![]() |
ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობა: სამოქალაქო საზოგადოების მოლოდინები და ახალი შესაძლებლობები |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
თემატური კატალოგი ევროინტეგრაცია |
საავტორო უფლებები: © მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი |
თარიღი: 2010 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: თებერვალი 2010 მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი (CIPDD) დამოუკიდებელი, საჯარო პოლიტიკის საკითხებზე მომუშავე კვლევითი ცენტრია. ინსტიტუტი დაფუძნდა თბილისში 1992 წელს. კავკასიური ინსტიტუტი ასრულებს კვლევით სამუშაოებს, ამზადებს და გამოსცემს სხვადასხვა პუბლიკაციას, აწყობს კონფერენციებს, მრგვალ მაგიდებს და საჯარო დისკუსიებს. ინსტიტუტი აგრეთვე ატარებს სასწავლო ტრენინგებს და სემინარებს. ინსტიტუტის კომპეტენცია განსაკუთრებით მაღალია ისეთ სფეროებში, როგორებიცაა: ეთნიკური და რელიგიური უმცირესობები და სამოქალაქო ინტეგრაცია, ადგილობრივი თვითმმართველობა, სამოქალაქო საზოგადოების განვითარება, მედია, პოლიტიკური პარტიები, სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობები და უსაფრთხოების სექტორის რეფორმები. © CIPDD გამოცემა მომზადებულია ღია საზოგადოების ინსტიტუტის კვლევითი ინსტიტუტების ფონდის (OSI TTF) ფინანსური მხარდაჭერით. გამოცემაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ფონდის თვალსაზრისს. მისამართი: აკაკი წერეთლის გამზირი 72, თბილისი 0154, საქართველო სააბონენტო ყუთი 101, თბილისი 0108, საქართველო ტელ: (995 32) 35 51 54, ფაქსი (995 32) 35 57 54 ელ-ფოსტა: info@cipdd.org; |
![]() |
1 რეზიუმე |
▲ზევით დაბრუნება |
2009 წლის 7 მაისს ძალაში შევიდა ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის ინიციატივა, რომელიც წარმოადგენს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების და აღმოსავლეთ ევროპის მეზობელი ქვეყნების სომხეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, უკრაინას, მოლდოვასა და ბელორუსის ერთობლივ მცდელობას, ახალ დონეზე აიყვანონ და გააღრმაონ თანამშრომლობა.
ინიციატივის საფუძველზე აღმოსავლეთის პარტნიორობის მონაწილე ქვეყანას, მათ შორის, საქართველოს, შესაძლებლობა ეძლევა, ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში დააჩქაროს ევროკავშირთან პოლიტიკური დაახლოების და ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესი. აღმოსავლეთის პარტნიორობა არ წარმოადგენს 2004 წლიდან ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში ევროკავშირსა და პარტნიორ ქვეყანას შორის შეთანხმებული სამოქმედო გეგმის ალტერნატივას; ის შესაძლებლობას იძლევა განახლდეს და გაღრმავდეს არსებული თანამშრომლობის ფორმატი. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ აღმოსავლეთის პარტნიორობის ახალი ინიციატივა წარსულში მოქმედი და მიმდინარე თანამშრომლობის ფორმატებისგან ორი ფაქტორით განსხვავდება.
ერთი მხრივ, ინიციატივის ფარგლებში ცალკეულ ქვეყანასთან ევროკავშირის თანამშრომლობის მასშტაბი და სიღრმე განისაზღვრება თავად ქვეყანაში გატარებული რეფორმების ინტენსივობით და წარმატების დონით. ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირი მზადაა გააღრმაოს ურთიერთობები პარტნიორ სახელმწიფოებთან „ინკლუზიურობის, განსხვავებულობისა და პირობითობის პრინციპების დაცვით”1.
მეორე მხრივ, ევროკავშირი მზადაა, განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭოს სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობას პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ამ მიზნით, 2009 წლის 17 ნოემბერს ბრიუსელში შეიქმნა სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი, რომელშიც შევიდნენ აღმოსავლეთის პარტნიორების და ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. მათ მიერ წარდგენილი ყველაზე ინოვაციური და გამბედავი იდეები რვა დეკემბერს ევროკავშირის და პარტნიორების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის მონაწილეებს გადაეცა. როგორც ევროკომისიის ოფიციალური პირები აცხადებენ, მათი გათვალისწინება აღმოსავლეთის პარტნიორობის თემატური პლატფორმის განხილვისას მოხდება.
წარმოდგენილი ანგარიში მიმოიხილავს ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის ფარგლებში განსაზღვრულ ძირითად მიზნებს და განვითარების პერსპექტიულ მიმართულებებს. ინიციატივის კონკრეტული პროგრამები და ცალკეულ ქვეყანასთან თანამშრომლობის დეტალები კვლავაც არაა განსაზღვრული, მათი ჩამოყალიბება კი გარკვეულ დროს მოითხოვს და როგორც ევროკავშირის, ისე პარტნიორების შემდგომ ძალისხმევას საჭიროებს; ამიტომ ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მიერ 2009 წლის ნოემბერში ბრიუსელში გამართულ სამოქალაქო საზოგადოების ფორუმზე წარდგენილ რეკომენდაციებზე. აღნიშნული დოკუმენტები საშუალებას იძლევა შეიქმნას წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რა მოლოდინები აქვთ პარტნიორი ქვეყნების სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ევროკავშირი - აღმოსავლეთის პარტნიორობის წევრი ქვეყნის თანამშრომლობის კონკრეტული პრიორიტეტებისა და მოსალოდნელი შედეგების შესახებ.
________________
1. ევროპის საბჭოს და აღმოსავლეთის პარტნიორობის ინიციატივის წევრი ქვეყნების 2009 წლის 7 მაისის ერთობლივი დეკლარაცია. http://www.consilium.europa.eu/applications/search/newsDocDetails.asp? cmsid=650&dockey=107589&doclang=EN&lang=EN 2009 წლის. 8 დეკემბერს ევროპის საბჭოს დასკვნა სამხრეთ კავკასიის შესახებ.
![]() |
2 აღმოსავლეთის პარტნიორობის ინიციატივა |
▲ზევით დაბრუნება |
2004 წლის ევროკავშირის ბოლო წარმატებულმა გაფართოებამ ბიძგი მისცა ევროპის სამეზობლო პოლიტიკას, რომლის საფუძველზე ევროკავშირმა მიზნად დაისახა მის აღსავლეთით და სამხრეთ საზღვრებთან მდებარე 16 ქვეყანასთან თანამშრომლობის გაუმჯობესება, პოლიტიკური ურთიერთობებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის გაღრმავება, სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის დონის გაზრდა. თანამშრომლობის პრიორიტეტები განისაზღვრა სამეზობლო პოლიტიკის მონაწილე ყველა ცალკეულ პარტნიორ ქვეყანასთან შეთანხმებულ ორმხრივ სტრატეგიულ დოკუმენტში - ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმა. აღნიშნულ დოკუმენტში ჩამოყალიბებულია პარტნიორ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების მოკლევადიანი და საშუალოვადიანი პრიორიტეტები, ასევე - განსახორციელებელი ღონისძიებების კონკრეტული გეგმა. გასულ წლებში სამოქმედო გეგმის განხორციელებამ ხელი შეუწყო მეზობელი სახელმწიფოების მცდელობას (მათ შორის, საქართველოსას), ქვეყანაში დაამკვიდროს კარგი მმართველობა და სამართლიანი სოციალური და ეკონომიკური გარემო, უზრუნველყოს ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში დაგეგმილი დახმარების პროგრამების განხორციელება.
აღმოსავლეთის პარტნიორობის ინიციატივით გათვალისწინებული პოლიტიკა ნათლად განსაზღვრული მიზნების განხორციელებას ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ფორმატის ფარგლებში შეეცდება.
მეზობელი ქვეყნების ფინანსური და ტექნიკური დახმარებისათვის ევროკავშირმა გამოიყენა გაფათოების პროცესში ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში უკვე გამოცდილი და წარმატებული ინსტრუმენტები; შეიქმნა ახალი საშუალებები, როგორიცაა სამეზობლო და პარტნიორობის ინსტრუმენტი, სამეზობლოს საინვესტიციო და სამთავრობო მომსახურეობა და სხვა1. 2008 წლის ივნისში ევროპის საბჭომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების - პოლონეთისა და შვედეთის - ინიციატივის საფუძველზე დაავალა ევროკომისიას სამეზობლო პოლიტიკის პროცესის შემდგომი განვითარება „აღმოსავლეთის პარტნიორობის ინიციატივის” ფარგლებში, რამაც დღის წესრიგში დააყენა ევროკავშირის აღმოსავლელი მეზობლების, კერძოდ, ბელორუსის, უკრაინის, მოლდოვას, საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის, შემდგომი დაახლოება ევროკავშირთან ახალი ინიციატივების საფუძველზე2. 2008 წლის სამ დეკემბერს ევროპის კომისიამ აღმოსავლეთის პარტნიორობის ინიციატივა წარუდგინა ევროპის საბჭოს. ინიციატივის ძირითადი მიზანი იყო სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში ევროკავშირისა და მისი აღმოსავლელი პარტნიორი ქვეყნების თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავება.
აღმოსავლეთის პარტნიორობის ინიციატივა ფორმალურად ძალაში შევიდა 2009 წლის შვიდ მაისს აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტზე მიღებული ერთობლივი დეკლარაციის მიღებით. დეკლარაციის საფუძველზე ცნობილი გახდა, რომ აღმოსავლეთის პარტნიორობის ინიციატივით გათვალისწინებული პოლიტიკა ნათლად განსაზღვრული მიზნების განხორციელებას ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ფორმატის ფარგლებში შეეცდება.
კერძოდ, ევროკავშირი ცლკეულ აღმოსავლეთის პარტნიორ ქვეყანას სთავაზობს კონკრეტულ, გრძელვადიან მხარდაჭერას დემოკრატიული და საბაზრო რეფორმების გასატარებლად, რაც პოლიტიკურ და ეკონომიკურ სტაბილურობას შეუწყობს ხელს. ამასთან, აღმოსავლეთის პარტნიორობის ინიციატივა პოლიტიკის შემადგენელი მრავალმხრივი კომპონენტის დახმარებით ევროკავშირს აძლევს დამატებით შესაძლებლობას რეფორმების დასაჩქარებლად, ქმნის ექვსი პარტნიორი ქვეყნის ფორუმს და ოთხ თემატურ პლატფორმას ერთმანეთში გამოცდილების გასაზიარებლად.
აღმოსავლეთის პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში ევროკავშირი მზადაა, პარტნიორებთან ორმხრივი მოლაპარაკებების საფუძველზე შეათანხმოს ასოციაციის ხელშეკრულება, რომელიც აღმოსავლეთის პარტნიორობის ინიციატივის ძირითადი ელემენტია. ის შეცვლის პარტნიორ ქვეყნებთან აქამდე მოქმედი პარტნიორობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულებას (PCA). ასოციაციის ხელშეკრულების ფარგლებში ევროკავშირსა და პარტნიორ ქვეყანას შორის ორმხრივი თანამშორმლობა შემდეგი მიმართულებებით განვითარდება:
ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების შეთანხმება და მიღება;
ყოვლისმომცველი პროგრამების მხარდაჭერა პარტნიორების სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობის პროგრამის ფარგლებში ადმინისტრაციული შესაძლებლობების განსავითარებლად;
„მობილობისა და უსაფრთხოების პაქტზე” მუშაობის დასრულება, რომელიც გაუადვილებს პარტნიორი ქვყენების მოქალაქეებს ევროკავშირში მოგზაურობას. ეს გააძლიერებს მცდელობას, ქვეყანაში დაიძლიოს კორუფცია, ორგანიზებული დანაშაული და მიგრაცია; ხელს შეუწყობს ევროკავშირის სტანდარტების დანერგვას, თავშესაფრისა და ინტეგრირებული სასაზღვრო მენეჯმენტის სისტემათა ჩამოყალიბებას; პროცესის საბოლოო მიზანი იქნება ვიზების სრული ლიბერალიზაცია. თანამშრომლობის ფარგლებში წახალისებული იქნება სამუშაო ძალის მობილურობის შესაძლებლობების კვლევა და ევროკავშირის სამუშაო ბაზრის გახსნა პარტნიორი ქვეყნებისათვის;
პარტნიორი ქვეყნებისათვის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერება ინფრასტრუქტურული ინვესტიციების მოძიების გზით, ენერგეტიკული ეფექტიანობის უკეთესი რეგულირებითა და კრიზისული სიტუაციების თავიდან ასაცილებლად ამ სფეროში ადრეული შეტყობინების სისტემის ამოქმედებით.
ამასთან, აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის მონაწილე ქვეყნებს შორის მრავალმხრივი თანამშრომლობისთვის ხელშეწყობა ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. ინიციატივის ფარგლებში მრავალმხრივი თანამშრომლობის განვითარების მიმართულებით შემდეგი შედეგების მიღწევა განისაზღვრა:
ოთხი თემატური პოლიტიკის პლატფორმის ფარგლებში თანამშრომლობა: 1) დემოკრატია, კარგი მმართველობა და სტაბილურობა, 2) ეკონომიკური ინტეგრაცია და ევროკავშირის პოლიტიკებთან მიერთება, 3) ენერგეტიკული უსაფრთხოება, 4) ხალხთა შორის კონტაქტები;
გარემოს დაცვისა და კლიმატის საკითხებზე თანამშრომლობა;
2013 წლამდე დამატებითი 350 მილიონი ევროს დაფინანსების მოძიება;
ხუთი მნიშვნელოვანი ინიციატივა (flagship initiative) გულისმობხ თემატური დიალოგის წარმართვას შემდეგ პოლიტიკებზე: 1) საზღვრის დაცვის პროგრამა, 2) ელექტრომომარაგების ბაზრის, ენერგოეფექტურობის და განახლებადი ენერგიების ინტეგრაცია, 3) მცირე და საშუალო ბიზნესის მომსახურეობა, 4) სამხრეთის დერეფანი, 5) კატასტროფების პრევენცია და რეაგირება.
აღმოსავლეთის პარტნიორობა ფარავს უსაფრთხოების საკითხებსაც; ის მხარს უჭერს სტაბილურობასა და უსაფრთხოებას ევროკავშირის საზღვრებთან, აძლიერებს კარგ სამეზობლო ურთიერთობებს პარტნიორებს შორის; ის გულისხმობს ეფექტიან თანამშრომლობას, პოლიტიკურ ურთიერთობებს პარტნიორებს შორის, კერძოდ, თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას ევროკავშირის ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ფარგლებში, წინასწარი შეტყობინების სისტემის გაძლიერებას კონფლიქტების რეგიონებში, თანამშრომლობას შეიარაღების ექსპორტის პოლიტიკისა და მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის საკითხებში.
ევროკავშირი მზადაა, პარტნიორებთან ორმხრივი მოლაპარაკებების საფუძველზე შეათანხმოს ასოციაციის ხელშეკრულება.
2004 წლიდან ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში მიმდინარე რეფორმებისა და მოდერნიზაციის პროცესში მიღწეულ პროგრესს დიდი მნიშვნელობა ექნება ევროკავშირისა და აღმოსავლეთის პარტნიორობის ინიციატივის მონაწილე მხარეების მომავალი თანამშრომლობისათვის, რომელიც ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში წარიმართება.
ევროკავშირთან თანამშრომლობის სიღრმესა და ინტენსიურობას ევროკომისია პარტნიორი ქვეყნის შესაძლებლობების და უნარების საფუძველზე განსაზღვრავს. ამისათვის, პარტნიორ ქვეყენაში რეფორმების მიმდინარეობის შეფასებით დაკავებული ევროკომისიის მაღალი თნამდებობის პირები ოთხი თემატური პლატფორმის ფარგლებში, სულ ცოტა, წელიწადში ორჯერ შეიკრიბებიან. ცალკეული პლატფორმის მუშაობის მხარდასაჭერად დაგეგმილია იმდენი სამუშაო შეხვედრის გამართვა, რამდენსაც საჭიროება მოითხოვს.
დაგეგმილია, რომ ევროკავშირის და აღმოსავლეთის პარტნიორი ქვეყნების სახელმწიფოთა მეთაურების შეხვედრა ორ წელიწადში ერთხელ გაიმართოს, ხოლო პროგრესის შესაფასებლად საგარეო საქმეთა მინისტრები ყოველწლიურად შეიკრიბონ.
აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის მონაწილე ქვეყნებს შორის მრავალმხრივი თანამშრომლობისთვის ხელშეწყობა ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა.
_______________
1. ENPI, Neighbourhood Investment Facility (NIF) and Governance Facility.
2. აღმოსავლეთის პარტნიორობის ინიციატივაში არ შედის რუსეთი, თუმცა, ევროკომისიის განცხადებით, ეს ინიციატივა არ არის რუსეთის ინტერესების საწინააღმდეგოდ მიმართული. რუსეთი კვლავაც რჩება ევროკავშირის სტრატეგიულ პარტნიორად, და რუსეთ-ევროკავშირის ახალი ყოვლისმომცველი ხელშეკრულება მომზადების პროცესშია.
![]() |
3 აღმოსავლეთის პარტნიორობის ფინანსური კონტრიბუცია და გამოყენებული ინსტრუმენტები |
▲ზევით დაბრუნება |
აღმოსავლეთის პარტნიორობისათვის მომავალ წლებში გამოყოფილი 600 მლნ ევრო ნაწილობრივ განეკუთვნება სამეზობლო პოლიტიკის და პარტნიორობის ინსტრუმენტის დაფინანსების არხებს და, შესაბამისად, თანხები იმართება სამეზობლო პოლიტიკისა და პარტნიორობის ინსტრუმენტის (ENPI) დახმარებით.
2010-2013 წლებში სამეზობლო პოლიტიკის და პარტნიორობის ინსტრუმენტის ფარგლებში დახარჯული თანხების მოცულობა შეადგენს აღმოსავლეთის პარტნიორობის ინსტრუმენტისათვის ხელმისაწვდომი თანხების დაახლოებით მეოთხედს. ამასთან, აღმოსავლეთის პარტნიორობის ინიციატივის განსახორციელებლად გამოყენებული იქნება ყველა არსებული ინსტრუმენტი, რომელიც სამეზობლო პოლიტიკის და პარტნიორობის ინსტრუმენტის ფარგლებში მოქმედებს, კერძოდ, TAIEX და Twinning და სხვა. ასევე, პარტნიორ რეგიონებთან პირდაპირი თანა- მშრომლობისათვის ევროკომისია განახორციელებს საზღვრისპირა თანამშრომლობის პროგრამებს, ნაკლებად განვითარებული რეგიონებში - ინვესტირების პროგრამებს.
ევროკავშირთან თანამშრომლობის სიღრმესა და ინტენსიურობას ევროკომისია პარტნიორი ქვეყნის შესაძლებლობების და უნარების საფუძველზე განსაზღვრავს.
ამასთან, აღმოსავლეთის პარტნიორობის ინიციატივა წვლილს შეიტანს შავი ზღვის სინერგიის (რუსეთის და თურქეთის მონაწილეობით) და სხვა რეგიონული თანამშრომლობის ინიციატივებში, სადაც, გარდა გარემოს დაცვისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების, ტრანსპორტის სისტემების განვითარების თემებისა, დიდი მნიშვნელობა მიენიჭება სამოქალაქო საზოგდოების ფორუმის იდეას. მოსალოდნელია, რომ მსგავსი ტიპის რეგიონული თანამშრომლობის გრავიტაციის ცენტრი გახდება ბრიუსელი.
როგორც ევროკომისიის დოკუკმენტებშია აღნიშნული, აღმოსავლეთის პარტნიორობის ფარგლებში გამოყოფილი რესურსები (2010 წელს გამოყოფილია 85 მლნ ევრო, 2011 წლისთვის - 110 მლნ ევრო, 2012 წლისთვის - 175 მლნ ევრო და 2013 წლისთვის - 230 მლნ ევრო) დაიხარჯება შემდეგი მიზნებისათვის:
პარტნიორ ქვეყნებში ყოვლისმომცველი ინსტიტუტების მშენებლობის პროგრამა (დაახლოებით 175 მლნ ევრო. დაიწყება 2011 წელს);
რეგიონული განვითარების პილოტური პროგრამები, რომლებიც გათვლილია რეგიონის ეკონომიკური და სოციალური უთანასწორობის საკითხებზე (დაახლოებით 75 მლნ ევრო. დაიწყება 2012 წელს);
აღმოსავლეთის პარტნიორობის მრავალმხრივი მიმართულების განხორციელება (დაახლოებით 350 მლნ ევრო. დაიწყება 2010 წელს).
ევროპის გაერთიანება 2007-2010 აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებში უკვე ახორციელებს ორმხრივ პროგრამებს სამეზობლო პოლიტიკის ინტრუმენტის, ევროპის სამეზობლო და პარტნიორობის ინსტრუმენტის ფარგლებში. ევროკომისიის მიერ შემუშავებული ინდიკატორული გეგმების მიხედვით დაფინანსების მოცულობა პარტნიორ ქვეყნებში 2007-2010 წლების მანძილზე შემდეგნაირად განაწილდა:
სომხეთი - € 98.4 მლნ
აზერბაიჯანი - € 92 მლნ
საქართველო - € 20.4 მლნ (დამატებითი დაფინანსება აგვისტოს ომის შედეგების რეაბილიტაციისათვის გამოიყო € 500 მლნ მოცულობით)
მოლდოვა - € 209.7 მლნ
უკრაინა - € 494 მლნ
სამეზობლო პოლიტიკის და პარტნიორობის ინსტრუმენტის გარდა გასულ წლებში პარტნიორ ქვეყნებს მიეცათ შესაძლებლობა, ესარგებლათ შემდეგი დაფინანსების წყაროებით:
სამთავრობო მომსახურება. მისი მიზანია, დამატებითი დახმარება გაუწიოს იმ სამეზობლო ქვეყნებს, რომელთაც ყველაზე მეტ პროგრესს მიაღწიეს სამოქმედო გეგმის შესრულებაში. მმართველობა აქ განსაზღვრულია ძალიან ფართო გაგებით, მოიცავს რა ადამიანის უფლებებს, კანონის უზენაესობას, სამართლის ხელმისაწვდომობას, გამჭვირვალე და ანგარიშგებიან მთავრობას.
საზღვრისპირა თანამშრომლობა. 2007-2013 წლის ბიუჯეტში აღნიშნული კომპონენტის რეალიზაციისთვის, რომელიც 15 ტრანსსასაზღვრო პროგრამისაგან შედგება, 1,118 მილიარდი ევროა გამოყოფილი. ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობას აქვს ოთხი ძირითადი მიზანი:
- სოციალურ-ეკონომიკური განვითარების წახალისება;
- საერთო გამოწვევებზე პასუხის გაცემა (მაგალითად, გარემოსდაცვის სფეროში);
- საზღვრების უსაფრთხოებისა და ნაყოფიერების უზრუნველყოფა;
- ქვეყნების მოქალაქეებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა.
ოპერაციული პროგრამების უმეტესი ნაწილი დამტკიცდა 2008 წლის მეორე ნახევარში, ხოლო 2008-2009 წლების მიჯნაზე დაიწყო განაცხადებების შეგროვების პირველი ეტაპი.
სამეზობლო ინვესტირების პროგრამის მიზანია ევროკავშირსა და მეზობელ ქვეყნებს შორის არსებული ინფრასტრუქტურული მონაკვეთების (გარემოს დაცვის, ტრანსპორტისა და ენერგიის სფეროში) გაუმჯობესება. ამისათვის პროგრამიდან გამოიყოფა გრანტები სესხების, გარანტიების, საკაპიტალო რისკის ოპერაციების სახით ან პროექტების მომზადება-განხორციელების შესაძლებლობათა კვლევაში ტექნიკური დახმარების სახით.
![]() |
4 აღმოსავლეთის პარტნიორობის მონაწილე ქვეყნების სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა ინიციატივის განხორციელებაში |
▲ზევით დაბრუნება |
სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის დონე და ჩართულობა აღმოსავლეთის პარტნიორობას ევროკავშირის სხვა ინიციატივებისაგან გამოარჩევს. ამ საქმიანობაში მონაწილეობას მიიღებენ სამოქალაქო ინსტიტუტების წარმომადგენლები როგორც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან, ისე აღმოსავლეთის პარტნიორობის მონაწილე ქვეყნებიდნ. ევროკომისიამ მხარი დაუჭირა აღმოსავლეთის პარტნიორობის ინიციატივაში მათ ჩართულობას, რისთვისაც შექმნა აღმოსავლეთის პარტნიორობის სამოქალაქო საოზგადოების ფორუმი. ფორუმის საქმიანობის ფარგლებში პარტნიორი ქვეყნების და ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობამ მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს პარტნიორ ქვეყნებში დემოკრატიული რეფორმების განხორციელებაში.
2009 წლის 7 მაისის ერთობლივი დეკლარაციის საფუძველზე ევროკომისიამ მოიწვია არასამთავრობო ორგანიზაციები და შესთავაზა მათ ოფიციალურად გამოეხატათ ინტერესი, დარეგისტრირებული იყვნენ მონაცემთა ბაზაში და მონაწილეობა მიეღოთ აღმოსავლეთის პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქმიანობაში1. აღნიშნული განაცხადის საფუძველზე ევროკომისიამ 2009 წლის 3 სექტემბერს მიიღო 439 ინტერესის გამომხატველი დოკუმენტი. საქართველოდან 30 განაცხადი შევიდა, სომხეთიდან - 50, აზერბაიჯანიდან - 69, ბელორუსიდან - 76, მოლდოვადან - 30, უკრაინიდან - 62, ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და საერთაშორისო ქსელიდან - 122.
აღმოსავლეთის პარტნიორობისათვის მომავალ წლებში გამოყოფილი 600 მლნ ევრო ნაწილობრივ განეკუთვნება სამეზობლო პოლიტიკის და პარტნიორობის ინსტრუმენტის დაფინანსების არხებს.
სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი 2009 წლის 17 ნოემბერს დაფუძნდა ბრიუსელში. ფორუმმა გააერთიანა ევროკავშირის და პარტნიორი ქვეყნების სამოქალაქო საზოგადოების 200-ამდე წარმომადგენელი: არასამათავრობო ორგანიზაციები, თინქ-ტანკები, ბიზნესისა და პროფესიული ასოციაციები, არამომგებიანი ორგანიზაციები, ეროვნული და საერთაშორისო ქსელები, პროფკავშირები. საქართველოდან ფორუმს ესწრებოდა არასამთავრობო ორგანიზაციების 22 წარმომადგენელი, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან - 21, მოლდოვადან - 20, ბელორუსიდან - 27, უკრაინიდან - 30, საერთაშროისო ქსელებიდან - 30, ევროპის წევრი ქვეყნებიდან - 47 და ევროკავშირის არაწევრი მესამე ქვეყნიდან - 3.
როგორც ევროკომისიის ოფიციალური პირები აღნიშნავენ, ფორუმის არსებობა ხელს შეუწყობს მეტ კონტაქტს, დიალოგს და გამოცდილების გაზიარებას პარტნიორი ქვეყნების სამოქალაქო საზოგადოებას, მთავრობებსა და ევროკავშირს შორის. ფიქრობენ, რომ სამმხრივი დიალოგი შედგება შემდეგ თემებზე: დემოკრატიის გაძლიერება, კარგი მმართველობა, ეკონომიკური რეფორმები, ენერგეტიკული უსაფრთხოება2. სამმხრივი კონტაქტები და თანამშრომლობა ასევე ხელს შეუწყობს პარტნიორი ქვეყნებისა და ევროკავშირის თანამშრომლობას გრძელვადიან პერსპექტივაში, როცა სამოქალაქო საზოგადოება გაინაწილებს პასუხისმგებლობას ევროკავშირთან დაახლოებასა და ინიციატივის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობების განხორციელებაზე.
სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის დონე და ჩართულობა აღმოსავლეთის პარტნიორობას ევროკავშირის სხვა ინიციატივებისაგან გამოარჩევს.
ევროკომისია იმედოვნებს, რომ სამოქალაქო საზოგადოების უნარები და შესაძლებლობები გამოყენებული იქნება შემდეგი შედეგების მისაღწევად:
არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის ქსელური ურთიერთობების ხელშეწყობა და მათი როლის გაძლიერება აღმოსავლეთის პარტნიორ ქვეყნებში;
აღმოსავლეთის პარტნიორი ქვეყნებისათვის ტექნიკური დახმარების გაწევა ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობის ფარგლებში;
აღმოსავლეთის პარტნიორ ქვეყნებში ევროკავშირის/სამეზობლო პოლიტიკის/აღმოსავლეთის პარტნიორობის პრინციპების და ღირებულებების დამკვიდრება.
ფორუმის მონაწილეებმა გამოთქვეს სურვილი, რომ ევროკავშირმა ისინი განიხილოს როგორც ევროპის ინსტიტუტების, აღმოსაველთის პარტნიორობის მონაწილე ქვეყნების მთავრობების ბუნებრივი პარტნიორები.
ბრიუსელში შეკრებილი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენელთა აზრით, ბრიუსელის ფორუმის შეხვედრა მეტად საინტერესო და შედეგიანი გამოდგა. ფორუმის მონაწილეებმა გამოთქვეს სურვილი, რომ ევროკავშირმა ისინი განიხილოს როგორც ევროპის ინსტიტუტების, აღმოსაველთის პარტნიორობის მონაწილე ქვეყნების მთავრობების ბუნებრივი პარტნიორები. ამასთან, სასურველია, ასეთი თანამშრომლობა გავრცელდეს ორმხრივი და მრავალმხრივი პროგრამების დაგეგმვის, განხორციელების, მონიტორინგისა და შეფასების პროცესში.
მმართველი კომიტეტის წევრები წარმოადგენენ არა მხოლოდ ფორუმის მონაწილეებს, არამედ ყველა იმ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციას, რომლებიც ვერ მოხვდნენ ბრიუსელის ფორუმზე, მაგრამ მონაწილე არიან ამ პროცესისა.
ბრიუსელის ფორუმის მონაწილეები დანაწილდნენ ოთხ სამუშაო ჯგუფად და განსაზღვრეს იმ ოთხი თემატური პლატფორმის შინაარსი, რომლის ფარგლებშიც დაიგეგმა სამუშაო ჯგუფების საქმიანობა. გარკვეული შესწორებები შევიდა თავდაპირველ მიდგომებშიც. მაგალითად, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს ადამიანის უფლებათა დაცვაზე და ის პირველი თემატური ჯგუფის განხილვის საკითხად აქციეს. სამოქალაქო საზოგადოებამ მოითხოვა, მონაწილეობა მიიღოს ევროკავშირი - პარტნიორი ქვეყნის ურთიერთობებში შემდეგი საკითხების განხილვისას: გაყინული კონფლიქტები, ევროკომისიის ინსტრუმენტებისა და პოლიტიკის დაგეგმვა და განხორციელება, როგორიცაა სამეზობლო პოლიტიკის და პარტნიორობის ინსტრუმენტი ENPI, განვითარების თანამშრომლობის ინსტრუმენტის თემატური პროგრამები DCI, ასევე დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ევროპული ინსტრუმენტი EIDHR.
საბოლოო შეთანხმებით, ფორუმის სამუშაო ჯგუფებისათვის განსაზღვრული თემატური პლატფორმები შემდეგნაირად ჩამოყალიბდა:
1) დემოკრატია, კარგი მმართველობა და სტაბილურობა;
2) ეკონომიკური ინტეგრაცია და ევროკავშირის პოლიტიკებთან დაახლოება;
3) გარემო, კლიმატის ცვლილება და ენერგეტიკული უსაფრთხოება;
4) ხალხთა შორის კონტაქტები.
სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა დებატები გამართეს თემატური საკითხების გარშემო და ერთმანეთში შეათანხმეს საკუთარი რეკომენდაციები ევროკავშირისა და პარტნიორი ქვეყნების ხელისუფლებებისათვის შესაძლო ღონისძიებების და სამოქმედო გეგმის შესახებ. ფორუმის მუშაობის დღეებში შეიქმნა სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მმართველი კომიტეტი. მასში ფორუმმა აირჩია 17 წარმომადგენლი როგორც აღმოსავლეთის პარტნიორი, ისე ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან. მმართველი კომიტეტის წევრები წარმოადგენენ არა მხოლოდ ფორუმის მონაწილეებს, არამედ ყველა იმ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციას, რომლებიც ვერ მოხვდნენ ბრიუსელის ფორუმზე, მაგრამ მონაწილე არიან ამ პროცესისა.
ბრიუსელის ფორუმზე წარმოდგენილი წინადადების განხილვის საფუძველზე შეიქმნა მეხუთე სამუშაო ჯგუფიც, რომლის წევრებსაც მმართველი კომიტეტის ხელმძღვანელობით დაევლათ ფორუმის სტრუქტურის პროექტის მომზადება. თავად ფორუმის პირველ ამოცანად განისაზღვრა რეკომენდაციების წარდგენა მინისტრთა საბჭოს შეხვედრაზე ბრიუსელში 2009 წლის 8 დეკემბერს.
საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განწყობები და სამოქალაქო ფორუმის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები აღმოსავლეთის პარტნიორობის ინიციატივის შესახებ
ევროკომისიისა და პარტნიორი ქვყენების მთავრობების მიმართ გამოთქმული რეკომენდაციები, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოების ფორუმმა 2009 წლის 8 დეკემბერს ევროკავშირის მინისტრთა საბჭოს წარუდგინა, ნათლად აჩვენებს, თუ რამდენად აქტუალურია ეს დოკუმენტები ყველა მონაწილე მხარისათვის. რეკომენდაციების ძირითადი ნაწილი ეთმობა დემოკრატიისა და კარგი მმართველობის პრაქტიკის დანერგვას პარტნიორ ქვყენებში, რაც ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისათვის. ეს ადასტურებს, რომ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები იზიარებენ ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის და, შესაბამისად, აღმოსავლეთის პარტნიორობის ინიციატივის მიზნებს და მის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობების მნიშვნელობას ყველა მონაწილე ქვეყნისათვის. შესაბამისად, პარტნიორი ქვეყნების მთავრობებს ექმნებათ კარგი ნიადაგი, რომ მომზადდეს საზოგადოებრივი კონსენსუსი რეფორმების განსახორციელებლად. ეს კი ხელს შეუწყობს ევროპასთან დაახლოებას და მის ეკონომიკურ სივრცეში ინტეგრაციას.
საქართველოს ხელისუფლება აღმოსავლეთის პარტნიორობის ინიციატივას განიხილავს როგორც ევროკავშირთან ურთიერთობის შემდგომი გაღრმავების საშუალებას. ეს, უპირველეს ყოვლისა, ითქმის ევროკავშირთან ასოცირებული ხელშეკრულების შეთანხმებაზე, რომელიც იძლევა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების დადების შესაძლებლობას, ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობათა ზრდას, ასევე, ევროკავშირთან თავისუფალი სავიზო რეჟიმის დამყარების პერსპექტივას. აღმოსავლეთის პარტნიორობის ინიციატივის ძირითადი პრინციპები თანხმობაში მოდის საქართველოს მიერ აღიარებულ სტრატეგიულ პრიორიტეტებთან3.
საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება სრულად უჭერს მხარს ხელისუფლების მიერ გაცხადებულ პოლიტიკურ კურსს ევროპასთან დაახლოების თაობაზე, თუმცა კრიტიკულად აფასებს და არასაკმარისად მიაჩნია მასშტაბი და ეფექტიანობა აქამდე განხორციელებული იმ ღონისძიებებისა, რომელთა ვალდებულება ხელისუფლებამ თავის თავზე აიღო სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის ფარგლებში.
ის ფაქტი, რომ აღმოსავლეთის პარტნიორობის ინიციატივა მსგავს ურთიერთობებს სთავაზობს საქართველოს მეზობლებს და სტრატეგიულ პარტნიორებს, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების აზრით, დადებითად იმოქმედებს სამხრეთ კავკასიის რეგიონის ეკონომიკურ განვითარებაზე, რეგიონულ ქვეყნებში მდგრადი და სტაბილური პოლიტიკური სისტემის შექმნაზე და მთლიანად რეგიონის სტაბილურობაზე. თუმცა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას გაცნობიერებული აქვს, რომ ამის მიღწევა გაჭირდება კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტის გარეშე. განვლილ პერიოდში საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას ამ მიმართულებითაც ჩამოუყალიბდა საკუთარი დამოკიდებულება ევროკავშირის მიმართ. კერძოდ, 2008 წლის აგვისტოში რუსეთ - საქართველოს კონფლიქტმა ნათლად აჩვენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ევროკავშირისათვის აღმოსავლეთით მდებარე მეზობლების უსაფრთხოება და დაადასტურა ევროკავშირის განაცხადი იმის შესახებ, რომ ევროკავშირის უსაფრთხოებაზე ზრუნვა მის მოსაზღვრე ქვეყნებში სტაბილურობაზე, კეთილდღეობასა და უსაფრთხოებაზე ზრუნვით იწყება.
პარტნიორობის ინიციატივა დადებითად იმოქმედებს სამხრეთ კავკასიის რეგიონის ეკონომიკურ განვითარებაზე, რეგიონულ ქვეყნებში მდგრადი და სტაბილური პოლიტიკური სისტემის შექმნაზე და მთლიანად რეგიონის სტაბილურობაზე.
ამასთან, საქართველოს მოსახლეობა შეშფოთებულია 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგებით. დღეს ქვეყნის წინაშე განსაკუთრებით მწვავედ დგას ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის შენარჩუნების პრობლემები. ქართული სამოქალაქო საზოგადოების აზრით, რუსეთის აგრესიის განმეორების ალბათობა დიდია. საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ქვეყნის შიგნით მშვიდობის შენარჩუნება უფრო მეტად არის დამოკიდებული საერთაშორისო მხარდაჭერაზე, ვიდრე ეს 2008 წლამდე იყო.
კონფლიქტების დარეგულირების საქმეში საერთაშორისო მხარდაჭერაზე დამოკიდებულება მნიშვნელოვნად შეიცვალა თავისი შინაარსითაც: გაიზარდა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მონაწილეობა სამშვიდობო პროცესში (ჟენევის პროცესი) და მათი პირდაპირი საქმიანობა საქართველოში. ომის შემდეგ საქართველოს კონფლიქტური რეგიონები დატოვეს როგორც გაერო-ს სადამკვირვებლო მისიამ საქართველოში, ისე ეუთო-ს მონიტორებმა. საერთაშორისო მექანიზმებიდან სიტუაციის სტაბილიზაციის ხელშესაწყობად მხოლოდ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მოქმედებს; საზოგადოებაც მხოლოდ ამ მისიის საქმიანობას უკავშირებს ქვეყანაში დაძაბულობის განმუხტვას და გრძელვადიანი მშვიდობის შენარჩუნების პერსპექტივას.
უკანასკნელ პერიოდში ევროკავშირის მიმართ საქართველოს ხელისუფლებისა და მოსახლეობის განსაკუთრებული დამოკიდებულების მიუხედავად (ეს, ძირითადად, კონფლიქტურ რეგიონებში და სამშვიდობო პროცესებში ევროკავშირის მონაწილეობას ეხება), ბრიუსელის ფორუმის მუშაობამ აჩვენა, თუ რამდენი საერთო პრობლემა (მათ შორის, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება) და მისწრაფება აერთიანებს საქართველოს და სხვა პარტნიორ ქვეყნებს.
სამოქალაქო საზოგადოების ფორუმზე სამუშაო ჯგუფების მიერ მუშაობის დაწყებას წინ უძღოდა საზოგადოების წარმომადგენელთა განცხადება, რომ აღმოსავლეთის პარტნიორობის წევრმა სახელმწიფოებმა უნდა იმუშაონ როგორც ევროპის საბჭოს რეკომენდაციების შესრულებაზე, ისე კოპენჰაგენის კრიტერიუმების შესრულებაზე, ამასთან, სამოქალაქო საზოგადოება ჩართული უნდა იყოს ამ მიზნების განსაზღვრის პროცესში.
ბრიუსელის ფორუმის მუშაობამ აჩვენა, თუ რამდენი საერთო პრობლემა (მათ შორის, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება) და მისწრაფება აერთიანებს საქართველოს და სხვა პარტნიორ ქვეყნებს.
ღირსსაცნობია ის ფაქტი, რომ ოთხივე სამუშაო ჯგუფის რეკომენდაციების ყურადღების ცენტრში მოხვდა ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესის მხარდაჭერა: პოლიტიკური ინსტიტუტების რეფორმა, პოლიტიკური სისტემის ღიაობის უზრუნველყოფა, მრავალპარტიული დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობა, ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუტების გაძლიერება.
პარტნიორი ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა ქვეყნის განვითარების პრიორიტეტებს შორის აღიარეს კარგი მმართველობის პრაქტიკის დანერგვა, კანონის უზენაესობის და სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა, სამართლისადმი ხელმისაწვდომობა და კორუფციასთან ეფექტიანი ბრძოლის მექანიზმების დანერგვა.
აღმოსავლეთის პარტნიორი ქვეყნების სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა აქტიურად დაუჭირეს მხარი ქვეყნებში დაგეგმილ თუ მიმდინარე რეფორმებს და მოითხოვეს, რომ ევროკავშირის მიერ დემოკრატიულობის პროგრესის ხარისხის ძირითადი კრიტერიუმი უნდა გახდეს თავისუფალი, გამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნები, თავისუფლი მედიისა და საყოველთაო თავისუფლებების უზრუნველყოფა, მედიის ახალი საშუალებების განვითარების ხელშეწყობა, აღმოსავლეთის პარტნიორ ქვეყნებში მედია-ქსელების ამოქმედება.
რაც შეეხება უსაფრთხოებასა და მშვიდობის მშენებლობას, სამოქალაქო საზოგადოება პარტნიორი ქვეყნების მთავრობებს სთხოვს გაიზიარონ და დაამკვიდრონ ევროკავშირის მთავარი ღირებულება - „დემოკრატია უსაფრთხოების საუკეთესო პოლიტიკაა“, რაც მოემსახურება პარტნიორების ერთობლივ მიზნებსა და ინტერესებს.
ფორუმის მონაწილეებმა ისურვეს რეგულაციების უკეთ ამოქმედება ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებთან მიმართებაში, ადმინისტრაციული წნეხის შესუსტება და ანტიკორუფციული ზომების მიღება, სამართლიანი კონკურენციის პირობების შექმნა, ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების დადება და ევროპული სოციალური მოდელის შესახებ დიალოგის დაწყება. ფორუმის მონაწილეებმა აღიარეს, რომ, პრაქტიკულად, ყველა პარტნიორი ქვეყანა დგას ეფექტური სააუდიტო სისტემისა და ფისკალური პოლიტიკის შექმნის ამოცანის წინაშე, ავითარებს კლიმატის ცვლილებზე რეაგირებისა და მდგრადი განვითარების ეროვნულ გეგმებს. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები მზად არიან, მხარი დაუჭირონ მწვანე ბიზნესს, სამუშაო ძალის მობილურობის, სავიზო პროცედურების ჰარმონიზაციას და გამარტივებას.
განათლების სფეროში სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტების რეკომენდაციები შეეხო ონლაინ უნივერსიტეტების, დისტანცირებული სწავლების და პროფესიული და საუნივერსიტეტო განათლების ხელშეწყობას, ხოლო ენერგო-უსაფრთხოების სფეროში ფორუმის მონაწილეებმა მოითხოვეს მეტი ტრანსპარანტულობა ენერგოპოლიტიკის, ტარიფების განსაზღვრის სქემებზე და ისურვეს სინერგიული რეგიონული პოლიტიკების განვითარება.
სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მდგრადობის ხელშეწყობის მიზნით ფორუმის მონაწილეებმა მოითხოვეს, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს მიეცეთ ევროკომისიაში წინადადებების წარდგენის და მონაწილეობის უფლება; მათ უნდა შეეძლოთ ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება და შესრულების პროცესზე სამოქალაქო მონიტორინგის დაწესება.
ასევე, სამუშაო ჯგუფებში გამართულ შეხვედრებზე გამოითქვა სურვილი, რომ კონტაქტების გასაძლიერებლად შეიქმნას ორი ინტერნეტ-ფორუმი. პირველი ბიზნეს-ასოციაციებს შორის კონტაქტების გასაძლიერებლად, მეორე-ევროპის სოციალური დიალოგის მიმდინარეობის შესახებ დაინტერესებულ პარტნიორებს შორის ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით.
საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებიდან აღმოსავლეთის პარტნიორობის ბრიუსელის ფორუმს 21 წარმომადგენელი დაესწრო. ორი მათგანი სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მმართველ კომიტეტში აირჩიეს: ბატონი კახა გოგოლაშვილი (GEPLAC, ეკონომიკური პოლიტიკისა და სამართლებრივი საკითხების ქართულ-ევროპული საკონსულტაციო ცენტრი) სამუშაო ჯგუფის კოორდინატორად, ხოლო ქალბატონი თამარ ხიდაშელი (საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია) ქვეყნის ფასილიტატორად საქართველოდან. როგორც მმართველი კომიტეტის წევრები აცხადებენ, საბჭოს წევრების როტაციის წესსა და ფორუმის მონაწილე ორგანიზაციების შერჩევის კრიტერიუმების დადგენაზე მუშაობა გრძელდება. მოსალოდნელია, რომ 2010 წლის ზაფხულამდე დაიხვეწება ის მიდგომები, რომლებიც უზრუნველყოფენ მომავალში ფორუმის საქმიანობის გაგრძელებას და ეფექტიანობის გაზრდას. ეს ხელს შეუწყობს პარტნიორი ქვეყნების სამოქალაქო საზოგადოებაში ფორუმის და მისი მმართველო საბჭოს ლეგიტიმაციას, რაც მას მართლაც წარმომადგენლობით ორგანოდ აქცევს.
____________________
1. ფორუმში მონაწილეობის გამოხატვის ვადა განისაზღვრა 2009 წლის 31 აგვისტო, თუმცა მოგვიანებით გაგრძელდა 2009 წლის 3 სექტემბრამდე.
2. Benita Ferrero-Waldner, EU Commissioner for Ext ernal Relations and European Neighbourhood Policy, Civil Society Forum Strengthens the Eastern Partnership, SPEECH/09/538; 17/11/2009 http://europa.eu/rapid/pressReleasesAction.do? reference=SPEECH/09/538&format=HTML&aged=0&language=EN&guiLanguage=en
3. Speech of the Vice Prime Minister of Georgia, State Minister for European and Euro-Atlantic Integration, Mr. Giorgi Baramidze. European Parliament. November 2009.
![]() |
5 დასკვნა |
▲ზევით დაბრუნება |
აღმოსავლეთის პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში ევროკავშირი ყოველ ცალკე აღებულ პარტნიორ ქვეყანასთან განსაზღვრავს თანამშრომლობის პრიორიტეტებს, რეფორმების მასშტაბსა და სიღრმეს. ეს პროცესი პირდაპირ იქნება დამოკიდებული თავად ქვეყანაში გატარებული რეფორმების ინტენსიურობასა და წარმატებაზე. ამგვარად, ყველა პარტნიორ ქვეყანას, მათ შორის, საქართველოს ეძლევა შესაძლებლობა ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში მიაღწიოს ურთიერთობის განსაკუთრებულ სიღრმეს და ინტეგრაციის განსაკუთრებულ დონეს. ქვეყნის განვითარების ამ ეტაპზე ხელისუფლებასთან ერთად მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია პარტნიორი ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოებას.
ევროკავშირმა აღმოსავლეთის პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის შექმნით უკვე გადადგა ნაბიჯები, რითაც დადასტურდა, რომ ევროკავშირი პარტნიორი ქვეყნების სამოქალაქო საზოგადოებებს მართლაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს და განიხილავს მათ „ევროპის ინსტიტუტების, აღმოსაველთის პარტნიორობის მონაწილე ქვეყნის მთავრობების ბუნებრივ პარტნიორებად“. როგორც ფორუმის მონაწილეებმა აღნიშნეს, ასეთი თანამშრომლობა სასურველია გავრცელდეს ორმხრივი და მრავალმხრივი პროგრამების დაგეგმვის, განხორციელების, მონიტორინგისა და შეფასების პროცესში.
დღეს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანია გაიზარდოს მისი მონაწილეობა და ჩართულობა აღმოსავლეთის პარტნიორობის ფარგლებში პროგრამების დაგეგმვისას; ეს მომავალში დღის წესრიგში დააყენებს ევროკავშირთან დაახლოების ხელშემწყობი სამოქმედო გეგმების შესრულების პროცესზე სამოქალაქო მონიტორინგის განხორციელებას და შეფასებას.
საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებამ სასურველია იზრუნოს მისი როლისა და გავლენის გაზრდაზე ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების განხორციელებისას, რაც შესაძლებელი იქნება 1) პარტნიორობის ინიციტივის ფარგლებში შექმნილი სამოქალაქო ფორუმის თემატური პლატფორმების გამოყენებით, ასევე, ადგილობრივ და საერთაშორისო მნიშვნელობის სამოქალაქო კოალიციებსა და ქსელებში მონაწილეობით; 2) უნარების გაძლიერებით რეფორმების მონიტორინგსა და ევალუაციის განხორციელებაში; 3) ინფორმირებულობის და ცოდნის ამაღლებით ევროკავშირის/სამეზობლო პოლიტიკის/აღმოსავლეთის პარტნიორობის პრინციპების და პრიორიტეტების შესახებ1.
აღნიშნულ საქმიანობას ხელს შეუწყობს აღმოსავლეთის პარტნიორების სამოქალაქო საზოგადოების ფორუმზე შექმნილი კომუნიკაციის საშუალებები, კერძოდ:
1. შეიქმნება სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ვებ-გვერდი, რომელიც გაზრდის ყველა დაინტერესებული პირის, ორგანიზაციის ხელმისაწვდომობას ევროკავშირის ინსტიტუტების და ეროვნული მთავრობების მიერ შემუშავებული ორმხრივი და მრავალმხრივი ოფიციალური დოკუმენტების/ხელშეკრულებების/პოლიტიკების მიმართ.
2. ეროვნული ფასილიტატორები და სამუშაო ჯგუფების კოორდინატორები პასუხისმგებლები იქნებიან უზრუნველყონ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების კომუნიკაცია ევროკომისიასთან, რადგანაც ვებ-გვერდი ღია იქნება ყველა დაინტერესებული მხარის მოსაზრებებისა და კვლევის შედეგების გამოსაქვეყნებლად.
ამგვარად, ფორუმი საქართველოს და სხვა პარტნიორი ქვეყნების სამოქალაქო საზოგადოებებს სთავაზობს ახალ შესაძლბელობებს, მონაწილეობა მიიღონ სამმხრივ დიალოგში (ევროკავშირი, ეროვნული ხელისუფლება, სამოქალაქო საზოგადოება), ხელი შეუწყონ პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში პარტნიორი ქვეყნების ურთიერთთანამშრომლობას და მათ შემდგომ დაახლოებას ევროკავშირთან.
პოლიტიკის ანგარიშზე შეგიძლიათ კომენტარი გააკეთოთ კავკასიური ინსტიტუტის შესაბამის ბლოგზე.
გამოყენებული წყაროები და დოკუმენტები:
Joint Declaration of the Prague Eastern Partnership Summit; http://www.consilium.europa.eu/uedocs/cms_data/docs/pressdata/en/er/107589.pdf
Eastern partnership: Communication from the European Commission to the European Parliament and the Council , COM(2008) 823, 3 December 2008
Eastern partnership: Commission staff working document, SEC(2008) 2974, 3 December 2008
Eastern Partnership - Eastern dimension of the European Neighbourhood Policy"
http://ec.europa.eu/external_relations/eastern/index_en.htm The Eastern Partnership - Flagship Initiatives http://ec.europa.eu/external_relations/eastern/initiatives/index_en.htm The Eastern Partnership Mulilateral Platforms http://ec.europa.eu/external_relations/eastern/platforms/index_en.htm
Vademecum on financing - Eastern Partnership 17 December 2009
Members of the Steering Committee of the Eastern Partnership Civil Society Forum elected during the meeting on 16-17 November http://ec.europa.eu/external_relations/eastern/civil_society/forum/members_sc_en.pdf
________________
1. როგორც საქართველოში დღემდე ჩატარებული კვლევების შედეგები მიანიშნებენ, საქართველოს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები შეზღუდულ ინფრომაციას ფლობენ ევროკავშირის მიერ საქართველოში განხორციელებული პროგრამების შესახებ; არ მიმდინარეობს საინფორმაციო კამპანიები და პროფესიული დებატები არც პროგრამის შინაარსისა და არც პროგრამის ფარგლებში ხელისუფლების მხრიდან აღებული ვალდებულებების შესრულების შესახებ.
ამ მოსაზრებას ადასტურებს არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერებს შორის 2009 წლის ივლისს ჩატარებული გამოკითხვის შედეგები. კვლევის მიზანი იყო ევროპის თანამშრომლობისა და პარტნიორობის ინსტრუმენტისა (ესპი) და საქართველოში ამ ინსტრუმენტით დაფინანსებული პროგრამების მიმდინარეობის შესახებ სამოქალაქო სექტორის ჩართულობისა და ინფორმირებულობის დონის განსაზღვრა. ყველა გამოკითხული არასამთავრობო ორგანიზაცია 2007-2009 წლებში აქტიურად იყო ჩართული ევროკავშირი-საქართველოს სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგში და ყოველწლიურად ამზადებდა გეგმის შესრულების ანგარიშს ევროკომისიაში წარსადგენად.
გამოკითხული ორგანიზაციების აბსოლუტურმა უმრავლესობამ განაცხადა, რომ არ ყოფილან ჩართული 2007-2010 წლების ესპი-ს პრიორიტეტების შემუშავებაში, რომ ისინი მხოლოდ გაეცნენ უკვე განსაზღვრულ პრიორიტეტებს და მათ შემუშავებაში მონაწილეობა არ მიუღიათ. ისინი არ მონაწილეობდნენ არც 2007-2008 და 2009 წლების ესპი-ს წლიური პროგრამების დაგეგმარებაში. აგრეთვე, ისინი ფლობენ შეზღუდულ შესაძლებლობებს, რომ ევროკომისიასა და მთავრობას გააცნონ თავიანთი თვალსაზრისი ესპი-ს ფარგლებში ქმედებების დაგეგმვისა და განხორციელების შესახებ. ოთხმა გამოკითხულმა ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ამას, ძირითადად, ევროკომისიისა და ხელისუფლების წარმომადგენლებთან პირისპირ შეხვედრისას ახერხებენ სხვადასხვა პროგრამის მონიტორინგულ და შეფასებით საქმიანობაში არასამთავრობო ორგანიზაციები აწყდებიან სისტემური სახის პრობლემებს, კერძოდ, არასამთავრობოები აცხადებენ, რომ განსაკუთრებით პრობლემურია შემდეგი საკითხები: ხელმისაწვდომი საჯარო ინფორმაციის სიმწირე, ინფორმაციის დაგვიანებით მოწოდება, საჯარო მოხელეთა არაკომპეტენტურობა, საჯარო მოხელეთა ხშირი ცვლა, სახელმწიფო საბიუჯეტო კანონის მუდმივი ცვლილებები, სახელმწიფოს მხრიდან გულგრილი დამოკიდებულება მონიტორინგის შედეგებისადმი და სხვა.