The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

შეწყალების გამოყენების წესი და თავისებურებანი ეჭვმიტანილის და ბრალდებულის ძირითადი უფლებები სისხლის სამართლის საქმეთა წარმოების დროს

შეწყალების გამოყენების წესი და თავისებურებანი ეჭვმიტანილის და ბრალდებულის ძირითადი უფლებები სისხლის სამართლის საქმეთა წარმოების დროს


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
თემატური კატალოგი სამართალი|სისხლის სამართალი
საავტორო უფლებები: © კონსტიტუციის 42-ე მუხლი
თარიღი: 2005
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: (მოამზადა თეა გადრანმა). ეჭვმიტანილის და ბრალდებულის ძირითადი უფლებები სისხლის სამართლის საქმეთა წარმოების დროს / (მოამზადა არჩილ ჩოფიკაშვილმა) ; ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლი" - [თბ.], 2005 - 35გვ. ; 19სმ. - : [ფ.ა.] [MFN: 29204] „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ ბროშურა გამოცემულია აშშ-ს საერთასშორისო განვუთარების სააგენტოს (USAID) და მერილენდის უნივერსიტეტის IRIC Center – ის ფინანსური მხარადჭერით (კონტრაქტი # 114-C-00-01-11136-00). გამოცემაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვის მის ავტორებს და სესაძლოა, არ გამოხატავდეს USAID -ის თვალსაზრისს Piblished with the financial support of the United States Agency for International Development (USAID) through the IRIS Center at the Univerity Of Maryland (contract #114 –C-00-01-11136-00). Any opinions expressed in this publication are those of author(s) and do not necessarily reflect the views of the USAID შეწყალების გამოყენების წესი და თავისებურებანი (მოამზადა თეა გადრანმა) ეჭვმიტანილის და ბრალდებულის ძირითადი უფლებები სისხლის სამართლის საქმეთა წარმოების დროს (მოამზადა არჩილ ჩოფიკაშვილმა) ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ 2005 თბილისის საოლქო სასამართლოში კავშირი „კონსტიტუცის 42-ე მუხლი“ IRIS - ის მხარდაჭერით ახორიციელებს პროექტს „უფასო საადვოკატო მომსახურება თბილისის საოლქო სასამართლოში სოციალურად დაუცველი ფენებისათვის პროფესიონალი ადვოკატები, რომელთა დახმარებითაც არაერთი პატიმარი გათავისუფლდა სასამართლო დარბაზიდან, დაიცავენ თქვენს უფლებებს საოლქო სასამართლოში. ამდენად, თუ თქვენი საქმე განიხილება თბილისის საოლქო სასამართლოში პირველი ან სააპელაციო ინატანციით, არ გყავთ ადვოკატი, ხართ სოციალურად დაუცველი, შეგიძლიათ დაგვკიკავშირდეთ დახმარებისათვის: კავშირი „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ თბილისის საოლქო სასამართლოსთან არსებული განყოფილება მისამართი:თბილისი, კოსტავას #6 ტელ:99 88 56, 93 53 22



1 1.შესავალი ეჭვმიტანილის და ბრალდებულის ძირითადი უფლებები სისხლის სამართლის საქმეთა წარმოების დროს

▲ზევით დაბრუნება


სისხლის სამართლის საქმეთა წარმოება დაკავშირებულია ადამიანის ფუნდამენტალური უფლებების შეზღუდვასთან. პიროვნების პროცესუალურ უფლებებს გასხვავებულ სამართლებრივ რეჟიმში აყენებს ისეთი ტიპის პროცესუალური მდგომარეობა, როგორიც შეიძლება იყოს ეჭვმიტანილი, ბრალდებული, განსასჯელი, გამართლებული. უფლებათა მოცულობა, უფლებებით აღჭურვა, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, პირდაპირ კავშირშია პროცესუალურ მდგომარეობასთან და სტატუსთან.

თუ საერთაშორისო აქტებისა და ადამიანის უფლებათა კონვენციის შესაბამისად, აღკვეთის ღონისძიებად დაპატიმრების გამოყენება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში უნდა გამოიყენებოდეს, ჩვენს პრაქტიკაში, ეს საპირისპიროდ ხდება. ბრალდებულის დაპატიმრება გამოიყენება უმრავლეს შემთხვევაში. გამოძიება და სისხლის სამართლის საქმე ავტომატურად ასოცირდება პატიმრობასთან. მსოფლიოში გავრცელებული აღკვეთის ღონისძიების ეფექტური საშუალებები, მაგალითად, გირაო, თითქმის არ გამოიყენება. ასეთ ვითარებაში უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება დაკავებული და დაპატიმრებული პირების მიერ თავისი უფლებების სრულყოფილ ცოდნას. პროცესის მონაწილეთა მიერ თავისი უფლებების სრულყოფილი ცოდნა ხელს შეუწყობს მათ როგორც დაცვის უფლებების რეალიზაციაში, ასევე ისინი შეძლებენ სწორედ განჭვრიტონ თავისი მდგომარეობა და იმოქმედონ კანონის ფარგლებში და კანონით დადგენილი წესებით, ეფექტურად დაიცვან თავი უკანონობისაგან.

ბროშურაში გათვალისწინებელია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში 2005 წლის 25 მარტს შეტანილი მნიშვნელოვანი ცვლილებები და დამატებები.

2 2. პროცესუალური სტატუსები

▲ზევით დაბრუნება


2.1. ეჭვნიტანილი

საპროცესო კოდექსში ამომწურავადაა განმარტებული ეჭვმიტანილის სამართლებრივი მდგომარეობა, ეჭვმიტანილად ყოფნის ვადები და ამ მდგომარეობისათვის (სუბიექტისათვის) დადგენილი სხვა წესები.

საპროცესო კოდექსის შესაბამისად, ეჭვმიტანილი არის პირი, რომლის მიმართ არსებობს გონივრული ეჭვის საფუძველი, რომ მან ჩაიდინა საქართველო სისხლის სამართლის კოდექსით გათვალსიწინებული დანაშაული. მაგრამ ამგვარი ეჭვი არ არის საკმარისი იმისათვის, რომ პირის მიმართ წაყენებული იქნეს ბრალდება. ამასთანავე, პირი ეჭვმიტანილად ითვლება კანონით დადგენილი საფუძვლით მისი დაკავებისთანავე, ან პირის მიმართ ეჭვმიტანილად ცნობის შესახებ დადგენილების გამოტანისთანავე. ანუ, იმ შემთხვევაში თუ თქვენ დაგაკავეს, იმავე მომენტიდან ხართ ეჭვმიტანილი და სარგებლობთ ეჭვმიტანილისათვის კანონით დადგენილი უფლებებითა და გარანტიებით.

2.2. ბრალდებული

ბრალდებული, საპროცესო კოდექსის მიხედვით, არის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული პირი, ანუ, ის პირი ვისი მიმართაც გამოტანილია დადგენილება ბარლდებულის სახით სისხლის სამარლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ. აღნიშნული დადგენილება მიიღება დაკავებიდან არა უგვიანეს 48 საათისა. ბრალდებულის სტატუსი შეიძლება შეიძინოს ეჭვმიტანილმა და ასევე ნებისიერმა სხვა პირმა, რომლის წინააღმდეგაც იქნება დანაშაულში მამხილებელი საკმარისი უტყუარი მტკიცებულებები.

2.3. განსასჯელი

განსასჯელი არის ბრალდებული, რომლის მიმართაც საბრალდებო დასკნიოს შედგენის შემდეგ საქმე არსებით განსახილველად ჩაბარდა სასამართლოს განსჯადობის მიხედვით. ამდენად, ყველა სხვა შემთხვევისაგან განსხვავებით, განსასჯელი შეიძლება გახდეს მხოლოდ ბრალდებული.

2.4.მსჯავრდებული

მსჯავრდებული არის პირი, რომლის მიმართაც გამოტანილია სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი.

2.5. გამართლებული

გამართლებული არის პირი, რომლის მიმართაც გამოტანილია სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი.

3 3. ეჭვმიტანილის და ბრალდებულის ძირითადი უფლებები

▲ზევით დაბრუნება


3.1. ეჭვმიტანილის უფლებები

ეჭვმიტანილის ძირითად უფლებათა ჩამონათვალი შემდეგი სახითაა მოცემული სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლში, რომლის მიხედვითაც ეჭვმიტანილს უფლება აქვს:

- დაკავებისთანავე, დაუყონებლივ მისთვის გასაგებ ენაზე ეცნობოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული რომელი დანაშაულის ჩადენაში არსებობს მის მიმართ ეჭვი და გადაეცეს დაკავების ოქმის ასლი;

- მისცეს ან არ მისცეს ჩვენება;

- ისარგებლოს დამცველის მომსახურებით მასთან შეთანხმებით, ანაზღაურებით ან ანაზღაურებისგან სრული გათავისუფლებით გარკვეულ შემთხვევებში;

- პირდაპირ შეხვდეს დამცველს მარტო, შეხვედრის რაოდენობისა და ხანგრძლივობის შეუზღუდავად. მოცემული უფლება, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, შეიძლება შეიზღუდოს გონივრული ვადით. ამის შესახებ გამოძიების მწარმოებელმა პირმა უნდა გამოიტანოს მოტივირებული დადგენილება;

- ჩხრეკის, ამოღების, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს მოიწვიოს დამსწრე (არა უმეტეს ორისა);

- მისი მონაწილეობით დაკითხვისა და სხვა საგამოძიებო მოქმედების ჩატარების დროს უფასოდ ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით, თუ მან არ იცის ან არასათანადოდ იცის სისხლის სამართლის პროცესის ენა

- დაკავებისთამავე ან ეჭვმიტანილად ცნობის შესახებ დადგენილების გამოტანისთანავე მოითხოვოს უფასო სამედიცინო ექსპერტიზის დანიშნვა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესამოწმებლად, რაც დაუყონებლივ უნდა დაკმაყოფილდეს. ექსპერტიზის დანიშნვაზე უარი ერთჯერად შეიძლება გასაჩივრდეს გამოძიების ადგილის მიხედვით რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, სადაც საჩივარი განიხილება მიღებიდან 24 საათში;

- განაცხადოს შუამდგომობანი და აცილებანი;

- წარმოადგინოს მტკიცებულებანი;

- მონაწილეობა მიიღოს მისი ან დამცველის შუამდგმლობით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებაში;

- გაასაჩივროს გამომძიებლის მოქმედებანი და გადაწყვეტილებები პროკურორთან, პროკურორისა - ზემდგომ პროკურორთან, ხოლო კოდექსით დადგენილ შემთხვევებში - სასამართლოში;

- შეატყობინოს ნათესავებსა და ახლობლებს დაკავების ადგილი ან ადგილსამყოფელი;

- მიიღოს ანაზღაურება ზიანისათვის, რომელიც მას მიადგა უკანონო დაკავების შედეგად;

- მიიღოს გამომძიებლისაგან ამომწურავი განმარტება თავისი უფლებებისა და მოვალეობების შესახებ;

- თითოეული ამ დებულების შინაარსის სრულყოფილი გაგება და, საჭიროების შემთხვევაში, დროულად და ეფექტურად სარგებლობა დადებითი შედეგების მომტანი ეჭვმიტანილისა და მისი ინტერესებისათვის.

3.2. ბრალდებულის უფლებები

მას შემდეგ, რაც ეჭვმიტანილი შეიძენს ბრალდებულის სტატუსს, ანუ შესაბამისი დადგენილებით ბრალდებულის სახით მიცემენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში, იგი დამატებით სარგებლობს საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლით გარანტირებული უგლებებით.

საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის შესაბამისად ბრალდებულს უფლება აქვს:

- ყველა კანონიერი საშუალებითა და მეთოდით დაიცვას თავი წაყენებული ბრალდებისგან, ჰქონდეს საკმაო დრო და შესაძლებლობა, რათა მოემზადოს დაცვისათვის;

- ბრალდებულს აქვს ეჭვმიტანილისათვის გათვალისწინებული ყველა უფლება;

- ბრალდების წაყენებისას, ბრალდებულს გადეცემა მის მშობლიურ ან მისთვის გასაგებ ენაზე თარგმნილი დადგენილების ასლი ბრალდებულად პასუხიგებაში მიცემის შესახებ;

- შეიტანოს საჩივარი გამომძიებლისა და პროკურორის მოქმედებებზე;

- ნათესავებსა და ახლობლებს შეატყობინოს თავისი დაპატიმრების შესახებ;

- მიიღოს უკანონო და დაუსაბუთებელი დაპატიმრების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება;

- მიიღოს ბრალდებულის სახით დაკავების დადგენილების ასლი;

- გაეცნოს დადგენილებას ექსპერტიზის დანიშნვის შესახებ და ექპსერტის დასკვნას, განახორციელოს ექპსერტიზის ჩატარებასთან დაკავშირებით კანონით დადგენილი უფლებები;

- გაეცნოს საქმეში არსებულ ყველა მტკიცებულებას;

- მოითხოვოს დაპატიმრება იმ პირთან, რომელიც ამხელს მას დანაშაულის ჩადენაში;

- მოითხოვოს საგამოძიებო მოქმედების სავალდებულო ჩატარება;

- გამოითხოვოს მტკიცებულებანი, რომელიც საჭიროა ბრალდების უარსაყოფად ან პასუხისმგებლობის შესამსუბუქებლად;

- წარუდგინოს გამომძიებელს, პროკურორსა და სასამართლოს კერძო გამოძიების მონაცემები, რომლებიც აუცილებლად უნდა დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს;

- განაცხადოს შუამდგომლობა, საჩივარი ან განცხადება;

- უარი თქვას დამცველზე და თავი დაიცვას დამოუკიდებლად, გარდა 81-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

- არ დაეთანხმოს სისხლის სამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტას, მოითხოვოს საქმის სასამართლო განხილვა;

- მოითხოვოს მის მიმართ გამოყენებული სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ყველა ღონისძიების კანონიერებისა და დასაბუთებულობის შემოწმება;

- მონაწილეობა მიიღოს სამართალში მიცემასა და, ამასთან, სასამართლო განხილვაში; ისარგებლოს მხარის ყველა უფლებით, გამოვიდეს სასამართლო კამათში, თუ საქმეში არ მონაწილეობს დამცველი;

- გამოვიდეს საბოლოო სიტყვით;

- გაეცნოს სასამართლო სხდომის ოქმს და გამოთქვას მასზე შენიშნვები;

- გაასაჩივროს განაჩენი და სხვა სასამართლო გადაწყვეტილებანი, მიიღოს გასასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლები;

იცნობდეს საქმის გამო შეტანილ საჩივრებს და მათ შესახებ გამოთქვას საწინააღმდეგო მოსაზრებები;

- მონაწილეობა მიიღოს სააპელაციო და საკასაციო ინსტანციების სასამრთლოთა სხდომებში და დაიცვას იქ თავისი ინტერესები დამოუკიდებლად ან დამცველის მონაწილეობით;

- პროცესის მწარმოებელი ორგანოსგან მიიღოს წერილობითი შეტყობინება თავისი უფლებების შესახებ და მიიღოს მათი გარანტირება;

- დაკითხვის შესახებ შუამდგომლობის განცხადებიდან არა უგვიანეს ერთი კვირისა დაიკითხოს;

- განსასჯელი სარგებლობს ბრალდებულის ყველა უფლებით. რაც შეეხება მსჯავრდებულს, ამ შემთხვევაშიც მსჯავრდებული სრულად სარგებლობს ბრალდებულის უფლებებით. დამატებითი უფლებები სტატუსის სპეციფიკურობას უკავშირდება, როგორიცაა, მაგალითად, განაჩენის გასაჩივრება, დადგენილების (განჩინების) გასაჩივრება და ა.შ.

- რაც შეეხება გამართლებულს, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ის სარგებლობს ყველა უფლებით, რაც მანამდე ჰქონდა, ანუ ის პროცესის მონაწილე სუბიექტია და ახროციელებს დაცვის მხარისაცთვის მინიჭებულ ფუნქციებს.

4 4. ძირითადი უფლებების და ძირითადი დებულებების განმარტება

▲ზევით დაბრუნება


4.1. დაცვის უფლება

უმნიშვნელოვანესი სამართლებრივი გარანტია, რომელიც ეჭვმიტანილს (და პროცესის სხვა სუბიექტებსაც) აქვს, ეს არის დაცვის უფლება. დაცვის უფლება, ანუ დამცველის ყოლის, ადვოკატის მომსახურებით სარგებლობის უფლება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით გარანტირებული უფლებაა. დაცვის უფლება, გარდა ქვეყნის შიდა ნორმატული აქტებისა საერთაშორისო ხელშეკრულებებითაც დადგენილი და გარანტირებული ფუნდამენტური უფლებაა.

არსებობს მთელი რიგი შემთხვევებისა, როდესაც დაცვის უფლება რეალიზებული უნდა იყოს, ანუ დაკავებულ ან დაპატიმრებულ პირს დამცველი უნდა ჰყავდეს და მის უფლებებს ადვოკატი უნდა იცავდეს იმის მიუხედავად, მას ეს სურს თუ არა. თავისუფლებააღკვეთილი პირის უარის შემთხვევაშიც კი დამცველი უნდა დაინიშნოს თუ:

- ეჭვმიტანილი, ბრალდებული ან განსასჯელი არასრულწლოვანია;

- ეჭვმიტანილს, ბრალდებულს ან განსასჯელს აქვს ფიზიკური ან ფსიქიკური ნაკლი, რომელიც აძნელებს დაცვის უფლების განხორციელებას;

- ეჭვმიტანილმა, ბრალდებულმა განსასჯელმა არ იცის, სამართალწარმოების ენა;

- ეჭვმიტანილს, ბრალდებულს ან განსასჯელს ჩადენილი აქვს ისეთი დანაშაული, რომლისთვისაც შესაძლებელია სასჯელად დაინიშნოს უვადო თავისუფლების აღკვეთა;

- პირი გაიგზავნა სტაციონალურ სასამართლო-სამედიცინო ექპპერტიზაზე;

- ეჭვმიტანილთა, ბრალდებულთა ან განსასჯელთა ინტერესებს შორის არის წინააღმდეგობა და თუნდაც ერთ მათგანს ჰყავს დამცველი;

- დაზარალებულის ან სამოქალაქო მოსარჩელის ინტერესებს იცავს მისი წარმომადგენელი;

- ბრალდებულთან მიმდინარეობს მოლაპარაკება საპროცესო შეთანხმების თაობაზე;

- თუ ეჭვმიტანილი ან ბრალდებული თანამდებობის პირი ან რეკეტიორია და თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას, მას ან მის ახლო ნათესავს ეძლევა პირი ან რეკეტირი ამ ვადაში არ დანიშნავს დამცველს, მათ დამცველი დაენიშნებათ სავალდებულო წესით.

მიუხედავად ასეთი საკნონმდებლო გარანტიებისა, დამცველის მომსახურებით სარგებლობის უფლება ისეთი სახის უფლებაა, რომელიც ყველამ მაქსიმალურად და ეფექტურად უნდა გამოიყენოს. საჭირო არ უნდა გახდეს მხოლოდ კანონის მოთხოვნის გამო დამცველის დანიშნვა, გამოძიების ინიციატივით.

დაცვის უფლება გულისხმობს დამცველის მიერ იურიდიული დახმარების გაწევას. დამცველმა უნდა გამოიყენოს დაცვის ყველა კანონიერი საშუალება და ხერხი იმ გარემოებათა გამოსავლენად, რომლებიც ამართლებენ ეჭვმიტანილს ან ბრალდებულს, ან ამსუბუქებენ მის პასუხიმსგებლობას. დამცველს უფლება არა აქვს იმოქმედოს ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის ინტერესების საზიანოდ.

დამცველის მოწვევის უფლება თქვენ გეძლევათ ეჭვმიტანილის სტატუსის შეძენისთანავე, რაც ორ შემთხვევაში ხდება: პირველი და ყველაზე გავრცელებული შემთხვევაა, როდესაც ადგილი აქვს დაკავებას. ასეთ შემთხვევაში, პირი დაკავებისთანავე იძენს ეჭვმიტანილის სტატუსს და სარგებლობს დაცვის უფლებით.

დაკავება ის პირველი ღონისძიებაა, როდესაც პირეს ეძლევა ეჭვმიტანილის სტატუსი და ხდება პროცესის მხარე, დაკავების პროცედურა და წესი ზუსტადაა განსაზღვრული საპროცესო კოდექსის 145-ე მუხლში, რომელიც ამომწურავად განსაზღვრავს დაკავების წესს, კერძოდ:

იმ შემთხვევაში თუ პოლიციის თანამშრომელი ან სხვა კომპეტენტური პირი დაადგენს, რომ არსებობს საპროცესო კოდექსში აღნიშნული საფუძვლები, იგი ვალდებულია, გასაგები ფორმით შეატყობინოს ეს ეჭვმიტანილს, ასევე განუმარტოს, რა დანაშაულის ჩადენაშია ეჭვმიტანილი და აცნობოს, რომ მას აქვს დამცველის ყოლის უფლება, დუმილის უფლება. აქვე უნდა განემარტოს ეჭვმიტანილს, რომ მის მიერ ნათქვამი ყოველი სიტყვა შესაძლებელია სასამართლოში გამოყენებულ იქნეს მის წინააღმდეგ. ამი შემდეგ, დამკავებელი დაწესებულებაში. იმ შემთხვევაში. თუ არსებობს ეჭვი, რომ დაკავებულს აქვს იარაღი, ან ის აპირებს თავიდან მოიცილოს მისი მამხილებელი მტკიცებულებები, ტარდება ჩხრეკა.

დაკავების შესახებ, აუცილებელია შედგეს დაკავების ოქმი, სადაც დეტალურად უნდა იყოს მითითებული ვინ, სად, როდის, კანონში აღნიშნულ რომელ საფუძველზეა დაკავებული; პოლიციის დაწესებულებაში მიყვანის ზუსტი დრო; ეჭვმიტანილის უფლებების ჩამონათვალი, ასევე ის ობიექტური მიზეზი, რომლის გამოც შეუძლებელი იყო ოქმი დაკავების ოქმის დაკავების ადგილზე შედგენა. დაკავების ოქმი ხელმოწერით უნდა დაადასტუროს დამკავებელმა და დაკავებულა პირმა, დამცველმა თუ ის მოწვეული იყო. ეჭვმიტანილის პოლიციის დაწესებულებაში მიყვანისთანავე ოქმს ხელს აწერს უფლებამოსილი პირი. დაკავების ოქმის ასლი დაუყონებლივ უნდა გადაეცეს დაკავებულს.

დაკავებისთანავე პირს განემარტება დამცველის მოწვევის უფლება და ეძლევა შესაბამისი დრო ამ უფლების რეალიზებისათვის. კერძოდ, სსკ 83-ე მუხლის შესაბამისად, დამცველის შესარჩევად და მოსაწვევად დაკავებულს ეძლევა ექვსი საათი, თუ ამ ვადაში ვერ გამოცხადდა მოწვეული დამცველი, გამომძიებელი და პროკურორი ვალდებულნი არიან, შესთავაზონ ეჭვმიტანილს ან ბრალდებულს დამცველის დანიშნვა. ეჭვმიტანილს ან ბრალდებულს, რომელმაც უარი განაცხადა დამცველის დანიშნვაზე, არჩეული დამცველის გამოცხადებამდე, უფლება აქვს დაცვა დამოუკიდებლად განახორციელოს.

მეორე შემთხვევაში პირი ეჭვმიტანილად ითვლება, როდესაც ის არ არის დაკავებული და მის მიმართ გამოტანილი იქნება დადგენილება „ეჭვმიტანილის ცნობის შესახებ“. ასეთ შემთხვევაში დადგენილების გამოტანისთანავე ეჭვმიტანილი სარგებლობს ზემოაღნიშნული უფლებით და მასზე იგივე წესები ვრცელდება.

ამდენად, დაცვის უფლება და ადვოკატის მომსახურებით სარგებლობის უფლება უმნიშვნელოვანეს და ფუნდამნტურ უფლებას წარმოადგენს.

4.2.დუმილის უფლება

დავის უფლება არანაკლებ მნიშვნელოვანი უფლება დუმილის უფლება. ეს უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც დიდი სამართლებრივი ტვირთის მატარებელია, ამ უფლების სრულად გაცნობიერება უმნიშვნელოვანესია. დუმილის უფლების განმარტებისას ეჭვმიტანილს აცნობებენ, რომ მის მიერ მიცემული ჩვენება და გამოძიებისათვის მიწოდებული ნებისმიერი ინფორმაცია შესაძლებელია გამოძიებასა და სასამართლოში ჩვენების მიცემის წინააღმდეგ იყოს გამოყენებული ხშირ შემთხვევაში, როდესაც პირი ხვდება თავისი ჩვენების უარყოფითი შედეგების შესახებ, იგი ცდილობს გადათქვას ჩვენება. ხშირად აცხადებენ, რომ ჩვენება ცემისა და წამების შედეგად იქნა მოპოვებული, მაგრამ, როგორც წესი, სასამართლო მას შემდგომ განცხადებებს არ იზიარებს და პირველი ჩვენებით, ან ამ ჩვენების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით ხელმძღვანელობს, რაც გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველი ძალზედ ხშირ შემთხვევაში ხდება ხოლმე.

ამდენად, დუმილის უფლების შინაარსის ბოლომდე გაგება დ ამ უფლებით სწორედ სარგებლობა ძალზე ხშირ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობის მატარებელია.

თუმცა, აღნიშნვას საჭიროებს საპროცესო კოდექსში 2005 წლის 25 მარტს შეტანილი ცვლილება, კერძოდ, სსსკ 477 - ე მუხლის შესაბამისად, თუ ბრალდებული წინააღმდეგია წინასწარი გამოძიების დროს მის მიერ მიცემული ჩვენების სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხვისა და მისი ჩვენების საჯაროდ მოსმენაზე, მათი მტკიცებულებებად გამოყენება დაუშვებელია. ამ დებულებას არაერთი საფუძველი უდევს მორივად და მათ შორის ერთ-ერთი ძირითადია წამების პრევენცია. მიუხედავად იმისა, რომ ასეთ საკანონმდებლო ნოვაციასთან გვაქვს საქმე, ჯერ-ჯერობით დუმილის უფლება უმნიშვნელოვანესია ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის უფლებათა შორის.

4.3. დამსწრის მოწვევის უფლება

ეჭვმიტანილსა და ბრალდებულს უფლება ავქს ჩხრეკის, ამოღების, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს მოიწვიონ დამსწრე (არა უმეტეს ორისა).

არნიშნული უფლება 2005 წლის 25 მარტის დამატებებით გაჩნდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში და მათი არსებობა გამოწვეული მთელი რიგი გარემოებებით.

ცვლილებებამდე, ჩრეკის და ამოღების შედეგები, გარდა გამომძიებლის და გასაჩხრეკი პირისა, უნდა დაედასტურებინათ დამსწრეებს, რომლებიც არ უნდა ყოფილიყვნენ საქმის შედეგებით დაინტერესებული პირები. კანონის ეს მოთხოვნა, ხშირ შემთხვევაში ირღვეოდა და ვერ ხორციელდებოდა, რადგან მოქალაქეთა დაბალი სამართლებრივი თვითშეგნების ფონზე არავის სურდა დამსწრის მოვალეობა შეესრულებინა გამხდარიყო საგამოძიებო მოქმედებების მონაწილე და სისხლის სამართლის საქმეში ჩართული პირი. ასეთ პირობებში, ძალზე ძნელი იყო ჩხრეკის ან ამოღების დროს ისეთი ორი ადამიანის მონახვა, ვინც დათანხმდებოდა ჩხრეკაზე დასწრებას. პოლიციის თანამშრომლები ასეთი სიტუაციიდან გამოსავალს ხშირად მარტივად პოულობდნენ დამსწრის სახით საქმეზე უშვებდნენ არაოფიციალურ თანამშრომლებს; ხშირ შემთხვევაში, ოქმებში მითითებული იყვნენ არარეალური ადამიანები.

დღევანდელი მდგომარეობით, პოლიციელს უფლება აქვს ჩხრეკა-ამოღება დამსწის გარეშე ჩაატაროს გადაუდებელ შემთხვევაში, ხოლო ძირითად შემთხვევებში, გასაჩხრეკ პირს უნდა მიეცეს არანაკლებ ერთი საათისა, რათა მან მოიწვიოს დამსწრეები. ეს უფლება აუცილებლად უნდა გამოიყენოს ეჭვმიტანილმა, რათა მის მიმართ პოლიციის მხრიდან თვითნებობა და უკანონობა მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი. დამსწრეთა მოწვევით თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა, საგამოძიებო მოქმედებას დაასწროთ ორი ნეიტრალური ადამიანი და შემდგომში მათი ჩვენებებით მეტი სიცხადე შეიტანოთ სისხლის სამართლის საქმეში.

4.4. განცხადების, შეუამდგომლობის და აცილების გაცხადების უფლება

შუამდგომლობის წარდგენის გზით, თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ გამოძიებას და ითხოვოთ ამა თუ იმ მოქმედების შესრულებამ თვქენთვის სასარგებლო გადაწყვტილების მიღება, საგამოძიებო ან საპროცესო მოქმედებების შესრულება და ა.შ.

იმ შემთხვევასი თუ საჭიროდ მიგაჩნიათ ვინმეს დაკითხვა, აღნიშნულის სესახებ, შეუამდგომლობით უნდა მიმართოთ გამომძიებელს, ასევე შუამდგომლობითაა შესაძლებელი მოითხოვოთ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტა, ბრალდების შეცვლა, ექსპერტიზის დანიშნვა და ა.შ.

შუამდგომლობაზე, რომელსაც წარადგენთ გამომძიებელთან, 3 დღე-ღამის განმავლობაში მიღებული უნდა იქნეს გადაწყვეტილება, რომლითაც შესაძლებელია შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს სრულად, ნაწილობრივ ან უარი გეთქვათ მის დაკმაყოფილებაზე.

შუამდგომლობა უნდა შეიცავდეს შემდეგ ძირითად პუნქტებს: საგამოძიებო ორგანოს და გამომძიებლის სახელსა და გვარს, ვისაც მიმართავთ შუამდგომლობით, თქვენს სახელსა და გვარს, საპროცესო მსგომარეობას (ეჭვმიტანილი, ბრალდებული და ა.შ.), მისამართს და საკონტაქტო ინფორმაციას, დასახელებას „შუამდგომლობა“, თქვენი მოთხნოვნის დასაბუთებასა და არგუმენტაციას, საქმესთან კავშირს, მოთხოვნას, ხელმოწერასა და თარიღს.

რაც შეეხება აცილებას, აცილება შესაძლებელია მოითხოვოთ საქმის მწარმოებელი პირების, პროცესის სუბიექტებისა და ასევე ამ ორგანოს მიმართ, რომელიც აწარმოებს სისხლის სამართლის საქმეს.

აცილების საფუძვლები მითითებულია სსსრკ 105-107-ე მუხლებში. მათი არსებობის შემთხვევაში, პირს უფლება აქვს, დააყენოს აცილების საკითხი და მოითხოვოს, რომ მისი საქმე განიხილოს სხვა გამომძიებელმა, პროკურორმა, მოსამართლემ და ა.შ. აღნიშნულთან დაკავშირებით, გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ეცნობება ეჭვმიტანილს.

რაც შეეხება განცხადების გაკეთების უფლებას, თქვენ ნებისმიერ დროს უფლება გაქვთ გააკეთოთ განცხადება და გამოხატოთ პროტესტი ამა თუ იმ საკითხზე, მაგალითად, თუ დაკითხვისას პროკურორი ან სასამართლო არღვევს კანონს, ზეწოლას ახდენენ მოწმეზე, აშკარად მისახვედრ კითხვებს უსვამენ, თქვენ უფლება გაქვთ, პასუხის დაფიქსირებამდე, აღნიშნულზე განაცხადოთ პროტესტი, მოითხოვოთ პროტესტის განცხადების ოქმში დაფიქსირება და დასმული კითხვის მოხსნა, ასევე, შესაძლებელია, განცხადება დააფიქსიროთ ოქმში სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.

4.5.მონაწილეობა საგამოძიებო მოქმედებებში

უშუალოდ ეჭვმიტანილთან ან ბრალდებულთან გამოძიების სტადიაზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების გარდა, ეჭვმიტალისა და ბრალდებულს, უფლება აქვთ მონაწილეობა მიიღონ მათი შუამდგომბლობით ან მათი დამცველის შუამდგომლობით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებში. ანუ, იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ან თქვენმა დამცველმა იშუამდგომლეთ მოწმის დაკითხვაზე, თქვენ უფლება გეძლევათ, ამ მოწმის დაკითხვას დაესწროთ და თქვენც დასვათ კითხვები.

ამ უფლების გამოყენება საკმაოდ მნიშვნელოვანია და წინასწარი გამოძიების სტადიაზე მეტად უზრუნველყოფს შეჯიბრებითობას.

4.6.გასაჩივრების უფლება

ეჭვმიტანილი და ბრალდებული, წინასწარი გამოძიების სტადიაზე, სარგებლობენ უფლებით, გაასაჩივრონ გამომძიებლის მოქმედებანი და გადაწყვტილებები პროკურორთან, პროკურორისა - ზემდგომ გადაწყვეტილებებთან, ხოლო კოდექსით დადგენილ შემთხვევებში - სასამართლოში წინასწარი გამოძიების დასრულების შემდეგ, ანუ მას შემდეგ, რაც საქმე გადაიგზავნება სასამართლოში. სსსრკ 416-ე მუხლის შესაბამისად, ყველა საჩივარი ან განცხადება წარდგენილ უნდა იქნეს სასამართლოში.

გამომძიებლის, ან პროკურორის უკანონო ქმედებათა შესახებ ბრალდებულს უფლება აქვს, იჩივლოს მთელი გამოძიების პერიოდში, ხოლო რაც შეეხება სასამრთლოში გასასაჩივრებელ ცალკეულ ქმედებებს, მათთვის, კონკრეტულ შემთხვევაში, კონკრეტული ვადაა განსაზღვრული.

მაგალითად, ბრალდებულს, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილების გაცემიდან 10 დღის ვადაში უფლება აქვს კოდექსით დადგენილი წესით, ზემდგომ პროკურორთან ან სასამართლოში შეიტანოს საჩივარი სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების შეგნებულად გაჭიანურების თაობაზე.

15 დღეში საჩივრდება სასამართლოში პროკურორის დადგენილება სისხლის სამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ, ექსპერტიზის დანიშნვაზე უარის თქმის შესახებ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გასაჩივრების ვადა გამოითვლება იმ დღიდან, როდესაც პირმა შეიტყო გადაწყვეტილებების შესახებ.

წინასწარი გამოძიების სტადიაზე აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შეცვლის ან გაუქმების შესახებ მოსამართლის ბრძანება ერთჯერადად საჩივრდება, ბრძანების გაცემიდან 48 საათში, ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს სასამართლოების და საოლქო სასამართლოების საგამოძიებო კოლეგიებში. ხოლო, ავტონომური რესპუბლიკის უმაღლესი სასამრთლოს, საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის ბრძანება (დადგენილება) აღმკვეთი ღონისძიების გამოყენების შეცვლის ან გაუქმების შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს იმავე სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში. პატიმრობის ან შინაპატიმრობის ვადის გაგრძელების შესახებ მოსამართლის ბრძანების კანონიერება და დასაბუთებულობა საჩივრდება 24 საათში ზემდგომი ინტსანციის სასამართლოში.

ზოგადად საჩივარში აღნიშნული უნდა იყოს შემდეგი ძირითადი მონაცემები:ორგანო და თანამდებობის პირი, ვისაც მივმართავთ საჩივრით, მომჩივნის სახელი, გვარი და საპროცესო მდგომარეობა, ასევე მისამართი, საპროცესო დოკუმენტის დასახელება „საჩივარი“, გასაჩივრებული გადაწყვეტილება ან მოქმედება, საჩივრის მოტივაცია და მოვლენის თუ ფაქტის განმარტება, უფლების დარღვევის შესახებ ინფორმაცია, საერთო ფონზე მისაღები გადაწყვეტილება, მოთხოვნა, ხელმოწერა და თარიღი.

საჩივარი ბარდება იმ ორგანოს, ვისაც მივმართავთ საჩივრით, ვინც უფლებამოსილია, რომ განიხილოს საჩივარი. იმ შემთხვევაში თუ საჩივარი ჩაბარდა არაუფლებამოსილ პირს ან ორგანოს, მას ეკისრება ვალდებულება, საჩივარი გადააგზავნოს უფლებამოსილ სუბიექტთან, რომელიც განიხილავს საჩივარს, რაც შეეხება სასმართლო აქტების გასაჩივრებას, ამ შემთხვევაში, საჩივარი უნდა წარადგინოთ იმ სასამართლოში, რომლის გადაწყვეტილებასაც ვასაჩივრებთ, საჩივრის მიღების შემდეგ საქმის მასალებთან ერთად სასამართლო საჩივარს აგზავნის მის განმხილველ სასამართლოში.

რაიონული (საქალაქო) სასამართლოთა განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საოქლო სასამართლოებსა და ავტონომიური რესპუბლიკების უმაღეს სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატებში სააპელაციო საჩივრით განაჩენის გამნცხადებიდან 14 დღეში, ხოლო საოლქო სასამართლოებსა და ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატების გადაწყვეტილება, ასევე 14 დღის განმავლობაში შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრით. პატიმრობაში მყოფი პირებისათვის გასაჩივრების ვადა აითვლება განაჩენის ჩაბარების დღიდან. განაჩენთან ერთად, შესაძლებელია იმ გადაწყვეტილებათა გასაჩივრება, რომლებზეც ცალკე საჩივარი არ შეიტანება. მაგალითად, თუ თქვენ უარი გეთქვათ შუამდგომლობაზე, რომლითაც ითხოვდით მოსამართლის აცილებას, მტკიცებულების გამოთხოვას, მტკიცებულების დაუშვებლად ცნობას, მოწმის დაკითხვას და ა.შ. ასეთი გადაწყვეტილება შეიძლება გაასაჩივროთ განაჩენთან ერთად.

სასამართლოს გავრცელებული გადაწყვეტილება, როგორიცაა საქმის დამატებითი გამოძიებისათვის დაბრუნება, შესაძლებელია იმავე ვადებში და კერძო სააპელაციო ან შესაბამისად, კერძო საკასაციო საჩივრით სააპელაციო, ან შესაბამისად, კერძო საკასაციო საჩივრით გაასაჩივროთ სააპელაციო ან შესაბამისად საკასაციო ინსტანციებში.

ძირითადი განსხვავება სასამართლოში გასაჩივრებასა და პროკურატურაში საჩივრის განხილვის შორის არის საჩივრის განხილვის პროცედურა. სასამართლოში ტარდება ღია საჯარო მოსმენა და საჩივრის ავტორი მასში მონაწილეობს. ამ შემთხვევაში მეტად არის უზრუნველყოფილი მხარეთა თანასწორობა და შეჯიბრებითობა, სასამართლო იხილავს საკითხს, ხოლო საჩივრის ავტორი და გამომძიებელი პროკურორთან ერთად არიან მხარეები თანაბარი უფლებებებით პროკურატურაში საჩივრის განხილვის შემთხვევაში, საკითხის განხილვა და გადაწყვეტა ხდება ერთპიროვნულად, საჩივრის ავტორის მონაწილეობის გარეშე და მხარის ინტერესები აქ ნაკლებადაა გათვალისწინებული.

4.7. ასლების მიღების უფლება

საპროცესო კოდექსი ითვალისწინებდა ცალკეული საპროცესო აქტების ბრალდებულისთვის ან ეჭვმიტანილისთვის გადაცემის უფლებას, სისხლის სამართლის საქმის მასალების სრული ასლების გადაღების შესაძლებლობა მხარეს ბოლო ცვლილებამდე, რომელიც 3 მაისს ამოქმედდა, პრაქტიკულად არ ჰქონდა.

16.09.04.წ. დამატების მიხედვით, რომელიც სსსკ 405-ე მუხლმა განიცადა, განისაზღვრა, რომ წინასწარი გამოძიების მიმდინარეობისას პროცესის უფლებამოსილი მონაწილენი საქმის მასალებს ეცნობიან შეუზღუდავად, დოკუმენტის წაკითხვის, ასლების გადაღების, ამონაწერების გაკეთების და კანონით დადგენილი სხვა ფორმით.

ამდენად, ამ უფლებამ მოიცვა ყველა მანამდე არსებული უფლება და ეჭვმიტანილსა და ბრალდებულს მიეცა შესაძლებლობა, გაეცნოს და გადაიღოს მთლიანი სისხლის სამართლის საქმის მასალები წინასწარი გამოძიების მთელი პერიოდის განმავლობაში. თუმცა, ამ უფლების გარეშე, არსებობს მათი უფლება და შესაბამისად გამოძიების ბალდებულება, რომ ეჭვმიტანილსა და ბრალდებულს გადასცეს დაკავების ოქმის, ჩხრეკის ოქმის, ეჭვმიტანილად ცნობის დადგენილების, საბრალდებო დასკვნის და ძირითადი საპროცესო დოკუმენტის ასლები. ასეთ შემთხვევაში, ეს დოკუმენტები გადაღებული იქნება გამოძიების ხარჯით. იმ შემთხვევაში კი, როდესაც ეჭვმიტანილი ან ბრალდებული იღებს საქმის მასალათა ქსეროასლებს, ამას ის აკეთებს საკუთარი ხარჯით.

ამ უფლების გამოყენება ძალზედ მნიშვნელოვანი და გადაუდებელია, ვინაიდან თქვენ ხელთ გექნებათ საქმის მასალების ქსეროასლები და თავიდანვე გამორიცხავთ შემდგომ გაუგებრობებს, რაც დაკავირებულია დოკუმენტების გამოცვლასთან და ა.შ.

4.8. კერძო გამოძიება

ეჭვმიტანილსა და ბრალდებულს აქვთ უფლება წარუდგინონ გამომძიებელს, პროკურორსა და სასამართლოს კერძო გამოძიების მონაცემები, რომლებიც აუცილებლად უნდა დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს:

იმ შემთხვევაში, თუ გამოძიება არ თანხმდება თვქენი აზრით საქმიანობისათვის საჭირო საგამოძიებო მოქმედების ჩატარებას, თქვენ უფლება გაქვთ, ასეთი ღონისძიება დამოუკიდებლად აწარმოოთ და მისი შედეგები წარადგინოთ.

პრაქტიკაში გავრცელებულია ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარება და მოწმეთა დაკითხვა. თქვენს მიერ მოპოვებული კერძო გამოძიების მასალები აუცილებლად უნდა დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, მაგრამ საპროცესო კოდექსი გარკვეულ წესებს ადგენს იმისათვის, რომ მათ მიენიჭოთ მტკიცებულების მნიშვნელობა: ალტერნატიული ექპსპერტიზის შემთხვევაში, ექსპერტიზის დასკვნა აუცილებლად დაერთვის საქმეს და განიხილება საქმის სხვა მასალებთან ერთად, ანუ იგი თავიდანვე იძენს მტკიცებულების მნიშვნელობას. რაც შეეხება სხვა მონაცემებს, როგორიც შეიძლება იყოს ნივთმტკიცება, მტკიცებულების მნიშვნელობას იძენს მას შემდეგ, რაც პროცესის მწარმოებელი ორგანო გამოიტანს დადგენილებას მისი, როგორც მტკიცებულებად ცნობის შესახებ.

საპროცესო კოდექსის 44-ე მუხლში მითითებულია, რომ კერძო გამოძიება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით არ რეგულირდება. მიუხედავად ამისა, გამოძიება არასასურველი მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებას დაუშვებელ მტკიცებულებად მიიჩნევს ხოლმე, რაც არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, მოქმედი საპროცესო კოდექსი კერძო გამოძიების შედეგების დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის შესაძლებლობას არ იცნობს და არ უშვებს. ამდენად, ეს უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უფლებაა თქვენი უფლებების დაცვისა და რეალიზაციის კუთხით.

4.9. სასამართლო განხილვებში მონაწილეობის უფლება

ვინაიდან ეჭვმიტანილი და ბრალდებული დაცვის მხარეს წარმოადგენს, მათი მონაწილეობით იმართება საქმის სასამართლოში განხილვა, რაიონულ და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში ეს უფლება სრულყოფილადაა დაცული და ამ კუთხით რაიმე თავისებურებებს არ ვხვდებით, მაგრამ უზენაეს სასამრთლოში საკასაციო განხილვა გარკვეულ თავისებურებებთანაა დაკავშირებული.

უზენაეს სასამართლოში საკასაციო განხილვისას სასამართლო თავისი შეხედულებით წყვეტს მსჯავრდებულის მონაწილეობას, იმ შემთხვევაში თუ თქვენ გსურთ საკასაციო განხილვაზე დასწრება, ამისათვის საჭიროა მიუთითოთ საკასაციო საჩივარში, ან წერილობითი განცხადებით მიმართოთ სასამართლოს.

5 5. დასკვნა

▲ზევით დაბრუნება


ჩამოთვლილი უფლებების ცოდნა და დროული სარგებლობა მოგცემთ შესაძლებლობას, დახმარება გაუწიოთ სამართალდამცავ ორგანოებს და თავი დაიცვათ მათი თვითნებობისაგან. კანონით თქვენთვის მონიჭებული უფლებები გამოძიებისათვის წარმოშობენ ვალდებულებას მათი უზრუნველყოფისა, ამდენად, დროულად და სრულყოფილად ისარგებლეთ თქვენი უფლებებით, რათა მაქსიმალურად დაიცვათ თავი გამოძიების თვითნებობისაგან.

6 შეწყალების და გამოყენების წესი და თავისებურებანი

▲ზევით დაბრუნება


6.1 6. შეწყალების და გამოყენების წესი და თავისებურებანი

▲ზევით დაბრუნება


(მოამზადა თეა გარდანმა)

6.1. შესავალი

საქართველოს უახლეს ისტორიაში განვითარებულ მოვლენებს უამრავი ცვლილება და სიახლე მოჰყვა საკანონმდებლო სავრცეშიც, რამდენად დადებითი შედეგების მომტანი იქნება საკანონმდებლო ნოვაციები, ამას დრო და პრაქტიკა გვიჩვენებს.

პატიმრისათვის ერთადერთი პრეზიდენტის წყალობა, ანუ შეწყალებაა, დამნაშავის შეწყალებას, როგორც ხელისუფალთა უმაღლეს ნებას, უძველესი დროიდან იცნობს კაცობრიობის ისტორია. უამრავი შემთხვევაა ცნობილი, როცა გამოჩენილ ადამიანებს - მეცნიერებს, ხელოვანებს, სამხედრო თუ თანამდებობის პირებს, რევოლუციონერებს უსჯიდნენ სასჯელს უმაღლეს ზომას - დახვრეტას, დაწვას, ჩამოხრჩობას ან სამუდამო პატიმრობას, მაგრამ აღსრულების წინ ცვლიდნენ გადაწყვეტილებას.

სახელმწიფო მმართველობის უმაღლეს პირს ყბელა დროში გააჩნდა კეთილი ნების გამოჩენის და სასჯელმისჯილის შეწყალების უფლება, საქართველოს ისტორიაშიც მრავლად არის ფაქტები, როცა ქვეყნის მმართველები ქრისტიანული გულმოწყალებით უტევებდნენ და სიცოცხლეს უნარჩუნებდნენ დამნაშავეებს. მაგალითისთვის მხოლოდ დავით აღმაშენებლი კმარა, რომელმაც კლდეკარის ურჩ ერისთავს ლიპარიტ ბაღვაშს ორჯერ აჩუქა სიცოცხლე, ასე რომ, შეწყალება ქართველისა და მისი ბუნებისათვის უცხო არ არის.

შეწყალება არის საქართველოს პრეზიდენტის ინდივიდუალური აქტი. რომელიც ხორციელედება, განსაზღვრულ პირთა მიმართ. შეწყალების აქტით მსჯავრდებული შეიძლება გათავისუფლდეს როგორც სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, ასევე შეუმცირდეს ან შეეცვალოს უფრო მსუბუქი სასჯელით.

სასჯელმოხდილს, შეწყალების აქტით, შეიძლება მოეხსნას ნასამართლობა. აღნიშნული უფლება მოსილება მას მინიჭებული აქვს 73-ე მუხლის საფუძველზე.

ჩვენ თანამედროვეობაში შეწყალების გამოყენების წესი და პროცედურა დარეგულირებულია საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 19 ივლისის ბრძანებულებით.

შეწყალება გამოიყენება იმ პირების მიმართ, რომელთაც:

- მისჯილი აქვთ უვადო თავისუფლების აღკვეთა და ფაქტობრივად მოხდილი აქვთ თავისუფლების აღკვეთის 25 წელი.

- სასჯელს იხდის თავისუფლების აღკვეთის სახით ორი ან მეტი დანაშაულის ჩადენისათვის და მოხდილი აქვს დანიშნული სასჯელის ნახევარი;

- მსჯავრი დაედო მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის და მისჯილი აქვს თავისუფლების აღკვეთა ხუთ წელზე მეტი ვადით და მოხდილი აქვს დანიშნული სასჯელი ნახევარი;

- ადრე მსჯვრდებული იყო და ნასამართლეობის გაქარწყლებამდე ან მოხსნამდე კვლავ ჩაიდინა განზრახი დანაშაული და მოხდილი აქვს დანიშნული სასჯელის ნახევარი;

- პირველადაა მსჯევრდებული ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით და მოხდილი აქვს დანიშნული სასჯელი 1/3;

შეწყალება, როგორც წესი არ გამოიყენება იმ პირთა მიმართ:

- რომლის მიმართ ადრე გამოყენებულ იქნა ამნისტია ან შეწყალება და ნასამართლეობის გაქარწყლებამდე ან მოხსნამდე კვლავ ჩაიფინა განზრახი დანაშაული;

- რომელიც სასჯელს იხდის პირობითი მსჯავრდებისას სასამართლოს მიერ დანისნული გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ჩადენილი განზრახი დანაშაულისათვის;

- რომელიც სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლდა პირობით ვადამდე ადრე და ნასამართლეობის გაქარწყლებამდე ან მოხსნამდე კვლავ ჩაიდინა განზრახი დანაშაული;

- რომელსაც სასმართლოს მიერ სასჯელის მოუხდელი ნაწილი შეცვლილი აქვს უფრო მსუბუქი სასჯელით;

- რომელიც სასჯელის მოხდის ადგილიდან ხასიათდება უარყოფითად;

- რომელიც თავს არ ცნობს დამნაშავედ, არ ინანიებს ჩადენილ დანაშაულს და არ ითხოვს შეწყალებას;

თუმცა, მსჯავრდებული არასრულწლოვანია ან არსებობს განსაკუთრებული გარემოებები და შეწყალების საკითხთა კომისიის შესაბამისი გადაწყვეტილება, შეიძლება ამ გარემოებების არსებობის შემთხვევაში განხილულ იქნეს მსჯავრდებულთა შეწყალების საკითხი.

შეწყალების შესახებ შეუამდგომლობათა წინასწარი გახილვისა და მსჯვრდებულთა შეწყალების თაობაზე საქართველოს პრეზიდენტისათვის წინადადებათა წარდგენის მიზნით, იქმნება შეწყალების საკითხთა კომისია.

კომისიის შემადგენლობაში შედიან საქართველოს პარლამენტის წევრები, საქართველოს სახალხო დამცველი, საზოგადოების წარმომადგენლები. კომისიის სხდომებს იწვევს თავმჯდომარე, სწორედ აღნიშნულ კომისიის სხდომებზე განიხილება კონკრეტული საქმეები,. გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარი დაუჭირა დამსწრეთა უმრავლესობამ, ხოლო ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა. კომისიის მიერ მომზადებულ წინადადებებს, შეწყალების თხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე, განიხილავს საქართველოს პრეზიდენტი და იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას.

საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია, შეწყალების შუამდგომლობის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე და/ან ამ დებულებით დადგენილი მოთხოვნების დაუცველად, მიიღოს გადაწყვეტილება პირის შეწყალების თაობაზე.

ამის შემდგომ, გამოიცემა შეწყალების აქტი პრეზიდენტის განკარგულებით, სადაც მითითებულია შეწყალებული პირის ბიოგრაფიული მონაცემები, სასამართლოს განაჩენი, სისხლის სამართლის კოდქსის მუხლი, რომლითაც იქნა მსჯავრდებული, შეწყალების ღონისძიების სახე და საფუძველი.

შეწყალების თხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში, კომისია იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, ასეთ შემთხვევაში, კომისიაზე განსახილველად განმეორებითი თხოვნა შეიძლება შეტანილ იქნეს შეუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ კომისიის გადაწყვეტილების მიღების ექვსი თვის შემდეგ.

საქართველოს პრეზიდენტს შეწყალების თაობაზე თხოვნით მიმართავენ თავად მსჯავრდებულები ან მათი ოჯახის წევრები, საქართველოს პარლამენტის წევრები, ცალკეული პირები, პირთა ჯგუფები, ორგანიზაციები და უწყებები. შეწყალების თხოვნას იღებს პრეზიდენტის კანცელარია. იგი სათანადო რეგისტრაციის შემდგომ, თხოვნას გადასცემს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შიდა პოლიტიკის სამსახურის, რომელიც შემოსვლიდან ერთ თვეში უზრუნველყოფს სათანადო დოკუმენტაციის გამოთხოვას შესაბამისი სამსახურებიდან. შეწყალების საკითხთა განყოფილება ამ დოკუმენტების საფუძველზე ადგენს ცნობას და ამზადებს შეწყალების საქმეს კომისიაზე განსახილველად.

ის შესაბამისი სამსახურები, რომელთაც აღნიშნული განყოფილება მიმართავს, ვალდებულნი არიან, დოკუმენტების გამოთხოვის თაობაზე თხოვნის მიღებიდან ორ კვირაში უზრუნველყონ საჭირო მასალების გადაგზავნა.

მსჯავრდებული პირის შეწყალების საქმეს შუამდგომლობასთან ერთად უნდა ერთვოდეს შემდეგი სახის დოკუმენტაცია;

1.განაჩენის (განაჩენთა) ასლი, რომლის საფუძველზეც პირი იხდის სასჯელს, ასევე იმ გადაწყვეტილებათა ასლები, რომლებიც გამოტანილია ზემდგომი სასამართლო ინსტანციების მიერ განაჩენის თაობაზე;

2. ცნობა მსჯავრდებულის ჯამრთელობის მდგომარეობის შესახებ;

3.მონაცემები დანაშაულის შედეგად გამოწვეული ზიანის შესახებ;

4.ცნობები მსჯავრდებული ბიოგრაფიული მონაცემებისა და მისი ოჯახური მდგომარეობის შესახებ;

5.ცნობა მსჯავრდებულის მიმართ ნასამართლევის შესახებ;

6.მსჯავრდებულის დახასიათება, გაცემული სასჯელი აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელის მიერ;

7.მონაცემები მსჯავრდებულის მიმართ ამნისტიის ან შეწყალების აქტის გამოყენების თაობაზე;

8.მონაცემები შეწყალების თაობაზე ადრე წარდგენილი შუამდგომლობებისა და მათი განხილვის შესახებ;

მსჯავრდებულის თხოვნით, შუამდგომლობას შეიძლება დაერთოს სხვა მასალები, რომელთაც არსებითი მნიშვნელობა აქვს შეწყალების საკითხის გადასაწყვეტად.

მაგალითად, თუ პირი წარმოადგენს რომელიმე ეკლესიის მრევლს, მოძღვარის დახასიათება, დაზარალებულის დადებითი პოზიციის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი და ა.შ.

აღნიშნული განყოფილება ამზადებს საქართველოს პრეზიდენტთან წარსადგენად განკარგულებათა პროექტებს, ახორციელებს შეწყალების შუამდგომლობებზე პასუხების გაცემასა და აღრიცხვას.

შეწყალების აქტით მსჯავრდებული შეიძლება:

- გათავისუფლდეს სასჯელის შემდგომი მოხდისგან;

- გათავისუფლდეს სასჯელის მოხდისაგან ნაწილობრივ - სასჯელის ვადის შემცირება;

- შეეცვალოს სასჯელი მოუხდელი ნაწილი უფრო მსუბუქი სასჯელით.

შეწყალების (შუამდგომლობის თხოვნის) განხილვისას მხედველობაში მიიღება მსჯავრდებულის პიროვნება, ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივი საშიში ხასიათი, ნასამართლობა, სასჯელის მოხდის ვადა, სასჯელი მოხდის ადგილებში მსჯაცრდებულის ქცევა, ოჯახური პირობები, ჯანმრთელობის მდგომარეობა, დაზარალებულის მოსაზრება და სხვა გარემოებანი.

არასრულწლოვანი პირის შეწყალების შუამდგომლობის განხილვისას, რიგგარეშე და ზემოდაღნიშნული გარემოებების გარდა, მხედველობაში მიიღება პირის ფსიქიკური განვითარების დონე, ცხოვრების და აღზრდის პირობები და სხვა პიროვნული თავისებურებანი.

კომისიის გადაწყვეტილებით, საჭიროების შემთხვევაში, შეწყალების თხოვნა დასკვნისათვის შეწყალების საქმის მასალებთან ერთად შეიძლება გაეგზავნოს საქართველოს გენერალურ პროკურატურას, იუსტიციის სამინისტროს. აღნიშნულმა ორგანოებმა თავიანთი დასკვნები კომისიას უნდა წარუდგინონ შეწყალების საქმის მიღებიდან ორ კვირაში.

მსჯავრდებულის შეწყალების თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება შესასრულებლად ეგზავნება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, ხოლო სასჯელმოხდილის შეწყალების თაობაზე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.

პრეზიდენტის განკარგულება შეწყალების თაობაზე ეგზავნება საქართველოს საქმეთა სამინისტროს.

იმ შემთხვევაში, თუ კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება შეწყალების უარის თქმის შესახებ, იგი აუცილებლად უნდა ეცნობოს თხოვნის შემომტან პირს და ცნობისათვის - სასჯელის აღმასრულებელ ორგანოს.

მსჯავრდებულთა შეწყალების თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების აღსრულებას უზრუნველყოფს სასჯელის აღმასრულებელი ორგანო დაუყონებლივ, რომელიც თავის მხრივ, განკარგულების შესრულების თაობაზე ინფომაციას აწვდის შეწყალების საკითხთა განყოფილებას.

2004 წლის 10 ივნისს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების „შეწყალების საკითხთა კომისიის შექმნის შესახებ“ საფუძველზე შეიქმნა შეწყალების კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ელენე თევდორაძე - საქართველოს პარლამენტის წევრი, კომისიის თავმჯდომარე;

სიმონ (ჯემალ) აჯიაშვილი - მწერალი;

ლაშა ბაქრაძე - გერმანისტი, ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი;

ლაშა ბუღაძე - დრამატურგი;

ნიკა გვარამია - საქართველოს პარლამენტის წევრი;

ელგუჯა (გია) გვაზავა - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;

კოკა გუნცაძე - საქართველოს პარლამენტის წევრი;

მარიკა ვერულაშვილი - საქართველოს პარლამენტის წევრი;

ზურა კიკნაძე - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოლკლორისტიკის კათედრის გამგე, გელათის აკადემიის აკადემიკოსი;

იმირ მამედოვი - მწერალი;

ნიკოლოზ რურუა - საქართველოს პარლამენტის წევრი;

ლაშა ტუღუში - გაზეთ „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორი;

გივი შაჰნაზარი - მწერალი;

ბეჟან ხურციძე - საქართველოს პარლამენტის წევრი;

კომისიის შემადგენლობაში მუდმივი სტატუსით შეყვანილია საქართველო სახალხო დამცველი;

განიხილა 1238 მსჯავრდებულის საქმე. კომისიის წინადადებით საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა 139 მსჯავრდებული, რომელთაგანაც 107 გათავისუფლდა სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, 32-ს შეუმცირდა მოსახდელად დარჩენილი სასჯელი, 294 - ს უარი ეთქვა შეწყალებაზე.

2005 წელს შეწყალების საკიხთა კომისიის წინადადებებით საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა 139 მსჯავრდებული, რომელთაგანაც 107 გათავისუფლდა სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, 32 - ს შეუმცირდა მოსახდელად დარჩენილი სასჯელი, 294 -ს უარი ეთქვა შეწყალებაზე.

6.2 7. პირობითი მსჯავრი

▲ზევით დაბრუნება


იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებულის გამოსწორება შეიძლება სასჯელად დანიშნული გამასწორებელი სამუშაოს, სამხედრო პირის სამსახურეობრივი შეზღუდვის, თავისუფლების შეზღუდვის და თავისუფლების აღკვეთის მოხდის გარეშე, სასამართლოს შეუძლია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობით. პირობითი მსჯავრის დროს სასამართლო ითვალისწინებს სასჯელის დანიშნვის საფუძველს და მოსალოდნელ ეფექტს. პირობითი მსჯავრის დროს შეიძლება დაინიშნოს დამატებითი სასჯელი, ისეთები, როგირცაა ჯარიმა და საქმიანობის ან თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა.

თუ არსებობს შესაბამისი საფუძვლები, სასამართლო ადგენს გამოსაცდელ ვადას, რომლის განმავლობაში მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანააული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა. მაგალითად, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, არ მოინახულოს განსაზღვრული ადგილი, მატერიალურად დაეხმაროს ოჯახს, გაიაროს ალკოჰოლიზმის, ნარკომანიის ან ვენერიული სენის მკურნალობის კურსი და ა.შ.

ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთის, ან უფრო მსუბუქი სასჯელის დანიშნვისას გამოსაცდელი ვადა უნდა იყოს არანაკლებ ერთი და არაუმეტეს სამი წლისა, ხოლო ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთის დანიშნვისას - არანაკლებ ერთი და არა უმეტეს ექვსი წლისა.

პირობით მსჯავრდებულის ყოფაქცევის კონტროლს და მის დამხარებას ახროციელებს პრობაციის ბიურო, რომელიც ვალდებულია, მოვალეობის შეუსრულებლობის შესახებ დაუყონებლივ აცნობოს სასამათლოს. პირობით მსჯავრდებული სამხედრო მოსამსახურის მიმართ კონტროლს ახორციელებს სამხედრო ნაწილის ხელმძღვანელობა.

თუ პირობითი მსჯავრდებული გამოსაცდელი ვადის არანაკლებ ნახევრის გასვლის შემდეგ დაამტკიცებს თავის გამოსწორებას, სასამართლოს შეუძლია გააუქმოს პირობითი მსჯავრი და მსჯავრდებულმა თავი აარიდა მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულებას, ან დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი, რის გამოც შეფერხდა ადმინისტრაციული სახდელი, სასამართლოს შეუძლია დაუგრძელოს გამოსაცდელი ვადა არა უმეტეს ერთი წლისა.

გამოსაცდელი ვადის პეიროდში დაკისრებული მოვალეობის ჯიუტად თავის არიდებისა და სისტემატიური შეუსრულებლობის შემთხვევაში, სასამართლოს შეუძლია, გააუქმოს პირობითი მსჯავრი და აღასრულოს განაჩენით დანიშნული სასჯელი.

6.3 8.სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლდება

▲ზევით დაბრუნება


თუ პირი უკვე მსჯავრდებულია და სასჯელს იხდის გამოსწორებულ სამუშაოს, თავისუფლების შეზღუდვისა და თავისუფლების აღკვეთის სახით, შეიძლება პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლდეს, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ მისი გამოსწორებისათვის საჭირო აღარ არის დანიშნული სასჯელი მთლიანად მოხდა. ამასთან, ის შეიძლება მთლიანად ან ნაწილობრივ გათავისუფლდეს დამატებით სასჯელის მოხდისაგან.

პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ მსჯავრდებულმა ფაქტობრივად მოიხადა:

ა. ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის დანიშნული ვადის არანალებ ნახევარი;

ბ. მძიმე დანაშაულისათვის დანიშნიშნული სასჯელის ვადის არანაკლებ ორი მესამედი;

გ. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელის არანაკლებ სამი მეოთხედი;

დ. სამი მეოთხედი სასჯელისა, რაც დანიშნული ჰქონდა პირს, რომელიც წინათ პრიობით ვადამდე ადრე გაათავისუფლეს, ხოლო პირობით ვადამდე გათავისუფლება გაუქმდა იმის გამო, რომ მსჯავრდებულმა ჯიუტად აარიდა თავი დაკისრებული მოვალეობის შესრულებას, ჩაიდინა გაუფრთხილებელი ან განზრახი დანაშაული.

მსჯავრდებული უვადო თავისუფლების აღკვეთის მოხდისგან შეიძლება გათავისუფლდეს, თუ მან ფაქტობრივად მოიხადა თავისუფლების აღკვეთის ოცდახუთი წელი და სასამართლო მიიჩნევს, რომ საჭირო აღარ არის მსჯავრდებულმა გააგრძელოს ამ სასჯელის მოხდა.

პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლებული მსჯავრდებულის ყოფაქცევის კონტროლს, ისევე როგორც პირობით მსჯავრდებული პირისას, ახორციელებს პრობაციის სამსახური, ხოლო სამხედრო მოსამსახურის ყოფაქცევისას - სამხედრო ნაწილის ხელმძღვანელობა.

იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებულმა სასჯელის მოუხდელ ვადაში ჯიუტად ააარიდა თავის მისთვის დაკისრებული მოვალეოიბის შესრულებას, სასამართლოს შეუძლია მაკონტროლებელი ორგანოს წარდგინების საფუძველზე, გააუქმოს პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლება და აღასრულდეს სასჯელის მოუხდელი ნაწილი.

თუ პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებულმა პირმა ჩაიდინა გაუფრთხილებელი დანაშაული, ვადამდე გათავისუფლების გაუქმების ან ძალაში დატოვების საკითხს წყვეტს სასამართლო. ხოლო თუ მან ჩაიდინა განზრახი დანაშაული, სასმართლო უნიშნავს მას სასჯელს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, განაჩენთა ერთობლიობით, ანი ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს, ნაწილობრივ ან მთლიანად, მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.

სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლას. აღნიშნულის შესახებ სასამართლოსათვის უფლება მსჯავრდებულს და მის დამცველს შეუძლიათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც პირი მსჯავრდებულია ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის და მან ფაქტობრივად მოიხადა დანაშაული სასჯელი არანაკლებ ერთი მესამედი.

სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლება შეიძლება განხორციელდეს იმ პირთა მიმართაც, ვინც სასჯელის მოხდის პერიოდში დაავადდა ფსიქიკურად, რის გამოც არ შეუძლია გააცნობიეროს თავისი ქმდების ფაქტობრივი ხასიათი. მას შეუძლია დაენიშნოს სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიება, სასამართლოს ასევე შეუძლია სასჯელისაგან გაათავისფულოს ის, ვინც დანაშაულის ჩადენამდე, ან ჩადენის შემდგომ დაავადდა სხვა მძიმე ავადმყოფობით, რაც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, ასევე სასჯელის მოხდის პერიოდში ხანდაზმულობის ასაკს მიღწეული პირები (ქალები - 65 წლიდან, მამაკაცები - 70 წლიდან), თუ მისჯილი არა აქვთ უვადო თავისუფლების აღკვეთა და მოხდილი აქვთ სასჯელის არანაკლებ ნახევარი.

მსჯავრდებულს სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე ადრე ათავისუფლებს სასმართლო სასჯელაღსრულების ორგანოს წარდგინებით. ხოლო მსჯავდრებულს რაიმე თანამდებობის დაკავების და საქმიანობის უფლების ჩამორთმევის სახით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან ათავისუფლებს სასმართლო მსჯავრდებულის ან მისი დამცველის შუამდგომლობით.

იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო უარს ირყვის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლებაზე, იმავე საკითხზე წარდგინების ან შუამდგომლობის ხელახალი განხილვა შეიძლება მხოლოდ 6 თვის შემდეგ.

სასამართლოს მიერ გამოტანილი დადგენილება, სასჯელაღსრულების დაწესებულების წარდგინებაზე უარის თქმის შესახებ, შესაძლებელია გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატაში რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

სასჯელის მიზანი, სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაციაა. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

სამწუხაროდ, დღევანდელ რეალობაში ყველაზე ხშირად სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოიყენება, რაც ძალიან იშვიათად აღწევს კოდექსით დასახულ მიზანს, სწორედ ამიტომ დაუშვა კანონმდებელმა გამონაკლისები, როდესაც პიროვნებას ეძლევა შესაძლებლობა თავისუფალ და ნორმალურ გარემოში გაანალიზოს დაშვებული შეცდომები.