![]() |
სახელმწიფო გარდამავალ პერიოდში (პოლონეთის ეკონომიკა) |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: ბალცეროვიჩი ლ. |
თემატური კატალოგი ეკონომიკა |
წყარო: ISBN 99928-0-290-1 |
თარიღი: 2002 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: სახელმწიფო გარდამავალ პერიოდში / ლ. ბალცეროვიჩი; პოლონ. თარგმნა ამბროსი გრიშიკაშვილმა. - თბ., 2002. - 216გვ. ; 20სმ. -: [ფ.ა.] UDC: 338(438) + 338.24.021.8 Экономика Польши; Economy of Poland |
![]() |
1 რედაქტორისაგან |
▲back to top |
თქვენ წინაშეა ცნობილი მეცნიერი ეკონომისტისა და საზოგადო მოღვაწის, „შოკური თერაპიის“ ავტორის, პროფესორ ლეშეკ ბალცეროვიჩის უაღრესად საყურადღებო და საინტერესო ნაშრომი „სახელმწიფო გარდამავალ პერიოდში“. წიგნის პოლონურიდან ქართულ ენაზე თარგმნა ეკუთვნის საქართველოში ასევე ცნობილ მეცნიერ-ეკონომისტსა და პუბლიცისტს, ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატს ამბროსი გრიშიკაშვილს.
პოსტსოციალისტურ ქვეყნებში მიმდინარე ეკონომიკის ტრანსფორმაცია-გარდაქმნის პროცესების ანალიზი და თავისებურებების შესწავლა უმნიშვნელოვანესია საერთოდ და კერძოდ, საქართველოსათვის. ამ მხრივ, ფრიად საყურადღებოა პოლონეთის გამოცდილების გათვალისწინება, რომელსაც ეძღვნება პროფესორ ლ. ბალცეროვიჩის წინამდებარე შრომა. ეს გამოცდილება საყურადღებოა იმდენად, რამდენადაც პოლონეთმა უკვე განვლო ეკონომიკური რეფორმების ის ფაზა, რომელსაც საქართველო სსრ კავშირის დაშლისა და დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ადგას.
ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახელმწიფოს როლის განსაზღვრის საკითხი. იგი გარდამავალი ეკონომიკის პირობებში მრავალ დისკუსიას განაპირობებს. ამ პრობლემისადმი ერთიანი, ცალსახა მიდგომა არ არსებობს. ამჯერად შესაძლებლობა გვეძლევა მის შესახებ გავეცნოთ ლ. ბალცეროვიჩის მოსაზრებებს, რეკომენდაციებს. ავტორის მიზანია წარმოაჩინოს პოსტსოციალისტური სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში ისეთი ცვლილებების განხორციელების აუცილებლობა, რომელთა შედეგადაც მიიღწევა, უპირველეს ყოვლისა, საყოველთაოდ აღიარებული მიზანი - ადამიანთა ცხოვრების დონის სწრაფი და სისტემატიური ამაღლება.
გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებისათვის უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს ამა თუ იმ ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ტემპების განსაზღვრას, თუნდაც საშუალოვადიან პერიოდში, მოსახლეობის შემოსავლების ზრდის ტენდენციების უზრუნველსაყოფად.
ეს მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვისაც. ამ მხრივ ყურადღებას იმსახურებს ნაშრომში გადმოცემული ავტორისეული პროგრამა „სახელმწიფო ფინანსების საშუალოვადიანი სტრატეგიის შესახებ“ (გვ.8). გარდა ამისა, საინტერესოა იმ გამოცდილების გაცნობაც, რომლის მეშვეობითაც პოლონეთი საგარეო ვალების მნიშვნელოვანი ნაწილის გასტუმრებას ახერხებს. კერძოდ, 1998 წელს მან დაფარა 1,6 მლრდ აშშ დოლარის ოდენობის საგარეო ვალი, 1999 წელს - 1,7 მლრდ, ხოლო 2001 წელს გათვალისწინებულია 2,4 მლრდ აშშ დოლარის ვალის გასტუმრება.
ნებისმიერ საქმიანობაში პროფესიონალთა როლი გადამწყვეტია, განსაკუთრებით გარდამავალ პერიოდში. ეს, რა თქმა უნდა, კარგად ესმის პროფ. ლ. ბალცეროვიჩს: ,,ცუდი სამეურნეო პოლიტიკა ორი ძლიერი ტყუპი ძმის ზურგზე დგას, მათგან ერთია ცალკეული საზოგადოებრივ-პოლიტიკური ჯგუფების ინტერესების ზეწოლა, ხოლო მეორე - უცოდინრობა, უფრო სწორად, ეკონომიკური მეცნიერების ცუდად ცოდნა“ (გვ. 17).
რეფორმებისა და ანტირეფორმების პრობლემებს ავტორი დიდი სიფრთხილით უდგება და რეფორმებს კარგ სამეურნეო ინიციატივას, ხოლო რეფორმების პაკეტს - კარგად შედგენილ საინვესტიციო პროგრამას ადარებს (გვ. 27).
შრომაში, ინსტიტუციონალური სისტემის ანალიზიდან გამომდინარე, საზოგადოებაში სახელმწიფოს როლის თაობაზე გაკეთებულია მეტად საყურადღებო დასკვნები. კერძოდ, ავტორს მიაჩნია, რომ ზოგიერთი საქონლისა და მომსახურების წარმოება სახელმწიფომაც შეიძლება დააფინანსოს, თუმცა, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ სახელმწიფო საკუთრებაზე უკეთ კერძო საკუთრებას ხელეწიფება ფირმებისა და საერთოდ, მეურნეობისადმი ხელშეწყობა; მეწარმეები სახელმწიფო ორგანოების უამრავი ბიუროკრატიული ბარიერისაგან უნდა განთავისუფლდნენ; რაც უფრო მეტია სახელმწიფოს ფინანსური საქმიანობის მასშტაბები, მით უფრო დიდი იქნება გადასახადების მოცულობა. ეს კი აფერხებს ეროვნული მეურნეობის განვითარებას; აი, ამის კონკრეტული მაგალითიც: როგორც შესაბამისი ანალიზიდან ხდება ცხადი, ღარიბ ქვეყნებში მშპ-ს მიმართ გადასახადების ყოველი 10%-ით ზრდა, მშპ-ს 4%-ით შემცირებას განაპირობებს და ა.შ. ( გვ. 34).
ნაშრომში საკმაოდ საინტერესოდაა წარმოდგენილი ავტორისეული ხედვა და პოზიციები გადასახადებთან დაკავშირებით: ,,იმ ქვეყნებში, სადაც სოციალური სახელმწიფოს ექსპანსიის გამო გადასახადები გარკვეულ კრიტიკულ ზღვარს სცილდება, საქმე ხშირად მოსახლეობის გააფთრებულ წინააღმდეგობამდეც კი მიდის“ (გვ. 84). ნაშრომის ამ ნაწილშიც იპოვის მკითხველი საკმაოდ საინტერესო მოსაზრებებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის რეალობასაც მიესადაგება. წიგნში სპეციალური მსჯელობის საგანია საგადასახადო სისტემა, შეღავათები, გადასახადის სახეები, მათი სხვებზე გადაკისრება და ა.შ. (გვ. 82-90). აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ რეგრესიული გადასახადის თვალსაჩინოებისათვის მოტანილი მაგალითი, ჩვენი აზრით, ბუნდოვანია (გვ. 90).
წინამდებარე ნაშრომში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა საკუთრების მართვისა და სახელმწიფო ქონების პრივატიზებას. ამასთან, საკმაოდ ღრმადაა გაანალიზებული განათლებისა და ჯანდაცვის სფეროს რეფორმირების, ამ პროცესში მასმედიის, პოლიტიკური პარტიების მონაწილეობისა და სხვ. აქტუალური საკითხები. ასე მაგალითად, ავტორი მხარს უჭერს განათლების სფეროს დაფინანსების მიზნობრივ ზრდას, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვნად მიაჩნია განათლების დაფინანსების პროპორციულობისა და ეფექტიანობის საკითხი (გვ. 133). „აფრიკის ქვეყნები განათლებაზე მთელი საბიუჯეტო სახსრების 4,2%-ს წარმართავენ“... „აზიური ვეფხვები 3,4%-ს“ (გვ. 133). საქართველოში ეს მაჩვენებელი 2,0%-ის ფარგლებში მერყეობს.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულთან ერთად დაინტერესებულ მკითხველს წიგნში კიდევ სხვა მრავალი საინტერესო მოსაზრების გაცნობის შესაძლებლობა მიეცემა.
ავთანდილ სილაგაძე,
ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპოდენტი
![]() |
2 ლეშეკ ბალცეროვიჩის მოკლე ბიოგრაფია |
▲back to top |
ეკონომიკის პროფესორი ლეშეკ ბალცეროვიჩი 53 წლისაა. იგი დაიბადა ლიპნოში ვროცლავკასთან ახლოს. ლ. ბალცეროვიჩმა დაამთავრა ქ. ვარშავის დაგეგმვისა და სტატისტიკის ინსტიტუტი, ასევე ნიუ-იორკის წმ. გიორგის უნივერსიტეტი.
ახალგაზრდობაში ბალცეროვიჩი გატაცებული იყო სპორტით და წარმატებებსაც აღწევდა. კერძოდ, 1965 წელს იგი სირბილში ახალგაზრდათა შორის პოლონეთის ჩემპიონი გახდა.
1969-1981 წ.წ. ბალცეროვიჩი პოლონეთის გაერთიანებული მუშათა პარტიის წევრი იყო. 1978-1981 წლებში იგი ხელმძღვანელობდა ახალგაზრდა ეკონომისტთა ჯგუფს, რომელთაც ეკონომიკური რეფორმების პროექტი მოამზადეს. პარტიიდან გასვლის შემდეგ, 1981 წლიდან ბალცეროვიჩი პროფგაერთიანება „სოლიდარობის“ ეკონომიკური კონსულტანტი იყო. 1989-1991 წლებში იგი ვიცე-პრემიერი და ფინანსთა მინისტრია მაზოვეცკისა და ბელეცკის მთავრობაში. ამ პერიოდში ბალცეროჩის სახელს უკავშირდება სოციალისტური ეკონომიკის კაპიტალისტურად გარდაქმნა. იმ დროიდან მოყოლებული ბალცეროვიჩის პიროვნება არაერთგვაროვნადაა შეფასებული ამ ქვეყნის მოქალაქეებში. მათი ერთი ნაწილი ბალცეროვიჩში „პოლონეთის ეკონომიკური სასწაულის“ ავტორს, ხოლო მეორე ნაწილი კი „ცივი გონების, აუღელვებელ ტექნოკრატს ხედავს“. მთავრობიდან წასვლის შემდეგ ბალცეროვიჩი ხელმძღვანელობდა ვარშავის სავაჭრო ინსტიტუტის ერთ-ერთ კათედრას, შექმნა რამდენიმე ფონდი, რომელთა ნაწილსაც იგი თავად აკონტროლებდა, იყო საერთაშორისო საინვესტიციო კომპანია JP Morgan-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და სხვ. 1992 წლიდან ბალცეროვიჩი გვევლინება რამდენიმე ქვეყნის, მ.შ. რუსეთის, უკრაინის, ყირგიზეთის, ლიტვის და ბულგარეთის მთავრობათა ეკონომიკური მრჩეველის როლში. წლების მანძილზე ბალცეროვიჩი უპარტიოა, წელს კი 1995 წელს იგი „თავისუფლების კავშირში“ („UNIA WOLNOSCY“) ერთიანდება, სადაც მას თავმჯდომარედ ირჩევენ და ამ ფუნქციას იგი 2000 წლის ბოლომდე ასრულებს (ამჟამად კავშირის თავმჯდომარეა პოლონეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, პროფესორი ბრონესლავ გერემეკი).
პროფ. ლ. ბალცეროვიჩი სამშობლოში და საზღვარგარეთ გამოქვეყნებული 50-ზე მეტი სამეცნიერო საშრომის ავტორია. ეკონომიკური მეცნიერების განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისათვის ბალცეროვიჩი არჩეულია მრავალი ქვეყნის, მათ შორის, საფრანგეთის, ამერიკის შეერთებული შტატების, იტალიის, სლოვაკეთის უნივერსიტეტების საპატიო დოქტორად. იგი დაჯილდოებულია ლუდვიგ ერჰარდის პრემიით (1992 წელს). 1998 წელს, ცნობილმა ინგლისურმა ჟურნალმა „Euromoney“ ლ. ბალცეროვიჩი წლის საუკეთესო ფინანსთა მინისტრად აღიარა, ხოლო 2000 წელს კი იგი ფრიდრიხ ჰაიეკის (ეკონომიკაში 1974 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი) პრემიით დააჯილდოვეს.
1997 წლის შემოდგომიდან 2000 წლის ივნისამდე ბალცეროვიჩი კვლავ პოლონეთის მთავრობის ვიცე-პრემიერი და ფინანსთა მინისტრია. 2000 წლის ივლისიდან იგი დანიშნულია საქართველოს პრეზიდენტის ეკონომიკურ მრჩევლად. 2001 წლის დასაწყისიდან დღემდე ბალცეროვიჩი პოლონეთის ეროვნული ბანკის პრეზიდენტია.
ამბროსი გრიშიკაშვილი
ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, პოლონეთის კულტურის დამსახურებული მოღვაწე
![]() |
3 ავტორისაგან |
▲back to top |
მკითხველის ხელთაა „თავისუფლება და განვითარება“-ს („Wolnosc I rozwoj“) შემდგომი წიგნი - „სახელმწიფო გარდამავალ პერიოდში“ („Panstwo w przebudowie“). ვფიქრობ, წიგნის სათაური ნათლად ასახავს მის შინაარსს.
წიგნი ეხება პოლონეთის სახელმწიფოს განვითარებას ჩვენი ისტორიის განსაკუთრებულ პერიოდში, რომელიც 1989 წლიდან დაიწყო. განვლილი პერიოდის განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ წინა ხანებთან შედარებით ახლა გაცილებით მეტი შანსი გვაქვს, ვიდრე შეზღუდვები. უბრალოდ, ახლა პოლონეთი უკვე თავისუფალი ქვეყანაა. ახლა ყველაზე დიდი საშიშროება ამ შანსის გამოუყენებლობაშია. პიროვნებისა თუ ერის დიდი წარმატება არასდროს არ არის გარანტირებული. მისი მიღწევაა საჭირო - მიზნების სწორედ შერჩევით, მეთოდების კომპეტენტური ამორჩევით და ასევე, მისი რეალიზაციის თანმიმდევრულობითა და სიმტკიცით.
ამ წიგნის დაწერის მიზანი იყო მეპოვა პასუხი კითხვაზე, თუ რის გაკეთებაა საჭირო და რისი არა, რათა წყალს არ გავაყოლოთ ჩვენი ეროვნული შანსი.
თუმცა, წინამდებარე წიგნი პოლონეთის შესახებაა დაწერილი, ანუ პოლონეთის ინსტიტუციონალურ მოწყობას ასახავს, მაგრამ ეს მხოლოდ 1989 წლის შემდგომი პერიოდის პოლონეთის სინამდვილეს როდი ეხება, ამ წიგნში შევეცადე პასუხი გამეცა იმ ძირითად შეკითხვებზე, რომლებიც საზოგადოებრივ ფილოსოფიას, პოლიტიკურ მეცნიერებებს და პრაქტიკულ ეკონომიკას ეხება. ამ დისციპლინებს შორის განსხვავება დაუდგენელია და ხშირად ხელოვნური ხასიათი აქვს.
მთავარი პრობლემა, რომელიც ამ წიგნშია გაანალიზებული, შემდეგში მდგომარეობს: რა უნდა შეიცვალოს პოსტსოციალისტური სახელმწიფოს მშენებლობაში, რათა მიღწეულ იქნეს ისეთი საყოველთაოდ აღიარებული მიზნები, როგორიც არის ადამიანთა ცხოვრების სწრაფი და სისტემატური გაუმჯობესება, მომსახურების მნიშვნელოვანი სახეების უკეთესი ფუნქციონირება, გარემოს დაცვა და ა.შ.
ჩატარებული ანალიზის შედეგად გაკეთებულია შემდეგი დასკვნა: საყოველთაოდ აღიარებულ მიზნებს ცხოვრებაში რეალურად ხშირად შესაძლებელია მივაღწიოთ ისეთი მეთოდებით, რომლებიც მიზნებისაგან განსხვავებით ასე საყოველთაოდ მიღებული არ იქნება. უფრო მეტიც: ისინი საზოგადოების გარკვეული წრეების მიერ მუდმივი თავდასხმის საგანია. ეს თითქმის ყველა ქვეყანაში ასეა. ამიტომ ეკონომიკის განვითარების მიზნით საჭიროა მუდმივი მშვიდობიანი პოლიტიკური ბრძოლა საზოგადოების სამეურნეო პროგრამის არსის რაც შეიძლება ფართო ფენებისათვის გასაცნობად.
ამ წიგნის დაწერის ერთ-ერთ მიზანსაც სწორედ ის წარმოადგენს, რომ საზოგადოება კარგად გაერკვეს იმ ამოცანების ბუნებაში, რომელთა გადაწყვეტაზეც დიდადაა დამოკიდებული ჩვენი ეროვნული შანსის რეალიზაცია.
ლეშეკ ბალცეროვიჩი
ვარშავა, 1999 წლის 21 თებერვალი
![]() |
4 სტრატეგია |
▲back to top |
სტრატეგიის ლოგიკა
ქვეყნის სწრაფ განვითარებას, რა თქმა უნდა, გავლენა აქვს მილიონობით ადამიანის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაზე, მაგრამ იგი მანანასავით ციდან როდი ცვივა. ამ განვითარებისათვის საჭიროა გამუდმებული მშვიდობიანი ბრძოლა, წინააღმდეგობის გაწევა სხვადასხვა, განვითარების წინააღმდეგ მიმართული ნაკადებისათვის. ეს, პრაქტიკულად, ორ რამეს ნიშნავს: ჯერ ერთი, საჭიროა გარკვეული ძალისხმევის გამოჩენა განვითარების სტრატეგიის გასაცნობიერებლად, და მეორეც, საჭიროა ასეთი სტრატეგიისათვის მხარის დაჭერა, ამისათვის დემოკრატიის სხვადასხვა ფორმების გამოყენება, მოქალაქეების ამ საქმეში ჩაბმა და სხვ.
სიტყვა „სტრატეგიის“ მნიშვნელობა ძალზე ხშირად გაბერილია. სინამდვილეში ეს შემდეგს ნიშნავს:
1. მიზნებს, ანუ საგნების მომავალ, სასურველ მდგომარეობას;
2. ობიექტურ პირობებს, რომლებსაც ექნება ადგილი - ჩვენი წინასწარგანჭვრეტის თანახმად, - ამ მიზნების მიღწევისას;
3. სახსრებს, ანუ ფაქტორებს, რომელთა მოძრაობაში მოყვანა, ანუ შესაბამისი ფორმირებაც მოცემულ პირობებში დასახული მიზნების მიღწევის საშუალებას მოგვცემს.
მაშასადამე, თავად მიზნების დასახვა ჯერ კიდევ არ არის სტრატეგია. ეს არის მაქსიმუმ მისი შემუშავების დაწყება. თუკი ვინმე მხოლოდ დაისახავს სასურველ მიზანს, მაგრამ პრაქტიკულად არაფერს აკეთებს მის მისაღწევად, იგი მხოლოდ სურვილების ხლართებში გაეხვევა და მეტი არაფერი.
სტრატეგიის განხორციელების აუცილებელი პირობების პროგნოზირებიდან გამომდინარეობს ამ მიზნის მისაღწევი მნიშვნელოვანი დასკვნები. მაგალითად, პოლონეთის შრომის ბაზარზე მოსალოდნელია ახალგაზრდა ადამიანების დიდი ნაკადის შემოსვლა. აქედან გამომდინარე, უმთავრეს საზოგადოებრივ-სამეურნეო მიზნებს შორის უნდა იყოს დასახული კონკურენტული (და ამდენად, მყარი), სამუშაო ადგილების შექმნა. ამ მიზნის მიღწევის ერთ-ერთი მეთოდი იქნება სამუშაოს მიმცემთა გათავისუფლება ბიუროკრატიული და სოციალური ბალასტისაგან. უნდა გვახსოვდეს: ვინც ზიანს აყენებს დამქირავებელთ, ვნებს სამუშაოს მიმღებთაც, რადგან ამ უკანასკნელებს სამუშაოს შოვნის შანსი უმცირდებათ.
სწორედ არჩეული სტრატეგია მოითხოვს ასევე იმ ფაქტორების ცოდნასაც, რომელთა ამოქმედება თუ ფორმირებაც არის საჭირო, რათა მაქსიმალურად მივუახლოვდეთ დასახულ მიზნებს. თეზა ასეთი ცოდნის საჭიროების შესახებ ეკონომიკაშიც ისევე აუცილებელია, როგორც მედიცინაში, ტექნიკასა თუ სამხედრო საქმეში. არადა, კამათში, რომელიც ეხება სახელმწიფოს პოლიტიკას ეკონომიკის მიმართ, პოლიტიკას, რომელზედაც დამოკიდებულია მილიონობით ადამიანის ცხოვრების პირობები, გაბატონებულია შეხედულება, თითქოს ეს არ მოითხოვდეს სპეციალურ მომზადებას.
დაჩქარების სტრატეგია
1998 წელს წარმოვადგინე „პროგრამა სახელმწიფო ფინანსების საშუალოვადიანი სტრატეგიის“ შესახებ, რომელიც, ფაქტიურად არის ჩვენი ქვეყნის დაჩქარებული განვითარების ცივილიზებული გზა. მისი უმთავრესი მიზანია პოლონეთის ეროვნული მეურნეობის სწრაფი წინსვლა გრძელვადიან პერიოდში, საშუალო წლიური 6 პროცენტიანი ტემპებით. ამასთან, პროგრამაში გათვალისწინებულია ახალი სამუშაო ადგილების სწრაფი შექმნა, რათა ახალგაზრდებს, რომლებიც სამუშაოს დაუწყებენ ძებნას, მიეცეთ ცხოვრების გარკვეული შანსი. ასეთი ტემპებითა და სახით განვითარების აუცილებლობა გამომდინარეობს ქვეყანაში ცხოვრების დონის სისტემატური ამაღლებიდან, უმუშევრობის შემცირებიდან, ისეთი პირობების შექმნიდან, რომელიც დააჩქარებდა პოლონეთის ევროკავშირში დროულ შესვლასა და პოლონელთა ცხოვრების დონის გამოთანაბრებას ევროკავშირის მდიდარი ქვეყნების მოქალაქეთა ცხოვრების სტანდარტებთან.
ეს მნიშვნელოვანი მიზნები ჩვენ პრაქტიკულად უნდა განვახორციელოთ რთულ პირობებში. დემოგრაფიული სიტუაციის შესახებ ზევით უკვე აღვნიშნე. დავამატებ იმას, რომ ეს პრობლემა არის ასევე ჩვენი განვითარების შანსიც, რადგან ეროვნული მეურნეობა უახლოეს პერსპექტივაში მიიღებს ბევრ ახალგაზრდა, ენერგიულ მეწარმესა და მუშაკს. ახლა მხოლოდ ამ შანსის გამოყენებაა საჭირო. ეს კი ნიშნავს კონკურენტული სამუშაო ადგილებში ინვესტიციების განხორციელებას.
მოთხოვნილება ინვესტიციებზე
თანამედროვე ეკონომიკის სხვა ახალ, მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მისი შემდგომი განვითარების დამოკიდებულება ინვესტიციების ხვედრითი წილის ზრდაზე, რაც, თავის მხრივ, მოითხოვს ანაბრებზე პროცენტის გაზრდას.
ეკონომიკური ზრდის უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს შრომის მწარმოებლურობის ამაღლება, რაშიც ძალზე დიდ როლს თამაშობს ადამიანთა ცოდნისა და გამოცდილების, ნედლეულისა და ენერგიის, მანქანებისა და მოწყობილობების რაციონალური გამოყენება.
სოციალიზმი იყო აბსურდული წყობა. სწორედ ამიტომ იყო მაშინ შრომის ნაყოფიერება ძალზე დაბალი. სწორედ ამით იყო გამოწვეული, რომ წყობის შეცვლის შემდეგ ეკონომიკის ლიბერალიზაციამ, კონვერტირებული ფულის შემოღებამ, მეურნეობის მოდერნიზაციის მიზნით, არცთუ ისე დიდი ინვესტიციების გაღებამ და ა.შ. რეფორმების საწყის პერიოდში შრომის მწარმოებლურობის საკმაოდ საგრძნობი ზრდა მოგვცა. მაგრამ წინა წყობის ეს ,,რეზერვები“ სოციალისტური ეკონომიკის ტრანსფორმაციის პირველივე წლებში ამოიწურა. ეკონომიკის შემდგომი ზრდა დანაზოგების ზრდასა და მეურნეობაში ინვესტიციების გაზრდას მოითხოვს. ინვესტიციები პოლონეთში კვლავ მწირია, ხოლო დეპოზიტების სახით აკუმულირებული ფინანსური სახსრები მცირე მოცულობის ინვესტიციების განსახორციელებლადაც კი არ არის საკმარისი. ამის ერთ-ერთ უმთავრეს მიზეზს წარმოადგენს სახელმწიფო ფინანსების სფეროში შექმნილი მდგომარეობა: ბიუჯეტის მეტისმეტად დიდი დეფიციტი და იმავდროულად საკმაოდ მაღალი გადასახადები. თუკი ჩვენ გვსურს დეფიციტის შემცირება და იმავდროულად გადასახადების შეკვეცაც, საჭიროა საბიუჯეტო ხარჯების შემცირება. აი, აქ დევს ეკონომიკის შემდგომი განვითარების უმთავრესი პრობლემა.
ამგვარი მდგომარეობის ერთ-ერთ სხვა ობიექტურ პირობას წარმოადგენს ასევე ადრე აღებული ვალდებულებები. გავიხსენოთ, რომ სოციალიზმმა უდიდესი საგარეო ვალები დაგვიტოვა. ჩვენ მოვახერხეთ ამ დავალიანების განახევრება და ამდენად, მასზე დარიცხული პროცენტები უკვე სერიოზულად ვეღარ ამძიმებს პოლონეთის ეროვნულ მეურნეობას. ამ მიზნით 1998 წელს გადავიხადეთ 1,6 მლრდ აშშ დოლარი, 1999 წელს - 1,7 მლრდ აშშ დოლარი, ხოლო 2001 წელს საჭირო იქნება 2,4 მლრდ აშშ დოლარის გადახდა. ამავდროულად, საჭიროა ასევე საშინაო დავალიანების გასტუმრებაც, რაც წინა წლების ბიუჯეტის დეფიციტის შედეგად წარმოიქმნა. უნდა გვახსოვდეს, რომ ეს დავალიანებები ჩვენმა საზოგადოებამ უნდა დაფაროს და არა რაღაც „აბსტრაქტულმა“ ბიუჯეტმა.
საერთაშორისო გარემოცვა
უნდა გვახსოვდეს, რომ პოლონეთის საერთაშორისო გარემოცვა თანდათან უფრო მომთხოვნი გახდება. მექსიკის, ჩეხეთის, ხოლო ბოლო ხანებში სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის ზოგიერთი ქვეყნის გამოცდილება გვაჩვენებს, რომ საფინანსო ბაზრები ძალზე მგრძნობიარენი არიან და უაღრესად სწრაფად გააქვთ კაპიტალი იმ ქვეყნიდან, რომელსაც დესტაბილიზაციის საფრთხე დაემუქრება. ამით კი ისინი კიდევ უფრო ამძაფრებენ მძიმე სიტუაციაში აღმოჩენილი ქვეყნის მდგომარეობას. 1998 წელს მალაიზიაში, ინდონეზიასა და რუსეთში, ანუ იმ ქვეყნებში, რომელთა მიმართაც ინვესტორთა ნდობა შესუსტდა, მშპ-ს წარმოების ტემპები შესაბამისად, 7,5, 15,3 და 5,7 პროცენტით შემცირდა.
ძლიერი ტყუპისცალები
ღარიბი ქვეყნისათვის განვითარება ჰაერივით აუცილებელია, - ამის გარეშე იგი სიღარიბიდან ვერ გამოვა. ხოლო სიღარიბის დაძლევა რომ შესაძლებელია, ამას გვაჩვენებს დღეს მდიდარი, მაგრამ ოდესღაც ისეთი ღარიბი ქვეყნების გამოცდილება, როგორებიც არიან იაპონია, ფინეთი, ირლანდია, ტაივანი და სამხრეთ კორეა. მაგრამ უფრო მეტია იმ ქვეყნების რიცხოვნობა, რომლებიც ადრეც ღარიბები იყვნენ და ახლაც ასეთებად რჩებიან. მაშ რაშია საქმე, როგორ ხდება, რომ ზოგი ქვეყანა თავს აღწევს სიღარიბეს, ხოლო ზოგს ამის გაკეთება არ შეუძლია? ამას მხოლოდ ამ ქვეყნების გარშემო არსებულ საერთაშორისო მდგომარეობას ვერ დავაბრალებთ. იგი ხომ მრავალი ქვეყნისათვის საერთოა?!
სწრაფი განვითარებისა თუ პირიქით, განუვითარებლობის უმთავრესი მიზეზები თავად ცალკეული ქვეყნის შიგნით არის საძიებელი. ამ ქვეყნებს შორის ეკონიმიკურ განვითარებაში არსებული განსხვავების უმთავრესი მიზეზი მათ სამეურნეო პილიტიკას შორის არსებული განსხვავებაა. ზოგი ქვეყანა ატარებს ჯანმრთელი სახელმწიფო ფინანსების, დაბალი და მარტივი გადასახადების, საიმედო საბანკო სისტემის და ა.შ. პოლიტიკას. ასეთი ქვეყნები საკუთარი მოქალაქეების ცხოვრების დონესაც ამაღლებენ და კრიზისების მიმართაც საკმაოდ გამძლენი არიან. მაგრამ უფრო მეტია ისეთი ქვეყნები, სადაც ასეთი მიდგომები საერთოდ არ არსებობს, ან ნაწილობრივ გამოიყენება ისინი. აქ განსაკუთრებით ხშირად გვხვდება ბიუჯეტის დიდი დეფიციტი, რაც ამ ქვეყნის ეროვნული ვალუტის დევალვაციასა და დავალიანებათა კრიზისს იწვევს. შემდგომში კი ეს ინფლაციისა და ეკონომიკის რეცესიის მიზეზი ხდება. ასეთ მაგალითებად რუსეთისა და ბრაზილიის დასახელებაც საკმარისია. არც იმის მაგალითებია ნაკლები, თუ როგორ მჭიდროდ შეიძლება იყოს დაკავშირებული პოლიტიკის სფერო ქვეყნის ბანკებსა თუ საწარმოებთან. ასეთ ,,საშიშ კავშირებს“ პოლიტიკურად დასაბუთებულ, მაგრამ ეკონომიკურად მცდარ გადაწყვეტილებებამდე მივყავართ. ხშირად ეს გამოიხატება ხოლმე ,,ცუდი“ კრედიტების ზრდაში, საწარმოების მეტისმეტ დავალიანებაში საზღვარგარეთის ქვეყნების მიმართ და სხვ. ასეთ კავშირებს ბოლო ხანებში ადგილი ჰქონდა იაპონიაში, სამხრეთ კორეასა და ინდონეზიაში.
ისმება კითხვა: როგორ ხდება, რომ საზოგადოებას განვითარება ჰაერივით სჭირდება, მაგრამ მას ცუდი სამეურნეო პოლიტიკა, როგორც კარგი რეცეპტები, ისე მიეწოდება, ამის შედეგად კი, ნაცვლად იმისა, რომ მეურნეობა განვითარდეს, ეკონომიკური ზრდის ტემპები ეცემა, ანდა სულაც ეროვნულ მეურნეობას კრიზისი ეუფლება?
ცუდი სამეურნეო პოლიტიკა ორი ძლიერი ტყუპი ძმის ზურგზე დგას. მათგან ერთია ცალკეული საზოგადოებრივ-პოლიტიკური ჯგუფების ინტერესების ზეწოლა, ხოლო მეორე - უცოდინარობა, უფრო სწორედ ეკონომიკური მეცნიერების ცუდად ცოდნა. ასეთ შემთხვევაში, თუ განვითარების მომხრენი მოცემულ ქვეყანაში არ შეკავშირდებიან, მაშინ ეს ორი ტყუპი ძმა ძლიერდება და მათ შეუძლიათ ეკონომიკის განვითარება მცდარ რელსებზე გადაიყვანონ. როგორც გამოცდილება გვაჩვენებს, მაგალითები იმისა, რომ ასეთი ინტერესთა ზეწოლის ჯგუფები ძლიერდებიან და მცდარი გზით მიჰყავთ ეკონომიკა, არცთუ ისე ცოტაა. სწორედ ამიტომ ხდება, რომ თითზე შეიძლება იმ ქვეყნების ჩამოთვლა, რომლებიც ახერხებენ კრიზისიდან გამოსვლას და აღწევენ ეკონომიკის ზრდას. ამ მხრივ განსაკუთრებით ცუდი მდგომარეობაა პოსტსოციალისტურ ქვეყნებში, სადაც ეს ორი ტყუპის ცალი ძმა განსაკუთრებით მძლავრობს, ხოლო რეფორმატორულად განწყობილი პოლიტიკოსების მობილიზაციის დონე საგრძნობლად დაბალია. ამიტომ გასაკვირი როდია, რომ პოსტსოციალისტური ქვეყნების გადამწყვეტ უმრავლესობაში ამჟამად ცხოვრების გაცილებით დაბალი დონეა, ვიდრე მათ 10 წლის წინათ ჰქონდათ. ასევე ბუნდოვანია ამ ქვეყნების განვითარების პერსპექტივებიც. შევხედოთ რუსეთს, უკრაინას, ბელორუსს, რუმინეთს. პოლონეთი ერთადერთი დიდი ქვეყანაა პოსტსოციალისტური ქვეყნებიდან, სადაც მშპ-ს დონე გაცილებით მაღალია, ვიდრე 10 წლის წინათ, და რომელსაც არ განუცდია კრიზისი ეკონომიკის ტრანსფორმაციის შედეგად. ამასთან ეს იმას როდი ნიშნავს, რომ ჩვენ ქვეყანაში არ იგრძნობოდეს ამ ტყუპი ძმების დაწოლა. და ეს მაშინ, როდესაც ამდენი მაგალითია იმისა, თუ სადამდე მიჰყავს ქვეყანა ცუდ სამეურნეო პოლიტიკას და როდესაც ასე რთულდება ჩვენს გარშემო საერთაშორისო პოლიტიკა.
ცალკეული საზოგადოებრივ-პოლიტიკური ზეწოლის ჯგუფების ბრძოლის მთელი არსი მდგომარეობს თავისი წევრების მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაში. ასეთი ზეწოლის ჯგუფების შემადგენლობა კი არც ისე დიდია. ეს გასაგებიცაა. რაც უფრო ნაკლები წევრი იქნება ამგვარ ჯგუფებში, მით უფრო დიდი და საგრძნობი იქნება ის სარგებელი, რომელსაც ნახავს თითოეული მათგანი სახელმწიფოს ეკონომიკურ პოლიტიკაზე ამგვარი ზეწოლით. ასეთი პატარა ინტერესთა ზეწოლის ჯგუფის მოქმედების მექანიზმი კარგად აქვს ახსნილი ცნობილ ამერიკელ ეკონომისტსა და სოციოლოგს, მარკ ოსლონს. პოლონეთში ასეთ მცირე ინტერესთა ჯგუფს წარმოადგენს ანესტეზიოლოგთა პროფესიული კავშირი.
ინტერესთა ზეწოლის ჯგუფს, ძირითადად, პროფკავშირების, დარგობრივი პროფკავშირების სახე აქვს. როგორც გამოცდილება გვიჩვენებს, მათი უმთავრესი მოთხოვნებია ხელფასების, პენსიების მომატება. ეს კი საწარმოებს უუარესებთ საქმიანობის პირობებს და წარმოშობს უმუშევრობას. ვინ ზარალდება ამით ყველაზე მეტად? ისინი, რომლებიც არ არიან გაერთიანებული პროფკავშირებში და განსაკუთრებით ახალგაზრდები, რომლებიც ეს-ესაა გამოვიდნენ შრომის ბაზარზე.
თუმცა, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ არიან ქვეყნები, სადაც პროფკავშირების ხელმძღვანელობა ძლიერია და ესმის, რომ დასაქმების მაჩვენებლის ზრდა და დაბალი უმუშევრობა რეფორმებს მოითხოვს, რომელთაც შედეგად შრომის ნაყოფიერების ზრდა და საწარმოთა კონკურენტუნარიანობის ამაღლება მოჰყვება. ასეთი იშვიათი ქვეყნის მაგალითია ავსტრია.
ინტერესთა ზეწოლის ჯგუფების, ცუდი სამეურნეო პოლიტიკის საყრდენი ერთ-ერთი ტყუპის ცალი მარტო როდი მოქმედებს. იგი მჭიდროდ თანამშრომლობს მეორე ტყუპის ცალთან - ეკონომიკური ცოდნის დაბალ დონესთან. შესაბამისი ცოდნის დაბალი დონე ხელს უწყობს ინტერესთა ზეწოლის ჯგუფების საქმიანობას. მაგალითად, ერთ-ერთი ძალზე გავრცელებული მითია ის, თითქოს ეკონომიკური განვითარება დიდად იყოს დამოკიდებული საბიუჯეტო დოტაციაზე (ანუ რაც იგივეა, ბიუჯეტის დეფიციტზე). შედეგად, ბიუჯეტი ინათლება როგორც „კარგი“, თუკი იგი ასეთ დიდ ხარჯებს შეიცავს და როგორც „ცუდი“, „რესტრიქციული“, თუკი მასში მცირედაა წარმოდგენილი ამგვარი ხარჯები. ბიუჯეტზე ასეთი შეხედულება, რა თქმა უნდა, ხელს აძლევს ინტერესთა ზეწოლის ჯგუფებს. ასეთი შეფასებების თანახმად, „კარგი“ ბიუჯეტი ჰქონდა რუსეთს, თუმცა, ამ ქვეყნის ეკონომიკას კრიზისი დაეუფლა და „ცუდი“ ბიუჯეტი აქვს პოლონეთს, რომელმაც გაუძლო კრიზისის შემოტევას.
სხვა მცდარ შეხედულებას წარმოადგენს ის, თითქოს ყოველი კონკრეტული პრობლემის, მაგალითად, უმუშევრობის, საცხოვრებელი ბინების ნაკლებობის, სოფლად დაბალი შემოსავლების და ა.შ. გადასაჭრელად საჭირო იყოს სპეციალური, სახელმწიფოს უშუალო ინვესტიციები. მაგალითად, სახელმწიფო საწარმოების გახსნა, საბინაო შეღავათები, სურსათზე ფასების გაზრდა და სხვ. აი, ეს არის ის შეხედულებები, რომლებიც განსაკუთრებით ხელს უწყობს ინტერესთა ზეწოლის ჯგუფების აღზევებას, წარმოქმნის ჩრდილოვან ეკონომიკას, კორუფციასა და მაფიას. ამავე დროს, ასეთი ეკონომიკური მიდგომები სერიოზულად ამუხრუჭებს ეკონომიკის განვითარებას.
აღნიშნულ ინტერესთა ზეწოლის ჯგუფების მოქმედება გვკარნახობს, რომ საჭიროა გამუდმებული, მშვიდობიანი ბრძოლა ეკონომიკის ზრდისათვის და რომ ეს ბრძოლა არასოდეს მთავრდება. ეს ეხება ასევე პოლონეთსაც, რომელსაც მიუხედავად ამისა, არასოდეს გადაუხვევია განვითარების გზიდან, თუმცა, მანაც საკმაოდ დიდი დრო დაკარგა, მაგალითად, პრივატიზაციის პროცესში, სახელმწიფო ფინანსების გაჯანსაღების გზაზე, შრომის ბაზრის რეფორმირებისას და სხვ.
ფრთხილად, გზა მოყინულია
წარმოვიდგინოთ, რომ გადაწყვეტილი გვაქვს რაიმე სეროზული საგნის, მაგალითად, ავტომანქანის ყიდვა და ეს ხდება იმ ეკონომიკის ჩარჩოებში, სადაც არსებობს არჩევანის შესაძლებლობა. როგორ ვიქცევით ასეთ დროს? ჩვენი უდიდესი უმრავლესობა დიდ დროს დაუთმობს იმას, რომ თავის ახლობლებში მოაგროვოს ინფორმაცია ავტომობილების შესახებ. შემდეგ ამ ინფორმაციას შეუდარებს ერთმანეთს და მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთებს შესაბამის არჩევანს. რატომ ვიქცევით ასე და არ ვყიდულობთ ,,კატას ტომარაში“? ჩვენი ასეთი ქცევის მიზეზი ნამდვილად არის იმის შეგნება, რომ ობიექტები, რომელთა შორისაც ჩვენ არჩევანი უნდა გავაკეთოთ, ერთმანეთისაგან არსებითად განსხვავდებიან, ხოლო ამას ჩვენთვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს. სწორედ ამ არჩევანის გაკეთების შემდეგ შეგვეძლება იმის თქმა, თუ რამდენად სწორად დავაბანდეთ ფული.
მოქალაქეობრივი აქტიურობა
ახლა გადავიდეთ მოქალაქეობრივი აქტიურობის პრობლემაზე ახალგაზრდა დემოკრატიის ქვეყანაში, როგორსაც პოლონეთი წარმოადგენს. თუ ვუთმობთ ამ საკითხს იმდენ დროს მაინც, რამდენსაც ძვირადღირებული საქონლის შესყიდვას? პირველი მოქალაქეობრივი გადაწყვეტილება ეხება ჩვენს პოლიტიკასთან დამოკიდებულებას. აქ სამი არჩევანი გვაქვს: აქტიური მონაწილეობის მიღება პოლიტიკურ ცხოვრებაში (რომელიმე პოლიტიკურ პარტიაში გაერთიანების გზით), პოლიტიკაში პასიური მონაწილეობა არჩევნებში მონაწილეობის მიღებით და ბოლოს, აბსოლუტური აპოლიტიკურობა, უარის თქმა არჩევნებში მონაწილეობაზეც კი. ახალგაზრდა დემოკრატიისათვის დამახასიათებელია ის, რომ ძალზე დაბალია პოლიტიკურად აქტიური მოსახლეობის რიცხოვნობა, ხოლო ძალზე მაღალი - აპოლიტიკური ადამიანების, ანუ იმათი რაოდენობა, რომლებიც არჩევნებშიც კი არ იღებენ მონაწილეობას. ამ მოვლენის ახსნა ძნელი არ არის: პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ამომრჩეველთა გულის მოგებას ცდილობენ, ჯერ კიდევ გამოუცდელები არიან და ვერ იზიდავენ ამომრჩეველთ.
„აპოლიტიკურობა“
ამ მოვლენის გაგება არ ნიშნავს მის მოწონებას. ახალგაზრდა დემოკრატიის ქვეყნებში ასეთი დაბალი პოლიტიკური აქტივობა არ შეიძლება ჩვენს შეშფოთებას არ იწვევდეს. ამ ქვეყნების მოქალაქეთა აქტიურობაზე ხომ ძალზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, გაცილებით მეტი, ვიდრე განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებში. განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებს არ უწევთ კაპიტალისტური მეურნეობის აშენება, მათ ეს უკვე გაკეთებული აქვთ, მაშინ, როდესაც სახელდობრ ეს ამოცანა დგას ახალგაზრდა დემოკრატიის წინაშე. კერძოდ, მათ განსახორციელებელი აქვთ სახელმწიფოს დეცენტრალიზაცია, განათლების, ჯანმრთელობის სისტემის რეფორმა და ა.შ. ამ ეროვნული ამოცანების გადაწყვეტაზე დიდად არის დამოკიდებული მილიონობით ადამიანის კეთილდღეობის ამაღლება. სხვადასხვა პარტიების დამოკიდებულება ამ ამოცანების მიმართ სრულიად განსხვავებულია. ასეთ შემთხვევაში აპოლიტიკურობა ნიშნავს იმ ფაქტორებზე გავლენის მოხდენაზე უარის თქმას, რომელთაც დიდი მნიშვნელობა აქვთ ჩვენი ცხოვრების გაუმჯობესებაზე. ამიტომ განა არ უნდა გვაკვირვებდეს ის ამბავი, რომ ასე დიდ დროს ვუთმობთ მატერიალური ნივთების შესყიდვას, ხოლო ასე მცირე დროს პოლიტიკას და თანაც ქვეყნის განვითარების ასეთ რთულ პერიოდში?
ახალგაზრდა დემოკრატიის ქვეყნებში მოსახლეობის აპოლიტიკურობას სხვა ახსნაც მოეძებნება. კერძოდ კი ის, რომ პოლიტიკა ბინძური თამაშია და რომ ყველა პოლიტიკური ძალა ატყუებს ამომრჩეველს. ეს საფუძველშივე მცდარი შეხედულებაა. სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებს სრულიად სხვადასხვა პროგრამები აქვთ, ზოგს მიზანმიმართული და პერსპექტიული, ზოგსაც უაზრო და უმომავლო. ამიტომ სწორი არ იქნება ერთნაირი მიდგომა პერსპექტიული და არაპერსპექტიული პოლიტიკური პარტიების მიმართ.
სწორი პოლიტიკური არჩევანი
მოქალაქეთა არჩევანის სხვაგვარ კატეგორიასთან გვაქვს საქმე თავად არჩევნების დროს, როდესაც გადასაწყვეტი გვაქვს, თუ რომელ პოლიტიკურ დაჯგუფებას უნდა მივცეთ ჩვენი ხმა. სწორედ ამ შემთხვევაში განსაკუთრებით იჩენს თავს ის დიდი განსხვავება, რომელსაც ადამიანები იჩენენ ბაზარზე რაიმეს შესყიდვასა და სწორი პოლიტიკური არჩევანის დროს.
სწორ არჩევანს ჩვენ მხოლოდ იმ შემთხვევაში გავაკეთებთ, თუ შეცდომის გარეშე განვსაზღვრავთ კრიტერიუმებს, რომელიც ჩვენ ამას შეგვაძლებინებს. მაგალითად, ავტომანქანის შერჩევისას ეს უნდა იყოს მისი ფასი, საწვავის მოხმარების მაჩვენებლები, გამძლეობა და ა.შ. ხომ არ შეიძლება ავტომანქანა მხოლოდ მისი დასახელების გამო შევიძინოთ, როგორც არ უნდა კარგად ჟღერდეს იგი?! ხოლო როგორ არის საქმე პოლიტიკური არჩევანის გაკეთების დროს?! ვამოწმებთ ავტომობილის შესყიდვის მსგავსად პოლიტიკური პარტიების მიერ წამოყენებული პროგრამების არსს?! ამასთან არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მრავალი პოლიტიკური პარტია საკმაოდ ბევრს ლაპარაკობს „მაღალ მატერიებზე“, მაგრამ, როგორც წესი, მხოლოდ საუბარი როდი ჰქმნის მაღალ მატერიებს. კარგად თქვა ამის შესახებ გამოჩენილმა პედაგოგმა და პუბლიცისტმა ვაცლავ ნალკოვსკიმ: ,,საერთოდ, რაც უფრო უაზრო ცხოვრებით ცხოვრობს ადამიანი, მით უფრო მკაცრ მორალურ პრინციპებს აყენებს იგი და სხვებსაც მისი შესრულებისაკენ მოუწოდებს“.
პროგრამა - ეს არის ქვეყნის პერსპექტივა, რომლის პრაქტიკულად განხორციელებასაც უნდა ესწრაფოდეს პოლიტიკური პარტია პარლამენტში თუ აღმასრულებელ სტრუქტურაში მოსვლის შემდეგ.
ახალგაზრდა დემოკრატიის ქვეყანაში პოლიტიკა ძალზე ბევრს ნიშნავს, რადგან როგორც ზემოთაც აღვნიშნე, პოლიტიკური პროგრამის რეალიზაციაზე დიდად არის დამოკიდებული ქვეყანა წარმატებას მიაღწევს თუ წარუმატებლობას. ამასთან, მართალია პოლიტიკური პარტიის პროგრამას დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ, მაგრამ საჭიროა წავიდეთ უფრო შორს და კარგად შევისწავლოთ ამა თუ იმ პარტიის წარსული თუ ამჟამინდელი მოღვაწეობა, ასევე ის, თუ რამდენად რეალურია მათ მიერ წამოყენებული შეპირებების ცხოვრებაში განხორციელება. უნდა დავაკვირდეთ იმასაც, რამდენად შესწევს არსებობის უნარი მოცემულ პოლიტიკურ სტრუქტურას. თუკი იგი დაიშლება, მაშინ ხომ რაიმე პროგრამის განხორციელებაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია.
ძვირადღირებული გაუგებრობა
დემოკრატია - ეს არის არჩევნები, ხოლო არჩევნებით ჩვენ იმის დადგენას ვცდილობთ, თუ საით უნდა წავიდეს ქვეყნის განვითარება, კარგი თუ ცუდი მიმართულებით. არჩევნებს პოლონეთში დიდი მნიშვნელობა აქვს, გაცილებით დიდი, ვიდრე დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებში. ასე იმიტომ არის, რომ ისინი უკვე განვითარებული და მდიდარი ქვეყნები არიან, ჩვენ კი მხოლოდ ბოლო 8 წელია, რაც თავისუფალი ქვეყანა გავხდით და მოგვეცა იმის საშუალება, რომ შევამციროთ დისტანცია ჩვენ განვითარებას შორის. ამიტომ ჩვენთვის დიდი რისკი იქნება ცუდი არჩევანის გაკეთება, რომელიც დესტაბილიზაციას შეიტანდა ჩვენი ეროვნული მეურნეობის განვითარებაში და შეაფერხებდა მის წინსვლას.
დასავლეთს უკვე დიდი ხანია, რაც აქვს კაპიტალისტური სისტემა და განვითარებული მეურნეობა, ჩვენ კი მხოლოდ ახლა ვიწყებთ თავისუფალ ქვეყანაში ახალი სისტემის მშენებლობას. ამიტომ არჩევნების შედეგებზე დიდად არის დამოკიდებული ჩვენი შემდგომი პოლიტიკური თუ სამეურნეო მშენებლობის შედეგები. გარდა ამისა, პოლონეთში არჩევნებს იმითაც აქვს გაცილებით დიდი მნიშვნელობა, ვიდრე დასავლეთში, რომ პოლონეთი უნდა შევიდეს ევროკავშირში და ამ გზითაც დააჩქაროს თავისი განვითარების ტემპები. რათა ეს პრიორიტეტული მიმართულებები სასურველი ტემპებით განავითაროს, პოლონეთი საჭიროებს პარლამენტში ძალთა შესაბამის განლაგებასაც, კომპეტენტურ მთავრობასაც, რათა ზედმეტი დრო არ დაეკარგოს არასაჭირო კონფლიქტებში, იაროს პირდაპირ, გადაჭრას პრობლემები და მაქსიმალურად გამოიყენოს თავისი შანსი.
რამდენიმე საშიში შეცდომა
დემოკრატია ჩვენს ერთობლივ პასუხისმგებლობას მოითხოვს. ამასთან, კარგი პროგრამისათვის მხარდაჭერა და მისი განხორციელება გაცილებით მეტ ძალისხმევას მოითხოვს ჩვენგან და გაცილებით ადვილია, ვიდრე ჩვენი მობილიზება ცუდი პროგრამის ცხოვრებაში გასატარებლად. დემოკრატიის მშენებლობის პროცესში საზოგადოებამ შეიძლება დაუშვას რამდენიმე შეცდომა:
1. ერთ-ერთი შეცდომა შემდეგნაირად შეიძლება იქნას ფორმულირებული: „დემოკრატია კი, პოლიტიკური პარტიები - არა“. არადა, სრულიად წარმოუდგენელია დემოკრატია პოლიტიკური პარტიების გარეშე. მათი ჩამოყალიბება განსაკუთრებით აქტუალურია და ამასთან, რთულია პოსტსოციალისტურ ქვეყნებში, სადაც დემოკრატიის მშენებლობის დაწყებისას, გარდა მმართველი პარტიისა, რომელსაც მონოპოლიზირებული ჰქონდა ხელისუფლება, და მისი სატელიტებისა, სხვა არც ერთი პოლიტიკური დაჯგუფება არ არსებულა;
2. ძალზე ხშირად ვხვდებით იმის არცოდნას, თუ რა მჭიდრო კავშირი არსებობს არჩევნების შედეგებსა და პარლამენტის სტრუქტურასა და ხარისხს, ხოლო ამის შედეგად, აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურასა და ხარისხს შორის. ზოგიერთი ადამიანისათვის მთავრობა პარლამენტისაგან სრულიად დამოუკიდებლად არსებობს, მაშინ, როდესაც პარლამენტი ისეთია, როგორიც არჩევნების შედეგები, ხოლო მთავრობა კი ისეთი, როგორიც პარლამენტი. დაქსაქსული და ერთმანეთს წაკიდებული პარლამენტი ვერასოდეს ვერ შეძლებს კარგი მთავრობის ჩამოყალიბებას. კარგი მთვარობა ვერც მაშინ შეიქმნება, თუ პარლამენტი ინტერესთა ჯგუფების სისტემატიურ ზეწოლას განიცდის;
3. საზოგადოებაში კვლავაც გავრცელებულია „აპოლიტიკურობის“ მოდა, რაც ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური ცხოვრებისა და პოლიტიკური პარტიების ბედით დაუინტერესებლობაში გამოიხატება. ეს კი ძალზე საშიში მოვლენაა, რადგან, როგორც ზევითაც აღვნიშნე, ჩვენ ახლა ვიმყოფებით განვითარების ისტორიულ ეტაპზე და ასეთი შეხედულების გაბატონებას შეუძლია გამოუსწორებელი ზიანი მოუტანოს ქვეყანას. ერთნი თავიანთ ,,აპოლიტიკურობას“ ამართლებენ იმით, თითქოს არჩევნები მხოლოდ პოლიტიკოსთა საქმე იყოს, ისევე, როგორც მისგან გამომდინარე შედეგებზე პასუხისმგებლობა და ეს მაშინ, როდესაც არჩევნების შედეგები არის ერთობლივი პასუხისმგებლობა, როგორც ამომრჩეველთა, ისე რჩეულთა. კარგი სისტემისათვის ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიბრძოლოთ;
4. ძალიან ბევრი ადამიანია დარწმუნებული იმაში, რომ პოლიტიკა „ჭუჭყიანი თამაშია“, ხოლო პოლიტიკოსები ამომრჩეველთა მოტყუებისა და ფულის შოვნის მეტს არაფერს აკეთებენ. ამიტომ, რაც უფრო შორს იქნება მათგან ადამიანი, მით უკეთესი. თუმცა, როგორც პოლონეთში, ასევე სხვა ქვეყნებშიც, არც უამისობაა, მაგრამ არ შეიძლება ყველა პოლიტიკოსის ერთ ტომარაში თავმოყრა, ისევე, როგორც იმის თქმა, თითქოს ყველა ტაქსისტი ატყუებდეს თავის კლიენტს. ასეთი შეფასება ხომ მათ სამართლიან გულისწყრომას გამოიწვევდა.
კარგი არჩევანის აუცილებლობა
პოლიტიკაში, ისევე, როგორც საზოგადოებრივი აქტიურობის სხვა ნებისმიერ სფეროში, სხვადასხვა ადამიანები საქმიანობენ. მრავალი მათგანის უმთავრესი მიზანი ისაა, რომ როგორმე სახელმწიფო მმართველობის სადავეები იგდოს ხელთ, რისთვისაც ისინი „დაყავი და იბატონეს“ პრინციპს იყენებენ. მათი საბოლოო მიზანი კი დოვლათის გადანაწილებაა. ასეთი პოლიტიკოსებისათვის ძალისხმევის უმთავრესი მიზანი ის არის, რომ რაც შეიძლება მეტი საზოგადოებრივი დოვლათი მოიპოვონ თავიანთი ახლობლებისათვის გასანაწილებლად. ასეთი მიზნების მიღწევა კი ყველაზე ადვილია მაღალი თანამდებობის ხელში ჩაგდების გზით. სწორედ ამით არის გამოწვეული მათში პრივატიზებისადმი წინააღმდეგობა, რადგან იგი ამცირებს ახლობლებისათვის დასარიგებელი თანამდებობების რაოდენობას.
ასეთი პოლიტიკოსების საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფეროა სახელმწიფო ფინანსები, აქედან კი გამომდინარეობს მათი მხრიდან წინააღმდეგობის გაწევა ამ სფეროს დეცენტრალიზაციისადმი.
ამასთან, ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საზოგადოებაში არც ისეთი პოლიტიკოსების ნაკლებობა იგრძნობა, რომლებისთვისაც ხელისუფლების მოპოვება თვითმიზანი არ არის. ისინი რეფორმების გატარებას ესწრაფვიან და ეს მათ უდიდეს სიამოვნებას ანიჭებთ.
პოლიტიკოსები განსხვავდებიან ასევე ხასიათითა და კომპეტენციით, რასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პრობლემებიც ბევრია, მაგრამ ასევე დიდია მათი გადაჭრის შანსიც. პარადოქსალურია, რომ არც ერთი ადამიანი არ დაჯდება იმ ავტობუსში, რომელსაც გამოუცდელი მძღოლი მართავს, მაშინ, როდესაც ძალზე ხშირია შემთხვევები იმ ადამიანების პარლამენტში არჩევისა და შესაბამისად, მათთვის სახელმწიფო მმართველობის სადავეების ხელში ჩაგდებისა, რომლებიც თავიანთი კომპეტენციით მაინც და მაინც არ გამოირჩევიან. ასეთ პირობებში თითოეული ამომრჩევლის ხმას, მიმართულს კომპეტენტური და ღირსეული პიროვნების ასარჩევად, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რათა მთელი ქვეყანა გზიდან არ მოცურდეს და ხრამში არ გადაიჩეხოს.
![]() |
5 რეფორმა და ანტირეფორმა |
▲back to top |
რა არის რეფორმა?
ტერმინ „რეფორმის“ მნიშვნელობა ძალზე ხშირად სხვადასხვაგვარად ესმით. ხშირად ამ ტერმინის ქვეშ გულისხმობენ რომელიმე სისტემაში მიმდინარე ნებისმიერ ცვლილებას. ასეთი მიდგომა რეფორმისადმი კი ძალზე გაუბრალოებულია და ამასთან, დიდი ზიანის მომტანიც, ვინაიდან იგი ადამიანებს დამახინჯებულ შეხედულებას უქმნის პროგრესული პროცესებისადმი და ასეთ შემთხვევაში, თავად სიტყვა „რეფორმაც“ აზრს კარგავს.
ამიტომაც ძალზე დიდი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ სიტყვა ,,რეფორმის“ ხმარებას. რეფორმა შეიძლება შევადაროთ კარგ ინვესტიციას, ხოლო რეფორმების სრულყოფილი პაკეტი კარგად შედგენილ საინვესტიციო პროგრამას. რა მიზნით ვახორციელებთ ინვესტიციებს - ვაშენებთ გზებს, მაღაზიებს, ფაბრიკებს? ცხადია, იმიტომ, რომ უკეთესად ვიცხოვროთ. იგივე მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდეს ნებისმიერი რეფორმაც.
დანახარჯებისა და შედეგების ანგარიში
ნებისმიერი საპასუხისმგებლო საინვესტიციო წამოწყების წინ საჭიროა საფუძვლიანად შეჯერდეს ერთმანეთთან მისი მომავალი შედეგები და ის ხარჯები, რომელიც საჭირო იქნება მათ მისაღებად. საბოლოო ჯამში, ეფექტი უნდა იყოს ფუნქციონირების ხარჯების სისტემატური შემცირება, მაგალითად, გამართული დაზგის დამონტაჟებისა თუ პროდუქციის წარმოების პროცესის უკეთ ორგანიზების გზით. ასეთ შემთხვევაში ჩვენ ერთმანეთს ვუდარებთ დანახარჯებსა და მოსალოდნელ ეფექტს და ვანგარიშობთ, თუ რამდენ ხანში დაგვიბრუნდება უკან გაღებული სახსრები. მაგალითად, თუ რაღაც ღონისძიებაზე საჭიროა დახარჯულ იქნეს 5 მილიონი ზლოტი (2001 წლის დასაწყისში ერთი ზლოტი უდრის დაახლოებით 0,25 აშშ დოლარს - ა.გ.), ხოლო მის შედეგად წელიწადში 1 მილიონ ზლოტ მოგებას მივიღებთ, გამოდის, რომ გაწეული ხარჯები ხუთი წლის მანძილზე დაგვიბრუნდება. გარდა მიმდინარე ეფექტისა, ინვესტიციების ეფექტად შეიძლება ჩაითვალოს ასევე პარალელური ეფექტიც. ასეთი ეფექტი შეიძლება იყოს, მაგალითად, აღნიშნული ინვესტიციის შედეგად მიღებული გარემოს, წყლისა თუ ნიადაგის დაბინძურების მაჩვენებლის შემცირება და სხვ. გზების მშენებლობაში ჩადებული ინვესტიციების შედეგად არა მხოლოდ უფრო კომფორტული ხდება ჩვენი მგზავრობა და ვზოგავთ დროს, არამედ საგრძნობლად მცირდება უბედური საგზაო შემთხვევებიც. ეს კი გარკვეული თვალსაზრისით არის საავადმყოფოების მშენებლობის ალტერნატივა, ისევე როგორც გარემოს დაცვაში ჩადებული ინვესტიციები. ორივე შემთხვევაში ინვესტიციების გაღებით მიღებული სარგებლიანობა დაავადებული ადამიანების რიცხვის შემცირებაში გამოიხატება. გვახსოვდეს, რომ ათას კაცზე გაანგარიშებით, დასავლეთ ევროპასთან შედარებით, პოლონეთში გვაქვს გაცილებით მეტი საავადმყოფო საწოლები და მიუხედავად ამისა, მაინც სისტემატიურად ვაშენებთ ახალს.ანალოგიურის თქმა შეგვიძლია განათლების სისტემის შესახებ. აქ ეფექტი გამოიხატება ადამიანის მომავალი ცხოვრებისათვის უკეთ მომზადებაში და ამით მისთვის იმის შანსის მიცემაში, რომ მან გაცილებით საინტერესო და უკეთ ანაზღაურებადი სამუშაო იპოვოს.
ხარჯები ეფექტის გარეშე?
პროექტები, რომლებიც ახალი სისტემის მოძრაობაში მოსაყვანად მხოლოდ ხარჯების გაღებას მოითხოვენ და არავითარ ხელშესახებ ეფექტს არ გვაძლევენ, რეფორმები კი არა, ანტირეფორმებია. ხოლო კვადრატში ანტირეფორმებია ის წინადადებები და ღონისძიებები, რომლებიც ახალი სისტემის დასანერგად არა მხოლოდ უბრალოდ ხარჯებს მოითხოვენ, არამედ ძალზე სერიოზულ ინვესტიციებს რაიმე საგრძნობი ეფექტის მოცემის გარეშე.
აქედან გამომდინარე, რეფორმებად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ ის ცვლილებები, რომლებიც თვალშისაცემად ცვლიან (ზრდიან) ეფექტს მიმდინარე ხარჯებთან შედარებით, ხოლო ანტირეფორმებად ის წინადადებები, რომელთაც ასეთი ცვლილებები არ მოსდევთ და მით უფრო პროექტები, რომლებიც კიდევ უფრო ზრდიან ხარჯებსა და ეფექტს შორის უარყოფით სალდოს.
სოციალიზმის დროს დიდი იყო ინვესტიციის მასშტაბები, მაგრამ მათ საგრძნობი ეფექტი არ მოსდევდა ხოლმე, რადგანაც ხარჯებთან შედარებით მიღებული შემოსავალი დაბალი იყო და ხშირ შემთხვევაში, ხარჯები ბევრად აღემატებოდა კიდეც მას. თავისუფალ პოლონეთში შეუძლებელია დავუშვათ, რომ რეფორმების ლოზუნგების ქვეშ ანტირეფორმები იქნეს გატარებული, რომლებიც ხელს შეუშლიან ეკონომიკის განვითარებას და ნამდვილ რეფორმატორულ წამოწყებებს.
![]() |
6 როგორია წყობა? |
▲back to top |
ფსონი მეტია, ვიდრე ხელისუფლება
პოლონეთში განვითარების ტემპები იმიტომ ჩამორჩა, რომ ქვეყანამ ვერ შეძლო რეფორმები დროულად და სათანადოდ განეხორციელებინა. ჩვენთვის ამის დავიწყება არ შეიძლება. ფსონი საკმაოდ დიდია - ჩვენი თანამედროვეებისა და მომავალი თაობების ცხოვრების პირობების გაუმჯობესება.
სახელმწიფო წყობა და საზოგადოებრივი ცხოვრება
სახელმწიფო წყობა შეიძლება წარმოვიდგინოთ როგორც მისი კანონებისა და ორგანიზაციის ფორმების ერთობლიობა, რომლებიც ადამიანების საქმიანობის კარგ თუ ცუდ პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, პროფესიულსა და პირად (ოჯახურ) პირობებს ჰქმნიან. სოციალიზმიდან გამომავალი ქვეყნებისათვის განსაკუთრებით არსებითი მნიშვნელობა აქვს ეკონომიკის სახელმწიფოებრივ სფეროს როლს. იგი მოიცავს სახელმწიფოს ყველა ორგანოს, მასვე ემორჩილება ხელისუფლების ყველა რგოლი და ასევე საკუთრების უფლების ძალით დაქვემდებარებული ორგანიზაციები (მაგალითად, სახელმწიფო საწარმოები, სკოლები, საავადმყოფოები და ა.შ.).
პოსტსოციალისტური გარდაქმნის სასურველ მიმართულებას სწორად მხოლოდ მაშინ გავიაზრებთ, როდესაც გავიხსენებთ წინა წყობის არსს. ეს იყო თითქმის ტოტალური დომინაცია სახელმწიფო სფეროსი მეურნეობასა თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაზე. სოციალისტურმა სახელმწიფომ კერძო პირები და მათი ორგანიზაციები სრულიად ჩამოაშორა ეკონომიკურ საქმიანობას, განათლებას, ჯანმრთელობის დაცვას, ადამიანების სოციალურ დაცვას და ა.შ. ამასთან, ეს იყო არადემოკრატიული სახელმწიფო - არჩევნები არაფერზე ახდენდნენ გავლენას, ხოლო მასობრივი ინფორმაციის საშუალებები მკაცრ ცენზურას ემორჩილებოდნენ. ამ სახელმწიფოში არ იყო ასევე დამოუკიდებელი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები. სოციალისტური სისტემის ეს ძირითადი დამახასიათებელი ნიშნები თავის ზეგავლენას ახდენდა ჩვენს ქვეყანაზე და აფერხებდა მის განვითარებას. სოციალიზმმა არა მხოლოდ წაართვა ადამიანებს პოლიტიკური და მოქალაქეობრივი თავისუფლება, არამედ კერძო საკუთრებასა და საბაზრო ეკონომიკაზე დაფუძნებულ ქვეყნებთან შედარებით ადამიანთა ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაც კი ვერ შეძლო.
აი, ასეთი იყო ჩვენი ამოსავალი საწყისი წერტილი ათი წლის წინათ. ამის გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს იმ ახალი სისტემის კონტურები და ხასიათი, რომლის აშენებასაც ჩვენ ვაპირებთ. თავდაპირველად საჭიროა განისაზღვროს კრიტერიუმები, რომლებიც უნდა აკმაყოფილებდეს ახალ სისტემას, ხოლო შემდეგ კი ის მეთოდები, რომელთა გამოყენებაც დასახული მიზნების რეალიზაციას შეგვაძლებინებს.
კრიტერიუმების განსაზღვრა
კრიტერიუმების თემაზე თითოეულ ჩვენგანს შესაძლოა საკუთარი შეხედულება გააჩნია, მაგრამ იმაში მაინც ყველა შევთანხმდებით, რომ ჩამორჩენილობის დაძლევის მიზნით, პერსპექტივაში აუცილებელია ეკონომიკის დაჩქარებული განვითარება. ამასთან, ქვეყანაში შექმნილი დემოგრაფიული სიტუაცია გვაიძულებს მრავალი ახალი კონკურენციული სამუშაო ადგილის შექმნას. არ უნდა დაგვავიწყდეს ასევე, რომ ქვეყნის ეროვნული მეურნეობის სათანადოდ განვითარების გარეშე შეუძლებელია ჩვენი სახელმწიფოს საერთაშორისო პოზიციის გაძლიერება. ამ ამოცანების გადაჭრა დიდად არის დამოკიდებული რეფორმებზე, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელია ეკონომიკის დაჩქარებული წინსვლა. უამისოდ შეუძლებელი იქნება გადასახადების აკრეფა, რომელთა აკუმულიზაციის გარეშეც არ მოხერხდება შესაფერისი სამსახურების სათანადო სახით ამუშავება.
მართალია კრიტერიუმების დადგენა აუცილებელი და პირველი რიგის ამოცანაა, მაგრამ ძალზე მნიშვნელოვანია იმის პროფესიული ცოდნაც, თუ რეალურ სამყაროში პრობლემების როგორი ინსტიტუციონალური გადაწყვეტა იქნება შესაძლებელი. ეს შეიძლება შევადაროთ კონსტრუქტორის ცოდნას, რომელსაც დამკვეთი აძლევს მაგალითად, თვითმფრინავის ან ხიდის, ანუ დასაპროექტებელი ობიექტის პარამეტრებს. ამ ობიექტების დაპროექტებისას ინჟინერი ითვალისწინებს გარკვეულ ფიზიკურ კანონებს, მაგალითად, მიზიდულობის კანონს. მსგავსად ამისა, ინსტიტუციონალური სისტემის ავტორიც ითვალისწინებს იმას, რომ ადამიანებს უპირველესად საკუთარი ინტერესების დაკმაყოფილება აინტერესებთ და რომ ამავე დროს, მათ მიერ ინფორმაციის მიღებისა და დამუშავების უნარი მნიშვნელოვანწილად შეზღუდულია. თუ ეს არ იქნება მხედველობაში მიღებული, დაპროექტირებული სისტემა ან საერთოდ არ იმუშავებს, ანდა მისი მუშაობის ეფექტი სრულიად განსხვავებული იქნება იმისაგან, რაც პროექტანტმა ჩაიფიქრა. სახელდობრ ამგვარი რამ ხდებოდა სოციალისტური სისტემისა თუ სხვა იმ სისტემების დროს, რომლებშიც სახელმწიფოს, ანუ უფრო ზუსტად, პოლიტიკოსებისა და მათთან დაკავშირებული ბიუროკრატიის როლი, მეტისმეტად გაბერილი იყო.
ზოგიერთი მაჩვენებელი
ინსტიტუციონალური სისტემების შესახებ ცოდნა საშუალებას გვაძლევს, საზოგადოებაში სახელმწიფოს როლის თაობაზე რამდენიმე პრინციპული ხასიათის დასკვნა გავაკეთოთ:
1. ადამიანებისა და ეკონომიკის განვითარებისათვის, აუცილებელი ზოგიერთი საქონელი პროდუქტის წარმოება შეიძლება დაფინანსდეს მხოლოდ სახელმწიფოს მიერ. ასეთებს მიეკუთვნება ქვეყნის საგარეო უსაფრთხოება, კანონიერების დაცვა და, გარკვეულწილად, შიდა უშიშროებაც. ეს მიეკუთვნება სახელმწიფო ეკონომიკის სფეროს. მას განასხვავებს ის თვისებები, რომ შეუძლებელია მისი დაყოფა ცალკეულ ადამიანებს შორის, და ამიტომ, არც მათი შრომის ანაზღაურებაა შესაძლებელი საბაზრო ეკონომიკის პრინციპების თანახმად. ასეთი საქონლის (მომსახურების) წარმოებას სარგებლობა მოაქვს არა მხოლოდ იმ ადამიანებისათვის, რომელთაც იგი ხვდათ წილად, არამედ სხვებისათვისაც. ასეთ საქონელს ინგლისურად ეწოდება merit goods. სახელმწიფოს ასეთ საქმიანობას მიეკუთვნება, მაგალითად, განათლება, ეპიდემიების წინააღმდეგ ბრძოლა, აუცილებელი ინფრასტრუქტურა, გზები და ხიდები. მათ არსებობას სარგებლობა მოაქვს როგორც ცალკეული ადამიანებისათვის, ისე ეროვნული მეურნეობისათვის მთლიანად. ამასთან, საკმაოდ მნიშვნელოვანსა და რთულ პრობლემას წარმოადგენს იმის დადგენა, თუ მათ საწარმოებლად გაღებული ხარჯების რა წილი უნდა დააფინანსოს სახელმწიფომ და რა - კერძო სექტორმა;
2. სახელმწიფო გაცილებით ცუდი მესაკუთრეა საწარმოების, ვიდრე კერძო პირი ან არასახელმწიფოებრივი ორგანიზაციები. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო საკუთრებასთან შედარებით, კერძო საკუთრებას უფრო უკეთ შეუძლია ხელი შეუწყოს ფირმებისა და საერთოდ, მეურნეობის განვითარებას;
3. მრავალი წესისა და ნებართვის დაწესება სახელმწიფოს მხრიდან სერიოზულად აფერხებს ეკონომიკის განვითარებას. საქმე მხოლოდ იმაში როდია, რომ ამ საქმისათვის საჭირო ხდება ბიუროკრატთა მთელი არმიის შენახვა. აქ საზიანო უფრო ისაა, რომ ამგვარი ნებართვების აღება მეწარმეთა მხრიდან უდიდესი ენერგიისა და ფულადი სახსრების ხარჯვას მოითხოვს. ეს შეიძლება შევადაროთ მათთვის გადასახადების გაზრდას, რაც განსაკუთრებით მძიმე ტვირთად აწევთ წვრილ და საშუალო მეწარმეებს. შეფასებულია, რომ ამ სახის ხარჯებმა შეერთებულ შტატებში 1992 წელს 500 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც ამ ქვეყნის ბიუჯეტის 8 პროცენტზე მეტია. თუმცა, არსებობს ეკონომიკის ზოგიერთი სექტორი, სადაც ამ სახის სახელმწიფოებრივი რეგულირება აუცილებელია. ასეთია, მაგალითად, გარემოს დაცვა და სხვ;
4. მომწოდებლებს შორის კონკურენცია საუკეთესო მეთოდია მათი წაქეზებისა უფრო უკეთესი მუშაობისათვის. მაგრამ, ამასთან, კონკურენცია მოითხოვს, რომ მიმღებებმა არჩევანი გააკეთონ სხვადასხვა წინადადებებს შორის (რაც ასევე ნიშნავს მომწოდებლებისათვის ბაზარზე თავისუფლად გასვლის შესაძლებლობას). სხვა სიტყვებით, ეს ნიშნავს, რომ მიმღებების მიერ შერჩეულ მიმწოდებლებს შეეძლოთ ამის შედეგად განვითარება, ხოლო მათ კი, რომელთა წინადადებაც უარყოფილ იქნა, შეზღუდონ საქმიანობა და თუ საჭირო იქნა, გაკოტრებულადაც კი გამოაცხადონ თავი;
5. თავისუფალი საბაზრო ფასები, რომელთა მიხედვითაც საქონლის მიმღებნი უსწორდებიან მომწოდებლებს, ყველაზე უკეთ ასახავს მოთხოვნას ამ საქონელზე. იმ შემთხვევაში კი, როდესაც საქონლის წარმოებისათვის საჭირო ხარჯების ნაწილი ფინანსირდება გადასახადების ხარჯზე, მაშინ ძალზე რთულია რეალური მოთხოვნის განსაზღვრა. ამიტომ დაბალშემოსავლიანი ადამიანებისათვის დახმარების გაწევამ არ უნდა მიიღოს საქონლის საწარმოებლად მომხმარებელთა მიერ გადახდილი საფასურის შემცირების სახე;
6. რაც უფრო მეტია სახელმწიფოს ფინანსური საქმიანობის არეალი, მით უფრო მეტი იქნება გადასახადების მასშტაბები. ეს კი, თავის მხრივ, ამუხრუჭებს ეროვნული მეურნეობის წინსვლას და სტიმულს აძლევს ,,შავი ბიზნესის“ განვითარებას. როგორც Rand Corporation-ის გამოკვლევებიდან ირკვევა, ღარიბ ქვეყნებში მშპ-ს მიმართ გადასახადების ყოველი 10 პროცენტით ზრდა იწვევს მშპ-ს 4 პროცენტით შემცირებას. ფისკალიზმის ეს ნეგატიური გავლენა ეკონომიკის განვითარებაზე ოთხჯერ უფრო საგრძნობია ღარიბ, ვიდრე მდიდარ ქვეყნებში.
სახელმწიფოს შესახებ
სახელმწიფოს ქვეშ ჩვენ ვგულისხმობთ ჩვეულებრივ ადამიანთა საზოგადოებას, განთავსებულს ,,ქვეყნად“ წოდებულ სივრცეში. რა განასხვავებს სახელმწიფო-ორგანიზაციას ყველა სხვა ორგანიზაციისაგან, რომლებიც საერთოდ ნებისმიერ საზოგადოებაში არსებობს? თუ ყურადღებით ჩავუკვირდებით იმ საერთოს, რაც ყველა სახელმწიფოსათვის იყო დამახასიათებელი საუკუნეთა მანძილზე, აღმოვაჩენთ შემდეგს: სახელმწიფო არის ის ორგანიზაცია, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ესწრაფვის ადამიანების ფიზიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფას როგორც გარე (ეროვნული უსაფრთხოება), ასევე შიდა საშიშროებისაგან (დამნაშავეობასთან ბრძოლა). მისი ფუნქციაა ასევე მოქალაქეთა ცხოვრებაში სამართლიანობის პრინციპის დაცვა.
სახელმწიფოს ორგანიზაციის სხვადასხვა ტიპები
ისტორიაში ცნობილი და თანამედროვე სახელმწიფოები რამდენიმე პრინციპული თვისებით განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. პირველი, რაც მათ ერთმანეთისაგან განასხვავებდათ, არის მათი საქმიანობის სხვადასხვა სფერო. ამ მხრივ განსაკუთრებული მოვლენა იყო სოციალისტური სახელმწიფო, რომელმაც თითქმის სრულიად დაჩრდილა არასახელმწიფო ორგანიზაციები. მან თავის გავლენას დაუმორჩილა ცხოვრების ყველა სფეროში - სამეურნეო, განათლების, ჯანმრთელობის, მასმედიის, - დასაქმებული ადამიანები. დამოუკიდებლობას ინარჩუნებდა მხოლოდ ოჯახური ცხოვრება, ხოლო ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად, პოლონეთში - რელიგია. ცხოვრების რაც უფრო მეტ სფეროებს იმორჩილებდა სახელმწიფო, ცხადია, მით უფრო მეტი დამოუკიდებლობის გამოჩენის შესაძლებლობა რჩებოდათ ადამიანებს.
საქმიანობის სახეობების ზრდასთან ერთად, რომელთა შესრულებასაც ლამობს სახელმწიფო, იზრდება მისი აპარატიც. მისი შენახვა კი, თავის მხრივ, გადასახადების გაზრდას მოითხოვს. ეს ამძიმებს სახელმწიფოს და მისი საქმიანობის თანდათან გაუარესებას იწვევს. თუ აქვთ გათვითცნობიერებული ეს საფრთხე იმ ადამიანებს, რომლებიც საზოგადოების ცხოვრებაში ნებისმიერი პრობლემის წარმოქმნისას სახელმწიფოს როლის გაძლიერებას მოითხოვენ და უშუალოდ მისგან ელიან ამ პრობლემის გადაჭრას? სახელმწიფო აპარატი განსაკუთრებით იზრდება მაშინ, როდესაც სახელმწიფო თავის თავზე იღებს ისეთი ფუნქციების შესრულებასაც, რომელსაც იგი არ უნდა ასრულებდეს (მაგალითად, უამრავი კონცესიებისა და ლიცენზიების გაცემა), ნაცვლად იმისა, რომ იგი ზოგად წესებს შეიმუშავებდეს, რომლებიც დაარეგულირებდნენ ცხოვრების ამ სფეროს. სახელმწიფოს ეკონომიკის დარეგულირების მასშტაბების გაზრდა და მისი ეროვნული მეურნეობაში მეტისმეტი ინტერვენცია აფერხებს ეკონომიკის განვითარებას. მთელი მსოფლიო გამოცდილება კი მოწმობს, რომ ადამიანთა სამეურნეო აქტიურობის დათრგუნვა საზიანოა ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის. ეს გამოცდილება დაადასტურა ასევე სოციალისტურმა წარმოების წესმაც, ისევე, როგორც მესამე სამყაროს ქვეყნების უმრავლესობამ, სადაც ბოლო დრომდე ბატონობდა ადამიანის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული მეურვეობა. ამასთან, სახელმწიფო აპარატი, რომელიც უფლებამოსილია ისეთი პრობლემების გადასაწყვეტად, როგორიც არის, ვთქვათ, ზემოაღნიშნული კონცესიებისა და ლიცენზიების გაცემა, ვერ უძლებს კორუფციის ცდუნებას. ამდენად, ასეთ შემთხვევაში ეკონომიკის ლიბერალიზაცია წარმოადგენს ფუნდამენტალურად მნიშვნელოვან ღონისძიებას უღირსი სახელმწიფო მოხელეებისაგან თავის დასაცავად. ასეთ ღონისძიებას წარმოადგენს ასევე სახელმწიფო ქონების პრივატიზაციაც, ანუ სახელმწიფოს მიერ უარის თქმა მესაკუთრის უფლებებზე.
სახელმწიფოები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან ასევე თავიანთი სამართლებრივი როლითაც. თუმცა, ზოგიერთი მათგანისათვის შეიძლებოდა გვეწოდებინა სამართლებრივი სახელმწიფო. როდესაც ვხმარობთ ტერმინს - ,,სამართლებრივი სახელმწიფო“, ჩვენ მხედველობაში გვაქვს ის, რომ ამ სახელმწიფოში არავის, მით უფრო, მაღალი თანამდებობის პირებს, არა აქვთ უფლება დადგნენ კანონზე მაღლა. დაუსჯელად ეს არ უნდა შეეძლოთ ასევე ცალკეულ საზოგადოებრივ ჯგუფებსაც, მაგალითად, გზების გადაკეტვა, თუნდაც რომ მათ სახელმწიფოს მიმართ სამართლიანი პრეტენზიები ჰქონდეთ და სხვა. ცივილიზებულ სახელმწიფოში სამართლებრივი ნორმები ეხება ყველას და მათი დაუსჯელად დარღვევის უფლება არავის უნდა ჰქონდეს. ასეთ სახელმწიფოში არ უნდა არსებობდეს ასევე ფიქტიური კანონებიც, რომელთაც ამოქმედებაც არ იქნება შესაძლებელი. ასეთი ფიქტიური კანონების მქონე სახელმწიფო იყო საბჭოთა კავშირი, რომლის კონსტიტუციაც მოქალაქეებს ჰპირდებოდა ყოველგვარ თავისუფლებას და ასევე სხვადასხვა სახის ,,უფასო“ მატერიალურ სიკეთეს.
სახელმწიფოები იმითაც განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, თუ როგორ ნიშნავენ და ხსნიან მაღალი თანმდებობის პირებს. თუ ეს ხდება რეგულარული და პატიოსანი არჩევნების შედეგად, მაშინ ჩვენ საქმე გვაქვს დემოკრატიულ სახელმწიფოსთან, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იქნება არადემოკრატიული რეჟიმი. გასული საუკუნის ბოლო პერიოდამდე არსებული სისტემების უმრავლესობაში არსებობდა შეზღუდული დემოკრატია. კერძოდ, აქ არჩევნებში მონაწილეობდნენ მხოლოდ შესაბამისი ქონებრივი მდგომარეობის მქონე ადამიანები. არჩევნებში მონაწილეობის უპირველესი პირობა იყო გადასახადების გადახდის უნარი და შესაძლებლობა. მხოლოდ მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრიდან დაიწყო საყოველთაო არჩევნები (თანაც ეს მხოლოდ დასავლეთში). პოლიტიკური სისტემის ეს ტიპი ისტორიის ახალი გამოგონებაა. პირველ და მეორე მსოფლიო ომებს შორის დემოკრატია ფაშიზმში ან ავტორიტარულ რეჟიმებში გადაიზარდა, ხოლო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მსოფლიო დაიყო დემოკრატიულ დასავლეთად, არადემოკრატიულ, კომუნისტურ აღმოსავლეთად და ასევე, ძირითადად არადემოკრატიულ, მესამე სამყაროდ.
ამ მესამე სამყაროდან გამონაკლისს წარმოადგენდა ინდოეთი, რომელიც 1949 წელს განთავისუფლდა კოლონიური უღლისაგან და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა დაიწყო. ამასთან, არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ ამ სახელმწიფოს შინაგან ცხოვრებას, აქ არსებულ წინააღმდეგობებს არეგულირებდა ინდოეთის კონგრესი, რომელსაც ქვეყანაში უდიდესი მხარდაჭერა ჰქონდა. მსგავს როლს თამაშობდა აფრიკის ეროვნული კონგრესი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, ქვეყანაში, რომელმაც დემოკრატიული ტრანსფორმაციის უჩვეულო მაგალითი მოგვცა. ორივე ამ შემთხვევაში უდიდესი როლი შეასრულეს ამ ორგანიზაციების ლიდერებმა, ინდოეთში - მაჰათმა განდიმ, ხოლო სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში - ნელსონ მანდელამ. ორივე ეს ადამიანი უჩვეულოდ მაღალი მორალური ხასიათის მქონე პიროვნება და ბრწყინვალე პოლიტიკოსი იყო. როგორ გვჭირდება ახლა ასეთი პიროვნებები! თუკი ამ ანალოგიას განვავრცობთ, მაშინ უნდა გავიხსენოთ 1980-1981 და შემდეგი წლების “სოლიდარობა“. სამწუხაროდ, ამ ორგანიზაციამ მალე დაკარგა თავისი ეს ხასიათი 1989 წელს ქვეყნის მიერ თავისუფლების მოპოვების შემდეგ.
თუ უფრო შევავსებთ დემოკრატიის მოკლე ისტორიას, მაშინ უნდა ვთქვათ, რომ ოთხმოციანი წლების შემდეგ მესამე სამყაროს ქვეყნებში დემოკრატიის ახალი ტალღის აგორება იწყება, რომელმაც მოიცვა ლათინური ამერიკა და ნაწილობრივ აზია (სამხრეთ კორეა, ტაივანი). 1989 წელს დემოკრატიული მსვლელობის მონაწილეთ შეუერთდა პოლონეთიც, ხოლო შემდეგ სოციალისტური ბანაკის სხვა ქვეყნებიც, რომლებიც ახორციელებენ როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური სისტემის ტრანსფორმაციას. ამასთან, დღეს დემოკრატიული სფეროს გარეთ აფრიკის უმრავლესი ქვეყნები, თითქმის მთელი არაბული სამყაროს ქვეყნები და აზიის მრავალი ქვეყანა (ჩინეთი, ვიეტნამი, ჩრდილოეთ კორეა და ბირმა) არიან დარჩენილნი.
![]() |
7 დემოკრატია კაპიტალიზმს მოითხოვს |
▲back to top |
კაპიტალიზმისა და დემოკრატიის ურთიერთდამოკიდებულება
ეკონომიკის განვითარებისათვის აუცილებელია კაპიტალისტური სისტემა. ყველა იმ ქვეყანამ, რომელიც ეროვნული მეურნეობის განვითარებას არაკაპიტალისტური გზით ცდილობდა, მარცხი განიცადა. მაგრამ არსებობს სხვა მნიშვნელოვანი დამოკიდებულებაც. როგორც ისტორიიდან ჩანს, დღემდე ვერც ერთ ქვეყანას ვერ შეძლებია ურთიერთისათვის მჭიდროდ დაეკავშირებინა სოციალიზმი ეკონომიკაში და დემოკრატია პოლიტიკაში. ყველა დემოკრატიულ ქვეყანას კაპიტალისტური წყობა ჰქონდა, თუმცა ყველა კაპიტალისტური ქვეყანა როდი იყო დემოკრატიული. ეს კი იმ დასკვნის გაკეთების საშუალებას გვაძლევს, რომ თუმცა დემოკრატიას არ შეუძლია არსებობა კაპიტალიზმის გარეშე, კაპიტალიზმს ხელეწიფება გარკვეული დროის მანძილზე იარსებოს უდემოკრატიოდ. ყურადღებას იმსახურებს ის ფაქტიც, რომ ქვეყნები, რომლებმაც კაპიტალისტური სისტემის წყალობით ეკონომიკური განვითარების მაღალ დონეს მიაღწიეს, მხედველობაში მაქვს ,,აზიური ვეფხვები“, - შედარებით სწრაფად დაიწყეს დემოკრატიის მშენებლობა. ეკონომიკური განვითარება, რომელსაც სტიმულს აძლევს თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა, განვითარების ტემპების შენარჩუნების მიზნით აუცილებლად მოითხოვს დემოკრატიის არსებობას.
ისტორია იმის შესახებაც მეტყველებს, რომ კაპიტალისტური სისტემის ფუნქციონირება აუცილებელია არა მხოლოდ ეკონომიკის გასავითარებლად, არამედ დემოკრატიის შესანარჩუნებლადაც. მოთხოვნა იმისა, რომ დემოკრატია იყოს, ხოლო კაპიტალიზმი -არა, თავისი ბუნებით წინააღმდეგობრივია. შესაძლებელია ვინმე შეგვედაოს, რომ მხოლოდ ისტორიული გამოცდილება არ არის საკმარისი არგუმენტი რაიმეს საბოლოოდ დასამტკიცებლად. ის, რომ ისტორიაში რაიმეს არ უარსებია, ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ ეს არც მომავალში იარსებებს არასდროს. არც ის არგუმენტი იქნება საკმარისი იმის დასამტკიცებლად, რომ არ მოხერხდა სოციალიზმისა და დემოკრატიის თანაარსებობა. ამ თეზის დასამტკიცებლად აუცილებელია იმ ძირითადი მიზეზების მოხმობა, რომლებიც თვალნათლივ დაგვანახვებდა, თუ რატომ არ შეიძლება დემოკრატია კაპიტალისტური სისტემის გარეშე.
ვიდრე ამის გაკეთებას შევეცდებოდეთ, უნდა ვაჩვენოთ, რომ სოციალიზმი, გაგებული როგორც ეკონომიკის ტოტალური განსახელმწიფეობრიობა, კრძალავს ან მაქსიმალურად ზღუდავს კერძო მეწარმეობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ანუ მაშინ, თუ იგი დაუშვებდა კერძო საწარმოების შექმნასა და განვითარებას, ეკონომიკა თანდათანობით იქცეოდა კერძო, ანუ კაპიტალისტურ მეურნეობად.
სამაგიეროდ, დემოკრატია ნიშნავს პოლიტიკურ სისტემას, რომელშიც ხელისუფლების ცვლა ხდება რეგულარული და პატიოსანი არჩევნების გზით და არა სხვა რაიმე მეთოდებით. ეს კი, თავის მხრივ, მოასწავებს გარკვეული პოლიტიკური მიზნების მისაღწევად მოქალაქეთა თავისუფალ ორგანიზებას და ასევე ალტერნატიული პროგრამების თავისუფალი გაცნობის შესაძლებლობას ამომრჩევლებისათვის (რაც ტერმინ „სიტყვის თავისუფლებაში“ მოიაზრება).
პოლიტიკური თავისუფლების აუცილებელი პირობა კერძო საკუთრებაა
დავიწყოთ იმ სერიოზულ არგუმენტიდან, რომელიც მშვენივრად არის დასაბუთებული გამოჩენილი ლიბერალური ეკონომისტის, მილტონ ფრიდმანის მიერ მის კლასიკურ ნაშრომში ,,კაპიტალიზმი და თავისუფლება“. მასში ავტორი ხაზს უსვამს, რომ სოციალიზმი, ანუ ეკონომიკის ტოტალური განსახელმწიფოებრიობა, ნიშნავს პოლიტიკური ხელისუფლების მიერ მეურნეობის განუკითხავ კონტროლს და ასევე განსაკუთრებულ კონტროლს ქაღალდის მწარმოებელი, ფილმების დამდგმელი, სატელევიზიო კომპანიების და ა.შ. ანუ იმ სფეროებზე, რომლებიც ახორციელებენ ყველა აუცილებელ მასალებს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების საქმიანობისათვის. ასეთ სიტუაციაში პოლიტიკურ ელიტას, რომელიც ქვეყნის ცხოვრებაზე სრულ კონტროლს ახორციელებს, ექმნება საშუალება თავის ოპოზიციას შედეგიანი პოლიტიკური საქმიანობის მატერიალური საფუძველი გამოაცალოს. ეს მექანიზმი განსაკუთრებით ეფექტურად მოქმედებს ყოფილ საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში, მაგალითად, ბელორუსში, სადაც ლეგალური პრივატიზაცია ჯერ ადგილიდან არ დაძრულა. ასეთ სიტუაციაში დემოკრატია, რა თქმა უნდა, ფორმალურად არ იკრძალება, მაგრამ იგი მხოლოდ ნომინალურად არსებობს. მიჩნეულია, რომ სახელმწიფო საკუთრების პრივატიზაცია ორმხრივად არის დაკავშირებული ამ სახელმწიფოს რეფორმირებასთან: ჯერ ერთი, მას მინიმუმამდე დაჰყავს ეკონომიკაში მისი გავლენის სფერო, და მეორეც, იგი აუცილებელი პირობაა დემოკრატიის არსებობისათვის. ამიტომ თავისუფალი ეკონომიკის მშენებლობას უნდა ვესწრაფოდეთ ერთი მხრივ, ეროვნული მეურნეობის განვითარების მიზნით და, მეორეს მხრივ, ამას მოითხოვს ქვეყანაში დემოკრატიის დამკვიდრების ინტერესები. ეკონომიკაზე ტოტალური კონტროლის განხორციელების პირობებში რომ ძნელი არ არის კონკურენტი პოლიტიკური ძალების საქმიანობის მასშტაბების გაფართოებისათვის ხელის შეშლა, ამას დიდი ყურადღება მიაქცია მილტონ ფრიდმანმა თავის ზემოთდასახელებულ წიგნში. ეს რომ ნამდვილად ასეა, ამის ილუსტრირება თავისი პოლიტიკური საქმიანობით მოახდინა ბელორუსის პრეზიდენტმა, ლუკაშენკომ.
ამასთან, დემოკრატიისათვის არსებითია არა მხოლოდ თავად ეკონომიკის პრივატიზაცია, არამედ მისი გატარების მეთოდები. საქმე ეხება იმას, რომ საკუთრებრივმა გარდაქმნებმა არ უნდა მიგვიყვანოს პარტიულ-სამეურნეო კლანების ფორმირებამდე. პრივატიზაციის პროცესებში არ უნდა ჰქონდეთ რაიმე პრივილეგიები მმართველი პარტიის წევრებსა და მათ მხარდამჭერებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მართალია, ჩვენ მივიღებთ კერძო საკუთრებას, მაგრამ მას ექნება პოლიტიზირებული სახე. ასეთ შემთხვევაში გვექნება ასევე ფორმალურად დემოკრატია, მაგრამ ფაქტობრივად, ამ საზოგადოებაში ნამდვილად არ ექნება ადგილი დემოკრატიას. ამ სახის სისტემა არსებობდა ბოლო ხანებამდე იტალიაში, რომელმაც, საბოლოო ჯამში, მარცხი განიცადა. ამ პათოლოგიის საწინააღმდეგოდ დიდი მნიშვნელობა აქვს პრივატიზაციის პროცესების გამჭვირვალობას და წინადადებების შერჩევის სწორი კრიტერიუმების შემუშავებას. უნდა გვახსოვდეს, რომ რაც უფრო მეტად გამოიყენება ისეთი ზოგადი კრიტერიუმები, როგორიცაა, ,,ეროვნული ინტერესები“ და სხვა, მით უფრო მეტი ადგილი რჩება ბნელი ზრახვების დასაფარავად. ფრთხილად უნდა ვადევნოთ თვალი ვაჭრობების მიმდინარეობას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ძალზე დიდ თანხებს ეხება.
პრივატიზაციის პროცესში უდიდეს მნიშვნელობას იძენს ასევე მეწარმეობის თავისუფლებაც, რადგან იგი ქმნის იმის საშუალებას, რომ წარმოდგეს კონკურენციული გარემო. ეს იძლევა იმის შანსს, რომ გარკვეული ნიველირება გაუკეთდეს უსამართლოდ გამდიდრებული პოლიტიკურ-სამეურნეო კლანების პარპაშს და ნაწილობრივ გააკეთოს ის, რისი მიღწევაც არ ხერხდება კანონების გამოყენებით. როგორც ეროვნული მეურნეობის განვითარებისათვის, ისე დემოკრატიისათვის, განსაკუთრებით მძიმე სიტუაცია იქმნება მაშინ, როდესაც მეწარმეობრივი თავისუფლებაც ბლოკირებულია და პრივატიზაციასაც ,,კლანური“ ხასიათი აქვს.
მილტონ ფრიდმანის არგუმენტებს შეიძლება ზოგიერთი სხვაც დავუმატოთ. კერძოდ, ზემოთ აღნიშნულ პირობებში ჩატარებული პრივატიზაცია საშუალებას აძლევს სახელმწიფოს მმართველ წრეებს მოპოვებული მატერიალური დოვლათით ისე გაძლიერდნენ, რომ აშკარად მაღლა დადგნენ ოპოზიციურ პარტიებზე, რომლებიც ასეთ წყაროს მოკლებული არიან. ამის შედეგად არჩევნების დროს ყველა პარტიას როდი ექნებოდა ამომრჩეველთა ხმის მოპოვების თანაბარი შანსი.
ეკონომიკის განვითარება და საშუალო კლასი
დავუშვათ, ეს მექანიზმები არ მოქმედებენ, რაც ნიშნავს, რომ მმართველი წრეები სახელმწიფოში არ დაუშვებენ ოპოზიციის ეფექტურ ბლოკირებას ანუ არ გამოიყენებენ იმ შესაძლებლობას, რასაც მათ აძლევს ეკონომიკაზე კონტროლი. ამ შემთხვევაშიც კი მეტად საეჭვოა დემოკრატიისა და სოციალიზმის მჭიდრო თანაარსებობა. ყურადღებას იქცევს ორი ძალა, რომლებიც უკუაგდებენ ამგვარი სისტემის არსებობას.
სოციალიზმი, როგორც უკვე ვთქვით, განწირულია წარუმატებელი ეკონომიკური მაჩვენებლებისაგან მის კონკურენტულ, კაპიტალისტურ სისტემასთან შედარებით. ამასთან, რაც უფრო დიდხანს იქნება შენარჩუნებული სოციალიზმი მოცემულ ქვეყანაში, მით უფრო უარესი იქნება მისი მაჩვენებლები კაპიტალიზმთან შედარებით. ასეთ პირობებში გაიზრდებოდა საზოგადოებრივი უკმაყოფილება, რომელიც დემოკრატიის პირობებში გამოხატული იქნებოდა მზარდი პროტესტებით. ეს პროტესტები ან ჩახშობილი იქნებოდა, რაც ცხადია, არ შეესაბამება დემოკრატიის პრინციპებს, ანდა გამოიწვევდა ახალ საპარლამენტო არჩევნებს, რაც საწყისს მისცემდა ეკონომიკის პროკაპიტალისტურ ტრანსფორმაციას. ასე თუ ისე, ადრე თუ გვიან აღმოჩნდებოდა, რომ დემოკრატიისა და სოციალიზმის შერწყმა შეუძლებელი ამბავი ყოფილა.
მეორე - მტკიცე დემოკრატია მოითხოვს განსაკუთრებულ საზოგადოებრივ სტრუქტურას, ანუ ისეთს, რომელშიც დიდ როლს თამაშობენ თავისუფალი პროფესიების ადამიანები, კერძო სექტორთან დაკავშირებული პირები, რომლებიც, საბოლოო ჯამში, საშუალო კლასს წარმოადგენენ. ამასთან, შეუძლებელი იქნებოდა ასეთი სტრუქტურის ფორმირება სოციალიზმის დროს, როდესაც ყოველი ადამიანი დაქირავებული მუშაკია, ანუ შესაბამისად, ასე თუ ისე დამოკიდებულია სახელმწიფოსაგან.
სწორედ ამიტომ დემოკრატია კაპიტალიზმს მოითხოვს. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ კაპიტალიზმს აქვს სხვადასხვა შეფერილობა, რომლებიც ეკონომიკური აღმასვლისა და დემოკრატიის განვითარების განსხვავებულ პირობებს ჰქმნიან. კაპიტალიზმი, რომლის დროსაც სახელმწიფო განსაკუთრებული დოზით ერევა ეკონომიკის განვითარებაში, ხელს უწყობს ბიზნესის წარმომადგენელთა მტკიცედ დაკავშირებას პოლიტიკურ ელიტასა და სახელმწიფო აპარატთან. ბოლო ხანებამდე ასეთი პოლიტიკური მოდელი არსებობდა ლათინური ამერიკის ზოგიერთ ქვეყანაში. აქ ბიზნესმენთა წარმატებების ძირითადი წყარო იყო არა მათი ძალისხმევა და საქმიანი უნარი, არამედ ხელისუფლების მიერ მათთვის მიცემული პრივილეგიები. ეს კი ხელს უშლიდა კონკურენციული გარემოს ჩამოყალიბებას და ამდენად ეროვნული მეურნეობის განვითარებას. შექმნილი მდგომარეობა ხელს უწყობდა ასევე მკვეთრი ქონებრივი უთანასწორობის წარმოშობას, რაც გამომდინარეობდა მეწარმეთა ურთიერთობებით ხელისუფლებასთან და მათ მიერ მონოპოლიური პრივილეგიების მოპოვებასთან. ეს ყველაფერი კი ქვეყანაში ხელს უშლის დემოკრატიის განვითარებას.
გარდაქმნის ჟამი
XX საუკუნეში, განსაკუთრებით 11 მსოფლიო ომის შემდეგ, მეტისმეტად გაფართოვდა სახელმწიფოს როლი და მნიშვნელობა ეროვნული მეურნეობის მართვაში. შესაბამისად, მკვეთრად იმატა ბიუროკრატთა რიცხოვნობამაც, რომელთა შენახვამ, ცხადია, გადასახადების გაზრდა გამოიწვია. პარალელურად ამაღლდა ასევე ის მაჩვენებელიც, რომელიც ეროვნულ შემოსავალში გადასახადების პროცენტულ წილს აღნიშნავს. მაგალითად, 1970 წელს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ორგანიზაციაში (OECD) შემავალი ქვეყნების მიხედვით საბიუჯეტო ხარჯები შეადგენდა ეროვნული შემოსავლის მხოლოდ 10 პროცენტს, მაშინ, როდესაც იგივე მაჩვენებელი 1990 წელს 45 პროცენტს აღემატებოდა. განვითარებული ქვეყნების მიხედვით, 1966 წელს ბიუჯეტის ხარჯები შეადგენდა ეროვნული შემოსავლის 15 პროცენტს, ხოლო 1990 წელს - 25 პროცენტს. XX საუკუნეში სახელმწიფო გახდა მრავალი საწარმოს მესაკუთრე, ეკონომიკური ცხოვრების დამარეგულირებელი, იგი განკარგავს დიდი ოდენობის ფულად სახსრებს და ა.შ. ამ პროცესმა განსაკუთრებით მახინჯი სახე მიიღო სოციალისტურ და ასევე მესამე სამყაროს ქვეყნებში, თუმცა მას გვერდი არ აუქცევია დასავლეთისთვისაც. 70-იანი წლების შემდეგ შეინიშნება სახელმწიფოს გაბერილი როლისა და ფუნქციების ლიკვიდაციის მცდელობები, რადგან აღმოჩნდა, რომ სახელმწიფოს მხრიდან მეტისმეტი მეურვეობა ახშობს ეკონომიკის განვითარებას, ავიწროებს ნებაყოფლობითი ფონდებისა და საზოგადოებების საქმიანობის არეალს. შემთხვევითი როდია, რომ სახელმწიფოს როლის გაფართოება ქვეყანათა უმრავლესობაში პოლიტიკით იმედგაცრუებას იწვევს.
ქვეყნები, სადაც მეტისმეტად გაზვიადებული იყო სახელმწიფოს როლი, ეს კი პირველ რიგში ეხება ყოფილ სოციალისტურ ქვეყნებს, რომლებიც აღმოჩნდნენ ძალზედ მნიშვნელოვანი ტრანსფორმაციის აუცილებლობის წინაშე. აქ ტრანსფორმაციის პროცესები ძირითადად ორი მიმართულებით უნდა განხორციელდეს: პირველი, უნდა შეიკვეცოს სახელმწიფოს ზედმეტი (ხშირად მავნეც) საქმიანობის მასშტაბები. ეს განსაკუთრებით ეხება სახელმწიფოს, როგორც მესაკუთრის როლს და ასევე, მის მეტისმეტად გაზრდილ სოციალურ ფუნქციას. ეს, უპირველესად, უნდა განხორციელდეს პრივატიზებისა და ეკონომიკის ლიბერალიზაციის გზით. პარალელურად უნდა მოხდეს სახელმწიფოს უნარისა და შესაძლებლობების გაძლიერება, რათა მან შეასრულოს თავისი უმთავრესი ფუნქციები, ისეთები, როგორებიც არის: კანონის შექმნა და თვალყურის დევნება მის შესრულებაზე, ადამიანების დაცვა ბუნების სტიქიური მოვლენებისა და ასევე სხვა ადამიანებისაგან და ა.შ. ეს ორი სახის რეფორმა აუცილებელია იმისათვის, რომ ეკონომიკა სათანადოდ განვითარდეს, ხოლო სახელმწიფო პირნათელი იყოს თავისი მოქალაქეების წინაშე, როგორც თავისი უპირველესი ფუნქციის სათანადოდ შემსრულებელი.
რეფორმის ამ სახეებს შორის არსებობს მნიშვნელოვანი კავშირები:
1. რეფორმები, რომლებიც ითვალისწინებენ ეკონომიკის ლიბერალიზებისა და პრივატიზების განხორციელებას, მოწოდებულია სახელმწიფოს ქმედითუნარიანობის გაძლიერებისაკენ, რათა მან ეფექტურად შეასრულოს თავისი ძირითადი ფუნქციები. სხვაგვარად რომ ვთქვათ, თუ სახელმწიფო უარს არ იტყვის ზედმეტი (მით უმეტეს, მავნე), ფუნქციებისაგან, იგი სათანადოდ ვერ შეასრულებს თავის ძირითად მოვალეობას. ეს ურთიერთდამოკიდებულება სამი უმთავრესი მიზეზის გამო იქმნება. პირველი - ამ სახის რეფორმის ბლოკირება იწვევს დანაკარგების ზრდას ეკონომიკაში, რაც უარყოფით გავლენას ახდენს სახელმწიფოს მიერ სახსრების მობილიზაციაზე ისეთი ფუნქციების შესასრულებლად, როგორიც არის წესრიგის დაცვა და სხვ. გარდა ამისა, როდესაც სახელმწიფო ეროვნულ მეურნეობაში მიმდინარე ყველა პროცესზე თითქმის ერთნაირად ზრუნავს, მას არ შეიძლება ყურადღებიდან არ გამორჩეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ამბები, რომელთა გადაწყვეტაც მის ოპერატიულსა და აუცილებელ ჩარევას მოითხოვს. სოციალიზმის დროს ხელისუფლება რეგულარულად ერეოდა ისეთი პრობლემების გადაწყვეტაშიც კი, როგორიც არის ტუალეტის ქაღალდებისა თუ ასანთის წარმოების მოცულობების განსაზღვრა და ა.შ. ეს კი ცხადია, უფრო მნიშვნელოვანი საქმეებიდან მისი ყურადღების ჩამოშორებას იწვევდა. აღნიშნული რეფორმის გაუტარებლად შეუძლებელი ხდება ასევე სახელმწიფო აპარატის მოწყვეტა წარმოებისაგან, რაც თითქმის გამორიცხავს ამ სფეროს მიმართ კანონის სათანადოდ გამოყენებას. ეს განსაკუთრებით ეხება გარემოს დაცვას. სოციალიზმის დროს ამ სფეროში მოქმედი ნორმები გაცილებით ლოიალური იყო, ვიდრე ანალოგიური დასავლური ნორმები; უფრო მეტიც: ისინი ხშირად ქაღალდზე რჩებოდა;
2. გასათვალისწინებელია ისიც, რომ სახელმწიფოს როლის შემცირების გარეშე, მხოლოდ ეკონომიკის ლიბერალიზება-პრივატიზება საკმარისი არ იქნება ამ მიზნის მისაღწევად. საჭიროა, დამატებით გატარდეს ღრმა რეფორმები სახელმწიფოს ძირითად სტრუქტურებში: პოლიციაში, სახელმწიფო ადმინისტრაციაში, საკონტროლო ორგანოებში და ა.შ. ახალი სისტემის სტრუქტურები უფრო უნდა დაუახლოვდეს ადამიანებს ტერიტორიული თვითმართველობის ორგანოების საშუალებით;
3. რეფორმა, რომელიც გაითვალისწინებს სახელმწიფოს ზედმეტ თუ საზიანო ფუნქციების გაუქმებასა თუ მაქსიმალურად შეკვეცას, გამოიწვევს მისი უნარის გაძლიერებას, შეასრულოს თავისი ძირითადი ფუნქციები და ხელი შეუწყოს ეროვნული მეურნეობის განვითარებას. როდესაც ვწერ სახელმწიფოს ფუნქციების შემცირების კავშირზე ეკონომიკის განვითარებასთან, მხედველობაში განსაკუთრებით მაქვს ეკონომიკის სამართლებრივი უზრუნველყოფა, კერძო საკუთრების დაცვა და სხვ.
![]() |
8 ბაზარი და სახელმწიფო |
▲back to top |
სისტემა და კვლევა
ნებისმიერ თანამედროვე ქვეყანაში არსებობს კვლევების სფერო, ანუ ადამიანები და დაწესებულებები, რომლებიც არატრივიალური ინტელექტუალური პრობლემების გადაჭრის გზებზე სპეციალდებიან. კვლევის სფეროში წარმატებები მოითხოვს კვლევა-ძიების თავისუფლებას, ძალისხმევის მაქსიმალურ კონცენტრირებას და გონებრივ შესაძლებლობებს.
ფუნდამენტალური და გამოყენებითი კვლევები
როგორც წესი, მეცნიერული კვლევები, დასახული მიზნის მიხედვით, იყოფა ორ, ფუნდამენტალურ და გამოყენებით კვლევებად. პირველი სახის კვლევებს, მისი დეფინიციიდან გამომდინარე, მხოლოდ შემეცნებითი მნიშვნელობა აქვთ. ისინი აღმოაჩენენ და ფორმულირებას უკეთებენ თეორიას, რომლის საშუალებითაც ხდება სამყაროს, ანუ ფიზიკური სინამდვილის, ადამიანებისა თუ საზოგადოების უკეთ შეცნობა. შემდგომში ხდება ამ კვლევათა შედეგების გავრცობა განათლების სისტემაზე, რაც ზოგჯერ ადამიანის მსოფლმხედველობაში უდიდეს ცვლილებებს იწვევს. ასეთი ცვლილებები გამოიწვია მაგალითად, კოპერნიკის ჰელიოცენტრულმა თეორიამ, დარვინის ევოლუციურმა თეორიამ და ა.შ. დროის გასვლასთან ერთად ფუნდამენტური კვლევის ზოგიერთი დასკვნა ამ მიმართულებით განხორციელებული კვლევების შემდგომი გაღრმავების შედეგად იღებს უდიდეს პრაქტიკულ მნიშვნელობას. თანამედროვე ტექნიკის - რადიო იქნება ეს, ტელევიზორი, ლაზერი, ატომური იარაღი თუ სხვა, ყველა უმთავრესი შემადგენელი ნაწილი სათავეს იღებს კვლევებში, რომლებიც თავის დროზე შემეცნებითი მიზნებისათვის იქნა წამოწყებული.
მეორე სახის, ანუ გამოყენებითი ხასიათის კვლევებს, თავისი დეფინიციიდან გამომდინარე, აქვთ არა მხოლოდ შემეცნებითი, არამედ პრაქტიკული მიზნებიც. მათი შედეგია ახალი სამართლებრივი, ორგანიზაციული პროექტები, ახალი ტექნიკა და ა.შ. გამოყენებითი კვლევები სათავეს ფუნდამენტური კვლევებიდან იღებენ.
მეცნიერული კვლევები ერთმანეთისაგან განსხვავდება არა მხოლოდ მიზნებით, არამედ სინამდვილის იმ სახეობებით, რომლებსაც ისინი ეხებიან. აქედან გამომდინარე, კვლევები, და შესაბამისად, მეცნიერებები, იყოფიან ბუნებისმეტყველების (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია და ა.შ.) და საზოგადოებათმცოდნეობის მეცნიერებებად.
მეცნიერების მდგომარეობა სოციალიზმის დროს
კვლევების სფეროს ორგანიზაციის მეთოდი და ასევე მისი მიმართულება და კვლევების შედეგები მჭიდროდ არის დაკავშირებული ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ სისტემასთან. ამ მხრივ, განსაკუთრებული სიტუაცია არსებობდა სოციალიზმის დროს, რომელიც თავისი არსით გამორიცხავდა როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ თავისუფლებას. ამ სისტემის დროს ძლიერ შეზღუდვას და დეფორმაციას განიცდიდნენ საზოგადოებრივი მეცნიერებები, განსაკუთრებით მათი ის მიმართულებები, რომლებიც თანამედროვეობას და განსაკუთრებით, ოფიციალურ იდეოლოგიას ეხებოდნენ. ეს დამოკიდებულება განსაკუთრებით ძლიერი იყო სტალინიზმის ეპოქაში, ვიდრე შემდგომ პერიოდებში. ამ დამოკიდებულების ხარისხი განსხვავებული იყო ასევე ცალკეულ ქვეყნებს შორისაც. მაგალითად, პოლონეთსა და უნგრეთში, განსაკუთრებით სოციალიზმის არსებობის ბოლო პერიოდში, საზოგადოებრივი მეცნიერებები არ იყო მოქცეული ისეთ მარყუჟებში, როგორც სოციალისტური ბანაკის სხვა ქვეყნებში. მიუხედავად ამისა, ძირითადში სოციალიზმის დროს დაცული არ იყო ის პირობები, რომლებიც აუცილებელია მეცნიერული კვლევების ნორმალურად წარმართვისათვის. განსაკუთრებით შეზღუდული იყვნენ ის ოფიციალური მეცნიერებები, რომელთა დასკვნებსაც შეეძლოთ ეჭვის ქვეშ დაეყენებინათ გაბატონებული იდეოლოგია. მით უფრო, თუ ეს მეცნიერებები ვერ გაიზიარებდნენ მის იმ დასკვნებს, რომელთა მიხედვითაც სოციალიზმს, ანუ არადემოკრატიული სახელმწიფოს დომინაციას მოქალაქეებზე, ჰქონდა უპირატესობა კაპიტალიზმთან შედარებით. ამიტომ იყო, რომ ამ დროს არ იგრძნობოდა იმ ფსევდომეცნიერული კვლევების ნაკლებობა, რომლებიც ამ თეზის დასაბუთებას ცდილობდნენ ან მიისწრაფვოდნენ ეკვლიათ სრულიად ტრივიალური, ამასთან, ნაკლებრისკიანი თემები. სოციალისტურ საზოგადოებაში არაერთმა ცრუმეცნიერმა მოიპოვა თავისი მეცნიერული პოპულარობა და მაღალი სამეცნიერო ტიტულები სწორედ ასეთი მოღვაწეობით. ახლა საჭიროა ამის გახსენება, რათა მეტისმეტი პიეტეტით არ ვეპყრობოდეთ ყოველ პროფესორულ წოდებას.
რამდენადაც სოციალისტური წყობილება ახშობდა და ზღუდავდა საზოგადოებრივი მეცნიერებების განვითარებას, იმდენად მისი ეკონომიკური კანონები აფერხებდა ტექნიკური კვლევებისა და მეცნიერების წინსვლას, რომელთა მიზანსაც წარმოადგენს ტექნოლოგიადამზოგველი, მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოების უკეთესი ორგანიზაციული ფორმების შემუშავება. ამ სიახლის წინააღმდეგ მიმართული მოქმედება სოციალიზმის ბუნებიდან გამომდინარეობდა, და სწორედ ამან განაპირობა მისი ჩამორჩენა კაპიტალიზმთან შედარებით. სოციალიზმი ახშობდა ადამიანების მეწარმეობრივ ინიციატივას, რადგან იგი მათ ისეთ ინსტიტუციონალურ ჩარჩოებში აქცევდა, რომელთა ფარგლებშიც გამორიცხული იყო შრომის მწარმოებლურობის ამაღლება და ასევე ახალი ტექნოლოგიების დანერგვა. სოციალისტურ საწარმოებს, მოკლებულებს კომპეტენტურ და წარმოების მაღალი მოგების მიღებაში დაინტერესებულ ხელმძღვანელობას, დაქვემდებარებულებს ბიუროკრატიულ მოხელეებს, იზოლირებულებს საერთაშორისო ბაზრებისაგან, არ შეეძლოთ და არც ჰქონდათ იმის სურვილი, რომ წარმოების დანახარჯების შემცირებაზე, ან პროდუქციის ხარისხის მკვეთრ ამაღლებაზე ეფიქრათ. ასეთ პირობებში ზუსტ მეცნიერებებში არცთუ ისე ცუდად მომზადებულ ახალგაზრდებს არა ჰქონდათ იმის საშუალება, თავიანთი ცოდნისათვის პრაქტიკული გამოყენება მოენახათ. ეს კი ახალგაზრდა, უნარიანი სპეციალისტების უიმედობასა და სასოწარკვეთას იწვევდა, რადგან ისინი კარგად ხედავდნენ, რომ მათი შესაძლებლობები სათანადოდ არ გამოიყენებოდა. მათ განსაკუთრებით ის აღიზიანებდათ, რომ იძულებულნი ხდებოდნენ მონაწილეობა მიეღოთ ფარსში, ანდა ისეთ საქმიანობაში, რომელთაც ადამიანებისათვის სასარგებლო შედეგები არ შეიძლება მოეტანათ. ამაზე ნათლად მეტყველებს ხშირად აღწერილი ,,გამომგონებელთა ტანჯვა“, რომელთაც არ შეეძლოთ მათ წინაშე აღმართული გულგრილობის კედლის გარღვევა. ხშირ შემთხვევაში გამომგონებლები მტრულ დამოკიდებულებასაც კი გრძნობდნენ თავიანთ მშობლიურ სოციალისტურ საწარმოში. მათ წინააღმდეგ იყო მიმართული ასევე მფლანგველური ტექნიკური გადაწყვეტები, რომლებიც მაშინ ინერგებოდა. ასეთი ტექნიკური გადაწყვეტის ,,ოქროს გვირგვინს“ წარმოადგენდა სოციალისტურ პოლონეთში ,,სახლების ფაბრიკა“,- უჩვეულოდ ძვირი ტექნოლოგია, რომელმაც უაღრესად მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო საცხოვრებელი სახლების მშენებლობის პროგრამის მიმდინარეობა ჩვენს ქვეყანაში.
თუმცა, მეცნიერული კვლევის ყველა სფეროზე როდი შეეძლო უარყოფითად ემოქმედა სოციალიზმს . მისი ზემოქმედებისაგან თავისუფალი იყო მათემატიკა, ფიზიკა და ზუსტი მეცნიერების სხვა სფეროები. მაგალითად, სამხედრო საქმესთან დაკავშირებული მეცნიერებები, განსაკუთრებით ყოფილ საბჭოთა კავშირში, ხელისუფლების მხრიდან უდიდესი მხარდაჭერით სარგებლობდა. ამასთან, სამოქალაქო ტექნოლოგიების განვითარებაში, როგორც საბჭოთა კავშირს, ისე საერთოდ, მთელ სოციალისტურ ბანაკს, გამოჩენილი პოლონელი ფიზიკოსის პროფ. ლუკას ტურსკის ფრთიანი გამოთქმა რომ მოვიშველიოთ - ,,რუბიკის კუბიკის“ გამოგონებაზე მეტი წვლილი არა აქვს შეტანილი. რაც შეეხება მეცნიერებას ადამიანთა საზოგადოების შესახებ, სოციალიზმის დროს, განსაკუთრებით მისი არსებობის ბოლო პერიოდში, მხარდაჭერა ჰქონდა მხოლოდ ისეთ კვლევებს, რომლებიც არსებული სისტემისა და იდეოლოგიის დასაბუთებას შეეცდებოდნენ. შედარებით მეტი თავისუფლებით სარგებლობდნენ - ფსიქოლოგია, სოციოლოგიის ზოგიერთი დარგი და მათემატიკასთან მჭიდროდ დაკავშირებული ეკონომიკურ მეცნიერებათა ზოგიერთი მიმართულება.
ახალი ამოცანები და შესაძლებლობები
დემოკრატიისა და საბაზრო ეკონომიკისაკენ მიბრუნებამ პრინციპულად შეცვალა სიტუაცია სამეცნიერო კვლევების დარგში ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, განსაკუთრებით იქ, სადაც ცვლილებებს ღრმა და შეუქცევადი ხასიათი აქვს. საზოგადოებრივი მეცნიერებების სფეროში აღარ არსებობს პოლიტიკური დაკვეთების პრაქტიკა ფსევდომეცნიერებებზე, მაგრამ ეს როდი ნიშნავს იმას, რომ ფსევდომეცნიერებმა შეწყვიტეს თავიანთი ძალისხმევა. მათი ნაწილი პოლიტიკური და ეკონომიკური ტრანსფორმაციის კრიტიკოსთა მოწინავე რიგებში ჩადგა. პარალელურად წარმოიშვა დიდი მოთხოვნილება მეცნიერებათა ისეთ მიმართულებებზე, რომელთა მიზანსაც აქამდე უპრეცედენტო სისტემური ცვლილებების კვლევა წარმოადგენს. შექმნილი ახალი გარემოების პასუხად იქმნება ახალი სამეცნიერო ცენტრები, ხდება ყოფილი სამეცნიერო დაწესებულებების შექმნილი ახალი პირობებისათვის მორგება. ტექნიკური მეცნიერებების სფეროში აღარ აქვს ადგილი შეიარაღებასთან დაკავშირებული მეცნიერებების პრივილეგირებულ დაფინანსებას. პრინციპულად იცვლება საწარმოების დამოკიდებულებაც ტექნიკური სიახლეებისადმი, გაქრა ანტიინოვაციური ბარიერები და ა.შ. ეკონომიკის პრივატიზაცია, მკაცრი ფინანსური კონკურენცია, გარე სამყაროსთან კონტაქტები იწვევს იმ პროექტებისადმი უდიდეს დაინტერესებას, რომლებიც საშუალებას იძლევიან შემცირდეს წარმოების დანახარჯები და გამრავალფეროვნდეს პროდუქციის ასორტიმენტი. მრავალი ტექნიკური თუ ტექნოლოგიური გადაწყვეტა დასავლეთის არსებული მოდელების ასოციაციას იწვევს, რამაც არ უნდა გაგვაკვირვოს ან შეგვაწუხოს. უკვე არსებული პროექტების შემოქმედებითი მიღება სერიოზული შანსია ჩამორჩენილი ქვეყნების დასაწინაურებლად. ზუსტად ეს გზა გაიარეს XIX საუკუნეში საფრანგეთმა და გერმანიამ, როდესაც ისინი სიახლეებს დიდი ბრიტანეთისაგან სესხულობდნენ, ხოლო დღეს ამ პრაქტიკას მიმართავს იაპონია და ,,აზიური ვეფხვები“, რომლებიც დასავლეთისაგან იღებენ მეცნიერულ სიახლეებს. ამიტომ, გაუგებარია პოლონეთისა და უცხოური მეცნიერული აზროვნების აბსურდულური დაპირისპირება, რასაც ჩვენს ქვეყანაში აქვს ადგილი. წარმატებას მხოლოდ მაშინ მივაღწევთ, როდესაც უცხოურ მეცნიერულ მიღწევას საშუალებას მივცემთ, იმუშაოს ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ, ხოლო პოლონური მეცნიერული აზროვნება საზღვარგარეთის სამეცნიერო ცენტრებთან მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველზე ჩამოყალიბდეს.
ხაფანგისგან თავის დაღწევა
ეკოლოგიური სიტუაცია პოლონეთში 1989 წლამდე ძალზე მძიმე იყო. მიუხედავად ამისა, სოციალიზმის პირობებში არ არსებობდა განვითარების რაიმე პერსპექტივა, სოციალისტური ეკონომიკა არ იძლეოდა ამის საშუალებას. ქვეყნის ამ სფეროში შექმნილი მდგომარეობა მნიშვნელოვანწილად სწორედ არსებული სისტემის ბრალი იყო, რადგან იგი ცდილობდა ენერგიის (რესურსების) მაქსიმალურად ამოქაჩვას წარმოებული მშპ-ს ერთეულზე და ასევე იმ ინვესტიციებთან გაანგარიშებით, რომელსაც იგი აბანდებდა მის საწარმოებლად. ეკონომიკაში ჩამოყალიბებული ტენდენცია პროგრესულად ზრდიდა გარემოს დაბინძურების მაჩვენებლებს. ენერგიის გამოყენებას, მით უფრო, თუ მასში გადამწყვეტი ხვედრითი წილი უკავია ქვანახშირს, აუცილებლად იწვევს ასეთ თანამდევ ეფექტებს. ამასთან, წარმოებული პროდუქციის მაღალი ენერგოტევადობის გამო, რასაც სოციალისტური სისტემის არსებობის დროს ჰქონდა ადგილი, ამ პრობლემის გადაჭრას საშველი არასოდეს არ დაადგებოდა. გარდა ამისა, სოციალისტური სისტემისათვის დამახასიათებელი წარმოების მაღალი კაპიტალტევადობა არ სტოვებდა საკმარის ფინანსურ სახსრებს გარემოდაცვითი ღონისძიებების გასატარებლად.
ჩვენი მსჯელობა არ წარმოადგენს თეორიულ სპეკულაციას. სწორედ ასეთ ეკონომიკურ-ეკოლოგიურ ხაფანგში ვიყავით სამოცდაათიან წლებში. გავიხსენოთ თუნდაც სერიოზული შეფერხებები ელექტროენერგიის მიწოდებაში. მაშინ აქტუალური იყო ასევე ახალ-ახალი მაღაროების მშენებლობის პროექტები, რაც უდიდეს ფინანსურ რესურსებს მოითხოვდა და, გარდა ამისა, გარემოს კიდევ უფრო მეტ დაბინძურებას იწვევდა.
ეკონომიკური რეფორმების გავლენა გარემოს დაცვაზე
საბედნიეროდ, სოციალიზმმა არსებობა შეწყვიტა და 1989 წლიდან პოლონეთში შეგვიძლია ახალი წყობა ავაშენოთ. ამასთან, არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ თუ რა მოხდებოდა მაშინ, ძველი საზოგადოებრივი წყობა დიდხანს რომ შენარჩუნებულიყო. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შევძლებთ ნათლად წარმოვიდგინოთ პოსტსოციალისტური ტრანსფორმაციის დანახარჯები და ეფექტი. მისი შედეგები კი განსაკუთრებით ბუნების დაცვის სფეროშია საგრძნობი. მაგალითად, კატოვიცეს სავოევოდოში 1996 წელს გამონაბოლქვი მტვრის მოცულობა, 1980 წელთან შედარებით, 62%-ით შემცირდა. აღნიშნულ სფეროში ანალოგიური პროგრესი დაფიქსირდა ასევე მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამ მხრივ, განსაკუთრებით რადიკალურ ცვლილებებს ჰქონდა ადგილი სოფლის მეურნეობაში. კერძოდ, ხელოვნური სასუქების გამოყენება 1997 წელს 1989 წელთან შედარებით 55%-ით შემცირდა, რასაც, მიუხედავად ზოგიერთი პოლიტიკური ძალის მხრიდან განგაშის ზარების შემოკვრისა, სერიოზული ჩავარდნა არ გამოუწვევია სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით მოსახლეობის მომარაგების საქმეში. სამაგიეროდ, ამან ჩვენს მდინარეებსა და ტბებში მდგომარეობის სერიოზული გაუმჯობესება გამოიწვია. ახლა მათში გაცილებით ნაკლები აზოტური სასუქები აღწევს.
ეკოლოგიის სფეროში მდგომარეობის ასეთ გაუმჯობესებას ხშირად ეკონომიკურ ,,რეცესიას“ აწერენ და ამას, არცთუ იშვიათად იყენებენ მიმდინარე რეფორმების გასაკრიტიკებლად. ნათელია ამგვარი მსჯელობების მთელი აბსურდულობა. 1991 წლის შემდეგ ქვეყნის ეროვნული მეურნეობა - სახელდობრ, რეფორმების წყალობით, მაღალი ტემპებით ვითარდება. მხედველობაში მისაღებია ისიც, რომ ამ რეფორმების გარეშე ვერ შევძლებდით შეგვემცირებინა უდიდესი საგარეო ვალი. ყოველივე ამას თუ მხედველობაში მივიღებთ, ამჟამად ქვეყანაში იწარმოება გაცილებით მეტი მთლიანი შიდა პროდუქტი, ვიდრე იგი იქნებოდა მაშინ, თუკი სისტემა რადიკალურად არ შეიცვლებოდა. ამის მაგალითად, თუნდაც ბელორუსი გამოდგება. დასასრულს უნდა ითქვას, რომ რადიკალურმა რეფორმებმა აამაღლეს ჩვენი ეკონომიკის ეფექტურობა და მას განვითარების შესაძლებლობა მისცეს. ამასთან, წარმოებას უკვე ისეთი საშიში სახე აღარ აქვს გარემოს დაცვის სფეროსათვის, როგორც ადრე.
ეკოლოგიური პროგრესის წყარო
ზემოთ აღნიშნული ეკოლოგიური პროგრესი არის ორი უმნიშვნელოვანესი ფაქტორის ამოქმედების შედეგი. პირველი მათგანია ფასების რადიკალური ზრდა ენერგიაზე, ანუ იმ პროდუქციაზე, რომლის წარმოებაცა და გამოყენებაც უაღრესად ბევრ თანამდევ ეფექტს იწვევს. ფასების ზრდა იყო იმ უდიდეს დოტაციაზე უარის თქმის შედეგი, რასაც ადგილი ჰქონდა ფასების ზრდის სასტარტო პერიოდში. ამის შედეგად შეიცვალა გადახდის ფორმა, რამაც საბაზრო ხასიათი მიიღო. მომხმარებელმა დაიწყო იმ ხარჯების სიმძიმის რეალური შეფასება, რაც იყო და უნდა იყოს კიდეც ნამდვილად ძვირი. მეორე ფაქტორს წარმოადგენს საწარმოების მიერ გაწეული ხარჯების სათანადო შესწავლა-შეფასება და უარის თქმა არა აუცილებელ ხარჯებზე. სოციალიზმის დროს საწარმოებს საკმაოდ მოჩლუნგებული ჰქონდათ ასეთი შეფასების უნარი. მაშინ ფასების ზრდა საწარმოების ხელმძღვანელებსა თუ უბრალო ადამიანებში იწვევდა ძალზე სუსტ მიდრეკილებას როგორც ფულის, ისე იმ საქონლის დამზოგველობისადმი, რაც ძვირდებოდა. აღნიშნული არსებული წყობილების ძირითადი თვისებებიდან გამომდინარეობდა, კერძოდ, სახელმწიფო საკუთრების დომინაციიდან, სახელმწიფოს მეტისმეტად გაბერილი ფუნქციებიდან და იმის შიშიდან, რომ კონკურენციის შედეგად სოციალისტური საწარმო შეიძლება გაკოტრებულიყო.
ეკონომიკის სისტემური ტრანსფორმაცია: მისი ლიბერალიზაცია, ანუ უარის თქმა სახელმწიფოს მეტისმეტი ჩარევისაგან ეკონომიკაში, პრივატიზაცია და მის შედეგად როგორც კერძო, ისე ახლადგანკერძოებული საწარმოების რიცხოვნობის გაზრდას დიდი მნიშვნელობა აქვს ბუნების დაცვის სფეროსათვისაც.
იმ პროდუქციაზე ფასების გაზრდამ, რომელთა წარმოება და მოხმარებაც ძალზე უარყოფითად ზემოქმედებს გარემოზე, და, იმავდროულად, საწარმოების მგრძნობიარობის ხარისხის ამაღლებამ დანახარჯების ღირებულებისადმი, განსაკუთრებით იმ დანახარჯებისადმი, რომლებიც გარემოს დაბინძურებას იწვევენ, საკმაოდ საგრძნობი დადებითი ზეგავლენა იქონია ბუნების დაცვაზე. ამ ეფექტის ერთ-ერთი გამოვლენა არის ენერგოტევადი პროდუქციის მოცულობების შემცირება. მაგალითად, 1997 წლის მრეწველობის პროდუქციის ენერგოშემცველობის მაჩვენებელი, 1980 წელთან შედარებით, 83 პროცენტს შეადგენდა. აღნიშნული პროგრესული ცვლილებები კიდევ უფრო საგრძნობი იყო მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით.
პრივატიზაცია და ეკოლოგია
ახლა დავუბრუნდეთ პრივატიზაციის გავლენას გარემოს დაცვაზე. ეკოლოგიური თვალთახედვით ძალზე არსებითია, რაც შეიძლება სწრაფად იქნეს გარდაქმნილი სოციალიზმის მემკვიდრეობა. მოდერნიზაციას პრინციპული მნიშვნელობა აქვს ეროვნული მეურნეობის იმ სფეროებში, რომლებიც განსაკუთრებით დიდი მასშტაბებით იწვევენ გარემოს დაბინძურებას და სადაც არსებობს მისი შემცირების ტექნოლოგიური შესაძლებლობა. ეს ეხება სათბობ-ენერგეტიკის სფეროს, საქალაქო თბოსადგურების ჩათვლით. პრივატიზაცია საზღვარგარეთის ინვესტიციებთან ერთად, საკმარისად სერიოზულ საფუძველს ქმნის ამ სფეროს მოდერნიზაციისათვის. სამწუხაროდ, სახელდობრ ამ სფეროში რეფორმების განხორციელებას ,,სტრატეგიული“ არგუმენტების მოშველიებით ყველაზე დიდი მოწინააღმდეგეები ჰყავს. ისინი თავიანთ ,,არგუმენტებს“ ამაგრებენ ასევე ,,ეროვნული ინტერესებიდან“ გამომდინარეც. ასეთი პოლიტიკოსები თავიანთი აქტიურობით ხელი უშლიან გარემოს დაცვისაკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელებას.
1989 წლის შემდეგ პოლონეთში ადგილი ჰქონდა ეკონომიკის არა მხოლოდ სისტემურ გარდაქმნას, არამედ სახელმწიფოს პროეკოლოგიური მუშაობის გააქტიურებასაც: პრინციპულად გაიზარდა ის ტარიფები, რომლებმაც უნდა დაიცვან და ხელი შეუშალონ ბუნების გაჭუჭყიანებას, დაიხურა ან მოხდა რესტრუქტურიზაცია ბუნებისათვის განსაკუთრებით საზიანო საწარმოების და ა.შ. ხაზი უნდა გაესვას იმასაც, რომ სისტემური გარდაქმნების გარეშე სახელმწიფოს ამ როლის გაძლიერება ან საერთოდ შეუძლებელი იქნებოდა, ან არ იქნებოდა ასეთი ეფექტური. სახელისუფლებო სტრუქტურებთან მჭიდროდ დაკავშირებულ საწარმოთა ხელმძღვანელები, მართალია წინააღმდეგობას არ გაუწევენ ეკოლოგიური ნორმების გამკაცრებას თუ საჯარიმო სანქციებს, მაგრამ ბოლოს მათ მოაქცევდნენ პროდუქციის წარმოების თვითღირებულებაში. უფრო მეტიც, ისინი თითქმის არავითარ ღონისძიებას არ გაატარებდნენ ამ სფეროში მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
გარემოს დაცვის სფეროში გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია. მაგრამ მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ უკვე შეგვიძლია ეკონომიკის განვითარება მჭიდროდ დავუკავშიროთ ჩვენი გარემოსადმი ზრუნვას, ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეკონომიკური და ეკოლოგიურ-ჯანმრთელობის დაცვითი ინტერესები ცხოვრების დონის ამაღლების ინტერესებს შევუხამოთ. ამისათვის კი აუცილებელია ფუნდამენტალური რეფორმების დაჩქარება ეკონომიკაში და ბრძნული გადაწყვეტილებების მიღება ეკოლოგიის სფეროში. ამ ცვლილებების გასაღები კი პოლიტიკურ სფეროში დევს - იქ იღებენ შესაბამის საბოლოო გადაწყვეტილებებს.
სპონსორების ბაზარი
ახლა ძალზე დიდი სურვილი მაქვს მცირეოდენი ყურადღება დავუთმო კულტურას, უფრო ზუსტად, იმ კანონების ერთობლიობას, რომლებიც გავლენას ახდენენ ადამიანური ცხოვრების სამეურნეო სფეროზე და ასევე ამ კანონებისა და პოლიტიკური და სამეურნეო ცვლილებების კავშირს, რომელთაც ადგილი აქვს პოლონეთში.
კულტურული შემოქმედება და კულტურის სიკეთე
კარგი იქნებოდა მსჯელობას თუ თავად ცნება ,,კულტურის“ გარკვევიდან დავიწყებდით. აქ, ისევე როგორც სხვა ყოველი მნიშვნელოვანი დეფინიციის განსაზღვრის სფეროში, მრავალი განმარტება გაგვაჩნია. ისინი ტერმინ ,,კულტურას“ სხვადასხვა, ჩვენი გარემომცველი სინამდვილის დიდი თუ მცირე ფრაგმენტების გამოსახატავად გამოიყენება. მაგალითად, ანტროპოლოგისათვის, რომლის შესწავლის საგანსაც ადამიანის სხვა არსებებთან ურთიერთობის კვლევა წარმოადგენს, ტერმინი „კულტურა“ შეიცავს რწმენის, წეს-ჩვეულებების, ყოფითი დაწესებულებების, ანუ ადამიანთა ქცევის სხვადასხვა არამატერიალური ნიშნების შესწავლას. ამასთან, ისინი უპირატესად სწავლობენ ადამიანის საქმიანობის სხვადასხვა შედეგებს: დაწყებული უაღრესად სულიერიდან, როგორიც არის პოეტური შემოქმედება და დამთავრებული პროზაული საოჯახო ნივთებით. ასეთი ფართო გაგებით, კულტურა არის ყველაფერი, რაც ბუნებას არ მიეკუთვნება. ტერმინ „კულტურაში“ სრულიად სხვა გაგებას ვდებთ მაშინ, როდესაც ვასხვავებთ „კულტურულს“ „უკულტუროსაგან“, ანდა მაშინ, როდესაც გვსურთ გამოვხატოთ ის, რასაც ცნება „პოლიტიკური კულტურის ქვეშ“ მოვიაზრებთ.
ცნება „კულტურული შემოქმედება“, როგორც წესი, ეხება ლიტერატურას, მუსიკას, კინომატოგრაფიას, თეატრს, არქიტექტურას და ა.შ. ამასთან, უნდა გვახსოვდეს, რომ შემოქმედებით საქმიანობას ადგილი აქვს ასევე ეკონომიკაშიც (იმ განსხვავებით, რომ აქ შემოქმედებად მეწარმეები გამოდიან) და საერთოდ, ადამიანის ცხოვრების ყველა იმ სფეროში, სადაც საქმე გვაქვს არაშაბლონურ, ორიგინალურ საქმიანობასთან, რომელთა მიზანიც არის ისეთი შედეგების მიღწევა, ბევრს რომ აინტერესებს ან ის მრავალმა უნდა გამოიყენოს.
იმ კანონების პრობლემა, რომლებიც ადამიანთა კულტურულ შემოქმედებას არეგულირებს, უპირველეს ყოვლისა, მოიცავს შემოქმედთა უფლებების დაცვის საკითხს და ასევე მათი შემოქმედების დაფინანსებას. ყოველი ამგვარი საქმიანობისათვის საჭიროა ფინანსური სახსრები და მაშასადამე, დგება საკითხი იმის შესახებ, თუ ვინ და რა გზით უნდა მოიპოვოს იგი. ამასთან, დასადგენია ისიც, თუ ამ კულტურული შემოქმედების მომხმარებელი და მაშასადამე, გადამხდელიც, არის პოლიტიკოსი, მოხელე, არასამთავრობო ფონდი, თუ კერძო მეცენატი, თუ ეს საქმე ,,წმინდა საბაზრო“ თვითდინებაზე უნდა მივუშვათ. გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ ყოველთვის არსებობს კულტურის ყველა ამ სახის მომხმარებელთა წრე, თუმცა, შესაძლებელია ზოგიერთი მათგანი მხოლოდ თავისი სახელითაც არ გამოდიოდეს და ფართო საზოგადოების წარმომადგენელი იყოს.
კულტურის ცნებაში ვგულისხმობთ ასევე წინა თაობების წარმომადგენელთა მიღწევებსაც ამ სფეროში (მათი ლიტერატურული შემოქმედება, ფილმები თუ მუსიკალური ნაწარმოებები, არქიტექტურული ძეგლები და ა.შ.), რომელთაც დროის გამოცდას გაუძლეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მათ შეინარჩუნეს თავიანთი მხატვრული ღირებულება. აქვე საჭიროა შევნიშნოთ ისიც, რომ თანამედროვე ტექნიკა იძლევა იმის საშუალებას, რომ მოხდეს იმ კულტურის ძეგლთა რესტავრაციაც კი, რომლებიც, შეიძლება ითქვას, სამუდამოდ დაკარგულად ითვლებოდა, მაგალითად, თეატრალური სპექტაკლები, საბალეტო დადგმები და ა.შ. ჩვენს საუკუნეში ტექნიკის განვითარების შედეგად წარმოსდგა ასევე კულტურული შემოქმედების ახალი სახეები, მაგალითად, ფილმები. ამ ორი ტენდენციის შერწყმის შედეგია კულტურული ,,პროდუქციის“ მოულოდნელი მოზღვავება. გაიზარდა ასევე იმ დროის მოცულობაც, რომელიც შეიძლება მიეძღვნას მათ ,,მოხმარებას“. ეს გაზრდა გამოიწვია აუცილებელი სამუშაო დროის შემცირებამ და სიცოცხლის ხანგრძლივობის მატებამ. საინტერესოა, რომელია ამ ორი ტენდენციიდან უფრო ძლიერი? მე ვფიქრობ, რომ პირველი ტენდენცია და სწორედ ამის შედეგად კულტურის თანამედროვე ,,მომხმარებელი“ დგას გაცილებით უფრო ძნელი არჩევნის წინაშე: კულტურის რომელი სიკეთით ისარგებლოს? ამასთან, წარმოიშვა ასევე თავისუფალი დროის გატარების ახალი ფორმებიც, რომელთაც შეუძლიათ კონკურენცია გაუწიონ კულტურას, მაგალითად, კომპიუტერული თამაშები და სხვ.
ვუბრუნდებით რა კულტურულ სიკეთეთ, საჭიროა დავუმატოთ, რომ მათ მიეკუთვნება ასევე მოცემული ერის (ხალხის) ცხოვრების წესის მატერიალური დანატოვარიც, მაგალითად, ნაგებობები თუ ყოველდღიური მოხმარების საგნები, თუნდაც რომ ისინი არ წარმოადგენდნენ რაიმე დიდ კულტურულ (მხატვრულ) ღირებულებას.
ლიტერატურული, მუსიკალური, კინემატოგრაფიული თუ სხვა სახის კულტურულ სიკეთეთა გაცნობა საზოგადოების მიერ ხდება ისეთი დაწესებულებების საშუალებით, როგორიც არის: სკოლა, ბიბლიოთეკა, თეატრი, ფილარმონია, ტელევიზია და სხვ. სკოლას შეუძლია და უნდა ასრულებდეს კიდევ სხვა ფუნქციასაც, სახელდობრ, თავის მოწაფეებში განავითაროს და გააღვიოს კულტურით დაინტერესება. ამაზეა დამოკიდებული, თუ ბაზარი, ანუ მილიონობით მომხმარებელი, რომლებიც ფინანსურ რესურსებს ფლობენ, რა დონის ,,კულტურის“ მატარებელნი გახდებიან, ანუ რამდენად არიან ისინი მოწადინებულნი შეიძინონ კულტურული სიკეთენი. მომხმარებელთა კულტურული გემოვნების ჩამოყალიბებაში დიდი როლის შესრულება შეუძლია ასევე ტელევიზიას.
კულტურული შემოქმედების საფუძველი
ახლა დგება საკითხი იმის შესახებ, თუ კანონების როგორი სისტემა უნდა არეგულირებდეს კულტურას თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის, ანუ დემოკრატიისა და სამოქალაქო საზოგადოების დროს? დავიწყოთ სისტემიდან, რომელიც კულტურულ შემოქმედებას ყველაზე მეტად ეხება. ჩვენ აქ რამდენიმე გენერალურ პრინციპს ვხედავთ.
პირველი - შემოქმედების ნამდვილი თავისუფლება, რაც ქვეყანაში პოლიტიკური შეზღუდვების არარსებობას ნიშნავს. პოლონეთში ამგვარი შეზღუდვები გაუქმდა 1989 წელს, მაშინ, როდესაც დაიმსხვრა სოციალისტური დიქტატურა და ჩვენმა ქვეყანამ სრული თავისუფლება მოიპოვა;
მეორე - ავტორთა უფლებების ნათელი, კარგად გამოკვეთილი და ეფექტური კანონები. ისეთი უფლებები, რომლებიც საერთო საკუთრებითი უფლებების შემადგენელი ნაწილი ხდება, ეხებიან ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროსაც. ეს კი ნიშნავს, რომ შემოქმედებს საშუალება ეძლევათ ისარგებლონ შემოსავლით, ანუ მოახდინონ თავისი საქმიანობის დაფინანსება საბაზრო ეკონომიკის კანონების შესაბამისად, ამასთან, იყვნენ დამოუკიდებელნი პოლიტიკური ხელისუფლებისა და მასთან დაკავშირებულ სახელმწიფო ადმინისტრაციისაგან;
მესამე - კულტურული შემოქმედების დაფინანსების სხვადასხვა წყაროების არსებობა, რაც კულტურული „პროდუქციის“ განსხვავებული ფინანსური შესაძლებლობების მქონე მომხმარებლთა დიდ რაოდენობას ნიშნავს. თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პირობებში ასეთ მომხმარებელთ მიეკუთვნებიან ინდივიდუალური მომხმარებელნი, კერძო საწარმოები და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მოგებაზე არ არიან ორიენტირებული, ანუ ე.წ. მესამე სექტორი (ფონდები, ამხანაგობები, რელიგიური ორგანიზაციები და ა.შ.), და სხვ. სოციალისტური დიქტატურის დროს კულტურულ სიკეთეთა მომხმარებელთა წრე მხოლოდ ინდივიდუალურ და ასევე პარტიულ-სახელმწიფოებრივ მომხმარებლებამდე იყო დაყვანილი, რომლებიც პარტია-სახელმწიფოს უდიდეს მექანიზმს მართავდნენ და ცდილობდნენ როგორც ხელოვანთა შემოქმედებითი მუშაობისათვის, ისე მომხმარებელთა გემოვნებისა და აზროვნებისათვის (შემოქმედებითი თავისუფლების შეზღუდვის, განათლების სისტემისა და მასმედიის კონტროლის და ამ სფეროში ფინანსური მონოპოლიის გზით) თავიანთთვის სასურველი მიმართულება მიეცათ. გავიხსენოთ, რომ ორმოცდაათიან წლებში ხელოვნებასა და ლიტერატურაში ხელისუფლების საყვარელი მიმართულება იყო სოცრეალიზმი, ხოლო ჯაზი, მხოლოდ და მხოლოდ თავისი წარმოშობის გამო, სძულდათ.
კულტურის დაფინანსება თავისუფლების პირობებში
თავისუფლების პირობებში კულტურის შემოქმედნი უკვე ისე აღარ არიან ხელისუფლების მეცენატიზმზე დამოკიდებული და შეუძლიათ შემოქმედებისათვის საჭირო სახსრები არასახელმწიფოებრივ მეცენატებისაგან, მდიდარი კერძო პირებისაგან და ა.შ. მოიპოვონ. სოციალიზმიდან კაპიტალიზმში გარდამავალ ქვეყნებში, ისეთებში, როგორიც პოლონეთია, კულტურის არასახელმწიფო მეცენატის მნიშვნელობის ზრდა დამოკიდებულია იმ პირობებზე, რომელსაც კერძო სექტორს შეუქმნის სახელმწიფო. მისი განვითარების შეზღუდვა კი არა მხოლოდ ქვეყნის განვითარებას აფერხებს, არამედ ხელს უშლის ასევე კულტურის წინსვლასაც, რამეთუ ასეთ შემთხვევაში იშრიტება კულტურის არასახელმწიფოებრივი დაფინანსების წყაროები. აქ ჩვენ სახეზე გვაქვს იმის ნათელი მაგალითი, თუ ასეთ შემთხვევაში როგორ უკავშირდება ერთმანეთს ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე სტრუქტურული რეფორმები კულტურის განვითარებას.
ამ ასპექტში აუცილებელია ითქვას თვითმმართველობის ორგანოების როლზე კულტურის განვითარებაში, ანუ კულტურული სიკეთის დაშორებაზე ცენტრალური ხელისუფლებისაგან და მის მიახლოებაზე ადგილობრივი, არჩევითი ორგანოებისათვის. ასეთ შემთხვევაში, ეს, ადრე ბლოკირებული კულტურის დაფინანსების წყარო, ახლა უკვე აქტუალური ხდება.
კულტურის დაფინანსებაზე საუბრისას დემოკრატიის პირობებში, ცხადია, არ უნდა დავივიწყოთ ბაზრის უდიდესი როლიც, სადაც გამოდის მილიონობით მომხმარებელი თავისი მოთხოვნილებებითა და საკუთარი შეხედულებებით ფულის ხარჯვის თაობაზე. კულტურის დაფინანსების ამ პოტენციალური და მნიშვნელოვანი წყაროს როლიც დაკავშირებულია ეკონომიკაში მიმდინარე რადიკალურ ცვლილებებზე, ანუ იმაზე, როგორიცაა პრივატიზაცია, ინფლაციისა და გადასახადების შემცირება, სამეურნეო საქმიანობის ლიბერალიზაცია და ა.შ. ეს რეფორმები გადამწყვეტ გავლენას ახდენს ეკონომიკის განვითარების ტემპების დაჩქარებაზე, ანუ მოსახლეობის შემოსავლების ზრდაზე, რის შედეგადაც მათ მეტი თანხები უთავისუფლდებათ კულტურული სფეროს დასაფინანსებლად. აქედან გამომდინარე, ეკონომიკურ რეფორმებში ამ მხრივ განსაკუთრებით დიდ მნიშვნელობას იძენს საგადასახადო ტვირთის შემცირება.
თუ ბაზრის როლს კულტურის დაფინანსების პოზიციებიდან შევხედავთ, მაშინ აუცილებლად იმ დასკვნამდე მივალთ, რომ კულტურის დიდი შემოქმედების ნიმუშები არ უნდა გახდეს (თუმცა მათ ეს ხელეწიფებათ) ელიტარული. სწორედ ამიტომ, თავისუფალი შემოქმედება დიდად არ უნდა იყოს დამოკიდებული სახელმწიფო ფინანსურ რესურსებზე. თუმცა, არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ ხელოვნების (ხელოვანის) ფართო აღიარება ზოგ შემთხვევაში დიდი დაგვიანებით ხდება. ამასთან, კულტურის ზოგიერთ სახეობას, მაგალითად, ავანგარდს მუსიკასა თუ ლიტერატურაში, თავის თაყვანისმცემელთა (შესაბამისად, მომხმარებელთა), ძალზე ვიწრო წრე ჰყავს. ამიტომ შორს იქნება სიმართლისაგან იმის განცხადება, რომ ხელოვნების ის ქმნილებები, რომელთაც ამჟამად მომხმარებელი არ ჰყავს, შეუძლებელია იყოს ხელოვნების ნიმუშები.
დაბოლოს, მეოთხე პრინციპი მდგომარეობს იმაში, რომ ეროვნული კულტურული შემოქმედება დაცული იყოს უცხოურის გაუმართლებელი მოზღვავებისაგან. საქმე იმაში როდია, რომ ჩვენი ცუდი თანამემამულე ლიტერატორები დავიცვათ გამოჩენილი უცხოელი ავტორებისაგან და ამ მიზნით მაღალი გადასახადით დავბეგროთ, მაგალითად, შექსპირის ნაწარმოებები. ეს რა თქმა უნდა, აბსურდი იქნებოდა. მე მხედველობაში უფრო ის მაქვს, რომ, მაგალითად, არ დავუშვათ ადგილობრივი კინოპროდუქციის შევიწროება უცხოური ფილმებისაგან მხოლოდ იმის გამო, რომ მათ დიდი ფინანსური ლობი უმაგრებთ ზურგს.
ამ ასპექტში დიდი მნიშვნელობა აქვს სახელმწიფოს განსაკუთრებულ როლს. მას არავინ ათავისუფლებს სასკოლო პროგრამების შემუშავებისაგან, ბიბლიოთეკებისა და მუზეუმების ქსელის გაფართოებისაგან, ისტორიული ძეგლების დაცვისათვის შესაბამისი პირობების შექმნისაგან და ა.შ.
ცოტა რამ ეთიკის შესახებ
მსურს მცირე რამ ვთქვა ეთიკის შესახებაც, განსაკუთრებით ეკონომიკასთან დაკავშირებით. თუმცა, ამას ერთგვარი ყოყმანით ვაკეთებ, რადგან არ მინდა ეს მორალიზატორობაში ჩამომართვან, რამაც ახლა ასეთი ფართო მასშტაბები მიიღო.
,,ეთიკის“ ცნებაში ჩვენ მხედველობაში გვაქვს მოცემული ადამიანის მიერ როგორც სხვა ადამიანებთან, ასევე საერთოდ, ცოცხალ არსებებთან, ურთიერთობა. „სხვა ადამიანებში“ ჩვენ ვგულისხმობთ არა მხოლოდ მათ, რომლებიც უკვე დაბადებულები არიან, არამედ მათაც, რომლებიც მომავალში უნდა დაიბადონ. მაგალითად, გარემოსათვის დღეს მიყენებული ზარალი თავის გავლენას მოახდენს მომავალ თაობათა ზრდა-განვითარებაზე. ანალოგიურის თქმა შეიძლება ქვეყნის ვალების თაობაზეც. კერძოდ, დღეს აღებული და დროზე დაუბრუნებელი ვალები, რომლებიც გარკვეულ ზღვარს გადასცილდა, მომავალი თაობების გასასტუმრებელი გახდება. ეს კი ეკონომიკურთან ერთად, ეთიკურ პრობლემასაც წარმოადგენს.
როდესაც ეთიკურ პრობლემაზე ვსაუბრობთ, ნათლად უნდა განვასხვავოთ ადამიანთა ქცევა მისი შინაგანი მოტივისაგან. ამ სფეროში ერთმანეთისაგან უნდა გამოვყოთ ხუთი პრინციპული სიტუაცია, რამაც ჩვენ ეთიკური თვალსაზრისით შეიძლება დაგვაინტერესოს:
1. ადამიანის კარგი საქციელი, რაც სხვებისათვის სიკეთის მომტანია, სრულიადაც არ ნიშნავს სხვებისათვის სიკეთის გაკეთების სურვილს. ხშირად ეს მხოლოდ საკუთარი მოთხოვნილებების (ინტერესების) დაკმაყოფილების მისწრაფებებით გამოიხატება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ამ ადამიანს რომ არ ჰქონდეს საკუთარი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების სურვილი, მაშინ იგი ასე არ მოიქცეოდა. მიზანს ზოგ შემთხვევაში შეიძლება წარმოადგენდეს ხელფასი. სრულიადაც არ არის საჭირო ამგვარი ურთიერთდაინტერესების სიტუაციის მოსპობა. სწორედ ამ სახის ურთიერთდაინტერესება წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ საფუძველსა და ნორმას თანამედროვე კულტურების უმრავლესობისათვის. ამ სახის ურთიერთდაინტერესების პრობლემაზე წერდა თანამედროვე ეკონომიკური მეცნიერების შემოქმედი და იმავდროულად დიდი ფილოსოფოსი ადამ სმიტი. მან პირადი ინტერესები თავისუფალი ბაზრის საფუძველთა-საფუძვლად ჩათვალა. საზოგადოებრივი ცხოვრების ორგანიზაციის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრობლემას წარმოადგენს ასევე ადამიანთა შორის თამაშის წესების ისეთი დარეგულირება, რომ ასეთი სიტუაციები, რაც შეიძლება მეტი იყოს. თამაშის ასეთი წესების დარეგულირება, რასაც ამჟამად მიღებული ტერმინოლოგიით, ,,კონტრაქტები“ ეწოდება, თანამედროვე ეკონომიკის ერთ-ერთ სერიოზულ სფეროს წარმოადგენს. ამორალურად შეიძლება ჩაითვალოს ისეთ კანონთა სისტემა, რომლებიც აიძულებენ ადამიანებს სარგებლობა ნახონ სხვა ადამიანებისათვის ზიანის მიყენებით;
2. ადამიანის მიერ სხვისთვის სიკეთის გაკეთება ყოველთვის როდი გამომდინარეობს კეთილშობილური მიზნებიდან. ხშირად ამას პირადული მოტივაცია აქვს. ამასთან, კეთილ განზრახვასაც ყოველთვის როდი მოჰყვება დადებითი შედეგი. ამიტომ მხოლოდ ის როდია საკმარისი, სიკეთის კეთება გვსურდეს, ისიც უნდა შეგვეძლოს, რომ სიკეთის კეთების სურვილს რეალურად დადებითი შედეგი მოჰყვეს. სხვა სიტყვებით, უნდა შეგვეძლოს კარგად დავგეგმოთ და დასახულ მიზნამდე მივიყვანოთ ჩვენი განზრახვა, რადგან თავისთავად მხოლოდ კარგი განზრახვის დეკლარირება ვერ შეცვლის სასურველ შედეგს.
აქვე მინდა ისიც შევნიშნო, რომ საზოგადოდ გავრცელებული შეხედულების თანახმად, მოგებისაკენ მიმართული საქმიანობა, რომელიც თავისუფალ ეკონომიკაში მეურნეობის გაძღოლის უმთავრესი მიზანია, საეჭვოა, რომ მორალურად გამართლებული იყოს. მოგების მიღება ნიშნავს, რომ ადამიანის საქმიანობის შედეგები გაცილებით მეტია, ვიდრე მისი დანახარჯები. ამგვარი საქმიანობის წყალობით მეწარმე იღებს ნამეტს (მოგებას), რომელიც მას შეუძლია გახარჯოს თავისი ცხოვრების გასაუმჯობესებლად ან წარმოების შემდგომი განვითარებისათვის, ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად და სხვ. ამიტომ რატომ უნდა ვამბობდეთ იმას, რომ თითქოს მოგების მისაღებად მიმართული ყველა საქმიანობა ამორალურია? სხვა საქმეა, თუ მოგების მიღებას რაიმე ექსცესები უკავშირდება, მაგალითად, დამქირავებლის მიერ მუშაკთა მიმართ ცუდი მოპყრობა და ა.შ. მაგრამ ამგვარი სახის ქცევა როდია არსებითი მოგების მისაღებად მიმართულ საქმიანობაში. თავისუფალი ეკონომიკის პირობებში იმის წარმოდგენაც კი ძნელია, რომ ცუდი შრომითი ურთიერთობების პირობებში ფირმამ რაიმე მოგება მიიღოს.
მოგების მიღების საწინააღმდეგო ვითარება იქნებოდა ის, როდესაც საწარმო თავისი სამეურნეო საქმიანობის შედეგად ზარალს განიცდის, რაც იმის მომასწავებელია, რომ ასეთი საწარმო ცხოვრობს სხვათა ხარჯზე: არ იხდის გადასახადებს, არღვევს კონტრაქტებს და ა.შ. მიუხედავად ამისა, ზარალის ზრდა მომავალში საწარმოს არსებობას საფრთხეს უმზადებს;
3. ეთიკური თვალთახედვით განსაკუთრებით ღირსეული სიტუაცია შეიქმნებოდა მაშინ, როდესაც ადამიანი თავისი შინაგანი ძალების ზეგავლენით (ანდა სასჯელთა შიშით) დახმარებას უწევს სხვა ადამიანებს. ადამიანის ასეთ საქციელს ფილოსოფიაში და ყოფით დონეზეც ალტრუიზმს ვუწოდებთ. მას გამოვლინების სხვადასხვა სახე აქვს. მიუხედავად ამისა, ნებისმიერი სახის ალტრუიზმი სასარგებლოა როგორც საზოგადოების, ასევე ეკონომიკის განვითარებისათვის.
![]() |
9 ჩვენი ფული |
▲back to top |
![]() |
9.1 ხილული და უხილავი მფლანგველობა |
▲back to top |
ხილული მფლანგველობა
წარმოვიდგინოთ წვიმით დასველებული ცემენტის ტომრები, დაუმთავრებელი, გაჭიანურებული მშენებლობა, რომლის კედლებიც უკვე დაშლას იწყებს და ა.შ. სწორედ ასეთი მოვლენები ასოცირდება ჩვენს წარმოდგენაში სიტყვა ,,მფლანგველობასთან“. ყოველ აღწერილ სიტუაციაში გაწეულია ხარჯები (შეძენილია ცემენტი, აშენებულია კედლები, ანუ დახარჯულია შრომა და ა.შ.) და მიუხედავად ამისა, ან საერთოდ არ არის მიღებული შესაბამისი ეფექტი ანდა მიღებულია მინიმალური ოდენობით. სახელდობრ, ასეთი ვითარების გამოსახატად გამოიყენება დეფინიცია ,,მფლანგველობა“.
უხილავი მფლანგველობა
ზემოთ განხილულ მაგალითების საფუძველზე გონების დიდი დაძაბვის გარეშე შეიძლება დავინახოთ, რომ მოცემული სამეურნეო საქმიანობისათვის გახარჯულია ფული, ხოლო შედეგი მიღებული არ არის. ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ აქ საქმე გვაქვს მფლანგველობასთან. ოღონდ ასეთ დროს იგი გაგებულია როგორც დაბალი ეფექტურობა, განსხვავებით იმ სიტუაციისაგან, როდესაც მფლანგველობა კიდევ უფრო თვალსაჩინოა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია უხილავი მფლანგველობა. მე მხედველობაში მაქვს ისეთი სამეურნეო საქმიანობა, რომლის საბოლოო შედეგსაც უაღრესად დაბალი ეფექტურობა წარმოადგენს. ადამიანთა უმრავლესობისათვის იგი მფლანგველობის ასოციაციას არ იწვევს. უფრო მეტიც: იგი შეიძლება წარმატებათაც კი ჩაითვალოს. ეს იმიტომ ხდება, რომ ხილული მფლანგველობისაგან განსხვავებით, ეს საქმიანობა იძლევა საკმაოდ თვალსაჩინო, ზოგ შემთხვევაში მომხიბლავ შედეგებსაც კი. სწორედ ამიტომ უხილავი მფლანგველობა განსაკუთრებით საშიშია საზოგადოებისათვის. იგი ზიანს აყენებს მას, ამცირებს ადამიანთა ცხოვრების დონეს და ა.შ. ამასთან, იგი მათი მხრიდან სულაც არ იწვევს წინააღმდეგობას. აი, ამგვარი მფლანგველობის ზოგიერთი მაგალითი:
სამოცდაათიან წლებში პოლონეთში, ზეგეგმურად აშენებული იყო კატოვიცეს მეტალურგიული ქარხანა;
ნულიდან იყო დაწყებული ახალი დედაქალაქების მშენებლობა: ორმოცდაათიან წლებში ბრაზილიაში, ხოლო ამ ბოლო ხანებში - ყაზახეთში. მაგალითების ჩამოთვლა უსასრულოდ შეიძლება.
ასეთ შემთხვევებში უბრალო დაკვირვება არ იქნება საკმარისი იმისათვის, რომ მფლანგველობის არსებობა შევამჩნიოთ. სახელდობრ ამაში გამოიხატება პრინციპული განსხვავება ხილულ და უხილავ მფლანგველობას შორის. პირველ შემთხვევაში სახეზეა დანახარჯები, მაგრამ არ ჩანს რეალური შედეგები. მეორე შემთხვევაში კი, ასევე ცხადია ის, რომ გაწეულია ხარჯები და შედეგიც სახეზეა, ზოგჯერ საკმაოდ მომხიბლავიც. როგორ უნდა ვამტკიცოთ ასეთ დროს, რომ ადგილი აქვს მფლანგველობას?
ეკონომიკური კულტურის საჭიროება
უხილავი მფლანგველობის გამოსავლენად და განსაკუთრებით მისი თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია ეკონომიკური განათლება, რათა შეგვეძლოს რაციონალური გადაწყვეტილებების მიღება. ნებისმიერ სერიოზულ სამეურნეო საქმიანობაში გადაწყვეტილების მიღებისას ამოსავალი უნდა გახდეს ორი წინაპირობა, რომლებიც წარმოგვიდგენენ ჩვენი სამყაროს ჩვეულებრივ, ტიპიურ მდგომარეობას:
1. უმნიშვნელოვანესი რესურსების მარაგები (დრო, ენერგია, ადამიანების შრომის უნარი, ფული), რომელთა გამოყენებასაც სარგებლობა მოჰყვება, ფრიად შეზღუდულია;
2. ამ რესურსების გამოყენებას შეიძლება ჰქონდეს მრავალგვარი, ალტერნატიული ხასიათი ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მათი გამოყენება შეიძლება მოხდეს სხვადასხვა, სრულიად განსხვავებულ პროექტებში.
პირველი მოთხოვნის თანახმად, ჩვენ უბრალოდ იძულებულნი ვართ არჩევანი გავაკეთოთ, ხოლო მეორე მოთხოვნის თანახმად, ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ ეს არჩევანი. იქნებ მომავალში ტექნიკის განვითარებამ შესაძლებლობა მოგვცეს ამოუწურავი და იაფი ნედლეულისა და რესურსების ქონისა, რაც მათი ფუფუნებით გამოყენების შესაძლებლობას შექმნიდა. მაშინ, ალბათ, აღარ იქნებოდა ამგვარი არჩევანის გაკეთების აუცილებლობა. თუმცა, ასეთ შემთხვევაში მაინც დავდგებოდით ერთი ალტერნატივის წინაშე: როგორ გამოგვეყენებინა უფრო რაციონალურად სიცოცხლის შეზღუდული დრო? ელექსირი, რომელიც ჩვენს ახალგაზრდობას გაახანგრძლივებდა, იქნებოდა მდგომარეობიდან გამოსავალი. აქედან გამომდინარე შევძლებდით გვერდი აგვექცია ამ ბოლო სახის არჩევანის აუცილებლობისათვის. თუმცა, მაშინ ახალი სახის არჩევანის აუცილებლობის წინაშე აღმოვჩნდებოდით - როგორ დაგვეწესებინა კონტროლი მომავალი თაობის სქესზე.
კვლავ ჩვენს ჩვეულებრივ სამყაროს დავუბრუნდეთ, სადაც არსებობს არჩევანის, როგორც აუცილებლობა, ასევე შესაძლებლობაც. რადგან იძულებულები ვართ და შეგვიძლია კიდეც, გავაკეთოთ არჩევანი, მაშინ იგი უნდა გავაკეთოთ კარგად, რომ შეზღუდული რაოდენობის რესურსები იმ პროექტების განხორციელებას მოხმარდეს, რომელთა დასრულებაც გაცილებით უკეთეს ეფექტს მოიტანდა. ცუდი არჩევანი, ანუ მფლანგველობა იქნებოდა, რომ დაგვეწყო ისეთი პროექტების რეალიზაცია, რომელთა ეფექტიც უმცირესად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს უკეთესი არჩევანის გაკეთებისა და მაშასადამე, უფრო დიდი ეფექტის მიღების შესაძლებლობა.
აღსანიშნავია ისიც, რომ უხილავი მფლანგველობა გაცილებით დიდ ზიანს აყენებს საზოგადოებას, ვიდრე ხილული მფლანგველობა. ამ უკანასკნელის შემთხვევაში გაწეულია ხარჯები, მაგრამ არ არის მიღებული ეფექტი ანუ იგი არის ნულის ტოლი. პირველი სახის მფლანგველობის დროს კი მდგომარეობა გაცილებით უარესია: ეფექტი კიდევ უფრო მცირეა, ვიდრე გაღებული სახსრების ღირებულება.
შეიძლება გაკეთდეს შემდეგი დასკვნა - ხშირ შემთხვევაში გაცილებით უკეთესია უარი ითქვას დაწყებული მშენებლობის გაგრძელებაზე, ვიდრე დასრულდეს იგი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ გაკეთდა მცდარი არჩევანი, ანუ აშენებული ობიექტის ექსპლოატაციას აუცილებლად მოჰყვება ისეთი დანახარჯების გაღება, რომელთან ეფექტი გაცილებით უმნიშვნელო იქნება, მაშინ სჯობს უარი ვთქვათ ასეთი ობიექტის მშენებლობის გაგრძელებაზე. ასეთ დროს გაცილებით გონივრული იქნებოდა ამგვარი გადაწყვეტილება. საჭიროა მხედველობაში მივიღოთ მომავალი ხარჯები და ასევე მომავალი ეფექტი და არა უკვე გაწეული ხარჯები. გადაწყვეტილება ყოველთვის მომავალს უნდა ეხებოდეს!
პოლიტიკის უშიშროება
როგორი ძალები წარმოშობენ ფარული მფლანგველობის საშიშროებას? როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, ამ საქმეში უმთავრესი არის შეზღუდული მოცულობის რესურსების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პოლიტიზირება. აქ მხედველობაში მაქვს ასეთი გადაწყვეტილების მიღებისათვის უფლების გადაცემა პოლიტიკური ორგანოებისათვის: სამინისტროებისათვის, პარლამენტისათვის და სხვ. პრაქტიკაში ეს ნიშნავს, რომ ასეთ გადაწყვეტილების მიღება მინდობილი აქვს ადამიანებს, რომელთაც ამ რესურსებზე არა აქვთ საკუთრების უფლება. ამის გამო ისინი არ ეწევიან ეკონომიკურ რისკს ამ ძვირფასი რესურსების გამოყენებაზე და შესაბამისად, არც რაიმე უფლება (ლეგალური) აქვთ, ამ რესურსების კარგად გამოყენების შემთხვევაში ნახონ რაიმე მატერიალური სარგებელი გაწეული საქმიანობიდან. ვინაიდან საშუალო სახელმწიფო მოხელე სულაც არ არის უფრო უკეთესი, ვიდრე რიგითი მოქალაქე და აგრეთვე იმის გამო, რომ მათ არა აქვთ რაიმე ეკონომიკური დაინტერესება, ისინი მაინცდამაინც არ ეცდებიან გააკეთონ სწორი არჩევანი ამ რესურსების გამოყენების თაობაზე. შეიძლება უფრო მეტის თქმაც: ზოგიერთი პოლიტიკოსი იმაშიც კი არის დაინტერესებული, რომ მიღებულ იქნეს არასწორი გადაწყვეტილება, რადგან მათ, როგორც პოლიტიკოსებს, სწორედ ასეთ შემთხვევაში ექნებათ პოლიტიკური დივიდენდების მიღების შესაძლებლობა. ასეთი წამოწყებების სპეკულაციული ხასიათი, (მაგალითად, რთული კონსტრუქციების, ბრწყინვალე ნაგებობის მშენებლობის დაწყება და სხვ.), გარკვეული პრესტიჟის შექმნას ემსახურება, მაშინ, როდესაც იგივე რაოდენობის ფულის დახარჯვა შეიძლებოდა მრავალი, თუმცა, გაცილებით მოკრძალებული პროექტების განხორციელებაზე, რომელთა ამუშავებაც გაცილებით მეტი ეფექტის მომტანი იქნებოდა. ამგვარი მოვლენების მოწმე ჩვენი სამყარო გამხდარა ფარაონების დროიდან ვიდრე თანამედროვე პრეზიდენტებამდე. ფაბრიკისა თუ ხიდის აშენება საკუთარ საარჩევნო უბანში მის ამშენებელ-ინიციატორს გაცილებით მეტ პრესტიჟს სძენს ამომრჩეველთა შორის და მათ მადლიერების გრძნობით აღავსებს. და ეს მიუხედავად იმისა, რამდენად საჭირო და ეფექტურია აღნიშნული ინვესტიცია? რამდენ პოლიტიკოსს შეუძლია გაუძლოს ამგვარ ცდუნებას? ამაზე პასუხს ადვილად ვიპოვით, თუ გავიხსენებთ პარლამენტართა გამოსვლებს ბიუჯეტის პროექტის განხილვის დროს. ამიტომ საბიუჯეტო სახსრების ხარჯვა ეფექტიანობის თვალსაზრისით, მხოლოდ საფუძვლიანი განსჯის შედეგად უნდა მოხდეს.
თუმცა, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ძალზე ძნელია პოლიტიკოსთა და მათთან დაკავშირებული ჯგუფებისათვის (განსაკუთრებით, პროფკავშირებისათვის) უარის თქმა ფინანსური სახსრების გამოყოფაზე. მათთვის გაცილებით მომხიბლავია სახსრების გაზრდა, ვიდრე მათ გამოყოფაზე უარის თქმა, ან ხარჯების მოცულობის შემცირება. გამოყოფილი სახსრების გაზრდა ხომ მათ პოლიტიკურ იმიჯს ზრდის და ამომრჩევლებში პოპულარობას მატებს. სწორედ ამიტომაა, რომ ბიუჯეტის პროექტის განხილვის დროს ფულის მოთხოვნის მოწოდებები უფრო ხშირად გაისმის პარლამენტართა მხრიდან, ვიდრე მათი წინადადებები, რომლებიც ეკონომიკის სწორი განვითარებისაკენ იქნებოდა მიმართული.
სახელმწიფო ფინანსების სიჯანსაღე
ხშირად შეხვდებით საკითხის შემდეგნაირად დასმას: მნიშვნელოვანი არ არის სახელმწიფოს ფინანსების ხარჯვა, მთავარია ადამიანი. ამ თეზაში ჩადებულია ის აზრი, თითქოს ადამიანის ცხოვრების პირობები დამოკიდებული არ იყოს სახელმწიფო ფინანსების მდგომარეობაზე და რომ, თითქოს შესაძლებელია ადამიანის ცხოვრების პირობების გაუმჯობესება, თუნდაც, რომ საერთოდ არ ვიზრუნოთ ცენტრალური თუ ადგილობრივი ბიუჯეტების მდგომარეობაზე. ეს, რა თქმა უნდა, საკმაოდ აბსურდული მსჯელობაა.
ადამიანთა ცხოვრების დონესა და მის ეკონომიკურ პირობებს ყველაზე მეტად სწორედ სახელმწიფო ფინანსების მდგომარეობა განაპირობებს. ცუდი ვითარება ამ სფეროში მილიონობით ადამიანის სტაბილურობასა და პერსპექტივას გაუარესებით ემუქრება. და პირიქით. მათი პირობების გაუმჯობესება სწორედ სახელმწიფო ფინანსების განმტკიცებაზეა უშუალოდ დამოკიდებული.
სახელმწიფო ფინანსები მჭიდროდ არის დაკავშირებული სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებზე, როგორც ქვეყნის უმაღლეს დონეზე (პრეზიდენტი, პარლამენტი, სასამართლო, მთავრობა, სამინისტროები და ა.შ.) ისე მის ცალკეულ დონეებზე მომუშავე ადამიანებთან, ანუ ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებთან. ინსტიტუციონალური გაგებით, ყველა ეს ორგანო ერთად ქმნის სახელმწიფოს ერთიან აპარატს. ამიტომ სახელმწიფო ფინანსები, მოკლედ რომ ვთქვათ, არის ხელისუფლების ფინანსები. იგი მოიცავს მთელ სახელმწიფო ხარჯებს, რომლებიც, - და ეს არის სახელმწიფო ფინანსების უმთავრესი დამახასიათებელი ნიშანი, ფინანსირდება ძირითადად ან მთლიანად, იძულებითი გადასახადებისაგან. რამდენადაც სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები ძირითადად ან მთლიანად იძულებითი გადასახადებისაგან ფინანსირდება, ამდენად, რაც უფრო დიდი იქნება პირველი, მით მაღალი უნდა იყოს მეორე. ამიტომ, რამდენადაც არავინ არის მაღალი გადასახადების გადახდის მსურველი, საჭიროა ვიზრუნოთ ხარჯების შემცირება-რაციონალიზაციაზე.
სახელმწიფი ფინანსების მდგომარეობაზე გავლენას ახდენს ორი ძირითადი ფაქტორი:
1. სახელმწიფო ხარჯების დონე, დინამიკა და სტრუქტურა მშპ-თან მიმართებაში. საქმე ეხება იმას, თუ მშპ-ის რა ნაწილის აკუმულაცია და განაწილება ხდება ხელისუფლების ორგანოების მიერ და რა ნაწილი რჩება ადამიანების ხელში. ამ მხრივ არსებითია ასევე ისიც, თუ ეს პროცესები როგორ იცვლება დინამიკაში, ანუ მცირდება თუ იზრდება ეს მაჩვენებელი და ასევე ის, თუ რაში იხარჯება საბიუჯეტო სახსრები;
2. სახელმწიფო ხარჯების შეფარდება გადასახადების მოცულობასთან. ძირითადად, რაც უფრო მეტია ხარჯები, მით მეტი უნდა იყოს გადასახადები. მაგრამ ამ სფეროში ზოგჯერ საქმე გვაქვს ხოლმე ისეთ შემთხვევასთან, როდესაც ამონაგები გადასახადებიდან არ არის საკმარისი ხარჯების დასაფარად, ანუ რჩება შეუვსებელი ნაწილი, რომელსაც დეფიციტი ეწოდება. და მაშინ წარმოიშვება პრობლემა, თუ როგორ დავფაროთ იგი: მოვახდინოთ ფულის ემისია თუ ავიღოთ სესხი ქვეყანაში თუ საზღვარგარეთ?
ზოგჯერ ხდება ხოლმე ისეც, რომ გადასახადების გზით მიღებული შემოსავალი ჭარბობს სახელმწიფო ხარჯებს. ასეთ მდგომარეობას ამჟამად ადგილი აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებში. ეს დამატებითი სალდო, ანუ ფულის სიჭარბე (პროფიციტი - ა.გ.), შეიძლება მიმართულ იქნეს მაგალითად, სახელმწიფო შიდა ვალის ვადამდე დაფარვისაკენ, რაც, თავის მხრივ, გახდება გადასახადების შემდგომი შემცირების საფუძველი, რადგან მომავალში გაცილებით ნაკლები თანხების გაღება იქნება საჭირო ამ ვალების მომსახურებაზე.
![]() |
10 სახელმწოფო ხარჯები აფერხებს განვითარებას |
▲back to top |
პოპულარულ ეკონომიკურ მითოლოგიაში მიღებულია, რომ რაც უფრო მაღალია სახელმწიფო ხარჯები, მით უკეთესია ადამიანებისათვის. ეკონომიკური თეორია და ემპირიული კვლევები სრულიად საპირისპიროს ამტკიცებს: სახელისუფლებო სტრუქტურების გაფართოება, რაც მშპ-ის იმ ნაწილის ზრდით გამოიხატება, რომელიც მის შესანახად არის საჭირო, ამუხრუჭებს ეკონომიკის განვითარებას, საბოლოო ჯამში - ვნებს ადამიანებს.
1998 წლის აპრილში ამერიკელმა მეცნიერებმა: ჯეიმს გვარნეიმ, რობერტ ლაუსონმა და რანდოლ ჰოლქობმა შეერთებული შტატების კონგრესს წარუდგინეს თავიანთი კვლევის შედეგები, რომელიც ეკონომიკის განვითარების ტემპებზე სახელმწიფო გადასახდების გავლენას ეხებოდა. ისინი მიუთითებდნენ, რომ საჭიროა ამ ხარჯების მინიმუმი, რათა დაფინანსდეს სახელმწიფოს ძირითადი ფუნქციების განხორციელება, როგორიც არის, მაგალითად, საბაზრო ეკონომიკის სამართლებრივი და ფიზიკური ინფრასტრუქტურის შექმნა და ასევე ეროვნული მეურნეობის ისეთი სფეროების დაფინანსება, რომელთაც კერძო მეწარმე ვერ დააფინანსებს. მაგალითად, ქვეყნის თავდაცვა, საზოგადოების სამართლებრივი უზრუნველყოფა და ა.შ. ამასთან, იმ ზომით, რა ზომითაც სახელმწიფო აჭარბებს თავისი მოვალეობის შესრულებას, იზრდება სახელმწიფო ხარჯები და ასევე იზრდება ეკონომიკისათვის შემდეგი ფაქტორების უარყოფითი ზეგავლენა ეკონომიკაზე:
საჭირო ხდება გადასახადების გაზრდა, ეს კი ამცირებს საწარმოთა ფინანსურ შესაძლებლობებს;
საქმიანობის ექსპანსიასთან ერთად სახელმწიფო ხელისუფლება ხელში იგდებს ისეთ ფუნქციასაც, რომლის შესრულება მისი საქმე ნამდვილად არ არის და რომელსაც მასზე უკეთ კერძო სექტორი შეასრულებდა.
სახელმწიფოს საქმიანობის არეალის გაფართოება იწვევს თანდათან უფრო მეტ წინააღმდეგობებს ეკონომიკის ფუნქციონირებაში: სახელმწიფო ორგანოები ხომ გაცილებით ნაკლებელასტიურნი არიან და უჭირთ შექმნილ ახალ პირობებთან შეგუება.
თეზა, რომ სახელმწიფო ხარჯების წილის ზრდა მშპ-თან მიმართებაში აფერხებს ეკონომიკის განვითარებას, ზემოთ მოყვანილი ავტორების მიერ კონკრეტული ციფრებით იყო დასაბუთებული. აი, მათი კვლევის ზოგიერთი შედეგი:
კვლევებმა, რომლებიც შეეხებოდა ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ორგანიზაციის ქვეყნებს (OECD), აჩვენა, რომ რაც უფრო მაღალია გადასახადების წილი მშპ-თან შედარებით, მით უფრო მცირდება ეკონომიკის განვითარების ტემპები. იმ შემთხვევაში, როდესაც ეს მაჩვენებელი არ აღემატებოდა მშპ-ის 25 პროცენტს, განვითარების ტემპი საშუალოდ 6,6 პროცენტის ფარგლებში მერყეობდა. თუ გადასახადების ხვედრითი წილი მშპ-თან მიმართებაში 25-30 პროცენტამდე იზრდებოდა, მაშინ მეურნეობის განვითარების ტემპები ეცემოდა 4,7 პროცენტამდე, ხოლო როდესაც გადასახადების ხვედრითი წილი მშპ-თან მიმართებაში 30-40 პროცენტის ფარგლებში იყო, მაშინ ეკონომიკის განვითარების ტემპები 3,8 პროცენტამდე ეცემოდა. იმ შემთხვევაში კი, როდესაც ზემოაღნიშნული მაჩვენებელი 60%-ს სცილდებოდა, ეკონომიკის განვითარების ტემპი 1,6 პროცენტამდე ვარდებოდა.
ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ორგანიზაციის იმ ქვეყნებში, სადაც 1960-96 წლებში მშპ-ის მიმართ სახელმწიფო ხარჯების ხვედრითი წილი მაღალი იყო, ეკონომიკის განვითარების დინამიკა დაეცა 5,2 პროცენტული პუნქტით, მაშინ, როდესაც იმ ქვეყნებში, სადაც ეს ხვედრითი წილი იყო დაბალი, ეკონომიკის განვითარების მაჩვენებლის დაცემა მხოლოდ 1,6 პროცენტული პუნქტით განისაზღვრა.
1960-1996 წლებში OECD-ის სამმა ქვეყანამ შეძლო შეემცირებინა ხარჯების ხვედრითი წილი მშპ-ის მიმართ. სამივე ამ ქვეყანაში ეკონომიკური ტემპების საგრძნობი ზრდა დაფიქსირდა. მაგალითად, ირლანდიაში, 1960-77 წლებში სახელმწიფო ხარჯები მშპ-ის მიმართ გაიზარდა 28-დან 43,7%-მდე. ამ წლებში ირლანდიის ეროვნული მეურნეობის განვითარების საშუალო ტემპი შეადგენდა 4,3%-ს. შემდგომ, 1977-86 წლებში, აღნიშნული მაჩვენებელი გაიზარდა 52,3%-მდე, და შესაბამისად, ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი დაეცა 3,4%-მდე. შემდგომ, მესამე პერიოდში, ანუ 1987-96 წლებში, ირლანდიამ რადიკალურად გამოაჯანსაღა თავისი სახელმწიფო ფინანსები და შედეგმაც არ დააყოვნა: ამ წლებში ქვეყნის ეკონომიკის განვითარების საშუალო მაჩვენებელი 5,4%-ს შეადგენდა.
ახალ ზელანდიაში 1974-92 წლებში სახელმწიფო ხარჯების შეფარდება მშპ-თან 34,1 პროცენტიდან 48,4 პროცენტამდე გაიზარდა. ამ პერიოდში ეკონომიკის განვითარების ტემპი შეადგენდა საშუალოდ 1,2 პროცენტს. 1992-96 წლებში სახელმწიფო ხარჯების
წილი დაეცა 42,3 პროცენტამდე. შედეგიც სახეზე იყო: ეროვნული მეურნეობის განვითარების ტემპები წლიურ 3,9 პროცენტამდე გაიზარდა.
დაბოლოს, დიდ ბრიტანეთში სახელმწიფო ხარჯების ხვედრიწილი მშპ-სთან 1960-82 წლებში 32,2 პროცენტიდან 47,2%-მდე გაიზარდა. ამ პერიოდში ეკონომიკის განვითარების ტემპი საშუალოდ წელიწადში 2,2 პროცენტი იყო. 1982-89 წლებში კი, როდესაც აქ სახელმწიფო ხარჯების ხვედრითი წილი მშპ-თან დაეცა 40,7%-მდე, განვითარების ტემპებმა იმატა და 3,7 პროცენტს გაუტოლდა.
სახელმწიფო ხარჯების ხვედრიწილის ზრდამ მშპ-ის მიმართ, უარყოფითი გავლენა მოახდინა ასევე სხვა საანალიზო, მეტ-ნაკლებად განვითარებული, 60 ქვეყნის ეკონომიკაზეც. კერძოდ, ზემოაღნიშნული ავტორები ამტკიცებენ, რომ ხარჯების ხვედრითი წილის ყოველი 10 პროცენტული პუნქტით ზრდა 1980-1995 წლებში იწვევდა ეკონომიკის განვითარების 1,15 პუნქტით დაცემას.1
მოტანილი მონაცემები ნათლად მეტყველებენ იმაზე, რომ ეკონომიკის დაჩქარებული განვითარებისა და მაშასადამე, ხალხის ცხოვრების დონის გაუმჯობესებისათვის, აუცილებელია მშპ-ში სახელმწიფო ხარჯების ხვედრითი წილის შემცირება. ეს კი, თავის მხრივ, ნიშნავს სახელმწიფოს უნარისა და შესაძლებლობების კონცენტრირებას მის ძირითად ფუნქციებზე. აღნიშნული, თავისთავად ცხადია, მოითხოვს სახელმწიფოს ფუნქციების დაზუსტება-დარეგულირებას და შესაბამისად, მისი ხარჯების მკაცრ რაციონალიზაციას.
საშიში დეფიციტი
ეკონომიკის განვითარებისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ასევე სახელმწიფო ფინანსების დეფიციტის დონესა და დინამიკას. ხარჯების ნამეტი შემოსავლებთან (ანუ ხარჯები ,,დაფარვის გარეშე“) ასე თუ ისე, უნდა დაიფაროს. ყველაზე უარეს შემთხვევაში სახელმწიფო მას ფარავს ფულის ემისიის გზით, რაც, თავის მხრივ, იწვევს ფასების გაზრდას. საბედნიეროდ, ეს გზა პოლონეთში უარყოფილ იქნა ახალი კონსტიტუციის მიღების შემდეგ.
ბიუჯეტის დეფიციტის დაფინანსების მეორე გზას წარმოადგენს მთავრობის მიერ ქვეყნის შიგნით სესხის აღება. შედეგად, რაც უფრო ფართოა სახელმწიფო ხელისუფლების ასეთი საქმიანობის მასშტაბები, მით უფრო ნაკლები საკრედიტო სახსრები რჩებათ საწარმოებს განვითარებისათვის და ასევე ქვეყანას საბინაო მშენებლობისათვის. სახელმწიფო ფინანსების დიდი და ამასთან, სისტემატური დეფიციტი იმას მოასწავებს, რომ სახელმწიფო (ანუ საერთოდ, საზოგადოება) ახდენს ეროვნული კაპიტალის დაკონსერვებას, რომელიც ფირმების განვითარებასა და ახალი, კონკურენტუნარიანი სამუშაო ადგილების შექმნას უნდა მოხმარებოდა. შემდეგი და შემდეგი დეფიციტების წარმოქმნა და დაფინანსება ასევე ნიშნავს შიდა ვალის ზრდას, რომლის მომსახურება და გადახდაც უნდა მოხდეს მომავალში გადასახადების გაზრდის ხარჯზე.
ბიუჯეტის ხარჯების მომატებით შიდა მოთხოვნილების ზრდა იმავდროულად იწვევს იმპორტის გაზრდას, რადგან ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება შეუძლებელია მოხდეს ადგილობრივი მწარმოებლების მიერ. აქედან გამომდინარეობს ასევე ისიც, რომ ზოგიერთ სიტუაციაში ხელისუფლების მიერ სახელმწიფო ფინანსების ზრდის მიმართ ზომების მიუღებლობამ და მოთმენამ შეიძლება გამოიწვიოს იმპორტსა და ექსპორტს შორის ისეთი უფსკრულის წარმოშობა, რომ მთელი ეროვნული მეურნეობა აღმოჩნდეს უდიდესი საფრთხის წინაშე და რამდენიმე წლის განმავლობაში დაკარგოს განვითარების ტემპები. ამიტომ სჯობს დროზე შევზღუდოთ დეფიციტი, გარკვეული პერიოდის მანძილზე ეკონომიკის განვითარების ტემპების შენელების ხარჯზეც კი, ვიდრე ეკონომიკა ასეთ მდგომარეობამდე მივიყვანოთ. პირველ შემთხვევაში ეკონომიკის განვითარების ტემპები, ვთქვათ, 5 წლის განმავლობაში, იქნება გაცილებით მაღალი, ვიდრე მეორე შემთხვევაში. ეს იქნება ავტომანქანით მოძრაობის მაგვარი: გაცილებით სწრაფად მივაღწევთ მიზანს, თუ შევუნელებთ სიჩქარეს სახიფათო გზასთან მიახლოებისას.
ეკონომიკური კრიზისების უმრავლესობა ძირითადში სახელმწიფო ფინანსების გაბერილი დეფიციტით არის გამოწვეული, რასაც ხშირ შემთხვევაში იწვევს ზოგიერთ პოლიტიკოსთა „ახლომხედველობა“ თუ ოპორტუნიზმი.
ბიუჯეტის მეტისმეტი დეფიციტი იყო მიზეზი 1989 წელს ფასების მოულოდნელი მკვეთრი ზრდისა პოლონეთში. მას წინ უძღოდა დაუსაბუთებელი და ამასთან, დიდი ოდენობის დოტაცია, რომელიც სოფლის მეურნეობის დარგისა და მისი პროდუქციის გადამამუშავებელი დარგებისათვის გაიცა. ამასთან, მთელი ეს დოტაცია ახალი ფულის ემისიის გზით იქნა დაფინანსებული.
რუსეთში ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება, რომელიც განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა 1998 წლის სექტემბრის საფინანსო კრიზისის შემდეგ, გამოწვეული იყო ასევე სახელმწიფო ფინანსების ცუდი მდგომარეობით.
ტრანსფორმაციის დაწყებისთანავე რუსეთის ცენტრალურ ბიუჯეტში დეფიციტი გაჩნდა. თავდაპირველად მისი დაფარვა ხდებოდა ახალ-ახალი ფულის პარტიების ბეჭდვით, - ისევე როგორც პოლონეთში 1988-89 წლებში. ამ ორივე ქვეყანაში შედეგებიც ზუსტად ანალოგიური იყო. შემდეგ დეფიციტის დაფინანსება დაიწყეს ქვეყნის შიგნით (ბონებისა და სახაზინო ობლიგაციების გამოშვება) და მის გარეთ აღებული სესხების ხარჯზე. ამან ინფლაციის საგრძნობი შემცირება გამოიწვია.
1997 წელს ფასების ზრდის ტემპები რუსეთში გაცილებით დაბალი იყო, ვიდრე პოლონეთში, მაგრამ იმავდროულად სახიფათოდ დაიწყო ზრდა სახელმწიფო, განსაკუთრებით მოკლევადიანი, სესხების მოცულობებმა. სიტუაცია კიდევ უფრო გაამძაფრა ნავთობზე ფასების შემცირებამ, რომლის ექსპორტი რუსეთისათვის ვალუტის შემოსავლებისა და ბიუჯეტის შევსების საკმაოდ სერიოზული წყაროა. სახელმწიფო ფინანსებში და სავალუტო ბაზარზე დაძაბულობა ნაწილობრივ განმუხტა ამ ქვეყნისათვის საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მიერ გაწეულმა დახმარებამ. შემდგომში პრობლემა იმან შექმნა, რომ სსფ-ის რეკომენდაციები, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პრობლემას ეხებოდა, რუსეთმა არ გაითვალისწინა. კრიზისისათვის თავის დაღწევის უკანასკნელი შანსი რუსეთს 1998 წლის გაზაფხულის მიწურულს გაუჩნდა. მაშინ სსფ-მა რუსეთს დიდი დახმარება აღუთქვა (22,6 მლრდ დოლარი ორი წლის მანძილზე), თუმცა, ამასთან მან იგი დაუკავშირა, - და საკმაოდ სწორედაც, სახელმწიფო ფინანსების გამოჯანსაღების პაკეტის შესრულებას. საქმე ეხებოდა გადასახადების მოკრების სისტემის გაუმჯობესებას, განსაკუთრებით კომუნისტური მეურნეობის ნანგრევებიდან წამომდგარი ისეთი გიგანტური საწარმოების რესტრუქტურიზაციას, როგორსაც, მაგალითად, ,,გაზპრომი“ წარმოადგენს. ამ ამოცანის პრაქტიკული განხორციელება დაიწყეს პრემიერმა კირიენკომ და სხვა ახალგაზრდა რეფორმატორებმა.
სამწუხაროდ, რეფორმატორთა ძალისხმევა ფინანსური ოლიგარქების მკვეთრ წინააღმდეგობას წააწყდა. ამის წინააღმდეგ წავიდა ასევე რუსეთის სახელმწიფო სათათბიროც. მდგომარეობა კიდევ უფრო გამწვავდა 1998 წლის ივლისიდან, როდესაც ფინანსური ინვესტორები, რომელთაც სახსრები (40 მლრდ დოლარზე მეტი) რუსეთის სახელმწიფო მოკლევადიან ფასიან ქაღალდებში ჰქონდათ განთავსებული, შიშმა შეიპყრო. ვალუტის გადინების შეჩერების მიზნით, რუსეთის მთავრობა იძულებული გახდა უცხოელი ინვესტორების ფასიან ქაღალდებზე უჩვეულოდ მაღალი საპროცენტო განაკვეთები დაეწესებინა. ამან, ცხადია, გაზარდა გრძელვადიან პერიოდში გადასახდელი საბიუჯეტო ხარჯები. ამის გამო, მართალია, პრობლემა დროში გადავადდა, მაგრამ მისი კიდევ უფრო გართულება მოხდა.
რუსეთის საბანკო სისტემის სერიოზული კრიზისი 1998 წლის 17 აგვისტოს დაიწყო. თითქმის უკვე ცარიელი სახელმწიფო ხაზინის არსებობის პირობებში რუსეთის ხელისუფლებამ ხელი ვერ შეუშალა რუბლის კურსის მკვეთრ ცვლილებებს, რაც, ფაქტიურად, რუბლის 34 პროცენტიან დევალვაციაში გამოიხატა. ფაქტიურად რუსული რუბლის კურსი კიდევ უფრო მეტად დაეცა. უკვე თითქმის აღარავის სურდა რუსული რუბლის დოლარზე, თუ საზღვარგარეთის სხვა კონვერტირებად ვალუტაზე გადაცვლა. გარდა იძულებითი დევალვაციისა, ამ პერიოდში საჭირო იყო ასევე ქვეყნის მოკლევადიანი დავალიანების, ანუ როგორც შიდა, ისე საზღვარგარეთის ვალების მომსახურება. შემდეგ, უკვე სექტემბერში, მოხდა ქვეყნის შიდა მოკლევადიანი ვალების გარდაქმნა შემცირებული ღირებულების გრძელვადიან ვალებად. ამრიგად, ადგილი ჰქონდა ისეთ რამეს, რაც მშვიდობიან პერიოდში იშვიათად ხდება: ხელისუფლებამ თავის მოქალაქეების საზიანოდ შეამცირა სახელმწიფოს შიდა ვალი.
რუბლის დაცემამ ფასების მკვეთრი გაზრდა განაპირობა. განსაკუთრებით მოიმატა ფასებმა იმპორტულ პროდუქციაზე. ამრიგად, საფრთხის წინაშე აღმოჩნდა ბოლო წლების უმთავრესი მონაპოვარი: შედარებით სტაბილური ფასები. რუბლის დაცემას მოჰყვა ასევე მყისიერი კრიზისი რუსეთის საბანკო სისტემაში, რომელთაც აიღეს უდიდესი რაოდენობის საზღვარგარეთული სესხები. ბანკები დღითიდღე გადახდისუუნარონი ხდებოდნენ. მათ გადახდისუუნარობას განსაკუთრებით ის უწყობდა ხელს, რომ დოლარი და სხვა უცხოური ვალუტა რუსულ რუბლთან შედარებით სწრაფად გაძვირდა. ყველაფერი ეს აჩვენებს ძირითად მექანიზმს: ეროვნული ვალუტის კრიზისს ძალზე ხშირად საბანკო სისტემის კრიზისი მოჰყვება-ხოლმე ეს, თავის მხრივ, იწვევს კრიზისს წარმოების სფეროში და ასევე ხალხის ცხოვრების დონის გაუარესებას. ასეთი მექანიზმი მოქმედებდა, მაგალითად, ინდონეზიაში, რომელიც ბოლო დრომდე ერთ-ერთ „აზიურ ვეფხვს“ წარმოადგენდა; ამ ქვეყანაში 1998 წლის კრიზისმა მშპ-ის 15,3 პროცენტით (!) დაცემა განაპირობა.
გადასახადები და ადამიანთა ქცევა
სახელმწიფო და გადასახადები ძალზე მჭიდრო ურთიერთკავშირში არიან. არ არსებობს სახელმწიფო გადასახადების გარეშე, ანუ ხარკის გარეშე, რომელსაც იგი იძულებითი წესით, თავისი საგანგებო სამსახურების დახმარებით, ართმევს საკუთარ მოქალაქეებს. სახელმწიფოს სჭირდება გადასახადები, რათა შეასრულოს გარკვეული ფუნქციები (ქვეყნის დაცვა გარეშე მტრისაგან, ქვეყნის შიგნით სამართლიანობის დამყარება და ა. შ,), რომელთა დაფინანსებაც შეუძლებელია მხოლოდ საბაზრო მექანიზმების გამოყენებით.
ამასთან, პრაქტიკაში გადასახადების დონე ხშირად ადრეც აღემატებოდა და ახლაც აღემატება სახელმწიფოს მიერ მისი ფუნქციების შესრულებისათვის საჭირო თანხებს. ისტორიიდან გვახსოვს, თუ როგორ ზრდიდა ხშირად ხელისუფლება გადასახადების ტვირთს მხოლოდ იმიტომ, რომ მეზობლებთან აგრესიული ომები განეხორციელებინა, ანდა აეშენებინა მდიდრული სასახლეები.
მაგრამ განვითარებულ ქვეყნებში სერიოზული გარდატეხა სახელმწიფო ხარჯების და შესაბამისად, გადასახადების სფეროში განსაკუთრებით XX საუკუნეში მოხდა. კერძოდ, ამ პერიოდში ხარჯების და შესაბამისად, გადასახადების ხვედრიწილი მშპ-სთან მიმართებაში რამდენიმე ათეული პროცენტული პუნქტით გაიზარდა და XXI საუკუნის დასაწყისში იგი 30-60 პროცენტის ფარგლებში მერყეობდა. ეს ორი ძირითადი გარემოების გამო მოხდა. პირველი ის იყო, რომ ორი მსოფლიო ომის შედეგად მოულოდნელად და მკვეთრად გაიზარდა როგორც ხარჯები, ისე გადასახადები, რაც სამხედრო ხარჯების გაზრდით იყო გამოწვეული. შემდეგ, მართალია, ეს ხარჯები შეიკვეცა, მაგრამ იმ დონემდე მაინც არ შემცირებულა, რაც იყო ომის დაწყებამდე. მთავრობის ინტერვენციის გარკვეულმა პროგრამებმა, მშვიდობიანობის პერიოდშიც გააგრძელეს მოქმედება. მეორე მიზეზი მდგომარეობდა იმაში, რომ ამ პერიოდში წარმოიქმნა და გაფართოვდა სახელმწიფოს სოციალური ფუნქციები. მას საფუძველი X1X საუკუნეში ჩაეყარა გერმანიაში ბისმარკის დროს. ამით ბისმარკმა სოციალიზმს ხელიდან გამოაცალა ეფექტური იარაღი, რისი დახმარებითაც იგი კაპიტალისტური სისტემის შეცვლას ცდილობდა.2 ამიერიდან ფუნქციები, რომლის შესრულებაც ტრადიციულად ოჯახს ევალებოდა (ბავშვების აღზრდა-განათლება, სოციალური და ჯანმრთელობის დაცვა და სხვ.), სახელმწიფომ საკუთარ თავზე აიღო. ცხადია, ეს ხარჯების და, შესაბამისად, გადასახადების დიდ ზრდას გამოიწვევდა. რაც ასეც მოხდა. ამიერიდან დაიწყო ასევე მოსახლეობის სხვადასხვა დიდ ჯგუფებს შორის სოლიდური ფინანსური სახსრების განაწილება-გადანაწილებისათვის ბრძოლა. ერთი ჯგუფი, ხშირ შემთხვევაში, არც თუ ისე ღარიბი, იბრძვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისთვის ფულადი რესურსების გამოყოფასა და მის გაზრდაზე, რაც ცხადია, მოსახლეობის მეორე ჯგუფს უხდება გასასტუმრებლად მეტი გადასახადების გადახდით.
ქვეყნებში, სადაც ამგვარმა ბრძოლამ ძალზე დიდი მასშტაბები შეიძინა, მაგალითად, შვედეთში, საფრანგეთში, გერმანიაშიმრავალი საზოგადოებრივი და ეკონომიკური პრობლემა წარმოშვა. მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავია მაღალი სტრუქტურული უმუშევრობა, სახელმწიფო დახმარებაზე ადამიანების დამოკიდებულების დონის გაზრდა, სახელმწიფო ბიუროკრატიის გამრავლება და ა.შ. ამიტომ ახლა დასავლეთში მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა, რათა მოხდეს სოციალური სახელმწიფოს რეფორმირება და განხორციელდეს ხარჯების რაციონალიზაცია. ეს კი გადასახადების შემცირების საფუძველი გახდება. ამ გზით დასავლეთ ევროპის მრავალ ქვეყანაში ეროვნული მეურნეობის სტაგნაციის მდგომარეობიდან გამოიყვანას ცდილობენ.
საგადასახადო იძულება და გადამხდელთა ამბოხი
გადასახადებს ყოველთვის და ყველგან იძულებითი ხასიათი აქვს, მაშინაც კი, როდესაც სახელმწიფოს მართლაც აფიქრებს თავისი მოქალაქეების ბედი. ამ იძულებას ადამიანური ბუნება უდევს საფუძვლად: სახელმწიფო გადასახადები ნებაყოფლობითი რომ ყოფილიყო, ყოველთვის მოიძებნებოდა ისეთი ადამიანების ჯგუფი, რომლებიც შეეცდებოდნენ მისგან თავის არიდებას. ასეთ სიტუაციაში მათ შემხედვარე სხვა ადამიანებსაც გაუქრებოდათ გადასახადების გადახდის სურვილი და შეეცდებოდნენ მათთვის წაებაძათ. ამის შედეგად კი მთელი საგადასახადო სისტემა დაიშლებოდა. მიუხედავად ამისა, იძულებითი მეთოდების გამოყენებას საგადასახადო სფეროში შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა ფორმა. იგი უმთავრესად დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ გადამხდელებს რამდენად დასაბუთებულად მიაჩნიათ გადასახადი.
იმ ქვეყნებში, სადაც სოციალური სახელწიფოს ექსპანსიის გამო გადასახადები გარკვეულ კრიტიკულ ზღვარს სცილდება, საქმე ხშირად მოსახლეობის გააფთრებულ წინააღმდეგობამდეც კი მიდის. ისინი, პოულობენ რა ვაკუუმს საკანონმდებლო სისტემაში, უფრო და უფრო ხშირად ცდილობენ თავი აარიდონ მის გადახდას. გამოცდილება გვიჩვენებს, რომ გადასახადის ნორმალური დონის გადამეტებამ შეიძლება ,,ჩრდილოვანი სფეროს“ წარმოშობა გამოიწვიოს იმ ქვეყანაშიც კი, რომელიც საქვეყნოდაა განთქმული თავისი მაღალი კულტურით. საგადასახადო ნორმების ამგვარი ეროზია განსაკუთრებით საგრძნობია მაშინ, როდესაც გადასახადების სიმძიმის გამო ქვეყანაში გადამხდელების რიცხოვნობა მცირდება. ასე ხდება მაგალითად, ბოლო წლების მანძილზე გერმანიაში, სადაც მიმდინარეობს ეგრეთ წოდებული Sozialbetrug ანუ დაუსაბუთებელი სოციალური დახმარებისათვის სახსრების გამოძებნის პროცესები, როდესაც იურიდიული თუ ფიზიკური პირები მალავენ თავიანთ შემოსავლებს, რომელთაც, სხვათაშორის, შემდეგ ლუქსემბურგის ბანკებშიც ათავსებენ. როგორც ჩანს, მაღალმა საგადასახადო განაკვეთებმა შეიძლება უდისციპლინოები გახადოს თავად გერმანელებიც!
საგადასახადო ტვირთი და საგადასახადო სისტემა
როდესაც გადასახადებზე ვლაპარაკობთ, საჭიროა განვასხვავოთ ორი რამ:
1. გადასახადების საერთო თანხის შეფარდება მშპ-თან, რაც იმის მაჩვენებელია, თუ როგორია მოქალაქეებისა და ფირმების დაბეგვრის დონე;
2. საგადასახადო სისტემა: გადასახადების სახეობები, მათი ხვედრიწილი გადასახადების საერთო თანხაში, საგადასახადო კანონმდებლობის სიმარტივე, მათი სტაბილურობა და ა.შ.
ეკონომიკის დატვირთვა გადასახადებით პირდაპირ გამომდინარეობს საბიუჯეტო ხარჯებიდან. ძირითადში მათ ზრდას და, - ამის შედეგად გადასახადების ხვედრითი წილის ამაღლებას მშპ-ის მიმართ, შეუძლია დაამუხრუჭოს ეროვნული მეურნეობის განვითარება. ჩვენ ამის შესახებ წინა თავში ვისაუბრეთ. დავუმატებთ შემდეგს: ამერიკული Rand Corporation-ის ანალიზის საფუძველზე ირკვევა, რომ ღარიბ ქვეყნებში გადასახადების მშპ-სთან დაკავშირებით ხვედრიწილის 10 პროცენტული პუნქტით ზრდამ შეიძლება ეკონომიკის განვითარების ტემპების 4 პროცენტით შემცირება გამოიწვიოს. აქედან გამომდინარე გასაგებია იმ თეზის აბსურდულობა, რომ გადასახადების გაზრდა ,,სოციალური მოთხოვნილებით“ არის გამოწვეული. მაგალითად, პოლონეთისათვის უპირველესი მნიშვნელობის ამოცანას წარმოადგენს ეკონომიკის დაჩქარებული განვითარება, მაღალი გადასახადები კი ამ პროცესს ამუხრუჭებს. ასეთ სიტუაციაში გადასახადების ხვედრითი წილი მშპ-სთან მიმართებაში აქ თითქმის ორჯერ მაღალია, ვიდრე იმ ქვეყნებში, სადაც ეროვნული შემოსავალი ერთ მოსახლეზე გაანგარიშებით გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე პოლონეთში. ეს კი იმის გამო ხდება, რომ პოლონეთში ჯერ კიდევ მაღალ დონეზე გვაქვს შემორჩენილი საბიუჯეტო ხარჯები.
საგადასახადო სისტემა ძალზე განსხვავებულია ცალკეული ქვეყნების მიხედვით. განსხვავებაა მაგალითად, გადასახადების საერთო ოდენობაში პირდაპირი გადასახადების ხვედრითი წილის მიხედვით (ისეთების, როგორიც არის მაგალითად, გადასახადი შემოსავლიდან ან ქონებიდან), არაპირდაპირი (საქონლის ფასში ჩადებული, ისეთები, როგორიც არის მაგალითად, დღგ, აქციზი ალკოჰოლზე, საწვავზე და სხვ.). სხვადასხვა ქვეყნისათვის დამახასიათებელია ისიც, თუ რამდენად გასაგები და ნათელი ენითაა დაწერილი საგადასახადო კოდექსი.
საგადასახადო სისტემა შეიძლება შეფასდეს ორი ძირითადი თვალსაზრისით:
პირველი - ვინ, რამდენ გადასახადს იხდის. აქ იდეალური მდგომარეობა იქნებოდა ის, რომ თანაბარი შემოსავლების მქონე ადამიანებმა თანაბარი დონის გადასახადები გადაიხადონ. ეს არის ეგრეთ წოდებული ჰორიზონტალური სამართლიანობა;
მეორე - როგორ გავლენას ახდენს საგადასახადო სისტემა ადამიანების ქცევაზე, მათ დამოკიდებულებაზე ეკონომიკის განვითარების ტემპების მიმართ, დაბოლოს, მათი ცხოვრების დონის ამაღლებაზე. ამ მნიშვნელოვანი პრობლემების გარშემო ჩვენ ახლა ვიმსჯელებთ.
გადასახადების გადაკისრება
ადამიანები ძირითადად სამეურნეო საქმიანობის ისეთ სახეობას ირჩევენ, რომელიც, მათი აზრით, მოცემულ პირობებში უკეთ შეესაბამება მათ შესაძლებლობებს და გაცილებით მეტ სარგებლობას მოუტანს მათ და მათ ახლობლებს. აქედან გამომდინარე, საგადასახადო სფეროს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება და ამ აზრით, იგი შეიძლება შეედაროს საკუთრების უფლებას და ვალუტის სიმყარეს. ამ ფაქტორების გავლენა იმაზეა დამყარებული, რომ საკმარისია ცუდად იყოს ორგანიზებული თუნდაც რომელიმე მათგანი, რომ ეს უდიდეს გავლენას მოახდენს და მკვეთრად შესცვლის ადამიანების ქცევას. ეს კი ცხადია, ზემოქმედებას იქონიებს ეკონომიკის განვითარებაზე საერთოდ.
გადასახადების გავლენა ადამიანების ქცევაზე უაღრესად მრავალმხრივია. იგი ძირითადად დამოკიდებულია იმ ფორმაზე, რომელსაც იგი მიიღებს. ზევით უკვე ვახსენე, რომ საგადასახადო განაკვეთის ზრდა ადამიანებს აიძულებს ეძებონ მისგან თავის არიდების სხვადასხვა გზები. ამიტომ არ უნდა დავუშვათ ის გარემოება, რომ დაგეგმილი (გაწერილი) გადასახადების ასპროცენტიანი გადახდა ვიგულისხმოთ. ამ ორ მაჩვენებელს შორის განსხვავება განსაკუთრებით მაშინ იზრდება, როდესაც გადასახადები მატულობს, ხოლო საგადასახადო კოდექსი გასაგებად ბუნდოვანია. პირველი ფაქტორი მოქალაქეებში ზრდის გადასახადების გადაუხდელობის სურვილს, ხოლო მეორე (ბუნდოვანება კოდექსში) ხელს უწყობს მის განხორციელებას, რადგანაც ამის გამო საგადასახადო ორგანოების თანამშრომლებს თავიანთი ფუნქციის შესრულება უჭირთ.
გადასახადების დაგეგმისას ისიც უნდა გვქონდეს მხედველობაში, რომ გადასახადი ყოველთვის როდი ექნება შეწერილი მას, ვინც იგი ნამდვილად უნდა გადაიხადოს. ანუ, არ არის გამორიცხული, რომ ადგილი ექნება, ეკონომიკურ ჟარგონზე რომ ვთქვათ, საგადასახადო ინციდენტს. საგადასახადო ვალდებულებების შემცირებისაგან განსხვავებით, ეს სრულიად ლეგალური მოქმედებაა. მაგალითად, პოლონეთში მოსამსახურეთა პენსიებისა და ბიულეტენების ასანაზღაურებლად საჭირო თანხების უდიდეს ნაწილს თავად ის საწარმოები იხდიან, სადაც ეს ადამიანები მუშაობენ. აღნიშნულ საწარმოებს, ეს გადასახადი რომ არა, შეეძლოთ თავიანთი მოსამსახურეებისათვის უფრო მაღალი შრომის ანაზღაურება შეეთავაზებინათ. თუ ამ სახის გადასახადი მკვეთრად გაიზრდებოდა, ფირმები იძულებული გახდებოდნენ საკუთარი წარმოების საქონელზე ფასები გაეზარდათ და ამრიგად, მომხმარებელზე გადაეკისრებინათ გაზრდილი გადასახადები. მათი მეორე შესაძლო ქმედება შეიძლება ის იყოს, რომ ისინი შეამცირებენ სამუშაო ადგილებს, და ამრიგად აღნიშნული გადასახადების მთელი სიმძიმე აქ დასაქმებულ მუშაკებს დააწვებათ ზურგზე.
ერთგვაროვნობა თუ პრივილეგიები
ამ სფეროში მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისიც, თუ საგადასახადო სისტემა როგორ აღწევს ერთი სახეობის საქმიანობისათვის პრივილეგიების მინიჭებას, მეორის დისკრედიტაციის ხარჯზე. სხვაგვარად რომ ვთქვათ, საქმე ეხება საგადასახადო შეღავათების სისტემას, ანუ სამეურნეო აქტიურობის სხვადასხვა სახეობის განსხვავებულ დაბეგვრას. რამდენადაც გადასახადების შესახებ გადაწყვეტილებებს პოლიტიკური ხელისუფლება იღებს, პრობლემა შემდეგი კითხვის სახეს იღებს: საერთოდ შეუძლიათ თუ არა და თუ შეუძლიათ, რა დონემდე, პოლიტიკოსებს დაადგინონ, თუ რა უფრო მნიშვნელოვანია და რა ნაკლებმნიშვნელოვანი ადამიანებისათვის.
საგადასახადო პრივილეგიების დამცველთა ყველაზე სერიოზულ არგუმენტს წარმოადგენს ის, რომ შეღავათების გარეშე ზოგიერთ დარგში ნამდვილ კატასტროფას ექნებოდა ადგილი: მაგალითად, სამშენებლო შეღავათების გარეშე არ იქნებოდა ბინები, ორსული ქალებისათვის დიდი დახმარების აღმოჩენის გარეშე არ გაჩნდებოდნენ ბავშვები, განათლების სისტემისათვის შეღავათის მიცემის გარეშე საზოგადოება დარჩებოდა უწიგნური და ა.შ.
ასეთი მიდგომა ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. არადა, ეკონომიკის ამ სფეროების განვითარებაზე სრულიად სხვა რამ მოქმედებს, ვიდრე ის, არის საგადასახადო შეღავათები, თუ არა. მაგალითად, საბინაო მშენებლობაზე გადამწყვეტია ის, თუ როგორ ვითარდება მთლიანად ქვეყნის ეკონომიკა (რადგანაც სწორედ ეს განსაზღვრავს, თუ როგორ იზრდება მოსახლეობის შემოსავლები, ანუ იმას, თუ რამდენი კვადრატული მეტრის საბინაო ფართის შეძენას შევძლებთ), როგორია კრედიტის საპროცენტო განაკვეთი, რა დონეზეა ინფლაცია და ა.შ. იმაზე, თუ რამდენ ბავშვს იყოლიებს ოჯახი, გავლენას ახდენს ის ფაქტორები, რომლებიც დემოგრაფიის შესახებ მეცნიერებაშია აღწერილი. საგადასახადო შეღავათები ამ ფაქტორებს არ მიეკუთვნება.
საგადასახადო შეღავათებით გამოწვეული დანაკარგები დაფარული უნდა იყოს სხვა ადამიანებისაგან, რომელთაც ამის გამო გაუზრდიან გადასახადებს. აქედან გამომდინარე არჩევანი შეიძლება იყო შემდეგი სახის: ბევრი შეღავათები და მაღალი საგადასახადო ტარიფები ან დაბალი ტარიფები ყოველგვარი საგადასახადო შეღავათების გარეშე.
საგადასახადო შეღავათები ისეთი უარყოფითი შედეგებითაც ხასიათდება, რომელთა გამოც რთულდება საგადასახადო სისტემა. შედეგად საგადასახადო ფორმულარი ძალზე გადატვირთულია, ხოლო საგადასახადო აპარატი, ნაცვლად იმისა, რომ გამოავლინოს საგადასახადო დანაშაულებები, შეღავათების პრინციპების სამართლიანობის დადგენას უნდება.
გამოცდილებიდან ცხადი ხდება, რომ საგადასახადო შეღავათებით უფრო მდიდრები სარგებლობენ, ვიდრე ღარიბები. აქედან გამომდინარე პირველთ შეუძლიან გადაიხადონ გაცილებით ნაკლები გადასახადი, ვიდრე მეორეებს. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებიდან ჩანს, რომ 1996 წელს პოლონეთში ყველაზე ღარიბი მოქალაქენი, რომელთა ყოველწლიური შემოსავალი არ აღემატებოდა 5 ათაას ზლოტს (დაახლოებით 1200 აშშ დოლარს-ა.გ.) იხდიდნენ გაცილებით მეტ გადასახადს, ვიდრე ყველა სხვა გადასახადის გადამხდელი. და ეს ხდებოდა იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში არსებობდა გაზრდილი შემოსავლების შესაბამისად მზარდი საგადასახადო განაკვეთები. ამ გარემოების ახსნა ძნელი არ არის. შეღავათებით გაცილებით ნაკლებად სარგებლობენ ღარიბები, რადგან მათ არა აქვთ იმდენი ფული, რომ ისეთ ინვესტიციებში ჩადონ, შეღავათების მიღების უფლება რომ აქვს. ამასთან, საგადასახადო კოდექსის ის ნაწილი, რომელიც შეღავათებთან არის დაკავშირებული, იმდენად გართულებულია, რომ ღარიბებს, რომელთაც, როგორც წესი, სათანადო განათლება არა აქვთ, მისი გაგება და შესაბამისად, გამოყენება არ შეუძლიათ.
ყოველივე აქედან გამომდინარე, კეთდება შემდეგი დასკვნა: საგადასახადო სისტემა უნდა იყოს ნეიტრალური, ანუ მან არ უნდა მისცეს უპირატესობა ერთ გადამხდელს და სამაგიეროდ მძიმე მდგომარეობაში არ უნდა ჩააყენოს მეორე. საგადასახადო შეღავათების მაქსიმალურად ლიკვიდაციის დადებითი შედეგები განსაკუთრებით იმაში იქნება გამოხატული, რომ საგადასახადო სისტემა გახდება ნათელი და მარტივი, ხოლო საგადასახადო განაკვეთები კი - დაბალი. ასეთი უნდა იყოს უმთავრესი მიმართულება ყოველი გონივრული საგადასახადო რეფორმისა.
პროგრესული გადასახადები
ეკონომიკურ მეცნიერებაში მიღებული დეფინიციის მიხედვით, პროგრესიულ გადასახადებთან მაშინ გვაქვს საქმე, როდესაც მაღალშემოსავლიანი პირები გადასახადების სახით იხდიან გაცილებით მაღალი საგადასახადო ტარიფების მიხედვით, ვიდრე დაბალშემოსავლიანები.
პროპორციული გადასახადები გვაქვს მაშინ, როდესაც გადასახადები, შემოსავლების სიდიდის მიუხედავად, ერთი და იგივე დონეზე დგინდება (ვთქვათ, 20%-ის). აქვე გვსურს შევნიშნოთ, რომ ასეთ შემთხვევაში გადასახადების სახით მაღალ შემოსავლებიდან გადაიხდება გაცილებით მეტი ოდენობის თანხა, ვიდრე დაბალი შემოსავლებიდან. კერძოდ, 20 პროცენტიანი საგადასახადო ნიხრის დროს ის ადამიანი, ვისი წლიური შემოსავალიც 12 ათასს შეადგენს გადასახადის სახით გადაიხდიდა 2,4 ათასს, ხოლო ის კი, ვისი შემოსავალიც 120 ათასია, - 24 ათასს.
პროგრესიული გადასახადების საწინააღმდეგო სახე არის დეგრესული გადასახადები. მისი არსებობის დროს მაღალი შემოსავლებიდან გადასახადების სახით გადაიხდება შედარებით ნაკლები თანხები, ვიდრე დაბალი შემოსავლებიდან. ამ სახის საგადასახადო სისტემის დროს, მაგალითად, საშემოსავლო გადასახადები ყველა გადამხდელიდან გადაიხდებოდა თანაბარი ოდენობით, მიუხედავად იმისა, ვის რამდენი აქვს შემოსავალი. კერძოდ, თუ გადასახადის სიდიდედ დაწესებული იქნებოდა 2,4 ათასი ზლოტი წელიწადში, მაშინ 12 ათასი წლიური შემოსავლის დროს ეს თანხა შეადგენდა მის 20%-ს, ხოლო 120 ათასი წლიური შემოსავლის დროს კი - მხოლოდ 2 პროცენტს.
ის, თუ როგორი სახის საგადასახადო სისტემა გვექნება, - პროგრესიული, პროპორციული თუ დეგრესიული, - დამოკიდებულია საგადასახადო სისტემაზე.
საბოლოო ჯამში კი მნიშვნელოვანია ის, თუ ჩვენი შემოსავლებიდან რამდენი გვრჩება ჯიბეში და რამდენი მიაქვს სახელმწიფოს.
უმუშევრობის ხაფანგი
შრომის სამინისტროს საქმიანობაზე დიდად არის დამოკიდებული ის, თუ როგორი ფორმით არის ქვეყანაში წარმოდგენილი უმუშევრობა. აქ საქმე განსაკუთრებით ლეგალურად მომუშავეთა შეფარდებას ეხება სახელმწიფო დახმარებაზე მყოფ ადამიანთა რიცხოვნობასთან.
ამ დახმარებების გაზრდა ადამიანებს ლეგალურად სამუშაოს წამოწყების ხალისს უკარგავს, ხოლო იმ ადამიანებს კი, რომელთაც ადრე დაკარგეს სამუშაო, უმუშევრობის ხაფანგში აქცევს. ძირითადად სახელმწიფოს დახმარების იმედად ყოფნა, მით უფრო უღირს ადამიანს, რაც უფრო მეტია ეს დახმარება ლეგალურად მისი მუშაობის შედეგად მიღებულ შემოსავალთან შედარებით. ეს კი შემდეგზეა დამოკიდებული: 1. დახმარების სიდიდეზე; 2. დაბალი შემოსავლების დაბეგვრის დონეზე ანუ მუშაობის შედეგად მიღებულ შემოსავლებზე.
დაახლოებით ანალოგიური შედეგები მოსდევს პროგრესულ გადასახადებს დაბალი შემოსავლების მქონე ადამიანისათვის. ეს იმას ნიშნავს, რომ ის ადამიანები გადასახადების გადახდის შემდეგ ,,ხელზე“ იღებენ გაცილებით ნაკლებ შემოსავალს, ვიდრე მათი დახმარება შეადგენს. ამასთან, გაცილებით ცუდ შედეგებს იძლევა დახმარებების გადასახადებისაგან გათავისუფლება, ხოლო მის ნაცვლად დასაქმებულ მუშაკთა საშემოსავლო გადასახადის გაზრდა. ასეთ შემთხვევაში მთლად მიზერული იქნებოდა დასაქმებულ მუშაკთა „ხელზე“ აღებული ხელფასი. ფინანსთა სამინისტრომ 1998 წელს მის მიერ დამუშავებულ „გადასახადების თეთრ წიგნში“ განიზრახა შეემცირებინა გადასახადები მინიმალური შემოსავლებიდან, რათა ამ გზით სტიმული მიეცა უმუშევართათვის დაეწყოთ სამუშაოს ძებნა და ეპოვათ ლეგალური სამუშაო. ამის პარალელურად რეკომენდირებული იყო ხელფასის იმ მინიმალური დონის გაზრდა, რომელიც გადასახადისაგან გათავისუფლდებოდა. ამ დროს შემოსავალი მხოლოდ 22 %-ით უნდა დაბეგრილიყო. ასეთ შემთხვევაში ადამიანს სტიმული ექნებოდა დაეწყო მუშაობა ნაცვლად იმისა, რომ დასჯერებოდა დახმარებას. სამწუხაროდ, ეს წინადადებები უარყოფილი იქნა.
აქვე მინდა დავძინო, რომ კანონის ძალით მინიმალური ხელფასის გაზრდა სულაც არ იქნება უმუშევრობის ხაფანგიდან გამოსვლის პანაცეა. პირიქით, ეს წამალი ავადმყოფობაზე უარესია. ასეთი ანაზღაურება სრულიადაც არ ნიშნავს, - არ უნდა ნიშნავდეს, - რომ დამქირავებელმა აუცილებლად უნდა დაასაქმოს მუშაკი და გადაუხადოს მას არანაკლებ მინიმალური ხელფასისა. კანონით გათვალისწინებული მინიმალური ხელფასი უბრალოდ იმას ნიშნავს, რომ თუ დამქირავებელს სურს დაიქირაოს მუშაკი, მან, ამ უკანასკნელს უნდა გადაუხადოს მინიმალური ხელფასი მაინც. იმ შემთხვევაში, თუ ეს ხელფასი არის მაღალი, მაშინ მეწარმენი, უბრალოდ არ გაზრდიან მუშაკთა რიცხოვნობას, ხოლო წარმოების ზრდას მიაღწევენ ან თანამედროვე ტექნიკის შეძენითა და გამოყენებით, ან წარმოების პროცესების საზღვარგარეთ გატანით. ამრიგად, კანონის ძალით მინიმალური ხელფასის გაზრდა უფრო გაზრდის უმუშევრობას, განსაკუთრებით დაბალი კვალიფიკაციის ადამიანთა შორის, აგრეთვე მათ შორის, რომელთაც ახლა უნდა დაიწყონ მუშაობა. ორივე შემთხვევაში შრომის დაბალი მწარმოებლურობა მეწარმეებს არ აძლევს იმის საშუალებას, რომ მათ მუშაკებს მაღალი ანაზღაურება გადაუხადონ.
გადასახადების სიმარტივე და სტაბილურობა
საგადასახადო სფეროში წესების გართულება და საგადასახადო ნორმების გაზრდა იმას ნიშნავს, რომ საჭიროა უფრო მეტი დრო დაეთმოს გადასახადების გამოთვლას. ეს კი თავის მხრივ იმის მომასწავებელია, რომ სამაგიეროდ, ნაკლები დრო დარჩება ნამდვილი მუშაობისათვის, რომელიც არის განვითარებისა და შემოსავლების წყარო. შეიძლება ითქვას, რომ საგადასახადო სისტემის გართულებას აქვს ისეთივე შედეგი, როგორიც ექნებოდა დამატებით უხილავი გადასახადის შემოღებას. იგი ადამიანებს ართმევს ფულს და დროსაც, რომელიც მათ შეეძლოთ გამოეყენებინათ პროფესიული განვითარებისა თუ დასვენებისათვის. მოკლედ, გადასახადების გართულება უარყოფითად მოქმედებს ადამიანების კეთილდღეობაზე.
საგადასახადო სისტემის გართულება განსაკუთრებით სახიფათოა წვრილი მწარმოებლებისათვის, რომლებიც ,,ლოკომოტივის“ როლს თამაშობენ მრავალი ქვეყნის, მათ შორის, პოლონეთისათვის. ასეთ საწარმოებში, განსხვავებით დიდი საწარმოებისაგან, იგრძნობა მუშაკთა და სახსრების ნაკლებობა, რომელთა გამოყენებაც იქნებოდა შესაძლებელი ამგვარი ბიუროკრატიული საქმიანობისათვის ისე, რომ სხვა, ძირითად საქმიანობას ხელი არ შეშლოდა. გადასახადების გართულება და მათი ტარიფების გაზრდა დისკრეტირებას უკეთებს მცირე საწარმოებს, რომელთა გარეშე შეუძლებელია სერიოზული ეკონომიკური წარმატების მიღწევა. ასევე ზიანის მოტანის მეტი არაფერი მოაქვს საგადასახადო სისტემის არასტაბილურობას: საგადასახადო სისტემის გართულებას იწვევენ პრივილეგიებისათვის მებრძოლი ინტერესთა ჯგუფები და ასევე პოლიტიკოსთა ნაწილის ოპორტუნიზმი, რომლებიც ხმების მოპოვების მიზნით ცდილობენ საზოგადოებას უჩვენონ, რომ იცავენ ღარიბებს და ებრძვიან მდიდრებს. მათი ამგვარი პოლიტიკით ზარალდება ყველა, რამეთუ არასტაბილურობა და საგადასახადო სისტემის გართულება ანგრევს მილიონობით ოჯახური მეურნეობისა და ფირმის გეგმას, აიძულებს მათ დამატებითი სამუშაოები ჩაატარონ, ეს სტიმულს აძლევს ,,ჩრდილოვანი სფეროს“ გაფართოებას და ა.შ.
არადა, საგადასახადო სისტემის ასეთ გაფუჭებას სისტემატურად აქვს ადგილი პოლონეთში. მაგალითად, შედარებით უბრალო კანონი ფიზიკური პირების საშემოსავლო გადასახადების შესახებ 1992 - 1998 წლებში თითქმის 30-ჯერ შეიცვალა, ხოლო კანონი იურიდიული პირების შესახებ - 40-ზე მეტად. საქონლისა და მომსახურების სფეროში გადასახადების კანონი 1993 - 1995 წლებში 30-ჯერ შეიცვალა.
შემდეგ რა?
პოლონეთს ესაჭიროება სწრაფი და უწყვეტი განვითარება, ხოლო ეს საკმაოდ სერიოზული სამუშაოების ჩატარებას მოითხოვს საზოგადოებრივი ფინანსების რაციონალიზაციის მიმართულებით, რათა ამ გზით შეიკვეცოს ბიუჯეტის დეფიციტი და საგადასახადო ტვირთი შეუმცირდეთ საოჯახო მეურნეობებსა და ფირმებს. ეროვნული მეურნეობის განვითარება მოითხოვს ასევე საგადასახადო სისტემის პრინციპულ რეფორმირებას: საგადასახადო ტარიფების შემცირებას და საგადასახადო კანონმდებლობის სერიოზულ გამარტივებას ამჟამად არსებული მრავალი შეღავათისა და პრივილეგიის გაუქმების გზით. ამრიგად, ფირმათა საქმიანობა უფრო ნაყოფიერი გახდება და ამასთან, ადგილი არ ექნება ფირმის მუშაკთა თუ საოჯახო მეურნობათა დასაქმებას ზედმეტ ფორმალურ საქმიანობაზე.
პრობლემა შემდეგში მდგომარეობს: თუ გაითავისებს საგადასახადო სფეროში ამ ღონისძიებათა გატარების აუცილებლობას პოლონეთის პოლიტიკური კლასი და საერთოდ, მთელი საზოგადოება?3
![]() |
11 პრივატიზაცია |
▲back to top |
ვინ არის კარგი მესაკუთრე?
მესაკუთრეს ვუწოდებთ იმ ადამიანს, რომელსაც მინიჭებული აქვს გარკვეული სამართლებრივი ტიტული - ტიტული მესაკუთრისა. ამ ტიტულისათვის დამახასიათებელი არის ის, რომ იგი მის მფლობელს აძლევს ერთდროულად ორი სახის უფლებას: უფლებას ფირმის მუშაობის მიმართულების არჩევისა და უფლებას მონაწილეობის მიღებისა ფირმის მოგების განაწილებაში. აქვე უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ თუმცა ამ სახის გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვს ფირმის მენეჯერსაც, მაგრამ მისგან განსხვავებით, მესაკუთრის გადაწყვეტილება არის საბოლოო და ამასთან, მენეჯერს ქირაობს ფირმის მესაკუთრე და არა პირიქით.
საკუთრების უფლების ორი სახე
საჭიროა ხაზი გაესვას იმას, რომ არსებობს ორი ძირითადი საკუთრების უფლება: კაპიტალისტური და არაკაპიტალისტური. პირველ შემთხვევაში გადამწყვეტი ხმის უფლება, რომელიც დამოკიდებულია ფირმის კაპიტალში წილის მაჩვენებელზე, იზრდება წილის ზრდასთან ერთად. ამასთან ერთად იზრდება ასევე მისი მესაკუთრის წილიც გასანაწილებელ მოგებაში. მას, ვისაც უფლება აქვს ჰქონდეს გაცილებით მეტი გავლენა ფირმის საქმიანობაზე, აქვს იმის უფლებაც, რომ მიიღოს გაცილებით მეტი წილი მოგებიდან.
რაც შეეხება მეორე შემთხვევას, ანუ შემთხვევას, როდესაც ფირმაში გადაწყვეტილების მიღება არ არის დამოკიდებული ფირმის კაპიტალში შეტანილ წილზე, აქ სრულიად სხვა კანონი მოქმედებს. კერძოდ, ამ უკანასკნელ შემთხვევაში მოქმედებს პრინციპი - ერთი დამფუძნებელი, ერთი ხმა.
საკუთრების კაპიტალისტური ტიტულის არსებობის შემთხვევაში იქმნება ფირმის ნათლად გამოკვეთილი და ძლიერი მმართველობა თავისი ეკონომიკური პასუხისმგებლობით მის მართვაზე.
ამ სახის ფირმების გადამწყვეტი უმრავლესობით არსებობა კაპიტალისტურ საზოგადოებაში განაპირობებს კაპიტალისტური წარმოების წესის სიმტკიცესა და სიძლიერეს განსხვავებით იმ სისტემისაგან, სადაც გაბატონებული პოზიცია არაკაპიტალისტური სახის ფირმებს ენიჭება. იმ საზოგადოებრივი სისტემის არსებობის პირობებში, სადაც არის ფირმების ამ ორი სახეობიდან ერთის ამორჩევის სრულიად თავისუფალი ალტერნატივა, ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, რომ არაკაპიტალისტური ტიტულის მქონე ფირმებს დაეჯაბნოთ კაპიტალისტური საფუძვლის მქონე ფირმები. რაც შეეხება კოოპერაციულ საკუთრებას, იგი შეიძლება განვიხილოთ როგორც ერთგვარი დამატება, შევსება კაპიტალისტური წარმოებითი სისტემისა, სადაც გაბატონებული მდგომარეობა თავისუფალ საბაზრო ურთიერთობებს ეკუთვნის. სოციალიზმის დროს ამ სახის საკუთრებამაც ვერ დაიკავა თავისი შესაფერისი ადგილი. მის ნაცვლად ფუნქციონირებდა ფსევდოკოოპერაციული საკუთრება, რომელსაც წართმეული ჰქონდა დამოუკიდებლად მოქმედების ყოველგვარი უფლება.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, უნდა გავაკეთოთ დასკვნა, რომ საკუთრების კაპიტალისტური ფორმა არის ეკონომიკის წარმატებულად განვითარების აუცილებელი პირობა. თუმცა, მხოლოდ კერძო საკუთრება როდი არის საკმარისი ამ წარმატებისათვის. მნიშვნელოვანია აგრეთვე ისიც, თუ ვის ხელშია იგი მოქცეული, ანუ ვინ არის მისი მესაკუთრე.
ამიტომ ისმის კითხვა: საკუთრების კაპიტალისტური ტიტულის მქონე რომელი მესაკუთრენი შეიძლება ჩაითვალონ ფირმათა კარგ (თანა)მესაკუთრეებად და რომლები - არა? კარგი მესაკუთრე არის უნარიანი და გერგილიანი მეწარმე, რომელსაც შეუძლია თავისი შესაბამისი კომპეტენციისა და შესაძლებლობების რეალიზაციის წყალობით და ასევე შრომითი რესურსების, ნედლეულისა და მასალების გონივრულად გამოყენების შედეგად სარგებლობა მოუტანოს ფირმას. აქედან გამომდინარე, მხოლოდ ძალაუფლების ხელში აღება არასაკმარისია, არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი გონივრული რეალიზაცია. ამასთან, ეს მხოლოდ მესაკუთრეებს როდი ეხება, ეს შეეხება ასევე ფირმის საქმიანობის თაობაზე გადაწყვეტილების მიმღებ ყველა ადამიანს.
საკუთრების ობიექტები
მესაკუთრე შეიძლება იყოს როგორც ცალკეული პიროვნება, ანუ ფიზიკური პირი, ისე ორგანიზაცია. ორივე შემთხვევაში საკუთრებასთან დაკავშირებული უფლებებით სარგებლობენ ცალკეული ადამიანები. პრინციპული განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ პირველ შემთხვევაში კონკრეტული პირი საკუთარი გადაწყვეტილების გამო მხოლოდ თავად იგებს ან აგებს, მაშინ, როდესაც მეორე შემთხვევაში მისი გადაწყვეტილების შედეგად მიღებული მოგება თუ ზარალი იმ ორგანიზაციაზე ახდენს გავლენას, რომელსაც იგი წარმოადგენს.
ფიზიკური პირი, როგორც მესაკუთრე
ასეთი შემთხვევის დროს მესაკუთრე არის ფიზიკური პირი, ძლიერ დაინტერესებული თავისი შემოსავლის გაზრდით და საბოლოო ჯამში, ფირმის ეფექტური მუშაობით. ასეთი მესაკუთრეებისათვის საქმიანობის ძირითად მოტივს მხოლოდ ფულის შოვნა როდი წარმოადგენს. მისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს საკუთარი ღირსების გრძნობას, რასაც გარკვეულწილად აღწევს თავისი ფირმის კარგად ამუშავებით. ასეთი მესაკუთრისათვის ფირმის შემოსავლებს მხოლოდ საკუთარი შემოსავლების გაზრდის მიზნით როდი აქვს დიდი მნიშვნელობა, არამედ ეს არის მისი საერთო მიღწევების განმსაზღვრელიც. ამით აიხსნება ის გარემოება, თუ კლასიკური კაპიტალისტური ფირმა, რომელშიც ერთ კერძო პირს ან რამდენიმე კერძო პირთა ჯგუფს ეკუთვნით მთელი ქონება (და იმავდროულად ძირითადად ისინი მართავენ ფირმას), ასე დაუცხრომლად მიისწრაფის მოგების მიღებისაკენ.
ვფიქრობ, სწორედ ამგვარი ფირმების მაღალეფექტური საქმიანობის წყალობით მიიღწევა „ეკონომიკური სასწაულები“. ეს ეხება ასევე პოლონეთის ეკონომიკასაც 1989 წლის შემდეგ.
ამასთან, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ფიზიკურ პირს მესაკუთრის როლში ყოველთვის როდი გააჩნია შესაბამისი კომპეტენცია. ყველა ახალი მესაკუთრე არ არის სათანადოდ მომზადებული და ვერც მოკლე ხანში მოხერხდება მათი შესაბამისი მომზადება. ჯერ კიდევ ყველას როდი ესმის, რომ საწარმოს წარმატებების პირობას ადამიანებს შორის კარგი ურთიერთობები წარმოადგენს და რომ ფირმის მიღწევები გამორიცხულია აქ დასაქმებულთა ღირსების დაცვის გარეშე. კაპიტალისტური საზოგადოების მშენებლობის პროცესში, რასაც პოლონეთშიც ასევე აქვს ადგილი, მიმდინარეობს დიდი თუ მცირე კონპეტენციის მქონე მესაკუთრეთა თანდათანობითი შერჩევა. პირველნი წარმატებით აღწევენ საკუთარი ფირმის განვითარებასა და გაძლიერებას, მაშინ, როდესაც მეორეთა ხვედრი, საბოლოო ჯამში, ფირმის გაკოტრება იქნება.
ორგანიზაცია, როგორც მესაკუთრე
სიტუაცია გაცილებით უფრო რთულია მაშინ, როდესაც მესაკუთრის როლში გამოდის ორგანიზაცია, უფრო სწორედ ადამიანები, რომლებიც ორგანიზაციას წარმოადგენენ. ისმის კითხვა: ხომ არ ეწინააღმდეგება ასეთი ორგანიზაციის ბუნებრივი ფუნქციის შესრულება იმ მოთხოვნებს, რომლებიც კარგ მესაკუთრეს წაეყენება? ასეთი პრობლემა მართლაც არსებობს, როდესაც მესაკუთრე არის საზოგადოებრივი ხელისუფლება, კერძოდ, სახელმწიფო. საწარმოს ხელისუფლების სადავეები ასეთ შემთხვევაში ხვდება მმართველი პოლიტიკური პარტიის ხელში (ან მათი ხელქვეითი მოხელეების ხელთ). ასეთი მესაკუთრეების ტიპიურ მიზანს წარმოადგენს რაც შეიძლება მეტი პოპულარობის მიღწევა, რასაც ისინი ხშირად ფირმის ინტერესების საწინააღმდეგო საქმიანობის შედეგად აღწევენ. მაგალითად, ისინი უნიშნავენ მაღალ ხელფასებს თავიანთ მუშაკებს, არა იმიტომ, რომ მათი შრომის ეფექტურობა გაიზარდა, არამედ თავიანთი პოპულარობის ამაღლების მიზნით. სახელმწიფო მესაკუთრეს არ შეუძლია (არც არის ვალდებული), მისი ბუნებიდან გამომდინარე, მხოლოდ მისადმი დაქვემდებარებული საწარმოს მუშაობის ხარისხის გაუმჯობესების გზით გაზარდოს შემოსავლები. ასეთ შემთხვევაში მისი საქმიანობის მოტივაცია, რომელიც დაკავშირებულია საკუთრების კაპიტალისტურ ტიტულთან, ბლოკირებულია. სახელმწიფოს ხელში ეს ტიტული შეუძლებელია მაქსიმალურად იქნეს გამოყენებული, რამეთუ ასეთ შემთხვევაში იგი უკვე აღარ იქნებოდა სახელმწიფო საწარმო. ეს კი ნიშნავს, რომ ასეთ შემთხვევაში არ ,,მუშაობს“ ასევე ისეთი მექანიზმი, როგორიც არის ერთი საწარმოს შეერთება მეორეს მიერ და ა.შ. ამ და სხვა მიზეზების გამო არის, რომ სახელმწიფო საწარმოების საქმიანობას ხშირად მოსდევს ზარალი, რაც აფერხებს ქვეყნის ეროვნული მეურნეობის სათანადო ტემპებით განვითარებას. სახელმწიფო ფლობს მონოპოლიას ამ სფეროში თამაშის წესების შემუშავებაზე და შეუძლია თავისი ამ უფლების იმგვარად გამოყენება, რომ დაიცვას „თავისი“ საწარმოს ინტერესები და შესაბამისად, წამგებიან მდგომარეობაში ჩააყენოს სხვა არასახელმწიფო ფირმები. თანამედროვე პირობებში სახელმწიფოს თავის ხელში აქვს ასევე მონოპოლია ფულის ემისიაზე. ეს კი წარმოშობს იმის საშიშროებას, რომ სახელმწიფო საწარმოების არაეფექტურად გაძღოლის შედეგად წარმოქმნილი ზარალი მან სწორედ მონეტარული ექსპანსიის გზით აანაზღაუროს. აქ სხვათა შორის, უნდა შევნიშნოთ, რომ მოცემულ ქვეყანაში რაც უფრო მეტი ხვედრითი წილი უჭირავს სახელმწიფო საკუთრებას, მით უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს ცენტრალური ბანკის დამოუკიდებლობას.
ზემოაღნიშნული პრობლემების უმრავლესობა ეხება ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსაც, როგორც მესაკუთრეებს. კრიტიკულ მიდგომას მოითხოვს ასევე მრავალგვარი სახელმწიფო სააგენტოები, რომელთაც მინიჭებული აქვთ კაპიტალისტური მესაკუთრის ტიტული. ასეთი სააგენტოები ხშირად იქცევიან ხოლმე შუამავალ ორგანიზაციებად, რომელთა დახმარებითაც პოლიტიკური ჯგუფები თავიანთ გავლენას ავრცელებენ ეკონომიკაზეც.
![]() |
12 მითები და ფაქტები |
▲back to top |
პოლონეთშიც და სხვა პოსტსოციალისტურ ქვეყნებშიც ეკონომიკის ტრანსფორმაციის დასაბამიდანვე მრავალ ადამიანს ჰქონდა იმის შიში, თუ რა შედეგებს მოიტანდა ყოველივე ეს. საზოგადოების წარმოდგენაში დამკვიდრებულია მრავალი მითი, განსაკუთრებით პრივატიზაციის ირგვლივ. ეს მნიშვნელოვანწილად გამოიწვიეს ჟურნალისტებმა, პოლიტიკოსებმა და ექსპერტებმა, რომლებიც ამგვარი ,,შავი პროპაგანდის“ გზით, რაც რეფორმების წინააღმდეგ იყო მიმართული, ცდილობდნენ პოპულარობის მოპოვებას. დღეისათვის გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნები ფლობენ მეცნიერულ ანალიზის შედეგებს ეკონომიკური გარდაქმნების თაობაზე, რომელთა საფუძველზეც გარკვეული დასკვნების გაკეთება შეიძლება. აქ შევეცდები წარმოვადგინო ის ძირითადი დასკვნები, რომლებიც გაკეთებულია ცნობილი მეცნიერების რომან ფრიდმანის, ჩერილ გრეის, მარკ ჰესელის და ანდრეი რაპაჩინსკის სპეციალურ გამოკვლევებში და რომელიც ეხება პოსტსოციალისტურ ქვეყნებში მიმდინარე პრივატიზაციის შედეგებს. თანამედროვე სტატისტიკური მეთოდების გამოყენებით ავტორებმა ჩეხეთში, პოლონეთსა და უნგრეთში 1990-1994 წლებში განხორციელებული სახელმწიფო საწარმოების პრივატიზაციის შედეგები ერთმანეთს შეადარეს. აი, ამ კვლევების საბოლოო დასკვნები:
1. 1990-93 წლებში ამ ქვეყნების ყველა საწარმომ განიცადა ძლიერი დარტყმა, რაც სოციალისტური ეკონომიკის ლიკვიდაციითა და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის დანერგვით იყო გამოწვეული. მხოლოდ 1990-91 წლებში შესწავლილ ფირმათა უმრავლესობამ პროდუქციის რეალიზაციის მოცულობები 30%-ზე მეტად შეამცირა. ამასთან, საანალიზო პერიოდის განმავლობაში პრივატიზირებულმა ფირმებმა მიაღწიეს გაცილებით უკეთეს შედეგებს, როგორც დასაქმებულთა რიცხოვნობის ზრდის, ისე პროდუქციის წარმოებისა და რეალიზაციის მიხედვით, ვიდრე სახელმწიფო საწარმოებმა, ანუ მათ, რომელთაც არ შეეხოთ პრივატიზაცია;
2. პრივატიზირებულ საწარმოებს სახელმწიფო საწარმოებთან შედარებით განსაკუთრებით დიდი უპირატესობა ჰქონდათ გასაღების ბაზრების, მათ შორის, ახალი ბაზრების მოპოვების სფეროში. შედეგად, პირველი სახის ფირმებმა წლიური ვაჭრობის მაჩვენებლები გაზარდეს 1,5%-ის ოდენობით, მაშინ, როდესაც სახელმწიფო საწარმოებმა ანალოგიერი მაჩვენებლები 17,5 პროცენტით შეამცირეს;
3. სახელწიფო საწარმოებთან შედარებით თავიანთი გაცილებით მაღალი მობილურობის წყალობით (განსაკუთრებით პროდუქციის რეალიზაციის სფეროში) კერძო ფირმებმა შეძლეს ასევე გაცილებით უფრო დიდი და სერიოზული შედეგების მიღება შრომითი რესურსების დასაქმების სფეროშიც. ეს დასკვნა საფუძველშივე ეწინააღმდეგება იმ შეხედულებას, თითქოს პრივატიზაცია შრომის ბაზრის შემცირებას იწვევდეს. როგორც აღნიშნული კვლევებიდან ჩანს, საქმე უფრო პირიქით არის: სწორედ პრივატიზაციის შეყოვნება იწვევს უმუშევრობის წარმოშობას. საინტერესოა აღინიშნოს ისიც, რომ ამ მხრივ პრივატიზირებული ფირმების უპირატესობანი სახელმწიფო საწარმოებთან შედარებით თავს იჩენს დაუყოვნებლივ და არა გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, როგორც ამას ადგილი აქვს ზოგიერთი სხვა პროცესების განვითარებისას. კერძოდ, საწარმოს პრივატიზაციისთანავე იზრდება დასაქმების მაჩვენებელი, რომელიც დიდწილად ანეიტრალებს აქამდე დასაქმებული ზოგიერთი მუშაკის გათავისუფლების შედეგად წარმოშობილ უმუშევრობას. ამასთან, სახელმწიფო საწარმოებში, იმის გამო, რომ მათ არ ძალუძთ წინ აღუდგნენ წარმოების დაცემის და განსაკუთრებით, წარმოების რეალიზაციის მაჩვენებლების შემცირების პროცესებს, სხვა გზას ვერ ნახულობენ, გარდა შრომითი რესურსების ახალი და ახალი პარტიების გათავისუფლებისა;
4. პრივატიზირებულ ფირმათა შორის დასაქმების სფეროში ყველაზე საუკეთესო შედეგებს ავლენენ ის ფირმები, რომელთაც უცხოური კაპიტალი მოიზიდეს;
5. პრივატიზირებულმა ფირმებმა სახელმწიფო საწარმოებთან შედარებით გაცილებით უკეთესი შედეგები უჩვენს ასევე შრომის მწარმოებლურობის მაჩვენებლების მიხედვითაც, რაც აქ დასაქმებულ მუშაკთა შრომის ანაზღაურების ამაღლებასაც უზრუნველყოფს. აღნიშნულ კვლევებში წარმოდგენილი დასკვნები სრულიადაც არ იყო მოულოდნელი მათთვის, ვინც სწრაფ რეფორმებში, მ. შ. სწრაფ პრივატიზაციაში, ხედავდნენ ეკონომიკის დაჩქარებული განვითარების აუცილებელ წინაპირობას და ასევე იმ უარყოფითი მემკვიდრეობის ლიკვიდაციის გზას, რაც სოციალისტურმა წარმოების წესმა დაგვიტოვა.
პრივატიზაციის პროცესების დაჩქარების აუცილებლობას იქ, სადაც იგი აქამდე შეყოვნებული იყო, ადასტურებენ ასევე მსოფლიო ბანკის წინადადებით განხორციელებული კვლევების ავტორები: გერჰარდ პოლი, რობერტ ანდერსენი, სტინ კლასენსი და სიმეონა დიჯანკოვა. მათი კვლევები ეხებოდა 1992-1995 წლების პერიოდს. მათ ამ პერიოდში ბულგარეთში, ჩეხეთში, პოლონეთში, რუმინეთში, სლოვაკეთსა და სლოვენიაში შეისწავლეს 6300-ზე მეტი ფირმის საქმიანობა. მათი კვლევის უმთავრესი აქცენტი გაკეთებული იყო ამ ქვეყნებში პრივატიზაციის მიმდინარეობასა და მის შედეგებზე. აი, ამ კვლევების ზოგიერთი შედეგები:
1. საწარმოების მუშაობის ეფექტურობა გაცილებით გაიზარდა იქ, სადაც განახორციელეს ეკონომიკური რეფორმა (პოლონეთი, ჩეხეთი, უნგრეთი, სლოვაკეთი, სლოვენია), ვიდრე იქ, სადაც ეს რეფორმები გადადებული იყო (ბულგარეთი, რუმინეთი). რეფორმების შეყოვნება აუარესებს საწარმოთა განვითარების პერსპექტივებს;
2. პრივატიზაცია ფირმების რესტრუქტურიზაციის უაღრესად მნიშვნელოვანი ფაქტორი აღმოჩნდა. საწარმოს მიერ პრივატიზაციის განხორციელებიდან ოთხი წლის განმავლობაში მისი მუშაობის საერთო ეფექტურობა გაიზარდა სამჯერ, ზოგჯერ ხუთჯერ უფრო მეტად, ვიდრე იმ ფირმებში, რომელთა მესაკუთრედ ამ პერიოდში დარჩა სახელმწიფო. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შეხედულება - ჯერ რადიკალური რესტრუქტურიზაცია, ხოლო შემდეგ პრივატიზაცია, არის მავნე უაზრობა. პრივატიზაცია არის საწარმოს განვითარების გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი, შეუცვლელი გზა, ვიდრე მისი რესტრუქტურიზაცია;
3. აღნიშნულმა მეცნიერულმა კვლევებმა დაადასტურეს ის ჭეშმარიტება, რომ პრივატიზაცია, რომელიც ხელს უწყობს საწარმოს ხელისუფლების კონცენტრაციას, გაცილებით უფრო მეტი შედეგის მომცემია, ვიდრე პრივატიზაცია, რომლის დროსაც ეს ხელისუფლება უფრო ნაწილდება და ქუცმაცდება. ამიტომ მეტად აქტუალურია, რომ საწარმოს პრივატიზაციის დროს გათვალისწინებული იყოს მისი გადაცემა თუ მთლიანად არა, თანამესაკუთრის უფლებით მაინც სოლიდური, სტრატეგიული ინვესტორისათვის;
4. ცუდი, ანუ უიმედო კრედიტები ძირითადად გაცემული იყო სახელმწიფო ბანკების მიერ. ამავე დროს კერძო (პრივატიზებული) ფირმებისათვის გაცემული კრედიტები იყო გაცილებით უფრო დასაბუთებული. აქედან გამომდინარე, ბანკების და საწარმოების პრივატიზაცია არის იმის აუცილებელი პირობა, რომ ჩვენს მიერ ბანკებში შეტანილი ფული ემსახუროს საწარმოების განვითარებას, ნაცვლად იმისა, რომ დაფაროს მათი არაგონივრული მმართველობით გამოწვეული ზარალი.
დაგროვილი გამოცდილება, და მათ შორის, ზემოთ აღნიშნული კვლევების შედეგები, არ ტოვებს არავითარ ეჭვს იმისას, რომ ისინი, ვინც აყოვნებენ სიღრმისეული პროცესების განხორციელებას, მოქმედებენ ამ საწარმოს საზიანოდ, სახელმწიფო ხაზინის საზიანოდ და საერთოდ, ქვეყნისა და მისი ყველა მოქალაქის საზიანოდ.
![]() |
13 რატომ პრივატიზაცია? |
▲back to top |
პრივატიზაცია არის პოლონელთა ცხოვრების გაუმჯობესების და მათი კეთილდღეობის უმთავრესი გზა. სწორედ მისი განხორციელების შედეგად მოხერხდა უკანასკნელ ათ წელიწადში ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის გაორმაგება. ეს ურთიერთდამოკიდებულება უბრალოა: ეროვნული მეურნეობის განვითარება ძირითადად ეფუძნება სამამულო საწარმოების ეფექტურად მუშაობას. კონკურენციის პირობებში კი გაცილებით ეფექტურად საქმიანობენ კერძო ფირმები, ვიდრე სახელმწიფო საწარმოები.
პრივატიზაცია და დასაქმების დონე
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, გასაგები ხდება, რომ ახლანდელ სახელმწიფო საწარმოებში მომუშავე მუშაკებისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ მოხდეს მათი საწარმოს პრივატიზაცია. მიუხედავად გავრცელებული მითებისა, პრივატიზაციას შეუძლია დადებითი გავლენა მოახდინოს მუშაკთა დასაქმების საქმეზე. პრივატიზაცია ყველაზე კარგი მეთოდია უმუშევართა დასაქმების. ეს დასკვნა დაადასტურა პოსტსოციალისტურ ქვეყნებში მსოფლიო ბანკის მიერ ჩატარებულმა სპეციალურმა გამოკვლევებმა. ამასთან, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ პრივატიზაციის საწყის ეტაპზე შესაძლებელია დასაქმებულთა რიცხოვნობის გარკვეული შემცირება, მაგრამ შემდეგ, ფირმის ეფექტიანად მუშაობის კვალობაზე, კვლავ გაიზრდება აქ მომუშავეთა რაოდენობა.
გარდა ამისა, პრივატიზებული ფირმები გაცილებით სწრაფად ითვისებენ ახალ ტექნოლოგიებს, გაცილებით ინტენსიურად იზიდავენ კაპიტალს, რაც მათ სწრაფი განვითარების საშუალებას აძლევს. პრივატიზირებული ფირმის კაპიტალის გაზრდის წყაროდ იქცევა ასევე თავად ფირმის მიერ მიღებული მოგება. მათი რეინვესტიციაც ასევე ხდება ფირმაში ახალი მუშაკების მიღების საფუძველი. შრომასა და კაპიტალს შორის კონფლიქტის გადაჭრის ყველაზე საუკეთესო გზას, რის შესახებ საუბარიც ასე უყვართ ყოველი სახის მემარცხენე დაჯგუფებებს, სწორედ სახელმწიფო საწარმოების პრივატიზაცია წარმოადგენს. სახელმწიფო საწარმოებში, რომელთაც შრომის მწარმოებლურობის ამაღლების გაცილებით ნაკლები პოტენციალი გააჩნიათ, ყოველთვის არსებობს იმის საშიშროება, რომ შრომის ანაზღაურების გაზრდა ,,შეჭამს“ მთელ მოგებას, ანუ მომავლის კაპიტალს. შრომის ანაზღაურება ერთსა და იმავე დროს, შეიძლება იყოს დაბალი, მაგრამ იგივე მაჩვენებელი იმავდროულად შეიძლება იყოს მაღალიც, თუკი მისი გადაფარვა ფირმის შრომის ნაყოფიერებით და შესაბამისად, მისი შემოსავლებით არ ხდება.
არსებობს ისეთი სახელმწიფო საწარმოები, სადაც შრომის ანაზღაურება სწრაფად იზრდება, რის შედეგად საწარმო ზარალიანი ხდება. ასეთი საწარმოები წარმოადგენენ პარაზიტულ ორგანიზმებს საზოგადოებრივ სხეულზე, რადგან არ იხდიან ძირითად გადასახადებს, ეკოლოგიურ მოსაკრებლებს, გადასახადებს საპენსიო ფონდში და ა.შ.
პრივატიზაცია და ინფლაცია
სახელმწიფო საწარმოებს დიდი გავლენა აქვთ ასევე ინფლაციის დონეზე. ეს იქიდან გამომდინარეობს, რომ სახელმწიფო სექტორი თავისი უსაშველოდ გაზრდილი სახელფასო ფონდით დაწოლას ახდენს საქონელთა ფასებზე. რათა ასეთ სიტუაციაში წინ აღუდგეთ ინფლაციას, მით უფრო საჭიროა ცენტრალური ბანკის მონეტარული პოლიტიკის გატარება, რასაც ასეთ სიტუაციაში, ცხადია, უმუშევრობის გაზრდა მოჰყვება. ხელფასების ზრდა სიტუაციაში, როდესაც არ იზრდება შრომის ნაყოფიერება, ქვეყნის ხელისუფლებას უმუშევრობასა და ინფლაციას შორის არცთუ ისე ადვილი არჩევანის წინაშე აყენებს.
პრივატიზაცია და სახელმწიფო ფინანსები
პრივატიზაციის სწრაფი და გონივრული გატარების გარეშე ძალზე ძნელია სახელმწიფო ფინანსების გამოჯანმრთელება, რაც, თავის მხრივ, წარმოადგენს ეკონომიკის დინამიური განვითარების აუცილებელ პირობას. არაპრივატიზირებული ფირმები ხშირად ასრულებენ მუშაობას ზარალით, ხოლო გადასახადები იფარება მოგებიდან და არა ზარალიდან. მათი ამ გადაუხდელობის მთელი სიმძიმე აწვება სხვა ფირმებს, რომლებიც სოლიდურ და წესიერ გადამხდელებს წარმოადგენენ. ამ მიზეზის გამო, პრივატიზაცია, რომელიც სახელმწიფო საწარმოებს ფინანსური მდგომარეობის გამოსწორების საშუალებას აძლევს, აუცილებელი ხდება, რათა გაიზარდოს გადასახადების გადამხდელი ფირმების რიცხოვნობა. ამ გზით შესაძლებელი გახდება ასევე გადასახადების საერთო დონეზე ფიქრიც გვახსოვდეს: გადასახადების მაღალი დონის მიზეზი პრივატიზაციის შეფერხებაც არის.
პრივატიზაცია და საპენსიო რეფორმა
პოლონეთის პირობებში არის კიდევ ერთი მიზეზი, რათა პრივატიზაციის პროცესები დაჩქარდეს: ეს არის საპენსიო რეფორმა. ამჟამინდელ სიტუაციაში ისინი, ვისაც აქვს რეგისტრირებული სამუშაო ადგილი, იხდიან სპეციალურ გადასახადს სოციალური უზრუნველყოფის საპენსიო ფონდში. სწორედ ამ გადასახადების საფუძველზე ფინანსდება პენსიები და დახმარებები. მაგრამ ასეთი სისტემა ძალზე ძვირადღირებულია და ამასთან, გამორიცხული არ არის მისი გაკოტრება. ამასთან, მაღალი ანარიცხები, რომლებიც ფირმებმა აღნიშნულ ფონდში უნდა გადაიხადონ, ახალი სამუშაო ადგილების შექმნის სტიმულს უკარგავს მათ. ამიტომ ქვეყანაში დაწყებულია ახალი სისტემის ფორმირების პროცესი. მის ფარგლებში საპენსიო ფონდის შექმნა სრულიად ახალ საწყისებზე იქნება დაფუძნებული. მისი შექმნის საფუძველი ნაწილობრივ პრივატიზაციიდან მიღებული შემოსავლებიც გახდება.
ამიტომ, პრივატიზაციის ტემპების შენელება გამოიწვევს არა მხოლოდ ეროვნული მეურნეობის ზრდის შენელებას, არამედ შეაფერხებს საპენსიო ფონდის შექმნის პროცესსაც. ყველა იმ სფეროში, სადაც აქამდე პრივატიზაცია ნელა მიმდინარეობდა ან საერთოდ არ იყო ადგილიდან დაძრული, სასწრაფოდ უნდა იქნეს დაჩქარებული. ეს, უპირველეს ყოვლისა, ეხება ქვანახშირის მოპოვებას, სამხედრო მრეწველობას, ნავთობქიმიურ მრეწველობას, გემთმშენებლობას და ა.შ. აქ პრივატიზაციის თითოეული დღით დაგვიანება საკმაოდ ძვირი უჯდება საზოგადოებას.
როდესაც პოლონეთში რეფორმების გატარება დავიწყეთ, პრივატიზაცია საზოგადოებაში დიდ შიშს იწვევდა, ხოლო საწარმოთა მუშაკები მას მედგარ წინააღმდეგობას უწევდნენ. ეს შიში გამოწვეული იყო შრომის პირობების აქამდე უცნობი, პრინციპული ცვლილებებით. საზოგადოების ეს შიში კიდევ უფრო გაძლიერებული იყო ჟურნალისტების, პოლიტიკოსების და იმ ,,ექსპერტების“ მიერ, რომელთაც ამ გზით პოპულარობის მოპოვება სურდათ. ყველა როდი ხვდებოდა იმას, რომ ეს ,,ხალხის დამცველები“ ძალზე ხშირად სწორედ ხალხის საზიანოდ მოქმედებდნენ.
დროის გასვლასთან ერთად საზოგადოებაში პრივატიზაციის მიმართ მიდგომები შეიცვალა. ეჭვგარეშეა, ამაზე იმოქმედა პრაქტიკამ, საიდანაც ჩანდა, რომ გონივრულად გატარებული პრივატიზაცია არის შეუცვლელი გზა საწარმოთა წინსვლა-განვითარების, ხოლო მის გადავადებას ადრე თუ გვიან ისინი გაკოტრებამდე მიჰყავს.
დღეს საწარმოთა მუშაკების და პროფკავშირების წევრთა პროტესტები უფრო იქით არის მიმართული, რომ დაჩქარდეს ეს პროცესები. მათ აქვთ იმის უფლება, რომ მოითხოვონ ხელისუფლების ორგანოებისაგან ამ მიმართულებით სწრაფი გადაწყვეტილების მიღება. ამაზეა დამოკიდებული როგორც თავად ამ საწარმოების, ისე აქ დასაქმებული ადამიანების, მათი ოჯახების კეთილდღეობა. დღეს უკვე აღარავის შეუძლია პრივატიზაციის დაწყება თუ მისი ნელი ტემპებით განხორციელება საზოგადოების მხრიდან წინააღმდეგობით გაამართლოს.
კიდევ ერთხელ პრივატიზაციის შესახებ
იმის მტკიცება, რომ სწრაფ პრივატიზაციას შეუძლია უარყოფითად იმოქმედოს ამ პროცესების ხარისხზე და შესაბამისად, საწარმოთა პრივატიზირებიდან მიღებულ შემოსავლებზე, უაზრობად მიგვაჩნია. რაც უფრო გაგრძელდება პრივატიზაციის პროცესების განხორციელება, მით უფრო დაკარგავენ სახელმწიფო საწარმოები თავიანთ ღირებულებას. კომპეტენტური სპეციალისტი გაითვალისწინებს ყოველივე ამას და სათანადო სტანდარტების გამოყენებით პრივატიზაციას განახორციელებს სწრაფად და კარგად.
![]() |
14 განათლება |
▲back to top |
სტიმულის ძალა
როგორც წესი, ეკონომისტები საზოგადოების წარმოდგენაში ასოცირდებიან იმგვარ ადამიანებთან, რომლებსაც მხოლოდ ეკონომიკური კატეგორიები - ვალუტა, საპროცენტო განაკვეთი, სავალუტო კურსი, ინფლაცია, ბაზარი, ბირჟა, საკუთრება და ა.შ. აინტერესებთ. ცხადია, ეს ეკონომიკური კატეგორიები მართლაც წარმოადგენენ ეკონომისტების უმთავრესი დაინტერესების საგანს, და უაღრესად მნიშვნელოვან კატეგორიებს საზოგადოებრივი ცხოვრების განვითარებისა და ადამიანთა კეთილდღეობის ამაღლებისათვის, მაგრამ დიდი და გამოჩენილი ეკონომისტები იკვლევდნენ სხვა ისეთ პრობლემებსაც, რომლებსაც, ერთი შეხედვით, სრულიადაც არა აქვთ ეკონომიკური ხასიათი.
თანამედროვე ეკონომიკური მეცნიერების ფუძემდებელმა, ადამ სმიტმა თავისი პირველი ბრწყინვალე ნაშრომი ადამიანთა ურთიერთობებში სიმპათია-ანტიპათიის პრობლემებს მიუძღვნა. მეცხრამეტე საუკუნის გამოჩენილი მოაზროვნე, ჯონ სტიუარტ მილი იკვლევდა არა მხოლოდ წმინდა ეკონომიკურ პრობლემებს, არამედ თავისუფლების, კონსტიტუციის, დემოკრატიის და ა.შ. საკითხებსაც. მან დიდი წვლილი შეიტანა ლოგიკის განვითარების საქმეშიც. მათემატიკური ეკონომიკის ერთ-ერთი შემქმნელი ვილფრედო პარეტო თავისი დიდი დამსახურების გამო სოციოლოგიური მეცნიერების კლასიკოსად არის მიჩნეული. ჩვენს საუკუნეშიც არ იგრძნობა გამოჩენილი და მრავალმხრივ განათლებული ეკონომისტების სიმცირე. ჯონ მეინარდ კეინსმა, მეოცე საუკუნის ყველაზე ცნობილი ეკონომისტმა, მნიშვნელოვანი ნაშრომი დაწერა ალბათობის თეორიის სფეროში. მისმა ბრწყინვალე თანამედროვემ იუზეფ შემპეტერმაც, ინოვაციის თანამედროვე თეორიის და ეკონომიკური აზრის მონუმენტალური ისტორიის ავტორმა, სახელი გაითქვა თანამედროვე დემოკრატიის თავისი ანალიზით. ლუდვიგ ვონ მისესი, ფულის თეორიის ერთ-ერთი ავტორი და სოციალიზმის ბრწყინვალე კრიტიკოსი, თადეუშ კოტარბინსკისთან ერთად, პრაქსეოლოგიის ანუ ზუსტი მოქმედებების შესახებ მეცნიერების მთავარი შემოქმედია. ფრიდრიხ ჰაიეკი, საზოგადოებრივ-ეკონომიკური ფორმაციების გამოჩენილი ანალიტიკოსი, ავტორი ფულისა და კონიუნქტურული ციკლების შესახებ მნიშვნელოვანი შრომებისა, იკვლევდა ასევე სამართლის, მორალის და პროგნოზირების პრობლემებსაც. ჰერბერტ სიმონი, რომელიც ჰაიეკის მსგავსად ნობელის პრემიით დაჯილდოვდა ეკონომიკაში, არის გადაწყვეტილებების მიღების ფსიქოლოგიური თეორიის კლასიკოსი. სხვა ნობელისტმა, კენეტ აროუმ დაწერა მეტად საინტერესო წიგნი წარმომადგენლობითი დემოკრატიის პრობლემების მათემატიკური ანალიზის სფეროში და ასევე სერიოზული გამოკვლევა მიუძღვნა ჯანმრთელობის დაცვის ეკონომიკას. კიდევ ერთმა ნობელისტმა, ჯეიმს ბუხანანმა განავითარა და გააღრმავა კვლევები პოლიტიკური ქცევების ეკონომიკური ანალიზის სფეროში. ჯონ ჰაიცკმა, ასევე ნობელის პრემიის ლაურეატმა ეკონომიკაში, დიდი წვლილი შეიტანა ეკონომიკური ისტორიის კვლევის საქმეში.
ამ სიის გაგრძელება კიდევ შეიძლება, მაგრამ მოტანილი მაგალითებიც საკმარისია იმის საჩვენებლად, თუ რაოდენ მყიფეა ეკონომიკური მეცნიერების საზღვარი და საერთოდ, როგორ არის გადაჯაჭვული ერთმანეთზე საზოგადოებრივი მეცნიერებები. გამოჩენილი მეცნიერი ადვილად გადალახავს მათ აკადემიურ ბარიერებს. ეს კი მას ადამიანის ცხოვრებისეული პრობლემების კვლევას გაუადვილებს.
ადამიანური კაპიტალი
ბოლო 20-30 წლის მანძილზე ზემოაღნიშნული ტენდენციების გამოვლინებას წარმოადგენს ანალიტიკური ეკონომიკის ზოგადი კატეგორიებისა და მეთოდების გამოყენება ადამიანთა ქცევების ახსნისა და წინასწარგანჭვრეტის მიზნით იმ სფეროებში, რომლებიც ზოგჯერ, როგორც ,,არაეკონომიკური“, ისე მოიხსენიება. ერთ-ერთი მათგანია განათლება და მისი შედეგი, - ,,ადამიანური კაპიტალი“, ანუ განათლებული ადამიანების მიერ დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება. ტერმინ ,,კაპიტალის“ გამოყენება აქ არ შეიძლება ჩაითვალოს ჩვეულებრივ და უბრალო მეტაფორად. კაპიტალის ცნება შეიძლება წარმატებით გავაფართოოთ მის ტრადიციულ საზღვრებს გარეთ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამ ტერმინში შეიძლება ჩაიდოს გაცილებით მეტი შინაარსი, ვიდრე ეს არის ფული, დაბანდებული მოგების მიღების მიზნით, ფასიანი ქაღალდები და ა.შ. უფრო განზოგადოებული აზრით, კაპიტალი არის რესურსი, რომლის გამოყენებას სარგებლობა მოაქვს მისი მფლობელისათვის. ეკონომისტებს ძირითადად, აინტერესებთ ეკონომიკური სარგებელი, ანუ მოგების წყარო, რომლის მიღებაც შეიძლება ამ კაპიტალის დაბანდებით. ამასთან, კაპიტალის გონივრულად გამოყენებას, მატერიალურთან ერთად, შეიძლება მოჰყვეს სულიერი კმაყოფილების მოგვრაც მისი მეპატრონისათვის. კაპიტალის ამ ზოგად განსაზღვრებაში იგულისხმება ასევე ადამიანური კაპიტალიც. თუ გავიხსენებთ იმას, რომ კაპიტალის გაფართოების (გაზრდის) პროცესს ინვესტირება ეწოდება, მაშინ უნდა ვთქვათ, რომ განათლება არის ადამიანებში განხორციელებული ინვესტირება.
მაგრამ საქმე მხოლოდ ტერმინის ტევადობის გავრცობაში როდია. იგი გაცილებით არსებითია და ეს არის, როგორც ამას ეკონომისტთა კვლევები ადასტურებენ, ადამიანურ კაპიტალში ინვესტირების, ანუ მათი განათლების შესახებ გადაწყვეტილების მიღება. სხვა სახის გადაწყვეტილებების ანალოგიურად, კაპიტალის ინვესტირების შესახებ, ამ სახის გადაწყვეტილების მიღებაც დამოკიდებულია დაბანდებული კაპიტალის მოგების პროცენტის მოსალოდნელ დონეზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ასეთ შემთხვევაში ინვესტორის წინაშე დგება ალტერნატივა, სად დააბანდოს კაპიტალი, ეკონომიკის იმ სფეროში, საიდანაც უკუგება უფრო სწრაფად და უფრო მომგებიანად მოხდება, თუ განათლებაში, ანუ დარგში, რომელიც მოგების უკან დაბრუნებისათვის გაცილებით მეტ ხანს საჭიროებს. მეცნიერმა ეკონომისტმა, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ,,ადამიანური კაპიტალის“ თეორიის დამუშავებაში, თეოდორ შულცმა, ამ რამდენიმე წლის წინათ ამ სახის კვლევებში ნობელის პრემია მიიღო ეკონომიკის დარგში. ამ თეორიის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ასევე ნობელის პრემიის ლაურეატმა გარი ბეკერმაც.
თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პირობებში განათლების დონის ამაღლება მნიშვნელოვნად ზრდის ადამიანის მატერიალურ შემოსავლებს, რისი გავლენითაც, თანახმად ადამიანური კაპიტალის თეორიისა, პიროვნებას სტიმული ეძლევა, კვლავ აიმაღლოს ცოდნის დონე. ამ ურთიერთკავშირის საფუძველს წარმოადგენს ის შეხედულება, რომ ადამიანის განათლების დონის ამაღლება ზრდის როგორც თავად მისი შრომის ეფექტურობას, ისე იმ საწარმოს (ორგანიზაციის) შემოსავლებს, სადაც იგი მუშაობს, და საბოლოო ჯამში, იმ ქვეყნის საერთო კეთილდღეობის დონეს, სადაც იგი ცხოვრობს.
ცხადია ისიც, რომ ადამიანები ხშირად განათლების დონეს იმაღლებენ არა მხოლოდ ეკონომიკური მიზნებიდან გამომდინარე. მათ შეიძლება განათლების დონე აიმაღლონ ცნობისმოყვარეობის მოტივითაც, იმის გამოც, რომ ხშირად კარიერის გაკეთება დიპლომის ქონას უკავშირდება და ა.შ. განათლება გარკვეულად ამაღლებს ადამიანის პრესტიჟს, ეს არის ოჯახური ტრადიცია და ა.შ. მაგრამ მიუხედავად ამისა, ეკონომიკური მოტივები აქ მაინც გადამწყვეტია.
ერთ-ერთი მიზეზი „შვედური მოდელის“ კრიზისისა იყო ის, რომ მან მკვეთრად შეამცირა ადამიანურ კაპიტალში ინვესტიციების სტიმულირების მოტივები. ეს იყო უკანასკნელ ხანებამდე გატარებული ამ ქვეყნის პროფკავშირებსა და დამქირავებელთა შორის მიღწეული შეთანხმების შედეგი. აღნიშნული შეთანხმება, ძირითადად, ხელფასების პოლიტიკის დარეგულირებას ითვალისწინებდა და მკვეთრად ზღუდავდა ხელფასების დონეებს შორის განსხვავებას. მსგავს პრაქტიკას ადგილი ჰქონდა სოციალიზმის დროსაც, თუმცა, მაშინ სრულიად სხვა მიზეზები განაპირობებდნენ ამას. ამ უკანასკნელი სისტემის პირობებში ადამიანთა შემოსავლების გაზრდის ბუნებრივ მოთხოვნილებას ზღუდავდა სოციალისტური კორსეტი. აქედან გამომდინარეობდა პოლონელი ახალგაზრდობის სწრაფვა ისეთი სპეციალობის მიღებისაკენ, რომელთა საშუალებითაც მათ შეეძლოთ საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლა. ამ სპეციალობებს მიეკუთვნებოდა, მაგალითად, საგარეო ვაჭრობა, ინფორმატიკა, ხმელთაშუაზღვის არქეოლოგია და ზოგიერთი სხვა.
ის, თუ პრაქტიკაში რა დონით გამოიყენება ადამიანის მიერ მიღებული ცოდნა და კვალიფიკაცია, მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. კერძოდ, აქ გადამწყვეტ როლს თამაშობს წარმოებითი სისტემა, შრომის ორგანიზაციისა და ანაზღაურების ფორმები, კონკურენციის დონე, საგადასახადო სისტემა და ა.შ. თავისუფალი საბაზრო ეკონომიკური სისტემა გამუდმებულ მოთხოვნას აყენებს მაღალკვალიფიცირებულ და მაღალმწარმოებლური უნარის მქონე ადამიანებზე. იგი, ამასთან, მაღალ ეკონომიკურ დაინტერესებასაც სთავაზობს მათ. სამაგიეროდ, სოციალიზმის ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა ის, რომ ადამიანების მიერ მიღებული ცოდნისა და კვალიფიკაციის გამოყენება არ ხერხდებოდა ანტიინოვაციური და მფლანგველობითი ეკონომიკური სისტემის გამო. ამის შედეგად ყველა, განსაკუთრებით კი დიდი ცოდნის მარაგის მქონე ადამიანები, იმედგაცრუებულები რჩებოდნენ და შიდა თუ გარე ემიგრაციის გზას ადგებოდნენ, ან თანდათანობით კარგავდნენ იმ ცოდნას, რომელიც მათ სკოლებსა თუ ინსტიტუტებში ჰქონდათ მიღებული, ნაცვლად იმისა, რომ კიდევ უფრო სრულეყოთ იგი პროფესიონალურ გარემოში. რადიკალური ეკონომიკური რეფორმა, რომელიც პოლონეთში გატარდა 1989 წლის შემდეგ, იყო აბსოლუტურად აუცილებელი პირობა, რათა განათლების სისტემის მიერ „წარმოებული პროდუქტი“ შესაფერისად გამოყენებულიყო და განვითარებულიყო ადამიანების მიერ. იმის ერთ-ერთ ნიშანს, რომ ამ სფეროში მართლაც აქვს ადგილი გარკვეულ დადებით ცვლილებებს, წარმოადგენს, როგორც ამას უჩვენებს პროფ. იან ჩაპინსკის გამოკვლევები, შრომის შედეგებით გამოხატული უკმაყოფილების შემცირება საშუალო და უმაღლესი განათლების მქონე ადამიანებს შორის და ასევე ალკოჰოლის გადაჭარბებით გამოყენების შემთხვევების კლება გამოკითხულთა ამავე ჯგუფში (ამასთან, ეს მაჩვენებელი გაიზარდა დაწყებითი განათლების მქონე ადამიანებს შორის).
საჭიროა ყურადღება მიექცეს კიდევ ერთ გარემოებას. 1989 წელს „განათლების პროდუქტი“ ანუ „ადამიანური კაპიტალი“, თუმცა, საუკეთესოდ არ იყო გამოყენებული, მაგრამ მნიშვნელოვნად იყო შეკავებული ქვეყანაში გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვით. შემდეგ პერიოდში, ანუ უკვე აღნიშნული წლის ბოლოს, პოლიტიკური ცვლილებების შედეგად, საპასპორტო შეზღუდვები მოიხსნა, რაც იმას ნიშნავდა, რომ უნარიან და მომზადებულ ახალგაზრდებს პოლონეთში დარჩენას (გარდა პატრიოტული მოტივებისა) მხოლოდ კარიერის გაკეთებისა და კარგად ანაზღაურებადი სამუშაოს პოვნის პერსპექტივები თუ აიძულებს. ეს ყოველივე კი რეფორმების წარმატებაზეა დამოკიდებული. ეკონომიკური რეფორმების შეფერხება პოლონეთს ამ უძვირფასესი ადამიანური კაპიტალის დაკარგვის საფრთხის ქვეშ დააყენებდა, რაც ქვეყნის განვითარების უცილობელ შეფერხებას გამოიწვევდა.
![]() |
15 ბაზრისა და დემოკრატიის სკოლა |
▲back to top |
სკოლები
მომავალი თაობების საგანმანათლებლო სფეროს უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენს სპეციალიზებული განათლების სისტემა, ანუ სხვადასხვა დონისა და ტიპის სკოლები. სკოლას უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ცალკეული ადამიანის, ისე საზოგადოების საქმიანობისა და განვითარებისათვის. მაგრამ ადამიანის განათლების გარემოს საზოგადოებრივი ცხოვრების სხვა სფეროებიც ქმნიან. აქ განსაკუთრებით უნდა დასახელდეს ოჯახი და მასთან დაკავშირებული მშობლისა და შვილების კავშირურთიერთობანი, რაც ცოდნის გადაცემის ძალზე ეფექტური საშუალება და ყოველი მომავალი თაობის განვითარების საფუძველია. აქ წარმოიშვება მნიშვნელოვანი პრობლემა, თუ როგორ მოვახდინოთ იმ განსხვავების კომპენსაცია, რომელსაც ადგილი აქვს საზოგადოების სხვადასხვა ფენის ბავშვების სასტარტო მდგომარეობაში და განსაკუთრებით კი ის, თუ რა როლი უნდა ითამაშოს ამ საქმეში განათლების ფორმალურმა სისტემამ.
ოჯახური გარემოს როლი
კვლევების შედეგად ცხადი ხდება, რომ საგანმანათლებლო პირობებში განსხვავების 60%-ზე მეტი ოჯახის მატერიალურ პირობებში განსხვავებით არის გამოწვეული. ათასგვარი ოჯახური პათოლოგიები (პოლონეთში, ძირითადად, ალკოჰოლიზმი) და მასთან დაკავშირებული ხშირი ოჯახური დრამები რადიკალურად აქვეითებენ მომავალი თაობის მიერ საზოგადოებაში დაგროვილი ცოდნის მიღების საშუალებას. განათლების სფეროში სტრატეგიის მიზანი უნდა იყოს წინ აღუდგეს ამ საშიშროებას და მისი შედეგების ერთგვარი კომპენსირება მოახდინოს. ეს არის როგორც ეკლესიის, ასევე მრავალრიცხოვანი ნებაყოფლობითი საზოგადოებების ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაც. ოჯახი, როგორც მექანიზმი თაობათაშორისი კავშირების და ცოდნის გადაცემისა, ძალიან სერიოზულ როლს თამაშობს განათლების საერთო სისტემაში. განათლების თვალსაზრისით ოჯახური გარემო მით უფრო უკეთესია, რაც უფრო განათლებულები არიან მშობლები. ეს ურთიერთკავშირი განსაკუთრებით ძლიერია პოლონეთში. მას საფუძვლად უდევს ცოდნის უშუალო გავლენა მშობლების ქცევაზე და, ალბათ, ასევე ისიც, რომ განათლების დონე უკვე უშუალოდ უკავშირდება შემოსავლების დონეს, ხოლო ამ უკანასკნელს, თავის მხრივ, აქვს გარკვეული მნიშვნელობა განათლების პირობების შექმნაზე (ეს თუნდაც წიგნების შეძენისათვის არის განმაპირობებელი). ამასთან, საჭიროა აღინიშნოს ისიც, რომ განათლებისა და შემოსავლების კავშირის ძალა ძალზე სერიოზულად არის დამოკიდებული წარმოების წესთან. სოციალიზმის დროს იგი გაცილებით სუსტი იყო, ვიდრე კონკურენციული კაპიტალიზმის დროს. განათლება მხოლოდ ამ ბოლო დროს, ერთი სისტემის მეორეთი შეცვლის დროს იბრუნებს თავის ეკონომიკურ ღირებულებას.
ოჯახური გარემოს ხარისხის დამოკიდებულება მშობლების განათლების დონესთან იმას ნიშნავს, რომ განათლების კარგ სისტემას ორი ეფექტი მოაქვს: ერთი უშუალო, რომლის დახმარებითაც მომავალი თაობა საფუძვლიან განათლებას იღებს, განათლებული ადამიანი ზრდის თავისი შრომის ეფექტურობას, საშუალება ეძლევა უკეთ შეიცნოს სამყარო და ა.შ. მეორე ეფექტი წარმოიშვება მაშინ, როდესაც კარგად აღზრდილი თაობა თავად გამოდის მშობელთა როლში და თავისი კვალიფიკაციის წყალობით აღწევს იმას, რომ უკეთ აღზარდოს შვილები. განათლების კარგმა სისტემამ ორივე ამ ფუნქციის შესრულებას უნდა გაართვას თავი.
სხვა ორგანიზაციების საგანმანათლებლო როლი
საგანმანათლებლო გარემოს შემდგომ მნიშვნელოვან ელემენტს, ზოგიერთ ქვეყნებში მაინც, წარმოადგენენ ეკლესიები და სხვა რელიგიური ორგანიზაციები. მათი საქმიანობა, გარკვეულწილად, ავსებს საგანმანათლებლო სისტემის ნაკლოვანებებს, რადგან ეს დაწესებულებებიც ფლობენ სხვადასხვა სახის სკოლებსა თუ სხვა სახის საგანმანათლებლო დაწესებულებებს. თუ ისტორიული ასპექტით შევხედავთ, მათი როლი და დანიშნულება კიდევ უფრო დიდია. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში კათოლიკური სკოლები ყველა სახის დაწყებითი თუ საშუალო სკოლების დაახლოებით 70 პროცენტს შეადგენს. ისინი საკმაოდ მაღალი პოპულარობით სარგებლობენ ამერიკულ საზოგადოებაში.
ადამიანების აღზრდის საქმეში საკმაოდ სერიოზული როლის შესრულება შეუძლია სამსახურს. იმისდა მიხედვით, თუ რომელი სისტემის პირობებში უხდება ადამიანს მუშაობა, უყალიბდება მას შრომისადმი კარგი თუ ცუდი დამოკიდებულების გრძნობა. სოციალიზმის პირობებში ეს დამოკიდებულება ძალზე ნეგატიური იყო. მაშინ ძალიან იყო გავრცელებული გამოთქმა: ისე ვმუშაობთ, როგორც გვიხდიანო. სოციალისტური მფლანგველობიდან და ნაკლებეფექტიანი შრომიდან კონკურენციულ, კაპიტალისტურ შრომაზე გადასვლამ გამოიწვია ეკონომიკურად კარგად, გონივრულად ორგანიზებული შრომის და ეფექტური მუშაობის წახალისება, ხოლო უყაირათო, არაეფექტური მუშაობის დასჯა. როგორც იუზეფ ტისხერი (მეოცე საუკუნის ცნობილი პოლონელი რელიგიური მოღვაწე -ა.გ.) წერს, სოციალისტური ცხოვრების წესის თავისუფალი საბაზრო ეკონომიკური სისტემით შეცვლა მხოლოდ უბრალო სამეურნეო ცვლილებები როდი იყო, ამას სერიოზული ცვლილებები მოჰყვა შრომის ეთიკაშიც.
ტელევიზია და სხვა მასობრივი საშუალებები
იმ ელემენტებიდან, რომლებიც განასხვავებენ განათლების თანამედროვე საშუალებებს ადრინდელისაგან, პირველ რიგში, უნდა მოვიხსენიოთ მასობრივი ინფორმაციის საშუალებები და განსაკუთრებით მათგან ყველაზე მძლავრი, როგორც თავისი .გავლენით, ისე პოპულარობით - ტელევიზია. მისი ძლიერება, სხვათაშორის, ემყარება იმას, რომ მას შეუძლია ძალზე ძლიერად იმოქმედოს ადამიანის ემოციებზე. ამერიკელი ფსიქოლოგების გამოკვლევებმა ცხადყვეს, რომ მიზანმიმართულმა გადაცემებმა შეიძლება ადამიანებს მოაწონონ ის, რაც, სხვა შემთხვევაში, მას ნამდვილად არ მოეწონებოდა. უფრო მეტიც, უარყოფდა როგორც აბსურდულს, იგი რომ მას წიგნში წაეკითხა. აქედან გამომდინარე, ტელევიზია შეიძლება იქცეს სხვადასხვა მანიპულირების იარაღად, ხოლო მანიპულირებული პროგრამები ამჟამად ძალიან პოპულარულია.
ამ, ადამიანის გონებაზე პოტენციალურად გამანადგურებელი გავლენის წინააღმდეგ აფრთხილებდა საზოგადოებას თავის ბოლო, სიკვდილის წინ დაწერილ წიგნში კარლ პოპერი. მაგრამ, ამასთან ერთად, ტელევიზია შეიძლება გახდეს მშვენიერი საშუალება პოზიტიური ცოდნის მისაღებად. ამიტომ ტელევიზიის მძლავრი გავლენის მოხდენის თეზიდან კეთდება დასკვნა, თუ რა პასუხისმგებლობა ეკისრებათ იმ ადამიანებს, ვინც მას ხელმძღვანელობს, ან ვინც ტელევიზიის მეშვეობით საუბრობს.
სამი ეფექტი
კარგი განათლება სამ უმთავრეს ეფექტს იძლევა:
პირველი მათგანია შესაბამისი განათლება მიღებული ადამიანის მიერ შრომის ნაყოფიერების გაზრდა. საბაზრო ეკონომიკის პირობებში მაქსიმალურად ხერხდება ამ პოტენციალის გამოყენება, რაც ეროვნული მეურნეობის განვითარების საფუძველი ხდება და იმავდროულად განათლებულ და ინიციატივიან ადამიანს მეტი შემოსავლების მიღების საშუალებას აძლევს.
მეორე ეფექტს წარმოადგენს ის, რომ კარგი განათლება აფართოებს, ყოველ შემთხვევაში, ზოგჯერ მაინც, იმ სიკეთეთა ფარგლებს, რომელთა მეშვეობითაც ადამიანი სიამოვნებას ღებულობს. ეს განსაკუთრებით კულტურის სფეროს სიკეთეთ ეხება: ლიტერატურას, ხელოვნებას, კინოს და ა.შ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, განათლებას ხელეწიფება გარკვეულ დონემდე სრულყოს ადამიანის გემოვნება, რის შედეგადაც ბაზარი უფრო ,,კულტურული“ ხდება. შედეგად მივიღებთ იმას, რომ მომხმარებელი თავისი ხარჯებით დააფინანსებს ხელოვანთა შემოქმედებას. თავის მხრივ ამის შედეგად შემოქმედი სახელმწიფოზე, როგორც მეცენატზე, ნაკლებად დამოკიდებული ხდება.
განათლების მესამე ფუნქციას შეადგენს ის, რომ სახელმწიფოში, რომელიც დემოკრატიის გზას ადგას, ადამიანებს დამოუკიდებელი არჩევანის გაკეთება შეეძლებათ. ასეთ სახელმწიფოში კი ადამიანი ყოველთვის არჩევანის გაკეთების წინაშეა, მაშინაც კი, როდესაც არჩევნებში არ მონაწილეობს, ვინაიდან იგი ამითაც გარკვეულად ზემოქმედებს პოლიტიკურ პარტიათა თუ ცალკეულ კანდიდატთათვის მისაცემ ხმათა განაწილების პროცესზე. ცხადია, განათლებული და კარგად მომზადებული ადამიანების არჩევანიც გაცილებით უკეთესი იქნება, ვიდრე გაუნათლებელის. ამიტომ კარგი განათლების მიღება შეიძლება განვიხილოთ როგორც ეფექტიანი ინვესტიცია სახელმწიფოს დემოკრატიულ გარდაქმნებში.
ვფიქრობ, რომ განათლების წვლილი ქვეყნის განვითარებაში განსაკუთრებით მაშინ იქნებოდა არსებითი, როდესაც სასკოლო პროგრამებში მცირე ადგილი მაინც ექნებოდა დათმობილი ფორმალური ლოგიკის ელემენტებს, რომელთა მიხედვითაც ადამიანები განათლებას იღებდნენ ჯერ კიდევ არისტოტელეს დროს. მარტივად რომ ვთქვათ, ფორმალური ლოგიკა არის კამათის ხელოვნება სიტყვების საშუალებით, ისევე, როგორც მათემატიკა შეთანხმების მიღწევაა სიმბოლოთა გამოყენებით. სხვათა შორის, ლოგიკა გვაჩვენებს, თუ სწორად როგორ ჩამოვაყალიბოთ სხვადასხვა ცნებები, როგორ გადავიდეთ მოცემულობებიდან დასკვნებზე, როგორ განვასხვავოთ სწორი დასკვნა მცდარისაგან და სხვ. ფორმალური ლოგიკის მიხედვით პოლონელ პოლიტიკოსთა მრავალი მოთხოვნა აბსურდული აღმოჩნდებოდა.
ძველებური მოდელი
როდესაც განათლების სისტემაზე ვსაუბრობთ, თავიდან უნდა მოვიცილოთ ძველი და გაცვეთილი შეხედულება იმის შესახებ, თითქოს აუცილებელი იყოს განათლებას მხოლოდ სახელმწიფო სკოლების ხასიათი ჰქონდეს, რომ მათ სახელმწიფო უნდა აფინანსებდეს და ასევე მკაცრად აკონტროლებდეს, ყოველგვარი ინდივიდუალური არჩევანის გაკეთების გარეშე. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ განათლების ამგვარი ცენტრალიზება წარმოსდგება, - როგორც ეს დასკვნა თავდაპირველად გააკეთა ამერიკელმა მეცნიერმა შელდონ რიხმანმა, - მეთვრამეტე საუკუნის პრუსიიდან. აქ იგი შემოღებული იყო იმ მიზეზით, რომ აღეზარდათ დამჯერე მოქალაქეები და დისციპლინირებული ჯარისკაცები. ფრიდრიხ დიდმა, პრუსიის სახელმწიფო ძლიერების შემქმნელმა, ერთხელ წარმოთქვა: „ხელისუფალი საზოგადოებისათვის იგივეა, რაც თავი ადამიანისათვის. მისი მოვალეობაა დაინახოს, იფიქროს და იმოქმედოს საზოგადოებისათვის.“ აი, ეს არის ეტატიზმის იდეალი. საკმარისია ხელისუფლის ნაცვლად ვიხმაროთ სახელმწიფო (გაგებული როგორც ცენტრალიზებული ხელისუფლება), რომ დავინახავთ, თუ როგორ არის ეს ანტილიბერალური იდეალი გავრცელებული დღევანდელ პოლონეთში, როგორც ,,მემარცხენეთა“, ისე ,,მემარჯვენეთა“ შორის.
განათლების პრუსიული პრაქტიკა აღიარებულია როგორც მოდელი და გავრცელებულია სხვა ქვეყნებშიც უპირატესად იმიტომ, რომ აქ დიდ მოწონებას იმსახურებდა პრუსიის ჯარის მომზადებისა და გაწვრთნილობის დონე. პრუსიაში და ყველგან იქ, სადაც პრუსიული წეს-წყობილება მოსწონდათ, მასწავლებელი გაიგივებული იყო სახელმწიფო მოხელესთან, ხოლო სკოლები თავისი ორგანიზაციის წესით სამხედრო-საწვრთნელ პოლიგონებს უფრო წააგავდა. სხვა ინიციატივისათვის სკოლაში ადგილი აღარ რჩებოდა. იქნებ ცოტას ვაჭარბებ კიდეც, რადგან, მიუხედავად ყველაფრისა, იმ პერიოდის პრუსიაშიც არსებობდნენ პედაგოგები, მაგრამ ეს უფრო გამონაკლისი იყო, ვიდრე წესი.
განათლება სოციალიზმის დროს
საერთოდ, წინა სისტემის არსებობის პირველ წლებში ადგილი ჰქონდა განათლების სწრაფ, ექსტენსიურ განვითარებას. მაგრამ შემდგომ პერიოდში ეს ტემპები გაცილებით შენელდა და განათლების სისტემის აშკარა დეფორმაცია მოხდა. ეს ძირითადად გამოწვეული იყო არსებული პოლიტიკური სისტემის მფლანგველობითი ბუნებით, მისი მბრძანებლურ-ადმინისტრაციული ხასიათით და არადემოკრატიული არსით. პოლონეთს რომ შეძლებოდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ განევითარებინა თანამედროვე, დემოკრატიული კაპიტალიზმი, ქვეყნის საზოგადოების განათლების (და მეცნიერების) მიღწევები გაცილებით მაღალი და წარმოსაჩენი იქნებოდა. მათ, ვინც ომის შემდგომ პოლონეთში ამ სფეროში გარკვეულ წარმატებებს მიაღწია, არ შეიძლება პოლონეთის მიმართ რაიმე მადლიერების გრძნობა ჰქონდეთ. ამგვარი გრძნობა შეიძლება ჰქონდეთ მათ, ვინც ვერავითარ ამდაგვარ წარმატებას ვერ მიაღწევდა პოლონეთის სახალხო რესპუბლიკის გარეშე. ისინი, სხვა შემთხვევაში, ვერც ვერავითარ სამეცნიერო კარიერას ვერ გაიკეთებდნენ და ვერც რაიმე მნიშვნელოვან თანამდებობას მოიპოვებდნენ.
განათლების იმ სისტემას, რომელიც ჩვენ სოციალიზმის კრახის შემდეგ მივიღეთ, რამდენიმე დამახასიათებელი თვისება გააჩნია. ერთ-ერთი მათგანია ძალზე ძლიერი ტენდენცია, რომელიც მშობლების განათლების სტატუსის მემკვიდრეობითობაში მდგომარეობს. მოკლედ რომ ვთქვათ, ამ ტენდენციის არსი იმაში გამოიხატება, რომ ყოველ მომდევნო თაობას წინა თაობის მშობლების უთანასწორობა გადაეცემა განათლების მიღების სფეროში. ეს უთანასწორობა კი ჩვენს ქვეყანაში გაცილებით დიდია, ვიდრე მაგალითად, ესპანეთში, ან მით უმეტეს, შეერთებულ შტატებში. ეს, რა თქმა უნდა, სრულიადაც არ შეესაბამებოდა სოციალიზმის დროს ნაქადაგებ თანასწორობის იდეას, მაგრამ რეალობა ასეთი იყო. როგორც ამას უჩვენებს პროფესორ იანუშ ჩაპინსკის კვლევები, პოლონეთში, ამ ქვეყნებისაგან განსხვავებით, იმ ოჯახების შვილებს, სადაც მშობლებიდან ყველაზე განათლებულს პროფესიულ-ტექნიკური განათლება ჰქონდა მიღებული, ჰქონდათ (ახლაც აქვთ), გაცილებით ნაკლები შანსი, მიეღოთ უმაღლესი განათლება, ვიდრე იმ ბავშვებს, რომელთა მშობლებსაც საფუძვლიანი უმაღლესი განათლება ჰქონდათ. ამ მხრივ, გაცილებით მძიმე მდგომარეობაში იყვნენ სოფლელი ბავშვები, რომლებიც უკვე საშუალო სკოლაში სწავლის დაწყებისთანავე გაცილებით ცუდად იყვნენ მომზადებულნი, ვიდრე მათი ქალაქელი თანატოლები.
სოციალისტური განათლების სისტემის მეორე უარყოფითი დამახასიათებელი ნიშანია ის, რომ დეფორმირებული იყო სწავლების სისტემა. მასში, ისევე როგორც სხვა სოციალისტურ ქვეყნებში, გადამწყვეტი ხვედრითი წილით იყო წარმოდგენილი ვიწრო სპეციალობის პროფესიული სკოლები. სამაგიეროდ, ნაკლები იყო ზოგადსაგანმანათლებლო ლიცეუმები. ასეთი სტრუქტურა გამომდინარეობდა სოციალისტური ეკონომიკის დაბალეფექტურობიდან, რომელიც მოითხოვდა უფრო მეტ ვიწრო სპეციალობის ადამიანს, ვიდრე ლიცეუმების კურსდამთავრებულებს. მაგალითად, 1988 წელს პოლონეთში ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის ერთ კურსდამთავრებულზე მოდიოდა პროფესიული სკოლის სამი კურსდამთავრებული. ამ მხრივ, სრულიად სხვაგვარად იყო მდგომარეობა დასავლეთ ევროპის ქვეყნებში. კერძოდ, ფინეთში ზოგად-საგანმანათლებლო სკოლის მოსწავლეების რიცხოვნობა სამჯერ აღემატებოდა პროფესიული სკოლის მოსწავლეების რიცხოვნობას, გფრ-ში - 1,9-ჯერ, ხოლო შვეიცარიასა და დიდ ბრიტანეთში - თითქმის 10-ჯერ. სოციალურ-ეკონომიკური სისტემის შეცვლამ პოლონეთში მყისიერად გამოიწვია პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლების რიცხვის შემცირება, რასაც არ მოჰყოლია ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლებლების რიცხვის ზრდა. პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლები დიდ ტვირთად დააწვა ახალ სისტემას და უმუშევრების ახალ-ახალი ნაკადი მოჰყვა. ცხადია, ეს პრობლემა დაუყოვნებლივ გადაწყვეტას მოითხოვს.
სოციალისტური განათლების სისტემის მესამე უარყოფით დამახასიათებელ ნიშანს წარმოადგენდა ის, რომ მთელ დაწყებით და საშუალო განათლების სისტემაში უმთავრესი ყურადღება გადატანილი იყო ენციკლოპედიურ განათლებაზე, ზოგადი განათლების მიცემის ნაცვლად. ამის შედეგად სკოლადამთავრებულს არ უყალიბდებოდა ინდივიდუალური აზროვნების უნარი, მას უჭირდა დამოუკიდებლად ინფორმაციის მოპოვება და სხვ. იმავდროულად, ზოგიერთი დისციპლინები, მაგალითად, პოლონეთისა ან თუნდაც თანამედროვე მსოფლიოს ისტორია, გაცილებით ნაკლებად ისწავლებოდა და ისიც ისწავლებოდა მხოლოდ ოფიციალური იდეოლოგიის პრიზმაში გატარების შემდეგ. ამის გამო, ჩვენთვის მემკვიდრეობით გადმოცემული განათლების სისტემა დაუყოვნებლივ პროგრამულ რეფორმას მოითხოვს.
მეოთხე მიზეზს წარმოადგენს ის, რომ უმაღლესი განათლების „უფასობის“ გამო (ანუ ხდებოდა ამ სისტემის დაფინანსება გადასახადებიდან) მცირე იყო ამ სასწავლებლებში მოსწავლეთა რიცხოვნობა. აქედან გამომდინარე, მასში უფრო მდიდართა შვილები სწავლობდნენ, ვიდრე ღარიბი ადამიანების. ეს კი ცხადია, ნიშნავს საზოგადოების ნაკლებად შეძლებული ნაწილიდან ფინანსური სახსრების გაცილებით შეძლებული ნაწილისაკენ გადასროლას.
სოციალისტური განათლების სისტემის შემდეგ უარყოფით დამახასიათებელ ნიშანს წარმოადგენდა ის, რომ უმაღლესი სასწავლებლის დასრულება, ეკონომიკური თვალთახედვით, ნაკლებ მნიშვნელოვანი იყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ იმ ადამიანს, ვინც უმაღლეს სასწავლებელს ამთავრებდა, არცთუ ისე მაღალი შემოსავალი ჰქონდა მასთან შედარებით, ვისაც მხოლოდ დაწყებითი ან საშუალო სკოლის დამთავრების დიპლომი გააჩნდა. ამგვარი გარემოება იმ ფაქტიდან გამომდინარეობდა, რომ ექსტენსიურ, არადინამიურ, ჩამორჩენილ სოციალისტურ ეკონომიკას ნაკლებად ესაჭიროებოდა მაღალი კვალიფიკაციის ადამიანები. ეს კი ხალისს უკარგავდა მათ, მიეღოთ უმაღლესი განათლება. მაგალითად, 1988 წელს უმაღლესი განათლების მქონე ადამიანები მხოლოდ 32%-ით მეტ შემოსავალს იღებდნენ, ვიდრე ისინი, ვისაც მარტოოდენ საშუალო განათლება ჰქონდა მიღებული.
თუმცა, დასასრულს ისიც უნდა ითქვას, რომ, ამ მხრივ, უკეთეს შედეგებს არც ის სისტემა გვაჩვენებს, რომელმაც სოციალისტური სისტემა შეცვალა. ამაზე მეტყველებს წერა-კითხვის ცოდნის გამომჟღავნების შესახებ საერთაშორისო კვლევების შედეგები. ამ შესწავლებმა ცხადყო, რომ პოლონეთი მკვეთრად ჩამორჩება ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OECD) ექვს ქვეყანას: კანადას, გერმანიას, ნიდერლანდებს, შვედეთს, შვეიცარიას და შეერთებულ შტატებს.
აქ დიდი მნიშვნელობა აქვს ასევე მასწავლებლის პრესტიჟსა და შრომის ანაზღაურებას. ძალზე ძნელია წარმოვიდგინოთ განათლების სისტემა მასწავლებლის გულმოდგინებისა და მაღალი კვალიფიკაციის შესაბამისად დაუფასებლობის გარეშე. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ 1982 წელს პოლონეთში მიღებული კანონი განათლების შესახებ, მასწავლებელს დასაქმების გარანტიას კი აძლევს, მაგრამ ეს მიიღწევა მათი შრომის მწირი ანაზღაურების ხარჯზე.
ქვეყანაში მიმდინარე რადიკალურმა ეკონომიკურმა რეფორმებმა უმაღლესი სასწავლებლების, განსაკუთრებით მისი ზოგიერთი სპეციალობების (ეკონომიკური, მენეჯერული, საგარეო ვაჭრობის, იურიდიული და სხვ.), კურსდამთავრებულებზე მოთხოვნა მკვეთრად გაზარდა. ამასთან, „მეტი ფასი“ დაედო ამგვარი სპეციალობების მქონე პირების შრომასაც. კერძოდ, აღნიშნულ სპეციალისტთა შრომის ანაზღაურება 1992 წელს 100%-ით უფრო მაღალი იყო, ვიდრე საშუალო განათლების მქონისა, ხოლო 1994 წელს - 137%-ით მეტი. ამგვარმა ცვლილებებმა განათლების სისტემაში მეტი სტიმული მისცა პოლონელ ახალგაზრდებს, მიეღოთ უმაღლესი განათლება. როგორც სამართლიანად აღნიშნავს პროფ. ჩაპინსკი, 1989 წლის შემდეგ უმაღლესი განათლება პოლონელი ახალგაზრდობისათვის უაღრესად მომგებიანი ინვესტიციების სფეროდ იქცა. შედეგად, 1997/98 აკადემიურ წელს სამჯერ უფრო მეტი სტუდენტი სწავლობდა ქვეყნის უმაღლეს სასწავლებლებში, ვიდრე 1989/90 წლებში. კიდევ უფრო დიდი იყო სტუდენტთა რიცხვის ზრდა ისეთი სპეციალობების მიხედვით, როგორიც არის ეკონომიური და იურიდიული. აქ სტუდენტთა რიცხოვნობა იმავე პერიოდში ხუთჯერ და მეტად გაიზარდა. ამ სახის ექსპანსია განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო დაუსწრებელი სწავლების სფეროში, სადაც სტუდენტები საკმაოდ დიდ გადასახადს იხდიან სწავლის მიღებისათვის.
მიუხედავად ყველაფრისა, უნდა აღინიშნოს, რომ, ამ მხრივ, ქვეყანაში ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. სამწუხაროდ, ჯერჯერობით, ამ სფეროში რადიკალური ცვლილებების განხორციელებას ხელს უშლის, ერთის მხრივ, ქვეყნის საგანმანათლებლო სექტორის არასაკმარისი დაფინანსება, ხოლო, მეორე მხრივ, მათთვის მინიჭებული ავტონომიის არასაკმარისი დონე. ასეთ პირობებში სახელმწიფოს ვალია, ისე მოაწყოს ახალგაზრდა თაობის აღზრდა-განათლების საქმე, რომ სწავლამოწყურებულ მომავალ თაობას სწავლის სტიმული არ გაუქრეს და ამის შედეგად ქვეყანამ არ დაკარგოს ის დიდი პოტენციალი, რომელიც ამ სფეროში დევს.
![]() |
16 XXI საუკუნის სკოლა |
▲back to top |
საყოველთაოდ მიჩნეულია, რომ თანამედროვე სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს გარკვეული ზემოქმედების ბერკეტები ახალგაზრდა თაობის სწავლა-აღზრდის სფეროოზე. ამასთან, სახელმწიფოსა და საგანმანათლებლო სისტემის ურთიერთობას ისეთი სახე უნდა მიეცეს, რომ არც მოწინავე, პროგრესული იდეები იდევნებოდეს და არც საგანმანათლებლო სისტემის სუბიექტებს შორის კონკურენცია შესუსტდეს.
სამი უმთავრესი მოთხოვნა განათლების სისტემის მიმართ
როგორი კრიტერიუმები უნდა წაეყენოს განათლების ახალ, თანამედროვე სისტემას? ვფიქრობ, რომ საჭიროა იგი მინიმუმ სამ მოთხოვნას მაინც აკმაყოფილებდეს. მათგან პირველი იმაში უნდა გამოიხატებოდეს, რომ ნებისმიერი ახალგაზრდისათვის, თუ, რა თქმა უნდა, მას ექნება შესაბამისი უნარი და მონდომება, მიუხედავად მშობლების მატერიალური მდგომარეობისა, შესაძლებლობა ჰქონდეს რაიმე ფორმალური ბარიერების გარეშე კარგი განათლების მიღებისა, მათ შორის, საუნივერსიტეტოს ჩათვლით. ეს მოთხოვნა წარმოადგენს მომავალი თაობის შანსების გამოთანაბრების აუცილებელ პირობას. აღნიშნული მოთხოვნის რეალიზაცია აუცილებელია როგორც საზოგადოებრივი სამართლიანობის მისაღწევად, ისე ქვეყნის საერთო განვითარებისათვის. ადამიანური ტალანტი ხომ უმნიშვნელოვანესი ბუნებრივი სიმდიდრეა, რომელსაც ყოველი საზოგადოება ფლობს. თუმცა, სოციალიზმის დროს ძალზე პოპულარული იყო ლოზუნგი საზოგადოებრივი თანასწორობის შესახებ, მაგრამ მიუხედავად ,,უფასო“ სწავლა-განათლებისა, უმაღლესი განათლების მიღების საშუალება მუშათა და გლეხთა შვილების ძალზე მცირე რაოდენობას ჰქონდა. ეს მაჩვენებელი სოციალისტურ ქვეყნებში გაცილებით დაბალი იყო, ვიდრე დასავლეთის კაპიტალისტური ქვეყნების უმრავლესობაში. მთელი საზოგადოების ხარჯზე (გადასახადების ბაზაზე) მოწყობილ სასწავლებლებში, ძირითადად, მდიდარი ოჯახის ან იმ ადამიანების შვილები სწავლობდნენ, რომლებსაც კარიერა ჰქონდათ გაკეთებული. როგორც ვხედავთ, უმაღლესი სასწავლებლების ბიუჯეტური დაფინანსება სრულიადაც არ იძლეოდა იმის გარანტიას, რომ საზოგადოების ყველა დონის წარმომადგენელს თანაბრად მიეღო უმაღლეს განათლება. პირიქით, ამ საქმისადმი ამგვარმა მიდგომამ ის გამოიწვია, რომ საზოგადოების ღარიბი ფენების ფინანსური სახსრები მდიდარი ფენებისაკენ გადაედინებოდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამ სფერომ ანტიეგალიტარული სახე მიიღო. ასე ხდება ყოველთვის, როდესაც ბიუჯეტის სახსრებით ხორციელდება იმ ღონისძიებათა დაფინანსება, რომელთა შედეგებითაც მდიდრები სარგებლობენ.
განათლების სფეროსადმი მეორე მოთხოვნას ის წარმოადგენს, რომ სკოლები მინიმალური დანახარჯების საფასურად მოზარდი თაობის კარგად აღზრდა-განათლების გარანტიას იძლეოდნენ. ეს ეფექტურობის ზოგად კრიტერიუმს წარმოადგენს, რომელიც არ შეიძლება მოიცავდეს მხოლოდ სურსათის თუ სამრეწველო საქონლის წარმოების სფეროს და არ ეხებოდეს განათლების თუ ჯანმრთელობის დაცვის მუშაკთა შრომასაც. მატერიალური წარმოების მსგავსი კრიტერიუმებით შეიძლება შეფასდეს ყოველი საქმიანობა, რომლის შედეგებიც სასარგებლოა მომხმარებლისათვის და ამართლებს მასზე გაწეულ დანახარჯებს. ამ გაგებით, განათლების სფერო შეიძლება განვიხილოთ, როგორც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი წარმოების სფერო. არ არსებობს იმის არავითარი საჭიროება, რომ კვლავ ვიყენებდეთ მარქსისტულ გაგებას, რომლის მიხედვითაც წარმოების სფეროს მხოლოდ ის დარგები წარმოადგენენ, სადაც მატერიალური საგნების წარმოებას აქვს ადგილი და რომლის მიხედვითაც წარმოების სფეროდ არ ითვლება მომსახურება (ჯანმრთელობის დაცვა, განათლება, ვაჭრობა და ა.შ.). განათლების სისტემის საქმიანობის ეფექტურობა უნდა მოვითხოვოთ იმიტომ, რომ, მსგავსად წარმოების სხვა სფეროებისა, მისი სუბიექტების, სკოლების და მასწავლებლების საქმიანობის დაფინანსება ხდება გადამხდელთა ფინანსური სახსრებიდან და ამ საქმეში სახელმწიფო, როგორც წესი, მხოლოდ საშუამავლო როლს ასრულებს.
განათლების სფეროსადმი მესამე მოთხოვნას ის წარმოადგენს, რომ ამ სისტემაში ხდებოდეს ისეთი მოზარდი თაობის აღზრდა, რომელთაც ექნებათ ცოდნა-განათლების მიღების უნარი და შეეძლებათ, ალღო აუღონ იმ ცვლილებებს, რომელთაც ადგილი აქვთ თანამედროვე საზოგადოებაში. ამიტომ საჭიროა განათლების სისტემაში განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდეს მოზარდთათვის ზოგადი ცოდნის მიცემას, რომლით აღჭურვილნიც ადვილად შეეგუებოდნენ შექმნილ პირობებს და უარი ითქვას მათ ზედმეტ სპეციალიზაციაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ადგილი ექნება განათლების სისტემის მიერ ახალგაზრდა უმუშევართა მომზადებას. ეს პრობლემა თვალშისაცემია სპეციალიზებული სასწავლებლების შემთხვევაში, რომლებიც მეტისმეტად იყვნენ დაკავშირებული სოციალისტური წარმოების წესთან. პოლონეთის განათლების სისტემაში 300-მდე ვიწრო სპეციალობა ისწავლებოდა, მაშინ, როდესაც გფრ სკოლებში მათი რიცხვი 16-ს არ აღემატებოდა. პოლონეთში გვაქვს მაღალი დონის უმუშევრობის რეგიონები, სადაც შეუძლებელია შესაბამისი კვალიფიკაციის მუშაკის მოძებნა. ეს გარემოება კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს უმუშევრობის პრობლემის გადაჭრისათვის განათლების სისტემის სრულყოფას. შრომის ბაზარზე ხომ მოთხოვნა არ არის უბრალოდ მუშაკზე, არამედ ისეთ მუშაკზე, რომელსაც აქვს გარკვეული კვალიფიკაცია, შეუძლია შეეგუოს ცვალებად გარემოსა და საბაზრო ეკონომიკის დინამიზმს.
მაშ, როგორ უნდა იყოს ორგანიზებული განათლების სისტემა, რომ მან შეასრულოს ზემოთ აღნიშნული მოთხოვნები? ცხადია, თუ მას სურს, დააკმაყოფილოს საბაზრო ეკონომიკის სწრაფადცვალებადი მოთხოვნები, იგი არ უნდა იყოს დოგმატური და დინამიზმს მოკლებული სისტემა. ძალზედ ძნელია ამგვარი საბაზრო ეკონომიკა შევუგუოთ ცენტრალიზებულ, სრულიად განსახელმწიფოებრივ განათლების მოდელს, რომელიც სოციალიზმმა დაგვიტოვა მემკვიდრეობად. 1989 წლის შემდეგ ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემაში მრავალ რადიკალურ ცვლილებას ჰქონდა ადგილი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ წარმოიშვა არასახელმწიფო სკოლები და გაძლიერდა ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოების კომპეტენცია. თუმცა, ჯერ კიდევ შორსა ვართ ახალ, უკეთეს განათლების სისტემამდე.
საით უნდა წავიდეს ჩვენი განათლების სისტემის განვითარება, როგორი მოდელი უნდა გვქონდეს მხედველობაში მისი გარდაქმნის დროს? ამაზე გარკვეულ პასუხებს გვაძლევს ანალიტიკური ეკონომიკა, ყველაზე უფრო ზუსტი მეცნიერება თანამედროვე მეცნიერებს შორის საზოგადოების შესახებ.
კონკურენცია აპირობებს სიახლეების დანერგვას
ქვეყნის ეროვნული მეურნეობის ამ უმნიშვნელოვანესი დარგის ერთ-ერთი დამახასიათებელი მაჩვენებელია ის, რომ განათლებას, მსგავსად სხვა დარგების აბსოლუტური უმრავლესობისა, სჭირდება ინოვაციის გამუდმებული პროცესები, ხოლო ეს პროცესები გაცილებით სწრაფად და კარგად მიმდინარეობს კონკურენციის და არა მონოპოლიზმის პირობებში. კონკურენცია კი არსებობს მხოლოდ მაშინ, როდესაც დაინტერესებულ მხარეს საშუალება აქვს სხვადასხვა წინადადებებს შორის შეარჩიოს მისთვის საინტერესო და მისაღები წინადადება. ეს თავისთავად გულისხმობს იმას, რომ მას შეუძლია თავისუფლად შეაღწიოს მწარმოებელთა წრეში, რათა ამ უკანასკნელთ შეეძლოთ მისთვის თავიანთი წინადადებების გაცნობა. გარდა ამისა, კონკურენცია მოითხოვს, რომ დაინტერესებულ მხარეთა მიერ შერჩეულ კონკურენტებს საშუალება ჰქონდეთ, ამ უკანასკნელთა მიერ მიცემული ფულით, შეიქმნან საქმიანობისა და განვითარების უკეთესი პირობები, ვიდრე მათ, ვისი წინადადებებიც აღიარებას (მოწონებას) ვერ პოულობს.
განათლების დაფინანსების პრობლემა
როდესაც განათლების პრობლემებზე ვსაუბრობთ, საინტერესოა გავარკვიოთ სახელმწიფოს როლი ამ საქმეში. სწორედ ფუნქციონირებად, თავისუფალ საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყანაში ადგილი აქვს ადამიანების მხრიდან კაპიტალზე უდიდეს მოთხოვნილებას, რის საბოლოო ეფექტსაც წარმოადგენს ის, რომ განათლება შეიძლება გახდეს საკმაოდ ანაზღაურებადი, ინდივიდუალური ინვესტიცია. ეკონომიკური თეორია ვერ გვაწვდის საკმარის არგუმენტებს, რომ ასეთ ეკონომიკაში განათლება უნდა დაფინანსდეს მხოლოდ გადასახადებიდან, რომელსაც იძულებითი წესით იხდიან მოქალაქეები, ანუ, როგორც ამას ხალხი შეცდომით ამბობს, იყოს უფასო. ამის დასამტკიცებლად არ არის საკმარისი არგუმენტი ის, რომ თუ რაიმე საქონელი (მომსახურება) არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ადამიანისათვის, იგი არ უნდა იყოს „საქონელი“, ანუ არ უნდა ექვემდებარებოდეს ინდივიდუალურ, საბაზრო დაფინანსებას. თუ ამ აზრს უფრო გავავრცობთ, მაშინ აღმოჩნდება, რომ სურსათი, რომელიც ყოვლად აუცილებელია ადამიანებისათვის, გავაქროთ დახლებიდან და უფასოდ დავარიგოთ. სოციალიზმი, თავისი გიგანტიური დოტაციებით, და მასთან დაკავშირებული რიგებით, ახლოს იყო ასეთ სიტუაციასთან. არჩევანი, ძირითადად, ასეთია: რაც უფრო მეტი სიკეთე (საქონელი, მომსახურება) იქნება ,,უფასო“, მით უფრო მეტი უნდა იყოს გადასახადები. და პირიქით: რაც უფრო დაბალია გადასახადები, მით უფრო მეტი ფული რჩებათ ადამიანებს ჯიბეში, მაგრამ გაცილებით მეტი აქვთ პასუხისმგებლობაც თავისი და თავისი შვილების მიმართ. მაშ, რატომ იყო, რომ ჩვენს ქვეყანაში უდიდეს პასუხისმგებლობას ვამჟღავნებდით ფეხსაცმელების, სარეცხი მანქანების, ავტომობილების წარმოება-მოხმარების სფეროზე და ასე ნაკლებს - ისეთ სერიოზული სფეროს განვითარებაზე, როგორსაც ჩვენი და ჩვენი შვილების განათლების მიღება წარმოადგენდა? იქნებ ისე იყო საქმე, რომ რაც უფრო მნიშვნელოვანია სიკეთე, მით უფრო უკეთესი იქნება მასზე პასუხისმგებლობის თავიდან მოცილება და მისი სახელმწიფოსათვის, ანუ პოლიტიკოსებისათვის, მოხელეებისათვის გადაკისრება?
უმნიშვნელოვანეს არგუმენტს, რომლის გამოყენებითაც ცდილობენ დაასაბუთონ განათლების დაფინანსებაში სახელმწიფოს ჩარევის აუცილებლობა, წარმოადგენს ის, რომ თუ ეს მოთხოვნა დაცული არ იქნება, ღარიბი ხალხის შვილები მოკლებულნი იქნებიან კარგ სწავლა-განათლებას. ეს კი იქნებოდა არა მხოლოდ არასამართლიანი, რადგან იგი დაარღვევდა შანსების გამოთანაბრების უაღრესად მნიშვნელოვან იდეალს, იგი ასევე შეაფერხებდა ეროვნული მეურნეობის სათანადო ტემპებით განვითარებას, რადგან ეს იმის მომასწავებელი იქნებოდა, რომ მოხდებოდა უაღრესად ფასეული საზოგადოებრივი დოვლათის, მხედველობაში მაქვს ადამიანური ტალანტი, არაგონივრული გამოყენება. თეორიული თვალსაზრისით, პრობლემის გადაწყვეტის ყველაზე საუკეთესო გზა იქნებოდა საგანმანათლებლო კრედიტების სისტემა, რომლის გადახდაც მოხდებოდა იმ მაღალი გადასახადების ხარჯზე, რომელსაც აძლევს ადამიანს კარგი განათლება თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პირობებში. მაგრამ პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ბანკები ნაკლები ენთუზიაზმით გამოყოფენ ამგვარ კრედიტებს, რადგან მათ არა აქვთ რაიმე გარანტია: ადამიანის თავში არსებულ კაპიტალს (განსხვავებით კაპიტალისაგან, რომელსაც აქვს, მაგალითად, ავტომანქანის სახე), ვერ გამოაცალკევებ მისი მფლობელისაგან და, თუკი იქნება ასეთი აუცილებლობა, გირაოში ვერ დაიტოვებ. ამიტომ არის საჭირო სახელმწიფოს ამ საქმეში ჩარევა ბანკებისათვის შესაბამისი გარანტიის მიცემის გზით. საგანმანათლებლო შანსის გამოთანაბრების საჭიროების შესახებ მიუთითებს ასევე სტიპენდიების სისტემა. ორივე ამ მექანიზმმა უნდა შექმნას ადამიანური ნიჭისა და ტალანტის თავისებური გამოვლენის სისტემა.
განათლების სისტემის დაფინანსების დროს არ უნდა გამოვიყენოთ პრინციპი: რაც მეტი, მით უკეთესი. ამ საქმეში გონივრულობის გამოჩენა უფრო ის იქნებოდა, რომ ეს ხარჯები შესაბამისი პროპორციით გამოგვეყენებინა განათლების დარგის მიზნების პრიორიტეტების დაცვით, მასზე ეროვნული მეურნეობის მოთხოვნის გათვალისწინებით და სხვ.
ინვესტიციების უკუგება
ყოველი სახის საინვესტიციო დანახარჯების მომგებიანობა გამოიხატება ე.წ. უკუგების პროცენტით ანუ ინვესტიციის მთელი მასისა და მისგან ყოველწლიური ამონაგების ურთიერთშეფარდებით. როგორც მსოფლიო ბანკის გამოკვლევებიდან ხდება ცხადი, დაბალგანვითარებულ ქვეყნებში ინვესტიციების უკუგების მაჩვენებელი დაწყებით განათლებაზე შეადგენს 20 პროცენტს, საშუალო განათლებაზე - 14 პროცენტს, ხოლო უმაღლეს განათლებაზე - 11 პროცენტს. სამაგიეროდ, ინფრასტრუქტურაში დაბანდებული ინვესტიციების უკუგების მაჩვენებელი შეადგენდა 16 პროცენტს, მრეწველობაში - 12 პროცენტს, ხოლო სოფლის მეურნეობაში - 11 პროცენტს. სხვათა შორის, ეს მაჩვენებლები იმაზე მეტყველებენ, რომ განათლების სფეროში ინვესტიციების ეფექტი დამოკიდებულია არა მხოლოდ მათ საერთო სიდიდეზე, არამედ მათ განაწილებაზე სხვადასხვა დონისა და სახის განათლებაზე. ამავე ანალიზის დახმარებით ცხადი ხდება, რომ ჩამორჩენილ ქვეყნებში მოსახლეობის განათლებაზე ზრუნვა სჯობს დაიწყოს დაწყებითი და საშუალო განათლებიდან. ეს განსაკუთრებით ეხება სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამ მიზნით სახსრების ხარჯვას. თუნდაც რომ უდიდესი იყოს განათლების დაფინანსებისათვის გამოყოფილი ხარჯები, თუ მათ სათანადოდ არ გავანაწილებთ, მათი ეფექტი ძალზე მიზერული იქნება იმ დაბანდებებთან შედარებით, რომელიც თუმცა მცირეა, მაგრამ კარგად არის განაწილებული.
ამ მხრივ, ჭკუის სასწავლებელია მესამე სამყაროს მაგალითი. იქ, ერთი მხრივ, საქმე გვაქვს აფრიკის ქვეყნების უმრავლესობასთან, რომლებიც მძაფრ საგანმანათლებლო თუ ეკონომიკურ კრიზისში ჩაეფლნენ, ხოლო, მეორე მხრივ, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებთან (სამხრეთი კორეა, ტაივანი, მალაიზია, ტაილანდი), რომლებმაც განათლების სფეროშიც უდიდეს წარმატებებს მიაღწიეს და 1997 წლამდე შთამბეჭდავი ეკონომიკური განვითარების ტემპებიც ჰქონდათ. ამასთან, საგულისხმოა, რომ აფრიკის ქვეყნები განათლებაზე მთელი საბიუჯეტო სახსრების 4,2%-ს წარმართავენ, მაშინ, როდესაც ეს მაჩვენებელი „აზიურ ვეფხვებში“ გაცილებით ნაკლებია და იგი მხოლოდ 3,4%-ს შეადგენს. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ საბიუჯეტო სახსრები აფრიკის ქვეყნებში მიემართება, ძირითადად, უმაღლესი განათლების გასავითარებლად, მაშინ, როდესაც დაწყებითი განათლების პრობლემები თითქმის უყურადღებოდ არის დატოვებული. ეს მიუთითებს სისტემის დეფორმაციაზე საზოგადოების ელიტის სასარგებლოდ, ანუ იმ ელიტის სასარგებლოდ, საიდანაც გამოსულია უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტების აბსოლუტური უმრავლესობა. ამ ქვეყნებში საბიუჯეტო სახსრები ერთ სტუდენტზე გაანგარიშებით იყო 44-ჯერ მეტი, ვიდრე ანალოგიური მაჩვენებელი შეადგენდა საშუალო სკოლის ერთ მოსწავლეზე. სამაგიეროდ, დინამიურად განვითარებად აზიის ქვეყნებში საბიუჯეტო სახსრების კონცენტრაცია ხდებოდა და ხდება დაწყებით და საშუალო სკოლების ქსელზე. აზიის ამ ქვეყნებში უმაღლესი სწავლება, ძირითადად, ფინანსირდება საბაზრო პრინციპების საფუძველზე, რაც იმიტომ არის შესაძლებელი, რომ მაღალი ტემპებით განვითარებადი ეკონომიკა დიდ მოთხოვნებს აყენებს უმაღლესი განათლების მქონე ადამიანებზე, რომლებიც ასევე მაღალ ანაზღაურებას იღებენ. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ,,აზიური ვეფხვების“ შემთხვევაში შემოსავლების ზრდის ტემპები გაცილებით ნაკლებია, ვიდრე მესამე სამყაროს ქვეყნების უმრავლესობაში.
როგორც ჩანს, განათლების პრობლემის გადაჭრა შეუძლებელია მხოლოდ საბიუჯეტო სახსრების თუნდაც უზომო გაზრდით. აქ მთავარი პრობლემა უფრო პროპორციების დამყარებაა განათლების სფეროს ცალკეულ პრიორიტეტებს შორის, ეროვნული მეურნეობის ორგანიზაციის მეთოდი და ასევე ეკონომიკის მოთხოვნა უმაღლესი განათლების მქონე ადამიანებზე.
განათლების სისტემაში, რომელიც ინდივიდუალურ არჩევანზეა დამყარებული, სახელმწიფოებრივი ჩარევის ფორმა უნდა იყოს ადამიანების იმ ინფორმაციით უზრუნველყოფა, საიდანაც მათ ნათელი წარმოდგენა შეექმნებოდათ განათლების ობიექტების ხარისხზე. ეს, ცხადია, მოითხოვს ცალკეული სასწავლებლების ხარისხობრივი მაჩვენებლების ობიექტურ განსაზღვრას და ასევე იმ პირობების დადგენას, რომლებზედაც აქ ცოდნის შეძენა არის დამყარებული. ასეთი შეფასების ერთ-ერთ კრიტერიუმად შეიძლება გამოცდები მივიჩნიოთ.
![]() |
17 საგანმანათლებლო ბონების კონცეფცია |
▲back to top |
თანამედროვე საზოგადოების მისწრაფება თავისუფლების, მრავალფეროვნების და კონკურენციისადმი გვერდს ვერ აუქცევს საგანმანათლებლო სისტემას. ბევრი ქვეყანა ატარებს რეფორმას, რომელიც გულისხმობს მშობლების და ადგილობრივი საზოგადოების გავლენას სკოლაზე, სადაც მათი შვილები სწავლობენ. ამ მოდელის ჩარჩოებში, მოთხოვნა, ანუ ფულის ნაკადი, რომელიც სკოლებამდე მიდის, ხდება მინისტრისა და მოხელეების მიერ მიღებული და გადაცემული მშობლებსა თუ ბავშვებზე. ამის წყალობით, მათ საშუალება ექმნებათ დამოუკიდებლად აირჩიონ სკოლა და თავადვე გადაწყვიტონ, თუ რომელ სკოლაში და რა ტემპებით განვითარდნენ. ეს ფული კვლავ გარკვეული ზომით საზოგადოებრივია, ანუ გადასახადების გადამხდელთაგან წარმოდგება. გადასახადების შემთხვევაში ამ შესაძლებლობას იძლევა საგანმანათლებლო ბონი. ეს კონცეფცია გამოთქმული აქვს გამოჩენილ ლიბერალურ ეკონომისტს, ნობელის პრემიის ლაურეატს, მილტონ ფრიდმანს. ეს კონცეფცია ძალზე უბრალოა: საბიუჯეტო სახსრების მოცემული თანხა იყოფა საგანმანათლებლო მომსახურების მიმღებთა შორის და ამ გზით მათ არჩევის საშუალებას აძლევს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ფული დადის მოსწავლემდე. ამგვარ საბიუჯეტო დაფინანსებას თან უნდა ახლდეს საბაზრო დაფინანსების შესაძლებლობაც, რათა სკოლებმა შეძლონ, რომ სწავლა თანამედროვე სტანდარტებს მიუახლოონ. გარკვეულწილად, ამგვარი დაფინანსება ამჟამადაც არის ცნობილი პოლონეთში მშობელთა კომიტეტების შენატანების სახით. რაც უფრო მეტი საბიუჯეტო სახსრებია გამოყოფილი განათლებისათვის (მაღალი გადასახადების ბაზაზე), მით უფრო დაბალი იქნება სწავლის საფასური ანაზღაურების სხვა ფორმების წვლილი ამ საქმეში.
განათლების ახალი მოდელის წყალობით პრინციპული ცვლილებები მოხდება მიწოდების სფეროშიც. ტრადიციულ განათლების სისტემაში დომინირებულ როლს თამაშობს სახელმწიფო სკოლები, რომელთაც ცენტრალიზებულად ინახავს სახელმწიფო გადასახადების ბაზაზე. ბევრ ქვეყანაში სახელმწიფო სკოლების პარალელურად არსებობენ არასახელმწიფო სკოლებიც, რომლებიც დისკრიმინირებული იყვნენ სახსრების განაწილების დროს და მხოლოდ საგადასახადო შეღავათებით სარგებლობდნენ. განათლების ახალ კონცეფციაში საერთოდ არაარსებით ხასიათს იძენს სკოლების დაყოფა სახელმწიფო და არა სახელმწიფო სკოლებად. თანამედროვე პირობებში წინა პლანზე გამოდის სკოლების დაყოფა კარგ და ცუდ სკოლებად. ინსტიტუციონალური ფორმისაგან დამოუკიდებლად, საგანმანათლებლო მომსახურების გაწევა უნდა შეეძლოს ამ სისტემის ნებისმიერ ობიექტს, რომელიც ხარისხობრივ და პროგრამულ მოთხოვნებს პასუხობს. ამიტომ მომავალში წარმოიშვება სკოლები, რომელთა ინიციატორებიც იქნებიან შემოქმედებითი მუხტის მატარებელი პედაგოგები. პოლონეთში, ისევე როგორც წინათ, არასახელმწიფო სკოლები დისკრიმინირებულია: ერთ მოსწავლეზე გაანგარიშებით ეს სკოლები იღებენ იმის ნახევარზე ნაკლებ დოტაციას, ვიდრე ამავე ტიპის სახელმწიფო სკოლები.
![]() |
18 ჯანმრთელობის დაცვა |
▲back to top |
მოდა ჯანმრთელობაზე
ჯანმრთელობის დაცვის შესახებ საუბარი ჩვენში აფთიაქებთან, ამბულატორიებთან, საავადმყოფოებთან ასოცირდება, ხოლო ცვლილებები ამ სისტემაში - მისი ობიექტების ფუნქციონირების გაუმჯობესებასა თუ გაუარესებასთან. ჯანმრთელობის სისტემაზე კამათი, ძირითადად, ამით ამოიწურება ხოლმე. ამგვარი მიდგომა უაღრესად დიდი შეცდომაა. ადამიანების ჯანმრთელობა დამოკიდებულია მათი ცხოვრების სტილსა და პირობებზე. ჯანმრთელობის დაცვის საქმეში განსაკუთრებით უგულებელყოფილია ე.წ. გამაჯანსაღებელი მედიცინის როლი.
ჯანმრთელობის დაცვის ზოგიერთ სფეროში მიღწეულმა აშკარა წარმატებებმა (მაგალითად, ეპიდემიების თავიდან აცილება) და ასევე საქმიანობის გააქტიურებამ გამაჯანსაღებელი მედიცინის სფეროში მნიშვნელოვანი დადებითი ზეგავლენა იქონია ადამიანის ცხოვრების ხანგრძლივობაზე. მაგალითად, 1880 წელს დიდ ბრიტანეთში მოსახლეობის მხოლოდ 50% აღწევდა 50 წლის ასაკამდე, მაშინ, როდესაც 1980 წელს მათი რიცხოვნობა 97 პროცენტს გაუტოლდა. 1931 წელს პოლონეთში მამაკაცების 57%-ი 40 წლის ასაკამდე იხოცებოდა, 1991 წელს კი მხოლოდ -11%.
ჯანმრთელობა და ცხოვრების სტილი
პროგრესი ჯანმრთელობის დაცვის სფეროში არავითარ შემთხვევაში არ ამცირებს ადამიანის ცხოვრების სტილის გავლენას მის ჯანმრთელობაზე. ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მისი ფიზიკური მომზადების დონე შეიძლება განვიხილოთ, როგორც ერთგვარი რესურსი, რომლის გამოყენებაც ბიოლოგიური მიზეზებიდან გამომდინარე, თანდათანობით მოხდება. ამასთან, ამ ტემპის დონე დამოკიდებულია ადამიანის ცხოვრების სტილზე. აქ არის დაფარული უდიდესი საფრთხე პოლონელებისათვისაც: თამბაქოს მასიური წევა, ალკოჰოლის დიდი ზომით მიღება, არანორმალური კვება, ნაკლები მოძრაობა…ამ გზით მილიონობით პოლონელი ყოველდღიურ ზიანს აყენებს თავის ორგანიზმს. უფრო სწორედ, ისინი ვნებენ არა მხოლოდ თავის ორგანიზმს, არამედ ზიანს აყენებენ თავიანთი ბავშვების ჯანმრთელობასაც: პოლონელ დედათა 30 პროცენტზე მეტი ორსულობის დროს თამბაქოს ბოლით აზიანებს საკუთარ და თავისი ბავშვის ორგანიზმს.
სამოციანი წლების შემდეგ პოლონეთში ძლიერ იზრდება მოზარდ თაობაში სიკვდილიანობა, განსაკუთრებით 20-დან 65 წლამდე მამაკაცთა შორის. ეს კი ის ასაკია, როდესაც ადამიანი განსაკუთრებით აქტიურია. ამ მოვლენის მიზეზი, რომელსაც დემოგრაფები მამაკაცთა ზესიკვდილიანობას უწოდებენ, ფუნდამენტალურად არის განხილული ბარბარა როგუცკას მონოგრაფიაში, რომელიც 1995 წელს გამოიცა. ამ ნაშრომიდან სამი დასკვნის გაკეთება შეიძლება: პირველი ის არის, რომ სიკვდილიანობის ზრდა, განსაკუთრებით მამაკაცებში გამოიწვეულია ისეთი ავადმყოფობით, როგორსაც, მაგალითად, გულის ინფარქტი, კიბო, მოწამვლა და ა.შ. წარმოადგენს. მეორე ის არის, რომ ამ დაავადებათა ძირითად გამომწვევ მიზეზად გვევლინება ცხოვრების ცუდი სტილი: თამბაქოს წევა, ალკოჰოლის დიდი რაოდენობით მიღება, ცუდი კვება, ნაკლები ფიზიკური აქტივობა და ა.შ. მესამე დასკვნაა ის, რომ რაც უფრო დაბალი განათლება აქვს ადამიანთა ჯგუფს, მით უფრო მაღალია ამ ჯგუფის მამაკაცთა შორის სიკვდილიანობის მაჩვენებელი. სიკვდილიანობის მაჩვენებელი უფრო მაღალია ასევე ბერბიჭა მამაკაცებს შორის.
ციტირებული ნაშრომი მრავალ საინტერესო მონაცემსა და დასკვნას შეიცავს. ისინი იმსახურებენ იმას, რომ მათ იცნობდეს საზოგადოება. პოლონეთში თამბაქოს მოხმარება უკანასკნელი ოცი წლის მანძილზე ერთ-ერთი მაღალია მთელ მსოფლიოში. ამასთან, ქვეყანაში რეალიზებული თამბაქოს უმეტესობა ნიკოტინის და სხვა მავნე ნივთიერებების განსაკუთრებით დიდი შემცველობით ხასიათდება. სწორედ თამბაქოს წევა იწვევს პოლონეთში ავთვისებიანი სიმსივნეების 40 პროცენტზე მეტს მამაკაცებში და 10 პროცენტზე მეტს ქალებში. საზღვარგარეთის ქვეყნებში ჩატარებული გამოკვლევებიდან ირკვევა, რომ ინფარქტისა და სხვა ანალოგიური მიზეზებით სიკვდილიანობის უმთავრესი გამომწვევი სწორედ სიგარეტის წევაა. პოლონეთში განსაკუთრებით ბევრს ეწევიან გლეხები, შედარებით ნაკლებს - ინტელიგენციის წარმომადგენლები.
პოლონეთისათვის მეორე ,,ეროვნულ სენს“ წარმოადგენს ალკოჰოლის მოჭარბებული მიღება. ეს დაავადებაც დიდი რაოდენობით სიკვდილიანობის მიზეზი ხდება, განსაკუთრებით მამაკაცთა შორის. ამასთან, იგი იწვევს ფსიქიურ აშლილობას, ალკოჰოლურ მოწამვლას, ღვიძლის დაშლას, ალკოჰოლი ხდება საავტომობილო ავარიების მიზეზი და ა.შ. ალკოჰოლიზმით დაავადებულ ადამიანთა შორის ჩატარებულმა კვლევებმა ორიგონის (აშშ) შტატში აჩვენა, რომ ღვიძლის დაავადებით გამოწვეული სიკვდილიანობა 25-ჯერ მეტი იყო ალკოჰოლიკების წრეში, ვიდრე ჩვეულებრივ სხვა ადამიანებს შორის. ასევე გაცილებით, რვაჯერ მეტი იყო თვითმკვლელობის შემთხვევები ალკოჰოლიკების წრეში. რაც შეეხება საავტომობილო ავარიებს - ალკოჰოლით დაავადებული ადამიანები ახდენენ ექვსჯერ მეტ ავარიას სხვებთან შედარებით. პოლონეთში ჩატარებული გამოკვლევები გვაძლევენ საშუალებას გავაკეთოთ დასკვნა, რომ ალკოჰოლის მიმღებთა რიცხოვნობა იზრდება განათლების დონის დაცემასთან ერთად.
ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა დიდწილად არის დამოკიდებული კვების რეჟიმზე. ტრადიციული პოლონური კერძები - ცხიმების დიდი შემცველობით და მცენარეული წარმოშობის მცირე ხვედრითი წილით, ამ მხრივ კრიტიკას ვერ უძლებს. დაბოლოს, ფიზიკურ აქტიურობას, ანუ ადამიანის სპორტითა და აქტიური დასვენებით დაკავებასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს მისი ჯანმრთელობისათვის. ამაზე განსაკუთრებით არის დამოკიდებული ორგანიზმის მიერ ისეთი დაავადებებისათვის წინ აღდგომა, როგორიცაა, გულის დაავადებები. თანამედროვე პოლონელები, ამ მხრივ, საკმაოდ ცუდად გამოიყურებიან, უფრო ცუდადაც კი, ვიდრე ამ ათიოდე წლის წინათ. ყურადღება უნდა მივაქციოთ იმასაც, რომ მოზარდი თაობის ფიზიკური დატვირთვა განსხვავდება იმითაც, თუ რომელი ოჯახის წარმომადგენელია იგი და მისი ფიზიკური აქტიურობა იზრდება მშობლების განათლების დონის ამაღლებასთან ერთად.
საქმე მხოლოდ ჯანმრთელობის დაცვის სფეროს რეფორმირებაში როდია
ყოველივე აქედან ერთი პრინციპული დასკვნა გამომდინარეობს: პოლონელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების შანსი არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დაუკავშირდეს მხოლოდ ჯანმრთელობის სისტემის რეფორმას. პრინციპული გავლენა ჩვენს ჯანმრთელობაზე აქვს ცუდ და, ამასთან, სამოციანი წლებიდან მოყოლებული, გაუარესების ტენდენციაზე მდგარ მოქალაქეთა ცხოვრების წესს, რომელსაც მასობრივად მოაქვს ზიანი მათი ჯანმრთელობის მდგომარეობისათვის. ეკონომისტებმა და ეკოლოგებმა კარგად იციან, რომ მთავარი და გადამწყვეტი გარემოს დაბინძურების საქმეში არის გამონაბოლქვები და თუ გვინდა, რომ ჯანმრთელი გარემო გვქონდეს, ისინი უნდა შევამციროთ. სამაგიეროდ, ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის აუცილებელია ცხოვრების წესის მკვეთრი შეცვლა. კერძოდ, მავნე პროდუქტების მოხმარების შემცირება, ჯანმრთელი დიეტა და ბევრი მოძრაობა. პოლონეთი მოითხოვს სერიოზულ ეროვნულ პროგრამას თავისი მოქალაქეების ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. ასეთმა პროგრამამ სახსრების ორი სახე უნდა მოიცვას: ეკონომიკური და ინფორმაციულ-საგანმანათლებლო. სახელდობრ ისინი უნდა ჩაითვალოს ჯანმრთელობაში ყველაზე მნიშვნელოვან ინვესტიციებად.
ჯანმრთელობის მაჩვენებლებს, უპირველეს ყოვლისა, უნდა მივაკუთვნოთ ე.წ. რისკის მაჩვენებელი, ისეთები, როგორიც არის თამბაქოს წევა, ალკოჰოლის უზომო მოხმარება, დიეტა და ცხოვრების წესი. ყველა ეს მოთხოვნა მილიონობით მოქალაქეს ეხება, ხოლო ეკონომისტები მათ გავლენას სწავლობენ ადამიანთა ცხოვრებაზე. რასთან გვაქვს საქმე ადამიანთა ქცევების შეცვლისას ჯანმრთელობის დაცვის თვალთახედვით?
პირველ ეკონომიკურ ფაქტორს წარმოადგენს საქონელთა ფასების ცვლილება და ასევე მათზე ხელმისაწვდომობა. მაგალითად, მცენარეული ზეთის ფასის შემცირება ცხოველური ზეთის ფასთან შედარებით. ეს ძალზე მძლავრი ბერკეტია, რომელიც ყოველდღიურად ზემოქმედებს მილიონობით ადამიანის ცხოვრებაზე. ცვლილებები შესადარ ფასებში შეიძლება იყოს საერთო ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი. ასე მოხდა პოლონეთში მიმდინარე რეფორმების პირველ წლებში ფასებისა და საგარეო ვაჭრობის ლიბერალიზაციის შედეგად. ზოგიერთი ამ ცვლილებათაგანი შეიძლება ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მიზნობრივი პოლიტიკის შედეგი იყოს, მაგალითად, ფასების გაზრდა თუთუნის ნაწარმზე.
მეორე ეკონომიკურ ფაქტორს წარმოადგენს შემოსავლების ეფექტი. მოხმარების სტრუქტურა დიდწილად დამოკიდებულია შემოსავლების დონეზე. შემოსავლების ზრდასთან ერთად მის სტრუქტურაშიც მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდება. მაღალშემოსავლიანი ადამიანები, მათი უდიდესი ნაწილი მაინც, გაცილებით უფრო ჯანმრთელი ცხოვრებით ცხოვრობს, ვიდრე ღარიბი მოსახლეობა.
მესამე ელემენტს წარმოადგენს სამუშაო პირობები და ადამიანთა შრომითი ქცევები. სახელმწიფო გიგანტი საწარმოების აქილევსის ქუსლი იყო სამუშაო ადგილებზე მუშაკთა სმაზე თვალის დახუჭვა. მთვრალი მუშაკი კი გაცილებით ადვილად ხდება ავარიული შემთხვევის მსხვერპლი. პოლონეთში ალკოჰოლის მოხმარებამ იკლო იმიტომაც, რომ კერძო მესაკუთრეები და მენეჯერები დიდ ყურადღებას აქცევენ მუშაკთა შრომის ნაყოფიერებას. ამას კი, უნებლიედ, მოჰყვება დადებითი შედეგები ჯანმრთელობის დაცვის სფეროშიც. განსაკუთრებით იკლო ავარიულმა შემთხვევებმა შრომის პროცესებში.
მესამე ელემენტი უკავშირდება გარემო პირობების მდგომარეობას. წარმოების ტიპიური სოციალისტური წესი წარმოადგენდა მავნე სტრუქტურას როგორც ადამიანების ჯანმრთელობის, ისე გარემოსათვის. პოსტსოციალისტური სტრუქტურული ცვლილებები, რომლებიც ასევე მიმართულია გაცილებით წმინდა პროდუქციის წარმოებისაკენ, დადებით გავლენას ახდენს ადამიანთა ჯანმრთელობაზეც.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე კეთდება დასკვნა, რომ ამ საქმეში განსაკუთრებულ როლს თამაშობს ეკონომიკის განვითარება: ფასებისა და სამეურნეო ურთიერთობების ლიბერალიზაციას, პრივატიზაციას, სახელმწიფო ფინანსების განმტკიცებას და ა.შ. მოქმედებაში მოჰყავთ მძლავრი ძალები, რომლებიც სრულებით უცვლიან სახეს მილიონობით ადამიანის ყოველდღიურ საქციელს და დადებითად ზემოქმედებენ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.
ვფიქრობთ რა ჯანმრთელობის დაცვის სფეროს რეფორმირებაზე პოსტსოციალისტურ ქვეყნებში, ყურადღებიდან არ უნდა გამოგვრჩეს კიდევ ერთი სერიოზული ძალა - ტრანსფორმაციის ფსიქოლოგია. ვფიქრობ, რომ ადამიანთა ჯანმრთელობა დამოკიდებულია ასევე იმაზეც, თუ როგორი ფსიქოლოგიური კლიმატია გამეფებული ქვეყანაში, სადაც რეფორმები მიმდინარეობს - ადამიანები იმედით შეჰყურებენ მათ თუ უიმედობით. ასეთი ფიქრები მე განსაკუთრებით მაშინ აღმეძვრება, როდესაც რუსეთსა და პოლონეთში შექმნილ სიტუაციას ვადარებ ერთმანეთს.
აქ საჭიროა შევეხოთ ჯანმრთელობის დაცვის სფეროში საინფორმაციო-საგანმანათლებლო საქმიანობას. საჭიროა ამ სფეროში მოქმედების იქით წარმართვა, რომ რაც შეიძლება შევამციროთ ჯანმრთელობისათვის მავნე პროდუქტების რეკლამირება და როგორც სახელმწიფო, ისე არასახელმწიფო დაწესებულებების მიერ სისტემატიური აღზრდა-განათლებითი მეთოდებით აქტიური პროპაგანდა გავუწიოთ ჯანმრთელი ცხოვრების წესს. განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია აქცია ,,უარი თქვი სიგარეტზე“, რომელიც პროფესორ ვიტოლდ ზატონსკის ინიციატივით წამოიწყო. ჯანმრთელობისათვის სასარგებლო ცხოვრების წესის პროპაგანდა უნდა გახდეს ერთ-ერთი უმთავრესი დანიშნულება ასევე სახელმწიფო ტელევიზიისათვის. ეს უკანასკნელი სწორედ ამ მხრივ უნდა გამოირჩეოდეს კერძო-კომერციული ტელევიზიისაგან და სწორედ ამაში უნდა გამოიხატებოდეს მისი საზოგადოებრივი ხასიათი. უცხოური გამოცდილება გვიჩვენებს, რომ შესაძლებელია ადამიანთა ქცევის რადიკალური ცვლილებები ინფორმაციის მიწოდების გზით. ადამიანთათვის მიწოდებული ინფორმაცია უნდა ეხებოდეს არა მხოლოდ მათი თვითგადარჩენის ინსტინქტებს, არამედ ჯანმრთელ სნობიზმსაც, რომლის საფუძველსაც წარმოადგენს უაღრესად მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური საჭიროება, ანუ მისწრაფება საკუთარი ღირსების გრძნობის გაძლიერებისაკენ.
ვივისექცია4
იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამოკიდებულია მათი ცხოვრების წესსა და პირობებზე, ქვეყნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ეროვნულ პრიორიტეტად უნდა იქცეს მოსახლეობის ჯანმრთელობის დონის გაუმჯობესება და ამაღლება. ქვეყნის სამედიცინო მომსახურების სფერო იყოფა მრავალ სისტემად, რომლებიც ერთმანეთისაგან განსხვავდებიან დაფინანსების, პაციენტთა უფლებების, მომსახურების ხასიათის და სახელმწიფოს როლის მიხედვით.
სამედიცინო მომსახურების განსაკუთრებულობა
სამედიცინო მომსახურების სფეროს აქვს გარკვეული დამახასიათებელი ნიშნები, რომელთა შესახებაც ორიოდე სიტყვის თქმა შეიძლება. მათი ცოდნის გარეშე ჯანმრთელობის დაცვის სისტემის რეფორმა ვერ მიიღებს ისეთ სახეს, როგორიც საჭიროა რომ მას ჰქონდეს, ხოლო ამ თემაზე დისკუსია უსაგნო კამათის ფორმას შეიძენს.
პირველი და უმთავრესი არის ის, რომ ადამიანები სულ უფრო და უფრო მეტ მოთხოვნას უყენებენ წამლებით მომარაგებასა და სამედიცინო მომსახურებას. დროის გასვლასთან ერთად ეს ტენდენცია კიდევ უფრო იზრდება, რადგან საზოგადოებაში მატულობს ასაკოვან ადამიანთა ხვედრითი წილი. საზოგადოების დაბერება იწვევს ასევე ეროვნული შემოსავლის იმ ნაწილის გაზრდის აუცილებლობას, რომელიც ჯანმრთელობის დაცვის სფეროს დასაფინანსებლად არის გათვალისწინებული. თავის მხრივ, ეროვნულ შემოსავალზე ეს დაწოლა კიდევ ორ სხვა მოვლენას წარმოშობს: ოჯახის როლის შემცირებას მოხუცი ოჯახის წევრების მოვლა-პატრონობაზე და ასევე, სამედიცინო სფეროს დაფინანსების სიმძიმის ცენტრის გადატანას კერძო სფეროდან საზოგადოებრივ სფეროზე. ყველა აღნიშნული ტენდენციები იწვევს საბიუჯეტო სახსრების, და გადასახადების ზრდასაც. მაგალითად, აშშ-ში ფისკალური დაძაბულობის ერთ-ერთ წყაროს ისიც წარმოადგენს, რომ ბოლო ოცდაათი წლის მანძილზე ასაკოვანი ადამიანების სამედიცინო მომსახურების (Medicare) მნიშვნელოვან ნაწილს თავის თავზე სახელმწიფო იღებს.
ამ სფეროში მეორე მნიშვნელოვან მოვლენას წარმოადგენს ის, რომ ასაკოვან ადამიანთა ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალზე განსხვავებულია, ნაწილობრივ ბიოლოგიური მიზეზების, ნაწილობრივ ცხოვრების წესისა და პირობების გამო. ამიტომ ისმება კითხვა: ვინ უნდა აიღოს თავის თავზე ფინანსური პასუხისმგებლობა ადამიანთა ჯანმრთელობაზე: თავად იმ ადამიანებმა, რომელთაც ჯანმრთელობა გაუუარესდათ (პრობლემის ამგვარ გადაწყვეტას უმეტესწილად საბაზრო ხასიათი აქვს), თუ მათთან ერთად სხვა ადამიანებმაც, ანუ მთელმა საზოგადოებამ?
როგორ დავაფინანსოთ ჯანმრთელობის დაცვა
ჯანმრთელობის დაცვის სფეროს ზემონახსენები სპეციფიურობა იწვევს იმას, რომ ამ პრობლემის გადაწყვეტა საბაზრო მეთოდებით (პაციენტის მიერ მკურნალობის საფასურის უშუალოდ გადახდა), გაცილებით უფრო რთული საქმეა, ვიდრე ეროვნული მეურნეობის სხვა დარგებისა. საბაზრო მექანიზმები ხომ ყველაზე კარგად მაშინ ფუნქციონირებენ, როდესაც მან, ვინც იხდის, კარგად იცის, თუ რა შეიძლება მოითხოვოს ალტერნატიული მიმწოდებლებისაგან. ამიტომ აქედან სრულიადაც არ გამომდინარეობს ის გარემოება, რომ ჯანმრთელობის დაცვის სფეროს დაფინანსების არასაბაზრო ბერკეტებით გადაწყვეტა ყველაზე საუკეთესო იყოს. ნახსენები პრობლემა, მიმწოდებლების მომხმარებლებთან შედარებით უკეთესი ინფორმაციული უზრუნველყოფა, არსებობს დამოუკიდებლად იმისა, თუ როგორ ინსტიტუციონალურ ჩარჩოებში ხდება მისი გადაწყვეტა (შეიძლება ამ განსხვავების შემცირება პაციენტთა აღზრდა-განათლებით, მათი ინფორმირებით ). ამიტომ ჯანმრთელობის სისტემა საჭიროა შევაფასოთ იმისდა მიხედვითაც, თუ როგორ ართმევს იგი თავს ამ პრობლემის გადაწყვეტას. ამ კითხვაზე უმთავრესი პასუხი შეიძლება იყოს სამი სახის: პროფესიონალური ეთიკის კოდექსი, სამედიცინო მომსახურების სტანდარტებისა და ფასების სახელმწიფო რეგულირება და ასევე პაციენტთა რელატიური პოზიციის გაძლიერება მათი მომსახურების სფეროში სპეციალური ინსტიტუტების გამოჩენით, რომელთა შორისაც მათ არჩევანის გაკეთების საშუალება ექნებათ, და რომლებიც, თავადაც ეხმარებიან პაციენტებს სხვადასხვა სახის სამედიცინო პრეპარატების თუ სამედიცინო მომსახურების შერჩევაში. ამ სახის ყველაზე მნიშვნელოვან მომსახურებას წარმოადგენს ოჯახის ექიმის ინსტიტუტი.
ბოლოს, საჭიროა გავიხსენოთ ჯანმრთელობის დაცვის ტექნოლოგიური ფაქტორებიც. ამ სფეროში წარმოიშვა ახალ-ახალი მეთოდები, რომლებიც თუმცა, სიცოცხლის გახანგრძლივების საშუალებას იძლევიან, მაგრამ მათი ღირებულება ძალზე მაღალია (მაგალითად, გულის გადანერგვა). ამ ბოლო დროს აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებულ ზოგიერთ სხვა მოვლენაზე ყურადღება გაამახვილა გამოჩენილმა ამერიკელმა ეკონომისტმა უილიამ ბაუმოლმა. მან მიუთითა, რომ ამ სფეროში შრომის ნაყოფიერება იზრდება, - ტექნოლოგიური თვალსაზრისით, გაცილებით ნელი ტემპებით, ვიდრე ეკონომიკის სხვა სექტორებში. სამაგიეროდ, ამ სფეროში ხელფასების ზრდის ტემპი, ძირითადად, დაკავშირებულია სხვა სექტორებში შრომის ანაზღაურების ზრდასთან. ორივე ეს მოვლენა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ბადებს მორიგ იმპულსს ხარჯების ზრდის მიმართულებით. რადგან იგი ფინანსირდება ძირითადად სახელმწიფოებრივი სახსრებიდან, ეს წარმოშობს იმის აუცილებლობას, რომ გაიზარდოს გადასახადები. თავის მხრივ ეს ეკონომიკის განვითარების მუხრუჭი ხდება, რომელიც ყოველგვარი ხარჯების დაფარვის წყაროა.
როგორც ვხედავთ, ჯანმრთელობის დაცვის სფეროში არ იგრძნობა პრობლემების ნაკლებობა. ჯანმრთელობის დაცვის სხვადასხვა სისტემები სხვადასხვაგვარად ჭრიან მათ და ამასთან, თითქმის ყველა ქვეყანაში ეს პრობლემები ფართო დისკუსიის საგანია.
![]() |
19 სამარიტანელის დილემა |
▲back to top |
მოწოდებისა და დაფინანსების სფერო
როდესაც საქმე ჯანმრთელობის დაცვის დაფინანსებას ეხება, ეს ყოველთვის ადამიანებთანაა დაკავშირებული. თუმცა, სხვადასხვა სახით. ჩვენ მას ვიხდით ან გადასახადების სახით (და მაშინ საქმე გვაქვს დარგის სახელმწიფო დაფინანსებასთან), ან უშუალოდ, როგორც მომხმარებელნი (და მაშინ საქმე გვაქვს სამედიცინო მომსახურების საბაზრო, ანუ კერძო დაფინასებასთან). რაც უფრო მეტი სიკეთეა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული, ცხადია, მით უფრო მეტი ფული უნდა მოგროვდეს გადასახადების სახით, შესაბამისად, მით ნაკლები თანხა დარჩება მოქალაქეთა ჯიბეში. საბაზრო დაფინანსებას ადგილი აქვს მაშინ, როდესაც მაღაზიაში რაიმე საქონელს ვყიდულობთ. სამედიცინო მომსახურების შემთხვევაში, ამას შეიძლება ჰქონდეს ან მოცემული მომსახურების უშუალო ანაზღაურების ან კერძო პირის მიერ სამედიცინო სადაზღვევო პოლისის ხასიათი.
სამედიცინო მომსახურების მიწოდების სფეროში შეიძლება ადგილი ჰქონდეს პრობლემის გადაწყვეტის სხვადასხვა მიდგომას. კერძოდ, მისი გადაწყვეტა შეიძლება მინდობილი ჰქონდეთ როგორც სახელმწიფო სამედიცინო, ასევე კერძო სამედიცინო ობიექტებს. შესაძლებელია ასევე ამ სფეროს დაფინანსებისა და სამედიცინო მომსახურების ორგანიზაციის სამი სხვადასხვა მეთოდი. იმ შემთხვევაში, თუ დარგის დაფინანსებაში გადამწყვეტ როლს თამაშობს საბაზრო დაფინანსება, მაშინ ამ მომსახურების გაწევასაც კერძო, ანუ არასახელმწიფო ხასიათი აქვს. ამასთან, არ არის აუცილებელი სახელმწიფო დაფინანსება გულისხმობდეს სამედიცინო სამსახურების ობიექტებზე სახელმწიფო მონოპოლიას. ამ დარგის დაფინანსებაში სახელმწიფო დაფინანსების დიდი ხვედრითი წილის დროსაც შესაძლებელია ეს ობიექტები კერძო ხასიათის იყოს. სახელდობრ, ასეთ სიტუაციას ადგილი აქვს OECD-ს მრავალ ქვეყანაში, განსაკუთრებით კი გერმანიაში, იაპონიაში, ნიდერლანდებსა და ბელგიაში. ეს იმას ნიშნავს, რომ შესაძლებელია სხვადასხვა გზით მოხდეს ჯანმრთელობის დაცვის სფეროს როგორც ობიექტების, ისე მათი დაფინანსების პრივატიზება. ანუ მათი პრივატიზებისას არ არის აუცილებელი ერთი და იგივე მეთოდების გამოყენება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შეიძლება დარგის დაფინანსებას სახელმწიფოებრივი ხასიათი ჰქონდეს, ხოლო მოქალაქეების სამედიცინო მომსახურებას - კერძო.
პრობლემის წმინდად საბაზრო გადაწყვეტა
თანამედროვე ეკონომიკური მეცნიერება უკვე მრავალი წელია, რაც ჯანმრთელობის დაცვის სფეროს სხვადასხვა სისტემების ანალიზს სწავლობს. განსაკუთრებით დიდი ყურადღება ეთმობა აქ შექმნილი პრობლემების გადაწყვეტის ერთ მეთოდს, რომლის პირობებშიც როგორც დარგის დაფინანსებას, ისე მოქალაქეთათვის სამედიცინო მომსახურების გაწევას მხოლოდ და მხოლოდ კერძო ხასიათი აქვს. ამასთან, დარგის დაფინანსება ხდება მხოლოდ ნებაყოფლობითი დაზღვევის გზით. როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, ამ სისტემის ყველაზე დიდი პოტენციალური სისუსტე არის ის, რომ მან შესაძლოა სათანადო სამედიცინო მომსახურების გარეშე დატოვოს ადამიანების ორი ჯგუფი: ძალიან ღარიბები, რომელთაც არ შეუძლიათ კერძო სადაზღვევო გადასახადების გადახდა, და ასევე მეორე ჯგუფის ადამიანები (რომლებიც ხშირად იგივე ადამიანები არიან, რომლებიც პირველ ჯგუფში მოხვდნენ), რომელთაც ძალზე ძვირადღირებული სამედიცინო მომსახურება ესაჭიროებათ. ამ უკანასკნელ შემთხვევაში მოქალაქეთა ანარიცხები კერძო სადაზღვევო კომპანიებისათვის ძალზე მაღალი იქნება.
ყურადღებას იმსახურებს ასევე ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ორგანიზაციის სხვა მეთოდიც, რომელიც გარკვეული თვალსაზრისით ეწინააღმდეგება ზემოთ აღწერილს და რომელსაც ეკონომიკურ ლიტერატურაში „სამარიტანელის დილემა“ ეწოდება. ამგვარი მიდგომის დროს ღარიბი მოქალაქეები, რომლებიც, თუმცა დაზღვეული არ არიან კერძო სადაზღვევო კომპანიებში, მაინც იღებენ სამედიცინო მომსახურებას, ვინაიდან ამ საზოგადოების უმრავლესობისათვის წარმოუდგენელია ძირითადი სახის სამედიცინო მომსახურების გარეშე დარჩენილი მოქალაქე, როგორი ღარიბიც არ უნდა იყოს იგი. ცხადია, ამის საფასური ვიღაცამ უნდა გაიღოს. პრაქტიკაში კი ეს ნიშნავს, რომ კერძო დაზღვევის ღირებულება მისით მოცული ადამიანებისათვის უნდა გაიზარდოს იმ ფასით, რა ფასადაც უჯდება დარგს დაუზღვეველი ადამიანების მკურნალობა. ფასის ამ ზრდას და ასევე იმის რწმენას, რომ შეიძლება არ გადაიხადო და ისე მიიღო სამედიცინო მომსახურება, ზოგიერთ ადამიანს უბიძგებს თავი აარიდონ ამ საქმისათვის სადაზღვევო გადასახადების გადახდას. ცხადია, ესეც გამოიწვევს სადაზღვევო გადასახადების გაზრდას. ყველა ეს პრობლემა ეხება კერძო სამედიცინო მომსახურებას, რომლის დაფინანსებაც ხდება სადაზღვევო შენატანების ბაზაზე. მიუხედავად ამისა, ეკონომიკურმა თეორიამ დღემდე ვერ გამონახა ვერავითარი სხვა არგუმენტი იმის სასარგებლოდ, რომ ადამიანებისათვის სამედიცინო მომსახურების აღმოჩენას სახელმწიფო-მონოპოლიური ხასიათი ჰქონდეს.
აუცილებელია ითქვას ისიც, რომ ჯანმრთელობის დაცვის სფეროში საბაზრო მეთოდების გამოყენების დროს გამორიცხული უნდა იქნეს ამ მიზნით ხარჯების უზომო ზრდა და ასევე გაკონტროლდეს მომსახურების აღმოჩენის დონე და სტანდარტები. ამასთან, უნდა ითქვას ისიც, რომ ეს პრობლემა მხოლოდ დარგის საბაზრო მეთოდებით ორგანიზაციისათვის როდია დამახასიათებელი. ამგვარ პრობლემებს ვაწყდებით ჯანმრთელობის დაცვის სფეროს ნებისმიერი სხვა მეთოდებით დარეგულირების დროს.
ამიტომ, მხოლოდ ამგვარი მეთოდის სისუსტეების აღნიშვნა როდია საკმარისი მასზე ხელის ასაღებად. უფრო მნიშვნელოვანი იქნებოდა დაგვედგინა, თუ რა მეთოდებით იქნებოდა შესაძლებელი ამ სისუსტეების ლიკვიდაცია, ასევე შეგვედარებინა პრობლემის ამგვარი მიდგომის დადებითი და უარყოფითი მხარეები ამ სფეროში არსებული პრობლემების გადაჭრის სხვა მეთოდების გამოყენების დროს არსებულ დადებით და უარყოფით მხარეებთან. სახელდობრ, ეს იქნებოდა გადაწყვეტილების მიღების ყველაზე გონივრული გზა. ამგვარი შედარებითი ანალიზის გარეშე აუცილებლად იქნება დაშვებული სერიოზული შეცდომები. პრობლემის გადაწყვეტის ერთი გზის უარყოფა მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ მასში შეცდომებია დაშვებული, უფრო სერიოზული შეცდომების დაშვების საფრთხის წინაშე დაგვაყენებს. არჩევანის გაკეთება ამგვარი შედარებითი მეთოდის გამოყენების გარეშე სერიოზული შეცდომაა. ამიტომ, როდესაც გვესმის, რომ ესა თუ ის მოვლენა თუ საგანი კარგია თუ ცუდი, მაშინვე უნდა დავსვათ კითხვა: რასთან შედარებით?
ყველაფერი ეს, ცხადია, ეხება ჯანმრთელობის დაცვის სისტემის არჩევის პრობლემას. ამიტომ დავუბრუნდეთ საბაზრო მეთოდებით დაფინანსებულ ჯანმრთელობის დაცვის სისტემისათვის დამახასიათებელ შესაძლო შეცდომებს. ამ მხრივ კი უმნიშვნელოვანესია ის, რომ ამ სისტემის დროს შესაძლოა მის გარეშე დარჩეს საზოგადოების ორი უმნიშვნელოვანესი ფენა - ძალიან ღარიბები და ისინი, ვისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაც დიდ ფინანსურ სახსრებს მოითხოვს. ამიტომ იბადება კითხვა: რა გზებით და მეთოდებით შეიძლება ამ შეცდომების თავიდან აცილება? ერთ-ერთი ასეთი მეთოდი წარმოიშვა და განვითარება ჰპოვა XIX საუკუნეში საბაზრო ეკონომიკის ჩარჩოებში. შეიძლება ითქვას, რომ მას ემბრიონულ ფორმაში საფუძველი დაედო ინგლისელი მოაზროვნისა და ეკონომისტის, რობერტ ოუენის ნააზრევში. იგი ემყარებოდა მუშაკთა თვითორგანიზაციას და მიღებული ჰქონდა ურთიერთდახმარების ამხანაგობის ფორმა (friendly societies), რომელიც თავისი წევრებისათვის სხვა ხარჯებთან ერთად იღებდა სახსრებს სამედიცინო მომსახურების მიზნითაც. 1801 წელს ამგვარი ამხანაგობები მხოლოდ დიდ ბრიტანეთში 648 ათას წევრს ითვლიდა, ხოლო 1900 წელს - თითქმის 10 მილიონსაც (!) კი. მაგრამ XX საუკუნეში ამ სახის ამხანაგობები მკვეთრად შეავიწროვეს სახელმწიფო არხებით დაფინანსებულმა სამედიცინო მომსახურების დაწესებულებებმა. თვით დასავლეთის მრავალ ქვეყანაში ჯანმრთელობის დაცვის სისტემამ სახელმწიფოებრივი მონოპოლიის სახეც კი მიიღო.
საკითხის სოციალისტურად გადაჭრა
ჯანმრთელობის დაცვის სფეროს სრული განსახელმწიფოებრიობა, როგორც დაფინანსების, ისე სამედიცინო მომსახურების აღმოჩენის თვალსაზრისით, განხორციელდა სოციალისტურ ქვეყნებში. ამასთან, ეს მოხდა არა იმდენად ჯანმრთელობის დაცვის სფეროს საბაზრო დაფინანსების ნაკლოვანებების გამოსწორების მიზნით, არამედ საზოგადოებაში მემარცხენე, მარქსისტული თვალსაზრისის ტრიუმფის შედეგად. მარქსიზმი ხომ, მიუხედავად ამ დოქტრინის მიერ შეპირებული თავისუფლების სამეფოს შექმნისა, საზოგადოებრივი ცხოვრების თითქმის ყველა სფეროს ტოტალურ განსახელმწიფოებრიობას მოითხოვდა და უხეშად ებრძოდა თავად მემარცხენე მოძრაობაში აღმოცენებულ ლიბერალურ მიდგომებს, რომელთაც იგი უტოპიურს უწოდებდა. სინამდვილეში თავად აღმოჩნდა უტოპია, რომლის განხორციელებასაც, სამწუხაროდ, შეეცადნენ ჩვენი პლანეტის საკმაოდ დიდ ნაწილზე.
ბისმარკმა, რომელმაც გერმანიაში საზოგადოების ღარიბი ფენებისათვის (ძირითადად, მუშებისათვის), უმთავრესი სამედიცინო მომსახურების სახელმწიფო დაფინანსების ღონისძიებები გაატარა, ეს უფრო პოლიტიკური თვალსაზრისით გააკეთა. აღნიშნული იმის მომასწავებელი იყო, რომ მან მიიღო გერმანელ სოციალ-დემოკრატთა, რომელთა შორისაც ამ პრობლემების გადაჭრის სფეროში ასევე მარქსისტული მიდგომები ბატონობდა, მოთხოვნები. დღეს უკვე ნათლად ჩანს ის გარემოება, რომ იმავე დასავლეთში მემარცხენეები ცდილობენ ჯანმრთელობის დაცვის სფეროს პრობლემის ძველებური მეთოდებით მოგვარებას, რომელიც საზოგადოების სუსტი ნაწილის თვითორგანიზაციას გულისხმობს და არა სახელმწიფოს ინტერვენციას ამ სფეროში და ამ მიმართულებით. ამ მხრივ, მათი პოზიცია ლიბერალური მიმართულების პარტიების პოზიციებს ემთხვევა.
შერეული მოდელი
მეორე მეთოდს, რომელიც საშუალებას იძლევა თავი დავაღწიოთ იმას, რომ საზოგადოების ზოგიერთი ჯგუფისათვის შეუძლებელი არ გახდეს სამედიცინო მომსახურება, წარმოადგენს ამ სფეროს საბაზრო მეთოდებით დაფინანსების სრულყოფა. მაგალითად, შეერთებულ შტატებში უკვე რამდენიმე წელია არსებობს სპეციალური პროგრამები (Medicaid), რომელიც უზრუნველყოფს სამედიცინო მომსახურებას როგორც ღარიბი, ასევე იმ ადამიანებისათვისაც, რომლებიც ქრონიკულად ავადმყოფობენ. ასეთ შემთხვევაში სამედიცინო მომსახურების სისტემის დაფინანსებას აქვს შერეული სახე, ხოლო თავად მომსახურებას კი - კერძო ხასიათი.
ჯანმრთელობის დაცვის სფეროს საბაზრო წესებით დაფინანსების შემთხვევაში წარმოიშვება ასევე ორგანიზაციის ახალი ფორმები, რომელთა დახმარებითაც გაცილებით უკეთ, ვიდრე ადრინდელი ფორმების მოქმედებისას გადაიჭრება დანახარჯების ხელოვნურად გაბერვის პრობლემები. ამგვარი სიახლეების ორგანიზაციის ფორმას შეერთებულ შტატებში წარმოადგენს მაგალითად, - Healt Maintenance Organizations (HMO). აღნიშნული ორგანიზაცია პერიოდული მოსაკრებლების აკუმულაციის სანაცვლოდ თავის წევრებს პირდება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამედიცინო მომსახურებას. განსხვავებით სადაზღვევო ამხანაგობებისა, ამ ორგანიზაციას თავად ჰყავს საკუთარი სამედიცინო პერსონალი, რომელიც სპეციალური კონტროლის ქვეშ იმყოფება. ამასთან, ეს ორგანიზაცია თავის საქმიანობაში ყურადღებას უფრო პროფილაქტიკურ სამუშაოებზე ამახვილებს, რომელიც გაცილებით იაფიც ჯდება, ვიდრე შემდეგ დაავადებულის განკურნება (კარგად არის ნათქვამი, გრამი პროფილაქტიკა ფუთ მკურნალობას სჯობიაო -ა.გ.). ეს ამ ორგანიზაციის ინტერესებშიცაა, ვინაიდან იგი, ბუნებრივია, მიისწრაფვის მოგების მაქსიმალიზაციისაკენ, რომელსაც ანარიცხების ჯამისა და წევრებისათვის სამედიცინო მომსახურების ღირებულების ჯამს შორის განსხვავების სახე აქვს. ამგვარი ორგანიზაციების რიცხოვნობა სწრაფად იზრდება შეერთებულ შტატებში. კერძოდ, ამ ქვეყანაში ამგვარი ორგანიზაციები უკვე მოიცავენ დიდი და საშუალო საწარმოების მუშაკთა ორ მესამედს (1991 წელს ნახევარზე ნაკლებს). ამის შედეგად მათ საშუალება აქვთ, მკვეთრად შეამცირონ დანახარჯები და ასევე მიაღწიონ მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობაში გაცილებით საგრძნობ პროგრესს, ვიდრე ამას აღწევენ ამ სფეროში მომუშავე ტრადიციული ორგანიზაციული ფორმები. ეს კი გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ შეერთებულ შტატებში ბაზარი სწრაფად და შეუქცევლად ახერხებს ჯანმრთელობის დაცვის სფეროს რეფორმირებას.
მითი დაზღვევის შესახებ
სისტემებმა, რომლებშიც უპირატესობა ეძლევა ჯანმრთელობის დაცვის სფეროს საზოგადოებრივ, ანუ გადასახადებზე დამყარებულ დაფინანსებას, დასავლეთში განსაკუთრებული გავრცელება ჰპოვეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. აქ ამგვარი სისტემები დღესაც განსაკუთრებულ მდგომარეობაში იმყოფებიან. გამონაკლისს წარმოადგენს შეერთებული შტატები, სადაც 1990 წელს გადასახადები ამ მიზნისათვის დახარჯული მთელი სახსრების 42 პროცენტს ჰფარავდნენ. OECD-ს სხვა ქვეყნებში ეს მაჩვენებელი 60 პროცენტიდან (პორტუგალია) 90 პროცენტამდე (ნორვეგია, ლუქსემბურგი) მერყეობს. როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, მხოლოდ გადასახადები იყო უმთავრესი წყარო ჯანმრთელობის დაცვის დაფინანასებისა ყოფილ სოციალისტურ ქვეყნებში. სინამდვილეში კი ამგვარი მომსახურება პაციენტების ფულადი შენატანების საფუძველზე ხდებოდა.
გადასახადები თუ „შენატანები“
ჯანმრთელობის დაცვის „საგადასახადო“ ხასიათზე საუბარი შეიძლება მაშინ, როდესაც მისი ღირებულების დაფარვა გადასახადების ბაზაზე ხდება, - როგორც მაგალითად, დიდ ბრიტანეთში და ყოფილ სოციალისტურ ქვეყნებში, ასევე მაშინ, როდესაც ამ მიზნით სპეციალური გადასახადებია დაწესებული (რომელთაც შეცდომით „შენატანებს“ უწოდებენ და რომლებიც აძვირებენ შრომის დანახარჯებს), როგორც მაგალითად, გერმანიაში. ბოლო წლებში პოლონეთში გავრცელება ჰპოვა მეტად საშიშმა მოსაზრებამ, რომელიც ლოზუნგის სახით შემდეგი სიტყვებით გამოიხატება - „ჯანმრთელობის დაზღვევა“. აღნიშნული ლოზუნგი იმიტომ არის საშიში, რომ მის უკან ყოფილი, სოციალისტური ხასიათის გადასახადებზე დაფუძნებული ჯანმრთელობის დაცვის სისტემა იგულისხმება. ამას კი არაფერი აქვს საერთო ავტენტიურ საბაზრო დაზღვევასთან. ამასთან, ისეთი შეხედულება იქმნება, რომ თითქოს საქმე გვქონდეს რაღაც ფუნდამენტულ ცვლილებებთან, რომლებიც ამ სფეროში გარდატეხას გამოიწვევენ. ეს კი, როგორც ამას სამართლიანად ამტკიცებს ეკატერინე ტიმოვსკა, მხოლოდ მითია. მითი ,,ჯანმრთელობის დაზღვევის“ შესახებ, მიუხედავად მისი სახელისა, ეფუძნება მხოლოდ ჯანმრთელობის დაცვის სფეროს გადასახადების საფუძველზე განხორციელებულ სისტემას. ამ მანევრს კი აქვს გაცილებით ნაკლები მნიშვნელობა, ვიდრე საზოგადოებრივ და კერძო დაფინანსებაში პროპორციების ცვლილებას, ისევე, როგორც ცვლილებებს სამედიცინო მომსახურების აღმოჩენის ორგანიზაციის სფეროში, როგორიცაა, კონკურენციის დამკვიდრება, კერძო ჯანმრთელობის დაცვის ობიექტების დაშვება, ოჯახის ექიმის ინსტიტუტის შემოღება და ა.შ. ყველა ამ სახის ცვლილებების განხორციელება შესაძლებელი იქნებოდა ყოველგვარი საგადასახადო მანევრებისა და მყვირალა, ვითომ ,,დაზღვევის“ ლოზუნგების გარეშე. უფრო მეტიც: ჯანმრთელობის დაცვის სფეროს ნაჩქარევად განხორციელებული რეფორმა სპეციალურად შექმნილი ფონდის საშუალებით აღნიშნულ სფეროში დანახარჯების გაზრდის საშიშროებას ქმნის. ეს ნათლად ჩანს ჩეხეთისა და უნგრეთის მაგალითზე. ყველაზე დიდი საფრთხე იქმნება მაშინ, როდესაც ამგვარ დაწესებულებებს არ შეუძლიათ ხარჯების გაკონტროლება, და იმავდროულად, სარგებლობენ გარანტიებით, რომ სახელმწიფო (ანუ გადასახადების გადამხდელები) დაფარავენ მათ დეფიციტს.
სახელმწიფო ფინანსების ღირსებები და ნაკლოვანებები
მთავარ არგუმენტად, რომელიც ყველაზე ხშირად გამოიყენება ჯანმრთელობის დაცვის სფეროს საზოგადოებრივი დაფინანსების სასარგებლოდ, ხშირად მოჰყავთ ის, რომ მას შეუძლია რისკის ფაქტორის სოციალიზება: იმ ადამიანებს, რომლებიც იძულებულნი არიან მძიმე ავადმყოფობის განსაკურნად დიდი ხარჯი გაიღონ, არ მოუწევთ მისი გაკეთება, რადგანაც მკურნალობა საერთოდ არის ფინანსირებადი საგადასახადო სისტემის მეშვეობით, მთელი დანარჩენი საზოგადოებისაგან. ეს ადამიანები ასევე ამტკიცებენ, რომ ამგვარი სისტემა ღარიბებს აძლევს ჯანმრთელობის დაცვის სფეროს უფრო ფართო მასშტაბით მომსახურების გარანტიას, ვიდრე ამის გაკეთება შეეძლო იგივე დარგს საბაზრო ბერკეტების გამოყენებით. ასეთი მსჯელობიდან ისე გამოდის, თითქოს ჯანმრთელობის დაცვის სფეროში გადასახადებზე დამყარებული ბერკეტების გამოყენების დროს დადებითი მომენტები უფრო მეტი იყოს, ვიდრე ამავე სფეროში წმინდა საბაზრო მექანიზმების გამოყენებისას. აქ კი განსაკუთრებით იგულისხმება ის გარემოება, თითქოს ამ უკანასკნელი სისტემის დროს ღარიბებსა და ქრონიკულად დაავადებულებს განკურნების ნაკლები შანსი ჰქონდეთ. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ საბაზრო მექანიზმებით სისტემის დარეგულირების დროს იგი შეიძლება (და უნდა იყოს კიდეც) შევსებული იყოს სუბსიდიებით ამგვარი კატეგორიის ავადმყოფებისათვის.
ჯანმრთელობის დაცვის სისტემას, რომელიც გადასახადებზეა დამყარებული, სხვა ნაკლოვანებებიც გააჩნია. ერთ-ერთი მათგანია ის, რომ სხვებს აკისრებს იმ ადამიანების მკურნალობის დანახარჯებს, რომლებმაც თავიანთი ცუდი ცხოვრების წესისა თუ სხვა მიზეზების გამო, საკუთარი ჯანმრთელობა გაიუარესეს. ამგვარი სისტემის მოქმედების პირობებში ხომ არ არსებობს (თუ არა პაციენტის მიერ გადახდის შემთხვევაში), ინდივიდუალური ელემენტები, რომლის მიხედვითაც ადამიანი საკუთარი ჯანმრთელობის დაფინანსებაზე პასუხისმგებლობას თავად აიღებდა საკუთარ თავზე. ამ სისტემის მოქმედების პირობებში კონკრეტული ადამიანის განკურნებაზე პასუხისმგებლობას კისრულობს მთელი საზოგადოება ანუ რეალურად - არავინ. სხვა პრობლემას წარმოადგენს ისიც, რომ სხვადასხვა სოციალური წარმომადგენლობის პაციენტებს განსხვავებული მოლოდინი აქვთ ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებებისაგან (ერთს, მაგალითად, არ სურს რიგებში დგომა და იშვიათი სამედიცინო მომსახურების მოლოდინი, მეორეს სურს, რომ პალატაში ტელევიზორი ჰქონდეს და ა.შ.).
არ არსებობს უფასო მომსახურება
მეორე და მნიშვნელოვანი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ გადასახადებზე დამყარებული სამედიცინო მომსახურების დროს პაციენტებისათვის მომსახურება მათთვის ვითომ ,,უფასოა“ , მაგრამ მისი ღირებულება ხომ ვიღაცა სხვამ უნდა გადაიხადოს? ამიტომ ისმება კითხვა: რა გზით უნდა მოხდეს პაციენტების შერჩევა მკურნალობის ღონისძიებების გასაწევად და რა დონემდე უნდა გაიზარდოს გადასახადები, რომ მაქსიმალური რიცხოვნობის პაციენტების მოთხოვნილება დაკმაყოფილდეს. ამ მიზნით საჭირო გახდება ბიუჯეტის დეფიციტის გაზრდაც. როგორც გადასახადების, ისე ბიუჯეტის დეფიციტის ზრდა, ცხადია, გამოიწვევს ეკონომიკური განვითარებას შეფერხებას, რაც არც ერთი ქვეყნისათვის არ არის სასურველი. დასავლეთში ამ პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გზას წარმოადგენს პაციენტების ლეგალური თანამშრომლობის ინტენსიურობის გაზრდა სამედიცინო მომსახურების ობიექტებთან. წინააღმდეგ შემთხვევაში რჩება ფორმალურად ,,უფასო“ ჯანმრთელობის დაცვის სამსახური, რომელიც არც ეფექტურობის თვალსაზრისით დგას მოწოდების სიმაღლეზე და არც ეთიკის.
![]() |
20 შენატანები ჯანმრთელობის დაცვისათვის |
▲back to top |
ბევრი თუ ცოტა
მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში OECD-ს ქვეყნების ჯანმრთელობის დაცვის სისტემებში შეიძლება გავარჩიოთ ორი ეტაპი: პირველი გრძელდებოდა 1973 წლის ნავთობის მსოფლიო კრიზისამდე. ამ პერიოდში მთლიან ეროვნულ პროდუქტში საგრძნობლად გაიზარდა ჯანმრთელობის დაცვაზე გაღებული ხარჯების ხვედრითი წილი. ეს განსაკუთრებით გამოიწვია ამ სფეროს დაფინანსებაში სახელმწიფო დაფინანსების ხვედრითი წილის ზრდამ. ამასთან, ამ ქვეყნებისათვის ეს არ გამხდარა მაინცდამაინც დიდი პრობლემა, რადგანაც დასავლეთის ქვეყნების ეროვნული მეურნეობები სწრაფი ტემპებით ვითარდებოდა. აქვე უნდა ითქვას, რომ თუ სხვადასხვა ქვეყნებში ამ მაჩვენებლებს ერთმანეთს შევუდარებთ, აღმოჩნდება, რომ მისი გაზრდა დიდწილად არის დამოკიდებული ეროვნული შემოსავლის წარმოებაზე ქვეყნის ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით. მდიდარი ადამიანები ამჟღავნებენ გაცილებით დიდ სწრაფვას უფრო სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურებისაკენ, ვიდრე ღარიბები. ამიტომ ნამდვილი აბსურდი იქნებოდა პოლონეთში ამ დარგის დაფინანსებაზე მიმართული მშპ-ს ხვედრითი წილის შედარება ანალოგიურ მაჩვენებელთან შეერთებულ შტატებში ან შვეიცარიაში (10-13 პროცენტი). ჩვენს ქვეყანაში მშპ-ში დარგის ხვედრითი წილი ამჟამად შეედარება სამხრეთ კორეის (4%), თურქეთის (4,2%), თუ მექსიკის (4,6%) ანალოგიურ მაჩვენებლებს. ამის გათვალისწინებით, შეიძლება გავაკეთოთ დასკვნა, რომ ჩვენს ქვეყანაში მოსახლეობის სამედიცინო მომსახურებაზე ვხარჯავთ იმდენივე თანხას, რამდენის დახარჯვის საშუალებასაც ქვეყნის ეკონომიკის განვითარების დონე იძლევა. კიდევ უფრო დიდ აბსურდს შეადგენს ამ სფეროს დასაფინანსებლად დოლარებში გამოსახული თანხების შედარება დასავლეთის სხვა ქვეყნებში ანალოგიურ მაჩვენებლებთან. ამგვარი შედარებების აბსურდულობა ემყარება იმას, რომ ამ მიმართულებით ბიუჯეტიდან გამოყოფილ სახსრებს, ძირითადად, განაპირობებს სამედიცინო პერსონალის შრომის ანაზღაურების მაჩვენებლები, რომლებიც გაცილებით მაღალია დასავლეთში, ვიდრე პოლონეთში. ჩვენ რომ მოგვენდომებინა ამ დარგზე გამოყოფილი თანხების მოცულობების გაზრდა ქვეყნის ერთ მცხოვრებზე გაანგარიშებით არსებული ეროვნული შემოსავლის დონის პირობებში, ეს შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ მაშინ, თუკი უარს ვიტყოდით ყველა სხვა საბიუჯეტო ღონისძიებების განხორციელებაზე. მაგრამ ასეთ შემთხვევაში ჯანმრთელობის დაცვა უკვე საჭირო აღარ იქნებოდა.
ნავთობის კრიზისი … და ჯანმრთელობის დაცვის რეფორმა
მაგრამ კვლავ დავუბრუნდეთ OECD-ს ქვეყნებს. 1973 წლის შემდეგ მსოფლიოში აშკარად გამოიკვეთა ტენდენცია, რომელიც გრძელდება დღესაც, და რომლის შედეგადაც მკვეთრად დაეცა ეკონომიკის განვითარების ტემპები. ამ მოვლენამ თავისი კორექტივები შეიტანა ადრე დაწყებულ ტენდენციაში, რომლის პირობებშიც სწრაფი ტემპებით იზრდებოდა ხარჯები ჯანმრთელობის დაცვის სფეროსათვის. OECD-ს თითქმის ყველა ქვეყანაში ამან დაუყოვნებლივ გამოიწვია აღნიშნული სფეროს რეფორმირება, რაც განსაკუთრებით დარგის დაფინანსების პროცესებს დაეტყო. ყურადღება გადატანილ იქნა გამოყოფილი სახსრების მაღალეფექტურად გამოყენებაზე.
პრობლემის ამერიკული გადაჭრა
რომელ ცვლილებებს შეიძლება მიეწეროს ეს შედეგები? ვიდრე შევეცდებოდეთ ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემას, უნდა აღვნიშნოთ, რომ OECD-ს ქვეყნებს რეფორმების დაწყების მომენტში ჰქონდათ ჯანმრთელობის დაცვის სისტემის საკმაოდ ფართოდ განვითარებული ქსელი. ამერიკული სისტემა ეყრდნობოდა დარგის კერძო დაზღვევას და ასევე ჯანმრთელობის დაცვის კერძო ობიექტებს. ეს სისტემა 1965 წელს კიდევ უფრო სრულყოფილი გახდა გადასახადებიდან დაფინანსებული ორი პროგრამით: Medicaid, რომელიც შემუშავებული იყო ღარიბი ადამიანებისათვის და Medicare, რომელიც გათვალისწინებულია ასაკოვანი ხალხისათვის.
როგორც ვხედავთ, ამერიკული სისტემა აერთიანებს ჯანმრთელობის დაცვის საზოგადოებრივ დაფინანსებას (რომელიც მოიცავს ჯანმრთელობის დაცვაზე გაღებული მთელი სახსრების დაახლოებით 40%-ს), იმ პაციენტებისათვის, რომლებსაც არ შეუძლიათ ჯანმრთელობის დაზღვევის სისტემაში კომერციული მეთოდებით ჩაერთონ, კერძო ხასიათის ჯანმრთელობის დაცვის სისტემასთან. ბოლო ხანებამდე ამ სისტემაში გამოკვეთილი იყო ხარჯების ზრდის ძლიერი ტენდენცია. კერძოდ, თუ 1981 წელს შეერთებულ შტატებში ჯანმრთელობის დაცვაზე იხარჯებოდა მთლიანი ეროვნული პროდუქტის 9,1%-ი, 1997 წელს ამ მაჩვენებელმა 13,6%-ი შეადგინა. ცნობისათვის: ეს მაჩვენებელი შეერთებულ შტატებში OECD-ს ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი იყო. ამიტომ არის ხოლმე, რომ ხშირად ეს არგუმენტი მოჰყავთ იმის დამადასტურებლად, თითქოს საბაზრო მექანიზმებს არ შეეძლოთ სრულყოფილად დაარეგულირონ ჯანმრთელობის დაცვის სფეროს პრობლემები. ეს კი ძალზე არასწორი დასკვნაა, ვინაიდან ამ სახის დანახარჯების ზრდამ სტიმული მისცა გადასახადებიდან დაფინანსებული ისეთი ხასიათის პროგრამების რეალიზებას, რომელთა შედეგებიც ხარჯების შესაფერისი არ ყოფილა.
ჯანმრთელობის დაცვის საბაზრო სექტორში ხარჯების ზრდის ტენდენცია, თავის მხრივ, დაკავშირებული იყო იმასთან, რომ იქ დომინირებული მდგომარეობა ეკავა არასწორი, - ხარჯების კონტროლის თვალსაზრისით, სამედიცინო მომსახურების ფორმას. სამედიცინო მომსახურების საფასურის ანაზღაურების ამ ფორმის არსებობის პირობებში ექიმები არჩევდნენ პაციენტისათვის შეეთავაზებინათ ძვირადღირებული, ამასთან, არცთუ ისე აუცილებელი სამედიცინო მომსახურება. უფრო მეტიც: მათ ამგვარ პრაქტიკას არ ეწინააღმდეგებოდნენ სადაზღვევო ორგანიზაციებიც, რამეთუ ისინი ამით გამოწვეული თავიანთი გაზრდილი ხარჯების კონპენსაციას სადაზღვევო განაკვეთების აწევის გზით აღწევდნენ.
ამერიკის შეერთებულ შტატებში ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ხარჯების ზრდის ტენდენცია ბაზრის უნივერსალური ხასიათით კი არ იყო განპირობებული, არამედ- პრობლემისადმი მიდგომის განსაკუთრებული პრინციპებით. ეს კი მეტწილად სახელმწიფოს მეტისმეტი ინტერვენციული ბუნებით იყო გამოწვეული. ეს ტენდენცია დამუხრუჭდა 90-იან წლებში. ამასთან, ეს ჯანმრთელობის დაცვის სფეროში რაიმე რადიკალური რეფორმის განხორციელების შედეგად არ მომხდარა, არამედ ეს იყო აღნიშნულ დარგში საბაზრო ბერკეტების ახლებური გამოყენების ნაყოფი. ამ მეთოდების გამოყენების შედეგად კი გაცილებით სრულყოფილად ხერხდება ამ სახის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების კონტროლი. ამ მხრივ, მთავარი სიახლე მაინც ჯანმრთელობის დაცვის კერძო ორგანიზაციის - Health Maintenance Organizations (HMO) შექმნა აღმოჩნდა, რომელიც პერიოდული რიჩარტული (მუდმივი, ერთხელ და სამუდამოდ განსაზღვრული -ა.გ.) გადახდების სანაცვლოდ კლიენტებს სთავაზობს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამედიცინო მომსახურების სხვადასხვა სახეებს. ამჟამად მუშაობა მიმდინარეობს იმ მიმართულებით, რომ HMO გავრცელდეს სახელმწიფო დაფინანსებით მოცული სფეროს ფარგლებშიც. ზოგიერთი იმ წინადადებასაც აყენებს, რომ საგადასახადო შეღავათები, საბაზრო სექტორის ჩარჩოებში განხორციელებული სამედიცინო მომსახურებისათვის, გამოყენებულ იქნეს მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს მომსახურება HMO-ს ქსელის სამედიცინო მომსახურების ობიექტის მიერ არის განხორციელებული. ჯანმრთელობის დაცვის სამსახურების ეფექტურობის მაჩვენებლების ამაღლებას შეერთებულ შტატებში ემსახურება აგრეთვე ისიც, რომ მოქალაქეებისათვის მაქსიმალურად იყოს მიწოდებული მონაცემები მკურნალობის სხვადასხვა მეთოდების გამოყენების შედეგების შესახებ. ეს კი პაციენტებს აძლევს უკეთეს ორიენტაციას და ამცირებს ექიმებისადმი მათ დამოკიდებულებას.
რეფორმები დასავლეთ ევროპაში
ევროპული ჯანმრთელობის დაცვის სისტემა განსხვავდებოდა (და განსხვავდება) შეერთებული შტატების ანალოგიური სისტემისაგან იმით, რომ აქ გაცილებით მეტი ხვედრითი წილი ეკავა გადასახადების ბაზაზე დამყარებულ სამედიცინო მომსახურებას. ამ მიზნით, მშპ-დან გამოყოფილი სახსრების ხვედრითი წილი სამედიცინო მომსახურებისათვის გაღებულ მთელ დანახარჯებში 1981 წელს მერყეობდა 68-69 პროცენტიდან შვეიცარიასა და ავსტრიაში, 75-80 პროცენტამდე გფრ-ში, ესპანეთში, იტალიასა და საფრანგეთში და თითქმის 90 პროცენტამდე დიდ ბრიტანეთსა და შვედეთში. ნაწილი ამ სისტემებისა დაფინანსებული იყო გადასახადების საერთო მოცულობიდან (მაგალითად, დიდ ბრიტანეთსა და სკანდინავიის ქვეყნებში), ხოლო ნაწილიც ამ მიზნით შემოღებულ სპეციალური გადასახადებიდან (მაგალითად, გერმანიაში). ამ სახის გადასახადებს ჩვენთან შეცდომით ,,საწევრო შენატანებს“ უწოდებენ. როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში, ამ მიზნით, გაღებული ხარჯების მთელი სიმძიმე გადადის გადასახადის გადამხდელის მხრებზე, ხოლო ჯანმრთელობის დაცვისათვის ხარჯების გაზრდა თავისთავად გადასახადების გაზრდას ნიშნავს. გაცილებით არსებით განსხვავებას ჰქონდა ადგილი თავად სამკურნალო მომსახურების ფორმებში. ზოგ ქვეყანაში (მაგალითად, შვედეთში), ამ დარგის საზოგადოებრივ დაფინანსებას ბოლო დრომდე ახორციელებდნენ მონოპოლიური ხასიათის ჯანმრთელობის დაცვის სფეროს ობიექტები, ხოლო სხვა ქვეყნებში, გერმანიაში, იაპონიაში, ჰოლანდიაში, ბელგიაში და ა.შ. კი ეს მომსახურება კერძო ობიექტების ხელშია.
მიუხედავად ევროპის ქვეყნებში ჯანმრთელობის დაცვის რეფორმის განხორციელების სხვადასხვა მიდგომებისა, მათ მაინც აერთიანებთ ზოგიერთი ძირითადი პრინციპი. ეს კი უმთავრესად ეხება ეფექტურობის ამაღლებასა და დანახარჯების შემცირებას.
კერძოდ, OECD-ს 19-მა ქვეყანამ შეამცირა საზოგადოებრივი დაფინანსების ხვედრითი წილი ამ სფეროს საერთო დაფინანსების მაჩვენებელში და გაზარდა კერძო დაფინანსების ხვედრიწილი. ამ პროპორციების, განსაკუთრებით რადიკალური, ცვლილება დაფიქსირდა შედარებით ღარიბ ქვეყნებში. მაგალითად, 1980-1990 წლებში ეს მაჩვენებელი საბერძნეთში შემცირდა 84,4 პროცენტიდან 75%-მდე, ირლანდიაში - 83 პროცენტიდან 73 პროცენტამდე, პორტუგალიაში - 71%-დან 58 პროცენტამდე და სხვ. ამ სფეროში დიდი ცვლილებები განხორციელდა ასევე იმ ქვეყნებშიც, რომლებიც უფრო გაბედული რეფორმების განხორციელებასაც არ მოერიდნენ. ეს, პირველ რიგში, ითქმის დიდ ბრიტანეთზე. ამ ცვლილებებმა დასავლეთ ევროპის ჯანმრთელობის დაცვის სისტემა საგრძნობლად მიუახლოვა ამერიკული ჯანმრთელობის დაცვის სისტემას. ამ ცვლილებების განხორციელებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი როლი კერძო სადაზღვევო დაწესებულებების განვითარებამ შეასრულა.
საზოგადოებრივი ფინანსური სახსრების ჩარჩოებში არსებული ჯანმრთელობის დაცვის სფეროში დაფინანსების სფერო ცალკე გამოიყო სამედიცინო მომსახურების სფეროსაგან. ამან, მაგალითად, დიდ ბრიტანეთში გზა გაუხსნა კონკურენციასა და პრივატიზაციას. ამასთან, შენარჩუნებულ იქნა დიდი (თუმცა, საკმაოდ შემცირებული) ხვედრითი წილი გადასახადებზე დამყარებული ხარჯებისა ჯანმრთელობის დაცვის მთლიან ხარჯებში. უმნიშვნელოვანეს მექანიზმს, რომელიც აკავშირებს ამ სფეროს დასაფინანსებლად გამოყოფილ სახელმწიფო სახსრებს სხვადასხვა სახის მომსახურების აღმომჩენ ჯანმრთელობის დაცვის ობიექტებთან, წარმოადგენს კონტრაქტები, რომლებიც დაიდება პაციენტსა და დარგის სხვადასხვა სახის ობიექტებთან. ამ კონტრაქტებიდან გამომდინარე, გადახდებს აქვს რიჩალტური და არა ცალკეული მომსახურების ანაზღაურების ხასიათი. ყოველივე აღნიშნულის შედეგად, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ობიექტები იძენენ მოქმედების დამოუკიდებელ ხასიათს, რის შედეგადაც ისინი უკვე აღარ წარმოადგენენ კლასიკური ხასიათის ბიუჯეტურ დაწესებულებებს. ამის ნაცვლად ისინი გადადიან ერთ გლობალურ ბიუჯეტზე, საიდანაც შემოსავლები დამოკიდებულია კონტრაქტებისა და პაციენტების მიზიდვის უნარზე. შედეგად, საზოგადოებრივი ფინანსები უკვე აღარ გამოიყოფა მაგალითად, იმის მიხედვით, თუ რამდენი საწოლი დგას საავადმყოფოში, მიუხედავად იმისა, თუ რა დონისა და ხარისხის სამედიცინო მომსახურება უტარდება პაციენტს.
ახალი სისტემის ამოქმედების პარალელურად ძლიერდება ასევე ოჯახის ექიმის ინსტიტუტის როლიც. ამ პირობებში სწორედ იგი უწევს პაციენტებს ძირითად სამედიცინო მომსახურებას. პაციენტებს საშუალება ეძლევათ, შეარჩიონ მრავალი ოჯახის ექიმიდან მათთვის შესაფერი ექიმი, ხოლო ეს უკანასკნელი კი საჭიროების შემთხვევაში, მათ აგზავნის შესაფერის სპეციალისტთან თუ საავადმყოფოში (აღვნიშნავთ იმასაც, რომ ამ სისტემის არსებობის შემთხვევაში საავადმყოფო მომსახურება ძალზე ძვირი ჯდება). ამგვარად, ექიმების ერთი ჯგუფი - პაციენტებთან კონსულტაციის საფუძველზე - აყალიბებს მოთხოვნას (და ხარჯებსაც) სხვა ექიმების მომსახურებაზე. იმ სახელმწიფოებში, სადაც გაცილებით რადიკალური რეფორმები გატარდა (მაგალითად, დიდ ბრიტანეთში 1989 წლიდან), ოჯახის ექიმები ხდებიან ოჯახური ბიუჯეტის საკმარისად სერიოზული განმკარგულებლები (budgetholders). სწორედ პაციენტთა ოჯახის ბიუჯეტიდან ხდება მათი შრომის ანაზღაურება, ასევე მათ მიერ პაციენტის განსაკურნად მოწვეული სპეციალისტების შრომის ანაზღაურებაც და ასევე საავადმყოფოს ხარჯების გაღებაც. რაც უფრო დიდია ამ უკანასკნელი სახის მომსახურებაზე გაცემული სახსრები, მით ნაკლებია ოჯახის ექიმის შემოსავალი. ამ გზით ევროპაში არსებული სამედიცინო მომსახურების სისტემა უახლოვდება შეერთებული შტატების სამედიცინო მომსახურების სისტემა HMO-ს. ეს ევროპული ჯანმრთელობის დაცვის სისტემას სტიმულს აძლევს მომჭირნეობით მოიხმაროს ძვირადღირებული სამედიცინო მომსახურება.
![]() |
21 ენა, მასმედია და პოლიტიკა |
▲back to top |
ძალდატანება ენაზე
ტერმინ „პოლიტიკას“ ჩვეულებრივ ისეთი მოვლენებისა და საქმიანობის აღსანიშნავად ვხმარობთ, რომელიც საზოგადოებაში ხელისუფლების როლსა და საქმიანობას უკავშირდება. კერძოდ, მის დამოკიდებულებას ეროვნული მეურნეობის სუბიექტების, გმინების (ჩვენთან არსებული საკრებულოს მსგავსი - ა.გ.) და ა.შ. მიმართ.
ხელისუფლების მიერ თავისი პოლიტიკის გატარება დამოკიდებულია ქვეყნის პოლიტიკურ მოწყობაზე. არადემოკრატიული რეჟიმების არსებობის პირობებში, რომელიც დამყარებულია ძალასა და ძალის გამოყენების მუქარაზე, არანაკლებ როლს თამაშობს ასევე შემთხვევებიც. ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მიხეილ გორბაჩოვის ტიპის ადამიანი კომუნისტური პარტიისა და საბჭოთა სახელმწიფოს სათავეში მოექცეოდა, და მიუხედავად მისი მოსალოდნელი მოქმედებებისა, იგი ამ სისტემას დასასრულამდე მიიყვანდა. რაც შეეხება დემოკრატიულ სისტემებს, რომლებიც თავისუფალ არჩევნებზეა დამოკიდებული, აქ პოლიტიკა მთლიანად არის განპირობებული არჩევნების კალენდრით. არჩევნების შედეგები დამოკიდებულია არა მხოლოდ ცალკეულ პოლიტიკოსთა ნება-სურვილზე, არამედ ასევე სიტუაციაზეც, განსაკუთრებით სამეურნეო მდგომარეობაზე და ასევე მასმედიაზე. მისი შედეგები, რა თქმა უნდა, გამომდინარეობს პოლიტიკოსთა თვისებებიდანაც, მაგრამ გაცილებით ნაკლებად. ამასთან, გასათვალისწინებელია ისიც, რომ დემოკრატიას ტელევიზიის ეპოქაში აქვს შეუდარებლად უფრო განსხვავებული ხასიათი და მოთხოვნები, ვიდრე მას ჰქონდა მაშინ, როდესაც მასმედიის უმთავრეს საშუალებას დაწერილი სიტყვა წარმოადგენდა.
იმ ფაქტიდან, რომ ტერმინი „პოლიტიკა“ ჩვეულებისამებრ დაკავშირებულია ხელისუფლებასთან სახელმწიფოში, არ უნდა გავაკეთოთ ის დასკვნა, თითქოს ყოველი პოლიტიკოსისათვის მოღვაწეობის უმაღლეს მიზანს ხელისუფლება წარმოადგენს. ეს მხოლოდ ზოგჯერ ხდება ხოლმე. პიროვნებები, რომლებიც მხოლოდ ამ მიზნისაკენ მიისწრაფვიან, იმითაც შეიძლება გამოვიცნოთ, თუ რა სწრაფად ცვლიან ისინი თავიანთ პროგრამებს ანდა ამომრჩეველთა გულის მოსაგებად ისვრიან შეუსრულებელ, ილუზიორულ ლოზუნგებს, ისეთებს, როგორიცაა, ამ რამდენიმე წლის წინათ წამოსროლილი ,,სამასი მილიონი თითოეული მოქალაქისათვის“.5 ასეთი პოლიტიკოსები არ ერიდებიან ასევე უხეში, უცენზურო სიტყვების გამოყენებასაც ოპონენტების მისამართით.
ენის მიმართ პოლიტიკის ცდუნებები
რადგანაც ენის შესახებ ვლაპარაკობთ, უნდა ვთქვათ ისიც, რომ იგი არის, ამ სიტყვის ნამდვილი მნიშვნელობით, საერთო, საზოგადოებრივი სიკეთე. მისი საშუალებით, ადამიანები ერთმანეთს აგებინებენ თავიანთ სათქმელს. ენა საშუალებას აძლევს მათ, შეიმეცნონ და გაიგონ სამყარო, რომელსაც ჩვენ ყოველთვის დადგენილი ცნებების ბადიდან ვუყურებთ. მაგრამ ამ საერთო სიკეთეს საფრთხე ექმნება დემაგოგიური პოლიტიკის მხრიდან. ეს მოვლენა განსაკუთრებით თვალსაჩინოა თანამედროვე დიქტატორული რეჟიმების პირობებში, რომლებიც ფლობენ რა მასმედიის ყველაზე მძლავრ საშუალებებს, ნაყოფიერად ახერხებენ ადამიანებისათვის თვალებში ნაცრის შეყრას. ტოტალიტარულ სახელმწიფოში მასობრივი პროპაგანდის საშუალებებს ორი უმთავრესი ხასიათი ჰქონდა. ერთ-ერთი მათგანი იყო მასობრივი სიცრუე. იგი ეფუძნებოდა ცნობილი ტერმინების გაყალბებას, მათში სრულიად სხვა შინაარსის ჩადებას. სწორედ ამგვარად ხდებოდა სოციალისტური დიქტატურის გასაღება ,,სოციალისტურ დემოკრატიად“. ენაზე ეს ძალდატანება თავის კლასიკურ რომანში ,,წელი 1984“ შესანიშნავად აღწერა მსოფლიოში ცნობილმა მწერალმა, გეორგ ორუელმა.
ტოტალიტარულ სისტემებში მასობრივი პროპაგანდის მეორე მიმართულებას წარმოადგენდა აგრესია საპირისპირო რეჟიმის მიმართ. ამასთან, ტოტალიტარული პროპაგანდა იყენებდა ზიზღითა და სიძულვილით აღსავსე ისეთ ტერმინებს, როგორიც არის: „აგენტები“, „ხალხის მტრები“, „მოღალატენი“ და ა.შ.
რა თქმა უნდა, ენას და მის კვალდაკვალ საზოგადოებრივ დიალოგსა და აზროვნებას, საფრთხე დემოკრატიის პირობებშიც ემუქრება იმავე საზოგადოებრივ დებატებში მონაწილე ადამიანებისაგან, რომელთაც ან მეხსიერება ღალატობთ და ან ემოციებს აჰყვებიან ხოლმე. მაგრამ დამოუკიდებლად მიზეზისა, ობიექტური შედეგი ამ დროსაც იგივეა. საფრთხე ექმნება საზოგადოებრივ სიკეთეს, რომლის წყალობითაც ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთს გავუგოთ და შევძლოთ ჩვენს გარემომცველ სამყაროში მიმდინარე მოვლენების გაცნობიერება.
„მემარჯვენეები“
მანიპულირების საგნად ქცევის ხვედრი ერგო პოლონეთში სიტყვა „მემარჯვენეებსაც“, რომელიც პოლიტიკაში გარკვეულ ორიენტაციაზე მიუთითებს. ნამდვილი მემარჯვენე პარტიისათვის დამახასიათებელია ის, რომ მისი მიმდევრები დადებითად არიან განწყობილნი თავისუფალი ბაზრის, კონტრაქტების თავისუფლად დადების, კერძო საკუთრების და ა.შ. მიმართ, ანუ, ყოველივე იმის მიმართ, რასაც ერთობლიობაში ლიბერალური კაპიტალიზმი ეწოდება. სამწუხაროდ, ამ მოთხოვნას ჯერჯერობით აკმაყოფილებს პოლიტიკოსთა ნაწილი, რომლებიც თავიანთ შეხედულებებს, როგორც მემარჯვენეს, ისე აფასებენ. სინამდვილეში მრავალ მათგანს, თუკი აქვთ საერთოდ რაიმე პროგრამა, მასში არაფერია, გარდა იმისა, რომ თავიანთი ინტერესებისათვის გამოიყენონ ხალხის უკმაყოფილება. სინამდვილეში მემარცხენე ლოზუნგებს ისვრიან, აფერხებენ პრივატიზაციას, ხელს უშლიან ფულის განმტკიცების მიმართულებით დაწყებულ ღონისძიებებს, მხარს უჭერენ გიგანტურ, პოსტსოციალისტურ საწარმოთათვის სახელმწიფოს მიერ დახმარების აღმოჩენის პროგრამებს, ნაცვლად იმისა, რომ მხარი დაუჭირონ მათი რეკონსტუქციის პროგრამებს და ა.შ. ამ სახის პოლიტიკოსების განსაკუთრებული მოზღვავება იგრძნობოდა მესამე სამყაროს ქვეყნებში, რომლებმაც, როგორც ბოლოს აღმოჩნდა, სიღარიბეს ვერ დააღწიეს თავი. ზოგიერთ ქვეყანაში დღესაც ყავლი არ გასვლია გაკოტრებულ მარქსისტულ დოგმებს, რომელთაც აქ ადგილს უთმობს ჭეშმარიტება კერძო საკუთრების, სამეურნეო თავისუფლების, მყარის ვალუტის და ა.შ. შესახებ. მაგალითად, პოლონეთში ზოგჯერ როლებიც აირევა ხოლმე. მაგალითად, „მემარჯვენეები“, თუმცა, საკმაოდ აქტიურად იყენებენ ანტიკომუნისტურ რიტორიკას, მაგრამ სინამდვილეში მოითხოვენ მემარცხენე პროგრამების განხორციელებას ქვეყანაში, რომელმაც ძლივს დააღწია თავი სოციალიზმის ბორკილებს. აი, ასეთი ,,მემარჯვენეები“ აკერებენ ხშირად თავიანთ ოპონენტებს „მემარცხენეობის“ იარლიყებს. და თუ ჩვენ არ გვსურს დავიხრჩოთ ამ თეატრის აბსურდში, არ უნდა ვივიწყებდეთ იმას, რომ ყოველი ადამიანი, რომელიც მემარცხენეებს ებრძვის, ამის შედეგად ავტომატურად როდი ხდება ,,მემარჯვენე“. მემარცხენეებს შეიძლება ებრძოლო სუპერმემარცხენეების პოზიციებიდანაც. ზუსტად ასე აკეთებს ჩვენი „მემარჯვენეების“ ნაწილი. თუ არ გვსურს, რომ მანიპულაციების მსხვერპლად ვიქცეთ, პოლიტიკასა და პარტიებს უნდა ვაფასებდეთ მათი პროგრამების შინაარსის მიხედვით, და არა მათი ეტიკეტების საფუძველზე, რასაც ისინი აკრავენ საკუთარ თავს.
„პატრიოტიზმი“ და „დამოუკიდებლობა“
კარგი იქნება, თუ კრიტიკული თვალით შევხედავთ არა მხოლოდ ტერმინ „მემარჯვენეებს“, არამედ ისეთ ტერმინებსაც, როგორიცაა, „პატრიოტიზმი“ და „დამოუკიდებლობა“. ისევე როგორც ზემოთ აღნიშნულ ტერმინს, ამ უკანასკნელთაც ხშირად და უსაფუძვლოდ ხმარობენ ის პოლიტიკოსები, რომლებიც პრეტენზიას აცხადებენ მემარჯვენეობაზე, მაგრამ სინამდვილეში მოქმედებენ, როგორც სუპერმემარცხენეები. ჩვენ მათგან არაერთხელ მოგვისმენია, რომ „ჭეშმარიტად დამოუკიდებელ პოლიტიკოსთა პატრიოტულ კოალიციას“ ჰქმნიან, რასაც საზოგადოების გარკვეული ნაწილი და, მათ შორის, ზოგიერთი ჟურნალისტიც, წყალშეუვალ ჭეშმარიტებად აღიქვამს. ამ თვითგანსაზღვრებას მიზნად ნამდვილად ის აქვს, რომ საზოგადოებას შეუქმნას ისეთი შთაბეჭდილება, რომ პოლონეთის პოლიტიკური სცენა იყოფა „პატრიოტებად“, რომლებიც იბრძვიან ქვეყნის ნამდვილი დამოუკიდებლობისათვის და დანარჩენი ადამიანებისაგან, რომლებიც ამის წინააღმდეგნი არიან. და ეს ხდება სიტუაციაში, როდესაც პოლონეთმა დამოუკიდებლობა უკვე მოიპოვა 1989-1990 წლებში და ახლა მისი განმტკიცების ამოცანის წინაშე დგას. ძირითადად რას უნდა ემყარებოდეს ამგვარი მდგომარეობა? ახლა პოლონეთისათვის უმთავრეს მიზანს უნდა წარმოადგენდეს სტაბილური, მძლავრი, პატივისცემის ღირსი დემოკრატიის მშენებლობა, რომლის გარეშეც შეუძლებელი იქნება ეკონომიკის სწრაფი ტემპებით განვითარება და სიღარიბის დაძლევა. ამ უკანასკნელი მიზნის მიღწევა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ქვეყნის განვითარების საფუძველზე, ხოლო განვითარება კი წარმოუდგენელია რეფორმების გარეშე. ზემოთ აღნიშნული პოლიტიკოსები, რომლებიც თავს პატროტებად ასაღებენ, მაგრამ რეფორმებს ეწინააღმდეგებიან, სინამდვილეში ასეთებს ნამდვილად არ წარმოადგენენ.
„სამართალი“
მეორე სხვა სიტყვას, რომელსაც ამჟამად საკმაოდ შეეპარა ეროზია, წარმოადგენს „სამართალი“. აქ პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ეს ტერმინი ეხება ორ, ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებულ ცნებას, მაგრამ საზოგადოების უდიდეს ნაწილს მიაჩნია, რომ საქმე ეხება ერთსა და იმავეს, და თანახმანი არიან, ტაშისცემით შეხვდნენ ადამიანს, რომელიც ადამიანებისათვის უფრო მეტ ,,უფლებას“ მოითხოვს. არადა, სინამდვილეში „სამართალი“ შეიძლება გაგებულ იქნას ორი სახით: პირველი მოიცავს თავისუფლებას კლასიკური გაგებით, როგორც პირად თავისუფლებას, სინდისის თავისუფლებას, მეწარმეობრივ თავისუფლებას და ა.შ. ეს უფლება მაშინ იწყებს თავის მოქმედებას, როდესაც სახელმწიფო აჭარბებს გარკვეულ უფლებამოსილებას, რომელიც მისთვის კონსტიტუციით არის განსაზღვრული და ასევე იცავს ადამიანების თავისუფლებას, რათა იგი არ დაირღვეს სხვათა მიერ. სამაგიეროდ, მეორე სახის უფლება მოიცავს შედარებით კონკრეტულ უფლებებს, ისეთებს, როგორიც არის, მაგალითად, „უფლება სამუშაოზე“, „უფლება დასვენებაზე“, „უფლება უფასო უმაღლეს განათლებაზე“ და ა.შ. ცხადია, რომ ამ ყველაფრისათვის რეალურ ცხოვრებაში საჭიროა გადაიხადო: უშუალოდ, ან გადასახადების გზით. ამიტომ, შეიძლება ვილაპარაკოთ კომერციულ ანაზღაურებაზე ან ანაზღაურებაზე გადასახადების ბაზაზე. „უფასო“ ნიშნავს ამ მეორე სახის ანაზღაურებას. აქედან გამომდინარე, რაც უფრო მეტი დოზით გვაქვს ამ სახის უფლებები, მით უფრო მაღალი უნდა იყოს გადასახადები.
სხვა სახის უფლებას წარმოადგენს მაგალითად, „უფლება სამუშაოზე“, რომელიც დამოკიდებულია ეკონომიკის საერთო განვითარების დონეზე და არა სახელმწიფოს ასეთ თუ ისეთ მოქმედებაზე, უფრო მეტიც: ზოგიერთი მცდელობები, რომლებიც მიმართულია ამგვარი უფლებებისათვის რეალური ძალის მისაცემად, თავის საწინააღმდეგო ეფექტსაც კი იძლევა, ანუ უფრო მაღალი უმუშევრობის მიზეზი ხდება. მაგალითად, უფლება „შრომის“ შესახებ იწვევს ასევე იმ ბარიერების გამრავლებას, რომლებიც აფერხებენ მუშაკის განთავისუფლებას. რაც უფრო მეტია ასეთი ბარიერები, მით უფრო ძნელად იღებენ საწარმოები ახალ მუშაკებს. ასეთი სიტუაციის არსებობისას საწარმოთა ხელმძღვანელებს ეშინიათ, რომ კონიუნქტურის გაუარესების შემთხვევაში, ვერ შეძლებენ ჭარბი მუშახელის განთავისუფლებას. ეს კი ცხადია, ზიანს აყენებს შრომითი რესურსების გონივრულ დასაქმებას, მით უფრო მომავალი თაობის შრომით საქმიანობაში ჩაბმას.
![]() |
22 სიტყვების ინფლაცია |
▲back to top |
ენციკლოპედიიდან ვიცით, რომ სიტყვა „ღირებულება“6 აღნიშნავს ყველაფერს, რაც ღირებული და სასურველია ადამიანისათვის. ამიტომ „ღირებულება“ მისი ცნებიდან გამომდინარე, არის კარგი და თითოეული ჩვენგანი ამ ტერმინს არა თუ იგებს, არამედ მას ინტუიციურად გრძნობს კიდეც. ამიტომ არავინ იტყვის, რომ არის ღირებულებების წინააღმდეგი, რადგან ეს სატანისტურ მიდგომად აღიქმებოდა. მაგრამ როგორ მოვეპყრათ პოლიტიკოსების გამონათქვამებს, რომლებიც ბევრს ლაპარაკობენ „ღირებულებებზე“?
ცხადია, ხშირ შემთხვევაში, ამ ტერმინში ისინი დებენ გარკვეულ მზრუნველობას ადამიანების მიმართ, რათა ისინი იქცეოდნენ უკეთ, მათი ქცევის ნორმები მორალურ პრინციპებზე იყოს დამყარებული, და მათ მხოლოდ ეგოისტური მიზნები არ ამოძრავებდეთ. მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ხშირი ხმარება, განსაკუთრებით პოლიტიკაში, სიტყვა ,,ღირებულებისა“ მექანიკურად არ ნიშნავს მის რეალიზაციასაც. ამიტომ, ჩვენ უნდა შეგვეძლოს განვასხვავოთ ,,ღირებულების“ დეკლარირება მისი რეალურად განხორციელებისაგან. ეს სრულიადაც არ ნიშნავს იმას, რომ სიტყვის დახმარებით არავითარ შემთხვევაში ცვლილებები არ შევიტანოთ ადამიანთა ქცევაში. ამ მიზნით, სიტყვას მიმართავდნენ უდიდესი ფილოსოფოსები, მწერლები, პოეტები, წინასწარმეტყველები და ა.შ. ხშირად ხდება ხოლმე ისიც, რომ დიდი პოლიტიკოსების მიერ წარმოთქმული სიტყვა საგრძნობ კვალს ტოვებს ადამიანთა აზროვნებაზე და შესაძლოა, მათ საქმიანობაზეც. მიუხედავად ადამიანზე სიტყვის ამგვარი გავლენისა, მაინც არ არის მართებული სიტყვა „ღირებულების“ ხშირი ხმარება.
ვინ ემსახურება ღირებულებას?
ისმება კითხვა, როგორ უნდა მივხვდეთ, პოლიტიკოსი ნამდვილად ემსახურება ღირებულებებს, თუ მხოლოდ მუცლითმეზღაპრეობს მათ შესახებ? ვფიქრობ, რომ ამის შესამოწმებელი ყველაზე საუკეთესო საშუალებაა იმ მიზნების გამოცნობა, რომლის მიღწევისთვისაც იგი იღწვის და იმ მეთოდების დადგენა, რომლებსაც იგი იყენებს მათ მისაღწევად. მიზნები, რომლებისკენაც პოლიტიკაში ისწრაფვიან, ძალზე სხვადასხვაგვარია. ისინი პოლიტიკოსის პიროვნებაზეა დამოკიდებული. ყველა პოლიტიკოსის განურჩევლად ერთ ტომარაში ჩაყრა დაახლოებით იგივეა, რომ გარჩევა არ გავაკეთოთ პედაგოგებს, ჟურნალისტებს, ექიმებსა და ა.შ. შორის.
პოლიტიკაში ერთისთვის საბოლოო მიზანს წარმოადგენს საკუთარი პოზიციების განმტკიცება, ხოლო მეორისათვის - ქვეყნის წინაშე მდგარი პრობლემების გადაჭრა. ასევე განსხვავდება მათ მიერ გამოყენებული მეთოდებიც. ერთნი მიზნის მისაღწევად იყენებენ სიცრუეს, დემაგოგიას, ადამიანებში აღძრავენ ზიზღს, სხვები უარს ამბობენ ასეთი მეთოდებისათვის მიმართვაზე. თუმცა, ეს როდი ნიშნავს იმას, რომ ისინი მხოლოდ ცივი გონებით, რაციონალურად განსჯიან პრობლემებს.
საინტერესო იქნებოდა იმის გამოკვლევა, თუ როგორი დამოკიდებულებაა პოლიტიკოსების მიერ ხშირად გამოყენებული სიტყვა ,,ღირებულებასა“ და მათი მოქმედებების მორალურ დონეს შორის, რომელიც განსაკუთრებით იმ მიზნებით განისაზღვრება, რომლებისკენაც ისინი მიისწრაფვიან და ასევე მათ მიერ გამოყენებულ მეთოდებს შორის. მიმაჩნია, რომ ეს არის ძალზე საინტერესო თემა. ამასთან, ამ პრობლემით დაინტერესებულ ადამიანებს ვთავაზობ ასევე სამუშაო ჰიპოთეზასაც, რომელსაც ზოგი მიიღებს და ზოგიც არ დაეთანხმება. ამ ჰიპოთეზას ორი ვერსია აქვს: ძლიერი და სუსტი. სუსტი ვერსია ითვალისწინებს, რომ არ არსებობს არავითარი ურთიერთდამოკიდებულება სიტყვა ,,ღირებულების“ პოლიტიკოსების მიერ ხშირად გამოყენებასა და მათი ქცევების მორალურ დონეს შორის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მათ მიერ ხშირად განცხადებული დეკლარაციები „ღირებულების“ თემაზე რამდენად ასახავს მათი მიზნებისა და მეთოდების ხარისხს. არ გამოვრიცხავ, რომ უფრო სწორი იყოს ჰიპოთეზა ძლიერი ვერსიის სასარგებლოდ. კერძოდ, ადამიანები, რომლებიც ხშირად იყენებენ პოლიტიკაში ცნება „ღირებულებას“, ზემოთ აღნიშნული აზრით, გაცილებით უფრო ხშირად არღვევენ მას, ვიდრე ისინი, რომლებიც ამ ტერმინს იშვიათად მიმართავენ. ასეთ შემთხვევაში მათ მიერ ტერმინ „ღირებულების“ გამოყენებას მხოლოდ ის დანიშნულება აქვს, რომ დასახულ მიზანს მიაღწიონ. თუმცა, იმის თქმა როდი მსურს, თითქოს პოლიტიკაში არ არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც ამ ტერმინსაც ხშირად იყენებენ და რომელთა ქცევაც ზნეობრივია.
შენიშვნები
1. ჩვენი მხრიდან ლ. ბალცეროვიჩის ამ საინტერესო მსჯელობას გადასახადების შესახებ გვსურს დავუმატოთ შემდეგი: 1970 წლისათვის აშშ და შვედეთი ცხოვრების დონის მიხედვით დაახლოებით ერთსა და იმავე დონეზე იმყოფებოდნენ. ორივე ამ ქვეყანაში თითქმის თანაბარი აქტიურობითა და ეფექტურობით ხასიათდებოდა აგრეთვე წარმოებითი პროცესებიც. განსხვავება მხოლოდ გადასახადების სიდიდესა და ამ სფეროსადმი ხელისუფლების მიდგომაში გამოიხატებოდა. ერთი თაობის განმავლობაში შვედეთი მდიდარი ქვეყნიდან სკანდინავიის ღარიბ ქვეყნად იქცა. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ აქ წარმოებული მშპ-ს ნახევარზე მეტის აკუმულაცია ხდებოდა სახელმწიფო ბიუჯეტში და შემდეგ მისი მთავრობის შეხედულებისამებრ განკარგვა.რაც შეეხება აშშ-ს, იგი ეკონომიკურად უჩვეულოდ მოძლიერდა და ამჟამად მსოფლიო ეკონომიკურ (არა მხოლოდ) ლიდერს წარმოადგენს. ამ ქვეყნის ასეთი წინსვლის მიზეზიც თითქმის იგივეა, გადასახადები, ოღონდ განსხვავებით შვედეთისაგან, დაბალი გადასახადები. ა.გ.
2. საინტერესოა, რომ ბისმარკმა გრაფ ვიტტეს, რუსეთის ფინანსთა მინისტრსა და შემდეგ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს სწორედ ეს უთხრა ერთ-ერთი შეხვედრისას: თქვენც რომ ჩვენსავით გაგეუმჯობესებინათ ხალხის სოციალური მდგომარეობა, თავიდან აიცილებდით 1905 წლის მღელვარებასო. თავად გერმანელებმა, როგორც სამართლიანად აღნიშნავს პროფ. ბალცეროვიჩი, სახელდობრ ამ გზით მიაღწიეს პოლიტიკურ სტაბილურობას ამ პერიოდში. საფიქრებელია, რომ რუსეთი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებით მიაღწევდა სტაბილურობას 1917 წელსაც (ა.გ.)
3. ამას წინათ ამ წიგნის ავტორმა ინტერნეტის საშუალებით მოაწყო ჟურნალისტებთან ინტერვიუ. ერთ-ერთ შეკითხვაზე, რომელიც გადასახადებს ეხებოდა, მან განაცხადა, რომ მისთვის ცნობილ ქვეყნებს შორის ესტონეთია ის ქვეყანა, სადაც ყველაზე სრულყოფილია საგადასახადო სისტემა. აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ ესტონეთში ამჟამად არსებობს პროპორციული გადასახადი, რომელიც 26 პროცენტს უდრის და რომელსაც თანაბრად იხდის შემოსავლების მქონე ყველა გადამხდელი. ა.გ.
4. ვივისექსია (ლათ. vivis - ცოცხალი და seqcio - გაკვეთა) -ცოცხალ ორგანიზმზე ოპერაციის გაკეთება მისი ფუნქციის შესასწავლად, მასზე წამლის ზემოქმედების განსასაზღვრავად და ა.შ.
5. ჩვენი მხრიდან შევნიშნავთ, რომ ზემოთ ნახსენები ლოზუნგი ეკუთვნის პოლონეთის ყოფილ პრეზიდენტ ლეხ ვალენსას. იგი იმას გულისხმობდა, რომ პრივატიზაციის პროცესების განხორციელების შედეგად ამ ქვეყნის თითოეული მკვიდრი მინიმუმ 300 მილიონ ზლოტს მაინც მიიღებდა. ეს მაშინ, ანუ ზლოტის დენომინაციამდე, უდრიდა დაახლოებით 1000-1500 აშშ დოლარს. მსურს გავიხსენო ისიც, რომ რამდენიმე პოლონელმა მოქალაქემ სასამართლოშიც უჩივლა ლ. ვალენსას, შეპირებულს არ გვისრულებსო. ა.გ.
6. ტერმინ „ღირებულების“ ხმარება ამ ასპექტში გარკვეულ წინააღმდეგობას წარმოშობს ქართველ ეკონომისტებს (და არა მხოლოდ მათ) შორის. მაგრამ იმის მხედველობაში მიღებით, რომ პოლონურ ენაში არსებობს ორი ტერმინი „wartosc“ და „cennosc“, რომელთაგანაც პირველი „ღირებულებას¨ ხოლო მეორე ფასეულობას აღნიშნავს, ავტორი კი ამჯობინებს პირველი ტერმინის ხმარებას, ჩვენ ტექსტის დედანის ერთგულება ვარჩიეთ. ა.გ.
![]() |
23 ბოლოსიტყვაობის მაგიერ: ლეშეკ ბალცეროვიჩი და საქართველო (სამეცნიერო-პუბლიცისტური პამფლეტი) |
▲back to top |
![]() |
23.1 1. პოსტკომუნისტური, ანუ კაპიტალისტური... |
▲back to top |
სოციალიზმი იყო აბსურდული წყობა.
დემოკრატია კაპიტალიზმს მოითხოვს.
ეკონომიკის განვითარებისათვის კაპიტალისტური სისტემაა აუცილებელი.
ლ. ბალცეროვიჩი
პროფესორ ლეშეკ ბალცეროვიჩის ამ საინტერესო სამეცნიერო-პოპულარული ხასიათის წიგნის - „სახელმწიფო გარდამავალ პერიოდში“ წაკითხვის შემდეგ მკითხველი არაერთ მისთვის საინტერესო კითხვაზე იპოვიდა პასუხს, თუმცა არც ის უნდა გამოვრიცხოთ, რომ წიგნი თავად წამოჭრის მთელ რიგ საყურადღებო პრობლემას.
სულ ცოტა ბოლო ათი წლის განმავლობაში მსოფლიოში მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკურ პროცესთა შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა. მისი კანონზომიერებების შესწავლას არაერთი განმაზოგადებელი გამოკვლევა მიეძღვნა. ამ პრობლემის გარშემო არსებული სამეცნიერო-ანალიტიკური პუბლიკაციების სიუხვის მიუხედავად საკითხთა დიდი ნაწილი ჯერ კიდევ სადისკუსიოა, ცალკეული ურთულესი პრაქტიკული, თუ თეორიული ხასიათის ამოცანა გადაწყვეტას ელის. ეს ამოცანები უმეტეს შემთხვევაში ტიპიური ხასიათისაა, რის გამოც მათ გადასაწყვეტად ერთიანი მიდგომების შემუშავება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.
ამავე დროს, აუცილებელია ხაზი იმ გარემოებასაც გაესვას, რომ მხოლოდ უნიფიცირებული მიდგომებით ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავების პრაქტიკა (როცა უყურადღებოდ (ან თითქმის უყურადღებოდ) არის დარჩენილი თითოეული ცალკე აღებული ქვეყნისათვის დამახასიათებელი სპეციფიკა) საკმაოდ ფართოდ არის გავრცელებული. ეს კი იმის ერთ-ერთი (არა ერთადერთი) საკმაოდ მნიშვნელოვანი მიზეზია, თუ ყოველთვის რატომ ვერ ხერხდება თეორიულად გამართული სქემებით შედგენილი რეფორმატორული პროგრამებით წარმატების მიღწევა. ამა თუ იმ ქვეყნის ხელისუფლების მიერ გატარებულ ეკონომიკურ პოლიტიკაში ამ ქვეყნის სპეციფიკურ თავისებურებათა სათანადო დონეზე გათვალისწინების აუცილებლობა დღეს დიდად საკამთო აღარ არის.
ცნობილია, რომ აშშ-ის პრეზიდენტს ჰარი თრუმენს ერთხელ განუცხადებია, რომ ის „ცალხელა“ ეკონომისტს ეძებდა, ვინაიდან, როცა თავის ეკონომისტებს რჩევას თხოვდა, ისინი თავის პასუხს აგებდნენ სიტყვათაწყობაზე: „ერთის მხრივ, ..., მეორეს მხრივ, ...“, სადაც „მეორეს მხრივ, ...“-ინგლისურად „on the other hand“ ქართულად სიტყვასიტყვით ნიშნავს „მეორე ხელზე“. ნამდვილი პროფესიონალი ეკონომისტი “ცალხელა“ ვერ იქნება, რაც ეკონომიკის პოსტკომუნისტური ტრანსფორმაციის პროცესის მართვისას ამ სპეციალობის ადამიანებისაგან საყოველთაოდ აპრობირებული ერთიანი მიდგომების გამოყენებისას მოცემული ქვეყნისათვის დამახასიათებელ სპეციფიკურ თავისებურებათა აუცილებელ გათვალისწინებას მოითხოვს.
საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის პრობლემატიკას მთელს მსოფლიოში მრავალი საყურადღებო გამოკვლევა მიეძღვნა. პროფესორი ლეშეკ ბალცეროვიჩი იმ “ორხელა“ ეკონომისტების რიცხვს განეკუთვნება, რომელიც გამოირჩევა არა მარტო როგორც საერთაშორისო სახელის მქონე მეცნიერ-მკვლევარი, არამედ, როგორც არანაკლებ ავტორიტეტული პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე; აქედან გამომდინარე მისი ყველა გამოკვლევა (გამონაკლის კი არც ეს წიგნი წარმოადგენს) ერთდროულად მეცნიერ-ეკონომისტისა და პრაქტიკოსი მოღვაწის შეჯერებულ შეხედულებებს ასახავს.
პოსტკომუნისტური რეფორმირების საკითხებში, ის ავსტრიული ეკონომიკური სკოლის ლიდერის ლუდვიგ ფონ მიზესის, ეკონომიკის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატების ფრიდრიხ ავგუსტ ფონ ჰაიეკისა და მილტონ ფრიდმენის ეკონომიკური მსოფლმხედველობითი ტრადიციების გამგრძელებელია და აქედან გასაკვირიც არ უნდა იყოს, რომ ბალცეროვიჩისეულ თითქმის ყველა გამოკვლევას ფრაზა - „დემოკრატია კაპიტალიზმს მოითხოვს“ - ლაიტმოტივად გასდევს.
დემოკრატია, როგორც ცნობილია, - უწინარეს ყოვლისა, არჩევანის შესაძლებლობას ნიშნავს; არჩევანი კონკურენციის ერთ-ერთი წინაპირობაა; ხოლო კონკურენცია განვითარების ძირითადი მამოძრავებელი ძალაა.
სოციოლოგებს არაერთხელ აღუნიშნავთ, რომ, როცა ამა თუ იმ ტიპის საზოგადოების არსი ბოლომდე გახსნილი არ არის, მას რაიმე გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით უკეთებენ თავსართს „პოსტ“ (მაგალითად, „პოსტინდუსტრიული“, „პოსტეკონომიკური“, „პოსტკომუნისტური“, „პოსტსოციალისტური“, ,,პოსტსაბჭოთა“ და სხვ.). პროფესორ ლეშეკ ბალცეროვიჩის გამოკვლევები „პოსტკომუნისტურისა“, თუ „პოსტსოციალისტურის“ ნაცვლად აშკარად ნათელი ტერმინის - „კაპიტალისტურის“ დამკვიდრებას ემსახურება. ეკონომისტებს (და არა მარტო მათ) უნდა გვეყოს პროფესიული პასუხისმგებლობა და მოქალაქეობრივი სითამამე, რომ საბაზრო ეკონომიკაზე პოსტკომუნისტური გადასვლის პროცესს კომუნისტური ეკონომიკის კაპიტალისტური ტრანსფორმაცია ვუწოდოთ.
![]() |
23.2 2. „უხილავი“ ბალცეროვიჩი |
▲back to top |
გამეორება ცოდნის დედააო, მაგრამ
შეიძლება უცოდინარობის დედადაც იქცეს,
თუ უშეცდომოდ არ გვეცოდინება ყოველთვის,
რას ვიმეორებთ და რისთვის.
ო. ჭილაძე
გამოცდილება - ეს არის სახელწოდება,
რომელსაც თითოეული თავის შეცდომას არქმევს.
ო. უაილდი
სწრაფი განვითარებისა, თუ პირიქით,
განუვითარებლობის უმთავრესი მიზეზი
თავად ცალკეული ქვეყნის შიგნით
არის საძიებელი.
ლ. ბალცეროვიჩი
პროფესორი ლეშეკ ბალცეროვიჩი საქართველოში პირველად ისე „გამოჩნდა“, რომ ეს პროფესიონალების (თუმც მათ შორისაც არა ყველასათვის) გარდა, თითქმის არავის შეუნიშნავს. ამ მოვლენის ასახსნელად კომუნისტური სისტემის ნგრევის შემდეგ პოლონეთში, რუსეთსა და საქართველოში საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის ერთ-ერთი საწყისი ეტაპის მოკლე ისტორიული ექსკურსის გაკეთებაა აუცილებელი.
გასული საუკუნის 80-იანი წლების მიწურულს პოლონეთში ლეშეკ ბალცეროვიჩის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის ე.წ. „შოკური თერაპიის“ განახლებულ სქემას ჩაეყარა საფუძველი2.
„შოკური თერაპია“ (უმთავრესად პოლონურ-რუსული ვერსიით), ან „დიდი აფეთქება“, „დიდი დარტყმა“ („Big Bang“), ან „მწარე აბი“ (,,Bitter Pill“7) უმოკლეს ვადებში რადიკალური გარდაქმნების რიცხვის მაქსიმიზებას გულისხმობს8, რომელთა შორის უმთავრესი გამიზნულია უზრუნველყოს ბიუჯეტის დეფიციტის ლიკვიდირება (ან მინიმიზება მაინც) და მკაცრი მონეტარული პოლიტიკის გატარება, ფულის ნომინალური მასის ან ვალუტის გაცვლითი კურსის დაფიქსირების პირობებში. „შოკური თერაპიის“ შინაარსი მაკროეკონომიკური სტაბილიზაციის ორთოდოქსული სცენარიდან გამოდის, როცა ბიუჯეტის დეფიციტის ლიკვიდირება (ან მინიმიზება მაინც) და მკაცრი მონეტარული პოლიტიკის გატარება ფულის ნომინალური მასის, ან ვალუტის გაცვლითი კურსის დაფიქსირების პირობებში ძალზედ სწრაფად, დროის შემჭიდროებულ ვადებში ხდება. ამასთან წარმატება დიდადაა დამოკიდებული პოლიტიკურ სტაბილურობაზე10. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ „შოკური თერაპია“ ე.წ. „ვაშინგტონის კონსენსუსის“ იდენტური, ხოლო ეს უკანასკნელი კი ტრანსფორმაციული პროცესებისადმი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიდგომებს უდევს საფუძვლად.
„შოკური თერაპიის“ მეთოდი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად იქნა გამოყენებული დასავლეთ გერმანიის რეფორმირებისათვის. „მეორე სიცოცხლე“ ამ მეთოდს, როგორც ზემოთ აღინიშნა, პოსტკომუნისტურმა პოლონეთმა შესძინა და შემდგომ სხვადასხვა ვარიაციით და მეტნაკლები წარმატებით ბევრ სხვა პოსტკომუნისტურ ქვეყანაშიც, მათ შორის ზოგიერთ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაშიც იქნა რეალიზებული; კერძოდ, თუ პოლონეთში შემუშავებულ იქნა „ბალცეროვიჩის გეგმა“, იუგოსლავიაში მიიღეს ,,მარკოვიჩის გეგმა“, უნგრეთში „კუპას გეგმა“, ჩეხოსლოვაკიაში „კლაუსის გეგმა“. ყურადსაღებია ის გარემოება, რომ თითოეული ეს გეგმა არსით პრაქტიკულად იდენტურია, და ერთმანეთისაგან მხოლოდ ცალკეული დეტალით თუ განსხვავდება.
1992 წლის იანვრიდან რუსეთშიც იწყება ,,შოკური თერაპიის“ მეთოდის რეალიზაცია და მას სათავეში რუსეთის მთავრობის ვიცეპრემიერი ეგორ გაიდარი ჩაუდგა (თუმც, ზემოხსენებული ქვეყნებისაგან განსხვავებით, შესაბამის ღონისძიებათა კომპლექსს ფორმალურად „გაიდარის გეგმა“ არ დარქმევია). ერთი თვის დაყოვნებით „შოკური თერაპიის“ „ბალცეროვიჩისეული გეგმის“ გატარება პრაქტიკულად სახეშეუცვლელი რუსული ვერსიით საქართველოშიც დაიწყო და მასაც სათავეში ვიცეპრემიერი, კერძოდ, რომან გოცირიძე ჩაუდგა (აღსანიშნავია, რომ რუსეთის მსგავსად არც საქართველოში შესაბამის ღონისძიებათა კომპლექსს ფორმალურად „გოცირიძის გეგმა“ არ დარქმევია).
აქ იბადება ლოგიკური კითხვა: იყო კი მზად საქართველო იმ დროს რეფორმის ამ ცნობილი მეთოდის გამოყენებისათვის?
ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად აუცილებელია აღინიშნოს ის პრინციპული განსხვავება, რაც რეფორმების დასაწყისში მყოფი სახელმწიფოებრიობის მქონე და სახელმწიფოებრიობის არმქონე ქვეყნებისათვის იყო დამახასიათებელი; პირველ მათგანს განეკუთვნებოდნენ აღმოსავლეთ ევროპის ისეთი ქვეყნები, როგორიცაა მაგალითად პოლონეთი, უნგრეთი ან ბულგარეთი, ხოლო მეორეს კისაბჭოთა კავშირის, იუგოსლავიის ფედერაციული რესპუბლიკისა და ჩეხოსლოვაკიის დაშლის შედეგად წარმოქმნილი სახელმწიფოები; ამ უკანასკნელში გამონაკლისს დაშლილი ქვეყნების სამართალმემკვიდრეები წარმოადგენენ, რომლებმაც შეინარჩუნეს სახელმწიფოებრიობის თითქმის ყველა ატრიბუტი (მაგალითად, საელჩოები, საბაჟო, დამოუკიდებელი ფულად-საკრედიტო სისტემა და სხვ.). საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად რუსეთმა შეინარჩუნა სახელმწიფოებრიობის ყველა ატრიბუტი, რითაც ის პირობითად შეიძლება „გავუტოლოთ“ სახელმწიფოებრიობის მქონე ზემოაღნიშნულ პოსტკომუნისტურ ქვეყნებს. სხვა დანარჩენ ქვეყნებს კი ესაჭიროებოდათ საკუთარი სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობა (გარკვეული აზრით ნაწილობრივ გამონაკლისს წარმოადგენდნენ უკრაინა და ბელორუსი, რომლებიც თუნდაც ფორმალურად, მაგრამ მაინც იყვნენ გაეროს წევრები). ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდა საქართველოც, რომლის წინაშეც დადგა ორი მეტ-ნაკლებად ერთნაირი სირთულის ამოცანის - სახელმწიფო ინსტიტუტების შექმნისა და საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის-ერთდროული გადაჭრის აუცილებლობა, რაც ბევრად უფრო რთულია ვიდრე მარტო მეორე ამოცანის გადაწყვეტა.
„შოკური თერაპიის“ მეთოდის რეალიზება სახელმწიფო ფულად-საკრედიტო და საბიუჯეტო ინსტიტუტების მიზანმიმართულ გამოყენებას მოითხოვს. ამგვარი ინსტიტუტების არარსებობის პირობებში „შოკური თერაპიის“ მეთოდის სრულფასოვანი გამოყენება შეუძლებელია და ყოველგვარი მცდელობა პრინციპში წარუმატებლობისათვისაა განწირული. ამ დებულების ჭეშმარიტებას, სამწუხაროდ, საქართველოს იმდროინდელი გამოცდილებაც ამტკიცებს. ამაში დარწმუნება სულაც არ არის ძნელი; ამისათვის საკმარისია განვიხილოთ ე.წ. „ბალცეროვიჩის გეგმა“ (რომელიც „შოკური თერაპიის“ თანამედროვე და თანაც უკვე კლასიკურ სქემად ითვლება) და გავაანალიზოთ როგორი დამახინჯებით გატარდა იგი ჩვენში, რუსულ „სარკეში“ ამ „გეგმის“ ანარეკლის საქართველოში ბრმა კოპირების შედეგად, იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში სათანადო ინსტიტუტები, სამწუხაროდ, არ არსებობდა.
„ბალცეროვიჩის გეგმის“ თანახმად საწყის ეტაპზე პოლონეთში პრაქტიკულად ერთდროულად შემდეგი ღონისძიებები იქნა გატარებული:
1. ყველა სახეობის ფასების მრავალჯერადი მომატება, ინფლაციური პროცესების შეგნებული ხელშეწყობა ბაზარზე წონასწორობის დამყარების მიზნით;
2. მოსახლეობის შემოსავლების „მკაცრი“ შეზღუდვა;
3. საპროცენტო განაკვეთების მნიშვნელოვანი გაზრდა და ბრუნვაში არსებული ფულის მასის შეზღუდვა; მოსახლეობის მიერ ფულის დაზოგვის სტიმულირების მიზნით ანაბრებსა და სხვა დეპოზიტებზე პროცენტების გაზრდა;
4. ცენტრალიზებულ კაპიტალურ დაბანდებათა შემცირებისა და წამგებიან საწარმოთა დოტირებაზე უარის თქმით სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების შეკვეცა;
5. სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის შევსების მიზნით სახელმწიფო სესხის ობლიგაციების გამოშვება;
6. საგადასახადო სისტემის მოწესრიგება და მისი უნიფიცირება;
7. დოლარის მიმართ ზლოტის ერთიანი გაცვლითი კურსის შემოღება და შიდა ბაზარზე ზლოტის კონვერტირების უზრუნველყოფა;
8. ახალი საბაჟო ტარიფების შემოღება იმპორტის შეზღუდვისა და ექსპორტის სტიმულირების მიზნით;
9. მთავრობის რეალურ შესაძლებლობათა ფარგლებში მოსახლეობის იმ ნაწილისათვის სოციალური დახმარების აღმოჩენა, ვინც ამას მართლაც საჭიროებს;
10. მონოპოლიური სტრუქტურების ლიკვიდაცია და საწარმოთა საქმიანობაში სახელმწიფოს ადმინისტრაციულ ჩარევაზე უარის თქმა.
რუსეთში „შოკური თერაპიის“ მეთოდის გამოყენება 1992 წლის 2 იანვრიდან დაიწყო, ხოლო ერთი თვის დაგვიანებით, როგორც აღინიშნა, მას საქართველოც აჰყვა. განვიხილოთ ის, თუ რამდენად იქნა (და საერთოდ, იქნა თუ არა) საქართველოში „ბალცეროვიჩის გეგმის“ თითოეული პუნქტი შესრულებული:
1. რეფორმა ფასწარმოქმნაში საქართველოში ჯერ კიდევ 1991 წლის გაზაფხულზე დაიწყო, როცა ზოგიერთი სახეობის საქონელზე თავისუფალი ფასწარმოქმნა პირველად იქნა შემოღებული. თუ კი ეს მოვლენა 1991 წელს უფრო გამონაკლისის ელფერს ატარებდა, 1992 წლის 1 თებერვლიდან (ანუ რუსეთთან შედარებით ერთი თვის დაყოვნებით) ფასწარმოქმნის სისტემაში უკვე რადიკალური ცვლილებები იქნა გატარებული: საქონლისა და მომსახურების ერთ ჯგუფზე რეგულირებადი ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა. ყოველივე ეს საბაზრო წონასწორობის მიღწევისათვის იყო მიმართული. თუ 1991 წელს სამომხმარებლო ფასების ინდექსი 1.8-ს1 შეადგენდა, 1992 წელს ეს მაჩვენებელი 25-მდე გაიზარდა, ამავე დროს აღსანიშნავია, რომ რეგულირებადი სამომხმარებლო ფასები 1992 წელს 1991 წელთან შედარებით 68-ჯერ გაიზარდა (აქედან პურზე, როგორც კვების ერთ-ერთ ძირითად პროდუქტზე - 100-ჯერ). შეიძლება ითქვას, რომ „ბალცეროვიჩის გეგმის“ პირველი პუნქტი საქართველოში მთლიანობაში განხორციელებულ იქნა;
2. 1992 წელს საქართველოში მინიმალური ხელფასებისა და სოციალური გასაცემლების მნიშვნელოვანი ინდექსირება განხორციელდა. თუ 1991 წელს ინდექსირება მხოლოდ ერთხელ მოხდა, 1992 წელს დაწყებული ფასწარმოქმნის ფართომასშტაბიანი ლიბერალიზაციის პროცესში შემოსავლების ინდექსირებას უკვე 6-ჯერ ჰქონდა ადგილი. 1991 წელს მუშა-მოსამსახურეთა მინიმალური და საშუალო ხელფასი წინა წლებთან შედარებით, შესაბამისად 1.85-ჯერ და 1.26-ჯერ გაიზარდა, ხოლო 1992 წელს 1991 წელთან შედარებით, შესაბამისად - 13,14-ჯერ და 17,94-ჯერ. მართალია, საქართველოში რაიმე მკაცრი მარეგლამენტირებელი ღონისძიება არ გატარებულა, რომლის მიხედვითაც ხელფასის ფონდის ზრდა შეიზღუდებოდა (როგორც ეს პოლონეთში განხორციელდა, როცა ხელფასის ფონდის 2 პროცენტის ფარგლებში ზრდის შემთხვევაში საწარმო ამ ნაზრდის 200 პროცენტით, ხოლო 2 პროცენტზე მეტი გადაჭარბებისათვის შესაბამისი თანხის 300-500 პროცენტით ჯარიმდებოდა), მაგრამ ხელფასების და სოციალური გასაცემლების ზრდა ფასების ზრდას მაინც აშკარად ჩამორჩა. მაშასადამე, შეიძლება ჩაითვალოს, რომ „ბალცეროვიჩის გეგმის“ მეორე პუნქტიც საქართველოში მეტნაკლებად განხორციელდა;
3. 1992 წელს 1991 წელთან შედარებით საპროცენტო განაკვეთი მოთხოვნამდე ანაბრებზე წლიური 2 პროცენტიდან 5 პროცენტამდე, ხოლო 10 წლამდე ანაბრებზე კი წლიური 9 პროცენტიდან 80 პროცენტამდე გაიზარდა. საპროცენტო განაკვეთების ამგვარი ზრდა ვერ ასახავდა ინფლაციის ტემპს. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საპროცენტო განაკვეთის ზრდით პრინციპულად შეუძლებელი იყო იმდროინდელ საქართველოში ბრუნვაში არსებული ფულის მასის შეზღუდვა, რადგანაც საქართველოს საკუთარი მონეტარული სისტემა არ გააჩნდა: საქართველოში უკვე დაშლილი საბჭოთა კავშირის მანეთი და ახლადშემოღებული რუსული რუბლი იყო ბრუნვაში. 1992 წლის ზაფხულში გადაწყდა ანაბრების გაორმაგება წინმსწრები ვადით. კერძოდ, 25 ივლისს მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ანაბრების გაუფასურების გამო ისინი პირველი აგვისტოს მდგომარეობით გაორმაგდებოდა; მოსახლეობამ 25 ივლისიდან აქტიურად დაიწყო ფულის შეტანა ანაბარზე; ახალი გადაწყვეტილება ანაბრებზე გაორმაგების მიზნით თანხების შეტანის ვადის 10 აგვისტომდე გადაწევის შესახებ 1 აგვისტოს იქნა მიღებული; გაორმაგების გზით დამატებული თანხების გამოტანა მხოლოდ 1 წლის შემდეგ, ხოლო გამონაკლისის სახით ამ თანხების გამოყენება პრივატიზაციის (რომელიც იმ პერიოდში საქართველოში ფაქტობრივად შეჩერებული იყო) პროცესში იყო ნებადართული. რადგანაც 1992 წლის მეორე ნახევრიდან რუსეთიდან (რომელიც რჩებოდა ფულის ემიტენტად) ნაღდი ფულის კუპიურების საჭირო რაოდენობის დროული ჩამოტანა ძალზე გართულდა, ზემოხსენებული გზით ანაბრებზე აკუმულირებული ფული ხელფასებისა და პენსიების სახით იქნა გაცემული, რამაც რეფორმის გამტარებელი მთავრობის მხრიდან ბრუნვაში არსებული ფულის მასის შეზღუდვა პრაქტიკულად გამორიცხა. აქედან გამომდინარე შეიძლება დავასკვნათ, რომ ,,ბალცეროვიჩის გეგმის“ მესამე პუნქტი საქართველოში ვერ გატარდა.
4. 1992 წელს ცენტრალიზებულ კაპიტალდაბანდებათა ხვედრითი წილი სახელმწიფო ბიუჯეტის საერთო ხარჯებში არ შემცირებულა, 1992 წლამდე ის 20-25 პროცენტის ფარგლებში მერყეობდა; დოტაციების ფაქტობრივი მოცულობა 1992 წელს 1991 წელთან შედარებით თითქმის 5.1-ჯერ გაიზარდა. მართალია, 1991 წელს დოტაციების ხვედრითი წილი საბიუჯეტო ხარჯებში 47 პროცენტს შეადგენდა, ხოლო 1992 წელს ის 30.1 პროცენტამდე შემცირდა, მაგრამ ეს ფაქტი დოტაციების ფაქტობრივი მოცულობის მრავალჯერადი ზრდის გამო იმის მტკიცებისათვის სულაც არ არის საკმარისი, რომ „ბალცეროვიჩის გეგმის“ მეოთხე პუნქტი საქართველოში დაცული იქნა;
5. სახელმწიფო შინაგანი მომგებიანი სესხის ობლიგაციები 1992 წელს იქნა გამოშვებული, ხოლო მათი რეალიზაცია კი მხოლოდ 1993 წლის შემოდგომაზე მოხდა და ისიც ძირითადად ყოფილი საბჭოთა კავშირის ობლიგაციების ახალ ქართულ ობლიგაციებზე გადაცვლის მიზნით; რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის შესავსებად სახელმწიფო სესხის ობლიგაციების გამოყენებას, ეს საბიუჯეტო ინსტრუმენტი იმ პერიოდში საერთოდ არ ყოფილა გამოყენებული. ნათელია, რომ საქართველოში „ბალცეროვიჩის გეგმის“ არც მეხუთე პუნქტი განხორციელებულა;
6. საგადასახადო სისტემის მოწესრიგება საბაზრო ეკონომიკის მოთხოვნებიდან გამომდინარე ჯერ კიდევ 1991 წლის ზაფხულში დაიწყო. მაშასადამე, „ბალცეროვიჩის გეგმის“ მეექვსე პუნქტი იმდროინდელ საქართველოში ძირითადად შესრულებულად უნდა ჩაითვალოს, თუმცა, აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მსგავსად საგადასახადო სისტემის მოწესრიგება საქართველოშიც პრაქტიკულად უწყვეტ პროცესს წარმოადგენს;
7. 1992 წელს საქართველოს საკუთარი ეროვნული ვალუტა არ ჰქონდა და ამდენად „ბალცეროვიჩის გეგმის“ მეშვიდე პუნქტის განხორციელება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო;
8. 1992 წელს შემოღებული იქნა ერთიანი საბაჟო ტარიფები. იმპორტი იბეგრებოდა 2, ხოლო ექსპორტი 8 პროცენტით. აშკარაა, რომ ეს იმპორტის შეზღუდვასა და ექსპორტის სტიმულირებას ხელს სულაც არ უწყობდა. ფაქტია, რომ საქართველოში „ბალცეროვიჩის გეგმის“ არც მერვე პუნქტი შესრულებულა;
9. ზემოთ უკვე აღინიშნა, რომ 1992 წელს 1991 წლის მსგავსად შემოსავლების ინდექსირებას ჰქონდა ადგილი. ამ დროს დაბალშემოსავლიანი ოჯახებისადმი რაიმე სპეციალური დახმარების სისტემა არ არსებობდა, ანუ სოციალური დაცვის სისტემა შემოსავლების დონის მიხედვით დახმარების დიფერენცირების მექანიზმს არ „იცნობდა“. ასეთ ვითარებაში შემოსავლების, მაგალითად, გაორმაგების შემთხვევაში აბსოლუტური სხვაობაც შემოსავლებს შორის მაღალ და დაბალშემოსავლიანთა მიხედვით ორჯერვე იზრდებოდა, რამეთუ გაორმაგებას ექვემდებარება თავად ეს სხვაობაც. მაშასადამე, შემოსავლების საყოველთაო ინდექსირების პირობებში მცირეშემოსავლიანი ოჯახების მდგომარეობა შეფარდებითად კიდევ უფრო უარესდება. ინდექსირების ხსენებული პრაქტიკის შედეგად 1992 წელს რეალურმა მინიმალურმა ხელფასმა 1991 წლის დონის მხოლოდ 86 პროცენტი შეადგინა. რადგანაც შემოსავლების ინდექსირების მიუხედავად 1992 წელს ვერ მოხერხდა ყველაზე უფრო მეტად გაჭირვებულ პირთა მიზანმიმართული დახმარება, ამიტომ, სამწუხაროდ, საქართველოში „ბალცეროვიჩის გეგმის“ ვერც მეცხრე პუნქტი განხორციელდა;
10. 1992 წელს საკანონმდებლო და სამთავრობო გადაწყვეტილებები საქართველოში მონოპოლიური საქმიანობის შეზღუდვისა და კონკურენციის განვითარების შესახებ პირველად იქნა მიღებული; ბუნებრივია, რომ მათი ფართომასშტაბიანი ამოქმედება იმავე წელს ვერ მოხერხდებოდა. მართალია, ჯერ კიდევ 1991 წელს საწარმოთა რესურსებით უზრუნველყოფის ცენტრალიზებული საბჭოური წესი მთლიანად მოიშალა, მაგრამ საწარმოთა საქმიანობაში სახელმწიფოს ადმინისტრაციული ჩარევის სისტემა მაინც შენარჩუნებულ იქნა (კერძოდ, ფართოდ გამოიყენებოდა სახელმწიფო დაკვეთის მექანიზმი). ყოველივე ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ იმდროინდელ საქართველოში სრული მასშტაბით „ბალცეროვიჩის გეგმის“ ვერც მეათე პუნქტი ვერ განხორციელდა.
მაშასადამე, ,,შოკური თერაპიის“ პოსტკომუნიტური ქვეყნებისათვის კლასიკურ სქემად ქცეული ,,ბალცეროვიჩის გეგმის“ ათი პუნქტიდან ობიექტური, თუ სუბიექტური მიზეზით 1992 წელს საქართველოში შვიდი (პირველი, მეორე და მეექვსე პუნქტების გარდა) ვერ განხორციელდა. მათ შორის, განსაკუთრებით ,,შოკური თერაპიის“ მეთოდის არსის განმსაზღვრელი ისეთი მნიშვნელოვანი ღონისძიებები უნდა გამოიყოს, როგორიცაა საბიუჯეტო დოტაციებისა და სუბსიდების გაუქმება და ბრუნვაში არსებული ფულის მასის მკაცრი შეზღუდვა.
სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ განუხორციელებელი პუნქტების ნაწილი ვერც განხორციელდებოდა, რადგანაც იმ დროს საქართველოს უწინარეს ყოვლისა საკუთარი მონეტარული სისტემა არ გააჩნდა. ასეთ ვითარებაში „შოკური თერაპიის“ მეთოდის ძირითადად მხოლოდ ფასების ლიბერალიზაციაზე დაყრდნობით განხორციელებული არასრულფასოვანი მოდიფიკაცია კრახისათვის იყო განწირული. 1993 წელი და 1994 წლის პირველი ნახევარი საქართველოს მთავრობის ანტირეფორმატორულ ქმედებათა ვრცელი სპექტრით ხასიათდება, რაც … 1994 წლის მეორე ნახევრიდან იქნა შეჩერებული, როცა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობა თვისებრივად ახალ დონეზე განახლდა.
თავისი არსით ამ დროს განახლებული ეკონომიკური რეფორმა არასრულფასოვნად გატარებული ,,ბალცეროვიჩის გეგმის“ ,,შევსებას“ ისახავდა მიზნად, რაც სავსებით რეალური აღმოჩნდა სათანადო სახელმწიფო ინსტიტუტების არსებობისა და ხელისუფლებაში პროფესიონალ ეკონომისტთა მოსვლის კვალობაზე.
1990-1994 წლებში საქართველოს ეკონომიკა სამჯერ და მეტად შემცირდა. აქვე აუცილებელია აღინიშნოს, რომ პოსტკომუნისტური ტრანსფორმაციის პროცესში მყოფი ქვეყნის ეკონომიკა, როგორც წესი მთლიანი შიდა პროდუქტის, სამრეწველო პროდუქციის გამოშვების, შრომის მწარმოებლურობის, ინვესტიციების, რეალური შემოსავლების დონის მნიშვნელოვან დაცემასთან ასოცირდება. დაზუსტების მიზნით უნდა აღინიშნოს, რომ პროდუქციის გამოშვების შემცირება, უწინარეს ყოვლისა, იმ საწარმოებში ხდება, რომლებიც პოსტკომუნისტური ტრანსფორმაციის პროცესის დაწყებამდე იყვნენ შექმნილნი. ასევე ითვლება, რომ პოსტკომუნისტური რეფორმების წარმატებით გატარების კვალობაზე წარმოების დაცემა იცვლება ზრდით, რის გამოც ამ პროცესს მრუდის ფორმა აქვს. საინტერესოა, რომ ეკონომისტთა შორის აღნიშნული ეკონომიკური ზრდის გამომწვევი მიზეზების შესახებ ჯერჯერობით ერთიანობა მიღწეული არ არის.
სწრაფი ეკონომიკური რეფორმების გატარების დაგროვილი გამოცდილება ცხადყოფს, რომ „ტრანსფორმაციული ვარდნის“, „ტრანსფორმაციული კრიზისისა“ თუ „პოსტკომუნისტური დიდი დეპრესის“ მიზეზი არა „შოკური თერაპიის“ არსშია, არამედ მის უარყოფაში,ძველი სისტემის კრახში ძევს, რამეთუ ქვეყნები, რომელთა არჩევანიც „შოკური“ რეფორმები იყო, ეკონომიკური აღმავლობის ფაზაში პირველები შევიდნენ. ამ დებულების სისწორეს საქართველოს გამოცდილებაც ადასტურებს. კერძოდ, 1995 წელს დროში გაწელილი „შოკური თერაპიის“ სქემის რეალიზაციის შედეგად ხუთწლიანი ეკონომიკური ვარდნა შეიცვალა ზრდით: 1995 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის 3 პროცენტამდე, 1996-1997 წლებში კი წელიწადში საშუალოდ 10-11 პროცენტიანი ზრდით.
დღეს უკვე პრაქტიკით დადასტურდა, რომ „შოკური თერაპიის“ მეთოდს ყველაზე დიდი წარმატება იმ ქვეყნებში მოაქვს, სადაც რეფორმამდელი (უფრო ზუსტად კი ,,შოკამდელი“) ეკონომიკური მდგომარეობა იმდენად არადამაკმაყოფილებელია, რომ მოსახლეობა მზადაა გადაიტანოს ყველაფერი, ოღონდ დაძლეულ იქნას არსებული პრობლემები. ამ შემთხვევაში „შოკის“ უარყოფითი ზეგავლენა ისეა მინიმიზებული, ხოლო დადებითი შედეგები კი იმდენად შესამჩნევია, რომ ასეთ პირობებში ,,შოკური თერაპიის“ გამტარებელ რეფორმატორებს რაიმე პოლიტიკური სირთულეები არ ექმნებათ (ამის საუკეთესო მაგალითად 1994-1995 წლების საქართველო უნდა ჩაითვალოს). მაშასადამე, „შოკური თერაპიის“ მეთოდის წარმატებით განხორციელება ემყარება პარადოქსს: „რაც უარესია - მით უკეთესია“. აქედან გამომდინარე, ქვეყნისათვის, რომელიც არსებობის (ან თითქმის არსებობის) ზღვარზეა მისული, ,,შოკური თერაპიის“ მეთოდის გამოყენების მიზანშეწონილობა და აუცილებლობა რაიმე ეჭვს არ უნდა იწვევდეს (უფრო ზუსტად კი ალტერნატივაცარ აქვს), რადგანაც პრაქტიკულად დადებითი შედეგები გარანტირებულია. ასეთი შემთხვევები შეიძლება კვალიფიცირებულ იქნეს, როგორც „მინიმალური შოკი, მაქსიმალური თერაპიით“ („Minimal Shock, with Maximum Therapy“; ან „რბილი დიდი დარტყმა“, „რბილი დიდი აფეთქება“ („Soft Big Bang“)
და ბოლოს, ჩემი ღრმა რწმენით, იმის მიუხედავად, რომ „შოკური თერაპიის“ მიდგომით შეუძლებელია საბაზრო ინსტიტუტების ფორმირება, თუნდაც თეორიულ დონეზე იმის აღიარება, რომ პოსტკომუნისტური რეფორმები ინსტიტუციონალური გარდაქმნებით უნდა დაწყებულიყო და მხოლოდ მათი დამთავრების კვალობაზე უნდა განხორციელებულიყო ლიბერალიზაციისა და სტაბილიზაციის პროგრამები, დროის საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მეწარმეობის განვითარებისათვის საჭირო საბაზრო სიგნალების ფორმირებაზე უარის თქმას, ეკონომიკის წარმართვის კომუნისტური მექანიზმების მნიშვნელოვანი ნაწილის ,,გაყინვას“ ნიშნავს. მაშასადამე, იმის გამართლება, რომ პოსტკომუნისტური რეფორმები მხოლოდ და მხოლოდ ინსტიტუციონალური გარდაქმნებით უნდა იქნას დაწყებული, ქვეყანას საბაზრო ეკონომიკის, საზოგადოების ეკონომიკური მოწყობის დემოკრატიული საწყისიდან დიდი ხნით დააშორებს. ამავე დროს ყველა იმ ქვეყანაში, რომელსაც სახელმწიფოებრიობის მთელი რიგი ატრიბუტი მემკვიდრეობით ვერ შეხვდა ,,შოკური თერაპიით“ გარდაქმნების დაწყებას წინ სათანადო ინსტიტუტების, სულ ცოტა, ჩანასახოვან მდგომარეობაში შექმნა ესაჭიროება.
![]() |
23.3 3. „ხილული“ ბალცეროვიჩი |
▲back to top |
ეკონომიკას საკვები ისევე სჭირდება,
როგორც ჩვილ ბავშვს დედის რძე.
უ. ჩერჩილი
ყველაზე კარგი ის მთავრობაა, რომელიც
რაც შეიძლება ნაკლებს მართავს.
ჯ. ო'სალივანი
პროგრამა - ეს არის ქვეყნის პერსპექტივა,
რომლის პრაქტიკულად განხოციელებასაც
პოლიტიკური პარტია პარლამენტში თუ
აღმასრულებელ ხელისუფლებაში მოსვლის
შემდეგ უნდა ესწრაფოდეს.
ლ. ბალცეროვიჩი
პროფესორი ლეშეკ ბალცეროვიჩი საქართველოში პირველად 1995 წლის შემოდგომაზე ჩამოვიდა. ეს იყო დრო, როცა ქვეყანა ფულის რეფორმისა და საზოგადოდ „გადავადებული“ „შოკური თერაპიის“ პრაქტიკულად დასრულების სტადიაში იყო შესული. მისი ვიზიტი ხანმოკლე იყო და მას საქართველოს ეკონომიკის, მისი რეფორმირების მიმართ გაცნობითი ხასიათი ჰქონდა.
ამ ხანმოკლე ვიზიტის დროს საქართველოს სახელისუფლებო სტრუქტურებში ლეშეკ ბალცეროვიჩის ქართველ კოლეგებთან საქმიანი შეხვედრები გაიმართა. ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროშიც მოეწყო, სადაც თითქმის ორსაათიანი დისკუსიის განმავლობაში სამინისტროს წამყვანი მუშაკები სტუმართან ერთად საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის სირთულეებს, საბაზრო ინსტიტუტების ფორმირების პრობლემებს იხილავდნენ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ლეშეკ ბალცეროვიჩმა ჩემთან პირად საუბარში იკითხა, თუ სად მოვახერხე თანამედროვე საბაზრო ეკონომიკის ცნებებით მოაზროვნე ამდენი ხანშიშესული ადამიანის თავმოყრა ეკონომიკის სამინისტროში (იმ პერიოდში სამინისტროს სამმართველოების უფროსების უმრავლესობა უფროსი თაობის წარმომადგენლები - ოთარ კაკაურიძე, გრიგოლ ბოკუჩავა, შალვა ზარანდია, ამირან გაბისონია, გიორგი ზიბზიბაძე, ლევან თურმანიძე, ზურაბ ბერიშვილი, აწ განსვენებული რუსლან ბაბუხადია და სხვ.-იყვნენ), რამეთუ ამ ასაკის ადამიანები, როგორც წესი, ძველი კომუნისტური მენტალიტეტით ხასიათდებოდნენ. მან განცვიფრება, ხოლო მე, როგორც ქართველმა მინისტრმა კი, სიამაყე აშკარად ვერ დავმალეთ, როცა ჩემგან გაიგო, რომ ეს ხანშიშესული სპეციალისტები ყოფილი საგეგმო კომიტეტის თანამშრომლები იყვნენ და მათ რაიმე სპეციალური საგანმანათლებო კურსები არსად არ გაუვლიათ, რომ ისინი მდიდარი ცხოვრებისეული გამოცდილებით „შეიარაღებულ“ პროფესიონალებს წარ-მოადგენდნენ, რაც მათ უადვილებდათ ახალი ეკონომიკური და პოლიტიკური სიტუაციისადმი ალღოს აღებას; ასეთი კადრების გვერდზე კი ახალგაზრდა თაობაც უფრო ადვილად ეუფლებოდა სამინისტროს აპარატში მუშაობისათვის საჭირო გამოცდილებას. ამ ინფორმაციაზე პროფესორ ბალცეროვიჩის რეაქცია იმ სინანულის გამოხატვა იყო, რომლის თანახმადაც პოლონეთში გაუმართლებლად იჩქარეს და კომუნისტური რეჟიმის ნგრევისას, ყოფილი საგეგმო კომიტეტიც ეკონომიკის სამინისტროდ გარდაქმნის ნაცვლად გააუქმეს.
საქართველოს ყოფილი საგეგმო კომიტეტის ეკონომიკის სამინისტროდ გარდაქმნის პროცესში უდიდესი მნიშვნელობა მისთვის დარგთაშორისი, ეკონომიკური რეფორმის მაკოორდინირებელი ფუნქციის მინიჭებას ჰქონდა. ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯთა შორის განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია 1992-1993 წლებში საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, პროფესორ მიხეილ ჯიბუტის მიერ საქართველოს სინამდვილეში შემოღებული ინდიკატიური დაგეგმვის პრაქტიკა, რომელსაც ანალოგი პოსტკომუნისტურ სივრცეში დღესაც არ გააჩნია. ინდიკატიურ გეგმას საბაზრო სისტემის პირობებში საქართველოს ეკონომიკის განვითარების პროგრამის როლის შესრულება დაეკისრა და ამ გეგმაში ყველა დაინტერესებულ პირს ეკონომიკის შესაბამისი სექტორის ძირითადი ,,საკვები“ უნდა ეპოვა.
პროფესორ ლეშეკ ბალცეროვიჩის თბილისში ვიზიტისას საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო შეიძლება ითქვას, ,,კარგი“ მთავრობის საუკეთესო მოდელი იყო, რადგანაც ის მართვაში, რაც შეიძლება ნაკლებად ერეოდა და მაქსიმალურ თავისუფლებას უქმნიდა კონკურენციულ ძალებს ეკონომიკის განვითარებისათვის (მისი ინიციატივით ლიბერალიზებულ იქნა ფასები და ვაჭრობა, საგარეო ვაჭრობაში გაუქმდა ქვოტირების სისტემა, ხოლო ლიცენზირება იმ მინიმუმამდე იქნა დაყვანილი, რომელიც საერთაშორისო პრაქტიკას შეესაბამება და ა.შ.).
დასანანია, რომ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ხსენებული მოდელის მთავრობის სხვა სტრუქტურებზე განვრცობის ნაცვლად 2000 წელს მისი მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროებთან შერწყმის შემდეგ დარგთაშორისი სამინისტროს ნაცვლად მრავალდარგობრივი-ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო მივიღეთ, რომელიც უკვე მართვის (უმთავრესად მრეწველობის უშუალო მართვის) არასაბაზრო ფუნქციით ,,დამძიმებული“ აღმოჩნდა.
მკითხველისათვის ინტერესმოკლებული არ უნდა იყოს, რომ მოგვიანებით პოლონეთში ეკონომიკის სამინისტრო შეიქმნა.
![]() |
23.4 4. ბალცეროვიჩი „უჩინმაჩინის ქუდით“ |
▲back to top |
მეფეებმა თავიანთი მინისტრების საქმეების
შესახებ იმაზე მეტი არ იციან, ვიდრე
რქიანმა ქმრებმა თავიანთი ცოლების შესახებ.
ვოლტერი
ოდესღაც ეკონომისტებს ეკითხებოდნენ:
„თუ თქვენ ასეთი ჭკვიანები ხართ, მაშინ
ასეთი ღარიბები რატომ ხართ?“
ეხლა ჩვენ შეგვიძლია ვიკითხოთ:
„აღმოჩნდა, რომ თქვენ არც ისე ჭკვიანები
ხართ. მაშ ასეთი მდიდრები როგორღა ხართ?“
ე. ფიდლერი
ცუდი ეკონომიკური პოლიტიკა ორი ძლიერი
ტყუპი ძმის ზურგზე დგას. მათგან ერთია
ცალკეული საზოგადოებრივ-პოლიტიკური
ჯგუფების ინტერესების ზეწოლა, ხოლო
მეორე - უცოდინრობა, უფრო სწორედ
ეკონომიკური მეცნიერების ცუდი ცოდნა.
ლ. ბალცეროვიჩი
2000 წელს საქართველოში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ქვეყნის უმაღლესმა ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება ეთხოვა აშშ-სადმი საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლად პროფესორ ლეშეკ ბალცეროვიჩის მოწვევის დაფინანსება, რაც აშშ-ის მიერ დადებითად იქნა გადაჭრილი.
საქართველოს ხელმძღვანელობის ამ გადაწყვეტილების გახმოვანებისთანავე მისადმი უარყოფითი დამოკიდებულება საჯაროდ დავაფიქსირე, რამაც ქვეყნის პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე გაანაწყენა. ამ დროს ჩემი პოზიცია თავის მხრივ ხელისუფლების მხრიდან ქართველი ეკონომისტების წყენას ასახავდა, რისი არსიც შემდეგში მდგომარეობს.
გასული საუკუნის 80-იანი წლების მიწურულსა და 90-იანი წლების დასაწყისში კომუნისტური რეჟიმის ნგრევის შემდეგ არავინ, მსოფლიოში არცერთმა ეკონომისტმა არ იცოდა, თუ კომუნისტური ხასიათის მქონე ეკონომიკის ტიპიდან საბაზრო, ანუ კაპიტალისტური ტიპის ეკონომიკაზე გადასვლა როგორ უნდა განხორციელებულიყო. ბუნებრივია, რომ ასეთ ვითარებაში პოსტკომუნისტური ქვეყნების ლიდერები არამარტო საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს, არამედ მსოფლიოში ცნობილ ცალკეულ ეკონომისტებს რჩევადახმარებისათვის მიმართავდნენ. მაგალითად, ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი ჯეფრი საქსი აღმოსავლეთ ევროპის რამოდენიმე სახელმწიფოს მთავრობათა მრჩეველი იყო.
მას შემდეგ, რაც იმ ეპოქიდან სულ ცოტა ათმა წელიწადმა ჩაიარა, რეფორმების გზაზე მდგარ თითქმის ყველა პოსტკომუნისტურ ქვეყანაში ეროვნულ პროფესიონალთა კადრები გამოიკვეთა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან მუშაობის მეტნაკლებად მდიდარი გამოცდილება დაგროვდა.
ასეთ ვითარებაში ათწლიანი რეფორმების შემდეგ საქართველოში უცხოელი, თუნდაც ძალზედ გამოცდილი და მაღალპროფესიონალი მრჩევლის მოწვევა ორი რამის აღიარებაა: ჯერ ერთი იმის, რომ ქვეყანაში იმის მცოდნე (რომ არაფერი ვთქვათ გამოცდილებაზე) ეკონომისტები, თუ როგორ უნდა გატარდეს რეფორმები, არ არსებობს, ხოლო მეორე - რომ, თურმე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან მოლაპარაკებების წარმართვის მცოდნენიც ასევე არ არსებობენ. არც ერთი და არც მეორე, საბედნიეროდ, სინამდვილეს არ შეესაბამება.
იმავდროულად მსოფლიოში აღიარებული პროფესიონალის, პროფესორ ლეშეკ ბალცეროვიჩის საქართველოში პრეზიდენტის პირადი მრჩეველის რანგში მოწვევას მაინც შეიძლება მოეძებნოს გამართლება, რამეთუ საქართველოს მთავრობაში (რომელიც საქართველოს კონსტიტუციის თანახმად პრეზიდენტის სათათბირო ორგანო უნდა იყოს), ეკონომიკური პოსტები არაეკონომისტებმა დაიკავეს, თუმც არც ეკონომისტის დიპლომის მქონეთ გააჩნდათ ეკონიმიკური მეცნიერების ის ცოდნა, რის აუცილებლობაზეც პროფესორი ბალცეროვიჩი არაორაზროვნად მიუთითებს. უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ უკანასკნელის საქართველოში მოწვევის ინიციატორთა ჩანაფიქრით მისი უმთავრესი ფუნქცია საგანმანათლებლო უნდა ყოფილიყო. სამწუხაროა, რომ ამ ჩანაფიქრსაც არ ეწერა განხორციელება, რამეთუ ,,კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდა“.
ვიდრე ბოლო დებულების ამსახველ მაგალითებს მოვიყვანთ, აუცილებელია აღინიშნოს, რომ პროფესორ ლეშეკ ბალცეროვიჩის საქართველოს პრეზიდენტისადმი მიცემული რჩევები საზოგადოებისათვის ძალზედ გასაიდუმლოებულია და ხანდახან იმის შთაბეჭდილებაც კი რჩება, რომ ეს მინისტრებისათვისაც (?!) კი ასეა. თავად პოლონელი პროფესორი თბილისს კვარტალში ერთხელ თუ ეწვევა და ეს არც არის გასაკვირი, რამეთუ საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლად დამტკიცებიდან რამოდენიმე თვეში ის თავის სამშობლოში ეროვნული ბანკის პრეზიდენტად დაინიშნა. ამასთან, სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, ხშირი ჩამოსვლა სულაც არ არის აუცილებელი, რადგანაც მისი მაღალპროფესიული გუნდი თბილისში პრაქტიკულად უწყვეტ რეჟიმში მუშაობს, და რაც უფრო მთავარია, საქართველოს ეკონომიკას სულაც არ სჭირს რაიმე ექსტრაორდინალური, რაც, შორეული პოლონეთიდან ,,ცუდი ხილვადობის“ გამო, სათანადოდ არ გამოჩნდება. აქედან გამომდინარე, მისი და მისი გუნდის რჩევები (ყოველ შემთხვევაში, ისინი მაინც, რომლებიც მათი ,,კონსპირაციულობის“ მიუხედავად საზოგადოებისათვის ცნობილია), არ სცდება იმ ჩარჩოებს, რაც მისი ქართველი კოლეგებისთვისაც (აკადემიური წრეებიდან), ისედაც კარგადაა ცნობილი.
განვიხილოთ პროფესორ ლეშეკ ბალცეროვიჩისა და მისი თბილისური ჯგუფის საზოგადოებისათვის ცნობილი რამოდენიმე რეკომენდაცია:
1. ერთ-ერთი პირველი ჩამოსვლისთანავე პროფესორ ბალცეროვიჩის რეკომენდაცია ის იყო, რომ საქართველოს ხელმძღვანელობა, რაც შეიძლება მალე გარკვეულიყო იმაში, თუ ქვეყანაში როგორი ეკონომიკური სისტემა უნდა აშენებულიყო და შესაბამისი არჩევანიც გაეკეთებინა. სამწუხაროა, რომ ქართველ დამხვდურთა შორის არ მოიძებნა არცერთი (არ არის გამორიცხული ელემენტარული არცოდნის გამო), რომელიც ეტყოდა, რომ კარგად თუ ცუდად, მაგრამ ასეთი არჩევანი საქართველოში 1995 წელს კონსტიტუციის (რომელიც ქვეყნის ეკონომიკური სისტემის საფუძვლებს განსაზღვრავს) მიღებით უკვე ხუთი წელიწადია, რაც გაკეთებულია, რომ 1995 და 2000 წლებში საპრეზიდენტო არჩევნებში ხალხმა (მართალია, ხშირ შემთხვევაში, შეუგნებლად) მხარი არა უბრალოდ ედუარდ შევარდნაძეს, არამედ მის პროგრამებსაც დაუჭირა, რომლებშიც სათანადოდაა ასახული საქართველოს ეკონომიკური მოწყობის პრობლემები. ერთი კია, თუ საქართველოს მთავრობის წევრები არ იცნობენ საპრეზიდენტო პროგრამებს, რატომ უნდა გაგვიკვირდეს ამ საკითხებში უცხოელ ექსპერტთა გაუცნობიერებულება?
2. ბალცეროვიჩის თბილისური ჯგუფის მხრიდან საქართველოს მთავრობაში კოორდინაციის არ არსებობამ დაუფარავი უკმაყოფილება გამოიწვია. საქართველოს კონსტიტუციისა და „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის“ შესახებ კანონიდან (რომელთა თანახმადაც ამ ფუნქციის განხორციელება სახელმწიფო მინისტრის პრეროგატივაა) გამომდინარე, ხსენებული პრობლემა არც ქართველ პროფესიონალთა თვალს უნდა გაპარვოდა და არც გაპარვია; გაუგებარია, თუ რაში დაგვჭირდა უცხოელ, ძვირადღირებულ ექსპერტთა მოცდენა, ჩვენთვის ისედაც ხილული პრობლემის „გამოსააშკარავებლად“?
3. პროფესორ ლეშეკ ბალცეროვიჩისა და მისი თბილისური ჯგუფის ერთ-ერთი გახმაურებული რეკომენდაციის თანახმად საშემოსავლო გადასახადის პროგრესიული სისტემა (როცა საქართველოში ფიზიკური პირის შემოსავლის ოდენობის ზრდის კვალობაზე ზრდადი - 12, 15, 17 და 20 პროცენტიანი საგადასახადო განაკვეთები გამოიყენება), პროპორციული სისტემით (ერთიანი 15 პროცენტიანი განაკვეთით) უნდა შეიცვალოს, რაც ამ სახეობის გადასახადის ამოღების ადმინისტრირებას თვისობრივად ამარტივებს, და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, პრაქტიკულად ამ შემოსავლების დამალვის სტიმულებს აუქმებს. ეს წინადადება საქართველოს ხელისუფლებას ჩემს მიერ ჯერ კიდევ 1992 წელს წარედგინა და შემდეგაც, საერთაშორისო სავალუტო ფონდის წინაშეც არაერთხელ დასმულა34, რაც, სამწუხაროდ, გათვალისწინებულ არ იქნა. ბუნებრივია, რომ პოლონელ ეკონომისტთა ეს რჩევა აშკარად მისასალმებელია. სამწუხაროა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, რომელიც უტილიტარული ეკონომიკური პოლიტიკის (რომლის მთავარი პრინციპია - „მდიდარს ართმევს, ღარიბს აძლევს“) მიმდევარია, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველის ამ რეკომენდაციის საწინააღმდეგოდ საშემოსავლო გადასახადის ზედა განაკვეთის გაზრდა დააპირა; იმის ნაცვლად, რომ აშკარად საღ აზრზე დაფუძნებული წინადადება ყოფილიყო გაზიარებული, პოლონელ ექსპერტთა მთელი ძალისხმევა იმაში დაიხარჯა, რომ საშემოსავლო გადასახადის ისედაც უვარგისი სისტემა კიდევ უფრო არ გაუარესებულიყო;
4. 2000 წლის თებერვალში საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით იმ საწარმოთა წილები, რომელთა არანაკლებ 51 პროცენტი სახელმწიფოს საკუთრებაშია სამართავად, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროდან შესაბამის დარგობრივ სამინისტროებს გადაეცათ. ბუნებრივია, რომ ბალცეროვიჩის ჯგუფმა მართვის ამ სოციალისტური ,,ელფერის“ და ინტერესთა კონფლიქტის შემცველი ბრძანებულების გაუქმება მოითხოვა; აღსანიშნავია, რომ მოცემული ბრძანებულების წინააღმდეგნი, ჯერ კიდევ მისი განხილვის სტადიაზე ვიყავით მე (როგორც იმ დროს საქართველოს ეკონომიკის მინისტრი) და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, რაც მაშინ, სამწუხაროდ, არ იქნა გაზიარებული;
5. ბალცეროვიჩის თბილისური ჯგუფის ერთ-ერთი რეფორმატორული წინადადება საპენსიო სისტემას ეხება. მათი აბსოლუტურად სწორი შეფასებით საქართველოში დღეს ასეთი სისტემა არ არსებობს, ხოლო 14 ლარიანი პენსია თავისი ბუნებით არ ასრულებს (და ვერც შეასრულებს) პენსიის, როგორც ასეთის, ფუნქციას. ქართული სახელმწიფოს მწირი საფინანსო შესაძლებლობებიდან გამომდინარე ხსენებული ჯგუფი რეკომენდაციას იძლევა, რომ აქცენტი კერძო საპენსიო ინსტიტუტის შექმნაზე იქნეს გადატანილი, ხოლო სახელმწიფომ უმთავრესი ყურადღება მოსახლეობის მიმართ დაგროვილ ძველ დავალიანებათა (რომელიც ჯამში, სამწუხაროდ 300 მლნ. ლარს აღემატება) გასტუმრებასა და მიმდინარე ვალდებულებათა დროულ დაფარვაზე უნდა გაამახვილოს. საქართველოს მთავრობის პოზიცია (რასაც ზურგს მსოფლიო ბანკიც უმაგრებს) კი მიზნად კერძო საპენსიო ინსტიტუტის შექმნასთან ერთად სახელმწიფო საპენსიო სისტემის რეფორმირებასაც ისახავს (და მას, გარკვეული აზრით, უპირატესობასაც ანიჭებს). ჩემი ღრმა რწმენით, სახელმწიფოს მხრიდან მოსახლეობისადმი მნიშვნელოვანი დავალიანებისა და ქრონიკული საბიუჯეტო კრიზისის პირობებში სახელმწიფო საპენსიო სისტემის რეფორმირებაზე პრიორიტეტული ზრუნვა ფუჭი გარჯა იქნება, ხოლო ამის გამო კერძო საპენსიო ინსტიტუტის შექმნის შეფერხება კი - აშკარა შეცდომა.
პროფესორ ლეშეკ ბალცეროვიჩისა და მისი თბილისური ჯგუფის გაუთვალისწინებელ რეკომენდაციათა ჩამონათვალი, ისინი საზოგადოებისათვის ცნობილი რომ ყოფილიყო, სავარაუდოდ, ბევრად უფრო ვრცელი იქნებოდა (ეგებ მათი გასაიდუმლოების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისიც იყოს, რომ ქართული სამთავრობო გუნდის სუსტი მხარეები დაიმალოს).
ძნელი შესამჩნევი არ არის, რომ, სამწუხაროდ, საქართველოს ცუდი ეკონომიკური პოლიტიკა ბალცეროვიჩისეულ „ტყუპ ძმებზე“ - საზოგადოებრივ-პოლიტიკური ჯგუფების ზეწოლასა და უცოდინრობაზეა დამყარებული; თანაც ეს ტყუპისცალები უერთმანეთოდ როდი მოქმედებენ: ისინი ერთმანეთს აძლიერებენ.
პროფესორ ბალცეროვიჩის საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის რანგში მოღვაწეობამ დაადასტურა, რომ საქართველოში „უცხოელ მღვდელსაც არა აქვს შენდობა“. ეს კი, სამწუხაროდ, არ უნდა იყოს გასაკვირი, რადგანაც, თუ კი ერთი ღვაწლმოსილი ქართველი ეკონომისტის სიტყვებს დავუჯერებთ - „საქართველოში ყველაზე დიდი ჭკუის გამომყენებელი ჭკუის დეფიციტია“.
პროფ. ვლადიმერ პაპავა,
საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ფონდი
თბილისი, 29 დეკემბერი 2001 წელი-8 იანვარი 2002 წელი
პერიოდში. თბილისი, 2002, გვ. 12-14.