მოჰკითხეთ,
ვინც ჭაობში დოღი მოაწყო!

***

რა რჩება ჩვენგან,
როცა ჩვენი აქ ყოფნის ბოლო
კვალიც გაქრება?..
რომ ვიყავით, ვინ დაიჯერებს!

***

„რა ბნელი დღეა!..“ -
თქვა თხუნელამ და სოროს კარი
გამთენიისას კიდევ უფრო
მაგრად ჩაკეტა.

***

მე უშენობამ მიმაჩვია
საკუთარ თავთან
ბაასს და როცა მსურს გაკოცო,
ვხვდები: მარტო ვარ!

***

რაც უფრო ვასწრებ გენიოსებს
გავლილი წლებით,
დანაშაულის და სირცხვილის
განცდით ვივსები.

***

სკოლის ბუხრიდან
ზეცისაკენ ასული კვამლი
მთელ გაკვეთილზე ნაოცნებარს
ხატავს გზადაგზა.

***

სამშობლოს ცაზე რაც ეწერა,
კვლავ ის წერია,
მაგრამ ჩემს მეტი წამკითხველი
არავინ დარჩა.

***

„გამომიარეთ!“ -
ვიმეორებ სიზმარში ხშირად.
სად, ვინ და როდის? -
საკითხავი ესაა მხოლოდ.

***

ყოველ ახალ წელს
ძველ მეგობრებს ვხვდებოდი სახლში.
წელს ვიღას შევხვდე -
არც სახლია, არც მეგობრები!

***

ძველ კარადაში
ნივთმტკიცებად მაქვს შენახული
ბროლის ფუჟერი
შენი ხელის ანაბეჭდებით.

***

კარს გავაღებ და
უცაბედად მომელანდება:
შენ დგახარ ზღურბლზე,
მე კი სიტყვა ყელში გამჩრია.

***

ის დროც მოვაო, რომ იტყოდნენ,
აჰა, მოვიდა,
და მე კი ამ დროს
დრო არა მაქვს მაინც და მაინც!

***

ქათქათებს თოვლი...
მას არასდროს არ დააჩნდება
ის ნაბიჯები,
რომ მსურდა და ვეღარ გადავდგი.

***

ცას რომ ავხედავ,
გავიფიქრებ, ნეტავ, როგორი
ვჩანვართ იქიდან
ბინადარნი დედამიწისა?

***

მთელი ცხოვრება
შხამს ნატრობდა ეს ჭიაყელა
და გველობაზე ოცნებაში
გავიდა გაღმა.

***

ვერ მოვიცალე სასიკვდილოდ,
თორემ აქამდე
უკვე რამდენჯერ მოვიდოდი
თქვენთან, ჩემებო!

***

სტრიქონებს შორის ვკითხულობდი
და უფრო მეტი
გავიგე, ვიდრე...
წაკითხული სტრიქონებიდან.

***

რიგში ადგილი დავიკავე,
თუმცა არ ვიცი,
რისთვის დგას ხალხი,
ეს თვით ხალხმაც არ იცის, მგონი!

***

გავიხედე და წასულიყო
თოვლი, რომელსაც
კიდევ ერთი წლით
იგლოვებენ თხილამურები.

***

ვერ მივაგენი ადგილს,
სადაც ვიქნები კარგად.
ის იქნებ არც კი არსებობს და
ამაოდ ვეძებ.

***

კიდევ ცოტა ხანს დავრჩებოდი,
მაგრამ ვერავინ
ვერ გამარკვია, ვერ ამიხსნა:
რატომ და რისთვის!

***

ფასდაკლებაში მოყოლილი
წიგნები ვნახე
და გამიკვირდა,
რომ მათ ფასი ჰქონდათ საერთოდ!

***

ყოფნა-არყოფნის მდინარეზე
ხიდი ვერავინ
ვერ გასდო... თუმცა
გაღმა რაა, იცის კი ვინმემ?

***

დღე ჩამოფრინდა
მზის ყვითელი ბუდრუგანიდან
და მამალივით
„ყიყლიყოო“ ყივის სისხამზე.

***

ძილი გამიტყდა...
ვაკოწიწებ სიზმრის ნამსხვრევებს
და თუ შევძელი,
იქნებ კარგი დღე გამოვიდეს!

***

როგორ ვირწმუნო,
რომ სიკვდილის მერეც ვიქნები,
როცა ჩემ ყოფნას
სიკვდილამდეც ვერ ვადასტურებ.

***

ამბის მომტანი, როგორც უწინ,
არავინ არ ჩანს
და მეც ძველ ამბებს ვუბრუნდები...
მანდ სიმშვიდეა.

***

მე ვარ მსოფლიოს მოქალაქე...
გულის ჯიბეში
მიდევს პასპორტი,
მთვარის ბეჭდით დამოწმებული.

***

ყველა გამოცდა ჩავაბარე,
მაგრამ ცხოვრება
გამომცდელ მზერას არ მაშორებს
დღემდე რატომღაც...

***

რატომ ხართ ასე უკაცური,
ჩემო სიზმრებო!
მე ვინც მიყვარდა,
აქედანაც წავიდნენ სადმე?

***

სიტყვებს, რომლებიც
მარტო შენთვის რომ უნდა მეთქვა,
დავაკვირდი და ამოსვლიათ
პეპელას ფრთები.

***

კოცონის თავზე
ნაპერწკლები ცეკვავენ... მე კი
მგონია, რომ მათ
ჩემი გულის მუსიკა ესმით.

***

რისი თქმა მინდა?..
ეს რომ მართლა ვიცოდე, მაშინ
განა ამდენ დროს დავკარგავდი
უაზრო თხზვაში!

***

როცა ერთმანეთს არ ვიცნობდით,
რას ვაკეთებდით?
რომ მოგვაყოლა,
გამოგვივა ზღაპრების წიგნი.

***

კართან ბილეთებს ამოწმებდა,
მაგრამ მესამე
ზარის დარეკვის მერე
შიგნით აღარ შეუშვეს.

***

დიდი ხანია
აღარ ვიცი ქვეყნის ამბები,
სამაგიეროდ მშვიდადა ვარ...
არცოდნის ფასად.

***

მე არ მიყვარდა პირში თქმა და
ზურგს უკან თქმასაც
აღარ ვიკადრებ!..
სათქმელი კი იმდენი მქონდა!

***

ბგერები გაქრნენ...
თითქოს სივრცე უცებ დაიხშო
და მარტო შენი ხმა წკრიალებს
ამ ვაკუუმში.

***

სიჩუმის კარზე
მოკრძალებით დავაკაკუნე,
სიცარიელემ მიპასუხა
არყოფნის ენით.

***

როგორა ხარო, რომ მკითხავენ,
პასუხი მზად მაქვს:
„როგორც ამ ქვეყნის
მოქალაქეს შეეფერება!“

***

გუშინ ვიყავი შენს საფლავზე
და ერთხელ კიდევ
ეპიტაფიას დავეთანხმე:
„მე დავიღალე!“

***

გამოქვაბულშიც ვიცხოვრებდი,
მით უფრო ახლა,
როდესაც ასე ხშირად მესმის:
„თავშესაფარი“.

***

ჭუჭრუტანიდან,
სადაც ადრე ქარი ატანდა,
ახლა ჩემს სუნთქვას მე გავატან
მოკითხვას შენთან.

***

რომ არ გიცნობდეთ,
მაშინ კარგი, დაგიჯერებდით,
მაგრამ რომ გიცნობთ?!.
ჩემთან მაინც გაჩუმდეთ იქნებ!

***

მე შენ მიყვარხარ, როგორც უწინ,
ჩემ ბავშვობაში,
დილით სარკმლიდან დანახული
პირველი თოვლი!

***

ჩემი ლოცვაა:
„უმიზეზოდ არ მიმატოვო!“
მიზეზს მე თვითონ გიკარნახებ,
წასვლა თუ გინდა!

***

ვიცოდი, განა არ ვიცოდი,
რომ ყველაფერი
მორჩება ერთ დღეს
და შენ მეტყვი მას, რაც მითხარი...

***

სულ სხვა სახელი ჰქვია ნაბიჯს,
შენ რომ გადადგი,
რომელსაც ახლა
მოკრძალებით არქმევ შეცდომას.

***

ჩვენ არ შევხვდებით, მაგრამ, ვთქვათ და
ოდესმე შევხვდით:
რომელი უფრო ადრე შევძლებთ
სახის დამალვას!

***

„არ დავბრუნდები!“ -
ახლა უკვე მე ვამბობ ამას
და შენ მიხვდები,
რა მძიმეა ამის მოსმენა!

***

სიჩუმის დღე მაქვს...
შემოდგომის ბუზების მსგავსად
კვდება ბგერები,
სიტყვებად რომ ვეღარ შეიკრა...

***

გთხოვე: „ნუ მეტყვი მას, რაც ადრე
სხვისთვისაც გითქვამს!..“
დადუმდი. ალბათ,
ვერ იპოვე უთქმელი სიტყვა.

***

რაკი უეცრად შებრუნდი და
ზურგი მაჩვენე,
სხვა რა გისურვო,
ზურგის ქარი მისურვებია!

***

მაისის თავსხმას
ჰგავდა შენი გამოჩენა და,
მგონი, აგვისტოს გვალვად იქცა
გაქრობა შენი!

***

მე ახლა თითქოს მანქანა ვარ,
რომელსაც შლიან
და სანამ ძალმიძს,
არ ვანებებ ბორბლებს და საჭეს.

***

უშენობასაც შევეჩვევი...
ბოლოს და ბოლოს
არყოფნასთანაც ხომ მომიწევს
როსმე შეჩვევა.

***

არ დაგედევნე...
და შენ ახლა არ იცი, რა ქნა!
წინ - არაფერი...
უკან - ფერფლი უნათლეს დღეთა!

***

ვერ გამიგია,
გამარჯვებას როგორ გვაღირსებს,
გამარჯობასაც რომ არ ვეტყვი,
ისეთი ხალხი!

***

მე უთქვენობა, მადლი უფალს,
არ დამტყობია,
რაც შეეხება უჩემობას, -
ღმერთმა შეგარგოთ!

***

მარტის თოვლივით დაილია
კეთილი ხალხი
და მათზე ფიქრი
ფიფქებივით ხსოვნაში დნება!

***

ჩემი სარკმლიდან რომ მოჩანდა,
იმ ვარსკვლავს ვეძებ,
ვინც ახლა ხედავთ, იქნებ მითხრათ,
ხომ არ დაბერდა?

***

ხე წაიქცა და
ჩიტის ბუდეც თან მოიყოლა,
ახლა არ ვიცი, რა ვიგლოვო -
ხე თუ ბარტყები...

***

ჩემი ბრალია ყველაფერი...
ეს სკამი იქით
გაწიეთ, იგი
ბრალდებულის სკამი მგონია!

***

თავის გავლილ გზას
ირგვლივ ყველა იმგვარად ხატავს,
რომ ლამის შემრცხვეს
საკუთარი არარაობის.

***

მე ბევრ რამეში დაგეთანხმე,
თვალიც დავხუჭე,
მაგრამ, ვაი, რომ
სანახავი ვნახე მანამდე!

***

თოვს. ბოლო ჯორკოც ჩაინავლა
კერიის ცეცხლში
და მარტო შენზე ფიქრი მათბობს
ცივ კედლებს შორის.

***

დღე მოკვდა, როგორც უპოვარი
ხანაგის ზღურბლზე
და ღამის ღრუბელს
უცებ წვიმა წამოუვიდა.

***

მე შევამჩნიე,
ზოგჯერ ზეცაც იღლება ხოლმე
და ღამე არის შავი ჩრდილი
დაღლილი ზეცის!

***

ნასახლარია ჩემი გული,
სადაც ჯერ კიდევ
დგას მწარე კვამლი
ჩვენი ტრფობის დამწვარი სახლის!

***

გაჩერებაზე არ ეწერა,
რომ ის ბოლოა,
მე ჩემით მივხვდი,
როცა უფსკრულს გადმოვადექი.

***

არ მჯერა სიტყვის,
მჯერა მხოლოდ თვალების, მაგრამ
თვალებს, რომლებსაც დავუჯერებ,
ვერ ვნახავ უკვე.

***

უწინ ყოველდღე
მისალოცებს ვქარგავდი ხოლმე,
ახლა სულ უფრო
შავ არშიებს ვავლებ ტექსტებზე.

***

გადაიფრინეს წეროებმა...
გაზაფხულამდე
ცა შეეცდება გადაფაროს
მოწყენა თოვლით.

***

რაც ეს ჩიტები
ჩემი სულის ნაწილი გახდნენ,
ლამის ფრთა ფრთაზე შემოვკრა და
მათთან გავფრინდე.

***

არავინ არ მძულს,
მე, უბრალოდ, არა ვარ მათი,
ვინც ჩემი გულის
ზღურბლზე ვეღარ გადმოაბიჯა.

***

ოცნების ეტლში
ცაზე ფიქრობს ჰაერის კაცი,
რომელსაც ტანზე
ნისლის პალტო შემოცრეცია.

***

ილუზიაა ყველაფერი:
მოსვლაც და წასვლაც
და ერთადერთი, რაც ნაღდია,
არის დარჩენა.

***

წავიდა ყველა: დედაც, მამაც,
და-ძმებიც... მარტო
მივყვები ბილიკს
და დავეძებ მათ ნაფეხურებს.

***

მე რომ აქა ვარ,
ეს არ ნიშნავს, რომ მართლა აქ ვარ,
ეს ნიშნავს იმას,
რომ იქ არ ვარ, სად უნდა ვიყო.

***

რაც აქეთა ვარ, შევამჩნიე,
ახალი წელი
სულ სხვა სიხშირით მიკაკუნებს
ფანჯრის მინაზე!

***

ერთხელ ალერსით ჩაგჩურჩულე:
„არ დამიბერდე!“
შენ კი პირდაპირ რად გაიგე,
გულისთქმავ ჩემო!

***

მე იქნებ მართლა არ მინდოდა
ასე ცხოვრება,
მაგრამ ვინ მკითხა!..
ამიტომაც ბევრს ნუღარ მკითხავთ!

***

მე ვარ მეკურტნე,
ქვეყნის დარდი მკიდია მხრებზე,
თქვენ თუ ვერ ხედავთ,
მე ხომ ვიცი, რამ დამაბერა!

***

მეტყევის ქოხში
ჩვენ აღვნიშნეთ ახალი წელი
და ძველი წლები
ფოთლებივით ჩამოვიფერთხეთ.

***

გუშინ პირველად გავიკეთე
მაჯაზე ტატუ,
რომ მნახველს თვალი
მოსჭრას სიტყვამ: "მემახსოვრები!"

***

გარეთ თოვს თეთრად და მე ვფიქრობ,
ნეტავ, რა ფერის
იქნება თოვლი,
რომ მოვა და აღარ დავხვდები?

***

არაფერს ველი,
მაგრამ მაინც მოვიდა ჩემთან
დღეს არაფერი
და არაფრად აღარ ჩამაგდო.

***

ყოველთვის, როცა ჩემს ეზოში
შემოხვალ ხოლმე,
მე ვხედავ, როგორ იმართება
წელში ბალახი.

***

დაბადებამდე ყველაფერი
ნანახი მქონდა
და გავჩნდი მხოლოდ
იმ ნანახის შესამოწმებლად.

***

ჟამითი ჟამად
ტანში თუ არ გაგაჟრიალა,
დაფიქრდი კარგად,
სიყვარულმა ხომ არ დაგტოვა!

***

როცა შენ გხედავ,
მავიწყდება, რომ სხვაც იყავი
და ჩემს მაგივრად
აღტაცებით სხვა შეგცქეროდა.

***

სად ბაღი იყო,
ხრიოკია ამჟამად იქ და,
როგორ ჰგავს, ღმერთო,
ის ხრიოკი ყოფილ მებაღეს...

***

მე ჩემს ბინაში
ჩამოვხსენი შენი სურათი,
მაგრამ ლურსმანზე
მთვარის ასლი ჰკიდია ისევ...

***

სათადარიგო რომ მეგონა,
ის გზა მთავარი
აღმოჩნდა, თანაც
იგი თურმე შენამდე მოდის...

***

შენ დარწმუნდები,
ჩემი სიტყვა სხვისას რომ არ ჰგავს,
ოღონდაც ყური
გულს უგდე და არა ბაგეებს...

***

ადამიანი რამდენიმე
ცხოვრებით ცხოვრობს,
მე კი მსურს ყველა ცხოვრებაში
შენს გვერდით ვიყო!

***

შენ რომ გგონია,
სკივრის უკან ჭრიჭინა გალობს,
სინამდვილეში
ჩემი სულის ექოა იგი...

***

რა გისახსოვრო? -
არაფერი არ გამაჩნია.
რაც გამაჩნია,
რა ხანია, შენია ისიც!

***

საკუთარ თავთან სიმარტოვე
როცა ვიგრძენი,
მაშინ გავიგე
მარტოობის ნამდვილი არსი!

***

ვუსმენ ჩიტების გალობას და
ასე მგონია,
ერთი მათგანი კი არ გალობს,
შეფარვით ტირის...

***

ის დროა, როცა სიტყვამ „სახლი“
აზრი დაკარგა
და ჩემთვის იგი
ახლა მხოლოდ შენობას ნიშნავს...

***

„ცუდად მეძინას“ არა უშავს...
უარესია,
როდესაც უნდა ვაღიაროთ:
„ცუდად მეღვიძა...“

***

ზოგჯერ არაფერს არ ვაკეთებ,
მაგრამ თითები
ჩემგან მალულად
შენ გხატავენ სარკმლის მინაზე.

***

ადამიანი კი არ კვდება,
უბრალოდ ერთხელ
მიდის შინიდან და
არასდროს ბრუნდება უკან.

***

სულ დამავიწყდა:
წუხელ წვიმდა და მწუხრისპირზე
მზემ ცისარტყელის
ხიდით შენთან გადმომიყვანა.

***

შენზე ოცნება მალამოა:
მაშინ ყველაზე
უჟმური ფიქრიც იძურწება
სულის ღრიჭოდან.

***

მატარებელმა მე მომტაცა
შენი სუნთქვა და
ბროლის ჭურჭელში შესანახი
ობოლი ცრემლი.

***

მე კითხვას ვუსვამ საკუთარ თავს.
ის არ მპასუხობს.
გაბუტულია...
შუამავლის იმედად ვრჩები.

***

ახლა სად არის? რას აკეთებს?
სად მიიჩქარის?..
სხვას არაფერს გთხოვ,
მიპასუხე ამაზე, ცაო!

***

მზე დასავლეთით იხრება და
საცაა ჩავა.
ვიხსნი საკინძეს:
- მზეო, აქეთ! - ვეპატიჟები!

***

იმ გზაზე ისევ გავივლიდი,
მაგრამ სადღაა!
ამ გზაზე გავლას თუ მოვასწრებ,
საკითხავია!

***

ისე კარგად ვარ,
სევდამ ისე ჩქარა დამტოვა,
რომ ლამის ეჭვი შემეპაროს:
სხვა ხომ არა ვარ?

***

კარის ჭრიალზე დავასკვენი,
რომ შენ მოხვედი,
ფეხის ხმაზე ხომ ისედაც გცნობ,
დიდი ხანია!

***

მე დავაზუსტე:
არ ვიქნები ცოცხალი მაშინ,
როდესაც დილით
შენზე ფიქრი არ გამაღვიძებს!

***

კარს მიღმა მუდამ ინტრიგაა...
შენ კარს მიღმა ხარ...
ჩემს წარმოსახვას გადაეწვა
ყველა ნათურა.

***

ფანჯრის რაფაზე:
გვირილები და შენი წიგნი...
იმ ფანჯრის ფოტო,
რა ხანია, ჩარჩოში ჩავსვი!

***

ძველი დღიური გადავშალე
და გავირინდე.
კი მიცხოვრია ალაგ-ალაგ!..
ყოჩაღ, ბებერო!

***

დატიხრულია ჩემი სული,
როგორც ბამბუკი
და შენზე ფიქრში
ტიხრზე ტიხრი აჩნდება ბამბუკს.

***

მე გადავწიე ღამის ფარდა
და დავინახე -
დილის ნათელი მოჟონავდა
ზეცის ბზარიდან.

***

ალუბლის ბაღში
მოზუზუნე ფუტკრების ქოროს, -
მე შევიგრძენი, -
ასდიოდა თაფლის სურნელი!

***

ახალწლის ღამეს რა ვინატრე
და რა ამიხდა!..
თუმცა არ ვბრაზობ,
რომ გავბრაზდე, ვის გავუბრაზდე!

***

მე ჩემი თავი
ერთ რამეში გამოვიჭირე:
ვარ წელიწადის დროთა
ჩუმი გამცილებელი.

***

უკვე მესიზმრე.
შენ მანამდე მოხვედი ჩემთან,
ვიდრე მეტყოდი:
„გაგებუტე... დღეს აღარ მოვალ!“

***

ეზოში წვავენ ჩალაბულას...
ეს შარშანდელი
მოსავლის სული
უერთდება მარადისობას.

***

ძველი სასახლის გალავანზე
რომ დაგინახე,
ვთქვი: ეს ისაა,
ვინც მიხმობდა ათასი წელი!

***

სავსეა ღამე
იდუმალი ჩანაფიქრებით
და როგორ ადნობს
პირველივე მზის სხივი ყველას!

***

ღამის ექსპრესმა ჩაუქროლა
ბაქანს წარწერით:
„ბავშვობა“... -
მეტი ვერაფერი ვერ გავარჩიე.

***

ბევრჯერ ვიფიქრე:
„აქ რა მინდა?“ და სანამ პასუხს
გავცემდი ჩემ თავს,
გვარიანად შემომაღამდა.

***

ამ ხეზე ჩემი საყვარელი
ჩიტი გალობდა.
ახლა დეკემბრის ქარი არხევს
უფოთლო ტოტებს.

***

ძველი სახლიდან
მხოლოდ კარის ჩარჩო გადარჩა.
მე მახსოვს,
მასზე ბოლოს როგორ გადავაბიჯე.

***

ფოტოაპარატს გავუსწორე
თითქოს ფოკუსი
და რაც მახინჯი იყო,
უფრო მახინჯი გახდა.

***

მე გადავმალე ტკივილები...
ახლა ვიღიმი
და იქნებ სულაც
ბედნიერი ვეგონო ვინმეს.

***

ბოლო ნაყოფი ჩამოვარდა
ხის კენწეროდან
და წელიწადიც სწორედ მაშინ
დასრულდა თითქოს.

***

მე ვფიქრობ:
ჩემი სიყვარული წვიმის პირმშოა,
მას ელვის პირველ გაკრთომაზე
ცრემლები მოსდის...

***

ზედ კენწეროზე შემორჩენილ
ერთადერთ ხურმას
თოვლიან ღამით
მთვარესავით გააქვს კიაფი.

***

დილამ შებრაწა მზის ტაფაზე
ოქროს კვერცხები
და აივანზე
სასაუზმოდ მეპატიჟება.

***

ბევრი ზაფხული მახსოვს,
მაგრამ ის ერთი ჰგავდა
ბრილიანტის თვალს,
მოციმციმეს ოქროს ბეჭედში.

***

ისევ მთავრდება წელიწადი
და მიხარია,
რომ სიყვარული მასთან ერთად
არ დამთავრდება.

***

მე სიტყვებს ვმწყემსავ...
ვაკვირდები: ჩემ სალამურზე
ძოვენ ისინი ვნების ბალახს
სტრიქონებს შორის.

***

მე შენ გითხარი ის, რაც სხვისთვის
არასდროს მითქვამს,
რაც შენ მომიგე,
არასოდეს მსმენია სხვისგან!

***

რამდენი რამის ნახვა მსურდა
და ვეღარ ვნახე,
შენმა დანახვამ გადასწონა
ბოლოს ყოველი!

***

როცა მგონია,
ყველაფერი დასრულდა... ბაღში
დაუსტვენს ჩიტი
და ცხოვრება გრძელდება ისევ.

***

ციცქნა ფოთოლზე მოკამკამე
დილის ნამიდან
ამოდის მზე და სიხარულად
მთელი დღე მყოფნის.

***

ყველგან შენა ხარ...
ამიტომაც სადაც არ უნდა
წავიდე, მე ვგრძნობ,
უსამანოდ ვარ ბედნიერი.

***

დაგიძახებდი, მაგრამ ვშიშობ,
ვაითუ კარი
არ გაიღოს და
წინათგრძნობამ მომიღოს ბოლო.

***

ჩემ ბავშვობაში
მეზობელმა გარდაცვალების
წინ ჩაიკვნესა:
„სულ ეს იყო, ნუთუ, უფალო!“

***

და როცა უკვე ყველაფერი
დავკარგე თითქმის,
პარადოქსია, მაგრამ მაშინ
გიპოვე, ღმერთო!

13 ჩანაწერები

▲ზევით დაბრუნება


***

ადამიანის მაქსიმალური შესაძლებლობები მჟღავნდება სრული მარტოობისა და იზოლაციის ჟამს, როცა გარშემო ვერავის შეეთათბირები, რჩევას, დახმარებას, საკვებს, მხარდაჭერას ვერ თხოვ. ანუ ამ დროს ხარ ზუსტად ის, რაც ხარ, შენი გონებრივი, ფსიქოლოგიური და ფიზიოლოგიური რესურსით. აბსოლუტურ უმეტესობას, რა თქმა უნდა, ასეთი მკაცრი გამოცდა არ გამოუვლია და შესაბამისად, წარმოდგენაც არა აქვს საკუთარ შესაძლებლობებზე. და სწორედ აქაა მავანთა გადამეტებული ამბიციებისა და პრეტენზიების ძირისძირი, როცა ბრიყვს თავი ბრძენი ჰგონია და უმწეოს გოლიათი. საკმარისია გამოსცადო ისინი მარტოობით, რომ მათ სულ სხვა, გაცილებით ობიექტური და სარწმუნო შეფასება მისცენ საკუთარ თავს.

***

დანამდვილებით არავინ იცის, რა არის კარგი და რა არის ცუდი, რადგან ეს ორი ცნება სიტუაციის მიხედვით იცვლის შინაარსს და ის რაც ზოგადად თითქოს ცუდია, კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება კარგი გამოდგეს. მაგალითად, ცუდია, როცა საკუთარ რეისს ჩამორჩები და ვერ მოხვდები აუცილებელ ღონისძიებაზე, სადაც ბიზნესპარტნიორებთან მომგებიანი ხელშეკრულება უნდა გაგეფორმებინა. ამავე დროს მსგავსი ჩამორჩენა შეიძლება არა მარტო კარგი, არამედ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გამოდგეს, თუკი თვითმფრინავი, რომელზეც დაგაგვიანდა, ღმერთმა ნუ ქნას და, ან ჰაერში აფეთქდება ან დაჯდომისას დაიმსხვრევა. ამიტომაც ნურასოდეს ვიჩქარებთ კატეგორიული შეფასების მიცემას. დავიმახსოვროთ: ცუდი და კარგი განყენებული ცნებებია და მხოლოდ მოვლენის თუ ფაქტის საბოლოო შედეგი გვიკარნახებს მათ ავკარგიანობას!

***

როდესაც ქონების რაოდენობა აუცილებლობის ზღვარს გვარიანად გადასცდება, იგი მისი მფლობელისთვის სიამოვნების ნაცვლად განუწყვეტელ თავის ტკივილად იქცევა. ასი თვალი და ყურია საჭირო, რომ კაპიტალმა სწორად და სარფიანად იბრუნოს, კონკურენტები განეიტრალდეს, ფულმა ფული აკეთოს. ასეთივე თავის ტკივილია აღმატებული გონიერება, რასაც ჩვეულებრივ სიბრძნეს ვეძახით. განსაკუთრებით მაშინ, როცა ირგვლივ გამგები ცოტაა და თვით ამ სიბრძნის სარეალიზაციო ველი - მცირე და მწირი!

***

ვინც არასოდეს დამარცხებულა, ვისაც არ შეუსვამს დამცირების და შეურაცხყოფის მწარე სამსალა, ბოლომდე ვერ შეიგრძნობს, ვერ გაისიგრძეგანებს გამარჯვების სიდიადეს. მხოლოდ გავლილი ეკლიანი გზის გახსენება მოსავს შარავანდედით მიღწეულ წარმატებას, აქცევს მას გმირობად. ხალხის თვალში გმირი ბედნიერ ვარსკვლავზე დაბადებული ადამიანია, თუმცა ამ წოდებისა თუ სახელის უკან დგას ხიფათი, განსაცდელი,ბედისწერით აღსავსე ცხოვრება, სადაც სულ მცირე შეცდომას ან მით უფრო - შეკრთომას და შიშს შეეძლო იგი საუკუნო სირცხვილად და მოუხოცავ ლაქად ექცია.

***

ყველაზე კარგი და ბედნიერი ის დღეა, როცა არაფერი ხდება: თვითმფრინავი ციდან არ ვარდება, ზღვაში გემი არ იძირება, მატარებელი ლიანდაგიდან არ გადადის, მანქანები ერთმანეთს არ ეჯახებიან, ქვანახშირის მაღაროში მეთანის გაზი არ ფეთქდება, საოპერაციო მაგიდაზე არავინ კვდება, ჯარისკაცები არ ისვრიან, მენაღმეები ველებს არ ნაღმავენ, პოლიციელები არავის აპატიმრებენ, პარლამენტში ერთმანეთს არ ცემენ, პოლიტიკოსები არ ცრუობენ, ქმრები ცოლებს არ ღალატობენ და პირიქით, გაზეთები მხოლოდ ანეკდოტებსა და კროსვორდებს ბეჭდავენ, ტელევიზიები კომედიებსა და სპორტის ამბებს გადმოსცემენ, რადიოდან კი მარტო საესტრადო სიმღერები ისმის... მართალია, მე ასეთი დღე არ მახსოვს და არა მგონია, მსგავს რამეს მოვესწრო, მაგრამ ოცნებას კაცი არ მოუკლავს. როგორც იტყვიან, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ნეტავი, იმ დღეს!

***

უარის თქმა ურთულესი ხელოვნებაა, რომელიც დიდ ნებისყოფას, ურყევ რწმენას და შინაგან სიმტკიცეს მოითხოვს. როცა ვიღაცას რაღაცაზე უარს ეუბნები, ღრმად უნდა იყო დარწმუნებული, რომ სხვანაირად არ შეგიძლია, რომ ასეა აუცილებელი. და ეს მიუხედავად იმისა, რომ შენი ყოველი უარი ნიშნავს დაკარგულ მომხრეს, მეგობარს, ნათესავს, ნაცნობს. მე აქ ვგულისხმობ არა სიძუნწით, სიხარბით, სილაჩრით გამოწვეულ უარს, არამედ ობიექტურად გამართლებულ, ყოველმხრივ დასაბუთებულ თავშეკავებას, რომლის უკან ზნეობრივად უმწიკვლო ადამიანი დგას. სხვათაშორის, რაოდენ უცნაურადაც არ უნდა მოგვეჩვენოს, თანხმობისთვისაც აბსოლუტურად იგივე თვისებებია საჭირო.

***

ადამიანთა სხვადასხვა ჯგუფები სხვადასხვა სოციალურ, ფილოსოფიურ, მენტალურ, ზნეობრივ, რელიგიურ განზომილებებში ცხოვრობენ და ამიტომ ვერ ეგუებიან ერთმანეთს, რადგან ერთადერთ სწორ, ჭეშმარიტ და შეუვალ პოზიციად მიაჩნიათ ის, რომელზეც თვითონ დგანან. ამ პოზიციათა „სტანდარტიზების“ ნებისმიერი მცდელობა კრახით, ხშირ შემთხვევაში კი დაუნდობელი სისხლისღვრით მთავრდება. ხომ არ აჯობებდა დავრჩენილიყავით „მშვიდობიანი თანაარსებობის“ რეჟიმში, როცა ყველა საკუთარ მრწამსს ერთგულობს, მაგრამ ამავდროულად აფასებს და პატივს სცემს სხვათა მრწამსსაც! მართალია, არც ესაა იოლი საქმე, რადგან ვიღაცას მუდამ უჩნდება ცთუნება მოარჯულოს, მოაქციოს სხვები და გააბატონოს საკუთარი მრწამსი. ბოლოს და ბოლოს, კაცობრიობის ისტორია მეტი კი არაფერია, გარდა ამ მცდელობების მეტნაკლები სიზუსტით აღწერისა!

***

ვინმემ თუ მკითხა, უმადურობის სიმბოლოდ რას დაასახელებდიო, დაუფიქრებლად მივუგებ (მანამდე მიფიქრია): ხალხი, ბრბო, მასა! ვინც მეტყვის: განა ეს სიტყვები სინონიმებია, ხალხი ხომ ამაღლებული ცნებაა, ბრბოსთან და მასასთან როგორ აიგივებო, - ავუხსნი, რომ დიახაც სინონიმებია, რადგან მოიცავს განურჩევლად ყველას - ბრძენსაც და ბრიყვსაც, სამართლიანსაც და უსამართლოსაც, კეთილსაც და ბოროტსაც, ერთგულსაც და მოღალატესაც, მოყვარულსაც და მოძულესაც. ყველა მათგანი თავისებურად ჭრის და კერავს, ყველაფერს საკუთარი არშინით ზომავს. არ არსებობს და ვერც იარსებებს ხელისუფალი, რომელიც ყველა მათგანს მოეწონება, ყველა მათგანის სასურველ ნაბიჯს გადადგამს, ყველა მათგანისთვის მისაბაძი იქნება. ამიტომაც ვისაც გეზი ხელისუფლების მწვერვალისკენ აქვს აღებული (თუკი იქამდე ააღწია!), უნდა ახსოვდეს, რომ ის განწირულია იყოს სიძულვილის, გაკიცხვის, უმადურობის ობიექტი. მხოლოდ ტახტსა და კვერთხზე უზომოდ შეყვარებულს შეუძლია მსგავსი რამის ატანა. გვირგვინის პრეტენდენტებმა ეს უჩემოდაც მშვენივრად იციან, მაგრამ მისთვის თავს არ იზოგავენ, ყველაფერს აკეთებენ და კადრულობენ, რათა იგი მოიზომონ, დაისაკუთრონ, დაიმშვენონ, ამიტომაც დასაწყისში ნახსენები ხალხის, ბრბოს, მასის საქციელი იქნებ სულაც სწორი და გამართლებული იყოს! როგორც იტყვიან: ვინ გაძალებდა!

***

ზოგი პატრიოტი ისე უზომოდაა „შეყვარებული“ სამშობლოზე, რომ მზადაა ყველა, ვისაც მისი აზრით მსგავსი გრძნობა აკლია, ასო-ასო აქნას, თავი წააცალოს და ხრამში გადაუძახოს. მეშინია მსგავსი პატრიოტების, განსაკუთრებით მაშინ, როცა არ ვიცი, რას ფიქრობენ ისინი ჩემზე და შევესაბამები თუ არა მათეულ სტანდარტებს. ზოგადად მე მათ შორიდან ვცნობ, რადგან მუდამ მოღუშული და გამომცდელი მზერით დადიან, თითქოს არაპატრიოტებს დაეძებენო. მათ სამოსელიც განსაკუთრებული აქვთ, რითაც თავიანთ ეროვნულობას და გამორჩეულობას უსვამენ ხაზს, აქაოდა, შემოგვხედეთ, გვიცანით და დაგვაფასეთო. გიცნობთ, ბატონებო, გიცნობთ, ოღონდ დაგვინდეთ და ნუ გაგვწირავთ მხოლოდ იმისთვის, რომ თქვენსავით მკერდში მჯიღს არ ვიცემთ, სამშობლოს სიყვარულს საჯაროდ არ ვიფიცებით და ჩუმად ვაკეთებთ მას, რისთვისაც თქვენ ტაშსა და თაყვანისცემას მოითხოვთ. სამშობლო, მამული, წინაპართა მიწა ვინმეს კერძო საკუთრება არაა, იგი ყველა ჩვენგანს გვეკუთვნის და ყველას თავისებურად გვიყვარს. პროფესიონალი პატრიოტები ძალიან ცუდი სანახავი და მოსასმენია შორიდან. ახლოდან მით უმეტეს!

***

როცა დილით გაღიმებული მეზობელი კარგ გამარჯობას გეტყვის და შენც სანდომიანი მზერით განათებულ სალამს შეაგებებ, თითქოს მთელი დღის სამყოფი დადებითი ენერგია გემატება, გული გითბება, კეთილი საქმეების საკეთებლად იმუხტები. ჩვენ ვცხოვრობთ სიტყვების სამყაროში და მათი ემოციური შეფერილობა, ჟღერადობა, კონტექსტი, აზრობრივი დატვირთვა ჰქმნის ჩვენს სულიერ ატმოსფეროს, ფსიქოლოგიურ ბალანსს, განსაზღვრავს ჩვენს კონკრეტულ ნაბიჯებს, რეაქციას ამა თუ იმ ფაქტსა და მოვლენაზე, მიმართულებას აძლევს ჩვენს ნატვრებსა და სურვილებს. დაუფიქრებლად წამოსროლილმა სიტყვამ ზოგჯერ შეიძლება დაუფიქრებლად გასროლილ ტყვიაზე მძიმე შედეგი გამოიღოს, ამიტომ, როგორც მოძღვარი მუნჩეიჩუ მეტყოდა ხოლმე, ადამიანს კბილები არა მარტო საჭმლის დასაღეჭად და ღიმილის გამოსაჩენად აქვს, არამედ ენაზე დასაჭერადაც. რა თქმა უნდა, ეს ზოგადსაკაცობრიო სიბრძნეა, მაგრამ, სამწუხაროდ, იგი ძალიან ხშირად გვავიწყდება. გავუფრთხილდეთ სიტყვებს, ნუ ვიტყვით ყველაფერს, რაც უცებ ენაზე მოგვადგება, გვახსოვდეს, რომ სიტყვით დაჭრილთა ჰოსპიტალი არ არსებობს.

***

ჩემი პირადი თავისუფლება ნულის ტოლფასია, თუკი იგი სხვისას ოდნავ მაინც ზღუდავს. მირჩევნია,რაღაცა დავთმო, რაღაცაზე უარი ვთქვა, რაღაცით შემოვფარგლო საკუთარი სურვილი და მისწრაფება, ვიდრე უხეშად დავარღვიო სხვისი ინტერესების ზონა. აქვე იმასაც ვიტყვი, რომ ეს მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როცა ის სხვაც მსგავსი ზნეობრივი პოსტულატებით ხელმძღვანელობს.

***

მოდას არასოდეს ავყოლივარ, არც ჩაცმა-დახურვაში, არც ხელოვნებაში, არც პოლიტიკაში. ვიცვამდი, როგორც მე მომწონდა, ვკითხულობდი და ვუყურებდი მას, რაც ჩემს სულთან ახლოს იყო, პოლიტიკა კი საერთოდ მძულდა, თუმცა საკმაო ხანს შემთხვევითობის წყალობით მისი პატარა ჭანჭიკიც ვიყავი. ახლა იმ ოდინდელი „ბრენდების“, ბესტსელერებისა და სუპერ პოპულარული პოლიტიკოსების ერთადერთი განმსაზღვრელი სიტყვაა „რეტრო“, თუმცა ბევრი მათგანი იქნებ ამ სიტყვითაც არ მოიხსენიონ, რადგან საზოგადოებრივი მეხსიერების მიღმა დარჩნენ. ე.ი. გამოდის, რომ სწორად ვიქცეოდი, რადგან რა აზრი ჰქონდა დროის დაკარგვას იმაზე, რაც ასე ჩქარა ყველას დაავიწყდა!

***

ცხოვრების კიბეს მოაჯირი არა აქვს. რაც უფრო მაღლა მიიწევ, მით უფრო საშიშია ქვევით გადმოხედვა. შეიძლება თავბრუ დაგეხვეს, დაბარბაცდე, ფეხი დაგიცდეს, ხელის შესავლები კი ვერაფერი იპოვო. ამავე დროს ეს კიბე ისეთი რამეა, რომ მანდ გასაჩერებელი და სულის მოსათქმელი ადგილიც არაა, განუწყვეტლივ უნდა იარო, ერთადერთ მოაჯირად კი დაიგულვო საკუთარი თავის რწმენა, რომ არაფერი მოგივა, რომ მიზანს მიაღწევ, რომ გადარჩები. ჰიმალაის კალთებთან, ვფიქრობ, სულაც არაა უალაგო ასეთი განსჯა. მით უფრო, როცა აქამდე უმოაჯიროდ ამოაღწიე.

***

ალბათ, არ არსებობს მამაკაცი, რომელსაც არ აწუხებდეს სასურველ ქალთან ინტიმური ურთიერთობის ხელიდან გაშვებული შანსი, არ საყვედურობდეს საკუთარ თავს ამ ურთიერთობისკენ მიმავალ გზაზე ზედმეტი სიმორცხვის, თავაზიანობის, თავშეკავების ან სულაც სიმხდალის გამო. ამჟამად, უკვე დახარჯული წლების სიმაღლიდან აშკარად ვგრძნობ და ვხედავ, ქალების უმრავლესობა, თითქოს შეუვალ ციხესიმაგრედ რომ აღმართულა, სულ იმის მოლოდინშია, როდის მისწვდება მათ ყურთასმენას იერიშის მსურველთა ყიჟინა, რომ თავიანთი სათოფურებიდან თეთრი ალმები გადმოფინოს. ზუსტად ვერ ვიტყვი, მაგრამ ვფიქრობ, მათ უმეტესობას ასაკში შესვლასთან ერთად მამაკაცთა მსგავსი განცდები აწუხებთ, ოღონდ არა სიმხდალის, არამედ პირიქით, მოჩვენებითი სიმტკიცისა და შეუვალობის გამო.

***

ყველაზე დიდი და ძვირფასი, მაგრამ მოუხელთებელი და უხილავი კაპიტალი, რა თქმა, უნდა, დროა, რომელიც, სამწუხაროდ, არათანაბრად გვეძლევა, ვის თავზე საყრელად, ვის ძალიან მოზომილად. ზოგადად კი ბევრი დრო არ არსებობს, იგი ყოველთვის ცოტაა და არასკმარისი, რასაც განსაკუთრებით მაშინ ვგრძნობთ, როცა ლიმიტი პრაქტიკულად ამოწურულია. ბედნიერია ის, ვინ ამას ვერ იგრძნობს და ისე გადააბიჯებს არყოფნის მიჯნას.

***

ჩვენ ძალიან ცოტა რამ ვიცით ძველი ცივილიზაციების შესახებ, უფრო სწორად, ვიცით გაცილებით ნაკლები, ვიდრე გვეცოდინებოდა, ისინი სრული სახით რომ შემონახულიყო. ჯერ ერთი, დრო, ჟამთა სვლა, ისტორიული ქარტეხილები ობიექტურად ანადგურებს ბევრ რამეს, ინგრევა ქვის სასახლეები, ლპება ხის ნაგებობები, იმსხვრევა ჭურჭლეული, ჟანგი ჭამს ლითონის ნაწარმს, ცეცხლი ანადგურებს პაპირუსს, პერგამენტსა თუ ქაღალდს და ამ ყველაფერში აქტიურად მონაწილეობს თვით ადამიანი, რომელიც უმაღლესი სამართლიანობისა და ჭეშმარიტი ობიექტურობის სახელით თავგამოდებულად უდგას გვერდში სტიქიას. და როცა ეს ყველაფერი ვიცი, რა თქმა უნდა, ძალიან ცოტა იმედი მრჩება, რომ თუნდაც უმცირესი ნაწილი იმისა, რაც არც თუ ხანმოკლე ცხოვრების მანძილზე მიკეთებია, გაუძლებს ზემოთჩამოთვლილ გამოცდებს. რა თქმა უნდა თუ ვიგულისხმებთ, რომ ჩემს ნაცოდვილარს თანამედროვე ცივილიზაციასთან რაღაც კავშირი მაინც აქვს.

***

ჯერ კიდევ კონფუციმ შენიშნა, თუ ზურგში გაფურთხებენ, ესე იგი წინა ხარო! ეს გამონათქვამი ერთხელ კიდევ ადასტურებს, რომ ადამიანი, მისი შინაგანი ბუნება, მენტალიტეტი, ქცევის უმთავრესი წესები პრაქტიკულად არ შეცვლილა. ახლაც, როგორც მაშინ, ათასწლეულების წინ, გულმოდგინედ აფურთხებენ წინ მიმავალთ.

***

ერთხელ მოწაფე მოუყვა თავის მოძღვარს თუ როგორ წარმართავდა იგი საკუთარ ცხოვრებას. - ჯერ უნივერსიტეტში შევალ და ვისწავლი!

- მერე?

- მერე ცოლს შევირთავ.

- მერე?

- შვილებს გავაჩენ.

- მერე?

- შვილიშვილები მეყოლება.

- მერე?

- ალბათ, დავბერდები და მოვკვდები.

- მერე?

- მერე არ ვიცი.

- სანამ ამ ბოლო კითხვაზე პასუხი არ გაგიცია, დანარჩენ პასუხებს არც თუ ისე დიდი მნიშვნელობა აქვთ, - მიუგო მოძღვარმა.

ვინ იცის, იქნებ მეც სწორედ ამ ბოლო კითხვაზე პასუხის მოსაძებნად დავუტევე ჩვეულებრივი ყოფა და განვმარტოვდი. ვინ იცის!

***

მეგობრობაზე იმდენი თქმულა და დაწერილა, მე რაღა დავამატო, მაგრამ ამასწინათ ბავშვობაში მოსმენილი ერთი, ჩემი აზრით საინტერესო იგავი გამახსენდა და მინდა თქვენც მოგითხროთ.

უდაბნოში ორი მეგობარი მიდიოდა და უცებ რაღაცაზე წაკამათდნენ. ერთმა ვერ მოითმინა და მეორეს სილა გააწნა. იმ მეორემ კი შესაბამისი პასუხის ნაცვლად ქვიშაზე დაწერა: „დღეს ჩემმა საუკეთესო მეგობარმა ალიყური მაჭამა“. საკმაო გზა რომ განვლეს, ოაზისს მიადგნენ, სადაც ვერცხლისფერი მდინარე ტალღებს მოაგორებდა. ბანაობისას ნაცემი მეგობარი კინაღამ დაიხრჩო და შეურაცხმყოფელმა ამჯერად იგი გადაარჩინა. ნაპირზე რომ გადმოვიდნენ, გადარჩენილი დიდ ლოდთან მივიდა კენჭით ამოკაწრა: „დღეს მეგობარმა დახრჩობას გადამარჩინა“.

- როცა გაგარტყი, შენ ქვიშაზე დაწერე, ახლა ქვაზე წერ. როგორ ახსნით ამას? - შეეკითხა გადამრჩენელი.

- სულ უბრალოდ: წყენა ქვიშაზე უნდა დაწერო, რომ ქარმა მალე გაფანტოს, მადლიერება კი უნდა ამოტვიფრო, რომ სხვებისთვის სამაგალითოდ დარჩეს!

***

არასოდეს არ მესმოდა, არ მესმის და ვერასოდეს გავიგებ რატომაა ძვირფასი საგანძური ფერადი კენჭები და ბრჭყვიალა ლითონები, რომლებსაც თვალი პატიოსანი, ოქრო თუ პლატინა ჰქვია? რატომ იხდიან ჯიბესქელი ბიძები მილიონებს აბსურდულ ნახატებსა და მახინჯ ქანდაკებებში, რომლებსაც ჩემი აზრით არანაირი ღირებულება არ გააჩნიათ? რატომ აგროვებენ უზარმაზარ ქონებასა და თანხებს ხარბი ბიზნესმენები, რომლებსაც ვერასოდეს მოიხმარენ, დახარჯავენ, აითვისებენ? კაცი რომ ერთ კონტინენტზე ცხოვრობს და მეორეზე სახლს იშენებს, ნორმალურია? ოცდახუთი მანქანა რომ ჰყავს, რა ჯანდაბად უნდა? წარმოუდგენლად ძვირადღირებული საათების კოლექცია ვითომ სხვადასხვა დროს უჩვენებს? მთელი მსოფლიო სიმდიდრის ნახევარზე მეტი სულ რამდენიმე ასეული პიროვნების ხელში რომაა, კანონზომიერია? კიდევ რამდენი კითხვის დასმა შეიძლება, რომლებზეც არა მგონია ვინმემ ამომწურავი და დამაჯერებელი პასუხები გასცეს. არც ის მგონია, სხვათაშორის, რომ მე ერთადერთი ბრიყვი ვარ, რომელსაც მსგავსი ჰალუცინაციები აწუხებს.

***

სოციოლოგიური კვლევა რომ ჩავატაროთ და შევისწავლოთ, რით არიან შეჭირვებული საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლები, ალბათ, გაგვაოცებს კარდინალური განსხვავება მათ შორის. დამწყებ ბიზნესმენს მილიონერობა ენატრება, მილიონერს - მულტიმილიონერობა, მულტიმილიონერს - მილიარდერობა, მილიარდერს - მულტიმილიარდერობა და ასე დაუსრულებლივ. მოთხრობის ავტორი რომანის დაწერაზე ფიქრობს, რომანის ავტორი - ეპოპეაზე, ბუკერის პრემიის ლაურეატი - ნობელის პრემიაზე და უკვდავთა პანთეონზე. ამ დროს კი უმუშევარს, მათხოვარს, ინვალიდს, უსახლკაროს ენატრება ლუკმა-პური, თავშესაფარი, მინიმალური პენსია და და სამედიცინო მომსახურება. ყველა ამ მისწრაფებას კი ერთად ცინიკური სახელი ჰქვია - ოცნება. ეს მეოცნებენი ერთად რომ დავსვათ და ვალაპარაკოთ, ისინი ერთ სიტყვასაც ვერ გაუგებენ ერთმანეთს.

***

როცა მეტროს კარები იკეტება და მიწისქვეშა ექსპრესი სვლას უმატებს, იწყება თითქოს ჩვენი ხანმოკლე ექსპერიმენტული მოძრაობა მიღმეთის სამყაროში. იქ ხან ჯოჯოხეთია, ხან სამოთხე, ხან სრული ნირვანა. ყველაფერი ისეა, როგორც წარმოგვიდგენია ჩვენი არსებობა გარდაცვალების შემდეგ. განსხვავება ისაა, რომ მოქმედება ხდება მიწაში და არა ცაში, საითაც თითქოს ამაღლდება ჩვენი სული სხეულთან გაყრის შემდეგ. უმთავრესი ნიუანსი კი ის გახლავთ, რომ მეტროში სხეული და სული ჯერ კიდევ ერთად არიან, ცაში კი უსხეულო სულს ტრანსპორტი არ ეყოლება, იქ იგი საკუთარი ფრთების იმედად იქნება.

***

სითხე რომ იმ ჭურჭლის ფორმას იღებს, რომელშიც ასხია, ყველამ ვიცით. პირდაპირ შეგვიძლია დავინახოთ, როგორ გამოიყურებოდა ღვინო ბოთლში და როგორ გამოიყურება იგი ჭიქაში.სამაგიეროდ, ვერ წარმოგვიდგენია, როგორ გამოიყურება სული სხეულში. მიზეზი სამია:

1. არ ვიცით, სადაა იგი განთავსებული.

2. სხეული არ არის გამჭვირვალე, რომ დავინახოთ.

3. არ ვართ დარწმუნებული, რომ სული არსებობს.

***

ბაბუაჩემი მეტყოდა, ცაში ფეხით ვერ ახვალ, წიგნს თვალდახუჭული ვერ წაიკითხავ, წვნიანს ჩხირებით ვერ შეჭამ. არადა მსგავს სისულელეებზე ზოგჯერ „მეცნიერულ“ ექსპერიმენტებსაც ატარებენ და წინასწარ განწირულ „შედეგებში“ მილიონებს ჰყრიან. ეჰ, ვინაა განმკითხავი!

***

როცა ცხოვრებას მხოლოდ იწყებ, ქვეყანა სავსეა უთვალავი ადამიანით და ყველა მათგანი ან პოტენციური ნაცნობია ან მეგობარი. წლების მატებასთან ერთად მათი რიცხვი კლებულობს და როცა გარდუვალობის სამანს მიადგები, აღმოჩნდება, რომ ნაცნობ-მეგობრები სულაც თითზე ჩამოსათვლელნი დარჩენილან, თუმცა მოსახლეობის რიცხვი არა თუ შემცირებულა, გაზრდილა კიდეც. და ესაა ჩემი ერთ-ერთი ყველაზე მწუხარე აღმოჩენა არც თუ ხანმოკლე ცხოვრების გზაზე.

***

რაც უფრო სწორად, მართლად და ზნეობრივად ცხოვრობ, მით უფრო ცოტა გაქვს მოსაგონარი. ანუ გაქვს, მაგრამ მას არ შეიძლება ჰქონდეს რეზონანსი, რადგან ობივატელს „ცხელ-ცხელი“, როგორც იტყვიან, პიკანტური ამბები აინტერესებს: ვისთან ლოთობდი, ვინ მოგწონდა, ვინ დაგთანხმდა და ვინ გაგაწბილა, ვისთან იჩხუბე და ვისთან იმეგობრე, თან ათასი ჭორი და ანეკდოტიც უნდა იცოდე, ცოტა მორალისტიც უნდა იყო და ცოტა უზნეოც, მოკლედ, უნდა შეგეძლოს განცდილისა და სხვისი მონაყოლის, ტყუილისა და სინამდვილის ერთ ქვაბში ისე ოსტატურად მოხარშვა, რომ მკითხველმა სიამოვნებით მიირთვას და ტაშიც დაგიკრას. მე პირადად არც ამნაირი ტიპის კაცი ვარ, არც განსაკუთრებული ბიოგრაფია მქონია და არც ხულიგნური თხრობა მეხერხება, ამიტომ არც ვიცი, საერთოდ რატომ ვწერ ან რასაც ვწერ, ვინმეს თუ სჭირდება. დედამიწაზე ადამიანთა აბსოლუტური უმრავლესობა დიახაც სწორად და პატიოსნად ცხოვრობს, მაგრამ სახელდობრ მათ და არა სხვა ვინმეს იტაცებს გარეწრების, არაკაცების, ბოროტმოქმედების, მკვლელების, მოღალატეების, მეძავებისა და მრუშების სისხლიანი და უზნეო თავგადასავლები. აბა, საკუთარი „ქრესტომათიული“ და უღიმღამო ცხოვრების აღწერას რა თავში იხლიან!

***

ცხოვრება თითქოს ერთი გაბმული გულდაწყვეტა და სინანულია: ეს ვერ შევძელი, ეს ვერ მოვასწარი, ეს არ გამომივიდა, ამან გამასწრო, იმას ჩამოვრჩი... და დგას უხმო ვაი-უშველებელი საწუთროს თვალუწვდენ სივრცეებში, რადგან ეს თვისება უნივერსალურია და ნებისმიერ ერს ახასიათებს. წუწუნებს ყველა: იღბლიანი და უიღბლო, მდიდარი და ღარიბი, ნიჭიერი და უნიჭო, ლამაზი და უშნო, უმანკო და გარყვნილი, მაღალი და დაბალი, მართალი და მტყუანი და მხოლოდ ბრძენი გამდგარა განზე და მადლობას სწირავს განგებას, რომ გაჩნდა და იგრძნო სიცოცხლის ძალა, სიყვარულის სითბო, მეგობრობის მადლი, სილამაზის ეშხი, რომ განიცადა წვიმის წვეთებისა და თოვლის ფიფქების ჟრუანტელის მომგვრელი შეხება, მსუბუქი სიოს ალერსი, მზის ამოსვლისა და ჩასვლის განუმეორებელი ფერადოვნება და, რაც მთავარია, რომ ებოძა განსჯის, აზროვნების, ფიქრის და ოცნების უნარი. აბა, დავფიქრდეთ, რა უფრო მნიშვნელოვანია: ის, რაზეც ჩვენ ვწუწუნებთ თუ ის, რაც ბრძენ მთელ სულსა და შთაგონებას აქსოვდა. არაა აუცილებელი მას ხედავდე და მზერადაშრეტილ თვალებში ჩასცქეროდე. ისეც უსათუოდ მიხვდები, რომ ეს სხვა მუსიკაა, სხვა სევდისა და განცდის ნაზავია, რადგან მისი ყოველი ბგერა, ყოველი ნოტი გამსჭვალულია განსაკუთრებული ტონალობით, ვიბრაციით, ჟღერადობით. ბრმის მუსიკა ყველაზე თვალხილული მუსიკაა, რომელიც არა მარტო სხვის ტკივილს გაგრძნობინებს, საკუთარსაც გიახლებს. თან გიახლებს, თან გიშუშებს!

***

მას შემდეგ, რაც ჩემში ბუნებრივად იწყო გაჩენა კითხვამ: „რას მაძლევს?“ იმდენ რამეზე ვთქვი უარი, რომ გამომიჩნდა საკმაოდ ბევრი დრო, რომელიც ადრე კატასტროფულად არ მყოფნიდა. როცა რაღაცის გაკეთება ან ყიდვა მომინდება, როცა სადმე წასვლას ან რომელიმე წიგნის წაკითხვას დავაპირებ, როცა ვინმე ვახშამზე დამპატიჟებს ან სადმე დროსტარებას შემომთავაზებს, უნებურად გამიელვებს უკვე ჩვეულებად ქცეული კითხვა და მალე პასუხიც მზადაა. ყოველი უარი გულისხმობს დროს, რომელსაც მე ვხარჯავ იმ საქმეებზე, რომლებმაც დადებითი პასუხები დაიმსახურეს. ასე ვისწავლე დროის ყაირათიანად გამოყენება და კმაყოფილიც ვარ. არ ვნანობ, რატომ ახალგაზრდობაში არ ვაკეთებდი ასე-თქო! ახალგაზრდობაში, მისი ბუნებიდან გამომდინარე, ეს შეუძლებელია. მსგავსი პრაგმატიზმი მხოლოდ ასაკს მოაქვს. თან თავქარიანობაც, წინდაუხედავობაც, შეცდომებიც აუცილებელია სამერმისო დასკვნებისთვის. როგორც არ უნდა გვიჩიჩინონ, სწავლა სხვის შეცდომებზე სჯობსო, სასწავლო მასალად ჩვენ მაინც საკუთარს ვამჯობინებთ. ყოველ შემთხვევაში მე ასე გამომივიდა და დიდად არ ვნანობ. ზემოთ აღნიშნულ სასარგებლო კითხვამდე ხომ მათი წყალობით მივედი!

***

გინახავთ ოდესმე მაღაზიაში ჩამოფასებული მარილი, შაქარი, ჩაი, ბრინჯი, ასანთი, საპონი? არ გინახავთ. არც მე მინახავს. ახსნა ადვილია: მისი, რაც ჩვენი ყოველდღიური ყოფის განუყოფელი ნაწილია და, მაშასადამე, მუდმივი ღირებულება აქვს, ჩამოფასება არ ხდება.

***

ნაკითხობა არ ნიშნავს განსწავლულობას, ისევე, როგორც დილის გამამხნევებელი ვარჯიში სპორტს. შეიძლება ბევრი წიგნი შთანთქა და ცოტა ცოდნა მიიღო. წიგნები ოქროს მადანივითაა - უამრავი ავტორის მიერ დაგროვებული უზარმაზარი გამოცდილება, სიბრძნე, დასკვნა საკუთარ ტვინში უნდა გადახარშო და მცირე, მაგრამ საკუთარ მონაპოვრად აქციო, თანაც ისე, რომ პირველწყაროს კვალიც არ ჩანდეს. ეს კი ყველას როდი ძალუძს. ამიტომაც გვყავს ბევრი პლაგიატორი და ცოტა მწერალი, სწავლული, მოაზროვნე.

***

თუ მოსამართლეს დამნაშავის მსგავსი აზროვნება არა აქვს, ის დანაშაულს ვერ გახსნის. თუმცა არის შემთხვევები, როცა მოსამართლე არა თუ აზროვნებს დამნაშავესავით, თვითონაც პირწავარდნილი დამნაშავეა.

***

როცა წინსვლის პერსპექტივა ამოწურულია, ისღა დაგვრჩენია, ვიმოგზაუროთ წარსულში, სადაც არაფერი იცვლება და ყველაფერი ისეა, როგორც იყო. ჩვენ შეგვიძლია სურვილისამებრ ამოვირჩიოთ დრო, ადგილი, სიტუაცია, გარემო, ადამიანები და თუნდაც მცირე ხნით, თუნდაც მოჩვენებით დავიბრუნოთ სულის სიმხნევე, სხეულის ნეტარება, გონების ზეიმი. ვისაც ოპტიმიზმი და ფანტაზია ჰყოფნის, მას შეუძლია გარისკოს, ხვალინდელ დღეში გადაიხედოს და არანაკლებ ეფექტს მიაღწიოს. წარსულში მოგზაურებს პირობითად ისტორიკოსებს დავარქმევდი, მომავალში მოგზაურებს კი - ფანტასტებს.

***

ნამდვილ სულიერ ჰარმონიას ჩვენ ვაღწევთ მხოლოდ მაშინ, როცა ვხვდებით, რამდენი რამის გარეშე შეგვიძლია ცხოვრება. ეს ზეცის განსაკუთრებული საჩუქარია და ყველას როდი ერგება. ამიტომ ადამიანთა უმეტესობა კუბოს კარამდე ჯახირობს, სულ რაღაცის ძებნაშია, რაღაცის მოპოვებას ცდილობს, და ეს მაშინ, როცა სულ მალე ბუნების უცვლელი კანონის თანახმად ნაპოვნიცა და უპოვნელიც ოხრად დარჩება.

***

როცა მავანი რაღაცას მანდობს და თან მაფრთხილებს, ნურავის ეტყვიო, ხომაა ღირსი, დამშვიდობებისთანავე ქვეყანას მოვდო მისი ნათქვამი? შე კაი დედ-მამის შვილო, თუ ჭორიკანა გგონივარ და ეჭვი გეპარება ჩემში, რაღას მიყვები შენს საიდუმლოს, წადი, სხვა ნახე, სხვას გაენდე, რაღა მე მომადექი! თუ ვეღარ გრძნობ, რომ ამ გაფრთხილებით შეურაცხყოფას მაყენებ?

***

წუწუნა ადამიანი ვერ ხვდება, რომ განუწყვეტელი უკმაყოფილება, ბედის უკუღმართობაზე ჩივილი და მოთქმა-ვაება კი არ უმსუბუქებს, არამედ სულ უფრო და უფრო უმძიმებს ყოფას, ძირავს მას სტრესულ გარემოში, რომლისგან თავის დაღწევა მხოლოდ სიმშვიდით, საკუთარ ძალებისა და ახლობლებისადმი რწმენითაა შესაძლებელი.

***

დადგება დრო, როცა ვერავინ და ვერაფერი გვიშველის. და სწორედ მაშინ უნდა ნახოთ თითქოს ყოვლისშემძლე და უძლეველი დიქტატორები, მონარქები და ბანკირები, მათი აზრით დედამიწას რომ აზანზარებენ. სიკვდილის წინაშე ისინი ჩვეულებრივ მოკვდავებზე ასჯერ უმწეო და უსუსური არარაობები არიან, რადგან ოხრად რჩებათ აურაცხელი სიმდიდრე, რომლის გამოც ურიცხვი დანაშაული ჩაიდინეს, სისხლის ნაკადულები აჩუხჩუხეს, ცოდვა-მადლი უარყვეს. თავიანთი მიწიერი ყოფის უკანასკნელ წამს ისინი მზად არიან მთელი საკუთარი ავლადიდება ერთ ყლუპ ჰაერში გაცვალონ, მაგრამ ფიზიკური უკვდავება არ არსებობს, სხვა უკვდავება კი ოქრო-ვერცხლით არ მოიპოვება. იქ სხვა ვალუტაა საჭირო, რომელიც ჩვეულებრივი მდიდრებისთვის უცნობია.

***

დენ სიაოპინი ამბობს, ჩვენში თუ პრობლემები არსებობს, მათი ფესვები ჩინეთის კომუნისტურ პარტიაშიაო. აგაშენოს ღმერთმა! განა მე სხვა რამეს ვამბობ! დიახაც ასეა, ოღონდ ვინ მიგიშვებს იმ ფესვებთან, თუნდაც განთქმული აგრონომი იყო და... (დანარჩენი არ იკითხება).

***

გაღმა გასვლის მსურველი ჯერ ხიდს ეძებს, მერე ფონს და მხოლოდ სულ ბოლოს იძულებული ხდება დინება გაცუროს. გონიერი, სანამ ამ გადაწყვეტილებას მიიღებდეს, კარგად დაფიქრდება, ღირს კი ის გაღმა ნაპირი იმ რისკად, რომელიც ამ გადაცურვას ახლავს თან?

***

რასა, ეროვნება, ენა, რელიგია, ტრადიცია და კიდევ რამდენი რამე გვთიშავს ადამიანებს ჭეშმარიტებისაკენ მიმავალ გზაზე. ქრისტიანული ჭეშმარიტებანი არ მოსწონთ მუსულმანებს, მუსულმანური - ბუდისტებს, ბუდისტური ქრისტიანებს და ასე დაუსრულებლივ. თითქოს ყველანი ღმერთისკენ მივემართებით, მაგრამ სწორი და ერთადერთი მხოლოდ ის გზა გვგონია, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ ალბათ, ეს კანონზომიერიცაა. არ შეიძლება ყველა ერთნაირად აზროვნებდეს და ერთ დასკვნამდე მიდიოდეს. მსგავსი რამ სცადეს ზოგიერთმა პოლიტიკურმა ფორმაციებმა და რა სატირალი შედეგებიც მიიღეს, მსოფლიომ დაინახა.

***

დედამიწაზე ყველა ჩვენგანისთვის არსებობს ბოლო მოსახვევი, რომლის იქითაც სამუდამოდ მივეფარებით თვალს... (,დაუმთავრებელია).

***

ძალიან მტკივნეულად განვიცდი, როცა პირველი ნაბიჯის გადადგმისთანავე ფეხი მიცურდება. სპორტსმენივით ფალსტარტის განცდა მიჩნდება, ოღონდ ამის გამო არასოდეს ვჩერდები. და ეს იმიტომ, რომ ცრუმორწმუნე არა ვარ და ასეთ შემთხვევითობას არ ვანიჭებ ტრაგიკულ მნიშვნელობას, როგორც მავანნი, რომლებიც მას ზეციურ გაფრთხილებად ჩათვლიდნენ. თუ იცი, სად და რატომ მიდიხარ, თან დარწმუნებული ხარ წასვლის აუცილებლობაში, ვერავითარმა მინიშნებამ ვერ უნდა შეგაჩეროს. სხვანაირად მიზანი მიუღწეველი დაგრჩება.

***

სიჩუმე ხან საამოა, ხან შემზარავი. სიტუაციას გააჩნია. ერთია სიჩუმე სამუშაო კაბინეტში, სადაც მხოლოდ შენი წარმოსახვა მეფობს და ყურს საგანგებოდ დაშიფრული უხმო მუსიკა ჩაესმის, ყველანი შინ არიან, მაგრამ შენს გამო ხმაგაკმენდილები ფეხის წვერებზე დადიან, შენ კი შთაგონებით მუშაობ და მეორე, როცა შინ არავინაა და არც ოდესმე იქნება, შენ კი მთელ სახლში გამეფებული ამაზრზენი სიცარიელე სიჩუმის ჩაქუჩს საფეთქლებში გირტყამს.

***

ურკინიგზოდ ვერ იმგზავრებ მატარებლით, უგზოდ - მანქანით, უჰაეროდ - თვითმფრინავით, უწყლოდ - გემით, უტვინოდ კი საერთოდ ვერ წახვალ. არა, წასვლით კი წახვალ, მაგრამ რა აზრი აქვს!

***

სანამ სხეული აღგზნებულია, სულსა და სხვა მაღალი მატერიებზე სერიოზული მსჯელობა ვერ ხერხდება, უბრალოდ, მსგავსი მსჯელობის აუცილებლობა არც წამოიჭრება. სხეული ანუ როგორც მარტივად ვიტყვით, ხორცი, თრგუნავს პიროვნებაში ყველა ლტოლვას, გარდა ერთადერთისა, რომელიც ემსახურება მხოლოდ მისი, ხორცის, ვნებათა დაკმაყოფილებას. ასეთ დროს დიდი გასაქანი ეძლევა წარმოსახვას, ფანტაზიას და ვისაც ერთდროულად მხატვრული ნიჭიცა აქვს მომადლებული, მას შეუძლია ქება-ქება უძღვნას, ელვარე შარავანდედი დაადგას ეროსს, რომელსაც, მართალია, ასეთი პატივი ისედაც არ აკლია მსოფლიოს უდიდეს შემოქმედთაგან.

***

რატომაა სიხარული სწრაფწარმავალი და მწუხარება ხანგრძლივი, ბედნიერება მოუხელთებელი და უბედურება თანამდევი, თავმდაბლობა უჩინარი და თავხედობა თვალშისაცემი, სიკეთე უმწეო და ბოროტება ყოვლისშემძლე, სიყვარული მიმტევებელი და სიძულვილი ულმობელი? რაც ადამიანმა აზროვნება ისწავლა და ცხოვრების არსს ჩაუფიქრდა, ეს კითხვები მისთვის მუდმივ თავსატეხად იქცა, რადგან მათზე ამომწურავი და დამაჯერებელი პასუხები ვერ გაუცია. არადა ყოფნა-არყოფნის მთელი წილადობილა სწორედ ამ კითხვებშია ჩაქსოვილი!

***

მიუხედავად იმისა, რომ ძნელია, თითქმის შეუძლებელია საკუთარი თავის ობიექტური შეფასება, მაინც გავრისკავ და ვიტყვი: ცხოვრებაში ყველაფერს ჩემით მივაღწიე, არსად და არასოდეს ე.წ. „ბანჯგვლიანი ხელი“ მე არ წამშველებია. ჩემი ბუნებრივი მხარდამჭერები იყვნენ კეთილი ადამიანები, რომლებიც ცხოვრების გზაზე მართლაც მრავლად შემხვედრია. ჩემი უგულითადესი მადლობა თითოეულ მათგანს. მათ ეს დაიმსახურეს. მიუხედავად იმ დადებითი აურისა, რაც მეტწილად ჩემს გარშემო არსებობდა, ვფიქრობ, გაცილებით მეტის მიღწევა შემეძლო, მაგრამ საამისოდ გზა უნდა მიმეცა იმ ქვენა გრძნობებისთვის, რაც ყველა ადამიანში მეტნაკლებად ბუდობს და მხოლოდ დიდი ნებისყოფით იბლოკება. მე გამოვიყენე ჩემში არსებული დიქტატორული ატავიზმის მთელი არსენალი და დაუნდობლად დავბლოკე შურის, ღვარძლის, ამპარტავნების, მაამებლობის, კარიერიზმის, ღალატის, გაუტანლობის ნასახიც კი. ამ აკრძალვების წყალობით შეგნებულად გადავიკეტე გზა იქით, საითაც ბევრი წავიდა, ბევრსაც მიაღწია, მაგრამ საბოლოოდ კისერი წაიტეხა. იყვნენ გამონაკლისებიც, რომლებმაც თითქოს კეთილდღეობის მაქსიმუმი გაინაღდეს, მაგრამ სინამდვილეში მთელი ცხოვრება შიშში, განგაშში, გარდაუვალი სასჯელის მოლოდინში გაატარეს. ბედნიერი ვარ, რომ მე ეს განცდები ავიცილე და სადინარი გავუხსენი სიყვარულს, მიმტევებლობას, სულის სიდიადისა და უკვდავების რწმენას. ვწერ ამ სტრიქონებს და ჟამითი ჟამად თვალს შევავლებ უძველეს კედლის საათს, რომელიც გულგრილი წიწკიკით მითვლის მიწიერი ყოფის წამებს და წუთებს, ისევე, როგორც ბევრისთვის დაუთვლია ჩემამდე. და უცებ მიჩნდება აზრი: აი, ვინაა ჩვენი ნამდვილი მსაჯული და შემფასებელი. მას ვერ მოატყუებ, ვერ წარუდგენ ყალბ ანგარიშს, რადგან მან მიუმცდარად იცის, რაზე დახარჯე ის ძვირფასი განძი, რომელსაც იგი პედანტური სიზუსტით აღნუსხავს. შესაძლებელი რომ იყოს, მე მას აღსარებას ჩავაბარებდი და თითქმის დარწმუნებული ვარ, შენდობასაც დავიმსახურებდი...

***

მხოლოდ აქ, თვალუწვდენი მწვერვალებისა და კამკამა ლაჟვარდების ახლოს, ორბებისა და განწმენდილი სულის საუფლოში, გეფიქრება მხოლოდ დიადსა და წარუვალზე, სათუთსა და ძვირფასზე, საყვარელსა და დაუვიწყარზე. მხოლოდ აქ არ გაკრთობს გაქრობის შიში, რადგან გწამს, გჯერა და გეიმედება, რომ შენი სხეულის ატომები შეერწყმიან სამყაროს უსასრულობას და იქცევიან მარადიული ენერგიის ნაწილად, დედამიწას რომ ატრიალებს. მას შემდეგ, რაც ეს ჩემთვის შეუვალ ჭეშმარიტებად იქცა, არც სიკვდილი მაშინებს და არც დავიწყება.

14 ბოლო ლექსები - მაშინ მე მოვალ უსათუოდ, მე დავბრუნდები...

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

მაშინ მე მოვალ უსათუოდ, მე დავბრუნდები...

მე დავბრუნდები, როცა თოვლი გადნება მთაში,
ჩემ სამარეზე გაახელენ იები თვალებს.
როცა წარსული გაუნაღდებს მომავალს ვალებს,
მთვლემარ ნაპირებს გააღვიძებს ტალღების ტაში,

როცა ფრთის გაშლას ისწავლიან მტრედის ხუნდები,
ხეობის ქარებს მობეზრდებათ ქროლვა შმაგური,
დიდების კოშკზე დაიდება ბოლო აგური,
მაშინ მე მოვალ უსათუოდ, მე დავბრუნდები!

ვზივარ სენაკში, მაგრამ მაინც ვარ მომთაბარე...

ვზივარ სენაკში... უდაბური სიჩუმის მძევალს,
უკვე არც მახსოვს, რა მსურდა და რას ვესწრაფოდი,
ძველი ცხოვრება წარსულს გაჰყვა, როგორც ნაფოტი,
დასრულდა იგი, როგორც ნავის ტალღებში რწევა.

მე ჯერ არ ვიცი, აქ რა ხდება, ვინ ვის აბარებს
ანგარიშს, როცა დღე მიდის და საღამო მოდის.
უარმყოფელი დღევანდელი განცხრომის, მოდის,
ვზივარ სენაკში, მაგრამ მაინც ვარ მომთაბარე.

მონუსხვის ციკლი იწყებოდა ისევ თავიდან...

მე ოდითგანვე მქონდა რიდი მსგავსი ქალ-მახის,
რომ ჩაემალა მახე თავის მაცდურ მზერაში.
სათავის ახლოს ჭიხვინებდა მისი მზე - რაში
და ისიც მაღლა მიიწევდა, როგორც კალმახი,

თითქოს ათასი მეომარი ტყვიებს მახლიდა,
მაგრამ იტანდა ჩემი თორი და მუზარადი.
გულის ჯიბეში ცეცხლად მენთო ციცქნა ბარათი,
მონუსხვის ციკლი იწყებოდა ისევ ახლიდან.

და თეთრ ნისლებში ჩანს უწყვეტი ფიქრის ტივტივა...

რატომ კვდებიან ახლობლები ან სად მიდიან
მათი სულები... ნაფეხურებს რა ემართება,
აქ რომ ტოვებენ?.. ვისი ძეგლი აღიმართება,
სად მარადისი სიმყუდროვე და სიმშვიდეა?

ჩვენ ვერ გავიგებთ... ჩვენ მათსავით იქით მივდივართ.
ჩვენც ახლობლები ვართ ვიღაცის (თუ ვიღაცების!)
შორეულ ზღურბლზე დგანან ქუფრი კარისკაცები
და თეთრ ნისლებში ჩანს უწყვეტი ფიქრის ტივტივა.

ვაპირებ წასვლას, მაგრამ თითქოს მესმის: დარჩიო!..

გაძეძგილია ეს სამყარო უცნობი ხმებით
და დაცქვეტილი აქვთ ყურები მიწყივ რადარებს.
დაბადებიდან ამ ხმებს თითქოს ჩემში ვატარებ,
მათი თანხლებით ზამთარ-ზაფხულ ვყვავილობ, ვხმები.

ვაპირებ წასვლას, მაგრამ შორით მესმის: დარჩიო!
მეტიც, მეცნობა შემძახებლის ტემბრი და კილო.
და მეც ფეხს ვითრევ, ვყოვნდები და ბეჯითად ვცდილობ,
იმ ურიცხვ ხმაში საკუთარი გამოვარჩიო.

სულ სხვა რამეზე ფიქრი მხიბლავს, სხვა სისადავე...

ვინ დაჯდა ტახტზე? ვის ხელშია მართვის სადავე?
ვისმა ბრძანებამ შეიძინა კანონის ძალა? -
მსგავს რამეებზე ჩემთვის უკვე მსჯელობას ვკრძალავ,
სულ სხვა რამეზე ფიქრი მხიბლავს, სხვა სისადავე.

გამოვაღწიე ცრურწმენათა მღვრიე ქაფიდან,
და, ვით მარტოხე, ციცაბოდან ჩავცქერი ნაპრალს.
შორს, ჰორიზონტზე, სიზმრის ფერი ფრიალებს აფრა
და მიხმობს, როგორც შორეული ცურვის კაპიტანს.

ბარად ჯერ თბილა, აქ კი უკვე სხვა ამინდია...

ამოვიტანე წუხელ ფიჩხი და შევუკეთე
ბუხარს, რომელიც რა ხანია, არ დამინთია.
ბარად ჯერ თბილა, აქ კი უკვე სხვა ამინდია,
თუ მკითხავს ვინმე, ვერც ინატრებ ქვეყნად უკეთესს.

ვით ყველა სულდგმულს, მეც მხვდა წილად განგების ნებით,
ერთი სიცოცხლე, ერთი სივრცე და ერთი ბედი.
ჩემი ბუხრიდან ასულ კვამლით თბება ტიბეტი,
მე კი პირიქით, თვით ტიბეტის სითბოთი ვთბები.

რაღაცაშია საქმე ნაღდად, შევატყვე ასე...

რაღაცაშია საქმე ნაღდად, შევატყვე ასე...
ქარნი არ ქრიან, ტყე არ იძვრის, შედგნენ ღრუბლები,
მეც თითქოს მთვარის გამქრალ დისკოს ვესაუბრები
და ვეღარ ვამჩნევ ბედის ვარსკვლავს ამღვრეულ ცაზე.

ზოგჯერ უცნობის ხმა მომწვდება გაღმა ახოდან,
ზოგჯერ პეპლის ფრთის ანარეკლი მიბრმავებს მზერას.
და მე უსიტყვოდ ვეკითხები სიჩუმეს - მზვერავს:
რა სურდა იმ ხმას? - იქნებ სულაც სხვას ეძახოდა!

ვერ შევეგუე წარმავლობით დაღდასმულ სივრცეს...

ვერ შევეგუე წარმავლობით დაღდასმულ სივრცეს
და ახლა აქ ვარ, თუმცა აქაც ვერ ვეგუები,
როცა ყველაფერს იჯერებენ ბრმები, ყრუები
და მე არ ვიცი, ჯალათ დრო-ჟამს რა უნდა მივცე!

გამკაწრავს ზოგჯერ აუხსნელი დარდის ეკალი:
იქნებ არ ღირდა!.. იქნებ ღირდა!.. იქნებ არ ღირდა!..
თეთრი ფურცლები ფანტელებად ცვივა მაღლიდან,
ერთზე წერია: „ხომ არ სჯობდა ფიქრს მოეკალი?“

კეთილი იყოს ახლა უკვე, ჩვენი გაცნობა!

მე ვარ უცნობი. თითქოს ვარ და თითქოს არცა ვარ.
ერთ-ერთი სახე აურაცხელ სახეთა შორის.
შეჯიბრის შემდეგ ცხადი გახდა: გზა დამრჩა ორი.
ერთით მოვდივარ, მეორით კი კაცი არ წავა.

ჩამოჰკრა ზარმა: მე ჩემ წარსულს ვუძღვნი აწ ნობათს,
რაც გამაჩნია, ყველაფერი უკვე მისია.
მე აღვასრულე, რაც კი მქონდა უცნობს მისია,
კეთილი იყოს ახლა უკვე, ჩვენი გაცნობა!

თანდათანობით მტოვებს თითქოს სამშობლოს განცდა...

მთის მწვერვალიდან ტბაში მძიმე ლოდი ჩავარდა,
მალე ჩემთანაც დაუსტვენენ მძაფრი ქარები.
მე როგორც ადრე, ისევ სენაკს შევეფარები,
რომელიც ახლა კიდევ უფრო შემიყვარდება.

შემოსცრეცია ჩემს საერთო რვეულებს ყდები,
სადაც ნამდვილი საცავი მაქვს საკრალურ განძთა.
თანდათანობით მტოვებს თითქოს სამშობლოს განცდა
და ცის და მიწის უხილავი ნაწილი ვხდები.

მე ამ ბოლო დროს ძველებურად რაღაც ვერ ვთბები...

ეს დღეც გაფრინდა, როგორც დედის ბუდიდან მართვე
და სიხარულის ნამცეცები თან გაიყოლა.
მიმოვიხედე: თითქოს მართლაც არა იყო რა...
რაც იყო, მასაც შეღამების ბურუსი მართმევს.

მე ამ ბოლო დროს ძველებურად რაღაც ვერ ვთბები,
და დამნაშავე აქ სიცივე მარტო როდია.
მე უკვე მიხმობს სხვა ჰანგი და სხვა მელოდია,
რომლის ტალღებზეც, ალბათ, მალე გადავერთვები.

ბედნიერებას დასაწყისი არ გააჩნია...

რამ შეიძლება ბედნიერად აქციოს კაცი?
პასუხი არ მაქვს, მაგრამ ვიცი: ქონებამ არა!
დედამიწაზე რამდენ მდიდარს ბალახი ფარავს,
ქვევით მატლი ხრავს, ხოლო ზევით ათოვს და აწვიმს.

ბედნიერებას დასაწყისი არ გააჩნია,
და ჩვენ ვგრძნობთ მხოლოდ მის დასასრულს, სულ ბოლო წამებს,
რომელთა მერეც შუქი ქრება, იბუდებს ღამე
და მიწას მისი ნაფეხური მკრთალად აჩნია.

მდინარის გაღმა ლორთქო ბალახს ძოვენ ცხენები...

მდინარის გაღმა ლორთქო ბალახს ძოვენ ცხენები,
ცხენები არა, გეგონება უფლის რაშები.
ბედის ვარსკვლავთან ნაჯირითებ-ნათამაშები,
რომლებსაც ახლა ჟამი გაჰყავთ სვენებ-სვენებით.

ისინი ჰქროდნენ აღმა-დაღმა ზეცის ნაჩვენებ
გზებზე და ყველგან მათთვის ღია ჰქონდათ კარები...
ასე მგონია, ერთ-ერთს ჩუმად მივეპარები,
შევკაზმავ წამში, შევუძახებ და გავაჭენებ.

თითქოს ვბრუნდები ბაზრობიდან დაღლილი გლეხი...

თითქოს ვბრუნდები ბაზრობიდან დაღლილი გლეხი
და ოჯახისთვის სათითაო მომაქვს ნობათი.
აღარც ნამყოა, აღარც აწმყო, აღარც მყოფადი
და თითქმის აღარ შერჩენია ნაყოფი ხეხილს,

მაგრამ ოჯახი!.. ის არის და ის უნდა იყოს,
როგორც იმედი, როგორც სასო, როგორც ნუგეში.
მე იგი მიყვარს, როგორც მაშინ, სიჭაბუკეში
და მასზე სევდა ხლეჩს შუაზე ჩემს ბოლო სტრიქონს!

ნუთუ მაშინაც, როცა უკვე აღარ ვიქნები...

ძილისთვის ვეღარ მოვიცალე... იმნაირ მთვარეს
ვუმზერდი წეღან... თითქოს იყო ზეიმი ცაში,
რომელსაც თვალთა გუგებიდან ვერასდროს წაშლი.
შუქი მოსავდა დედამიწის ოთხივე მხარეს.

და მე ვხედავდი: ვარსკვლავები ცეკვავდნენ წყვილად
და ძირს ცვიოდნენ მერე, როგორც თოვლის ფიფქები.
ნუთუ მაშინაც, როცა უკვე აღარ ვიქნები,
განმეორდება ვარსკვლავცვენის ასეთი დილა?

ცხოვრების ყველა საფეხური გამოვიარე...

ცხოვრების ყველა საფეხური გამოვიარე
და მერე, როგორც თანამგზავრი, მოვწყდი რაკეტას.
კოსმოსმა უკან დასახევი გზა გადაკეტა
და სიყმაწვილის სანახებზე ვარ მგლოვიარე.

მე დღეს ვიხსენებ ყველა ტკივილს, რაც კი მტკენია.
აქედან უკვე მწვერვალებიც ჩანან კორდებად.
ამ ქვეყანაზე არაფერი არ მეორდება,
რაც მეორდება, მკრთალია და მოსაწყენია.

და აჰა, უკან ბრუნდებიან მტრედთა გუნდები...

გადავალაგე კარადაში ძველი ტომები.
რატომ ვჯახირობ?.. - ყველაფერი დაწერილია.
და მაინც, თითქოს აკლიაო ბრწყინვა ბრილიანტს,
არ უნახავსო დღემდე ყველას მზის ატომები.

მე თითქოს ის ვარ, ვინც თავს იდო ამ ფანტასტური
მიზნის მიღწევა... ბრილიანტის ჩალხვას ვუნდები.
და აჰა, უკან ბრუნდებიან მტრედთა გუნდები
და მოაქვთ ჩემთან სრულქმნილების ღმერთის დასტური!

თანაც ვერც ერთი დიდი კიბე ვერ აღწევს ცამდე...

მაინც რა უნდათ, რას ელტვიან ადამის ძენი?
კმაყოფასა და სურვილს შორის სად გადის ზღვარი?
რომელ სამანთან იშრიტება აზრების ღვარი
და ვერ პოულობს შეკითხვებზე პასუხებს ბრძენი?

გულწრფელად გეტყვით: მე არ ვიცი... თუმცა ვეცადე
შემეღო ფრთხილად იდუმალი ცოდნის კარები.
მაგრამ იქ თითქოს დენი გადის... ვერ ვეკარები,
თანაც ვერც ერთი კიბე ვეღარ აღწევს ზეცამდე.

ბუდას პროფილის მოლანდება აბრეშუმის გზაზე

აბრეშუმის გზა არ აღმოჩნდა ისეთი ნაზი
და მომხიბლავი, თავიდან რომ მეგონა ყმაწვილს.
მივემგზავრები... უსასრულოდ მათოვს და მაწვიმს
და საწიერზე იკარგება მარშრუტის ხაზი.

გადამიქროლეს წეროებმა დიდი ხნის წინათ
და მე, რკინიგზის განაპირას ჯოხს დაყრდნობილი,
ვხედავ თუ როგორ ილანდება ბუდას პროფილი
იქ, სადაც ყვირილს დასდნობია დუმილის რკინა.

ვარ შორეული პროტოტიპი ხეკაკუნასი...

თავაუღებლად აკაკუნებს კოდალა ხეზე,
და მიკვირს, თავი იმ საცოდავს როგორ არ სტკივა?
იქნებ იხსნება გამოცანა სულაც მარტივად:
ის თითქოს ქერქქვეშ გადამალულ მარგალიტს ეძებს.

უსიერ ტყეში გასრიალდა ჩუმად უნასი,
მოულოდნელად დააფრინდა ტოტს მოლაღური.
მე კი ვწერ ჩემთვის და არ მტოვებს ფიქრი ბალღური:
ვარ შორეული პროტოტიპი ხეკაკუნასი.

ახლა კი თქვენი ჯერი დადგა, თქვენ ხართ შემდეგი...

თუ გადაწყვიტე სიარული, აღარ გაჩერდე,
მაშინაც, როცა ბურუსებმა სივრცე დაფარეს.
მოხდება ის, რაც აწერია ბედის ტრაფარეტს,
გექნება ხმალი, საშენოდ რომ ერთხელ გაჭედეს.

მე უკვე არსად არ მივდივარ... ზღვართან შევდექი...
მაგრამ ვიარე... მაგრამ ქარი მცემდა სახეში.
მე ბევრი რამე ვნახე სხვაგან, ბევრი ვნახე შინ...
ახლა კი თქვენი ჯერი დადგა, თქვენ ხართ შემდეგი.

სხვა რამ არ მახსოვს... თვალწინ მიდგას მხოლოდ ეს კადრი!

წვიმს მთელი ღამე. გადაღებას აღარც აპირებს,
სარკმლის მინებზე შხაპუნებენ მსხვილი წვეთები.
ხან გავიღვიძებ, ხან სიზმარში დავეხეტები,
ხან მეჩვენება მივადექი უცხო ნაპირებს,

ვით გამოცდილი ნაოსანი თავის ესკადრით
კუნძულს, რომელზეც ბავშვობიდან უოცნებია.
ვდგავარ გემბანზე, ველოდები კოცნას ვნებიანს...
სხვა რამ არ მახსოვს... თვალწინ მიდგას მხოლოდ ეს კადრი!

იქ ეგულება საბოლოოდ სულს აგარაკი...

ფოთლებს სიყვითლე შეჰპარვია... დაბლობთა ქარვა
თანდათანობით, შეუმჩნევლად მოიწევს მთისკენ,
მზემ უკვე იგრძნო ტყვიისფერი ღრუბლების სისქე
და გული მწყდება ახლობლებო, რომ თქვენთან არ ვარ!

ვჩეხავთ ეზოში წიფლის კუნძებს... შეშის მარაგი
არ მოგვაკლდება ისეც, მაგრამ წესი წესია.
სურვილთა ფარა ფეხდაუდგმელ თხემს შეესია,
იქ ეგულება საბოლოოდ სულს აგარაკი.

ძველ დიდებაზე აქ არ ფიქრობს უკვე არავინ...

ჩვენთან კარები ღამ-ღამობით არ იკეტება,
ან რად დავკეტოთ, აზრებს მაინც ვერ მოგვპარავენ.
ძველ დიდებაზე აქ არ ფიქრობს უკვე არავინ
და მწვერვალებსაც სულ სხვა ცისკრის ცეცხლი ედება.

საკმარისია შეელიო ტაშსა და სახელს,
განზე გადგე და მოიზომო მონაზვნის ფლასი,
რომ უმალ იგრძნო საკუთარი სიმაღლის ფასი,
სახეთა ზღვაში მოგეწონოს შენივე სახე.

დროის დინება არ არსებობს... სივრცეც არა ჩანს...

როცა ახლოს ხარ ვარსკვლავებთან, მთვარესთან, მზესთან,
გაქრობის შიში თითქოს ტოვებს სხეულის საზღვარს.
გრძნობ, ყველაფერი, ტრფობის გარდა, გამხდარა „და სხვა“,
შარავანდედად დაგდგომია ნათელი ზესთა.

დროის დინება არ არსებობს... სივრცეც არა ჩანს,
ხართ მხოლოდ შენ და შენი მწველი ვნების აურა.
რომელიც გერგო არჩეული გზის საზღაურად
ანუ სასტიკი სიმარტოვის მცირე ხარაჯად.

და მესმის, როგორ მირაკრაკებს უწყვეტი ჟამი...

რაც მარტოობის ფიცი დავდე და მცირე სენაკს
შემოვეხიზნე, სულ სხვა ქვეყნის ვარ ბინადარი.
არ ვუმზერ შურით ტახტზე მორჭმულ მდიდარ მანდარინს
და მშობლიური არის ჩემთვის ბუნების ენა.

მე მხოლოდ ვიწერ, რას ჩურჩულებს მდინარე ღამით,
რა ფიქრობს ჭალა, გატრუნული თაკარა მზეში...
მიშვერილი მაქვს წვიმებისთვის ცახცახა პეშვი
და მესმის, როგორ მირაკრაკებს უწყვეტი ჟამი.

არავის ვებრძვი... ვიღას უნდა ვებრძოლო ანდა?..

არავის ვებრძვი... ვიღას უნდა ვებრძოლო ანდა?
სხვისი არ მინდა... საკუთარი ისედაც არ მაქვს.
რაც მქონდა, უკვე თავისუფლად წაიღო ქარმა,
გაუსახურდა, რაც ოდესღაც ლამაზი ჩანდა.

მე ვარ მსოფლიოს მოქალაქე!.. თუ არ გინახავთ
ასეთი ვინმე, აქ ვბინადრობ, მოდით და მნახეთ,
სანამ სივრცეში არ გამდნარა დამჭკნარი სახე...
თუმცა მას ისეც ისტორია შემოგინახავთ.

როდესაც მივხვდი: სიბრიყვეებს აღარ ჩავდივარ...

როდესაც მივხვდი: სიბრიყვეებს აღარ ჩავდივარ,
ლამაზმანების დანახვაზე არ ვიფაკლები,
ვიგრძენი შოკი, თვით სიკვდილზე არანაკლები,
მძღოლს შევუძახე: გააჩერე, უკვე ჩავდივარ!

სულ სხვა ყოფილა მოზომილი წლების სიმძიმე!
თითქოს კარგად ხარ, მაგრამ კარგად არა ხარ ნაღდად.
ირგვლივ ჯერ კიდევ შრიალია აგვისტოს ბაღთა,
მაგრამ სულ ახლოს ფოთოლცვენის ჟამი ციმციმებს.

მეც ასე მინდა და ამ სურვილს ვერაფერს ვუზამ...

ყურისწამღები სიჩუმიდან მინდა გაქცევა,
მაგრამ ფეხები მეკეცება, ვერ ვახელ თვალებს.
ცის კაბადონზე ვარსკვლავები ვთვალე და ვთვალე
და უმწეობით დაზაფრული ახლა აქ ვწევარ.

ტკივილის ხომალდს ჩაუშვია სხეულში ღუზა,
გემბანზე ბინა უპოვიათ დაღლილ თოლიებს.
ოდესმე, ალბათ, მათი ფრთები გამიყოლიებს,
თვითონაც ეს მსურს და ამ სურვილს ვერაფერს ვუზამ.

დაგვცდება ერთ-ერთს: „ეს რა ჩქარა დაგვიდაისდა!“..

აქ მეგობრები არ არიან, არიან ძმები
სულისმიერი, შენს ტკივილს რომ თვალებით გრძნობენ.
აქ არ არსებობს წყალგამყოფი, ტიხარი, ღობე,
ჩვენ ერთმანეთზე ფიქრით ვსუნთქავთ, ვწვებით და ვდგებით.

დილა-საღამოს გველოდება მწირი ტრაპეზი,
და, რა თქმა უნდა, მასლაათი მწვანე ჩაისთან.
დაგვცდება ერთ-ერთს: „ეს რა ჩქარა დაგვიდაისდა!“
და... ექსპრესივით ჩაგვიქროლებს დრო უსწრაფესი.

ვუბრძანე ჩემს თავს: „დაოკდი და ვნება ალაგმე!“..

ვუბრძანე ჩემს თავს: „დაოკდი და ვნება ალაგმე!“
ასეც ვაკეთებ... გამჩენია სხვა საფიქრალი.
ჩემი ცხოვრების ჩავლილ დღეთა შუქი მიმქრალი
თუმცა ჯერ კიდევ გზას მინათებს ალაგ-ალაგ მე.

ქვევით კონტურულ რუკასავით მოჩანს ტყე-ველი,
შუაში ღელე ელვასავით მიიკლაკნება.
და მეც მასავით მსურს უღრანში კვალის გაგნება,
მაგრამ ვარ დღემდე ყველასათვის შეუმჩნეველი.

რამდენ საფლავზე დავიწყებამ გადიბალახა...

ჩვენ გვეშინია დავიწყების... თითქოს რაიმეს
ნიშნავდეს ხსოვნა, როცა უკვე ქვეყნად არა ხარ.
რამდენ საფლავზე დავიწყებამ გადიბალახა,
რამდენ ვინმეზე არც კი დასცდათ ერთი „ვაიმე!“

მშვიდობა მოგცეთ ყველას, მე კი არ დავიწყებ ამ
ბანალურ აზრთა განმარტებას... ისეც ცხადია,
ჩვენ აქაც გვინდა დაფასება, მაგრამ გვწადია,
რომ იმ ქვეყნადაც მოგვაკითხოს არდავიწყებამ.

სამშობლოს უყვარს, როცა მისთვის გმირულად კვდები...

სამშობლოს უყვარს, როცა მისთვის გმირულად კვდები:
ძეგლს აგიგებენ მომხვდურისგან ნაგვემ-ნაწამებს.
ტუშის ცრემლები დაცვივდება სატრფოს წამწამებს,
შეიშვენებენ შენს პორტრეტებს ჟურნალთა ყდები.

სამშობლოს უყვარს, როცა მისგან არაფერს ითხოვ,
როცა, პირიქით, არარსებულ ვალებსაც უხდი.
იგი არ გკითხავს, რად ტიროდი ან რატომ წუხდი,
შენ, როგორც შვილმა, მსგავსი რამე თვით უნდა ჰკითხო.

მთვარის კალენდრით მალე უნდა ველოდოთ ავდარს...

მთვარის კალენდრით მალე უნდა ველოდოთ ავდარს,
როცა ხეობას ჩაკეტავენ ყინვის რაზმები
და მე სალექსოდ მოვირთვები, მოვიკაზმები,
რომ ითქვას ერთხელ: „მისი სიტყვა თოვლის ფიფქს ჰგავდა!“

უფრო და უფრო მუქდებიან ცაზე ღრუბლები
და როგორც ანჩხლი მეზობელი, სიცივე გვიმზერს...
ჩამოსკუპდება მწუხრის ჩიტი ჩვენი ჭის გვიმზე
და მე მას, როგორც მეთულუხჩე, ვესაუბრები.

მე მესიზმრება: მიბობოქრობს შლეგი იანძი...

მე დავემსგავსე ქოთნის ყვავილს... ვჩურჩულებ: „მცივა!“
ღეროში მივლის ჟრუანტელი, მცვივა ფურცელი.
მე დიდხანს გავძლებ (ამ ზამთარსაც თუ გავუძელი)
და ჩემი რაშიც ფინიშამდე უთუოდ მივა.

გარკვეულია წუთისოფლის ავან-ჩავანი.
იგი ჰგავს მუდამ ხან ადრეულ, ხანაც გვიან ძილს.
მე მესიზმრება: მიბობოქრობს შლეგი იანძი
და მიხმობს გაღმა ნაპირიდან ძმა - ვან ჩავანი.

და ვდგავარ ახლა ძახილის და კითხვის ნიშანთან...

ცხოვრების ტექსტი დამეკარგა, ვკითხულობ სარჩევს.
მხოლოდ გვერდები, თავები და სათაურები!..
აქ ვერ მიხვდები, სად მიდიან სადაურები,
საიდან უნდა აიბარგო, სად უნდა დარჩე!

ხსოვნის სიღრმიდან ბევრი რამე ამოიშანთა,
თუმც სანეტარო მოგონება გადარჩა მცირე...
განვვლე წერტილი, სამწერტილი, დეფისი, ტირე
და ვდგავარ ახლა ძახილის და კითხვის ნიშანთან.

მე მახსენდება უდარდელი ჩემი ბალღობა...

არის ამგვარი ნიჭიც თურმე: ალღოს აღება!
ვიღაცა რამეს ჩაიფიქრებს: შენ ალღოს უღებ.
თითქოს შორიდან მოფრენილ მტრედს ფანჯარას უღებ,
ამატებ ნახატს სიზუსტისთვის ბოლო საღებავს.

აგვისტოს ხვატი აისბერგის მწვერვალსაც ალღობს,
ალღოს კი ძალუძს უხილავი ჯავშნის გალღობა.
მე მახსენდება უდარდელი ჩემი ბალღობა,
როცა პირველად ნაცნობ გოგოს ავუღე ალღო.

ეს სიცხეც წავა ისე, როგორც ხვატი ივლისის...

ეს სიცხეც წავა ისე, როგორც ხვატი ივლისის,
ჩაენაცვლება ფოთოლცვენა სექტემბრის დარებს.
ჩამოივაკებს კოსმოსიდან ფერმკრთალი მთვარე
და ღრუბელ-ღრუბელ ფეხშიშველი ჩუმად ივლის ის.

მე დავფიქრდები: კიდევ ერთი წელი გავიდა
და მადლი უფალს, ირგვლივ სითბო და სიმშვიდეა.
მივუახლოვდი, მგონი, კიდეც სიყრმის იდეალს
და თუ გავწბილდი, შევეცდები ისევ თავიდან.

გოგონა მიდის ირემივით ყელაღერილი...

ო, ამ გოგონას რომ არ ჰყავდეს კარგი პატრონი,
მე გავრისკავდი პატრონობას... ათი წლის წინათ.
მაგრამ ამჟამად სულში ვნების ქარიშხლებს სძინავთ
და გარშემოდაც ბატონობენ დრონი... სხვა დრონი.

გოგონა მიდის ირემივით ყელაღერილი,
თითქოს მზის ირგვლივ დედამიწის სუნთქვა ალაღებს.
დაუფენიათ მის წინ ჩემი ლექსი ბალახებს,
როგორც ცისნამით დაწერილი სატრფოს წერილი.

საკუთარ თავთან ომი გახლავთ ყველაზე მძიმე...

სულ მარცხდებიან მეომრები საკუთარ თავთან.
აგებენ ყველა შეტაკებას, ყველა შეტევას.
მათი არმია, თვით ღრიჭოშიც რომ შეეტევა,
მაცნეა სულის კუნჭულებში ნგრევათა, ზვავთა.

მომხდურის ზრახვებს თუმცა უმალ გრძნობენ ისინი,
მაინც კარგავენ გამარჯვების რწმენას და იმედს.
საკუთარ თავთან ომი გახლავთ ყველაზე მძიმე,
და მაინც ბოლოს კი არ ტირი, მხოლოდ იცინი!

მე აწი უნდა გავუსინჯო სიხარულს გემო...

პერსონალური გამოფენა მომიწყო ზეცამ,
სულ ერთ ღამეში დამიბარდნა მთები, კორდები.
და მე ვიგრძენი, ძველ ცხოვრებას როგორ ვშორდები,
როდესაც თოვლის ფანტელების სურნელი მეცა.

გრძელი ზამთრისთვის ვემზადები... ხეობებს ზემოთ
ჩანს ჩემი სახლი, ვით ლოცვების წიგნში წერტილი.
ჯერ არ ვყოფილვარ (რომ მეგონა!) სისხლდაწრეტილი,
მე აწი უნდა გავუსინჯო სიხარულს გემო.

მოსწონხარ ყველას, არ გჭირდება როცა არავინ...

მოსწონხარ ყველას, არ გჭირდება როცა არავინ,
როცა საკუთარ ბედს და იღბალს თვითონ განაგებ
და ცხოვრობ შენთვის საკუთარი ხელით ანაგებ
სახლში, რომელსაც კედლები აქვს გაუბზარავი.

ჰაი, დედასა! მე ის სახლი უკვე დავტოვე
და ახლა ჭირხლი ჩემ სარკმელზე ჩუქურთმებს ხატავს.
ღუღუნა ბუხარს ეფიცხება ფუმფულა კატა,
თითქოს მას ერგო ჩემი დარდი და სიმარტოვე.

რაც მოვიტანე აქ ოდესღაც, იგივე მიმაქვს...

ცოცხალს რა მაქვს და რა მექნება სიკვდილის მერე,
ან რას გულისხმობს იდუმალი „ქონა-არქონა“.
ვერ შევედრები მე, ცხადია, ჭაბუკ არგონავტს,
რომელზეც ძველი ელინები მითებში წერენ.

ჩემი ხეობა შემოდგომის ცამ გააცივა,
ტიბეტში ახლა თითქოს ფეხად ჩამოდის წვიმა.
რაც მოვიტანე აქ ოდესღაც, იგივე მიმაქვს
და საერთოდაც მეჩვენება: წვიმის კაცი ვარ!

შემოეჩვივნენ ჩვენ პაგოდას თეთრი მტრედები...

შემოეჩვივნენ ჩვენ პაგოდას თეთრი მტრედები,
თითქოს ზეციდან ძირს ჩამოაქვთ მეუფის ნება.
დაისზე ფიქრში დასიცხული შუადღე დნება
და მეც შუადღის მირაჟს იქით ვერ ვიხედები.

სუფევს სიჩუმე, სასაფლაოს რომ აწევს მკერდზე,
სწორედ ისეთი... გაიგონებ გაფრენას ბუზის.
ჩემი სიცოცხლე ერთ-ერთ თეთრ მტრედს ნისკარტზე უზის
და მე ყოველდღე მათთვის ღამის გასათევს ვეძებ.

უწიგნურები არ ჩივიან: „უბირად ვრჩებით!“..

უწიგნურები არ ჩივიან: „უბირად ვრჩებით!“
მიერეკება ზოგი დროს და ზოგი საქონელს.
ურმის ბორბლები მათ ჯერ კიდევ როდის გაქონეს!
სათადარიგო ამოთხარეს ეზოში ჭები.

არ დაეღლებათ მათ თვალები ცისკენ ყურებით,
არც ციტატების მოხმობით და ტრაქტატთა წერით...
საფლავის ქვაზე კვალს რომ ტოვებს პაწია მწერი,
სწორედ იმნაირ კვალს ტოვებენ უწიგნურები.

აგიხდა ნატვრა, მეგობარო, წვიმას აპირებს...

როგორც კი წვიმებს შევეჩვიე, გადაიკარა
და თუმცა დადგა გასაოცრად თბილი დარები,
მე ძველებურად ისევ თავსხმებს ვიმუდარები
და ვნანობ: რატომ ახლა აქ ვარ, რატომ იქ არა,

სადაც კვლავ წვიმს და ნაკადული ტოვებს ნაპირებს,
ტალღების შიშით კანკალებენ წვრილი ბოგები...
და უცებ ზეცა იბზარება ნიშნისმოგებით:
აგიხდა ნატვრა, მეგობარო, წვიმას აპირებს.

სადაც ჩვენ თვითონ განვალაგებთ მეფეს, დედოფალს...

ვხვდებით ახალ წელს... გვეკითხება ჩვენი დრაკონი:
სადაა თქვენი ოცნებები და სურვილები!
ვპასუხობთ ერთხმად: სხვას უბოძე, დასტურ, ვილები,
ჩვენ კი დაფები გვისახსოვრე საჭადრაკონი,

სადაც ჩვენ თვითონ განვალაგებთ მეფეს, დედოფალს,
საბრძოლო სივრცეს მივუზომავთ მედგარ პაიკებს...
სანამ მეტოქე ნამდვილ ზრახვას ჩვენსას გაიგებს,
დაგვტოვებს ერთად - განსაცდელიც და უბედობაც.

მე თითქოს ღამის მატარებელს სადგურზე ვხვდები...

მე თითქოს ღამის მატარებელს სადგურზე ვხვდები,
სწორედ ჩემ თვალწინ ამუხრუჭებს შენი ვაგონი.
ვბრუნდებით სახლში, შენ მიყვები ნანახ-გაგონილს,
ზოგს ისე ვიგებ, ზოგსაც კიდევ გუმანით ვხვდები.

იმ მატარებელს შენთან ერთად სითბო ჩამოჰყვა,
ისეთი სითბო, რომ მე დღემდე ყინვაშიც ვთბები.
გარინდებული დგანან შორით ტიბეტის მთები,
თითქოს მამცნობენ, რომ შენ მეტჯერ აღარ ჩამოხვალ.

იკვრება წრე და შენ აქ უკვე მძევლად ითვლები...

როცა არავის მოელი და არავინ გელის,
დრო ისე გადის, გეგონება, თითქოს არ გადის.
შორს ტელეგრაფის ბოძზე ბუდეს იწნავს ყარყატი
და ყმუის სადღაც დამშეული ბებერი მგელი.

იკვრება წრე და შენ აქ უკვე მძევლად ითვლები.
არც მოინდომო... ვერვინ შეძლო გარღვევა იმ წრის...
მე ვხედავ, ტყვეებს როგორ დასდის ცრემლები სიმწრის
და ლეღვის ფოთლებს დაეძებენ შიშველ-ტიტვლები.

ამ უშქარ ხალხში შენი სიტყვა ვის დაჰკარგვია...

ამ უშქარ ხალხში შენი სიტყვა ვის დაჰკარგვია,
წერე, იკითხე, სანამ თვალი არ დაგეღლება.
კოსმოსში წლების ბერწი ტალღა ტალღას ეხლება,
ხოლო უცნობად ბრბოში ყოფნას ყოფნა არ ჰქვია.

და მაინც რა მრჯის, თაბახებმა რა დამიშავეს
ან გული როგორ არ გაჩერდა ამდენი გვემით!..
ნირვანის ზღვაში დგას რეიდზე ტკივილის გემი
და ებრძვის რწმენის პროჟექტორით ღამის სიშავეს.

მე შენზე ვფიქრობ, სანუკვარო, შენც ხომ გახსოვარ?..

ზეცაში ელვა გაირინდა, დარჩნენ ბზარები,
წვიმის წვეთები დაეკიდა ვერცხლის ძაფებად.
და სანამ ბადაგს ფანჩატურში სხვა ეწაფება,
შინაურივით მეც იქითკენ მივეჩქარები.

ფიქრის დრო არის, როცა მზერას ნუსხავს მთა-ველი,
რომელმაც ნისლის საბურველი შემოგაქსოვა...
მე შენზე ვფიქრობ, სანუკვარო, შენც ხომ გახსოვარ?
ხომ ხარობს დღემდე შენს ყანაში ტრფობის თაველი?

კვლავ ძველებური შემართებით სუნთქავს პაგოდა...

თუ შეგინიშნავთ, გადაბმული ავდრების მერე
მზის ელვარება სივრცეს როგორ ამიამიტებს.
ეხმიანება უხილავი სიმი ამინდებს
და ცისქვეშეთში მომხიბლავი ჰანგები ჟღერენ!

აღარ გვჭირდება არც ქოლგები, არც ლაბადები,
კვლავ ძველებური შემართებით სუნთქავს პაგოდა...
ჩამოეშვება ვარსკვლავების საგუშაგოდან
განთიადი და მე ხელახლა დავიბადები.

და მაინც თითქოს ორი ქვეყნის ქვეშევრდომი ვარ...

ცხოვრების წესმა ოდინდელი ვნება ალაგმა
და ხორცის ნაცვლად უკვე სული გახდა მთავარი,
მაგრამ კვლავ თვალს მჭრის აწ გარდასულ დღეთა ჯავარი,
რომელიც ვეღარ გადაბინდა წმინდა ალაგმა.

დავიმსახურე, რაც მომელის და რაც მომივა,
შევეგუები ჩემ განაჩენს კრინტდაუძვრელი.
როგორ არ ვცადე, მაგრამ მაინც დავრჩი უცვლელი,
და მაინც თითქოს ორი ქვეყნის ქვეშევრდომი ვარ.

აღებულია ჭირნახული... ზეიმი მორჩა...

რა უცნაური შეგრძნებაა, რა საზარელი,
გაიღვიძებ და... თურმე არსად არ გეჩქარება.
თითქოს ერთ დღეში ჩაგიქროლეს წლებმა ქარებად,
რომელთა უკან მობრუნებას უკვე არ ელი.

აღებულია ჭირნახული... ზეიმი მორჩა...
ბოლო ჯამს ცლიან დარჩენილი მეინახენი.
შენ კი გიშრება თითქოს ყელში ბრინჯის ნაყენი
და გივარდება მოცახცახე ხელიდან ხონჩა.

დღეს ოროსნების ზეიმია ბარშიც, მთაშიაც...

ხომ გახსოვთ, ძველად რომ ტოვებდნენ კლასში უქნარებს,
სწორედ ისინი სახელმწიფოს მართავენ ახლა.
შეუნიღბავად დასცინიან გლეხკაცის სახლაკს
და იწუნებენ ოსტატის ქნარს, ქნარზე უქნარესს.

დღეს ოროსნების ზეიმია ბარშიც, მთაშიაც,
(ერთი მათგანიც უფალს კაცად აღარ უქნია!)
როცა ისინი ჩვენ იქედნურ ღიმილს გვჩუქნიან,
მე სულ ვკითხულობ: რა შოუა, რა თამაშია?

მე ფასკუნჯების ფერმის ერთი მეფრინველე ვარ...

მე ამ ცხოვრებას ვერაფერიც ვეღარ გავუგე,
თუმცა მეგონა, მოჭრილი მაქვს სოფელზე ჭიპი.
დავთმე კაზინო, სამორინე სახლები, ჯიპი
და ჩვეულ წესებს საბოლოოდ წესი ავუგე.

ვიცი, არც ერთი მეგობარი რომ არ ამყვება,
რადგან სიტკბოს და ნეტარებას ვერ შეელევა...
მე ფასკუნჯების ფერმის ერთი მეფრინველე ვარ
და ჩვენი ფერმა ავ თვალს აღარ დაენახვება.

ჩვენ ყველას გვწყდება რაღაცაზე ამქვეყნად გული...

ჩვენ ყველას გვწყდება რაღაცაზე ამქვეყნად გული,
მე, მაგალითად, ქალაქებზე, რომლებსაც აწი
ვერასდროს ვნახავ... ოცნებებში მათოვს და მაწვიმს
და უნებურად მემატება წყლულებზე წყლული.

მე დამანაღვლებს უნახავი მთა და ბარიც და
მდელოც, რომელსაც ვერასოდეს ვერ დავაბიჯებ...
ვემშვიდობები სიჭაბუკის ალალ ძმაბიჭებს
და... თითქოს ბარში ყავას მისხამს ნორჩი ბარისტა.

რომ ჩემი სიტყვით სხვამ მოიკლას მერე წყურვილი...

მედღეხვალიე არ ვყოფილვარ... მაინც გადავდე
ზოგი რამე და ვერ მოვასწრებ უკვე, ცხადია,
იმ ჩანაფიქრთა აღსრულებას... წლები გადიან
და დროა, რამის გაკეთების ნაცვლად ვხატავდე

ფიქრის კონტურებს, სილუეტებს ნატვრის, სურვილის,
ვუმზერდე, როგორ იჭერს ნადავლს ჭაობში ყანჩა,
ვხედავდე მას, რაც მოკვდავისთვის საერთოდ არ ჩანს,
რომ ჩემი სიტყვით სხვამ მოიკლას მერე წყურვილი.

ჩვენი იყოს და, არ დავეძებთ, ერქვას „ნისია!“..

ჩვენ იშვიათად წამოგვცდება: „საკმარისია!“
მაშინაც, როცა საკმარისზე ბევრად მეტია.
მაგრამ არავის არ აფიქრებს ეს კომედია,
ჩვენი იყოს და, არ დავეძებთ, ერქვას „ნისია!“

რა სულ ამაოდ იხარჯება ბევრი მარჯვენა,
მუდამ თავისკენ რომ მიითლის საკუთარს, სხვისას.
თუ იცით, ვინმე თუ ეწია სანუკვარ მიზანს,
ვინც ვერ გაიგო ეს სიტყვები: „ოხრად დარჩენა“!

რა ისტორიას თხზავენ „ბრძენი მამები“ ახლა?..

ჩვენ ისტორიას გვასწავლიდნენ ხანგამოშვებით:
„აქ გავიმარჯვეთ, აქ დავმარცხდით, აქ აღარა ვართ!..“
იყო დრო, როცა ცისქვეშეთი გვეპატარავა...
ხან ციხეებში გამოკეტვით, ხან გამოშვებით,

ვაშენეთ ის, რაც მივიჩნიეთ საკუთარ სახლად,
სად ზოგჯერ წყალი გვეკეტება, შუქი გვიქრება...
მე უწყლო ბინის ბნელ ოთახში სულ მეფიქრება:
რა ისტორიას თხზავენ „ბრძენი მამები“ ახლა?

ყველამ საკუთარ თავს და ოჯახს რომ მოუაროს...

ყველამ საკუთარ თავს და ოჯახს რომ მოუაროს,
არ იქნებოდა არც ბოგანო, არც უპოვარი.
შვილს ეყოფოდა მამა-პაპის დანატოვარი,
მოვესწრებოდით ვედრებას და თხოვნას უაროს.

ყველა რომ მარტო მას ამბობდეს, რაც თვითონ იცის,
არ იყოს ჟინით შეპყრობილი ცაში აყვანის,
არ დაგვიხშობდა ყურთასმენას სოფლის ყაყანი
და მოგვწვდებოდა მელოდია ცისა და მიწის!

ვფიქრობ მამულზე და უძირო სევდით ვივსები...

ვინც გამართულად ვერ საუბრობს, - ქვეყანას მართავს,
და ვერ მივმხვდარვართ, რატომ გვიჭირს წელში გამართვა.
დამნაშავენი გვიწესებენ წესს და სამართალს,
საქმეს ურჩევენ ყაჩაღები მტყუანს და მართალს.

მეგონა, რამე შეიცვლება!.. მოვტყუვდი მწარედ!
ისევ ის ხალხი, ის აზრები, ის დევიზები...
ვფიქრობ მამულზე და უძირო სევდით ვივსები
და შემოდგომის ულმობელი ქარია გარეთ!

აქ ბევრი რამე ჩემებურად გადავაფასე...

დამთავრდა ძალა, აღმასვლისთვის გადანახული,
ისეც მთაში ვარ, მეტი „აღმა“ რა უნდა იყოს!
მკაცრი ბუნება მე სითბოს და სიცივეს მიყოფს
და გადის ასე შეუმჩნევლად ზამთარ-ზაფხული.

აქ ბევრი რამე ჩემებურად გადავაფასე,
ვინძლო ხანდახან მსაჯულადაც გამოვდგე სადმე.
მე სანამ სხვების გასაგონად ამოვთქვამ სათქმელს,
ვამოწმებ, როგორც ხუთოსანი, ხსოვნის დაფაზე.

და მაინც ვინ ვარ: ბრძენი ვინმე თუ უმეცარი?..

რაც თავი მახსოვს, არ მოვწონდი არც ერთ მთავრობას,
ახლა კი ისეც სულერთია მთავრობაც, მეფეც.
ბედნიერი ვარ, არ ვაყვედრი არაფერს მე ბედს,
უახლოვდება ისეც ფინიშს ჩემი მგზავრობა.

მსოფლიოს ურიცხვ „მეთა“ შორის ჩემი „მეც“ არი,
მრჩება კალამზე მეც თითების ანაბეჭდები.
საკუთარ „მეში“ ხან ვრწმუნდები, ხანაც ვეჭვდები.
და მაინც ვინ ვარ: ბრძენი ვინმე თუ უმეცარი?

დავხეტიალობ ჰიმალაის მზით დასერილი...

აქ უნდა დავრჩე... მისხალ-მისხალ ვეჩვევი ლხასას...1
როცა მოვკვდები, სულ ცოტაღა დამრჩება ცამდე.
მე არ მეგონა თუ ნამდვილად გავძლებდი ამდენს,
მაგრამ, ეტყობა, შევებრალე საკუთარ ასაკს.

დავხეტიალობ ჰიმალაის მზით დასერილი,
თოვს თუ ქარი ქრის, სულ ერთია, სინათლე მავსებს.
სიზმრების მტრედი დაფარფატებს სამყაროს თავზე
და ჩვენს იდუმალ მბრძანებელთან მიაქვს წერილი.

________________

1. ლხასა - ტიბეტის ავტონომიური ოლქის დედაქალაქი (მთარგმნ. შენიშვნა).

მე ვიცი, მალე გათენდება, იხარებს ჭერი...

ესენიც წავლენ... არ დარჩება მათგან არავინ
და სადაც ახლა ხე წაიქცა, ამოვა სხვა ხე.
და მაშინ მართლა გამოჩნდება ნანატრი სახე,
თუკი მანამდე სარკე დაგვრჩა გაუბზარავი.

რას შეეწირა, ღმერთო ჩემო, ნეტავ, ეს წლები...
შური და ღვარძლი... ცემა-ტყეპა... ტყვიების ჯერი...
მე ვიცი, მალე გათენდება, იხარებს ჭერი
და გული მწყდება, რომ მე იმ დროს ვერ მოვესწრები!

ბაგეებს ჩემსას საუკუნის სიტყვა დასცდება!..

ვინც მენატრება, ვისზეც მზე და მთვარე ამომდის,
ის აღარაა... და მეც რომ ვარ, თითქმის არ მჯერა.
მაგრამ ჯერ კიდევ ძალმიძს კალმის ხელში დაჭერა
და ვრანდავ სტრიქონს ხან დილამდე, ხან საღამომდის.

ჩემ ხმაზე ერთხელ დედამიწა დაბარბაცდება
და შევშინდები: არ დაკარგოს უცებ ორბიტა!
გულის ბუდიდან აფრინდება ფიქრის ორბი და
ბაგეებს ჩემსას საუკუნის სიტყვა დასცდება!

ვაი, საწუთროვ, როგორ ხმება ჩემი ძირები...

ჩემ კაბრიოლეტს ბარად ახლა ვინ დააქროლებს,
ჩემ კაბინეტში ვინ სვამს ჩაის მდივანთან ერთად?..
ირგვლივ გლოვაა შემოდგომის მოწყენილ ფერთა
და ჩვენ, ბერები, ვინაწილებთ ჩუმად აქ როლებს.

ვაი, საწუთროვ, როგორ ხმება ჩემი ძირები,
სანამ დრო მქონდა, მათზე კარგად არც მიფიქრია!..
სანამ დღეები-თვითმკვლელები ხრამში მიქრიან,
მე ჩამოწოლილ ბურუსებში ჩავიძირები.

ბოლოს ხუნდება ყველაფერი, სამშობლოს გარდა...

ბოლოს ხუნდება ყველაფერი, სამშობლოს გარდა,
უფასურდება, რაც ძვირფასი გვეგონა ადრე.
როგორც ბებერი ფოტოგრაფი იშვიათ კადრებს,
მამულის ხედებს ვერ ველევით საფლავის კართან.

მამულო ჩემო, მხოლოდ შენთვის შევთხზე ის მარში,
შენ რომ ჩაგესმის... ჩვენს ენაში რაც კი ზმნებია,
შენია... შენ ხარ, რაც ოდესმე დამსიზმრებია
და იმ ქვეყნადაც უსათუოდ გნახავ სიზმარში.

და, აჰა, ისევ დეკემბერი მომდგარა კართან...

ჩვენ გვასწავლიდნენ, ბევრი რამე არ დაგვენახა
და ჩვენც ვიყავით მიამიტად თვალდახუჭული.
ამასობაში ძველი სახლის კუთხე-კუნჭული
დარჩა ობობებს... ეზოც აღარ შემოგვენახა.

ვცდილობთ, როგორმე არ ჩაგვიქრეს მბჟუტავი კვარი,
როცა ხელახლა დაიწყება თარეში ქართა.
და, აჰა, ისევ დეკემბერი მომდგარა კართან,
ჩვენ კი, ავაჰმე, არც სახლი გვაქვს და აღარც კარი.

მე გამიჭირდა ღამეების მარტო გათევა...

როცა არავის ელოდები, არავინ გელის,
გაყინულია თითქოს სივრცე, დროის მდინარე,
არც მზე ანათებს, არც მთვარეა შუქმომფინარე
და სიბნელეში მაინც მთვარეს შეჰყმუის მგელი.

მე გამიჭირდა ღამეების მარტო გათევა
და ზოგჯერ ვფიქრობ: სიზმარ-ცხადი მაქვს არეული.
და ვით ლანდების შემოსევით გადარეული,
საკუთარ თავთან უიმედოდ მოკამათე ვარ.

მიპყრობილია ჩემი მზერა დღეებს აწინდელს...

მე დამრჩა ძველი სავიზიტო ბარათთა დასტა,
წყება ბლანკების, რომლებზედაც ვწერდი ბრძანებებს.
დრო გარდასული, როგორც ვატყობ, თავს არ მანებებს,
და მასზე მცირე მინიშნება მიტომაც დამცდა.

გახსენებათა თხელი ღრუბლით ხსოვნის ქედები
მოიბურა და სიხარულად იქნებ გაწვიმდეს.
მიპყრობილია ჩემი მზერა დღეებს აწინდელს,
უკან კი უკვე, რა ხანია, არ ვიხედები.

უსახელოთა სახელითაც ვიტყვი რაიმეს...

უსახელოთა სახელითაც ვიტყვი რაიმეს,
ვიდრე სულ ბოლო ფანჯარაში შუქი ჩაქრება,
რადგან სულ უფრო ხშირად სწვდება სმენას „ვაიმე!“
და ურიცხვ ხმაში უპოვარის ხმა იჩაგრება.

ამ ქვეყნის შეცვლას მე ვერ შევძლებ, მაგრამ ეს არი:
რაკი თვითონაც შვილი მეთქმის ამა სოფლისა,
მეც უნდა ვგრძნობდე მიუმცდარად სისხლის, ოფლის არსს,
ჩემად მიმაჩნდეს მშობლის, ძმის და დის საკვნესარი.

დღეიდან სხვა ვარ, ჩემს გონებას მართავს სხვა ხელი...

თავსხმა წვიმაში მივაბიჯებ ნეტარი მზერით,
მგონია, თითქოს ცოდვებისგან განვიბანები.
თვალს მიეფარა სადგურები, ავტობანები
და სულ ახლოა სანუკვარი „სამყაროს ჭერი“.

დღეიდან სხვა ვარ, ჩემს გონებას მართავს სხვა ხელი,
და სულმაც თითქოს შთაგონების მშვილდი მოზიდა.
მე გავიგონებ გაუგონარ ხმას კოსმოსიდან
და ყველა განცდას დაერქმევა ზუსტი სახელი!

ახლოა ჟამი, გიხაროდეთ, ახლოა ჟამი...

სიმარტოვესთან შესახვედრად მივემართები,
თან არ მომყვება არაფერი, სიმშვიდის გარდა.
მე მართალი ვარ ჩემ საკუთარ სახელთან, გვართან,
მემსუბუქება ეს გზები და ეს აღმართები.

მადლობელი ვარ, რომ განგებამ მე ამარჩია,
და მის დალოცვას შეეგება ურიცხვი: „ამინ!“..
ახლოა ჟამი, გიხაროდეთ, ახლოა ჟამი,
არჩევანისთვის კაცს როდესაც აღარ დასჯიან!

მე ამ განაჩენს, თუ შევძელი, შევებრძოლები...

ვიტყოდი კიდევ რამეს, მაგრამ ჩემამდე ისეც
თქმულია თითქმის ყველაფერი და მაინც ერთ-ორ
სტრიქონს გავბედავ... რატომ, რატომ მაღალო ღმერთო,
ამდენი რისხვა!.. შვილნი შენნი რას ვცოდავთ ისეთს,

რომ არ მთავრდება ცხოვრებაში შავი ზოლები
და დედამიწა ჰგავს გიგანტურ „ტიტანიკს“, რომლის
მგზავრები გემბანს მისწყდომიან, ვით ერთი კომლი...
მე ამ განაჩენს, თუ შევძელი, შევებრძოლები.

ადამიანში როგორც ცხიმი, გროვდება ჯავრი...

ადამიანში როგორც ცხიმი, გროვდება ჯავრი,
ამძიმებს სხეულს, ღლის გონებას, გულს აკაპასებს.
არ იყალყები ვიწროდ შემოტმასნილ კაბაზე,
გახრჩობს ეჭვები, თითქოს იყო ცნობილი მავრი.

მძლავრობს გარშემო ფერი როსმე ნანატრი თავშლის,
შავდება უცებ მოხასხასე აქამდე ველი.
ადამიანში კვდება ბავშვი და მერე მთელი
ცხოვრება არის დატირება იმ მკვდარი ბავშვის.

ხსოვნის აბრეშუმს ქსოვს ღამეში იმედის დაზგა...

დაღლილ თვალებში აირეკლა ბინდის კედელი,
მზე მიღმა დარჩა, მე აღმოვჩნდი მთვარის მხარეზე.
ვარსკვლავთა ქოხში თავშესაფარს იგი არ ეძებს
და ირგვლივ ღელის ხმაურია შეუწყვეტელი.

გავლეწე თითქმის უამური ფიქრების კალო,
არსად არა ვარ, თან მგონია ვარ თითქოს ასგან.
ხსოვნის აბრეშუმს ქსოვს ღამეში იმედის დაზგა
და ბუხრის უკან ერთადერთი ჭრიჭინა გალობს.

დიდი ხანია, ჩემთვის უკვე არაფერს ვითხოვ...

მოაჭენებენ ბედაურებს ღამის მხედრები,
უკვე ვარსკვლავთა ალყაშია თვალსაწიერი.
მე გადავყურებ ბნელ ხეობას მშვიდი იერით
და სამშობლოსთვის მონატრებულ შუქს ვივედრები.

დიდი ხანია, ჩემთვის უკვე არაფერს ვითხოვ,
სიმარტოვეში გარინდებას ვარ შეჩვეული
და სანამ სულის ერთგულებას შეძლებს სხეული,
ვრჩები მიწაზე, დანარჩენი ცას უნდა ვკითხო.

ბნელ ხვეულებში მე იმდენი განძი დავკარგე...

ამ ხალხს არ ვიცნობ ან ვიცნობ და ძალიან ცუდად
მესმის, რა უნდათ, რა სწყურიათ, საით მიდიან.
უწყვეტი ჯაჭვი თაობათა - თურმე მითია,
სინამდვილეა მონოლითი ბოროტთა, ცრუთა.

ფუჭ კამათებში არ ვერევი, ისედაც მცირე
დრო დამრჩენია, შევაჯამო ჩემი ავ-კარგი.
ბნელ ხვეულებში მე იმდენი განძი დავკარგე,
რომ დანაკარგით გადავასწრებ მსოფლიოს მწირებს.

ვაგროვებ დარდებს, თუმცა ვიცი, ფუჭი ბარგია...

ვაგროვებ დარდებს, თუმცა ვიცი, ფუჭი ბარგია
ეს კოლექცია, პირქუში და ძნელად სათრევი.
მათში მოისმის უმწეობის ხმა ნაადრევი
და მოჩანს ხრამი, რომლის ხილვაც არად მარგია.

მაინც ვაგროვებ, ისინი ხომ ჩემი წლებია,
რომლებიც მერე, ტკივილისგან იქცნენ დარდებად.
ყველა მათგანი მოდის ჩემთან, უხმოდ მბარდება,
თუმცა არც ერთი ისედაც არ დამვიწყებია.

მიშვებულია სადინარი დარდის, ვარამის...

დავანთეთ ცეცხლი... ყველა ჩვენ-ჩვენ არაკებს ვყვებით.
თოვს და ფიფქებიც ზეცის ამბებს ჰყვებიან ნელა.
ელავენ მხოლოდ ნაპერწკლები, გარშემო ბნელა,
ვხუმრობთ, ვხარხარებთ, სიცილისგან აგვტკივდა ყბები.

ასედაც ხდება, როცა საძმო ერთად გროვდება,
მიშვებულია სადინარი დარდის, ვარამის,
და აღტყინებაც ნიშანია სულაც სხვა რამის
ანუ ნირვანა ფეხაკრეფით გვიახლოვდება.

ეს, ალბათ უკვე ნიშანია, მე მას ვენდობი…

სხვა გზა არ არის... გზა ჯანდაბას!.. გზა უკვე მორჩა,
მაგრამ ბილიკიც რომ ვერ ვნახე, საკვირველია!
წინ ხან უღრანი, ხან უფსკრული, ხანაც ველია,
ხან ოდინდელი სიდიადის ნაშთები მოჩანს.

ეს, ალბათ, უკვე ნიშანია, მე მას ვენდობი.
ვდგამ ბოლო ნაბიჯს და ძველ არგანს მიწაში ვასობ.
დრომ დაამტკიცოს ჩემო სიტყვავ თუ რამედ ფასობ,
მე კი, უღირს შვილს, იმედი მაქვს ერის შენდობის.

ეს მუნჩეიჩუმ მე მასწავლა მუნჩიის პირას!..

ნუ დარდობ, მუდამ არ იქნები შეუმჩნეველი,
დაფარულს ყოველს აეხდება ოდესღაც ფარდა.
სალაღობოა ყველაფერი, სიკვდილის გარდა
და ჭეშმარიტის პოვნაშია სასუფეველი.

ჩაენაცვლება ორშაბათი შაბათს და კვირას,
ნახავ, შენს ეზოს გარს ავლია უკვე სხვა ღობე.
შენც, სანამ შესძლებ, იბრძენკაცე, თან ილაღობე... -
ეს მუნჩეიჩუმ მე მასწავლა მუნჩიის პირას!

15 ავტორის ბოლოთქმა

▲ზევით დაბრუნება


ახლა, როდესაც უკვე ასობით ლექსი მაქვს დაწერილი, ასობით ჩანაწერი გაკეთებული, ეჭვები მღრღნის: არის თუ არა ეს პოეზია? არის თუ არა ეს ანალიტიკური აზროვნება? შეაღწევენ თუ არა ჩემი სიტყვები, ფრაზები, დასკვნები, სახეები, განცდები და ემოციები მკითხველთა სულებში, თუკი სასწაული მოხდა და ისინი გასცდნენ ჩემი სენაკის კედლებს?

თუ არ გიფიქრია, რად მოკიდე ხელი ასეთ საძნელო საქმეს, ვინ ან რა გრჯიდაო, იკითხავს მავანი და სწორიც იქნება. საქმეც ისაა, რომ ყველაფერი თავისით მოხდა. ცალკერძ მარტოობამ და ცალკერძ სწორედ ამ მარტოობით განპირობებულმა დროის სიუხვემ უნებურად მიბიძგა კალმისკენ და ნანახ-განცდილის გამოსახატავი ფორმაც მიკარნახა. მე არ ვოცნებობ ამ ტექსტების არც დაბეჭდვაზე, არც მათი მეოხებით სახელის მოხვეჭაზე (რაც ჩემი არჩევანის კაცისთვის სრულიად ზედმეტია), მაგრამ თუ ისინი რაღაც გზებით მაინც გამოჩნდებიან საზოგადოებრივ სივრცეში, ვერ მოგატყუებთ, ჩემთვის საინტერესო იქნებოდა მკითხველთა აზრი, შთაბეჭდილება, შეფასება.

ვწუხვარ, რომ ეს შეუძლებელია, მაგრამ რაკი ამქვეყნად შეუძლებელი სხვაც იმდენია, არ ღირს ყურების ჩამოყრად. ბოლოს და ბოლოს ჩემთვის განსაკუთრებით ძვირფასი გახლდათ თვით შემოქმედებითი პროცესი, ტკივილისა თუ სიხარულის, სევდისა თუ აღტაცების იეროგლიფებში განსხეულება, დიდი წინაპრების საოცარ ნააზრევთან იდუმალი შეტოლება, მათი სათაყვანო ლანდების გვერდით თუნდაც სიმბოლურად დგომა.

სამყარო სავსეა გამოუცნობი, იდუმალი, ჟრუანტელის მომგვრელი ხმებით, რომლებიც, ცხადია, ყველას არ ესმის. სულის განსაკუთრებული სენსორია საჭირო, რომ ისინი დაიჭირო, აღიქვა, შეისისხლხორცო. ვისთვის ის ხმები მომხიბლავი და საამო მუსიკაა, ვისთვის გულში ჩამწვდომი სიმღერა, ვისთვის კიდევ დაშიფრული იმპულსები, რომლებიც აღმქმელის ინტელექტისა და ესთეტიკური გემოვნების შესაბამისად ახალ და ორიგინალურ ხმებად უნდა იქცნენ. თუ პირველი ვარიანტი მომხმარებლობით სფეროს განეკუთვნება, მეორე უცილობლად გათვლილია შემოქმედებაზე. ეს ის უშრეტი წყაროა, რომელსაც ადრე თუ გვიან ეწაფება ყველა ხელოვანი და რაც უფრო მეტია მასში წყურვილის შეგრძნება, მით უფრო იმუხტება იგი ამ წყაროს ცხოველმყოფელი ენერგიით. მე ამას საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით ვყვები, მაგრამ, ვფიქრობ, ზოგადად მაინც სწორი სურათი დავხატე. შეუძლებელია, მარტო მე დამმართნოდა ასე.

ჩემთვის უცნობია, როდის და რომელ სადგურზე გაჩერდება ექსპრესი, რომლის ერთ-ერთი რიგითი მგზავრი მეცა ვარ, მაგრამ ვიცი, რომ ხელბარგი არ მექნება. არც ბაქანზე დამხვდება ვინმე. ჩავალ და შევერევი ირგვლივ ჩამოწოლილ სიბნელეს როგორ ღრუბლის პატარა ქულა დაგრაგნილ ჯანღს და მასთან ერთად გავიბნევი, გავდნები მზის პირველი სხივების გამოჩენისთანავე. და ვერც ვერავინ გაიგებს ოდესმე, ვინ იყო ის ახირებული ჩინელი ბერი, რომელიც რატომღაც იაპონურ ფსევდონიმს ამოეფარა და ნამდვილი სახელი და გვარიც არ დაგვიტოვა. მე არ ვყოფილვარ განდიდების მანიით შეპყრობილი, რადგან საამისოდ რეალური საფუძველი არ მქონია. მე არ ამიგია უნიკალური ტაძარი, სასახლე ან კაშხალი, არ გავფრენილვარ მთვარეზე და არ დამიწერია უკვდავი ტრაქტატი, რომელიც საუკუნეებს გასწვდება. ვიყავი ჩვეულებრივი მოკვდავი, რომელმაც გვიან, ძალიან გვიან მოჰკრა თვალი ჭეშმარიტებისაკენ მიმავალ გზას და სცადა მასზე შედგომა.

ჩემს ცხოვრებაში მე ყველაფერი მტკივნეულად განვიცადე: ბავშვობასთან გამოთხოვება, სტუდენტობის მეგობრებთან განშორება, პირველი სიყვარულით გაწბილება, მეუღლის, მშობლებისა და და-ძმების გარდაცვალება, სამსახურიდან წამოსვლა, ახალი და სრულიად უჩვეულო გზის არჩევა და კიდევ ბევრი, ბევრი რამ, რამაც განსაზღვრა ჩემი მაჯისცემის სიხშირე, ფსიქოლოგიური მდგომარეობა, ცხოვრებისეული პოზიცია, ზნეობრივი პარამეტრები. გამოდის, რომ მე რამდენიმე ცხოვრებით ვიცხოვრე და არც ერთი მათგანი ერთმანეთს არ ჰგავდა. ახლა ვიწყებ ახალს და თუ გვიანი არაა, ეს იქნება შეჯამება გავლილი გზისა, სადაც იყო აღმართები და დაღმართებიც, იყო ძნელად სავალი ორმოებით დასერილი მონაკვეთები და იყო ავტობანებიც, რომელთა გასწვრივ მზერას იტაცებდნენ ზღაპრული ბაღები და ოქროსფერი ყანები, ტაშირო მაცუკი წინ კი უსასრულობის მირაჟები ციმციმებდნენ. ახლა ეს ყველაფერი მოგონებათა კალეიდოსკოპი ანუ ერთი ჩვეულებრივი მოკვდავის ხსოვნას შემორჩენილი ფერადი ფრაგმენტებია, რომლებითაც ვცდილობ წარსულის მთლიანი პანო წარმოვაჩინო. არ ვიცი, საამისოდ რამდენად მეყოფა მხატვრული ოსტატობა და ინტელექტუალური მარაგი, მაგრამ ცდას რომ არ დავაკლებ, ვიცი. ერთი ადამიანის ცხოვრების ისტორიაც ნაწილია კაცობრიობის ისტორიისა. ამ რწმენით ვუთამამდები კალამს და მომაქვს თქვენთან საკუთარი ნააზრევი, ნანახ-განცდილი.

ერთ-ერთი ყველაზე დიდი შიში, რაც ადამიანს მთელი ცხოვრება თან სდევს, ესაა შიში დავიწყებისა, უძეოდ გადაგებისა, უკვალოდ გაქრობისა. გონება ვერ ეგუება აზრს, რომ ჩვენ, უკიდეგანო დროის რაღაც მომენტში გამოუცნობი შემთხვევითობის წყალობით მიწაზე მოვლენილნი, ერთ მშვენიერ დღეს გავქრებით, მტვრად ვიქცევით, სამუდამოდ დავსამარდებით. კი მაგრამ რას ვაკეთებთ საიმისოდ, რომ მარადისობას თუ არა ერთი-ორი თაობის ხსოვნას მაინც შემოვრჩეთ? ძალიან ცოტას ან თითქმის არაფერს. მსგავსი რამ ცალსახად განაღდებული აქვთ არამზადებს, რომელთა ავკაცობანი უფრო ადვილად ამახსოვრდებათ, ვიდრე სხვათა უხმაუროდ ნაკეთები კეთილი საქმეები. ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს, რომ ხელი მივყოთ არამზადობას და უარი ვთქვათ სიკეთის ქმნაზე. მიზანგამიმართულად არც ერთი ღირს და არც მეორე. თუმცა მეორე მაინც სასურველია ყველა თვალსაზრისით. კონფუცი ამბობდა: „ბედნიერებაა - როცა შენი ესმით, დიდი ბედნიერებაა - როცა შენ უყვარხართ, ნამდვილი ბედნიერებაა - როცა შენ გიყვარს“. მე გავიარე აქ აღნიშნული სამივე სტადია და შევეცადე ის შეგრძნებები სწორედ პოეზიის მეოხებით გამომეხატა. ამჟამად დანამდვილებით ვიცი, რომ ლექსის წერა არც ახირებაა, არც თავის გამოჩენისა თუ სიმდიდრის შესაძენი საშუალება, ის სულის ყივილია და მას სხეულში ვერ ჩააგუბებ, რადგან სასუნთქი გზები დაგეხშობა, ჟანგბადი არ გეყოფა, გაიგუდები. მე არ გავიგუდე, გადავრჩი, რადგან მოვასწარი უმთავრესის თქმა და ახლა მშვიდად ვხურავ ამ რვეულს ერთადერთი იმედით, რომ ის ღვთისნიერი ვინმე, ვის ხელშიც იგი ადრე თუ გვიან მოხვდება, წაუკითხავად არ გადაუძახებს მას მაკულატურის გროვაში და ავტორს კეთილი სიტყვით მოიხსენიებს, ხოლო თვით ოპუსს იმ ხელნაწერების გვერდით მიუჩენს ადგილს, რომელთა ავ-კარგსაც, იმედია, მომავლის პირუთვნელი მკვლევარები გაარკვევენ

პატივისცემითა და საუკეთესო სურვილებით
მარად თქვენი ტაშირო მაცუკი
ტიბეტი, 2005 წელი

ითარგმნა: 12 ივლისი - 20 სექტემბერი, 2021, კიევი; 3 ივნისი, 20023, ზუგდიდი, ძველი აბასთუმანი - 7 იანვარი, 2024, თბილისი.

16 მთარგმნელის შესახებ

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

დაიბადა 1948 წლის 15 მაისს ზუგდიდის რაიონის სოფელ ჭითაწყარში, ექიმის ოჯახში. იზრდებოდა იმავე რაიონის სოფელ ძველ აბასთუმანში, სადაც 1965 წელს ოქროს მედალზე დაამთავრა საშუალო სკოლა. 1965-1970 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილების სტუდენტი. 1967 წელს უკრაინული ენისა და ლიტერატურის შესასწავლად მიავლინეს კიევში. 1970 წელს წარჩინებით დაამთავრა უნივერსიტეტიცა და სტაჟირებაც. მას შემდეგ ცხოვრობს და საქმიანობს კიევში. მუშაობდა უკრაინულ პრესაში ჟურნალისტად, იყო უკრაინის ეროვნებებისა და მიგრაციის საქმეთა მინისტრის მოადგილე, კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის ეროვნული უნივერსიტეტის პროფესორი, მიხაილო დრაგომანოვის სახელობის პედაგოგიური უნივერსიტეტის პროფესორი, კიევის კულტურისა და ხელოვნების ხელმძღვანელ კადრთა სახელმწიფო აკადემიის უკრაინული და მსოფლიო ლიტერატურის კათედრის გამგე, უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლატვიაში. არის საქართველოს, უკრაინის და ლატვიის მწერალთა კავშირების წევრი, უკრაინის თეატრალურ მოღვაწეთა კავშირის წევრი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის (უცხოელი) წევრი, ლატვიის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო დოქტორი, უკრაინის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, შოთა რუსთაველის, გალაკტიონ ტაბიძის, საგურამოს, გრიგორი სკოვოროდას, ნიკოლაი გოგოლის, მიკოლა კულიშის, მაქსიმ რილსკის, ვლადიმერ ვინიჩენკოს, ალექსანდრს ჩაკსის, მავრიკ ვულფსონის სახელობის პრემიების ლაურეატი, ფრანც კაფკას სახელობის საერთაშორისო ოქროს მედლისა და ციცერონის სახელობის საერთაშორისო პრიზის მფლობელი; მინიჭებული აქვს უკრაინის სახალხო პოეტის წოდება. რაულ ჩილაჩავას შემოქმედებითი და და სამეცნიერო ინტერესების სფეროში შედის პოეზია, მხატვრული თარგმანი, ესეისტიკა, პუბლიცისტიკა, კომპარატივისტიკა, ქართულ-უკრაინულ-ლატვიური ურთიერთობანი. არის ჟანრობრივად მრავალფეროვანი ას ოცდაათამდე საკუთარი და ნათარგმნი წიგნისა და პრესაში გამოქვეყნებული ასობით მასალის ავტორი.