![]() |
ეროვნული იდეა |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: იაკაშვილი პაატა |
თემატური კატალოგი საზოგადოებრივი მეცნიერებები|სოციოლოგია |
წყარო:
იაკაშვილი პაატა ეროვნული იდეა : კრებული / [რედ.: ქეთევან მაჩხანელი] - თბ., 2003 - 742გვ. ; 20სმ. - : [ფ.ა.] [MFN: 20051] UDC: 821.353.1-4 + 316.75 316.75/ი-17 - ტექნიკური დარბაზი (სამოქალაქო განათლების დარბაზი) (22)323.1/ი-17 - ქართველოლოგიის განყოფილება F 81.122/3 - ხელუხლებელი ფონდი |
საავტორო უფლებები: © იაკაშვილი პაატა |
თარიღი: 2003 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: იდეოლოგიური საკითხებისადმი მიძღვნილი ესსეების წინამდებარე კრებული, წარმოადგენს ეროვნული იდეის ანუ ღირებულებების, პრინციპებისა და ინტერესების ერთიანი სისტემის საფუძვლების გააზრების ცდას. იგი 1992-2000 წლებში იწერებოდა და პერიოდულად ქვეყნდებოდა პრესის ფურცლებზე. იმავე წლებში შესწორებებისა და დამატებების შეტანის შემდეგ დასრულდა და მომზადებული იქნა გამოსაცემად. |
![]() |
1 * * * |
▲ზევით დაბრუნება |
იდეოლოგიური საკითხებისადმი მიძღვნილი ესსეების წინამდებარე კრებული, წარმოადგენს ეროვნული იდეის ანუ ღირებულებების, პრინციპებისა და ინტერესების ერთიანი სისტემის საფუძვლების გააზრების ცდას. იგი 1992-2000 წლებში იწერებოდა და პერიოდულად ქვეყნდებოდა პრესის ფურცლებზე. იმავე წლებში შესწორებებისა და დამატებების შეტანის შემდეგ დასრულდა და მომზადებული იქნა გამოსაცემად.
![]() |
2 თავისუფლად გამოთქმული აზრები |
▲ზევით დაბრუნება |
„მე არ მოვითხოვ რესპუბლიკისაგან არაფერს, გარდა იმისა, რომ თავისუფლად გამოვთქვა ჩემი აზრები, ყველა ჩემი აზრი“.
ჟორჟ კლემანსო
უფრო მეტს არც ჩვენ მოვითხოვთ, მითუმეტეს, საქართველოს კონსტიტუციის მე-19-ე მუხლში ნათქვამია:
„1. ყოველ ადამიანს აქვს სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება;
2. დაუშვებელია ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის, აღმსარებლობის ან რწმენის გამო, აგრეთვე მისი იძულება გამოთქვას თავისი შეხედულებები მათ შესახებ;
3. დაუშვებელია ამ მუხლში ჩამოთვლილ თავისუფლებათა შეზღუდვა, თუ მათი გამოვლინება არ ლახავს სხვათა უფლებებს“.
დიდებულად გვქონია საქმე, რომ არა ერთი გარემოება: საქართველოში კანონით განსაზღვრულ და რეალურად არსებულ ცხოვრების წესებს შორის დიდი განსხვავებაა და ამიტომ, კონსტიტუციური უფლება ყოველდღიურ დაცვას საჭიროებს; წინააღმდეგ შემთხვევაში ის შეიძლება შეილახოს, უგულვებელყოფილ იქნას იმათაგან, ვინც მიიჩნევს, რომ ამა თუ იმ მოქალაქის თავისუფალი ნააზრევი მისთვის საზიანოა. ასე კი ფიქრობენ ის ადამიანები, ვინც დაიბადნენ, გაიზარდნენ პიროვნულად ჩამოყალიბდნენ და რაც მთავარია, თუ მოიპოვეს მატერიალური კეთილდღეობა და გაიკეთეს კარიერა კოლონიურ-კომუნისტური რეჟიმის დროს, - ტოტალიტარული სისტემის პირობებში, რომელიც დამღუპველ ზემოქმედებას ახდენდა მოქალაქეზე, - ითხოვდა მისგან გარკვეულ ზნეობრივ კომპრომისს და აჩვევდა მას სხვისი აზრის მიუღებლობას. მითუმეტეს, იმ ხანად თავისუფალი ნააზრევი კრამოლად იყო მიჩნეული. ამიტომ, მაშინ ვისიმე გაკრიტიკება, თუ ეს არ კეთდებოდა ხელისუფლების დაკვეთით, საშიშიც იყო და იოლად უარსაყოფიც. ეს ამკვიდრებდა კრიტიკული შეხედულებებისადმი, უკეთეს შემთხვევაში ნიჰილისტურ, უარესში კი, - აგრესიულ დამოკიდებულებას. კრიტიკას ვერ გუობს ბევრი იმათგანიც, ვინც უკვე „პერესტროიკისა“ და დამოუკიდებლობის წლებში მოიპოვა თანამდებობა, ან ფული ან ორივე ერთად. მათ მიერ კრიტიკის მიუღებლობა ეფუძნება იმ ცნობილ მოვლენას, რასაც ჰქვია: შემთხვევით ან დანაშაულებრივი გზით აღზევებულთა გაბოროტება მამხილებელთა მიმართ. რადგან ეს მხილება ამ ადამიანებს სრულიად დაუმსახურებელ, სხვათა კუთვნილ და მათ მიერ უკანონოდ და უსამართლოდ მითვისებულ კეთილდღეობას ემუქრება, ყველას ამათ, ძველებს და ახლებს ხელს, უწყობთ ისიც, რომ, რადგანაც თავისუფლების მოპოვების შემდგომ ჩვენში ღირებულებათა გადაფასება სრულფასოვნად არ მოხდა, კრიტიკისადმი კვლავ ძველებური მიდგომაა, ეს კი ქმნის ისეთ სიტუაციას, რომლის დროსაც უკვე ჩამოყალიბებული ქცევის წესი მეორდება ახალ პირობებში ანუ მიუხედავად კონსტიტუციისა და მთელი რიგი საერთაშორისო ხელშეკრულებებისა, სადაც სიტყვის თავისუფლებაა აღიარებული; აგრეთვე ამ თემაზე გაუთავებელი ლაპარაკისა. რეალურად საქმე სხვაგვარადაა: საკმარისია, ვისიმე ინტერესებს შეეხო, ამხილო მისი ანტიეროვნული და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებანი, რომ რისხვა თავს დაგატყდეს. დაპირისპირება კი გარდუვალია თუნდაც იმიტომ, რომ ცუდად წარმართული აღმშენებლობის პროცესი და ამის წყალობით წარმოქმნილი პრობლემები, უპირველეს ყოვლისა, კონკრეტული ადამიანების უვარგისობის ბრალია, მაშასადამე, ჩვენში უკვე არსებული სოციალურ-პოლიტიკური სისტემის კრიტიკა, ცალკეული პიროვნებების ძაგებად აღიქმება. ხოლო თუ დავინტერესდებით ხელისუფლების კორუმპირებულობით, კლანების არსებობით, ეროვნული ქონების ძარცვის გზით გამდიდრებულებით, მოსახლეობის კუთვნილი ხელფასებისა და პენსიების მიმთვისებლებით, საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებაში ეროვნული ცნობიერების არმქონე კაპიტულანტებით, - ამ პირებთან კონფლიქტი გარდუვალია, რადგან ჩვენში არსებულ ვერც ერთ პრობლემას ისე ვერ შეეხები, რომ მათ წარმომშობ ერთ-ერთ უმთავრეს მიზეზს, - იმ საკადრო პოლიტიკას, არ შეეხო, ფართო გზა რომ გაუხსნა ეგოისტურ, დილეტანტურ და აგრესიულ საშუალოობას, რომელმაც ისარგებლა რა მოსახლეობის სოციალური პასიურობით, დემაგოგიური ფრაზეოლოგიის კორიანტელი დააყენა სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის, დემოკრატიისა და რეფორმების თემაზე და ისე მოაჯადოვა ხალხი, რომ მისთვის მონიჭებულ კონსტიტუციურ უფლებებს ვერ იყენებს, ხელისუფლებისა და მისი პოლიტიკის ფორმირებაზე ვერ ახდენს გავლენას და დაემსგავსა იმ არაკის პერსონაჟ ცხვრებს, გიორგი გურჯიევი რომ უყვებოდა თავის მოწაფეებს: „ცხოვრობდა ოდესღაც მდიდარი და ხარბი ჯადოქარი, მას ბევრი ცხვარი ჰყავდა. ის არ ქირაობდა მწყემსს და არც საბალახო შემოუღობავს. ცხვრები ტყეში იკარგებოდნენ, ხრამში ცვიოდნენ, რაც მთავარია, ჯადოქრის მოახლოვებისთანავე გარბოდნენ. იმიტომ, რომ ხვდებოდნენ, თუ როგორ განკარგავდა ის მათ ხორცს და მატყლს. ჯადოქარმა ამ უბედურებისაგან თავის დაღწევის უტყუარი წამალი იპოვა, მან დააჰიპნოზა ცხვრები, უპირველეს ყოვლისა, მათ შთააგონა, რომ ისინი უკვდავნი არიან და როცა მათ ტყავს აძრობენ ეს სასარგებლოა ჯანმრთელობისათვის. შემდეგ შთააგონა მათ, რომ უკეთეს წინამძღოლს, ვიდრე თვითონაა, ვერ იპოვნიდნენ, რომ ის მზად არის, ნებისმიერი მსხვერპლი გაიღოს თავისი ძვირფასი და ესეოდენ საყვარელი კრავების გამო!.. შემდეგ ჯადოქარმა ყოველ ფარას თითო ცხვარი ჩაუყენა სათავეში, რომლებიც უკვე ასეთები აღარ იყვნენ; მათ შთააგონა, რომ ახლა ისინი ლომები, არწივები და ჯადოქრებიც კი იყვნენ. ამის შემდგომ ნამდვილი ჯადოქრისათვის უზრუნველობის ხანა დაიწყო. ცხვრებს ვეღარ წარმოედგინათ სხვა ცხოვრება, გარდა ფარაში ყოფნისა, ისინი მშვიდად ელოდნენ, როდის გაკრეჭდა და ყელს გამოჭრიდა მათ ჯადოქარი“.
თავისუფალ აზრს, მართალ სიტყვას, ჰიპნოზიდან გამომყვანი ძალა აქვს, ამიტომ არის ის საშიში ჯადოქრად ქცეული პლუტოკრატიისათვის, ამ ხალხიდან ვინ როგორ იშოვა ფული, რამდენი პროცენტია მათ შორის კანონიერად გამდიდრებული და რამდენი კიდევ უკანონოდ, - ძნელი სათქმელია. ერთი კი ცხადია, მათ უკვე მოიპოვეს ძალაუფლება, ან უშუალოდ ხელისუფლებაში არიან, ან წარმომადგენლები ჰყავთ პარლამენტსა და მთავრობაში, რომლებიც, მათი, ანუ უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, მთელი რიგი კლანების, დაჯგუფებებისა და ბანდების ინტერესების გამომხატველნი არიან და ყველა ესენი ნებისმიერ კრიტიკას საშინლად მტრულად ხვდებიან, რადგან, გამომდინარე მათივე მოქმედების ხასიათიდან, კრიტიკა რაც, ბერძნულად, გარჩევის ხელოვნებას, განსჯას ნიშნავს, მათ მიმართ შეიძლება, დანაშაულის მხილებად და, საბოლოო ჯამში, მძიმე ბრალდებად იქცეს... აქედან, მათი აგრესიულობაც მთლიანობაში პლუტოკრატიისა და ქვეყნის მოსახლეობის ურთიერთდამოკიდებულების თავისებურება ასეთი გახლავთ: პირველები უცერემონიოდ გვახვევენ თავს თავიანთ შეხედულებებს, რასაც მიიჩნევენ ეჭვმიუტანელ ჭეშმარიტებად, ყოველმხრივ ამართლებენ თავიანთ საქციელს, - რაოდენ უღირსიც ის არ უნდა იყოს. ჩვენგან ნათქვამის შესმენა და შეწყნარება კი არ სურთ, და აქ არ შეიძლება არ გაგახსენდეს შტეფან ცვეიგის ნათქვამი თავის ცნობილ წიგნში «სინდისი ძალადობის წინააღმდეგ»: «სწორედ ის ადამიანები, რომლებიც ყოვლად დაუნდობლად ახვევენ თავს სხვებს თავის აზრს, განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან, ნებისმიერი, მათი მისამართით გაკეთებული, თუნდაც მეტად უმნიშვნელო შენიშვნის მიმართაც კი», ასეთია პლუტოკრატიის ბუნება, რომელიც სულაც არ უწყობს ხელს არც ყბადაღებული ღია დემოკრატიული საზოგადოების შექმნას, არც სახელმწიფოს აღმშენებლობას, - სამაგიეროდ იწვევს საყოველთაო უკმაყოფილებას და ამის ფონზე კეთდება პერმანენტული განცხადებები (მეტწილად ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან) მოსალოდნელი სოციალური აფეთქების თაობაზე. მოსახლეობა როცა ვეღარ გაუძლებს გაუსაძლის ყოფას და ქუჩაში გამოვა, ეს გააღრმავებს პოლიტიკურ კრიზისს და გამოიწვევს როგორც პარლამენტის, ასევე მთავრობის სრული შემადგენლობის შეცვლას. ამას ყველაფერს აშკარად რევოლუციური ხასიათი ექნება... ამიტომ საკითხავია, როგორ სურთ დემოკრატიული სახელმწიფოს აშენება ჩვენს პოლიტიკოსებს, რევოლუციური, თუ ევოლუციური გზით? პირველის უარყოფა მეორის განხორციელებას ნიშნავს, იმის საპირისპიროს კეთებას, რაც დღეს ჩვენში კეთდება, ანუ მიზანდასახულ სისტემურ მუშაობას სოციალური ფორმაციის შესაცვლელად და დიფერენცირებული საზოგადოების ჩამოსაყალიბებლად...
გარდამავალი პერიოდი, მისთვის დამახასიათებელი არასტაბილურობითა და პრობლემათა რევოლუციურად გადაწყვეტის წესით, არ შეიძლება დაუსრულებლად გაგრძელდეს. მსოფლიოს ისტორია უამრავ მაგალითს იცნობს იმისას, რომ პოლიტიკოსები, რომელთაც იტვირთეს ამა თუ იმ სახელმწიფოს განვითარების შემდგომი ეტაპის წარმართვა, არამარტო თავიანთი პრინციპების დეკლარირებას ახერხებდნენ, არამედ კიდეც ანხორციელებდნენ მათ. მაგალითად, 1799 წლის საფრანგეთის კონსტიტუციის ბოლო აბზაცში (ამ ძირითადი კანონის შექმნის იდეა მაშინ პირველ კონსულად ქცეულ ნაპოლეონ ბონაპარტეს ეკუთვნოდა, თვითონ კონსტიტუცია კი, აბატმა სიეისიმ შექმნა, ვკითხულობთ: „მოქალაქენო, რევოლუცია დამთავრდა“. ეს ნიშნავდა, რომ დაიწყო რეფორმების ხანა, რომელიც ყველა კლასსა და სოციალურ ფენას უნდა შეხებოდა, მათი პრობლემები უნდა მოეგვარებინა. ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ნაპოლეონმა დაიწყო მანამდის არნახული რეფორმატორული საქმიანობა და თავიდანვე აღკვეთა ყველაფერი, რაც რევოლუციის შემდგომი საფრანგეთის განვითარებას შეუშლიდა ხელს. უვნებელყო უკიდურესი მემარცხენეებიცა და მემარჯვენეებიც, დაიწყო შერიგების პროცესი, დააახლოვა რადიკალურად განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანები, მაგალითად, ქალაქ ვარენის გმირი დრუე (რომელმაც გაქცეული მეფე ლუდოვიკო XVI დაატყვევა) და მეფის კარისკაცი გრაფი ნარბონი. ასეთი ფაქტები უამრავი იყო. გააუქმა იძულებითი სესხი, კანონი მძევალთ შესახებ, ჩამოაყალიბა სახელმწიფოს მართვის ახალი ადმინისტრაციული სისტემა, შექმნა ე.წ. „ნაპოლეონის კოდექსი“. კონტინენტური ბლოკადის შემწეობით ააღორძინა ფრანგული მრეწველობა. მან გაანადგურა ფეოდალიზმი ევროპაში პირდაპირ ქმედებით, დეკრეტების მეშვეობით, ისე როგორც მოხდა პოლონეთში, სადაც ბატონყმობა იქნა გაუქმებული ან არაპირდაპირი ზემოქმედებით, მაგალითად, პრუსიაში და ავსტრიაში, სადაც ადგილობრივი ხელისუფლება იძულებით ატარებდა რეფორმებს. ნაპოლეონი საგანგებო ყურადღებას უთმობდა ფრანგული კულტურის განვითარებას, - გავიხსენოთ მისი ინტერესი „კომედი ფრანსეზისადმი“.
დაუსრულებლივ შეიძლება ვილაპარაკოთ როგორც მის მიერ განხორციელებულ ეროვნული მნიშვნელობის, ასევე ზოგადად ევროპულ რეფორმისტულ საქმიანობაზე. და მაინც, ამ გრანდიოზულ ქმედებებს იდეალური ყოფა არ შეუქმნიათ ფრანგებისათვის. პირიქით, სიძნელეები ბევრი იყო, მაგრამ ადამიანებს გააძლებინა იმ დიდმა პოლიტიკამ, რომლის შესახებაც მეტად საინტერესო მოსაზრებაა გამოთქმული 1904 წელს ა. კასპარის მიერ გამოცემულ კომპილაციურ ნაშრომში „მსოფლიოს ისტორია“: „უეჭველია, ფრანგები საკმაოდ მძიმე ჩაგვრას განიცდიდნენ; გადასახადები დიდი იყო, მობილიზაცია ყოველ ოჯახს გლეჯდა თავის წევრს. მიუხედავად ამისა, მოსახლეობა იზრდებოდა, ისევე როგორც საერთო კეთილდღეობა, იმის წყალობით, რომ პირადი უსაფრთხოების გრძნობამ თვითოეულის ქმედითუნარიანობა წაახალისა. ყველას თანასწორობა კანონის წინაშე, გადასახადების თანაფარდობა და მიწის საკუთრების უფლება გლეხისათვისაც კი, - ამსუბუქებდა სიძნელეებს“. ესე იგი ნორმალურად წარმართული სახელმწიფოებრივი ცხოვრება და სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება ყოფილა ამ წარმატების მიზეზი. ნაპოლეონი, ცხადია, ალტრუისტი არ იყო ტიტანურ ძალისხმევას რომ მიმართავდა მაშინდელი სამყაროს შესაცვლელად. ის, რა თქმა უნდა, საკუთარ კარიერაზე ფიქრობდა. ცნობილია პირველ კონსულად გახდომის შემდეგ, მისი ნათქვამი პირადი მდივნისადმი: „აბა, ბურიან, აი ჩვენ ტიულრიში ვართ!.. ახლა აქ დარჩენაა საჭირო“-ო, მან ეს ამოცანა ბრწყინვალედ გადაწყვიტა და ტიულრის სასახლე მხოლოდ მას შემდეგ დატოვა, რაც მის წინააღმდეგ ევროპის დიდი სახელმწიფოების მრავალრიცხოვანმა არმიებმა გაილაშქრეს, მაგრამ მთავარი ის იყო, რომ ნაპოლეონის პოლიტიკამ კი არ გააუცხოვა მოსახლეობა სახელმწიფოს ინტერესებისაგან, არამედ პირიქით, გაათავისებინა იგი ფრანგებს. მოხდა მაორგანიზებელი ძალისა და ხალხის შეკავშირება, ერთი მიზნით გაერთიანება და ამ ალიანსის შედეგი იყო ევროპული მასშტაბის იმპერია. ფრანგს სიამაყით შეეძლო ეთქვა საფრანგეთის მოქალაქე ვარო. ისეთივე სიამაყით, როგორც ორი ათასი წლის წინ, თუნდაც ყველაზე უბრალო რომაელი იტყოდა: „Civis Romanus sum“ („მე რომის მოქალაქე ვარ“). ამ განცხადების საფუძველი იყო ის, რომ რომის რესპუბლიკა წარმოადგენდა მოსახლეობის უსაფრთხოების გარანტს, მის კეთილდღეობაზე მზრუნველს, და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომის მესვეურთა ავტორიტეტს ამაღლებდა ზნეობრივი პრინციპების დაცვა. ყველაფერ ერთად კი. დიდ პოლიტიკურ, სოციალურ და კულტურულ ფუნქციას ანიჭებდა რომის მოქალაქეობას.
ხალხის ინტერესებს ის იცავს, ვისაც ერისა და სახელმწიფოსათვის თავის განწირვა ძალუძს. ამას ისტორიის უამრავი მაგალითი ადასტურებს: პლუტარქე თავის „პარალელურ ბიოგრაფიებში“ აღწერს ძველი წელთაღრიცხვის 390 წელს, მდინარე ალიასთან, გალებთან ბრძოლაში რომაელთა 40-ათასიანი ლაშქრის დამარცხების ამბავს. ბრძოლის ველიდან გამოქცეულებმა დაბნეულობით კარი არ ჩაკეტეს, რომი დაუცველი დატოვეს და თავი კაპიტოლიუმს შეაფარეს. გალები ღიად დატოვებული „კოლინის ჭიშკრით“ შევიდნენ ქალაქში და როგორც ისტორიკოსი წერს: „დაიკავეს თუ არა რომი, კაპიტოლიუმის გარშემო ბრენოსმა დაცვა ჩააყენა, თვითონ კი ფორუმზე ჩავიდა და გაოცებით შესცქეროდა სავარძელში მდუმარედ ჩამსხდარ, საგანგებოდ მორთულ პირთ, რომლებიც ფეხზე არ წარმოდგომიან მოსულ მტრებს და არც ფერიფური შეცვლიათ სახეზე. აუღელვებლად და უდრტვინველად დაყრდნობოდნენ ისინი თავიანთ კვერთხებს და მშვიდი მზერით შესცქეროდნენ ერთმანეთს. ამ საოცარმა სანახაობამ გალები დააბნია და კარგა ხანს ვერ გაბედეს მიახლოება და ხელის ხლება: ვაითუ ყოვლისშემძლენი არიანო. ბოლოს ერთმა გალელთაგანმა მხნეობა მოიკრიბა, ახლოს დაუდგა მარკუს პაპირიუსს, ნაზად მიუტანა ხელი ნიკაპთან და გრძელ წვერს ექაჩებოდა. პაპირიუსმა მას კვერთხი დაჰკრა და თავი გაუხეთქა. ბარბაროსმა მახვილი იშიშვლა და პაპირიუსი სიცოცხლეს გამოასალმა. ამის შემდეგ გალები თავს დაესხნენ დანარჩენ მოხუცებს და ამოხოცეს. ეს მოხუცები რომის სენატორები იყვნენ - რესპუბლიკის უმაღლესი ხელისუფლება, რომელმაც არ ისურვა არც კაპიტოლიუმის ციხე-სიმაგრისათვის თავის შეფარება და მით უმეტეს არც ქალაქიდან გაქცევა. სენატორებს თავი არ უნდოდათ ცოცხალი, თუ რომი მტრის ხელში აღმოჩნდებოდა, იმიტომ რომ ისინი გრძნობდნენ პასუხისმგებლობას რესპუბლიკის წინაშე და როგორც კი მშობლიური ქალაქის დაცემის მოწმენი გახდნენ, რაშიც ჩანს საკუთარ თავს დებდნენ ბრალს, თავისივე ინიციატივით აგეს კიდევაც პასუხი...
სრულიად საპირისპირო განწყობა იყო თბილისში 1921წლის თებერვალში. ნოე ჟორდანიას მოგონება, რომელიც დედაქალაქის დატოვებისა და მთავრობის გაქცევის სურათს გვიხატავს, ავტორის სურვილის უნებურად წარმოაჩენს იმ კაპიტულანტურ განწყობას, რომელიც საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებაში სუფევდა. აი, რა წერია იქ: „24-ს ნაშუაღამევს დაიწყო უკანდახევა. მე ვიჯექი ჩემს კაბინეტში და ყოველ წუთში შემომეკითხებოდნენ ტელეფონით, რა არის გასატანი, რა ქუთაისში წასაღები. ჩვენ ვფიქრობდით სატახტო ქალაქათ გვექნება ქუთაისი და იქიდან მივაწვდით ყოველივე სამხედრო მასალას ჯარს და სურსათს მცხეთის მებრძოლ ჯარს. საათის სამამდე ვაძლევდი სხვადასხვა განკარგულებას, როცა გათავდა ყველაფერი, გავედი თფილისიდან უკანასკნელი მატარებლით“. აი, ასე, - თუ დედაქალაქს ვერ შეინარჩუნებ, მას სხვა ქალაქში გადაიტან, მტერს ნახევარ საქართველოს ჩააბარებ, სამაგიეროდ, ძალაუფლებას ცოტა ხნით კიდევ შეინარჩუნებ... და არანაირი თავგანწირვა, იმიტომ, რომ არ არსებობს უმაღლესი იდეალები და ყველაფერი გაუბრალოებულია! ქართველი სოციალ-დემოკრატებისათვის ზნეობრივ მაგალითებს არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა, არც რომაელთა ისტორიიდან და, რაღა შორს წავიდეთ, არც საკუთარი ერის წარსულიდან, თორემ ასი სენატორის თუ არა, დიმიტრი თავდადებულის გმირობის ამბავი მაინც უნდა სცოდნოდათ.
მონღოლთაგან ბრალდებული დიმიტრი II არჩევანის წინაშე იდგა: თავი რომ გადაერჩინა, ამისათვის მისი სამშობლო მტერს უნდა აეოხრებინა. ამ დილემისადმი თავისი დამოკიდებულება ასე ჩამოაყალიბა ერის წინამძღოლმა: „ისმინეთ ჩემი, ყოველთა კათალიკოსთა და ეპისკოპოსთა, და წარჩინებულთა სამეფოსა ჩემისათა, ვითარმედ შეისუენა მამამან ჩემმან, დავშთი ყრმა მცირე მძლავრობისა შინა თათართასა, და ღმერთმან ყოვლისა მპყრობელმან, და უფალმან ჩუენმან იესო ქრისტემან, და ყოვლად წმიდამან ღმრთისმშობელმან, რომლისა ნაწილადცა ვართ, და ჯუარმან პატიოსანმან, რომელი მოგუენიჭა ჩუენ მეფეთა, დამიცვა და მიმაწია ასაკად სისრულისა, და მომმადლა მეფობა, სკიპტრა და პორფირი მეფობისა, და თანადგომითა (თქუენთა) წარვმართე მეფობა, და აქამომდე მშვიდობით ჰგიეს სამეფო ჩემი. აწ განრისხებულ არს ყაენი, და ყოველი მთავარი მისი მოუწყუედიან, და აწ მე მიწოდს წინაშე მისსა. ვგონებ ბოროტის ყოფასა ჩემთვის, თუ არა წარვიდე ურდოსა და წარვიდე მთიულეთს, სიმაგრეთა შინა, და დავიცვა თავი ჩემი, და აჰა ყოველი სამეფო ჩემი წინაშე მათსა ძეს, იხილეთ რავდენი სული ქრისტიანე სიკუდილსა მიეცემის და ტყუე იქმნების, და ეკლესიანი შეიგინებიან და მოოხრდებიან, ხატნი და ჯუარნი დაიმუსრვიან და უკეთუ წავიდე ყაენს წინაშე, დასტურობით უწყი მომკლავს. და აწ სიბრძნითა თქუენითა განაგეთ საქმე ესე, რამეთუ მე ესრეთ ვგონებ: მრავალმღელვარე არს საწუთო ესე, დაუდგრომელ და წარმავალ, დღენი ჩუენნი სიზმრებრ და აჩრდილებრ წარვლენ და უნებულ და მსწრაფლ თანაგუაც წარსლვა სოფლისა ამისგან რა სარგებელ არს ცხოვრება ჩემი, უკეთუ ჩემთვის მრავალი სული მოკუდეს და მე ტვირთი-მძიმე ცოდვითა განვიდე სოფლისა ამისგან აწ მნებავს, რათა წარვიდე ყაენს წინაშე, და იყოს ნება ღმრთისა: უკეთუ მე მომკლან, ვგონებ რომე ქუეყანა უვნებლად დარჩეს». მაგრამ თუნდაც ცნობილი ყოფილიყო და მისი ეს სიტყვებიც „ქართლის ცხოვრებიდან“ ამოკითხული ჰქონოდათ, მისაბაძად მაინც არ მიუჩნევიათ... ცხადია, ასეთი მთავრობა ერს სახელმწიფოსადმი პატივისცემას ვერ აღუძრავს და მის მოქალაქეობას საამაყოდ ვერ გახდის...
ეს ისტორიული ფაქტები უკვე თავისთავად არიან ყურადსაღები, ჩვენს დღევანდელ ყოფასთან მიმართებაში კი, კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენენ: საქართველოში კრიზისია, პირველ რიგში, სახელისუფლებო, რადგან ის მაორგანიზებელ ძალად ვერ იქცა, მის საკანონმდებლო და აღმასრულებელ განშტოებებში მყოფი ადამიანების აბსოლუტურ უმეტესობას მხოლოდ საკუთარი ცხოვრების კარგად ორგანიზება შეუძლია. ამის გამო სახელმწიფოებრივ ცხოვრებაზე კლანური და ჯგუფური ინტერესები ახდენენ თავიანთ ზეგავლენას და ჩვენში მიმდინარე რეფორმები ამასწინათ გაგონელ ანეკდოტს ემსგავსება: „რეფორმების განხორციელების პროგრამა:
1. ადამიანები მდიდრები და ბედნიერნი უნდა გახდნენ (ადამიანების სია თან ერთვის). დიახ, ასეა და სანამ საქართველოში განხორციელებული ცვლილებების შედეგს მხოლოდ ამა თუ იმ სიაში ჩაწერილი პირები მოიმკიან და სხვა არავინ, მანამ სახელმწიფოს აღმშენებლობას ვერ შევძლებთ. ეს ყველაფერში კარგად ჩანს, უპირველეს ყოვლისა, იმაში, რომ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მშიერია, ან ნახევრად მშიერი, ერთი მუჭა ადამიანები კი კრიმინალური, ან ნახევრად კრიმინალური გზით, გასაკვირად მდიდრდებიან და შემდეგ უჩნდებათ სურვილი მოვიდნენ ხელისუფლებაში; ოღონდ, არა სახელმწიფოს აღმშენებლობის წმიდათაწმიდა მიზნით, არამედ ჯერ ერთი, იმ პრივილეგიების მისაღებად, რასაც ძალაუფლება იძლევა და მეორეც, საკუთარი ქონების დასაცავად. აქ ცალსახად ჩანს მათი მიზანი. ახლა ვიკითხოთ რას მოგვიტანს „ფულის ტომრების“ ბატონობა? არაფერს, რადგან ამ ადამიანებს მხოლოდ უკიდურესი ეგოიზმი ამოძრავებს, ასეთი ხალხი კი საზოგადო საქმეს ვერ გააკეთებს. მათ თავისებურად აქვთ გაგებული ნიკოლო მაკიაველის სიტყვები რომ: „როდესაც საქმე სამშობლოს ინტერესებს ეხება, თავი უნდა შევიკავოთ იმაზე მსჯელობისაგან, სამართლიანია ეს და ეს გადაწყვეტილება თუ უსამართლოა, ლმობიერია თუ სასტიკი, საქებარია თუ საძრახისი; ანგარიში არ უნდა გავუწიოთ არავითარ თვალსაზრისს და მივიღოთ მხოლოდ ის გადაწყვეტილება, რომელიც ხელს შეუწყობს მისი არსებობისა და თავისუფლების შენარჩუნებას“. თავისებური გაგება იმაში მდგომარეობს, რომ სამშობლო პირადი ინტერესებით, მიზნებით და სურვილებით შეცვალეს და არაფერს არ უწევენ ანგარიშს, ოღონდ თვითონ იყვნენ კარგად. ასე შეიცვალა მაკიაველის პრინციპის ხასიათი თანამედროვე საქართველოში და ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა. თავდაპირველი მნიშვნელობა ყველა ღირებულებამ დაკარგა, ყველაფერი გაუფასურდა, პირობითად იქცა: ჩვენში თამაშობენ სახელმწიფოებრიობანას, პოლიტიკოსობანას, მოხელეობანას, ბიზნესმენობანას, ჟურნალისტობანას, საზოგადო მუშაკობანას, ხელოვნების მოღვაწეობანას, პროფესორ-სტუდენტობანასაც და მორწმუნეობანასაც. დაპირისპირებულ ძალებს შორის შერიგობანას. ამათგან, საკმარისია, გამოვყოთ თუნდაც სამი პრობლემა, რომ ჩვენი ტრაგიკული ყოფის სურათი მკვეთრად გამოჩნდეს და გამოიკვეთოს. ეს ბოლო წლებია, ნორმალური ბიუჯეტის შედგენა გადაულახავ დაბრკოლებად იქცა. გადასახადების აკრეფა კიდევ უფრო დიდ უბედურებად. თავდაპირველად იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ მოშლილი იყო ფისკალური სამსახური, მაგრამ როცა 2000 წლის ივნისის გადასახადების აკრეფის გეგმა, როგორც იქნა, შეასრულეს, ისიც ითქვა, თუ რა იყო ამ „წარმატების“ მიზეზი: თურმე, მთავრობის ყველა რგოლის გუნდური მუშაობა ყოფილა... კი მაგრამ, აქამდის რას აკეთებდნენ, თავად არსი მთავრობისა ხომ სწორედ გუნდური პრინციპით მუშაობას გულისხმობს? დიახ, ასეა, მაგრამ ჩვენთან არა... როცა მოხდა სასწაული და ასე მოიქცნენ, ანუ გააკეთეს ის, რაც ევალებოდათ, საქმესაც თავი გაართვეს. უკვე ეს ფაქტია ანეკდოტური, ისევე როგორც ბევრი სხვა რამ საქართველოს მმართველობის სისტემაში, და ბუნებრივია ეს გაფიქრებინებს, რომ მოსახლეობის მიერ არჩეული და მერე ამათ მიერ დანიშნული პირები, მიუხედავად ასაკისა, ჯერაც ვერ დაკაცებულან... ასეთმა მარად ბიჭად დარჩენამ არ შეიძლება უბედურება არ მოგვიტანოს, რადგან, ჩვენი ისტორიის ურთულესი პერიოდია და, კატასტროფას რომ თავი ავარიდოთ, ქვეყანა ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ცნობიერების მქონე მამაკაცებმა უნდა მართონ და არა იმათ, ვინც ასეთად ჯერაც ვერ ჩამოყალიბებულა.
ასევე უცნაურად ვითარდება დაპირისპირებულ მხარეთა შორის შერიგების საკითხიც. სამწუხაროდ, კონფრონტაცია მაშინვე გაჩნდა, როგორც კი დაიწყო დამოუკიდებლობისათვის მასობრივი გამოსვლები და, ამან მრავალი უბედურება მოგვიტანა: ამათგან უმთავრესი ის არის, რომ ჩვეულ მოვლენად იქცა ქართველთა მომხრე-მოწინააღმდეგეებად დაყოფა, მათ შორის შუღლი და გაუტანლობა, ძალადობა ერთმანეთის წინააღმდეგ. ასეთი ურთიერთობის არანორმალურობა თავიდანვე აშკარა იყო, ოღონდ, მოქიშპე მხარეებს უფრო ერთმანეთის ლანძღვა ეხერხებოდათ და ეხერხებათ ვიდრე, დიალოგი და მოლაპარაკება; ეს კი შერიგებას ნამდვილად ვერ დააჩქარებს. შერიგება მხოლოდ გამარჯვებული მხარის მიერ დამარცხებულის ამნისტირება არ არის, არც მხოლოდ მოლაპარაკებათა მაგიდას მიჯდომაა. არა, შერიგებას ხელი მაშინ ეწყობა, როცა ადამიანები ერთმანეთს შესაძლებლობათა რეალიზების საშუალებას აძლევენ. მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი ძმათა შორის ომის უფსკრულიდან თავის დაღწევა... გონიერი ადამიანები ყოველთვის ყველა საუკუნეში, ურთიერთდახმარებაში ხედავდნენ ნებისმიერი სიტუაციიდან გამოსავალს.
პროკოფი კესარიელი თავის „გოთებთან ომში“ ამის მაგალითს გვაწვდის, როცა აღწერს ქალაქში გამაგრებული რომაელებისა და მათი მოალყე გოთებს შორის გამართული ბრძოლების დროს მომხდარ ამბებს: „როცა რამდენიმე დღის შემდეგ პერანიუსი მტერზე სალაშქროდ გამოვიდა სალარიის ჭიშკრიდან, გოთები სწრაფად გაიქცნენ; მაგრამ როცა მზის ჩასვლის წინ მათ თავად განახორციელეს მოულოდნელი თავდასხმა, მაშინ ერთი რომაელი ქვეითი, დიდად თავზარდაცემული, ჩავარდა რომელიღაც ღრმა ორმოში - როგორიც ძველად აქ მაცხოვრებლებს ბლომად ჰქონდათ გაკეთეული, ვფიქრობ, იმისათვის, რომ მასში პური შეენახათ. ვერ გაბედა რა აეტეხა ხმაური, რადგან შორიახლოს მტრის ბანაკი იყო და არ გააჩნდა რა შესაძლებლობა რამენაირად ამოსულიყო ამ ორმოდან, იმიტომ, რომ არც ერთი მხრიდან ზემოთ ამოსვლა არ შეიძლებოდა, ის იძულებული გახდა ღამე იქ გაეტარებინა.
მეორე დღეს, როცა კვლავ გაიქცნენ ბარბაროსები, იმავე ორმოში ერთი გოთი ჩავარდა. აუცილებლობამ ისინი დაამეგობრა და ერთმანეთს მისცეს სიტყვა, რომ თითოეული მათგანი იზრუნებდა მეორის გადასარჩენად. მაშინ ორივე ძლიერად აყვირდა. ამ ხმას გამოყოლილმა გოთებმა ორმოში ჩაიხედეს და იკითხეს, ვინ ყვირისო. მაშინ შეთანხმებისამებრ, რომაელი დადუმდა, გოთმა კი მშობლიურ ენაზე მოკლედ უამბო წინადღით გაქცევისას, როგორ ჩავარდა ორმოში და ითხოვა ზემოთ ამოსასვლელად მისთვის თოკი ჩამოეგდოთ. მათ იმწამსვე ჩაუშვეს ბაგირის ბოლო, ფიქრობდნენ, ამით გოთს აძლევდნენ საშუალებას ამოსულიყო, მაგრამ რომაელი კი ამოათრიეს ზემოთ თოკს მოჭიდებული; იმან თქვა, რომ, თუ ის პირველი აძვრება, მაშინ გოთები არ მიატოვებენ თავიანთ ამხანაგს, ხოლო, თუ გაიგებენ, რომ ორმოში მოწინააღმდეგე დარჩა, მას არავითარ ყურადღებას არ მიაქცევენ და ამ სიტყვებით დაიწყო ზევით ასვლა. როცა გოთებმა ის დაინახეს, გაოცდნენ, დიდ გაურკვევლობაში იმყოფებოდნენ, მაგრამ, როცა მისი მონათხრობი მოისმინეს, შემდეგ თავისი ამხანაგიც ამოიყვანეს, რომელმაც დაადასტურა მათ შორის არსებული შეთანხმება და ერთმანეთისათვის მიცემული პირობა. თავად გოთი თავის ამხანაგებთან ერთად ბანაკში წავიდა, რომაელისათვის კი არაფერი დაუშავებიათ, ისე გაუშვეს ქალაქში“.
უდაოდ ჭკუის სასწავლი ამბავია, როგორც ხედავთ, შერიგებას ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინება დაედო საფუძვლად და შედეგიც გამოიღო.
არც მორწმუნეობანას თამაში ვარგა, რადგან მას თამაშის თავისებური წესები გააჩნია, რომელსაც არაფერი აქვს საერთო რწმენასთან. ჩვენში დღეს ბევრი თამაშობს მორწმუნეს და მთელი ცხოვრება სხვისი მომტყუებელი, ახლა ღმერთის მოტყუებას ცდილობს. ეს კარგად ჩანს იმით, თუ როგორ ინანიებს ზოგი ცოდვებს: ჯერ ითაღლითებენ, ათასი უკანონო გზით ფულს იშოვიან, მდიდრულ ცხოვრებას მოიწყობენ, ხოლო შემდეგ თითქოს ინდულგენციას ყიდულობენო, იწყებენ ეკლესიის მშენებლობას... ამდაგვარ საქციელს უკიდურესი ეგოიზმი უდევს საფუძვლად. მავანი, რომელიც ამ გრძნობით ხელმძღვანელობს, თავისი ჭკუით, მიწისა და ზეცის ბინადართა მოქრთამვით იგვარებს ყველა პრობლემას... იოაჰიმ ლელეველი წერდა: „ღვთისმოსაობა მშვენიერია, ღვთისმოშიშობა სასურველი, მაგრამ პირმოთნეობა - ეს სიბილწე და გადამდები სნეულებაა“.
თუ სამივე მოხმობილ მაგალითს კარგად დავუკვირდებით, დავინახავთ, - ყველაფრის თავი და თავი ის არის, რომ დაკარგული გვაქვს ის გენეტიკური კოდი (ბერძნულად genëtikos წარმოშობასთან დაკავშირებას ნიშნავს), რომელიც განსაზღვრავდა: პოლიტიკური, სამეურნეო, კულტურული და რელიგიური ცხოვრების ხასიათს. ამიტომ, და ამის გამეორება ხშირად მოგვიხდება, ჩვენი მოქმედება ბევრ შემთხვევაში იმ სიტუაციის ადექვატური არ არის, რომელშიაც ვიმყოფებით. ეს კოლონიურ-კომუნისტური რეჟიმის წყალობით მოხდა, რომელმაც, ყველაფერთან ერთად, იმასაც შეუწყო ხელი, რომ გადავიქეცით ერთგვარ მარადიულ ეგოისტ ბავშვებად, რომლებსაც გარემომცველი სამყაროსადმი, პირობითი, მხოლოდ პირადი ინტერესებიდან მომდინარე თამაშის წესებით ნაკარნახევი დამოკიდებულება გვაქვს. ასე იცის ისტორიული განვითარების ერთიანი ჯაჭვის გაწყვეტამ, აქედან მოდის ჭეშმარიტი ღირებულებებისა და მოვალეობისადმი არასერიოზული დამოკიდებულებაც.
დაკარგული გენეტიკური კოდი რომ ვიპოვოთ, წარსულთან გაწყვეტილი კავშირი უნდა აღვადგინოთ. ჩვენს პირობებში ეს მეტად ძნელია, რადგან გარდასულ დღეთა ამბების გადაფასება, როგორც საჭიროა, ისე არ გაგვიკეთებია. ამიტომ, ისტორია, გარკვეულწილად მითოლოგიზირებული გვაქვს, რაც ხელს გვიშლის მის სწორად გაგებაში, საუკუნეების მანძილზე დაგროვილი გამოცდილების გამოყენების საშუალებას გვისპობს, და თუ რაიმეს წარსულიდან მაინც მოვიხმობთ, იმასაც გაუაზრებლად, ცალმხრივად, ხოლო შემდეგ გვიკვირს, რომ ამან სათანადო შედეგი ვერ გამოიღო.
წარსულში უნდა ვეძებოთ ის ძაფი, რომელიც სამი ათას წელზე მეტი ხნის განმავლობაში უწყვეტი იყო და რომელზედაც მძივად არის ასხმული მთელი ჩვენი ისტორია. უწყვეტობის საფუძველი იყო ერისა და მის წინამძღოლთა მისწრაფება შეექმნათ კანონებით მართული სახელმწიფო, ქართულ მიწა-წყალს რომ გააერთიანებდა, ხოლო ქართველებს არსებობისა და შემოქმედების საშუალბას მისცემდა. აქედან გამომდინარე, მეფის ძალაუფლება, ბევრ შემთხვევაში, იმ ღირსებად იქცა, რომელიც სახელმწიფოს უპირველეს მაორგანიზებელსა და ერის ინტერესების დამცველს ენიჭებოდა, ხალხისა და ქვეყნის სამსახური ხელისუფლის ცხოვრების წესს განსაზღვრავდა. ამის დადასტურებაა მემატიანის სიტყვები დავით აღმაშენებლის შესახებ თქმული: „არა სცა ძილი თუალთა, არცა ჰრული წამთა, არცა განუსვენება ხორცთა თვისთა; არა მიდრკა გემოვნებათა მიმართ, არცა ნებასა ხორცთასა; არა სასმელ-საჭმელთა, არცა სიმღერა-სიღოდათა და არათურთითა არარა ხორციელთა შეაკრა გონება...“ ასე გვქონდა გაგებული ეს საკითხი ქართველებს იმაზე ბევრად ადრე, ვიდრე გვიანი შუა საუკუნეების ევროპის ყველაზე მოწინავე ქვეყნის, საფრანგეთის გენერალური შტატების სხდომაზე 1484 წელს ითქმებოდა: „სამეფო ხელისუფლება ღირსებაა და არა მემკვიდრეობითი სამფლობელო“. ანუ, გაგვაჩნდა ისეთი ხედვა, რომელიც პროგრესული იყო და რაც დღესაც უაღრესად აქტუალურია, რადგან დღევანდელ მმართველ ბიუროკრატიაში შეინიშნება ზემოხსენებული დებულებისადმი სრულიად საპირისპირო დამოკიდებულება; ნებისმიერი მოხელე მის მიერ დაკავებულ თანამდებობას მამა-პაპურ მემკვიდრეობად მიიჩნევს... ის პრინციპები, რასაც ფარნავაზი, ვახტანგ გორგასალი, ბაგრატ III, დავით აღმაშენებელი, გიორგი ბრწყინვალე იცავდნენ, მარტო ბიოგრაფიული ფაქტი კი არ არის, არამედ ის ისტორიული იდეალია, რომელსაც პოპულარიზებას ჭირდება, რათა დღევანდელ და მომავლის პოლიტიკოსებს ზნეობრივი მაგალითი გააჩნდეთ. უამისოდ წარსულთან კავშირი ვერ აღდგება და ახლანდელი თაობის ქმედებანი წინაპართა ნამოქმედარის ტოლფასი ვერ იქნება... ვაჟა-ფშაველა ამბობდა: „... ყველა ერს, რომელსაც მართლაც ერობა ეთქმის, აქვს ისტორია, აქვს წარსული, აქვს საკუთარი ისტორიული იდეალი ანუ ისტორიული ანდერძი... წარსული დროის სიკეთე. ქველობა თუ გმირობა აღაფრთოვანებს, ასულდგმულებს, აწმყო დროის ერს ამხნევებს და კარგის მერმისის მოპოვების წადილს უჩენს გულში... დაღუპულია ის ერი, რომელსაც ისტორია არა აქვს, რომელსაც ხატად წინ არ უდგას საკუთარი ისტორიის ანდერძიო... ერს თუ თავის ერობა უყვარს და უფრთხილდება, როგორც ფიზიკურად არ მოკვდება, ისე კიდევ სხვაფრივ. უნდა კი იცოდეს, იცავდეს და ახსოვდეს პირობანი დაუსრულებელის სიცოცხლისა. ჭეშმარიტებაა, თუ დაიცავ-დაიფარე ეს პირობანი, მუდამ უკვდავუბერებელ ჭაბუკად იქნება, მოხუცის გამოცდილებით აღჭურვილი“.
სწორედ ესაა მთავარი და რაც წინაპრებს ესმოდათ, ის ჩვენც უნდა შევძლოთ, მაგრამ ეს ძნელია, რადგან ისტორიის გადაუფასებლობის გამო გაურკვეველია, წარსულიდან რა ავიღოთ და რა უარვყოთ. ამის გამო, არ ვიცით ახალი ღირებულებები როგორ შევუთავსოთ ტრადიციულს. არადა ასეთი სინთეზის გარეშე დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბება გაგვიჭირდება.
დღევანდელ საქართველოში პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ასპარეზზე დამკვიდრებულ ბევრ ადამიანს, სამწუხაროდ, ბოლომდე გაცნობიერებული არა აქვს ერისა და სახელმწიფოს წინაშე არსებული ის მოვალეობა, რასაც თავიანთი მდგომარეობა აკისრებთ, არც, ქვეყნის განვითარების შინაგანი ლოგიკიდან გამომდინარე, მომავლის განჭვრეტა შეუძლიათ. მაშასადამე, ვერც მაორგანიზებელი ძალის დანიშნულებას შეასრულებენ. ამათ უჭირთ მოვლენათა დამოუკიდებლად შეფასება და ავლენენ ქვეშევრდომის ფსიქოლოგიას. ცხადია დიდი და ძლიერი ქვეყნის ქვეშევრდომისას... აქედან მოდის ის მახინჯი ფორმა პოლიტიკური ორიენტაციისა, რომელსაც სრულფასოვანი თანამშრომლობა და ცივილიზაციათა მონაპოვრის გაზიარება კი არ უდევს საფუძვლად, არამედ მიმბაძველობა და სხვისი გულის მოგების სურვილი. ერთნი რუსეთისაკენ იხედებიან და იქაური ცხოვრების წესს მიიჩნევენ აუცილებელი მიბაძვის საგნად... მეორენი დასავლეთისაკენ იხრებიან და იქ მიმდინარე გლობალიზაციის პროცესისათვის სურთ ფეხის აწყობა... (არადა, ქართული საქმის კეთება მხოლოდ საქართველოს ქვეშევრდომს ძალუძს და არა უცხოსას).
ორივე ამ ბანაკის წარმომადგენლებს აშკარად აღიზიანებთ ჩვენი ეროვნული თავისთავადობის გამოვლენა... ეს მათი საბედისწერო შეცდომაა და აი, რატომ: ერი, რომელმაც სულ ახლახან მოიპოვა დამოუკიდებლობა, გამოღვიძებულ ვულკანს ემსგავსება, 70 წელი შებოჭილობის შემდეგ ეროვნული ენერგია და ხალხის შემოქმედებითი პოტენციალი უდაოდ წარმოჩინდება. ეს პროცესი ცუდად ორგანიზებულმა სახელმწიფოებრივმა ცხოვრებამ შეიძლება მხოლოდ დაამუხრუჭოს, მაგრამ ვერ შეაჩერებს და ის სულ უფრო ინტენსიურად წარიმართება. ასეთია ერის განვითარების თავისებურება და დიდი უგუნურებაა ვინმემ მისი შეჩერება სცადოს. ესეც არ იყოს, ჩვენ უკვე ვიყავით იმდაგვარი საზოგადოების ნაწილი, რომელშიაც ერთა თვითმყოფადობის „წაშლისაკენ“ მიმართული დიდი აქცია ხორციელდებოდა. სხვათაშორის, ის საზოგადოებაც გლობალური იყო და მსოფლიოს თითქმის ნახევარს მოიცავდა, მაგრამ საბოლოო ჯამში, ნიველირების პოლიტიკამ მარცხი განიცადა გამოღვიძებულ ეროვნულ თვითშეგნებასთან დაპირისპირებისას... რაც შეეხება დასავლეთში დღეს მიმდინარე მოვლენებს, მათ პროფესიონალური ანალიზის ჭირდება და, არა დილეტანტური. და თუ კარგად დავუკვირდებით და დავუფიქრდებით იმას, რაც იქ ხდება, დავასკვნით: ეს ეროვნული თვითმყოფადობის, ტრადიციების, ისტორიული მეხსიერების, კულტურისა და რელიგიის თვალსაზრისით არსებული განსხვავებულობის წაშლას სულაც არ ნიშნავს. ამას გლობალიზაციის მედროშნიც აღნიშნავენ. ამ თვალსაზრისით მეტად ყურადსაღებია ამერიკულ ჟურნალში „ატლანტიკ მანსლი“ დასტამბული ჯორჯ სოროსის შეხედულებანი. აი, რას ამბობს ის: „ჩვენმა გლობალურმა საზოგადოებამ გაითავისა მრავალი სხვადასხვა ადათი, ტრადიცია და რელიგია, როგორ შესძლებს იგი, მონახოს საერთო ფასეულობანი და შეაერთოს? მინდა წამოვაყენო იდეა იმის შესახებ, რასაც ღია საზოგადოებას ვუწოდებ უნივერსალური პრინციპის ხარისხში, უნდა ვაღიაროთ ნაირფერობა, ჩვენი გლობალური საზოგადოებისათვის რომ არის დამახასიათებელი“.
ამ ციტატიდან ნათლად ჩანს, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს იმ განსხვავებულობას, რაც მსოფლიოს ხალხებს ახასიათებთ. სწორედ მისი შედეგია ის ნაირფერობა, რომლის აღიარება მოუხდათ გლობალური საზოგადოების მომხრეებს. ამიტომ, როგორი ინტეგრაციული პროცესებიც არ უნდა წარიმართოს, რაოდენ მსგავსიც არ უნდა იყოს (ცხადია, გარკვეული თვალსაზრისით) ღია დემოკრატიულ საზოგადოებაში ცხოვრების წესი, - უსახური, ეთნიკურ და რელიგიურ თავისთავადობას მოკლებულ ადამიანთა ტოტალური ერთგვაროვნება მაინც არ დამკვიდრდება დედამიწაზე! ამას ეწინააღმდეგება კაცობრიობის განვითარების მთელი ისტორიაცა და ბიბლიაც... რომელშიაც ზემოხსენებული საკითხი ასეა დანახული და შეფასებული: „ერთპირი იყო მთელი ქვეყანა და ერთ ენაზე მეტყველი. როცა დაიძრნენ აღმოსავლეთიდან, ჰპოვეს ველი შინყარის ქვეყანაში და იქ დამკვიდრდნენ. უთხრეს ერთმანეთს: მოდი, მოვზილოთ თიხა და გამოვწვათ. ქვის მაგივრად აგური ქონდათ, კირის მაგივრად ფისი. თქვეს: აბა, ავაშენოთ ქალაქი და გოდოლი და ცას მივუწვდინოთ მისი თხემი. აღვმართოთ ნიშანსვეტი, რომ არ გავიფანტოდ დედამიწის ზურგზე. ჩამოვიდა უფალი, რომ ენახა, ქალაქი და გოდოლი, რომელსაც ადამიანები აშენებდნენ. თქვა უფალმა: აჰა, ერთი ხალხია ეს და ერთი ენა აქვს ყველას; რაკი ეს საქმე წამოუწყიათ ამიერიდან დაუბრკოლებლივ გააკეთებენ ყველაფერს, რასაც განიზრახავენ. აბა, ჩავალ, ენას ავურეთ მათ, რომ ვერაფერი გააგებინონ ერთმანეთს. გაფანტა ისინი უფალმა იქიდან მთელს დედამიწის ზურგზე და მათაც შეწყვიტეს ქალაქისა და გოდოლის შენება. ამიტომ ეწოდა სახელად ბაბილონი, რადგან სწორედ აქ აღრია უფალმა მთელი დედამიწის ენა და აქედან გაფანტა ისინი უფალმა დედამიწის ზურგზე (დაბადება, თავი მეთერთმეტე მუხლი 1-9).
ღმერთმა ადამიანთა ასეთ ეთნიკურ და ლინგვისტურ ერთიანობა-ერთფეროვნებაში დაინახა უკეთური, დანაშაულებრივი განზრახვა, ამპარტავნება, ამიტომაც ჩაერია ამ ამბავში, ასე აქტიურად დაშალა ეს ერთობა, რის შედეგადაც კაცორიობამ შეიძინა მისთვის დამახასიათებელი მრავალფეროვნება, ასე საინტერესოს რომ ხდის ჩვენს სამყაროს. მსოფლიოს ხალხები გულმოდგინედ იცავენ: თავისთავადობას, კულტურას, განუმეორებელ ეთნიკურ სახეს. გავიხსენოთ თუნდაც, საფრანგეთი და ის მეტად გონივრული სახელმწიფო პოლიტიკა, რომელიც ფრანგული ფენომენის აღორძინებას უწყობს ხელს. მსგავსი პროცესები მიმდინარეობს ევროპის დანარჩენ ქვეყნებსა და მთელს მსოფლიოში.
ქართველებმა მრავალგზის შევინარჩუნეთ ეროვნული სახე. ამ გამძლეობის საიდუმლო ჩვენს გენეტიკურ კოდშია ჩადებული, თუმცა, სამოცდაათწლიანმა დამანგრეველმა ყოფამ ბირთვული აფეთქების შედეგის დარად დაარღვია ამ კოდის ხასიათი და ჩვენგან იმ მუტანტის ჩამოყალიბება დაიწყო, რომელსაც საკუთარი ქვეყნის ძარცვა-განადგურების მეტი არაფერი შეუძლია. დესტრუქციულ პროცესებს ისიც უწყობს ხელს, რომ ზემოხსენებული მიზეზის გამო დავკარგეთ იდეის გარშემო გაერთიანების უნარი... ამიტომ ადამიანები ჩვენში შეკავშირდებიან იმის მიხედვით, თუ ვისთან ერთად დადიოდა საბავშვო ბაღში, სკოლასა და უმაღლესში ვისი ჯგუფელი და კურსელი იყო, ან ვისი მეზობელი, უბნელი, თანასოფლელი, თანამოქალაქეა, ან ერთი პროვინციიდან რომ არიან. მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ ვისთან ერთად თამაშობდნენ ფეხბურთს, კიდევ იმას, ვისი ძმაკაცი ან ნათესავია. ამას გარდა, აერთიანებს ძალაუფლების მოპოვების, ფულის კეთების სურვილი, ვისიმე სიძულვილი... ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს კლანების წარმოქმნა და გაფურჩქვნა, როგორც ადამიანების ერთობის პოპულარული ფორმისა... ერთი სიტყვით, ყოველგვარი საფუძველის მქონე კავშირს, ნახავთ, გარდა ეროვნულ იდეაზე დაფუძნებულისა.
მაგრამ ვფიქრობ, გენი სულ არ გადაგვარებულა და სწორად ორგანიზებული სახელმწიფოს არსებობის პირობებში შესაძლებელია, გადაგვარების ტენდენცია შევაჩეროთ, საპირისპირო პროცესების სტიმულირება შევძლოთ და დავადგეთ ეროვნული აღორძინების გზას. მითუმეტეს, როგორც მოგახსენეთ, ამას ყველა ერი აკეთებს და ჩვენი ბრძოლაც დამოუკიდებლობისათვის, ამ დიდი მიზნით იყო ნაკარნახევი. მაშ რა ხდება, რატომ არის საზოგადოებაში შიში დასავლურ ცივილიზებულ სამყაროსთან ინტეგრაციის მიმართ? საქმე იმაშია, რომ ევროპისა და ამერიკის ქვეყნების მონაპოვარი, - ღია დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბების გამოცდილება, ისეთი ფორმით შემოაქვთ ჩვენში და, სრულიად გაუგებრად და ხელოვნურად უპირისპირებენ ყოველივე ეროვნულს, რომ გაგიკვირდება და იკითხავ: კი, მაგრამ, რა სურთ ამ ადამიანებს?! - რომ შეგვაძულონ ის მომავალი, რომლისკენაც მივისწრაფვით? ჩვენი ზოგიერთი დღევანდელი „მედასავლეთე“ და „დემოკრატი“ თავისი მსოფლმხედველობით ძალიან ახლოს დგას საუკუნის დამდეგის ქართველ სოციალ-დემოკრატებთან. როგორც ისინი მაშინ უსაფუძვლოდ უპირისპირებდნენ ეროვნულს - სოციალურს ისე ახლა, ეს ვაი მედასავლეთეები და ვაიდემოკრატები, ასევე უაზროდ უპირისპირებენ დემოკრატიის პრინციპებს ეროვნულ ინტერესებს. სიტყვა-სიტყვით მეორდება ისტორია. ამისი დასტურია XX საუკუნის მიწურულს ილია ჭავჭავიძვის გინება, ისევე უტიფრად, როგორც ამას XX საუკუნის დასაწყისში ჰქონდა ადგილი საქართველოში.
რა მოგვიტანა ამან, ცნობილია და ძნელი არ არის მიხვდე, თუ რას მოგვტანს... ჯერჯერობით ცხადია, რომ ასეთი მცდარი და მე ვიტყოდი, მავნე პოლიტიკა, ჯერ ერთი: ხელს უწყობს კიდევ უფრო მეტ კონფრონტაციას ისედაც დაპირისპირებულ ქართველთა შორის და მეორეც მოსახლეობას შეაძულებს დასავლურ ღირებულებებს. ანუ დაგვიკარგავს მიზანს. ეს რომ არ მოხდს, საჭიროა დემოკრატიზმის პრინციპების პროპაგანდა და მით უმეტეს მათი ცხოვრებაში დამკვიდრება ცუდად განათლებულმა და ეროვნული ცნობიერების არმქონე დილეტანტებმა კი არა, - რომელთაც ყველაფერთან ერთად ფრაგმენტული აზროვნება ახასიათებთ, მოვლენებსა და პროცესები მთლიანი კი არა, - უსისტემოდ, ნაწილ-ნაწილ ხედვა... ასე შესვენებით „მოაზროვნენი“ დემოკრატიულ სახელმწიფოს ვერ ააშენებენ! ეს საქმე სისტემურად მოაზროვნე, კარგად ერუდირებულმა, პატრიოტულად განწყობილმა პროფესიონალებმა უნდა განახორციელონ, თორემ, სულ დაიბნა ხალხი და თავის გაუსაძლის მდგომარეობას ხან ფრანკ მასონთა მიერ მოწყობილი შეთქმულების შედეგად მიიჩნევს, და ხან კიდევ ათასი სხვა გარეშე ძალისას. უარყოფითი ზემოქმედება, საქართველოს საზღვრებსგარეთ მდებარე ცენტრებიდან მომდინარე, და შიდა დესტრუქციული პროცესების გამომწვევი, ჩვენ არ გვაკლია, მაგრამ შეფასება ზუსტი უნდა იყოს და ტრადიციულად ქცეული მიზეზები მაორგანიზებელი ძალის არქონით გამოწვეული, - რაც უბედურების თავიდათავია, უსაფუძვლო ვარაუდებმა არ უნდა დაფაროს და დაჩრდილოს. და, რაკი სიტყვამ მოიტანა, ასეთ მაგალითს მოვიხმობ: 1918-1921 წლებში არსებული საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი მასონი იყო. ამ დროს მასონები უპირისპირდებოდნენ ბოლშევიზმს, რომელმაც რუსული რევოლუციის ხასიათი შეცვალა და იქ ტოტალიტარული რეჟიმი დაამყარა. ბუნებრივია, ასეთ სიტუაციაში მასონთა ქართველ თანამოძმეებს ევალებოდათ ბოლშევიზმის საქართველოს საზღვრებთან შეჩერება. ამისათვის ყველა პირობა იყო, მაგრამ მათ ეს ვერ გააკეთეს და მიზეზი ამისა, იყო არა ის, რომ ისინი მასონებს ან სოციალ-დემოკრატებს წარმოადგენდნენ (სხვა ქვეყნებში მასონებიცა და სოციალისტებიც თავიანთი სამშობლოს პატრიოტები იყვნენ), არამედ უბრალოდ ეს ადამიანები მათ მიერ დაკავებულ თანამდებობებს არ შეესაბამებოდნენ, სახელმწიფოს დამფუძნებლისა და აღმშენებლის არც ერთი მონაცემი არ გააჩნდათ, - არც ინტელექტუალური, და არც რაიმე განსაკუთრებული პიროვნული თვისება. ისინი, უბრალოდ, უაღრესად ამბიციური, აგრესიული, კომფორმისტი, დილეტანტი პროვინციალები იყვნენ და მათ უთავობას საქართველოს სახელმწიფოებრიობა ემსხვერპლა. ამრიგად, საქმე ორგანიზაციულ, პარტიულ, ან რელიგიურ კუთვნილებაში არ არის, არამედ ადამიანის ცნობიერების სფეროში მდგომარეობს...
რაც შეეხება გლობალიზაციას, ის გაგებული უნდა იქნას, როგორც საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით დაცული სიტყვის თავისუფლება; პიროვნული, მოქალაქეობრივი და ეროვნული ღირსების გრძნობა და ადამიანის სხვა უფლებები. მიღწეულ უნდა იქნეს ცხოვრების მაღალი დონე, პირობები უნდა შეექმნას ადამიანს, რათა შესაძლებლობათა რეალიზება შეძლოს, ხელი უნდა შეეწყოს კულტურის განვითარებას, ეროვნული თვითმყოფადობისა და რელიგიური თავისთავადობის შენარჩუნებას. ხოლო, კარგად ორგანიზებული სახელმწიფო ყველა სიკეთისა და უსაფრთხოების გარანტი უნდა იყოს.
ასე ესმით ეს პროცესი მთელს მსოფლიოში და არავინ თავისი ეროვნული ინტერესების დამცირებასა და დაკნინებას არ ცდილობს. ასეთი გაუკუღმართებული ხედვა ან რაღაც პათოლოგიის გამოვლენაა, ან კიდევ, პოლიტიკური თაღლითობისა... პროგრესულად მოაზროვნე და მოღვაწე ქართველი პოლიტიკოსი ვალდებულია ჩასწვდეს იმ ფენომენის არსს, რომლის გამოც აკაკი წერეთელს უთქვამს: „...სწორეთ გამოცანაა ქართველების ცხოვრება!... ვუკვირდები ჩვენი ქვეყნის თავგადასავალს და მიკვირს, უძველესი დროიდან მისთანა ხალხი არ გაძლიერებულა, რომ ქვეყნების დაპყრობის შემდეგ ამ პატარა ერთი ბოხჩა საქართველოსაც არ მოზღვავებოდეს, მაგრამ, ჰოი, საკვირველებავ! როგორც უზარმაზარი ტალღები პატარა სალ კლდეზე მიმსხვრეულან და უკუქცეულან! სადღა არიან დღეს ისინი? საზღაპრო გამხდარან და ჩვენმა პატარა ხალხმა კი დღემდი მოაღწია“... ამ გამოცანის ამოხსნის საიდუმლო ძევს იმ გამძლეობაში, რამაც სამათას წელზე მეტ ხანს შეგვანარჩუნებინა თვითმყოფადობა. ჩვენი ეს გასაოცარი გამძლეობა ერთი იმ წვლილთაგანია, რაც შევიტანეთ მსოფლიო ცივილიზაციის მონაპოვართა ნუსხაში.
მრავალრიცხოვანი ერი არასოდეს ვყოფილვართ და არც საქართველო ყოფილა ოდესმე უსაშველოდ დიდი, მაგრამ ქართული ხასიათის თავისებურება: რაღაც გრანდიოზულის და მნიშვნელოვნის გაკეთების პრეტენზია, უძველეს ქართულ მითოლოგიაში პოულობს იდეურ საფუძველს. ამირანის მითის თაობაზე შალვა ნუცუბიძე წერდა: „ამირანის ბრძოლა ზეცის წინააღმდეგ უეჭველად მატარებელია საკაცობრიო ინტერესებისა და ადამიანთა და მიწის კეთილდღეობისათვის წარმოებს. რა თქმა უნდა, მოთხრობაში ეს ბრძოლა მოცემულია პირადი განცდებისა და შემთხვევების ჩარჩოებში. ამირანი მოიტაცებს ზეციურ ცეცხლოვან ღმერთს და მოიყვანს მას მიწაზე, მაგრამ ბრძოლა მაშინვე ღებულობს ტიტანურ ხასიათს და გასაქანს. ეს ბრძოლა შეანჯღრევს მსოფლიოს საძირკვლებს“. ქართულმა მითოლოგიამ ასახა ზეცისა და მიწის დაპირისპირების უსასრულობა. ეს იყო პატარა ერის შვილთა მიერ დანახული სამყაროში მიმდინარე პროცესები, ამასთან, რამდენადაც ქართული იყო ეს ხედვა, იმდენად ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობას იძენდა ის. ამიტომ იქნა სხვა ხალხების მიერ მიღებული, გაზიარებული და ამის წყალობით იქცა ჩვენი ყოფა, კულტურა, ისტორია საყოველთაო ყურადღების საგნად...
ჩვენ, ქართველებს, გვაქვს, არც თუ მოკრძალებული წვლილი, შეტანილი მსოფლიო ცივილიზაციის განვითარების საქმეში. ერთ ასეთ შენატანზე ლაპარაკობს ლუი შერპანტიე თავის მონოგრაფიაში „ტამპლიერთა საიდუმლოებანი“, როცა წერს სამყაროს არსის ამხსნელი კანონების თაობაზე (რომელთა ცოდნა კაცობრიობის პროგრესის საფუძველი ხდებოდა და ეს ცოდნა, იმიტომ, რომ უკეთურთა ხელში არ მოხვედრილიყო, გასაიდუმლოებული იყო. ამიტომ ამ ცოდნის მოპოვება განსაკუთრებული ნიჭის მქონე ადამიანებს ძალუძთ მხოლოდ) და ჩამოთვლის ამ საიდუმლო კანონების გასაღებებს (რომლებიც თავად წარმოადგენენ საიდუმლოს და საჭიროა მათი სათანადო გაშიფვრა). ასეთებად ის მიიჩნევს აღთქმის კიდობანს და კანონთა ტაბულას, „ოქროს რიცხვს“, „ოქროს მუხლს“, „ოქროს ვაშლებს“ ჰესპერიდების ბაღიდან, „ოქროს საწმისს“. შემდეგ მოგვითხრობს იმის შესახებ, თუ რა ბედი ეწია ამ გასაღებებს, ვის ხელში აღმოჩნდნენ ისინი სხვადასხვა დროს, როგორ „გადაეცემოდნენ“ სხვადასხვა ხალხებს და რა შედეგი მოჰყვა ამას: „ჰერაკლემ პელაზგებისათვის მოიპოვა ოქროს ვაშლები, წაართვა რა ის ატლანტის ქალიშვილებს, რომელთა ბაღს, ჰესპერიდს (უკიდურეს დასავლეთში არსებულს) იცავდა ურჩხული და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ბუმბერაზი ანთეოსი, ადგილმდებარეობა და სახელები (ატლანტი, ანთეოსი) გვაძლევს უფლებას ვივარაუდოთ, რომ ლაპარაკია ატლანტისის დაღუპვის შემდეგ გადარჩენილ დოკუმენტზე.
იასონმა მოიპოვა ოქროს საწმისი ჯადოქარ მედეას მეშვეობით და ბერძნებმა წაართვეს ეს განძი კავკასიის ხალხებს, სადაც, გადმოცემის მიხედვით, პრომეთე იყო კლდეზე მიჯაჭვული, ბრალდებული იმაში, რომ ციური ცეცხლი მოიტაცა და გადასცა ის ადამიანებს.
სწორედ ამ დოკუმენტების მოტაცების შემდგომ, მათი მომპოვებელი ერი ქმნიდა საკუთარ ცივილიზაციას ან, ყოველ შემთხვევაში, ცდილობდა ამის გაკეთებას, რასაც გვიმოწმებს ამ ცივილიზატორული მისწრაფებების ესა თუ ის რელიქვია.
ლეგენდებიდან ჩვენ ვიცით მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა ასეთი „გადაცემისა“, მაგრამ საეჭვო არ არის ის, რომ ეს არა ერთხელ მომხდარა. გასაკვირი სხვაა: ყოველ ჯერზე ლაპარაკია ბრძოლებსა და მოტაცებაზე“.
დასანანია, რომ ჩვენ წაგვართვეს სამყაროში არსებულ კანონზომიერებათა ახსნის ერთი გასაღები, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ჩვენ, დაკარგვით შევმატეთ კაცობრიობას ის, რაც სხვამ პოვნის გზით შეძლო... და ეს აღძრავს კითხვას: შავ ზღვასა და კავკასიის ქედს შორის მოქცეული პატარა ერისაგან გამოვლენილი ასეთი მასშტაბური აზროვნებისა და მოქმედების სურვილი, - თავისთავად არაორდინარობის ნიშანი რომ არის, ხომ არ გახდა მიზეზი იმ ხვედრისა, ჩვენს ერს რომ ხვდა წილად და, რომლის გამოც ასე საინტერესოდ აქვს ნათქვამი ოთარ ჭელიძეს: „ლეგენდებს რომ მივყვეთ, ჩვენ დაბმული გმირის შთამომავლები ვართ და იმისაგან მოგვდევს ნებისმიერი ბორკილის გაწვეტის ჟინი. ქართველობა მარტო ეროვნება არ არის, გარკვეული თვალსაზრისით სასჯელიცაა - ამას ადასტურებს მთელი ჩვენი ისტორია, მაგრამ, ამავე დროს, ჩვენდა საბედნიეროდ და საამაყოდ ქართველობა არასოდეს არ ყოფილა მონობის, უმწეობის, ჩაგრულობის, უსახლკარობის სიმბოლო, რის გამოც არასოდეს დაგვიმსახურებია არც თანაგრძნობა და არც სიბრალული დანარჩენი მსოფლიოსაგან. სამაგიეროდ დანარჩენი მსოფლიო ყოველთვის მეტოქეს, პარტნიორს ანდა კონკურენტს ხედავდა ჩვენში“. ალბათ ასეც არის, მაგრამ ისტორიის ჯაჭვი ყოველ ეპოქაში ყოველი შემდეგი თაობის მიერ ახალი რგოლის გამოჭედვას ითხოვს, რომ ამა თუ იმ ერის ცხოვრება არ შეწყდეს. ის ახალი, მესამე ათასწლეულის დამდეგს გამოწრთობილი, ალბათ სხვაზე გამძლეც უნდა იყოს, რადგან მასზე აიკინძება საქართველოს ახალი ცხოვრების ისტორია და რომლის დროსაც დავიწყებას არ უნდა მიეცეს ის მარტიროლოგი, ჩვენი ყოფისათვის ესოდენ დამახასიათებელი რომ იყო და არის. ახალი ქართველობა დაბმული კი არა, ჯაჭვებდამსხვრეული გმირის შთამომავალი უნდა იყოს, - განთავისუფლებული ეროვნული ენერგიის მატარებელი, რომელსაც ძალუძს შექმნას აყვავებული სახელმწიფო და აქციოს ის - მართლაც, ამქვეყნიურ სამოთხედ, რომელიც რეალურად იარსებებს და არ იქნება მხოლოდ საქართველოს ეპითეტად გამოყენებული, - როგორც ეს ჩვენს ჰიმნშია ნათქვამი. მაგრამ ვერც ერთი ერი ამას ვერ შეძლებს თუ მას არ გააჩნია ეროვნული იდეა ანუ ღირებულებების, პრინციპებისა და ინტერესების ერთიანი სისტემა, რომელიც მიღებულია და გაზიარებულია მთელი მოსახლეობის მიერ, რაც აუცილებელი პირობაა დაშლილი, დაქსაქსული სახოგადოების შეკავშირებისათვის, ერთიანობის გრძნობის ჩამოსაყალიბებლად, ეროვნული ცნობიერების გასაღვივებლად, ტრადიციებისა და ისტორიული რეალიების შესანარჩუნებლად, კულტურის ასაყვავებლად, განათლების გასავრცელებლად, სამეურნეო საქმიანობის ასაღორძინებლად და, რაც მთავარია, ყოველივე ამის შედეგად სამართლებრივი, დემოკრატიული, კერძო საკუთრების პრინციპებზე დაფუძნებული სახელმწიფოს აღმშენებლობის პროცესის სწორად წარსამართავად.
ეროვნული იდეა შესაძლებელს ხდის, ტრადიციულ ღირებულებებსა და ეროვნულ ინტერესებს, ღია დემოკრატიული საზოგადოებისათვის დამახასიათებელ პრინციპებსა და გლობალური პროცესებისათვის ნიშანდობლივ ტენდენციებს შორის ისეთ ბალანსირებას, რომ ტრადიციული და ზოგადსაკაცობრიო, ეროვნული და ინტერნაციონალური, იმდაგვარად შეეთავსოს ერთმანეთს, რომ ათასწლეულების შესაყარზე აღდგენილი ქართული დემოკრატიული სახელმწიფოს, ჩვენი მეორე რესპუბლიკის აღმშენებლობისა და განვითარების იდეოლოგიურ საფუძვლად იქცეს.
ეროვნული იდეის მიზანდასახული პროპაგანდა შექმნის სახელმწიფოებრიობის იმ ატმოსფეროს, რომელიც გადაულახავ წინაღობად იქცევა და გზას გადაუკეტავს უპრინციპო კარიერიზმს, დილეტანტიზმს, პროვინციალიზმს, ეგოცენტრიზმს, სნობიზმს, კაპიტულანტობასა და კორუფციას.
ეროვნული იდეა ის სტიმულატორია, რომელსაც შეუძლია სოციალურად გაააქტიუროს მოსახლეობა, ანუ ხელი შეუწყოს სახელმშიფო ცხოვრების ისეთი რითმის დამკვიდრებას, რომლის დროსაც მოსახლეობის საზოგადოებრივ და სამეურნეო საქმიანობაში ჩაბმის პროცესი ინტენსიურ ხასიათს მიიღებს, - რაც მათ მისცემს შესაძლებლობათა რეალიზების საშუალებას და მოაგვარებს ჩვენი დროის უმწვავეს, ე.წ. მოუხმობელთა არსებობის პრობლემას. ეს კი მოსპობდა სიღარიბეს, ანუ აღარ იქნებოდა საფუძველი იმისა, რის გამოც ერკმანი და შატრიანი წერდნენ: „ღმერთო, რაგვარ ამცირებს ადამიანს სიღარიბე! დიაღ, სიღარიბე და ცუდი მაგალითი“.
ეროვნულმა იდეამ უნდა გამოიხმოს ჩვენი ეროვნული ენერგია, რაც ესოდენ აუცილებელია ძირეული რეფორმების განსახორციელებლად, - ფრაგმენტულად და სანახევროდ რომ ტარდება და სათანადო შედეგი რომ არ მოაქვს. ჩვენ იმდაგვარად წარმართული გარდაქმნა გვინდა, რომელიც მოგვიტანს დიდი ეროვნული მნიშვნელობის გამარჯვებას.
ამას, ყველაფერთან ერთად, ერისადმი ისეთი მოწოდებაც სჭირდება, როგორიც არის დავით IV აღმაშენებლის მიერ დიდგორის ბრძოლის წინ მეომართათვის თქმული: „ეჰა, მეომარნო ქრისტესანო! თუ ღვთის სჯულის დასაცავად თავდადებით ვიბრძოლებთ, არამც თუ ეშმაკის ურიცხვ მიმდევართა, არამედ თვით ეშმაკებსაც ადვილად დავამარცხებთ, და ერთს რასმეს გირჩევთ, რაც ჩვენი პატიოსნებისა და სარგებლობისათვის კარგი იქნება: ჩვენ ყველამ, ხელების ცისაკენ აპყრობით, ძლიერ ღმერთს აღთქმა მივცეთ, რომ მისი სიყვარულისათვის ამ ბრძოლის ველზე დავიხოცებით და არ გავიქცევით. და რათა არ შეგვეძლოს გაქცევა, კიდეც რომ მოვინდომოთ, ამ ხეობის შესავალი, რომლითაც შემოვსულვართ, ხეთა ხშირი ხორგებით შევკრათ და მტერს, როცა მოგვიახლოვდება ჩვენზე იერიშის მოსატანად, მტკიცე გულით დაუნდობლად შევუტიოთ“. ასეთი სიტყვა ერს და ლაშქარს ისეთ შემთხვევაში აღაგზნებს საბრძოლველად და გასამარჯვებლად, როცა გააჩნიათ ეროვნული იდეა, აქვთ რწმენა ღვთის, სჯერათ საკუთარი ქმედების სამართლიანობისა და დასახული მიზნის სიკარგისა. აი, მაშინ მოხდება ის სასწაული, დაუჯერებელი რამ, რის შესახებაც მემატიანე იტყვის: „ძლევაი საკვირველი“-ო.
დღეს ჩვენ დამარცხებული ერის სინდრომი გვაქვს, დათრგუნულია ჩვენი ნება, დახშულია ენერგიის წყარო და თითქოს მიძინებულნი ვართ. თუ რამ გამოგვაცოცხლებს, ეს გამარჯვებაა, - ერთიანი, განუყოფელი, დემოკრატიული სახელმწიფოს აღმშენებლობის გზაზე მოპოვებული გამარჯვება. ის, თუ როგორ გამოიყურებიან გამარჯვების მოზეიმე ადამიანები, ამას ასე აღწერს თავის „დღიურში“ ედმონ გონკური: „მე ასეთი ენთუზიაზმის მოწმე არასოდეს ვყოფილვარ, მიდიხარ მღელვარებისაგან გაფითრებული მამაკაცების, მოჯირითე ბავშვების, მთვრალის მსგავსად მობარბაცე ქალების ბრბოში... მაგრამ დეპეშა პრუსიის კრონპრინცის დამარცხებასა და ოცდახუთი ათასი დატყვევებულის თაობაზე, რომელიც თითქოს გამოუკრავთ ბირჟის შენობაში და თვითოეულს, ვისაც არ უნდა ჰკითხო, საკუთარი თვალით უკვე ნანახი, რომ აქვს, დეპეშა, რის გამოც ადამიანები ჰიპნოზირებულნი არიან, უთითებენ სრულიად ცარიელ კედელს და მეუბნებიან: „აი ის!“ - ამ დეპეშის აღმოჩენა ვერ შევძელი“.
მოწყურებული გამარჯვების ეს გამოვლენა უსაფუძვლო იყო, რადგან იმ ბრძოლაში ფრანგები დამარცხდნენ... მაგრამ ზემოხსენებული სურათი უკვე დადასტურებაა გამარჯვების იმ დიდი სურვილისა, ადამიანებს რომ აქვთ. თუ ფრანგებმა, რომელთაც ჩვენზე ბევრად მეტჯერ გაუმარჯვნიათ და შეუდარებლად წარმატებულად წარმართეს თავიანთი სახელმწიფოს ცხოვრება, ასე მოინდომეს გამარჯვება, მაშინ გასაგები უნდა იყოს, თუ რამდენადაა საჭირო გამარჯვება ჩვენთვის, იმ ერის შვილებისათვის, ვისაც ბედის უკუღმართობამ ამდენი წარუმატებლობა და მარცხი არგუნა... გამარჯვება მოგვიტანს ბედნიერებას, რეალურს და არა ისეთ ილუზორულს ამ ბოლო დროს ტელეეკრანებზე მომრავლებული მეტისმეტად ოპტიმისტური რეკლამები რომ ქმნიან...
მიუხედვად აშკარა საჭიროებისა, ეროვნული იდეის თაობაზე ან დუმან, ან კიდევ კამათობენ, გვინდა თუ არაო... არადა, ამ იდეას უკავშირდება ერის მომავალი... სკეპტიკოსები ყველა ასეთ იდეას ყავს, მთავარია მის მხარდამჭერებს ჰქონდეთ დიდი რწმენა და ერთგულება. ამ თვალსაზრისით უაღრესად საყურადღებოა ის, რაც 1848 წელს ევროპაში მოგზაურობისას რალფ უალდო ემერსონს ჰკითხეს ამერიკული იდეის გამო და რა უპასუხა მან. კითხვა: „არსებობს თუ არა ამერიკული იდეა და თუ აქვს ამერიკას ჭეშმარიტი მომავალი?“ პასუხი: „უდაოდ არსებობს, ოღონდ ისინი, ვინც მხარს უჭერენ ამ იდეას, ფანატიკოსები არიან ოცნებისა, რომელსაც ამაოდ აუხსნით ინგლისელებს: ის, არ შეიძლება, რომ მათ სასაცილოდ არ მოეჩვენოთ და მაინც, მხოლოდ ამ ოცნებაში მდგომარეობს ჭეშმარიტება“. ჩვენს ოცნებაშიც არის ჭეშმარიტება და ამიტომ უნდა ვიოცნებოთ და წარვმართოთ ძალისხმევა ეროვნული იდეის გასააზრებლად, რომლის უპირველესი დანიშნულებაა, რომ მისი მეშვეობით ვამხილოთ ყოველგვარი იდეოლოგიური დივერსიის მატარებელი ის „ტროას ცხენი“, რომელიც ჩვენს კარიბჭესთან აღმოჩნდება და რომლის შემოგორებასაც ეცდება ზოგიერთი ჩვენი გულუბრყვილო თანამემამულე... ოღონდ, მხოლოდ მუხანათობის გამოაშკარავება, მსგავსად ლაოკოონის შეძახილისა: „რაც უნდა იყოს, ძღვენიც მოჰქონდეს, მზარავს შიშით მე დანაელი“ საკმარისი არ არის, და რომ არ გავიზიაროთ ტროელი ქურუმისა და მისი შვილების ბედი: ქალღმერთ ათინას მიერ გამოგზავნილმა გველებმა რომ მოგუდეს, ეროვნული იდეისავე დახმარებით უნდა უვნებელვყოთ უცხო ძალის მიერ განხორციელებული ყველა იდეოლოგიური შემოტევა.
ღირებულებების, პრინციპებისა და ინტერესების ერთიანი სისტემის ჩამოსაყალიბებლად მრავალი კრებულისა და მონოგრაფიის შექმნა მოგვიწევს, არ ვიცი, რომელ მათგანს აიტაცებს ერი და აქცევს ეთნიკურ დომინანტად და რომელს არა. ძნელი ასახსნელია, რა პრინციპით აკეთბს ის არჩევანს. კაცობრიობის ისტორია ამ საკითხის სირთულეს ადასტურებს მხოლოდ: ევროპული რეფორმაცია მაშინ დაიწყო, როცა მარტინ ლუთერმა თავისი 95 თეზისი გამოაქვეყნა 1517 წელს, ოქტომბრის თვეში, ინდულგენციებით ვაჭრობის წინააღმდეგ. მაგრამ საქმე ისაა, რომ რამდენიმე თვით ადრე ანდრიას კარლშტადის მიერ იქნა გამოქვეყნებული 152 თეზისი ამავე თემაზე, ოღონდ საყოველთაო აღიარება ლუთერს ხვდა წილად. ასეთი იყო მაშინდელი გერმანული და ევროპული საზოგადოების ერთი ნაწილის გადაწყვეტილება. ჰოდა, ქართულმა საზოგადოებამ თავისი არჩევანი რომ გააკეთოს, ამისათვის მას ეროვნული იდეისადმი მიძღვნილი რამდენიმე ნაშრომი მაინც უნდა ჰქონდეს, რადგან არჩევანი მაშინ კეთდება, როცა რაიმეა ასარჩევი... ესეც არ იყოს, კაცობრიობის ისტორიაში არ მომხდარა ისეთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური, სოციალური, რელიგიური და კულტურული მოვლენა, რომელსაც იდეოლოგიური საფუძველი არ ჰქონოდეს, მაგალითად: 1789 წლის საფრანგეთის დიდ ბურჟუაზიულ რევოლუციას მთელი 80 წლის მანძილზე ამზადებდა განმანათლებელთა იდეები. ხოლო 1860 წლის იტალიის გაერთიანებას 60 წელი ამზადებდა „რისერჯიმენტო“, იტალიის სულიერი აღორძინების პროცესი. ასე იყო ყველგან, ჩვენ გამონაკლისი ნამდვილად არა ვართ და ნუ წარმოვიდგენთ, რომ დასახულ მიზანს ეროვნული იდეის გარეშე მივაღწევთ.
2000 წლის ივლისი.
![]() |
3 ეროვნული იდეა |
▲ზევით დაბრუნება |
„ადამიანის ცნობიერება კი არ განსაზღვრავს ყოფიერებას, არამედ პირიქით - განვითარების განსაზღვრულ საფეხურზე საზოგადოებრივი ყოფიერება განსაზღვრავს ცნობიერებას“
კარლ მარქსი
ეპიგრაფად მოხმობილი მოსაზრების ჭეშმარიტების დადასტურებაა ის, რაც ზოგადად ხდება ჩვენში და, კერძოდ, ეროვნულ იდეასთან დაკავშირებით... საქმე ის არის, რომ ამ საკითხისადმი არაერთგვარი დამოკიდებულებაა. საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილისათვის ის ორი მიზეზის გამოა მიუღებელი, პირველი: კოლონიურ-კომუნისტური რეჟიმის საშინელებაგამოვლილ ადამიანებს თავზარს სცემს რაიმე ისეთი მსოფლმხედველობითი სისტემის შექმნისა და არსებობის პერსპექტივა, რომელიც მოქალაქის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე მოახდენდა გავლენას და, გარკვეული თვალსაზრისით, წარმართავდა კიდეც მას. ეს მათ აგონებს იმ იდეოლოგიური ხასიათის ნორმატივებს, რომელთა მეშვეობითაც იმართებოდა ე.წ. საბჭოთა საზოგადოება, როცა ყველაფერი რეგლმენტირებული იყო, ბატონობდა დოგმატიზმი და სქოლასტიკა, თავისუფალი აზრი კი იდევნებოდა. ასეთი კოშმარული ყოფა გაგრძელდა მანამ, სანამ რუსეთის კომუნისტური იმპერიის - -ის გადარჩენის მიზნით, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ცხოვრების დეიდეოლოგიზაცია არ განახორციელეს, ოღონდ, შედეგი ჩანაფიქრის საწინააღმდეგო აღმოჩნდა: სახელმწიფო იდეოლოგიის უარყოფას, ახალი იდეოლოგიის გარეშე, თავად ამ სახელმწიფოს დანგრევა მოჰყვა... ჩვენ კი დაგვრჩა შიში და ზიზღი იდეოლოგიის ცნებისადმი. სამწუხაროდ, არ ვაცნობიერებთ განსხვავებას იმას შორის, თუ რა იყო ის იდეოლოგია, რასაც ენით აუწერელი ძალადობით ამკვიდრებდა КПСС-ი და, რა შეიძლება ჰქონდეს ნორმალურ, კერძო საკუთრების პრინციპებზე დაფუძნებულ, დემოკრატიულ, სამართლებრივ სახელმწიფოს... მეორე მიზეზი: გავრცელდა მოსაზრება, თითქოს, რადგანაც საქართველოში ბევრი სხვა ერის წარმომადგენელი ცხოვრობს, ქართველთა ეროვნულმა იდეამ შეიძლება მათი გაღიზიანება გამოიწვიოს და ერთა შორის ურთიერთობა გაართულოსო. ასეთი დასკვნა მცდარია და აი, რატომ: ეროვნული დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოს აღმშენებლობისაკენ მიმართული ჩვენი ბრძოლა და შრომა არასოდეს ყოფილა ვიწრო ეთნიკური მოვლენა. ის საყოველთაო ეროვნული მოძრაობა იყო, ერში კი, მოგეხსენებათ, ქვეყნის მთელი მოსახლეობა იგულისხმება განურჩევლად ეთნიკური კუთვნილებისა... ეროვნული იდეა, სწორედ რომ, მთელ მოსახლეობას სჭირდება, როგორც ორგანიზებისა და სტიმულირების საფუძველი.
იდეოლოგია (ბერძნულად იდეა - ცნება და ლოგოს - მოძღვრება) განმარტებულია, როგორც: „- გარკვეული კლასის, პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი ჯგუფის და მისთანა იდეათა, შეხედულებათა სისტემა, რომელიც ვლინდება საზოგადოებრივი ცნობიერების სხვადასხვა ფორმაში - ფილოსოფიაში, პოლიტიკაში, სამართალში, ხელოვნებაში და სხვა. იგი არის საყოფელთაო პროგრესის ის გენერატორი, რომელიც იდეათა და შეხედულებათა სისტემების დაპირისპირებით იწვევს განვითარების პროცესს (ცხადია, აქ არ იგულისხმება რუსული ბოლშევიზმისა და გერმანული ფაშიზმის იდეოლოგიები, რადგან ეს ორი მოვლენა პირველი და, მის საპირისპიროდ წარმოქმნილი, მეორე წარმოადგენენ კაცობრიობის ისტორიის ანომალიურ გადახრას). იდეოლოგიური ბრძოლის მონაპოვარია თავისუფალი ღია-დემოკრატიული საზოგადოება და სამართლებრივი სახელმწიფო. საინტერესოა, რომ 60-იან წლებში დეიდეოლოგიზაციის თეორიული მომზადების მამამთავარნი უარყოფდნენ იდეათა და შეხედულებათა სისტემის აუცილებლობას. იმასაც აღიარებდნენ, რომ ასეთი რამ სჭირდებათ განვითარებად და გარდამავალ ეტაპზე მყოფ ქვეყნებს, ანუ დღევანდელი საქართველოს მსგავს სახელმწიფოებს. მათი ეს პოზიცია ჩვენთვის იმდენად უნდა იყოს საინტერესო, რამდენადაც დასაშვებად მიაჩნია თუნდაც ექსტრემალურ სიტუაციაში იქნება ეს სახელმწიფოს დაარსება, სოციალური ფორმაციის ან პოლიტიკური სისტემის შეცვლისას იდეოლოგიის საჭიროება. თორემ, დეიდეოლოგიზაცია თუნდაც იმიტომ არის უარსაყოფი, რომ მსოფლიოს ყველა განვითარებულ ქვეყანასა და ერს თავისი იდეოლოგია გააჩნია. სამაგალითოდ გავიხსენოთ ცნობილი „ამერიკული ოცნება“ ან ეროვნული თვითმყოფადობის დაცვის ფრანგული მოდელი. პირველიცა და მეორეც მოსახლეობის გაერთიანებისა და მართვის ყველაზე უნივერსალური მექანიზმია.
სადღეისოდ საზოგადოებაში შეინიშნება იდეოლოგიის შემუშავების მხარდამჭერთა გააქტიურება. ვფიქრობ, საჭიროა „იდეოლოგიის“ მაგიერ სხვა ტერმინის, მაგალითად, „ეროვნული იდეის“ დამკვიდრება. ეს ფორმულირება პირობითია, რადგან ერს არ შეიძლება ერთი იდეა ჰქონდეს, ლაპარაკია ღირებულებების, პრინციპებისა და ინტერესების ერთიან სისტემაზე, რომელიც სასურველია, რომ ყველამ გაითავისოს.
საქართველოში ახლა რთული სოციალურ-პოლიტიკური და ზნეობრივი ხასიათის პროცესები მიმდინარეობს: უნდა შეიქმნას და ამოქმედდეს კანონები, სათანადოდ უნდა ამუშავდნენ სახელმწიფო და კერძო სტრუქტურები, აღსადგენია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, გამოსაცოცხლებელია სამეურნეო და კულტურული ცხოვრება, რაც მთავარია, შესაცვლელია მოსახლეობის ქცევის სტერეოტიპი. ყველა ამ პრობლემის მოგვარებას ვცდილობთ საოცრად დაქსაქსულნი, ურთიერთდაპირისპირებულნი და უაღრესად დუნე რიტმით... დაშლილი, გათითოკაცებული, არაფრით დაკავშირებული, განსხვავებული შეხედულებებისა და მიზნების მქონე საზოგადოება ახალი ხილი არ არის ჩვენთვის. საუკუნენახევრის წინათ, კერძოდ 1849 წელს აღდგენილი ქართული თეატრისათვის დაწერილ პიესაში „გაყრა“, გიორგი ერისთავმა სწორედ ასეთი საზოგადოების მიკრომოდელი შექმნა, რომლის წიაღშიც არამარტო დიდი ფეოდალური ოჯახები იყოფა, - რასაც სოციალური საფუძველი ჰქონდა, არამედ, გამომდინარე თავიანთი მსოფლმხედველობიდან ადამიანებიც დაყოფილნი და ერთმანეთისაგან გამიჯნულნი არიან. ამასთან, ისე, რომ არავითარი იმედი აღარ რჩება იმისა, თუ ისინი ოდესმე ამ თვალსაზრისით ერთმანეთს შეუკავშირდებიან... პიესის მთავარ მოქმედ პირთ, ძმებს დიდებულიძეებს, საერთო, მატერიალურ სფეროში, არაფერი უნდათ რომ ჰქონდეთ და სულიერში ხომ, კარგა ხანია არცა აქვთ. უფროსი ანდუყაფარი, ვითომ ტრადიციების დამცველი, საშინელი რეტროგრადია, - ახალს ვერაფერს გუობს, გაუთავებლად ძველს მისტირის, - ის მიაჩნია სანიმუშოდ. მეორე ძმა, პავლე, მაშინდელი ფეოდალური არისტოკრატიის ტიპიური წარმომადგენელი, სანადირო ძაღლებით არის გატაცებული, - მხოლოდ ეს აინტერესებს, მესამე ძმა, ივანე, რუსეთში გაზრდილი და ვარშავიდან დაბრუნებული, „დასავლური“ კულტურის მატარებელია, ყოველივე ევროპულზე არის შეშლილი და სხვა დანარჩენს სერიოზულად არ უყურებს. ასე ცალცალკე არსებობენ ისინი, ერთმანეთთან დაუკავშირებელნი. ბევრ სხვა ერსა და საზოგადოებაშიც ნახავთ ასე დაყოფილ ადამიანთა ჯგუფებსა თუ ცალკეულ პირებს, მაგრამ იქაურ საზოგადოებას საერთო ღირებულებები, პრინციპები და ინტერესები აქვს, ეს კი, განურჩევლად შეხედულებათა სხვადასხვაობისა, მოქალაქეებს აერთიანებს; ამიტომ, იქ ტრადიციები, დღევანდელობა და პროგრესი განვითარების უმთავრეს პირობას წარმოადგენს. ამის საპირისპიროა „გაყრაში“ ასახული სამყარო, სადაც საერთო თითქმის არაფერი აქვთ, რის გამოც, იქ, განსხვავებული თვალსაზრისი წინსვლის კი არა, უძრაობის, განუვითარებლობის, პასიური ყოფის პირობაა. ის, რაც გიორგი ერისთავმა გვიჩვენა, მხოლოდ გასული საუკუნის 40-იანი წლების ქართველების სულიერი განწყობის მაჩვენებელი არ არის, - ასეთი რამ დღემდის გვახასიათებს. ჩვენ ახლაც დაქსაქსულები ვართ, ყველა სხვადასხვა გზით მავალნი, რაც არსებული მდგომარეობიდან თავის დაღწევის ყოველგვარ საშუალებას გვისპობს. მხოლოდ ეროვნული იდეის შემუშავება და გათავისება გაგვაერთიანებს და წარმოშობს იმ სასიცოცხლო ძალებს, რომელიც ესეოდენ გვჭირდება ახლა.
იმისათვის, რომ ეროვნული იდეა ჩამოვაყალიბოთ, ანუ შევქმნათ ჩვენი სახელმწიფოებრივი ცხოვრების გააზრებული გეგმა, ჯერ, უნდა გავერკვეთ იმ ტრადიციულ და არატრადიციულ ღირებულებათა არსში, რომელთა აღდგენა ან შემოტანა და დამკვიდრება გადაუდებელ საჭიროებას წარმოადგენს. სამწუხაროდ, დამოკიდებულება ასეთი რეალიებისადმი ჩვენში უაღრესად ზედაპირულია. აქედან - სრული დაბნეულობა, ორიენტირის არქონა და სტიქიურად მოქმედება. ქცევის ასეთი სტერეოტიპის შესახებ თავის „მასების ამბოხებაში“ ხოსე ორტეგა ი გასეტი წერდა: „თუ საზოგადოება წესიერადაა ორგანიზებული, მასა არასოდეს არ მოქმედებს თავისთავად. მისი როლი ჩვენს საზოგადოებაში პასიური უნდა იყოს. მას უნდა მართავდნენ, მას უნდა წარმოადგენდნენ, მის ორგანიზებას უნდა ახდენდნენ, ის კი მხოლოდ უნდა ემორჩილებოდეს უზენაეს ავტორიტეტებს“. ჩვენ არაორგანიზებულნი ვართ და ამიტომ ვმოქმედებთ თავისით! უპირველეს ყოვლისა იმის გამო, რომ არ არსებობდა მაორგანიზებელი ძალა. კოლონიურ-კომუნისტური რეჟიმის დროს ამ ფუნქციას კომუნისტური პარტოკრატია და საბჭოთა ბიუროკრატია ასრულებდა მოსკოვიდან მიღებული ინსტრუქციების მეშვეობით. მაგრამ, როგორც კი იმპერია დაიმსხვრა, გაქრა საქართველოში სახელმწიფო და საზოგადოებრივი ცხოვრების მაორგანიზებელი ძალა და გამოირკვა, რომ ჩვენ არც სახელმწიფო გვქონდა და, მაინცდამაინც, არც მისი აღმშენებლობის შინაგან მოთხოვნილებას ვამჟღავნებდით. სამაგალითოდ ასეთი ფაქტიც გამოდგება: „პერესტროიკის“ დროს უცხოეთში გასამგზავრებელ ვიზებს იძლეოდნენ თავისუფლების მოედანზე (მაშინ ლენინისა ერქვა) მდებარე იმ შენობაში, სამოქალაქო ომის დროს რომ დაწვეს და დაანგრიეს. ადრე იქ მანქანების გაჩერების უფლებას ავტოინსპექცია არ იძლეოდა, მაგრამ 9 აპრილის შემდეგ, როცა მმართველი რეჟიმი დამთმობი გახდა და დისციპლინაც მოეშვა, ყველამ, ამ დაწესებულებაში მომსვლელმა, თავისი მანქანის შენობის წინ გაჩერება მოინდომა და, რაკი არავინ დაუშალა, იმდენი ქნეს, რომ რამდენიმე რიგად დაყენებული მანქანებით გადაკეტეს კიდეც მოედანი... ეს კურიოზული შემთხვევა ნათლად წარმოაჩენს იმას, თუ როგორ გაიგო მოქალაქეობრივი თვითშეგნების არმქონე ობივატელმა თავიუფლება. აკრძალვის მოსპობამ ანარქია გამოიწვია და დესტრუქციული პროცესების განვითარებას შეუწყო ხელი. მიზეზი ამისა იყო ის, რომ კოლონიურ-კომუნისტური რეჟიმისაგან დაბეჩავებულ, ღირსებაწართმეულ, ტრადიციებმოშლილ და სახელმწიფოს ინტერესებისადმი გაუცხოვებულ ადამიანს სხვაგვარად მოქცევა არ შეეძლო. მერე, როცა ისევ გამკაცრდა ავტოინსპექცია, ობივატელმა სულ ადვილად მოიშალა უგუნური საქციელი და მოედანზე მანქანების გაჩერებას თავი ანება... იმ წლებში ბევრი ამის მსგავსი ამბავი ხდებოდა, რაც გვარწმუნებდა, რომ ჩვენი საზოგადოება მართვადი იყო, ოღონდ აქამდის მას უვარგისი ხელისუფლება მართავდა: 1917 წელს, რუსეთში, ლენინმა და მისმა თანამოაზრეებმა განახორციელეს დასავლური ცივილიზაციის ღირებულებათა და ცხოვრების წესის უარმყოფელი აქცია, რასაც რევოლუცია უწოდეს და მსოფლიოს ერთ მეექვსედზე დაამკვიდრეს სრულიად ხელოვნური სოციალურ-პოლიტიკური სისტემა, რომლის წყალობითაც სხვადასხვა ეროვნების ადამიანები გაუსაძლის ყოფაში აღმოჩნდნენ. და ეს იყო შედეგი უტოპიური იდეის გამარჯვებისა. ეს იდეა, ანუ უტოპიური სოციალიზმი, უარყოფილი დასავლური ცივილიზაციის წიაღში იშვა, და სწორედ მისი იდეალები კვებავდნენ მარქსიზმს, რომლის რუსული პოლიტიკური ყოფისადმი მისადაგებამ წარმოშვა ბოლშევიზმი...
უტოპიური სოციალიზმის თაობაზე „ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიაში“ ამოიკითხავთ: „მოძღვრება თავისუფლებისა და თანასწორობაზე დამყარებულ ისეთ საზოგადოებაზე, რომელიც ეფუძნება წარმოების საშუალებათა საზოგადოებრივ საკუთრებას, წარმოების სოციალისტურ ორგანიზაციასა და საყოველთაო შრომას, უტოპიური სოციალიზმი მშრომელთა საუკუნოვანი ოცნების თეორიული გამოხატულებაა. მისი წინამორბედია ადრინდელი კომუნიზმი, რომელიც ქადაგებდა საერთო ასკეტიზმსა და უხეშ გათანასწორებას.
უტოპიური სოციალიზმი წარმოიშვა XVI საუკუნეში ბურჟუაზიული საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესში. მისი ფუძემდებელია ტ. მორი, რომლის თხზულების („უტოპია“, 1516) სახელწოდებიდან მომდინარეობს თვით ცნება. კომუნისტური უტოპიის თავისებური ნაირსახეობა შექმნა ტ. კამპანელამ.
უტოპიური სოციალიზმი შემდგომ განვითარდა XVII-XVIII სს-ში ჯ. უინსტენლის, ჟ. მელიას, მორელის, გ. მაბლის, გ. ბაბაფის კომუნისტურ თეორიებში, განსაკუთრებით XIX საუკუნეში ა. სენ-სიმონის, შ. ფურიესა და რ. ოუენის სოციალიზმისა და კომუნიზმის კრიტიკულ-უტოპიურ სისტემებში, რომლებიც წინ უსწრებენ მარქსიზმს».
ასეთია ენციკლოპედიური განმარტება მოძღვრებისა, რომელსაც კაცობრიობისათვის ბედნიერება უნდა მოეტანა. ყოველ შემთხვევაში, ამას ქადაგებდნენ უტოპიური სოციალიზმის იდეოლოგები, მაგრამ, საკმარისია, თუნდაც, ტომას მორის „უტოპია“ და ტომაზო კამპანელას „მზის ქალაქი“ (1602 წ.) წაიკითხოთ, რომ დარწმუნდეთ, რაოდენ საშიშია ის იმ ადამიანებისათვის, ვისი უკეთესი მომავლისათვის, იქმნებოდა ეს შრომები. საზოგადოებაში, რომელსაც მორი და კამპანელა გვიხატავენ, არ არსებობს კერძო საკუთრება, ადამიანების საქმიანობა მკაცრად რეგლამენტირებულია, ვინ, რა და როგორ უნდა გააკთოს ყველაფერი გაწერილია. ერთი შეხედვითაც აშკარაა, რომ ასეთი ცხოვრების წესი ეწინააღმდეგება ადამიანის ბუნებას და აქედან გამომდინარე, კაცობრიობის განვითარების კანონს. არის ხელოვნური, და წარმოადგენს დაბრკოლებას პროგრესის გზაზე. არადა, სწორედ საყოველთაო წინსვლისა და განვითარების მიზნით ითხზვებოდა რეალობას მოწყვეტილი პროექტები სამყაროს გარდაქმნის თაობაზე, მაგალითად, შარლ ფურიეს ფალანგების კომუნალური სამოთხე, სადაც ადამიანები 144 წელს იცხოვრებდნენ, რომ დედამიწაზე ახალი ცხოველები გაჩნდებოდნენ: „ანტივეფხვები“, „ანტივეშაპები“, „ანტინიანგები“ და ისინი ადამიანის სამსახურში აღმოჩნდებოდნენ, რომ ოთხი ხელოვნური მთავრე, რომლებსაც დედამიწის გარშემო გაუშვებდნენ, ღამეს დღესავით ნათელს გახდიდა. უდაბნოები აყვავებულ ბაღებად გადაიქცეოდა, მთელს მსოფლიოში ერთი სალაპარაკო ენა დაწესდებოდა და იქნებოდა ერთი და იგივე ფული და ზომა-წონის სისტემა. ასე უნდა შექმნილიყო გლობალური სოციალისტური საზოგადოება. ცხადია, ეს ყველაფერი ხელოვნური იყო და უაზროც, მაგრამ უტოპისტების მორიგ თაობას წინამორბედთა ნააზრევი, მიუხედავად მისი აბსურდულობისა, მეტად მოსწონდა. მარქსი და ენგელსი წერდნენ: „ჩვენ გვახარებს ის გენიოსური აზრები და აზრთა ჩანასახები, რომელნიც ყველგან გამოსჭვივიან ფანტასტიკური საბურვლის ქვეშ...“ კ. მარქსს და ფ. ენგელსს ჰქონდათ ცდა, უტოპიური აზრები მეცნიერულ თეორიად ექციათ... ამასთან, თუ ადრეული უტოპისტები სოციალიზმის დამკვიდრებას არარევოლუციური გზით ცდილობდნენ, ესენი ისეთ რევოლუციაზე ოცნებობდნენ, რომელიც ბურჟუაზიული რევოლუციების მსგავსად კი არ გააუმჯობესებდა სახელმწიფოებრივ ცხოვრებას, არამედ საერთოდ მოსპობდა მის ტრადიციულ ფორმას. „ყველა გადატრიალება აუმჯობესებდა ამ მანქანას იმის ნაცვლად, რომ ის დაამსხვრიოს” (მარქსი და ენგელსი). რევოლუციურ ძალად გამოცხადდა მუშათა კლასი და წამოსროლილ იქნა ლოზუნგი „პროლეტარებო ყველა ქვეყნისა შეერთდით“, აქედან ჩანს, რომ ისინი მიზნად მსოფლიო რევოლუციას ისახავდნენ. მათვე აღმოაჩინეს ის კანონი, რომელიც ხელს უწყობდა კერძო საკუთრების წარმოქმნას, სიმდიდრის დაგროვებას, კერძოდ, შექმნეს მოძღვრება ზედმეტი ღირებულების შესახებ. ასე განისაზღვრა ის, თუ ვის, როგორ და რის წინააღმდეგ უნდა ებრძოლა... მარქსიზმის დანაშაულებრივი ხასიათი იმაში მდგომარეობს, რომ მან „თეორიულად შესაძლებელი“ გახადა ის, რაც „თეორიულად შეუძლებელი“ იყო.
დასავლურ ცივილიზაციას ეს ახალი ფორმა უტოპიისა არ გაუთავისებია და 1871 წლის პარიზის კომუნაც უმნიშვნელო ეპიზოდი იყო. ევროპისა და ამერიკის სახელმწიფოებს გააჩნდათ შინაგანი განვითარების ის პოტენციალი, რომელიც შეუძლებელს ხდიდა განვითარების ტრადიციული გზიდან გადახვევას და რაიმე უტოპიური თეორიის პრაქტიკული რეალიზების ცდას. სამაგიეროდ, ეს შესაძლებელი გახდა რუსეთში, სადაც მარქსიზმი ახალ ეთნიკურ დომინანტად იქცა. და ამისი მიზეზი რუსეთში კაპიტალიზმის ძნელად დამკვიდრება იყო, - ის სირთულეები, რაც ესეოდენ ნაგვიანებად დაწყებულ სოციალური ფორმაციის შეცვლას მოჰყვა. ეს პროცესი, დამძიმებული არადემოკრატიული მმართველობის ფორმით, იმდენად მტკივნეული აღმოჩნდა, რომ გამოიწვია ნიჰილისტური განწყობილების უკიდურესად გაძლიერება, რაც, დროთა განმავლობაში, განვითარების დასავლური გზის, როგორც უცხოსი და ეროვნული ხასიათისათვის მიუღებელის, უარყოფაში გადაიზარდა. ამას მოჰყვა კაპიტალისტური ფორმაციისათვის გვერდის ასავლელი გზების ძიება. ის ჯერ რუსულ სასოფლო თემში იპოვეს, შემდეგ კი მარქსიზმში, ან უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით: მარქსიზმის ლენინისეულ ინტერპრეტაციაში, რასაც ბოლშევიზმი შეიძლება ვუწოდოთ.
ასე განხორციელდა რუსეთში დასავლური ცივილიზაციის მიერ უარყოფილი უტოპიის მეშვეობით, თავად დასავლური ცივილიზაციის მონაპოვართა უარყოფა... ამას კი, მოჰყვა ტოტალიტარული რეჟიმის დამყარება, პიროვნების გამანადგურებელი სახელმწიფოს შექმნა და სამოცდაათწლიანი კომუნისტური ჯოჯოხეთი.
ამიტომ, გასაგებია, ის უარყოფითი დამოკიდებულება, რომელიც ადამიანებს მათი ნების დამთრგუნველი სახელმწიფოს მიმართ ჰქონდათ, როცა СССР -ი დაიშალა, ჩვენ, საკუთარი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, ძლიერი სახელმწიფო უნდა შეგვექმნა და ერთი სახელმწიფოსადმი სიძულვილი მეორისადმი სიყვარულით უნდა შეცვლილიყო. ეს გრძნობა არამარტო ქართველებს, არამედ საქართველოში მცხოვრებ არაქართველებსაც უნდა დაუფლებოდა, რადგან, ჯერ ერთი, ეთნიკურად ერთგვაროვანი სახელმწიფო დიდი იშვიათობაა და მეორეც, საზოგადოებრივი ცხოვრების ისეთი ორგანიზება, როცა ადამიანებს არსებობის საშუალება და შესაძლებლობათა გამოვლენის პირობები ექმნება, მხოლოდ ნორმალურ სახელმწიფოშია შესაძლებელი, ამიტომ, საქართველოს მოსახლეობას უნდა დაევიწყებინა ეგრეთწოდებული „ჰომოსოვიეტიკუსის“ ანტისახელმწიფოებრივი შეხედულებანი და გაეცნობიერებინა ეროვნული სახელმწიფოს არსებობის აუცილებლობა, ანუ, უნდა მომხდარიყო ის, რის შესახებაც უკვე ციტირებული ხოსე ორტეგა ი გასეტი წერდა: „სახელმწიფოს დასაბამი ეძლევა მაშინ, როდესაც ადამიანები, რომლებსაც ერთმანეთთან სისხლისმიერი ნათესაობა არ აკავშირებთ, იძულებულნი არიან თანაარსებობის პრინციპს დაემორჩილონ. ეს იძულებითი თანაარსებობა აღვირახსნილი ძალმომრეობის შედეგი როდია, პირიქით, ესაა ადამიანთა გათიშულ-განცალკევებული ჯგუფების ნებაყოფლობითი გაერთიანება საერთო მიზნის მისაღწევად. სახელმწიფო, უწინარეს ყოვლისა, მოქმედების პროექტი და თანამშრომლობის პროგრამაა“. ჩვენ ამით უნდა დაგვეწყო, მაგრამ ამის გაკეთება გვიჭირდა და, აი, აქ იყო საჭირო ის მაორგანიზებელი ძალა, რომელიც საქართველოს მოსახლეობას აიყოლიებდა და დიდ სააღმშენებლო საქმიანობაში ჩააბამდა. სამწუხაროდ, პოლიტიკურ ელიტას ან, უფრო სწორად, იმათ, ვინც ამ ელიტაში დამკვიდრებას ცდილობდა, ეს ეძნელებოდა. ამიტომ დაკმაყოფილდნენ ფაქტების კომენტატორთა ფუნქციით და იყო შემდეგ გაუთავებელი მონოლოგები იმის თაობაზე, თუ რა არ იქნებოდა ძველებურად, მაგალითად, ცენტრალური გათბობა და ბუნებრივი აირი... მაგრამ, იმის შესახებ კი აღარ ლაპარაკობდნენ, თუ რა უნდა გაგვეკეთებინა, რომ ეს და ბევრი სხვა რამ გვქონოდა... აქ გამიჩნდა მთელი სიცხადით: ეროვნული იდეის უქონლობა ახალი დემოკრატიული სახელმწიფოს აღმშენებლობისა და ყოველგვარი სოციალური პრობლემის მოგვარების გზაზე, ხელისშემშლელი დაბრკოლება იყო, რომ უნდა შეგვექმნა ეროვნული იდეა და მასში, არამარტო იმის გააზრება იყო საჭიო, თუ როგორი სახელმწიფოს აღმშენებლობა გვსურდა, არამედ ისიც, თუ როგორ უნდა წარმართულიყო აღმშენებლობის პროცესი. ანუ გაგვეკეთებინა ის, რასაც ადრე დასავლური ცივილიზაციის ქვეყნებში აკეთებდნენ. სამაგალითოდ მოვიხმობ ამერიკის შეერთექული შტატების ისტორიის ერთ ეპიზოდს, რომელიც ამ ქვეყნის ერთ-ერთი ფუძემდებლის, ბენჯამენ ფრანკლინის ბიოგრაფიული ფაქტია: 1727 წელს ფრანკლინმა, პირველად ამერიკაში, ჩამოაყალიბა კულტურულ-საგანმანათლებლო კლუბი, რომელსაც კავშირს, ანუ ხუნტას უწოდებდნენ. კლუბში განხილული საკითხების რიგი მეტად დიდი იყო და მოიცავდა ცხოვრების ყველა სფეროს, მაგრამ საგანგებო მნიშვნელობა მიენიჭა შემდეგ საკითხებს: 1. თქვენს მიერ წაკითხულ ბოლო წიგნში ხომ არ გადააწვდით ისეთ ღირსშესანიშნავსა და გამოსადეგ რაიმეს, რომ ეს კავშირს აცნობოთ? განსაკუთრებით - ისტორიის, მორალის, პოეზიის, ფიზიკის, მოგზაურობის, მექანიკისა და ცოდნის სხვა სფეროებში; 2. რა ახალი ამბავი მოისმინეთ იმდენად საინტერესო, რომ მოყოლად ღირდეს? 3. იცნობთ თუ არა თქვენ რომელიმე მოქალაქეს, რომელმაც ამ ცოტა ხნის წინათ წარმატებას მიაღწია თავის საქმეში და რა გაარკვიეთ თქვენ ამ წარმატების მიზეზის შესახებ? 6. იცნობთ თუ არა თქვენ მოქალაქეს, რომელმაც ახლახან ჩაიდინა საქებარი და მისაბაძი საქციელი ან, სხვა მოქალაქეს, რომელმაც დაუშვა ისეთი შეცდომა, თავი რომ უნდა ავარიდოთ? 7. თავშეუკავებლობის შედეგად მომხდარი, რომელი უბედური შედეგის მოწმე იყავით, ან გაიგეთ ამის შესახებ ბოლო დროს: არაკეთილგონიერების, ვნებისა თუ რომელიმე სხვა მანკისა? 14. თუ დააკვირდით ამ ბოლო დროს და, შენიშნეთ რაიმე უკმარისობა ქვეყნის კანონებში, რის შესახებაც, მათი გასწორების მიზნით, უნდა ეცნობოს კანონმდებელ ხელისუფლებას? ან იქნებ თავად შეგიძლიათ შემოგვთავაზოთ რაიმე სასარგებლო რჩევა? 15. თუ შეამჩნიეთ ამ ბოლო დროს ხალხის თავისუფლების კანონთა რამენაირი დარღვევა?“ აი, ასეთი საზოგადოებრივი ინტერესები გააჩნდა ადამიანს, რომელიც შემდეგ სახელმწიფოს დამაარსებელი გახდა. როგორც ხედავთ, ბენჯამინ ფრანკლინს ყველაფერი აინტერესებდა ზნეობის, ბიზნესისა და კანონმდებლობის სფეროში და ეძიებდა ადამიანის მოღვაწეობის ისეთ ფაქტებს, მის თანამემამულეებს სამაგალითოდ რომ გამოადგებოდათ, მათში კანონიერი და მაღალზნეობრივად ცხოვრების სურვილს გააღვიძებდა. ფრანკლინი და მისი თანამოაზრეები არავის არაფერს თავს არ ახვევდნენ, მაგრამ, კარგად უწყოდნენ, თუ რა დიდი როლი აქვს რჩევის მნიშვნელობას, და რეკომენდაციის ძალას, ნორმალური საზოგადო და სახელმწიფო ცხოვრების ორგანიზების საქმეში. ფრანკლინი, როგორც განმანათლებელთა საუკუნის შვილი, თავად განმანათლებელი, უარყოფს ყველაფერს, რაც ქაოსს გამოიწვევს, რაც სტიქიურად განვითარდება. მისთვის, მთავარი, გათვლილი და გააზრებული მოქმედებაა, - რაციონალური და შინაგანი ლოგიკის მქონე. ბენჯამინ ფრანკლინის საზოგადოებრივმა პოლიტიკურმა პოზიციამ ბევრად განსაზღვრა იმ სახელმწიფოს ხასიათი, რომლის ერთ-ერთი დამაარსებელიც თვითონ იყო. როცა დაირღვა ფრანკლინისეული პრინციპები, ამერიკის შეერთებულ შტატებში წარმოუდგენელმა ქაოსმა დაისადგურა: 1919 წელს მიიღეს კონსტიტუციის XVIII შესწორება, რომლის ძალითაც აიკრძალა „მოხმარების მიზნით დამათრობელი სასმელების წარმოება, გაყიდვა და გადაზიდვა, აგრეთვე, სხვა ქვეყნებში გატანა, ან იქიდან შემოტანა“. ამ აკრძალვას დანაშაულის არნახული აზვირთება მოჰყვა მანამდე, ვიდრე ეს მდაბიური და პირმოთნე მორალის მიმდევართა ინიციატივით მიღებული აკრძალვა არ გააუქმეს... ამერიკის ისტორიის ეს ეპიზოდი ყურადსაღები უნდა იყოს ჩვენთვის, რადგან ახლა ვაყალიბებთ სამართლებრივი დემოკრატიული სახელმწიფოს კანონებს, რომელნიც გონივრულად უნდა იქნეს შედგენილი და მოქალაქეს დანაშაულებრივი ქმედებისაკენ არ უნდა უბიძგებდნენ; ეს უპირველეს ყოვლისა გადასახადებს შეეხება: კარგია, რომ ვითავისებთ გადასახადის გადახდის აუცილებლობას, მაგრამ უზომოდ დიდმა გადასახადებმა კოლონიურ-კომუნისტური რეჟიმის მიერ ყველაფრის პარვასა და მალვას შეჩვეული ადამიანები არ შეიძლება არ აიძულოს მოგების დამალვა... დღეს ეს კორუფციის ერთ-ერთი საფუძველია...
დასავლურმა ცივილიზაციამ უკვე დიდი ხანია შეამჩნია უგუნური კანონების დამღუპველი შედეგები: სამაგალითოდ XX საუკუნის 20-იანი წლების საფრანგეთის პოლიტიკური ცხოვრების ერთ ეპიზოდს მოვიხმობ: 1925 წლის 5 მარტს გაზეთ „ავენორში“ დაისტამბა „დემოკრატიული კავშირის“ გენერალური მდივნის მალმეს წერილი, რომელშიაც ასეთი მოსაზრება არის გამოთქმული: «როცა სახელმწიფო ზრდის გადასახადებს, ყალთაბანდობა, ზნეობრივი თვალსაზრისით ყოველთვის რომ იმსახურებს გაკიცხვას, ეკონომიკური და სოციალური თვალსაზრისით გადაიქცევა მხსნელ შესწორებად. მხოლოდ ის იძლევა საშუალებას, აღვადგინოთ სახელმწიფოს მიერ კერძო კაპიტალის სწრაფ დანთქმასა და მათ ასევე სწრაფ აღდგენას შორის ის წონასწორობა, რომელიც სახელმწიფოს არ შეუძლია დაარღვიოს ისე, თუ თავად არ გაკოტრდა, და ამავე დროს, არ გააკოტრა თავისი მოქალაქეები“. აი, ასეთი მოჯადოებული წრე იქმნება, როცა კანონის მოქმედების შედეგი ბოლომდის გაუთვლელია. ვფიქრობ, ჩვენი ეროვნული იდეის ერთ, მთავარი ღირებულებად პრინციპად და ინტერესის საგნად, კანონების იმდაგვარი გააზრება უნდა იყოს, რომელიც გამორიცხავდა დანაშაულებრივი ქმედების გადაქცევას სახელმწიფოს მხსნელ მოქმედებად...
საკანონმდებლო შემოქმედების თვალსაზრისით კი, გასაკეთებელი ძალიან ბევრია: მისაღებია უამრავი ორგანული და ჩვეულებრივი კანონი და, მერე ეს კანონები ასამოქმედებელია. ის ტემპი, რაც ამ საქმიანობაში არის, არაა საკმარისი: ისეთ სტაბილურ და განვითარებულ ქვეყანაში, როგორიც შვედეთია, სამაგალითოდ თუ ავიღებთ 1969 წელს, რიკსდაგში განსახილველად შეტანილ იქნა 1912 წინადადება, ხოლო სამთავრობო კანონპროექტები იმ წელს 150-ზე მეტი იყო... ქართული პარლამენტარიზმი მხოლოდ ფეხს იდგამს მე- XX -ე საუკუნეში. ორი რესპუბლიკა და ოთხჯერ არჩეული პარლამენტი, - ეს არის და ეს, რაც, ცხადია, საკმარისი არ არის იმისათვის, რომ პარლამენტური მმართველობა ტრადიციად ქცეულიყო. ამიტომ მიმაჩნია ეროვნული იდეის კიდევ ერთ საფუძვლად პარლამენტის საქმიანობისათვის მხარის დაჭერა, რათა პოლიტიკური მოღვაწეობის ამ ფორმამ ჩვენში საყოველთაო აღიარება ჰპოვოს. ჯერჯერობით, კი ბევრად არ განვსხვავდებით გასული საუკუნის ისეთი ევროპული ქვეყნებისაგან, როგორიც ესპანეთი და პორტუგალია იყო და, იმ სიტუაციისაგან, იქ რომ სუფევდა და, შეფასება ისტორიკოს დედევიზ დიუ დეზერის მიერ, ამ ქვეყნების იმ დროის პოლიტიკური ცხოვრებისა, გარკვეულწილად, ჩვენს ყოფასაც მიესადაგება: - „პორტუგალიაში, ასევე ესპანეთში, პარლამენტური რეჟიმი უცხოური პროდუქტი იყო, და წმინდად ხელოვნური დაწესებულება. ძნელი არ არის მიხვდე, რომ ქვეყანაში, რომელშიაც არ არსებობდა საზოგადოებრივი აზრი, ადვილი არ იყო აკლიმატიზირება მმართველობის ფორმისათვის, რომელიც სწორედ საზოგადოებრივ აზრს ეფუძნებოდა. იდეები და პრინციპები მასებისათვის შინაარსგამოცლილი ფორმულებია, რომლებიც, უბრალოდ, სათამაშოებს წარმოადგენენ მებრძოლი პარტიების ხელში; ბურთივით მარჯვნიდან მარცხნივ გადასროლილნი, ისინი კარგავდნენ თავიანთ რელიეფურ ფორმას და ყოველგვარ მნიშვნელობას; საზოგადოებას მათი არ ესმოდა; პოლიტიკანები კი, თავპირს იმტვრევდნენ უყურადღებო და მოწყენილი ერის წინაშე, მხოლოდ და მხოლოდ მატერიალურ კეთილდღეობას რომ ეძიებდა“.
სამწუხაროდ, იმ ადამიანების უმეტესობას, ვინც ჩვენს პარლამენტში მოკალათებულან, არა აქვთ გაცნობიერებული ის მოვალეობა, რაც მათ ეკისრებათ ქართული პარლამენტარიზმის ფორმირების პროცესში. ეს კარგად ჩანს მათი ქცევის თავისებურებაში, რომელიც იმდენად არ შეესაბამება ეროვნულ-სახელმწიფოებრივ ინტერესებს, რომ დეპუტატთა მოქმედებას, ბევრ შემთხვევაში, ნორმალურს ვერ უწოდებ. და აქ უნებლიედ გახსენდება იეროსლავ ჰაშეკის მახვილგონივრული შენიშვნა, თავის უკვდავ პერსონაჟს ყოჩაღ ჯარისკაცს, შვეიკს რომ ათქმევინა: „საგიჟეთში ყველას შეეძლო ის ეთქვა რაც მოეპრიანებოდა, როგორც პარლამენტში“-ო.
ეროვნული იდეის ერთ-ერთ ღირებულებად პრინციპად და ინტერესის საგნად წარსულის ობიექტური შეფასება უნდა იქცეს. ეს პროცესი „პერესტროიკის“ დროს დაიწყო, მაგრამ, სამწუხაროდ, სათანადოდ ვერ წარიმართა. ამას ბევრი მიზეზი ჰქონდა; უმთავრესი ის არის, რომ ჩვენი საზოგადოება კოლონიურ-კომუნისტური რეჟიმის წიაღიდანაა გამოსული. უარსაყოფი ისტორია ჩვენივე ბიოგრაფიის ნაწილია. ხოლო იმდენი დრო კი, არ გასულა, რომ ერმა განვლილი გზა უმტკივნეულოდ გადააფასოს. ერთი ხანობა საქართველოში მეტად მოდური იყო ბიბლიური თქმულება იმის თაობაზე, თუ როგორ ატარა მოსემ ებრაელები ორმოცი წელი უდანოში, რათა მონობაში დაბადებულნი ამომწყდარიყვნენ და თავისუფლებაში შობილნი მიეყვანა აღთქმულ მიწაზე. ამ ისტორიაში გაცხადებული აზრის ჭეშმარიტება უნდა ვაღიაროთ, მაგრამ ჩვენს სინამდვილესთან მიმართებაში ეს სიბრძნე პრაქტიკულ შედეგს ვერ მოგვიტანს, რადგან არანაირი საშუალება არა გვაქვს იმისა, რომ ორმოცი წელი, თუნდაც, - აგერ ყურისძირში მდებარე გარეჯის უდაბნოში გავიდეთ სახეტიალოდ... ამიტომ, ჩვენ მონურ სულს ჩვენვე ვძლიოთ და საკუთარი წარსულიდან უარვყოთ უარსაყოფი. ეს კი, - მეტად ძნელია. ადამიანებს წარსულის ტენდენციური ხედვა ახასიათებთ, - რაც უმეტესწილად მის იდეალიზირებაში მდგომარეობს. ასეთი რამ ბევრ, საკმაოდ ძლიერ პიროვნებას მოსვლია: საფრანგეთის პოლიციის მინისტრს ჟოზეფ ფუშეს თავის მემუარებში ასეთი რამეც აქვს ნათქვამი, - რობესპიერმა მომმართა, ოტრანტოს ჰერცოგოო - მაშინ, იაკობინური კონვენტის წევრს - ფუშეს ასე რობესპიერი ვერ მიმართავდა. იმ დროს ჰერცოგებს, გრაფებს, მარკიზებს და ბარონებს ხშირად გილიოტინით აყრევინებდნენ თავებს, მაგრამ ფუშეს ეს დაავიწყდა და ნაპოლეონის იმპერიისდროინდელი თავისი ტიტული, ოტრანტოს ჰერცოგისა, მექანიკურად გადაიტანა სხვა ისტორიულ პერიოდზე. განა ჩვენი თანამედროვენი ამისაგან დაზღვეულნი არიან? ცხადია, არა. და ეს წარსულის ობიექტურ შეფასებას ხელს შეუშლის, მითუმეტეს, ბევრმა ჩვენმა თანამოქალაქემ გადაფასების ეს პროცესი საკუთარი პიროვნების, ან ახლობლის წინააღმდეგ მიმართულ აქციად შეიძლება მიიჩნიოს, და თუნდაც ამ მოტივით შეუშალოს ხელი. ამიტომ, ამთავითვე უნდა განვაცხადო: წარსულის გადაფასება, ვინმეს წინააღმდეგ მიმართული მტრული ქმედება არ არის! მიზანი გაცილებით დიდია, და გულისხმობს კარგისა და ცუდის გარჩევას...
ამიტომ, ეს პროცესი დროულად და ეფექტურად უნდა წარიმართოს XX საუკუნის ბოლოს ეს უკვე აუცილებლობაა. პირველ რიგში ამას დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნის გარდუვალობა გვკარნახობს. ცხადია, იყო ისტორიული ეპოქები, როცა რაიმეს გადაფასება შეუძლებელი იყო. პიროვნებებისა და მათ საქმეთა არაობიექტური შეფასება დესპოტური რეჟიმებისათვის დამხასიათებელი მოვლენაა. გავიხსენოთ, რას ამბობს პროკოპი კესარიელი თავის „საიდუმლო ისტორიაში“, როცა ამ ნაშრომის შექმნის მიზანსა და ხასიათზე წერდა: „ტომით რომაელებს რაც აქამდე ბრძოლებში თავს გადაგხდათ, მე ის აღვწერე, როგორც ძალა შემწევდა, საქმეთა მსვლელობას მოხერხებულად ვუკავშირებდი დროსა და ადგილს, მაგრამ, ამიერიდან, ჩემს თხრობას სხვა გზით წარვმართავ. ახლა უკვე დაწვრილებით აღვწერ ყველაფერს, რაც რომაელთა მმართველობის დროს ხდებოდა. ჩემს მიერ სიმართლის დამალვის მიზეზი ის იყო, რომ ამ საქმის ჩამდენი ადამიანები ისევ ცოცხლები იყვნენ და გარემოება მოითხოვდა, ასე მეწერა, ვერ დავემალებოდი გარშემო მყოფ მრავალ მეთვალყურეს და ვერც საზარელ სიკვდილს დავაღწევდი თავს, რადგან ჩემს დასაცავად არც ახლობლებს და არც ნათესავებს არ აღმოაჩნდებოდათ სიმამაცე. სწორედ ამის გამო, იძულებული ვიყავი, ჩემს წინა თხზულებებში მრავალი რამ დამეფარა. ამ მოთხრობაში კი, უნდა ავხსნა იმის მიზეზები, რაზეც აქამდე ვდუმდი, - რაც უწინ არ გავამჟღავნე». დიახ, ამისი ახსნა სჭირდებოდა VI საუკუნეში მცხოვრებ ბიზანტიელ მემატიანეს, მაგრამ ჩვენ, დემოკრატიული სახელმწიფოს აღმშენებელმა ქართველებმა, ობიექტურობის ის ჭეშმარიტი ნიმუშები უნდა შევქმნათ, რაც დღეს და სამომავლოდ მაგალითად გამოადგება საზოგადოებას. ამ თვალსაზრისით უაღრესად საინტერესოა ფრანგი პოლიტიკური მოღვაწისა და ისტორიკოსის ადოლფ ტიერის მოსაზრება: „აუცილებელია ნიმუში, რომელსაც თავიანთი მოქმედებებით მიბაძავდნენ ადამიანები; მე ვცადე მეპოვნა წესწყობილების ეს ნიმუში და განვსჯიდი ხოლმე მათ ვინც მას გადაუხვევდა, - მაგრამ მე ამას სიძულვილის გამო არ ვაკეთებდი, არამედ იმისათვის რომ თავისი მივაგო სამართლიანობას, შევუნარჩუნო ისტორიას მისი ზნეობრივი აზრი და მისი ჭკუისდამრიგებლურობა“. ვფიქრობ, გონივრული იქნება, ასე თუ შევხედავთ ისტორიას, - ძველსაც და ახალსაც; ფაქტებს, ტენდენციებს, ადამიანთა ნამოქმედარს. ვინ ვინ იყო გვაინტერესებს იმდენად, რამდენადაც საინტერესოა იმისი გარკვევა, თუ ვინ ვინ არის... ამიტომ, უდაოდ მისაღებია ლუსტრაციის კანონი... სხვაგვარად არაობიექტურობას თავს ვერ დავაღწევთ და არც არასოდეს გვეცოდინება ამა თუ იმ მოვლენის ჭეშმარიტი მნიშვნელობა.
ახლებურად უნდა იქნეს გააზრებული ჩვენი ისტორია, - არა მარტო იმიტომ, რომ კოლონიურ-კომუნისტური რეჟიმის დროს მას უღმერთოდ აყალბებდნენ; არის სხვა მიზეზიც: თუნდაც იმიტომაც, რომ შუა საუკუნეების ქართულ ისტორიოგრაფიაში ზოგიერთი ფაქტი და მოვლენა ტენდენციურად აისახა და კრიტიკულ შეფასებას საჭიროებს. მეოცე საუკუნის პირველი ნახევრის ისტორიოგრაფიზე 1921 წლის ეროვნული კატასტროფით გამოწვეულმა ნიჰილიზმმა იქონია გარკვეული გავლენა. ბევრის აზრს გამოხატავდა სერგი დანელია, როცა წარსულის თაობაზე ასეთ შეხედულებას გამოსთქვამდა: - „დავიწყებდით ისტორიას თუ არა, კვლავ გაწყდებოდა ისტორიის ძაფი, ეპოქათა მემკვიდრეობა არ იყო, ჩვენი ისტორია რაღაც ნაწყვეტ-ნაწყვეტებია, წამოწყებული და კვლავ დანგრეული შენობები. ერთი დიდი ფართო ხაზი არ არის ჩვენს ისტორიაში. არის მხოლოდ ხაზი წამებისა, აწიოკებისა, რბევისა და ჩაგვრისა, მაგრამ აქ ქართველები ისტორიის სუბიექტები კი არ ვყოფილვართ, არამედ ატომებსავით მხოლოდ ობიექტები: საქართველოს აგურებით სხვისი ისტორია შენდებოდა“. ეს სიტყვები უშუალო რეაქციაა იმ უილაჯობაზე, რომლის წყალობითაც უეცრად მოპოვებული თავისუფლება უეცრადვე დაგვეკარგა. ასეთი შეხედულება მეტად გავრცელებული იყო, და არამარტო ისტორიისადმი დამოკიდებულება განსაზღვრა, არამედ ლიტერატურათმცოდნეობისა და ხელოვნებათმცოდნეობის ხასიათიც, - რადგან განაპირობა ფაქტისა თუ ტენდენციისადმი მიდგომა, ამა თუ იმ ხუროთმოძღვრული ძეგლის აგებისა და ლიტერატურული ნაწარმოების შეთხზვის თარიღის დადგენა; აგრეთვე, შემოქმედებითი მიმართულებების შეფასება. მე არ ვამბობ, თითქოს ისინი, ვინც ჩვენში მთელი რიგი სამეცნიერო დარგები განავითარეს, ნიჰილისტები იყვნენ, წარსულის გადაფასებაც მათი სახელის დასამცირებლად არავის მოუგონია, ეს დროის აუცილებლობაა. წინა თაობებმა თავისი სიტყვა თქვეს, დღევანდელობამ თავისი უნდა თქვას, რაც ქართველ მეცნიერთა კვლევა-ძიებათა გაგრძელებად უნდა გავიგოთ და არა უარყოფად.
საუკუნის დასასრულს საქართველო თავისი სახელმწიფოებრიობის სამიათას წლისთავს იზეიმებს, ამიტომაც უნდა ახლებურად გავიაზროთ განვლილი გზა, მიზანდასახულად წარსამართია ეს პროცესი. უამრავი თეთრი ლაქა უნდა წაიშალოს, და აქამდის ყველა პასუხგაუცემელ კითხვას ეპასუხოს. ამას დიდი კვლევითი მუშაობა სჭირდება, მათ შორის არქეოლოგიური, რომელიც შემთხვევითი ხასიათისა არ უნდა იყოს, რაიმეს მშენებლობას არ უნდა უკავშირდებოდეს. საიუბილეო თარიღი გვავალებს, ვკითხოთ საკუთარ თავს, კარგად ვიცნობთ წარმართული ხანის ჩვენს ისტორიას, ყოფას, კულტურას, რელიგიას? არადა, ამისი ცოდნის გარეშე ობიექტურად ვერ შეფასდება ქრისტიანული პერიოდი - საბოლოო ჯამში კი ერის მთელი წარსული...
ეროვნული იდეის ერთ-ერთ მთავარ ღირებულებად, ინტერესის საგნად, და პრინციპად, ქართველთა ეთნიკური კონსოლიდაციის პროცესი უნდა იქცეს. საუკუნეების მანძილზე მხარეებად დაქუცმაცებულობამ მეტად გააძლიერა კუთხურობა, რაც ჩვენი ქვეყნის მტრებს კუთხური სეპარატიზმის წაქეზებისკენ უბიძგებდა. მაშასადამე, საპირისპირო უნდა ვაკეთოთ სახელმწიფო და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში, რათა ესოდენ ფესვგამდგარი კუთხურობა შეცვალოს ეროვნული თვითშეგნების გრძნობამ. აქედან ჭეშმარიტ მოქალაქედ გახდომამდე ერთი ნაბიჯია. მოსახლეობის მოქალაქედ აღზრდა ეროვნული იდეის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა. მართალი იყო მონტესკიე როცა „კანონთა გონში“ წერდა: „არც ერთი მმართველობა ისე არ საჭიროებს აღზრდით დახმარებას, როგორც რესპუბლიკური მმართველობაო“. რესპუბლიკის მოქალაქეს სახელმწიფოებრივი თვითშეგნება და კულტურა უნდა ჰქონდეს. ის კანონის ერთგული უნდა იყოს, გადასახადის გადამხდელი და ამა თუ იმ ფორმით რესპუბლიკის მართვაში იღებდეს მონაწილეობას. მან, შესაძლოა, ზეპირად არ იცოდეს რომაული სენტენცია „Respublica est respublica“ მაგრამ უნდა აცნობიერებდეს, რომ სახალხო საქმე ხალხის საქმეა და ამ პროცესში აქტიური ჩაბმის სურვილს ამჟღავნებდეს. მოქალაქეობა ცხოვრების წესს და ქცევის გარკვეულ სტერეოტიპს ნიშნავს, ჩვენს სინამდვილეში ერთიცა და მეორეც ჯერ კიდევ დასამკვიდრებელი და ჩამოსაყალიბებელია...
საქართველოს რთულმა და ბევრად სპეციფიურმა წარსულმა ის განაპირობა, რომ ჩვენ უფრო სოფლური კულტურის ქვეყანა ვიყავით ვიდრე ქალაქურისა... თუმცა ქალაქები მუდამ იყო საქართველოში და ზოგჯერ საკმაოდ ბლომადაც. ანტიკური პერიოდის საქალაქო ცხოვრების შესახებ სტრაბონი წერდა: „... იბერია მეტწილად მშვენივრადაა დასახლებული - მოფენილი ქალაქებითა და დაბებით, ისე, რომ აქ გვხვდება კრამიტის სახურავებიც და არქიტექტურული ხელოვნების წესების თანახმად აშენებული ბინები დ საბაზრო ადგილები და სხვა საზოგადოებრივი შენობები“. ქალაქები შუასაუკუნეებშიც ცოტა როდი იყო, მაგრამ როგორი საზოგადოებრივი ცხოვრება დუღდა ორივე ეპოქაში, იყო ის ანტიკური ხანის ბერძნულ-რომაული, თუ ფეოდალური პერიოდის ევროპული ქალაქების მსგავსი, არ ვიცით. მიახლოება ევროპული ტიპის საქალაქო ცხოვრებასთან XIX საუკუნეში იწყება და ვითარდება XX საუკუნის დასაწყისში, როცა საქართველოს ქალაქებში მმართველობითი ორგანოების არჩევითობის სისტემა მკვიდრდება და დასრულებულ სახეს იღებს 1918-1921 წლებში, პირველი რესპუბლიკის დროს. მაგრამ მეორე რუსული ოკუპაციის შემდეგ საქართველოს ქალაქების დასავლური განვითარების გზა წყდება და იწყება ყოვლად ულოგიკო „ქალაქაღმშენებლობის“ პროცესები, რომლის შედეგადაც მივიღეთ გეტოს ტიპის დასახლება-კურიოზი, არქიტექტურულად უსახური და კომფორტის თვალსაზრისით მოუწყობელი. მის მცხოვრებს მოქალაქის არც უფლება-მოვალეობა ჰქონდა, არც ქცევა, არც ჩვევა, და ამ ცნებებზე უაღრესად ბუნდოვანი წარმოდგენა გააჩნდა. იმისათვის, რომ მიახლოებით მაინც განვსაზღვროთ კოლონიურ-კომუნისტური მმართველობის „ურბანიზაციის“ ხასიათი, ისტორიულ ანალოგიას უნდა მივმართოთ: რომაელები ბარბაროსთა დასახლებებს, რაოდენ დიდიც არ უნდა ყოფილიყო, უწოდებდნენ: „sedes aratorum“ რაც მხვნელ-მთესველთა დასახლებას ნიშნავს... არსებითად ასეთი გახლავთ თანამედროვე ქართული ქალაქები. საქმე იმაშია, რომ 1921 წლის შემდეგ ბევრ სხვა ტრადიციასთან ერთად, მოისპო გლეხის გაქალაქელების ის სისტემა, რაც აქამდის აყალიბებდა ჩვენში ქალაქის მოსახლეობას. გლეხის მაორგანიზებელი, აღმზრდელი, ჩვევის შემცვლელი, - ქალაქური ცხოვრების წესი იყო, რომელიც გარდაქმნიდა იმით, რომ ახალ სოციალურ ფუნქციას უძებნიდა და ამ გზით ქცევის სტერეოტიპსაც უცვლიდა. ახალ, ანუ ქალაქურ გარემოში ადაპტაციის პროცესი იყო მძიმე და ხანგრძლივი, მაგრამ გლეხისათვის ის თავდებოდა XIX საუკუნის თბილისში არსებული ყოფის თავისებურებათა, ურთიეთობათა, აგრეთვე ქალაქურ ღირებულებათა შესწავლა-განთავსებით და ის იკავებდა თავის ადგილს იმ სოციალურ ფენაში, რომელშიაც დამკვიდრებისათვის შესაფერისი ნიჭი და უნარი აღმოაჩნდებოდა. კოლონიურ-კომუნისტურმა რეჟიმმა ეს წესი მოსპო. ამ დროს კი განუხრელად იზრდებოდა ქალაქის მოსახლეობა სოფლის მცხოვრებლების ხარჯზე, რომელთაც ქალაქში არანაირი სოციალური ფუნქცია არ გააჩნდათ და ქალაქში მათი ყოფნა განპირობებული იყო რეჟიმის პოლიტიკური ინტერესებით.
უბედურება ისიც იყო, რომ სოფელში ინტენსიურად მიმდინარეობდა კოლონიურ-კომუნისტური რეჟიმის მიერ გლეხკაცის ზნეობრივად გარყვნის პროცესი, რის შედეგადაც მას თავისი სოციალური ფუნქცია უკვე იქ, თავისსავე სოფელში დაეკარგა. უმიწოდ დარჩენილი მიწათმოქმედი, არსებითად, საბჭოთა მოსამსახურედ აქციეს. ამიტომ დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა იმას, სოფელში იცხოვრებდა ის, - თუ ქალაქად, რადგან ფუნქცია მას არც იქ არ გააჩნდა... და არა მხოლოდ ეს: საბჭოთა იდეოლოგია და მისი გამტარებელი პროპაგანდა ამ ადამიანებს ყოველმხრივ უხშობდა ეროვნულ თვითშეგნებას და ეროვნული ღირსების გრძნობას და გულმოდგინედ ზრდიდა მათგან საბჭოთა კოლმეურნეებს... მცდელობამ შედეგი გამოიღო, ადამიანებმა დაიწყეს კოლონიურ-კომუნისტური რეჟიმისადმი ერთგულ-ქვეშევრდომული დამოკიდებულების გამოვლენა. სოფელში ეს იმით გამოიხატა, რომ სახლების სამერცხლურებზე ასეთი კომპოზიცია გაჩნდა: თუნუქისაგან გამოჭრილი ვარსკვლავით დამშვენებული კრემლის კოშკის გამოსახულება და მის ორივე მხარეს თუნუქისავე მტრედები...
საბჭოთა ღირებულებებისა და სიმბოლიკის ასეთი გათავისება, ბუნებრივია, მათ ქცევის წესის ჩამოყალიბებაზე ახდენდა გავლენას და, ამიტომაც არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ ისინი ძველ თბილისს, ქცევის სხვა წესის მქონე ადამიანების მიერ აშენებულს, უდიერად ეკიდებიან, ანგრევენ და სახეს უცვლიან.
ეს ახალმოსახლენი ქარხნებსა და საწარმოებში უხარისხო პროდუქციის დამზადების გარდა, იკავებდნენ ადგილებს უზომოდ გაბერილ ბიუროკრატიულ აპარატში არასაჭირო თანამდებობებზე და დაკავებულნი იყვნენ სრულიად გაურკვეველი საქმიანობით, შემოსავალი კი, ხშირად, საარსებო მინიმუმს არც კი აღწევდა, ამიტომ რაიმე კრიმინალური ხასიათის საქმიანობით ხდებოდა დანაკლისის შევსება. ამ ადამიანების საცხოვრებელი ფართის პრობლემაც ისევე იოლად გადაწყდა, როგორც დასაქმებისა: თბილისისა და სხვა ქალაქების კეთილმოწყობილი, ერთი-ორი ოჯახისათვის გათვალისწინებული სახლები თითო ოთახიან კომუნალურ ბინებად აქციეს და ასობით ადამიანი შიგ განათავსეს. ასეთი ხელოვნური და გაუსაძლისი ყოფა აიძულებდა ადამიანებს არამარტო შეგუებოდნენ თავს მოხვეულ პირობებს, არამედ საცხოვრებელი პირობები შეძლებისდაგვარად გაეუმჯობესებინათ და დაიწყეს ბინების გადაკეთება-გადმოკეთება, მიშენება-მოშენება, - რაც არსებითად ნგრევა იყო დიდებული ქალაქური არქიტექტურისა. ამრიგად, ყოფა სპობდა ტრადიციულ ღირებულებებს, ადამიანებს კი უკარგავდა მშვენიერების შეგრძნების უნარს. ვერ გაქალაქებული მიწათმოქმედის ბუნება ყველა შესაძლო სიტუაციაში იჩენს ხოლმე თავს. 70-იან წლებში ასეთი ამბავი მომხდარა: საქართველოს ავეჯის მრეწველობისათვის საჭირო მაღალხარისხოვანი ლაქი ჩეხოსლოვაკიიდან შემოუტანიათ. პროდუქცია შუშის მოზრდილ ბოცებში ყოფილა ჩასხმული და სწორედ ამ ჭურჭელს მიუქცევია გლეხად დარჩენილ ქალაქის მოსახლეთა ყურადღება, რადგან ის ღვინის შესანახად იდეალურ სათავსად მიუჩნევიათ. ამიტომ, იმის მაგივრად, რომ ეს ბოცები ხელშეკრულების თანახმად მიმწოდებლისათვის დაებრუნებინათ, უბრალოდ, გადამალეს, რათა შემდგომ მეღვინეთათვის მიეყიდათ; მაგრამ როცა ჩეხოსლოვაკიამ მკაცრად მოითხოვა პირობის დაცვა, იძულებულნი გახდნენ შელეოდნენ ამ „მონაპოვარს“. ეს ღარიბი გლეხის საქციელს ჰგავს, რომელიც, გზად თუ ბოთლს იპოვნის, აუცილებლად სახლში გაარბენინებს და სრულიად არ ჰგავს ქალაქელის ნამოქმედარს, რომელიც თუ ბოცის საჭიროებას დაინახავს, ფიქრს იწყებს მისი წარმოებისა და რეალიზების საკითხებზე.
ზემოხსენებული ისტორია ანეკდოტური ხასიათისაა, მაგრამ ზედმიწევნით ზუსტად წარმოაჩენს გლეხად დარჩენილ მოქალაქეთა მენტალიტეტს.
„პერესტროიკისა“ და დამოუკიდებლობის წლებში მოსახლეობის ცნობიერება არ შეიცვალა და არც ტრადიციული ღირებულებებისაკენ მოტრიალება განხორციელდა გააზრებულად და მიზანდასახულად... ამიტომ იყო, სამოქალაქო ომის დროს რომ გადაბუგეს ქალაქის ცენტრი, ხოლო რაც მერე აქ ააშენეს, არქიტექტურული უკულტურობის ნიმუშია. ამას თან ერთვის საეჭვო საქმიანობით გამდიდრებული ხალხის სურვილი - აუცილებლად ქალაქის ცენტრში იცხოვრონ, ამიტომ მრავალსართულიან უსახურ შენობებს აგებენ იქ, სადაც ეს არ შეიძლება და სამწუხაროდ, გამკითხველი არავინაა. დღეს დამოუკიდებელ საქართველოში გრძელდება კოლონიურ-კომუნისტური პერიოდის ის დესტრუქციული პროცესები, რაც აგრძელებს ქალაქების მხვნელ-მთესველთა დასახლებად გადაქცევას და გასული საუკუნის საქალაქო არქიტექტურის განადგურებას... გამოსავალი იმაშია, თუ მოხდება შემობრუნება და შევძლებთ იმ ჭეშმარიტების გაგებას, რომ ძველი ქალაქის გადარჩენა მხოლოდ სიძველეთა დაცვა არ არის, არამედ იმ ღირებულებათა აღდგენის პროცესია, რომელიც ქალაქის მცხოვრებს მოქალაქედ აქცევს, რომელიც მხოლოდ საკუთარი ყოფის გაუმჯობესებას არ იქნება გადაყოლილი, არამედ საზოგადო საქმეებში აქტიურ მონაწილეობას მიიღებს, გაერკვევა პოლიტიკური პროგრამების არსში, იქნება ამომრჩეველი და ექნება სურვილი და უნარი, იყოს არჩეული.
მოქალაქეობა - ეს კიდევ, შრომისა და ანაზღაურების უფლებაა. საქართველოში, ჯერჯერობით წესად დამკვიდრდა: მოსახლეობის დიდი ნაწილი შრომობს, მაგრამ მისი შემოსავალი საარსებო მინიმუმსაც არ შეადგენს. ასეთი მდგომარეობა არ შეეფერება არც ჩვენში დეკლარირებულ დემოკრატიული საზოგადოების აღმშენებლობის პრინციპებს, არც მოქალაქის ცნების არსს. თუ ადამიანის შრომა არ ნაზღაურდება, თუ მას მუდმივად მყარი შემოსავალი არა აქვს, გადასახადს ვერ იხდის და იმას ფიქრობს, უხელფასოდ თავი როგორ გაიტანოს, დამცირებულია და შეურაცხყოფილი. ის მოქალაქე ვერ იქნება და ვერც საზოგადო საქმიანობაში მიიღებს სრულფასოვან მონაწილეობას. ასეთი მდგომარეობის შეგუება ადამიანს აგლახავებს, ღირსების გრძნობას უკარგავს და საბოლოო ჯამში პიროვნულ თავისუფლებაზე უარის თქმამდე მიჰყავს... თავის თხზულებაში „საზოგადოებრივი ხელშეკრულების შესახებ“ ჟან ჟაკ რუსო წერდა: „... უარი თქვა საკუთარ თავისუფლებაზე - ეს ნიშნავს უარის თქმას ადამიანურ ღირსებებზე, ადამიანის ბუნების უფლებებზე, მის მოვალეობებზეც კი“. ასე რომ, თუ გვსურს დემოკრატიული საზოგადოების შექმნა, სახელმწიფო ცხოვრების იმდაგვარი ორგანიზება უნდა შევძლოთ, რომ თავისუფალი ადამიანის შრომა მონისას არ დაემსგავსოს... დოვლათი, რომელიც იქმნება, ისე უნდა განაწილდეს, რომ ყველამ იმდენი მიიღოს, რამდენიც გამოიმუშავა და არა ისე, ჩვენთან როგორც არის, როცა ერთნი სიმბოლურ ხელფასს იღებენ, მეორენი კი მილიონებს ითვისებენ... სოციალური პრობლემები საქართველოში კოლონიურ-კომუნისტური პერიოდიდან მოუგვარებელია; უკვე მაშინ, სოციალური ბრძოლა კრიმინალური მოძრაობის სახით არსებობდა და ამავე ფორმით გაგრძელდა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგაც: პრივატიზაციის პროცესი დიდ კრიმინალურ რევოლუციად იქცა და გააფთრებით ხორციელდება ქონების გადანაწილება, ხაზინის ძარცვა, კორუფცია. ამ კრიმინალურ ბუმს შესაბამის ფონს უქმნის ზემოხსენებული შრომის აუნაზღაურებლობა, რასაც თუ არ ეშველა, საბოლოოდ დამკვიდრდება აზრი, რომ საქართველოში მაძღარი ცხოვრება მხოლოდ კრიმინალური გზით არის შესაძლებელი...
ეროვნული იდეის კიდევ ერთ ამოცანად, არსებული ცხოვრების წესის შეცვლა უნდა იქცეს და ამისათვის საგანგებო გააზრებას ითხოვს უკვე გატარებული რეფორმებიცა და გასატარებელიც. გასული საუკუნის ფრანგი ისტორიკოსი, მინიე რეფორმების თაობაზედ ასეთ მოსაზრებას გამოთქვამდა: „როცა რეფორმა გარდუვალი ხდება და როცა დგება მომენტი მისი განხორციელებისა, არაფერი არ ეღობება მას და ყველა ხელს უწყობს“. თუ ამ თვალსაზრისით შევხედავთ რეფორმატორულ საქმიანობას საქართველოში - ბევრ წინააღმდეგობას აღმოვაჩენთ. ერთის მხრივ, ჩვენში რეფორმის გატარება გარდუვალი ჩანს, მეორეს მხრივ კი, უამრავი დაბრკოლება ხვდება. ამან არ შეიძლება დაბნეულობა არ გამოიწვიოს, რადგან არსებულ მდგომარეობაში არანაირი ლოგიკა არ ჩანს; ერთადერთი, რაც შეიძლება იყოს, ალბათ ისაა, რომ ვესწრაფვით რეფორმებს, ე.ი. ვიცით, რა გვსურს, მაგრამ არ ვიცით, თუ როგორ განვახორციელოთ ის; ანუ გააზრებული არ გვაქვს მიზნის მისაღწევი გზები და საშუალებები... სხვათაშორის, ეს ისევ და ისევ ეროვნული იდეის არქონის ბრალია, რადგან, აშკარაა, სახელმძღვანელო პრინციპების გარეშე ჩვენ გვიჭირს მოქმედება. ასეთი პრინციპები ჯერ მხოლოდ ყალიბდება. შესაბამისად, რეფორმებს არც საყოველთაო მხარდაჭერა აქვს, პირიქით: იდეოლოგიურად მოუმზადებელი სარეფორმო მოძრაობა ბევრი ობიექტური მიზეზის გამო მოსახლეობაში შიშს იწვევს; გავიხსენოთ თუნდაც, ჯანდაცვის რეფორმა. ფასიანი მკურნალობის შემოღებას მოსახლეობის რეალური შემოსავლის გაუთვალისწინებლად, ის მოჰყვა, რომ უსახსრობის გამო ადამიანებმა მკურნალობას თავი ანებეს, ასე რომ, ათასობით ადამიანი განწირული აღმოჩნდა... ბუნებრივია იბადება კითხვა, ვისთვის ტარდება ჯანდაცვის რეფორმა, ადამიანებისათვის თუ რეფორმის უნიჭო ორგანიზატორებისათვის? გაუაზრებელია კულტურის სფეროს რეფორმაც. აქ ყველაზე კარგად ჩანს იმ მამოძრავებელი იდეების არქონა, რომელიც ნებისმიერი ერის ყოფაში ახალ ტენდენციებს ბადებს და საზოგადოებაში გაბატონებულ შეხედულებათა შეცვლას იწვევს. გავიხსენოთ ისტორიული ანალოგიები: ის პრინციპები, საფრანგეთის დიდ ბურჟუაზიულ რევოლუციას რომ დაედო საფუძვლად, გააზრებული და ჩამოყალიბებული იქნა ფრანგი განმანათლებლების: მონტესკიეს, ჟან ჟაკ რუსოს, ვოლტერის, დიდროს მიერ; მათ შეხედულებებზე აღიზარდნენ ლაფაეტი, მირაბო, სეიესი, ტალეირანი, რობესპიერი, დანტონი, ნაპოლეონი, - ისინი, ვინც განმანათლებელთა იდეების ცხოვრებაში გატარება სცადეს და გარკვეულწილად, რევოლუციური ომებითა და საკანონმდებლო აქტებით, არათუ საფრანგეთში, მთელს ევროპაში შეძლეს ფეოდალიზმის დამსხვრევა. რევოლუციამ წარმოშვა რომანტიზმი, მიმდინარეობა, რომელიც თავისებური რევოლუცია იყო ლიტერატურასა და ხელოვნებაში, რომელმაც უარჰყო კლასიციზმი თავისი პრინციპებით. ოღონდ, რომანტიკოსები მხოლოდ მწერლები, მხატვრები და მუსიკოსები არ იყვნენ და ალფრედ დე ვინის, ალექსანდრე დიუმას, ვიქტორ ჰიუგოს, პროსპერ მერიმეს, ეჟენი დელაკრუას, ფრედერიკ შოპენის გვერდით დგანან მეცნიერებიც: შამპოლიონი, ვინც ეგვიპტური იეროგლიფები წაიკითხა და ევარისტ გალუა, უდიდესი მათემატიკოსი. რომანტიკული იყო იმ დროის ისტორიოგრაფია და ჩემს მიერ ციტირებული ისტორიკოსები მინიე და ტიერი თავიანთი შემოქმედების გარკვეულ ეტაპზე, ამ მიმართულებას მიეკუთვნებოდნენ. ასე რომ, პრინციპები, იდეები, იდეალები ვითარდებიან და საზოგადოების განვითარების სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა ფორმით გამოვლინდებიან, განსაკუთრებით კი, კულტურისა და მეცნიერების სფეროში. სამწუხაროდ, საქართველოში კოლონიურ-კომუნისტური რეჟიმის პირობებში, არც ადრე და არც შემდეგ, არ არსებობდა შეხედულებათა რაიმე ისეთი ჩამოყალიბებული სისტემა, რასაც მიახლოებით მაინც, ერქმეოდა ეროვნული იდეა და, ცხადია, ამ მიზეზის გამო ჩვენში მიმდინარე მოვლენებზე და სადღეისო ყოფაზე - პოლიტიკურსა და კულტურულზე - ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენდა. ამიტომ არის, რომ თავისუფლების მიერ მოტანილ ყველა სიახლეს თავისი ადგილი მეტად ძნელად ეძებნება. ეს რთული, წინააღმდეგობით აღსავსე პროცესია. როცა შეზღუდვები მოსპო, დავეწაფეთ ყველაფერ იმას, რაც აკრძალული იყო, დღეს პრესაში ამოიკითხავთ და ტელევიზიით გაიგონებთ ნატვრას: რა კარგი იქნებოდა, ამერიკული ცხოვრების წესი რომ დამკვიდრდეს ჩვენშიო. ყურადსაღებია ეს ნატვრა, თუ მოთხოვნა იმით, რომ მასში სარკესავით ირეკლება საზოგადოების განწყობა, მისი სულიერი მდგომარეობა: აქამდის ჩვენ არსებითად რუსული ცხოვრების წესით ვცხოვრობდით, ახლა ამერიკულით გვინდა ცხოვრება. ამიტომ იბადება კითხვა: კი, მაგრამ ქართული ცხოვრების წესით, ანუ როგორც ვახუშტი ბაგრატიონი იტყოდა „ქცევა-ზნითა ქართულითა“? როდის უნდა ვიცხოვროთ, და თუ იარსებებს ის საერთოდ?
ეროვნული იდეის ერთ-ერთი ღირებულება, პრინციპი და ინტერესესის საგანია ტრადიციულის შეფასება, აღდგენა და ახლის მიღება-გათავისება. ე.ი. უნდა ვაკეთოთ რაღაც იმის მსგავსი, რასაც რომაელები აკეთებდნენ და რის გამოც მონტესკიე წერდა: - „უნდა აღვნიშნოთ, რომაელები მსოფლიოს მპყრობელნი ძირითადად იმის წყალობით გახდნენ, რომ განუწყვეტლით ეომებოდნენ რა სხვა ხალხებს, ისინი ყოველთვის უარს ამბობდნენ თავიანთ ჩვეულებებზე, როგორც კი შენიშნავდნენ, რომ მათი უკეთესით შეცვლა იყო შესაძლებელი“. ვერაფერს იტყვი, სწორი პრინციპია, ოღონდ საკუთარ ტრადიციულ ღირებულებათა ცოდნის გარეშე ვერაფერს გააწყობ, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ უნდა იცოდე, რა უარჰყო და რა შეითვისო... ქართველებს გვაქვს მრავალი კარგი ტრადიცია, იქნება ეს: ტოლერანტობა, ქალისა და ოჯახის კულტი, სამშობლოს სიყვარული და მისთვის თავის გაწირვის აუცილებლობა, განათლებისკენ მისწრაფება, ვაჟკაცობის მნიშვნელობის ცოდნა, მეომრული შემართებისადმი პატივი, მიწათმოქმედებისა და ხელოსნობის წესების დაცვა, ხალხური მედიცინის მონაპოვართა თაობებისათვის გადაცემა, კულტურის განვითარებისა და შენარჩუნებისაკენ მისწრაფება, პიროვნული და ეროვნული ღირსების გრძნობა, სარწმუნოებისადმი ერთგულება და ბევრი სხვა. უბედურება ისაა, რომ მათ მნიშვნელობას ვერ ვაცნობიერებთ. გვიჭირს ტრადიციის არსს ჩავწვდეთ. დავინახოთ ის პოტენციალი, რაც გაგვაჩნია და მასში ვიპოვოთ საფუძველი ჩვენი ტრადიციული და მსოფლიო ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების შეჯერებისათვის. თითქოს ამის მნიშვნელობას ვხედავთ, მაგრამ სწორედ ეს იქცა პრობლემად ჩვენთვის; სულიერ ღირებულებათა ძიება ჩვენში საოცარი ზედაპირულობით და აგრესიულობით ხასიათდება, რადგან საერთო შეხედულებების მსგავსი რამ არ გაგვაჩნია, ყველა თავისას ამტკიცებს. ერთნი ხსნას მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებაში ხედავენ და ანგარიშს არ უწევენ არც ჩვენი ეკლესიის თანამედროვე მდგომარეობას, არც მოსახლეობის ნაწილის რელიგიურ სიჭრელეს და ნაწილის ათეიზმისადმი ერთგულებას, და არც იმას, რომ რელიგიას და, კერძოდ, მართლმადიდებლობას კონსტიტუციით უკვე განესაზღვრა ადგილი; ესეც არ იყოს, არ შეიძლება რელიგიას დაევალოს ეროვნული იდეის (რისი ერთ-ერთი ღირებულება, პრინციპი და ინტერესის საგანიც ის არი) ფუნქციის შესრულება. ასეთი ზედმეტი აქცენტირება სასურველ შედეგს არ მოგვიტანს. გავიხსენოთ, რა მოჰყვა არაბული ნაციონალიზმის ისლამით შეცვლას... ამიტომ ჩანაცვლების გზით კი არ უნდა წავიდეთ, არამედ უნდა გავაცნობიეროთ ეროვნული იდეის მნიშვნელობა:
სწორედ მას ძალუძს, როგორც ტრადიციების აღორძინება, ასევე ერის დაცვა რელიგიური და იდეოლოგიური დივერსიებისაგან; მეორენი ყველაფრის უცხოურის უპირობო გადმოღებას და დამკვიდრებას ითხოვენ; მესამენი საერთოდ უარყოფენ პრინციპებს და დინებას მიჰყვებიან (რაც ასევე თავისებურ პრინციპს წარმოადგენს). სამწუხაროდ, სამივე მიმართულებას ზედაპირულობა და რადიკალურობა ახასიათებს. ჩვენ კი, საკითხის საფუძვლიანი გააზრება, არსებული ვითარების გათვალისწინება და ოპტიმალური ვარიანტის შერჩევა გვჭირდება.
ეროვნული იდეის კიდევ ერთი ღირებულება, პრინციპი და ინტერესის საგანი, საქართველოს მოქალაქის ღირსების დაცვა, მისი შეულახაობაა.
ღირსების გრძნობა ის სტიმულია, რომელიც ადამიანს ბევრს შეაძლებინებს და გააკეთებინებს, ხელს უწყობს პიროვნების ინტელექტუალური და ფიზიკური პოტენციალის გამოვლენას. ცალკეული ადამიანები ქმნიან ერს, რომლის ღირსება და სიდიადე, თუ ხელყოფილი არ არის, მაშინ ეროვნული ენერგიაც სათანადოდ გამოვლინდება, - რაც სახელმწიფოს ძლიერებისა და მოსახლეობის კეთილდღეობის მთავარი პირობაა. ამ ჭეშმარიტების არსს უკვე ანტიკურ სამყაროში ჩასწვდნენ და ამისი ერთ-ერთი გამოხატულება იყო ძველ რომში, ჩვენს ერამდე 103 წელს შემოღებული კანონი „რომაელი ხალხის სიდიადის დამცირების შესახებ“. ამ კანონით ისჯებოდა ის, ვინც ზიანს მიაყენებდა ან შეურაცხჰყოფდა რომაელებს. ასე იცავდა ეს ხალხი თავის ღირსებას და მსოფლიოში უძლიერესი სახელმწიფო შექმნა. შემდგომ, როცა ზემოხსენებული კანონი ხალხის კი არა, ცალკეულ პირთა ინტერესების დაცვისათვის გამოიყენეს, ერიც დაკნინდა და რომის იმპერიაც დაემხო... ჩვენ ხშირად სხვა ერების ზემოქმედებას განვიცდით და ის სხვა თავის ჭკუაზე გვატარებდა, ღირსებას არად დაგიდევდა. უბედურება ისაა, რომ მივეჩვიეთ ამ მდგომარეობას და ჩვენს მიმართ განხორციელებული რაიმე ისეთი ქმედება, რაც ნებისმიერი სხვა ერს აღაშფოთებს, საქართველოში არანაირ რეაქციას არ იწვევს... რაღაც განსაკუთრებული უნდა მოხდეს და, მაშინ თუ ამოვიღებთ ხოლმე ხმას. გავიხსენოთ, იმ წლებში, როცა ორივე რუსეთის - მონარქიულისა და კომუნისტურის კოლონია ვიყავით, ბევრი რამ მიუღებელი იწერებოდა ქართველებზე და საქართველოზე. ზოგი გაუგებრობის შედეგი, ზოგიც, აშკარად, ტენდენციური მსჯელობის ნაყოფი. ჩვენ კი, მეტად გვიჭირდა პასუხის გაცემა. უკვე მაშინ გახდა ცხადი, რომ ორგანიზებულ თავდაცვას ვერ ვახერხებდით და ერის ღირსების დაცვა ერთეულების პირადი საქმე ხდებოდა. დამოუკიდებლობის მოპოვებამდე ცოტა ხნით ადრე და მის შემდეგაც, ჩვენი თავისუფლების ბევრი არაკეთილმოსურნე ჩვენს დისკრედიტირებას ცდილობს. მიზანი ყველას სხვადასხვა აქვს. ზოგისთვის ქართული სახელმწიფოებრიობა იყო მიუღებელი, ზოგი მიწა-წყალს გვეცილებოდა, ზოგს სადაც მოესურვება, იქ სურს კომპაქტურად ჩასახლება და, როცა საწადელს ვერ მიაღწიეს, მრავალ საგინებელ სიტყვასთან ერთად, ქართულ ფაშიზმზეც დაიწყეს ლაპარაკი. ეს სერიოზული ბრალდებაა და აუცლებელია იმისი განსაზღვრა, აქვს თუ არა ამ მოვლენას ჩვენში სოციალური და ზნეობრივი საფუძველი. ამ თვალსაზრისით უაღრესად საინტერესოა ის მოსაზრება, რომელიც 1933 წელს გამოთქვა ცნობილმა ფრანგმა მწერალმა ანდრე მარლომ, როცა საფრანგეთში ფაშიზმის არსებობის თაობაზე ჟურნალ „ავან-პოსტის“ შეკითხვას უპასუხა: „მე მგონია, რომ საფრანგეთში ფესვგადგმულია გაუგებრობა, ერთის მხრივ, ფაშიზმზე არსებულ წარმოდგენასა და, მეორე მხრივ, ძლიერი მთავრობის იდეას შორის. ფაშიზმს მე ვუწოდებ მოძრაობას, რომელიც აიარაღებს და ორგანიზებას ახდენს წვრილი ბურჟუაზიისა, პრეტენზიას აცხადებს იმაზე, რომ მართოს მისი სახელით, მიმართოს თავისი ძალისხმევა პროლეტარიატთან და კაპიტალიზმთან საბრძოლველად“. როგორც ხედავთ, ზუსტი განმარტებაა და წარმოაჩენს ფაშიზმის სოციალურ დასაყრდენსა და ორგანიზაციულ მხარეს, ანუ იმ სპეციფიურ ხასიათს, რაც ზემოხსენებულ მოძრაობას ახასიათებდა. ჩვენში, მოგეხსენებათ, მსგავსი რამე არ იყო და არ არის. სამაგიეროდ, ჯერ კიდევ ბოგინობენ საქართველოში კომუნისტური ორგანიზაციის ნაშთები. სხვათა შორის, საქართველოში არც კომუნიზმს გააჩნდა და გააჩნია სოციალური და ზნეობრივი საფუძველი. ის რუსული წითელი არმიის ხიშტებით იქნა შემოტანილი და დამკვიდრებული და უდიდესი უბედურება მოუტანა ქართველ ერს. როგორც კი საშუალება მოგვეცა, ჩვენ უარვყავით „სკპ“, - საქართველოში რუსული პოლიტიკის გამტარებელი ორგანიზაცია. ამიტომ მიმაჩნია საქართველოს მოსახლეობის შეურაცხყოფად ისეთი ორგანიზაციების არსებობა, როგორიცაა კომუნისტური პარტია და საზოგადოება „სტალინი“.
საქართველოს მოსახლეობის შეურაცხყოფა სხვაგვარადაც ხდება: შენიშნული მაქვს, ბევრ ქართველს არად უღირს თანამემამულე და უცხოელს ზედ არის გადაყოლილი. ასეთი საქციელი ტოლერანტობა არ არის, ეს სნობიზმია. ამ ბოლო დროს, კვლავ მწვავედ დადგა ერთ დროს მესხეთში მცხოვრებ თურქთა და გათურქებულ ქართველთა უკან დაბრუნების საკითხი. მესხეთში მცხოვრები ეს ხალხი რუსეთის კომუნისტური იმპერიის პოლიტიკის შედეგად იქნა გადასახლებული შუა აზიაში. იმავე იმპერიამ ისინი იქიდან აჰყარა, რომ საქართველოში შემოესახლებინა და ამ გზით აქ ეთნიკური დაპირისპირება გამოეწვია. ასეთ გადაწყვეტილებას თავისი საფუძველი ჰქონდა: თურქებსა და ქართველებს შორის მესხეთში არსებობდა ურთიერთდაპირისპირება, რომლის დროსაც ქართველები იჩაგრებოდნენ. ამიტომ ახლა, როცა თურქთა დაბრუნებაზეა ლაპარაკი, იქაური ქართველები ჩივიან, თურქები გვავიწროვებდნენო, მაგალითებიც მოჰყავთ და შეძრწუნებულნი ელიან მათ დაბრუნებას. ამ ისტორიასთან დაკავშირებით შენიშნული მაქვს, ძალიან ბევრი ქართველი საზოგადო მოღვაწე და პოლიტიკოსი, როცა ამ თემაზე მოსაზრებას გამოთქვამს, ყოველთვის თანაგრძნობას გამოხატავს კოლონიურ-კომუნისტური რეჟიმის მსხვერპლთა მიმართ, გმობენ მათ გადასახლებას, უკან დაბრუნებას კი, - გადაუდებელ საქმედ მიიჩნევენ და სიტყვას არ ამბობენ იქაური ქართველების პრობლემების გამო. იქმნება შთაბეჭდილება, რომ მათ არ ენაღვლებათ ის, თუ რა დღეში აღმოჩნდებიან მესხეთში ქართველები, როცა იქ თურქები დაბრუნდებიან... ტოლერანტობა კარგია, ის ქართული ხასიათის თვისებაა, მაგრამ როცა ამ თვისებას ვინმე სპეკულაციური მიზნით იყენებს, ჩვენი ეროვნული ინტერესების ხარჯზე, ეს უკვე პოლიტიკური თაღლითობაა, რომელიც საქართველოს მოსახლეობის ღირსების შელახვად უნდა იქნეს მიჩნეული.
არ უნდა შეურაცხგვყოფდეს უკვე ნახსენები სოციალური პრობლემები, რომლებიც საქარველოს მოსახლეობას ისეთ ტვირთად დააწვა, რომ იძულებული გახადა საარსებო წყაროს საძებრად უცხოეთში წასულიყო... აქ გონივრული იქნება თუ გავიხსენებთ ფრანგი მწერლისა და პოლიტიკოსის ლამენეს ნათქვამს: «ის რესპუბლიკა, რომლის მოქალაქეთ საკუთარი საქმეების გაძღოლა არ შეუძლიათ, ვერ იცოცხლებს და მალე დაიღუპება», ასე რომ, მოსახლეობის ღირსების დაცვას დიდი მნიშვნელობა აქვს და, თუ საგანგებო კანონს არ შემოვიღებთ, იმდენი მაინც უნდა გაკეთდეს, რომ ხალხმა თავი დამცირებულად არ იგრძნოს.
ეროვნული იდეის ერთ-ერთ მთავარ ამოცანად უნდა იქცეს მსოფლიო საზოგადოების წინაშე „საქართველოს საკითხის“ ანუ, იმ პრობლემების რიგის წამოჭრა და დამკვიდრება, რომელთა მოგვარებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს და რომელთა გადაწყვეტა ცივილიზებული სამყაროს თანადგომის გარეშე შეუძლებელია, მითუმეტეს, რომ საქართველოს, მსოფლიოში, არსებითად, ახლა ეცნობიან. ჩვენზე ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ, არც ჩვენი წარსული იციან და ბოლომდე ვერც ჩვენს წინაშე მდგარი ამოცანების არსში გარკვეულან. სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ მიუხედავად საუკუნეთა მანძილზე დასავლეთთან და აღმოსავლეთთან ინტენსიური ურთიერთობისა, ვერ შევძელით საქართველოს საკითხის დამკვიდრება, ვერ გავაკეთეთ ის, რაც სხვადასხვა დროს დიდი წარმატებით შეძლეს სხვა ერებმა, კერძოდ: იტალიელებმა, ირლანდიელებმა, ებრაელებმა, პოლონელებმა, ფინელებმა, სომხებმა, ლიტველებმა, ლატვიელებმა, ესტონელებმა, - რომლებიც ზოგჯერ ჩვენზე რთული პრობლემების წინაშე იდგნენ. ახლა კი, ამას ქურთები აკეთებენ. ამ ერებმა შეძლეს მსოფლიო საზოგადოების დახმარების შედეგად თავიანთი პრობლემის მეტ-ნაკლებად მოგვარება. ჩვენ კი, ამ მხრივ ,ახლა ვდგამთ პირველ ნაბიჯებს: ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის ბრძოლა; საქართველო, როგორც ევრაზიის შემაკავშირებელი დერეფანი აბრეშუმის გზითა და ნავთობსადენით; დასავლურ სამყაროში ინტეგრაციის მცდელობა - ეს არის „საქართველოს საკითხის“ შემადგენელ თემათა ნაწილი, დანარჩენი კიდევ ჩამოსაყალიბებელია და, საერთოდ, ამ მხრივ, გასაკეთებელი კიდევ ძალიან ბევრია, რასაც მრვალი ადამიანის დიდი ძალისხმევა ჭირდება.
პირველ რიგში უნდა გამოვცეთ სოლიდური ჟურნალი, რომელშიც გამოქვეყნდება ქართულად თარგმნილი უცხოურ პრესასა და ლიტერატურაში საქართველოზე გამოთქმული ყოველგვარი მოსაზრება, - რაც მოგვცემს საშუალებას წარმოდგენა ვიქონიოთ იმის თაობაზე, თუ ვინ რას ფიქრობს ჩვენს შესახებ, - იქნება ეს მტერი თუ მოყვარე. შემდეგ ისიც უნდა შევძლოთ, რომ პასუხი გავცეთ მიუღებელ მოსაზრებებს ან უსაფუძვლო ბრალდებებს და, ამ გზით დავიცვათ ეროვნული ღირსება და სახელმწიფოებრივი ინტერესები. ამისი გაკეთება ან იმ ქვეყნების პერიოდული გამოცემების საშუალებით უნდა შევძლოთ, სადაც საქართველოზე რაიმეს წერენ, ან კიდევ მსოფლიოს რამდენიმე ძირითად ენაზე გამომავალი ქართული ჟურნალი უნდა შევქმნათ და, ამ გზით გავავრცელოთ ჩვენი შეხედულებანი.
ეროვნული იდეის მიზანი ისიცაა, რომ საქართველოს მოსახლეობა ეროვნული სიმბოლიკის არსს ჩასწვდეს და მის მიმართ პატივისცემის გრძნობა გაუღვივდეს. სამწუხაროდ, ჩვენში ცოტანი თუ ერკვევიან სახელმწიფო სიმბოლიკის რაობაში და კიდევ უფრო ცოტა გამოხატავს მის მიმართ მოწიწებას... ამას თავისი მიზეზები ჰქონდა: ორივე რუსული ოკუპაციის წლებში ყველაფერი კეთდებოდა ეროვნულ ღირებულებათა დასავიწყებლად და, ცხადია, ეს სახელმწიფო სიმბოლიკასაც შეეხო. „პერესტროიკისა“ და მეორე რესპუბლიკის გამოცხადების დროს ამ პოლიტიკამ თავისი შედეგი გამოიღო და ცხადი გახდა, რომ ბევრი რამ საფუძვლიანად დავიწყებული გვქონდა. კერძოდ, პირველი რესპუბლიკის გერბი, დროშა და ჰიმნი. მაგრამ უბედურება ის იყო, რომ როცა გავიხსენეთ, გამოირკვა: ამ სიმბოლიკაზე გავრცელებულიყო ის უარყოფითი დამოკიდებულება, რაც მოსახლეობას პირველი რესპუბლიკის სოციალ-დემოკრატიული ხელისუფლებისადმი ჰქონდა... ამას დაემატა გაღიზიანება, რომელსაც იწვევდა დროშის კოლორიტი, - აღსავსე დრამატიზმით... გერბის კომპოზიცია და ჰიმნის ტექსტი, - ლოზუნგური ხასიათის გამო. უკვე „პერესტროიკის“ დროს დაიწყეს სახელმწიფო სიმბოლიკის შეცვლის აუცილებლობაზე ლაპარაკი. მეორე რესპუბლიკის გამოცხადების შემდეგ კი ბარე ხუთი დადგენილება იქნა მიღებული ახალი სიმბოლიკის შემუშავების შესახებ, მაგრამ, რაც ყველაზე საინტერესოა, არცერთ ამ დადგენილებაში და არც უკვე გამოცხადებული ჰიმნის საკონკურსო პირობებში, არაფერია თქმული იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს ახალი სახელმწიფო სიმბოლიკა... არ არის შემუშავებული სათანადო კონცეფცია და ამის მიზეზიც ეროვნული იდეის არქონაა. ჯერჯერობით კი, აზრთა სხვადასხვაობაა: ზოგი შუა საუკუნეების ხანის დროშის და გერბის აღდგენას ითხოვს, ზოგი არსებულის დატოვებას, ზოგიც სრულიად ახლის შექმნას მოითხოვს. ჩემი აზრით, სახელმწიფო სიმბოლიკამ (თუ კი ახალს მივიღებთ) უნდა გაამთლიანოს ჩვენი ისტორია და ერთმანეთს დააკავშიროს მისი უმთავრესი ეტაპები. ეს, უპირველეს ყოვლისა, გერბზე ითქმის. ჰიმნის ტექსტში კი, უნდა აისახოს ის იდეალები, ჩვენთვის მნიშვნელოვანი რომ არის. თუ ახალ სიმბოლიკას ეს თვისება არ ექნება, ის ისევე შესაცვლელი გახდება, როგორც დღევანდელი და კიდევ: თუ საქართველოს მოსახლეობა არ შეეჩვევა დროშის, გერბისა და ჰიმნის პატივისცემას, სახელმწიფო სიმბოლიკის შეცვლას არანაირი აზრი არ ექნება. საუკუნის დამდეგს ინგლისელები მარტო ოფიციალურ შეხვედრებზე კი არა, ჩვეულებრივ კინოთეატრებში, ფილმის დაწყების წინ, ეროვნულ ჰიმნს ფეხზე მდგარნი ისმენდნენ. ეს შეიძლება ვინმემ მეტისმეტ პატრიოტიზმადაც მიიჩნიოს, მაგრამ ასე არ არის. ამ, თითქოსდა, ზედმეტობაში, ის დიდი და უპირობო ერთგულება იგრძნობა, რომელმაც ინგლისელებს შეაძლებინა აეძულებინათ მთელი მსოფლიო, პატივი ეცა მათი სახელმწიფო სიმბოლიკისათვის.
ეროვნული იდეის ღირებულებანი, პრინციპები და ინტერესები მხოლოდ ზემოხსენებული საკითხებით არ შემოიფარგლება. პირიქით, გაცილებით ბევრს მოიცავს და სწორედ ამაში ჩანს ამ იდეის აუცილებლობა, რომლის გარეშეც ვერანაირ სახელმწიფოს ვერ ავაშენებთ და ვერც ეროვნულ ენერგიას გამოვიხმობთ და მაინც, როგორც უკვე მოგახსენეთ, კოლონიურ-კომუნისტური იდეოლოგიური სინდრომის წყალობით ეროვნული იდეის გააზრების საჭიროება ყველასაგან მიღებული არ არის და ამ იდეის მოწინააღმდეგენი დაბეჯითებით ლაპარაკობენ იმაზე, რომ ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში არანაირი ეროვნული იდეა არ არსებობს, - რაც სწორი არ არის, რადგან ასეთი რამ ყველა სახელმწიფოს აქვს ოღონდ ჩვენთვის არატრადიციული ფორმით გამოვლენილი. ამიტომაც, ყურადღება უნდა მივაქციოთ ამ ფორმებს. ასე მაგალითად: 1954 წელს ცნობილმა იაპონელმა კინორეჟისორმა აკირა კუროსავამ გადაიღო გახმაურებული ფილმი „შვიდი სამურაი“, რომელმაც მთელი მსოფლიოს ეკრანები მოიარა, ამერიკელებმა ამ ფილმის რიმეიკის შექმნის უფლება შეიძინეს, რომელიც 1960 წელს გამოიყენა რეჟისორმა ჯონ სტერდჯესმა და შექმნა „შესანიშნავი შვიდეული“. თუ დავუკვირდებით ამერიკელთა საქციელს, დაფარულ მიზანსაც დავინახავთ: მათ სურდათ იმ ზნეობრივ ღირებულებათა მატარებელი ადამიანები, იაპონური ფილმის გმირები რომ არიან, ამერიკელები ყოფილიყვნენ... და ამერიკის წარსული ცხოვრების მაგალითზე უნდოდათ აესახათ სიკეთისათვის მიმდინარე ის უანგარო ბრძოლა, თანამედროვეთათვის მისაბაძი რომ უნდა ყოფილიყო. ცხადია, შესაძლებელი იყო ზნეობრივი მაგალითი მოსახლეობას უცხოურ ყოფაზე შექმნილი ამბავიდანაც აეღო, მაგრამ ირჩიეს ამერიკული კინოვერსიის შექმნა და ამით გაცხადდა მათი ეროვნული იდეის ერთი პრინციპიც: როგორც ამერიკელებს, ისევე დანარჩენ სამყაროს, სანიმუშოდ და გასააზრებლად ამერიკის ისტორია და ცხოვრების წესი უნდა ჰქონოდათ... თავიანთი ცხოვრების წესს ამერიკელები მთელს მსოფლიოში უწევენ პროპაგანდას და ყველა ხალხს სთავაზობენ მისაბაძად, რაც ხშირად გამაღიზიანებელიც არის, განსაკუთრებით - დიდი კულტურული ტრადიციების მქონე ერებისათვის. ამიტომაც, გააფთრებით ეწინააღმდეგებიან ამერიკელთა კულტურულ ექსპანსიას. ასე იქცევიან: ფრანგები, ესპანელები, იტალიელები, გერმანელები. ამ ერების ეროვნული იდეა ერთ-ერთ მთავარ ამოცანად მიიჩნევს საკუთარ კულტურულ ღირებულებათა დაცვას და პოპულარიზაციას. ამიტომ ეძიებდნენ და იპოვეს კიდეც საშუალება, რომელთა წყალობითაც ევროპულმა ხელოვნებამ შეძლო არ გამხდარიყო ამერიკულის კონკურენციის მსხვერპლი. საერთოდ, არ დარჩენილა ადამიანის მოღვაწეობის არც ერთი დარგი, სადაც ეროვნული ინტერესები არ გამომჟღავნებულიყოს. ამიტომ ყველა სახის ევროპული პროდუქცია კონკურენტუნარიანია და ევროპის ქვეყნები ინარჩუნებენ სამეურნეო და კულტურულ თავისთავადობას და თავადაც ცდილობენ, მიუხედავად არც თუ ძალიან დიდი ეკონომიკური პოტენციალისა, თვითონ იქცნენ მიბაძვის ობიექტად მეცნიერების, მრეწველობის, თუ კულტურის სფეროში. ასეთი პოზიცია აქვთ ცივილიზებული სამყაროს კუთვნილ არამარტო დიდ ქვეყნებს, არამედ ბევრად მცირესაც, რადგან ეთნოცენტრიზმს ყველა ერი მეტნაკლები სიმკვეთრით ავლენს, ოღონდ ეს მათ ხელს არ უშლის ზოგადსაკაცობრიო ღირებულებათა გათავისებაში და მშვიდობიან კეთილმეზობლურ თანაცხოვრებაში.
თანამედროვე სამყაროში ეროვნული იდეა ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოჩინდება. მათი მეშვეობით გასაგები ხდება მისი გამოვლენის ფორმები, საშუალებები და მასშტაბები.
ეროვნული იდეის შემადგენელი ღირებულებების, პრინციპებისა და ინტერესების გააზრება და განხორციელება ჩვენს პირობებში, უპირველეს ყოვლისა, „ალტრუისტული ეთიკის“ მქონე ადამიანების საქმეა, იმათი, ვისაც ძალუძს საზოგადო საქმისათვის მსხვერპლის გაღება. ადამიანის ფაქტორი ამ შემთხვევაში გარკვეული მნიშვნელობის მქონეა, რადგან საქმე გვაქვს იდეის ისეთ პროპაგანდასთან, რამაც ამ იდეას მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მხარდაჭერა უნდა მოუპოვოს. ამასთან, ასეთი ადამიანები განსაკუთრებულნი სულაც არ არიან. ლაპარაკია იმათზე, ვისაც სიტუაციის შესაფერისი მოქმედება შეუძლიათ და პიროვნული შესაძლებლობების გამოვლენისათვის საკუთარი ადგილის პოვნა სჭირდებათ. სხვათაშორის, იმ უამრავი პრობლემის წინაშე, დღეს რომ ვდგავართ, იმიტომაც აღმოვჩნდით, რომ საქართველოში, ცუდად ორგანიზებული სახელმწიფო და საზოგადოებრივი ცხოვრების, გამო მეტად ძნელია ადამიანის თვითგამოხატვისათვის სათანადო პირობების შექმნა. რამდენადაც ძნელია, იმდენად აუცილებელია ისეთი ადამიანის იდეალის შექმნა, რომელიც ამას ახერხებს ჭკუის, ძალისა და სოციალური აქტიურობის შედეგად, - ნებისმიერ დაბრკოლებას გადალახავს და მიზანს აღწევს (ცხადია, მიზანი ღირსეული უნდა იყოს). ასეთი გმირებით არც ლიტერატურისა და არც ხელოვნების მიერ განებივრებულნი არა ვართ. კოლონიურ-კომუნისტური რეჟიმის დროს მათი შექმნა შეუძლებელი იყო და არც დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ გაკეთებულა რაიმე. ამიტომ ახლა უნდა გაკეთდეს: ლიტერატურაში, თეატრში, კინოსა და ტელევიზიაში უნდა შეიქმნას სახე ჩვენი თანამედროვე თანამემამულისა, ვინც გაუსაძლის ყოფასთან არსებობისათვის გამართულ ბრძოლაში ღირსეულად იმარჯვებს, ვინც გაჭირვების ჟამს უცხოეთს შეაფარა თავი და ახლა, გამდიდრებული და სახელმოხვეჭილი, სამშობლოსა მოისწრაფვის. საერთოდ, საქართველოში დაბრუნების თემა საგანგებო თემაა; იმდენმა ქართველმა დატოვა სამშობლო, რომ ახლა, საქართველო აღთქმულ მიწად იქცა. ამ მიწას უნდა დაუბრუნდეს ქართველობა. ჩვენ გვჭირდება მხატვრული სახე სოციალურად აქტიური, ქმედითუნარიანი ქართველისა, ჯარისკაცისა თუ ბიზნესმენისა, პოლიციელისა თუ მეცნიერისა, ხელოვანისა თუ მეზღვაურისა, ინჟინრისა თუ პოლიტიკოსისა. ის თავის საქმეში ჭკუის, ცოდნის, პროფესიონალიზმის წყალობით გამარჯვებული იქნება. გვჭირდება გმირი, რომელიც უყვართ, და რომელსაც ძალუძს უყვარდეს. ეს აუცილებელია, რადგან უზარმაზარი ძალა აქვს მაგალითს, ხოლო ხალხს იდეალი სჭირდება, - და თუ ასეთად ზნემაღალი, ძლიერი და პატრიოტი გმირი არ იქცა, მის ადგილს სხვა დაიკავებს; და არა მარტო ლიტერატურისა და ხელოვნების მეშვეობით მოხდება ასე, არამედ თავად ცხოვრებამ შეიძლება წარმოშვას ისეთი ადამიანები და გააიდეალოს მათი საქმეები, ვინც ამას არ იმსახურებს: XX საუკუნეში, საქართველოში შეინიშნება ერთი უჩვეულო მეტამორფოზა საშუალო ადამიანისა, საპირისპიროდ შტეფან ცვეიგის მოსაზრებისა რომ: - „საშუალო ხასიათი, პირიქით, თავისი ბუნებიდან გამომდინარე, განკუთვნილია მშვიდობიანი ცხოვრებისათვის, მას არ სურს, ის სრულიად არ საჭიროებს დიდ დაძაბულობას, ის უპირატესობას მიანიჭებდა ჩრდილში მშვიდად ცხოვრებას, უქარიშხლოდ, ბედის ზომიერი დაძაბვით. ამიტომ ის თავს იცავს, ამიტომ ის შეძრწუნებულია, ამიტომაც გარბის, როცა უხილავი ხელი მორევში უბიძგებს“. ჩვენებური საშუალო-გასაოცარ სოციალურ აქტივობას იჩენს, მიუხედავად იმისა, რომ არანაირი უნარი არ ჰქონდა - არც ერუდიცია, არც ნიჭი და არც სხვა რამ თვისება, - გარდა თავხედობაში გადასული სითამამისა. ის არათუ ახერხებს საზოგადოებრივ ასპარეზზე დამკვიდრებას, არამედ ასეთმა საშუალოებმა საბედისწერო გავლენაც მოახდინეს ქვეყნის ბედზე; ასეთმა ადამიანებმა საუკუნის დამდეგს დიდად შეუწყვეს ხელი ერის ცნობიერების გახლეჩას იმით, რომ ეროვნული და სოციალური პრობლემები ხელოვნურად დაუპირისპირეს ერთმანეთს. ასეთმა ადამიანებმა იმდაგვარად წარმართეს პირველი რესპუბლიკის პოლიტიკა და მიიყვანეს ის 1921 წლის კატასტროფამდე. შემდეგ ამ ტიპის ხალხი, მთელი სამოცდაათი წელი აშენებდა, პროვინციული კომუნიზმის „სამოთხეს“ საქართველოში. ასეთმა ადამიანებმა „პერესტროიკის“ და მეორე რესპუბლიკის დროს შეძლეს ყველა ტრადიციული თუ არატრადიციული ღირებულების დისკრედიტაცია: იმდენი პარტია შექმნეს საკუთარი კარიერისტული მიზნებით, რომ ყოველგვარი პოლიტიკური ორიენტაცია ფიქციად აქციეს, ხოლო მრავალპარტიული სისტემა - რაღაც არასერიოზულ მოვლენად. მათი წყალობით, კარგახანს გაურკვეველი იყო, საქართველო რესპუბლიკა უნდა ყოფილიყო თუ მონარქია. მოსახლეობას დაუკარგეს სახელმწიფო სიმბოლიკის მიმართ პატივისცემა, გამოიწვიეს სამოქალაქო ომი, დააბრკოლეს სახელმწიფო აღმშენებლობის პროცესი, ფლანგავენ კრედიტებს და მექრთამეობენ, თავიანთი უხეირობით ბევრად შეუწყვეს ხელი სამამულო ომში ჩვენს დროებით დამარცხებას და ტერიტორიების დაკარგვას, და ა.შ.
ასეთი ადამიანები მთელი საუკუნის მანძილზე, მის ყოველ ეტაპზე, მარჯვედ იყენებდნენ და იყენებენ პოპულარულ იდეებს, - დემაგოგიური მიზნით და პოპულარულ პიროვნებებს, რომელთაც ეტმასნებიან კარიერის მისაღწევად. პოლიტიკა მათთვის ყველა იმ სიკეთის საფუძველია, რასაც ძალაუფლება იძლევა და მეტი არაფერი... ისინი მანამ არიან რადიკალურნი, სანამ თანამდებობას მიიღებენ, ლოიალობას იქამდე ინარჩუნებენ, სანამდის ხელისუფლებაში არიან, მაგრამ როცა მოხსნიან და გააგდებენ, მერე იწყებენ საშინელი ამბების მოყოლას, რისი მოწმენიც თურმე ყოფილან, გვარწმუნებენ, რომ მხოლოდ მათ იციან ჭეშმარიტება და ასე ჭიქა წყალში ატეხილი ქარიშხლით ახსენებენ თავს მათი დავიწყების გულწრფელად მოსურნე საზოგადოებას. ამ ტიპის „მოღვაწეები“ ცხოვრების ყველა სფეროში აქტიურობენ. ისინი ქმნიან ფსევდომეცნიერულ შრომებს და სუროგატს ლიტერატურასა და ხელოვნებაში, უხარისხო ფალსიფიცირებულ პროდუქციას მრეწველობაში. რაც მთავარია, ისინი იკავებენ სხვის ადგილს და, უკვე ამით ქმნიან კრიზისს ყველგან, სადაც კი ბოგინობენ. ესენი წარმოადგენენ აგრესიული დილეტანტიზმისა და კონფორმიზმის გასაოცარ ნიმუშს.
ადამიანის ასეთი ტიპი ასახა ქართულმა ლიტერატურამ: გიორგი ნახუცრიშვილს რომანში „მგელკაცა“ ერთი მოქმედი პირი ჰყავს - ცაცა!.. თუმცა ამ პერსონაჟს სხვა (მამაკაცური) სახელიც აქვს - სტეპკო, იმიტომ რომ „კუკნებას“ და „ქალალოსაც“ ეძახდნენ, არამამაკაცური ქმედებების გამო, საბოლოოდ ცაცა შერჩა სახელად. 18 წლის ასაკამდე წერა-კითხვა არ იცოდა, ხოლო როცა შეისწავლა „ერთხელ გზაზე გაზეთის ნახევი იპოვა და სიხარულით გადაირია, როცა ნახევზე დაბეჭდილის წაკითხვა და გაგება შესძლო“. მისი კარიერის გზა ასეთია: ჯერ შინამოსამსახურეა, წვრილი ბურჟუაზიის ნდობით აღჭურვილი პირი, სოციალური ბოღმით აღვსილი, სხვისი ქონების ხელში ჩაგდების სურვილის გამო, გარევოლუციონერდება, მაგრამ, როცა 1905 წლის რევოლუცია დამარცხდება, ცაცა ძველი რეჟიმის ერთგული ხდება და ყოფილ თანამებრძოლებს კატორღის გზას გაუყენებს, შემდეგ რუსეთში ცდილობს გამდიდრებას, ბოლშევიკურ გადატრიალებას საქართველოში გამოექცა, მეორე რუსული ოკუპაციის შემდეგ თავისუფლებისათვის მებრძოლთა შორის აღმოჩნდა, მაგრამ ბრძოლის სირთულით დაშინებული, ჯაშუში ხდება და ბოლოს, ყოფილ თანამებრძოლთა შურისძიებას ემსხვერპლება.
ასეთია ამ პერსონაჟის ცხოვრება და, როგორც ხედავთ, გმირული არც მის ხასიათშია და არც საქმიანობაში. ამიტომ მოსაწონი, მისაბაძი და გასაიდეალებელი არაფერი აქვს, მაგრამ თუ მსგავსი ტიპები ჩვენი საზოგადოებრივი ცხოვრებიდან არ განიდევნებიან, თუ მათ მიერ უკანონოდ მითვისებულ ადგილს ისინი არ დაიკავებენ, ვისაც ეკუთვნის, მაშინ ცაცათა არმია თავის უძლეველობას დაიჯერებს და, რაც ნამდვილი უბედურება იქნება, მოსახლეობაც დაიჯერებს ამას. ასე რომ არ მოხდეს, ამიტომაცაა საჭირო ნამდვილი გმირის იდეალის შექმნა.
გვჭირდება ეროვნული იდეა, სხვაგვარად ვერც დემოკრატიულ სამართლებრივ სახელმწიფოს ავაშენებთ, რადგან ის ორიენტირიც არის და გამბედაობას, გამარჯვების რწმენას და სურვილს უნერგავს მოქალაქეს. ქართველებს ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე ბევრჯერ გაგვიმარჯვნია და მარცხიც ბევრი გვიწვნევია, ოღონდ ეს მაშინ მომხდარა, როცა ბოლომდის ვერ ვაცნობიერებდით იმ პრობლემის არსს, რომლის მოგვარებაც ეროვნული ინტერესებით იყო ნაკარნახევი და ამიტომ, არც რწმენა გვქონდა მაშინ საკუთარი თავისა. ასეთი შემთხვევის მეტად საინტერესო მაგალითს გვაწვდის პროკოფი კესარიელი“ გოთებთან ომის“ VIII წიგნში, სადაც აღწერს ლაზიკაში რომაელებისა და ქართველების სპარსელებთან ომის ეპიზოდს, როცა გუბაზ მეფემ ბრძოლის დაწყების წინ ასეთი სიტყვით მიმართა ლაზებს: «მე არ ვიცი, ვაჟკაცებო, საჭიროა თუ არა კიდევ რჩევა-დარიგებით მოგმართოთ თქვენს აღსაფრთოვანებლად, ვინაიდან, მე ვფიქრობ, რომ არავითარი მოწოდება აღარ ესაჭიროება იმათ, ვინც გარემოებითაა უკვე აღფრთოვანებული. საფრთხე არსებობს ცოლებისათვის, შვილებისათვის, სამშობლო ქვეყნისათვის და, ერთი სიტყვით, ყველაფრისათვის, რის გამოც სპარსელებმა ჩვენზე იერიში მოიტანეს... დაე, ნუ აღიგვება სახელი ლაზთა. ძნელი არ არის, ვაჟკაცებო, სპარსელების წინააღმდეგ ბრძოლა ჩვენთვის, ხშირად გაგვიმარჯვნია მათზე ხელჩართულ ბრძოლაში... ერთხელ დამორჩილებული სიამაყე, ჩვეულებრივ, ვეღარ აღორძინდება. მაშ, იქონიეთ ეს მხედველობაში და შეებრძოლეთ მოწინააღმდეგეს აღვსილნი კეთილი იმედებით“. მაგრამ სწორედ ამის გაკეთება გაუჭირდა ქართველთა მხედრობას და მტრის დანახვაზე სწრაფად უკუქცეულმა ცხენოსნებმა არევ-დარევა შეიტანეს თავისიანთა რიგებში. რა იყო მათი სამარცხვინო გაქცევის მიზეზი? იქნებ ის, რომ „ერთხელ დამორჩილებული სიამაყე, ჩვეულებრივ ვეღარ აღორძინდება“ და მრავალგზის რომაელთა და სპარსელთა ხელში ნამყოფი ქვეყნის შვილებს გაუჭირდათ პირველებს დაერტყათ და გაემარჯვნათ მტერზე. თუმცა, ამ ომში რომაელებმა და ქართველებმა გაიმარჯვეს. ჩახშობილი ღირსების კომპლექსმა, მაინც იჩინა თავი. ისევე, როგორც მრავალგზის იჩენდა ხოლმე თავს შემდეგ, რადგან უფრო ხშირად დამორჩილებული იყო ჩვენი სიამაყე... ამიტომ, ახლა უნდა აღორძინდეს ის, რამეთუ მხოლოდ გამარჯვებულ ერს ძალუძს გამოავლინოს ის სასიცოცხლო ენერგია, რომელიც ესოდენ გვჭირდება იმისათვის, რომ შევძლოთ და ჩვენი ყოფა შევცვალოთ, რათა შეიცვალოს ჩვენი ცნობიერებაც, რაც არის უპირველესი პირობა საქართველოს აღორძინებისა.
1996-1998 წწ.
2000 წლის მინაწერი: ეროვნული იდეა ანუ ღირებულებების, პრინციპებისა და ინტერესების ერთიანი სისტემის გააზრება იმიტომაც გვჭირდება, რომ ის ერის შემაკავშირებელი, გამაერთიანებელია, ერთგვარი დუღაბია. ამასთან, ის არეგულირებს ნებისმიერ პოლიტიკურ, რელიგიურ, კულტურულ და ეკონომიკურ პრობლემას, რომელიც მთელი ერისა და ცალკეული ქართველის წინაშე დადგება. ეროვნულ იდეას ძალუძს, ადამიანის უფლებებისა და საქართველოს მოქალაქის ვალდებულებებს შორის დამაბალანსებელი ფუნქციის შესრულება. ეროვნული იდეა ერისა და მისი სახელმწიფოს თავდაცვის პირველი სისტემაა. ამას კი დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან სულ უფრო ინტენსიურ ხასიათს იძენს სხვადასხვა ცენტრებიდან მომდინარე პოლიტიკური, იდეოლოგიური, რელიგიური, კულტურული, სამეურნეო და საყოფაცხოვრებო ხასიათის ზემოქმედებანი... ეს ახალი ამბავი არ არის. კაცობრიობის ისტორიული განვითარების მანძილზე, მსგავსი რამ მრავალჯერ მომხდარა. თუმცა, ეს ზემოქმედებანი ძირითადად რეგიონალური მასშტაბისა გახლდათ, უფრო იშვიათად მსოფლიოს გარკვეულ ნაწილებსაც მოიცავდა. იყო შემთხვევა, როცა ორმა სახელმწიფომ, ევროპის გამოკლებით, დედამიწის დანარჩენი ნაწილის ერთმანეთში გადანაწილება შესძლო, ვგულისხმობ ესპანეთსა და პორტუგალიას შორის ქ. ტორდესილიასში 1494 წელს და ქ. სარაგოსაში 1529 წელს დადებულ ხელშეკრულებებს... დღევანდელი გლობალიზაციის პროცესიც ამდაგვარი გადანაწილების შედეგია. მსოფლიოს ხალხები, რომლებიც სხვადასხვაგვარი გავლენის ობიექტები ხდებიან, განსხვავებულად რეაგირებენ თავიანთ მდგომარეობაზე. ასე იყო წარსულშიც. გარდასულ დღეთა ამბები ბევრ მაგალითს გვაწვდის იმისას, თუ მაშინ, ანალოგიურ სიტუაციაში, ვინ როგორ მოიქცა და როგორ გადაწყვიტა მის წინაშე მდგარი პრობლემები. ამ თვალსაზრისით, ჩვენ - ქართველებს, გასააზრებელი ბევრი გვაქვს; ბრმად ნამდვილად არავის არ უნდა მივბაძოთ, მაგრამ ისტორიული გამოცდილება კი აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. თუნდაც იმიტომ, რომ მოპოვებულმა თავისუფლებამ და ამის შედეგად მსოფლიო პროცესებში ჩართვამ, მრავალი პრობლემის წინაშე დაგვაყენა. დასავლური სამყარო, რომლისაკენაც მივისწრაფვით, მატარებელია რიგი ისეთი ღირებულებებისა, რაც ჩვენთვის მიუღებელია... როგორ მოვიქცეთ ასეთ შემთხვევაში? ამ კითხვას პასუხი უნდა გაეცეს, რადგან საზოგადოებაში უკვე ყალიბდება გარკვეული დამოკიდებულება ამ საკითხისადმი, კერძოდ, სულ უფრო ბევრი მომხრე ჰყავს იზოლაციონისტურ პოლიტიკას, ეს მიაჩნიათ ხსნად... ვფიქრობ, ასეთი პოზიცია სწორი არ არის და უკვე ხსენებული კაცობრიობის წარსული ცხოვრება ამ თვალსაზრისითაც ყურადსაღებ მაგალითებს გვაწვდის. გავიხსენოთ იაპონიის ისტორიის ის მონაკვეთი, როცა ეს ქვეყანა იზოლაციის პოლიტიკას დაადგა. საკითხავია, რამ გამოიწვია ეს და რა მოუტანა ამან იაპონიას? იზოლაციის მოთხოვნილება უცხოელებთან და, კერძოდ, ევროპელებთან ურთიერთობამ წარმოშვა. ამათგან პირველები პორტუგალიელები იყვნენ, რომლებიც 1542 წელს მიადგნენ იაპონიის ნაპირებს. მოგვიანებით, ამას ესპანელებიც აკეთებენ. თავიდან იაპონელებმა გულთბილად მიიღეს ევროპელები და დააკმაყოფილეს მათი სურვილი, ჰქონოდათ მისიონერული საქმიანობის საშუალება. იაპონელები მაშინ შეშფოთდნენ, როცა ნახეს, რომ სხვა რელიგიის შემოჭრას, მოჰყვა ქვეყნის რელიგიური მთლიანობის დარღვევა. ამიტომ, იაპონიის ხელისუფლებამ შეზღუდა პორტუგალიელი და ესპანელი მისიონერების მოღვაწეობა. ხოლო, უკვე XVII საუკუნეში სიეგუნი იემიცუ ტოკუგავას მმართველობის წლებში (1623-1651) არათუ აკრძალეს მისიონერთა საქმიანობა, არამედ იაპონელებსაც სიკვდილით დასჯის შიშით აეკრძალათ უცხოეთში წასვლა. პორტუგალიელებს და ესპანელებს დაატოვებინეს იაპონია. იზოლაციონისტური პოლიტიკის მიზეზი ის იყო, რომ მისიონერების მიერ ქადაგებული ქრისტიანული რელიგიის ზოგიერთი გამათანაბრებელი იდეა გლეხებისა და ზოგიერთი სხვა ფენის წარმომადგენლებისათვის იქცა სოციალური ბრძოლის იდეოლოგიურ საფუძვლად. ასე იყო კუნძულ კიუსიუზე 1637 წელს გლეხთა აჯანყებისას, რომელშიაც 30 ათასი კაცი მონაწილეობდა და, რომელსაც მხარს პორტუგალიელები და ესპანელები უჭერდნენ... აჯანყების დამარცხებისა და უცხოელთა განდევნის შემდეგ, იაპონიაში აიკრძალა არატრადიციულ რელიგიათა ქადაგება. ამ გზით აღადგინეს რელიგიური მთლიანობა. რაც შეეხება უცხოელებთან ურთიერთობას, ის მოგვარდა მხოლოდ ჰოლანდიელებთან, რომლებიც რელიგიურ პროპაგანდას არ ეწეოდნენ. მათ ნება დართეს ევაჭრათ ერთ ნავსადგურში, კერძოდ ნაგასაკში.
რელიგიური მთლიანობის დარღვევის შიშმა იაპონიის მესვეურები აიძულა ჩაეკეტათ თავიანთი ქვეყანა უცხოელთათვის. ამას თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები ჰქონდა, რადგან იაპონელი ერი ხელოვნურ მდგომარეობაში აღმოჩნდა, ქვეყანა ისე ჩაიკეტა, რომ შემდეგ, თითქმის 220 წელი, მისი «გახსნა» ევროპამ და ამერიკამ ვერ შეძლეს. თუმცა, ცდა ამისა არა ერთხელ ჰქონდათ. საქმე იქამდე მივიდა, რომ 1825 წელს სეიგუნმა ბრძანება გამოსცა მოეგერიებინათ უცხო ქვეყნის გემების ნებისმიერი ცდა, შეჭრილიყო იაპონიის ნავსადგურებში, მაგრამ მალე გამოირკვა, იზოლაცია პანაცეა არ იყო: ევროპის სახელმწიფოებმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ის შესძლეს, რასაც ადრე ვერ ახერხებდნენ. 1853 წელს კომანდორ პერის ამერიკული ესკადრა იაპონიის ნაპირს მიადგა, იაპონიის მესვეურს წარუდგინა თავისი მთავრობის მოთხოვნები, რომლებიც ქალაქ ედოსაკენ (იაპონიის დედაქალაქი) მიმართული ზარბაზნებით იყო მხარდაჭერილი... ერთი წლის შემდეგ პერიმ ულტიმატუმი წაუყენა სეიგუნის ხელისუფლებას და 1854 წლის 31 მარტის ხელმოწერილი ხელშეკრულებით აიძულა, გაეხსნა ამერიკასთან სავაჭროდ ნავსადგურები სიმოდა და ხაკიდატე. ამის შემდეგ, ანალოგიური ხელშეკრულებები იაპონიასთან, დადეს საფრანგეთმა, ინგლისმა და ჰოლანდიამ. სულ მალე იაპონიასთან არათანაბარუფლებიანი ხელშეკრულებების დადებაც დაიწყეს. ეს კი ქვეყნის დაკაბალებისა და დაპყრობის წინაპირობა იყო... იაპონიის მოწინავე ძალები იწყებენ ქვეყნის გადარჩენის გზების ძიებას. ასეთად იქცა 1868 წლის რევოლუცია და 1889 წლის კონსტიტუცია, რომელთა შედეგადაც დაიწყო იაპონიის პოლიტიკური, სოციალური, სამეურნეო და კულტურული ცხოვრების გარდაქმნა. ამ პროცესმა მოსპო იზოლაციის საჭიროება, რადგან ბოლო მოუღო ჩამორჩენილობას და განუვითარებლობას, იაპონია აქცია ძლიერ თანამედროვე სახელმწიფოდ, რომლის მოსახლეობასაც გაცნობიერებული აქვს ეროვნული ღირებულებები, პრინციპები და ინტერესები. ასეთ ერს არანაირი იდეოლოგიური დივერსიისა არ ეშინია, ის დაცულია და, შესაბამისად, მას არანაირი იზოლაციონისტური პოლიტიკის გატარება არ სჭირდება. იაპონიის მაგალითი ჩვენთვის ბევრი რამით უნდა იყოს საინტერესო: აშკარაა, ვერანირი იზოლაციონისტობა ჩვენ ვერ გვიშველის და მსოფლიოს განვითარების თანამედროვე ეტაპზე ამისი გაკეთება არსებითად შეუძლებელია. ამასთან, ქართველ ერს თავისი ისტორიული ცხოვრების მანძილზე არასოდეს დასდგომია თვითიზოლაციის გზას და, ბუნებრივია, ის ამას ვერც ახლა გააკეთებს. მაშასადამე, გვრჩება ერთი გამოსავალი: ეროვნული იდეის გააზრება და მის საფუძველზე შინაგანი განვითარების პროცესის სტიმულირება. თუ ეს შევძელით, მაშინ ვერაფერს დაგვაკლებს ვერც იდეოლოგიური, ვერც რელიგიური, ვერც კულტურული და ვერც ეკონომიკური ექსპანსია.
![]() |
4 ეროვნული იდეა და მოუხმობელთა პრობლემა საქართველოში |
▲ზევით დაბრუნება |
„შეგნებული გადაწყვეტილება მოაზროვნე და მამაცი ადამიანების განადგურების თაობაზე, არც ერთ ეთნოსს არ მიუღია, იღუპებიან კი ისინი, მოვლენათა ლოგიკის შედეგად“.
ლევ გუმილიოვი
ადამიანების ბედის განმსაზღვრელ მოვლენას ნებისმიერ ეპოქაში თავისი ლოგიკა აქვს, ოღონდ, შედეგია ხშირად ერთი და იგივე: იმათი დამარცხება, ფიზიკური ან მორალური სიკვდილი, ვინც სხვაზე ბევრად უკეთ მოაგვრებდა ამა თუ იმ საკითხს და იმათი გამარჯვება, აღზევება, წარმატებული კარიერა, ვისაც ამის გაკეთება არ ძალუძს...
ძნელი ასახსნელია, თუ რატომ ხდება ასე. მიზეზი შეიძლება ვეძიოთ პოლიტიკურ, სოციალურ, რელიგიურ, კულტურულ და ზნეობრივ პრობლემებში, რომლებიც დროის ამა თუ იმ მონაკვეთში ამა თუ იმ ქვეყანაშია აქტუალური;
ონორე დე ბალზაკის „ადამიანურ კომედიაში“ ერთი მოთხრობაც შედის, „ზ. მარკასი“. მოცულობით პატარა ნაწარმოებია, მაგრამ დიდი ცხოვრებისეული სიმართლის მთქმელი: ეს არის ისტორია პოლიტიკოსად დაბადებული ადამიანისა, რომელსაც არ გააჩნია რა სათანადო კაპიტალი იმისათვის, რომ კარიერა გაიკეთოს, იძულებულია თავისი ნიჭი და უნარი სხვა, მასზედ ბევრად ნაკლები ღირსებების მქონე, მაგრამ ჯიბესქელ ვიგინდარებს მოახმაროს იმ იმედით, რომ ოდესმე ამათი დახმარებით თავად შეძლებს დამოუკიდებელ პოლიტიკურ მოღვაწეობას. მარკასის სანუკვარი ოცნება თავზარს სცემს მის უნიჭო „პარტნიორს“, რომელიც კარგად ხვდება, რომ, თუ ხელს შეუწყობს მარკასს, მაშინ თვითონ მოუწევს ჩრდილში დარჩენა, ამიტომ ყოველმხრივ ხელს უშლის თავის კეთილისმყოფელს, - რაც საბოლოოდ, მარკასის პოლიტიკური კარიერის კრახის, მის უკიდურეს გაჭირვებაში ჩავარდნის, მორალურად და ფიზიკურად გატეხვის, დაავადებისა და სიკვდილის მიზეზი ხდება. ბალზაკის ამ ლიტერატურულ პერსონაჟს უამრავი რეალური პროტოტიპი ჰყავდა, რომლებიც სოციალურმა პრობლემებმა აქციეს მოუხმობლად.
მოთხრობაში, მოქმედება XIX საუკუნის ოცდაათიანი წლების საფრანგეთში მიმდინარეობს, როცა ამ სახელმწიფოს უკვე გამოვლილი ჰქონდა ორი რევოლუცია, რომელთა ერთ-ერთი მიზანი იმ დაბრკოლებათა დაძლევა იყო, ადამიანებს შესაძლებლობათა გამოვლენის საშუალებას რომ უსპობდა და მაინც, მარკასის ბედს მრავალი ადამიანი იზიარებდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ისეთ განვითარებულ ქვეყანაში, როგორიც იმ დროის საფრანგეთი იყო, მოუხმობელთა პრობლემა მწვავედ იდგა და გარკვეულწილად სტიმულირებული იყო უნიჭო კარიერისტების მიერ ნიჭიერთა კუთვნილი ადგილების დაკავებით... როგორც ჩანს, ამისი ატანა შეეძლო სახელმწიფოს. ეს მასზე დამღვპველად არ მოქმედებდა, რადგან მაშინაც და შემდეგაც კონსტრუქციული ძალები ბევრად სჭარბობდნენ დესტრუქციულს, განმანათლებელთა იდეებით გზაგაკვალული ფრანგი ერი საკმაოდ ავლენდა ეროვნულ ენერგიას და მიდიოდა აღმავლობის გზით. მაგრამ სხვა, და ისეთი ერის შემთხვევაში, რომელსაც არც სათანადო იდეოლოგია გააჩნია და არც სახელმწიფო აქვს, - დამღუპველია; ყოფა, რომელიც წარმოშობს მოუხმობელთა პრობლემას შესაცვლელია. მიზანი, რომელიც ერის წინაშე დგას (მითუმეტეს, თუ ეს ერი თავისუფლებისათვის იბრძვის) მიღწეულ უნდა იქნეს სათანადო ნიჭის მქონე ადამიანების ძალისხმევით და არა შემთხვევითი ხალხის ავანტიურისტული შემართების შედეგად. რადგან, სხვის ადგილზე მყოფი ბედისმაძიებლები საბოლოო ჯამში დააბრკოლებენ ნებისმიერ გონივრულ წამოწყებას და ეროვნულ კატასტროფას გამოიწვევენ.
XIX-XX საუკუნეების საქართველოს ისტორია ამისი ნათელი მაგალითია: პირველი რუსული ოკუპაციის შემდგომ, როცა საქართველოში დაიწყო ღირებულებათა გადაფასების პროცესი, მთელი სიმწვავით იჩინა თავი ახალი იდეოლოგიის შექმნის აუცილებლობამ და მთელი გასული საუკუნის მანძილზე ყველაზე აქტუალურ საკითხად იქცა.
იდეოლოგია თავდაპირველად რომელიმე კლასის ან სოციალური ფენის ინტერესებს გამოხატავს და შემდეგ ხდება მისი გათავისება მოსახლეობის დანარჩენი ნაწილის მიერ. ასე არის ყველგან და ამ კანონზომიერებას ვერც ჩვენ გავექცევით.
დამოუკიდებლობადაკარგულ საქართველოში ქართულმა არისტოკრატიამ ერის ელიტამ, როგორც სამხედრო ადმინისტრაციულმა ძალამ თავისი სოციალური ფუნქცია დაკარგა. ხოლო როცა დამოუკიდებლობის აღდგენისათვის, თავად-აზნაურობის მიერ წარმოებული ბრძოლა მარცხით დამთავრდა, აშკარა გახდა, რომ ეს კლასი ერის წინამძღოლი ვეღარ იქნებოდა და ის უნდა შეეცვალა სხვას. ეს სხვა, ანუ ეროვნული ბურჟუაზია საკმაოდ გვიან ჩამოყალიბდა ჩვენში. ამასთან, ის არასოდეს ყოფილა ისე ძლიერი, რომ ერის წარმმართველ კლასად ქცეულიყო... ხოლო იმ იდეოლოგიურ ღირებულებათა პროპაგანდა მისთვის არსებითი მნიშვნელობისა რომ იყო, ვგულისხმობ ფრანგ განმანათლებელთა იდეებს, მათი პროპაგანდის საქმეს ჩვენი ყოფის პარადოქსულობიდან გამომდინარე ქართული არისტოკრატიის წარმომადგენლებმა მოჰკიდეს ხელი... ისინი კარგად იცნობდნენ ვოლტერის, ჟან-ჟაკ რუსოს, მონტესკიეს ნაწარმოებებს თავად-აზნაურ ინტელექტუალებს შემოჰქონდათ ახალი ფასეულობანი და ამ ნააზრევით საზრდოობდნენ თავიანთი ლიტერატურული და პოლიტიკური საქმიანობისას (გავიხსენოთ 1832 წლის შეთქმულების მონაწილეები), ისინი ახალ სოციალურ ფუნქციასაც იძენდნენ, -კერძოდ, მათგან იწყება ეროვნული ინტელიგენციის კადრების დაკომპლექტება ინტილიგენტია ლათინური სიტყვა .... - მიხვედრილობა, განიმარტება, როგორც «სოციალური ფენა, რომელიც შედგება გონებრივი შრომის მუშაკებისაგან; იმ პირთაგან, რომელთაც აქვთ ცოდნა მეცნიერებისა და კულტურის სხვადასხვა დარგში». ამ ფენისადმი მიკუთვნებულ ადამიანთა რიცხვი სულ უფრო მატულობდა. ერთის მხრივ გაღატაკებულ არისტოკრატთაგან, მეორეს მხრივ კი, სამღვდელოებისა და გლეხთა წოდებიდან გამოსულთაგან. უბედურება ის იყო, რომ ეს ადამიანები, იშვიათი გამონაკლისის გარდა, მთლიანად სახელმწიფო სამსახურზე, ან შემთხვევით შემოსავალზე იყვნენ დამოკიდებულნი. უფრო მყარი მატერიალური დასაყრდენი მათ არ გააჩნდათ. გასული საუკუნის სამოციან წლებში, საქართველოში ბატონყმობის გაუქმების შემდეგ, ეს ფენა სულ უფრო მრავალრიცხოვანი ხდება, ამავე დროს ის ერთგვარი არ იყო,- არც სოციალური წარმოშობით და არც გარემომცველი რეალობისადმი დამოკიდებულებით. ის არც კლასი იყო და არც იდეოლოგია ჰქონდა ერთიანი: თუ ილია ჭავჭავაძე და 60-იანელები იღვწოდნენ ქართველთა შორის ერთობისათვის, ეროვნული თვითშეგნების გაღვივების, მოსახლეობის განათლებისა და კულტურის აყვავების, მეურნეობისა და მრეწველობის განვითარების, ზნეობის ამაღლების, ჩვენში ფეხგადგმული ეროვნული ნიჰილიზმის აღმოფხვრისათვის, რომ ქართველობა შემძლებელი ყოფილიყო დამოუკიდებლობის მოპოვებისა და სახელმწიფოს აღმშენებლობის. ქართული ინტელიგენციის მეორე ნაწილი მიემხრო რუსეთიდან შემოსული ე.წ. „ნაროდნიკულ“ მოძრაობას, რომელიც რუსეთში ეროვნული რეაქცია იყო ფორმაციის შეცვლისა და კაპიტალიზმზე გადასვლის სირთულით გამოწვეული. ამიტომ, „ნაროდნიკები“ კაპიტალიზმს მიიჩნევდნენ რუსეთისათვის მიუღებლად, გლეხურ თემს, - მის ალტერნატივად, და ჰქონდათ ნიჰილისტური დამოკიდებულება სახელმწიფოში არსებული სოციალურ-პოლიტიკური სისტემისადმი; დამკვიდრებული ღირებულებისა და ცხოვრების წესისადმი. თავიანთ იდეებს ისინი ხალხში ქადაგებით ავრცელებდნენ.
საქართველოში „ნაროდნიკობის“ გავრცელებას იგივე სოციალური მიზეზები უწყობდა ხელს. ამასთან დაკავშირებით თავის „მოგონებებში“ იაკობ მანსვეტაშვილი წერდა: „ამ მოძღვრებამ ჩვენში კარგი ნიადაგი მოიპოვა, ხალხში სიარული, გლეხებში ახალი მოძღვრების გავრცელება, არც ისე ძნელი საქმე იყო. ნუ დავივიწყებთ, რომ უმრავლესობა მოსწავლე ახალგაზრდობისა სოფლის ღვიძლი შვილები იყვნენ, სოფელს არ იყვნენ მოწყვეტილნი. კარგად იცოდნენ მისი ავი და კარგი. კარგად ესმოდათ მისი დარდი და ნაღველი, ისიც არ იყო მათთვის საიდუმლოდ, თუ ვინ იყო ხალხის მჩაგვრელი, რა აწუხებდა მას, რა სტანჯავდა, რა იყო მუდმივი მისი საზრუნავი და სანატრი“.
ამრიგად, უკიდურესმა გაჭირვებამ, ყოველდღიურ წინააღმდეგობათა გადალახვის ვერშემძლებლობამ, შიშმა კაპიტალიზმისადმი და დაბნეულობამ, - ძირითადად, გლეხური და პროვინციული წარმოშობის ქართველ ინტელიგენტთა შორის, რუსულ „ნაროდნიკობას“ იმდაგვარი მნიშვნელობა მიანიჭა, რომელიც ყველა თავსატეხს აგვაცილებდა და სწორ გეზს დაგვისახავდა... რაც ცხადია, შეცდომა იყო, რადგან ქართველებისათვის კაპიტალიზმის უარყოფა კი არა, პირიქით, მისი დამკვიდრება წარმოადგენდა შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალს! მაგრამ, სამწუხაროდ, ახალ ფორმაციაზე გადასვლის არანაირი გააზრებული გეგმა არ გვქონდა და, ამიტომაც გაგვიჭირდა ისტორიული პროცესის არსში გარკვევა! ამის გამო გახდა შესაძლებელი გავრცელებულიყო ქართველთა შორის მოძრაობა, რომელიც ჩვენში იმდაგვარად რადიკალური არ ყოფილა თავად რუსეთში რომ იყო. სამაგიეროდ ნიჰილიზმი აღმოჩნდა ის სენი, რომლის გავრცელებამ, ეროვნული ცნობიერება კიდევ უფრო დააკნინა და ერის ორად გახლეჩას შეუწყო ხელი. რუსი რევოლუციონერი პეტრე კროპოტკინი თავის წერილში „ნიჰილიზმი და ნიჰილისტები“ ასე განმარტავს რუსეთში ამ მოვლენის წარმოშობისა და გავრცელების მიზეზებს: „ბატონყმობა გაუქმებული იყო, მაგრამ ორსაუკუნენახევრის განმავლობაში მან წარმოშვა მონობისაგან შექმნილი ჩვეულებებისა და წესების მთელი სამყარო. აქ იყო ადამიანის პიროვნულობის აბუჩად აგდებაც, და მამათა დესპოტიზმიც, და ცოლების, ქალიშვილების და ვაჟიშვილების მხრიდან თვალთმაქცური მორჩილება. XIX საუკუნის დასაწყისში ყოფითი დესპოტიზმი დასავლეთ ეროპაშიაც ბატონობდა. ამის უამრავი მაგალითი მოგვცეს თეკერეიმ და დიკენსმა, მაგრამ ის ისე საუცხოოდ არსად არ აყვავებულა, როგორც რუსეთში. მთელი რუსული ცხოვრება - ოჯახში, უფროსისა და დაქვემდებარებულის ურთიერთობაში, ოფიცერისა და ჯარისკაცისა, მეპატრონისა და მუშაკის - იყო ამით გაჟღენთილი. შეიქმნა უუფლებობაზე დაფუძნებული მთელი სამყარო წესებისა და ჩვეულებებისა, აზროვნების საშუალებათა, ცრურწმენათა და ზნეობრივი შიშისა. თვით იმ დროის საუკეთესო ადამიანები დიდ ხარკს უხდიდნენ ბატონყმობის ამ ზნეობას. მის წინააღმდეგ კანონი უძლურია. მხოლოდ მძლავრ საზოგადოებრივ მოძრაობას, რომელიც დარტყმას მიაყენებდა თავად ბოროტების ფესვს, შეეძლო შეექმნა ყოველდღიური ცხოვრების ჩვევები და წესები და რუსეთში ამ მოძრაობამ - ბრძოლამ ინდივიდუალობისათვის - მიიღო ბევრად უფრო მძლავრი ხასიათი, გახდა უფრო დაუნდობელი თავის უარყოფაში, ვიდრე სადმე სხვაგან“.
ძველის, და დრომოჭმულის უარყოფა, ცხადია, კარგია, მით უმეტეს, რომ ჩვენში მრავლად იყო ბატონყმობისდროინდელი, ფეოდალურ შეხედულებათა გადმონაშთები და სანამ ღირებულებათა გადაფასება არ მოხდებოდა, ახალ ფორმაციას ფეხს ვერ ავუწყობდით, გადაფასების პროცესი საქართველოში 60-იანელებმა დაიწყეს და „მამათა და შვილთა“ ბრძოლაც ატყდა. ოღონდ, რაც მაშინ მოხდა, იმას ნიჰილიზმის აღორძინება არ მოჰყოლია, რადგან ილია ჭავჭავაძე და მისი თანამოაზრენი ერთ ღირებულებას მეორეთი ცვლიდნენ, ახალ პრინციპებს და ინტერესებს ამკვიდრებდნენ. მათგან განსხვავებით ქართველი „ნაროდნიკების“ ერთი ნაწილი ამჟღავნებდა ნიჰილისტურ დამოკიდებულებას არა მარტო დრომოჭმულის, არამედ მარადიული ეროვნული ღირებულებების მიმართ. ამას საშინელი დამანგრეველი შედეგი მოჰყვა ქართველთათვის, გამომდინარე იქიდან, რომ ვართ უკიდურესი ინდივიდუალისტები. რუსულმა „ნაროდნიკობამ“ კი, რომელიც პიროვნების ინდივიდუალობისათვის მძლავრ ბრძოლას ეწეოდა ჩვენს სინამდვილეში: პროვინციალიზმის, სნობიზმის, ეროვნული ცნობიერების დაქვეითების პირობებში ხელი შეუწყო ქართველთა ეგოცენტრისტულ მისწრაფებათა გამოვლენას უაღრესად ავანტიურისტული, თავისი არსით ანტისაზოგადოებრივი შინაარსით, ამის ნათელი დადასტურებაა ივანე ჯაბადარის მიერ 1889 წელს რუსულ ჟურნალ „სევერნი ვესტნიკი“-ში გამოქვეყნებული წერილი „პისმა ო გრუზიი“, რომელშიაც ნიჰილისტური თვალთახედვით არის გააზრებული საქართველოს ისტორია, წარსული რეალიები და ამ უარმყოფლობაში აშკარად იკითხება თავისუფლებისათვის ბრძოლის უარყოფაც. ილია ჭავჭავაძემ გამანადგურებელი პასუხი გასცა ამ ნაბოდვარს, მაგრამ ამით ეროვნული ნიჰილიზმის დამარცხება ვერ მოხერხდა, პირიქით XIX-XX საუკუნეების შესაყარზე საქართველოში უაღრესად ნაყოფიერი ნიადაგი შეიქმნა ამ მოვლენისათვის: საყოველთაო სიდუხჭირე, იდეოლოგიური დასაყრდენის არქონა, რუსული კოლონიალიზმის დამანგრეველი ზემოქმედება, ქართული ინტელიგენციის ლუმპენიზირებულ და ეროვნულთვითშეგნებადაქვეითებულ ნაწილს უბიძგებდა ერის ინტერესების დაცვის მაგიერ, რაც უაღრესად ძნელი და საშიში იყო, აქცენტი სოციალური პრობლემებისაკენ გადაეტანა, ამ ბრძოლაში ეძებნა დასაყრდენი და მოკავშირე ანალოგიური ინტერესების მქონე ძალებთან რუსეთში. ეს მათ აქტიური მოქმედების საშუალებას აძლევდა და ბევრად უხიფათოს ხდიდა მათ საქმიანობას. ამრიგად, ისინი გადაიქცნენ რუსეთიდან შემოსულ პოლიტიკურ მიმდინარეობათა ნაწილად. უბედურება ის იყო, რომ რუსული „ნაროდნიკობისა“ და შემდგომში სოციალ-დემოკრატიული მოძრაობის მიზანი არასოდეს არ ყოფილა ქართველთა ინტერესებისათვის ბრძოლა. ამით აიხსნება ამ მიმდინარეობათა წევრი ჩვენი თანამემამულეების ნიჰილისტური დამოკიდებულება ეროვნული პრობლემებისადმი. რუსულ რევოლუციურ ორგანიზაციებში ჩაბმული ქართველები ეგუებოდნენ რეალობას, კომფორმისტები ხდებოდნენ და, რადგან ისინი ქართველები იყვნენ, მათი შეგუება, რომელიც ეროვნულ ინტერესთა უარყოფას ითხოვდა, ერთობ აქტიურად მიმდინარეობდა, ამასთან იმდენად, რომ ამან მკვეთრად გამოხატული აგრესიის ხასიათი მიიღო და ამიტომ მათი მოქმედება აგრესიულ კომფორმიზმად უნდა მივიჩნიოთ...
იმათი დამახასიათებელი თვისება, ვინც ამ გზას დაადგა, ზედაპირული ცოდნა გახლდათ და ყველა თეორიის ფრანგ განმანათლებელთა იდეებით დაწყებული, მარქსისტული მოძღვრებით დამთავრებული საყველპურო გაცნობით შემოიფარგლებოდა. აღარაფერს ვამბობ ისტორიის, დიპლომატიის, იურისპრუდენციის, სოციოლოგიის, ფსიქოლოგიის, სოფლის მეურნეობის, ლიტერატურისა და ხელოვნების საკითხების უკეთეს შემთხვევაში ცუდად ცოდნაზე, უარეს შემთხვევაში კი, საერთოდ არცოდნაზე... ეს კარგად ჩანს როგორც ქართველი „ნაროდნიკების“, ასევე სოციალ-დემოკრატების „მოღვაწეობის“ მაგალითზე.
დრამატურგის ირონია მათ მიმართ ასე გამოიხატა:
კოწია: ბიჭო, ეს ჩვენი სოციალისტი არაა, კარლო ყაყუტაძე?
პაპუნა: კი, ბატონო, კარლოა...
კეკელა: (კარლოს), მაინც, რა გნებავთ?
კარლო: ბევრი არაფერი. ეს ორი წელიწადია, რაც ჩემი წიგნები ადიკოს აქვს და... ძალიან მჭირდება. განსაკუთრებით მარქსის „კაპიტალი“ შეირჩინა, შეირჩინა...
კოწია: ბიჭო, კიდე არ მეიშალე... ი მაქსიმეა თუ რაღაც, იმის ამბავი?.. (იხ. შალვა დადიანი, „გუშინდელნი“, უფრო სერიოზული შეფასება კი ასეთია: ცნობილი ქართველი პოლიტიკური მოღვაწე, შემდგომში ემიგრანტი რეზო გაბაშვილი თავის მემუარებში უაღრესად საინტერესო მაგალითს გვაწვდის ამ დილეტანტი რევოლუციონერების საზოგადოებრივი აქტიურობისას: „პირველი, რაც მაგონდება პოლიტიკური ცხოვრებიდან, არის ის „საგანმანათლებლო წრეები“ („პროსვეტიტელნიე კრუჟკი“), რომელიც მოდაში იყო ოთხმოცდაათიან წლებში. ვინმე, ჩვენზე უფროსი თაობიდან, ჰკრეფდა 15-25-დე მოწაფე ქალ-ვაჟს და სადმე ოჯახში, ამაღელვებელი „საიდუმლოების“ ატმოსფეროში გვიკითხავდნენ „რეფერატებს“ ისეთ საგნებზე, რასაც სკოლებში არ გვასწავლიდნენ და... აკრძლული იყო. მახსოვს, ერთ-ერთ ასეთს რეფერატს გვიკითხავდა, სადღაც, ანჩისხატთან მოსახლე ოჯახში - ვინმე ლევან ციციშვილი, „მშვენიერი ორატორი, თარზე საუცხოვოდ დამკვრელი, მომღერალი და ლამაზი კაცი“, როგორც გვიხასიათებდნენ... ახალგაზრდა ქალებისა და ვაჟების წინასწარ მისაზიდავად... მაშინდელი „პროპაგანდისტები“. „საზოგადოება“ სულგანაბული ველოდით, როცა ზარი დაირეკა და რამდენიმე ქალმა შემოიყვანა მოწიწებით... ლევან, ლევან, ლევანია... გაისმოდა ჩურჩული.
მართლაც, მოგვესალმა მშვენიერი, წარმოსადეგი ვაჟკაცი და ... რვეულიდან გვიკითხავდა ნაცნობსა და უცნობ ამბებს, საცა ისეთი უცნაურობაც იყო გარეული, რომ... მაშფოთებდაერთი - ერთმანეთთან შეუსაბამობით: ქვეყნის ტრიალი, ... ეკონომიკური ურთიერთობა, ...სამართლიანობა, ...მტრედების ბუნებრივი, თავისუფალი სიყვარული, „უღვდლოდ და უქორწინოდ»... ტანისამოსის არა-ბუნებრივობა და ხელოვნურობა, როცა „ადამიანი უნიფხოდ და უპიჯაკოდ იბადება“-ო და სხვადავხსა.
მე ძალიან მორიდებული ვიყავი მაშინ, მაგრამ 16-17 წლის სიჭაბუკემ ვერ მომათმენინა და... ამისთანა რეფერატების დროს „ჩვეულებრივი“ კამათი რომ გაიმართა, სიტყვა მოვითხოვე.
- როგორ, ბატონო ლევან!... უფროსი, განათლებული ადამიანი... გვიკითხავთ მოხსენებას... და არ ფიქრობდ იმაზედ, რომ აქ, გარდა უფროსი მოწაფეებისა (ვამბობდი ნაწყვეტ-ნაწყვეტად, აღელვებისაგან)... არიან გოგო-ბიჭებიც 12-13 წლისა... და რა უნდა დაიხსომოს, მაგალითად, გენო შატბერაშვილმა მთელი თქვენი მოხსენებიდან, ჩემთვისაც ძნელად გასაგებიდან, - გარდა იმისა, რომ... „ბუნებრივად უნიფხოდ უნდა იაროს და მტრედებს მიჰბაძოს?... ეს „განათლებული წრე“ კი არა, გარყვნილების წრეს ემსგავსება.
ზალაში ალიაქოთი ასტყდა, ბატონმა ლევანმა აკრიფა თავისი რვეულები და, გაბუტული მეორე ოთახში გავიდა... ქალები ჯერ იმას აშოშმინებდნენ, - დიასახლისები - მერე მე მისაყვედურებდნენ, რომ „ისე ვერ გავიგე“ (?) და... „უფროს კაცს შეურაცხყოფა მივაყენე“ და სხვა.
კრება დაიშალა და ამის შემდეგ ამ წრეში მე აღარ მპატიჟებდნენ; მგონია, აღარც გენო შატბერაშვილს, რადგან შემდეგში ის „ფედერალისტკა“ გახდა და, თუმცა მტრედსა ჰგვანდა, კანონიერად იქორწინა ა.ჯ-თან.
მე სხვა „წრეებში“ დავდიოდი და დიდი დაგვიანებით გავიგე, რომ ბატონი ლევან ციციშვილი, თავადი, მეთარე, მომღერალი და ლამაზი ვაჟკაცი და „ქალების დუშკა“ - სოციალ-დემოკრატი ყოფილა“.
აი, ამის მსგავს „განმანათლებელთა“ არსებობა შესაძლებელია იმდაგვარ საზოგადოებაში, სადაც დიდი სულიერი კრიზისია და არანაირი იდეური ორიენტაცია ერს არ გააჩნია, არის სრული დაბნეულობა და უვიცობა, ქვეყანა ჩამორჩენილი და განუვითარებელია, ამიტომ შესაძლებელი ხდება სოციალური ფუნქციის არმქონე ადამიანების გააქტიურება. ზემოხსენებული ლევან ციციშვილი ტიპიური წარმომადგენელია დილეტანტთა იმ საკმაოდ მოზრდილი არმიისა, რომელიც XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისის საქართველოში საზოგადოებრივ ასპარეზზე გამოდიოდა და რუსეთიდან შემოტანილი იდეების ქართველი გლეხებისა და მუშებისათვის პროპაგანდის გზით, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი თვითდამკვიდრების საკითხს აგვარებდა... გამოიძებნეს რა „საქმე“, რომელიც მათ მეტს არავის და არაფერში სჭირდებოდა, გულმოდგინედ დაიწყეს საქმიანობა და გზიდან იმათი ჩამოშორება, ვინც ხელს უშლიდათ. აი, იმის მსგავსად, მსგავსად იმისა დიდი ხნის დემაგოგიური კამპანიის შემდეგ ილია ჭავჭავაძის მკვლელობა რომ შედგა 1907 წელს. დემაგოგია და ტერორი!.. აშკარად ისახება პოლიტიკაში მოსული ამ შემთხვევითი ადამიანების „სტილი“... გაიადვილეს რა თავიანთი რევოლუციური მოღვაწეობა ეროვნული პრობლემატიკის უარყოფით და სოციალურთან სრულიად ხელოვნური დაპირისპირებით, უსირცხვილო დემაგოგიისა და გასაოცარი აქტიურობის წყალობით ისინი მოექცნენ 1918 წელს აღდგენილი ქართული სახელმწიფოს სათავეში.
ეს ფაქტი ბუნებრივად ბადებს კითხვას: იმ ოცდაათი წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ეროვნული ნიჰილიზმის ტალღა აგორდა, ნუთუ ჩვენში არ არსებობდნენ ადამიანები, ვინც შეძლებდნენ გაეგრძელებინათ 60-იანელთა დაწყებული საქმე და წინ აღდგომოდნენ ანტიეროვნული შეხედულებების მქონე ადამიანების მოძალებას პოლიტიკურ ასპარეზზე? ცხადია, იყვნენ, მაგრამ მათ ამისათვის არ აღმოაჩნდათ საკმარისი ძალა. უბედურება ის იყო, რომ ერის ელიტარული ნაწილი ისევე იყო დეზორგანიზებული, როგორც მთელი მოსახლეობა. ისინი ხედავდნენ ახალი ფორმაციის დამკვიდრების სირთულეების წყალობით გამოწვეულ დაბნეულობას. მაგრამ ე.წ. რევოლუციონერთა იდეოლოგიურ დივერსიას ვერაფერი დაუპირისპირეს და არსებითად შეეგუენ მათ მოძალებას. მაგრამ მოხდა ისე, რომ სხვამ არ იგუა ღირებულებათა ასეთი გადაფასება და ანტიეროვნული ცნობირების ადამიანების მიერ ეროვნული საქმის ვითომკეთება.
ამის თაობაზე მეტად საყურადღებო ცნობაა დაცული უკვე ციტირებულ რევაზ გაბაშვილის მოგონებათა წიგნში. აი, რას წერს ის საქთრთველოში გერმანიის ჯარების მთავარსარდლის,ს კრეს-ფონ-კრესენშტეინის წინადადებაზე, რომლითაც მას მიუმართავს ნაციონალურ-დემოკრატიული პარტიის მესვეურთათვის: «თქვენი მთავრობა სრულებით არ ფიქრობს სახელმწიფოს აშენება-გამაგრებაზედ, არამედ მხოლოდ რევოლუციონურ ცარცვა-გლეჯაზედ. ამას ბოლო უნდა მოეღოს! მე ვხედავ, თქვენ არ გაქვთ საკმაოდ დიდი ორგანიზაცია, საბოლოო გადატრიალება მოახდინოთ. სამაგიეროდ, მე უკვე იმდენი ჯარი მყავს, 24 საათში შემიძლიან განვაიარაღო მაგათი გვარდიის ბანდები და, - ხელი გაიშვირა სასახლისაკენ, - თითო კამარაზედ, თითო მინისტრი ჩამოვკიდო. მაგრამ, ეს იქნებოდა გარეშე ძალის ჩარევა შინაურ საქმეებში, რასაც მე ვერ ვიზამ, როგორც საქართველოს მეგობარი. თუ თქვენ თვითონ მოახერხებთ, გინდ ერთი საათით სასახლის დაჭერასა და მთავრობის გარეკვას; გამოაცხადებთ ამ მომხდარ გადატრიალებას, მაშინ მე მთელი ჩემი უფლებითა და ჯარით დავიცავ ახალ რეჟიმს» - ალ. გაბაშვილმა და მისმა თანამოაზრეებმა ეროვნული უსაფრთხოების პრინციპებიდან გამომდინარე (სავარაუდო იყო, რომ უცხო ძალას მოიხმობდნენ მენშევიკებიც) უარი თქვეს შემოთავაზებულ წინადადებაზე, ისევე როგორც ბევრმა ქართველმა ინტელექტუალმა თქვა უარი პოლიტიკურ აქტიურობაზე საუკუნეთა შესაყარზე, და როგორც საქართველოს ისტორიის ამ და მომდევნო პერიოდების ანალიზი ადასტურებს ეს იყო შეცდომა, რადგან გონიერთა პასიურობა, უგუნურთა გააქტიურების პირობად იქცა. უდაოდ ჭეშმარიტებას ქადაგებდა მალბრანში როცა ამბობდა: „ადამიანმა საკმარისია მხოლოდ აღარ იმოქმედოს, რომ მას მაშინვე დინება წარიტაცებს“. სოციალ-დემოკრატიულმა დემაგოგიამ წალეკა მაშინ საქართველო და ეს ნიაღვარი უგზო-უკვლოდ მიაქანებდა უამრავ მოუხმობელ პიროვნებას, რომელთა თვითრეალიზებისათვის საჭირო პირობები ვერ შეიქმნა და ქვეყანა ხელში შერჩათ პროვინციელ დილეტანტებს. ამ ადამიანების დესტრუქციულმა საქმიანობამ დაქსაქსა ქართველობა, დაუთრგუნა მათ ეროვნული ღირსების გრძნობა, არ მისცა საშუალება დაეცვათ ძლივს მოპოვებული თავისუფლება, ყოველივე ამის შედეგად ისევ დავკარგეთ დამოუკიდებლობა. არადა, მაშინ საქართველოში თითქმის 2 მილიონამდე ქართველი ცხოვრობდა, ტერიტორია ბევრად მეტი გვქონდა. სოფლის მეურნეობა აკმაყოფილებდა სურსათზე მოთხოვნილებას. გვყავდა 7 ათასი კადრის ოფიცერი და შეგვეძლო ძლიერი არმიის შექმნა . ეს პოტენციალი არ გამოიყენეს მენშევიკებმა. მათმა რეჟიმმა ჩვენი ერის ერთი ცუდი სენიც წარმოაჩინა: კუთხურობა! სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრთა უმეტესობა ერთი პროვინციიდან, გურიიდან იყვნენ. ამავე პრინციპით დაკომპლექტდა მათ მიერ შექმნილი მთავრობა... რაც გაღიზიანებას იწვევდა და კიდევ ერთხელ გვიდასტურებდა იმ ჭეშმარიტებას, რომ კლასობრივად დაუფენებელ საზოგადოებაში ინტელიგენცია ვერ შეასრულებს კლასის როლს და ერის წამყვან ძალად ვერ იქცევა, რადგან მასზედ სულ ადვილად ზემოქმედებს სხვადასხვა სოციალური, იდეოლოგიური და, თუ გნებავთ, ეთნიკური ხასიათის ფაქტორები. თუ ამ დროს ერს არ გააჩნია თავისი ეროვნული იდეა, რომელიც გარდამავალ ეტაპზე მაორგანიზებელ ფუნქციას შეასრულებს, შეიქმნება ისეთი პოლიტიკური ქაოსი, როგორიც 1918-1921 წლების საქართველოში იყო და რომელმაც კომუნისტურ რუსეთს ჩვენი ქვეყნის დაპყრობა გაუადვილა. ისინი, ვინც რუსულმა ხიშტებმა მოიყვანა ხელისუფლებაში, ანუ ქართველი ბოლშევიკები, კიდევ უფრო მეტად უარყოფდნენ ეროვნულ პრობლემებს და იმ ადამიანებს, ვისაც ამ პრობლემის მოგვარება სურდათ. მათ მიერ დამყარებული რეჟიმის დასაყრდენი ტერორი იყო ამ საშუალებას მიმართავდნენ ყოველთვის, როცა ვინმე მათ რითიმე შეეწინააღმდეგებოდა. მუშათა კლასის ინტერესების დაცვის დემაგოგიური ლოზუნგით კომუნისტებმა გაუსაძლისი ყოფა შეუქმნეს ადამიანებს. მათ მიერ დამყარებული აბსურდული მმართველობის ფორმა ქართველ დრამატურგს პოლიკარპე კაკაბაძეს ასე აქვს პაროდირებული 1927 წელს შექმნილ თავის პიესაში „ყვარყვარე თუთაბერი“:
ყვარყვარე
ხალხი თავის მტერია, თუ არ მოწყესე, უჭკუო საქონელივით ხრამში გადავარდება...
თუ შნო გაქვს, ჯოხს თვითონ მოგცემს, ოღონდ ძალიან ჭკვიანად უნდა დაარტყა.
1-ლი რაზმელი
იმდენი ხალხი ერთ სარდაფში არ ეტევა!..
ყვარყვარე
კარი ხომ მიუხურე!..
I-ლი რაზმელი
როგორ არა!
ყვარყვარე
მაშ, თუ კარი მიუხურე, დაეტევა აწი, აპა რას იზამს?!
I-ლი რაზმელი
სასუნთქავ ფანჯარას მაინც გავუღებ, თორემ სულს ვერ ითქვამენ.
ყვარყვარე
მერე იქიდან, რომ გადმოცოცდნენ? არა მიხურე
I-ლი რაზმელი
ვინც სუსტი გულისაა, იმ სარდაფში მოკვდება.
ყვარყვარე
სუსტი გულის პატრონი პროლეტარიატს რად უნდა?! მეტ ტვირთად დააწვება. ახლა, ეს მითხარი: გინდა პროლეტარიატი რომ შეწუხდეს?
I-ლი რაზმელი
არ მინდა.
ყვარყვარე
აბა დადექი შენს ადგილზედ.
ის, რაც სატირის ქარცეცხლში იქნა გატარებული, ჩვენი ყოფა იყო მთელი 70 წლის მანძილზე, ხოლო „ყვარყვარიზმი“ პოლიტიკურ ავანტიურისტთა თვითგამოხატვის საშუალება.
ბოლშევიკების სახით ხელისუფლებაში მოვიდნენ კიდევ უფრო მეტად აგრესიული დილეტანტები და უსამშობლო ავანტიურისტები ვიდრე მენშევიკები იყვნენ. ისინი კარგად აცნობიერებდნენ, რომ მათ რეჟიმს საფრთხეს პატრიოტულად განწყობილი ინტელიგენცია, მიწათმფლობელი არისტოკრატია და ე.წ. მესამე წოდება - ბურჟუაზია, ხელოსნები და კულაკი გლეხები - წარმოადგენდნენ. ამიტომ დაიწყეს ამ სოციალური ჯგუფების ლიკვიდაცია. საგანგებო „ყურადღება“ მრავალრიცხოვან არისტოკრატიას მიექცა! ამ მხრივ საყურადღებოა საქართველოს კომპარტიის ცეკას მდივნის მიხეილ კახიანის არსებითად პირდაპირი მოწოდება ჩვენში მყოფი 120-130 ათასი არისტოკრატიული წარმოშობის მოქალაქის ფიზიკური განადგურების თაობაზე. ამას რომ აკეთებდნენ, ქართველი კომუნისტები ისინი ერთდროულად ორ კურდღელს კლავდნენ: ჯერ ერთი, სპობდნენ მათდამი მტრულად განწყობილ კლასს და მეორეც, როგორც მოგახსენეთ ქართული ინტელიგენციის დიდი ნაწილი არისტოკრატიული წარმოშობისა იყო და მათი განადგურებით თავიდან იცილებდნენ იდეოლოგიურ მოწინააღმდეგეებს. რაც შეეხება მესამე წოდების დევნას ქალაქად და სოფლად, გულმოდგინედ რომ აკეთებდნენ კომუნისტები, ამის მიზეზი კერძო მესაკუთრული ტენდენციების ამოძირკვის მცდელობა იყო, რათა ბოლომდე მიეყვანათ საზოგადოების ლუმპენიზაციის პროცესი. კარგად უწყოდნენ, რომ გაღატაკებული, უპოვარი და უქონელი ადამიანი ადვილად სამართავია. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში რამდენიმე ოჯახის გარდა შეძლებული არისტოკრატია არ იყო და ეროვნული ბურჟუაზიაც თითო-ოროლა კაცს თუ ეთქმოდა, მაინც გასაოცარი მონდომებით დაიწყეს მათი განადგურება. ეს უმიზნოდ არ გაკეთებულა. რუსეთის კომუნისტური იმპერია თავისი მარიონეტების ხელით სპობდა ქართველი ერის ელიტას, - არისტოკრატიულს, ფინანსურს, ინტელექტუალურს... ქართველობა ვერ შეეგუა ამ პოლიტიკას და არა ერთხელ აჯანყდა. 1924 წლის ამბოხის დამარცხების შემდეგ დამსჯელი რაზმის მეთაური, ვინმე დავითაია თავის უფროსობას მოახსენებდა: „თვითოეულ კომუნისტს გვწყუროდა ღვინოსავით გვესვა აჯანყებულთა სისხლიო“. ამ სისასტიკეში, ყველაფერთან ერთად, ისიც იკითხება, თუ როგორი სიძულვილი აქვს საზოგადოებრივ ასპარეზზე შემთხვევით (ამჯერად, რუსული ხიშტების წყალობით) დამკვიდრებულ ადამიანს ამ ასპარეზის კანონიერი მფლობელის მიმართ, რომელსაც კოლონიურ-კომუნისტური რეჟიმის პირველ ეტაპზე 20-იან-50-იან წლებში ფიზიკურად ანადგურებდნენ, ხოლო შემდეგ, 50-იან 80-იან წლებში ან საგიჟეთში ან საგანგებო ბანაკებში ამწყვდევდნენ ან კიდევ, და საუკეთესო შემთხვევაში, შესაძლებლობათა რეალიზების საშუალებას უსპობდნენ და ამ გზით ცოცხლად კლავდნენ. რუსეთის კომუნისტურ იმპერიაში მხოლოდ არსებული რეჟიმისადმი ერთგულ ადამიანებს ჰქონდათ კარიერის კეთების უფლება, რასაც მოკლებულნი იყვნენ არალოიალურნი. ვისაც არ შეეძლო შეგუებოდა კომუნისტურ იდეოლოგიას და მასზედ დაფუძნებულ ე.წ. „საბჭოური ცხოვრების“ წესს, ის ბევრს ვერაფერს მიაღწევდა და, რადგანაც ყველა ჭკვიანი და ნიჭიერი ადამიანი ვერ ახერხებდა ზნეობრივ კომპრომისზე წასვლას და გარემომცველი რეალობისადმი უპირობო შერიგებას, ისინი ყველანი მოუხმობლებად იქცნენ.
არანორმალური სოციალ-პოლიტიკური სისტემა გამორიცხავდა ქვეყნის მოსახლეობის სხვადასხვა კლასებად დაყოფას, აგრეთვე შიდაკლასობრივ დაფენებას და აქედან გამომდინარე, იზღუდებოდა ადამიანის პროფესიული არჩევანისა და საქმიანობის თავისუფლება, რაც ეს განაპირობებდა იმ წლებში ქართული საზოგადოების უაღრესად ცალმხრივ განვითარებას.
ორი საუკუნის მიჯნაზე 60-წლიანი პერიოდი კაპიტალისტური განვითარებისა არ აღმოჩნდა საკმარისი, რომ ჩვენი მენტალიტეტი შეცვლილიყო და მთელ რიგ ფეოდალური ხანის ღირებულებებზე უარი გვეთქვა. გავიმეორებ მრავალგზის ნათქვამს: შუასაუკუნეებისდროინდელი საყოველთაო მისწრაფება აზნაურობის მოსაპოვებლად, სოციალიზმის ხანაში გადაიზარდა დიპლომისა და სამეცნიერო ხარისხისათვის რძოლაში. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ კოლონიურ-კომუნისტურ პერიოდში ოფიციალურად დაშვებული სამი სოციალური ფენიდან, ანუ მუშების, გლეხებისა და ინტელიგენციისაგან, რომელიც ძირითად შემთხვევაში წარმოშობით ასევე მუშურ-გლეხური იყო, უპირატესობა ინტელიგენციას ენიჭებოდა, ის, ერის მოიაზრებოდა ელიტად და სწრაფვა ამ ფენისაკენ იმდენად მასობრივი იყო, რომ ჩამოყალიბდა უზარმაზარი სუბეთნოსი, რომელიც მოსახლეობის სულ ცოტა 10% შეადგენდა. ცხადია უკვე ამიტომ ის ერთი დონის, გნებავთ ერთნაირი მიზნებისა და მისწრაფებების ვერ იქნებოდა, მათში ჭეშმარიტი ინტელექტუალებიც იყვნენ და ფსევდოც... ნამდვილი მეცნიერ, შემოქმედ, და ამ სფეროში შემთხვევითი ფეხმოკიდებულნიც, ზნემაღალნიც და უზნეოც, კონიუქტურას გადაყოლილ და მოფრონდერო, რეჟიმის მონა-მორჩილიც და მისი გულწრფელი მოწინააღმდეგეც.
და იმიტომ, რომ ჩვენი ისტორიის ამ ეტაპზეც არ გაგვაჩნდა ეროვნული იდეა გასული საუკუნის თანამოძმეთა მსგავსად, თანამედროვე ინტელიგენციაც ათასგვარი იზმებისა და პირობითობების ზეგავლენისა და, განსაკუთრებით კი, სახელმწიფოზე მატერიალური დამოკიდებულების გამო, არათანმიმდევრული იყო იმ ზნეობრივი, ეროვნული, სოციალური, პოლიტიკური და რელიგიური ხასიათის პრობლემებისადმი აქტუალური რომ იყო. ამასთან აშკარად იგრძნობოდა შიდა ანტაგონიზმი, რომელსაც სოციალური და ზნეობრივი საფუძველიც ჰქონდა და რომელიც ამ სუბეთნოსის წიაღში მოუხმობელთა არსებობის დადასტურებაც იყო, შეგუების უნარს მოკლებული მოუხმობლები ხელისუფლებისაგანაც განიცდიდნენ ზეწოლას და შეგუების ნიჭით დაჯილდოებულ თანამოძმეთაგანაც. შესაძლებლობათა გამოვლენის უნარს მოკლებული ადამიანის ტრაგედიას აღწერს მიხეილ ჯავახიშვილი თავის „ჯაყოს ხიზნებში“, როცა წარმოაჩენს თეიმურაზ ხევისთავის დაკნინებისა და დაბეჩავების მიზეზებს: „თეიმურაზმა თავის დროზე სამსახურიც სცადა, მაგრამ მალე იგრძნო და გაიგო, რომ ის სხვის სკამზე იყო ჩამომჯდარი. ახალმა ქვეყანამ და თეიმურაზმა ერთმანეთისა ვერაფერი გაიგეს, ერთმანეთს გული და სული ვერ შეუგუეს და ვერ მოახვედრეს. ორივენი თითქოს სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობდნენ, თითქო სხვადასხვა ქვეყნისა და ჟამის სულითა და ხასიათით იყვნენ გაჟღენთილნი. ამიტომ იყო, რომ ერთს „ღვთის წყალობა“ მეორეს „ღვთის რისხვად“ ელანდებოდა, ხოლო მეორეს მადლი პირველს მატლად მიაჩნდა.
თეიმურაზმა რამდენჯერმე ფეხი გადაინაცვლა და სამეურნეო დარგში დაიწყო მუშაობა. ახალ სამსახურში თეიმურაზის ავლადიდება და ცოდნა გაჩხრიკეს და მალე დარწმუნდნენ, რომ ჭიანახრავმა მწიგნობარმა ყველაფერი იცოდა, მაგრამ ისიც მალე გაიგეს, რომ ახალ წესრიგს შეგუება არ ძალუძდა და არ შეეძლო“.
კოლონიურ-კომუნისტური რეჟიმისადმი შეუგუებლობამ ათასობით ადამიანი აქტიურ საქმიანობას ჩამოაცილა, მათი ცხოვრების გზა გაამრუდა და ისინი ქვეყნის მეორეხარისხოვან, არასრულფასოვან მცხოვრებლებად აქცია დაამცირა და შეურაცხჰყო. მისი ბედი ზემოხსენებული ლიტერატურული პერსონაჟის ბედს დაამსგავსა. თეიმურაზ ხევისთავს მე კიდევ მივუბრუნდები. ახლა კი ისიც უნდა ითქვას, რომ გარდა იმათი, ვისთვისაც ეს წყობილება მიუღებელი იყო, იყვნენ ისეთი ადამიანებიც, რომლებიც აშკარად არ უპირისპირდებოდნენ არსებულ სისტემას, მაგრამ ჩვენში ისეთი ყოფა იყო, რომელიც ნიჭიერ და შრომისმოყვარე ადამიანს უამრავ დაბრკოლებას უქმნიდა, გასაქანს არ აძლევდა, ყოველმხრივ ზღუდავდა და ეს არა იმიტომ, რომ კომუნისტებს უნიჭოები ერჩიათ ნიჭიერებს და დილეტანტები კიდევ პროფესიონალებს. ცხადია არა. მიზეზი ის გახლდათ, რომ თავად კოლონიურ-კომუნისტური რეჟიმის სპეციფიურობა განაპირობებდა დიდი რაოდენობით საშუალო შესაძლებლობების, მაგრამ ხელისუფლებისადმი ერთგულად განწყობილი ადამიანების მოხმობას. თავის მხრივ, ეს საშუალოობა გზას უხსნიდა და აღზევებაში ეხმარებოდა თავისივე მსგავსს (უპირველეს ყოვლისა, ნათესავ-მეგობრებს) და ხელს უშლიდა უფრო ნიჭიერი ადამიანების წინსვლას, რომელთაც კონკურენტებად აღიქვამდნენ. საზოგადოებრივი სელექციის ამ დაუწერელმა კანონმა იმ სამოცდაათი წლის მანძილზე ბევრად შეუწყო ხელი მოუხმობელთა არსებობას საქართველოში, დააბრკოლა ჩვენი მეცნიერებისა და კულტურის განვითარება და იმ დიდი სულიერი კრიზისის ერთ-ერთ გამომწვევ მიზეზად იქცა, დღესაც რომ ასე შემაწუხებელია.
რადგან მაშინ მეტად მწვავედ შეიგრძნობოდა მოუხმობელთა პრობლემა, ბუნებრივია, ამ საკითხის მოგვარებას მოსახლეობის გარკვეული ნაწილი მმართველი რეჟიმის დამხობას უკავშირებდა. 80-იანი წლების ბოლოს გააქტიურებულ ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას, უამრავი მოუხმობელი მიემხრო სრულიად გაცხადებული მიზნით: ეპოვნა საკუთარი ადგილი განთავისუფლებულ საქართველოში, მაგრა მოხდა პირიქით და კატასტროფულად გაიზარდა მათი რიცხვი. ამას თავისი მიზეზი აქვს: პლიტიკური ძალები, რომლებიც ეროვნული და დემოკრატიული ლოზუნგებით გამოდიოდნენ არენაზე, მოუხმობლებს მოიხმობდნენ,- რამდენადაც არჩევნებში ხმები ჭირდებოდათ, და როგორც კი მიაღწევდნენ საწადელს, ავიწყდებოდათ თავიანთი კეთილისმყოფელნი... ისევე როგორც წინასაარჩევნო დაპირებანი... ამიტომ ვერც იმ მაორგანიზებელი ძალის ფუნქციას ასრულებდნენ, რომელიც მოეთხოვებოდათ ასეთი ძალის არსებობა კი აუცილებელია; წინააღმდეგ შემთხვევაში სახელმწიფოებრივი აღმშენებლობისა და დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესი აუხდენელ ოცნებად გვექცევა.
დღეს საქართველოში კურიოზული სიტუაციაა: ერთის მხრივ, ის მოვიპოვეთ, რისთვისაც ვიბრძოდით. გამოვაცხადეთ დამოუკიდებლობა, მივიღეთ დემოკრატიული სამართლებრივი სახელმწიფოს კონსტიტუცია, რომლის ძალითაც მონიჭებული გვაქვს მრავალი უფლება და შეგვიძლია დასავლეთის ცივილიზებული ხალხების მსგავსად ოთხივე სექტორში (სახელმწიფო, კერძო, საზოგადოებრივი და მასმედია) ვცადოთ პიროვნულ შესაძლებლობათა რეალიზება. მაგრამ, მეორეს მხრივ, ეს არც ისე ადვილია და თვითრეალიზება ბევრად გაძნელდა: პოლიტიკის სფეროში მოღვაწეობის მსურველი აწყდება გაუგებარ საკადრო პოლიტიკას, რომლის წყალობითაც ბევრი თანამდებობისათვის სრულიად შეუფერებელი ადამიანი ბრწყინვალე კარიერას იკეთებს. ამის გამოა, რომ სახელმწიფო მოხელეთა დიდი ნაწილი დაკისრებულ მოვალეობას თავს ვერ ართმევს. ამასთან, მცირე ხელფასი აქვს და სულ ადვილად ეფლობა კორუფციის ჭაობში. რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიებს და ამ გზით ყველა დონის საკანონმდებლო ხელისუფლებაში მოღვაწეობას. ესეც მეტად ძნელია, რადგან პარტიები წარმოადგენენ ძირითადად ერთი (და არც თუ მაღალი) დონის ადამიანთა იმდაგვარ ჯგუფურ გაერთიანებას, რომელიც თავის წიაღში სხვათა შეღწევას (თუნდაც ნიჭიერი ადამიანებისას) გამორიცხავს, ამის გამო ვერც პოლიტიკური ცხოვრების კულტურა მაღლდება ჩვენში და ვერც მოუხმობლები პოულობენ თავიანთ ადგილს.
კერძო საქმიანობა ჩვენში აღარაა აკრძალული. ოღონდ, რამე რომ აკეთო, საწყისი კაპიტალი უნდა გქონდეს, კოლონიურ-კომუნისტური რეჟიმის დროს დიდი ფულის შოვნა მხოლოდ კრიმინალური გზით იყო შესაძლებელი. სხვაგვარად კაპიტალს ვერ დააგროვებდი. „პერესტროიკისა“ და დამოუკიდებლობის მოპოვების პირველ წლებში გაჩნდა კრედიტის მიღების საშუალება, მაგრამ ამ შემთხვევაში ვიღაცის „დახმარება“ იყო საჭირო. ძარცვა-გლეჯად ქცეულმა პრივატიზაციამ კერძო საქმიანობისათვის არათანაბარი პირობები შექმნა. ამ ყველაფრის გარდა კერძო სექტორში მოღვაწეობას ხელს ისიც უშლის, რომ უზომოდ დიდი გადასახადები რაიმეს წარმოებას აზრს უკარგავს; ხოლო მეწარმეს ძალაუნებურად უბიძგებს ყალთაბანდობისაკენ და ვისაც ეს არ ძალუძს იმას გაკოტრება ელის... ასე რომ, არც კერძო სექტორი იზიდავს მოუხმობლებს.
საქართველოში სამ ათასზე მეტი საზოგადოებრივი ორგანიზაციაა. ასეთი მრავალრიცხოვნება ნიშნავს იმას, რომ უამრავმა ადამიანმა ამ გზით სცადა შესაძლებლობათა რეალიზება. ეს არჩევანი ნამდვილად ურიგო არ არის, მაგრამ ამ სფეროსაც აქვს არსებითი მნიშვნელობის ნაკლი: როგორც ბიზნესში ისე აქ უფულოდ ვერაფერს გააკეთებ. სპონსორის ძებნა ჩვენს სინამდვილეში ფუჭი საქმეა. ამიტომ რჩება უცხოური ფონდების მიერ გამოყოფილი გრანტები, მაგრამ მათი მოპოვებაც იმდენად ძნელია, რომ ამას მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელი ორგანიზაციები ახერხებენ, ისიც (როგორც ამბობენ), პოლიტიკური ორგანიზაციების მხარდაჭერით, ან ამ ფონდების თანამშრომლებთან ნაცნობობისა და ახლობლობის გზით. ორივე ეს საშუალება ყველასათვის ხელმისაწვდომი არ გახლავთ. ის „რჩეულთა“ ხვედრია, დანარჩენები დაუფინანსებელნი რჩებიან. ასე რომ უსახსრობის გამო არც მესამე სექტორია ჩვენში მოუხმობელთა მოხმობის საშუალება.
სამწუხაროდ, არც პრესა, ტელევიზია და რადიო აღმოჩნდა მოუხმობელთა მოხმობისა და მხარდაჭერის ეფექტური ფორმა. მართალია, რამდენიმე ასეული გაზეთია რეგისტრირებული, მაგრამ ისინი ტყუპისცალებივით გვანან ერთმანეთს, მათი ინტერესის საგანია: სკანდალური ქრონიკა და ჭორები, ჩვენი ყოფა-ცხოვრება ცალმხრივად არის გააზრებული, შიშველი ფაქტის კონსტატაცია და ძალიან ცოტა ანალიზი. ბევრ გაზეთს აწერია დამოუკიდებელი, მაგრამ მათში აშკარად იკითხება ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის ინტერესები. ამას გარდა, გაზეთებში ვრცელი ანალიტიკური წერილის მიტანა უაზრობაა, რადგან დიდიაო და, არ დაბეჭდავენ... და ბოლოს, ჩვენს პრესაში აშკარად და დაუფარავად მიმდინარეობს ავტორთა ინტელექტუალური ექსპლუატაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ წერილი დაგიბეჭდეს ჰონორარს ნამდვილად არ მოგცემენ... ეს და ამისი მსგავსი სიმახინჯენი იმისი ბრალია, რომ მასმედია უფუნქციო დილეტანტების ასპარეზად იქცა და ჩვენში გამომავალი გაზეთების აბსოლუტური უმეტესობა, როგორც არ უნდა იყოს დასათაურებული, ერთფეროვნებით ხასიათდება.
რაც შეეხება ტელე და რადიო გადაცემებს, მათ აშკარად აკლიათ პროფესიონალიზმი და ბევრ შემთხვევაში იმეორებენ ყველა იმ ნაკლს ჟურნალ-გაზეთებს რომ ახასიათბს. ასევე ცოტაა მათში ანალიტიკური და შემეცნებითი ხასიათის გადაცემები და ისინი უმეტესწილად უცხოური ვიდეო და აუდიო პროდუქციით გადიან ფონს.
ტელეკომპანიები ერთი რამითაც იქცევენ ყურადღებას: მიუხედავად უშუქობისა, რაც არსებითად წელიწადში ექვს თვეს გრძელდება ჩვენში, მათი პროგრამები ზამთარ-ზაფხულ, ერთნაირად, დილიდან გვიან ღამემდის გრძელდება, - მიუხედავად იმისა, რომ ელექტროენერგია საქართველოსა და მის დედაქალაქს ზამთრობით უკეთეს შემთხვევაში ექვსიდან თორმეტ საათამდე მიეწოდება, ამიტომ, მაგალითად, კარგ კინოფილმებს, რომელთაც გვიან უჩვენებენ, ტელემაყურებელი ნახევარი წლის მანძილზე მხოლოდ სანახევროდ ნახულობს... ეს მოსახლეობის აბსოლუტური უმეტესობის ხვედრია და ესეც თავისებური მოუხმობლობაა. მთელი დღის მანძილზე ტელევიზორს მხოლოდ მან შეიძლება უყუროს, ვისაც გენერატორი აქვს. ეს კი ძვირადღირებული სიამოვნებაა და მათი პრივილეგიაა ვინც ამა თუ იმ გზით (ხშირად არა კანონიერით) ფული იშოვა. თუ ტელეკომპანიები ასეთ მაყურებელზე არიან ორიენტირებულნი და არა ჩაბნელებულ ბინებში მცხოვრებ მოუხმობლებზე, მაშინ დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ მათი საქმიანობა ერს სარგებლობას ვერ მოუტანს...
ასე რომ, ვერც ამ სექტორმა შეძლო მოუხმობელთა პრობლემის მოგვარების საქმეში რაიმე წვლილის შეტანა მათი მოხმობით და დასაქმებით, ან მათი პრობლემების გაშუქებით.
ამრიგად, ჩვენ მხოლოდ ფორმალურად გვაქვს დემოკრატიული სახელმწიფოსათვის დამახასიათებელი, სექტორებად დაყოფილი საზოგადოებრივი ცხოვრება.
სინამდვილეში საკუთარი ადგილის პოვნა მეტისმეტად გაძნელებულია, კოლოსალურად გაიზარდა მოუხმობელთა რიცხვი და ასეთად ქართველთა აბსოლუტური უმეტესობა იქცა. ამათგან უფრო ენერგიულებმა საზღვარგარეთ გაქცევით უშველეს თავს, უფრო პასიურები საკუთარ სამშობლოში გააფთრებით იბრძვიან არსებობისათვის: ათას რამეს ცდილობენ, ნებისმიერ საქმეს ეკიდებიან, ოღონდ ლუკმაპურის ფული იშოვნონ; და ყოფითი პრობლემების მოგვარების ეს გაუთავებელი მცდელობა ნთქავს მათ სასიცოცხლო ენერგიას, სხვა საქმისათვის ისინი უკვე ვეღარ იცლიან. ჩვენ კარგად ვიცით, თუ რას ნიშნავს ეს, და როგორ აკნინებს გაუსაძლისი, თავისი არსით შეურაცხმყოფელი ყოფა ადამიანს. აქ ისევ დროულია ციტატის მოხმობა „ჯაყოს ხიზნებიდან“ კერძოდ, იმ ეპიზოდისა,სადაც ლაპარაკია იმაზე, თუ როგორ გამოაცალა ყოფამ ნიადაგი თეიმურაზ ხევისთავს ფეხქვეშ და აქცია იმ ბედშავ არსებად, რომლის ტრაგიკული ცხოვრებაც ასე აძრწუნებს მკითხველს: „დიდხანს იხეტიალა თეიმურაზმა ერთი შენობიდან მეორეში და მეორე დარგიდან მესამეში. ერთ ალაგს თვითონ თეიმურაზი იწუნებდა. მეორეში თეიმურაზს იწუნებდნენ. ბოლოს, სამსახურს სამუდამოდ უნებურად ჩამოშორდა და სხვა საქმეს, რომ ვეღარ მიეკედლა, გატკეპნილ გზას დაადგა და ერევნის მოედნის ბირჟაზე გავიდა.
თეიმურაზს გარკვეული ხელობა არა ჰქონდა. ამიტომ ძალაუნებურად დალალობას მიჰყო ხელი. თუ სადმე ნაცნობ-ნათესავებს შეხვდებოდა, ჩურჩულით და გესლიანი ღიმილით ეუბნებოდა:
- ვ....ვვაჭრობაში ფეხი მ...მოვიკიდე, თუ გასაყიდი ან დდ....დდასახურდავებელი გაქვთ რაიმე, შემიძლიან დ...დდაგეხმაროთ, მაკლერობით უნდა გავათაო ჩემი სიცოცხლე.
და ოფლში გაწუწული, ენაგადმოგდებული მწიგნობარი. ნახევარმისხალიანი ბეჭდის გასაყიდად ან უცხოეთის ორიოდე გროშის დასახურდავებლად დილიდან საღამომდე შუა ბაზარსა და ერევნის მოედანზე ქაქანით დალასლასებდა, კედლებსა და მევალეებს აწყდებოდა და ორიოდე გირვანქა პურის გულისათვის ვინმე ბაზაზის დუქანში ორ საათს იჭაჭებოდა, იხვეწებოდა, სტყუოდა და ფიცულობდა.
- ნეტა მამაჩემს ჩემთვის რაიმე ხელობა მაინც ესწავლებინა, ან მწიგნობარის მაგივრად ნეტა ხარაზი, დურგალი ან ზეინკალი ვყოფილიყავი, - სთქვა იმ ხანებში თეიმურაზმა და ეს ნათქვამი თანდათან ნატვრად გადაექცა და ამ ნატვრას შემდეგში ისე ხშირად იმეორებდა, რომ მახლობლებს და თვითონ თეიმურაზსაც კი იმ ნატვრის გაგონებაც მობეზრდათ.
ბოლოს, უცხოეთის ფულის დახურდავებაც მოისპო და გასასყიდი ბეჭდებიც გამოილია.
თეიმურაზი მას აქეთ მთელი დღე უსაქმოდ ქუჩაში დასჩანჩალებდა და ნაცნობ-ნათესავებს ყურში საიდუმლოდ ჩასჩურჩულებდა:
- ორი მანეთი მ...მმასესხე ხ....ხხვალამდის. და ორი მანეთის მაგივრად ორ აბაზსაც სიხარულით ჯერდებოდა, ზოგჯერ იღლიაში ამოჩრილ პურსა და იაფ სანოვაგეს ბედნიერი ღიმილით მიათრევდა. ზოგჯერ კი პირქუში და თვალცრემლიანი, თავის ბნელ ოთახში შეიძურწებოდა და მუდმივ დაღვრემილ მარგოს თრთოლვით და კანკალით ძლივს შეჰკნავლებდა:
- დღეს ვ....ვვერაფერი ვერ მოვახერხე, დ...დდაწყევლილი დღეა, უნდა მ...მოვითმინოთ“.
ჩვენც ვითმენთ, აბა რაღთა დაგვრჩენია, როცა 30 ლარი ხელფასი გვაქვს და 10 ლარი პენსია, ხოლო საარსებო მინიმუმი ას ლარზე მეტია... ვითმენთ, თუმცა, კარგად ვიცით, რა მოუვიდა თეიმურაზ ხევისთავს და დამცირებულნი ჯერ მორალურად ვნადგურდებით, მერე კი ფიზიკურად. შემთხვევით არ არის, საქართველოში ტუბერკულიოზი რომ გავრცელდა. ამას დუხჭირი ცხოვრება უწყობს ხელს... ასეთი რამ უმდიდრესი ქვეყნის მოსახლეობას არ უნდა ემართებოდეს და არც ის არ უნდა ხდებოდეს, რომ დამშეული ადამიანები ქუჩა-ქუჩა დადიოდნენ და მოწყალებას ითხოვდნენ; და არც არასრულწლოვანთა პროსტიტუციის მიზეზად არ უნდა იქცეს შიმშილი... ჩვენი ასეთი დამცირება და გათახსირება ცუდად ორგანიზებული სახელმწიფოებრივი ცხოვრების შედეგია, რასაც თავის მხრივ, განსაკუთრებულად შეუწყო ხელი პოლიტიკურმა „ყვარყვარიზმმა“. ეს დღევანდელ ვითარებაში ნიშნავს საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებაში სრულიად შემთხვევითი ხალხის ყოფნას. ეს ნიშნავს მათ მიერ დამკვიდრებულ კლანურ ურთიერთობათა სისტემას, ყოვლად უვარგის საკადრო პოლიტიკას, რომლის მიზანი ქვეყნის აღმშენებლობა კი არა, ამა თუ იმ მაღალჩინოსანის გარშემო ერთგულ მსახურთა ჯგუფების შექმნაა...
დღევანდელ უმაღლეს სტრუქტურებში ფეხმოკიდებულ ადამიანთა პოლიტიკური ბიოგრაფია ბევრ შემთხვევაში ბურუსითაა მოცული და ნამდვილად არ ჩანს, რა ღირსებების წყალობით აღწევს მავანი და მავანი საპასუხისმგებლო თანამდებობებს, ან რა ძალები (შიდა და გარეშე) უწყობს ხელს მათ აღმავლობას. ერთი კი ცხადია, ისინი არ არიან მოწოდებულნი იღვაწონ ქართული სახელმწიფოს აღდგენა-აღმშენებლობისათვის, - ეს მათ მიზანს არ წარმოადგენს. სამაგიეროდ ისინი წარმატებით აგვარებენ თავიანთ პირად პრობლემებს და ამავე დროს გვამადლიან, რომ პატივი დაგვდეს და სახელმწიფო ინსტანციებში სავარძლებში ჩამოსხდნენ... ეს კარიერისტები, თავიანთი პოლიტიკური ცვედანობა რომ გამოავლინეს, ქვეყნის მაორგანიზებელ ძალას უცხოელებში ეძებენ, - ამ გზით სურთ საკუთარი უვარგისობა და უფუნქციობა მიჩქმალონ...
უფუნქციო კარიერისტების მომრავლება საკანონმდებლო და აღმასრულებელ სტრუქტურებში, შედეგია უვარგისი, უზნეო, საკადრო პლლიტიკისა და მთელი სიმწვავით წამოჭრის ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხს, რომლის საკადრო „ძიებანი“ საფუძველს იძლევა მიჩნეულ იქნეს ქართველთა ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ, იმის მსგავს ქმედებად, რომლის თაობაზეც ნიკოლო მაკიაველი წერდა: „თუ ხელისუფლება, დაინტერესებულია იმაში, რომ გარყვნას ხალხი, ის, საწადელს მიაღწევა მოღალატეთა წახალისებით, იმის მაგივრად, რომ დასაჯოს ისინი“.
ასეთი მახინჯი მდგომარეობიდან გამოსავალი მხოლოდ მოუხმობელთა მოხმობაშია, საქართველოს მოსახლეობა უნდა ეცადოს და პოლიტიკური არენისაკენ გზა გაუხსნას ისეთ ადამიანებს, ვისაც მართლა ძალუძს საქმის კეთება და არა საქმიანობის ილუზიის შექმნა... უნდა იცხოვრო სრულფასოვანი, აქტიური შემოქმედებითი ცხოვრებით, როცა საშუალება გეძლევა, - შესაძლებლობები გამოავლინო, ქმედითუნარიანი ხარ და შენი პირადი და საზოგადოებრივი ყოფა წარმატებულია. ხოლო რაიმეს კეთების, ან ბედნიერების მოახლოვების ილუზია კი, რომლის დროსაც სინამდვილეში არაფერი ხდება, მისთვის დამახასიათებელი მოჩვენებითობით, ცრუ იმედებით, პიროვნების გაორებას იწვევს და საბოლოო ჯამში ღუპავს კიდეც მას. იტალიელი მწერლის დინო ბუცატის გახმაურებულ რომანში, „თათართა უდაბნო“ ასახული სამყარო, თავისი ილუზორულობით ძალიან გავს ჩვენსას, ხოლო მისი მთავარი გმირი ის ტიპიური მოუხმობელია, რომლის მსგავსნი ათასობით არიან ჩვენს გვერდით. რომანში მოთხრობილი ამბავი ასეთია: ახალგაზრდა ლეიტენანტი ჯოვანი დროგო მშობლიური ქალაქიდან მიემგზავრება დანიშნულების ადგილას, ბასტიანის ციხე-სიმაგრეში. ერთი სახელმწიფოს საზღვართან უდაბნოს პირას მდებარე ციხე-სიმაგრის პოვნაც უაღრესად გაჭირდა, თუმცა ის ქალაქიდან შორს არ უნდა ყოფილიყო და უკვე ამ ეპიზოდიდან სულ უფრო ნათელი ხდება იმ სამყაროს ხასიათი, რომელშიც არსებობს ლეიტენანტი დროგო, ეს სამყარო ირეალურიც არის და საოცრად რეალურიც, შეუცნობელიც და ნაცნობიც. აქ ორივე ერთმანეთს გადაჭდობია ისევე, როგორც ეს სინამდვილეშია... გარემო რომელშიაც აღმოჩნდა ახალგაზრდა ოფიცერი, მას სურვილს აღუძრავს რაც შეიძლება მალე დატოვოს ციხე-სიმაგრე და თუ რჩება, - მხოლოდ იმიტომ, რომ არ უნდა მოხუც კომენდანტს გული ატკინოს და ფიქრობს, ოთხი თვე მოუწევს აქ ყოფნა - უახლოეს სამედიცინო შემოწმებამდე, მაგრამ სწორედ დროის ამ მეტად მოკლე მონაკვეთში ჯოვანი დროგო იწყებს იმის გაცნობიერებას, თუ რატომ რჩებიან გარნიზონის მებრძოლები დაწესებულ დროზე მეტხანს და ხშირად მთელ სიცოცხლესაც ატარებენ ამ პირქუშ ციხე-სიმაგრეში. და რომ ამისი მიზეზია მოლოდინის გრძნობა... „ჩრდილოეთის უდაბნოდან მოვა წარმატება, უჩვეულო თავგადასავალი, ის სასწაულებრივი შემთხვევა, რომელიც უკიდურეს შემთხვევაში ერთხელ მაინც ხდება თვითოეულის ცხოვრებაში. ამ ბუნდოვანი იმედის გამო, დროთა განმავლობაში სულ უფრო რომ ფერმკრთალდება, ზრდადასრულებული მამაკაცები ციხე-სიმაგრეში ატარებდნენ თავიანთ საუკეთესო წლებს... აქ ერთმანეთის გვერდიგვერდ ცხოვრობდნენ, ელოლიავებოდნენ ერთსა და იმავე ოცნებას, თუმცა არასოდეს სიტყვაც არ დაცდებოდათ ამის შესახებ“, ასე იქცევა ლეიტენანტი დროგოც, რადგან აქედან წასვლაზე აღარ ფიქრობს, სამაგიეროდ ის აღსავსეა მოლოდინით რომ აუცილებლად მოხდება რაღაც ისეთი, რაც დიდი ბედნიერების მომტანი იქნება და ეჩვენება, რომ მისთვის ჟღერენ „ციხე-სიმაგრე ბასტიანის ცნობილი ვერცხლის ბუკები“, ამიტომ იმედით შეჰყურებს მომავალს და ციხე-სიმაგრეს, თავიდან ასე არასტუმართმოყვარე, რომ ეჩვენა სხვაგვარად უყურებს. ამ ოცნებებში გადის დრო და ჯოვანი დროგო მიუყვება თავისი ოცნების გზას. „კიდევ დიდხანს უნდა ვიარო? არა, მხოლოდ ამ მდინარეზე უნდა გადახვიდეთ, აი ის ქვემოთ და გადაიარეთ ის მწვანე ბორცვები. იქვებ ჩვენ უკვე მოვედით? განა ამ ხეებისაკენ, ამ ველების, ამ თეთრი სახლისაკენ არ მოვისწრაფოდით? დროის რაღაც მონაკვეთში გვეჩვენება, რომ ასეა და, უნდა შეჩერდე. შემდეგ კი გვეუბნებიან, რომ უკეთესი წინ არის, და ჩვენც კვლავ უდარდელად ვაგრძელებთ გზას. ასე, ჩვენთვის მივდივართ, უკეთესის იმედით მომლოდინენი, დღეები კი გრძელია და მშვიდი, მაღლა ცაში ანათებს მზე, ჩანს ჩასვლას არ აპირებს, მაგრამ რაღაც დროს, თითქმის ინსტიქტურად ჩვენ უკან ვიყურებით და ვხედავთ, რომ კარი ჩვენს ზურგს უკან მაგრადაა ჩაკეტილი და უკან დასახევი გზა აღარ არსებობს“. ასეა ჯოვანი დროგოს შემთხვევაშიც და ის ვეღარ მობრუნდება, მხოლოდ წინ უნდა იაროს და იმედი იქონიოს, მაგრამ წლები გადის, ის უკვე ორმოცდათხუთმეტი წლისაა და ჯერ მხოლოდ მაიორია... თანაც ავადაა, სანუკვარი მიზანი კი მიუღწეველი რჩება. მტრის არმია უკვე მოადგა ბასტიანის ციხე-სიმაგრეს, მაგრამ მას ამდენი ხნის მომლოდინეს ბრძოლაში მონაწილეობის საშუალება არ ეძლევა. ასაკში შესული, უკვე ვეტერანი, - არ აომეს, გმირობის ჩადენის უფლება არ მისცეს. შესაბამისად, შესაძლებლობათა რეალიზება ვერ შეძლო. ის, როგორც უკვე უვარგისი, უბრალოდ გააგდეს გარნიზონიდან. მისთვის ამ მძიმე წუთებში, ჯოვანი დროგო აცნობიერებს, რომ ნამდვილი ცხოვრებით არც უცხოვრია, რომ ის ილუზიების ტყვეობაში იყო. ბასტიანის ციხე-სიმაგრე და მისი გარნიზონი, - დროგოს მიერ ესოდენ შეთვისებული და შეყვარებული, მისთვის უცხოდ დარჩენილა. დაუსრულებელმა ლოდინმა კი მის ცხოვრებას უბრალოდ, აზრი დაუკარგა, „მას მოეჩვენა, რომ დროის მდინარება, თითქოს რაღაც ჯადოქრობით შეჩერდა. თავიდან იყო მორევი, ბოლო დროს სულ ღრმად რომ ითრევდა, შემდეგ კი უეცრად ყველაფერი გაქრა, ბრტყელი სამყარო უძრავად გაირინდა და საათის ისრები გაურკვეველი მიმართულებით ამოძრავდნენ, მისთვის გზა დამთავრდა“. ეს იყო აბსურდული ყოფის ტრაგიკული ფინალი. მძიმეა ის რომანის პერსონაჟისათვის და მძიმეა ის იმ მრავალი ათასი ადამიანისათვის, ვინც დღეს საქართველოში ჯოვანი დროგის ბედს იზიარებს და მის მსგავსად იძულებულია ილუზიებით იცხოვროს; იმედით, რომ ოდესმე შესაძლებლობათა რეალიზების საშუალება მიეცემა... დიახ, მძიმეა ის ჩვენში მყოფი მრავალი ათასი მოუხმობელისათვის. მათ ილუზიები არ სჭირდებათ, ისინი ბედნიერად მაშინ იგრძნობენ თავს, თუ მოხმობილნი იქნებიან. ეს უნდა იქცეს ჩვენი ეროვნული იდეის ერთ-ერთ უმთავრეს ღირებულებად, პრინციპიპად და ინტერესის საგნად. წინააღმდეგ შემთხვევაში, არათუ ნორმალურ სახელმწიფოს ვერ შევქმნით, არამედ ეროვნულ კატასტროფას ვერ ავიცილებთ თავიდან. ეს პროცესი უკვე დაწყებულია და გამოვლინდა დეპოპულაციით, ქართველთა გამრავლებას რომ ზღუდავს, და უსაშველოდ გაზრდილი სიკვდილიანობით.
საშინელებაა, ისე წავიდეს ამ ქვეყნიდან ადამიანი, რომ თავის შესაძლებლობათა რეალიზება ვერ შეძლოს. თვითგამოხატვა ინდივიდის ხასიათის ჭირვეულობის შედეგი კი არა, - არამედ ბევრად მეტია, ის არის, რის გამოც ფრანგი მწერალი მორის დროინო წერდა: - „ყოველი ადამიანი ამ ქვეყნად მოდის, რათა აღასრულოს თავისი ვალი, იქნება ის უმნიშვნელო თუ დიდი, მაგრამ უმეტეს წილად ადამიანმა ეს თავადაც არ იცის და მისი ბუნებრივი თვისებები, მისი კავშირები თავისავე მსგავსებდან, ბედის უკუღმართობანი აღუძრავენ სურვილს აღასრულოს ეს ვალი, თუნდაც თავად არას უწყოდეს ამის შესახებ, მაგრამ გააჩნდეს რწმენა იმისა, რომ ის არავის კარნახით არ მოქმედებს, თავისუფალია თავის ქმედებისას. დანაშაულია ნიჭიერი ქმედითუნარიანი ადამიანი გადაეგოს, ამ ქვეყანას სამუდამოდ განშორდეს ისე, რომ ცუდად ორგანიზებული სახელმწიფოებრივი ცხოვრების გამო თავისი სათქმელი ვერ თქვას, გასაკეთებელი ვერ გააკეთოს, ვალი სამყაროს წინაშე აღუსრულებელი დარჩეს.“
ცხადია ვინმე მიზანდასახულად არ სპობს ქართველობას და მათ შორის იმ ნიჭიერ და ქმედუნარიან ადამიანებს, ერის ელიტას რომ შეადგენენ... ეს „მოვლენათა ლოგიკის შედეგად“ ხდება, რაც გამამართლებელ საბუთად ნამდვილად არ გამოდგება...
1999 წლის აპრილი
![]() |
5 ეროვნული იდეა და რელიგია |
▲ზევით დაბრუნება |
„ადამიანები იმდენად არიან დარწმუნებულნი თავიანთი აზრის სამართლიანობაში, ხშირად ტყუილად დაჯერებულნი, რადგან მიიჩნევენ მას ერთადერთ ჭეშმარიტებად, რომ სხვის მოსაზრებას ამპარტავნულად არად აგდებენ; ეს ქედმაღლობა - პირველმიზეზია მხეცობისა და დევნისა, არავის სურს ითმენდეს მისგან განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანს, თუმც აზრები ქვეყნად იმდენია, რამდენიც ადამიანები, მაგრამ არ არსებობს არც ერთი სექტა, რომელიც არ განსჯიდეს ყველა დანარჩენ სექტას და არ ისურვოს ერთპიროვნული ბატონობა“.
სებასტიან კასტელლიო
ეპიგრაფად მოხმობილი ნააზრევი XVI საუკუნის შუა წლებში ითქვა. მაშინ, როდესაც რეფორმაციისა და კონტრრეფორმაციის ეპოქაში სხვაგვარად მოაზროვნეთა დანდობისა და შეწყნარების პრობლემა მთელი სიმწვავით დადგა. იმ საუკუნეში დისიდენტთა დათრგუნვა და მოსპობა ჩვეულებრივ საქმედ იყო ქცეული.
რელიგიურმა ომებმა მთელი ევროპა მოიცვა; ერთმანეთს უპირისპირდებიან კათოლიკეები და პროტესტანტები გერმანიაში, ინგლისში, საფრანგეთში. პარიზში, 1572 წლის 24 აგვისტოს წმინდა ბართლომეს ღამის ხოცვა-ჟლეტაც მხოლოდ ერთი ეპიზოდია საუკუნეზე მეტხანს გაგრძელებული დაუნდობელი ურთიერთგანადგურებისა, რომლის დროსაც ორივე მხარე ერთნაირ სისასტიკეს ავლენდა. აი, ასეთ ეპოქაში გაიელვა საღმა აზრმა, რომელიც ამხელდა სექტურ შეზღუდულობას, იცავდა სიტყვის თავისუფლებას და სხვაგვარად მოაზროვნეთა მიმართ შემწყნარებლურ დამოკიდებულებას ამკვიდრებდა. ამ თვალსაზრისით კასტელლიოს „ტრაქტატი ერეტიკოსთა შესახებ“ დიდი ბრძოლის დასაწყისია ტოლერანტობის დასამკვიდრებლად. რომელიც შემდეგ თავისებურ ასახვას პოვებს ადამიანის უფლებების დამცველ ყველა დოკუმენტში, რაც დასავლურმა ცივილიზაციამ მომდევნო ოთხი საუკუნის მანძილზე შექმნა.
ისტორიას პარადოქსები ახასიათებს. ზუსტად ოთხი საუკუნით ადრე, ვიდრე დაიწყებოდა ეს ტიტანური ბრძოლა შემწყნარელობის აუცილებლობის აღიარებისათვის, ქრისტიანული სამყაროს უკიდურეს აღმოსავლეთ ფორპოსტში, საქართველოში, XII საუკუნის დამდეგს პრაქტიკულად განხორციელდა ის პოლიტიკა, რომლის თეორიულ დასაბუთებას ევროპამ ამდენი დრო მოანდომა.
თბილისის აღების შემდეგ, 1122 წელს მეფე დავით IV აღმაშენებელმა არნახული ტოლერანტული პრინციპი დააკანონა და მემკვიდრეებს გასაგრძელებლად უანდერძა. ამ ქმედების შესახებ დაწვრილებით ცნობას გვაწვდის არაბი ისტორიკოსი ალ-ფარიკი, როცა წერს, მეფე დავითმა „დაადგინა, რომ ქალაქის (თბილისის) იმ ნაწილში სადაც მუსლიმანები ცხოვრობდნენ, არავის ყოლოდა ღორი და არავის დაეკლა იგი. მათ შორის, მან მოჭრა მათთვის მონეტა ხალიფას და სულთნის სახელით, და მისცა მათ უფლება აზანისა (ლოცვაზე მოწოდებისა) და თავისუფლად ლოცვისა. დაუდო მათ პირობა აგრეთვე, რომ არც ქართველი, არც ებრაელი და არც სომეხი არ შევიდოდა ისმაილის (მუსლიმანების) აბანოში და რომ პარასკევ დღეს მინბარიდან (კათედრიდან) ხალიფა და სულთნისათვის და არა მისთვის (საქართველოს მეფისათვის). მან დააწესა გამოსაღები ყოველწლიური: ქართველთათვის - 5 დინარი, ებრაელთათვის - 4, მუსლიმანთათვის - 3 დინარი... იგი ისე კეთილად ეპყრობოდა მუსლიმანებს და აგრეთვე მათ სარწმუნოებას, მეცნიერებას, ხალხსა და სუფიებს, როგორიც მათ არ ჰქონდათ თვით მუსლიმანებს შორის. მე თვითონ ვნახე, როცა მივედი მათთან (თბილისელ მუსლიმანებთან) 1153 წელს, თუ როგორ ძალაშია მუსლიმანთათვის დადებული ყველა ეს პირობა აქამდე“. ამ უპრეცენდენტო პოლიტიკის წყალობით ტოლერანტობა ქართველთა ეროვნული იდეოლოგიის შემადგენელ ნაწილად დააკანონა! თორემ, როგორც ჩანს, ის ერის ბუნებაში, მის ზნეობაში ყოველთვის იყო, ამიტომ განხორციელდა ასე ადვილად და შედეგიანად. ნამდვილად ჭეშმარიტებას ამბობს ჯანსუღ ღვინჯილია როცა წერს თავის „სული აღმაშენებელში“: „დავით აღმაშენებელი ვერ წავიდოდა თავისი ხალხის ბუნების წინააღმდეგ. თუკი მისი ხალხი ვერ იგუებდა ორგანულად მუსლიმანთა მეზობლობას სატახტო ქალაქში, რამდენი ბრძანებაც არ უნდა გაეცა მეფეს, ერთ დღეს მაინც ატყდებოდა სისხლისღვრა და ის სისხლისღვრა არ დასრულდებოდა მანამ, სანამ მუსლიმანები არ ამოწყდებოდნენ ან საქართველოდან არ გადაიხვეწებოდნენ. მაგრამ ერთია, რომ დავით მეფემ იცის როგორი მოწყალეა მისი ხალხი - ბუნებით კეთილშობილი. ამ ბუნებას არ შეუძლია დამარცხებული მტრის გასრესა, პირიქით, შეთვისებას ესწრაფვის. ეს თვისება ფორმულასავით ჩამოყალიბდა რუსთაველის პოემაში შემდგომ: „ოდეს მტერსა მოერიო, ნუღარ მოკლავ, დაიყოვნე...“ რუსთაველი თავისი ხალხის უნებურს ვერ წარმოთქვამდა და არც წარმოთქვამდა, ხოლო რასაც ამოიტყოდა, მსგავს სიბრძნეს როცა ამოიტყოდა, თავისი ხალხის სისხლის მიერი სიბრძნე მოჰყვებოდა თან“.
ამრიგად, ის რაც ოფიციალურ პოლიტიკად იქცა, ერის ხასიათის თვისება იყო, რომელსაც არასოდეს არ ახასიათებდა რელიგიური ფანატიზმი და პატივისცემით ეკიდებოდა სხვათა სარწმუნოებას. ამ თვალსაზრისით საქართველოში, ჩანს იმისი მსგავსი დამოკიდებულება იყო რელიგიისადმი, როგორიც ინდოეთში შენიშნა ჰეიველმა და რის გამოც წერდა: „ინდოეთში რელიგია არა იმდენად დოგმაა, რამდენადაც ადამიანის ქცევის სამუშაო ჰიპოთეზა, მისადაგებული სულიერი განვითარების სხვადასხვა საფეხურს და ცხოვრების სხვადასხვა პირობებს“.
თავისუფლებისმოყვარე ქართველი ხალხის ყოფასა და შემოქმედებაში მრავალგზის მოიპოვება დოგმატიზმის შინაგანი მიუღებლობა ამას ჰაგიოგრაფიულ ლიტერატურაშიც ნახავთ; უაღრესად საინტერესოა მოსაზრება, რაც ზემოხსენებულ საკითხთან დაკავშირებით აქვს გამოთქმული თავის „თხუთმეტსაუკუნოვან მთლიანობაში“ რევაზ თვარაძეს: „მხატვრული ამოცანების უაღრესად სათუთი დამუშავება საერთოდ მომგებიანად გამოარჩევს ქართულ ჰაგიოგრაფიას იმდროინდელი სქემატური კონსტრუქციების ფონზე. ამის დასტურად იგივე „შუშანიკის წამება“ იკმარებდა. ქრისტიანული მწერლობის ისეთ კარდინალურ საკითხშიც კი, როგორიც არის სოფლისა და ზესთასოფლის მიმართება, რომლის ერთმნიშვნელოვანი გადაჭრა სავალდებულო დოგმად იყო მიჩნეული შუა საუკუნეთა მთელი ლიტერატურისათვის (რაც იწვევდა სწორედ თვლემის მომგვრელ სქემატიზმსა და ერთფეროვნებას), სწორედ მხატვრულ ამოცანათა ერთგულება კარნახობს იაკობ ხუცესს არ დამალოს თავისი გმირის არც თუ ბოლომდე ორთოდოქსული მიდგომა ამ საკითხისადმი: წმინდანობის საფეხურამდე ამაღლებულ მოღვაწეს სიკვდილის წინ, ნაცვლად ლოცვა-კურთხევისა, ფაქტიურად წყევლა აღმოხდება თავისი გულმხეცი მეუღლის მისამართით, რაიც იმის მაუწყებელია, რომ დოგმატურ ქრისტიანობის მიერ გარდუვალ უფსკრულათ გათიშული სოფლისა და წესთასოფლის დუალისტურ მოდელს ერთგვარი ბზარიც ატყვია უკვე“.
ვფიქრობ, მხოლოდ „მხატვრულ ამოცანათა ერთგულება“ კი არა, ქართული ხასიათის თავისებურებათა გათვალისწინების შედეგიცაა დოგმატიზმის თუნდაც ასეთი იგნორირება და რომელიც, თავის მხრივ, ერთგვარი პირობაც არის იმისა, რომ ვერანაირი რელიგიური ფანატიზმი საქართველოში დასაყრდენს ვერ ჰპოვებდა. ამისი საფუძველი უნდა ვეძიოთ უკვე წარმართული ხანის ქართველთა მსოფლმხედველობაში, რომლის ყველაზე ნათელი გამოხატულება ამირანის მითია, - ღმერთთან შერკინებული გმირის ამბავი. ძალადობასთან შეუგუებლობის, თავისუფლებისათვის ბრძოლის უძველესი ისტორია. ამ მითის შემქმნელ ერს თავისი რელიგია ჰქონდა, - არსებობდა წარმართული ხანის ქართული პანთეონი: ანთროპომორფული ღვთაებანი - არმაზი, გაცი და გა მირიან მეფის ნათქვამის მიხედვით „... ყოვლისა დაფარულისა გამომძიებელნი, ძუელნი ღმერთნი მამათა ჩუენთანი“ - ამათ გარდა ქართველებს გაღმერთებული ჰყავდათ აინინა და დანინა, კოპალე, ფასისი, იგრისი; ღვთაებრივი სიმბოლოს მნიშვნელობა ჰქონდა ლომის, ხარის, ვერძის გამოსახულებებს. ჩანს, საკმაოდ დიდი იყო ეს პანთეონი, ის აერთიანებდა ყველა ქართულ ღვთაებას. ამის თაობაზე ივანე ჯავახიშვილი წერდა: „ცხადი ხდება, რომ არამც თუ საზოგადო ქართული, ყველა ქართველი ტომისათვის, მათ შორის მეგრელთა და სვანთათვის, საერთო წარმართობა არსებობდა, არამედ რომ წარმართობის საერთო ტერმინოლოგიაც, საერთო ენაც ქართული ჰქონდა“.
ეს საერთო ქართული ღვთაებანი ქმნიდნენ წარმართულ სარწმუნოებას, რომელიც, როგორც ყველა რელიგია, ერთის მხრივ, გამოხატულება იყო მაშინდელ ქართველთა მსოფლშეგრძნებისა და სულიერ ფასეულობათა მიმართ დამოკიდეულებისა, მეორეს მხრივ კი, განსაზღვრავდა მოსახლეობის ქცევის სტერეოტიპს.
ჩანს, ეს სარწმუნოება იმდენად ორგანული იყო ქართველთათვის, იმდენად ტრადიციული და ახლობელი, რომ ქრისტიანობის მიღების შემდეგ ის კი არ გაქრა, არამედ თავისებურად შეერწყა ახალს. ეს კარგად ჩანს არმაზის კულტის წმინდა გიორგით შეცვლის ფაქტით: „ქართველი ხალხის აზროვნებაში წმიდა გიორგის ძველი წარმართობის დროინდელი, ქართველთა მთავარი ღვთაების, მთვარის ადგილი უკავია“ (ივ. ჯავახიშვილი).
ამრიგად, ახალი ერთგვარად აგრძელებდა ძველს, ცხადია, სხვა ფორმით და სხვა შინაარსით, მაგრამ, აუცილებლად, ქართველთათვის მისაღებ ზნეობრივ პრინციპებზე დაფუძნებული. „ქართველმა ხალხმა ქრისტიანობიდან მიიღო და შეისისხლხორცა ის, რაც მისთვის ყველაზე „მშობლიური“ აღმოჩნდა:
შემწყნარებლობის იდეა და აღმშენებლობის (სიყვარულით შენების) პათოსი (გურამ ასათიანი). თუ ეს ასეა, მაშინ შეიძლება დავასკვნათ, რომ ჩვენთვის ბევრად უკეთ ცნობილ ქართულ ქრისტიანობაში ძევს სამწუხაროდ ნაკლებად ცნობილი ქართული წარმართობის მთელი რიგი პრინციპებისა და ღირებულებათა არსში წვდომის გასაღები. მთავარი კი ის არის, რომ ორივე შემთხვევაში რელიგია ეროვნული თვითმყოფადობის გამოხატულების ერთ-ერთი არსებითი მნიშვნელობის მქონე საშუალებად იქცა. როცა ერი თავის ინტერესებს უსადაგებს ამა თუ იმ რელიგიას, ეს ნიშანია იმისა, რომ ის ცოცხალი ძლიერი ორგანიზმია, აფასებს თავის მდგომარეობას და შეუძლია სიტუაციის შესაბამისი მოქმედება. ასეთ შემთხვევაში ხდება რელიგიის „გაეროვნულება“. ეს რომ შეძლოს, ერი მძაფრად უნდა ავლენდეს ეთნოცენტრიზმის გრძნობას. მართლმადიდებლობას ძლიერი „პატრონები“ ჰყავდა ბერძნებისა და შემდეგ რუსების სახით, მაგრამ ქართველებმა, სანამ ამისი ენერგია გვქონდა, შევძელით ქართული თვალთახედვით დანახული და გააზრებული მართლმადიდებლური კულტურის შექმნა და აღორძინება.
ეროვნულ თავისთავადობას ვიცავდით, როცა ვემიჯნებოდით VII საუკუნის დამდეგს სომხურ რელიგიურ ჰეგემონიზმს, ან XI საუკუნეში, როცა გიორგი მთაწმინდელის დროს მთელი სიმწვავით დადგა ქართული ეკლესიის თვითმყოფადობისა და დამოუკიდებლობის დაცვის საკითხი და ბერძენთა იდეოლოგიური აგრესიის მოგერიების აუცილებლობა.
ორივე შემთხვევეაში, კონფლიქტი ხსენებულ ერებთან თავდაპირველად ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ის დოგმატიკური ხასიათისაა, მაგრამ როცა ჩაუკვირდები, ადვილად დაინახავ, რომ დაპირისპირების საფუძველი ბევრად უფრო ვრცელია და მოიცავს რიგ საკითხებს, კერძოდ: პოლიტიკურ ორიენტაციასაც, იმას, თუ რომელ ენაზე უნდა აღსრულებულიყო წირვა, საეკლესიო წესებს, ჩვევებს, ყოფას, კულტურას და ბოლოს, ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის პრობლემასაც. ერთი სიტყვით, სომხებიცა და ბერძნებიც თავიანთ თარგზე გამოჭრილ საეკლესიო ცხოვრებას თავს გვახვევდნენ. მაშინ ორჯერვე შევძელით გამარჯვება და, შესაბამისად, ტრადიციულ ფასეულობათა დაცვა. მაგრამ ზემოხსენებულმა რეციდივებმა ცხადყვეს, რომ ქრისტიანული სამყაროდანაც იგივე საფრთხე გვემუქრებოდა, როგორიც, მაგალითად, მაზდეანური სპარსეთის, ან მუსლიმანური არაბეთის მხრიდან, როცა ეს ქვეყნები თავიანთ სარწმუნოებას, კულტურას, ყოფისა და ქცევის წესს გვაძალებდნენ და რომ ეროვნულ თავისთავადობას ყველგან და ყველა შემთხვევაში დაცვა სჭირდება. ეს რომ ასეა, ამაში გვარწმუნებს გვიანი ფეოდალური ხანის საქართველოს ისტორია, როცა ეროვნულ-ქრისტიანულ (ქართულ-მართლმადიდებლური) ცნობიერებას ცვლის მხოლოდ ქრისტიანული(მართლმადიდებლური) ცნობიერება. ამას ჩვენში რელიგიური სნობიზმის აღზევება მოჰყვა. მართლმადიდებლობის ახალი ცენტრი გვაძებნინა თურქების მიერ დაპყრობილი კონსტანტინეპოლის სანაცვლოდ. XVI საუკუნეში ასეთი რამ ვიპოვეთ მოსკოვის სახით. შედეგი ამ აღმოჩენისა ის იყო, რომ ახლა რუსები შეაწუხა ქართული ეკლესიის თვითმყოფადობამ. უკვე მათ ერთ-ერთი პირველ ელჩობას კახეთის მეფის ალექსანდრე II-ის კარზე დავალებული ჰქონდა, როგორც ამას ვლადიმერ ტატიშვილი წერს თავის რუსულად გამოცემულ წიგნში „ქართველები მოსკოვში“: „გასცნობოდნენ ქართულ სარწმუნოებას და თუ საჭირო იქნებოდა, „გაესწორებინათ“ „ის“ და ჩვენც ამის ნებას ვაძლევდით და თავადაც ინიციატივას ვიჩენდით: ვიდრე ბიბლიას დავსტამბავდით, ის ჯერ რუსულს შევუდარეთ, იმის მიხედვით „შევასწორეთ“ და ისე გამოვეცით... არ ვიცი, იმ საუკუნეებში ვინმე თუ კითხულობდა: რატომ უნდა „გაესწორებინათ“ სარწმუნოებრივი პრინციპები ჩვენთვის რუსებს ან ჩვენ რატომ უნდა გვესწორებინა მათი ნიმუშის მიხედვით რელიგიური ლიტერატურა?! თუ ბერძნებს, რომლებსაც ქრისტიანობის ისტორიაში დიდი ღვაწლი აქვთ გაწეული, შეიძლებოდა ჰქონოდათ ქართველებისადმი მენტორული დამოკიდებულების გამვლენის სურვილი, ეს კიდევ გასაგებია, მაგრამ რუსებს რატომ ჰქონდათ ამის პრეტენზია, - გაუგებარია. ფაქტი კი ისაა, რომ გვიან შუა საუკუნეებში ჩვენში უკვე დავიწყებულია კირიონ კათალიკოსისა და გიორგი მთაწმინდელის ეროვნულ-ქრისტიანული პრინციპები. სამაგიეროდ, გაგვინვითარდა მართლმადიდებლური სნობიზმით გამოწვეული ქვეშევრდომის ფსიქოლოგია; ამასთან, იმდენად, რომ რუსეთთან სამსაუკუნოვანი, ინტენსიური ურთიერთობის მიუხედავად, ვერ შევამჩნიეთ ის დიდი ცვლილებები რელიგიურ ცხოვრებაში, რომელიც უკვე XIX საუკუნეში, რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობისა და ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის მოსპობის შემდგომ, ჩვენში უდიდესი სულიერი კრიზისის საფუძველი გახდა... საქმე ის გახლავთ, რომ დოგმატიზმისაკენ უაღრესად მიდრეკილ რუსეთში ქრისტიანობის ისეთი დოგმატიკური პრინციპი გააუქმეს, როგორიცაა აღსარების საიდუმლო... (ამ საკითხის თაობზე მეტად საინტერესოდ პასუხობდა „პერესტროიკის“ წლებში ჟურნალ „ოგონიოკის“ კორესპონდენტს აკადემიკოსი დიმიტრი ლიხაჩოვი. ეს ინტერვიუ 1988 წლის მარტში დაისტამბა და დასათაურებულია ასე: „წინასწარი შედეგები ათასწლოვანი ცდისა“. ამ კითხვა-პასუხის ჩვენთვის საინტერესო მონაკვეთში ასეთ რამეს ამბობენ: კითხვა - „მაშ ასე, როდისღა იქცა ოფიციალური მართლმადიდებლობის იდეოლოგია ერის განვითარების სულიერ მუხრუჭად? საიდან ავითვალოთ? ნიკოლოზისეული ფორმულიდან-თვითმპყრობელობა-მართლმადიდებლობა-ხალხურობა? იქნებ ადრე? რატომ იყვნენ დეკაბრისტთა უმეტესობა მორწმუნენი, რაზნოჩინცები კი არა? პასუხი - „მე ვფიქრობ, რომ პეტრე I-ზე ბევრი რამ იყო დამოკიდებული, თუმცა თავად პეტრეს უყვარდა მართლმადიდებლური ღვთის მსახურება, კლიროსზე მღეროდა და არავითარ შემთხვევაში ათეისტი არ ყოფილა. პეტრესეული რეფორმები ნიკონის რეფორმების გაგრძელება იყო და ეკლესიის ავტორიტეტის საშინელი დაცემა გამოიწვია. თუ აღმსარებელი აღსარების საიდუმლოს უფლებას კარგავს, თუ მღვდელი სახელმწიფო უკაზით ვალდებულია, ის დააბეზღოს, მაშინ ეკლესიას რა ავტორიტეტი შეიძლება ჰქონდეს?!“ ცხადია არავითარი! რუსული ეკლესიის ზემოხსენებულმა რეფორმამ ის სახელმწიფოს საიდუმლო პოლიციის ნაწილად აქცია და ამის წყალობით თანდათანობით რუსეთში დაიწყო მოსახლეობის ეკლესიისაგან ჩამოშორება და გაათეისტება. რადგანაც საქართველო რუსეთის ნაწილად იყო ქცეული, იგივე პროცესები წარიმართა ჩვენში და ბევრად უფრო დამღუპველი შედეგები იქონია, იმიტომ, რომ ეროვნული ცნობიერება დაკარგული გვქონდა, მას კუთხური პატრიოტიზმი ცვლიდა, საერთო ქრისტიანული სარწმუნოება გვქონდა და ახლა ესეც დაგვეკარგა და დაიწყო დიდი სულიერი კრიზისი, რომელიც ნათლად გამოვლინდა იმაში, თუ როგორ იქცა ჯერ რუსული „ნაროდნიკობის“, შემდეგ კი, მარქსისტული სოციალიზმის იდეები თითქმის რელიგიად საქართველოში. ხოლო სასულიერო სემინარია პროფესიონალ რევოლუციონერთა ნამდვილი სკოლა გახდა... საყოველთაო გაათეისტება ნიჰილიზმს ბადებდა, ეს კი შეუძლებელს ხდიდა ეროვნულ აღორძინებას. ამ მხრივ, რუსები ბევრად უკეთეს მდგომარეობაში იყვნენ, რადგან მათში მეტად ძლიერი იყო „დერჟავული“ ცნობიერება, რაც ნებისმიერი კრიზისის პირობებშიც, ხდებოდა სახელმწიფოსა და მისი ინტერესების შენარჩუნებისა და დაცვის გარანტი. ჩვენ მსგავსი არაფერი გაგვაჩნდა... ილია ჭავჭავაძის მიერ წამოყენებული ლოზუნგი „ენა, მამული, სარწმუნოება“ იმ ეთნიკურ დომინანტად ვერ იქცა, მთლიანად ერს რომ შეაკავშირებდა და დასახული მიზნისაკენ წაიყვანდა. ამიტომ, როცა რუსეთის მონარქისტული იმპერია დაინგრა და ჩვენც ესე ნანატრი თავისუფლება მოვიპოვეთ, უამრავი პრობლემა აღმოგვაჩნდა გადასაწყვეტი, - მათ შორის იყო რუსეთის მიერ გაძარცვული და შერყვნილი ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენაც; რაც განხორციელდა კიდეც, მაგრამ ბევრად ძნელი აღმოჩნდა გაათეისტებული მოსახლეობის შემობრუნება სარწმუნოებისაკენ, თუმცა, კაცმა რომ თქვას, ამისი საშუალება არც იყო, რადგან 1921 წელს მეორე რუსული ოკუპაციის შედეგად დამყარებულმა კოლონიურ-კომუნისტურმა რეჟიმმა დაიწყო რელიგიის ისეთი დევნა, რისი ანალოგიც ისტორიაში არ მოიძებნება: ანგრევდნენ ტაძრებს, ფიზიკურად სპობდნენ ღვთისმსახურებს და მათ ადგილზე ათასგვარი მანკიერებით აღსავსე ავანტიურისტებს ნიშნავდნენ, დევნიდნენ მორწმუნეებს და ასეთი პოლიტიკა რუსეთის კომუნისტური იმპერიის არსებობის თითქმის მთელი სამოცდაათი წლის მანძილზე გაგრძელდა და ვიდრე ის დაემხობოდა, ისეც მოხდა, რომ უკიდურესმა ანტირელიგიურმა პოლიტიკამ უკუშედეგიც გამოიღო და ე.წ. სსრკ-ს დანგრევამდე ბოლო ორი ათეული წელი შეინიშნებოდა რელიგიისაკენ მოსახლეობის მობრუნება. ეს ტენდენცია ჩვენთანაც იყო და საბოლოოდ მიიღო „ტაძრისაკენ მიმავალი გზის“ ძიების ხასიათი. „პერესტროიკის“ დროს ანტირელიგიურ პროპაგანდას თავი ანებეს და, გახსნაც დაიწყეს ადრე კარდაგმანული ეკლესიებისა, რომელთაც მაშინ მოსახლეობა მიაწყდა. იყო ამაში რაღაც, თუ გნებავთ, მოდური... იმ წლებში ხელახლა ითარგმნა თანამედროვე ქართულ ენაზე ბიბლია და იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ტოტალური გაათეისტების შემდეგ მოსახლეობის დიდი ნაწილი ტრადიციულ სარწმუნოებას დაუბრუნდებოდა, მაგრამ მთლად ასე არ მოხდა; ჯერ ერთი, უმეტესობა ისევ ათეისტია, ხოლო მოქალაქეთა რელიგიური ნაწილი ორადაა გაყოფილი, ერთნი მართლმადიდებლები არიან, მეორენი კი იმ უამრავი სექტის მიმდევარნი, სოკოებივით რომ აღმოცენდა ჩვენში...
დღევანდელი ყოფა კარგი დადასტურებაა იმისა, რომ არ გვქონდა და არც ახლა გვაქვს რელიგია, გააზრებული ეროვნული იდეის შემადგენელ ნაწილად და, შესაბამისად, ვერც რაიმე კონსტრუქციულ პოლიტიკას ვანხორციელებთ ამ მხრივ.
ვინმეს შეიძლება ეგონოს, თითქოს რაიმე განსაკუთრებულს ვითხოვდე, მით უმეტეს, რომ საქართველოს კონსტიტუციის პირველი თავის მე-9 მუხლში ნათქვამია:
„სახელმწიფო აღიარებს ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში, ამასთან ერთად აცხადებს რწმენის და აღმსარებლობის სრულ თავისუფლებას, ეკლესიის დამოუკიდებლობას სახელმწიფოსაგან“. დიახ, ასეთი კონსტიტუციური უფლებები გვაქვს და სწორედ ამიტომ, განსასაზღვრია რელიგიისადმი დამოკიდებულების პრინციპი... რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, ეს ასეა და, აი რატომ: ნებისმიერი სარწმუნოება უპირველეს ყოვლისა გარკვეულ ღირებულებათა მიმართ ერთგულების გამოვლენას გულისხმობს და აქედან გამომდინარე განსხვავებული ქცევის სტერეოტიპის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.
თუ როგორ მიმდინარეობს ასეთი პროცესი, ეს კარგად აქვს აღწერილი ქრისტიანობის წარმოშობა-გავრცელების მაგალითზე ისტორიკოს ლევ გუმილოვს თავის მონოგრაფიაში „ეთნოგენეზისი და დედამიწის ბიოსფერო“: „მაგრამ ჩ.წ.ა. I ს. რომის იმპერიაში ახალი, თავიანთ მეზობელთაგან არავის რომ არ ჰგავდნენ, ისეთი ადამიანები, - შემდეგ ორ საუკუნეში ახალი მთლიანობის წარმომშობნი. უკვე თავიანთი გამოჩენისთანავე დაუპირისპირდნენ „წარმართებს“ ანუ ყველა დანარჩენს და მართლაც განირჩეოდნენ მათგან. რა თქმა უნდა, არა ანატომიური ან ფიზიოლოგიური ნიშნებით, მაგრამ ქცევის ხასიათით, მათ სხვაგვარი დამოკიდებულება ჰქონდათ ერთმანეთთან, სხვაგვარად აზროვნებდნენ და - ისახავდნენ ცხოვრებისეულ მიზნებს, თანამედროვეებს უაზრობად რომ ეჩვენებოდათ: ისინი მიისწრაფოდნენ იმქვეყნიური ნეტარებისაკენ. ელენისტური სამყაროსათვის უცხო იყო ასკეტიზმი, ახალმა ადამიანებმა შექმნეს ფივიადა; ბერძნები და სირიელები საღამოებს თეატრში ატარებდნენ და შეხაროდნენ „კრაზანის ცეკვას“ (ძველი სტრიპტიზი), ესენი კი საუბრებისათვის იკრიბებოდნენ და ჩუმად ბრუნდებოდნენ სახლებში. ელინებს და რომაელებს უკვე რამდენიმე საუკუნეა თავიანთი ღმერთები ლიტერატურულ სახეებად მიაჩნდათ, მათ კულტს კი ინახავდნენ როგორც სახელმწიფოებრივ ტრადიციას, ყოფაში ხელმძღვანელობდნენ მრავალრიცხოვანი ნიშნებით; ახალი მქადაგებლები და ნეოფიტები სრული თავდაჯერეულობით მიიჩნევდნენ რეალობად საიქიო ყოფიერებას და ემზადებოდნენ იმქვეყნიური ცხოვრებისათვის. იყვნენ რა ლოიალურნი რომის ხელისუფლების მიმათ, ისინი უარს ამბობდნენ ეღიარებინათ მისი ღვთაებრივი ბუნება და თაყვანს არ სცემდნენ იმპერატორთა ქანდაკებებს, - რაც ხშირად სიცოცხლის ფასად უღირდათ. მათი ქცევის ნიუანსები საზოგადოებრივ სტრუქტურას არ ამსხვრევდა, მაგრამ ეთნიკური მთლიანობიდან ახალი ადამიანები ამოვარდნილნი იყვნენ და ქალაქის მდაბიოთა ცხარე სიძულვილს იწვევდნენ; ისინი მათ განადგურებას მოითხოვდნენ განსხვავებულობის უფლების უარყოფის პრინციპიდან გამომდინარე“.
ჩვენი კონსტიტუცია იცავს განსხვავებულობის უფლებას, ამიტომ ახლა უკვე ცალკეული ადამიანების გადასაწყვეტია: რამდენად აწყობთ მათ იყვნენ „ეთნიკური მთლიანობიდან ამოვარდნილნი“. იმისათვის, რომ ესა თუ ის პიროვნება, ან თუნდაც, მთელი საზოგადოებრიობა გაერკვეს ასეთი არჩევანის არსში, საჭიროა განვჭვრიტოთ ის შედეგები, რაც ამან შეიძლება მოუტანოს მთელ ერს. ის, რაც მოხმობილი ციტატით ითქვა ქრისტიანობას შეეხებოდა, მაგრამ, მოგეხსენებათ, ნებისმიერი სარწმუნოება მოითხოვს მორწმუნისაგან გარკვეული ღირებულებებისადმი ერთგულებას და ქცევის განსაზღვრულ წესს. ისეთს, რომელიც, შესაძლოა, ჩვენს ტრადიციებსა და აღიარებულ ფასეულობებს უარყოფდეს, უცხოს და მიუღებელს ამკვიდრებდეს, გვართმევდეს ეროვნულ ცნობიერებას, გვიკარგავდეს ეთნიკურ სახეს. მოკლედ რომ ვთქვათ, დასაფიქრებელი საკმაოდ ბევრია, - და არა მხოლოდ არჩევანის თვალსაზრისით. იმ მიზეზებსაც უნდა მიექცეს ყურადღება, და საკმაოდ სერიოზულადაც, თუ რატომ მოხდა, რომ ერთბაშად ამდენმა სექტამ და რელიგიამ მოიპოვა ჩვენში მიმდევარი? რა მიზეზია ამისი? მხოლოდ რელიგიური თუ, სოციალური საფუძველიც გააჩნია ამ პროცესს? რატომ დაკარგა ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ის ადამიანები მის მრევლად რომ უნდა ქცეულიყვნენ? არ იყო მზად კონკურენციისათვის თუ არ ეყო მოქნილობა, ემოქმედა დღევანდელი პრობლემების არსებობის პირობებში? აშკარაა ერთიცა და მეორეც. ყოველ შემთხვევაში აქამდის ქართველთათვის პოლირელიგიურობა არ იყო დამახასიათებელი არც წარმართულ ხანაში, არც ქრისტიანულ პერიოდში და თუ იყო ცალკეული შემთხვევები, ეს გარეშე ზემოქმედების შედეგი გახლდათ.
გარკვეულწილად იგივე მიზეზი უდევს საფუძვლად იმას, რომ დღეს საქართველოში რამდენიმე სარწმუნოებრივი ჯგუფი და კონფესია იბრძვის მრევლის მოსაპოვებლად, უპირისპირდებიან ერთმანეთს და ყველა თავის ჭეშმარიტებას ამტკიცებს. ამის უფლება მათ კონსტიტუციით აქვთ გარანტირებული. ცხადია, კარგია, როცა რომელიმე სახელმწიფოში ერთი სარწმუნოებაა და არა მრავალი, მაგრამ არც პოლირელიგიურობა უშლის ხელს ეროვნულ ერთიანობას და აღორძინებას. მიუხედავად ყველა იმ პრობლემის არსებობისა, რომელსაც კონფესიური განსხვავებულობა ქმნის, ეს განხეთქილებისა და შიდა დაპირისპირების საფუძველს არ წარმოადგენს. გავიხსენოთ კარდინალ რიშელიეს მეტად საყურადღებო შენიშვნა: „რელიგიურ რწმენათა შორის განსხვავებამ, შეიძლება განხეთქილება გამოიწვიოს იმ ქვეყანას, მაგრამ არა ამ ქვეყანასო“, ეს შეეძლო ეთქვა ადამიანს, ვისი მიზანდასახული ძალისხმევითაც, ფრანგთა ისეთი გამყოფი და დამაპირისპირებელი, კონფესიური კუთვნილების აღმნიშვნელი ცნებები, როგორიც იყო „კათოლიკე“ და „ჰუგენოტი“ იცვლებოდა რელიგიურად გაყოფილი მოსახლეობის გამაერთიანებელი ცნებით - „ფრანგი“ და ვინც ფრანგთათვის დღევანდელი მნიშვნელობა მიანიჭა სიტყვას „სამშობლო“ (la patrie). იმიტომ, რომ კარგად უწყოდა, მთავარი, ეროვნული ცნობიერებაა, რომელიც მოსახლეობის შემაკავშირებელია „ამ ქვეყანას“ და ამ თვალსაზრისით სტაბილურობის გარანტს წარმოადგენს. ჩვენში მისი დაქვეითება გახდა მიზეზი რელიგიური სნობიზმის აღორძინებისა და ამის წყალობით თავს ლატეხილი ყველაზე დიდი სულიერი კრიზისისა.
ასე რომ, დღევანდელი რელიგიური მდგომარეობის მარეგულირებელი შეიძლება იყოს მხოლოდ ეროვნული იდეა, რომლის გააზრება საშუალებას მოგვცემს შევიმუშაოთ სათანადო რელიგიური პოლიტიკა, რომელიც გაითვალისწინებს ჩვენს უმთავრესს მონაპოვარს: შესაძლებლობას, ავაშენოთ სამართლებრივი, დემოკრატიული, კერძო საკუთრების პრინციპებზე დაფუძნებული სახელმწიფო და ჩამოვაყალიბოთ პლურალისტური საზოგადოება. ამის გარეშე ვერასოდეს ვერ ავიცილებთ კომფესიურ დაპირისპირებას, რაც, თავის მხრივ, ქართველთა შორისა, ახალი და კიდევ უფრო შეურიგებელი კონფრონტაციის მიზეზი შეიძლება გახდეს. ამის ნიშნები კი უკვე შეიმჩნევა...
ეს წერილი დაწერილი იყო, როცა მოსახლეობა მომხრე-მოწინააღმდეგეებად დაჰყო ეროვნული საგანძურის უცხოეთში გამოფენასთან დაკავშირებულმა კამათმა... ვინც გატანას არ უჭერს მხარს, ისინი ქრისტიანული პერიოდის საკულტო დანიშნულების მქონე ექსპონატების გამო წუხან და თავიანთი პოზიციის სისწორის საბუთად იშველიებენ იმას, რომ ხელოვნების ეს ნიმუშები „უპირველეს ყოვლისა სიწმინდეებია“ და მათი „თუნდაც მცირე ხნით სხვაგან წაღება დაუშვებელია“. ამას გარდა არგუმენტად კიდევ იმას იშველიებენ, რომ შენახვის ცუდი პირობების გამო ექსპონატები დაზიანებულია და მათი ტრანსპორტირება არ შეიძლებაო და ბოლოს, მოითხოვენ ქრისტიანული პერიოდის ექსპონატების ეკლესიისათვის დაბრუნებას, თუმცა კარგად უწყიან, რომ იქ მათი სათანადო დონეზე შენახვის პირობები არ არის.
მნიშვნელოვანი ამ ისტორიაში ის არის, რომ აშკარაა ეროვნული საგანძურისადმი ცალმხრივი კომფესიური ინტერესებიდან მომდინარე მიდგომა: მორწმუნე ხელოვნების მოყვარულნი რელიგიური ნიშნით განასხვავებენ ექსპონატებს და იმათ გადარჩენაზე ფიქრობენ რომელთაც საკულტო დანიშნულება აქვთ, მაგრამ რა ვუყოთ წარმართული ხანის ,ბევრ შემთხვევაში, ასევე საკულტო დანიშნულების მქონე ექსპონატებს? თუ ჩვენი დამოკიდებულება მხოლოდ რელიგიური ხასიათისა იქნება, მაშინ მათ პატრონი ნამდვილად არ გამოუჩნდებათ, რადგან არმაზის, ზადენისა და სხვა ღვთაებათა კულტის მიმდევრები აღარ არიან და არც ქურუმთა ინსტიტუტია, მაშ რა ვქნათ? აღვადგინოთ წარმართული ქართული პანთეონი თავისი ღვთისმსახურებით და ამ გზით ვუპოვოთ ანტიკური პერიოდის ხელოვნებას გულშემატკივრები? თუ ამას არ ვაპირებთ, მაშინ ხედვის სხვა კუთხეა მოსაძებნი და შექმნილმა სიტუაციამ ანეკდოტური ხასიათის დასკვნები რომ არ გაგვაკეთებინოს, სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ პრობლემას და კომფესიურზე მაღლა ეროვნული ინტერესები დავაყენოთ. ამასთან გასააზრებელი გვაქვს: გვჭირდება თუ არა ქართული კულტურის პროპაგანდა უცხოეთში და რა ფორმები უნდა გამოვიყენოთ ამისათვის? თუ პირველ კითხვას დადებითად ვუპასუხებთ, მაშინ არც ის იქნება ძნელი გადასაწყვეტი (მითუმეტეს, თუ საქმე ეროვნულ საგანძურს შეეხება), როგორ შევძლოთ მისი პოპულარიზება: ორიგინალები წავიღოთ გამოფენაზე, მულიაჟები თუ მხოლოდ რეპროდუქციები. საერთოდ, ასეთი ხასიათის პროპაგანდისტული აქცია რელიგიური კი არა, „საქართველოს საკითხის“ პოზიციებიდან უნდა იქნეს განხილული და განხორციელებული. სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებას ერთიანი თვალსაზრისი არ გააჩნია მრავალი არსებითი მნიშვნელობის მქონე საკითხისადმი. მათ შორის, რელიგიისაკენ მობრუნების გზებისა და ფორმების მიმართაც. თუმცა, ამ შემთხვევაში, მხილება კი არა, გააზრებული პოლიტიკის გატარებაა საჭირო. ასეთი რამ კი არც შექმნილა და, ცხადია, ვერც განხორციელდება. ამიტომ ვერ ავცდით უაზრო დაპირისპირებას სარწმუნოებისა და სხვა დანარჩენი ღირებულებების ურთიერთმიმართების თაობაზე: ჯერ კიდევ ცხრა წლის წინ ერთი ღვთის მსახურის ინტერვიუში ამოვიკითხე ასეთი მოსაზრება: საღვთო სჯულის შემსწავლელ მის ერთ მოსწავლეს ფრანკო ძეფირელის ფილმი „იესო ნაზარეველი“ უფრო ემოციური ჩვენებია, ვიდრე ხატი ეკლესიაში. ღვთის მსახურს საშიშად მიუჩნევია ამდაგვარი ფილმები, მათი შეფასებისას იგი პავლე მოციქულის სიტყვებს იშველიებდა და დაასკვნიდა - „სატანა ზოგჯერ იღებს სინათლის ანგელოზის იერსაც. მსგავსი რამ ხდება ამდაგვარ ფილმებშიც“-ო. ასეთი რამის წაკითხვისას უნებლიედ აუტოდაფეს მხურვალებას შეიგრძნობ... შარშან ერთმა მორწმუნე გოგონამ გამანდო: მოძღვარმა გვითხრა სიტყვა დემოკრატია დემონისაგან მომდინარეობსო... სხვათაშორის, ქრისტემ თავისი სწავლება იქადაგა იმ დროის პალესტინის ყველაზე დემოკრატიულ ფენებში (მეთევზეები, ხუროები), ამიტომ განათლებულ და ახალი აღთქმის წამკითხავ მღვდელს არ უნდა ეშლებოდეს არც ცნება დემოკრატიის არსი და არც ამ სიტყვის ეტიმოლოგია.
სულ ახლახან ტელევიზიით მოვისმინე ღვთის მსახური ამბობდა: რომის პაპი მწვალებელიაო... ეს მაგალითებიც საკმარისია იმისათვის, რომ დარწმუნდე რელიგიურ თემაზე არსებულ დაპირისპირებათა მასშტაბებსა და სიმწვავეში, რომელთა არსებობა უკვე საზიანოა ჩვენი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესებისათვის და მათი გაღრმავება კიდევ უფრო გვავნებს...
ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ გვიდასტურებს ეროვნული იდეის ანუ ღირებულებების, პრინციპებისა და ინტერესების ერთიანი სისტემის გააზრების აუცილებლობას, რომელშიაც რელიგიას ცხადია თავისი ადგილი ექნებოდა მიკუთვნებული, რაც საშუალებას მოგვცემს, ჯერ ერთი ჩავწვდეთ რელიგიის არსს. ეს ჩვენთვის პრობლემას წარმოადგენს, რადგან სარწმუნოებისადმი ბევრ შემთხვევაში რელიგიური პრინციპებისადმი აშკარაა ზერელე ზედაპირული დამოკიდებულება და სარწმუნოებრივი პრობლემები ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით მოვაგვაროთ. მოსახლეობას კი ეცოდინება, რას უერთგულოს და რას არა, რა მიიღოს, რა კიდევ უარყოს.
1998-1999 წლები.
![]() |
6 ეროვნული იდეა და ეროვნული უმცირესობანი |
▲ზევით დაბრუნება |
გაუთავებლად ბევრი ლაპარაკია იმის თაობაზე, გვჭირდება თუ არა ეროვნული იდეა. ერთ-ერთი საწინააღმდეგო არგუმენტი იმას ეფუძნება, რომ საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობანი შეიძლება, ამან გააღიზიანოსო. ასეთი მსჯელობა არასწორია, რადგან ეროვნული იდეა, ეს არის ამა თუ იმ ქვეყანაში არსებული ღირებულებების, პრინციპებისა და ინტერესების ერთიანი სისტემა, რომელიც მთელი მოსახლეობის (განურჩევლად ეროვნებისა) შემაკავშირებელია, მაორგანიზებელია და წარმმართველია. მითუმეტეს, აქტუალურია ეს იდეა, თუ მიმდინარეობს სახელმწიფოს აღმშენებლობის პროცესი, რასაც დაშლილი და გათითოკაცებული საზოგადოება ნამდვილად ვერ შეძლებს. ამიტომ ეროვნული იდეა ყველას სჭირდება.
უკვე ის, რომ თავიდანვე საეჭვო გახდა ეროვნულ უმცირესობათა მხრიდან ჩვენი ეროვნული იდეის მიღება-გათავისება, ეს არა იმდენად იდეის ხასიათზე ლაპარაკობს, არამედ მოქალაქეთა გამაერთიანებელი ღირებულებების, პრინციპებისა და ინტერესების ერთიანი სისტემის შექმნის აუცილებლობაზე. სხვათაშორის, კოლონიურ-კომუნისტური რეჟიმის დროს სულ უფრო საგრძნობი იყო ეროვნულ უმცირესობათა გაუცხოვება უმრავლესობის პრობლემებისადმი და ამავე დროს, აშკარა იყო მათი სოციალური აქტივობა ქართველთა შედარებითი პასიურობის ფონზე: ყველას გააჩნდათ თავთავიანთი ეროვნული იდეა, რომლის მიხედვითაც მოქმედებდნენ და შეიძლება ითქვას, წარმატებით წყვეტდნენ მათ წინაშე მდგარ ამოცანას. ქართული ტოლერანტობა კარგ პირობებს ქმნიდა ეროვნული თვითმყოფადობის არათუ შესანარჩუნებლად, არამედ ასაღორძინებლადაც კი... რაც რუსეთის კომუნისტურ იმპერიაში საქართველოს ერთგვარ ნაკრძალს ამსგავსებდა...
არაქართულმა მოსახლეობამ შეძლო რეალობაში ადაპტირება, წარმატებით მოაგვარა ყოფითი ხასიათის პრობლემებიც და ეს გასაკვირი არ უნდა ყოფილიყო, რადგან ჩვენი სახელმწიფოს დაარსებიდან მოყოლებული საქართველოში ყოველთვის იყვნენ ეროვნული უმცირესობანი, მაგრამ მათ არავინ ავიწროვებდა, იმიტომ, რომ ჩვენ არ გვახასიათებს ეთნიკური სეგრეგაცია. ეს ყველას ნორმალური განვითარების საშუალებას აძლევდა. ჩვენი მხრიდან ასეთი მოპყრობა თავისას აკეთებდა და მიუხედავად იმისა, თუ რამდენად მძაფრად ავლენდა ესა თუ ის ეთნიკური ჯგუფი ეთნოცენტრიზმს, კონფრონტაცია ეთნიკურ ნიადაგზე არ ყოფილა და ამის საილუსტრაციოდ ისიც გამოდგება, რომ ქართულ-ებრაელი ურთიერთობანი არ იცნობს ისეთ მოვლენას, როგორიც არის ანტისემიტიზმი, ხოლო რელიგიური დაპირისპირება სომხებთან (დიოფიზიტებისა და მონოფიზიტების დავა) ჩვენი მხრიდან არასოდეს გადაზრდილა ეთნიკურ დაპირისპირებაში. თვით საქართველოს დამპყრობ ერებთან, კერძოდ: სპარსელებთან, არაბებთან, თურქებთან და რუსებთან ბრძოლას არასოდეს მიუღია ანტისპარსული, ანტირაბული, ანტითურქული ან ანტირუსული მოძრაობის ხასიათი. ასეთ ზნეობრივ პოზიციას ეფუძნებოდა ქართველთა ურთიერთობა უცხოტომელთა მიმართ და ცხადია, საქართველოში მოსახლე სხვა ერის შვილების მიმართაც, რაც მათი ჩვენდამი ლოიალობის საკმაოდ მყარ საფუძველს ქმნიდა. სწორედ ასეთი დამოკიდებულება იწვევდა ისეთ პროცესს, როგორიც იყო არაქართველთა მისწრაფება (თავისით, ვინმეს დაუძალებლად) ინტეგრირებისა ქართულ სამყაროში; არამხოლოდ მიღება და გათავისება ჩვენი ტრადიციების, კულტურის, რელიგიის, არამედ ამ ფასეულობათა მტკიცედ დაცვაც და საჭიროების შემთხვევაში მათთვის თავის გაწირვაც, - რაც კარგად აისახა ქართულ ჰაგიოგრაფიულ ლიტერატურაში (იხ. იოვანე საბანისძე „წამებაი წმიდისა და ნეტარისა მოწამისა ქრისტეისისა ჰაბოისა“).
ეს ყველაფერი ერთა შორის ურთიერთობის რაღაც იდეალურ მოდელს სულაც არ ქმნიდა და იყო კიდევაც საპირისპირო შედეგის მქონე ფაქტები: ჯალალ ად-დინის შემოსევის დროს 1225 წლის 9 მარტს თბილისელმა მუსლიმანებმა მოღალატური საქციელი ჩაიდინეს, ქალაქის კარი გაუღეს ხორეზმელებს და მუხანათურად მოკლეს ციხისთავი მემნე ბოცოს-ძე, რითიც კიდევ უფრო შეუწყვეს ხელი ქართველთა დამარცხებას და მტრის მიერ დედაქალაქის აღებას.
მეორე მაგალითად გამოდგება 1795 წლის 11 სექტემბერს არტემ არარატელისა და ზოგიერთი სომხის მიერ თბილისიდან ირანის ელჩის გაპარება. ამ უკანასკნელმა ქართველთა მიერ უკუქცეულ აღა-მაჰმად-ხანს ქართველთა შეიარაღებული ძალების შესახებ ზუსტი ინფორმაცია მისცა. ამით მისი შემობრუნება და კრწანისის ომში ჩვენი საბედისწერო დამარცხება განაპირობა (იხ. ალ. ვახ-ძე ჯ-ორბელიანი, „აღა-მაჰმად-ხანის შემოსვლა ქ. ტფილისში“).
ორივე ეს შემთხვევა ისეთ დროს ხდება, როცა ქარველები ცუდად ორგანიზებულნი არიან და არც სათანადო ძალა გააჩნიათ თავდასაცავად. აქედან შეიძლება დავასკვნათ, რომ ტოლერანტობა სათანადო ძალის გარეშე, კარგავს თავის აზრს, და აღარაა დაფასებული. ამას ისტორია ადასტურებს: ქართული სახელმწიფოს დაარსებიდან ვიდრე დავით აღმაშენებლამდე, მთელი საუკუნე მის შემდგომაც საქართველო ადგა ეთნიკური კონსოლიდაციის გზას, ერი ერთიანდებოდა და ძალას ავლენდა, ძლიერი სახელმწიფოს შექმნას ცდილობდა და ბოლოს იქცა კიდევაც კავკასიურ იმპერიად. ტოლერანტობა, უხსოვარი დროიდან გამოვლენილი ერის ხასიათის თვისება მხოლოდ დავით IV-ის დროს გამოცხადდა ოფიციალურ პოლიტიკად, ანუ მაშინ, როცა იმპერიად გახდომა ვიწყეთ. ასეთ დროს შემწყნარებლობას ფასი ედება სიძლიერის გამო, და სიძლიერეს კი, - შემწყნარებლობის წყალობით... ამასთან: როცა, საჭირო იყო საკუთარი ღირებულებების პრინციპებისა და ინტერესების დაცვა ძლიერი საქართველო ამას სწრაფად და ეფექტურად აკეთებდა, რომ არავის ეჭვი არ შეჰპარვოდა მის ქმედით უნარიანობაში. XIII საუკუნის დამდეგს თამარის მეფობის დროს 1208 წელს ასეთი რამ მოხდა: არდაველის სულტანი აღდგომა დღეს საქართველოს ფარგლებში მყოფ ქალაქ ანისსში მოულოდნელად შეიჭრა და ეკლესიებში 12 ათასი ქრისტიანი მოაკვლევინა, თამარის რეაქციამ არ დააგვიანა, ქართველთა ლაშქარმა ქალაქი არდაველი აიღო და როგორც მემატიანე წერს: „ათორმეტი ათასი კაცი რჩეული მიზგითთა შინა მოკლეს, ვითარ მათ ყუეს ანისისა ეკლესიათა შინა“. ეს ადექვატური პასუხია ნამოქმედარზე, სრულიად მიესადაგება ეპოქის ხასიათს, და იძენს იმ არგუმენტის ძალას, რომელიც ყველაზე ნათლად წარმოაჩენდა ქართული ტოლერანტობის მნიშვნელობას... მაგრამ როცა სისუსტის გამომჟღავნება ვიწყეთ, როგორც ჩანს, აღარც ჩვენი ტოლერანტობა დაფასდა ისე, როგორც ძლევამოსილების ჟამს...
სიძლიერის პერიოდს სისუსტისა მოჰყვება ხოლმე. ეს არა ერთხელ განიცადა დიდი ისტორიის მქონე ბევრმა ერმა, ამ ე.წ. უილაჯობის ხანას, როგორც ტიპიურ მოვლენას. ისტორიკოსი ლევ გუმილოვი ასე აღწერს ძველი რომის დაკნინების ამსახველი სურათის მაგალითზე: „მოსახლეობა მცირდებოდა, სათნოება დავიწყებას ეძლეოდა, ადრე ფართოდ გავრცელებული კულტურა სპეციალისტთა ვიწრო წრის მონაპოვარი ხდებოდა, ამ დროიდან ეკონომიკა აგებული იყო ბუნებრივ სიმდიდრეთა მიმართ მტაცებლურ დამოკიდებულებაზე, სათესი ფართობი კი მცირდებოდა. სამოქალაქო ომებში სასტიკი დანაკარგის შემდეგ არ ყოფნიდათ უნარიანი მოხელეები და ოფიცრები, სამაგიეროდ გაიზარდა ლუმპენ პროლეტარების რიცხვი, ლოთობა და გარყვნილება რომში ყოფით ნორმად იქცა, ჩამოთვლილი მოვლენები - ეთნოგენეზის ფაზის ელემენტების არსია, რომელსაც ჩვენ ვბედავთ ვუწოდოთ ობსკურაცია», ანუ როგორც მოგახსენეთ, უღონობა, უილაჯობა. ეს საკმაოდ მძიმე პერიოდია ერის ისტორიისა და ის ჩვენს სინამდვილეში კიდევ უფრო დამძიმებული იყო და არის გარეშე ფაქტორების დესტრუქციული ზემოქმედების შედეგად, რომელთა წყალობით საქართველო ჯერ გაპარტახდა, ხოლო შემდეგ, XIX საუკუნის დასაწყისში დამოუკიდებლობაც დავკარგეთ. ყველაფერი ეს ამწვავებდა ეთნიკურ ურთიერთობებს და არღვევდა არსებულ თანაფარდობას: მონღოლთა შემოსევების პერიოდიდან, ანუ XIII საუკუნიდან ძლიერდება ჩრდილოეთ კავკასიიდან ოსთა აგრესია. XV საუკუნიდან კი აფხაზთა შემოტევები. თურქთა და სპარსთა ექსპანსიის შედეგად იკარგება ტერიტორიები, ხოლო ქართველთა ნაწილი იძულებულია რელიგია შეიცვალოს და მუსლიმანი გახდეს. ამავე დროს ძლიერდება სომეხთა მიგრაცია საქართველოში და ეს პროცესი ქართველთა ეთნიკური და პოლიტიკური დასუსტების ფონზე მიმდინარეობდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, გვეყო ძალა ჩამოსახლებულ აფხაზებზე, ოსებზე, სომხებზე, აზერბაიჯანელებზე და ზოგიერთ სხვა ეთნიკურ ჯგუფზე მოგვეხდინა კულტურული ზეგავლენა, ვაზიარეთ ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს, - ამ გზით ვაქციეთ ისინი ქართული სამყაროს ნაწილად და შევძელით გაგვეგრძელებინა რელიგიური და ეთნიკური ტოლერანტობის პოლიტიკა, რის გამოც საქართველოში მცხოვრებ სხვადასხვა ეროვნული წარმომავლობის ჯგუფებს შორის მშვიდობა და წონასწორობა სუფევდა. ეს ყველაფერი რუსეთის კოლონიურმა პოლიტიკამ დაარღვია და უამრავი პრობლემა შეგვიქმნა. რუსი კოლონიზატორები ხელმძღვანელობდნენ პრინციპით „გათიშე და იბატონე“ (Divide et impera) ამიტომ ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ქართველებთან არაქართველები დაეპირისპირებინათ, მაგალითად: აფხაზები. ხოლო როცა ანტირუსული პოლიტიკის გამო მათი დიდი ნაწილი თურქეთში გადაასახლეს, აფხაზეთში ჩასახლების ნებას ყველას აძლევდნენ ქართველების გარდა. სამაგიეროდ ოსებს შეუწყვეს ხელი, რომ შიდა ქართლის კოლონიზაცია ფართო მასშტაბით განეხორციელებინათ და მხარს უჭერდნენ რუსი, გერმანელი, პოლონელი, ესტონელი და ბევრი სხვა ერის წარმომადგენლის ჩამოსახლებას საქართველოში. რუსეთის კოლონიური ხელისუფლების განსაკუთრებული მფარველობით სარგებლობდნენ სომხი, როგორც რუსული ორიენტაციის მქონენი, ამიტომ იმპერიისათვის სანდონი. გასული საუკუნის 20-იანი წლების ბოლოს, ჯავახეთში მათი დასახლების შემდეგ, ამ მხარეში საქართველოს ეთნიკურ ნიადაგზე პრობლემები შეექმნა... ხოლო მთელი XIX საუკუნე, თბილისი სომხური ბურჟუაზიის ექსპანსიის ობიექტი იყო... ის, რაც ხდებოდა თავისებურად, კანონზომიერიც გახლდათ: ქართველები თავის ქვეყანაში ანგარიშგასაწევ ძალას აღარ წარმოადგენდნენ. საქართველო რუსეთის ნაწილად იყო გადაქცეული, ცხოვრების წესიც ყველასათვის სავალდებული იყო. ისევე, როგორც სახელმწიფო და, მაშასადამე, საურთიერთობო ენას რუსული წარმოადგენდა. აქედან იწყება საქართველოში მოსახლე ეთნიკურ უმცირესობათა გაუცხოვება ჩვენი სულიერი ფასეულობებისადმი, ეროვნული ინტერესებისადმი, და აქედან იწყება ის მოვლენა, რომელსაც რუსულენოვანი მოსახლეობის ფენომენი ჰქვია, და რომელიც ეთნიკურად მრავალფეროვანია, ოღონდ სულ უფრო სწრაფად კარგავდა თავის ეროვნულ ტრადიციებს, კულტურას, ენას და აგრესიული ხდებოდა ყოველივე არარუსულის მიმართ. პირველი რუსული ოკუპაციის წლებში ეს პროცესი მხოლოდ იწყებოდა და ამიტომ იმ დროს დახვავებული ეროვნებათშორისი ურთიერთობების პრობლემათა მოგვარება ქართველებმა ჩვენი პირველი რესპუბლიკის დროს 1918-1921 წლებში ვცადეთ და გარკვეულწილად შევძელით კიდეც: კულტურული ავტონომიის პირობებში, ეროვნულ უმცირესობათა ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით. მაგრამ დაწყებული პროცესის ბოლომდის მიყვანა არ დაგვცალდა და, მეორე რუსული ოკუპაციის შემდეგ ეროვნული ურთიერთობანი „ხალხთა მეგობრობის ლენინური პოლიტიკის“ შედეგად უკიდურესად გამწვავდა. ამასთან მთელი ძალით გაგრძელდა წინა საუკუნეში დაწყებული ყველა ის დესტრუქციული პროცესი, რომელიც ქართველებსა და არაქართველებს შორის იყო რუსეთის მიერ პროვოცირებული: ე.წ. ავტონომიების შექმნით საქართველოში ეროვნულ უმცირესობათა პრობლემები კი არ გადაწყვიტეს, არამედ იურიდიულ საფუძველი შეუქმნეს ეთნოსეპარატიზმს, ამასთან სცადეს და შეძლეს კიდევაც ორად გახლიჩათ საქართველოს მოსახლეობა: ერთ ნაწილს ქართულენოვანი მოქალაქეები შეადგენდნენ, მეორეს რუსულენოვანნი. მათ შორის სულ უფრო ღრმავდებოდა გაუგებრობის უფსკრული, ამავე დროს რუსულენოვანნი, რომელთა შორის ქართველთა პროცენტი საკმაოდ დიდი იყო, ნაკლებად ერკვეოდა საქართველოს პრობლემების არსში და ნებით თუ უნებლიედ ხდებოდა რუსეთის ინტერესების მხარდამჭერი და გამტარებელი. ორივე რუსეთის მიერ განხორციელებულ დამანგრეველ ზემოქმედებას ჩვენ სათანადოდ ვერ ვპასუხობდით, რადგან ვავლენდით ეთნიკურ პასიურობას. ასე იყო როგორც XIX, ასევე XX საუკუნეში და ეს, უპირველეს ყოვლისა, იმაში გამოვლინდა, რომ გაგვიჭირდა რეალობაში ადაპიტრება, ფეოდალური ცხოვრების წესიდან ბურჟუაზიულზე გადასვლა. ამას იმანაც შეუწყო ხელი, რომ კაპიტალისტური ურთიერთობანი 1864 წლიდან ანუ ძალიან გვიან იწყება ჩვენში, მისი პრინციპები აღებ-მიცემობაზე დაფუძნებული, რაკი კრიტიკისა და ქილიკის ობიექტი იყო ფეოდალურ საქართველოში, ბუნებრივია, ძნელად განვითარდებოდა ქართველთა შორის. სამაგიეროდ, ძალიან კარგად შეძლეს სომხებმა, რომელთაც ვაჭრობისადმი არანაირი უარყოფითი დამოკიდებულება არ ჰქონდათ და ამიტომ სწრაფად გაერკვნენ დროის თავისებურებაში და ადვილად ჩამოყალიბდა სომხური ბურჟუაზია, - ქმედითუნარიანი სოციალური ძალა, რომელმაც გასულ საუკუნეში მთელი კავკასიის მასშტაბით გარკვეული ექსპანსიონისტური პოლიტიკის განხორციელება სცადა. ბურჟუაზია, როგორც ახალი სოციალური კლასი ჩამოუყალიბდათ რუსების, პოლონელების, აზერბაიჯანელების, ებრაელების საქართველოში მოსახლე ეთნიკურ ჯგუფებს. ყველაზე გვიან წარმოქმნილი და ყველაზე სუსტი ბურჟუაზია გვყავდა ქართველებს... მისი ფორმირება მეტად მძიმე კონკურენტულ გარემოში ხდებოდა, რომლის დროსაც ახალ სამეურნეო ურთიერთობებში ადაპტირებული ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლები კეთილგანწყობით ნამდვილად არ შეხვედრიან ქართული ბურჟუაზიის პირველ მერცხლებს. პირიქით, იყო ეჭვისა და უნდობლობის ატმოსფერო. როცა საქართველოს ამათუ იმ კუთხის შვილთა წარმატება კაპიტალისტური საქმიანობის ასპარეზზე გაღიზიანებას და შიშს იწვევდა არაქართველ თანამოსაქმეთა შორის. ამ თვალსაზრისით ბევრის მთქმელია ის დიალოგი, რომელიც ზემოხსენებულ თემას შეეხება და რომელსაც ამოიკითხავთ ნიკოლოზ გაბაონის გახმაურებულ რომანში „აივნიანი ქალაქი“: „- სომეხ ვაჭრებს მარტო იმერლების უნდა გვეშინოდეს, - განაგრძო ქადაგადდაცემულმა ვიკრიკოვის ცოლმა, - ქართლელ-კახელები გუთანს თავს არ გაანებებენ, ურმიდან არ ჩამოვლენ, დახლში არ ჩადგებიან. იმერლებმა კი, არ ვიცი სად ისწავლეს ვაჭრობა. რაღა შორს წავიდეთ, ბართლომე კურტანიძის მაგალითი წინ არა გვაქვს?“ ასეთი დამოკიდებულების ფონზე იწყებდა ფორმირებას ქართული ბურჟუაზია, რაც, ცხადია, გარკვეულ სირთულეებს უქმნიდა მას და აბრკოლებდა მის განვითარებას. ამავე დროს ჩვენთან არ მომხდარა თავად-აზნაურობის გაბურჟუაზიულება ანუ არ შეცვლილა მათი ქცევის სტერეოტიპი. ფეოდალური მენტალიტეტი კი ახალ დროში დამღუპველი გამოდგა:
ქართული არისტოკრატია აგრძელებდა ძველებურად ხელგაშლით ცხოვრებას, მართავდა გრანდიოზულ ქეიფებს და, რადგან ბატონყმობის გაუქმების შემდგომ ყმა-გლეხები, მამულის დამამუშავებელი და დოვლათის შემქმნელი ძალა აღარ ჰყავდათ, ისინი იძულებულნი იყვნენ ვალები აეღოთ, რომელსაც ცხადია, ვერ იხდიდნენ და მათი მამულები ვალში იყიდებოდა და არაქართული წარმოშობის ბურჟუაზიის ხელში გადადიოდა. იმისათვის, რომ ქართული მიწა-წყლის გასხვისების პროცესი, როგორმე შეეჩერებინათ და საბოლოო გაკოტრებისაგან ეხსნათ არისტოკრატია, დაარსდა „სათავად-აზნაურო ბანკი“, რომლის ზემოხსენებული ფუნქცია ილია ჭავჭავაძის საქმიანობით გამოიკვეთა ყველაზე ცხადად, მაგრამ რა დიდი მასშტაბის სამუშაოც არ უნდა შეესრულებინა ამ ბანკს, ის მის წინაშე მდგარ ამოცანას ვერ გადაწყვეტდა, რადგან შეუძლებელია ერთმა ფინანსურმა დაწესებულებამ გააკეთოს ის, რაც ქართული ბურჟუაზიის გასაკეთებელი იყო. ეს კლასი კი ჩანასახობრივ მდგომარეობაში იმყოფებოდა და რაიმე საგრძნობ კონკურენციას ვერ უწევდა არაქართულ ბურჟუაზიას; და მაინც, ასეთ მდგომარეობას არ მოჰყოლია ქართველთა მხრიდან სიძულვილი და დაპირისპირება მათ მიმართ. ჩვენ, უბრალოდ ვიცავდით საკუთარ მიწას, ტრადიციებს, ფასეულობებს, მაგრამ იმიტომ, რომ ამას სუსტად და უღონოდ ვაკეთებდით, სხვათა ზემოქმედებას და ზეწოლას თავს ვერ ვაღწევდით. ვგულისხმობ: სომხურ ფინანსურ და რელიგიურ ექსპანსიას, როცა ამა თუ იმ, უმეტესწილად სოციალური მიზეზით რელიგიურად გრიგორიანობა მიღებულ ქართველებს სომხებად წერდნენ და არსებითად, ასომხებდნენ. ან იმავე სომხური ბურჟუაზიის მისწრაფება, გაბატონებულიყო გასული საუკუნის თბილისში და მათი პრეტენზია ამ ქალაქზე, ან კიდევ: 1828 წელს რუსი გენერლის პასკევიჩის მიერ მესხეთ-ჯავახეთში ჩასახლებული სომხების ასეთივე პრეტენზიები ამ მიწა-წყალზე, ამას ემატებოდა სომხებისა და რუსების მიერ ჩვენს მიმართ წამოყენებული მოთხოვნების ვითომ მეცნიერული დასაბუთებების, იდეოლოგიური მიზნით განხორციელებული პროპაგანდა, რომელთა გაბათილება მათი არამეცნიერული ხასიათის გამო მეტად ადვილი იყო, მაგრამ რადგანაც ჩვენ ამასაც სათანადოდ ვერ ვახერხებდით და დიდი ილიას „ქვათა ღაღადის“ მსგავს კრიტიკულ კონტრდარტყმებს საჭირო ინტენსივობით ჩვენს ოპონენტებს ვერ ვაყენებდით, იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ მათ ან ვეთანხმებოდით, ან კიდევ სათქმელი არაფერი გვქონდა. რაც რა თქმა უნდა, სწორი არ იყო. ხოლო ჩვენი დუმილი ეროვნული იდეისა და მოქმედების გააზრებული გეგმის არარსებობით იყო გამოწვეული.
ამავე დროს თავი იჩინა ისეთმა მოვლენამ, როგორიც იყო ქართველ სოციალ-დემოკრატთა ე.წ. ინტერნაციონალიზმი, რაც არსებითად ანტიქართული ხასიათის ქმედება იყო. თავად განსაჯეთ, როგორც რეზო გაბაშვილი წერს თავის მოგონებებში: „ნ. ჟორდანიამ გააკეთა მოხსენება, ორმოციოდე პოლიტიკური და საზოგადოებრივი წარმომადგენლის წინაშე: მთელი საათის განმავლობაში გვიმტკიცებდა, რომ თბილისი საქართველოს დედაქალაქი კი არ არის, არამედ ინტერნაციონალური ცენტრია, რომლის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილი და იმის იქით მდებარე ტერიტორია ეკუთვნის სომხებს და ადერბაიჯანელებს და მხოლოდ დასავლეთის მესამედი - „ვერა“ და აქეთ მდებარე ტერიტორია გვეკუთვნის ქართველებსო“.
ცხადია, როცა პარტიის ლიდერი ასეთი შეხედულებისა იყო, ადვილი მისახვედრია რა აზრისანი იქნებოდნენ მისი თანამოაზრენი. ამასთან, ასეთი ინტერნაციონალიზმი უნიკალურიც იყო, რადგან მის ანალოგს ვერ იპოვიდით რუსეთის მონარქისტული იმპერიის ვერც ერთ ხალხში, გარდა ქართველებისა... ამ ეროვნული ცნობიერების დაქვეითებისა და სოციალურად განუვითარებლობის პირობებში წარმოშობილმა მახინჯმა მოვლენამ სიკეთე არავის არ მოუტანა. ერთგვარად მაპროვოცირებელი ფუნქციაც შეასრულა და არა მარტო ქართველებისადმი პატივისცემა და რიდი დაუკარგა ეროვნულ უმცირესობებს და მეზობელ ხალხებს, არამედ ზოგიერთი მათგანი, მაგალითად, აფხაზები და ოსები ააჯანყა ჩვენს წინააღმდეგ, ხოლო სომხეთი საომრადაც განაწყო. მართალია ამბოხებულებსაც და აგრესიულ მეზობელსაც წამქეზებლები ჰყავდათ, როგორც წითელი, ასევე თეთრი რუსეთის მხრიდან, მაგრამ აშკარაა 1918-1919 წლების ამბებში დიდი როლი ჩვენმა სისუსტემ რომ შეასრულა. მაშინ ამ კონფლიქტების მოგვარება შევძელით, მაგრამ ახლის ცუდად ათვისებამ, ქცევის სტერეოტიპის სათანადოდ ვერ შეცვლამ, ფეოდალური ხანის შეხედულებათა არსებობამ ხალხის ცნობიერებაში, სოციალურმა განუვითარებლობამ სხვათა განვითარების ფონზე, ჩვენივე ქვეყანაში საფრთხე შეგვიქმნა. ხოლო აღდგენილი ქართული სახელმწიფოს დასაცავად საკმარისი ძალები არ აღმოგვაჩნდა.
1921 წლის ეროვნულ-სახელმწიფოებრივი კატასტროფის შემდეგ, როცა ამჯერად კომუნისტური რუსეთის კოლონიად ვიქეცით, კიდევ უფრო გაგვიჭირდა ადაპტაცია არსებულ რეალობაში, ამასთან ისე, რომ ტრადიციული ფასეულობებიც შეგვენარჩუნებინა. კოლონიურ-კომუნისტური რეჟიმის დამანგრეველი ზეწოლის პირობებში კიდევ უფრო შეიზღუდა ქართველთა მოღვაწეობის არეალი. მასთან ერთად შემცირდა ეროვნული ენერგიის გამოვლენის დიაპაზონიც: თუ XIX ს-ში კომერციული საქმიანობა იწვევდა ქართული საზოგადოების უარყოფით დამოკიდებულებას, XX-ში ეს მიდგომა გავრცელდა ხელოსნობაზე, მომსახურეობის სფეროსა და უამრავ ტექნიკურ პროფესიაზე. შესაბამისად, თუ გასულ საუკუნეში არაქართულმა მოსახლეობამ ვაჭრობის სფეროში დაიკავა ვაკანტური ადგილი, ახლა მათი მოღვაწეობის არე ბევრად, ოღონდ ცალმხრივად, გაიზარდა და შეიქმნა თავისი არსით არანორმალური მდგომარეობა ერთგვარი სოციალ-ეთნიკური კასტების მსგავსი. და ეს გამოწვეული იყო ქვეყნის ძირითადი ერის განვითარების სპეციფიურობით, რაც თავის მხრივ, განპირობებული იყო გარეშე ფაქტორების ზემოქმედებით. კასტურობა, სადაც ამისი ტრადიცია არ არსებობს, კარგის მომტანი არ არის და არც ჩვენთან არ მოუტანია სიკეთე.
მეორე რუსული ოკუპაციის წლებში, როცა მთელი სიმწვავით დადგა ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების აუცილებლობა, საჭირო გახდა ყველა პროფესიის დაუფლება და სრულფასოვანი ცხოვრებისაკენ მისწრაფების გამოვლენა. ამის მაგივრად საპირისპიროს ვაკეთებდით: სულ უფრო ვეტანებოდით ელიტარულ პროფესიებს, ყველას დიპლომი, წოდება და თანამდებობა უნდოდა, მიილტვოდნენ საქმოსნისა და მაქინატორის მდგომარეობისაკენ. არათუ მუშისა და ხელოსნის ხელობა, გლეხად ყოფნაც არავის სურდა, სოფელი იცლებოდა. სამაგიეროდ ქალაქები იქიდან წამოსული ხალხით, აივსო სოციალური ფუნქციის არმქონე ადამიანებით, ერთი სიტყვით, გაცილებით დიდი მასშტაბებით გრძელდებოდა წინა საუკუნეში დაწყებული ცალმხრივად განვითარების პროცესი. ეს კი ვერაფრით ვერ შეუწყობდა ხელს ჩვენი პრესტიჟის ამაღლებას. მითუმეტეს, რომ ეროვნული უმცირესობანი შეიძლება ითქვას, აფხაზების გარდა, განვითარების ცალმხრივობისაკენ მიდრეკილებას არ ამჟღავნებდნენ. ამასთან, კარგად უღებდნენ ალღოს მაშინდელი ცხოვრების წესს და შეძლეს რეალობაში ადაპტირება. ცუდი ის იყო, რომ კოლონიურ-კომუნისტური რეჟიმი ყოველმხრივ ცდილობდა ეროვნული უმცირესობანი უმეტესობისათვის დაეპირისპირებინა თუნდაც, მათი უფლებების დაცვის საბაბით მიუხედავად იმისა, რომ მათ არსად იმდენი უფლება არ ჰქონდათ, რამდენიც საქართველოში...
ქართველებს მაშინ თავისებური დამოკიდებულება ჰქონდათ სინამდვილესთან:
აშკარა იყო მიუღებელ რეალობას ისე გავურბოდით, როგორც შეგვეძლო, სხვათაშორის, ამას გასულ საუკუნეშიც ასევე ვაკეთებდით და მთელ ქვეყანაზე დავიგდეთ თავგამოდებული მსმელებისა და მოქეიფეების სახელი. ამის თაობაზე ალექსანდრე დიუმა წერდა თავის „კავკასიაში“: „ქართველს დიდ ღირსებად მიაჩნია, თუ იგი საუკეთესო მსმელად ითვლება. როცა იმპერატორი ნიკოლოზი კავკასიაში ჩამოვიდა, გრაფმა ვორონცოვმა მას თავადი ერისთავი წარუდგინა და უთხრა: მეფეო, პატივი მაქვს წარმოგიდგინოთ საქართველოს უპირველესი მსმელი. თავადმა მორიდებით, მაგრამ კმაყოფილი სახით დაუკრა თავი“.
დიახ, ასე იყო მაშინ, XIX საუკუნეში და ასე ხდებოდა ახლაც, XX-შიც ბევრს აღიზიანებდა ჩვენი გადაყოლა გაუთავებელ ქეიფებს. მართლაც მოსაბეზრებელი იყო უაზროდ სმა და სუფრის პატრიოტობა, რომ ქრებოდა გამოფხიზლებასთან ერთად, დილის ნისლივით.
ძნელი იყო ქცევის ასეთი სტერეოტიპის ახსნა. ის ვერც კოლონიურ-კომუნისტურმა რეჟიმმა ახსნა. თუმცა, ისიც ებრძოდა დიდ ქეიფებს, როგორც „წარსულის მავნე გადმონაშთს“. არადა, ეს გადმონაშთი კი არა, მიუღებელი რეალობიდან მასობრივი გაქცევის ფორმა იყო მხოლოდ... ეს რომ ასეა და რეალობიდან გაქცევა ყველა ჩაგრულ ერს, ახასიათებს, ცხადია, სხვადასხვაგვარად გამოვლენილი, ამას კარგად ასაბუთებს ჯავაჰარლალ ნერუ თავის „ინდოეთის აღმოჩენაში“: „უცხოელთა უღლით გატანჯული ქვეყანა რეალობიდან წასვლას ცდილობს, ოცნებით გამქრალ ეპოქაზე და შვებას გამქრალი დიდების წარმოსახვაში ჰპოვებს. ეს სულელური და საშიში საქმიანობაა, რომელსაც ოცნებით ეძლევა ბევრი ჩვენგანი, ასევე მავნე ტენდენციაა ჩვენთვის, ინდოელებისათვის, იმის წარმოდგენა, თითქოს ჩვენ ჯერ კიდევ შენარჩუნებული გვაქვს სულიერი სიდიადე, თუმცა ჩამოვრჩით სხვებს სულიერებასთან დამოკიდებულებაში, და ნებისმიერი სხვა სიდიადე არ შეიძლება დაეფუძნოს თავისუფლებისა და შესაძლებლობის არქონას,, ან შიმშილს და სიდუხჭირეს. ბევრი დასავლეთელი ავტორი ავრცელებს აზრს, თითქოს ინდოელები არაამქვეყნიური ხალხი ვიყოთ. მე ასე წარმომიდგენია, რომ ყველა ქვეყანაში ღარიბნი და უბედურნი გარკვეულ წილად არაამქვეყნიურნი ხდებიან და თუ რევოლუციონერები არ გახდებიან, რამეთუ ეს სამყარო აშკარად მათთვის არ არის განკუთვნილი, ეს შეეხება დაჩაგრულ ხალხებსაც“. - თითქოს ჩვენზეა ნათქვამიო, ბოლო ორასი წელი გარდასულ დღეთა ამბებით ვცხოვრობდით, ყოველმხრივ ვაიდეალებდით წარსულს, გარდასულ დღეთა ამბებს იმ მნიშვნელობას ვანიჭებდით, რაც მას არასოდეს ჰქონია. ყოველმხრივ ვაზვიადებდით ზოგიერთი ფაქტისა და კულტურული მოვლენის შედეგებს. ღრმად ვიყავით დარწმუნებულნი ჩვენს სულიერ სიდიადეში და დავემსგავსეთ ცნობილი ინდოელი კინორეჟისორის შოტტოდჯიტ რაის ფილმის „მოჭადრაკეების“ პერსონაჟებს, რომლებსაც ჭადრაკის თამაშის მეტი არაფერი არ აინტერესებთ... არც შეუძლიათ... მაგრამ აქვთ მოთხოვნილება, გაუთავებლად ილაპარაკონ წინაპართა სამხედრო გმირობათა თაობაზე... ჩვენც, ასე წარმოსახული დიდებულების ხილვით გაბრუებულნი, თანამედროვე ყოფის უბადრუკობაშიაც ვეძებდით რაღაც განსაკუთრებულს... ნებისმიერ უცხოელს ვუჭედავდით ყურებს ათასგვარი აბდაუბდით და მერე გვწყინდა, როცა ვინმე იტყოდა „ქართველები ავადმყოფი ერიაო“. ყველაზე დიდი უბედურება ის იყო, რომ ისტორია მითოლოგიზირებული გვქონდა: ბედისწერის გარდუვალობად მიგვაჩნდა, რომ აფხაზეთი ჩვენია, რომ შიდა ქართლს ვერავინ შეგვეცილება, რომ მესხეთ-ჯავახეთი ძირძველი ქართული მიწაა, რომ ქვემო ქართლი განუყოფელი ნაწილია საქართველოსი და ასე შემდეგ. თუმცა ვხედავდით, რომ ქართველთა პოზიციები ქვეყნის ამ რეგიონებში მეტად შესუსტებული იყო და რაც კიდევ უფრო ცუდია, არაფერს არ ვაკეთებდით იმისათვის, რომ მდგომარეობა გამოსწორებულიყო. სამაგიეროდ, მეტად გვჯეროდა ჩვენი ისტორიული „უფლებისა“. ცხადია, რეალობაში ასეთი გაურკვევლობა არც ამ შემთხვევაში მატებდა რამეს ჩვენს იმიჯს. მითუმეტეს, რომ ყველა ზემოხსენებულ რეგიონში კომპაქტურად მოსახლე ეროვნულ უმცირესობებს სრულიად გააზრებული ჰქონდათ, როგორც თავიანთი ეროვნული იდეა, ასევე ის პრეტენზიები და მათი მიღწევის გზები, რომლებიც ამ ტერიტორიების მიმართ გააჩნდათ. ამავე დროს, ჩვენზე ბევრად სოციალურად აქტიურები, კონსოლიდირებულნი და ქმედით უნარიანნი იყვნენ. მაშინ, როდესაც იქაური ქართველობა, ბევრ შემთხვევაში, თავისსავე ქვეყანაში დაჩაგრულ და არასასურველ სტუმრად იყო ქცეული და მათი მდგომარეობა დიდად არ განსხვავდებოდა საინგილოს ქართველების ყოფისაგან... მახსენდება 1980 წელს სოხუმი: ერთი თბილისური ჟურნალის ადგილობრივი კორესპონდენტის ბინაში გამართულ წვეულებაზე, როცა ქართველთა შევიწროვებული ყოფის გამო გამოვთქვი აზრი, მასპინძელს თავზარი დაეცა, გვერდით აფხაზი ცხოვრობს და არაფერი ეწყინოსო. ეს მეზობელზე ზრუნვა არ იყო, ეს შეშინებული კაცის საქციელი იყო, რომელიც საკუთარ სახლში სტუმარივით გაუბედავი ჩანდა... ასე რომ, ჩვენ საკუთარ ქვეყანაშიც დაუცველები და ამავე დროს ცუდადორგანიზებულები ვიყავით, მაშინ როცა სხვა სხვის ქვეყანაშიც დაცული და კარგად ორგანიზებული იყო. ესეც გახლდათ მიზეზი იმისა, რომ ორივე რუსეთის, - მონარქიულის და კომუნისტურის - დანგრევისას ეროვნული უმცირესობანი არჩევანის წინაშე აღმოჩნდნენ: დაეჭირათ თუ არა მხარი ქვეყნის ძირითადი ეთნონის მისწრაფებისათვის, - შეექმნა დამოუკიდებელი სახელმწიფო. ორივე შემთხვევაში რამდენადაც თანმიმდევრულად და მტკიცედ ვანხორციელებდით ჩვენს მიზანს, იმდენად ჩვენი თანამდგომნი აღმოჩნდნენ და მათი თავდაპირველი ორჭოფობა თავისუფალი საქართველოსადმი მხარდაჭერით შეიცვალა. ეს არაქართული მოსახლეობის უმეტესობას ეხება. მართალია, გარეშე ძალამ ორჯერვე 1918 წელს და 1988 წლიდან აგვიმხედრა აფხაზები, ოსები, სომხები, ადრე მესხეთში მცხოვრები თურქები, მაგრამ ამ დაპირისპირებათა სათავე რუსეთი და 200-წლიანი რუსული კოლონიალიზმის შედეგია და არა იმისი, თითქოს, ჩვენ ვინმეს ვავიწროვებდეთ. ამ თვალსაზრისით, საქართველოშიც ისევე მოხდა, როგორც ინდოეთში, როცა ეს ქვეყანა ინგლისის კოლონია იყო და ამიტომ ბევრი რამით ანალოგიურია ის შეფასება თავისი ქვეყნის მდგომარეობისა, რასაც ჯავაჰარლალ ნერუ აძლევს ამ ფაქტს: „თითქმის ყველა ძირითადი ჩვენი სადღეისო პრობლემა ჩაისახა ინგლისის ბატონობის პერიოდში და როგორც პირდაპირი რეზულტატი ინგლისური პოლიტიკისა: თავდები, უმცირესობათა პრობლემა, სხვადასხვა კერძომესაკუთრული ინტერესები, უცხოური და ინდური, მრეწველობის არქონა და სოფლის მეურნეობის უგულებელყოფა, სოციალური მომსახურების უკიდურესი ჩამორჩენა, და მთავარი - ხალხის ტრაგიკული გაღატაკება“ განა ჩვენთან ზუსტად ასე არ არის? არის და ამისი მიზეზი რუსეთის ბატონობის დამანგრეველი ხასიათია, რომელმაც ყოფა-ცხოვრების ყველა სფეროზე იმოქმედა და მათ შორის ეროვნულ ურთიერთობებზე. მაგრამ ისიც ცხადია, რომ ჩვენმა სისუსტემ და უილაჯობამ, მაორგანიზებელი ძალის არარსებობამ ბევრად გაუადვილა რუსეთს თავისი დესტრუქციული პოლიტიკის განხორციელება. ეს იქიდანაც ჩანს, რომ იმავე რუსეთს ასეთივე ზრახვები ვერ გაუვიდა ლიტვაში, ლატვიასა და ესტონეთში, თუმცა ეროვნული უმცირესობანი იქაც საკმაოდ ბლომად იყვნენ. ამას გარდა, არც ის ორგანიზაციები, რუსეთის ხელშეწყობით რომ შეიქმნა ჩვენს რეგიონებში, კერძოდ: „აიდგილარა“, „ადამონ ნიხასი“ და „ჯავახკ“-ი იყვნენ და არიან ისე ძლიერნი, რომ მათი საქმიანობის ნეიტრალიზება არ ყოფილიყო შეუძლებელი, რა თქმა უნდა არა, უბრალოდ ჩვენ ვიყავით და ვართ იმდენად სუსტნი, რომ ზემოხსენებულ რეგიონებში უფრო ქმედუნარიანი საზოგადოებრივი და პოლიტიკური გაერთიანებები ვერ შევქმენით, ვერ დავრაზმეთ ამ პროვინციების მოსახლეობა იმდაგვარად, რომ მოგვარებულიყო იქ არსებული ეროვნული, სოციალური, პოლიტიკური თუ კულტურული პრობლემები და ამით შენელებულიყო ინსპირირებული დაპირისპირების ძალა. სხვათაშორის, ჩვენ ისიც ვერ შევძელით, რომ დროულად გავრკვეულიყავით ეთნიკურად „ფეთქებად“ რეგიონებში კომუნისტთა გაუკუღმართებული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად გამოწვეული, საზოგადოების კრიმინალიზაციის მასშტაბებში, დანაშაულებრივი ინტერნაციონალური ფორმირებების შექმნის სოციალურ საფუძვლებში, რაც ამ პროვინციებში ეთნო-კრიმინალთა რეჟიმების დამყარების ერთგვარი პირობა იყო და ბუნებრივია, ვერც ამას შევუშალეთ ხელი.
ამრიგად, მრავალგზის გამოვამჟღავნეთ სისესტე და შედეგიც სათანადო მივიღეთ: გადავიქეცით ისეთ ქვეყნად, რომელსაც საკუთარმა მოქალაქეებმაც კი შეიძლება არ გაუწიონ ანგარიში! ამ ზაფხულს ახალციხეში ასეთი ამბავი მოხდა: ქალაქში არ შეუშვეს ქართული ჯარის ნაწილი, არტილერისტები, - საწვრთნელ პოლიგონზე რომ მიდიოდნენ ახალციხის გავლით. ჯარს დაბრკოლება „ჯავახკ“-ის მიერ ორგანიზებულმა ბანდამ შეუქმნა, რომელსაც, როგორც ჩანს, კონფლიქტის პროვოცირება ჰქონდა დავალებული. ცოტა მოგვიანებით, სატელევიზიო გამოსვლისას, „ჯავახკ“-ის ერთ-ერთმა ლიდერმა ერვანდ შირინიანმა ელემენტარულ ლოგიკას მოკლებული მოსაზრებებით სცადა ქართული ჯარისადმი გამოვლენილი მტრობის უნდობლობად გამოცხადება და მერე, მისი დასაბუთება, და აქ ისტორიას მიმართა: 1918 წელს, როცა თურქებმა კავკასიას შემოუტიეს, გენერალმა არჯევანიძემ ახალციხე დატოვა, ბორჯომისაკენ დაიხია და ახალციხელი სომხები თურქებისაგან დაუცველნი დავრჩითო... სხვათაშორის, იქაური ქართველებიც ასევე აღმოჩნდნენ თურქებს შეტოვებულნი და საერთოდ, მსოფლიოს ისტორიაში ხშირად მომხდარა, რომ არმია სტრატეგიული მოსაზრებებით ტოვებს ქვეყნის ტერიტორიის რომელიმე ნაწილს, - რაც ცხადია იძულებითი ქმედებაა და მომდინარეობს სახელმწიფო ინტერესებიდან. გავიხსენოთ ნაპოლეონთან ომის დროს რუსებმა ისე დაიხიეს უკან, რომ მოსკოვიც ფრანგებს დარჩათ და მიუხედავადა ამისა, არსად წამიკითხავს, რომ რუსეთში მცხოვრებ ეროვნულ უმცირესობებს ამის გამო უნდობლობა გამოეცხადებინოთ რუსეთის არმიისათვის, - როგორც ამას შირინიანი აკეთებს...
მიზეზი დამოკიდებულებათა სხვადასხვაობაშია. საქმე ის გახლავთ, რომ რუსეთის ძალა ყველას აიძულებს მას ანგარიში გაუწიოს. ჩვენი უღონობა უპატივცემულო დამოკიდებულებას იწვევს, ეს არის და ეს.
ასე რომ, თუ გვსურს, საქართველოში მცხოვრებმა არაქართულმა მოსახლეობამ პატივი გვცეს და გაითავისოს ჩვენი ფასეულობანი, ჯერ ერთი, უნდა გავიაზროთ ეროვნული იდეა, ანუ ღირებულებათა, პრინციპთა და ინტერესთა მთელი სისტემა და მეორეც, უნდა შევძლოთ ამ იდეის დაცვა და განხორციელება ისე, რომ ის ყველასათვის გასათვალისწინებელი გახდეს... ასეთი მიდგომის აუცილებლობას გვკარნახობს კოლონიურ-კომუნისტური რეჟიმის არსებობის წლებში ბევრი ჩვენი თანამემამულის ქცევის ხასიათი და მისი შედეგი: «პერესტროიკის» წლებში, როცა იმპერიამ ნგრევა იწყო CCCP-ის სხვა, დამონებული ხალხების მსგავსად, ქართველებმაც განვაცხადეთ დამოუკიდებლობის მოპოვების სურვილი. ამას ცოტა ვინმე არ გაუოცებია, - რუსებიცა და მათ მიერ დაპყრობილი ერის შვილებიც, რომელთაც თავიანთი დაბნეულობა შემდეგ ასე ახსნეს: „ქართველები ისე იქცეოდით, თითქოს თქვენთვის ეროვნული პრობლემები არ არსებობდაო. ასეთი დასკვნის საფუძველს მათთვის ქართველთა ქცევა და მსჯელობა იძლეოდა, რომელსაც რამდენიმე მიზეზი უნდა ჰქონდეს: ის შეიძლება ავხსნათ ჩვენი ხასიათის ისეთი თვისებებით, როგორიც არის ეგოცენტრიზმი, - რომლის გამოც პიროვნული ინტერესები უპირისპირდება ეროვნულს და მასთან შედარებით უპირატესობა ენიჭება, ან კომფორმიზმით: ზედმეტი პატრიოტობა სირთულეებს უქმნიდა შემგუებლური სულის ადამიანებს. ამას გარდა, საკმაოდ დაქვეითებული გვქონდა ეროვნული ცნობიერება, და ბოლოს, თავის საქმეს უკვე ზემოხსენებული „არა ამქვეყნიურობაც“ გააკეთებდა, - ასეთი გრძნობა უნდა გასჩენოდათ დაპყრობილი ერის შვილებს, მაგრამ, როგორც არ უნდა იყოს, ერთი კი ფაქტია, განვლილი სამოცდაათი წლის მანძილზე, მიუხედავად საქართველოში არაერთგზის გამოხატული პროტესტისა კოლონიურ-კომუნისტური რეჟიმის მიმართ, ვერავის დარწმუნება ვერ შევძელით, თავისუფლების მოპოვება გვსურსო, - და დავტოვეთ ამ მხრივ სრულიად გულგრილი ხალხის შთაბეჭდილება...
მაგრამ, როცა ცხადად გამოვხატეთ ჩვენი სურვილი და მის მისაღწევად გასაოცარი ერთსულოვნება გამოვავლინეთ, მაშინ საქართველოში მცხოვრები მილიონ ნახევარი არაქართველი თითქმის ერთსულოვნად ჩვენს მისწრაფებათა გამზიარებელი აღმოჩნდა და 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის შედეგი, - დამოუკიდებლობის მოთხოვნა, მთლიანად საქართველოს მოსახლეობის ნების გამოხატულებად იქცა.
სადღეისოდ სხვა ამოცანის წინაშე ვდგავართ: უნდა ავაშენოთ კერძო საკუთრების პრინციპებზე დაფუძნებული, დემოკრატიული სახელმწიფო და ამ აღმშენებლობის ფერხულში ჩავაბათ ეროვნული უმცირესობანი, ხოლო, დროებით საქართველოს იურისდიქციის მიღმა დარჩენილი ტერიტორიების, აფხზეთისა და შიდა ქართლის მოსახლეობას უნდა დავუმტკიცოთ ამ პროცესში მათი ჩართვის გარდუვალობა... ოღონდ, ეს რომ გავაკეთოთ, ამისათვის საჭიროა, ჯერ თავად საქართველოს მოსახლეობა იყოს სოციალურად გააქტიურებული და დაინტერესებული ქვეყნის აღმშენებლობით. მაგრამ ამ მიზანს ვერ მივაღწევთ, თუ არ გვექნა ჩვენი მისწრაფებების გამომხატველი ეროვნული იდეა და ის არ იქცევა მოქალაქეთა წარმმართველ და ენერგიის წარმომშობ ეთნიკურ დომინანტად, რომელიც იმდენად გააძლიერებს ჩვენს „პასიონალურ დაძაბულობას“, რომ ამ თვალსაზრისით გავუთანაბრდებით მეზობელი ქვეყნების მოსახლეობის (და ჩვენთან მცხოვრები მათი წარმომადგენლების) პასიონარობას, - რაც საშუალებას მოგვცემს ავამოქმედოთ სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფერო. ეს კი, არაქართულ მოსახლეობას ყველაზე კარგად მიაღებინებს და გაათავისიანებს ჩვენს ეროვნულ იდეას, და მაშინ, ქართულ სამყაროში მათი ჩართვა იქნება უაღრესად გააზრებული და ორგანული. საპირისპიროდ იმ მექანიკური და გაუაზრებელი პოლიტიკისაგან, რომელიც თავის დროზე ძველ რომში განხორციელდა და რომლის სავალალო შედეგების გამო წერდა ლევ გუმილოვი: „ნეტარ ავგუსტინეს ან V საუკუნის ნებისმიერ ქრისტიან მოაზროვნეს შეეძლო ეთქვა: „... რაც შეეხება პატრიოტიზმის გრძნობას, განა ის თქვენივე საკუთარი იმპერატორების მიერ არ იყო დანგრეული? გალების და ეგვიპტელების, აფრიკელებისა და ჰუნების, ესპანელებისა და სირიელების რომის მოქალაქეებად გადაქცევით როგორ შეეძლოთ ჰქონოდათ მათ იმედი იმისა, რომ ეს მრავალტომიანი ბრბო იქნებოდა რომის ინტერესების ერთგული, რომელმაც ისინი დაიპყრო? პატრიოტიზმი თავმოყრაზეა დამოკიდებული, მაგრამ ვერ იტანს განცალკევებას“. ნეტარი ავგუსტინე, შესაძლოა, მართალი ყოფილიყო, მაგრამ მაშინვე იბადება კითხვა: ასევე მრავალტომიან ქრისტიანულ თემებში რატომ წარმოიშვებოდა მსხვერპლის გაღების, ახლობლის გრძნობა, შედუღაბება და განვითარების შესაძლებლობა?
პასუხი მარტივია: რასობრივ განსხვავებულობას არა აქვს გადამწყვეტი და საერთოდ, როგორც წესი, მნიშვნელობა, ხოლო ეთნიკური განსხვავება ძევს ქცევის სფეროში. ქრისტიანულ თემში ქცევის სტერეოტიპი მკაცრად რეგლამენტირებული იყო. ნეოფიტი ვალდებული იყო ის დაეცვა, ან უნდა დაეტოვებინა თემი, შესაბამისად. უკვე მეორე თაობაში, ქრისტიანული კონსორციუმის ბაზაზე გამოიჭედებოდა სუბეთნოსი, - ბეტეროზიჰოტური, მაგრამ მონოლითური, მაშინ, როცა წარმართული, უფრო სწორედ კი, არარელიგიური იმპერიის ქვეშევრდომთა ფსიქოლოგიური გადადნობა ვერ ხორციელდებოდა. სხვადასხვა ეთნოსთა წევრები თანაარსებობდნენ ერთი საზოგადოების ფარგლებში, რომელიც თავისივე სიმძიმის გამო ინგრეოდა, რამეთუ თვით რომაული სამართალიც უძლური იყო ბუნების კანონების წინაშე». აქედან ის დასკვნა შეიძლება გავაკეთოთ, რომ საპირისპიროდ ზოგიერთების შეხედულებისა, ეროვნულ ურთიერთობათა პრობლემას საქართველოში მხოლოდ კონსტიტუცია და კანონები ვერ მოაგვარებენ. არის რაღაც სხვა, რომელიც გაცილებით უფრო დიდი მაკონსოლიდირებელი ძალის მქონეა, ანუ ის, რასაც ჩვენ ეროვნულ იდეას ვუწოდებთ, რაც ცხოვრების ყველა სფეროს მოიცავს, სულიერსაც და მატერიალურსაც, მეურნეობას და კულტურას, მრეწველობას და განათლებას, მეცნიერებას და სპორტს. მასში უნდა აირეკლოს ყველა სოციალური ფენისა და ცხადია, ეთნიკურ უმცირესობათა ინტერესები. ერთი სიტყვით, ყველაფერს უნდა ითვალისწინებდეს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, უპირველეს ყოვლისა, ის საქართველოს მოსახლეობის წარმმართველიც უნდა იყოს, რომ ჩვენ ერთიანი, ძლიერი და დემოკრატიული საქართველოს აშენება შევძლოთ, აქედან ეროვნული იდეის გააზრებისა და გათავისების უპირობო აუცილებლობა.
1993-1998 წლები.
![]() |
7 ეროვნული იდეა და საქართველოს მოქალაქეობა |
▲ზევით დაბრუნება |
„ყველაზე მნიშვნელოვანი და მშვენიერი ხომ იმისი შეგნებაა, თუ როგორ ვმართოთ სახელმწიფო და ოჯახი და ამის ცოდნას გონიერება და სამართლიანობა ეწოდება“
პლატონი
ჩვენ ახლა ვსწავლობთ იმას, რასაც დიდი ხანია კარგად დაუფლებიან მსოფლიოს მოწინავე ერები. ამიტომ, ხშირად მათ ვესესხებით ამა თუ იმ სახელმწიფოებრივ სიბრძნეს და ამავე დროს, ეჭვიც გვიღრღნის გულს: რამდენად სასარგებლო იქნება სხვისი გამოცდილება და, მიესადაგება კია ის ჩვენი პრობლემების სპეციფიურ ხასიათს? ამიტომ ვღელავთ ხოლმე, ზოგჯერ მეტისმეტად ავფორიაქდებით, მაგრამ ისე ცხადად საზოგადოების განწყობა არაფერს წარმოუჩენია, „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ კანონთან“ დაკავშირებით გამოწვეულმა დაპირისპირებამ რომ ცხადყო.
თავიდან აღსაშფოთებელი კი არა, გაურკვეველიც არაფერი იყო: 1991 წელს საქართველომ აღიდგინა სახელმწიფოებრიობა და გადავიქეცით მის მოქალაქეებად... ხოლო ის უფლება-მოვალეობანი, რაც გაგვაჩნია, განსაზღვრა 1995 წლის კონსტიტუციამ. ამრიგად, გასაკვირი არ უნდა ყოფილიყო, თუ ახალ პასპორტში ეროვნების ჩანაწერი აღარ იქნებოდა და ის მოქალაქეობით (რაც ამა თუ იმ ქვეყნის ქვეშევრდომობას ნიშნავს) შეიცვლებოდა. მითუმეტეს, ის არ ყოფილა 1918-1921 წლებში არსებული საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პასპორტში და თუ იმასაც გავიხსენებთ, რომ პასპორტში ეროვნულობის ფიქსირება 1932 წელს კოლონიურ-კომუნისტური რეჟიმის დროს დაიწყეს და ეს რუსეთის იმპერიალიზმს სჭირდებოდა, პოლიტიკური და ეთნიკური ხასიათის მანიპულაციებისათვის, გული ნამდვილად არ უნდა დაგვწყდეს, ასეთი ჩანაწერი არ იქნება ქართულ პასპორტში.
გარდა იმისა, ისიც უნდა გავაცნობიეროთ, რომ თუ ეთნიკური ნიშნით დავყოფთ საქართველოს მოსახლეობას და არ გავაერთიანებთ მათ მოქალაქეობის მინიჭებით, აღმოჩნდება: მოსახლეობის გარკვეული ნაწილი არაქართველია, ზოგიერთ ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლები კი, კომპაქტურად ცხოვრობენ ქვეყნის ამა თუ იმ რეგიონში. რის გამოც, საჭირო გახდება მათთვის განსაკუთრებული უფლებების მინიჭება, - იმაზე მეტის, ვიდრე ამას კულტურული ავტონომია ითვალისწინებს. ეს ნიშნავს მოსახლეობის დაყოფას სხვადასხვა პრივილეგიების მქონე ეროვნულ ჯგუფებად. და ეს იმ დროს, როცა ვართ მსხვერპლნი რუსეთის მიერ ინსპირირებული ეთნოსეპარატიზმისა. ის რაც მოხდა აფხაზეთსა და შიდა ქართლში დასაწყისია, რომელსაც მავანთა აზრით გაგრძელება უნდა მოჰყვეს სხვაგანაც, მაგალითად ჯავახეთში...
ამავე დროს, მოხდა ერთი მეტად საყურადღებო ამბავი: მიუხედავად გარეშე ძალების განუწყვეტელი ზემოქმედებისა, ზემოხსენებული კანონი ისე იქნა მიღებული, რომ ეროვნულ უმცირესობათა შორის ამ ფაქტს არ გამოუწვევია არანაირი უარყოფითი რეაქცია... სამაგიეროდ, ქართული მოსახლეობის ერთი ნაწილი უნდობლობით შეხვდა ეროვნების აღმნიშვნელი ჩანაწერის გაუქმებას პასპორტში, პირადობისა და დაბადების მოწმობებში: მხარი დაუჭირეს პარლამენტართა იმ ჯგუფს, რომელიც ამ ჩანაწერთა აღდგენას ითხოვს და ირწმუნებიან, ეროვნულობა დავკარგეთო... ცოტა არ იყოს, უცნაურია ასეთი მსჯელობა, რადგან ამათუ იმ ერისადმი კუთვნილებას რაიმე დოკუმენტი კი არა, თავად ადამიანის ცნობიერება განსაზღვრავს, რომელიც აიძულებს, იმოქმედოს იმ ერის ინტერესების შესაბამისად, რომელსაც თავს აკუთვნებს... ეს კი იმას ნიშნავს, რომ ეროვნების „დაბრუნებისათვის“ მებრძოლები უნდა დაფიქრდნენ: რაოდენ მნიშვნელოვანია საქართველოს სახელმწიფოსათვის, მოსახლეობის ეროვნული ნიშნით დაყოფის ნაცვლად, მოქალაქეობით გაერთიანება.
მე არ ვიცი, რამდენად აცნობიერებენ თავიანთი მოთხოვნის სავარაუდო შედეგებს პოლემიკის წამომწყები პოლიტიკოსები, -ამ შემთხვევაში ამას არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, ამასთან მათი უფლებაა ჰქონდეთ განსხვავებული აზრი, თუნდაც ის გონივრული არ იყოს, მაგრამ მოსახლეობის გარკვეული ნაწილი რომ მათ მხარს უჭერს და მოითხოვს პასპორტში ჩამიწერეთ, ქართველი რომ ვარო, - დასაფიქრებელია, რადგან ვინც ამას ითხოვს, იმათ ეს ეროვნულობის შენარჩუნების გარანტად მიაჩნიათ. აქედან ის შეიძლება დავასკვნათ, რომ მათთვის ამ მნიშვნელობას დღევანდელი ქართული სახელმწიფო და მისი მოქალაქეობა ვერ იძენს... რის გამოც, თანამემამულეთა ამ ნაწილის მოძრაობამ ვიწრო ეთნიკური ხასიათი მიიღო. მაშინ როცა, ე.წ. სსრკ-ს რღვევის დროს, ჩვენი ბრძოლა ეროვნული იყო და მასში საქართველოს მოსახლეობა მთლიანად (განურჩევლად ეთნიკური კუთვნილებისა) იღებდა მონაწილეობას. სწორედ რომ მთელი მოსახლეობის ნების გამოხატულება იყო 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმი, როცა საქართველოს დამოუკიდებლობას ხმა მისცა მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ. მაშინ ქართველობა ის აქტიური ძალა იყო, რომელმაც აიყოლია ეროვნული უმცირესობანი ჩააბა განმათავისუფლებელ ბრძოლაში, და ერთიანი ძალით მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა. მაშ რა მოხდა ახლა? ის, რომ სწორედ ქართველებში იჩინა თავი ნიჰილიზმმა... და, ცხადია, ამას თავისი მიზეზი აქვს. გამოწვეულია იმისი გაცნობიერებით, რომ სათანადო ძალა არ გაგვაჩნია, რათა იმ დაბრკოლებათა გადალახვა შევძლოთ, რომელთა წინაშეც ვდგევართ. თავად განსაჯეთ: სამოქალაქო ომის შედეგად გახლეჩილი საზოგადოება, სამამულო ომში მარცხი და ორი უმნიშვნელოვანესი პროვინციის დაკარგვა, აუმოქმედებლი მრეწველობა, ყველაფრის წამლეკი კორუფცია, ინფლაცია, უმუშევრობა, შემაძრწუნებელი სიდუხჭირე, ცუდად ორგანიზებული სახელმწიფო ცხოვრება... - რის გამოც, უცხოელთა შორის ვეძებთ მაორგანიზებელ ძალას... ყოველივე ამის გამო დამცირებულნი, მწვავედ განვიცდიდით საკუთარ უილაჯობას. ეს კი წარმოშობს პესიმისტურ განწყობილებას. არაქმედითუნარიანი ხელისუფლების გამო, უნდობლობას ვუცხადებთ სახელმწიფოს... და, რადგან ამ უკანასკნელს მოსახლეობის ნაწილი არ აღიქვამს საკუთარი უსაფრთხოების გარანტად, დაადგა კიდევაც პასიური თავდაცვის ტაქტიკას, რისი მაგალითიც არის პასპორტში, პირადობის და დაბადების მოწმობებში ეროვნულობის აღმნიშვნელი ჩანაწერის მოთხოვნა... რაც იმას ნიშნავს, რომ ქართველთა ნაწილს აქტიური მოქმედება აღარ ძალუძს. მთელ ქვეყანაზე კი არ აცხადებენ პრეტენზიას, არამედ პოზიციას თმობენ, ბრძოლის ველს ტოვებენ, უკან იხევენ და თავის გადარჩენაზედ ფიქრობენ...
მათი ასეთი მოქმედება, ყველა ზემოთქმული მიზეზის გარდა, გამოწვეული არის იმითაც, რომ არ გაგვაჩნია ეროვნული იდეა ანუ ღირებულებების, პრინციპებისა და ინტერესების გააზრებული სისტემა, რის გარეშეც ნორმალურად ვერ იარსებებს ვერც ერი და ვერც სახელმწიფო...
„პერესტროიკის“ დროს, როცა დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა წამოვიწყეთ, გაგვაჩნდა თავისუფლების მოპოვების იდეა, რომელმაც გამოიხმო ეროვნული ენერგია, ამიტომ მოგვეცა ძალა და დავამხეთ კოლონიურ-კომუნისტური რეჟიმი. სამწუხაროდ, შემდეგ, ბრძოლის იდეა სახელმწიფოს აღმშენებლობის იდეით ვერ შეიცვალა, დაიწყო ქაოსი და გაურკვევლობა, გაგვიქრა ენერგიაც და დაგვჩემდა ის უილაჯობა, ესოდენ დამთრგუნველი რომ არის...
ამ მდგომარეობას თავი რომ დავაღწიოთ, საჭიროა ეროვნული იდეა, რომლისადმიც ჩვენში არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა: ბევრს ის კომუნისტურ იდეოლოგიაში ერევა... ამ ადამიანებმა თავისით ვერ შეძლეს გარკვეულიყვნენ იმაში, თუ რა განსხვავებაა ტოტალიტარული რეჟიმისათვის დამახასიათებელ დოგმებსა და დემოკრატიულ სახელმწიფოში არსებულ ღირებულებებს შორის. ამიტომ ეროვნული იდეის გააზრების აუცილებლობას უარყოფენ და ჰგონიათ ამით კარგ საქმეს აკეთებენ... მითუმეტეს, გულწრფელად სჯერათ: თუ კი ჩვენ მსგავსი რამ შევიმუშავეთ, ცივილიზებული სამყარო ასეთ საქციელს არ მოგვიწონებსო; ამას ტოტალიტარიზმის რეციდივად მიიჩნევენო,... შიშობენ კიდევ იმას, ეროვნულმა იდეამ ქართული ნაციონალიზმი არ ააღორძინოსო და ასე შემდეგ.
ყოველივე ამის პასუხად ვიტყოდი: თავისი იდეოლოგია დასავლეთის ქვეყნებსაც გააჩნიათ და აღმოსავლეთისასაც. საერთოდ, ის, ჩვენს გარდა, ყველას აქვს. ესეც რომ არ იყოს, არავის საქმე არ არის, გავიაზრებთ თუ არა ეროვნულ იდეას. რაც შეეხება ტოტალიტარიზმის რეციდივს, თუ ასეთად საქართველოში სოკოსავით მომრათლებული კომუნისტური პარტიები არ აღიქვეს, ღირებულებების, პრინციპებისა და ინტერესების სისტემა რატომ უნდა მიიჩნიონ?
ასე რომ, ეს ბრალდებაც უსაფუძვლოა, ისევე, როგორც უაზროა შიში ქართული ნაციონალიზმის მიმართ: ისტორიას არ ახსოვს, ჩვენს ნაციონალიზმს ვინმესათვის რაიმე დაეშავებინოს, პირიქით, ამას ქართველები ნაკლებად ვავლენთ, სხვა ერებზე ბევრად ნაკლებად. და გავხდით კიდევაც მათი მსხვერპლი აფხაზეთსა და შიდა ქართლში, ჯავახეთში კი მოსვენებას გვიკარგავენ... ქართულ ნაციონალიზმთან ბრძოლამ შეიძლება მხოლოდ კოსმოპოლიტური და ფსევდოინტერნაციონალური შეხედულებანი ააღორძინოს ჩვენში.
ასევე უსაგნოა, და გამაღიზიანებელიც ე.წ. ფაშიზმთან ბრძოლა: არანაირი ქართული ფაშიზმი არ არსებობს და არც მისთვის საჭირო პირობებია ჩვენში. და, მაინც ლაპარაკობენ მის შესახებ. ასე იყო ამა წლის 12 თებერვალს, როცა პარლამენტის საკონსტიტუციო, იურიდიულ საკითხთა და კანონიერების კომიტეტის წევრთა შეხვედრა მოხდა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, სადაც განიხილეს და იმსჯელეს „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ კანონის“ თაობაზე არსებულ სხვადასხვა შეხედულებაზე. იქ ფაშიზმად მოინათლა პასპორტში ეროვნულობის აღნიშვნის მოთხოვნა... შემდეგ რაღაც მსგავსი უაზრობა ტელევიზიითაც გვითხრეს. თუ რატომ მოითხოვა ქართული მოსახლეობის ნაწილმა ეროვნულობის ფიქსაცია, ამის თაობაზე უკვე მოგახსენეთ. და პრობლემას, რომელიც წარმოშობს მსგავსი ხასიათის მოთხოვნებს, კიდევ უფრო ამწვავებს ფაშიზმისა და ნაციონალიზმის მსგავსი უაზრო ბრალდებები. ნუ დავწამებთ ჩვენ ერს იმას, რაც მას არ ახასიათებს. ნუ დავაბნევთ ცნებებსა და ღირებულებებში ისედაც ცუდად გარკვეულ საზოგადოებას, და ნუ ჩამოვუყალიბებთ ქართველ ერს არასრულფასოვნების კომპლექსს...
საქართველოს უნდა გააჩნდეს ეროვნული იდეა და მასში უნდა მოიაზრებოდეს დასავლური ცივილიზებული სამყაროს გარკვეულ ღირებულებათა შემოტანა და მისადაგება ჩვენს ტრადიციებთან და ეროვნულ ინტერესებთან. ასეთ შემთხვევაში, არც ერთი ნოვაცია უცხოდ და საშიშად არ აღიქმება მოსახლეობის მიერ და შესაბამისად, არც იმისი მსგავსი კურიოზები მოხდება „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ კანონის“ მიღებას რომ მოჰყვა...
1999 წელი. თებერვალი
2000 წლის მინაწერი: XII საუკუნეში, როცა გაგვაჩნდა ეროვნული იდეა, ხოლო საქართველო ძლიერი ქვეყანა იყო, ქართველობა კი ქმედუნარიანი ერი, ბევრი უცხოელი, ქრისტიანი და არაქრისტიანი, იღებდა მართლმადიდებლობას და ამ გზით ქართველდებოდა, იმდენად პრესტიჟული და სასარგებლო იყო ქართული სამყაროსადმი კუთვნილება. XVI-XIX საუკუნეებში, როცა ეროვნული ცნობიერება დაკნინებული გვაქვს, საქართველო კი დაშლილი, დამონებული და გაპარტახებულია, ბევრმა ქართველმა მიიღო მუსლიმანობა და, - გათურქდა, ან გრიგორიანობა და, - გასომხდა, რადგან ალტერნატივა არ აღმოაჩნდა ამ არჩევანს... არც ერთ ხსენებულ ისტორიულ პერიოდში დაბადების აღმნიშვნელი ჩანაწერი არავითარ როლს არ თამაშობდა და არც ახლაა ის მნიშვნელოვანი. მთავარი სახელმწიფოებრივი ცხოვრების ისე წარმართვაა, რომ საქართველოს მოსახლეობას ჯერ ერთი, შევთავაზოთ ღირებულებების, პრინციპებისა და ინტერესების სისტემა; მეორეც, მივცეთ საშუალება, იმდენად გააქტიურდეს სოციალურად და იმდენ წარმატებას მიაღწიოს, რომ შეძლოს თავის შესაძლებლობათა რეალიზება და ამის წყალობით, საქართველოს მოქალაქეობა მეტად სასურველ და ძნელად მოსაპოვებელ პრივილეგიად იქცეს... მაშინ, ამ თემაზე ყოველგვარი კამათი, უბრალოდ, აზრს დაკარგავდა... მანამდე კი, ერთი ტენდენციაც ხდება სულ უფრო საგრძნობი: ჩვენ თანამემამულეთა გარკვეული ნაწილი, ფარულად თუ აშკარად, ავლენს სხვა ქვეყნებისადმი ქვეშევრდომულ დამოკიდებულებას. მათი ასეთი პოზიცია არ არის ნაკარნახევი, არც იმ სახელმწიფოთა მოქალაქეობის მიღების სურვილით და არც საქართველოს იმ ქვეყნებთან რაიმე განსაკუთრებული თანამშრომლობის მოთხოვნით. არა, ქვეშევრდომული სულის ეს გამოვლინება, უპირველეს ყოვლისა, იმ სხვა სახელმწიფოს პოლიტიკის მხარდაჭერით და იქაური ღირებულებების, პრინციპებისა და ინტერესების პროპაგანდითა და მათი ჩვენში დამკვიდრების მცდელობით ხდება.
თანამემამულეთა ერთი ნაწილის ასეთი გაორება გვახსენებს გვიანი შუა საუკუნეების შავბნელ ხანას, როცა ქართველები სხვათა ინტერესების გამო ერთმანეთს და საკუთარი სამშობლოს მიზნებს უპირისპირდებოდნენ. ეს ერისათვის მაშინაც ტრაგედია იყო და ახლაც ასეა.
![]() |
8 ეროვნული იდეა და სახელმწიფოს დამცველი ძალა |
▲ზევით დაბრუნება |
„მოსე, კიროსი, თეზევსი და რომულუსი რომ უიარაღონი ყოფილიყვნენ, ვერავის აიძულებდნენ გაეზიარებინა მათი მრწამსი და აღესრულებინა მათი ნება, როგორც ჩვენს დროში ძმა ჯეროლიმო სავონაროლას მაგალითი გვიჩვენებს ამას, რომელიც თავისივე ახალი წესრიგის ნანგრევებმა მოიყოლეს ქვეშ, როგორც კი ბრბომ ზურგი აქცია მის მრწამსს; თვითონ კი ვეღარ შესძლო შეენარჩუნებინა მორწმუნენი, ანდა საკუთარ მრწამსზე მოექცია ურწმუნონი“.
* * *
„ძალაუფლების საფუძველი კი, ყოველგვარ სახელმწიფოში - როგორც მემკვიდრეობითში, ასევე შერეულსა და ახლებში - არის კანონები და კარგი ჯარი, მაგრამ კარგი კანონები არ არის იქ სადაც, არ არის კარგი ჯარი და პირიქით, სადაც კარგი ჯარია იქ, კანონებიც კარგია“.
ნიკოლო მაკიაველი
ჭეშმარიტად იშვიათია მაგალითი იმისა, რომ დიდი მნიშვნელობის მქონე ქმედებანი, - იქნება ეს: თავისუფლებისათვის ბრძოლა, ქალაქებისა და სახელმწიფოების დაარსება, იმპერიების შექმნა, რელიგიის ან იდეოლოგიის გავრცელება, - შეიარაღღებული ძალის გამოყენების გარეშე განხორციელებულიყოს.
ასეთი ძალა გვჭირდება ქართველებსაც, რადგან XX საუკუნეში მეორედ მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა და ნამდვილად არ გვინდა, რომ მან ჩვენი პირველი რესპუბლიკის ბედი გაიზიაროს. ეს რომ არ მოხდეს, საჭიროა ყველამ გაითავისოს ჭეშმარიტება „თორმეტი ტაბულის კანონში“ გაცხადებული სიბრძნისა: „სახელმწიფოს გადარჩენა - უმაღლესი კანონია“. ამის აუცილებლობას ვგრძნობთ, მაგრამ გასული ათასწლეულის ბოლო ორმა საუკუნემ კოლონიური ყოფისამ, ჩამოგვიყალიბა სტერეოტიპი სახელმწიფოსი,როგორც ეროვნული და პიროვნული ღირსებების დამთრგუნველი მექანიზმისა. ეს ხელს გვიშლის გავერკვეთ იმ ამოცანის რაობაში, რასაც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა გვისახავს. ახლა სხვაგვარი ხედვაა საჭირო; სახელმწიფო, რომლის მმართველობის ფორმა დემოკრატიული რესპუბლიკაა, ჩვენი თავისუფლების გარანტიაა, რომელსაც, თავის მხრივ, დაცვა ესაჭიროება. ასეთ დამცველ ძალად მიჩნეულია: დაზვერვა, არმია, პოლიცია და სახალხო განმანთავისუფლებელი ლაშქარი. რადგან უკვე სუვერენული და, ამავე დროს, პრობლემების მქონე ქვეყანა ვართ, უნდა გაგვაჩნდეს სათანადო კონცეფცია და პროგრამა ოთხივე სახის სრულყოფილი და ქმედუნარიანი სტრუქტურის შექმნისა, რომელსაც შეეძლება - აღმშენებლობის რთულ და წინააღმდეგობით აღსავსე გზაზე ნებისმიერი ამოცანის შესრულება.
სეკურიტატა, ლათინურად შეცურიტას-ატის,სახელმწიფოსა და მოსახლეობის უშიშროების რომაელთა ქალღმერთი იყო. მისი ერთ-ერთი ატრიბუტი სიუხვის რქა გახლდათ. ამ გზით გაცხადდა დასავლური ცივილიზაციის ხედვა უშიშროების არსისა, რომელიც ხალხის, და სახელმწიფოს სიკეთესა და კეთილდღეობაზე ზრუნვას ისახავდა უპირველეს მიზნად. საპირისპიროდ აღმოსავლური დესპოტებისა, - სადაც ქვეყნის უსაფრთხოება ასოცირდებოდა მხოლოდ მმართველი ტირანის პერსონის დაცვასა და ხელშეუხებლობასთან. ამ ორი პრინციპიდან ისტორიულად გამართლებული პირველი - ანუ ევროპული გამოდგა, რომელიც ადვილად მიესადაგა საზოგადოების ლიბერალიზაციის პროცესს და სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძვლად იქცა. ამიტომ არის, სადღეისოდ, მსოფლიოში ყველაზე ეფექტური, მოქმედი უშიშროების სამსახური სწორედ დემოკრატიულ ქვეყნებს რომ ჰყავს...
ქართველები არგონავტების ხანიდან, დასავლური კულტურის ორბიტაში ვიყავით მოქცეულნი ან მისკენ მივისწრაფოდით, რის გამოც, გასაკვირი არ უნდა იყოს, თუ სახელმძღვანელოდ ევროპელთა და ამერიკელთა უშიშროების კონცეპციას გამოვიყენებთ, - რაც მიესადაგება მეორე რესპუბლიკის კონსტიტუციას. ამასთან - ასეთი არჩევანით საბოლოოდ გავემიჯნებით კოლონიურ-კომუნისტური რეჟიმის პერიოდის „უშიშროების“ სამსახურის ე.წ. „კგბ“ მანკიერ ტრადიციას, ჩვენთვის ზნეობრივად მიუღებელს და შეუთავსებელს იმ იდეალებთან, რომელთა დამკვიდრებასაც ვცდილობთ.
წარსული გადაფასებას საჭიროებს, ძველი ახლით უნდა შევცვალოთ. ქართველებს საშუალება მოგვეცა დემოკრატიული სახელმწიფოს აღმშენებლობისა და ამ მონაპოვარს დაცვა ჭირდება.
ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორია საკმაოდ ბევრ მაგალითს გვაწვდის იმისას, რომ როდესაც ქართველებს, უბრალო მოკვდავთ, და ძლიერთ ამა ქვეყნისა, გათავისებული ჰქონდათ ქვეყნის ინტერესები, მაშინ საკმაოდ ეფექტურად მოქმედი უშიშროების სამსახური იქმნებოდა, მაგრამ, როცა მომძლავრებას იწყებდა კერძო ინტერესები, - საქვეყნო საქმე დავიწყებას ეძლეოდა, მიზანგამოცლილი მაშინდელი უშიშროება, ვინმეს პირადი, ან ჯგუფური ზრახვების გამტარებლად გადაიქცეოდა ხოლმე. ამის საილუსტრაციოდ ორი მაგალითი გამოდგება, - სხვადასხვა ისტორიული პერიოდისა, - მაგრამ კარგად წარმომჩენი საზოგადოებაში მომხდარი შეხედულებათა ცვლილებისა: XI საუკუნის დამლევს, აღმავლობის გზაზე შემდგარი საქართველო, თურქ-სელჯუკთა ურდოებმა გააპარტახეს მხოლოდ იმიტომ, რომ არ აღმოჩნდა სათანადო მაორგანიზებელი ძალა, რომელიც ხალხმრავალი და მდიდარი ქვეყნის რესურსებს მიზნობრივად წარმართავდა და მომხდურს მოიგერიებდა. საგარეო მარცხს შინა აშლილობა მოჰყვა. ასეთ დროს გამეფებულმა, დავით IV აღმაშენებლად წოდებულმა, სწორედ მაორგანიზებელის ფუნქცია იტვირთა და სახელმწიფოს დამცველი ძალის მქონე მრავალი სტრუქტურა შექმნა და აამოქმედა.
რეფორმატორი მეფის ერთ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებად, სამართლიანად მიჩნეულია, საგარეო და შინაგანი დაზვერვის დიდად ეფექტური სამსახურის, ე.წ. მსტოვართა ინსტიტუტის შექმნა. ცხადია, მსტოვრები ადრეც იყვნენ საქართველოში, მაგრამ ამ სფეროს სრულყოფა მხოლოდ ახლა მოხდა. ეს უზარმაზარი სამეთვალყურეო სისტემა შეუფერხებლად მუშაობდა. მის ღირსებებზე იმ შედეგის მიხედვით შეიძლება ვიმსჯელოთ, რაც მას მოჰქონდა ქვეყნისათვის და როგორ გახდა შესაძლებელი ყველა განდგომილისა და ქვეგამხედავის მორჯულება, შიდა არეულობის მოსპობა და გარეშე მტრის ზრახვათა ჩაშლა. მემატიანე ასეთ შეფასებას იძლევა: „დიდნი საქმენი და ფრიად სასწრაფონი წარმართნა ამით; და მრავალთა კეთილთა მიზეზ იქმნა ესე: პირველად ორგულებისა და ზაკუასა, და რასმე ვერვინ დიდთა ანუ მცირედასთაგანი იკადრებდა მოგონებადცა, არა თუ თქმად ვისდა, არც თუ მეუღლესა და ცხედრეულსა თუისსა თანა, ანუ მოყუასსა თუისსა, გინა ყრმათა თუისთა თანა, ვინათგან ესე მტკიცედ უწყოდა ყოველმან კაცმან, რომელ პირით აღმოსლვასავე თანა სიტყუისასა საცნაურ ქმნილ არს უეჭველად წინაშე მეფისა“ ვერ ვიტყვი, რომ დემოკრატიული მეთოდი იყო, მაგრამ დროის თავისებურებას უდაოდ შეესაბამებოდა...
სამაგიეროდ, ეპოქისა და კონკრეტული ისტორიული პერიოდის თავისებურების გაუთვალისწინებლობის შედეგი გახლდათ 1918-1921 წლებში არსებული საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უშიშროების პოლიტიკა, რომელიც ხალხისა და სახელმწიფოს კი არა, მმართველი სოციალ-დემოკრატიული პარტიის ინტერესების დამცველად გამოდიოდა. ქართველი მენშევიკების ცნობილი ოპონენტი რეზო გაბაშვილი თავის მემუარებში ასე წარმოაჩენს მაშინდელი მთავრობის უშიშროების კონცეპციას ცნობილი დივერსიული აქტის, ძეგვის ხიდის აფეთქების ისტორიაზე მსჯელობისას: ...“ მაგრამ „ძაღლის თავი დამარხულია“ ამაში კი არა, არამედ ერთ „საინტერესო“ მაგალითში. რა კითხვა უნდა, რომ ყველა რუსი და სომეხი საქართველოს დამოუკიდებლობისა კი არა, არსებობის წინააღმდეგიც იყო იმ ხანებში, და აი, ერთმა რუსმა ოფიცერმა (შმაგაილოვმა) და ერთმა სომეხმა (გვარი არ მახსოვს) - ააფეთქეს ძეგვის ხიდი და მთელი რკინის გზის მოძრაობა, ისედაც მოშლილი, შეჩერდა. ეს იყო შეთქმულებით მოწყობილი სახელმწიფოებრივი ბოროტმოქმედება. შმაგაილოვი და სომეხი დაიჭირეს. მეტეხში ისხდნენ და რამდენიმე ხნის შემდეგ მე დავესწარი მათს „გასამართლებას“. რუსული, ქართული, ჰოტენტოტური თუ სხვა სამართლით ასეთი დანაშაული სასტიკად დაისჯებოდა, მაგრამ... მათ იცავდა ურია ზელინსკი და უტიფრად იმას კი არ ამტკიცებდა, რომ უდანაშაულონი იყვნენ, არამედ, რომ სასამართლოს უფლება არა აქვს მათი დასჯისა. ვინაიდან ისინი მოქმედებდნენ, როგორც აგენტები ინგლისისაო. (ეს იყო მთავარი და ცრუ არგუმენტი). მაგრამ, ვსთქვათ, მართლა ინგლისის დავალებით მოქმედებდნენ, - ასეთ შემთხვევაში, ყველა ქვეყანაში და ინგლისშიც მიღებულია ადგილობრივ დახვრეტა გაუსამართლებლადაც კი და ჩვენში თურმე სასამართლოსაც არ შეეძლო მათი დასჯა და რა მოხდა: ურია, ჩვენივე მტერი (შემდეგ ბოლშევიკების სამსახურში შესულა იურისკონსულტად საზღვარგარეთ), იცავდა სომეხსა და რუსს, - არა მარტო ენით, სიტყვით და აზრით მტრებს, არამედ სისხლისა და სამოქალაქო, პოლიტიკური კანონების მიხედვით - დამნაშავეთ (კრიმინალებს) და სასამართლომ მიუსაჯა - ერთი წელიწადი.
მაგრამ, მენშევიკებმა, რომელნც „გაიკის“ მოხსნისათვის და უფრო მცირე „დანაშაულისათვის“, ქართველებს „კანონიერად“ და უკანონოდ ხოცავდნენ, „გააქცევდნენ“- წააქცევდნენ და დააქცევდნენ, - რამდენიმე დღის შემდეგ, მართლა გააქციეს ეს ბოროტმოქმედნი... გაათავისუფლეს. ცრუ ინგლისელების ცრუ შიშით? არა! გაუგებარია, მაგრამ აშკარაა: საქართველოს სახელმწიფოს შინაგანმა მტრებმა, საგარეო მტრებს ხელი დააფარეს“.
მაშინ საქართველოში ძალიან ბევრი ქვეყნის საიდუმლო სამსახურის აგენტი იმყოფებოდა. მათ შორის, ცხადია, იყვნენ თეთრი და წითელი რუსეთის, დაშნაკური სომხეთის, ინგლისის აგენტებიც და ყველა ამათ, თავთავიანთი მთავრობის მიერ მიცემულ დავალებათა მიხედვით უნდა ემოქმედათ. ჩვენი სახელმწიფოს უშიშროებას კი, მათი ნეიტრალიზება ევალებოდათ, რასაც, - უკეთეს შემთხვევაში სანახევროდ, უარესში კი, - სულაც ვერ ახერხებდნენ. სამაგიეროდ, დიდი მონდომებით ებრძოდნენ ოპოზიციურობის სულ მცირე გამოვლენასაც. ამის გამო, ადამიანებს უსაფუძვლო ეჭვით სიცოცხლეს უწამლავდნენ, თვალთვალითა და დევნით უკიდურესად შეურაცხჰყოფდნენ. საქართველოს ეროვნული გმირი, პირველი რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი მხედართმთავარი, გიორგი მაზნიაშვილი, ვინც აფხაზეთი შეუნარჩუნა საქართველოს და, თურქეთის, სომხეთის, ორივე რუსეთის აგრესია მოიგერია, თავის მემუარებში ასე აღწერს მენშევიკების უშიშროების მიერ მის მიმართ გამოვლენილ „ყურადღებას“: „უტყუარი საბუთების მიხედვით“, რომელიც ინახებოდა შინაგან საქმეთა მინისტრის რამიშვილის პორთფელში, ვითომ მე გადავგზავნე ჩემს ოჯახში დიდძალი სახელმწიფო ქონება და მივითვისე იგი.
რამიშვილის ბრძანებით საგანგებო რაზმის თანამშრომლებს იმ დღეს, რა დღესაც მე როგორც საქართველოს ოფიციალური წარმომადგენელი, ვიჯექი სხდომაზე ეკატერინოდარში, მოეხდინათ სასწრაფო ჩხრეკა ჩემს ბინაზე, როგორც ტფილისში, ასევე სოფელში.
ჩხრეკის შედეგი განსაცვიფრებელი იყო: ტფილისის ბინაზე ვერაფერი აღმოეჩინათ, ხოლო სოფლიდან კონფისკაციის სახით გამოეტანათ და ზეიმით ჩამოეტანათ ტფილისში 18 გირ. ვერმიშელი, 22 გირ. მაკარონი და 2 ფუთი მავთული, რომელსაც ჩვენ ვხმარობდით სოფელში ვენახებისათვის.
ზემოაღნიშნული საგნები ყველას შეეძლო სალდათის ბაზარზე ეყიდა ას ფუთობით.
სირცხვილი სახელმწიფოს იმ მოღვაწეს, რომელიც ხურდავდება ასეთ წვრილმანზე“.
მეწვრილმანე ხელისუფლება საკუთარი კარიერის დაცვით იყო გართული, ყველა დასაშვები და დაუშვებელი მეთოდებით ებრძოდნენ ოპოზიციას, ან იმათ, ვისი ლოიალობისაც არ სჯეროდათ. ასე იქცა, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროს, უშიშროების სამსახური მმართველი პარტიის ხელში, მოწინააღმდეგეთა განადგურების იარაღად, რომელიც, ამავე დროს, მეტად ჩლუნგი იყო, როცა საქმე საქართველოში მოქმედ სხვა სახელმწიფოთა და უპირველეს ყოვლისა, კომუნისტური რუსეთის აგენტურას შეეხებოდა...
ეს ორი მაგალითიც ცხადყოფს, თუ რას ნიშნავს, როცა უშიშროების სამსახურის წინაშე საქვეყნო მნიშვნელობის ამოცანაა გადასაწყვეტი, და რას კიდევ, როცა ადამიანთა ჯგუფის კერძო კარიერისტული ინტერესები... XII საუკუნის დასაწყისში, სწორად დასახულ მიზანს, ქართველთა კავკასიური იმპერიის შექმნა მოჰყვა, XX საუკუნის დასაწყისში კი, - უკუღმართი მითითებების აღსრულების გამო, თავისუფლებაც ვერ შევინარჩუნეთ...
მეორე რუსული ოკუპაციის შედეგად დამყარებული კოლონიურ-კომუნისტური რეჟიმი, იმ 70 წლის მანძილზე, რაც ის არსებობდა, სპობდა ყოველივეს, მისთვის საწინააღმდეგოს, ადამიანები გრძნობდნენ მუდმივ თვალთვალს, აწუხებდათ ჯაშუშომანიის ატმოსფერო, მიყურადების შიშით სახლშიაც კი ერიდებოდნენ სიმართლის ლაპარაკს. ამის გამო, სიძულვილის გრძნობის მეტს სახელმწიფო უშიშროების ცნება სხვას არაფერს იწვევდა. მაგრამ, როცა დამოუკიდებლობა გამოვაცხადეთ, გამოირკვა, რომ თუ გვსურდა თავისუფლების შენარჩუნება, უნდა გაგვეცნობიერებინა, რას ნიშნავდა დაზვერვისა და კონტრდაზვერვის სამსახურის შექმნა და წარმატებული ფუნქციონირება.
სტრუქტურამ რომ იმუშაოს, ის ჯერ უნდა ჩამოყალიბდეს. ეს კი, ვერ გაკეთდება, თუ წარსული არ გადაფასდა, ყველაფერს თავისი სახელი არ დაერქვა და, იმ მანკიერებისაგან არ განვთავისუფლდით, რასაც დაპყრობილი ქვეყნის უშიშროების სამსახური და მის სასარგებლოდ ჯაშუშობა ჰქვია. ამიტომ იყო საჭირო, ჯერ ერთი, რუსეთის ერთგული მოხელეების მოხსნა და გაგდება (როგორც აღმოსავლეთ ევროპის ბევრ ქვეყანაში გააკეთეს) და მეორე ლუსტრაციის კანონის მიღება, რათა გარკვეულიყო, ვინ მტერი იყო და ვინ მოყვარე... (რაც ასევე შეძლეს ზემოხსენებულმა ქვეყნებმა) და, რა თქმა უნდა, საჭირო იყო ეროვნული იდეის გააზრება, რომელშიაც სახელმწიფო უშიშროების კონცეპცია თავის კუთვნილ ადგილს დაიკავებდა და ჩვენც გვეცოდინებოდა, რას დაიცავდა ჩვენი დაზვერვა და კონტრდაზვერვა და რას კიდევ, არა... არაფერი ამისი მსგავსი არ გაკეთდა... რასაც, ისიც დაემატა, რომ თავისუფლებისათვის წარმოებული ჩვენი ბრძოლა, სულ მალე გადაიზარდა ძალაუფლებისათვის გამართულ სასტიკ შეტაკებად, რომლის დროსაც, ისედაც დაშლილი საზოგადოება, კიდევ უფრო დაიქსაქსა და დაიყო ერთმანეთისადმი მტრულად განწყობილ ჯგუფებად, რომელთაც, ყველას თავთავისი ინტერესი ჰქონდათ... ეს კი, ანტიქართული ძალებისათვის მეტად ნოყიერი ნიადაგი აღმოჩნდა და, მათაც შეძლეს ქართველთა ხელით, დესტრუქციული პროცესების ისე მართვა, რომ კარგა ხანს თავი ვერ დავაღწიეთ ნგრევას და ქაოსს. დივერსიული აქტები ახლაც ბლომად ხდება: ხან ერთაშორის ურთიერთობის გაფუჭებას ცდილობენ, ხანაც, კომფესიური დაპირისპირებისაკენ გვიბიძგებენ, არის ეკონომიკური საბოტაჟი და ქვეყანაში არსებობენ უცხო სახელმწიფოთა მიერ მართვადი პოლიტიკური ძალები.
ამიტომ სჭირდება საქართველოს სათანადოდ გააზრებული ეროვნული უშიშროების კონცეპცია, სადაც უნდა ჩამოყალიბდეს ფარული ომის მიზნები, ფორმები და მიმართულებანი. თანამედროვე მსოფლიოში მეტად დიდი სპექტრია იმ საკითხებისა, რომლითაც დაინტერესებულნი არიან სპეცსამსახურები (იქნება ეს ქვეყნის შიგნით, თუ მათთვის საინტერესო სხვა ქვეყნებში): მოსახლეობის განწყობა, საზოგადოებაში არსებული შეხედულებები და ტენდენციები, სახელმწიფოებრივი ცხოვრების ორგანიზების ხასიათი (ცუდი ან კარგი), კორუფციის დონე, ეკონომიკური და ინტელექტუალური პოტენციალი, ეთნიკური და რელიგიური წინააღმდეგობანი, მოსახლეობის სოციალური აქტიურობის დონე, ეთნიკური დომინანტის, ანუ ეროვნული იდეის არსებობა-არ არსებობა. ყოფითი კულტურა და, საერთოდ, კულტურის პრობლემები. ხელისუფლებისა და მოსახლეობის ურთიერთობა, სამხედრო პოტენციალი და შეიარაღებული ძალების ქმედუნარიანობა, სახელმწიფოს მოწინააღმდეგეები და მომხრეები, ინფორმაციული ომი (პროპაგანდა და კონტრპროპაგანდა), - ეს უკანასკნელი, - ჩვენთვის ესოდენ მტკივნეული ამ სფეროში უამრავი მარცხის გამო, - უშიშროების სამსახურის ერთ-ერთი ასპარეზია. ამ საკითხთან დაკავშირებით მეტად საინტერესო მოსაზრება აქვს გამოთქმული ავსტრია-უნგრეთის იმპერიის სადაზვერვო ბიუროს შეფს, მაქს რონგეს, როცა აღწერს პირველი მსოფლიო ომის დროს, ანტანტისა და, კერძოდ, ინგლისელთა წარმატების მიზეზებს: „ინგლისმა თავიდანვე გამოამჟღავნა განუმეორებელი უნარი, შეექმნა ნეიტრალურ ქვეყნებში ცენტრალური სახელმწიფოებისადმი მტრული განწყობა, ეს ხელოვნება მან შეინარჩუნა ჯერ კიდევ ნაპოლეონ I-ის კლასიკურად ორგანიზებული დევნის დროიდან. ახლა ის შეუდგა გრანდიოზული პროპაგანდის წარმართვას ავსტრია-უნგრეთისა და გერმანიის რევოლუციონიზირებისათვის, რათა ამ გზით კომპენსირებულ იქნეს ანტანტის უწყვეტი წარუმატებლობები“. ცხადია, სხვა სახელმწიფო ტერიტორიაზე, მხოლოდ ლეგალური გზით, ასეთი ამოცანის განხორციელებას ვერავინ შეძლებდა და აქ, აშკარაა, ამ საქმეში დიდი როლი „ინტელიჯენთ სერვისმა“ ითამაშა, რადგან მის მესვეურებს კარგად ესმოდათ რაოდენ დიდი შედეგი აქვს კარგად წარმართულ პროპაგანდას, მოწინააღმდეგის ზრახვების ჩაშლისათვის.
ბრძოლის ამდაგვარ ფორმებს არანაკლები მნიშვნელობა ენიჭება ჩვენთვის, რადგან ახლა ვაშენებთ სახელმწიფოს, გვყავს უამრავი მოშურნე და ხელისშემშლელი ცივილიზებული სამყარო კი, - ნაკლებად გვიცნობს. ასეთ დროს, მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებში მიზანდასახულად წარმართული პროქართული პროპაგანდა ბევრ სიკეთეს მოგვიტანდა და საქართველოს მტრების ზრახვებს გვარიანად ჩაშლიდა.
ასევე მნიშვნელოვანია ეკონომიკური ჯაშუშობისა და დივერსიის უვნებელყოფა, ტელევიზიით სულ ახლახან გახდა ცნობილი, რომ რუსეთი, რომელიც მუდამ სხვის კაპიტალზე იყო და არის დამოკიდებული. თურმე... არალეგალურად, ეკონომიკურ ექსპანსიას ანხორციელებს საქართველოს ენერგეტიკისა და მრეწველობის ობიექტების ხელში ჩაგდების მიზნით... ამ ინფორმაციას დიდი აურზაური მოჰყვა, არადა, გაუგებარია, რაა აქ გასაკვირი? რატომ არ ელოდნენ რუსეთის (და, რომელიც გნებავთ, სხვა სახელმწიფოს) მხრიდან ამდაგვარ მოქმედებას? ეს ხომ სრულიად მიღებული ნორმაა იმ კაპიტალისტურ საზოგადოებაში, რომლისკენაც ასე მივისწრაფვით... საგანგაშო ეს კი არ არის, არამედ ის, რომ როგორც ჩანს, არავინ ფიქრობდა, რუსეთი ამ გზით თუ ეცდებოდა ჩვენზე ზეწოლას და, შესაბამისად, არც უშიშროების სამსახურს არ მიეცა სათანადო ამოცანა, - არ დაეშვა მსგავსი ქმედება. არადა, ამდაგვარი დივერსიის საფუძველს პოლიტიკასა და ეკონომიკაში „მოღვაწე“ კრიმინალები ქმნიან და, უკვე ეს, უნდა გამხდარიყო, - როგორც ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობა - სპეცსამსახურების ყურადღების საგანი...
უშიშროების უწყების დაინტერესებას უნდა იწვევდეს დივერსიის ისეთი ფორმა, როგორიც არის ნარკოტიკების უზომოდ დიდი რაოდენობით შემოზიდვა საქართველოში. ყველაფერი მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მდებარეობიდან - გზაჯვარედინს რომ წარმოადგენს - არ აიხსნება, კარგახანია, აშკარად იკითხება გარკვეული გარეშე ძალების მიზანდასახული მცდელობა ახალგაზრდობის განარკომანებისა... თავად განსაჯეთ, ნარკო ექსპანსია (ისევე, როგორც დაუბეგრავი საქონლის შემოტანა) ძირითადად შიდა ქართლიდან, აფხაზეთიდან და პანკისის ხეობიდან ხორციელდება. ანუ, ტერიტორიებიდან, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ვერ აკონტროლებს...
უშიშროების სამსახურმა, აგრეთვე, საგანგებოდ უნდა ადევნოს თვალყური ეკოლოგიური კატასტროფის საშიშროებას: იქნება ეს სომხეთის ატომური ელექტროსადგურის საკითხი, ჭოროხზე კაშხლის მშენებლობის ავანტიურისტული ხასიათი, თუ საერთაშორისო ორგანიზაციების ზეწოლით ტყის ჭრა, - რასაც გარემოსა და კლიმატის სერიოზული ცვლილება მოჰყვება. აგრეთვე, რადიაქტიული დანაგვიანება ჩვენი ტერიტორიისა, რასაც რუსეთი ახორციელებს. ყველა ამ პრობლემისადმი მიდგომას, უნდა განაპირობებდეს პრინციპი: რაც საქართველოსა და მისი მოსახლეობის კეთილდღეობას საფრთხეს უქმნის, უშიშროების სამსახურის საქმეა...
ასე რომ, სახელმწიფოსა და მოსახლეობის უშიშროების კონცეპცია, უდაოდ, მრავალი საკითხის მომცველი უნდა იყოს, დაწყებული იმით, რომ საქართველო არ უნდა იქცეს უცხო სახელმწიფოთა ბრძოლის ველად და დამთავრებული ეროვნული უშიშროების გადაქცევით საერთო-სახალხო საქმედ.
ფარული ომის ისტორიამ უამრავი მაგალითი იცის ბრძოლისა, რომელშიაც სპეცსამსახურის აგენტები და რიგითი მოქალაქენი, ეროვნული იდეით შეკავშირებულ-შედუღაბებულნი ერთად, გმირობისა და მახვილგონიერების სასწაულებს ახდენდნენ და ამით ხალხებისა და სახელმწიფოების ბედს განსაზღვრავდნენ: 1839 წელს გაზეთ „ჟურნალ დე ვილ ი დე კომპანი“-ში დაიბეჭდა აბატ საბატიეს მონათხრობი საფრანგეთის დიდი ბურჟუაზიული რევოლუციის ერთი, მეტად მნიშვნელოვანი, ეპიზოდის შესახებ. საქმე შეეხება ბრძოლას ქალაქ ვალმთან, რომელიც ოცდაორწლიანი ომების დასაწყისი იყო და საფრანგეთის რევოლუციური არმიის ამ პირველი გამარჯვების უცნობ მიზეზებს წარმოაჩენდა. თავად საბატიეს ეს ამბავი ცნობილმა დრამატურგმა და ავანტიურისტმა ბომარშემ გაანდო და ასეთ ისტორიას ამცნობდა მკითხველს: 1792 წლის სექტემბრის შუა რიცხვებში, ბომარშეს განუზრახავს მოენახულებინა თავისი ძველი მეგობარი, პოპულარული კომედიური მსახიობი ფლერი, რომელიც თავის დროზე „ფიგაროს ქორწინების“ პრემიერაშიც მონაწილეობდა. სტუმრად მისულ დრამატურგს, მსახიობი შინ არ დახვედრია. სახლში მხოლოდ მასპინძლის ათი წლის გოგონა იყო, რომელსაც უთქვამს, რომ მამა პარიზში არ არის და იმყოფება ქალაქ ვერდენშიო... ბომარშე ამ ცნობას მეტად გაუოცებია, რადგან დასახელებულ ქალაქში, იმ დროს, იყვნენ პრუსიელები, რომლებიც ავსტრიელებთან ერთად ინტერვენციას ახორციელებდნენ რევოლუციური საფრანგეთის წინააღმდეგ. როცა, რამდენიმე ხნის შემდეგ, ბომარშე, ბოლოსდაბოლოს, ფლერის შეხვდა, მისგან ვერავითარი განმარტება ვერ მიიღო, - მსახიობი უარყოფდა დედაქალაქიდან გასვლის ფაქტსაც კი... მაგრამ ბომარშემ ჩამოაყალიბა თავისი ვერსია იმისა, თუ რას აკეთებდა მსახიობი ვერდენში. მისი აზრით, ფლერი, რომელიც წლების მანძილზე პარიზის სცენაზე ანსახიერებდა პრუსიის მეფეს, ფრიდრიხ II-ს და ამასთან იმდენად კარგად ბაძავდა მისი ლაპარაკისა და ქცევის მანერას, რომ ბერლინიდან, უფრო მეტი მსგავსებისათვის, პრუსიელთა გარდაცვლილი მეფის ტანისამოსიც გამოუგზავნეს, - სამკუთხა ქუდი, ქურთუკი და ჩექმები. ხელისუფლებამ საგანგებოდ გაგზავნა მტრის მიერ ოკუპირებულ ქალაქში. იქ, მსახიობი, ფრიდრიხ II-ის ორეულად ქცეული, საიდუმლოდ შეიყვანეს შენობაში, - სადაც დიდი მეფის აშკარად უნიჭო მემკვიდრე, მისი ძმისშვილი, მისტიკაში გადავარდნილი პრუსიის ახალი მეფე, ფრიდრიხ ვილჰელმ II ბალს მართავდა გერმანელი და ფრანგი როიალისტი ოფიცრებისათვის. - დამალეს ერთ-ერთ ოთახში, რომელშიაც შემდეგ შეიტყუეს პრუსიის მეფე... და მისდა გასაკვირად, იქ თავისი გარდაცვლილი ბიძა დახვდა... ფრიდრიხ II-დ გარდასახულმა ფლერიმ ურჩია ფრიდრიხ ვილჰელმს, აღარ გაეგრძელებინა ინტენვენცია და უკან გამობრუნებულიყო... ამ სპექტაკლის შედეგი ის იყო, რომ წინსვლის მაგიერ პრუსიელებმა ადგილზე დგომის ბრძანება მიიღეს. ორი კვირის უაზრო ყურყუტის შემდეგ, სარდლობის უკიდურესი მერყეობისა და გაუბედაობის პირობებში, პრუსიელები ვალმთან დამარცხდნენ... ასეთი იყო ბომარშეს ჰიპოთეზა.
ძნელი სათქმელია, რამდენად მართალია ეს ამბავი, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ დიდი ისტორიული ხასიათის მოვლენების დროს, ეროვნული უშიშროება საერთო-სახალხო საქმედ იქცეოდა და უამრავი რიგითი მოქალაქე ფასდაუდებელ სამსახურს უწევდა თავის სამშობლოს. ჩვენ, ქართველები წარსულის ძნელბედობის გამო, ხშირად იმ იმპერიათა უშიშროების პრობლემებს ვწყვეტდით, საქართველოს რომ იმონებდნენ... ახლა დადგა დრო საქართველოს საკეთილდღეოდ, ფარული ომის უხილავ ფრონტზე, ქართველებმა იმაზე დიდი სასწაულები მოახდინონ, ბომარშემ რომ უამბო აბატ საბატიეს...
არმია, ფრანგულად არმეე განიმარტება, როგორც, სახელმწიფოს მთელ შეიარაღებულ ძალათა ერთობლიობა. ასეთი რამ, მეორე რესპუბლიკის დროს, ჯერ კიდევ შესაქმნელი გვაქვს ქართველებს. სხვაგვარად დამოუკიდებლობას ვერ შევინარჩუნებთ... ამ დიდი ქმედებისათვის საჭირო მატერიალური ბაზა, სამწუხაროდ, არ გაგვაჩნია... სამაგიეროდ, ტრადიციები გვიწყობს ხელს: სამხედრო ხელოვნება იმ ასპარეზთაგანია, ქართველებმა სახელი რომ გაითქვეს. ამის თაობაზე უთქვამთ: პლუტარქეს (I ს.) იბერიელების შესახებ „რიცხვით ალბანელებს არ ჩამოუვარდებოდნენ. გულადობითაც სხვებზე უფრო მამაცნი იყვნენ»; ბერნარდ ფონ ბრაიდენბახს (XIV ს.) „-... დიდად მეომარი და ძლიერი ხალხია და მრავალრიცხოვანი რაინდობა ჰყავს... თუმცა ეს ხალხი ყოველი მხრიდან გარშემორტყმულია ურწმუნოებით, მაინც უშიშრად არიან... იერუსალიმში ისინი მაღლა აწეული დროშებითა და უხარკოდ შედიან და გამოდიან“; ჟან შარდენს (XVII ს.) „-... ქართველები თამამნი და გულადნი არიან»; ვახუშტი ბაგრატიონს (XVIII ს. „... ჭირთა მომთმენნი, ცხენსა ზედა და მხედრობათა შინა კადნიერნი, მკვირცხლნი, მსწრაფლნი... სალაშქროსა შინა ახოვანნი, საჭურველთ მოყუარენი...“. საინტერესოა, რომ თავიდანვე საქართველოში განვითარდა ის, რასაც დღეს სამხედრო მრეწველობა ჰქვია... უძველესი დროის (ძვ.წ. II - ახ.წ. I ათასწლეულის დამდეგი) ქართველთა შეიარაღებას ასე აღწერს არქეოლოგი გ. ლომთათიძე: «ჩვენი წინაპრები აღჭურვილნი ყოფილან სატევრებით, „კოლხური ცულებით“, თუ „იბერიული ჩუგლუგებით“, შუბებით, ხელშუბებით, ნაირნაირი ისრებით, ბრინჯაოსთავიანი ლახტებით, ბრინჯაოაკრული ფარებით, წვეტიანი მუზარადებით, მუცლის მფარავი სარტყელებითა და სხვა. ამას თუ გავითვალისწინებთ, გაზვიადებული არ იქნება თქმა, რომ ამ წინაპრებს მკაფიოდ გამოხატული, მეომრული, სამამაცო ზნე და სულისკვეთება ჰქონდათ». იყო დრო, როცა დასავლეთსა და აღმოსავლეთში, ქართველთა მხედრული შემართება აღტაცებას იწვევდა, როცა ამას სათანადოდ გამართული სისტემის შექმნაც ემატებოდა, რომელიც ჩვენს სამხედრო პოტენციალს მიზანდასახულად და ეფექტურად წარმართავდა, მაშინ ნებისმიერ მტერს ვამარცხებდით და საქართველო ძლიერ, მდიდარ სახელმწიფოდ გადაიქცეოდა. სამწუხაროდ, ჩვენი ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე, ბევრ შემთხვევაში, ამას ვერ ვახერხებდით... ცხადია, ეს აქვეითებდა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას. ამის შედეგად კი თავს ის გადაგვხდა, რის გამოც ისტორიკოსმა ვ. პოოტომ ასეთი მოსაზრება გამოთქვა: „მთლად საქართველოს დიდი ხნის ცხოვრებას უწოდებენ მარტიროლოგს ანუ დაუსრულებელ ტანჯვათა მოთხრობას, ძნელად თუ ამაზე უკეთეს სახელს მოუგონებდნენ მას იმის შემდეგ, როცა ისტორიამ აღნიშნა ეს ქვეყანა. იგი ანდამატივით იზიდავდა სხვადასხვა ერთა, რომელნიც მოისწრაფვოდნენ მისკენ ჩრდილოეთიდან, აღმოსავლეთიდან, შორეული დასავლეთიდან და როდესაც უკან ბრუნდებოდნენ აქ აოხრების კვალს სტოვებდნენ“.
როცა ერს ასეთი ისტორიული ბედი ან უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით, გეოპოლიტიკური მდებარეობა აქვს, მისი სახელმწიფო და სამხედრო მესვეურები სულმუდამ იმას უნდა ფიქრობდნენ, თუ როგორ შექმნან ისეთი შეიარაღებული ძალები, რომელიც შეძლებდა ეფექტური წინააღმდეგობა გაეწიათ სხვადასხვა ბრძოლის წესების, შეიარაღების, ჩვევების, მიზნებისა და მისწრაფებების მქონე მოწინააღმდეგისათვის. სიტუაციასთან ადაპტირების ასეთი უნარის გამოვლენა სასიცოცხლო აუცილებლობით იყო ნაკარნახევი: როცა XI საუკუნის მეორე ნახევარში, საქართველოს მომთაბარე თურქ-სელჯუკები შემოესივნენ, მათთან ბრძოლა ფეოდალურ ლაშქარს გაუჭირდა. განსხვავებულ სამხედრო სისტემასთან შეჯახების პირველ ეტაპზე ქართველები დამარცხდნენ. ამას მოჰყვა აოხრება, ეკონომიკის მოშლა და ინტენსიური მეურნეობის მქონე ქვეყნის მომთაბარეთა სათარეშო მხარედ გადაქცევა... ჩვენთვის ამ კრიტიკულ მომენტში,ს დავით აღმაშენებელმა შეიმუშავა თვისობრივად ახალი სამხედრო ტაქტიკა, შექმნა ახლებურად ორგანიზებული და გაწვრთნილი ლაშქარი. ამ გარდაქმნების წყალობით შესაძლებელი გახდა მომთაბარეთა დამარცხება და „გასხმა“ საზღვრებს გარეთ, რამაც არამარტო ეთნიკური კატასტროფისაგან გვიხსნა, არამედ ეს სამხედრო წარმატება საფუძველი გახდა ქართული სახელმწიფოს გაძლიერებისა, XII საუკუნის დასაწყისში საქართველოში მეტად ეფექტური სამხედრო სტრუქტურა შეიქმნა: სამეფო დომენიდან მობილიზებული მონასპა და ტაძრეული, ფეოდალური ლაშქარი - სპანი ქვეყანათაგან, დაქირავებული ლაშქარი - როქის სპა, საზღვრის მცველები - მონაპირენი. როგორც ორგანიზაციულად, ასევე შეიარაღებითა და საბრძოლო თვისებებით საქართველოს ჯარს ნებისმიერი სამხედრო ამოცანის შესრულების ძალა შესწევდა, მაგრამ ასი წლის შემდეგ, სამხედრო რეალობაზე ადექვატური რეაგირების პრინციპი დავიწყებას მიეცა. ამიტომ, როდესაც 1220-1221 წლებში, მონღოლთა 20 ათასიანი, სადაზვერვო მიზნით მომავალი ლაშქარი საქართველოში შემოიჭრა და სამჯერ შეებრძოლა ქართველებს, ეს უკანასკნელნი სამჯერვე დამარცხდნენ. დავით აღმაშენებლის დროს შეთვისებული მომთაბარეებთან ბრძოლის ტაქტიკა არათუ არ განვითარებულა, ის აღარც ახსოვდათ, ამიტომ ადვილად გაებნენ მონღოლთა მიერ დაგებულ მახეში...
ამ ამბებიდან სულ ცოტა ხნის შემდეგ, საქართველომ კიდევ უფრო დიდი სამხედრო მარცხი განიცადა ხვარაზმელთაგან. ვგულისხმობ გარნისის ბრძოლას და თბილისის აოხრებას, რაც ასევე მოწინააღმდეგის შესაძლებლობების შეუფასებლობის შედეგი იყო... როგორც ჩანს, წინაპართა საქმეთა ხსოვნა არაფერს ნიშნავდა, თორემ, მარტო იბერიის სამეფოს დამაარსებლის ფარნავაზის მაგალითიც საკმარისი უნდა ყოფილიყო... ძველი წელთაღრიცხვის III საუკუნეში, მაშინ, როცა ბერძენ-მაკედონელთა სამხედრო ხელოვნება ძლიერების ზენიტში იყო, მან შეძლო ლაშქრის ორგანიზება, რომელიც ჩრდილო კავკასიელთა დაქირავებული რაზმებით გააძლიერა, მოკავშირეც შეიძინა სირიის მეფე ანტიოქე I სოტერის სახით და, ამ გზით, რამდენჯერმე დაამარცხა პონტოდან მოსული ბერძენი თუ მაკედონელი აზო, რომელიც ამ ბრძოლას ემსხვერპლა ქართველთა მეფეს კი მიეცა საშუალება ქართული მიწა-წყლის გაერთიანების, დამწერლობისა და კალენდრის შექმნის, სახელმწიფო ცხოვრების ორგანიზების და ეს შესაძლებელი გახდა იმით, რომ ქართველთა სამხედრო მანქანა თავისი ქმედუნარიანობით გაუტოლდა და, გარკვეული თვალსაზრისით,ს უფრო ძლიერიც აღმოჩნდა, ვიდრე მის წინააღმდეგ მოქმედი ბერძნულ-მეკედონური ძალები...
არმიის შექმნა ადვილი არასოდეს ყოფილა, - არც ანტიკურ ხანაში და არც შუა საუკუნეებში. ამ საქმეში გამარჯვებას და მარცხს იმის მიხედვით განვიცდიდით, თუ რამდენად ვავლენდით, ან ვერ ვავლენდით, სახელმწიფოებრივი ცხოვრების ორგანიზების უნარს... როდესაც XVIII საუკუნის მეორე ნახევარში, ამ მხრივ, ჩვენი შესაძლებლობანი და მცდელობა არასაკმარისი აღმოჩნდა, ვეღარც „მორიგე ლაშქარი“ შევქმენით, ერეკლე მეორის დროს - კრწანისის სამხედრო კატასტროფაც განვიცადეთ, დამოუკიდებლობაც დავკარგეთ და რუსული კოლონიალიზმის უღელიც დავიდგით 1801 წლიდან. იგივე მიზეზმა შეუძლებელი გახადა 1918 წლის 26 მაისს აღდგენილი ქართული სახელმწიფოს ხანგრძლივი არსებობა...
თუმცა, თავიდან თითქოს ყველაფერი ხელს უწყობდა პირველი რესპუბლიკის აღმშენებლობის საქმეს: ქვეყანა ტერიტორიულად გამთლიანებული და კაპიტალისტური განვითარების გზაზე შემდგარი იყო, მას საყოველთაო სამხედრო სამსახურის პრინციპებით შექმნილი არმია შეეძლო ჰყოლოდა. ამას სხვა პირობებიც უწყობდა ხელს: პირველი მსოფლიო ომიდან, რომელშიაც 200 ათასამდე ქართველი მონაწილეობდა და მეომრის პროფესიას დაუფლებულნი იყვნენ, ახლა სახლში ბრუნდებოდნენ, ამათ გარდა, 7 ათასი კადრის ოფიცერი გვყავდა. ხოლო სამხედრო საწყობებში იმდენი იარაღი და ამუნიცია დაეგროვებინათ, ომის დროს რუსებს, რომ 50 ათასიანი არმიის აღჭურვა-აღკაზმულობას ეყოფოდა. ერთი სიტყვით, რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები ცარიელ ადგილზე არ იქმნებოდა და სრულიად შესაძლებელი იყო, საკმაოდ ბრძოლისუნარიანი არმია გვყოლოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. ამის მიზეზი მმართველი სოციალ-დემოკრატიული პარტიის პოლიტიკა იყო: რამდენადაც, სოციალურ პრობლემებს მიიჩნევდნენ ეროვნულზე მნიშვნელოვნად. ამ პრინციპისავე მსგავსად გაიაზრეს თავიანთი სამხედრო დოქტრინაც: საქართველოს შეიარაღებული ძალები ორ ნაწილად გაყვეს: პარტიის წევრებისაგან დაკომპლექტებულ, ნაკლებად ბრძოლისუნარიან სახალხო გვარდიად და ბრძოლის უნარიან, ოღონდ, ხელისუფლების ყურადღებას მოკლებულ რეგულარულ ჯარად. ასეთმა დაყოფამ რესპუბლიკის ინტერესების საზიანოდ დაანაწევრა საქართველოს არცთუ დიდი სამხედრო პოტენციალი. ამასთან, შინაგანი დაპირისპირებაც წარმოშვა გვარდიასა და შინაგან ჯარს შორის. სოციალ-დემოკრატების სამხედრო პოლიტიკა ყოველმხრივ აბრკოლებდა სამხედრო მშენებლობას და რყვნიდა მებრძოლთა ზნეობას...
გენერალი გიორგი მაზნიაშვილი თავის „მოგონებაში“ 1918 წლის სომხეთ-საქართველოს ომის ერთ საყურადღებო ეპიზოდს აგვიწერს, როცა შულავერის ჩრდილოეთით მდებარე მაღლობისათვის ბრძოლის ეპიზოდს, რომლის დროსაც, დილით ქართველების მიერ დაკავებული მაღლობი, საღამოს, უბრძოლველად, ის კვლავ სომხების ხელში აღმოჩნდა... შეკითხვაზე, თუ როგორ მოხდა ეს, მაზნიაშვილს გენერალ ჩხეტიანისაგან ასეთი პასუხი მიუღია: - „მართალია, გვარდიელებმა დღით დაიჭირეს მაღლობები და მტერს წაართვეს ტყვიის მფრქვეველები, მაგრამ საღამოზე თავისი ნებით მიანებეს თავი დაჭერილ პოზიციებს და უკან სოფელში დაბრუნდნენ. თავის საქციელს გვარდიელები შემდეგ გვარად ხსნიდნენ: აქ ცივა, ჩავალთ სოფელში, ჩაის დავლევთ, ღამეს გავათენებთ და მაღლობებს გათენებისას კვლავ დავიკავებთო...“ გვარდიელთა ქცევას ნორმალური, ნამდვილად არ ეთქმის, ამავე დროს, ეს კურიოზი მანიშნებელია იმ ფუნქციისა, რომელიც მათ ჰქონდათ მინიჭებული: ისინი მხოლოდ პარტიის დასაყრდენ ძალას წარმოადგენდნენ, „სხვა“ რამ, ანუ, რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობის დაცვა, ამ არადისციპლინირებული შეიარაღებული ფორმირების მიზანს არ შეადგენდა...
რაც შეეხება რეგულარულ ჯარს, მასზე მენშევიკები სულაც არ ზრუნავდნენ;
პირიქით, პროფესიონალ სამხედროებს ისინი არც ენდობოდნენ. გავიხსენოთ ფაქტი, გენერალ მაზნიაშვილისადმი გამოვლენილი უნდობლობისა. ეს, და ბევრი ამისი მსგავსი მაგალითი, სარწმუნოს ხდის რეზო გაბაშვილის ნათქვამს, რომ: - „ნ. ჟორდანიას თავისი საკუთარი ჯარისა ყოველთვის უფრო ეშინოდა, ვიდრე მტრისაო»-ო. ეს შიში და, მისგან მომდინარე, არმიის მოუვლელობა და უპატრონობა, იყო მიზეზი იმისა, რომ 1921 წელს საქართველოს ჯარმა ვერ შეძლო კომუნისტური რუსეთის აგრესიის მოგერიება, ხოლო ამაში დამნაშავე მმართველი პარტია ისტორიის სანაგვეზე აღმოჩნდა გადაგდებული...
სამოცდაათწლიანმაკოლონიურ-კომუნისტურმა რეჟიმმა საბოლოოდ მოშალა ძველი ტრადიციები და ქართველებს მრავალ ჩვევასთან ერთად, სამხედრო საქმის სიყვარულიც გადააჩვია... ქართველებისათვის ზნეობრივად მიუღებელი წესი და რიგი, მონარქისტული რუსეთის ჯარშიც საკმაოდ იყო, მაგრამ ე.წ. სსრკ-ს «წითელ არმიაში» დამკვიდრებული უზნეობა ძნელადასატან უბედურებას წარმოადგენდა. ამას ის პოლიტიკაც ემატებოდა, რომლის შედეგადაც ქართველთა წოდებრივ წინსვლას ხელს უშლიდნენ, ამ გზით, მებრძოლ ოფიცერთა რიგებიდან ქართველები გამოიდევნენ, თუ დარჩნენ, უმეტესწილად საინტენდანტო სამსახურში მყოფნი... „წითელ არმიაში“ ჯარისკაცობა კი საკუთარი ნებით აღარავის სურდა. ასეთი მდგომარეობის წყალობით, ისეთი კადრები აღარ გვყავდა, როგორც პირველი რესპუბლიკის დროს.
1991 წლიდან დაიწყო საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენა და მასთან ერთად, ეროვნული ჯარის ჩამოყალიბებაც, მაგრამ ხელის შემშლელი, ობიექტური და სუბიექტური, საკმაოდ იყო: კადრების სიმცირეს ისიც ემატებოდა, რომ, თუნდაც დაშლის პირას მყოფი რუსეთის კომუნისტური იმპერია, ყოველმხრივ ხელს უშლიდა სრულფასოვანი ეროვნული არმისიის ფორმირებას. ამის მაგიერ, ნება დაგვრთეს, ე.წ. გვარდიის შექმნისა, რომელსაც ბუტაფორული როლი ენიჭებოდა და ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას ან დამოუკიდებლობას ვერ დაიცავდა. სამაგიეროდ, სამოქალაქო ომში შეიძლება გამოყენებული ყოფილიყო, - რაც ჩვენს სინამდვილეში მოხდა კიდეც... 9 აპრილის შემდეგ აშკარა გახდა, რომ ეროვნულ ინტერესებს შეიარაღებული დაცვა სჭირდებოდა, ამიტომ დაიწყო პატარ-პატარა რაზმების შექმნა, არალეგალურად ან ნახევრად არალეგალურად...
შეიძლებოდა ამითაც დაგვეწყო, თუ ეროვნული იდეა გვექნებოდა გააზრებული, რომლისადმი ერთგულებაც ამ რაზმებს შემდეგ ერთიან, მონოლითურ არმიად შეკრავდა და შეადუღაბებდა, მაგრამ რადგანაც არ გაგვაჩნდა ღირებულებების, პრინციპებისა და ინტერესების ერთიანი სისტემა, ჯერ ჩვენი ეროვნულ-პოლიტიკური მოძრაობა დაიშალა ერთმანეთთან დაპირისპირებულ და დაქსაქსულ ჯგუფებად, შემდეგ ეს შეიარაღებული რაზმები იქცნენ ამ ჯგუფების დასაყრდენ ძალად... უბედურება ისიც იყო, ამ ფორმირებებს ამბიციური დილეტანტები ედგნენ სათავეში.
ნიშანდობლივია: მათგან, არც ერთი, რითიმე გამორჩეულ სამხედრო მოღვაწედ არ ჩამოყალიბებულა; რომ არაფერი ვთქვათ, ეროვნული თავისუფლებისა თუ რევოლუციური მონაპოვრის დაცვის დროს, გამარჯვებათა ისეთ ორგანიზატორად გადაქცევაზე, როგორებიც იყვნენ ვილჰელმ ორანელი - ნიდერლანდებში, ოლივერ კრომველი - ინგლისში, ნაპოლეონ ბონაპარტე - საფრანგეთში, და მუსტაფა-ქემალი - თურქეთში, მაგრამ რომელ „რევოლუციის მახვილად“ ყოფნაზეა ლაპარაკი, როცა ვერ მივიღეთ, თუნდაც, ისეთი პატიოსანი, პატრიოტი, მოვალეობის გრძნობის მქონე პროფესიონალი, ჩვენი პირველი რესპუბლიკის დროს გენერალი მაზნიაშვილი რომ იყო... ეს, კი ცხადია, რეგულარული, უაღრესად ქმედუნარიანი არმიის შექმნას ხელს ვერ შეუწყობდა...
უცნაური პარადოქსები იცის ისტორიამ: „პერესტროიკის“ დროს, როცა ინტენსიურად მიმდინარეობდა წარსულის გადაფასება, ბევრი დაიწერა და ითქვა, პირველი რესპუბლიკის დროს, ქართველი მენშევიკების მიერ განხორციელებული არასწორი სამხედრო პოლიტიკის შესახებ, მაგრამ მეორე რესპუბლიკის აღდგენის შემდგომ, ბევრი ძველი შეცდომა განმეორდა, უმთავრესი აქედან, ეროვნული იდეის არქონა და მისი დამცველი არმიის არყოლა იყო... ამის წყალობით მოვლენები ასე განვითარდა: უკიდურესად პოლიტიზირებული რაზმები გამოყენებულ იქნენ ძალაუფლებისათვის გამართულ ბრძოლაში და მათ, ადვილად განახორციელეს სახელმწიფო გადატრიალება, დაუნდობლად გადაბუგეს დედექალაქის ცენტრი, შემდეგ კი, ასევე უპრობლემოდ გააჩაღეს სამოქალაქო ომი. სამაგიეროდ, ვერ ივარგეს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დამცველებად და სწრაფად გადაიქცნენ კრიმინალურ ბანდებად და ძარცვა დაუწყეს იმ მოსახლეობას, რომლის დაცვის თავიც არ აღმოაჩნდათ... იმათ შორის ვინც მაშინ ქართულ შეიარაღებულ ფორმირებებში იმყოფებოდა, ბევრი იყო რუსეთის აგენტი, ან უბრალოდ, ავანტიურისტი. ასეთმა ადამიანებმა, შეგნებულად თუ შეუგნებლივ, დიდად შეუწყვეს ხელი 1990-1993 წლების სამამულო ომში ჩვენს დამარცხებას. ყოველივე ამის გამო, მოსახლეობამ შიშით დაუწყო ყურება სამხედრო ფორმიან ადამიანებს, რომელთაც უკვე დამცველებად კი არა, ზიანის მომყენებლად აღიქვამდნენ და ერიდებოდნენ...
ეს, ცხადია, კარგი არ იყო, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ისეთი შეურიგებელი პოზიციის გამოვლენა არ ყოფილა, როგორსაც ოგიუსტენ ტიერრი აგვიწერს „ასწლიანი ომის“ ისტორიიდან: „პუატიესთან დამარცხებამ დაბალ ფენებში ეროვნული მწუხარების გრძნობა წარმოშვა, რაც გადაიზარდა გულისწყრომასა და ზიზღში თავად-აზნაურობის მიმართ, რომელიც ბევრად მცირერიცხოვანი არმიის წინაშე შედრკა. ბრძოლის ველიდან დაბრუნებულ თავად-აზნაურობას, ქალაქებსა და სოფლებში გზად მიმავალს წყევლა და შეურაცხყოფა დაატყდა თავს“. როცა რომელიმე ქვეყნის მოქალაქეებსა და ჯარს შორის გაუცხოვებაა, ეს ტრაგედიაა ერისათვის და ის მხოლოდ მაშინ დაიძლევა, როცა მოსახლეობა შეიარაღებულ ძალებს თავის დამცვალედ და ინტერესების გამტარებლად მიიჩნევს. ზემოხსენებული სამამულო ომის დროს, არაფერი არ უწყობდა ხელს იმას, რომ ქართველს საკუთარი ჯარის სიყვარული ჰქონოდა. ეს კი არადა, რა ომი იყო და ვინ რას გვედავებოდა, ამას კარგად ვერ აცნობიერებდა ხალხი, რაც იმისი ბრალი იყო, არავინ განუმარტა მათ: რომ რუსებს ვეომებოდით და სეპარატისტების წამქეზებელნი, შეაიარაღებელნი და წარმმართველნი რუსეთის მოხელეები, სპეცსამსახურები და სამხედროები რომ იყვნენ... ბრძოლის ხასიათის გაუცხადებლობამ, შეუძლებელი გახადა ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ, მიზანდასახული პროპაგანდისტული საქმიანობის წარმართვა. თუ რამე კეთდებოდა, ამას ცალკეული პიროვნებები აკეთებდნენ და, სამწუხაროდ, ზოგჯერ უფრო ანგარების გამო, ვიდრე პატრიოტული ინტერესებით ნაკარნახევი.
ეს ყველაფერი კაპიტულანტურ განწყობილებას ბადებდა საზოგადოებაში. იმ წლებში და შემდეგაც, ვიღაც-ვიღაცეები გულმოდგინედ ცდილობენ, სამხედრო საქმისადმი ნიჰილისტური დამოკიდებულება ჩამოუყალიბონ ქართველ ხალხს, ამიტომ მნიშვნელობას არ ანიჭებენ იმ ერთეულ გამარჯვებებს, რომელიც რუსებზე და მათ მიერ ჩვენზედ მოსეულ ოსებზე და აფხაზებზე მოვიპოვეთ. ზოგი დღესაც ამტკიცებს: აფხაზეთის სვანურ ნაწილში სეპარატისტები რომ ვერ შევიდნენ, ეს ქართველთა გმირული ბრძოლის შედეგი კი არ არის, არამედ უბრალოდ რუსებს არ სურდათ, აფხაზები იქ რომ შესულიყვნენო... ასეთ აბსურდამდე მიდის იმათი მსჯელობა, ვისაც არ სურს ქართველთა მებრძოლი სულისა და სამხედრო პოტენციალის დანახვა...
სამამულო ომის შემდეგ, კარგა ხნის მანძილზე, ქართული არმიის ჩამოყალიბების საქმე ხელოვნურად ფერხდებოდა, სამაგიეროდ გულდასმით ინერგებოდა ყველაფერი ცუდი, რაც რუსულ არმიაში იყო, - იქნება ეს ხაზინის ქურდობა თუ ე.წ. „დედოვშჩინა“. ამის წყალობაა, რომ მოსახლეობაში დაიკარგა ის ინტერესიც, რაც ეროვნული არმიის ჩამოყალიბების დროს გაჩნდა და დღეს საქართველოს ჰყავს ფაქტიურად შეუიარაღებელი, დამშეული და დაუბანელი არმია, რომელიც აგრესიის შემთხვევაში ვერ შეძლებს ქვეყნის დაცვას... პრობლემაა თანამედროვე იარაღის არ ქონა, - რუსეთმა კუთვნილი აღჭურვილობა არ მოგვცა. ეს საქართველოს განიარაღების მიზნით გაკეთდა; ამავე დროს, ისიც უნდა ითქვას, რომ: არ არის სასურველი, ჩვენი არმია იმ ქვეყნის სამხედრო მრეწველობაზე იყოს დამოკიდებული, რომელიც მტრულადაა განწყობილი და როცა მოესურვება, მაშინ შეგვიწყვეტს იარაღისა და საბრძოლო მასალის მოწოდებას. ასე ხდებოდა სამამულო ომის დროს, როცა რუსეთს ვეომებოდით და მასვე ვთხოვდით საჭურველს, რომელმაც მოცემა-არმოცემის ტაქტიკით დაგვამარცხა კიდეც.
ამიტომ, შეიარაღების ალტერნატიული წყარო უნდა ვეძიოთ. სადღეისოდ ჩრდილოეთ ატლანტიკური ალიანსის ქვეყნები გარკვეულწილად გვეხმარებიან, სადარაჯო კატერები გადმოგვცეს, გვაწვდიან სამხედრო მოსამსახურეთა ჩასაცმელს, ჩვენი ოფიცრები ევროპისა და ამერიკის სასწავლებლებში სწავლობენ. ეს კარგია, მაგრამ საკმარისი არ არის. საქართველოს ჯარი ყოველმხრივ აღჩურვილი უნდა იყოს. ცხადია, თანამედროვე დასავლური ტექნიკით, რომელიც საკმაოდ ძვირია... კაცმა რომ თქვას, როგორც სასროლი იარაღის, ასევე მაღალი ტექნოლოგიების შექმნა და წარმოებაში დანერგვა საქართველოს შეუძლია. გვაქვს ამისი ინტელექტუალური და ტექნიკური პოტენციალი და ეროვნული არმიის ჩამოყალიბების კონცეპციის განუყოფელი ნაწილი უნდა იყოს სამხედრო მრეწველობის განვითარება, რომელსაც არამარტო ჩვენი არმიის აღჭურვა ძალუძს, არამედ იარაღის ბაზრებისათვის ბრძოლა და, შესაბამისად, ვალუტის შემოტანაც. ასე რომ, გამოსავალი ნამდვილად არსებობს, ოღონდ ამისათვის პოლიტიკური ნების გამოვლენაა საჭირო...
დღეს, საქართველოში, ეროვნული არმიის გამო ათასგვარ მოსაზრებას მოისმენთ: ზოგს ის პროფესიული სურს რომ იყოს, ზოგს საყოველთაო სამხედრო სავალდებულო სამსახურის პრინციპებზე აგებული. პირველი შეხედულების მომხრეებში ჭარბობენ ქართველი ნუვორიშები, რომელთაც ბლომად ფული უშოვნიათ და სურთ რომ მათი ქონება პროფესიულმა არმიამ დაიცვას, და არა მათმა შვილებმა, - ამ ქონების უშუალო მემკვიდრეებმა... ასეთი პოზიცია დანაშაულებრივია, რადგან უკიდურესი ეგოიზმის გამოვლენაა. სამშობლოს დაცვა ყველას საქმეა და მდიდრებმა მისგან თავი არ უნდა დაიძვრინონ, - ეს უკვე ღალატის ტოლფასია... ამასთან, ასეთი კაპიტულანტური ქმედების სურვილი იქ უჩნდებათ ადამიანებს, სადაც არ ჩამოყალიბებულა სამოქალაქო საზოგადოება და არ დაწყებულა მოქალაქისმეომრად აღზრდის პროცესი. აქ მახსენდება საფრანგეთის დიდი ბურჟუაზიული რევოლუციის დასაწყისში 1789 წლის 12 დეკემბერს დიუბუა დე კრანსეს მიერ წამოყენებული პრინციპი: „ყველა მოქალაქე ჯარისკაცია, ყველა ჯარისკაცი - მოქალაქეა“, და, რომელიც, რევოლუციური არმიის შექმნას დაედო საფუძვლად. ჩვენში ამის მაგავსი პრინციპი არ არსებობს, აქ ჯარისკაცი მოქალაქე არ არის, არც გადატანითი და არც სოციალური მნიშვნელობით, რადგან ქართული ჯარი, არსებითად ტიპიური გლეხური ჯარია. ძირითადად, მობილიზებულთა დაბადებისა და ცხოვრების ადგილიდან გამომდინარე. ქალაქელს პატრონი ყავს და ის ჯარში არავის მიჰყავს, გლეხი კი, ჯარშიც გლეხად რჩება და უბედურება ისაა, რომ არავინ ცდილობს ის მოქალაქედ და ჯარისკაცად აღზარდოს...
საუკუნეების მანძილზე ხდებოდა ქართველი ხალხის მხედრული სულისკვეთებით აღზრდა და ეს იყო უმთავრესი პირობა იმისა, რომ სახელმწიფოებრიობისა და ფიზიკური არსებობისათვის მიმდინარე სამიათასწლოვან ბრძოლაში გადავრჩით და არ გავნადგურდით, ორასწლოვანმა კოლონიალიზმმა თანდათანობით, მიზანდასახულად ჩაკლა ჩვენში მეომრული შემართება და გვაქციეს ე.წ. მარადიულ დეზერტირებად... სამწუხაროდ, თანამედროვე საქართველოში, სამხედრო საქმისადმი დამოკიდებულება, ზემოხსენებული პოლიტიკის ერთგვარი გაგრძელებაა... აქედან მოდის საზოგადოებაში არსებული კაპიტულანტური შეხედულებანიც... იმ დასავლური ცივილიზაციისათვის, რომლისკენაც სულმუდამ მივისწრაფოდით, მოსახლეობის მეომრულ აღზრდას, - ანტიკური სამყაროდან დღემდის, - უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებოდა და ენიჭება, და ყოველი გამონაკლისი, ამ მხრივ, საბედისწერო შეცდომად განიხილებოდა და განიხილება. ამ თვალსაზრისით ტიპიურია ის შეფასება, რომელიც ნიკოლო მაკიაველიმ მისცა XVI საუკუნის საფრანგეთის მონარქიის სამხედრო პოლიტიკას: „რაც შეეხება საფრანგეთის მეფის შეცდომას, რომელიც თავის ხალხს საომრად არ წვრთნის, ამიტომ თქვენი მცოდნენი ტყუილად მიიჩნევენ მას სამაგალითოდ: ნებისმიერი მიუკერძოებელი ადამიანი აღიარებს, რომ ეს ყველაზე დიდი ნაკლია ფრანგული მონარქიისა და რომ ეს დაუდევრობა - მთავარი მიზეზია მისი სისუსტისა“. ასე რომ, სანამ ჩვენ სათანადო ყურადღებით არ მოვეკიდებით მოსახლეობაში მხედრული სულისკვეთების გაღვივებას, ევროპელთა და ამერიკელთა თვალში, მუდამ დაუდევარ ხალხად გამოვჩნდებით.
სამხედრო ხელოვნებისა და არმიისადმი პატივისცემას, ისიც განაპირობებს, თუ როგორი ფორმა აცვია ჯარს. ქართველ მებრძოლებს დღემდის ე.წ. «საბჭოთა არმიის» ფორმა აქვს. ეგაა, - მხოლოდ განმასხვავებელი ნიშნებია ქართული... ჩემის აზრით, ეროვნულ არმიას ეროვნული ფორმა უნდა ეცვას, ხოლო ქართველი ოფიცერი თვითმფრინავი არ არის, რომ ამოსაცნობი ნიშნები ჰქონდეს...
ჩემის აზრით, საქართველოს შეიარაღებული ძალები შერეული ხასიათისა უნდ იყოს. ეს მას მეტ ეფექტურობას მიანიჭებს, რაც აუცილებელია ეროვნული თავდაცვისათვის, ამასთან: არმია უნდა გაიწმინდოს ხაზინის ქურდებისაგან, კაპიტულანტებისაგან, იარაღით მოვაჭრეებისაგან, სამხედრო სამსახურში, და განსაკუთრებით თავდაცვის სამინისტროში, მოხმობილი უნდა იქნენ პატიოსანი, ზნემაღალი, პატრიოტი ადამიანები, რომელთაც შეუძლიათ არმიის შექმნა და სამხედრო მრეწველობის განვითარება, წესრიგის არქონა არმიაში, ხელმძღვანელობის არაპროფესიონალიზმის მანიშნებელია, ხოლო ქართული „კალაშნიკოვისა“ და „ზიგზაუერის“ არ წარმოება ღალატია და დასჯადი ქმედება გახლავთ... არმია, როგორც ჩანს, არ განიხილება არც დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების და არც საქართველოს უსაფრთხოების გარანტად, ამიტომ არც მისი დაფინანსებაა საკმარისი. ამის საილუსტრაციოდ ასეთ შედარებას მოვიყვან: სომხეთი, რომელსაც ნამდვილად აქვს საკუთარი არმიის იმედი, შეიარაღებაზე ხარჯავს 200 მილიონს, საქართველო კი, - მხოლოდ 30 მილიონს...
ასეთი მიდგომა სწორი არ არის, რადგან ჯერ ეს ერთი: როგორც მსოფლიო ისტორიული გამოცდილება გვარწმუნებს, ბრძოლაში დაკარგულის დაბრუნება ბრძოლითვე ხდება და ამ გამოცდილების იგნორირება კარგს არაფერს მოგვიტანს. მეორეც: არმიას ნებისმიერი ამოცანის შესრულება უნდა შეეძლოს, მაგალითად, იმისი მსგავსი, ისრაელის არმიამ რომ განახორციელა და ტერორისტების მიერ მოტაცებული თვითმფრინავის მგზავრები გაანთავისუფლა უგანდის დედაქალაქის კამპალას აეროპორტში. ასეთი ქმედება არმიის უკიდურესი ბრძოლისუნარიანობის გამოხატულებაა და მიბაძვის საგნად უნდა იქცეს.
არმიის ჩამოყალიბება არსად ადვილი არ ყოფილა, მაგრამ საქართველოში ეს პროცესი გაუმართლებლად ძნელად მიმდინარეობს და არა მარტო ფინანსების უკმარისობისა, და აგრეთვე, იმ მცირე თანხების გაფლანგვის გამო, სამხედრო უწყებებში მოკალათებულ, კორუმპირებული ვიგინდარები რომ ახერხებენ... საქმე იმაშია, რომ არ იგრძნობა ის ენთუზიაზმი, რაც ასე ახასიათებს დამოუკიდებლობის მოპოვებისა და რევოლუციის მოხდენის დროს ერს, რომელიც თავისი მონაპოვრის დამცველი ძალის შექმნას იწყებს და, რომლის მაგალითებსაც უხვად გვაწვდის მსოფლიო ისტორია. საფრანგეთის დიდი ბურჟუაზიული რევოლუციის გამოჩენილი მოღვაწე, მაქსიმილიან რობესპიერი, ახალი არმიის შექმნის პროცესის მოსახლეობის მიერ მხარდაჭერის თაობაზე ასე წერდა: „თითქოს მიწიდან აღმოცენდა, როგორც სასწაული, ყველა კლასის მოქალაქეებისაგან შემდგარი სამასათასიანი არმია, რომელსაც შეუერთდნენ საფრანგეთის გვარდია, შვეიცარიელები და სხვა ჯარისკაცები... ამ ეროვნულმა არმიამ, რომელიც მზად იყო ვერსალზე სალაშქროდ, შეძრწუნება გამოიწვია და რევოლუციის გამარჯვების ბედი გადაწყვიტა“. ეს აღტკინება თავისუფლების იდეის მიერ იყო გამოწვეული. ჩვენ კი, ქართველებს, ეროვნული იდეა ვერ გაგვიაზრებია, ეს არის მიზეზი იმისა, რომ არმია ერთ-ერთ ღირებულებად არ მოიაზრება და ამიტომ არის, მის მიმართ ასეთი უდიერი დამოკიდებულება.
პარტისან ფრანგული სიტყვაა, და ნიშნავს: - „მონაწილეს შეიარაღებული ბრძოლისა, რომელსაც აწარმოებენ მტრის წინააღმდეგ ხალხის ფართო მასების რაზმები ოკუპირებულ ტერიტორიაზე“. ჩემის აზრით ზედმიწევნით ზუსტადაა წარმოჩენილი არსი განმათავისუფლებელი ბრძოლის იმ ფორმისა, რომელსაც უხსოვარი დროიდან მიმართავენ დაპყრობილი ერები. რომ ის ქართველებისათვის კარგად იყო ცნობილი, ამის ფაქტებს გვაწვდიან როგორც ჩვენი, ასევე უცხოური წყაროები; რომაელი ისტორიკოსი დიონ კასიოსი პომპეუსის იბერიაში ლაშქრობის აღწერისას, იმასაც გვამცნობს, თუ როგორ გაუმართეს ბრძოლაში დამარცხებულმა იბერებმა რომაელებს პარტიზანული ომი: - „ამის შემდეგ არტაგი გადავიდა პელორზე (არაგვი) დასწვა ხიდი და გაიქცა, ხოლო მის მეომართაგან ზოგი ბრძოლაში დაიღუპა, ზოგი მდინარეზე გადასვლისას, მაგრამ მრავალნი გაიფანტნენ, ბევრნი ტყეებში და რამდენიმე დღეს თავს იცავდნენ, ისრებს ესროდნენ რა ხეებიდან, რომლებიც (იქ) ძალიან მაღალია, მაგრამ შემდეგ, როდესაც ხეები გაკაფულ იქნა, ისინიც დაიღუპნენ“.
არა მგონია, ეს პარტიზანული ბრძოლის ქართველთა დებიუტი ყოფილიყოს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენამდის მოღწეული ერთ-ერთი პირველი ცნობაა. შემდეგ საუკუნეებში არა ერთხელ მიგვიმართავს ამდაგვარი ომისათვის, იმიტომ, რომ ნებისმიერ დამპყრობელზე გამარჯვება, ჩვენს სინამდვილეში, მხოლოდ საყოველთაო სახალხო მოძრაობით იყო შესაძლებელი. ცხადია იქედან გამომდინარე თუ ვახერხებდით ეროვნული ძალების მობილიზებას და მიზნობრივად წარმართვას, მაშინ ვიმარჯვებდით. გავიხსენოთ თუნდაც, 1659 წლის კახეთის აჯანყება, რომელმაც ეთნიკური კატასტროფისაგან იხსნა საქართველოს ეს კუთხე, მაგრამ, როცა არც მაორგანიზებელი ძალა არსებობდა და არც ერთიანობა, ასეთ შემთხვევაში, ვმარცხდებოდით, სამაგალითოდ, XIX საუკუნის პირველი მეოთხედის ანტირუსული პარტიზანული ომების წარუმატებლობის ისტორიაც გამოდგება.
ასეთ დროს, ყველაზე მეტად ის სახალხო მებრძოლი ზარალდებოდა, იარაღით ხელში მტერს რომ ებრძოდა, რადგან ორმაგ დარტყმას იღებდა, ამათგან, უმთავრესი მორალური იყო: დამთრგუნველია იმისი შეგრძნება, რომ მოუწესრიგებლობისა და არაორგანიზებულობის წყალობით ვერ ახერხებ დაამარცხო ის, ვისი დამარცხების ძალა ნამდვილად გვაქვს...
მსგავს სიტუაციას გულისხმობდა სოლომონ ზალდასტანიშვილი თავის „საქართველოს 1924 წლის ამბოხება“-ში, როცა ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და მისი პარტიზანების ამბავს აღწერდა: „კაპ. ვაჩნაძის რაზმით ქაქუცას 200 კაცამდე უსრულდებოდა და 300 კაცს კიდევ მოელოდებოდა. 17 აგვისტოსათვის მ. ლაშქარაშვილი და მ. ნაცვლიშვილი თავიანთი რაზმებით უნდა მოსულიყვნენ, ისე რომ, პირველი გეგმის შესასრულებლად მას 17 აგვისტოსათვის 600 კაცამდე უგროვდებოდა და ეს ძალა თბილისზე იერიშის მისატანად მთლად საკმარისი იყო, მით უმეტეს, რომ თბილისში სხვა რაზმები უნდა დაჰხვედროდა. ქაქუცა დარწმუნებული იყო, რომ ერთ ღამეში რუსებს თბილისიდან გარეკავდა, მაგრამ როცა შევატყობინე სინამდვილე, ქაქუცას გული გაუფუჭდა, დაღონდა, გეგმის შეცვლა არ ესიამოვნა, აჯანყების გადიდებამ კიდევ ააღელვა“:. ნამდვილად ასაღელვებელი იყო ის უთაობა, რამაც 1924 წლის აჯანყება და სახალხო გამანთავისუფლებელი ომი თავიდანვე დასამარცხებლად გასწირა.
ამის შემდეგ, უკვე კოლონიურ-კომუნისტური რეჟიმის დროს, თუ თითო-ოროლა ტყეში გაჭრილს არ მივიღებთ მხედველბაში, სხვა პარტიზანული ომი ჩვენ აღარ გვიწარმოებია, მაგრამ სხვათა ომებში საკმაოდ მივიღეთ მონაწილეობა, კარგი მეომრების რეპუტაცია განვიმტკიცეთ. ბევრმა ქართველმა პარტიზანმა ისახელა თავი მეორე მსოფლიო ომის დროს, ფორე მოსულიშვილი იტალიის ეროვნული გმირიც გახდა.
იმ შავბნელ წლებში, როცა კომუნისტური რუსეთის კოლონია ვიყავით და ეროვნული თვითშეგნება მეტად დაქვეითებული გვქონდა, არა მგონია, ბევრ ვინმეს აზრად მოსვლოდეს, საქართველოს თავისუფლების, ან მისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის პარტიზანული ომების წარმოების შესაძლებლობა, მაგრამ ისტორიული განვითარების პროცესმა ახალი ამოცანების წინაშე დაგვაყენა და ბევრი ისეთი ნაბიჯის გადადგმა გამოიწვია, რომლის თაობაზე არც ნაფიქრი იყო და არც რაიმე პრაქტიკული საქმიანობა განხორციელებული...აფხაზეთისა და შიდა ქართლის დროებით დაკარგვა სახელმწიფოებრიობის აღდგენის საწყის ეტაპზე მოხდა და რუსეთს გაუადვილდა ჩვენს მიმართ აგრესიის განხორციელება. რაც, მათი სპეცსამსახურების მიერ ორგანიზებულ ეთნოკონფლიქტებად გაფორმდა... ამ დივერსიული ქმედების მიზანი იყო საქართველოზე გავლენის მოხდენა: ჯერ ეროვნულ განმანთავისუფლებელი მოძრაობის შესანელებლად, შემდეგ პოლიტიკური ორიენტაციის შეცვლის გამო და ბოლოს CYU-ში შესათრევად. ასეთი ზეწოლის შედეგი მეტად სავალალო აღმოჩნდა, მას მოჰყვა ქართველთა გენოციდი, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა და, ორ უმნიშვნელოვანეს პროვინციაში დაიწყო დამანგრეველი პროცესები: იქიდან ძირძველი ქართული მოსახლეობის გამოდევნამ, დაარღვია საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებული და მასთან ერთად, ტრადიციული ღირებულებანი:ყოფის თავისებურება, ინტენსიური სოფლის მეურნეობა, მრეწველობა, ტრანსპორტი, ჩაკვდა კულტურული ცხოვრება, დაეცა ზნეობა... ასეთმა, ხელოვნურად შექმნილმა, სულიერმა და მატერიალურმა კრიზისმა, ბუნებრივია, გამოიწვია კრიმინალური ბუმი, მწირი დოვლათის გაუთავებელი გადანაწილება და ბუნებრივი რესურსების დაუზოგავი ძარცვა, - რაც ყველაფერთან ერთად ამ კუთხეთა ეკოლოგიას უქმნის საფრთხეს. ამას გარდა, ამ პროვინციებში ადგილი აქვს იარაღით ვაჭრობას, ნარკობიზნესს, ყაჩაღობასა და მეკობრეობას, თხილით უკანონო ვაჭრობას. ადამიანების ეთნიკური ნიშნით დაყოფას პირველ და მეორე ხარისხოვან არსებებად, იქ არსებულ რეჟიმებს, აშკარად გამოხატულ ეთნო-კრიმინალურ ხასიათს ანიჭებს. ასეთი რასისტულ-კრიმინალური ნიშნით შექმნილი პაროდიული „სახელმწიფოები“ სამარცხვინო ლაქაა ჩვენს რუკაზე. იქ საქართველოს იურისდიქცია უნდა აღდგეს და წესრიგი დამყარდეს. აფხაზეთის დევნილმა მოსახლეობამ, ეს უკვე სცადა სტიქიურად : ის 30 ათასი ქართველი, შარშან, მაისში, კიდევ ერთხელ რომ გამოდევნეს მშობლიური მიწა-წყლიდან, მუდმივი შეურაცხყოფისა და სიკვდილის საშიშროების წინაშე აღმოჩნდა, რადგან სცადა საკუთარი კარმიდამოსათვის მიეხედათ, გავერანებული მიწა დაემუშავებინა, დანგრეული და გაძარცვული სახლი აღედგინა, მოჭრილი ხის მაგიერ, ახალი დაერგა, სიცოცხლე შეეტანა ოჯახში, რომ მთელი სოფელი გაცოცხლებულიყო ანუ, აფხაზეთის ტერიტორიაზე ცივილიზაციის კვდომის პროცესი შეჩერებულიყო. ამისათვის აწიოკებდნენ აფხაზი ეთნო-კრიმინალები მათ და პარტიზანული ომიც ამ მოსახლეობის თავდაცვის მიზნით დაიწყო, - რაც ნიშნავს კონსტრუქციული პროცესის დაცვას დესტრუქციულისაგან, კულტურისა - ველურობისაგან; მაგრამ, სწორედ ეს არ აწყობდა ეთნო-კრიმინალურ რეჟიმს და მის მხარდამჭერ რუსეთს. ამიტომ შეუტიეს გალის რაიონის ქართულ სოფლებს და ხელახლა დევნილად აქციეს ხალხი ამ ხვედრს ერთხელ უკვე ნაზიარები.
ვიდრე ეს ამბავი მოხდებოდა, გალის რაიონში რამდენიმე ქართველი პარლამენტარი ჩავიდა და იქ, ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა მარულაც გამართეს. ჩვენში აზრი გავრცელდა - ამ ამბავმა აფხაზები გააღიზიანა და ამიტომ ააწიოკეს ქართველებიო... ეს, გაღიზიანებას, ცხადია, გამოიწვევდა, მაგრამ რომც არ მომხდარიყო მსგავსი რამ, აწიოკება მაინც არ აგვცდებოდა, თუ პარტიზანული მოძრაობა იმდენად ძლიერი არ იქნებოდა, რომ ქართული მოსახლეობის დაცვა შესძლებოდა... სხვაგვარ პარტიზანულ ომს აზრიც არა აქვს, და ამაში გვარწმუნებს კიდეც, როგორც მეორე მსოფლიო ომის დროინდელი, ასევე 50-60-იანი წლების ანტიკოლონიური ომის პერიოდის პარტიზანული მოძრაობა. სამაგალითოდ, ე.წ. „პორტუგალიის გვინეის“ ისტორიაც გამოდგება; აფრიკის ამ პატარა ქვეყნის მოსახლეობა ათჯერ უფრო ნაკლები იყო, ვიდრე მეტროპოლისა, ამასთან, ეთნიკურად მეტად ჭრელი და, მაინც, ამ ხალხმა შეძლო წამოეწყო პარტიზანული ომი კოლონიური რეჟიმის წინააღმდეგ, რომელსაც მხარს უჭერდა ჩრდილოეთ ატლანტიკური ბლოკი. ის აიარაღებდა პორტუგალიის არმიას, რომელსაც, მაგალითად, 1967 წლის მონაცემებით 700 საბრძოლო თვითმფრინავი ჰქონდა ამერიკული, ინგლისური, გერმანული და ფრანგული წარმოებისა, დიდი რაოდენობით არტილერია და ჯავშანტექნიკა, საკმაოდ მრავალრიცხოვანი არმია, - 200 ათასზე მეტი ჯარისკაცი და ოფიცერი, კარგად გაწვრთნილი და ბრძოლისუნარიანი. აი, ამ ძალის გარკვეული ნაწილი, პორტუგალიის სხვა კოლონიების მსგავსად, იდგა გვინეა-ბისაუში და მაინც, პატარა, ჩამორჩენილი ქვეყნის შვილებმა ჯერ ფსიქოლოგიური ბარიერი გადალახეს და გაბედეს კოლონიზატორებს შებრძოლებოდნენ. შემდეგ კი, ამ ბრძოლაში საგრძნობ წარმატებებს მიაღწიეს და 1970 წლის 8 თვის მანძილზე გვინეა-ბისაუელმა პარტიზანებმა 456-ჯერ შეუტიეს პორტუგალიელთა გარნიზონებს, მოკლეს მათი 699 ჯარისკაცი და ოფიცერი, ააფეთქეს მტრის 52 მანქანა და ჯავშანტრანსპორტიორი, ჩაძირეს 15 ჯავშანკატერი და სამდინარო გემი. ასეთი ინტენსიური და ეფექტიანი საბრძოლო მოქმედების შედეგი იყო რომ 1974 წლისათვის, როცა დაემხო პორტუგალიის კოლონიური იმპერია, პარტიზანებს უკვე განთავისუფლებული ჰქონდათ თავიანთი ქვეყნის დიდი ნაწილი და ამ ტერიტორიაზე მათ მიერ ორგანიზებული იყო საზოგადოებრივი და სამეურნეო ცხოვრება; შექმნეს ადგილობრივი მმართველობის ორგანოები, ფუნქციონირებდა სკოლები, საავადმყოფოები, კლუბები, ერთი სიტყვით, მუშაობდა და იბრძოდა ხალხი.
ცუდი არაფერია იმაში, თუ გვინეა-ბისაუს მოსახლეობის გამოცდილებას გავიზიარებთ. დიახ, ასე უნდა მოვიქცეთ, თუ გვსურს აფხაზეთში ქართველობა დაბრუნდეს.
გვინეა-ბისაუს მოსახლეობის გამოცდილება ისევე, როგორც, საერთოდ, პარტიზანული მოძრაობისა, სერიოზულ შესწავლას საჭიროებს, რადგან აფხაზეთში უკვე დაბრუნებულ, ან იმ მოსახლეობას, რომელიც ადრე თუ გვიან თავის სახლში უნდა ჩასახლდეს, დაცვა სჭირდება. ეს, ან საერთაშორისო ძალებმა უნდა გააკეთონ, ან საქართველოს შინაგანმა ჯარმა და პოლიციამ, ან კიდევ თავად ამ მოსახლეობამ უნდა შექმნას სახალხო ლაშქარი და საკუთარი უსაფრთხოება უზრუნველყოს, რომ ნორმალური ყოფისა და შრომის საშუალება მიეცეს. თუ სიტუაციიდან გამომდინარე უპირატესობა პარტიზანულ მოძრაობას მიენიჭა, მაშინ ის სახალხო ლაშქრის ყველა კანონის მიხედვით უნდა შეიქმნას.
პოლიცია (გერმანული Polyzei) განიმარტება, როგორც: „საგანგებო ადმინისტრაციული ორგანოები; მათ ხელთ არის შეიარაღეული რაზმები, რომელთა ამოცანაა წესრიგის დაცვა და არსებული საზოგადოებრივი და სახელმწიფო წყობის დაცვა“. სულ ცოტა ხნის წინათ დამთავრდა პერიოდი ჩვენი ისტორიისა, როდესაც მაშინდელი სოციალური სისტემისა და პოლიტიკური წყობილების დაცვა ჩირად არ უღირდა მოსახლეობას. პირიქით, ეს ეგრეთ წოდებული „საბჭოთა სახელმწიფო და საზოგადოება“, ხელოვნური, არაჰუმანური მოვლენა იყო ადამიანის გრძნობების, მისწრაფებების, სურვილების დამთრგუნველი, მიზნების მიღწევაში ხელის შემშლელი და ღირსების შეურაცხმყოფელი. ბუნებრივია, ასეთი წყობილების დამცველი ძალა, ანუ მაშინდელი მილიცია, უპირველესი გამტარებელი იყო პიროვნების დამცირების და დაშინების პოლიტიკისა; უხეშობაა არაპროფესიონალიზმი, წამებისა და შანტაჟის გზით, ჩვენების მიღება, კორუმპირებულობა, - ეს ის თვისებები იყო, რომელიც ახასიათებდა საბჭოთა მილიციას და რაც მას საძულველს ხდიდა. ამას გარდა, როგორც ყველა სხვა სახელმწიფო სტრუქტურა, რუსულის ქართული ვარიანტი იყო და უკვე ამიტომ, ვერ გახდებოდა ხალხის ინტერესების გამომხატველი...
დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ბუნებრივია, მთელი სიმწვავით დადგა წესრიგის დამცველი, თვისობრივად ახალი, ძალის შექმნის საკითხი. ეს დაემთხვა ღირებულებათა გადაფასების მოთხოვნილების გამოვლენას, რაც, ხშირად, ადამიანთა ქცევაში ჩანდა ხოლმე. ცნობილი ამბავია: 9 აპრილს, მთავრობის სასახლის წინ, რუსი ოკუპანტების მიერ მოშიმშილეთა დარბევისას, ბევრი მამულიშვილის სიცოცხლე იხსნეს ქართველმა მილიციელებმა. ეს ფაქტი ის ზნეობრივი მაგალითია, რომელიც ამოსავალი წერტილი უნდა გამხდარიყო მილიციის გარდაქმნის ხანგრძლივი პროცესისა და რომელსაც, რუსეთის კომუნისტური იმპერიის დამცველი სტრუქტურის თანამშრომელნი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესების დამცველებად უნდა ექცია. იმედს იძლეოდა ისიც, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მიმდინარე ბრძოლებში ბევრმა მილიციელმა და შინაგანი ჯარის მებრძოლმა მიიღო მონაწილეობა. ეს ყველაფერი კი კარგ საფუძველს ქმნიდა, რომ ახლის შექმნა დაწყებულიყო. დამოუკიდებლობის პირველ წელს პოლიციად გადარქმეულ მილიციას ახალი ფორმაც ჩააცვეს, მაგრამ, სამწუხაროდ, ეროვნული იდეის არქონის პირობებში და არასწორედ წარმართული სახელმწიფო აღმშენებლობის ფონზე, რაიმე არსებითი შედეგების მქონე გარდაქმნა არ მომხდარა;
ის ახალი ფორმაც სადღაც გაქრა და შეგვრჩა საბჭოთა მილიციის ფორმაში გამოწყობილი პოლიცია, თუმცა, ცხადია, მთავარი ის არის, რომ უნდა შეცვლილიყო,პირველი: პოლიციისა და, შესაბამისად მთლიანად იმ სისტემის, რომლის ნაწილიც ის არის, თანამშრომელთა ქცევის სტერეოტიპი და აქედან გამომდინარე, მეორე: ამას უნდა შეეცვალა მოსახლეობის დამოკიდებულება პოლიციისადმი და საერთოდ, სისტემისადმი. მაშასადამე, უნდა მომხდარიყო ღირებულებათა გადაფასება და მოსახლეობის დამთრგუნველი ძალის გადაქცევა მის დამცველად.
სამწუხაროდ, ეს არ მოხდა. ძველმა სისტემამ მუშაობის მისთვის დამახასიათებელი სტილითა და ურთიერთობათა ფორმებით დაიწყო ადაპტირება ახალ რეალობაში. ეს კი ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია იმ სიმახინჯისა, რასაც ჩვენი დღევანდელი ყოფა ეწოდება. ამისი შედეგია ზემოხსენებული სისტემის სახეც, - თავისი კორუფციით, გაუხსნელი საქმეებით, ძალადობით და ასე შემდეგ. დღეს, საქართველოს საკმაოდ მრავალრიცხოვანი პოლიცია, სამთავრობო დაცვა და შინაგანი ჯარი ჰყავს. მაგრამ რიგითი მოქალაქე არსებითად დაუცველია. საქმე მხოლოდ ქურდობებში, ყაჩაღობებში ან სამართალდამცავთა მხრიდან კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში არ არის. ცხადია,ყოველგვარი დანაშაული ადამიანს ვნებს, უბედურება ის არის, რომ ზემოხსენებული მიზეზების გამო, ჩვენთან არ არსებობს ის ნდობა, რომელიც ევროპისა და ამერიკის სახელმწიფოებში გააჩნია მოქალაქეს პოლიციისადმი, რომელსაც უპირობოდ აღიქვამს დამცველად. მწერალმა ჟორჟ სიმენონმა თავისი წერილის, „მორიგე საპოლიციო ნაწილი, ანუ პარიზის ახალი საიდუმლოებანი,“ პირველი ქვევთავი ასე დაასათაურა: „მოქალაქენო, პოლიცია ფხიზლობს“. ეს განცხადება არც პათეტიკურია და არც ირონიული; ის საფრანგეთში არსებული რეალობის გამოხატულებაა, - გნებავთ დადასტურება. ამ სახელმწიფოს პოლიცია მთელს ევროპაში ყველაზე მოქნილად ითვლება. ამის თაობაზე ბევრი დაწერილა და, მათ შორის,, უკვე ხსენებულ, დეტექტიური რომანების ცნობილ ავტორსაც ბლომად უწერია. დაინტერესებული მკითხველი სწორედ მის პუბლიცისტურ წერილებში იპოვის ფრანგული პოლიციის ეფექტურობის მიზეზს, რაც მდგომარეობს პროფესიონალიზმში, კანონის განუხრელ დაცვასა და ყველასა და ყველაფერზე ინფორმაციის ფლობაში. საინტერესოა: გააჩნია რა რაიმე მაკომპრომეტირებელი, მოსახლეობის საკმაოდ დიდ ნაწილზე, ამას პოლიცია იყენებს მხოლოდ და მხოლოდ დანაშაულთან საბრძოლველად და არავითარ შემთხვევაში, მოქალაქეთა შანტაჟირებისათვის... აი, აქედან მომდინარეობს პოლიციისადმი იქ არსებული დამოკიდებულება, როგორც პიროვნების, მისი სიცოცხლის, უფლებებისა და ქონების დამცველისა ანუ მომდინარეობს დემოკრატიულ საზოგადოებაში მისი ფუნქციიდან.
საფრანგეთისა და, ზოგადად, დასავლური ტიპის პოლიცია, - ეს არამარტო კარგად ორგანიზებული ძალაა, რომელიც ებრძვის დამნაშავეს, არამედ, ეს ცალკეული პოლიციელების, აქტიური კანონდამცველების, ინდივიდუალური ბრძოლაც არის მათთვის მიუღებელ ქცევასთან, რომელიც არღვევს ტრადიციულ ურთიერთობებს, უარყოფს დამკვიდრებულ ღირებულებებს, ემუქრება კანონმორჩილ ადამიანებს! პიროვნებისა და სახელმწიფოს ინტერესების ასეთი დამთხვევა დამახასიათებელია მხოლოდ დემოკრატიული საზოგადოებისათვის. ტოტალიტარიზმის პირობებში, როცა ყველა თანაბრად იჩაგრება, ბუნებრივია, რეჟიმის წინააღმდეგ მოქმედი დამნაშავეც პროტესტის გამომხატველად გამოიყურებოდა. ხოლო მის წინააღმდეგ მებრძოლი მილიციელი, ბევრ შემთხვევაში, საერთო სიძულვილს იწვევდა. ეს ამკვიდრებდა ყალბ ფასეულობებს, ქურდულ მორალს, სათავეს უდებდა ყველა იმ უბედურებას, რომლის შედეგსაც ახლა ვიმკით. ამიტომ, უმთავრესი პირობა თვისობრივად ახალი პოლიციის შექმნის საქმეში, გახლავთ, არა უცხოური და, კერძოდ, დასავლეთის დემოკრატიული ქვეყნების პოლიციისათვის მახასიათებელის მექანიკური დანერგვა ჩვენში, არამედ, უპირველეს ყოვლისა, ღირებულებების გადაფასებაა საჭირო; ძველი ცხოვრების წესის უარყოფა, ახლის, და ისეთის დამკვიდრება, ჩვენს ეროვნულ-სახელმწიფოებრივ ინტერესებს რომ უპასუხებს. ახალ საქართველოში, დამნაშავეს რაღაც, უსახური მასა კი არ უნდა ებრძოდეს, არამედ გამოკვეთილი ინდივიდუალობის მქონე პიროვნება, - ეროვნული და მოქალაქეობრივი ცნობიერება რომ გააჩნია, ისეთი პროფესიონალი, ვისი იდეალიც შერლოკ ჰოლმსი, მეგრე და პუარო იქნება...
პოლიცია და შინაგანი ჯარი ჩვენს მეორე რესპუბლიკაში მოქალაქეთა უსაფრთხოების გარანტს უნდა წარმოადგენდეს. ეს სტრუქტურები ეფექტურად უნდა ახორციელებდნენ მოქალაქეთა ღირსების, ჯანმრთელობის, ქონების, მათი ეროვნული და სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვას; ეფექტურად ებრძოდეს კრიმინალებს, კორუმპირებულ მოხელეებს, ნარკობიზნესს, ეროვნული სიმდიდრის მძარცველებს, კონტრაბანდას, კრიმინალურ-სეპარატისტულ წარმონაქმნებს და ახორციელებდეს მათი შემდგომი წარმოქმნის საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ ღონისძიებებს.
ამ პოლიციას და შინაგან ჯარს ფორმაც ეროვნული უნდა ჰქონდეს და არა კოლონიურ-კომუნისტური ხანის მილიციისა და შინაგანი ჯარისა.
დღეს, პოლიცია ხშირად, უფრო ქუჩის მოვაჭრე ქალთა ამწიოკებლად და დემონსტრანტთა გამრეკად აღიქმება. ამას თუ მივუმატებთ იმ მრავალ დარღვევას, რასაც ამ სტრუქტურაში აქვს ადგილი, ვნახავთ, რომ ძველი წესი იქ ჯერ კიდევ გრძელდება და სისტემა, საჭიროებს ეროვნულ იდეაზე დაფუძნებულ ძირულ რეფორმას.
ქართველებისათვის, გეოგრაფიულ გარემოს და ბუნებრივ პირობებს, დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ეთნიკური და სახელმწიფოებრივი არსებობისათვის წარმოებული ბრძოლებისას, რადგან განაპირობა თავდაცვით ნაგებობათა კომპლექსებისა და საომარ კომპანიათა ხასიათი. ოღონდ, ბუნებას ის როლი არ უთამაშია მტრის მოგერიების საქმეში, რაც წყალმა - ნიდერლანდების და ტაიფუნმა - იაპონიის ისტორიაში. გავიხსენოთ, XVI საუკუნეში, როცა ესპანეთის კოლონიად ქცეულ ნიდერლანდებში რევოლუციამ იფეთქა, ასეთი ფაქტი მოხდა: ესპანელებმა ალყა შემოარტყეს ქალაქ ლეიდენს; მრავალთვიანი ალყით განაწამებ მოქალაქეებს ვერაფრით ეხმარებოდნენ თანამემამულენი; ამიტომ, გადაწყვიტეს დაენგრიათ ჯებირები და ზღვის წყალს, რომელიც ამ ქვეყანაში მიწაზე მაღლაა, წაალეკინეს როტერდამსა და ლეიდენს შორის მდებარე დაბლობი («სჯობს მიწა დავკარგოთ ვიდრე თავისუფლება»). ზვირთებმა ბაღებთან და ნათესებთან ერთად ესპანელთა ბანაკიც წალეკა, ზღვაზე მოქმედ პარტიზანთა ფლოტს კი („ზღვის გიოზები“); ქალაქთან მისვლის, სურსათის მიწვდისა და მტრის ბომბარდირების საშუალება მიეცა. თავისუფლების გზაზე, კიდევ ერთი გამარჯვება იქნა მოპოვებული. ეს მოხდა 1574 წ. 3 აგვისტოს. ზუსტად სამასი წლით ადრე ამბიდან, კერძოდ, 1274 წელს მონღოლთა იმპერატორმა, ყუბალაი-ხანმა, სცადა იაპონიის დაპყრობა: 115 ათასი მეომარი დასხა 500 საბრძოლო გემზე და ეს უზარმაზარი ფლოტი დაძრა იაპონიის ნაპირებისაკენ; დაიკავეს კუნძული ცუსიმა და მალე, დაიწყეს გადასხდომა კუნძულ კიუსიუზე, მაგრამ, ამ დროს, მათ თავს დაატყდა უძლიერესი ტაიფუნი და მონღოლთა ფლოტი და ჯარი სრულიად გაანადგურა. აი, ამ ტაიფუნს უწოდეს იაპონელებმა „კამიკაძე“, რაც „საღვთო ქარს“ ნიშნავს და, რამაც მონღოლთა უღელი ააცილა იაპონიას.
ნიდერლანდების მოსახლეობას არა ერთხელ დაუნგრევია ჯებირები და საჭიროების შემთხვევაში, ეს მას ყოველთვის შეუძლია... იაპონიის ნაპირებთან კი ხშირად არის დამანგრეველი ძალის ტაიფუნი...
ჩვენ, ქართველები, მუდამ საკუთარი ძალისა და შეიარაღების იმედად ვიყავით და ახლაც ამის იმედად უნდა ვიყოთ.
სწორედ ამიტომ, გაუგებარია და მიუღებელია ისეთი კაპიტულანტური მსჯელობა, რომლის მიხედვითაც, საერთოდ ეჭვქვეშ დგება ქართული შეიარაღებული ძალების არსებობის საჭიროება. მაგალითად, გაიგონებთ ასეთ მოსაზრებას: რომ აზრი არა აქვს მეზობელი სახელმწიფოების (იგულისხმება რუსეთი და თურქეთი) აგრესიის შემთხვევაში წინააღმდეგობის გაწევას, ამ ქვეყნების საქართველოსთან შედარებით, განუზომლად დიდი სამხედრო პოტენციალის გამო... ასეთი და ამისი მსგავსი შეხედულებანი სხვა არაფერია, თუ არა დადასტურება სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების მნიშვნელობის გაუცნობიერებლობისა. საქმე ისაა, რომ საქართველოს არმიას, ქვეყნის თავდაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, ნებისმიერი ამოცანის შესრულება უნდა შეეძლოს: როგორც შემოჭრილი მტრის შეჩერება, ასევე შეტევაზე გადასვლა და საბრძოლო მოქმედების გადატანა მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე. საერთოდ, არმია ისე უნდა იყოს ორგანიზებული და გაწვრთნილი, რომ ნებისმიერი ამოცანის შესრულება შეეძლოს, თუნდაც საქართველოდან საკმაოდ შორსაც... აქედან გამომდინარე, ცხადია ჩვენმა ჯარმა შემოჭრილ მტერს წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს, რადგან არმიის დანიშნულება ეს არის და სხვა არაფერი. ისტორიას ახსოვს ფაქტები, როცა პატარა სახელმწიფოს ჯარი უშიშრად შეება დიდი სახელმწიფოს მრავალრიცხოვან არმიას (რომ არაფერი ვთქვათ უამრავ ასეთ შემთხვევაზე საქართველოს წარსულიდან). საილუსტრაციოდ ორი მაგალითიც გამოდგება ბელგიისა და კუვეიტის უახლოესი ისტორიიდან: პირველი მსოფლიო ომის დროს, როცა 1914 წლის აგვისტოში, გერმანიის იმპერიის შეიარაღებული ძალები შეიჭრნენ ბელგიაში, მეფე ალბერტმა მიუხედავად იმისა, რომ კარგად უწყოდა - გერმანიის მოსახლეობა და ჯარი ათჯერ აღემეტაბოდა ბელგიისას, მაინც გადაწყვიტა შებრძოლებოდა მომხდურს და ბელგიის არმიამ მთელ ევროპას სამხედრო შემართებისა და გმირობის მაგალითი უჩვენა. მართალია დამარცხდნენ, მაგრამ თავიანთი ქვეყანა უბრძოლველად მტრისათვის არ დაუთმიათ... 1990 წელს ერაყმა კუვეიტი დაიპყრო, ჯერ კიდევ ამ აგრესიის წინ იყო ცნობილი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები კუვეიტს გამოექომაგებოდა და ყველაფერს გააკეთებდა მის გასათავისუფლებლად. და მაინც, ერთი კუვეიტელი უფლისწული, პროფესიით სამხედრო, სამთავრობო რეზიდენციაში, - ემირის სასახლეში გამაგრდა რამდენიმე ათეულ ჯარისკაცთან ერთად და უთანასწორო ბრძოლაში თავი შეაკლა ერაყალებს. არც ეს მსხვერპლი იყო უაზროდ გაღებული. თუ კუვეიტელებს სამშობლოსათვის თავდადებული გმირები არ ეყოლებოდათ, მაშინ ისინი ამ სამშობლოს ღირსნი ნამდვილად არ იქნებოდნენ, ეს იცოდა იმ უფლისწულმაც და მისმა თანამებრძოლებმაც.
სახელმწიფოს, შეიარაღებული ძალები იმიტომ ყავს, რომ თავისი ტერიტორიის არც ერთი გოჯი უბრძოლველად არ დაუთმოს მტერს, რაოდენ მრავალრიცხოვანიც არ უნდა იყოს იგი.
უშიშროების სამსახური, არმია, სახალხო ლაშქარი, პოლიცია და შინაგანი ჯარი, ყოველთვის იყო და იქნება სახელმწიფოს დამცველი ძალა და ვერანაირი ხელშეკრულება და საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობა ამას ვერ შეცვლის, მათ ფუნქციას ვერ შეასრულებს და მოძალადეს ავი საქმის ჩადენაში ხელს ვერ შეუშლის, ისე როგორც, ვერ შეუშალა რუსეთს, შატილის დაბომბვაში. ჩვენ კი ბუზიც ვერ ავუფრინეთ, არადა, საჰაერო თავდაცვის თანამედროვე სისტემები რომ გვქონდეს, მაშინ რუსები ასეთ თავხედობას ვერ გაბედავდნენ, რადგან ეფექტური შეიარაღება ნებისმიერ აგრესორს მადას უკარგავს. ჩვენ ეს უნდა გავაცნობიეროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს ტერიტორია ყოველთვის ხელყოფილი იქნება, ანუ დავრჩებით იმ დაბალ ღობედ, რომელსაც ვისაც როდის სურს, მაშინ გადააბიჯებს...
სერიოზული მუშაობა გვმართებს ეროვნული უშიშროების კონცეპციის შესაქმნელად, რომელიც საფუძვლად უნდა დაედოს როგორც სპეცსამსახურების, არმიის, პოლიციისა და სახალხო ლაშქრისადმი ახლებურ დამოკიდებულებას, ასევე მათ ორგანიზებასა და აღჭურვას თანამედროვე მოთხოვნილებების შესაფერისად. უნდა არსებობდეს საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაძლო მოქმედებათა დაწვრილებითი გეგმა. ყველაფერი უნდა იყოს გათვლილი, გააზრებული და ქაღალდზე გაწერილი, - რომ მისი მიხედვით, ქვეყნის უსაფრთხოების საჭიროებიდან გამომდინარე, განხორციელდეს ნებისმიერი ოპერაცია. ერთი სიტყვით, საქართველოს თავდაცვის სისტემაში ისევე უნდა ვიყოთ დარწმუნებულნი, როგორც კაიზერული გერმანიის გენერალური შტაბის მესვეურები, რომელთა თაობაზე, ერთი შეხედვით, კურიოზულ თუმცა უდაოდ საინტერესო ფაქტობრივ მასალას გვაწვდის ამერიკელი ისტორიკოსი, ბარბარა ტაკმანი, როცა პირველი მსოფლიო ომის დაწყების ამბებს აღწერს მონოგრაფიაში „აგვისტოს ზარბაზნები“: „თავისი სისტემის ბრწყინვალე სრულყოფილებაში დარწმუნებული, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე გენერალი ვალდერზე, როცა კრიზისი დაიწყო, ბერლინში არ დაბრუნებულა, ის იაგოვს წერდა: „მე აქ ვრჩები. ჩვენ გენერალურ შტაბში ყველანი მზად ვართ, ჩვენ ჯერ გასაკეთებელი არაფერი გვაქვს“. ეს ამაყი ტრადიცია მემკვიდრეობით იქნა მიღებული მოლტკე-უფროსისაგან ანუ „დიდი“ მოლტკესაგან, რომელიც 1870 წელს მობილიზაციის დღეს იწვა თავისთვის დივანზე და კითხულობდა «ლედი ოდლის საიდუმლოს“. მოლტკე ასე უზრუნველი იყო იმიტომ, რომ ყველა საომარი გეგმა დიდიხანია, მზად ჰქონდა, ამიტომ, არც არაფერი ედარდებოდა. არ იქნება ურიგო, თუ ჩვენ, ქართველები ასევე მოვემზადებით სრულყოფილად ქვეყნის თავდაცვისათვის. ნუ დავივიწყებთ რომაელთა ბრძნულ პრინციპს: „Si vis pacemparabelum“- „თუ გსურს მშვიდობა, ემზადე ომისათვის“. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერც ტერიტორიულ მთლიანობას აღვადგენთ, ვერც მტრულად განწყობილი ძალების ქმედებას შევაჩერებთ და როგორი წესრიგის დამყარებაც არ უნდა ვცადოთ, სულ ერთია, მის ნანგრევებში მოვყვებით, ანუ დაგვემართება ის, რასაც ნიკოლო მაკიაველი წერდა და, რაც ეპიგრაფად აქვს წამძღვარებული ამ წერილს.
1994-1999 წ.
![]() |
9 კონსტიტუციის პროექტი და ჩვენი ბრძოლა |
▲ზევით დაბრუნება |
„ეს არის ჩვენი უკანასკნელი და გადამწყვეტი ბრძოლა...“
ეჟენ პოტიე
საქართველოში, დღეს ყველა იბრძვის. მიზნები სხვადასხვა აქვთ: ერთნი ძალაუფლებისა და მაძღარი ცხოვრებისათვის შებმიან ერთმანეთს. ქვეყანას აზანზარებს ეს შერკინება. მსხვერპლიც დიდია. მიუხედავად ამისა, მებრძოლთა რიგები არ შეთხელებულა, პირიქით - იზრდება. თითოეული მათგანი გადამწყვეტად მიიჩნევს ამ ბრძოლას. ამიტომ, თავს არ იზოგავენ. - ესენი უმცირესობას წარმოადგენენ. უმრავლსობა, ანუ რესპუბლიკის დანარჩენი მოსახლეობა, ამათგან განსხვავებით, არსებობისათვის იბრძვის... ამასთან გაცნობიერებული აქვთ, რომ უკანასკნელია ეს ბრძოლა და თუ დამარცხდნენ, გადარჩენა არ უწერიათ...
აი, ამ ბრძოლებს ხმარდება თითქმის, მთლიანად, ჩვენი ეროვნული ენერგია, ხოლო რაც მოგვრჩება, იმით უნდა ავლაგმოთ გარეული და შინაური მტერი, შევაჩეროთ საყოველთაო ნგრევის პროცესი და ავაშენოთ სამართლებრივ პრინციპებზე დაფუძნებული დემოკრატიული რესპუბლიკა...
უბრძოლველად არც კონსტიტუციის მიღება ხდება... ვნებათა ღელვას, ძირითადად, პროექტის ორი მუხლი იწვევს, პირველი - პრეზიდენტის უფლება-მოვალეობებს განსაზღვრავს (მუხლი 70) და საპარლამენტო რესპუბლიკას საპრეზიდენტოთი ცვლის. მეორე - ტერიტორიულ მოწყობას ეხება და ფედერალური სახელმწიფოს პრინციპებს ამკვიდრებს (მუხლი 106).
ცხარე კამათის საგანთა მნიშვნელობა უდავოა, რადგან სწორი არჩევანი ბევრად განაპირობებს, შევძლებთ სახელმწიფოს შექმნას თუ არა...
ჩემი აზრით, არის მესამე საკითხიც - არანაკლებ ყურადსაღები. ის ცალკე მუხლად არ განიხილება, მაგრამ კონსტიტუციის ხასიათიდან მომდინარეობს და პირადად იმათ შეეხება, ვინც ამ კონსტიტუციის მეშვეობით რესპუბლიკა უნდა მართოს...
„კონსტიტუცია (ლათინურად constitutio- დადგენა), სახელმწიფოს ძირითადი კანონი, რომელიც ცალკე მუხლად განსაზღვრავს საზოგადოებრივ და სახელმწიფო მოწყობილობას, საარჩეევნო სისტემას, სახელმწიფო ორგანოების შექმნისა და მოქმედების პრინციპებს, მოქალაქეთა ძირითად უფლება-მოვალეობას» (უცხო სიტყვათა ლექსიკონი).
ამ განმარტებით ნათლად ჩანს კონსტიტუციის მაორგანიზებელი დანიშნულება. ჩვენისთანა ხალხისათვის, რომელსაც თვითორგანიზება უჭირს პირად ცხოვრებაშიაც და სახელმწიფოს აღმშენებლობის საქმეშიაც, ძირითადი კანონი ერთი შეხედვით პანაცეას ჰგავს, მაგრამ, ეს მხოლოდ ერთი შეხედვით, რადგან კონსტიტუცია თავისთავად ვერ იმოქმედებს, - ის გამოყენებული უნდა იქნას. ამასაც მაორგანიზებელი ძალა სჭირდება - და ეს ფუნქცია ხელისუფლებამ უნდა იტვირთოს, რაც დღევანდელი საყოველთაო დესტრუქციის პირობებში მეტად ძნელია. ასეთ დროს, ხელისუფლება ცდილობს, რაც შეიძლება მეტი ძალაუფლება მოიპოვოს, რომ მოვლენებზე ზემოქმედება შესძლოს. კონსტიტუციის პროექტის 70-ე მუხლით პრეზიდენტის უფლებათა გაზრდაც, გარკვეულწილად, ამით არის ნაკარნახევი. ყურადსაღებია, რომ როგორც ჩვენი პირველი, ასევე მეორე რესპუბლიკა პარლამენტური იყო, მაგრამ შეინიშნებოდა ტენდენცია, სახელმწიფოს პირველი პირის უფლებების გაზრდისა, - რაც სათანადო წოდებების მინიჭებით იწყებოდა: ქართველთა უმაღლესი წარმომადგენელი, პრეზიდენტი, სახელმწიფოს მეთაური და, თავდებოდა ერთი პიროვნების ხელში დიდი ძალაუფლების თავმოყრით. ეს ფაქტი მხოლოდ ვინმეს ამბიციებითა და სუბიექტური ფაქტორებით ვერ აიხსნება, რადგან აშკარაა სახელმწიფოს ინტერესებიდან მომდინარე მიზეზებიც: უკვე ხსენებული, - მოსახლეობის ცუდი თვითორგანიზება; გარეშე ძალების დესტრუქციული ქმედებანი. ამით გამოწვეული ქაოსი და საერთოდ, სახელმწიფოს წარმოქმნისას ტრადიციულად არსებული პრობლემები, განაპირობებს დიდი უფლებებით აღჭურვილი პრეზიდენტის აუცილებლობას, რომელიც სავთავეში უნდა ჩაუდგეს სახელმწიფოს ჩამოყალიბების საქმეს.
ასე რომ, სადავო და საკამათო პრეზიენტისათვის მინიჭებული უფლებები კი არ უნდა იყოს, არამედ ის, თუ ვინ დაიკავებს ამ ადგილს! შეძლებს დაკისრებული მისიის განხორციელებას? როგორია მისი საარჩევნო პროგრამა და რამდენად მიესადაგება ის ჩვენს რეალობას? რომელიც ითხოვს: გამომდინარე იქედან, რომ სახელმწიფოს აღმშენებლობა საყოველთაო საქმეა, პრეზიდენტს უნდა შეეძლოს სათანამშრომლო ურთიერთობის დამყარება ყველა იმ ძალასთან, რომელთაც კონსტრუქციული პოზიცია გააჩნიათ და ქმედითი მონაწილეობის მიღება სურთ იმ დიდ საქმეში, რომელიც უნდა დაგვირგვინდეს სახელმწიფოს შექმნით. ანუ, იქნება ამ პროგრამის ავტორი რესპუბლიკის უპირველესი მაორგანიზებელი თუ არა?!
„ერი - ეს ხელოვნების და დროის ქმნილებაა“
ბენჯამინ დიზრაელი
საქართველოში მეტად საგრძნობია კუთხურობა... მიაქციეთ ყურადღება, რა მონდომებით იკვლევენ ჩვენში იმას, თუ ვინ გურულია, ვინ კახელი, ვინ მეგრელი, ვინ კიდევ რაჭველი და ასე დაუსრულებლივ, თითქოს,, სხვა რამ გამოსაკვლევი არ გვქონდეს. მე არ მინახავს არც ერთი სომეხი, რომელიც იმის შესახებ ილაპარაკებდა, რომელი პროვინციიდან არის თვითონ, ან ვინმე მისი თანამოძმე, მაგალითად, აირარატიდან, ვასპურაკანიდან თუ სიუნიკიდან. მაშინ, როცა ქართველები ყოველწუთს ამის შესახებ ბჭობენ... დღევანდელი ყოფა განვლილი ისტორიული გზის შედეგია. გვიან ფეოდალურ ხანაში, სამეფო-სამთავროებად დაქუცმაცებულობამ და ორასწლიანმა კოლონიურმა ყოფამ, შეანელა ეთნიკური კონსოლიდაციის პროცესი. ამას გარდა, კოლონიურ პერიოდში თავს მოგვახვიეს ახალი პრობლემა: ხელოვნურად „გაამრავალფეროვნეს“ ქვეყნის მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობა. ამის გამოა, რომ ზოგიერთ პროვინციაში, ეთნოსეპარატიზმი პრობლემებს გვიქმნის. ის რაც თავის დროზე არ მოხდა, ახლა უნდა განხორციელდეს და ამ კუთხითაა გასააზრებელი კონსტიტუციის პროექტის 106-ე მუხლი: რამდენად უწყობს ის ხელს ისეთი ზეამოცანის გადაწყვეტას, როგორიც ეთნიკური კონსოლიდაციის პროცესის ნორმალურად წარმართვაა და ქმნის თუ არა ახალი ტერიტორიული მოწყობა პირობებს, რომ ამ პროცესში არაქართული მოსახლეობა აღმოჩნდეს ჩართული. მხოლოდ ამ შემთხვევაში მოეღება ბოლო კუთხურობას და განიმუხტება ჩვენს პროვინციებში უხვად ჩაწყობილი ეთნიკური ნაღმები. ამისათვის საჭიროა, საქართველოში არსებობდეს ისეთი პოლიტიკური სისტემა, ადმინისტრაციული მოწყობა, სამეურნეო ურთიერთობანი და კულტურული ცხოვრება, რომ ადამიანმა, ქვეყნის ნებისმიერ კუთხეში, კანონით დაშვებული ნებისმიერი საქმიანობა წამოიწყოს და დაბრკოლება არ შეხვდეს, გეგმები არ ჩაეშალოს. იდეალური საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრება არც ამ ახალი კონსტიტუციით დაიწყება ჩვენში, მაგრამ ყველა დონის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება ტვირთად და ბორკილად არ უნდა ექცეს მოსახლეობას. მხოლოდ მაშინ ჩამოვყალიბდებით ისეთ კონსოლიდირებულ ერად, რომლის ერთიანობას ვერავითარი კუთხურობა და სეპარატიზმი პრობლემებს ვეღარ შეუქმნის. მაგრამ, თუ პროცესები სურვილისამებრ არ განვითარდა, მაშინ საპირისპირო შედეგებს მივიღებთ, სახელდობრ: პროვინციათა საზღვრებზე საბაჟოები გაჩნდება, იმრავლებს ადგილობრივი ბიუროკრატია, ქვეყანას მოევლინება რეგიონალური „ბელადები“ და დაირღვევა სახელმწიფო ცხოვრების ერთიანი ((ჩვენს შემთხვევაში ჯერაც აუწყობელი) პოლიტიკური, სამეურნეო, საზოგადოებრივი და კულტურული საქმიანობის რიტმი. ეს, ცხადია ჩვენი რესპუბლიკისათვის დამღუპველი იქნება. რამდენად იქცევა ახალი კონსტიტუცია, თავისი საკამათოდ ქცეული თუ უკამათოდ მიღებული მუხლებით, საქართველოს მოსახლეობის მაორგანიზებელ კანონად, რომლითაც რესპუბლიკის აღმშენებლობას შევძლბთ, მთლიანად იმ ადამიანებზეა დამოკიდებული, ვინც უნდა აამოქმედოს ეს კონსტიტუცია. მესამე საკითხიც მათ შეეხება.
„ვინც საკუთარი ბუნების გამო ცხოვრობს სახელმწიფოს გარეშე და არა შემთხვევით გარემოებათა შედეგად, ის ან ზეადამიანია ან განუვითარებელი არსება“
არისტოტელე
საქართველოში რომ ზეადამიანები არ ცხოვრობენ, ყველამ ვიცით და ჩვენს განუვითარებლობასაც ეძებნება ახსნა: კოლონიური ყოფის გამო, დავკარგეთ სახელმწიფოებრივი თვითშეგნება. სამწუხაროდ, ვერც ახლა, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ მოხდა ქცევის ჩამოყალიბებული სტერეოტიპის შეცვლა და დავრჩით სახელმწიფოს ინტერესების მიმართ პასუხისმგებლობის გრძნობას მოკლებულ ხალხად... ეს ცუდია, მაგრამ უბედურება ისაა, რომ ვერც იმათ შეიცვალეს მოქცევის წესი, ვინც პოლიტიკურ ასპარეზზე დამკვიდრება მოიწადინა. ამ „გარდაუქმნელობას“ მოჰყვა ურთიერთ დაპირისპირება, სამოქალაქო ომი, ქაოსი, სამამულო ომში დამარცხება, დესტრუქციული პროცესები, გაუგონარი მასშტაბის კორუფცია, ქვეყანა ძარცვა-გლეჯის ობიექტად იქცა, მოსახლეობა სასიცოცხლო მინიმუმზე ბევრად ნაკლებ ხელფასს შეატოვეს და საშიმშილოდ გაწირეს...
საკუთრების დაგროვება, ძირითადად, სამი გზით ხდება: ქურდობა-ყაჩაღობით, მექრთამეობით და მეძავობით... თავად არ სწამთ არანაირი იდეა, ყველა იდეის დისკრედიტირება შეძლეს... ამიტომ ვართ შავ დღეში.
ახალი კონსტიტუციის პროექტი, თავისი ხასიათით, საკმაოდ რთულია. უაღრესად სერიოზულ მიდგომას ითხოვს და სამოქმედოდ კარგია ისეთ საზოგადოებაში, სადაც კანონდაცვითი საქმიანობა კანონშემოქმედებითი პროცესის ბუნებრივი გაგრძელებაა.
ჩვენში კანონებს ძნელად თხზავენ, სამაგიეროდ, ადვილად არღვევენ... ახალ კონსტიტუციაში კი, დიდი დატვირთვა აქვს ორგანულ კანონებს, რომელთა მიღება და შესრულება, უნდა მოხდეს ძირითადი კანონის ამოქმედების შემდგომ... უკვე აქედან ჩანს, რომ საქმე გვაქვს კონსტიტუციასთან, რომლის ყოველი მუხლისა და ორგანული კანონის სამოქმედო დოკუმენტად ქცევა, სახელმწიფოებრივ თვითშეგნებასა და კულტურას, მამულიშვილურ შემართებას და დიდ ენერგიას ითხოვს ე.ი. საჭიროა ახალი დამოკიდებულება, რაც ახალ ადამიანებს გულისხმობს. იმათ, ვისაც სურვილი აქვთ დესტრუქციული პროცესები შეაჩერონ, ქვეყნის აღმშენებლობა დაიწყონ და მეორე რესპუბლიკა რეალობად აქციონ, მაგრამ რა ქნან იმათ, ვისაც ამის გაკეთბა არ შეუძლია და არც სურს?!“..
„ღვთის გულისათვის წადით! გაუნთავისუფლეთ ადგილები იმათ, ვინც უკეთ აღასრულებს თავის მისიას“.
ოლივერ კრომველი
ასე მიმართა ინგლისის რევოლუციის ლიდერმა რეალობას მოწყვეტილ პოლიტიკოსებს. ასეთები კი, დღეს, საქართველოში ბევრი გვყავს. ისინი უნდა წავიდნენ, ვისთვისაც საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება, - მაძღარი ცხოვრების სინომიმებია მხოლოდ... და ისინიც, ვისთვისაც პოზიცია და ოპოზიცია, - პოლიტიკური ორიენტირის არჩევას ნიშნავს და, ამ გზით მხოლოდ თვითდამკვიდრებას, და არა, ერთი და იგივე საქმის სხვაზე უკეთ კეთებას.
ამ კონსტიტუციითაც შეიძლება თავისუფალი, სამართლებრივი, დემოკრატიული, ერთიანი და განუყოფელი რესპუბლიკის აღმშენებლობა, - თუ ამ საქმეს ის ადამიანები მოკიდებენ ხელს, ვისაც ამის გაკეთება ძალუძს.
პაატა იაკაშვილი. 1995 წელი. ივლისი.
2000 წლის მინაწერი: შესატანია თუ არა ცვლილებები კონსტიტუციაში და დასახვეწია თუ არა საკანონმდებლო ბაზა?
„ჰე უცხოელო, აუწყე სპარტელებს ჩვენი სიკვდილი; პატიოსნად შევასრულეთ რა კანონი, აქ ჩვენ სამარეში ვწევართ“.
წარწერა 300 სპარტელის სამაროვანზე.
ხუთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მიღებულ იქნა 1995 წლის კონსტიტუცია. ამ ხნის მანძილზე, შვიდასამდე კანონია დამტკიცებული. ასე რომ, გვაქვს ძირითადიცა და ბევრი სხვა კანონიც და მათი მეშვეობით იმართება დღეს-დღეობით ჩვენი ქვეყანა, - ოღონდ არა ისე, როგორც საჭიროა... ამას რამდენიმე მიზეზი აქვს:
სახელმწიფოებრივი მოწყობის თავისებურებაც, კანონების ხასიათიც და კანონებისადმი დამოკიდებულებაც მთლიანობაში, ეს ყოველივე ერთობ სავალალო მდგომარეობას ქმნის. სიტუაციის თავისებურებას ბოლო მიზეზი არკვევს:
გამომდინარე იქედან, თუ როგორ ვიაზრებთ კანონების მნიშვნელობას, ძნელი არ არის მიხვდე, თუ როგორ წარვმართავდით კანონშემოქმედებას... ცხადია, ჩვენი კონსტიტუცია უნაკლო არ არის და კანონებიც საჭიროებენ მეტად სერიოზულ დახვეწას. განსაკუთრებით ეს ეთქმის ე.წ. ადაპტირებულ კანონებს, სხვადასხვა ქვეყნების კანონმდებლობიდან გადმოწერილ-გადმოთარგმნილს. კანონმდებელთა ასეთ მოქმედებას, ახალი კანონების სწრაფად შექმნის აუცილებლობიდან გამომდინარედ მიიჩნევენ, მაგრამ რა აზრი აქვს ისეთი კანონების მიღებას, რომლითაც ძნელია სახელმწიფოს მართვა! - მოუქნელნი რომ არიან და ვერც წარმმართველ და ვერც წესრიგის დამამყარებელ ფუნქციას ვერ ასრულებენ? არავითარი! ქართული კანონები ჩვენი სინამდვილის, ფსიქოლოგიისა და ტრადიციების გათვალისწინებით უნდა იქმნებოდეს. ამ კანონებმა უნდა შეაჩეროს დესტრუქციული პროცესები, ალაგმოს ბიუროკრატიის თარეში, მოუსპოს საფუძველი კორუფციას, შეაჩეროს ქვეყნის ბუნებრივ სიმდიდრეთა ძარცვა, დაიცვას ქართული კულტურა, მატერიალური და სულიერი ღირებულებანი. ჩვენს სინამდვილეში კი, ხშირად, კანონი უწყობს ხელს დანაშაულებრივ ქმედებებს, მაგალითად: საქართველო არ არის შავი და ფერადი ლითონების ექსპორტიორი ქვეყანა, - ამიტომ ყველა ის კანონი და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომელიც შავი და ფერადი ლითონებით ვაჭრობას, მათი საქართველოდან ექსპორტს უწყობს ხელს, მიმართულია, ძარცვა-გლეჯის საშუალებით, ეროვნული მეურნეობის განიავებისაკენ... კანონითაა დაშვებული ხის მასალის გატანა საქართველოდან, რასაც ტყის ჩეხვა და გარდუვალი ეკოლოგიური კატასტროფა მოჰყვება! ამიტომ ვფიქრობ, ასეთი კანონიც გასაუქმებელია. და ბოლოს, მოსაწესრიგებელია საარჩევნო კანონმდებლობა, რათა არჩევნების შედეგების გაყალბების წყალობით, ნამდვილად ღირსეულ ადამიანებს არ დაეკეტოს ხელისუფლების სტრუქტურებისაკენ მიმავალი გზა.
მხოლოდ მიზანდასახული, კანონშემოქმედებითი და კანონდაცვითი მოქმედების შედეგად არის შესაძლებელი საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებათა შორის უფლება-მოვალეობათა სწორი განაწილება, - რის შედეგადაც მოხდება ძალაუფლების სათანადო ბალანსირება, რაც ყოვლგვარ გადახრას გამორიცხავს. ეს ყველაფერი ბუნებრივად ითხოვს დემოკრატიული სახელმწიფოს აღმშენებლობის პროგრამის არსებობას, ორივე სახელისუფლო სტრუქტურის მაორგანიზებელ ძალად გადაქცევას, პოლიტიკურ პარტიათა შორის სათანამშრომლო ურთიერთობას, ისეთ საკადრო პოლიტიკას, რომელიც კომპეტენტური, პროფესიონალი და ენერგიული ადამიანების სახელმწიფო ასპარეზზე გამოსვლას შეუწყობდა ხელს და ბოლოს: კონსტიტუციისა და კანონების განუხრელ დაცვას, მათ უპირობო აღსრულებას და არა ისეთ აბსურდულ დამოკიდებულებას, როგორიც ახლაა... (სხვათაშორის, ჩვენი, 1995 წლის კონსტიტუცია, სრულად დღემდის არ არის ამოქმედებული... ვგულისხმობ იმას, რომ კონსტიტუციის მიხედვით უნდა გვქონდეს ორპალატიანი პარლამენტი, სადაც იქნება რესპუბლიკის საბჭო და სენატი. ორივე ეს სტრუქტურა აუცილებელია, რადგან ისინი ერთმანეთს აბალანსებენ და პარლამენტს მოქნილს და ერის წინაშე პასუხისმგებელს ხდიან. ამის გარეშე კი საპარლამენტო საქმიანობა ისეთია, როგორიც ის არის: მოუქნელი და უპასუხისმგებლო. ორი პალატის არსებობა, ანუ სენატის შექმნა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას უკავშირდება. ეს კი როდის მოხდება არავინ იცის. მანამდე რა ვქნათ? რა გზით გავაუმჯობესოთ პარლამენტის საქმიანობა? აი, კითხვები, რომელთაც პასუხის გაცემა სჭირდება და თანაც ძალიან სწრაფად).
როგორც მოგეხსენებათ, ბევრი რამ გვაქვს დეკლარირებული, რეალურად კი სულ სხვა მდგომარეობაა: აღმშენებლობის პროგრამა ბუნდოვანია, ხოლო მისი განხორციელების გზები კიდევ უფრო გაუგებარია... ორივე ხელისუფლებაში თავმოყრილი პოლიტიკური ძალები, იმდენად არ თანამშრომლობენ, რამდენადაც ძალაუფლებისათვის ებრძვიან ერთმანეთს. მოსახლეობისაგან კი, (რომელიც მათგან სახეიროს ბევრს ვერაფერს ხედავს) მხოლოდ თანადგომას ითხოვენ. ასეთი მოქმედებით, ცხადია, მაორგანიზებელ ფუნქციას ვერ ასრულებენ. ეს ცუდად ორგანიზებული სახელმწიფო ცხოვრებიდანაც კარგად ჩანს. პოლიტიკურ ანეკდოტად იქცა შექმნილ მდგომარეობაზე პასუხისმგებელი პირის პოვნა, - არსებულ სტრუქტურებში ის ვერ აღმოაჩინეს... ამიტომ სურთ პრემიერ-მინისტრის თანამდებობის შემოღება, რომ მას დაეკისროს ის, და მოეკითხოს სხვისი თუ თავისი ნამოქმედარის გამო... განტევების ვაცის ძებნით კრიზისი არავის დაუძლევია და არც ქვეყანა აუშენებია. პასუხი კი ყველამ უნდა აგოს: პრეზიდენტმაც, პარლამენტმაც, მინისტრებმაც და, საერთოდ, ყველა დონის საკანონმდებლო და აღმასრულებელმა ხელისუფლებამ. ეს რომ მოხდეს, ამისათვის საჭიროა კანონისადმი დამოკიდებულების შეცვლა და ამ გზით ჭეშმარიტად ხალხის რჩეულად გახდომა, პატრიოტობა, სახელმწიფოებრივი და მოქალაქეობრივი თვითშეგნების ქონა. არ ვიცი, ყველა ამ თვისებასა და სიბრძნეს, ვინ, როგორ და როდის შეითვისებს, ერთი კი ცხადია, დღევანდელი მიდგომით არაფერი შეიცვლება. თუნდაც ყოველწლიურად ვცვალოთ კონსტიტუცია და მმართველობის ფორმა, სულ ერთია, საპრეზიდენტო რესპუბლიკა იქნება საქართველო თუ საპარლამენტო, სახელმწიფო მინისტრი გვეყოლება თუ პრემიერ-მინისტრი, მთავარია, კანონების მიხედვით იმართებოდეს ქვეყანა, - მაშინ დამყარდება წესრიგი. წინააღმდეგ შემთხვევაში იქნება განუკითხაობა, როგორც ახლაა ჩვენში...
კანონებით რომ ქვეყანა მართო,ამისათვის პოლიტიკური ნებაა საჭირო, ძლიერი პიროვნული ხასიათის გამოვლენა, რომელიც ნებისმიერი მმართველობის ფორმისა და, აქედან გამომდინარე, სპეციფიური თამაშის წესების პირობებში, ნებისმიერ თანამდებობასა და მასზედ დაკისრებულ მოვალეობას უმნიშვნელოვანესად აქცევს სახელმწიფოში. გავიხსენოთ: საფრანგეთის მესამე რესპუბლიკის კონსტიტუციით, პრეზიდენტს მინიმალური უფლებები ჰქონდა მინიჭებული, - რაც იმდენად ბოჭავდა სახელმწიფლს მეთაურს საპარლამენტო მმართველობისას, რომ შეუძლებელი ჩანდა, მას რაიმე განსაკუთრებული გადაწყვეტილება მიეღო და მოვლენებზე ზეგავლენა მოეხდინა, მაგრამ 1914 წლის დაძაბულობის პირობებში, საფრანგეთის პრეზიდენტმა რაიმონ პუანკარემ, ძლიერი ხასიათის გამოვლენით შეძლო თავისი ქვეყნის ისტორიის ურთულეს მომენტში ერის ჭეშმარიტ ლიდერად გადაქცევა. სწორი იყო ბარბარა ტაკმანი, როცა თავის გახმაურებულ წიგნში, „აგვისტოს ზარბაზნები“, პუანკარეს შესახებ წერდა: „ხასიათი ბადებს ძალაუფლებას, განსაკუთრებით კრიზისის დროს და გამოუცდელი კაბინეტი სიამოვნებით დაეყრდნო უნარს და მტკიცე ნებას ადამიანისას, რომელიც კონსტიტუციურად ნული იყო“. ასე რომ, ვფიქრობ, მთავარია საკადრო პოლიტიკაა, რომელიც განაპირობებს კანონის აღმსრულებელი ადამიანების მოსვლას ხელისუფლებაში, სადაც მათი დეფიციტია.
ჯერჯერობით, ბევრი ლაპარაკია კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის გამო, ცოტა, - არსებულ საკანონმდებლო ბაზის დახვეწაზე და არაფერი იმის შესახებ, თუ როგორ ვარაუდობენ კანონების მიხედვით ქვეყნის მართვას.
ვიდრე ასეთი გაურკვევლობა იქნება, მუდამ იარსებებს და კიდევ უფრო გაღრმავდება სახელმწიფოსადმი ჩვენში არსებული ნიჰილიზმი...
![]() |
10 სახელმწიფო ენა |
▲ზევით დაბრუნება |
„ჩვენს ენას ჩვენში მოედანი არა აქვს სავარჯიშოდ. ჩვენი ეგრეთწოდებული მაღალი საზოგადოება, ნამეტნავად ქალაქში, თავის სამარცხვინოდ თაკილობს თავის დედა-ენით ლაპარაკსა. ნათქვამია, თევზი თავიდან აყროლდებაო, სწორედ ეგრე მოგვდის ჩვენც, ჩვენს ეგრეთწოდებულ მაღალ საზოგადოებას თუ დავუკვირდებით. ცოცხალი ლაპარაკი ის დარბაისლური ქართული საუბარი, ის საამური ქართული სიტყვის მიხვრა-მოხვრა, ის სიმდიდრე ქართულის სიტყვიერებისა აღარ ისმის, აღარ არის. გადაგვიწყდა ყოველივე, რაც ენის შვენებას შეადგენს, რადგანაც ჩვენი აზრი ჩვენის ენით აღარ მოძრაობს, ჩვენი გული ჩვენის ენით აღარ თბება“.
ილია ჭავჭავაძე
მაშინ, როდესაც ციტირებული მოსაზრება გამოითქვა, ანუ გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში, ქართულ ენას დიდი საფრთხე ემუქრებოდა მონარქისტული რუსეთის კოლონიური რეჟიმისაგან... ასი წლის შემდეგაც არაფერი შეცვლილიყო და ახლა, რუსეთის კომუნისტური იმპერიის ენობრივი ექსპანსიის მოგერიება ხდებოდა საჭირო, - როცა დიდი ბრძოლა გადაიხადა ქართველობამ 1978 წლის 14 აპრილს, რათა ქართული ენისათვის სახელმწიფოებრივის სტატუსი შეენარჩუნებინა. ცხადია, რეალურად ბევრს არაფერს ნიშნავდა ე.წ. „საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის“ კონსტიტუციის 75-ე მუხლი, რომლის პირველი აბზაცი თუ გვამცნობდა, რომ: „საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სახელმწიფო ენა არის ქართული ენა“, სამაგიეროდ, მესამე აბზაცში გარკვევით ეწერა:
„საქართველოს სს რესპუბლიკის ამ ორგანოებსა და დაწესებულებებში უზრუნველყოფილია თავისუფალი ხმარება რუსული და სხვა ენების, რომლებითაც მოსახლეობა სარგებლობს, რაიმე პრივილეგია ან შეზღუდვა ამა თუ იმ ენის ხმარებაში არ დაიშვება“. აი ასე, ერთი ხელით მოცემული, მეორეთი წაგვართვეს და, ქართული ენის სამოქმედო ასპარეზი საგრძნობლად შეზღუდეს, რუსულისა კი გააფართოვეს. საერთოდ, ის 187 წელი, რაც ჩვენ ორივე რუსეთის კოლონია ვიყავით, ქართველთა გარუსების პოლიტიკა ინტენსიურად ხორციელდებოდა, აქეთკენ იყო დიდი ძალისხმევა მიმართული და, რაც მთავარია, ცხოვრების წესი იყო დამკვიდრებული ისეთი, რომლის წყალობით ნებისმიერ დონეზე კარიერის გაკეთებას, რუსულის კარგი ცოდნა სჭირდებოდა; ამავე დროს, ქართულის არცოდნა ხელისშემშლელ ფაქტორს არ წარმოადგენდა... ამან ბევრ კარგად-ცხოვრების-მოყვარულ თანამემამულეს, საბედისწერო ნაბიჯი გადაადგმევინა და შვილები რუსულ სკოლაში შეაყვანინა. გარუსების გზაზე შემდგარი „ჰომოსოვიეტიკუსთა“ რიცხვი საგრძნობლად იზრდებოდა, - რაც იმას ნიშნავდა, რომ სულ უფრო მეტი ეროვნული თვითშეგნების არმქონე თანამემამულე გვეყოლებოდა. რამდენადაც ქვეითდებოდა ეს თვითშეგნება, იმდენად, მოსახლეობაში ძლიერდებოდა კომფორმისტული შეხედულებანი. ობივატელის პრაგმატიზმი იქამდე იყო მისული, რომ მან, უკვე თავადაც კარგად იცოდა, რომელი ენა იყო ნამდვილად სახელმწიფო, და რომელი არა...
ასეთ პოლიტიკას ქართველი პატრიოტები შეძლებისდაგვარად ეწინააღმდეგებოდნენ და გარკვეულ წარმატებასაც აღწევდნენ ამ ბრძოლაში, მაგრამ, როგორც უკვე ვთქვი, იმპერია უაღრესად ვერაგული კონტრდარტყმებით ანეიტრალებდა ჩვენს მონაპოვარს და ყოველ შესაფერის შემთხვევაში კი, - შეტევაზე გადმოდიოდა. ერთი ასეთი აქცია იყო, 1975 წლიდან, კინოფილმების ქართულად დუბლირების აკრძალვა;
მოგვიანებით, ნება დაგვრთეს, რუსულად დუბლირებული ფილმისათვის ქართული სადიქტორო ტექსტი დაგვედო... რაც, პრაქტიკაში, არსებითად არ განხორციელებულა. ასეთი დისკრიმინაციული პოლიტიკის შედეგი ის იყო, რომ ქართველ მაყურებელს ვეღარ წარმოედგინა უცხოური ფილმის პერსონაჟების ქართულად ამეტყველება... ასე დაიწყო სტერეოტიპების ჩამოყალიბება: 80-იანი წლების შუახანებში, ტელევიზიით ხშირად გამოდიოდა ერთი ახალგაზრდა ქართველი იმიტატორი, - იგი ფრანგული კინოსერიალის, „ფანტომასის“ ცნობილი პერსონაჟის, პოლიციის კომისარ ჟიუვის ხმით ლაპარაკობდა, და საკმაოდ ნიჭიერადაც გამოუდიოდა, მაგრამ ეს ამ როლის შემსრულებლის ფრანგი კინომსახიობის ლუი დე ფიუნესის ხმა კი არ იყო, არამედ ხსენებული გმირის რუსულად გამხმოვანებელის, რუსი მსახიობის, ვ. კენიგსონისა... იმიტომ, რომ ქართველ იმიტატორს არასოდეს ენახა ფილმი, -ან ფრანგულად და ან ქართულად ამეტყველებული... ამ მიზეზის გამო, მაყურებლის მეხსიერებაში ამა თუ იმ კინოგმირის ნათქვამი ესა თუ ის ფრაზა, ან მოსწრებული სიტყვა, რუსულად აღიბეჭდებოდა... იმ წლებში, თბილისის კინოს სახლში საზღვარგარეთული ფილმების ე.წ. საინფორმაციო ჩვენებაზეც, ქართველი მთარგმნელ-სინქრონისტები, დამკვიდრებული სტერეოტიპის წყალობით კინოფილმებს მხოლოდ რუსულად თარგმნიდნენ, - თუმცა ამის ქართულად გაკეთებას მათ არავინ უშლიდა.
კოლონიურ პერიოდში, კურიოზული, სხვაც ბევრი ხდებოდა: მსოფლიოს ვერც ერთი ენიდან წიგნს ვერ თარგმნიდი ქართულად, თუ ის რუსულად არ იყო თარგმნილი... დისერტაციები, რუსულ ენაზე ნათარგმნი, მოსკოვში იგზავნებოდა დასამტკიცებლად, მაშინაც კი, როცა ის ქართული ენის წმინდა ლინგვისტურ პრობლემებს შეეხებოდა... ნებისმიერი სიახლე, - იქნებოდა ის ტექნიკური, სამეცნიერო თუ კულტურული ხასიათის ინფორმაცია, რუსული ენის მეშვეობით შემოდიოდა...
ასეთმა ენობრივმა ექსპანსიამ, საქართველოში მცხოვრებ ეროვნულ უმცირესობებსა და ქართველებს შორის ენობრივი ბარიერი გაავლო, რის გამოც, არაქართველები სულ უფრო შორდებოდნენ ქართულ სამყაროს, ქართველთა ეროვნულ პრობლემებს და, ეს გაუცხოვება ერთგვარი დაპირისპირების საფუძველიც ხდებოდა...
რუსული ენის ექსპანსიას ნოყიერი ნიადაგი შეუქმნა ჩვენი საზოგადოებისათვის დამახასიათებელმა თვისებებმა: პროვინციალიზმმა, სნობიზმმა და უკიდურესმა ინდივიდუალიზმმა, - რის გამოც, ვერ ვახერხებდით წინ აღვდგომოდით ძალმომრეობას, ისე, როგორც ეს საჭირო იყო, - მსგავსად ლიტველების, ლატვიელების ან ესტონელებისა, რომელთაც თავიანთ ქალაქებსა და სოფლებში რუსული წარწერების გაკვრა არ დაუშვეს, ხოლო ადგილობრივ მოსახლეობაში აღკვეთეს რუსულად ლაპარაკი და ამ გზით, ზღვარი დაუდეს არარუს რუსულენოვანთა რიცხვის ზრდას. ჩვენ, ამისი მსგავსი, ვერაფერი გავაკეთეთ. რაკი ფილმების დუბლირების უფლებას არ გვაძლევდნენ, მხატვრულ და სამეცნიერო ლიტერატურას თავად ვერ ვთარგმნიდით საკმარისი რაოდენობით., ამიტომ იმპერიის ოფიციალურ ენას ფუნქციური დატვირთვა დიდი ჰქონდა. ამას გარდა, გასული საუკუნისა არ იყოს, ჩვენებურ სნობებს რუსულად ლაპარაკი ზეპური საზოგადოების კუთვნილების გამოხატულებად მიაჩნდათ... რუსულმა ბარბარიზმებმა გვარიანად დაანაგვიანა ქართული ენა: ყოველ ფეხის ნაბიჯზე მოისმოდა და ახლაც მოისმის: „იტოგში“, „პრივეტ“, „ვობშემ“, „პაკა“. რუსულად წარმოთქვამდნენ, და ახლაც ასე იქცევიან, როცა ტელეფონებისა და მანქანის ნომრებს ასახელებენ, წნევის მაჩვენებელს აღნიშნავენ, თითქოს ამის გაკეთება ქართულად არ შეიძლებოდეს. საქმე ის გახლავთ, რომ ინდივიდუალისტი, პროვინციელი სნობის ცნობიერებაში, რუსულად ნათქვამს სარწმუნოს, მნიშვნელოვნის, სერიოზულის სტატუსი ენიჭება ქართულად ნათქვამს კი, - არა...
ერთი სიტყვით, მრავალმა ფაქტორმა: პოლიტიკურმაც, სოციალურმაცა და ზნეობრივმაც განაპირობეს ის, რომ მომრავლდნენ ეროვნული თვითშეგნების არმქონე ადამიანები და, რადგანაც მათი რიცხვი იზრდებოდა, საფუძვლიანი იყო შიში იმის თაობაზედ, რომ ქართულ ენას დიდი საფრთხე ემუქრებოდა, მაგრამ, როცა ე.წ. „პერესტროიკა' დაიწყო და ნათელი გახდა, რომ იმპერია თავის მზაკვრულ ენობრივ პოლიტიკას ვეღარ განახორციელებდა, ქართული ენის დაცვისათვის წარმოებულმა ბრძოლამ სხვა შინაარსი შეიძინა: ახლა, ის ნამდვილად უნდა ქცეულიყო სახელმწიფო ენად, მთელი მოსახლეობის მიერ აღიარებული და პატივცემული. ეს ამოცანა უაღრესად რთული და ძნელად გადასაწყვეტი იყო ზემოხსენებული მიზეზების გამო. თუმცა, იმ წლებში გარკვეული პრაქტიკული ნაბიჯებიც გადაიდგა: ყურადღება მიექცა ქართულ ენაზე საქმის წარმოებას, არაქართულ სკოლებში გაძლიერდა ქართულის სწავლება, ეროვნულმა უმცირესობებმა და გარუსებულმა ქართველობამ, მოულოდნელად გამოამჟღავნეს ქართულის ცოდნა... აქედან მოყოლებული იქმნება შთაბეჭდილება, რომ საქმე კარგადაა, მითუმეტეს, 1991 წელს საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, ხოლო, 1995 წელს მიღებული კონსტიტუციის მე-8 მუხლი გვამცნობს, რომ: „საქართველოს სახელმწიფო ენა არის ქართული, ხოლო აფხაზეთში აგრეთვე - აფხაზური'. მაგრამ თუ კარგად დავუკვირდებით დავინახავთ, რომ ქართული ენის გასახელმწიფოებრიობის პროცესი ძნელად მიმდინარეობს.
როგორც ნებისმიერი სხვა პრობლემის მოგვარებისას, ისე ამ შემთხვევაში, რაიმე გააზრებული და ყველაფრის მომცველი გეგმა არ გაგვაჩნდა. ამიტომ, ბევრი რამ სტიქიურად მოხდა და ხდება, შედეგმაც არ დააყოვნა: იმის მაგივრად, რომ ქართული ენის სამოქმედო სივრცე გაზრდილიყო და ყოვლისმომცველად ქცეულიყოს, სულ სხვა ტენდენციამ იჩინა თავი: საქართველო ორი უცხო ენის ინგლისურისა და რუსულის ბრძოლის ველად იქცა. პირველმა სძლია მეორეს და, ბევრ შემთხვევაში, ჩაენაცვლა კიდეც მას, - როგორც კომუნიკაციისა და ინფორმაციის ძირითადი საერთაშორისო ენა. ამავე დროს, ჩვენში მეტად პოპულარულია ინგლისურად შესრულებული უცხოურ ფირმათა რეკლამები და აგრეთვე, მაღაზიებზე არსებული წარწერები. რუსული ჯერ კიდევ ინარჩუნებს პოზიციებს იმით, რომ სამეცნიერო და მხატვრული ლიტერატურა, აგრეთვე კინო და ვიდეო პროდუქცია, ამ ენაზე თარგმნილი და დუბლირებული ვრცელდება ჩვენში.
საზოგადოების უმეტესობის სიმპათიები ცნობილი მიზეზების გამო, ინგლისურის მხარეზეა, მაგრამ ეს დამოკიდებულებაც ისეთივე სნობურია, როგორიც ადრე რუსულისადმი იყო; თავად განსაჯეთ, ყოვლად უმნიშვნელო მაღაზიას, კაფეს, ფოტოატელიეს თუ სილამაზის სალონს, აუცილებლად ინგლისურად წააწერენ დასახელებას, თუმცა კარგად უწყიან, რომ ამ დაწესებულებაში უცხოელებს ნამდვილად არაფერი ესაქმებათ... ჩვენი დასავლური ორიენაციის ასეთი დეკლარირება, პრიმიტიული და გაუაზრებელია; ისევე, როგორც ტელევიზიით ნაჩვენები, უცხოური რეკლამების ქართულად მექანიკურად გადმოთარგმნილი, თუ, უკეთეს შემთხვევაში, ბწკარედით ნათარგმნი ტექსტი. მაგალითად: „დაემორჩილეთ წყურვილის გრძნობას“ ან კიდევ „სეიფგარდით მე მშვიდათა ვარ მთელ ჩემს ოჯახზე“ და სხვა მსგავსი უაზრობანი. უცხოურის კალკირება იმ ქვეშევრდომული აზროვნების შედეგია, რომელიც იყო და, სამწუხაროდ, ახლაც არის. სხვაგვარად როგორ უნდა ავხსნათ ის, რომ „რკინიგზის სადგურის“ მაგიერ, გერმანულიდან რუსულში შესულ, და მერე იქიდან ჩვნში გავრცელებულ, „ვაგზალს“ ვხმარობთ? ან კიდევ, ისევ რუსულიდან შემოსული, - იარაღის „ამოღება“. საკითხავია საიდან? ვინმეს „აყვანა“, - რაც, დაპატიმრებას ნიშნავს. ისე ვითომ მართლა ხელში აყვანილი მიყავთ ციხეში? ამგვარი მეტყველება ახლა კი არა, კოლონიურ-კომუნისტური რეჟიმის დროს არ გვეკადრებოდა, მაშ რა მოხდა ახლა? მოხდა ის, რომ ძველის, ანუ, ქვეშევრდომის მდგომარეობას, შინაგანად ჯერჯერობით ვერ გავემიჯნეეთ, რაც, თავის მხრივ, შედეგია ღირებულებათა გადაუფასებლობისა და როცა ეს მოხდება, გამოსავალსაც ვნახავთ. მაშინ დავრწმუნდებით, რომ საქართველო რუსული და ინგლისური ენების ბრძოლის ველი არ არის და არც ისაა ხსნა, თუ პირველის ადგილს მეორე დაიკავებს.
რაც დღეს ხდება! არამედ ის, რომ ქართულმა ენამ საკადრისი მდგომარეობა მოიპოვოს. ხომ ფაქტია: მოსახლეობის ის ნაწილი, ვინც რუსულის გამო ქართულს უგულვებელყოფდა, ახლა ამას ინგლისურის გამო აკეთებს... ამიტომ, საჭიროა კრიტიკულად შევაფასოთ არსებული მდგომარეობა, რომ ჩამოგვიყალიბდეს პოზიცია და შემდეგ მოვიფიქროთ სამოქმედო გეგმა, რომელმაც, პირველ რიგში, უნდა შეზღუდოს უცხო ენათა მოქმედების ასპარეზი და, შესაბამისად, გაიზარდოს ქართული ენის მოქმედების არეალი. ამიტომ, ყველამ უნდა იზრუნოს, - მეცნიერმა, ბიზნესმენმა, მოხელემ, ხელოვანმა და რიგითმა მოქალაქემ, რომ თავის თანამემამულეს მშობლიურ ენაზე გააგებინოს სათქმელი. ეს არა მარტო პატრიოტული საქციელი იქნება, არამედ გონივრულიც და ამ თვალსაზრისით, უაღრესად საინტერესოა 1637 წელს ფრანგი ფილოსოფოსის რენე დეკარტეს მიერ გამოთქმული მოსაზრება: „თუ მე ვწერ ფრანგულად, ჩემი ქვეყნის ენაზე, ნაცვლად ლათინურისა, რომელიც ჩემი მასწავლებლების ენაა, ეს იმიტომ, რომ ვიმედოვნებ, ჩემს შეხედულებებს უფრო შეითვისებენ ისინი, ვინც იყენებს თავის წმინდა ბუნებრივ გონებას, ვიდრე ისინი, ვისაც სწამს მხოლოდ ძველი წიგნები“., რომ შეითვისო „წმინდა ბუნებრივი გონებით,“ ამისათვის არამარტო ის არის საჭირო, რომ მეცნიერული შრომები, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებები ქართულ ენაზე იქმნებოდეს, არამედ, აუცილებელია, დავიწყოთ მხატვრული და სამეცნიერო ლიტერატურის თარგმანისა და გამოცემის ფართომასშტაბიანი საქმიანობა. წიგნის გამოცემა დღეს, ფინანსური პრობლემების გამო, ბევრად ძნელია, ვიდრე ადრე იყო, თუმცა ცენზურის თვალსაზრისით, თავისუფლებაა. მაგრამ დიდი მნიშვნელობა ნამდვილად არა აქვს იმას, თუ რის გამო ვერ გამოსცემ წიგნს: იმიტომ, რომ ნებას არ გაძლევენ, თუ იმიტომ, რომ ფული არა გაქვს... ამჯერად უსახსრობა გვიშლის ხელს, არადა მსოფლიო კლასიკაც არ არის ქართულად სრულად თარგმნილი. აღარაფერს ვამბობ იმ უამრავ ისტორიულ, ბიოგრაფიულ, სამეცნიერო-პოპულარული, პოლიტიკური, ხელოვნებათმცოდნეობით ლიტერატურაზე, რომლის ქართულად თარგმნა და გამოცემა აუცილებელია. ამ თვალსაზრისით უზარმაზარი ვაკუუმია შექმნილი, რომელსაც უცხო ენაზე არსებული ყველა სახის ბეჭდური პროდუქცია ავსებს. კითხვაზე, თუ როგორ უნდა მოევლოს ამ საკითხს პასუხი მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს: საჭიროა ფინანსურად კარგად უზრუნველყოფილი სამთარგმნელო და საგამომცემლო პოლიტიკის განხორციელება, რომელიც შეცვლის სათარგმნი ლიტერატურისადმი აქამდის არსებულ დამოკიდებულებასაც: თუ ადრე აქცენტი კეთდებოდა მაღალმხატვრული ღირსებების მქონე ნაწარმოებებზე და მნიშვნელოვან სამეცნიერო შრომებზე, ახლა თითქმის ყველანაირი გამოცემა გვჭირდება, რადგან ჩვენ დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ და ყველანაირი ლიტერატურა უნდა გვქონდეს ხელთ... რაც უფრო მეტი წიგნი იქნება გამოცემული ქართულ ენაზე და რაც უფრო ნაკლებად დაგვჭირდება ლექსიკონით უცხოურ წიგნში კირკიტი, მით უფრო ადვილად მოვაგვარებთ ჩვენს ეროვნულ-სახელმწიფოებრივ ამოცანებს. ამას გაცნობიერება უნდა და, - თუ ეს შევძელით, მაშინ, მიუხედავად გაჭირვებისა, შევძლებთ სათანადო თანხების გამონახვას და ჩვენთვის საჭირო ლიტერატურის თარგმნასა და გამოცემას. რაც, ჩემის აზრით, სახელმწიფო, კერძო და საზოგადოებრივი ძალების ერთობლივი ძალისხმევით უნდა განხორციელდეს.
იგივე ითქმის ენობრივი ექსპანსიის ისეთი მნიშვნელოვანი სფეროს შესახებ, როგორიც კინო-ვიდეო პროდუქციაა, კარგახანია, საზოგადოების ყურადღებას იქცევს ეს საკითხი; მოსაზრებაც ბევრი გამოითქვა ამის თაობაზე, მაგრამ პრაქტიკულად არაფერი გაკეთებულა. ეს ბოლო წლებია, ტელესერიალებისა და ცალკეული ფილმების დუბლირებას ცდილობენ, ოღონდ, რაც კეთდება, არასაკმარისია, რადგან ეს საქმე ყოვლისმომცველი უნდა იყოს. კინო და ვიდეო ფილმების ჩვენება ტელევიზიითა და კინოთეატრებში, მხოლოდ ქართულად გახმოვანებულისა უნდა ხდებოდეს. ამას სჭირდება სათანადო ფინანსური და ტექნიკური ბაზის შექმნა, - რაც მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდება შესაძლებელი, თუ ხელისუფლება გამოავლენს პოლიტიკურ ნებას, ფინანსური წრეები კი, - ეროვნულ თვითშეგნებას. სხვაგვარად, ჩვენს პირობებში, ეს საკითხი კიდევ დიდხანს ვერ გადაწყდება. მითუმეტეს, რომ ახლა სხვა პრობლემების წინაშეც ვდგავართ: კომპიუტერული ტექნიკის გავრცელება აღმოჩნდა ენობრივი დივერსიის გამომწვევი კიდევ ერთი ელემენტი და მთელი სერიოზულობით დადგა კომპიუტერის გაქართულების საკითხი... მითუმეტეს, რომ სხვა ხალხები წარმატებით ახერხებენ თავიანთ ენაზე აამეტყველონ ეს ტექნიკური ნოვაცია. მაშასადამე, ჩვენც ასე უნდა მოვიქცეთ, ანუ სათანადო პროგრამები უნდა შეიქმნას ქართულად. ამისათვის ყველა შესაძლებელი გზა უნდა მოვსინჯოთ და მიზანს მივაღწიოთ. ამავე დროს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ზემოხსენებული წინა ორი პრობლემაც მოსაგვარებელი გვაქვს! ამიტომ, კომპიუტერის ქართულად ამეტყველება, იმ საერთო პროგრამის ნაწილად უნდა იქცეს, რომელიც ქართული ენის ჭეშმარიტად სახელმწიფო ენად გადაქცევის რეალურ საფუძველს შექმნის, საქართველოში ქართული ენა კომუნიკაციისა და ინფორმაციის მიღების ენად უნდა იქცეს!
არსებითი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ქართულ ენას თავისუფლად შეუძლია ამ ფუნქციის შესრულება, ამის საშუალებას იძლევა მისი თავისებურება და ის თვისება, რის გამოც ნიკო მარი წერდა: „ქართული ენით ყველაფერი გამოითქმება, რაც დედამიწაზე შეიძლება გამოითქვას რაგინდ რა ენით. აზრი არ მოიპოვება არც ერთ ენაზე რუსეთის ან დასავლეთ ევროპისა, რომ არათუ ქართულმა სავსებით ვერ გამოთქვას, არამედ მხატვრობთ ყალიბში ვერ ჩამოასხას.
... ასე მდიდარია ქართული, შეიძლება ითქვას, შინაგანი თვისებებით იგი მსოფლიურია“. ქართულ ენაზე ზრუნვა უნდა იყოს არა მარტო სახელმწიფო პროგრამის ნაწილი, არამედ ეროვნული იდეის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი დებულებაც.
სამწუხაროდ, ჩვენში, ბევრს არ ესმის სახელმწიფო ენის მნიშვნელობა, რადგან თავი ვერ დაუღწევიათ იმ ქვეშევრდომული მდგომარეობისაგან, რომელშიაც არცთუ დიდი ხნის წინათ იყვნენ; მათი სნობიზმი ის უბედურებაა, რომლის წინააღმდეგ, საუკუნის წინ დიდი ილია ილაშქრებდა და, რომელიც დღესაც იმ დაბრკოლებას წარმოადგენს, საზოგადოებრივ აზრს ორად რომ ხლეჩს; პატრიოტულ შემართებას ხელს უშლის და საბოლოო ჯამში, საფუძვლიანად აბრკოლებს სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის ისედაც ძნელ და რთულად მიმდინარე პროცესს.
1999 წ. ივლისი
![]() |
11 სახელმწიფო და საზოგადოება საქართველოში |
▲ზევით დაბრუნება |
„თავისუფლება არის ფაქტი, და თანაც, იმ ფაქტებს შორის, რომელთა კონსტატაციასაც ახდენენ, ყველაზე ნათელი ფაქტი გახლავთ“
ანრი ბერგსონი
ჩვენში ჯერ კიდევ ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ თავისუფლების ცნების თაობაზე, ამიტომ ბევრ უცნაურ მოსაზრებას გაიგონებთ, მაგალითად, იმის მსგავსს, რომ: „არ არსებობს აბსოლუტური თავისუფლება“ და „შეუძლებელია სრული დამოუკიდებლობის მოპოვება“. უკვე ასეთი კატეგორიული უარყოფა, რომელიც ნამდვილად არ არის ფილოსოფიური განსჯის შედეგი, არამედ კონკრეტული ღირებულებებისადმი დამოკიდებულების გამოხატულებაა, - ნათელს ხდის თავისუფლების არსის გაუცნობიერებლობას, აქედან მომდინარეობს ის ქვეცნობიერი შიშიც, მუდამ რომ თან ახლავს უცხოს, დაფარულს, გაუგებარს...
ეს ნიჰილიზმი იმის მანიშნებელია, რომ ადამიანებს არ მოუპოვებიათ შინაგანი თავისუფლება. ამავე დროს, საქართველოც არ არის ბოლომდის განთავისუფლებული. ამ თვალსაზრისით თუ შევხედავთ, მაშინ გამოდის, რომ 1991 წლის დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი და 1995 წლის კონსტიტუცია, ის საპროგრამო დოკუმენტებია, რომელთა განხორციელებამაც სანუკვარ მიზანს უნდა მიგვაღწევინოს.
ასე რომ, საკუთარ თავთან და მიუღებელ გარემომცველ რეალობასთან ბრძოლა, ჯერ არ დამთავრებულა, ამასთან, მეტად დამქანცველია ეს ბრძოლა და ბევრსაც უკვე ილაჯი გასწყვეტია, ამიტომ მიჯნას დებენ, საზღვრავენ თავიანთი მოქმედების დიაპაზონს და რადგან მეტი აღარ შეუძლიათ, თავს იმით იმართლებენ, რომ დაბეჯითებით ამტკიცებენ აბსოლუტური თავისუფლებისა და სრული დამოუკიდებლობის შეუძლებლობას... (ყველაფერ ამას ისიც ემატება, რომ ჩვენში მომრავლდნენ ისეთი „დემოკრატები“ და „მედასავლეთენი“, რომელთაც პიროვნების თავისუფლება ესმით, როგორც ერისა და სახელმწიფოს წინაშე არსებული ყველა მოვალეობიდან ადამიანის განთავისუფლება... ასეთი გაგება მხოლოდ უკიდურესი ინდივიდუალიზმის გაძლიერებას იწვევს და წარმოშობს ნიჰილისტურ დამოკიდებულებას ერისა და სახელმწიფოს მიმართ. დღევანდელი სიტუაცია ძალიან წააგავს XIX საუკუნის მეორე ნახევარში, საქართველოში შექმნილს: როცა „ნაროდნიკობაცა“ და სოციალისტური იდეებიც აღქმულ იქნა ეროვნული ინტერესების ალტერნატივად... ამისი შედეგი იყო ქართველთა დაქსაქსვა და დამარცხება სახელმწიფოს აღდგენის საქმისა. ამიტომ, დასაფიქრებელია: ანალოგიური შეხედულებები ანალოგიურ ბედს ხომ არ გვაზიარებს?)
ასეთი მსჯელობა იმ ქვეყნის შვილთაგან, რომელმაც სულ შვიდი წელია, რაც თავი დააღწია კოლონიურ ყოფას, - გასაკვირია, რადგან განთავისუფლებას აუცილებლად მოჰყვება ეროვნული ენერგიის გამონთავისუფლება, რაც საკმარისი უნდა იყოს იმისათვის, რომ ძირფესვიანად შეიცვალოს ცხოვრების წესი და მასთან ერთად, მოსახლეობის ქცევის სტერეოტიპიც, ანუ, მოხდეს ღირებულებათა სრული გადაფასება.
სამწუხაროდ, ის რაც ყველგან მოხდა, ჩვენთან არ განმეორებულა. ცხადია იმიტომ არა, რომ სხვა ხალხებისაგან მეტად განვსხვავდებით, არა. მიზეზი ამისა ისაა, რომ არ გაგვაჩნია ეროვნული იდეა, რომელიც გაგვაერთიანებდა, მიზანს დაგვისახავდა და მის მისაღწევად წარმართავდა ჩვენს ძალისხმევას. ვიდრე ამ იდეას არ გავიაზრებთ, დღევანდელ მდგომარეობას თავს ვერ დავაღწევთ, რადგან მსოფლიოს ხალხთა ისტორიაში ვერ ნახავთ მაგალითს იმისას, რომ რომელიმე ერს, გაცხადებული ამოცანისა და მის გადასაწყვეტად აუცლბელი ენერგიის გარეშე, რაიმე ახალი ეტაპი დაეწყოს და, მითუმეტეს, განეხორციელებინოს. ჩვენი ეროვნული იდეის უმთავრესი დებულება, თავისუფლებისაკენ სწრაფვა უნდა იყოს, - რაც სრულფასოვან სახელმწიფოებრივ და პიროვნულ ცხოვრებას ნიშნავს, მისთვის დამახასიათებელი ურთიერთობათა ფორმებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, თავს ვერასოდეს დავაღწევთ იმ მახინჯ, არაჯანსაღ და დამცირებულ ყოფას, რომელიც მხოლოდ ჩვენს დაკნინებას უწყობს ხელს და, ამის გამო, ბოლომდის ვერც თავისუფლების მნიშვნელობა გაგვიგია...
„ნებისმიერი სისტემა, რომელიც ვერ უზრუნველყოფს აწმყოში წესრიგს და მომავლისაკენ მოძრაობას, მანკიერია და უნდა დაიღუპოს“.
ფრანსუა გიზო
საქართველოში დღეს არსებული სისტემა მანკიერია, რადგან ის ხელს უწყობს კორუფციას და კარიერიზმს, პოლიტიკოსებისა და მოხელეებს უპასუხისმგებლობისა და უპრინციპობისაკენ უბიძგებს, მოსახლეობის მცირერიცხოვან, სოციალურად აქტიურ ნაწილს, უკიდურეს ეგოისტებად აქცევს. ხოლო, პასიურ უმეტესობას კი, უსუსურობისა და განწირულობის გრძნობას უღვივებს... დღეს ბევრს ლაპარაკობენ კორუფციასთან ბრძოლის აუცილებლობაზე, საქებარი განზრახვაა, რომ არა ერთი გარემოება: სახელმწიფოში, სადაც მოქალაქეთა 90%-ს სიმბოლური ხელფასი და პენსიები აქვთ, - ამიტომ მშიერნი ან ნახევრადმშიერნი არიან, ბუნებრივად იქმნება კორუფციისათვის ხელსაყრელი პირობა. ანტიკორუფციული მოძრაობა, ვერც გამაძღარ ბედის რჩეულთა 10%-იან ნაწილში ჰპოვებს სათანადო მხარდამჭერს, რადგან, უმეტეს შემთხვევაში, ამ უკანასკნელთა მატერიალური კეთილდღეობის საფუძველი - საწყისი კაპიტალი, სწორედ, რომ კორუფციის შედეგად იქნა მოპოვებული... ასე რომ, ორივე სოციალური ფენის ყოფის თავისებურება ნოყიერ ნიადაგს უქმნის კორუფციას, განსხვავება მათ შორის ის არის, რომ ერთნი ამას თავის გადარჩენის ინსტინქტის კარნახით აკეთებენ, მეორენი გამდიდრების მიზნით, მაგრამ ასეა თუ ისე, ერთი კი ცხადია: ასეთ სიტუაციაში, უაზრო ხდება კორუფციასთან ბრძოლა, ისეთივე უაზრო, როგორიც კოლონიურ-კომუნისტური რეჟიმის დროს ე.წ. „უშრომელი შემოსავლის“ წინააღმდეგ წამოწყებული კამპანია იყო...
არანაკლებ უაზროა საგადასახადო პოლიტიკაც: ადამიანებს წამდაუწუმ სთხოვენ დიდი დაგვიანებით მიღებული 25 ლარი ხელფასიდან და 10 ლარი პენსიიდან გადაიხადონ ყველა კომუნალური ხარჯი და, მათ შორის, ყბადაღებული ელექტროენერგიის დანახარჯი. ხოლო, რაც დარჩება, ის უნდა იმყოფინოს საზრდოდ... ბევრი დარჩება ვითომ? ამაზე თუ იფიქრა ვინმემ ხელისუფალთაგან? და თუ ეს მოიმოქმედა, საინტერესოა, რა დასკვნა გააკეთა? როცა სახელმწიფო ასე ცოტა ანაზღაურებას აძლევს მოქალაქეს, ცხადია ვიღაც ფიქრობს, რომ ამ უკანასკნელმა სხვა შემოსავლით უნდა იარსებოს, ანუ რაღაც ისეთი აკეთოს, რომელიც, უმეტეს შემთხვევაში, არ იბეგრება... აქ უკვე იმ ორმაგ ბუღალტერიასთან და, შესაბამისად, ორმაგ მორალთან გვაქვს საქმე, რომელიც ჩვენში კოლონიურ-კომუნისტური რეჟიმის დროს ჰყვაოდა და რომელსაც, თუ გვსურს, რომ ოდესმე ცივილიზებულ ხალხად ვიქცეთ, უნდა გავემიჯნოთ. მაგრამ შრომისა და ანაზღაურების ჩვენში არსებული გაუკუღმართებული წესი, წარსულისაკენ გვაბრუნებს და ყოვლად მიუღებელ ზნეობრივ ურთიერთობათა კონსერვაციას უწყობს ხელს.
სიმბოლური ხელფასიდან ამოგებული გადასახადები თუ სიმწრის ღიმილს იწვევს, არ შეიძლება არ აღგაშფოთოს საგადასახადო კოდექსში გაუთავებლად ცვლილებების შეტანამ, - რომელიც ვერ გაიგებ, რას უწყობს ხელს: გადასახადების ამოგებას, მათ დამალვას, თუ უკვე შემოსული თანხით მანიპულირებას? ფაქტი კი ისაა, რომ ეს ცვლილებები ხელფასებისა და პენსიების დროულ გაცემას ნამდვილად არ უწყობს ხელს...
ჩვენს სიდუხჭირეს იმით ხსნიან, რომ სათანადოდ არც სოფლის მეურნეობაა გამოცოცხლებული, არც მრეწველობაა ამოქმედებული, ცუდ დღეშია ენერგეტიკა და ტრანსპორტი, - იმიტომ, რომ ამ დარგების დასაფინანსებელი სახსრები არ გაგვაჩნიაო. მასაშასადამე, საჭიროა კრედიტების აღება და თანხის მიზნობრივი დაბანდება. ერთი შეხედვით, ასეც კეთდება და, საქართველო უზარმაზარ, მრავალი თაობის გადასახდელ ვალებს იღებს, მაგრამ სინამდვილეში ის ხდება, რომ კრედიტების საკმაოდ დიდ ნაწილს ყველა ისინი „ახრამუნებენ“, ვისაც მათზე ხელი მიუწვდება; საქმე კი სანახევროდ კეთდება ან, საერთოდ გაუკეთებელი რჩება, - რაც თავისთავად ცუდია, ოღონდ უბედურება ის არის, რომ გამკითხავი არავინაა და რიგი მაღალჩინოსანი დამნაშავეებისა აგრძელებს სახელმწიფო ხარჯზე პირადი კეთილდღეობის მოწყობას.
ამას წინათ ტელევიზიით უჩვენებდნენ და ლაპარაკობდნენ საქართველოში მაღალხარისხოვანი ხორბლის დიდი მოსავლის მოწევის თაობაზე და აგრეთვე, იმ პრობლემებზე, რაც მის შენახვასა და რეალიზებას ახლავს თან. რამდენიმე დღის შემდეგ კი ერთ-ერთი გაზეთი წერდა ვიღაც „წარმატებულ“ ბიზნესმენზე, რომელსაც, თურმე, რამდენიმე ცენტად უფრო იაფად შემოაქვს უცხოური ხორბალი, ამიტომ უპირატესობას იმპორტულს ანიჭებს. რა თქმა უნდა, კომერციას თავისი კანონები აქვს და მომგებიანს წამგებიანთან შედარებით რომ უპირატესობა ენიჭება, ეს კანონზომიერია, მაგრამ როცა ირკვევა, რომ ჩვენთან შემოზიდული ხორბლის დიდი ნაწილი დაავადებულია და ვინც მისგან გამომცხვარ პურს იგემებს, თავს საფრთხეში იგდებს, მაშინ ხვდები: კონკურენცია აქ არაფერ შუაშია, უბრალოდ, ვიღაც ნაძირლები, გამდიდრებისათვის ყველაფერს კადრულობენ. მათი წყალობით, ეროვნული მეურნეობა ზარალს განიცდის, მოსახლეობა ავადდება...
დაუსრულებლივ შეიძლება იმ მაგალითების მოხმობა, რომლებიც წარმოაჩენენ ჩვენში არსებული სისტემის უვარგისობას, რომელიც იმდენად სახელმწიფოს აღმშენებლობას არ უწყობს ხელს, რამდენადაც სახელმწიფობანას თამაშის საშუალებას იძლევა, - რაც ჩვენს მდგომარეობაში მყოფი ერისათვის დამღუპველია, რადგან ყველა იმ ღირებულებათა დისკრედიტაცია ხდება, რასაც უნდა ვეყრდნობოდეთ ამ დიდი აღმშენებლობის პროცესში. სისტემის უვარგისობა კიდევ იმაში ვლინდება, რომ ის ბოჭავს ერის სასიცოცხლო ძალებს, გვიკარგავს ინიციატივას, გვაბნევს და საბოლოო ჯამში იმ დასავლეთისაკენ სვლისას, რომლისკენაც გეზი გვაქვს აღებული, ხელით სათრევი ვხდებით... ეს კი, ნებისმიერი ერისათვის მეტად ცუდი შედეგის მომტანია, რადგან ევროპა-ამერიკის მიმართ ჩვენში უკვე ყალიბდება სტერეოტიპი, როგორც მაიძულებელი ძალისა...
„გერმანია არ ყოფილა პირველი ქვეყანა, რომელშიაც უცხოელთა შემოსევის შედეგად იწყო აღორძინება ეროვნულმა თვითშეგნებამ, ამასთან შემოჭრილი ქვეყანა წარმოადგენდა თანამედროვეობის განსახიერებას, თავისუფლებისათვის, ლიბერალიზმისა და რაციონალიზმისათვის მებრძოლს, სრულიად ბუნებრივია, რომ დამპყრობთა ყველა ღირებულება უარყოფილ იქნა და სრულიად საწინააღმდეგომ იწყო დამკვიდრება“.
ნორმან კონი
იმისი ანალოგიური, რაც გერმანიაში მოხდა უფრო ადრე XIX საუკუნის დამდეგს ესპანეთში ხდებოდა, მაშინ როცა იქ ნაპოლეონი შეიჭრა და ეს ქვეყანა საფრანგეთს დაუმორჩილა. ფრანგთა იმპერატორმა, 1789 წლის დიდი ბურჟუაზიული რევოლუციის მონაპოვრებს რომ ამკვიდრებდა ფეოდალურ ევროპაში, იგივე სცადა ესპანეთშიც: დაამტკიცა ამ ქვეყნის ახალი კოსნტიტუცია, რის ძალითაც დამკვიდრდა კონსტიტუციური მონარქია, გაატარა სასამართლო რეფორმა, აკრძალა წამება, გააუქმა შიდა საბაჟოები, შექმნა ყველა პირობა ესპანეთის ბურჟუაზიული გზით განვითარბისათვის, - რაც ჩამორჩენილი ფეოდალური ქვეყნისათვის უდაოდ პროგრესული მოვლენა იყო. 1808 წლის 7 დეკემბერს ნაპოლეონმა ესპანელ ხალხს პროკლამაციით მიმართა, რომელშიაც იმასაც ამბობდა: „მე გავანადგურებ ყველაფერს, რაც წინ ეღობება თქვენს აყვავებასა და დიდებას...“, მაგრამ ეს საქმეს არ შველოდა; ჯერ კიდევ იმავე წლის 2 მაისს, მადრიდში დაწყებული აჯანყება მთელ ქვეყანას მოედო, ამასთან ისეთი ძალით, რომ თავად ნაპოლეონი გახდა იძულებული სათავეში ჩასდგომოდა 300 ათასიან არმიას, რათა აჯანყებულები დაემარცხებინა, მაგრამ ეს დროებითი წარმატება იყო. ესპანელებმა არ იგუეს ფრანგთა ბატონობა და ამიტომ არც იმ რეფორმებს დაუჭირეს მხარი, რასაც უცხოელები და მათი მხარდამჭერი, ლიბერალურად განწყობილი ბურჟუაზია და მემამულეები სთავაზობდნენ. ხალხი ამ უკანასკნელთ „გაფრანგებულებს“ („afrancesados“) უწოდებდა. ნიშანდობლივია, რომ პირველი ესპანური ლიბერალური კონსტიტუცია, 1812 წლისა, კორტესებმა (პარლამენტმა) მიიღო კადისში, - ქალაქში, რომელშიაც გარნიზონი არ იდგა და რომელიც არსებითად ერთადერთი თავისუფალი ტერიტორია იყო. ასე აფასებდა ესპანელი ხალხი თავისუფლებას, პროგრესი მათთვის ერის შინაგანი განვითარების შედეგი უნდა ყოფილიყო და არა ძალადობისა და იძულების გზით მიღწეული კეთილდღეობა.
გერმანელთა და ესპანელთა მაგალითები გვიდასტურებენ, თუ რა მნიშვნელობა აქვს იმას, რა გზით შეაღწევს ამა თუ იმ ხალხში მსოფლიო ცივილიზაციის მონაპოვარი. გავრცელების საშუალება და ხასიათი მისაღები უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება ყველაზე მოწინავე, თანამედროვე ღირებულებები უარყოფილ იქნეს.
რაღაც იმისი მსგავსი, რაც თავის დროზე გერმანიაში და ესპანეთში მოხდა, ახლა საქართველოშიც შეინიშნება: გარე სამყაროდან შემოსული პროგრესული ხასიათის სიახლენი, დამახინჯებულად და გაუკუღმართებულად ხორციელდება, რის გამოც მათ მოსახლეობის თვალში აზრი ეკარგება, ზოგ შემთხვევაში კი, მიუღებელი ხდება, - თავად განსაჯეთ: ჰუმანიტარული დახმარება ყოვლად უსირცხვილო სპეკულაციის საგნად იქცა, რამაც ბევრს აფიქრებინა, რომ ამ აქციის მიზანი სწორედ ეს იყო და არა სხვა რამე. დასავლეთი ითხოვს ხე-ტყით ვაჭრობის დაკანონებას, რაც საქართველოს უდაბნოდ გადაქცევით ემუქრება. ცხადია, ასეთი მოთხოვნა უარყოფით ემოციებს ბადებს ხალხში. ისევე, როგორც ჯართის საზღვარგარეთ გატანის მოთხოვნაც, რადგან ქართულ მრეწველობას ამ გზით ნედლეული ეკარგება. ზოგიერთები აღმაშფოთებლად მიიჩნევენ იმ ფაქტს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები ტრანშს არ გვაძლევენ თუ გვიგვიანებენ. ამან ლარის კურსის ლიბერალიზაცია და მისი შემდეგი რყევები გამოიწვია. ამას კი - ფასების ზრდა, შეჩერდა ხელფასებისა და პენსიების გაცემა (გასაგებია, ეს კეთდება იმიტომ, რომ საქართველო დანაპირებს არ ასრულებს, მაგრამ გაუგებარია, ვის სჯის ამით დასავლეთი, - ჩვენს ხელისუფლებას თუ მის მორჩილ მოსახლეობას?). გვაღიზიანებს ისიც, რომ ჩვენი უცხოელი მენტორები ამდენ ყურადღებას უთმობენ სექსუალურ უმცირესობათა საკითხს მაშინ, როცა ჩვენ სექსუალურ უმრავლესობათა პრობლემები ვერ მოგვიგვარებია და საერთოდ, პროტესტს ბადებს ზემოხსენებულ მენტორთა ცდა გვიმტკიცონ და გვიხსნან ელემენტარული ჭეშმარიტებანი, თითქოს არ ვიცოდეთ მათი მნიშვნელობა, გვაღიზიანებს ისიც, რომ უცხოელები საზღვრავენ იმას, თუ რა რაოდენობისა და როგორ შეიარაღებული ჯარი უნდა ჰყავდას საქართველოს, ან კიდევ ის, რომ დასავლეთელი პარტნიორები ეფექტურად არ გვეხმარებიან დროებით დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებაში. აღშფოთებას იწვევს უცხოელი სპეკულანტების საქმიანობა: ანტიკვარული ნივთებიდან დაწყებული აღარაფერი ფასეული, რომ არ დაგვიტოვეს, ან კიდევ უცხოური ფირმების მიერ ჩაწოლილი საქონლის აქ გასაღება. არც ისაა სასიამოვნო, უცხოელები რომ გვკარნახობენ, თუ როგორი კანონები უნდა გვქონდეს და რანაირი პოლიტიკა გავატაროთ შინ და გარეთ. საერთოდ, უცხოელები ცუდად ერკვევიან ჩვენი ყოფის სპეციფიკაში და ამის გამო, არასწორ დასკვნებს აკეთებენ ხოლმე.
მათ მცდარ შეხედულებებს ისიც უწყობს ხელს, რომ ბევრი, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ასპარეზზე დამკვიდრებული ჩვენებური „მედასავლეთე“ ვერ, ან არ ასრულებენ შუამავლის იმ მნიშვნელოვან ფუნქციას, რაც ევალებათ. იმის მაგივრად, რომ უცხოელებს ჩვენი ყოფის, ისტორიის, კულტურის, ტრადიციების თავისებურება აუხსნან, ეროვნული და დასავლური დემოკრატიული ღირებულებების შერწყმა, შეჯერება სცადონ, უბრალოდ, დასავლეთის ქვეყნების არა პარტნიორებად, არამედ სულიერ ქვეშევრდომებად ქცეულნი, უკეთეს შემთხვევაში, ამ მხრივ არაფერს აკეთებენ, უარესში კი ეროვნული, - ღირსების შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებენ ხოლმე.
ერთი სიტყვით, დღეისათვის, ცივილიზებული დასავლური სამყარო, მათი სამთავრობო და საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა თუ კერძო პირთა პოზიციით, სულ უფრო ცხადად ფიქსირდება, როგორც მაიძულებელი ძალა, რომელიც გარკვეულ ღირებულებებს თავს გვახვევს... ვისაც სკოლაში არქიმედის კანონი უსწავლია, იმას ეცოდინება, რომ ყოველ ზემოქმედებას, უკუქმედებაც მოჰყვება... ეს კი, იმ ღირებულებათა გათავისებაში შეგვიშლის ხელს, სასიცოცხლო მნიშვნელობა რომ აქვს საქართველოსათვის.
მაშასადამე, საჭიროა დასავლეთთან ურთიერთობისას - დემოკრატიული პრინციპების შემოტანა - დამკვიდრების გააზრებული პოლიტიკა, რომლის მიხედვითაც ჩვენ ზემოხსენებული პრინციპებისა და ღირებულებების პასიური მიმღებნი კი არ ვიქნებით, არამედ აქტიურად დაინტერესებული მხარე, რომელმაც იცის, რა სურს და როგორ მიაღწიოს მიზანს. სწორედ ეს გახლავთ ეროვნული იდეა, ანუ ღირებულებების, პრინციპებისა და ინტერესების ერთიანი სისტემა, რაც დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნის პროგრამის საფუძვლად უნდა იქცეს და რომელსაც განახორციელებენ პატრიოტული ცნობიერების და, რეფორმატორული შეხედულებების მქონე ენერგიული ადამიანები. მაშინ არც კანონების გადმოწერა მოგვიხდება, ჰუმანიტარულ დახმარებასაც ნორმალურად გავანაწილებთ, ხე-ტყეს კი არ გავზიდავთ, არამედ პირიქით, აქეთ შემოვზიდავთ, საკუთარ მრეწველობასაც განვავითარებთ. სხვათაშორის, ევროპაში კარგა დიდი ხნის წინ მიხვდნენ, რომ სხვისი საქონლის გასაღებას, სჯობია, შენი აწარმოო. ფრანგებმა ეს პრინციპი ჯერ კიდევ 1572 წლის იანვრის ედიქტით აიყვანეს სახელმწიფო პოლიტიკის რანგში. ამის თაობაზე, გასული საუკუნის ფრანგი ისტორიკოსი ოგიუსტენ ტიერრი, თავის „მესამე წოდების წარმოშობისა და წარმატების ისტორია“-ში ასე წერდა: „სწორედ ამ დროიდან დაისახა ჩვენთან სავაჭრო ბალანსისა და ეროვნული ინდუსტრიის დაცვის ცნობილი პრინციპი ორმაგი აკრძალვის საშუალებით. ჯერ ერთი, გატანა ქვეყნიდან დამუშავებისათვის გამოსადეგი მასალისა და მეორეც შემოტანა უცხოური მანუფაქტურის პროდუქტისა“ ყველა დროს თავისი წესები აქვს, ფაქტი ისაა, რომ უკვე იმ დროს, ეროვნული მრეწველობის ინტერესებს თავგამოდებით იცავდნენ. ერთი სიტყვით, აქტიური საგარეო და შიდა ცხოვრება თავიდან აგვაცილებს ესოდენ შეურაცხმყოფელ, უცხოეთის მიერ ჩვენთვის გაწეულ წვრილმან მეურვეობას და მოგვიპოვებს ავტორიტეტს, საერთაშორისო აღიარებას. მაგრამ თუ ამას არ გავაკეთებთ, ყოველთვის ხელით სათრევი ხალხი ვიქნებით და უცხოელთა დამოკიდებულება ჩვენდამი, ისეთივე იქნება, როგორიც აღწერილი აქვს ამერიკელ მწერალს ჯონ რიდს მოთხრობაში: „პატარა ერების უფლებანი“. ეს, ცხადია, ჩვენს აღშფოთებას გამოიწვევს, ოღონდ, ამას არ მოჰყვება ნაციონალიზმის აფეთქება, - გერმანიის მსგავსად, - საამისო არც ხასიათის თვისება გვაქვს და არც ენერგია გაგვაჩნია... სამაგიეროდ, ნამდვილად შეუწყობს ხელს ეროვნული ნიჰილიზმის გრძნობის გაძლიერებას, რაც საბოლოოდ დაგვცემს სულიერად და დაახშობს იმ წყაროებს, საიდანაც ისედაც ცოტა მოედინება ერის სასიცოცხლო ძალა. ამიტომ, ბევრია დამოკიდებული მაორგანიზებელ ძალაზე, ანუ იმათზე, ვისაც ქვეყნის პატრონობა ევალებათ.
„მე არაფერი მაქვს იმის საწინააღმდეგო, რომ, იქ სადაც ლაპარაკობენ ესპანურად, მართოს ესპანეთის მეფემ, ხოლო იქ სადაც გერმანულად, ავსტრიის იმპერატორმა, მაგრამ სადაც ფრანგულად ლაპარაკობენ, იქ მე უნდა ვმართავდე“.
ანრი IV
ასე ფიქრობდა საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მმართველი, და როგორც ჩანს, მის სიტყვებში გაცხადებული სიბრძნე მეტად დიდია, გასათვალისწინებელია, და იმიტომ, რომ იქ სადაც ლაპარაკობენ ქართულად, რომ არ ემართათ ქართველებს, იქედან, ანუ აფხაზეთიდან და შიდა ქართლიდან, მასობრივად გამოდევნეს ქართული მოსახლეობა. ახლა ჩვენი ამოცანაა აფხაზი და ოსი სეპარატისტების ამ „ლინგვისტურ ძიებათა“ დანაშაულებრივი შედეგის ლიკვიდაცია და იქიდან დევნილი მოსახლეობის მშობლიურ მიწა-წყალზე დაბრუნება. მაგრამ, როგორ ვაკეთებთ ამას? ვლაპარაკობთ ძალიან ბევრს და საქმეს კი, ვაკეთებთ ცოტას. ანუ, ვიქცევით იმის სრულიად საპირისპიროდ, რისკენაც მოუწოდა ფრანგებს ლეონ გამბეტამ, გერმანიის მიერ ელზას-ლოთარინგიის მიტაცების შემდეგ: „ნუ ვილაპარაკებთ ნურასოდეს მათ შესახებ, მაგრამ ყოველთვის ვიფიქროთ“-ო. მაშ ასე, საჭიროა ფიქრი იმის თაობაზე:
როგორ დავიხსნათ ჩვენი მიწა-წყალი? ხოლო, როცა ამას გავაკეთებთ, ისიც მოსაფიქრებელია, როგორ წარვმართოთ შემდეგ, ჩვენი იქ ცხოვრება ისე, რომ მსგავსი რამ ქართველთა მიმართ არ განმეორდეს? ამ კითხვებს რომ პასუხი გავცეთ, ჯერ ის უნდა გავაცნობიეროთ, თუ რატომ დაგვემართა ეს უბედურება, ვის ჭირდებოდა ეთნოსეპარატიზმის ტალღის აგორება საქართველოში და რა მიზნით. ეროვნული უმცირესობები ხომ, ჩვენი ტოლერანტობის წყალობით, ყველა პირობას ფლობდნენ ტრადიციების, კულტურის, რელიგიის, და საერთოდ, ეთნიკური სახის შესანარჩუნებლად. ცხადია, ეს არ გამხდარა მათი ანტიქართული მოძრაობის მიზეზი. ყველაფრის თავი და თავი რუსეთის სურვილი იყო, დაესუსტებინა საქართველო და, ამისათვის გამოიყენა აფხაზი და ოსი ულტრანაციონალისტების ავადმყოფური მიზნები: პირველებს სურდათ აფხაზეთი, - უქართველებოდ... მეორეებს კი, - შიდა ქართლის ოსეთთან მიერთება... ყოველივე ამის შედეგად იყო, რომ აგორდა საქართველოში გარედან ინსპირირებული ეთნოსეპარატიზმის ტალღა. რუსეთი და მისი სპეცსამსახურები ათას დივერსიულ ქმედებას ანხორციელებენ ჩვენში, სურთ ყოველმხრივ სახელი გაგვიტეხონ; ასეთ დროს საგანგებო სიფხიზლის გამოჩენა გვმართებს, რომ მტრული ძალების სურვილის საპირისპიროდ შევძლოთ და დავიცვათ ერის ღირსება, სამწუხაროდ, ხშირად ამას ვერ ვახერხებთ, - რის გამოც ბევრჯერ აღმოვჩნდით კურიოზულ სიტუაციაში: სულ ახლახან, ამა წლის დეკემბერში, ისრაელში საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის დროს, პროვოკაციის მოწყობის მიზნით, ვიღაცეებმა თბილისში ებრაელთა სასაფლაო დაარბიეს. სხვათაშორის, ეს უკვე მესამე ასეთი აქციაა და ყოველი მათგანი საქართველო-ისრაელს შორის რაიმე მნიშვნელოვანი ხელშეკრულების ჩაშლას ითვალისწინებდა. ასე რომ, თუ კარგად დავუფიქრდებით, არც იმის გარკვევა გაგვიჭირდება, რაც ხდებოდა და მოხდა: ეს პოლიტიკური ხასიათის მქონე ქმედებაა და ის ეწინააღმდეგება როგორც ქართველების, ასევე ებრაელების ინტერესებს, მაშასადამე, ამ ვანდალური აქციის დამკვეთი და შემსრულებელი მესამე ქვეყნის ზრახვების გამტარებელნი არიან. მიუხედავად ამ აშკარა ჭეშმარიტებისა, საქართველოს ტელევიზიის ერთ-ერთი არხის მიერ სასაფლაოს ფაქტის გაშუქებისას, ეკრანზე გაჩნდა წარწერა: „ანტისემიტიზმი“! რაა ეს, - უვიცობა, თუ შეგნებული დანაშაული. ხომ ფაქტია, რომ საქართველოში არავითარი ანტისემიტიზმი არ არის და არც არსებულა?! ამიტომ, მომხდარ ფაქტს სხვა კლასიფიკაცია უნდა მიეცეს, - ისეთი როგორიც ის ჭეშმარიტად არის: ანტიქართული პოლიტიკური პროვოკაცია.
ასეთი ხედვა სინამდვილეს შეეფერება და მისი ხაზგასმა აუცილებელია.
არ შეიძლება ასეთმა ფაქტებმა არ დაგაფიქროს იმის თაობაზე, თუ რა ხდება საქართველოში. უცხო ქვეყნის აგენტურის მიერ მოწყობილი ანტიქართული პროვოკაციები, კიდევ იმიტომაც არის ჩვენთვის საშიში, რომ ჯერ კიდევ კოლონიურ-კომუნისტური რეჟიმის დროს გადაგვაჩვიეს ერის შეურაცხმყოფელთათვის პასუხის გაცემას და ამისი გაკეთება დღესაც გვიჭირს... მაგრამ ესეც რომ არ იყოს, უკვე თავისთავად ფაქტი, ვიღაც ბოროტგანმზრახველთა დაუსჯელი თარეშისა, მეტად სერიოზული პრობლემაა, რადგან სწორედ ამ საკითხთან მიმართებაში იძენს მთელს სიმწვავეს კითხვა: ვინ მართავს იმ მიწა-წყალს, სადაც ქართულად ლაპარაკობენ?
„ჩვენი საქმე თანდათანობით ხელიდან მიდის და ჩვენს მთავრობაშიაც ბევრია გაიძვერა და მპარავი, ძალაუფლება ბრიყვებსა და უკეთურებს უპყრიათ ხელში და თუ ოდესმე ჩვენს წამხდარ დროზე დავაპირებ რაიმეს დაწერას, ეს იქნება პატარა წიგნი, ფილოსოფოს სენეკას „აპოკოლოკინთოსისა“ თუ ჩვენი მადლიანი „მენიპეს სატირის“ მსგავსი რაღაც“
ანატოლ ფრანსი
საქართველოში, მთელი დანარჩენი სამყაროსაგან განსხვავებით, პოლიტიკოსთა საკმაოდ დიდი ნაწილი, ფულს კი არ ხარჯავს იმისათვის, რომ ძალაუფლება მოიპოვოს, არამედ პირიქით, - პოლიტიკური ძალაუფლების მოპოვების წყალობით იწყებს ფულის კეთებას... ეს, ცხადია, თანამდებობის ბოროტად გამოყენებას ნიშნავს. მაგრამ ამას არად დაგიდევენ. სხვათაშორის, ასეთი განწყობის შედეგი სახეზე ეტყობათ: შენიშნული მაქვს, ბევრ ვინმეს, ვიდრე საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ამა თუ იმ საფეხურზე შედგებოდა, მშიერი პროვინციალის ან ინტელიგენტის სანდომიანი სახე ჰქონდა, მაგრამ როგორც კი თანამდებობა მიიღეს და სახრავზეც ხელი მიუწვდათ, სწრაფად შეეცვალათ ფიზიონომიური პორტრეტი, რომელმაც ბევრი ჭამისაგან საგრძნობი დეფორმაცია განიცადა... ამას უნდა მივუმატოთ, საბინაო პირობების გაუმჯობესება მრავალოთახიანი აპარტამენტებით, ჰავაისა და კანარის კუნძულებზე, ანტალიასა და რივეირაზე დასვენება, შვილების უცხოეთში გაგზავნა სასწავლებლად, პრესტიჟული ავტომანქანის ყიდვა და სხვა მრავალი რამ, - რაც მრავალი ათასი დოლარი ჯდება და იმ მოკრძალებული ხელფასით, მათ რომ აქვთ, შეუძლებელია, მაშასადამე, რაღაც სხვა სახსრებით აკეთებენ ამას და, ძნელი მისახვედრი არ არის, თუ რა გზითაა ნაშოვნი ეს ფული. თავის მართლების მიზნით, ბევრი მათგანი ამბობს, რომ ადრე ის წარმატებული ბიზნესმენი იყო, მაგრამ ამდენი უნიჭო პოლიტიკოსის შემყურეს ეჭვი გეპარება მათ ბიზნესმენურ ნიჭში. ამას გარდა, ისიც საკითხავია, თავდაპირველი საბრუნავი კაპიტალი საიდან იშოვა ამ ხალხმა?.. მაგრამ, როგორც არ უნდა იყოს, ერთი კი ცხადია: დღევანდელ საქართველოში ხელისუფლებაში ყოფნა გამაძღარ ცხოვრებას ნიშნავს... ეს კი, ისეთი ზნეობრივი და პოლიტიკური სიმახინჯეა, რომლის მსგავსი, შესაძლოა, ყველაზე ჩამორჩენილ და განუვითარებელ ქვეყანაში ვნახოთ მხოლოდ...
არავისათვის საიდუმლო არ არის, რომ უზარმაზარი ბიუროკრატიული აპარატი ჩვენისთანა პატარა ქვეყნისათვის სრულიად ზედმეტია, ამასთან, აშკარაა, ეს ბიუროკრატია უფუნქციოა და უფრო ამუხრუჭებს სახელმწიფოს განვითარებას, ვიდრე ხელს უწყობს. რაც იქიდანაც კარგად ჩანს, რომ უამრავი შეცდომა იქნა დაშვებული და დანაშაულიც ჩადენილი, მოხელეების მხრიდან. ეს მიუთითებს არსებული საკადრო პოლიტიკის ხარვეზებზე. ასეთი რამ სტაბილურ ქვეყანაშიც ძნელი ასატანია; - აღმშენებლობის გზაზე შემდგარი სახელმწიფოსათვის კი, - მეტად საშიში რამ გახლავთ, რადგან ჩანასახშივე სპობს ყოველგვარ აღმშენებლურ ტენდენციას და ამკვიდრებს სტაგნაციის მომაკვდინებელ პერიოდს.
ძნელია, როცა იცი, რომ შენი ბედ-იღბალი ისეთი ადამიანების ხელშია, რომელთაც ჩირადაც არ მიაჩნიხარ, ანგარიშს არ გიწევენ, არად გაგდებენ. თავად განსაჯეთ: ვისი იმედი შეიძლება ჰქონდეს მოქალაქეს, როცა არაფერი ეშველა ენერგოსისტემას და ზამთარ-ზაფხულ უკუნეთია, უცხოელებზე იყიდება ყველაფერი, რისი გაყიდვაც შეიძლება, რადგან მათში ხედავენ იმ მაორგანიზებელ ძალას, რომლის მსგავსიც ჩვენში არ არსებობს... კორუმპირებულთა რიცხვი უზარმაზარია, სახელმწიფო სტრუქტურები თავიანთ დანიშნულებას ვერ ასრულებენ, ამიტომაცაა სახელმწიფოებრივი ცხოვრება უკიდურესად ცუდად ორგანიზებული. ადამიანებს არამარტო თვითრეალიზების საშუალება არა აქვთ, არამედ ისინი სოციალურადაც დაუცველნი არიან და მათი უსაფრთხოებაც არ არის გარანტირებული. ამიტომ გრძნობს მოსახლეობა თავს უიმედოდ, უზარმაზარ პრობლემებს შეტოვებულად და ამის გამო, - განწირულად...
არ შეიძლება არ შეგშურდეს იმ ერებისა,ვისაც ურყევი რწმენა ჰქონდა და აქვს თავისი სახელმწიფოსი. ამასთან დაკავშირებით, მახსენდება ეპიზოდი მრავალსერიიანი იტალიური ტელეფილმიდან «მარკო პოლო»: ფილმის მთავარი გმირი, XIII საუკუნის, მონღოლთა მიერ დაპყრობილ ჩინეთში, თავისი ცნობილი მოგზაურობის დროს, მიიწვიეს იმპერიის დედაქალაქ პეკინში, ყუბალაი ხანის სასახლეში გამართულ თათბირზე, რომელზედაც მონღოლებმა იაპონიის დაპყრობა დაადგინეს. მარკო პოლოს, ქალაქში ერთი ნაცნობი ბრმა იაპონელი ხელოსანი ჰყავდა და თათბირის დამთავრების შემდეგ მასთან გაეშურება; - ამ ამბავს ამცნობს. ყველას გასაოცრად, ბრმა ხელოსანი მშვიდად მოუსმენს და ეტყვის, რომ არ ეშინია მონღოლთა განზრახვისა, რადგან მისი ქვეყანა მართლა დაქუცმაცებულია მრავალ სამთავროდ, - ერთმანეთს რომ ეომებიან, მაგრამ იაპონელთა ტრადიციის თანახმად, მტრის მოახლოვებისთანავე ისინი ურთიერთმტრობას ივიწყებენ, ერთიანდებიან და საერთო ძალით იგერიებენ მომხდურს. და კიდევ, რომ მათ ჰყავთ კასტა სამურაებისა, პროფესიონალი მეომრებისა, რომელთაც იციან თავიანთი საქმე და ნებისმიერ მოწინააღმდეგეს წარმატებით შეებრძოლებიანო.
ნამდვილად შესაშურია ასეთი რწმენა, მომდინარე ქვეყნის ცხოვრების წესიდან. საზოგადოების განვითარების ყველა ეტაპზე, ეს წესი დროის შესაბამისად იცვლება, მაგრამ მას ყოველთვის სჭირდება დაცვა, - წინააღმდეგ შემთხვევაში სახელმწიფო ვერ იარსებებს.
სამწუხაროდ, ჩვენ ტრადიციული ღირებულებანი დავიწყებული გვაქვს. ახალი კი, ჯერ არ შეგვიქმნია... ამიტომ, ვიმყოფებით ასეთ გაურკვეველ მდგომარეობაში. ასეთ დროს, მეტად იზრდება იმათი პასუხისმგებლობა, ვისაც სახელმწიფოს ბედ-იღბალი აბარია; მე ვგულისხმობ ე.წ. პოლიტიკურ ელიტას, რომლის გააზრებული მოქმედება გეზისმიმცემი უნდა იყოს მოსახლეობისათვის. ასეთ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ ვინ არიან ხალხის ეს რჩეულნი.
„ჩვენ ყველანი მსახიობები ვართ - მთავარია შეძლო შენი როლის კარგად თამაში“
გრაფი ჰენრიხ ფონ ბრიული
ეს აღიარება XVIII საუკუნის პირველი ნახევრის საქსონიის ცნობილ პოლიტიკურ მოღვაწეს ეკუთვნის, რომელსაც კარგა დიდი ხნის მანძილზე ეკავა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა. იყო კარიერისტი და ამ საქმეს მოახმარა მთელი თავისი ნიჭი და უნარი. ის ჭეშმარიტად დიდი მსახიობი გახლდათ, რადგან ყველას იმად აჩვენებდა თავს, ვინც არ ყოფილა. გასაოცარი ოსტატობით თამაშობდა სახელმწიფო მოღვაწის როლს. ისე უზადოდ აკეთა ეს საქმე, რომ, ვიდრე პრუსიის მეფე ფრიდრიხ II-მ ერთი დარტყმით არ გაანადგურა საქსონია, ვერავინ მიხვდა, თუ რაოდენ დიდ ბოროტებას ჩადიოდა ბრიული ქვეყნის წინაშე, როგორ დააკნინა ის და დაასუსტა მისი არმია, რომ ასე ადვილად იქცა მეზობელი ქვეყნის ნადავლად. ასე იცის თამაშმა პოლიტიკაში. ამდაგვარი საფრთხე ყველაზე მეტად ჩვენის მსგავს, ახლადწარმოქმნილ სახელმწიფოებს ემუქრება, - რომლის მოსახლეობასაც არა აქვს დამოუკიდებელი პოლიტიკური ცხოვრების გამოცდილება. ასეთ დროს ხდება სახელისუფლო ასპარეზზე შემთხვევითი ხალხის აღზევება, რომელთაც არც სათანადო ნიჭი, არც ცოდნა და არც კეთილსინდისიერება არ გააჩნია და, მხოლოდ პოლიტიკოსობანას თამაში შეუძლიათ ეს. უბედურების მომტანია. მათ ხელში ყოფნის პერსპექტივას რომ თავი დავაღწიოთ, უნდა ვიცოდეთ, ვინ არიან ისინი, ვისაც პოლიტიკურ ასპარეზზე სურს დამკვიდრება და რა გზით აკეთებენ ამას: ბოლო ათი წლის მანძილზე, უამრავ ადამიანს მიეცა საშუალება, თავისი შესაძლებლობების რეალიზება ეცადა პოლიტიკაში. ეს ორ ნაკადად მოხდა, პირველი ტალღა ეროვნული თავისუფლების ლოზუნგმა ააგორა, მეორე - დემოკრატიული საზოგადოების აღმშენებლობისამ. ჩვენი საზოგადოების ამ გაორებათა უაზრობა, იმ ისტორიული ფაქტების ფონზეც კარგად ჩანს, - დასავლურმა ცივილიზაციამ რომ დაგვიტოვა. სამაგალითოდ მოვიყვან გერმანელი სიციალ-დემოკრატის ვილჰელმ ლიკბნეხტის სიტყვას, თქმულს გერმანელთა ნაციონალურ კონგრესზე, 1891 წელს: „მე იმას მაყვედრებენ, რომ განვაცხადე, თუ გერმანიას სხვა სახელმწიფომ ომი გამოუცხადა, თუ მტრის მოსაგიერებლად ომი მოგვიხდა, ჩვენ დავიცავთ სამშობლოს-მეთქი, დიაღ, მე ესა ვსთქვი, ბევრჯერ მითქვამს და კიდევაც ვიტყვი - ყოველივე ეს ცხადზე უცხადესია და ყველანი ამასა ჰგრძნობთ» როგორც ხედავთ, ევროპელი სოციალისტისათვის სოციალურ დაპირისპირებათა ყველაზე მწვავე წლებში, ეროვნულის, დემოკრატიულისა და სოციალურის გათიშვა - გაყოფა მიუღებელი იყო. სამწუხაროდ, გასული საუკუნის ბოლოს, საქართველოში, სწორედ ამის საპირისპირო შეხედულებანი იხვეჭდნენ პოპულარობას და XX საუკუნის ბოლოსაც, რაღაც მსგავსი ხდება და თუ კარგად დააკვირდები, ამ მოვლენის საფუძვლად სახელმწიფო ინტერესები კი არა, ვიღაც-ვიღაცეების კარიერისტული მისწრაფებანი ძევს. ამ ტენდენციის კურიოზული ხასიათი იქიდანაც ჩანს, რომ უამრავი პოლიტიკური პარტია შეიქმნა; 1998 წლის სექტემბრისათვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ რეგისტრირებულ პოლიტიკურ გაერთიანებათა რიცხვი 77 იყო და ეს არანორმალურად დიდი რაოდენობაა, - არათუ ჩვენისთანა პატარა ქვეყნის, არამედ ზესახელმწიფოსათვისაც... ასეთი მრავალპარტიულობის ჭეშმარიტი მიზეზი კარგად ჩანს იმაში, რომ ერთი მიმართულების რამდენიმე პარტიაა... სხვათაშორის, პარტიათა ასეთ დიდ რაოდენობას განაპირობებს მათი წარმოქმნის, ჩვენში გავრცლებული, ერთობ მანკიერი, წესად ქცეული ჩვევა, რომლის ძალითაც პარტია იქმნება რომელიმე ცნობილი (ხშირ შემთხვევაში ოდიოზური) პიროვნების, ე.წ. „ქარიზმატული“ ლიდერის (ამასთან გაუგებარია, რას ეფუძნება მისი ქარიზმა) გარშემო (უმეტესწილად ანგარების მიზნით) შემოკრებილი ხალხისაგან, რომელთაც არ აკავშირებთ არანაირი იდეოლოგია, არ წარმოადგენენ არც ერთ, თუნდაც ფორმირების პროცესში მყოფ, სოციალურ ფენას, ანუ არ არიან პარტიები, - ამ ცნების კლასიკური გაგებით. ასეთი ფსევდოპარტიული ორგანიზაციები კი, რადგან იდეოლოგიზებულნი არ არიან, თავის წევრებს ვერ შესთავაზებენ ღირებულებების, პრინციპებისა და ინტერესების ერთიან სისტემას; შესაბამისად, პარტიის წევრები მტკიცე იდეოლოგიური დუღაბით არ არიან შეკავშირებულნი. იდეოლოგიის არქონა გამორიცხავს პარტიის შინაგან განვითარებას, - რაც გულისხმობს პარტიის იდეოლოგიური საფუძვლების დროის თავისებურებასთან მიმართებაში ინტერპრეტირებას და ამ გზით დამკვიდრებას პარტიულ იერარქიაში. ამას შიდაპარტიული ცხოვრების დემოკრატიული წესი განსაზღვრავს და ახალი კადრების წინსვლას უწყობს ხელს. ღირებულებების, პრინციპებისა და ინტერესების ერთიანი სისტემის არარსებობა ნიშნავს, რომ პარტიის მართვა, მიუხედავად დეკლარირებული პრინციპებისა ავტორიტარულ-კლანური ხასიათისა იქნება, ესე იგი, პარტიის წევრები დასაშვებზე ბევრად მეტად არიან დამოკიდებული ლიდერზე და მისი ერთგული ადამიანებით დაკომპლექტებულ მმართველ აპარატზე. ასეთ შემთხვევაში, მმართვლი ჯგუფის შეცვლა, სამეფო კარზე მოწყობილ გადატრიალებას ემსგავსება, - როცა ერთ კლანს მეორე ცვლის, არსებითად კი, არაფერი იცვლება...
ავტორიტარულ-კლანური მმართველობისას პარტიაში განხეთქილებას ისიც უწყობს ხელს, რომ ლიდერობა ჩვენში გაგებულია უაღრესად გაუკუღმართებულად და ნიშნავს, არსებითად, ერთპიროვნულ მმართველს, რომელიც ვერ იტანს ვერავითარ ალტერნატიულ მოსაზრებას და რკინის ხელით თრგუნავს ნებისმიერ ოპოზიციას. ასეთი სიტუაცია კურიოზულია დემოკრატიული საზოგადოების აღმშენებლობის იმ პროცესთან მიმართებაში, რომლის სწრაფად წარმართვის აუცილებლობაც ყველა პარტიის მიერ არის დეკლარირებული და ანალოგიას პოულობს მხოლოდ ტოტალიტარიზმის იმ ეპოქაში, როცა, მაგალითად, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს, რიბენტროპს შეეძლო თავის გარემოცვისათვის ეთქვა: „მე თუ გავიგებ, რომ სამინისტროს თანამშრომელთაგან ვინმეს ჩემგან განსხვავებული აზრი აქვს, ეს ადამიანი პირადად ჩემს მიერ იქნება განადგურებული და მთელს პასუხისმგებლობას ამისათვის ფიურერის წინაშე მე ჩემს თავზე ვიღებ“. სწორედ სხვისი შეხედულებების მიუღებლობა, შეუწყნარებელი დამოკიდებულება თანაპარტიელის ინიციატივისადმი, არის უმთავრესი და არსებითად ერთადერთი მიზეზი პარტიათა გახლეჩვისა ისეთი პროგრესიით, როგორიც ჩვენთანაა... ამავე დროს, ეს წმინდა წყლის ავტორიტარიზმია, რასაც დემოკრატიასთან საერთო არაფერი აქვს და არსებითად, ერთმმართველობას ამკვიდრებს... ასეთი ერთმმართველის თანამებრძოლნი, როგორც წესი, უინიციატივონი, პასიურნი და მხოლოდ ბრძანების აღმსრულებელი ადამიანები არიან. ავტორიტარიზმი, დიქტატურა, დესპოტია, ტირანია, - მმართველობის ის ფორმებია, სულიერად რომ ასაჭურისებს ადამიანებს, მერე, ასეთი ნებაჩახშობილნი, უნებლიედ ღუპავენ ხოლმე იმპერიებს და ხალხებს...
ესპანელმა კონკისტადორმა, ფრანცისკო პისარომ, 180 მეომრით ილაშქრა პერუში, 1532 წლის 15 ნოემბერს ინკების იმპერიის პროვინციულ ქალაქ კახამალკაში შევიდა. აქ მან შეძლო შემოეტყუებინა ინკების მბრძანებელი ატაჰუალპა და ამოწყვიტა მისი თანმხლები პირები და მცველები. ამ სისხლისღვრის დროს ერთადერთი ესპანელი დაიჭრა: თავად ფრანცისკო პისარო... ის აეფარა ატაჰუალპას, როცა მას ესპანელმა ჯარისკაცმა ხმალი მოუქნია. ამ ჟლეტის შედეგი ღირდა ჭრილობად:
კონკისტადორებმა ინკების მბრძანებელთან ერთად, უზარმაზარ იმპერიაზე და მის ხალხზე გავლენა მოიპოვეს. სანამ მათ ხელში იქნებოდა ატაჰუალპა, ინკების მთელი სახელმწიფო სისტემა დესპოტური მმართველობის პრინციპზე აგებული პარალიზებული იყო, ასე რომ, პისარომ იცოდა, რისთვის რისკავდა, საკუთარი სიცოცხლის ფასად... თერთმეტი მილიონი მოსახლეობის მქონე სახელმწიფო გარინდული ელოდა, რას მოიმოქმედებდა თეთრი ადამიანების ხელში მოხვედრილი მათი მბრძანებელი... ასე ხდება დესპოტური რეჟიმის დროს, როცა ერთი ბატონია და, ყველა დანარჩენი კი, - მონა.
ქალაქ ხაუხაში, არც თუ ისე შორს იმ ადგილიდან, სადაც ესპანელებმა ატაჰუალპა დაატყვევეს, ოცდაათათასიანი, კარგად შეიარაღებული და ბრძოლისუნარიანი ჯარით იდგა პერუელთა სახელგანთქმული მხედართმთავარი ჩალკუჩიმა. მას შეეძლო შეეტია კახამალკაში გამაგრებული ასოთხმოცი ესპანელისათვის და ამოეჟლიტა ისინი, მაგრამ მოვლენათა შინაგანი ლოგიკიდან მომდინარე, ასე არ მოხდა.
ატაჰუალპამ განთავისუფლების საფასურად გამოსასყიდი შესთავაზა: ოთახი, რომელშიაც ის ცხოვრობდა: 24 კვადრატული მეტრი ფართის მქონე, 2 მეტრისა და 30 სანტიმეტრი სიმაღლემდე აევსოთ ოქროთი... კონკისტადორი მოჩვენებით დათანხმდა. დაიწყეს ოქროს შეგროვება. ამ საქმეში, ბუნებრივია, ესპანელები აქტიურობდნენ. ოქროს ძებნამ პისაროს ძმა ერნანდო ქალაქ ხაუხაში მიიყვანა და, მიეცა რა შესაძლებლობა, გადაწვიტა ისეთივე მახე დაეგო ჩალკუჩიმასათვის, როგორიც მისმა ძმამ ატაჰუალპას დაუგო.
ინკების იმპერიაში თეთრი ადამიანების შემოჭრისა და ატაჰუალპას დატყვევების ამბავი ჩალკუჩიმასათვის ცნობილი გამხდარიყო, მაგრამ მთელი სიცოცხლე თავისი მბრძანებლის ნების აღმსრულებელს, ახლა არ შეეძლო უეცრად შეცვლილიყო და დამოუკიდებლივ ემოქმედა. მითუმეტეს, უცხოელებს მბრძანებლისაგან საშვიც ჰქონდათ ნაბოძები. ეს აბნევდა სარდალს, რომელმაც არ იცოდა, რას ფიქრობდა ატაჰუალპა, რა განზრახვა ჰქონდა და ამიტომ, იმის მაგივრად, რომ ხელთ ეგდო ერნანდი პისარო და დაძრულიყო ქალაქ კახამალკისაკენ, უმოქმედობა არჩია, რათა, რაიმე, მბრძანებელთან შეუთანხმებელი არ მოემოქმედებინა - ურჩობაში არ ჩამეთვალოსო... ამით ისარგებლა ერნანდი პისარომ და მოხერხებულად შეაპარა: ატაჰუალპა გიბარებსო... და ისე, რომ არც გადაუმოწმებია ინფორმაციის სიზუსტე, ჩალკუჩიმა უსიტყვოდ გაჰყვა ერნანდო პისაროს... როცა ჩავიდნენ, დიდი მოწიწებით მიეახლა თავის მბრძანებელს და ისიც ესპანელთა ხელში აღმოჩნდა. მისი ოცდაათათასიანი არმია კი, უმეთაუროდ დარჩა, რის შედეგად დეზორგანიზებულმა მეომრებმა წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს ესპანელებს. კონკისტადორთა თავხედობამდის მისული სითამამე, ვერავითარ შედეგს ვერ გამოიღებდა, ინკების დესპოტურ რეჟიმს პიროვნული ნება და ინიციატივის გამოჩენის სურვილი რომ არ ჩაეკლა ჩალკუჩიმასა და დანარჩენ მხედართმთავრებში, რომელთაც ატაჰუალპას დატყვევებისთანავე დაკარგეს გადაწყვეტილების მიღების უნარი, - რაკი დირექტივებს ვეღარ იღებდნენ... აი, ამან გაუადვილა ფრანცისკო პისაროს ინკების იმპერიის დაპყრობა, მისი მბრძანებლის ჩამოხრჩობა, რომელსაც ზღაპრულმა გამოსასყიდმაც ვერ უშველა და, პერუელი დოყლაპია მხედართმთავრის შეთითხნილი ბრალდებით კოცონზე დაწვაც.
ინკების დესპოტური რეჟიმისაგან ბევრად განსხვავდებოდა ნაპოლეონის იმპერია, მაგრამ მისი იმპერატორის ავტორიტარული მმართველობით ინიციატივადაკარგულმა მარშალმა, ასევე დაღუპა ეს იმპერია...
ანტიფრანგული კოალიციის მიერ ძლეული ნაპოლეონ I კუნძულ ელბაზე გადაასახლეს. ფორმალურად, ის ამ კუნძულის მმართველად იქნა აღიარებული და საპატიო დაცვად ათას ასი ჯარისკაცი დაუტოვეს.
საფრანგეთში დაბრუნებულმა ბურბონებმა, რომელთაც ტალეირანის ნათქვამს თუ გავიმეორებთ: „არც არაფერი უსწავლიათ და არც არაფერი დავიწყნოდათ“ კონტრრევოლუციური ტერორი დაამყარეს. ამან, ბუნებრივია, უკმაყოფილება წარმოშვა მოსახლეობაში და ამით, ნაპოლეონის დასაბრუნებლად სათანადო პირობები შეიქმნა. ამ უკანასკნელმაც არ დააყოვნა და 1815 წლის 1 მარტს ჟუანის ყურეში, საფრანგეთის სანაპიროზე, თავისი ათასეულით გადმოჯდა და პარიზისაკენ დაიძრა. ბურბონთა მიერ გაგზავნილი ჯარები მის მხარეზე გადავიდნენ, ლუდოვიკო XVIII ბელგიაში გაიქცა, 20 მარტს ნაპოლეონი პარიზში შევიდა, დაიწყო ე.წ. „ასი დღე», მისი მმართველობისა. ნაპოლეონმა სცადა ახალ რეალობას შეგუებოდა და შეექმნა ლიბერალური იმპერია. ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლას ის საშინაო საქმედ მიიჩნევდა: „საფრანგეთი შეიძლება იყოს მონარქიული, რესპუბლიკური ან საიმპერატორო, და არც ერთ ევროპელ ხელმწიფეს არა აქვს უფლება ჩათვალოს, რომ ეს ცუდია“. ევროპელი მონარქები ასე არ ფიქრობდნენ და ჯერ კიდევ 13 მარტს, ნაპოლეონი „კაცობრიობის მტრად“ გამოაცხადეს, ხოლო 25 აპრილს იურიდიულად გაფორმდა მეშვიდე კოალიცია საფრანგეთის წინააღმდეგ, - დარჩებოდა თუ არა იმპერატორად ნაპოლეონი, - ეს ბრძოლის ველზე უნდა გადაწყვეტილიყო.
ნაპოლეონის გეგმით, კოალიციის ჯარები ცალ-ცალკე უნდა გაენადგურებინათ. ამიტომ, 15 ივნისს, ფრანგებმა ბელგიის საზღვარი გადალახეს, 16 ივნისს იმპერატორის ბრძანებით მარშალმა ნეიმ უელნგტონის ინგლისურ-ჰოლანდიურ არმიას შეუტია და დაამარცხა; იმავე დღეს ნაპოლეონმა ბლიუხერის პრუსიელთა არმიას აგემა მარცხი. ასეთი იყო პირველი შეტაკების შედეგები. გადაწყდა, მოწინააღმდეგის არმიებისათვის გაერთიანების საშუალება არ უნდა მიეცათ. ამიტომ, ნაპოლეონმა პრუსიელებს კვალში მარშალი გრუში ჩაუყენა 35 ათასიანი არმიით,- რაც ფრანგთა ძალების ერთი მესამედი იყო... 18 ივნისს გაიმართა ცნობილი ვატერლოოს ბრძოლა. ფრანგებისა და ინგლის-ჰოლანდიის ძალები თითქმის თანაბარი იყო და ბრძოლის ბედს გადაწყვეტდა ის, თუ რომელ მხარეს მოუვიდოდა პირველად დახმარება, ანუ, ბლიუხერი მიეშველებოდა უელინგტონს, თუ გრუში - ნაპოლეონს. აქ უკვე ყველაფერს ამ ადამიანების პიროვნული თვისებები წყვეტდა...
ბრძოლის სასწორი მთელი დღის მანძილზე მერყეობდა, მტრისათვის გადამწყვეტი დარტყმა რომ მიეყენებინა, დამატებითი ძალა იყო საჭირო. ნაპოლეონი მოუთმენლად ელოდა მარშალ გრუშის, ის კი არ ჩანდა. იმპერატორმა ჰკითხა შტაბის უფროსს, მარშალ სულტს: „თქვენ გაუგზავნეთ მალემსრბოლები გრუშის?“ - სულტმა უპასუხა: „მე ერთი გავუგზავნე“, „მოწყალეო ხელმწიფეო, ბერტიე ას მალემსრბოლს გაგზავნიდა“- რისხვით შესძახა იმპერატორმა. ბერტიემ იცოდა ნაპოლეონის ხასიათი და, მართლაც, ასე მოიქცეოდა, მაგრამ ნაპოლეონს გრუშიც იცნობდა. ამიტომ უსიტყვოდ იცავდა მოცემულ ინსტრუქციას. კარგად უწყოდა, იმპერატორს არ უყვარდა, როცა მის ბრძანებებს არღვევდნენ, სიტუაცია კი, სწორედ რომ, ბრძანების დარღვევას ითხოვდა, - ოღონდ გრუში ამის გამკეთებელი არ იყო: ის გახლდათ უინიციატივო ადამიანი, მას ბრძანებების შესრულება შეეძლო, კარგი მოსამსახურე იყო, მაგრამ ნებას ვერ ავლენდა, პიროვნულად სუსტი, ნაპოლეონის ავტორიტარული მმართველობის პირობებში, დამოუკიდებელ მოქმედებას ვერ ბედავდა, მას არ გააჩნდა არც ნეის, არც მიურატის, არც ბერტიეს და არც დიუროკის თვისება, ნაპოლეონის მიერ დასმული ამოცანაც შეესრულებინა და, ამავე დროს, ინიციატივაც გამოევლინა... ასე რომ, ნაპოლეონისათვის, საფრანგეთისათვის, და ბოლოს, მთელი ევროპისათვის უმნიშვნელოვანეს ისტორიულ მომენტში, დამოუკიდებლად ვერმოქმედ ადამიანს, უნდა გადაედგა გადამწყვეტი ნაბიჯი. მან ეს ვერ შეძლო და ნაპოლეონის ასდღიან მმართველობასაც ვატერლოოს ველზე დაესვა წერტილი. საქმე ის არის, რომ ბლიუხერი მოხერხებულად გაუძვრა გრუშის და ფლანგიდან დაარტყა ფრანგებს. ამან ნაპოლეონის არმიაში პანიკა და დეზორგანიზება გამოიწვია. გრუში კი, ვერ მიხვდა, რომ მტერი, რომელსაც ის მისდევდა პრუსიელთა ძირითადი ძალები კი არა, არამედ პატარა რაზმი, რომლის მიზანიც ფრანგების შეცდომაში შეყვანა იყო, გრუში მექანიკურად განაგრძობდა მტრის დევნას...
საყურადღებო ფაქტია, - როცა მარშალ გრუშისთან მიაღწია იმპერატორის დამარცხების ამბავმა და ის, ამრიგად განთავისუფლდა ნაპოლეონის დირექტივისაგან, ახლა არათუ ევალებოდა, არამედ შეეძლო კიდეც, დამოუკიდებლად ემოქმედა: მან საოცარი მხედართმთავრული ნიჭი გამოავლინა, - თავისი არმია ყოველგვარი დანაკარგების გარეშე ჩაიყვანა პარიზში, მიუხედავად იმისა, რომ მის განადგურებას ლამობდნენ ინგლისელთა და პრუსიელთა გამარჯვებული არმიები...
ეს ორი მაგალითი ცხადყოფს, რომ დესპოტური და ავტორიტარული მმართველობა თრგუნავს ადამიანში მის ნებას, ახშობს ინიციატივას, აქცევს მას სხვისი ნების აღმასრულებელ მარიონეტად და, თუ თავად პიროვნება ძლიერი არ არის, ის, მისდა უნებლიედ, მისივე სულიერად დამსაჭურისებელი რეჟიმების დამხობის, ზოგჯერ კი, მთელი ქვეყნებისა და ხალხების დაღუპვის მიზეზი ხდება.
აბსოლუტური ძალაუფლებისაკენ მეტისმეტი მონდომებით სწრაფვა, რაც დიდი ამბიციურობის შედეგია, ასეთ პიროვნებას საშიშს ხდის სხვა ადამიანებისათვის, იმ ნეგატიური ზემოქმედების გამო, მათზე რომ ახდენს ის... მაგრამ, და ამაში ისტორიის მრავალი მაგალითი გვარწმუნებს, ძალაუფლების მოჭარბებული სიყვარული თავად ამ პიროვნებისათვის არის დამღუპველი. გავიხსენოთ ამის თაობაზე ჯავაჰარლალ ნერუს ნათქვამი: „ყოველგვარი ძალაუფლება რყვნის ადამიანს, აბსოლუტური ძალაუფლება კი, აბსოლუტურად რყვნის“.
ჩვენთან, პარტიები, არსებითად, ერთი სუბეთნოსის ინტელიგენციის წიაღში არსებული პატარ-პატარა ჯგუფების მიზნების გამომხატველნი არიან, მაგრამ პრეტენზია აქვთ წარმოადგენდნენ ზოგად ეროვნული ხასიათის პოლიტიკურ ძალას, - განურჩევლად იმისა, ძალუძთ ამ ტვირთის ტარება თუ არა...
პოლიტიკოსის პიროვნული რაობა და ის, თუ რა ღირებულებებს ეფუძნება მისი პოლიტიკა, საყოველთაო ყურადღებისა და განსჯის საგანია, ამით პოლიტოლოგებიც ინტერესდებიან, ჟურნალისტებიც და ლიტერატურისა და ხელოვნების მოღვაწეებიც.
წინამძღოლის რაობის საინტერესო გააზრებას ვნახულობთ ძმების პაოლო და ვიტორიო ტავიანების 1974 წელს გადაღებულ ფილმში „alonzanfan“, რომელშიაც მარჩელო მასტროიანი განასახიერებს კარბონართა ორგანიზაციის მეთაურის როლს, ვინც მოღალატედ ქცეულა; ეს ადამიანი თვითდამკვიდრებას გამომცემლობით ახერხებს, საკუთარი ორგანიზაციის გეგმებს ამცნობს ხელისუფლებას და ამით თანამებრძოლთათვის სასიკვდილო განაჩენი გამოაქვს. ამას აკეთებს გულგრილად. რაც ყველაზე საინტერესოა, არავის, კარბონართაგან ეჭვიც კი არ შეჰპარვია წინამძღოლის ერთგულებაში, სწორედ ეს ბრმა რწმენა აქცევს უძლეველად მოღალატეს, ამასთან, იმდენად, რომ ამ უკანასკნელს ყოვლის შემძლეობის ილუზია ექმნება. ეს კარგად ჩანს ეპიზოდში, როცა ცრუ ლიდერი შემზარავი ცინიზმით კლავს ერთ-ერთ თანამებრძოლს, ამცნობს რა ღალატის და, შესაბამისად, ორგანიზაციის მოსალოდნელი განადგურების ამბავს, ისე დაუგებს მახეს, რომ ამას გულწრფელი პატრიოტი ვერ გრძნობს და დაჰყვება მოღალატის ნებას; ჰგონია, რომ ერთად დატოვებენ ამ ცოდვილ მიწას. ტბაში ნავით გასულები, ქვამიბმულ თოკებს კისერზე ჩაიბამენ, გამცემი საქმეს ისე მოაწყობს, გაბრიყვებული თანამებრძოლი პირველი გადაეშვება წყალში, თვითონ კი - ქვას გადააგდებს და მშვიდად დაბრუნდება ნაპირზე... მასტროიანის კინოგმირი მხოლოდ ერთხელ უშვებს შეცდომას და ისიც იმიტომ, რომ, სულ ერთი წუთით, ქვად ქცეული გული გაულღვა და მოყვასისადმი მზრუნველობა გამოავლინა. ადამიანთა გამწირავს, ადამიანისადმი თანადგომა სიცოცხლის ფასად დაუჯდა... ეს მაშინ მოხდა, როცა მის მიერ გაცემული აჯანყება ჩახშობილი იქნა და გზად მიმავალი ცრუ ლიდერი, შემთხვევით გადააწყდა ერთ თანამებრძოლს, - ნაცემ-ნაგვემს, იმისაგან შეიტყო სავალალო შედეგი საკუთარი ნამოქმედარისა. უყურებდა ამ განაწამებ, განწირულ ადამიანს და მაშინ იყო, მისდამი ზრუნვის გამოვლენა რომ სცადა და სიცივისაგან აძაგძაგებულს თავისი ქურთუკი მოახურა. ადგა და წავიდა, რათა ესეც გაეცა, ოღონდ მალე მეფის ჯარისკაცებს გადააწყდება; იმათ, ამბოხებულებს მუსრს რომ ავლებდნენ და უცებ იგრძნო: საბედისწერო შეცდომა დაუშვა. საქმე ის გახლავთ, რომ სენტიმენტალურობის მოძალების ჟამს, პაროლი დაავიწყდა, რითაც ამბოხებულებს ერთმანეთი უნდა ეცნოთ: ისინი პერანგისამარა უნდა ყოფილიყვნენ, - სწორედ ეს დაავიწყდა მოღალატეს, როცა ქურთუკი სხვას მისცა. ახლა ისიც პერანგისამარა იყო და ჯარისკაცები მასაც მოკლავდნენ, გვიან მოეგო გონს მოღალატე, მაგრამ ხვეწნა-მუდარამ, არ მესროლოთ თქვენიანი ვარო, ვერ იხსნა...
ლიდერის სულ სხვა ტიპს გვიხატავენ ანტიკური წყაროები, როცა აღწერენ ჩვენი წელთაღრიცხვის I საუკუნის მიწურულს, დაკეთის მეფისა და მხედართმთავრის დეცებალის ცხოვრებას და მოღვაწეობას. ის მაშინ მოვიდა ხელისუფლების სათავეში, როცა მისი წინამორბედი მეფე დიურპანე დამარცხდა რომის იმპერიასთან ომში და დაკეთს განადგურება და დაპყრობა ელოდა. დეცებალმა, დროის მოგების მიზნით, მოლაპარაკებები დაიწყო რომთან, პარალელურად, დიდი მოსამზადებელი საქმიანობა წამოიწყო, გააერთიანა დაქსაქსული დაკი ბელადები, გაწვრთნა ჯარი, სამოკავშირეო ხელშეკრულება დადო მეზობელ ტომებთან, - ბასტარნებთან და როკსოლანებთან. არსებითად, დაიწყო ანტირომაული კოალიციის შექმნა. და ბოლოს, როცა ჩათვალა, რომ საკმაოდ ძლიერი იყო, მოულოდნელად თავს დაესხა რომაელებს და მთელი ლეგიონი და დამხმარე რაზმები გაანადგურა, ბრძოლაში დაიღუპა რომაელი მხედართმთავარი და, რაც ყველაზე დიდი სირცხვილი იყო რომაელთათვის, მათი დროშა გამარჯვებულ დაკებს ჩაუვარდათ ხელში. შემდეგ ბრძოლაში, ტაპესთან, დაკები დამარცხდნენ. საფრთხე დაემუქრა დაკეთის დედაქალაქს - სარმიზეგეტუზას. მაშინ, დეცებალმა ზავი ითხოვა. დეცებალის ელჩებმა რომაელებს დაუბრუნეს ტყვეები და იარაღი, რომელიც ბრძოლაში მოიპოვეს. სამაგიეროდ, იმპერატორმა დომიციუსმა დეცებალს მეფის გვირგვინი გაუგზავნა, - როგორც რომის ქვეშევრდომ ხელმწიფეს. ასეთი იყო ამ ზავის შედეგი, მაგრამ დეცებალი დამორჩილებას არ აპირებდა. ის ემზადებოდა ომისათვის და აკოწიწებდა ანტირომაულ კოალიციას. რომში, აგენტურის წყალობით, დაკების მეფის მანიპულაციების თაობაზე კარგად იყვნენ ინფორმირებულნი. ჩვენი წელთაღრიცხვის 101 წელს, იმპერატორი ტრაიანე 200 ათასიანი არმიით დაკეთში შეიჭრა.
დედაქალაქის მისადგომებთან დაკებმა ისეთი მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს მათ, რომ რომაელები შეჩერდნენ. მაგრამ, დაკი ბელადები ყველაფერში დეცებალს არ ეთანხმებოდნენ და მალე ღალატის გზას დაადგნენ. ამან დეცებალი აიძულა ისევ ზავი ეთხოვა. იმისათვის, რომ დაუბრკოლებლივ შეჭრილიყო დაკეთში, თუ იქ კვლავ რომის საწინააღმდეგო აჯანყება დაიწყებოდა, ტრაიანემ დუნაიზე ხიდი ააგო, - ანტიკური საინჟინრო ხელოვნების ერთ-ერთი სასწაული. ამან არ უშველა საქმეს და 105 წელს დეცებალმა კვლავ განაახლა საომარი მოქმედება, რათა მოეპოვებინა სრული თავისუფლება, მაგრამ რომის იმპერიის ტერიტორიაზე დაკებმა შეჭრა ვერ მოახერხეს. ლეგიონებმა ისინი უკან გარეკეს და სარმიზეგეტუზას ალყა შემოარტყეს, რომელიც დიდხანს გაგრძელდა, ბოლოს, მოღალატეებმა რომაელებს ქალაქის კარი გაუღეს. სარმიზეგეტუზას ცეცხლი მოედო, დაკებმა მონობას სიკვდილი არჩიეს, ქალაქის მოედანზე საწამლავით სავსე დიდი ქვაბი დადგეს. დაკები მიდიოდნენ და, დიდი და პატარა, საწამლავს სვამდა... დეცებალმა პარტიზანული ომი დაიწყო, მაგრამ ამ ბრძოლაშიც დამარცხდა და როცა ალყაში მოექცა, დაკების ქედუხრელმა მეფემ თავისი ხალხის მსგავსად მონობას სიკვდილი არჩია. დეცებალმა საკუთარი ხელით გამოიჭრა ყელი...
მარჩელო მასტროიანის კინოგმირი «რისერჯიმენტოს» ხანის კარბონართა ლიდერია, დეცებალი ნახევრად ველური ტომების მეფე თუ ბელადი, მაგრამ ისტორიული ეპოქა, ამ შემთხვევაში, როლს არ თამაშობს. მთავარი, პიროვნების რაობაა, მისი ხასიათი და ზნეობა... და ეს განასხვავებს მათ.
სწორედ ეს განსხვავებულობა წარმოაჩენს თემის აქტუალობის, მისი მრავალმხრივი გააზრების საჭიროებას, რადგან ლიდერები და ის, თუ რას ერთგულებენ ისინი, მრავალი მილიონი ადამიანის ბედს განსაზღვრავს. და უკვე ამიტომ არის მეტად მნიშვნელოვანი.
შემაშფოთებელია ის, თუ როგორ ადვილად ახერხებს საქართველოში მავანი და მავანი პოლიტიკურ არენაზე დამკვიდრებას, ამათუ იმ დონის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფალის სტატუსის მიღებას და, თანამდებობის ბოროტად გამოყენებას. ჩვენ კი თავს ვიტეხთ იმის თაობაზე, თუ როგორ ვებრძოლოთ კორუფციას... ამიტომაა საჭირო, იმ ხალხის დროული იდენტიფიცირება, ვინც დროის კონიუქტურაზე დაფუძნებული ფრაზეოლოგიით ცდილობს საზოგადოების გაბრიყვებას, პოლიტიკური მოღვაწის იმიჯს იქმნის, სინამდვილეში კი, უბრალოდ, გარეწარია. ამასთან დაკავშირებით, მახსენდება პერსონაჟი ესპანელი კინორეჟისორის, პედრო ოლეას ფილმიდან: „ფარიკაობის მასწავლებელი“; ეს გახლავთ, ვინმე რევოლუციონერი, - ხალხის, და ქვეყნის ინტერესების დამცველად რომ მოაქვს თავი, მაგრამ, როგორც კი, შემთხვევით, მის ხელში პოლიტიკურ მოწინააღმდეგეთა მაკომპრომეტირებელი დოკუმენტები აღმოჩნდება, ამას, მაშინვე, ფულის გამოძალვის მიზნით, შანტაჟის მოსაწყობად გამოიყენებს... ვინ არის და რა სურს იმას, ვინც მოიბრძვის სახელისუფლებლო სტრუქტურებში ადგილის მოსაპოვებლად, თავიდან ძნელი მისახვედრია; ამასთან, მათ მიზნის მიღწევაში, მეტად უწყობს ხელს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის სოციალური პასიურობა, რომლის ფონზე უაღრესად თამამ (ხშირ შეთხვევაში, თავხედ) ინდივიდთა დემაგოგიური ფრაზეოლოგია, აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობის ილუზიას ქმნის, - რასაც, სამწუხაროდ, დაიჯერებენ ხოლმე... საქართველო, დღეს ცდილობს სახელმწიფოებრიობა აღადგინოს და ასეთ დროს, ქვეყანას წარმმართველ ძალად ცუდად განათლებული კარიერის მაძიებლები კი არა, მოაზროვნე ადამიანები სჭირდება, რომელთაც შესაფერის სიტუაციაში სათანადოდ მოქმედებაც ძალუძთ, მიმდინარე მოვლენების ანალიზიც და გარდასულ დღეთა ამბების ღრმა, ყოველმხრივი, გააზრებაც. ეს, სხვათაშორის, დიდი სახელმწიფოებრივი ტრადიციების მქონე ქვეყნების პოლიტიკური ელიტის დამახასიათებელი თვისებაც გახლავთ. ამ თვალსაზრისით, მეტად საინტერესოა XIX საუკუნის ცნობილი ფრანგი პოლიტიკური მოღვაწის, ადოლფ ტიერის, როგორც ისტორიკოსის, შემოქმედების შესახებ, ანატოლ ფრანსის მიერ გამოთქმული მოსაზრება: „რევოლუციის ისტორია“, და „კონსულობისა და იმპერიის ისტორია“ მთელი ოცდაათი წელი, ყველაზე პოპულარული წიგნები იყო საფრანგეთში: „თუ მხედველობაში არ მივიღებთ „სამ მუშკეტერს», რომელიც უნდა ვაღიაროთ, იმავე ჟანრს არ მიეკუთვნებოდა“. მე რაღაც, არ მაგონდება თანამედროვე ქართველ პოლიტიკოსთაგანს, ვინმეს, ამისი მსგავსი შეფასება მიეღოს... არც ალექსანდრე დიუმას შედევრის ტოლფასი ნაწარმოები შეუქმნიათ და ბევრ მათგანს, როცა უსმენ, იმაშიც გეპარება ეჭვი, აქვს თუ არა „სამი მუშკეტერი“ წაკითხული... ნამდვილად სამწუხარო ფაქტია, რომ ჩვენი პოლიტიკოსების დიდი ნაწილი, თავიანთ ლიტერატურულ „მოღვაწეობას“ გაზეთებისათვის ინტერვიუს მიცემით შემოფარგლავს და, რომელი გზითაც დაბეჯითებით ცდილობენ, დაგვარწმუნონ, რომ ჩვენში მიმდინარე პოლიტიკური ბრძოლების კულისებს მიღმა ამბებზე, რაღაც ისეთი იციან, რაც სხვამ არ იცის... ოღონდ, თუ რა იციან ასეთი, ამას არ გვეუბნებიან... შემჩნეული მაქვს, მთელ რიგ პოლიტიკოსებს აჩემებული თემები აქვთ და გაუთავებლად ლაპარაკობენ მათ შესახებ...
ეს შეუფერებლობა დაჩემებული პროფესიისადმი კიდევ იმაში გამოვლინდა, რომ გაუთავებელი ლაპარაკია: თანამდებობის პირს, მოვალეობა რომ კარგად შეასრულოს და არ იქურდოს, აუცილებელია, დიდი ხელფასი ჰქონდესო... ბლომად ფული ურიგო არ არის, და რიგით მოქალაქეებსაც არ აწყენდათ, სწორედ ამიტომ მინდა, კორუფციასთან ამ გზით მებრძოლებს შევახსენო, რომ არის ერის ისტორიაში პერიოდები, როცა სახელმწიფო საქმეს ნებისმიერი რანგის მოხელე პატრიოტული შეგნებით უნდა აკეთებდეს და, ამ დროს, ისეთივე მცირე ხელფასს უნდა სჯერდებოდეს, როგორიც აქვთ მის თანამოქალაქეებს... ახლა, საქართველოს ისტორიაში, სწორედ ასეთი პერიოდია, მაგრამ ჩვენი უბედურება იმაში მდგომარეობს, რომ ეროვნული თვითშეგნება დაქვეითებული გვაქვს და თანამდებობის პირთა ოფიციალურად მოსყიდვა გვჭირდება (მაღალი ხელფასებით) იმისათვის, რომ თავიანთი მოვალეობა სინდისიერად შეასრულონ... ასეთი ქმედების აუცილებლობის შესახებ ყველაზე მეტს თავად ხელისუფლების წარმომადგენლები ლაპარაკობენ და ამ გზით ქმნიან ლეგალური კორუფციის ერთგვარ იდეოლოგიურ საფუძველს...
გაერკვე იმაში, ვინ მოთამაშეა და ვინ არა, ძნელი არ იქნებოდა, რომ პრესას, პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების საკითხებისადმი ერთობ უცნაური პოზიცია არ ჰქონდეს გამოვლენილი. საქმე ის გახლავთ, რომ ტენდენციურ დამოკიდებულებას ავლენენ ზოგიერთი თანამედროვე და ისტორიული პიროვნების მიმართ, სახელდობრ: ამორჩეული ჰყავთ წარსულისა თუ ახლანდელი დროის 30-40 მოღვაწე და გაუთავებლად მათ შესახებ წერენ ან მათგან იღებენ ინტერვიუებს, - თითქოს, მათ გარდა, არც დღეს და არც წარსულში, სხვა არავინ იყოს წარმოსაჩენი; თუ ეს ასეა, დავღუპულვართ და ეგ არის; მაგრამ თუ ასე არ არის, მაშ რატომ დუმს სხვა ადამიანების შესახებ პრესა? ჩვენ ხომ იმათი მოძიება გვჭირდება, ვისაც საქვეყნო საქმის კეთება ძალუძს. რა არის ამაში გაუგებარი?...
„ისარგებლო შენი დროის გონებრივი განვითარებით, რომ შეიმეცნო სხვა საუკუნეთა სული“
ფრანსუა მინიე
ამ მოსაზრებით თუ ვიხელმძღვანელებთ, მაშინ იმ შეცდომებსაც აღარ დავუშვებთ, დღევანდელ ყოფას აუტანელს რომ ხდის. მე, უპირველეს ყოვლისა, ღირებულებათა გადაფასების პროცესის გაუკუღმართებულ წარმართვას ვგულისხმობ, რომელმაც არსებითად განაპირობა ის გაურკვეველი სიტუაცია, რომლის წყალობითაც, ჩვენში გაუგებარი გახდა, თუ რა არის კარგი და რა კიდევ ცუდი... ისე გვსურს, გავემიჯნოთ კოლონიურ-კომუნისტურ წარსულს, რომ მთელი სიღრმით არც გაგვიაზრებია, რა იყო საქართველოს ისტორიის ეს მონაკვეთი, რა კვალი დაამჩნია მან ჩვენს ყოფას და რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ წარსული დღევანდელობაზე არ ახდენდეს გავლენას? კაცმა რომ თქვას, ამ კითხვას თუ ვუპასუხებთ, - გადაფასებაც ეს იქნება, მაგრამ ამის გაკეთება გაჭირდა იმ მიზეზით, რომ საზოგადოების არც თუ მცირერიცხოვანი ნაწილი, ყოველმხრივ შეეწინააღმდეგა ამის მცდელობას და თუ მთლად ვერ შეაჩერეს, იმდენად მაინც დააბრკოლეს, რომ ამ მოვლენამ რაღაც სანახევრო და ეპიზოდური ხასიათი მიიღო. ამისი შედეგი ის არის, რომ, ამ ბოლო დროს, წარსულის ერთგვარი კონტრშეტევაც შეინიშნება და, რომელიც, აშკარად უარყოფს «პერესტროიკისა» და დამოუკიდებლობის წლების მონაპოვარს...
ბუნებრივია, იბადება კითხვა: რაა ამისი მიზეზი? ნუთუ ასეთი რეტროგრადები ვართ, რომ ძველს და დრომოჭმულს ვერ შეველიეთ? ვფიქრობ, ამ პროცესს სულ ცოტა ორი მიზეზი აქვს: პირველი: სოციალური საფუძველის მქონეა, - ძალიან ბევრი ვინმეს მატერიალური კეთილდღეობა და საზოგადოებრივი მდგომარეობა, - რაც ჰქონდათ და დღესაც შენარჩუნებული აქვთ, მიღწეული იყო კოლონიურ-კომუნისტური რეჟიმისადმი გამოვლენილი ლოიალურობის წყალობით, აშკარა თანამშრომლობაზე რომ არაფერი ვთქვათ. გასაგებია, არავის სურს, მისი მონაპოვარის კანონიერება საეჭვოდ იქნეს ცნობილი. მეორე: ჩვენში აშკარად არ იგრძნობა, რომ „ვსარგებლობთ ჩვენი დროის განვითარებით, რათა გარდასულ დღეთა სული“ შევიმეცნოთ. ამ საქმეში ზედაპირულობა აშკარაა. ამიტომ მოხდა, რომ საყველპუროდ გაგებულმა სახელმწიფოებრიობის, ინტერნაციონალიზმის, ნაციონალიზმის, დემოკრატიის, ტოტალიტარიზმის, რესპუბლიკანიზმის, მონარქიზმის, პარლამენტარიზმისა და, ზოგიერთმა, კიდევ სხვა პრინციპმა, ვერ ჩამოგვიყალიბა სათანადო დამოკიდებულება ზემოხსენებული ღირებულებებისადმი და არ აღგვიძრა მწვავე სურვილი, სხვა თვალით შეგვეხედა წარსულისათვის. სხვათა შორის, ამიტომ არის, რომ ამდენს ლაპარაკობენ ჩვენში სტალინის ფენომენის შესახებ, ოღონდ, შეფასებისას, კრიტიკულს ან, საერთოდ ვერ გაიგონებთ ან მეტისმეტად ცოტას... რატომ ასეთი ცალმხრივი, არაობიექტური დამოკიდებულება? მხოლოდ იმიტომ, რომ უცხო, და ამასთან, დიდი ქვეყნის მმართველი გახდა? მაგრამ, ხომ იყვნენ სხვა ქართველები, რომლებიც ადრეულ საუკუნეებში ასევე დიდი სახელმწიფოების მმართველთა იერარქიაში მაღალი და უმაღლესი თანამდებობები დაიკავეს! გავიხსენოთ, თუნდაც, XI საუკუნის ბიზანტიის იმპერიის ქართველი სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე გრიგოლ ბაკურიანი, აღმოსავლეთის დიდი დომესტიკოსი, პეტრიწონის ქართველთა მონასტრის დამაარსებელი, ვინც ყარსის ციხე გადასცა ქართველებს. ან ალავერდი-ხანი XVI-XVII საუკუნეების შესაყარის ირანის უდიდესი სახელმწიფო მოღვაწე, რომელმაც ამ ქვეყნის გაძლიერებას უზარმაზარი ამაგი დასდო, მისი ძალისხმევით აგებული საზოგადოებრივი ნაგებობანი ახლაც აღფრთოვანებას იწვევენ. დიდი მოხელე იყო მისი შვილიც, იმამ-ყული-ხანიც. ესეც ირანის ფაქტობრივი მმართველი იყო. რამდენი ქართველი სულთანი და ბეგი იყო ეგვიპტის მამელუქთა სახელმწიფოში, ამას ვინ მოსთვლის, მარტო ის რად ღირს, რომ ნაპოლეონ ბონაპარტეს წინააღმდეგ, დიდ პირამიდებთან გამართული ბრძოლის დროს მამელუქთა მხედრობას ორი ქართველი, - მურად ბეი და იბრაჰიმ ბეი შინჯიკაშვილი სარდლობდა. ვინ მოთვლის ქართველ დიდ ვაზირთა და კაპუდან ფაშათა რაოდენობას ოსმანთა იმპერიაში. XIX საუკუნის დამდეგს ერაყის უდიდესი სახელმწიფო მოღვაწე, დაუდ ფაშა, - ქართველი იყო. XVII-XX საუკუნეებში ორივე რუსეთში, მონარქისტულსა და კომუნისტურში, ბევრი ქართველი დიდი სამხედრო და პოლიტიკური ფიგურა იყო.
ერთი სიტყვით, უცხოეთში მრავალმა ქართველმა გაიკეთა კარიერა და მიაღწია ძალაუფლების მწვერვალს, იმიტომ, რომ მოერგნენ ადგილობრივ პირობებს და ის აკეთეს, რაც იმ ერებს სურდათ, ვის სამსახურშიც იყვნენ... ეს, განურჩევლად იმისა, ნებით იყვნენ ქართველები იმ ქვეყანაში მოხვედრილნი თუ იძულებით აღმოჩნდნენ იქ. შეგუებისა და უცხო გარემოში ადაპტაციის უნარს, ხშირად, სხვა ხალხებზე უკეთ ქართველები ავლენდნენ და ეს ფენომენი საგანგებო ყურადღებასა და შესწავლას საჭიროებს: საინტერესოა, როგორი იყო ამ ადამიანების დამოკიდებულება სამშობლოსა და თანამემამულეებისადმი, რა მოჰქონდა მათ გადიდკაცებას საქართველოსთვის; თუ ამ კუთხით შევხედავთ, დავინახავთ, რომ სამშობლოსა და ქართველებზე ისინი თავს არ იკლავდნენ, პირიქით, უმეტესწილად ერთიცა და მეორეც მსხვერპლად ეწირებოდა მათ კარიერას. ამიტომ, ბუნებრივია, საქართველოს სიკეთეს ვერ მოუტანდნენ. სნობებისათვის უცხოეთში აღზევებული ქართველები ყოველთვის იყვნენ აღტაცების საგანი. თუმცა, არა ისეთი უსაფუძვლო, ულოგიკო და უაზრო, როგორიც სტალინის პიროვნებისადმია გამოვლენილი. არაფრისმომტან უშნო ახირებას რომ წარმოადგენს. იმიტომ და მიუხედავად ამისა, სტალინის ანტიქართული დანაშაულებრივი საქმიანობა ცნობილია საზოგადოებისათვის, ქართველთა ერთ ნაწილს ჯერ კიდევ დაბინდული აქვს თვალები და ცრუ კერპის თაყვანისცემით თავს იკლავენ, საქმე იქამდე მივიდა, რომ ქართველი ერის ამ უბოროტესი მტრისათვის დამოუკიდებელ საქართველოში ძეგლების დადგმა დაიწყეს... ეროვნული ღირსების არქონის ამ გამოვლენისა და საერთაშორისო მასშტაბის თავსლაფის დასხმას საზოგადოება საოცარი გულგრილობით ხვდება... და უნებლიედ გაფიქრებინებს: თუ სტალინს უდგამენ ძეგლს, რატომ არ უნდა დაუდგან ძეგლი მურვან ყრუს, ბასილი ბულგართმმუსვრელს, ალფარსლანს, ჯალალედინს, თემურ-ლენგს, შაჰ-აბასს, აღა-მაჰმად-ხანს... განა მათ ნაკლები უბედურება მოუტანეს საქართველოს? სტალინის სიცოცხლეში, მისადმი კომპლიმენტარული დამოკიდებულება ჰქონდათ ანალოგიურად მოაზროვნე ადამიანებს, ვისთვისაც უპრინციპო ავანტიურიზმი, ვერაგობა და ძალისმიერი მეთოდები თვითდამკვიდრების საშუალებები იყო, ანუ ის საშუალოობა, რომელიც, სტალინის მსგავსად, სხვის კუთვნილ ადგილს წაეპოტინა... დღეს კი, მისადმი გამოვლენილი აღტაცება, ეს კარგის და ცუდის განურჩევლობის ბრალია, ადამიანებმა არ იციან, ვის უნდა სცენ პატივი და რისთვის... როცა ქართული სახელმწიფოს, - ჩვენი პირველი რესპუბლიკის დამამხობელს, ერისათვის გენოციდის მომწყობს, ქართველთა ზნეობრივად გამრყვნელს, კულტურისა და ტრადიციების მომშლელს, რუს მოხელედ ქცეულ კარიერისტს, რომლის ზეაღსვლაც მხოლოდ ბოლშევიკურ რუსეთში იყო შესძლებელი, თავისუფალი საქართველოს მოძულე შვილს მეჯღანისას, აშკარად არასრულფასოვნების კომპლექსის მქონეს, რომელმაც რუსეთში აღზევებას მსხვერპლად შესწირა საკუთარი სამშობლო - კულტად აქცევ და თაყვანისცემას დაუწყებ, ამით ამჟღავნებ, რომ პიროვნული ღირსების გრძნობა არ გაგაჩნია, გრძნობ საკუთარ არარაობას, ხარ მონა და აღტაცებული ხან სხვა, ასევე მონის, დიდი წინსვლით, არა ხარ მოქალაქე და არც ცივილიზებული ადამიანი, რადგან ბელადი ჰყავთ მხოლოდ ველურებს... პირველყოფილი ინსტინქტებით მოქმედ არსებებს... მითუმეტეს, არ შეიძლება ასეთი შეხედულების მქონეთა გააქტიურების შეუფასებლობა, ერის მოღალატის გმირად გამომცხადებელთა აულაგმაობა, რადგან შეიძლება დამკვიდრდეს აზრი, რომ სტალინის მმართველობის სტილი და ფორმა ახლობელია და ძვირფასი ჩვენთვის. ეს კი, ცუდია, იმიტომ, რომ ასეთი ტიპის მმართველი საქართველოს ისტორიას არ ახსოვს. სტალინი ქართული მოვლენა არ არის, სტალინიზმი კი, - ლენინიზმის გაგრძელებაა...
ასეთი მაგალითები ზედაპირზე ძევს, ამიტომ, ადვილად შესამჩნევია, მაგრამ ეს მათ მნიშვნელობას ვერ ამცირებს, რადგან სწორედ მათი მეშვეობით გამოჩნდა ნათლად, რომ ღირებულებათა გადაფასების გარეშე ვერც აწმყოს მოვაწყობთ გონივრულად და ვერც მომავალს, მაგრამ, ამას ვერ ვაკეთებთ იმიტომ, რომ საზოგადოება ორად არის გაყოფილი და დეზორიენტირებულია, ჩვენ კი, სწორი გეზი გვჭირდება, რომლის პოვნა მხოლოდ ეროვნული იდეის გააზრების გზით არის შესაძლებელი, მაშინ წარსულსაც თავისი ადგილი მიეკუთვნება, აწმყოსაც და მომავალსაც. ვფიქრობ, იმ სულიერი კრიზისიდანაც გამოვალთ, ახლა რომ ვიმყოფებით და ეროვნული ღირსების გრძნობაც გაგვიძლიერდება. თუ ეს ასე არ მოხდა, ვერავითარ აღმშენებლურ პროცესს ვერ წარვმართავთ, ვერც დემოკრატიულ სახელმწიფოს ავაშენებთ...
„სამოქალაქო საზოგადოების არქონის დროს ყოველთვის არის ომი ყველასი ყველას წინააღმდეგ“
თომას ჰობზი
ცხადია, კოლონიურ-კომუნისტური რეჟიმის დროს საქართველოში ვერ იქნებოდა სამოქალაქო საზოგადოება და შემდეგაც, როცა თავისუფლება მოვიპოვეთ, მეტად გაგვიძნელდა ამისი გაკეთება, რაც მოგეხსენებათ, ერთჯერადი საქმე არ არის, ხანგრძლივი პროცესია, რომელიც სტიქიურად ვერ დაიწყება, თავისით არ ჩამოყალიბდება, და ისევე როგორც სახელმწიფოს აღმშენებლობას, ეკონომიკურ რეფორმას, კულტურის განვითარებას, - სათანადო კონცეპციის შექმნას ჭირდება. ასევე გააზრება უნდა სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებასაც, თუ როგორი კანონმდებლობაა საჭირო, რანაირი ცხოვრების წესი უნდა დავამკვიდროთ და რა ზნეობრივი ატმოსფეროა შესაქმნელი, როგორც ეს მიესადაგება სამოქალაქო საზოგადოებას. მაგრამ, რადგანაც, ამ შემთხვევაშიც, სტიქიურობას მიენიჭა უპირატესობა, დინებას მიყოლილი ადამიანები პირველყოფილი სისასტიკით შეებნენ ერთმანეთს (ზოგი ამას ფიზიკური გადარჩენისათვის აკეთებდა, ზოგიც, - გასამდიდრებლად) არანაირი წესი ამ ბრძოლისა არ არსებობს, ვის როგორ ეხერხება, ისე იქცევა, ტყუილი, პირობის გატეხა, „გადაგდება“, რეკეტი, დაყაჩაღება, კრედიტების განიავება, ეროვნული ქონების ძარცვა, კონკურენტების თავიდან მოშორება დაუშვებელი მეთოდებით და სხვა უმსგავსობანი ჩვენში სოციალური ბრძოლის ფორმებს წარმოადგენს.
არანაკლები დაუნდობლობით გამოირჩევა პოლიტიკური ბრძოლები, ანუ ძალაუფლების მოპოვების მცდელობანი, წარმატებული და წარუმატებელი.
ბრძოლაა ცხოვრებისა და ყოფის ყველა სფეროში, ის მოიცავს მეცნიერებასაც და ხელოვნებას, განათლებას, მრეწველობას, ბიზნესს, სოფლის მეურნეობას, სპორტს და მომსახურეობის სფეროს, ეს დაპირისპირებები მიმდინარეობს ფარულად და აშკარად.
ეს ყველაფერი, ბუნებრივია, ქმნის ქაოსს სახელმწიფოში, მაგრამ ჩვენი ყოფის პარადოქსულობა იმაში მდგომარეობს, რომ ხელისუფლება მეტნაკლბად ახერხებს სიტუაციის გაკონტროლებას, რისი წყალობითაც, ვიმყოფებით კონტროლირებული ქაოსის პირობებში... ასეა თუ ისე, ერთი კი ფაქტია, ჯერჯერობით, ჩვენში, ბრძოლაა ყველასი ყველას წინააღმდეგ ანუ, არ არსებობს სამოქალაქო საზოგადოება.
„ჩვენ ისეთივე ადამიანები ვართ, როგორიც ისინი არიან, ჩვენ ისეთივე კიდურები გვაქვს, როგორიც მათ, გვაქვს მათსავით დიდი ტანი და მათებრ შეგვიძლია ვიტანჯოთ, ყველაფერი გვაქვს ჩვენ, გარდა ვაჟკაცობისა“.
ვაკო. „უუფლებოთა რომანი“
ამ სიტყვებით მიმართავდნენ ძლიერთ ამა ქვეყნისათ XII საუკუნის ფრანგი გლეხები, როცა თავიანთი ადამიანური უფლებების დაცვას ცდილობდნენ. საქართველოს დღევანდელ მოსახლეობას ეს უფლებები კონსტიტუციით აქვს მონიჭებული, მაგრამ რეალური ყოფა ბევრად განსხვავდება დეკლარირებული პრინციპებიდან. თავად განსაჯეთ, თუ ხელფასი საარსებო მინიმუმზე ბევრად ცოტაა და მოქალაქე საშიმშილოდ არის განწირული. ასეთ დროს ადამიანის უფლებებზე არ ლაპარაკობენ, უხერხულია და იმიტომ... მაგრამ, ამ შემთხვევაში საინტერესო სხვა რამ არის:
კერძოდ, ის თუ როგორ ვრეაგირებთ ამ უსაშველოდ გახანგრძლივებულ ექსტრემალურ სიტუაციაში ყოფნაზე და როგორი იქნება ჩვენი ქცევის წესი მაშინ, თუ მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა.
სადღეისოდ, გარემო-პირობებისადმი მოსახლეობის დამოკიდებულების თაობაზე, თუ ვინმეს რაიმე უთქვამს, ისიც აღუნიშნავს, რომ გამოვლენილ იქნა გასაოცარი გამძლეობა და მოქალაქეობრივი თვითშეგნება, რისი წყალობითაც თავიდან ავიცილეთ სოციალური კონფლიქტები, ანუ მეორე რესპუბლიკის დროს, აღარ განმეორდა ის, რამაც თითქმის მთლიანად შთანთქა ჩვენი ეროვნული ენერგია პირველი რესპუბლიკის წინაპერიოდსა და მისი არსებობის წლებში, დიახ, ეს ასეა და ამ მოვლენამ დიდად შეუწყო ხელი სტაბილურობას ქვეყანაში, პოლიტიკურ ძალებს კი - დემოკრატიული სახელმწიფოს აღმშენებლობის პროცესი მეტად გაუადვილა. თუ რამდენად ისარგებლეს მათ ამ სიადვილით, - ეს სხვა საქმეა... ფაქტი კი ისაა, რომ სოციალურ პრობლემებს საზოგადოებაში დაპირისპირება არ გამოუწვევია, მაგრამ ეს, ცხადია, არ ნიშნავს იმას, თითქოს ზემოხსენებული პრობლემა აქტუალური არ იყოს, პირიქით ის მეტად დიდი მნიშვნელობის მქონეა და სულ უფრო მეტ გავლენას ახდენს მოსახლეობის ყოფაზე და გამოვლინდება არატრადიციული ფორმით: ვგულისხმობ, კრიმინალურ ბუმს, რომელიც, ამ რამდენიმე წლის წინ, ყაჩაღურ ძარცვა-გლეჯაში გამოიხატა, ახლა კი, წარმოუდგენელი მასშტაბის კორუფციაში. ერთი მედლის ორივე ეს მხარე ისეთივე სოციალური ბრძოლაა, როგორც ხელფასის გაზრდის მოთხოვნით მოწყობილი გაფიცვა, ან ფასების ზრდის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად ჩატარებული დემონსტრაცია... უბედურება ის არის, რომ როგორც მოგახსენეთ, არატრადიციულ ფორმებს მიენიჭა უპირატესობა, ამის მიზეზი კოლონიურ-კომუნისტური რეჟიმის მიერ დამკვიდრებული 70-წლიანი კრიმინალური ცხოვრების წესი იყო, რომელმაც გვაზიარა ქურდული ცხოვრების მორალს... იმ წლებში, საზოგადოების ერთი ნაწილი, ყოველმხრივ ცდილობდა, გაემართლებინა ე.წ. საარვისო ანუ სახელმწიფო ქონების ძარცვით საკუთარი ბიუჯეტის შევსების მცდელობა, რადგან მაშინ არსებული ცხოვრების წესი, მაძღრად ყოფნის სხვა საშუალებას გამორიცხავდა. ამასთან, ასეთი ქმედება მიუღებელი სოციალური სისტემისადმი პროტესტის ფორმადაც მიიჩნეოდა... სამი თაობა აღიზარდა ასეთ არანორმალურ ზნეობრივ გარემოში, შეითვისა მახინჯი რეალობისაგან თავს მოხვეული ყალბი ფასეულობანი. ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს, როცა თავისუფლება მოვიპოვეთ და ამავე დროს, არსებობის პირობები კიდევ უფრო გაუარესდა. მოქალაქეთა საკმაოდ დიდმა ნაწილმა, სრულიად გაურკვეველმა თავის უფლება-მოვალეობებში და იმ განსხვავებაში, რაც დემოკრატიულ ბურჟუაზიულ სახელმწიფოს აქვს ტოტალიტარულ-სოციალისტურთან შედარებით, ძველებურად სცადა პრობლემათა მოგვარება... ასეთი იყო და არის კრიმინალური ბუმის სოციალური და ზნეობრივი საფუძველი, მაგრამ უბედურება ის გახლავთ, რომ დამოუკიდებლობის წლებში საზოგადოებამ არ შეიცვალა შეხედულება, არ გადააფასა ღირებულებანი და არ აღეძრა სურვილი სხვაგვარად მოქმედებისა. ამ ცოტა ხნის წინათ, როცა ლარის „ლიბერალიზაცია“ განახორციელეს და მოსახლეობის ისედაც დუხჭირი ცხოვრება კიდევ უფრო გაუსაძლისი გახდა, ფსიქოლოგებმა, ტელევიზიით გამოთქვეს თავიანთი აზრი, ამ ამბებთან დაკავშირებით, მოსახლეობის მოსალოდნელი ქცევის თაობაზე. მათი პროგნოზი ასეთი იყო: მოსახლეობა თავისი სოციალური უფლებებისათვის ბრძოლას არ დაიწყებს. ნაწილი ეცდება „ტრადიციული“ გზით გადაირჩინოს თავი, ანუ, მოხდება საზოგადოების შემდგომი კრიმინალიზაცია. უმეტესობა კი, კიდევ უფრო დიდ დეპრესიაში აღმოჩნდება, - ესე იგი, კიდევ უფრო დაბეჩავდება, გათითოკაცდება და გულჩათხრობილი გახდება. ეს არ არის კარგი პერსპექტივა, რაც ნიშნავს იმას, რომ გვემართება ის, რაც ისტორიულად არ გვახასიათებდა: კომპოზიტორ დიმიტრი არაყიშვილს თავის დროზე ასეთი მოსაზრება აქვს გამოთქმული: „ჩვენს წინაშე ერთგვარი საკვირველი მოვლენაა: ქართველების ხალხურ სიმღერებში მრავალსაუკუნოვანი ტანჯვა და ხალხის სევდა არ ისახება, ოთხმოცამდე სიმღერა ჩავწერე და არც ერთში ხალხის სევდის მსგავსი რამ არ ისახება“. ახლა, ლუკმაპურის საშოვნელად ქუჩაში გამოსულ მომღერალთაგან მრავალგზის გაიგონებთ გასაოცარ სევდისმომგვრელ სიმღერებს... განსაკუთრებით დამთრგუნველი ის ინტონაციაა, რითიც ასრულებენ თავიანთ სოლო კონცერტებს... ეს ეროვნული ნიჰილიზმის ნიშანია, იმისი საპირისპირო მოვლენა, ჩვენს სასიქადულო კომპოზიტორს რომ შეუნიშნავს...
ამ მდგომარეობიდან თავის დაღწევა საზღვარგარეთ გადახვეწის გარეშეც შეიძლება. თუ მოსახლეობა სწორ დასკვნას გააკეთებს, მეტ შეგნებულობას გამოიჩენს და კანონიერების ფარგლებში აქტიური ორგანიზებული მოქმედებით დაიცავს თავის სოციალურ უფლებებს. მე არ ვგულისხმობ მასობრივ საპროტესტო აქციებს, არამედ საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციების მეშვეობით საკუთარი ნების გამოხატვას, რომელიც სახელმწიფოში დაამკვიდრებდა შეუწყნარებელ დამოკიდებულებას: დილეტანტიზმის, ბიუროკრატიზმისა და კორუფციისადმი. ასეთი აქტიური პოზიცია სოციალური პრობლემების გადაწყვეტასაც შეუწყობდა ხელს და დემოკრატიული სამართლებრივი სახელმწიფოს აღმშენებლობასაც, მაგრამ სამწუხაროდ, საზოგადოება ჯერჯერობით ვერ იაზრებს ამდაგვარი მოქმედების აუცილებლობას და ავლენს ინერტულობას.
მოსახლეობის პასიურობა ზოგიერთებს ქვეყნის სტაბილურობის გარანტია ჰგონია... პირიქით, ეს დესტაბილიზაციის პირობაა.
იმისათვის, რომ ჩვენი უფლებები დავიცვათ, აუცილებელია მოქელექეობრივი ვაჟკაცობის გამოვლენა, - მის გარეშე, მიზანს ვერ მივაღწევთ.
1998 წლის დეკემბერი
![]() |
12 სოციალური ფორმაციის შეცვლისა და დიფერენცირებული საზოგადოების ჩამოყალიბების საკითხი საქართველოში |
▲ზევით დაბრუნება |
„რაოდენ სასიამოვნოა, როცა რაიმეს შენ საკუთრებად თვლი“
არისტოტელე
„საშუალო ფენას მრავალი უპირატესობა აქვს. მე მინდა, რომ სახელმწიფოში საშუალო ფენას ვეკუთვნოდე“.
ფოკულიდე
ეპიგრაფად მოხმობილი მოსაზრებანი იმას გვიდასტურებენ, რომ ანტიკურ სამყაროში, ამ ორიათასზე მეტი ხნის წინათ, კარგად უწყოდნენ იმ ჭეშმარიტებას, რომლის არსის გაცნობიერებაც ჩვენ დღეს ასე გვიჭირს... და ეს არა იმიტომ, თითქოს არ ვიცოდეთ კერძო საკუთრებისა ან საშუალო ფენის არსებობის მნიშვნელობა, პირიქით, კარგადაც ვიცით, მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ პრობლემად გვექცა სახელმწიფოებრივი ცხოვრების იმდაგვარი ორგანიზება, რომელიც ზემოხსენებულ სიბრძნეს გააზრებულ სამოქმედო პრინციპად აქცევდა. სამწუხაროდ, როგორც სხვა მრავალ შემთხვევაში, ისე ახლაც, ვიცით რა გვსურს, ოღონდ, წარმოდგენა არ გვაქვს, თუ რა გზით მივაღწიოთ მიზანს. ყოველ შემთხვევაში, ნამდვილად არ გაგვაჩნია ერთი ფორმაციიდან მეორეში გადასვლის გეგმა, რომლის საჭიროებაც ყოველი ფეხის ნაბიჯზე იგრძნობა. თავად განსაჯეთ: დაუსრულებლად გრძელდება ეგრეთწოდებული გარდამავალი პერიოდი, უთავბოლოდ წარმართული სახელმწიფო ქონების გასახელმწიფოებრიობის გამო, არ აღორძინდა ქვეყნის მეურნეობა და არც მოსახლეობა, გააქტიურებულა სოციალურად, პირიქით, თვალში საცემია დაბნეულობა და უიმედობა.
ახლა, ჩვენში, იმისი მსგავსი მდგომარეობაა 1864 წლიდან, ბატონყმობის გაუქმების შემდეგ რომ იყო: იმ დროსაც გაგვიჭირდა ურთიერთობათა ახალი ფორმების შეთვისება, ანუ იმისი გაკეთება, რაც საქართველოში მცხოვრებმა სომხებმა, ებრაელებმა, გერმანელებმა, პოლონელებმა, ბერძნებმა, რუსებმა და ბევრი სხვა ერის წარმომადგენელმა შესძლეს, რომელთაც კაპიტალიზმის პირობებში გაცილებით უკეთ მოახერხეს თავიანთ შესაძლებლობათა რეალიზება, - ქართველებმა კი, ვერა, რადგან ტვირთად გვაწვა ფეოდალური ხანის ღირებულებანი, რომელთა წყალობით პრესტიჟულ საქმიანობად სულაც არ მიიჩნეოდა კომერცია და მრეწველობა, ანუ ის დარგები, ყველაზე მეტად რომ უწყობენ ხელს კაპიტალის წარმოქმნას, ბრუნვას და დაგროვებას... სამწუხაროდ, ვერც ტრადიციული სოფლის მეურნეობა ვაქციეთ საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე დაფუძნებულ საქმიანობად; ძალიან ნელა მიმდინარეობდა ნატურალური მეურნეობის რღვევის პროცესი. ეს „შენელებული“ მოქმედება გამოწვეული იყო იმით, რომ დროულად ვერ გადაფასდა ღირებულებანი, რის გამოც არ შეიცვალა ქცევის სტერეოტიპი, ეს კი, ახალ რეალობაში, ნამდვილი უბედურება იყო. ცხადია, საზოგადოების მოწინავე ნაწილს ესმოდა თანამედროვეობის მოთხოვნილებანი, ვერ შეგუების დამღუპველი შედეგები, მაგრამ ის საშუალებანი, რომლითაც ისინი მოვლენებზე ზემოქმედებას ცდილობდნენ აშკარად არასაკმარისი იყო, ხოლო ქართველთა დიდი ნაწილის ქცევა არსებული სიტუაციის მიმართ, იმდენად არაადექვატური იყო, რომ არც თუ მახვილგონივრულ ანეკდოტს ემსგავსებოდა... იმ დროის სატირიკოსების მიერ დანახული ჩვენი დოყლაპიობა ორიგინალურად წარმოაჩენს პრობლემის არსს: თბილისში, 1913-1914 წლებში, რუსულ ენაზე გამოდიოდა სატირულ-იუმორისტული ჟურნალი „ბიჩ“ (შოლტი), რომლის თანამშრომლებმა მეტად საინტერესო კარიკატურა შექმნეს, ერთმანეთის გვერდით ორი ნახატი მოათავსეს, პირველზე აშკარად სომხური გარეგნობის ვაჭარია გამოსახული მდიდრულად გაწყობილი ინტერიერის ფონზე, ქვეშ კი ვაჭრის ნააზრევია წაწერილი: - „სულ იმის ფიქრში ვიყავი, როგორ ჩამეგდო ხელში ქონება, ახლა კი ღმერთმა სულ მუქთად გადმომიგდო“-ო. თუ საიდან გადმოუგდო ეს ქონება, ამას მეორე ნახატი გვამცნობს, მასზე ქართველი თავადია გამოხატული, უზარმაზარი ხანჯლით სოფლის პეიზაჟის ფონზე, თავადის ცხოვრებისეულ შეხედულებას კი, სათანადო წარწერა გვამცნობს: „- სამი მამული გავყიდე, ბატონო, ვიფიქრე, მოვიშორე და მეშველა თქო, მარა საქმეში ხართ?.. - გუშინ გავიგე, ბიცოლაჩემს სიკვდილის წინ უანდერძებია ჩემთვის უშველებელი მამული. რა ოხრად მინდა, როდის განვთავისუფლდები ბოლოს და ბოლოს ამ მიწისაგან, მგელმა შემჭამოს”. აი, ასე; ერთი სულ იმას ფიქრობს, მიწა როგორ იგდოს ხელთ, მეორე კი, იმას, თუ როგორ შეელიოს ამ მიწას. პირველმა მისი ყადრი იცის, მეორემ, - არა. ვაჭარი მამულში ფულს დააბანდებს და ამ გზით კიდევ უფრო დიდ ფულს იშოვნის, თავადი მამულს ყიდის, მიღებულ თანხას ქეიფებში დახარჯავს... მიწისადმი ეს განსხვავებული დამოკიდებულება ღირებულებათა და ქცევის სტერეოტიპის სხვადასხვაობის ნათელი დადასტურებაა. 1971 წელს გამოცემულ წიგნში „სიცილის არქივიდან“, ამ კარიკატურას შეეხება კომენტარი, რომლის წყალობითაც ვიგებთ, რომ ის თავის დროზე ცენზურის მიერ იყო აკრძალული და 60 წლის შემდეგ „გამოგვაქვს დღის სინათლეზეო“... მართალი გითხრათ, სულაც არა აქვს მნიშვნელობა იმას, იყო თუ არა ეს სურათი მაშინ დასტამბული; მთავარი ის გახლავთ, რომ მან საზოგადოებაში გავრცელებული შეხედულება ასახა და ტრაგიკული ჭეშმარიტება დაგვანახა: ბატონყმობის გაუქმებიდან ნახევარი საუკუნის შემდეგაც. ქართველთა შორის ფეოდალური ხანის შეხედულებები იყო გაბატონებული, რაც, ცხადია, კაპიტალისტური ფორმაციის პირობებში, მოსახლეობის ქმედუნარიანობის საფუძველი ვერ იქნებოდა. ამიტომ აღმოვჩნდით კურიოზულ სიტუაციაში. დროის თავისებურება, კაპიტალის დაგროვებას და სარფიან საქმეში მის დაბანდებას ითხოვდა, ქართველთა უმეტესობას არც ფული ჰქონდა და არც მისი შოვნის საშუალება. მითუმეტეს, რომ ყველაზე მომგებიანი საქმიანობა, - ვაჭრობა, სხვა ერის შვილებისათვის გვქონდა გადაბარებული, რადგან თავად ამის გაკეთებას ვთაკილობდით... ქართულმა ლიტერატურამ უაღრესად საინტერესოდ ასახა ქართული ბურჟუაზიის უსუსურობა და უდღეურობა: გიორგი წერეთლის „პირველი ნაბიჯის“ გმირმა, ბახვა ფულავამ, დიდი ძალისხმევის შედეგად, ქონება დააგროვა, ისე დასახლდა, როგორც სურდა, სასურველი ესმაც ცოლად მოიყვანა, მაგრამ ერემია წარბას ვნებააშლილობას ემსხვერპლა ესმაც და ბახვა ფულავაც. იმავე გიორგი წერეთლის სხვა რომანის, „გულქანი“ პერსონაჟი, პეტრიელა გაწერელია, ყოფილი ყმა, ვაჭრად გადაიქცევა და თავისი ყოფილი ბატონის გაკოტრებული თავადის, რევაზ ბაკურაძის ქონებას ხელთ იგდებს, მაგრამ ის მოურავმა შიუკამ მოკლა, ხოლო მის მიერ დაგროვილი ქონება ნიავდება. ამ რომანების ორივე პერსონაჟის სულიერი, ფიზიკური და მატერიალური განადგურებას სხვადასხვა მიზეზი აქვს, მაგრამ კარგად ჩანს: ახლადფეხადგმული ქართული ბურჟუაზია იმდენად სუსტია, რომ ის საკუთარ თავს და ახლობლებს ვერ იცავს და ცხადია, ერის წარმმართველ სოციალურ ფენად ვერ იქცეოდა.
რაც შეეხება საქართველოს მოსახლეობის სხვა სოციალურ ფენებს, მაგალითად გლეხობას, მათში ქცევის სტერეოტიპის შეცვლა უაღრესად ნელა და არათანაბრად მიმდინარეობდა, ანუ ერთგვარად კი არ წარიმართა მთელ ქვეყანაში, არამედ ერთი-ორ პროვინციაში ინტენსიურად, უმეტესობაში კი, - ექსტენსიურად. ქცევის წესის ამ უჩვეულო ცვლილების ხასიათზე მეტად საინტერესო მოსაზრებას ისევ გიორგი წერეთლის, ამჯერად, პუბლიცისტურ ნაშრომში, „ამ დროის მოძრაობა“ ვკითხულობთ: „საცა არ გაიხედავ ყველგან ნიშნავ უცხო ამბებსა ამ ჩვენს პაწაწინა ქვეყანაში, მიხვალ სურამის სტანციაზე და იქ დაგხვდებიან იმერლები, რომელნიც გზაზე გადასარბენ ცეცხლის ეტლს ეშმაკივით ებღაუჭებიან და როგორც უნდათ და საითაც უნდათ, იქით წაიყვანენ. იქვე გადმოხვალთ ცეცხლის ეტლითგან და შეხედავთ მეკურტნეებს... „ბატონო, მიბოძეთ თქვენი ბარგი, მოვიკიდებ ზურგზე და გასტინიცისკენ გავშპები“ - ეს გურულებია. ოი, დიდება შენთვის ღმერთო, გურული და მეკურტნე, ეს რა ამბავია. გურულს იარაღი ხელში და წინ მტერი, - აი მისი საქმე... უწინ რომ გურულისათვის კურტანი მიგეცა, თოფს გესროდა; ახლა კი თვითონ გეხვეწება, მიბოძე, მე წავიღებო და თან კურტანსაც იკიდებს. გახვალ ბაზარში და შეხვალ ცეცხლის გემზე. იქ მატროსი ვინ არის? მეგრელი ან იმერელი... იქ ჩაჯდები ცეცხლის ეტლში და წამოხვალ. გზაზე ხონელი მიდის, ძარში ქათმები დაუმწყვდევია და კალათები კვერცხებით აქვს სავსე. სად მიხვალ? - ვეუბნები - ტფილისში გეახლებით, საქმეც მაქვს და სავაჭროცო. ტფილისში მიხვალ, მიიხედ-მოიხედავ, გაეცნობი, ლიხის მთის იქით მცხოვრებლებს ხედავ, რკინის გზა თითქოს იმერეთის ხალხისათვის გაეკეთებინოთო, თითქოს მხოლოდ იმათ სცნეს იმისი სარგებლობა, ეცნენ და ამის საშუალებით ტფილისი თავის სავაჭრო ქალაქად გახადესო. ისინი დღითიდღე მრავლდებიან ტფილისში და ტფილისის ბაზარში ამრავლებენ საქართველოს მიწა-წყლის ნაწარმოებს და ადიდებენ... აღებ-მიცემობას... რკინის გზამ ამ ხალხს მისცა საშუალება ტფილისში მოგზაურობისა და იქ აღებმიცემობის დაწყებისა. მართალია, ჯერ სამი წელიწადი არ გასულა, რაც რკინის გზა გაიხსნა, მაგრამ იმერლები ერთი-ორად გამრავლდნენ ტფილისში.” იმერეთისა და გურიის მცხოვრებთა გააქტიურებას თავისი მიზეზები ჰქონდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ჩვენში ქცევის სტერეოტიპის შეცვლის ფრაგმენტულად მიმდინარე პროცესის ნაწილი იყო მხოლოდ... რასაც, ბუნებრივია, იმ შედეგის მოტანა არ შეეძლო, რაც აუცილებელი იყო და დროის მოთხოვნილებებით გახლდათ ნაკარნახევი...
ასეთი იყო ქცევის სტერეოტიპის შეუცვლელობის ფასი. აქედან, რეალობაში გაურკვევლობა და შიში ახალი ფორმაციის მიმართ, რასაც რუსეთიდან შემოსული კაპიტალიზმისათვის გვერდის ავლის აბსურდულ მოსაზრებათა გავრცელება მოჰყვა, რამაც საბოლოო ჯამში, ჩვენი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი განვითარების პროცესი დააბრკოლა და განაპირობა ჩვენი პირველი რესპუბლიკის დაღუპვაც.
1921 წლიდან მოყოლებული, მთელი სამოცდაათი წელი, ეს იყო ჯერ კიდევ ჩანასახში მყოფი ქართული კაპიტალიზმის განადგურების შემდეგ მოსახლეობის მიერ გამოვლენილ კერძომესაკუთრულ ტენდენციებთან ბრძოლა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ვერცერთ მიზანს ვერ მიაღწიეს: ლეგალური კერძო მეწარმეობა მოსპეს, სამაგიეროდ, საოცრად აყვავდა ე.წ. „ჩრდილოვანი ეკონომიკა“ ანუ საქმოსნობის ის მახინჯი ფორმა, რომელიც ჩნდება „სოციალისტური ცხოვრების წესის“ დროს და მისი მუდმივი თანამგზავრია. კომუნისტებმა ვერ მოსპეს ფულის მნიშვნელობა, როგორც უმთავრესი მატერიალური ღირებულებისა. მათი ბატონობის დროს კარგად ცხოვრობდა ის, ვისაც ბევრი ფული ჰქონდა, ის კი და ამასთან დიდი რაოდენობით მხოლოდ უკანონო გზით მოიპოვებოდა. ამიტომ რუსული „წითელი არმიის“ ხშტებით დამკვიდრებულმა კოლონიურ-კომუნისტურმა რეჟიმმა მისთვის დამახასიათებელი ორმაგი მორალით საფუძვლიანად გარყვნა საქართველოს მოსახლეობის ზნეობა. ჩამოუყალიბა მას მპარავის ცნობიერება, დააჩვია ის ქურდული მორალით ცხოვრებას. ასე გაგრძელდა მანამ, სანამ დამოუკიდებლობა არ მოვიპოვეთ და არ დავადექით კაპიტალისტური განვითარების გზას, ანუ, აღმოვჩნდით იმავე მდგომარეობაში, რომელშიაც იყვნენ ჩვენი წინაპრები XIX საუკუნის 60-იან წლებში, მსგავსი პრობლემებით: გვიჭირს საბრუნავი კაპიტალის შოვნა, გაჭირვებამ ვაჭრობა დაგვაწყებინა, მაგრამ ქართველებს უძნელდებათ კომერციის კანონების სრულყოფილი შეთვისება, გვახასიათებს ერთი, მეტად ცუდი თვისება, - მცირეოდენი დანახარჯით ბევრის მოგება გვინდა. ამ თვალსაზრისით, უადგილო და უაზრო მაქსიმალიზმს ვავლენთ. სხვა მეზეზებიდან, უმთავრესია, სახელმწიფო მოხელეთა კორუმპირებულობა და კიდევ, მოსახლეობის დიდი ნაწილის ნიჰილისტური დამოკიდებულება, ჩვენს პირობებში ბიზნესის ნორმალურად კეთების მიმართ. ასეთი ზნეობრივი პოზიცია იმ საფუძვლად ვერ გამოდგება, რაზედაც კრძო ინიციატივაზე აგებული სამეურნეო საქმიანობა დაფუძნდება და აღორძინდება. შესაბამისად, ვერც სოციალური ფორმაციის შეცვლისა და დიფერენცირებული საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესი წარიმართება ნორმალურად. ამიტომ გრძელდება დაუსრულებლად ე.წ. გარდამავალი პერიოდი. საქმე ის არის, რომ მეტად გვამძიმებს წარსულის ტვირთი. XIX საუკუნეში ფეოდალური მენტალიტეტი აბრკოლებდა ახალი ფასეულობების დამკვიდრებას. XX საუკუნის ბოლოს, ასეთ პრობლემად „ჰომოსოვიეტიკუსის“ შეხედულებანი იქცა. თუ სოციალისტური წყობა აღარ არის საქართველოში, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ სრულიად ხელოვნური სოციალ-პოლიტიკური რეჟიმის არსებობის პირობებში აღზრდილი თაობები, ადვილად შეძლებდნენ ყველა იმ უარყოფითი თვისებისაგან განთავისუფლებას, რომელიც შეთვისებული ჰქონდათ. უდაოდ ჭეშმარიტებას ღაღადებდა ლუდვინ ფონ მიზესი, როცა წერდა: „...ჩვენ არა გვაქვს უფლება უდიერად გვერდით მოვისროლოთ სოციალიზმი, ჩვენ უნდა უარვყოთ ის, თუ გვსურს ვიხსნათ სამყარო ბარბაროსობისაგან». ასეთი უარყოფა ნიშნავს წარსულის სრულ გადაფასებას. ეს კი, ერთობ ძნელი საქმეა ჩვენს სინამდვილეში, - სადაც ყოფილ კომუნისტ და კომკავშირელ ფუნქციონერებს მნიშვნელოვანი თანამდებობანი უკავიათ ყველა დონის საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებაში. ასევე ბევრია ზემოხსენებული პერიოდის მოხელე, - ისინი ახლაც ისევე იქცევიან, როგორც ადრე იქცეოდნენ. სამეურნეო საქმიანობისათვის საჭირო კაპიტალი ისევ იმ ყოფილ საბჭოთა საქმოსნებს აქვთ, რომლებიც კოლონიურ-კომუნისტური რეჟიმის პირობებში ახრეხებდნენ ფულის კეთებას. ამ ჩამონათვალს უნდა მივუმატოთ ინტელიგენციის ის ნაწილი, რომელთაც ჰქონდათ და აქვთ გარკვეული პრივილეგიები, ან საშუალება, კარგად ეცხოვრათ და გარკვეული თანხაც დაეგროვებინათ. ამათ გარდა, კიდევ, ფული ჰქონდათ და აქვთ ე.წ. ქურდული სამყაროს წარმომადგენლებს და, აგრეთვე, იმათ, ვინც პროსტიტუციამ გაამდიდრა... ამ ჯგუფების წევრთა დიდი უმეტესობა შეადგენს ჩვენი საზოგადოების იმ 10%, რომელიც წარმოადგენს მდიდარ უმცირესობას. ეს პროცენტია სოციალურად აქტიური, მათი ქცევის ხასიათს განსაზღვრავს ის ზნეობრივი პრინციპები, რომელიც გამოუმუშავდათ წლების მანძილზე... აქედან მოდის უპრინციპო კარიერიზმი, ხაზინის ქურდობა, ეროვნული სიმდიდრის ძარცვა, ერთმანეთის გადაგდება, კლანურობა, ორმაგი მორალი, ჩრდილოვანი ეკონომიკა, ფალსიფიცირებული პროდუქციის დამზადება ან შემოტანა, გადასახადების არ გადახდა, ყაჩაღობა და ყველა ის უბედურება, რაც ჩვენს საზოგადოებას ახასიათებს. თუ ამას დავუმატებთ კიდევ პატრიოტიზმის გრძნობის დეფიციტს, ეგოიზმს და კანონიერი გზით ცხოვრების მიუჩვევლობას, არ უნდა გაგვიკვირდეს 1992 წელს დაწყებული პრივატიზაციის პროცესი, არსებითად, კრიმინალურ რევოლუციად რომ იქცა და რომლის დროსაც ყველა, ვისაც შეეძლო, ცდილობდა ხელთ რაიმე ქონება ჩაეგდო... ეს იყო ცხოველური ინსტინქტებით გამოწვეული მოძრაობა. ცხადია, ასეთ დროს სოციალური ფორმაციის შეცვლის რაიმე პროგრამის შექმნასა და, მითუმეტეს, განხორციელებაზე ფიქრიც ზედმეტი იყო და არის. იმიტომ, რომ კრიმინალური რევოლუცია ჩვენში დღესაც გრძელდება, - აშკარა ძარცვა-გლეჯით კი არა, ყველაფრის წამრყვნელი კორუფციის სახით. ამ კრიმინალურ ტალღაზე ბევრი გამდიდრდა ჩვენში და მათ რუსების წამხედურობით, „ახალ ქართველებს“ უწოდებენ, მაგრამ ეს ასე არ არის, როგორც მოგეხსენებათ, ფულიანთა უმეტესობა, - ყველა ძველია და, თუ ახალი გაერია მათ შორის, ისინიც ბევრ შემთხვევაში ძველებური მეთოდებით გამდიდრდნენ... ძველი გზა, - ეს, უპირველეს ყოვლისა, კოლონიურ-კომუნისტური ხანის იმ ქურდულ ტრადიციას და მის გამომხატველ მორალს ეფუძნება, რომლის მიხედვით, სოციალისტური სახელმწიფოს ქონების ძარცვა, დასაშვებ ქმედებად იყო მიჩნეული და რომლითაც ხელმძღვანელობდნენ მაშინდელი საქმოსან-მაქინატორები, ახლა კი, ბევრი ჩვენებური, ეგრეთწოდებული „ბიზნესმენი“, - არსებითად, ეროვნული სიმდიდრით მოვაჭრე სპეკულანტები; აბა სხვა რა უნდა ეწოდოს საქართველოდან ჯართის, ხე-ტყის, ან კიდევ, ელექტროენერგიის დაბალ ფასებში გაყიდვას, რაც, დამერწმუნებით, უჩვეულო კომერციაა და ქვეყნისათვის წამგებიანია. სამაგიეროდ, იმისათვის არის მომგებიანი, ვინც ის გაყიდა, მითუმეტეს, თუ გადასახადების გადახდასაც თავი აარიდა... ამის ჩამდენი სპეკულანტები, იმისათვის, რომ თავიანთი დანაშაულებრივი საქმიანობა მაქსიმალურად შენიღბონ, აარსებენ უამრავ ფირმას, შემდეგ, მათ ხურავენ და ხსნიან სხვას, და ასე, დაუსრულებლად. მათი ეს მანიპულაციები ასახვას ჰპოვებს სტატისტიკაში და იქმნება ილუზია, რომ ქვეყნის სამეურნეო ცხოვრება აყვავებას განიცდის, სინამდვილეში კი, ერთიდაიგივე ხალხის თაღლითობასთან გვაქვს საქმე, სპეკულანტური საქმიანობის დაფარვის მიზნით განხორციელებულ ქმედებას რომ წარმოადგენს. სიტყვამ მოიტანა და საქართველოს პირველი რესპუბლიკის ხელისუფლებამ, 1918 წლის 17 სექტემბრის კანონით, ბრძოლა გამოუცხადა სპეკულაციას, საკითხავია, როდის გააკეთებს ამას ჩვენი მეორე რესპუბლიკის ხელისუფლება და, თუ აპირებს, საერთოდ, ამის გაკეთებას. სხვაგვარად, საქართველოში, სოფლის მეურნეობა, კომერცია, მრეწველობა, მომსახურეობის სფერო, საბანკო და საბირჟო საქმიანობა ვერ განვითარდება. შესაბამისად, მოსახლეობის დასაქმებისა და, აქედან გამომდინარე, სოციალური დაფენების პრობლემა ვერ მოგვარდება. ძველებური მეთოდებით გამდიდრება, ქვეყნის განვითარებას ხელს არ შეუწყობს.
ყოველივე ამის შედეგად კი, მივიღეთ დღევანდელი მდგომარეობა: მოსახლეობის 10% მდიდარი და 90% უკიდურესად გაღატაკებული. ასეთი დიფერენციაცია დამღუპველია სახელმწიფოსათვის, რადგან არცერთი ამ ორიდან არც მის დასაყრდენად არ გამოდგება: პირველები იმიტომ, რომ მათი სიმდიდრე, უმეტესწილად, არაკანონიერი გზით არის შეძენილი, ამასთან, საყოველთაო სიღატაკის პირობებში, ერთი მუჭა მდიდრები ყოველთვის სიძულვილით სარგებლობენ და უფრო თავდაცვასა და საკუთარი ქონების გადარჩენაზე ფიქრობენ, ვიდრე ქვეყნის აღმშენებლობაზე. ამ წრიდან გამოსულთ, მაქსიმუმი, რაც შეუძლიათ, ის არის, რომ ეცადონ რაღაც, ფინანსური ოლიგარქიის ბატონობის მსგავსი, დაამყარონ; ეს კი, დაასამარებს ჩვენში დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბების იდეას. მეორენი კი, იმიტომ, რომ სიმბოლურ ხელფასზე ან პენსიაზე მყოფნი, სოციალურად დაუცველნი, მოუხმობელნი და იძულებით პასიურნი არიან;
ისინი გაუთავებლივ იმაზე ფიქრობენ, თუ როგორ გამოიკვებონ თავი, ყიდიან საკუთარ ნივთებს, სახლ-კარს, ან კიდევ, ათას რამეს უნდა მოჰკიდონ ხელი, - უმთავრესად კი სპეკულაციას, - რათა ლუკმა-პური იშოვონ. ცუდად ორგანიზებული სახელმწიფოებრივი ცხოვრების გამო მოსახლეობის აბსოლუტური უმეტესობა განიცდის ლუმპენიზაციის პროცესს... გაუსაძლის მდგომარეობას სხვადასხვაგვარად აღწევენ თავს: ერთნი მოთმინებით იტანენ აუტანელ ყოფას, სხვანი, - გაქცევას ცდილობენ. უზარმაზარი მასშტაბები მიიღო ემიგრაციამ, ხალხი საზღვარგარეთ ცდილობს ნორმალური პირობების ძებნას, უმეტესობა იქ დროებითი სამუშაოს საძებნელად მიემგზავრება, მაგრამ თუ ჩვენთან მდგომარეობა არ შეიცძალა, მათი დიდი ნაწილი ალბათ არც დაბრუნდება სამშობლოში... მრავალი ჩვენი თანამემამულე შინ და გარეთ დაუშვებელი გზით მოქმედებს და ასე სურს მის წინაშე მდგარი პრობლემების მოგვარება. კრიმინალური ქმედება რომ ხსნა არ არის, ეს საყოველთაოდ ცნობილი ჭეშმარიტებაა. კარგადაა ცნობილი ის ჩვენთვისაც, რადგან საუკუნის დამდეგს ბევრი ქართველი ასევე იქცეოდა... ამის საყურადღებო ფაქტს გვაწვდის არჩილ ჯორჯაძე, თავის წერილში „სამშობლო და მამულიშვილობა“, სადაც ციტატა მოჰყავს ბაქოში გამომავალი გაზეთიდან „კასპ“ და რომელიც გვამცნობს: „ამ უკანასკნელ ორ წელიწადს ადგილობრივი ადმინისტრაცია აპატიმრებდა ბევრ ქართველს, რომელნიც მისდევდნენ შანტაჟს, ძარცვა-გლეჯას, მკვლელობას და სხვას. ხშირად ესენი თავიანთ საქციელს ვითომდა პოლიტიკური მიზნებით ამართლებდნენ. ამის წყალობით გაჭირვებულ მდგომარეობაში ჩავარდნენ ის ქართველი მუშები, რომელთაც არაფერი საერთო არ ჰქონდათ რა შანტაჟისტებთან. სამრეწველოების და ქარხნების ადმინისტრაციამ ქართველი მუშები დაითხოვა, რადგან აღარ ენდობოდნენ ქართველებს. დღეს თითქმის აღარც ერთი ფირმა აღარ იღებს სამსახურში ქართველ მუშებს. ამრიგად, თუ საზოგადოდ უსაქმოდ დარჩენილნი დიდ გაჭირვებას განიცდიდნენ ბაქოში, ერთი ორად მეტ გაჭირვებას განიცდიან ქართველი მუშები, რომელთაც ყველა ეჭვის თვალით უყურებსო“. აი, ასე უკუღმართი გზით სვლას, ერისათვის სახელის გატეხა მოაქვს, ასე იყო იმ დროს და ბევრი ქართველი მოხვდა რუსეთის იმპერიის ციხეებში, ბევრიც დისკრედიტირებული აღმოჩნდა, როგორც ციტირებულ სტატიაში იყო ნათქვამი. დღეს კი, იგივე ხდება საზღვარგარეთის მრავალ ქვეყანაში. მაგრამ მიზეზი, საუკუნის დასაწყისისა და დასასრულის დროს მომხდარი ამბებისა, ერთია: ამ კრიმინალურ აფეთქებებს, ზნეობრივს გარდა, სოციალური საფუძველიც აქვს, რომელიც, თავის მხრივ, გამოწვეულია სათანადო მაორგანიზებელი ძალის არქონით, ანუ იმით, რომ ხელისუფლება ვერ ართმევს თავს იმ ამოცანას, რომლის გადაწყვეტაც მას ევალება. არსებითად, უპატრონოდ დარჩენილ მოსახლეობას უყალიბდება ნიჰილისტური შეხედულებანი, რაც, თავის მხრივ, ხელს უშლის ეროვნული ენერგიის გამოვლენას და ქართველთა უმეტესობას უილაჯო, ინერტულ მასად აქცევს...
ასეთი მდგომარეობიდან გამოსავალი იმის გაცნობიერებაშია, რომ, აუცილებელია ეროვნული იდეის გააზრება, რომლის შემადგენელი ნაწილიც სოციალური ფორმაციის შეცვლის გააზრებული გეგმა იქნება, რის შედეგადაც ქვეყნის მოსახლეობას მიეცემა ის სამოქმედო პროგრამა, რომელიც მიზანდასახული და შედეგიანი მოქმედების საშუალებას მისცემს.
ეროვნული იდეის კიდევ ერთი ღირებულება, პრინციპი და ინტერესის საგანი ადამიანის უფლება უნდა იყოს, წარმართოს სამეურნეო საქმიანობა. დასავლეთ გერმანიის „ეკონომიკური სასწაულის“ ერთ-ერთი ორგანიზატორი ლუდვიგ ერხარდი თავის გახმაურებულ წიგნში „კეთილდღეობა ყველასათვის“, ამის თაობაზე წერდა: „ძირითად სამეურნეო უფლებებში შედის, თითოეული მოქალაქის უფლება, მოაწყოს თავისი ცხოვრება ისე, როგორც ის პასუხობს - მისი ფინანსური შესაძლებლობის ფარგლებში - მის პირად სურვილებს და წარმოდგენებს. მოხმარების თავისუფლების ეს ძირითადი დემოკრატიული უფლება თავის ლოგიკურ დამატებას პოულობს მეწარმის თავისუფლებაში აწარმოოს და გაყიდოს ის პროდუქტი, რომელზედაც მოთხოვნილებაა, ე.ი. რომელსაც ის თვლის მყიდველის სურვილებისა და საჭიროების შესაფერისად და რომელთა წარმოებაც ამის გამო აუცილებელია და მას წარმატებას პირდება. მომხმარებლის თავისუფლება და სამეურნეო საქმიანობის თავისუფლება, ყოველი მოქალაქის ცნობიერებაში აღქმულ უნდა იქნეს, როგორც ხელშეუხებელი ძირითადი უფლება, მათი ხელყოფის მცდელობა უნდა ისჯებოდეს ისევე, როგორც საზოგადოებრივ წყობაზე ხელის აღმართვა. დემოკრატია და თავისუფალი მეურნეობა იმყოფება ისეთივე ლოგიკურ ურთიერთ კავშირში, როგორც დიქტატურა და სახელმწიფო მეურნეობა“.
იმისათვის, რომ სამეურნეო საქმიანობას მიჰყო ხელი, ანუ, შენი წვლილი შეიტანო ქვეყნის მატერიალური დოვლათის შექმნაში, საჭიროა საამისო პირობები არსებობდეს: კრედიტს დაბალი პროცენტით უნდა იძლეოდნენ, გადასახადები არ უნდა ახრჩობდეს მეწარმეს, შიდა ბაზარი დაცული უნდა იყოს კონტრაბანდული საქონლისაგან, მოსპობილი უნდა იყოს კორუფცია. სამწუხაროდ, არც ერთი ეს მოთხოვნა ჩვენში დაკმაყოფილებული არ არის და თუ რა მოჰყვა ამას, უკვე მოგახსენეთ. ახლა ბევრს ლაპარაკობენ ჩრდილოვანი ეკონომიკის ლეგალიზაციაზე, აგრეთვე იმათ რეაბილიტაციაზე, ვინც კრიმინალური რევოლუციის, დროს უკანონოდ, უზარმაზარი ქონება მიითვისა. ამ გზით სურთ დაუბეგრავი კაპიტალის (როგორც ამბობენ, 600 მილიონი აშშ დოლარის) დასაბეგრავად გადაქცევა... აგრეთვე, საქართველოში მოხვეჭილი და უცხოეთის ბანკებში გადამალული თანხების მოზიდვა ეროვნული მეურნეობის აღორძინებისათვის. ეს ანეკდოტური პროექტი დამნაშავეთა რეაბილიტირებისა, არც გაჩნდებოდა, რომ თავიდან გააზრებული ყოფილიყო, როგორც სოციალური ფორმაციის შეცვლის პრობლემები, ასევე, ქვეყნის სამეურნეო ცხოვრების განვითარების საკითხები. ეს რომ გაკეთებულიყო, მაშინ ისიც დღის წესრიგში იქნებოდა, თუ ვის უნდა მისცემოდა კრედიტი და ვის უნდა ჰქონოდა ხელშეწყობა. ყოველ შემთხვევაში, ამდენი ნაძირალა საქართველოს ძარცვის გზით რომ გამდიდრდა, მიზანს ვერ მიაღწევდა, ხოლო ბევრი ღირსეული ადამიანი ნამდვილად შეძლებდა შესაძლებლობათა რეალიზებას, ქვეყნისათვის საჭირო პროდუქციასაც დაამზადებდა და თავადაც შეძლებულად იცხოვრებდა.
კაცმა რომ თქვას, მიწა, ფაბრიკბი და ქარხნები, საპრივატიზაციო ფართი, ტექნიკა, კრედიტები, მათი გამოყენებით შექმნილი და ამოქმედებული ფირმები და საწარმოები, - ეს მხოლოდ საშუალებაა ადამიანების დასასაქმებლად, მათ მიერ დოვლათის შექმნისა და საკუთარი მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებისა, საბოლოო ჯამში კი, იმ კეთილდღეობის მიღწევისა, რასაც აღწევს ადამიანი, როცა ის საშუალო ფენის მკვიდრი ხდება... ეს კი ნიშნავს იმას, რომ გონივრული სამეურნეო პოლიტიკის შემთხვევაში, საქართველოში სწორად წარიმართება სოციალური დიფერენცირების პროცესი და დღევანდელი ორი ფენის მაგივრად მივიღებთ სამს:
ძალიან მდიდრებს, შეძლებულებს და ნაკლებად შეძლებულებს. ამათგან, პირველნი უნდა იყვნენ 10%, მეორენი - 80%, მესამენი - ისევ 10%. ამრიგად, საშუალო ფენა უნდა წარმოადგენდეს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას და იქცეს ქართული დემოკრატიული სახელმწიფოს ძირითად სოციალურ დასაყრდენად. აი, ეს მნიშვნელოვანი შედეგი უნდა ჰქონდეს ფორმაციის შეცვლასა და მოსახლეობის სოციალურ დიფერენცირებას საქართველოში.
საშუალო ფენა, ძირითადად, მცირე და საშუალო სიმძლავრის საწარმოებს ფლობს, ან მუშაობს. აქ ერთგვარი სტატისტიკაა საჭირო: ასეთი ტიპის საწარმოების რაოდენობა 1000 სულ მაცხოვრებელზე დიდბრიტანეთში 46, მთელი ქვეყნის მასშტაბით მათში დასაქმებულია 13,6 მილიონი ადამიანი. ეს საწარმოები ქმნიან შიდა პროდუქციის 50-53 პროცენტს. გერმანიაში შესაბამისად 37, 18,5, 50-54 იტალიაში კი 68, 16,8 57-60, საფრანგეთში 35, 15,2 55-62, აშშ 74,2 70,2 50-52, იაპონია 49,6 39,5 78 52-55. როგორც ხედავთ, საშუალო ფენის მიერ გამოყენებული ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური საშუალება ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში ქმნის პროდუქციის ნახევარს და ასაქმებს შრომისუნარიანი მოსახლეობის 40-50%. ამის თაობაზე ქართველებმაც კარგად ვუწყით და გაუთავებლადაც ვლაპარაკობთ, გავიხსენოთ, რას არ ამბობენ მცირე ჰესების, ფერმერული მეურნეობების, პატარ-პატარა საწარმოებისა და ფირმების სიკეთეზე, მაგრამ პრაქტიკულად, მეტად ცოტა კეთდება და არც ხელის შეწყობაა საკმარისი, პირიქით, საგადასახადო პოლიტიკა და მმართველი ბიუროკრატიის უკიდურესი კორუმპირებულობა, კლანური და კრიმინალური კავშირები, მათი მცდელობა მთელი რიგი მომგებიანი და პერსპექტიული დარგების მონოპოლიზირებისა, არსებითად შეუძლებელს ხდის ქვეყნის სამეურნეო ცხოვრების იმდაგვარ განვითარებას, რომ ფორმაციაც დროულად შაიცვალოს და მრავალრიცხოვანი საშუალო ფენა ჩამოყალიბდეს. არადა, მოვლენათა ასეთი წარმართვა მიტომაც არის საჭირო, რომ, ამ ბოლო წლებში, უცხოეთში სამუშაოს საძებნელად გადახვეწილი მრავალი ათასი ქართველის სამშობლოში დაბრუნების ეკონომიკური საფუძველი შეიქმნეს, და უკან მობრუნებულებს სათანადო სამოქმედო ასპარეზი მიეცეთ.
ყველა, შესაფერის თუ შეუფერებელ, შემთხვევაში პოლიტიკოსები გაიძახიან: კერძო საკუთრების პრინციპებზე დაფუძნებულ, სამართლებრივ, დემოკრატიულ სახელმწიფოს ვაშენებთო, მაგრამ რეალობა გვაქვს ისეთი, რომ ჩვენი მოქალაქეობრივი თავისუფლება ერთობ პირობითია, რადგან გაღატაკებული, უსახსრო ადამიანი არ შეიძლება დამოუკიდებელი იყოს. ის, ძალაუნებურად, სხვისი წემოქმედების ობიექტი ხდება და მისთვის მონიჭებული კონსტიტუციური უფლებანი ასეთ დროს ღიმილს იწვევს... რაოდენ სწორი იყო ბალზაკი, როცა ერთ თავის გმირს ათქმევინა: „რა მოგინდათ! საკუთარი თავის პატრონი იყოთ... კი მაგრამ შემოსავალი გაქვთ?“, აი, ამაშია საქმე, და თუ ის არა გაქვს, მაშინ შენს ადამიანურ უფლებებს ვერ დაიცავ... ასე რომ, დეკლარირებულ პრინციპებს მიზანდასახული სამეურნეო პოლიტიკით სჭირდება დამკვიდრება. სხვაგვარად მტკიცებას კი, - არა აქვს არავითარი აზრი. საქართველოს მოქალაქეს უნდა მიეცეს საშუალება, კანონიერი გზით რაიმეს მესაკუთრე გახდეს და ამ გზით მოიპოვოს თავისი დამოუკიდებლობის მატერიალური დასაყრდენი.
სოციალურად დაფენებული მოსახლეობა საზოგადოებას ანიჭებს იმ მრავალფეროვნებას, რომელიც ზეგავლენას ახდენს ცხოვრების ყველა სფეროსა და, მითუმეტეს, პოლიტიკაზე. უკვე იმით, რომ ყველა ფენას თავისი ინტერესების გამომხატველი პოლიტიკური ძალა ეყოლება, სამი სოციალური ფენის არსებობის პირობებში, და, თუ ვიგულისხმებთ, რომ ყველა ფენაში იქნებიან მემარჯვენეები, ცენტრისტები და მემარცხენეები, - შეიქმნება, ალბათ, 9 პარტია, ნაცვლად იმ 120-ისა, დღეს რომ არის, ამასთან, იმ ცხრას, რაკი მოსახლეობის ამა თუ იმ ფენის წარმომადგენლები იქნებიან, სოციალური ფუნქციაც ექნებათ მონიჭებული, მაშინ როცა, დღეს, პარტიები ვისი ინტერესების გამმხატველნი არიან, - გაუგებარია. ასეთი დიფერენცირება სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ეს სამი ჯგუფი პარტიებისა, ეროვნული, დემოკრატიული და სოციალური ღირებულებების ცალცალკე, გამიჯნულად გათავისების ნიადაგზე ერთმანეთს უნდა დაუპირისპირდნენ, - როგორც იყო და არის ჩვენში: სადაც ის, ვინც ეროვნულია, - არ არის დემოკრატი; დემოკრატი, - არ არის ეროვნული, ორივე ერთად კი, - უარყოფს სოციალურს... იმ ღირებულებას, რომლის გამოც, ადრე, ეროვნულისა და დემოკრატიულის უარყოფა ხდებოდა... ასეთ რამეს მხოლოდ საქართველოში ჰქონდა ადგილი და სახელმწიფოებრივი ცნობიერების არქონის შედეგი გახლდათ და არის... დასავლური ცივილიზაციის ქვეყნებში არსებული კლასიკური ტიპის პარტიებში პირიქით არის: განურჩევლად იმისა, თუ რომელ სოციალურ ფენას წარმოადგენს პარტია და რომელი ორიენტაციისაა იგი, - მემარჯვენე, ცენტრისტული თუ მემარცხენე, - მათ უპირობოდ აქვთ აღიარებული ეროვნული, დემოკრატიული და სოციალური ღირებულებანი. ერთობლობაში აღიქვამენ მათ და ამიტომ, კომპლექსურად წყვეტენ ამ თემაზე წარმოშობილ პრობლემებს.
ბოლო სამი არჩევნების მანძილზე, აშკარად გამოვლინდა უფუნქციო პარტიებთან ბრძოლის ტენდენცია, რაც საარჩევნო ბარიერის ზრდით გამოიხატა: 1992 წელს გადასალახი 3%-იანი ზღვარი, 1995 წელს 5%-იანი, წელს კი, უკვე 7%. ამ ლოგიკით, 2003 წლის არჩევნებში 9% უნდა ვივარაუდოთ და, ასე, დაუსრულებლივ... ჩვენი საარევნო კამპანიები უნიჭო ანეკდოტს რომ არ დაემსგავსოს, უფრო სწორი მგონია უნდა დაჩქარდეს ფორმაციის შეცვლისა და მოსახლეობის დაფენების პროცესი. ხსნა ამაშია, ეს უნდა გააცნობიერონ ქვეყნის მესვეურებმა. როგორც ვალუტის კურსის დადგენა არ შეიძლება, დაუსრულებლივ, მონეტარული წესით და, საბოლოოდ, ის საბაზრო ეკონომიკამ უნდა დაადგინოს, ისე არჩევნებისას ბარიერის ზრდა საქმეს ვერ უშველის და პარტიათა არსებობის საკითხს დაარეგულირებს შინაგანად განვითარებადი საზოგადოება.
დღეს, ჩვენი ეკონომიკაც ერთ ადგილზე ტრიალებს და ჩვენი კულტურაც. მოსახლეობის დაფენება მას სულ სხვა სტიმულს მისცემდა; აქ ისევ ბალზაკი უნდა მოვიხმოთ: „ყოველ სოციალურ ფენას თავისი გემოვნება აქვს“-ო, წერდა ის. დიფერენცირებული საზოგადოების ხელოვნებას სწორედ გემოვნებათა ეს განსხვავებულობა მიანიჭებს იმ მრავალფეროვნებას, რომელიც ესოდენ აკლია დღევანდელ შემოქმედებით აზრს. ამასთან, სხვადასხვა ფენის ინტერესებზე ორიენტირება: არამარტო მრავალი ათასი დაინტერესებული ადამიანია, - მკითხველისა თუ მაყურებლის სახით, - არამედ დაფინანსების გარკვეული წყაროების მოძიებაც საშუალებაც, რაც, თავის მხრივ, კულტურის ეკონომიკური საფუძვლის შექმნის აუცილებელი პირობაა. რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, თუ რაოდენ უწყობს ხელს კულტურის განვითარებას საბაზრო ეკონომიკის პრინციპები და რამდენად აუცილებელია ის ჩვენთვის, რადგან ჯერჯერობით, ვერც ამ სფეროში განვთავისუფლდით სოციალიზმის რეციდივებისაგან.
ფორმაციის შეცვლა და დაფენების პროცესი, ერთი მეტად მნიშვნელოვანი მოვლენის წარმომშობიც გახლავთ: ის იწვევს მოსახლეობის სოციალურად გააქტიურებას, ჯერ ერთი იმით, რომ კერძო საკუთრების პრინციპებზე დაფუძნებული დემოკრატიული სახელმწიფო, თავის მოქალაქეებს თანაბარ შესაძლებლობებს სთავაზობს - უნარისა და ნიჭის რეალიზებისათვის და მატერიალური კეთილდღეობის მოსაპოვებლად, რაც პიროვნების ქმედუნარიანობის ზრდას უწყობს ხელს და მეორეც, კიდევ იმით, რომ ადამიანისათვის დამახასიათებელი თვისებაა სწრაფვა ზეაღსვლისა;
დიფერენცირებულ საზოგადოებაში ეს გამოიხატება ერთი სოციალური ფენიდან მეორეში გადასვლით, რაც ასევე მოქმედებისა და აქტიურობისაკენ უბიძგებს მოსახლეობას. საბოლოო ჯამში კი, მივიღებთ მაღალი შინაგანი დინამიკის მქონე, მუდმივად განახლებად და განვითარებად საზოგადოებას, რომლისათვისაც უცხო იქნება შეურიგებელი დაპირისპირება მოსახლეობის ფენებს შორის და სოციალური აფეთქებანი. პირიქით, მოქალაქეთა ქმედუნარიანობა საფუძველი ხდება სტაბილურობისა, - რაც თავის მხრივ სახელმწიფოს აღორძინებისა და გაძლიერების უმთავრესი პირობაა.
მარგარეტ მიტჩელის გახმაურებულ რომანში: „ქარწაღებულნი“, დიდი მხატვრული ოსტატობით არის აღწერილი სამოქალაქო ომის შედეგად სოციალური ფორმაციის შეცვლისა და ახალ რეალობასთან ადამიანების ადაპტირების ამბავი. ერთ დროს ყველაფრის მქონენი, - უპოვარნი გახდნენ, მაგრამ სახელმწიფომ მათ ურთიერთობათა ახალი ფორმები შესთავაზა, - თამაშის განახლებული წესი და რომანის გმირები ისევე, როგორც, რეალურ ყოფაში, სამხრეთის შტატების მილიონობით მცხოვრებნი, აღწევენ წარმატებებს, იღებენ დაკარგულის სანაცვლოს, და აგრძელებენ ბედნიერად ცხოვრებას. სამწუხაროდ, ჩვენთვის არავის არაფერი შემოუთავაზებია, პირიქით, თავს მოგვახვიეს ე.წ. ველური კაპიტალიზმი, რაც - არსებითად, ნიშნავს ქაოსს მაორგანიზებელი ძალის არარსებობის პირობებში.
ახლა უკვე ვიცით, თუ რა გვსურს, მაგრამ საქმე ის არის, თუ როგორ განხორციელდება ჩანაფიქრი. ჯერჯერობით, ერთი რამ ცხადია: ეს პრობლემა მაშინ მოგვარდება როცა იგი იქცევა ეროვნული იდეის შემადგენელ ნაწილად და ყველა გაითავისებს მას.
1999 წელი. აგვისტო.
![]() |
13 ქართული ეთნოცენტრიზმი (წერილი I) |
▲ზევით დაბრუნება |
„სამშობლოს არვის წავართმევთ,
ჩვენც - ნურვინ შეგვეცილება,
თორემ ისეთ დღეს დავაყრით,
მკვდარსაც კი გაეცინება“
ვაჟა-ფშაველა
პატრიოტული სულისკვეთების ბევრი ლექსი შეუთხზავს ქართულ პოეზიას, მაგრამ არაფერი ისე ზუსტად არ გამოხატავს ქართველი კაცის მსოფლმხედველობას, როგორც ამ წერილისათვის ეპიგრაფად წამძღვარებული სტრიქონები. მასში ისიც არის ნათქვამი, სხვისი არაფერი გვეხარბებაო და ისიც, ქვეყნის გასაკვირ ამბავს დავმართებთ იმას, ვინც ჩვენსას დახარბდებაო... ამრიგად, წარმოჩინდა ეროვნული ხასიათის ორი თვისება. სხვა ხალხებისათვის - ბუნებრივი, მეზობლებისაკენ მიმართული ექსპანსიის მაგიერ, საკუთარით კმაყოფილი რომ არის და, ზღვარგადასული თავდაჯერებულობა. კურიოზულია ეს თვისებები, რადგან ანალოგია არ მოეძებნება. ამასთან, ძნელი არ არის მათში ცხადად გამოვლენილი ტოლერანტობა (ლათინური სიტყვა tolerans (ტოლერანტის) მომთმენი, შემწყნარებელი - ასეა განმარტებული უცხო სიტყვათა ლექსიკონში, რაც სრულიად მიესადაგება საყოველთაოდ მიღებულ გაგებას ტოლერანტობის არსისა: რელიგიური და ეთნიკური უმცირესობის, აგრეთვე პოლიტიკურად განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანის მიმართ გამოვლენილი დამოკიდებულება) და ეთნოცენტრიზმი, როგორც ქართული ხასიათის ტრადიციულად დამახასიათებელი ნიშნები - დავინახოთ, - ყოველ შემთხვევაში, მე, ასე მგონია. ამის რწმენას და საჯაროდ განცხადებას ჩემთვის ერთი, მეტად პატივცემული ისტორიკოსის მიერ საპირისპიროს მტკიცება მოჰყვა. მისი აზრით, ამათგან პირველი - ტოლერანტობა - არის დროთა განმავლობაში შეძენილი თვისება, - რაც შედეგია გეოპოლიტიკური მდებარეობის გამო შექმნილი რთული პოლიტიკური სიტუაციისა, რომლის წყალობით უცხო ტომთა შემოსვლა-დამკვიდრებამ, აიძულა ქართველები, მათთან ნორმალური ურთიერთობის გზები ეძებნათ... არა მგონია, ასე იყოს, ბევრი მაგალითია იმისა, რომ ტოლერანტობა ქართველებს ბუნებით მოსდგამთ. ამისათვის ორი ფაქტიც იკმარებდა: პირველი - დევნილ ებრაელთა შემოსვლა საქართველოში, ოცდაექვსსაუკუნოვანი მშვიდობიანი თანაცხოვრება და არავითარი ანტისემიტიზმი. მეორე - XII საუკუნის დამდეგს, დავით აღმაშენებლის ზეობისას, როცა საქართველო კავკასიაში ჰეგემონ სახელმწიფოდ გადაიქცა, ტოლერანტობა ოფიციალურ პოლიტიკად გამოცხადდა...
იმას, რასაც ზნეობრივი საფუძველი არ გააჩნია, არ იხეირებს და ტრადიციად ვერ იქცევა, პოლიტიკური ლავირება პოლიტიკოსთა საქმეა, ეთნოსი, მთლიანობაში, სხვაგვარად რეაგირებს ექსტრემალურ სიტუაციაში და, როცა საფრთხე ემუქრება, მიმართავს რადიკალურ ზომებს. განა ამისი მაგალითი არ არის 1659 წლის კახეთის აჯანყება? აი, ამიტომ მიმაჩნია ტოლერანტობა ჩვენი ეთნოსისათვის დამახასიათებელ ნიშნად, ხოლო თუკი იგი რაიმესაგან მომდინარეობს, ჩემის აზრით, ისევ ქართული ხასიათის სხვა თვისებიდან უნდა იღებდეს სათავეს და ეს სხვა - ქართული ეთნოცენტრიზმია.
იმისათვის, რომ ღრმად ჩავწვდეთ ამ მოვლენის არსს,საჭიროა, გავერკვეთ ქართული ეთნოცენტრიზმის რაობაში, ეს კი, მეტად ძნელია და აი, რატომ: ვერსად ნახავთ ეთნოცენტრიზმის (ეს ტერმინი 1906 წელს დაამკვიდრა შუმნერმა), როგორც ცნების, ელემენტარულ განმარტებასაც კი. ამას თავისი მიზეზი აქვს: მეორე რუსული ოკუპაციის წყალობით დამყარებული კომუნისტური რეჟიმის დროს, ამ საკითხს არ იკვლევდნენ, და თუ მაინც ჰქონდა ადგილი მეცნიერულ ძიებას, მისი პოპულარიზება არ ხდებოდა. (ყოველ შემთხვევაში, ეთნოგრაფიულ შრომებსა და ენციკლოპედიურ გამოცემებში კონკრეტული ვერაფერი ვნახე), ხოლო იმ მწირი ცნობებით, რაზედაც ხელი მიმიწვდა, ეთნოცენტრიზმი განისაზღვრება, როგორც ეთნოსის მისწრაფება, წარმოაჩინოს ის თავისებურებანი, რაც განასხვავებს დანარჩენი ხალხებისაგან და დაუმტკიცოს მათ საკუთარი უპირატესობა. ამის ქრესტომათიული მაგალითი არის ბერძენთა და რომაელთა ეთნოცენტრიზმი: ყველა არაბერძენს და არარომაელს ისინი ბარბაროსებს უწოდებდნენ, - რაც უცხოს, ამასთანავე, უკულტუროს და ველურს ნიშნავს. რა უდევს საფუძვლად ეთნოსის მიერ ასეთ თვითიდენტიფიცირებას და სხვა ერებისადმი ამგვარ დამოკიდებულებას, ძნელი სათქმელია. ამ მოვლენის ანალოგია ინდივიდის ხასიათის თავისებურებაში უნდა ვეძიოთ. ხომ არიან ეგოცენტრისტი ადამიანები, ლამის სამყაროს ცენტრად რომ მიაჩნიათ საკუთარი თავი, ეს ფენომენი კლასიფიცირებულია, როგორც უკიდურესი ინდივიდუალიზმის გამოვლენა. აზრს მოკლებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ თვისება, რასაც ცალკეული პიროვნებები ამჟღავნებენ, დამახასიათებელი შეიძლება იყოს და არის კიდეც, მთელი ეთნოისათვის, ოღონდ გააჩნია, რა სახით ავლენს იგი ამას: საკუთარი „განსაკუთრებულობის“ დამკვიდრებისას, მიმართავს ეთნიკურ სეგრეგაციას, რაც ეთნოცენტრიზმის უკიდურესი ფორმაა, თუ შემწყნარებლურ დამოკიდებულებას იჩენს უცხოტომელისადმი. აი, ამ ორ პოზიციასთან მიმართებაში უნდა გავიზიაროთ ქართული ეთნოცენტრიზმის რაობა და გავარკვიოთ, რომელთან უფრო ახლოა ის, თორემ ამ თვისებას ყველა ერი ამჟღავნებს. მთავარია, ჩვენ როგორ ვავლენთ მას, მოვიხმობ იმ ფაქტებს, ისტორიამ, ლიტერატურამ, ზეპირსიტყვიერებამ და ყოფიერებამ რომ შემოგვინახა:
„ერი პურადი, გულადი,
სტუმარს ღვთის კაცად სთვლიან,
არის ასეთი ქვეყანა -
მას საქართველო ჰქვია!“
იოსებ ნონეშვილი
ცხადია, სხვაგანაც არიან პურადი, გულადი ერები, სტუმარს რომ გარეთ არ გააგდებენ, მაგრამ მგოსნისათვის გამორჩეული თავისი ერი და ქვეყანაა, ამასთან, მტერ-მოყვარისაგან აღიარებულია ლექსში ჩამოთვლილი თვისებები ქართველი ხალხისა, და ამითაც არის შემაგრებული გამორჩეულობის ეს მტკიცება. თუ ზემოთმოყვანილ ლექსს საფუძველი ეძებნება, ამას ვერ ვიტყვი გავრცელებული გამოთქმის გამო, „რაც კარგები ვართ, ქართველები ვართო“, რატომ, ვითომ, სხვა კარგი არ არის? ანეკდოტურია საკუთარი უპირატესობის ამგვარი დეკლარირება, მაგრამ თუ დავუკვირდებით, ერთი შეხედვით არასტანდარტული კურიოზული ფორმები ქართული ეთნოცენტრიზმისათვის დამახასიათებელი თვისებაა. მაგალითად: მონღოლთა ბატონობის დროს, XIII საუკუნეში, როცა ქართველებს დამპყრობთა მხარდამხარ მათ ლაშქრობებში მონაწილეობა უხდებოდათ, თავიანთი ქცევით გაუოცებიათ მონღოლები: ქართველები თავად ითხოვდნენ წინა ხაზზე, ყველაზე საშიშ ადგილას ბრძოლის უფლებას და თავიანთ ახირებას ასე „ასაბუთებდნენ“ - „წესადამცა არს ქართველთა წინამბრძოლობა“... რადგან სხვა საშუალება არ ჰქონდათ, უაზრო, მაგრამ საარაკო სიმამაცითა და მხედრული შემართებით დაუმტკიცეს დამპყრობლებს, რომ მათზე დიდი ვაჟკაცები იყვნენ... და შემდგომ, არაერთხელ, ამავე გზით, იგივე დაუმტკიცეს სპარსელებს, თურქებს, რუსებს... მერე, როცა რუსეთის მონარქიულმა იმპერიამ ჩვენი სახელმწიფოებრიობა მოსპო და მისი ორი გუბერნიის მცხოვრებლებად ვიქეცით, ბევრმა ჩვენმა ტრადიციამ დეგრადაცია განიცადა, „თათქარიძეობა“ მოეძალა ქართველობას, ასეთ დროს დამპყრობლის ჯარში სიჩაუქის გამოჩენას (რაც ახლა უმცირესობის ხვედრი იყო) ისიც მიემატა, რომ მათზე მეტი ღვინო უნდა დაგელია (რასაც უმეტესობა წარმატებით ახრეხებდა). ღვინის სმა სხვა დროსაც გვარიანი იცოდნენ ქართველებმა, მაგრამ ახლა ამას ერისათვის განსაკუთრებულობის მნიშვნელობა მიენიჭა. ეთნოცენტრიზმის ამ ფორმით გამოვლენას შეესწრო XIX საუკუნის შუახანებში თბილისში ყოფნისას ალექსანდრე დიუმა. როგორც მოგონებათა წიგნში „კავკასია“ წერს, ჟურნალ „ცისკრის“ რედაქციაში მიუწვევიათ, იქ გამართულ ქეიფში ბლომად დაულევია. ამის შემხედვარე ქართუელ მასპინძელ „სმის ოსტატებს“ აზრად მოუვიდათ სახელგანთქმული მწერლისათვის მიეცათ ასეთი ცნობა:
„ბ-ნი ალექსანდრე დიუმა ეწვია ჩვენს უბადრუკ რედაქციას, სადაც მისთვის გამართულ სადილზე ქართველებზე მეტი ღვინო დალია“, 1858 წ. 29 ნოემბერი. ქართული ჟურნალი „ცისკარი“. რედაქტორი ივანე კერესელიძე“.
როგორც ხედავთ, გულწრფელი აღიარებაა, მაგრამ მთავარი სხვაა: ქართველებს სწორუპოვარი მსმელების სახელი აქვთ გავარდნილი... გამოხდება ხანი და ჩვენი განსაკუთრებულობის გამოვლენას, ძირითადად, უზომო სმა-ჭამით შევძლებთ...
ბევრი რამაა ქართულ ხასიათში ანეკდოტური, თუმცა, მადლობა ღმერთს, ჩვენი ერის ეთნოცენტრიზმის გამოვლენის ღირსეული მაგალითებიც საკმაოდ გვაქვს, იმ დროისა, როცა დაუოკებლად ვავლენდით ეროვნულ ენერგიას: ანტიკურ ხანაში, ფარსმან მეორის მეფობისას იბერია რომის მეტოქედ იქცა კავკასიაში. გამწვავებული ურთიერთობის მორიგების მიზნით, იმპერატორმა ადრიანემ ფარსმანი თავისთან მიიწვია, მაგრამ იბერთა მეფე მასთან არ გამოცხადდა... შემდგომში, იმპერატორ ანტონიუს პიუსის დროს, რომელიც შედარებით მოქნილ პოლიტიკას ატარებდა, რომში ფარსმანის ვიზიტისას, ქართველთა მეფემ და მისმა მხლებლებმა, რომაელებზე ისეთი შთაბეჭდილება მოახდინეს, რომ მათ რომში, მარსის ველზე, ფარსმან მეფის ქანდაკება აღმართეს. ასეთი გზით უმტკიცებდნენ ქართველები თავიანთ ოპონენტებს უპირატესობას.
ქართული ეთნოცენტრიზმი კიდევ უფრო მძაფრად ვლინდება ქრისტიანობის მიღების შემდეგ. ქრისტიანულმა სარწმუნოებამ გააძლიერა ეროვნული ცნობიერება. კიდევ ერთი იდეოლოგიური საფუძველი შესძინა მას, წარმოიშვა აქტიური პროპაგანდისტული ბრძოლის საჭიროება და ეს ბრძოლა ასახა ქართულმა აგიოგრაფიულმა ლიტერატურამ; აქ ყურადღებას ერთი მომენტი იქცევს: ამ ლიტერატურაში არაქართული წარმოშობის წმინდანთა ღვაწლიც არის ასახული. ესეც ეთნოცენტრიზმის გამოვლენაა, რადგან ხაზგასმულია მნიშვნელობა იმ რელიგიისა, რომელიც სწამს ქართველს. აი, ამ სარწმუნოებისათვის ეწამებიან არაქართველები, ხშირად საქართველოს დამპყრობი ერის შვილებიც. ყველაზე მძაფრად და ემოციურად ეს კონცეფცია „აბოს წამებაშია“ ასახული.
„სადაღა შემიწყნარა მე ქრისტემან და განმაშორა ჩემგან ბნელი იგი პირველისა მის უმეცრებისა ჩემისად და ღირს მყო მე ნათელსა მამისა, არასადა უარვყო მე სახელი მისი, დაღათუ ბევრეული ოქროდსა და ვერცხლისად მომცენ მე, განა თუ ტანჯვითა და გვემითა განმიკითხონ მე, ვერ განმაშორონ მე სიყვარულსა უფლისა ჩემისასა“. - აბოს ეს მრწამსი VIII საუკუნეში, არაბთა ბატონობის ჟამს, დამპყრობლებზე იდეოლოგიური გამარჯვებაა: არაბი არაბთაგან ეწამა, რადგან ქართველთა სარწმუნოების უპირატესობა აღიარა.
თუ აგიოგრაფიულ ლიტერატურაში ეთნოცენტრიზმი ამ გზით წარმოჩინდა, ქართულმა რელიგიურმა ლიტერატურამ შექმნა სხვა ძეგლიც, სადაც, სარწმუნოებასთან მიმართებაში, ქართული ენის განსაკუთრებულ ფუნქციაზეა ლაპარაკი. ეს გახლავთ X საუკუნის ქართველი, სასულიერო მოღვაწის, იოანე ზოსიმეს „ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი“, რომლის პირველივე ფრაგმენტი წარმოაჩენს ამ ნაწარმოებში ჩადებულ იდეას: „დამარხულ არს ენაი ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა მესიისა საწამებლად, რათა ყოველსა ენასა ღმერთმან ამხილოს ამა ენითა“. ეს ქართული ქრისტიანული ეთნოცენტრიზმის ნიმუშად შეიძლება მივიჩნიოთ.
ქრისტიანული ეთნოცენტრიზმის მსგავსი გამოვლინებები სხვა ქრისტიან ერებშიაც აღინიშნება, მაგალითად, რუსებს მოსკოვი მესამე რომად მიაჩნიათ და პრეტენზიულად აცხედებენ, მეოთხე არ იქნებაო...
ქრისტიანული ეთნოცენტრიზმი ეროვნულის მძლავრი გამოხატულება იყო და მისმა შესუსტებამ დიდადაც გვავნო (ამის შესახებ ცოტა ქვემოთ მოგახსენებთ).
ამრიგად, იქნებოდა ეს წარმართული თუ ქრისტიანული საქართველო, რა სოციალური ფორმაციაც უნდა ყოფილიყო, პოლიტიკური აქტიურობისა თუ პასიურობის ჟამს, აღზევებული თუ დაცემული ქართველები ეთნოცენტრიზმს მეტნაკლები სიმკვეთრით ყოველთვის ავლენდნენ, უკვე მოვიხმე ამის გამოვლენის რამდენიმე მაგალითი, მაგრამ ქართული ხასიათის უშულო, ლაღი ბუნების მნიშვნელოვან წარმოჩინებად ორი ხალხური ლექსი მიმაჩნია:
„აქეთ გორასა წიხლსა ვკრავ,
იქით გორასა - ძვრას ვუზამ;
ადიდებულსა დიდ წყალსა
დავაგუბებ და ყლაპს ვუზამ“.
დამეთანხმებით, ძნელად თუ მოიძებნება სხვა მაგალითი საკუთარ შესაძლებლობებზე ესოდენ გაზვიადებული წარმოდგენისა; ამ უსაზღვრო თავდაჯერებულობაში, ყოვლის შემძლეობის რწმენაში, თავისი
უპირატესობის შეგრძნებასა და უპასუხისმგებლო დაუდევრობაშიაც უნდა იძებნებოდეს, ჩემი აზრით. ქართული ეთნოცენტრიზმის ერთი საფუძველთაგანი ეს გახლავთ. მეორეს, „მოყმისა და ვეფხვის“ ამბავი გვამცნობს:
„...ხან იფიქრებდა: უდედოდ
გაზრდა ვინა თქვა შვილისა?
იქნება ვეფხვის დედაი
ჩემებრ დღედაღამ ტირისა?
წავიდე მეც იქ მივიდე,
სამძიმარ ვუთხრა ჭირისა,
ისიც მიამბობს ამბავსა,
მეც ვუთხრა თავის შვილისა.
იმასაც ბრალი ექნების
უწყალოდ ხმლით დაჭრილისა“.
ეს თანაგრძნობის გამოვლენის კიდევ ერთი, უპრეცედენტო ნიმუშია. მოკლული შვილის დედა, მკვლელის, - ისიც მხეცის მშობლისათვის სამძიმრის მთქმელი, შემბრალებელი და უბედურების თანამოზიარეა. მხეცი თუ შეიცოდა და შეიწყნარა, რაღა გასაკვირია, ადამის ძისადმი ქართველის გულმოწყალება?
თანაგძნობა ქართული ეთნოცენტრიზმის საყრდენია. ორივე ლექსი ეთნოცენტრისტული ტენდენციების გამომხატველია, ორივეში ქართველის ქცევის განსაკუთრებულობაა ასახული, ზღვარს გადასული ბაქიაობა იქნება ეს თუ უანალოგო შემწყნარებლობა. ჩემი ღრმა რწმენით, სწორედ ამ თვისებებმა წარმოშვა ყბადაღებული ქართული ტოლერანტობა. ახლა დავაკვირდეთ, როგორ გამოიხატა ქართული ხასიათი ჩვენთან მცხოვრებ უცხოელებთან მიმართებაში. შეიძლება არ ამჟღავნებდეს, მაგრამ ქართველი შინაგანად თავის უპირატესობაში დარწმუნებულია. ამიტომ მიმტევებელია არაქართველთა მიმართ. ის, რომ ეს ასეა და მისთვის უცხოა ეთნიური სეგრეგაცია, ამას სხვა და სხვა დროს ჩვენში ჩამოსახლებული და კომპაქტურად მცხოვრებ ეროვნებებთან დამოკიდებულება გვისაბუთებს: მეშვიდე საუკუნიდან მეოცე საუკუნის დამდეგის ჩათვლით, მუსლიმანურმა სამყარომ განუზომელი ვნება მოგვაყენა; ოთხას წელიწადს თბილისში ბატონობისა და „დიდი თურქობის“ მერე, როცა ქართველთა მხედრობა მათ არმიებს მუსრს ავლებდა, არაბი ისტორიკოსი იტყვის, - საქართველოში დავით აღმაშენებლის დროს მაჰმადიანებს ცხოვრების პირობები ბევრად უკეთესი ჰქონდათ, ვიდრე თვით მუსლიმანურ ქვეყნებშიო. მერე, როცა ჩვენი ისტორიის ჩარხი უკუღმა დატრიალდა, ისტორიული ტერიტორიის ნახევარი დავკარგეთ და მუსლიმანებმა ტყვეთა გაყიდვის საშინელ პრაქტიკას შეგვაჩვიეს, ქართველი მაინც ამბობს: „... ყველა ადამის შვილი ვართ, თათარიც ჩვენი ძმა არი“. დღეს ნახევარ მილიონამდე აზერბაიჯანელი ცხოვრობს საქართველოში და სარგებლობს ყველა იმ უფლებით, რითაც ჩვენ... რასაც ვერ ვიტყვი საინგილოში მცხოვრებ ქართველებზე...
საყურადღებოა ქართველ-სომეხთა ურთიერთობა. ანტიკურ ხანაში ეს ჩვეულებრივ ფორმებს არ სცილდებოდა: ბრძოლა ტერიტორიისა (სომხებმა რამდენიმე პროვინცია წაგვართვეს) და ჰეგემონიისათვის. ხან ერთი ერი იმარჯვებს, ხან მეორე. იყო ასეთი ფაქტებიც, მაგალითად, რომაელთა შემოსევის დროს, სომეხთა მეფე, ტიგრან მეორე იბერიელ შუბოსნებს განსაკუთრებულად ენდობოდა (ამას პლუტარქეც წერს თავი „რჩეულ ბიოგრაფიებში“). ესეც ქართული ეთნოცენტრიზმის გამოვლინება იყო. ორ ერს შორის ურთიერთობამ განსხვავებული შინაარსი შეიძინა ქრისტიანობის მიღების შემდეგ, როცა ამ რელიგიის ორი სხვადასხვა მიმართულება აირჩიეს, ქართველებმა - მართლმადიდებლობა, სომხებმა - მონოფიზიტობა. სწორედ ამ განსხვავებულობამ შეუქმნა იდეოლოგიური საფუძველი წინა ეპოქაში დაწყებულ დაპირისპირებას. ამ ბრძოლაში „იმარჯვეს“ სომხებმა და შეთხზეს ანტიქართული მიმართულების ზღვა მასალა. არ ერიდებოდნენ ფაქტებისა და მოვლენების აშკარა გაყალბებას. სანიმუშოდ, ქართული ანბანის, ვითომ, მესროპ მაშტოცის მიერ შეთხზვის ლეგენდა იკმარებდა. ამისი მსგავსი ასობით ფაქტი შეიძლება მოვიშველიოთ. პასუხად, ჩვენ, უკეთეს შემთხვევაში, თავს ვიცავდით... IX-X საუკუნეებში, ამ იდეოლოგიურ ბრძოლას, ლორე-ტაშირის ოლქისათვის სამხედრო კონფლიქტიც მოჰყოლია და ყოველივე ამის მიუხედავად, ლეონტი მროველისეულ „ქართლის ცხოვრებაში“ არმენოფილურმა ტენდენციამ იჩინა თავი (!). ხოლო, ქართველი მეფეები ხელს უწყობდნენ სომეხთა ჩამოსახლებას ქალაქებში და შრომისა და უშფოთველი ცხოვრების ყველა პირობას უქმნიდნენ. ჩანს, მაშინ არსებული წინააღმდეგობანი ქართველებს თავიანთვის საშიშრად არ მიაჩნდათ... იდეოლოგიური დაპირისპირება გაგრძელდა XIX საუკუნის მეორე ნახევარშიც, როცა ილიას „ქვათა ღაღადი“ დაიწერა. მაგრამ, მაშინ უკვე სხვა სიტუაცია იყო - ორივე ქვეყანა რუსეთმა დაიპყრო, ვითარდება კაპიტალიზმი, სომხური ბურჟუაზია იწყებს და ახორციელებს ეკონომიკურ ექსპანსიას; ამასთან, მექანიკურად იზრდება სომხური მოსახლეობის რიცხვი. ამ პროცესებს სათანადო პირობებს უქმნიდა რუსეთის ხელისუფლება. იმპერიის მსხვრევამ და 1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებამ, კიდევ ერთი ეტაპი დაამთავრა ქართულ-სომხურ ურთიერთობათა ისტორიაში. ბურჟუაზიული სომხეთი აგრესიულობით შეხვდა ამ ფაქტს და, იმავე წლის ბოლოს უშედეგო ომიც დაიწყო მის წინააღმდეგ. მეორე რუსული, - კომუნისტური ოკუპაციის შემდეგ, კონფრონტაცია ინტელიგენციის მოღვაწეობის პრეროგატივა გახდა. სომხურო ეროვნების მოსახლეობა კი, განუხრელად იზრდებოდა, დღეს საქართველოში ოთხას ათასზე მეტი სომეხი ცხოვრობს და საკმაოდ კარგადაც, მათი უფლებები დაცულია, თუმცა ნაწილი აშკარად გამოთქვამს ტერიტორიულ პრეტენზიებს საქართველოს მიმართ, - ეს მესხეთ-ჯავახეთში ხდება.
ოსთა და ქართველთა ურთიერთობა კიდევ უფრო მკვეთრად ავლენს ქართული ხასიათის ტოლერანტულ ბუნებას. სანამ ოსები ძალით იჭრებოდნენ ჩვენს მიწა-წყალზე, ძარცვა-გლეჯისა და ტერიტორიის მიტაცების მიზნით, ქართველები ბრძოლით ხვდებოდნენ; მეხუთე საუკუნეში, ოსთა ექსპანსია წარმატებით მოიგერია ვახტანგ გორგასალმა, მეთოთხმეტეში - გიორგი ბრწყინვალემ, ძალით მოსულს, ძალითვე შევხვდით, მაგრამ, როცა მეთვრამეტე საუკუნიდან დაიწყო შიდა ქართლში ოსთა მშვიდობიანი ჩამოსახლება, ქართველებს ისინი არ გაუყრიათ, - შეიფარეს და დაიმეზობლეს. მაგრამ, ორჯერ XX საუკუნეში, 1918 და 1990-1992 წლებში შიდა ქართლში აგორდა ოსური სეპარატიზმის ტალღა. თუ პირველ შემთხვევაში საქმეს ეშველა, ახლა, რუსი კომუნისტების მიერ შექმნილი „ავტონომიური ოლქი“ შიდა ქართლის დაკარგვით ემუქრება საქართველოს. ამ ტერიტორიიდან თითქმის მთლიანად განდევნეს ქართველები, ჩვენ კი, ისევ საკითხის მშვიდობიანად მოგვარებაზე ვფიქრობთ...
კიდევ უფრო უცნაურად გამოვლინდა ქართული ტოლერანტობა აფხაზთა მიმართ.
აფხაზებისადმი დამოკიდებულება, ქართველმა ხალხმა შესანიშნავი ლიტერატურული ნაწარმოებებით გამოხატა; აკაკი წერეთლის „გამზრდელი“, და - ლეო ქიაჩელის „ჰაკი-აძბა“. მაღალზნეობრიობისა და რაინდობის ჰიმნებია. გმირები აფხაზები არიან. ჩანს ასეთებად სურდათ დაენახათ ქართველებს აფხაზები, ეს დამოუკიდებულების ხასიათია და ამ დამოკიდებულებამ ბევრად განაპირობა ნორმალური თანაცხოვრება ორ ხალხს შორის. რუსულმა იმპერიალიზმმა ყველაფერი გააკთა იმისათვის, რომ აფხაზები დაპირისპირებოდნენ ქართველებს და აფხაზურ ეთნოცენტრიზმში სათანადო ნიადაგიც იპოვეს. ამის შედეგს დღეს ვიმკით, - ჯერ აპარტეიდის რეჟიმის დამყარება და მერე, 250 ათასი ქართველის საერთოდ გამოდევნა მამა-პაპათა მიწა-წყლიდან. მაგრამ, დარწმუნებული ვარ, როცა იქ საქართველოს იურისდიქცია აღდგება და ქართველი ლტოლვილებიც მშობლიურ კერას დაუბრუნდებიან, ჩვენ კვლავ შემწყნარებლური დამოკიდებულება გვექნება ამ მცირერიცხოვან ერთან, რომელმაც თავისი აგრესიულობით მსოფლიო გააოცა.
რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა მაგალითია იმისა, თუ როგორ არ უნდა წარიმართოს სახელმწიფოთა შორის ურთიერთდამოკიდებულება. არადა, ამ ურთიერთობას 800 წლის ისტორია აქვს. ამ ხნის მანძილზე, რუსეთთან დადებულმა არცერთმა ხელშეკრულებამ არ გაამართლა, პირიქით, საბედისწერო გამოდგა ჩვენთვის იმით, რომ ჯერ რუსეთისაკენ სწრაფვისათვის აოხრებდნენ საქართველოს სპარსელები და თურქები, ხოლო შემდგომ, რუსეთმა ორჯერ მოახდინა საქართველოს ოკუპაცია, - რამაც განუზომელი ზიანი მოგვაყენა; განსაკუთრებით, ზნეობრივი თვალსაზრისით, რადგან ანგრევდა ჩვენს ტრადიციულ ფასეულობებს (გავიხსენოთ, თუნდაც, ბარათაშვილი და ყაზბეგი). და მაინც, ორასი წლის მანძილზე, არც ერთ ომში არ გვიღალატია რუსებისათვის... სულ ახლახან იყო 9 აპრილი, რუსეთის მიერ ინსპირირებული პოლიტიკური კონფლიქტები შიდა ქართლსა და აფხაზეთში, - სადაც ჩვენს მეომრებს უკვე აშკარად ებრძოდა რუსეთის რეგულარული ჯარი. (ამიტომაც, დავმარცხდით და შეგვათრიეს დსთ-ში) და, ყოველივე ამის მიუხედავად, საქართველოში ანტირუსული ისტერია არ დაწყებულა, ჩვენი მიწა-წყლიდან არავინ გაგვიგდია და ნახევარ მილიონამდე რუსი მძევლად არ გვიქცევია.
ებრაელთა პრობლემა დგას მთელს მსოფლიოში, გარდა საქართველოსი. 26 საუკუნეა, რაც ისინი ჩვენს ქვეყანაში მოვიდნენ და ისე შეერწყნენ ქართულ ყოფას, რომ დღეს უებრაელებოდ საქართველო წარმოუდგენელია. არასოდეს არავითარი ანტისემიტიზმი საქართველოში არ ყოფილა, და, ასე განსაჯეთ, მისი გაღვივება რუსმა კოლონიზატორებმაც ვერ შესძლეს... ერთ-ერთი ტელეგადაცემისას, ბატონმა ჯემალ აჯიაშვილმა ქართველი ებრაელების ყოფაზე თქვა, რომ ებრაელობა საქართველოში შევიწროებას არ განიცდიდა და თვითდამკვიდრებისათვის ბრძოლა არ სჭირდებოდა, მან მეტი მნიშვნელობა სულიერ ცხოვრებას მიანიჭაო. ასე აფასებს საქართველოში ებრაელთა არსებობას ებრაელი მწერალი...
ქართულ-ებრაული ურთიერთობის ლინგვისტური ასპექტები საინტერესოდ წარმოაჩენს ქართული ეთნოცენტრიზმის რაობას; ებრაულიდან ქართულში რამდენიმე სიტყვაა შემოსული, მათ შორის, „გოიმი“, რაც უცხოელს, სხვას ნიშნავს. ქართულში ამ სიტყვამ სრულიად დაკარგა პირველადი მნიშვნელობა და ბრიყვის, რეგვენის, გონებრივად უმწიფარის სინონიმად იხმარება, ეროვნების განურჩევლად. გოიმად შეიძლება მოიხსენიონ ქართველიც, ებრაელიც, ფრანგიც და ამერიკელიც, თუკი პიროვნება ასეთი შეფასების საბაბს იძლევა. ებრაულში ამ სიტყვას განმასხვავებლის ფუნქცია აკისრია, რაც ერთ ეთნიკურ ჯგუფს ე.ი. ებრაელებს არაებრაელებისაგან გამოარჩევდა. ამის საპირისპიროდ, ქართული ეთნოცენტრიზმი ეთნიკურ სეგრეგაციას არ მიმართავს, ამიტომ უცვალა სიტყვას შინაარსი და, საერთოდ, უცხოელისადმი ქართველი პატივისცემას ავლენს; გავიმეორებ მრავალგზის ნათქვამს, რომ ყველაფერ კარგს, საუცხოოს უწოდებს, მაგრამ ამავე დროს, საკუთარი ღირსების გრძნობა არ ავიწყდება, - ცდილობს თავისი უპირატესობა სხვას დაუმტკიცოს. იმადაც მოაჩვენოს თავი, ვინც არ არის და იმის ქონაშიც დაარწმუნოს, რაც არ გააჩნია... ხშირად ირონიასაც ამჟღავნებს სხვა ხალხებისადმი, თუკი ისინი თავიანთ ეთნოცენტრისტულ ტენდენციებს ავლენენ, მაგრამ სეგრეგაციას არ მიმართავს. პირიქით, თავის განსაკუთრებულობას იმითაც ამტკიცებს, რომ სხვისადმი შემწყნარებლობას იჩენს, თანაგრძნობას უცხადებს, შესაძლოა, ფარულად თავად თანაგრძნობის მაძიებელი, მაგრამ ეს უკვე სხვა წერილის თემაა... აი, რატომ მივიჩნიე ტოლერანტობა ქართული ეთნოცენტრიზმის შედეგად, მის ერთ-ერთ გამოვლენად...
სამაგიეროდ, ჩვენი მეზობლები - და ბევრი მათგანი, კომპაქტურად რომ ცხოვრობს საქართველოში- ეთნოცენტრიზმის გამოვლენისას, ხშირად მიმართავენ ეთნიკურ სეგრეგაციას. მაგალითად: ყარაბაღისათვის მიმდინარე ბრძოლების წინ, აზერბაიჯანელებმა თავისი ტერიტორიიდან გააძევეს 400 ათასამდე სომეხი. სომხებმა - სომხეთიდან 160 ათასი აზერბაიჯანელი. როცა ოსებმა შიდა ქართლის წართმევა დაგვიპირეს, იქიდან ქართული მოსახლეობა გამოდევნეს, აფხაზი სეპარატისტები ასევე მოექცნენ 250 ათას ქართველს, რუსები სულ ადვილად ასახლებენ მოსკოვიდან ე.წ. „კავკასიური ეროვნების წარმომადგენლებს. როგორც ხედავთ, ზემოხსენებული ერები ეთნოცენტრიზმის გამოვლენისას, მიმართავენ მის უკიდურეს ფორმებს - შოვინიზმს, ეთნიკურ „წმენდას“, გენოციდს და ყველაფერს, რაც ამ „წმენდებს“ ახლავს ხოლმე. ქართული ეთნოცენტრიზმისათვის ასეთი ფორმები უცხოა. სამაგიეროდ, ტოლერანტობაა დამახასიათებელი. ამის წყალობით ჩვენი ეთნოცენტრიზმი უაღრესად პროგრესულ მოვლენად მიმაჩნია, რადგან ის მხოლოდ პატრიოტიზმსა და ეროვნული ღირსების გრძნობას აღვივებს.
ქართულ ეთნოცენტრიზმს საფრთხეს უქმნის, ანეიტრალებს და ძალას უკარგავს ჩვენი ხასიათისა და ცნობიერების სამი თვისება: პირველი - კუთხურობა, ლამის ტრაიბალიზმის ფორმით გამოვლენილი. ეს, ბოლო დროს, საცნაური გახადა პოლიტიკურმა სიტუაციამ და იმაში გვარწმუნებს, რომ ეთნიკური კონსოლიდაციის პროცესები საქართველოში, საჭირო ინტენსივობით არ მიმდინარეობს. ეს ყურად უნდა იღონ იმათ, ვისაც ესეოდენ ხიბლავს საქართველოს ფედერალური მოწყობის პროექტები... ხელს ნუ შეუწყობენ საქართველოს დაშლა-დაქუცმაცებას...
მეორე - ქართველის ხასიათის ეგოცენტრისტული ბუნება, რაზედაც ჩვენი წინაპრებიც წუხდნენ. ქართველები არიანო, - წერს ვახუშტი ბატნიშვილი - „... სახელის მაძიებელნი ესრეთნი, რამეთუ თვისისა სახელისათვის არ ჰრიდებენ ქვეყანასა და მეფესა თვისასა“. ცხადია, ასეთი ცნობიერების ხალხს გაუჭირდებოდა, უჭირს და კიდევაც გაუჭირდება სახელმწიფოს მნიშვნელობის გათავისება, მოქალაქედ ჩამოყალიბება, ქვეყნის ინტერესების პირადულზე მაღლა დაყენება, სამართლებრივ პრინციპებზე დაფუძნებული საზოგადოების შექმნა. ვახუშტისეული შეფასება ჯერ კიდევ ძალაშია, - ამას ცხოვრების ყველა სფეროში მიმდინარე პროცესები ადასტურებენ.
მესამე - იდეოლოგიური და პოლიტიკური სნობიზმია, - რაც სათანადო ცენტრის ქვეყნის გარეთ ძიებაში ვლინდება. ეს, განსაკუთრებით, მას მერე გახდა საცნაური, როდესაც ეროვნულ-ქრისტიანული ცნობიერება, ქრისტიანულმა შეცვალა, ანუ როცა ეთნიკური კუთვნილება როლს აღარ თამაშობდა და რწმენა ეროვნებას გაუტოლდა (სამხრეთ საქართველოში, კათოლიკე ქართველს ახლაც „ფრანგებს“ უწოდებენ). ამასთან, დავიწყებას მიეცა საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ის ტრადიცია, რომელსაც გიორგი მთაწმინდელი ამკვიდრებდა. ამიტომ, ჯერ ჯვაროსნებისაგან გადაბუგულ კონსტანტინეპოლს მივაშტერდით და მერე, თათრებისაგან გადამწვარ მოსკოვს. ეროვნულ-ქრისტიანული ცნობიერების მხოლოდ ქრისტიანულით შეცვლამ, ჯერ 1801 წლის ტრაგედიამდე მიგვიყვანა, შემდეგ კი, - სოციალისტური იდეოლოგიით „გატაცებამ“ ისევ რუსეთში გვაძებნინა ცენტრი. ჩანს, ეს უკვე ტრადიციაა, რადგან ჩვენში, ბევრნი, დემოკრატიის ცენტრს დღესაც მოსკოვში ეძებენ... სხვანი, ამათ საპირისპიროდ, ასეთად ვაშინგტონს და სტრასბურგს მიიჩნევენ... არადა, ქართული დემოკრატიის ცენტრი მხოლოდ თბილისი უნდა იყოს...
იდეოლოგიური, რელიგიური, კულტურული, ფინანსური და პოლიტიკური ცენტრი ქვეყნის შიგნით უნდა მდებარეობდეს და არა მის ფარგლებს გარეთ. სხვაგვარად, ჩვენ, დამოუკიდებელი კი არა ვასალური სახელმწიფო ვიქნებით.
ამ საკითხს შევეხე იმდენად, რამდენადაც ეს ქართული ეთნოცენტრიზმის წარმოჩენას სჭირდებოდა. დასკვნის მაგიერ ალბათ, ისღა უნდა ითქვას, რომ ყოველმხრივ უნდა შევუწყოთ ხელი ჩვენს საზოგადოებაში ეროვნული თვითშეგნების ზრდას. როცა ვაჟა-ფშაველა ეპიგრაფად მოხმობილ ლექსს წერდა, კარგად უწყოდა, რომ მის თანადროულ ქართველობას აღარ შესწევდა ძალა ჭიდილისა; ამიტომ, თავის ქმნილებას „მხედართა ძველი სიმღერა“ უწოდა. დღეს კიდევ უფრო უარეს დღეში ვართ - მკვდარს თუ ვინმეს რაიმეზე ეცინება, ისევ ჩვენს ბედოვლათობაზე, მაგრამ მე ხსნას ვხედავ ერის თანდაყოლილ თვისებაში - ეთნოცენტრიზმში, რომელიც თავისუფლების შენარჩუნებისა და სამართლებრივი სახელმწიფოს, ჩვენი მეორე რესპუბლიკის, აღმშენებლობის საფუძვლად უნდა იქცეს.
![]() |
14 ქართული ეთნოცენტრიზმი (წერილი II) |
▲ზევით დაბრუნება |
ქართველ ერს არასოდეს სხვა ერებივით მძაფრად არ გამოუვლენია ეთნოცენტრიზმი. ამის მიზეზს გაკვრით შევეხე პირველ წერილში, ამჯერად, შევეცდები, შეძლებისდაგვარად ვრცლად მიმოვიხილო მისი გამომწვევი სამი მთავარი პირობა - კუთხურობა, ეგოცენტრიზმი და იდეოლოგიური, რელიგიური, კულტურული და პოლიტიკური ცენტრის ქვეყნის გარეთ ძიების ტენდენცია, ანუ იდეოლოგიურ-პოლიტიკური სნობიზმი. ასეთი დაყოფა პირობითია, რადგან საქმე გვაქვს ერთიმეორისაგან გამომდინარე პრობლემებთან, რომელთა გათვალისწინება, ამ საკითხზე მსჯელობისას, აუცილებელია.
კუთხურობას თავისი საფუძველი აქვს. ისტორიის უგრძეს მანძილზე საქართველო იყო, უმეტესწილად, რამდენიმე პოლიტიკურ ერთეულად დაქუცმაცებული, იშვიათად - ერთიანი. თბილისი არ ყოფილა რომის მსგავსი პოლისი, რომელმაც იტალიაში მცხოვრები ტომები და ქალაქები გააერთიანა; არც პარიზი, რომლის გარშემოც დღევანდელი საფრანგეთის შემადგენელი მიწა-წყლის შემოკრება გახდა შესაძლებელი. ჩვენს დედაქალაქს მიენიჭა ისტორიულად განსხვავებული ფუნქცია. ის, ან მტრის შემაკავებული პირველი ციხე-სიმაგრე იყო, ან მისი განთავისუფლებით მთავრდებოდა ქვეყნის გაერთიანების პროცესი. ამიტომ, ბევრი ქართველისათვის თბილისი ისტორიულად, ნამდვილად არ იყო უპირობო იდეოლოგიურ-პოლიტიკური ცენტრი საქართველოსი. ამას ისიც ემატებოდა, რომ ჩვენი ქვეყანა, თავისი არსებობის დიდი ხნის მანძილზე მდებარეობდა ცივილიზებული სამყაროს განაპირას, პერიფერიაზე. მართალია, ჰქონდა გარკვეული ფუნქციაც, კერძოდ, კულტურული ქვეყნების დაცვა ჩრდილოელი ბარბაროსებისაგან, - მაგრამ ეს ხელს არ უშლიდა ამ სახელმწიფოებს, თავის განაპირა პროვინციად ვექციეთ. რაც ხშირად ხდებოდა. საქართველოს ქცევას, თუნდაც რეგიონალური მნიშვნელობის ცენტრად, სჭირდებოდა მაორგანიზებელი ძალა, რომელიც დაყოფილ-დაქუცმაცებულ ქვეყანას გააერთიანებდა ძლიერ სახელმწიფოდ, - როგორც ეს შეძლესფარსმან დიდმა ან დავით აღმაშენებელმა - ამ დროს, ერთიანობის იდეის მნიშვნელობა, გაგებულ-გათავისებული ჰქონდა საქართველოს მოსახლეობას, მეზობელი ხალხებიც ანგარიშს გვიწევდნენ და ჩვენთან კავშირს და მეგობრობას ეძებდნენ. სამწუხაროდ, ასეთი რამ იყო უფრო გამონაკლისი, ვიდრე წესი ჩვენი ისტორიული ყოფისა. ამიტომ, გასაკვირი არ არის, თუ ბევრი ქართველი, რეალობიდან გამომდინარე, თავისი პროვინციის პატრიოტად რჩებოდა, ქვეყნის ერთიანობას მიუღწეველ ოცნებად თვლიდა და იდეოლოგიურ-პოლიიტიკურ ცენტრსაც სხვაგან, დიდ სახელმწიფოებში, სახელდობრ, ბიზანტიაში, სპარსეთში, ოსმალეთში ან რუსეთში ეძებდა. ამ ტენდენციას გარეშე ფაქტორებიც განაპირობებდნენ, მაგრამ ხელს უწყობდა ჩვენი ხასიათის ისეთი თვისებაც, როგორიც არის უკიდურესი ინდივიდუალიზმი; გვყავდა მამულისათვის თავდადებული ბევრი გმირი, თუმცა, არც ისინი იყვნენ ცოტანი, ვინც სამშობლოს ინტერესები საკუთარ ვნებათაღელვას, მიზნებს და სურვილებს ანაცვალეს. წყაროები, ამ მხრივ, უამრავ საყურადღებო მაგალითს გვაწვდიან. უხსოვარი დროის ამბავი შემოგვინახა ბერძნულმა მითმა «არგონავტებზე». კოლხეთის მეფის ასულმა ბერძენი უფლისწულის სიყვარულზე გაცვალა კოლხეთის სამეფოს ინტერესები. მისი წყალობით გადაურჩა იაზონი ყველა განსაცდელს, ოქროს საწმისიც მოიტაცა, მედეაც თან გაიყოლა და მუხანათურად მოკლა აფსირტე, მედეას ძმა. ასე რომ, ამ ქართველი ქალის ვნებამ კოლხეთს საწმისიც დააკარგვინა და უფლისწულიც. საინტერესოა ამ ამბის დასასრული: იაზონმა უღალატა მედეას და ცოლად კორინთოს მეფის ასული შეირთო, ხოლო კორინთელებმა მედეას და იაზონის შვილები დახოცეს. უფრო გვიან კი, ბერძნებმა დრამატურგ ევრიპიდეს ქრთამად მისცეს ხუთი ტალანტი, რომ ბავშვების დახოცვა თავის პიესაში მედეასათვის დაებრალებინა...
ასეთია პირველი და, სამწუხაროდ, არაუკანასკნელი მაგალითი პიროვნულის ეროვნულზე აღზევებისა, რომელიც, როგორც ყველა სხვა მომდევნო, ტრაგიკულად დამთავრდა.
ბევრისმთქმელია იბერიელი უფლისწულის, რადამისტის „ვნებანი“: მამამისმა, ფარსმან პირველმა, კარგად გამოიყენა რომისა და პართიის ინტერესების შეჯახება ამიერკავკასიაში. იმპერატორ ტიბერიუსის მხარდაჭერით, სომხეთის ტახტიდან პართიის მეფის ძე, არშაკი ჩამოაგდო და იქ თავისი ძმა, მირდატი გაამეფა. პართიელთა ცდა, სამხედრო ძალის გამოყენებით აღედგინათ თავიანთი გავლენა სომხეთზე, მარცხით დამთავრდა; იბერიამ კი, გაბატონებული მდგომარეობა მოიპოვა ამიერკავკასიაში. აი, ამ დროს, უფლისწულმა რადამისტმა მამის ტახტის დაპატრონება მოინდომა. შეშინებულმა ფარსმანმა ტახტის მაძიებელს სომხეთზე მიუთითა. რადამისტმა საკუთარი ბიძა მოაკვლევინა და იქ გამეფდა, მაგრამ უხეირო მმართველი გამოდგა, ტახტი დაკარგა და ისევ იბერიაში გამოიქცა, სადაც იგი ფარსმანმა მოაკვლევინა. ამ პოლიტიკური ვნებათაღელვის შედეგი იყო ის, რომ სომხეთზე იბერიის გავლენა აღარ ვრცელდებოდა. ასე შეეწირა სახელმწიფოს ინტერესები უნიჭო უფლისწულის პატივმოყვარეობას...
წარსულის ამბები წარმოგვიჩენენ უაღრესად ეგოცენტრისტული ბუნების ადამიანებს, რომლებიც არად დაგიდევდნენ ქვეყნის ინტერესებს, ასე რომ, ეგოცენტრიზმი ქართულ სინამდვილეში უხსოვარი დროიდან უპირისპირდება ეთნოცენტრიზმს, რის გამოც, ჭირს ეროვნული ენერგიის მიზანდასახული წარმართვა.
ზღვარს გადასული ინდივიდუალიზმი ხშირად ინიღბება პოლიტიკური და იდეოლოგიური პრინციპებით. თუ ამას ვერ ახერხებს, დაუფარავად ეყრდნობა გარეშე ძალას, მაგრამ საკუთარ ნამოქმედარს ყოველთვის ამართლებს მაღალი იდეალებისაკენ სწრაფვის მომიზეზებით... ასე იყო ანტიკურ ხანაშიც, შუა საუკუნეებშიაც, ამის დადასტურებაა მეოცე საუკუნის საქართველოს ისტორიაც...
1907 წლის 30 აგვისტოს მოკლეს ილია ჭავჭავაძე. ამ დანაშაულის მიზეზი თავიდანვე გაცხადდა და დღესაც არავინ ეჭვობს, რომ მკვლელობა პოლიტიკური ხასიათისა იყო და ქართველმა სოციალ-დემოკრატებმა, კერძოდ, ბოლშევიკებმა, დაქირავებული კრიმინალების მეშვეობით, მოიცილეს თავიდან საშიში მოწინააღმდეგე.
პოლიტიკური ბრძოლები სხვა ქვეყნებშიც მიმდინარეობდა, მაგრამ ამის გამო დიდ მამულიშვილებს არ ხოცავდნენ! სწორია, რევაზ გაბაშვილი, როცა წერს: «მართალია, რუსეთშიც იყვნენ ბოლშევიკები და მენშევიკებიც, მაგრამ ტოლსტოი კი არავის მოუკლავს, თავისით გარდაიცვალა, ჩვენში კი - ილია ჭავჭავაძე მოკლეს». საქმეც ესაა, საქართველოში გახდა შესაძლებელი ასეთი რამ და ამის მიზეზი მარტო ის არ არის, რომ ბოლშევიკები ტერორს ხშირად მიმართავდნენ, - ჩვენს შემთხვევაში, დიდი მნიშვნელობა ენიჭება პიროვნულ დამოკიდებულებას და თუ ამ კუთხით შევხედავთ, მაშინ წიწამურის ტრაგედია მხოლოდ მტრული დამოკიდებულების ლოგიკური ფინალია...
გერონტი ქიქოძემ 1917 წელს დაწერა წერილი „ნოე ჟორდანია და სოციალიზმის ნაციონალიზაცია“, რომელშიაც ის აღტაცებას ვერ მალავდა იმის გამო, რომ ქართველ სოციალ-დემოკრატთა ლიდერი, რუსულ მენშევიზმს ეთიშებოდა და ეროვნულ პოზიციებზე დგებოდა. ეს „მრწამსის“ შეცვლა პოლიტიკური მოსაზრებებით იყო ნაკარნახევი, მაგრამ მთავარი აქ სხვაა: „სოციალიზმის „ნაციონალიზაციას“ საქართველოში მეოთხედი საუკუნე დასჭირდა. ამასთან, ეს პროცესი მტკივნეულად მიმდინარეობდა, იმიტომ, რომ ქართველი სოციალ-დემოკრატებისათვის „სოციალური“ და „ინტერნაციონალური“, - ანტიეროვნულს ნიშნავდა... სიტყვითაც და საქმითაც... ამის შედეგად, ბევრი ევნო საქართველოს; ამიტომ არ არის გასაკვირი, როცა მათი ლიდერის ასეთ მოსაზრებას კითხულობ: „მაშასადამე, დღის წესრიგში დაისვა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება. ეს იყო სრულიად მოულოდნელი, არასოდეს არ გათვალისწინებული ამბავი, მისი გატარება ჩვენს რევოლუციონერულ ორგანიზაციებში გახდა დიდ თავსამტვრევ ამოცანათ“. როცა ადამიანი რევოლუციურ იდეებს და მათ საფუძველზე შექმნილ ორგანიზაციას განიხილავს, - როგორც მხოლოდ თვითდამკვიდრების საშუალებას, - რა გასაკვირია, თუ აზრად არ მოუვა ეროვნული ინტერესების დაცვა, და სამშობლოს დამოუკიდებლობა მისთვის მოულოდნელიც იქნება და თავსატეხი პრობლემაც.
როცა იმისათვის, რომ პოლიტიკური სცენიდან არ ჩამოვიდნენ, ასეთი ადამიანები, ეროვნულ პოზიციაზე დგებიან, ეს, ცხადია, მაინც გამოიწვევს თანამემამულეთა სიხარულს, მაგრამ „გარდაქმნილის“ ცნობიერება რომ ამით არ შეიცვლება, ესეც ცხადია. სიტუაციიდან გამომდინარე პოზიციის შეცვლის საპირისპირო მაგალითები, იმავე სოციალ-დემოკრატიულ მოძრობაში, მრავლად არის და მოვიხმობ ერთ მათგანს; კერძოდ, ჩეხოსლოვაკიის პირველი პრეზიდენტის, ტომაშ მასარეკის მოსაზრებას ეროვნული ცნობიერების მნიშვნელობის შესახებ: „სანამ მე დავიწყებდი აზროვნებას, თუნდაც პრიმიტიულ ფორმებში, სოციალისტურად, მე ვაზროვნებდი ჩეხურად“. დიახ, ამ სიტყვების ავტორს სოციალისტური იდეები თავისი ერის კეთილდღეობისათვის ბრძოლის საშუალებად მიაჩნდა, რევოლუცია კი, - რომელიც ავსტრია-უნგრეთის იმპერიას ბოლოს მოუღებდა - ჩეხეთის განთავისუფლების უპირველეს პირობად. სამწუხაროდ, ასეთ ეროვნულ თვითშეგნებას ჩვენი სოციალისტური მოძრაობის ლიდერები ვერ ამჟღავნებდნენ და ამის მიზეზი ერის ყოფაში უნდა ვეძიოთ: საქართველოში ეთნიკური კონსოლიდაციის პროცესი დამთავრებული არ იყო (ის დღესაც გრძელდება არასაკმარისი ინტენსივობით), ამის გამო, ძლიერი იყო კუთხურობა და ნაკლებად შეინიშნებოდა ეროვნული ერთიანობის გრძნობა, რომელსაც ებრძოდა და ახშობდა უკანასკნელი შვიდი საუკუნის მანძილზე მონღოლური, სპარსული, ოსმალური და რუსული იმპერიალიზმი. ეს ყოველივე სათანადო ასპარეზს უქმნიდა პროვინციელ ინდივიდუალისტებს, რომელთათვისაც სამშობლოს ცნება ხშირად საკუთარი კუთხის აღმნიშვნელი იყო და როცა ისინი იმპერიის დედაქალაქში მოხვდებოდნენ, ადვილად ითვისებდნენ როგორც რეაქციულ, ასევე პროგრესულ იდეებს, მაშინვე ებმოდნენ იქ მიმდნიარე სოციალურ-პოლიტიკურ ბრძოლებში და საბოლოოდ უფრო ადვილად ითავისებდნენ იმპერიის პრობლემებს, ვიდრე საკუთარი ერისას. სწორედ ასე იქცა რუსეთის პატრიოტად, მენშევიკი კაკი წერთეელი - ეს, მან განაცხადა საქართველოს დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადებისას: „რას ჩადიხართ, ქართველებო, თქვენ ხომ რუსეთის დემოკრატიას ღუპავთ“. ასე ხდება მაშინ, როცა აზროვნებას სოციალისტურად იწყებენ და არა ქართულად. როცა საკუთარი მამულის მაგიერ, სხვისი მოამაგე ხდება კაცი, რაც შეიძლება პრესტიჟულიც იყოს, თუ ეს „სხვა“, - იმპერიაა, სამშობლო კი, ამ იმპერიის ორი პატარა გუბერნია...
უკიდურესად ინდივიდუალისტი პროვინციალი, თუ სხვაგან ვერ ნახავს იდეურ-პოლიტიკურ ცენტრს, და იძულებული შეიქნება, სამშობლოში იმოღვაწეოს, ქცევის წესს ვერ იცვლის, მაინც ვერ ხდება ერთიანი საქართველოს პატრიოტი და ისევდაისევ თავის კუთხეს აღიქვამს სამშობლოდ. ხოლო ამ კუთხის მოსახლეობას, - თანამემამულეებად. ამ პრინციპით დაკომპლექტდა 1918-1921 წლების პირველი რესპუბლიკის მთავრობა. ქართველი მენშევიკების მტერი და მოწინააღმდეგე იოსებ სტალინი ასე აფასებდა მათ ამ ნაბიჯს: „... ჟორდანიას შეცდომა - მისი მთავრობა შედგენილი იყო თითქმის მთლიანად გურულებისაგან, რის გამოც იგი არ სარგებლობდა აღმოსავლეთ საქართველოს თანაგრძნობით...“ იმ წლებში, ქართველობის სრული კონსოლიდაცია იყო საჭირო, - რომ დამოუკიდებლობა შეგვენარჩუნებინა. ამის მაგიერ იმძლავრა კუთხურობამ, და საერთოდ, პროვინციალიზმმა. ამას მოჰყვა 1921 წლის კატასტროფა, - როგორც შედეგი ეროვნული ძალების დაქსაქსვისა. ეს მოხდა ბურჟუაზიულ საქართველოში, მიზეზი კი იგივე იყო, რამაც ფეოდალურ ეპოქაში ბევრჯერ იმსხვერპლა სახელმწიფოებრივი ინტერესები... 1789 წელს საქართველოს გაერთიანების ცდა კუთხური „პატრიოტიზმის“ გამო მარცხით დამთავრდა. ბევრის აზრი გამოხატა იოანე მუხრან-ბატონმა, როცა იმერეთის შემოერთების წინააღმდეგ გამოვიდა. - „ჩვენ ქართველთა, ჩვენთვის ვერ მოგვივლია“. ესე იგი ქართლს და კახეთს ბევრი პრობლემა აქვს და იმერეთს როგორ მივხედოთო... ასეთი აზროვნება უკიდურესი ეგოიზმის გამოვლენაცაა: ადამიანებს არ სურდათ ზედმეტი პასუხისმგებლობა ეკისრათ მაშინ, როდესაც ამის გარეშეც კარგად იყვნენ...
საქართველოს ისტორია პიროვნების მიერ ეროვნულ-სახელმწიფოებრვი ინტერესების იგნორირების უამრავ ფაქტს გვაწვდის. სხვაგვარად სცადეს ამ მოვლენის ახსნა. გერონტი ქიქოძე წერდა: „რუსობისათვის უცნობია ჩვენი მძაფრი სუბიექტივიზმი, ისტორკოსები ამბობენ, რომ ძველი სლავიანები თავებს სჭრიდნენ თავიანთ გამარჯვებულ სარდლებს: ვერ ურიგდებოდნენ ინდივიდუალობას, რომელიც საშუალო ზომას სცილდებოდა. ეს მისწრაფება ერთსახოვნებისა და ერთფეროვნებისადმი შემდეგშიაც შერჩათ რუსებს“. ჩვენთან პირიქითაა და, იმდენად პირიქით, რომ ინდივიდუალური უპირისპირდება კოლექტიურს, პიროვნება, - საზოგადოებას; ამის გამო, ჩვენს სახელმწიფოებრიობას ბევრი ევნო. ვახუშტი ბაგრატიონს, ერთგან, ასეთი მოსაზრება აქვს გამოთქმული: „ნათესავნი ქართველნი ორგულ-ბუნება არიან პირთელთაგანვე თვისთა უფალთა“, კრიტიკოსის, გურამ ასათიანის განმარტებით, ეს „უნდა გავიგოთ, როგორც ყოველგვარი ძალმომრეობის მიუღებლობა, ურჩობა, გულშეუჯერებლობა“. ეს ქართული ინდივიდუალიზმის სხვა, უფრო მომგებიან, კონტექსტში გააზრების საშუალებას იძლევა, - მითუმეტეს, თუ ძალმომრეობაში სახელმწიფოს მიერ გამოყენებულ ძალადობასაც ვგულისხმობთ. მაგრამ, თუ ეს ასეა, მაშინ რატომაა ქართველის ქცევა შინ სხვა, და გარეთ კიდევ, - სხვა; სამშობლოში, ეგოცენტრისტი ქართველი, ყველაფერში თავისი უფლებების შელახვას ხედავს და ათასი საბაბის მომიზეზებით ცდილობს, ერის წინაშე არსებული ვალდებულებების თავიდან აცილებას; ის მხოლოდ მაშინ არის საზოგადოებრივი ინტერესებისადმი ლოიალური, როცა ეს მის პირად მიზნებს პასუხობს.
თუ უცხოეთის ბევრ ქვეყანაში სახელმწიფოს ინტერესებისათვის პიროვნების აღზევება, ან დამცრობა, ჩვეულებრივი მოვლენა იყო, საქართველოში იგივე ქმედება მეტად ძნელი, თითქმის შეუძლებელი გახლდათ. ამის გაკეთება უჭირდათ ისეთ დიდ სახელმწიფო მოღვაწეებსაც, დავით აღმაშენებელი და გიორგი ბრწყინვალე რომ იყვნენ.
სრულიად საპირისპიროდ ვლინდება ქართული ინდივიდუალიზმი უცხო ეთნო-პოლიტიკურ გარემოში. ის, უპირველეს ყოვლისა, ამჟღავნებს შეგუების უნარს და უმეტესწილად ურიგდება „ყოველგვარ ძალმომრეობას“, რადგან იცის, აქ ის არ გაუვა და იმას არ აპატიებენ, რასაც ჩაიდენდა და რაც ხახვივით შერჩებოდა სამშობლოში. მისთვის სრულიად გასაგებია, რომ მთლიანად იმ ხალხის ხელშია, რომლის მიწაზეც ცხოვრობს. ამიტომ, უნდა ეცადოს, გაითავისოს იქაური ტრადიციები, დაისწავლოს კანონები, - რომ არაფერი შეეშალოს; ყოველმხრივ ერთგულება უმტკიცოს და შესაშური მონდომებით მოაგვაროს მათი ეროვნული და სახელმწიფოებრივი პრობლემები, - რომ მის ლოიალურობაში ეჭვი არ შეიტანონ და რისხვა არ დაატეხონ თავს. ამიტომ, ძალიან ცდილობს. მით უმეტეს, ასეთი საქციელი სიკეთეს მოუტანს. შეიძლება ისეთი კარიერა გაიკეთოს, რომ ქვეყანა ალაპარაკდეს. არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ უცხო ეთნიკურ გარემოში, ქართველი ყველაზე ადვილად კარგავს ეროვნულ სახეს; მისთვის ადვილი ხდება ნატურალიზება. ამას ხელს უწყობს მრავალგზის ნახსენები ინდივიდუალიზმი, - პიროვნება ახდენს შინაგანი ძალების სრულ მობილიზებას, რომ თავი გადაირჩინოს. ამას ახერხებს, მაგრამ, სანაცვლოდ, კარგავს ქართველობას... ასეთი მიზნის მქონე ქართველი, როგორც წესი, არც საკუთარ სამშობლოს ინდობს და, არც საკუთარ ხალხს. მიხეილ ჯავახიშვილს რომანში „კვაჭი კვაჭანტირაძე“ დიდებულად, აქვს აღწერილი უსამშობლო ავანტიურისტის სამშობლოსთან. გამოთხოვების ეპიზოდი: „კვაჭმა გაიღიმა და კვერი დაუკრა: მართალი ბრძანდებით, კაპიტანო, ნამდვილი ველურები არიან, მე კარგად ვიცნობ მაგ ხალხს. მგზავრები და კაპიტანი კვაჭს მოუბრუნდნენ: - განა თქვენ ქართველი არა ბრძანდებით? კვაჭს მზად არა ჰქონდა პასუხი, ამიტომ ოდნავ აირია და წაიბორძიკა. - ჰმ... დიაღ, მაგრამ მამით გურული ვარ, დედით, მეგრელი, აღზრდა-დაბადებით კი იმერელი“.
პასუხმა დააკმაყოფილა ქართველებზე განაწყენებული არაქართველები. კვაჭმა მათი კეთილგანწყობის მოპოვება ქართველების გინებითა და ქართველობასთან კუთხურობის, როგორც „ალტერნატივის“, დაპირისპირებით შეძლო... ქართველთა მოძულე მისი თანამოსაუბრეებისათვის, გურული, მეგრელი, იმერელი, - ქართველი არ იყო... კვაჭი ლიტერატურული გმირია. სავალალო ისაა, რომ ასე, - მრავალგზის მოქცეულან მისი ცხოვრებისეული პროტოტიპები. იოსებ ჯუღაშვილი, სტალინად წოდებული, ქართულ პატრიოტიზმს შოვინიზმად მონათლავს და იტყვის: „... ქართული შოვინიზმი მიმართულია სომხების, ოსების, აჭარლებისა და აფხაზების წინააღმდეგ...“ ერის გინებას, - აქაც იგივე მიზეზი აქვს. ამ შემთხვევაში, პოლიტიკურმა „საჭიროებამ“ მოითხოვა და, სტალინმა ცილი დასწამა თავის ერს. აჭარლების არაქართველებად გამოცხადებაც „საჭიროების“ გამო მოხდა; ასევე „საჭიროება“ მოიტანს და, უბრძანებს, სტალინი - ორჯონიკიძეს: „ახლავე შეუტიე, დასტურია, აიღე ქალაქი“...! და, დაემხო ჩვენი პირველი რესპუბლიკა. სამაგიეროდ, რუსეთში აღზევდნენ სტალინი და ორჯონიკიძე. საკუთარ კარიერას სამშობლო შესწირეს, მაგრამ ბოლომდე ვერ გაიხარეს, - ისევე როგორც არ გაუხარია უცხოეთში აღზევებულ არც ერთ ქართველს... მათ გამოიყენებდნენ, შეაქმნევინებდნენ სამეფოებს და იმპერიებს, მერე კი, უკეთეს შემთხვევაში, მივიწყებაა, უარესში - გარდაუვალი სიკვდილი. აქ, ყურადღებას იქცევს ერთი მომენტი: ტრაგიკულ ფინალს, როგორიც არ უნდა ყოფილიყო, ქართველები განგების განაჩენად მიიჩნევდნენ და უდრტვინველად იღებდნენ. გამონაკლისი არის, მგონი, მხოლოდ ის ქართველი მამელუქი, სალადინის ციხის გალავანზე რომ გადაძვრა და ამით დააღწია თავი მუჰამედ-ალის არნაუტების ტყვიებს და, ალბათ, კიდევ ერთი-ორი ადამიანი. უმეტესობა კი, ლამის ფატალურ გარდუვალობად მიიჩნევდა უცხოეთში უმადურ მასპინძელთაგან გამოტანილ სასიკვდილო განაჩენს. ამის ერთ-ერთი, ყველაზე ნათელი მაგალითია იმამ-ყული-ხან უნდილაძის ცხოვრება და აღსასრული. ამ გასპარსელებულმა ქართველმა შეძლო მეტად აღზევებულიყო: შირაზის ხანი და ერთერთი გავლენიანი სახელმწიფო მოღვაწე გახდა. ამას მიაღწია თავისი ნიჭისა და უნარის წყალობით. როგორც ისტორიული წყაროები გვამცნობენ, უნდილაძეს ბევრი კარგი თვისება ჰქონდა, გამორჩეული პიროვნება იყო, თავისი სიკარგე და ნიჭიერება მთლიანად სპარსეთის გაძლიერებასა და აღორძინებას მოახმარა. საკუთარი ინიციატივით, ქართველებისათვის არა უვნია რა, მაგრამ როცა შაჰ-აბასს უბრძანებია, ქეთევან დედოფალი ეწამებინა, ცოტა ხნით შეაყოვნა მისი შესრულება, მერე კი გულმოდგინედ აღასრულა, - როგორც მანამდის, ბევრი სხვა... სპარსეთისათვის ესოდენ დამაშვრალ კაცს, დამსახურებული პოპულარობა არ აპატიეს და სიცოცხლეს გამოასალმეს. ამ უსამართლობას უნდილაძე საოცარი სიმშვიდით შეხვედრია, მხოლოდ უთქვამს: „აი, მზად ვარ დავემორჩილო შაჰის ბრძანებას. მხოლოდ ერთსა გთხოვთ - ნუ მომკლავთ ამ საბრალო ქალების თვალწინ, (ჰარამხანაში ხდებოდა ეს ამბავი) თავზარი არ დაეცეთ“. საოცარი შეგუებაა, წინააღმდეგობის გაწევის არავითარი მცდელობა, მერე მისგან, ქართველისაგან... იმას, რომ ქართველმა უცხო ქვეყანაში ქცევის წესი შეიცვალა, თავისი საფუძველი აქვს: ამ ქვეყნებში, სადაც გადახვეწილ ქართველებს მოუხდათ მოღვაწეობა, ანუ ბიზანტიაში, ოსმალეთში, ეგვიპტეში, სპარსეთში, რუსეთში, - რამდენიმე სხვადასხვა მაორგანიზებელი ფაქტორი იყო: ბიზანტიაში - ბერძნულ-მართლმადიდებლური ეთნოცენტრიზმი და იმპერატორის კულტი, მუსლიმანურ სახელმწიფოებში - რელიგია და სამხედრო ორგანიზებულობა, რუსეთში - „დერჟავული“ თვითშეგნება. ეს ღირებულებები განსაზღვრავდნენ ინდივიდის შეხედულებებს, მისი ქმედების ხასიათს და პიროვნებას, ეროვნული, რელიგიური და სახელწმიფო პრინციპების სამსახურში აყენებდნენ. ეს გახლდათ არსებითი მნიშვნელობის ის პირობა, რომელიც ხელს უწყობდა სახელმწიფოს გაძლიერებას და ყველაფერს მას უმორჩილებდა. ქართველმა ცნო ეს ძალა და დაემორჩილა მას, თუმცა, სამშობლოში მსგავსი რამ არ იყო. ამიტომ, შინ სხვაგვარად იქცეოდა, მაგრამ სხვა ქვეყნებში - ბოლომდე გაითავისა იქაური წეს-წყობილება და შეგუების გასაკვირი უნარი აღმოაჩნდა.
ქართველების უცხოეთში აღზევებას, ვერ ავხსნით მხოლოდ იმ გავრცელებული შეხედულებით, რომ პატარა ერის დიდი პოტენციალის მქონე შვილებს, სათანადო ასპარეზი სჭირდებათ, და ამიტომ, შესაძლებლობათა რეალიზებას მხოლოდ დიდ ქვეყნებში ახერხებენო. ეს ასეა, მაგრამ არის სხვა მიზეზიც: ქართველებს გვიჭირს სათანადო თვითორგანიზება, რის გამოც გვიძნელდება საქმის ნორმალურად წარმართვა. მეტად რთულია საკუთარ შესაძლებლობათა რეალიზება, ეს უმცირესობის ხვედრია... ჩვენთან, ადამიანის ენერგია, საზოგადოებრივი ცხოვრების ცუდი ორგანიზების გამო, უაზროდ, სხვათა შურისა და ამბიციების წყალობით წარმოქმნილი დაბრკოლებების დაძლევისას იხარჯება. ასეთ პირობებში, თუნდაც საუკეთესო, გამორჩეული თვისებების მქონე პიროვნება ვერ შეძლებს თვითდამკვიდრებას, მას დაღლის უსაგნო ბრძოლა მთელი სიცოცხლეის მანძილზე. ამიტომაა, წარსულშიც და დღესაც, რომ ბევრი ქართველი სათანადო ასპარეზს პოულობდა და პოულობს უცხოეთში, იმ ქვეყნებში, სადაც სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი საქმიანობა, სათანადოდ იყო, და არის ორგანიზებული...
რამდენადაც სუსტად არის ეთნოცენტრიზმი გამოვლენილი, იმდენად იკარგება საკუთარი განსაკუთრებულობის წარმოჩენის სურვილი. ეს ყველაზე კარგად ჩანს მაშინ, როცა ეროვნულ თავისებურებათა დემონსტრირების აუცილებლობაა და ამისი საშუალებაც არის.
მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ხელი შეუწყო ეროვნულ-ქრისტიანული ცნობიერების ჩამოყალიბებას. წირვა - ეროვნულ ენებზე სრულდება. თავად ეკლესიები ავტოკეფალურნი არიან და იმ სახელმწიფოებისა და ხალხების ინტერესს გამოხატავენ, რომელთა წიაღშიც აღმოცენდნენ. ასევე ეროვნულია, - ტაძართა არქიტექტურა და მოხატულობა, მიუხედავად იმისა, რომ ყველა მართლმადიდებლურ ეკლესიას, სანიმუშოდ, ერთი ცენტრი - ბიზანტია ჰქონდა.
ამასთან დაკავშირებით საინტერესო მოსაზრება აქვს გამოთქმული გერონტი ქიქოძეს: „ქუთაისის ტაძარიც ბიზანტიელმა ოსტატებმა შეამკეს და კიევის წმინდა სოფიაც და ლავრაც: ერთი და იმავე იმპერატორმა გამოუგზავნა ხუროთმოძღვრები ბაგრატ მეოთხესა და იაროსლავს, მაგრამ რა დიდი განსხვავებაა ქართულ და რუსულ ძეგლებს შორის! კიევის ეკლესიები სულმოკლე ასლებია ბიზანტიური ნიმუშებისა. მათი ფასადები უსახურია, მათი კორპუსები ტლანქი და დამძიმებული, მათ აკლიათ სიდიადე სიდიდის მიუხედავად. ბაგრატის ტაძარი პირიქით, განუმეორებელია, მისი პროპორციები ზომიერი და კეთილშობილია. მისი კონტურები ელეგანტური და გრანდიოზული. ბიზანტიელებს ბრმად არც მხატვრობასა და ქანდაკებაში არ ვბაძავდით“. დიახ, ჭეშმარიტად ასე იყო და ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრებისა და ფერწერის თვითმყოფადობა, - საყოველთაოდ აღიარებული ფაქტია. ქართული ქრისტიანული საკულტო არქიტექტურის ეროვნულობა, უპირველესად, ჩვენი ეთნოცენტრიზმის გამოვლენაა, ამიტომ არის გასაკვირი ერთი გარემოება: ასეთივე ეროვნულობით არ გამოირჩევა საზღვარგარეთ აგებული ქართული ეკლესია-მონასტრები... იერუსალიმის ჯვრის მონასტერი ამ ქალაქის არქიტექტურული გააზრების ტიპიური ნიმუშია, ერთი-ორი ორნამენტი და დეტალი თუ გაფიქრებინებს საქართველოსთან ამ ნაგებობის კავშირს... ასევეა, პეტრიწონის მონასტერი, - იგი არაფრით განსხვავდება ბიზანტიის იმპერიაში არსებული სხვა მონასტრებისაგან... მოსკოვში არის ქართული ეკლესია, - მისი არქიტექტურის სტილი ტიპიურია გასული საუკუნის რუსული ეკლესიებისათვის, მაგრამ არაფერი აქვს საერთო ქართულ არქიტექტურასთან. საფრანგეთში, ჩვენი საუკუნის ოციან წლებში, ბევრმა ქართველმა ემიგრანტმა მოიყარა თავი, მათ შორის, ბუნებრივია, მორწმუნენიც იყვნენ, ემიგრანტები, იქ, დღესაც არიან და ამათაც სწამთ ღმერთი, მაგრამ ეკლესიის აგება, ვერც ძველებმა და ვერც ახლებმა, ვერ შეძლეს... აქვთ, ერთი სამლოცველო, - თანამედროვე სახლის რომელიღაც სართულზე, - ეს არის და ეს... სხვა ქრისტიანი ერები, მაგალითად, ბერძნები ან რუსები, თუ უცხოეთში ეკლესიას ააგებენ, ამას აუცილებლად გააკეთებენ ბერძნული და რუსული არქიტექტურის ტრადიციების მიხედვით. ამავე გზას მიჰყვებიან სომხები და თავიანთ ეკლესიებს ყველგან ეროვნული სტილით აგებენ. ასე რომ, ხსენებული ერები ამ ფორმითაც გამოხატავენ თავიანთ ეთნოცენტრისტულ მისწრაფებებს, ეს ყველაფერი ბადებს კითხვას: როგორ მოხდა, რომ ესოდენ ორიგინალური ქართული საეკლესიო არქიტექტურა არ იქნა საზღვარგარეთ გამოყენებული და იქ ბრმად ვბაძავდით ადგილობრივ ტრადიციებს? ამის მიზეზია პროვინციალიზმი და სნობიზმი, რომელიც, ვითომ თავმდაბლობისა და მოკრძალებულობის საფარქვეშ, ვერ მალავს არასაკმარისად გამოვლენილ ეროვნულ თვითშეგნებას. აშკარაა ქართული საეკლესიო არქიტექტურული ფორმებისა და სტილის დაუფასებლობა, უცხოურისათვის კი, - გაუმართლებლად უპირატესობის მინიჭების ტენდენცია და, როგორც ჩანს, ამ გზით, უკონფლიქტოდ არსებობის უფლების მოპოვება. ცხადია, ასეთი პოზიცია ჰქონდათ კონკრეტულ ადამიანებს, მაგრამ უბედურებაც ის არის, რომ იმათი ნაწილი, ვინც უცხოეთში ქართველობას წარმოადგენდა, ვერ ამაღლდა თავად ერის დონემდე... ამ ადამიანების პიროვნული სისუსტე ერის ჩამორჩენილობის, პასიურობის, ეროვნული ღირსების უქონლობის, უძლურების საბუთად იქცა, - რის გამოც, მერე, საპირისპიროს მტკიცება ძნელდება.
ქართველებმა ქრისტიანობა მეოთხე საუკუნის დამდეგს მიიღეს და „ბიბლიის“ თარგმნაც ამ დროიდან უნდა დაეწყოთ. ყოველ შემთხვევაში, მეათე საუკუნის ბოლოსათვის, როცა რუსეთში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა, უკვე დიდი ხნის ნათარგმნი იყო და მაინც, 1743 წელს მოსკოვში დასტამბულ ბაქარისეულ ბიბლიაში, მრავლად არის სლავიზმები. თავისთავად, ისინი, იქ ვერ მოხვდებოდნენ; მათი წარმომავლობა განაპირობა იმან, რომ ის ხელნაწერი, რომლის მიხედვითაც ეს წიგნი დაიბეჭდა, რუსულს შეუდარეს და, - ამ გზით „დააზუსტეს“. საკითხავია, რატომ უნდა ყოფილიყო რუსული ქართულზე უფრო „ზუსტი“. საკითხის ასე დასმა უკვე იმის მანიშნებელია, რომ მაშინ, რუსეთში მყოფ ქართველთათვის, მოსკოვი უკვე იდეოლოგიურ ცენტრად იქნა აღქმული, - ისეთად, თავის დროზე კონსტანტინოპოლი რომ იყო...
ცნობილია ჯვრის თორმეტი ფორმა - ძველ ეგვიპტური მარყუჟით, ბერძნული, ლათინური, თ-ასოსმსგავსი, სვასტიკა, წმინდა ანდრიასი, პაპის, ღუზის მსგავსი, სახრჩობელის მსგავსი, ლორენული და მალტური. ყველა ეს ჯვარი, სამყაროს ამა თუ იმ ნაწილში იყო, ან არის გავრცელებული. ქართველებსაც გვაქვს ორიგინალური ჯვარი, წმინდა ნინოსი, მაგრამ, ის ჩვენთანაც კი არ იყო საკმაოდ ცნობილი, მის აღიარებაზე ქრისტიანულ სამყაროში რომ არაფერი ვთქვათ... საქართველო ძველი ქრისტიანული ქვეყანაა და უფლება გვაქვს მოპოვებული, რომ საქვეყნოდ ცნობილი იყოს ქართული ჯვარი; მაგრამ, ეს რომ მოხდეს, ჩვენ თავად უნდა მოვინდომოთ მისი პოპულარიზება და შევძლოთ კიდეც.
დაუსრულებლად შეიძლება იმ ფაქტების ჩამოთვლა, როცა კუთხურობის, ეგოცენტრიზმისა და იდეოლოგიური და პოლიტიკური სნობიზმის გამო, ვერ გამოვავლინეთ სათანადოდ ჩვენი ეგოცენტრისტული მისწრაფებანი, მაგრამ ცხადია, იყო შემთხვევები, როცა ამას ვახერხებდით თავისებურად, მხოლოდ ქართველთათვის დამახასიათებელ ფორმებში. ამის სამაგალითოდ ქართული დამწერლობის გრაფიკული განვითარების ისტორიაც გამოდგება. მოგეხსენებათ, თავდაპირველი ანბანის, ფინიკიურის შექმნის შემდეგ, ყველა დანარჩენის შემთხზველი, მეტნაკლებად ცვლის პროტოტიპული ანბანის ნიშანთა მოხაზულობას და ამით აღწევს ამა თუ იმ ეროვნული ანბანის გარეგნულ ორიგინალობას. ეს საყოველთაოდ მიღებული წესი იყო და ანბანის ყველა შემთხზველი ამას აკეთებდა. ამავე წესით არის შექმნილი, მაგალითად, სომხური და ქართული დამწერლობაც, ოღონდ არის არსებითი მნიშვნელობის განსხვავებაც: სომხური - ერთხელ, მეხუთე საუკუნეში შექმნა მესროპ-მაშტოცმა, ქართულს კი, - საუკუნეები დასჭირდა, რომ საბოლოო ფორმისათვის მიეღწია.
მოგეხსენებათ, არსებობს ორი მოსაზრება იმის შესახებ, თუ როდის შეიქმნა ქართული ანბანი. პირველის მიხედვით, ეს მოხდა ჩვენს წელთაღრიცხვამდე 284 წელს და მისი ავტორია იბერიის მეფე ფარნავაზი. მეორე ვერსიით, ჩვენი ანბანი ქრისტიანული ხანის ქმნილებაა, - მეოთხე საუკუნისა. ამჯერად, ჩემთვის საინტერესო არის ის, რომ, სანამ თავიანთ ანბანს მათთვის ყველაზე ოპტიმალური ფორმა მიანიჭეს (ანუ მივიღეთ ის, რასაც მხედრული დამწერლობა ჰქვია და რაც მეათე საუკუნეში მოხდა), ქართველებმა პირველ ვერსიას თუ ვენდობით, - თორმეტი საუკუნე მოანდომეს, მეორეთი - ექვსი... დიახ, დიდი დრო გვჭირდება, რომ ჩვენი ეთნოცენტრიზმი გამოვავლინოთ. ასეთია ქართველის ხასიათი, მისი ბუნება...
ასევე პარადოქსულია ერთი შეხედვით ეროვნული ენერგიის გამოვლენის ფორმაც. მისმა თავისებურებამ არა ერთი პესიმისტური მოსაზრება წარმოშვა! მსგავსად ნიკოლო მიწიშვილის მოსაზრებისა რომ: „საქართველო პასიური მოვლენაა“. დიახ, იქმნება ისეთი შთაბეჭდილება, რომ ჩვენ მხოლოდ რეაქცია გვქონდა სხვათა ქმედებაზე. თავს ვიცავდით, რადგან გვესხმოდნენ! ვიბრძოდით, იმიტომ, რომ გვეომებოდნენ! ამგვარი შეხედულება არ არის სწორი. საქართველო და ქართველობა არ არს პასიური მოვლენა. უბედურება ის არის, რომ ზღვარსგადასული ინდივიდუალიზმის გამო, გვიჭირს ორგანიზება და ეროვნული ენერგიის მიზანდასახული წარმართვა. სახელმწიფოებრიობის სამიათასწლოვანი ისტორია გვაქვს. მთელი ამ დროის მანძილზე პიროვნული ინტერესები გაუთავებლად უპირისპირდება და ებრძვის ეროვნულს. ამ რამდენიმე წლის წინ გავრცელდა ანეკდოტი: ერთი კითხულობდა, - რა განსხვავებაა ქართველებსა და ძველ რომაელებს შორის? რაზედაც მეორე პასუხობდა, - რომაელები მტერს მუსრს გაავლებდნენ და მერე გამართავდნენ სამოქალაქო ომებს, ქართველები კი, ჯერ ერთმანეთის დაერევიან, ამოჟლეტენ და მერე უკვე მტერთან ბრძოლის თავი აღარ აქვთო. ერთმანეთს მტრობა არის ეგოცენტრიზმის შედეგი, - როცა ყველა, თავის თავს სამყაროს ცენტრად, სხვას კი, არარად მიიჩნევს. ამის გამო, ქართველებს არასოდეს გვქონია ერთიანობის გრძნობა ისე განვითარებული, როგორც სომხებს ან ებრაელებს. ყველაფრისათვის მარტოდმარტო ბრძოლა გვიჯობს, ერთად კი, - გვიძნელდება, ეს გათითოკაცება მუდამ ქსაქსავდა ეროვნულ ენერგიას და დღესაც ესაა მიზეზი, რომ ასე უღონონი ვართ. მაგრამ, თუ გამოჩნდა მაორგანიზებელი ძალა, რომელიც შესთავაზებს საზოგადოებას ღირებულებების, პრინციპებისა და ინტერესების ერთიან სისტემას, ანუ, ეროვნულ იდეას, მაშინ მდგომარეობა შეიცვლება; მოხდება ის, რაც მოხდა ფარნავაზის, ფარსმან დიდის, ვახტანგ გორგასლის, დავით აღმაშენებლის, თამარისა და გიორგი ბრწყინვალის დროს, როცა ჩვენი ერი, - სხვათა ზემოქმედების ობიექტი, - იმ სუბიექტად იქცა, რომელიც მეზობელი ხალხების ბედს განაგებდა. ისტორიის ზემოხსენებულ პერიოდებში არავის მოუვიდოდა აზრად, ეთქვა, „საქართველო პასიური მოვლენააო“; ამას, მაშინ, უბრალოდ ვერ გაიგებდნენ, რადგან ზემოხსენებული სახელმწიფო მოღვაწეებისა და მათი თანამებრძოლების სახით, გააჩნდათ მაორგანიზებელი ძალა, ჰქონდათ, აგრეთვე, ეროვნული იდეა, - რისი წყალობითაც იდეოლოგიურად, პოლიტიკურად, სოციალურად და კულტურულად ორგანიზებულნი, აქტიური საქართველოს ისტორიას ქმნიდნენ, ჩვენ კი, ამ სიტყვების მთელ ტრაგიზმს ვგრძნობთ და ამის გამო დათრგუნულები ვართ. მაგრამ, თუ გამოჩნდა მაორგანიზებელი ძალა და მოიტანა ეროვნული იდეა, მაშინ ეროვნულ ენერგიას ისევ გამოვავლენთ...
ჩვენს მიერ ეროვნული ენერგიის გამოვლენის თავისებურებამ, ვინმეს, შეიძლება, ასევე აფიქრებინოს, რომ აქტიურობა, მთლიანობაში, ქართველი ერისათვის ეპიზოდური მოვლენაა, პასიურობა კი, - ძირითადი მდგომარეობა. ასეთი დასკვნაც, იმთავითვე მცდარია, რადგან უკიდურესი ინდივიდუალიზმის დესტრუქციულ ქმედებას ხელს უწყობდა გარეგანი ფაქტორებიც.
მაორგანიზებელი ძალისა და ეროვნული იდეის გარეშე, ქართველობას ძალიან უჭირს, ჩვენი ინდივიდუალიზმი, პიროვნული აქტიურობისათვის საკმარისია, ეთნიკურისათვის კი, - არა: საქართველოს იმ რეგიონებში, სადაც არაქართული მოსახლეობა მრავლად არის, მაგალითად, შიდა და ქვემო ქართლში, მესხეთში და აფხაზეთში, - ქართველობა, - რადგანაც თვითორგანიზება აკლდა და სოციალურად პასიური იყო, - თანდათან თმობდა პოზიციებს და მალე, სტუმრებად გადაიქცნენ საკუთარ სახლში. ის, რომ აფხაზმა და ოსმა სეპარატისტებმა მამა-პაპათა სამკვიდრებელიდან აჰყარეს, და გამორეკეს ქართველები, მათი სიძლიერის კი არა, ჩვენი სისუსტის მაჩვენებელი. მართალია, სეპარატისტების უკან რუსეთი იდგა, მაგრამ ის, რაც მათ გაბედეს, ფსიქოლოგიური ბარიერის გადალახვის შედეგია და ეს შეძლეს ქართველთა პასიურობით შეგულიანებულებმა. აფხაზეთსა და შიდა ქართლში მომხდარი ტრაგიკული ამბები ნათლად წარმოაჩენს უბედურების მიზეზს. საკუთარ ქვეყანაშიც კი, - ქართველი დაუცველია, რადგან თავდაცვა უპირველეს ყოვლისა, თვითორგანიზებაა, ანუ ის, რაც ესოდენ გვიჭირს. ყურადღება უნდა მივაქციოთ, ჩვენს მეზობლად მცხოვრები ხალხები და მათი წარმომადგენლები საქართველოში როგორ აღწევდნენ ორგანიზებულობას, ამის მეშვეობით კი, მათ წინაშე მდგარი სოციალური, პოლიტიკური, რელიგიური და კულტურული პრობლემების მოგვარებას. ეს, ყველაზე კარგად, ყოფით სიტუაციაში ჩანს. თუ დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ ჩვენში გამეფებული ქაოსისა და დესტრუქციის საპირისპიროდ, სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფები მაქსიმალურად ორგანიზებულნი არიან. სხვათაშორის, ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები სომხები და ებრაელები, სხვა ერების წარმომადგენლებისაგან გამოირჩევიან ორგანიზებულობით და, ამისსავე წყალობით, ცხოვრებისა და საზოგადოებრივი ყოფის მაღალი დონე აქვთ. ქართველებს ეს უჭირთ შინაც და სხვა ქვეყნებშიც, თითოოროლა ქართველი ყველგან აღწევს წარმატებას, მაგრამ, მთლიანობაში, ქართველობას, როგორც ვთქვი, თვითორგანიზება პრობლემად აქვს ქცეული და ნაკლებად სოლიდარულნი ვართ ერთმანეთისადმი. ჩვენი ორივე ეს ნაკლი ხომ, თავისთავად ცუდია; კიდევ საფრთხესაც გვიქმნის იმით, რომ სხვა ხალხებმა, შეიძლება, ქართველები ადვილად დასაჯაბნ ერად მიგვიჩნიონ, ანუ გააკეთონ ისეთივე დასკვნები, აფხაზებმა და ოსებმა რომ გააკეთეს. ჩვენდამი ასეთი დამოკიდებულება, უარეს შემთხვევაში, საქართველოს ემუქრება ტერიტორიული დაშლით. უკეთეს შემთხვევაში კი, არაქართული მოსახლეობა, უბრალოდ, არ მიიღებს მონაწილეობას ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში. ორივე ეს პერსპექტივა მიუღებელია, ამიტომ, ქართველობამ, სულ სხვაგვარი დასკვნებისათვის უნდა განაწყოს რუსპუბლიკის არაქართველი მოსახლეობა, საჭიროა, ავიყოლიოთ ისინი და ჩავაბათ სახელმწიფოს აღმშენებლობის საქმეში. ჩვენს პირობებში და ამასთან, მთელი სახელმწიფოს მასშტაბით, ეს ამოცანა პოლიტიკურმა ძალამ უნდა განახორციელოს. თუმცა, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, ამ მხრივ, ბევრის გაკეთება შეუძლიათ და კიდევ უფრო ბევრისა მეწარმეებს და, საერთოდ, კერძო კაპიტალს. სამწუხარო ისაა, რომ პოლიტიკასაც, საზოგადოებრივ საქმესაც და ბიზნესის სფეროსაც, კუთხურობამ, ეგოცენტრიზმმა და სნობიზმმა, თავისი დაღი დაასვა. ამ თვალსაზრისით, ბოლო რვა წლის მანძილზე მომხდარი ამბები ბევრად არ განსხვავდება იმისაგან, პირველი რესპუბლიკის დროს რომ ხდებოდა. ადამიანთა ქცევის თვალსაზრისით, აღმოჩნდა, რომ არ გავზრდილვართ, არ შევცვლილვართ, პიროვნულ ამბიციებზე მაღლა სახელმწიფოებრივი ინტერესები ვერც ახლა ვერ დავაყენეთ. ამ ცოტა ხნის წინ, პოლიტიკურ ძალებს ჰქონდათ საშუალბა, ისეთ მაორგანიზებელ ძალად ქცეულიყვნენ ეროვნული ენერგიის გამოხმობა და წარმართვა რომ შესძლებოდათ... ყურადღებას იქცევს ერთი მომენტი: ორ ბანაკად გაყოფილ პოლიტიკოსებს ერთმანეთის ლანძღვა უფრო გამოუდით და კარგად უწყიან მოწინააღმდეგე ვინ ჰყავთ ქვეყნის შიგნით, სამაგიეროდ, მოსახლეობას ერთობ ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს საშინაო და გარეშე მტერზე... ასე რომ პოლიტიკურ ძალებს ჯერ არ ძალუძთ იქცნენ იმ მაორგანიზებელ ძალად, ჩვენ რომ გვჭირდება.
ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესების ხარჯზე კუთხურისა და ინდივიდუალისტურის აღზევებას, ბუნებრივია, უნდა მოჰყოლოდა დესტრუქციული პროცესები, ამან კი მოსახლეობა აიძულა ყველა გზა ეძებნა არსებულ სიტუაციასთან (რომლისაგან თავის დაღწევაც ჭირს) შესაგუებლად, - რაც მათ კომფორმისტად ქცევას უწყობს ხელს.
ქართული კომფორმიზმი პასიური მოვლენა სულაც არ არის, ის აქტიურია იმდენად, რომ მის აქტიურობაში დაუფარავად ჩანს აგრესია, - ყველასა და ყველაფრისადმი მიმართული. აგრესიული, არამარტო ეგუება, არამედ ცდილობს მოვლენებზე ისეთი ზემოქმედების მოხდენას (რამდენადაც ეს შესაძლებელია), რომ მისთვის მისაღები შინაარსი შეიძინოს. ცხადია, ასეთი ქმედება ნიშნავს ხალხისა და რესპუქლიკის ინტერესების უგულებელყოფას, ნებისმიერი იდეის დამახინჯებას, საქმის გაუკუღმართებულად წარმართვას. მაგრამ ამას არად დაგიდევენ, რადგან აგრესიული კონფორმისტი ყოველგვარი მოვალეობის გრძნობისაგან თავისუფალია, მას საკუთარი თავის არავინ ახსოვს. ის არაფერს ქმნის, მხოლოდ მომხმარებელია. ადამიანის ასეთი ტიპი, სამწუხაროდ, მეტად გავრცელებულია დღევანდელ საქართველოში, ის წარმოშვა გვიან შუა საუკუნეებში ჩვენი ქვეყნის გადაქცევამ სხვათა ზემოქმედების ობიექტად, და, განსაკუთრებით, ორასწლოვანმა კოლონიურმა ყოფამ... შიდა დესტრუქციული პროცესების გარდა, გარეშე ფაქტორებიც უწყობდნენ, და ახლაც უწყობენ ხელს კუთხურობისა და უკიდურესი ინდივიდუალიზმის გაძლიერებას...
შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი მე ასე მესახება: ქართველმა ერმა უნდა შეძლოს შიდა და გარეშე დესტრუქციული ძალების ნეიტრალიზება; ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესების პიროვნულზე მაღლა დაყენება; ხალხის ცნობიერებაში უნდა დამკვიდრდეს ეთნოცენტრისტული შეხედულებანი; - ეს გადაგვარჩენს და აგვამაღლებს, რადგან სწორედ ქართულმა ეთნოცენტრიზმმა წარმოშვა ყბადაღებული ქართული ტოლერანტობა, საკაცობრიო ფასეულობად რომ არის მიჩნეული.
1993 წლის ოქტომბერი - 1995 წლის ივნისი.
![]() |
15 საშიში მემკვიდრეობა |
▲ზევით დაბრუნება |
„არა მხოლოდ საუკუნეთა სიბრძნე, არამედ მათი სიგიჟეც აღიგზნება ჩვენში. იყო მემკვიდრე - საშიშია“.
ფრიდრიხ ნიცშე
ამ ნააზრევის ჭეშმარიტებას კაცობრიობის ისტორია ადასტურებს. რაც უფრო დიდია ერისაგან გამოვლილი გზა, მით მეტად საგრძნობია წარსულის ტვირთი.
ათასწლეულების მანძილზე დაგროვილი კარგი თუ ცუდი არის ჩვენი ქცევის სტერეოტიპის განმსაზღვრელი. ამ სტერეოტიპის ცვლილება-უცვლელობა გარემოსთან მიმართებაში კი, განაპირობებს ერის მიერ კრიზისული სიტუაციიდან თავის დაღწევა-არდაღწევის შესაძლებლობას, ანუ, უფრო მარტივად: იმ ვითარების შესაბამისად მოქმედება, რომელშიც აღმოვჩნდებით, უნდა მივიჩნიოთ სიბრძნის გამოვლენად, ხოლო საპირისპირო ქმედება კი, - სიგიჟისად. რატომ არის, რომ ზოგ შემთხვევაში ქცევის სტერეოტიპი იცვლება, სხვაში კი არა? ამ კითხვაზე ცალსახად პასუხის გაცემა ჭირს, ერთი კი ცხადია: ნებისმიერი ერის ცხოვრებაში არის პერიოდები, როცა ესა თუ ის ხალხი მისთვის არაბუნებრივ მდგომარეობაში აღმოჩნდება, საიდანაც თავის დაღწევა უჭირს მაშინაც, როცა ამის საშუალება ეძლევა, რადგან ერთობ ძნელია ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადასვლა, ერთბაშად, სრული უარყოფა ყველაფრისა, რასაც ჯერ კიდევ გუშინ ეთვისებოდა... პროცესი ნელა მიმდინარეობს - ქცევის წესს თავდაპირველად მხოლოდ ცალკეული პიროვნებები იცვლიან. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად მრავალრიცხოვანნი იქნებიან ასეთი ინდივიდები. ისინი ხომ მთელი ერისათვის იმ მაორგანიზებელ ძალად უნდა იქცნენ, რომელიც დანარჩენ მოსახლეობას კარგა ხნის წინ დამკვიდრებულ ქცევის სტერეოტიპს შეაცვლევინებს.
საქართველოში, ბოლო წლების მანძილზე მიმდინარე დესტრუქციულ პროცესებს, გარეშე ფაქტორების გარდა, იმანაც შეუწყო ხელი, რომ ვიქცეოდით ძველებურად, და ვერც სულიერ ფასეულობათა გადაფასება შევძელით ბოლომდე, ანუ, უეცრად, მოვლენათა პარალელურად არ მოხდა საზოგადოების გარდაქმნა, რასაც თავისი მიზეზი ჰქონდა: დამოუკიდებლობის დაკარგვას და კოლონიად ყოფნას, მოჰყვა სახელმწიფოებრივი თვითშეგნების დაქვეითება. ორი საუკუნის მანძილზე, «საქართველო» იყო პოლიტიკური კი არა, ოდენ გეოგრაფიული ცნება, ამიტომ სახელმწიფო სამსახური მხოლოდ რუსეთი, კოლონიური ადმინისტრაციის მოსახლეობას ნიშნავდა. ამ სახელმწიფოს ორივე იმპერიაში, რომელთა შემადგენლობაშიც იმყოფებოდა, ხსენებული დროის მონაკვეთში, ჩვენი სამშობლო, საზოგადოებრივი ცხოვრება მკაცრად რელგამენტირებული იყო - ქართველს არსებობის უფლებას აძლევდნენ, ხელს არ უშლიდნენ, - ეკეთებინა კარიერა, გამხდარიყო შემოქმედი თუ მეცნიერი, რაც მთავარია, მაძღრად ეცხოვრა; ოღონდ, ამის სანაცვლოდ, ნაკლებად უნდა ეფიქრა, რომ ქართველი იყო და სრულებით არ უნდა ეზრუნა საკუთარ ეროვნულ ინტერესებზე. ამ პოლიტიკის შედეგად ნადგურდებოდა ტრადიციული ქართული ცხოვრებისა და შრომის წესი, სულიერი ღირებულებანი. თანდათან, ეტაპობრივად ვკნინდებოდით, ვნადგურდებოდით. ქართველი ერი, რომელმაც დაკარგა სახელმწიფოებრიობა, ახლა უკვე კარგავდა პასუხისმგებლობას ქვეყნის წინაშე. რამდენადაც ინტენსიურად მიმდინარეობდა ეს პროცესი, მით უფრო ძლიერდებოდა მისწრაფება პირადი ინტერესების დაკმაყოფილებისა. ამგვარად, პიროვნება უპირისპირდებოდა ერს, მის ინტერესებს;
ახლა, ის მხოლოდ საკუთარ ბედნიერებაზე ფიქრობდა; ამ მიზნის მისაღწევად კი, უნდა მორგებოდა, შეგუებოდა, შეთვისებოდა იმ პოლიტიკურ, სოციალურ თუ ზნეობრივ პირობებს, რომელშიაც ცხოვრება უწევდა. ასე მოიკიდა ჩვენში ფეხი კომფორმიზმმა, ეს ლათინური წარმოშობის სიტყვა, ქართულად უძრაობას, ერთგვარობას, შემთანხმებლობას რომ ნიშნავს, ზუსტად თანხვდება იმ მდგომარეობას და სულიერ განწყობას, ქართველებს რომ ჰქონდათ... არა ყველას, საბედნიეროდ, მაგრამ, სამწუხაროდ, ძალიან ბევრს... ამის დასტურია ბოლო ორასი წლის მანძილზე ჩვენში მომხდარი ამბები.
ჩვენებური კომფორმიზმი სპეციფიური მოვლენაა, რაც, ერთის მხრივ, ეთნოფსიქოლოგიის თავისებურების შედეგიცაა: საქმე იმ უკიდურეს ინდივიდუალიზმშია, რასაც ქართველი ავლენს და რაც აქტიურობას ითხოვს ყველა სიტუაციაში, მათ შორის შეგუების დროსაც... შეიძლება, ეს პარადოქსულადაც ჟღერდეს, მაგრამ, რამდენადაც ეგოცენტრისტია ადამიანი, იმდენად ქმედუნარიანია იგი საკუთარი ბედნიერებისათვის ბრძოლისას, მითუმეტეს (და ეს მეორე მიზეზია), თუ რუსეთის იმპერიის (განურჩევლად - მონარქისტულის, თუ კომუნისტურის) კოლონიაში ცხოვრობს. მეტროპოლიაში გაბატონებული ცხოვრების წესი უპირობო ერთგულებას ითხოვდა «დერჟავის» ინტერესებისადმი, ლოიალობის ყოველწუთიერ მტკიცებას და დაპირისპირებას ყველაფერთან, რაც იმპერიის მიზნებს ეწინააღმდეგებოდა, - იქნებოდა ეს ერის წინაშე მდგარი ამოცანები, ჩვენი ტრადიციული ფასეულობანი თუ, უბრალოდ, ადამიანის ზნეობა. ეს ყოველივე მსხვერპლად უნდა გაგეღო, თუ გსურდა, მაძღარი და უშფოთველი ცხოვრების უფლება მოგეპოვებინა. ამრიგად, ქართულ ხასიათზე რუსული კოლონიალიზმის ზემოქმედების შედეგად, წარმოიშვა კომფორმიზმის განსაკუთრებული სახეობა - აგრესიული კომფორმიზმი და ეს აგრესიულობა, უპირველეს ყოვლისა, მიმართული იყო ეროვნული პრობლემებისადმი. რუსეთის ორივე იმპერიაში, ამ თემაზე ლაპარაკიც კი საშიში იყო, ასე რომ, აქტიური შეგუების სურვილი ეროვნული ინტერესების აქტიურ უარყოფას ითხოვდა. კოლონიურმა ყოფამ, ქართველთა ერთ ნაწილს უარი ათქმევინა თავისი ერის სამსახურზე... ჩვენში ყალიბდებოდა უსამშობლო ადამიანის ტიპი, მსგავსი ისეთისა, რომლის გამოც შტეფან ცვაიგი თავის გუშინდელ სამყაროში ამბობს: „სამშობლო დაკარგული ადამიანი მოიპოვებს სხვაგვარ თავისუფლებას - ვინც არაფერთან არ არის დაკავშირებული, მას შეუძლია არაფერს არ გაუწიოს ანგარიში“. ასეთი „დაუკავშირებელნი“ არიან არა მარტო აგრესიული კომფორმისტები, არამედ კოსმოპოლიტებიც, ანუ „მსოფლიოს მოქალაქეები“. ამ ცნობიერების ადამიანები ყველა ერს ჰყავს. კოსმოპოლიტურ შეხედულებებს ზოგჯერ სამშობლოსათვის უანგაროდ მოღვაწე ადამიანებიც გამოთქვამდნენ ხოლმე; ოღონდ, აქ ერთი, ისევ სპეციფიური მომენტი იქცევს ჩვენს ყურადღებას: ჩვენებური აგრესიული კომფორმისტი, „მსოფლიოს მოქალაქე“, ან დროებით თუ შიგადაშიგ კოსმოპოლიტურად მოაზროვნე ადამიანები, ერთნაირად უგულებელყოფენ ეროვნულ ღირებულებებს. სამაგალითოდ ასეთ ფაქტს მოვიხმობ: ცნობილ კრიტიკოსს, კიტა აბაშიძეს უთქვამს პირველი მსოფლიო ომის დროს: პარიზს, მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრს, ყუმბარებით ანგრევენ და თქვენ, რაღაც, ქეციან საქართველოზე მელაპარაკებითო. დიახ, ასე უთქვამს სამშობლოზე კაცს, ვინც მთელი სიცოცხლე ემსახურებოდა საქართველოს. ამ პიროვნებაზე აგრესიული კომფორმისტი იყოო, - ვერ იტყვი და მის საქციელში არც „მსოფლიო მოქალაქეობის“ ქვეცნობიერად გამოვლენილი სურვილი ჩანს, რადგან, რამდენადაც ვიცი, კოსმოპოლიტები ცხოვრობდნენ იქ, სადაც მათთვის უკეთესი იყო და თანაც ცდილობდნენ, არც ერთი ქვეყანა არ ელანძღათ. ასე რომ, ეს „კოსმოპოლიტური“ ნათქვამი, ბევრი მისი მსგავსის დარად, სხვაგვარად უნდა აიხსნას: გეოპოლიტიკური მდებარეობის გამო, საქართველოსა და ქართულ თვითმყოფადობას, დაცვა სჭირდებოდა და დღესაც სჭირდება, ეს პიროვნებისაგან უდიდეს ძალისხმევას და ხშირად, მსხვერპლსაც მოითხოვს, - რაც ყველას არ შეუძლია. ზოგჯერ ეს იმათაც უჭირთ, ვინც აქამდე, უკვე, არა ერთხელ გაიღო მსხვერპლი. ამიტომ, მგონია, რომ ქართველის მიერ ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესების უარყოფა, მძიმე მოვალეობისაგან თავის დაღწევას ჰგავს, - რაც ერთგვარი ილუზიაა, რადგან, ბევრი ასეთი, - პასუხისმგებლობას გაქცეული, საბოლოოდ მსხვერპლი გამხდარა საკუთარი ქმედებისა. ანუ, გამოდის, რომ ვისაც არ უყვარს, ან არა საკმარისად უყვარს სამშობლო და თანამემამულენი, იმას, მიუხედავად ეგოიზმისა, არ უყვარს საკუთარი თავი, რადგან ერიხ ფრომისა არ იყოს: „ეგოიზმი და საკუთარი თავის სიყვარული თანაბარი მნიშვნელობისა სულაც არ არიან; უფრო მეტიც - ისინი ურთიერთსაპირისპირონი არიან“, ვრცლად ამ საკითხის არსში ეკხარტის მოსაზრება გვარკვევს: «თუ შენ შენი თავი გიყვარს, შენ ყველა სხვაც ასევე გიყვარს. სანამ შენ სხვა საკუთარ თავზე ნაკლებად გიყვარს, შენ არ გიხერხდება შენი თავის როგორც საჭიროა ისე სიყვარული; მაგრამ თუ ყველა თანაბრად გიყვარს და საკუთარი თავიც, მაშინ გეყვარება ყველა როგორც ერთი და ეს ერთი არის ღმერთიც და ადამიანიც. ასე, რომ დიდია და მართალია ის, რომელსაც, საკუთარი თავის სიყვარულთან ერთად უყვარს აგრეთვე ყველა სხვა». ამიტომ, ჩვენს პირობებში, კომფორმისტთა პოზიცია თვითმკვლელობის ტოლფასი იყო და არის. სამწუხაროდ, XIX-XX საუკუნეებში სამშობლოს წინაშე პასუხისმგებლობისაგან თავის არიდება, ერთობ გავრცელებულ მოვლენად იქცა. ამას უამრავი ცხოვრებისეული მაგალითი გვიდასტურებს: ქართველი პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე იაკობ მანსვეტაშვილი თავის მოგონებათა წიგნში მოგვითხრობს: ივანე ჯაბადარს ჟურნალ „სევერნი ვესტნიკი“ ისათვის მომზადებული ჰქონია წერილი „ვეფხისტყაოსანზე“, რომელიც დაბეჭდვამდის მიუტანია „ივერიაში“ იქაურთა აზრის გასაგებად, მოგონებათა ავტორი ასე აფასებს ივ. ჯაბადარის „ლიტერატურათ მცოდნეობით“ ძიებას: „დაწერილი იყო კარგად, კარგი ლიტერატურული ენით, ცოდნით, ხოლო რაც შეეხება მის შინაარსს, აქ კი ბევრად მოიკოჭლებდა, არ იყო დაცული ისტორიული სინამდვილე, ვერ შეეგნო ავტორს რუსთაველის გმირების სულისკვეთება, გულის ძგერა, მათი საქციელი, ისტორიული ეპოქის შესაფერისად. ის უკიჟინებდა ნესტან-დარეჯანს და ტარიელს პასივობას, უძრავად, გულხელ დაკრეფით ჯდომას ერთ ალაგას, განუწყვეტელ ჩივილს, წუწუნს და ცრემლის ღვრას. ავტორს უსათუოდ უნდოდა, რომ რუსთაველის გმირები ისე მოქცეულიყვნენ, როგორც, მაგალითად, გმირები ჩერნიშევსკის რომანისა „რა ვაკეთოთ“ ილია თავისებურად გაცხარდა და გაცეცხლებულმა უთხრა: არა, ბატონო ივანე, ჩვენ ეგრე ადვილად ვერ დაგითმობთ რუსთაველს. დღევანდელი რუსული თვალთახედვის ისრით ვერ გაიზომება „ვეფხის ტყაოსანი“, ამას მეტი დაფიქრება, მეტი მოსაზრება უნდა. რუსული კრიტიკის ზენა-ქვერული ნავარდობა აქ არ გამოდგება, აქ უფრო ღრმად უნდა საქმეს ჩახედვა. ვისაც რუსთაველზე წერა უნდა, იმან უპირველეს ყოვლისა უნდა შეითვისოს იგი არა ჭკუით მხოლოდ, არამედ გულითაც, უნდა იგრძნოს მისი გმირების სულისკვეთება, ჩასწვდეს ქართველის გულის სიღრმეს, იგრძნოს მისი მაჯის ცემა, ეს იქნება ქართველი კაცის ნამდვილი სულისთქმა, მისი რწმენა, მისი სამართლიანი განსჯა და არა სკაბიჩევსკის კრიტიკა და კიდევ ბევრი მწარე სიტყვები შესთავაზა ილიამ ჯაბადარს. ერთი მაკვირვებდა: ჯაბადარი თითქმის არაფერს უპასუხებდა ილიას, თავს არ მართლულობდა. შემდეგ შევიტყვე, რომ ეს წერილი სავსებით მისი არ ყოფილა. ამას მხოლოდ „ვეფხისტყაოსნის“ შინაარსის გადმოცემა ეკუთვნოდა, დაწერა, გაშუქება და კრტიკული განხილვა იმისი ცოლის ყოფილიყო. ჯაბადარის ცოლი, შთამომავლობით რუსი, ლიუბატოვიჩის ქალი, დიდი ხნის რევოლუციონერი იყო, «ნაროდოვოლცების» წრეს ეკუთვნოდა. დიდი მეგობერი თურმე იყო, როგორც თვით ლიუბატოვიჩი იხსენებს თავის ბეჭდვით მოგონებებში, იმ ტერორისტისა, რომელმაც ჟანდარმების უფროსი, მესენცოვი მოკლა.
ჯაბადარმა მაინც დაბეჭდა თავისი თუ ლიუბატოვიჩის წერილი „სევერნი ვესტნიკი“-ში, ხოლო „ივერიას“ კი შემოსწყრა და მას უკან რედაქციაში აღარ გაუვლია. ჩემს ერთ ფელეტონში ამ წერილის გამო მეც გადავკარი ჯაბადარს ორიოდე სიტყვა დაცინვის კილოთი, ქუჩაში შემხვდა ჯაბადარი და ცოტა წყენით მისაყვედურა: შენც ილიას აჰყევიო! მე ჯაბადარს წინათაც ვიცნობდი და ამ პატარა ამბავს ჩვენი მეგობრული განწყობილება არ შეუწყვეტია“.
თუმცა, ციტატა ერთობ დიდი გამოვიდა, სამაგიეროდ, ამბავი ბევრის მთქმელია, იგი ზუსტად წარმოაჩენს აგრესიული კომფორმიზმის რაობას. ივანე ჯაბადარს, არასრული უმაღლესი განათლება, რუსეთში, მედიკო-ქირურგიულ აკადემიაში მიუღია. რევოლუციურ მოძრაობაშიც იქ ჩაება, რისთვისაც ციხეშიც ამოჰყო თავი. განთავისუფლებულ საქართველოში დაბრუნდა და აქ ადვოკატობდა და ჟურნალისტობდა. მისი „წერილები საქართველოზე“ ერთობ პრეტენზიული ნაწარმოებია: მას მოუნდომებია რუსი მკითხველისათვის გაეცნო საქართველოს ისტორია, მისი სულიერი და ყოფითი რეალიები. ავტორს არ ჰქონდა საამისო ცოდნა და განათლება, ჩვენს წარსულსა და თავისებურებებზე ვინმესთვის რაიმე მოეთხრო, ამიტომაც გამოუვიდა უაღრესად არაობიექტური, ცილისმწამებლური მოსაზრებანი. ილია ჭავჭავაძემ, წერილების სერიაში, „აი ისტორია“ სასტიკად გააკრიტიკა იგი, მაგრამ ამას ივ. ჯაბადარზე არავითარი გავლენა არ მოუხდენია; მან ვერც საკუთარი პოზიციის მცდარობა დაინახა და ვერც ის ვნება, რაც მის «ნააზრევს» მოჰქონდა ერისათვის, რადგან თვითონ სულიერად რუსულ სამყაროში იყო დამკვიდრებული, ქართველები მისთვის ანგარიშგასაწევ ძალას არ წარმოადგენდნენ. აკი მიაჩნდა კიდეც ქართველთა სასიცოცხლო ძალა ამოწურულად და რუსეთთან შერწყმას გარდაუვალ პერსპექტივად თვლიდა. მიუხედავად ილიას პროტესტისა, ივ. ჯაბადარმა დასტამბა და ისიც, რუსულ პრესაში, თავისი და თავისი ცოლის ნააზრევი. ამით ორი კურდღელი მოკლა: ჯერ ერთი, რაც უნდოდა, ის გააკეთა, მეორეც - იცოდა, ასეთი ანტიქართული, ნიჰილისტური აბდაუბდით რუსებს ასიამოვნებდა და ეს საწადელიც აისრულა. აი, რატომაა მისი პოზიცია აგრესიული კომფორმიზმის ტიპიური ნიმუში.
ივ. ჯაბადარის მოქმედება ამ მოვლენის კერძო მაგალითია, რაც იმ წლებში, ანუ XIX საუკუნის ბოლოს მასობრივ ხასიათს იძენს, რადგან კოლონიზატორთა პოლიტიკა ამ დროისათვის უკვე შედეგს იღებს, რის გამოც, მწვავედ იგრძნობა ეროვნული ცნობიერების დაქვეითება ცხოვრების ყველა სფეროში, სულ უბრალო სიტუაციაში.
XIX საუკუნის ქართველთა დიდ ნაწილს უკვე დაკარგული ჰქონდა მოვალეობის გრძნობა. პირიქით, აშინებდა კიდეც ის, რადგან საკუთარი თავისა და ოჯახის მეტი აღარაფერი ახსოვდა და, რომც გახსენებოდა, მეტად ძნელი იყო რაიმეს გაკეთება. სიძნელე ბევრს აფრთხობდა. უფრო ადვილი იყო რუსის ხელმწიფოს სადღეგრძელოს სმა, - ამ გზით რეჟიმისადმი ლოიალობის მტკიცება და უშფოთველი ცხოვრების უფლების მოპოვება.
შემგუებლობა, ვიმეორებ, უარყოფს ყველაფერს, რაც ხელს უშლის შეგუების პროცესს. ეს ეხება კოლონიური ყოფიდან განთავისუფლებასაც; ის, რაც საქართველოში საუკუნეთა შესაყარზე მოხდა, ერთი შეხედვით, იმდენად უჩვეულოა, რომ საგანგებო ყურადღებას ითხოვს. თავად განსაჯეთ: დამონებული ერი გამოფხიზლებას იწყებს, სულ უფრო ნათლად აცნობიერებს თავისუფლების მოპოვების აუცილებლობას და, ამ დროს, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ასპარეზზე გამოდიან ადამიანები, რომელთათვისაც ყველაფერი ეროვნული, მეორადია, უმნიშვნელო და რეაქციული. პირველადი, მნიშვნელოვანი და პროგრესულია მხოლოდ სოციალური პრობლემები. ეს ადამიანები ქართველი სოციალ-დემოკრატები იყვნენ - „ბოლშევიკებიცა“ და „მენშევიკებიც“. ისინი, თავიდანვე, ფრაქციებად დაყოფამდე, ანტიეროვნულ პოზიციებზე იდგნენ და სრულიად ხელოვნურად დაუპირისპირეს სოციალური-ეროვნულს. ასეთი რამ არსად, არც ერთ ქვეყანაში არ მომხდარა. ქართული საზოგადოებრივი აზრი თავიდანვე შეებრძოლა ამ აბსურდულ დაპირისპირებას, სოციალური პრობლემატიკის მნიშვნელობის ესოდენ ვულგარულ გაგებას, როცა მაძღარი კუჭი ხდება მთავარი და სხვა ყველაფერი უარსაყოფი. იმ წლებში სატირულ-იუმორისტულ ჟურნალში, „ნიშადური“ ქართველ სოციალ-დემოკრატებზე დაიბეჭდა კარიკატურა ლექსით, რომელსაც „ქართველი მარქსისტის სამსხვერპლო“ ეწოდებოდა:
„ჩვენი ქართველი „მარქსისტი“
საცეცხლურით კუჭს აკურთხებს,
მხოლოდ იგი იყოს სავსე
და სამშობლოს მიაფურთხებს!..
მაგრამ მარქსი ბრანწს უჩვენებს:
ვერ მოგართვი, ძამიაო,
ეგ არ მითქვამს „კაპიტალში“
საქართველო ჭამიაო!...
თუ პატრიოტულად განწყობილი ქართველები კარიკატურებით, ფუნაგორიებით და კრიტიკული წერილებით ებრძოდნენ და ამხელდნენ, სოციალ-დემოკრატებმა, საპასუხოდ თოფებს მოჰკიდეს ხელი. ილიას მკვლელობით ერი წინამძღოლის გარეშე დარჩა. შემდეგშიც ბევრი ტყვია გავარდა მხოლოდ იმისათვის, რომ ამ „კუჭის პატრიოტებისათვის“ მოღვაწეობაში ხელი არავის შეეშალა და ისინიც „მოღვაწეობდნენ“: 1912 წელს კიევში ჩატარდა „რუსეთის არასახელმწიფოებრივ ერთა კონფერენცია“, რომელიც, თავდაპირველი ჩანაფიქრის შენიღბვის მიზნით, „კორპორაციის კონფერენციად“ იწოდებოდა, მასზედ, საქართველოს წარმომადგენლებმა: სოციალ-დემოკრატებმა ნოე რამიშვილმა, სილიბისტრო ჯიბლაძემ და სოციალ-ფედერალისტებმა ოსიკო ბარათაშვილმა, სიმონ ფირცხალავამ, თანხმობა განაცხადეს, რომ საინგილო მიკუთვნებოდა აზერბაიჯანს, აფხაზეთი - რუსეთს, ახალციხე-ახალქალაქი და ბორჩალოს მაზრა - სომხეთს...
ასეთი ცნობიერება ჰქონდათ ქართველ „მენშევიკებს“ და ბედმა მაინც მათ არგუნა დამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფლების სათავეში მოსვლა... ძალად გაპატრიოტებული კაცი მამულიშვილურ საქმეს ვერ იქმს და „მენშევიკებმაც“ ვერ დაიცვეს თუ არ დაიცვეს ჩვენი თავისუფლება. რაც შეეხება ქართველ „ბოლშევიკებს“, მათთვის საერთოდ მიუღებელი იყო საქართველოს დამოუკიდებლობა. პირველი რესპუბლიკისათვის საბედისწერო 1921 წლის ზამთარში, სტალინი ეკითხებოდა ორჯონიკიძეს: „რა ძალები დაგვჭირდება, რომ დავამარცხოთ საქართველო. შეგვიძლია თუ არა, ვიქონიოთ სრული გამარჯვების იმედი?“ იმედი გაუმართლდათ: მოხდა საქართველოს ოკუპირება და ანექსია. ქვეყნის დაპყრობის შემდეგ „გამოირკვა“, რომ მოსახლეობის „კლასობრივი“ შემადგენლობა არ შეესაბამებოდა რუსულ „სტანდარტებს“ და მაშინ კომუნისტი ლევან ღოღობერიძე იტყვის: „... თქვენ იცით, ამხანაგებო, რომ საქართველოში ექვსი პროცენტი თავადაზნაურობაა, ეს არაჩვეულებრივი პროცენტია, რომელიც არც ერთ ქვეყანაში არ არის, თუ გინდ პოლონელი პანების სამეფოშიც, სადაც თავადაზნაურობის პროცენტი ოთხ პროცენტს აღწევს. ჩვენ უნდა შევამციროთ საქართველოში თავადაზნაურობის პროცენტი. ჩვენ დავამტკიცებთ, რომ ჩვენი საბჭოთა ბოლშევიკური იარაღი არ ბლაგვდება და არ ტყდება“.
იმდენად შემაძრწუნებელია ქართველ სოციალისტთა სიტყვა და საქმე, რომ არ შეიძლება არ გაძებნინოს პასუხი კითხვაზე: რა იყო მათი ასეთი მოქმედების მიზეზი? რუსეთის იმპერიაში ებრძოდნენ თავისუფალი აზრის ნებისმიერ გამოვლენას, ყოველგვარ რევოლუციურ გამოსვლას ახშობდნენ, მაგრამ განსაკუთრებულ სისასტიკეს და დაუნდობლობას დაპყრობილი ხალხების ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის მიმართ იჩენდნენ, იმიტომ, რომ რუსეთის არცერთი რევოლუციური მოძრაობა - არც დეკაბრისტების, არც ნაროდნიკების, არც სოციალ-დემოკრატების, არც, კერძოდ, ბოლშევიკებისა, გათვალისწინებით ლენინის თეზისისა - „ხალხთა თვითგამორკვევის შესახებ» - მიზნად არ ისახავდა იმპერიის დანგრევას. საჭირო იყო მხოლოდ მისი მოდერნიზება. დამონებული ხალხების: პოლონელების, ფინელების, ლიტველების, ქართველების თუ სხვათა ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობა ანგრევდა, შლიდა იმპერიას. ამდენად, გასაგებია, ვის დაუწყებდნენ დევნას. ცხადია, საკუთარი რევოლუციონერიცა და დამონებული ერის ნაციონალისტიც, ორივე საშიში იყო, ოღონდ, პირველი უფრო ნაკლებად, ვიდრე, - მეორე. რევოლუციონერებს - თუ ისინი ზღვარს არ გადავიდოდნენ და მაგალითად, ტერორისტულ აქტებს არ მოაწყობდნენ, - შედარებით შემწყნარებლურად ექცეოდნენ. ამდენად, დაუდეგარ ცხოვრებაში ადგილის ბრძოლით დამკვიდრების მოსურნე ადამიანს, მათ შორის, ქართველს, არჩევანის საშუალება ჰქონდა: ან რუს რევოლუციონერებთან ერთად ებრძოლა საერთო სოციალურ-პოლიტიკური პრობლემების მოსაგვარებლად ან, კიდევ, დასდგომოდა პოლონელი მეამბოხეების გზას, რომელთა საშინელი ხვედრიც ყველასათვის ცნობილია. ამიტომ აღარაა გასაკვირი, რომ ქართველმა სოციალ-დემოკრატებმა, რომელთაც არ ჰქონდათ ეროვნული ცნობიერება, რევოლუციონერ ინტერნაციონალისტებად გახდომა ირჩიეს და ამით გაიადვილეს ცხოვრება და მოღვაწეობა. აქ ისიც აღსანიშნავია, რომ ქართველ სოციალ-დემოკრატებს დიდხანს არ ჰქონდათ პარტიის ეროვნული ორგანიზაცია და რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის კავკასიის ფილიალის წევრები იყვნენ... რაც მათგან მოქმედების გარკვეულ წესს ითხოვდა; ეს იყო სათანადო, დაწერილი თუ დაუწერელი, პროგრამული ამოცანებისადმი ერთგულება; უმთავრესი პირობა მაინც რუსეთის მთლიანობის შენარჩუნება იყო და ეს კარგად ჩანს ქართველი მენშევიკების საქციელში: 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ ისინი ხმასაც არ იღებდნენ საქართველოს დამოუკიდებლობის თაობაზე, ვიდრე იძულებულნი არ გახდნენ, დამოუკიდებელი რესპუბლიკა გამოეცხადებინათ, ხოლო ბოლშევიკებმა, იმავე წლის ოქტომბრის გადატრიალების შემდეგ, ყველაფერი გააკეთეს, რომ მონობიდან დროებით თავდახსნილი საქართველო ისევ რუსეთის კოლონიად ექციათ. ასე რომ, ქართველი რევოლუციონერების არაპატრიოტულ ქმედებებს, თუ გამონათქვამებს, ახსნა ეძებნება: მათ წამგებიან მდგომარეობას, ანუ ქართველ მამულიშვილად ყოფნას, უფრო მომგებიანი - რუს რევოლუციონერად ყოფნა ამჯობინეს, რაც გამარჯვების შემთხვევაში, დიდი კარიერის გაკეთების საშუალებას იძლეოდა. ხოლო ის, რომ ამას საქართველოს დამოუკიდებლობა შეეწირებოდა, ანგარიშში ჩასაგდები არ იყო... და არც ჩაუგდიათ: რუსული მასშტაბის კარიერას ეპოტინებოდნენ მენშევიკები, კაკი წერეთელი და კარლო ჩხეიძე, - მაგრამ არ გაუმართლათ; სამაგიეროდ, ბედი ეწიათ ბოლშევიკ იოსებ ჯუღაშვილს, სერგო ორჯონიკიძეს, ლავრენტი ბერიას... მათ კარიერისტულ ზრახვებს ემსხვერპლა ჩვენი ეროვნული ინტერესები... ამიტომ მიმაჩნია ქართველ სოციალ-დემოკრატთა მოქმედება აგრესიული კომფორმიზმის კიდევ ერთ გამოვლენად.
კოლონიურ-კომუნისტური ტოტალიტარული რეჟიმის დროს ხდებოდა არნახული ზემოქმედება ადამიანებზე. რეჟიმი დაუნდობლად ახშობდა ყოველგვარ წინააღმდეგობას და უპირობო მორჩილებას ითხოვდა. დაიწყო პიროვნების სრული ნიველირების, დაბეჩავებისა და დაგლახავების პროცესი. ადამიანებს აშინებდნენ, აჩლუნგებდნენ, სულიერად აცვედანებდნენ. მთელ რიგ საკითხებზე და თემებზე ლაპარაკიც არ შეიძლებოდა. მოსახლეობისათვის უცხო გახდა საზოგადოებრივი და პოლიტიკური ხასიათის პრობლემები, კარგად უწყოდნენ, რომ ყველაფერს კომუნისტური პარტოკრატია და საბჭოთა ბიუროკრატია წყვეტდა, ანუ „სოციალისტური სამშობლოს“ „მამები“... ამიტომ ადამიანებს თავი მარადიულ ბავშვად მიაჩნდათ, რომელსაც საქვეყნო საქმეებზე პასუხისმგებლობა არ ეკისრებოდა. ამის გამო, ჩვენში, 40 და 60 წლის მამაკაცები 16 წლის ბიჭებივით იქცევიან და ხშირად, სამარეში ისე ჩადიან, რომ დაკაცებას ვერ ახერხებენ... ეს, „ბიჭად“ დარჩენა ზოგადად ტოტალიტარული სახელმწიფოს მცხოვრებთა ხვედრი იყო და არის, იქნებოდა ეს საქართველოში თუ, მაგალითად, იტალიაში. მეტად საინტერესო მოსაზრება ამ თვალსაზრისით გამოთქმული აქვს, ერთ-ერთ ინტერვიუში, ცნობილ იტალიელ კინორეჟისორს, ფედერიკო ფელინის, პოლიტიკისადმი თავისი უპასუხისმგებლო, ინფანტილური დამოკიდებულების შესახებ იგი ამბობს: ...“ ვაღიარებ, რომ ეს შეიძლება ნევროტიკული საქციელია, ერთგვარი სურვილი, არ გაიზარდო, რაღაცით განსაზღვრული, ალბათ, იმით, რომ მე ფაშიზმის დროს გავიზარდე და, შესაბამისად, როგორც პიროვნება არა ვარ მომზადებული პოლიტიკურ საქმიანობაში რაიმე მონაწილეობისათვის“...
შევინარჩუნე რწმენა, რომ პოლიტიკა - ეს „დიდების“ საქმეა, რომ ეს ბატონების საქმიანობაა, როგორც ისტორიის სახელმძღვანელოებში წერენ `მზრუნველებისა სამშობლოს ბედზე'. ესაა უდიდესი ნიჭისა და პოტენციალის მქონე ადამიანის აღიარება. ახლა განვსაჯოთ: ფელინისათვის ფაშისტური დიქტატურის ხანა, ანუ ცხოვრების 25 წელი საკმარისი აღმოჩნდა, რომ პოლიტიკასთან მიმართებაში მთელი ცხოვრება ბავშვად დარჩენილიყო... ასე მოუვიდა მთელ თაობას და მერე სად? იტალიაში - მსოფლიო ცივილიზაციის ერთ-რთ ცენტრში... განა საკითხავია, რა დაგვემართებოდა ჩვენ, დამონებულ - გაძარცვული ქვეყნის მცხოვრებლებს 70 წლის განმავლობაში, როცა ადამიანის თანამგზავრად იქცა ტერორი, რეპრესიები, ყველანაირი ძალადობა, ფსიქოლოგიური ზემოქმედება, განუწყვეტლივ სიცრუის მოსმენა და ამ სიცრუის დაჯერების აუცილებლობა?! - ფაქტობრივად, მუქთად შრომა! ადამიანები ჯერ აუტანელ მდგომარეობაში ჩააყენეს: სოფლის მცხოვრებნი კოლმეურნეობებში შერეკეს, ქალაქისა - კომუნალურ ბინებში, შემდეგ კი, დაიწყეს მათი ყოფა-ცხოვრების პირობების „გაუმჯობესება“. ეს პროცესი უაღრესად ნელა მიმდინარეობდა. სხვებზე უკეთ რომ გეცხოვრა, ე.ი. სხვისი პირიდან გამოგლეჯილი ლუკმა რომ მოეცათ, ან რეჟიმის ერთგული უნდა ყოფილიყავი, ან კიდევ, კრიმინალად ქცეულიყავი, რადგან, რაც წყალობის სახით არ მოგეცემოდა, ის უკანონო გზით უნდა ყოფილიყო მოპოვებული და, რაკი ყველას დაკმაყოფილება „ზემოდან“ შეუძლებელი იყო, ადამიანთა დიდი ნაწილი მეორე გზას დაადგა. ასე დაიწყო საზოგადოების ტოტალური კრიმინალიზაცია... „კეთილდღეობის“ ეს ორივე გზა შეგუების დიდ უნარს ითხოვდა: არაფერი რეჟიმის საწინააღმდეგო არ უნდა გეთქვა, არ გაგეგონა... მზად უნდა ყოფილიყავი პარტოკრატიისა და საბჭოთა ბიუროკრატიის სამსახურისათვის. მათ საქმეებში ჩარევა არ შეიძლებოდა, საჭირო იყო, ცხოვრების მხოლოდ კარგი მხარეების დანახვა და მათზე ლაპარაკი. მთელი მონდომებით უნდა გემტკიცებინა, რომ უვნებელი იყავი, შენი ხუმრობა, ანეკდოტი თუ უბრალოდ, ლაზღანდარობა თავისი არსით აპოლიტიკური უნდა ყოფილიყო. ასეთ რეალობაში, ყველაზე მომგებიანი იყო ბიჭად დარჩენა, კაცად არგადაქცევა. ამ შემთხვევაში, პასუხისმგებლობა ნაკლები იყო... (ასეთმა შინაგანმა მისწრაფებამ ჩამოაყალიბა ტიპი ადამიანისა, რომელსაც აქვს ინფანტილური აზროვნება... ლათინური ინფანტილის (საბავშვო) განიმარტება, როგორც: „ორგანიზმის განვითარების მეტ-ნაკლები ჩამორჩენა; ადამიანის ფიზიკური ან ფსიქიკური განვითარების შეჩერება ბავშვობის საფეხურზე“. ასე განვითარებაშეჩერებული ინტელექტი, აზროვნების კურიოზული ფორმებით ხასიათდება. საილუსტრაციოდ ასეთ მაგალითს მოვიხმობ; რამდენჯერმე მოვისმინე ისტორიულ მოვლენათა ალტერნატიული განვითარების ასეთი ვარიანტები: გიორგი სააკაძეს მარაბდის ბრძოლაში ტყვიამფრქვევები და რეაქტიული არტილერია რომ ჰქონოდა, თურმე აუცილებლად დაამარცხებდა შაჰ-აბასის არმიასო... ხოლო, თუ ერეკლე II-ს სულ რამდენიმე ტანკი და თვითმფრინავი ექნებოდა, აღა-მაჰმად ხანს სრული კატასტროფა ელოდა ჩვენთვის საბედისწერო კრწანისის ბრძოლაში... ამდაგვარ „ნააზრევში“ კარგად ჩანს რეალობის გრძნობადაკარგული ადამიანის შეხედულებანი, რომელსაც წარსულის დღევანდელობისაგან განმასხვავებელი ნიშნები ვერ დაუნახავს, ამიტომ, არას უწყის იმ ელემენტარულ ჭეშმარიტებაზე, რომ ყველა ეპოქაში იმარჯვებენ იმ სამოქალაქო და სამხედრო ორგანიზებულობის, იარაღის, მოსახლეობის სათანადო საბრძოლო შემართებისა და, მათ შორის, პასიონართა გარკვეული რაოდენობის არსებობის წყალობით, - და არა სხვა ეპოქებიდან, მაგალითად შორეული მომავლიდან საბრძოლო ტექნიკის სესხებაზე, ფუჭი ოცნებებით. მსჯელობისას ფანტასტიკური ელემენტის ამ ფორმით, შემოტანა სწორედ რომ, ინფანტილური აზროვნებაა; დაუკაცებლობის, მარად ბიჭად დარჩენის შედეგი, რომელსაც მაშინ (და სიმართლე უნდა ითქვას, ეხლაც) ის დადებითი ჰქონდა (და აქვს), რომ ასეთი ადამიანი უვნებელი იყო (და არის) ხელისუფლებისათვის და აძლევდნენ საშუალებას, გაეკეთებინა: კარიერა, ფული (ოღონდ, ზომიერად, ამასთან, უნდა მოგექრთამა პარტოკრატია და ადმინისტრაციული ორგანოები, თორემ დაგიჭერდნენ და დაგსჯიდნენ). თუ მშვიდი ცხოვრება გინდოდა, ეროვნული ინტერესებისათვის თავი არ უნდა გამოგედო. და კიდევ: ადამიანს მისდაუნებურად აიძულებდნენ კომუნისტური რეჟიმის დაცვას: შიში აიძულებდა მას, არამარტო თავად ყოფილიყო სახელმწიფოსათვის უვნებელი, არამედ, თუ არ უნდოდა, თანამზრახველობა დაბრალებოდა, უნდა შეწინააღმდეგებოდა კიდეც რეჟიმის მაკრიტიკებელ ყოველგვარ აქციას და დაშინებული კომფორმისტიც აგრესიული ხდებოდა სხვაგვარი აზროვნების გამოვლინებისას...
კომფორმისტი უხერხულობას გრძნობდა სხვა, ნაკლებად საშიშ სიტუაციებშიც:
მისთვის მიუღებელი იყო არათუ პოლიტიკური ხასიათის კრიტიკა, არამედ ნებისმიერი კრიტიკული აზრი, იქნებოდა ეს საჩივრის წიგნში ჩაწერილი შენიშვნა თუ, ე.წ. „ცენტრალურ პრესაში“ გამოქვეყნებული კრიტიკული წერილი. რა თქმა უნდა, კრიტიკულ აზრს კომუნისტური ტოტალიტარიზმი ხშირად თავისი ინტერესებისათვის იყენებდა და, ვაი, მაშინ გაკრიტიკებულს. მაგრამ, კრიტიკას უაღრესი აგრესიულობით ხვდებოდნენ, მაშინაც კი როცა ის დიდ საშიშროებას არავის უქადდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ საფრთხე დაემუქრა სრულიად ბუნებრივი და აუცილებელი ლიტერატურული და სახელოვნო კრიტიკის არსებობას: კრიტიკულ აზრს ვერ გუობდნენ, თავსატეხ საქმედ თვლიდნენ, საშურველად იქცა მხოლოდ სახოტბო წერილების წერა, ან ზოგადი, უმისამართო კრიტიკა. ყველა დარგში ერთი ტენდენცია შეინიშნებოდა: ადამიანები ცდილობდნენ გარკვეული მდგომარეობა მოეპოვებინათ საზოგადოებრივ და ბიუროკრატიულ ასპარეზზე, სადაც კრიტიკოსი ვერ „შესწვდებოდათ“. ასეთი მიუწვდომლობა სოციალური სტატუსის მნიშვნელობისა იყო... ჟურნალ-გაზეთების რედაქტორები, უმეტესწილად, თავის დაზღვევის მიზნით, არ ბეჭდავდნენ არათუ ვინმეს გამაღიზიანებელ, ან იდეოლოგიური ნორმატივებისადმი მიუსადაგებელ წერილს, არამედ ისეთსაც, რომელშიც, ამ მხრივ, „ყველაფერი“ წესრიგში იყო: ერთხელ კინომასალების კრებულის „კინო“ ფაქტიურმა რედაქტორმა, ამასთან საზოგადოებაში საკმაოდ ცნობილმა მწერალმა, კინოს ისტორიისადმი მიძღვნილი წერილის დაბეჭდვაზე უარი მითხრა მხოლოდ იმიტომ, რომ მასალა იწყებოდა განცხადებით: „კინოწარმოებას საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე ჩაეყარა საფუძველი“ - ესო, - მითხრა ფრთხილმა რედაქტორმა, საბჭოთა ხელისუფლების შეურაცხყოფაა და ვერ დაგიბეჭდავო...
მოსალოდნელი შერისხვის შიში რედაქტორებს აიძულებდა, რეალობას არშემგუებელი ავტორები თავიდან მოეშორებინათ.
კოლონიურ-კომუნისტური რეჟიმის დროს, ადამიანები ილუზიებით ცხოვრობდნენ. ერთი ასეთი ილუზია იყო მოჩვენებითი თავისუფლება. თანამდებობის პირი ფიქრობდა, რომ უფლება ჰქონდა, რისხვა დაეტეხა მასზე დამოკიდებული ადამიანისათვის. ამასვე აკეთებდნენ ე.წ. ადმინისტრაციულ ორგანოთა თანამშრომლები, ნებისმიერი რანგის მოხელეები. ხშირად, რიგითი მოქალაქეებიც კი, ამჟღავნებდნენ სურვილს, სხვისთვის ეგრძნობინებინათ, რომ რაღაცას წარმოადგენდნენ და ეს, უპირველეს ყოვლისა, ხაზგასმულ კატეგორიულობასა და უხეშობაში გამოიხატებოდა. სინამდვილეში, თავისუფალი არავინ იყო. სამაგიეროდ, ყველგან ტოტალური ძალადობა ბატონობდა: ასეთ ძალადობას ემსხვერპლა პროფესორი ალექსანდრე გამყრელიძე, რომელიც ქალის ღირსების დაცვას ცდილობდა და ვიღაც „თავისუფალმა“ ვიგინდარამ ცემით მოკლა...
კოლონიურ-კოლმუნისტური რეჟიმის დროს, კარიერაზე ვერც იოცნებებდი, თუ რუსული ენა არ იცოდი. კარგი ცხოვრების მაძიებელი მშობლები ენის ცოდნას აღარ ჯერდებოდნენ. რუსულ საბავშვო ბაღებსა და სკოლებში შეჰყავდათ შვილები, რუსულად აწყებინებდნენ აზროვნებას, - რის შედეგადაც, იზრდებოდა ყოველივე ქართულის მიმართ გაუცხოებული თაობა. თუმცა, მშობლებმაცა და შვილებმაც იცოდნენ, რომ გარუსება ცუდია, რომ ქართველი, - როცა თვითმყოფადობას კარგავს, მისი გადაგვარებაც აქედან იწყება. და მაინც, გასაკვირი აგრესიულობით იცავდნენ თავიანთი არჩევანის სისწორეს, იმ შედეგის მნიშვნელობას, რაც მოჰქონდა მათთვის ეგრეთწოდებულ „სოციალისტური ცხოვრების წესთან“ შეგუებას... აღარაფერს ვიტყვი იმაზე, თუ როგორი აგრესიულობით ამართლებდა თავის „საქმიანობას“ ყველა დონის კოლაბორაციონისტი, დაწყებული კომპარტიის ცეკას ფუნქციონირებით და დამთავრებული „კაგებეს“ ჯაშუშებით.
კოლონიურ-კომუნისტური რეჟიმის დროს შესაძლებელი გახდა, საზოგადოებრივ და სახელმწიფო ასპარეზზე გამოსულიყვნენ და დამკვიდრებულიყვნენ ამ საქმისათვის სრულიად შეუფერებელი ადამიანები, რომელთაც სათანადო არც ნიჭი ჰქონდათ და არც კულტურა. სამაგიეროდ, აკმაყოფილებდნენ უმთავრეს პირობას: „იდეურად“ მომზადებულები იყვნენ. როგორც კი უარყოფილი იქნა საზოგადოებრივი ცხოვრების ტრადიციები, მოიშალა კიდევაც ის დამცველი მექანიზმი, რომელიც ნებისმიერი ინდივიდისაგან ერთი სოციალური ფენიდან მეორეში გადასვლისას ან პოლიტიკურ სარბიელზე მოღვაწეობისას თუ სახელმწიფოს იერარქიულ საფეხურებზე ასვლისას, საერთოდ, კარიერის კეთებისას, მოითხოვდა სათანადო გარდაქმნას, მთელი რიგი პირობების შესრულებას და იმ მდგომარეობის შესაფერის ქცევას, რომელსაც მიელტვოდა. ახლა ვინმეს ზეაღსვლისას ყურადღება ექცეოდა რეჟიმისადმი მის ლოიალობას და არა პიროვნულ თვისებებსა და პროფესიონალიზმს. ასეთ საკადრო პოლიტიკას მოჰყვა ბედის მაძიებელთა გაუგონარი მოძალება ყველა სფეროში. ისინი იქაც კი წამოსკუპდნენ, სადაც მათი ადგილი ნამდვილად არ იყო, მაგრამ პროტექციით, დიპლომების ყიდვით, არადისერტაბელურ თემაზე დისერტაციების დაცვით, ერთი სიტყვით, უსწავლელად, უშრომლად, გარდაუქმნელად, ბედის მაძიებელთა დიდმა ნაწილმა შეძლო სხვათა ადგილების მითვისება, - რის გამოც, საგრძნობლად დაქვეითდა მეცნიერული, პედაგოგიური თუ შემოქმედებითი დონე. საქართველოში ეროვნულ უბედურებად იქცა ადამიანი, - არა თავის - ადგილზე ჰიპერტროფულად განვითარებული მომხმარებლის ფსიქიკით. იგი მომხმარებლის თვალით უყურებდა ყველაფერს, მათ შორის, სულიერ ღირებულებებს... არავის შეეძლო ამ მდგომარეობის გამოსწორება ტოტალიტარული მმართველობის ეპოქაში, რადგან იგი რეჟიმის პირმშო იყო და მას პოლიტიკური სისტემა იცავდა. ამასთან, თვითონ ის ადამიანები, სხვის ადგილებზე რომ იყვნენ წამოსკუპულნი, არანაკლები აგრესიულობით იცავდნენ თავიანთ მდგომარეობას, განსაკუთრებული სიძულვილით ხვდებოდნენ ნიჭიერ, შრომისუნარიან პიროვნებებს, არ აძლევდნენ თვითრეალიზების საშუალებას, ხელს უშლიდნენ წინსვლაში.
ჩვენი ყოფის სპეციფიურობამ ისიც განაპირობა, რომ აგრესიულ კომფორმისტად იქცა ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები არაქართველი მოსახლეობის დიდი ნაწილი. მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში საქართველოში ყოველთვის ცხოვრობდნენ სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლები, რომელთაგან ზოგი დამპყრობელი ქვეყნის შვილი იყო, მაგრამ ისინი აცნობიერებდნენ, რომ რადგან საქართველოში იმყოფებოდნენ, ქართულიც უნდა ესწავლათ და საზოგადოებრივ ასპარეზზეც ისე გამოსულიყვნენ. ზოგი მათგანი აქტიურად ებმოდა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში... ასე იყო რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობამდე. შემდეგ, განსაკუთგებით მეორე ოკუპაციიდან მოყოლებული, მდგომარეობა მთლიანად შაიცვალა: სოციალურ-პოლიტიკურმა რეჟიმმა არაქართველებზეც მოახდინა სათანადო ზეგავლენა - თავიდანვე მოხდა მათი გაუცხოება ქართველთა პრობლემებისაგან. რუსიფიკატორული პოლიტიკა, ფაქტობრივად, გამორიცხავდა იმ ვითარებას, როცა არაქართველი ქართული ენის შესწავლით უნდა დაინტერესებულიყო, პირიქით, ახლა ქართველებში გაჩნდნენ ეგრეთწოდებული რუსულენოვანნი, რომელნიც ასევე მეტ-ნაკლებად გაუუცხოვდნენ ქართველთა საწუხარს... არაქართველები (ცხადია, რუსების გარდა) და გარუსებული ქართველები თანდათანობით წყდებოდნენ საკუთარ ეროვნულ ტრადიციებს და რუსული ენობრივი და კულტურული სამყაროს ნაწილად იქცეოდნენ. შესაბამისად, შორდებოდნენ იმ ერს და იმ ქვეყნის ინტერესბს, რომლის მიწაზეც ცხოვრობდნენ. საქართველო და მისი პრობლემები მოსახლეობის ამ ნაწილისათვის ზედმეტ ბარგს, აუტკივარი თავის ატკივებას ჰგავდა, ამიტომაც, დაუფარავი აგრესიულობით ხვდებოდნენ მათთვის ამ „თავსმოხვეულ“ თემას, - რაკი, რეალობასთან შეგუების პროცესში, საქართველოს და ქართველი მოსახლეობის ფაქტორი ანგარიშგასაწევ ძალად არ მიაჩნდათ...
საშინელია კომუნისტური კოლონიალიზმი იმითაც, რომ იგი გასაოცარი ეფექტურობით რყვნიდა ადამიანებს. როგორც მოგახსენეთ, „სოციალისტური ცხოვრების წესის“ პირობებში ზნეობრივი ქცევა შიმშილს ნიშნავდა, აგრეთვე, უმოქმედობასაც, რადგან სრულფასოვანი თვითრეალიზების უფლების საფასურად, რეჟიმი ხარკს ითხოვდა. ეს კი ნიშნავდა, რომ სიტყვითაც და საქმითაც უნდა გემტკიცებინა, თეთრი, - შავიაო. ერის გარყვნასთან ერთად ირყვნებოდა ის, ვინც ამ ერის კულტურას ქმნიდა: სამოცდაათი წლის მანძილზე შეიქმნა უამრავი კონიუქტურული ხასიათის ლიტერატურული და ხელოვნების ნაწარმოები, რომლებიც „იდეოლოგიურ“ მოთხოვნილებებს კი აკმაყოფილებდნენ, მაგრამ მთლიანად აყალბებდნენ როგორც თანამედროვეობას, ისე წარსულს. ამ უბედურებას ისიც ემატებოდა, რომ ასეთი მაკულატურის არათუ გაკრიტიკება არ შეიძლებოდა, პირიქით, მეხოტბეთა მთელ გუნდს უნდა ედიდებინა...
1983 წელს საქართველოს კოლაბორაციონისტულმა ხელისუფლებამ დიდი ზარზეიმით აღნიშნა გეორგიევსკის ტრაქტატის მე-200 წლისთავი. საიუბილეოდ შეიქმნა მრავალსერიიანი ფილმი „წიგნი ფიცისა“. ფილმის პრემიერა კინოსტუდიაში შედგა, ხოლო ჩვენების დასასრულს, საგანგებოდ მოწვეულ მაყურებელთა ერთმა ნაწილმა, ტელევიზიის საშუალებით გაგვიზიარა თავისი შთაბეჭდილება. იმათ შორის, ვინც ტელეეკრანიდან გველაპარაკებოდა, ბევრი ნიჭიერი, თავისი საქმის კარგი სპეციალისტი იყო და მათ შესანიშნავად იცოდნენ, რომ ეს იყო მხატვრულად და ისტორიულად უსუსური, ყალბი ფილმი, - ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელი აზრობრივი მიზანდასახულებით; არადა, ყველა მათგანი ერთხმად აქებდა და ადიდებდა ფილმს და მის შემქმნელებს. ეს იყო ჩვენი შემგუებლობის ერთ-ერთი თვალსაჩინო გამოვლინება, რომლის მსგავსი უამრავი იცის საქართველოს უახლესმა ისტორიამ. ის კი, - თუ ვინ იყო უფრო მეტად აგრესიული და ვინ - ნაკლებად, დროის ხასიათისა და შემგუებლის ტემპერამენტზე იყო დამოკიდებული.
მონურმა ყოფამ დაგვაგლახავა და დაგვაჩაჩანაკა, დაგვიქვეითა ისედაც დაქვეითებული ეროვნული თვითშეგნებაც და პიროვნული ღირსების გრძნობაც; წვრილმან ყოფით პრობლემებსა და კონფლიქტებს ეწირებოდა მთელი ენერგია და ასე, თანდათანობით, ვკარგავდით ეროვნული განსაკუთრებულობის ნიშან-თვისებებს...
შემგუებლობამ ისე მოიკიდა ჩვენში ფეხი და ისეთი მასობრივი სახე მიიღო, რომ ობივატელს უგუნურებად მიაჩნდა არა თავისი საქციელი, არამედ სხვა ერების მიერ გამოვლენილი შეუგუებლობა. თავად საცოდავ ყოფაში ჩავარდნილი ქართველები იცოდებდნენ, მაგალითად, ბალტიისპირელებს, - ჯერ არც ისე დიდი ხანია, რაც საბჭოურ ჯოჯოხეთში არიან და შეგუება ვერ მოასწრესო. სხვებს იცოდებდნენ, რადგან თვითონ უკვე ყველაფერს შეგუებოდნენ... ასე გამომჟღავნდა, რომ გვჭირდა ერთგვარი დემენცია, ანუ შეძენილი ჭკუასუსტობა. სხვაგვარად, ძნელი ასახსნელია საკუთარი უუნარობის ბუნებრივ, კანონზომიერ მდგომარეობად მიჩნევა და სხვათა უნარიანობის დროებით მოვლენად აღქმა. არადა, ასე რომ იყო, ეს დრომ დაადასტურა.
80-იანი წლების დამდეგიდან ნათელი ხდება, რომ რუსეთის კომუნისტური იმპერია, ეგრეთ წოდებული CCCР-ი ვერ გაუძლებდა ამერიკის შეერთებულ შტატებთან უაზრო შეჯიბრს, კრიზისულ სიტუაციაში აღმოჩნდებოდა და ისიც იმ დღეში ჩავარდებოდა, რაც ასეთ შემთხვევაში დაემართა სხვა იმპერიებს, ე.ი. დაიშლებოდა. ამას დანახვა, გააზრება და სიტუაციის შესაფერი მოქმედება სჭირდებოდა, რუსეთის კოლონიებისა და გავლენის სფეროს დიდ ნაწილში, კერძოდ, ეგრეთ წოდებულ „სახალხო დემოკრატიის“ ქვეყნებში, აგრეთვე, ბალტიისპირეთში, მოლდოვაში, სომხეთში მოსახლეობა პატრიოტულად განწყობილი ინტელიგენციისა და რელიგიურ მოღვაწეთა წინამძღოლობით ზუსტად რეაგირებდა მიმდინარე მოვლენებზე: ნებისმიერ სიტუაციას იყენებდნენ ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესების მოსაგვარებლად, რაც, ცხადია, შეფარვით კეთდებოდა, მაგრამ პროცესი მაინც მასშტაბური იყო და მასში საზოგადოების ყველა ფენის წარმომადგენელი მონაწილეობდა. ასე მიჰყავდათ მათ საკუთარი ქვეყნები დამოუკიდებლობისაკენ.
საქართველოში, სამწუხაროდ, სრულებით არ იგრძნობოდა იმპერიის ნგრევის აქტიური მოლოდინი. უმნიშვნელოდ გამოიყურებოდა რამდენიმე დისიდენტის, პატრიოტულად განწყობილი ინტელიგენციის მცირერიცხოვანი ჯგუფებისა და ე.წ. „14 აპრილის ახალგაზრდების“ ცდები, ყველა ეს ცდა იკარგებოდა მოსახლეობის სოციალურ-პოლიტიკური პასიურობისა და შემგუებელთა აქტიური ხასიათის მოქმედებათა ფონზე. იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ კომუნისტური კოლონიალიზმის ნარკოზით ძილსმიცემულ საქართველოს გამოღვიძება არ უნდოდა... „პერესტროიკის“ დასაწყისში ტელევიზიით ხშირად გადაიცემოდა საზოგადოების წარმომადგენელთა, შეხვედრის რეპორტაჟები უმაღლესი რანგის ბიუროკრატიული აპარატის მუშაკებთან. ერთი ასეთი შეხვედრის დროს ერთმა ჭარმაგმა მამაკაცმა ასეთი შეკითხვა დასვა: ხომ არ არის „პერესტროიკა“ დროებითი მოვლენა და, ეს მცირედი სიტყვის თავისუფლება, მან რომ გვიბოძა, ხომ არ გახდება „თავისუფლად ალაპარაკებულთა“ რეპრესიებისა და დაღუპვის მიზეზი პერესტროიკა-გარდაქმნის დამთავრებისთანავეო? - ის სიფრთხილე და უნდობლობა, რაიც ამ შეკითხვაში იდო, მთელი ჩვენი საზოგადოების განწყობას გამოხატავდა. ცხადია, „პერესტროიკისადმი“ ასეთ დამოკიდებულებას ჰქონდა თავისი საფუძველი: რუსეთში, ისტორიულად რეფორმებს დამონებული ხალხებისათვის, არათუ თავისუფლება მოჰქონდა, პირიქით, ხვედრს უმძიმებდა. ამასთან, ჯერ კიდევ ცოცხალი იყო მეხსიერებაში 1956 წლის 9 მარტის თბილისური ტრაგედია, - დემონსტრანტების დახვრეტა ხომ ხრუშჩოვის „ოტტეპელის“ ჭეშმარიტ ხასიათს წარმოაჩენდა. ამიტომ, მოსახლეობა ეჭვით შეხვდა გორბაჩოვის რეფორმებს. ეჭვის უფრო მეტი საბაბი არსებობდა საქართველოში, სადაც ადგილობრივი კომპარიის ცეკა უაღრესად რეაქციულ პოლიტიკას ატარებდა. ასე მაგალითად: „პერესტროიკის“ მეორე, 1987 წელს, გაზაფხულზე ლიტერატურისა და ხელოვნების არქივის დირექტორმა ბატონმა ვახტანგ გურგენიძემ კომპარტიის ცეკას პირველ მდივანს ჯუმბერ პატიაშვილს, მეცნიერებათა აკადემიას, ისტორიის ინსტიტუტს, კინოსტუდიას, მწერალთა კავშირს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, RU<-ს, გაუგზავნა საარქივო მასალების საფუძველზე შედგენილი მოხსენება, რომელიც ილია ჭავჭავაძის მკვლელობაში ქართველ სოციალ-დემოკრატთა როლს წარმოაჩენდა. იმავე წლის 19 ივნისს, საარქივო სამმართველოს სააქტო დარბაზში ამ მოხსენების საჯარო კითხვა დაგეგმილი ჰქონდა. ბატონ ვახტანგ გურგენიძის განზრახვა, თავისი ხასიათით, სრულიად მიესადაგებოდა „პერესტროიკის“ მიერ დეკლარირებულ პრინციპებს, მაგრამ ქართველი კომუნისტები ამას არად დაგიდევდნენ.
ვახტანგ გურგენიძე მაშინვე სამსახურიდან მოხსნეს, თუმცა შემდეგ შედრკნენ „უდრეკი“ კომუნისტები, - ვაითუ ეს მოსკოვის ინსტრუქციების დარღვევად ჩაგვეთვალოსო და, არქივის დირექტორი სამსახურში თავის თანამდებობაზე აღადგინეს. მარტო ამ მაგალითითაც ნათელია, რომ ქართველი კომუნისტები, რამდენადაც ეს მათზე იქნებოდა დამოკიდებული, არ დაუშვებდნენ `სხვაგვარად აზროვნებას“, რათა, ამით დისკომფორტი არ შექმნოდათ. ეს კია, როცა ამ დისკომფორტად სწორედ კომუნისტობა იქცა, მაშინვე უბრძოლველად და უყოყმანოდ დათმეს ყოველგვარი იდეოლოგიური პრინციპე. 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების წინ, საქართველოში, 400 ათასი კომუნისტი და 700 ათასი კომკავშირელი იყო და ამ ვეებერთელა მასამ არჩევნები წააგო. ეს მოხდა იმიტომ, რომ ისინი, ერთეულების გამოკლებით, პარტიასა და კომკავშირში სოცალური დაცვის იმ გარანტიების გამო შედიოდნენ, რასაც პარტიულობა და კომკავშირლობა იძლეოდა. როგორც კი ეს გარანტიები მოისპო, ჯერ გადაჯგუფება დაიწყო, - რაც შემდეგ, თანდათანობით, გადაიზარდა სიმდიდრის გადანაწილების პროცესში, ანუ, სულ უფრო ნათლად იკვეთებოდა ჩვენში მიმდინარე პოლიტიკური ბრძოლების სოციალური საფუძველი: ადამიანებს მხოლოდ თავისუფლება კი არა, კარგი ცხოვრებაც უნდოდათ. რადგან პოლიტიკურმა ძალებმა მოსახლეობას სოციალური პრობლემების მოგვარების თვისობრივად ახალი გზა ვერ შესთავაზეს, ხოლო ხელისუფლებაში მოკალათებულმა ყოფილმა პარტნომენკლატურამ მისთვის ჩვეული კორუფციის უზნეო მაგალითი კიდევ ერთხელ უჩვენა ხალხს, თავი იჩინა შემგუებლობის ნიჭმა - ადამიანებმა განაგრძეს იმის კეთება, რასაც შეჩვეულნი იყვნენ:
აქტიურად ეგუებოდნენ რეალობას, რაოდენ მახინჯიც უნდა ყოფილიყო ის. „პერესტროიკიდან“ დღემდის, ე.წ. „სოციალისტური ფორმაციიდან“ კაპიტალისტურზე გადასვლა მიმდინარეობს უკიდურესად არაორგანიზებულად, სტიქიურად, ერთგვარი კრიმინალური ბუმის სახით. ასე მოხდა იმიტომ, რომ მოსახლეობისათვის არავის უთქვამს, არ უსწავლებია, სხვაგვარად მოქცევის წესი. ან, ვთქვათ, როგორ ეკეთებინა ფული კანონიერად, - ახალი ეკონომიკური კანონების შესაბამისად. ახალ ვითარებაში ძველი წესის გამოყენებამ, საზოგადოების მზარდი კრიმინალიზაცია გამოიწვია. ეს იყო ტრანსფორმირებულ სოციალურ სიმახინჯესთან შეგუების შედეგი... გაუკუღმართებული გზით წასულმა სოციალურმა მოძრაობამ და მის ფონზე აქტიურ შემგუებელთა აგრესიულმა ქმედებებმა, თავისი კვალი დააჩნია ეს ჩვენში მიმდინარე სოციალურ და პოლიტიკურ პროცესებს. რად ღირს თუნდაც ის, რომ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ასპარეზზე მკვიდრდებიან ადამიანები, რომლებიც თავიანთი საარჩევნო თუ სამოქმეედო პროგრამების მიუხედავად, არაფრის შეცვლას არ აპირებენ, არც რაიმეს მოწესრიგება სურთ. ისინი, უბრალოდ, მაქსიმალურად იყენებენ იმ პრივილეგიებს და შესაძლებლობებს, კანონიერსა და უკანონოს, რასაც ყველა დონის საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებაში ყოფნა იძლევა და დიდი მონდომებით აგვარებენ საკუთარ ყოფით და კარიერისტულ პრობლემებს... ამისათვის ძარცვავენ ეროვნულ სიმდიდრეს, ითვისებენ უცხოური ინვესტიციებისა და სესხების სახით შემოსულ თანხებს. კლანური და ჯგუფური ინტერესების გამომხატველნი და გამტარებელნი არიან, თავიანთი ქმედებებითა და მიზნებით ხელს უწყობენ დესტრუქციული პროცესების განვითარბას. უპირველეს ყოვლისა, გაუგონარი მასშტაბის კორუფციით, წარმოადგენენ რა მრწამსით კაპიტულანტებს, ღალატობენ ეროვნულ-სახელმწიფოებრივ ინტერესებს. ყურადსაღებია, რომ უკავიათ რა საპასუხისმგებლო თანამდებობები, იჩენენ გასაოცარ უპასუხისმგებლობას, ცუღლუტობენ, ცრუობენ, არაკაცურად იქცევიან. ერთი სიტყვით, ეს სხვადასხვა ასაკის ადამიანები, ხანდაზმულებიცა და ახალგაზრდებიც, თავიანთი მოქმედებით ისევ და ისევ „ბიჭად“ დარჩენის სურვილს ამჟღავნებენ. დაუკაცებლობა, მათთვის, მოვალეობისათვის თავის არიდების იდეალური საშუალებაა. აქ უკვე აშკარაა, საქმე გვაქვს ჩვენი ისტორიის ტოტალიტარიზმის პერიოდის უსაშინლესი სენის, - „ბიჭად“ დარჩენის სინდრომთან, ოღონდ სხვა ვითარებაში. აშკარაა, დაავადებამ თავისებური განვითარება განიცადა, ახლა საქართველოში უსაშველოდ გაწელილი ე.წ. გარდამავალი პერიოდია, სოციალური ფორმაციის შეცვლისა და დემოკრატიული საზოგადოების აღმშენებლობის პროცესი გაუმართლებლად ნელა მიმდინარეობს, ამიტომ გუშინდელი ყოფის (რომელსაც ასე ძნელად ვშორდებით) რეციდივები ყოველწუთს თავს იჩენს და მას, ამისათვის, კარგი ნიადაგი აქვს შექმნილი. თუ კოლონიურ-კომუნისტური რეჟიმის დროს „ბიჭად“ ყოფნა, - მისთვის დამახასიათებელი უპასუხისმგებლობა, - საშუალება იყო ეროვნული პრობლემებისაგან თავის არიდებისა, დღეს, ის ასეთივე საშუალებაა, სახელმწიფოს წინაშე მდგარი პრობლემებისაგან თავის არიდებისა. ერთი სიტყვით, ვინც ახერხებს, იყოს ასაკგადაცილებული ლაწირაკი, მას „მორალური უფლება“ ეძლევა, ჩაიდინოს რაც სურს და ამისათვის არ მოეკითხოს...
მათი შემყურე და მოიმედე ხალხი კი, შექმნილ აუტანელ პირობებთან, ისევ და ისევ, შეგუებას ცდილობს, თუმცა, კარგად იცის, რომ გამოსავალი არ არის: სახლ-კარის გაყიდვა, ვალების აღება, სპეკულაცია, ქურდობა, ყაჩაღობა, პროსტიტუცია - ჯერჯერობით გაჭირვებიდან თავის დაღწევის სხვა საშუალებას მოსახლეობის დიდი ნაწილი ვერ ხედავს... არადა, საჭიროა კონსტრუქციული ქმედება, ღონისძიებები და შედეგები, რაც ენერგიული ადამიანების მობილიზებას, მათ თავდადებულ შრომას ითხოვს. სამწუხაროდ, ბევრი აქტიური ადამიანი ამგვარი ქმედების ხელშემშლელ პირობებთან (ხელისუფლების უუანარობა, კორუფცია, მოუწესრიგებელი საკანონმდებლო ბაზა და კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების აუმოქმედებლობა, უვარგისი საკადრო პოლიტიკა) ბრძოლას თავს არიდებს და ისევ აქტიურად ეგუება არსებულს, იგონებს ათას მახინჯ კომბინაციას და, მათი მეშვეობით ცდილობს თავის გატანას. ასე იქცევა არა მარტო საქართველოში, ევროპაშიც... ასეთი შემგუებლობის აგრესიულობა ნათლად ჩანს გერმანიაში მომხდარ ორ „დეტექტიურ“ ისტორიაში: ევროპის ამ ქვეყანაში ბევრი უმუშვარი, არაფრის მკეთებელი ჩვენი თანამემამულეა, ჰოდა, ერთი ხანობა, თურმე, ყველაფერში წესრიგის მოყვარულ გერმანელებს მეტად აოცებდათ ის, რომ, მოულოდნელად, მოსდიოდათ თბილისთან საუბრის საკმაოდ დიდი სატელეფონო გადასახადი, არადა, იქ არც არასოდეს ულაპარაკიათ... ყველაფერი გაურკვეველი იყო, ვიდრე ერთ-ერთი სახლის სახურავზე ამძვრალი და სატელეფონო ქსელში ჩართული, - ჩვენი თანამემამულე არ ნახეს, სხვისი სატელეფონო ხაზით სარგებლობაში გართული. სხვა შემთხვევაში, სუპერმარკეტებში ხდებოდა არანაკლები უცნაურობა: კომპიუტერი იტყობინებოდა, რომ ვიღაცამ რაღაც ნაწარმო მოიპარა, არადა, შემოწმებისას ირკვეოდა, რომ ყველაფერი კანონიერად იყო შეძენილი; სუპერმარკეტის მესვეურებს ჯარიმის გადახდა უწევდათ მყიდველის შეწუხებისათვის. ბოლოს, - გამოირკვა: ქურდობის ინსცენირება შეგნებულად ხდებოდა, რათა გაჩხრეკის შემდეგ „შეურაცხყოფილ“ მომხმარებელს ჯარიმა აეტყავებინა სუპერმარკეტის მფლობელთათვის... ზოგი ჩვენებური, იქ, თურმე, ამ გზით ცხოვრობს.
აგრესიულ-კომფორმისტად ჩამოყალიბებული ადამიანისათვის თავისუფლებასა თუ მონობაში ყოფნა, შესაგუებელ პირობათა სხვადასხვაობაა მხოლოდ, თორემ, მისი ქცევის არსი - ამით არ იცვლება: სახელმწიფო გადატრიალების, სამოქალაქო ომისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებული ომების შედეგად, მოსახლეობის ხელში აღმოჩნდა დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი. იარაღი აქვთ სამხედროებს, პოლიციელებს, უშიშროების აგენტებს, პოლიტიკოსებს, ბიზნესმენებს, კრიმინალებს. ერთი სიტყვით, იარაღი, რეგისტრირებული თუ არარეგისტრირებული, ბევრმა ჩაიგდო ხელში და აი, დაიწყო მკვლელობათა სერია: ვიღაც ბიჭმა მეტოქეს ესროდა: ის გოგო რატომ გიყვარსო, ქმარმა - ცოლს, რომელიც აღარ უყვარდა, ყაჩაღმა - ყაჩაღს, რადგან ნაძარცვი ვერ გაიყვეს და, ასე შემდეგ. საინტერესო ის იყო, რომ უმეტესობა თავს იმართლებდა, - პისტოლეტი გამივარდაო... ესე იგი არ მინდოდა და შემომაკვდაო. სიცრუეა ეს: პისტოლეტს თუ დამცველი არ მოხსენი და სასხლეტს თითი არ დააჭირე, ვერ გაისვრი. იარაღის თავისით გავარდნა მოგონილი ზღაპარია, -რომ დამნაშავემ სასჯელს თავი აარიდოს. საქმე კი იმაშია, რომ ვიღაცამ, საშუალება მიეცა თუ არა, ის მოიცილა თავიდან, ვინც ასე თუ ისე აღიზიანებდა, ეს არის და ეს...
უამრავი მანქანა დაქრის თბილისში, ზოგი ძვირადღირებული, ზოგიც იაფი, მაგრამ საჭეს რომ მიუჯდე, ფული უნდა გქონდეს, ანუ ფლობდე „უპირატესობას“ ბევრთან შედარებით. ვინც ამის მოპოვება შეძლო თავის უიღბლო თანამოქალაქეებს, თქვენზე მეტი ვარო იმით უმტკიცებს, რომ თავაწყვეტილები დააქროლებენ მანქანებს ქუჩებში, ზიზღით უყურებენ ფეხით მოსიარულეებს და არც ფიქრობენ გზა დაუთმონ მათ... საერთოდ, მეტად საგრძნობია ნუვორიშების აგრესიული დამოკიდებულება გაღატაკებული თანამემამულეებისადმი...
ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ აგრესიულ-კომფორმისტებად ახალგაზრდებიც იქცნენ. ბოლო წლებში, - დიდად გავრცელდა საკუთარი დედის გინება, რაც ახალგაზრდებს ერთგვარ ჩვევად ექცათ. ეს, ჯერ ოიდიპოსის კომპლექსის მასობრივი გამოვლინება მეგონა, მაგრამ როცა დავუკვირდი, დავრწმუნდი, მიზეზი სხვა ყოფილა: თავდაპირველად, დედის გინება, რუსების წაბაძვით იკიდებს ფეხს საქართველოში; ამას თან სდევდა კონფლიქტი - დედის შეგინებას ქართველი არავის შეარჩენდა და იწყებოდა ჩხუბი. დრო გადიოდა, მოდა „ითხოვდა“ ბილწსიტყვაობას და აი, აქ ჩვენმა ახალგაზრდობამ გამოსავალი ნახა, - არც მწვადი დაწვა და არც შამფური, - დაიწყო ბილწსიტყვაობა ისე, რომ, ამის გამო, მისთვის ცხვირ-პირი არავის ამოემტვრია. ასე შევეჩვიეთ საკუთარი დედის გინებას... ეს გახლავთ აგრესიული კომფორმიზმი. კიდევ ერთი მაგალითი... ესეც არ იყოს, ლანძღვა-გინების მსხვერპლად იქცა მთელი ქვეყანა. მოვიყვან ორ ნიმუშს პოლიტიკური ორიენტაციიდან გამომდინარე ეროვნული ინტერესების კომფორმიზმის მსხვერპლად ქცევისა: ცნობილია, რომ რუს შოვინისტებს აღიზიანებთ ყოფილი კოლონიების სწრაფვა დამოუკიდებლობისაკენ, მათ მიერ საკუთარი სახელმწიფოებრიობის განმტკიცების მცდელობა. ამიტომ, ბევრი ჩვენი თანამემამულე, იქნება ის ობივატელი თუ ინტელიგენტი, საქმოსანი თუ პოლიტიკოსი, რუსთან საქმის მოკვარახჭინებას რომ ცდილობს, აუცილებლად გაჰკრავს კბილს ჩვენს ქვეყანას, თავისუფალ საქართველოს წარმოაჩენს, როგორც, რაღაც არასრულფასოვან ქვეყანას და ასეთი ანტიქართული განწყობით იმსახურებს რუსის თანადგომას. ანალოგიურად იქცევა ბევრი ევროპასა და ამერიკაზე ორიენტირებული ქართველი, რომლებიც ცდილობენ რა, უცხოელ პარტნიორებს დაუმტკიცონ საკუთარი ერთგულება დასავლური ღირებულებებისადმი, თავიანთ ერს ათას უბედურებაში სდებენ ბრალს, - ხან ქართულ ფაშიზმს „წარმოაჩენენ“, ხანაც საეჭვოს ხდიან ჩვენს ტოლერანტობას; ზოგჯერ არადემოკრატიულობაში გვდებენ ბრალს და, ასე შემდეგ. სამშობლოსადმი არაარგუმენტირებული ბრალდებების ფონზე საკუთარი სიკარგის დემონსტრირებას ცდილობენ.
აგრესიულ კომფორმისტთა წინააღმდეგობას აწყდება ისეთი მნიშვნელოვანი საქმე, როგორიც არის ეროვნული იდეის გააზრების მცდელობაც: ქართველთაგან არც თუ ცოტამ, ღირებულების, პრინციპებისა და ინტერესების ერთიანი სისტემის არქონის შედეგად წარმოშობილი ქაოსის პირობებში, ადაპტირებულმა, აიწყო ცხოვრება, იშოვა ფული, გაიკეთა კარიერა, მოიპოვა საზოგადოებრივი მდგომარეობა. ცხადია, მათ არ აწყობთ ეროვნული იდეის მიერ სტიმულირებული კონსტრუქციული პროცესები, რათა მღვრიე წყალში დაჭერილი თევზი ხელიდან არ გაუსხლტეთ...
აგრესიული კომფორმიზმის გამოვლენის მაგალითები დაუსრულებლივ შეიძლება ჩამოითვალოს, მას ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვაწყდებით, რადგან, იგი უკვე იმ სიგიჟედ იქცა, რომელსაც ძალუძს დააბრკოლოს ნებისმიერი გონივრული ქმედება - პიროვნება საზოგადოებას დაუპირისპიროს, მოქალაქე - სახელმწიფოს; საუკუნის დამდეგს ამ სიგიჟემ იმსხვერპლა პირველი რესპუბლიკა. ახლა, იგივე მიზეზი საფრთხეს უქმნის მეორე რესპუბლიკასაც, ხელს უშლის მოსახლეობის თვითორგანიზებას, საქართველოს საკითხის წამოჭრას, სახელმწიფოს აღმშენებლობას, - რითიც არსებითად განსაზღვრავს კიდეც დღევანდელ დუხჭირ ყოფას.
ჩვენი ეს სიგიჟე სოციალურ, პოლიტიკურ, იდეოლოგიურ და კულტურულ სიმახინჯესთან აქტიურმა შეგუებამ წარმოშვა, კოლონიურ-კომუნისტური რეჟიმის პირობებში აღზრდილ ადამიანს გაუჭირდება თავისუფალი, დემოკრატიული საზოგადოების შექმნა. ერთბაშად და ისიც მოუმზადებლად ის ამას ვერ გააკეთებს. მოსაგვარებელია უპირველეს ყოვლისა, ორი არსებითი მნიშვნელობის პრობლემა. პირველის არსს კარგად წარმოაჩენს ახალი ებრაული სახელმწიფოს ფუძემდებლის, თეოდორ ჰერცლის მოსაზრება, რომელიც მან ანალოგიურ სიტუაციაში მყოფი ებრაელი ხალხის შესახებ გამოთქვა: „ჩვენ ებრაელებს უკვე ორი ათასი წელია არ გვქონია რაიმე კონკრეტულის რეალიზების ისტორიული პრაქტიკა. უპირველესად საჭიროა, ვისწავლოთ საკუთარი თავის მსხვერპლად გაღება, ამისათვის კი მე თავად არა ვარ მზად... მაგრამ მე უკვე გამოსწორების გზას ვადგავარ, აუცილებლად მინდა მსხვერპლის გაღება ვისწავლო და შესაძლებელია ამას სხვებიც ისწავლიან“. ნურავინ იფიქრებს, რომ ის, რასაც თ. ჰერცლი ამბობს, მხოლოდ ზნეობრივი პროცესია, ეს გახლავთ იდეოლოგიური ხასიათის პრობლემა; საჭიროა ეროვნული იდეა, რომელიც გაგვაერთიანებს, დაგვრაზმავს, მიზანს და მისი მიღწევის გზებს დაგვისახავს. ეს მოგვცემს საშუალებას, ავაშენოთ ისეთი სახელმწიფო, რომელშიც ადამიანები არ შეეგუებიან არანაირ სიმახინჯეს. მხოლოდ ეს გთავქმევინებს უარს აგრესიულ კომფორმიზმზე, ანუ საშიშ მემკვიდრეობაზე.
1995-1997 წწ.
![]() |
16 ქალი და კულტურა |
▲ზევით დაბრუნება |
I ნაწილი
„მორალის ქადაგება ადვილია, მისი დასაბუთებაა ძნელი“
არტურ შოპენჰაუერი
ცუდად ორგანიზებული ცხოვრება უამრავ პრობლემას ბადებს. მათ შესახებ ახლა ბევრს ლაპარაკობენ, მაგრამ შეხედულებათა სხვადასხვაობა არსად ისე ურთიერთგამომრიცხველი არ არის, როგორც სექსუალურ ურთიერთობათა კულტურის შესახებ მსჯელობისას. ერთნი თუ რაიმეს საპრობლემოდ მიიჩნევენ, იმის მიჩქმალვას ცდილობენ, თითქოს არ არსებობდეს, თან მოსთქვამენ: გაირყვნა ქვეყანა და დავიღუპეთო... მეორენი, სექსუალური რევოლუციის ნელ ტემპებს შეუწუხებია და ამ მხრივ, მოწინავე ქვეყნების გამოცდილების სწრაფად და უპირობოდ გადმოტანას და დანერგვას მოითხოვენ... ასე შეეჯახა მდაბიური და პირმოთნე მორალი სნობიზმს. ამათგან პირველი, კოლონიურ-კომუნისტური რეჟიმის არსებობის მთელი სამოცდაათი წლის მანძილზე, არსებითად, ოფიციალურად დამკვიდრებულ ზნეობრივ პრინციპს წარმოადგენდა და ე.წ. „საბჭოთა ადამიანში“ ყოველგვარი ადამიანურის გამოვლენას უარყოფდა, - მათ შორის, სექსუალური ცხოვრების მოწესრიგების აუცილებლობასაც, რადგან ეს „კაპიტალისტური ყოფის გადმონაშთად მიიჩნეოდა. ამიტომ მოსპეს ოფიციალური ბორდელები, უარყვეს საქმიანობის ის ფორმა, როგორიც პროსტიტუციაა.
ამის მაგიერ ქადაგებდნენ „ჯანსაღი ცხოვრების წესს“, თუმცა, ავიწყდებოდათ, რომ მასობრივი სექსუალური დაუკმაყოფილებლობა, რითაც ხასიათდებოდა მათ მიერ დამკვიდრებული სოციალურ-პოლიტიკური სისტემა, სულაც არ უწყობდა ხელს ჯანსაღ ცხოვრებას და უამრავი მახინჯი ფორმით გამოვლინდებოდა ხოლმე. სექსუალური თავისუფლების ძიებამ „იატაკქვეშა მოძრაობის“ ხასიათი მიიღო: შეიქმნა არალეგალური ბორდელები, ღამღამობით ქუჩაში უამრავი მეძავი დაეძებდა კლიენტებს. კომუნისტური ზნეობის დამცველნი, ცხადია, ამდაგვარ სხვაგვარად მოაზროვნეობასაც ებრძოდნენ, მაგრამ პარადოქსული ის იყო, რომ არაოფიციალური საროსკიპოებისა და ქუჩის კახპების მუშტართა არც თუ მცირე ნაწილს, ე.წ. „კანონის დამცველნი“ შეადგენდნენ, - რაც მაფიქრებინებს, რომ ეს უკანასკნელნიც სექსუალურად დაუკმაყოფილებელთა რიგებს მიეკუთვნებოდნენ... ასეთივე კურიოზული იყო ლიტერატურასა და ხელოვნებაში, ბრძოლა ეროტიკისა და პორნოგრაფიის ყოველგვარ გამოვლინებასთან. ამიტომ, ფასი დაედო უცხოელ ავტორთა შემოქმედებას, განსაკუთრებით კინოში და მათ ფილმებს საგანგებოდ კინოსახლში უჩვენებდნენ. იმ „ბედნიერს“, ვინც იქ შეაღწევდა, საშუალება ეძლეოდა ეკრანზე ქალის თეძოებისათვის მოეკრა თვალი... და, რადგანაც, ამის მსურველი ბევრი იყო, ეროტიკას მოწყურებული მაყურებელი. იერიშით იღებდა კინოსახლს, მათ დასაშოშმინებლად მილიციას იძახებდნენ ხოლმე... ეს ხდებოდა ე.წ. საინფორმაციო ჩვენებების დროს, როცა მოსკოვიდან საგანგებოდ ჩამოჰქონდათ „ბურჟუაზიული ქვეყნების კინოპროდუქცია“. აკრძალული ხილის, შიშველი სხეულის ხილვის მოყვარულთა მოთხოვნილებებს ფოტოგრაფები და მათი პროდუქციის გამსაღებლებიც აკმაყოფილებდნენ. ისენი მატარებლებში, სტალინის მაშინ ასევე აკრძალულ სურათებთან ერთად, პორნოგრაფიულსაც ჰყიდდნენ. მგზავრები ორივეს ეტანებოდნენ, მაგრამ უპირატესობას ევას კოსტუმში გამოწყობილ ლამაზმანებს ანიჭებდნენ...
კაცობრიობის ისტორია სავსეა კურიოზებით. ასე რომ, სამაგალითო იმისა, თუ რას არ უნდა მიბაძო და რა არ უნდა გაიმეორო, რამდენიც გნებავთ იმდენია. სამწუხაროდ, ადამიანებს არ უყვართ წარსულის გამოცდილების სათანადოდ გააზრება და გათვალისწინება; კომუნისტების მიერ ძაგებული ბურჟუაზიულ საზოგადოებაში იყო პერიოდები ისეთივე პირმოთნე და მდაბიური მორალის აღზევებისა, რომელსაც, შემდგომ, კომუნისტები თავს ახვევდნენ მოსახლეობას: საფრანგეთში კარლოს X-ის მეფობის მიწურულს, კერძოდ, 1824-1827 წლებში, ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაზე გავლენას ახდენდა უკიდურესად რეაქციონერი მოხელე ვიკონტ დე ლაროშფუკო, რომელიც ხელოვნებაში ზნეობას იმით „იცავდა“, რომ ბრძანება გასცა და ლუვრის მუზეუმში გამოფენილ ანტიკურ ქანდაკებებს, სიშიშვლის დასაფარავად მუყაოს ფოთლები მიაფარეს, ხოლო ბალერინებს კაბები დაუგრძელეს, - რაც დაუსრულებელი დაცინვის საგანი გახდა.
კომუნისტურ აკრძალვებს ვენერიულ დაავადებათა ზრდა მოჰყვა, ახალგაზრდებში კი - ონანიზმით დიდი გატაცება... კოლონიური კომუნისტური ზნეობის ამ დანაშაულებრივ შედეგს ყურადღებას არ აქცევდნენ და ჯიუტად განაგრძობდნენ „მორალურად არამდგრადი“ მოქალაქეების აღმოჩენას. საკმარისი იყო ვინმესათვის უცხოური პორნოგრაფიული ჟურნალი ეპოვნათ (ცხადია, არალეგალურად შემოტანილი „რკინის ფარდის“ მიღმა მდებარე ქვეყნებიდან, რომ იმას ჯოჯოხეთის შვიდივე წრეში გაატარებდნენ და თავბედს აწყევლინებდნენ. მიუხედავად ამისა, საბჭოთა მოქალაქე სექსუალურ შეუწყნარებლობას ჯიუტად ეწინააღმდეგებოდა. იმ წლებში მეტად პოპულარული იყო ასეთი ანეკდოტი: კომპარტიის ერთ წევრს ბრალი დასდეს „ზნეობრივ არამდგრადობაში“, რაიკომის ბიუროზე გამოუძახეს და მკაცრად მოკითხეს ნამოქმედარი; რაიკომის მდივანი უსახელებდა ფარული საროსკიპოების მისამართებს და თან მოითხოვდა, აღიარე, რომ იქაც ხარ ნამყოფიო. ბრალდებული კომუნისტი ჯერ უარყოფდა თავის დანაშაულს, მერე კი გაჩუმდა და სმენად გადაიქცა. ბიუროდან გამოსულს ამხანაგებმა ჰკითხეს - რით დამთავრდა შენი ამბავიო, - უსაზღვროდ გახარებულმა კომუნისტმა უპასუხა - მართალია, პარტიიდან გამრიცხეს, მაგრამ, სამაგიეროდ, ბორდელების ისეთი მისამართები გავიგე, სხვა შემთხვევაში ძნელად თუ გავიგებდიო... აი, ასეთი იყო მაშინ საზოგადოების დამოკიდებულება კოლონიურ-კომუნისტური რეჟიმის მდაბიური და პირმოთნე მორალისადმი, რომლის საბოლოო დაცემაც ბევრად განაპირობა რუსეთის კომუნისტური იმპერიის ტექნიკურმა ჩამორჩენილობამ. სამოცდაათიანი წლების შუა ხანებიდან ე.წ. სსრკ-ში შემოაქვთ ვიდეომაგნიტოფონები. ამ სიახლემ მოსახლეობის დიდი ინტერესი გამოიწვია. ამას, თავისთავად, მმართველი რეჟიმის რისხვა არ შეიძლება მოჰყოლოდა. მაგრამ „ზნემაღალი“ კომუნისტები იმ ფილმებმა აღაშფოთა, კასეტებზე რომ იყო ჩაწერილი. აქამდის ყოველგვარი კინოპროდუქცია კინოგაქირავების სისტემის წყალობით ვრცელდებოდა. ეკრანზე საჩვენებელი ფილმების ხასიათს განსაზღვრავდა სათანადო მაკონტროლებელი სტრუქტურა, ეს იყო კინოცენზურა, რომელიც, ან არ დაუშვებდა უცხოურ ფილმს ეკრანზე, ან კიდევ, მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამოჭრიდნენ პოლიტიკური და ეროტიკული ხასიათის ეპიზოდებს, რომ მაყურებელს იმაზე მეტი არ გაეგო და არ ენახა, ვიდრე ეს კომუნისტური იდეოლოგიით იყო დაშვებული. ვიდეოკასეტების გავრცელებამ (რაც არალეგალურად ხდებოდა) ცენზურის კონტროლი მოსპო. ახლა მაყურებელს საშუალება ეძლეოდა, უცხოური ფილმები ორიგინალში ენახა და უფრო სრული წარმოდგენა შექმნოდა იმ ყოფასა და ცხოვრების წესზე, თავისუფალ სამყაროში რომ იყო. არ ვიცი, შემთხვევით ხდებოდა თუ ვინმე ამას განგებ აკეთებდა, მაშინ, საქართველოში გავრცელებულ ვიდეოკასეტებზე, ძირითადად, ეროტიკული ფილმები იყო ჩაწერილი. შესაძლოა, აკრძალულისადმი ინტერესმა იჩინა თავი. ასეა თუ ისე, იმ დროის არალეგალურ კინოგაქირავების პროდუქციას, აშკარად ეტყობა ჟანრული ერთფეროვნება... მმართველი რეჟიმი თავგამოდებით ებრძოდა ამ „იდეოლოგიურ დივერსიას“, აპატიმრებდნენ კასეტების გამავრცელებლებს, მილიციაში ბჭობა და კამათი მიმდინარეობდა იმის თაობაზე, თუ რომელ ფილმში იყო პორნოგრაფია და რომელში კიდევ მხატვრულ აუცილებლობას წარმოადგენდა შიშველი ნატურა. როგორც მიიჩნევდნენ, ისე გადაწყვეტდნენ დაპატიმრებულის ბედს... იმ წლებში, პრესაში, პოლემიკაც გაიმართა ვიდეოს გამო და, რას არ წაიკითხავდით გაზეთებში. ერთი ავტორი აღიარებდა: ვუყურებდი ვიდეოსო და პირობას დებდა, ასეთ რამეს აღარ ვიზამო... ამ წერილებით ისიც გაირკვა, რომ საზოგადოების კარგა დიდი ნაწილი ვიდეომაგნიტოფონებს მიიჩნევდა მხოლოდ ეროტიკული ფილმების ჩვენების საშუალებად... რუსეთის კომუნისტური იმპერიის მოდერნიზების მცდელობამ ანუ „პერესტროიკამ“ ბევრი აკრძალვა გააუქმა და პორნოგრაფიული ფილმების გამო აღარავის იჭერდნენ, მეორე რესპუბლიკის გამოცხადების შემდეგ კი, მივიღეთ ნანატრი თავისუფლება და ყველა აქამდის მიჩუმათებული პრობლემის წინაშე აღმოვჩნდით, რომელთა მოგვარება აუცილებელია და ეს ჩვენი გასაკეთებელია;
ამათგან, უმთავრესია, მდაბიურ და პირმოთნე მორალზე უარის თქმის საჭიროება და ჭეშმარიტი სულიერი ღირებულებებისაკენ შემოტრიალება. სამწუხაროდ, ეს ასე არ ხდება. ძველი შემაკავებელი მექანიზმების მოშლას, ახლის შეუქმნელად, საზოგადოების წიაღში არსებული ავისა და კარგის ერთბაშად გამოჩენა მოჰყვა. გაცხადდა ისიც, რომ ყველა დონეზე ცუდად ორგანიზებულობის გამო, უამრავი მოუგვარებელი საკითხი არსებობს, - სოციალურიდან დაწყებული, სექსუალური დაუკმაყოფილებლობით დამთავრებული. სხვათა შორის, ორივე ეს პრობლემა ერთმანეთს გადაეჭდო და სოციალურ-სექსუალური რევოლუციის სახე მიიღო, რომლის მონაწილეც მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილია... ამ მოძრაობის მასშტაბებზე, იმდენად ქუჩის კახპებისა და ფარული ბორდელების რიცხვის ზრდა არ ლაპარაკობს, რამდენადაც თურქეთში სამეძაოდ დაძრული ქართველ ქალთა ლაშქარი. ამ ამბავმა საზოგადოების დაბნეულობა გამოიწვია და სხვადასხვაგვარად შეფასდა: პატრიოტები შელახულ ეროვნულ ღირსებას დასტირიან, ცინიკოსები ენაბოროტობენ - ესეც თქვენი ქართველი ქალის პატიოსნებაო, ზოგს ეს არც სჯერა, ზოგისთვის კი, სულ ერთია. ვინც რა არ უნდა თქვას, ერთი კი ცხადია, ამ მოვლენას სოციალური და გარკვეულწილად ზნეობრივი საფუძველი აქვს და ამას უნდა საგანგებო კვლევა. სხვაგვარად, ქართველ ქალთა თურქეთში „გასტროლების“ მიზეზებს ვერ გავიგებთ. ამიტომ, ისევ ჩვენი ყოფის თავისებურებიდან გამომდინარე, უნდა მოვუძებნოთ ახსნა: გვიყვარს მტკიცება, - ტრადიციებს ვიცავთო, ოღონდ იმას კი არ ვამბობთ, თუ რა ცვლილებები განიცადა საუკუნეების განმავლობაში, -განსაკუთრებით ყოველგვარი ტრადიციულის დამანგრეველი კოლონიურ-კომუნისტური რეჟიმის დროს, - ჩვეულებებმა და, შესაბამისად, როგორ შეიცვალა ჩვენი ქცევაც: ძველი არ დავივიწყეთ და ახალი არ შევითვისეთ. თუ დამოუკიდებლობის გამოცხადებას მიჯნად მივიჩნევთ და მის წინა პერიოდს გადავხედავთ, დავინახავთ, თუ როგორ მზადდებოდა ის პროცესი, რასაც ახლა სექსუალური რევოლუცია შეიძლება ვუწოდოთ. ჩვენი ისტორიის ეს მონაკვეთი აღინიშნება კომუნისტური იდეოლოგიის საბოლოო გაკოტრებით, მმართველი რეჟიმის გახრწნით, საზოგადოების სულ უფრო მზარდი კრიმინალიზაციით, ძალადობის მოჭარბებით სახელმწიფო ცხოვრებაშიაც და კერძო პირთა ყოფაშიც. მე უკვე მოგახსენეთ, თუ როგორ ახშობდნენ ყოველივე ადამიანურის გამოვლინებას. ამ არანორმალური არსებობის პირობებში, თავისებურად ვავლენდით დამოკიდებულებას გვარიანად სახეცვლილი ტრადიციებისადმი, ვცდილობდით გვეხელმძღვანელა მათგან მომდინარე იმ პრინციპებით, რომელთა არსს ვერც კი ვწვდებოდით და არც ამის სურვილს ვამჟღავნებდით. ერთი ასეთი ტრადიცია ქალწულობის ინსტიტუტი გახლავთ. ქართველი მამაკაცი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს იმას, რომ საცოლე ქალწული იყოს, და როცა ამის საწინააღმდეგო დამტკიცებულა, ბევრი ქორწინება ჩაშლილა. ასეთია ტრადიციის ძალა, ოღონდ, ის, რაც შეუღლების შემდეგ ხდება, მაფიქრებინებს, რომ ამ ძველ წესს სოციალური და ზნეობრივი საფუძველი გამოცლილი აქვს და მექანიკურად განაგრძობს არსებობას. საქმე ის არის, რომ, მას მერე, რაც ასე ნანატრ და სასურველ ქალწულს ცოლად მოიყვანენ, იწყება ქართველი ქალის ცხოვრების დრამა, რომლის უმთავრესი მიზეზი ის ყოფაა, რომელიც ქალს შეურაცხჰყოფს. უამრავ პრობლემათაგან ორი გამოირჩევა: ცუდად ორგანიზებული ოჯახური თანაცხოვრება და მატერიალური სიდუხჭირე. ქალი, ქალიშვილობის დროიდან ხდება უპასუხისმგებლო, ეგოისტი მამაკაცების მსხვერპლი: ნახავს, ვინმე ლამაზ ქალიშვილს და ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ის ცოლად მოიყვანოს, ათასგვარი დაპირებებით აცთუნებს. მას და მის ოჯახს თავს იმად აჩვენებს, ვინც არ არის და ბოლოს, შეიძლება მოიტაცოს კიდეც, - თუმცა ეს ქმედება ხშირად თავად ქალთან შეთანხმებით ხორციელდება... საყურადღებოა, რომ ისტორიის მამად წოდებული ბერძენი ისტორიკოსი ჰეროდოტე, მიუხვდა რა, ქალებს ამ ეშმაკობას, მათ მიმართ ყურადღების გამოჩენას უგუნურებად მიიჩნევდა: - „რადგან ცხადია, რომ თუ ამ ქალებს არ უნდათ, მათ არც არავინ მოიტაცებს“-ო, ამბობდა ის. ერთი სიტყვით, ამდენი ძალისხმევის შემდეგ, ხელთ იგდებს და მერე ირკვევა, რომ მისი პატრონობის თავი არა აქვს, უპირველეს ყოვლისა, მორალურად, ბევრ შემთხვევაში - კი მატერიალურადაც. სხვათაშორის, ეს არის ის ორი ძირითადი მიზეზი, რაც ჩვენში ახალგაზრდული ოჯახების ნგრევას იწვევს... თუ კრიზისმა გაიარა და არ გაშორდნენ, მაშინ იწყება ქალის გადაქცევა სამზარეულოს „ინვენტარად“, გნებავთ, რობოტად, რომელშიაც, რაც უფრო ცოტა იქნება ქალური, მით უკეთესია ქმრისათვის, - რადგან მას ნაკლები ექნება საეჭვიანო... ასე იწყება ქალის დაკნინებისა და დამცირების ხანგრძლივი პროცესი, რომელიც, ერთ დროს ლამაზ ქალიშვილს, ყოველგვარ მომხიბლაობასა და ეროტიკულობასმოკლებულ უფორმო მასად გადააქცევს ხოლმე.
ქალზე, დამანგრეველ ზემოქმედებას ყოფითი პირობები ახდენენ; ოჯახის მოვლა უსახსრობის გამო, ადრეც, კოლონიურ-კომუნისტური რეჟიმის დროსაც, ძნელი იყო, და ახლაც ძნელია. თუ მაშინ ოჯახი ელემენტარულ მოთხოვნილებებს იკმაყოფილებდა, „სოციალისტური ცხოვრების წესისათვის“ დამახასიათებელი დეფიციტი ადამიანებს უამრავ დაბრკოლებას უქმნიდა: იმ ხანაში ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შოვნის პრობლემა იდგა. რაც მოიპოვებოდა, იმდენად უხარისხო იყო, რომ მისთვის ანტიჰუმანური პროდუქცია შეიძლება გეწოდებინა. 50-იანი წლების მეორე ნახევარში ე.წ. სსრკ-ში ფრანგ კინომოღვაწეთა დელეგაცია ჩამოვიდა. ამბობენ, მოსკოვის ცნობილ უნივერმაღ „გუმში“ ჟერარ ფილიპმა ქალის თეთრეულის საბჭოური შედევრი - ბამბაზიის ნიფხვები რომ ნახა, შეიძინა და მერე, პარიზში გამოფენა მოაწყო: ნახეთ რა აცვიათ რუს ქალებსო. ამდაგვარი უმსგავსო ნაწარმის წყალობით, ბუნებრივია, ქალი მიმზიდველად ვერ გამოიყურებოდა. უცხოური პროდუქცია კი, სპეკულიანტების ხელში იყო და ყველა ვერ იყიდიდა იმას სიძვირის გამო. ეს შეეხება ქალის ჩაცმულობისა თუ კოსმეტიკის ყველა ელემენტს. დღეისათვის, ჩვენს მაღაზიებში, მეტ-ნაკლებად ყველანაირი პროდუქცია მოიძიება, მაგრამ უბედურება ის არის, რომ სიმბოლური ხელფასის პირობებში, რაიმეს შეძენა არსებითად შეუძლებელია და ქალთა უმეტესობა ისევ არამიმზიდველად არის ჩაცმული და მოკაზმული. ესაა, რომ აბეჩავებს ქალს, უკარგავს მომხიბლაობას და ამასთან ერთად, ქრება მისდამი ქმრის ინტერესიც, რადგან მოახლედ ქცეული ცოლი ნაკლებად აღაგზნებს და ამიტომ ,განზე იწყებს უფრო სექსუალური ქალების ძებნას... ასეთი საქციელი ცხადია, ქალის პატივისცემა არ არის. მითუმეტეს, ამას ამტკიცებს ქართველი მამაკაცის ხასიათის ერთი თვისებაც: რამდენადაც ცხოვრება არ შეუძლიათ მსუბუქი ყოფაქცევის ქალების გარეშე, იმდენად პატივს არ სცემან ასეთ ქალებს... მათ შესახებ ათასგვარ უხამსობას ამბობენ, ბილწსიტყვაობენ. თუ ასეთი ქალი პიროვნულად ძლიერი არ არის და თავისი ინტერესების დაცვა უჭირს, ის უდაოდ დაიჩაგრება, რადგან გვარიანად სახეცვლილმა ტრადიციებმა განაპირობეს ღირებულებებისადმი გაორებული დამოკიდებულება, რის გამოც სათანადოდ არც ცოლის თვისებები ფასდება და არც საყვარლისა. მამაკაცის ეს ეგოისტური საქციელი, ქართული ხასიათის ეგოცენტრისტული ბუნების გამოვლენაც არის და, ჩვენი კულტურული დაცემულობის შედეგიც. მაგრამ არსებობს კიდევ სხვა, კერძოდ, სოციალური საფუძველის მქონე მიზეზი: ყოფამ მამაკაციც დააკნინა. კოლონიურ-კომუნისტური რეჟიმის დროს, როგორც მოგეხსენებათ, მაძღარი ცხოვრება მხოლოდ კრიმინალური გზით იყო შესაძლებელი; მამაკაცები იპარავდნენ, ქრთამს იღებდნენ, თანამდებობას ბოროტად იყენებდნენ და, ბუნებრივია, საკუთარ ნამოქმედარზე პასუხისგებისა ეშინოდათ, რადგან მმართველი რეჟიმი მოქალაქეთა ასეთ მისწრაფებებს სასტიკად თრგუნავდა და ამიტომ, ობივატელს, სურდა ეს თუ არა, ხელისუფლებისადმი ყოველმხრივ ლოიალობა უნდა ემტკიცებინა. ყოველივე ამის გამო, მამაკაცი ხშირად ნევროზით ავადდებოდა, სასტიკი და გაბოროტებული იყო, ზნეობრივი კომპრომისის წყალობით ნაშოვნ ფულს დიდად აფასებდა. ის, ოჯახში, - საკუთარსა თუ საყვარლისაში, - ფულის შემომტანი იყო. ის აჭმევდა, მოსავდა, კომფორტს უქმნიდა ცოლს ან საყვარელს ან ორივეს ერთად. ის „ცენტრალური“ ფიგურა იყო ცოლ-ქმრულ დუეტში, თუ ტრადიციულ სასიყვარულო სამკუთხედში. ამიტომ, ყველასაგან უსიტყვო მორჩილებას, საკუთარი პერსონის პატივისცემას ითხოვდა და თავის „განსაკუთრებულ“ ფუნქციას ყველას აყვედრიდა; თვითონ აქტიურობდა, სხვები, ანუ, ცოლი და საყვარელი, პასიურები უნდა ყოფილიყვნენ ცხოვრების ასეთი წესი გამორიცხავდა თანამოაზრეობას, უკეთეს შემთხვევაში იყო თანამზრახველობა, არ იყო ურთიერთპატივისცემა, მის ადგილს ანგარება და გამორჩენის სურვილი იკავებდა.
კოლონიურ-კომუნისტური რეჟიმი შლიდა და ანგრევდა საზოგადოებას, ათითოკაცებდა ადამიანებს, ამიტომ, ბუნებრივია, ის ინტიმურ ურთიერთობათა სფეროსაც შეეხო და დაშალა ოჯახი, ურთიერთს დაუპირისპირა ცოლისა და ქმრის ინტერესები, ერთმანეთისაგან გააუცხოვა შეყვარებულები, დაუკარგა მათ ღირსების გრძნობა და ეგოისტებად აქცია ისინი. ცხოვრების ასეთი წესს თუ დავუმატებთ ჩვენი ხასიათის თვისებებს - ეგოცენტრიზმს, პროვინციალიზმს და სნობიზმს, აგრეთვე, ქართველი მამაკაცისათვის დამახასიათებელ ნარცისიზმს, - რაც საკუთარი თავისადმი გადაჭარბებულ ყურადღებასა და ქცევის შეუმცდარობის მტკიცებაში ვლინდება, დავრწმუნდებით, რომ ქალის ხვედრი საქართველოში საკმაოდ მძიმეა და ის ხშირად ხდება ძალადობის მსხვერპლი. ამ თხუთმეტიოდე წლის წინათ ერთ ქართველ პარტოკრატს ცოლმა უღალატა. რა იყო ამის მიზეზი, არ ვიცი, მაგრამ ქმარმა, რომელიც „სოციალისტურ სამშობლოს“, როგორც ჩანს, მეტად სჭირდებოდა, გამოიყენა თავისი გავლენა ხელისუფლებაში და ცოლი, რაღაც ბრალდებით, ციხეში ჩაასმევინა. აი, ასე წყდებოდა ზოგ შემთხვევაში, ტოტალიტარული რეჟიმის დროს, ცოლ-ქმრულ ურთიერთობათა პრობლემები... ყოფითი ძალადობის თვალსაზრისით, მას შემდეგ, ჩვენში ბევრი არაფერი შეცვლილა: ცოტა ხნის წინ შევესწარი ახალგაზრდა ცოლ-ქმრის კამათს, ქალი ქმრის ნათესავებს უჩიოდა - უსამართლოდ მექცევიან და ჩემზე ცუდს ლაპარაკობენო. ქმარი ცოლის ყოველ დაჩივლებაზე ერთი კითხვით პასუხობდა - მე ხომ არაფერი შემეშალაო? ეს იყო მისთვის მთავარი, რომ მას არაფერი შეეშალა, და ის უმწიკვლოა ამ ოჯახურ კონფლიქტში, თორემ ცოლის საწუხარი დიდად რომ არ ადარდებდა, ეს ყველაფერში ჩანდა. ამ რამდენიმე წლის წინ, მილიციის ერთმა ჩინოსანმა, ვიღაც ობივატელი რაღაც დანაშაულში გამოიჭირა, ჩვევისამებრ, მსხვერპლისათვის რაიმე უნდა გამოეძალა, - ყველაზე ძვირფასად მისი ლამაზი ქალიშვილი მიიჩნია და აიძულა დოყლაპია მამა, ის გოგო თავისი უმწიფარი მუტრუკისათვის მიეთხოვებინა. ცხადია, არც ასეთ, ძალადობით შექმნილი ოჯახი იქნება ბედნიერი... ასეთი მაგალითების დაუსრულებლივ მოყვანა შეიძლება... უკეთეს დღეში არც მეძავია. ამ ცოტა ხნის წინათ, ორმა, როგორც ჩანს უცხოეთში «მოღვაწე», ქართველმა ქალმა, - საკმაოდ გამომწვევად რომ ეცვათ, - იმ ადგილზე გადაჭრა ორბელიანის მოედანი, სადაც მძღოლები და ხელოსნები თავს იყრიან. მამაკაცებმა მოჰკრეს თუ არა ქალებს თვალი, შემოეხვივნენ, უაზროდ და უმიზნოდ უწმაწური სიტყვებისა და წინადადებების კორიანტელი დააყენეს. მათ ამ „მჭერმეტყველებას“ ქალებმა წარმოუდგენელი ბილწსიტყვაობით უპასუხეს. ეს სცენა ნებისმიერ უცხოელს დააბნევდა, რადგან მისთვის გაუგებარია, თუ რატომ უნდა აგინო და საზიზღრობები უთხრა ქალს, რომელსაც, შეიძლება, სრულიად ნორმალურად შესთავაზო ერთად დროის გატარება? დიახ, საქმეც ისაა, რომ, იმდენად გაუცხოებულნი არიან ჩვენში ადამიანები, იმდენად დაკნინებულია კაცი, რომ ის ქალში უკვე ნაკლებად ხედავს სექსუალურ პარტნიორს, სამაგიეროდ, აღიქვამს მისთვის მიუწვდომელ, და ამავე დროს, სასურველ არსებად, რომლის მიუწვდომლობაც მხოლოდ გაბოროტებასა და სიძულვილს წარმოშობს... ასეთი სულიერი ცვედანობა იწვევს უხეშობას, სისასტიკეს და ქართველ მამაკაცს ქართველი ქალისათვის აუტანელს ხდის... ასე იყო კოლონიურ-კომუნისტური რეჟიმის დროს და ასეა ახლაც, რაც იმას ნიშნავს, რომ არანაირი ტრადიცია აღარ არსებობს, რადგან ძველად სულ სხვა ურთირთობა და ურთიერთგაგება იყო ქალსა და კაცს შორის; ძველი წელთაღრიცხვის I საუკუნეში, რომაელი მხედართმთავრის, პომპეუსის საქართველოში ლაშქრობის აღწერისას, ბერძენი ისტრიკოსი აპიანე თავის „მითრიდატეს ომების ისტორიაში“, ლაპარკობს რა ბრძოლაზე ქართველებსა და რომაელებს შორის, - რომელიც ჩვენი დამარცხებით დამთავრდა, რომაელებმა ტყვეებიც იგდეს ხელთ, და მძევლებიც მიიღეს, - ასეთ ფაქტზე ამახვილებს ყურადღებას: - „მძევლებსა და ტყვეებში ბევრი აღმოჩნდა ქალიც, რომლებიც მამაკაცებზე ნაკლებად არ იყვნენ დაჭრილნი. ისინი ამაძონები ეგონათ“. ქალებს მამაკაცთა გვერდით უბრძოლიათ, ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ისტორიის ანტიკურ პერიოდში ქალი მამაკაცის თანამებრძოლი იყო და ასე გაგრძელდა შუასაუკუნეებშიც. გრიგოლ ფერაძემ თავის დროზე შეადგინა კრებული, რომელსაც ჰქვია „უცხოელ პილიგრიმთა ცნობები პალესტინის ქართველი ბერებისა და ქართული მონასტრების შესახებ“. დაინტერესებული მკითხველი იქ. შეიტყობს, რომ ჟაკ დე ვიტრის, იერუსალიმის ლათინ პატრიარქს, 1180 წელს აღუნიშნავს: „ქართველთა წარჩინენებულ ქალებს ამორძალთა დარად რაინდებივით ომში იარაღი აქვთ ასხუმლი“. უფრო მოგვიანებით კი, კერძოდ, XV საუკუნის მიწურულს, ფელიქს ფაბრი ქართველთა შესახებ ამბობს: „ისინი მეომრები გახლავთ და თავიანთ ქალებსაც მეომრებად წვრთნიან“. ასე რომ, როგორც ხედავთ, ქართველ ქალს და კაცს აერთიანებდა სამშობლოსა და ოჯახის დაცვის ერთიანი მიზანი. ბუნებრივია, ურთიერდამოკიდებულებაც სხვა ექნებოდათ: არა მგონია, მაშინდელ ქმარს თანამებრძოლი ცოლისათვის ან კაცს საყვარელი ქალისათვის დაეყვედრებინა - გაცმევ, გაჭმევ და გინახავო. სამწუხაროდ, გარეშე ფაქტორთა ზემოქმედებით და პასიონარული ენერგიის კარგვის წყალობით, თანდათან ვკნინდებოდით და ტრადიციებს ვკარგავდით. ირღვეოდა შიდა ერთიანობა. გვიან შუასაუკუნეებში, არამარტო საქართველო დაიშალა სამეფო-სამთავროებად, არამედ ქართული საზოგადოებაც. ქალისა და კაცის იმ ერთიანობაშიც გაჩნდა ბზარი, რაც აქამდის მათი ნორმალური ურთიერთობის საფუძველი იყო. ეს ამძიმებდა ქალის ხვედრს და უკვე მაშინ, გაუსაძლისს ხდიდა მის ყოფას. ეროვნული ცნობიერების დაქვეითებამ, კუთხურობის გაძლიერებამ, შიდა ომებმა, თურქთა და სპარსთა მიერ ჩვენთვის თავს მოხვეულმა ტყვეთა სყიდვის საშინელმა პრაქტიკამ, მასში ქართველების მონაწილეობამ, სათავე დაუდო გათითოკაცების იმ დამღუპველ და დამანგრეველ პროცესს, რომელმაც გვიან შუა საუკუნეებში გაუგონრად დასცა ზნეობა და გადააფასა მანამდის არსებული ღირებულებანი. დააკნინა კაცი, ხოლო ქალს მიანიჭა აქამდის უცნობი, სასაქონლო ფასი... ეს ხდებოდა ჩვენი ისტორიის ყველაზე შავ-ბნელ პერიოდში, მაგრამ ქალის გაუფასურების პროცესი შემდეგ ხანაშიც გაგრძელდა, თითქმის XIX საუკუნის ბოლომდე... ყოველ შემთხვევაში, ის, რასაც ნოე ჟორდანია წერს მოგონებათა წიგნში „ჩემი წარსული“, ამისი დადასტურებაა: „ხალხი იტანჯებოდა ახირებული ჩვეულებით: ახალგაზრდა ქალ-ვაჟთა ჩოლოქს იქით გატაცებითა და გაყიდვით. განსაკუთრებით იყიდებოდა გოგოები და ფასიც კარგი ჰქონდა. მე ვიდექი ერთ ოჯახში, რომლის მეთაური ცხოვრობდა „ტყვის გაყიდვით“. მე მისი არ მეშინოდა, რადგან იყო ჩემი ნათესავი და თან ხანში შესული. სწორედ ჩემს დროს ომის აფეთქების წინ, რამდენიმე მაგალითი მოხდა ტყვის გატაცების და გაყიდვის ჩოლოქს გაღმა. ვიყავი მუდამ შიშში, არ გამიტაცონ-თქვა. ეს შიში შემინელდა ომის აფეთქების შემდეგ. როცა ოზურგეთი გაივსო რუსის ჯარით და საზღვარზე გაჩაღდა ომი. მაგონდება ერთი ამბავი, რომელიც მაშინ გავიგონე და რაც შემდეგ დამიდასტურა ამბის მონაწილემ, ზემოთ მოხსენიებულმა ყოფილმა მილიციონერმა კოდრატი ჟორდანიამ. ოსმალოს დამარცხების შემდეგ ჩოლოქზე, ჩვენი ჯარები შევიდნენ აჭარა-ქობულეთში. გურული მილიციის ერთი რაზმი ანტონ ქარცივაძის მეთაურობით დაბანაკდა ქ. ართვინში. ანტონმა მიიღო დაპატიჟება სადილად თავისი რაზმით ერთი ბერძნის ოჯახში. სტუმრები გამოცხადდნენ. შეხვდა ახალგაზრდა ლამაზი დიასახლისი რომელმაც დაახვედრა ჩვენებური სადილი. ქმარი შინ არ იყო. შუა ჭამაში რომ არიან, ანტონს ფერი ეცვალა. დაკვირვებით ათვალიერებს დიასახლისს, უცებ იცნო და იქვე სტოლის ქვეშ ჩაიკეცა. მივარდნენ, ააყენეს, გაიყვანეს მეორე ოთახში საყვედურებით - ბევრი დაულევიაო, მაგრამ ქალი მიხვდა, რაშიდაც არის საქმე და მიხვდა, რომ ქარცივაძემ ის იცნო, შევიდა მასთან ოთახში და ანუგეშებს - წარსული მე უკვე დიდი ხანია დავივიწყე, ხომ ხედავ ღმერთმა არ მომიძულა, მოვესწარი გურულების ნახვასაც. გამოჩნდა, რომ ეს ქალი გურიანთელი გლეხის შვილი, მოტაცებული და გაყიდული სწორედ ანტონ ქარცივაძის მიერ, როცა ამ სცენას კოდრატი დაწვრილებით ამიწერდა, ყოველთვის თვალებში ცრემლები მომადგებოდა, რა სულგრძელი და დიდებულია ქართველი ქალი“.
ქართველი ქალი მართლაც სულგრძელია, მაგრამ მიაქციეთ ყურადღება: „ტყვეთა სყიდვის“ უზნეო პრაქტიკა თითქმის, გასული საუკუნის ბოლომდის ყოფილა გავრცელებული და ბუნებრივია თუ ადამიანთა და, კერძოდ, ქალთა ერთ ნაწილს გასაყიდი საქონლის ფასი ედო, მეორე ნაწილს ქალებისას ასეთ საზოგადოებაში დიდი პატივისცემით არ მოეპყრობოდნენ...
ერი, რომელიც 700 წელი ისეთი დესპოტიების ზემოქმედების ობიექტი იყო, როგორიც არის მონგოლთა იმპერია, სპარსეთი, ოსმალეთი, მონარქისტული და კომუნისტური რუსეთი, ბევრ რამეს ისეთს ითვისებდა, რაც მისთვის უცხო და არატრადიციული იყო. ეს მოხდა იმის გამო, რომ აღარ გაგვაჩნდა ღირებულებათა დასაცავი ენერგია. ამის გამო, თანდათანობით შეიცვალა ქართველთა ქცევის სტერეოტიპი. ეს რომ ასეა, ამის საილუსტრაციოდ ასეთი ფაქტიც გამოდგება: როცა ჩვენი საუკუნის 60-იან წლებში ფერეიდნელი ქართველების მცირე ნაწილი დაბრუნდა საქართველოში, ერთმა გარემოებამ მიიქცია ყურადღება: ჩამოსულებს ძალიან ეუცხოვათ ქართველთა ენაბილწობა, განსაკუთრებით დედის გინების უმსგავსო ჩვევა, რომელიც ჩვენ რუსებისაგან გადმოვიღეთ და შევითვისეთ... ესეც, ერთი შეხედვით, პარადოქსია, რადგან თავდაპირველად, კონფლიქტი რუსებთან, გასული საუკუნის დამდეგს, სწორედ რომ ზნეობრივ ნიადაგზე მოხდა... მაგრამ ბოლოს და ბოლოს, სწორედ ამ რუსებისაგან ვისწავლეთ დედის გინება... ასეთი გახლავთ უილაჯობის შედეგი... იგივე საფუძველი აქვს ზემოთ უკვე ხსენებული ცოლის ტერორიზებას, - ამჯერად უკვე ეჭვიანობის გამო; რომლის დროსაც, ქმრის მიერ ცოლის „მეთვალყურეობა“, სხვა არაფერია, თუ არა საკუთარ თავში რწმენადაკარგული ადამიანის უძლურებით გამოწვეული ეგოისტური სურვილი - დაშინებული ყავდეს ცოლი, რომ ამ უკანასკნელმა მას არ უღალატოს... ასეთ სულიერ ცვედანს, ვერანაირი ერთგულებით ვერ დაარწმუნებ, - ის ბოლომდე დარჩება თავისი აზრის ერთგული. ასეთ დროს, შექმნილი მდგომარეობიდან ერთი გამოსავალია: ქალი ქმარს უნდა გაშორდეს, ან არადა, მის ტირანიას შეეგუოს, რასაც ქართველი ქალების უმეტესობა აკეთებს და ითმენს უსაფუძვლო ეჭვს, ადამიანური უფლებების შეზღუდვას და ბოლოს, ვიგინდარა ქმრების ერთადერთ არგუმენტს სახეში გაწნულ სილას... აი, ასეთი დათმობების ფასად ხდება, უმეტესწილად, საქართველოში ოჯახის შენარჩუნება.
სიმართლე უნდა ითქვას, ზემოხსენებულ ორ არჩევანს მესამეც ემტება: ბევრმა გათხოვილმა ქალმა აუწყობელი ოჯახი არ დაანგრია, სამაგიეროდ, საყვარელი გაიჩინა... ქართველი კაცები თავიანთ ამ ხვედრზე სხვადასხვაგვარად რეაგირებენ: ზოგი ამას არ იმჩნევს და ცოლის საყვარელთან დემონსტრაციულად მეგობრობს კიდეც... სხვები მთელი სიცოცხლე დაეძებენ მოუხელთებელ მეტოქეს... არიან ისეთებიც, საშინელი აგრესიულობით რომ ხვდებიან უმწიკვლოდ მიჩნეული ცოლის ღალატის თაობაზე რაიმე ცნობას... ასეთია, ჩვენში, რქიანი ქმრების ქცევის სამი ძირითადი ფორმა. ღალატი არშემდგარი ცოლ-ქმრული ცხოვრების მხოლოდ ალტერნატივა არ არის. ის შურისძიებაცაა, ქმრის უპატივცემულობის გამოხატულებაც, ზოგჯერ, ანგარების მიზანიც, ხშირად კიდევ, ღალატის მიზეზი ქალის სექსუალური დაუკმაყოფილებლობაა. ზემოხსენებული მიზეზების გარდა ღალატს ისიც უწყობს ხელს, რომ ჩვენი საზოგადოება დაშლილია, გათითოკაცებული, არ გააჩნია საერთო ღირებულებები და ადამიანებს საერთო ერთმანეთთან არაფერი აქვთ ხოლმე... ეს მრავალი ოჯახური დრამის მიზეზი გამხდარა. ქალი, საქართველოში, მრავალი პრობლემის წინაშე დგას, მაგრამ კარგ დღეში არც მამაკაცია, - მასაც ბევრი დამცირების გადატანა უხდება, რომ ოჯახი შეინარჩუნოს და ქალსაც ბევრი კაცი ჰყავს გაუბედურებული.
ამრიგად, ტრადიციულ ღირებულებათა დაკარგვა და, ზემოთ უკვე ხსენებული, მატერიალური სიდუხჭირე, ადრეც და ახლაც ქართველთა დაკნინებისა და სულიერი დაცემის მიზეზი ხდებოდა. ეს ტენდენცია 20-იანი წლების დამდეგის სოციალ-პოლიტიკური ცხოვრების მაგალითზე დიდი დამაჯერებლობით ასახა მიხეილ ჯავახიშვილმა თავის რომანში „ჯაყოს ხიზნები“. ეს ნაწარმოები აქტუალური იყო მაშინაც, როცა დაიწერა, დღესაც ასეა და ოცი წლის წინათაც ასე იყო, როცა მისი მიხედვით გახმაურებული სპექტაკლი დადგეს, რომლისადმი, საზოგადოების საკმაოდ დიდმა ნაწილმა, უარყოფითი დამოკიდებულება გამოამჟღავნა. მათთვის მიუღებელი იყო მატერიალური სიდუხჭირის შედეგად ზნეობრივად დაცემული მარგო და მისი უიღბლო, არარაობად ქცეული ქმარი, თეიმურაზ ხევისთავი, ყოფილი მოურავის, ჯაყოს მსხვერპლნი რომ ხდებიან. ეს კარგად გამოჩნდა ტელესპექტაკლის განხილვისას, სადაც ისიც გაცხადდა, რომ საკუთარი ერის ხასიათი მითოლოგიზირებული გვქონდა... ამიტომ, გამოდიოდა ისე, თითქოს ბედისწერისაგან იყო განპირობებული ქართველი ქალის უმწიკვლოობა და მამაკაცის ვაჟკაცობა. რადგან რომანისა და სატელევიზიო სპექტაკლის პერსონაჟები ასეთ გააზრებას არ შეესაბამებოდნენ, ეს, პირმოთნე და მდაბიური მორალის ერთგული ჩვენი თანამემამულეთათვის მიუღებელი აღმოჩნდა, და ამიტომაც, დასაგმობი... ვფიქრობ, სხვა მიზეზიც იყო: ბევრმა ტელესპექტაკლის გმირებში საკუთარი თავი ამოიცნო და როცა „ჯაყოს ხიზნებს“ აკრიტიკებდნენ, ამით მიუღბელ რეალობასაც გაურბოდნენ... მაგრამ, როგორც არ უნდა იყოს, ერთი ცხადია, რა მიზეზითაც არ უნდა კეთდებოდეს, პრობლემის მიჩქმალვა უგუნურობაა. ხოლო, ვოლუნტარიზმი, ზნეობრივი პრინციპების დამკვიდრებისას, კარგს არაფერს მოგვიტანს. გავიხსენოთ როგორ გააქტიურდნენ 20-იანი წლების დამდეგს ამერიკაში, ანტიალკოჰოლური კანონის მომხრეები; პრესით, რადიოთი თუ საგაზეთო სტატიებით მთელს მსოფლიოს ამცნეს ყველა უბედურებისაგან თავის დახსნის საშუალება - სიფხიზლე. ბევრის აზრს გამოხატავდა ვაინერ ვესლერი, როცა ამბობდა: „ალკოჰოლი ჩვენს ქვეყანაში ისე უნდა გაქრეს, როგორც კაიზერიზმი მსოფლიოში. ალკოჰოლი არღვევს პატრიოტიზმის გრძნობას, იმიტომ, რომ ლუდს სამშობლოზე წინ აყენებენო“.
აი, ასეთი შეხედულებების ზეგავლენით მიიღეს მშრალი კანონი, რასაც სრულიად საწინააღმდეგო რეაქცია მოჰყვა - ალკოჰოლს საშინლად მიეძალნენ, ხოლო მისმა არალეგალურად დამზადებამ და უცხოეთიდან შემოტანამ, ნამდვილი კრიმინალური ბუმი გამოიწვია, რომელსაც მხოლოდ მაშინ ეშველა, როცა უაზრო აკრძალვებზე უარი თქვეს... ჩვენც ასევე უნდა ვთქვათ უარი იმ პრობლემის მიჩქმალვა-მიჩუმათებაზე, რასაც პროსტიტუცია ჰქვია. ამ ბოლო წლებში, პროსტიტუციის ბუმს სოციალური საფუძველი აქვს, თორემ მეძავები მუდამ იყვნენ საქართველოში, ისევე როგორც ყველა ერს ყოველთვის ჰყავდა ქალები, ვისთვისაც ხორციელი ვნების დაკმაყოფილება ცხოვრების უმთავრეს საქმედ იყო ქცეული. ყველა ხალხი კუთვნილ ადგილს უძებნის მათ, რადგან ეს ქალები მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებენ. ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩვენი მამაკაცად გახდომა მათი მეშვეობით ხდება. ამ ქალების დანიშნულების შესახებ ბევრ გამოჩენილ პიროვნებას გამოუთქვამს თავისი მოსაზრება. ცნობილი იტალიელი კინორეჟისორი ფედერიკო ფელინი ბორდელებისა და მეძავების შესახებ ერთ თავის ინტერვიუში ამბობს: „მიმაჩნია, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ეს იყო ჩვენთვის აუცილებელი ცხოვრებისეული გამოცდილება, ეს სახლები გვიზიდავდნენ თავიანთი იდუმალებით და იტალიელთა მთელი თაობისათვის წიგნივით მნიშვნელოვანია. ვინც სექსუალური ცხოვრების გამოცდილებას აქ ეზიარა, უფრო მეტად იცნობს და უგებს ქალებს, მათ მეტი მოწიწებით და ნაკლები ცინიზმით ეპყრობა, რადგან ცინიზმი ქალის წინაშე შიშით არის გამოწვეული... ეს იყო ნამდვილი სკოლა ბიჭის აღზრდისა, მამაკაცად გადაქცევისა“. უკეთესად ვერც იტყვი. მეძავები ნამდვილად საჭირონი არიან და ამიტომაა, ეს პროფესია უძველესად და აუცილებლად რომ არის მიჩნეული. ამდენად, საქართველოში არსებულ მრავალ პრობლემათაგან, ერთ-ერთი პროსტიტუციაა, რომელიც საზოგადოების ყურადღებას და სათანადო მოგვარებას საჭიროებს: უპირველეს ყოვლისა, ყურადღება უკვე ხსენებულ სოციალურ საფუძველს უნდა მივაქციოთ, რომელიც გაუსაძლისს ხდის მრავალი ახალგაზრდა ქალის ცხოვრებას და, შიმშილით რომ არ მოკვდეს, იძულებულია მეძავეობა დაიწყოს, პროსტიტუცია პროფესიად აქციოს და ამ ასპარეზზე იღვაწოს აქაც და საზღვარგარეთაც. მაგალითად, თურქეთში, ქართველი ქალები ყველაზე იაფფასიან მეძავებად ითვლებიან, რაც იმაზე მეტყველებს, რომ საკუთარ ქვეყანაში დიდი გაჭირვება ადგათ და უცხოეთში მინიმუმს სჯერდებიან. სიდუხჭირე ყველა ასაკის ქალს უბიძგებს მეძაობისაკენ, მაგრამ ყველაზე საშინელი ის არის, რომ ბევრი არასრულწლოვანი გოგონა დაადგა ამ გზას... ვიდრე ქალს შიმშილი აიძულებს იმეძაოს, პროსტიტუციის ბუმი კიდევ დიდხანს იქნება ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ თუ საქმეს ეშველა და ცხოვრება მოწესრიგდა, შრომა ანაზღაურდა და ნორმალური არსებობა შესაძლებელი გახდა, ქალთა საკმაოდ დიდი ნაწილი ნამდვილად აღარ იფიქრებს მეძავეობაზე, - როგორც თავის რჩენის სშუალებაზე. თუმცაღა, ცხადია, მეძავები ყოველთვის იქნებიან, მაგრამ მათ მიმართ სათანადო ყურადღების მიქცევაა საჭირო. საქმე ის არის, თუ როგორ უნდა შევძლოთ ეს? ჩემი აზრით, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავს ვკითხოთ: გვსურს თუ არა, რომ ეს საკითხი მოწესრიგდეს? თუ გვსურს, მაშინ გამოსავალსაც ვნახავთ, ხოლო თუ არადა, ამ თემაზე არაფრისმომცემ კამათს არ მოვეშვებით, მაშინ ყველაფერი ისე დარჩება, როგორც დღეს არის. ხოლო, თუ მაინც გამოსავალს დავუწყებთ ძებნას, მაშინ უდავოდ იმ აზრამდის მივალთ, რომ პროსტიტუციის ლეგალიზებაა საჭირო... ამისათვის კონსტიტუციაში სათანადო მუხლის შეტანა აუცილებელი არ არის, მაგრამ, საქალაქო მუნიციპალიტეტების დონეზე მაინც უნდა გადაწყდეს ბორდელების შექმნა, მეძავებისა და მათი კლიენტების ჯანმრთელობის სისტემის ორგანიზება, - რათა მოისპოს შიდსისა და ვენერიულ დაავადებათა გავრცელების საშიშროება.
მათი უფლებების დასაცავად უნდა ჩამოყალიბდეს მეძავთა პროფესიული კავშირი. ვფიქრობ, თანამედროვე ბორდელს უფრო მეტი ფუნქცია უნდა მიენიჭოს და სათანადო სახელიც მოეძებნოს, შესაძლოა, „სიყვარულის“ ან „შეხვედრების სახლი“ ეწოდოს და ეს დაწესებულება უნდა იქცეს სექსუალურ ურთიერთობათა კულტურის ერთგვარ საგანმანათლებლო კერად. მე არ ვხატავ მომავლის იდეალურ სურათს და კარგად ვიცი, რომ მეძავები სხვადასხვა სოციალური და კულტურული დონისანი არიან. ამიტომ, იქნებიან ისეთები ვინც ფეშენებელურ რაიონში მდებარე საკუთარ მდიდრულ ბინებში „უმაღლესი საზოგადოების“ წარმომადგენლებს მოემსახურებიან. ისეთებიც, ბორდელს რომ მოერგებიან და ისეთებიც, ვინც ქუჩაში დარჩებიან და იქ მოიპოვებენ სამოქმედო ასპარეზს. ერთი სიტყვით, დიფერენცირება იარსებებს და ეს კარგია, რადგან ჩვენი საზოგადოება უკვე იწყებს ფენებად დაყოფას და კიდევ უფრო მკვეთრად გამოიკვეთება ეს პროცესი მომავალში, ხოლო მეძავები ყველა სოციალურ ფენას უნდა მოემსახურონ, რაც თანამედროვე მოთხოვნილებათა შესაფერისად უნდა იქნას განხორციელებული. ეს მოაწესრიგებს სექსუალურ ურთიერთობებს, ამასთანავე მოგვარდება პროსტიტუციის კონტროლისა და მეძავთა დასაქმების საკითხიც. ეს ქალები ლეგალურად იმუშავებენ და სათანადო ბეგარასაც გადაიხდიან, რაც გარკვეული შემოსავალს შემატებს სახელმწიფო ხაზინას.
პროსტიტუციის პრობლემის გადაწყვეტას ჩვენმა საზოგადოებამ სერიოზული ყურადღება უნდა მიაქციოს თუნდაც იმიტომ, რომ ამ საქმის ორგანიზება შავმა სამყარომ არ ჩაიგდოს ხელში. ბევრი ნაძირალა ახლაც საზღვარგარეთ აქირავებს და ჰყიდის ქართველ ქალებს და ეს პროცესი კიდევ უფრო მახინჯ ფორმას მიიღებს, თუ დროზე არ ჩავერევით.
საყოველთაო მოუწესრიგებლობის ფონზე, პროსტიტუციის ლეგალიზების მოთხოვნამ, მოსახლეობის ერთი ნაწილის გაღიზიანებაც შეიძლება გამოიწვიოს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ესეც პრობლემაა და ამასაც მოგვარება უნდა.
II ნაწილი
„... ბოლოს და ბოლოს, ნუთუ, არის მთელს ქვეყანაზე რაიმე უფრო უკეთესი, ვიდრე კინოს ეკრანზე პატარა წრე და მასში ორნი ერთად მიმავალნი?“
ო, ჰენრი
ამ რამდენიმე დღის წინ ახოსპირელისა და ლადო ასათიანის ქუჩების გადაკვეთაზე ასეთი ამბის მოწმე გავხდი: ახალგაზრდა ქართველი, პროვინციელი, ქალი, მთვრალი, ასევე მთვრალ ორ პროვინციელ ვაჟს მიჰყავდა სახლისაკენ, ბეთლემის ტაძრის გვერდით რომ მდებარეობს. ქალი ისე იყო გალეშილი, ფეხზე ვერ დგებოდა... ბორძიკ-ბორძიკით მიიწევდნენ წინ. ამ სცენას ზემოდან დაჰყურებდა ქართლის დედის მონუმენტი და, მასთან მიმართებაში ეს სამი მთვრალი არსება რაღაც ავისმომასწავებელ ტრაგიკულ ელფერს იღებდა, თუმცა, გამვლელებს ამისათვის არც მიუქცევიათ ყურადღება. ჩაფიქრებული სახეებით თავ-თავიანთი საქმეების მოსაგვარებლად მიიჩქაროდნენ. ნუთუ ასეთი გულცივები გავხდით და ქალის ბედი აღარ გვაღელვებს?! იმ ქალისა, ნებისმიერ ქართულ სუფრაზე თაყვანისცემის ობიექტი რომ ხდება? დიახ, ასეა და ეს ფაქტია. თუნდაც იმიტომ, რომ სცენა, რომლის მოწმეც გავხდი, საკმაოდ ხშირად თამაშდება: გამეძავებული და გალოთებული ქალების რიცხვი კოლოსალურად იზრდება.
XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში ასეთ მოვლენას, რომელსაც ასეთივე საფუძვლები ჰქონდა (ფორმაცის შეცვლა, კაპიტალისტურ ურთიერთობებში ქართველთა ცუდი ადაპტაცია, აქედან გამოწვეული მატერიალური სიდუხჭირე, ზნეობრივი დაცემა), მაშინდელი საზოგადოების ყურადღების საგანი გახდა. ამ თემით დიდი დაინტერესება გამოამჟღავნა ლიტერატურამ და ხელოვნებამ. სამაგალითოდ ასეთ ფაქტს მოვიხმობ: 1892 წელს ეგნატე ნინოშვილმა დაწერა მოთხრობა „ქრისტინე“, რომელიც ერთი გლეხის გოგოს ტრაგიკულ ისტორიას ასახავს. აზნაურისაგან შეცდენილი, შერცხვენილი და შეურაცხყოფილი, სოფლიდან ქალაქში გარბის, მეძავი ხდება; იქ კი, დასახიჩრებული და დასნეულებული, უპატრონოდ კვდება. ეს მოთხრობა ლიტერატურულ შედევრს ნამდვილად არ წარმოადგენს, მაგრამ ჰქონდა რა მძაფრი სოციალური ჟღერადობა, გარკვეული პოპულარობა მოიპოვა, - როგორც მამხილებელი პათოსის მქონე, ცხოვრების რეალისტურად ამსახავმა ნაწარმოებმა. ეს რომ ასეა, ამას ისიც ადასტურებს, რომ 1909 წელს, პ. ირეთელი ამ მოთხრობის მიხედვით პიესა დაწერა, რომელიც წარმატებით იდგმებოდა იმ დროის ქართულ თეატრებში, ხოლო 1915-1917 წწ. პიესისა და მოთხრობის მიხედვით გადაიღეს მხატვრული ფილმი, გერმანე გოგიტიძის თაოსნობითა და ალექსანდრე წუწუნავას რეჟისორობით. 1918 წელს კი, რევაზ გოგნიაშვილმა ოპერაც დაწერა, რომელიც იმავე წელს დაიდგა თბილისის ოპერის სცენაზე და ეს ყველაფერი მოხდა იმიტომ, რომ ნინოშვილის მოთხრობის თემა იყო აქტუალური, ხოლო, მაშინდელი საზოგადოება მას მთელი სერიოზულობით ეკიდებოდა. აქედან აიხსნება ლიტერატორთა და ხელოვანთა ინტერესი გამეძავებული გლეხის გოგოსადმი. ის, რაც საუკუნის დამდეგს ასეულობით ქალის ხვედრი იყო, საუკუნის დამლევს ათეულათასობით ქალის ხვედრია, მაგრამ არც საზოგადოება, და არც მისი შემოქმედებითი ნაწილი, მისადმი სათანადო ინტერესს აღარ ამჟღავნებს... ამ რამდენიმე წლის წინათ გადაიღეს ფილმი „თბილისი ჩემი სახლია“, რომელიც „ქრისტინეს“ თანამედროვე ვარიანტს წარმოადგენს, და ის დიდი მხატვრული ღირსებებით არ გამოირჩევა, მაგრამ მან, ჩემი აზრით, ერთი სამწუხარო ტენდენცია გამოამჟღავნა: სოციალური თემატიკის დამუშავების ვერშემძლეობა, ან თუ გნებავთ, არ გააზრების სურვილი. და ეს უფრო ახლოს არის ჭეშმარიტებასთან. სოციალურ პრობლემატიკას ჩვენი ლიტერატურა და ხელოვნება გაურბის. ნეორეალიზმის ქართული ვერსია, მიუხედავად საქართველოში არსებული უკიდურესი მატერიალური სიდუხჭირისა, არ შეიქმნა. მიზეზი ამისა არის ის, რომ შემოქმედებითი მუშაკები სინამდვილის ასახვას ერიდებიან, რაც, აგრეთვე, ხელისუფლების კრიტიკისათვის თავის არიდების ცდაც არის... ასეთი პოზიცია კი, ლიტერატურასა და ხელოვნებაში ახალსა და საინტერესოს ვერაფერს მოიტანს და დღეს არსებულ შემოქმედებით კრიზისს დაუსრულებლივ გააგრძელებს... ამავე მიზეზის წყალობით ქალთა პრობლემები სათანადოდ აუსახავი და გაუაზრებელი დარჩა. ეს თემა კოლონიურ-კომუნისტური რეჟიმის დროს, იდეოლოგიური მოსაზრებებიდან გამომდინარე, დამუშავებული არ იყო. ამას კრძალავდა, როგორც მაშინდელი იდეოლოგია, ასევე ამ იდეოლოგიის წყალობით დამკვიდრებული მდაბიური და პირმოთნე მორალი ლიტერატურასა და ხელოვნებაში, ეს გამოვლინდა, ჯერ ერთი, ყველა იმ პერსონაჟისადმი, რომელიც რაიმე ფორმით ბურჟუაზიული ღირებულებების მატარებელი იყო, აშკარა ნიჰილისტური დამოკიდებულებით; მეორეც, ქართველი „საბჭოთა“ ქალის მხატვრული სახის შექმნისას იმდაგვარი სტერეოტიპის დამკვიდრებით, რომელიც ყოველგვარ მიწიერებას მოკლებული იყო... შეიძლება ის ყოფილიყო ლამაზი, მაგრამ არასექსუალური... ეს ტენდენცია ყველაზე კარგად ჩანს 30-იანი, 40-იანი და 50-იანი წლების კინემატოგრაფში. ამ წლებში გადაღებულ ფილმებში ქალისა და, კერძოდ, დედის სახე, აშკარად „დესექსუალიზაციის“ პრინციპით იყო შექმნილი. ის ან ოჯახზეა თავგადადებული ან სანაქებო კოლმეურნე, ექიმი, მასწავლებელი ან მოსამსახურეა, - მაგრამ ეროტიულობას მოკლებული. ეს იყო „საბჭოთა ქალის“ მითოლოგიზებული სახე, რომელიც მის მხოლოდ ასეთ ცალმხრივ გააზრებას გუობდა. სამწუხაროდ, იდეოლოგიურმა დოგმამ ეროვნული ხასიათის იმ თვისებებში იპოვა დასაყრდენი, რაც პასიონარული ენერგიის დაქვეითების წყალობით გამოწვეული სოციალური (ამ სიტყვის ყველაზე ფართე გაგებით) პასიურობიდან გამომდინარე, ასევე მითოლოგიზებას ახდენდა ქართველი ქალისას, - როგორც არამიწიერი არსებისას. კოლონიურ-კომუნისტური რეჟიმის პირობებში ქალის სახე სხვაგვარად არ განიხილებოდა. მკითხველი და მაყურებელი ამ ცალმხრივობას გრძნობდა და ამიტომ ითხოვდა მაშინ, მის სხვაგვარ გააზრებას. თავად ვარ მოწმე იმისა, როცა ერთ დიდ კინოფორუმზე ვიღაცამ გაიმეორა ერთი კინომოყვარულის ნათქვამი: „გვსურს ისეთ ფილმებს ქმნიდნენ, რომელშიაც ქალისა და კაცის სიყვარული იქნება ასახულიო“... ამასვე ეძებდნენ რომანებსა და სპექტაკლებში და კაცმა რომ თქვას, განა რას ითხოვდნენ განსაკუთრებულს, ან შეუძლებელს? ნამდვილად არაფერს, მხოლოდ ლიტერატურულ ან ხელოვნების ნაწარმოებებს ადამიანზე, - მის განცდებზე, მიზნებსა და მისწრაფებებზე, ღირსეულ და უღირს საქციელზე, სულიერ ამაღლებასა და ზნეობრივ დაცემაზე. და საერთოდ, ყველაფერზე, კაცთა მოდგმის ავ-კარგს რომ წარმოადგენს.
ასეთი ნაწარმოებების შექმნას ნიჭი სჭირდება, თორემ ცხოვრებისეული რეალიები უამრავ მასალას იძლევა დრამატურგიული საფუძვლისათვის, რაც, პრაქტიკულად, ამოუწურავს ხდის ამ თემას.
სიყვარულისათვის მებრძოლი გმირი, თანამედროვე ქართულ ლიტერატურასა და ხელოვნებაში დიდი იშვიათობაა. მიხეილ ჯავახიშვილის „მუსუსის“ კინოვერსია „მიხას“ სახელწოდებით გამოვიდა და, მგონი ეს ფილმი ერთადერთი თანამედროვე ნაწარმოებია, სადაც ქალი და კაცი სიყვარულისთვის იბრძვიან და იმარჯვებენ...
თუ სიყვარული მაინც გახდა შემოქმედებითი აზრის ყურადღების საგანი, მაშინ იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ქალთა სხვა დანარჩენი პრობლემები, ადრე თუ გვიან, სათანადო ასახვას ჰპოვებენ. ისე კი, საკითხავია: გვსურს თუ არა, თანამედროვ ქალის სახე ვიხილოთ, მხატვრულად ხორცშესხმული, ან პუბლიცისტურად გააზრებული, გნებავთ დოკუმენტურად აღბეჭდილი? ვფიქრობ, ამისი სურვილი უნდა გვქონდეს, თუნდაც იმიტომ, რომ გავერკვეთ, რა პროცესები მიმდინარეობს მოსახლეობის იმ ნაწილში, რომელსაც სუსტი სქესი ჰქვია. სიტყვამ მოიტანა და, 20-იან წლებში ქართულ კინოში, არაქართველმა და ქართულ კულტურას უზიარებელმა რეჟისორებმა: პერესტიანმა, ბეკ-ნაზაროვმა, ბარსკიმ დაამკვიდრეს დაბეჩავებული ქალის ტიპი. მათი ეს არჩევანი ჭეშმარიტებისაგან ძალიან დაშორებული არ ყოფილა, და ეს ტენდენცია თავს იჩენს ლიტერატურაშიც, მიხეილ ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნების“ პერსონაჟმა, დუხჭირი ცხოვრებით დაბეჩავებულმა ქალმა, ვერ შეძლო საკუთარი თავისა და თავისი უნიათო ქმრის ღირსების დაცვა.
ის, რაც ქართველმა და არაქართველმა ავტორებმა დაინახეს, იყო ის, რომ, ქართველებს, ეროვნულ ენერგიადაცლილი ერის შვილებს, უჭირდათ არათუ პრინციპების, არამედ, საერთოდ, - თავდაცვა. ქალის თემის თანამედროვე ხედვა გაცილებით ფართე მასშტაბისა უნდა იყოს და მოიცავდეს ქართველი ერის მიერ გავლილ ისტორიულ გზაზე, - მის ყველა მონაკვეთზე, - განურჩევლად იმისა, - ის ჩვენთვის წარმატებული იყო თუ წარუმატებელი და წარმოაჩენდეს ქართველი ქალის ადგილს, მის ღვაწლს ეროვნული ცნობიერების, ოჯახის, ენის, ზნეობის, რელიგიის, კულტურის შენარჩუნების დიდ, მამულიშვილურ საქმეში. ამას გარდა, ცხადია, საინტერესოა სხვადასხვა ტიპები ქართველი ქალისა: შეყვარებული, შურისმაძიებელი, ზნემაღალი და ზნედაცემული, ინტრიგანი და მიამიტი, სათნო და ბოროტი, ბედის მაძიებელი და ბედის ნებიერი დედა და ქალწული. საგანგებო ინტერესის საგნად უნდა იქცეს ისტორიულ პიროვნებათა სახელები და ღვაწლი საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. თემატურ მრავალფეროვნებას, - ჟანრულიც ესაჭიროება, რომ ქართულმა ლიტერატურამ და ხელოვნებამ ასახოს ქართველი ქალის ისტორიული და თანამედროვე ყოფა.
ცალკე თემაა ქალთა დღესასწაულების ხასიათი: ამ წერილში ნახსენები ქართლის დედის მონუმენტი, ერთ ხელში თასით, და მეორეში მახვილით, მოყვარისა და მტრისადმი დამოკიდებულების ქართული ხედვა გახლავთ. დედის, მანდილოსნის გამოსახულება არის სიმბოლო ქართველთა საწყისისა და თავისთავადობისა, სულიერი, ფიზიკური, სახელმწიფოებრივი არსებობისათვის მრავალსაუკუნოვანი ბრძოლისა, - ჩვენ ხომ ყოველივე დიდს მნიშვნელოვანს დედის სახელს ვუკავშირებთ: დედამიწა, დედასამშობლო, დედაქალაქი, დედააზრი... აი, ასეთი განსაკუთრებული დამოკიდებულება გვაქვს დედისადმი და მაინც, როცა გადაწყდა გაზაფხულის პირველი თვის მესამე დღეს, 3 მარტს, დედის დღე დაგვეწესებინა, ამას ქართველთა შორის აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა: ზოგმა თქვა, ეს ქალთა დისკრიმინაციას გამოიწვევს, რადგან ყველა ქალი ხომ დედა არ არისო... სხვებმა, გაუთხოვრებს და უშვილოებს დედობა როგორ მივულოცოთ, უხერხულიაო. ისიც თქვეს, 8 მარტო აღვადგინოთ, - როგორც იყო ქალთა დღედ, და ყველა პრობლემა მოგვარდებაო. გასაოცარი შეხედულებებია, განა ქალობის იდეალი დედობა არ არის? განა ეს არ სურს ყველა ქალს? განა ეს არ არის მათი საბოლოო მიზანი? ეს ასეა, და მაშ, რა საჭიროა ამდენი ბჭობა, ფიქრი და ჭოჭმანი? საიდან, ამდენი უხერხულობა იმ ქართველი დედის გამო, რომლის ქანდაკებასაც დაფნის გვირგვინი დავადგით და, ის მანდილიც უმოსავს თავს, რომლითაც აზავებდა შერკინებულ მამაკაცებს ქართველი ქალი. ჰოდა, ამდენ და ასეთ სიმბოლურ მნიშვნელობას ვანიჭებთ ქალს, დედას. მაშინ, დედის დღეც ყველა ქალის სადიდებელი და სათაყვანებელი დღე უნდა იყოს და მის ალტერნატივად, თავის დროზე სოციალისტური მოძრაობის წარმომადგენლის, კლარა ცეტკინის მიერ შემოთავაზებული 8 მარტი არ უნდა გვესახებოდეს. ეს თარიღი ქალთა ემანსიპაციისათვის წარმოებული ბრძოლის აღმნიშვნელია და თუ ამ დღეს აღვნიშნავთ, დე, ჰქონდეს მას ის პოლიტიკური ჟღერადობა, რისთვისაც დაწესდა კიდეც ის ქალთა საერთაშორისო დღედ. ნუ მივანიჭებთ მას იმ აზრსა და შინაარსს, რომელიც თავიდან მას არ ჰქონია, და არ არის საჭირო, რომ ჰქონდეს. დედის დღე სხვაა, ის ეროვნული დღესასწაული უნდა იყოს, ჩვენი ტრადიციებით, რაინდული ბუნებითა და სულით გაჟღენთილი. ის ქალისადმი დამოკიდებულების ქართული იდეალის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოხატულებას უნდა წარმოადგენდეს.
კოლონიურ-კომუნისტური რეჟიმის დროს, სოციალურად აქტიური კომუნისტი და კომკავშირელი ფუნქციონერი ქალების გარდა, კიდევ ისინი იყვნენ, ვინც ტოტალიტარიზმის პირობებში ადაპტირება შესძლეს და მეცნიერების, კულტურის, მეურნეობის სხვადასხვა დარგში თავისი ადგილი იპოვეს. ამაში მათ კომუნისტთა ის პოლიტიკაც უწყობდა ხელს, რომელიც ყველა სფეროში „ქალთა პროცენტის“ აუცილებელ არსებობას ითხოვდა. ე.წ. სსრკ-ში ყველაფერი განსაზღვრული იყო, მათ შორის, ქალთა მონაწილეობა სახელმწიფო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. იმპერიის დაშლითა და საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვებით, დაიმსხვრა ძველი პრინციპები. ამავე დროს, არა ერთგზის, განცხადებულ იქნა, რომ ვიწყებდით დემოკრატიული სახელმწიფოს აღდგენა-აღმშენებლობას. ეს კი, თეორიულად განუსაზღვრელ საშუალებას აძლევდა მოსახლეობას და, კერძოდ, ქალებს, რათა თავიანთი შესაძლებლობების რეალიზება მოეხდინათ, მაგრამ პრაქტიკულად ასეთი რამ შეუძლებელი აღმოჩნდა საქართველოში შექმნილი „მართვადი ქაოსის“ გამო, რომლის პირობებში ადაპტაცია მეტისმეტად გაძნელდა. ამიტომ ძალიან ცოტაა ჩვენში ქალი, რომელმაც ამ სიტუაციაში თვითდამკვიდრება შეძლო, დიახ, ჩვენ გვყავს ბიზნესმენი და სხვა ახალი პროფესიის მქონე ქალები. ზოგმა ძველ დარგებში შესძლო პოზიციების შენარჩუნება. ასე რომ, ქალები ჩვენს ქუჩებში მანქანებითაც დაჰქრიან, მობილური ტელეფონებითაც ბევრს ლაპარაკობენ, მაგრამ თუ გარეგნულ მხარეს მხედველობაში არ მივიღებთ, რეალურად გამოდის ისე, რომ მხოლოდ მეტად მცირე ნაწილმა ქალებისამ (ისევე, როგორც მთლიანად მოსახლეობის მცირე ნაწილმა) შეძლო წარმატებების მიღწევა. ხოლო აბსოლუტური უმრავლესობა, გაუსაძლისი ყოფის გამო, სხვაგვარად აქტიურობს და შედეგიც სხვა არის... თუ ადრე ქართველი ქალის სამოქმედო ასპარეზი საქართველო იყო, ახლა, არსებითად მთელი მსოფლიოა მაგრამ ეს არ ცვლის მდგომარეობას, რადგან არჩევანი მეტად მწირია და ხშირად, ქალის პიროვნული და მოქალაქეობრივი ღირსებების შეურაცხმყოფელი. უცხოეთში საშოვარზე წასული ქალი, ან მისი კვალიფიკაციისა და სოციალური მდგომარეობის შეუფერებელ სამუშაოს შოულობს (რაც უმეტეს შემთხვევაში ხდება), ან კიდევ, იძულებულია, იქ იმრუშოს, რათა ამ გზით მაინც იშოვოს ცოტაოდენი ფული. მიუხედავად ამისა, საზღვარგარეთ თავიანთი მძიმე ყოფა სამოთხედ მიაჩნიათ იმასთან შედარებით, ჩვენში რომ არის: ჯერ ერთი, აქ ნორმალური ანაზღაურების მქონე სამსახურის შოვნა ჯოჯოხეთურად ძნელია; მეორეც, კერძო სტრუქტურაში კარგხელფასიანი ადგილის მოპოვებისას, ხშირად, ადგილი აქვს იძულებითი სექსუალური კავშირის დამყარებას მეპატრონესთან, - რაც სამუშაოს მიღების გარანტია ხდება... ბევრს ამასაც არ სთავაზობენ, ბევრისთვის ეს აუტანელს ხდის ყოფას და, ისევ და ისევ, უცხოეთისა და უცხოელების იმედად ტოვებს ადამიანს. აქედან, - ამდენი შერეული ქორწინება უცხოელებთან. მედეას კომპლექსით მასობრივად შეპყრობილ ქართველ ქალთა უმეტესობა გაუსაძლის გაჭირვებას გაურბის და ეს რომ ასეა, ამას ასეთი შემთხვევაც ადასტურებს: ამ რამდენიმე წლის წინ, ერთი ქართველი ქალი თავისი უვიცობით თურქეთის ციხეში მოხვდა, იმიტომ, რომ იქ გასაყიდად სანადირო თოფის საფანტი წაუღია. ეს ჩაუთვალეს იარაღით ვაჭრობად და, კარგა ხანი მოუწია ჯდომა თურქეთის ციხეში . იქიდან დაბრუნებულმა, უამრავი ფოტო ჩამოიტანა, სახლში გამოკრული აქვს და სტუმრებს ისე უყვება იქ ყოფნის ისტორიას, როგორც თავისი ცხოვრების ყველაზე ღირსშესანიშნავ ამბავს. ამის შესახებ თურქეთში მომუშავე ქართველმა ჟურნალისტმა გვამცნო სახალხო დამცველის ოფისში მოწყობილი შეხვედრის დროს. ფაქტი ნამდვილია და უნებლიედ გაფიქრებინებს: რა ჯოჯოხეთში უნდა ცხოვრობდეს ადამიანი, რომ მისი საუკეთესო მოგონება თურქულ ციხეს უკავშირდებოდეს... ეს, და უამრავი სხვა შემთხვევა, ჩვენში შექმნილი მდგომარეობის გამოხატულებას რომ წარმოადგენს, უკვე თავისთავად არის თემა ლიტერატურისა და ხელოვნებისათვის და, მისი არ გამოყენება დანაშაულია, რადგან ეს ერთ-ერთი გზა გახლავთ საქართველოში ქალთა საკითხის წარმოჩენისა, რაც პრობლემის მოგვარებას ნაწილობრივ მაინც შეუწყობს ხელს...
ნებისმიერ ნორმალურ და კულტურულ საზოგადოებას უნდა შეეძლოს ქალის იმ მისწრაფებისათვის ზნეობრივი, კულტურული და მატერიალური საფუძვლის შექმნა, რომლის შესახებაც დიდი ჰუმანისტი ერაზმ როტერდამელი წერდა: „რას ესწრაფვიან ქალები ცხოვრებაში თუ არა იმას, რომ, რაც შეიძლება მეტად მოსწონდნენ მამაკაცებს?!...“
1998-2000 წწ.
![]() |
17 კორუფცია და ზნეობა |
▲ზევით დაბრუნება |
„ორი რამ ავსებს ჩემს სულს საკვირველებით: ვარსკვლავებით მოჭედილი ცა ჩემს ზემოთ და მორალური კანონი ჩემში“.
ემანუილ კანტი
„- თქვენო ბრწყინვალებავ, - უთხრა მაძებარმა, - ამ ხალხისაგან ვერაფერს გამოწურავ, მე მხოლოდ ის ვიცი რომ: თუ თქვენ დარჩებით ეგში და ეცდებით გადააჩვიოთ ადგილობრივი მცხოვრებნი იმ ჩვევას, რომელიც მათ შეითვისეს მადმაზელ ლაგარის აქ ყოფნისას, იმას მიაღწევთ, რომ თქვენც გესვრიან... მე აქ მეტი არაფერი მესაქმება; ისინი მე უფრო მეტად მერიდებიან ვიდრე თქვენს დარაჯებს“.
ონორე დე ბალზაკი
„გლეხები“
ის, რაც აოცებდა ფილოსოფოსს და რაც აღარ უკვირდა მწერალს, ზნეობისადმი მიდგომა გახლავთ: ციტირებული შეხედულებანი განსხვავებულ დამოკიდებულებას წარმოაჩენენ: იდეალურს და უაღრესად არადამაკმაყოფილებელს...
ბალზაკის რომანი ზნეობრივი პრინციპების რღვევის შედეგად ჩამოყალიბებულ ურთიერთობათა დიდ სურათს გვიხატავს: ადამიანებს ქურდობა უზნეობად აღარ მიაჩნიათ, პირიქით, ეგის მამულის გლეხობისათვის ის მისაღები და სასარგებლო საქმიანობაა. ამიტომ, ჯიუტად იცავენ ამ ჩვევას, რომელიც მაშინ შეიძინეს, როცა განუკითხაობა სუფევდა და არც მამულს და არც ზნეობას დამცველი არ ჰყავდა. გლეხობისათვის, ძარცვა, - რამდენადაც ისინი მისი მეშვეობით წყვეტდნენ თავიანთ პრობლემებს, - თვითრეალიზების ერთგვარ საშუალებად იქცა... მათთვის არაფერს ნიშნავს კერძო საკუთრების ხელშეუხებლობა, არც კანონის ძალას სცემენ პატივს, და არც ეკლესიის ავტორიტეტს. ანუ, უარყოფენ იმას, რაც სახელმწიფოებრივი ცხოვრების საფუძველს წარმოადგენს...
ასე ხდება მაშინ, როცა სოციალური მოძრაობა უაღრესად მახინჯ ფორმას იძენს და სათავეს უდებს იმ დესტრუქციულ პროცესებს, რომლებიც ადამიანში აღვივებენ უკიდურესად ქვენა ზრახვებს, იწვევს ნგრევის ტენდენციას, რომლის შეჩერებაც უაღრესად ძნელია. ბალზაკმა ასეთი მოვლენა დაგვიხატა და შექმნა იმ საზოგადოების მიკრომოდელი, სადაც უარყოფილია ზნეობის კანტისეული გაგება და დისკრედიტირებულია ის სოციალური და ზნეობრივი პრინციპები, რომელსაც ბურჟუაზია და მისი იდეოლოგები ამკვიდრებდნენ. შემთხვევითი არ არის, როცა რომანის ფინალში, ეგის მამულის განადგურებით შეძრწუნებული ერთი პერსონაჟი ასე აფასებს თანამედროვეობას: - აი იგი, პროგრესი! - შესძახა ემილმა - აი გვერდი, ჟან-ჟაკის „საზოგადოებრივი ხელშეკრულებიდან!“ და მე შემაბეს სოციალურ მანქანაში, რომელიც ასრულებს ასეთ სამუშაოს!... ღმერთო ჩემო, რა მოუვათ უახლოეს მომავალში მეფეებს! თუმცა რა სახსენებელია მეფეები, რა დაემართება ნახევარი საუკუნის შემდეგ ასეთ მდგომარეობაში ხალხებს?!“
გასაგებია გმირის წუხილის მიზეზი, ამავე დროს, აშკრაა, რომ მისგან ძაგებული პროგრესი არაფერ შუაშია. საქმე იმ სირთულეშია, რომელიც ყოველთვის ახლავს ერთი ფორმაციის მეორეთი შეცვლის ძნელად განსახორციელებელ პროცესს, ღირებულებათა მეტად გაჭიანურებულ გადაფასებას, სოციალურ პრობლემათა მოუგვარებლობას და ყოველივე ამის შედეგად გამოწვეულ ზნეობრივ კრიზისს.
მომავლისადმი შიში ანალოგიური მიზეზებისაგან წარმოშობილ ჩვენს საზოგადოებაშიც შეინიშნება. დღეს, საქართველოში, თითქმის ისევეა, როგორც XIX საუკუნის 30-იანი წლების საფრანგეთში იყო, თუმცა არის პრინციპული მნიშვნელობის მქონე განსხვავებაც: ფრანგებს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული სახელმწიფო ჰქონდათ, ქართველები ახლა ვცდილობთ შევქმნათ იგი. ჯერჯერობით კი, უაღრესად ცუდად ორგანიზებული სახელმწიფოებრივი ცხოვრება გვაქვს, რომელიც ვერ უზრუნველყოფს მოსახლეობის დასაქმებას და შრომის ანაზღაურებას. ისევე, როგორც სწორ საკადრო პოლიტიკას და საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებაში წესიერი, კომპეტენტური, ენერგიული ადამიანების მოსვლას; ამის გამო, სათანადო დონეზე ვერც პოლიტიკა ხორციელდება, ვერც სამეურნეო და ვერც კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობა. ასეთი მდგომარეობის შედეგია ის დიდი კრიზისი, ყოფის ყველა სფეროს რომ მოიცავს და რომელიც ხელს უწყობს ერის ზნეობრივ დაცემას. კორუფცია ამ მოვლენის ერთი გამოვლინებაა მხოლოდ... ამასთან, თვალში საცემია ის, რომ უაღრესად კორუმპირებულნი არიან არა ისინი, ვისაც 30-ლარიანი ხელფასი აქვს და საარსებო სახსარი არ გააჩნია, არამედ მოსახლეობის ის 10%, რომელიც მეტისმეტად კარგად ცხოვრობს, - სახლები, აგარაკები, მანქანები, ძვირფასი ნივთები აქვთ და უცხოეთის პრესტიჟულ კურორტებზე ისვენებენ. ისინი, ვინც კომფორტის სიკეთით სარგებლობენ: კორუმპირებული პოლიტიკანები, ბიუროკრატია, ბუნებრივი სიმდიდრეების ძარცვით გამდიდრებული ბიზნესმენები, და ამათთან „მოთანამშრომლე“ სხვადასხვა ჯურის ჰუმანიტარები; ერთი სიტყვით, ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ცნობიერების არმქონე ხალხი. რაც მთავარია, ისინი უზნეონი არიან, მაშასადამე, არ გააჩნიათ შემაკავებელი პრინციპები, ამიტომ ყველაფერს კადრულობენ და ქვეყანას ღუპავენ. არისტოტელე „პოლიტიკაში“ წერდა: „ვინც უზნეო და მხდალია, ვერაფერს მიზანშეწონილს ვერ გააკეთებს“, ასეა ჩვენთან და უპასუხისმგებლო პასუხისმგებლები არათუ ვერ ახერხებენ სახელმწიფოებრივი ცხოვრების ორგანიზებას, არამედ უფრო მისი დეზორგანიზებით არიან დაკავებულნი...
ამ ერთი მუჭა გამაძღართა დანაშაულებრივი საქმიანობა აუტანელია და ანალოგიას მხოლოდ ჩვენი ისტორიის შავბნელ პერიოდებში პოულობს;
იოანე ბატონიშვილი „კალმასობაში“ აღწერს ბერის, იოანე ხელაშვილის თავგადასავალს: თანამგზავრებთან ერთად სოფელ ჭალაში, თავად აბაშიძეების რეზიდენციაში მისულს, კოშკიდან შემოესმა „ხმა რაიმე მწუხარებისა“. გამოირკვა, რომ იქ ის გლეხები იყვნენ, რომელთაც თავადი გაყიდვას უპირებდა... შემდეგ, უკვე სასახლეში კეთილშობილი საზოგადოებისათვის გამართულ წვეულებაზე, მაღალფარდოვანი და ღრმააზროვანი მსჯელობის დროს, ტყვეთა ბედსაც შეეხნენ. თავადი აბაშიძე და მისი აზნაური, ორჯონიკიძე, გასაყიდი გლეხების მომავალს ერთგვარი „პერსპექტივითაც“ წარმოაჩენენ: რომ, ეგვიპტეში, მრავალმა ქართველმა მიაღწია წარმატებას მამლუქობით და, რომ ადამიანისათვის მნიშვნელობ, არა აქვს, სად იქნება ის ბედნიერი, სამშობლოში, თუ მის ფარგლებს გარეთ. ამ უზნეო საზოგადოებასთან ნადიმის შემდეგ თავზარდაცემული იონა ხელაშვილი, - იმის შიშით, თავადმა მეც არ გამყიდოსო, ცხენს მოახტა და ხაშურისაკენ გააჭენა. მალე აბაშიძის მსახურებს მოჰკრა თვალი... მოსდევდნე! თავზარდაცემული, ვიღაც დედაბრის ქოხში შევარდა. დედაბერმა ის ქვეშაგებში ჩამალა და თავად ზედ დააჯდა, მდევრები ქოხში შეიჭრნენ, მაგრამ გამოირკვა, რომ შეპყრობისა და გაყიდვის მაგივრად აბაშიძეს იონა ბერის დასაჩუქრება ჰქონია განზრახული...
ეს ტრაგიკომიკული ისტორია ზედმიწევნით ზუსტად ასახავს იმ ზნეობრივ ატმოსფეროს, ჩვენში რომ იყო XIX საუკუნის დამდეგს. არ უნდა დაგვავიწყდეს, - ეს წარსულის ის მონაკვეთია, რომელშიაც ქვეყანა დასავლურ ორიენტაციას ირჩევს და განმანათლებელთა იდეები ინტელექტუალთა წრეებში ვრცელდება...
ეს მაგალითი ნათელს ხდის იმდროინდელი მაორგანიზებელი ძალის მქონე არისტოკრატიის წარმომადგენლების კორუმპირებულობას, რომლის უზნეობის მსხვერპლი გლეხები იყვნენ, ანუ ისინი, ვინც აპურებდნენ ქვეყანას და გააჩნდათ სოციალური უნქცია, რომელიც ნებისმიერ ნორმალურ საზოგადოებაში აუცილებელს ხდის მათ არსებობას...
არც ამას და არც ამა თუ იმ ისტორიული პერიოდის თავისებურებას, - იყო ის პროგრესისა თუ რეგრესის ხანა, - ხელი არ შეუშლია კორუმპირებული უზნეობისათვის, თავისი შავბნელი საქმეები ეკეთებინა. ამას გვიდასტურებს ჩვენი დღევანდელი ყოფაც, როცა ვცდილობთ დემოკრატიული სახელმწიფოს აღმშენებლობას და პლურალიზმის პრინციპების დამკვიდრებას. ამ დროს, კორუფციამ ჩვენში გრანდიოზული მასშტაბები მიიღო. ამას თავისი სოციალური საფუძველი აქვს, რადგან ადამიანის ელემენტარული არსებობაცა და გამდიდრებაც, კანონიერი გზით, არსებითად შეუძლებელია... თუმცა ისიც ფაქტია, რომ ხაზინის ძარცვა უზნეოთა ასპარეზია, რადგან მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა სრულიად ზნეობრივი გზებით ცდილობს თავი გადაირჩინოს. გასაგები ხდება, რომ ამის საპირისპირო ქმედება იქნება: კრედიტების გაფლანგვა, ამოგებული გადასახადის არადანიშნულებისამებრ გახარჯვა, სახელმწიფო აგარაკების მითვისება, საწარმოო დაწესებულებების სიმბოლურ ფასებში პრივატიზება, ქვეყნის მატერიალური სიმდიდრის სპეკულაცია, და ამის ხარჯზე საკუთარი კეთილდღეობის მოწყობა. სასახლეების აშენება, უცხოური მანქანებით სეირნობა, და ყველა სიკეთე, რასაც ჩვენი პოლიტიკური, ბიუროკრატიული, ბიზნესისა და მასთან დაკავშირებული ჰუმანიტარული ელიტის დიდი ნაწილი ახერხებს, დაფუძნებულია უზნეობაზე. საერთოდ, ისეთ საქციელზე, დასჯას რომ იმსახურებს; აქ მივადექით უმთავრეს სათქმელს: მოსახლეობა მიეჩვია კორუფციას და მას აღიქვავს, როგორც რაღაც გარდუვალს,... იმიტომ, რომ ხალხის ზნეობას 70 წელი რყვნიდა კოლონიურ-კომუნისტური რეჟიმი, რომლის დროსაც, კორუფცია, არსებითად, მატერიალური უზრუნველყოფის ერთადერთი რეალური საშუალება იყო. სამწუხაროდ, ასე გაგრძელდა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგაც, ამასთან, მისი მასშტაბები კიდევ უფრო გაიზარდა და გადაიქცა საშიშ ჩვეულებად, რომელმაც გახრწნა მმართველი ბიუროკრატია და სერიოზულად დააბრკოლა სახელმწიფოს აღმშენებლობის პროცესი, ასიათასობით ქართველი გააქცია სამშობლოდან, ათასობით ადამიანის ცხოვრება გაამრუდა.
მოსახლეობისადმი იმათი დამოკიდებულება ვინც კორუმპირებულია, ბევრად არ განსხვავდება ზემოხსენებულ ტყვეებით მოვაჭრეთა დამოკიდებულებისაგან, - ისეთივე არაადამიანური და მტრულია. მაშასადამე, მასაც ისევე სასტიკად უნდა ებრძოლო, როგორც ტყვეებით ვაჭრობის უზნეო პრაქტიკას, მაგრამ სწორედ აქ ვაწყდებით წინააღმდეგობას. საქმე ის არის, რომ ჩვენთან სათანადო მნიშვნელობა არ ენიჭება ეკონომიკურ დანაშაულს და არც საზოგადოებრივი აზრი არ არის ამდაგვარი ქმედებების წინააღმდეგ განწყობილი. ხოლო, კორუფციასთან საბრძოლველად შექმნილი კომისა და, საერთოდ, აქეთკენ წარმართული ძალისხმევა, საკმარისი არ არის, პირიქით, იქმნება შთაბეჭდილება, რომ მთელი ეს საქმიანობა ფორმალური ხასიათისაა, რადგან სათანადო შედეგები ვერ მივიღეთ! ტელევიზიით ხშირად გვიჩვენებენ, როგორ აწიოკებს პოლიცია უაქციზო სიგარეტით მოვაჭრე ლტოლვილ თუ მატერიალურად შეჭირვებულ ქალებს, რომელთათვისაც ამ საქმეს საარსებო მნიშვნელობა აქვს... მაგრამ, მე არ მინახავს, ვინმეს დაეტუსაღებინოს დანაშაულებრივი სინდიკატის მეთაური, ვინც ნავთობისა და ბენზინის ფასებით მანიპულირებს; ან ის, ვინც საქართველოს სანაოსნო გემებს ყიდის; ან კრედიტებისა, თუ ამოგებული გადასახადების არადანიშნულებით განმხარჯველი. აშკარაა, კორუმპირებულ მოხელეებს უფრო მეტი მხარდამჭერი ჰყავთ, ვიდრე მოწინააღმდეგე... ამათ შორის კი, ბევრია, დემოკრატიის ცნების თავისებურად გამგები, რომელთაც ერთი დამნაშავის «გაუბედურება» არ სურთ და, ამის გამო, ათასობით ადამიანის გაუბედურებას უწყობენ ხელს... აქ, დროულია, თუ გავიხსენებთ პოლონელი სახელმწიფო მოღვაწის, იოზეფ პილსუდსკის გამონათქვამს ამ საკითხთან დაკავშირებით: „მე ვთვლი, რომ სახელმწიფოს უძლურების მატარებელი ის არის, ვინც აკავებს სამართლიანობის დამსჯელ მახვილს და ამგვარად პატიოსან და ღირსეულ შრომას სახელმწიფოს კეთილდღეობისათვის სულ ცოტა ასუსტებს თუ არაფერს ვიტყვით იმაზე, რომ დემორალიზებას ახდენს“. ასე ხდება ჩვენში, ფესვგამდგარი კორუფცია იმ ღირებულებათა დისკრედიტირებას ეწევა, რომელთა დამკვიდრებასაც ვცდილობთ. მისი წყალობით, წარმატებისაკენ გზა ეკეტებათ ნიჭიერ ადამიანებს, სამაგიეროდ, უნიჭობა ახერხებს ზეაღსვლას. გადაუწყვეტელი რჩება პრობლემათა მოგვარების საკითხი, უძრაობისა და განუვითარებლობის ჭაობში ეფლობა ქვეყანა... საქართველოს მესვეურებმა უნდა გადაწყვიტონ, როგორ მოიქცნენ და რა მიიჩნიონ დიდ დანაშაულად: მშიერი ბავშვის მიერ მაღაზიიდან მოპარული ძეხვი, თუ მოხელეების მიერ მითვისებული მრავალი მილიონი სახელმწიფო ქონებისა!... თუ დროულად მიიღებენ გადაწყვეტილებას და დაიწყებენ კორუფციის წინააღმდეგ შედეგიან ბრძოლას, მალევე შევაჩერებთ კორუფციას და მისი წყალობით წარმოქმნილ დესტრუქციული პროცესებს, მაგალითად: საქართველოს კუთვნილი შეიარაღება არ მიუღია, თანამედროვე სამხედრო ტექნიკის შეძენა კი მისი სიძვირის გამო ძნელია და მაინც, ის 8 თვითმფრინავი, რომელთა აწყობაც მოხერხდა თბილისის საავიაციო ქარხანაში, - ვითომ ჩვენ არ გვჭირდებოდეს, - აიღეს და ერიტრიას მიჰყიდეს. სად წავიდოდა აქედან შემოსული თანხა, ძნელი მისახვედრი არ არის... კორუფცია განიმარტება როგორც - თანამდებობის პირთა, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ მოღვაწეთა მოსყიდვა. ჩვენში კი, ის გრანდიოზულ მასშტაბებს იღებს და ამიტომ, სრულიად ბუნებრივია კითხვა: პოლიტიკურ და თანამდებობის პირთა მოსყიდვა არის თუ არა კრიმინალი? და თუ ეს ასეა, მაშინ, ხომ არ ხდება ჩვენი ხელისუფლების კრიმინალიზაცია? რაც უფრო დროულად გაეცემა პასუხი, მით უფრო მალე ავიცილებთ თავიდან იმ კატასტროფას, რასაც უქადის ქართველ ერს კორუფცია და მისი წყალობით წარმოქმნილი ოლიგარქიის ბატონობა. ჩვენ უკვე მივექანებით აქეთკენ და სულ უფრო საგრძნობი ხდება, რომ სახელმწიფოზე ზეგავლენას ახდენენ „ფულის ტომრები“, და საქართველოში, შესაძლოა დამკვიდრდეს ისეთი პოლიტიკური რეჟიმი, რომლის თაობაზეც არისტოტელე ზემოთ ციტირებულ „პოლიტიკაში“ წერდა: „ოლიგარქიის ერთ-ერთ სახეობას ახასიათებს მდიდრებისათვის უპირატესობის მინიჭება იმდენად, რომ ღარიბები, რომლებიც უმრავლესობას წარმოადგენენ, არ მონაწილეობენ სახელმწიფოს მმართველობაში. სახელმწიფოს მმართველობაში დაიშვებიან მხოლოდ ისინი, რომლებმაც შეაგროვეს ქონება“. ჩვენს სინამდვილეში, ეროვნული კატასტროფის ტოლფასი იქნება, თუ საბოლოოდ ხელში ჩავუვარდებით ქურდული მენტალიტეტის მქონე ადამიანებს, რომელთა ქონება პარვის შედეგად არის შექმნილი... და საქართველოში დამყარდა ისეთი რეჟიმი, რომლის შესახებაც, თეოდორ რუზველტს უთქვამს: „ტირანიის ყველა ფორმათაგან ყველაზე ვულგარული და ნაკლებად მიმზიდველია სიმდიდრის შეუნიღბავი ტირანია, პლუტოკრატიის ტირანია“.
1999 წლის მაისი
2000 წლის მინაწერი: დღეს, საქართველოს უზარმაზარი ვალები აქვს და ის დაუძლეველ ტვირთად აწევს როგორც დღევანდელ ქართველობას, ასევე მათ შთამომავლობას. ეს კი, მევალეებზე დამოკიდებულს გვხდის და გვაქცევს გარედან მართვად სახელმწიფოდ. ასეთი გახლავთ მოსახლეობის სოციალურ-პოლიტიკური პასიურობის დამღუპველი შედეგი, რამაც უზნეო ადამიანებს „ფულის ტომრებად“ გადაქცევის საშუალება მისცა. ჩვენი უბედურება ისაა, რომ ამ უკანასკნელთა დიდი ნაწილი პოლიტიკურ ასპარეზზეა გამოსული, ან კიდევ, იქ დამკვიდრებას ცდილობს... არადა, ცხადია, რომ უზნეო გზით ნაშოვნი ფულით გამდიდრებული უზნეო ადამიანები, ზნეობრივ საქმეს - სახელმწიფო აღმშენებლობას, ნამდვილად ვერ შეძლებენ. ამ ბოლო დროს, ხმა გავრცელდა მოვალე ქვეყნებისათვის ვალების ჩამოწერის თაობაზე. ამან, ჩვენებური ხაზინის ქურდებს, იმედი აღუძრა: თუ ასე გამოვიდოდა, ნაწილობრივ მაინც აიცილებდნენ პასუხისმგებლობას ნამოქმედარზე... მაგრამ, ეს ასე არ მოხდა. პირიქით, ყველა ითხოვს ვალის გადახდას და უზნეოთა ნაავკაცარი მოსახლეობის გადასახდელი ხდება...
თუ კორუფციას ზნეობრივ დანაშაულადაც მივიჩნევთ, მაშინ მონანიება აუცილებელი იქნება იმათთვის, ვინც ამ მხრივ სცოდავს. მონანიების ფორმად მიმაჩნია, ამა თუ იმ გზით, უკანონოდ მითვისებული ქონების ხალხისათვის დაბრუნება, - რაც, როგორ განხორციელდება, - კონფისკაციისა, თუ საგანგებო გადასახადის დაწესებით, - იქედან გამომდინარე უნდა გადაწყდეს, რომელი საშუალებაც უფრო მოსახერხებელი და შედეგის მომტანი იქნება და ამ საშუალებით შემოსული თანხებით შესაძლებელი იქნება საგარეო და საშინაო ვალების გადახდა. ასე იქცევიან საკუთარნამოქმედარზე პასუხისმგებლებად ქვეყნის დამაქცევრები.
გასულ საუკუნეში როცა კაპიტალისტური ფორმაცია მხოლოდ ყალიბდებოდა, კაპიტალის დაგროვების არც თუ კეთილსინდისიერი საშუალებების შემხედვარე ადამიანებს, სიმდიდრის დაგროვება, დანაშაულებრივ საქმიანობად მიაჩნდათ. ბევრის შეხედულებას იმეორებდა, როცა კითხვას სვამდა ფრანგი სოციალისტი პიერ ჟოზეფ პრუდონი 1840 წელს გამოცემულ წიგნში „რა არის საკუთრება?“ და, თავადვე პასუხობდა: „საკუთრება - ეს ქურდობაა“- კაცობრიობის პროგრესმა ცხადყო, რომ იქ, სადაც საზოგადოება სათანადოდ არის ორგანიზებული, სიმდიდრეს ქურდობით არ ქმნიან. XXI საუკუნეში, ქართველობას ორი საუკუნის წინანდელი მცდარი მოსაზრებანი, არ უნდა მიაჩნდესარ უნდა მიაჩნდეს ჭეშმარიტად. სახელმწიფო მას სხვაგვარი ხედვისათვის საფუძველს უნდა უქმნიდეს.
![]() |
18 ოსტრაკიზმი საშუალოობის იარაღი საქართველოში |
▲ზევით დაბრუნება |
„ოსტრაკიზმის მიზანია ხელი შეუშალონ გამოჩენილ ადამიანებს მოქმედებაში გაძევების საშუალებით“.
არისტოტელე
ძველ საბერძნეთში, წესად ჰქონდათ პოლიტიკური მოწინააღმდეგის ქალაქიდან გაძევება, რათა ამ უკანასკნელს, თავისი მოქმედებით რაიმე სირთულე არ შეექმნა ხელისუფლებისათვის. ეს განურჩევლად იმისა, თუ მმართველობის რა ფორმა იყო დამკვიდრებული პოლისში: მონარქია, დემოკრატია, არისტოკრატია, ოლიგარქია, პოლიტეა თუ ტირანია. როგორც ჩანს, ყველა მათგანისათვის დამახასიათებელია ოპოზიციონერის თავიდან მოშორება, მითუმეტეს, თუ ის ჭკვიანიც არის...
ნუ მიიჩნევთ ამ გადაწყვეტილებას უფრო ჰუმანურ აქციად, ვიდრე არასასურველი პიროვნების დაპატიმრება ან მკვლელობაა, მითუმეტეს, რომ ბერძნები ადამიანს მოიაზრებდნენ პოლიტიკურ არსებად (Zoon politikon) და როცა გაძევებით მოუსპობდნენ სრულფასოვანი არსებობისათვის აუცილებელ გარემოს, საქმეს, - რომლისადმიც მიდრეკილი იყო, - ამით პოლიტიკურად კლავდნენ, რაც ზოგ შემთხვევაში, ფიზიკური სიკვდილის ტოლფასი იყო...
ამ ჩვეულების თაობაზე, არისტოტელე ასე მსჯელობს, როცა ეხება ქვეყნის ცხოვრებაში გამორჩეული ადამიანების როლსა და ადგილს: „ისინი, იქნება ის, ერთი თუ მრავალი, მაგრამ არა ისე ბევრი, რომ სახელმწიფო შეედგინათ, რომლებიც ისე სჯობიან სხვებს, რომ სხვები მათ ვერ შეედრებიან ვერც სათნოებით და ვერც სახელმწიფოს მართვის უნარით, ისინი არ ჩაითვლებიან სახელმწიფოს შემადგენელ ნაწილად, ამიტომ უსამართლობას ჩაიდენდნენ ისინი, რომლებიც მათ გაუთანაბრებენ სხვებს, რომლებთანაც ისინი თანასწორნი არ არიან არც სათნოებითა და არც პოლიტიკური მოღვაწეობის უნარით. ასეთი ადამიანი, როგორც ღმერთი, ისე არსებობს ადამიანთა შორის. აქედან ცხადია, რომ კანონმდებლობა საჭიროა წარმოშობითა და უნარით თანასწორი ადამიანთათვის. ზემოხსენებულ ადამიანებს კი კანონი არ სჭირდებათ, რადგან თვითონ არიან კანონი და სასაცილო იქნებოდა ის კაცი, ვინც შეეცდებოდა მათთვის კანონის მიყენებას. მათ იგივე შეეძლოთ ეთქვათ, რაც ანტისთენეს მიხედვით ლომებმა უთხრეს კურდღლებს, რომლებიც კრებაზე სიტყვებით გამოდიოდნენ და ყველას გათანასწორებას მოითხოვდნენ“.
ციტირებული მოსაზრება არამარტო იმას წარმოაჩენს, თუ რა ფუნქციას ანიჭებდნენ ოსტრაკიზმს, არამედ იმასაც, რომ ის საშიშ იარაღად იქცა საშუალოობის ხელში... თავად განსაჯეთ: ადამიანი გამოჩენილი შეიძლება იყოს იმათ შორის, ვინც ასეთი არ არის; ნიჭიერი უნიჭოთაგან განსხვავდება, მდიდარი, - ღარიბთაგან, შემოქმედი, - შემოქმედებით უნარს მოკლებულთაგან, პროფესიონალი არაპროფესიონალთაგან. გონიერი, - უგუნურთაგან. ეს კანონზომიერებაა, ისე, როგორც ის, რომ არაფრით გამორჩეული საშუალოობა ვერ გუობს ან, უკეთეს შემთხვევაში, ძნელად ურიგდება მის გვერდით არაორდინალურის არსებობას, - ყოველმხრივ ცდილობს მის შევიწროვებას და იგნორირებას. იგონებს გათანაბრების ათასგვარ ხერხს, რომ უპირატესობის საფუძველი მოუსპოს... და, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, საქმიანობაში ხელს უშლის, შესაძლებლობათა რეალიზების საშუალებას არ აძლევს... ეს ყველაფერი გაძევების ფორმებია, ამასთან არა ნაკლებ ეფექტური, ვიდრე ვინმეს ცხრა მთას იქით გადაკარგვა.
ასეთ სიტუაციაში მოხვედრილი ადამიანის ცდა, - თავი გადაირჩინოს, ბევრ შემთხვევაში წარუმატებლად მთავრდება და აქ უნებლიედ გახსენდება აბუ ალი იბნ სინას ანუ ავიცენას ერთი ლექსი:
„ვირებში თუ ხარ, შენაც უნდა ტლინკები ჰყარო
ვირებს ჰგონიათ, ჩვენიაო მთელი სამყარო!
ვირებში თუმცა მუდამ ვირად მომქონდა თავი,
მაინც გამიგეს, არაბული ტაიჭი ხარო!“
მოსახლეობა, უმეტეს შემთხვევაში, გულგრილია ძალადობის ამ აქტის მიმართ, რითიც გააქტიურებულ საშუალოობას, არსებითად, მხარს უჭერს და ასეთი დამოკიდებულებით თავს იღუპავს, რადგან ყველა თავისი პრობლემით დამოკიდებული ხდება, ვისაც არ სურს და, რაც მთავარია, არ ძალუძს მათთვის დახმარების აღმოჩენა, მაგრამ ამას ვერ ხვდება მანამ, სანამ საკუთარი პოზიციის მსხვერპლი არ გახდება...
„თუ ჩვენ ქედს ვიხრით იღბლიანი ბრიყვის წინაშე და გულგრილობას ვიჩენთ ნიჭიერი მოღვაწის დამხობისას, ეს ჩვენი სავალალო აღზრდის და ზნე-ჩვეულებათა შედეგია, გონიერი ადამიანი პირქუშ ირონიამდე რომ მიჰყავს, გენიოსი კი სასოწარკვეთამდის“
ონორე დე ბალზაკი
XIX საუკუნეში არნახულად აღზევდა საშუალოობა საქართველოში და ოსტრაკიზმი არა ერთხელ იქნა გამოყენებული რჩეულთა წინააღმდეგ. ამან დამღუპველი შედეგები მოგვიტანა, რაც, არა თუ აშკარა დასანახია, არამედ მტკივნეულად შესაგრძნებიც არის და მაინც, მუდამ სხვათა ზემოქმედების ქვეშ მყოფი ერის მენტალიტეტი ხელს გვიშლიდა და გვიშლის წინ აღვუდგეთ საშუალოობის აგრესიულ გააქტიურებას, მის მიერ ცხოვრების ყველა სფეროსა და, განსაკუთრებით, ხელისუფლებაში დამკვიდრების მცდელობას... ვიდრე ზემოხსენებული საუკუნე დადგებოდა, რამდენიმე წლით ადრე, საქართველოში იქმნება სოციალ-დემოკრატიული მიმართულების დაჯგუფება „მესამე დასი“ ნოე ჟორდანიას, ფილიპე მახარაძისა და სხვათა შემადგენლობით. ქართველი სოციალ-დემოკრატები, თავიანთი პიროვნული თვისებებით, მიეკუთვნებიან რევოლუციონერთა იმ ტიპს, რომლებიც, კაცობრიობის ხსნისა და პროგრესის თემაზე გაუთავებელი ლაპარაკით აბრუებდნენ მიმნდობ საზოგადოებას. თავად კი, კარიერისტული მიზნების მისაღწევად, ყველაფერს კადრულობდნენ... ასეთი რევოლუციონერის კრებითი და მხატვრულად განზოგადოებული სახე შექმნა ფრანგმა მწერალმა როჟე მარტინ დიუგარმა რომანში „ტიბოს ოჯახი“. ეს გახლავთ ვინმე მეინესტრელი, ვის ხელშიაც აღმოჩნდება დოკუმენტები, რომელთა გამოქვეყნება კაცობრიობას ააცილებს მსოფლიო ომს, მაგრამ ის შეგნებულად კარგავს ამ დოკუმენტებს, რადგან მტკიცედ სწამს, რომ ომი ხელს შეუწყობს რევოლუციას... რომანის ეს პერსონაჟი ერთგვარი ბოროტი გენიაა: როცა მისი წყალობით ჟაკ ტიბო იღუპება, ის, გასაოცარი მოქნილობით, ურთულესი სიტუაციიდან უვნებელი გამოდის. მეინესტრელსა და ქართველ სოციალ-დემოკრატებს შორის მსგავსება დიდია, ისინიც მრავალგზის მანიპულირებდნენ ადამიანთა ბედით, თვითონ კი, მშრალად ამოდიოდნენ წყლიდან. თავიდან, ამ მარქსისტული ფრაზეოლოგიით ჟონგლიორთა შეხედულებანი ახალი იყო ქართული საზოგადოებისათვის. ახალმა მოძრაობამ, სრულიად ბუნებრივია, რომ ახალი ღირებულებების დამკვიდრება მოიწადინა; არც ის იქნებოდა გასაკვირი, თუ მათ შეხედულბებს ყველა არ დაეთანხმებოდა, მაგრამ ის რეაქცია, რაც მესამე დასელებს ჰქონდათ მოწინააღმდეგეების მიმართ, სრულიად არანორმალური იყო და წარმოადგენდა ოპონენტის ცილისმწამებლურ, შეურაცხმყოფელ კამპანიას, რომელსაც, მიზნად, ჭეშმარიტების დამტკიცება კი არა, იმათი დისკრედიტაცია ჰქონდა, ვისაც მესამე დასელები ებრძოდნენ... სწორედ ასეთი, მანამდის არნახული ხასიათის, პოლემიკა გაუმართეს ილია ჭავჭავაძეს, ვისთვისაც მიუღებელი იყო მესამე დასელთა სოციალური კონფლიქტის თეორია და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის უარყოფა. მათ პრეს-ორგანოებში, „კვალი“ და „მოგზაური“, უამრავი სიცრუე დაიბეჭდა ილიას წინააღმდეგ. სამაგალითოდ გამოდგება 1905 წელს „მოგზაურში“, N 13, ვინმე ვასილ ნაცვლიშვილის ფალსიფიკაცია, სათაურით, „საგურამოსა და ჭოპორტის საზოგადოება“, სადაც სულ იმისი მტკიცებაა, თუ რა მხეცი მებატონეა ილია ჭავჭავაძე და როგორ ავიწროვებს ის გლეხებს; რომ წყაროს წყალშიაც კი ფულს ახდევინებს და როცა ერთმა ავადმყოფმა გლეხმა გადახდა ვერ შეძლო, ილიას მოურავმა, მემარნიშვილმა, გლეხს, წყლით სავსე ორივე კოკა, თავზე გადაამტვრია. როგორც ყალბისმქმნელი წერს», ამ ამბავს ილია ჭავჭავაძე ბალკონიდან უყურებდა 400 მანეთიან ქურქში გახვეული, გულიანად იცინოდა და თანაც აქებდა ერთგულ მოურავს: „ყოჩაღ, მემარნიშვილო, ყოჩაღ ეგრე სუსხი უნდა მისცე, რომ თავზე არ წამოგვასხდნენო“. უბედური გლეხი ვიდრე სახლში მივიდოდა დასველებული, გზაში მთლად გაყინულიყო. მივიდა სახლში, მარა იქაც კერა გაცივებული დახვდა უშეშობის გამო. გახდა ხელახლათ ავათ და ერთ კვირაზედ გაათავა მრავალტანჯული და წამებული სიცოცხლე». მთელი ეს ისტორია არის სიცრუე (რომელიც, მოგვიანებით მისმა შემთხზველმაც აღიარა), მაგრამ ზნეობრივი პრინციპები ილიას მტრებს საშუალებას აძლევდა, გაეგრძელებინათ ცილისწამება თემაზე: ილია ფეოდალია და მშრომელი ხალხის ექსპლოატატორი. ასეთი ბოროტი ბრალდების მიზანი ილია ჭავჭავაძისათვის სახელის გატეხა, საზოგადოებაში მისდამი ანტიპატიის გამოწვევა იყო, რათა ილიას ნააზრევს მოსახლეობაზე გავლენა არ ჰქონოდა და სოციალ-დემოკრატიული პროპაგანდისათვის ხელისშემშლელ ფაქტორად არ ქცეულიყო... მიაღწიეს თუ არა შედეგს? ნაწილობრივ! რადგან ჯერ ერთი, მას არავინ გამოექომაგა... მეორეც ეს ფალსიფიკაცია „ივერიის“ №54-ში გადაიბეჭდა და დართული აქვს პროვოკაციული შენიშვნა: „ნუთუ ეს აღმაშფოთებელი ამბავი მართალია? ნუთუ „გლახის ნაამბობის“ ავტორს ასეთი დამოკიდებულება აქვს გლეხებთან? ჩვენ არ გვინდა დავიჯეროთ და გვირჩევნია ჯერჯერობით იმედი ვიქონიოთ, რომ თვითონ თ. ილია ხმას ამოიღებს და კორესპონდენციის შინაარსის უსაფუძვლობას დაგვიმტკიცებსო». მაგრამ როცა ილიამ თავისი ცნობილი პასუხი „ნუთუ?“ დაწერა, „ივერიას“ ის არ დაუსტამბავს... არამედ, დაიბეჭდა ამ გაზეთის 68-ე ნომრის ცალკე დამატებად, - ილია ჭავჭავაძის ხარჯით... აი ეს, ოსტრაკიზმის ფორმა იყო, მესამე დასელთა მცდელობამ, ილია ოდიოზურ პიროვნებად რომ აქცია, მას ერიდებიან, გაურბიან, წერილებსაც არ უბეჭდავენ. ცხადია, დასელები ილია ჭავჭავაძეს თბილისიდან, ან საერთოდ, საქართველოდან ვერ განდევნიდნენ, მაგრამ ბევრს შეურყიეს მისადმი რწმენა, ანუ მისი დისკრედიტაცია შეძლეს. თუმცა, ეს საქმე ბოლომდე მაინც ვერ მიიყვანეს და, რადგანაც ილიას დამხობა ადვილი არ აღმოჩნდა, მაშინ, ბერბიჭაშვილის ბანდას დაევალა მისი ლიკვიდაცია...
მესამე დასელები ორ ბანაკად გაიყვნენ: მენშევიკებად და ბოლშევიკებად. პირველები, 1918-1921 წლებში იყვნენ ხელისუფლების სათავეში და ცხადია, მოპოვებული ძალაუფლება პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ გამოიყენეს. პარლამენტში მათდამი შეურიგებელ ოპოზიციას ნაციონალ-დემოკრატები წარმოადგენდნენ, ამიტომ, როგორც კი საშუალება მიეცათ, მათ ლიდერებს რეპრესიები დაატეხეს თავს. ამის თაობაზე რეზო გაბაშვილი წერდა: „როგორც კი იმავე 1919 წელს გამოცხადდა პარლამენტის დახურვა და „დამფუძნებელი კრებისათვის“ არჩევნების დანიშვნა, მე მეტეხის ციხეში ჩამსვეს. განთიადისას, გამოცხადდა ჩემთან, ერთი ჩოხოსანი „ჯცჯ,ქ ჯნჰზლ”-ის კაცი და ერთი ძველი „ჯრჯკჯლჯხყსქ ყჯლპბჰფნტკმ“-ის, ძველისავე (მეფის დროის) გარსით მგონი მაღალაშვილი გვარად, მოკლე წერილობითი ბრძანებით: „დაუყოვნებლივ გაჩხრიკეთ რ. გაბაშვილი და დააპატიმრეთ“. წამიყვანეს „jcjq jnhlz”-ში და მარტო იქ, ჩემი მოთხოვნით, „ყფხფკმყბრ“-მა მექი კედიამ, ბოდიშით წამიკითხა შინაგან საქმეთა მინისტრ ნ. რამიშვილსისა და მისი მდივნის მოწერილობა: „...ვინაიდან რ. გაბაშვილი სისტემატურად იბრძვის საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ, დაუყოვნებლივ გაჩხრიკეთ და დააპატიმრეთ...“-ო.
ბატონი ნ. რამიშვილი ერთი წლით იყო ჩემზედ უფროსი და რაც თავი მახსოვს, მუდამ ბრძოლა მქონდა მასთან საქართველოს სახელისაც არ ცნობისათვის და ის მიჭერდა საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღდეგ ბრძოლისათვის. ამაზე მეტი ბედის დაცინვა შეიძლება? და უკვე სტამბოლში, ემიგრაციაში, როცა, როგორღაც ლაპარაკში, კამათის დროს, ბ-ნ ემელიან ლომთათიძეს უთხარი ასეთი უსინდისო ბრალდებასა და უჭკუობაზე, თითქმის სიამაყით მიპასუხა: ეს ჩემი შედგენილი ფორმულა იყო; მაშ ხომ არ დავწერდით ... იმიტომ... რომ ჩვენ ყაჩაღები დაგვიძახაო?!» ამას რა დაემატება?.. იმის მეტი, რომ ემელიანე ლომთათიძე იყო შინაგან საქმეთა მინისტრის კანცელარიის დირექტორი, პარლამენტის წევრი,ქალაქის მმართველობის წევრი, «რუსეთის ს.დ. პარტიის წევრი და სხ. და სხ.
უკანონო ჩემი დაჭერით, მეორე კურდღელსაც იჭერდნენ, მისპობდნენ საშუალებას, - “დამფუძნებელი კრების” არჩევნებში მონაწილეობისა და, აკი გრიგოლ ვეშაპელსაც, რომელიც სამაჰმადიანო საქართველოში იყო წასული საარჩევნო აგიტაციაზედ, გაუგზავნეს ანონიმური მუქარა - დეპეშა: “გაბაშვილი დაჭერილია და შენც ეს მოგელისო”.
ეს მოგონება ზუსტად წარმოაჩენს ჩვენი პირველი რესპუბლიკის დროს პოლიტიკურ ბრძოლაში ოსტრაკიზმის წესის გამოყენებას. მმართველი სოციალ-დემოკრატიული პარტიისათვის, ეს ეფექტური საშუალება იყო, ოპოზიციასთან საბრძოლველად: შანტაჟი, უსაფუძვლო ბრალდებებით დაპატიმრება, საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებაში სხვაგვარად მოაზროვნეთა და, პირველ რიგში პატრიოტულად განწყობილი ინტელექტუალების არ დაშვება, მათი შევიწროვება, ტერორიზება. მაშინდელი ქართული ინტელიგენცია რომელმაც ვერ შეძლო და ილია ჭავჭავაძე ვერ დაიცვა, ახლა თავსაც ვერ იცავდა და უმოქმედო შეჰყურებდა იმას, თუ როგორ და რა მეთოდებით იმკვიდრებდა ადგილს პოლიტიკურ ასპარეზზე გააქტიურებული საშუალოობა და რასაც, თავის მხრივ, მოუხმობელთა პრობლემის გამწვავება მოჰყვა XX საუკუნის დამდეგის საქართველოში და ეს მოუხმობლობაც, ანუ ნიჭიერი ადამიანისათვის შესაძლებლობათა რეალიზების საშუალების არქონაც (საშუალოთაგან მიზანდასახულად ხელის შეშლის შედეგად), წარმოადგენდა ოსტრაკიზმს...
1921 წელს, ქართველ სოცალ-დემოკრატთა მეორე ფრთამ, ბოლშევიკებმა, თავიანთი მიზნები დაამთხვიეს კომუნისტური რუსეთის იმპერიალისტურ ინტერესებს და მაქსიმალური მონაწილეობა მიიღეს „წითელი არმიის“ მიერ, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციისა და კოლონიურ-კომუნისტური რეჟიმის დამყარების საქმეში, რომლის არსებობის მთელი 70 წლის მანძილზე ოსტრაკიზმი ფართოდ გამოიყენებოდა: უამრავი ადამიანი ჩამოაცილეს საზოგადოებრივ და პოლიტიკურ საქმიანობას, დევნიდნენ რეჟიმისადმი არალოიალობის გამო. ვინც ფიზიკურ განადგურებას გადაურჩა, ან ციმბირში არ გადაასახლეს, ის საკუთარ ქვეყანაში აქციეს გაძევებულად... კარიერის გაკეთება მარტო კომუნისტური პარტიის წევრებს შეეძლოთ, პოლიტიკური ანეკდოტის თქმა საკმარისი იყო, რომ ვინმე ეჭვმიტანილად ქცეულიყო: მას საზღვარგარეთ აღარ უშვებდნენ, აღარაფერში ენდობოდნენ. მოქმედი იდეოლოგიური დოგმებისა თუ ნორმატივების უარმყოფელი ვერანაირი ლექსი, რომანი, სიმღერა, ფილმი, თეატრალური წარმოდგენა, სამეცნიერო შრომა, ჟურნალისტური სტატია, - ან საერთოდ ვერ გამოქვეყნდებოდა, ამას ცენზურა არ დაუშვებდა, ხოლო თუ ასეთი რამის „გაპარება“ მოხდებოდა, მაშინ ავტორს ამ დანაშაულისათვის რისხვას დაატეხდნენ, რათა უარი ეთქვა თავის მრწამსზე...
შემორჩენილია ერთი მეტად მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც კულტურული ცხოვრების სფეროში გამეფებულ ტერორს წარმოაჩენს და ააშკარავებს ოსტრაკიზმის გამოყენების ხასიათს და საშუალებებს; ეს გახლავთ, 1929 წელს, საქართველოს პროლეტარულ მწერალთა ასოციაციის III პლენუმის მე-6 სხდომაზე, იდეოლოგიური „ფრონტის“ ერთ-ერთი წამყვანი მუშაკის, ვინმე ლომინაძის სიტყვის სტენოგრაფიული ჩანაწერი. მისი გამოსვლიდან, რომელიც იმდროინდელ კინოხელოვნებას და, კერძოდ, წარსულის თემაზე შექმნილ ფილმებს ეხება, კარგად ჩანს, თუ როგორ აფასებდა პარტიული და საბჭოთა ბიუროკრატია საქართველოს ისტორიას და რა მეთოდებით აიძულებდნენ კინემატოგრაფისტებს ტენდენციურნი ყოფილიყვნენ: - „საქართველოს სახკინმრეწვის გასული მუშაობა დახასიათდება მით, რომ მისი რეჟისორები გატაცებული იყვნენ ისტორიული ფილმებით... შეიძლება რეჟისორმა აიღოს ისტორიული ამბავი, მაგრამ მიუდგეს საბჭოთა კრიტერიუმით. მაგრამ ამას აქ არ ვხედავთ. ყოველი რეჟისორი გვაძლევს იმას, რაც იყო და როგორც იყო. აიღეთ თუ გნებავთ „მამის მკვლელი“, „გიული“ და სხვა. მართალია ისტორიულ ფილმს აქვს მნიშვნელობა, ვინაიდან მისი საშუალებით ჩვენ ვეცნობით ძველ ცხოვრებას, მისი საშუალებით შეიძლება მოხდეს ძველად შექმნილი მორალის გაკოტრება. თუ ეს განვითარდა საბჭოთა კინემატოგრაფის ხაზით, მაშინ სხვა არის, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ რეჟისორები ისტორიულ ამბავს იღებენ ისე, როგორც ხდებოდა, მას არ უპირისპირებენ ჩვენს საბჭოთა ცხოვრებას. ამიტომ აქ დგება საკითხი, როგორი არის ის ხალხი, რომელნიც სახკინმრეწვში მუშაობენ. ლოღიკური დასკვნა: ეს იყო ძველი ხალხი, ძველი ტრადიციებით შეპყრობილი. ცხადია, ძველ ხალხს არ შეუძლია ახალი ცხოვრების მოცემა... ასეთი ხალხი უნდა მოისპოს, მაგრამ ჩვენ ვხედავთ ამ საქმეში პრაქტიკული ღონისძიებები არ არის გამომუშავებული. რომ ეს რეჟისორები ერთხელ და სამუდამოდ ჩამოშორდნენ ამ საქმეს. ამხანაგებო, სახკინმრეწვის აპარატში რეჟისორები არიან კიდევ ძველი თაობის წარმომადგენელნი. სახკინმრეწვის აპარატის ნახევარზე მეტი გატენილია თავად-აზნაურობით, მესჩანებით და ობივატელებით. ჩვენ გვაქვს ასეთი მდგომარეობა, რომ საქმიანი რეჟისორების ნახევარი რიცხვი არის ძველი თავად-აზნაურობა და ცხადია, ასეთი ხალხი რას მოგვცემს. ასეთი ხალხი მოგვცემს ისეთ სურათებს, როგორიც მათ გემოვნებას შეეფერება და რომელიც არ უწევს ანგარიშს ჩვენი საბჭოთა მაყურებლის მოთხოვნილებას“.
ამრიგად, შეხედულებათა და კულტურულ ტრადიციათა განსხვავებულობა, უკვე საბაბია ადამიანის მტრად გამოცხადებისა და მის მიმართ ოსტრაკიზმის წესის გამოყენებისა.
არანაკლებ საინტერესო იყო ის თუ, როგორ გამოვლინდება საშუალოობის გაბატონებული მდგომარეობა ყოფაში. კოლონიურ-კომუნისტურმა რეჟიმმა, შეუქმნა რა თვითდამკვიდრებისათვის ყველა პირობა მისდამი ერთგულ საშუალოობას, ამით დაამუხრუჭა ერის შინაგანი განვითარების პროცესი, რადგან ნიჭიერი, ერუდირებული პროფესიონალები, უკეთეს შემთხვევაში, მეორე რიგებში აღმოჩნდნენ და ამიტომ, არსებითად მოუხმობლებად იქცნენ, მაშინ როცა საშუალოობა, მისთვის დამახასიათებელი უნიჭობით, არაერუდირებულობითა და არაპროფესიონალიზმით, პირველ რიგებში... და ჩვენში მომრავლდნენ ცრუ მეცნიერები, ცრუ ხელოვანნი, ცრუ ინჟინრები, ცრუ ეკონომისტები, ცრუ ექიმები, ცრუ მასწავლებლები, ცრუ ლიტერატორები, ცრუ მოხელეები, ათასი კიდევ სხვა - პროფესია - აჩემებული თაღლითები. ეს ადამიანები სრულიად ზედმეტნი იყვნენ და არც ერთ დარგს, რომელშიაც „მოღვაწეობდნენ“, არაფერს არ მატებდნენ. ამავე დროს, გასაოცარი მონდომებით, ყველა დასაშვები და დაუშვებელი გზით ცდილობდნენ, ენახათ ამ საქმიდან მაქსიმალური სარგებელი: იცავდნენ დისერტაციებს, განურჩევლად იმისა, მართლა აქტუალური იყო არჩეული თემა, თუ არა. ბეჭდავდნენ წიგნებს, - მიუხედავად იმისა, საინტერესო იყო ეს პროდუქცია, თუ არა. ნიჭისა და უნარის მიუხედავად იკავებდნენ თანამდებობებს, ზრდიდნენ, უმეტესწილად, უკანონო გზით, თავიანთ მატერიალურ მდგომარეობას, იუმჯობესებდნენ საცხოვრებელ პირობებს, ადვილად შოულობდნენ საგზურებს დასასვნებელ სახლებში და მოგზაურობდნენ საზღვარგარეთ, აწყობდნენ თავიანთ შვილებს უმაღლესში. ეს ხალხი ადაპტაციის უნარს ავლენდა და შესანიშნავად ირგებდნენ „სოციალისტური ცხოვრების“ წესს. იყვნენ აგრესიული კომფორმისტები და, მათთვის ამ სასიცოცხლო პროცესში, ვინც ოდნავ მაინც ხელს შეუშლიდა, არ ერიდებოდნენ ამ პიროვნების წინააღმდეგ, არც დასმენის, არც პროვოკაციის მოწყობას, მილიციისა და კაგებეს მიქსევას, არ ერიდებოდნენ მოწინააღმდეგის გიჟად გამოცხადებას და საგიჟეთში გამომწყვდევას. ერთი სიტყვით, ოსტრაკიზმის ყველა ფორმას იყენებდნენ, რომ მოწინააღმდეგე გზიდან ჩამოეცილებინათ.
დამოუკიდებლობის მოპოვების მერე, ეს ხალხი არსად წასულა, საშუალოობა დღესაც ინარჩუნებს წამყვან პოზიციებს სახელმწიფო და საზოგადოებრივ ასპარეზზე, რადგან საქართველოში ჯერ კიდევ არის მათთვის სასიცოცხლო გარემო, და ისევ განაგრძობენ დესტრუქციულ ქმედებებს. ეს ხალხი, როგორც ადრე, ისე ახლა, არაფერს არ ქმნის, მაგრამ სარგებლის მიღებას ყველაფერში ცდილობენ და მათ შორის, კორუფციითა და ეროვნული სიმდიდრის ძარცვით. ამით კი, ფორმირების პროცესში მყოფ ჩვენს სახელმწიფოებრიობას, საფრთხეს უქმნის. საშუალოობის მიერ თავისი პრობლემების მოგვარება, - ეს სხვა არაფერია, თუ არა, გაუკუღმართებული ფორმა სოციალური მოძრაობისა, ანუ, კარგი ცხოვრების მიღწევის უზნეო და დანაშაულებრივი გზა.
საშუალოობის ასეთი ქცევის ხასიათი, კოლონიურ-კომუნისტური რეჟიმის დამსახურებაა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ზემოხსენებული რეჟიმის სოციალური დასაყრდენი საქართველოში, სწორედ საშუალოობა იყო. მათი დიდი ნაწილი კომუნისტური პარტიისა და კომკავშირის წევრი იყო ან აქტიური მხარდამჭერი....
ამიტომ არის აუცილებელი ღირებულებათა გადაფასების პროცესის დროული და მასშტაბური წარმართვა, რათა კოლონიურ-კომუნისტური ხანის ღირებულებები საბოლოოდ უარვყოთ. ამავე დროს, აუცილბელია, საქართველოს კომუნისტური პარტიის დანაშაულებრივი საქმიანობის შესწავლა და ამ პარტიის, - როგორც უცხო სახელმწიფოს ინტერესების გამომხატველისა და გამტარებლის, და ქართველი ერის წინაშე ჩადენილი დანაშაულის ჩამდენის გასამართლება...
ისე, როგორც ნიურენბერგში გასამართლეს გერმანიის ნაციონალ-სოციალისტური პარტია, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის გამო...
ახლა ისევ მივყვეთ მოვლენათა ქრონოლოგიას;
1969 წელს პოეტმა კოლაუ ნადირაძემ შეთხზა ლექსი «25 თებერვალი 1921 წ.», რომლის ბოლო ნაწილი ასეთი გახლავთ:
„იმ გზით, სად წინად ელავდნენ ხმლები,
სად სამას გმირთა დაიფშვნა ძვლები,
სად ქართლის დედის ცრემლით ნანამი,
მძიმედ დაეშვა ჩვენი ალამი,
სად გმირთა სისხლით ნაპოხიერი,
თოვლს დაეფარა კრწანისის ველი, -
წითელი დროშით, მოღერილ ყელით,
თეთრ ცხენზე მჯდომი, ნაბიჯით ნელით
შემოდიოდა სიკვდილი ცელით!
თოვდა, და თბილისს ეხურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი“.
მაშინ ამ ლექსის გამოქვეყნებაზე ფიქრიც კი ზედმეტი იყო, მაგრამ 1985 წელს უკვე „პერესტროიკის“ დროს, გამომცემლობა „მერანში,“ გაბედეს მისი დაბეჭდვა... რეპრესიებმა არ დაახანეს: გამომცემლობის, ლიტერატურული მუზეუმისა და მთავლიტის, - საერთო ჯამში 10 თანამშრომელი, გაანთავისუფლეს სამსახურიდან. ესეც ოსტრაკიზმი იყო: დევნიდნენ ლექსს და მის ქომაგებს.
ასეთი გახლავთ რამდენიმე მაგალითი იმისა, თუ როგორი ფორმით ხორციელდებოდა გაძევება კოლონიურ-კომუნისტური რეჟიმის დროს, რა ხერხებით დევნიდნენ გონიერებას, რათა უპრობლემოდ ეცხოვრა და „ემოღვაწევა“ საშუალოობას. ამავე დროს, ეს წარმოადგენდა დანარჩენი მოსახლეობის დაშინების ფორმასაც... ასეთმა ყოფამ საზოგადოების ცნობიერებაზე იქონია დამღუპველი გავლენა, რაც კიდევ უფრო ცხადი გახდა, როცა კომუნისტურ იმპერიას ბოლო მოეღო...
„პერესტროიკა“ ე.წ. სსრკ-ს გადარჩენის წარუმატებელი ცდა იყო, რადგან რეჟიმის ლიბერალიზაციას მოჰყვა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აგორება და გაჩნდა იმისი, თუნდაც, თეორიული შესაძლებლობა, რომ გონიერება განდევნილი აღარ ყოფილიყო... ბევრი მიხვდა მაშინ, რომ ცხოვრების წესი უნდა შეცვლილიყო, მაგრამ ილუზია იმისა, რომ ეს უეცრად მოხდებოდა, მალევე გაქრა, რადგან არ გაგვაჩნდა ეროვნული იდეა, ანუ ღირებულებების, პრინციპებისა და ინტერესების ერთიანი გააზრებული სისტემა. მაშასადამე, ფასეულობათა გადაფასების დიდი პროცესი, რომელიც ჩვენში იწყებოდა, იდეოლოგიურ საფუძველს მოკლებული იყო. არც საზოგადოების პოლიტიზირებულ ნაწილს ჰქონდა ის საერთო და შემაკავშირებელი, რაც კარდინალური მნიშვნელობის საკითხების მიმართ ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბებას შეუწყობდა ხელს. ამის გამო ქართული საზოგადოება კვლავ დაშლილი დარჩა, ხოლო ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობა ურთიერთ დაპირისპირებულ ჯგუფებად დაიყო; ამავე დროს, ერთი, მეტად არასახარბიელო ტენდენცია გამოიკვეთა: სოკოებივით მომრავლებული პოლიტიკური ორგანიზაციები ინტელექტუალებს ახლოს არ იკარებდნენ... 1990 წელს პირველ საპარლამენტო არჩევნებამდე ოთხი თვით ადრე, შემთხვევით, ერთ დღეს, ორი დაპირისპირებული ბანაკის წარმომადგენლებს, ორ ჩემს ნაცნობ ახალგაზრდა ქალბატონს შევხვდი, ერთი დისიდენტი იყო, მეორე, - კომუნისტური პარტიის ფუნქციონერი. პირველმა, საუბრისას, ისიც მკითხა: რა იცი ინტელექტუალთა პარტიის შექმნის თაობაზეო. მე არაფერი იცოდი, მაგრამ, დაინტერესების მიზეზი ვკითხე. დისიდენტმა გოგონამ შეფიქრიანებულმა მიპასუხა: „ხალხი მათ მისცემს ხმას და ჩვენ კი, არაო...“ იმავე დღის ბლოს, კომპარტიის ფუნქციონერი გოგონა შემეჩეხა და სრულიად გააზრებულად, რეაქციის შეტყობის მიზნით, ვუთხარი დილით გაგებული ინტელექტუალთა პარტიის შექმნის ამბავი. „ეგენიღა გვაკლდნენო“ - მიპასუხა საკმაოდ გაწიწმატებულმა... თუ კომუნისტი ქალბატონის მხრიდან ინტელექტუალთა მოსალოდნელი პოლიტიკური გააქტიურების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება არ გამკვირვებია: ტოტალიტარიზმი ხომ ალტერნატიულს ვერაფერს იტანს, დისიდენტისაგან ეს გასაკვირი იყო, რადგან ჯერ ერთი, ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობა მხოლოდ დისიდენტური მოძრაობა არ იყო და მასში პატრიოტულად განწყობილ ინტელექტუალებს ლომის წილი მიუძღვოდათ და სამომავლოდაც, გასაკეთებელი, ნამდვილად, ბევრი ჰქონდათ. ამიტომ მათგან გამიჯვნა უაზრობა იყო, და კიდევ: თავისუფლებისათვის ბრძოლა ძალების გაერთიანებას ითხოვდა, - და არა მათ დანაწევრებას...
უკვე მაშინ, ამ ორი, არსებითად, კერძო პირის ნათქვამი, იმ დაჯგუფებათა (რომელთაც ისინი წარმოადგენდნენ) ერთგვარ პროგრამად ჟღერდა, რომელშიაც ოსტრაკიზმი მათ სამოქმედო საშუალებად მოიაზრებოდა და როგორც ჩანს, ის პირველ რიგში, ინტელექტუალთა წინააღმდეგ იყო მიმართული...
მოგვიანებით, საქართველოს დამოუკიდებლად გამოცხადების შემდგომ, როცა ყველა პოლიტიკური ძალა ერთიანი ქართული პოლიტიკური მოძრაობის შემადგენელ ნაწილად იქცნენ, საგრძნობი გახდა, რომ ამ ერთობისათვის ახალი წევრები სასურველ შენამატს არ წარმოადგენდა... იქმნება შთაბეჭდილება, რომ პოლიტიკა მხოლოდ იმათი ხვედრია, ვინც იქ ფეხი მოიკიდა. დღეს ამ ასპარეზზე დამკვიდრება ისევე ძნელია, როგორც ძნელი იყო ეროვნული თუ დემოკრატიული მიმართულების მიტინგებზე მიკროფონთან მისვლა და აზრის გამოთქმა. სხვათა შორის, პოლიტიკურ ძალთა უკვე ასეთი დაყოფა იყო უაზრობა და დადასტურება იმისი, რომ საშუალოობას დიდი გაქანება მისცემოდა...
ჩვენი მოსახლეობა ჯერჯერობით სოციალურად დაუფენებელია, და რადგანაც არ არსებობს ის ძირითადი ფენები, რომელთა ინტერესებს ესა თუ ის პარტია გამოხატავდა, ამიტომ მომრავლდნენ ისეთი პარტიები, რომლებიც არავის არ წარმოადგენენ, გარდა საკუთარი წევრებისა... თითქოს ეს პარტიები დაინტერესებულნი უნდა იყვნენ, რომ მათ რიგებში ინტელექტუალები გაერთიანებულიყვნენ, მაგრამ სინამდვილეში ასე არ ხდება. პირიქით, პარტიები რჩებიან ვიწრო ჯგუფური ინტერესების მქონე გაერთიანებებად: ამ თვალსაზრისით, ისინი სექტებს ემსგავსებიან. ლათინური სიტყვის, სეცტა ერთ-ერთი განმარტება ასეთია: „სხვებისაგან განცალკევებული, კარჩაკეტილი ჯგუფი დამიანებისა, რომლებიც გამოირჩევიან დოგმატური შეხედულებებით“. რადგანაც ჩვენთან არანაირი იდეოლოგია არ არსებობს, მათი დოგმატიზმი პარტიის ხელმძღვანელების ინტერესებისა და ამბიციური მისწრაფებების უპირობო აღიარებაში მდგომარეობს, - რაც ავტორიტარულ მმართველობას ნიშნავს, ამას კი, თავის მხრივ, მეტად უწყობს ხელს ჩვენში წესად ქცეული ამომრჩევლის ორიენტირება არა პოლიტიკურ პროგრამებზე, არამედ ცალკეულ პიროვნებებზე. ამიტომ ხმას აძლევენ პარტიას კი არა, არამედ მის ლიდერს... უკვე ამისი წყალობით, გამარჯვებულ ლიდერს და მის გარემოცვას ეძლევა შესაძლებლობა ქვეყნის საკადრო პოლიტიკის ფორმირებისა, რომელიც საკუთარი შეხედულებებისამებრ შეუძლია განახორციელოს. ასეთ დროს, კრიტერიუმი, შესარჩევი კანდიდატის ლიდერისადმი ერთგულებაა და არა მისი ნიჭი, უნარი, განათლება და ენერგიულობა... ცხადია, ეს წესი თავადვე შეიცავს ოსტრაკიზმს და ნამდვილად არ უწყობს ხელს მოუხმობელი ნიჭიერებისა და პატიოსნების მოხმობას სახელმწიფო სტრუქტურებში. სამაგიეროდ, ერთგული ქვეშევრდომული სულის საშუალოობას, გზას უხსნის ნანატრი თანამდებობებისაკენ. ასეთი წესის სიგლახე ისიცაა, რომ ლიდერი, ან ლიდერთა ჯგუფი, რომელიც ზეგავლენას ახდენ, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების კადრებით დაკომპლექტებაზე, თავისი პრესტიჟის გადარჩენისათვის, არ გაანთავისუფლებს უვარგის პროტეჟეს, არც არაკომპეტენტურობისა და არც კორუმპირებულობის გამო, და ამით, მისი მოქმედება ემსგავსება ერთ ცნობილ ქართული ზღაპრის პერსონაჟის პრინციპს: „აბა, ჩემს შვილს ხომ არ დავსჯიო...“ ეს კი ქმნის დაუსჯელობის ისეთ ატმოსფეროს, რომლის დროსაც, საშუალოობას განსაკუთრებით ნოყიერი ნიადაგი ექმნება აღზევებისათვის და აქ, არ შეიძლება არ გაგახსენდეს ლუი არაგონის ნათქვამი: „მდგომარეობა, ჩინები, ძალაუფლება, კორუფციით, რომ არ მიიღწეოდეს, მათ რომ მხოლოდ დამსახურებულად იღებდნენ, რამდენი ადამიანი ახლა რომ შიშველია, შეიმოსებოდა, რამდენი ადამიანი, ბრძანებებს რომ იძლევა, ბრძანებას აღასრულებდა“.
ასეთი პოლიტიკური „კულტურა“ ინტელექტუალების მიზიდვის საფუძველი ვერ იქნება და არც ის იგრძნობა, ვინმე ცდილობდეს მოაზროვნე, საკუთარი პოზიციის მქონე ადამიანების თავისი გუნდის წევრად ქცევას. პირიქით, აშკარაა, მათი იგნორირების ტენდენცია, რაც თავისებური ოსტრაკიზმია და იმათი იდენტიფიცირების საშუალებას გვაძლევს, ვინც ამას აკეთებს, ანუ, საქმე გვაქვს ისევ და ისევ საშუალოობასთან, რომელსაც თვისი ბუნებიდან გამომდინარე ახასიათებს: ძალაუფლებისათვის ბრძოლისას, მაქსიმალიზმი და კატეგორიულობა, რაიმეს შეფასებისას... ამ ნიშნით გამოირჩევა ჩვენთან პოზიციაცა და ოპოზიციაც; დიდი პარტიებიცა და პატარებც. გასული წლის არჩევნებში, თითქმის ყველა ბლოკი და პარტია, საკუთარ თავს, პარლამენტში, აბსოლუტური უმრავლესობის მოპოვებას უწინასწარმეტყველებდა და აქ გამოვლინდა მათი კიდევ ერთი თვისება: დანარჩენ პარტიებთან თანამშრომლობის, კომპრომისებისა და ლავირების უნარის არქონა, რადგან ეს არ შეუძლიათ. ცხადია ურჩევნიათ, რომ სხვასთან გასაყოფი არაფერი ჰქონდეთ, თავად ფლობდნენ სიტუაციას და აკონტროლებდნენ ყველაფერს... ასეთი სურვილები კი პოლიტიკურ კურიოზებს ქმნიან ხოლმე: ამბავი მომივიდა, ამ ხუთი, თუ ექვსი წლის წინანდელი ბჭობის თაობაზე, - თურმე რამდენიმე ე.წ. პოლიტიკოსი ტვინს იჭყლეტდა იმაზე ფიქრით, როგორ გაეკონტროლებინათ არასამთავრობო სექტორი... ამიტომ, არ უნდა გაგვიკვირდეს, ზოგიერთი საზოგადოებრივი ორგანიზაცია რომ პოლიტიკურის ფილიალს წარმოადგენს და თუ მათ წარმატებულ საქმიანობას დაუკვირდები, მიხვდები, რას ნიშნავს კონტროლი... ამ შემთხვევაშიც, საქმე გვაქვს ოსტრაკიზმთან: ვიღაცას ხელს უწყობენ, სხვას ამის გამო გასაქანი არ ეძლევა... ამაში ჩანს პოლიტიკურ ასპარეზზე დამკვიდრებული საშუალოობის უბადრუკობა. ის ეპოტინება ძალაუფლებას, ცდილობს ყველაფერი აკონტროლოს, ოსტრაკიზმი მოუწყოს ყველა სავარაუდო კონკურენტს, შექმნას დიდი პოლიტიკური საქმიანობის შემოქმედებითად წარმართვის ილუზია... მხოლოდ ილუზია, რადგან რამე თუ ჩვენში გაკეთებულია პოზიტიური, ამის უკან, უმეტესწილად სწორედ მოუხმობლები დგანან, - ის ნიჭიერი, უნარიანი, პროფსიონალი, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, ეროვნული ცნობიერების მქონე ადამიანები, რომელთაც ასე დევნის და ავიწროვებს გაბატონებული საშუალოობა. ამ თვალსაზრისით, ჩვენში იმისი მსგავსი სიტუაცია იქმნება, რომლის შესახებაც „ევროპის დაისში“ წერდა ოსვალდ შპენგლერი: „მაგრამ გავლენიანი პარტიები გადამწყვეტ მოქმედებათა თავმოყრის მხოლოდ მოჩვენებით ადგილს წარმოადგენენ. ყველაფერი წყდება არაჩვეულებრივად მაღალ გონებათა მატარებელ მცირერიცხოვანთა მიერ, რომელთა სახელები არც ირიცხება ამჟამად ცნობილთა შორის. მაშინ როცა, მეორეხარისხოვან პოლიტიკოსთა, რიტორთა და ტრიბუნთა, დეპუტატებისა და ჟურნალისტების შთამბეჭდავი მასა, მთელი ეს ასორტიმენტი, პროვინციული თვალსაწიერის საზომით, ხელს უწყობს მასების ყველაზე დაბალ ფენებში ხალხთა თვითგამორკვევის ილუზიის დამკვიდრებას“.
„ტრაგიკულ ჟამს, ისტორიის ტალღა აამაღლებს დიდ ადამიანებს; მაგრამ, თავად ტრაგედიები - საშულოობის ნახელავია“.
მორის დრიუონი
ჩვენი სინამდვილე ფრანგი მწერლის ნათქვამის მხოლოდ მეორე ნაწილის ჭეშმარიტებას ადასტურებს... საშუალოობის ასეთმა აღზევებამ საქართველოს მოსახლეობის ცხოვრება დაუსრულებელ ტრაგედიად აქცია, რომლის დროსაც, დიდი არავინ ამაღლებულა... ხოლო საშუალოობა, რომელმაც ამ დღეში ჩაგვაგდო, აქედან ვერ გამოგვიყვანს ვერც ახლა, და ვერც ვერასოდეს... თავად განსაჯეთ, ისინი ვინც „პერესტროიკის“ დროიდან ყალიბდებიან ქართულ პოლიტიკურ ელიტად, განურჩევლად მათი წარმომავლობისა (დისიდენტები, ქუჩის ოპოზიცია, კომპარტიისა და კომკავშირის ფუნქციონერები, ამ ჯგუფებთან დაკავშირებული ინტელიგენციის წარმომადგენლები), ვერ წყვეტენ, ვერც ერთ მათ წინაშე მდგარ ამოცანას, ბოლომდე და სრულფასოვნად: 80-იანი წლების ბოლოსა და მთელი 90-იანი წლების მანძილზე, ბევრი რამ ხდებოდა ჩვენში ისეთი, რასაც გონიერი ქმედება არ ერქვა. მაშინ, როცა ბალტიისპირეთში იგივე პროცესები ისე წარიმართა, რომ არა მარტო საუკეთესო შედეგები მოიტანა, არამედ ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის ქრესტომატიულ მაგალითებად იქცა. სხვათაშორის, ჯერ კიდევ სსრკ-ს დაშლამდე 1991 წლის დამდეგს, გამოქვეყნდა რუსი ჟურნალისტის, ვიქტორ შიროკოვის წიგნი „მოულოდნელი ესტონეთი“; ეს არის ცდა, გაანალიზებულ იქნეს ბრძოლის ის ფორმები და მეთოდები, რომელთა წყალობითაც, უკვე მაშინ, ესტონელებმა მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს. რუსები ამბოხებული კოლონიის მოქმედების ხასიათს სწავლობდნენ და იმედოვნებდნენ, რომ ამ გზით შეძლებდნენ მათ დამარცხებას... ანალოგიური შრომა ლიტველთა შესახებაც გამოქვეყნდა და ასეთ გამოკვლევებში იყო ის უმაღლესი შეფასება, რაც შეიძლება მისცემოდა ჯერ კიდევ მიმდინარე, მაგრამ თავიდანვე უაღრესად სწორედ წარმართულ სახალხო მოძრაობას, რაც ნიშნავს: საშუალოობას აქ, ის გაქანება არ მიეცა, რომ წარმატებული მდგომარეობა მოეპოვებინა...
აღზევებულმა საშუალოობამ თავს მოგვახვია სამოქალაქო ომი, ხოლო 1990-93 წლების სამამულო ომის დროს, ხელი შეუწყო ჩვენს დამარცხებას და ტერიტორიების დაკარგვას, პრივატიზაციის - კრიმინალურ ბუმად გადაქცევას, კორუფციის ქცევას ხელისუფლების ყველა რგოლის წარმომადგენელთა ჩვეულ საქმედ... ის უშლის ხელს ეროვნული მრეწველობის აღორძინებას, სოფლის მეურნეობის განვითარებას, ენერგეტიკული პრობლემების მოგვარებას. საშუალოობამ შეძლო ყველა ტრადიციული ღირებულებების გაუფასურება; სწორედ ამის გამოა, რომ პატივისცემას არ იმსახურებს პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოხელე: ისევ და ისევ, უვარგისი საკადრო პოლიტიკის შედეგია ამდენი ვიგინდარა რომ მოხვდა პარლამენტში და ახლა დეპუტატის იმუნიტეტის გაუქმებას ითხოვენ, რათა ეს არამზადები, საჭიროების შემთხვევაში, დააპატიმრონ... საშუალოობამ ჩააფლავა ყველა სფეროში რეფორმები და ამ წამოწყებას აზრი დაუკარგა. სამაგალითოდ ავიღოთ სასამართლო რეფორმა, რომელიც დიდი ზარ-ზეიმით ტარდება, მაგრამ სასამართლოში შენი უფლებები რომ დაიცვა, ფული უნდა გქონდეს და სამი ათეული ლარი ხელფასის მქონე მოქალაქე გამოცდაჩაბარებულ მოსამართლეებთან ურთიერთობის სიკეთით ძნელად თუ ისარგებლებს... უფულობის გამო, კანონის მოქმედების ზონიდან ადამიანის განდევნა, ჩვენებური ოსტრაკიზმის გამოვლენაა...
ასეთი მდგომარეობა მოსახლეობაში იწვევს ნიჰილისტურ განწყობას, რადგან ქართველთა დიდი უმეტესობა სასიკეთო პერსპექტივას ვერ ხედავს; მას ოპტიმიზმს ვერ გაუღვივებს, ვერც „აბრეშუმის გზა“, და ვერც ნავთობსადენი, რადგან, ჯერ ერთი, იქიდან მიღებული შემოსავალი, სრულიად შესაძლებელია, კორუმპირებულმა მოხელეებმა ისევე შეჭამონ, როგორც აქამდის ნებისმიერ შემოსულ თანხას ნთქავენ, მეორეც, მიუხედავად იმისა, რომ ორივე ეს პროექტი ქართული სახელმწიფოებრიობის გაძლიერებას ხელს უწყობს, თუ ამ სახელმწიფომ, მოქალაქეს არ შეუქმნა ნორმალური არსებობისა და განვითარების პირობა, მაშინ მის სიმტკიცესა თუ სისუსტეს არავისათვის არავითარი მნიშვნელობა არა აქვს...
დღესდღეობით, საქართველოში, რაღაც, იმისი მსგავსი აბსურდული სიტუაციაა, იტალიელი მწერალი დინო ბუცატი რომ ხატავს თავის რომანებსა და ნოველებში... მთლად იმ სამყაროს რომ არ დავემსგავსოთ, ძირფესვიანად უნდა შეიცვალოს ცხოვრების წესი, - რომ სიცოცხლე არ მოგბეზრდეს ადამიანს და ამისი მსგავსი დიალოგის მოწმენი არ გავხდეთ, ზემოხსენებული მწერლის ნოველაში, „საინტერესო შემთხვევა“ რომ არის:
გოგონამ სთქვა.
- იცით, მე სიცოცხლე მომწონს.
- რაო? რა თქვით?
- მე ვთქვი, რომ მე სიცოცხლე მომწონს.
- ნუთუ? ამიხსენით, ამიხსენით, ეს უფრო კარგად.
- სიცოცხლე მე მომწონს, აი სულ ესაა და დავემშვიდობო მას, ჩემთვის მეტად საწყენი იქნებოდა.
- გოგონი, ამიხსენით, ეს უკვე საშინლად საინტერესოა... ეი, თქვენ მოდით აქ და მოგვისმინეთ, აი ეს გოგონა ამბობს, რომ სიცოცხლე მას მოსწონს“.
თუ ცხოვრება არა გაქვს გამწარებული, მაშინ სიცოცხლეც არ მოგბეზრდება...
ჩვენი სახელმწიფოებრივი ცხოვრება რადიკალურ ცვლილებებს საჭიროებს, მან უნდა მოიცვას ყველა სფერო. ამ განახლების ერთი უმთავრესი პირობა, ახალი ადამიანების, - აქამდის მოუხმობელთა გამოხმობა უნდა იყოს და არა იმიტომ, რომ „ახალი ცოცხი კარგად გვის“... არა საქმე იმ ზნეობრივ პრინციპებში, პიროვნულ პოზიციასა და სახელმწიფო აღმშენებლობის პროცესისადმი დამოკიდებულებაშია, რომელიც, ყველგან გაბატონებულ საშუალოობას, აშკარად, არ გააჩნია. მაგრამ, დღევანდელი მორალური ატმოსფერო, მოუხმობელთა საზოგადოებრივ ასპარეზზე გამოსვლა-დამკვიდრებას სულაც არ უწყობს ხელს. ამას, თუნდაც, ასეთი მაგალითი ადასტურებს: გასული წლის აპრილში, ერთი პოლიტიკური ორგანიზაციის დაფუძნებას ვესწრებოდი, - სულ ექვსი გამომსვლელი უნდ ყოფილიყო, აქედან სამი, - ეგრეთ წოდებული „ცნობილი“ პოლიტიკოსი, დანარჩენი სამი კი, - ჩვეულებრივი მოკვდავი. როცა პირველები სიტყვას ამბობდნენ, მათკენ იყო მიშვერილი იქ მყოფი ყველა ტელე და რადიო კომპანიის კამერა და მიკროფონი, ხოლო როცა შემდეგი სამი გამოდიოდა, მსგავსი არაფერი მომხდარა. გამოირკვა, რომ მათი აზრი მასმედიის წარმომადგენლებს არ აინტერესებდათ. რატომ მოხდა ასე, რა კრიტერიუმებით ხელმძღვანელობდნენ ჟურნალისტები არ ვიცი, მაგრამ მათი მოქმედება მაფიქრებინებს, რომ მათ, ან რაღაც ინსტრუქცია აქვთ მიცემული, სადაც მითითებულია - ვინ უნდა ჩაიწერონ და ვინ არა... ან კიდევ, მათ მოქმედებას ჩამოყალიბებული სტერეოტიპი განსაზღვრავს; ანუ: ყურადღების საგანია ის, ვინც ცნობილია... ხოლო, ისინი ვისაც საინტერესო აზრები ჰქონდათ, მაგრამ ფართე საზოგადოებისათვის უცნობნი იყვნენ და წარმოჩენას ჭირდებოდათ ეს ე.წ. „მეოთხე ხელისუფლების“ საზრუნავს არ წარმოადგენს... და ასეთი, - დამოკიდებულებაც - თანამედროვე ოსტრაკიზმის ფორმაა...
ადამიანის გაწირვას, მისთვის ამა თუ იმ ფორმით, ოსტრაკიზმის მოწყობას, საშუალოობა იმ პლებეური სისასტიკით აკეთებს, რითიც რომში, ძველი წელთაღრიცხვით 87 წელს, პოპულართა ბელადმა გაიუს მარიუსმა ბრძანა ოთხი ათასი მონისათვის ღამით ყელები გამოეჭრათ. ცოტა ხნით ადრე, ესენი თავად შეაიარაღა და სამოქალაქო ომში გამოიყენა, ხოლო გამარჯვების შემდეგ, უმადურობა გამოიჩინა და ვერაგულად გაუსწორდა მათ. ამ ომში, მონები, მარიუსის მოწინააღმდეგემ, ოპტიმანთა ბელადმა, ლუციუს კორნელიუს სულამაც შეაიარაღა, მაგრამ, ამ უკანასკნელმა, როცა გაიმარჯვა, სხვაგვარი არჩევანი გააკეთა და ათი ათას მონას რომის მოქალაქეობა მიანიჭა, მიწის ნაკვეთებიც დაურიგა... ამ ორ პოლიტიკურ მოღვაწეს შორის განსხვავება, ცხადია, პირველ რიგში, ზნეობრივი ხასიათისაა, ამიტომ პლებეური, ვახსენე, არა იმდენად სოციალური წარმომავლობის აღსანიშნავად, რამდენადაც ზნეობრივის თვალსაზრისით - როცა მდაბიო და პირმოთნე მორალი, ყოველგვარი უზნეობის ჩადენისა და გამართლების პირობა ხდება. ასე იყო ძველ რომში და ასეა ახლა, როცა ამას ჩვენი აგრესიული საშუალოობა აკეთებს.
ნორმალურად განვითარებად საზოგადოებას გააჩნია მრავალი მექანიზმი: პოლიტიკური, სოციალური, კულტურული და ზნეობრივი, რომ შიდა პროცესები დაარეგულიროს, რათა სასარგებლო ადამიანები მოუხმობლებად არ იქცნენ და მათი ადგილი უფუნქციო საშუალოობამ არ დაიკავოს...
ცნობილ მწერალს, ალექსანდრე გრინს, რომლის მთელი შემოქმედება იმ საზოგადოებრივ ურთიერთობათა მოდელირებაა, რომელიც ადამიანს არსებობის პირობას უქმნიდა და წარმატების შანსს აძლევდა, ერთი მოთხრობაცა აქვს „პორტის კომენდანტი“. მისი მთავარი მოქმედი პირი ტილსი, სამოცდათორმეტი წლის მოხუცია, - ზღვაზე და გემებზე უსაზღვროდ შეყვარებული. ახალგაზრდობაში, ეპილეფსიით დაავადებამ, ხელი შეუშალა, მეზღვაური გამხდარიყო და, მთელი ცხოვრება კანტორის მოხელეობას შეალია. ის ყოველთვის თავის მოვალეობად მიიჩნევდა, პორტში შემოსულ ყველა გემზე სტუმრობას, იქაურთათვის პორტის ამბების მოყოლას, ძველი ნაცნობების მოკითხვას, ახლების გაცნობას, ადამიანური სითბოს ფრქვევას, ზოგჯერ რაიმე დელიკატური დავალების შესრულებასაც სთხოვდნენ, მაგალითად, მებუფეტე ქალისათვის საქმროს სიკვდილის ამბის შეტყობინების მსგავსს, რასაც, ის თავისებურად, მაგრამ, მაინც შეასრულებდა. ამას ყველაფერს ის უანგაროდ აკეთებდა და, თუ მაინც, გემის სამზარეულოში სასმელითა და სიგარეტით გაუმასპინძლდებოდნენ, ან რომელიმე გულუხვი კაპტანი დოლარს აჩუქებდა, ტილსი ამაზე უარს არ ამბობდა. ის პორტის განუყოფელ ნაწილად იქცა, ამიტომაც ეძახდნენ „პორტის კომენდანტს“, ასეთს ვეცნობით მას, - ინტელიგენტური სახის კაფანდარა მოხუცს, - მოთხრობის პირველ ნაწილში. ერთი წლის შემდეგ კი, როცა სატვირთო გემი „რეკორდი“ კვლავ შემოვიდა ნავსადგურში, მეზღვაურებს თვალში მოხვდათ, რომ მოხუცი, ჩვეულებისამებრ, არ გამოჩნდა, თურმე გარდაცვლილიყო... გემზე კი ასეთი ამბავი მოხდა:
„რაღაც გვაკლია, - უთხრა საღამოს დამდეგს ლასტონმა ბუტლერს - ვინ მოგვიყვება ახლა ჩვენ სხვადასხვა ახალ ამბავს? ის იყო გაისმა ეს სიტყვები, რომ გემბანზე და, შემდეგ კუბრიკში აჩქარებით გაიარა და შევიდა ველური შეხედულების ფეხშიშველა ყმაწვილი, მაღალი, უსირცხვილო, წითელსიფათიანი. გაუმარჯოს! დაიქუხა მან, გასაოცარი ფორმის მქონე შლაპის ქნევით - როგორ იცურავეთ, მეზღვაურებო? კარგი რეისი იყო? ოჯახი კიდევ ცოცხალია? აბა, აბა, ჭიქით გამიმასპინძლდით! - შენ ვინა ხარ? - ჰკითხა ბუტლერმა - პორტის კომენდანტი! ტილსი ჩაძაღლდა, ჰოდა... მე მის მაგივრად ვარ. ლასტონმა ჩაიცინა, უსიტყვოდ ადგა, მაჯაში ხელჩავლებული ის ყმაწვილი უსიტყვოდ ჩაათრია სანაპიროზე. - მშვიდობით - თქვა მეზღვაურმა - მეტი აღარ მოხვიდე. - უცნაური საქმეა! - აყვირდა ყმაწვილი, როცა უსაფრთხო მანძილზე დაშორდა გემს - თუ შენ ჩექმები მოგპარეს, განა ახალს არ იყიდი? თქვენთვის მსურდა სამსახური გამეწია, ქურდებო, თაღლითებო, ზვიგენის კერძებო! - არა, არა, უპასუხეს გემბანიდან. ბრიყვისაგან არაფერი გეწყინოს ლასტონ - სიყალბე აშკარაა. არასოდეს შენი ხახა არ იკითხავს, როგორც საჭიროა, იმის შესახებ „კარგი თუ იყო რეისი“.
არ ინდომეს მეზღვაურებმა ვიგინდარას სტუმრობა, რომელსაც სურდა ღვინო, სიგარები და ფული ხელთ ეგდო, თორემ არც ზღვა, არც გემები და არც მეზღვაურნი არად უღირდა. ამიტომ, - გარეწარი გააგდეს. ეს მხატვრულ ნაწარმოებში, მაგრამ განა ევროპის ისტორიაში ცოტაა ფაქტი თვითმარქვიათა მხილებისა და დასჯისა?! გავიხსენოთ, თუნდაც ესოდენ გახმაურებული ამბავი მარტინ გერრის დაბრუნებისა. ამ გლეხს, სამხრეთ საფრანგეთიდან, მშობლიური კუთხიდან მრავალი წლის წინ გადახვეწილს, სახლში დახვდა თვითმარქვია არნო დიუ ტილი... რომელსაც, გაუგია მარტინ გერრის დაკარგვის ამბავი და, თაღლითმა, გადაწყვიტა ამით ესარგებლა, მითუმეტეს, რომ, როგორც მეზობელ სოფელში შეიტყო, ის საოცრად ჰგავდა დაკარგულ გლეხს. ამიტომ, შეაგროვა ყველა ცნობა, რისი მოპოვებაც შეძლო და ერთ მშვენიერ დღეს, ცოლს და ოჯახს გამოეცხადა, - ვითომ დაბრუნებული მარტინ გერრი. ისე კარგად გაუთამაშებია ეს როლი, რომ გადახვეწილის ბიძაც მოატყუა, დებიც და ბოლოს, ცოლიც... შესაძლოა თვითმარქვიობა შერჩენოდა კიდეც, ბოლომდე, რომ არა მოულოდნელი ამბავი: ნამდვილი მარტინ გერრი დაბრუნდა, ამას მოჰყვა თვითმარქვიას მხილება, სასამართლო პროცესი და სასიკვდილო განაჩენი 1560 წელს. თვითმარქვიას თავხედობამ ისე შეძრა მაშინდელი საზოგადოება, რომ ამ პროცესის მონაწილე იურისტებმა ჟან დე კორამ და გიიომ ლე სერმა ამ ისტორიის ვერსიები ცალკე წიგნებად გამოსცეს. თვითმარქვიობაზე სასჯელი სხვადასხვა იყო, - გამომდინარე შედეგის ხასიათიდან, მაგრამ, ფაქტია, დამოკიდებულება ამდაგვარი ქმედებებისადმი შეურიგებელი იყო და ეს ბუნებრივაცაა, რადგან ასე იქცევა ჯანსაღი საზოგადოება, ჩვენ კი, ამის გაკეთება გვიჭირს და საბოლოო ჯამში დაუსჯელ არამზადათა მიერ მოწყობილი ოსტრაკიზმის მსხვერპლნი ვხდებით. ხდება ეს იმიტომ, რომ უფუნქციო ადამიანების მიერ სხვათა ადგილების დაკავებას, საქმის მითვისებას, სინამდვილეში კი, - არაფრის კეთებას, ღრმა ზნეობრივი, კულტურული, პოლიტიკური და სამეურნეო კრიზისი მოჰყვა და წარმოშვა ისეთი დიდი ეროვნული პრობლემა, როგორიც მოუხმობლობაა. უამრავი ნიჭიერი, შრომისმოყვარე და ენერგიული ადამიანი რომ მოუხმობლად იქცა, ხოლო უფუნქციო, მაგრამ ავანტიურისტული შემართების მქონე საშუალოობა რომ მოხმობილი აღმოჩნდა, ეს, თითქმის ორასწლოვანი კოლონიური ყოფის, განსაკუთრებით კი, მისი კომუნისტური პერიოდის ბრალია, როცა ეროვნული ცნობიერებისა და კონსტრუქციული მიზანდასახულობის მქონე ადამიანებს სამოქმედო ასპარეზი შეეზღუდათ, გასაქანი მიეცა ამდაგვარი ცნობიერებისა და მიზნის არმქონეთ. ქართულმა ლიტერატურამ უფუნქციო და, ამავე დროს, წარმატებული აშუალოობის რამდენიმე საინტერესო მხატვრული სახე შექმნა. ამათგან, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო, უდაოდ არის მიხეილ ჯავახიშვილის მიერ 1928 წელს შექმნილი მოთხრობის „დამპატიჟე“ პერსონაჟი, ოქროპირი, რომელიც ტიპიური, აქტიური უფუნქციოა, რომელსაც საკუთარი შესაძლებლობის შესაფერისი ადგილის დაკავება არ სურს, - უკეთესს ესწრაფვის, ოღონდ, უშრომლად, ხელის გაუნძრევლად. ოფლის დაუღვრელად, მთელი მისი „მოღვაწეობა“ მდგომარეობს საქმის კეთების ილუზიის შექმნაში: - „ფიცხელი კამათი გვქონდა. ახლაღა გათავდა კრება... ივანემ სთქვა... პეტრემ უპასუხა... მეც ჩავერიე და საქმე გამოვასწორე, თორემ...“ ეს თორემ თავისი მეწილის თევდორეს შანტაჟირებაა, მისი ქალიშვილის ბაბალეს ცოლად შერთვა, ზედსიძედ გახდომა, სიმამრის ხარჯზე ცხოვრება და დუქანში ქეიფი: „ორი ქოთანი ვიყიდე, ვაიიი! ყურიანი და უყურო, ვაიიი!“ „დამპატიჟემ“ მიზანს მიაღწია, თევდორეს შრომის ხარჯზე ცხოვრობს, ბაბალეც ცოლად მოიყვანა, ბუთხუზა ბიჭიც გააჩენინა და თავს ბედნიერედ გრძნობს: - „ითამაშე, ჭირიმე! გაიხარეთ, ჭირი მე!“ - ოქროპირი, უდაოდ, წარმატებულია და ეს იმ სოციალურ-პოლიტიკური სისტემის ბრალი იყო, რომლის დროსაც „დამპატიჟეები“ უჩვეულოდ მომრავლდნენ. რაც შეეხება ჩვენს სინამდვილეში მათ ასევე წარმატებულ ყოფას, ეს იმის მანიშნებელია, რომ ცხოვრების წესი ჯერ ისე არ შეცვლილა, რომ ასეთი უფუნქციო ვიგინდარები თავიდან მოვიცილოთ. ამიტომ არის, რომ ის, რასაც ოთხმოცი წლის წინ. ამ მოთხრობის სხვა პერსონაჟი, ოქროპირისაგან განაწამები თევდორე ფიქრობდა, დღევანდელი ქართველისათვისაც აქტუალურია: „ოთხფეხს ტკიპი შეუჩნდება, ფუტკარს წინწკალი ჩაუჯდება, ხეს ხავსი და ფითრი მოეკიდება, კლდესაც კი ფათალო ჩაექსოვება და ასე სცხოვრობენ სხვისი წვენით. ნეტა ადამიანიც ასე ხომ არ არის მოწყობილი?“
შექმნილი კრიზისული სიტუაციიდან გამოსავალი, ანუ ყოვლის მომცველი ცვლილებები, შეიძლება მაშინ განხორციელდეს, თუ გვექნება ეროვნული იდეა: ღირებულებების, პრინციპებისა და ინტერესების ერთიანი სისტემა. მაგრამ უბედურება ის არის, რომ მის გააზრებას ჩვენში უამრავი მოწინააღმდეგე ჰყავს, ისინი შეუძლებლად მიიჩნევენ, რომ ასეთი რამ ჰქონდეს დღეს ერს და სწორედ ეს მათი სკეპტიციზმი წარმოაჩენს მათ რაობას. ცნობილი ფრანგი საეკლესიო და პოლიტიკური მოღვაწე კოადიუტორი, აბატი გონდი წერდა: „ერთი ნიშანთაგანი, რომლის მიხედვითაც შეიცნობენ საშუალოობას - გახლავთ უუნარობა განასხვავონ არაჩვეულებრივი შეუძლებლისაგან“.
2000 წლის იანვარი.
![]() |
19 „TORBO, TORBO, Fratre!..,“ |
▲ზევით დაბრუნება |
ანუ, წამოვჭრათ მსოფლიოს წინაშე
„საქართველოს საკითხი“
სათაურში გამოტანილ, ამ სამ ლათინურ სიტყვას „დაწყნარდი, დაწყნარდი, ძმობილოდ“ რომ ითარგმნება, უბირი გლეხისაგან წარმოთქმულს, ევროპელთათვს მანამდე უცნობი ხალხის აღმოჩენა მოჰყვა... ეს ამბავი IX საუკუნის მიწურულს მოხდა, როცა ბულგარელები ბიზანტიის იმპერიის მიწა-წყალს არბევდნენ. ამ ლაშქრობებისას, კარპატებში შეხიზნულ მოსახლეობასაც გაიყოლიებდნენ ხოლმე დამხმარე მუშახელად... ერთ-ერთი კონტრშეტევისას, ბიზანტიელი ასისთავი წამოეწია გლეხს, რომელიც ბულგარელთაგან ნაძარცვ ქონებას თავისი ვირებით მიეზიდებოდა. საცალფეხო ბილიკზე ვირები ერთმანეთს შეეჯახნენ და ტლინკები ყარეს, აი, მაშინ იყო, მდევრის მოახლოებით შეშინებულმა გლეხმა ვირებს რომ შემოუძახა, ზემოხსენებული სიტყვები. გლეხი, ცხადია, მშობლიურ ენაზე ლაპარაკობდა, ანუ ლათინურად, რომელიც იმ მდევარმა ასისთავმაც იცოდა. ბიზანტიელებს, თავიდან საფიქრებელი გაუჩინა ბულგარელთა მხარეზე მებრძოლი „რომაელების“ ამბავმა, მაგრამ, შემდგომ, შეძლეს გარკვევა დაკებისა და რომაელი კოლონისტების შთამომავლების თვითიდენტიფიკაციის საკითხში. ასე გაცხადდა რუმინელების არსებობის საიდუმლო, ის ჯერ მათმა მეზობლებმა შეიტყვეს, შემდგომ კი, მთელმა მსოფლიომ. საამისოდ საკმარისი აღმოჩნდა ვირისათვის ნათქვამი სამი სიტყვა... ჩემის აზრით, დასაფიქრებელი ამბავია, რადგან თითქმის სამი ათასი წელია, ქართველი და საქართველო, ცივილიზებული სამყაროს ყურადღებას იქცევს, მაგრამ ჩვენი იდენტიფიცირება ჯერაც ვერ შეძლეს. ის კი, რაც დაადგინეს და რაშიც დარწმუნდნენ, ხშირად არცთუ სახარბიელოა. რატომ მოხდა ასე? იმიტომ, რომ მსოფლიოს თავი ისე ვერ გავაცანით, როგორც საჭირო იყო, ანუ, ვერ წარვმართეთ ისეთი მიზანდასახული პროპაგანდა, ჩვენი ეროვნული იდეისა, ანუ ღირებულებების, პრინციპებისა და ინტერესების ერთიანი სისტემისა, რაც სათანადო იმიჯს შეგვიქმნიდა და მოკავშირეებს შეგვძენდა. სამწუხაროდ, ეს ვერ მოხერხდა. მიზეზი ის არის, რომ არ აღმოგვაჩნდა საამისო კულტურა, თორემ სხვა საფუძველი ამას არ ჰქონია. ნურავის ეგონება, იდეოლოგიური ბრძოლა, ან რაიმეს პროპაგანდა, მხოლოდ დღეს ხდებოდეს და ისტორიის გარიჟრაჟზე მსგავსი არაფერი ყოფილიყოს. ამას ყველა ეპოქაში ახერხებდნენ ის ერები, ვისაც ამისათვის საჭირო თვითორგანიზება და კულტურა ჰქონდათ. ბიბლიის მკვლევარი, ილია შიფმანი, ძველი აღთქმის ბერძნულად თარგმნას, ეგრეთწოდებული სეპტუაგინტას შექმნას, ასეთი მიზეზით ხსნის: „ბერძენ-მაკედონელი დამპყრობლები ყველა არაელინელს ბარბაროსად მიიჩნევდნენ, რომელთა მონად, ყოფნა თავად ბუნებამ განაპირობა. ახლო აღმოსავლეთის ძირძველი მოსახლეობის წარმომადგენლები იმედოვნებდნენ, ბერძნულ ენაზე თავიანთი ისტორიისა და მითოლოგიის გადმოცემის; აგრეთვე სხვა წიგნების ბერძნულად თარგმნის წყალობით, თავიანთი კულტურული ტრადიციების ჩართვას, საერთო-ელინურში და იმის მიღწევას, რომ ისინი ეღიარებინათ ელინებად“. როგორც ხედავთ, საქმე გვაქვს იმის ცდასთან, რომ ერმა თავი დააღწიოს მისთვის მიუღებელ მდგომარეობას, აქედან გამომდინარე, შეზღუდვებს, აკრძალვებს, საერთოდ ყოველივე იმას, რაც არასრულფასოვნების გრძნობას უღვივებდა ებრაელებს. ამიტომ, მათ გეგმაზომიერი პოლიტიკითა და იდეოლოგიური ხასიათის აქციით სცადეს თავიანთი ხვედრის შემსუბუქება. ეს ამბავი ეგვიპტეში, პტოლემაოს II ფილადელფოსის მეფობის ხანაში მოხდა, ძველი წელთაღრიცხვის III საუკუნეში... ისტორიამ იცის მაგალითი იმისა, თუ როგორ იყენებდა ეთნოსი რელიგიას და ევროპაში მიმდინარე რელიგიურ პროცესებს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესებისათვის: ირლანდიელებმა ქრისტიანობა ეგვიპტიდან მოსული მისიონერებისაგან მიიღეს V საუკუნეში. ეს ქრისტიანობა არც მართლმადიდებლური იყო და არც კათოლიკური, ამიტომ, როცა XII საუკუნეში კათოლიკური ინგლისი იწყებს ირლანდიის დაპყრობას, ადგილობრივი ქრისტიანობა ანტიკათოლიკური იდეოლოგიის ხასიათს იძენს, რომელზე დაყრდნობითაც, ოთხი საუკუნის მანძილზე ებრძოდნენ ირლანდიელები დამპყრობლებს. XVI საუკუნეში, ინგლისის მეფემ ჰენრი VIII ტიუდორმა რეფორმაციას მხარი დაუჭირა და თავად მოახდინა ეკლესიის რეორგანიზება, რაც, ცხადია, ანტიკათოლიკური ქმედება იყო. ამრიგად, ირლანდიელთა ბრძოლამ იდეოლოგიური საფუძველი დაკარგა. მაშინ მოხდა მეტად საინტერესო რამ: ირლანდიელები თავგამოდებული კათოლიკენი გახდნენ და მოიპოვეს, ჯერ ერთი, ინგლისელებთან, - ამჯერად პროტესტანტებთან, ბრძოლის იდეოლოგიური დასაყრდენი... მეორეც - კათოლიკური სამყაროს თანადგომა: მათ აშკარად ეხმარებოდნენ რომის პაპი, საფრანგეთისა და ესპანეთის მეფეები... ინგლისს - ირლანდიის ეს დაპირისპირება დღემდე გრძელდება... კონფესიური კუთვნილებისადმი პრაგმატულმა დამოკიდებულებამ, ერს თვითმყოფადობა შეუნარჩუნა და საბოლოოდ დამოუკიდებლობა მოუტანა. საქართველოს ისტორიაში ამ მაგალითის საპირისპირო რამ მოხდა, როცა რელიგიური ინტერესები უფრო მნიშვნელოვანი ხდება, ვიდრე სახელმწიფოებრივი. საბედისწერო არჩევანი 1492 წელს გააკეთეს საქართველოს მესვეურებმა. როცა მოსკოვი მართლმადიდებლობის ახალ რელიგიურ ცენტრად მიიჩნიეს და, იქედან დახმარების მიღების იმედით, კისრისტეხით იქეთკენ გაიქცნენ... ასეთი გადაწყვეტილების კურიოზულობა მეტად საინტერესოდ შეაფასა ემიგრაციაში მყოფმა ნოე ჟორდანიამ: - „იბადება საკითხი: იცოდნენ კი, ამ ახირებულმა პოლიტიკოსებმა, არათუ მოსკოვის მმართველობის სისტემა, არამედ მისი გეოგრაფიული საზღვარი მაინც? იმ დროს, როცა კახეთი ითხოვს მისგან ჯარით შველას, მისი სამხრეთი საზღვარი გადიოდა მდინარე ოკაზე (დღევანდელი მოსკოვისა და რიაზანის გუბერნიებს შორის), ქვემოთ მდებარეობდა კაზაკების დამოუკიდებელი რესპუბლიკა, იმის ქვემოთ ყირიმისა და ასტრახანის სახანოები, მერმე ჩერქეზები - ერთი სიტყვით, არავითარი საშუალება რუსეთიდან რაიმე სამხედრო დახმარების მიღებისა. პოლონეთი გაცილებით უფრო ახლო მდებარეობდა ჩვენგან, ვინემ მაშინდელი რუსეთი: არც არავითარი რეალური დახმარება მოსკოვიდან არ მიუღია საქართველოს არც ერთი გაჭირვების ჟამს, ხოლო რუსეთში კი მიმოდიოდნენ ქართველები, შედიოდნენ იქ სამხედრო სამსახურში და თავს დებდნენ მოსკოვისათვის”.
დიახ, ყველაფერი ასე იყო და წინდაუხედავი პოლიტიკის წყალობით, წაგებულიც საქართველო დარჩა. შეფასება სწორია, მაგრამ ანეკდოტს ემსგავსება ის ამბავი, რომ წინაპართა მაკრიტიკებელი პოლიტიკოსი, თავად იგივე შეცდომას იმეორებდა და როგორც ქართველ სოციალ-დემოკრატთა ლიდერი, თავისი პარტიული მოძრაობის ცენტრს რუსეთში ხედავდა. ნოე ჟორდანია და მისი თანამებრძოლნი რუსულ სოციალ-დემოკრატიულ მოძრაობაში ისე გულმოდგინედ მონაწილეობდნენ, რომ ამას ლენინიც კი შეუწუხებია, თუმცა, მოვუსმინოთ თავად ნოე ჟორდანიას: - „მივდივარ ქუჩაზე, ხმა შემომესმა უკნიდან: კასტროვ (ეს ჩემი ფსევდონიმი იყო). მოიცადეთ ერთ წუთს, მოვიხედე, ლენინია. დავიცადე და ერთად გადავედით ქუჩის მეორე ნაპირას. მან მითხრა სიტყვა სიტყვით შემდეგი: ქართაველები ნუ ერევით რუსების საქმეში, თქვენ არ იცნობთ ჩვენს ხალხს, მის პსიხოლოგიას, მის ყოფა-ცხოვრებას და რატომ ხელს გვიშლით ჩვენ ჩვენი საქმეები ჩვენებურად, რუსულად მოვაგვაროთ. მიიღეთ ავტონომია, აკეთეთ საქართველოში რაც და როგორც გსურთ, ჩვენ არ ჩაგერევით, ნურც თქვენ ჩაგვერევით! გამიკვირდა, გავოცდი». ლენინის დაპირებებმა არ უნდა მოგვატყუოს, მას სჩვეოდა ერთის თქმა და მეორის გაკეთება, ამ შემთხვევაში ქართველთა აქტიურობამ შეაწუხა, ამიტომ იყო ჭკუას რომ არიგებდა მათ ლიდერს, ქართველები აშკარად ცდებოდნენ, სხვის საქმეს თავს აკლავდნენ და უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. იმიტომ, რომ მათ ქმედებებს საქართველოსათვის კარგი არაფერი მოუტანია, რუსული სოციალ-დემოკრატიული მოძრაობის ორივე ფრთას, „მენშევიკებსაც“ და „ბოლშევიკებსაც“, ერთგულად ემსახურნენ, მაგრამ არც ერთი მათგანის პოლიტიკა ჩვენი ქვეყნისათვის სასიკეთო არ ყოფილა...
ქართველებს გვახასიათებს: შეგვიძლია ქვეყნიერებას ვამცნოთ გულისნადები და წამითაც არ დავფიქრდეთ, იქნებ, ამით რაიმეს ვავნებთ ერისა და ქვეყნის ინტერესებს როცა 1921 წლის სამამულო ომში დავმარცხდით და ჩვენი პირველი რესპუბლიკა დაემხო, ეს ტრაგედია ასე შეაფასა მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნოე რამიშვილმა: - „მთავრობამ ყველაფერი გააკეთა გამარჯვებისათვის, მაგრამ, ხალხმა არ ივარგა“. უპრეცედენტო მოსაზრებაა, რადგან დღემდე საკუთარი დანაშაული ასე უბოდიშოდ, ვგონებ, არც ერთ მთავრობას არ გადაუბრალებია ხალხისათვის... როგორც არ უნდა შევაფასოთ ასეთი საქციელი, აშკარაა, ეს ისტორიული პრეცედენტია, - პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ასპარეზზე დამკვიდრებული - პიროვნების მიერ საკუთარი ერის მიკერძოებული შეფასებისა. შემდეგაც ბევრჯერ გავმხდარვართ მოწმენი, ყოველივე ქართულის მიმართ, ტენდენციური დამოკიდებულებისა... ასეთი მიდგომა ცუდია და გამართლება არ შეიძლება ჰქონდეს: თუმცა მისი წარმოშობის მიზეზები აშკარაა ქვეყნის ისტორიული ძნელბედობიდან მომდინარეობს. თითქმის შვიდასი წელი გარეშე ძალა გვმართავდა, თავის შეხედულებისამებრ გვზრდიდა, ანუ გვრყვნიდა, მაგრამ ბოლომდის საწადელს ვერ მიაღწია, რადგან შევძელით მეტ-ნაკლებად შეგვენარჩუნებინა ტრადიციული ღირებულებანი და ეს მაძლევს უფლებას, ვთქვა: ქართველები არც განუვითარებელი ხალხი ვართ, არც ავადმყოფი, არც ფაშიზმს აქვს საფუძველი ჩვენში და არც კომუნიზმს, და კიდევ, ჩვენ მსხვერპლნი ვართ გარედან სტიმულირებული ეთნიკური აგრესიისა. ამიტომ, ვიყოთ ობიექტურნი, ნუ დავიბრალებთ იმას, რაც ჩვენი ბრალი არ არის და ჩასაფრებულ მტერს ნუ მივცემთ სალაპარაკოს. მით უმეტეს, უამისოდაც ბევრს ლაპარაკობენ; 1994 წელს, სანკტ-პეტერბურგში, რუსულად გამოიცა წიგნი, „ოსეთი და ოსები“. ეს, ასე ვთქვათ, ნაშრომი სიყალბით არის სავსე და შეიძლებოდა მასზე ყურადღება არ გაგვემახვილებინა, რომ არა ერთი გარემოება: ამ „შედევრის“ ავტორები, საგანგებოდ ნადირობდნენ ჩვენს თანამემამულეთა ისეთ გამონათქვამებზე, ჩვენი პოლიტიკის ან ყოფის კრიტიკას, რომ შეიცავს. ცხადია, უპირატესობა ენიჭება ტენდენციურ კრიტიკას...
ყოველივე ზემოთქმულის საფუძველზე, შეგვიძლია დავასკვნათ: ქართველებს, ებრაელებისა და ირლანდიელების მსგავსად, საგანგებო მნიშვნელობა არ მიგვინიჭებია იდეოლოგიური ბრძოლისას ეროვნული რეალიების წარმოჩენისათვის და არც რელიგიური ინტერესები დაგვიმორჩილებია სახელმწიფოებრივისადმი. პოლიტიკურ ორიენტირსაც ხშირად სწორედ ვერ ვირჩევდით, სახელმწიფოებრივ თვითშეგნებასაც ყოველთვის ვერ ვამჟღავნებდით. ეს კი ნიშნავს, რომ ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე, ცივილიზებულ სამყაროს ისე ვერ გავაცანით თავი, როგორც საჭირო იყო. მათ წინაშე ვერ წამოვჭერით ეგრეთ წოდებული „საქართველოს საკითხი“, რაც გულისხმობს: ჩვენი ისტორიის, კულტურის, ტრადიციების, სამეცნიერო აზრის, ეროვნული ინტერესებისა და პოლიტიკურ მისწრაფებათა იმდაგვარ მიზანდასახულ პროპაგანდას, რომ მსოფლიოში გაეგოთ ჩვენთვის, ცოტათი მაინც გაეთავისებინათ ჩვენი პრობლემები, - რაც, მოკავშირეებს შეგვძენდა, უთანასწორო ბრძოლაში. ანუ, ვერ ვქენით ის, რასაც სხვადასხვა დროს აკეთებდნენ ებრაელები, იტალიელები, ბერძნები, ირლანდიელები, პოლონელები, უნგრელები, სომხები, ბალკანეთის სლავები, სულ ცოტა ხნის წინ, ბალტიისპირელები, ახლა კი, ყველაზე აქტიურად, ამას ქურთები ცდილობენ. ზოგმა ერმა ამ ასპარეზზე დიდ შედეგებს მიაღწია, სხვამ - ნაკლებს, მაგრამ დასახული ამოცანა, მეტ-ნაკლებად, ყველამ გადაწყვიტა. 1993 წელს, თბილისში გავრცელდა მოსკოვში დასტამბული წიგნი, ენციკლოპედიური ნაშრომი, „სომხეთის საკითხის ენციკლოპედია“. ამ, საკმაოდ სოლიდურ, ტომში თავმოყრილია ყველაფერი იმის შესახებ, რასაც „სომხეთის საკითხი“ ჰქვია. ზოგი რამ სომხებს თავისად რომ მიუჩნევიათ, - სადავოა, მაგრამ ამ შემთხვევაში აღსანიშნავი ის არის, რომ ჩვენ ჯერჯერობით ვერ შევძელით „საქართველოს საკითხი“ წამოგვეჭრა მსოფლიოს წინაშე, სომხებმა კი, ამ მხრივ, იმდენი გააკეთეს, ენციკლოპედიის გამოცემა გახდა საჭირო, ყველა გამოქვეყნებული მასალის, გაწეული სამუშაოს, ცალკეული პირებისა თუ ადამიანთა ჯგუფების მოქმედებების შესახებ არსებული ინფორმაციის სისტემატიზაციისათვის. ქართველები, ამ მხრივ, უმნიშვნელოდ ვაქტიურობთ, მაგრამ უბედურება სხვა რამაა: არა გვაქვს მოქმედების გააზრებული გეგმა. ასეთი რამ არც წარსულში გვქონია, იმიტომ, რომ ვერ ვახორციელებდით, ისეთ აქტიურ შემტევ პოლიტიკას, რომელსაც სხვადასხვა სახის მოქმედებათა მთელი სისტემა სჭირდებოდა. ეგ კი არა, როცა აქეთ გვიტევენ და ცილს გვწამებენ, მაშინაც კი გვიჭირს პასუხის გაცემა... ასეთ დროს შემინიშნავს - ჩვენი თავდაცვა უფრო თავის მართლებას ჰგავს, - ამასაც ნაკლებად დამაჯერებლად და ძალზე არაეფექტურად ვაკეთებთ. არა და, თავს გვახვევენ ათასგვარ პროვოკაციას, სახელს გვიტეხენ, შეურაცხგვყოფენ. როგორ ვრეაგირებთ ასეთ რეციდივებზე? ცუდად, რადგან დავიმკვიდრეთ სხვათა მიერ განაწყენებული ხალხის სახელი, რომელსაც საკუთარი სიმართლის დამტკიცება უჭირს. ეს კი სადავოს ხდის ამ სიმართლეს.
მიზეზი ჩვენი ასეთი ქცევისა არის ის, რომ გააზრებული არ გვაქვს ეროვნული იდეა, შესაბამისად, გაცნობიერებული არ გვაქვს ის ღირებულებანი, პრინციპები და ინტერესები, რომლის გარეშეც, შეუძლებელია სრულფასოვნად დაიცვა ერის ღირსება. გარდაქმნის ხანაში, კამათი გამოიწვია ქართული რეალიების იმდაგვარმა ხედვამ, ფილმ „სურამის ციხეში“ რომ ჰქონდა კინორეჟისორ ს. ფარაჯანოვს. ზოგი, ამაში ჩვენი წარსულისა და ტრადიციებისადმი უდიერ დამოკიდებულებას ხედავდა, ზოგი კი, - თავგამოდებით იცავდა ხელოვანის თავისუფლებას. სხვათა შორის, ხსენებული ავტორის არც უკრაინულ და არც აზერბაიჯანულ თემებზე შექმნილ ნაწარმოებებს, აზრთა ასეთი სხვადასხვაობა არ გამოუწვევია. სამაგიეროდ, ეს მოხდა ჩვენთან, და საყურადღებოა, რომ 20-იან წლებშიც ყოფილან თბილისის კინოსტუდიას შემოკედლებული არაქართველი რეჟისორები ი. პერესტიანი, ვ. ბარსკი, ა. ბეკ-ნაზაროვი, ქართულ თემებზე ქმნიდნენ ფილმებს და, მათი სურათები სცოდავდნენ ქართული რეალიების უღმერთო დამახინჯებით, - რაც იმისი შედეგი იყო, რომ ავტორები არ იცნობდნენ ჩვენს კულტურას და ტრადიციებს. საკითხავია, როგორ მოხდა, რომ ნახევარი საუკუნის მანძილზე არაფერი შეიცვალა, საქართველოში მცხოვრები და მოღვაწე არაქართველი ხელოვანისათვის ქართული ღირებულებანი „ტერა ინკოგნიტოდ“ დარჩა? ვფიქრობ იმიტომ, რომ ისინი, ე.ი. არქართველები, ვერ გრძნობდნენ ქართული ენისა და ყოფის თავისებურებათა შესწავლის საჭიროებას, მაშინაც კი, როცა ქართულ თემას ამუშავებდნენ... ამრიგად, თუ ქართული სამყარო უცხო და შორეულია აქ მცხოვრები უცხოტომელისათვის, რატომ უნდა გვიკვირდეს, თუ თავის სამშობლოში ორჯერ უფრო გაუცხოებული იქნება ჩვენი პრობლემების მიმართ. ეს ბუნებრივიც არის, რადგან ვერ შევძელით საქართველოში მცხოვრები არაქართველებისათვის ისეთი პირობების შექმნა, რომ მათ ქართული ენის, კულტურისა და ყოფის თავისებურებების შესწავლის საჭიროება ეგრძნოთ. ვერც საზღვრებს გარეთ, თუნდაც მეზობელ ქვეყნებში გავწიეთ ჩვენთვის სასარგებლო პროპაგანდა. ანუ, იმისი მსგავსი ქმედება, რომელსაც რაღა შორს წავიდეთ და ყოველ წუთს აკეთებენ სხვები, მაგალითად ჩვენი მეზობელი სომხები, და ფრიად წარმატებულადაც. მოვიყვან ერთ მაგალითს: 1925 წელს პარიზში მყოფი ნიკო მარის მიმართ იქაურმა სომხებმა განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინეს და სამშობლოდან შორს მყოფ მეცნიერს სთხოვეს, წაეკითხა ლექცია სომხური კულტურის არსზე და ხასიათზე. იმავე წელს, ეს ლექცია ცალკე წიგნად გამოიცა პარიზში, იქაურ სომეხ სტუდენტთა კავშირისა და მისი თავმჯდომარის არმან კოტიკიანის ძალისხმევით. ამ წიგნის, უფრო სწორედ კი, ბროშურის სრული სახელწოდებაა: „სომხური კულტურა, მისი ფესვები და წინაისტორიული კავშირები, ენათმეცნიერების მონაცემებით“. მარის ეს ლექცია უსაზღვრო ხოტბაა ყოველივე სომხურისა, იმდენად უსაზღვრო, რომ ავტორის მეცნიერულ ობიექტურობაში უნებლიედ შეიტან ეჭვს და იფიქრებ, რით მოხიბლეს სომხებმა ასე, საქართველოში დაბადებული და გაზრდილი ნიკო მარი, რომ სინანულით უთქვამს: „არა მაქვს პატივი წარმომავლობით სომეხი ვიყო...“ ასეა თუ ისე, მან სომხურ კულტურას სადიდებელი ჰიმნი უძღვნა, მშობლიურ ქართულს კი არა... და ეს რომ ასე მოხდა, არა იმდენად სომხური კულტურის ფენომენის შედეგი იყო, რამდენადაც „სომხეთის საკითხის“ აქტუალობისა, - რომლის მნიშვნელობა მარს კიდევ ერთხელ დაანახეს ა. კოტიკიანმა და პარიზელმა სომხებმა... ამ ამბის ასეთი გაგრძელების მოწმე გავხდი: 1990 წელს, ეს ბროშურა, ერევანში რუსულად გამოუციათ. რამდენიმე წლის შემდეგ კი თბილისში ვნახე ერთი წიგნით მოვაჭრე სომეხი»აი,ისეთი დღედაღამ, ზამთარ-ზაფხულ ქუჩაში რომ დგანან და ძველ წიგნებს ლარად რომ ყიდიან). მას ჰქონდა ეს ბროშურა, - მომყიდე-მეთქი, ვუთხარი, - არა, გჩუქნიო, მითხრა, - ეს წიგნი ბლომად მაქვს და უკვე 60 ცალი გავაჩუქეო... ვერაფერს იტყვი, „სომხეთის საკითხის“ სრული და უპირობო გაგება-გათავისებაა იმ კაცისაგან, მთელი დღე, ქუჩაში, თითოეული თეთრისათვის რომ ევაჭრება მყიდველს... ჩვენ კი, ამ საქმეში განვიცდით დასანან მარცხს.
ამ მარცხის ყველაზე მკაფიო მაგალითია რუსეთთან რვა საუკუნოვანი ურთიერთობა. ეს დრო არ აღმოჩნდა საკმარისი იმისათვის, რომ გვესწავლა, თუ როგორ უნდა წარგვემართა ჩვენი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე სათანადო აგიტაციური საქმიანობა, და იქაური საზოგადოებრივი და პოლიტიკური აზრი ჩვენდა სასარგებლოდ განგვეწყო. არადა, ძალიან საჭირო იყო, რადგან რუსები ძნელად ერკვევიან მათთვის უინტერესეო საკითხებში. ამიტომ, კურიოზული ხასიათი მიიღო ჩვენი ისტორიის და ყოფის ცოდნამ მათ მიერ . აკი, წერდა კიდეც ამის შესახებ, თავის დროზე. ა. ბესტუჟევ-მარლინსკი: „ჩვენ ვწუხვართ, რომ კავკასიის ხალხებზე წესიერი ცნობები არ გაგვაჩნია: თუ არა ჩვენი, მაშ ვისი ბრალია ეს? ოცდაათი წელი ხეობებიდან გამოსასვლელები ხელთ გვიპყრია. ოცდაათი წელია მთის ძირს ფოლადის ხიშტების ჯაჭვი შემოვარტყით, და დღემდე ჩვენი ოფიცრები სასარგებლო ან საინტერესო ცნობების მაგივრად კავკასიიდან ეზიდებოდნენ მხოლოდ ხმლებს, პაიჭებს და სევადიან ქამრებს. ყველაზე მაძიებელნი ლეკურის ცეკვას სწავლობდნენ - მაგრამ ამის იქით იოტის ოდენაც ვერ წაიწიეს. რუსეთში შევხვდი ერთ დამსახურებულ შტაბის ოფიცერს, რომელმაც ჩემს ყველა შეკითხვაზე საქართველოს შესახებ, სადაც ოცი წელი ტრიალებდა, შეძლო მხოლოდ ეპასუხა, რომ იქ ხოხობი მეტად იაფია». ამის წამკითხავს რაღა უნდა გვიკვირდეს, მაგრამ მაინც საწყენია, როცა რუსულ ლიტერატურაში საქართველოს შესახებ ფანტასტიურ ამბებს ამოიკითხავთ; ყველამ ვიცით, მეორე მსოფლიო ომში, როცა რუსეთი გერმანიას ებრძოდა, სტალინმა 600 ათასი ქართველი გარეკა გერმანელებთან საომრად, ამათგან ნახევარზე მეტი, არ დაბრუნებულა. დანაკარგი ჩვენთვის ეთნიკური კატასტროფის ტოლფასია. ეს ომი არცთუ დიდი ხნის წინ იყო. ალექსანდრე სოლჟენიცინი კი, რომანში, „პირველ წრეში“ წერს, თითქოს სტალინს მობილიზაციისაგან დაეფაროს ქართველები... რა არის ეს, ფაქტების არცოდნა თუ არ დანახვა? - შეიძლება ერთიც და მეორეც, მაგრამ ისიც ცხადია, რომ ინერტულნი ვართ, იმ ათასობით შემთხვევის მიმართ, როცა გაყალბებულად არის წარმოჩენილი ჩვენი წარსული ან დღევანდელობა, - როცა ბრალს გვდებენ და გვაბეზღებენ, სახელს გვიტეხენ და ჩვენს არასრულფასოვნებაში არწმუნებენ მთელ მსოფლიოს.
ვინ რატომ აკეთებს ამას, ეს არ არის მნიშვნელოვანი, მთავარია, ასეთი რეციდივები უპასუხოდ არ დარჩეს, თორემ, პასიურობის გამო, იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს სათქმელი არაფერი გვქონდეს და ყველაფერში ვეთანხმებოდეთ ცილისმწამებლებს.
ერი, რომელიც ეფექტურად თავს ვერ იცავს, ბუნებრივია, ვერ შეძლებს ვინმეს რაიმე პრეტენზიები წაუყენოს. ეს მეტად ართულებს ჩვენი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესების წამოჭრას მსოფლიო საზოგადოების წინაშე, - აღარაფერს ვამბობ, მათ ფართომასშტაბიან პროპაგანდაზე და, აგრეთვე, მრავალგვარ აქციებზე, რომლებმაც ზემოხსენებული ინტერესები გასაგები და მისაღები უნდა გახადონ იმ სამყაროსათვის, რომლის მხარდაჭერა აუცილებელია, რომ ჩვენს მიზნებს მივაღწიოთ.
ამისათვის, საჭიროა, გააზრებული გვქონდეს ეროვნული იდეა, რომელზედაც დაყრდნობით ადვილად და ეფექტურად შევძლებთ მოქმედებას. რაც მთავარია: ყველას ეცოდინება თუ რა გააკეთოს. განა რაა შეუძლებელი იმაში, რომ გავაცნოთ ცივილიზებულ სამყაროს საქართველო და ქართველობა, მისი წარსული და სამომავლო მიზნები,კულტურული მემკვიდრეობა და ის იდეალები, რომლითაც ახალ, დემოკრატიულ სახელმწიფოს ვაშენებთ. ეს უნდა გავაკეთოთ თუნდაც იმიტომ, რომ დამოუკიდებლობა ახლადმოპოვებული გვაქვს და არ გვიცნობენ. საქართველოს გამო, უფრო ცალკეულ, - ისიც, სხვა ქვეყნებში აღზევებულ პიროვნებებთან დაკავშირებით მსჯელობენ. ამ ბოლო დროს კი, ეთნოკონფლიქტების, კრიმინალურ ბუმსა და კორუფციასთან მიმართებაში. ჩვენი ასეთი იდენტიფიკაცია, - ცუდია. ჩამოყალიბებული შეხედულება ძნელად იცვლება და ისიც მხოლოდ საგანგებო არგუმენტების მოშველიების წყალობით, საკითხი რომ ნათელი იყოს მოვიხმობ მიშელ მონტენის მიერ ამ თემაზე გამოთქმულ მოსაზრებას და მოყვანილ მაგალითს მისივე «ცდებიდან»: «მეფე პიროსმა გალაშქრებულმა იტალიაში და მხილველმა მის წინააღმდეგ გაგზავნილი რომაელთა ჯარის საბრძოლო წყობსა, თქვა: „მე არ ვიცი, აქ ვინ ბარბაროსები არიან (რამეთუ ბერძნები ასე ეძახდნენ ყველა უცხოელს), მაგრამ განლაგება ჯარისა, რომელსაც ჩემ წინაშე ვხედავ, სრულიალაც არ არის ბარბაროსული, ამასვე ამბობენ ბერძნები ლაშქარზე მათთან, რომ მიიყვანა ფლამინისუმა; იგივე აზრი გამოთქვა ფილიპემაც, როცა ათვალიერებდა რომაელთა ბანაკს მის მიწაზე, რომ დასცა პუბლიუს სულპიციუს გალბამ. ეს გვიჩვენებს, თუ როგორი სიფრთხილით უნდა მოეკიდო საზოგადოდ აღიარებულ შეხედულებას, და კიდევ, რაიმეს თაობაზე მსჯელობისას, უნდა დაეყრდნო გონებას და არა საერთო აზრს“. დიახ, ასეა და რომაელებს დასჭირდათ ანტიკური სამხედრო ხელოვნების უმაღლეს მწვერვალზე აყვანა, რომ აეძულებინათ ბერძნები, მათთვის ბარბაროსები არ ეწოდებინათ... ეს ნიმუშია იმისა, თუ რამდენი ძალისხმევაა საჭირო იმისათვის, რათა მოწინავე კულტურის ერმა, ნაკლებად განვითარებული ერი თანასწორად აღიაროს. ჩვენდამი დამოკიდებულება რომ შეიცვალოს, შესაცვლელია ცხოვრების წესი და სახელმწიფოებრიობის ის მახინჯი ფორმა, ჩვენში რომ არის. საჭიროა, ტრადიციული ღირებულებებისა და დასავლური ცივილიზაციის დემოკრატიულ მონაპოვართა იმდაგვარი სინთეზი, რომელიც ერთის მხრივ, თვითმყოფადობას შეგვინარჩუნებდა, მეორეს მხრივ კი, განვითარების საფუძველი გახდებოდა. ეს შეგვიქმნიდა ახალ იმიჯს, რაც საჭიროა იმისათვის, რომ ქართველთა ეროვნულ-სახელმწიფოებრივ ინტერესებს სერიოზულად შეხედონ და თანადგომა აღმოგვიჩინონ, - რაც ესეოდენ გვჭირდება, რადგან, ჯერ ერთი, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა აღსადგენია და მეორეც, სრულფასოვანი სახელმწიფოებრივი ცხოვრება ჯერ არ დაგვიწყია...
„საქართველოს საკითხი“ ყველა დონეზე გადასაწყვეტი პრობლემაა და რესპუბლიკის ყველა მოქალაქემ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს ამ საქმეში. ეს, სხვა რომ არაფერი, გაგვაერთიანებს და ამიტომაც არის კარგი. ქართული ხასიათის თვისებაა: საქვეყნო სატკივარი თავიდან აგვაფორიაქებს, დიდ ხმაურს ავტეხთ, მერე კი არაფერი... „საქართველოს საკითხს“ აღელვება არ სჭიდება, საზრიანად და გულმოდგინედ უნდა კეთება. იმდენი მაინც უნდა შევძლოთ გლეხმა და მისმა ვირებმა რომ გააკეთეს... არ გვმართებს ამ წერილის დასაწყისში მოტანილი ციტატის დავიწყება: «TORBO, TORBO, Fratre!..,”
1993-1995 წწ.
![]() |
20 სახელმწიფო ატრიბუტიკა და „საქართველოს საკითხი“ |
▲ზევით დაბრუნება |
„ყოველგვარი ნაშთი ძველთაგანი, რომელიც გვიმტკიცებს ჩვენი წინაპრების გონიერებას და მათ შემოქმედების ძალას, დღესაც კიდევ საჭიროა, შესაწყნარებელია და არა უარსაყოფელი“.
აკაკი წერეთელი
გერბის, დროშისა და ჰიმნის შეცვლასთან დაკავშირებით, სხვადასხვა მოსაზრება გამოითქვა და რამდენიმე პროექტიც გამოქვეყნდა.
ამ თემაზე მსჯელობა, კარგა ხნის წინ დაიწყო, - ჯერ კიდევ დამოუკიდებლობის აღდგენამდე რამდენიმე წლით ადრე... აღმოჩნდა, რომ მოსახლეობის ერთი ნაწილისათვის, მიუღებელი ყოფილა ჩვენი პირველი რესპუბლიკის დროს დამტკიცებული სახელმწიფო ატრიბუტიკა, რომელიც, მემკვიდრეობით უნდა რგებოდა მეორეს. ოღონდ, რატომ იყო ის მიუღებელი, ამას, დამაჯერებლად ვერავინ ასაბუთებდა და მოწონება-არმოწონებას არ გასცილებია მათი მსჯელობა... ასეთი მიდგომა არასერიოზული გახლავთ, რადგან ქვეყნის უპირველესი სიმბოლოები, განსაკუთრებით კი, დროშა (რომელსაც ყველაზე მეტი მოწინააღმდეგე ჰყავს), - რაიმე ყოფითი საგანი, თუნდაც, საკაბე ან საშარვლე ნაჭერი არ არის, რომ მოგწონდეს ან არა... პარადოქსულია ასეთი დამოკიდებულება, თუნდაც, იმიტომ, რომ არც თუ ძალიან დიდიხნის წინ მწვავედ განვიცდიდით თავისუფლების არქონასთან ერთად, დამოუკიდებელი სახელმწიფოსათვის აუცილებელი ატრიბუტიკის არ არსებობას. საზოგადოების ეს წუხილი თავისებურად აირეკლა კინოხელოვნებაში, ნანა მჭედლიძის ფილმში, „პირველი მერცხალი“ ასეთი ამბავიც არის ნაჩვენები: ფეხბურთის მატჩის წინ, ინგლისელები მღერიან თავიანთ ეროვნულ ჰიმნს, ქართველი ფეხბურთელები ჯერ დაბნეულები შეჰყურებენ ამ სცენას, რადგან არ იციან, რა ქნან, არც ჰიმნი აქვთ, არც სახელმწიფო, რუსეთის იმპერიის გუბერნიად ქცეული ქვეყნის, პატარა, ზღვისპირა ქალაქის მცხოვრებნი არიან, მერე, თითქოს გონს მოეგნენო, იწყებენ ხალხურ სიმღერას... ამით პასუხობენ ინგლისელებს და სურთ გააგებინონ, - ჩვენც ერი ვართო... ცრემლნარევი ღიმილით უცქერდა მაყურებელი ამ ეპიზოდს, რადგან წინაპართა ეს მიამიტური მცდელობა ეროვნული მეობის დაცვისა, მაშინაც, ამ კინოსურათის გადაღებისას, ანუ, სამოცდაათიან წლებშიც, მეტად აქტუალური იყო. იმ ცრემლით საუკუნის დამდეგის ქართველთა გაჭირვებას კი არა, უფრო ღირსებააყრილ ჩვენს ყოფას დავტიროდით...
თუ წინაპრებს ჰიმნი არ ჰქონდათ, სახელმწიფო არ გააჩნდათ და ეს იყო მათი საწუხარი, ფილმის თანამედროვე მაყურებელს ფორმალურად ერთიც ჰქონდა და მეორეც - საქართველოს სსრ და მისი ატრიბუტიკა, მაგრამ საინტერესოა დამოკიდებულება, რომელსაც მოსახლეობა ავლენდა მათ მიმართ: რამდენჯერმე მომიხდა დავსწრებოდი ეგრეთწოდებულ „საკავშირო მასშტაბის“ ღონისძიებას. ასეთ დროს, წესად ჰქონდათ, ორი ჰიმნის შესრულება: სსრკ-სა და ე.წ. „მოკავშირე რესპუბლიკისა“. ჩემი ყურადღება მიიქცია იმან, რომ საბჭოთა კავშირის ჰიმნს მეტ-ნაკლები ყურადღებით უსმენდა საზოგადოება, როცა საქართველოს სსრ-სა დაუკრეს, ერთბაშად მოეშვნენ, ალაპარაკდნენ, ზოგი სავარძელშიც ჩაეშვა და ცხადი გახდა, არაფრად უღირდათ ეს მელოდია. ასეთი რამ ბევრჯერ ვნახე, ხალხი თავს არ იტყუებდა, კარგად იცოდნენ ჩვენი სახელმწიფოებრიობაც ფიქცია იყო და მისი ატრიბუტიკაც. ანტიპატიას, თავს მოხვეული სიმბოლიკისადმი, ადრეც ავლენდა ქართველობა: პირველად, ასევე უარყო და არ გაითავისა მონარქისტული რუსეთის მიერ შემოთავაზებული ჰერალდიკური ნიშნები და შემდეგ, არც კომუნისტურ რუსეთს გააბრიყვებინა თავი.
როცა სსრკ-ს ნგრევა დაიწყო, მოგვეცა საშუალება, დაგვებრუნებინა წართმეული გერბი, დროშა და ჰიმნი. ეს იმიტომაც იყო აუცილებელი, რომ თავისუფლებისათვის ბრძოლა ეროვნულ სიმბოლიკას საჭიროებდა. სამწუხაროდ, ამისი გაკეთება კურიოზების გარეშე ვერ შევძელით: სწორედ მაშინ გამოჩნდა უამრავი პარტიული დროშა და ემბლემა. პარტიები კი, ჩვენში, მოგეხსენებათ, საჭიროზე გაცილებით მეტია. ამიტომ, მიტინგები და დემონსტრაციები ფეოდალურ ლაშქარს ემსგავსებოდა და ამ დროშათა ზღვაში იკარგებოდა ეროვნული სამფეროვანი დროშა... რაც შეეხება ჰიმნს, ის თითქმის აღარავის ახსოვდა. ეროვნული მოძრაობის გააქტიურების დღეებში, მღეროდნენ „შავლეგოს“ და „ჩემო კარგო ქვეყანავ“-ს. მაგრამ, იყო ანეკდოტური შემთხვევაც: 1989 წლის დამდეგს, ერთ-ერთი დემონსტრაციის დროს, სიტუაცია რაიმეს სკანდირებას ან სიმღერას ითხოვდა, სიმღერა ვერ გაიხსენეს და დინამო, დინამოო - აყვირდნენ... არადა, სწორედ მაშინ იყო საჭირო, - ჰიმნის აგუგუნება, მაგრამ კოტე ფოცხვერაშვილის „დიდება“ დავიწყებული ჰქონდათ...
ეს ყველაფერი მეტად საწყენი იყო, რადგან მსგავსი რამ სხვაგან არსად ხდებოდა და ჩვენი ისტორიული ყოფის თავისებურების ბრალი გახლდათ: დაკარგული გვქონდა ტრადიციული ღირებულებები და ვეღარ ვაცნობიერებდით სახელმწიფო ატრიბუტიკის მნიშვნელობას, ჩვენ თავიდან უნდა გვესწავლა ის, რაც სხვა ერებს შესისხლხორცებული ჰქონდათ.
სემიოლოგია (ბერძნელად სემა ნიშანი და ლოგოს მოძღვრება) არის მეცნიერება ნიშანთა სისტემის შესახებ, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა და აქვს ცივილიზაციის ისტორიაში და მოიცავს ადამიანის მოღვაწეობის ყველა სფეროს: სახელმწიფოებრივს, რელიგიურს, სამხედროს, სამეცნიეროს, კულტურულს, საინფორმაციოს. ნიშანთა სისტემით ურთიერთობა იწყება უხსოვარი დროიდან და დღემდის წარმოადგენს კომუნიკაციის უმნიშვნელოვანეს საშუალებას. სამწუხაროდ, ჩვენი ტრაგიკული, კოლონიურ-კომუნისტური წარსულის შედეგმა: სახელმწიფოებრივი ცნობიერების დაქვეითებამ ნიშანთა მნიშვნელობის გაგებაც შეუძლებელი გახადა. ადამიანები სიმბოლოებით აზროვნებას გადაეჩვივნენ. არც თუ დიდი ხნის წინ და, ზოგჯერ ახლაც, სახლების კედლებზე და სადარბაზოებში ნახავდით სვასტიკის ან ხუთქიმიანი ვარსკვლავის გამოსახულებას. არ იფიქროთ, თითქოს ეს რაიმე პოლიტიკური პოზიციის სიმბოლური გამოხატულება ყოფილიყო. არა, უბრალოდ ვიღაცეების ხუშტური იყო... ასეთ რამეს მსოფლიოს ვერც ერთ ქვეყანაში ვერ ნახავთ, რადგან იქ ნიშანს, სიმბოლოს, თავისი მნიშვნელობა აქვს და მისი მეშვეობით შეხედულებების, მრწამსის დეკლარირება ხდება. ნიშანი აერთიანებს, აკავშირებს, ყოფს, თიშავს. ერთი სიტყვით, ის ცხოვრების წესის განმსაზღვრული, უდიდესი სოციალური ფუნქციის მქონეა. მთელ რიგ ქვეყნებში, ნიშანთა სისტემის მნიშვნელობას, საგანგებო შრომებსა და კოდექსებში აღნიშნავენ. ამ თვალსაზრისით, მეტად საინტერესოა 1639-1730 წლებში მცხოვრები იაპონელი სამურაის, დაიადოდძი იუდძან სოგენსუკეს ნაშრომში „busidososensiu“ (მეომრის გზა) გამოთქმული მოსაზრება: „ძველ კოდექსებში, დარიგებებსა და გადმოცემებში მოთხრობილია, თუ რაოდენ ბევრი მამაცი მეომარი იქნა მოკლული მათივე მოკავშირეების მიერ, - არაფრის გამო, მხოლოდ იმიტომ, რომ მეომარი სამურაები ივიწყებდნენ ემბლემებსა და ამოსაცნობ ნიშნებს, რომელთა ტარებაც აუცილებელი იყო“.
მახსენდება გახმაურებული იაპონური ფილმის აკირა კუროსავას „შვიდი სამურაის“ ერთი ეპიზოდი: ყაჩაღებისაგან გლეხების დასაცავად სოფლად ჩასული სამურაები დროშას შეკერავენ, - ისეთს, მათ მდგომარეობას და მიზნის არსს რომ გამოხატავს. ყაჩაღებთან პირველსავე შეტაკებისას, თანამებრძოლი დაეღუპებათ, რაც დამთრგუნველად იმოქმედებს მათზე. სევდამ მოიცვა ისინი, მოიღუშნენ საბრძოლო სულისკვეთება თითქმის სულ გაუქრათ. მათი უიმედობა, ყველაზე მეტად, სასაფლაოზე დაღუპული მებრძოლის დაკრძალვისას გამოჩნდება. ეს რომ შეამჩნია, ერთმა მათგანმა, ის თვითნაკეთი დროშა გამოიტანა და ააფრიალა. დროშის დანახვისთანავე შეიცვალნენ სამურაები: ნაღვლიანი განწყობილება ქრება, ყველანი საბრძოლველად შემართულნი არიან, - მზადმყოფნი დასახული მიზნის შესასრულებლად. მათ დროშა აქვთ, რომლისათვისაც ბრძოლა და თავგანწირვაა საჭირო.
ვერ გვაქვს ქართველებს, ამ მხრივ, საქმე კარგად, ვერ ვიჩენთ სახელმწიფო ატრიბუტიკისადმი სათანადო პატივისცემას: ერთი ხანობა, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, წესად შემოვიდა ეროვნული ჰიმნის შესრულებისას გულზე ხელის მიდება, გამოხდა ხანი და ეს ლამაზი ჟესტი დავიწყებას მიეცა... იმიტომ, რომ დამოკიდებულება გვაქვს ასეთი, - უყურადღებო, უპატივცემულო, უდიერი... ყველა შესაფერის და შეუფერებელ დროს გერბის, დროშის და ჰიმნის შეცვლაზე ვლაპარაკობთ. ასე მაგალითად: აფხაზეთში მიმდინარე სამამულო ომის დროს გააფთრებული ბრძოლების პერიოდში, 1992 წლის ნოემბრის ბოლოს, ტელევიზიით, დიდი გადაცემა მიეძღვნა სახელმწიფო ატრიბუტიკის შეცვლის საკითხს. ბევრმა გამოთქვა მაშინ აზრი, - პოლიტიკოსებმა, საზოგადო მოღვაწეებმა, ბიზნესმენებმა, მასმედიის წარმომადგენლებმა, რიგითმა მოქალაქეებმა, - ყველა იმას ამბობდა თეთრი გიორგი, სამფეროვანი დროშა და „დიდება“ არ გვაკმაყოფილებს, სხვა უნდა შეიქმნასო... ასეთ განცხადებებს ახალი სიმბოლიკის მიღება არ დაუჩქარებია, სამაგიეროდ, ის გამოვიდა, რომ აფხაზეთში მებრძოლ ქართველ ჯარისკაცებს ვუთხარით: თქვენ რომ დროშა გიჭირავთ, ეს ის არ არის, რომელიც უნდა იყოს, ახალს დაგიხატავთ და იმას შეანთხიეთ თქვენი სისხლიო... ამით მებრძოლები დავაეჭვეთ სახელმწიფო ატრიბუტიკის კანონიერებაში, ეს იყო და ეს.
ჩვენში, ამ პრობლემასთან დაკავშირებით, ამჯერადაც კურიოზული სიტუაციაა: ხელისუფლება - სათანადო დადგენილებებით, და კონკურსებით, ხოლო საზოგადოება - ანტიპატიის დაუფარავი გამოვლენით, ამჟღავნებენ არსებული ატრიბუტიკის შეცვლის სურვილს. მაგრამ არავინ ამბობს, როგორი უნდა იყოს ახალი, რა ღირებულებებს უნდა ეფუძნებოდეს და რა იდეოლოგია უნდა აისახოს მასში.
თუ ამ თვალსაზრისით შევხედავთ იმას, რაც შესაქმნელია, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ერთი, არსებითი მნიშვნელობის მქონე ასპექტი. ეს გახლავთ „საქართველოს საკითხი“ ანუ ერთობლიობა იმ სულიერი ღირებულებებისა, რომელთა მეშვეობითაც ჩვენს იდენტიფიცირებას შეძლებს მსოფლიო საზოგადოებრიობა, - რომ შემდეგ, ჩვენი პრობლემებიც გაითავისონ და მათ მოგვარებაში დაგვეხმარონ. სამწუხაროდ, საქართველო ჯერ კიდევ რჩება: „Terra incognita“-დ, ამიტომ, გონივრული იქნება, თუ ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებთ იმისათვის, რომ გაერკვნენ ვინ ვართ და რა გვაკავშირებს ცივილიზებულ სამყაროსთან... ამიტომ, ვფიქრობ, სახელმწიფო ატრიბუტიკის სავარაუდო ვარიანტებში ის რეალიები უნდა აისახოს, რომლებიც, საყოველთაო შეხედულებით, საქართველოსთან არის დაკავშირებული. ასეთად ოთხი სიმბოლური გამოსახულება მიმაჩნია: -ჯაჭვებდამსხვრეული ამირანი, ოქროს საწმისი, ქრისტეს კვართი და თეთრი გიორგი.
ამირანის ამბავი - ღმერთებს რომ ცეცხლი მოსტაცა და ადამიანებს მიუტანა, - რისთვისაც კავკასიის ქედზე მიჯაჭვული, სამარადისო ტანჯვისათვის განიწირა, უკავშირდება საქართველოს: მითი აქ იშვა, აქედან გავრცელდა კავკასიის ხალხთა ფოლკლორში, ხოლო ბერძენთა მეშვეობით - მთელს მსოფლიოში. ამირანის ბედს, ქვეყნის ბედთან აიგივებდა ქართველობა, ამიტომ გმირის განთავისუფლების სურვილში სამშობლოს განთავისუფლების იმედი გამოკრთოდა...
ჯაჭვებდამსხვრეული ამირანი თავისუფლების სიმბოლოა და შესაძლებელია, სახელმწიფო ატრიბუტიკის შემადგენელ ნაწილადაც იქცეს. სხვათაშორის, ამირანი, პირველი რესპუბლიკის სახელმწიფო ატრიბუტიკის შემუშავებისას, 1918 წელს, საქართველოს გერბის ერთ-ერთი ვარიანტი იყო...
ოქროს საწმისი - სამი ათასი წელიწადია, დასავლეთის სამყარო ამ მითის მეშვეობით ეცნობა საქართველოს... ძველი ბერძნებიდან მოყოლებული, თანამედროვე ავტორების ჩათვლით, უმეტესობას, ვისაც რაიმე დაუწერია ჩვენს ქვეყანაზე, ამა თუ იმ ფორმით, ძველ კოლხეთს, ოქროს საწმისს და მედეას ტრაგიკულ ისტორიასაც შეხებია. უკვე ამით ჩანს, რომ ოქროს საწმისი, საქართველოსადმი მარადიული ინტერესის საფუძვლად ქცეულა... და კიდევ: ოქროს საწმისი ის ეროვნული საგანძურია, რომელიც ვერ დავიცავით, სხვას გავატანეთ... ამიტომ ენიჭება მას სიმბოლური მნიშვნელობა და იქცევა იმ მარადიულ შეხსენებად, რომელიც მოგვიწოდებს ჩვენთვის უძვირფასეს, ღირებულებების დაცვისაკენ...
ქრისტეს კვართი - ქრისტიანული კულტურის სამყაროში, აღიარებულ ფაქტადაა მიჩნეული ის, რომ კვართი, საქართველოში ჩამოიტანეს ამ ორიათასი წლის წინათ... ეს იციან, ასე - სჯერათ. ქრისტიანთა ეს უმთავრესი რელიქვიაც გვაკავშირებს მსოფლიო ცივილიზაციასთან. ამას გარდა, კვართის ქართულ სამეფო საგვარეულოს, - ბაგრატიონთა გერბის (ჩვენამდე შემორჩენილი უძველესი საგვარეულო გერბის), ცენტრალური გამოსახულებაა; ანუ, წარმოედგენს ქართული ჰერალდიკის ტრადიციულ სიმბოლოს და ამითაც არის საყურადღებო.
თეთრი გიორგი - საქართველოს ისტორიაში პირველი სამართლებრივი სახელმწიფოს, დემოკრატიული რესპუბლიკის გერბია. სახელმწიფოსი, რომელიც მაშინ საერთაშორისოდ აღიარებული და ცნობილი იყო. ჩვენი მეორე რესპუბლიკა პირველის სამართალმემკვიდრეა... ტრადიციულად, წმინდა გიორგი (რომლის სტილიზებული ვარიანტია თეთრი გიორგის ჰერალდიკური გამოსახულება), შუა საუკუნეების საქართველოში, ყველაზე პოპულარული წმინდანი, სახელმწიფო ატრიბუტიკის უმნიშვნელოვანესი სიმბოლო იყო. ამიტომ მისი გამოსახვა გერბზე ყოველმხრივ გამართლებულია.
ეს ოთხივე სიმბოლური გამოსახულება იმითაც არის საყურადღებო, რომ ამ გზითაც წარმოჩინდება ანტიკური, შუა საუკუნეებისა და უახლესი დროის საქართველო; შესაბამისად: მონათმფლობელური, ფეოდალური და კაპიტალისტური ფორმაციისა; რელიგიურად, წარმართული და ქრისტიანული; ანუ, მთლიანად მოიცავს ქვეყნის ისტორიულ ცხოვრებას... ეს პრინციპი ახალი არ გახლავთ, ის გამოიყენა ივანე ჯავახიშვილმა, პირველი რესპუბლიკის სახელმწიფო ატრიბუტიკის შექმნისას. გერბზე გამოსახული სტილიზებული მზე, მთვარე და ხუთი ვარსკვლავი, ის მნათობებია, რომელთაც თაყვანს სცემდნენ ანტიკურ საქართველოში. ასევე სტილიზებული თეთრი გიორგი გვახსენებს შუა საუკუნეების ქართველთა ერთ-ერთ უპირველეს სათაყვანებელს. მათი ერთად გამოხატვა ამთლიანებდა ისტორიას, სპობდა რელიგიურ მიჯნას და წინ სწევდა სახელმწიფოს ინტერესებს...
იგივე პრინციპით თუ ახლა ვიხელმძღვანელებთ, მაშინ, ოთხად გაყოფილ ჰერალდიკურ ფარზე (ფონის ფერთა მითითებით) განთავსებული: ჯაჭვებდამსხვრეული ამირანი (ლურჯ ფონზე), ოქროს საწმისი (მწვანე ფონზე), კვართი (ოქროსფერ ფონზე) და თეთრი გიორგი (შვინდისფერ ფონზე), ასევე გააერთიანებს ჩვენს წარსულს და იქცევა აღდგენილი დემოკრატიული და სამართლებრივი ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთ ატრიბუტად.
რაც შეეხება ჩვენს დროშას, - მისი შექმნისას გამოიყენეს სხვადასხვა დროს საქართველოში არსებული ჰერალდიკური ფერები: შავი (ბაგრატიონთა საგვარეულო), თეთრი (სახელმწიფო) და შვინდისფერი (ამირსპასალარის). ამრიგად, დროშაც ამთლიანებდა ქვეყნის ისტორიას... ოღონდ, მას ერთი თვისებაც გააჩნია: საქართველოს სამფეროვანი დროშა ერთგვარი დრამატიზმის მატარებელია და ამ თვალსაზრისით სრულიად მიესადაგება იმ მძიმე ხვედრს, რაც ჩვენს სახელმწიფოს არგუნა ბედმა XX საუკუნეში... შემჩნეული მაქვს - დროშის მოწინააღმდეგეებს სწორედ ეს დრამატიზმი აღიზიანებთ. ალბათ იმიტომ, რომ ასეთი დროშა სხვაგვარ დამოკიდებულებას ითხოვს, კერძოდ, სახელმწიფო ინტერესების გათავისებას. ეს კი მძიმე, ძნელად სატარებელი ტვირთია... დროშის ხალისიანი ფერებით შეცვლის მოთხოვნა, ამ პასუხისმგებლობიდან თავის დაძვრენას ჰგავს. შესაძლოა, ვინმეს ჰგონია: თუ ამას გავაკეთებთ, ყველა პრობლემა თავისით მოგვარდება და ცხოვრებაც ხალისიანი გახდებაო. არ არის ეს მართალი. ყველაფერი ჩვენი გასაკეთებელია, სხვა გამოსავალი არ არის. ამ მიზეზით დროშის გამოცვლა, დაუშვებელია. ერთი სიტყვის ასეთი „დედრამატიზაცია“ არაფრის მომტანია და ამას ხომ არ აჯობებს, უკვე მთელს მსოფლიოში ცნობილი, ჩვენი სამფეროვანი დროშისადმი ბოლოს და ბოლოს საკადრისი პატივისცემა გამოვხატოთ?
თუ დროშის შეცვლა (ჩემის აზრით, სრულიად გაუმართლებელი გადაწყვეტილება) მაინც მოხდა, მაშინ შესაძლებლად მიმაჩნია დროშის ასეთი პროექტიც: იქნებ ჩემს მიერ შემოთავაზებული გერბი ოქროსფერით გამოვსახოთ თეთრ დროშაზე... ფერთა ასეთი განლაგება არ შეესაბამება ჰერალდიკის კანონებს, მაგრამ სამაგიეროდ, საკმაოდ სასიამოვნო შესახედაობისა იქნება...
რაც შეხება სახელმწიფოს ჰიმნს „დიდებას“, მასში აისახა: ძმობა, ერთობა, თავისუფლებისა და სამშობლოს სიყვარულის ის იდეალები, რომელსაც გარკვეული თვალსაზრისით პირველი რესპუბლიკის იდეოლოგია ეფუძნებოდა.
ანუ, კოტე ფოცხვერაშვილმა გამოიყენა ის პრინციპი, რომლითაც 1792 წელს რუჟე დე ლილმა შეთხზა საფრანგეთის დიდი ბურჟუაზიული რევოლუციის იდეალების ამსახველი სალაშქრო სიმღერა, მარსელელ ფედერატთა ბატალიონისათვის და რომელიც, რაკი მას მარსალელები მღეროდნენ, მაშინ იწოდა „მარსელიეზად“. ხოლო მესამე რესპუბლიკის დროს, გამოცხადდა საფრანგეთის სახელმწიფო ჰიმნად.
ახალი ჰიმნის გამოსავლინებელი კონკურსის წარუმატებლობის მიზეზად, მიმაჩნია იმ იდეალების წარმოუჩენელობა, რომელიც უნდა აესახა ჰიმნის ტექსტს, ხოლო მელოდია, - მისი მიხედვით უნდა შექმნილიყო. მაგრამ მოხდა ისე, რომ ტექსტის კონკურსი არ გამართულა, ამიტომ გაუგებარი დარჩა, რა იდეალებზე იყო იქ ლაპარაკი. შეფასდა მხოლოდ მელოდია. ეს, შეცდომა იყო, რადგან მელოდია, ტექსტის მიხედვით ითხზვება, და ისინი განუყოფელნი არიან. ასე რომ, პრობლემა ვერ გადაიჭრა, ყველაფერი ხელახლაა გასაკეთებელი... რომლის დროსც, ნუ დაივიწყებთ, რომ ჰიმნში უნდა გაცხადდეს ერის მისწრაფებანი. თუ ვინმეს მართლა სურს ახალი ჰიმნის მიღება, მაშინ ჯერ ახალი ეროვნული იდეა გავიაზროთ და შემდეგ ავსახოთ იგი სახელმწიფო ჰიმნში...
თუ ასე მოხდა, მაშინ ხალხი მას გაითავისებს და შეიყვარებს, რადგან ეს ის პირობაა, რომლის გამო, არათუ ჰიმნი, არამედ სულ სხვა ჟანრის მუსიკალური ნაწარმოებიც კი გამხდარა ამა თუ იმ ერის მაორგანიზებელი და წარმმართველი: 1830 წლის 24 აგვიტოს, ბრიუსელის ოპერის თეატრში მიმდინარეობდა ფრანგი კომპოზიტორის, ობერის ოპერის „მუნჯი ქალი პორტიჩიდან“, წარმოდგენა, იმ დროს, როცა სცენაზე, არმია სამშობლოსადმი მიძღვნილ სიმღერას, ასრულებდა მაყურებელთა დარბაზში მღელვარება დაიწყო: საქმე ის გახლავთ, რომ მაშინ ბელგია ნიდერლანდების კოლონია იყო. ბელგიელები ვერ ეგუებოდნენ თავიანთ ჩაგრულ მდგომარეობას, რევოლუციური სიტუაცია მომზადებული იყო და ოპერის სცენიდან მოსმენილი პატრიოტული სიმღერა საკმარისი გახდა, რომ აჯანყება დაწყებულიყო. ასეთი ძალა აქვს სიტყვას და მელოდიას, თუ ის ერის სულიერ განწყობას ესადაგება. ჩვენ, ასეთი მუსიკალური ნაწარმოები შესაქმნელი გვაქვს და მისადმი პატივისცემის გამოვლენა კი, - სასწავლი... ამასთან დაკავშირებით, ერთი მაგალითი კიდევ მახსენდება. პოლონელი კინორეჟისორის ანჯეი ვაიდას გახმაურებული ფილმიდან «ბრძოლის შემდგომი პეიზაჟი»: მეორე მსოფლიო ომი დამთავრდა. გერმანიაში გადაადგილებულ პირთა ბანაკში ბლომად არიან პოლონელი სამხედროები. სამშობლოს მონატრებული ჯარისკაცები თვითშემოქმედებით ერთობიან; მართავენ წარმოდგენას ისტორიულ თემაზე. კერძოდ, ტევტონ რაინდებთან ბრძოლის ამბავს გაითამაშებენ. „სპექტაკლის“ ნახვის ბევრი მსურველი აღმოჩნდა, იმდენად ბევრი, რომ ბანაკის უზარმაზარ ეზოში ვერ დაეტიენ და ატყდა ჩხუბი, - რამდენიმე ათასი ადამიანი ერთმანეთს დაერია; ვერავინ ახერხებს მათ გაჩერებას. მოხუცმა მევიოლინემ წარმოდგენის მუსიკალური „გაფორმება“ რომ ევალებოდა, გამოსავალი ნახა: წამოიწყო პოლონეთის სახელმწიფო ჰიმნის დაკვრა და ყველანი, ვისაც მისწვდა ეს მელოდია, უცებ გონს მოეგნენ, სმენაზე დადგნენ, თანდათანობით დამყარდა წესრიგი: სადღაც, მოშორებით, კიდევ ჩხუბობენ, მაგრამ უკვე იცი, როცა ისინიც გაიგონებენ, ასევე გაიჭიმებიან და მერე თავადაც ამღერდებიან... იქ, გერმანიაში, გადაადგილებულ პირთა ბანაკში, ათასობით ცხოვრებაზე გაბოროტებული ადამიანი გააერთიანა ეროვნულმა ჰიმნმა...
ჩემის აზრით, ჰიმნი, მისი ტექსტი და მელოდია საქართველოს ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს, ვისაც სმენა და ხმა აქვს და, იმათაც, ვინც ამ მხრივ დაჩაგრულია. განსაცდელისა თუ ბედნიერების წუთებში ჰიმნი უნდა ემღრებოდეს ქართველს. ჰიმნი კრძალვისა და პატივისცემის გრძნობას უნდა იწვევდეს.
დღეს თუ ვინმეს სჭირდება სახელმწიფო ატრიბუტიკა, რომელმაც მოსახლეობა უნდა შეაკავშიროს, ეს ჩვენა ვართ. ეს იქნება მისი უპირველესი დანიშნულება და კიდევ: გერბი, დროშა და ჰიმნი სამართლებრივი, დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპების გამომხატველი უნდა იყოს და იმ ტრადიციული ღირებულებებისაც, რომელთა მეშვეობით შეგვიცნობს სამყარო, ანუ ამ გზითაც დამკვიდრდება „საქართველოს საკითხი“.
1992-1999 წ.
2000 წლის მინაწერი: კურიოზული, ბევრი რამ არის სახელმწიფო ატრიბუტიკისადმი ჩვენში არსებულ დამოკიდებულებაში, რაც ეროვნული იდეის არქონით, ჰერალდიკის კანონებისა და სემეოტიკის პრინციპების არცოდნით არის გამოწვეული, ასე მაგალითად: ბოლო ათი წლის მანძილზე, როცა გერბის, დროშისა და ჰიმნის შეცვლასთან დაკავშირებით გაუთავებელი ლაპარაკი დაიწყო, ზოგიერთი ჩვენი თანამოქალაქე აუცილებლად მიიჩნევდა ახალ გერბში შესულიყო საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების, - სომხების, რუსების, ებრაელების, აზერბაიჯანელებისა და სხვათა, უპირველესი ჰერალდიკური ნიშნები, რაც მათდამი პატივისცემის გამოვლენა იქნებოდა!... სიმართლე თუ გნებავთ, ასეთი პოზიცია, შედეგი იყო არა იმდენად ქართული ტოლერანტობისა, რამდენადაც სხვა ერის წარმომადგენელთა მიმართ კუდის ქიცინის იმ მანკიერი ჩვევისა, რომელიც კოლონიურ-კომუნისტური რეჟიმის დროს დამკვიდრდა და საზოგადოების ერთი და, საკმაოდ დიდი, ნაწილის მიერ შეთვისებულ იქნა... ჯერ ერთი, კუდის ქიცინი პოლიტიკა არ არის. მეორეც, უვიცობამ ამ ხალხს წარმოუდგენელი სისულელე ათქმევინა, რომელსაც, სხვათაშორის, ომის პროვოცირებაც შეეძლო იმ სახელმწიფოებთან, რომელთა, ჩვენში მცხოვრები ერის შვილების საამებლადაც, ასეთ ანეკდოტურ გადაწყვეტილებას იღებდა ზოგიერთი ქართველი. საქმე ის გახლავთ, რომ გერბი (პოლონურად - herb) მემკვიდრეობას ნიშნავს და მასზე მხოლოდ იმ ტერიტორიათა სიმბოლური გამოსახულებანი შეიძლება გამოისახოს, რომელზედაც პრეტენზია აქვს რომელიმე სახელმწიფოს, ან არისტოკრატიულ საგვარეულოს. ისტორიულად, როცა ერთი მონარქი მეორე სამეფოს ემბლემას თავის გერბზე გამოსახავდა, ეს, ამ ქვეყნის დაპყრობას, მის მიერთებას, საკუთარ სამკვიდრებლად გამოცხადებას ნიშნავდა, მაგალითად, ასე მოიქცა XIV საუკუნეში, ინგლისის მეფე, ედუარდ III, რომელმაც ინგლისის გერბზე ფრანგული შროშანები დაახატვინა, ნიშნად იმისა, რომ თავი საფრანგეთის ტახტის კანონიერ მემკვიდრედ მიაჩნდა, - რადგან საფრანგეთის მეფის, ფილიპე IV - ლამაზის, ქალიშვილის, - იზაბელას შვილი იყო და, ბიძების გარდაცვალების შემდეგ, თვლიდა, მეფე უნდა გამხდარიყო ის. ამ პრეტენზიას, ინგლისსა და საფრანგეთს შორის, - ასწლიანი ომი მოჰყვა (1337-1453 წწ.), მაგრამ საქმე ამით არ დამთავრებულა და შემდეგი სამი საუკუნის მანძილზე ყველა ომი, - ამ ორ ქვეყანას შორის, ზემოხსენებულ დინასტიურ დავას წარმოადგენდა. ასე გაგრძელდა მანამ, სანამ უკვე XIX საუკუნის დამდეგს, ნაპოლეონ ბონაპარტეს დაჟინებული მოთხოვნის შედეგად, ინგლისელებმა, მათმა მმართველმა დინასტიამ, უარი არ თქვეს საფრანგეთის ტახტზე და დიდი ბრიტანეთის გერბიდან ამოღებულ იქნა ფრანგული შროშანები.
აი, ამიტომ იყო ჩვენი ზოგიერთი თანამემამულის უპასუხისმგებლო განცხადება საქართველოს უსაფრთხოებისათვის საშიში. მით უმეტეს, რომ მეზობელი თუ შორს მდებარე ქვეყნის პოლიტიკოსები, ჩვენგან განსხვავებით, ყოველთვის მწვავედ რეაგირებდნენ სიმბოლიკის ნებისმიერ ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით. გადმოცემით ვიცი, საქართველოს პირველი რესპუბლიკის პარლამენტში, სახელმწიფო ატრიბუტიკის შექმნასთან დაკავშირებული დებატების დროს, როცა კოტე მაყაშვილმა ასე განმარტა გერბზე გამოსახულ სიმბოლოთა მნიშვნელობა, - «შვიდი მნათობი, რომელიც გამოხატული იყო ძველად დროშებზედ და ზოგიერთ სახელმწიფო რეგალიებზედ, სიმბოლოა საქართველოს გაერთიანების, მთლიანობისა. ძველთა წარმოდგენით ქართველი ერი შედგებოდა შვიდი თემისაგან. შესაძლოა, რომ შვიდი მნათობი ნიშნავდა საქართველოს შემადგენელ ნაწილებს, სამთავროებს», სომხეთის ელჩს უკითხავს, ამ განმარტებაში ხომ არ იგულისხმებოდა ქართველ მეფეთა ტიტულში მოხსენიებული ტერიტორიები, რომლის მიხედვითაც, თამარის დროს საქართველოს მეფე, მაშინ, სომხეთის მეფედაც იხსენიებოდა („აბხაზთა და ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა მეფე და დედოფალი, შარვანშა და შაჰანშა და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთის თვითმპყრობელი“), ანუ, ხომ არ ჰქონდა საქართველოს რაიმე ტერიტორიული პრეტენზიები სომხეთის მიმართ. თუ ეს შეკითხვა წერილობითი იყო, კარგი იქნება, მოიძებნოს ის და გამოქვეყნდეს, რათა ახალი ატრიბუტიკის შემოღების მხარდამჭერმა ოფიციალურმა და არაოფიციალურმა პირებმა, გააცნობიერონ, რომ ეს ქმედება დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს მათ.
შარშან, სახელმწიფო ატრიბუტიკის დამდგენმა კომისიამ, ახალ გერბად ბაგრატიონთა საგვარეულო გერბი შემოგვთავაზა; თუმცა, რატომ, - არ დაუსაბუთებია... ეს არჩევანი გარკვეულ უხერხულობას ქმნის; ჯერ ერთი, გაუგებარია, კერძო საგვარეულოს გერბი რატომ უნდა იქცეს ჩვენი მეორე რესპუბლიკის გერბად, მაშინ როცა, ის, სახელმწიფო ატრიბუტად მაშინაც არ ქცეულა, როცა ბაგრატიონები ქვეყნის მმართველ დინასტიას წარმოადგენდნენ... მეორეც, თუ ბაგრატიონების გერბი მისაღებად მიაჩნიათ, მაშინ მათმა საგვარეულო ფერმა, - შავმა (ასე განმიმარტა ამ ფერის არსებობა ქართულ ჰერალდიკურ ფერებში ჰერაკლდიკოსმა) რა დააშავა? თუმცა, სწორედ მის გამო არ მოსწონთ დღევანდელი სამფეროვანი დროშა და სანაცვლოდ, თეთრ ფონზე გამოსახულ, ხუთ წითელჯვრიან დროშას გვთავაზობენ.
ჩვენ, ქართველებს, ერთი სენი გვჭირს: წარსულის რეალიებს სათანადოდ ვერ ვუვლით. ბევრი რამ სამუდამოდ დაგვეკარგა. ეს დაუდევრობის ბრალია და ყველაფერს ძნელბედობას ვერ დავაბრალებთ... არ შემოგვრჩა, ნივთიერად ან აღწერილობით, ქართული სახელმწიფოს დროშები, არც ანტიკური და არც შუასაუკუნეებისა (ვახტანგ VI დროშა, ამ მხრივ, ბედნიერი გამონაკლისია). სამწუხაროდ, არ ვიცით, როგორი იყო დროშა - „გორგასლიან-დავითიანი“, ამბობენ, ერთადერთი ცალი ამ დროშისა გელათის მონასტერში ინახებოდა, მაგრამ XIX საუკუნის პირველ მეოთხედში, რუსეთ-თურქეთის ერთ-ერთი ომის დროს, რუსების მხარეზე მებრძოლ, ქართველ „მილიციელთა“ რაზმს ეს დროშა თან წაუღია და ახალციხისათვის ბრძოლაში დაუკარგავს... ასე დავრჩით ქართველები დროშის გარეშე. არ ვიცი, არის თუ არა, ის დროშა, ახლა თურქეთის რომელიმე მუზეუმში, მაგრამ ის კი ცხადია, რომ ისტორიული დროშის მოძიება აუცილებელია. თუ ვიპოვით ასეთ დროშას, მას შეიძლება მხოლოდ რარიტეტის მნიშვნელობა ჰქონდეს და სახელმწიფოს წარსულის ერთგვარ სიმბოლურ გამოხატულებას წარმოადგენდეს. სხვა მიზანი არც უნდა ჰქონოდა უცხოეთის არქივებში დაწყებულ ძიებას, და როცა ძველ იტალიურ რუკებზე ხუთჯვრიანი დროშა ნახეს, თბილისის თავზე აღმართული. მიუხედავად იმისა, რომ რუკაზე გამოსუხული დროშის წარმომავლობა სათანადოდ არ უკვლევიათ, და ამიტომ, არ იციან ეს დროშა კათოლიკური ეკლესიის მისიონთა რეზიდენციის ადგილმდებარეობის აღნიშვნის მიზნით იყო რუკაზე გამოსახული, თუ რაიმე სხვა საფუძვლის მქონე კავშირი ჰქონდა საქართველოსთან. მაინც აიღეს და სასწრაფოდ გამოაცხადეს ის, „გორგასლიან-დავითიან“ დროშად და მისი მეორე რესპუბლიკის სახელმწიფო დროშად, გამოცხადებისათვის თავს იკლავენ... ამ ნაბიჯის მიღმა რაიმე გააზრებული პოლიტიკური ან იდეოლოგიური მოტივის დანახვა ძნელია, რადგან დროშის შეცვლის მომხრენი, ამ კონკრტულ შემთხვევაშიც თავიანთ არჩევანს არანაირად არ ასაბუთებენ... ამიტომ, მათი სურვილი უშნო ახირებას ჰგავს და ბუნებრივია, ასეთი არაარგუმენტირებული მოთხოვნა წინააღმდეგობას გადააწყდა. ეს კი ნიშნავს, რომ დროშისადმი, რომლის წარმომავლობის თაობაზე ჯერ კვლევა-ძიება არ დამთავრებულა, უკვე ავლენენ მიუღებლობასა და უპატივცემულობას, - რაც ამ ხუთჯვრიანი დროშის „ქომაგთა“ გაუწონასწორებელი მოქმედებების გამო ხდება. საქმე ის არის, რომ ამ დროში მომხრე პოლიტიკოსებს, გაცნობიერებული არა აქვთ თუ რას ნიშნავს ისტორიული დროშის მოძიება და მისი იდენტიფიცირება. აშკარაა, არ იციან, თუ რას ნიშნავს რარიტეტი და დროშის ასეთად მიჩნევა. ამიტომ, თავდაპირველი მიზნის მიმართ მათი დამოკიდებულება, არაადექვატურია და მკვეთრად გამოხატული ავანტიურიზმის ელფერი დაკრავს... თვალშისაცემია, ცოდნისა და იდეების დეფიციტი ჩვენს პოლიტიკოსებს შორის. ამიტომ, საკმარისია, რაიმეს ყური მოკრან, რომ იმავე წუთს გაუაზრებლად ითავისებენ და ცდილობენ საკუთარი თვითდამკვიდრების საშუალებად აქციონ... ამან კი, არ შეიძლება, კურიოზული სიტუაციები არ წარმოშვას. თავად განსაჯეთ, ჯერ დაუდგენელი და ოფიციალურად არმიღებულ დროშას ახლა, ზოგიერთ სახელმწიფო დაწესებულებებში ნახავთ... ერთ-ერთი მაღალჩინოსნის კაბინეტში საქართველოს დღევანდელი გერბი თეთრი გიორგი ვნახე, რომლისთვისაც ურჩხული მიუხატავთ. ასეთი ვარიანტი, მართლაც შეიქმნა 1918 წელს, მაგრამ შემდეგ ტრადიციული კომპოზიცია შეიცვალა, ურჩხული მოაშორეს, - თუმცა ის სულ არ გამქრალა, გერბის ქვემო ნაწილში არსებული შავი ფიგურა განგმირულ გველეშაპად იქცა; გერბმა კი, უფრო საერო სახე მიიღო და მიესადაგა დემოკრატიული რესპუბლიკის პრინციპებს. გერბის ასეთ გააზრებაში მაშინდელი სახელმწიფოს იდეოლოგიური საფუძველიც მოჩანს და იმ დროის ხელოვნებაში არსებული, ავანგარდისტული ტენდენციების გამოყენების მცდელობაც. ეს რომ გაეაზრებინათ, მაშინ, თეთრ გიორგის ურჩხულს აღარ მიახატავდნენ... ეროვნული იდეის არქონით თავად დაბნეული პოლიტიკოსები, თავის მხრივ, აბნევენ მოქალაქეებს, რომელთაც ნამდვილად აღარ იციან, რომელია, საქართველოს გერბი, დროშა და ჰიმნი. ერთი სიტყვით, გაურკვევლობაა დროებითობის შეგრძნებას რომ იწვევს, რაც თავის მხრივ, მეტად არასასურველი დასკვნის გაკეთების საშუალებას იძლევა, კერძოდ: თუ სახელმწიფო ატრიბუტიკა დროებითია, მაშინ თავად ჩვენი სახელმწიფოებრიობაც ხომ არ არის დროებითი მოვლენა? ამდაგვარ კურიოზებს რომ თავი ავარიდოთ, ამისათვის ერთადერთი გამოსავალია, ვისწავლოთ გერბის, დროშისა და ჰიმნის პატივისცემა და სიმბოლიკის არსში წვდომა. ახალი კი, მაშინ მივიღოთ, როცა გავიაზრებთ მეორე რესპუბლიკის ეროვნულ იდეას და რომლის გათვალისწინებითაც შევქმნით ახალ სახელმწიფო ატრიბუტიკას.
![]() |
21 ისტორიის გააზრება და „საქართველოს საკითხი“ |
▲ზევით დაბრუნება |
„ისტორია ყველაზე სახიფათო პროდუქტია, ინტელექტის ქიმიის მიერ გამომუშავებული. მისი ნიშან-თვისებანი კარგად არის ცნობილი, იგი იწვევს ოცნებებს, ათრობს ხალხებს, წარმოშობს მათში ყალბ მოგონებებს, აღრმავებს მათ რეფლექსებს, აღიზიანებს მათ წყლულებს, არღვევს მათ სიმშვიდეს, მიჰყავს ისინი განდიდების ან დევნის მანიისაკენ და ქმნის ერებს მწარეს, ყოყლოჩინას, აუტანელსა და ფაცი-ფუცას“.?
პოლ ვალერი
ეპიგრაფად მოხმობილი მოსაზრება უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან წარსულის ტენდენციურ ხედვაზე ამახვილებს ყურადღებას, - რაც ერთობ გავრცელებული მოვლენაა და გამოხატავს, ერთგან, ცალკეული პიროვნებების, მეორეგან, საზოგადოებრივი გაერთიანებების, მესამეგან, რომელიმე სოციალური ფენისა და, ბოლოს, მთელი ერის დაინტერესებას ისტორიის იმდაგვარი წარმოჩენით, რომელიც სადღეისო მიზნებს მიესადაგება და ერთგვარ არგუმენტად იქცევა თანამედროვე პოლიტიკისა თუ იდეოლოგიის პოზიციების გასამაგრებლად... ისტორიის უაღრესად ტენდენციურმა ხედვამ უამრავი ნაყალბევი დოკუმენტის შეთხზვის აუცილებლობა გამოიწვია. ამის საილუსტრაციოდ ორ კურიოზულ ამბავს მოვიხმობ: VIII საუკუნეში, ფრანკთა მეფემ, პიპინ მოკლემ რომის პაპს, სტეფანე III-ს მადლიერების ნიშნად, - რადგანაც ამ უკანასკნელმა ის მეფედ აკურთხა, - აჩუქა იტალიის ცენტრალურ ნაწილში, ლანგობარდებისათვის წართმეული ტერიტორია, რომლის საფუძველზეც 765 წელს, წარმოიშვა ე.წ. „პაპის სახელმწიფო“. მაგრამ კათოლიკური ეკლესიის მესვეურებმა ითაკილეს ბარბაროსი მეფის წყალობა, ან უფრო სავარაუდოა, რომ სურდათ, უდაოდ ექციათ პაპის საერო ძალაუფლება და მჩუქებლად იმპერატორი კონსტანტინე დიდი გამოაცხადეს. ის, ვინც ქრისტიანული სარწმუნოება სახელმწიფო რელიგიად აქცია, შეთხზეს სათანადო დოკუმენტიც, რომელიც, კარგა ხანს, ეჭვსაც არ იწვევდა, ვიდრე 1440 წელს იტალიელმა ჰუმანისტმა ლორენცო ვალამ არ გამოაქვეყნა ნაშრომი „კონსტანტინეს საჩუქრის ნაყალბეობის შესახებ“ და ეს ფალსიფიკაცია არ გამოაშკარავდა.
ზემოხსენებული იმპერატორის სახელს უკავშირდება კიდევ ერთი ისტორიული სიყალბე: XII-XIV საუკუნეებში შექმნილი ე.წ. „კავშირის წიგნი“, რომელიც ვითომ, ხელშეკრულებაა გავლენის სფეროების განაწილების თაობაზე, ერთი მხრივ, კონსტანტინე დიდსა და რომის პაპ სილვესტერ I-ს, ხოლო, მეორეს მხრივ, სომხეთის მეფე, თრდატ III-ს და გრიგოლ განმანათლებელს შორის; რომლის ძალითაც მაშინდელი, ანუ IV საუკუნის ქრისტიანული სამყარო, თითქოს, ორად იყოფა: დასავლეთში იბატონებს კონსტანტინე დიდი, აღმოსავლეთში კი, თრდატი. შესაბამისად, დასავლეთში სულიერ ცხოვრებას უხელმძღვანელებს რომის პაპი, ხოლო „სომეხთა პატრიარქის ბრძანება გავრცელდეს სომხეთში, საბერძნეთში, საქართველოში, ალბანეთში, ასურეთში, სპარსეთში, ზღვიდან ზღავამდე, მდინარიდან ქვეყნის კიდემდე და სამოთხის კარამდე“. მეცნიერებმა ამ „დოკუმენტის“ ნაყალბეობაც დაამტკიცეს. ასეთი რამ მრავალგზის მომხდარა, რადგან ქვეყნები და ხალხები, ზოგჯერ, აწმყოს კონიუქტურას, წარსულის ობიექტურ ანალიზს ანაცვალებენ ხოლმე, და ამას თავიანთი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარედ, მიიჩნევენ...
მიუხედავად იმისა, რომ ქართული ისტორიოგრაფიის ობიექტური პოზიცია, მეტად მკაფიოდ, ჯერ კიდევ XIV საუკუნის ქართველი ჟამთააღმწერლის სიტყვებით გაცხადდა, რომ: „ჟამთაღმწერლობა ჭეშმარიტების მეტყუელება არს, არა თვალახმა ვისიმე“-ო, მაინც, ორჯერ გააყალბეს ჩვენი ისტორია და ორივეჯერ სხვისი ინტერესების გამომხატველი იყო ეს სიყალბე და არა ჩვენი... ამათგან, ქრონოლოგიურად, უახლესი საბჭოური პერიოდის პოლიტიზირებული და იდეოლოგიზირებული, - ქართული ისტორიოგრაფიაა; განსაკუთრებით, მისი ის ნაწილი, რომელიც ორივე რუსულ ოკუპაციას შეისწავლიდა. სწორია, ის შეფასება, რომელიც მიეცა ამ ფაქტს 1991 წელს გამოცემულ „საქართველოს ისტორიის“ წინასიტყვაობაში: „სულიერ ცხოვრებაზე საბჭოური იდეოლოგიის მავნე ზეგავლენა ყველაზე მეტად იწვნია ახალი და უახლესი ეპოქების ისტორიულმა საზრისმა. უთვალავ გამოკვლევებსა და პროპაგანდისტული ხასიათის ისტორიულ ლიტერატურაში, ფაქტები და მოვლენები შერჩეული იყო სუბიექტურად, - გააზრებული წინასწარ დადგენილი დოგმებისა და სტერეოტიპების მიხედვით. ეს ნაკლი, მთლიანად ვრცელდება საქართველოს ახალ და უახლეს ისტორიაზე. საქართველოს, მე-19 და მე-20 საუკუნეების ისტორია, შეისწავლებოდა ერთი ყალიბით, ერთიანი მეთოდოლოგიით. იგი მოწადინებული იყო, გაემართლებინა ცარისტული რუსეთისაგან საქართველოს განუყოფლობა. საქართველოს, საზოგადოებრივი პროგრესის ბაირახტრად, წარმოესახა ბოლშევიზმი, და, საბჭოური ეპოქა წარმოედგინა ქართველი ხალხის ეკონომიკური, სოციალური და კულტურული აღორძინების ხანად; მისი საუკუნოვანი ოცნების პრაქტიკულ განხორციელებად“. ზემოხსენებული საბჭოთა იდეოლოგია, სხვა არაფერი იყო, თუ არა კომუნისტური რუსეთის სახელმწიფოებრივი ინტერესებისა და პრიორიტეტების გამოხატულება; თეორიული საფუძველი იმისა, რასაც პრაქტიკულად ახორციელებდნენ და რისკენაც მიისწრაფოდნენ. ეს იდეოლოგია საზინაო იყო ჩვენთვის, მაგრამ, მაინც ამით ვხელმძღვანელობდით, ზოგი ამას გულწრფელად აკეთებდა, - ზოგიც, ანგარების მიზნით. ერთნი, - თავს ზევით ძალა არ არისო, მეორენი, - საფარად იყენებდნენ მას. მაგრამ, როგორც უნდა ყოფილიყო, ერთი რამ ცხადია: საკუთარი ქვეყნის ისტორიას, სხვა, და მტრულად განწყობილი ძალის მიზნების გათვალისწინებით ვქმნიდით... ეს შესაძლებელი გახდა. ახსნა, ამ მოვლენას, ეძებნება, ოღონდ, სწორი არ იქნება, თუ ყველაფერს გარეშე ძალის უხეში ზემოქმედების შედეგად მივიჩნევთ. ცხადია, ის თავის საქმეს აკთებდა, მაგრამ, მოხალისენიც ბევრნი იყვნენ, რაც იმას მიგვანიშნებს, რომ ყოველთვის იქნებიან ადამიანები, ვიც, განსაკუთრებული ზეწოლის გარეშეც, სხვის ნებას დაჰყვებიან... ასეთი რამ, ცხადია, მარტო XX საუკუნეში არ მოხდებოდა, თუნდაც, იმიტომ, რომ ჩვენ მუდამ გარემოცულნი ვიყავით ისეთი ერებით, რომლებიც ყველა ეპოქაში მკვეთრად ავლენდნენ ეთნოცენტრიზმს და, ამავე დროს, იდეოლოგიური ბრძოლის მნიშვნელობასაც კარგად აცნობიერებდნენ. ეს ხალხები, თავიანთი ეროვნული ინტერესების გამოხატვას, არა მხოლოდ საკუთარი ლიტერატურის, ან ისტორიოგრაფიის მეშვეობით ახერხებდნენ, - რაც სრულიად ბუნებრივია, - არამედ, ცდილობდნენ, ეპოვათ მოკავშირე სხვა ქვეყნებში, იქაურ მწიგნობართა შორის... ნუ გაგვიკვირდება ასეთი ქმედება და, ნუ ვიმსჯელებთ საკუთარი ხასიათიდან გამომდინარე. ქართველები ასე არ ვმოქმედებდით. სხვათა შორის, ამიტომაც ვერ შევძელით ის, რომ ჩვენი პრობლემები სხვა ხალხებს, ამა თუ იმ ფორმით, გაეთავისებინათ და მათ მოგვარებაში დაგვხმარებოდნენ... სამაგიეროდ, ამგვარ პოლიტიკას წარმატებით ახორციელებდნენ ჩვენი მეზობლები: სომხები, უკვე ორიათასი წელია, ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რათა მსოფლიო საზოგადოება მათ ინტერესებში გარკვეულიყო და მათთვის ანგარიში გაეწიათ. ამ მიზნით, ისინი არ ერიდებოდნენ ფაქებისა და მოვლენების ცალმხრივ წარმოჩენას, რამაც, სომხურ წყაროებს, გარკვეულწილად, ობიექტურობა დაუკარგა, მაგრამ; მიუხედავად ამისა, მათ შედეგიანად იყენებდნენ პოლიტიკური მიზნით... ამ ასპარეზზე სომეხთა წარმატება გასაოცარი სიჯიუტით განხორციელებული, უაღრესად მიზანდასახული იდეოლოგიური ბრძოლის შედეგია, რომლის დროსაც, გამოიყენეს ყველა დასაშვები და დაუშვებელი ფორმა და საშუალება...
ეს მაფიქრებინებს, რომ XI საუკუნის ქართველი მემატიანის, ლეონტი მროველის მეცნიერული თვალთახედვისათვის დამახასიათებელი არმენოფილური ტენდენციები, სომეხთა მიერ წარმოებული, ზემოხსენებული იდეოლოგიური და პოლიტიკური ბრძოლის გამოძახილია, - სხვაგვარად ამისი ახსნა შეუძლებელია.
ამიტომ, თუ გვსურს ჭეშმარიტების დადგენა, და „ქართლის ცხოვრებაში“ არსებული ზოგიერთი კონცეპტუალური ხასიათის მოსაზრების არსში გარკვევა, საჭიროა, ამ საკითხს, ძველ რომაელთა უმნიშვნელოვანესი კრიმინალური პრინციპის: „ბუი ბონო?“- ვისთვისაა სასარგებლოს, - კუთხით შევხედოთ, და, სულ ადვილად ჩავწვდებით იმ ფარულ აზრს, რომელიც მემატიანის ახირებულ შეხედულებათა უკან იმელება. კერძოდ, როცა ის ქართველთა წარმოშობისა და ფარნავაზიანთა ქართლის ისტორიის მისეულ ინტერპრეტაციას გვაძლევს, ლეონტი მროველის აზრით, კავკასიის ხალხებს ერთი წინაპარი ჰყავდათ და მისი შთამომავლობაც რეგიონის ერთი კუთხიდან გავრცელდა მთელს მხარეში: „პირველად ვახსენოთ ესე, რამეთუ სომეხთა და ქართველთა, რანთა და მოვაკანელთა, ჰერთა და ლეკთა, მეგრელთა და კავკასიანთა - ამათ თუისთა ერთი იყო მამა, სახელად თარგამოს. ესე თარგამოს იყო ძე თარშისა, ძისწული იაფეთისა; ძისა ნოესი და იყო ესე თარგამოს კაცი გმირი და შემდგომად განყოფისა ენათასა, ოდეს აღაშენეს ბაბილონის გოდოლი, და განეყვნეს მუნ ენანი და განიბნინეს მუნით ყოველსა ქუეყანასა და წარმოვიდა ესე თარგამოს ნათესავითურთ მისით და დაემკვიდრა ორთა მათ მთათა შუა კაცშეუვალთა, არარატისა და მასისსა“, „ხოლო შვილთა შორის მისთა გამოჩნდეს კაცნი რვანი, გმირნი ძლიერნი და სახელოვანნი, რომელთა სახელები ესე არს: პირველსა ერქუა ჰაოს, მეორესა ქართლოს, მესამესა ბადროს, მეოთხესა მოვაკან, მეხუთესა ლეკ, მეექუსესა ჰეროს, მეშვიდესა კავკას, მერვესა ეგროს. ესე რვანი იყვნეს გმირნი. ხოლო ჰაოს უმეტეს გმირი იყო ყოველთასა, რამეთუ ეგევითარი არაოდეს ყოფილ იყო არცა წყლის-რღუნის წინათ და არცა შემდგომად ტანითა, ძალითა და სიმხნითა. ხოლო ვეღარა იტევდა ქუეყანა არარატისა და მასისისა, განუყო თარგამოს ქუეყანა და ნათესავი თვისი რვათა ამათ გმირთა: ნახევარი ნათესავისა მისისა და ნახევარი და უმჯობესი ქვეყანა მისისა მისცა ჰაოსს, ხოლო შვიდთა ამათ მისცა ხუედრი მათი არძანგებისაებრ მათისა: წარმოიყვანა შვიდნი იგი ჩრდილოთ კერძო და განუყვნნა ქუეყანანი ღირსებისამებრ მათისა.“ შვიდივემ მიიღეს თავის-თავის სამკვიდროდ კავკასიის ესა თუ ის კუთხე: „და ამათ შვიდთავე გმირთა ზედა იყო გამგებელ და უფალ ჰაოს და ესე ყოველნი იყვნეს მორჩილ ჰაოსისა“. ამის შემდეგ, ჰაოსმა შემოიკრიბა ძმები და გაილაშქრა ნებროთ გმირის წინააღმდეგ, „რომელიც იყო პირველი მეფე ყოვლისა ქუეყნისა“, მოკლა ნებროთი, დაამარცხა მისი ლაშქარი „და მაშინ ჰაოს ჰყო თავი თვისი მეფედ ძმათა თვისა ზედა და სხუათაცა ნათესავთა ზედა, მახლობელთა საზღვართა მისთასა“.
გარდა ზემოთქმულისა, ლეონტი მროველი, ქართული ეთნოსის ფორმირებისა და სახელმწიფოს ჩამოყალიბების ამ შორეული ეტაპის შესახებ მსჯელობისას, ქართველთა ყოფაზეც გვაწვდის ცნობებს, რომ: „აქობამდის ქართლოსიანთა ენა სომხური იყო, რომელსა ზრახავდეს ხოლო ოდეს შემოკრბეს ესე ურიცხუნი ნათესავნი ქართლისა შინა, მაშინ ქართველთაცა დაუტევეს ენა სომხური და ამათ ყოველთა ნათესავთაგან შეიქმნა ენა ქართული.
და იპყრეს სჯული უბოროტესი ყოველთა ნათესავთასა რამეთუ ცოლ-ქმრობისა თვისა არა უჩნდათ ნათესაობა; და ყოველსა სულიერსა ჭამდეს; საფლავი არა იყო მკუდარსა შესჭამდეს“.
ლეონტი მროველის ცნობით, ქართლის მეოთხე მეფეს, ფარნაჯომს, სპარსულ რჯულზე მოქცეულს, ცეცხლთაყვანისცემა შემოუღია. ამის გამო, მას აუმხედრებიან ერისთავნი, რომელთაც, ქართული რელიგიური ტრადიციების დამცველად, სომეხთა მეფე ეგულებოდათ და მას სთხოვეს: „მოგუეც ძე შენი არშაკ, რომელსაც უზის ცოლად ნათესავი ფარნავაზიანთა, მეფეთა ჩუენთა. გუაშუალე ძალი შენი, და ვაოტოთ ფარნაჯომ, შემომღებელი ახლისა სჯულისა, და იყოს მეფედ ჩუენდა ძე შენი არშაკ და დედოფალი ჩვენდა ცოლი მისი, შვილი მეფეთა ჩუენთა“. ამის შემდგომ, ცვალებადი წარმატებით მიმდინარე იყო ბრძოლაბრძოლა ორ დინასტიას შორის. საბოლოოდ, ფარნავაზიანები დამარცხებულან და სომეხი არშაკუნიანები დამკვიდრებულან ქართლის ტახტზე.
მროველის მიხედვით, ისე გამოდის, რომ სომხეთი ის ძალა იყო, რომელიც განსაზღვრავდა ქართლში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს და შეეძლოთ მხარი დაეჭირა ნებისმიერი ტენდენციისატვის; გნებავთ, დესტრუქციულის, გნებავთ, კონსტრუქციულისათვის... ქართლის მეცხრე მეფე, - არშაკ ფარნავაზიანზე ადერკ არშაკუნიანის გამარჯვება, სომეხთა დახმარებით გახდა შესაძლებელი. მოკლა თუ არა არშაკი, ადერკმა სასწრაფოდ მიმართა სომხებს შემდეგი სიტყვით: „გაფუცებ ღმერთთა თქვენთა, ნუ განმარტებთ მახვილთა თქვენთა ქართველთა ზედა, რამეთუ მამულნი არიან ჩემნი და აწ მე ვარ მეფე მათი, ძალითა და შეწევნითა თქვენითა. ისმინეს სომეხთა ვედრება მისი და დაადგრეს ადგილსა ზედა.
შემოიქცა და მოვიდა ადერკი მახლობელად ქართველთა სპათასა და ხმა უყო ხმითა მაღლითა: „მე ვარ შვილი მეფეთა თქუენთა, და, - სუესა ჩემსა მოუცემია მეფობა ჩემდა, აწ მიიღეთ ჩემგან კეთილი და სიხარული. აჰა ესერა აღარა მოუშვნე სპანი სომეხნი თქუენ ზედა“.
ლეონტი მროველი მოგვითხრობს, რომ რიგით მეცამეტე მეფეებს, აზორკსა და არმაზელს, განუზრახავთ შესეოდნენ სომხეთს. ამ მიზნით მოიხმეს ჩრდილოეთ კავკასიელები და ილაშქრეს სომხეთში, მაგრამ სასტიკად დამარცხდნენ და შეტევაზე გადმოსულ სომხებს ქართლი აუოხრებიათ. ქართველებს, გამარჯვებული სომხებისათვის, პირობა მიუციათ: „უკეთუ ვინ აღდგეს მტერი თქვენ ზედა და მოღმართ გებრძოდის, ჩვენ ორივე მეფენი თავითა ჩუენითა და სპითა ჩუენითა თანადაგიდგენ და გიშუელოთ; და უკეთუ კუალად ვისმე მიღმართ ჰბრძოდით, ათიათასითა მხედრითა ჭურვილითა შეგეწეოდით“ და ესეცა აღუთქვეს ქართველთა, ვითარმედ: „ქალაქსა ამასა ჩვენსა დრამა არტაშან მეფისა ხატითა დავსცეთო“.
ლეონტი მროველი იმასაც წერს, რომ მირიან მეფის გამეფების წინ სპარსთა შემოსევის დროს, ქართლის სამეფო მთლიანად სომხეთზე ყოფილა დამოკიდებული და ქართველ მხედართმთავარს, მაეჟან სპასპეტს ათქმევინა: „არამედ მოწევნადსა ჟამსა ესრეთ მოუვლენია, რამეთუ მოიკლა სპარსთაგან დიდი იგი მეფე სომხითისა, წაღებულ არს სომხითი, რომელსა ეკიდა სამეფო ჩვენი და აღუღია პირი მისი სპარსთა მეფესა შთანთქმად ყოვლისა ქვეყნისა. არავინ არს ჩუენ თანა წინააღმდგომი მისი და დარჩომილი ვართ ჩვენ ობლად, ვითარცა ცხოვარნი უმწყემსონი“.
ლეონტი მროველისავე მონაყოლით, წმინდა ნინო, პირველსავე შემხვედრ ქართველს სომხურად უწყებს ლაპარაკს: „ხოლო წმინდა ნინო მეცნიერ იყო მცირედ ენისა სომხურისა, რამეთუ პირველ ესწავლა ნიაფორისგან, და პოვა მწყემსთა მათ შორის სომხურად მზრახველი და ჰკითხა მას, ვითარმედ: „რომელისა სოფლისანი ხართ?“
ყოველივე ზემოთქმულიდან, შეიძლება დავასკვნათ ის, რომ ქართული ტომები ველურები და კანიბალები ყოფილან, დამოუკიდებლად არაფერი შეუქმნიათ, მათი მეურვეები იმთავითვე სომხები ყოფილან, - რომელთა წყალობით, ქართველებს თავისთავადობა შეუნარჩუნებიათ და, რომ ანტიკური ხანის საქართველოს განუცდია სომხეთის პოლიტიკური და კულტურული ზეგავლენა...
ლეონტი მროველის ეს „ნაღვაწი“, ცხადია, ისტორიული ობიექტურობით ვერ დაიკვეცნის და ამის პრეტენზია არ შეიძლება ჰქონდეს. ეს არც იმის გამოა, რომ: „ამ შემთხვევაში, მგონია, ზემოჩამოთვლილ ერთა ერთთესლოვანი შთამომავლობისა და ძმობის აზრი უფრო პოლიტიკური მეგობრობისა და ერთობის განმტკიცების სურვილითა და მოსაზრებით იყო შეტანილი“ (ივ. ჯავახიშვილი) და არც იმის ბრალია, რომ: „საქართველო-სომხეთის ურთიერთობის ამბებს ლეონტი მროველი სომხური ლეგენდების, სომხური მატიანეების თუ სომხური ზეპირსიტყვიერების მიხედვით გადმოგვცემს, - და არა ქართულ წყაროებზე დაყრდნობით“ (ა. აბდალაძე). არანაირი გააზრებული ქართული პოლიტიკური შეხედულება არ არის ამ თხზულებაში და არც წყაროთა სანდოობის საკითხი შეიძლება წამოიჭრას. იმდენად აბსურდულია, რასაც ლეონტი მროველი მოგვითხრობს (ის არაფერს ამბობს საყოველთაოდ აღიარებულ ფაქტებზე, მაგალითად, პომპეუსის ლაშქრობაზე იბერიაში), - რაც ბუნებრივ ეჭვს ბადებს მის ნაშრომში მოყვანილი ისტორიული, ეთნიკური, რელიგიური, ზნეობრივი და ყოფითი ხასიათის ცნობებისადმი. სამაგიეროდ, საკითხავია, - რატომ წერს ამ უაზრობას? - მთელი ეს არმენოფილური აბდაუბდა შეთხზულია ერთი მიზნით, დაუმტკიცოს ქართველებს, რომ ისინი ეთნიკურად და პოლიტიკურად არასრულფასოვანნი არიან და ჩაუნერგოს მათ, სომხებისადმი, ვითომ, არსებული ვალის გრძნობა ვალისა, რომელიც ქართველებმა სულ უნდა იხადონ, და რომელსაც ვერ გადაიხდიან... ძნელი არ არის დამკვეთის დადგენაც, - ანუ ის, თუ ვის სჭირდებოდა საქართველოს ისტორიის საწყისი პერიოდის გაყალბება. საკითხავი მხოლოდ ის არის, თუ რატომ დასჭირდათ ეს?! იმიტომ, რომ ამ გზით სურდათ ქართველთა დარწმუნება, სომეხთა იმ დიდი დამსახურების თაობაზე, რომელიც, თითქოს, მათ ქართული ეთნოსისა და ქართველთა სახელმწიფოს ჩამოყალიბების საქმეში გააჩნდათ და, რაც, მათი აზრით, აძლევდათ უფლებას მოეთხოვათ ქართველთათვის თანაგრძნობა და თანადგომა. ამას, მაშინ, ანუ XI საუკუნეში, - როცა საქართველო ერთიანდება და ძლიერდება, ხოლო, სომხეთი პოლიტიკურ დამოუკიდებლობას კარგავს, სომეხთათვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.
ვინმემ შეიძლება იფიქროს, - ეს იდეოლოგიური ბრძოლის უჩვეულო ფორმააო. არც ისეთი, გასაკვირი რომ იყოს. ის არც სომხების გამოგონებაა; სამაგიეროდ, მათ მიერ მრავალგზის იქნა გამოყენებული, და მათი ისტორიოგრაფია ამის უამრავ მაგალითს გვაწვდის... ისინი ჩვენგან იმითაც განსხვავდებიან, რომ წარსულს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ. ამ მხრივ, ქართველთა და სომეხთა ინტერესების სხვადასხვაობას, ზედმიწევნით ზუსტად წარმოაჩენს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ, „ქართულთან შედარებით სომხური საისტორიო წყაროების სიუხვეზე საუბრისას, ყურადღება უნდა მივაპყროთ სხვა გარემოებასაც; როგორც აღნიშნავენ, ძველ სომხურ ორიგინალურ ლიტერატურაში, - განსხვავებით არაერთ სხვა ხალხთა, კერძოდ, ძველი ქართული ლიტერატურისაგან, - საისტორიო მწერლობა, - მთავარი ჟანრია. თუ ჩვენში, საქართველოში, შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“, ლამისაა ეროვნულ „სახარებად“ იქცეს (საერთოდაც, ქართველი კაცის სულსა და გულს, ლექსი, თუ მოთხრობა უფრო ესალბუნებოდა, ვიდრე მატიანე), სომხეთში, დაახლოებით ამგვარი ბედი, ძველი სომხური საისტორიო მწერლობის „მამად“ აღიარებულ მოვსეს ხორენაცის „სომხეთის ისტორიას ხვდა წილად“ (ა. აბდალაძე).
როცა ერი, თავისი წარსულის ამსახველ ნაწარმოებს, ასეთი დიდი პატივისცემით ეპყრობა და მისდამი საგანგებო დამოკიდებულებას ამჟღავნებს, ეჭვი არ უნდა შეგეპაროს იმაში, თუ რა დატვირთვას მიანიჭებს გარდასულ დღეთა ამბებს, - აწმყოსთან მიმართებაში, და როგორ გამოიყენებს მას სამომავლოდ.
სომხებისათვის, ისტორია, მეცნიერული ჭვრეტის საგანზე მეტად, პოლიტიკური ბრძოლის იდეოლოგიური იარაღია. ასეთი დასკვნის გამოტანის საშუალებას იძლევიან მათი მატიანეები.
ქართველებს, სამწუხაროდ, ისტორიისათვის ამდაგვარად არ შეგვიხედავს და, ეს ძალიან ცუდია, - რადგან, საქართველოს მეზობლად სომხური სახელმწიფოს შექმნის დღიდან, ორ ერს შორის არსებობდა დაპირისპირება, რომელმაც სახელმწიფოებრივი ცხოვრების ყველა სფერო მოიცვა: ტერიტორიულიც, პოლიტიკურიც, რელიგიურიც, ეკონომიკურიც და, რომლის დროსაც ჩვენ, ბევრ შემთხვევაში, ვერ ვახერხებდით ადექვატურ მოქმედებას; არადა, ამას ითხოვდა ქართულ-სომხური ურთიერთობის თავისებურება...
ნებისმიერ ერს უხდება ისეთი წინააღმდეგობის გადალახვა, რომელიც სრულად საჭიროებს სასიცოცხლო ძალების გამოვლენას. არნოლდ ტოინბი ასეთ გადასალახავ დაბრკოლებად გეოგრაფიულ გარემოს მიიჩნევდა, რასაც „გამოწვევას“ უწოდებდა; რაზედაც რეაქცია კი, - იყო „პასუხი“: სომეხთა აქტიურობა, ორიათასწლოვანი ურთიერთობის მანძილზე, იქცა იმ თავისებურ „გამოწვევად“, რომელსაც ასე სჭირდებოდა „პასუხი“,- მე არ ვამბობ, რომ ქართველები ამას სულ ვერ ვახერხებდით, მაგრამ ჩვენი მოქმედება რომ არასაკმარისი იყო, - ესეც ცხადია.
ძველი წელთაღრიცხვით 189 წელს, შეიქმნა სომხეთის სამეფო, რასაც მოჰყვა მისი ტერიტორიის ზრდა მეზობელი ხალხების მიწა-წყლის ხარჯზე. ამის თაობაზე სტრაბონი თავის „გეოგრაფიაში“ წერს: „მოგვითხრობენ არმენიაზე, რომ პირველად ის პატარა ყოფილა, გაზრდილა არტაქსიასი და ზარიადრის მეშვეობით, რომლებიც პირველად ანტიოქ დიდის სარდლები იყვნენ, ხოლო მერე, მისი დამარცხების შემდეგ, გამეფდნენ, ერთი სოფენეს, აკისენეს, ოდომანტისსა და ზოგ სხვა (მხარეში), ხოლო მეორე - არტაქსატის მიდემოებში, ამათ გაზარდეს (ქვეყანა იმის ხარჯზე), რომ მეზობელ ხალხებს ჩამოაჭრეს ნაწილები; მიდიელთაგან - კასპიანე, ფავნიტი და ბასოროპედა. იბერებს - პარიადეს კალთები, - ხორზენა და გორაგენა, - რომელიც მტკვრის გადაღმა არის, ხალიბებისა და მოსანიკებისაგან (წაიღეს) კარენიტი და ქსერქსენე“. როგორც ხედავთ, ქართველ ტომებს და ქართულ სახელმწიფოს ბევრი ტერიტორია დაუკარგავს და უკვე ეს იყო დაპირისპირების საფუძველი, რომლის შემდეგი ეტაპი კავკასიაში ჰეგემონიისათვის ბრძოლა იყო, - რაც ცვალებადი წარმატებით წარიმართა: ძველი წელთაღრიცხვის II-I საუკუნეებში ძლიერდება სომხეთი. სამაგიეროდ, ახალი წელთაღრიცხვის I-II საუკუნეებში იბერია ძლიერდება. ფარსმან I-ის დროს სომხეთი იბერიის გავლენის სფეროა, იქ ქართველი უფლისწული გამეფდა,.. ამ გავლენის შენარჩუნებისათვის იბრძვის იბერიის მეფე, მითრიდატე.
ასე რომ, თუ ლაპარაკია პოლიტიკურ გავლენაზე და დინასტიის შეცვლის მცდელობაზე, ეს ქართველებმა სომხეთში სცადეს. ამას ადასტურებს რომაელი ისტორიკოსი, დიონ კასიუსი.
რაც შეეხება სამხედრო საქმეში სიძაბუნეს და სომეხთა სიმამაცეს, მროველთან რომ აშკარად იკითხება, აღწერილ ამბებთან (დროის თვალსაზრისით) ბევრად ახლოს მყოფ ბერძენი და რომაელი ისტორიკოსების ფაქტებზე დაყრდნობით, ეს საკითხი სულ სხვაგვარად არის გააზრებული: პლუტარქე, ლუკულუსის ბიოგრაფიაში, აღწერს რომაელი მხედარმთავრის სომხეთში ლაშქრობას, სომეხთა ჯართან შეხვედრას და ბრძოლის ასეთ ფაქტს გვაწვდის: „ლუკულუსის წინააღმდეგ მტრის რჩეული და მრავალრიცხოვანი მხედრობა ჩამწკრივდა. ამ მხედრობის წინ ცხენოსანი მშვილდოსნები მარდები და შუბოსანი იბერები იდგნენ. უცხო მეომართა შორის, ყველაზე უფრო დიდ ნდობას, - როგორც საუკეთესო მებრძოლებს, - ტიგრანი სწორედ, მათ უცხადებდა“. ქართველები რომ ბრძოლაში ჯაბანნი ყოფილიყვნენ, სომეხთა მეფე მათ არ დაეყრდნობოდა. ესეც არ იყოს, პლუტარქეს ისიც უწერია, თუ როგორ სამარცხვინოდ გაიქცნენ სომხები, როცა რომაელთა შეტევას ვერ გაუძლეს; ისე სწრაფად დაუცლიათ ბრძოლის ველი, რომ: „რომაელები სირცხვილისაგან წითლდებოდნენ და თავის თავს დასცინოდნენ, ამისთანა ღვთის გლახებზე როგორ აღვმართეთ იარაღიო“. ასე რომ, ანტიკურ ხანაში ქართველ-სომეხთა ურთიერთობანი გაცილებით სხვაგვარად ვითარდებოდა, ვიდრე ეს ლეონტი მროველს აქვს აღწერილი. მე არ ვიცი, იმ საუკუნეებში როგორ ესმოდათ სომხებს იდეოლოგიური ბრძოლა, და მის რა ფორმებს იყენებდნენ, მაგრამ უნდა ვივარაუდოთ, რომ, სწორედ ამ დროს შეიქმნა, ზემოთ უკვე ხსენებული, სომხური ლეგენდებისა და ზეპირსიტყვიერების ის ნიმუშები, ისტორიკოსებს ლეონტი მროველის წყაროდ რომ მიაჩნიათ. მაშინ სომხებს დამწერლობა არც ჰქონდათ და არც მათი რელიგია იძლეოდა მძაფრი იდეოლოგიური ბრძოლისათვის საფუძველს. ოღონდ, უნდა ვივარაუდოთ, რომ ასეთი ბრძოლის მნიშვნელობა უკვე გაცნობიერებული ჰქონდათ, რადგან, მიიღეს თუ არა ქრისტიანობა, და შექმნეს თუ არა დამწერლობა, ზემოხსენებული ბრძოლა, ერთი მხრივ, სომეხთა თვითმყოფადობის, და მეორე მხრივ კი, მათი პოლიტიკური ამბიციების დაკმაყოფილების საშუალებად იქცა. ასეთი რამ კი, მოუმზადებლად, ერთგვარი წინა ისტორიის არსებობის გარეშე, - არ ხდება!
როცა ჩვენი წელთაღრიცხვის IV საუკუნეში სომხებმა ქრისტიანული რელიგია აღიარეს, ძალიან მალე გამომჟღავნდა, რომ მათ სრულიად გააცნობიერეს ეკლესიის როლი, როგორც სომეხი ერის სულიერად წარმმართველი, შემაკავშირებელი და მაორგანიზებელი ძალისა. სწორი იყო, კონსტანტინეპოლის სომხური საპატრიარქოს ყოფილი პატრიარქი მალაქია ორმანიანი, როცა წერდა: „იმისათვის, რომ რომელიმე ერის ცხოვრების საიდუმლოს ჩავწვდეთ, აუცილებელია მისი რელიგიის შესწავლა, არ შეიძლება არ დაასკვნა, რომ ასეთი შრომა, ახლანდელის მსგავსი (იგულისხმება მისი „სომხეთის ეკლესია“ - პ.ი.), არ შეიძლება, უნაყოფო იყოს, განსაკუთრებით, თუ მოინდომებენ, გაიხსენონ, რომ სომხურმა ეკლესიამ, რომელიც ამჟამად შეადგენს ერთ განუყოფელ მთლიანობას ერისას, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ეროვნულ ცხოვრებაში». სომეხთა მიერ თავიანთი ისტორიული ყოფის სპეციფიკის გაცნობიერებამ, განსაზღვრა რელიგიისადმი დამოკიდებულება. კერძოდ, ორიენტირება ქრსტიანობაში არსებულ მიმართულებებში, და ბოლოს, მონოფიზიტობის დამკვიდრება.
სომეხთა მიერ ქრისტეს ერთბუნებოვნების აღიარების მნიშვნელობის გაგება, სრულად მაშინ გახდება შესაძლებელი, თუ ამ საკითხს არა თეოლოგიური, არამედ პოლიტიკური კუთხით განვიხილავთ: მცირერიცხოვანი, და ისიც, რთულ გეოპოლიტიკურ პირობებში მყოფი ერი ცდილობდა ქრისტიანობის იმდაგვარ ნაციონალიზაციას, რომლის დროსაც, ჯერ ერთი: ყველა სომეხი გაითავისებდა ამ რელიგიას, მეორეც, - სომხური ეკლესია არ გადაიქცეოდა რომელიმე დიდი ქრისტიანული ეკლესიის, მაგალითად, ბერძნულ-მართლმადიდებლურის ნაწილად და, მესამეც, ბიზანტიასთან რელიგიური ანტაგონიზმი, სომხეთს საშუალებას აძლევდა, ზედმეტად არ გაეღიზიანებინა ისედაც აგრესიული სასანიდური სპარსეთი და უფრო მოგვიანებით კი, გამოეყენებინა თავიანთი ინტერესებისათვის, არაბთა ხალიფები. ასე რომ, რელიგიურმა მიუმხრობლობამ, სომხებს, პოლიტიკურ სფეროში მოუტანა გარკვეული დივიდენდები.
სომხები აცნობიერებდნენ ასეთი რელიგიური პოლიტიკის შედეგს და კარგად უწყოდნენ, თუ რა მოჰყვებოდა საწინააღმდეგო არჩევანს. ეს ნათლად ჩანს, უკვე ციტირებული, მალაქია ორმანიანის იმ მოსაზრებაში, რომელიც ქართველ-სომეხთა რელიგიურ განხეთქილებას შეეხება: „და ქართული ეკლესია, კირიონის მეთაურობით, საბოლოოდ მიმღები ქალქედონური სწავლებისა, შეუერთდა ბერძნულ ეკლესიას. დვინის კრებამ (609) დაამტკიცა ეს განყოფა სომხური მართლმადიდებელი ეკლესიისა. ოღონდ, ამ მოვლენას, შემდეგ უნდა ჰქონოდა არახელსაყრელი შედეგი საქართველოს ეკლესიისათვის. საქმე ის არის, რომ კავკასიაში რუსეთის ბატონობის დამყარებისთანავე, XIX საუკუნის დასაწყისში, ეროვნულმა განკერძოებულობამ აზრი დაკარგა საფუძველთა იგივეობის გამო - იგივეობას მოჰყვა ქართული ეკლესიის რუსულთან შერწყმა. ახლანდელ საქართველოში ყველაფერი გარუსებულია: იერარქია და სამღვდელოება, ლიტურგია და ენა; თვით საქართველოს ეკზარქოსისა და ეპისკოპოსის, - რუსული სამღვდელოებიდან მოკრება ხდება“. საფუძველთა იგივეობა, ხშირად, ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო შედეგს იძლეოდა და მალაქია ორმანიანი რომ სწორია, - ამას, მისი თანამედროვე ქართველი ავტორი, ივანე ქიზიყელიც ადასტურებს თავის წერილში „ქართული სტამბის დაარსება“, რომელიც 1913 წლის 12 ივლისის „სახალხო გაზეთში“ დაისტამბა: „1811 წ. დაიბეჭდა არქიეპისკოპოზის, ვარლამის მიერ შედგენილი საქართველოს საეკლესიო მამულების აღწერა, რომელიც წარდგენილ იქნა საქართველოს მთავარმართებელთან. ამ უკანასკნელმა კიდევ, ეს აღწერა რუსეთის უმაღლეს მთავრობას გაუგზავნა.
ამ აღწერაში მოხსენიებულია იმდროინდელი საქართველოს ეკლესიებისა და მონასტრების რიცხვი და მათი მამულების შემოსავალ-გასავალის რაოდენობა; თან დართული აქვს რჩევაც, რომ, თუ რუსეთის მთავრობა საჭიროდ დაინახავს რაიმე ცვლილებას, სულ ადვილადაა შესაძლებელი, კათალიკოსობა გაუქმდეს და მის მაგიერად დაწესდეს ექსარხოსობაო. ამ ეპისკოპოზის რჩევითა და წინადადებით, მართლაც მოხდა ცვლილება. 1811 წ. საქართველოში პირველ ექსარხოსად, სინოდის მიერ, თვითონვე იქმნა დანიშნული“. ქართული ეკლესიის ტრაგედიის მიზეზი, ეროვნული ცნობიერების რელიგიურით შეცვლა იყო... რამაც, უფრო დიდ ეროვნულ ეკლესიას, რუსულს, - გაუადვილა ქართულის მოსპობა, თავად ქართველი ღვთისმსახურის მხარდაჭერით... სომხურმა ეკლესიამ ამ საფრთხეს თავი აარიდა საფუძველთა იგივეობის არარსებობის წყალობით. ამ არგუმენტის მნიშვნელობას სომხები თავიდანვე მიხვდნენ და, სომხური ეკლესიის მთელი ისტორიის მანძილზე, თავიანთ რელიგიურ პრინციპებს იცავდნენ ბერძნული და რუსული მართლმადიდებლური და, რომაულ-კათოლიკური ეკლესიების შემოტევებისაგან. ეს ბრძოლა, ქრისტიანულ რელიგიაში არსებულ მიმართულებათა შორის, თეოლოგიური ხასიათის სასტიკი დაპირისპირების ფორმით გამოვლინდებოდა ხოლმე, რის გამოც ამიანე მარცელინეს უთქვამს: „არც ერთი მხეცი არაა ისე გაბოროტებული ადამიანზე, როგორც ქრისტიანული სექტანტები ერთმანეთზე“ - ო.
როცა VII საუკუნის პირველ ნახევარში ზემოხსენებული რელიგიური განხეთქილება მოხდა და ქართველებმა დიოფიზიტობა ირჩიეს, ამით განრისხებულმა სომეხთა კათალიკოსმა, აბრაამ I-მა თავის ერს მოუწოდა: „ვბრძანეთ ქართველთა შესახებ: სრულიად არ ეზიაროთ მათ, არც ლოცვაში, არც ჭამასა და სმაში, არც მეგობრობაში, არც დედამძუძეობაში, არც სალოცავად წასვლით ჯვარში, რომელიც განთქმულია მცხეთის მიდამოებში, არც მანგლისის ჯვარში და ნურც ჩვენს ეკლესიაში მიიღებთ მათ, არამედ მათთან ქორწინებისაგანაც სრულიად განეშორეთ, მხოლოდ იყიდეთ და მიჰყიდეთ, ვითარცა ურიებს“. ასეთი მტრული განწყობა იყო იმიტომ, რომ ქართველებმა სხვა მიმართულება აირჩიეს და სომეხთა აზრით, მწვალებლები გახდნენ და მათგან გამიჯვნა იყო საჭირო, რომ ეს მწვალებლობა ქართველთა გზით არ გავრცელებულიყო სომხეთში.
ცხადია, არც ქართველები რჩებოდნენ ვალში, ისინიც თავიანთ პოზიციებს იცავდნენ და მათი თვალსაზრისით მწვალებელ სომეხ მონოფიზიტებს იგივეთი პასუხობდნენ. მაგალითად, XI საუკუნის ქართველ მწერალს, გიორგი მცირეს, სასულიერო ლიტერატურის სომხურიდან თარგმნა დაუშვებლად მიაჩნდა და ამის შესახებ წერს კიდევაც, აგიოგრაფიულ ნაწარმოებში „ცხორებაი და მოქალაქეობაი წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩვენისა გიორგი მთაწმინდელისაი“: „ეგრეთვე, დაღაცათუ პირველთაგანვე გვქონდეს წერილნიცა და სარმწუნოებაი ჭეშმარიტი და მართალი, გარნა ქვეყანაი ჩვენი შორს იყო ქვეყნისაგან საბერძნეთისა და ვითარცა თესლნი არაწმიდანი შორის ჩვენსა დათესულ იყვნეს ბოროტნი იგი თესლნი სომეხთანი, გვლარძნილნი და მანქანანი, და ამის მიერ ფრიად გვევნებოდა. რამეთუ ნათესავი ჩვენი წრფელი იყო და უმანკოი, ხოლო იგინი, რეცა მიზეზითა წესიერებისაითა, რეც ცთუნებად გვაზმნობდეს და რომელნიმე წიგნნიცა გვქონდეს მათგან თარგმნილნი“. ქრისტიანულ მიმართულებათა მიმდევართა ურთიერთდაპირისპირება ყოველთვის და ყველგან უკომპრომისო იყო, მაგრამ ქართველთა და სომეხთა შორის არსებული კონფლიქტი, რომელიც, ერთი შეხედვით, დიოფიზიტებსა და მონოფიზიტებს შორის თეოლოგიურ დისკუსიას ჰგავს, სხვა შინაარსი მიიღო და რელიგიასთან ერთად, პოლიტიკაც მოიცვა.
განხეთქილების წინა ისტორია ის იყო, რომ ქართლში, ვახტანგ გორგასლის მიერ კათალიკოსობის შემოღებას, მონოფიზიტობის დამკვიდრება მოჰყვა. გასაოცარი ამაში არაფერია, რადგან ადრექრისტიანულ ხანაში, ხშირი იყო, ამა თუ იმ ეროვნული, თუ არაეროვნული ეკლესიის გადასვლა ერთი ქრისტიანული მიმართულებიდან, მეორეში და ამას თავისი მიზეზები ჰქონდა, - ზოგ შემთხვევაში პოლიტიკური. ამ კუთხით თუ შევხედავთ ქართული ეკლესიის მიერ მიმართულების არჩევას, მაშინ, ბევრი რამ გახდება ნათელი და, მათ შორის, ის, თუ რატომ ჰქონდათ სომხებს და, კერძოდ, ერისკაცებს, ასეთი მძაფრი რეაქცია, როცა ქართველები ისევ დიოფიზიტები გახდნენ. მაგალითად, თავის ეპისტოლეში სმბატ ვრკანის მარზპანი წერდა: „დავაბრკოლებთ მათ, რომლებიც აქედან მოდიან და თაყვანს სცემენ მაგ წმიდა ჯვარს და არ შემოვუშვებთ მათ, რომლებიც მანდედან წმიდა კათოლიკესა და სხვა სამარტვილეებში მოდიან სალოცავად“...
ეს, სამღვდელოებაზე არანაკლები რადიკალიზმია და ნათელ წარმოდგენას გვიქმნის იმის თაობაზე, თუ როგორ იცავდნენ სომხები თავიანთ რელიგიურ და, მასთან ერთად, პოლიტიკურ პრინციპებსაც... საქმე ის არის, რომ მონოფიზიტობამ განსაკუთრებული მდგომარეობა მოუპოვა სომხეთს, ის ხდება ამ მიმართულების ცენტრი კავკასიაში. ამას ხელი იმანაც შეუწყო, რომ სომხები აქტიურად იცავდნენ და პროპაგანდას უწევდნენ თავიანთ რელიგიურ შეხედულებებს და დაუფარავად მიისწრაფოდნენ საეკლესიო ჰეგემონიისაკენ...
ქართველები, რომლებიც ვახტანგ გორგასლის დროს გაექცნენ კონსტანტინეპოლის დიქტატს, ბუნებრივია, დვინის დიქტატსაც არ მოითმენდნენ, - არც საეკლესიოს და არც პოლიტიკურს. აქედან, - კირიონ კათალიკოსის პოლიტიკის ხასიათიც, რომელმაც ასე აღაშფოთა სომხები, ერიცა და ბერიც. ქართველთა რელიგიური არჩევანი მათ პოლიტიკურ პოზიციებს არყევდა...
ყურადსაღებია, რომ სომეხთა საქციელი მუდამ სიტუაციის ადექვატური იყო: ადრელრისტიანული ხანის, მათი ექსპანსიონისტური მისწრაფებები, კარგად აისახა თანადროულ დოკუმენტებში; ამ დროს იქმნება სომეხთა რელიგიური პირველობის ლეგენდა, მათი განმანათლებლის, გრიგოლის, მთელი კავკასიის განმანათლებლად გამოცხადების თაობაზე და ბევრი სხვა რამ, რაც მათ პრეტენზიებს, ასე თუ ისე, დაასაბუთებდა... შემდეგ, როდესაც სომხეთი სხვა ამოცანის წინაშე აღმოჩნდება და ახლა თავი უნდა დაიცვას გაძლიერებული დიოფიზიტიზმისაგან, - რომლის დასაყრდენიც ერთიანი საქართველოა, - იქმნება უხტანესის „ისტორია გამოყოფისა ქართველთა, სომეხთაგან“, რომელშიც, კარგად ჩანს, იმ დროის სომხეთში გავრცელებული იდეოლოგიური ბრძოლის მეთოდები: ისტორიული მასალისადმი მიკერძოებული მიდგომის ფაქტებს, თავად უხტანესი აღიარებს თავის შრომაში, როცა წერს: „რამდენადაც შესაძლებელი იყო, მრავალ შერჩეულ ამბავთაგან ჭეშმარიტი დავაწყეთ ამ წერილებში, მაგრამ სხვა ბევრი იყო თითოეული წერილის ბოლოს და შუაში, ამბებს რომ მოგვითხრობდა, რაც საჭიროდ და აუცილებლად არ ჩავთვალეთ. ჩვენთვის სარწმუნო და საჭირო კი დავწერეთ ბევრი ერთხელ და ნაწილი - ორჯერ ჭეშმარიტების დასადგენად“.
ამ პრინციპით დაწერილი შრომა, ბუნებრივია, არაობიექტური გამოვიდა. უხტანესის შრომის ქართულად მთარგმნელმა, თანდართულ გამოკვლევათა ავტორმა და გამომცემელმა (1975 წ.), ზაზა ალექსიძემ, უხტანესის ტექსტის პირველწყაროებთან შედარებისას, ტენდენციურობის უამრავი მაგალითი აღმოაჩინა. ისტორიის ამდაგვარი გააზრება, სომეხ ისტორიკოსებს, მოგეხსენებათ, მეტად ახასიათებთ ეს, ცხადია, ჩვენ ვერ შეგვიქმნიდა პრობლემას, ამ ცალმხრივობის მსხვერპლად საქართველოს ისტორიის ფაქტები და მოვლენები რომ არ ქცეულიყო.
მთელ რიგ სომეხ მემატიანეთა და ისტორიკოსთა თვალთახედვით დანახული ჩვენი წარსული, ერთობ არასახარბიელოდ გამოიყურება და არც შეიძლება, არასრულფასოვნების გრძნობა არ დაბადოს ქართველებში, რადგან გამოდის, რომ მათ წინაპრებს თავისით რაიმეს კეთება უჭირდათ.
სომეხთათვის ჩვეული მიკერძოებული დამოკიდებულება ქართველებს კარგა ხნის წინ შეუნიშნავთ. სამაგალითოდ მოვიყვან მაღალაშვილისეული სახარების XIV საუკუნის ანდერძმინაწერის ფრაგმენტს, რომელიც 1894 წელს გამოცემულ „საქართველოს ისტორიაში“ აქვს გამოქვეყნებული მოსე ჯანაშვილს: „მამათა: ცხორებაი: ქართლისა: ცხორებაი; და: ცხორებაი ალვანიისაი: ესე იგი არს: სავანისაი: რომელი: დაწერნა: პეტრე: ლაგაძემან: და ვინმე: სომეხმან გადაიღო იგი: და საკუთრად: დაწერილად: გამოაცხადნა: და: სომეხთაც: ადვილად: იწამეს: ჩვეულებისამებრ“. ამრიგად, ცნობილი იყო, რომ სომხებს, საკუთარი ნათქვამი, - ტყუილი და მართალი, ჭეშმარიტებად მიაჩნდათ და მიუხედავად ამისა, მოხდა ისე, რომ ჩვენი შუასაუკუნეების ისტორიოგრაფიის ერთი ნაწილი სომეხთა იდეოლოგიური დივერსიის მსხვერპლი გახდა.
ამ აქციის განხორციელებაში, როგორც ჩანს, მნიშვნელოვანი როლი, საქართველოში ჩამოსახლებულმა სომხებმა შეასრულეს, რომლებიც XI საუკუნეში, ბლომად ყოფილან ჩვენში და ქართველთა ყბადაღებული ტოლერანტობის წყალობით, თავიანთი რელიგიური და ეროვნული ინტერესების დაცვა სულაც არ უძნელდებოდათ. „ბაგრატ IV-ს, მწიგნობართუხუცესის „სახელო“ სომხისათვის უბოძებია. ეს უკანასკნელი 1046 წელს, ღრტილას ქართველ-სომეხთა საეკლესიო პაექრობისას, თურმე, ნუ იტყვით და, სომეხთა გულშემატკივარი, მხარდამჭერი ყოფილა. ბაგრატ IV-ის სამსახურში, თითქოს დაწინაურებული ჩანს მწიგნობართუხუცესის, თუ სოსნეთის დისწული, იერემიაც, - ისიც სომეხი, რამდენადაც, საეკლესიო პაექრობაზე, თურმე იგიც სოსნეთს ეშველებოდა. ღრტილას კრების „სიტყვისგების“ აღმწერი აღშფოთებას ვერ მალავს საქართველოს მეფის მწიგნობართუხუცესის საქციელით. საერთოდაც, იგი უკმაყოფილო ჩანს, ქართველი მეფის სამსახურში სომეხთა აღზევების გამო, ვინაიდან, მისი აზრით, ისინი არიან „შინაგამცემნი სარწმუნოებისა ჩუენისა“, ე.ი. „ქართული სარწმუნოებისა“ (ა. აბდალაძე, „ამიერკავკასიის პოლიტიკურ ერთეულთა ურთიერთობა IX-XI საუკუნეებში). როგორც ვხედავთ, ქართველ მოხელეებად ქცეული სომხები, თავიანთი მიზნების განხორციელებას შეუფერხებლად ახდენდნენ და იმისი შიში სულაც არ ჰქონდათ, რომ ამისათვის ვინმე პასუხს მოსთხოვდა... თუ ამას მოხელე ბედავდა, რაღას იზამდა დედოფალი მარიამი, ბაგრატ IV-ის დედა, - ეროვნებით სომეხი. რომლის დროს, და, საფიქრებელია, დაკვეთითაც, ქმნის ლეონტი მროველი თავის არმენოფილური ტენდენციების მატარებელ „ქართლის ცხოვრებას“, რომლის მიზანი მხოლოდ ის შეიძლება იყოს, რომ ქართველები დაარწმუნოს სომეხთა მნიშვნელობაში, იმ უპირატესობაში, რაც მათ, ვითომდა ისტორიულად, ჰქონდათ ქართველებთან შედარებით და, აგრეთვე, ვითომც იმ ამაგის თაობაზე, სომხებს რომ ჰქონდათ ქართველებისადმი გაწეული, რათა ამ გზით შექმნილიყო კეთილგანწყობის იდეოლოგიური საფუძველი, როგორც საქართველოში ემიგრირებულ სომეხთა მიმართ, ასევე იმ სომხური პროვინციების მოსახლეობის მიმართაც, რომლებიც საქართველოს შემადგენლობაში აღმოჩნდებოდნენ... სომეხთა ეს ამოცანა განხორციელდა არა თხოვნის, არამედ მოთხოვნის პოზიციიდან, ჩვენი ისტორიული წარსულის გაყალბების ხარჯზე და საბოლოო ჯამში, წაგებულები ქართველები აღმოვჩნდით, რადგან ჩვენი ისტორიოგრაფია ლეონტი მროველის სახით სხვა ერის ინტერესებს მოემსახურა და არა ქართველებისას. წინააღმდეგ შემთხვევაში, კავკასიის ხალხთა წარმომავლობისა და ურთიერთობათა სულ სხვა ისტორია უნდა მოთხრობილიყო „ქართლის ცხოვრებაში“ და, რომელსაც ქართველთა უფროსობისა და უპირატესობის იდეა უნდა დაემკვიდრებინა, მაგრამ ჩვენ ეს ვერ გავაკეთეთ და ვერ შევქმენით საქართველოს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესების იდეოლოგიური საფუძვლები ისტორიოგრაფიის მეშვეობით. სამაგიეროდ, ეს სომხებმა გააკეთეს. მათ ისიც შეძლეს, რომ მაშინდელი მსოფლიოს წინაშე წამოჭრეს, დღევანდელი ტერმინოლოგია რომ მოვიშველიოთ, „სომხეთის საკითხი“, ამასთან, ისე, რომ მათ ანგარიშს უწევდნენ მაშინაც კი, როცა დაპყრობას უპირებდნენ... ასე იქცეოდნენ, მაგალითად, ბიზენტიელები, სადაც, ლეგენდაც კი გავრცელდა მაკედონელთა დინასტიის სომხური წარმოშობის თაობაზე. მართალია, მთელი ეს პოლიტიკური თამაში სომხეთის დაპყრობით დამთავრდა, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ დამპყრობლები ამ თამაშებით სომეხთა ამბიციებს ერთგვარად ითვალისწინებდნენ, ეს კი, იმის აღიარება იყო, რომ სომხები ანგარიშგასაწევ ძალად მიაჩნდათ... სხვათა შორის, ჩვენს შესახებ, მსგავსი ლეგენდები არ იქმნებოდა, არც ქართული წარმომავლობის კეისრები სჭირდებოდა ვინმეს, იმიტომ, რომ სათანადოდ არ ვაქტიურობდით და არ ვაიძულებდით მეზობელ ქვეყნებს, ანგარიში გაეწიათ ჩვენთვის. იმავე მიზეზის გამო, ვერ შევძელით, რომ სომხურ, ბიზანტიურ ან სპარსულ მატიანეებში „ქართველოფილური“ ტენდენციები გამოვლენილიყო, მაგრამ უბედურება ის არის, რომ შემდეგ საუკუნეებში, მემატიანეთა მიერ, ისტორიის გადაფასება არ მოხდა და არც ქართველთა წარმომავლობისა და ქართული სახელმწიფოს შექმნის ახალი ვერსია შექმნილა, რომელიც ლეონტი მროველისეულ კონცეფციას შეცვლიდა.
რატომ მოხდა ასე? ალბათ იმიტომ, რომ მძაფრად ვერ ვავლენდით ქართულ ეთნოცენტრიზმს. ამ საკითხთან დაკავშირებით, უაღრესად საყურადღებო მოსაზრება გამოთქვა გრიგოლ ფერაძემ წიგნში - „უცხოელ პილიგრიმთა ცნობები პალესტინის ქართველი ბერებისა და ქართული მონასტრების შესახებ“, სადაც წერს, რომ: „ქართველები, იერუსალიმში, არ ცდილობდნენ, ყოველი უცხოელისათვის თავიანთი ქვეყნის ისტორია და კულტურა გაეცნოთ, როგორც, მაგალითად, სომხები იქცეოდნენ“-ო. ჩანს, ამას საკუთარ სახელმწიფოშიც ვერ ვაკეთებდით და ეროვნული ინტერესების ჩამოყალიბებასა და პროპაგანდას სათანადოდ ვერ ვახერხებდით, თორემ უცხოტომელი დედოფალი ყველა სახელმწიფოში ჰყავდათ და უცხოელები ყველგან აქტიურობდნენ, მაგრამ ისტორიის ფალსიფიკაცია ლეონტი მროველის „ქართლის ცხოვრების“ მსგავსი, არა მგონია, სადმე შექმნილიყო.
როგორც ჩანს, ეროვნულ, რელიგიურ და სახელმწიფოებრივ ფასეულობებს მუდამ აქტიური დაცვას ჭირდება და ამ საქმეში პასიურობა ქმნის ვაკუუმს, რომელიც მროველისეული „ნაღვაწით“ შეივსება ხოლმე.
დღეს ჩვენ ასეთ ვაკუუმში ვიმყოფებით იმიტომ, რომ არ გაგვაჩნია ეროვნული იდეა. წარსულს, აწმყოსა და მომავალს, ყველა თავისი თვალთახედვით იზიარებს, საკითხისადმი ერთიანი დამოკიდებულება არ არსებობს. ხშირად, გაოცებას იწვევს ესა თუ ის მოსაზრება, ერთიანობა ნიველირებას არ ნიშნავს, მაგრამ ისიც აშკარაა, რომ არ უნდა აღგეძრას კითხვა: - ვის მიზნებს ემსახურება ეს შეხედულება? ასე ჩამაფიქრა ამა წლის 11-13 იანვრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“ დასტამბულმა პროფესორ ზაზა ალექსიძის წერილმა „ჩვენი ისტორიის გაკვეთილები“, რომელშიაც ავტორი აყალიბებს თავის პოზიციას ჩვენი წარსულისადმი: „კავკასია რთული ფენომენი იყო ძველად და რთულია დღესაც. ყველაფერი, რაც წარსულში მოხდა, ფატალურად ისახება აწმყოზეც. ამიტომ არის, რომ კავკასიისმცოდნე არ შეიძლება მხოლოდ მეცნიერების სამსახურში იდგეს, იგი უნდა იყოს წამკითხველი და მქადაგებელი იმ დიდი გაკვეთილებისა, რომელიც ჩვენ ისტორიამ დაგვიტოვა, მაგრამ სწორედ ამაში მდგომარეობს ის დიდი საფრთხეც, რომელიც ჩვენში არ ემუქრება ჰუმანიტარული მეცნიერების არც ერთი სხვა დარგის წარმომადგენელს ისე, როგორც კავკასიისმცოდნეს, მას მუდამ აწევს ტვირთად არაპროფესიონალი წრეებისა და ახლომხედველი პოლიტიკოსების სუბიექტურ განწყობილებათა მოთხოვნა, გაამართლოს მათი იმედები და მოლოდინი“. ვერაფერს იტყვი, საყურადღებო განაცხადია, მაგრამ რაც ამის შემდეგ დაიწერა იმ წერილში, თავისი არსით უპირისპირდება დეკლარირებულ ჭეშმარიტებას: საქმე ის არის, რომ ლეონტი მროველის არმენოფილური შეხედულებანი და მათი დაცვა, - თუ რამის გაკვეთილად გამოდგება, მხოლოდ იმის, რაც არ უნდა გააკეთოს ისტორიის შემფასებელმა, სამწუხაროდ, ბ-ნი ალექსიძე, ჩანს, სხვაგვარად ფიქრობს, როცა წერს: „ლეონტი მროველი არავითარ ანგარიშს არ უწევს თავისი ეპოქის ნაციონალისტურად განწყობილ ძალებს და არც ისტორიის სამსჯავროსი ეშინია, რადგან დარწმუნებულია თავისი კონცეფციის ისტორიულ ჭეშმარიტებასა და პოლიტიკურ აუცილებლობაში“-ო და აქ ვარდება წინააღმდეგობაში, რადგან, სწორედ რომ, ანგარიშს უწევდა «თავისი ეპოქის ნაციონალისტურად განწყობილ ძალებს“, ოღონდ, - არაქართულს და ტენდენციურად იაზრებდა საქართველოს ისტორიას, მის ნამოქმედარს, არც ობიექტურობასთან და არც ჩვენს ეროვნულ ინტერესებთან, საერთო არაფერი აქვს.
თუ რამეს ემსახურება ლეონტი მროველის „ნაღვაწი“ და ცხრაასი წლის შემდეგ მისი კონცეფციის დაცვის მცდელობა, ისევ და ისეთ „სომხეთის საკითხს“, ანუ, პრობლემათა იმ რიგს, რომელმაც XI საუკუნეში მოითხოვა ქართველი ერის წარსულის გაყალბება და დღესაც ამას ითხოვს...
სამწუხაროდ, იმის გარკვევა, თუ რა არის ჩვენთვის სასარგებლო და რა კიდევ, არა, როგორც ჩანს, ყოველთვის გვიჭირდა, ამიტომ, სხვათა ინტერესების გამომხატველი იდეოლოგიური დივერსიების დროულად ამოცნობას და მათზე სათანადოდ რეაგირებას ვერ ვახერხებდით, პირიქით, ხშირად ვხდებოდით კარგად ორგანიზებული, ხანგრძლივი პროპაგანდის მსხვერპლნი. მე, აქ, ისევ და ისევ სომეხთა იდეოლოგიურ შემოტევას ვგულისხმობ, რომელიც XIX საუკუნეშიც ისევე შედეგიანი იყო, როგორც ლეონტი მროველის დროს. სამაგალითოდ, 1890 წელს გამოცემული ალექსანდრე ჭყონიას „ისტორიული ნარკვევი“-ც გამოდგება, რომლის ზოგიერთი მონაკვეთი თავისი არმენოფილური ხასიათით არაფრით ჩამოუვარდება „ქართლის ცხოვრების“ ყბადაღებული ავტორის პოზიციას. შემოგთავაზებთ რამდენიმე ფრაგმენტს ამ წიგნიდან, რომელშიც V საუკუნის პირველი ნახევრის ამბებია მოთხრობილი: „მაგრამ ყველაზე უფრო დიდი ღვაწლი ამ საუკუნეში სომხის ერს და ქართველებს დასდვა ერთმა მეცნიერმა სომხის ბერმა, სახელად მესროპმა. იმან მოიგონა სომხური ანბანი, მერე გადმოვიდა საქართველოში და, ქართველი მეცნიერის ჯაყელის შემწეობით, ქართული ხუცურიც შეადგინა“... „ამ ბრძოლამ გადაიტანა სომხეთის პოლიტიკური თვითარსებობა, მაგრამ თავისი ნაციონალურის სიკვდილით ჩვენ დაგვიფარა, რომ სომხები არა, საქართველოს სახსენებელი ახლა ქვეყანაზედაც არ იქნებოდა“... „ეს საშინელი ბრძოლა არ დასცხრა მანამდის, სანამ სომხეთის მიწაზე უკანასკნელი ვაჟკაცი არ იწამა. ამ სახით სომხეთის ერი შეიქმნა, როგორც პირველი ქრისტიანი ერი ქვეყანაზე, აგრეთვე უპირველესი მხედრობაც ქრისტესი და თავისი სამშობლოსი. ამ ერმა თავისი წამებული ცხოვრებით ასწავლა საქართველოს ერს, თუ როგორ უნდა ებრძოლა მამულისა და სარწმუნოების დასაცველად“.
როგორც ხედავთ, აქაც იმ ამაგზეა ლაპარაკი, ჩვენთვის რომ გაუწევიათ სომხებს და ამ შემთხვევაშიც, აშკარად იკითხება გადაუხდელი ვალის ამბავი... ამიტომ, რა მიზანიც ჰქონდა XI საუკუნეში ასეთ პროპაგანდას, იგივე ექნებოდა XIX-შიც. დამკვეთი და მაპროვოცირებელი აქაც ის უნდა იყოს, ვის მიზნებსაც ეს აგიტაცია ემსახურებოდა... შემსრულებელი კი, ამ შემთხვევაშიც ქართველია...
რაოდენ გამაღიზიანებელიც უნდა იყოს თავისი ტენდენციურობით, ყველაფერი ის, რაც ლეონტი მროველს და ალექსანდრე ჭყონიას უწერიათ თავიანთ ისტორიებში, ან, თუნდაც, ზაზა ალექსიძეს - თავის წერილში, ამან სომხების მიმართ ჩვენი უარყოფითი დამოკიდებულება არ უნდა გამოიწვიოს, რადგან მათი მცდელობა მიმართული იყო მათივე ეროვნულ-რელიგიური და სახელმწიფოებრივი ინტერესების დასაცავად და ამ მიზნის მისაღწევად მოქმედების იმ ფორმას მიმართეს, რომელიც ოპტიმალურად მიიჩნიეს. ამასთან, როგორც ჩანს, ეს ამართლებს, რადგან ბრძოლის ასეთ მეთოდებს დღემდის მიმართავენ... და ეს ჩვენთვის ის მაგალითია, რომელმაც უნდა დაგვაფიქროს: ჯერ ერთი, ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესებისათვის ფართომასშტაბიანი პროპაგანდისტული ბრძოლის საჭიროებაზე, მეორეც, იმ იდეოლოგიის შექმნის აუცილებლობაზე, რომელიც ამ ბრძოლას უნდა დაედოს საფუძვლად და ბოლოს, ისტორიულად, ჩვენ ხშირად ვიყავით სხვისი ზემოქმედების, კერძოდ, იდეოლოგიური ზემოქმედების ობიექტი... იქნებ საპირისპირო პროცესი იმ გააზრებული სულიერი რეალიების პროპაგანდით დაგვეწყო, რომელზე დაყრდნობითაც გვსურს თავისუფალი, სამართლებრივი სახელმწიფოს აშენება. თავის მხრივ, ეს პროცესი წარსულის გადაფასებით უნდა დაიწყოს. ჯერ იმაში უნდა გავერკვეთ, ისტორიულად განვლილი გზის რომელ მონაკვეთზე გვივლია შეცდომებითა თუ უშეცდომოდ, სწორი დასკვნები ადვილად გვაპოვნინებს კუთვნილ ადგილს მსოფლიო ისტორიულ პროცესში, ხელს შეუწყობს ცივილიზებული სამყაროს მიერ ჩვენს იდენტიფიცირებას, ამ გზით ჩვენს პრობლემებსაც გაეცნობიან და იქნებ, გაითავისონ კიდეც, რათა დაგვეხმარონ ანუ მათ წინაშე უნდა წამოიჭრას „საქართველოს საკითხი“.
1998 წ. მაისი.
![]() |
22 წარსულში საძებნელი მომავალი... |
▲ზევით დაბრუნება |
„აწმყო შობილი წასულისაგან
არის მშობელი მომავალისა“
გოტფრიდ ლაიბნიცი
დიდი გერმანელი ფილოსოფოსის ცნობილი პრინციპისაგან განსხვავებით, ჩვენი მომავალი, აწმყომ კი არა, წარსულის იმ ღირებულებებმა უნდა წარმოშვას, კოლონიურ-კომუნისტური რეჟიმი რომ გვავიწყებდა და, რომელთა გახსენებაც, თავისუფლების შემდგომ გასული შვიდი წლის განმავლობაშიც, სათანადოდ ვერ შევძელით... ამიტომ, გასაკვირი არ უნდა იყოს, თუ კითხვა აღიძვრის: გვსურს კია, გახსენება? და თუ დადებითად ვუპასუხებთ, მაშინ იმისი აღიარებაც მოგვიწევს, რომ ვერაფერს ახალს ვერ შევქმნით, მივიწყებულ ფასეულობათა ხელახლად პოვნის გარეშე, რადგანაც, სამოცდაათი წლის მანძილზე გაბატონებულ სიყალბეს, სუროგატს, არაპროფესიონალიზმს, ხელოვნურობას, - ალტერნატივა უნდა მოეძებნოს, რომელიც სწორ გეზს მოგვცემდა და ცივილიზებული სახელმწიფოს აღმშენებლობის რთულ პროცესს გაგვიადვილებდა.
წარსულის ღირებულებათა გააზრება და სამომავლო საჭიროებისათვის მოხმობა, თავისთავად რთული საქმეა, რამეთუ, მან ცხოვრების ყველა სფერო უნდა მოიცვას, - სულიერიცა და მატერიალურიც. ამან, არამც და არამც, არ უნდა დაგვაბნიოს. რაც, არ მოხდება, თუ სწორ პოზიციას შევარჩევთ და ვიფიქრებთ იმის თაობაზე, თუ: რა უნდა ავიღოთ გარდასულ საუკუნეთა დანატოვარიდან და რატომ. ამ თემაზე მსჯელობა ნებისმიერი საკითხით შეიძლება დავიწყოთ. თუნდაც, იმ ეპოქის ყოფის გააზრებით, მეორე რუსულ ოკუპაციას რომ ემსხვერპლა. მითუმეტეს, დღეს, მეტად აქტუალურია ისტორიული მემკვიდრეობის გადარჩენის პრობლემა. ამიტომ მინდა შეძლებისდაგვარად შევეხო ძველი თბილისის რეალიებს.
„თავიდან, ჩვენ ვიგონებთ შენობათა ფორმებს, შემდეგ თავად ნაგებობანი იწყებენ ჩვენს ფორმირებას“
უინსტონ ჩერჩილი
XIX საუკუნეში, დედაქალაქიდან მთელს საქართველოში ვრცელდება ევროპული კულტურა. ჯერ, თბილისში ხდებოდა დასავლური ცივილიზაციის მონაპოვართა ადაპტირება, - მის მოსახლეობას სიახლეთა სწრაფად და გონივრულად შეთვისების უნარი აღმოაჩნდა. ეს, გასული საუკუნის არა ერთ მოგზაურს შეუნიშნავს. ამ მხრივ, მეტად საინტერესოა ის შთაბეჭდილება, თბილისმა რომ მოახდინა ალექსანდრე დიუმაზე და რის გამოცის წერდა: „უნდა გამოვტყდე, როცა თბილისში მოვდიოდი, მეგონა ვნახავდი ნახევრად ველურ ქალაქს, რაღაც ბაქოსა და ნუხის მსგავსს, მაგრამ უფრო დიდს. თურმე ვცდებოდი. ფრანგული კოლონიის წყალობით, რომელიც პარიზელი მკერავებისა და მოდისტკებისაგან შედგება, ქართველ მანდილოსნებს შეუძლიათ იტალიური თეატრისა და განდის ბულვარის მოდას მისდიონ მხოლოდ ორი კვირის დაგვიანებით“. მოდასთან ერთად, წეს-ჩვეულებებიც შეიცვალა, 1870 წლის გაზეთი „დროშა“ წერდა: „ერთი დრო იყო, რომ ყველიერის შექცევა იყო საერთო, საზოგადო, ეს იყო მუშტი-კრივი, ყეენობა და სხვა... ახლა ეს შეიცვალა, რადგანაც ჩვენ განათლების ხარისხში შევედით; ახლა ეს ყველიერის შექცევა მდაბიო გახდა და მაღალი საზოგადოება თეატრებსა და მასკარადებს ეწყობა...“ თეატრი დიდებული ჰქონდა ქალაქს, რომლის დიუმასეული შეფასება კატეგორიულია: „... უყოყმანოდ შეიძლება ითქვას, რომ თბილისის სათეატრო დარბაზისთანა თვალწარმტაცი დარბაზი ჩემს სიცოცხლეში არსად მენახა“, წერს ფრანგი მწერალი. გასულ საუკუნეში, დასავლური კულტურის რეალიები ისე ადვილად შეითვისა ქალაქის მოსახლეობის ყველა სოციალურმა ფენამ, რომ როცა თბილისელი კინტოები იტალიური ოპერიდან მოსმენლ მელოდიებს ღიღინებდნენ, ეს აღარავის უკვირდა...
გასული საუკუნის ცნობილი პოეტი! მთარგმნელი, თეატრალური კრიტიკოსი და პუბლიცისტი მიხეილ თუმანიშვილი, მისთვის დამახასიათებელი იუმორით, ასე აღწერს „ოპერის სნეულებით“ შეპყრობილი საზოგადოების სურათს: „აქეთ-იქიდან ისმოდა მხოლოდ სახელები როსსინისა, ბელლინისა, დონიცეტისა, ვერდისა და, ასე განსაჯეთ, ვაგნერისაც... არ ვიცოდი, რა მექნა, მეგონა, რომ ვიყავი არა გორგასლანის ქალაქში, არამედ მილანში, ანუ ვენეტიკაში. შემხვდა ერთი ჩადრიანი ყმაწვილი ქალი, რომელიც მოდიოდა და იძახოდა: თქვენი ბელლინის მზეს, ჩადრზე ფეხი არ დამადგათო; ახლოს ქუჩიდან ჩამორბოდა ერთი იმერელი მუშა და დასძახოდა: „ფიგარო აქა, ფიგარო იქა, ფიგარო ზევით, ფიგარო ქვევით!» ასე, სულ გადარეულან, ყველას მოსდებია ოპერის რაღაც სნეულება. პატარა ბიჭების კივილმა „ლადონა მობილეს“ ხმაზე ხომ ილაჯი წაიღო“.
ასეთი იყო სიტუაციის სატირული ხედვა. საერთოდ კი, ყველაფრით ევროპულით გატაცება მეტად დიდი იყო, ოღონდ, ამას არ მიუღია რაიმე, უკიდურესი ხასიათი და ეს სიახლენი შევითვისეთ იმდენად, რამდენადაც ეს შეეძლო გაეკეთებინა დასავლური ორიენტაციის მქონე ერს. ახალ მოდას და გართობის ფორმებს საცხოვრებელი პირობების შეცვლა-გაუმჯობესების მოთხოვნილებაც მოჰყვა, - ამასაც ხალისით აკეთებდნენ მოქალაქენი. აკი, ამბობს კიდევაც იმ დროის თბილისელ ბურჟუათა ლიტერატურული პროტოტიპი, ლავრენტი არდაზიანის გახმაურებული რომანის პერსონაჟი, სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი: „სოლოლაკზე მე ვიყიდე დიდი ორეტაჟიანი სახლი, რომელიც საუცხოვოთ მოვაწყე და მოვრთე. ერთი ნახევარი ამ სახლისა - სამი ოთახი და ორი ზალა - გავმართე ევროპის გემოვნებაზე, მეორე ნახევარი ჩვენებურად - ქართულად, არა დავიშურე-რა, რომ სახლი ყოფილიყო, დიაღ მდიდრულად შემკული, ძლიერი ფული დავღუპე“. ამ მონოლოგში ორი რამ არის საყურადღებო: როგორ სახლს იწყობდა გასული საუკუნის შუა წლების მოქალაქე, და, რა უჯდებოდა მას ეს სიამოვნება. დავიწყოთ პირველით: მაშინ, მეჯღანუაშვილის მსგავსად, ბევრს ჰქონდა შერეულად, ევროპულ-ქართულად მოწყობილი სახლ-კარი და, ეს იმ ტენდენციის გამოვლენაც იყო, მთლიანად რომ მოიცავდა მაშინდელ ყოფას და, - ცხადია, არქიტექტურასაც შეეხო, - რომელიც აერთიანებდა ახალს, - უცხოურს და საკუთარს, - ტრადიციულს ისე, რომ ორიგინალურობა არცერთს არ ეკარგებოდა. ამიტომ აქვს გასული საუკუნის თბილისს მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ორსახოვნება; სწორედ, ამას გულისხმობდა 1847 წლის გაზეთი „ზაკავკაზსკი ვესტნიკი“, როცა წერდა: „თბილისი... ერთგვარი იანუსია, რომელიც ერთი სახით აზიისკენ არის მიმართული, მეორით ევროპისაკენ“-ო. ევროპული და აზიური თბილისში შეხვდა ერთმანთს და შეერწყა კიდეც. ამისი პირობა ქართული ხასიათის ბუნებაში უნდა ვეძებოთ, რომელმაც, მექანიკურად კი არ დაუკავშირა ერთმანეთს, დასავლური და აღმოსავლური, არამედ გააზრებულად, ქართულ ნიადანზე დამყნობით. ამიტომ არ არის ხელოვნური, თვალის მომჭრელი, გასული საუკუნის თბილისის ეკლექტური არქიტექტურა თავისი: „კლასიციზმით“, „რენესანსით“, „ბაროკოთი“, „ამპირით“, „გოთიკითა“ და „მოდერნით“, - ორგანულად რომ შეერწყა ხის აივნებს. ამასთან დაკავშირებით, მეტად საინტერესო მოსაზრებას გამოთქვამს აკადემიკოსი ვახტანგ ბერიძე თავის „მოგონებებში“: „საარქივო მასალების გაცნობამ რამდენადმე შეცვალა ამ სახლების ქრონოლოგია, „თბილისური“ სახლების ევოლუციის პერიოდები. გამოირკვა, რომ XIX საუკუნე ამ სახლებით კი არ იწყება, არამედ კლასიცისტური საცხოვრებელი სახლებით, რომლებიც სავალდებულო „უზენაესად დამტკიცებული“ სანიმუშო ალბომების მიხედვით შენდებოდა; რომ „თბილისური“ სახლები თანდათან შემუშავდა ოცდაათიან-ორმოციან წლებში, შემუშავდა ერთგვარი „ბრძოლის შედეგად: თბილისმა, მისმა ტრადიციებმა, გემოვნებამ, მისმა პრაქტიკულმა, სასიცოცხლო მოთხოვნილებამ გარდუვალი გახადა ამ „წმინდა“ კლასიცისტური ნიმუშების თბილისურად გარდაქმნა. პროექტი მხოლოდ სქემაში იძლეოდა, სინამდვილეში კი იმ მშვენიერ აივნებს, მათ „დაჭრელებულ“ მოაჯირებს,თაღებს, შუშაბანდს - თბილისელი ოსტატები დამოუკიდებლად ქმნიდნენ». აი ამის შედეგად მივიღეთ „აივნიანი ქალაქი“, რომელიც არქიტექტურაში გამოვლენილი „ნაციონალური რეაქცია“ იყო რუსულ - იმპერიული ნორმატიული აქტებით თავსმოხვეული არქეტიქტურული ფორმების მიმართ და, ამ თვალსაზრისით, თავისუფლებისათვის ბრძოლისა და თვითმყოფადობის შენარჩუნების თავისებური საშუალებაც. ამ ბრძოლამ წარმოშვა ლამაზი, საცხოვრებლად მოხერხებული, თავისი კომუნიკაბელურობით ადამიანური და, ამიტომ ქართული ხასიათისათვის მისაღები ნაგებობა. „ძველი თბილისის სახლები ისე იყო აგებული, რომ ადამიანს შეეძლო ქუჩაში გაუსვლელად ბანიდან ბანზე გადასვლით მთელი უბანი მოევლო“ (იოსებ გრიშაშვილი). სხვათაშორის, ქალაქის მუზეუმში შემორჩენილია ფოტო, სამ სართულიანი ბანიანი სახლისა... ბანიანი სახლების (სამხრეთის ქალაქებში ესეოდენ პრაქტიკული ხასიათის ნაგებობათა) მშენებლობა ჩვენში აიკრძალა რუსეთის იმპერატორის ნიკოლოზ I-ის 1828 წ. 30 ივნისის „უკაზით“..
ეს იყო იმ კოლონიური პოლიტიკის კიდევ ერთი გამოვლენა, რომელიც, თბილისის ევროპულ ქალაქად გადაქცევის საბაბით, წარსულის რეალიებს გვინადგურებდა და ამით, ჩვენს თავისთავადობას საფუძველს უსპობდა. შალვა კაშმაძის ცნობით, გაევროპელებას იმიზეზებდა კავკასიის მთავარმართებლად დანიშნული ერმოლოვი, როცა „თბილისის ციხესა და ისტორიულ ძეგლებს დაქცევა დაუწყო“...
ევროპული ფასადების მქონე სახლებში, დიდი, მაღალჭერიანი ოთახები იყო, - მარმარილოს ბუხრებითა და კაფელით მოპირკეთებული ჰოლანდიური ღუმელებით გაწყობილი. ოთახებში უამრავი ლამაზი და ძვირადღირებული ნივთი იდო, ისეთი, ჩვენ რომ ანტიკვარულს ვუწოდებთ, ძველებური, მამა-პაპური იარაღით დაწყებული და ბაროკოსა და ამპირის სტილის ავეჯით დამთავრებული. თუ ამას, გასაოცარი ფორმის ჭაღებს, ლარნაკებს, შანდლებს და ძვირფას, ფაიფურის ჭურჭელს, აგრეთვე, ხალიჩებს, ფარდაგებსა და ათასგვარ სუვენირს დავუმატებთ, ყველაფერი ეს ქმნიდა „აივნიანი ქალაქის“ ყოფის თავისებურებას, იმ სთეტიკურ გარემოს, რომელშიაც ტრიალებდნენ გასული საუკუნის თბილისელები და რა გარემოც აყალიბებდა ამ ადამიანების შეხედულებებს ქალაქურ ყოფაზე. ასე რომ ეცხოვრა, საკმაოდ შეძლებული უნდა ყოფილიყო მოქალაქე და აქ მივადექით მეჯღანუაშვილის ნათქვამის მეორე ნაწილს: ფულის შოვნა უნდა შეგძლებოდა, რომ მერე, ის გეხარჯა.
აღებ-მიცემობის იმ ფერხულში, გასული საუკუნის თბილისში რომ იყო გაჩაღებული, ქართველებიც ვმონაწილეობდით, თუმც, თავიდან, ძალიან სუსტად და ეს ერთი იმ ეროვნულ პრობლემათაგანი იყო, რომელიც ფეოდალური ფსიქოლოგიის შეცვლას ითხოვდა, რეალობის სხვაგვარ აღქმას... ერთი სიტყვით, ღირებულებათა გადაფასებას და, რაც მთავარია, პრაქტიკულ ნაბიჯებს და ხელის შეწყობას, რათა ჩამოყალიბებულიყო ეროვნული ბურჟუაზია. ამისი აუცილებლობა კარგად ესმოდათ უკვე XVIII-XIX საუკუნეთა შესაყარზე, ქართველ მოღვაწეებს.
ამ თვალსაზრისით, მეტად საინტერესოა, იოანე ბატონიშვილის მოსაზრება: «ჩვენ თითქმის სომხებისა და თათრების ვაჭრობის ხელის შემხედვარენი ვართ და ეს ძლიერება იქნება ჩვენი, ოდესაცა ვაჭარნიცა ჩვენნი იქნებიან... ქართლიდამ, კახეთიდამ, სომხეთიდამ სამი ათასი კომლი კაცი, ვინც იყვნენ დიდის სოფლებიდამ თუ მცირედამ, შეხვედრით ავყაროთ და ქალაქში დავაყენოთ. სხვებცა შეწევნა ვუყოთ... გარდა ამისა სომეხთა და თათართა ისე ივაჭრონ, როგორთაც უვაჭრიათ პირველ». საგანგებოდ, მაინც არავის შეუქმნია ქართული ბურჟუაზია, მაგრამ, არც სხვა ერის შვილებისათვის შეგვიშლია ხელი! ისინი, და მათ შორის თანდათანობით მომრავლებული ქართველი ვაჭრები და მეწარმენი, ქმნიდნენ დედაქალაქის მცხოვრებთა საქმიან ნაწილს, რომელსაც შეეძლო აეშენებინა და ეცხოვრა ორ და სამსართულიან, მდიდრულად გაწყობილ სახლში, ან ჰქონოდა რამდენიმე ე.წ. შემოსავლიანი სახლი. ეს ადამიანები თავიანთ საქმოსნურ ბიოგრაფიას, ზემოხსენებული ლიტერატურული გმირის მსგავსად, წვრილი ვაჭრობით იწყებდნენ. მათი გარკვეული ნაწილი, ქალაქში დაბადებული არც იყო და, აქ, თავს იჩენს ერთი, მეტად მნიშვნელოვანი მომენტი; საქმე ის გახლავთ, რომ როგორც გასული საუკუნის გაევროპელებულ თბილისს გააჩნდა თავისი არქიტექტურული სახე, ასევე, მის მოსახლეობას ჰქონდა ქცევის განსხვავებული სტერეოტიპი: მაშინდელი მოქალაქე, უპირველეს, ოვლისა, ემორჩილებოდა კანონს და საქალაქო ცხოვრების ტრადიციებს. ქალაქის ჭრელი და მზარდი მოსახლეობა დანაწილებული იყო სოციალურ ფენებად. ეს გახლდათ ერთგვარი კიბე, რომლის თითეული საფეხურზე ასვლა, ადამიანისაგან ითხოვდა სათანადო მოქცევის წესის დაცვას და შესაფერისი ღირებულებების გათავისებას, - სხვაგვარად სოციალური საფეხურის გადალახვა შეუძლებელი იყო და, რაც, ყველამ იცოდა. ამიტომ, სათანადოდ იქცეოდნენ, შრომობდნენ თავთავიანთ ხელობათა შესაბამისად. ვაჭარი ვაჭრობდა! ხელოსანი ხელოსნობდა, მოხელე მოხელეობდა, ინტელიგენტი ინტელიგენტობდა; ხოლო, თუ ვინმე სხვა სოციალურ ფენასა და ჯგუფში აპირებდა გადასვლას, - ქცევაც უნდა შეეცვალა, - შესაფერისად ჩაეცვა, შესაბამის უბანში და სახლში ეცხოვრა. ასეც იყო ქალაქი დანაწილებული: ცენტრში, მტკვრის ორივე ნაპირზე, ძირითადად, არისტოკრატია ცხოვრობდა; მთაწმინდისა და ვერის უბნებში, - ინტელიგენცია და მოხელეები, სოლოლაკში, მსხვილი ბურჟუაზია, ავლაბარი, ჩუღურეთი, ხარფუხი, დიდუბეი, ციხის უბანი, - შედარებით შერეული სოციალური ჯგუფებით იყო დასახლებული: წვრილი ვაჭრები, ხელოსნები, ისევ ინტელიგენცია და მოხელეები. უკვე, დაყოფა ასეთი გამოხატავს მკვეთრი სოციალური დაფენების არსებობას. ამ ფენებს შორის ურთიერთობის ხასიათი თანამშრომლობასაც გულისხმობდა და ანტაგონიზმსაც, მაგრამ ყველა ესენი ერთად, წარმოადგენდნენ მოქალაქეებს, რომლებიც თავიანთი ცხოვრებისა და ყოფის წესით, განირჩეოდნენ სოფლის მაცხოვრებლებისაგან და იყვნენ სამაგალითონი ყველა მათთვის, ვისაც ქალაქელობა სურდა.
ქართულმა ლიტერატურამ და დრამატურგიამ, საკმაოდ კარგად ასახა XIX საუკუნის თბილისელის ტიპი, მისი პრობლემები, მიზნები და მისწრაფებები, ყოფა და მეტყველება, ქალაქური ქართული ენის განუმეორებელი კოლორიტი და, მაინც, ის სახლები, რომლებშიაც ისინი ცხოვრობდნენ, კიდევ უფრო მეტს გვეუბნება: იტალიური - პალაცოების დარი - ნაგებობები, მოჩუქურთმებული კარები და ჭიშკრები, სადარბაზოს მარმარილოს იატაკზე ამოკვეთილი ლათინური მისალმება „SALVE“, მარმარილოსა და მოზაიკიანი კიბეები, მხატვრულად ჭედური რკინის მოაჯირები, ფართე ფანჯრები და ფასადები - ათასგვარი ჩუქურთმებითა და ქანდაკებებით იყო დამშვენებული: ატლანტები, მედუზა-გორგონები და ლომის თავები, ანტიკურ გმირთა პროფილები; - დასავლური და აღმოსავლური არქიტექტურის ყველა სტილი აისახა მათში. ასეთ სახლებში ჰქონდათ ბინა, ასეთ სახლებში იყო ბანკები, კანტორები, სკოლები, ათასგვარი დაწესებულებები, სასტუმროები, ბორდელები... რა თქმა უნდა, ქარვასლები, თეატრები, სინემატოგრაფი, აბანოები და, საერთოდ, ადამიანის საქმიანობის ყველა სფეროს ეძებნებოდა იქ ადგილი.
იმ დროის, ქალაქის ყოფა-ცხოვრება გვაახლოვებდა ევროპულ ცივილიზაციასთან, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში, მოწყვეტილი ვიყავით. XIX საუკუნეში, ეს მიახლოვება, თავდაპირველად, მაინც, უფრო გარეგნული იყო, ხოლო ჭეშმარიტი ქალაქელობის შინაარსს თანდათან და მეტად ძნელად იძენდა, - რადგან ასევე რთულად მიმდინარეობდა ეს პროცესი რუსეთის იმპერიაში, რომლის, ორ, შემადგენელ გუბერნიად იყო გადაქცეული საქართველო. რუსეთის საქალაქო ცხოვრება არ ეყრდნობოდა, და არც ანტიკური სამყაროს პოლისთა მმართველობის გამოცდილებასა და არც შუა საუკუნეების ევროპის ქალაქთა თავისუფლებისათვის ბრძოლის ტრადიციებს, შესაბამისად, მისი მმართველობაც), არ შეიცავდა რაიმე დემოკრატიულ ელემენტს; ანუ, მოქალაქე არ მონაწილეობდა ქალაქის მმართველობაში. ქალაქები, რუსეთში, პოლიციის მიერ იმართებოდა, ზემდგომი ორგანოებიდან გამოგზავნილი „უკაზების“ მიხედვით. ცხადია, მმართველობის ეს ფორმა დამკვიდრდა ჩვენში, მაგრამ, გარკვეული წინსვლა ცხოვრების ამ სფეროშიც მოხდა: 1840 წლის 10 აპრილს თბილისში, შემოიღეს „საზოგადოებრივი საქალაქო მმართველობა“, რომლის ძალითაც, ქალაქს უნდა ჰყოლოდა მთელი მოსახლეობის მიერ არჩეული ქალაქის თავი და ექვსი ხმოსანი, - რომელთაც უძრავი ქონების მფლობელნი აირჩევდნენ. ეს დებულება, თბილისის მესამე წოდებას, ქალაქის მმართველობაში შეზღუდული მონაწილეობის უფლებას აძლევდა. 1870 წლის საქალაქო თვითმმართველობის რეფორმა, საარჩევნო ხმის უფლებას, მოსახლეობის უკვე, 4-5% ანიჭებდა. ეს არ იყო ბევრი, მაგრამ, საკმარისი აღმოჩნდა იმ გააფთრებული საარჩევნო ბრძოლებისათვის, სადაც მრავალი პრობლემა წარმოჩინდა: სოციალურიც, პოლიტიკურიც, კულტურულიც და ეთნიკურიც... ეს დაპირისპირება იყო ის სკოლა, რომელშიაც იზრდებოდა ქართული მოქალაქეობა, ყალიბდებოდა, ძლიერდებოდა.
ქალაქის თვითმმართველობამ შეძლო, მოეგვარებინა ბიუჯეტის პრობლემები, გაეუმჯობესებინა კომუნალური მეურნეობა. მოაწესრიგებინა ქუჩები, მოედნები, წყალსადენი, ქალაქის განათება; ნავთის ფანრები შეცვალა აირისათი. განავითარეს ტრანსპორტი: ჯერ კონკა, ხოლო XX საუკუნის დამდეგს, ტრამვაი გაიყვანეს და ბოლოს, ფუნიკულიორის ხაზიც ააგეს. ხელს უწყობდა ქალაქში კომერციისა და მრეწველობის აღმავლობას, განათლებისა და ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის შექმნას და, რაც მთავარია, ამ პერიოდში, კიდევ უფრო მეტი გაქანება მიეცა ქველმოქმედებას. ამ მხრივ, მარტო ზუბალაშვილების საგვარეულოს საქმიანობაც კარგ მაგალითად გამოდგება, - ეპოქის ხასიათის გასაგებად.
რუსული კოლონიალიზმი ხელს არ უწყობდა საქართველოში ევროპული ქალაქური ყოფის სრულფასოვან დამკვიდრებას, ამიტომაც, 1892 წლის ახალი საქალაქო დებულებით, ქალაქის თვითმმართველობაში დემოკრატიული ელემენტის მონაწილეობა შეზღუდა ქონებრივმა ცენზმა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, თბილისსა და ჩვენი ქვეყნის სხვა ქალაქებში უკვე ბევრი რამ იყო ისეთი, რაც დასავლური ცივილიზაციის მონაპოვარს ამკვიდრებდა და ამ პროცესის შეჩერება კოლონიურ რეჟიმს აღარ შეეძლო. ამას კარგად გრძნობდა ქართული საზოგადოება და ყოველმხრივ ცდილობდა, მოქალაქეობა, ეროვნული თვითგამოხატვის საშუალებად ექცია. ამიტომ იყო, რომ XIX საუკუნის თბილისის ისტორია, - ეს არის ბრძოლა ეროვნული და დემოკრატიული პრინციპების დასამკვიდრებლად. დამონებულ მდგომარეობაში, ჩვენ შევძელით და გამოვავლინეთ ურყევი მისწრაფება, საქალაქო ცხოვრების ევროპული ტრადიციის დასამკვიდრებლად. ქართველთა ამ სურვილის საფუძველი, არამარტო ახლის იოლ ათვისებაში მდგომარეობდა, არამედ, ხასიათის ისეთ თვისებაშიც, როგორიც არის ტოლერანტობა და, რომელმაც საშუალება მოგვცა ისეთი ჭრელი ეროვნული და რელიგიური შემადგენლობის ქალაქში, თბილისი რომ არის, დაგვემკვიდრებინა ურთიერთშემწყნარებლობაზე დაფუძნებული თანაცხოვრება. აი, ამ ღირებულებას ვიცავდით რუსული ბიუროკრატიის ზემოქმედებისაგან და სომხური ბურჟუაზიის ექსპანსიონიზმისაგან. და ბოლოს და ბოლოს, როცა საშუალება მოგვეცა, ანუ როცა დაემხო რუსეთის იმპერია და 1918 წლის 26 მაისს საქართველო დამოუკიდებელ დემოკრატიულ რესპუბლიკად გამოცხადდა, მოვითხოვეთ ის, რისკენაც მივილტვოდით. აი, რა წერია ამის თაობაზე, „საქართველოს ისტორიის“ იმ წიგნში, 1783-1990 წლების ამბებს რომ მოგვითხრობს: „ადგილობრივ მმართველობას საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ახორციელებდნენ სამაზრო ერობები, რომლებიც საქართველოს პარლამენტის კანონით 1918 წლის მეორე ნახევრიდან ჩამოყალიბდნენ. მმართველობის საკუთარი ორგანო გაიჩინეს ქალაქებმა, ერობები და ქალაქთა თვითმმართველობანი აღიარებული იყო საფუძვლად, რომელსაც ეყრდნობოდა მთელი სახელმწიფოებრივი შენობა“.
ეს იმას ნიშნავდა, რომ განხორციელდა დიდი ისტორიული ნახტომი და საქართველოს ქალაქებმა ერთბაშად მიიღეს ის უფლებები, რისთვისაც ევროპის ქალაქები საუკუნეების განმავლობაში იბრძოდნენ. ამრიგად, პირველი რესპუბლიკის დროს, საქართველოს ქალაქთა მცხოვრებნი სრულფასოვან მოქალაქეებად იქცნენ, რომელთაც გააჩნდათ უფლება-მოვალეობანი: იყვნენ გადასახადის გადამხდელნი და შეეძლოთ აერჩიათ და არჩეულები ყოფილიყვნენ. არჩევნები იყო საყოველთაო და ქონებრივი ცენზის გარეშე. ამრიგად, ახლა ჩვენს ქალაქებში მხოლოდ ევროპული სტილის შენობები კი არ იდგა, არამედ მათში დასავლური ცივილიზაციის სულიც დამკვიდრდა და ეს დროის მეტად მოკლე მონაკვეთში მოხდა. სამწუხაროდ, ასევე მცირე ხანი იარსება საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამაც, რაც, ცხადია საკმარისი არ იყო იმისათვის, რათა გაგვეთავისებინა ეპოქის მონაპოვარი, გვექცია ის ტრადიციად, მეორე რუსულმა ოკუპაციამ და კოლონიურ-კომუნისტურმა რეჟიმმა, ერთბაშად შეცვალა საქალაქო ცხოვრების წესი და დაამყარა მანამდის არარსებული სოციალურ-პოლიტიკური სისტემა: ხელოვნური, ანტიჰუმანური, პროგრესის დამაბრკოლებელი, დესტრუქციული, ადამიანის გადამგვარებელი... ამ უბედურებამ, ცხადია, ქალაქური ცხოვრების წესზეც მოახდინა თავისი დამღუპველი ზემოქმედება. თავიანთ დამანგრეველ საქმიანობაში, ქართველ კომუნისტებს, მისაბაძად რუსეთი ჰყავდათ. ამის თაობაზე, 1921 წლის ივნისში, თბილისის პირველ საქალაქო პარტიულ კონფერენცაზე, კიროვი შეახსენებდა მათ: „ძნელი და რთული მუშაობა გიდევთ წინ თქვენს გზაზე, მე მინდა გაგახსენოთ, რომ თქვენი მუშაობა საგრძნობლად გაადვილებულია იმით, რომ წინ გიდევთ რუსეთის კომუნისტური პარტიის ისტორიის დიდი მაგალითი... მე ვფიქრობ, საქართველოს პარტია გაითვალისწინებს გაკვეთილებს, რომლებსაც საბჭოთა რუსეთი იძლევა“. ზემოხსენებული „მაგალითი“ და „გაკვეთილი“ წარმოადგენდა: პიროვნების ნიველირებას, საკუთრების პრინციპის უარყოფას, მმართველობაში არჩევითობის სისტემის გაუქმებას, შრომისა და ანაზღაურების, მანამდე არსებული წესის შეცვლას, ცხოვრებისა და ყოფის ახალი ნორმების დამკვიდრებას. ყველაფერ ამის შედეგად, ქალაქის მცხოვრებმა დაკარგა მოქალაქის ყველა კანონიერი და აუცილებელი უფლება და გადაიქცა ადამიანის ღირსების შემლახველი კომუნის წევრად. მის ამ უბადრუკ მდგომარეობას, ყველაზე კარგად, საცხოვრებელი პირობები წარმოაჩენენ. კომუნისტებმა ეს პრობლემა მეტად იოლად გადაწყვიტეს: ოკუპაციის პირველსავე თვეებში, შეძლებული კლასებისათვის ჩამორთმეულ ბინებში, 11 ათასი მუშა შეასახლეს, სხვათაშორის, იყო შემთხვევები, როცა ქართველი მუშები ასეთი გზით „გაუმჯობესებულ“ საბინაო პირობებზე უარს ამბობდნენ, რადგან ექსპროპრიაცია და ძარცვა-გლეჯა ეწინააღმდეგებოდა ჩვენში არსებულ ზნეობრივ პრინციპებს! სრულიად მართალი იყო ალექსანდრე ქურასბედიანი, როცა სტალინისადმი მიწერილ ანონიმურ წერილში, ასეთ მოსაზრებას გამოთქვამდა: „არ შეიძლება, უკლებლივ, ყველა ერისათვის საერთო სტანდარტული მართვა-გამგეობის წესის შემოღება. ქართველი, ტაჯიკი და ბურიატ-მონგოლი ერთშინაარსიან წყობაში შეიძლება დაკავებულ იქნან, მხოლოდ ჩინგიზ ხანის კანონების საშუალებით“, სწორედ, ამდაგვარმა პოლიტიკურმა რეჟიმმა გახადა შესაძლებელი, საქართველოს ქალაქების მცხოვრებმა ტრადიციული ყოფის ნგრევა და, იქ, კომუნისტური რუსეთის საქალაქო ცხოვრების მოდელის, ე.წ. „კომუნალკის“ დამკვიდრება. თუ რას ნიშნავს ეს, ყველამ ვიცით, მაგრამ ურიგო არ იქნება, თუ კიდევ ერთხელ ჩავუფიქრდებით კომუნისტთა ამ დანაშაულებრივი ქმედების არსს: ნორმალურ ბინაში, რომელიც, საშუალოდ, 5-6 ოთახიანი იყო, მათ!, ერთი კი არა, თითოეულ ოთახში, თითო ოჯახი შეასახლეს... ყველას ამათ, უნდა ესარგებლათ ერთი სამზარეულოთი, ერთი ტუალეტით და ერთი სააბაზანოთი... მთელი ქალაქი, - ყველა სახლი, - ამდაგვარად „აითვისეს“. - ცხადია, იმ ბინების გარდა, რომელშიაც კომუნისტი „ბელადები“ თავად ცხოვრობდნენ...
ვისაც რაიმე შეხება ჰქონია კომუნალურ ბინასთან, მან იცის, თუ რა ჯოჯოხეთია ეს და, რაოდენ აუტანელია ამ საუკუნის ადამიანისათვის იქ ცხოვრება. ყოველ წამს, კონფლიქტი ყოფით თემაზე, გაუთავებელი დაპირისპირება იმის თაობაზე, საერთო ფართიდან ვის რამდენი სანტიმეტრი ერგება, ჩხუბი ტუალეტში, ან აბაზანაში დიდხანს ყოფნის გამო;... ვიღაცას ბევრი სტუმარი მოუდის, ან კიდევ, იმის გამო, რომ ერთი ცუდადაა და, - მეორეს წვეულება აქვს. კომუნალურმა ბინამ ვერ გაათანაბრა მობინადრენი; თუნდაც იმიტომ, რომ ერთს აივნიანი ოთახი ერგო და, შედარებით უკეთეს პირობებში აღმოჩნდა, მეორეს კი, - არა. ზოგი მეტ ხელფასს იღებდა, ზოგიც არა, - და ასე შემდეგ.., დაუსრულებლივ. ასეთი კონფლიქტები კოლონიურ-კომუნისტურ რეჟიმს აწყობდა, რადგან, ხელისუფლების მაგიერ, ხალხი ერთმანეთს ებრძოდა, უჩიოდა, ასმენდა და, ამ გზით, ადვილი სამართავი ხდებოდა... ე.წ. „საბჭოთა ცხოვრების“ წესი, თავისი ორმაგი მორალით, ასევე, ორმაგი ბუღალტერიითა და კომუნალური ბინით, შეურაცხმყოფელი იყო და როცა მოქალაქე ასეთ ყოფას ეგუებოდა, ის, ბუნებრივია, კარგავდა ღირსების გრძნობას, ბეჩავდებოდა და, საკუთარი თავის მეტი აღარაფერი ჰქონდა საზრუნავი, ამიტომ, ცხადია, არ მოინდომებდა გინდა თუ არა, ქალაქის მართვაში მონაწილეობა უნდა მივიღოო. „კომუნალკის“ მობინადრე, კარგად აცნობიერებს, რომ არარად არის ქცეული, მას არც ქონება გააჩნია, არც გადასახადის გადამხდელი არ არის და არანაირ ანგარიშგასაწევ ძალას არ წარმოადგენს. ამიტომ, ის ემორჩილება მართვის თავსმოხვეულ სისტემას, ქალაქკომს, რაიკომს, აღმასკომს, იძულებულია, იყოს დიდი იმპერიული სახელმწიფოს „პატარა ჭანჭიკი“. ასეთ თვითშეგნებას, მას, მონდომებით უღვივებდა მმართველი რეჟიმი: კომუნისტებს ასეთი ჩვევაც ჰქონდათ, - ერთ, რომელიმე, კომუნალურ ბინებად დაყოფილი სახლის მაცხოვრებლებს უცებ იქიდან გაასახლებდნენ, და სხვა სახლში შეასახლებდნენ, მათ ყოფილ „კომუნალკაში“ კი, რაიმე დაწესაბულებას მოაწყობდნენ. შემდეგ, შეიძლება პირიქით მომხდარიყო... ადამიანი კი მუდმივი ზემოქმედებისა და არასტაბილურობის მსხვერპლი ხდებოდა...
ასეთი ყოფა არავის ხიბლავდა, მაგრამ თავს ზევით ძალა არ იყო და, 70 წლის მანძილზე გაგრძელებულმა არანორმალურმა პოლიტიკურმა, სოციალურმა, კულტურულმა და ზნეობრივმა ატმოსფერომ, მოსახლეობისაგან შეგუება მოითხოვა, - რომ არ დაღუპულიყვნენ, ისინიც ეგუებოდნენ, ანუ, იქცეოდნენ იმ პირობების შესაფერისად, რომელშიაც იმყოფებოდნენ... რადგანაც საქვეყნო საქმეს მათ არავინ ეკითხებოდათ, ისინიც, გაათმაგებული ენერგიით შეუდგნენ პირადი პრობლემების მოგვარებას, უმთავრესი, ამათგან, არასაკმარისი საცხოვრებელი ფართის გაფართოების მცდელობა იყო და, ეს იქცა ერთ უმთავრეს მიზეზად ძველი ქალაქის დამახინჯებისა, რადგან, დაიწყო მიშენება-დაშენების პროცესი.
ამავე გზას დაადგა მმართველი რეჟიმიც. 20-30-იან წლებში კომუნისტებმა ვერ შეძლეს რა, ნორმალურად წარემართათ ქალაქის ახალი უბნების აღმშენებლობა, საჭირო საბინაო ფართის შექმნა იმით სცადეს, რომ ქალაქის ცენტრალურ უბნებში მდებარე სახლებს, ერთი-ორ სართულს დააშენებდნენ ხოლმე, ამასთან, სრულიად შეუფერებელი პროექტით, - რაც შენობის სტილს არღვევდა, - დანაშენის უბადრუკ, საინჟინრო და ესთეტიურ „ღირსებებს“ ერთი დემაგოგიური „პრინციპი“ ედო საფუძვლად: ვითომ, ზრუნვა მშრომელთა კეთილდღეობაზე. ამიტომ, დაშენებულ სართულებს, საგანგებოდ, უსაშველოდ დიდ ფანჯრებს უკეთებდნენ, მეტი სინათლისათვის... კომუნისტური არქიტექტურის ამ „ფუნქციონალიზმის“ უბადრუკი ხასიათი იქიდანაც ჩანს, რომ განათების გარდა, სხვაც ბევრი რამ აკლდა მობინადრეს და, უმთავრესი, - იზოლირებული ბინა იყო. ხოდა, როცა არქიტექტორები ახალმშენებლობებში მოსახლეობის ამ სურვილის დაკმაყოფილებას ცდილობდნენ, ამას, მაშინვე მოჰყვებოდა კომუნისტური იდეალების დამცველთა რეაქცია. მაგალითად, მსგავსი იმისა, 1930 წელს, ჟურნალ „დროშაში“ რომ დაიბეჩდა: „მთავარი ნაკლი იმაში მდგომარეობს, რომ სრულებით არ არის მხედველობაში მიღებული ახალი ყოფაცხოვრების საკითხები... ბინები, თანამედროვე მოთხოვნილების მიხედვით კი არ არის აშენებული, არამედ, ძველი, დამყაყებული ტრადიციების, ბურჟუაზიული გემოვნებისა და სულისკვეთების მიხედვით!... ვინ შეიმუშავა, ვინ დაამტკიცა და, ვინ მოიყვანა სისრულეში ისეთი გეგმა, რომლის მიხედვით ცალკე ბინა განხორციელებაა ოჯახის სრული, აბსოლუტური დამოუკიდებლობის, გეგმა, რომელიც სრულიად არ უწევს ანგარიშს ახალ ყოფაცხოვრებას, ამ ყოფაცხოვრების სოციალურ სარჩულს... ბევრი შეუგნებელი მობინადრე იკვეხნის კიდეც - ჩემს მეზობელთან მხოლოდ საერთო სახურავი და ეზო მაკავშირებსო. საკუთარი სამზარეულო, საკუთარი შესასვლელი და გამოსასვლელი, არავითარი ურთიერთობა მეზობლებთან... და, ეს იმ დროს, როდესაც იდეა კოლექტივიზმისა, კოლექტიური შრომისა და ნაშრომის განაწილებისა ხორცს ისხამს და ფეხს იკიდებს არა თუ ქალაქად... არამედ სოფლად, ღარიბ და საშუალო გლეხობას შორისაც კი“. ასეთი იდეოლოგია, სამარადისო საფუძველს უქმნიდა „კომუნალკას“, - მისი არსებობის აუცილებლობას ასაბუთებდა. შედეგი, ამ იდეოლოგიაზე დაფუძნებული ცხოვრების წესისა, ის გახლდათ, რომ მოქალაქის ცნებას აზრი დაეკარგა, ხოლო, კომუნალური ბინის მფლობელი საბოლოოდ გაუცხოვდა საქალაქო და საზოგადოებრივი პრობლემებისადმი. მას ის სახლიც კი არ ენაღვლებოდა, რომელშიც ცხოვრობდა, რადგან, სახლი სახელმწიფოს ეკუთვნოდა: მობინადრეს მხოლოდ თავის ოთახზე შესტკიოდა გული, რომლის კარს მიღმაც მისთვის, არსებითად, უკვე ქუჩა იწყებოდა... მახინჯმა ყოფამ გადააგვარა მოქალაქეები, ხოლო სოფლებიდან დიდი რაოდენობით ჩამოსული გლეხები, რომელთაც ქალაქში არანაირი ფუნქცია არ გააჩნდათ, ასეთ პირობებში, უბრალოდ, ვერ გაქალაქელდებოდნენ. ისინი ვეღარ იცვლიდნენ ქცევის სტერეოტიპს და ქალაქშიაც გლეხებად რჩებოდნენ. ამის წყალობით, საქართველოს ქალაქები გაივსო არაქალაქური ჩვევებისა და მოქცევის წესის მქონე ადამიანებით. ეს, უპირველეს ყოვლისა, ქალაქთა, და კერძოდ, თბილისის, ჰიგიენურ მდგომარეობას დაეტყო: დედაქალაქში, სადაც საზოგადოებრივი ტუალეტების დიდი დეფიციტი იყო, სახლების სადარბაზოები აქციეს ტუალეტებად და, ეს პროცესი დღესაც გრძელდება... სხვა ქუჩებზე რომ არაფერი ვთქვათ, სამაგალითოდ ისიც კმარა, რაც მოუვიდა რუსთაველისა და დავით აღმაშენებლის გამზირებზე მდებარე ნაგებობათა სადარბაზოების მოზაიკითა და მარმარილოთი მოპირკეთებულ იატაკს, კიბეებსა და ბაქნებს; - შარდის დანალექით რომ არის გაშავებული... და, რისი შედეგიც გახდა ის აუტანელი სუნი, ესეოდენ დამახასიათებელი რომ არის თბილისის სადარბაზოებისათვის... ეს იმპროვიზებული ტუალეტები, ბურჟუაზიული ეთიკის უარყოფის შედეგი იყო, ისევე როგორც, მოქალაქეთა შორის გაუშუალოებული დამოკიდებულების დამკვიდრება. ჩვენში გავრცელდა რუსეთიდან შემოსული „ამხანაგო“ და მამის სახელით მიმართვა (მაგალითად, „სილიბისტროვიჩი“ ან „გერონტოვიჩი“), დაიკარგა პიროვნების პატივისცემა, წიგნიერებასა და პროფესიონალიზმს ფასი აღარ ჰქონდა. გაუსაძლისი ყოფა, აგრესიულს ხდიდა მოქალაქეს, რომელიც არამარტო თანამოქალაქის, არამედ ნაგებობების მიმართაც გამოვლინდებოდა, - ადამიანები აღარ ზოგავდნენ იმ სახლებს, რომლებიც მათ არ ეკუთვნოდათ, ამახინჯებდნენ ფასადებს უადგილო ადგილას კარ-ფანჯრების გაჭრით და იმავე მიზეზით ასუსტებდნენ კედლის სიმტკიცეს. მოუწესრიგებელი საკანალიზაციო სისტემიდან გამონადენი წყალი, შენობის საფუძველს აზიანებდა... ამას გარდა ეს სახლები შიგნიდან იძარცვებოდა, ხსნიდნენ და ყიდდნენ მარმარილოს ბუხრებს, ზოგჯერ კიბის საფეხურებსაც, ანგრევდნენ კედლის ღუმელებს... ერთი სიტყვით, საქართველოს ქალაქებისა და, მათ შორის თბილისის ძველი უბნების არქიტექტურას, მოუწესრიგებელი ყოფის წყალობით, განადგურების სერიოზული საფრთხე დაემუქრა. განსაკუთრებით საშიში, კოლონიურ-კომუნისტური რეჟიმის მიერ ძველი ქალაქის გეგმაზმიერი ნგრევა იყო: სათავადაზნაურო საკრებულოს შენობა ოკუპაციის პირველსავე დღეებში დაიწვა გაურკვეველ პირობებში. შემდეგ, უკვე მიზანდასახულად, სპობდნენ ძველს და მათ ადგილას კომუნისტთა იდეოლოგიური პრინციპებით აგებული, უაღრესად პრეტენზიული ნაგებობები წამოჭიმეს. გავიხსენოთ, „მთავრობის სახლი“, კავშირგაქმულობის სამინისტროს, ქალაქის ფოსტამტის, და, კინოთეატრ რუსთაველის შენობები, რუსთაველის N 1 საცხოვრებელი სახლი და, - უნივერმაღი „თბილისი“, ეკონომიკის სამინისტრო და საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ორივე შენობა, განსაკუთრებით, მეორე, „ქაჯეთის ციხედ“ წოდებული, - მთელს ძველ ქალაქზე რომ გაბატონებულა. ეს, და ბევრი სხვა ნაგებობა, „პროვინციული კომუნისტური“ არქიტექტურის“ შედევრები“, ამოვარდნილნი ქალაქის საერთო სტილიდან, გამორჩეულნი პრეტენზიულობით, ქმნიან დისჰარმონიას, და წარმოადგენენ არქიტექტურული ძალადობის თვალსაჩინო ნიმუშებს.
ამას, ცხადია, ქალაქი არ გაულამაზებია. სამაგიეროდ, სამუდამოდ გაქრა: „სანაპიროზე მდებარე, მტკვარზე გადაკიდებული სახლები, ქარვასლა, ქართული თეატრის შენობა, - მთავარმმართებლის სახლი, „კირხე“, - ერთადერთი პროტესტანტული ეკლესია თბილისში, ლამაზი სახლები სულხან-საბასა და ახლანდელ ინგოროყვას ქუჩებზე, მარჯანიშვილის ქუჩის მთელი მონაკვეთი, ბევრი კარგი სახლი რუსთაველისა და კოსტავას ქუჩაზე, სადგურის ძველი შენობა და, მისი მიმდებარე ტერიტორია და ბევრი სხვა, - დაუსრულებლად შეიძლება ჩამოთვლა.
ძველისა და ახლის შეპირისპირება, კომუნისტთა არქიტექტურული პოლიტიკის მარცხის მაჩვენებელია...
კომუნისტებს არც იმან უშველა, რომ 20-იანი წლების დამდეგს, არქიტექტურაში, ეროვნული სტილის ძიებას, დაუჭირეს მხარი და 1926 წელს, და მიიღეს დადგენილება, სადაც ნათქვამია: „ამიერიდან ქალაქში ყოველგვარი შენობა უნდა აიგოს ქართული სამოქალაქო არქიტექტურის სტილზე“. თუმცა რა იყო ეს სტილი, კარგად არავინ იცოდა...
ჯერ კიდევ 1917 წელს, გერონტი ქიქოძემ, წერილში, „ქართული ხუროთმოძღვრებისათვის“, წამოჭრა კითხვა ამის თაობაზე: „არსებობს თუ არა დღეს ქართული შენობა? ვგულისხმობ ისეთ შენობას, რომელიც ქართულ ეროვნულ ხასიათს ჰხატავდეს და არა მარტო ისეთს, რომელშიაც ქართველები სცხოვრობენ“. ძნელი სათქმელია, რამდენად პასუხობდა ამ კითხვას ის, რაც ჩვენში ხდებოდა; ქართულ სტილად იწოდებოდა შენობა, რომელსაც სრულიად ხელოვნურად ჰქონდა „მიმონტაჟებული“ ქართული ორნამენტები, სათოფურის მსგავსი სარკმელები, გოდოლის ქონგურის კბილანები და, ამისი მსგავსი დეტალები. ისეთი, რასაც ძველი კინოსტუდიის დიდი პავილიონის არქიტექტურული გადაწყვეტისას ვხედავთ. ასეთმა ფსევდოეროვნულმა სტილმა, - ვერ იხეირა, თუმცა, შუასაუკუნეების ქართული არქიტექტურული ფორმების სტილიზებული გამოყენება შემდეგ ათწლეულებშიაც ხდებოდა.
კოლონიურ-კომუნისტურ რეჟიმს, პროპაგანდისტული მიზნებისათვის, რაც შეიძლება, ბევრი ახალმშენებლობა სჭირდებოდა და ყველაზე მეტად, ძველ ქალაქში. საამისოდ, ქმნიდნენ სათანადო პროექტებს, რომელთა შედგენისას, - განსაკუთრებით ხიბლავდათ ანსამბლურობა. მაგალითად, ბალნეოლოგიური კურორტის მშენებლობას, მთელი ხარფუხი და აბანოთუბანი, კინაღამ, ემსხვერპლა... ყოველ შემთხვევაში, 1932 წელს შედგენილი კურორტის პერსპექტიული განვითარების გეგმის მხატვრულ ვარიანტში, ორივე ზემოხსენებული უბანი „გაწმენდილია“ ძველი ნაგებობებისაგან... ძველი თბილისის უბნები სრული განადგურებისაგან იმან იხსნა, რომ მმართველ რეჟიმს ამისათვის საჭირო ფინანსები არასოდეს ჰქონდა, ამიტომ, ვერც დასახული მიზნები, ბოლომდე ვერ განახორციელეს. სამაგიეროდ, დაუდევრობით, ბევრ რამეს აფუჭებდნენ: 30-იან წლებში მტკვრის სანაპიროები ამოაშენეს. - ეს მეტად უხეიროდ გააკეთეს. ჯერ ერთი, მდინარეზე არსებული ქალაქის დამამშვენებელი კუნძულები მოსპეს... მეორეც, სათანადო სადრენაჟო გვირაბები არ გააკეთეს და, მამადავითიდან ჩამონადენი მიწისქვეშა წყლები, სრულად ვერ ჩაედინება მტკვარში, მთაზე შეფენილ სახლებს საფუძველში უდგება და, ანგრევს...
ცხოვრების მახინჯმა წესმა ზნეობა დაუმახინჯა ხალხს, ეს ხუროთმოძღვრებასაც შეეხო: ყველას სურდა, თავისი ნაგებობა, ცენტრში, გამოსაჩენ ადგილას ყოფილიყო და რომ „ყოველი მხრიდან“ კარგი დასანახი ყოფილიყო, - გარშემო მდებარე სახლების დანგრვას ითხოვდნენ.
ასე გადაიქცნენ არქიტექტორები ძველი თბილისის მტრებად, მათ ამბიციებს შეეწირა მთელი უბნები, კვარტალები, ანსამბლები, ცალკეული სახლები... თბილისი, ორასი წელია, მტრისაგან აოხრებული არ ყოფილა, სამაგიეროდ, ის გახდა არქიტექტორთა კომფორმიზმისა, თუ პატივმოყვარეობის მსხვერპლი. კოლონიურ-კომუნისტური რეჟიმის დროს, ისინი ან ეთანხმებოდნენ პარტოკრატიის უგუნურ გადაწყვეტილებებს ძველი ნაგებობის ნგრევის თაობაზე, ან კიდევ, თავად აქეზებდნენ მათ, რომ ამ გზით, საკუთარი „შედევრებისათვის“ ადგილი გაეთავისუფლებინათ... დღეს, კიდევ უარესი მდგომარეობაა. ახლა არქიტექტორები ქმნიან მეტად საეჭვო მხატვრული ღირებულებების მქონე პროექტებს, რათა დღევანდერ ნუვორიშთა სურვილი დააკმაყოფილონ, და მათ მისცენ ქალაქის ისტორიულ ნაწილში დასახლების საშუალება... არქიტექტორები დამნაშავენი არიან იმაშიც, რომ ისინი ნებართვას იძლევიან, ან „ასაბუთებენ“ ძველი უბნებისა და ცალკეული სახლების დანგრევის აუცილებლობას... მოვიდა დრო, რომ ასეთი არქიტექტურული დივერსიები აღკვეთოს ჩვენმა საზოგადოებამ.
რაც შეეხება საცხოვრებელი სახლების მასობრივ მშენებლობას, 50-იანი წლების მეორე ნახევრიდან, იწყება და, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ტიპიური პროექტებით ხორციელდებოდა. ეს იყო, ყოვლად უგვანო, ყოველგვარ არქიტექტურულ ღირსებებს მოკლებული ნაგებობანი და, თუ მაინც შეიძინეს ამ სახლებმა რაიმე ღირსება, ეს იყო ის, რომ დროთა განმავლობაში, კომუნისტები დარწმუნდნენ რომ ადამიანებში იზოლირებული ბინის ქონის სურვილს ვერ მოსპობდნენ და დაიწყეს ერთი, ორი და სამოთახიანი ყველანაირი, - სათავსოებით დაპროექტებული სახლების მშენებლობა. თავიდან, ახალ, იზოლირებულ ბინას, ცხადია, ყველას კი არა, კოლონიურ-კომუნისტური რეჟიმისადმი ერთგულ, უკეთეს შემთხვევაში, ლოიალურად განწყობილ პირებს აძლევდნენ. იყო დრო, როცა, ამ ხალხთან, შაბათ-კვირობით, „კომუნალკაში მცხოვრები მათი ნათესავები და მეგობრები მოდიოდნენ საბანაოდ... - და კომფორტის სხვა სიკეთეების მისაღებად. მართალია, ახალმშენებლობები მოგვიანებით, მასობრივ ხასიათს იძენს, მაგრამ, ამას „კომუნალკები“ არ მოუსპია. ამასთან, ეს ტენდენცია, სხვა უკიდურესობით გამოირჩეოდა: თუ „კომუნალკები“ იძულებით აკავშირებდა მეზობლებთან მობინადრეს, ახალმა საბინაო პოლიტიკამ, ასევე, იძულებით დააშორა ისინი და, ჩაკეტა თავთავიანთ ბინებში... კოლონიურ-კომუნისტურ პერიოდში აშენებული ქალაქის უბნები, გასაოცარი უსახურობით გამოირჩევა: არანაირი მხატვრული გააზრება მათში არ არის, და არც შეიძლება იყოს... ასეთი სახლების მიზანია, რაც შეიძლება მეტი მოსახლე დაიტიოს... მათი აგებისას, არა თუ ესთეტიკურ მხარეს არ მიექცა ყურადღება, არამედ კლიმატურ პირობებსაც. მაგალითად, 50-იანი წლების მეორე ნახევრიდან, როცა რუსეთის კომუნისტური იმპერიის სათავეში ხრუშჩოვი მოექცა, დაიწყეს იაფფასიანი საცხოვრებელით უბინაოთა დაკმაყოფილება: აშენებდნენ ხუთსართულიან, მეტისმეტად დაბალჭერიან სახლებს. რუსეთში ეს მეტ-ნაკლებად ასატანი იყო, მაგრამ, საქართველოში, ასეთ დაბალჭერიან სახლში, ზაფხულის სიცხის დროს, ცხოვრება შეუძლებელი ხდებოდა. მაგრამ, არავინ დაგიდევდათ, და მოსკოვური შაბლონით, მასობრივად აშენებდნენ ე.წ. „ხრუშჩოვკებს“...
საერთოდ, იმას, თუ სად რა, და როგორ უნდა აშენებულიყო, მოსკოვში წყვეტდნენ. ასეთი ცენტრალიზაცია მეტად აბრკოლებდა რაიმე არაორდინალურის კეთებას, მაგრამ, ეს შეუძლებელი მაინც არ იყო, - ამიტომ, ბალტიისპირეთში, შუა აზიაში, სომხეთში, უკრაინაში და ბევრ სხვა ე.წ. მოკავშირე რესპუბლიკაში, შეძლეს და, საკმაოდ ორიგინალურად და ხარისხიანად, აშენებდნენ საზოგადოებრივ ნაგებობებსა და საცხოვრებელ სახლებს. სამწუხაროდ, საქართველოს მმართველი კოლაბორაციონისტული რეჟიმის საბოლოო გახრწნის შედეგად, კორუფციამ წარმოუდგენელ მასშტაბებს მიაღწია და სხვა ყველაფერთან ერთად, არქიტექტურაც ამისი მსხვერპლი გახდა; აღარავინ ფიქრობდა, ლამაზად და ხარისხიანად ეშენებინა, პირიქით, აშენებდნენ უშნოდ, უხარისხოდ; უსირცხვილოდ ითვისებდნენ მშენებლობისათვის საჭირო ხარჯებს. ამიტომ, არ უნდა გაგვიკვირდეს, როცა ვხედავთ, რომ ოცი-ოცდაათი წლის წინანდელი საცხოვრებელი კორპუსები ინგრევა... არც ისაა გასაკვირი, რომ, საქართველოს ქალაქებისა და კერძოდ, თბილისის ახალ უბნებს გეტოს ელფერი დაჰკრავს და, ეს სრულიად ბუნებრივია: ხელოვნური, ძალადობაზე დაფუძნებული სოციალ-პოლიტიკური რეჟიმი, ცხადია, თავისუფალი ადამიანისათვის საკადრის შენობას ვერ ააშენებდა; ამიტომ, დაემხო თუ არა კოლონიურ-კომუნისტური რეჟიმი, და გამოცხადდა თუ არა საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფო, მთელი სიმწვავით დადგა ადამიანის შეურაცხმყოფელი ქალაქური ცხოვრების, მთელი სისტემისა, და მათ შორის, არქიტექტურის უარყოფის საკითხი, რასაც, შედეგად, ახლის მოძიება და პოვნა უნდა მოჰყოლოდა. საუბედუროდ, როგორც ჩვენი ყოფა-ცხოვრების ყველა სხვა დანარჩენ სფეროში, ისევე საქალაქო აღმშენებლობის საქმეშიც, ეს ვერ შევძელით და, სამოცდაათი წლის მანძილზე მიმდინარე დესტრუქციული პროცესები სულ სხვაგვარად გაგრძელდა. „პერესტროიკისა“ და დამოუკიდებლობის პირველ წლებში, თვალში საცემი იყო, რომ აქაც არ გვქონდა გააზრებული კონცეფცია ახლებურად მოქმედებისა; ამიტომ, უგუნურობის სტიქიურად გამოვლენილი ნიაღვარი წალეკვით დაგვემუქრა. პირველი, რასაც ის თავს დაატყდა, მწვანე ნარგავები იყო: ვაჟა-ფშაველას გამზირზე, რესპუბლიკური საავადმყოფოს ღობის წინ ჩამწკრივებულ ხეებს შორის, გამოირჩეოდა რიგის ბოლოს მდგარი ერთი გადაღუნული ხე და, მას პოეტური უწესრიგობა შეჰქონდა ზემოხსენებულ მწყობრში, ის მოჭრეს მხოლოდ იმიტომ, რომ, ამ საავადმყოფოში შექმნილი, რომელიღაც სამკურნალო კოოპერატივის ფირნიში, კარგად გამოჩენილიყო... ამის შემდეგ, ხეები, სხვაც ბევრი მოიჭრა, - ჯიხურების ჩასადგმელად, სავაჭრო თუ კაფე-რესტორანთა შენობების ასაგებად და ლოჯიების მიშენების დროს... ასე უაზროდ დაუპირისპირდა ქვეყნის კაპიტალიზაციის პროცესი ეკოლოგიას, და ეს იმიტომ, რომ არანაირი შეჯერებული გეგმა კაპიტალიზმზე გადასვლისა არ არსებობდა. ამიტომ იყო, ბევრი სიბრიყვე რომ მოხდა და, მათ შორის, ქალაქმშენებლობის დარგში. როცა გაუქმდა კომუნისტთა არაჰუმანური ნორმატივი, რომლის მიხედვითაც, თითოეული ადამიანისათვის განკუთვნილი ფართობი 4 კვადრატული მეტრი იყო, - დაიწყო საცხოვრებლის გაფართოების ბუმი, - რაც ძირითადად, ლოჯიების მიშენებაში გამოიხატა, ამ გზით ფართის მომატება ადრეც ხდებოდა, მაგრამ, მაშინ ამას კაპიტალურად აკეთებდნენ, „პერესტროიკის“ დროს დაწყებული ბუმი კი, - იყო უხარისხო და ბევრი, ასე მიშენებული ლოჯია, - ჩამოინგრა კიდეც. ამასთან, ესთეტიური თვალსაზრისით, ლოჯიომანია სრულიად მიუღებელი იყო, რადგან კიდევ უფრო ამახინჯებდა სახლების, ისედაც უვარგის ფასადებს.
ძველი თბილისი დიდი სავაჭრო და სახელოსნო ქალაქი იყო და ყველა უბანში სახლების უმეტესობის პირველ სართულზე აუცილებლად რაიმე კომერციული დაწესებულება, ან მცირე საწარმო იყო მოთავსებული. მათ განსაკუთრებული ფირნიშები და დარაბები ჰქონდათ, რომელთა ნაშთი ჯერ კიდევ შემორჩენილია. სამწუხაროდ, წარსულის გამოცდილება არ იქნა გათვალისწინებული და როცა, ჩვენში კოოპერატივების საქმიანობა დაუშვეს, იმ დროიდან მოყოლებული, შეიქმნა უამრავი სავაჭრო, საწარმოო, საშუამავლო, საკონსულტაციო და ბევრი სხვა ტიპის ფირმა. ისინი ცხადია თავიანთ ტრადიციულ ადგილას არ განთავსებულა იმის გამო, რომ, ამ მიზნით ადრე გამოყენებული ფართები, კომუნისტებმა საცხოვრებლად აქციეს. ამიტომ, ჩვენი დროის ბიზნესმენებმა სარდაფებს შეუტიეს და იქ, საკმაოდ ძვირადღირებული რემონტის შემდეგ, ამ სრულიად შეუფერებელ ადგილას, განათავსეს თავიანთი ოფისები და ფირმები. ამავე დროს, რამდენიც გნებავთ, იმდენი მაღაზია, საწარმო და დაწესებულება იყო, თითქმის ცარიელი და უფუნქციო, მაგრამ, თავიდან, კერძოკაპიტალი იქ არ მიუზიდიათ. ამ ობიექტების პრივატიზაცია, მოგვიანებით, დიდი კორუფციის საშუალებად იქცა...
ეროვნული იდეის არარსებობის პირობებში თავისუფლებისა და ეროვნული სახელმწიფოს აღდგენისათვის წარმოებული ბრძოლა, სულ ადვილად გადაიქცა სამოქალაქო ომად, - რასაც მოჰყვა კრიმინალური ბუმი. კარზე მომდგარ საშიშროებას მოქალაქეებმა იმით უპასუხეს, რომ სადარბაზოებს შეხსნეს ძველი, მოჩუქურთმებული კარები და, ან სელექტორიანი, ან კიდევ, რკინის სადა და უსახური კარები ჩამოკიდეს. უშუქობამ სელექტორს აზრი დაუკარგა, არც რკინა აღმოჩნდა უსაფრთხოების გარანტია, ძველი უბანი კი დამახინჯდა... ზემოხსენებულმა სამოქალაქო ომმა ცხადყო, რომ მებრძოლი მხარეებიდან არავის შესტკიოდა გული დედაქალაქზე, - ისე დაუნდობლად გადაბუგეს მისი ცენტრალური ნაწილი; დაიწვა პირველი სკოლა, სასტუმრო თბილისი, მხატვრის სახლი და შენობათა რიგი თავისუფლების მოედანზე, აგრეთვე, რამდენიმე სახლი მთაწმინდის უბანში, მათ შორის, ის, რომელშიაც პირველი რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ნოე ჟორდანია ცხოვრობდა... ხოლო ის, თუ როგორ აღადგინეს დანგრეული, ან მათ ადგილზე რა ახალი ნაგებობებიც ააშენეს, იმისი დასტურია, რომ ჩვენში ქალაქაღმშენებლობის უაღრესად დაბალი კულტურაა; ამასთან, არც წარსულის სათანადო დაფასება შეგვიძლია და, არც ახლის მნიშვნელობის გაგება. ერთი სიტყვით, ჯობია, ძველი არ დავანგრიოთ, თორემ იმის ტოლფას ახალს ნამდვილად ვერ ავაშენებთ.
როცა ქვეყანა მეტნაკლებად დაწყნარდა და ხალხმაც ფული იშოვა, დაიწყეს ბინების შესყიდვა ძველ ქალაქში და, მათი რემონტი, რომელიც, ისევ და ისევ ქალაქის არქიტექტურული სახის გაუთვალისწინებლად კეთდება: ამახინჯებენ ფასადებს, ხან ახალი აივნის გაკეთებით, ხანაც ფანჯრის გაფართოებით... სპობენ ძველებურ გისოსებს, რკინის ჭიშკრებს, კარებზე უკვე მოგახსენეთ, მოდაში შემოვიდა ე.წ. ვენეციური ფანჯრები, - მათ უკეთებენ სახლებს, რომელთა სტილს ის არ შეესაბამება, ამასთან მთელ სახლს კი არა, - ზოგიერთი მობინადრისას... ამას უნდა დავუმატოთ ქალაქის ისტორიულ ნაწილში განლაგებული კომერციულ დაწესებულებათა საკმაოდ უგემოვნოდ შესრულებული სარეკლამო ფირნიშები, ზოგ შემთხვევაში, ანეკდოტური ხასიათისა რომ არის. ჩვენს ნუვორიშებს, განსაკუთრებით კი, მათ იმ ნაწილს, ვინც ბევრი ფული იშოვნა, ცენტრში სურთ ცხოვრება, ოღონდ ახალ სახლებში და აი, აშენდა კიდეც რამდენიმე არქიტექტურული კურიოზი. ნაგებობა, რომელიც სრულიად არ მიესადაგება იმ უბანს სადაც ააშენეს, ამასთან, ეს სახლები, ხშირ შემთხვევაში, მრავალსართულიანია და სრულიად უსუსური. მათი აშენება ძველ ქალაქში დანაშაულია, რომელიც ამბიციურობითა და სიხარბით არის გამოწვეული. ლადო ასათიანის ქუჩაზე, ერთი ასეთი ახალი სახლი ჩადგეს, ოღონდ, სამსართულიანი, მერე ვიღაცას მოუნდა და, კიდევ ორი დააშენა, სახლმა ამდენ სიმძიმეს ვერ გაუძლო და ქვემო სართულის კედლები დაზიანდა და გასამაგრებელი გახდა... ვიღაცას მოუნდა და, აბანოთუბანში უზარმაზარ სასტუმროს აშენებს, - რომელიც ასევე შეუფერებელია ამ ადგილისათვის... საერთოდ, სასტუმროებისა და კომერციული დაწესებულებების შექმნის ბუმი შეინიშნება ჩვენთან. საქმე იქამდე მივიდა, რომ ამ წერილში უკვე ხსენებულ, ბალნეოლოგიურ კურორტს, უპირებენ სასტუმროდ გადაკეთებას, ხოლო რუსთაველის გამზირის რეკონსტრუქციასაც კომერციული მიზნები უდევს საფუძვლად. ეს ყველაფერი თბილისს მის განუმეორებელ სახეს დაუკარგავს, ისევე როგორც მისი კოლორიტი მოსპეს კომუნისტებმა... განმკითხველი კი არავინაა, კორუფციის იმ პირობებში, ჩვენთან რომ არის, ნებისმიერი დესტრუქციული ქმედებისათვის ნებართვის მიღება შეიძლება... და მაინც, სად არის გამოსავალი? თუ ერთ-ორ ანალოგიას მოვიხმობთ, მისი პოვნა არ გაგვიჭირდება: გავიხსენოთ სანქტ-პეტერბურგის შემთხვევა; როცა რუსეთის ამ ქალაქში პრივატიზაცია დაიწყო, სახელმწიფომ თავის თავზე აიღო ნაგებობათა ისტორიული და არქიტექტურული ღირსებების დაცვა და ის არ ანდო კერძო პირებს, რომელთაც ზემოხსენებულ ღირსებათა მნიშვნელობა შეიძლება არც ესმოდეთ... გასათვალისწინებელი მაგალითია. ამას გარდა, კატეგორიულად უნდა აიკრძალოს ძველ ქალაქში რაიმეს ნგრევა, თუ იმ ადგილზე, იმავე პროექტითა და მასალით, იგივე შენობა არ აიგება... რაც შეეხება რესტავრაციას, , ის ღრმად გააზრებული უნდა იყოს არა ისეთი, 70-იან წლებში ძველი თბილისის ზოგიერთ უბანს რომ ჩაუტარეს... ის, რაც მაშინ მოხდა, ეს არ იყო სრულფასოვანი აღდგენა ძველი სახლებისა, - აშკარაა ზედაპირულობა, ამიტომაც დაემსგავსა ბარათაშვილის ქუჩაზე და მიმდებარე ტერიტორიაზე რესტავრირებული სახლები ცუდ თეატრალურ დეკორაციას... როცა მათ უყურებ, გიჭირს დაიჯერო, რომ იქ ადამიანები ცხოვრობენ... სხვა შემთხვევაში, ადგილი ჰქონდა სრულიად გაუმართლებელ „სტილისტურ ძიებებს“, რისი წყალობითაც, - საშინლად დაამახინჯეს ყოფილი სინოდალური კანტორის შენობა. ხოლო წითელი აგურის ნაგებობა ბარათაშვილის ხიდთან, ის, რომელშიაც ბავშვთა ხელოვნების მუზეუმია განლაგებული, არქიტექტურულ კურიოზად აქციეს, - იმდენად პრეტენზიული და ყოვლად გაუმართლებელია მისი მხატვრული გადაწყვეტა.
თუ ძველის აღდგენა გვსურს, იქნებ მეორე მსოფლიო ომში დანგრეული პოლონეთის დედაქალაქის ვარშავის ბედი გავიხსენოთ, რომლის ისტორიული უბნების რესტავრაცია მოხდა ისე, რომ ყველა სახლმა, ქუჩამ, უბანმა, კვარტალმა, პირველადი სახე დაიბრუნა, ეს იყო, თუ არ ვცდები, უპრეცენდენტო შემთხვევა, რომლის დროსაც, ერთბაშად აღადგინეს ქალაქის რამდენიმე საუკუნის ისტორია, მისთვის დამახასიათებელი დეტალებითა და ნიუანსებით. ეს ანგარიშგასაწევი ფაქტია...
სიძველისადმი ჩვენში არსებული დამოკიდებულება საგანგაშოა, რადგან გაცნობიერებული არა გვაქვს წარსულის რეალიების მნიშვნელობა. ამიტომ, ადვილად გამოაქვთ განაჩენი ისტორიული უბნებისათვის: გაიძახიან, სახლები დაზიანებულია, საფუძველში წყალი აქვთ ჩამდგარი და მათი გადარჩენა არ მოხერხდებაო. ეს ტყუილია, ძველი თბილისი კიდევ ძალიან დიდხანს გაძლებს, მართალია მას ყოფა აზიანებს, მაგრამ გადარჩენა მაინც შეიძლება, - თუ შეგნებულად არ მოვსპობთ მას. ქალაქში ხმა გავრცელდა, სასტუმრო თბილისის გვერდით მდებარე სახლი უნდა დაანგრიონო, რომ სასტუმროს ეზოში, მანქანები კარგად შედი-გამოდიოდნენო... მე არ ვიცი, სხვა მიზეზი თუ არის კიდევ. ერთი კი ფაქტია, - ვიღაცას სურს მოსპოს შენობა, რომელიც ეკუთვნოდა ცნობილ საზოგადო მოღვაწეს მიხეილ თუმანიშვილს და ვისთანაც ხშირად დადიოდა სტუმრად ნიკოლოზ ბარათაშვილი. საერთოდ, იქ, მაშინ, თბილისის მთელი ელიტა იკრიბებოდა. ასეთი სახლების დანგრევა არ შეიძლება, - ეს ჩვენი ისტორიის დავიწყებას ნიშნავს. ნუ მოვსპობთ ქალაქს ისე, როგორც მისი უბანი, რიყე მოვსპეთ და ვაქციეთ თანამედროვე ვანდალიზმის მამხილებელ ძეგლად, ნუ მივანიჭებთ მთელ თბილისს ამ ფუნქციას...
ჩვენში არა მარტო ფასადები მახინჯდება, არამედ დღევანდელი დუხჭირი ცხოვრების წყალობით, საბოლოოდ იძარცვება ძველი ქალაქის სახლები. მოქალაქეებს შიმშილით რომ სული არ გასძვრეთ, გასაყიდად გააქვთ ათას ძნელბედობას გადარჩენილი ანტიკვარული ნივთები, მათ შორის, ხელოვნების მრავალი შედევრი და ეს საგანძური, უმეტესწილად, საქართველოს ფარგლებს გარეთ გადის, ჩვენთვის სამუდამოდ იკარგება. სიმართლე რომ ითქვას, ეს პროცესი კოლონიურ-კომუნისტური რეჟიმის დროს დაიწყო, მაშინაც ბევრი რამ გაჰქონდათ საქართველოდან: სამოცდაათიან წლებში, ვიღაც უცხოელმა, ანტიკვარულ მაღაზიაში კარავაჯოს ორიგინალი 200 რუბლად იყიდა და მერე, ნიუ-იორკში მილიონ დოლარად გაყიდა. დღეს უარესი ხდება, დამშეული ხალხი უცხოელ სპეკულანტებს ისე ხვდება, როგორც მხსნელებს და, ფაქტიურად, უფასოდ ატანს მეტად ძვირად ღირებულ ნივთებს.
ჩვენ, არც რაიმე მექანიზმი გაგვაჩნია ხელოვნების შედევრების დასაცავად და, საზოგადოებრივი აზრიც ისეა მიძინებული, რომ არანაირ ძალას არ წარმოადგენს, - განსხვავებით დასავლეთის ცივილიზებული სამყაროსაგან, სადაც, ახლა კი არა, კარგა დიდი ხანია ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ხელოვნების უნიკალური ნიმუშები ქვეყნის ფარგლებს გარეთ არ იქნეს გატანილი და ამის მეტად საინტერესო მაგალითს გვაწვდის მიხეილ ჯავახიშვილი 1909 წელს გამოქვეყნებულ წერილში „ქართული ეროვნული მუზეუმი“: „ყოველ ევროპელს თავი მოაქვს უხცოელის წინაშე იმით, რომ იმის სამშობლოში მოიპოვება რომელიმე ვენერა სკოპასისა ან მირონისა, მადონა რაფაელისა ან მურილიოსი, პორტრეტი რემბრანდტისა ან ვანდეიკისა, სურათი რუბენსისა და სხვა გენიონისა. იტალიაში, საბერძნეთში და სხვაგანაც არსებობს განსაკუთრებული კანონი, რომელიც უკრძალავს ხელოვნების ნაშთის გატანას მთავრობის ნებადაურთველად. წლეულს, ბელგიის ახლახან გარდაცვლილმა მეფემ ამერიკელებს და ინგლისელებს მიჰყიდა თავისი პირადი საკუთრება - რამდენიმე სურათი ადგილობრივი მხატვრებისა და ამის გამო, მთელი ბელგია ფეხზე დადგა, აყაყანდა, აღშფოთდა და მოხუცი მეფე თითქმის ქვეყნის მოღალატედ გამოვიდა. ნურავინ იფიქრებს, ვითომ ეროვნულ ხელოვნებას პატრიოტნი და არქეოლოგნი გამოჰქომაგებოდნენ. პირიქით, სხვებზე ხმამაღლა მდაბიო ხალხი ალაპარაკდა...“ დიახ, მაშინაც და ახლაც ცივილიზებულ ქვეყნებში ესმოდათ და ესმით, რომ მუზეუმებში, კერძო კოლექციებში, ცალკეულ მოქალაქეთა ოჯახებში უნდა იყოს წარსულის კულტურის ნიმუშები; ის არ უნდა დაიკარგოს. იმიტომ, რომ ანტიკვარული ნივთები, ეს მხოლოდ სიმდიდრე არ არის, - ის სულიერ აღზრდასაც ემსახურება, მშვენიერებაზე უქმნის წარმოდგენას ადამიანს, რომლისთვისაც, ასეთ ნივთთან შეხება, ეს, გარდასული დროის ღირებულებების გაცნობაცაა და ამ გზით მათი მიღება, გათავისების საკითხის წინაშე დგომაც... ამისი საშუალება არ უნდა მოვუსპოთ შთამომავლობას...
დღევანდელი ჩვენი ყოფა, ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ ჯერ მოქალაქეებად ვერ ჩამოვყალიბდით; აბა, თავად წარმოიდგინეთ, თუ ადამიანი ქონებას კი არ აგროვებს, არამედ ყიდის, - გადასახადის გადამხდელი კი არა, - ვალის ამღებია, დამშეულია და გაბოროტებული, გაუსაძლისი ყოფისაგან ღირსება შელახული აქვს, ის საზოგადოებრივი პრობლემებისადმი ინტერესს ვერ გამოიჩენს, რადგან არც იმისი შეძლება აქვს, არჩეული იყოს და არც იმისი თავი, ვინმეს ამომრჩევლად იქცეს. ბუნებრივია, ასეთი პიროვნება მოქალაქე ვერ იქნება, ყოველ შემთხვევაში, იმ გაგებით, დასავლეთის ცივილიზებულ სამყაროს რომ მიაჩნია... მოქალაქედ ვერც მცირერიცხოვანი ნუვორიშები ჩამოყალიბდებიან, რადგან, უარეს შემთხვევაში, საკუთარი ქვეყნის ძარცვა-გლეჯით ნაშოვნი ქონება, ხოლო უკეთეს შემთხვევაში კი გაურკვეველი წარმომავლობის კაპიტალის ფლობა, იმავე, - ზემოხსენებული პრინციპებიდან გამომდინარე, მოქალაქეობას ხელს არ უწყობს...
ბუნებრივია, კითხვა აღიძვრის, მაშ რა ვქნათ? უპირველეს ყოვლისა, უნდა გავერკვეთ იმაში, რა გვსურს, თუ გვინდა, რომ თბილისს და საქართველოს სხვა ქალაქებს საკუთარი სახე ჰქონდეს და ასანთის კოლოფის მსგავს უსახურ ნაგებობათა თავმოყრად არ იქცნენ. ძირეულად უნდა შევცვალოთ ჩვენი ყოფა. მიზნად უნდა დავისახოთ იმ დროის თბილისის ზოგიერთი ღირებულების აღდგენა და თანამედროვე ცხოვრებისათვის მისადაგება, როცა ჩვენი დედაქალაქი ნამდვილად ბურჟუაზიული ქალაქი იყო თავისი დემოკრატიული მმართველობით. ეს მოკლე პერიოდია, მაგრამ მეტად მნიშვნელოვანია ადამიანები შრომობდნენ, იღვწოდნენ, ზოგი რიგით მოქალაქედ რჩებოდა, ზოგი მეტად მდიდრდებოდა, და გამორჩეული ხდებოდა, თუმცა, საპატივცემულო და სახელმოხვეჭილი, მხოლოდ სიმდიდრის გზით არ შეიძლება გამხდარიყო ადამიანი, ინტელექტუალებიც ფასობდნენ მაშინ, ტექნოკრატებიც, კარგი ხელოსნებიც, ხელოვანი ხალხიცა და უბრალოდ, ზნემაღალი ადამიანების. ქალაქში უფუნქციო არავინ იყო, ყველა თავთავის სოციალურ ფენას მიეკუთვნებოდა. ერთი შეხედვით, ეს იყო საკმაოდ ჭრელი მასა, სინამდვილეში, ისინი ქმნიდნენ ადამიანთა კარგად ორგანიზებულ ერთობას, რომლის წევრებს შესწევდათ უნარი, საკუთარი პრობლემებისათვისაც მოევლოთ და ქალაქის მართვაშიც მიეღოთ შეძლებისდაგვარი მონაწილეობა. ყოველმა მოქალაქემ იცოდა, რისი უფლება ჰქონდა და რა ევალებოდა. საქალაქო ცხოვრებისათვის შეუფერებელს, ისინი არაფერს აკეთებდნენ. მათი ყველა ეს თვისება, დღეს ჩვენი ყოფის ფონზე მეტად აქტუალურია; ამიტომ მიმაჩნია, რომ ქალაქური ცხოვრების მომავალი, წარსულში გვაქვს საძებნელი...
1996 წლის მარტი - 1999 წლის თებერვალი
2000 წლის მინაწერი: როცა ეროვნული იდეა არ არსებობს, ძნელი ხდება, ერთ დროს, დაკარგული და, ახლა, მოპოვებული მემკვიდრეობის მოვლა. ამიტომ, კატასტროფა გარდუვალი ჩანს, თავად განსაჯეთ: იმ საკულტო ნაგებობებს, ადრე კომუნისტები რომ ანგრევდნენ, ახლა მიშენება-გადაკეთებით სახეცვლილების საფრთხე ემუქრება; ასე მაგალითად, ჯვარის მამის ტაძარს რაღაც სათავსო მიაშენეს და თავდაპირველი არქეტიქტურული ფორმები შეუცვალეს... ვიღაცას მონდომებია წმინდა ნინოს გამოქვაბულის გალესვა, - შემდგომ მისი მოხატვის მიზნით... ხოლო, ზუგდიდის მუზეუმიდან გამოტანილი, ნაპოლეონ ბონაპარტეს სავარძელი და ნიღაბი, კანონიერი, მაგრამ ბედოვლათი მფლობელების ხელში, ხანძარმა შთანთქა... თვალსა და ხელს შუა გვეკარგება რელიგიური და საერო კულტურის ის ნიმუშები, მსოფლიო ცივილიზაციასთან რომ გვაკავშირებს. ეს კი, ასე გაგრძელდება მანამ, სანამ არ გვეცოდინება, თუ როგორ უნდა მოვეპყრათ ისტორიულ მემკვიდრეობას. უნდა დავიცვათ ძველი, ხოლო ახალი, ისეთი უნდა ავაშენოთ, რომ ძველს მიესადაგებოდეს, ანუ, არქიტექტურაში უნდა დავამკვიდროთ მემკვიდრეობითობის პრინციპი.
იმედს გამოვთქვამ, რომ XXI საუკუნეში, ჩვენ შევძლებთ, საქალაქო აღმშენებლობის საქმეში ისეთივე გულისხმიერების გამოჩენას, როგორიც ათასი წლის წინ იტალიელებმა გამოავლინეს და, რომლის გამოც, ონორე დე ბალზაკი წერდა: „მილანში ჯერ კიდევ XI საუკუნეს მიეკუთვნება, შექმნა კომისიისა დელ ორნამენტო, რომელიც ქუჩაში გამომავალ ფასადებს თვალს ადევნებს და სახლის მეპატრონეები იძულებულნი იყვნენ მისთვის წარედგინათ შენობათა გეგმარება დასამტკიცებლად. მაშ ასე, გაემგზავრეთ მილანს. თქვენ აღგაფრთოვანებენ შედეგები, რაც მიღწეულია ქალაქის ბურჟუაზიისა და წარჩინებულთა პატრიოტიზმის წყალობით, რამეთუ უმეტეს შემთხვევაში ნაგებობანი ორიგინალურნი და სახასიათონი არიან“.
![]() |
23 რუსეთთან ურთიერთობის თაობაზე - ძველად, ახლა და სამომავლოდ |
▲ზევით დაბრუნება |
Умом Россию не понять
Аршином общим не измерить
У ней особенная стать
Россию можно только верить.
ფეოდორ ტიუტჩევი.
ეპიგრაფად წამძღვარებული ლექსი რუსული ეთნოცენტრიზმის ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო მაგალითია, ის ზუსტად გვარკვევს იმაში, თუ როგორია რუსის მიერ ამოცნობილი რუსეთი, რომელსაც, თურმე, გონებით ვერ ჩასწვდები, საერთო კრიტერიუმებით ვერ მიუდგები და მისი ამ განსაკუთრებულობიდან გამომდინარე, ისღა დაგვრჩენია, ბრმად ვერწმუნოთ მას. არ იფიქროთ, რაკი ტიუტჩევი პოეტია, საქმე გვაქვს ერთგვარ გადაჭარბებასთან. არა, ეს რუსი ინტელიგენტის ტიპიური შეხედულებაა, რადგან მსგავს მოსაზრებებს, სხვა ფორმით გამოვლენილს, ამ ლექსის შეთხზვამდე, და მერეც, ამოიკითხავთ უამრავ მხატვრული, პუბლიცისტური, მეცნიერული, რელიგიური თუ პოლიტიკური ხასიათის შრომებში. რუსული ეთნოცენტრიზმი ჩემი კვლევის საგანი არ არის და მაინტერესებს იმდენად, რამდენადაც ის გავლენას ახდენს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე. ეს ურთიერთობა უკვე თავისთავად არის პრობლემა, რომლის არსში გარკვევაც, საკითხის აქტუალობის გამო, მეტად მნიშვნელოვანია. მითუმეტეს, გასაოცარია, დღეს, ამ თემასთან დაკავშირებული გაურკვევლობა. თვალში საცემია: რუსეთისადმი სასაყვედურო და საქებარი, - ორივე შემთხვევაში რადიკალური ხასიათის მოსაზრებათა ფონზე, ამ ქვეყანასთან წარსული ურთიერთობის შეფასებაზე დაფუძნებული, დღეს საურთიერთობო კონცეპციების რამდენადმე წარმოუჩენელობა. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ აზრის გამოთქმის სურვილი ბევრს არა აქვს... არადა, ვფიქრობ, მეტად საინტერესოა იმისი ცოდნა, თუ რას ფიქრობენ ჩვენი პოლიტიკოსები და საზოგადო მოღვაწეები რუსეთთან დაკავშირებით? როგორ აფასებენ ამ ქვეყანასთან წარსულ ურთიერთობას და რანაირად ესახებათ ნორმალური, მეზობლური ურთიერთობა სადღეისოდ? თუ იციან, რა მიზნები აქვს რუსეთს და რამდენად შესაძლებლად მიაჩნიათ ორი სხვადასხვა ინტერესის მქონე ქვეყნის მშვიდობიანი თანაარსებობა და თანამშრომლობა? ამ კითხვებზე პასუხის მიღება, მით უფრო საშურია, რამდენადაც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას ჯერ არ მიუღია ჩვენთვის სასურველი ხასიათი. ისე კი, კითხვას, თუ რა გვსურს რუსეთისაგან, - პასუხი ყველა იმათთაგან უნდა გასცემოდა, ვინც ამ ქვეყანასთან განვლილი 800 წლის მანძილზე დაახლოებას ცდილობდა და ამ მიზნით, ჩრდილოეთის გზას ადგა. სამწუხაროდ, არც კითხვა დასმულა და არც პასუხი გაცემულა... იქნებ, ამიტომაც, - გაუთვლელ-გაუაზრებელი რომ იყო, მიიღო კიდეც რუსეთთან ურთიერთობამ ესოდენ კურიოზული ხასიათი, რაც ყოველთვის იწვევდა საღად მოაზროვნე ქართველობის უარყოფით დამოკიდებულებას და სხვათა შორის, ერთხელ, ერთი რუსი ცენზორის აღშფოთებაც გამოიწვია... ეს ამბავი ასე მოხდა: როცა კომუნისტური რუსეთის კოლონია ვიყავით, „იდეოლოგიური მოთხოვნა“ იყო, ისტორიული ფილმის გადაღებისას, აუცილებლად სცენარში უნდა შეეტანათ რუსეთთან ურთიერთობის თემა, განურჩევლად იმისა, რაიმე რეალური საფუძველი ჰქონდა თუ არა ამას... ასე მოხდა 1955 წელსაც, როცა აკაკი წერეთლის „ბაში-აჩუკის“ კინოვერსიას ქმნიდნენ: სცენარის პირველ ვარიანტში სრულიად უადგილოდ ჩართეს, რუსეთში ელჩების გაგზავნის ეპიზოდები, რომელთა აზრობრივი მიზანდასახულება იყო ის, რომ რუსეთი საქართველოს ერთადერთ იმედად უნდა ყოფილიყო ნაჩვენები, ოღონდ, ფილმის საერთო კონტექსტში, ამ სცენამ სულ სხვა აზრობრივი დატვირთვა შეიძინა: ისე გამოდიოდა, რომ საქართველოს სპარსელები არბევდნენ რუსეთისაკენ სწრაფვის გამო, რუსეთიდან კი დახმარება არ ჩანდა. აქედან დასკვნა: რუსეთთან კავშირი საქართველოსათვის უბედურების მომტანი იყო... ის, რაც უნებლიედ თქვეს სცენარის ავტორებმა, ისტორიული ჭეშმარიტება იყო, მაგრამ სწორედ ამან აღაშფოთა სსრკ-ს კინემატოგრაფიის სახელმწიფო კომიტეტის უფროსი რედაქტორი ვ. სკრიპიცინი, რომელსაც ეს სიმართლე არ მოეწონა და თავის სარეცენზიო დასკვნაში ამის გამო წერდა:
„ეპიზოდების გაუაზრებლად დამონტაჟების გამო, კრემლის სცენას უშუალოდ მოსდევს ყიზილბაშების თავდასხმა ქართულ სოფელზე (გვ. 21) - იქმნება შთაბეჭდილება, რომ თეიმურაზის ელჩობამ გაამძაფრა ირანელების რისხვა და ქართველ ხალხს ახალი ტანჯვა და უბედურება დაატეხა თავს“. გაუაზრებელი მონტაჟი აქ არაფერ შუაშია, უბრალოდ, ასეთი იყო ორი სახელმწიფოს ურთიერთობის რეალური შედეგი; ისევე როგორც, რუსი მოხელის მიერ ჩვენი ისტორიის გაყალბების მცდელობაც, შედეგი იყო იმ დამღუპველი პოლიტიკისა, რომელსაც რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობა მოჰყვა. ბუნებრივია, აღიძვრის კითხვა: ნუთუ იმისათვის მიისწრაფოდნენ ქართველები რუსეთისაკენ, რომ თავიანთი ქვეყანა დაეღუპათ? ცხადია, - არა; მაგრამ, მათ ამოძრავებდათ არა შორს გამიზნული, გათვლილი და გააზრებული პოლიტიკა, არამედ რელიგიური სნობიზმი - ახალი ბიზანტიის ძიება და, ეს ყველაფერი „ერთმორწმუნეობის“ ლოზუნგით კეთდებოდა... რუსეთისაკენ გაუმართლებელი ლტოლვის მიზეზი, სახელმწიფო ცნობიერების რელიგიურით შეცვლა რომ იყო, ეს კარგად შეამჩნია ჩვენი პირველი რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ნოე ჟორდანიამ, რომელიც ამასთან დაკავშირებით წერდა: - „რატომ ამ ხანაში იწყება ასეთი მფარველის რუსეთში ძებნა? ამის მიზეზია განვითარება ფეოდალიზმის თანამგზავრის - კლერიკალიზმის; რელიგიური საკითხების წინა რიგებში წამოყენება და ქვეყნის ინტერესების სარწმუნოების თვალსაზრისით გაზომვა, მოსკოვი ხდება ქართველი სამღვდელოების მექა“. ამრიგად, საქართველოში, სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა, რელიგიური აღმოჩნდა. ამან გამოიწვია საგარეო პოლიტიკის ცალმხრივობა და სწორხაზოვნება, რაც გამოიხატა კიდეც რუსეთის კავკასიაში მოწვევით, მასთან ვასალური ურთიერთობის დამყარებით. ეს კი ნიშნავდა მესამე ძალის შემოყვანას რეგიონში, სადაც ოსმალეთი და სპარსეთი იყვნენ გაბატონებული, რასაც, ბუნებრივია, ამ ქვეყნების უარყოფითი რეაქცია მოჰყვა და საქართველო დაპირისპირებული აღმოჩნდა მეზობლად მდებარე მუსლიმანურ ქვეყნებთან. ასეთ შემთხვევაში ქართველთა ბრძოლა თავისუფლებისათვის, აღიქმებოდა უკვე რუსეთის ინტერესების განხორციელებად კავკასიაში. უბედურება კიდევ ისიც იყო, რომ რუსეთთან კავშირის ძიების პერიოდში, XV-XVII საუკუნეებში, საქართველო ფეოდალურად დაქუცმაცებული ქვეყანა იყო. ის ერთიან ძალას არ წარმოადგენდა და რუსეთს, ელჩებს ხან კახეთის სამეფო უგზავნიდა, ხან ქართლი და ხანაც იმერეთი... საპირისპიროდ ამისა, რუსეთი ერთიანი, ცენტრალიზებული სახელმწიფო იყო, მაგრამ განვსხვავდებოდით არა მხოლოდ პოლიტიკური სისტემით, არამედ კულტურით, ტრადიციებით, მენტალიტეტით. ამას კი არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა. ვნახოთ, როგორ განიხილავს რუსეთის სახელმწიფოს და რუსულ ხასიათს ნიკოლოზ ბერდიაევი თავის „რუსეთის ბედში“ და დავრწმუნდებით, რომ ჩვენი წინაპრები ცდებოდნენ, როცა ეგონათ, ერთმორწმუნეობა გახდებოდა რუსეთისათვის საქართველოს მფარველობის საფუძველი:
„რუსეთი ყველაზე სახელმწიფოებრივი და ყველაზე ბიუროკრატიული ქვეყანაა მსოფლიოში. რუსეთში ყველაფერი გარდაიქმნება პოლიტიკის იარაღად. რუსმა ხალხმა შექმნა მსოფლიოში უმძლავრესი სახელმწიფო, უდიდესი იმპერია. ივანე კალიტადან მოყოლებული, რუსეთი თანმიმდევრულად და ჯიუტად იზრდებოდა და ისეთ სიდიდეს მიაღწია, რომ მსოფლიოს ყველა ხალხის წარმოდგენას არყევდა. ძალა ხალხისა, რომელიც, არცთუ უსაფუძვლოდ, მიაჩნდათ, რომ ესწრაფვის შინაგან სულიერ ცხოვრებას, მთლიანად ეძლეოდა სახელმწიფოებრიობის კოლოსს, რომელიც ყველაფერს თავის იარაღად აქცევდა. უდიდესი სახელმწიფოს შექმნის, შენახვისა და დაცვის ინტერესებმა სავსებით განსაკუთრებული და უდიდესი ადგილი დაიჭირა რუსეთის ისტორიაში. რუს ხალხს აღარ რჩებოდა ძალა თავისუფალი შემოქმედებითი განვითარებისათვის, მთელი სისხლი სახელმწიფოებრიობის განმტკიცებასა და დაცვას ხმარდებოდა“.
როცა სახელმწიფოს, აღმშენებლობის ასეთი ტრადიცია აქვს, ერს კი, - მოვალეობის ამდაგვარი გრძნობა, თავისი ქვეყნის წინაშე, წარმოუდგენელია, იქ განხორციელებულიყო გაჭირვებაში ჩავარდნილი ერთმორწმუნე ხალხისათვის უანგარო დახმარების სენტიმენტალური პოლიტიკა, რომელიც რუსეთის ინტერესებისათვის საზიანო იქნებოდა, ან, თუნდაც, არამომგებიანი. ამ შემთხვევაში ანალოგიად არ გამოდგება სამხრეთ სლავების, სერბების, ბულგარელების, ჩერნოგორიელების და არასლავური რუმინეთის და ბერძნების ისტორია, რომელთაც გვარიანად ისარგებლეს რუსეთ-თურქეთის ომების შედეგებით და რუსეთის მხარდაჭერით, დამოუკიდებლობა მოიპოვეს. ბალკანეთში, რუსებს სხვა ინტერესები ამოძრავებდათ: ისინი კონსტანტინეპოლის დაპყრობას ცდილობდნენ, ბალკანეთზე, - გზად გადიოდნენ, ამიტომ, ან უნდა წაერთმიათ ეს ქვეყნები თურქეთისათვის და თვითონ დაეპყროთ, ან კიდევ, მხარი დაეჭირათ მათი დამოუკიდებლობისათვის, რომ მოკავშირე სახელმწიფოები პლაცდარმად ექციათ და მათი მეშვეობით დაახლოვებოდნენ სანუკვარ მიზანს, - ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებს. რუსეთის მიერ ბალკანეთის დაპყრობა არ დაუშვა ავსტრიის იმპერიამ, ამიტომ, დარჩა მეორე გზა, და ბალკანეთის ქვეყნებისათვის რუსეთი კარგ მოკავშირედ იქცა.
სხვა სიტუაცია იყო კავკასიაში, აქ არც გამაწონასწორებელი ძალა არსებობდა, ავსტრიის მაგვარი, არც ბუფერულ სახელმწიფოთა შექმნის აუცილებლობა, - კავკასია ქრისტიანულ სამეფო-სამთავროებად და მუსლიმანურ სახანოებად დაქუცმაცებული რეგიონი იყო, რომელიც, სულ უფრო ექცეოდა მზარდი ოსმალეთისა და სპარსეთის გავლენის ქვეშ.
1453 წელს, თურქებმა ბიზანტიის იმპერია მოსპეს და მაშინდელი საქართველოს მესვეურები უმალ იწყებენ ახალი იდეოლოგიური ცენტრის ძებნას, ამყარებენ დიპლომატიურ ურთიერთობას რუსეთთან და დახმარებას სთხოვენ.აქტიურობს კახეთი, უკვე 1491 წელს ალექსანდრე I, კახეთის მეფე, მოსკოვის დიდ მთავარს, ივანე III-ს ელჩებს უგზავნის და წერილს სწერს: „შორეული მიწიდან გონებით ახლო მყოფი შენი უმცროსი ყმა ალექსანდრე მდაბლად მოგესალმება“- ასე დაიწყო „Celobitie“-ს „პოლიტიკა“, ანუ ის, რასაც ეს სიტყვა ნიშნავს: მდაბალი სალამი, თაყვანისცემა, ჩივილი, მუდარა, ვედრება, - სრულიად უშედეგო... რადგან, ვიდრე 1552-1556 წლებში რუსეთმა ყაზანისა და ასტრახანის სახანოები არ დაიპყრო, ის საქართველოდან იმდენად შორს მდებარეობდა, რომ რაიმე სამხედრო დახმარებაზე ლაპარაკი უაზრობა იყო. შემდეგ, რუსეთმა კავკასიას მეტი ყურადღება მიაქცია და მოსინჯა იქ თავისი პოზიციების განმტკიცების შესაძლებლობები: ამ მიზნით, ლევან - კახეთის მეფის თხოვნის საფუძველზე, კახეთში მეციხოვნე ჯარი გამოგზავნეს, რომელიც კახეთის ციხეებში ჩააყენეს, მაგრამ დიდი ხნით არა. 1571 წელს, თურქეთის სულთნის ბრძანებით, ყირიმის ხანმა მოსკოვი გადაწვა და რუსეთმაც თავისი რაზმები გაიყვანა. შემდეგ ისევ ელჩების გზავნა მოსკოვს; 1587 წელს, ალექსანდრე II - კახეთის მეფემ, თავი რუსეთის ვასალად ცნო და 1589 წელს, საბოლოოდ ჩამოყალიბდა კახეთის რუსეთისადმი პოლიტიკურად დამოკიდებულების საკითხი. რუსეთმა, უპირველეს ყოვლისა, შეზღუდა კახეთის მეფის დამოუკიდებლობა საგარეო სფეროში... ამას გარდა, კახეთს ყოველწლიურად მოსაკითხი უნდა გაეგზავნა მოსკოვში... ამ დროიდან, რუსეთის მეფეები თავს „ივერიის ქვეყნისა და ქართველი მეფეების ხელმწიფეს“ უწოდებენ, თუმცა, ვასალური დამოკიდებულება მხოლოდ კახეთს ჰქონდა მათთან... ამრიგად, კახეთი რუსეთის პლაცდარმად იქცა კავკასიაში. ბუნებრივია, ოსმალეთმა და სპარსეთმა მის მოსაშლელად ზომები მიიღეს. ასე გადაწყდა კახეთის განადგურება... 1605 წლის 12 მარტს, კახეთში, სპარსეთმა განახორციელა სახელმწიფო გადატრიალება: მოკლეს რუსოფილი ალექსანდრე II და მისი შვილი გიორგი. ქვეყნის სათავეში მოექცა რჯულშეცვლილი კონსტანტინე-მირზა და კახეთიც სპარსეთის ვასალურ სახანოდ იქცა... კახელების ცდას, განთავისუფლებულიყვნენ ამ უღლისაგან, მოჰყვა სპარსელთა ისეთი ამაოხრებელი შემოსევები, რომ ამის შემდეგ, საქართველოს ეს კუთხე დიდხანს ვერ გაიმართა წელში და საუკუნენახევარი მას ქრისტიანი მეფე არ ჰყოლია... ამ გამარჯვებით მადაგახსნილმა სპარსეთმა, 1632 წლიდან ქართლიც სახანოდ აქცია... ასეთი იყო ერთმორწმუნეობის პრინციპით განპირობებული პოლიტიკური ორიენტაციის შედეგი. სამწუხაროდ, ასეთ დიდ მარცხს, ეროვნული კატასტროფის ტოლფასს, არ შეუჩერებია რელიგიურ სნობიზმზე დაფუძნებული სწრაფვა რუსეთისაკენ. კახეთისა და ქართლის ხვედრი დასავლეთ საქართველოს მაგალითად ვერ გამოადგა და იმერეთის მეფე ალექსანდრე III ელჩებს გზავნის რუსეთში... როგორც, ადრე, - კონსტანტინეპოლში, ასევე ახლა მოსკოვში, ქართველები თავიანთ კოლონიას აარსებენ. ეს მოხდა 1653 წელს. არჩილ მეფემ აქ მოამზადა ქართული ბიბლია, გამოსაცემად, „რისთვისაც ერთმანეთისათვის შეუდარებია სხვადასხვა ნუსხა და სლავური ტექსტი“... თუ ადრე ბერძნულს უდარებდნენ ქართულ რელიგიურ ლიტერატურას, ახლა ეს ფუნქცია სლავურმა დაიკავა... და ეს სრულიად ბუნებრივი იყო, რადგან რელიგიური სნობიზმით შეპყრობილი საქართველო ახალი იდეოლოგიური ცენტრის არსებობას ითხოვდა, თავად პოულობდა მას და მისკენ მიისწრაფოდა...
XVIII საუკუნის დამდეგს, ქართველებს კიდევ ერთხელ მიეცათ საშუალება დარწმუნებულიყვნენ, თუ რა დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა რუსეთი სახელმწიფო ინტერესებს და რა ცოტას - „ერთმორწმუნეობას“: რუსეთის მეფემ, პეტრე პირველმა, განიზრახა დაუფლებოდა კასპიის ზღვის სანაპიროებს. ამ მიწების ნაწილი, უშუალოდ სპარსეთის ტერიტორია იყო, ნაწილი კი, გავლენის სფეროს შეადგენდა. ეს მიზანი დაედო საფუძვლად ე.წ. „სპარსულ ლაშქრობას“. ამის შესახებ ეცნობა ქართლის მეფე ვახტანგ მეექვსეს, რომელიც აღაფრთოვანა ამ ამბავმა. პეტრე პირველთან ზეპირი შეთანხმება დაიდო და, სპარსეთის მალულად, ქართველებმა დაიწყეს მზადება, რუსეთთან ერთად სპარსეთზე ლაშქრობისათვის. ამ დროს, ე.ი. 1722 წელს, სპარსეთს ავღანელები შეესივნენ, შაჰი დახმარებას ვახტანგ VI სთხოვს, მაგრამ ის სპარსეთს არ ეხმარება და, შესაბამისად, ვერც რაიმე სარგებელს იღებს აქედან. მისი ყურადღება მთლიანად რუსეთისაკენ არის მიმართული... იმავე წლის 3 აგვისტოს რუსეთის ჯარმა კასპიის სანაპიროების დაპყრობა დაიწყო. ამავე დროს, ვახტანგს თურქეთის სულთანმა შეატყობინა, რომ ის სპარსეთზე აპირებდა ლაშქრობას და მას თანადგომას სთხოვდა; სანაცვლოდ, მთელს საქართველოს პირდებოდა. ვახტანგმა არ მიიღო ეს პირობა, - ამ შემთხვევაშიც მხოლოდ რუსეთის მოიმედე დარჩა. ჯარი შეკრიბა და პეტრე პირველთან შეთანხმებისამებრ, განჯისაკენ გაილაშქრა. ვახტანგი, ქართველთა ჯარით, ბაქოში უნდა შეერთებოდა რუსებს. ამით ის, ფაქტობრივად, ომს უცხადებდა სპარსეთს. ეს იყო მეტად რისკიანი ნაბიჯი და ვახტანგ VI-ს არ გაუმართლა: 1722 წლის სამხედრო კამპანია რუსეთისათვის წარუმატებლად წარიმართა და პეტრე პირველმა ლაშქრობა შეაჩერა, ხოლო მოგვიანებით, 1724 წლის 12 ივლისს, თურქეთთან შეთანხმება დადო, რომლის ძალითაც რუსეთი იღებდა კასპიისპირეთს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს, - თურქეთს უთმობდა. ვახტანგ VI-ის უგუნურ პოლიტიკას ის მოჰყვა, რომ მას გაურთულდა ურთიერთობა სპარსეთთანაც და თურქეთთანაც. ამის გამო, საქართველო ჯერ ბრძოლის ველად იქცა, ხოლო შემდეგ თურქეთის გავლენის ქვეშ მოექცა. ეს ამბავი იმით დამთავრდა, რომ ვახტანგ VI, 1200 კაციანი ამალით, რომელშიც მაშინდელი საქართველოს მთელი ინტელექტუალური პოტენციალი შედიოდა, რუსეთს გადაიხვეწა... ასე დამთავრდა მეორე, გაუთვლელი და გაუანგარიშებელი ცდა, რუსეთის დახმარებით სპარსეთისა და თურქეთის ხელიდან საქართველოს გამოხსნისა. ამის შემდეგ, კარგა დიდი ხანი გავიდა, ვიდრე რუსეთის მოკავშირეობით საქართველოს განთავისუფლების საკითხი კვლავ დადგა. ეს 1768-1774 წლებში რუსეთ-თურქეთის ომის დროს მოხდა. ქართველ მეფეთა ტრადიციულ თხოვნას დახმარების თაობაზე, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სათანადო ყურადღებით მოეკიდნენ, რადგან რუსეთი დაინტერესებული იყო ქართველების მხარდაჭერით... 1769 წლის აგვისტოს ბოლოს რუსეთის მცირერიცხოვანი სამხედრო რაზმი, გენერალ ტოტლებენის მეთაურობით, საქართველოში შემოვიდა. რუსული ჯარის სიმცირე იმისი მანიშნებელი იყო, რომ საქართველოს ფრონტს რუსეთი მეორადად მიიჩნევდა და აქ დიდი სამხედრო ოპერაციები არ იყო დაგეგმილი. ეს უნდა გაეაზრებინათ ქართველ ხელისუფალთ, ვიდრე საბედისწერო ავანტიურას წამოიწყებდნენ... 1770 წლის 17 აპრილს, ქართველთა ლაშქარი და რუსთა 1200-კაციანი რაზმი აწყურის ციხეს მიადგა. ორი დღის შემდგომ, გენერალმა ტოტლებენმა მოულოდნელად შეწყვიტა ბრძოლა და იქაურობას გაეცალა... მალე, ქართლის ციხე-სიმაგრეების ხელში ჩაგდება დაიწყო, ხოლო მოსახლეობას, რუსეთის იმპერატორის ერთგულებაზე აფიცებდა. რუსი გენერლის ეს საქციელი სხვა არაფერი იყო, თუ არა მოკავშირის ღალატი და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა. არ ვიცით, გენერალი ტოტლებენი პირადი ინიციატივით მოქმედებდა, თუ რუსეთის ხელისუფლების დავალებას ასრულებდა. ის კი ცხადია, რომ მისმა მოქმედებამ, ერეკლე II-ის ავტორიტეტი მეტად დასცა მეზობელი სახელმწიფოების თვალში, რადგან ამდენ ხანს ნანატრი მოკავშირე მტრულად მოექცა... ასეთი მოულოდნელობა აღმოსავლეთში თავისებურად ფასდება. ეს იყო იმისი შედეგი, რომ საქართველოს მესვეურთა პოლიტიკური კურსის მარცხი მისმა მეზობლებმა უფრო ადრე გაიგეს, ვიდრე თავად ეს მესვეურები გააცნობიერებდნენ იმას, თუ რა დღეში იყვნენ... მიუხედავად იმისა, რომ ქუჩუკ-კაინარჯის ზავის 23-ე მუხლი დასავლეთ საქართველოს შეეხო და ტყვეთა ვაჭრობა რამდენადმე შეზღუდა და რამდენიმე ციხე ქართველებს დარჩათ, თურქეთისა და სპარსეთის გავლენის სფეროებად გაყოფილი საქართველო, იმავე მდგომარეობაში დარჩა. უფრო მეტი, - რაც შეიძლება, მომხდარიყო იყო ის, რომ საქართველო რუსეთის ვასალი გამხდარიყო და მხოლოდ, რაკი ქვეყნის მესვეურებმა თავიდანვე სუზერენი დაინახეს რუსეთში, შესაბამისად, თავი წარმოიდგინეს ვასალად და არათანაბარუფლებიან მოკავშირედ; ამიტომ, ბუნებრივია, მუსლიმანური ქვეყნის ქვეშევრდომობას „ერთმორწმუნე“ რუსეთის ქვეშევრდომობა ერჩიათ... ამ პოზიციამ ბევრად განსაზღვრა 1783 წელს დადებული „გეორგიევსკის ტრაქტატის“ ხასიათიც, რომლის ძალითაც, აღმოსავლეთ საქართველო რუსეთის ვასალურ ქვეყნად იქცა და მისი საგარეო პოლიტიკა მთლიანად რუსეთთან უნდა ყოფილიყო შეთანხმებული. ამას ადასტურებს „ტრაქტატის“ მე-4 არტიკული, რომელიც შემდეგი პირობების შესრულებას გულისხმობს: „... რათა უწინარეს თანხმობისა უპირველესისა მესამზღუისა მთავრისა და მინისტრისა მისი იმპერატორების დიდებულებისა ჰრწმუნებულისა, არა აქუნდეს მიმოწერაი გარემოთა მფლობელთა მიმართ, ხოლო ოდეს იგი მოვლენ მათ მიერ დესპანნი ანუ წერილნი, ჰყოფს განზრახულსა უპირველესისა მიმართ მესამზღვრისა მთავრისა და მინისტრისა მისისა იმპერატორების დიდებულებისა უკუნქცევისათვის დესპანთა და შესაფერისათვის სიტყვ სუიგებისა მფლობელთა მათ მიერ“. აქედან გამომდინარე, საქართველო, რუსეთზე დამოკიდებული, - ისევე უუფლებო უნდა ყოფილიყო, როგორც ადრე, თურქეთსა და სპარსეთზე დამოკიდებული როცა იყო. ეს, ცხადია, ცუდი იყო, მაგრამ კიდევ უარესი ის გახლდათ, რომ გამომდინარე თავისი სახელმწიფო ინტერესებიდან, რუსეთი ვასალური ქვეყნის აქტიურ დაცვას არ აპირებდა, ამიტომაც გამოგზავნა ორი ბატალიონი, რაც, ცხადია, რეალური ძალა არ იყო.
თუ რა უნდოდა ჩვენგან რუსეთს, კარგად ჩანს იმ მიზანში, რისთვისაც ჩამოვიდა საქართველოში, ტრაქტატის ხელმოწერიდან ერთი წლის შემდეგ, გენერალი პავლე პოტიომკინი - „დაეთვალიერებინა ქვეყანა, რომელიც შეირჩა ყველა მომავალი მოქმედების თეატრად“. რა იყო ეს „სამომავლო მოქმედებანი», - საქართველოს ხელისუფლებამ არ იცოდა, მაგრამ ის, რაც ტრაქტატის ხელმოწერისთანავე ცხადი გახდა, იყო მეზობელი ქვეყნების მიერ, საქართველოს არჩევანისადმი გამოვლენილი უკიდურესად უარყოფითი დამოკიდებულება: გართულდა ურთიერთობა სპარსეთთან და თურქეთთანაც. ამ უკანასკნელმა ლეკთა მარბიელი რაზმები შემოგვისია. რბევამ და აწიოკებამ ისეთი ინტენსიური ხასიათი მიიღო, რომ გარსევან ჭავჭავაძე რუსეთის ხელისუფალთ წერდა: „ამისთანა განსაცდელში საქართველო არ ყოფილა“-ო. ეს ყველაფერი იმიტომ მოხდა, რომ რუსეთის პლაცდარმად მიგვიჩნიეს და ცდილობდნენ ჩვენს განადგურებას. ლეკ მარბიელთა თარეშმა და ომარ-ხანის მრავალრიცხოვანი ლაშქრის შემოსევებმა, ტრაქტატის ხელმოწერიდან, სულ რაღაც, ორი წლის მანძილზე, აღმოსავლეთ საქართველო ისე საფუძვლიანად ააოხრა, რომ ამის თაობაზე 1785 წელს საქართველოში მყოფი რუსი რეზიდენტი ბურნაშოვი წერდა პოტიომკინს: „საქართველო უკიდურესად ნადგურდება, იმის გამო, რომ გზებზე მიმოსვლა საშიშია, ვაჭრობა მთლიანად შეწყდა, პურის მოყვანა შეფერხებულია, რადგან მოსახლეობას სახელმწიფო თუ სამხედრო სამსახურში იწვევენ და სოფლები დაცარიელებულია. მის უმაღლესობას (ერეკლე II) არ შეუძლია შეგროვილი ჯარის დიდხანს შენახვა, რადგან ფული არა აქვს, მისი შემოსავალი თითქმის გაქრა“. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ შესანიშნავად იცოდა ქართლ-კახეთის სამეფოში შექმნილი სავალალო მდგომარეობა, არც ფინანსური და არც სამხედრო დახმარება მისთვის არ აღმოუჩენია... ეს, ფაქტობრივად, „გეორგიევსკის ტრაქტატის“ დარღვევა იყო. რუსეთის ხელისუფლებამ არ შეისმინა საქართველოს მესვეურთა თხოვნა დახმარების თაობაზე, მაშინაც კი, როცა 1795 წლის შემოდგომაზე აღა-მაჰმად-ხანმა თბილისი გადაწვა. მხოლოდ შემდეგ წელს, რუსეთმა, საკუთარი პრესტიჟის გადასარჩენად, შემოიყვანა საქართველოში თავისი ჯარი და მალევე გაიყვანა... ქართველმა პოლიტიკოსებმა არანაირი დასკვნა არ გააკეთეს და რუსეთის უცნაური ქცევა სათანადოდ ვერ შეაფასეს. ისინი ისევ რელიგიური სნობიზმით შეპყრობილნი, ისედაც გაუბედურებულ ქვეყანას დაღუპვისაკენ მიაქანებდნენ. 1799 წლის 23 ნოემბერს, დაიდო ახალი ტრაქტატი რუსეთთან, რომლის ძალითაც, საქართველო კიდევ უფრო დამოკიდებული აღმოჩნდა რუსეთზე... სამაგიეროდ, გიორგი XIII-მ შვება იგრძნო: „აწ განისვენა გულმან ჩემმა, მივის მცველად მეფობისა, იმპერატორი მართლმადიდებელი“. ამ დროს მოსულა თურქეთის სულთნის მოციქული, იბრაიმ ბეგი, ახალციხის ფაშისაგან გამოგზავნილი, და უცნობებია მეფისათვის სულთნის გადაწყვეტილება - თუ გიორგი XIII რუსეთს თავს დაანებებდა და სულთან სელიმის მფარველობაში შევიდოდა, ახალციხისა და სამცხის შეერთებას პირდებოდა სულთანი. ეს წინადადება „მეფემან იწყინა და უბრძანა სრულიად უარი“ და დიდი მონდომებით დაუწყია, რუსთა შემოსაყვანად, გზის მშენებლობა. ამასთან დაკავშირებით, დავით ჩერქეზიშვილს უკითხავს მეფისათვის: „ბატონო მეფევ და კარისკაცნო დარბაისელნო: რომ აღებთ კავკასიის კარსა, შეიძლებითა თვისსა დროსა დახშვასა მისსა? გიორგი XIII-ს უპასუხნია: „დახშვა კარისა ამისა, იქმნება დახშვა ქრისტიანობისა კარისა“-ო. ცხადია, ასეთი მსოფლმხედველობის მქონე სახელმწიფო მესვეურები ვერ დაიცავდნენ ქვეყნის ინტერესებს და, შედეგმაც არ დააყოვნა - ქართველთა პოლიტიკური უნიათობით წაქეზებულმა რუსეთმა, ზემოხსენებული მეფის სიკვდილის შემდეგ, ძალიან მალე, 1801 წელს განახორციელა სახელმწიფო გადატრიალება - დაამხო ბაგრატიონთა დინასტია, მოახდინა საქართველოს ოკუპაცია და ანექსია. იმავე წლის 12 სექტემბრის მანიფესტით, რუსეთის მეფე, ალექსანდრე პირველი დემაგოგიურად აცხადებდა: „არა ძალების შესამატებლად, არა ანგარებისათვის, არა საზღვრების გაფართოების მიზნით, ისედაც უვრცელესი ამქვეყნად იმპერიისა, ვიტვირთეთ ჩვენ საქართველოს სამეფოს მართვა“. ჭეშმარიტება, ცხადია, ამის საპირისპიროდ იყო... მაგრამ რაც მოხდა, ის კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ აჯობა სახელმწიფო ინტერესებიდან მომდინარე პოლიტიკამ, რელიგიურ სნობიზმზე დაფუძნებულ, გაუაზრებელ, არსებითად, ავანტიურისტულ პოლიტიკანობას. სამი საუკუნის განმავლობაში, საქართველო ითხოვდა დახმარებას იმ მოტივით, რომ ერთმორწმუნეობის გამო, რუსეთი უნდა დახმარებოდა. ამისათვის ვასალად უხდებოდა, რუსის მეფეების სუზერენობას აღიარებდა. ამას დალხინებული ცხოვრების გამო არ აკეთებდნენ ქართველები - ეს ცხადია, სამწუხაროა. რუსეთის მეფეებს ეამაყებოდათ, როცა ძველქრისტიანული ქვეყნის მეფეები მათი ქვეშევრდომნი ხდებოდნენ; ოღონდ რუსეთის ხელმწიფენი იმასაც აცნობიერებდნენ, რომ თუ ეცდებოდნენ თავიანთი ვასალის დაცვას, მაშინ სპარსეთთან და ოსმალეთთან დაუსრულებელ ომში აღმოჩნდებოდნენ ჩათრეული. ეს, ცხადია, არ აწყობდათ. ამას გარდა, იყო ერთი არსებითი მნიშვნელობის მქონე საკითხიც: სხვა ქვეყნის, სუსტისა და დაუცველის, მფარველობა რუსებს თავისებურად ესმოდათ; მთელი ისტორია, მოსკოვის სახელმწიფოს შექმნისა, სხვა სახელმწიფო წარმონაქმნების დაპყრობა-მიერთება იყო, ასეთ დროს, ვასალური ურთიერთობა მხოლოდ ეტაპი იყო უფრო მჭიდრო ინტეგრაციის გზაზე, რაც ამ ქვეყნის რუსეთის გუბერნიად გადაქცევით თავდებოდა... ასეთი იყო რუსული სახელმწიფოს შექმნისა და გაფართოვების ტრადიცია.
მანიფესტს ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების შესახებ საყოველთაო აჯანყება არ მოჰყოლია, მიუხედავად იმისა, რომ ეს ქართველთა სურვილის წინააღმდეგ მოხდა და დამხობილი დინასტიის წარმომადგენლებს გარკვეული მხარდაჭერა ჰქონდათ მოსახლეობის მხრიდან, რუსებთან ბრძოლისას. საქმე ის იყო, რომ ხალხი რუსებს მტრებად კი არა, მოკავშირეებად აღიქვამდა. ამ თვალსაზრისით, მეტად საინტერესოა, თუ რას წერდა ალექსანდრე ჭავჭავაძე 1799 წელს საქართველოში რუსის ჯარის შემოსვლასთან დაკავშირებით: „ყოველ სოფელს სურდა მასთან ჯარი ყოფილიყო დაბანაკებული და ქართველი გლეხები მათ უყურებდნენ არა მარტო როგორც დამცველს, არამედ როგორც სამეურნეო სამუშაოებში სასარგებლო დამხმარეებს“... ასეთი იყო რუსეთისაკენ ლტოლვის სამი საუკუნის შედეგი, სასურველი მოკავშირე, ხალხის ცნობიერებამ, ერთგვარად, გააიდეალა კიდეც, მაგრამ რუსის ჯარის შემოსვლით გამოწვეული ეიფორია მალე შეცვალა ჯერ გაკვირვებამ, შემდეგ კი, - აღშფოთებამ: ქართველობამ მალევე გააცნობიერა, რომ ცხოვრების ის წესი, რომელსაც რუსეთი ამკვიდრებდა ჩვენში, ზნეობრივად მიუღებელი იყო... გაურკვევლობას, ცხადია, გარკვეულობა სჯობია და, ქართველებიც ჩასწვდნენ რუსეთის ცხოვრების, აქამდის მათთვის უცნობ, მხარეებს. ოღონდ, ეს აღმოჩენა ამ ქვეყანასთან ურთიერთობის სამასი წლის თავზე გაკეთდა. ისიც იმიტომ, რომ რუსეთმა თავად გვაიძულა ეს გაგვეკეთებინა... ყველაფრის თავი და თავი ქართული და რუსული ხასიათების რადიკალურად განსხვავებულობაშია... აქედან მომდინარეობს სხვადასხვა დამოკიდებულება ღირებულებათა მიმართაც... რუსული ხასიათის შესახებ, მეტად საინტერესო მოსაზრებას გამოთქვამს, ზემოთ უკვე ციტირებული, ნიკოლოზ ბერდიაევი: „ძალზე დამახასიათებელია, რომ რუსეთის ისტორიაში რაინდობა, ეს ვაჟკაცური საწყისი არ ყოფილა და სწორედ ამასთანაა დაკავშირებული პირადი საწყისის არასაკმარისად განვითარება რუსულ ცხოვრებაში. რუს ხალხს ყოველთვის უყვარდა ცხოვრება. კოლექტივის სითბოში, ერთგვარად შერწყმულს დედამიწის სტიქიას, დედის წიაღს, რაინდობა გამოჭედავს პირადი ღირსებისა და პატივის გრძნობას, აწრთობს პიროვნებას. რუსულმა ისტორიამ ვერ შექმნა ამ პირადობის ჩამოყალიბების პირობები“. სრულიად საპირისპიროა ქართული ხასიათი, თავისი მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალიზმით, და პიროვნული ღირსების გრძნობით. ქართველს, ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე, მრავალგზის გაუწირავს თავი ქვეყნის ინტერესებისათვის, მაგრამ სახელმწიფოს მიზნების მონად არასოდეს ქცეულა. ქართველი ითავისებდა საზოგადოების პრობლემებს, იაზრებდა პიროვნული თვალსაზრისით და შესაბამისად მოქმედებდა. ქართული ეთნოცენტრიზმი ხშირად ეგოცენტრიზმის ფორმით გამოვლინდებოდა ხოლმე...
შეუთავსებლობამ, ორ ეროვნულ ხასიათსა და ცხოვრების ორ წესს შორის, თავი პირველსავე კონტაქტის დროს იჩინა. XII საუკუნეში, როცა თამარ მეფე ცოლად მითხოვდა იური რუსს და მალევე გაშორდა მას, რადგან ამ პატივმოყვარე ჰომოსექსუალისტის უზომო ამბიციებს, კინაღამ, ემსხვერპლა აღმავლობის გზაზე შემდგარი ქართული სახელმწიფო... ზემოხსენებული ფაქტის გამო, ისტორიკოსი ლევ გუმილოვი წერდა: „...იური ანდრეის ძემ, რომელიც ენერგიული, ნიჭიერი, მაგრამ უხეში ადამიანი იყო, გამოავლინა სიმამაცე და მხედართმთავრული უნარი. ამასთანავე რუსული ნაკლი - ლოთობა, - აღმოსავლურ არაბუნებრივს შეუთავსა. თამარმა ეს ვერ აიტანა და მეუღლე კონსტანტინეპოლში გაასახლა“. ბოლოს კი დასძენდა: „ეთნიკური კონტაქტი ვერ შედგა“-ო.
ამის მიზეზი ზნეობრივი პრინციპების შეუთავსებლობა იყო... ცხადია, ცალკეული პიროვნებების საქციელი ვერ შექმნის წარმოდგენას მთელს ერზე, ოღონდ სათანადო დასკვნის მასალას უდაოდ იძლევა. სამწუხაროდ, ვერც ამ ამბავში და ვერც შემდგომ საუკუნეებში, რუსეთთან უთიერთობისას, ქართველებმა ვერაფერი დაინახეს და ვერ შეაფასეს, - თავიანთთვის მისაღებლად, თუ მიუღებლად, - იმ ხალხის ცხოვრების წესისა და ზმნისა, რომელსაც დახმარებას სთხოვდნენ, ამიტომ აღმოჩნდა მოულოდნელი ის წესი და რიგი, რუსეთმა რომ დაამკვიდრა საქართველოში. და გაოცებული ქართველები ნაგვიანევად აკეთებდნენ დასკვნებს. პლატონ იოსელიანის მამა, ეგნატე მოძღვარი, ასე ახასიათებს რუსებს: „... არავინ ველოდით რუსთაგან ამას, რასაცა თქვენ მიბრძანებთ. ახლა ვხედავთ, რაოდენ ძნელი ნათესავი ყოფილა, ძლიერნი ძალითა სიმრავლითა, თურმე ყოფილან სუსტნი ზრდილობითა. უცნობნი კაცთა, არ დამფასებელი ღირსებათა, ცივად მხედველნი, ცივად მგრძნობელნი... აზიურთა და ძველთა ჩვენთა სჯულის-დებათა ეცინიან რუსნი განიხილონ რომელია უკეთესი, უმოკლესი და უმეტესი მართლ-მსაჯულებითი? ქრთამიო, იტყვიან, გარნა ესეოდენი და ესრეთი მექრთამეობა შესაძლებელია სადმე?“ დიახ, არავინ ელოდა ამას, რადგან თავის დროზე რელიგიის ბინდით დაბინდულმა თვალებმა ვერ დაინახა დასანახავი და ახლა მოსცილდათ ეს ბინდი. რუსები საქართველოში ისე იქცეოდნენ, როგორც დაპყრობილ ქვეყანაში. ეს, არსებითად, ასეც იყო, ოღონდ, თავიდან, ქართველები ამას ვერ აცნობიერებდნენ... ამიტომ უკვირდათ მექრთამეობაც, ძალადობაც, სიცრუეც, არამეგობრული დამოკიდებულებაც, გაუთავებელი ცემა-ტყეპა და ქალების შეურაცხყოფაც...
როცა ეცნობი რუსების წინააღმდეგ მომხდარი ამბოხებების ამსახველ დოკუმენტებს, რწმუნდები: ყოველ მათგანს ეროვნული საფუძველიც ჰქონდა და სოციალურიც, მაგრამ ყველაზე მეტად, დამპყრობელთა მიერ თავსმოხვეული ყოფის ზნეობრივი მიუღებლობა ჩანს... ასე იყო 1804 წლის მთიულეთის აჯანყების დროს. შემონახულია მთიულთა საჩივარი. აი, რა აწუხებდათ მათ: 1. კაცისაგან თითქმის მოუთმენელს სიცივეში სტეფთანწმინდიდან ანანურამდე საშინელი თოვლი გვახვეტინეს და გზა გავსწმინდეთ; 2. ჩვენგან გაკეთებულ ამავე გზაზე წვიმისაგან შეიქმნა ტალახი, გვაჭრევინეს ფიჩხი და ტალახში გვაყრევინეს, ამ დაფენილს ფიჩხში ყაზახის ცხენს ფეხი ჩაუვარდა, მოგვდგნენ და მათრახის ცემით ორი კაცი მოგვიკლეს, ერთი გუდამაყრელი ჩოხელი და ერთიც ლაგათხეველი ჯაუნარისძე; 3. მოვიდა თოვლი და აღმოივსო ჩვენგან გაკეთებული გზა: ასეთ დროს მოგვიყვანეს საკეთებლად, რომ ზვავი მოდიოდა და სიკვდილს არ დაგვრიდეს; წამოვიდა ზვავი და ცოტას მოვრჩით, რომ ქვეშ არ დაგვიტანა. კიდევ ტიმოთემ ხმლის ცემით მიგვყარა, წამოვიდა ზვავი და შიშით ერთმანეთს რომ ვეცენით, ტიმოთე და სამი ჩვენი იქ გაიჭყლიტა; 4. მოვიდნენ ოთხმოცი სალდათი და თორმეტი ცხენიანი ყაზახი, ამათ უნდებოდა დღეში სალდათს ათი საკლავი და ყაზახს ორი საკლავი, ქათამს, ყველს და ერბოს ვინ იანგარიშებს; 5. ცხენს და ხარს ბარგის ზიდვით ტყავი აღარ შერჩათ და არ მიუციათ ქირა; ერთჯერ მოგვცეს თითო მანეთი - ესეც მოვითმინეთ; 6. ორნი დედაკაცნი უღელში შეაბეს, მარხილი მოუბეს და სალდათები უკან დედა-კაცებს მათრახითა სცემდნენ”...
უგუნურობა, სისასტიკე, უხეშობა, სიხარბე, უპატივცემულობა რუსეთის მიერ იყო გამოვლენილი და, სწორედ ამ გამაღიზიანებელმა თვისებებმა ააბრიალა ანტირუსული აჯანყების ცეცხლი საქართველოში.
იგივე საფუძველი აქვს 1812 წლის კახეთის აჯანყებასაც. პირველად, ამბოხება თიანეთსა და ახმეტაში დაიწყო, მიზეზი ისევ და ისევ ზნეობრივი - დავით ბატონიშვილს ისეთი მაგალითები მოჰყავს, რომ სრულიად ადასტურებს ამ მოსაზრებას: «თიანეთს მთვრალთა აფიცერთა შეიპყრეს დედაკაცი და საშოსა შინა შთაასხეს ძაბრითა ღვინო». ასეთ რამეს თურქები და სპარსელები ნამდვილად არ სჩადიოდნენ... რაც შეეხება იმას, რომ რუსებმა დაკოდეს რამდენიმე თეანეთელნი, ამას კი აკეთებდნენ, ოღონდ, აქ უნებურად იბადება კითხვა: მაშ რითი განსხვავდებოდნენ რუსები სხვა, კერძოდ კი, თურქი და სპარსი აგრესორებისაგან თუ, ზოგ შემთხვევაში, მათსავით იქცეოდნენ, ზოგჯერ კი მათაც აჭარბებდნენ? - ალბათ იმით, რომ ერთმორწმუნეები იყვნენ... აჯანყება თიანეთს კი ასე დაწყებულა: რუსთა საეგზეკუციო რაზმის ჩამოდგომით თავზარდაცემული თიანეთელნი, ეკლესიის ეზოში შეკრებილიყვნენ სათათბიროდ, როცა, ერთ გლეხს რუსთაგან ნამუსახდილი ცოლი მიჭრია, ქალს მოუხდია თავისი მანდილი, ქმრისათვის დაუხურავს და უთქვამს: „დღეიდან შენ ცოლი და მე ქმარი, ნამუსი ამხადეს; მივდივარ, მსურს შური ვიძიო შენს მაგივრადო», ეს სიტყვები რომ გაათავა, წაჰგლიჯა ქმარს ხანჯალი და გაშმაგებული ადამიანი ხანჯალამოწვდილი გაქანდა სახლისაკენ, სადაც ბინა ჰქონდა “საეგზეკუციო კამანდას“... ქალს კაცები გაეკიდნენ, დაერივნენ რუსებს და მუსრიც გაავლეს. ასე დაწყებულა ეს აჯანყება და ასე აღწერს ამ ფაქტებს ალექსანდრე ფრონელი თავის „ამბოხება კახეთისა“-ში.
როგორც ვხედავთ, გაუსაძლისი, იმ ტრადიციათა უხეში დარღვევა აღმოჩნდა, რომელიც ქართველთა ყოფის საფუძველი იყო და რაც არაფრად მიაჩნდათ რუსებს. ამ თემასთან დაკავშირებით, მარკიზ კიუსტინს, თავის გახმაურებულ წიგნში „ნიკოლოზ I-ის დროინდელი რუსეთი“ -ასეთი მოსაზრება აქვს გამოთქმული: „მე მარწმუნებდნენ აგრეთვე, რომ ზნეობრივი გრძნობა სრულიად განუვითარებელი აქვთ რუს გლეხებს. მათ ვითომც არავითარი წარმოდგენა არა აქვთ ოჯახურ ვალდებულებებზე და ჩემი პირადი დაკვირვებანიც თითქის ყოველდღე ადასტურებენ ამას. ერთმა დიდმა მებატონემ მიამბო, რომ მისი ყმა, რომელმაც კარგად იცოდა რაღაც ხელობა, მისი ნებართვით პეტერბურგს გაემგზავრა სამუშაოდ. ორი წლის შემდეგ იმავე გლეხმა რამდენიმე კვირის შვებულება მიიღო და მოისურვა იგი გაეტარებინა სოფელში, სადაც მისი ცოლი ცხოვრობდა.
- მაშ, კმაყოფილი ხარ, რომ ოჯახობა ნახე? - ჰკითხავს მას მებატონე.
- ძალიან კმაყოფილი ვარ, თქვენო ბრწყინვალებავ, - გულუბრყვილოდ უპასუხებს ყმა, - ცოლმა ორი ბავშვი დამახვედრა. კარგია, ახლა ოჯახში უფრო მეტი ხალხია...“ ის სახელმწიფო და მასში გაბატონებული სოციალურ-პოლიტიკური სისტემა, მისთვის დამახასიათებელი ზნეობრივი ატმოსფეროთი, რომელმაც ამ დღეში ჩააგდო რუსი ხალხი, ბუნებრივია, ჩვენ უკეთეს დღეში არ გვამყოფებდნენ, რუსები - ჯარისკაცებიცა და ოფიცრებიც, რუსული ყოფიდან გამომდინარე, იქცეოდნენ ისე, როგორც თავიანთ სამშობლოში, მით უმეტეს, მაშინ საქართველო უკვე იმპერიის ნაწილი იყო. ამიტომ ისინი ქართველთა ტრაგედიის მიზეზს ვერ ხვდებოდნენ და მათი საქციელიდან გამომდინარე, ჩვენგან ითხოვდნენ საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებული ცხოვრების წესისა და სულიერ ღირებულებათა შეცვლას; ამას ქართველობა ვერ ეგუებოდა.
ქართველთა ბრძოლის ზნეობრივი საფუძველი კარგად აქვს შენიშნული რუს ისტორიკოსს, ო. მაკაროვას, რომელიც 1812 წლის კახეთის აჯანყებისადმი მიძღვნილ თავის ნაშრომში წერდა: „ვახტანგ VI-ის კანონებით (მუხლი 42, პარ. 8), გლეხს, რომელმაც მოკლა თავისი ბატონი მისი ოჯახის ღირსების შელახვისათვის, „არ მოეკითხებოდა სისხლი, როგორი დიდებულიც გინდ იყოს ბატონი», აი, რამდენად დაცული იყო ქართველი გლეხის ოჯახის ღირსება და რაოდენ შეურაცხმყოფელი უნდა ყოფილიყო ამ ღირსების ხელყოფის შემთხვევა“. დიახ, ძალიან შეურაცხმყოფელი იყო; ისევე, როგორც ბევრი რამ სხვაც... - ერთმორწმუნე რუსეთის მიერ ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება, მისი გაძარცვა და არსებითად, განადგურება, რასაც იმერეთის 1819 წლის აჯანყება მოჰყვა. ძნელი სათქმელია,თუ როგორ უნდა შეფასდეს ქართული ეკლესიის მოსპობა და რა უნდა დაერქვას მას! ერთი კი, ცხადია, ქართველთათვის ეს ქმედება ზნეობრივად მიუღებელი იყო; მითუმეტეს, რომ რუსეთისაკენ ლტოლვა ეროვნული საეკლესიო ორგანიზაციის გადარჩენასაც გულისხმობდა... შეურაცხმყოფელი იყო რუსების დამოკიდებულება ქართული ენისადმი, მისი აკრძალვა, ყოველმხრივ იმისი ცდა, რომ ის ყოფიდან განდევნილიყო. ჩვენს ენას უწოდებდნენ «ძაღლის ენას» და რუსული ორიენტაციის ქართულ ოჯახებში ხავერდის წითელი ქამრები გაავრცელეს, ე.წ. „ძაღლის ენა“, რომელსაც იმას გადაჰკრავდნენ, ვისაც ქართულად სიტყვა წამოსცდებოდა...
შეურაცხმყოფელი იყო ჩვენთვის ქართული გვარების რუსულ ყაიდაზე გადაკეთება... ეს არ მოგვწონდა. სამაგიეროდ, ამასთან დაკავშირებით აღტაცებული წერს ე. კარნოვიჩი 1886 წელს გამოცემულ წიგნში: „გვაროვნული წოდებები და ტიტულები რუსეთში და უცხოელთა შერწყმა რუსებთან“: - „მაგრამ აღსანიშნავია, რომ არსად ისე ადვილი არ არის, როგორც იქ (კავკასიაში - პ.ი.) ადგილობრივი გვარების ფორმალური გარუსება, თანაც დამახასიათებელი ბოლოების ჩამოცილებით - „შვილზე“ დაბოლოებული ქართული და „იანც“-ზე დაბოლოებული სომხური გვარებისა „ოვ“-ზე. ასე გაჩნდნენ იქ გვარები: ავალოვი, ანდრონიკოვი, მაჩაბელოვი, მელიქოვი, ფალავანდოვი, სოლოღოვი, თუმანოვი, ჩოლოყაევი, ერისთოვი და სხვები, რომლებიც პირველად, შეიძლება არა მარტო დაბოლოებით, ზოგიერთი ჟღერადობითაც კი, ველიკორუსულ გვაროვნულ წოდებად შეიძლება მოგეჩვენოს“.
ასე გვარუსებდნენ, გვართმევდნენ ენას, გვარს, ეროვნულ სახეს...
ასევე შეურაცხმყოფელი იყო ქართველისათვის რუსთა მხარეზე ბრძოლა: ისე გვაფასებდნენ და აღგვიქვამდნენ, როგორც არასდროს, არც ერთ, იმ სხვა ერებიდან, ვისთან ერთადაც გვიბრძოლია. რუსებმა კი ეს გააკეთეს. ნიკიტა მურავიოვი ასე იხსენიებს რუსთა მხარდამხარ მებრძოლ ქართულ მილიციას: „ეს ბრბო სავსებით ზედმეტი იყო და უფრო გვაწუხებდა, ვიდრე სარგებლობა მოჰქონდათ“. - ეს ითქვა მოხალისეთა იმ ჯარზე, რომელმაც არაერთგზის გამოიჩინა თავი სპარსელებთან, თურქებთან და დაღესტნელებთან ბრძოლაში...
რუსეთ-სპარსეთის 1826-1828 წლების ომის ბედი ბევრად განსაზღვრა გენერალ გიორგი ერისთავის მიერ ქალაქ თავრიზის აღებამ, - რის შემდეგაც, სპარსელები იძულებულნი შეიქნენ ზავი ეთხოვათ. რუსეთის სარდლობამ ქართველ მხედართმთავარს ეს გმირობა არ აპატია და აიძულა, სამხედრო სამსახურისათვის საერთოდ თავი დაენებებინა. ქართველთა ღირსების შეურაცხმყოფელი მსგავსი აქციები ბევრი ხორციელდებოდა რუსეთის ჯარში.
მთელს მსოფლიოში, ქართველები მამაცი მებრძოლების სახელით იყვნენ ცნობილნი. არც ბიზანტიელებს, არც თურქებს, არც არაბებს, არც სპარსელებს, არასოდეს მოსვლიათ თავში აზრად, ქართველთა ლაშქარი უსარგებლო ბრბოდ მიეჩნიათ, ან ინიციატივიანი ქართველი სარდალი ჯარიდან გაეგდოთ. სამაგიეროდ, ასეთი აზრები რუსებს მოსდიოდათ თავში...
რუს კოლონიზატორთა დამოკიდებულება ქართველთა მიმართ, ყველაზე ნათლად გამოხატა გენერალმა ერმოლოვმა მიხეილ ვორონცოვისადმი მიწერილ წერილში, სადაც ქართველთა შესახებ წერდა: „ეს ხალხი ღირსი არ არის ალექსანდრე I-ის მმართველობისა, მას რკინის კვერთხი ესაჭიროება. სხვა აქაური ხალხები გაცილებით უკეთესები არიან. მათ შეგნებული მაინცა აქვთ თავიანთი უმეცრება და ადამიანობაზე პრეტენზია არა აქვთ...“ ასეთი იყო რუს მოხელეთა დამოკიდებულება ქართველების მიმართ და შეიძლება ვინმემ იფიქროს, ესენი რეაქციული რუსეთის წარმომადგენლები იყვნენ და ხომ არსებობდნენ სხვა, მაგალითად, დემოკრატიული რუსეთის წარმომადგენლებიო? ისინი ხომ ასე არ გვაფასებდნენ და ასე არ გვექცეოდნენო ასეთი მსჯელობაც ერთგვარი სნობიზმია და იმ რელიგიურ სნობიზმზე ნაკლები არაა, რომელმაც ქართველებს რუსეთი მართლმადიდებლობის ბურჯად წარმოუსახა, ხოლო რუსეთის მფარველობაში შესვლა კი, თითქმის, ეროვნულ იდეად იქცა, რასაც დიდი იმედის გაცრუება მოჰყვა. იმედი, ჩვენს თანამედროვე სნობებსაც არაერთხელ გაუცრუა ე.წ. დემოკრატიულმა რუსეთმა, ხოლო ისტორია მრავალგზის გვიმტკიცებს, რომ საქართველოსათვის, ბევრჯერ რუს დემოკრატთა საქმენიც ისევე მიუღებელი იყო ზნეობრივად, როგორც რეაქციონერთა... ყველაზე კარგად ეს ჭეშმარიტება დეკაბრისტების ეროვნული პოლიტიკის ამსახველი პროგრამის მაგალითზე წარმოჩინდება. დაინტერესებული მკითხველი პ. პესტელის „რუსკაია პრავდა“-ში ასეთ მოსაზრებასაც ამოიკითხავს: „1. ძირფესვიანად ამოიძირკვოს ყველა ხალხი, რომელიც დღეს ცხოვრობს სპარსეთის საზღვრის ჩრდილოეთით რუსეთისაკენ განფენილ მიწებზე, ასევე თურქეთისაც, მათ შორის ზღვისპირეთიც, რომელიც დღეს თურქეთს ეკუთვნის; 2. ყველა კავკასიელი ხალხი გაიყოს ორ ჯგუფად: მშვიდობიანი და შეურიგებელი. პირველები დარჩებიან თავიანთ ადგილებზე, მობირებულ იქნენ და დამყარდეს რუსული წესწყობილება, მეორენი კი, ძალით იქნებიან გადასახლებულნი რუსეთის სიღრმეში, პატარ-პატარა ჯგუფებად მიმოფანტულნი რუსეთის ოლქებში; 3. კავკასიის მიწებზე გაშენდეს სოფლები და ყოფილ შეურიგებელ მცხოვრებთათვის ჩამორთმეული მიწები დაურიგდეთ რუსეთიდან გადმოსახლებულებს, რამეთუ ამ საშუალებით კავკასიაში წაიშალოს ყველა ნიშანი მის ახლანდელ მკვიდრთა და ეს მხარე მშვიდ და კეთილმოწყობილ რუსულ ოლქად იქცეს“.
არ უნდა გაგვიკვირდეს დეკაბრისტთა ეს სამოქმედო გეგმა, რადგან პესტელი, რილეევი და მათი თანამებრძოლნი, პროგრესულს და დემოკრატიულს უსურვებდნენ რუსეთს, და არა დაპყრობილ ერებს. მათთვის ამ ხალხების ფიზიკური განადგურება რუსეთის სასიკეთო აუცილებლობა იყო. ასეთი მენტალიტეტისა იყო რუსეთის მოწინავე საზოგადოების დიდი ნაწილი, ამიტომ არც ის უნდა გაგვიკვირდეს, რომ ქართველთა სიძის, ალექსანდრე გრიბოედოვის „რუსეთის ამიერკავკასიის კომპანიის“ პროექტი, - ჩვენთვის დამღუპველი იყო, რადგან გულისხმობდა ამიერკავკასიისა და კერძოდ, საქართველოს იმდაგვარ კოლონიზაციას, რომელიც, ჯერ ერთი, ეთნიკურად გაამრავალფეროვნებდა ქვეყანას და მეორეც, ყოველმხრივ დაგვაზარალებდა იმით, რომ გაანადგურებდა ჩვენს სოფლის მეურნეობას, მის ინტენსიურ ხასიათს მოშლიდა. ამისი საშიშროება, იმ დროს, ქართველებმა კარგად დაინახეს ალექსანდრე ჭავჭავაძის ნაშრომში „საქართველოს მოკლე ისტორიული ნარკვევი და მისი მდგომარეობა 1801-დან 1831 წლამდე“. ამ პროექტის გამო, ეკამათებოდა კიდეც თავის სახელოვან და მაშინ უკვე გარდაცვლილ სიძეს ისე, რომ მის სახელს არ ახსენებდა: ილაშქრებდა საქართველოს კოლონიზაციის წინააღმდეგ და ამას ეკონომიკური მოსაზრებებით ასაბუთებდა, მაგრამ, აშკარაა ზნეობრივი მიუღებლობა ამ პროექტისა. გრიბოედოვი კი, ამ თავისი არსით, ანტიქართულ პროექტს, ჩვენთვის სასიკეთოდ მიიჩნევდა... ასეთი გაუგებრობა რუსი ინტელექტუალების მხრიდან, - სულ უფრო აუტანელი ხდებოდა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ბატონყმობის გაუქმებას, რუსეთში, საზოგადოებრივი ცხოვრების შედარებითი ლიბერალიზაცია მოჰყვა; მაგრამ ამას, კოლონიურ ყოფაში მყოფი ხალხებისათვის და კერძოდ, ქართველებისათვის, შვება არ მოუტანია, რადგან შეიცვალა მხოლოდ გამაღიზიანებელი... იმპერიის რეგვენი სამხედრო და სამოქალაქო მოხელეების მაგიერ, ახლა ლიბერალური ინტელიგენციის უდიერი დამოკიდებულების მსხვერპლი ვხდებოდით. შესაძლოა, ამ ინტელიგენციას გულწრფელად სჯეროდა, რომ ქართველთათვის უმაღლესი ბედნიერება რუსულ სამყაროსთან სრული და უპირობო შერწყმა იყო და როცა საწინააღმდეგო ტენდენციას აწყდებოდნენ, ქართველებისადმი უარყოფითად განეწყობოდნენ ხოლმე... ასეა თუ ისე, ჩვენთვის შედეგი ერთი და იგივე იყო - შეურაცხყოფილნი ვრჩებოდით. ამდაგვარ დამოკიდებულებას უჩიოდა ილია ჭავჭავაძე წერილში: „კატკოვის პასუხად“, სადაც ამხელდა გაზეთ „ვედომოსტი“-ში დასტამბულ ანტიქართული ხასიათის გამოხდომებს, მსგავსად ამისა: „სამშობლოს“ წარმოდგენაზე დიდი ხარჯი მოუვიდა ქართველებსო, და ქართული დროშები, რომ გოდრფუას ცირკს მიჰყიდონ კარგს იზამენო“. არა მგონია, ასეთმა წინადადებამ რომელიმე ერი გააამაყოს, პირიქით, ყველა შეურაცხყოფილად იგრძნობს თავს და ასე მოგვივიდა ჩვენც.
XIX საუკუნის რუსულ პრესაში, მათ შორის ლიბერალურში, ხშირად წააწყდებოდით საქართველოს უდიერად ხსენებას.
1886 წლის მაისში, ლიბერალური აზრებისათვის სასულიერო სემინარიიდან გარიცხულმა იოსებ ლაღიაშვილმა მოჰკლა სემინარიის რექტორი, შოვინისტი ჩუდეცკი. ეს იყო უშუალო რეაქცია რექტორის ანტიქართულ, ჩვენი ეროვნული ღირსების შეურაცხმყოფელ პოლიტიკაზე. რუსეთის კოლონიურმა ხელისუფლებამ ეს ფაქტი გამოიყენა ქართველი ხალხის კიდევ უფრო შესავიწროვებლად. რუსმა ეგზარხოსმა პავლემ, უკანონოდ რომ იყო ქართული ეკლესიის სათავეში მოქცეული, გაბოროტებულმა ქართველებზე (თავისი საყვრლის გულის მოსაგებად, - ეს ქალი ჩუდეცკის ცოლი იყო) დასწყევლა ქართველი ერი, როგორც წარმომშობი „ავაზაკი“ ლაღიაშვილისა. ეს იყო ქართველების შეურაცხყოფის ერთ-ერთი ყველაზე უტიფარი მცდელობა. ამით აღშფოთებულმა, დიმიტრი ყიფიანმა საპროტესტო წერილი გამოაქვეყნა, სადაც ამხილა ეგზარხოს პავლეს საქციელი, - ღვთისმსახურისათვის მიუღებელი და მოუწოდა მას დაეტოვებინა საქართველო: „... მაგრამ ამბობენ, რომ თქვენ დასწყევლეთ ის ქვეყანა, რომელშიც თქვენ მოწოდებული ხართ სამწყსოდ, და რომელიც ამის გამო მოელოდა თქვენგან მარტოოდენ სიყვარულსა და სათნოებას... თუ ყოველივე ეს, უფალო, მართალია, თქვენი ღირსების გადარჩენა მხოლოდ შეიძლება იმით, რომ შემჩვენებელი დაუყოვნებლივ განიდევნოს შეჩვენებული ქვეყნიდან“. ამ წერილისათვის დიმიტრი ყიფიანი გადაასახლეს სტავროპოლში, სადაც 1887 წლის 26 ოქტომბერს, რუსეთის ხელისუფლების მიერ მიგზავნილმა მკვლელებმა ვერაგულად მოკლეს.
ჩვენთვის შეურაცხმყოფელი და მიუღებელი იყო სკოლებში ქართული ენის დევნა, რა პოლიტიკასაც რუსი მოხელე, იანოვსკი ანხორციელებდა და ამ გზით, მოსწავლე ახალგაზრდობის სულიერ შერყვნას უწყობდა ხელს, თავისი 1881 წლისა და 1885 წლის ცირკულარებით, ქართულ სკოლებში მშობლიურ ენაზე სწავლას რომ კრძალავდა...
ქართველთათვის შეურაცხმყოფელი ისიც იყო, როცა რუსეთის კულტურის მოღვაწენი, მიუხედავად სიტყვით გაცხადებული სურვილისა, საქმით ვერ ახერხებდნენ ჩვენთვის აღმოეჩინათ დახმარება. ქართველი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე გიორგი ლასხიშვილი მემუარებში მოგვითხრობს იმის თაობაზე, რომ, როდესაც რუსეთის იმპერიაში, 1901 წელს აღინიშნა საქართველოს რუსეთთან შეერთების 100 წლისთავი, ქართულ საზოგადოებას იმედი ჰქონდა, რომ რუსეთის იმპერატორი წყალობას გაიღებდა და საქართველოში აუცილებელ რეფორმებს გაატარებდა, კერძოდ: შემოიღებდნენ ერობებს, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს და ნებას დაგვრთავდნენ, თბილისში დაარსებულიყო უნივერსიტეტი, მაგრამ ამ მოლოდინისაგან არაფერი გამოვიდა. მაშინ, როგორც გიორგი ლასხიშვილი იგონებს: - „დიდი წერილი გავუგზავნეთ ლევ ტოლსტოის, ავუწერეთ საქართველოს მდგომარეობა და ის დამცირება, რომელიც ქართველმა ხალხმა განიცადა ასი წლის მონობის იუბილის გადახდის გამო, ვთხოვეთ, ხმა აღემაღლებინა და რუსეთის მოწინავე საზოგადოებისათვის ეცნობებინა, რომ ქართველი ერი და ხალხი არ მონაწილეობდა ამ დღესასწაულში... ტოლსტოისაგან იმავ ნაკაშიძის შემწეობით პასუხი მივიღეთ: - დიდად თანაგიგრძნობთო, მაგრამ ამჟამად თქვენს თხოვნას ვერ ვასრულებ, იქნებ შემდეგში მოვახერხო ესო“. (ამისი მსგავსი პასუხები თანამედროვე რუს კულტურის მოღვაწეთაგან ბევრი გაგვიგია და მერწმუნეთ საწყენია, როცა ვინმე გიმტკიცებს, პატივს გცემო, რეალურად კი არაფერს გიკეთებს. ყოველმხრივ თავს არიდებს საკუთარ ხელისუფლებასთან ქართველთა გასაჭირზე ლაპარაკს და ჩვენი ინტერესების დაცვას.
შეურაცხმყოფელი იყო ჩვენთვის, რუსეთის მიერ საქართველოში გატარებული ეროვნული შუღლის დათესვისა და ეთნიკურად „გამრავალფეროვნების“ პოლიტიკაც. ეს აქცია, პირველად, სამცხე-ჯავახეთში განხორციელდა. ამის თაობაზე, ივანე ჯავახიშვილი წერდა: - 1828 წლიდან მოყოლებული, როდესაც ქართველი მაჰმადიანებით დასახლებული სამცხე-ჯავახეთი, ერუშეთი და პალაკალიო რუსებმა ოსმალეთს წაართვა და ისეთ სულიერ განწყობილებაში ჩააგდო, რომ ქართველმა მაჰმადიანებმა თავიანთი მამა-პაპისეული სამოსახლოთაგან აყრა და ოსმალეთში გადასახლება ირჩიეს, გრაფმა პასკევიჩმა ქართველებს ლიხთ-იმერთაგან იქ გადასახლების ნება არ მისცა და მათ მაგიერ ოსმალეთიდან გადმოსახლებულ სომეხთაგან 30000 მცხოვრები ჩაასახლა... მესხეთში, სადაც 1828 წლამდე ქართველთა მოსახლეობა 90% აღემატებოდა. 1830 წელს უკვე რუს მოხელეთა წყალობით, უმრავლესობად სომხები იქცნენ“. ასე დაიწყო საქართველოს მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობის შეცვლის პროცესი, რომელსაც ენერგიულად ახორციელებდნენ რუსი კოლონიზატორები. მათ საქართველოში გადმოასახლეს რუსი რასკოლნიკები, დუხობორები, მალაკნები, სკოპცები, სუბოტნიკები. ამათ გარდა, ჩამოასახლეს გერმანელები, პოლონელები და ბალტიისპირელები, ხელს უწყობდნენ ოსების მიერ შიდა ქართლის კოლონიზაციას, ხოლო აფხაზეთში, - უბიხებისა და აფსარების აწიოკების შემდეგ, - რასაც მუხაჯირობა მოჰყვა, - იქ ჩაასახლეს რუსები, ბერძნები, სომხები და კიდევ სხვა ერის წარმომადგენლები. ამ პოლიტიკის შედეგი იყო, რომ საქართველოში, XIX საუკუნის ბოლოს არაქართველების რიცხვმა მთელი მოსახლეობის ერთ მესამედს მიაღწია: 1800 წელს თერთმეტი პროცენტი იყო, 1897 წელს 32 პროცენტი. ჩვენი საუკუნის დასაწყისში, რუსეთის კოლონიური ადმინისტრაცია კიდევ უფრო თამამად ცდილობს „ბაბილონის გოდოლად“ აქციოს მთელი საქართველო. ამ დროს წამოაყენეს, ეგრეთ წოდებული „ხიზანთა საკითხი“. ამ პროექტს ვორონცოვ-დაშკოვი და სტრელბიცკი უჭერდნენ მხარს და იგი არაქართველ მოსახლეობას ქართველების ხარჯზე მიწებს უმკვიდრებდა. ამავე ვორონცოვ-დაშკოვს სურდა, შუაგულ საქართველოში რუსის ჯარისათვის პოლიგონი მოეწყო ე.წ. „ტირიფონის პოლიგონი“ და ამას 40 ათასი ქართველი გლეხის კარმიდამო უნდა ემსხვერპლა... და ასე, დაუსრულებლივ 117 წელი, ვიდრე 1918 წლის 26 მაისამდე, როცა საქართველომ ისტორიული არჩევანი გააკეთა და გაემიჯნა რუსეთს. მაგრამ სანამ ეს მოხდებოდა, ცოტა ხნით ადრე, ქართული საზოგადოების ერთი ნაწილი, რუსეთისაკენ სნობისტური ლტოლვის ისტორია განმეორდა... ფაქტია, რომ დროის უაღრესად მოკლე მონაკვეთში დავიწყებულ იქნა რელიგიური სნობიზმისაგან გამოფხიზლების საუკუნოვანი პერიოდი, და ახლა, სოციალურ-პოლიტიკური სნობიზმით შეპყრობილმა ქართველმა სოციალ-დემოკრატებმა, საქართველოს ინტერესები რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ინტერესებს დაუმორჩილეს... ეს კი ნიშნავდა იმას, რომ საქართველო არასოდეს დამოუკიდებელი არ უნდა ყოფილიყო, რადგან რუსეთის იმპერიის მთლიანობას რუსი რევოლუციონერებიც ისევე გააფთრებით იცავდნენ, როგორც რუსი მოხელეები და რომ არა იმპერიის ნგრევის გარდუვალობა, საქართველო თავისუფლებას ვერასოდეს ეღირსებოდა.
ბუნებრივია, იბადება კითხვა, რამ წარმოშვა სოციალურ-პოლიტიკური სნობიზმი? სოციალიზმის იდეები ხომ ევროპაში წარმოიშვა და სოციალ-დემოკრატიზმის დიდი ცენტრები იქვე იყო. თეორიული და პრაქტიკული გამოცდილებაც ხომ ევროპელებს ჰქონდათ უზარმაზარი და მაინც, ქართველებისათვის სოციალისტური იდეების ცენტრად რუსეთი იქცა. ეს ფაქტი ახსნას ითხოვს, რადგან რელიგიური სნობიზმის მსგავსად, რუსეთისაკენ ეს სწრაფვა უსაფუძვლო ჩანს: რელიგიური სნობიზმის დროს, ერთი შეხედვით, ქართველებს გამოსავალი არ ჰქონდათ, რადგან რუსეთის გარდა, ყველა სხვა მართლმადიდებელი ქვეყანა: ბიზანტია, ბულგარეთი, სერბეთი, ვალახეთი თურქების მიერ იყო დაპყრობილი, ხოლო ძველი რელიგიური ცენტრები - განადგურებული, ამიტომ რჩებოდა მხოლოდ რუსეთი, მაგრამ საკითხავია, რა უნდა მოეცა ჩვენთვის რუსეთს, ქვეყანას, რომელმაც ექვსი საუკუნით გვიან მიიღო ქრისტიანობა, სულ ახალი განთავისუფლებული იყო მონღოლთა ბატონობისაგან და გარდა უსაფუძვლო პრეტენზიისა, - ყოფილიყო ბიზანტიის მემკვიდრე, - სხვა არაფერი გააჩნდა ამ სურვილის დასასაბუთებლად თუ გასამართლებლად. საქართველოს გაცილებით მეტი უფლება ჰქონდა იგივე პრეტენზიისა, როგორც ძველქრისტიანულ ქვეყანას, ოღონდ უბედურება ის იყო, რომ ჩვენ საამისო არც ძალა გვქონდა და არც სხვა საშუალება, ქვეყანა გაპარტახებული იყო, ერი სულიერად დაკნინებული. მხოლოდ ასეთ სიტუაციაში გახდა შესაძლებელი, რუსეთის რელიგიურ ცენტრად აღიარება... თითქმის ანალოგიურ ვითარებაში აღმოვჩნდით XIX საუკუნის ბოლოს: რუსეთის კოლონიური პოლიტიკის შედეგად ქართველთა ნაწილს ნიჰილიზმის ჭიამ დაუწყო გულის ღრღნა, - ეს სენი გასული საუკუნის ბოლოს ბევრს შეეყარა. როცა ასეთი რამ მასობრივად ხდება, ეს იმის დამადასტურებელია, რომ ესა თუ ის ერი იმდენად გათელილია დამპყრობი ერის მიერ, რომ კარგავს ეროვნული ღირსების გრძნობას, საკუთარი არჩევანის უნარს. ამის გამო იყო, რომ დამპყრობელი ერის ცხოვრების წიაღში მიმდინარე პროცესებზე დავიწყეთ ორიენტირება, მოკავშირესაც რუსთა შორის ვეძებდით და ჩვენთვის უფრო მისაღებს ვემხრობოდით. ეს უკვე ეროვნული სიბეჩავის ნიშანი იყო. მაგრამ ქართველ სოციალ-დემოკრატთა რუსული ორიენტაცია, მხოლოდ სნობიზმის შედეგი არ იყო. მიზეზი სხვაც არსებობდა: კერძოდ, რუსეთის სოციალ-დემოკრატია ცდილობდა, ხელიდან არ გაეშვა ქართველი და კავკასიელი თანამოაზრენი, ამიტომ კავკასიელ მარქსისტთა ორგანიზაციები თავიანთ პარტიას მიუერთეს, ამასთან ისე, რომ მათ, ამის შესახებ, არაფერი ჰკითხეს... ამ ფაქტის გამო ნოე ჟორდანია წერდა: - „1902 წლის დამდეგს ციხეში მივიღეთ თფილისის კომიტეტის ფურცელი, რამაც განგვაცვიფრა იმით, რომ თავზე ეწერა: - რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია. გამიკვირდა, რა შუაშია რუსეთის პარტია. როდის შევერთდით, რა პირობით - არაფერი არავინ იცოდა, ცხადი იყო, რომ ჩვენ მოვხვდით რუსეთის პარტიაში, არა როგორც რაიონული ორგანიზაცია, არამედ როგორც ადგილობრივი ორგანიზაცია“. ასე უკითხავად მიუერთეს თავიანთ პარტიას ქართული სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაცია, - რაც უპატივცემულობის ნიშანი იყო...
რევოლუციამ, სამოქალაქო ომმა და იმპერიის დანგრევამ საქართველოს დამოუკიდებლობა მოუტანა, მაგრამ თავისუფალი საქართველო, ორივე რუსეთისათვის, - თეთრისა და წითელისათვის, - ერთნაირად მიუღებელი აღმოჩნდა და რადგან მისი მოსპობა მაშინ არც ერთ რუსეთს არ შეეძლო, ამიტომ საქართველოს ტერიტორიული დაქუცმაცება სცადეს. ამ მხრივ, ინიციატივა თეთრმა რუსეთმა გამოიჩინა. ეს პოლიტიკა კარგად გამოჩნდა 1919 წელს, ეკატერინოდარში, დენიკინისა და საქართველოს დელეგაციების შეხვედრის დროს. ამ სხდომის მონაწილის, ვორობიოვის სიტყვაში: -„მე ახლა ვილაპარაკებ არა როგორც ყუბანის მთავრობის წარმომადგენელი, არამედ როგორც კერძო პირი. ჩემი აზრით, ამ საკითხის განხილვის დროს (ლაპარაკია ისტორიული ჯიქეთისა და აფხაზეთის ტერიტორიის შესახებ - პ.ი.) შეცდომას ვუშვებთ, რომელიც შემდგომში გაუგებრობას გამოიწვევს. მთელი დრო ლაპარაკია სოჭის ოლქზე და არაფერს ვამბობთ გაგრაზე. გაგრას რას ვუპირებთ? შთაბეჭდილებაა ისეთი, რომ ქართველები ამ უკანასკნელს თავისად თვლიან. ეს კი ასე არ უნდა იყოს. მთელი ეს ოლქი აშენებულია პრინც ოლდენბურგელის მიერ და დახარჯულია მარტო გაგრაზე 10 მილიონი მანეთი ძველი ვალუტით. ამის გარდა, მთელ ოლქში არის ერთი სოფელი, ისიც ნახევრად დასახლებული ქართველებით, ხოლო იქ ჩახარჯული ფული წმინდა რუსულია. აი, ეს გარემოება უნდა მივიღოთ მხედველობაში შემდეგი საკითხების განხილვის დროს და თუ ვილაპარაკებთ საქართველოს საზღვრებზე, იგი უნდა განისაზღვროს მარტო აფხაზეთით (გაგრის გარეშე - პ.ი.), რადგან ჩვენ გვაქვს ცნობები, რომ აფხაზები არაფერს ზოგავენ და ცდილობენ ისევ შევიდნენ რუსეთის შემადგენლობაში“.
რუსეთის დელეგაციის წევრის მიერ, კერძო კაცის პოზიციებიდან ლაპარაკმა, - არ უნდა მოგვატყუოს, ეს მონარქისტული რუსეთის, - „ერთიანისა და განუყოფელის“, - აღდგენის მსურველთა შეხედულებათა გამოხატულება იყო. ქართველისათვის მიუღებელი, უპირველეს ყოვლისა, იმით, რომ უარყოფდა ჩვენს ისტორიულ და თანამედროვე ღირებულებებს და ამ გზით შეურაცხგვყოფდა...
თავისუფალი საქართველოს არსებობის ფაქტის მიმართ კიდევ უფრო შეურიგებელი იყო კომუნისტური რუსეთი: როცა 1920 წლის აპრილში რუსებმა აზერბაიჯანის ოკუპაცია მოახდინეს, თავიანთ ე.წ. „წითელ ჯარს“ მიზნად დაუსახეს, „გააგრძელონ მსვლელობა ბაქოდან ბათუმამდე“; - რაც საქართველოს ოკუპაციას ნიშნავდა და ამას არც მორიდებიან, მაგრამ სასაზღვრო ბრძოლამ აიძულა რუსები საქართველოს დაპყრობაზე მაშინ ხელი აეღოთ და ეცნოთ კიდევაც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულებით, რომლის I მუხლი გვამცნობს: „გამოდის რა რუსეთის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკის მიერ ყველა ერთა თავისუფალი თვითგამორკვევის უფლების აღიარებიდან, სრული გამოყოფის უფლებამდე იმ სახელიწიფოდან, რომლის შემადგენლობაშიც ეს ერები შედიან, რუსეთი ყველა პირობის გარეშე სცნობს საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობას და თავისუფლებას, თავისი ნებით იღებს ხელს ყოველგვარ სუვერენულ უფლებებზე, რომელიც ეკუთვნოდა რუსეთს საქართველოს ხალხისა და ქვეყნის მიმართ“. მე-2 მუხლით კი ვიგებთ: „რა ხსენებული ხელშეკრულების მუხლში აღიარებული პრინციპებიდან, რუსეთი ვალდებულად ხდის თავს, ხელი აიღოს საქართველოს შინაგან საქმეებში ჩარევაზე“.
ამრიგად რუსეთმა გვცნო, გვაღიარა, ჩვენს საქმეებში ჩარევაზე ხელი აიღო, მაგრამ ეს თურმე დროის მოგება ყოფილა და მეტი არაფერი. ამას ადასტურებს ლევ ტროცკი: „... მენშევიკური საქართველო ვერ გაძლებდა. ეს ყველასათვის ერთნაირად ნათელი გახლდათ, მაგრამ გასაბჭოების მომენტებზე და მეთოდებზე ერთსულოვნება არ ყოფილა, მე ვიცავდი ცნობილ მოსამზადებელ პერიოდს, - თვით საქართველოში უნდა გაგვეჩაღებინა აჯანყება და მივსულიყავით დასახმარებლად. მე მიმაჩნდა, რომ პოლონეთთან ზავისა და ვრანგელის განადგურების შემდეგ პირდაპირი საშიშროება საქართველოს მხრიდან არ იყო და ჩანაფიქრი შეიძლება გადაგვედო“.
საქართველოს შიგნიდან აფეთქების მიზნით, წინასწარგანზრახულად, რუსეთმა შემოგვაპარა ზემოხსენებული ხელშეკრულების მ-10-ე მუხლი, რომლის ძალითაც, „საქართველო ვალდებულია გაანთავისუფლოს სასჯელისაგან და აგრეთვე შემდეგში სასამართლო და ადმინისტრაციული დევნისაგან ყველა პირები, რომლებიც იდევნებოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის სოციალისტურ-ფედერალისტურ საბჭოთა რესპუბლიკის სასარგებლო მოქმედებისათვის“. მუხლს დართული აქვს შენიშვნა: „საქართველო ვალდებულია დაუყოვნებლივ გაანთავისუფლოს საპყრობილეთაგან ყველა პირები, რომლებსაც ბრალად ედებათ ზემოთ აღნიშნული ხასიათის მოქმედებანი“. ასე გაანთავისუფლა რუსეთმა თავისი აგენტურა პასუხისმგებლობიდან და მათ დაუსჯელობის საფუძვლიანი იმედი მისცა. ცხადია, საქართველოს მხრიდან, რუსეთს არანაირი საფრთხე არ ემუქრებოდა და ხელშეკრულება არ დაგვირღვევია. სამაგიეროდ, ლენინი ამავე ხელშეკრულების მოქმედების დროს კითხულობს: „...შევეკითხოთ კავკასიის ფრონტს, რამდენად მომზადებულნი არიან ჩვენი არსებული სამხედრო ძალები საქართველოსთან დაუყოვნებელი ან მოახლოებული ომისათვის. ამ საკითხის ჩამოყალიბება, ამასთან იმის აღნიშვნა, რომ საქართველო საშინლად გათავხედდა, დაევალოს კომისიას, რომლის შემადგენლობაში იქნებიან ამხ. ტროცკი, ამხ. ჩიჩერინი, ამხ. სტალინი“. მაშ ასე, ჩვენი სწრაფვა დამოუკიდებლობისათვის რუსი კომუნისტის აზრით თავხედობა ყოფილა... ეს რა, შეურაცხყოფა არ არის?! ან, გამოუცხადებლად ომის დაწყება პატივისცემას ნიშნავს?
რუსული პოლიტიკა ყოველთვის აღსავსე იყო პარადოქსებით, ამის მაგალითია, 1933 წლის 6 თებერვალს, განიარაღებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე, ე.წ. საბჭოთა კავშირის წარმომადგენლებმა შეიტანეს აგრესორის განსაზღვრის კონვენციის პროექტი, რომელიც ამდაგვარად მიიჩნევდა სახელმწიფოს, რომელიც განახორციელებდა, თუნდაც, ერთს, - ჩამოთვლილი ქმედებებიდან:
„1. სხვა სახელმწიფოსათვის ომის გამოცხადება.
2. თავისი შეიარაღებული ძალებით შეჭრა, თუნდაც, ომის გამოუცხადებლად, სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე.
3. თავდასხმა თავისი სახმელეთო, საზღვაო ან საჰაერო ძალებით, თუნდაც, ომის გამოუცხადებლად, სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე, გემებზე, ან საჰაერო ხომალდებზე.
4. სხვა სახელმწიფოს სანაპიროსა და ნავსადგურების საზღვაო ბლოკადა.
5.მხარდაჭერა, აღმოჩენილი შეიარაღებული ბანდებისათვის, რომლებიც ჩამოყალიბებულნი მის ტერიტორიაზე, შეიჭრებიან სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე. იმ სახელმწიფოსათვის, ვინც განიცადა შეჭრა, მიუხედავად მოთხოვნისა, უარის თქმა, მიიღოს ყველა მასზედ დამოკიდებული ზომები, რათა ხსენებულ ბანდებს საკუთარ ტერიტორიაზე შეუწყვიტოს ყოველგვარი დახმარება და მფარველობა“.
პარადოქსი მდგომარეობს იმაში, რომ თორმეტი წლით ადრე, რუსეთმა ამ კონვენციით მის მიერ განსაზღვრული თითქმის ყველა აგრესიული ქმედება განახორციელა საქართველოს მიმართ და მოსპო ჩვენი სახელმწიფოებრიობა...
1921 წელს, რუსეთის მიერ განხორციელებულ აგრესიას, ოკუპაციასა და ანექსიას მოჰყვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ქვეყანამ 20 ათასი კვადრატული კილომეტრი მიწა-წყალი დაკარგა, შეიცვალა სოციალური სისტემა, დამყარდა ყოვლად მიუღებელი სოციალურ-პოლიტიკური რეჟიმი, რომელიც უპირველეს ყოვლისა, ისევ და ისევ ზნეობრივად იყო მიუღებელი. თქვენ წარმოიდგინეთ, იმდენად შეურაცხმყოფელი იყო კომუნისტური რუსეთის ბატონობის პირველი ნაბიჯები საქართველოში, რომ მან აღაშფოთა რუსეთის ისეთი ყურმოჭრილი მონები, როგორიც ქართველი კომუნისტები იყვნენ... ამასთან დაკავშირებით ლენინისადმი გაგზავნილ წერილში „საქართველოში მუშაობის შესახებ“, ასე წერდა ფილიპე მახარაძე: - „არ შეიძლება გვერდი ავუარო აგრეთვე ერთ განცხადებას, რომელიც ცოტა ხნის წინ გააკეთა რკპ ცკ და კავბიუროს წევრმა ამხ. ორჯონიკიძემ საქართველოს ცეკის სხდომაზე. 1921 წლის 15 ნოემბერს, ბათუმის პორტის საკითხის განხილვის დროს მან ასეთი კატეგორიული განცხადება გააკეთა საქართველოს ცეკას წევრებისა და სხვა ადგილობრივი ამხანაგების მისამართით: „ბოლოს და ბოლოს გაიგეთ, რომ მოსკოვი თქვენ არ გენდობათ“. რას ნიშნავს ეს? თუ კომუნისტი კომუნისტს არ ენდობა, მაშინ ორიდან ერთია: ან ერთი მათგანი არ არის კომუნისტი, ანდა არიან კომუნისტები უმაღლესი ხარისხისა და კომუნისტები დაბალი ხარისხისა და ამ დაბალი ხარისხის კომუნისტებს ეკუთვნიან, ალბათ ადგილობრივი ქართველი, სომეხი და სხვა კომუნისტები, რომელთა ნდობა არ შეიძლება“. ამას ამბობს პიროვნება, ვინც სიხარულით შეხვდა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას, ვინც ვერ იტანდა თავისუფალ სამშობლოს, ვინც კომუნისტური რუსეთის ერთგული იყო. ისიც კი აღაშფოთა და შეურაცხყო რუსეთის მიერ გამომჟღავნებულმა უნდობლობამ... მაშ, რაღა უნდა განეცადათ ქართველ პატრიოტებს, რომელთაც სამშობლოს თავისუფლება სურდათ და ჭირივით სძულდათ დამპყრობლები? მით უმეტეს, რომ საქართველოში რუსეთის წითელი არმიის მიერ დამყარებული ე.წ. „საბჭოთა ხელისუფლების“, ანუ კოლონიურ-კომუნისტური რეჟიმის ყოველი აქცია ქართველთა ეროვნულ და მოქალაქეობრივ ღირსებებს შეურაცხყოფდა... ასეთი ხასიათისა იყო: რევკომების შექმნა, რომელთაც მოსპეს თავისუფალ საქართველოში არსებული პოლიტიკური პარტიები, არჩევითი ორგანოები, ერობები და სამოქალაქო თვითმმართველობა. ამიერკავკასიის ფედერაციის შექმნის აქტით, 1922 წლის 10 დეკემბერს, საქართველოს სახელმწიფოებრიობის კვალიც კი წაიშალა. 1922-23 წლებში საქართველოში 1500 ეკლესია-მონასტერი დაანგრიეს, საეკლესიო ქონება გაძარცვეს, ღვთის მსახურები ფიზიკურად მოსპეს. ჩვენს ტრადიციულ ყოფას ანგრევდა 1925 წელს დაწყებული ეგრეთწოდებული „ინდუსტრიალიზაცია“, 1929 წლიდან კი „კოლექტივიზაცია“. ამ, ყოვლად ალოგიკურმა, ქმედებებმა მატერიალურად გაანადგურა მოსახლეობა, მოუსპო მას არსებობის სახსარი, აქცია ის კომუნისტურ-კოლონიურ ბიუროკრატიაზე დამოკიდებულ მასად. ქართველებისათვის შეურაცხმყოფელი იყო რუსეთის მიერ თავსმოხვეული ეროვნული პოლიტიკა, რომელიც აღვივებდა ეროვნულ შუღლს, იწვევდა ურთიერთ დაპირისპირებას. საქართველო დაანაწევრეს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებად და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქად, რაც მიზნად ისახავდა რუსეთის კომუნისტური იმპერიისათვის საჭირო მომენტში ამ ტერიტორიებზე სამოქალაქო ომის გაჩაღებასა და საქართველოს ჩათრევას ეთნო-რელიგიურ კონფლიქტებში. ეს ორივე რუსეთის, მონარქისტულისა და კომუნისტურის, პოლიტიკა იყო და ამისი დადასტურებაა ამიერკავკასიის ის რუკა, ლენინს რომ ეკიდა თავის კრემლის კაბინეტში. ყურადღებას იქცევს მასზე გამოსახული საქართველო, რომელსაც პროვინციათა აღმნიშვნელი წარწერები ერთვოდა: აფხაზეთი, სვანეთი, სამეგრელო, იმერეთი, გურია, აჭარა, ოსეთი, ქართლ-კახეთი და სხვა მთელი ტერიტორია კუთხეებად იყო დაყოფილი, რაც იმდენად არის საინტერესო, რამდენადაც არც სომხეთი და არც აზერბაიჯანი ასე დანაწევრებულად წარმოჩენილი არ ყოფილა. ბუნებრივია, ამან გამაკვირვა და ამ საკითხში მეტად კომპეტენტურ პიროვნებას ვთხოვე რუკის შესახებ ინფორმაცია. გამოირკვა, რომ ის მონარქიის დროინდელია და წარწერებიც მაშინ არის გაკეთებული... ამას გარდა, თურმე: ზემოხსენებული წარწერები ლენინს თავისი ხელით შემოუხაზავს... ალბათ, ამ პროვინციათა საზღვრების დადგენის მიზნით. ძნელი არ არის, მიხვდე საქართველოსადმი ესეოდენი ინტერესის მიზეზს: რუსეთის კომუნისტური იმპერიის ფუძემდებელს, მონარქიული იმპერიისდროინდელი რუკა ისევე ერგო მემკვიდრეობით, როგორც პოლიტიკა, რომელსაც ეს რუკა ერთგვარად ასახავს და რომლის მიზანიც ყოველთვის იყო საქართველოს დაქუცმაცება. XIX საუკუნეში ის დაყვეს სოხუმის ოლქად, ტფილისისა და ქუთაისის გუბერნიებად, მოგვიანებით, 1843 წელს, ოსეთის „ოკრუგიც“ შექმნეს, რომელმაც 22 წელი იარსება. სვანებს და მეგრელებს ქართველებად არ მიიჩნევდნენ, ახალ ანბანს უდგენდნენ. ასევე დედასამშობლოსაგან განცალკევებით განიხილავდნენ მუსლიმანურ საქართველოს. XX საუკუნეში, ზემოხსენებული ავტონომიები ეთნიკურ ნაღმებად გაიაზრეს და როცა დასჭირდათ, ააფეთქეს კიდეც. საქართველოს კი, დროებით, მაგრამ, მაინც ჩამოსცილდა აფხაზეთი და შიდა ქართლი.
რუკა, რომელზედაც მოგახსენებდით ისევ იქ არის, სადაც იყო, ის ჯერ სხვის კაბინეტში არ გადაუკიდიათ, მაგრამ მასში გაცხადებულ იდეებს რომ ბევრნი იზიარებენ, ეს ფაქტია, რადგან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ჯერაც არ დაადგა საშველი.
უაღრესად შეურაცხმყოფელი ხასიათისა იყო ის ჯაჭვი რეპრესიებისა, რუსეთმა რომ თავს დაგვატეხა 1921, 1922, 1923, 1924 წლებში. სერგეი მელგუნოვი თავის წიგნში „წითელი ტერორი რუსეთში“ წერს: „ბათუმიდან კონსტანტინოპოლში ჩამოსული ლტოლვილი, „რულ“-ის კორესპონდენტს უზიარებს თავის შთაბეჭდილებებს ბოლშევიკბის მიერ ტფილისის დაკავების შესახებ. პირველ დღეს, ჯარისკაცები ქალაქის „სარბევად და გასაძარცვავად“ მიუშვეს: „ჩვენმა თანამოსაუბრემ იმავე ღამეს ნახა უზარმაზარი ჰეკატომბი 300 გვამისა, რომლებიც შემზარავ გროვად ეყარა ტაძრის მოედანზე. ირგვლივ ყველა კედელი მოთხვრილი იყო სისხლით, აშკარა იყო დასჯა აქვე მომხდარიყო“.
ეს მხოლოდ ერთმა მოწმემ ნახა, თვითმხილველნი ათასობით იყვნენ გაცილებით მეტი მოკლულებისა... რეპრესიები იყო, აგრეთვე, კოლექტივიზაციის წლებში, - როცა გაანადგურეს ე.წ. კულაკები, აგრეთვე, 1936-1937 წლებში რამდენი ადამიანი მოკლეს, დაუდგენელია. ოფიციალური ცნობა, რომ 11750 კაცი იჯდა ე.წ. „გულაგებში“, საქართველოში განხორციელებული რეპრესიების სურათს მიახლოებითაც ვერ ხატავს. 1951 წელს 20 ათასი ქართველი ინტელიგენტი გადაასახლეს შუა აზიაში. მიზეზი ამის, ის გახლდათ, რომ რუს კოლონიზატორებს სურდათ ქართველი ერის ინტელექტუალური ნაწილის მოსპობა, რათა ხალხი უმეთაუროდ დარჩენილიყო... პოლიტიკურ რეპრესიებს, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ ქართველთა რაოდენობა უნდა მივუმატოთ და, მივიღებთ იმ ციფრს, რაც დაუჯდა ქართველობას მეორე რუსული ოკუპაცია.
იმ საშინელი რეპრესიების მთავარი ორგანიზატორები, რუსი ოკუპანტები რომ ახორციელებდნენ საქართველოში, სტალინი და ბერია იყვნენ, მაგრამ, როცა 1956 წელს ხრუშჩოვმა სტალინის პიროვნების კულტი დაგმო, ამას ანტიქართული ტალღის აგორება მოჰყვა, იმიტომ, რომ საქმე ისე გამოჰყავდათ, თითქოს სტალინისა და ბერიას ქართული წარმოშობა განსაზღვრავდა მათ პოლიტიკას და არა რუსეთის კომუნისტური იმპერიის ინტერესები... თუ როგორი „ქართული“ ცნობიერება ჰქონდა სტალინს, ამის შესახებ საინტერესო ფაქტებს გვაწვდის სტალინის ქალიშვილი სვეტლანა ალილუევა წიგნში: „ოცი წერილი მეგობარს“: - „საერთოდ კი ქართული ჩვენს სახლში არ ინერგებოდა და საერთოდ იმ წლებში „ეროვნული საკითხი“ ადამიანებს არც თუ ისე აღელვებდათ - უფრო ინტერესდებოდნენ საერთო-საკაცობრიო თვისებებით. ჩემმა ძმამ ვასილიმ იმ დღეებში როგორღაც მითხრა: „იცი მამაჩვენი ადრე ქართველი იყო». მე 6 წლისა ვიყავი და არც კი ვიცოდი რას ნიშნავდა - იყო ქართველი და მან ამიხსნა: „ისინი ჩერქეზულებით დადიოდნენ და ყველას ხანჯლებით ჭრიდენეო». სულ ეს იყო, რაც ჩვენ ვიცოდით მაშინ ჩვენი ეროვნული ფესვების შესახებ. მამა საშინლად ბრაზდებოდა, როცა საქართველოდან ჩამოდიოდნენ ამხანაგები და როგორც მიღებულია - უამისოდ ქართველებს ვერ წარმოუდგენიათ! - ჩამოჰქონდათ მდიდარი ძღვენი - ღვინო, ყურძენი, ხილი“.
ეს არაკაცი ვერაფერს ქართულს ვერ იტანდა, დააქცია და ამოაგდო საქართველო, ჩვენ კი მისი ქართული წარმოშობა ცხვირში ამოგვადინეს რუსებმა.
ქართველთა ეროვნული ღირსების გრძნობას არც მონარქისტულ და არც კომუნისტურ რუსეთში ანგარიშს არ უწევდნენ: მარტო პირველ მსოფლიო ომში 200 ათასი ქართველი იბრძოდა რუსეთის მხარეზე. მეორეში კი - 600 ათასი. ამათგან, თითქმის, ნახევარი დაიღუპა... ქართველებს რუსებისათვის არც ერთ ომში არ უღალატიათ, მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ გამხდარა რუსეთის ღალატისა და უხეშობის მსხვერპლი. ქართველთა მიერ რუსეთისადმი გამოვლენილი ერთგულება კარგად აქვს შენიშნული რუს ისტორიკოსს ვასილი პოტტოს, რომელიც ამის გამო წერდა: - „ჩვენი სამშობლოს წრეში შემოსულ ვერც ერთ ეროვნებაში ვერ იპოვის რუსი კაცი იმდენ გულწრფელობასა და ძმურ მეგობრობას, რასაც ქართველის ვაჟკაცურ გულში“... და მაინც რუსთა კეთილგანწყობა ვერ მოვიპოვეთ...
1978 წელს, საქართველოს სსრ ახალი კონსტიტუციის მიღებისას, კიდევ ერთხელ შეურაცხყვეს ქართველთა ეროვნული ღირსება, როცა სცადეს ქართული ენისათვის სახელმწიფოებრივის სტატუსი ჩამოერთმიათ... იმ წლის 14 აპრილის გრანდიოზულმა საპროტესტო დემონსტრაციამ რუსებს ამ განზრახვაზე ხელი ააღებინა.
ორასი წელი ერთ სახელმწიფოში ცხოვრებისა, როგორც ვთქვი, არ აღმოჩნდა საკმარისი იმისათვის, რომ რუსებს გაეცნოთ ქართული ხასიათი და ყოფის ტრადიციები. ეს, ცხადია, მარტო სახელმწიფო მოხელეებს და სამხედროებს არ შეეხება. ინტელიგენციაზე - ტექნიკურსა და შემოქმედებითზეც, იგივე ითქმის. მაგალითების ჩამოთვლა დაუსრულებლივ შეიძლება, დაწყებული ლერმონტოვის ყბადაღებული ფრაზიდან: „ბრძოლა დიდხანს არ გაგრძელებულა: გარბოდნენ მხდალი ქართველები!“, ჩეხოვის „მწვანე კონცხის“ ქართველი პერსონაჟით გაგრძელებული და ასტაფიევის „ციმორების ჭერაში“ გამოთქმული მოსაზრებებით დამთავრებული, შეურაცხმყოფელი რამდენიც გინდა იმდენია. ამავე დროს, რუსულ ლიტერატურაში - პოეზიაშიც და პროზაშიც კარგიც ბევრი თქმულა საქართველოზე და ქართველებზე. ამიტომ კითხვა გებადება, რომელია გაუგებრობის შედეგი, რუსთაგან ჩვენი ქება, თუ ძაგება? ამ გაუგებრობას თუ დააკვირდებით, ისეთი რომანების მაგალითზე, როგორიც არის ვოინოვას «თამარი და დავითი», ვერმიშევის „ამირსპასალარი“ და ბოლოს ვალენტინ პიკულის ისტორიული მინიატურები და რომანები, დარწმუნდებით, რომ საქმე ტენდენციურ დამოკიდებულებასთან, ზოგ შემთხვევაში კი ისტორიული ფაქტების აშკარა ფალსიფიცირებასთან გვაქვს, - როგორც ამას ვ. პიკული აკეთებს თავის ისტორიულ მინიატურაში, „მეტეორის მსგავსი მეომარი“, რომელშიც მოთხრობილია იმის თაობაზე, თუ როგორ „უმიზეზოდ“ მოკლა მარიამ დედოფალმა რუსი გენერალი ლაზარევი. ეს ამბავი ასე აქვს აღწერილი პიკულს: - „ერთ დღეს ქართველი მეფის ქვრივმა მარიამმა თავისთან გამოიძახა ლაზარევი, გენერალი სასახლეში ტფილისის კომენდანტ სააკაძესთან ერთად მივიდა. დედოფალი იჯდა ტახტზე, რომლის გვერდით უფლისწულები იდგნენ. ლაზარევი მიუახლოვდა ქალს, მან კი გააძრო ხანჯალი და სასიკვდილოდ დაჭრა იგი. სააკაძე დედოფალს მივარდა.
უფლისწულთა ხანჯლებით განგმირული ტფილისის კომენდანტი გაშმაგებული ყვიროდა: „დედოფალო, რამ დაგიბნელა გონება? ნუ დაღუპავ რუსეთთან მეგობრობას! თუ გსურს ჩვენი საქართველო ისევ სისხლსა და ფერფლში ჩაიხრჩოს?“
სად ამოიკითხა ეს ისტორია ვალენტინ პიკულმა, რომელ ქრონიკაში, არ ვიცი. საქართველოს ისტორიის პიკულისეული ინტერპრეტაციით ლაზარევს არ ჰქონია სამეფო ოჯახის შეპყრობისა და რუსეთში გადასახლების ბრძანება, არც საქართველოს დედოფალი არ შეურაცხუყვია, უბრალოდ, აიღეს და, კარგი კაცი უმიზეზოდ მოკლეს... სხვათა შორის, იმავე მოთხრობაში ლაპარაკია იმაზე, რომ 1795 წელს თბილისი აუოხრებია ბაბა-ხანს... ასეთი ისტორიული ლაფსუსები და აშკარა სიყალბეები ჩვენთვის შეურაცხმყოფელი იყო. ქართული რეალიებისადმი უდიერი დამოკიდებულების ესტაფეტა ლიტერატურამ კინოს გადაულოცა. მე უკვე მოვიყვანე ფაქტი იმისა, თუ როგორ „ასწორებდნენ“ საქართველოს ისტორიას რუსი კინორედაქტორები სცენარებში. ახლა თქვენი ყურადღება მსურს შევაჩერო იმაზე, რომ რუსეთის, ანუ საკავშირო დაკვეთით გადაღებულ ფილმებში, აშკარად შეინიშნება ტენდენცია ქართველის, როგორც არასერიოზული, მჩატე ადამიანის კინოსახის შექმნისა, რომელიც უზომოდ სტუმართმოყვარეა, ხმაურიანი, ხმამაღლა მოლაპარაკე პიროვნებაა. ერთი სიტყვით, ისეთი, რომელიც რაიმე მნიშვნელოვანს, სერიოზულს და ინტელექტუალურს ვერასოდეს ვერ გააკეთებს... რაც შეეხება ქართველის სახეს რუსულ ფილმებში, ბევრ შემთხვევაში, იქ დაკვეთილი ფილმების სტერეოტიპი განმეორდა, ბევრგან კი - ქართველისადმი აშკარა ირონია და არაკეთილგანწყობილი დამოკიდებულება. ცნობილი რუსი კინორეჟისორის ნიკიტა მიხალკოვის ფილმში: „უცხო თავისიანთა შორის და თავისიანი უცხოთა შორის“ ასეთი ეპიზოდია: რუსეთში სამოქალაქო ომის დროს, ბანდიტები, გაძარცვის მიზნით მატარებელს გააჩერბენ, ბანდიტებს შორის ერთი ქართველია. ის, სხვებისაგან განსხვავებით, დაინახავს თუ არა რუსის ქალს, არშიყობას დაუწყებს. ბანდის მეთაური (მას თავად რეჟისორი თამაშობს) ქართველს ეუბნება: „გივი, საქმეს მიხედე საქმესო“. ამით გამოიკვეთა მიხალკოვის დამოკიდებულება ქართველებისადმი: უსაქმურები ხართ და იმიტომ მოგიცლიათ ქალების სადევნელადო... ამავე რეჟისორის სხვა ფილმში, „ნათესაობა“, ქართველი ობივატელის ჰაბიტუსის მქონე მგზავრს მატარებლის ვაგონში შეშები შეაქვს, მოსკოვში უშოვნია და ახლა თავის ქალაქში მიეზიდება... ასეთი პოზიცია, არა მგონია, კეთილგანწყობის შედეგი იყოს, შეურაცხმყოფელი კი ნამდვილად არის.
არც მეცნიერებაში იყო უკეთესი მდგომარეობა: რუს ისტორიკოსთა შრომებში შემინიშნავს საქართველოს და ქართველთა იგნორირების ტენდენცია. თითქოს ასეთი სახელმწიფო ან ასეთი ხალხი არ არსებობდეს და მას წინა აზიის ისტორიაში რაიმე როლი არ ეთამაშოს. მაგალითისათვის მოვიხმობ 1991 წელს მოსკოვის უნივერსიტეტში გამოცემულ კრებულს: „შავიზღვისპირეთი შუა საუკუნეებში“, რომელიც მიეძღვნა ბიზანტიოლოგთა XVIII საერთაშორისო კონგრესს. ამ გამოცემაში სხვადასხვა კუთხითაა გაშუქებული შუასაუკუნეების შავიზღვისპირეთი და თქვენ წარმოიდგინეთ, სულ ორჯერ თუ სამჯერაა საქართველო ნახსენები... ასეთი დამოკიდებულება წესად იყო ქცეული, ვიმეორებ, ჩვენ იგნორირებული ვიყავით... რუსი ისტორიკოსები და ხელოვნებათმცოდნეები უღმერთოდ აყალბებდნენ ჩვენს ისტორიისა და ხელოვნების საკითხებს. გავიხსენოთ იურო ვორონოვის „აფხაზეთის არქიტექტურული ძეგლების სამყაროში“. კოლონიურ-კომუნისტური რეჟიმის წლებში სკოლებში ისწავლებოდა ე.წ. სსრკ ისტორია, რომელიც, ფორმალურად, რუსეთის კომუნისტურ იმპერიაში შემავალი, ყველა, თხუთმეტივე ერის წარსულის ამბების წარმომჩენად ითვლებოდა, სინამდვილეში კი, მხოლოდ რუსეთის ისტორია იყო. ყველა დანარჩენი ხალხის გარდასულ დღეთა ამბები ფრაგმენტულად იყო წარმოდგენილი და საკმაოდ სქელი წიგნის ერთ-ორ ფურცელს შეიცავდა...
შეურაცხმყოფელი სხვაც ბევრი იყო: სამოცდაათიან წლებში მოსკოვში დაიწყეს ქართული პურის გამოცხობა, მაგრამ როგორც მაშინ ტელევიზიით მოვისმინე, ყველასთვის რომ გასაგები იყოს, რა პურია, მას კავკასიური უწოდესო... პურს კავკასიაში განსხვავებულს სხვასაც აცხობენ, მაგრამ ყველას ნიველირება, - რუსული პოლიტიკა იყო. ამიტომ იქცა ქართული პური კავკასიურად...
მსგავსი მაგალითების ჩამოთვლა დაუსრულებლად შეიძლება და მრავალტომიანი მონოგრაფიაც შეიძლება გამოქვეყნდეს, რადგან თავად ცხოვრების წესი იყო შეურაცხმყოფელი და მიუღებელი, კომუნისტურმა რუსეთმა რომ თავს მოგვახვია.
„პერესტროიკის“ დროს ჩვენც ვცადეთ ჩვენი სუვერენიტეტის დამკვიდრება. პირველად, ყველაზე უვნებელ სფეროში - სპორტში და შევქმენით დამოუკიდებელი ფეხბურთის ფედერაცია. სხვათა შორის, სპორტულ სუვერენიტეტს ის საფუძველი ჰქონდა, რომ, ამ სფეროში არაერთგზის შეილახა ჩვენი თავმოყვარეობა, ამასთან ამ აქციას რუსეთის კომუნისტური იმპერიის დაშლა არ შეიძლება მოჰყოლოდა, ქართულ სპორტს კი, ოდნავ შვებას მოუტანდა. გაცხადდა თუ არა ჩვენი სურვილი, ფეხზე დადგა რუსული სპორტული ჟურნალისტიკა და ერთ-ერთ წერილში, რომელსაც ა. პარამონოვი აწერდა ხელს, ასეთი მოსაზრება გამოითქვა: „რამდენადაც მე მესმის, არა მგონია, საერთაშორისო ფედერაციამ მოინდომოს ახლად შექმნილი ქართულის ცნობა“. ამ განცხადებაში აშკარა იყო მუქარა: თქვენი მცდელობა უნაყოფო იქნებაო. კი, მაგრამ, - რატომ? ცოტა სპორტული წარმატებები გვქონდა? არა! ამიტომ, ცხადია, მიზეზი ჩვენი თავისთავადობის ნებისმიერი ცდის აღკვეთის სურვილი იყო. ამისათვის, ეცდებოდნენ, ყველა იმ საერთაშორისო ორგანიზაციაზე მოეხდინათ ზემოქმედება, რომელიც ქართული ფეხბურთის ფედერაციის ცნობას დააპირებდა, - რომ სამომავლოდ, უბედურება არ მომხდარიყო და გაერთიანებული ერების ორგანიზაციას არ ეცნო თავისუფალი საქართველო. ამიტომ ხდებოდა ჩვენი ბრძოლის დისკრედიტირება. სწორედ ამ მიზნით ითქვა ანდრია სახაროვის ბრალდება: „საქართველო პატარა იმპერიააო“. ცნობილ რუს დისიდენტს ამ გზით უნდოდა დაერწმუნებინა მთელი მსოფლიო, საქართველოს ცნობა არ შეიძლებაო. ასეთი ცილისწამება ხომ შეურაცხყოფა იყო ჩვენთვის? იყო და თავისუფლებისათვის იმიტომ ვიბრძოდით, რომ ვემიჯნებოდით რუსეთის კომუნისტურ იმპერიას.
1991 წელს საქართველომ დამოუკიდებლობა აღიდგინა. იმავე წელს დაიშალა ე.წ. სსრ კავშირი, მაგრამ თავისუფლება იოლად მისაწვდომი არ აღმოჩნდა ჩვენთვის. დიდი ბრძოლის გადატანა მოგვიხდა. არსებითად, ეს იყო სამამულო ომი. 1990-1993 წლებში შიდა ქართლსა და აფხაზთში ბრძოლები მიმდინარეობდა. განმეორდა 1918-1919 წლების ისტორია: რუსეთი თავს გვახვევდა ეთნოკონფლიქტებს, რომლებსაც რეალური ეთნიკური საფუძველი არ გააჩნიათ, რადგან, მიწა-წყალი, რისთვისაც ბრძოლა მიმდინარეობდა, საქართველოსია და იქ, მთელი ჩვენი ისტორიის მანძილზე, ქართველები ცხოვრობდნენ. რაც შეეხება აფხაზებსა და ოსებს, გამომდინარე ქართული ხასიათის ტოლერანტული ბუნებიდან, - ყველა პირობა ჰქონდათ ნორმალური ცხოვრებისათვის და დასაპირისპირებელი არაფერი იყო, მაგრამ პოლიტიკური ინტერესთ თუ ვიმსჯელებთ, ისინი რუსეთის მიერ აღმოჩნდნენ პროვოცირებულნი. ეს ნაკლები უბედურება იქნებოდა, რომ აფსარებისა და ოსების ბანდებს რუსული იარაღი არ მიეღოთთ და კონფლიქტშიც რუსეთის შეიარაღებული ძალები არ ყოფილიყვნენ უშუალოდ ჩარეულები. სამამულო ომში დროებით დავმარცხდით და ტერიტორიებიც დროებით დავკარგეთ. ყველა მარცხი მწარეა, ოღონდ ეს შეურაცხმყოფელიც იყო, რადგან გვეომებოდა რუსეთი და ეს შეფარვით კეთდებოდა აფსარი და ოსი სეპარატისტების ხელით, მიზანი კი ჩვენი დსთ-ში შეთრევა იყო...
ამ მოვლენასთან დაკავშირებით 1993 წლის 26 ოქტომბერს გაზეთ „ივერია ექსპრესში“ წერილი დავსტამბე და ჩემი დამოკიდებულება გამოვხატე. მკითხველს გასაცნობად ვთავაზობ ამ პუბლიკაციას:
СНГ და ხვალეო
„ნუ მელაპარაკებით „ბედზე“.
პოლიტიკა, აი, რა არის ბედი“
ნაპოლეონი
ხელისუფლების გადაწყვეტილებას СНГ-ში შესვლის თაობაზე არაერთგვაროვნად შეხვდა რესპუბლიკის მოსახლეობა და ამას თავისი საფუძველი აქვს: ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის წარმომადგენლები ამ ფაქტს თავიანთ პოლიტიკურ მარცხად აღიქვამენ ვფიქრობ, სამართლიანადაც. ქართული მოსახლეობის ნაწილი აპათიამ მოიცვა, რადგან ახალი აბრივიატურის მიღმა CCCР-ის ავბედით აჩრდილს ხედავენ და ამან დამოუკიდებელი დემოკრატიული საქართველოს არსებობის იდეა, მათთვის ესეოდენ სანუკვარი, შარშანდელი თოვლივით გაუქრო. აქედან წარმოიქმნება ტრაგიკული უიმედობა, რაც ყველაზე საშინელი რამ არის ერისათვის, რადგან ბრძოლისუნარიანობას უქვეითებს და რაიმეს კეთების სურვილს უკარგავს. მეორე ნაწილი (ის არაერთგვაროვანია), - ეიფორიამ მოიცვა: უპირველესად, „პრაგმატიკოსები“. მათ იმედი აქვთ, რომ ССНГ-ში შესვლის შემდეგ, „დემოკრატიული“ რუსეთის მხარდაჭერით, შეწყდება სამამულო და სამოქალაქო ომები, მოგვარდება ეკონომიკური პრობლემები, დაჩქარდება დემოკრატიული სახელმწიფოს აღდგენა - აღმშენებლობის პროცესი, მოვღონიერდებით და ძლიერ ქვეყნად ვიქცევით. შემდეგ: მოსახლეობის ის ფენები, რომლებიც მატერიალური სიდუხჭირით და ომებით წელშია გაწყვეტილი ჩვენებურ „ბიზნესმენთა“ მიერ გატყავებული სახელმწიფო საფინანსო პოლიტიკის მიერ გაძარცულია, ყველა საწუხრის მოცილებას მოელის. ამას ემატება არაქართული მოსახლეობის ერთი ნაწილის რეაქციაც: მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების, პოლიტიკური პარტიების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების მრავალგზის მტკიცებისა და სათანადო საკანონმდებლო აქტების მიღებისა, რომლებიც ირწმუნებიან საერთაშორისო ნორმების გათვალისწინებით, ადამიანის ყველა უფლება იქნება დაცული და რა თქმა უნდა, ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლებისაცაო. მიუხედავად ქართული ტოლერანტობის მოშველიებისა ბევრი შიშობდა, რომ მისი ბედი არც თუ სახარბიელოდ წარიმართებოდა დამოუკიდებელ, თავისუფალ საქართველოში. დღეს ეს შიში დაუფარავ სიხარულში გადაიზარდა, რადგან СНГ მათთვის იმ გარანტიების მიმნიჭებლად აღიქმება, რასაც თავის დროზე СССР აღუთქვამდა. მოკლედ რომ ვთქვა, სიტუაცია ასეთია: ერთნი თავიანთ ბედს დასტირიან, მეორენი ეიფორიას მისცემიან. ჩემი აზრით, არც პირველებს აქვთ სატირლად საქმე, არც მეორეთ სასიხარულოდ და აი, რატომ: დავიწყოთ მეორეებით, გულუბრყვილობა იქნებოდა ფიქრი, რომ СНГ-ში ჩვენ რეაქციულმა რუსეთმა შეგვაბრძანა. სიმბოლურია, რომ იქ მას მერე აღმოვჩნდით, რაც რუსეთის რეაქციონერთა ბელადებმა პოლიტიკური ძალაუფლება დაკარგეს და „ვირის აბანოში“ ამოჰყვეს თავი, ჩვენ კი, „დემოკრატებმა“ ჩაგვიგდეს ხელში. ეს ცხადყოფს, რომ რუს პოლიტიკოსებს ერთიანი პოლიტიკა აქვთ გარესამყაროს მიმართ, თავისი არსით ნეოიმპერიალისტური და მისი განხორციელებისას ვინ რადიკალური იქნება და ვინ კიდევ შენიღბავს თავის პოზიციას, ამას არსებითი მნიშვნელობა არა აქვს. ზემოხსენებული ცნებები (დემოკრატი, რეაქციონერი) არარუს პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწეთათვის წმინდად პროპაგანდისტული ხასიათისაა, რომლის მეშვეობითაც სურთ, „წაახალისონ“ რუსეთი, რომ სხვა ქვეყნებთან და, უპირველეს ყოვლისა, ყოფილ კოლონიებთან ურთიერთობისას ცივილიზებულ ფორმებს მიმართოს. საქართველოსთან მიმართებაში ეს არ მოხერხდა. ამიტომ ის ნეოიმპერიალისტური ძალა, რომელმაც ჯერ პოლიტიკური კონფლიქტები გაგვიჩაღა, მერე, შეძლო და, ამ კონფლიქტებში კისერი მოგვატეხინა. ეკონომიკური ბლოკადით მოგვახრჩო და მერე СНГ-შიც შეგვაცუნცულა. ეს ძალა, ცხადია, საქართველოს აღორძინება-მოღონიერებას ხელს არ შეუწყობს. ეკონომიკური ბლოკადის მოხსნა შეუძლია, მაგრამ ეკონომიკური ექსპანსიის განხორციელებაც ძალუძს. არა მგონია, თავის მიერვე პროვოცირებული კონფლიქტები მოაგვაროს და თანაც ისე, ჩვენ როგორც გვინდა. პირიქით, არ არის გამორიცხული სეპარატისტული ტენდენციების კიდევ უფრო სტიმულირება. არც სურსათ-სანოვაგის თოვლი მოთოვს ამ ზამთარს საქართველოში. რაც შეეხება არაქართული მოსახლეობის ნაწილის სიხარულს, ის უსაფუძვლოა: რადგან დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ეროვნულმა თვითშეგნებამ იმდენად გაიღვიძა ქართველებში, რომ ახლა არც თავისუფლებისა და არც დამოუკიდებელი სახელმწფოს იდეას აღარ დავთმობთ, ამიტომ СНГ-СССР-ის გარანტიების მომცემი ვერ იქნება. ერთადერთი ნამდვილი გარანტია ის არის, რომ არაქართული მოსახლეობის ამ ნაწილმა გააცნობიეროს: ადამიანისა და მოქალაქის ყოველგვარი უფლების დაცვის პირობა, საქართველოს დემოკრატიული სახელმწიფოა, რომლის შენებაშიც მან აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღოს. და ცხადია, არა მხოლოდ ამათ: ამიტომ, ცდებიან პირველები ე.ი. ქართული მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც აპათიამ მოიცვა. ახლა უიმედობის დრო არ არის. თავისუფლებისათვის, დემოკრატიისათვის და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაც არის საჭირო და შრომაც. ამასთან თავაუღებელი, - განურჩევლად იმისა СНГ-ში ვიქნებით თუ არა. ამას სერიოზული გააზრება სჭირდება.
დღეს ბევრისაგან გაიგონებთ, ეს ყოფილა ჩვენი ბედიო. არ არის მართალი. პოლიტიკაა ჩვენი ბედი... ხოლო ის, თუ რამდენად სწორია ეს პოლიტიკა, ამის გარკვევას დიდი დრო არ სჭირდება. უახლოეს ხანებში გაცხადდება ამ ნაბიჯის ვარგისიანობა. ასე, რომ, СНГ და ხვალეო...
ქართველი ხალხის წადილი დამოუკიდებელი, დემოკრატიული სახელმწიფოს აღმშენებლობისა, რუსეთში, ჩანს, ბევრს არ მოსწონს, თუ როგორ უყურებენ რუსეთში ჩვენს დამოუკიდებლობას, ეს კარგად გამოჩნდა 1997 წლის 26 მარტს „ნეზავისიმაია გაზეტა“-ში გამოქვეყნებულ სტატიაში: „დსთ: ისტორიის დასაწყისი თუ დასასრული?“, რომელსაც, სხვათა შორის, ხელს არავინ აწერს. აი, რა წერია ამ ანონიმურ წერილში საქართველოსა და კავკასიის შესახებ, როცა რუსეთის სავარაუდო ქმედების ვარიანტებია გარჩეული: - „მეორე ვარიანტის არჩევის შემთხვევაში რუსეთს მოუხდება უფრო აქტიურად შეუწყოს ხელი ანტირუსულად განწყობილი ძალების დასუსტებას აზერბაიჯანსა და საქართველოში, ამავდროულად დემონსტრაციულად გააძლიეროს თავისი ეკონომიკური და სამხედრო-პოლიტიკური პოზიციები სომხეთში მანამ, სანამ დასავლეთი და ამ რესპუბლიკის მეზობელი ქვეყნები იპოვნიდნენ საშუალებას, დასავლეთის მხარეს გადაიბირონ ერევანი (<...>) საჭიროა დაუყოვნებლივ მოეხსნას ბლოკადა აფხაზეთს (ეს მნიშვნელოვანია შიდაპოლიტიკური მიზნითაც: უნდა მოიჩებნოს სტიმული საიმისოდ, რომ არ დავუშვათ რუსული ჩრდილოეთ კავკასიის გაერთიანება პროჩეჩნურ საფუძველზე. გასათვალისწინებელია, რომ ჩეჩნეთის ხელმძღვანელობა უკვე მივიდა დასკვნამდე, რომ აუცილებელია განსაკუთრებული ურთიერთობა საქართველოსთან, რომელიც ჩეჩნეთის ერთადერთი მოსაზღვრეა. აფხაზეთის ბლოკადის მოხსნა, შემდეგ კი მისი ეკონომიკური აღორძინების ღონისძიებანი, საშუალებას მოგვცემს მთელი არავაინახური ჩრდილოეთ კავკასია გავაერთიანოთ რუსეთის პოლიტიკური მიზნების ირგვლივ საქართველოს ხარჯზე), ხელი შევუწყოთ ჩრდილო და სამხრეთ ოსეთს შორის კავშირის განმტკიცებას, წავაქეზოთ სეპარატისტული ტენდენციები აჭარაში. ამას გარდა, შეიძლება ვაგრძნობინოთ ერევანს, რომ საქართველოსაგან ანტირუსული პოლიტიკის გაგრძელების შემთხვევაში, სომხეთმა შეიძლება დე-ფაქტო მიიერთოს რეგიონი, რომელსაც სომხურად ჯავახკ, ქართულად კი, ჯავახეთი ეწოდება, მომავალში გაიყვანოს დერეფანი, რომელიც უზრუნველყოფს სომხეთის კომუნიკაციების პირდაპირ დაკავშირებას რუსეთთან. საქართველოს ასეთი სერიოზული დესტაბილიზაციის მუქარა, რომელსაც გაამაგრებს რუსეთის მტკიცე გადაწყვეტილებათა დემონსტრაცია, - არ გადაუხვიოს ამ გზიდან, გახდებოდა საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების გამომაფხიზლებელი მნიშვნელოვანი ფაქტორი“.
როგორც ხედავთ, დეტალურად დამუშავებული გეგმაა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დაანაწევრონ საქართველო და მოაქციონ ის კაბალურ ურთიერთობაში რუსეთთან. მე არ შევუდგები იმის შეფასებას, რამდენად გონივრულია ეს პროექტი და შესაძლებელია თუ არა მისი განხორციელება. ერთს ვიტყვი მხოლოდ, რომ ჩვენ შეგვწევს ძალა რუსეთის ყველა ვერაგული გეგმა ჩავფუშოთ. ამ შემთხვევაში, თქვენი ყურადღება მინდა ისევ და ისევ ამ დიდმპყრობლურ-შოვინისტური ნაბოდვარის შეურაცხმყოფელ ხასიათზე შევაჩერო: ასეთი წერილით შეიძლება დაემუქრონ ისეთ ქვეყნებს, რომლებთანაც ურთიერთობა არაფრად უღირთ - არც სათანამშრომლო, არც სამეზობლო. ეს რომ ასეა, იქიდანაც ჩანს, თუ როგორი გაღიზიანებით ხვდება რუსეთი საქართველოს დამოუკიდებელი პოლიტიკის ყოველ გამოვლინებას, იქნება ეს „აბრეშუმის გზა“, ნავთობსადენის მშენებლობა თუ დასავლეთთან ურთიერთობა. ამ საკითხზე საგანგებოდ უნდა შევჩერდეთ, რადგან ინტეგრაცია საქართველოს დასავლეთის დემოკრატიულ ქვეყნებთან დამოუკიდებლობისა და თავისთავადობის გარანტიაა, ამავე დროს წარმოადგენს სამიათასწლოვანი მისწრაფების ლოგიკურ გაგრძელებას... შეურაცხმყოფელია, როცა რუსეთი ჩვენს ამ მიზანს აგრესიულობით ხვდება და გზიდან გადახვევას გვაიძულებს. თავად რუსეთი, დასავლურ ცივილიზაციას, ევროპეიზმს ემიჯნება და მის ალტერნატივად ევრაზიანელობას მიიჩნევს... ამ შეხედულებათა სისტემის ჩამოყალიბება XIX-XX საუკუნეების შესაყარზე მოხდა და ერთი ხანობა, რუსეთში კომუნისტური დიქტატურის პერიოდში, მისი იდეოლოგიად ფორმირება რუსული ემიგრაციის წრეებში მიმდინარეობდა. ამ თვალსაზრისით, უაღრესად საინტერესოა 20-იანი წლების შუა ხანებში თავად ტრუბეცკოის მიერ ევრაზიანელობის არსის ფორმულირება; აი, რას წერს ის: „კომუნიზმი სინამდვილეში ევროპეიზმის დამახინჯებული ვარიანტია, რომ ანგრევს რუსული საზოგადოების სულიერ საფუძვლებსა და ეროვნულ უნიკალურობას და ავრცელებს იმ მატერიალისტურ კრიტერიუმებს, რომლებიც მართავენ ევროპასაც და ამერიკასაც... ჩვენი ამოცანაა - შევქმნათ სრულიად ახალი კულტურა, ჩვენი საკუთარი კულტურა, რომელიც არ მიემსგავსება ევროპულ ცივილიზაციას... მაშინ რუსეთი აღარ იქნება ევროპული ცივილიზაციის დამახინჯებული ანარეკლი... ის კვლავ გახდება თავისთავადი: რუსეთი-ევრაზია, შეგნებული მემკვიდრე და მატარებელი ჩინგიზ-ხანის დიდი მემკვიდრეობისა“.
როგორც ხედავთ, ტრუბეცკოი კომუნიზმს ევროპეიზმის ფორმად მიიჩნევს; არადა, ბოლშევიკური რეჟიმი წმინდა რუსული მოვლენაა. რაც შეეხება ევროპულ ცივილიზაციას, მას, ჩვენი, აზრით ალტერნატივა არ გააჩნია. მითუმეტეს, ევრაზიანელობა ვერ იქცევა ჩვენთვის ასეთად, რადგან ქართველებს, რუსებისაგან განსხვავებით, სულაც არ მიგვაჩნია თავი ჩინგიზ-ხანის მემკვიდრეებად... ბუნებრივია, ასეთი დამოკიდებულება შეურაცხმყოფელია ჩვენთვის; ისევე, როგორც ის არამეგობრული დამოკიდებულება, რითიც ხვდებიან რუსეთში სამუშაოდ წასულ ჩვენს თანამემამულეებს, - „კავკასიური ეროვნების“ პირებად რომ მონათლეს... გვწყინს, თუნდაც იმიტომ, რომ საქართველოში არასოდეს ყოფილა ანტირუსული განწყობა და ის არც ახლაა, არ დაგვიმცირებია რუსები არასდროს, და არც ახლა ვამცირებთ. ანტიქართული კი, - რუსეთში იყო და არის... ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ რუსეთს აქვს თავისი ეროვნული ინტერესები და შესაბამის პოლიტიკასაც ახორციელებს, რაც ხშირად გამოხატულებაა იმ მისწრაფებისა, რის შესახებაც ჩაადაევი წერდა: - „კაცობრიობის ყველა კანონის საწინააღმდეგოდ, რუსეთი თავისი და ყველა მეზობელი ხალხების დაპყრობის გზით მიდის“. მაგრამ რუსეთმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენც გაგვაჩნია ჩვენი ეროვნული პოლიტიკა, რომელიც თავისუფლებას, კეთილმეზობლურ ურთიერთობებს გულისხმობს და არა ვიღაცის ბატონობის შეგუებას. ამიტომ, რუსეთის ყოველი დიდმპყრობლური პრეტენზია მკაცრად იქნება ალაგმული, რადგან XX საუკუნის მიწურულს, ცივილიზებული სამყარო არ დაუშვებს რუსეთის ტიპის იმპერიების არსებობას, - ასეთ ისტორიულ ანაქრონიზმს...
ჩემს მიერ აღძრული საკითხი მეტად აქტუალურია, რადგან ღირსების შელახვა მუდამ დამანგრეველი იყო ქართული ხასიათისათვის და თუ რაოდენ საშიშია ეს ჩვენთვის, ამის მეტად საინტერესო მაგალითს რუსი მწერალი ალექსანდრე სოლჟენიცინი გვაწვდის „გულაგის არქიპელაგში“, როცა ლაპარაკობს შეურაცხყოფის გზით პატიმართა მორალურ გატეხვაზე: „გამომძიებელმა ახალგაზრდა ლორთქიფანიძე დააჩოქა და სახეში მიაფსა! და რა? ვერაფრით რომ ვერ დაიმორჩილეს ლორთქიფანიძე, ის ამან გატეხა. ესე იგი ამაყებზეც კარგად მოქმედებს...“
ხედავთ, ვერაფრით გატეხეს ქართველი და მხოლოდ მისი შეურაცხყოფით მიაღწიეს მიზანს. ასეა მთელი ერიც. მისი მორალურად გატეხვაც ისევე შესაძლებელია, როგორც ერთი კაცისა. ამიტომაა საშიში ჩვენთვის ისეთი პოლიტიკა, რომელიც შეურაცხგვყოფს...
ვფიქრობ, ამის გათვალისწინებით უნდა წარიმართოს რუსეთთან ურთიერთობა. ეს იმ სწორი გზის პოვნაში დაეხმარება ქართველ პოლიტიკოსებს, რომელიც, აგერ უკვე 800 წელია ვერ მოიძებნა...
1993-1997 წლები
2000 წლის მინაწერი: სიტყვა „ხელშეკრულება“, „მოკლე პოლიტიკურ ლექსიკონში“ განმარტებულია როგორც საერთაშორისო ურთიერთობის ფორმა. ამასთან, კიდევ ნათქვამია, სხვადასხვაგვარად იწოდებაო, მაგალითად: შეთანხმება, ტრაქტატი, კონვენცია, დეკლარაცია, კომუნიკე. აგრეთვე, - ორმხრივი და მრავალმხრივიაო, მაგრამ იმ ლექსოკინში არაფერია თქმული, ამა თუ იმ სახელმწიფოებს შორის დადებული ხელშეუკრულება, რა შემთხვევაშია სამართლიანი, და როდის არა. იქნებ იმიტომ, რომ როცა ის ძლიერ და სუსტ პარტნიორებს შორის იდება, უმეტეს შემთხვევაში, ძნელი არ არის მიხვდე, ვისთვისაა ეს აქტი უფრო მომგებიანი და აქედან გამომდინარე, რამდენად სამართლიანი იქნება ის... ბლეზ პასკალი თავის „აზრეში“ წერდა: „სამართლიანობა ხშირად სადავოა და საკამათო, ძალა კი უდავო და უცილობელი, ამიტომ სამართლიანობა ვერ იქნა და ვერ გახდა ძლიერი: ძალა არ სცნობდა მას და ამბობდა, რომ სამართლიანობა-უსამართლოა, და რომ მხოლოდ თვითონაა სამართლიანი და რაკი სამართლიანობა ვერასდიდებით ვერ იქცა ძალად, ხალხმა საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ მხოლოდ ძალაა სამართლიანი“... ფრანგი მოაზროვნის ეს შეხედულება, ცხადია, საფუძველს მოკლებული არ არის, რადგან სამართლიანობა რომ მრავალგზის გამხდარა ძალის მსხვერპლი, ამის მაგალითები მრავლად შემოინახა კაცობრიობის ისტორიამ, და მაინც, ძალის უცილობელი გამარჯვება ჯერაც არ ირწმუნა არც ერთმა ხალხმა, არ უნდა ვირწმუნოთ ის არც ქართველებმა, მიუხედავად იმისა, რაოდენ დამანგრეველიც არ უნდა იყოს რუსეთის ზემოქმედება: ამ ქვეყანას თითქოს ტერიტორია არ ყოფნისო, საქართველოს ართმევს მიწა-წყალს. ამის დადასტურებაა საზღვრის გადმოწევა დარიალის ხეობაში და ხევსურეთის ორი სოფლის დაპყრობა... არც სტრატეგიული და არც ეკონომიკური მიზნებით ეს ქმედება გამართლებული არ არის. სამაგიეროდ, ის შეურაცხყოფს საქართველოს, ანუ, ჩვენი სულიერად გატეხვის პოლიტიკა გრძელდება... ამავე მიზანს ემსახურებოდა ჩეჩნეთის მეორე ომის დროს საქართველოს ტერიტორიის დაბომბვა, ენერგეტიკული შანტაჟი, - ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის გზით, და ბოლოს, სავიზო რეჟიმი, რომელიც პრივილეგიებს ანიჭებს აფხაზ და ოს სეპარატისტებს და, დაბრკოლებას უქმნის დანარჩენი საქართველოს მოსახლეობას; ესეც ჩვენი დემორალიზებისათვის კეთდება... ამიტომ აუცილებლად მიმაჩნია, ერთხელ და სამუდამოდ, რუსეთთან ურთიერთობის გარკვევა, - რაც უპირველეს ყოვლისა, სათანადო ხელშეკრულების დადებით უნდა მოხდეს და რომელიც, ჩვენს ეროვნულ-სახელმწიფოებრივ ინტერესებს კი არ უნდა ლახავდეს, არამედ იცავდეს, ყოველმხრივ სასარგებლო იყოს. ეს კი მაშინ მოხერხდება, თუ ის სამართლიანი იქნება, ე.ი. იმ ხასიათის მქონე, რაზედაც „მოკლე პოლიტიკურ ლექსიკონში“ არაფერია თქმული...
![]() |
24 საქართველო, ევროპა და ამერიკა |
▲ზევით დაბრუნება |
„შუაღამისას წამოვედით, მას შემდეგ, რაც დიდის მოწიწებით გამოვეთხოვეთ მთავარს. გამომშვიდბებისას მან მკითხა, როგორ ბრძანდებაო ჩემი ნათესავი, ესპანეთის მეფე, და ძვირფასი ქვებით მორთული თასით შესვა მისი სადღეგრძელო. მან მოისურვა კაპუცინებს და მეც ამ მდიდრული სასმისით შეგვესვა ეს სადღეგრძელო. არ ვიცი, ეს იმიტომ გააკეთა, რომ ჩვენთვის თავი მოეწონებინა, თუ პრეფექტის პატივსაცემად, რომელიც მისი კათოლიკური უბრწყინვალესობის ქვეშევრდომი იყო. 17-ში დიდხანს ვიფიქრე იმის შესახებ, თუ რანაირად უნდა ყოფილიყო მთავარი ესპანეთის მეფის ნათესავი და მივხვდი, რომ ეს მრავალი ავტორის აზრს ეთანხმებოდა“.
ჟან შარდენი
ის, რაც ქართლის მეფემ ვახტანგ V-მ იგულისხმა ანუ ქართველთა და ესპანელთა ნათესაობის თეორია, ისტორიოგრაფიაში ძველმა ბერძნებმა დაამკვიდრეს და მათვე სცადეს მრავალგვარად აეხსნათ ეს ფაქტი, რაც კარგად ჩანს აპიანეს „მითრიდატეს ომების ისტორიაში“ გამოთქმული მოსაზრებით: „იბერებს, რომლებიც აზიაში არიან, ზოგი მიიჩნევს ევროპელი იბერების წინაპრებად, ზოგი (ამათ) მოახალშენეებად, სხვები კი მხოლოდ თანამოსახელეებად, რადგან არც ზნე აქვთ არაფრით მსგავსი და არც ენა“-ო. თუ ანტიკურ სამყაროში ამ პრობლემის გამო აზრთა სხვადასხვაობა იყო, დღეს ნამდვილად ვიცით, რომ ბევრი რამ გვაკავშირებს პირინეის ნახევარკუნძულზე მცხოვრებ ბასკბთან, მაგრამ მთავარი, ამ შემთხვევაში, სხვა რამ არის, კერძოდ ის, რომ ქართველები მუდამ უცხო და აგრესიულად განწყობილი მეზობლების გარემოცვაში ვიყავით, თანამგრძნობისა და თანამდგომის პოვნა ნატვრად გვქონდა გადაქცეული. ამ თვალსაზრისით, მეტად საინტერესოა ის მოსაზრება, 1915 წელს თავის „მელანქოლიურ შენიშვნებში“ რომ გამოთქვა გერონტი ქიქოძემ და რომელიც, აშკარაა, ჩვენი სახელმწიფოებრივი არსებობის სამი ათას ხუთასი წლის მანძილზე მრავალი ქართველის ნაფიქრალს ემთხვეოდა და ეთანხმებოდა: „ჩვენ, ქართველებს, ნათესავები არა გვყავს დედამიწის ზურგზე, ეს ძალიან უცნაური მოვლენაა. ყოველი ხალხი რომელიმე ოჯახს, რომელიმე რასას ეკუთვნის. ყველას ჰყავს ან ძმა, ან ბიძაშვილი ან შორეული მოკეთე. ინდოელები, სპარსელები, ქურთები, ევროპელები შორიახლობელი ნათესავები არიან. გერმანელები, ინგლისელები, ჰოლანდიელები, სკანდინავიელები, ერთ ვიწრო ოჯახს შეადგენენ. მეორე ასეთი ოჯახი რომანელებია, მესამე სლავიანები.
ჩვენ რომელ რასას ვეკუთვნით? ეს არავინ იცის. ჩვენ არა ვართ ეთიოპები, უეჭველია, მაგრამ თეთრი კანის მიუხედავად არც ინდოევროპელები ვართ, არც სემიტები. უდედმამოდ გაჩენილ, ციდან ჩამოვარდნილ არსებებს ვგავართ».
როცა ამას გააცნობიერებ, უდაოდ დაუწყებ ძებნას შორეულ ნათესავს, იქ, სადღაც, ევროპის ბოლოს...
ზოგიერთი მეცნიერის აზრით ატლანტიის ოკეანიდან კავკასიამდე ერთ დროს მოსახლე ხალხის შთამომავლები ვართ ბასკები და ჩვენ... თუ ეს ასეა, მაშინ ძირძველი ევროპელები ვყოფილვართ... მაგრამ როგორც არ უნდა იყოს, ერთი კი ფაქტია, ევროპასთან ქართველთა ურთიერთობა საკმაოდ დიდი ხნის წინ დაიწყო, ჯერ კიდევ არგონავტების ლაშქრობით, რომლის შედეგებს ბერძნულ, შემდეგ კი, მათი მეშვეობით, მთელს დანარჩენ მსოფლიოში დიდი გამოძახილი ჰქონდა...
„ერთხმადაა აღიარებული, რომ ძველ ბერძნულ საგმირო ეპოსში არგონავტების კოლხეთში ლაშქრობა ტროას ომის შემდგომ ყველაზე უფრო სახელგანთქმული ამბავია. მითი არგონავტების შესახებ ძალზე პოპულარული იყო მთელი ანტიკური პერიოდის განმავლობაში და მის მერმეც (არას ვიტყვი ამ მითის პოპულარობაზე რენესანსისა და შემდგომი ხანის ევროპულ ლიტერატურასა და ხელოვნებაში), მაგრამ სწორედ ბერძენთა შორის ამ მითის აგრე არაჩვეულებრივი პოპულარობაა თითქოს რამდენადმე უცნაური: ხომ კარგადაა ცნობილი, რომ ბერძნული მითები, როგორც წესი, მოგვითხრობენ ძველ ელინთა არაჩვეულებრივ საგმირო საქმეებზე - ძლევამოსილი ლაშქრობები, უცხო ქვეყნების დაპყრობა-დამორჩილება, მდიდარი ნადავლის მოხვეჭა, ქალაქების დაარსება და სხვა მისთანანი, საქვეყნოდ რომ განადიდებდა ბერძენთა გმირობას და ვაჟკაცობას! მაგრამ თუ კარგად ჩავუკვირდებით ჩვენთვის ახლა საინტერესო მითის შინაარსს, თვალნათლივ დავინახავთ, რომ კოლხეთში არგონავტებს მაინცდამაინც საარაკო გმირობა არაფერი ჩაუდენიათ. მითის მიხედვით ხომ კარგად ჩანს, რომ კოლხთა მეფის ასული მედეა რომ არა, არგონავტები და მათი წინამძღოლი იასონი ვერც აიეტის პირობას შეასრულებდნენ, ვერც ოქროს საწმისს მოიტაცებდნენ და ვერც სამშობლოში დაბრუნდებოდნენ მშვიდობიანად“ (იხ. ო. ლორთქიფანიძე „არგონავტები და ძველი კოლხეთი“, გვ. 37-38).
ბერძნებს კოლხეთში განსაკუთრებული ნამდვილად არაფერი ჩაუდენიათ, სამაგიეროდ, მათთვის გასაკვირი, - საკმაოდ ნახეს: ჯერ ერთი, დიდი, ძლიერი სახელმწიფო. აკი, წერს, ამის თაობაზე აპოლონიოს როდოსელი თავის „არგონავტიკაში“: არავინაა კოლხთა მეფე აიეტზე უმძლავრესი, თუმც შორსაა ჩვენგან, მაგრამ თუ მოისურვა, თვით ელადაზეც კი წამოვა სალაშქროდ“. კოლხთა ძლიერება მათ სიმდიდრეს ეფუძნებოდა და ბერძენთათვის ამ თვალსაზრისითაც ცთუნების საგანს წარმოადგენდა, სტრაბონი წერდა: „ამ ქვეყნის სიმდიდრე ოქროთი, ვერცხლით, რკინითა და სპილენძით იყო მიზეზი, რისთვისაც მოეწყო ლაშქრობა“. არგონავტთა ექსპედიციის მიზანს სხვა ბერძენი ავტორი ასე განმარტავს: „კოლხეთში დაცული ტყავი ნამდვილი ოქროს საწმისი კი არ იყო, ეს პოეტური მონაჭორია! არამედ ტყავებზე ნაწერი წიგნი, რომელიც შეიცავდა იმის აღწერას, თუ როგორ შეიძლება მივიღოთ ოქრო ქიმიის მეშვეობით“. და ბოლოს, „ოქრომრავალი კოლხების“ ქვეყანაში ბერძნებს არანაირი შანსი რომ არ ჰქონდათ, ციხე შიგნიდან, მედეას ახირებულმა სიყვარულმა გატეხა, მათ წარმატება მოუტანა. თავად მეფის ასულის მოტაცებაც მისივე სურვილით მოხდა...
მუდამ აქტიური, ქმედითი ბერძნები ამ შორეული ძლიერსა და მდიდარ ქვეყანაში, იძულებით პასიურნი და სხვათა ვნებათა ღელვაზე დამოკიდებულნი რომ აღმოჩნდნენ, იყო იმ წარუშლელი შთაბეჭდილების მიზეზი, რომელიც ასე აოცებს ყველას...
ბერძნებმა ბევრი სხვა რამეც ნახეს და შეითვისეს. ქართული მითოლოგია გარკვეულწილად მასაზრდოებელი იყო ბერძნულისა, იმიტომ, რომ, აშკარაა, საქართველო მხოლოდ სამოქმედო არე არ არის ბერძნულ მითოლოგიურ გმირთა და რომ სავარაუდოა, მათი ადგილობრივი წაროშობა.
ეს, უპირველეს ყოვლისა, მითოლოგიის გვირგვინს, ამირან-პრომეთეს ამბავს შეეხება, ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს ის, რასაც აპიანე წერს პომპეუსის კოლხეთში ლაშქრობასთან დაკავშირებით: „[ამის შემდეგ] მან მოიარა კოლხები არგონავტთა, დიოსკურებისა და ჰერაკლეს აქ ყოფნის ამბების შესატყობად და განსაკუთრებით კი უნდოდა ენახა ტანჯვის [ადგილები], რადგან ამბობდნენ, პრომეთევსი კავკასიონის მთაზე იყო...“ ასე დიდი გახლდათ ინტერესი იმ ქვეყნისადმი, რომლის კულტურა, სიმდიდრე, ძლიერება, ლამაზი და შრომისმოყვარე მოსახლეობა, ვნებიანი ქალები და „შმაგი მეომარი“ მამაკაცები, თავიანთი ღმერთებით, კანონებით, ცხოვრების წესით, იმ დღიდან რა დღესაც არგო მიადგა კოლხეთის ნაპირს, ანდამატივით იზიდავდნენ ევროპელებს. აქ ერთი კანონზომიერება იჩენს თავს: ევროპელთა ყურადღებას მაშინ ვიქცევდით, როცა ორგანიზებულობას და ძლიერებას ვავლენდით, პიროვნული და ეროვნული ღირსების გრძნობას. ასეთებად აგვსახა თავის „ანაბაზისში“ ქსენოფონტემ. მზარდი სამხედრო-პოლიტიკური და ეკონომიკური პოტენციალის მქონე ფარნავაზის დროის იბერიის მოკავშირე ხდება სელევკიდების ელინისტური სახელმწიფო „ასურისტანის მეფე ანტიოქოსი“, როგორც ქართლის ცხოვრებაში წერია.
როცა იბერია რომაელთა ექსპანსიის ობიექტად იქცა და პომპეუსმა დალაშქრა ეს ქვეყანა, ჩვენმა წინაპრებმა მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს დამპყრობლებს. მათ გამოიყენეს იბერიის გეოპოლიტიკური მდებარეობა: კავკასიონის გადმოსასვლელების კონტროლის მნიშვნელობა და სახელმწიფოს დამოუკიდებლობა შეინარჩუნეს, არტაგ მეფე რომაელთა მიერ ცნობილ იქნა „რომის მოკავშირედ და მეგობრად“, ფარსმან I-ის დროს, იბერია ძლიერდება და კავკასიაში რომისა და პართიის დაპირისპირებისას იმ ძალად იქცა, რომლის მხარდაჭერა ერთ რომელიმე მხარეს გადამწყვეტ უპირატესობას ანიჭებდა. სწორედ ეს სიძლიერე ხდება რომაელთა ყურადღების მიზეზი, რომლის ერთ-ერთი გამოვლინება იყო ჩვენი წელთაღრიცხვის 75 წელს არმაზის ციხის გალავნის გამაგრება, რომის იმპერიის ხელისუფლების დახმარებით. ამის თაობაზე ცნობას გვაწვდის სათანადო ბერძნული წარწერა: „იმპერატორმა კეისარმა ვესპასიანე ავგუსტოსმა, დიდმა პონტიფიქმა, შვიდჯერ ტრიბუნის ხელისუფლებით აღჭურვილმა, თოთხმეტჯერ იმპერატორად გამოცხადებულმა, ექვსჯერ კონსულმა, მეშვიდეჯერ დეზიგნირებულმა, მამამ მამულისამ, ცენზორმა“, „და იმპერატორმა ტიტე კეისარმა, ავგუსტეს ძემ, ხუთჯერ ტრიბუნის ხელისუფლებით აღჭურვილმა, ოთხჯერ კონსულმა, მეხუთეჯერ დეზიგნირებულმა, ცენზორმა“, „და დომიციანე კეისარმა, ავგუსტოსის ძემ, სამჯერ კონსულმა, მეოთხეჯერ დეზიგნირებულმა იბერთა მეფე მითრიდატეს, მეფე ფარსმანისა და იამასას ძეს, კეისრის მეგობარს და რომაელთ მოყვარულს და ხალხს ეს კედლები განუმტკიცეს“. იბერია კიდევ უფრო გაძლიერდა II საუკუნის დასაწყისში ფარსმან II-ის მეფობის დროს, იმდროინდელი ქართული სახელმწიფო, აშკარად, მესამე ძალა იყო კავკასიაში. შესაბამისად, იზრდებოდა რომის ინტერესი ჩვენდამი. ამის თაობაზე ელიუს სპარტიანუსი ასეთ ცნობას გვაწვდის: „იმპერატორი ადრიანე დიდი წყალობის თვალით უყურებდა ბევრ მეფეს; ბევრისაგან ზავს ყიდულობდა, მშვიდობიან ურთიერთობას საჩუქრებით აღწევდა... ყველაზე მეტ საჩუქარს იბერიის მეფეს უგზავნიდა, რომელსაც შესანიშნავი საჩუქრების გარდა, გაუგზავნა სპილო და ორმოცდაათ კაციანი კოჰორტა...“ ეს უაღრესად საინტერესო ფაქტია: ისედაც ძლიერი იბერია, რომის იმპერიისაგან სამხედრო დახმარებას იღებს. შემდეგ, როცა დასუსტებული ჩვენი ქვეყანა შველას სთხოვს ევროპას, ეს შედეგს ვერ გამოიღებს და ამაში გამოჩნდა ევროპელთა რაციონალური აზროვნება, მოკავშირედ მოაზრება, მისი ვინც ქმედუნარიანია, მიღებულ დახმარებას შედეგიანად მოიხმარს,ხოლო იგნორირება მათი, ვინც ამას ვერ ახერხებს და ხელით სათრევია... ამიტომ, ვინც ვერ შეძლებს ევროპელთა მენტალიტეტის არსში გარკვევას, ის ვერასოდეს იქონიებს მათთან თანაბარ დონეზე ურთიერთობას...
ბერძნულ-რომაული სამყაროს მემკვიდრეები იყვნენ დასავლეთ ევროპა და ბიზანტიის იმპერია. ამ უკანასკნელთან ურთიერთობა, ქართველთა მრავალსაუკუნოვანი ბრძოლა იყო, პოლიტიკური და რელიგიური თავისთავადობისათვის, რომლის დროსაც, მიუხედავად კონფესიური ერთიანობისა, ბიზანტია ხან ჩვენი სახელმწიფოს სახელმწიფოებრივ სუვერენიტეტს ზღუდავდა, ხანაც ტერიტორიებს გვართმევდა (მაგალითად ტაო და მისთვის წარმოებული ბრძოლები). მხოლოდ ერთხელ მოხდა, რაღაც რომ დაგვითმო ბიზანტიამ: XI საუკუნის 70-იან წლებში, ქართული წარმოშობის ბიზანტიელმა მოხელემ, გრიგოლ ბაკურიანისძემ, ტაო, კარი, ზოგიერთი სხვა სტრატეგიული მნიშვნელობის ციხე-ქალაქები გადასცა ქართველებს, მაგრამ, ცხადია, არა ალტრუისტული მისწრაფებების, არამედ გარკვეული პოლიტიკური მოსაზრების გამო,, რომლის მიზანი იყო ამ ტერიტორიებისა და სიმაგრეებისათვის ქართველები შებრძოლებოდნენ თურქებს... შებრძოლება მართლაც მოხდა, ასე რომ პრაგმატიზმი ბიზანტიელებსაც გვარიანი ჰქონდათ... მხოლოდ XII საუკუნის დამდეგს, დავით IV აღმაშენებელმა, შეძლო ბიზანტიასთან არსებული ვასალური დამოკიდებულებისაგან თავის დაღწევა. ამავე პერიოდში იწყება მეტად საინტერესო ურთიერთობა დასავლეთ ევროპასთან. ეს იყო ჯვაროსნული ომების ეპოქის დასაწყისი და მაცხოვრის საფლავის დასახსნელად დაძრულმა ევროპელებმა თურქ-სელჯუკებთან მეომარი ქართველები ბუნებრივ მოკავშირეებად აღიქვეს. ამას იმანაც შეუწყო ხელი, თუ როგორ დაანახვეს ქართველებმა თავი და რა მიიჩნიეს ჩვენს ხასიათსა და ყოფაში მნიშვნელოვნად ევროპელებმა. ეს კარგად ჩანს, გერმანელი ისტორიკოსის, ანა დოროთე ფონ დენ ბრინკენის მიერ წიგნში „აღმოსავლეთის ქრისტიანი ხალხები ლათინური ისტორიოგრაფიის გაგებით XII ს. შუა წლებიდან XIV ს. მეორე ნახევრის ჩათვლით“, - გამოთქმულ მოსაზრებაში: „ერთმანეთს რომ შევუდაროთ ლათინთა მიერ ბერძნებისა და ქართველების შეფასება, განსხვავება გასაოცარია. დასავლეთისათვის ორივენი ქალკედონიტი ერეტიკოსები არიან, მაგრამ ყოველი ლათინი კარგად აფასებს ქართველებს, უკვე ჯვაროსანთა პირველი ლაშქრობის დროიდან გამოჩნდნენ ისინი ღვთისმოსაობის იდეალურად... სრულიად აშკარად ქართველები შეესაბამებიან ქრისტიანულ რაინდულ იდეალს. ისინი არიან მებრძოლნი, მამაცნი და შეურიგებელნი მაჰმადიანთა მიმართ. მათ ჰქონდათ იგივე საბრძოლო მორალი, როგორც დასავლეთს და წმ. გიორგი, როგორც პატრონი დასავლეთსაც გამოადგებოდა დამხმარედ. ახლობელი საზოგადოებრივი სტრუქტურა ლათინებს კარგად განაწყობდა. ისინი ოცნებობდნენ იდეალურ მოკავშირეზე, ძმაზე, რომლის ბატონობა გოგსა და მაგოგზე აღწევდა“...
ამ ციტატიდან ირკვევა, რომ ევროპელთა მიერ ქართველები იდენტიფიცირებულნი იყვნენ, როგორც საერთო პრინციპებისა და ინტერესების მქონე ხალხი. ამას ურთიერთობისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს, კიდევ უფრო მეტი კი იმ სამხედრო პოტენციალს, რომლის გამოვლენაც XI-XII საუკუნეების შესაყარზე შეძლო საქართველომ, ხოლო 1120 წელს, დავით აღმაშენებლის ლაშქრობა ამიერკავკასიის სამხრეთ ქვეყნებში, იყო ძალის სერიოზული დემონსტრირება. სავარაუდებელია, რომ ეს ექსპედიცია ჯვაროსანთა მეფის ბალდუინის, საქართველოში საიდუმლო ვიზიტისა და დავით IV მოლაპარაკების შედეგი იყო (რომლის შესახებაც წერს იოანე ბატონიშვილი „კალმასობაში“) და რომელსაც, თავის მხრივ, მოჰყვა სულთან ილღაზის მეთაურობით დაძრულ მუსლიმანთა კოალიციური ლაშქრის, არათუ ჯვაროსანთა სამეფო-სამთავროების, არამედ, საქართველოს წინააღმდეგ გამოლაშქრება 1121 წელს. დიდგორის ბრძოლაში, როცა ეს უზარმაზარი არმია დავამარცხეთ, ქართველთა მხარდამხარ ჯვაროსანთა მცირერიცხოვანი რაზმიც იბრძოდა, რომლის რაოდენობა, ისტორიულ წყაროებში სხვადასხვაგვარად არის მოცემული: მათე ურჰაელი 100-ს ასახელებს, გოტიე 200-ს, ოღონდ უცნობია, ამათგან, რამდენი იყო რაინდი და რამდენი კიდევ საჭურველმტვირთველი... მაგრამ, როგორც არ უნდა იყოს, ერთი რამ ცხადია, ამ შემთხვევაშიც, ევროპელებმა მიგვიჩნიეს ქმედუნარიან მოკავშირეებად და სიმბოლური, მაგრამ მაინც, დახმარება აღმოგვიჩინეს. შემდეგომ ათწლეულებში გაძლიერებული საქართველოს ბრძოლას თურქებთან კავკასიასა და მიმდებარე ქვეყნებში გარკვეული მნიშვნელობა ჰქონდა ევროპელთათვის, რადგან მუსლიმანთა ძალების დაქსაქსვას უწყობდა ხელს.
XII-XIII საუკუნეების მანძილზე ჯვაროსნები ტერიტორიულად შორს მყოფ, მაგრამ მათთან საერთო მიზნების მქონე, საქართველოს მეფეებს ლეგენდარული იოანე პრესვიტერის საბურველში ხვევდნენ და მათგან შველას მოელოდნენ. როცა სიტუაციამ მოიტანა, კონკრეტული წინადადებებით მოგვმართეს; კერძოდ, V ჯვაროსნული ლაშქრობის დროს, 1217-1221 წლებში რომ მიმდინარეობდა, ჯვაროსანთა მთავარსარდალმა, კარდინალმა პელაგიუსმა, საქართველოს მეფეს, ლაშა-გიორგის სთხოვა მონაწილეობა მიეღო უფლის საფლავის დახსნაში. მრავალი ცნობილი თუ უცნობი მიზეზის გამო, ქართველებმა ეს ვერ შეძლეს. შესაძლოა, ამას ხელი შეუშალა ქართულ-ეგვიპტურმა ურთიერთობებმა, თამარის „ფიცის წიგნმა“, ან კიდევ პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო ხასიათის პრობლემებმა, მაგრამ ფაქტია, რომ მიუხედავად იმ დიდი პოზიტიური შედეგებისა, რაც ჯვაროსნულ ლაშქრობას მოჰქონდა საქართველოსათვის, - თუნდაც იმით, რომ თურქ-სელჯუკთა სამხედრო ძალების დაქსაქსვას უწობდა ხელს, ჩვენთვის კი ეს დიდი შეღავათი იყო, - მაინც, ჯვაროსნებთან ურთიერთობა ისე ინტენსიურად ვერ წარიმართა, როგორც სასურველი იყო. ვგულისხმობ, სამხედრო პოლიტიკურ კავშირებს. მონღოლთა შემოსევების შემდეგ კი, რაც იყო, - ისიც შენელდა, რადგან უცნობ მტერთან ომში ჩაფლული საქართველო ევროპელთათვის საინტერესო მოკავშირე აღარ იყო. ამ პერიოდის ერთადერთი შენაძენი, - რომთან ურთიერთობის დასაწყისია. ჯვაროსნული ომების დასრულებამ, ქართველთა დასავლური ინტერესები ამოიწურა მათ მიერვე შექმნილ ტრაპიზონის იმპერიაში გავლენისათვის ბრძოლით... ასეთი მდგომარეობა გაგრძელდა მანამ, სანამ 1453 წელს თურქ-ოსმალებმა კონსტანტინეპოლი არ აიღეს და მაშინ, ისევ დადგა დღის წესრიგში დასავლეთთან მჭიდრო სამხედრო თანამშრომლობის საკითხი.
ევროპელებმა თურქული საფრთხე საკმაოდ მწვავედ XIV საუკუნეში შეიგრძნეს, - როცა ოსმანთა ხელში ბალკანეთის ნახევარკუნძულის საკმაოდ დიდი ნაწილი აღმოჩნდა. ამიტომ პრობლემის მოგვარება ძველი გზით სცადეს და კიდევ ერთი ჯვაროსნული ლაშქრობა მოაწყვეს 1396 წელს; მაგრამ ნიკოპოლთან მარცხი განიცადეს. შემდეგი ჯვაროსნული ლაშქრობა რომის პაპმა ევგენი IV-მ 1440 წელს გამოაცხადა. ძირითადად უნგრელებისაგან (ვისაც უშუალოდ ემუქრებოდა თურქთა საფრთხე) დაკომპლექტებულმა არმიამ 1444 წელს, ვარნასთან ისევ მარცხი განიცადა. 1443 წელს, ბურგუნდიის ჰერცოგმა საზღვაო ექსპედიცია, - რომელსაც ვალერან დე ვავრინი მეთაურობდა, - მიაშველა ჯვაროსნებს, მაგრამ ზემოხსენებული მარცხის შემდეგ უფუნქციოდ დარჩენილმა ჯვაროსნებმა, შავ ზღვაზე მეკობრულ თარეშს მიჰყვეს ხელი, მათი ერთი რაზმი, ჟოფრუა დე ტუაზის ხელმძღვანელობით, კოლხეთის ნაპირებს მოსდგომია და ბათუმს დასხმია თავს, მაგრამ დამარცხებულან და ტყვედ ჩავარდნიან გურიელს, შემდეგ ეს უიღბლო ბურგუნდიელი მეკობრეები, ტრაპიზონის იმპერატორის თხოვნით, გაუნთავისუფლებიათ. ამ ისტორიაში ჩვენთვის საყურადღებო ის არის, რომ თუნდაც, გამეკობრეებულ ევროპელებს საქართველო იმ ქვეყნად არ მიუჩნევიათ, რომელსაც როგორც ქრისტიანული სამყაროს ნაწილს, - და ამიტომ პოტენციურ მოკავშირეს, - უნდა მორიდებოდნენ... აშკარაა განვლილი დროის მანძილზე ქართველებისადმი დამოკიდებულება შეცვლილიყო...
თურქების მიერ კონსტანტინეპოლის აღებას დიდი საერთაშორისო რეზონანსი ჰქონდა, როგორც კათოლიკურმა, ისე მართლმადიდებლურმა სამყარომ, სრულად გაიაზრა ამ ფაქტიდან მომდინარე საშიშროება. ამიტომ იყო, რომ საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება აქტიურად გამოეხმაურა რომის პაპის ნუნციის ლუდოვიკო ბოლონიელის მიერ ჩამოტანილ წინადადებას და,1460 წელს, სხვა, დაინტერესებულ აღმოსავლელ ხელმწიფეთა ელჩებთან ერთად, იმავე ნუნციის მეთაურობით, დესპანებს გზავნიან ევროპაში. საქართველოს მეფე, გიორგი VIII, - ყვარყვარე ათაბაგს, სამეგრელოს მთავარს, ტრაპიზონის იმპერატორს, მცირე სომხეთის მმართველს და სპარსეთის ხელმწიფეს უზუნ-ჰასანს თურქთა წინააღმდეგ 120 ათასიანი არმია უნდა გამოეყვანათ, და ამის პირობას იძლეოდნენ. თავის მხრით, მათ ელჩებს, რომის საღვთო იმპერიის იმპერატორ ფრიდრიხ III-თვის 150 ათასიანი არმიით მხარდაჭერა უთხოვიათ, რაზედაც იმპერატორი დათანხმებულა, შემდეგ ელჩებმა მიარეს რომი, საფრანგეთი, ბურგუნდია, მაგრამ სამწუხაროდ, ამას, ისევე როგორც შემდგომ, 1471 წლის ელჩობას, შედეგი არ მოჰყოლია, რადგან, ჯერ ერთი: ევროპულ სახელმწიფოებს თავიანთი პრობლემები, - პოლიტიკური და ეკონომიკური, საკმაოდ ჰქონდათ. მეორეც, თურქეთი სამხედრო თვალსაზრისით მეტად ძლიერი იყო. მის დამარცხებას მთელი ევროპის სამხედრო პოტენციალის მობილიზება სჭირდებოდა, ევროპული სახელმწიფოები კი, განსხვავებულად იაზრებდნენ ამ მზარდ იმპერიასთან ურთიერთობას... კერძოდ, საფრანგეთი, მათში მოკავშირესაც ეძებდა და, დაახლოებით ნახევარი საუკუნის შემდეგ, 1535 წ. ასეთი ხელშეკრულება კიდევაც დადო თურქეთთან; ბოლოსდაბოლოს, ჯვაროსნული ომების ეპოქა უკვე გასული იყო და დღის წესრიგში თურქ-ოსმანთა საფრთხესთან ბრძოლის ახალი ფორმები არსებობდა, რომელთა არსში გარკვევა, საქართველოს მესვეურებს ისევე გაუჭირდათ, როგორც იმ ცვლილებების დანახვა, ევროპელთა ყოფაში რომ მომხდარიყო: ფრიდრიხ III-ის დარბაზობისას, თურმე, საქართველოს ელჩს მცდელობა ჰქონია, ფეხზე ეკოცნა იმპერატორისათვის... როცა ამ უკანასკნელმა იუარა და ელჩი წამოაყენა, გიორგი VIII-ეს წარგზავნილს უთქვამს, რომ ამ წესის დაუცველად ის თავის ხელმწიფესთან ვერ დაბრუნდებოდა... საყურადღებოა, რომ, თუმცა, „გერმანელი ერის რომის საღვთო იმპერატორი“ თავისი სტატუსით ევროპის დანარჩენ მონარქებზე მაღლა იდგა და, საფრანგეთის ტახტის მაძიებელ ინგლისის მეფეს ედუარდ III-ს იმპერატორის მხარდაჭერა ძალიან ესაჭიროებოდა, - რადგან საფრანგეთის მეფედ ის მაშინდელ იმპერატორს ლუდოვიკო IV ბავარიელს უნდა ეცნო, - როცა მას მოსთხოვეს ფეხზე ეკოცნა იმპერატორისათვის, ინგლისის მეფეს კატეგორიული უარი უთქვამს ამ რიტუალის შესრულებაზე... საქართველოს მეფე კი ამას, თავისი ელჩის პირით, ყოველგვარი თხოვნის გარეშეც აკეთებდა, - ასე ვთქვათ, ინიციატივას იჩენდა... ამის მიზეზად მარტო ძველი ტრადიციებისადმი ერთგულება არ უნდა მივიჩნიოთ; ევროპა უკვე თავისუფლდებოდა სიუზერენისადმი მონური ქედდრეკისაგან. საქართველო ამისაგან ჯერ შორს იყო, პირიქით. და რადგანაც ბიზანტიის იმპერია აღარ არსებობდა, ახლა იმპერატორს გერმანიაში ეძებდნენ...
დიდი ელჩობა უშედეგოდ დამთავრდა. ცოტა მოგვიანებით, საუკუნის დამლევს, როცა ესპანელებმა გრენადის საამირო დაიპყრეს და წარმატებით დაამთავრეს რეკონკისტა, კასტილიისა და არაგონის გაერთიანებულმა სამეფომ ქართველებს იმედის ნაპერწკალი გაუღვივა და რადგანაც ჯერ კიდევ ცოცხლობდა ევროპელთა დახმარებით კონსტანტინეპოლის გამოხსნის იდეა, ქართლის მეფე კონსტანტინემ, 1495 წელს, ესპანეთის დედოფალ იზაბელა კათოლიკეს ელჩი და სათანადო წერილი გაუგზავნა, რომელშიაც ვკითხულობთ: „კონსტანტინეპოლის, ტრაპიზონისა და სხვა ქრისტიანთა დაცემის შემდეგ მარტოდმარტონი და სრულიად დამდაბლებულნი დავრჩით... გევედრებით დაუყოვნებლივ პირდაპირ კონსტანტინეპოლზე გაილაშქროთ... მეც პირდაპირ შვილებითურთ და მთელი ლაშქრით... შენთან ერთად საბრძოლველად წამოსასვლელად მზად ვიქნები...“ ეს თხოვნა XV საუკუნის შუაწლების ანტიოსმალური კოალიციის მსგავსად უშედეგოდ დასრულდა, რადგან ევროპის სახელმწიფოთა შესაძლებლობებს არ ითვალისწინებდა...
ეს ტენდენცია, პოლიტიკური რეალობის სუბიექტური ხედვისა, სულ უფრო გაძლიერდა და ჩამოყალიბდა სამეფო-სამთავროებად დაყოფილი საქართველოს ცალკეულ პროვინციათა ინტერესების გამომხატველ პოლიტიკად. საქმე ის არის, რომ 1490 წელს იურიდიულად გაფორმდა, - შიდა და გარე ფაქტორებით განპირობებული, საქართველოს დაშლა. დაქუცმაცებული ქვეყანა ოსმალეთისა და სპარსეთის გაუთავებელი აგრესიის ობიექტად იქცა. 1555 წელს, ამასიის ზავით, ამ ორმა სახელმწიფომ გაიყვეს კიდევაც, საქართველო, რომლის დასავლეთი პროვინციებისათვის პრობლემას თურქეთი ქმნიდა. აღმოსავლეთი პროვინციებისათვის კი, - სპარსეთი. ამის გამო, XVI-XVII საუკუნეებში ქართველთა პოლიტიკური ხედვა მკვეთრად გამოხატულ კუთხურ ხასიათს ატარებს და, კიდევ უფრო შორდება რეალობას; ეწინააღმდეგება იმ ევროპული ქვეყნების მიზნებს, რომელთაც დახმარებას სთხოვდნენ... ამიტომ, დიპლომატიურ აქტიურობას სასურველი შედეგი არ მოაქვს... ეს, უპირველეს ყოვლისა, ქართლ-კახეთის მეფეთა მიერ სპარსეთის წინააღმდეგ დახმარების თხოვნას შეეხება.
ჯერ კიდევ დიდი ანტიოსმალური კოალიციის ორგანიზების დროს გაცხადდა ის მნიშვნელობა, რაც ევროპის ქვეყნებისათვის ენიჭებოდა სპარსეთს, რომელიც XV საუკუნეში ძლიერ, ცენტრალიზებულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა, რელიგიურად - მუსლიმანური, ოღონდ, შიიტური მიმართულებისა. და ეს კონფესიური განსხვავებულობა იქცა იმ ეთნიკურ დომინანტად, რომელიც, ასევე მუსლიმანურ, მაგრამ სუნიტურ თურქეთთან დაპირისპირების იდეოლოგიურ საფუძველს წარმოადგენდა. დიდი სამხედრო პოტენციალი, სპარსეთს, ოსმალეთის მზარდ იმპერიასთან მეტოქეობის საშუალებას აძლევდა... გაერკვნენ რა ამ ორ ქვეყანას შორის არსებულ წინააღმდეგობათა არსში, ევროპის სახელმწიფოებმა ამის გამოყენება სცადეს საკუთარი მიზნებისათვის, სპარსეთს, ოსმალეთის გამაწონასწორებელი ძალის მნიშვნელობა მიენიჭა. მას თურქთა არმიების გარკვეული ნაწილი უნდა მიეზიდა და ამ გზით ხელი შეეშალა მათი გადასროლისათვის ევროპაში, მითუმეტეს, თურქული საფრთხე სულ უფრო საგრძნობი ხდებოდა, ორჯერ კი, ცენტრალური ევროპა, კატასტროფის წინაშე აღმოჩნდა. პირველად, XVI საუკუნის დამდეგს, როცა თურქებმა საბოლოოდ დაიმორჩილეს ბალკანეთის ნახევარკუნძული, დაიპყრეს უნგრეთი და 1529 წელს ალყა შემოარტყეს ვენას. მეორედ კი, XVII საუკუნის მიწურულს, ავსტრია-ოსმალეთის ომის დროს. 1683 წელს ვენა კვლავ ალყაშემორტყმული აღმოჩნდა, მართალია, ორივე ეს ცდა ცენტრალურ ევროპაში შეჭრისა, მარცხით დამთავრდა, მაგრამ აშკარად დაანახა ევროპას, თუ რა საშიშროებას წარმოადგენდა ოსმალეთი და შესაბამისად, კიდევ უფრო გაიზარდა ინტერესი სპარსეთისადმი, რომელთანაც ამყარებენ დიპლომატიურ და სავაჭრო ურთიერთობებს, ეხმარებიან რეგულარული ჯარისა და არტილერიის შექმნაში. ისიც უნდა ითქვას, რომ ამ ქვეყნებისადმი ევროპული სახელმწიფოების დამოკიდებულება, ცალსახა სულაც არ ყოფილა: თურქულ ექსპანსიას ეწინააღმდეგებოდნენ პოლონელები, გერმანელები, იტალიელები და ესპანელები, სამაგიეროდ, როგორც აღვნიშნეთ, ფრანგები მათთან თანამშრომლობდნენ... სპარსეთთან ფრანგებს და ინგლისელებს მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობები ჰქონდათ, პორტუგალიას კი, კოლონიური ამბიციების გამო, სამხედრო კონფლიქტი, რომელიც 1622 წელს, ინგლისელთა დახმარების წყალობით, სპარსელთა გამარჯვებით დამთავრდა... ამ დროს პორტუგალია ესპანეთის შემადგენლობაში შედიოდა და შესაძლოა, ვივარაუდოთ: როცა თეიმურაზ I-მა 1626 წელს ნიკიფორე ირბახის მეთაურობით ელჩობა გაგზავნა რომის პაპ, ურბან VIII-სა და ესპანეთის მეფე ფილიპე IV-თან, იმედოვნებდა, რომ პორტუგალია-სპარსეთის წინააღმდეგობას გამოიყენებდა და დახმარებას მიიღებდა. მხოლოდ ეს ვარაუდი ანიჭებს გააზრებული პოლიტიკის ხასიათს მის წერილს, - ფილიპე IV-სადმი. წინააღმდეგ შემთხვევაში არავითარი აზრი არ ჰქონდა იმის წერას, რომ: „... მოვახსენოთ ჩუენდ უსჯულო იგი პერსი შაჰაბას ვირკინებით ბორძოლთა სასიკუდინოთა... აქეთ ჩუენ უყოთ დევნა ძლიერი და აღვხოცოთ იგი პირისაგან ქვეყნისა ყოვლად უღმერთო იგი საძაგელი... ჩვენ ყველანი ძმანი ვართ და ერთ არს ღმერთი ჩუენი, საქმისა ამის ცნობითა და სიტყუისა ამის ცნობითა და სიტყუისა ამის აღმოკითხვითა ვკადრეთ ძმად წოდება და მონაგებთა სესხება...“
გათვლა, თუკი ასეთი რამ არსებობდა, სწორი არ გამოდგა, რადგან ესპანელებს დიდად არ შეუწუხებიათ თავი პორტუგალიის კოლონიებისათვის, ამიტომ მათგან რაიმე ანტისპარსული ხასიათის ქმედება არ განხორციელებულა; შესაბამისად, არც საქართველოს მიუღია რაიმე დახმარება, ზემოხსენებული მიზეზების გამო და ეს მცდელობა ასევე უშედეგოდ დამთავრდა. თითქმის ასი წლის შემდეგ 1714 წელს სულხან-საბა ორბელიანის ელჩობა ევროპაში, და კერძოდ, საფრანგეთში, სადაც ის შეხვდა ლუდოვიკო XIV-ს. ამ დიპლომატიური ვოიაჟის მიზანი იყო ვახტანგ VI-ის სპარსეთის ტყვეობიდან გამოხსნა და მისი ქართლში გამეფება, როგორც ქრისტიანო მონარქისა, რისთვისაც საჭირო იყო საფრანგეთის ფინანსური მხარდაჭერა: 300 ათასი ეკკიუს დახარჯვა სპარსელთა მოსაქრთამავად... ფრაგნების ინტერესის საგნად და გაწეული ხარჯის საფასურად მოიაზრებოდა, სპარსეთთან სავაჭრო გზის საქართველოზე გადმოტანა და მისი კავკასიური მონაკვეთის დაცვა, ქართლის მეფის მიერ ფრანგი ვაჭრებისა და დიპლომატების მფარველობა. სამწუხაროდ, ასეთი დიპლომატიური შეთავაზებაც უშედეგოდ დამთავრდა. ცხადი იყო, რომ ბევრად განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან ევროპის ქვეყნებისა და საქართველოს ინტერესები... უფრო სწორად, საქართველოს ცალკეულ კუთხეთა ინტერესები, რადგან ორივე ელჩობა ქართლ-კახეთის მეფეებმა გაგზავნეს, რომლებიც სპარსეთისაგან შევიწროვებას განიცდიდნენ, მაგრამ ევროპელთათვის ეს სპარსეთთან ომის საბაბი ვერ გახდებოდა, რადგან მათთვის აქტუალური ოსმალეთის აგრესიის მოგერიება იყო და ეს მიანიშნეს კიდეც, ქართველ დიპლომატებს. თეიმურაზ I-ის ესპანეთის მეფისადმი გაგზავნილ წერილში, სპარსეთთან ერთად თურქეთი მოიხსენიება. ამან ქართველ მკვლევარებს კითხვა აღუძრა, თუ როდის და რატომ ჩაიწერა წერილში თურქეთი. ამის თაობაზე ისტორიკოს ილია ტაბაღუას ასეთი მოსაზრება აქვს გამოთქმული: „ჩემის აზრით, ეს მოხდა მადრიდში და ეს გააკეთა მადრიდის სამეფო კარზე მყოფმა, სამეფო კარის ერთ-ერთმა მრჩეველმა, ბერძენმა კონსტანტინე სოფიამ, რომელსაც აინტერესებდა თურქების მიერ ოკუპირებული თავისი სამშობლოს - საბერძნეთის განთავისუფლება, თეიმურაზ მეფის ელჩის ჩამოსვლისა და თეიმურაზის მხრიდან დახმარების თხოვნაში კი მან დაინახა ერთ-ერთი საშუალება, წარემართა საქართველოსა და ესპანეთის ძალები თურქეთის წინააღმდეგ, რასაც უნდა მოჰყოლოდა საბერძნეთის განთავისუფლება თურქების ბატონობისაგან“. არა მგონია, კონსტანტინე სოფიას ქართულ-ესპანური ალიანსის შექმნით თავისი სამშობლოს დახსნის სერიოზული იმედი ჰქონოდა. საბერძნეთი ისედაც იყო ევროპელთა ყურადღების საგანი, ვენეციელები ამ ქვეყნის გარკვეული ტერიტორიებისათვის თურქებს ებრძოდნენ. ვფიქრობ, თურქეთის თემის შემოტანით, თეიმურაზის წერილს ესპანელთა თვალში, წონა შეემატებოდა, - უფრო კონკრეტული და გასაგები გახდა, მათი ინტერესის საგანს მიუახლოვდა. აქედან, შეიძლება დავასკვნათ, რომ ბერძენმა მოხელემ ამით ერთგვარი დიპლომატიური დახმარება აღმოგვიჩინა, ამასთან, დაგვანახა, თუ როგორ უნდა დასმულიყო აქცენტები ისე, რომ ჩვენი თხოვნა ევროპელთათვის მისაღები გამხდარიყო... როცა საერთაშორისო პოლიტიკის კონიუქტურაში კარგად გავერკვიეთ, სათანადო ხასიათის მიმართვაც შეიქმნა; 1722 წელს ვახტანგ VI ავსტრიის იმპერატორს კარლოს VI წერდა: „ამ მძიმე ვითარებაში ჩვენ გვრჩება ერთადერთი გამოსავალი, მივმართოთ თქვენს გულმოწყალებას; მოგმართავთ რა თქვენ თხოვნით, აიძულოთ მაჰმადიანები, ძალით, ან პორტაში თქვენი ელჩის საშუალებით, შეაჩერონ ჩვენზე გამანადგურებელი ლაშქრობა, რომლითაც ისინი გვემუქრებიან“ შედეგიანი არც ეს მოთხოვნა აღმოჩნდა. აქ გამოჩნდა, რომ ევროპული პრაგმატიზმისათვის მიუღებელი იყო თუნდაც ახლობელი პოლიტიკური მიზნების მქონე, მაგრამ სუსტი მოკავშირის არსებობა, რომელიც არავითარ სამხედრო-ეკონომიკურ ძალას არ წარმოადგენდა... ეს რომ ასეა, ამას XVIII საუკუნის მეორე ნახევრის ამბებიც გვიდასტურებენ: საკმარისი იყო, ერეკლე II-ს მოეპოვებინა თავისი პირველი დიდი სამხედრო გამარჯვებები, რაც ქართლ-კახეთის სამეფოს გაძლიერებას უწყობდა ხელს, რომ ევროპა თავისებურად იწყებს რეაგირებას ამ ამბებზე; საქართველოდან საკმაოდ შორს, პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში 1766 წელს დაისტამბა ორი ბროშურა, მათში ლაპარაკი იყო ქართველი მეფის მხედართმთავრულ ნიჭზე და მოპოვებულ წარმატებებზე. პირველის სათაურია: „ახალი ცნობები სახელოვან ბრძოლასა და ბრწყინვალე გამარჯვებაზე, რომელიც სახელგანთქმულმა ქართველმა მეფემ, ერეკლემ მოიპოვა თურქეთის თავხედი სულთნის საშინელი ჯარის წინააღმდეგ“. ხოლო მეორე ასეა დასათაურებული: „ახალი ცნობები წარმატებით გამარჯვებაზე, რომელიც მეფე ერეკლეს ჯარებმა 1766 წლის 16 ივლისს მოიპოვეს ქალაქ ტრაპიზონის აღების დროს“. ამ ბროშურებში მეტად განდიდებულია ქართველთა მეფე და მას ისეთი რამ მიეწერა, რაც არ ჩაუდენია, მაგრამ ისიც არკაშაა, რომ ერეკლე II-მ, როგორც მხედართმთავარმა, მოპოვებული სამხედრო წარმატებებით, საკმაოდ გაითქვა სახელი, რომელმაც ევროპამდის მიაღწია, არ ვიცი, მათ სასურველი სინამდვილედ მიიჩნიეს, თუ იყო კიდევ სხვა მიზეზი, ერთი კი ცხადია, გარკვეული ძალები საგანგებოდ ზრუნავდნენ ქართველი მეფის იმიჯზე... დიდი გერმანელი განმანათლებელი გოტჰოლდ ეფრაიმ ლესინგი თავის კომედიაში, „mina fon branhelmi ანუ ჯარისკაცის ბედნიერება“, პერსონაჟების პირით ერეკლე II-ს ასეთ შეფასებას იძლევა:
პაულ ვერნერი იუსტს: „იუსტ, ხომ არაფერი გაგიგონია პრინც ერეკლეს შესახებ?
იუსტი: ერეკლე? არ ვიცი, ვინ არის.
პაულ ვერნერი: ნუთუ არაფერი იცი აღმოსავლეთის დიდი გმირის შესახებ?.. ადამიანო, მე მგონია შენ გაზეთებსაც ისე იშვიათად კითხულობ, როგორც ბიბლიას. მაშ, არ იცნობ პრინც ერეკლეს? იმ მამაც ვაჟკაცს, რომელმაც სპარსეთი დაიპყრო და დღეს, თუ ხვალ თურქეთის კარიბჭეში შეიჭრება“. აი, ასეთი ფორმა მიიღო ამ თანადგომამ, მაგრამ ილუზიები მალე გაიფანტა ევროპელთათვის, სხვა წყაროებზე რომ არაფერი ვთქვათ, თავად ერეკლე II-ს საკმაოდ ვრცელი მიმოწერა დასავლეთის სახელმწიფოთა მეთაურებთან, თუნდაც ავსტრიის იმპერატორთან და ვენეციის დოჟთან საკმარისი იყო რეალობაში გასარკვევად... ამასთან, ევროპელები მხოლოდ ქებას არ გვიძღვნიდნენ: მე-18-ე საუკუნის 80-იანი წლების მიწურულს იოჰან გოტფრიდ ჰერდერი თავის ნაშრომში „იდეები კაცობრიობის ისტორიის ფილოსოფიისათვის“, ასე მსჯელობს ჩვენს შესახებ: „კიდევ უფრო საბრალოა ქრისტიანული საქართველოს ბედი. აქ არის ეკლესიები და მონასტრები, პატრიარქები, ეპისკოპოსები, ბერები, ქართველი ქალები ლამაზები არიან, მამაკაცები გულადნი და მაინც, მშობლები ჰყიდიან თავიანთ შვილებს, ქმრები - ცოლებს, თავადები- ქვეშევრდომებს, მორწმუნეები მღვდლებს. უცნაური ქრისტიანობაა გამეფებული ამ სულით ლაღ და ღალატიანი გულის ქურდულ ხალხში“. ვერაფერს იტყვი, ნამდვილად არასახარბიელო სურათია დახატული და აქაც გამოვლინდა ევროპელთა ხედვისა და აზროვნების თავისებურება, რომლის არსში გარკვევაც ბევრად დაგვეხმარებოდა შედეგიანად წარგვემართა მათთან ურთიერთობა. ევროპელებმა თავიანთი მოგზაურების, თუნდაც უკვე ციტირებული შარდენის, აგრეთვე ტავერნიეს მეშვეობით, კათოლიკური მისიონების რელაციებზე რომ არაფერი ვთქვათ, კარგად უწყოდნენ, რა ხდებოდა XVII-XVIII საუკუნეების საქართველოში, მაგრამ აცნობიერებდნენ რა მის გეოპოლიტიკურ მდებარეობას, სატრანზიტო და სტრატეგიულ მნიშვნელობას, განიხილავდნენ მას შესაძლებელ მოკავშირედ ოსმალეთის იმპერიასთან ომში, ნებისმიერ კონსტრუქციულ პროცესს ჩვენს ქვეყანაში ინტერესით ეკიდებოდნენ...
მაშინ ჩვენ არ გაგვაჩნდა ერთიანი სახელმწიფო, დაქუცმაცებული ქვეყნის, პროვინციათა ინტერესების გამომხატველმა დიპლომატიამ ევროპელთა დამოკიდებულების ადექვატური პოლიტიკა ვერ განახორციელა, სამაგიეროდ, სტიმულირებული იქნა რელიგიური სნობიზმი (მართლმადიდებლობის ახალი ცენტრის ძებნა მოსკოვში) რომელმაც განაპირობა ის, რომ გზა ევროპისაკენ რუსეთზე გავლით გავიკვლიეთ... მაგრამ, თავად რუსეთს, ნამდვილად არ სურდა არანაირი „კორიდორის“ ფუნქციის შესრულება; პირიქით, რუსი პოლიტიკოსები მიიჩნევდნენ რა საქართველოს ვასალურ სახელმწიფოდ, გამორიცხავდნენ ევროპასთან ჩვენი ქვეყნის რაიმე ურთიერთობას. ამიტომ იყო, რომ 1783 წელს ხელმოწერილ, გეორგიევსკის ტრაქტატის მე-4 არტიკულით ქართლ-კახეთის სამეფოს საგარეო პოლიტიკა მთლიანად რუსეთის მიერ უნდა გაკონტროლებულიყო... თუ აქამდის, დასავლეთ ევროპასთან ჩვენს ურთიერთობებს ჯერ ბიზანტია ეღობებოდა, ხოლო შემდეგ ოსმალეთი, ახლა ეს ფუნქცია იკისრა რუსეთმა... რომელმაც ჯერ არ შეასრულა ტრაქტატის პირობები და ამით ქართლ-კახეთის აოხრება-გაპარტახებას შეუწყო ხელი... ხოლო შემდეგ, დაიპყრო საქართველო 1801 წელს, მაგრამ ევროპის ქვეყნების მხრიდან თავისი პოლიტიკის გამართლებას ვერ მიაღწია: ინგლისმა და საფრანგეთმა პროტესტი განაცხადეს ქართლ-კახეთის სამეფოს ანექსიის გამო.
ქართველებმა ვერ შევძელით მაშინდელი ევროპის წინაშე წამოგვეჭრა ე.წ. საქართველოს საკითხი, ანუ რიგი იმ პრობლემებისა, რომელიც იქაურ პროგრესულ საზოგადოებას უნდა გაეთავისებინა, რათა ჩვენ დაგვხმარებოდა და რასაც XIX საუკუნეში ბევრმა სხვა ერმა მიაღწია; - თუნდაც ბერძენთა მაგალითი რად ღირს.
მაშინ ქართველებმა ყურადღება ვერ მივიქციეთ, სამაგიეროდ მათ თავად გამოიჩინეს ინტერესი ჩვენდამი; ეს მოხდა ყირიმის ომის დროს, როდესაც რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი კოალიციის (საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, თურქეთი) სარდლობამ მიიღო გადაწყვეტილება, დასავლეთ საქართველოში შემოჭრილი თურქეთის არმიის სარდლის ომარ-ფაშას მეშვეობით, - თხოვნით მიემართათ სამეგრელოს დედოფლის, ეკატერინე ჭავჭავაძისათვის მხარი დაეჭირა მოკავშირეთათვის. სანაცვლოდ, პირდებოდნენ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას. სამეგრელოს მთავარს მიმართეს იმიტომ, რომ ის იყო ერთადერთი ნახევრად-დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის ხელისუფალი. ამით რუსეთისათვის საქართველოს ჩამოცილების კანონიერი საფუძველი იქმნებოდა. 1855 წლის 31 ნოემბერს ომერ-ფაშას მიერ გამოგზავნილი წერილი ადრესატს ამცნობდა: „მოკავშირეების სურვილია, რომ სამეგრელო და მისი მეზობელი მხარეები იყვნენ დამოუკიდებელნი რუსეთისა და სხვა სახელმწიფოებისაგან, იყვნენ თავისუფალნი და ჰყავდეთ საკუთარი მთავრობები“. ეკატერინე ჭავჭავაძემ პასუხი დააგვიანა, მიუხედავად ამისა, მოკავშირეთა წარმომადგენლები მასთან კონტაქტს განაგრძობდნენ. იმავე წლის 25 დეკემბერს, ეკატერინემ კიდევ ერთი წერილი მიიღო ფრანგი პოლკოვნიკის გრაფ დე მერფისაგან:
„სამხედრო ბანაკი და შტაბბინა ონტოფოში 1855 წლის 6 დეკემბერი“.
დედოფალო! თქვენო ბრწყინვალებავ, მე მესმის თქვენი მერყეობის მიზეზი. ქალბატონისათვის ეს საპატიოც კი არის, მაგრამ თუ ეს მერყეობა დიდხანს გაგრძელდება, მან შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს თქვენს ინტერესებს და თქვენი შვილების ინტერესებს. რუსები განადგურებულნი არიან დუნაიზე, ყირიმში და ენგურზე. მოკლედ, ყველგან, სადაც კი შეიძლება მათ შეხვდეთ. ახლა, როგორც ეს თქვენთვის გასაგებია, თქვენო ბრწყინვალებავ, რუსეთს სრულებით არ გააჩნია შესაძლებლობა დაიცვას და შეინარჩუნოს მის მიერ დაპყრობილი ადგილები კავკასიაში...
რუსეთს დასჭირდა თითქმის ერთი საუკუნის განმავლობაში ძალისხმევა და მსხვერპლის გაღება, რათა ნაწილობრივ დაეპყრო კავკასია და დაევიწყებინა იგი მსოფლიოსათვის. ევროპამ ახლა გამოიღვიძა. მას უნდა, რომ თქვენ შეხვიდეთ ცივილიზებული ერების დიდ ოჯახში, რათა ბოლოს და ბოლოს, ისარგებლოდ იმ უპირატესობით, რომელიც ღმერთმა ესეოდენ უხვად უბოძა თქვენს ქვეყანას.
დამოუკიდებლობა და აყვავება, აი ის, რაც ჩვენ თქვენთან მოგვაქვს. ნუთუ თქვენი ბრწყინვალება კიდევ მერყეობს?
გენერალური შტაბის პოლკოვნიკი, მისი უდიდებულესობის იმპერატორ ნაპოლეონ III-ის მიერ მისი ბრწყინვალება გენერალისიმუს ომერ ფაშასთან მივლინებული გრაფი დე მერფი“.
მიუხედავად წინადადების უაღრესად კონკრეტული ხასიათისა მოკავშირეებმა პასუხი ვერ მიიღეს, როგორც რუსი მოხელე ბოროზდინი თავის წიგნში „კავკასიური მოგონებანი, სამეგრელო და სვანეთი 1854-1861 წ.) წერს: „ეკატერინე დედოფალი, რა თქმა უნდა, არ დაჰყვა ომერ-ფაშასა, ინგლისისა და საფრანგეთის მთავრობათა აგენტების ნებას და დუმილით მოიშორა თავიდან სამივენი“, არ დაჰყვა იმიტომ, რომ, როგორც ჩანს, ის, თავს რუსეთის იმპერატორის ვასალად მოიაზრებდა... ამასთან, სათანადო პირადი თვისებებიც არის საჭირო, რათა ეროვნულ-განმანთავისუფლებელ მოძრაობას ჩაუდგე სათავეში... ესეც არ იყოს, სამასწლიანი რელიგიური სნობიზმით ნაკარნახევი რუსეთისაკენ ლტოლვის შემდეგ, მიუხედავად რუსული მმართველობის ზნეობრივი მიუღებლობისა, საქართველოს ფეოდალურ ელიტას არ შეეძლო პოზიციის რადიკალური შეცვლა და ფართო მასშტაბიანი ანტირუსული მოძრაობის დაწყება. მას ამისათვის არც სათანადო იდეოლოგია გააჩნდა, არც ენერგია და არც სახსრები, ბევრ შემთხვევაში კი, - არც სურვილი... ეროვნული ბურჟუაზია კი, რომელსაც მმართველი კლასი უნდა შეეცვალა, ჩვენში ჯერ ჩამოყალიბებული არ იყო...
ამრიგად, XIX საუკუნეში მეორედ მივიქციეთ ევროპის ყურადღება. პარიზის საზავო კონფერენციის პროგრამაში შეიტანეს „საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხი“, მაგრამ ვერ ვისარგებლეთ და ამის მიზეზს ყირიმის ომის დროს ქართველთა პასიურობა წარმოადგენდა... ჩვენ არც ემიგრაცია გვყავდა ევროპის ქვეყნებში, ამიტომ, ვერც ამ გზით ვახერხებდით ევროპელთა ყურადღების მიქცევას და, რისი შანსიც მოგვეცა, ისიც ხელიდან გავუშვით... რუსეთმა ის შეძლო, რომ კონფერენციის დღის წესრიგიდან ამოიღეს ყველაფერი, რაც საქართველოს შეეხებოდა, მაგრამ არ მოჰყოლია ამას ევროპის სახელმწიფოთაგან რუსეთის მიერ საქართველოს ანექსირების აღიარება. მაგრამ პარიზის კონფერენციაზე რუსეთმა მხოლოდ სანახევრ წარმატებას მიაღწია:
ქართველებისათვის 1853-1856 წლებში მიმდინარე ყირიმის ომის უმთავრესი შედეგი იყო, გრაფ დე მერფის ნათქვამს თუ გავიმეორებთ, „ევროპამ ახლა გამოიღვიძა“, სხვა თვალით შეხედა რუსეთის კავკასიაში ბატონობისა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხს.
დაახლოებით ნახევარი საუკუნის შემდეგ ევროპა კვლავ დაინტერესდა საქართველოთი. ამჯერად, „საქართველოს საკითხის“ წამოჭრის ინიციატივა ქართულ ინტელიგენციას ეკუთვნოდა. ეს მოხდა 1907 წელს, როცა ქართველ პატრიოტთა ჯგუფმა პეტიციით მიმართა ჰააგაში შეკრებილ მსოფლიოს სახელმწიფოთა მეორე სამშვიდობო კონფერენციას, რითიც უნდა აღკვეთილიყო რიგი სახელმწიფოთა მიერ სხვა სახელმწიფოთა წინააღმდეგ აგრესიის განხორციელება. ამ დიდ მსოფლიო ფორუმს წარუდგინეს დოკუმენტი, რომელიც შედგენილი იყო ვარლამ ჩერქეზიშვილის, მიხეილ წერეთლისა და გიორგი გვაზავას მიერ, ხელს აწერდა ქართველ საზოგადო მოღვაწეთა დიდი ჯგუფი და მიზნად ისახავდა გამძვინვარებული რუსული კოლონიალიზმისაგან ყოველმხრივ შევიწროვებული ქართველი ერის დაცვას. 26 ივნისის სხდომაზე დელეგატებს გააცნის პეტიციის ტექსტი. ამ საქმეში ქართველებს დიდი დახმარება აღმოუჩინა ცნობილმა ბელგიელმა იურისტმა ერნსტ ნინსიმ. მიუხედავად კეთილი განწყობისა, კონფერენციას რაიმე მნიშვნელოვანი და ჩვენთვის სასარგებლო გადაწყვეტილება არ მიუღია.
ახლა, როცა ქართველები გააქტიურდნენ და მსოფლიო საზოგადოების მხარდაჭერის აუცილებლობა გააცნობიერეს, ევროპის ქვეყნები არ აღმოჩნდნენ მზად, საქართველოსათვის აღმოეჩინათ რაიმე კონკრეტული დახმარება. თუმცა, ამით, ზემოხსენებული პეტიციის მნიშვნელობა არ კნინდება, რადგან ის ფაქტობრივად, იყო ჩვენი პირველი ცდა ცივილიზებული სამყაროს წინაშე საქართველოს საკითხის წამოჭრისა.
პირველი მსოფლიო ომის დროს საქართველო კვლავ მოექცა საერთაშორისო ყურადღების ცენტრში. სამწუხაროდ, მაშინ არც ქართული საზოგადოება იყო ერთიანი შეხედულებების მქონე მთელ რიგ პრობლემებზე და არც ჩვენი ეროვნული ინტერესების პროპაგანდის კონცეპცია გვქონდა შემუშავებული. მიზეზი ამისა ეროვნული ნიჰილიზმი იყო, - წარმოშობილი ახალ (კაპიტალისტურ) ფორმაციაში ადაპტირების სირთულეებით, - რასაც ერის ორად გახლეჩა მოჰყვა ეროვნული და სოციალური საკითხებისადმი დამოკიდებულების ნიადაგზე. ეს დაპირისპირება პოლიტიკურ ცხოვრებაშიც აისახა. მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერდა სოციალური ორიენტაციის ძალებს, უმცირესობა, - ეროვნულისას... აი, ამ სახის ბრძოლებს ხმარდებოდა მაშინ ჩვენი ეროვნული ენერგია. ცხადია, ასეთ ვითარებაში საქართველოს საკითხის დამკვიდრების შესაძლებლობა მეტად მცირე იყო... მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ XX საუკუნის დამდეგს იყო ცდა, ევროპაში ქართული ეროვნულ-განმათავისუფლებელი ცენტრის შექმნისა. ასეთად უნდა მივიჩნიოთ 1903 წელს, პარიზში, ქართულ და ფრანგულ ენებზე, გაზეთის, „საქართველო“ გამოცემა, რომელიც საქართველოში მიმდინარე პროცესებს ამცნობდა ევროპულ საზოგადოებას. ქართველ პატრიოტთა ნაწილი ცდილობდა, რუსეთისადმი ანტაგონისტურად განწყობილ ქვეყნებში წარემართათ თავიანთი საქმიანობა, კერძოდ გერმანიასა და თურქეთში. მაგალითად, კონსტანტინეპოლში დაიბეჭდა საქართველოს სუვერენიტეტისადმი მიძღვნილი პეტრე სურგულაძის წიგნები, ამავე ქალაქში შეიქმნა „დადიანის კომიტეტი“, რომელიც სხვა საქმიანობასთან ერთად, პირველი მსოფლიო ომის დროს ტყვედ ჩავარდნილ ქართველთაგან შეიარაღებულ ძალებს აყალიბებდა სამთა კავშირის ქვეყნებში, რომლებსაც უნდა ებრძოლათ საქართველოს დამოუკიდებლობისათვის.
1917 წლის ოქტომბრის გადატრიალებამ და ბოლშევიკური რეჟიმის დამყარებამ რუსეთში, ამ იმპერიის დაშლის დასაწყისმა და პირველ მსოფლიო ომში, ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერითა და ქმედითი მონაწილეობით, ანტანტის გამარჯვებამ, ახალი ღირებულებებისა და მათი დამამკვიდრებელი ძალების არსებობის ფაქტის წინაშე დააყენა მსოფლიო. ისტორიის ეს მომენტი აისახა 1920 წელს ევროპის გაზეთებში გამოქვეყნებული ასეთი კარიკატურით: დედამიწის სფეროზე ორი მარყუჟია ჩამოცმული, ერთს ექაჩება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ვუდრო ვილსონი (მისი გამოსახულების ქვეშ წაწერილია: „14 პუნქტი“ და „ნაციონალიზმი“), მეორეს ეწევა რუსეთის დიქტატორი, - ვლადიმერ ლენინი (რომლის ქვეშაც წაწერილია, „კომინტერნის 21 პირობა“ და „ინტერნაციონალიზმი“). ამ გზით წარმოჩინდა ის პრინციპები, რომელთა შორის არჩევანი უნდა გაეკეთებინა ყველა ქვეყანას, ხალხს, ადამიანს. ასეთი არჩევანის წინაშე აღმოჩნდნენ ქართველებიც და გააკეთეს იგი კაპიტალისტური დასავლეთის სასარგებლოდ. ნოე ჟორდანიამ დამფუძნებელი კრების დეპუტატებს ასე ამცნო თავისი პოზიცია: „თქვენ იცით, რომ საქართველოსა და რუსეთის გზები ერთმანეთს დაშორდა. ჩვენს გზას ევროპაში მივყავართ, რუსეთის გზას კი აზიაში. ვიცი, მტრები იტყვიან, რომ ჩვენ იმპერიალისტების მხარეზე ვართ. ამიტომ აქ უნდა განვაცხადო: აღმოსავლეთის ფანატიკოსებს დასავლეთის იმპერიალისტები მირჩევნია“. ეს ქართველი სოციალ-დემოკრატების დიდ შემობრუნებას და „სოციალიზმის ნაციონალიზაციას“ ნიშნავდა, მაგრამ ეს ნამდვილად არ იყო საკმარისი იმისათვის, რომ იმავე დასავლეთს ჩვენი სწორი იდენტიფიცირება შეძლებოდა, „თავისიანად“ ვეცნეთ და 1918 წელს გამოცხადებული საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისათვის დახმარება აღმოეჩინათ. მიზეზი ამისა, მმართველი პარტიის პოზიცია გახლდათ. ქართველი მენშევიკები მაინც რჩებოდნენ ინტერნაციონალისტ სოციალისტებად, არსებითად კი, რუსოფილებად, ცუდად ესმოდათ ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესები და ამის გამო ევროპისა და ამერიკისათვის ერთგვარად უხერხული პარტნიორები იყვნენ. ასე რომ, ჩვენი ყოფის სპეციფიკა და აქედან გამომდინარე პოლიტიკურ ლიდერთა შეხედულებანი, ისევე, როგორც გვიან შუა საუკუნეებში, ახლაც, დასავლეთისათვის, არცთუ მთლად უპირობოდ მისაღებად ხდიდა საქართველოს საკითხს... ეს კარგად გამოჩნდა ბრესტის ზავის დროს. ეს შეთანხმება ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვის საფუძველი უნდა გამხდარიყო, რადგან ქართული სახელმწიფოს აღდგენისათვის ამზადებდა ნიადაგს, მაგრამ, სწორედ საქართველოს მაშინდელ მესვეურთა არაკონსტრუქციული მოქმედების შედეგად, - გამოყენებული არ იქნა. ამის თაობაზე მეტად საინტერესო მოსაზრებას გვაწვდის რეზო გაბაშვილი თავის მოგონებებში: „როცა იმავე წლის (1918 პ.ი.) მარტში გერმანელებმა დააჩოქეს რუსეთი და ბრესტ-ლიტოვსკში ხელი მოაწერინეს „სამარცხვინო ზავზედ“ („Похабный мир“),მგონი თვით ხელის მომწერ ტროცკის სიტყვებია დამახასიათებელი), - ხელის მოწერამდე მოიწვიეს საქართველოსი და კავკასიის წარმომადგენლები, მათი მხარეების ინტერესების დასაცველად, - გეგეჭკორმა, მაშინ ჯერ კიდევ დამოუკიდებლობის გამოუცხადებელი კავკასიის გამოცხადებულმა მინისტრმა, - გაუგზავნა დეპეშა: „რადგან კავკასია (და საქართველო მაშა) შეადგენს რუსეთის ნაწილს, ზავის საკითხი რუსების კომპეტენციას შეადგენსო“. ასეთი პრორუსული პოლიტიკით ქართველმა მენშევიკებმა ის მოიმკეს, რომ მათი წყალობით ხელგახსნილმა რუსეთმა, საქართველოს ხარჯზე მიაღწია ოსმალეთთან გარიგებას და ართვინი, არდაგანი და აჭარა ბათუმითურთ თურქეთს გადასცა, რის თაობაზეც 2 მარტს ემცნო საქართველოს ხელისუფლებას და, რომელმაც უკვე მომხდარ ფაქტზე მოახდინა რეაგირება და ამიერკავკასიის სეიმის სახელით (ეს ორგანო მართავდა მაშინ საქართველოს, სომხეთს და აზერბაიჯანს) კარლო ჩხეიძემ და ევგენი გეგეჭკორმა პროტესტი განაცხადეს - ამ გარიგებას არ ვცნობთო, მაგრამ ამას, ცხადია, თურქეთისათვის ხელი არ შეუშლია ბრესტის ზავით მიღებული პროვინციები დაეკავებინა...
თავად საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადეს ქართველმა სოციალ-დემოკრატებმა, ერთის მხრივ, თურქეთის მხრიდან რეალური საფრთხის შიშით, - რაც მათ ძალაუფლების დაკარგვით ემუქრებოდა და, მეორეს მხრივ კი, - გერმანიის რჩევითა და მოთხოვნით... ამისი უტყუარი დადასტურებაა აკაკი ჩხენკელის დეპეშა, რომელიც მან საქართველოს ეროვნული საბჭოს პრეზიდიუმს გაუგზავნა, - თურქებთან მოლაპარაკების დროს, ბათუმიდან: „... დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდგომი გაჭიანურება გამოიწვევს გამოუსწორებელ შედეგს. გერმანელების შუამდგომლობის ცდა არ გამოგვივიდა. დაგვრჩენია ერთი რამ: თურქების შემოტევას დავუპირისპიროთ საქართველოს დამოუკიდებლობა, რომელსაც მხარს უჭერს გერმანია...“
ამ კონიუქტურის შედეგი იყო 26 მაისს პირველი რესპუბლიკის დაბადება, რომელიც იმავე წელს ცნეს თურქეთმა და გერმანიამ, რითაც დაიწყო აღდგენილი ქართული სახელმწიფოს აღიარების პროცესი. ახლადწარმოქმნილი რესპუბლიკის საერთაშორისო დასაყრდენს გერმანია წარმოადგენდა, რომელმაც რუსეთთან ბრესტის ზავის დამატებითი კერძოდ, 27 აგვისტოს აქტით, მოიპოვა ბოლშევიკური რუსეთისაგან საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობის პირობა. ზემოხსენებული ხელშეკრულების მე-13 მუხლში ნათქვამია: „რუსეთი თანახმაა, რომ გერმანია სცნობს საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოებრივ ორგანიზმად“. ამრიგად, გერმანიის დახმარებით, დარეგულირდა ურთიერთობა თურქეთთან და რუსეთთან. ეს კარგი იყო, მაგრამ საქართველოს, ანტანტასთან უნდა მოეგვარებინა ურთიერთობა, მითუმეტეს, მსოფლიო ომში გერმანია დამარცხდა. საქართველოდან გავიდა გერმანიის ჯარი, გაუქმდა ბრესტის ზავი, რაც ხელს უხსნიდა რუსეთს (ორივეს, თეთრსა და წითელს) საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის განსახორციელებლად. ყველაფერ ამას ჩვენი ქვეყანა თავისით უნდა გამკლავებოდა, - რაც არარეალური იყო და, ვერც ავცდით სხვა სახელმწიფოების ჯარების შემოყვანას საქართველოში. მითუმეტეს, არსებობდა რამდენიმე საიდუმლო ხელშეკრულება ევროპულ ქვეყნებს შორის, რუსეთის ყოფილი იმპერიის დაყოფის თაობაზე სამოქმედო სფეროებად. ასეთი გახლავთ ინგლისსა და საფრანგეთს შორის 1917 წლის 23 დეკემბერს დადებული საიდუმლო კონვენცია, რომლის ძალითაც საფრანგეთს ეკუთვნებოდა ბესარაბია, უკრაინა და ყირიმი. ინგლისს კი, - ყუბანის, დონის ტერიტორიები და კავკასია.
საქართველოს მესვეურები ცუდად ერკვეოდნენ ევროპული პოლიტიკის ნიუანსებში, არადა, მოვლენათა განვითარების ლოგიკა ითხოვდა სერიოზულ ანალიზსა და შესაფერისი გადაწყვეტილების მიღებას.
გერმანიის დამარცხება და ანტანტის გამარჯვება კარნახობდა ჩვენს მთავრობას ახალ პარტნიორებთან ურთიერთობის მოწესრიგების აუცილებლობას. თუნდაც იმიტომ, რომ, თუ ჩვენი დამოუკიდებლობის გამოცხადება უზრუნველყო გერმანიის მხარდაჭერამ, ახლა, სხვა მფარველი უნდა გამხდარიყო თავისუფალი საქართველოს არსებობისა გარანტი. შინაგანი სისუსტის პირობებში სხვა გამოსავალი არ იყო...
ჭეშმარიტებას ღაღადებდა ზურაბ ავალიშვილი როცა წერდა: «ყოველგვარი აღიარების, გადაწყვტილების, მხარდაჭერის და წახალისების ცენტრმა, დასავლეთში, პარიზში გადაინაცვლა, სადაც გამარჯვებულთა კონგრესი ან კონფერენცია უნდა შეკრებილიყო. ჩვენთვის პარიზისაკენ მიმავალი გზა ლონდონზე გადიოდა, არა მარტო მაშინდელი სამიმოსვლო კავშირების გეოგრაფიული, არამედ პოლიტიკური პირობების გამოც. დროებითი ზავი თურქეთთან, როგორც მთავარ მოწინააღმდეგესთან აზიურ აღმოსავლეთში, დიდი ბრიტანეთის ხელთ იყო; ბრიტანელი ადმირალის არტურ კოლთორპის (Caolthorpe) მიერ 1918 წლის 30 ოქტომბერს ხელმოწერილ თურქეთ-ბრიტანეთის სწორედ ამ, დროებით, კონვენციაში მხედველობაში მიიღეს ამიერკავკასიის ქვეყნებიც, როგორც, დასრულების სტადიაში მყოფი ომის, ერთ-ერთი ასპარეზი. გარდა ამისა, მოკვაშირეთა ჯარების დისკოლაციის პრობლემებისა და იმ განსაკუთრებული მდგომარეობის მიხედვით, რომლის დაკავებასაც აშკარად ცდილობდა ინგლისი, საფიქრებელი იყო, რომ ამიერკავკასიას ესტუმრებოდა სწორედ ინგლისი და არა სხვა ვინმე. ამიტომ აუცილებლად მიგვაჩნია, რაც შეიძლება მალე დაგვემყარებინა უშუალო კავშირი ბრიტანეთის მთავრობასთან ლონდონში, რათა ამ მხრივ მოგვემზადებინა დამოუკიდებელი საქართველოს „შეგუება“ საერთაშორისო ვითარებასთან, მით უმეტეს თუ ეს „ვითარება, ინგლისის ჯარების სახით, თვითონ აპირებდა ჩვენს საზღვრებში შემოსვლას“.
უკეთესად ვერ შეაფასებ სიტუაციას და სამომავლო პოლიტიკის ხასიათს, მაგრამ ქართველ მენშევიკებს, კლასობრივი ბრძოლის პოზიციებზე მდგართ, ეს გაუჭირდათ, სამაგიეროდ, ეს არ გაჭირვებია ჩვენს მეზობელ სომხეთს, და როდესაც 1918 წლის 7 დეკემბერს, სომხეთმა ომი დაგვიწყო, ნათელი გახდა თუ რას ნიშნავდა ინგლისის კეთილგანწყობა... საქართველოს მთავრობის მაშინდელი თავმჯდომარე ნოე ჟორდანია ასე იგონებს ინგლისთან გაფუჭებული ურთიერთობის ისტორიას: „პირველი ინგლისელი, რომელიც მოვიდა ჩემთან სადარბაზოდ თავისი ჯარების სახელით იყო ღენერალი ბრაიდფორდი (მგონია ასეთი იყო მისი გვარი) მქონდა მთავრობის სხდომა. შემოვიდა, მაგრამ პირველი ფრაზიდან აშკარა იყო, რომ შემოვიდა როგორც ფელდფებელი, უკმეხი და უზრდელი, მბრძანებელი და ბატონი. მომიხდა სასტიკი შეტაკება, დაგვემუქრა - დიდხანს აქ ვერ იბატონებთო და წავიდა. ცოტა ხნის შემდეგ მუქარა სისრულეში მოიყვანა - სომხები შემოგვისია. რა სურდათ? ინგლისმა იმედი გაუცრუა სომხებს, ოსმალეთში აღარ შეუქმნეს დანაპირები კერა და მოინდომეს რაიმე სამაგიერო მიეცათ ჩვენს ხარჯზე“, შემდეგ, აღწერს რა სომხეთ-საქართველოს ომის მსვლელობას და მასში ქართველთა გამარჯვებას, ინგლისელთა მოქმედებას ასე გვიხატავს: „ამ დროს გამოჩნდნენ ისევ ინგლისელები იმედ გაცრუებულნი, რომ ჩვენ სომხები დავამარცხეთ და ულტიმატუმი წარმოგვიდგინეს - შეაჩერეთ ომიო. ორი დღე გავაგრძელეთ ლაპარაკი, ბოლოს დავთანხმდით“. ამით სომხებთან ომი დამთავრებულია, მაგრამ როგორც ჟორდანია წერს: „ინგლისელები არ დაცხრნენ. იწყება მათი ინტრიგები მესხეთ-ბათუმის ოლქში. ეს ცნობილი ამბავია“. ის, რასაც მთავრობისა და მმართველი პარტიის ლიდერი წერს, მიზეზი კი არა, უკვე შედეგი იყო ინგლისთან მოუგვარებელი ურთიერთობისა. ეს პრობლემა მოგვიანებითაც იჩენს თავს, როცა ინგლისის ჯარი საქართველოს დატოვებს 1920 წელს და ჩვენ ბოლშევიკური რუსეთის აგრესიის პირისპირ მარტონი აღმოვჩნდებით. ანტანტასთან საერთო ენის პოვნა და მათი მფარველობის მოპოვება არსებითად ვერ მოხერხდა, წასული ინგლისელების ადგილი იტალიას უნდა დაეკავებინა, მაგრამ არც ეს გეგმა განხორციელებულა. საერთოდ, 1919 წელს, პარიზის საზავო მოლაპარაკბათა დროს საქართველოს დელეგაციის მცდელობა, მიეღწიათ ჩვენი დამოუკიდებლობის აღიარებისათვის და შეგვეძინა მოკავშირეები გამარჯვებულთა სახით, მარცხით დამთავრდა. ანტანტის ძირითადი ქვეყნები საქართველოს ჯერ კიდევ რუსეთის ნაწილად მიიჩნევდნენ... ამ თვალსაზრისით უაღრესად ყურადსაღებია პარიზში ინგლისის წარმომადგენლის, კროუს ნათქვამი: „მე ვფიქრობ, რომ ადგილობრივი თვალსაზრისით, საქართველოსა და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობა შეიძლება ჩვენთვის კარგ პოლიტიკად გამოდგეს: მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენი პოლიტიკა ამ ქვეყნების მომავალთან დაკავშირებით, ვგონებ უცილობლად დაკავშირებულია რუსეთთან დაკავშირებულ ჩვენს მომავალ პოლიტიკასთან“. ქართულმა დიპლომატიამ ეს ხელოვნური დაკავშირება ვერ გაარღვია, ვერ აქცია ანტანტის ქვეყნებისათვის საქართველო, მიუხედავად არსებული გარკვეული პოლიტიკური და ეკონომიკური მიზნებისა, სერიოზული ინტერესის საგნად. ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ საქართველოს აღიარება დაგვიანებით და სანახევროდ განხორციელდა: 1920 წლის 20 იანვარს, დე ფაქტოდ გვცნო ინგლისმა, საფრანგეთმა და იტალიამ, 7 თებერვალს, იაპონიამ. დე იურედ კი ამ ქვეყნებმა მხოლოდ 1921 წლის 27 იანვარს გვცნეს, მეორე რუსული ოკუპაციის დაწყებამდე ორი კვირით ადრე...
სუბიექტურის გარდა, ბევრი ობიექტური დაბრკოლება ხვდებოდა ევროპისაკენ მიმავალ გზაზე საქართველოს: იყო ორივე რუსეთის, - თეთრისა და წითელის მხრიდან, წინააღმდეგობა და ხელის შეშლა, სირთულეს ქმნიდა ის, რომ თავიდან, საქართველომ, გერმანიის დახმარებით მოიპოვა დამოუკიდებლობა. ქვეყნისა, რომლის დამარცხებასთან ერთად შეიძლება დასამარებულიყო ჩვენი თავისუფლების იდეაც. ანტანტის ქვეყნების პოლიტიკოსთა გაღიზიანეას იწვევდა ქართველი მენშევიკების მყვირალა, სოციალისტური ლოზუნგები, მათი ბეცი პოლიტიკა, - როცა ევროპის სახელმწიფოთა წამყვან პოლიტიკოსებთან სასურველ შედეგებს ვერ აღწევდნენ და მათთან ოპოზიციაში მყოფ სოციალისტებს იწვევდნენ მათგან მიღებულ შეფასებას ანიჭებდნენ დიდ მნიშვნელობას. მაგალითად ისეთს ბელგიელმა სოციალ-დემოკრატმა, ემილ ვანდერველდემ რომ გამოთქვა: „რამდენიმე წლის წინათ ომამდის, საერთაშორისო საქმეებში ჩახედულ და მარქსიზმის ძირითად იდეებში გარკვეულ მებრძოლებს კითხვა რომ დაესვათ, თუ სად, რომელ სატახტო ქალაქში, პირველად აიღებს ხელში ძალაუფლებას დემოკრატიული სოციალისტური მთავრობაო, ზოგი კომუნის გახსენებით პარიზზე იფიქრებდა, ზოგი და უფრო მეტი ბერლინზე, ლონდონზე, სტოკჰოლმზე ან ბრიუსელზე, ხოლო ნიძლავს ვდებ, რომ არ აღმოჩნდებოდა ერთიც, რომ ეფიქრა თბილისზე, საქართველოს რესპუბლიკის დედაქალაქზე“. ევროპელთათვის ასეთი სიურპრიზიც არ იყო ურიგო, მითუმეტეს, რომ ჩვენი სოციალიზმი რუსულ ბოლშევიზმს ძირეულად ემიჯნებოდა. თუმცა, ეს ნამდვილად არ კმაროდა კაპიტალისტური ევროპის გულის მოსაგებად... და მაინც, არც ეს იყო არსებითი მნიშვნელობის მიზეზი იმისა, რომ დავრჩით მხარდაჭერის გარეშე კომუნისტური რუსეთის აგრესიის დროს. საქმე იმაშია, რომ ნებისმიერი სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკას განაპირობებს შინაგანი პოლიტიკის თავისებურება. საზოგადოებრივი ცხოვრების ის წესი, პირველი რესპუბლიკის დროს რომ იყო ჩვენში, მისთვის დამახასიათებელი ნაციონალური და სოციალური პრობლემების ხელოვნური ურთიერთდაპირისპირებით, შიდა განხეთქილებით, პარტიული კუთვნილების პრინციპზე აგებული, - მანკიერი საკადრო პოლიტიკით, ეროვნული იდეოლოგიის არქონით გამოწვეული, - ერთიანი ღირებულებების არარსებობით და, ამ მიზეზების შედეგად, ეროვნულ-სახელმწიფოებრივი განვითარების გეგმის შეუქმნელობა გამორიცხავდა ეროვნული ენერგიის სათანადო გამოვლენას. აქედან მოსახლეობის სოციალური პასიურობა, - რაც საფუძველი იყო ჩვენი სისუსტის, სიღარიბის, ნაკლებად ქმედითობის. ამის გამო კი ვიქეცით ისეთ ქვეყნად, რომლის ინტერესებს, საერთაშორისო ასპარეზზე, შეიძლება ანგარიში არ გასწეოდა... თუ ამას დავუმატებთ არასწორად წარმართულ საგარეო პოლიტიკას, გასაგები უნდა იყოს, რატომ ვერ მოვიპოვეთ ევროპისა და ამერიკის ის თანადგომა, რასაც ხელი უნდა შეეწყო საქართველოს ერთა ლიგაში გაწევრიანებისათვის. ხოლო, რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში, უნდა დაეცვა საქართველო. მაგრამ ზემოხსენებული მიზეზების გამო, 1921 წელს, რუსეთის მიერ ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას და ანექსიას დიდი აურზაური დასავლეთში არ მოჰყოლია... თუმცა, თანადგომის ცალკეული გამოვლინებები ნამდვილად იყო: 1922 წლის 22აპრილს საფრანგეთის რესპუბლიკის პარლამენტის სხდომაზე, სოციალისტმა ედუარდ ერიომ განაცხადა: „საქართველოს სუვერენიტეტი თვით რუსეთმა ცნო ხელშეკრულებით, რომელიც არავითარ ეჭვს არ იწვევს, ვთხოვ, ბატონ მთავრობის თავმჯდომარეს, კეთილი ინებოს და განაცხადოს, რომ მისი მთავრობა კვლავინდებურად კეთილგანწყობილია ამ დამოუკიდებლობისადმი. საფრანგეთის სახელით ამის თქმა, იმ საფრანგეთისა, რომელსაც ღვაწლი მიუძღვის პოლონეთისა და ჩეხეთის დამოუკიდებლობის დამკვიდრებაში, ჩვენ ნებას მოგვცემს ნუგეში ვცეთ ამ უბედურ, ჩაგრულ ერს“. ხოლო, იმავე 1922 წლის 22 სექტემბერს, ერთა ლიგის საზოგადო კრებამ, მოუწოდა საბჭოს, «ყურადღებით ადევნოს თვალი ქვეყნიერების ამ კუთხის ამბებს, რათა ისარგებლოს ყოველივე შემთხვევით, რომელიც კი მიეცემა, და დაეხმაროს მშვიდობიანი და საერთაშორისო სამართლის შესაფერის საშუალებით ამ ქვეყნისათვის ნორმალური მდგომარეობის დაბრუნებას». მიუხედავად თავისი ბონდოვანი ხასიათისა, ეს განცხადება მაინც იმისი მანიშებელი იყო, რომ ვახსოვდით, - თუმცა რუსეთთან ურთიერთობას არავინ ირთულებდა. რეალურად, ჩვენდა სასიკეთოდ, არაფერს აკეთებდნენ. ეს კი არადა, რაც უფრო მტკიცდებოდა კომუნისტური რუსეთის პოზიციები ევროპულ ქვეყნებში, მით უფრო ივიწყებდნენ საქართველოს ინტერესებს და ბოლოს, 1933 წელს, როცა საფრანგეთსა და რუსეთს შორის ხელმოწერილ იქნა თავდაუსხმელობის პაქტი, საფრანგეთის პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა საქართველოს პრეტენზიებს რუსეთისადმი, - მიიჩნია ის „ნაკლები მნიშვნელობის“ მქონე საკითხად და, რუსეთისათვის რომ უხერხულობა არ შეექმნათ, პარიზში გააუქმეს საქართველოს ემიგრანტული მთავრობის ლეგაცია...
ჩვენი ქვეყნის პრობლემები ვერც ერთა ლიგამ გადაწყვიტა, მიუხედავად მის წინაშე არაერთგზის წამოჭრილი საქართველოს საკითხისა, რომელიც დადგა მაშინაც, როცა 1934 წელს რუსეთი ამ ორგანიზაციაში გაწევრიანდა. ერთადერთი, რაც ამ დროს გაკეთდა, იყო განცხადება იმის თაობაზე, რომ: «ერთა ლიგაში რუსეთის მიღებით საქართველოს საკითხი არ მოხსნილა საერთაშორისო ასპარეზიდან. ის მხოლოდ გადადებულია». მეტი იმხანად ვერ გაკეთდა და ამას ისიც უწყობდა ხელს, რომ არ არსებობდა ძალა, რომელიც ქართული პრობელმების ლობირებას შეძლებდა. ასეთი დაიტერესებული ჯგუფი არ იყო ევროპელთა და ამერიკელთა შორის და ვერც ქართულმა ემიგრაციამ გამოიჩინა ის ძალისხმევა, რაც საკმარისი იქნებოდა იმისათვის, რომ დასავლეთის ცივილიზებული სამყაროს წინაშე წამოჭრილიყო და დაამკვიდრებულიყო საქართველოს საკითხი”...
კოლონიურ-კომუნისტური რეჟიმის წინააღმდეგ არაერთხელ ამბოხებულან ქართველები და მაინც, ჩვენი აქტიურობა, განსაკუთრებით ე.წ. სსრკ-ს არსებობის ბოლო სამი ათეული წლის მანძილზე, ისე საგრძნობი არ ყოფილა, რომ ევროპასა და ამერიკაში ეს ანგარიშგასაწევ მოვლენად მიეჩნიათ. პირიქით, კონფორმისტთა უჩვეულო მომრავლებამ, კომუნისტთა და კომკავშირელთა განსაკუთრებულად დიდმა რიცხვმა, ქართველი პარტიული ფუნქციონირების კარიერისტულმა ზეაღსვლებმა იმპერიის უმაღლეს თანამდებობებზე, დასავლელ ანალიტიკოსებს მცდარი დასკვნა გააკეთებინა და აფიქრებინა, რომ საქართველო კომუნიზმის ერთ-ერთი დასაყრდენი იყო... „პერესტროიკის“ წლებში, მე თავად მაქვს ტელევიზიით ნანახი რუკა, რომელზედაც სსრკ-ს პროკომუნისტური რეგიონები იყო აღნიშნული და, მათ შორის გამოირჩეოდა საქართველო... ჩვენთვის რადგანაც ვიცით, გაკომუნისტების მაშინდელი ჭეშმარიტი, ანუ სოციალური მიზეზი, დასავლეთელი ანალიტიკოსების ასეთი დასკვნები ღიმილის მომგვრელია, მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ იმას, რა შედეგი შეიძლება მოჰყოლოდა ასეთ შეფასებას, მაშინ დავრწმუნდებით, რომ სასაცილო ნამდვილად არაფერია; მითუმეტეს, ვერ შევძელით და «პერესტროიკის» წლებში აგორებული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა ისე ვერ წარვმართეთ, რომ თავი აგვერიდებინა ნაციონალური, პოლიტიკური, ეთნიკური და სოციალური პრობლემების იმ რადიკალური გამოვლენისათვის, რომელიც შემდეგ, ხანგრძლივ კონფლიქტში გადაიზარდა. გაირკვა ისიც, რომ ადვილად მართვადნი ვიყავით გარეშე ძალების მხრიდან, ამის გამო, რუსეთმა ადვილად შეძლო დესტრუქციული პროცესების წარმართვა. ჩვენ კი, ნებისმიერი კონსტრუქციული საქმიანობის დაწყება გვიჭირდა... ასეთი მდგომარეობა ევროპისა და ამერიკისათვის, ნაკლებად მიმზიდველს ხდიდა ქართველთა ბრძოლას თავისუფლებისათვის; ხოლო, სსრკ-ს დაშლის შემდეგ, ჩვენს სახელმწიფოს, სადაც შესაძლებელი გახდა: სახელმწიფო გადატრიალება, სამოქალაქო ომი, ეთნოსეპარატიზმი, გამოუცხადებელი ომი რუსეთთან და მასში დამარცხება, ტერიტორიის დროებით დაკარგვა, პრივატიზაციის კრიმინალურ რევოლუციად გადაქცევა, პოლიტიკური ელიტისა და ბიუროკრატიის უკიდურესი კორუმპირებულობა, - დასავლეთისათვის ვიქეცით უხერხულ პარტნიორებად... ამასთან, ჩვენი ორიენტაციაც, კარგახანს, ნათლად არ იყო გამოხატული... მიუხედავად ამისა, და ცხადია საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობის მნიშვნელობის გამო, ჩვენი ქვეყანა დასავლეთის ინტერესების ორბიტაში მოექცა: ის იურიდიულად აღიარეს, მასთან დიპლომატიური ურთიერთობანი დაამყარეს, მიგვიღეს გაეროსა და ევროსაბჭოს წევრად, მხარს უჭერენ საქართველოს როლსა და ადგილს ნავთობსადენებისა და „აბრეშუმის გზის“ პროექტებში, აღმოგვიჩინეს ეკონომიკურ დახმარება, გაგვიხსნეს კრედიტები; ამზადებენ ქართველ სპეციალისტებს, გვეხმარებიან სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის პროცესში. საერთაშორისო ფორუმებისა და მოლაპარაკებების დროს, განუხრელად ვგრძნობთ ევროპისა და ამერიკის სახელმწიფოთა თანადგომას სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის განმტკიცებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საქმეში.
ასეთია დასავლეთის დამოკიდებულება საქართველოსადმი, ოღონდ, რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს ჩვენი პოზიცია, ევროპისა და ამერიკისადმი, - არაერთგვაროვანია... მათ ბევრი მაქებარიც ჰყავთ და ბევრი მაძაგებელიც. თუმცა, ორივე შეხედულების ობიექტურობაში ეჭვი შეიძლება შეიტანო: ნამდვილად არ არიან მართალნი ისინი, რომელთაც აშინებთ უცხოური კაპიტალის შემოსვლა და ჩვენი საწარმოების უცხოელების ხელში გადასვლა. ვინც დარდობს, - ქართულ მიწას სხვა არ დაეპატრონოს. ეს ადამიანები ფიქრობენ, რომ სავალუტო ფონდი მიზანდასახულად ატარებს ისეთ ფინანსურ პოლიტიკას, რომლის მიზანია, ხელი შეუშალოს ადგილობრივი მრეწველობის განვითარებას, - რათა საქართველო მუდმივად დარჩეს განვითარებად ქვეყნად და ევროპული და ამერიკული პროდუქციის გასაღების ბაზრად. რაც შეეხება ნავთობსადენსა და „აბრეშუმის გზას“, ამასთან დაკავშირებით ეჭვობენ, ქართველებს, ამ საქმეში, მხოლოდ მომსახურე პერსონალის ფუნქციას მიაკუთვნებენო... ჰგონიათ, როგორც ადრე ვიყავით რუსეთის ზემოქმედების ობიექტი, ახლა ამერიკის სატელიტად გადავიქცევითო... პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობათა ამდაგვარ ხედვას ემატება დასავლური ცხოვრების წესისა და ღირებულებათა მიმართ შიში: ემანდ, არ დავკარგავთ ტრადიციულობას, იმას, რაც ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობის გამოვლინებას წარმოადგენს... ამიტომ, ყველაფერში მასონთა ხრიკებს ხედავენ, - არ სურთ ეროვნული საგანძურის საზღვარგარეთ გამოფენა... რომის პაპის ვიზიტმა ბევრი დააფრთხო... ყველაფერში დასავლეთელების დივერსიულ ქმედებებს გულისხმობენ, - იქნება ეს კულტურის, ზნეობისა თუ რელიგიის საკითხი.
ასეთივე ანეკდოტურია იმათი ქმედება, ვინც უპირობოდ იღებს ყოველივე დასავლურს და მეტისმეტად დიდ იმედებს ამყარებს ევროპასა და ამერიკაზე; და, მათ ფირმებსა თუ ცალკეულ სპეციალისტებში იმ მაორგანიზებელ ძალას ხედავს, რომელმაც ჩვენ, სახელმწიფოებრივი ცხოვრება უნდა მოგვიწესრიგოს. ასე ფიქრობენ პოლიტიკოსებიც და ენერგეტიკისა და საბაჟოს საქმიანობის ნორმალური წარმართვა ამერიკელებსა და ინგლისელებს გადააბარეს... უმაღლეს საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებაში მოხვედრისათვის, ჩვენი პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლები თავს იკლავენ... - სახელმწიფოს მართვა კი, ადაპტირებული ევროპული და ამერიკული კანონებით სურთ... ბევრია, ჩვენ ხელისუფლებაში ისეთი, ვისთვისაც მნიშვნელობა არა აქვს იმას, რამდენ ვალს აიღებს საქართველო, როგორ გამოიყენებს და როდის გადაიხდის მას. მთავარი, მათთვის, კრედიტების შეხრამუნებაა და ამიტომ დასავლური კაპიტალის მოდინებას აღტაცებით ხვდებიან... არც ისინი არიან ცოტანი რომელთაც, დღესვე სურთ, ჩვენთან დასავლური სტანდარტები სწრაფად დამკვიდრდეს. მაგრამ, ამავე დროს, არაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ახალი, - გააზრებულად შემოვიდეს, ორგანულად შეერწყას ჭეშმარიტ ეროვნულ ღირებულებებს,- რათა შედეგიანი იყოს ახლის შეთვისება და მოგვეცეს საშუალება, უარვყოთ ძველი, დრომოჭმული...
ასეთი გახლავთ, დღეისათვის, ჩვენს საზოგადოებაში არსებული დასავლეთთან დამოკიდებულების ხასიათი, - თავისი არსით, - კურიოზული, რადგან არც ერთ შემთხვევაში, ის არ არის ადექვატური სიტუაციისა და, უფრო ართულებს ურთიერთობებს, ვიდრე აიოლებს. ამას ისიც უნდა დაემატოს, რომ ეს არ არის თავისუფლებისათვის მებრძოლი ერის მიდგომა საკითხისადმი, არამედ, ცალკეული პიროვნებების, ჯგუფების, პარტიების, კლანების ანუ დაშლილი საზოგადოების წევრთა, ინტერესებისა და შეხედულების გამომხატველი გახლავთ...
დღეს, საქართველო, ორი, უაღრესად მნიშვნელოვანი ამოცანის გადაწყვეტის წინაშე დგას: თავი უნდა დავაღწიოთ რუსეთის გავლენას და აქედან მომდინარე, მის დამანგრეველ ზემოქმედებას. ამავე დროს, უნდა შეიცვალოს მოსახლეობის ქცევის სტერეოტიპი და შევძლოთ დემოკრატიული, სამართლებრივი სახელმწიფოს აღმშენებლობა, ამ მიზანთა მიღწევა, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, ბრძოლის ტოლფასია, - რომლის დროსაც, ჩვენი ბუნებრივი დასაყრდენი ევროპა და ამერიკაა. ამიტომ, ხელისუფლებასა და მოსახლეობას ერთნაირად გააზრებული და გამოკვეთილი პოზიცია უნდა გააჩნდეს ამ საკითხში. თავიდან, ანუ 80-იანი წლების მიწურულსა და 90-იანი წლების დასაწყისში, მსოფლიოს „გადანაწილებისას“, შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ საქართველო დასავლურ ორბიტაში არ იგულისხმებოდა... ასეთი აზრის დამკვიდრებას ხელი შეუწყო იმან, რომ ქართველთა ბრძოლას თავისუფლებისათვის, დასავლეთის სახელმწიფოებისა და იქაური საზოგადოებრივი აზრის მხრიდან, ისეთი მხარდაჭერა არ ჰქონია, როგორც, მაგალითად, ლიტველების, ლატვიელებისა და ესტონელების ბრძოლას, მაშინ არ ვაცნობიერებდით, რომ ეს იყო განვლილი ისტორიული ცხოვრების თავისებურებით გამოწვეული და, რომ კეთილგანწყობასა და, თანადგომას, მოპოვება სჭირდებოდა... სანამ მმართველი ელიტის დასავლური ორიენტაცია ნათლად გამოხატული არ იქნაბა, მოსახლეობას, ამ თვალსაზრისით, გარკვეული მიზანი არავინ დაუსახა. მოხდა ის, რომ ამ უკანასკნელს ჩამოუყალიბდა არაერთგვარი დამოკიდებულება ზემოხსენებული საკითხისადმი. დღეს კი, ამ გაორებულობას ის ხელს კიდევ უწყობს, რომ მმართველი ბიუროკრატიისა და მოსახლეობის ინტერესები ბევრად განსხვავდება ერთმანეთისაგან, რაც ხელს უშლის მოქალაქეთა მიერ ხელისუფლების პოლიტიკის გათავისებას იმ დონეზე, რომ იგი საერთო ეროვნულ პოლიტიკად იქცეს...
ნავთობსადენი, „აბრეშუმის გზა“, საქართველოს საერთაშორისო აღიარება, და ბოლოს, ჩვენი სურვილი გახდეს საქართველო ჩრდილოეთ ატლანტიკური ალიანსის წევრი, არის მისწრაფება, მივაღწიოთ ზემოხსენებულ ისტორიულ ამოცანათა გადაწყვეტას; ხელს უწყობს საქართველოს, აღიდგინოს სახელმწიფოებრივი ფუნქცია: იყოს საერთაშორისო სტრატეგიული მნიშვნელობის კომუნიკაციათა მაკონტროლებელი და გარანტი, მათი შეუფერხებელი ფუნქციონირებისა... ანტიკურ ხანასა და შუა საუკუნეებში საქართველო, ერთის მხრივ, მის ტერიტორიაზე გამავალ სავაჭრო გზებს იცავდა, მეორეს მხრივ კი, კავკასიონის უღეტეხილებს ფლობდა და, საიმედოდ კეტავდა, - რათა ჩრდილოეთიდან ბარბაროსები არ შემოჭრილიყვნენ ახლო აღმოსალვეთში... როგორც ჩანს, რაღაც, მსგავსის შესრულება XXI საუკუნეშიც მოგვიწევს...
ასე რომ, საქართველო ძველ ფუნქციას იბრუნებს, მაგრამ, არის ერთი და არსებითი მნიშვნელობის საკითხი: საქმე ისაა, რომ ყოველთვის, როცა ჩვენი ქვეყანა თავის „დანიშნულებას“ ამართლებდა, ის იყო შინაგანად კარგად ორგანიზებული, ეკონომიკურად განვითარებული ქვეყანა, - პოლიტიკური აღმავლობის გზაზე შემდგარი; მისი საგარეო წარმატებები, შინაგან რესურსებს ეფუძნებოდა. ამიტომ იქცა ის ანგარიშგასაწევ ძალად; ეს კარგად ჩანს ევროპასთან ურთიეთობის იმ მაგალითებიდან, რომელიც ამ წერილში მოვიხმე. სამწუხაროდ, ახლა, ჩვენ, ამ თვალსაზრისით, მეტად ცუდ მდგომარეობაში ვართ.
ხელისუფლების პასიური პოლიტიკა, მეტად აქტიურ გეოპოლიტიკურ გარემოშია შექმნილი მდგომარეობის არაადექვატურია... ამიტომ, წამგებიანი... დასავლეთს მივჩერებივართ, - დაახლოებით ისევე, როგორც ეს გვიან შუასაუკუნეეში იყო და მოძალადე მეზობლებს ევროპასა და ამერიკაში ვუჩივით. 1920 წელს, როცა პოლიტიკური სიტუაცია, დღევანდელის მსგავსი იყო, ხოლო დამხმარეთა ძებნის ფორმა ძველისძველი. დავით კლდიაშვილმა შეთხზა თავისი ცნობილი მოთხრობა „ბაკულას ღორები“, რომელიც კონკრეტული ადამიანების პასიურობას ისე საინტერესოდ აზოგადებდა, რომ ის აქტუალური გახდა, როგორც მთელი მაშინდელი საზოგადოების ხასიათის წარმომჩენი. აქტუალურია ეს ნაწარმოები ახლაც, და ამასთან, უფრო მეტ პოლიტიკურ ჟღერადობას იძენს, მასში ასახული ანეკდოტური ამბავი: „ერთხელ მაინც ხომ უნდა ნახო შენი ნათესავი... მოხვალ, ისიამოვნებ, დროს გაატარებ და წაბრძანდები... მე კი ამით ძალიან შემეწევი! - კი, ბატონო, დიდი სიამოვნებით!.. თუ ამაზე მეტი არაფერია. ეს რა! - სიცილით თქვა ალექსანდრემ - სულ ადვილი საქმე ყოფილა! - შენ არ მომიკვდე, სხვა არაფერი... შენთან ერთად თქვენი სეკრეტარიც მაწვიე, შაშა! - ჩვენი სეკრეტარი?.. - გაიკვირვა ალექსანდრემ. - სეკრეტარი!.. უსათუოდ შენთან ერთად უნდა მაწვიო! - რუსია, კაცო! ქართული ინჩი-ბინჩი არ იცის! - უსათუოდ უნდა მაწვიო! - მუდარით მიმართა გალაქტიონმა. - შენთან ისიც დეინახოს ჩემმა კუთხე-მეზობელმა ჩემს ეზო-ნიადაგზე!.. გეფიცებით სიამოვნების მეტი არა შეგხვდებათ რა... სადილს მიირთმევთ, ისიამოვნებთ და წამობრძანდებით და ეს იქნება! - კი მარა აქ რაღაც ამბავია! - ვეღარ მოითმინა და ღიმილით უთხრა ალექსანდრემ. - შენ რაღაც სხვა განზრახვა გაქვს! - არ მოგიკვდეს ჩემი თავი, თუ დამიჯერებ, არაფერია სხვა, გარდა იმისა, რომ თქვენისთანა თვალსაჩინო პირებით თავი დავიფაროთ მაწუხებელი მეზობლისაგან!... თქვენისთანა პირებს რომ ჩემს ქოხში დაგინახავენ, იტყვიან, რომ სულ უპატრონოდ არ ვყოფილვართ და მტერი შეშინდება, მოგვერიდება, ისე თამამად ვეღარ მოგვბედავს!..“
რაღაც, ამის მსგავსი, დღესაც ხდება და შაშას და მისი სეკრეტარის მსგავს დახმარებას ახლაც ვეძებთ მოძალადე მეზობლების შესაშინებლად... ამას ემატება სახელმწიფოებრივი ცხოვრების მოუწყობლობა, გრანდიოზული მასშტაბების კორუფცია და მოშლილი მეურნეობა, - განვითარების ყველა იმედს რომ სპობს. და იმის შიშს, რომ იმ დასავლეთის ქვეყნების პროდუქციის გასაღების ბაზრად გადავიქცევით, თავისი საფუძველი აქვს. მართალია, ევროპასა და ამერიკას ჩვენთან მეგობრული ურთიეთობა აქვთ და, მათგან წამოსული ფინანსური და პოლიტიკური მხარდაჭერა არსებით მნიშვნელობას იძენს ქართული სახელმწიფოს არსებობის საქმეში, მაგრამ ეს ალტრუისტული მოსაზრებებით არ კეთდება და, თუ კავკასია-შუა აზიის საკომუნიკაციო პროექტებს და მათში საქართველოს ინტერესებს თანადგომას აღმოუჩენენ, ამით ამ რეგიონებიდან რუსეთს გამოდევნიან და იქ საკუთარ პოზიციას განამტკიცებენ!.. მაგრამ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ დასავლეთი ჩვენს წინაშე მდგარ ყველა პრობლემას მოაგვარებს. ცალკეულ დახმარებებს ნამდვილად აღმოგვიჩენენ, მაგრამ ეკონომიკურ სასწაულად არავინ გვაქცევს (სხვა რომ არაფერი, კონკურენტის გაჩენა არავის სურს) ეს ჩვენი გასაკეთებელია, ისევე როგორც ჩვენი ბუნებისა და კულტურის გადარჩენა ჩვენ გვევალება, და სხვას არავის!
უცხოელებს, ჩვენი ყოფის სპეციფიკა კარგად არ ესმით: ამერიკული კომპანიისათვის თელასის გადაცემას, მოსახლეობის ელექტროენერგიით მომარაგებისა და დანახარჯი თანხების ამოგება უნდა მოეგვარებინა. 24 საათიანი შუქი ჯერ კიდევ არ გვაქვს... რაც შეეხება ენერგიის მოხმარების კონტროლს, ამისათვის მრიცხველები სადარბაზოებში გამოიტანეს, ყველა მობინადრეს თავთავისი დაუდგეს; სადარბაზოსა და კიბის უჯრედს, - კიდევ ცალკე მრიცხველი. ეს კარგია ისეთ უბნებში, სადაც იზოლირებული ბინებია, მაგრამ, ქალაქის ცენტრში, მის ისტორიულ ნაწილში, სადაც კომუნისტებმა სახლები კომუნალურ ბინებად აქციეს, არის კიდევ სხვა, საერთო მოხმარების ფართები, რომელიც სახელმწიფოს ხარჯზე ნათდებოდა. ახლა, ასეთი ფართობი, სხვადასხვა სართულზე სხვადასხვა სიდიდისა, თავისი არასტანდარტულობის გამო, სადარბაზოს მრიცხველს არ მიუერთეს, ინდივიდუალურად, მას მობინადრე სიღარიბის გამო ვერ ანათებს და აი, განათების მაგიერ, ძველ უბნებში ჩაბნელდა რიგი დერეფნებისა და გასასვლელებისა იმიტომ, რომ ამერიკელებმა ვერ გაიგეს რა არის „კომუნალკა“.
ნიშანდობლივია, რომ ჩვენში, დიდი ნაწილი იმ ადამიანებისა, რომლებიც პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ასპარეზზე არიან დამკვიდრებულნი, ამერიკისა და ევროპის ქვეყნების მიმართ ამჟღავნებენ იმის მსგავს იდეოლოგიურ და პოლიტიკურ სნობიზმს, როგორი რელიგიური სნობიზმიც რუსეთისადმი ჰქონდა ბევრ ქართველს შუა საუკუნეებში... ასეთ შეხედულებებს, მივყავართ არა, თანასწორუფლებიანთა პარტნიორული დამოკიდებულებისაკენ, არამედ „დიდსა“ და „პატარა“ ძმას შორის, ჩვენთვის უკვე ცნობილი, ქვეშევრდომული ურთიერთობისაკენ... ასე მაგალითად: საქვეყნოდ განვაცხადეთ, რომ დასავლური ტიპის ღია დემოკრატიულ საზოგადოებას ვქმნით, ხელი მოვაწერეთ უამრავ საერთაშორისო ხელშეკრულებას, მაგრამ ხელისუფლება, - საკანონმდებლო და აღმასრულებელი, - მისდამი დაქვემდებარებული ბიუროკრატიული აპარატით, ვერ უზრუნველყოფს, ვერც დემოკრატიული ღირებულებების დაცვას და, ვერც ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. ამის გამო ვართ გაუთავებელი კრიტიკის ობიექტად ქცეულნი, დასავლურ სახელმწიფოთა პრესა, საერთაშორისო ორგანიზაციები, სახელმწიფო სტრუქტურები, ამხელენ ადამიანის უფლებათა დარღვევის, ძალაუფლების ბოროტად გამოყენების, პოლიციელთა თავნებობის, კორუფციის, ხაზინის ქურდობის, ნარკოტიკებით ვაჭრობის ფაქტებს და სხვა მრავალ ცოდვას. ასეთი შეფასებები, ცხადია, კარგი არ არის და ცივილიზებული სამყაროს წინაშე წარმოგვაჩენს, როგორც არშემდგარ, რაღაც ანეკდოტურ, სახელმწიფო წარმონაქმნას. ის, რაც ხდება ჩვენთან და მკვიდრდება ცხოვრების წესად, - ევროპული და ამერიკული მენტალობისათვის წარმოადგენს ანტისისტემას. ასეთი ხასიათის საზოგადოებას ისინი სატირულ რომანებში ასახავენ, როგორც არანორმალურ მოვლენას... დანიელ მწერალ-სატირიკოსს ჰანს შერფიგს აქვს რომანი „ბოტუს ოქციტანუსი ანუ რვათვალა მორიელი“, რომელშიაც მეორე, ომის შემდგომი, ერთი ირეალური ევროპული ქვეყნის ცხოვრებაა ასახული, რომლის სახელმწიფო აპარატი კორუფციის ჭაობშია ჩაფლული, ირღვევა ადამიანის უფლებები, ყოველგვარი მანკიერების მატარებელი ავანტიურისტები წარმატებული და უშფოთველი ცხოვრებით ცხოვრობენ. ეს ამ სატირული ნაწარმოების პირველ ნაწილში, მაგრამ ფინალში, რა თქმა უნდა, ბოროტება მარცხდება და კორუმპირებული ვიგინდარებიდან ზოგი საგიჟეთში ამოყოფს თავს, ზოგი ციხეში და ზოგიც თავს იკლავს; უდანაშაულო ადამიანს ანთავისუფლებენ, ანტისისტემა ქრება, მის ადგილს სახელმწიფოებრივი ცხოვრების კლასიკური სისტემა იკავებს. სხვაგვარად, მოვლენები ვერ განვითარდებოდა, რადგან დასავლური ცივილიზაცია ვერ გუობს იმას, რასაც ჩვენ თავს გვახვევენ და რასთან შეგუებაც გვაიძულებენ. საყურადღებოა, რომ რომანის კორუმპირებული პერსონაჟები ისევე რეაგირებენ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან მათი უბადრუკი ქმედებების მხილებებზე, როგორც ჩვენი კორუმპირებული ბიუროკრატია: - „განსაკუთრებული პრობლემა - ეს უცხოეთის პრესის გამოხმაურებაა მოხსენიებულ საქმესთან დაკავშირებით და ჩვენი პოლიციის თაობაზე, - თქვა ოქციტანუსმა - ერთი მოძმე ქვეყნის გაზეთები ღიად წერენ მექრთამეობაზე და კორუფციაზე პოლიციელთა და საბაჟოს მოხელეთა შორის. ისინი ასახელებენ სახელებს და, როგორც ჩანს იციან ჩვენზე ბევრად მეტი. ზოგიერთი ფრანგული და დასავლეთგერმანულ გაზეთებში აგრეთვე იუწყებიან ჩვენს ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის შესახებ“. ასეთია დიალოგი, იმ ირეალური სახელმწიფოს პოლიციის დირექტორსა და იუსტიციის მინისტრს შორის რომ გაიმართა რომანში და ნახეთ, როგორ გავს ეს ყველაფერი იმას, რასაც ჩვენში გაიგნებთ?! და, სწორედ, ამიტომ აღიძვრის კითხვა: ნუთუ ქართველ ერს არ უნდა ჰქონდეს თავისი ხელისუფლებისა და მისი სტრუქტურების მიმართ ისეთი შეურიგებელი, მამხილებელი დამოკიდებულება, რომ თავად მოსახლეობა იქცეს დემოკრატიისა და კანონიერების დაცვის გარანტად, და არა უცხო ქვეყნის გაზეთები და იქაური ორგანიზაციები? ამაშია საქმე. რა თქმა უნდა შეიძლება, თუ ქვეყანაში იარსებებს სათანადო მაორგანიზებელი ძალა, მაშინ საკუთარ პრობლემებს თავად მივხედავთ, ხოლო სნობებისათვის სამოქმედო ასპარეზი აღარ დარჩება.
ასე რომ, იმ საქმეში, რაც ჩვენ უნდა ვაკეთოთ, სხვისი დახმარების იმედი არ უნდა გვქონდეს. იმისათვის, რომ ეროვნული სახე და ტრადიციული ფასეულობანი არ დაგვეკარგოს და არც ვინმეს პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ზემოქმედების ობიექტად არ ვიქცეთ, ჩვენი მოსახლეობა სოციალურად უნდა გააქტიურდეს, მასში შემოქმედებითი პოტენციალი უნდა გაღვივდეს. რათა, ადამიანის მოღვაწეობის ყველა სფეროში წარმატებას მივაღწიოთ და ევროპასთან და ამერიკასთან ურთიერთობისას, თანაბარუფლებიან პარტნიორებად ვიტცევით. ეს რომ შევძლოთ, საჭიროა, გავიაზროთ ეროვნული იდეა, რამაც უნდა გაგვაერთიანოს, მიზანდასახულად წარგვმართოს და ხელი შეუწყოს ეროვნული ენერგიის გამოვლენას, რათა შევძლოთ და წარმატებით განვახორციელოთ ძლიერი ქართული დემოკრატიული სახელმწიფოს აღმშენებლობის პროცესი, და ვიქცეთ სრულფასოვან წევრებად იმ დასავლური ცივილიზაციისა, რომლის წიაღშიც, ნათესავი ერები გვეგულება ჩვენ და კიდევ, მრავალ ავტორს, ვინც ჩვენს ისტორიას იკვლევდა.
1999 წელი. ნოემბერი
![]() |
25 კულტურა და პოლიტიკა - I ნაწილი |
▲ზევით დაბრუნება |
„გზათა უკან წანწალი“
„არასაკმარისია ნებისყოფა, იმიტომ, რომ არასაკმარისია რწმენა და არასაკმარისია რწმენა, რადგან არასაკმარისია კულტურა“.
ფრანჩესკო დე სანკტისი
„პოლიტიკაში მთავარი - ძალაუფლების მოპოვებისა და შენარჩუნებისაკენ მისწრაფებაა, მაშასადამე, აქ გონებაზე ზემოქმედების საჭიროებაა, იძულებით ან მოტყუებით... პოლიტიკოსი, საბოლოო ჯამში, ყოველთვის იძულებულია, მიმართოს ფალსიფიკაციას“.
პოლ ვალერი
საქართველოში მიმდინარე სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის პროცესი ქრესტომათიული მაგალითია იმისა, თუ როგორ არ უნდა წარიმართოს ის... და, ეს, უპირველეს ყოვლისა, კულტურის დეფიციტის გამოა... იმავე მიზეზის შედეგია, რომ ძალაუფლებისათვის ბრძოლაში სიცრუე, ძირითად საშუალებადაა ქცეული... ამიტომ, გასაკვირი არ არის რაც ხდება: შარშან, 31 ოქტომბრის არჩევნების წინ, სინათლის ზღვაში ცურავდა უშუქობით განაწამები მოსახლეობა, მაგრამ, როგორც კი საჭირო ხმები მიიღეს, და პარლამენტში მოკალათდნენ „ჩვენი ქვეყნის რაინდები“, წყვდიადმა მოიცვა ქვეყანა. ამითი გვამცნეს, - პატივს არ გცემთ, მოგატყუეთ, თქვენგან რაც გვინდოდა მივიღეთ, ახლა თავში ქვა გიხლიათო... ზოგან თითო თვის პენსია და ხელფასი გასცეს მრავალი თვის გაუცემლის მაგივრად, - ესეც სატყუარა იყო, აღარაფერს ვამბობ სხვადასხვა საშუალებებით ამომრჩევლის მოსყიდვაზე, - რაშიც მოქიშპე პარტიები გაუთავებლად ბრალს სდებენ ერთმანეთს. ამას უნდა მივუმატოთ დაპირებები, რომლებიც იცი, რომ არ შესრულდება, შენი მდგომარეობა არ შეიცვლება, დუხჭირ ცხოვრებას თავს ვერ დააღწევ... ისიც იცი: კორუფციასთან ბრძოლა უშედეგო იქნება, რადგან მისი წარმომშობი გახლავთ არა ცალკეული ადამიანები, არამედ საქართველოში არსებული სოციალურ-პოლიტიკური სისტემა, მისთვის დამახასიათებელი საკადრო პოლიტიკით და, სანამ ის იარსებებს, იქნება კორუფციაც... ბუნებრივია, გებადება კითხვა, რა ზნეობრივ პრინციპებს ეფუძნება საზოგადოება, რომელიც ასეთი ცხოვრების წესით ცხოვრობს? ვფიქრობ, პასუხს ეს მაგალითიც იძლევა: შარშან, სატელევიზიო პროგრამა „ილუზიონმა“, უჩვენა 30-იანი წლების ჰოლივუდის ერთ-ერთი შედევრი, რეჟისორ მაიკლ კერტიცის ფილმი „სახედასვრილი ანგელოზები“, რომელიც ამერიკული კინოს ყველა ტრადიციული ხერხის გამოყენებით ამსხვრევდა ქურდული ავტორიტეტის ძალას და დამეთანხმებით, უკვე ამიტომ, ის უაღრესად აქტუალურია ჩვენთვის... განსაკუთრებულ ინტერესს ფინალური ნაწილი იწვევს: ნიუ-იორკის ერთ-ერთი უბნის ბიჭების იდეალად ქცეულ განგსტერს ელექტროსკამზე სიკვდილს მიუსჯიან, მაგრამ ამ უშიშარ ადამიანს სიცოცხლე არად უღირს, ხუმრობასაც იგონებს, - დასჯის მოწმენი რომ გაამხიარულოს... აი, ამ კაცთან მიდის მისი ბავშვობის მეგობარი, ახლა მღვდელი, და სთხოვს: იმისათვის, რომ ის არ მოკვდეს გმირად, - რამაც შეიძლება მრავალი ახალგაზრდა სწორ გზას ააცდინოს - გაითამაშოს სიკვდილის შიში და რაც შეიძლება საზიზღრად მოკვდეს... ჯეიმს კენგის გმირი ამ ამოცანას ბრწყინვალედ ასრულებს, ხოლო, ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი შეხედულებების მქონე ყმაწვილების თვალში, ის კარგავს დიდების შარავანდედს და იმსხვრევა განგსტერი გმირის იდეალი... ფილმი ნანახი მქონდა და დიდი ინტერესით მოველოდი ფინალს. მოულოდნელად, სურათის დემონსტრირება შეწყდა და დაიწყო გადაცემა „ტერმინალი-72“, რომელიც ვინმე ყზოს მუსიკალურ შემოქმედებას ეძღვნებოდა. მთელი ნახევარი საათი რასაც ვუყურე, იმას, ჟარგონის ენაზე, „ღადაობა“ ჰქვია... როცა ყზომ თავისი რეპერტუარი ამოწურა, - რასაც მე საინტერესოს და ნიჭიერად შესრულებულს ვერ ვუწოდებ, - ფილმის ჩვენება გააგრძელეს, მაგრამ პაუზამ თავისი ჰქმნა და ემოციური ზემოქმედება ისეთი ეფექტური არ ყოფილა, ამ ეპიზოდის ნორმალური ჩვენების დროს რომ არის ხოლმე. უაზროდ დაგეგმილ ტელეგადაცემებს ის აუცილებელი შეეწირა, ასე რომ გვჭირდება... აშკარაა, ბევრისათვის უცნობია, თუ რა არის კარგი და რა არა. არც ის იციან, თუ როდის რისი ჩვენება შეიძლება...
ამრიგად, საქმე გვაქვს ღირებულებების, პრინციპებისა და ინტერესების ერთიანი სისტემის, ანუ ეროვნული იდეის არქონის კიდევ ერთ, სამწუხარო შედეგთან. ამასთან, ჩვენ თავს არ ვიკლავთ ამ იდეის გასააზრებლად და დამოკიდებულებაც ისეთია, რომ ყველა, ვისაც არ ეზარება, ამბობს, ასეთი რამ არ გვინდაო... არც ცივილიზებული სამყაროს მიერ შექმნილი და ლამბაქით მორთმეული ფასეულობების შეთვისების უნარს ვამჟღავნებთ, თავად განსაჯეთ, თუ ზემოხსენებული ფილმი ყზოს „ღადაობის“ გარეშე ვერ გვიჩვენებია და, ამის გამო, ნაწარმოების აზრობრივ შინაარსს სრულად ვერ ვაცნობიერებთ... ესეც ჩვენი დაბალი კულტურის ბრალია. არადა, ზემოხსენებული ღირებულებები, პრინციპები და ინტერესები, ამა თუ იმ ფორმით გამოვლენილი, სახელმწიფოს მართვის აუცილებელ ინსტრუმენტს წარმოადგენს. ამის თაობაზე მეტად საინტერესო მოსაზრება აქვს გამოთქმული ანტონიო გრამშის თავის „ციხის რვეულებში“: „სახელმწიფო“ - ეს უპირველეს ყოვლისა შეგნებული ხელმძღვანელობაა ფართე ნაციონალური მასებისა; ამიტომ, აუცილებელია იდეოლოგიური და სენტიმენტალური „კონტაქტი“, ამდაგვარ მასებთან და გარკვეული ზომით მათდამი სიმპატია, მათი მოთხოვნილებების და გაჭირვების გაგება.“ ანუ, აუცილებელია ზრუნვის გამოვლენა მოქალაქეთა მიმართ და საჭიროა საერთო ღირებულებების არსებობა,- როგორც ხელისუფლებისა და მოსახლეობის ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის საფუძველისა. როცა მმართველი რეჟიმი ამას ცდილობს, მაშინ ის ახერხებს კრიზისული სიტუაციების რეგულირებას, რომლის წინაშეც სახელმწიფო აღმოჩნდება ხოლმე და, ამაში, საკუთარ ქვეშევრდომთა მიმართ პატივისცემა თუ არა, ანგარიშის გაწევა მაინც იკითხება... პლუტარქე „რჩეულ ბიოგრაფიებში“ წერდა: „ტრიუმფის გადახდის შემდეგ კეისარმა დიდი ჯილდოები დაურიგა თავის მეომრებს, ხოლო ხალხს ლხინი და სანახაობები გაუმართა“, იმას, რაც კეისარმა გააკეთა, „Panem et Circenses“ პური და სანახაობა“ ერქვა და ფრიად გავრცელებული პოლიტიკური აქცია იყო ძველ რომში. გასაოცარი უნარი აღმოაჩნდა მუქთად დარიგებულ პურს და უფასოდ ნანახ გლადიატორთა ბრძოლას: ხალხის ყურადღება მყის ჩამოშორდებოდა მწვავე სოციალურ-პოლიტიკურ პრობლემებს, ხოლო ესა თუ ის პოლიტიკოსი,- როგორიც არ უნდა ყოფილიყო,- პოპულარული ხდებოდა. რომაელთა ეს გენიალური მიგნება, შემდეგ, სხვადასხვანაირად, მაგრამ, არაერთგზის გამეორებულა და მისი მომწყობნი ყოველთვის მიზანს აღწევდნენ. ბრბოზე ზემოქმედების პრინციპი, „პური და სანახაობა,“ ორი ათასი წელი ძალაში იყო; მხოლოდ XX საუკუნის მეორე ნახევრიდან, განიცადა რადიკალური ცვლილება საქართველოში, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ხალხზე სამოქმედო არსენალიდან გაქრა პური, - დარჩა სანახაობა, და... ეს ფუნქცია კინემატოგრაფს დაეკისრა; თავდაპირველად, კერძოდ, 60-იან, 80-იან წლებში, კოლონიურ-კომუნისტური რეჟიმი დასავლურ კინოპროდუქციას იყენებდა რელიგიის წინააღმდეგ: წესად ჰქონდათ შემოღებული, აღდგომის წინა ღამეს, რომელიმე, მაშინ პოპულარული, კინოსურათის ჩვენება, მაგალითად, „შესანიშნავი შვიდეული“, ამასთან, აუცილებლად, შუაღამისას, - რომ ახალგაზრდები ლიტონიობას არ დასწრებოდნენ... მოგვიანებით როცა „პერესტროიკის“ დროს, იწყება ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გააქტიურება და სულ უფრო ძლიერდება რეჟიმის საწინააღმდეგო გამოსვლები, ხელისუფლება სულ უფრო ხშირად მიმართავდა კინოს, ამჯერად, უკვე, საბჭოთა ცენზურის მიერ აკრძალული ვიდეოკასეტების ჩვენებით. მაგალითად, საკმაოდ დაბალი დონის სურათით, „ლედი კარატე“, იწყება ვიდეოკასეტებით ბრძოლაკოლონიურ-კომუნისტური რეჟიმის შესანარჩუნებლად... რაც ისე სწორხაზოვნად და თვალშისაცემად კეთდებოდა, რომ ასეთი ანეკდოტი გავრცელდა: „1917 წელს, რუსეთში, ვიდეო რომ ჰქონოდათ, რევოლუცია არ მოხდებოდა“-ო. აი, ასე გაიმასხარავა მმართველმა რეჟიმმა თავი საქართველოში, მაგრამ მის მიერ შემოღებული წესი: „უცხოური ფილმების პოლიტიკური მიზნებისათვის გამოყენება (უპურო სანახაობა), ტრადიციად დამკვიდრდა და ყველა შემდგომი ხელისუფლება, არჩევნებისა თუ გადატრიალების გზით მოსული, ამ ტრადიციას აგრძელებს. ჩვენს მოუწყობელ ქვეყანაში ხალხს ბევრი ელემენტარული რამ აკლია. ასეთ დროს ტელევიზიით ნანახი კინოსანახაობა გართობისა და გულის გადაყოლების საშუალებას წარმოადგენს. მითუმეტეს, მაყურებელი ყველა ჟანრის, სახეობის, მიმართულების, შინაარსისა და სტილის ფილმს ნახულობს. ხშირად, „ოსკარისა“ თუ სხვა რომელიმე პრესტიჟული ჯილდოს მინიჭების წინ, ან მეორე დღეს,.. მაგრამ, ესეც არ შველის საქმეს და „უპურო სანახაობის“ ფუნქცია მიენიჭა, აგრეთვე პარლამენტის სხდომებს, პოლიტიკურ დებატებს, არჩევნებს... ეს მოქალაქეთა უპატივცემულობად უფრო აღიქმება, ვიდრე მათზე ზრუნვის გამოვლენად. ამრიგად, „უპურო სანახაობის“ მაგალითზეც კარგად ჩანს, რომ გრამშისეული გაგება სახელმწიფოს დანიშნულებისა, ჩვენში იგნორირებულია და „იდეოლოგიური და სენტიმენტალური „კონტაქტი“ მასებთან, - არ შემდგარა... რაც, აუცილებლად იწვევს მოსახლეობის გაუცხოვებას ხელისუფლების პოლიტიკისაგან...
ასეთ განწყობას კიდევ უფრო აძლიერებს ის, რომ მთელი რიგი პრინციპები დეკლარირებული გვაქვს. სინამდვილეში კი, სულ სხვა რამ ხდება; საქართველოს კონსტიტუციის I მუხლის I პუნქტში დეკლარირებულია, რომ: „საქართველო არის დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო, რაც დადასტურებულია 1991 წლის 31 მარტის, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, აფხაზეთის ასსრ-ში და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში ჩატარებული რეფერენდუმით და 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამუკიდებლობის აღდგენის აქტით“.
რეალურად საქმე ისეა, რომ ზემოხსენებულ არსებულ და ყოფილ ავტონომიურ წარმონაქმნებზე, დღეისათვის, საქართველოს იურისდიქცია არ ვრცელდება. ქართული მოსახლეობა გამოდევნილია იქიდან და ჯერჯერობით, დაკარგული ტერიტორიებია. მაშასადამე, ჩვენი ქვეყანა არ არის „ერთიანი და განუყოფელი“... კონსტიტუციის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტი გვამცნობს, რომ „საქართველოდან საქართველოს მოქალაქის გაძევება შეუძლებელია“ და მაინც, ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი, გაუსაძლისი მატერიალური პირობების გამო, უცხოეთში გადაიხვეწა, - ზოგი დროებით, ზოგი - სამუდამოდ... სხვათაშორის, როგორც წასულთა, ისე აქ დარჩენილთა შორის, თავი იჩინა ასეთმა ტენდენციამ: ბევრი, ან უცხოელზე თხოვდება, ან კიდევ ცდილობს იქაური ქალი მოიყვანოს ცოლად. ამის გამო, თითქმის საყოველთაო ხასიათი მიიღო მედეას კომპლექსის გამოვლენამ და უამრავი შერეული ქორწინება მოხდა, რომელთაც იმდენად სიყვარული არ უდევს საფუძვლად, რამდენადაც წარმოადგენს გაუსაძლისი გაჭირვებიდან ერთ-ერთ გამოსავალს... კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტით ვიგებთ, რომ „შრომითი უფლებების დაცვა, შრომის სამართლიანი ანაზღაურება და უსაფრთხო ჯანსაღი პირობები, არასრულწლოვანისა და ქალის შრომის პირობები განისაზღვრება კანონით“. არ ვიცი, კანონში რა წერია, ერთი კი ფაქტია, მოსახლეობის აბსოლუტური უმეტესობის შრომის ანაზღაურება უსამართლოა, რადგან ის საარსებო მინიმუმსაც არ შეადგენს, ადამიანები კი, შრომობენ და ეს აუნაზღაურებელი შრომა, უკეთეს შემთხვევაში, სიზიფეს შრომას ემსგავსება, უარეს შემთხვევაში კი, - მონისას... აქედან კი, ჟან-ჟაკ რუსოს „საზოგადოებრივ ხელშეკრულებამდე“ დიდი მანძილია... არც ქალთა და არასრულწლოვანთა შრომის პირობებია დამაკმაყოფილებელი, მაგრამ, შიმშილი აიძულებს ადამიანებს, ყველაფერი აკეთონ... ხშირად, ისეთი რამ, რასაც ნორმალურ პირობებში, ცხადია, არ გააკეთებდნენ... და აქ, დროული იქნება გავიხსენოთ, თუ რას ღაღადებს კონსტიტუციის მე-17 მუხლის I პუნქტი: „ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია“. მაგრამ თუ თავად ყოფაა შეურაცხმყოფელი, მაშინ? რაღა ფასი აქვს თავისუფლებას და დემოკრატიას თუ მოქალაქე დამცირებულად იგრძნობს თავს? პასუხი ამ კითხვებზე მხოლოდ შეიძლება ასეთი იყოს: ის სოციალურ-პოლიტიკური სისტემა, რომელიც გვამცირებს და ღირსებას გვილახავს, არ შეიძლება იყოს სამართლებრივი და დემოკრატიული! ამიტომ, უნდა შეიცვალოს!
ამისი საჭიროება კარგად ჩანს იმ რეფორმების ხასიათიდანაც, - ჩვენში რომ ტარდება, სამაგალითოდ ჯანდაცვის სისტემის რეფორმირებაც გამოდგება: კოლონიურ-კომუნისტური რეჟიმის დროს ყველამ იცოდა «უფასო სამედიცინო მომსახურეობა», რითიც ასე ამაყობდა მმართველი რეჟიმი, სიცრუე იყო და ავადმყოფისათვის წესიერად რომ ემკურნალა, ექიმს ფული უნდა აეღო. უკანონოდ ფულის კეთებას კანონიერი სჯობდა, ამიტომ მოსაძებნი იყო ახალი ფორმა, - ჯანდაცვის ისეთი ორგანიზება, რომელიც საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს დაეყრდნობოდა და ამავე დროს, გათვალისწინებული იქნებოდა მოსახლეობის უმეტესობის სიღატაკე და საფასურის გადახდის საშუალების არქონა... სამწუხაროდ, ეს არ იქნა გაკეთებული. ერთბაშად, ნებისმიერი სახის სამედიცინო მომსახურებაზე საკმაოდ დიდი თანხა მოითხოვეს და, - ეს მიაჩნიათ რეფორმად... ამის გამო, უფულო და მათ მიერვე გაღატაკებულმა მოსახლეობამ ზურგი აქცია სამედიცინო დაწესებულბებს, რაც, ფაქტობრივად საკუთარ ჯანმრთელობაზე უსიტყვოდ და მორჩილად უარის თქმას ნიშნავს... ზოგიერთები კი, ახერხებენ, მკურნალობის დამთავრებამდე, საავადმყოფოდან გაპარვას, - რადგან გადასახდელი ფული არა აქვთ... მაგრამ, ამას ყველა ხომ ვერ შეძლებს - ფულიანი კი, - ჩვენში ცოტაა...
იაკობ გოგებაშვილს, საუკუნეთა ორომტრიალში ქართველთა გადარჩენის ერთ-ერთ მიზეზად მიაჩნდა ის, რომ: „ძვალ-ხორცი ერს სნეული არა ჰქონდა, ჯანი და ღონე კიდევ ბლომად მოსდევდა და უკეთესი მომავლის იმედს გულში უღვივებდა“, რომ: «ნივთიერობითი კეთილდღეობა ხალხისა, მისი ქონება, მისი დოვლათი იდგა იმდენად მაღალ ხარისხზედ, რომ სიკვდილს ავადმყოფობისაგან ჰხდიდა იშვიათსა და ყოველწლიური პროცენტი მომკვდართა იყო, რაც შეიძლებოდა ნაკლები და ყველამ კარგად ვიცით, რომ სიღარიბე ავადმყოფობა ერთი ათად და ოცად უფრო მომეტებულს ხალხსა ჰჟლეტს, ვიდრე თვით ხანგრძლივი და უბედური ომი გარეშე მტრებთან». ჩვენ კი, ანუ მოსახლეობის უმეტესობას, არც საარსებო სახსარი, არც სათანადო საკვები გაგვაჩნია. ეს კი, ბუნებრივია, არათუ ჯანმრთელობაზე, არამედ საერთოდ, ქართველთა დემოგრაფიულ მდგომარეობაზე ახდენს დამღუპველ ზემოქმედებას. ჩვენი მოსახლეობა არ მრავლდება, ის ბერდება, ამისი მიზეზი გაჭირვებაა. არ უნდა დაგვავიწყდეს ფრანგი განმანათლებლის ჟან ანტუან კონდორსეს მიერ, ნაშრომში, „ადამიანის გონების პროგრესის ისტორიული სურათის ესკიზსი“ გამოთქმული მოსაზრება, რომ: -„მოსახლეობა იზრდება იმის მიხედვით, რამდენადაც საარსებო საშუალებათა მოპოვება ნაკლებად საშიში ხდება და ნაკლებად დამოკიდებულია შემთხვევაზე“. ჩვენში, ახლა, სწორედ ამის საპირისპირო სიტუაციაა. არათუ გამრავლება, ხალხის ყურადღება და ძალისხმევა საარსებო წყაროს მოპოვებისკენ არის მიმართული და ამის გამო, არც სულიერ და ფიზიკურ სიძლიერეზე ფიქრობს; მატერიალური სიდუხჭირის გამო, არც ვარჯიშისა და სპორტით გატაცების პირობები გვაქვს; არადა, ხვაგვარად, ძლიერი და ჯანმრთელი ერი ვერ ვიქნებით. ქართველი, ქმედუნარიანი რომ იყოს, ამისათვის ფიზიკურ აღზრდას, სხეულის წრთობას, დიდი მნიშვნელობა ენიჭება, სხვაგვარად, ჩვენს წინაშე მდგარ ამოცანებს ვერ გადავლახავთ და ვიქნებით სნეული, უილაჯო, ბეჩავი ხალხი. ეს კი, ნამდვილად არ არის კარგი პერსპექტივა, - ამასთან, სახელმწიფოს აღდგენა-აღმშენებლობა, საზღვრების დაცვა და ნორმალური საზოგადოებრივი ცხოვრების ორგანიზება, ძალუძთ მხოლოდ ბრძოლისა და შემოქმედების უნარის მქონე ენერგიულ და ფიზიკურად ძლიერ ადამიანებს. მოსახლეობა ჯანღონით სავსე რომ იყოს, ამას სახელმწიფოსაგან ხელის შეწყობა უნდა, სერიოზული და მიზანდასახული ხელის შეწყობა!...
ზემოხსენებული ამოცანა რომ გადავწყვიტოთ, სპორტის ყველა სახეობა უნდა განვავითაროთ და მათდამი მოსახლეობის დაინტერესებას, ერთგვარად, მასობრივი ხასიათიც უნდა ჰქონდეს, ოღონდ, ამან ხელი არ უნდა შეგვიშალოს, რომ საგანგებო ყურადღება მივაქციოთ სპორტის ეროვნულ სახეობებს და კერძოდ, ტრადიციულ ქართულ საბრძოლო სახეობებს, (მაგალითად „ხრიდოლი“). საჭიროა მათი შესწავლა და პოპულარიზება იმდენად, რომ მათდამი ინტერესმა საერთაშორისო ხასიათი მიიღოს. ეს ტრადიციების დაცვაშიც დაგვეხმარებოდა და მსოფლიო საზოგადოების თვალსაწიერშიც, კიდევ ერთხელ, და, ამ გზითაც მოვხვდებოდით...
როცა ადამიანს იმდენი შემოსავალი არა აქვს, რომ საკუთარ ჯანმრთელობას მიხედოს, ან, თუნდაც, მშიერი არ იყოს და სულ იმის ფიქრშია, ორიოდ ლარი ხელში როგორ მოიგდოს, - ასეთ ადამიანს გაუჭირდება პატიოსნად ცხოვრება... აკი, ამბობდა კიდეც, ბენჯამენ ფრანკლინი: „უფალო, ადამიანს, გაუჭირდება იყოს წესიერი; ცარიელი ტომარა არ დგას, ის ვარდება“. ჩვენი საზოგადოების ზნეობა გვარიანად არის შერყვნილი და ამისი ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი სოციალური პრობლემებია.საქართველოში, ძნელია, კანონიერი გზით რაიმეს კეთება და წარმატებული ცხოვრება. ეს არის საფუძველი კრიმინალური ბუმისა და კორუფციისა. სხვათაშორის, ორივე ეს უბედურება კოლონიურ-კომუნისტური რეჟიმისაგან გვერგო მემკვიდრეობად; სამწუხაროდ, მაშინდელი ცხოვრების წესს ბოლომდე ვერ გავემიჯნეთ, ღირებულებები ვერ გადავაფასეთ. ამიტომ, ყველას ყველაფერი ეპატია და ნაპატიები დარჩა კორუფციაც... ჩვენ ის რადიკალიზმი არ გამოგვივლენია ამ საკითხში, რომელიც, მაგალითად, ფრანგებმა გამოავლინეს დიდი ბურჟუაზიული რევოლუციის დროს, - როცა ბასტილიის აღების შემდეგ, მათი ერთ-ერთი პირველი ღონისძიება, ცნობილი მექრთამისა და ხაზინის ქურდის, ფინანსთა ყოფილი სუპერინტენდანტის, ფულონის პირველსავე ფანრის ბოძზე ჩამოხრჩობა იყო... ვერ ვიტყვი, აუცილებლად მისაბაძი მაგალითია მეთქი, მაგრამ, შეურიგებელი პოზიციის გამოვლენა რომ არის, - ესეც ცხადია. ასეთი შეუწყნარებლობა კორუმპირებულ მოხელეთა მიმართ, ჩვენში არ იგრძნობა. არის მხოლოდ გაუთავებელი ლაპარაკი, რეალურად არაფერი კეთდება.
ადამიანს რომ ფული ჰქონდეს, ხელფასს უნდა უხდიდნენ (ნორმალურს, რა თქმა უნდა, და არა სიმბოლურს) მაგრამ, მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის განუვითარებლობა სამუშაო ადგილების არსებობას გამორიცხავს. სამეურნეო სტაგნაციის მიზეზი სათანადო ეროვნული პოლიტიკის, ან, თუ გნებავთ, პოლიტიკური ნების არქონაა... ამას ემატება საგადასახადო კოდექსის ხასიათი, რომელიც არ არის ორიენტირებული იმაზედ, რომ ზემოხსენებული დარგების აღორძინებას ხელი შეუწყოს. კოდექსის მიმართულების შეუცვლელობის მიზეზად, საერთაშორისო ფინანსურ ორგანიზაციებს ასახელებენ, - რაც იმას მაფიქრებინებს, რომ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენელნი ვერ განთავისუფლებულან ქვეშევრდომის ცნობიერებისაგან და იმათი ხელით სათრევნი არიან. ამიტომ, ყველაფერში ამ ორგანიზაციებს ემორჩილებიან... ეს ფაქტი, და ბევრი სხვა, წარმოაჩენს კიდევ ერთ, მეტად არასასიამოვნო ტენდენციას: უცხოელთა მიმართ სნობურ დამოკიდებულებას. ვინც არ უნდა ჩამოვიდეს, ის მოიაზრება, რაღაც, იმ თეთრი მონადირის მსგავსად, რომელიც, ჯერ კიდევ ამ ნახევარი საუკუნის წინ, მტაცებელი ცხოველებისაგან იცავდა ინდოეთის ან აფრიკის სოფლების მოსახლეობას... არადა, უანგაროდ არავინ არაფერს გვიკეთებს და დანაშაულსაც საკმაოდ ხშირად სჩადიან უცხოელები, პასუხს კი, მათ, თითქმის, არ აგებინებენ. გავიხსენოთ პეტრე მარინოვისა და ლორენს ვილის ისტორიები. ხელისუფლების უმოქმედობა გამოწვეულია იმით, რომ დასავლეთის კრედიტებს და სხვა სახის ფინანსურ დახმარებას დიდი მნიშვნელობა აქვს. მაგრამ, ჩვენ ისიც კარგად ვიცით, რომ შემოსული თანხების გარკვეული ნაწილი არამიზნობრივად იხარჯება, მას ნთქავს კორუფცია, ქვეყანას ვალი ედება, უცხოელები კი, თითქმის ყოველთვის, დაუსჯელნი რჩებიან. ამან არ შეიძლება ქართველს არ აფიქრებინოს, რომ ის, ნახევრად კოლონიის მცხოვრებია...
1917 წელს, გამოქვეყნდა შალვა დადიანის პიესა „გუშინდელნი“, და იმავე წლის 12 თებერვალს, მისი მიხედვით, სპექტაკლიც დაიდგა.
ამ ნაწარმოების შექმნის თარიღი დიდ ისტორიულ მიჯნას ემთხვევა. ავტორისეული რემარკით, კიდევ უფრო დაკონკრეტებულია დრო: მოქმედება წარმოებს ჩვენში, 1905 წლის შემდეგ, 1910 წლამდე. ეს, რუსეთის მონარქისტული იმპერიის მიერ დამონებული ხალხების გამოფხიზლების ხანაა, - ეროვნული მოძრაობის აღმავლობის დასაწყისია! ეპოქათა შესაყარი, ასეთ ისტორიულ პერიოდებში მცხოვრები ადამიანები, ჩვეულებრივისაგან განსხვავებული ქცევის წესით გამოირჩევიან, მათ აქვთ ნათელი მიზანი, საერთო ღირებულებები, პრინციპები და ინტერესები,ავლენენ ორგანიზებულობის უნარს და მოჭარბებულ ენერგიას... ამიტომაც ახერხებენ ძველის უარყოფას და ახლის დამკვიდრებას, ეს ერთგვარი საერთო მახასიათებელია, მაგრამ არა ზემოხსენებული პიესის პერსონაჟთათვის. ისინი, ამ მხრივ, სრულიად განსხვავებულნი არიან, - საერთო სიტუაციიდან ამოვარდნილნი. მართალია, მათაც აქვთ გდასაწყვეტი მნიშვნელოვანი ამოცანა: თავზე ექცევათ ეკლესია, ინგრევა სასწავლებელი, ბაღები ნადგურდება, გზები მოუწესრიგებელია, ბოგირი უვარგისი... და, ისინიც ცდილობენ თავი გაართვან მათ წინაშე მდგარ პრობლემებს, მაგრამ ეს, ერთი შეხედვით, - სინამდვილეში ასე არ ხდება და პიესაში აღწერილი საზოგადოება (მაშინდელი საქართველოს მიკრომოდელს რომ წარმოადგენს) შინაგან ერთიანობას მოკლებულია. საერთო საწუხარი მათ ვერ შეაკავშირებს, პირიქით, ეს ადამიანები უკიდურესი ინდივიდუალისტები არიან, მათ მხოლოდ ეგოისტური მისწრაფებები ამოძრავებთ და ყველა ცალ-ცალკე ცდილობს თავის კერძო მიზნის მიღწევას: ერთი მაზრის უფროსთან უჩივის თანასოფლელს, - მეორე მადნისშემცველ მიწის ნაკვეთში ფულის დაბანდებას ჯერ, ვიღაც მდიდარ სომეხს სთხოვს, მერე ამ ნაკვეთის გაყიდვას ცდილობს. მესამე, - საკუთარი ქალიშვილის ვიღაც გადამთიელზე მითხოვებას ბედნიერებად მიიჩნევს... ეს გათითოკაცებული საზოგადოება შემოქმედებით ენერგიას მოკლებულია, ამიტომ, არც განვითარების უნარი აქვს, ის თავისი არსით პასიური მოვლენაა. პიესის სოფელს საკუთარი არისტოკრატია ჰყავს, მაგრამ, როგორია ის: თავადი გორგასლანიანი „სტრაჟნიკი“, რომ არის და 15 მანეთის გამო, ვისაც გინდა, იმას ეჭიდავება, ავტორს დახასიათებული ჰყავს, როგორც „პატარა კაცი, დეგენერატის ტიპისა“... გენერალი ბერდოსანი დავრდომილი მოხუცია, რომელსაც მხოლოდ დამატებითი პენსიის მიღება აინტერესებს... - ასეთი „ელიტა“ ზნეობრივი მაგალითის მომცემი და ხალხის წარმმართველი ვერ იქნება. სოფელს მამასახლისიც ჰყავს, ის ადგილობრივი ხელისუფლებაა, მაგრამ მას არ ძალუძს მაორგანიზებელ ძალად ქცევა; ამას არც მალავს და სხვასაც ურჩევს, საზოგადოებრივი საქმის გამო თავი არ გამოიდოს: „მე ხომ არ შემიძლია და არა, მაგრამ არც თქვენ გირჩევთ რაიმე სიტყვა დაძრათ ეკლესიაზე და სასწავლებელზე... და საზოგადოთ სოფლის გაჭირვებაზე... ვინ იცის რაიმე ეწყინოს და, შეიძლება, საციმბიროთაც გაგიხდეთ საქმე“. ლაპარაკი არც გლეხს სურს. ჯიბო კვანტრიშვილი ასე იმართლებს თავს: „ეჰ, ბატონო, მე ერთი უბირი გლეხი ვარ, სად შემივლია დალაგებით ლაპარაკი“. სახალხო საქმის დაცვა ამ სოფელში არც ოპოზიციას შეუძლია, თავის საქციელს სოციალისტი კარლო ყაყუტაძე ასე ამართლებს: „მთავრობისაგან მე არასოდეს სიკეთეს არ გამოველი“.
ამ ადამიანებს არც მოქალაქის ცნობიერება აქვთ, არც ეროვნული და პიროვნული ღირსების გრძნობა; აწუხებთ გაჭირვება, აქვთ აუხდენელი ოცნებები, ერთმანეთს ატყუებენ, ცუღლუტობენ, ინტრიგანობენ, ყველა ცალ-ცალკე ცდილობს თავის გადარჩენას და ბოლომდე ამასაც ვერ ახერხებენ, მათ არ გააჩნიათ საერთო საქმის კეთებისათვის საჭირო ძალა, ამიტომ, ვერც პრინციპულობას იჩენენ. ისინი ეგოცენტრისტები, კინფორმისტები და სნობები არიან, მათ საერთო საზრუნავიც ვერ აერთიანებს, სამაგიეროდ, გაშლილი სუფრა და ღრეობაა მათი გამაერთიანებელი. მაგრამ ამ საქმეშიც მოჩვენებით აქტიურობას ავლენენ, ყბადაღებული ქართული სტუმართმოყვარეობით, სახეირო ისევ გადამთიელმა ნახა, ესენი კი ხელმოცარული დარჩნენ. ასეთი დაცემული საზოგადოება არ შეიძლება გარეშე ძალის უხეში და ცინიკური დამოკიდებულების ობიექტი არ გახდეს; მაზრის უფროსი, რომლისაც ასე ეშინიათ აქაურებს, რუსი მოხელე გრენგოლმი, უშეცდომოდ უღებს ალღოს ამ სოფლის მცხოვრებთა ხასიათს. ეს კარგად ჩანს მის მიერ საცოლედ მონიშნულ ფაციასთან საუბრისას გამოთქმულ შეხედულებებში: „ვოტ, ვოტ... ეხლა კი მართლა ქართულადა მსჯელობთ... რა ვუყოთ, რომ მე უცხო ნაციისა ვარ! მე რომ მკითხოთ, თქვენ, ქართველები სწორედ ეგრე უნდა მოიქცეთ... თქვენი ქალები სულ უცხოელებზე უნდა გაათხოვოთ... თუ გინდათ, რომ სისხლი განაახლოთ... აბა, რას წარმოადგენთ ეხლა?.. დაჩიავებული, დაგლახავებული... აქა-იქ თუ გამოვარდება თქვენისთანა კეკლუცი, თორემ, აბა, სადღა არიან ოდესმე განთქმული „грузинские красавицы? где ваша пародистость?“ თქვენა გგონიათ, მე არ ვიცი თქვენი ისტორია? ყველა თქვენ გირტყამდათ: ერთი მხრით სპარსეთი, მეორეს მხრით ოსმალეთი, ძველი ბიზანტია, მთიელები, ჩეჩნები, ლეკები, ოსები. ყველა თავში გიფაჩუნებდათ, ვისაც არ ეზარებოდა. ეხლა, ეხლა მაინც უნდა მოეგოთ გონს... ეხლა ჩვენ უნდა შეგვიერთდეთ სულით, სისხლით, სხეულით... უწინარეს ყოვლისა თქვენ, ქალები, უნდა გახდეთ „гражданки великой русской империи“ და მაშინ... შეიძლება თქვენი საქმეც გამოკეთდეს...“ ეს სიტყვები სასიკვდილო განაჩენის ტოლფასია. ასეთი რამ მხოლოდ იმ ერის შვილებს შეიძლება უთხრან, რომელსაც ენერგია არ გააჩნია, შინაგანი განვითარების უნარს მოკლებულია და სათანადო მიზანი არა აქვს. გადამთიელს, სოფლის მკვიდრთა ბედოვლათობამ გააბედვინა ეს საშინელი შეფასება. როცა პიესა დაიწერა, საქართველო თავისუფლების კარიბჭესთან იდგა და ავტორიც, სათაურით და მოქმედების დროის მითითებით, ძველს ემიჯნებოდა, ახალი ეპოქის ქართველთ ერთგვარ უარყოფით მაგალითს უჩვენებდა. ისეთს, რომელსაც ხალხი უნდა გაემიჯნოს. სამწუხაროდ, მაშინ ქართველობა სხვაგვარად ვერ მოიქცა, პირველი რესპუბლიკა ვერ დაიცვა და ნანატრი თავისუფლება ვერ შეინარჩუნა, ამიტომ პიესის აზრობრივი შინაარსი დროის თავისებურებასთან მიმართებაში განსაკუთებულ აქტუალობას იძენდა, ხოლო სათაური, - აშკარად ორაზროვან ხასიათს; ძალაუნებურად ჩნდებოდა კითხვა: ნუთუ მართლა გუშინდელნი არიან ეს პერსონაჟები, ასე რომ გვანან დღევანდელ ქართველებსო? აქედან მოყოლებული დღემდის, თანამედროვე გუშინდელთა თემა უაღრესად მნიშვნელოვანია. განა ახლა, ბევრ შემთხვევაში იგივე არ ხდება? შეუცვალეთ პერსონაჟებს სახელები, გაათანამედროვეთ მათი მეტყველება, ყოფის სპეციფიკა და მიიღებთ დღევანდელი საქართველოს მიკრომოდელს. მაგრამ, იმიტომაც არის ეს პიესა კლასიკა, რომ მას ასეთი მანიპულირება არ სჭირდება. დროთა კავშირი, სიტუაციათა და ხასიათთა უცვლელობა ისედაც აშკარაა. ასეთი საზოგადოება, ძველიცა და ახალიც, თავისით, მაორგანიზებელი ძალისა და ეროვნული იდეის გარეშე, ქცევის წესს ვერ შეიცვლის და ვერ გარდაიქმნება.
ჩვენ სახელმწიფოს აღმშენებლობას ვცდილობთ, ეს კი, ეროვნული განვითარების უმაღლესი საფეხურია და, ამასთანავე, ის აუცილებლობაა, რომლის გარეშეც, არათუ სრულფასოვნად ვერ ვიცხოვრებთ, არამედ, შეიძლება, საერთოდ, ფიზიკურად გავნადგურდეთ... სახელმწიფოს ეს უნიკალური ფუნქცია კარგად ჰქონდა დანახული გენერალ დე გოლს და ამიტომაც წერდა: „საფრანგეთი არსებობს მხოლოდ სახელმწიფოს წყალობით და თავისი არსებობის შენარჩუნებას ახერხებს მხოლოდ მისი მეშვეობით, არაფერია უფრო უმნიშვნელოვანესი, ვიდრე ლეგიტიმურობა, დაწესებულებები და სახელმწიფოს ფუნქციონირება“. ამ დიდი მნიშვნელობის მქონე ორგანიზმის ქმედუნარიანობა არსებითად იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად აცნობიერებს მოსახლეობა მის აუცილებლობას. სახელმწიფოსადმი დამოკიდებულება ხშირად იმაში ვლინდება, თუ როგორ პატივს მიაგებს მოქალაქე გერბს, დროშას, ჰიმნს ან, ჯილდოებს და იმ ადამიანებს, ვისაც ის მინიჭებული აქვს: ტიტუს ლივიუსი თავის „რომის ისტორიაში“ ასეთ ამბავს მოგვითხრობს: გალებთან ომის დროს, მოქანცული და მრავალრიცხოვანი მტრის შემოტევით შემდრკალი რომაელები თავიანთი გამაგრებული ბანაკიდან არ გამოდიოდნენ მაშინ, როგორც ისტორიკოსი წერს: „კვინტუს ვიქტორიუსმა II ლეგიონის I პილის ცენტურიონმა და გაიუს ანტონიუსმა, IV-ს სამხედრო ტრიბუნმა, ბოლოს გააკეთეს ის, რაც ხშირად შველის მძიმე ბრძოლისას, მედროშეებს ხელიდან გამოგლიჯეს საბრძოლო დროშები და სტყორცნეს მტრის ყველაზე დიდი თავმოყრის ადგილს და პირველები გაეშურნენ მეორე ლეგიონის მეომრები, რათა დაებრუნებინათ დროშები“. ამ ხერხმა, რომელიც ეფუძნებოდა რომაელთა ურყევ რწმენას, რომ დროშა მტერს ხელში არ უნდა ჩაუვარდეს, კონსულ ტიბერიუს სეპრონიუსის ლეგიონებს გალებთან ომში გაამარჯვებინა. ჩვენთან, სახელმწიფო ატრიბუტიკა ასე უპირობოდ მიჩნეულ ღირებულებად არ ქცეულა. ამიტომ, გაუთავებლად ბევრს ლაპარაკობენ მათი შეცვლის თაობაზე და ბოლოს, 1999 წლის 9 ივნისს, პარლამენტმა საგანგებო დადგენილებაც მიიღო ამის თაობაზე: „საქართველოს სახელმწიფო ატრიბუტიკის (სიმბოლიკის) შემუშავებისა და ამ სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს პარლამენტში შექმნილმა ინტერფრაქციულმა ჯგუფმა თავის დასკვნით სხდომაზე და საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტთან ერთად საკომიტეტო მოსმენაზე განიხილა ისტორიული, ტრადიციული სახელმწიფო ატრიბუტიკის (გერბი - „კვართიან-დავითიანი“, დროშა - „გორგასლიან-დავითიანი“) აღდგენის საკითხი და მხარი დაუჭირა სახელმწიფო ატრიბუტიკის შეცვლას. ამასთან დაკავშირებით პარლამენტი ადგენს: 1. ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს ორგანული კანონის პროექტი ატრიბუტიკის შეცვლისა და ისტორიული, ტრადიციული ატრიბუტიკის აღდგენის თობაზე. 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე». ეს დოკუმენტი უფრო პოლიტიკურ ანეკდოტად შეიძლება მიიჩნიო, ვიდრე საკანონმდებლო აქტად, იმდენად აბსურდულია და არანაირი ლოგიკით არ არის ნაკარნახევი. თავად განსაჯეთ, არაფრით არ არის არგუმენტირებული არც დღევანდელი ატრიბუტიკის შეცვლის აუცილებლობა და არც ბაგრატიონების გერბისა და „გორგასლიან-დავითიანი“ დროშის მიღების საჭიროება. ბუნებრივია კითხვა: რით ჯობს ფეოდალური საქართველოს სიმბოლიკა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ატრიბუტიკას? ან კიდევ:რატომ არ თვლიან ჩვენი პარლამენტარები მეორე რესპუბლიკას პირველის სამართალმემკვიდრედ? იქნებ ასეთად ყუთლუ-არსლანის „კარავს“ მოიაზრებენ? შესაძლებელია. მე კი მგონია, რომ თუ ახალ სიმბოლიკას მივიღებთ, მასში უნდა აისახოს როგორც მონარქიის, ისე რესპუბლიკის დროის ატრიბუტიკა, რაც გაამთლიანებდა ჩვენს ისტორიას, ანუ, მასში გარკვეული კონცეპცია იქნებოდა ჩადებული. სამწუხაროდ, პარლამენტის დადგენილებას არანაირი იდეოლოგიური პრინციპი არ უდევს საფუძვლად და არის მხოლოდ გამოვლინება იმ ვოლუნტარიზმისა, ასე რომ ახასიათებს ჩვენს პოლიტიკას...
სიმბოლიკის გარდა, მოქალაქისა და სახელმწიფოს ურთიერთობა იმ ჯილდოებისადმი დამოკიდებულებითაც ვლინდება, ხელისუფლება რომ აჯილდოვებს თავის რჩეულებს; ამ საკითხთან დაკავშირებით უაღრესად საინტერესო ფაქტს გვაწვდის ბისმარკი თავის „აზრებსა და მოგონებებში“: „პარიზის ერთ-ერთ ბულვარზე რომელიღაც ზეიმის დროს, მომიხდა ვყოფილიყავი მოწმე ასეთი სცენისა: რამდენიმე ასეული კაცისაგან შემდგარი ბრბო ვიღაცის უთაურობის გამო, ერთი-მეორის საპირისპიროდ მომავალ, ორ სამხედრო რაზმს შორის აღმოჩნდა და ვერც უკან იხევდა და ვერც წინ მიდიოდა; პოლიცია, რომელსაც არ გაურკვევია ჯგლეთის მიზეზი, მივარდა ბრბოს, აამოქმედა მუშტები და პარიზში ესეოდენ შეთვისებული ცოუპს დე პიედ (წიხლის კვრა), ვიდრე პირისპირ არ აღმოჩნდა რომელიღაც მონსიეურ დეცორე (ორდენოსანი ბატონი) წითელმა ლენტმა აიძულა პოლიციელები, მოესმინათ მისი მფლობელის პროტესტი და ბოლოს და ბოლოს დაარწმუნა ისინი, რომ ბრბო კი არ ჭირვეულობდა, არამედ ორ რაზმს შორის მოქცეულს წასასვლელი არსად ჰქონდა. აღგზნებულ პოლიციელთა მეთაური რთული მდგომარეობიდან ხუმრობის წყალობით გამოვიდა: მიუთითა რა chasseurs de vincennes (ვენსენელ მსროლელა) რაზმზე, რომლებიც დეფილირებდნენ d'up pas gymnastique (სწრაფი ნაბიჯით) და თავიდან მის მიერ შემჩნეულნი არ ყოფილან, მან თქვა: „eh bin, il faut enforer („მერე რა, მოგვიხდება ისინი ვაიძულოთ გაიქცნენო“) პუბლიკამ, გალახულთა გამოუკლებლივ, გადაიხარხარა; ყველა, ვინც ხელყოფას გადაურჩა, დაიშალნენ ორდენოსანის მიმართ მადლიერების გრძნობით აღვსილნი, რომელმაც თავისი იქ ყოფნით იხსნა ისინი“.
აი, ასეთი მნიშვნელობა ენიჭებოდა სახელმწიფო ჯილდოს ევროპაში და ასეა ახლაც, ჩვენგან განსხვავებით, კანფეტივით არავის არ ჩამოურიგებენ, მაგრამ თუ მიანიჭებენ ვინმეს, მას სათანადო პატივსაც მიაგებენ. საქართველოში ასე არ არის, და ამიტომ, არც ჯილდოს აქვს ფასი. ასეც არ იყოს, როცა სახელმწიფო გვაქვს ისეთი, რომელიც ვერ უზრუნველყოფს ვერც მოსახლეობის უშიშროებას, ვერც მისთვის ნორმალური საარსებო პირობების შექმნას, როცა ხალხი დამშეულია და დათრგუნული, შელახული აქვთ პიროვნული და ეროვნული ღირსების გრძნობა, - ასეთი სახელმწიფოს მიერ ვინმესათვის მინიჭებულ ჯილდოს, პატივს ვერ მიაგებ...
ფული - „ღირებულების საყოველთაო ეკვივალენტი“, მისი მოჭრა ხელისუფლების უფლებას წარმოადგენს. ამას „სახელმწიფო სამონეტო რეგალია“ ეწოდება. აქედან გამომდინარე, რამდენადაც მყარია კურსი, იმდენად მაღალია მთავრობის ავტორიტეტი. ასე იყო და ასე იქნება. რაც შეეხება ქართულ ფულად ერთეულს, ის ერთ-ერთი უძველესია მსოფლიოში: კოლხეთში ძველი წელთაღრცხვის მე-6 საუკუნიდან დაიწყეს ე.წ. „კოლხური თეთრის“ მოჭრა. აქედან მოყოლებული დღემდის, მცირეოდენი გამონაკლისის გარდა, ჩვენ საკუთარი ფული გვაქვს, განვლილი ორიათას ხუთასი წლის მანძილზე მრავალგვარი მონეტა მოიჭრა, რომელთა მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულება განსხვავებული იყო, ეს ღირებულბის ცვლის გამო ხდებოდა, რასაც, თავის მხრივ, სამი ტრადიციული მიზეზი იწვევდა. პირველი: როცა მონეტის გაფუჭება-გაუარესება ეკონომიკური კრიზისის გამო ხდებოდა, ასეთ დროს ის რეალურ ღირებულებაზე უფრო ძვირი ღირდა, მეორე: უნებლიედ გაფუჭება, ე.წ. ტექნიკური წუნი და განზრახ გაფუჭება, როცა ძვირფას ლითონში უფრო იაფი შერეული დიდი რაოდენობით. ცხადია, სამივე შემთხვევაში მოსახლეობა უკმაყოფილებას ავლენს. ამას მეოთხე მიზეზიც უნდა მივუმატოთ: როცა ხელისუფლება სახელმწიფოებრივი ცხოვრების ელემენტარულ ორგანიზებასაც ვერ ახერხებს, რის გამოც სამეურნეო საქმიანობა ჩაკვდება და ფული გაუფასურდება ხოლმე. ასე მოუვიდა ჩვენი პირველი რესპუბლიკის ბონებს და მეორე რესპუბლიკის კუპონს. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია მაშინდელი ფინანსური პოლიტიკის თაობაზე წერდა: „საზოგადოდ, ფულს ვუყურებდით როგორც ჩამოვარდნილ ფურცელს, რასაც ეჭირვება მხოლოდ ახვეტა და გადაყრა“. სახელმწიფოს პირველი პირის ნათქვამს ეხმიანება 1919 წელს სატირულ ჟურნალ „ეშმაკის მათრახში“ დაბეჭდილი ნახატი სათაურით „ანგარიშიანი კაცი“ და ტექსტი, რომელიც მას ახლავს. სურათზე გამოხატულია კაცი, რომელიც შუა ქუჩაში ყალბ ბონებს ბეჭდავს. მას ეკითხება გამვლელი: მეგობარო, არ გეშინია ამ ქუჩაში რომ დაგიდგამს მაშინა და ბეჭდავ ყალბ ბონებს? ყალბი ფულის მჭრელი: რისი უნდა მეშინოდეს, სამიოდე მილიონის დაბეჭდვას ხომ მოვასწრებ. აქედან ერთ მილიონს მივცემ, გამამართლებენ და ორი მილიონი წმინდა მოგება დამრჩება. ასეთი იყო საზოგადოების რეაქცია სოციალ-დემოკრატთა უხეირო მმართველობის დროს წარმოქმნილ კრიზისთან დაკავშირებით.
1993 წელს, მეორე რესპუბლიკის დროს, საქართველოში ხმარებაში შემოვიდა დროებითი ვალუტა კუპონი, რომელსაც უნდა მოემზადებინა ძირითადის - ლარის დამკვიდრება. ეს ითხოვდა კუპონისადმი საგანგებო ყურადღებას, მის ერთადერთ საგადასახადო საშუალებად გადაქცევას. ამასთან მოსახლეობა უნდა მიჩვეოდა ეროვნულ ვალუტას და მისდამი პატივისცემის გრძნობა გასჩენოდა. სამწუხაროდ, ხელისუფლების არაკონსტრუქციულმა პოზიციამ, იმთავითვე გამორიცხა ამ ამოცანის შესრულება. კუპონი ერთადერთ კი არა ერთ-ერთ ვალუტად გამოცხადდა... ამან ის მოქალაქეთა თვალში დააკნინა, რაღაც არასრულფასოვანის მნიშვნელობა მიანიჭა და ამისი შედეგი იყო რომ, რუსულ რუბლს და აშშ დოლარს დიდი გასავალი მიეცა, კუპონი კი, დანაშაულებრივი საკრედიტო პოლიტიკის წყალობით, უსირცხვილო სპეკულაციის საგნად იქცა. მისი მეშვეობით ბევრმა მოითბო ხელი და მილიონებიც დააგროვა, კიდევ უფრო ბევრს კი, - შიმშილით სული ძვრებოდა. მერე, როცა ხელისუფლებას დასჭირდა, კუპონი, მართლაც იქცა ერთადერთ საგადასახადო საშუალებად და მისი კურსის ვარდნაც შეჩერდა... 1995 წლის შემოდგომიდან შემოდის ლარი. XX საუკუნეში პირველად, - მივიღეთ სრულფასოვანი ვალუტა და მისი კურსიც შედარებით სტაბილურია, მაგრამ მისი მერყეობა (რადგან ამისი გამომწვევი მიზეზების დადგენა ძნელია) ბადებს ეჭვს, რომ ეს ვიღაცეების ფინანსური მაქინაციებისათვის არის საჭირო... ასეთ თამაშებს ბოლო უნდა მოეღოს.
ეროვნული ვალუტა სახელმწიფოს ვარგისიანობის საბუთია და მას გაფრთხილებას ჭირდება. ჩვენ ჯერჯერობით, საამისო კულტურის დეფიციტს განვიცდით.
სტიმული ლათინური სიტყვაა და განიმარტება როგორც: „რაიმე მოქმედებისათვის ხალისის აღმძვრელი მიზეზი“, ანუ ნიშნავს იმას, რაც ასე აკლია ჩვენს დღევანდელ ყოფას. ამიტომ არის ცხოვრების რიტმი დუნე და ზოზინა, შეუფერებელი იმ სიტუაციასთან, რომელშიაც ვიმყოფებით... ბუნებრივია, იმისი სურვილიც ჩნდება, გავერკვეთ, ყოველივე ზემოთქმულის გარდა, კიდევ რის გამოა ასე. ჩვენი წარუმატებლობის მიზეზები კარგა ხანია, გვაღელვებს და ამ სამოცდაათი წლის წინაც იყო განსჯა-გააზრების საგანი, რადგან, მაშინაც გვაკლდა ხალისი... 1926 წელს წერილში „ფიქრები საქართველოზე“ მწერალი ნიკოლო მიწიშვილი ეხებოდა რა საქართველოს, როგორც სახელმწიფო ორგანიზმს, წერდა: „მისი ენერგია გამოწვეული იყო სხვა მის გარეშე მყოფ მოვლენისაგან (ენერგია ჭიისა, როცა მას ფეხს აჭირებენ)“. 1991 წელს კომპოზიტორმა გია ყანჩელმა ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ინდიანოპოლისის უნივერსიტეტში წარმოთქვა სიტყვა, რომელშიც ასეთი აზრიც გამოთქვა: „პარადოქსია, მაგრამ სწორედ სულიერი თავისუფლების შეზღუდვა ზევიდან დაშვებული იდეოლოგიური ჩარჩოებით, ქმნის ხელსაყრელ ნიადაგს და თავისებურ სტიმულს იმ განსაკუთრებული სულიერების სიცოცხლისუნარიანობისათვის, რომელიც მოიცავს უდიდეს ტკივილსაც და უდიდეს იმედსაც“. როგორც ხედავთ, ორივე ავტორი გარეშე ფაქტორს, მისგან მომდინარე ზემოქმედებას მიიჩნევს იმ სტიმულად, რომელიც, პირველ შემთხვევაში ზოგადად - ეროვნული ენერგიის გამოვლენას უწყობდა ხელს და მეორე შემთხვევაში კი, - უკანასკნელი შვიდი ათეული წლის მანძილზე სულიერი ცხოვრების გააქტიურების მიზეზი ყოფილა. ასე რომ, სტიმული ყოველთვის იყო, საქმე იმაშია, თუ რას წარმოადგენდა ის... ზემოხსენებული მოსაზრებები უდაოდ საკამათოა, რადგან შეუძლებელია ერის ქმედუნარიანობა მხოლოდ უცხო, მტრული ძალის მიერ გამოწვეული გაღიზიანება იყოს და სხვა არაფერი... თავად განსაჯეთ: თუ სხვისი ზეწოლის გარეშე ვერ გამოვავლენთ სათანადო ენერგიას და არ ვიაქტიურებთ, პრეტენზიებს არ განვაცხადებთ, რომ ანგარიში გაგვიწიონ, - ვერ შევქმნით ორიგინალურ კულტურას, არ გვექნება მეცნიერული აღმოჩენები, საზოგადოებრივი და სამეურნეო ცხოვრება, რწმენისა და თავისუფლების მნიშვნელობის გაგება, მაშინ რაღაა ჩვენი ყოფნა ამ ქვეყნად? დამოუკიდებლობა, - რისთვისაც ვიბრძოდით და სამართლებრივი სახელმწიფო, - რომლის აღმშენებლობასაც ვცდილობთ, განა არ უნდა იქცეს იმ სტიმულად, რომელიც ქართველთა ეროვნულ ენერგიას და შემოქმედებით ნიჭს გამოავლენს? ცხადია, უნდა იქცეს, მაგრამ, სინამდვილეში, ჩვენი მოქმედების სტიმული ნამდვილად ის არ არის, რაც უნდა იყოს. ადამიანები, რომლებმაც კოლონიურ ყოფას და ტოტალიტარულ რეჟიმს თავი დააღწიეს, სხვაგვარად უნდა იყვნენ წახალისებულნი, რადგან მოგვეცა იმისი გაკეთების საშუალება, რაზედაც ამ ათიოდე წლის წინ ვერ ვიოცნებებდით. ჩვენ ხომ ბევრი რამ გვაქვს შესაცვლელი, აღსადგენია ტრადიციები (ცხადია ისეთი, თანამედროვე რეალიებს რომ მიესადაგება) და ბუნებრივი გზით წარსამართია ქვეყნის პოლიტიკური და სამეურნეო ცხოვრება, გასათავისებელი გვაქვს სახელმწიფოს ინტერესები, - რის მიმართაც აქამდის გაუცხოებულნი ვიყავით, უნდა ავაშენოთ დემოკრატიული სახელმწიფო და ავიმაღლოთ ეროვნული თვითშეგნება... და კიდევ, უნდა გავთავისუფლდეთ პროვინციალიზმის, ეგოცენტრიზმისა და სნობიზმის ტყვეობიდან... მოსაპოვებელი გვაქვს შინაგანი თავისუფლება და სასწავლი ადამიანის პატივისცემა... მოკლედ რომ ვთქვათ, უნდა ვაკეთოთ ის, რაც არანორმალური სოციალურ-პოლიტიკური რეჟიმის დროს შეუძლებელი იყო და რისი კეთების სურვილსაც მაშინ ვამჟღავნებდით...
კოლონიად ყოფნის დროს თავისუფლებისათვის ბრძოლის ყველა ფორმას მივმართავდით, პრაქტიკული მნიშვნელობა ინტელექტუალურ ასპარეზს მიენიჭა, რადგან კოლონიზატორები სხვაგვარი თვითგამოხატვის საშუალებას არ გვაძლევდნენ. ასეთ ბრძოლასაც დიდი ძალისხმევა, ნიჭი და მონდომება სჭირდებოდა, მაშინ შეძლებისდაგვარად გავართვით თავი ამ ამოცანას. ახლა მითუმეტეს გვჭირდება შემოქმედებითი უნარის გამოვლენა. ეს, ბოლოს და ბოლოს, სასიცოცხლო აუცილებლობაა, რადგან ამ მოთხოვნის საწინააღმდეგოა უმეტესობა იმისა, რაც კეთდება. ცხადია, ტრაგიკულ ინტონაციას იძენს კითხვა: ნუთუ მხოლოდ მაშინ ვართ ქმედუნარიანნი, როცა ვიღაც გვბოჭავს, ხელს გვიშლის, თავს გვახვევს ქცევის განსაზღვრულ წესს; ჩვენ კი, ამის საპასუხოდ ვმოქმედებთ და, რაც უფრო მეტად გვზღუდავენ, მით უფრო დიდი ხდება ჩვენი წინააღმდეგობის ძალა? არც მთლად ასეა საქმე, თუნდაც იმიტომ, რომ ზემოქმედება ჩვენზე ახლაც დიდია, თავად განსაჯეთ: წაგვართვეს ტერიტორიები და რამდენიმე ასეული ათასი ქართველი თავის ქვეყანაში დევნილად აქციეს, ხდება ყველანაირი დესტრუქციული პროცესების გარედან სტიმულირება, ყოველწუთს ლახავენ ჩვენს ეროვნულ ღირსებას, იდიოტური რეკომენდაციებით ამუხრუჭებენ საქართველოში ეკონომიკის განვითარებას და დაგვაყენეს ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე... ეს რა, ნაკლები ზემოქმედებაა? ამან რა, თუნდაც „ჭიის ენერგია“ მაინც არ უნდა წარმოშვას? ან სულიერების სტიმულად რატომ არ უნდა იქცეს? რაშია საქმე? იქნებ იმაში, რომ მთავარი ვიღაცის ზემოქმედება კი არ არის, არამედ ის, თუ, ჩვენ როგორ ვრეაგირებთ ამ ზეწოლაზე, სამაგალითოდ, შევუდაროთ ერთმანეთს, XX საუკუნის 20-იანი წლებისა და 60-იან-80-იანი წლების ლიტერატურისა და ხელოვნების ის ნიმუშები, რომლებშიაც თანამედროვეობის აქტუალური საკითხები აისახა და დავრწმუნდებით დამოკიდებულების სხვადასხვაობაში... ეს, უპირველეს ყოვლისა, რეალობის ჩვენების თავისებურებაში იგრძნობა, რაც, ორივე ისტორიულ პერიოდში, ძნელად შესაგუებელი იყო.
20-იანი წლების ქართველ ინტელექტუალებს თავსატეხ ამოცანად ექცათ უეცრად მოპოვებული თავისუფლების უეცარი დაკარგვის მიზეზების კვლევა. ამას აიძულებდა მეორე რუსული ოკუპაციის შედეგად დამყარებული კოლონიურ-კომუნისტური რეჟიმის მიერ შექმნილი გაუსაძლისი ყოფაც. ამით იყო გამოწვეული ნიკოლო მიწიშვილის ზემოხსენებული ამოძახილიც, რაც თავისებური ახსნა იყო იმ ჩვენი უღონობისა, რომლის გამოც, ვერ დავიცავით პირველი რესპუბლიკა. ამ კვლევა-ძიების პროცესში ყველაზე მეტი მაშინ მხატვრულმა ლიტერატურამ შეძლო; იმით, რომ შექმნა თანამედროვე ქართველის ლიტერატურული სახე. მხატვრულად გააზრებული და განზოგადოებული, ეს იყო, ერთის მხრივ, გზააბნეული და უილაჯო ადამიანი, მეორეს მხრივ კი, - საოცრად აქტიური უსამშობლოო ავანტიურისტები. ასეთი პერსონაჟები მოქმედებენ მიხეილ ჯავახიშვილის, კონსტანტინე გამსახურდიას, გრიგოლ რობაქიძის რომანებში, პოლიკარპე კაკაბაძის პიესებში. ამ გმირებს ცხოვრებისეული პროტოტიპები ჰყავდათ, ამასთან საკმაოდ ბლომადაც... ესენი იყვნენ ის ხალხი, ვინც ვერ, ან არ დაიცვა პირველი რესპუბლიკა, საზოგადოება, წოდება, ოჯახი, საყვარელი ადამიანები, საკუთარი პიროვნება, ან გაქცევით უშველა თავს, ან კიდევ, ყოველგვარი სიბინძურის შეგუება-გათავისებით, პირადი კარიერა უზრუნველყო, ეროვნული ინტერესების ხარჯზე. ვინ კიდევ, - სხვისი კუთვნილი ადგილი დაიკავა. მწერლის ნიჭი და პატიოსნება იმაში მდგომარეობდა, რომ მან, არამარტო შეძლო ტიპიურის გამოვლენა, არამედ ის მიზეზებიც წარმოაჩინა, რამაც განაპირობა ლიტერატურული გმირების პროტოტიპთა ქცევის ხასიათი...
შემოქმედის ასეთი პოზიცია წარმოაჩენს მის ეროვნულ და მოქალაქეობრივ თვითშეგნებას და ვერ აიხსნება ვერც „ჭიის ენერგიით“ და ვერც, „იდეოლოგიური ჩარჩოებით შექმნილი ხელსაყრელი ნიადაგით“. უფრო საფიქრებელია, რომ სტიმული, მწერლის ნიჭი და გულწრფელობა იყო, რომელიც აიძულებდა შეძლებისდაგვარად მართლად აესახა გარემომცველი სამყარო... ასეთი სტიმული ყველა ეპოქაში ერთნაირად საინტერესო შედეგს იძლევა; ეს რომ ასეა, ამის საბუთად X-XII საუკუნეების ქართული ლიტერატურა და ხელოვნებაც გამოდგება. მაშინ, საქართველო, ერთიანი, ძლიერი სახელმწიფო იყო, ადვილად ამარცხებდა მტრებს და აფართოვებდა თავის საზღვრებს, ქმნიდა იმპერიას... ქართველთა ეროვნული ენერგია სრულად ვლინდებოდა ცხოვრების ყველა სფეროში: პოლიტიკაშიც, რელიგიაშიც, სამეურნეო ცხოვრებაშიც, მეცნიერებაშიცა და შემოქმედებით სფეროშიც; იმდროინდელი მწერალი და ხელოვანი სრულ თანხმობაშია გაბატონებულ იდეოლოგიასთან, ის არ განიცდის არანაირ იმის მსგავს ზემოქმედებას, უკვე ციტირებულ მოსაზრებებეში სტიმულად რომ არის მიჩნეული... ასეთი რამ არ დასჭირვებია არც შოთა რუსთაველს, არც იოანე პეტრიწს, არც ბექა და ბეშქენ ოპიზარებს და კიდევ, მრავალთ, იმ დროის მოღვაწეს. მათ სხვა რამ ამოძრავებდა; უპირველეს ყოვლისა, ზეცით ბოძებული ნიჭი; ამას გარდა, ისინი თავისუფალი, მდიდარი ქვეყნის შვილები იყვნენ, - რაც სათანადო პირობებს უქმნიდა მათ, ხოლო ერთგულება იმ ღირებულებების, პრინციპებისა და ინტერესებისადმი, მაშინ რომ საქართველოში იყო, მათი შემოქმედებისათვის იდეოლოგიურ საფუძველს ქმნიდა. ერის ასეთი ყოფა, სახელმწიფოებრივი ცხოვრების იმდაგვარ ორგანიზებაში მდგომარეობდა, რამაც ფეოდალური ქვეყნის კასტურ სისტემაში ისეთი კორექტივები შეიტანა, რომელთაც განაპირობეს ნიჭიერი და უნარიანი ადამიანებისათვის შესაძლებლობათა რეალიზებისათვის მაქსიმალური ხელისშეწყობა.
ამის თაობაზე ივანე ჯავახიშვილი წერდა: „პირველი ამოცანა, რომელიც საქართველოს სახელმწიფოებრივობის განმტკიცებისათვის უნდა გადაწყვეტილი ყოფილიყო, წოდებრიობისა და პირადი ღირსების ურთიერთობის პრობლემა იყო. საშუალო საუკუნეებში, ფეოდალურ წესწყობილებაში განმტკიცებული მსოფლმხედველობაცა და რწმენაც უპირატესობას შთამომავლობასა და წოდებრიობას აკუთვნებდა. ეს ურყევ ჭეშმარიტებად მიჩნეული მაშინდელი რწმენა დავით აღმაშნებლის ხანაში საქართველომ დაარღვია და ადამიანის პირად ღირსებას, წოდებრივ შთამომავლობასთან შედარებით, უპირატესობა მიანიჭა. მოწინავე მოაზროვნე საზოგადოებაშიცა და სახელმწიფო მართვა-გამგეობის სფეროშიც, საქმიანობა სწორედ ამ ძირითად ახალ მოძღვრებაზე იყო დამყარებული“. ეს იყო მაშინდელი ქართული სახელმწიფოებრივი ცხოვრების შინაგანი განვითარების პროცესის შედეგი და ნიშნავდა სხვა სოციალურ ფორმაციაში გადასასვლელი ერთ-ერთი უმთავრესი პირობის შექმნას. ანუ მაშინდელი საზოგადოების ჰუმანიზაციას. ამ თვალსაზრისით, მეტად საინტრესოა ის მოსაზრება, რომელიც კორნელი კეკელიძემ და ალექსანდრე ბარამიძემ გამოთქვეს შოთა რუსთაველთან დაკავშირებით, რომლის შემოქმედებაშიც ასე მკაფიოდ აისახა იმ დროის ძირითადი ტენდენციები: „რუსთაველის მსოფლმხედველობის საფუძველია ჰუმანიზმი. მე-12 საუკუნის დიდი ქართველი პოეტი-მოაზროვნის ყურადღების ცენტრშია ადამიანი, ადამიანობა, ამქვეყნიური ადამიანური ცხოვრების სინამდვილე. მან უზადოდ გამოხატა ადამიანთა ამაღელვებელი ვნებათა ღელვანი, ადამიანური ცხოვრების დამამშვენებელი ზნეობრივი იდეალები. რუსთაველმა უკუაგდო ასკეტური მორალი, მიწიერი გრძნობების თვითჩახშობა, სარწმუნოებრივი ფანატიზმი და დოგმატიზმი, ცრუმორწმუნეობრივი სიბეცე, ფანატიზმი, რუსთაველის გმირები პიროვნულად თავისუფლები არიან, მათ ნებელობას არ ზღუდავს არც უზენაესი ძალა და არც ბრმა ბედისწერა. რუსთაველმა გაცილებით ადრე მკაფიოდ გამოხატა ის იდეური მიდრეკილებანი, რაც ჩვეულებრივ ევროპული რენესანსის ნიშანდობლივად დამახასიათებელ თვისებად ითვლება“.
ცხადია, იმ დროის, ხელოვანზეც ბევრი რამ ახდენდა ნეგატიურ გავლენას, რადგან იდეალური პირობები არსად არ არის და, არც არასოდეს ყოფილა, ოღონდ, რაც ჩვენ კომუნისტურმა რუსეთმა დაგვმართა, არცერთ წინა დამპყრობელს არ უქნია: კოლონიურ-კომუნისტურმა რეჟიმმა ან მოსპო, ან კიდევ, შერყვნა ყველა ის ტრადიცია და იდეალები, რაც სამიათასწლოვანი სახელმწიფოებრივი ისტორიის მანძილზე ჩამოუყალიბდა ქართველ ხალხს და ამის წყალობით, არსებითად პირველყოფილ მდგომარეობაში აღმოვჩნდით. ჩვენში კი, დამკვიდრდა აბსურდული ცხოვრების წესი, რომლის დროსაც არც შრომა ფასდება და არც ცოდნა, არ არსებობს კერძო საკუთრება და სიტყვის თავისუფლება. ყოველივე ამის შედეგად, მოხდა ადამიანის მანამდის არნახული დაბეჩავება. მმართველი რეჟიმი მნიშვნელობას ნიჭს და შრომისუნარიანობას კი არ ანიჭებდა, არამედ იმას, თუ რამდენად ერთგული იყო ხელისუფლებისადმი მოქალაქე. ეს, ცხადია, პროფესიულ მედროვეთა და სიცრუის მქადაგებელთა მომრავლებას უწყობდა ხელს. მიუხედავად ამისა, არც პროფესიონალიზმი მოსპობილა და არც ნიჭიერება, ოღონდ, ეგ იყო, რომ, რაიმეს კეთების უფლების მოპოვებას, უდიდესი ძალისხმევა და საკუთარი პოზიციის (თუ კი ასეთი გააჩნდა) უარყოფთა, ან დაფარვა სჭირდებოდა. ამ მხრივ, რუსეთის კომუნისტური იმპერიის ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე, სხვადასხვა მოთხოვნილება იყო: 20-იან წლებში მეტი შემოქმედებითი თავისუფლების მოპოვება ხერხდებოდა, 30-იან 40-იან წლებში, - თავისუფლება სულაც არ იყო. დროის ხასიათს კარგად წარმოაჩენს ერთი დოკუმენტი, კერძოდ, 1946 წლის „მნათობში“ დასტამბული საქართველოს საბჭოთა მწერლების მესამე ყრილობის რეზოლუცია, სიამაყით ადასტურებს, რომ „ქართულ საბჭოთა ლიტერატურაში ადგილი არ ჰქონია ზოსშჩენკოსეულ პასკვილებს და ახმატოვასებურ დაცემულობას და უიმედობის გამოხატულებას“. ასეთი იყო სულიერების სფეროში გამეფებული ტერორის შედეგი... ზოგი მორალურად გატეხეს, ზოგი ფიზიკურად მოსპეს და აღარავინ იყო XX საუკუნის სიგიჟის, - რუსული ბოლშევიზმის მაკრიტიკებელი... 50-იან 60-იან წლებში, ეგრეთწოდებული ხროშჩოვისეული „ოტტეპელის“ დროს, გასაქანი მიეცა ეზოპეს ენით მეტყველებას, - სათქმელის შენიღბვას... რამდენადაც ეს ყველაფერი ნიჭიერად კეთდებოდა, იმდენად ფასდებოდა ხელოვანი თუ ლიტერატორი, მათი ნაღვაწი კი, იმ სარკედ აღიქმებოდა, რომელშიაც მკითხველი ან მაყურებელი ჭვრეტდა წარსულისა და დღევანდელობის პრობლემებს. ეს იყო ჯიბეში ჩამალული მუშტების ხანა, როცა ყველამ ყველაფერი იცოდა, - მაგრამ ხმამაღლა თქმას, ვერ ბედავდა. ანუ, დადგა დრო, რომლის თაობაზე კლემენს მეტერნიხს ასეთი აზრი აქვს გამოთქმული: „ხალხების, ისევე, როგორც სახელმწიფოთა ცხოვრებაში, არსებობენ ეპოქები, როცა სიტყვა წარმოადგენს საქმეს, დუმილი კი მანიფესტაციის ტოლფასია“. ამიტომ, ეზოპეს ენამ საყოველთაო გავრცელება ჰპოვა, ლიტერატურისა და ხელოვნების მოყვარულნი, უშეცდომოდ რეაგირებდნენ ყველა მინიშნებაზე, სიტყვაზე და ბგერაზეც კი... ამიტომ, არ დარჩენიათ გამოუცნობი ის სათქმელი, რაც იმ დროის ნაწარმოებებში იყო ჩამალული და ადვილად ავლებდნენ პარალელს რომანსა თუ ფილმში ასახულ (უმეტესწილად, პირობით სამყაროში მომხდარ) ამბებსა და საქართველოს წარსულისა და თანამედროვე პრობლემებს შორის. ამის წყალობით, პირობითობა, მოდურ მხატვრულ ხერხად იქცა. მაგრამ, რამდენადაც პოპულარული იყო ეს მიმართულება, იმდენად ნათელი იყო, რომ ის, თვითგამოხატვის არცთუ სრულყოფილ ფორმას წარმოადგენდა, რადგან მისი მეშვეობით ცხოვრებისეულ სიმართლეს სრულად ვერ იტყოდი. ამას ჯერ კიდევ ე.წ. „უძრაობის წლებში“ მიექცა ყურადღება და ამის მაგალითად ასეთი ფაქტიც გამოდგება: როცა მიხეილ ჯავახიშვილის „უპატრონოს“ მიხედვით გადაიღეს კინონოველა „ნუცა“, მასში დაიკარგა არამარტო დროის შეგრძნება, ეპოქის ხასიათი, ეროვნული კოლორიტი და ყოფითი რეალიები, არამედ პერსონაჟთა ხასიათბსაც დააკლდა დამაჯერებლობა. მართალი იყო კრიტიკოსი გივი ბარამიძე, როცა წერდა: - „ფილმში, ნუცა მსხვერპლია არა სოციალური უთანასწორობის დროს არსებული ჯანმრთელი „ბატონის“ უზნეო საქციელისა, არამედ ფსიქიურად საეჭვო ინდივიდის დებილური დამოკიდებულებისა“. სამწუხაროდ, მაშინ, ამ შეფასებას სათანადო მხარდაჭერა არ ჰქონია, რადგან, ზემოხსენებული ფილმის მხატვრული ფორმა, რომლითაც ის იყო განხორციელებული, სრულიად დამაკმაყოფილებლად მიიჩნიეს, თუმცა, პირობითობა, როგორც საშუალება, უკვე მაშინ, 70-იან 80-იან წლებში აღარ აკმაყოფილებდა დროის მოთხოვნას - საჭირო იყო მეტი კონკრეტულობა, რისი გაკეთებაც, მაშინ, სირთულეს წარმოადგენდა... მაგრამ, რისი გაკეთების აუცილებლობასაც გრძნობდა ხელოვანიც და მისი შემოქმედების თაყვანისმცემელნიც. ოთხმოციან წლებში გახმაურებული კინოფილმი „მონანიება“ შესაძლოა სხვა სცენარით გადაღებულიყო; მე ის წაკითხული მაქვს, - მასში, იგივე ისტორია, გაცილებით რეალისტურად არის ასახული. თუ რატომ არ გადაიღეს ეს ვარიანტი, არ ვიცი, ალბათ უპირატესობა ტრადიციულ პირობითაობას მიენიჭა... იმ დროს, ანუ, „ზასტოის“ წლებში და „პერესტროიკის“ დასაწყისში, ბევრი ფიქრობდა, რომ, თუ სათანადო პირობები იქნებოდა, ლიტერატურა და ხელოვნება უფრო თამამად წარმოაჩენდა საზოგადოების წიაღში მიმდინარე პროცესებს და ამისათვის საჭირო მხატვრულ ფორმასაც მოძებნიდა, მაგრამ ასე არ მოხდა; შემოქმედი, რომელიც სულ უფრო თავისუფალი ხდებოდა, იმდენსაც ვერ ეუბნებოდა მკითხველს და მაყურებელს, რასაც ეზოპეს ენითა და უამრავი პირობითობის მოშველიებით ამბობდა, ადრე...
კურიოზია, მაგრამ ფაქტია, ის დააბნია იმ მოპოვებულმა თავისუფლებამ, რომელმაც არ მოიტანა, უარყოფილის სანაცვლოდ, ღირებულებების, პრინციპებისა და ინტერესების ახალი სისტემა. ამიტომ, შეიქმნა გაუგებრობა; არავინ იცოდა, რა იყო დასამკვიდრებელი და რა არა... თუ ტოტალიტარიზმის დროს, ოფიციალური იდეოლოგიის გამომხატველი კინიუნქტურის საპირისპიროდ, არაკონიუქტურული იქმნებოდა, ახლა, როგორც კი მოისპო „სოციალისტური რეალიზმი“, მაშინვე გაქრა მისი ალტერნატივაც...
დღევანდელობა, ლიტერატურასა და ხელოვნებას ოთხ არსებითი მნიშვნელობის მოთხოვნას უყენებს: უნდა შეფასდეს წარსული, კრიტიკულად უნდა იქნეს გააზრებული თანამედროვე ყოფა, მოდელირებულ უნდა იქნეს ადამიანებს შორის ის ურთიერთობები, რომელთა დამკვიდრებაც გვსურს, როგორც წარსულის, ასევე, თანამედროვე თემაზე შექმნილ ნაწარმოებებში უნდა შეიქმნას სოციალურად აქტიური და გამარჯვებული ქართველის მხატვრული სახე.
სამწუხაროდ, ამ ამოცანის გადაწყვეტა ჯერ არ დაწყებულა, იყო მხოლოდ წარსულის მოვლენათა გადაფასების ცდები, - ისიც ეპიზოდური ხასიათისა... გამოირკვა, რომ ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენები, როგორიც არის დამოუკიდებლობის მოპოვება და სოციალური სისტემის შეცვლის დასაწყისი, ვერ იქცა იმ სტიმულად, რომელიც რადიკალურად განაახლებდა შემოქმედებით ცხოვრებას, როგორც სათქმელის, ისე ფორმის თვალსაზრისით და ყველაფერი დროის შესაფერის სახეს მიიღებდა. მოხდა კი პირიქით: პირობითობამ და ეზოპეს ენით მეტყველებამ თავისებური გაგრძელება ნახა ავანგარდისაკენ მიტრიალებაში - ეს მიმართვლება, რომლის ერთეულ ნიმუშებს 10-20-იანი წლების ქართულ ლიტერატურასა და ხელოვნებაში ვხვდებით, - კოლონიურ-კომუნისტურმა რეჟიმმა განდევნა და „პერესტროიკამდე“ აკრძალული იყო. ამიტომ, მისი აღორძინება კარგია. სასურველია, მხოლოდ, რომ ამ ნოვაციისადმი დამოკიდებულება არ იყოს მოდურ-სნობისტური და ამავე მიზეზის გამო, უამრავი საეჭვო ნიჭიერების მქონე ბედის მაძიებლისათვის თავშესაფრად არ იქცეს... არადა, სწორედ მათი წყალობით, ჩვენს სახვით ხელოვნებაში, თეატრში, მუსიკაში, კინოსა და ლიტერატურაში უამრავი სუროგატი შეიქმნა. ასეთ შემოქმედებით მაკულატურას შეუძლია მხოლოდ საზოგადოების დეზორიენტაცია,... და მეტი არაფერი...
დღევანდელ ყოფას, არა მარტო ერთი რომელიმე მიმართულება, არამედ, ყველა ჟანრსა და მხატვრულ ფორმაში გამოვლენილი შემოქმედებითი აზრი სჭირდება: ავანგარდულიცა და რეალისტურიც; თანამედროვე თემაზე შექმნილიცა და წარსული ცხოვრების ამსახველიც...
ამიტომ, უნდა გავაცნობიეროთ ჩვენს წინაშე მდგარი ამოცაანა: ვართ რა, თავისუფლების გზაზე შემდგარი ერი, უნდა გვქონდეს თავისუფალი, ეროვნული სულით გამსჭვალული ლიტერატურა და ხელოვნება, და ყველა თემისა და ჟანრის მიხედვით მაღალპროფესიული ნაწარმოებები. ეს უნდა შევძლოთ, სხვა, ამას, ჩვენს მაგივრად არ გააკეთებს და არც არის საჭირო. გავიხსენოთ ისევ კინოს ისტორიიდან ასეთი ფაქტი: იტალიური ნეორეალიზმის წარმატების ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი, მისი ეროვნული ხასიათი იყო. ამ თვალსაზრისით, მეტად საინტერესოა ცნობილი კინორეჟისორის ალესანდრო ბლაზეტის მოსაზრება, რომელიც წერილში „ან იტალიელები, ან არაფერი“ წერდა: „რომი - ღია ქალაქი“ - ჭეშმარიტი დიდებაა იტალიური კინოსი, ჭეშმარიტი შემობრუნება მსოფლიო კინოში - ჰქონდა ის წარმატება, რომელიც მას ჰქონდა და ამ ერთსულოვანმა აღფრთოვანებულმა უცხოურმა გამოძახილმა მიწასთან გაასწორა ზოგიერთ იტალიელ კრიტიკოსთა ახლომხედველი პედანტიზმი - სწორედ იმიტომ, რომ ის დადგა იტალიელმა, სცენარი დაწერა იტალიელმა, მონაწილეობდნენ იტალიელი სტატისტები და ის გადაღებული იყო იტალიაში. სწორედ მისი ეს სრულიად იტალიური „ხასიათი“, მთელი თავისი ღირსებებითა და ნაკლოვანებებით, შეცდომებითაც (მაგრამ იტალიურით), გამოარჩევს ფილმს თავისი სულით და ფორმით, მთელი დანარჩენი მსოფლიო კინოპროდუქციისაგან.
... დაანაგვიანო ჩვენი კინოს იტალიური „ხასიათი“, ნიშნავს უარი თქვა ინტერესესის ერთადერთ მნიშვნელოვან ელემენტზე, - მხატვრულ და კომერციულ წარმატებაზე, რომელიც მთელს მსოფლიოში შეიძლება ჰქონდეს ჩვენს კინოს.
... იმათთვის, ვინც მოისურვებს, დაინახოს ჩემს მოუსვენრობაში „ჩლუნგი ნაციონალიზმი“, იტალიოფილური ფანატიზმის გადმონაშთები, და არა „ხასიათის“ ჭეშმარიტი პრობლემა, - და მაშასადამე, - სტილისაც... შევახსენებ, რომ კინოს მთელი ისტორიის მანძილზე, „საერთაშორისო“ კომბინაციებით შექმნილ ფილმებს არცერთხელ, არცერთ შემთხვევაში, არ ჰქონიათ რაიმე მნიშვნელოვანი წარმატება“ (ჟურნალი ....“, 1947 წელი). ბლაზეტის მოსაზრება ერთგვარ კომენტარს ითხოვს: საქმე ის არის, რომ ფაშიტური დიქტატურის დროს, იტალიაში, ასევე იტალიურ სურათებს იღებდნენ. მაგალითად, „თეთრი ტელეფონების“ კინო, - მათში ყველაფერი იტალიური იყო, გარდა იტალიური სულისა, ანუ, აკლდათ ის, რაც ასე ძლიერად გამოვლინდა ნეორეალისტურ ფილმებში.
არის რაღაც, ანალოგიური ამ ამბავსა და ჩვენს კინოს შორის: ბოლო ათწლეულში, გაუთავებლად იღებენ ქართულ ფილმებს, მაგრამ, ამ სურათებში ქართული სულის დანახვა, - ჭირს...
გამოდის, რომ ჩვენც გვჭირდება ნეორეალიზმის მსგავსი მიმართულება, რომელიც ეროვნულ სულს ააღორძინებდა ქართულ კინოში და აქ ბუნებრივად იბადება კითხვა: რით დავიწყოთ? თუ თემატიკაზე მიდგა საქმე, სოციალური პრობლემატიკა ნამდვილად არ არის საქართველოში იმაზე ნაკლებად აქტუალური, ვიდრე ის მეორე მსოფლიო ომის შემდგომ იტალიაში რომ იყო... ლუიჯი კიარინი წერდა: „ნეორეალიზმი წარმოიშვა, სიმართლისა და ჰუმანიზმის გულწრფელი მოთხოვნილებიდან, დაბადა ყველაზე ფართო სასოებამ, წამებით ნაშობი, ომისა და უცხოური ოკუპაციის დროს, ამდენი ხნის ტანჯვის შემდეგ, რომელიც ხელს უწყობდა ფსიქოლოგიური ხასიათის პიროვნული დრამის კოლექტიურ დრამად გადაქცევასა და ბიძგი მისცა ამდენი უბედურებისა და საშინელი კატასტროფების სოციალურ კვლევას“ (ჟურნალი „Bianco e Nero“ 1951 წ.).აი, ეს არის ის, რაც ასე გვჭირდება, - რომ ამდენი გაჭირვებისა და უბედურების მიზეზები ვიკვლიოთ. - მაშ, ასე ყოფის რეალისტური ასახვა... ამისათვის უხვ მასალას ცხოვრება გვაწვდის: განა საინტერესო არ არის ყოფა ადამიანებისა, რომელთაც ათი ლარი პენსია აქვთ, ან 25 ლარი ხელფასი. სამოქალაქო და სამამულო ომების გადამტანნი, - მშიერნი და უწამლოდ დარჩენილნი, ზამთარ-ზაფხულ უშუქობით შეწუხებულნი... გაუხსნელი მკვლელობებით, კორუმპირებული ბიუროკრატიითა და უსინდისო პოლიტიკოსების მიერ განაწამებნი არიან. რაოდენ მძიმე და გაუსაძლისიც არ უნდა იყოს მათი ცხოვრება, სწორედ მოსახლეობის ამ აბსოლუტურმა უმეტესობამ გამოიჩინა საოცარი გამძლეობა და უზარმაზარი მსხვერპლი გაიღო იმისათვის, რომ საქართველო დამოუკიდებელი ყოფილიყო. განა ეს ხალხი არ იმსახურებს იმას, რომ თავის ყოველდღიურ და, თითქმის გადაუწყვეტელ, პრობლემებს შეჭიდებული ფილმის გმირი გახდეს? ნუთუ, ქართულმა კინომ ვერ უნდა შეძლოს რიგითი ქართველი ადამიანის სულიერი სიდიადის ჩვენება?
თუ ამას დავისახავთ ამოცანად, მაშინ არც სოციალური პრობლემატიკის ასახვას არ უნდა მოვერიდოთ კინოში, დღეს, ეს თემა თითქოს ტაბუირებულია, მაგრამ, როგორც არ უნდა იყოს, ერთი კი ფაქტია: ქართული კინო ვერ განახლდება (და ალბათ, ვერც მთლიანად ჩვენი ხელოვნება და ლიტერატურა) თუ სოციალურ პრობლემატიკას გავექცევით და თავს ისე დავიჭერთ, თითქოს ის არ არსებობდეს.
არც იმისი არ უნდა შეგვეშინდეს, თუ ვინმე იტყვის: ჩვენი ყოფა რომ დაედოს ფილმებს საფუძვლად, ეკრანზე სისასტიკე აისახებაო. არ არის ასეთი მიდგომა სწორი და ამას გვიდასტურებს ნეორეალიზმის ერთ-ერთი თეორეტიკოსი, უკვე ციტირებული, ლუიჯი კიარინი თავის წერილით, „ნეორეალიზმი - ეს ცხოვრების სისასტიკეთა უმიზნო ჩვენება არ არის“, სადაც ეხება რა ზემოხსენებულ საკითხს, წერს: - „მაშინ ვიღაცეები ამბობდნენ (და ამ არგუმენტს არაერთხელ იმეორებდნენ, სერიოზულად და ხუმრობით და იმეორებენ ზოგჯერ, აქობამდე), რომ ზოგიერთი სასტიკი სცენა „პაიზაში“, რომლებშიაც ჩვენი წყლულებია ნაჩვენები, მაგალითად, რომაული ეპიზოდი „სენიორინათი“, წარმოადგენს წუხილის გამომწვევ სადიზმის ფორმის კაპიტულანტობას. ასეთი მსჯელობა ყურადღებასაც არ მიიქცევდა, დღეს რომ გავრცელებულ, და საშიშ ტენდენციად არ ქცეულიყო ნეორეალისტური ფილმების სიმკაცრეში“... „არის სიმამაცე და ვაჟკაცობა, - ჩვენს კინოს რომ პატივს დებს. ეს, რეაქციაა; მრავალი წლის რიტორიკაზე, ტრადიციულ პირმოთნეობაზე, ეს გულწრფელობის სიყვარულია და, სურვილია, ადამიანები პირისპირ დააყენო, როგორიც არის, - ისეთ სინამდვილესთან - აი, რითი ხელმძღვანელობენ ჩვენი კინემატოგრაფისტები. ამ ფილმებში არ არის ის მეტნაკლები ლიტერატურული ტრფობა, რაიმე სკანდალითურთ, ის მისწრაფება გააკვირვოს მაყურებელი საძაგლობითა და უხამსობით“...
„...ნეორეალიზმს, ცხოვრების სისასტიკის ჩვენებით წარმატების მოპოვების იმედი არ ჰქონია - ის ამხელდა ყოველგვარი ტრფობის გარეშე; არასოდეს აზვიადებდა... ადამიანთა არსებობის პირობებს, რაც უკვე თავისთავად იყო დაგმობა გარკვეული სისტემისა, - წარმოადგენდა გაფრთხილებას (ჟურნალი „Bianco e Nero. 1951¹7“). ასე რომ თუ მსოფლიოს კინოს ისტორიის, ამ მშვენიერი მაგალითით ვიხელმძღვანელებთ, ვერავინ შეძლებს ბრალი დაგვდოს, სასტიკი ცხოვრების სასტიკად ასახვის გამო...
ნეორეალისტთა იდეური და ესთეტიკური პრინციპებისადმი საგანგებო ყჯურადღების მიქცევა იმიტომაც მიმაჩნია აუცილებლად, რომ მან ქართული კინოს ისტორიაში უკვე ითამაშა თავისი როლი, ვგულისხმობ ე.წ. ფილმცირობის შემდგომ პერიოდს, როცა ორმოცდაათი წლების მეორე ნახევარში რამდენიმე საეტაპო ფილმი შეიქმნა ნეორეალიზმის სტილისტიკისა და ზოგიერთი იდეური პრინციპი გავლენით. ეს მოხდა ქართული კინოს ისტორიის მნიშვნელოვან მონაკვეთში, როცა კინოს ჰუმანიზაცია იწყებოდა ჩვენში და ადამიანი თავისი დადებითი და უარყოფითი თვისებებით, ბედითა და უბედობით ხდებოდა მისი ყურადღების მთავარი საგანი, ჩვენში ახლაც დადგა დრო, რომ ადამიანმა იგივე ადგილი დაიკავოს კინოში (და საერთოდ ჩვენს ლიტერატურასა და ხელოვნებაში) ეს რთული ამოცანაა და ამიტომ ვფიქრობ დღეს ნეორეალიზმისაკენ შემოტრიალებამ მისი მნიშვნელობისა და ისტორიული როლის გააზრებამ იქნებ რეალიზმისაკენ აგვაღებინოს გეზი, რომ სადღეისო კრიზისს თავი დავაღწიოთ.
კითხვაზე: რა სირთულეა ჩვენს წინაშე ისეთი, რომ ვერ გადავწყვიტეთ? - შეიძლება ვუპასუხოთ: რასაც ჩვენგან ითხოვენ, ის არის, რომ ქართულ კინოს მაყურებელი უნდა დაუბრუნდეს, შესაბამისად, კინომ უნდა შეიძინოს სამაყურებლო ხასიათი. ეს, დღეს, ქართული კინოსათვის ისეთივე დილემაა, როგორიც იყო კინოხელოვნების გარიჟრაჟზე, - რომლის გამოც კინოს ცნობილი თეორეტიკოსი ლეონ მუსენაკი წერდა: „კინო ან გახდება ხალხური ხელოვნება, ან კიდევ, საერთოდ აღარ იარსებებსო“. ასეა, ახლა, ჩვენთან: ქართული კინო იმდენად უნდა „გახალხურდეს“, რომ მოიპოვოს მაყურებელი, ან, ის შეწყვეტს თავის არსებობას... კაცმა რომ თქვას, იგივე ითქმის ხელოვნების სხვა დარგებისა და ლიტერატურის შესახებაც...
ლიტერატურა და ხელოვნება, განახლების გზას რომ დაადგეს, ამისათვის ღირებულებათა გადაფასებაა საჭირო. ეს კი, ვერ ხერხდება იმიტომ, რომ იგრძნობა ნიჰილისტური დამოკიდებულება... ერის ისტორიისადმი ეს არც არის გასაკვირი, რადგან კოლონიური პერიოდის დროს, ეს კი, თითქმის ორასი წელი გრძელდებოდა, - ჩვენგან მოითხოვდნენ დამოუკიდებელი საქართველოს იდეის უარყოფას. ეს განსაკუთრებით, კომუნისტური რეჟიმის დროს ხდებოდა. XIX საუკუნეში, ამ მხრივ, შედარებით უკეთესი მდგომარეობა იყო, ამიტომაც შეიქმნა, მაგალითად, ისეთი ნაწარმოები, როგორიც არის აკაკი წერეთლის „ბაში-აჩუკი“, რომელშიაც თავისუფლებისათვის ბრძოლის იდეით შეკავშირებული ქართველები იმარჯვებენ და პირად ცხოვრებაშიაც ბედნიერებას ეწევიან, ან, ილია ჭავჭავაძის „ნიკოლოზ გოსტაშაბიშვილი“, - სადაც ქართველის მხედრული შემართება და, შემწყალებლური ხასიათია ასახული. ამ მოთხრობების პათოსი ოპტიმისტურად განაწყობდა მკითხველს, სამშობლოს განთავისუფლების აუცილებლობაში არწმუნებდა მას. XX საუკუნეში, ეს უკვე დანაშაული იყო და ყველაფერი კეთდებოდა იმისათვის, რომ ქართველს თავისი ქვეყნის დამოუკიდებლობაზე არც ეფიქრა, პირიქით, რუსეთის გარეშე ცხოვრება, - არც უნდა წარმოედგინა... ასეთი პოლიტიკის ნათელი გამოხატულებაა ის მოთხოვნები, რომელსაც რუსი კინომოხელეები უყენებდნენ ავტორებს, ქართული ისტორიული ფილმების გადაღებისას ან, ის, თუ რა მიაჩნდათ მნიშვნელოვნად ამ სურათებში. მოხელეთა უკან რუსული კომუნისტურ-კოლონიური რეჟიმი და მისი პოლიტიკა იდგა, რომელიც, ადრეც აუტანელი იყო და ნაქართველარი სტალინის დროს, თავისი ანტიქართული და ანტიჰუმანურ ხასიათით, უაღრესად შეურაცხმყოფელი და უზნეო გახდა. დაპყრობილ ხალხთა დაკნინებისაკენ მიმართული ამ ქმედების გამოვლენას ხელოვნებაში, „ხალხთა მეგობრობის თემა“ ერქვა. ქართველ კინორეჟისორთაგან, ამ თემის გააზრებისას მოპოვებულ კონიუნქტურული ხასიათის წარმატებაში, ვერავინ შეედრებოდა მიხეილ ჭიაურელს. ამის დადასტურებაა მისი ფილმები,... ისტორიულ-ბიოგრაფიულ „არსენაში“, რეჟისორი ასეთ გადაწყვეტას გვთავაზობს: ფილმის ერთ-ერთ მთავარ გმირად აქცია რუსი ჯარისკაცი მიტროხინი და მას საგანგებო ფუნქცია მიანიჭა, - ის განასახიერებს „უფროს, რუს ძმას“ - ბრძენს, მამაცს, გამჭრიახს. მის ყოველ სიტყვას მნიშვნელობა აქვს. დაჰყვება მიტროხინის რჩევას არსენა, გადაუჭრის მტერს გზას და გაიმარჯვებს ბრძოლაში. არ დაუჯერებს, როცა ეტყვის - „ფარსადანი მეორედ გიღალატებსო“ და იღუპება. სიკვდილის წინ, მარაბდელი მოასწრებს, აღიაროს მატროხინის გამჭრიახობა: - „შენ მართალი იყავ ვანო, იმან მეორედ გამყიდა“. თავად მიტროხინის სიკვდილი ნაჩვენებია, - აჯანყების დამარცხების, არსენას დაღუპვის პრელუდიად... არსენას თავზარი დასცა ამ ამბავმა, ის და მისი რაზმი იჩოქებს მიტროხინის გვამთან, რომლის სისხლიან პერანგს არსენა, როგორც უწმინდეს რელიქვიას, გულში იხუტებს და უკანასკნელ ბრძოლაში ებმის.
არსენაზე მრავალი ლექსი არსებობს, მაგრამ მათში არაფერია ნათქვამი მიტროხინზე და, ეს ბუნებრივიცაა. ასეთი პიროვნება რეალურად, არასოდეს არსებულა; ისევე, როგორც ის დეკაბრისტი, ფილმში რომ არის გამოყვანილი. მიტროხინის კინოსახე დრომ წარმოშვა, ოცდაათიანმა წლებმა, - როცა სტალინის ხელშეწყობით იწყებს აღზევებას რუსული ველიკოდერჟავული სული, როცა არარუს ხალხებს უმტკიცებენ, რუსეთისა და რუსების გარეშე, ვერც იბრძოლებდით, და ვერც იარსებებდითო. ეს ნიშნავდა, ვერც მომავალში იქნებით მათ გარეშეო. იმ წლებში, მიტროხინები ერთობ მომრავლდნენ არარუსულ ფილმებში, ეს დიდი კინოფალსიფიკაციის დასაწყისი იყო. ამ საქმეში მიხეილ ჭიაურელის დამსახურებას, კინოფილმ „არსენას“ მაგალითზე, ასე აფასებდა რუსი კრიტიკოსი ი. მანევიჩი: - „ბურჟუაზიულ ნაციონალიზმს ჭიაურელი უპირისპირებს XIX საუკუნის, მოწინავე ადამიანების ინტერნაციონალიზმს, რაც ქართველ არსენასთან რუსი ჯარისკაცის მიტროხინის მეგობრობითაა გამოვლენილი“. მანევიჩის სიტყვებიდან იმ დასკვნის გაკეთება შეიძლება, რომ ხალხური ლექსი, ბურჟუაზიული ნაციონალიზმის გამოხატულებაა, ხოლო მ. ჭიაურელის მიერ გაყალბებული სინამდვილე, - სოციალისტური ინტერნაციონალიზმის ნიმუში...
სტალინს წესად ჰქონდა, თუ ლიტერატორი ან ხელოვანი საჭირო დასკვნას ვერ აკეთებდა და ისტორიულ ფაქტს, ან მოვლენას „სათანადოდ“ ვერ აფასებდა, მაშინ ის თავად ერეოდა საქმეში და „სწორ“ გზაზე აყენებდა დაბნეულ შემოქმედებით კადრებს. ასე მოხდა „გიორგი სააკაძის“ გადაღებისას, როცა მომავალი ფილმისათვის ორი სცენარი შეიქმნა, პირველი - გიორგი ლეონიძისა, მეორე - ანტონოვსკაიას და ჩერნის. სტალინი ორივეს გაეცნო და წერილობით გამოთქვა აზრი მათ შესახებ, გთავაზობთ ფრაგმენტს ამ მოსაზრებიდან, რომელიც ცხადია, დირექტივის, მნიშვნელობისა იყო: „ამ დღეებში მივიღე ორი სცენარი თემაზე, - „გიორგი სააკაძე“. ერთი - ანტონოვსკაიას და ჩერნის, მეორე - ლეონიძის. ჩემი აზრით, ლეონიძის სცენარი არ ვარგა, მხატვრულად ღარიბი და რამდენადმე პრიმიტიულია ისტორიული მასალის შერჩევისა და გამოყენების თვალსაზრისით.
ანტონოვსკაიას და ჩერნის სცენარი თავისუფალია ამგვარი ნაკლისაგან, მაგრამ სხვა ხარვეზი აქვს - იგი სააკაძის პოლიტიკისა და თავად სააკაძის გამარჯვებით, აპოთეოზით მთავრდება, მაგრამ ასეთი ფინალი, როგორც ცნობილია, არ შეეფერება ისტორიულ სინამდვილეს და საქართველოს წარსულზე მცდარ წარმოდგენას ჰქმნის“.
ასეთია სტალინის შენიშვნების ხასიათი. გასაგებია, რა სურს, და რისკენ მოუწოდებს იგი დრამატურგებს. სწორედ ამ დაუფარაობის გამოა საზარელი ეს დოკუმენტი, რომელიც, ვითომ, ობიექტურობისაკენ მოწოდებაა. სინამდვილეში კი მოთხოვნაა ისტორიის შეგნებული დამახინჯებისა. ჯერ ერთი, გ. ლეონიძის სცენარი არ არის არც მხატვრულად სუსტი და არც პრიმიტიული, - ისტორიული მასალის არჩევისა და გამოყენების თვალსაზრისით. ქართველს რომ რუსი ავტორები არჩია სტალინმა, ეს „ქართველად ნამყოფისაგან“ გასაკვირი არ არის, მაგრამ არც იმით იყო კმაყოფილი, მათ სცენარს ოპტიმისტური ფინალი რომ ჰქონდა. საქმე ის გახლავთ, რომ ამა თუ იმ ისტორიული პიროვნების ცხოვრების ჩვენებისას, ავტორი არაა შეზღუდული და მას შეუძლია, იქ დაამსთავროს თავისი ნაწარმოები, - იმ ბიოგრაფიულ მომენტზე, - რომელზედაც მოესურვება. აუცილებლობას არ წარმოადგენს, დაბადებიდან გარდაცვალებამდე აღწეროს, ან აჩვენოს, მისი თავგადასავალი. ამიტომ, ანტონოვსკაიას და ჩერნის სცენარი, შეიძლებოდა, მარტყოფის ბრძოლით დამთავრებულიყო. ეს ბრძოლა სააკაძემ მოიგო და, ეს არ იქნებოდა ისტორიული სიმართლის დარღვევა, - მაგრამ ოპტიმისტური დასასრული, რომელიც მაყურებელში გააღვიძებდა ეროვნული ღირსების გრძნობას; არღვევდა იმ სქემას, თავს რომ ახვევდნენ ანექსირებულ ერებს და რომლის შესახებაც მოგახსენეთ. ამიტომ ითხოვდა სტალინი ფინალის შეცვლას. ჩარევამ შედეგი გამოიღო, ამით სტიმულირებული ჭიაურელი აგრძელებს თავის კინემატოგრაფიულ ძიებებს“, რომლის შედეგადაც მივიღეთ გმირულ-ჰეროიკული სტილით გათამაშებული ამბავი, რომელიც მიმდინარეობს ერთგვარ პირობით სამყაროში. თავად სააკაძის ეკრანული სახე, გარკვეული თვალსაზრისით, პაროდირებულია: თავიდან ჩვენ ვხედავთ სახალხო გმირს, პატრიოტს, უდიდესი სულიერი და ფიზიკური ენერგიის მქონე პიროვნების პორტრეტის მონახაზს, მაგრამ, სულ მალე, სააკაძის კინოსახე კარგავს ბუნებრიობას; ხდება მონუმენტური, სქემატური, მხატვრულად გაუბრალოებული... მსახიობის (აკაკი ხორავა) თამაში აღარაა უშუალო, მასში მძლავრობს მიდრეკილება მანერულობისაკენ, მეტყველება ყალბი და პათეტიურია. სახალხო გმირს ცვლის ბუტაფორიული პერსონაჟი. ეს მეტამორფოზა, ყველაზე ნაკლებად, მსახიობ; აკაკი ხორავას ბრალია, ის გამოიწვია ფილმის აზრობრივმა მიზანდასახულებამ, რომლის ამოცანა იყო სააკაძის მიერ წარმოებული ბრძოლის უაზრობის ჩვენება. ამას, საკმაოდ შეფარვით აკეთებენ, თითქოს, მათი სიმპათია მთლიანად გმირისაკენ იყოს მიმართული, სინამდვილეში კი, მოხერხებულად ამხელენ მისი გეგმების „დონ კიხოტურ“ ხასიათს: ფილმის მიხედვით, გიორგი სააკაძეს განზრახული აქვს საქართველოს გარს ციხე-კოშკები შემოავლოს. ამისათვის უცხოელი ხუროთმოძღვარიც მოუწვევიათ, რომელიც ამ ნაგებობათა ესთეტიკურ მხარეზეც ფიქრობს და, სამაგალითოდ, კიროს მეფის მავზოლეუმის მარმარილოს საფეხურებს ასახელებს... მთელი ეს ეპიზოდი სააკაძის დისკრედიტაციის მცდელობაა, რადგან, არცერთი ჭკუათამყოფელი სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე არ ფიქრობდა იმას, რომ მარმარილოთი გაწყობილი ციხე-კოშკებით მტერს შეაკავებდა. აი, ასე, ვითომ თანადგომით, სინამდვილეში კი, კინოგმირის, როგორც უსაგნოდ მეოცნების ჩვენებით, ხდებოდა მაყურებელთა ცნობიერებაში სააკაძის საქმის ე.ი. ეროვნულ-განმანთავისუფლებელი ბრძოლის უაზრობის მტკიცება.
რუსეთისადმი მონური ქედდრეკის მაგალითს მიხეილ ჭიაურელი ფილმის ფინალში იძლევა, როცა გვიჩვენებს მარტყოფის ბრძოლას, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეპიზოდია ქართველთა საბრძოლო ისტორიაში. მაშინ, გიორგი სააკაძის სარდლობით, ქართველთა ლაშქარმა 30 ათასი სპარსელი შემუსრა. განადგურებული ჯარი - რეგულარული არმია - იყო სპარსეთის ძირითადი სამხედრო ძალა და ისიც იძულებული გახდა, ხელი აეღო საქართველოს მოსპობის იდეაზე. ფილმში ეს ბრძოლა ასეა გადაწყვეტილი: ქართველები შეტევაზე გადადიან ყვირილით: „რუსი მოდის, რუსი მოდის...“ ამ დროს, ისმის რუსული მელოდია, რომელიც ფონად გასდევს ბრძოლის სცენებს. რა შეიძლება ამის შესახებ ითქვას? - ალბათ ის, რომ ეს კინოფალსიფიკაციის კულმინაციური მომენტია. ქართველები არარაობად არიან გამოყვანილნი, რადგან სხვის სახელს ეფარებიან. არც სპარსელები არიან დანდობილნი, ისინი ბრიყვებად არიან მიჩნეულნი, რაკი, რუსს ქართველისაგან ვერ არჩევენ... ისტორიის ასეთი ხედვით, მოგებული მხოლოდ „დიდი ძმა“ იყო, რადგან მის სახელს განადიდებდნენ, ყველა დანარჩენს კი ამცირებდნენ და აბაიბურებდნენ. სტალინის მიერ მიცემულ პოლიტიკურ დაკვეთას, ჭიაურელის მიერ შესრულებულს, არაფერი აქვს საერთო არც ისტორიასთან, არც ხელოვნებასთან და არც ქართველი ხალხის ეროვნულ ინტერესებთან. სიტყვამ მოიტანა და, უნდა ითქვას, მ. ჭიაურელის კინორეჟისურაში მოსვლამდეც, კოლონიურ-კომუნისტური რეჟიმის იდეოლოგიური ნორმატივების წყალობით, კინოში გვარიანად აყალბებდნენ ჩვენს წარსულს, მაგრამ მისი მოღვაწეობა, აღინიშნა იმით, რომ მან ისტორიული ჟანრის ფილმების გადაღებისას დაიცვა ის პრინციპები, რითიც შექმნილია „საკავშირო კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკების) ისტორიის მოკლე კურსი“. კინოში ეს გამოვლინდა ასე: ისტორიული პერიოდების, ფაქტებისა და მოვლენების ფალსიფიცირებული და, ამავე დროს, ჰეროიზირებული ფრაგმენტების ხელოვნური ურთიერთდაკავშირება, - რაც სინამდვილის მიჩქმალვისა და ნებისმიერი მანიპულაციის საშუალებას იძლეოდა...
არანაკლებ ინტერესს იწვევს ის სარეცენზიო დასკვნა, რომელიც ფილმ, „წიგნი ფიცისა“, სცენარს ეხებოდა: საქმე ის არის, რომ სცენარიცა და ფილმიც, საკმაოდ მრუდედ ასახავენ საქართველოს ისტორიას და ეს კარგად პასუხობდა კოლონიურ-კომუნისტური რეჟიმის ინტერესებს. ამიტომ მოსკოვი თითქოს, უკმაყოფილო არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ თავიდან სცენარში შემოყვანილ იქნა ისეთი ისტორიული პირი, როგორიც იყო ქართლის მეფე სვიმონ I, მისი პოლიტიკური პროგრამა გულისხმობდა საკუთარი ძალებით დამოუკიდებლობის მოპოვებას, რაც მიუღებელი აღმოჩნდა რუსი რედაქტორებისათვის (მაშინ ქართული ფილმების სცენარებს მოსკოვში ამტკიცებდნენ. ამის გარეშე მათი გადაღება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო) და მათმა რეაქციამაც არ დააყოვნა; დასკვნაში, რომელსაც ხელს აწერენ ე.წ. საკავშირო სახკინოს მთავარი სასცენარო-სარედაქციო კოლეგიის წევრი ტ. პრავდივცევა და რედაქტორი ე. კორჩაგინა, წერია, რომ: - „სცენარის მიხედვით, სვიმონ მეფის მცდელობა, უცხოთა დახმარების გარეშე გააერთიანოს საქართველო და მტრის წინააღმდეგ საერთო ბრძოლას ჩაუდგეს სათავეში, თანაგრძნობას იწვევს, მაგრამ, მიუხედავად ამ ფიგურის მომხიბვლელობისა, აუცილბელია ნაჩვენები იქნეს მის მიერ არჩეული გზის ისტორიული უპერსპექტივობა (ისტორიის ამ ეტაპზე); ფილმის მთელი კონტექსტდიან უნდა გამოსჭვივოდეს აზრი, რომ საქართველოს ერთადერთი ხსნა რუსეთის დახმარება იყო“.
ყველაფერზე უცხადესია, თუ სვიმონ მეფის ხაზი ამოვარდებოდა სცენარიდან, რჩებოდნენ ინერტული ქართველები, რომელთათვის, უკვე ნაწარმოების შინაგანი ლოგიკით, რუსეთიდან დახმარების მიღება ერთადერთი ხსნა იყო.
ისტორიის ასეთი ხედვა ერის სულიერ დასაჭურისებას იწვევდა და აქეთკენაც იყო მიმართული; - რომ წარსულის ამბებში არ გვეძებნა ზნეობრივი მოქმედების, გონიერი არჩევანისა და ეროვნული ენერგიის გამოვლენის ის ფაქტები, რაც მაგალითის ძალას შეიძენდა... ამიტომ, საქართველოს ისტორიის ის პერიოდები, როცა ჩვენი ქვეყანა ძლიერი იყო, მტრებს ადვილად ვამარცხებდით, ვლაშქრობდით შორეულ ქვეყნებში და იმპერიას ვქმნიდით, ცხადია, კოლონიზატორებისათვის არასასურველ თემას წარმოადგენდა, მაგრამ უბედურება ის იყო, რომ ის, რაც უცხო ძალის მიერ თავს მოხვეული იყო და უკვე ამის გამო, - უარსაყოფი, ჩვენგან მიღებული და გაზიარებული აღმოჩნდა... ამიტომ ჩავვარდით ისეთ მდგომარეობაში, რომლის გამოც ილია ჭავჭავაძე წერდა: „ერის პირქვე დამხობა, გათახსირება, გაწყალება იქიდამ დაიწყება, როცა იგი თავის ისტორიას ივიწყებს, როცა მას ხსოვნა ეკარგება თავისის წარსულისა, თავისის ყოფილის ცხოვრებისა, დავიწყება ისტორიისა! თავისის წარსულისა და ყოფილის ცხოვრების აღმოფხვრა ხსოვნისაგან - მომასწავებელია ერის სულით და ხორცით მოშლისა, დარღვევისა და მთლად წაწყმედისაცა“. დიახ, ასე მოგვივიდა და ამისი დადასტურებაა ის ხედვა ისტორიისა, რომელიც ლიტერატურასა და ხელოვნებაში იჩენს თავს და ვლინდება პესიმიზმში, რომელიც, უარეს შემთხვევაში, ასახავს მხოლოდ ქართველთა დამარცხება-დაცემის ამბებს... უკეთეს შემთხვევაში კი, გმირი, მართალი საქმისათვის მებრძოლი, ფინალში აუცილებლად კვდება... აქედან შეიძლება დავასკვნათ, რომ შემოქმედს ვეღარ წარმოედგინა გამარჯვებული და საღსალამათად დარჩენილი ქართველი, ხოლო დამარცხება ან მთავარი მოქმედი პირის სიკვდილი ერთგვარ „კარგ ტონად“ იქცა, რომლის წყალობითაც კარგად ჩანს ნებითა თუ უნებლიედ გამოვლენილი უიმედობა, მახინჯ რეალობასთან შეგუების მცდელობა, წინააღმდეგობის გაწევის უუნარობა... წარსულის ასეთი ცალმხრივი ხედვა, შეუთავსებელია დამოუკიდებელ დემოკრატიული საქართველოს ინტერესებთან. ახლა ისტორია სხვაგვარად უნდა იქნეს გააზრებული, გაცილებით ოპტიმისტურად დანახული... ჩვენში, ბევრისათვის ჯერ კიდევ წარმოუდგენელია საქართველოს ისტორიის ალექსანდრე დიუმასეული ხედვა: „სამი მუშკეტერის“ ან „ქალბატონ დე მონსოროს“ ტიპის ლიტერატურული, თუ კინემატოგრაფიული ნაწარმოების შექმნა და ეს იმიტომ არა, რომ მათთვის, დიდი ფრანგი მწერლის მოსაზრება: „რა არის ისტორია? - ლურსმანია, რომელზედაც ჩემს რომანებს ვკიდებ“-ო, მიუღებელი იყოს, ან რომან-ფელეტონს მიიჩნევდნენ მოძველებულ ფორმად, - არა, რადგან, ასეთი ჟანრის ნაწარმოებები დღესაც პოპულარულია საქართველოში. უბრალოდ, ჩამოგვიყალიბდა სტერეოტიპი, რომლის წყალობითაც ჩვენი წარსულის ამდაგვარად ხედვა შეუძლებლად მიგვაჩნია და დასაშვები გვგონია მხოლოდ მტრის, შემოსევების, აოხრებათა, ტყვეთა ვაჭრობის, ღალატის, უბედურებისა და უიმედობის ჩვენება, საკმარისია, გავიხსენოთ რეპლიკები ქართული ისტორიული ფილმებიდან (კინო იმიტომ, რომ მასობრივი ხელოვნებაა და ადამიანთა დიდ მასაზე ახდენს ზეგავლენას) რომ დავრწმუნდეთ, როგორ აღვივებდნენ უიმედობას. სხვაგვარი განწყობა ვერც გვექნება, როცა ასეთ ტექსტებს მოისმენ: „კახეთის მეფემ მტერს კარი გაუღო“ („დავით გურამიშვილი“), „მეზარბაზნენი არა გვყავს, ერთიღა დარჩა, ისიც ხეიბარია“ („მაია წყნეთელი“), „თავადებმა გვიღალატეს, კოშკებზე ცეცხლი არ ანთია“ („გიორგი სააკაძე“), - ამის მსგავსი ფრაზების პოვნა ლიტერატურაშიც ბლომად შეიძლება. მთლიანობაში კი, ეს ყველაფერი, მკითხველსა და მაყურებელში, საქართველოს ისტორიისადმი ნიჰილისტურ დამოკიდებულებას აღვივებდა, წარსულის უარყოფა კი, მომავალში, დამოუკიდებელი საქართველოს იდეის უარყოფას იწვევდა. უძლეველი მტრის ხატი უნდა დაიმსხვრეს, მსოფლიო ლიტერატურა და ხელოვნება, ამ მხრივ, მეტად საინტერესო მაგალითებს გვაწვდის. გავიხსენოთ ამერიკული ისტორიული ფილმი „მამაცი გული“, მელ გიბსონის მონაწილეობით, რომელიც გვიჩვენებს ინგლისელთა ბატონობის წინააღმდეგ შოტლანდიელთა ბრძოლას უილიამ უოლესის მეთაურობით. ყურადღებას იქცევს ამ ომის ის ეპიზოდი, როცა XIV საუკუნის ინგლისის მთელ სამხედრო ფეოდალურ პოტენციალს, დაუპირისპირდნენ ერთი მუჭა და ცუდად შეიარაღებული შოტლანდიელები. კულმინაციურ მომენტში, გადამწყვეტი ბრძოლის დაწყების წინ აჯანყებულები მათ წინ, ჩამწკრივებულ ინგლისელ რაინდებს და მშვილდოსნებს ზურგს შეაქცევენ, კაბებს აიწევენ, მტერს შიშველ უკანალს უჩვენებენ და ასე აიგდებენ აბუჩად მათ... ვისაც ამისი ძალა აქვს, ის ომს უკვე მორალურად იგებს...
აუცილებელია, მკითხველი და მაყურებელი შევაჩვიოთ იმ აზრს, რომ ქართველთა მიერ მოპოვებული გამარჯვება (ისევე, როგორც მარცხი) შემთხვევითობა კი არ არის, არამედ იმ ძალისხმევის შედეგია, რომელიც ამა თუ იმ ბრძოლას მოვახმარეთ, ან ვერ მოვახმარეთ. ასეთი პოზიცია ჭეშმარიტი თავისუფლების მოპოვების გზაზე, კიდევ ერთი, წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.
ქართველებს მითოლოგიზებული გვაქვს ისტორია, ანუ ბედისწერის გარდუვალობად არის მიჩნეული კარგიცა და, ცუდიც, - ჩვენი წარსულისა. ასეთ მიდგომას თავისი საფუძველი აქვს: როცა ხალხს აწმყო აქვს გაუსაძლისი, ვერ ახერხებს მის წინაშე მდგარი პრობლემების მოგვარებას, ძალა არ გააჩნია და არ ძალუძს შეურაცხყოფასა და აგრესიას პასუხი გასცეს, მაშინ ის წარსულში ეძებს ხსნას, იქ ეგულება ურყევი ავტორიტეტები, წარმატებული სახელმწიფოებრივი ცხოვრების ეპიზოდები; ხანა, როცა ყველას საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების საშუალება ჰქონდა, როცა ქართველი ერი ძლევამოსილი და გამარჯვებული იყო. იმავე წარსულში ყოველი მარცხი თავის მნიშვნელობას იძენს და ენიჭება ის დატვირთვა, რომელიც ხსნის დღევანდელი წარუმატებლობის მიზეზებსაც. ამიტომ, ასე მთლიანობაში დანახულ ისტორიას ბედისწერის დაღი აზის. წარსულის ამდაგვარი ხედვის საპირისპიროდ, ისტორიისადმი ნიჰილისტური დამოკიდებულება, - ყველაფრის უარმყოფელია, გარდასულ დღეთა ამბებს და იმდროინდელ მთავარ მოქმედ პირებს დაცინვის საგნად აქცევს. ორივე ეს შეხედულება საზიანოა, რადგან არსებითად გვართმევს წარსულს, იმიტომ, რომ მითოლოგიზებით მისი კრიტიკული გააზრების საშუალება გვერთმევა და, ფაქტების, მოვლენების, აგრეთვე, ცალკეული ადამიანების ქმედებებს ობიექტურად ვერ შევაფასებთ, ვერც კუთვნილ ადგილს მივუჩენთ, იმის გამო, რომ გვიყალიბებს სტერეოტიპებს, გვაჩვევს დოგმატიზმს, სქემებით აზროვნებას და კიდევ: ზემოხსენებულ შეხედულებათა მომხრეებს უქმნის ილუზიებს, - პირველებს იმისას, რომ იმ ისტორიულ გზაზე, რაც ქართველებმა განვლეს, რაიმეს შეცვლა და სხვაგვარი არჩევანი შეუძლებელი იყო... ხოლო მეორეებს, - წარსულის ტვირთისაგან განთავისუფლების შთაბეჭდილებას... ოღონდ, საქმე იმაშია, რომ ისტორია, ვერც ხედვის აჩემებულ კუთხეს დაემორჩილება და, არც სადმე გადაიკარგება; წარსული, თავისი განვლილი და გაუვლელი გზებით, აქვეა, და მისგან მოვდივართ ყველანი...
ისტორიის მითად გადაქცევის მოყვარულნი, ძირითადად, ურა პატრიოტები არიან. ისინი ამგვარად ცდილობენ დაიცვან ეროვნული ინტერესები...
ნიჰილისტები ვერ მალავენ თავიანთ კოსმოპოლიტურ შეხედულებებს და, ისტორიის უარყოფით ვარაუდობენ დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებას...
პირველებიცა და მეორენიც ცდებიან, რადგან, ასეთი ქმედებებით, ეროვნული და დემოკრატიული ღირებულებანი ვერ დამკვიდრდება. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ - და აქ, მრავალგზის ნათქვამი უნდა გავიმეორო: ეროვნულისა და დემოკრატიულის გამიჯვნა, დამღუპველი იყო და არის საქართველოსათვის; ის წარმოადგენს დაშლილი საზოგადოების წევრის გაორებული ცნობიერების შედეგს. მეორეც, - ცნობილია, რომ მხოლოდ ერის ისტორიის კარგი ცოდნა და მისი ობიექტური შეფასება არის პირობა, რათა წარსული დღევანდელობისათვი გზისმკვლევი გახდეს.
ეროვნული იდეა, და, მისი მეშვეობით სწორედ წარმართული სახელმწიფოს აღმშენებლობის პროცესი, არის საფუძველი, მოსახლეობის სოციალურად გააქტიურებისა. ამას კი, დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან, მხოლოდ აქტიურ, შეძლებულ, ეროვნული ცნობიერების მქონე, მიწაზე მყარად მდგარ ადამიანს, წარსულის მცოდნესა და მომავალში დარწმუნებულს შეუძლია ეროვნული ღირებულებების დაცვაც და დემოკრატიული საზოგადოების შექმნაც; ის ისტორიასაც ჯანსაღად უყურებს და მომავალსაც და არც ლიტერატურა და ხელოვნება სჭირდება, სტერეოტიპებზე და დოგმებზე დაფუძნებული... ყოველივე ზემოთქმულის გამო, კიდევ უფრო ვპასიურობთ გუშინდელი დღის შეფასებისას. ჩვენში არ შექმნილა არც ერთი ნაწარმოები, - არც ლიტერატურული, არც ხელოვნებისა, რომელიც, ამას ნიჭიერად და საინტერესოდ გააკეთებდა. არადა, გუშინდელი ტვირთი დღეს კიდევ უფრო გვიმძიმებს გზას. ჩვენ კი, გაუბედავობას ვიჩენთ... ამასთან დაკავშირებით, ყურადღება ერთმა გარემოებამ მიიქცია: ჩვენი საზოგადოება დიდი ინტერესით ხვდება ევროპელი და ამერიკელი ავტორების მიერ შექმნილ ნაწარმოებებს, სადაც სოციალისტური სისტემის კრიტიკაა მოცემული. სამაგალითოდ ჯორჯ ორუელის შემოქმედების პოპულარობაც იკმარებდა, რაც, თავისთავად კარგია, მაგრამ განა თავად ვერ უნდა შევძლოთ იმ ყოფის მხატვრული გააზრება, რომელშიაც სამოცდაათი წელი ვცხოვრობდით?!
ვფიქრობ, შეგვიძლია, მაგრამ, არ ვაკეთებთ... წელს, მარჯანიშვილის თეატრში მერი შელის „ფრანკენშტეინი“ დაიდგა ახალი ინტერპრეტაციით. მოქმედება 30-იანი წლების გერმანიის ერთ ქალაქში მიმდინარეობს და გასაგებია, რომ ურჩხულად ფაშიზმი მოიაზრება, მაგრამ, რატომ არ შეიძლებოდა, რომ ეს ამბავი იმავე პერიოდის საქართველოს რომელიმე ქალაქში გათამაშებულიყო? კომუნიზმმა რა, ნაკლები მონასტრები წარმოშვა?! საქმეც ამაშია და ლიტერატორს და ხელოვანს რომ გარკვეულწილად მკითხველისა და მაყურებლის ნდობა აქვს დაკარგული, ეს უკვე კარგა ხანია, თვალში საცემია.
ამ თორმეტი თუ ცამეტი წლის წინათ, რუსთაველის მოედანზე, ერთი უსახური შენობა დაანგრიეს. გამოჩნდა ქვითა და აგურით მწყობრად ნაგები, ორი ნიშით დამშვენებული კედელი... ჰოდა, ატყდა საზოგადოებაში ერთი დავა და კამათი, - არ იცოდნენ რა მოეხერხებინათ ამ კედლისათვის; არქიტექტორები, მხატვრები, დიზაინერები ათასგვარ შეხედულებებს გამოთქვამდნენ იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გაეფორმებინათ იგი. საპირისპიროდ ამ მცდელობისა, მოქალაქეთა ნაწილი ითხოვდა: არანაირი მხატვრული გააზრება საჭირო არ არის, - სურო დარგეთ, ის მოედება კედელს და გაალამაზებსო. შენიშნული მქონდა, გამფორმებელთა მოქმედებას, მაშინვე მოჰყვებოდა ხოლმე სუროს მომხრეთა რეაქცია. ეს ნათელი მაგალითია იმისა, რომ შემოქმედს ნდობა აქვს დაკარგული. იცის ხალხმა, იმას, და, ისე არ გააკეთებენ, რაც და როგორც საჭიროა, ამიტომ, ცუდად გაფორმებულ კედელს, ისევ სურო ურჩევნიათ... ამრიგად, აშკარა ნიშნებია, შემოქმედებით და საზოგადოებრივ აზრთა შორის წინააღმდეგობრივი დამოკიდებულებისა, - რაც, ინტერესთა სხვადასხვაობიდან, ურთიერთგაუგებრობიდან მომდინარეობს. და აქ, დროულია, მოვიშველიო ჯავაჰარლალ ნერუს მოსაზრება, დღეს ჩვენთვის ასე აქტუალურად რომ ჟღერს: „შემოქმედებითი უმცირესობა ყოველთვის მცირერიცხოვანია, მაგრამ თუ ის პასუხობს უმრავლესობის სასოებას, მუდმივად ცდილობს აამაღლოს ის თავის დონემდე და ხელს უწყობს მის განვითარებას, რომ მათ შორის ნაპრალი ამოივსოს, მაშინ ამის შედეგად წარმოიქმნება მდგრადი და პროგრესული კულტურა. ამ შემოქმედებითი უმცირესობის გარეშე, ცივილიზაციას გარდუვალად ელის დაკნინება, მაგრამ, ეს, შეიძლება იმ შემთხვევაშიც დაკნინდეს, თუ კავშირები შემოქმედებით უმცირესობასა და უმრავლესობას შორის დაირღვევა და, საზოგადოება, მთლიანობაში, დაკარგავს სოციალურ ერთიანობას. ისე, რომ საბოლოო ჯამში, თავად ეს უმცირესობა დაკარგავს თავის შემოქმედებით უნარს და გახდება გამოცარიელებული და უნაყოფო, ან კიდევ, დაუთმობს ადგილს სხვა, - შემოქმედებით ან სიცოცხლისუნარიან ძალას, რომელსაც წინ წამოსწევს საზოგადოება“.
ამ ორ ათეულზე მეტი წლის წინ, ერთმა უცხოელმა, როცა საქართველოს ქალაქების მოედნებზე დადგმული ქანდაკებები ნახა, თქვა: - „სოცრეალიზმის“ ყალბ პათოსს თქვენი მოქანდაკეები იმით უპირისპირდებიან, რომ მათ მიერ გამოქანდაკებული პერსონაჟები უკიდურესად ირონიზირებულნი არიანო - ძნელი სათქმელია რამდენად მიზანდასახული იყო ეს ირონია. უფრო საფიქრებელია, რომ ის ე.წ. „საბჭოური ხელოვნების“ ტრადიციული კანონების უარყოფისა და ახალი ფორმების ძიების პროცესის შემთხვევითი შედეგია... ამას მაფიქრებინებს ის, რომ ხშირად, ირონიულ დამოუიდებულებას იწვევს ის ქანდაკება, რომელიც მნახველში სულ სხვა გრძნობებს უნდა აღძრავდეს...
1955 წელს, ფრანგმა მსახიობმა და რეჟისორმა საშა გიტრიმ გადაიღო ისტორიული ფილმი „ნაპოლეონი“, რომლის ფინალური კადრები უაღრესად საინტერესოა მეტად თამამი რეჟისორული გადაწყვეტით: წმინდა ელენეს კუნძულიდან იმპერატორის გადმოსვენების ეპიზოდის ნაწილი (მსვლელობა პარიზის ქუჩებში), ისეა გადაღებული, რომ კატაფალკა არ ჩანს, სამაგიეროდ, ქუჩაში გამოფენილ მოქალაქეთა რეაქციით ვხვდებით მის მოახლოვებას, შემდეგ კამერა გადაინაცვლებს ვარსკვლავების მოედანზე... შორს, ძალიან შორს მოჩანს ტრიუმფალური თაღი, ახლა, აქედან მოველით დამკრძალავი პროცესიის გამოჩენას. თავიდან, რაღაც თეთრ ლაქას ვხედავთ, რომელიც იზრდება და ბოლოს, თავის სალაშქრო მუნდირში გამოწყობილ და, თეთრ ცხენზე ამხედრებულ ნაპოლეონად გადაიქცევა... ამ კადრებს, მუსიკალურ ფონად, იმპერიის ჰიმნი გასდევს. ეპიზოდი იმდენად ემოციურია, რომ, ამ თვალსაზრისით, აღემატება ყველაფერს, რაც მანამდეა ფილმში ნაჩვენები. ასე რომ, ნაპოლეონის ეს აპოთეოზი სრულიად გამართლებული გამოდგა. ეს მაგალითი მაფიქრებინებს, რომ ისტორიულ პირთა ძეგლების შექმნისას, სერიოზული ყურადღება უნდა მიექცეს არა რომელიღაც მხატვრული პრინციპის უარყოფას ან დამკვიდრებას, არამედ იმას, რომ ესა თუ ის ქანდაკება, ეროვნული იდეის თავისებური გამოხატულება უნდა იყოს, - რაც თავისთავად აპოვნინებს ხელოვანს საჭირო ფორმას... ამ თვალსაზრისით, მეტად საყურადღებოა 1896 წელს, გერმანიაში კიფჰოიზერში აგებული ძეგლი. ეს ადგილი ცნობილია, როგორც „ბარბაროსას ბუნაგი“. XV საუკუნის გერმანულმა ქრონიკამ ასახა ლეგენდა, რომლის მიხედვითაც აქ მთის სიღრმეში სძინავს „გერმანელი ერის, რომის საღვთო იმპერიის“ ერთ-ერთ უდიდეს და წარმატებულ მმართველს, ფრიდრიხ I ბარბაროსას (წითელწვერას); მას სძინავს სკამზე, მჯდომს მრგვალ მაგიდასთან და მისი გრძელი წვერი განფენილია მიწაზე. მოვა დრო, გამოვა კიფჰოიზერის მთის წიაღიდან იმპერატორი და აღორძინდება გერმანული იმპერია. აი, ამ ლეგენდარულ ადგილას, ააგეს უზარმაზარი ქვის კოშკი, რომელსაც ადგას ქვისავე გვირგვინი. კოშკის წინ აღმართულია XIX საუკუნეში გერმანიის გამაერთიანებლის, ცხენზე ამხედრებული კაიზერ ვილჰელმ I-ის ქანდაკება. ხოლო მის ძირას, - ფრიდრიხ ბარბაროსას ქვის ქანდაკებაა, მიწაზე განფენილ წვერით... კოშკის შიგნით, იმ გერმანული დივიზიების დროშები იყო გამოფენილი, რომელთაც 1870 წელს დაამარცხეს ფრანგები და ამით განაპირობეს გერმანიის მეორე იმპერიის შექმნა. ეს უზარმაზარი ძეგლი, გერმანულ იმპერიათა სამართალმემკვიდრეობის, მათი დიდებისა და სიდიადის სიმბოლური გამოსახულებაა, - გრანდიოზული, პათეტიკური, თავისი მასშტაბურობით დამთრგუნველი... სიტყვამ მოიტანა და უნდა აღინიშნოს: მონუმენტის საერთო მასა 25 ათასი კუბური მეტრია, ძეგლის წონა - 125 ათასი ტონაა, კიბეების სიგრძე ორნახევარი კილომეტრია, ამ ნაგებობის მთლიანი ღირებულება კი, 1 მილიონ 452 ათასი მარკაა.
ეს ძეგლი თავისი სიდიადით გვარწმუნებს, რომ მონუმენტალიზმი უარსაყოფი არ არის.
კოლონიურ-კომუნისტური მმართველობის დროს, რა მიზეზის გამოც ტენდენციურად წარმოაჩენდნენ ჩვენს ისტორიას, იმავე მიზეზის წყალობით, თანამედროვე ყოფა ცალმხრივად და გაყალბებულად აისახებოდა, და თუ, ვინმე ოდნავ საპირისპიროს შეძლებდა, ეს უკვე გმირობის ტოლფასი იყო. მაგრამ, როცა შესაძლებელი გახდა დღევანდელობის კრიტიკული ასახვა, წარსულთან დამოკიდებულებისა არ იყოს, ქართულ შემოქმედებით აზრს ამით არ უსარგებლია, პირიქით, ე.წ. „საბჭოური ცხოვრების წესის“ მამხილებელი „ფრონდერული“ ტენდენცია, „ზასტოის“ წლებში ესოდენ მომგებიანი, «პერესტროიკის» დროს შენელდა და საერთოდ შეწყდა, იმის მაგივრად, რომ გადაზრდილიყო იმ ტიპის მოძრაობად, რომელსაც ადგილი ჰქონდა ე.წ. „სახალხო-დემოკრატიის“ ქვეყნებში, რომლის ყველაზე კარგი მაგალითია, პოლონელი კინორეჟისორის, ანჯეი ვაიდას შემოქმედება და საზოგადოებრივი მოღვაწეობა: მისი ფილმები, „რკინის კაცი“ და „მარმარილოს კაცი“, „დანტონი“, თავისი მნიშვნელობით სცილდება კინოს ფარგლებს და იქცა იმ კულტურულ და პოლიტიკურ აქციად, რომელმაც პოლონელთა, და არამარტო მათ შეხედულებებზე დიდი ზეგავლენა მოახდინა, ხელი შეუწყო ღირებულებათა გადაფასების პროცესის დაჩქარებას და წარმართვას; ამიტომ, ჩვენთან დაიწყო რაღაც, ახალი „უძრაობის წლები“, რომლის დროსაც, ლიტერატურა და ხელოვნება არსებითად გაურბის ყოფის რეალისტურ ასახვას... არადა, ძალიან გვჭირდება შემოქმედებითი აზრის აქტიური პოზიცია იმ დიდ ბრძოლაში, რასაც ქართული დემოკრატიული სახელმწიფოს აღმშენებლობა ჰქვია; კალამიც უნდა იბრძოდეს და კინოაპარატიც, მხატვრის ფუნჯიც და მოქანდაკის საჭრეთელიც, მუსიკოსსაც აქვს საომარი და მოცეკვავესაც, რადგან დღევანდელი გაუსაძლისი ყოფა, უპირველეს ყოვლისა, იმისი ბრალია, რომ ხელისუფლება, რომელიც კორუფციის ჭაობშია ჩაფლული და იქეთკენ ითრევს მთელს ქვეყანას, ვერ ასრულებს მაორგანიზებელ ფუნქციას. ამისი შედეგია, ის ჯაჭვური რეაქცია დესტრუქციული პროცესებისა, რომელმაც მთელი სახელმწიფო მოიცვა. ასეთ დროს დუმილი დაუშვებელია, საჭიროა მხილება, კრიტიკა, დაპირისპირება, მიუღებლობა, უარყოფა... მხატვრული ნაწარმოები შესანიშნავ საშუალებას იძლევა საზოგადოებაში მიმდინარე ნებისმიერი პროცესის ანალიზისათვის, თუ ბალზაკმა ან დიკენსმა შეძლეს უაღრესად რეალისტური სურათი დაეხატათ მათი თანამედროვე საფრანგეთისა და ინგლისისა, რატომ საქართველოში არ უნდა მოხდეს ასე? ამას გარდა, არის კიდევ ერთი მომენტი: ცხადია, მხოლოდ მამხილებელი პათოსი საქმეს არ შველის, საჭიროა უკვე ხსენებული მოდელირება ისეთი ადამიანებისა და მთლიანად საზოგადოებისა, აგრეთვე, ურთიერთობებისა და სიტუაციებისა, რომლებშიც აისახება იმ ყველაფერის ალტერნატივა, რაც დღეს არის ჩვენში, ეს ისევე აუცილებელია, როგორც სოციალურად აქტიური და თავის საქმეში წარმატებული ადამიანის ჩვენება (აქ, დროული იქნება, გავიხსენოთ ანდრე მორუას მიერ, ბალზაკის შემოქმედების კვლევისას გამოტანილი დასკვნა: „რომანის მთავარი პერსონაჟი არასოდეს საშუალო ადამიანი არ უნდა იყოს“) უდიდესი ძალა აქვს მაგალითს და ის უნდა შესთავაზოს მწერალმა და ხელოვანმა მოსახლეობას დღეს, როცა ასეთი უძრაობაა საქართველოში და მის მოქალაქეთა უმრავლესობა ინერტულობას იჩენს, დუნედ მიჰყვება ცხოვრების დინებას, იძულებულია, მხოლოდ თავის გადარჩენაზე იფიქროს, - ამიტომ მასში ჩამქრალია შემოქმედებითი ცეცხცლი და სწორედ მას, ჭირდება ნამდვილი გმირი, რომელსაც შესწევს ძალა იბრძოლოს: სიყვარულისათვის, სამშობლოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლინობისათვის, წინაღუდგეს უზნეობას და ბოროტებას, დაეხმაროს გარშემომყოფთ, იყოს დამოუკიდებელი თავის არჩევანში, თავისუფლად გამოთქვამდეს აზრებს, წინაღუდგეს კორუმპირებულ ხელისუფლებას და ადმინისტრაციული ორგანოების ძალადობას. ამხილოს, შეებრძოლოს, დაამარცხოს, შეეძლოს კეთება, შენება, ორგანიზება, ინტელექტითა და ფიზიკური ძალით აღემატებოდეს და ჯობნიდეს მოძალადე ვიგინდარებს. მე ზეკაცზე არ ვლაპარაკობ, მე გმირს ვგულისხმობ, რომელიც გარკვეული იდეალების გამომხატველი იქნება, მკითხველს და მაყურებელს დაარწმუნებს, ზნემაღალი ადამიანის გარდუვალ გამარჯვებაში, - უზნეობაზე... ასეთ ლიტერატურულ გმირს შეიყვარებს მაყურებელი, ხოლო თეატრალური და კინო როლების შემსრულებელზე ისე ილაპარაკებენ, როგორც, მაგალითად, ამერიკული ვესტერნის პოპულარულ მსახიობზე ჯონ უეინზე წერდა ცნობილი პოლონელი კინომცოდნე ეჟი ტეპლიცი: „ოცდაათი წლის მანძილზე - ჯონ უეინი ყველაზე შემოსავლიან მსახიობთა ათეულში იმყოფება. ეს იმიტომ ხდება, რომ უეინი იდეალურად წარმოადგენს ეკრანზე მკაცრ, მაგრამ მკვეთრად გამოვლენილი ინდივიდუალობის მქონე XIX საუკუნის ველური დასავლეთის პიონერს. ის პატივს მიაგებს და გალანტურია ქალებთან ურთიერთობისას, უშიშარი და მტკიცე მტრებთან ბრძოლაში, ოჯახურ ცხოვრებაში კი პატრიარქალური“, ასეთი ხასიათის თვისებები გააჩნია ამერიკული სათავგადასავალო ფილმების ჯონ უენისეულ გმირებს. ბუნებრივია, რომ ის უყვარდა მაყურებელს და მიბაძვის საგნად მიაჩნდა. ისიც ბუნებრივია, რომ ძალიან ცოტას მოხიბლავს დამარცხებული გმირი ან ინერტული, ცხოვრების დინებას მიყოლილი პერსონაჟი, რომლის პასიურობა ახლა უფრო უილაჯობის შედეგია, ვიდრე ცხოვრებისეული პოზიციისა...
არის კიდევ ერთი, მეტად მნიშვნელოვანი საკითხი: ლიტერატურისა და ხელოვნების მუშაკებს ევალებათ ქმედითი მონაწილეობა მიიღონ ისეთი პრობლემის მოგვარებაში, როგორიც გახლავთ, ჩვენს მიერ ჯერ კიდევ სათანადოდ წამოუჭრელი «საქართველოს საკითხი», რაც სპეციფიუკიდან გამომდინარე, მდგომარეობს ქართული თემის დამკვიდრებაში: იმის მსგავსად, როგორც არის დამუშავებული მაგალითად, ებრაული, სომხური ან რუსული თემა, ანუ, ცხოვრება და თავგადასავალი ქართველთა, მათი წვლილი მსოფლიო ცივილიზაციის განვითარების საქმეში; ყველა შესაძლო მხატვრული ფორმით ხორცშესხმული ქართველთა და არაქართველთა მიერ, უნდა მიეწოდოს მკითხველს და მაყურებელს, - ადგილობრივს და საზღვარგარეთელს... იმის სამაგალითოდ, თუ როგორ შეიძლება ხელოვნების მეშვეობით „საქართველოს საკითხის“ წამოჭრა, ორ ფაქტს მოვიშველიებ: 1981 წელს ესპანეთის დედაქალაქის ერთ-ერთ პარკში, მოსკოვში დადგმული სერვანტესის ძეგლის საპასუხოდ დაიდგა პუშკინის ძეგლი მოქანდაკე ო. კომოვის ქმნილება. ეს უკვე იყო კარგი „კულტურათა დიალოგისათვის“, მაგრამ რუსებს ბევრად შორს მიმავალი მიზანი ჰქონიათ და, ეს მათი პოეტის სკულპტურის კომპოზიციის ერთი დეტალით გამჟღავნდა: ბრინჯაოს პუშკინი მარცხენა მკლავით ეყრდნობა ბრინჯაოს ანტიკური კოლონის ფრაგმენტს, თითქოს არაფერი, მაგრამ ასეთ გააზრებაში იკითხება რუსული კულტურის კავშირი ანტიკურ ცივილიზაციასთან... რომლის მემკვიდრეებად მათაც მიუჩნევიათ თავი...
1964 წელს გადაღებულ ამერიკულ ფილმში, „რომის იმპერიის დაცემა“ (რეჟისორი ანტონი მანი) ხაზგასმული იქნა სომხეთის როლი რომისა და პართიის ურთიერთობებში, აგრეთვე, იმპერატორ მარკუს ავრელიუსის ოჯახის დინასტიური კავშირის ამბავი სომხეთის სამეფო გვართან. ფილმში ნაჩვენებ ისტორიასთან მიმართებაში, აღნიშნულ თემას არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა და შეიძლება, აქცენტირებული არც ყოფილიყო. ის არაფერს მატებდა ამერიკელების მიერ დანახულ რომის ისტორიას, სამაგიეროდ, მეტად უწყობდა ხელს სომხეთის ისტორიის პოპულარიზებას და, როგორც ამბობენ, ამერიკასა და ევროპაში არსებული სომხური ფინანსური ლობის მხარდაჭერით ფილმში შეიტანეს „სომხური ეპიზოდები“...
ლიტერატურას, ზოგადად, ხელოვნებას, და კერძოდ, კინემატოგრაფს, დიდი როლი ეკისრება «საქართველოს საკითხის» მსოფლიოს წინაშე წამოჭრისა და დამკვიდრების საქმეში. ჩვენი საუკუნის დამდეგს, ქართული კინოს პიონერებს კარგად ესმოდათ ამ საკითხის მნიშვნელობა და მასთან მიმართებაში, კინოს შესაძლებლობები, მაგრამ არც მაშინ, და არც შემდეგ, ამისათვის ისეთი შესაფერისი პირობები არ ყოფილა, როგორც დღეს არის. ახლა საქართველოში ისეა, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, პოლონეთში რომ იყო. მაშინ იქ შექმნილ სიტუაციას ასე აფასებს პოლონელი კინოკრიტიკოსი სტანისლავ კუშევსკი, მონოგრაფიაში, „თანამედროვე პოლონური კინო“: „XIX საუკუნის შუა წლებში ისე ჩანდა, რომ ეგრეთწოდებული პოლონეთის საკითხი ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ არავის არ აღელვებდა, მაგრამ 1939-1945 წლების პოლონეთის ისტორიის სპეციფიურობამ „პოლონეთის საკითხს“ უნივერსალური განზომილება მიანიჭა. აი, რატომ გამოიწვია ფართე რეზონანსი ანჯეი ვაიდას ისეთმა ფილმებმა, როგორიცაა: „არხი“, „ფერფლი და ალმასი“, მსოფლიო კინოკლასიკის ოქროს ფონდში, რომ შევიდნენ». ხედავთ, რაშია საქმე: როცა ამა თუ იმ ერისადმი ინტერესი ღვივდება, მაშინ, მის კინემატოგრაფსაც (ისევე, როგორც ხელოვნების სხვა დარგებს და ლიტერატურას) სხვაგვარად აღიქვამენ; ზემოხსენებული რეჟისორის ფილმები, პოლონეთში მიმდინარე პროცესებს, - ისტორიულსაცა და თანამედროვესაც, იზიარებდა უაღრესად საინტერესოდ და ნიჭიერად. ამას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან მსოფლიო საზოგადოებრიობა დიდ ინტერესს ავლენდა ამ ქვეყნის მიმართ, რაც, თავისთავად, გულისხმობს კითხვების არსებობას იმის თაობაზე, თუ ვინ არიან პოლონელები და რა სახელმწიფო აქვთ, როგორია მათი ზნეობრივი ფასეულობები და ტრადიციები, საითკენ მიისწრაფიან ისინი, - დასავლეთისაკენ თუ აღმოსავლეთისაკენ, და ასე შემდეგ. პოლონურმა კინომ და, მასთან ერთად, პოლონურმა ლიტერატურამ და ხელოვნებამ ყველა ამ კითხვას უპასუხა...
ახლა საქართველოსკენაა მიმართული მსოფლიო საზოგადოებრიობის ყურადღება, ეს კი ნიშნავს: რეალური საფუძველი იქმნება იმისათვის, რომ უნივერსალური განზომილება მიენიჭოს ამჯერად, უკვე „საქართველოს საკითხს“, რაც იმის მსგავს მოქმედებას ითხოვს ქართველ ლიტერატორთა და ხელოვნების მუშაკთაგან, რაც, თავის დროზე, პოლონელებმა გააკეთეს, მაგრამ შევძლებთ კი ამას? ჯერჯერობით, ეს არ ხერხდება, სამომავლოდ, - ვნახოთ...
შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ ლიტერატორსა და ხელოვანს მეტისმეტად ბევრი მოეთხოვებაო. ეს ასეა და ამას მათივე მდგომარეობა ავალებთ. შტეფან ცვაიგი თავის „გუშინდელ სამყაროში“ ერთ მეტად საყურადღებო ამბავს იგონებს: „მე მაგალითად, მახსენდება ჩემი ჭაბუკობის ხანის ერთი ეპიზოდი, როცა ჩვენი მზარეული ქალი თვალცრემლიანი შემოვარდა ოთახში: იმ წუთში მისთვის უთქვამთ, რომ შარლოტა ვოლტერი - „ბურგთეატრის“ მეტად ცნობილი მსახიობი - გარდაიცვალაო. ყველაზე სასეირო ამ საკვირველი გლოვისას, ბუნებრივია, ის იყო, რომ ეს მოხუცებული, სანახევროდ წერა-კითხვის უცოდინარი ქალი, არც ერთხელ არ ყოფილა „ბურგთეატრში“ და არასოდეს არ უნახავს ვოლტერი არც სცენაზე და არც ცხოვრებაში; მაგრამ დიდი ეროვნული მსახიობი ვენაში იყო საყოველთაო მონაპოვარი იმ დონისა, რომ თეატრთან უზიარებელი ადამიანიც კი აღიქვამდა მის სიცოცხლეს, როგორც კატასტროფას“.
მზარეული ქალის საქციელით, ხალხის ერთი თვისებაც გამოვლინდა. რომელ, თუნდაც, ყველაზე დაბალ, სოციალურ ფენასაც არ უნდა მიეკუთვნებოდეს ადამიანი, მას გააჩნია ეროვნული ღირსების გრძნობა, რომელიც ეთნოცენტრიზმის ერთგვარი გამოვლენაა, ის კარგად იმახსოვრებს გამოჩენილ თანამემამულეთა სახელებს და, თუმცა, არ იცნობს პირადად, და არც მათ შემოქმედებას, ეამაყება, რომ ასეთი სახელგანთქმული პიროვნება მისი ერის შვილია. ქვეყნისათვის რთულ სიტუაციაში, მათგან მოელის დახმარებას, ზოგჯერ, უბრალოდ ითხოვს კიდეც... ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს, როცა ხალხი მოუთმენლობას ამჟღავნებს, - ისე როგორც ამ ათიოდე წლის წინ მოხდა ჩვენში, - უცხოეთში მოღვაწე ზოგიერთ ქართველ ხელოვანს რომ შემოუძახეს, ეროვნულ საქმეს ემსახურეთო. შესაძლოა, ეს მთლად ტაქტიანად ვერ გაკეთდა, მაგრამ ხალხის მოთხოვნის გამოხატულება ნამდვილად იყო...
იმისათვის, რომ მის წინაშე მდგარი ამოცანა გადაწყვიტოს, შემოქმედი თავისუფალი უნდა იყოს, რათა არ შეეპუოს პოლიტიკურ კონიუქტურას და სიმართლეს ემსახუროს. სამწუხაროდ, დღევანდელი პრობლემების გამო ის კიდევ უფრო მეტად არის დამოკიდებული ხელისუფლებაზე, ვიდრე ადრე იყო. ცხადია, ეს სულაც არ უწყობს ხელს იმას, რომ მან მეტი შინაგანი თავისუფლება მოიპოვოს. უნებლიედ მახსენდება ერთი ეპიზოდი კომედი-ფრანსეზის ისტორიიდან: ერთხელ, ნაპოლეონს, ცნობილი მსახიობის, ტალმასათვის მხარზე ხელი მიუტყაპუნებია და უკითხავს: „როგორ ხარ შვილიკო“? მსახიობს იმავე ტონში უპასუხნია. „კარგად მამიკო“. ... როცა დამოუკიდებელი ხარ, შენს თავში დარწმუნებული, - იმპერატორსაც არ მისცემ ფამილიარობის უფლებას...
ამ რამდენიმე ხნის წინათ, ერთმა, პროფესიით ფსიქოლოგმა ქალბატონმა, როგორც ჩანს, თავის კოლეგათა შორის გავრცელებული აზრი გამიზიარა: ქართველები არსებულ მდგომარეობას შევეგუეთ, ადაპტაცია განვიცადეთო. ეჭვმიუტანელი ჭეშმარიტებასავით განდობილმა ამ მოსაზრებამ დამაფიქრა და გამახსენა ერთ-ერთი განმარტება ლათინური სიტყვისა ადაპტატიო- ორგანიზმის შეგუება გარემო პირობებთან არსებობის შესანარჩუნებლად - სხვათაშორის, ერიც გარკვეულწილად ორგანიზმია, მაშასადამე, მასაც იგივე საფუძველი აქვს შეგუებისათვის, მაგრამ გააჩნია გარემო პირობებს... ის, რაც ჩვენთან ხდება ძნელი ასახსნელია, რადგან ყოფა გვაქვს გაუსაძლისი, მის შეცვლას კი, - ვერ ვახერხებთ. ქართველობა თავისუფალი, დემოკრატიული სამშობლოს აღმშენებლობაზე იმდენს არ ფიქრობს, რამდენსაც საარსებო წყაროს მოპოვებაზე. თუ ბედმა გაუღიმა საქართველოში და თუ არა, - საზღვარგარეთ... ხოლო, ამ მხრივ, „უიღბლოებს“ ცხოვრება თავის კვალს ამჩნევს: ქართველთა უმეტესობა მუქი ფერის ტანსაცმელს ირჩევს, ბატონობს შავი ფერი, ის ასაკოვან ქალებსაც აცვიათ და ახალგაზრდა გოგონებსაც. მამაკაცებიც გვარიანად ეტანებიან ამ ფერს... რამდენიმე წლის წინ, ერთ უცხოელს გაკვირვებია, „რამდენი მგლოვიარე ადამიანია თბილისშიო“, - იმიტომ, რომ მაშინაც, და ახლაც, ბატონობს შავი ფერი, რომლის მოძალებას, ზოგი პრაქტიკული ხასიათით ხსნის: ადვილად არ ეტყობა გაჭუჭყიანებაო... ასეთი განმარტება მხოლოდ ჩვენი დუხჭირი და უბადრუკი ყოფის დადასტურებაა, მაგრამ ხომ შეიძლება ეს საკუთარი თავის ქვეცნობიერი გლოვა იყოს? მითუმეტეს, ჩვენი ცხოვრება ასეთი დასკვნის საფუძველს გვაძლევს, ისტორია კი, - მსგავს მაგალითებს: გავიხსენოთ თუნდაც, XVI საუკუნის მეორე ნახევრის ესპანეთი, რომლის წარსულის ამ მონაკვეთის შესახებ, არგენტინელი მწერალი და დიპლომატი, ენრიკე ლატერა წერდა: „ესპანელთა ხასიათი გულჩათხრობილი და ჩაკეტილი გახდა, მთელს ქვეყანას განსაწმენდელის კვამლივით მოედო მელანქოლიის ნამდვილი ჭირი, სულს რომ ასნეულებდა. აზნაურები სამგლოვიაროდ იმოსებოდნენ, შავი ხე მოდური იყო. დაკრძალვისადმი მიძღვნილი ზეიმები არასოდეს ესეოდენ ავბედითი ხასიათისა არ ყოფილა“.
დიახ, ასეთი დროც იყო ესპანეთში, როცა, ეს ბუნებით მხიარული და ოპტიმისტი ერი, აბსოლუტური მონარქიის დესპოტიზმმა და რელიგიურმა დოგმატიზმმა საკუთარი თავის მგლოვიარედ აქცია. ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ ჩვენ მსგავსი რამ დაგვემართოს... ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს, ერის სულიერ დათრგუნვასაც: შავი ფერის მოდურად ქცევა, ადრე, ტოტალიტარული რეჟიმის ანტიჰუმანური სოციალურ-პოლიტიკური სისტემის ბრალი იყო, დღეს კი, - ცუდად ორგანიზებული სახელმწიფო და საზოგადოებრივი ცხოვრების ბრალია.
სამოსით გამოხატულ განწყობილებაზე იმიტომ შევაჩერე ყურადღება, რომ მეტად თვალში საცემია. სხვათაშორის, ადრეც, როცა კოლონია ვიყავით და, ახლაც, იყვნენ და არიან ხალისიანი კოლორიტის მქონე სამოსში გამოწყობილი ქართველები. ისინი, რომელთაც, ამა თუ იმ გზით, ფული იშოვეს, ან კარიერა გაიკეთეს და შესაძლებლობათა რეალიზების საშუალება მიეცათ. ამათ ცხოვრება ეხალისებათ... ასეთები კი, იმ დროსაც და დღესაც, ერის უმცირეს და, ხშირად არც თუ საუკეთესო ნაწილს, შეადგენენ... ცხოვრება კი, ვფიქრობ, ყველასათვის სახალისო უნდა იყოს.
ყველა იმ სირთულეს, რისი გადალახვაც გვიხდება და რასაც ხშირად ვერ ვახერხებთ, საქართველოს მოსახლეობა გასაოცარი სიმშვიდით ხვდება - თითქოს არ არსებობდეს, არც უხეირო ხელისუფლება, არც გასაოცარი მასშტაბების კორუფცია და, არცერთი ის პრობლემა, ჩვენს ყოფას ტანჯვად რომ აქცევს. რა ხდება? ნუთუ, მართლა განვიცადეთ ადაპტაცია და შევეგუეთ ყოვლად არანორმალურ საარსებო პირობებს? არა მგონია, და აი, რატომ: თუ გადავხედავთ ჩვენი ისტორიის ბოლო ათწლეულს, დავრწმუნდებით, რომ ხალხი მძაფრად რეაგირებდა ყველა იმ მოვლენაზე, რაც მოხდა საქართველოში, აშკარაა, მას, მგრძნობელობა და რეაქცია მოდუნებული სულაც არა აქვს. პასიურობის მიზეზი კი, ასეთი გახლავთ: ქართველობამ გააცნობიერა და გაითვალისწინა ეროვნული ინტერესები, შეგნებული აქვს, რომ სოციალური აფეთქება ქვეყანაში დესტაბილიზაციას გამოიწვევს და ხელს შეუწყობს დესტრუქციულ პროცესებს.
ამ თავშეკავებით გამოავლინა ქართველმა ერმა მამულიშვილობა და დიდი მოქალაქეობრივი შეგნება და ამიტომ, მისი პასიურობა, სიმახინჯესთან შეგუება კი არა, ხელისუფლებისათვის მხარის დაჭერაა, მეტად მნიშვნელოვანი თანადგომაა.
ამრიგად, თუ ქართველობა სოციალური აჯანყების დროშას არ ააფრიალებს, ამან მცდარი დასკვნები არ უნდა გაგვაკეთებინოს და, არა მხოლოდ ჩვენ: არც ხელისუფლება უნდა შეცდეს. ამ თანადგომის დაფასება უნდა შეძლონ და დაგვანახონ, რომ გრძნობენ ვალდებულებას ერის წინაშე, რომ ეს ამოძრავებთ და არა ცინიზმი და უსირცხვილო კარიერიზმი. წინააღმდეგ შემთხვევაში, სოციალურ რევოლუციას ვერ ავიცდენთ; ვერც იმ სისასტიკს, რაც ამ მოვლენას თან ახლავს და აღაშფოთებს ხოლმე უკონფლიქტობის მოყვარულთ. სწორედ მათ სჭირდებათ შეხსენება ფრანგი ისტორიკოსის, ჟიულ მიშლეს ნათქვამისა: „მგრძნობიარე ადამიანებო, რევოლუციის საშინელებებზე რომ მოსთქვამთ, ცოტაოდენი ცრემლი დააფრქვიეთ მის წარმომშობ საშინელებებს“. დიახ, თუ გვსურს სისხლიან დაპირისპირებას თავი ავარიდოთ, ამის გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრა უნდა შევძლოთ. ის კი საქართველოში არსებულ სოცტალურ-პოლიტიკურ სისტემაში და მის შემქმნელ, ყოვლად უვარგის, საკადრო პოლიტიკაში ძევს. ეს დასაფიქრებელი ფაქტია...
თუ დღევანდელმა დუხჭირმა ყოფამ და მაორგანიზებელი ძალის არქონამ შეიძლება სპონტანურად წარმოშვას რევოლუციური კონფლიქტი და საამისო ძალა მოსახლეობას აქვს, სამაგიეროდ სრულ უღონობას ვავლენთ ისეთ მნიშვნელოვან საქმეში, როგორიც არის: კანონიერი გზით, ხელისუფლებაზე ისეთი სისტემატური ზემოქმედება, რომელიც, ამ უკანასკნელს, სათანადო კალაპოტში მოაქცევდა და ხალხის სასიკეთოდ აამოქმედებდა.
და, რაკი ამას ვერ ვაკეთებთ, ჩვენი მცდელობა, - ავაშენოთ დემოკრატიული სახელმწიფო, იქცა - „გზათა უკან წანწალად“.
![]() |
26 კულტურა და პოლიტიკა - II ნაწილი |
▲ზევით დაბრუნება |
ეროვნული ენერგია
თავისი არსებობის მანძილზე, ესა თუ ის ერი, მეტნაკლები აქტიურობით ავლენს ბრძოლის, შრომის, სახელმწიფოს მშენებლობისა და თვითმყოფადი კულტურის შექმნის უნარს. იმის მიხედვით, თუ რამდენად ქმედუნარიანია მოსახლეობა, მსჯელობენ ეროვნული ენერგიის თაობაზე: ამასთან, რაც უფრო ექსტენსიურად გამოვლინდება ეს ენერგია, მით უფრო ინტენსიურად იწყებენ ამის მიზეზების კვლევას... რისი მკაფიო დასტურია XIX-XX საუკუნეების ქართული საზოგადოებრივი აზრის განვითარება. ამ ორი საუკუნის მანძილზე, ორჯერ დავკარგეთ დამოუკიდებლობა და ორასი წელი მონობაში გავატარეთ, - რაც საკმარისზე მეტი იყო იმისათვის, რომ ეროვნული კატასტროფის მიზეზები გვეკვლია. ეს პროცესი გასული საუკუნის 80-იან წლებში ძლიერდება და მასში მთელი ინტელექტუალური ელიტა მონაწილეობს. დიმიტრი ყიფიანმა, 1886 წელს რუსეთის იმპერიის მესვეურთადმი გაგზავნილ ბარათში, რომლის სათაურია: „იმ ფაქტების შესახებ, რომლებმაც ქუთაისის გუბერნიის თავადაზნაურობის მიმართ ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის გულისწყრომა გამოიწვია”, წამოიჭრა კითხვა: „რა ხალხია ქართველები?“ და თავადვე უპასუხა: „ქართველები ახალგაზრდა ხალხი არ არის. მათ დამოუკიდებლად იცხოვრეს უძველესი დროიდან ჩვენი საუკუნის დამდეგამდე!“
„უკანასკნელი ექვსი საუკუნე ქართველების ცხოვრებაში იყო მრავალტანჯული, მოწამებრივი“. „...ექვსსაუკუნოვანმა ბრძოლამ მოქანცა საქართველო, სისხლით დაცალა იგი“.
ამრიგად, როგორც ვნახეთ, მკაფიოდ არის ნათქვამი - ქართველი ერი ახალგაზრდა არ არის და მოქანცულიაო...
1889 წელს, პეტერბურგში გამომავალ ჟურნალ „სევერნი ვესტნიკის“ მე-8-9 ნომრებში, დაისტამბა ივანე ჯაბადარის „წერილები საქართველოზე“, სადაც წერდა: „... ნამდვილად დაბერდა ქართველი ერი და ამოწურა თავისი ძალა, თუ მას ჯერაც არ დაუწყია სრული ინტენსიური ცხოვრება და შემოუნახავს თავისი ძალ-ღონე მერმისისათვის? თუ ჩვენი წერილები ამ საფუძვლიან კითხვას საკმაოდ ცხადად პასუხობენ, ჩვენ ვთვლით ჩვენს მიზანს მიღწეულად“ -ო. ასეთი პოზიცია, ტიპიური ნიმუში იყო წარსულის ნიჰილისტური ხედვისა.
„მელანქოლიური შენიშვნები“, გერონტი ქიქოძემ, 1915 წელს დაწერა. ძნელად თუ მოიძებნება მეორე წერილი, რომელშიაც ასე მძაფრად იყოს დახატული უთვისტომო ერის მარტოდ-მარტო არსებობის უიმედო სურათი. სამაგალითოდ ეს ციტატაც იკმარებს:
„ოდესღაც შუამდინარეთში გვიცხოვრია და ტიგროსისა თუ ევფრატის ტალღების ხმა მოგვისმენია. უხვად გვისვამს სამხრეთის ცხოველი მზე და უდაბნოს სუნთქვა გვიყნოსია, მაგრამ იქედან ძლიერმა და მრავალრიცხოვანმა მეზობლებმა გამოგვრეკეს. არ დაგვაცადეს არც კაპადოკიის ხევებში, არც მცირე აზიის მაღლობებზე და, თუ დღემდე ჩვენს ახლანდელ სამშობლის შევრჩით, ეს ალბათ იმის ბრალია, რომ მეტი გასაქანი აღარ გვქონდა: ჩრდილოეთით გარდაუვალი მთები გვეკრა, დასავლეთით ზღვა, სამხრეთით კი მტრით დასახლებულიადგილები, ან ერთფეროვანი უდაბნოები“.
კიდევ უფრო პესიმისტურია ნიკოლო მიწიშვილის, 1926 წელს გამოქვეყნებულ წერილში, „ფიქრები საქართველოზე“, მოცემული შეფასება:
„... საკუთარ, შინაგან აქტიურობას მოკლებული იყო საქართველო და მოკლებული იყო, მაშასადამე, შემოქმედების გენიასაც.
მოკლებულია აქედან გამართლებას, მსოფლიო გამართლებას, საკუთარ რელიგიას, მოწოდებას, აზრს, შინაარსს.
ამიტომ არის მშრალი და ფუყე საქართველო. აქედან მოდის მისი „უშვილოსნობა“ თუ ბერწობა.
ამის შედეგია, ჩემი ფიქრით, სიმჩატე ქართველ არსებისა, ქართული ჭკუისა, გაწირვა ქართული ხელოვნებისა, პოეზიისა.
მე მგონია, ეს უნდა იყოს მიზეზი იმისა, რომ ყველაფერი ქართული უდღეურია, რომ ქართული ბედი წყდება და ტყდება ყოველთვის შუაგზაზე, დაუმთავრებელი, მიუწვდომელი...“
ერის ბედუკუღმართი ყოფით, მისი სისუსტით გამოწვეულ ნიჰილისტურ შეხედულებებს გამოთქვამდნენ, არა მხოლოდ საზოგადო მოღვაწეები და ლიტერატორები, არამედ მეცნიერებიც... მეცნიერული ნიჰილიზმის ნიმუშია, 1934 წელს, კორნელი კეკელიძის მიერ, ნაშრომში, „ქართული კულტურის ორი დღესასწაული“, უარყოფა ქართული წარმართული კულტურის არსებობის შესაძლებლობისა:
„... საკმარისია გადავიკითხოთ ეზეკიელის წიგნი, (მას იმოწმებს ივ. ჯავახიშვილი) რომელიც დაწერილია მე-6 საუკუნის უკანასკნელ წლებში. ჩვენი წინაპრების მახლობლად ქალდეაში, რომ გაითვალისწინოთ, რას წარმოადგენდნენ ამ დროს ყველაზე უფრო დაწინაურებული ქართველი ტომები მოსოხი და თობელი (თუ ისინი მართლა ქართველი ტომებია). აქ ისინი გამოყვანილნი არიან როგორც საშინელი, ულმობელი ბარბაროსები, „მიმცემელნი შიშისა მათსა ქვეყანასა ზედა ცხოვრებისასა“, რომელიც „ვაჭრობდეს სულებს კაცთასა“, ისინი, „მშვილდებისა, ჩაფხუტებისა და ფარების მქონებელნი“, თავს ესხმოდნენ ვითარცა „წვიმა და ნიავქარი“ მშვიდობით, მყუდროებით და დაწყნარებით მცხოვრებ ერს, რომელიც მეურნეობას და ვაჭრობას ეწევა, ძარცვა-გლეჯისა და იავარყოფის მიზნით. შევიწროებულნი ძლიერი ერებისაგან, როგორიცაა ასურელები, კიმირიელები, სპარსელები, შემდგომში სომხები და რომაელები. ქართველი ტომები თანდათან ტოვებენ თავიანთ ძველ სამშობლოს და მოიწევდნენ ჩრდილოეთისაკენ. ასე რომ, სანამ საქართველოს ტერიტორიაზე შემოდგამდნენ ფეხს, მათი ცხოვრება საუკუნეთა განმავლობაში წარმოადგენს განუწყვეტელს ცვლას ბინადრობისა და მასთან დაკავშირებულს ბრძოლას ბუნებასთან, მტრებთან და ერთმანეთთან. ამ მოგზაურობისა და ბრძოლის დროს ისინი თანდათან კნინდებოდნენ ტერიტორიულად, ეკონომიკურად და კულტურულად, ასე რომ, ბერძნული წყაროების მიხედვით, ისინი ცხოვრობდნენ მეჯოგეობით, ნადირობით, ტყის მეფუტკრეობით, არაიშვიათად მეკობრეობითაც და პირველ საუკუნეშიაც კი ქრისტეშობამდე კაცობრიობის განვითარების პირველს, საგვარეულო წესწყობილების საფეხურზე იმყოფებოდნენ. საქართველოს ტერიტორიაზეც ისინი მოსულან არა ერთად, ერთსა და იმავე დროს, არამედ ცალ-ცალე, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა მხრით და სხვადასხვა პირობებში. ცხადია, ასეთ პირობებში, სანამ ახალ სამშობლოში დამკვიდრების შემდეგ, ამ ტომებში ცხოვრების ცოტა თუ ბევრად კუტურული ფორმები არ აღმოცენდებოდა და სახელმწიფოებრივი ორგანიზმის ჩანასახი არ გამოჩნდებოდა, მწიგნობრობა ვერ შეიქმნებოდა“.
ეს ციტატა დანარჩენზე დიდი გამოვიდა, მაგრამ, თავითავად, ბევრის მთქმელია და სხვა აქ მოხმობილ მოსაზრებებთან ერთად, კარგად წარმოგვიჩენს იმ შეხედულებებს, გასული საუკუნის ბოლოსა და ჩვენი საუკუნის პირველ ნახევარში რომ იყო ქართულ საზოგადოებაში გავრცელებული. როგორც ნახეთ, აქ ლაპარაკია ერის დაბერებაზე, უილაჯობაზე, ეროვნული ძალების ამოწურვაზე, უთვისტომობაზე, შინაგანი აქტიურობის არქონაზე, წარმართული ხანის ქართველთა ველურობაზე. ეს ყველაფერი ნიჰილიზმია, რომელიც, უწინარეს ყოვლისა, ეროვნული თვითმყოფადობისა და თავისუფლებისათვის ბრძოლას უარყოფს. უიმედობასა და უპერსპექტივობას თესავს, ასე გამოდის, განურჩევლად იმისა, თუ რისთვის იღვწოდნენ ზემოხსენებულ შეხედულებათა ავტორები.
ნიჰილიზმისა და უიმედობის სენი სწორედ მაშინ მოედო საქართველოს, როცა დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად უკეთესი პირობები გვქონდა, ვიდრე წინა პერიოდში.
XIX საუკუნის მეორე ნახევრის საქართველო, ტერიტორიულად, ძირითადად გამთლიანებულია, მოსახლეობაც სამჯერ იმაზე მეტია, ვიდრე საუკუნის დამდეგს და, ქვეყანაც კაპიტალისტური განვითარების გზასაა შემდგარი. მართალია, ყველა სიახლე ძნელად იკვლევდა გზას, რადგან, გარედან შემოტანილი იყო და, არა შინაგანი განვითარების შედეგი. ერიც სათანადო ენერგიას ვერ ავლენდა, მაგრამ ეს, ცხადია, ვერ იქნებოდა თავისუფლებისათვის ბრძოლაზე უარის თქმის მიზეზი და არც უნდა ყოფილიყო... ამიტომაც გამოუცხადა ომი ნიჰილიზმს ილია ჭავჭავაძემ. თუ არა „ბედნიერი ერისა“ და „კაცია-ადამიანის“ ავტორს, ვის ეცოდინებოდა თავისი ერის ნაკლი, მაგრამ მისი ნაწარმოებების კრიტიკული პათოსი ჩვენი ყოფის უიმედობაში კი არ არწმუნებდა მკითხველს, არამედ უკეთესი მერმისისათვის საბრძოლვედად მოუწოდებდა.
ერის ძალას, მის ენერგიას, მითუმეტეს დაფარულს, ცუდად გამოვლენილს, სხვაგვარი ხედვა სჭირდება: ყურადღებიანი, კეთილგანწყობილი და იმედიანი. ჯავაჰარლალ ნერუ „ინდოეთის აღმოჩენაში“ ასეთ მოსაზრებას გამოთქვამს:
„ყველა ცივილიზაციის არსებობისას არაერთხელ არის პერიოდები ლპობისა და დაშლისა; ასეთი პერიოდები ყოფილა ინდოეთის ისტორიაში, მაგრამ ინდოეთს ის გადაულუხავას და ისევ აღუდგენია სიჭაბუკე. ზოგჯერ თავის ნაჭუჭში იკეტებოდა და კვლავ გამოჩნდებოდა ახალი საარსებო ძალებით აღვსილი“. აი, ეს არის მთავარი. დაღმართს აღმართი მოჰყვება ხოლმე. დამხობას - აღდგომა. ეს კანონზომიერებაა! დაცემის მიზეზებს კვლევა სჭირდება, რომ კატასტროფა თავიდან ავიცილოთ, ნგრევა შევაჩეროთ, დაღმა მავალნი აღმა სვლას შევუდგთ და რაც მთავარია, უნდა გავერკვეთ, როგორ ვახერხებთ ორგანიზებას - ცუდად, თუ კარგად, - ამაზეა დამოკიდებული, შევძლებთ თუ ვერა, თავი დავაღწიოთ იმ ექსტრემალურ მდგომარეობას, რომელშიც დღეს აღმოვჩნდით.
თვითორგანიზება მაშინაც გვიჭირდა, როცა ციტირებული ნიჰილისტური მოსაზრებანი გამოითქვა და, დღესაც გვიჭირს. ეს ჩვენი კოლონიად ყოფნის შედეგია, თორემ, სათანადოდ ორგანიზებულნი ყოველთვის ვიყავით: სამი ათასი წლის სახელმწიფოებრივი ისტორია გვაქვს, შევქმენით ორიგინალური კულტურა, ვცხოვრობდით საკუთარი ცხოვრების წესით და გვქონდა ჩვენი კანონები, რომლებიც მკაცრი არასოდეს ყოფილა და აქედან ჩანს, რომ მაორგანიზებელ ფუნქციას, ჩვენში, ეთნიკური და სახელმწიფოებრივი თვითშეგნებაც ასრულებდა... სამწუხაროდ, მოჭარბებული ინდივიდუალიზმი, მუდმივი კონფლიქტის საფუძველი იყო პიროვნულ და საზოგადოებრივ ინტერესებს შორის, რომელსაც კიდევ უფრო ამწვავებდა გარეშე ძალთა ზემოქმედება, და მაინც, XVIII საუკუნის მიწურულამდის მოვიტანეთ ჩვენი სახელმწიფოებრიობაც, კულტურაც, ტრადიციებიც და თავისთავადობაც. ეს იყო სასტიკი ბრძოლის შედეგი. დიდი მსხვერპლის საფასური, მაგრამ გეორგიევსკის ტრაქტატი და, მას მოყოლილი პირველი რუსული ოკუპაცია, უფრო პოლიტიკოსთა შეცდომის ბრალი იყო, ვიდრე ისტორიული გარდუვალობა.
ის, რაც შემდეგ მოხდა, უპრეცედენტოა საქართველოს ისტორიაში, რადგან, მართალია, დამპყრობელი ბევრი გვყავდა, მაგრამ ვერც ერთმა მათგანმა ისეთი ზიანი ვერ მოგვიტანა, როგორც რუსეთის ორსაუკუნოვანმა ბატონობამ. იმიტომ, რომ, ჩვენი ტრაგიკული ისტორიის ამ პერიოდში, დავკარგეთ სახელმწიფოებრივი თვითშეგნება და, შესაბამისად, მოიშალა თვითორგანიზების ტრადიციული ფორმები; რაც, თავის მხრივ, ეროვნული ენერგიის გამოვლენის დაქვეითებას იწვევს. ეს კი ნიშნავს, რომ შეჩერება იწყო ერის შინაგანი განვითარების პროცესმა... ეს რომ ასეა, ეს კარგად ჩანს რუსეთის სამათეულწლოვანი ბატონობის შეფასების თაობაზე, ივანე აფხაზის მიერ გამოთქმულ მოსაზრებაში: „აწინდელი ჩვენი საზოგადოება არის მკვდარი მამულისათვის, ჰსცხოვნებენ უსაგნოდ, დაეხეტებიან უგზოდ... ყოველი ფიქრობს საკუთარის თავისისა სარგებლობისათვის, რომელისა მისაღებად არა მიხედვენ არცა სირცხვილსა, არცა უპატიურსა გზასა, ანგარება არის მათთვის თაყვანსაცემი კერპი, რომლითაც გვეკარგება პატიოსნება, გარნა ნუ გგონია, რომელ ესე იყოს ბუნებითი თვისება ქართველთა. არა! ესე არს მხოლოდ ნაყოფი ოცდაათის წლის მორჩილებისა.
როგორც კი დავკარგეთ სახელმწიფოს წინაშე პასუხისმგებლობის უნარი, დაიკარგა ჩვენი ინდივიდუალიზმის გამაწონასწორებელი ძალაც და ისეთ ხალხად გადავიქეცით, რომელსაც პირადული პრობლემების მოგვარების მეტი, - არაფერი აწუხებს... ამან კი, დაარღვია აქამდის არსებული მოსახლეობისა და სახელმწიფოს ურთიერთობის მთელი სისტემა, რომელიც, ერთიანი საქართველოს დროსაც მოქმედებდა და, ავად თუ კარგად, - ცალ-ცალკე სამეფო-სამთავროებშიც, - როცა ქვეყანა დაქუცმაცებული იყო. ახლა სახელმწიფო სხვისი იყო და მისი პრობლემების მიმართ გაუცხოვდა ქართველობა. გვთრგუნავდა „უკაზებით“ ცხოვრება, კორუმპირებული ბიუროკრატია, ბატონყმობის დამძიმება, ინსპირირებული ეთნიკური დაპირისპირებანი. ევრპულ ცივილიზაციას გვაზიარებდნენ იმდენად, რამდენადაც ეს კოლონიზატორების ინტერესებში შედიოდა. მათ ამ განმანათლებლურ მისიაზე, ასე წერდა მიხეილ ჯავახიშვილი „არსენა მარაბდელში“ : „რუსი ცხენით მისდევს ევროპას, ჩვენ კი თოკით მიგვათრევს და გვეუბნება, არ ჩამორჩეთო, ჩვენც დასისხლიანებულები მივრბივართ და გვგონია, რუსი სიკეთეს გვიშვებაო“. საქართველო სხვისი ცხოვრების წესით ცხოვრობდა, ეს კი ჩვენს ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა, რადგან ყველა რეფორმა სანახევროდ ხორციელდებოდა, ნებისმიერი ნოვაცია შეზღუდულად ვრცელდებოდა, ამასთან, არა ისე და იმ გზით, როგორც საჭირო იყო. გასაკვირი არ უნდა ყოფილიყო, რომ ახალს კარგად ვერ ვითვისებდით და ძველ ღირებულებებსაც ვკარგავდით. მეორე რუსულმა ოკუპაციამ და კოლონიურ-კომუნისტური რეჟიმის დამკვიდრებამ მოიტანა ის, რომ გვაცხოვრებდნენ სრულიად ხელოვნური სოციალ-პოლიტიკური სისტემის პირობებში, რომელმაც მოსპო ტრადიციული ფასეულობები და შეცვალა შრომისა და ანაზღაურების მანამდე არსებული წესი. გააბატონა კორუფცია და ჩრდილოვანი ეკონომიკა. ერის დეგრადირების პროცესი გეომეტრიული პროგრესიით განვითარდა. საბოლოოდ კი, მოხდა ის, რომ ორასწლიანმა არასახელმწიფოებრივმა ცხოვრებამ, სერიოზულად შეაფერხა ქართველი ერის შინაგანი განვითარება. რაც შეეხება იმ მნიშვნელოვან მოვლენებს, მოცემულ ისტორიულ პერიოდში რომ მოხდა, ანუ, - დაქუცმაცებული საქართველოს გაერთიანება, ბატონყმობის გაუქმება, კაპიტალისტური ურთიერთობების ჩასახვისა და განვითარების დასაწყისი, პირველი რესპუბლიკის გამოცხადება, „პერესტროიკის“ დროს მოპოვებული სიტყვის თავისუფლება და კერძო სამეურნეო საქმიანობის უფლება, მეორედ მოპოვებული დამოუკიდებლობა, - შინაგანი განვითარების კი არა, გარეშე მოვლენების შედეგი იყო... (თუმც, მისწრაფებას საქართველოს გაერთიანებისა, თავისუფლებისათვის ბრძოლისა, სოციალური ფორმაციის შეცვლისა და სიტყვის თავისუფლების მოპოვებისა, სხვადასხვა ფორმით, ყოველთვის ვამჟღავნებდით, მაგრამ, მათ სარეალიზაციოდ საჭირო ენერგია, - არ გვქონდა), ჩვენ არც იმდენი ეროვნული ენერგია აღმოგვაჩნდა და არც ისეთი ორგანიზებულობის უნარი, რომ გარეშე ძალების მიერ სტიმულირებული (ამ შემთხვევაში) პოზიტიური პროცესები გაგვეგრძელებინა, კერძოდ: სწორედ წარგვემართა კაპიტალისტურ ფორმაციაზე გადასვლის მცდელობა, ისე, რომ ის, მტკივნეული არ ყოფილიყო მოსახლეობისათვის და უარყოფითი დამოკიდებულება არ გასჩენოდა მისდამი ქართველობას. ეს, ვერც XIX საუკუნეში ვერ შევძელით და ვერც XX საუკუნის ბოლოს... ვერ დავიცავით ჩვენი პირველი რესპუბლიკა, - არ გვეყო საამისო ძალა... მეორედ, - აღდგენილი დამოუკიდებლობა საერთაშორისო სიტუაციამ იხსნა, რომელმაც მისი მოსპობა, ანუ საქართველოს მესამე ოკუპაცია არ დაუშვა. ჩვენ კი, უილაჯობის გამო, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა ვერ შევინარჩუნეთ... სხვებმა, მაგალითად, სომხებმა, თავიანთი ქვეყნის გაფართოება სცადეს და თითქოს, შეძლეს კიდევაც... ისტორიული მიწა-წყლის დაბრუნებას ცდილობს ესტონეთი... ამ ერების აქტიურობა გამოწვეულია ზნეობრივი პრინციპების შეცვლით, რამაც, თავის მხრივ, მათი ყოფა შეცვალა... ჩვენ კი, ძველებურად შეგვრჩა კომუნისტური მორალი... სწორედ მის გამოა კრიმინალური ბუმი და კორუფციის გაუგონარი მასშტაბები... იგივე მიზეზია, უმოწყალოდ რომ სპობს ეროვნული ენერგიის გამოვლენის ყველა პირობას...
სადღეისოდ, მრავალი პრობლემის წინაშე ვდგევართ და ვრეაგირებთ მათზე ისე, როგორც უღონო ხალხს შეეფერება: შიშს იწვევს მიწის კანონი... იმის შიშს, რომ ჩვენს მიწას სხვა დაეუფლება... გვეშინია სხვადასხვა სექტების მომრავლებისა, - იმიტომ, რომ მათ ორგანიზებულს ვერაფერს ვუპირისპირებთ. საშიშია უცხოელთა მიერ გახსნილი უმაღლესი სასწავლებლები, რადგან აღგვზრდიან სხვა სულით და სხვა კულტურით... გვაშინებს ეთნოსეპარატიზმი და, ასე შემდეგ, დაუსრულებლივ... მე არ ვამბობ, თითქოს ზემოხსენებული საკითხები ცალ-ცალკე და ერთად პრობლემებს არ გვიქმნიდეს, - პირიქით, ძალიანაც საშიშია, მაგრამ მედალს მეორე მხარეც აქვს: თუ სხვა იყიდის ჩვენს მიწას, ხომ არის შესაძლებელი, რომ ჩვენც ვიყიდოთ სხვისი მიწა? ან, თუ გახსნიან თურქები თავიანთ უნივერსიტეტს, ხომ შეიძლება ჩვენც გავხსნათ ქართული უნივერსიტეტი თურქეთში? - მაგრამ ამას არავინ ამბობს, რადგან კარგად უწყიან, რომ ამის გამკეთებელი არა ვართ. ამიტომ გვეშინია სხვისი აქტიურობისა, ოღონდ, ეს, გამოსავალი არ არის; ვინმემ თავისი ნება თავს რომ არ მოგვახვიოს, თავად უნდა ვიაქტიუროთ; საკუთარი პოლიტიკა გავატაროთ შინაც და გარეთაც. პასიურობით ვერ მოვაგვარებთ ვერც ერთ საკითხს. რაც მთავაია, საბოლოოდ დავკარგავთ სხვა ხალხებისაგან პატივისცემას, შიშს და რიდს.
როგორც ჩანს, ისტორიულად, ქართველები ორგანიზებულობას და ენერგიულობას მეტად ვაფასებდით. ამის სხვადასხვაგვარი საბუთი მოგვეძებნება: ქართულში, „ბრძენი“ მიჩნეულია ბერძენისაგან ნაწარმოებ სიტყვად და, ალბათ, არა იმიტომ, თუ ვინმე ბერძენს ვიცნობდით, ყველა ფილოსოფოსი იყო; არა, უფრო სავარაუდო ის არის, რომ ბერძენთაგან ვნახეთ უაღრესად ორგანიზებული ეთნოსის რაციონალური და მიზანდასახული მოქმედება, - ამიტომაც იქცა ბერძენი, გონიერი ადამიანის სინონიმად... კიმირიელები მძვინვარე მეომრები იყვნენ; უდიდესი ენერგია გამოავლინეს ბრძოლაში და დაამხეს კიდეც, ნახევარი, მაშინდელი სამყაროსი. კიმერიელისაგან არის ნაწარმოები სიტყვა „გმირი“...
ისტორიული ძნელბედობის შედეგი იყო, რომ ეროვნულ ენერგიას ცხოვრების ყველა სფეროს თანაბრად ვერ ვახმარდით. ამიტომ, ბევრი დარგი უცხოტომელთა ხელში აღმოჩნდა, - XIX საუკუნეში - ხელოსნობა და ვაჭრობა, XX-ში, - მთელი რიგი ტექნიკური პროფესიებისა. ამას კოლონიურმა პოლიტიკამაც შეუწყო ხელი. ნაკლოვანმა სახელმწიფო ცხოვრებამ ის ქნა, რომ ეროვნული ენერგიის გამოვლენის სარბიელი საგრძნობლად შემცირდა. იმის გამო მოხდა ეს, რომ ვვითარდებოდით ცალმხრივად: საზოგადოებრივ სარბიელზე ქართველთა ინტერესის საგანი სულ უფრო ლოკალური ხდებოდა. მთელი რიგი დარგებისა და პროფესიებისა, არაპრესტიჟულად მიგვაჩნდა... უპირატესობა ენიჭებოდა ხელოვნებას და მეცნიერებას. თუმცა, ბევრს, აქეთ სწრაფვის არანაირი საფუძველი, - ნიჭის ან სხვა მონაცემის მხრივ, - არ გააჩნდა. ამიტომ უმაღლესის დიპლომი, ხშირად თავდაპირველი დანიშნულებით, უფუნქციო, მაგრამ ერთგვარი კასტური კუთვნილების აღმნიშვნელ აუცილებელ პირობად იქცა. კოლონიურ-კომუნისტური რეჟიმის დროს, სოციალური მოძრაობა კრიმინალურ მოძრაობად გადაიქცა... სხვა საშუალება, მაძღრად ცხოვრებისა, არ იყო და, ქართველთა ეროვნული ენერგიის უმეტესი ნაწილი გაუკუღმართებული გზით სარჩო-საბადებელის მოპოვებას ხმარდებოდა. ასე რომ, ე.წ. სსრკ-ს დაშლის წინ გვყავდა: უზარმაზარი კორუმპირებული ბიუროკრატია და პარტოკრატია, უამრავი უფუნქციო სპეციალისტი და ასევე, დიდი რაოდენობის ფულის მკეთებელი მაქინატორები. ამათმა უმეტესობამ, წამყვანი პოზიციები დაიკავა დამოუკიდებელ საქართველოში, ამ „ძალებით“ კი, როგორც გამოირკვა, სამართლებრივი, დემოკრატიული, კერძო საკუთრების პრინციპებზე დაფუძნებული სახელმწიფოს აღმშენებლობა უბრალოდ შეუძლებელი იყო. ამის გამო, მთელი მსოფლიოს თვალში გამოვიყურებით ცუდად ორგანიზებულ და ენერგიას მოკლებულ ერად. ასეთი შეფასება კარგი არ არის, მითუმეტეს, რომ ვერ შევძელით მსოფლიო საზოგადოების წინაშე წამოგვეჭრა „საქართველოს საკითხი“, - რისი მეშვეობითაც კარგად გაგვიცნობდნენ და ლოიალურნი გახდებოდნენ ჩვენი მისწრაფებების მიმართ. ამიტომ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ანგარიშს უწევდნენ და უწევენ მხოლოდ აქტიურ ქმედითუნარიან ერებს, პასიურებს კი, - ნაკლოვანად მიიჩნევენ. ეს, - ასეა და ისტორიაც ამას გვიდასტურებს: 1862 წელს, საფრანგეთის იმპერატორმა, ნაპოლეონ III-მ მექსიკის დაპყრობა მოიწადინ; მისმა კარგად შეიარაღეულმა ჯარმა, თავდაპირველად იოლად გაიმარჯვა. მექსიკელთა დეზორგანიზებულობისა და პასიურობის შემხედვარე ფრანგთა მთავარსარდალმა, გენერალმა ლორანსეზმა, საფრანგეთის სამხედრო მინისტრისათვის გაგზავნილ წერილში, ასე დაახასიათა ისინი: „ჩვენ იმდენად აღვემატეთ მექსიკელებს რასობრივი თვალსაზრისით, ვგულისხმობ ორგანიზებულობას, ზნეობრივ დონეს და გრძნობათა კეთილშობილებას, რომ მე ვთხოვ თქვენს აღმატებულებას, აცნობოს იმპერატორს: ვსარდლობ რა 6 ათას ჯარისკაცს, მე ვარ ნამდვილი ბატონ-პატრონი მექსიკისა“. რაგინდ ქედმაღლურადაც არ უნდა ჟღერდეს ეს მოსაზრება, მაინც სწორედ გამოხატავს ევროპელის შეხედულებას და მის დამოკიდებულებას ნაკლებად ორგანიზებული ქვეყნის მოსახლეობისადმი... ის, რომ ევროპელები და ამერიკელები თვითორგანიზებულობას და ენერგიულობას არსებით მნიშვნელობას ანიჭებენ, მთელი დასავლური ცივილიზაციის ისტორიით იკითხება. აქ მხოლოდ ერთ მაგალითს მოვიხმობ: ინგლისელმა კინორეჟისორმა, დევიდ ლინმა, 1957 წელს, შექმნა გახმაურებული ფილმი „ხიდი მდინარე ქვაიზე“, რომელშიც ასეთი ამბავია ნაჩვენები: II მსოფლიო ომის დროს, იაპონელებმა ინგლისელი ჯარისკაცები და ოფიცრები ჩაიგდეს ტყვედ და სურთ ამუშაონ რკინიგზის ხიდის მშენებლობაზე; ინგლისელთა უფროსი ოფიცერი (მის როლს ალეკ გინესი ასრულებს) ამის წინააღმდეგია, რადგან, ჯერ ერთი, მონური შრომა სამხედრო ტყვეთა უფლებებს ლახავდა, და მეორეც - არ სურდა, რომ მათი შრომით მტერს ესარგებლა და სტრატეგიული მნიშვნელობის რკინიგზა აეგო. ამისათვის მას სცემენ, აწამებენ, მაგრამ ვერ გატეხეს. ბოლოს, იაპონელებთან დაპირისპირებული ინგლისელი ოფიცერი კურიოზულ დასკვნამდე მიდის: იმისათვის, რომ მტერს ინგლისელთა უპირატესობა დაუმტკიცოს, აიძულებს თანამემამულეებს, თავგამოდებით იმუშაონ ხიდის მშენებლობაზე და დაანახონ დამტყვევებლებს, რომ მათზე უკეთესად ძალუძთ შრომის ორგანიზება. გარდა ამისა, ეს მშენებლობა ინგლისელთათვის ეროვნული ენერგიის გამოვლენის საშუალებაც არის, რასაც, ტყვეობაში, სხვაგვარად ვერ შეძლებდნენ. ინგლისელ ოფიცერს ისე გაიტაცებს ეს გადაწყვეტილება, რომ მალე იდეა რაღაც, მანიაკურ სახეს იღებს; წამოწყება იაპონელთათვის უპირატესობის მტკიცებას გასცდება და საფრთხეს შეუქმნის ინგლისის ჯარის პოზიციებს. ამიტომ, ისინი სპეციალურ რაზმს გაგზავნიან ხიდის მოსასპობად. ამ აქციის დროს, იღუპება ალეკ გინესის კინოგმირიც, მაგრამ, მან, ომის ამ დიდ სპექტაკლში, თავისი როლი შეასრულა. ინგლისელებმა შეძლეს, აეგოთ ხიდი მდინარე ქვაიზე, რომლის აგებასაც იაპონელები ვერ ახერხებდნენ... ეს ფილმი გახლავთ ნიმუში იმისა, თუ რა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს დასავლეთის ცივილიზებული სამყარო ორგანიზებულობას და ენერგიულობას... ჩვენთვის, ამის გაგება-გააზრებას არსებითი მნიშვნელობა აქვს. თუ გვსურს ზემოხსენებულმა სამყარომ თანასწორად მიგვიჩნიოს და ზემოდან არ გვიყუროს, როგორც ველურებს...
ბუნებრივია, აღიძვრის კითხვა, - სად არის გამოსავალი, რომ უიმედობასა და ნიჰილიზმს არ მივეცეთ? რა უნდა ვქნათ ერმა იმისათვის, რომ ჩვენი ენერგია წარმოვაჩინოთ? ანუ, გამოვავლინოთ პასიონარობა? ამასთან დაკავშირებით მოვიხმობ ისტორიკოს ლევ გუმილოვის მოსაზრებას: „... პასიონარობა სტიქიური მოვლენაა. მიუხედავად ამისა, მისი ორგანიზება შესაძლებელია ამა თუ იმ ეთნიკური დომინანტით (ეთნიკურ დომინანტს ჩვენ ვუწოდებთ მოვლენას ან კომპლექსს მოვლენებისას - რელიგიურს, იდეოლოგიურს, სამხედროს, ყოფითს, რომლებიც განსაზღვრავენ ეთნოგენეზისის პროცესისათვის საწყისი ეთნიკურ-კულტურული მრავალსახეობიდან გადასვლას მიზანდასახულ ერთსახოვნებამდე“).
ჩვენს სინამდვილეში ეთნიკურ დომინანტად უნდა იქცეს ეროვნული იდეა, - მოსახლეობის მიერ მიღებული და გათავისებული. ის გამოიხმობს ჩვენს ეროვნულ ენერგიას.
1996-1998 წლები.
![]() |
27 კულტურა და პოლიტიკა - III ნაწილი |
▲ზევით დაბრუნება |
ეთნიკური დომინანტი
XX საუკუნის მიწურულს, აღვიდგინეთ დამოუკიდებლობა და მრავალი, ძნელად მოსაგვარებელი პრობლემის წინაშე აღმოვჩნდით. ასეთ პირობებში მყოფნი, ერთობ უღონოდ გამოვიყურებით, ვერ ვავლენთ ეროვნულ ენერგიას, ამის მიზეზი ის არის, რომ არ გაგვაჩნია ეთნიკური დომინანტი. ის გვქონდა, მაგრამ მერე, თვალსა და ხელს შუა გაგვიქრა... 9 აპრილის წინა დღეებში, დემონსტრაციების დროს, ასეთ ამბავს შევესწარი: თავისუფლების მოედნიდან რუსთაველის გამზირზე შემოსასვლელი მონაკვეთი მილიციას ჰქონდა გადაკეტილი, უფრო სწორედ - ეს ევალებოდა, მაგრამ, ამას უგულოდ აკეთებდნენ და მათ რიგებს იოლად მიარღვევდნენ ცალ-ცალკე, და, ჯგუფურად მომიტინგე მოქალაქენი. ამ დროს ერთი კოლონა გამოჩნდა, - მოედნის მხრიდან მომავალი, ქალაქის რომელიღაც გარეუბანში მდებარე ქარხნის მუშებისა თუ ტექნიკუმის მოსწავლეებისაგან შემდგარი; ასეა თუ ისე, ესენი, პროვინციიდან ჩამოსული ახალგაზრდები იყვნენ. თავიდან რიხიანად მოდიოდნენ, მაგრამ როცა მილიცია დაინახეს, ნაბიჯს უკლეს, ყოყმანი იწყეს, აშკარა იყო, მილიციის შიში ჰქონდათ. მათმა ლიდერმა, რაკი დაინახა დემონსტრანტები შედრკენ, და ამის მიზეზიც გააცნობიერა, დაიძახა, მილიციას აღარ შეხედოთ, ისე გაიარეთო... მაგრამ, კოლონა ისევ მძიმედ მიიწევდა წინ... რაღაცის მოფიქრბა იყო საჭირო; სირაქლმას „სტრატეგია“ საქმეს ვერ შველოდა. უცებ, ვიღაცამ დაიყვირა, დამოუკიდებელ საქართველოს გაუმარჯოს!!... ამ სიტყვებმა გაიჟღერა, როგორც ერთგვარმა არგუმენტმა, რომელსაც თანაბარი გავლენა უნდა ჰქონოდა, როგორც დემონსტრანტებზე, ისე მილიციელებზე... შეძახილს სხვებიც აჰყვნენ, კოლონამაც ნაბიჯს უმატა, ახლა აღარაფრის ეშინოდათ, თამამად ჩაუარეს მილიციელთა რაზმს და რიხიანად გაიარეს გამზირი. ასეთია გაღვიძებული ეროვნული ენერგიის ძალა... «მაღვიძარას» ფუნქცია თავისუფლების იდეის გათავისებამ წარმოშვა და ეს იდეა იქცა მაშინ ეთნიკურ დომინანტად...
კაცობრიობის ისტორიამ ბევრი მაგალითი იცის იმისა, რომ ესა თუ ის იდეა, უეცრად იქცევა ეთნიკურ დომინანტად, შეასრულებს რა პასიონართა მაორგანიზებელ ფუნქციას, ამოწურავს თავის თავს და შემდეგ სხვა იდეამ უნდა შეცვალოს... 1517 წლის ოქტომბერში ვიტემბერგის უნივერსიტეტის პროფესორმა, მარტინ ლუთერმა, ყველაწმინდის ეკლესიის კარზე ლათინურად შეთხზული თავისი 95 თეზისი გამოაკრა. ის, ამ აქტით, აკადემიურ დისპუტზე იწვევდა ინდულგენციით ვაჭრობის მომხრეებს. ეს იყო და ეს. სხვა, უფრო შორს მიმავალი მიზნები მას არ აჰქონდა, მაგრამ ლუთერის ამ გამოწვევამ მოსახლეობის გარკვეულ ფენებში კათოლიკური ეკლესიის მიმართ არსებული წინააღმდეგობა უკიდურსად გაამწვავა: თეზისები ელვისებურად გადაწერეს, თარგმნეს (ლათინურიდან გერმანულად) და გაავრცელეს მთელ გერმანიაში. მათში ბევრად მეტი ამოიკითხეს, ვიდრე ავტორს ჰქონდა ნათქვამი და ნაგულისხმევი. ამ მაგალითით, კარგად ჩანს ის ვითარება, როცა საზოგადოება, ან მისი ნაწილი, რაიმე იდეის მისაღებად მზად არის... ასეთი იყო იდეა საეკლესიო რეფორმისა და წარიმართა კიდეც ლუთერისა და მის მიმდევართა ხელმძღვანელობით. რეფორმაციამ მოიცვა გერმანიის, და ევროპის ნახევარი. განხორციელდა უდიდესი მნიშვნელობის რელიგიური, პოლიტიკური, სოციალური და ზნეობრივი აქტი, რომელმაც დიდად განაპირობა ევროპისა და, შემდგომ, მსოფლიო ცივილიზაციის თავისებურება, - ოღონდ, ევროპის ბევრ ქვეყანაში და თავად გერმანიაში, რეფორმაცია ყველასაგან მიღებული არ ყოფილა. ამას მოჰყვა კათოლიკური კონტრრეფორმაცია, დაპირისპირება და რელიგიური ომები. აუგსბურგის ზავმა, 1555 წელს, დააკანონა პრინციპი „ვისიც ქვეყანაა, იმისია რწმენაც“, მაგრამ, ამას, რელიგიური დაპირისპირება არ მოუსპია, - პირიქით, ის გახდა მრავალი პოლიტიკური და სოციალური უბედურების მიზეზიც. ასე გაგრძელდა სამას წელზე მეტ ხანს, ვიდრე არ გაჩნდა ახალი ეთნიკური დომინანტი: ერთიანი გერმანული სახელმწიფოს იდეა და, XIX საუკუნის მეორე ნახევარში, ამ იდეის ხორცშესხმამ, შექმნა გერმანიის იმპერია. 1873 წელს, იმპერიის რაიხსტაგმა მიიღო ე.წ. „მაისის კანონები“ და მხოლოდ მათი მეშვეობით მოგვარდა რელიგიური პრობლემები გერმანიაში.
ასე რომ, ერთი ეთნიკური დომინანტი ცვლის მეორეს და ეს არის ამა თუ იმ ერის ისტორიული განვითარების საფუძველი.
როცა რუსეთის კომუნისტური იმპერიის მოდერნიზების ცდა მარცხით დამთავრდა, დამონებული ხალხების ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას გასაქანი მიეცა, ხოლო თავისუფლების იდეა, ცოტათა მიერ შენარჩუნებული, ბევრისათვის მისაღები ხდება, - მაგრამ არა ყველასათვის... ჯერ ერთი, იყო, ეგრეთწოდებული, პასიური მასა, რომელსაც ტვირთად აწვა კოლონიურ-კომუნისტური სისტემა, მაგრამ შიში და მახინჯ რეალობასთან შეგუების უნარი, მათ, რეჟიმისადმი უვნებელს ცდიდა... მეორე: იყვნენ პროსაბჭოური ცნობიერების მქონე ადამიანები, რომელთათვისაც თავისუფლებისათვის ბრძოლა საერთოდ მიუღებელი იყო... მესამე: საზოგადოების კორუმპირებული ნაწილი, რომელიც არსებული ცხოვრების წესს ვერ შეელეოდა... მეოთხე: მილიონნახევარი, ეთნიკურად - არაქართველი, მოსახლეობა; კოლონიურ-კომუნისტურმა რეჟიმმა, ყველაფერი იღონა იმისათვის, რომ ისინი გაუცხოებულიყვნენ ქართველებისა და საქართველოს პრობლემებისადმი. და მაინც, მიუხედავად ყველა მიზეზისა, თავისუფლების იდეა გაითავისა ქართველთა და არაქართველთა დიდმა ნაწილმა, - რამაც დაამტკიცა, რომ ჩვენი ბრძოლა ეთნიკური კი არა, ეროვნული მოძრაობა იყო (ერში მოსახლეობა მთლიანად იგულისხმება), ეს, კიდევ ერთხელ დადასტურდა 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებით, 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმით და შემდეგ, 1992 წლის 11 ოქტომბრისა და 1995 წლის ნოემბრის არჩევნებით. მაგრამ იმ ფაქტმა, რომ თავისუფლების იდეა ყველამ ვერ შეისისხლხორცა, ცხადია, თავისი საბედისწერო როლი შეასრულა: უპირველეს ყოვლისა, გარეშე ძალებს დესტრუქციული საქმიანობის საშუალება მიეცა. ამას მოჰყვა, გარედან ინსპირირებული აფეთქება აგრესიული სეპარატიზმისა, - რაც სამამულო ომად გადაგვიქციეს, პოლიტიკური დაპირისპირებანი, - სამოქალაქო ომად, სოციალური მოძრაობა, - კრიმინალურ ბუმად. შიდა ქართლსა და აფხაზეთში დროებითი მარცხი, ბევრმა, თავისუფალი საქართველოს იდეის დამარცხებად აღიქვა. ეს ყველაფერში შეგვეტყო: ერთ ხანს, პატრიოტობა, ლამის, საგინებელ სიტყვად იქცა... მოსახლეობის დიდი ნაწილი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინათ ეროვნული სახელმწიფოს აღდგენის მომხრე იყო, ახლა, გაუცხოვდა, - აღდგენილი სახელმწიფოს პრობლემების მიმართ, დაიკარგა საერთო მიზანი და ამასთან ერთად, ერთიანობის გრძნობა...
აშკარა გახდა ახალი ეთნიკური დომინანტის საჭიროება, რომელიც კი არ უარყოფდა, წინანდელს, - ახლა უკვე დაკარგულს, არამედ, მას, სხვა სახით გააგრძელებდა... იმისათვის, რომ ძველი და ახალი ერთ მთლიანობად იქცეს, საჭიროა, გააზრებულ იქნეს ეროვნული იდეა, რომლის შემადგენელი ნაწილი იქნება თავისუფლებისათვის ბრძოლაც და, სამართლებრივი, დემოკრატიული სახელმწიფოს აღმშენებლობაც, რადგან ორივე ერთი პროცესის სხვადასხვა ეტაპებია (ამასთან, პირველს, შეიძლება მომხრეები და მოწინააღმდეგეები ჰყავდეს, მეორე კი, ყველას საარსებო საჭიროებაა და ეს, დაინახეს კიდეც; დესტრუქციამ და ნგრევამ, ავნო იმათაც, ვისაც სურდა, საქართველოს თავისუფლება და იმათაც, ვისაც, ეს, არ სურდა). ამას გარდა, აუცილებელია, ცხოვრების წესის შეცვლა, რაც გამოიწვევს ქცევის ახალი, ტერეოტიპის დამკვიდრებას და რასაც, მივაღწევთ იმ შემთხვევაში, თუ დასავლური ცივილიზაციის დემოკრატიულ ღირებულებებს ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს შევუთავსებთ. პროგრესულმა იდეებმა, რა გზითაც არ უნდა შემოაღწიოს, თუ ისეთი საზოგადოება არ დახვდა, რომელსაც მათი მიღება-გათავისება სურს, ჩვენს ნიადაგზე ვერ იხეირებენ.
იყო დრო (და, ეს მოხდა XVIII საუკუნეში), როცა მაშინ ყველაზე მოწინავე სახელმწიფოში ინგლისში არსებულ სოციალურ-პოლიტიკურ სისტემას ევროპის კონტინენტზე მომხრეები გამოუჩნდნენ უპირველეს ყოვლისა ფრანგი განმანათლებლების სახით, მიესალმებოდა რა მათ შეხედულებებს, ინგლისის პრესა მაინც აღნიშნავდა: „ჩვენ, როგორც ინგლისელებს, სიხარულისათვის საფუძველი არ გაგვაჩნია იდეათა ამ სისტემის ჩვენს მეტოქეებს შორის თანდათანობით გავრცელების გამო». სადღეისოდ, დასავლეთის ცივილიზებული სამყარო ასეთი ეჭვიანი აღარ არის, დანარჩენ სამყაროს და, მათ შორის, ჩვენც, სიამოვნებით გვთავაზობს სახელმწიფო მოწყობისა და დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბების გამოცდილებას. ქართველებმა, ამ მონაპოვრის მიღება და გააზრება უნდა შევძლოთ, და არა მექანიკური და კრიტიკულად განუხილველი გადმოტანა (რასაც, სამწუხაროდ ხშირად აკეთებენ ჩვენი ვაი „დემოკრატები“ და ვაი „მედასავლეთეები“). ახლის და ძველის გონივრული სინთეზი კი, მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, თუ ის იქნება ეროვნული იდეის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი და იქცევა ეთნიკურ დომინანტად. მაშინ მისი მეშვეობით გამოვიხმობთ ეროვნულ ენერგიას, ეს კი, პირობაა მოსახლეობის სოციალურად გააქტიურებისა, - რაც თავის მხრივ, სტიმულს მისცემს ქართველი ერის შინაგანი განვითარების პროცესს, რათა პოლიტიკური, სამეურნეო და კულტურული ცხოვრების სფეროთა რეფორმირება, წარმართოს ბუნებრივად, ჩვენი მისწრაფებების ლოგიკიდან გამომდინარე, როგორც შეეფერება მიზანდასახულ, უკეთესი მომავლისაკენ ორიენტირებულ ხალხს. ეს ყველაფერი რომ შევძლოთ, ამისათვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმის გაცნობიერებას, თუ ვინ ვართ და როგორი ქვეყანა გვინდა გვქონდეს.
სანამ კომუნისტური რუსეთის კოლონია ვიყავით, ჩვენი თვითიდენტიფიცირება მეტად ჭირდა, რადგან უნდა ვყოფილიყავით ე.წ. „საბჭოთა ადამიანები“, ანუ ისინი, ვინც განწირულია, დაივიწყოს საკუთარი ქვეყნის ისტორია, თავისი ენა და თანდათან გარუსდეს... საბედნიეროდ, ამას გადავურჩით, მითუმეტეს, ახლა გვჭირდება იმისი გაკეთება, რასაც სხვისი ძალმომრეობის გამო ვერ ვაკეთებდით, მაგრამ რის საჭიროებასაც ყოველთვის გრძნობდა ქართველობა. 1926 წელს, კონსტანტინე კაპანელს ასეთი მოსაზრება აქვს გამოთქმული: „ქართული ლიტერატურის მრავალ მშვენიერ ნიმუშებს წმინდა ეთნოგრაფიული ხასიათი აქვს, მხოლოდ იმიტომ, რომ ქართული კულტურის ცენტრალიზაცია შუა საუკუნეების შემდეგ ან სუსტი იყო, ან სულ არ ყოფილა. ამის შედეგია, რომ ქართული ნაციონალური ტემპერამენტი, ქართული ნაციონალური ტიპი არ არსებობს...“ ერთობ კატეგორიული განცხადებაა - და მაინც, მიუხედავად იმისა, რომ მრავალჯერ იქნა გააზრებული ქართველის მხატვრული სახე, ჯერ კიდევ შესაქმნელია და დასამკვიდრებელი გვაქვს ქართველის ტიპი ლიტერატურასა და ხელოვნებაში... გავიხსენოთ, რა დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ეროვნულ ტიპს ევროპელი და ამერიკელი მწერლები, თეატრალური და კინომოღვაწენი, ეს გვევალება ჩვენც. მთელი სიცხადით უნდა გამოვავლინოთ ქართველი ადამიანის მდიდარი სულიერი სამყარო. თუ რუსები გაუთავებლად წერენ და ლაპარაკობენ რუსული სულის სიდიადეზე, რატომ ჩვენ არ უნდა წარმოვაჩინოთ სიდიადე ქართული სულისა?! ვფიქრობ ესეც უნდა გახდეს ეროვნული იდეის შემადგენელ ღირებულებად, პრინციპად და ინტერესის საგნად ანუ გადაიქცეს ეთნიკურ დომინანტად, ისევე, როგორც ქართული კულტურის აღორძინება და მისი ფენომენის კვლევა და პროპაგანდა.
კიდევ ბევრი რამე უნდა გახდეს საჭირო ეროვნული იდეის ნაწილად, - იქნება ეს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ცნობიერების ჩამოყალიბება, მოუხმობელთა მოხმობა, - რათა გვქონდეს დროის შესაფერისი და ერის წინაშე მდგარი ამოცანის გადაწყვეტისათვის აუცილებელი ეთნიკური დომინანტი. ეს დარაზმავს საქართველოს მოსახლეობას და ვულკანივით ამოიფრქვევა ეროვნული ენერგია... მაგრამ, რამდენადაც ადვილია ამ ენერგიის გამოხმობა, იმდენად ძნელია მისი მიზანდასახული წარმართვა იმ შემთხვევაში, თუ ეროვნული იდეა არ არსებობს... ჩვენ ის არ გაგვაჩნია... ამიტომ, ზოგს ეჭვი აღეძვრის: ხომ არ მოჰყვება ახალ ეთნიკურ დომინანტს ნაციონალიზმის მძაფრი გამოვლენა? ან, ის ხომ არ იქნება რაიმე ანტიდემოკრატიული ტენდენციის წარმომშობი? ამ ეჭვების გაფანტვა მეტად ადვილია: არც ერთი და, არც მეორე ქართველებს არ გვახასიათებს, ხოლო ეროვნული იდეა, როგორც ერთიანი სისტემა, მტკიცე კალაპოტში მოაქცევს ეროვნულ ენერგიას, წარმართავს მას მიზანდასახულად ქართული სახელმწიფოს აღმშენებლობისა და ღია დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებისაკენ.
თუ რამეს ემუქრება ეთნიკურ დომინანტად ქცეული, საფუძვლიანად გააზრებული ეროვნული იდეა, რას და, პოლიტიკურ «ყვარყვარიზმს», ხელისუფლებაში მოკალათებულ კაპიტულანტებს, კორუმპირებულ ვიგინდარა მოხელეებს, ქართველი ხალხის ძარცვის გზით გამდიდრებულ კლანებს, უნიჭო, თაღლით კარიერისტებს, პიროვნებაზე, და არა სამოქმედო პროგრამაზე ორიენტირების დამღუპველ ჩვევას, პოლიტიკურ სექტანტობას, არაფრისმაქნის პოლიტიკანთა მცდელობას, გარეშე ძალთა ქვეშევრდომებად იქცნენ და მათზე დაყრდნობით გაიხანგრძლივონ თავიანთი უბადრუკი და, ამავე დროს, საქართველოსათვის უკიდურესად მავნე, დანაშაულებრივი ყოფნა პოლიტიკურ ასპარეზზე.
ეროვნულ იდეაზე დაფუძნებული ეთნიკური დომინანტი, ბოლოს მოუღებს ყველა ზემოთქმულ უბედურებას და, მასთან ერთად, ქაოსს და განუკითხაობას საქართველოში.
ეროვნული იდეის ეთნიკურ დომინანტად გადაქცევა ანუ ღირებულებების, პრინციპებისა და ინტერესების ერთიანი სისტემის მიღება-გათავისება მოსახლეობის მიერ, როგორც ყველა ანალოგიური პროცესი ძნელად ასახსნელია. ამ რთული ამოცანის ამოხსნაში ფასდაუდებელ სამსახურს გვიწევს დიმიტრი უზნაძის „განწყობის ზოგადფსიქოლოგიური თეორია“, რადგან, ის, ზედმიწევნით ზუსტად ხსნის ისეთ მოვლენათა ფსიქოლოგიურ საფუძვლებს, როგორიც გახლავთ: რელიგიური, პოლიტიკური, კულტურული და სოციალური ხასიათის იდეების გავრცელებისა და პოპულარობის თავისებურება. თავისი თეორიის ძირითადი პრინციპი მეცნიერმა მოკლედ ასე ჩამოაყალიბა: „იმ სპეციფიკურ მდგომარეობას, რომელიც სუბიექტში, მოთხოვნილების დაკმაყოფილების ობიექტური სიტუაციის ზეგავლენის შედეგად ჩნდება განწყობა შეიძლება ვუწოდოთ“, აქედან გამომდინარე, უნდა დავასკვნათ, რომ ადამიანი იდეას იღებს არა მისი ყოველმხრივი ანალიზის საფუძველზე, არამედ, იმის მიხდვით, თუ რამდენად მიიჩნევს მას საკუთარი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების საშუალებად და, ამის წყალობით, უჩნდება სათანადო დამოკიდებულება ამა თუ იმ იდეის მიმართ. ამ თხუთმეტიოდე წლის წინათ, ჩვენ მოწმენი ვიყავით იმისა, თუ როგორ აიტაცა საქართველოს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ქვეყნის დამოუკიდებლობის იდეა. გასაოცარი ის იყო, რომ ეს მოსახლეობა, სულ ცოტა ხნით ადრე, თავისუფლების მოთხოვნისადმი თავის დამოუკიდებულებას არც მკაფიოდ და არც საჯაროდ არ ავლენდა და შეიძლება გეფიქრა, რომ მისთვის ეს სულერთი იყო... ხოლო შემდეგ, უეცრად, ის ატაცებულ იქნა. ამ დროს, არავინ ასაბუთებდა იმას, თუ რატომ უჭერდა დამოუკიდებლობას მხარს, მაგრამ ჯიუტად მოითხოვდნენ ქართული სახელმწიფოებრიობის აღდგენას. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ, მიუხედავად სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის პროცესის უაღრესად არადამაკმაყოფილებლად წარმართვისა, - რაც მოსახლეობის უკიდურესი გაჭირვების მიზეზი გახდა და მისი დიდი უმეტესობა აღმოჩნდა გაუსაძლის პირობებში, - საქართველოს მოსახლეობა დარჩა ქვეყნის დამოუკიდებლობის იდეის ერთგული. ამას დეკლარაციუდი ფორმით არ ავლენენ, მაგრამ ლოიალურნი არიან იმ ხელისუფლების მიმართ, რომელიც მაორგანიზებელ ძალად ვერ იქცა და, ამის გამო, ხალხი დუხჭირ მდგომარეობაში აღმოჩნდა. მოსახლეობამ შეუწყო რა, თავისი ქმედებით, სტაბილურობას ხელი, ამით ცხადყო, რომ საკუთარი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების გარანტად, მიაჩნია ქართული სახელმწიფო, რა თქმა უნდა, არა ისეთი, როგორიც ის დღეს არის და, რომ არ დაუშვებს ამ სახელმწიფოს შინაგან აფეთქებას. ასეთია მისი განწყობა... თავად განწყობის თაობაზე დიმიტრი უზნაძე წერდა: „განწყობა არ შეიძლება იყოს სუბიექტის ცნობიერების ცალკეული აქტი. ის მისი მდგომარეობის მხოლოდ მოდუსია. ამიტომ სრულიად ბუნებრივია თუ ჩავთვლით, რომ, თუ რაიმე ჩვენში ნამდვილად ქვეცნობიერად მიედინება, ეს პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჩვენი განწყობაა“. სწორედ განწყობის შედეგია, ის კომპლიმენტარული დამოკიდებულება (სიმპატიის ქვეცნობიერი შეგრძნება), რომელიც ჩნდება და ახალ ურთიერთობებს ბადებს იდეის (ჩვენს შემთხვევაში ეროვნული იდეის) გამთავისებელ ადამიანებს შორის. ეს კი ნიშნავს, რომ წარმოიქმნება მტკიცე დუღაბი, რომელიც შეკრებს და შეაკავშირებს ჩვენს დაშლილ, გათითოკაცებულ საზოგადოებას, რაც, თავის მხრივ, იმ ფიზიკური და ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენისა და სტიმულირების პირობაა, რის გარეშეც, ესეოდენ აუცილებელ, სახელმწიფო აღმშენებლობის პროცესს ვერ წარვმართავთ. მაგრამ, კომპლიმენტარული დამოკიდებულება რომ წარმოიშვას, ჯერ საჭიროა, ეროვნული იდეა გვქონდეს გააზრებული, რომელსაც, შემდგომ, რომელიმე სოციალური ჯგუფი (და არა ფენა, - რადგან ჯერ სოციალური დაფენება არ მომხდარა ჩვენში) მიიღებს და დანარჩენ მოსახლეობას შესთავაზებს გასათავისებლად, - რაც ეროვნულ იდეას ეთნიკურ დომინანტად აქცევს. ეს საერთო წესია, ასე გავრცელდა ყველა ის იდეა, რომელიც ისტორიის ამა თუ იმ ეტაპზე, ქართველი ერის გამაერთიანებელი და წარმმართველი ხდებოდა. ასე იყო ძველი წელთაღრიცხვის III საუკუნეში, როცა ფარნავაზმა და მის გარშემო შეკრებილმა პასიონარებმა, მაშინდელი ერის ელიტას რომ წარმოადგენდნენ, ეროვნული სახელმწიფოს ჩამოყალიბების იდეა შესთავაზეს აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოს მოსახლეობას. და, შეიქმნა იბერიის სამეფო. ხოლო ქუჯისთან ალიანსის შემდეგ კი, არსებითად, მთელი ქართული მიწა-წყალი გააერთიანეს.
ასე მოხდა ახალი წელთაღრიცხვის IV საუკუნეში, როცა მირიან მეფემ და ქართულმა არისტოკრატიამ ქრისტიანობა მიიღეს. გაჩნდა ახალი ეთნიკური დომინანტი რელიგიის სახით. ამის შემდეგ, ქრისტიანობა ეროვნული თავისთავადობის შენარჩუნების უმთავრეს პირობად იქცა.
ასე მოხდა X საუკუნეში, როცა იოანე მარუშისძემ და დავით III კურაპალატმა ქართულ სამეფოთა გაერთიანებისა და, შესაბამისად, ერთიანი სახელმწიფოს შექმნის იდეა წამოაყენეს და მისი განხორციელებაც დაიწყეს.
ასე მოხდა XII საუკუნეში, როცა დავით აღმაშენებელმა, რჯულშემწყნარებლობის პრინციპებზე დაფუძნებული კავკასიური იმპერიის შექმნა აქცია ახალ ეთნიკურ დომინანტად და, შემდეგ, მთელი საუკუნე ეს დიდი მიზანი ხორციელდებოდა.
ასე მოხდა 1490 წელს, როცა საქართველოს სამეფო-სამთავროებად დაქუცმაცებულობა ოფიციალურად გაფორმდა და ქართველთა ერთიანი სამშობლოს, პროვინციათა მცხოვრებთა „სამშობლოებად“ გადაქცევა, ახალ ეთნიკურ დომინანტად იქცა.
ასე მოხდა XIX საუკუნის 90-იან წლებშიც, როცა სოციალ-დემოკრატთა მარქსისტული მოძღვრება ლამის ახალ რელიგიად იწყებს გადაქცევას და, ბოლოს.
ასე მოხდა 1991 წელს, როცა თავისუფლების მოპოვება იქცა ეთნიკურ დომინანტად.
სამწუხაროდ, ასე არ მოხდა 1184 წელს და ყუთლუ-არსლანის დასის მიერ „კარვის“ დადგმა, ანუ იდეა, ქართული პარლამენტარიზმის დაფუძნებისა ვერ განხორციელდა და ვერ იქცა ეთნიკურ დომინანტად.
ასე არ მოხდა 1790 წელს, ქართველთა ერთიანობის დამადასტურებელ ტრაქტატში გატარებული იდეის, ქართველთა გაერთიანებისაკენ სწრაფვის, ეთნიკურ დომინანტად გადაქცევა ვერ შევძელით, - იმის საპირისპიროს გაკეთება, რაც სამასი წლის წინ წარმატებით განხორციელდა...
ასევე ვერ იქცა ილია ჭავჭავაძისეული „ენა, მამული, სარწმუნოება“, იმ ეროვნულ იდეად, რომელიც ქართველებს შეაკავშირებდა და ამ დეკლარირებული ღირებულებების დასაცავად დარაზმავდა. ეს სრულფასოვნად ვერ მოხერხდა, ამიტომ გახდა შესაძლებელი, XIX საუკუნის მეორე ნახევარში, ისეთ იდეოლოგიურ დივერსიათა განხორციელება, რომელმაც ქართველებს ისტორიის გზა გაუმრუდა...
ვერ იქცა ეთნიკურ დომინანტად 1918 წელს აღდგენილი ქართული სახელმწიფოებრიობის დაცვა-შენარჩუნება. შესაბამისად, ამან მოამზადა 1921 წლის ეროვნული ტრაგედია.
ვერ იქცა ეთნიკურ დომინანტად, ვერც 1991 წელს მეორედ აღდგენილი სახელმწიფოს აღმშენებლობის იდეა და, ამიტომ არის ასეთი ქაოსი და გაურკვევლობა, ჩვენ კი უღონონი და უილაჯონი ვართ.
რატომ ხდებოდა ასე და, ერთ შემთხვევაში, ესა თუ ის იდეა, იქცეოდა ეთნიკურ დომინანტად, სხვა შემთხვევაში კი, - არა, ეს დამოკიდებული იყო იმაზე, ჩათვლიდა თუ არა, რომელიმე სოციალური ფენა, რომ მის წინაშე არსებულ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების პირობა, იყო რაიმე იდეა და შეექმნებოდა სათანადო განწყობა, რომელსაც შემდეგ მოჰყვებოდა მოსახლეობის ნაწილის მიზანდასახული მოძრაობა და იქმნებოდა რევოლუციური სიტუაცია, რაც მთავრდებოდა სახელმწიფოს, ან იმპერიის შექმნით; რელიგიის მიღებით, ქვეყნის გაერთიანებით, სოცალური ფორმაციის შეცვლით და ასეშემდეგ. საპირისპირო განწყობისას კი, იდეა ვერ იქცეოდა ეთნიკურ დომინანტად, ანუ პოლიტიკური, რელიგიური ან კულტურული რევოლუცია მისთვის დამახასიათებელი ცვლილებებით, ქართულ ყოფაში არ ხორციელდებოდა.
საყურადღებო ფაქტია: უკანასკნელი ორასი წლის მანძილზე, მარქსიზმი იყო ერთადერთი იდეოლოგია, რომელიც პროპაგანდის გზით, გავრცელდა XIX საუკუნის მიწურულიდან საქართველოში და მოსახლეობის დიდი ნაწილის მიერ მიღებულ იქნა, როგორც მათი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების პირობა... ამასთან, უნდა ითქვას, მიუხედავად ბერშტეინის მიერ მარქსიზმის სწორი ინტერპრეტაციისა, ქართველმა სოციალ-დემოკრატებმა ამ იდეოლოგიის უკიდურესად ვულგარული გაგება შესთავაზეს მოსახლეობას და ამის წყალობით, მალე მისგან გააუცხოვეს კიდეც... რასაც დაემატა პარტიული აპარატის დაკომპლექტება კუთხური პრინციპით... რაც, პარტიული მშენებლობის კლასიკური წესის სრული უარყოფა იყო. ამ „ტრაიბალისტურმა“ და კლანურმა პოზიციამ, ბუნებრივია, ავტორიტეტული ლიდერის არსებობა მოითხოვა, - და არა იდეოლოგიის ავტორიტეტი.
პიროვნების როლისათვის მეტისმატედ დიდი მნიშვნელობის მინიჭების ფსიქოლოგიური საფუძველი ჩვენი ისტორიული ყოფის სპეციფიურობაში უნდა ვეძიოთ. დისპროპორცია წარსული ცხოვრების წარმატებულ და წარუმატებელ პერიოდებს შორის, პოლიტიკურ მოღვაწეთა პიროვნების მითოლოგიზებისათვის კარგ პირობებს ქმნიდა. თუ ამას დავუმატებთ უკიდურეს ინდივიდუალიზმს და ეგოცენტრიზმს, რაც ჩვენი ხასიათის თვისებაა, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ პიროვნება, გნებავთ დადებითად და გნებავთ უარყოფითად, გადაჭარბებით ფასდება. ეს უკვე ჩვეულებად იქცა და XX საუკუნის ქართული პოლიტიკური ცხოვრება ამ ნიშნით წარიმართა. ასე იყო პირველი რესპუბლიკის დროს და განსაკუთრებით საგრძნობია ასეთი განწყობა, მეორე რესპუბლიკის ცხოვრებაში. ისევ, აქცენტი პიროვნებაზე, ყველა იმ პრობლემის მისთვის „გადაბარება“, რის წინაშეც ვდგავართ და რასაც, ერთი ადამიანი, ბუნებრივია ვერასოდეს მოაგვარებს. ასეთი მცდარი არჩევანი ყველა ჩვენგანის პიროვნული სისუსტის ბრალია, რადგან თუ ერს პასიონარობა დაკარგული აქვს, მაშინ, მას, ცხადია, ბრძოლის უნარიც დაქვეითებული ექნება და იმედს ვიღაც სხვაზე დაამყარებს, რომელსაც მხსნელად შერაცხავს; ასეთი განწყობის დროს ყველგან და ყველაფერში გმირს ეძებენ, ნებისმიერ პოლიტიკურ განცხადებას, თუ მხატვრულ ნაწარმოებს, საკუთარი თვალთახედვის პრიზმაში გადატეხენ და იმდაგვარ ინტერპრეტაციას იძლევიან, როგორიც აწყობთ. მათ პირდაპირ ესმით ილიას ლექსში „ბაზალეთის ტბა“ ნათქვამი:
„თუ ესე არის ნეტა მას,
ვაჟკაცსა სახელოვანსა,
ვისიცა ხელი პირველად
დასწვდება იმა აკვანსა“.
ძნელია, ამ ხალხს აუხსნა, რას გულისხმობდა დიდი პოეტი და, რომ თავისუფლებისათვის ბრძოლის იდეა ერთია, ხოლო, მეორე, - უილაჯო ობივატელის ფანტაზიით წარმოსახული ყოვლისშემძლე გმირი...
ქმედუნარიანი ერები, ჩვენგან განსხვავებით, ვერ ურიგდებიან მოსაზრებას მხსნელი გმირის თაობაზე: საფრანგეთში, რევოლუციის დროს, 1791 წელს „ახალი და ძველი“ სამყაროს გმირად წოდებულ გენერად ლაფაიეტს, რომელიც მონაწილეობდა ჩრდილოეთ ამერიკის ცამეტი კოლონიის განმათავისუფლებელ ბრძოლაში, მეტროპოლიის, ინგლისის, წინააღმდეგ და სარდლობდა ფრანგ მოხალისეებს, იყო დასავლეთ ნახევარსფეროში პირველი დამოუკიდებელი სახელმწიფოს, ამერიკის შეერთებული შტატების, ერთ-ერთი დამაარსებელი, ვინც, მოგვიანებით, საფრანგეთის დიდი ბურჟუაზიული რევოლუციის თვალსაჩინო ლიდერად იქცა, ვინც შეთხზა „ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა დეკლარაცია“, ვინც ჩამოაყაილიბა ეროვნული გვარდია და სარდლობდა მას, ვინც, ფაქტიურად, იყო „მახვილი რევოლუციისა“, მას ჟორჟ დანტონმა უთხრა: „თუ ფრანგი ერის თავისუფლება დამოკიდებული იქნებოდა ერთ ადამიანზე, მაშინ ჩვენ დავიმსახურებდით მონობას და დამცირებას“-ო. არანაკლებ საინტერესოა, დედოფალ მარი-ანტუანეტას მიერ, მხსნელად მოვლენილი ლაფაიეტის მისამართით თქმული: მისიე დე ლაფაეტი ჩვენს დასახსნელად მოვიდა, მაგრამ ვინ გვიხსნის ჩვენ მისიე ლაფაეტისაგან?“ აი, - ასე, ერთ შემთხვევაში, მხსნელი გმირის საჭიროების სრული უარყოფა, მეორეში, ირონიული დამოკიდებულება. ასეთია იმ ერის შვილთა აზრი ამ საკითხზე, რომლებიც მძლავრად ავლენენ ეროვნულ ენერგიას...
სამწუხაროდ, საპირისპიროდ ზემოხსენებული შეხედულებისა, ჩვენ, სწორედ რომ, მხსნელ გმირს ვეძებთ და თუმცა, მათ ძებნაში არა ერთხელ გაგვიცრუვდა იმედი, ჯიუტად, მაინც იმას ვაკეთებთ. მიზეზი ამისა ისაა, რომ ეროვნული იდეის არარსებობის გამო შეუკავშირებელნი და საერთოს არმქონენი, კოლექტიურ გონს ვერ ვავლენთ და უპირატესობას ინდივიდს ვანჭებთ. დღეს, საქართველოს მოსახლეობა თავისი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების გარანტად მიიჩნევს არა სახელმწიფო ინსტიტუტებს და პოლიტიკურ პარტიებს, არამედ ცალკეულ პიროვნებებს. ასეთი განწყობა მაშინ შეიცვლება, როცა ეროვნული იდეა იქცევა ეთნიკურ დომინანტად. ღირებულებების, პრინციპებისა და ინტერესების ერთიანი სისტემის გააზრების აუცილებლობა იმითაც არის ნაკარნახევი, რომ, მიუხედავად საპირისპიროდ გამოთქმული მოსაზრებისა ჯერ კიდევ, ოსვალდ შპენგლერის მიერ, „ევროპის დაისში“: „ქერონეასთან და ლაიფციგთან უკანასკნელად იბრძოდნენ იდეისთვის“-ო, მთელს მსოფლიოში გააფთრებით მიმდინარეობს იდეოლოგიური ბრძოლა, ერთმანეთს უპირისპირდებიან, გლობალისტები და ანტიგლობალისტები, კულტურათა დიალოგის მომხრენი და მოწინააღმდეგენი, ნაციონალისტები და კოსმოპოლიტები, დემოკრატები და რელიგიური სექტები (ნათქვამს დავუმატებდი, რომ ზემოხსენებულ ბრძოლათაგან პირველი ძველი წელთაღრიცხვის 338 წელს მოხდა, მეორე, - ახალი წელთაღრიცხვის 1813 წელს და, ამ ორ თარიღს შორის ოცდაორი საუკუნე ძევს. ამ დროის მანძილზე უწყვეტად მიმდინარეობდა იდეოლოგიური ბრძოლები, შემდეგაც, და როგორც მოგახსენეთ, - დღესაც, - ეს ამბავია). ამ სასტიკ და დაუნდობელ ბრძოლაში არ გაგაჩნდეს ეროვნული იდეა, ეს ნიშნავს, იყო განიარაღებული, იქცე სხვათა ზემოქმედების ობიექტად, უკეთეს შემთხვევაში, - კი განსხვავებული იდეოლოგიების ბრძოლის ველად. არც ერთი ეს ვარიანტი ჩვენ არ გვაწყობს, რადგან XXI საუკუნეში, ქართველთა უპირველესი ამოცანა უნდა იყოს, ისტორიის სუბიექტად გადაქცევა, - რაც მიუწვდომელი მიზანი სულაც არ არის. საამისო რესურსები გაგვაჩნია და ეს დღეც მალე მოვა, როგორც ნიცშემ თქვა: „ახ, თქვენ რომ იცოდეთ, როგორ არ არის შორს, როგორ ახლოა, უკვე ის დროა, როცა იქნება სხვანაირად“.
1997-1999 წლები
![]() |
28 კულტურა და პოლიტიკა - ნაწილი IV |
▲ზევით დაბრუნება |
მაორგანიზებელი ძალა
„თუ გსურთ ხალხის მოქალაქედ აღზრდა, ბრბო გადაამუშაოთ საზოგადოებრივი ცხოვრების შეგნებულ მონაწილედ - აქციეთ ის პასუხისმგებლად იმაზე, რაც ხდება ქვეყანაში, - პასუხისმგებლობა დედაა მოქალაქეობრივი სიბრძნისა“.
* * *
„რაც შეეხება სახელმძღვანელო პრინციპებს, გზას რომ გვიჩვენებენ და იწვევენ ერთგულებისა და გმირობის გამოვლენას, ასეთი პრინციპები, ვგრძნობ, ჯერ სრულებით არ არის ორგანიზებული, უფრო მეტიც, ისინი თითქმის თავიდან უნდა შეიქმნას“.
უილიამ გლადსტონი
ეპიგრაფად მოხმობილი მოსაზრება ეკუთვნის ცნობილ ინგლისელ პოლიტიკურ მოღვაწეს, იმ ერის შვილს, რომელმაც ჯერ კიდევ შვიდი საუკუნის წინ შეიმუშავა სახელმწიფოს მართვის ისეთი უნივერსალური სისტემა, რომლის წყალობითაც, ყოველ შემდგომ ისტორიულ პერიოდში, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, სულ უფრო ინტენსიურად ხდებოდა ხალხის გადაქცევა პოლიტიკური პროცესების აქტიურ მონაწილედ. ამავე მიზეზით, სახელმძღვანელო იდეებიც დროულად იცვლებოდა და საზოგადოების განახლებაც უწყვეტად მიმდინარეობდა. მიუხედავად ამისა, გლადსტონი სათანადო ქმედებისაკენ მოუწოდებდა თავის კოლეგებს, პარლამენტის წევრებს, ანუ უმაღლეს მაორგანიზებელ ძალას, რადგან კარგად უწყოდა: ყოველი დაბრკოლება ამ მხრივ, ეროვნულ კატასტროფის თუ არა, დიდი პოლიტიკური მარცხის მიზეზი შეიძლებოდა გამხდარიყო.
სამწუხაროდ, ჩვენ არც ეროვნული იდეა გაგვაჩნია და არც მოქალაქეობრივი სიბრძნით აღუვსივართ ვინმეს. ისეთივე ცნობიერება გვქვს, როგორიც კოლონიურ-კომუნისტური რეჟიმის დროს ჩამოგვიყალიბდა და ვცხოვრობთ ცხოვრების იმავე წესით, ბოლო სამოცდაათი წელი რომ გვიცხოვრია. ესე იგი არ შეიცვალა მოსახლეობის ქცევის სტერეოტიპი და სწორედ ეს არის ყველაზე ცუდი, რაც კი შეიძლება ერს მოუვიდეს...
ისტორიამ ბევრი ანალოგიური შემთხვევა იცის, და ბედი იმ ერებისა თუ ეთნიკური და სუბეთნიკური ჯგუფებისა, რომლებიც დროის შესაბამისად ვერ გარდაიქმნენ, გარდუვალი იყო ტრაგიკული დაღუპვა, სამაგალითოდ, ეს ამბავიც გამოდგება: ეგვიპტეში ნაპოლეონის არმიის ლაშქრობისას, ერთ-ერთი მარშის დროს, ფრანგთა კოლონას ვიღაც მამლუქი აედევნა და უყვიროდა, „თუ ფრანგთა შორის არის ვინმე მამაცი, მე ველი მას“, - ორთაბრძოლაში იწვევდა მოწინააღმდეგეს. ფრანგებს ყურადღება არ მიუქცევიათ ამ უაზრო და უადგილო გამოწვევისათვის, მამლუქი კი იქამდე არ მოეშვა მათ, სანამ არ ესროლეს და მოკლეს. ის მამლუქი მოქმედებდა საუკუნეების მანძილზე დამკვიდრებული ტრადიციის მიხედვით, - როცა, ბრძოლის წინ, ორივე მხრიდან გამორჩეული მეომრები შეერკინებოდნენ ხოლმე ერთმანეთს... მაგრამ, ევროპულ არმიებში, უკვე დიდი ხნის მანძილზე, ასეთი არაფერი ხდებოდა, ხოლო იმ მამლუქის მოქმედება დადასტურება იყო იმისა, რომ მამლუქობა, მათი ჩვევები და წესები, ისტორიულ ანაქრონიზმად ქცეულიყო.
ნაპოლეონის მიერ მამლუქთა განადგურებას, ასე აფასებს არნოლდ ტოინბი: „ვითარება იმითაც იყო პიკანტური, რომ ფრანგები უწინაც გადმომსხდარან ეგვიპტეში, XII-XIII საუკუნეში, იმ დროს, როცა მათი ცივილიზაციის დონე, სამხედრო ხელოვნების ჩათვლით, აღმოსავლურს ჩამორჩებოდა, შუა საუკუნეების ფრანგი რაინდი, მამლუქის უფრო მოუხერხებელი და ნაკლებად ქმედითი ვარიანტი იყო. ამიტომ, როცა ბრძოლა დაიწყო, ის სასტიკად დამარცხდა და ეგვიპტის დაპყრობის ცდაც მთლიანად ჩაიშალა. ხუთ-ნახევარი საუკუნის განმავლობაში მამლუქები იმავე დონეზე რჩებოდნენ, იმის გამოკლებით, რომ თავიანთი აზიური მშვილდები ინგლისური კარაბინებით შეცვალეს. ისინი, ბუნებრივია, ვარაუდობდნენ, რომ ფრანგებიც ასევე უმნიშვნელოდ შეიცვლებოდნენ, როგორც თავად ისინი. ამასთან დაკავშირებით: როცა მათ შეიტყვეს, რომ ნაპოლეონი გაუფრთხილებლად მოიქცა და ალექსანდრიაში გადმოჯდა ნაპირზე, ივარაუდეს მოქცეოდნენ მას ისევე, როგორც მოექცნენ წმინდა ლუდოვიკოს“. მამლუქები არათუ დამარცხდნენ, სრულიად განადგურდნენ. ეს იყო შედეგი იმისა, რომ ქცევის დამკვიდრებული წესი დროულად ვერ შეცვალეს - „ეთნონის ქცევის სტერეოტიპი დინამიურია, როგორც თავად ეთნოსი, წესები, ჩვეულებანი და ურთიერთდამოკიდებული ნორმები ხან ნელა და თანდათან იცვლება, ხანაც ძალიან სწრაფად“ (ლევ გუმილოვი). როცა შეცვლა პასუხობს დროის მოთხოვნას, მაშინ გამარჯვება გარანტირებულია, წინააღმდეგ შემთხვევაში მარცხი ხდება გარდაუვალი.
საქართველოს მოსახლეობას არანაკლები საფრთხე ელის: ჯერჯერობით, არც ჩვენ გარდავქმნილვართ. ამიტომ ვერ შევძელით, ვერც აღმშენებლობითი პროცესის სათანადოდ წარმართვა, ვერც ისეთი საკადრო პოლიტიკის შემუშავება, - რომელიც გამორიცხავდა ყველა დონის სახელისუფლო სტრუქტურებში კორუმპირებული ელემენტების დამკვიდრებას, ვერც გარეგანი ძალების დესტრუქციული ზემოქმედების გაუვნებელყოფა... ეს კი ნიშნავს იმას, რომ არ არსებობს სათანადო მაორგანიზებელი ძალა. არადა, ის გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს, რადგან მისი ძალისხმევით უნდა მოხდეს ეროვნული იდეის გააზრება და იმ ეთნიკურ დომინანტად გადაქცევა, რომელიც გამოიხმობს ჩვენს ეროვნულ ენერგიას. ეს იმდენად არის აუცილებელი, რამდენადაც ყველა ის უბედურება, რაც გვჭირს, მომდინარეობს იქიდან, რომ ჩვენი საზოგადოება დაშლილია, გათითოკაცებულია, გაეგოისტებული, თვითორგანიზების უნარს მოკლებული, წინააღმდეგობით აღსავსე, უღონო, სათანადოდ რომ ვერ ავლენს განვითარების უნარს და ძნელად მართვადია.
ასეთებად უცებ არ ვქცეულვართ. ეს ისტორიული განვითარების შედეგია და ერთგვარ კანონზომიერებასაც წარმოადგენს... მაგრამ, მთავარი ის კი არ არის, თუ როგორ აღმოვჩნდით ამ სიუაციაში, არამედ ის, თუ რანაირად დავაღწიოთ თავი მას. მონოგრაფიაში „ეთნოგენეზისი და დედამიწის ბიოსფერო“, ისტორიკოსი ლევ გუმილოვი ზემოხსენებულ საკითხთან დაკავშირებით წერდა: „იმისათვის, რომ გაიმარჯვოს ან, სულ ცოტა, თავი დაიცვას, აუცილებელია, რომ ეთნოსის წიაღში აღმოცენდეს ალტრუისტული ეთიკა, რომლის დროსაც კოლექტივის ინტერესები მაღლდება პირადულზე“. ალტრუისტული ეთიკა იმათი დამახასიათებელი თვისებაა, ვისაც მოიხსენიებენ პასიონარებად, (ფრანგული სიტყვა პასსიონ- ვნება, გადატანითი მნიშვნელობით - მგზნებარება) რაც განიმარტება როგორც - „ინდივიდები, რომელთა ქცევის პასიონარული იმპულსი აღემატება თავის გადარჩენის ინსტინქტის იმპულსის სიდიდეს“. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, ისინი, რომელნიც სიცოცხლეს არ დაიშურებენ საქვეყნო საქმისათვის... საპირისპიროდ სუბპასიონარებისა - „რომელთა ქცევის პასიონარული იმპულსი ნაკლებია გადარჩენის ინსტინქტის იმპულსის სიდიდეზე“ და, რომელთაც, ასეთი მსხვერპლის გაღება არ ძალუძთ.
ადამიანთა ეს ჯგუფები ერთმანეთს ავსებენ; ოღონდ, როგორც კი სუბპასიონარები, ანუ ეგოისტები რიცხობრივად იმდენად გადააჭარბებენ პასიონარებს, ანუ ანტიეგოისტებს, რომ ეს უკანასკნელნი სრულიად უმნიშვნელო უმცირესობად იქცევიან და მოვლენებზე ზეგავლენას ვერ ახდენენ, მაშინ ეთნოსი კარგავს თავდაცვის უნარს და არათუ, დამოუკიდებლობას ვეღარ ინარჩუნებს, არამედ, ფიზიკური განადგურების რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდება. ეს პროცესი იწყება ეთნოსის დაბადების დროიდან: ამის თაობაზე ლევ გუმილოვი წერს: „ეთნოსის დაბადება ხდება არაენტროპიულ მომენტში, თუნდაც გაგრძელებულში, როცა, რამდენიმე პოპულაციის ფონზე, ზედმეტი ბიოქიმიური ენერგიის გაჩენის ხარჯზე წარმოიქმნება ახალი სისტემა, რომელიც გაქრება 1200-1500 წლის შემდეგ, არაკლებადი ენტროპიის პირობებში. ამასთან ეთნოსი გაივლის მთელ რიგ ფაზებს, გადალახავს არა ბიოლოგიურ, არამედ ისტორიულ დროებს, განსაზღვრულს მოვლენათა ხასიათით და მიზეზ-შედეგობრივი კავშირით, ეთნოსის შემადგენელი პიროვნებების მიმართ საზოგადოების იმპერატივით“.
პერიოდის ფაზებად დაყოფის თაობაზე გუმილოვი ასე ლაპარაკობს: „ეთნოგენეზისის „ამუშავების მომენტი“ - ეს პოპულაციაში პასიონართა და სუბპასიონართა გარკვეული რაოდენობის მოულოდნელი გამოჩენაა; აღმავლობის ფაზა - პასიონარ ინდივიდთა რიცხვის სწრაფი ზრდა ან გამრავლების ან კიდევ ინკორპორაციის შედეგად; აკმატური ფაზა - პასიონართა მაქსიმალური რაოდენობა; დაძაბუნების ფაზა - მათი რაოდენობის მკვეთრი შემცირება და მათი გამოდევნა სუბპასიონარების მიერ; ინერციული ფაზა - პასიონარ ინდივიდთა რაოდენობის ნელი შემცირება; ობსკურაციის ფაზა - პასიონართა თითქმის მთლიანი შეცვლა სუბპასიონარებით, რომლებიც თავიანთი განსაკუთრებული ზნის შედეგად ან მთლიანად ღუპავენ ეთნოსს, ან კიდევ ვერ ასწრებენ დაღუპონ უცხოტომელთა შემოსევამდე. მეორე შემთხვევაში რჩება რელიქტი, ჰარმონიული ინდივიდებისაგან შემდგარი და შემავალი მის მიერ დასახლებული რეგიონის ბიოცენოზში, როგორც ზემო, დამამთავრებელი რგოლი“.
ამრიგად, დაღმავლობის გზით მიმდინარე პროცესის ბოლო ფაზაში, როცა პასიონარები უმნიშვნელო ძალად იქცევიან, კლებულობს ეროვნული ენერგიის ინტენსივობა, შესაბამისად, მცირდება ერის პოლიტიკური, სოციალური, კულტურული, ეკონომიკური და რელიგიური აქტივობა, რის გამოც, ერი განიცდის ყველა სახის ზემოქმედებას მეზობელი ხალხებისაგან, ზოგი მას იპყრობს, სხვანი ტერიტორიებს ართმევენ, აიძულებენ სარწმუნოება შეიცვალოს, იტაცებენ და მონებად ყიდიან მის მოსახლეობას. რამდენადაც პასიური ხდება ერი, იმდენად ზარალდება მოძალადეთაგან. ანტიეგოისტთა სიმცირის დროს, ეთნოსი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გადარჩეს, თუ მას გეოპოლიტიკური პირობები შეუწყობს ხელს... წინააღმდეგ შემთხვევაში, ეროვნული კატასტროფა გარდუვალია, რადგან მომრავლებულ ეგოისტებს, არ შეუძლიათ რა მსხვერპლის გაღება, შექმნილი სიტუაციის მიმართ იმდენად არაადექვატური რეაქცია აქვთ, რომ მათი მოქმედება ანეკდოტურ ხასიათს იძენს: ასეთი გახლავთ ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ ვერ შეკრიბა ერეკლე II-მ ჩვენთვის საბედისწერო კრწანისის ბრძოლის წინ (1795 წლის 11 სექტემბერი), 4 ათასზე მეტი მეომარი; მაშინ, როცა სამი წლის შემდეგ, ამ მეფის დაკრძალვისას, მცხეთაში უამრავმა ხალხმა მოიყარა თავი. ამის თაობაზე კონსტანტინე გამსახურდია წერდა: „როცა ერეკლე მიიცვალა თელავში, 10.000 კაცმა წაასვენა იგი მცხეთას. კრწანისის ომში ამდენის შემოკრება რომ შესძლებოდა, ეს კატასტროფა არამც და არამც არ მოხდებოდა, რადგან დამხვდურს მუდამ მეტი შანსი აქვს გამარჯვებისა, ვიდრე თავდამსხმელს“. ე.ი. არც ამ მარცხის საბედისწერო შედეგი იქნებოდა, ანუ, აღარც საქართველო დაკარგავდა დამოუკიდებლობას. მუხედავად თავისი ხასიათისა, ეს ფაქტი კურიოზული სულაც არ არის, რადგან თუ დავუკვირდებით, საქმე კანონზომიერებასთან გვაქვს: როგორც მეომართა და მექელეხეთა რიცხვის შედარება გვარწმუნებს, XVIII საუკუნი მიწურულის საქართველოში ეგოისტები ანტიეგოისტებს სულ ცოტა ორნახევარჯერ აღემატებოდნენ. მათთვის სამასი არაგველის, მაჩაბლის დასის მსახიობთა და სხვა თავდადებულ მამულიშვილთა გმირობა მისაბაძ მაგალითად ვერ იქცა, სხვაგვარად მოქცევა მათ არ შეეძლოთ... ამიტომ ვერ შევძელით მტრის მოგერიება.
ანალოგიურ სიტუაციაში სხვა ერებიც აღმოჩენილან. ამის შესახებ ისტორია უამრავ ფაქტს გვამცნობს, გავიხსენოთ თუნდაც კონსტანტინოპოლის აღება თურქ-ოსმანთა მიერ 1453 წლის 29 მაისს: როცა თურქებმა ალყა შემოარტყეს, ერთ დროს, ეს უმდიდრესი და ევროპაში ყველაზე მრავალრიცხოვანი მოსახლეობის მქონე ქალაქი, გვარიანად დაკნინებული იყო და მცხოვრებთა რიცხვიც გვარიანად შემცირებული, მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ 5 ათასზე მეტი მეომარი ვერ გამოიყვანა ბიზანტიის იმპერატორმა კონსტანტინემ, ხოლო ქალაქის აღების შემდეგ, თურქებმა, ტყვედ ჩავარდნილი 60 ათასი მცხოვრები მონებად გაყიდეს, დავრწმუნდებით, რომ ქალაქში დარჩენილებს, ერეკლეს მექელეხეებისა არ იყოს, ბრძოლა არ სურდათ. ამიტომ იქცნენ მნიშვნელოვან სამხედრო ფაქტორად ევროპელი მოხალისეები და, მათ შორის, პრეფექტ ჯოვანი ჯუსტინიანის მიერ, გენუის რესპუბლიკიდან მოყვანილი 700 პროფესიონალი მეომარი. მთლიანად კი ქალაქის დამცველთა რიცხვი 7 ათას მებრძოლს არ აღემატებოდა, მათ განკარგულებაში იყო 26 გემი. ეს ძალა აღუდგა წინ მეჰმედ II-ის 150 ათასიან არმიას, 80 საბრძოლო და 300 სატვირთო გემს. მიუხედავად ასეთი სხვაობისა, კონსტანტინეპოლის დამცველებმა ორმოცდათორმეტი დღე გაუძლეს მრავალრიცხოვანი მტრის იერიშებს, რადგან კედლებს პასიონარები იცავდნენ, ისინი, ვისაც სიკვდილისა არ ეშინოდა და ამასთან, იცოდა, როგორ უნდა ებრძოლა. შესაძლოა, მაშინ, ბიზანტიის დედაქალაქი გადარჩენილიყო, რომ არა ერთი საბედისწერო შეთხვევა, რომელსაც მონოგრაფიაში „ოსმანთა იმპერიის აყვავება და დაცემა“ ლორდი კინროსი ასე აღწერს: „ჯუსტინიანი მძიმედ დაიჭრა პირდაპირ ნასროლით, რომელმაც მას ბეგთარი შეუნგრია, ძლიერი ტკივილით შეწუხებული, იხვეწებოდა გაეყვანათ ის ბრძოლის ველიდან, ტყუილად ცდილობდა იმპერატორი გადაეთქმევინებინა მისთვის: „ნუ მიმატოვებ მე ამ საშიშ წუთს, მხოლოდ შენზეა დამოკიდებული ქალაქის გადარჩენა“, გახსნილ იქნა შიდა ჭიშკარი და ჯუსტინიანის ხალხმა ქალაქის ქუჩებით წაიყვანა ის ოქროს რქისაკენ, სადაც აიყვანეს გენუელთა გემზე. რაკი ნახეს რომ ჯუსტინიანი დაჭრილია და ბრძოლაში მეტს აღარ მონაწილეობს, გენუელთაგან მრავალმა მცდარად დაასკვნა, თითქოს ბრძოლა წაგებული იყო და გაჰყვა მას“. ამან გამოიწვია წარმოუდგენელი არევ-დარევა, მოხალისეთა ნაწილი უკვე დახოცილი იყო, ნაწილი კი, - თავის დაჭრილ მეთაურს გაჰყვა. აშკარა გახდა, ბერძნები ქალაქს ვერ შეინარჩუნებდნენ, როგორც კინროსი მოგვითხრობს: „ბერძენთა შეგულიანების, უკანასკნელი ცდის შემდეგ, იმპერატორმა ნახა, რომ ბრძოლა წაგებული იყო, შესძახა: „ქალაქი აღებულია, მე ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ“ - ის ჩამოქვეითდა, ჩამოიგლიჯა განმასხვავებელი ნიშნები და თავგანწირული გადაეშვა მოახლოვებულ იანიჩარებთან ბრძოლაში, ამის შემდეგ ის არავის უნახავს“. ერთი მუჭა იტალიელების იმედად მყოფი კონსტანტინოპოლის მრავალი ათასი მოქალაქე კი, რომელთაც ბრძოლის თავი არ ჰქონდათ და ეკლესიებში იმალებოდნენ, ოსმანთა მსხვერპლად იქცნენ...
ორივე მაგალითი, კრწანისის ბრძოლისა და კონსტანტინოპოლის დაცემისა, ნათელს ყოფს ჭეშმარიტებას იმის თაობაზე, რომ პასიონართა სიმცირის დროს, ეთნოსის თავდაცვისუნარიანობა უკიდურესად დაქვეითებულია. ასეთ დროს, ერთადერთი საშუალება, დაცემის პროცესის შეჩერებისა და ეროვნული ენერგიის გამოხმობისა, გახლავთ ეთნიკური დომინანტი: ქართველთათვის XVIII საუკუნის ბოლოს, ასეთად, ჩემის აზრით, უნდა ქცეულიყო 1790 წლის ივნისში მიღებული დოკუმენტი, „ტრაქტატი ივერიელთა მეფეთა და მთავართაგან დამტკიცებული ქართლისა, კახეთისა, იმერთა, ოდიშისა და გურიისა, აღწერილი სამეფოსა ქალაქსა თფილისსა“, რომლითაც ქართველთა ერთიანობას უნდა დასდებოდა საფუძველი. ამ სასიცოცხლო მნიშვნელობის შეკავშირებას უნდა გამოეხმო ის ეროვნული ენერგია, რომელიც საუკუნის დამლევს შექმნილი კრიზისიდან გამოიყვანდა საქართველოს, მაგრამ, ეს, ასე არ მოხდა, იმ დროის, პოლიტიკურმა ელიტამ არ შეისმინა სოლომონ ლეონიძის ბრძნული ნათქვამი, რომ: „ერი, დაცული გარეთითა უცხოთა ნათესავთაგან მფარველობითა, არის მარადის დამდაბლებული“ და ისევ უცხო ძალის იმედად დავრჩით. ბიზანტიისათვის, ეს ფუნქცია, შეიძლება, დასავლეთ ევროპასთან რელიგიურ ინტეგრაციას მოეტანა, ანუ 1439 წელს დადებული ფლორენციის უნია უნდა ამოქმედებულიყო, მაგრამ, საზოგადოებრივი აზრი ამისი წინააღმდეგი იყო: „არ გვსურს ჩვენ არც ლათინთა დახმარება, არც მათთან ერთობა“, ხოლო იმპერიის ფლოტის ადმირალმა, ლუკა ნოტარასმა, წარმოთქვა ისტორიულ ანეკდოტად ქცეული ფრაზა: „სჯობს ქალაქში ვხედავდე გამეფებულ თურქულ ჩალმას, ვიდრე ლათინურ ტიარასო“.
სახელმწიფოებრივი კატასტროფის წინ, ქართველთა ხსნა ეროვნულ კონსოლიდაციაში იყო, ბიზანტიელთა კი, - ევროპასთან კავშირში. ვერც ერთმა და ვერც მეორემ ამისი გაკეთება ვერ შესძლო. არ იყო საკმარისი პოლიტიკური მოქნილობა, და, ამიტომ, მიუღებელ პრინციპებს მიღმა, ვერც სათანადო პერსპექტივა იქნა დანახული. ეს, ქცევის სტერეოტიპის ბრალი იყო, ეთნიკური დომინანტის არქონამ, ეგოიზმის დასაძლევი ენერგია ვერ გამოიხმო, დაღუპვა გარდუვალი გახდა...
ადამიანური ეგოიზმის გამოვლენა ერის განვითარების ყველა ფაზაში ხდება, მაგრამ ნაკლებად საშიშია, როცა პასიონარები მნიშვნელოვან ძალას წარმოადგენენ: ძველი კოლხეთის ლეგენდარული მეფის, აიეტის ასულის, მედეას ბერძენი უფლისწულისადმი სიყვარული, ოქროს საწმისი რომ დააკარგვინა კოლხებს, არ იძლეოდა იმის საფუძველს, რომ სნობიზმი ვინმეს ჩვენი წინაპრების ხასიათის თვისებად გამოეცხადებინა, თუმცა, მარცხი დიდი იყო, მაგრამ დამღუპველი არა. მაშინდელი ქართველები მძლავრად ავლენდნენ ეროვნულ ენერგიას, მოგვიანებით, მათ გაუძლეს სკვითებისა და კიმირიელების გამანადგურებელ შემოსევებს, ასირიისა და ურარტუს აგრესიას, ძველ ბერძენთა და აქემენიდური სპარსეთის ექსპანსიას, შეინარჩუნეს თვითმყოფადობა. ქსენოფონტე „ანაბაზისში“ აღწერს იმას, რაც ნახა მაშინ, როცა იაზონის თანამემამულეებმა არგონავტთა ლაშქრობიდან მრავალი საუკუნის შემდეგ, ძველი წელთაღრიცხვის 401 წელს, გიარეს სამხრეთ საქართველოზე და ტაოხთა ქართულ ტომთან მოუხდათ შეტაკება, ბერძენთა 10000 კაციან ლაშქარს. ისინი მედგარ წინააღმდეგობას წააწყდნენ: ტაოხები მიუვალ სიმაგრეებში გამაგრებულიყვნენ და იქიდან ლოდებს უშენდნენ მტერს, ხოლო, როცა ბერძნებმა, ბოლოს და ბოლოს, აიღეს ეს სიმაგრე, შიგ, ტაოხთა პატარა და ცუდად შეიარაღებული ჯგუფი ნახეს. ამ ხალხს ტყვედ ჩავარდნას და მონად გახდომას, სიკვდილი ერჩია. რაც იქ მოხდა, იმას ასე აღწერს ქსენოფონტე: «მაშინ, გადაიშალა საშინელი სანახაობა, ქალები ისროდნენ ქვემოთ თავის ბავშვებს და შემდეგ თვითონაც ცვიოდნენ, მამაკაცებიც ასევე იქცეოდნენ, ლოხაგოსმა ენეოს სტიმფალიელმა დაინახა ერთი ლამაზ ტანსაცმელში ჩაცმული, რომელიც მორბოდა და, ჩანს, აგრეთვე, კლდიდან გადავარდნას ლამობდა, მან სტაცა მას ხელი, რათა ხელი შეეშალა მისთვის გადავარდნილიყო, მაგრამ (ტაოხმა) ისიც თან გადაიტანა და ორივენი გადაეშვნენ კლდიდან და დაიღუპნენ. აქ ძალიან ცოტა ხალხი იქნა ტყვედ ხელთგდებული, სამაგიეროდ, ბევრი რქოსანი პირუტყვი, სახედრები და ცხვრები (ვიგდეთ ხელთ)“.
ასე აფასებდა თავისუფლებას ხალხი მაშინ, როცა ძალას გრძნობდა და მტერს არ ეპუებოდა და, როგორ განსხვავდება ქცევის ასეთი სტერეოტიპი იმისაგან, რაც დამახასიათებელია ჩვენთვის, გვიან შუა საუკუნეებში; იმ ეპოქაში, „დაცემის ხანად“, რომ იწოდება!. XVII საუკუნის ფრანგი მოგზაური ჟან ბატისტ ტავერნიე წიგნში „დიდი სენიორის სამეფო კარის ახალი აღწერა“, ქართველი დიპლომატის თაობაზე მოგვითხრობს, რომელსაც ოსმანთა იმპერიის დედაქალაქში, თავისი საქციელით ევროპელები გაუოცებია: „მახსოვს კონსტანტინოპოლში ჩემი პირველი მოგზაურობის დროს, იქ სამაგრელოს მეფის ელჩს ვხვდებოდი ხოლმე. იგი თავისი ახირებული და უცნაური ცხოვრების წესით ფრანკებს სიცილს გვგვრიდა. მის მიერ თავისი პატრონის სახელით დიდი სენიორისადმი მირთმეული ძღვენი შედგებოდა რკინის, ფოლადისა და დიდი რაოდენობით მონებისაგან, პირველი აუდიენციის დროს მას თავის ამალაში ორასზე მეტი კაცი ჰყავდა, მაგრამ რადგან თითო მათგანს ყოველდღე ჰყიდდა თავისი ხარჯების დასაფარავად, სამშობლოში გამომგზავრებისას პირადი მდივნისა და ორი ფარეშის მეტი აღარავინ დარჩენია“.
იმ ქართველი დიპლომატის საქციელში რომ არაფერი იყო დიპლომატიური, ეს, თუნდაც, იმითი ჩანს, საკუთარ ხალხს რომ ყიდდა, როცა ამას უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენელი აკეთებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ხალხში უკვე ღირებულებები გადაფასებულია, ერთიანობის გრძნობა დაკარგულია, საზოგადოება გაეგოისტებულია, მას არ ჰყავს ეროვნული ხელისუფლება; არამედ ისეთი, რომელიც ერზე კი არ ზრუნავს, საკუთარი ხალხით ვაჭრობს... პასუხს კითხვაზე, - რატომ ხდებოდა ასე, - ვპოულობთ მეორე ფრანგი მოგზაურის, ჟან შარდენის ჩანაწერებში, რომელიც იმავე საუკუნეში მოგზაურობდა საქართველოში. ერთგან ის წერს: „დიდი ხანია, რაც სამეგრელოდან ყოველწლიურად თორმეტი ათასი კაცი გაჰყავთ გასაყიდად, გასაცვლელად“. მიაქციეთ ყურადღება, ადამიანი ყიდვა-გაცვლის საგანია, მისი ღირსების დაცვაზე, - ლაპარაკიც ზედმეტია და, ეს ცხადია, მაგრამ, თუ მასზე საკუთარი ხელისუფლება არ ზრუნავს, თავად ხომ უნდა ცდილობდეს და ხომ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ამ უზნეობას? - დიახ, მაგრამ, შარდენს ისიც შეუმჩნევია, რომ ამ დაბეჩავებულ ხალხს წინააღმდეგობის გაწევის თავი არ ჰქონია: „მე გამაოცა იმ გარემოებამ, რომ ეს ბედკრული ქმნილებანი არ იყვნენ გულმოკლულები და შეიძლება გეფიქრათ, რომ თითქოს ვერც კი გრძნობდნენ თავიანთ ბედუკუღმართობას, როგორც კი იყიდდნენ, მათ მაშინვე გახდიდნენ ძონძებს, რომლებშიაც იყვნენ გახვეულები, აცმევდნენ ახალ საცვლებს და ტანსაცმელს გემზე სამუშაოებს. ქალებს და ქალიშვილებს კი საკერავს აძლევდნენ, თითქოს ყველა კმაყოფილი ჩანდა ტანსაცმელითა და საჭმლით, რომელსაც მათ აძლევდნენ, სამუშაოები კი დიდი ტანჯვა იყო მათთვის; ხშირად ჯოხით აიძულებდნენ ემუშავათ. რამდენიმე დღის განმავლობაში ვაკვირდებოდი მათ... და ჩემთვის ცხადი გახდა, რაც აქამდე გაუგებარი იყო, კერძოდ ის, რომ ჰარამხანები მათთვის წარმოადგენს მშვიდ და მყუდრო საპყრობილეს, მაშინ მე მივხვდი, რომ ისეთი არსებებისათვის, როგორიც მეგრელი ქალები არიან, უდიდეს სიამოვნებას უნდა წარმოადგენდეს მთელი დღეების განმავლობაში მუხლებზე თავჩაქინდრული უქმად ჯდომა“. ასე შეიძლება მოექცე და თავადაც ასე მოიქცნენ იმ ერის შვილები, რომელსაც პასიონალური იმპულსები არ გააჩნია და, შესაბამისად, ის ვერც ეროვნულ ენერგიას ავლენს. ამის სრულიად საპირისპიროა იმ ეპოქის ადამიანის ქმედება, როცა პასიონართა სიჭარბე, მოსახლეობის ეროვნული და პიროვნული ღირსების დაცვის აქტიური და რადიკალური ფორმებით გამოვლენას იწვევდა: VIII საუკუნეში, საინტერესო ამბავი მოხდა, რომელიც, მოცემულ ისტორიულ მონაკვეთში, ანუ ეროვნული ენერგიის მძლავრად გამოვლენის პერიოდში ახასიათებდა ქართველობას და რომელიც დაცემის დაწყების ხანიდან, სულ უფრო ნაკლებად დამახასიათებელი ხდებოდა.
ეს არის ქართლის ერისმთავრების, იოანესა და ჯუანშერის დის, მშვენიერი ქართველი ქალისადმი ხაზართა ხაკანის სიყვარულის ისტორია. ამ უკანასკნელის ყურამდე მიუღწევია შუშანას ენითუთქმელ სილამაზეს. და, მასაც, ის უნახავად შეყვარებია. ჯუანშერისათვის ელჩი გამოუგზავნია, დის ხელი უთხოვია, სანაცვლოდ, არაბებთან ბრძოლაში, დახმარებას დაპირებია. შუშანს კატეგორიული უარი განუცხადებია, - წარმართის ცოლობა არ მოუნდომებია. უარით გაწბილებულმა ხაკანმა, ბლუჩანის სარდლობით ლაშქარი შეუსია კახეთს, სადაც ერისმთავარი და მისი და იმყოფებოდნენ. აიღეს ის ციხე, რომელსაც ისინი თავს აფარებდნენ და დატყვევებულნი ხაზარეთის გზას გაუყენეს. ეს ძალადობა და მის შედეგად მოსალოდნელი „მეზალიანსი“ იმდენად ზნეობრივად მიუღებელი იყო ქართველი ქალისათვის, რომ მან ბეჭდის თვალის ქვეშ დამალული საწამლავით თავი მოიკლა... როგორ განსხვავდება ეს თავგანწირვა იმ მრავალი ათასი ბედსშეგუებული ქართველი ქალის საქციელისაგან, რომელთაც გვიან შუა საუკუნეებში, ასევე მოტაცებულთ, მიერეკებოდნენ სტამბოლის, ისპაჰანის და კაიროს მონათა ბაზრებისაკენ...
უილაჯობისაგან გამოწვეული ადამიანების პასიურობა შემზარავი სანახავია, მაგრამ, ის, საქართველოს მოსახლეობის სულ უფრო დამახასიათებელ თვისებად ხდებოდა. დაშლილ-დაქუცმაცებული, ფეოდალური შინაომებით, გარეშე მტრის შემოსევებით გაპარტახებული ქვეყანა ვერ უზრუნველყოფდა მოსახლეობის ვერც ნორმალურ ცხოვრებას, ვერც უსაფრთხოებას. წესიერად ორგანიზებული სახელმწიფოებრივი ცხოვრება, დაღმავალ სვლას აჩერებს და ის, არათუ კატასტროფისაგან იხსნის ერს, არამედ, შეიძლება მეტად გააძლიეროს კიდევაც. „შექმნილი მატერიალური ბაზა, მართვის გამოცდილება და სხვა სოციალურ-ტექნიკური ფაქტორები ეწინააღმდეგებიან დაცემის ტენდენციას (ლევ გუმილოვი). ამ მოსაზრების სისწორეს ჩვენი ისტორიაც ადასტურებს, თუნდაც იმით, რომ დაცემის ხანაში, რომელიც XIII საუკუნიდან, კერძოდ, მონგოლთა შემოსევიდან იწყება, მიუხედავად შიდა და გარე პოლიტიკური სიტუაციის სირთულისა, მაინც იყო რამდენიმე ათწლეული, როცა უკუღმა დატრიალებული ისტორიის ჩარხი, - წაღმა ტრიალს იწყებდა... ვგულისხმობ გიორგი ბრწყინვალეს, ალექსანდრე დიდის მმართველობის წლებს, როდესაც სახელმწიფოს აღდგენა-აღმშენებლობის პროცესმა მთელი საქართველო მოიცვა და, უფრო ლოკალური მასშტაბით როსტომ მეფის, ვახტანგ VI-ისა და ერეკლე II-ს მეფობის დროს. აქედან, შეიძლება დავასკვნათ, რომ დაცემა გარდუვალი სულაც არ არის და მოსახლეობის სოციალურად გააქტიურება შესაძლებელია. მითუმეტეს, თუ მაორგანიზებელი ძალა კონკრეტულ სამოქმედო პროგრამას შესთავაზებს ხალხს.
უკვე ასეთი ეპიზოდური სტაბილიზაციის დროსაც კი, საგრძნობია, ქცევის სტერეოტიპის განსხვავებულობა, დაცემის ხანის ტიპიურ პერიოდებთან შედარებით და, კიდევ უფრო აშკარაა განსხვავება, როცა პასიონართა რიცხვი დიდია, სახელმწიფოებრივი ცხოვრება კი, - სათანადოდ არის ორგანიზებული, თუნდაც, თითქმის ერთნაირად რთული პოლიტიკური სიტუაცია იყოს ორივე შეთხვევაში.
VI საუკუნის შუახანებში, რომსა და სპარსეთს შორის ბრძოლის ველად ქცეულ ლაზიკაში, ხდება ამბები, რომლის დროსაც ადამიანები გამოთქვამენ მოსაზრებებს, - ნათელს რომ ხდის, იმ დროის ქართველთა შეხედულებებს სამშობლოზე, სახელმწიფოებრივი ინტერესების გაგება-გათავისებაზე; მათი პოლიტიკური აზროვნების უნარსა და მასშტაბებს, პიროვნული, ეროვნული და მოქალაქეობრივი ღირსების გრძნობას. ორი იმპერიის შეტაკებისას, ხან ერთის და, ხან მეორის იძულებითი მოკავშირეები, - ქართველები, ცდილობდნენ თავიანთი ინტერესების მიხედვით ემოქმედათ. ამას შეეწირა ლაზთა მეფე გუბაზი, რომელიც რომაელთა მუხანათობის მსხვერპლი გახდა (554 წ.) ამ ფაქტს, კინაღამ, დასავლეთ საქართველოს პოლიტიკური ორიენტაციის შეცვლა მოჰყვა მაშინ... სახალხო კრებაზე დაისვა საკითხი, რომაელთა მოკავშირეებად დარჩენილიყვნენ თუ, ირანის მხარეზე გადასულყვნენ. საბოლოოდ, სწორი პოზიციის არჩევას, წინ უსწრებდა ორი ორატორის გამოსვლა. აეტს უთქვამს: „გაქრა კოლხთა ძველი ღირსება და ამიერიდან ვეღარ ვეღირსებით იმას, რომ სხვებს ვმბრძანებლობდეთ. ისიც უნდა ვიკმაროთ, თუ მივაღწევთ იმას, რომ ძალიან არ დაგვჩაგრონ იმათ, ვინც წინათ ჩვენი ქვეშევრდომი იყო, ნუთუ უკიდურეს უგუნურებას არ წარმოადგენს ის, რომ იმათ შესახებ, ვინც ეს ჩაიდინა, ჩვენ ვზივართ და ვმსჯელობთ, მტრებად ჩავთვალოთ ისინი თუ მეგობრებად? უნდა ვიცოდეთ, რომ მათი თავხედობა ამაზე არ შეჩერდება, თუ ჩვენ ამ ბოროტმოქმედებას უყურადღებოდ დავტოვებთ, ისინი არ მოგვეშვებიან და გულხელდაკრეფილი რომ ვისხდებით, უფრო შეუპოვრად აგვხდიან ნამუსს... მე ვინატრებდი კოლხეთის სახელმწიფოს ჰქონდეს თავისი ძველი ძლიერება, რომ მას არ დასჭირდეს უცხო და გარეშე დახმარება და რომ ყოველგვარ საქმიანობაში, როგორც ომიანობის, ისე მშვიდობიანობის დროს, მხოლოდ საკუთარ თავს ეყრდნობოდეს. მაგრამ, როდესაც ჩვენ ჟამთა ტრიალის ან ბედის უკუღმართობის ან ორივეს წყალობით ისეთ უძლურებაში ჩავვარდით, რომ სხვათა ხელქვეითნი გავხდით, მე ვფიქრობ, უმჯობესია იმათ ხელში ვიყოთ, ვინც უფრო კეთილისმსურველია, ვინც ურყევად იცავს კეთილგანწყობას თავისიანებისა და მოკავშირეთა მიმართ“.
აეტის სიტყვას დიდი ემოციური ზემოქმედება მოუხდენია მსმენელზე და გადაუწყვეტიათ, სპარსელებს მიმხრობოდნენ. ამ დროს, საწინააღმდეგო მოსაზრებით ფარტაძი გამოსულა და თავისი აზრი ასე ჩამოუყალიბებია: «უძლეველი რაღაც არის მჭევრმეტყველება და ის თითქმის ყველას ამარცხებს, განსაკუთრებით კი იმათ, ვისაც წინათ მისი ძალა არ გამოუცდია; მაგრამ ეს სრულიად არ ნიშნავს იმას, რომ მას ვერ დავუპირისპირებთ გონიერ მოსაზრებას, რომელიც საქმის ნამდვილ ვითარებას ემყარება... ახლა საჭირო აღარ არის იმაზე ფიქრი, რა მოხდა და დასრულდა და უკვე აღარ შეიძლება დაბრუნებულ იქნეს, ნუ ავყვებით მსჯელობის დროს მოწოლილ ბოღმას და გულისტკივილს, რომ არ დავკარგოთ მოსაზრების უნარი და არ გავაბუნდოვნოთ ჩვენი მსჯავრი: შევინარჩუნოთ უნარი უკეთესის არჩევისას... არც რომაულ რაზმებს, არც სტრატეგოსებს, საერთოდ აღებულს, მით უმეტეს არც მათ მეფეს არ მოუწყვიათ შეთქმულება გუბაზის წინააღმდეგ... უმართებულო იქნებოდა, ჩემის აზრით, და ამასთანავე მიზანშეუწონელიც ერთი ან ორი კაცის დანაშაულის გამო შევსწყრომოდით საზოგადოებრივ კანონებს, რომელთა დაცვა აგვიღია ჩვენს თავზე, და ასე იოლად შეგვეცვალა მთელი სახელმწიფო წყობილება და ცხოვრება... ყველაზე ცუდი ის იქნება, რომ ასეთი საქციელით ჩვენ შევბღალავთ მართლმორწმუნეობას და წმინდათა საიდუმლოთა უმწიკვლელობას. აბა, რას დაემსგავსებოდა ჩვენი საქციელი, თუ მივემხრობით უზენაესი არსების სასტიკ მტრებს? თუ ისინი აგვიკრძალავენ ჩვენი საღმრთო წესების შესრულებას და თავიანთ წესებზე გადაგვიყვანენ... გუბაზი რომ აქ იყოს, მოგვიწოდებდა, არ მივცემოდით სასოწარკვეთილებას და გულაჩუყებას, და მონების მსგავსად კი არ გავქცეულიყავით, არამედ აღვჭურვილიყავით კოლხის თავისუფალი შეგნებით, ვაჟკაცურად აგვეტანა უბედურება და არაფერი სასირცხო და მამა-პაპური წესების შემბღალავი არ ჩაგვედინა... მე იმ აზრისა ვარ, რომ საჭიროა რომაელთა მეფეს ვაცნობოთ მომხდარი ამბავი, რათა იგი სათანადოდ მოეპყრას იმათ, ვისაც ამ მკვლელობაში მთავარი დანაშაული მიუძღვის, და თუ ის ამას იზამს, ამიერიდან მოისპობა ჩვენი უთანხმოება რომაელებთან, თუ კი ის უარყოფს ჩვენს თხოვნას, მაშინ მოვითათბიროთ, მიზანშეწონილი იქნება თუ არა მეორე გზას დავადგეთ». არც ფარტაძის სიტყვას აკლია ემოციურობა, მაგრამ, რაც მთავარია და რაც ორივე სიტყვაში საგრძნობია, ეს არის თავისუფლების მოყვარული, სახელმწიფოებრივი და პოლიტიკური კულტურისა და მოქალაქეობრითი თვითშეგნების მქონე, ბრძოლისუნარიანი ერის შვილების პოზიცია, რომელთაც შეუძლიათ მოთოკონ ემოციები, ობიექტურად შეაფასონ სიტუაცია, მიიღონ სწორი გადაწყვეტილება, და, ეს ასეც მოხდა, როცა კრებამ ფარტაძის წინადადებას დაუჭირა მხარი. ყურადსაღებია, რომ ეს უკანასკნელი ლაპარაკობს დამკვიდრებული ცხოვრების წესისა და სარწმუნოებრივი პრინციპების დაცვის შესახებ, მაგრამ მასში არ იგრძნობა ის განწირულობა და რელიგიური სნობიზმი, რაც გვიანი შუა საუკუნეების ქართული პოლიტიკური აზრისათვის ესეოდენ დამახასიათებელია... ისევე, როგორც მტრული ძალის მიმართ ქედდრეკა, მისი უპირატესობის აღიარება, უიმედობის, შიშისა და ნაჰილიზმის არსებობა, - როცა პროტესტსც ერთგვარი მორჩილებით გამოხატავენ... რაც საკუთარი უილაჯობის აღიარება იყო. 1736 წელს ნადირ შაჰმა, მუღანში, ამიერკავკასიის სხვა ხელისუფალთა გარდა, ქართველი დიდებულებიც დაიბარა, ყველას, ამათ ერთბაშად, თავი ირანის შაჰად აარჩევინა, შემდეგ კი, თავისი რწმუნებულის, სეფი-ხანის მეშვეობით, ქართლს დიდი ხარკიც, 3300 თუმანი დაადო. აოხრებულ და გაღატაკებულ ქვეყანას ამის გადახდა არ შეეძლო. თავადები შაჰს პროტესტის ნიშნად, გაუდგნენ. სპარსელი მოხელისადმი მათ მიერ მიწერილ წერილში, სადაც, ახალი ვალდებულებისაგან თავის დაღწევის სურვილი იგრძნობა, ასეთი აზრიცაა გამოთქმული: „როგორც სხვის ყეენისათვის გვიმსახურებია, ან სამსახური გვდებია, ისე გვიმსახურეთ, ხელმწიფის დიდი ხნის ყმანი ვართ“. როგორ არ ჰგავს ეს VII საუკუნის თბილისის მოქალაქეთა შეუპოვრობას, რომელთაც ქალაქის ასაღებად მომდგარ ბიზანტიელთა და ხაზართა უზარმაზარ არმიას, თავგანწირული წინააღმდეგობა გაუწიეს, მათი ყველა იერიში მოიგერიეს და, როცა დამარცხებულმა მტერმა გადაწყვიტა იქაურობას გასცლოდა, სომეხი ისტორიკოსის მოსე კალანკატვაცის ცნობით, ქართველებს უზარმაზარი გოგრა მოუტანიათ, ზედ ხაზართა მეთაურის, ჯიბღუ ხაკანის სახე გამოუხატავთ, - ამას ხაზარებს უჩვენებდნენ და უყვიროდნენ: „აი, თქვენი მეფე-ხელმწიფე, მობრუნდით, თაყვანი ეცით. ეს ჯებუ ხაკანია“. - ხოლო თუ რა ეპითეტით შეამკეს კეისარი ჰერაკლე, - ამის თაობაზე, იგივე ავტორი წერს: „დასცინოდნენ, აგინებდნენ, ბილწს და მამათმავალს ეძახდნენ“.
თუ მაშინდელ ქართველთა ქცევით ვიმსჯელებთ, საქმე გვაქვს, თავისუფალი, ლაღი, ბრძოლისუნარიანი, საკუთარ თავში დარწმუნებული ადამიანების მოქმედებასთან, რომლებიც მტრის ურიცხვ ლაშქარს არად აგდებენ, სიტყვით და საქმით თავს ესხმიან მომხდურს.
IV საუკუნის დამდეგს, ქართველებმა ქრისტიანობა მიიღეს. ამ აქტის მნიშვნელობა, სცილდება მხოლოდ რელიგიურის ფარგლებს და პოლიტიკური ორიენტაციის გამომხატველიც ხდება. საქართველო კიდევ უფრო მტკიცედ უკავშირდება დასავლეთის ცივილიზაციას და მის განუყოფელ ნაწილად იქცევა. „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით, რომის იმპერატორ კონსტანტინე დიდს, მირიან ქართველთა მეფისათვის დაუბრუნებია მისი ძე ბაქარი, რომელიც მძევლად ჰყავდა წაყვანილი; როგორც თურმე იმპერატორი წერდა: „ვინათგან იცან შენ სამება ერთარსებ ღმერთი დაუსაბამო დამბადებელი ყოვლისა, არაღარა მივმს მე შენგან მძევალი, არამედ კმა არს ჩუენ შორის შუამდგომელად ქრისტე... და შუამდგომლობითა ღმერთისა დამბადებლისათა ვიყვნეთ ჩვენ სიყვარულსა ზედა ძმებრივ“, მაგრამ, ერთმორწმუნეობა, არასოდეს ყოფილა არც დამოუკიდებლობისა და არც თვითმყოფადობის შენარჩუნების გარანტია. ამიტომ, თუ ჩვენ ქრისტიანობის მიღებით თავსაც ვიცავდით ირანის პოლიტიკური და რელიგიური ექსპანსიისაგან, იგივეს გაკეთება მოგვიხდა ქრისტიანული სომხეთისა და ბიზანტიის ჰეგემონისტური პრეტენზიების აღსაკვეთად. ეს ბრძოლა, ახალი სარწმუნოების მიღების პირველ საუკუნეებში, იმითაც იყო გართულებული, რომ ქრისტიანულ სამყაროში იყო დაპირისპირება სხვადასხვა მიმართულებებს შორის (დიოფიზიტები, მონოფიზიტები, არიანელები, ნესტორიანელები). ამის წყალობით, პოლიტიკური ბრძოლა მჭიდროდ დაუკავშირდა კონფესიურს. ამასთან, სიტუაციას კიდევ უფრო ძაბავდა მაშინდელ ზესახელმწიფოთა პოლიტიკა: ბიზანტია დიოფიზიტებს უჭერდა მხარს, ირანი, - ყველა, ამის საპირისპირო რელიგიურ მიმართულებას. V საუკუნის მეორე ნახევარში, ვახტანგ გორგასალმა საეკლესიო რეფორმა გაატარა საქართველოში და დააწესა კათალიკოსის მმართველობა, - ამით ქართულმა ეკლესიამ შეიძინა მისთვის აუცილებელი ავტოკეფალია. ამას ჩვენში ქრისტიანულ მიმართულებათა ბრძოლაში, მონოფიზიტების გამარჯვება მოჰყოლია, - რადგან, მეფეს დაუმხია ოპოზიციურად განწყობილი დიოფიზიტი მთავარეპისკოპოსი და კათალიკოსად დაუსვამს მონოფიზიტი პეტრე. ამის გამო, ივანე ჯავახიშვილი დაასკვნიდა: „რაკი მიქაელი და მისი თანამოაზრენი ქალკედონიანი ყოფილან, უნდა დავასკვნათ, რომ ვახტანგ გორგასალი და მისი „სპა“მონოფიზიტობის მიმდევარნი უნდა ყოფილიყვნენ“.
რა მიზეზიც არ უნდა ჰქონოდა ამ გადაწყვეტილებას, ფაქტია, რომ ვახტანგ გორგასალი გაემიჯნა კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს და დაუკავშირდა ანტიოქიისას. ამით, ქართულმა ეკლესიამ მოიპოვა თავისუფლება, რითიც აღნიშნულ ეტაპზე საქართველოს ისტორიისა, გადაიდგა სრულიად გამართლებული ნაბიჯი, რადგან პოლიტიკური დამოუკიდებლობა წარმოუდგენელია რელიგიური დამოუკიდებლობის გარეშე. ეს კარგად ესმოდათ საქართველოს მაშინდელ მესვეურებს და ამ დროს, სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის გზაზე, დიდ წარმატებებს მიაღწია, მაგრამ, შემდეგ, ქართველობა სხვა არჩევანს აკეთებს და უბრუნდება დიოფიზიტობას. ოღონდ, სანამ ეს მოხდებოდა, მოვლენები ასე განვითარდა: სომხეთმა, რომელიც, დიდი ხანია უკვე მონოფიზიტური მიმართულების ქვეყანა იყო, - რაც მათ ეროვნულ ინტერესებს პასუხობდა, სპარსელთა დახმარებით, სცადა ამიერკავკასიაში რელიგიური ჰეგემონიის მოპოვება... ამ თვალსაზრისით, დვინის საეკლესიო კრებაზე 506 წელს სომხეთი დასახულ მიზანს აღწევს, მაგრამ VII საუკუნის დამდეგს, ადარნასე ერისმთავრისა და კირიონ კათალიკოსის დროს, ქართული ეკლესია თავს აღწევს მისთვის მიუღებელ სომხურ რელიგიურ დიქტატს, ირჩევს დიოფიზიტურ მიმართულებას, - ამით იდეოლოგიურ ბარიერს ქმნის ქართულ და სომხურ ეკლესიებს შორის და ორიენტაციას იღებს ბიზანტიაზე. ეს გადაწყვეტილებაც სწორი იყო და, ამავე დროს, ააშკარავებდა აქტიური, ქმედუნარიანი ერის მოქნილ რელიგიურ პოლიტიკას.
ბიზანტიისაკენ მიბრუნება არ ქცეულა იმისი გარანტიად, რომ ბერძნებს უპირობოდ ეღიარებინოთ ქართული ეკლესიის ავტოკეფალია; ამას ემატებოდა ბერძენი ბერების ცდა, იმპერიის ტერიტორიაზე არსებული ქართული მონასტრებიდან, გაეძევებინათ ქართველები. ეს წინააღმდეგობა ართულებდა ქართველთა წინაშე მდგარ ამოცანას, რადგანაც, არ გაგვაჩნდა სათანადო ხარისხისა და რაოდენობის საეკლესიო წიგნები, საჭირო იყო მათი თარგმნა ქართულ ენაზე. ეს პრობლემა X-XI საუკუნეებში ფართოდ გაშლილი სამონასტრო ცხოვრების მეშვეობით მოგვარდა. უამრავი წიგნი თარგმნეს, ადრე თარგმნილი კი, - ორიგინალს შეუდარეს. პარალელურად, ქართველებმა გამოავლინეს საჭირო ენერგია იმისათვის, რომ მოეგერიებინათ ბერძენთა შემოტევა და შეინარჩუნეს საქართველოს ფარგლებს გარეთ მდებარე ქართული ეკლესია-მონასტრები. რაც მთავარია, მათ ეყოთ ძალა, დაეცვათ ქართული ეკლესიის ავტოკეფალია. ანტიოქიელ ბერძენთა უსაფუძვლო პრეტენზიები იმას ეფუძნებოდა, თითქოს, საქართველოში არც ერთ მოციქულს არ უქადაგნიაო. ამიტომ, ავტოკეფალია არ გეკუთვნითო... ამ ბრალდების უარყოფა გიორგი ათონელმა შეძლო, - მან ანტიოქიის პატრიარქს წარუდგინა ის უმნიშვნელოვანესი არგუმენტები, რომლის ძალითაც ქართულ ეკლესიას ავტოკეფალია ეკუთვნოდა. ქართველი ბერის საბუთი ასეთი იყო: „წმიდაო მეუფეო, შენ იტყვ, ვითარმედ თავისა მის მოციქულთაისა პეტრეს საყდარსა ვზიო. ხოლო ჩვენ პირველწოდებულისა და ძმისა თვსისა მწოდებელისა ნაწილნი ვართ და სამწყსონი და მის მიერ მოქცეულნი და განათლებულნი. და ერთი წმიდათა ათორმეტთა მოციქულთაგანი, სიმონს ვიტყვ კანანელსა, ქუეყანასა ჩუენსა დამარხულ არს აფხაზეთს, რომელსა ნიკოფსი ეწოდების“. როცა ბრალდება ამ გზით უარჰყო, გიორგი ათონელი თავად გადავიდა შეტევაზე და ბერძნებს შეახსენა: „იყო ჟამი, რომელ ყოველსა საბერძნეთსა შინა მართლმადიდებლობაი არაი იპოებოდა“, ეს იმის საპასუხოდ ითქვა, ბერძნები რომ მწვალებლობას გვაბრალებდნენ... ბოლოს, ისიც უთქვამს“, იოანე, გუთელი ეპისკოპოსი, მცხეთას იკურთხა ეპისკოპოსად, ვითარცა სწერია დიდსა სვინაქსარსა“. ეს ფაქტი VIII საუკუნეში მოხდა და, მაშინდელი ქართული ეკლესიის საერთაშორისო ავტორიტეტზე მეტყველებდა.
გავიდა დრო, და, „დაცემის ხანაში“ ბერძნები კვლავ წამოგვიყენებენ პრეტენზიებს, ანტიოქიის საპატრიარქო კიდევ ერთხელ ეცდება საქართველოს ეკლესიის დამორჩილებას. XV საუკუნეში, ბაგრატ მეფის დროს, საქართველოს ეწვია ანტიოქია-იერუსალიმის პატრიარქი, მიხეილი. ეს იყო ტრადიციული ვიზიტი, რომლის დროსაც, ოსმანთა ბატონობის ქვეშ მყოფი მართლმადიდებლური ბერძნული ეკლესიის იერარქები ერთმორწმუნე ქვეყნებში შემოწირულობას აგროვებდნენ; მაგრამ, უნახავს რა, საქართველოში შექმნილი მდგომარეობა, აოხრებული ქვეყანა, შინაომები, ცენტრიდანული ძალების გაძლიერება, ეროვნული ცნობიერების დაქვეითება, - ფარული მიზნით დაუწყია იმ ისტორიული საბუთების კვლევა, ქართული ეკლესიის ავტოკეფალიას რომ შეეხებოდა. „ანტიოქიელ მღვდელმთავარს უნდოდა, ქართულ წყაროებში ეპოვა ცნობა, თუ „ვითარ იგი პირველად ქართლისა და აფხაზეთისა კათალიკოზნი ანდიოშიისა (ე.ი. ანტიოქიისა) პატრიარქთაგან იკურთხეოდიან“. ცხადია, რისთვის დასჭირდებოდა ეს ცნობა მიხეილ პატრიარქს. მას უნდოდა ამ ძველი დამოკიდებულებით ესარგებდა. იგი ანტიოქიის მღვდელმთავართა საქართველოს ეკლესიაზე ბატონობის განახლება-აღდგენაზე ოცნებობდა უკვე» (ივანე ჯავახიშვილი).
ასეთი ოცნება, ვისაც არ უნდა ჰქონოდა, მას დიდი წინააღმდეგობა უნდა შეხვედროდა, მაგრამ, პირიქით კი მოხდა და, როგორც ჩანს, ანტიოქიის პატრიარქს, თავისი ვერაგული გეგმის განხორციელებაში, ქართველი ხელისუფალნიც ეხმარებოდნენ, რომელთაც, ჩანს, უკვე ნაკლებდ ესმოდათ საეკლესიო დამოუკიდებლობის მნიშვნელობა. მათ ამოძრავებდათ კერძო ეგოისტური მისწრაფებები. ამის წყალობით, ანტიოქიის პატრიარქი ქართული ეკლესიის შიდა საქმეებში ჩარეულა და აფხაზეთის კათალიკოსად უკურთხებია იოვაკიმე. ამ ფაქტს ივანე ჯავახიშვილი ასე აფასებს: „ამდაგვარად, და ამ საქციელით, პატრიარქმა მიხეილმა, ბაგრატ მეფემ და დადიან-გურიელმა შამადავლამ, ქართველი ერის საუკეთესო შვილთა და მთელი ხალხის მიერ საუკუნეთა ბრძოლით მონაპოვარი, - ქართული ეკლესიის თავისუფლება მოსპეს და გაანადგურეს! მარტო ეს გარემოებაც კმარა მაშინდელი საქართველოს და, ბაგრატ მეფის ეროვნულ-პოლიტიკური თვითშემეცნების დაქვეითებისა და დაცემის საბუთად...
ასეთი იყო კიდევ ერთი შედეგი ანტიეგოისტთა რიცხვის შემცირებისა და ეგოისტთა აზრდისა...
სიძლიერის პერიოდი, დაცემის ხანა, ეს, ერის ცხოვრების წიაღში მიმდინარე პროცესის აღმნიშვნელი ტერმინებია; მთავარი ის არის, თუ, როდის იწყება, და როდის კიდევ, - თავდება, ეს პროცესი... განმსაზღვრელი რომ არის, ადამიანის ქცევის სტერეოტიპისა და, ისტორიული განვითარების ეტაპებზე, - განსხვავებულ ხასიათს რომ ანიჭებს მას...
საკითხავია, - როდის, და რამდენი პასიონარული ბიძგი მოხდა ჩვენში? - ეს საკითხი მეცნიერთა მიერ საგანგებო კომპლექსური კვლევის საგნად უნდა იქცეს. ჯერჯერობით შეიძლება ვთქვათ ის, რომ: ლევ გუმილოვის ზემოხსენებულ მონოგრაფიაში, „ეთნოგენეზისი და დედამიწის ბიოსფერო», ტექსტს დართულ რუკაზე, მხოლოდ ერთი ხაზია გავლებული საქართველოზე და ისიც, ძველი წელთაღრიცხვის XVIII საუკუნეში მომხდარი, პასიონარული ტალღის გადავლის აღმნიშვნელი. მისგან გამოწვეულმა ბიძგმა წარმოშვა ხეთების სახელმწიფო და ახალი სამეფო ეგვიპტეში, სტიმული მისცა ჰიქსოსების ლაშქრობების დაწყებას. უნდა ვივარაუდოთ, რომ ის, გარკვეულ წილად, იმოქმედებდა ქართულ ტომებზეც... და კოლხეთისა და დიაოხის გაერთიანებათა შექმნაც მისი ზემოქმედების შედეგად უნდა მომხდარიყო...
კოლხეთისა და დიაოხის პოლიტიკური გაერთიანებების, ანუ თუ გნებავთ, დასავლეთ და სამხრეთ ქართული ცივილიზაციების შესახებ ინფორმაციას, არქეოლოგიური მასალა და იმ ხალხების მითები, ლეგენდები და ისტორიული წყაროები გვაწვდის, ვისთანაც მათ ურთიერთობა ჰქონიათ: ქართველი ტომები თავისუფლების მოყვარულნი ყოფილან. ამას ადასტურებს ასირიის მეფის, ტიგლათ-ფილესერ I-ის წარწერა, სადაც, ამ მეფის დიაოხაში, ძველი წელთაღრიცხვის 1112 წელს, ლაშქრობის ამბებია აღწერილი. იქ, ჩვენი წინაპრების თაობაზე ასეთ კომენტარს ამოიკითხავთ: „... რომელთაც არ იცოდნენ (თუ რა არის) მორჩილება...“ ხოლო, თუ რა სიმდიდრეს ფლობდნენ მაშინდელი ქართველები და როგორ ცხოვრობდნენ, ეს კარგად ჩანს ურარტუს მეფის სარდურ II-ის წარწერაში, რომელსაც, თავის მხრივ, ძველი წელთაღრიცხვის 747-741 წლებში ულაშქრია კოლხეთის სამხრეთ პროვინციებში და ამის თაობაზე, გვამცნობს: „... გავემართე სალაშქროდ კოლხას ქვეყნის წინააღმდეგ. ეს ქვეყანა (მე დავიპყარი) ქალაქი ილდამუსა, სამეფო ქალაქი კოლხას ქვეყნის მეფე (...) სა-სი, ბრძოლით დავიპყარი, მისი მოსახლეობა გადავბუგე. რკინის ბეჭედი გავაკეთებინე, წარწერა დავდგი ქალაქ ილდამუსაში, ციხე-სიმაგრეები, ქალაქები დავწვი და დავანგრიე, ქვეყანა გავაჩანაგე. კაცები და ქალები გავრეკე, სარდური ამბობს: იმავე წელს მესამეჯერ გავემართე სალაშქროდ ვიტერუხის ქვეყნის წინააღმდეგ. სამი ოლქის მმართველი მოვიხმე. სამ ადგილას მე ვილაშქრე, ღვთაება ხალდის სიდიადით ამ ქვეყანას ალყა შემოვარტყი, ერთი დღის განმავლობაში იგი ხელთ ვიგდე. ქვეყანა გავაჩანაგე, კაცები და ქალები იქიდან გამოვრეკე. ქალაქ ურაიანის ციხე-სიმაგრე მე ავაგე, ჩემი ნაცვალი იქ დავსვი. ვიტერუხის ქვეყნის მეთვალყურე იქ დავაყენე. სარდური ამბობს: აი, რა ვაჟკაცობა ჩავიდინე მე: 8100 ყრმა წავიყვანე, 9110 დედაკაცი გამოვრეკე, აგრეთვე 17300 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, 31600 სული წვრილფეხა რქოსანი პირუტყვი.. სარდური ამბობს: ღვთაება ხალდისათვის მე ეს საქმენი ერთი დღის განმავლობაში აღვასრულე“.
მხოლოდ ქმედუნარიან, მრავალრიცხოვან მოსახლეობას ძალუძს აღაშენოს ქალაქები და ციხე-სიმაგრეები, - სადაც რკინას ჭედენ, მოაშენოს პირუტყვი, იცხოვროს სრულფასოვანი ცხოვრებით და სარდურისთანა ველური დამპყრობლის შემოსევებს გაუძლოს, არ ამოწყდეს, არ გადაშენდეს, იყოს ისეთი ძლიერი, რომ მასზედ გამარჯვების აღსანიშნავად სპეციალურ წარწერებს აკეთებდნენ...
„ოქრო მრავალი“ კოლხეთი ძველ ბერძნებსაც იზიდავდა, მათი მეშვეობით, მსოფლიო ისტორიაში სამუდამოდ დამკვიდრდა მისი სახელი.
ძველი წელთაღრიცხვის VIII საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში, კოლხეთი კიმირიელების შემოსევამ გაანადგურა. დარტყმა ისე ძლიერი იყო, რომ შეიძლებოდა, კოლხური ცივილიზაცია საერთოდ გამქრალიყო, მაგრამ სასიცოცხლო ენერგია კოლხებს საკმაო აღმოაჩნდათ; ამიტომ, ორი საუკუნის შემდეგ (ძვ.წ. აღ. VI ს.), ქვეყანა აღსდგა. ორგანიზებულ იქნა სახელმწიფოებრივი ცხოვრება, კოლხები ჭრიდნენ მონეტას, „კოლხურ თეთრს“. აქტიურად მონაწილეობდნენ იმ ბერძნული ახალშენების ცხოვრებაში, მათ ტერიტორიაზე რომ შეიქმნა, აშენებდნენ ქალაქებს და ციხე-სიმაგრეებს, ტაძრებს, ამზადებდნენ ცნობილ სელის ნაწარმს, მოსახლეობა ბრძოლისუნარიანი იყო, - ეს ქსენოფონტეს უკვე ციტირებული მოგონბიდანაც ჩანს, ტაოხების თავგანწირვას რომ შეეხება.
ძნელი სათქმელია, ეს ენერგია იმ ზემოხსენებული ბიძგიდან მომდინარეობდა თუ, რაიმე ლოკალურ ბიძგს ან ბიძგებს კიდევ ჰქონდა ადგილი. ყოველ შემთხვევაში, უკვე ფარნავაზის დროს, იბერია იერთებს კოლხეთს და დიაოხის ტერიტორიას და, ახლა, მისი ეგიდით კეთდება საერთო ქართული საქმე.
ძველი წელთაღრიცხვის IV საუკუნის 80-იან წლებში, აღმოსავლეთ საქართველოში უნდა მომხდარიყო რეგიონალური მასშტაბის პასიონალური ბიძგი, ეს რომ ასეა, ამას, ქვეყნის ამ ნაწილში მოსახლეობის ქცევის სტერეოტიპის შეცვლა მეტყველებს. ჩვენი ისტორიული წყაროები ასეთი პროცესების დეტალური ხედვის საშუალებას არ გვაძლევს. ჭეშმარიტებას ღაღადებდა დიდი ილია, როცა წერდა: „ჩვენი „ქართლის ცხოვრება“ ხალხის ისტორია კი არ არის, მეფეთა ისტორიაა, და ხალხი კი, როგორც მოქმედი პირი ისტორიისა ჩრდილშია მიყენებული“-ო. ამიტომ, მხოლოდ მეფეთა და მმართველი არისტოკრატიის წარმომადგენლების ქცევის ხასიათით შეიძლება ვიმსჯელოთ, მოსახლეობის ქცევის თავისებურებაზე... იმ პრინციპიდან გამომდინარე, რომ ლიდერებს ყოველთვის მხარს უჭერს ადამიანთა გარკვეული რაოდენობა, ანუ, მათ შორის არსებობს კომპლიმენტარული დამოკიდებულება, - რაც ნიშნავს: „ურთიერთსიმპათიის ქვეცნობიერ შეგრძნებას, რომელიც განაპირობებს დაყოფას „თავისიანებად“ და „უცხოებად“. კომპლიმენტარულ დამოკიდებულებას პიროვნებისადმი, იწვევს იდეა, რომლის მატარებელიც ეს პიროვნებაა და რომელსაც აიტაცებს ეთნოსი, ან კიდევ, - არა და მაშინ, კომპლიმენტარული დამოკიდებულება არ შედგება. ამის თაობაზე, ლევ გუმილოვი ასეთ მოსაზრებას გამოთქვამს: „მოტანილი მაგალითბიდან ჩანს, რომ თუ ნაპოლეონის, ალექსანდრე მაკედონელის და ლუციუს კორნელიუს სულას შემთხვევებში არის ცთუნება, დიდი მონდომებით მათში დავინახოთ „გმირი, რომელიც ბრბოს მიუძღვის“, მაშინ აქ, მოვლენათა ანალოგიური დამთხვევის პირობეში, ცხადია, რომ საქმე გვაქვს არა პირად „გმირობასთან», არამედ ეთნიკური დომინანტის შექმნასთან, რომელიც ორგანიზებას უკეთებს სისტემის პასიონარულობას და დასახული მიზნისაკენ მიჰყავს იგი. ხომ ცნობილია, ბევრი შემთხვევა, როცა გმირი ან პატრიოტი ბელადი ვერ ახერხებს დაარწმუნოს თანამემამულენი აიღონ იარაღი თავისი თავისა და ოჯახების დასაცავად და შეებრძოლონ სასტიკ მტერს. ამის მაგალითად საკმარისია გავიხსენოთ ალექსეი მურზუფლი, რომელიც 1204 წელს კონსტანტინეპოლის კედლებთან ებრძოდა ჯვაროსნებს. მის გვერდით მხოლოდ ვარიაგების რაზმი და რამდენიმე ასეული მოხალისე დარჩა და ყველანი მოკლულ იქნენ. კონსტნტინოპოლის დანარჩენმა ოთხასმა ათასმა მცხოვრებმა კი ხელი არ შეუშალა ჯვაროსნებს, რომლებმაც დაწვეს და გაძარცვეს მათი ქალაქი. სწორედ აქ არის განსხვავება წინამძღოლის როლსა და ეთნოსის შესაძლებლობას შორის, რაც განისაზღვრება პასიონარულობის დონით“.
აქედან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ წყაროები სათანადო ინფორმაციას არ გვაწვდიან, უნდა დავასკვნათ: ზემოხსენებული, ძველი წელთაღრიცხვის IV საუკუნის პასიონალური ბიძგიდან ოთხმოცი წლის გასვლის შემდეგ, - რაც ჭირდება ინკუბაციურ პერიოდს, - იბერიაში, მრავალრიცხოვან ქმედუნარიან ძალად იქცნენ პასიონარები, რომელთაც შეძლეს ეთნოსის სხვაგვარად ორგანიზება, რაც ქცევის სტერეოტიპის შეცვლას გულისხმობს და, ეს რომ ასეა, ამას იბერიის სამეფოს შექმნა მეტყველებს 302 წელს. სხვაგვარად ახალი სახელმწიფოს დაბადება, ვერ მოხერხდებოდა, და ამას, მხოლოდ ერთი კაცი, ფარნავაზი, ვერ შეძლებდა. მიუხედავად იმისა, რომ მას პასიონარის ყველა ნიშანი აქვს: მცხეთის მამასახლისის, სამარას ძმისწული, ფიზიკურად ძლიერი, უშიშარი, ქმედითი ადამიანია, ის კარგი მონადირე და ცხენოსანია, საბრძოლო ხელოვნებათა მცოდნე, ბუნებით დიპლომატი და სახელმწიფო მოღვაწეა. მან გადაწყვიტა ისეთი პრობლემა, როგორიც არის, ფინანსური მხარდაჭერა თავისი ჩანაფიქრისა. მართალია, ის რაც «ქართლის ცხოვრებაში» წერია, ანუ, ამბავი ნადირობის დროს განძის პოვნისა, ლეგენდას ჰგავს და, რეალურად როგორ მოხდა სახსრების მოპოვება, არ ვიცით, მაგრამ ჩანს, ფარნავაზმა ეს შეძლო. შემდეგ, ის კავშირს ამყარებს ეგრისის გამგებელ ქუჯისთან, რომელიც იღებს მის წინადადებას და უპირობო მორჩილებას უცხადებს, - რაც ქუჯის ნათქვამით, კარგად ჩანს: „შენ ხარ შვილი თავთა მათ ქართლისათა და შენ გმართებს უფლება ჩემი“. ასე რომ, ეს უბრალო კავშირი კი არა, ისტორიული კოლხეთის დიდი ნაწილის შემოერთება, ანუ ქართული ტომებით დასახლებული დიდი ტერიტორიის უსისხლო, მშვიდობიანი გზით გაერთიანებაა“. და მეფე იქმნნა ყოველსა ქართლსა და ეგურსა ზედა... ჟამითი-ჟამად მოვიდის ეგრისს და კლარჯეთს და მოიკითხის მეგრელნი და კლარჯნი და განაგის ყოველი საქმე დაშლილი...“ (ლეონტი მროველი).
ქუჯისთან ალიანსი გარკვეულ სიმბოლურ მნიშვნელობასაც იძენს: დასავლეთ ქართული სახელმწიფო, რომელიც, თითქმის თხუთმეტი საუკუნე, ერის მეობის გამომხატველი იყო, ახლა, პასიონარული ენერგიის ამოწურვის შემდგომ, პირველობას უთმობდა აღმოსავლეთ ქართულ სახელმწიფოს, - ახალ ენერგიულ ძალას, რომელსაც უნდა გაეგრძელებინა და გაეღრმავებინა ქართველ ტომთა ეთნიკური კონსოლიდაციის პროცესი, აეღორძინებინა და განევითარებინა ქართული სახელმწიფოებრიობა. უპირველესი ამოცანა, ქართველთა გაერთიანება, ბერძნული აგრესიის მოგერიება და ქვეყნიდან მათი მარიონეტის, აზოს განდევნა იყო. ამის შემდგომ იწყება სახელმწიფოს აღმშენებლობის უაღრესად საინტერესო პროცესი. ფარნავაზმა ჯერ, პოლიტიკური კავშირები, ნათესაური კავშირებით განამტკიცა: თავისი ერთი და, - ქუჯის მიათხოვა, მეორე, - ოვსთა მეფეს. მან ახლო მეგობრული ურთიერთობა დაამყარა ახლო აღმოსავლეთის ყველაზე დიდ, სელევკიდების ელინისტურ სახელმწიფოსთან; - დახმარება სთხოვა და სათანადო საჩუქრები მიართვა მეფე ანტიოქოს I სოტერს, რომელმაც მას სამეფო გვირგვინი გამოუგზავნა. ამ გზით, ფარნავაზმა, იბერიის საერთაშორისო აღიარებას მიაღწია; განახორციელა თავისი სამეფოს ადმინისტრაციული მოწყობის პოლიტიკა: ქვეყანა საერისთავოებად დაჰყო; შექმნა კალენდარი და ქართული დამწერლობა; - ეს მოხდა 284 წელს, „ამან განავრცო ენა ქართული და აღარა იზრახებოდა სხუა ენა ქართლსა შინა თვინიერ ქართულისა და ამან შექმნა მწიგნობრობა ქართული“ (ლეონტი მროველი); განახორციელა რელიგიური რეფორმა; დაამკვიდრა არმაზის კულტი და აღმართა მისი კერპი, - სპილენძის ქანდაკება, რომელსაც ზურმუხტის თვალები ჰქონდა, ოქროს ჯაჭვი ეცვა, თავზე მუზარადი ეხურა, ხელში მოელვარე ხმალი ეჭირა: ეს იყო ცის სინათლის, ატმოსფეროს, წვიმის, ელვა-ჭექის ღმერთი და ის იქცა უმთავრეს ღვთაებად წარმართულ ქართულ პანთეონში; ფარნავაზმა წამოიწყო და აწარმოვა მასშტაბური სამშენებლო საქმიანობა, აღადგინა ძველი ქალაქები და ციხეები, და ააშენა ახალი...
მარტო ჩამოთვლაც კი საკმარისია იმისათვის, რომ გააცნობიერო, რა გრანდიოზული ქმედებები განხორციელდა, ცხადია, ამას ერთი ადამიანი ვერ შეძლებდა, პასიონარ ფარნავაზისადმი კომპლიმენტარული დამოკიდებულება ჰქონდათ მაშინდელ მრავალრიცხოვან პასიონარებს, რომელთაც, იბერიის პირველი მეფის სახით, მაორგანიზებელი და იდეური წინამძღოლი ჰყავდათ. ამიტომ, გაითავისეს რა ეროვნული სახელმწიფოს აღმშენებლობის იდეა, ყველას, შეძლებისდაგვარად, მიეცათ შესაძლებლობათა რეალიზების პირობები: ზოგი მეომარი იყო, ზოგი კანონმდებელი, ზოგი მეცნიერი, ზოგი მშენებელი, ზოგი მოხელე, ზოგი ხელოსანი, ზოგი გლეხი, ზოგი ქურუმი, ზოგი კულტურას ემსახურებოდა და, ასე შემდეგ. სახელმწიფოებრივი ცხოვრების სოციალური პირამიდა შეიქმნა და ერმა, პროგრესის გზაზე, უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადადგა. ხოლო ის, თუ რატომ მიეწერა ყველაფრის გაკეთება ერთ პიროვნებას, - არ ვიცით და, არ ვიცით სხვათა სახელები, ზოგადად, რის გამო ხდება ასე და, რა კანონზომიერებაა ეს. ამ მოვლენის თაობაზე, მეტად საინტერესო აზრი აქვს გამოთქმული XIX საუკუნის ცნობილ ფრანგ ისტორიკოსს, ოგიუსტენ ტიერრის: „ხალხის მასები, როცა ისინი ამოძრავდებიან, ანგარიშს ვერ უწევენ იმ ძალას, მათ რომ უბიძგებს. ისინი მიჰყვებიან ინსტინქტებს მიზნისაკენ ისე, რომ არც ცდილობენ ზუსტად გაერკვნენ ამაში. ზედაპირულად თუ ვიმსჯელებთ, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ისინი ბრმად მიჰყვებიან რომელიმე ბელადის კერძო ინტერესებს, რომლის სახელიც რჩება ისტორიაში, და მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი იქცევიან ხალხის დიდი მასების მიზიდულობის ცენტრად, ხალხი ისე იმეორებს ამ სახელებს, რომ იციან, რას შეიძლება ნიშნავდეს ეს და მოცემულ მომენტში არა აქვთ უფრო ზუსტად გამოხატვის მოთხოვნილება“.
საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარი მეორე პასიონარული ბიძგის სიმძლავრის თაობაზე, შეიძლება, ვთქვათ: ის საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ ურთულეს გეოპოლიტიკურ გარემოში, 1500 წელი გვეცხოვრა აქტიური სახელმწიფოებრივი ცხოვრებით. ხოლო შემდგომ, უკვე დაცემის ხანაში, გვეყო ენერგია, კიდევ 500 წელი გვქონოდა საკუთარი სახელმწიფო (უმეტეწილად, სამეფო-სამთავროებად იყო დაშლილი საქართველო, ბევრ შემთხვევაში, ეს „სახელმწიფოები“, დიდი იმპერიების ვასალები, მაგრამ მაინც ავტონომიური სახელმწიფო წარმონაქმნები იყვნენ), შეგვენარჩუნებინა ეთნიკური სახე, ტრადიციები, კულტურა, რელიგია, დაბადებულიყო ბევრი პასიონარი, - ვინც სამშობლოსათვის შრომობდა და იბრძოდა და, მოწამებრივი სიკვდილი ერგო ქვეყნისა და რწმენისათვის.
ერთი სიტყვით, ვიცხოვრეთ სრულასოვანი ცხოვრებით, პასიონარული მუხტიც მივიღეთ, - ეს ადასტურებს ლევ გუმილოვის ნათქვამს, რომ: „ეთნიკური კოლექტივის მიერ შესრულებული სამუშაო, პასიონარული დაძაბულობის დონის პირდაპირპროპორციულია“.
XIII საუკუნიდან, ქართველთა პასიონარული ენერგია საგრძნობლად იწყებს კლებას და, ეს ფაქტი, შენიშნულია ქართულ ისტორიოგრაფიაში: „საერთო-სახალხო ხასიათის ექსპანსია, ეთნიკური ტალღების გადაადგილებით, საქართველოს აღარ შეეძლო მე-12 საუკუნიდან, ხალხის რესურსები მას მხოლოდ წმინდა „რეკონკისტული“ შეტევისათვის შემორჩა“ (ლოვარდ ტუხაშვილი). ისტორიული პერიოდი ზუსტად არის დასახელებული, მაგრამ, არა მგონია, საქმე მხოლოდ ხალხის რესურსებში იყოს. ის, მაშინ, პრობლემას არ წარმოადგენდა, სამაგიეროდ, დაბრკოლებას სხვა რამ ქმნიდა: შეცვლილი იყო მოსახლეობის ქცევის სტერეოტი, რაც იმით იყო გამოწვეული, რომ სუბპასიონარები მომრავლებულიყვნენ. ეს ეტყობა ადამიანების მოქმედებას, მათ მიზნებს, მისწრაფებებს, დამოკიდებულებას ღირებულებებისადმი და გამოვლინდა ლაშქრობისა და ნადავლის მოპოვებისაკენ დაუსრულებელ მისწრაფებაში, რომელიც, გიორგი III-ის მიმართვისას, ასე იქნა ფორმულირებული: „არა არს ღონე დარჩომისა ჩვენისა თვინიერ ლაშქრობისა და რბევისა“.
მმართველ კლასში გამეფებულ ატმოსფეროს, ზედმიწევნით ზუსტად აფასებს ივანე ჯავახიშვილი: „ადამიანი სწორედ თავის თავის მტერი უნდა იყოს, რომ ყველა თავისი მეზობლები გადაიკიდოს და თავისადმი სიძულვილი ჩაუნერგოს! განა ასე არ იქცეოდნენ ქართველი დიდებულნი და ლაშქარი? ქართველები ისეთ თავდავიწყებამდე მივიდნენ, რომ ომიანობა სასიამოვნო ხელობად და გასართობად გაიხადეს“. სხვაგვარად მოქცევა მათ არ შეეძლოთ, ეს ეგოისტთა ბუნებიდან მომდინარეობდა, მაგრამ, ასეთი ზნეობრივი პრინციპები, ქვეყნის ინტერესებისათვის საზიანო იყო მისგან მომდინარე მოქმედების შედეგით, თორემ, ნადავლის მოპოვება, ყველა ეპოქაში იყო მეომართა ერთ-ერთი მთავარი მიზანი. თვალში საცემია, თუ როგორ განსხვავდება გიორგი III-ის დიდებულთა მოთხოვნა, - ფარსმან I-ის, თავისი ლაშქრისადმი მოწოდებისაგან, თუმცა ორგანვე ნადავლზე არის ლაპარაკი. ჩვენი წელთაღრიცხვის I საუკუნის ქართველთა ხასიათს, მათ განწყობას, წარმოჩენილს მათივე მეფის სიტყვაში, ასე გადმოგვცემს რომაელი ისტორიკოსი, კორნელიუს ტაციტუსი თავისი „ანალების VI წიგნში, როცა სომხეთისათვის, იბერიასა და პართიას შორის მიმდინარე ომის, გენერალური ბრძოლის წინ, სპარსთა სარდლის, ოროდის და იბერთა მეფის, ფარსმანის, მიერ თავ-თავიანთი ლაშქრისათვის ნათქვამს გვამცნობს: „მაშ ასე, მას მერე, რაც ორივე ჯარი მოემზადა საბრძოლველად, პართიელთა მხედართმთავარმა თავის სიტყვაში მეომრებს შეახსენა აღმოსავლეთში ბატონობის შესახებ და არშაკიდთა დიდების შესახებ და იმის შესახებ, რომ მათი მტერი უცნობი იბერიელია დაქირავებული ჯარით; ფარსმანი კი ამბობდა, რომ არ იციან რა პართიელთა უღელი, რამდენადაც მეტს მოინდომებენ, იმდენად მეტ დიდებას მოუტანს მათ გამარჯვება, ხოლო თუ გაიქცევიან, დიდ სირცხვილს და საფრთხეს დაიტეხენ თავს, ამავე დროს მან მიუთითა თავისიანთა მრისხანე წყობაზე და მიდიელთა მოოქროვილ რაზმებზე და თქვა, რომ აქ ვაჟკაცები არიან, იქ კი ნადავლიო“.
ასეთი შემართება მაშინ არის, როცა ამაღლებული მიზნები გამოძრავებს და მათ მისაღწევად საჭირო ძალას გრძნობ, ბრძოლა გწყურია და გამარჯვება არ გეეჭვება... ასეთ დროს, მამოძრავებელი, პასიონარული იმპულსია, და არა ეგოისტური მისწრაფება.
ფარნავაზის შემდგომ, თუ თვალს გადავავლებთ ქართლის ისტორიას, გავიაზრებთ მას, როგორც მოვლენათა უწყვეტ ჯაჭვს, ნათლად დავინახავთ პასიონართა როლს და ადგილს გარდასულ დღეთა ამბებში. შევიცნობთ ეროვნული ენერგიის მნიშვნელობას, რომელიც ურთულესი პოლიტიკური კოლიზიების დროსაც ძალუმად ვლინდებოდა და ეროვნული თავისთავადობის შენარჩუნებისა და სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის ერთერთი უმთავრესი პირობა იყო და ბოლოს, იმ ეროვნულ იდეათა ხასიათში, - ძველი წელთაღრიცხვის IV საუკუნიდან ვიდრე ჩვენი წელთაღრიცხვის XIII საუკუნის დამდეგამდე განვლილი, თხუთმეტი საუკუნის მანძილზე რომ გვქონდა და, რომლებიც ეთნიკურ დომინანტად ქცეულნი, ამ ეროვნულ ენერგიას გამოიხმობდნენ...
საურმაგის მეფობის დროს მომხდარი ამბები: ტახტის დაკარგვა და გარეშე ძალის, დურძუკთა დახმარებით, ძალაუფლების დაბრუნება, ფორმირების პროცესში მყოფი სახელმწიფოსათვის დამახასიათებელი მოვლენაა. შიდა დაპირისპირებისას, - იმარჯვებს ეროვნული სახელმწიფოს აღმშენებლობის იდეა და ამ იდეის მატარებელი მეფის გარშემო ჯგუფდებიან პასიონარები, როგორც ჩანს, საკმაო რაოდენობისა, და იბერიის სამეფო იწყებს მთის ხალხებთან ურთიერთობის გარკვევას, მათ დამორჩილებას: „მეზობელი მეომარი მთიელი ტომები ქართლის სამეფოსათვის დიდ საფრთხეს წარმოადგენდნენ. კიდევ უფრო სერიოზული საფრთხის შექმნა მისთვის შეეძლო ჩრდილოეთ კავკასიის ველებსა და სამხრეთ რუსეთის სტეპებში მომთაბარე ტომებს, რომლებიც მუდამ მზად იყვნენ, გამოეთარეშათ სამხრეთის მდიდარ ქვეყნებში. მაგრამ მთიელთა და მომთაბარეთა ეს სტიქია იბერიის მეფეებს შეძლოთ არა მარტო უვნებელეყოთ, არამედ, საკუთარი პოლიტიკური მიზნებისათვის გამოეყენებინათ, თუ მათზე ეფექტურ კონტროლს დააწესებდნენ, მტკიცედ ჩაკეტავდნენ კავკასიონის გადმოსასვლელებს, დაიმორჩილებდნენ ან მოკავშირეებად გაიხდიდნენ მთიელებს და მომთაბარეებს. ადრეული ხანის ქართლი, ჩანს, იმდენად ძლიერი სახელმწიფო იყო, რომ ამ ძნელი ამოცანის განხორციელება შეეძლო“ (იხ. „საქართველოს ისტორიის ნარკვევები“).
ძველი წელთაღრიცხვის III-II საუკუნეებში, იბერია ფართოვდება სამხრეთ აღმოსავლეთის მიმართულებით. „უნდა ვიფიქროთ, რომ ჰერეთი (თანამ. კახეთის აღმოსავლეთი ნაწილი), ამ დროს, ნაწილობრივ, ჯერ კიდევ ალბანური ტომებით დასახლებული, შევიდა ქართლის სამეფოს შემადგენლობაში“ (იხ. „საქართველოს ისტორიის ნარკვევები“). მაგრამ, ქართული სახელმწიფოს აღმშენებლობისა და გაფართოების პროცესი მხოლოდ აღმავლობით არ მიმდინარეობდა. ძველი წელთაღრიცხვის 190 წელს, რომაელებმა, მაგნეზიასთან ბრძოლაში, დაამარცხეს ანტიოქოს III და ამით, ბოლო მოუღეს სელევკიდების ელინისტურ სახელმწიფოს, რომლის შემადგენლობაშიც იმყოფებოდნენ სომხური ტომები. აღნიშნული ბრძოლიდან ერთი წლის შემდეგ, ისინი თავიანთ სამეფოს ქმნიან. ჩანს, ამ მოვლენებამდე ცოტა ადრე, სომხეთში პასიონარულ ბიძგს ჰქონდა ადგილი, რადგან ისინი, სახელმწიფოს შექმნისთანავე, იწყებენ აგრესიული პოლიტიკის გატარებას და იპყრობენ მეზობელი ხალხების მიწა-წყალს. ძველი წელთაღრიცხვის II-I საუკუნეებში საქართველო, განიცდის სომეხთა შემოსევებს და კარგავს სამხრეთის ზოგიერთ პროვინციას. ძველი წელთაღრიცხვის II საუკუნის ბოლოს, დასავლეთ საქართველო პონტოს სამეფოს აგრესიის მსხვერპლი ხდება. პონტოს მეფე, მითრიდატე VI ევპატორი (111-63 წ.წ) კოლხეთს იპყრობს. ასე რომ, აღმშენებლობისა და ტერიტორიული გაფართოების პროცესი, საგარეო სიტუაციიდან გამომდინარე, უკიდურესად რთულდება. ქვეყნის დიდ ნაწილს მეზობელი სახელმწიფოები იპყრობენ. ხსენებულ საუკუნეებში ქართველთა პასიონარული ენერგია ეროვნულ თავდაცვას და სახელმწიფოებრივი არსებობის შენარჩუნებას ხმარდება. ძვ.წ. აღ. 65 წელს, იბერიას რომის რესპუბლიკასთან აქვს სამხედრო კონფლიქტი. საქართველოში შემოიჭრა რომაელი მხედართმთავარი გნეუს პომპეუსი. მართალია, ამ ომში იბერიელთა მეფე არტაგი დამარცხდა, მაგრამ, იმ მედგარმა წინააღმდეგობამ, რასაც რომაელები გადააწყდნენ (ბრძოლაში დაცემული 9000 ქართველი, - პარტიზანები, ხეებიდან რომ ისრებს სტყორცნიდნენ რომაელებს, არმაზის ციხის გარნიზონი), ქართველ პასიონართა შემართებისა და ენერგიის მაჩვენებელია, - რომელსაც რომი ანგარიშს უწევს და ამიტომ, დამარცხებულ იბერიას კი არ იპყრობს, არამედ იძულებულია, მასთან სამოკავშირეო ხელშეკრულება დადოს და იბერთა მეფე „რომაელთა მეგობრად და მოკავშირედ“ გამოაცხადოს.
ახალი წელთაღრიცხვის I-II საუკუნეებში იბერია ძლიერდება, - ამის მიზეზი უპირველეს ყოვლისა, ქართველთა პასიონარული ენერგია იყო, რომელსაც, ისტორიის ამ მონაკვეთში შექმნილმა პოლიტიკურმა ვითარებამ, გამოვლენის უკეთესი პირობები შეუქმნა. „იბერიის მეფეები, უეჭველია ცდილობდნენ მაქსიმალურად გამოეყენებინათ ხელსაყრელი საგარეო პოლიტიკური სიტუაცია თავისი სამეფოს საზღვრების გასაფართოებლად. ამ მხრივ, ისინი იმდენ წარმატებას აღწევენ, რომ I ს. 30-იან წლებში იბრძვიან არა მარტო სომხეთის სასარგებლოდ ადრე დაკარგული ცალკეული სამხრეთის ოლქების, არამედ საერთოდ მთელი სომხეთის შემოსაერთებლად“ (იხ. „საქარათველოს ისტორიის ნარკვევები“). ეს ამბავი ასე განვითარდა: ჩვენი წელთაღრიცხვის 35 წელს, რომი ჩაერია პართიის შიდა საქმეებში და დამხობილი მეფის, არტაბან III-ის ნაცვლად, მმართველი დინასტიის წევრი ტირიდატი, ტახტის მოსაპოვებლად გააგზავნა. ვიაიდან, ამ საქმეში იბერიის მხარდაჭერა და მისი სამხედრო პოტენციალის გამოყენება იყო ნავარაუდევი, იბერთა მეფეს (მაშინ მითრიდატე მეფობდა), თავისი ვაჟისათვის, სომხეთის ტახტს დაჰპირდნენ. იბერიელები შეიჭრნენ სომხეთში, აიღეს დედაქალაქი არტაქსატა. სომეხთა მეფე არშაკი თავისმავე ქვეშევრდომებმა მოკლეს. იბერთა წინააღმდეგ, პართიელებმა თავიანთი მეფის ძის, ოროდის სარდლობით, დიდი ჯარი გამოგზავნეს. იბერიელებმა საკუთარ ლაშქარს ჩრდილო კავკასიელი დაქირავებულები მიაშველეს. გამოიყენეს კავკასიონზე არსებული გადასასვლელების ფლობის უპირატესობა და გზა გადაუკეტეს პართიელთა მიერ დაქირავებულ ტომებს. ამის შემდეგ, ადვილად დაამარცხეს პართიელთა ლაშქარი. სომხეთში უფლისწული მითრიდატე გამეფდა, იბერთა მეფის, ფარსმანის ძმა... მოგვიანებით, ძმათა შორის ურთიერთობა გამწვავდა. ამას ზოგი იმით ხსნის, რომ ფარსმანს უნდოდა თავისი ამბიციური მემკვიდრე, რადამისტი, შორს ჰყოლოდა და, ის თავის ბიძასთან გაგზავნა, - რომელიც ძმისა და ძმისშვილის ინტრიგის მსხვერპლი გახდა. სომხეთის ტახტზე კი, რადამისტი დაჯდა. პართიის მეფემ, ვოლოგესმა სცადა, სომხეთში თავისი ძმა გემეფებინა, ამიტომ შეიჭრა ამ ქვეყანაში, ხელთ იგდო არტაქსატა და ტიგრანაკერტი, განდევნა იბერიელები და სომხეთი სპარსეთს დაუმორჩილა დროებით. მაგრამ, რადამისტი იბერიელთა ლაშქრით ბრუნდება, პართიელები ტოვებენ სომხეთს. ოღონდ, რადამისტმა ეს ქვეყანა ვერ შეინარჩუნა და ისევ იბერიაში დაბრუნდა, სადაც თავისი ამბიციური ხასიათის გამო, მოკლეს კიდეც, - როგორც ჩანს, ფარსმანის ბრძანებით.
სომხების მიერ დაპყრობილი ქართული პროვინციების უკან დაბრუნებით და მერე, თავად სომხეთში, იბერიის მმართველი დინასტიის გამეფების მცდელობით, გაცხადდა ის პასიონარული ენერგია, რაც ქართველ ერს გააჩნდა და, რომელიც, მას, დიდი ქმედებებისაკენ უბიძგებდა; მაგრამ, ორი იმპერიის, - რომისა და პართიის - შორის მოქცეულ მცირერიცხოვან ერს, გონიერება და დიდი მოქნილობა სჭირდებოდა, რომ მიზნებისათვის მიეღწია და თავისი ენერგია უთანასწორო ომში არ გაეხარჯა. ამიტომ ის ერთ-ერთი დიდი მეზობლის მოკავშირედ უნდა გამოსულიყო, რომ ორივე არ გაეღიზიანებინა. მხოლოდ ასე, შეფარვით, იყო შესაძლებელი, კავკასიაში მესამე ძალად გადაქცევა.
ახალი წელთაღრიცხვის I საუკუნის ბოლოს, იბერიის საერთაშორისო მდგომარეობა უარესდება, ძლიერდება სომხეთი და ისევ აცხადებს პრეტენზიას საქართველოს სამხრეთის პროვინციებზე. ამ ომში, იბერიამ, თავისი სტრატეგიული უპირატესობა გამოიყენა: გააღო დარიალის კარი, იქედან ალანები გადმოიყვანა და სომხეთს მიუსია. ჩანს იბერიის შიდა მდგომარეობა ყოველთვის სტაბილური არ ყოფილა, რადგან, ზემოხსენებულ საუკუნეში, ქვეყანა ორად იყო გაყოფილი. მცხეთაში ერთი მეფე იჯდა, არმაზში - მეორე. ეს არ უშლის ხელს იბერთა მეფე ქართამს, სომხეთში ილაშქროს, იქაური უფლისწული დაატყვევოს და დარიალის ციხეში გამოკეტოს... იბერიის მდგომარეობა ცვალებადი იყო ტრაიანეს დროს, ის რომის ქვეშევრდომ სახელმწიფოდ იხსენიება.
ახალი წელთაღრიცხვის II საუკუნის პირველ ნახევარში, იბერია კვლავ ძლიერდება. ეს არის ფარსმან II-ის მეფობის ხანა. ამ პერიოდში, იბერიის საზღვრები ფართოვდება და ის, საქართველოს ისტორიული ტერიტორიის დიდ ნაწილზეა განფენილი, ამასთან, შავი ზღვის სანაპიროს მოზრდილ მონაკვეთსაც მოიცავს.
ფარსმან II კარგად იყენებდა ქვეყნის გეოპოლიტიკურ მდებარეობას, კავკასიონზე არსებული გადმოსასვლელების კონტროლის საშუალებას; მან გადმოიყვანა დიდი რაოდენობით ალანები და შეუსია რომსა და პართიას. მეფის მიზანი ქართული მიწების გაერთიანება იყო და ბუნებრივია, დღის წესრიგში დადგა რომაელთა განდევნა კოლხეთიდან. ოღონდ, ამის გაკეთებას პართიელთა დახმარებით კი არა, საკუთარი ძალებით აპირებდა, იგულისხმება როგორც იბერიის მხედრობა, ასევე დაქირავებულები. ფარსმანი ღიად დაუპირისპირდა რომს, ის არ შეხვდა კაბადოკიაში მოსულ იმპერატორ ადრიანეს... სამაგიეროდ, ანტონინუს პიუსის დროს, რომთან ურთიერთობა კეთილმეზობლურ ხასიათს იძენს, რაც, ჩანს, რომის მხრიდან დათმობებით იყო განპირობებული. დიონ კასიუსის ცნობით, ანტონინუს პიუს „გაუფართოებია მისი სამფლობელო“. ეს იყო მხარდაჭერა და დადასტურება ფარსმან II-ის საგარეო პოლიტიკისა. სწორედ ფარსმანს დაუდგეს რომში მარსის ტაძარში, ძეგლი, რომელიც ცხენზე ამხედრებულ იბერთა მეფეს გამოხატავდა. ეს, რომში მისი ვიზიტისა და, იბერთა სამხედრო ვარჯიშების დემონსტრირების შემდეგ მოხდა. ასეთ პატივს იმპერიის დედაქალაქში ყველას არ მიაგებდნენ. აშკარაა, ფარსმან II-ის დროს, იბერია რომისათვის ანგარიშგასაწევი სახელმწიფო იყო. იბერიისთანა პატარა ქვეყნისათვის ასეთი აღმავლობის პერიოდებს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან, სწორედ ამ დროს, მაქსიმალურად ვლინდება ეროვნული ენერგია, ადამიანის საქმიანობის ყველა სფეროში იგრძნობა აქტიურობა, ინტენსიურად მიმდინარეობს ერის შინაგანი განვითარების პროცესი... ოღონდ, პასიონართა ასეთ სიჭარბის პერიოდშიც ჩვენი ქვეყნის ყოფაზე დიდ ზეგავლენას ახდენდნენ გარეშე ფაქტორები.
III საუკუნის დამდეგს, 226 წელს პართიულ ირანს სასანიდების დინასტია იპყრობს, რომელიც ქმნის თვისობრივად ახალ სახელმწიფოს, რომლის დროსაც, ძველი, აქამენიდური სპარსული ტრადიციების თავისებური აღორძინება იწყება. ის, რაც ირანში მოხდა, შეიძლება ითქვას, სპარსთა ეროვნული რეაქცია იყო, მიმართული უცხო ელინისტური კულტურის მოძალების წინაღმდეგ. ძველი რელიგია, ზოროასტრიზმი, ახალი ცენტრალიზებული სახელმწიფოს ეთნიკურ დომინანტად იქცა და, ბევრად განაპირობა სასანიდური ირანის აგრესიული საგარეო პოლიტიკა.
საქართველომ ამ ცვლილებების მნიშვნელობა მალე იგრძნო. უკვე შაბურ I-ის მეფობის დროს, (242-272) წლებში, იბერია და დასავლეთ საქართველოს ზოგიერთი ტერიტორია, ირანის გავლენის სფეროში მოექცა. იბერთა მეფე, ამაზასპი, ირანული ორიენტაციის მმართველია და მათი დახმარებით ებრძვის რომაელებს; მაგრამ, ასეთი მდგომარეობა დიდხანს არ გაგრძელებულა.
298 წელს, რომაელებთან ომში დამარცხებულმა სპარსელებმა, აღიარეს იბერიაზე რომის პროტექტორატის დამყარება. იბერიაში კვლავ ძლიერდება დასავლური ორიენტაცია, რაც, ყველაზე ნათლად, IV საუკუნის დამდეგს ქრისტიანობის მიღებით გამოიხატა. ამ დროიდან ქართველებს გაუჩნდათ ახალი ეთნიკური დომინანტი... ქრისტიანობა, ქართლში, შემოიტანა ნინო კაბადოკიელმა. პირველ რიგში მეფე მირიანმა, დედოფალმა ნანამ და აზნაურობამ მიიღეს ახალი რელიგია, ხოლო ეკლესიათა აღმშენებლობის საქმეში აზნაურთა განსაკუთრებულმა აქტიურობამ, ისტორიკოს სიმონ ჯანაშიას ათქმევინა: „ქრისტიანობა საქართველოს მოევლინა, როგორც აზნაურთა რელიგია და ძველი მონარქიის ოფიციალური კულტი“. ამით შეიძლება დავასკვნათ ის, რომ ახალი ეთნიკური დომინანტი, ამ შემთხვევაში, - რელიგია, თავდაპირველად მიიღო ერთმა სოციალურმა ფენამ, აზნაურობამ და, შესთავაზა მთელ ერს, რომელმაც ნელ-ნელა გაითავისა იგი. ამ დროს და მომდევნო ათწლეულებში, იბერია რომაული ორიენტაციის ქვეყანაა. მალე, ის, სომეხთა წყალობით, რომელთაც სპარსელები შეესივნენ, აღმოჩნდა ომში ჩათრეული. საქმე ისაა, რომ ირანის მომხრე სომეხ ფეოდალთა მიერ დამხობილმა არშაკ II-მ ქართლს შეაფარა თავი, როგორც მოვსეს ხორენაცი წერს, „მან თავს უშველა მათგან კავკასიის მხარეში ქართველთა დახმარებით“, ხოლო შემდეგ, როცა მისმა ოპოზიციამ მის მიერ აგებული ქალაქი არშაკავანი დაანგრია, იმავე ავტორის ცნობით, „არშაკი დაბრუნდა ქართლის ჯარით, შეაგროვა აგრეთვე მცირეოდენი თავის ერთგულნი და შეებრძოლა ნახარარებს თავისი ქალაქის არშაკავანის დანგრევისათვის შურის საძიებლად“, ამის საპასუხოდ, ირანელები ქართლს მოადგნენ და 368 წელს, ირანის მეფე შაბურმა, გააძევა მეფე საურმაგი, „რომელიც რომაელთა შემწეობით განაგებდა იბერიას და ამ ხალხის გამგებლობა ვინმე ასფარუგს გადასცა; თანაც გვირგვინი დაადგა, რათა ჩვენი გადაწყვეტილებისათვის შეურაცხყოფა მიეყენებინა“ (ამიენე მარცელინი).
სპარსელთა გააქტიურებას, რომაელთა რეაგირება მოჰყვა. კავკასიაში შემოვიდა რომაელთა სარდალი, ტერენციუსი და სომხეთში თავისი კანდიდატი გაამეფა, ხოლო საურმაგს, - სამხედრო დახმარება აღმოუჩინა და ის ქართლში დაბრუნდა. აღმოჩნდა, რომ ქვეყანას ორი მეფე ჰყავდა. ასფარუგმა საურმაგთან მოლაპარაკება აწარმოვა სამეფოს გაყოფის თაობაზე და მიაღწიეს შეთანხმებას, რომელსაც დაეთანხმა რომის ხელისუფლება: „ეს რომ იმპერატორმა შეიტყო, რათა გონიერი განსჯით გაერიგებინა, ამის გამო კიდევ მოსალოდნელი უთანხმოებანი, დათანხმდა იბერიის გაყოფას ისე, რომ საზღვრად შუაში მდინარე კიროსი დადებულიყო და სავრომაკს არმენიისა და ლაზების მოსაზღვრე (მხარე) რგებოდა, ასფარუგს კი - ალბანიისა და სპარსელების მომიჯნავე“ (ამიანე მარცელინე), მაგრამ ქვეყნის ასეთი გაყოფა დიდხანს არ გაგრძელებულა. მალე სპარსელებმა, თავიანთი გავლენის ქვეშ, მთელი ქართლი მოაქციეს და ორმეფობაც დამთავრდა. 387 წელს რომსა და სპარსეთს შორის ზავი დაიდო. მისი ერთ-ერთი შედეგი ის იყო, რომ დაიშალა გუგარქის საპიტიახშო და მისი ჩრდილო მხარეები ქართლის შემადგენლობაში შემოვიდა. ეს იყო ნაწილი იმ ქართული მიწებისა, რომლებსაც სომხები ეპოტინებოდნენ და პერმანენტულად ხელთ იგდებდნენ ხოლმე. სპარსელთა ბატონობა მეტად მძიმე იყო, დამპყრობელი, არა მარტო იმონებდა და მოხარკედ აქცევდა ქვეყანას, არამედ ცხოვრების ტრადიციული წესის შეცვლასაც ლამობდა. ეს, უპირველეს ყოვლისა, რელიგიურ ექსპანსიას შეეხება. იდევნებოდა ქრისტიანული სარწმუნოება და ვრცელდებოდა ცეცხლთაყვანისმცემლობა „და დამალეს ჯუარები ქართველთა, და ყოველთა შინა ეკლესიათა ქართლისათა ცეცხლისმსახურთა სპარსთა აღაგზნეს ცეცხლი“ („ქართლის ცხოვრება“).
სპარსულ ექსპანსიას ებრძოდნენ ქართლის მეფეები: „ფარსმანიც, მირდატეც, არჩილიც... ამ პერიოდში, ჩვენი ეროვნული ენერგია თვითმყოფადობის შენარჩუნებას ხმარდებოდა. სოციალურად აქტიური ერი ნაყოფიერად შრომობდა, ქმნიდა სიმდიდრეს, რომელიც ქვეყნიდან გაედინებოდა. ქართველთა წილი მეტად დიდი იყო იმ ხარკში, რომელსაც ირანელები კავკასიიდან იღებდნენ და როგორც სომეხი ისტორიკოსი, ეღაშე წერს, „თვითონაც დიდად უკვირდათ, საიდან მოდის მთელი ეს განძი, ან როგორ არის კიდევ ეს ქვეყანა შენებულიო“. საკვირველი სიმდიდრის შემქმნელ ერს, ბუნებრივია, დიდხანს არ შეეძლო დამპყრობელთა ბატონობა აეტანა და, V საუკუნის მეორე ნახევარში, ვახტანგ გორგასლის დროს, ქართველებმა სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა გაუმართეს სპარსელებს. ეს მეფე ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქართველი სახელმწიფო მოღვაწეა: „და იყო იგი უმაღლეს კაცთა მის ჟამისათა, და უშუენიერეს სახითა და ძლიერ ძალითა, რომელ ჭურვილ ქუეითი ირემსა მიეწიის, უპყრის რქა და დაიჭიროს, და ცხენი ჭურვილი აღიღის მხართა ზედა და მცხეთით აღვიდის ციხესა არმაზისასა“ („ქართლის ცხოვრება“). კარგი გარეგნობისა და დიდი ფიზიკური ძალის გარდა, ის იყო ბრძენი სახელმწიფო მოღვაწე, მარჯვე დიპლომატი, რეფორმატორი, სწორუპოვარი მეომარი. ის, აშკარა პასიონარია და პასიონარებიც ჰყავდა გარს შემოკრებილი. ვახტანგი ეკლესიის რეფორმით იწყებს ქართლის გათავისუფლებას.
გორგასალმა დაამხო მთავარეპისკოპოსი მიქაელი, დააწესა კათოლიკოსობა, დააფუძნა 12 ახალი საეპისკოპოსო. ეკლესიის ახალი მეთაური თავისი რანგით დამოუკიდებელი ეკლესიის მესვეურია. საეკლესიო დამოუკიდებლობა სახელმწიფოს პოლიტიკური დამოუკიდებლობის საწინდარი ხდებოდა. ვახტანგმა წამოიწყო ფართომასშტაბიანი სააღმშენებლო საქმიანობა, დაიწყო ახალი დედაქალაქის, თბილისის შენება, ააგო ციხე-ქალაქი უჯარმა, აღადგინა დარიალის ციხე და ჩაკეტა ეს გადმოსასვლელი, რომელიც, ტრადიციულად, იბერიის მეფეთა ხელში იყო, - ამით საშუალება მიეცა ჩრდილო კავკასიიდან ჰუნთა შემოჭრა აღეკვეთა და ის, თავისი მიზნებისათვის გამოეყენებინა... ილაშქრა ოსეთში და ოსთა შემოტევებს ბოლო მოუღო. გაანადგურა შიდა ოპოზიცია: მოაკვლევინა გამაზდეიანებული ვარსქენ პიტიახში, - ოპოზიციის ლიდერი და ირანული ორიენტაციის მქონე „(ვახტანგმა მოკლა ურჯულო ბდეხში ვაზგენი მეფე პეროზის ოცდამეხუთე წელს“ (ლაზარ ფარპეცი). ეს მომხდარა 482 წელს. ამ წელს იწყება სპარსთა წინააღმდეგ აჯანყება, რომელიც ქართველთათვის წარმატებით დაიწყო და სპარსელები განდევნეს ქართლიდან. მალე, ვახტანგმა დიდი დიპლომატიური წარმატება მოიპოვა: დაიყოლია სომხები, შებრძოლებოდნენ სპარსელებს. მიუხედავად იმისა, რომ სომეხთა სარდლობამ და, კერძოდ, ვარდან მამიკონიანმა „იცოდა სომეხთა ჯარის სისუსტე და ხედავდა, რომ მას დაჰკარგვოდა მხნეობა, დაუძლურებულიყო და სრულებით არ ჰგავდა სხვა დროის გუდმოდგინეობასა და მონდომებას“ (ლაზარ ფარპეცი), დაჰპირდა რა მათ, ჰუნების მოშველიებას. თუმცა, ჰუნთა მოხმობა ამ ომში არ მოხერხდა, ვახტანგმა შეძლო აეყოლიებინა სომხები და ქართველ-სომეხთა გაერთიანებული ლაქშრით, ჭარმანიანის ველზე შეებრძოლა სპარსელებს, ოღონდ, სომეხთა ერთი ნაწილის ღალატის წყალობით, მოკავშირეები დამარცხდნენ. 484 წელს სპარსელთა სარდალი, ჰაზარავუხტი, ქართლში შეიჭრა, მას შაჰის ბრძანება ჰქონდა, „ქართლის მეფე ვახტანგი ან შეეპყრა, ან მოეკლა, ანდა ამ ქვეყნიდან განედევნა“ (ლაზარ ფარპეცი). ამ ბრძოლაში ვახტანგი დამარცხდა, მაგრამ, ამ დროს, ჰეფთალებთან ბრძოლაში, ირანის შაჰი პეროზი დაიღუპა და მისი ლაშქარი დამარცხდა. ამან ქართველებს შვება მოუტანა და ისინიც განაგრძობდნენ ბრძოლას ვახტანგ გორგასლის მეთაურობით, ვიდრე 502 წელს, ის, სპარსელებთან ბრძოლაში არ დაიღუპა... მაგრამ თავისუფლებისმოყვარე ენერგიული ერი სპარსთა ძალმომრეობისას და ცხოვრების ტრადიციული წესის შეცვლას არ აპირებდა, ამიტომ არც უფიქრიათ იმ ინსტრუქციით ეხელმძღვანელათ, შაჰმა კავადმა გურგენ ქართლის მეფეს რომ გამოუგზავნა, რომელშიაც მიუთითებდა: „სხვა რამეშიაც ისე მოქცეულიყო, როგორც სპარსელებში იყო მიღებული და მიცვალებულებიც მიწაში კი არ დაემარხა, არამედ ყველა მიცვალებული ფრინველებისა და ძაღლებისათვის გადაეგდო“ (პროკოპი კესარიელი).
ასეთი მოთხოვნები ზნეობრივად მიუღებელი რომ იყო ქართველთათვის, ამ უკანასკნელთ, მოკავშირეს რომაელებში აძებნინებდა და, იმპერატორ იუსტინეს სახით, მხარდამჭერი და მფარველი იპოვეს, რომელიც მათ არწმუნებდა: „რომაელები არასოდეს სპარსელების ხელში არ ჩააგდებენ იბერებს“ (პროკოპი კესარიელი). სამწუხაროდ, მიუხედავად დაპირებისა, რომაელთა დახმარება საკმარისი არ აღმოჩნდა და გურგენ მეფე იძულებული გახდა, 523 წელს დაეტოვებინა ქართლი. ამ წლიდან მოსპობილ იქნა მეფობა ქართლში, „ვითარცა მეფობაი დაესრულა ქართლს შინა, სპარსნი განძლიერდეს“ („მოქცევაი ქართლისაი“).
დაიწყო სპარსული ოკუპაციის მძიმე წლები, მაგრამ ამას ერი არ ეგუებოდა, „ცხადია, იბერებს ძალიან უმძიმდათ ასეთ მდგომარეობაში ყოფნა და ახლო მომავალში განზრახული ჰქონდათ აჯანყება, თუ კი ოდესმე შესაფერის დროს იხელთებდნენ“ (პროკოპი კესარიელი). სპარსთა ბატონობა დიდხანს არ გაგრძელებულა. 571 წელს სომხეთში დაწყებულ ანტიირანულ მოძრაობაში ქართველებიც აღმოჩნდნენ ჩაბმულნი. 572 წელს ქართველებმა დაამარცხეს ირანელთა სარდალი გოლონმიჰრანი. ეს აჯანყება 562 წელს დაწყებულ ბიზანტია-ირანის ომს ემთხვევა და ქართველთა მიერ თავისუფლებისათვის წარმოებულ ბრძოლაზე, გავლენას ახდენდა ამ ომის მსვლელობა.
576 წელს ბიზანტიელთა დახმარებით ქართლის ნაწილი სპარსთა ბატონობისაგან განთავისუფლდა, თუმცა, მალე, ბიზანტიელთა მარცხის გამო, იბერია კვლავ სპარსთა გავლენის სფეროა. სამაგიეროდ, 589 წელს, შიდა არეულობა სპარსეთს ასუსტებს და 591 წელს ქართლი ისევ ბიზანტიის ხელში აღმოჩნდება. ორ დიდ იმპერიას შორის მოქცეულ ქართველთა ეს ბრძოლა, პასიონარული ენერგიის მქონე ერის კიდევ ერთი ქმედება იყო, - მიმართული სახელმწიფოებრიობის აღსადგენად: „ნელადრე შეკრბა ქართლი და განაჩინეს ერისთავად გუარამ». ჰყოლოდათ საკუთარი ხელისუფლება და არა, უცხო ქვეყნის მოხელე, - ასეთი იყო ქართველთა სურვილი. მაგრამ დიდ სახელმწიფოთა ინტერესები დაბრკოლებად გვექცა: გუარამს ბიზანტიელებმა კურაპალატის პატივი მიანიჭეს, რითიც, იმპერიისადმი მის დაქვემდებარებულ მდგომარეობას, ხაზი გაუსვეს, თუმცა ქართლის ხელისუფალთ ბევრად მეტის პრეტენზია ჰქონდათ და ეს კარგად გამოჩნდა სტეფანოზის ერისმთავრობის დროს, რომლის მისწრაფებების შესახებაც ნათქვამი აქვს მემატიანეს: „მეფობისა სახელი ვერ იკადრა სპარსთა და ბერძენთა შიშისაგან“. და მაინც, ერისმთავრობაც დიდი მონაპოვარი იყო. 604 წლის ბიზანტია-ირანის მორიგი ომის დროს, ირანი იმარჯვებს და ქართლი კვლავ ირანელთა გავლენის სფეროა. ამ დროს, ქართველობა, თავისთავადობას მეტად ორიგინალურად ავლენს. 506 წ. დვინში ჩატარებული საეკლესიო კრების შემდეგ, ქართლში ქრისტიანობის მონოფიზიტური მიმდინარეობა კიდევ დიდხანს ხდება ოფიციალური კონფესია, რომელაც, ამავე დროს, ირანიც უჭერდა მხარს, როგორც ბიზანტიელთა მართლმადიდებლობის ალტერნატიულ რელიგიურ მიმართულებას. ქართველთა სიმპათია ისევ დიოფიზიტობისაკენ იხრებოდა და ეს, არაერთხელ გამოვლინდა, ხოლო 606-608 წლებში ამას ქართულ და სომხურ ეკლესიებს შორის ჯერ პოლემიკა, შემდეგ კი განხეთქილება მოჰყვა. შეინარჩუნეს რა დიოფიზიტობისადმი ერთგულება, ამით ქართველებმა ბოლო მოუღეს სომეხთა მცდელობას, კავკასიაში რელიგიური ჰეგემონია მოეპოვებინათ. ქართველთა ამ გამარჯვებას სპარსთა შაჰინშაჰის ხოსრო II-ის პოლიტიკამაც შეუწყო ხელი, რომელიც მაშინ დიოფიზიტების მიმართ შემწყალებლურ პოლიტიკას ატარებდა, მაგრამ, 614 წლიდან მან ეს დამოკიდებულება შეცვალა და ქართლში ნამდვილი გადატრიალება მოხდა: დაემხო ადარნასე ერისმთავრის საერო და კირიონ კათალიკოსის საეკლესიო ხელისუფლება. ქართლის ერისმთავარი ირანული ორიენტაციის ვარსამესე ხდება, დაკარგულ პოზიციებს იბრუნებენ მონოფიზიტები.
ირანელთა ბატონობა დიდხანს არ გაგრძელებულა. 622 წელს, ბიზანტიის კეისარი ჰერაკლე, ირანის წინააღმდეგ დიდ ლაშქრობას იწყებს. დასავლეთ საქართველო მთლიანად და, აღმოსავლეთ საქართველოს დიდი ნაწილი, მას უჭერს მხარს, 627 წელს, ჰერაკლემ და მის დასახმარებლად მოსულმა ხაზარებმა, თბილისს ალყა შემოარტყეს. 628 წელს კი, ქალაქი, რომელშიაც სპარსელები და მონოფიზიტები იყვნენ გამაგრებულნი, აღბულ იქნა და სასტიკადაც აოხრებული. ამის შემდეგ, არაბთა შემოსევამდე, ქართლში ბიზანტიელთა გავლენა დამყარდა, რელიგიურად კი, - კვლავ დიოფიზიტებმა გაიმარჯვეს.
VI აუკუნეში, არაბეთის ნახევარკუნძულზე პასიონარული ბიძგი მოხდა, ხოლო უკვე VII საუკუნის დამდეგს, მუჰამედის გარშემო შემოკრებილმა პასიონარებმა, ჯერ მისი სწავლება მიიღეს და გაითავისეს, შემდეგ ნახევარკუნძულზე მცხოვრები არაბთა ტომები ერთ სახელმწიფოში გააერთიანეს. ხალიფა ომარის დროს, 634-644 წლებში იწყება არაბთა დაპყრობითი ომები. ქართლში, პირველად, არაბები 642-643 წლებში მოსულან, - მაშინ, ქართველებს, ისინი ადვილად განუდევნიათ თავიანთი საზღვრებიდან, მაგრამ 654 წელს არაბთა სარდალი ჰაბიბ იბნ-მასლამა დიდი ლაშქრით მოადგა ქართლს. პატრიკიოსს მისთვის ელჩები შეუგებებია და საჩუქრებიც მიურთმევია. წინააღმდეგობის გაუწევლობა, არაბებმა მორჩილების გამოცხადებად მიიჩნიეს და ქართველებს „დაცვის სიგელი“ მისცეს, რომლის თაობაზე, „საქართველოს ისტორიის ნარკვევები“, ასეთ ცნობას გვაწვდის: „ამ დოკუმენტით, რომლის შინაარსი IX ს. ცნობილი არაბი ისტორიკოსების ბალაძორის და ტაბარის თხზულებებმა შემოგვინახა, დამპყრობელ-დაპყრობილის უფლებები და ურთიერთვალდებულებანი იყო განსაზღვრული:
1. ქართველები აღიარებენ მორჩილებას და იხდიან ჯიზიას, კომლზე ერთ დინარს, ამასთან, ეკრძალებათ კომლების გაერთიანება ჯიზიას შესამცირებლად, თავის მხრივ, არც არაბებს აქვთ კომლების დანაწილების უფლება ჯიზიას გასადიდებლად.
2. მოსახლეობა ვალდებულია არაბებს მტრების წინააღმდეგ რჩევითა და საქმით დაეხმაროს, ე.ი. სამხედრო ბეგარა იკისროს; შეიფაროს და დახმარება აღმოუჩინოს ჩამორჩენილ მუსლიმებს, ბინითა თუ მათთვის დასაშვები სასმელ-საჭმელით და შემდეგ მიიყვანოს ის არაბთა უახლოეს რაზმამდე.
3. ისლამის მიმღები არაბთა თანამოძმე ხდება და ყველა მუსლიმისათვის საერთო უფლებებით სარგებლობს.
4. არაბები ვალდებულებას კისრულობენ დახმარება გაუწიონ ქართველებს საერთო მტრის წინააღმდეგ, მაგრამ, თუ ვინიცობაა, მათი მოუცლელობის გამო, ქართველები მტერს დაემორჩილნენ, ეს მათ დანაშაულში არ ჩაეთვლებოდათ.
თუ მოსახლეობა ამ პირობებს მიიღებდა და შეასრულებდა, არაბები მას უშიშროების, ქონებისა და სარწმუნოების ხელშეუხებლობის გარანტიას აძლევდნენ, თუ არა და ომს უცხადებდნენ ალაჰისა და მისი მოციქულის სახელით“.
ეს ხელშეკრულება საკმაოდ ვერაგული დოკუმენტია, იმით, რომ კოტრექტულად არის შედგენილი და სიფრთხილის გრძნობას უჩლუნგებდა ქართველებს. მორჩილების გრძნობას უღვივებდა მუხანათი მტრის მიმართ და მაინც, ამ შეთანხმებამაც, საქმეს ვერ უშველა: ქართველები, რომელთაც ბლომად ჰყავდათ პასიონარები და მორჩილებაზეც ნაკლებად ფიქრობდნენ, მიეცათ თუ არა საშუალება, ანუ, როცა სახალიფოში არეულობა დაიწყო, არაბებს განუდგნენ, სომეხი მემატიანის თანახმად: „ქართველთა მთავარმა ნერსემ განდევნა ბარაბა, სომხეთში მდგარი არაბთა ჯარის სარდალი, სასტიკ განადგურებით გაჰფანტა მისი ჯარი და გააქცია იგი“. უბედურება ის იყო, რომ შეუთანხმებელი პოლიტიკა საქმეს აფუჭებდა, ამის გამო, ეროვნული ენერგიის მიზანდასახულად წარმართვას ვერ ახერხებდნენ. 697 წელს, ბიზანტიელთა, აჯანყებულმა ეგრისის პატრიკიოსმა სერგი ბარნუკის ძემ, დასავლეთ საქართველო არაბებს გადასცა. ამ გზით ფეხადგმულმა დამპყრობლებმა კიდევ უფრო გააძლიერეს თავიანთი გავლენა; არაბთა სარდალმა ჯარაჰმა ქართველები აიძულა ჯიზიას გარდა, ხარაჯაც გადაეხადათ. ყოფა აუტანელი ხდებოდა, ამას ემატებოდა ხაზართა შემოსევები და ბიზანტიის დესტრუქციული ქმედებანი. გაუსაძლის ყოფაში მყოფი ქართველები აჯანყდნენ, მათ დასამორჩილებლად, 735 წელს, ხალიფა ჰაშამიმ 120-ათასიანი ლაშქარი შემოუსია საქართველოს. ამ ჯარს, სათავეში მურვან იბნ-მუჰამედი ჩაუყენა, რომელსაც თავისი სისასტიკის გამო, ქართველებმა „მურვან ყრუ“ შეარქვეს, რომლის „მოღვაწეობაც“ ასე არის აღწერილი „ქართლის ცხოვრებაში“: „მოვლით ყრუმან ყოველი კავკასია, და დაიპყრა კარი დარიელისა და დარუბანდისა, შემუსრა ყოველნი ქალაქნი და უმრავლესნი ციხენი ყოველთა საზღვართა ქართლისათა“. მურვანმა დასავლეთ საქართველოც ააოხრა. წამებით მოკლა არგვეთის მთავრები დავით და კონსტანტინე, აიღო და დაანგრია ბევრი ციხე-ქალაქი, - მათ შორის, ცნობილი ციხე-გოჯი, ამის შემდეგ მურვანმა სამხრეთ საქართველო ააოხრა. ამ გამანადგურებელი შემოსევის შემდგომ არაბებმა ქართლის დედაქალაქი თბილისი დაიკავეს და იქ, ამირა დასვეს. ასე შეიქმნა თბილისის საამირო. თავდაპირველად ამირას ხელისუფლება მთელ აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოზე ვრცელდებოდა, მაგრამ არაბთა ძალაუფლება არც ისე მტკიცე იყო, როგორც მურვან-ყრუს შემოსევის შედეგებით შეიძლება გვემსჯელა. ამ დროს, ქვეყნის განადგურებული ცენტრიდან მოშორებით, განაპირა მხარეებში, ხდება ქართველთა პასიონარული ენერგიის თავმოყრა. ეს პროცესი, უპირველეს ყოვლისა, სახელმწიფოს აღმშენებლურ საქმიანობაში გამოვლინდა: აფხაზეთის ერისთავი ლეონი (ის, ვინც ქართლის ერისმთავარ მირთან და მის ძმასთან, არჩილთან ერთად ანაკოფიის ციხეში გამაგრდა და მურვან ყრუს ლაშქრის იერიშები მოიგერია) ბიზანტიელთა და ხაზართა დახმარებით, ბრძოლას ეწევა არაბთა წინააღმდეგ. მისმა შვილმა ლეონ II-მ მთელი დასავლეთ საქართველო დაიპყრო და ერთიან სამეფოდ აქცია, ქუთაისი კი, - მის დედაქალაქად. ახლადწარმოქმნილი სამეფო თანდათანობით თავისუფლდება ბიზანტიის გავლენისაგან. ეს, პირველ რიგში, საეკლესიო დამოუკიდებლობას შეეხება. გატარდა ადმინისტრაციული რეფორმა, მიმდინარეობდა ფართომასშტაბიანი სამშენებლო საქმიანობა. აღორძინებას იწყებს ქართული კულტურა. სახელმწიფო აღმშენებლობის ანალოგიური პროცესები მიმდინარეობს კახეთსა და ჰერეთში. პირველი, არაბებთან ბრძოლაში ძლიერდება და ფორმირდება ეკონომიკურად წელგამართულ და კარგად ორგანიზებულ სახელმწიფო ერთეულად; მეორე, - უფრო მშვიდობიანი და მოქნილი პოლიტიკით აღწევს მიზანს. ამასთან, ჰერეთში კონფესიური დაპირისპირება იყო დიოფიზიტებსა და მონოფიზიტებს შორის, რაც, საბოლოოდ, მართლმადიდებლობის გამარჯვებით დამთავრდა.
IX საუკუნის დამდეგს, აშოტ ბაგრატიონი სამხრეთ საქართველოში გადადის, ქ. არტანუჯში მკვიდრდება, საფუძველს უყრის კიდევ ერთი ქართული სახელმწიფო წარმონაქმნის ორგანიზებას, - ტერიტორიაზე, რომელიც საშინლად იყო აოხრებული არაბების მიერ. „კლარჯეთს და ტაოთა შინა და შავშეთს და ყოველთა მათ მახლობელთა ქუეყანათა მცირედნი იპოვებოდეს დაშენებულ ტყეთა შინა ადგილ-ადგილ“ (გიორგი მერჩულე). იწყება ამ აოხრებული ტერიტორიების მოშენება. ციხეების, ქალაქების, სოფლების, ეკლესია-მონასტრების აღმშენებლობა. ეს უკანასკნელი იმდენად მასშტაბური იყო, რომ ტაო-კლარჯეთი საქართველოს ერთგვარ რელიგიურ ცენტრადაც კი იქცა. ქვეყანა მალე მოშენდა და მასში იმდენი სამხედრო პოტენციალი დაგროვდა, რომ აშოტ კურაპალატი უკვე სამხედრო ოპერაციებს აწარმოებდა არაბთა წინააღმდეგ და ქართლშიც ახერხებდა თავისი ძალაუფლების გავრცელებას, - მიუხედავად იმისა, რომ 829 წელს აშოტის მოღალატურად მოკვლის შემდეგ, მისმა მემკვიდრეებმა შიდა ქართლი დაკარგეს. მომდევნო მეფეების და, განსაკუთრებით, დავით III კურაპალატის დროს, ტაო-კლარჯეთის სამეფოს საზღვრები, შორს, სამხრეთით ვრცელდება. ამავე მეფის დროს, ტაოელი ქართველები (პასიონარები) დიდ როლს თამაშობენ ბიზანტიის სახელმწიფოს ცხოვრებაში, - თორნიკე ერისთავის მეთაურობით 12 ათასიანმა ქართველთა ლაშქარმა გაანადგურა იმპერატორის წინააღმდეგ ამბოხებული ბარდა სკლიაროსის ლაშქარი.
IX-X საუკუნეებში, პერიფერიებზე თავმოყრილი პასიონარები იწყებენ ბრძოლას ქვეყნის ცენტრის დასაუფლებლად „ბრძოლა ქართლსა ზედა“. ამ ბრძოლაში ერევა გარეშე ძალა, სომხეთის სამეფოების სახით და ისინი ქვემო ქართლზე აცხადებენ პრეტენზიას („ქართლის ველი“). ამავე დროს, საქართველოს პერმანენტულად აოხრებენ არაბები. საკმარისია, გავიხსენოთ ბუღა თურქის (853 წ.) და აბულ კასიმის (913-14 წ.) შემოსევები, - სხვა ლაშქრობებზე რომ არაფერი ვთქვათ, რათა გავაცნობიეროთ ის ზეწოლა, რასაც საქართველო განიცდიდა. მაგრამ, ქართველ ერს აღმოაჩნდა საკმარისი ენერგია იმისათვის, რომ ჯერ ცალკეულ სამეფო-სამთავროებს ეწარმოებინა დამპყრობლებთან ბრძოლა, ხოლო შემდეგ, შეექმნა ერთიანი ფეოდალური სახელმწიფო, რომელიც იოანე მარუშისძისა და დავით კურაპალატის პოლიტიკის შედეგად განხორციელდა; 975 წ. ბაგრატ III ბაგრატიონი ქართლის მეფედ დასვეს, 980 წელს ბაგრატ III აფხაზთა მეფედ აკურთხეს. 1008 წელს გურგენ მეფის გარდაცვალების შემდეგ, ბაგრატ III იერთებს სამხრეთ საქართველოს ანუ კურაპალატის მემკვიდრეობას, ხოლო 1010 წელს მან შემოიერთა კახეთ-ჰერეთი და ამგვარად, საქართველო თითქმის გაერთიანდა, რაც ქართველ პასიონართა ძალისხმევით მოხდა. ქართველმა პასიონარებმა, მიუხედავად უდიდესი დანაკარგებისა, გაუძლეს არაბთა მსოფლიო იმპერიის შემოტევას და ქართველებმა შეინარჩუნეს თავისი ეთნიკური სახე, კულტურა, რელიგია, ტრადიციები. ქართველმა ერმა მკვეთრად გამოხატა ეთნოცენტრიზმი და გამოავლინა იდეოლოგიური ბრძოლის გასაოცარი უნარი. გავიხსენოთ იოანე საბანისძის მიერ აღწერილი ამბავი არაბი ჭაბუკისა, აბო თბილელისა, ქართველებზე გამარჯვებული, დამპყრობი ერის შვილის ისტორია, რომელმაც დამარცხებული ხალხის სარწმუნოება აღიარა და ეწამა კიდეც ამ რწმენისათვის. მერვე საუკუნის ქართული აგიოგრაფიული ნაწარმოები ყველა სხვა ღირსებასთან ერთად, პროპაგანდისტული ბრძოლის უნიჭიერესი ნიმუშია და დადასტურებაა იმ ქმედუნარიანობისა, რომელსაც მაშინდელი ქართველობა ავლენდა ადამიანის შემოქმედების ყველა სფეროში. მიმდინარეობდა ქართველი ერის შინაგანი განვითარება და ამისი შედეგი იყო ერთიანი სახელმწიფოს შექმნა.
ეს პროცესი ადვილად არ მიმდინარეობდა, იყო შიდა და გარე წინააღმდეგობები, რომლებიც, ზოგ შემთხვევაში გადაილახა, ზოგ შემთხვევაში კი, არა. დავით კურაპალატის მემკვიდრეობა სრულად არ რგებია გურგენ მეფეს და შემდგომ ბაგრატს. ბაგრატიონთა შორის შიდა წინააღმდეგობამ და გაუგებრობამ ის გააკთა, რომ დავითმა თავისი სამფლობელოების ნაწილი ბიზანტიის იმპერატორს, ბასილი II ბულგართმმუსვრელს გადასცა... 1001 წელს, როცა გარდაიცვალა დავით კურაპალატი, „გამოვიდა ბასილი ბერძენთა მეფე, და მისცნეს მას ციხენი აზნაურთა ამა დავითისათა, და დაიპყრა ბასილი მეფემან მამული დავით კურაპალატისა“ („ქართლის ცხოვრება“). ამ მიწა-წყლის დაბრუნება იყო საჭირო თუმცა ბიზანტიის იმპერია იმ დროს მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი და უძლიერესი სახელმშიფო იყო... ბაგრატ III-ის მემკვიდრე გიორგი I, რომელზედაც თქმულა, რომ ის იყო „ახოვან და ყოვლითურთ უშიში, ვითარცა უხორცო“ ანუ პასიონარი, - როგორც ყველა მისი წინაპარი, ბუნებრივია, შემოიკრებდა პასიონარებს. პატარა საქართველოს მაშინ აღმოაჩნდა ეროვნული ენერგია იმისათვის, რომ შებმოდა ბიზანტიის იმპერიას. 1014-1016 წლებში, როცა ბასილი II ბულგარელებს ებრძოდა, გიორგი I-მა ბიზანტიელთაგან მიტაცებული იმიერ ტაო დაიკავა და საქართველოს შემოუერთა. იმპერატორის წინადადება დაპყრობილი ტერიტორიების ნებით უკან დაბრუნების თაობაზე კი, - უარყო. ამ დროს გამოვლინდა გიორგი I-ის ღრმად ეროვნული, მასშტაბური, რელიგიური სნობიზმისაგან თავისუფალი, უაღრესად პრაგმატული პოლიტიკა. ეს იქიდან ჩანს, რომ გიორგი I-მა, ეგვიპტის სულთან ალ-ჰაქიმთან დაიწყო მოლაპარაკება ანტიბიზანტიური კოალიციის შექმნის თაობაზე. სამწუხაროდ, ეგვიპტის სულთანი მალე უგზო-უკვლოდ დაიკარგა და, საქართველო მარტო აღმოჩნდა უძლიერესი სახელმწიფოს წინააღმდეგ. რომელმაც 1021 წელს გამოილაშქრა. მაშინ, «გიორგი მეფე განვითა სპითა დიდითა წინააღმდგომად მისსა». სოფელ შირიმნისთან ბრძოლაში ქართველები დამარცხდნენ, მაგრამ ქართველთა ნების დათრგუნვა ბიზანტიის იმპერატორმა მაინც ვერ შეძლო, პირიქით, გიორგი I, იმპერიის შიდა ოპოზიციასთან, აჯანყებულ ქსიფესთან და ფოკასთან ამყარებს კავშირს, მაგრამ ბასილი II-მ აჯანყებულები დაამარცხა. კვლავ განახლდა მოლაპარაკებები, რომელიც ბიზანტიელებმა შეწყვიტეს და მოულოდნელი შეტევით ქართველები დაამარცხეს. ზავი ბიზანტიასთან 1023 წელს დაიდო. საქართველომ სამხრეთის მიწები დაკარგა და უფლისწული ბაგრატი, სამი წლით, მძევლად წაიყვანეს ბიზანტიაში. გიორგი I-ის მოღვაწეობა აღსანიშნავია იმით, რომ პატარა საქართველო გრძნობდა რა ეროვნული ენერგიის მოზღვავებას (მრავალრიცხოვანი პასიონარების არსებობის შედეგი), არ ეპუებოდა მსოფლიოში უძლიერეს სახელმწიფოს. ატარებდა აქტიურ საგარეო პოლიტიკას. მიუხედავად უმძიმესი ომისა, ქვეყანა აქტიური შიდა ცხოვრებით ცხოვრობდა. გიორგი I გარდაიცვალა 1027 წელს. უკვე ბაგრატ IV-ის მეფობაში აშკარად გამოჩნდა, რომ სუბპასიონარები მომრავლებულიყვნენ ჩვენში. საერთოდ, X-XII საუკუნეებში საგარეო წარმატებას, საშინაო ბრძოლის შედეგი განსაზღვრავს: რამდენადაც ეფექტურად ებრძოდნენ შიდა ოპოზიციას გაერთიანებული საქართველოს მეფეები, რამდენადაც ამარცხებდნენ ანტიეგოისტები ეგოისტებს, იმდენად წარმატებულად მიმდინარეობდა ერთიანი სახელმწიფოს შექმნა-აღმშენებლობის პროცესი.
ბაგრატ IV-ის მეფობის წლებში, აშკარა ხდება ბიზანტიის აგრესიული დამოკიდებულება კავკასიის ქრისტიანული სახელმწიფოების მიმართ. 1028 წელს, იმპერატორმა კონსტანტინე VIII-მ საქართველოს დიდი ლაშქარი შემოუსია; ამავე დროს, მხარს უჭერდა და ქართველი მეფის წინააღმდეგ აქეზებდა, სეპარატისტულად განწყობილ აზნაურებს, მაგრამ, ეპისკოპოს საბა მტბევარის ენერგიულმა სამხედრო აქციამ, მის მიერ შავშეთის დაცვამ, ჩაშალა ბიზანტიელთა გეგმები. ხოლო ლიპარიტ ბაღუაშ-ორბელიანმა, კლდეკარის ციხეს მიმდგარ ბიზანტიელებს მედგარი წინააღმდეგობა გაუწია და, აიძულა ისინი, უკან გაბრუნებულიყვნენ. ქვეყანა აირია, თუ ფეოდალთა ერთი ნაწილი სამშობლოს ერთგულებდა, მეორე ნაწილი აშკარად ღალატის გზას ადგა: ჩანჩახი ფალელმა და არჯევან ჰოლოლისძემ გარყლობის და წეფეთის ციხეები გადასცეს ბიზანტიელებს და თავადაც იმპერიას შეაფარეს თავი. გარედან მოსულმა რეალურმა მხარდაჭერამ აამოძრავა ცენტრიდანული ძალები. ამ დროს, ბიზანტიელებმა, ბაგრატ IV-ს დაუპირისპირეს დემეტრე კლარჯი ბაგრატიონების შთამომავალი. მტერი მოსახლეობის მოსყიდვასაც ხშირად მიმართავდა და ამით ნერგავდა კაპიტულანტურ შეხედულებებს. ამან მაშინდელი საზოგადოების ერთი ნაწილის დემორალიზება და მტრის მხარეზე გადასვლა გამოიწვია. „მიიქცეს ერნი, სოფელნი უგუნურ-უსუსურნი ცნობითა და გონებითა“. მარცხსა და შინაგან აშლილობას ბოლო კონსტანტინე კეისრის გარდაცვალებამ მოუღო. ეს მოხდა იმავე 1028 წელს „და ვითარ დიდად იღელვებოდა ქუეყანა ესე, კუალადცა პატივ-სცა ღმერთმან ბაგრატს, აფხაზთა და ქართველთა მეფესა, ეწია სენი სასიკუდინე კონსტანტინე მეფესა, მოუწერა პარკიმანოზს პროედოსსა, უხმო შეღმართ, ხოლო იგი წარემართა მსწრაფლ და ვიდრე მოვიდოდა, მიიცვალა კონსტანტინე მეფე“ („მატიანე ქართლისაი“). ღმერთის წყალობა არ იქნებოდა საჭირო, თუ ისეთი დიდი სამხედრო, ეკონომიკური და ინტელექტუალური პოტენციალის მქონე ქვეყანას, რომელსაც მაშინ საკმაოდ ჰყავდა პასიონარები, სათანადო მაორგანიზებელი ძალა გამოუჩნდებოდა და ამ პოტენციალს სახელმწიფოს თავდაცვისაკენ წარმართავდა. მაშინ, მტერი ადვილად დამარცხდებოდა, თავად განსაჯეთ: თუ ორი ისეთი ფეოდალის აქტიურ, ენერგიულ, მაორგანიზებელ ქმედებას, როგორიც საბა მტბევარი და ლიპარიტ ორბელიანები იყვნენ, ბიზანტიის ლაშქრის სარდლობის გეგმებში სერიოზული კორექტივები შეჰქონდა და მათ, თავდაპირველ ზრახვებზე ხელი ააღებინა, რა იქნებოდა, საქართველოს, შინაგანი რესურსების სრული მობილიზაციით რომ ებრძოლა! - ცხადია, უეჭველად გავიმარჯვებდით და „დავით კურაპალატის მემკვიდრეობის“ საკითხის გადაწყვეტას კიდევ ნახევარი საუკუნე არ დასჭირდებოდა..
რაკი მტრის ძალით შეჩერება ვერ მოხერხდა, ეს ამოცანა დიპლომატიას დაევალა. ბიზანტიაში დიპლომატიური ვოიაჟები ჰქონდათ ორგზის, - მელქისედეკ კათალიკოსს და მარიამ დედოფალს. პირველი ელჩობის ხასიათისა და მიზნების თაობაზე, ლოვარდ ტუხაშვილი წერდა: „მელქისედეკმა ორგზის ელჩობის შედეგად მიიღო: დიდძალი ფული, მრავალი სოფელი და აგარაკი სწორედ იმ ტერიტორიებზე, რომლებზედაც ვრცელდებოდა ბიზანტიური იურისდიქცია. აქედან შეიძლება დავასკვნათ, რომ ქართული ეკლესიის მესაჭე პრობიზანტიურ, კომპრომისულ ნიადაგზე იდგა, ჩანს, იგი ცნობდა კონსტანტინეპოლის პატრიარქის (ან შეიძლება უშუალოდ იმპერატორის) უზენაესობას დიოფიზიტურ სამყაროზე, მაგრამ მომხრე იყო რეგიონალური (ამ შემთხვევაში ქართული) ავტოკეფალიისა, მელქისედეკმა თავისებური „იუნიანისტური“ პოლიტიკით დაითანხმა ბიზანტია ეცნოთ მცხეთის კათალიკოსის უფლებები ქართული სახელმწიფოს გარეთ მდებარე ქართულ პროვინციებზეც. სწორედ ეს პირობა უნდა ყოფილიყო მელქისედეკის პრობიზანტიურობის ძირითადი საფუძველი. მაშასადამე, შეიძლება დავასკვნათ: მე-11 საუკუნის I მესამედში საქართველოს სახელმწიფოებრივი და საეკლესიო საგარეო პოლიტიკა ერთმანეთს არ დაემთხვა. სწორედ ამიტომ იყო, რომ მელქისედეკ კათალიკოსის მისთვის წარმატებულ ვიზიტებს არ მოჰყოლია სანატრელი მშვიდობა ქვეყნისათვის“.
საერო და საეკლესიო პოლიტიკათა შეუთავსებლობას, რამდენიმე მიზეზი აქვს. ერთი ასეთი გახლავთ ის, რის შესახებაც კარდინალი რიშელიე ამბობდა, «სახელმწიფოს აქვს რეალური მოთხოვნილებანი, მაშინ როცა ეკლესიის მოთხოვნილებანი წარმოსახვითია და თვითნებური», მეორე მიზეზი, - იდეოლოგიური ცენტრის ქვეყნის გარეთ ძიებაში და აქედან მომდინარე, - რელიგიურ სნობიზმში მდგომარეობდა. XI საუკუნეში ამ ტენდენციას დაუპირისპირდა გიორგი ათონელი. თუმცა, მოგვიანებით ეს ტენდენცია კვლავ გაძლიერდა ჩვენში...
სახელმწიფოსათვის უფრო მომგებიანი იყო მეორე ელჩობა, რომელიც მარიამ დედოფლის სახელს უკავშირდება: „შემდგომ ამისსა, წელსა მესამესა, წავიდა დედოფალი მარიამი, დედა ბაგრატ აფხაზთა მეფისა, საბერძნეთად ძიებად მშვიდობისა და ერთობისა“ („მატიანე ქართლისა“). ამ ელჩობამ ნაწილობრივ მოაწესრიგა ურთიერთობა ბიზანტიასთან, ბაგრატს მიენიჭა კურაპალატის წოდება და მას ცოლად მიათხოვეს იმპერატორ რომანოზ III-ის ძმისწული ელენე, მაგრამ, კავშირი ბიზანტიასთან, მტკიცე არ ყოფილა და, ის მალე დაირღვა. 1032 წელს ბიზანტიელთა ინტრიგების წყალობით ბაგრატ IV-ეს აუჯანყდა ნახევარ-ძმა დემეტრე და ანაკოფიის ციხე გადასცა ბიზანტიელებს. წარუმატებლობის მიზეზი, ბაგრატის, როგორც ქვეყნის მმართველისა და, აქედან გამომდინარე, მაორგანიზებელის, სისუსტე იყო. ეს კარგად ჩანს მის მიერ დაშვებული შეცდომებიდან, მოქმედების უსისტემო ხასიათიდან, მოვლენათა ხედვის ფრაგმენტულობით. თავად განსაჯეთ, რამდენჯერმე დაიკარგა თბილისის შემოერთების შანსი. 1032 წელს ლიპარიტ ამირამ და ქართლის ერისთავმა ივანე აბასაისძემ ბრძოლა დაუწყეს თბილისის ამირა ჯაფარს, წაართვეს მას ბირთვისის ციხე და ბოლოს, თავად ისიც შეიპყრეს, მაგრამ ბაგრატმა ამირა გაანთავისუფლა, ლიპარიტ ბაღვაშის მოწინააღმდეგე ფეოდალების ჩარევით... 1037 წელს ბაგრატ IV-მ ალყა შემოარტყა თბილისს. ამ ომში მისი მოკავშირე კახეთის მეფეც იყო, ორი წლის განმავლობაში ქალაქი ალყაში ჰყავდათ, თბილისის ამირა უკვე დანებებაზე ფიქრობდა, როცა ბაგრატ IV-მ მოულოდნელად, ზავი დაუდო ამირას. „ამ შემთხვევაშიც ბაგრატ IV-ის საქციელი ლიპარიტის მოწინააღმდეგე დიდგვარიან აზნაურთა ჯგუფის ოინებისა და გავლენის შედეგი ყოფილა“ (ივანე ჯავახიშვილი). მეფის ასეთი საქციელი გამხდარა ლიპარიტთან ურთიერთობის გამწვავების მიზეზი. როგორც ჩანს, ბაგრატს ქვეყნის უძლიერეს ფეოდალთან დაპირისპირება თავიდან საგანგაშოდ არ მიუჩნევია, ამიტომ თავისი გუშინდელი მოკავშირის, კახეთის მეფის წინააღმდეგ გაილაშქრა, მაგრამ შემდეგ გაიაზრა შიდა ოპოზიციის მნიშვნელობა და უკან დაიხია. 1044-1045 წლებში ბაგრატ IV-სა და ლიპარიტს შორის ბრძოლა დაიწყო, ეს ომი ბაგრატ IV-ის გაუწონასწორებელი პოლიტიკის შედეგი იყო, რადგან ლიპარიტი მეფის მისადმი დამოკიდებულებით იყო უკმაყოფილო და ეს ყოვლისშემძლე ფეოდალი მთელი სახელმწიფოს დესტაბილიზაციის მიზეზი გახდა. მას მხარს უჭერდნენ ბიზანტიელები, ის ცდილობდა ბაგრატ IV-ის ნახევარძმის, დემეტრეს გამეფებას. ასე გაგრძელდა მანამ, სანამ დიდგვაროვანმა აზნაურმა სულა კალმახელმა ლიპარიტი ტყვედ არ ჩაიგდო და ის, მეფეს არ გადასცა. ამის შემდეგ, ლიპარიტი პოლიტიკას ჩამოშორდა, - ბიზანტიაში აღიკვეცა ბერად.
მეფის პოლიტიკით პროვოცირებულმა შინაომმა ხელი შეუშალა ქვეყნის გაერთიანებას და ტერიტორიულ ზრდას. ასე მაგაითად, დაიკარგა 1045 წელს ანისის ბერების მიერ გადმოცემული ეს ქალაქი. საერთოდ იმ წლებში მიზანდასახულად ვერ წარიმართა ქართველთა ეროვნული ენერგია. სულ მალე, გართულდა ქვეყნის საგარეო მდგომარეობა: 1065 წელს საქართველოს თურქ-სელჯუკთა სულთანი ალფარსლანი შემოესია და ქვეყანა ააოხრა. 1068 წელს დაიკარგა რვა წლით ადრე შემოერთებული კახეთი. იმ წელს, თურქებმა ისევ ააოხრეს საქართველო. ამის შემდეგ, მეფემ თბილისი აიღო, მაგრამ ის, საქართველოს კი არ შემოუერთა, არამედ 4400 დრაჰკანის ყოველწლიურად გადახდის პირობით, ისევ თბილისის ამირას დაუბრუნა... 1072 წელს ბაგრატ IV გარდაიცვალა. მისი მემკვიდრე გიორგი II ვერ გამოვიდა იმ პიროვნებად, რომელიც ერის სრულფასოვან წინამძღოლობას შეძლებდა, სათავეს დაუდებდა კონსტრუქციულ პროცესებს, შინაურ და გარეშე მტერს ალაგმავდა. პირიქით, როცა გამეფებიდან ერთი წლის შემდეგ 1073 წელს გიორგი II-ს აუჯანყდნენ გავლენიანი ფეოდალები, ივანე ლიპარიტის ძე, ნიანია ქვაბულის ძე და ვარდან სვანთა ერისთავი, ამის შედეგად აღებულ იქნა ქუთაისი, გაძარცვულ, - სამეფო საჭურჭლე, ააოხრეს ეგრისი. მეამბოხეთა დაშოშმინება მეფემ იმითი შეძლო, რომ დააჯილდოვა ისინი... ეს დამნაშავეთა წაქეზებას ნიშნავდა და დაუსჯელობის სინდრომს ამკვიდრებდა მაშინდელ საზოგადოებაში. ამიტომ, არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ ივანე ლიპარიტის ძე, კიდევ ერთხელ აუჯანყდა მეფეს. მეორედ დამარცხებული, - ისევ აგრძელებს მუხანათობას, ღალატით, გაგის ციხეს იგდებს ხელთ და განძის ამირა ფალდონს მიჰყიდის... უნიათო მეფე, გიორგი II ქვეყნის შიგნით წესრიგს ვერ ამყარებდა, გარეშე საფრთხე კი სულ უფრო ძლიედებოდა. 1073 წელს საქართველოსაკენ დაიძრა თურქ-სელჯუკთა სულთანი მელიქ-შაჰი. ივანე ლიპარიტის ძე, უკეთესი ხვედრის ძიებაში, ჯერ სულთანს მიემხრო, შემდეგ კი მიატოვა ის. ამ მანიპულაციებს ის მოჰყვა, რომ მელიქ-შაჰმა თრიალეთი ააოხრა და ხელთ იგდო სამშვილდე. ერთი ფეოდალის თვითნებობას მოჰყვა მტრის შემოსევაც და უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პუნქტის დაკარგვა. ერთადერთი ნათელი წერტილი, 1074 წელს, ფარცხისთან ბრძოლაში, თურქთა დიდი ლაშქრის დამარცხებაა. აქცია, რომელიც ადასტურებს, რომ საქართველოს დიდი სამხედრო პოტენციალი ჰქონდა, მაგრამ მისი გამოყენებისათვის საჭირო მაორგანიზებელი ძალა, - სამეფო ხელისუფლების სახით, - არ არსებობდა... მალე ბიზანტიასთან დაიდო უმნიშვნელოვანესი ხელშეკრულება:
იმპერიის აღმოსავლეთის დიდმა დომესტიკოსმა, ქართველმა დიდებულმა გრიგოლ ბაკურიანის ძემ საქართველს გადმოსცა კარის ციხე და მისი მიმდებარე ტერიტორია. გიორგი II-მ ციხეში შავშელ აზნაურთა ჯარი ჩააყენა. სამწუხაროდ, მეფის უთაობის გამო, ამ შენაძენის შენარჩუნება და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისათვის მისი გამოყენება არ მოხერხდა, - ციხე თურქებმა ჩაიგდეს ხელში. 1080 წელს იწყება თურქთა ინტენსიური შემოსვლები. ეთნიკური ექსპანსიის ხასიათისა. ამ ექსპანსიას ქართველებმა «დიდი თურქობა» უწოდეს. ქვეყნის დიდი ნაწილი ააოხრეს, მოსახლეობა ააწიოკეს, მომთაბარეებმა მოშალეს ინტენსიური სოფლის მეურნეობა. ქართველი ხალხი საკუთარი ხელისუფლების მიერ იყო დეზორგანიზებული და თურქებს წინააღმდეგობას ვერ უწევდა. გიორგი II-მ ისღა შეძლო, რომ თურქებს დაუზავდა, აღუთქვა მათ ხარკის გადახდა. ასეთი მორჩილების პასუხად თურქ-სელჯუკთა სულთანმა: „ყოველი სათხოვნელი აღუსრულა მეფესა გიორგის... და სამეფო მისი განათავისუფლა ზედამარბეველთაგან და მოსცა კახეთი და ჰერეთი, გარნა ხარაჯა ითხოვა სამეფოსა მისისა, რომელსა აიღებდეს ჟამთა მრავალთა და ესრე განდიდებითა და მრავალითა დიდებითა გამოგზავნა თვსად სამეფოდ და წარმოაყოლნა სპანი დიდნი, რათა წარვლონ გზა მშვიდობის და რათა აართვან კახეთი“ („ქართლის ცხოვრება“). დამარცხებულ ქართველ მეფეს თავს მოახვიეს პროვოკაციული წინადადება, მელიქ-შაჰის მიერ „ნაწყალობევი“ კახეთ-ჰერეთის სახით, რომელიც „მწყალობელს“ არ ეკუთვნოდა და რომლის გიორგისათვის ჩუქება ცოცხალი დათვის ტყავის გაყოფას ნიშნავდა. კახეთის დასაპყრობად სულტანმა გიორგი II-ს თურქთა ლაშქარი მისცა და ამ უკანასკნელმა, კახეთის მეფის წინააღმდეგ გაილაშქრა, ვეჟენის ციხეს ალყა შემოარტყა. ამ ალყის დროს, გიორგიმ გაუგონარი უპასუხისმგებლობა გამოიჩინა, კახეთს მიმდგარი თურქები მიატოვა, თვითონ კი, „ხოლო მეფესა გიორგის მოეხსენა ნადირობა აჯამეთისა, არასდროს ზრუნავდის სხუასა, არცა ელოდა აღებასა ვეჟენისასა და კახეთისა, არამედ ლაშქართა თურქთასა, რომელი ჰყვა, მისცა ნიჭად სუჯეთი და ყოველი ქვეყანა იორის პირი კუხეთი, რომელი მოოხრდა მუნ დღეინდელად დღემდე. ხოლო თვით გარდავლო მთა ლიხთა და შთავიდა აფხაზეთად“. ეს ამბავი შესანიშნავი პოლიტიკური ანეკდოტი იქნებოდა, ესეოდენ ტრაგიკული შედეგი რომ არ ჰქონოდა ერისათვის, რომელსაც დიდი ეროვნული ენერგია გააჩნდა და შემოსეული მტრის მოგერიება შეეძლო, ხელისუფლების უთავობის გამო კი, ფიზიკური განადგურების საფრთხის წინაშე აღმოჩნდა... შექმნილ მდგომარეობას ბუნებრივი კატაკლიზმებიც დაემატა, ასეთ დროს, მაორგანიზებლად ვერქცეული მეფისადმი, ქართველ პასიონარებს კომპლიმენტარული დამოკიდებულება ვერ ექნებოდათ. პირიქით, უვარგისი ლიდერი მიუღბელი ხდებოდა, „და დიდმა აზნაურთა წრემ პოლიტიკური გადატრიალება მოახდინა სამეფო კარზე“ (ნ. ბერძენიშვილი). ამის შედეგად, სამეფო ტახტზე უფლისწული დავითი ავიდა „მას ჟამსა იყო ჰასაკითა თექუსმეტისა წლისა, ხოლო ქრონიკონი სამას და ცხრა ამას მარტოდ შობილს გიორგისგან თვით მამამან დაადგა გვირგვინი მეფობისა“ („ქართლის ცხოვრება“).
დავით IV, აღმაშენებლად წოდებული, უდაოდ, ნიჭითა და უნარით ყველაზე გამორჩეული სახელმწიფო მოღვაწეა. მან განახორციელა მანამდის არნახული სახელმწიფოებრივი აღმშენებლობითი ქმედებანი, უპირველეს ყოვლისა, მთელი ციკლი რეფორმებისა: სამხედრო, მმართველი აპარატის, საეკლესიო, სამეურნეო, კულტურულ-საგანმანათლებლო... დავითმა შემოიკრიბა უმეთაუროდ დარჩენილი პასიონარები „ნელ-ნელა შეადგინა ერთგული სამხედრო რაზმები, რომელნიც ძირითადად ყმა მოლაშქრეებისა და წვრილი მსახურეული აზნაურებისაგან შედგებოდა. დავითის რაზმები გუნდ-გუნდ დაყოფილნი თავს ესხმოდნენ ქართლში ჩამომსხდარ თურქებს, ერეკებოდნენ მათ და გაქცეულ და აყრილ მოსახლეობას დაბრუნებისა და მეურნეობის აღდგენის საშუალებას აძლევდა“ („საქართველოს ისტორიის ნარკვევები“) ქართული ჯარი დავით აღმაშენებელმა ოთხ ნაწილად ჩამოაყალიბა: მონა-სპა ანუ, მეფის გვარდია, მეციხოვნენი, საგარნიზონო სამსახურს რომ ეწეოდნენ, ფეოდალური ლაშქარი, რომელიც საგანგებოდ იკრიბებოდა ომის დროს და როქის სპა, - დაქირავებული მეომრებისაგან შემდგარი. დაქირავებული რაზმები თითქმის ყოველთვის არსებობდა ქართულ ლაშქარში, მაგრამ 1118 წელს, 40 ათასი ყივჩაყი ოჯახის საქართველოში ჩამოყვანით, მათი სათანადო გაწვრთნითა და მათთვის დაკისრებული ამოცანით, ამ სტრუქტურას განსხვავებული მნიშვნელობა მიენიჭა. ქართველ ისტორიკოსებს აღნიშნული აქვთ დავით აღმაშენებლის მიერ განხორციელებული ფეოდალური საქართველოს საგანგებო მილიტარიზაციის პოლიტიკა: „ჩვენი აზრით, დავით აღმაშენებლის ეპოქიდან დაიწყო ქართული „სახელმწიფოს გასამხედროება“, „ქართული რეკონკისტი“, ამის გარეშე არ წარმოიდგინებოდა... გასამხედროებული სახელმწიფოს მუდმივ ჯარს თვითგამოკვების პრინციპი ედო საფუძვლად (არმიას თვით უნდა შეექმნა საკუთარი თავის გამოკვებისათვის აუცილებელი დოვლათი)“ (ლოვარდ ტუხაშვილი). ფეოდალური სახელმწიფო ისედაც მილიტარიზებულია, მაგრამ, იმისათვის, რომ მომთაბარე თურქ-სელჯუკთა უზარმაზარ სამხედრო პოტენციალს დაპირისპირებოდა, საჭირო იყო ისეთი სამხედრო სისტემის შექმნა, რომელიც ადექვატური მასშტაბის სამხედრო პოტენციალს გამოიხმობდა. დავით IV-მ ამას, სახელმწიფოს გასამხედროებით მიაღწია.
ამ პოლიტიკას, ცხადია, თავისი უარყოფითი მხარეც ჰქონდა, რამაც, მოგვიანებით იჩინა თავი. მაშინ კი, დავით აღმაშენებელმა შეძლო სახელმწიფოს ისეთი სამხედრო ორგანიზება, რომ შექმნა ძალა, რომელიც წინ აღუდგა მომთაბარე თურქ-სელჯუკთა ეთნიკურ ექსპანსიას, შეაჩერა მათი შემოტევა, შეძლო ფართომასშტაბიან კონტრშეტევით ბრძოლებზე გადასვლა.
სელჯუკებთან პარტიზანული ომის დაწყების პარალელურად მეამბოხე ფეოდალების ალაგმვა დაიწყო. 1097 წელს, ლიპარიტ ბაღვაში ბიზანტიაში გააძევა, - ხოლო, როცა 1103 წელს, რატი ლიპარიტის ძე გარდაიცვალა, მეფემ გააუქმა კლდეკარის საერისთავო. შემდეგ, ჯერი მიდგა ძაგან აბულეთის ძეზე, რომელსაც ქონება ჩამოერთვა, ფეოდალურ რეაქციასთან ბრძოლამ, საერო საქმეებიდან საეკლესიოში გადაინაცვლა, რადგან იქ იყო ფეხმოკიდებული ის არისტოკრატია, რომელმაც X-XI საუკუნეებში, საეკლესიო თანამდებობები მემკვიდრეობით დაისაკუთრა. მათი დიდი ნაწილი პოლიტიკურ დასაყრდენს ქმნიდა მეფის ოპოზიციისათვის, ამავე დროს, ჩანს, ისინი, კეთილსინდისიერად საეკლესიო საქმეებსაც ვერ აგვარებდნენ: „წმინდანი ეკლესიანი, სახლნი ღმრთისანი, ქუაბ ავაზაკთა ქმნილ იყვნეს“ („ქართლის ცხოვრება“). ასეთი შეფასება, მეტყველებს იმ მდგომარეობის შესახებ, ეკლესიაში რომ იყო შექმნილი და რომელიც ვერ გამოადგებოდა მოკავშირედ და მხარდამჭერად გაძლიერების გზაზე შემდგარ სამეფო ხელისუფლებას. „იმუნიტეტმოპოვებულ და გაძლიერებულ ეკლესიას უკვე აღარ აწყობდა ძლიერი საერო ხელისუფლება. სახელმწიფო ცდილობდა ეკლესია თავის მოკავშირედ შეენარჩუნებინა“ („საქართველოს ისტორიის ნარკვევები“). 1103 წელს რუის-ურბნისში ჩატარდა საეკლესიო კრება, რომელმაც, ეკლესიაში მეფის ოპოზიცია, გამოდევნა დაკავებული თანამდებობიდან და იქ, მეფის მომხრეები დანიშნა. ამრიგად, ანტაგონიზმი ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის მოისპო. ხოლო, მწიგნბართუხუცესად ჭყონდიდელი ეპისკოპოსის დანიშვნით, - რაც შემდგომში ტრადიციად იქცა, - მეფეს მიეცა საშუალება, ეკლესიაზე ზემოქმედების მძლავრი ბერკეტი მოეპოვებინა.
ადმინისტრაციული რეფორმა გამოიხატა ბიუროკრატიული აპარატის რეორგანიზაციით, ვაზირთა ინსტიტუტის მნიშვნელობის გაზრდით.
განხორციელდა სასამართლო რეფორმა, შეიქმნა ე.წ. „სააჯო კარი“..
შეიქმნა მსტოვართა ინსტიტუტი, - დაზვერვისა და კონტრდაზვერვის საქმე, სახელმწიფოს უსაფრთხოების მნიშვნელოვან გარანტად იქცა.
საგანგებო ყურადღება მიექცა უმაღლეს განათლებას, დაარსდა გელათის აკადემია. ეს მოხდა 1106 წელს, „ყოვლისა აღმოსავალისა მეორედ იერუსალიმად, სასწავლოდ ყოვლისა კეთილისად, მოძღურად სწავლულებისად, სხვად ათინად, ფრიად უაღრეს მისსა საღმრთოთა შინა წესთა. დიაკონად ყოვლისა საეკლესიოსა შუენიერებისად“.
1104 წელს დავით IV-მ კახეთ-ჰერეთი შემოიერთა.
თავის შინაგან და საგარეო პოლიტიკას დავით აღმაშენებელმა კიდევ ერთი იდეოლოგიური საფუძველი შეუქმნა იმით, რომ მეფეთა ტიტულატურაში ბევრის მთქმელი სიახლე გაჩნდა, კერძოდ, მეფე იწოდებოდა „მესიის მახვილად». ამ ფორმულირებით, დავით IV-ს დეკლარირებული აქვს თავისი მეფობის უმაღლესი პრინციპი, როგორც ნიკო ბერძენიშვილი წერს: „მისი სახით თვით ღმერთი მოქმედებს და ამდენადვე მეფის წინააღმდეგ მოქმედება ღმერთის წინააღმდეგ მოქმედებაა“. ამრიგად, თავისი პოლიტიკური ნების გამოხატვით, ის ღმერთის ნებას ასრულებს... ამას ნიშნავდა ზემოხსენებული ფორმულირება.
ერწუხის ბრძოლაში თურქთა დამარცხებას გარდატეხა შეაქვს მომთაბარეებთან ომში და იწყება დიდი განმათავისუფლებელი ბრძოლა: 1110 წელს აღებულ იქნა სამშვილდე, ამ ფაქტით თავზარდაცემულმა თურქებმა ქვემო ქართლის ბევრი ციხე მიატოვეს. 1115 წელს აიღეს რუსთავი. 1116 წელს თურქი მოთარეშეები გაანადგურეს სამხრეთ-დასავლეთ და სამხრთ-აღმოსავლეთ საქართველოში. 1117 წელს ქართველებმა ილაშქრეს შირვანზე და დაიპყრეს ქალაქი გიში. 1118 წელს აიღეს ლორე, 1119 წელს, ქართველებმა, ქვეყნის სამხრეთით მდებარე თურქული ემირატები დალაშქრეს და როგორც ამბობენ (თამაზ ნატროშვილი), ეს აქცია განხორციელდა იერუსალიმის მეფესთან შეთანხმების თანახმად. 1121 წლის 12 აგვისტოს დიდგორთან, დავით აღმაშენებლის სარდლობით, ქართველთა 55-ათასიანი ლაშქარი ანადგურებს თურქ-სელჯუკთა 300 ათასიან კოალიციურ ლაშქარს.
1122 წელს, განთავისუფლებულ იქნა და, სამუდამოდ საქართველოს დაუბრუნდა თბილისი. 1123 წელს აიღეს დმანისი, იმავე წელს ილაშქრეს შირვანში. ამის შემდეგ დავით IV იწყებს დანარჩენი ამიერკავკასიის განთავისუფლებას თურქთაგან. 1124 წელს კი, „მოვიდეს მწიგნობარნი ანელთა თავადთანი და მოახსენეს მოცემა ქალაქისა“ და შემოიერთეს ანისი.
დავით აღმაშენებელმა, არა მარტო მოიგერია მომთაბარე თურქ-სელჯუკთა ეთნიკური ექსპანსია, განდევნა ისინი და გააერთიანა საქართველო, არამედ საფუძველი ჩაუყარა კავკასიური მასშტაბის ქართული იმპერიის შექმნას. ამისკენ არის მიმართული მისი ძალისხმევა, და გამოიხატა იმ შედეგებში, რაც მის მიერ გატარებულმა რეფორმებმა მოიტანეს: ტოლერანტობის სახელმწიფო პოლიტიკის რანგში აყვანამ, ურთიერთობამ ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებთან, ყივჩაღებთან, ჯვაროსნებთან, ყველა ნაბიჯი ამ მეფისა, მიმართული იყო დიადი მიზნის მისაღწევად, დაწყებული, თუნდაც ბიზანტიურ ტიტულებზე (ქართველ მეფეებს ვასალური დამოკიდებულების ნიშნად უხვად რომ ურიგებდნენ კონსტანტინეპოლელი იმპერატორები: მაგისტროსი, კურაპალატი, სევასტოსი, პანიპერსევასტოსი, ნევილისიმოსი) უარის თქმით და დამთავრებული იმ საკადრო პოლიტიკით, რომელმაც, გარდა ისტორიული წყაროებით ცნობილი რამდენიმე პიროვნებისა, ძალიან ბევრი, მაგრამ ჩვენთვის უცნობი ადამიანი გამოიყვანა სახელმწიფო ასპარეზზე, მისცა მათ შესაძლებლობათა რეალიზების საშუალება, ანუ, მოიხმო აქამდის მოუხმობელი პასიონარები და მათთან თანამშრომლობით, ომისა თუ აღმშენებლობის დროს წარმოუდგენლად დიდი შედეგები მიიღო, რაღაც ტიტანური შრომა და ახალი სახელმწიფო სისტემის შექმნა დასჭირდა. ეს უკვე ნახსენები „სახელმწიფოს გასამხედროებაა“, სისტემა, რომელიც დავით აღმაშენებლის წინაშე მდგარი უმთავრესი ამოცანის გადაწყვეტის ეფექტურ საშუალებად იქცა და მისი მემკვიდრეების დროსაც, გარკვეული დროის მანძილზე ეფექტურად მოქმედებდა, „მაგრამ მთელი ქვეყნის გასამხედროება არ შეიძლება მუდმივი ყოფილიყო. სოციალური განვითარება აიძულებდა ზედნაშენს ბაზიზს გასწორებოდა, დავით აღმაშენებელმა სცადა შეეჩერებინა გლეხთა მიწაზე დამაგრების პროცესი, „შეწყალების ინსტიტუტით» გააფართოვა პირობითი მიწათმფლობელობა, მაგრამ მოსაკარგავე აზნაურები უკვე მეორე თობაში გადაიქცნენ ტიპიურ მემამულეებად. სახელგანთქმულ ქართველ მეფეს თავისი რეფორმატორული ბუნების, ორგანიზატორული ნიჭისა და ზღვა ენერგიის მიუხედავად, არ შეეძლო შეეფერხებინა ბატონყმობის განვითმარება. პირიქით, ობიექტურად, საქართველოს გაერთიანებით, მისი განთავისუფლებით, დიდ სავაჭრო მაგისტრალებზე გასვლით, მან ხელი შეუწყო ობიექტურად სოციალურ პროგრესს... მომდევნო ხანაში გასამხედროებული სახელმწიფო ნელ-ნელა ვითარდება სავაჭრო კაპიტალის მქონე ფეოდალურ ქვეყნად ბიუროკრატიული სამოქალაქო მმართველობით. ეს პროცესი ბუნებრივია მეტად მტკივნეული იყო, სწორედ ამიტომ გიორგი III აუჯანყდებიან დიდებულებიც (ივანე ორბელის აჯანყება), ეკლესიაც (მოითხოვს შეუვალობას), ლაშქარიც (მოითხოვს სარგოს ან სარგოს მოპოვების საშუალებას). გიორგი III სამივე მოთხოვნა დააკმაყოფილა: 1. ივანე ორბელის საგვარეულოს დასჯის ფონზე დიდი პრივილეგიებით აღჭურვა არისტოკრატია (მოსალოდნელია სწორედ ამ პერიოდში ჩაეცა მახვილი პირობით მიწათმფლობელობას, რამაც მსხვილი სენიორების შეუვალობა მოამზადა თამარის ეპოქაში); 2. „გაახსენდა“ ეკლესიის ადრინდელი, „თავისუფლებანი“ და მიანიჭა შეუვალობა; 3. „ლაშქარს“ დაერთო რბევის ნება, მაგრამ რადგან ეს გამოსავალი არასაიმედი იყო, მათი მომარაგების ფუნქცია ხელში აიღო სახელმწიფომ“ (ლოვარდ ტუხაშვილი).
სამხედრო-პოლიტიკური სისტემა, რომელმაც ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა მოაგვარა და, ამავე დროს, საფუძვლად დაედო კავკასიური მასშტაბის იმპერიის შექმნას, თითქმის მთელი საუკუნე ამართლებდა თავის დანიშნულებას, თუმცა, უკვე ნახევარი საუკუნის შემდეგ, იწვევს კრიზისს, რომელიც შემდეგი ნახევარი საუკუნის შემდეგ კიდევ უფრო აშკარა გახდა. ამისი მიზეზი, საპირისპიროდ ციტირებული მოსაზრებისა, ის იყო, რომ ქვეყნის ზემოხსენებული გასამხედროება, ანუ მეტისმეტი მილიტარიზაცია საქართველოს შიდა განვითარების პროცესის დამაბრკოლელად იქცა, მაგრამ, თავიდან, ასე სულაც არ ჩანდა...
დავით აღმაშენებელი 1125 წლის 26 იანვარს გარდაიცვალა. იმავე წელს, ტახტზე მისი ძე, დემეტრე I ავიდა და ერთი შეხედვით, დავითის პოლიტიკა გააგრძელა. დემეტრე იპყრობს დმანისს და ხუხანს. 1130 წელს ამარცხებს მის წინააღმდეგ გამოლაშქრებულ ხლათის სულთანს. 1131 წელს აღებულ იქნა გარნისი, 1138 წელს აღებულ იქნა განძა. განსაკუთრებით დიდი ბრძოლები ანისისათვის მიმდინარეობდა, რაც სომხეთისათვის ბრძოლის ცენტრალური ეპიზოდი იყო და, - ნაწილი, - კავკასიისათვის დაწყებული ბრძოლისა, და ამის წარმატებულად წარმართვას, გვარიანად შეუშალა ხელი შიდა ოპოზიციამ, რომლის მოქმედება დესტაბილიზაციას იწვევდა სახელმწიფოში, ხელისუფლების ყურადღება საგარეო პოლიტიკიდან საშინაოზე გადაჰქონდა: 1130 წელს დემეტრე I-ს შეთქმულება მოუწყვეს უმცროსმა ძმამ და დიდმა ფეოდალებმა. დემეტრემ მოახერხა და შეთქმულები შეიპყრო, უფლისწულს თვალები დასთხარეს, ივანე აბულეთის ძე კი, - მოგვიანებით, მეფემ მოაკვლევინა. შიდა ოპოზიციის შემდგომი გამოსვლა 1150 წელს მოხდა, როცა დემეტრე I-ის უფროსი ვაჟი, დავითი, ფეოდალთა დახმარებით ცდილობს ტახტის ხელში ჩაგდებას. შვილთან დაპირისპირებული დემეტრე I, 1154-55 წლებში, მეფობას თავს ანებებს და ბერად აღიკვეცება. სამეფო ტახტზე დაჯდა დავით V, რომელმაც თავიდანვე დემეტრე I-ის საშინაო პოლიტიკის საწინააღმდეგო ქმედებებით დაიწყო მეფობა. კერძოდ, ივანე აბულეთის ძის შვილი თირქაში, ციხიდან და გაანთავისუფლა ამირსპასალარად დანიშნა. დავით V-მ სულ 6 თვე იმეფა და გარდაიცვალა. თუმცა, არის შემონახული სომეხი მემატიანის, ვარდანის მოსაზრება, რომ ის, შესაძლოა, გიორგი უფლისწულის სურვილით მოკლეს, სუმბატ და ივანე ორბელებმა. შემდეგ, გიორგი უფლისწული გამეფდა, რადგან, დემეტრე I მას ანიჭებდა უპირატესობას, იყო „მარჩეველი ძისა უმცროსისა“ („ქართლის ცხოვრება“). გიორგი მამის თანამოსაყდრე გახდა, ხოლო 1156 წლიდან, დემეტრე I-ის გარდაცვალების შემდეგ, ერთპიროვნულად მეფობს გიორგი III სახელით. გიორგის დროს კვლავ გაგრძელდა ბრძოლა სომხეთისათვის და მისი მთავარი ქალაქის, ანისის შესანარჩუნებლად. 1161 წელს გიორგიმ ანისის მმართველი ფალდონი განდევნა ქალაქიდან და ის, იოანე ორბელს ჩააბარა. ამის საპასუხოდ, მუსლიმან მმართველთა კოალიცია დაიძრა შაჰ არმენ იბრაჰიმ ნასირ-ადდინ-სუკმან II-ის, დიარბექირის მმართველის, კუტადადდინ ილღაზი არდონის-ძის და არზრუმის მთავრის, ალ-მელიქ სალტუხის მიერ ორგანიზებულ ამ ძალას, ქართველები ორგანიზებულნი დახვდნენ და დაამარცხეს. ორი ათასი მეომარი ტყვედ ჩაიგდეს, მათ შორის, 6 მთავარი და 150 ამირა. 1162 წელს, ქართველებმა დვინის მფლობელის ჯარი დაამარცხეს და ქალაქი აიღეს. 1163 წელს, ქართველები მარცხდებიან ილდიგუზ ათაბაგის ჯართან ბრძოლაში. 1167 წელს, საქართველოს ყმადნაფიცი შირვანშაჰის სამფლობელოებს, ჩრდილოეთიდან საფრთხე დაემუქრა, - რაც ქართული ლაშქრის მიერ იქნა ლიკვიდირებული და ქალაქები, შაბურანი და დარუბანდი, - აღებული.
1173 წელს ანისი შემოუერთდა საქართველოს.
საგარეო წარმატებებმა ვერ გაანელა შიდა წინააღმდეგობანი. ფეოდალური არისტოკრატია გასაოცარ გაუმაძღრობას ავლენს და მისი მადის სულ მცირე დაუკმაყოფილებლობაც საკმარისია, რომ მიზეზი იპოვონ და ცენტრალურ ხელისუფლებას აუჯანყდნენ: ივანე ორბელი გიორგი უფლისწულის მომხრე იყო და შესაბამისად, დავით V მიმართ ეს ოპოზიციურად განწყობილი. მას ერთგულება იმით დაუფასეს, რომ ამირსპასალარად დანიშნეს. ამას გარდა, ის დავით V-ეს ობლად დარჩენილი ვაჟის, დემნა უფლისწულის გამზრდელიც გახდა და მოგვიანებით, დემნას თავისი ქალიშვილიც მიათხოვა. მართალია, უფლისწულის არასამეფო გვარის წარმომადგენელზე დაქორწინებით ტრადიცია ირღვეოდა და დემნას მეფობისაკენ მიმავალ გზაზე დაბრკოლებები ექმნებოდა, სამაგიეროდ, ივანე ორბელის ამბიციები კმაყოფილდებოდა, რომელიც აშკარად იმაზე მეტი იყო, ვიდრე, თუნდაც, ყველაზე აღზევებულ ფეოდალს უნდა ჰქონოდა. როგორც ჩანს, ორბელს სურდა, ყოფილიყო დამოუკიდებელი მმართველი, ან, სულ ცოტა, საქართველოს ვასალური სახელმწიფოს მეთაური. ამისათვის ის ცდილობდა, ლორე-ტაშირის ოლქისათვის, - რომელსაც ის ამირსპასალარის უფლებებით მართავდა, - მიეერთებინა ანისიც, რაც 1174 წელს მოახერხა კიდეც, ხოლო როცა საწადელს მიაღწია, დაიწყო აშკარად სეპარატისტული ქმედებანი. ამას მოჰყვა ანისის დაკარგვა. ამის შემდეგ სხვა გზით სცადა განდიდება, 1177 ორბელთა კლანმა გიორგი III-ის წინააღმდეგ, მისი დამხობისა და დემნა უფლისწულის გამეფების მიზნით, აჯანყება წამოიწყო. ამ საქმეში ივანე ორბელს მიემხრნენ: ივანე ვარდანის ძე, შოთა ძე ართავაჩოსძისა, ქართლის ერისთავი სუმბატ ლიპარიტის ძე, ანანია დვინელი, დიდი გამრეკელი, მხარგრძელი, მეჯინიბეთუხუცესი ქავთარ ივანეს ძე, მემნა ჯაყელი, ჰასან კაენის პატრონი, გრიგოლ ანელი აპირატის ძე. ამბოხებულებს უცდიათ უცხო ძალების ჩართვა შიდა ქართულ კონფლიქტში და დახმარება შაჰ-არმენს და ათაბაგ ელდიგუზისძეს სთხოვეს, მაგრამ, საერთაშორისო მხარდაჭერა ვერ მოიპოვეს. მიუხედავად იმისა, რომ ამბოხებულებს 30 ათასამდე მეომარი მოუგროვდათ, აქტიური მოქმედება მაინც ვერ დაიწყეს, რადგან ჩანაფიქრი საიდუმლოდ ვერ შეინახეს, ამიტომ, გიორგი III-ის მოულოდნელად შეპყრობა ვერ შეძლეს, - მეფემ თბილისში შეასწრო შეთქმულებს და ერთგულ ძალებს მოუყარა თავი. ყივჩაღთა მუდმივი ლაშქრის მეთაურმა ყუბასარმა 500 მეომარი მიაშველა მეფეს. როგორც კი გაძლიერდა, გიორგი III-მ შეუტია კოჯორთან მდგარ მეამბოხეებს, ისინიც ლორეს ციხეს შეეფარნენ. შეთქმულება ვეღარ განვითარდა და მალე ამბოხებულთა ბანაკი დაიშალა: მათი ნაწილი ადრევე მიუვიდა მეფეს, ნაწილი კი, - დანებდა. დამნაშავეები სასტიკად დასაჯეს, დემნა უფლისწულს თვალები დასთხარეს და დაასაჭურისეს, - რის შედეგადაც ის გარდაიცვალა, ივანე ორბელს თვალები დასთხარეს, სიკვდილით დასაჯეს მისი ძმები, მეამბოხეთა ნაწილი საქართველოდან გააძევეს, ქონება ჩამოართვეს. ძველ დიდებულთაგან ბევრი დაემხო, აღზევდნენ ახლები. გიორგი III-ის ერთგულმა, ნაყივჩაღარმა ყუბასარმა, ამირსპასალარობა მიიღო, აზნაურის ნაყმევს აფრიდონს მსახურთუხუცესობა და ერისთავთ-ერისთაობა ებოძა.
მალე გიორგიმ, რომელსაც ვაჟი არ ჰყავდა, თავისი ქალიშვილი თამარი მეფედ აკურთხა „თანადგომითა ყოველთა პატრიარქთა და ეპიზკოპოსთა დიდებულთა ამერ-იმიერთა, ვეზირთა და სპასალართა და სპასპეტთა“. ეს ერთიანობა და ერთგულება მონარქიის მიმართ მოჩვენებითი იყო, გარდაიცვალა თუ არა, გიორგი III, ფეოდალურმა არისტოკრატიამ დაიწყო ბრძოლა ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად. ჯერ, ეცადნენ, დაუფლებოდნენ ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესის თანამდებობას, რომელიც მაშინ ანტონ გნოლის ძეს ეჭირა. ამ უკანასკნელს, კახაბერისძეთა კლანის წევრებმა, ორი ძმა მოუკლეს, საბოლოოდ, ამ უპირველეს სავაზიროს, მიქაელ კათალიკოსი დაეპატრონა. გიორგი III-ის დროს შეუვალობა მოპოვებული ეკლესია ახლა უკვე საერო ხელისუფლებას ებღაუჭებოდა, ესეც ფეოდალური რეაქცია იყო. დიდგვაროვნები მოითხოვდნენ, წინა მეფობაში აღზევებულ მდაბიოთა თანამდებობებიდან გადაყენებას. ამ მოთხოვნებს ემსხვერპლნენ ამირსპასალარი ყუბასარი და მსახურთუხუცესი აფრიდონი. ფეოდალურ საქართველოში ასე აღზევებულებს სოციალური დასაყრდენი არ აღმოაჩნდათ, ისევე როგორც ყუთლუ-არსლანის დასის გამოსვლას და მათ მოთხოვნებს. საქმე ის არის, რომ ისინი ითხოვდნენ რა „კარვის დადგმას“ ანუ საკანონმდებლო ხელისუფლებით აღჭურვილი ორგანოს შექმნას, ამით ზღუდავდნენ მეფის ძალაუფლებას და მას მხოლოდ აღმასრულებელ ხელისუფლებას უტოვებდნენ, მაგრამ ამ რევოლუციურ მოთხოვნებს, რევოლუცია არ მოჰყოლია...
თამარმა ძალაუფლების შენარჩუნეა მოლაპარაკების გზით სცადა და ნაწილობრივ, შედეგსაც მიაღწია...
ასე გამოირკვა, რომ არ ყოფილა რევოლუციური სიტუაცია, თუნდაც ისეთი, როგორიც იყო 1215 წელს ინგლისში, როცა ბარონებმა, რაინდებმა, ქალაქ ლონდონის მოსახლეობას მეფე იოანე უმიწაწყლოს „თავისუფლების დიდ ქარტიაზე“ ხელი მოაწერინეს, რომ არაფერი ვთქვათ, 1265 წლის ამბებზე, როცა სიმონ დე მონფორის თაოსნობით ბარონება და რაინდებმა დაამარცხეს ინგლისის მეფე ჰენრიხ III, შეზღუდეს მისი ძალაუფლება და დააარსეს პარლამენტი...
თამარმა, მაშინდელ ქართულ საზოგადოებაში ცნობილი ორი ქალბატონის - ხუაშაქ ცოქალის და კრავაი ჯაყელის მეშვეობით, მოლაპარაკება აწარმოა. „შეთანხმება ურთიერთდათმობით გახდა შესაძლებელი. თამარმა შეუთვალა, რომ ყუთლუ-არსლანის გარდა, დატრიალებული ამბის პასუხს, ის არავის მოსთხოვდა. ამასთანავე, თამარი დათანხმდა, რომ ამიერითგან მას საქართველოს დიდებულთა თანადგომითა და ერთნებობით გადანაწყვეტი წარსდგენოდა ხოლმე დასამტკიცებლად. დასის წარმომადგენლებმა თავიანთ მხრივ აღიარეს, რომ ისინი ერთგულებას განუცხადებენ თამარ მეფეს, დაემორჩილებიან და მის ხელისუფლებას ცნობენ. ამრიგად, თამარ მეფემ დარბაზის თანადგომის ე.ი. სახელმწიფოს საქმეების განხილვა-გადაწყვეტის მონაწილეობის უფლება აღიარა, მაგრამ სამაგიეროდ უარყო, რომ მეფეს ამ დადგენილების ასრულების გარდა სხვა აღარავითარი ხელისუფლება არ ჰქონდა: თავისთვის მან დამტკიცების უფლება შეინარჩუნა. მართლაც, ამ დროითგან მოყოლებული, ქართულ საისტორიო წყაროებში ყოველ ცნობას დიდი თანამდებობის პირთა დანიშვნის შესახებ ისეთი გამონათქვამები ახლავს, რომელთა კვალი წინანდელ საისტორიო ძეგლებში არსად ჩანს. ასეთ შემთხვევაში უკვე ნათქვამია ხოლმე „თანადგომითა და ერთნებობითა დიდებულთა შვიდთავე სამეფოთა“ თამარმა დაამტკიცა ესა და ეს პირიო“ (ივ. ჯავახიშვილი).
თამარის ამ კომპრომისული გადაწყვეტილეებით, სათავე დაედო და, შემდეგ „ჩამოყალიბდა ახალი პოლიტიკური დოქტრინა - თამარისეული სათნოება, ანუ თანამშრომლობითი პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივი კონცეფცია. ახალმა მოძღვრებამ გადატრიალება გამოიწვია, როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკაში» (ლ. ტუხაშვილი). ასე განვითარდა ის პროცესი, რომელიც ყუთლუ-არსლანის დასის გამარჯვების შემთხვევაში, შეიძლებოდა, განვითარებულიყო სოციალურ-პოლიტიკურ რევოლუციად, და თამარისეული პოლიტიკის შედეგად, განვითარდა, - ზნეობრივ-პოლიტიკურ რევოლუციად, რომლის წყალობითაც ეტაპობრივად დამკვიდრდა შინაგანი მშვიდობა, თანამშრომლობა, ეს იყო ახალი მაორგანიზებელი პრინციპებისა და მეთოდების დამკვიდრება. ქვეყნის შიგნით სამართლიანობა იქნა აღდგენილი, კერძოდ: მიქაელ კათალიკოს-პატრიარქს ჩამოართვეს ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესის თანამდებობა, რომელზეც აღადგინეს ანტონ გნოლის ძე, ხოლო მისი ძმების მკვლელი კახაბერისძეები დააპატიმრეს და ექსორია უყვეს.
თამარმა თავისი ხელისუფლება იმითაც განამტკიცა, რომ ვაზირთა დამტკიცებისას, ბევრი სამეფო ხელისუფლების ერთგული პირი გაიყვანა „მაინცა და მაინც ახალ გავეზირებულთაგან უმეტესობა გიორგი III ნაცადი და ერთგული მოხელეები იყვნენ, მისი პოლიტიკისა და მიმართულების მომხრენი“ (ივ. ჯავახიშვილი).
ამის შემდეგ თამარს შეურჩიეს საქმრო. ეს ქმედება მაშინდელი ფეოდალური არისტოკრატიის მიერ საერთაშორისო მდგომარეობის ხედვის თავისებურ მაგალითს წარმოადგენს... კრებაზე, სადაც ეს საკითხი ირჩეოდა, ქართლისა და თბილისის ამირას, აბულასანს ასეთი წინადადება წამოუყენებია: „მე ვიცი შვილი ხელმწიფისა ანდრია დიდისა რუსთ მთავრისა, რომელსა მონობენ სამასნი მთავარნი რუსთანი... იგი მცირე დარჩომილი მამისაგან, ექსორია ქმნით დევნული გარდმო(ი)ხუეწა ბიძისა სავალათად სახელ-წოდებულისა-გან და არს იგი ყივჩაყთა მეფისა სუნჯისა ქალაქსა“ („ქართლის ცხოვრება“). ამ წინადადებაში ძნელია საღი აზრის პოვნა, უპატრონოს და დევნილს თავის სამთავროში, ქართველები რომ ვერ აღადგენდნენ და ამით რაიმე სიკეთეს თავისთვის ვერ ნახავდნენ, ეს ცხადი იყო, რაში სჭირდებოდათ ასეთი უფლისწული, - გაუგებარია. ყურადსაღებია ივანე ჯავახიშვილის მოსაზრება, რომ: „საგანგებოდ შეკრებილ საბჭოს, როგორც ეტყობა, ეს წინადადება მოსწონებია ალბათ იმიტომ, რომ რუსები ქართველებსავით მართლმადიდებელი ქრისტიანები იყვნენ და თანაც სასიძო თუმც გადმოხვეწილი, მაინც ძლიერი ხელმწიფის შვილად ჰყავდათ წარმოდგენილი, მაშასადამე, თამარის საკადრისად ეჩვენებოდათ“. უსახლკარო სასიძო რომ ძლევამოსილი ქვეყნის შვილად მიიჩნიეს, ეს, ვფიქრობ რელიგიური სნობიზმის შედეგი იყო, რომელმაც, ქართველებს, ობიექტური შეფასების უნარი წაართვა და სრულიად უცნობი პიროვნება, როგორც შემდეგ გაირკვა, ჰომოსექსუალისტი, თამარს ქმრად მოუყვანეს... და რომლის მოშორება მალევე გახდა საჭირო... 1188 წელს, თამარს უკვე სხვა ქმარი, დავით სოსლან-ბაგრატიონი ჰყავს. გიორგი რუსმა, 1191 წელს, სცადა საქართველოში დაბრუნება და თავისი უფლებების აღდგენა, გასაოცარი სისწრაფით გადავიდა მის მხარეზე ქართული არისტოკრატიის მოზრდილი ნაწილი, რომლებიც ამ ღალატის საფასურად, „ან პოლიტიკური უფლებების დათმობას ელოდებოდნენ, ან კერძო სარგებლობას“ (ივ. ჯავახიშვილი). საქართველოში, ნამდვილი შიდა ომი გაჩაღდა, რომელიც თამარის გამარჯვებით დამთავრდა. 1193 წელს გიორგი რუსი კვლავ გამოჩნდა საქართველოს საზღვრებთან, მაგრამ, დამარცხდა და ამის შემდეგ, - აღრ გამოჩენილა.
მოწესრიგდა თუ არა შიდა სახელმწიფოებრივი ცხოვრება, იწყება წარმატებული საგარეო ომები - უკანასკნელი ფაზა კავკასიური იმპერიის შექმნის საუკუნოვანი ეპოპეისა. 1192-1193 წ. ტახტის მემკვიდრის დაბადების აღსანიშნავად, ქართველებმა ილაშქრეს ბარდავს, შემდეგ არზრუმს, გულაქუნისაკენ. დალაშქრეს ხაჩენი, არეზის პირის ტერიტორიები და დიდი ნადავლით დაბრუნდნენ. ასევე გამარჯვებით დასრულდა 1193-1194 წლებში ზაქარია და ივანე მხარგრძელების მეთაურობით, ლაშქრობა, „მორბევად რახსის პირისა“. სომხეთში წინსვლისას გაანადგურეს იქაურ მეკობრეთა ბანდები. შემდგომ, გორაღაუქი მოარბიეს და დიდი ნადავლით დაბრუნდნენ შინ. სამხედრო წარმატების თვალსაზრისით გარდამტეხი იყო 1195 წლის შამქორის გამარჯვება, შამქორისა და განძის აღება, შირვანში საქართველოს პოზიციების განმტკიცება. 1196 წელს ილაშქრეს და გელაქუნ-ამბერლი შემოიერთეს. ეს პოლიტიკა, მოგვიანებით, ინტენსიურ ხასიათს იძენს: 1199 წელს შემოიერთეს ანისი, 1201 წელს ბინჯისი, 1203 წელს დვინი. ამ მოვლენათა პარალელურად, მცირე აზიაში, თურქ-სელჯუკთა სულთანი რუქნ ად-დინ სულეიმან შაჰი ძლიერდება „უმაღლესი იყო სხუათა ყოველთა სულთანთა, რომელი მთავრობს დიდსა საბერძნეთსა, ასიასა და კაბადუკიასა, ვიდრე პონტოდ ზღუამდე“. გაძლიერებული სულთანი, ქართველთა მიერ დამარცხებული თურქების ინტერესების დამცველად იწყებს გამოსვლას და, თავის უპირველეს მოწინააღმდეგეებად ქართველებს მიიჩნევდა, ამიტომ 1202 წელს დიდი ლაშქრით საქართველოსაკენ დაიძრა და ბასიანის ველზე დაბანაკდა; იქედან გამოუგზავნა, ელჩის ხელით, თამარს უკიდურესად ამბიციური და უზრდელური წერილი, რომელშიაც ისიცაა ნათქვამი, რომ: „უკეთუ მეფემან თქვენმან დაუტეოს სჯული, იპყრას სულტანმა ცოლად, და უკეთუ არა დაუტეოს სჯული, იყოს ხარჭად სულტნისა“ („ქართლის ცხოვრება“). ამ სისულელის თქმისათვის იყო,ზაქარია მხარგრძელმა სილა რომ გააწნა ელჩს. საპასუხო წერილში თამარი წერდა: „შენ ოქროს მევირეთა სიმრავლისად მინდობილ ხარ, ხოლო მე არცა სიმდიდრეს და არცა ძალსა სპათა ჩემთასა, არამედ ძალსა ღმრთისა ყოვლისა მპყრობელისასა და ჯუარისა წმინდისა, რომელი შენ ჰგმე. აწ წარმომივლინა ყოველი მხედრობა ჩემი წინამოგებებად შენდა“. წერილს, საქართველოს ლაშქარი მიჰყვა და თურქთა ბანაკზე, რომელთაც თავიანთი მრავალრიცხოვნებით გათამამებული რუქნ ად-დინის მეომრები არ იცავდნენ („არა უდგა დარაჯნი სულტანსა“) მოულოდნელად მიიტანეს იერიში და დაამარცხეს ისინი. რუქნ ად-დინ სულეიმან შაჰმა გაქცევით უშველა თავს და მალე, ბოღმისაგან გარდაიცვალა... 1204 წელს, ქართველები იპყრობენ სამხრეთ აღმოსავლეთ შავი ზღვისპირეთს და ქმნიან ტრაპიზონის იმპერიას. იქ, ტახტზე საქართველოს სამეფო კარზე აღზრდილი ალექსი კომნენოსი დასვეს. 1204-1206 წლებში მიმდინარეობდა ომი ხლათისათვის, 1208-1209 წლებში გაგრძელდა ომი ხლათის დასამორჩილებლად, აიღეს არჭეში, შემდეგ ილაშქრეს არდაბელს, - იქაური სულთნის ანისზე ლაშქრობის საპასუხოდ. 1211 წელს ილაშქრეს ირანს და რომ-გურს მიაღწიეს. 1213 წელს, თამარის გარდაცვალების წლისათვის, ქართველთა კავკასიური იმპერია, მცირე აზიის უძლიერესი სახელმწიფოა. ეს არის ყველაზე დიდი ძლიერების ხანა საქართველოს ისტორიაში.
ასეთია, საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარი მეორე პასიონარული ბიძგის შემდგომ, გასული თხუთმეტ საუკუნოვანი ისტორიის მოკლე მიმოხილვა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ხნის მანძილზე მომხდარ ამბებს წყაროები ფრაგმენტულად აშუქებენ, მაინც ნათლად წარმოჩინდება ის გაუსაძლისი ზეწოლა, რასაც ქართველი ერი განიცდიდა მეზობელი ხალხებისაგან. და მაინც, ეს იყო ზეაღსვლის ხანა: მოსახლეობა ქმედითია, სოციალურად აქტიური, ამიტომ, ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა ქართველთა ცხოვრებაში, - იქნებოდა ეს სახელმწიფოს ჩამოყალიბება, დამწერლობისა და კალენდრის შემუშავება, ზეპირსიტყვიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების განვითარება, ჯერ რელიგიის დამკვიდრება, მერე მისი შეცვლა ისევე, როგორც დამკვიდრება და შეცვლა სოციალური ფორმაციისა, - ერის შინაგანი განვითარების შედეგად მოხდა. ამასთან, აშკარაა ისიც, რომ ეს პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობდა, როცა პასიონართა რიცხვი დიდი იყო და, ექსტენსიური ხდებოდა მაშინ, როცა ეთნოსში მათი რაოდენობა მცირდებოდა, ხოლო სუბპასიონართა რაოდენობა, - იზრდებოდა...
ერთი თვალის გადავლებით, შეიძლება, ვერც განასხვაო, ჩვენი ისტორიის ის ეტაპები, როცა პასიონართა ხვედრითი წონა ერში მატულობს, ან კლებულობს... ამას, საგანგებო დაკვირვება სჭირდება: ზემოხსენებული თხუთმეტი საუკუნის მანძილზე, უამრავი გმირი გვყავდა სამშობლოსა და რწმენისათვის თავდადებული, უამრავი პასიონარი იღწვოდა ფარნავაზისა და მისი მემკვიდრეების გვერდით, ებრძოდნენ სელევკიდთა, პონტოელთა და სომეხთა ჯარებს, ბევრი შეაკვდა რომაელთა ლეგიონებს, პართიელთა კავალერიას, ირანელებს, ოსებს, ხაზარებს, არაბებს. რწმენისათვის მოწამებრივი სიკვდილით აღესრულენ შუშანიკიც, აბოც, გობრონიც, დავითი და კონსტანტინე და მრავალი სხვა, ვისი სახელიც ისტორიას არ შემორჩენია. ქართველმა პასიონარებმა შეაჩერეს თურქ-სელჯუკი ასიმილატორები და კავკასია ეთნიკური სახის დაკარგვისაგან იხსნეს. ბევრჯერ მოსულა სისხლის წვიმები საქართველოში, მაგრამ აშკარა იყო ზეაღმავალი პროცესი, აღმშენებლობის ტენდენცია, შემოქმედებითი მისწრაფება განსხეულდა ურიცხვ მატერიალურ თუ კულტურის ძეგლებში. უაღრესად რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, ქართველმა ერმა პროგრესის გზით სვლა შეძლო, იმიტომ, რომ ანტიეგოისტები სათანადო ზეგავლენას ახდენდნენ ეგოისტებზე, და ეროვნული ენერგიის ძალუმად გამოვლენას უწყობდნენ ხელს. საპირისპირო პროცესს აქვს ადგილი XIII საუკუნიდან; მიუხედავად იმისა, რომ სამშობლოს სიყვარულისა და თავდადების რამდენიც გნებავთ, იმდენი მაგალითია შემდგომი ხუთი საუკუნის მანძილზე, - გავიხსენოთ ხვარაზმელთაგან მოკლული შალვა ახალციხელი და იმავე ჯალალედდინის მიერ მუსლიმანობის არმიმღები ქართველების ამოჟლეტა, გავიხსენოთ ცოტნე დადიანი, დიმიტრი თავდადებული, ბირთვისის ციხის დამცველნი, თემურ-ლენგის დროს, ქეთევან წამებული და ცხრა ძმა ხერხეჯლიძე. ეს სახელები, მხოლოდ ცალკეული რგოლებია პიროვნულ და კოლექტიურ გმირობათა უწყვეტი ჯაჭვისა, ხსენებული ხუთი საუკუნის მანძილზე რომ გაჭიმულა.
განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ ყველაფერი ის, რაც გადაიტანა ქართველმა ერმა XIII საუკუნემდე, აღმავალი ცხოვრების ფონზე ხდებოდა: ჩვენ ვმკვიდრდებოდით, ვვითარდებოდით, ვძლიერდებოდით, ვიღვწოდით, - იმპერიის შესაქმნელად. XIII საუკუნიდან სრულიად საწინააღმდეგო რამ ხდება: ვკნინდებით, ვსუსტდებით, ვიქსაქსებით და ბოლოს, ვკარგავთ დამოუკიდებლობას. ამასთან, საგრძნობლად იცვლება ქართველთა ქცევის სტერეოტიპი. თუ ადრე ძალუმად ვლინდება ალტრუიზმი, შემდეგ, ყურადღებას იქცევს ეგოიზმი, - რაც საფუძველი ხდება უამრავი „შინაგაცემისა“. ეგოისტურ მისწრაფებებს ავლენდნენ ყველა სოციალური ფენის წარმომადგენლები და ცხადია, პირველ რიგში, არისტოკრატია.
XIII საუკუნის დასაწყისისათვის შექმნილ საერთო ატმოსფეროს, არც მონარქი არღვევს. მეფე ლაშა-გიორგის პირადი ცხოვრება, მისი თავდავიწყებული სიყვარული ველისციხელი გათხოვილი ქალისადმი ამისი დადასტურებაა. „ქართული სახელმწიფო სამართალი და წესი მეფეს ნებას არ აძლევდა თავისი ქვეშევრდომი ქალი შეერთო. მას უნდა თანამეცხედრედ მეზობელ მეფეთა ასული მოეყვანა, ამასთანავე საქართველოს მეფეთ-მეფეთა გვარეულობის რძლობის ღირსი (იხ. ქ-ლ სამართლის ისტორია I, სახელმწიფო სამართალი). მეფის პირადი გრძნობა სახელმწიფო სამართლის ამ დებულებაზე უფრო ძლიერი იყო...“ (ივანე ჯავახიშვილი). ძლიერმა სიყვარულმა ქნა ის, უპასუხისმგებლობა რომ მოგვიანებით, ქვეყანა ორად გაიყო და ორმეფობა დაიწყო...
ეგოიზიმით ნაკარნახევი, მეორე დიდი უპასუხისმგებლობა ლაშას შემდგომ გამეფებული მისი დის, რუსუდანის საქციელია, - ჯალალედინის მოახლოვებისთანავე თბილისიდან რომ გაიქცა, ამით ქალაქის დამცველთა დემორალიზება გამოიწვია და ხელი შეუწყო მტრის გამარჯვებას. პიროვნული ეგოიზმი ყოველთვის ამჩნევს ისტორიას თავის კვალს, - განურჩევლად ისტორიული პერიოდისა: ეგოისტები ცდილობდნენ დაემხოთ საურმაგი და საწყის ეტაპზე პრობლემას უქმნიდნენ იბერიას; ეგოისტი იყო უფლისწული რადამისტი და მის შეუკავებელ ვნებებს ის მოჰყვა, რომ სომხეთზე გავლენა დაკარგა იბერიამ; ეგოისტებმა მოკლეს აშოტ კურაპალატი... მაგრამ, ეს ფაქტები ისეთ დროს ხდებოდა, როცა ერში სხვა ტენდენციები ჭარბობდა, - პასიონარები ბლომად იყვნენ და ზემოხსენებულ ავკაცობებს არ შეეძლო ქართული სახელმწიფოს განვითარების შეჩერება, მით უმეტეს, - ქვეყნის დაღუპვა. მაგრამ, სხვა, ანუ დაცემის ხანაში, მსგავსი საქციელი, ეგოისტური მისწრაფებებისაგან მომდინარე, ბევრჯერ გამხდარა ეროვნული კატასტროფის მიზეზი. სამაგალითოდ ისევ ივანე ჯავახიშვილი უნდა მოვიხმოთ, მის მიერ წარმოჩენილი მიზეზები უზუნ-ჰასანთან ბრძოლაში, ქართველთა დამარცხებისა, ყველაზე ნათლად ასურათებენ ზემოხსენებულ საკითხს: „ამგვარად საქართველო უზუნ-ჰასანის მოქმედებით და ბაგრატ IV-ის სრული უმოქმედობის წყალობით, ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო ჩაგდებული: შინაური შუღლისა და დამღუპველი ბრძოლის შედეგი მთელი თავისი საშინელებით გამომჟღავნდა. ბაგრატ IV და ყვარყვარე ათაბაგმა, რომლებმაც საქართველოს პოლიტიკური მთლიანობის დარღვევას ასე გაშმაგებით შეუწყვეს ხელი, თავიანთივე უგუნური პოლიტიკის მსხვერპლი თვითონვე შეიქმნენ, მაგრამ ამაზე სამწუხარო ის იყო, რომ ამ მსხვერპლის მთელი საშინელების ატანა იმდენად მათ არა, რამდენადაც ხალხს უხდებოდა. საქართველოს ჯერ კიდევ გიორგი მეფის დროს 70 ათასი ჯარისკაცის გამოყვანა შეეძლო, უზუნ-ჰასანს კი 40 ათასზე მეტი მოლაშქრე არ მოუყვანია თან, როდესაც საქართველოს შემოესია. საქართველოში რომ თანხმობა ყოფილიყო, ცხადია, საქართველოს არამც თუ მტრის მოგერიება შეეძლო, არამედ თვითონაც სამაგიეროს გადახდის საშუალება ექნებოდა და უზუნ-ჰასანის დამარცხებასაც შესძლებდა, მაგრამ შინაური ბრძოლით და ქვეყნის აოხრებით გაწამებული ხალხი და პოლიტიკურად დაქუცმაცებული საქართველო მტრის თარეშის ასპარეზად უნდა ქცეულიყო». დაცემის მიზეზი ზუსტად არის ახსნილი, ოღონდ, ის, უეცრად, XIII საუკუნეში არ დაწყებულა, ეგოიზმის უკიდურეს გამოვლინებებს ქართველი პოლიტიკური მოღვაწეები გააფთრებით ებრძოდნენ XI-XII საუკუნეებში, ანუ, ფეოდალური საქართველოს აყვავება-აღორძინების ხანაში და, თუ გამარჯვებებს ვერ ახერხებდნენ, ქვეყანა ზარალდებოდა: გიორგი I-ს ბიზანტიასთან ომის დროს, განუდგა კახეთ-ჰერეთი; საქართველოს გაერთიანებისა და თბილისის განთავისუფლების საქმეს ხელს უშლიდა ფეოდალური რეაქციის დესტრუქციული ქმედებანი. მხოლოდ დავით აღმაშენებელმა შეძლო არისტოკრატიული ოპოზიციის განადგურება, - ამან განაპირობა წარმატებული საშინაო და საგარეო პოლიტიკა. მის დროს, ეგოისტთა დასათრგუნავი ძალა ის 45 ათასი ყივჩაღი იყო, მან რომ გადმოასახლა საქართველოში. შეთქმულებებს უწყობდნენ დემეტრე I-ს და გიორგი III-ს თამარის დროს, - გიორგი რუსს დაუჭირეს მხარი. ყურადღებას იქცევს ის შინაგანი მზადყოფნა, რითაც არისტოკრატია ხვდებოდა ნებისმიერ საბაბს, ამბოხებისათვის. აშკარაა, გაბატონებული კლასის დიდი ნაწილის მამოძრავებელი, მხოლოდ ვიწრო პიროვნული ინტერესები იყო. რამდენადაც ეფექტურად ახერხებდა ხელისუფლება ამ ეგოიზმის დათრგუნვას (ძელზე გასმით, თვალების დათხრით, დასაჭურისებით, თავის მოკვეთით და გაძევებით), იმდენად მიზანდასახულად წარიმართებოდა ეროვნული ენერგია და ცხოვრების ყველა სფეროში იწყებოდა წინსვლა. მაორგანიზებელი ძალა გადამწყვეტ ფაქტორს წარმოადგენდა და მის ქმედუნარიანობაზე იყო დამოკიდებული, - კონსტრუქციული პროცესები იმძლავრებდნენ თუ, დესტრუქციული; აყვავდებოდა კულტურა, - თუ არა. სიტყვამ მოიტანა და, უნდა ითქვას, შემოქმედებაც პასიონარული ენერგიით არის განპირობებული, ლევ გუმილოვს ამის თაობაზე ასე აქვს ნათქვამი: „მაგრამ შეიძლება კია ვთქვათ, რომ ნაკლები სიმხურვალის პასიონარები - მხატვრები, პოეტები, სწავლულები, მოსამსახურეები და მათი მსგავსნი - არ თამაშობენ როლს ეთნოგენეზის დროს, ან ეს როლი მცირეა, ვიდრე როლი მხედართმთავრების, კონკისტადორების, ერესიარხების ან დემაგოგების? არა, არ არის მცირე, მაგრამ სხვაა. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ დიდი პასიონარობის პიროვნებასაც კი არ შეუძლია არაფრის გაკეთება, თუ ის გამოძახილს არ ჰპოვებს თავის თანატომელთა შორის. სწორედ ხელოვნება წარმოადგენს სათანადო განწყობის ინსტრუმენტს; ის იწვევს შეთანხმებულ გულისცემას და ამიტომ შეიძლება ვამტკიცოთ, რომ დანტემ და მიქელანჯელომ იტალიელი ხალხის ინტეგრაციისათვის იმაზე ცოტა არ გააკეთეს, ვიდრე ცეზარ ბორჯიამ და მაკიაველიმ“.
ქართულმა ლიტერატურამ და ხელოვნებამ, ასევე დაუსახა იდეალები და შესთავაზა მაყურებელსა და მკითხველს სათანადო მხატვრული ფორმები. ამით შექმნა ის „ინსტრუმენტები“, რომლითაც აღწევდა იმ განწყობას, რაც ეთნიკური კონსოლიდაციის, ეროვნული ცნობიერების ჩამოყალიბებისა და საერთო ღირებულებების, პრინციპებისა და ინტერესების გააზრებას უწყობდა ხელს. ასე იყო, ვიდრე არ დაიწყო დაცემის ხანა. ეს შემოქმედებით აზრსაც დაეტყო. ბუნებრივია, ის ვერც წინანდებურად ქმნიდა და, ვეღარც ზეგავლენას ახდენდა...
დაცემის გამომწვევ მიზეზთა შორის, ლოვარდ ტუხაშვილი ორ მთავარ შეცდომას ასახელებს - პირველი: „ლაშა-გიორგის მთავარი შეცდომა ის იყო, რომ ვერ შეიმუშავა (ან ვერ მოასწრო შეემუშავებინა) ახალი ეპოქის შესაბამისი პოლიტიკური დოქტრინა“. მეორე: „რუსუდანის გამფების შემდეგ საქართველოს სამეფო კარმა დაუშვა მეორე დიდი შეცდომა გააგრძელა რა ჯვაროსნული ლაშქრობის სამზადისი, საქართველომ თავისი სამხედრო ენერგია მიუშვა უშუალო მაჰმადიანი მეზობლების წინააღმდეგ“. საქმე ის გახლავთ, რომ ახალი დოქტრინის ვერ შემუშავება და ჯვაროსნული ომი მეზობლებთან, - და ამათი საღვთო ომი ქართველებთან, მომდინარეობდა ფეოდალური სახელმწიფოს ბუნებიდან, როგორიც იყო მაშინდელი საქართველო და მის მეზობელი ქვეყნები. სწორედ ამიტომ, მათ, სხვაგვარად მოქცევა არ შეეძლოთ... თუ დაცემის მიჯნად მონღოლთა პირველ გამოჩენას მივიჩნევთ და თვალს გადავავლებთ მის წინა პერიოდს, დავინახავთ, რომ ქვეყნის შინაგანი განვითარების პროცესის ხასიათი, არ იძლევა საშუალებას, რომ „მესამე წოდება“ დავინახოთ იმ ძალად, რომელიც იბრძოლებდა ძალაუფლებისათვის და რომელიც იქცეოდა ახალ მმართველ კლასად. მაშინ, არსებული მდგომარეობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, უკეთეს შემთხვევაში, შესაძლებელი იყო, მხოლოდ იმ პირობების შექმნა, რომელიც დროთა განმავლობაში ხელს შეუწყობდა მესამე წოდების ფორმირებას, განვითარებას და პოლიტიკური უფლებებისათვის მებრძოლად გადაქცევას. სავარაუდებელია, რომ ერთ-ერთ ასეთ პირობად შეიძლება ქცეულიყო ის რეფორმა, რომლის გატარებასაც, თამარის მეფობის დამდეგს, მეჭურჭლეთუხუცესი ყუთლუ-არსლანი და მისი თანამოაზრენი ცდილობდნენ და რომელთაც მიაჩნდათ: „მეფის უფლება საქართველოში სრულებით უნდა შეზღუდულიყო და ჩამორთმეოდა, მას მხოლოდ აღმსრულებლობითი უფლება რჩებოდა. უმაღლეს დაწესებულებას „კარავში დასხდომილთ“ კი სრული უფლება ენიჭებოდა: მათ ექმნებოდათ უფლება „მოცემისა და მოღებისა“, ალბათ ბრძანებისა, ხარჯებისა და მოხსენებისა, ამასთანავე „წყალობისა და შერისხვისანი“, ანუ უზენაესი მართლმსაჯულების უფლებაც“ (ივანე ჯავახიშვილი).
ეს გეგმა, რომ განხორციელებულიყო, შესაძლებელია, საქართველო პარლამენტის სამშობლოდ ქცეულიყო, თვითმპყრობელობის მაგივრად სულ სხვა მმართველობის ფორმა დამკვიდრებულიყო, - რაც სამომავლოდ იქცეოდა იმ სახელმწიფო ინსტიტუტად, რისი წყალობითაც მესამე წოდება პოლიტიკაზე მოახდენდა გავლენას, მაგრამ, რადგან ასე არ მოხდა, და არც ვაჭარ-ხელოსანთა და მდიდარ გლეხთა სოციალური ფენა გაძლიერებულა ისე, რომ მას მოთხოვნილება გასჩენოდა, საკუთარი მიზნების გამომხატველი ეროვნული იდეა გაეზიარებინა და დანრჩენი ქართველობისათვის შეეთავაზებინა ღირებულებების პრინციპებისა და ინტერესების ახალი სისტემა, - რომელიც სხვა განვითარებას მიანიჭებდა ქართულ ფეოდალურ სახელმწიფოს და მეზობელ მუსლიმანურ ქვეყნებთან ჯვაროსნულ ომს, კომერციული ურთიერთობებით შეცვლიდა (სულ მთლიანად თუ არა, ნაწილობრივ მაინც). ერთი სიტყვით, არ არსებობდა პირობა, - შეცვლილიყო ეთნიკური დომინანტი, - მაშასადამე, არც ის მექანიზმი არსებობდა, რომელიც გამოიხმობდა ეროვნულ ენერგიას, ახალ სიცოცხლეს მიანიჭებდა ქართულ სახელმწიფოს. უამისოდ კი, მარცხი გარდაუვალი იყო.
XIII საუკუნეში ნათელი გახდა, - ეთნიკური ექსპანსიის უნარი აღარ გვქონდა. ეს გამოჩნდა იმაში, რომ ქართული ტომებით დასახლებული ტერიტორია, - სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი, ქართული ლაშქრის მიერ, 1202 წელს დაპყრობილი, უშუალოდ საქართველოს ვერ შემოუერთდა, იმიტომ, რომ იქ ძლიერი იყო ბერძნული ელემენტი, რომელიც დიდ ენერგიას ავლენდა. ბიზანტიაში, იმპერიის ცენტრში, ცოტანი იყვნენ პასიონარები, სამაგიეროდ, ისინი შედარებით მეტნი იყვნენ პერიფერიებზე. ამიტომაც შეიქმნა ტრაპიზონისა და ნიკეის იმპერიები. ამ უკანასკნელმა, ჯვაროსანთა მიერ, 1204 წელს შექმნილი ლათინთა იმპერიის დამხობაც შეძლო 1261 წელს და, ბიზანტიის აღდგენაც. პასიონართა ასეთი განაწილება, როგორც მოგახსენეთ, VIII საუკუნიდან საქართველოშიც შეინიშნება, სადაც არაბების მიერ ცენტრალური პროვინციების აოხრების შემდეგ, პასიონარებმა განაპირა მხარეებში მოიყარეს თავი და იწყება ეგრის-აფხაზეთის, კახეთ-ჰერეთისა და ტაო-კლარჯეთის გაძლიერება, შემდეგ კი, - ამათ ბაზაზე, ერთიანი ქართული სახელმწიფოსი და, ბოლოს, კავკასიური იმპერიის შექმნა.
ბერძნებს, პასიონარები, იმდენნი არ აღმოაჩნდათ, რომ ძველი იმპერიის დროებით გამოცოცხლებაზე შორს წასულიყვნენ. თუმცა, ტრაპიზონში, ჩვენზე ძლიერები იყვნენ. სხვათაშორის, ბერძნული ელემენტი ამ ტერიტორიაზე, ძველი წელთაღრიცხვის III საუკუნეშიც, - ფარნავაზის დროსაც საკმაოდ ძლიერი იყო და ეს მიწა-წყალი ვერც მაშინ შევიდა უშუალოდ ქართული სახელმწიფოს შემადგენლობაში, - იქ პონტოს ძლიერი სამეფო იყო და ეს, თავისთავად, ბადებს კითხვას იმის თაობაზე, თუ რა სიძლიერის უნდა ყოფილიყო ის ბიძგები საქართველოს ტერიტორიაზე. რა მოხდა? თუ მისი შედეგების მიხევით ვიმსჯელბთ, ის რეგიონალური (ამიერკავკასიის) მასშტაბისა უნდა ყოფილიყო... ყოველ შემთხვევაში, ეს ენერგია საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ სამ ათას წელზე მეტი ხნის მანძილზე, - ხან აღმავალი, ხანაც დაღმავალი გზით, - მაგრამ მაინც გაგრძელებულიყო ჩვენი სახელმწიფოერივი ცხოვრება, შეგვექმნა თვითმყოფადი კულტურა, არ დაგვეკარგა ეთნიკური სახე და არ გადავშენებულიყავით...
იმან, რომ ქართველებს არასოდეს შეგვიქმნია, - რომაელთა ან ესპანელთა მსგავსად, - მსოფლიო იმპერიები, ზოგიერთებს, ჩვენში, აფიქრებინა, თითქოს, ქართველებს, ასეთი დიდი ამოცანის შესასრულებელი ენერგია ერთბაშად არ დაგვიხარჯავს და ის გამოვიზოგეთო... ამიტომ არის უწყვეტად რომ გრძელდება ქართული კულტურა და მაგალითად, მეხუთე საუკუნის ტექსტს, კარგად ვკითხულობთო... მიამიტურია, ასე მსჯელობა! შეგნებულად არაფერი დაგვიზოგავს, პირიქით, ეროვნული ენერგია ყოვლად უყაირათოდ დაიხარჯა და გაიბნა... კულტურამაც და ენამაც საგრძნობი ცვლილება განიცადა, ხოლო კონსერვატულობა, - რაც ხშირად გვეამაყება, უფრო ენერგიის ნაკლებობის შედეგია და უშლის ხელს განახლებას...
დაცემის ხანაში, თუმცა სწორი იქნება, თუ ვიტყვით: უილაჯობის ანუ ობსკურაციის ფაზაში (თუ ლ. გუმილოვის ტერმინს მოვიხმობთ), სულ უფრო ვავლენთ ეთნიკურ პასიურობას, ჩვენი ეროვნული ენერგია, იმ საუკუნეებში, მიუხედავად განუწყვეტელი შემოსევებისა, სრულად არ მოხმარებია თავდაცვას. მისი მოზრდილი ნაწილი შიდა ომებში იხარჯებოდა. ასეთ დროს ხდება მეზობელი ხალხების გააქტიურება და საქართველო გადაიქცა მათი ეთნიკური ექსპანსიის ობიექტად. უპირველეს ყოვლისა, ეს ეთქმის ოსებს. მათთან სამხედრო კონფლიქტი ადრეც ჰქონდათ ქართველებს, - მატიანემ შემოგვინახა ცნობები იმის შესახებ, თუ როგორ დაამარცხა შემოსეული ოსები ამაზასპ მეფემ ახალი წელთაღრიცხვის II საუკუნეში, ან კიდევ, როგორ ააოხრეს მათ ქართლი V საუკუნის 40-იან წლებში და შემდეგ, ვახტანგ გორგასალმა რომ დაამარცხა და განდევნა ისინი. ერთიანი ძლიერი საქართველოს დროს კი, ოსეთი ქართული სახელმწიფოს პოლიტიკური, რელიგიური და კულტურული გავლენის სფეროს წარმოადგენდა. მონღოლთა შემოსევების შემდეგ, თავად ამ ომების მსხვერპლნი, ოსები, ჯერ საქართველოში ეძებენ თავშესაფარს, ხოლო შემდეგ, აცნობიერებენ რა ქართველთა სისუსტის მიზეზებს, კავშირს ამყარებენ მონღოლებთან და იწყებენ აგრესიულ მოქმედებას მათი შემფარებელი და კეთილისმყოფელი ქვეყნის მიმართ; ამ ამბავს ჟამთააღმწერელი ასე მოგვითხრობს: „იწყეს ოვსთა ოხრებად, ხოცად და რბევად და ტყუევნად ქართლსა და ქალაქი გორი წარტყუვნეს და თვსად დაიჭირეს ოვსთა. მაშინ შეკრბეს ქართლის ერისთავისა ბეგას ძესა, ჰამადას, წინაშე ყოველნი ქართველნი და მოადგეს გორსა, და მრავალგზის შეებნეს ქალაქსა შინა, მრავალი კაცი მოკუდა, ოვსიცა და ქართველიც, და დაწუეს გორი სრულად და ვითარ მისჭირდა ოვსთა, ციხიდამე გარდმოუშვეს საბლითა კაცი და წარავლინეს მუხრანს მდგომთა თათართა თანა, რათა შეეწივნენ. ვითარცა ესმა ჩამოდგეს შუა, შუელა ქმნეს და ზავი და მიერითგან შეიქმნა მტერობა შორის ქართველთა და ოვსთა... ესეოდენ გარდაეკიდნენ ერთმანეთს, რომელიცა მძლე ექმნის, მოიკლის... მთავარი ბაყათარ განდიდებულ იყო და აოხრებდა ქართლსა, თრიალეთს, და განსხმიდა აზნაურთა, და იყო ჭირი დიდი მკვდრთა ქართლისათა...“
ეს მტრული და დამპყრობლური მოქმედება არსებითად ეთნიკურ ექსპანსიას რომ წარმოადგენდა გაგრძელებულა მანამ: „ვიდრემდის მეფეთა შორის ბრწყინვალემან, დიდმა სახელგანთქმულმან გიორგი განასხნა და აღფხურნა“ XIV საუკუნის პირველ ნახევარში ოსების დამარცხება და განდევნა, არ იყო იმისი მსგავსი შედეგის მქონე, როგორც ადრე, როცა პასიონარები ბლომად იყვნენ საქართველოში და ეროვნულ ენერგიას მძლავრად ვავლენდით. ახლა სხვა დრო იყო და მომდევნო საუკუნეებში ოსურმა ეთნიკურმა ელემენტმა, რომელიც განუწყვეტლივ იჭრებოდა საქართველოში, ფეხი მოიკიდა შიდა ქართლში, ამასთან, ოსები განუწყვეტლივ აოხრებდნენ ცენტრალურ პროვინციას, იტაცებდნენ ადამიანებს და პირუტყვს, ქართლში დაიწყო ე.წ. „ოსობა“, რაც ოსების შემოსევა-თარეშს ნიშნავს და ის, საბოლოო ჯამში, გადაიქცა ოსთა ფართომასშტაბიან ეთნიკურ ექსპანსიად, რომლის დროსაც, შიდა ქართლში შემცირდა ქართული მოსახლეობა და იმატა ოსურმა.
მთის მოსახლეობის ბარში ჩამოწოლის მეორე შემთხვევას აფხაზეთში აქვს ადგილი, რასაც, ამ პროვინციაში ეთნიკური შემადგენლობის, სოფლის მეურნეობის წესისა და რელიგიის შეცვლა მოჰყვა. ამ ეთნიკური ექსპანსიის თაობაზე, ნიკოლოზ ბერძენიშვილი „საქართველოს ისტორიის საკითხებში“ წერდა: „ფეოდალურ ხანაში მთიელი აფხაზები რამოდენიმე ნაკადად ჩამოდიან აფხაზეთის ტერიტორიაზე. ერთ-ერთი ასეთი ნაკადი უნდა ჩამოსულიყო XIII ს-ში, როდესაც ჩრდილო კავკასიაში ოქროს ურდოს მოწოლით კავკასიის ტომები სამხრეთით მოიწევენ (ანალოგიურ ვითარებასთან გვაქვს საქმე ამავე ხანაში ოსებშიაც, რომელნიც გამოდიან კავკასიის პირაქეთ და საფუძველს უყრიან ლიახვის ხეობის ოსურ მოსახლეობას) მთიელი აფხაზების ჩამოსახლების პროცესი გრძელდებოდა მომდევნო საუკუნეთა მანძილზე. XV საუკუნეში ეს პროცესი საკმაოდ შორს ყოფილა წასული, რის აშკარა მოწმობაა აფხაზთა მოქცევა „წარმართობისადმი“ („მცნება სარჯულო“). XVII საუკუნისათვის მთიელ აფხაზთა ახალი ნაკადის ჩამოსვლაა სავარაუდებელი, რომელმაც კიდევ უფრო გააძლიერა აფხაზეთის ახალი მოსახლეობა.
ის ფაქტი, რომ ჩამოსული ელემენტები შედარებით ადვილად ერევიან დამხდურ საზოგადოებას (აფხაზურ თუ არააფხაზურს), მასზე გაცილებით დაწინაურებულს, სოციალურ მოვლენათა სფეროში პოულობს ახსნას».
ამ ბოლო მოსაზრებას ვერ დავეთანხმები, ქართველთა მარცხი ჩრდილო კავკასიელებთან ბრძოლაში გამოწვეული იყო არა სოციალური მიზეზებით, არამედ, უფრო აქტიური და ენერგიული მთიელი ტომების მიერ უფრო პასიური და ნაკლებად ენერგიული მოსახლეობის მიმართ წარმატებით განხორციელებული ეთნიკური ექსპანსიის შედეგად. ხოლო თუ ამ (აფხაზურ და ოსურ) ტომებთან ბრძოლაში ადგილობრივი არისტოკრატია იჟლიტებოდა, ამის მიზეზი კლასობრივი ბრძოლა კი არ იყო, არამედ მომხდურთა მიერ დამხდურთა სამხედრო-მაორგანიზბელი და, საერთოდ, მაორგანიზბელი ძალის მიზანდასახული განადგურება, რომ ადვილი ყოფილიყო ამათუ იმ რეგიონის დამორჩილება... ამიტომ იყო ეს პროცესი ხანგრძლივი და სისხლისმღვრელი; თუ რა ძალა აწვებოდა მაგალითად, აფხაზეთის ქართველობას მთიდან და ზღვიდან, ეს კარგად ჩანს დასავლეთ საქართველოს ფეოდალების ბრძოლაში ჯიქების მეკობრული თავდასხმების წინააღმდეგ; თამაზ ბერიძე წიგნში „ზღვაოსნობა ძველ საქართველოში“ წერს: „ჯიქეთზე ლაშქრობა მოუწყვია ვამეყ II დადიანს (1384-1396 წწ.). ამაზე მოგვითხრობს ხობის მონასტრის ერთ ქვაზე ამოკვეთილი წარწერა. ქართველებს ჯიქეთში დიდი წარმატებისათვის მიუღწევიათ, მოსახლეობის დიდი ნაწილი დაუმორჩილებიათ, მძევლები წამოუყვანიათ, ურჩნი კი, - სასტიკად დაუსჯიათ. ლაშქრობიდან ვამეყ დადიანი დიდი ნადავლით დაბრუნებულა, ჯიქეთის ეკლესიებიდან მარიარილოს სვეტები წამოუღია და სამეგრელოს ეკლესიებისათვის შეუწირავს. ვფიქრობთ, რომ ვამეყ II დადიანს თავისი ლაშქრობა ზღვით განუხორციელებია. ამ წარმატებამ ცოტა ხნით შეაჩერა ჯიქების მეკობრეობა, მაგრამ მალე მათ ისევ განუახლებიათ თავიანთი თავდასხმები“.
1533 წ. იანვარში ქართველთა ფლოტი ისევ გამოჩნდა ჯიქეთის ნაპირებთან. „ქორონიკოს სკა დადიანი მამია და გურიელი მამია წარვიდეს ჯიქეთს საბრძოლოდ ზღვით ნავებითა“, - წერს ქართველი მემატიანე. ეს იყო ქართველთა პირველი სადესანტო ოპერაცია, რომელიც ჩვენთვისაა ცნობილი. ოდიშის და გურიის ამ ლაშქრობაში, რამდენიმე ათასი მეომარი მაინც იქნებოდა, ამიტომ, ქართველთა ფლოტი, ალბათ, სულ ცოტა, 100 საზღვაო ნავისაგან მაინც შედგებოდა. ლაშქრობის დროც საგანგებოდ იყო შერჩეული. ფეოდალურ ხანაში, ზამთრობით, შავ ზღვაზე ნაოსნობა წყდებოდა. ამიტომ, იანვარში, ჯიქები, ქართველთა თავდასხმას არ მოელოდნენ. სამწუხაროდ, ასე კარგად მოფიქრებული ოპერაცია ღალატმა ჩაშალა. პირველ დღეს, 30 იანვარს, ქართველებმა ბრძოლა მოიგეს, მაგრამ მეორე დილას, განთიადისას, ქართველთა ფლოტმა, უეცრად, მიატოა ქვეითი ლაშქარი და სამშობლოსაკენ აიღო კურსი. ჯიქებმაც გული მოიცეს, ქართველებს შეუტიეს და გამარჯვებასაც მიაღწიეს. მამია დადიანი ბრძოლაში დაიღუპა, ხოლო მამია გურიელის ლაშქრის დიდი ნაწილი ტყვედ ჩავარდა, მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ მოახერხეს ქართველებმა თავიანთი თანამემამულეების განთავისუფლება“.
თუ ორი ძლიერი ქართული სამთავროს შეიარაღებულ ძალებს ამდენი ძალისხმევა სჭირდებოდათ, რომ ჯიქთა მეკობრული თარეში მოეგერიებინათ და ამას ყოველთვის ვერც ახერხებდნენ, გასაგებია, რომ დასუსტებულ საქართველოს, არ ეყოფოდა ძალა ადიღეური მთის მესაქონლე ტომების მასობრივი შემოჭრის შესაჩერებლად და ასეც მოხდა. ჩამოსახლებულებმა დაარღვიეს აფხაზეთის ყოფა-ცხოვრების ტრადიციული წესი, რაც, ბუნებრივია, ეკონომიკურ კრიზისს გამოიწვევდა და ხელს შეუწყობდა ისეთივე ძარცვა-გლეჯასა და ტყვეთა გატაცებას, რასაც შიდა ქართლში ოსთა წყალობით ჰქონდა ადგილი. ამან აფხაზეთი ყაჩაღობისა და მეკობრეობის კერად აქცია, რომლის მსხვერპლი საქართველოს შავიზღვისპირეთი და, კერძოდ, სამეგრელო იყო; ვახუშტი ბაგრატიონი წერდა: „გარნა იყო ჭირი დიდი ოდიშს... და უმეტეს აფხაზთაგან, და რამეთუ მოვიდიან ნავებითა და ხმელით და სტყვევნიდნენ“.
არანაკლები უბედურება იყო „ლეკიანობა“. ესეც საქართველოს დასუსტების თავისებურ შედეგს წარმოადგენდა; როცა დაღესტან-საშამხლოს მარბიელთა რაზმები იწყებენ თარეშს კახეთში. XVII საუკუნეში, ლეკები, ნელ-ნელა იკავებენ შაჰ-აბასისაგან აოხრებული საინგილოს ტერიტორიას და 1706 წელს მთლიანად იპყრობენ ამ პროვინციას, კახეთის მეფეს კი, აიძულებენ, დედაქალაქი ყარაღაჯიდან თელავში გადაიტანოს. წარმატებულად განვითარებულმა ეთნიკურმა ექსპანსიამ ლეკები ისე გაათამამა, რომ XVIII საუკუნეში, ლეკთა თარეშმა მთელი აღმოსავლეთ საქართველო მოიცვა. ამასთან, ლეკებმა საფრთხე შეუქმნეს ირანსაც, - ამით უნდოდა ესარგებლა ვახტანგ VI-ს და, ლეკთა პლაცდარმად ქცეული ჭარი კვლავ კახეთისათვის შემოეერთებინა, მაგრამ გამოირკვა, რომ ეს, ქართლის მეფეს მეტად გააძლიერებდა. ამას, მისი მტრები მიუხვდნენ. სეხნია ჩხეიძე წერს, ირანში ფიქრობდნენო: „თუ მეფემ ვახტანგ ჭარი დაიჭირა,ქვეყანასაც ის დაიჭერს“-ო და, მას ყოველმხრივ ხელი შეუშალეს, ხოლო ლეკთა თარეშმა, რბევამ და ხალხის ტყვედ წაყვანამ უზარმაზარი მასშტაბები მიიღო.
ლეკთა ამ აგრესიას ქართველები, ე.წ. გალავნების მშენებლობით პასუხობდნენ თავდასაცავად, ეს არის გალავნით შემოზღუდული ფართობი, რომელსაც, შემოსევის დროს, რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა შეეფარებინა ქონებითა და სარჩო-საბადებელით. ასეთი ნაგებობები XVI-XVIII საუკუნეებში შენდებოდა.
საერთოდ, მთიელთა შემოტევების მოსაგერიებლად ზემოხსენებულ საუკუნებში მნიშვნელობა მიენიჭა ციხე-სიმაგრეებისა და მრავალ კილომეტრზე გადაჭიმული კედლების მშენებლობას, როგორსაც ვნახულობთ საინგილოსა და აფხაზეთში, მაგრამ ასეთი რამ ეთნიკური ექსპანსიის დროს ვერ გვიცავდა, მითუმეტეს, რომ საჭირო იყო აქტიური კონტრზომების მიღება, რომლის ენერგია უკვე აღარ გვქონდა...
უღონობის ბრალი იყო ის, რომ ვერ შევაჩერეთ საქართველოს პოლიტიკური დაშლის პროცესი. ეგოისტების მომრავლება აქაც თავის საქმეს აკეთებდა, - ბლომად იყვნენ, არა მარტო ტახტის მაძიებლები, არამედ მათი თანამდგომნი, რომელთაც ყოველი ახალი სამეფო კარი კარიერის კეთებისა და პირადი კეთილდღეობის მოპოვების საშუალებას აძლევდა. სწორედ ეგოისტ თანამდგომელთა ფაქტორმა ითამაშა მთავარი როლი ამ საქმეში და, მათი ძალისხმევის შედეგი იყო, რომ საქართველოს გაერთიანება ძალით, უკვე აღარ შეიძლებოდა. ეს პოზიცია დადასტურდა 1490 წელს, ქართლის მეფის, კონსტანტინეს მიერ მოწვეულ დარბაზის სხდომაზე, სადაც ითქვა, რომ ომით, ერთიანობას ვერ აღვადგენთ, რადგან ამ ახლადგამოჩეკილ მეფეებს მტკიცედ უჭერენ მხარს თავიანთი ქვეშევრდომნიო: „ვინაიდან მტკიცედ დგანან ერთგულებასა ზედა თვისა რჩეულთა მეფეთა იმერნი და კახნი და კუალად ათაბაგისა სამცხელნი»-ო, ასე განაპირობა ანტიეგოისტების რიცხვის შემცირებამ და ეგოისტების მომრავლებამ საქართველოს დაქუცმაცება და მთელი რიგი ტერიტორიების დაკარგვა, იქ ქართული მოსახლეობის რიცხვის კატასტროფულად შემცირება და დარჩენილთა გამუსლიმანება. უდიდესი ეროვნული მარცხი იყო XVI საუკუნის ბოლოს, სამცხე-საათაბაგოს ოსმანთა მიერ დაპყრობა და შემდგომ ამ ქართულ პროვინციებში თურქთა ეთნიკური ექსპანსია; და, XVIII საუკუნის დასაწყისის საინგილოს ეთნიკური „ათვისება“ ლეკთა მიერ. იმ საუკუნეებში საქართველო ყოველი მხრიდან განიცდის აგრესიას. ამ სავალალო მდგომარეობას ზედმიწევნით ზუსტად ასახავს დავით გურამიშვილის ეს სტროფი:
„თურქი, სპარსი, ლეკი, ოსი,
ჩერქეზ, ღლიღვი, დიდო, ქისტი,
სრულად ქართლის მტერნი იყვნენ,
ყველამ წაჰკრა თითო ქიშტი“.
ასეთ დროს კი, ჩვენი საპასუხო ქმედება სიტუაციის ადექვატური არ იყო: ვერ შევძელით გაერთიანება, საერო მიზნის დასახვა, სამხედრო პოტენციალის სრულად და ეფექტურად გამოყენება. ამის მაგივრად, - იყო დაშლილი ქვეყნის პროვინციათა ცდა ცალ-ცალკე გადაერძჩინათ თავი.
უილაჯობამ ქართულ პოლიტიკას დაამჩნია კვალი, რაც, თავის მხრივ, ქცევის სტერეოტიპით იყო განპირობებული: აქ იწყებს აღორძინებას პროვინციალიზმი, ეგოცენტრიზმი და სნობიზმი. ამათგან, პირველი, - ერთიანი სახელმწიფო ინტერესების საზიანოდ აღვივებდა კუთხურ სეპარატიზმს, ბადებდა ყვარყვარე ჯაყელისა და ლევან დადიანის ტიპის რეგიონალურ ბელადებს. მეორე, - წარმოშობდა ტურა რამაზიშვილისა და ყორღანაშვილის მსგავს ტიპებს. მესამე კი, - ყოველგვარი უცხოურისადმი მონურ ქედდრეკას იწვევდა.
საქართველოს ისტორიაში, ამ და შემდგომ პერიოდებში, მედეას კომპლექსით შეპყრობილი, რამდენიც გნებავთ იმდენი პიროვნებაა და მათ დიდი უბედურება მოუტანეს თავიანთ სამშობლოს. ამავე ხანებში, ჩვენში აღორძინებას იწყებს რელიგიური სნობიზმი, - ამჯერად, აღტაცების ობიექტი, - რუსეთია, რომელიც ქართველი სნობების წარმოსახვაში მართლმადიდებლობის მსოფლიო ცენტრად იქცა... საყურადღებოა, რომ რუსეთისაკენ ლტოლვის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი ინიციატორი, კახეთის მეფე, ალექსანდრე II, პროვინციელის, ეგოცენტრისტისა და სნობის გასაოცარ ნაზავს წარმოადგენდა. მისი პოლიტიკა არა მარტო მავნე, არამედ უზნეოც იყო, თავად განსაჯეთ: მას არ მიუღია არანაირი მონაწილეობა იმ ბრძოლაში, რომელსაც ქართლის მეფე სვიმონ I აწარმოებდა თურქებისა და სპარსელების წინააღმდეგ. სამაგიეროდ, სვიმონის შეპყრობა და მისი ტახტის ხელში ჩაგდება მოიწადინა. მუხანათურად დაესხა თავს და რომ ვერ მოიხელთა, სვიმონის მეუღლეს, დედოფალ ნესტან-დარეჯანს, საწმერთული გააძრო, შუბის ტარზე წამოაგო და ამ იმპროვიზებული დროშით გასწია „გამარჯვებულმა“, კახეთისაკენ...
ყურადსაღებია მოსახლეობის დამოკიდებულებაც (ცხადია, ესეც ქცევით გამოხატული) იმ სიტუაციისადმი, რომელშიაც იმყოფებოდნენ: „... მოსახლეობის ფართო მასები თითქმის ყოველთვის, თუმცა პასიური ფორმით, მაინც ამჟღავნებდნენ საკუთარ მრწამსს - ამ გამოხატულების ფორმებია რაიმე მოვლენისადმი ან განსაკუთრებული აქტივობა, ან სრული გულგრილობა... მაგ. შეიძლება თამამად დავასკვნათ, რომ კახეთის მოსახლეობის ფართო ფენებს (როგორც არისტოკრატიას, ასევე მწარმოებელ მასებს, არ მოსწონდათ არც ალექსანდრე II-ის წონასწორობის პოლიტიკა და არც თეიმურაზ I-ის რადიკალიზმი. საგარეო ორიენტაციაში (დასაწყისში). ასეთ დასკვნას ვაკეთებთ სამი მონაცემით: 1. მე-16 საუკუნის უკანასკნელი ათწლედების კახური მოსახლეობის ლტლვა ირანისადმი... (ნებაყოფლობითი ლტოლვა); 2. შაჰ აბას I ლაშქრობისადმი პასიური წინააღმდეგობა საწყის ეტაპზე...; 3. არაგვის საერისთავოს გადასვლა ქართლის დაქვემდებარებაში. რა უნდა ყოფილიყო ასეთი განწყობის საფუძველი? გვიანფეოდალურ საუკუნეებში ქართულ მოსახლეობაში გაჩნდა ორიენტაცია მშვიდობის მომტან ქვეყანაზე. დაიკარგა ეროვნული სახელმწიფოს აღდგენის შესაძლებლობის იმედი. აქცენტი გადაიტანეს კომპრომისზე - მშვიდობიანი ცხოვრების გარანტიაზე...“ (ლოვარდ ტუხაშვილი).
ერი ასე იქცევა მაშინ, როცა სხვაგვარი მოქმედების ენერგია აღარ გააჩნია. გვიან ფეოდალურ ხანაში, ჩვენი აქტიურობა მხოლოდ თავდაცვით შემოიფარგლებოდა. გვაიძულებდნენ და ჩვენც ვიბრძოდით... ასეთი ხასიათისაა გიორგი სააკაძის ხელმძღვანელობით წარმოებული ომი ირანთან და 1659 წლის ბახტრიონის აჯანყება...
ვისაც თავად არ შეუძლია მტრის მოგერიება, ის მფარველს ეძებს. ასეთად, უკვე XV საუკუნიდან, რუსეთი გვყავდა მოაზრებული და რაც უფრო სუსტდებოდა საქართველო და უღონონი ვხდებოდით, იმდენად გავაიდეალეთ ეს ქვეყანა, წარმოვიდგინეთ უანგარო მხსნელად, რომელსაც ერთი მიზანი ჰქონდა: როგორმე დაეცვა ქართველობა თურქეთის, ირანისა და ჩრდილოეთ კავკასიელთა აგრესიისაგან... ამ მიამიტური შეხედულების გამოხატულებაა იოანე ბატონიშვილის ალეგორიული ნახატი, რომელსაც სათაური და გამოსახულებათა გამშიფრავი წარწერები რუსულად აქვს გაკეთებული. ამ ნახატზე, ლომი, - სპარსეთს ნიშნავს, დათვი, - თურქეთს, მგელი, - ლეკებს, მელა, - კავკასიელებს, გველები, - მოღალატე დესპანებს. ამ ცხოველთა და ქვეწარმავალთა გარემოცვაში მყოფი და ჩრდილოეთით მომზირალი ცხვრები, - ქართველები არიან, სურათის ზემო ნაწილში, საქართველოს მტრებისათვის მეხის მცემლად გამოსახულია რუსეთის იმპერატორი, - თავის მფარველ ანგელოზთან ერთად, მის ზევით კი, მასონთა ნიშანი - მზის სხივებში მოქცეული, ლუციფერის თვალიანი სამკუთხედი, რაც რუსეთს, „ძმობის, ერთმორწმუნეობის, სიყვარულის, თანასწორობის, ურთიერთდახმარების“ მასონური პრინციპების გამტარებლად წარმოგვიდგენს. რუსეთის როლისა და მნიშვნელობის ასეთი ხედვა და, ამავე დროს, საკუთარი ერის ამდაგვარი იდენტიფიცირება, არის ენერგიადაცლილი ერის შვილის თვალსაზრისი, რომელსაც ქართველები, ყველასაგან შევიწროვებულ, დაუცველ ცხვრებად წარმოუდგენია, რუსეთი კი, პროგრესის განსახიერებად. მაგრამ, ეს სახელმწიფო რომ ასეთი ქვეყანა არ იყო, ამაში ქართველები მალე დარწმუნდნენ, როცა, მისკენ, სამასწლიანი გაუთვლელი და გაუაზრებელი ლტოლვის შემდეგ, 1783 წელს გაფორმდა რუსეთთან ვასალური დამოკიდებულების დამამტკიცებელი აქტი „გეორგიევსკის ტრაქტატი“, რომელიც, თვრამეტი წლის შემდეგ, რუსეთმა დაარღვია, დაიწყო საქართველოს სამეფო-სამთავროების დაპყრობა და დაამკვიდრა ქართველთა მოძულე კოლონიური რეჟიმი. სხვათაშორის, რუსეთის დამოკიდებულება ჩვენდამი ჯერ კიდევ XVIII საუკუნის 70-იანი წლების დამდეგს, ქართლ-კახეთში ვითომ, სამოკავშირეოდ და დასახმარებლად მოსული, რუსის ჯარის მთავარსარდლის, გენერალ ტოტლებენის მოქმედებებსა და შეხედულებებში გამოვლინდა, ამას ი. ალხაზისშვილი თავის ნაშრომში „ჯავახური ლეგენდები“, ასე აღწერს: „რუსის ჯარი მლეთის აღმართს რომ ავიდა, გუდაურის სადგურთან ისვენებდა, მაისის მშვენიერი დილა იდგა. ტოტლებენმა დურბინდი აიღო ხელში და არაგვის ტურფა ხეობას გადმოხედა... აღტაცებულმა ღენერალმა დემონივით გადმოსძახა რუსულად: „სამოთხის ქვეყანავ, საოცნებო საქართველოვ, შენ ხარ ჩვენთვის საჭირო და არა შენი ხალხი“. რუსებს საერთოდ არ ახასიათებთ დაპყრობილი ერების პატივისცემა, მაგრამ ის უდიერება, რაც მათ გამოიჩინეს ქართველთა მიმართ, იმითაც იყო პროვოცირებული, რომ ჩვენი უილაჯობით გამოწვეული, მათკენ ბრმა ლტოლვის გამო, რუსებმა მიგვიჩნიეს ბეჩავ ერად, რომელსაც შეიძლება თავს მოახვიო საკუთარი ნება: წაართვა დამოუკიდებლობა, გაუუქმო ეკლესიის ავტოკეფალია, განახორციელო იქ კოლონიზაცია და ეთნიკურად „გაამრავალფეროვნო“ ეს მხარე, აუკრძალო ხალხს მშობლიურ ენაზე სწავლა, უგულებელჰყო მათი ტრადიციები, შეურაცხჰყო კაცები, გააუპატიურო ქალები და ასე, დაუსრულებლივ... როგორც გსურს, ისე მოიქცე... ყველაფერმა ამან, აიძულა ქართველები აჯანყებულიყვნენ და ამ შეწინააღმდეგებამ, ცხადია, იმდენად, რამდენადაც ამას გასწვდა ჩვენი ეროვნული ენერგია, რუსებს ხელი ააღებინა ქართველთა სრულ მოსპობაზე.
ამასთან მოხდა ისიც, რომ რუსეთმა (ცხადია, რამდენადაც ეს მის ინტერესებში შედიოდა), შეძლო საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფოებრივი ცხოვრების ორგანიზება. არსებობისათვის შედარებით ნორმალური პირობები შეექმნა ხალხს; ადამიანებს, მეტ-ნაკლებად, მიეცათ შესაძლებლობათა რეალიზების საშუალება. ამან უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა მაშინდელ ქართველებზე, მოღლილ-მოქანცულმა ერმა, მშვიდობა მოიპოვა და მფარველი იპოვა. რუს კოლონიზატორებს რომ მეტი მოქნილობა გამოეჩინათ და ისეთი ურთიერთობები არ დაემკვიდრებინათ, ზნეობრივად ქართველთათვის მიუღებელი რომ იყო, უდაოდ ბევრს მიაღწევდნენ საქართველოს კოლონიზაციის საქმეში. ამის საფუძველს მაშინდელ ქართულ საზოგადოებაში არსებული შეხედულებანი წარმოადგენდნენ: „მე რუსი ვარ ჩემის სამსახურით, ლუკმა-პურით, რომელსაც ვსჭამ და ჩემის აზრის მიმართულებით. მე ქართველი ვარ გვარტომობით და მოძმეთა ენით. საჭიროა წაშლა იმ ლარისა, რომელიც ამ ორ სიტყვას შორის არის გადებული. საჭიოა ამ ორი სიტყვიდან - რუსი და ქართველი - ერთი სიტყვის შემუშავება, მათის მნიშვნელობის შედუღაბება ერთს ცნებაში სიტყვით და საქმით. საჭიროა ამ შედუღაბებული სიტყვის აღბეჭდვა, როგორც მთავრობის, ისე ჩვენი ხალხის შემეცნებაში». საბედნიეროდ ქართველის რუსად გადაქცევა არ მოხერხდა, არც ზემოთ გამოთქმული მოსაზრების ავტორი, დიმიტრი ყიფიანი დარჩენილა დიდხანს რუსი, „აზრის მიმართულებით“, ოდნავ მოგვიანებით, ყოველგვარმა ქართულმა იმძლავრა მასში და ერის ღირსების დამცველს, ბოლო მოუღეს იმათ, ვისთანაც შერწყმას მოუწოდებდა ქართველობას. უფრო უშუალონი, თავიანთი შეხედულებების გამოხატვისას, უბრალო ხალხი იყო. ასეთი პოზიციის მაგალითია, თავის მოგონებათა წიგნში აღწერილი რომ აქვს იაკობ მანსვეტაშვილს,ესაა დიალოგი ილია ჭავჭავაძესა და ხევსურებს შორის:
„... უწინდელი დრო გახსოვთ - ეკითხება ილია, აი, ჩვენი მეფები რომ გვყვანდა?
- ხსოვნით აბა რა გვეხსომება და გაგონილი კი გვქონია.
- მერე: მაშინდელი დრო სჯობია თუ ახლანდელი?
- რა სათქმელია: გარეთ ვერ გამოვდიოდით. სოფელს რომ გავცილებულიყავით, ან ლეკი დაგვხვდებოდა, ან შინაური ავი კაცი. სისხლი იღვრებოდა, მოსვენება არა გვქონდა, შველა არსაიდან იყო. აი, დალოცოს ღმერთმა რუსის ხელმწიფე: ეხლა რა გვიშავს. აი, თქვენთანაც ჩამოვედით სამუშაოდ და ქალაქშიაც დავიარებით. თუ რამ გასაყიდი ან სასყიდელი გვაქვს, ხელს ვიმართავთ. გზაში ხელს არავინ გვახლებს.
ცოტა არ იყოს წახდა ილია: მოელოდა წარსულის დიდებას, აწმყოს დაგმობას, პასუხი კი სულ სხვა მიიღო, კოჭი ალჩუზე ვერ დაუჯდა».
ასეთია ისტორიული მეხსიერება, ადამიანები იმას მოიგონებენ, რაც აწუხებდათ, რაც საშიშროებას უქმნიდა მათ არსებობას, ცხადია, სხვა დროს ქვეყნის ძლიერების ხანასაც გაიხსენებდნენ, მაგრამ დაბეჩავებული და უღონო ადამიანისათვის, მოუწყობელი ყოფის პირობებში, წარსული დიდება ვერაფერი მაგალითი იყო, მითუმეტეს, არანაირი სურვილი არ ჰქონდა მიებაძა იმ დროის გმირებისათვის.
ილიას რომ მეტად აწუხებდა ერის დაკნინება, ეს მის შემოქმედებაში კარგად ჩანს, რამდენადაც შეეძლო ამხელდა ქცევის იმ წესს, მას რომ მანკიერად მიაჩნდა, მაგრამ თათქარიძეობა სრულიად ბუნებრივი მოვლენა იყო და რამდენიც არ უნდა ეთქვა მწერალს: „მე თუ შენ მიყვარხარ, მკითხველო, იმისათვის მიყვარხარ, რომ იმედი მაქვს ეგ გასწორების განზრახვა, დღეს თუ ხვალე შენში გაიღვიძებსო“. მკითხველი, ბევრ შემთხვევაში, მაინც ლიტერატურული პერსონაჟის მსგავსად იქცეოდა.
XIX საუკუნე ბევრი რამით არის ჩვენი ქვეყნის ისტორიაში მნიშვნელოვანი და, უპირველეს ყოვლისა, იმით, რომ 1864 წელს საქართველოში ბატონყმობა უქმდება და იწყება სოციალური ფორმაციის შეცვლა. ქართველები ამ პროცესში მეტად ვპასიურობდით, ძველი ღირებულებები ხელს გვიშლიდა, ახალ რეალობაში გავრკვეულიყავით, ყველას აზნაურობა სურდა, საზოგადოებრივი აზრი ჩარჩ-ვაჭრების წინააღმდეგ იყო მიმართული:
„ვაჭარო, მაგ შენს აბაზში
სისხლი და ოფლი ჩვენია!
როგორ არა გაქვს ღვთის შიში
ან კაცის რად არ გრცხვენია“ (აკაკი წერეთელი)
არადა, მომავალი, - არისტოკრატიისა კი არა, ბურჟუაზიისა იყო. უკვე ასეთი განწყობაა ცუდი, თუნდაც, დამოუკიდებელი სახელმწიფოს მქონე ერისათვის, ჩვენთვის კი, უბედურება ისიც იყო, რომ ჯერ ერთი, კოლონია ვიყავით, და მეორეც, ამის წყალობით, ქვეყნის მოსახლეობა, როგორც ვთქვით, ეთნიკურად «გამრავალფეროვნდა». ისედაც დამონებულებს, ორმაგი მონობის უღელი რომ არ გვეგრძნო, უნდა გვეაქტიურა ყველა ასპარეზზე: სოფლის მეურნეობის, ვაჭრობის, მრეწველობის, განათლებისა და კულტურის დარგებში. ამ ამოცანის გადაწყვეტას, ნიჭის გარდა, კიდევ ორი რამ სჭირდებოდა: საწყისი კაპიტალი და ენერგია. ეროვნული თვითმყოფადობისათვის გამართულ ამ დიდ ბრძოლაში, ხშირად, ხან ერთი გვაკლდა, ხან მეორე, ხან მესამე და ხანაც, სამივე ერთად... 1881 წელს, გაზეთ „დროების“ რედაქტორმა, სერგი მესხმა, დასტამბა წერილი „იაფი წიგნების გამოცემაზედ“, - სადაც ლაპარაკობდა რა ამდაგვარი წიგნების გამოცემის მნიშვნელობაზე, ისიც აღნიშნა, თუ რა კარგად გაართვეს ამ საქმეს სომხებმა თავი და მეტად მცირე დროის მანძილზე, ბევრი სასარგებლო წიგნი გამოსცესო, და ბოლოს, ასეთი დასკვნა გამოჰქონდა: „რამდენადაც ჩვენ ვიცით, ამ ზემოხსენებულ სომხის საზოგადოებას ჩვენს „წერა-კითხვის საზოგადოებაზე“ არც მომეტებული საშულება აქვს და არც უკეთესი გაგება თავისი მოვალეობისა; მაგრამ მაგიერ ამათ (სომხებს) ერთი რამა აქვსთ ჩვენზე უფრო მეტი: - ენერგია და საქმის ერთგულად წაყვანა!
ამას ვინატრით ჩვენ „წერა-კითხვის საზოგადოების კომიტეტისთვისაც“.
ზედმიწევნით ზუსტად არის დანახული ქართველთა წარუმატებლობის მიზეზები, ყველაფრის თავი და თავი, ენერგია იყო, - ის გვაკლდა. ამის გამო ვერ ვიჩენდით საქმისადმი ერთგულებას და, მიზანიც მიუღწეველი რჩებოდა.
ჩვენი ნაკლებად ქმედითობის შედეგად, მხოლოდ თითო-ოროლა ქართველი კაპიტალისტი გვყავდა, თბილისი კი, ამ დროს, ფაქტიურად, სომხური ბურჟუაზიის ხელში იყო. სოფლად ფეხს იკიდებდნენ სხვადასხვა ეროვნების კოლონისტები, გასული საუკუნის ბოლოს, საქართველოს მოსახლეობის თითქმის 1/3, არაქართველია, ამასთან, ავლენს ქართველებზე ბევრად მეტ სოციალურ აქტიურობას, აგრეთვე, მეტი თვითორგანიზების უნარს, უფრო კონსოლიდირებულნი იყვნენ და, ბოლოს, საქართველოში მცხოვრებ ეროვნულ უმცირესობებს, ყველას გააჩნდათ თავთავიანთი ეროვნული იდეა, ანუ, ის ეთნიკური დომინანტი, რომელიც გამოიხმობდა მათ ეროვნულ ენერგიას.
ქართველი ერის საუკეთესო წარმომადგენლები კარგად გრძნობდნენ ეროვნული იდეის არსებობის საჭიროებას, მაგრამ, სამწუხაროდ, ილია ჭავჭავაძის მიერ ფორმულირებული პრინციპი: „ენა, მამული, სარწმუნოება“, ვერ იქცა ეთნიკურ დომინანტად, რადგან ის მოითხოვდა აქტიურ მოქმედებას, ბრძოლას გამარჯვებისათვის. ამისათვის, ეპოქის მონაპოვრის გამოყენება იყო საჭირო, - რაც თავის მხრივ, ღირებულებათა გადაფასებას ითხოვდა; ფეოდალური შეხედულებანი ბურჟუაზიულით უნდა შეცვლილიყო; სხვაგვარად, ერი პროგრესის გზაზე ვერ შედგებოდა და, რადგან ამისი გაკეთება გაგვიჭირდა, ქართველობა უიმედობამ მოიცვა. იაკობ გოგებაშვილმა ეს სიტუაცია ასე შეაფასა: „ქართველთა შესუსტება, გულის გატეხა, ჩამორჩენა, ამჟამად შეადგენს იმისთანა აშკარა მოვლენას, იმისთანა ცხად ჭეშმარიტებას, რომელსაც ბევრად თუ ცოტად ყველა გრძნობს, ყველა ამჩნევს, არამც თუ განათლებული, არამედ უკანასკნელი უმეცარიც“.
გულის გატეხა, ახალ ვითარებაში ადაპტაციის უნარის გამოუვლინებლობაში მდგომარეობდა. ამ მოვლენამ ნიჰილიზმის სახე მიიღო. 1872 წელს, გიორგი მუხრან-ბატონმა, თბილისში გამომავალი რუსული გაზეთის, „კავკაზ“-ის დამატებად დასტამბა თავისი ნარკვევი, „ეროვნული ინდივიდუალობის არსისა და ხალხთა მსხვილი ერთეულების წარმოქმნის მნიშვნელობის შესახებ“. 1889 წელს, ივანე ჯაბადარმა, რუსულ ჟურნალში, „სევერნი ვესტნიკ“, პეტერბურგში რომ გამოდიოდა, დაბეჭდა თავისი „წერილები საქართველოზე“. მიუხედავად იმისა, რომ ეს წერილები 17 წლის ინტერვალით გამოქვეყნდა და, ამავე დროს, მათ ავტორთა მსოფლმხედველობა რადიკალურად განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან: პირველი, მონარქისტი იყო, მეორე კი, ხალხოსანი, მაგრამ, საქართველოს წარსულისა და დღევანდელობის მძიმე, უიმედო, უპერსპექტივო სურათის დახატვისას, ისინი გასაოცრად სოლიდარულნი იყვნენ... ქართული საზოგადოება, ქართული ნიჰილიზმის ამ მანიფესტების გამოქვეყნებას ცალსახად არ შეხვედრია; იყვნენ ისეთებიც, ვინც მათი „ნააზრევი“ უპირობოდ მიიღო. ილია ჭავჭავაძემ კი, წერილების სერიით „აი, ისტორია“ ქვა-ქვაზე არ დატოვა ჯაბადარის მოსაზრებებიდან. ოღონდ, ამას, ნიჰილიზმისათვის, ცხადია, ბოლო არ მოუღია. ქართველობა გრძნობდა, რომ იმაზე მეტ აქტიურობას ვერ გამოიყენდა, ვიდრე ამას მაშინ ახერხებდა. ეს, რა თქმა უნდა, პატრიოტ ქართველებს მეტად აწუხებდათ და წარსული ცხოვრების მაგალითებს იშველიებდნენ იმის დასტურად, რომ ერთ დროს, ჩვენც ძალა მოგვდგამდა და მსოფლიო სცენაზე ჩვენც ვთამაშობდით როლსო. ასეთი შეხედულების გამოხატულებაა ის, რასაც გერონტი ქიქოძე წერდა წერილში „ენა და ეროვნული ენერგია“: „ძველი ქართველობა ენერგიული ერების რიცხვს ეკუთვნის. მისი ენერგია გამოიხატება არა მარტო მის მიერ გათხრილ არხებსა, მის მიერ აგებულ ტაძრებსა და ციხე-კოშკებში, მის მიერ განცდილ ომებში. ეს ენერგია მის ენასა და ლიტერატურაში გამოაშკარავდა“. ამისი მსგავსი შეფასებები ბევრია, - ის ერთგვარი მაგალითის ძალისა იყო შთამომალთათვის...
უღონობის გამო, გვაფრთხობდა ის სიძნელეები, რაც ახალ ურთიერთობებს ახლავს, ამიტომ ჰპოვა მხარდაჭერა რუსეთიდან შემოსულმა უკიდურესად რეაქციულმა იდეამ კაპიტალისტური ფორმაციის გვერდის ავლის შესახებ და, ბოლოს, იმავე რუსეთიდან, ამიტომ გავრცელდა რელიგიასავით, „ნაროდნიკული“ და „სოციალ-დემოკრატიული“ მოძღვრებანი. ეთნიკური პასიურობის გამო, ჩვენ არ გვიცდია შეგვექმნა ახალ ფორმაციაში გადასვლის საკუთარი კონცეპცია, არ დაგვიკავშირებია ამ ფორმაციასთან სამშობლოს თავისუფლების იდეა. ამის გამო, ზოგიერთებში, ქვეყნის დამოუკიდებლობის პერსპექტივა შიშს იწვევდა. მაშინ ეროვნული იდეის გაუაზრებლობის შედეგად, იდეოლოგიურ სფეროში გაჩენილი სიცარიელე სოციალისტურმა იდეებმა შეავსეს. ამის შემდეგ, თავისუფლებისაკენ სწრაფვა, უკეთეს შემთხვევაში, რუსეთის ფარგლებში კულტურული ავტონომიის მოთხოვნამ შეცვალა. ქართველ ხალხს კი დაბრალდა, რომ თურმე, ნოე ჟორდანიას სიტყვებით, რომ ვთქვათ: „არც ერთ ერს ისე ნაკლებად არ აინტერესებს ნაციონალური კითხვა, როგორც ქართველ ხალხს...“ ეს სიცრუე იყო და, არანაირი საფუძველი არ ჰქონდა, გარდა იმ უილაჯობისა, რაც თავად ქართველ სოციალისტებს სჭირდათ და, რის გამოც, ისინი თავიდან იცილებდნენ იმ ტვირთს, რასაც ეროვნულ-განმანთავისუფლებელი ბრძოლა ერქვა და ყურადღებას სოციალურ პრობლემებზე ამახვილებდნენ. ამით თავიანთ მოღვაწეობას იადვილებდნენ, რადგან ასეთი პოლიტიკით, ისინი იქცნენ რუსეთის სოციალ-დემოკრატიის ნაწილად, მის ინტერესებს გამოხატავდნენ და, ამ გზით, კარიერასაც იკეთებდნენ. მათი საქციელი მახინჯ რეალობასთან შეგუების აშკარა მაგალითია. აი, ასეთი მისწრაფებების მქონე ადამიანები მოექცნენ ჩვენი პირველი რესპუბლიკის სათავეში. მათ არ გააჩნდათ ეროვნული თვითშეგნება, არ ჰქონდათ სახელმწიფოს მართვისათვის საჭირო ცოდნა და კულტურა, აღჭურვილი იყვნენ მხოლოდ მარქსისტული იდეოლოგიით. ასეთი პოლიტიკოსის ტიპი დაგვიხატა აკაკი წერეთელმა 1909 წელს დაწერილ ლექსში „ვაშა დეპუტატს“, რომლის სატირის მახვილი მიმართული იყო ცნობილი სოციალ-დემოკრატის, ევგენი გეგეჭკორის წინააღმდეგ. (შემდგომში, ეს პიროვნება, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი გახდა).
„ნეტავ, დარჩა ჩვენში კიდევ
ამისთანა ერთი-ორი
როგორც არის, დალოცვილი,
დეპუტატი გეგეჭკორი?
ნამდვილ რუსის შოვინისტი,
მტკიცე ისე ვით მარკოვი;
სხვა ხალხების სისხლის მწოვი!
...
რას მიქვიან ეროვნება?
სჯობს მოისპოს ნაციაო
და დამყარდეს ქვეყნად მხოლოდ
პროლეტარიზაციაო!
...
პურიშკევიჩ და მარკოვის
მოაზრე და თანასწორი,
ხომ ხედავთ, თუ რა კაცია
დეპუტატი გეგეჭკორი?“
ამისთანა ხალხმა გამოიწვია 1921 წლის ტრაგედია, რადგან, მათ აიძულეს მოსახლეობა, ეცხოვრა არა ეროვნულ ფასეულობებზე დამკვიდრებული ცხოვრების წესით, არამედ უტოპიური იდეებით შექმნილი სისტემის პირობებში. ამან ხალხი გააუცხოვა სახელმწიფო პრობლემებისაგან... მართალი იყო რევაზ გაბაშვილი, როცა მენშევიკების რეჟიმს ასე აფასებდა: „სოციალიზმზე და რევოლუციაზედ შეშლილი საქართველოს მეთაურობა, სრულიად უგულვებელყოფდა ეროვნულ საკითხებს და ძალით ახდენდა, იწვევდა რევოლუციას, როცა არავინ წინააღმდეგობას არ უწევდა ამ რევოლუციას - მშვიდობიანი წესით საქართველოში, სულ ღია კარებში იჭრებოდნენ, რამდენადაც ეს შეეხებოდა სოციალურ საკითხებს და მთელი მათი რევოლუციური ენერგია შინ (და გარეთაც) იხარჯებოდა ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ჩამოყალიბების წინააღმდეგ“.
გაუკუღმართებულად წარმართულ სახელმწიფო აღმშენებლობის პროცესს მხოლოდ მოკეთეები არ ხედავდნენ, ის არ გამოპარვიათ საქართველოს მტრებს, განსაკუთრებით იმათ, ვისაც სათანადო ძალაც გააჩნდა იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყნისათვის სასიკვდილო დარტყმა მიეყენებინათ. ამ თვალსაზრისით, უაღრესად საინტერესოა შეფასება, რომელიც მოცემულია რუსეთის თეთრგვარდიელთა ერთ-ერთი ლიდერის, ერთი ხანობა, „რუსეთის მმართველის“, გენერალ ანტონ დენიკინის მოგონებათა წიგნში „რუსული ამბოხის ნარკვევები“. აი, რას წერს ის ჩვენი პირველი რესპუბლიკის თაობაზე: „საქართველოს რესპუბლიკის ცხოვრება თავისებურად საინტერესო სურათს წარმოადგენდა...
ხელისუფლება (მთავრობა, პარლამენტი და დამფუძნებელი კრება) მოექცა პატარა, მჭიდროდ შეკრული ჯგუფის ხელში, რომლის წევრებსაც რევოლუციური მოღვაწეობის დიდი გამოცდილება ჰქონდათ. აკავშირებდათ ტომობრივი (უმეტესობა - იმერელი იყო), ნაწილობრივ სისხლისმიერი ნათესაობაც, პარტიული კუთვნილება (სოციალ-დემოკრატები, მენშევიკები) და ერთობლივი დამანგრეველი მუშაობა - დასაწყისში იატაკქვეშეთიდან, შემდეგ რუსეთის სახელმწიფოებრიობის მწვერვალებიდან. მათი ერთგვაროვნება და ვიწრო კასტური შემადგენლობა მოიცავდა ძალასა და სისუსტეს ერთდროულად: შინაგანი დისციპლინა ერთი მხრივ და მოსახლეობისაგან მოწყვეტა, ტექნიკურად მომზადებული ძალების არარსებობა, მეორე მხრივ. ქართველი გლეხობა, რომელიც მოსახლეობის 90%-ს შედგენდა, სულაც არ მიიჩნევდა თავს გაბედნიერებულად იმის გამო, რომ საკმაოდ ძვირად მიიღო მიწის დამატებითი ნაკვეთი. მიწათსარგებლობის პირველყოფილი მეთოდების, სასოფლო-სამეურნეო იარაღებისა და ინვენტარის უკიდურესი სიმწირის პირობებში ისინი, ცხადია, ვერც იგრძნობდნენ თავისი ყოფის ოდნავ გაუმჯობესებასაც კი. ამასთანავე დღითიდღე უარესდებოდა ცხოვრების პირობები. „ბონების“ ფასი ყოველდღე ეცემოდა, იზრდებოდა სიძვირე, ძლიერდებოდა „შიმშილი“ სასურსათო და სამრეწველო საქონელზე. ქართული გაზეთები აღნიშნავდნენ, რომ იზრდებოდა ახალი ბოროტება - ნიპოტიზმი, ნათლიმამობა, კუთხური მხარდაჭერა, - რისი კვალიც ყველა სამთავრობო დაწესებულებაში ჩანდა და ადრე გაუგონარი მექრთამეობის, სპეკულაციისა და დატაცებების მიზეზად იქცა.
ვერ ხერხდებოდა მართლწესრიგის განმტკიცებაც...“
ვერაფერს იტყვი, ზუსტი ანალიზია, რომელშიაც ნათლად ჩანს ქართული სახელმწიფოს წიაღში მიმდინარე დესტრუქციული პროცესები (საოცრად მსგავსი იმისა, რაც ჩვენში დღეს ხდება). არ შეიძლება ქვეყნის ასეთი სისუსტე ნახოს და აგრესიულმა ძალამ ის თავის სასარგებლოდ არ გამოიყენოს. დენიკინმა, 1918 წელს ეს მხოლოდ სცადა, - როცა აფხაზეთში შემოიჭრა. ლენინმა კი, საქმე ბოლომდე მიიყვანა და შინაგანად სათანადოდ აუწყობელი სახელმწიფო სულ უბრალოდ დაიპყრო. მარცხის თავი და თავი მაორგანიზებელი ძალის არქონა იყო. ხოლო ის, რასაც საქართველოს ხელისუფლება ერქვა, ამ ფუნქციას ვერ ასრულებდა თავის საგარეო და საშინაო პოლიტიკით; იმდენად მოსახლეობის ორგანიზებას არ უწყობდა ხელს, რამდენადაც მის დეზორგანიზებას.
ასეთმა პოლიტიკამ სულ ჩაახშო ისედაც მცირე ეროვნული ენერგია და როდესაც ბოლშევიკური რუსეთი თავს დაგვესხა, საქართველომ წინააღმდეგობის გაწევა და აგრესიის მოგერიება ვერ შეძლო. უზნეო პოლიტიკამ, რომელიც ეროვნული ღირებულებების ადგილას სოციალურის ჩანაცვლებას ახდენდა, გამოიწვია 1918 წელს მოპოვებული დამოუკიდებლობის მნიშვნელობის გაუცნობიერებლობაც. ბევრის შეხედულებებს გამოხატავდა სოციალისტი პეტრე გელეიშვილი, როცა მეორე რუსული ოკუპაცია ასე შეაფასა:
„რაზე ღელავთ? ერთი სოციალისტური პარტია მიდის, მეორე მოდის, სხვა არაფერი, საღელავი რაა?...“
ქართველი სოციალისტი ხედავდა პარტიას და ვერა იმ რუსულ ხიშტებს, რომლებზე დაყრდნობითაც ეს პარტია, - ეროვნული ინტერესების საზინაოდ, ძალაუფლებისაკენ მოიბრძოდა.
საპირისპირო მაგალითს წარმოადგენს მოსაზრება იმის თაობაზე, თუ რა ევალებოდა პოლონელ სოციალისტს, და ეს მოსარება ეკუთვნის პოლონეთის სახელმწიფოს აღმდგენელს მეოცე საუკუნეში, თავადაც სოციალისტ, იოზეფ პილსუდსკის: - „სოციალისტი პოლონეთში უნდა ისწრაფვოდეს ქვეყნის დამოუკიდებლობისაკენ, დამოუკიდებლობა კი ფრიად მნიშვნელოვანი პირობაა სოციალიზმის გამარჯვებისა პოლონეთში“.
როგორც ხედავთ, თავისთავად, სოციალისტობა, არ ნიშნავს ეროვნულის უარყოფას, ამიტომაც, პოლონელი, ჩეხი, ლიტველი სოციალისტები სწორად აცნობიერებენ ეროვნულ-სახელმწიფოებრივ ინტერესებს; ქართველი კი, ვერა. ამიტომაც ვერ ავიცდინეთ ვერც ოკუპაცია და, ვერც კოლონიურ-კომუნისტური რეჟიმი, რომელმაც, თავისი ავი საქმე, ქართული მიწა-წყლის დარიგება-გასხვისებით დაიწყო.
ამ დანაშაულებრივი პოლიტიკის წყალობით საქართველომ დაკარგა და, მის მეზობლებს გადაეცა: თურქეთს - 12 ათას 115 კვადრატული კილომეტრი, სომხეთს - 3 ათას 812 კვადრატული კილომეტრი, აზერბაიჯანს - 3 ათას 564 კვადრატული კილომეტრი. ამრიგად, საქართველომ დაკარგა 19 ათას 491 კვადრატული კილომეტრი თავისი ისტორიული მიწა-წყლისა. რუსეთმა დაინარჩუნა, ადრევე ჩვენთვის წართმეული სოჭის ოლქი და, ჩრდილოეთ კავკასიაში ცოტა-ცოტა ჩამოგვაჭრა. ეს გაუგონარი ძალადობა კოლონიურ-კომუნისტურმა რეჟიმმა განახორციელა და დააკანონა იმავე მაკიაველისტური პრინციპით, რომლითაც ხელმძღვანელობდა მაგალითად XVIII საუკუნის ისეთი ცნობილი დამპჩყრობელი, როგორიც იყო პრუსიის მეფე ფრიდრიხ II,რომელსაც უთქვამს: „თუ მოგწონს რომელიმე ქვეყანა, დაიპყარი ის, თუ ამისი საშუალება გაქვს. შემდეგ ყოველთვის ნახავ ისტორიკოსს, რომელიც დაამტკიცებს შენი ბრძოლის სამართლიანობას, და იურისტს, დამსაბუთებელს შენი მოთხოვნებისა“.
როგორც ჩანს, პრუსიის მეფეს თანამოაზრეები ჰყავდა ჩვენს მეზობელ რესპუბლიკებში, დაპყრობილი საქართველოს ტერიტორიების განაწილებისას, რასაც, ოფიციალურად, ამიერკავკასიის რესპუბლიკათა ტერიტორიული საკითხების მოგვარებას უწოდებდნენ... და, რის გამოც, 1921 წლის 2 მაისს რკპ(ბ) ცენტრალური კომიტეტის კავბიუროს პლენუმმა შექმნა სპეციალური კომისია, რომლის სხდომებიც თბილისში ჩატარდა 25-27 ივნისს და, რომელზედაც, სომხეთის წარმომადგენელს, ბეკზადიანს, გამოუთქვამს მოსაზრება, რომ სომხეთის სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის პრობლემები, საქართველოს და აზერბაიჯანის ხარჯზე უნდა დაწაყვეტილიყო. ამას ადასტურებს ბეკზადიანის სიტყვის საოქმო ჩანაწერის ფრაგმენტიც: „ახლა სომხეთს არც საკმარისი ტერიტორია აქვს და არც ტყისა და სხვა ფონდები - სახელმწიფო სახსრების უმთავრესი წყარო, ამიტომ იგი როგორც პოლიტიკურად დამოუკიდებელი ერთეული, ვერ შესძლებს არსებობას. ამ გარემოებათა გამო ამხ. ბეკზადიანს უაღრესად საჭიროდ მიაჩნია, რომ მეზობელ აზერბაიჯანს და საქართველოს რესპუბლიკებს ჩამოეჭრათ ტერიტორია სომხეთის სასარგებლოდ. როცა მოსკოვში ამხანაგებმა მიასნიკოვმა და ბეკზადიანმა ამხ. სტალინი ინახულეს, ამ უკანასკნელმა ეს თვალსაზრისი სავსებით გაიზიარა. ყოველივე ზემონათქვამის საფუძველზე სომხეთის დელეგაცია სთხოვს ამხანაგ ქართველებს და თათრებს, გაითვალისწინონ სომხეთის განსაკუთრებული მდგომარეობა და საერთო სოლიდარობის გულისთვის, ერთხელ და სამუდამოდ, უაღრესად გულწრფელი, მეგობრული ურთირთდამოკიდებულების გულისათვის დაგვთანხმდნენ გარკვეული ტერიტორიების დათმობას, ამასთან კომპაქტური სომხური მოსახლეობით დასახლებულ რაიონებში“.
გარდა თავხედური პრეტენზიისა, ეს დოკუმენტი სხვა რამითაც იქცევს ყურადღებას. მაშინ, სომხეთიც ისევე დაპყრობილი იყო საბჭოთა რუსეთის მიერ, როგორც საქართველო, მაგრამ სომხები ავლენენ მეტი ადაპტაციის უნარს, მეტ ენერგიას და სხვას ართმევენ, ან უცერემონიოდ სთხოვენ, ტერიტორიებს, მაშინ, როცა, ქართველები ვერც ადაპტაციის უნარს და ვერც ენერგიას ვერ ვავლენთ. იმდენად მოუმზადებლები ვხვდებით ანექსიას და ოკუპაციას, რომ ვერაფერს ვახერხებთ და ქვეყნის ტერიტორიის ერთ მეოთხედს ვკარგავთ. ნიშანდობლივია ისიც, რომ ჩვენ არ გვყავს ბეკზადიანის ტიპის ნაციონალისტი კომუნისტები. ჩვენთან პირიქითაა, ქართველი კომუნისტები ინტერნაციონალისტები არიან.
მახინჯმა სოციალურ-პოლიტიკურმა სისტემამ, მოითხოვა შეგუების ასეთივე მახინჯი ფორმები და, სამოქმედო ასპარეზი მისცა ადამიანებს, ვისაც ეს სხვაზე უკეთ შეეძლო, ანუ, ქართველ კომუნისტებს. მათი ეს უნარი, იმთავითვე ქართველთა ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ აღმოჩნდა მიმართული და ქართველი ქართველს დაუპირისპირდა. ამასთან, ისეთი სისასტიკით, რაც გვიანი შუა საუკუნეების ყველაზე ბნელსა და მძიმე პერიოდებში თუ ჰპოვებს ანალოგს.
რუსეთის მიერ დამყარებული კოლონიურ-კომუნისტური რეჟიმის მოწინააღმდეგე ქართველი ინტელიგენციის მისამართით, სერგო ორჯონიკიძე იტყვის: „... თუ კი ინტელიგენცია საბოტაჟის, საიდუმლო შეთქმულებების და აჯანყებების გზით წავა, ტყვიის ენის გარდა სხვა ენაზე ლაპარაკს არ დავიწყებთ“.
ტერორისაკენ აშკარა მოწოდებების გვერდით, კონკრეტდება ის სოციალური ფენები, რომელთა, განადგურება იყო აუცილებელი. ამასთან დაკავშირებით საქართველოს ცეკას ერთ-ერთი მდივანთაგანის, კახიანის აზრი, ასეთი გახლდათ: „... ვინაიდან, ვიდრე ჩვენს წინაშეა საბჭოთა საქართველოში ეს მრისხანე ციფრი 120-130 ათასი თავადაზნაურობისა, 7000 მეფის ოფიცრობისა, არა ვართ დარწმუნებული იმაში, რომ ეს საწვავი მასალა არ აალდება ხელახლა ყოველ ხელსაყრელ საერთაშორისო და საშინაო გართულებათა შემთხვევაში. ამ საკითხს არა ერთხელ და ორჯერ სერიოზულად უნდა ჩაუფიქრდეს საქართველოს კპ ცეკა“.
ჩაუფიქრდნენ და, ქართველობა შებოჭეს ტერორის უწყვეტი ჯაჭვით, რომლის ყველაზე დიდი რგოლები 1921, 1924, 1929-33, 1937, 1951, 1956 და 1989 წლებია, წვრილ-წვრილი კი, - ანუ რეჟიმის მოწინააღმდეგეთა დაპატიმრება, გადასახლება, დახვრეტა, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოთავსება, - ყოველთვის ხდებოდა.
ასეთი ზეწოლა, სრულიად ხელოვნურ და მიუღებელ სოციალ-პოლიტიკურ სისტემასთან ერთად, თავს გვახვევდა დუნე, რეგლამენტირებული ცხოვრების წესს, რომელიც, ეროვნული ენერგიის გამოვლენას კი არ უწყობდა ხელს, არამედ, მის დათრგუნვას; ბადებდა ნიჰილიზმს; კიდევ უფრო გაიზარდა რუსიფიკაციის საფრთხე; სულ უფრო მეტ ქართველს შეჰყავდა თავისი შვილები რუსულ სკოლაში. რუსული ენა იმ ბარიერად იქცა, რომელიც საქართველოში მცხოვრებ არაქართველებს ყოფდა ქართველებისაგან... რუსეთის ორივე იმპერია საქართველოს დაქუცმაცებას ცდილობდა, კომუნისტურმა, ამ მხრივ. ბევრად მეტ წარმატებას მიაღწია: არაქართველები ქართველებს დაუპირისპირა, ქვეყანა ავტონომიებად დაჰყო და, ამით, შენელებული მოქმედების ნაღმები შექმნეს, რომლებიც, ისეთ დროს, და ისეთი სიმძლავრით აფეთქდებოდა, როგორც მოსკოვს სურდა... კოლონიურ-კომუნისტური რეჟიმი, საგანგებოდ უწყობდა ხელს არაქართული და, საერთოდ, რუსულენოვანი მოსახლეობის სოციალურად გააქტიურებას, რათა მისი სახით რუსეთს ერთგვარი დასაყრდენი ეპოვნა. ქართველთა აქტიურობა, მაშინ, უმეტეს შემთხვევაში, პირადი პრობლემების მოგვარებით შემოიფარგლებოდა. ეს ბუნებრივი შედეგი იყო იმ მდგომარეობისა, რომელშიაც ვიმყოფებოდით: ადამიანი, როცა მას სახელმწიფო საზრუნავი არ აწუხებს, მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ფიქრის ამარა რჩება...
მიუხედავად ამისა, მაშინ სამეურნეო და საზოგადოებრივი ცხოვრება არ ჩამკვდარა საქართველოში. ჯერ ერთი, ამას არ დაუშვებდა კომუნისტური რუსეთი და, მან, ისევე, როგორც ადრე, მონარქისტულმა, იმდენად შეასრულა მაორგანიზებელი ფუნქცია, რამდენადაც ეს მის ინტერესებში შედიოდა. მეორეც, ჩვენ გვეყო იმდენი ეროვნული ენერგია, გამოგვეყენებინა არსებული პირობები ეროვნული თვითმყოფადობის გამოსავლინებლად. ეს, განსაკუთრებით, სულიერი ცხოვრების სფეროს ეთქმის და, კერძოდ, შემოქმედებით აზრს, რომელსაც მცირეოდენი გასაქანი ე.წ. „ოტტეპელისა“ და „ზასტოის“ წლებში მიეცა. თუმცა, არც მოსახლეობის ყოფა იყო მაშინ, მაინცადამაინც, იდეოლოგიური დოგმებისა და ნორმატივების მიხედვით მოწყობილი. ამიტომ არც „ცხოვრების სოციალისტური წესი“ გახლდათ დაცული.
საკითხავია: რატომ უყურებდნენ მოსკოველი იდეოლოგები მშვიდად ჩვენს ასეთ ქცევას? - ამ კითხვაზე პასუხი, შეიძლება, მოინახოს იმ ყურადსაღებ ამბავში, რომელსაც მოგვითხრობს ნოე ჟორდანია მოგონებათა წიგნში „ჩემი წარსული“:
„როგორც კი მივუახლოვდით ვარშავას, დაიწყო ბილეთების ჩამორთმევა. ჩემს გვერდით იჯდა პოლონელი მგზავრი და მას პოლონურად მოსთხოვა ბილეთი. ეს გაიგონა უკან მჯდარმა რუსის ჟანდარმმა, წამოხტა, მივარდა კონდუქტორს და ოქმი შეუყენა პოლონურად ლაპარაკის გამო. გამიკვირდა, გავოცდი, ჩვენში არაფერი ამის მსგავსი არ მენახა, თუმცა, ქართველი კონდუქტორები მუდამ ქართულად ელაპარაკებოდნენ ქართველ მგზავრებს“.
ის, რამაც გააოცა ნოე ჟორდანია, სულ უბრალოდ შეიძლება აიხსნას: რუსები იმიტომ ავიწროვებდნენ პოლონელებს ყოველმხრივ, რომ ისინი არ ყაბულდებოდნენ უფლებებს, რაც ჰქონდათ, და მეტისათვის იბრძოდნენ. აქტიური წინააღმდეგობა, რასაც ყველა სფეროში აწყდებოდა რუსული კოლონიალიზმი, საცნაურს ხდიდა იმას, რომ პოლონელები თავიანთ მდგომარეობას დროებით მოვლენად მიიჩნევდნენ. იმ დროს საქართველოშიც იდევნებოდა სკოლებიდან ქართული ენა. გავიხსენოთ, იანოვსკის „საგმირო“ საქმეები, - მაგრამ, საზოგადოებრივი ცხოვრებიდან, რუსებს, ქართული მთლად არ გაუდევნიათ, რადგან ხედავდნენ, რომ ჩვენ მხოლოდ თავს ვიცავდით და პოლონელების მსგავსად, შეურიგებელი პოზიცია არ გვქონდა. ამის გამო, ჩვენს მიერ ტრადიციული ღირებულებების დაცვა, რუსებისათვის საშიში არ იყო.
ეს კიდევ ერთხელ განმეორდა „ოტტეპელისა“ და „ზასტოის“ წლებში, - ჩვენდამი „ლოიალობის“ მიზეზი უცვლელი დარჩა, იმპერიას საშიშად არ მიაჩნდა ქართველთა „ფრონდერობა“, ამიტომ უფლებას გვაძლევდნენ, ასე გვეცხოვრა და ასეთები ვყოფილიყავით. ეს, განსხვავებით 20-იანი წლების ყოფითი თუ შემოქმედებითი სიტუაციისაგან, - რომელსაც ებრძოდნენ „ნეპის“ გაუქმებით, გაკულაკებით, იდეოლოგიური მუხრუჭების ამოქმედებით კერძოდ, საკავშირო კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკებისა) ცენტრალური კომიტეტის 1932 წლის 23 აპრილის დადგენილებით, რომელიც ლიტერატურულ-სახელოვნო ორგანიზაციების გარდაქმნას ითვალისწინებდა; და ბოლოს, 1937 წლის ტერორიით, რის სავალალო შედეგზეც უკვე მოგახსენეთ.
ასეთი განსხვავებული დამოკიდებულების გარდა, კოლონიური რეჟიმის ტრანსფორმაციის (თავისი ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე, ის, რეპრესიების მეთოდებს ცვლიდა) მიზეზი ისიც იყო, რომ ერთგვაროვნად, ვერც ჩვენ ვავლენდით ეროვნულ ენერგიას და რამდენადაც მოსახლეობის ძირითადი მასა პასიური იყო, იმდენად ნაკლებად საშიში იყო იმპერიისათვის მისი ყოფის სპეციფიური ხასიათი.
სსრკ-ს დაშლამდე დაახლოებით ათი წლით ადრე, ხელნაწერის სახით გავრცელდა კიტა ბუაჩიძის „ღია ბარათი“, რომელსაც მოგვიანებით „შავი წიგნი“ ეწოდა. ეს პუბლიცისტური ნაწარმოები დოკუმენტურად ასაბუთებს იმას, თუ როგორ, და, რა ფორმებით განიცდიდა ზეწოდას ქართველობა, საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ეროვნული უმცირესობათაგან და მეზობელი ერებისაგან, - რაც ეთნიკური ექსპანსიით და, ჩვენს მიმართ უსაფუძვლო ტერიტორიული თუ, სხვა პრეტენზიებით გამოიხატა. ყველაფერ ამის უკან კოლონიზატორთა ხელიც იგრძნობოდა, მაგრამ, გათითოკაცებული და მომხვეჭელობას გადაყოლილი ქართველობა ამ შემოტევას ვერ იგერიებდა... ამ წიგნში მოყვანილი ფაქტებით კარგად ჩანს ის დამღუპველი ტენდენცია, რომელსაც, ახლა, სამართლიანად შეიძლება ვუწოდოთ, დეპოპულაციის ფაზის დასაწყისი. ეს კი, იმას ნიშნავდა, რომ ქართველთა ეროვნული ენერგია, აღარ იყო საკმარისი გასამრავლებლად და არსებობის შესანარჩუნებლად... ყველაფრის თავი ქართველთა სოციალური პასიურობა იყო, აქტიურობისათვის საკმარისი ენერგია არ გვქონდა, - ამასთან, აქამდის შემორჩენილი ზოგიერთი ფეოდალური ხანის ღირებულება, ყველა იმ შესაძლებლობის გამოყენების საშუალებასაც არ იძლეოდა, რასაც იძლეოდა „სოციალისტური ცხოვრების წესი“.
ამიტომ გვქონდა სრულიად გაუმართლებელი, - თავისი საყოველთაო ხასიათის გამო, - მისწრაფება ელიტარულობისაკენ, - რაც ვლინდებოდა, უპირველეს ყოვლისა, „არაპრესტიჟულობის“ გამო, მთელი რიგი საჭირო, და შემოსავლიანი პროფესიების მიუღებლობით. კერძოდ, ხელოსნობა და მომსახურეობის სფერო; - არავის უნდოდა გლეხად და მუშად ყოფნა. სამაგიეროდ, ყველას სურდა უმაღლესი სკოლის დიპლომის მიღება, რასაც, ადრე ნათქვამს გავიმეორებ, სოციალისტურ საქართველოში იგივე მნიშვნელობა ენიჭებოდა, რაც ფეოდალურ ხანაში - აზნაურის წოდებას ... იზღუდავდა რა საკუთარი ნებით სამოქმედო არეს, ერი კიდევ უფრო პასიური ხდებოდა. აშკარა იყო ცალმხრივი განვითარების ტენდენციის არსებობა, რომლის დროსაც, ქართველების ნაწილი ცდილობდა გამხდარიყო ერთგვარი ელიტარული კასტის წევრი, - რომელშიაც გაერთიანდებოდნენ ტექნიკური და შემოქმედებითი ინტელიგენცია, პარტოკრატები და ბიუროკრატია; ხოლო ბევრი დარგი და პროფესია მათ არ აინტერესებდათ, - ის ვიღაც სხვას უნდა დაეკავებინა, მაგალითად, სხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლებს. ამიტომ, უმეტესწილად, რუსუბი, ქარხანა-ფაბრიკების მუშები იყვნენ, სომხები და ებრაელები, - ხელოსნები და, ვაჭრობის მუშაკები, ქურთები - მეეზოვეები და კურტნის მუშები, და ასე შემდეგ. არსებითად ეს იყო, გვიანი შუა საუკუნეების სოციალური კიბის, რაღაც მახინჯი ანალოგია; სოციალიზმის წიაღში კონსერვირებული, ფეოდალური პერიოდის ღირებულებათა ზემოქმედების შედეგი. სოციალური დიფერენცირების ასეთი ეთნიკური სახე, იმ დიდი საშიშროების მაჩვენებელი იყო, რის წინაშეც ვიდექით. ამას ემატებოდა კიდევ ერთი საფრთხე: ელიტარული ყოფისაკენ სწრაფვამ ქართველებში გააძლიერა რესპექტაბელურობის მოთხოვნილება, - რაც იმ მცირე ხელფასით, საბიუჯეტო დაწესებულების მოსამსახურეებს რომ ჰქონდათ, ძნელი მისაღწევი იყო. ამიტომ, საჭირო გახდა ბევრ რამეზე უარის თქმა... ეკონომია უპირველეს ყოვლისა, ოჯახის დაგეგმარებას შეეხო და, წესად იქცა, 1 ან 2 შვილიანი ოჯახები. ამან, ერთგვარი, ეროვნული პოლიტიკის ხასიათი მიიღო. განურჩევლად იმისა, კანონიერად ცხოვრობდა ვინმე, - და ამიტომ, - უფულო იყო, თუ უკანონო გზით ბევრი ფული ჰქონდა, - ორივე შემთხვევაში, მრავალშვილიანი ოჯახი დიდ იშვიათობას წარმოადგენდა... გამოირკვა, რომ მატერიალური ხელმოკლეობის გარდა, კიდევ იყო სხვა მიზეზიც: კიტა ბუაჩიძეს, მაგალითები მოჰყავს იმისა, რომ შერეულ სომხურ-ქართულ ოჯახებში, უფრო მეტი ბავშვი იბადება, ვიდრე, მხოლოდ ქართულში და როცა მამაკაცი სომეხია, ის ქართველ ქალს უფრო მეტ შვილს აჩენინებს, ვიდრე ქართველი მამაკაცი, რომელსაც სომეხი ცოლი ჰყავს... აი, ამონაწერი იმ სამგლოვიარო განცხადებებიდან, ავტორს რომ მოუყვანია ამ დემოგრაფიული კაზუსის საილუსტრაციოდ: „მეუღლე ნინო შალიკაშვილი, შვილები გურამ, ირა, შოთა, ჟორა... იუწყებიან, რომ გარდაიცვალა სურენ გაბრიელის ძე კარაჯიანი“.
„მეუღლე მარიამი, შვილი ლენა იუწყებიან, რომ გარდაიცვალა თედორე ანდრიას ძე კუჩერია“.
„შვილები ვალიკო, ოთარ, ლენა, გივი ჩაპკანოვები იუწყებიან, რომ გარდაიცვალა ეკატერინე მიხეილის ასული კბილაშვილი-ჩაპკანოვი“.
„შვილი ჯამლეთ ასანიძე, იუწყება, რომ გარდაიცვალა ბაბალე (ვარვარა) პავლეს ასული პეტრიაშვილი“.
„მეუღლე ოლღა ბიბილური, შვილები სილვა, გრიგოლ, არარატ იუწყებიან, რომ გარდაიცვალა სერგო (სამველ) მელიქის ძე მელიქოვი“.
და ბოლოს, ერთიც, - როცა, სომეხი მიჰყვება ქართველს: „მეუღლე ზურაბი, შვილი ლენა, იუწყებიან, რომ გარდაიცვალა ამალია დანიელის ასული ასატუროვა-ჯოგლიძე“.
ამრიგად, ცხადია, რომ გამრავთლების ინსტინქტის ასეთი უცნაური გამოვლინება, შერეული და ჩვეულებრივი ქორწინებების დროს, ისევ და ისევ ეროვნული ენერგიის გამოა. ვისაც მეტი აქვს, - ის უფრო ნაყოფიერია, და ვისაც ნაკლები, - ის კი, - არა. სხვათაშორის, დაქვეითებული ენერგეტიკა და, აქედან მომდინარე უკიდურესი ეგოიზმი, არის მიზეზი იმისა, რომ ამდენი გაუთხოვარი ქალი და უცოლო კაცია ჩვენში, რომელთაც, არ ჰყოფნით ძალა, ვინმეს, როგორც საჭიროა ისე, შესაყვარებლად და ოჯახის შესაქმნელად. ასე იყო ამ ათიოდე წლის წინათ და ასეა ახლაც; არადა, როცა ერს გამრავლების ინსტინქტი მოჩლუნგებული აქვს, ეს აშკარა საბუთია დეპოპულაციის დასაწყისისა...
კოლონიურ-კომუნისტური რეჟიმის დროს, ჩვენში იმძლავრა პროვინციალიზმმა, სნობიზმმა და ეგოცენტრიზმმა. ამ ტენდენციას უფრო ღრმა ფესვებიც აქვს:
ჯერ ერთი: საქართველო დიდხანს იყო დიდი იმპერიების ხან ჩრდილო, ხან აღმოსავლეთ, ხან დასავლეთ და, ხანაც სამხრეთი პროვინცია. ამას, არ შეიძლება, კვალი არ დაეტოვებინა ჩვენს ცნობიერებაზე.
მეორეც: ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში, ფორმაციის შეცვლით გამოწვეულმა სიძნელეებმა, ქალაქებში თავი მოუყარა სოციალური ფუნქციის არმქონე პროვინციალებს, რომლებიც არაფერს არ ქმნიდნენ, არ აწარმოებდნენ, არ იყვნენ ჩაბმულნი საზოგადოებრივი ცხოვრების ფერხელში. ამიტომ, მათი თვითდამკვიდრება, უცხოეთიდან შემოსული იდეების გათავისების საშუალებით ხდებოდა (ამ გზით იძებნიდნენ ისინი საქმეს, რაც შესაძლებლობათა რეალიზების პირობებს უქმნიდათ). ხშირად, ეს იდეები ეროვნულ ღირებულებათა უარყოფას ითხოვდა, - რაც იწვევდა სნობიზმის აღორძინებას. გამოხდება ხანი და მენშევიკი კაკი წერეთელი იტყვის: „ჩვენ ვართ ისეთი ქართველები, რომლებსაც ვერ აკმაყოფილებს ვერც გაცვეთილი პატრიოტიზმი, ვერც სამშობლოს და ქართული ენის ყვირილი. ჩვენი იდეალი საკაცობრიო იდეალია, ჩვენ ამ იდეალით ვცოცხლობთ, ამით ვიმედოვნებთ, აწმყო გველივით გვეზიზღება, წარსული ჭირივით გვეჯავრება, ჩვენ ვიცქირებით ბრწყინვალე მომავლისაკენ“...
მას დაუდასტურებს ბოლშევიკი ფილიპე მახარაძე: «ჩვენთვის ნაციონალური კულტურა არ არსებობს, ნაციონალურ ენას მხოლოდ პირობითი და წარმავალი მნიშვნელობა აქვს, რაც შეეხება ნაციონალურ ზნე-ჩვეულებებს, ესენი მხოლოდ კონსერვატორობის გამომხატველია». სოციალიზმის, ინტერნაციონალიზმის, დემოკრატიის, და კოსმოპოლიტიზმის იდეებს საყველპუროდ გაცნობილი ქართველი პროვინციალები, - დასავლურ ღირებულებებთან თუნდაც, ამდაგვარი წილნაყარობით, - მეტისმეტად ამაყობდნენ, თავიანთ, აგრეთვე, პროვინციელ და სნობ თანამემამულეებს თვალებში ნაცარს აყრიდნენ. სწორედ, მოსახლეობის გარკვეული ნაწილის სნობისტურმა შეხედულებებმა ქნა ის, რომ პირველი რესპუბლიკის დროს, საქართველოში ყველაზე პოპულარული, - სოციალ-დემოკრატიული პარტია იყო, რომლის ავტორიტეტი სოცალური დემაგოგიის გარდა, ბევრად განსაზღვრა კიდევ იმან, რომ, ეს პარტია რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ნაწილი იყო თავიდან და, მისი ლიდერების: ნოე ჟორდანიას, კაკი წერეთლის, კარლო ჩხეიძის, ევგენი გეგეჭკორის ავტორიტეტი ეფუძნებოდა იმას, რომ იყვნენ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატები. ეს, ქართველი სნობებისათვის უმნიშვნელოვანესი არგუმენტის ძალას იძენდა...
იმავე მიზეზმა განაპირობა, უკვე კოლონიურ-კომუნისტური რეჟიმის დროს, სტალინის პიროვნების კულტის წარმოშობა და დღემდის შენარჩუნება საქართველოში. ის, რომ გორელი მეჯღანის შვილი რუსეთის კომუნისტური იმპერიის სათავეში მოექცა, საქართველოსათვის საშიში იყო, მაშინვე აშკარა გახდა. სტალინის როლი მეორე რუსული ოკუპაციის საქმეში არასოდეს ყოფილა სადაო, სნობებისათვის მთავარი იყო არა ერის ტრაგედია, არამედ მისი მაღლა აცოცება, სხვის სახელმწიფოში პირველ კაცად გახდომა... სტალინზე უამრავი ლექსი და მოთხრობა დაიწერა. დიქტატურის დროს, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, რადგან მთელი დატვირთვით იწყებს მუშაობას სოციალური დაკვეთის მექანიზმი, მაგრამ სახალხო მთქმელებმა და მეშაირეებმა თავი რომ გამოიდეს, ეს გახლდათ საბუთი იმისა, რომ ავის და კარგის გარჩევის უნარი დაკარგული გვქონდა.
ფშაველი მთქმელი ამბობდა:
„მომკვდარა ჩვენი ლენინი
და აღარა გვყავს მცველია,
დამგლოვიარდნენ მშრომელნი,
გულს დაიკრიბეს ხელია.
არის ლენინის ადგილას
ეხლა სტალინი ჩვენია,
შეხარის გლეხი და მუშა:
შენი ჭირიმე, შენია!“
იმერელი მეშაირე შაირობდა:
„ერთი წყვილი კეცის მჭადი
მივაჭამე მწვანილსა,
კოლექტივის შექმნისათვის
ვენაცვალე სტალინსა“.
სტალინისადმი სნობური დამოკიდებულება ზოგჯერ ისეთ სიბრიყვეს ათქმევინებდა ადამიანს, მისი გამეორებაა უხერხული, მაგრამ ერთი ნიმუშის მოყვანა მაინც აუცილებელია; სტალინის სიცოცხლეში, რუს შოვინისტს ქართველისათვის უთქვამს: „რუსის ჩექმის ქვეშ ხართო», - ქართველს „ბრძნულად“ უპასუხნია: „ის ჩექმა ხომ ქართველს აცვიაო“...
სხვის გაღმერთება-გაბელადებას მაშინ იწყებს ადამიანი, როცა საკუთარ არარაობას შეიგრძნობს, მომდინარეს უილაჯობისაგან, ტრადიციულ ღირებულებებსაც მაშინ უარყოფს, როცა მათი დაცვის თავი არა აქვს. ასე რომ ყველა ამდაგვარი უზნეობის მიზეზი, პასიონარული ენერგიის დაკარგვაში უნდა ვეძიოთ.
კოლონიურ-კომუნისტურმა რეჟიმმა საფუძვლიანად შეცვალა ადამიანთა შორის ურთიერთობა მორალისა და ეთიკის სფეროში. ლენინის სიტყვებით რომ ვთქვათ: „იმ აზრით, რა აზრითაც ქადაგებდა მას ბურჟუაზია, რომელსაც ეს ზნეობა ღვთის ნებიდან გამოჰყავდა“. ამის შედეგად მივიღეთ საკმაოდ გაშუალებული დამოკიდებულება... კოლონიური ყოფის სამოცდაათი წლის მანძილზე, ვიყავით ერთმანეთის მიმართ ერთობ „გაშინაურებულნი“, აშკარად იგრძნობოდა ფამილიარული ურთიერთდამოკიდებულების მოჭარბება იქ, სადაც ეს დასაშვები იყო და იქაც, სადაც ეს დაუშვებელი იყო... ადამიანებს კონტაქტის ასეთი ფორმა უფრო „ეხერხებოდათ“. ამის მიზეზი ქართველთა კომუნიკაბელობა სულაც არ იყო. საქმე ის არის, რომ: მმართველი რეჟიმის მიერ, თავის დროზე, სოციალური დიფერენცირების მოსპობამ, - სოფლად თუ ქალაქად, - საზოგადოება გააპლებეურა, ამან კი, თავისი კვალი დაამჩნია ეთიკის ნორმებს, მითუმეტეს, ოფიციალური იდეოლოგია ამ ტენდენციას ხელს უწყობდა. ამასთან: შენიშნული მაქვს, ჩვენი თანამემამულენი ოფიციალურ ურთიერთობებთან შედარებით, უპირატესობას უფრო არაოფიციალურს, შინაურულს ანიჭებდნენ. ასეთი არჩევანის მიღმა, ძალიან ხშირად, საქმისაგან, თუ, პასუხისმგებლობისაგან თავის დაძვრენის მცდელობა იმალებოდა. ჩვენი გაშინაურება, ვინმესთან დაამხანაგება, ფამილიარული ურთიერთობა, არაფრის კეთების, ან, ბოლომდე არგაკეთების ერთგვარ გარანტიად იქცა. ასეთ რამეს სხვა ერებში ნამდვილად ვერ ნახავ და, ესეც, ჩვენი უილაჯობის ბრალია.
ქართველთა სოციალური პასიურობა, მისგან მომდინარე პრობლემები, დიდი ხანია, საზოგადოების მოაზროვნე ნაწილის ფიქრისა და განსჯის საგანს წარმოადგენდა. 20-იან წლებში ნიკოლო მიწიშვილმა ამ თემაზე ასე დაიჩივლა: „და როცა კვლავ ვუბრუნდები საქართველოს, მე მას ვერ ვხედავ, ვერ ვნახულობ და მეშინია: ნუთუ საქართველო მარტო ეტნოგრაფიული მოვლენაა, თანდათან გადაშენებაში გადასული?“ ამ შეკითხვას მთელი 70 წელი არ დაუკარგავს აქტუალობა და როცა მოგვეცა საშუალება, მასზე პასუხის გაცემა ვცადეთ პოლიტიკური გააქტიურებით, ოღონდ, ეს თავისით არ მომხდარა, - ორმა რამემ შეუწყო ამას ხელი: „პერესტროიკის“ დასაწყისმა სსრკ-ში და იმ წლებში, ბევრი ჩვენი თანამემამულის მიერ, თავისუფლების იდეის გათავისებამ. ის, მაშინ, ნამდვილ ეთნიკურ დომინანტად იქცა და ამას ნამდვილი სასწაული მოჰყვა: გათითოკაცებული ქართველობა უცებ ერთ მუშტად შეიკრა, იწყება ღირებულებათა გადაფასების პროცესი, უარსაყოფის უარყოფა, მისაღების მიღება, აღორძინება იწყო ზოგიერთმა მეტად მნიშვნელოვანმა ტრადიციამ: გავიხსენოთ, 9 აპრილის შემდეგ როგორი პატივისცემით ვექცეოდით ქალებს... ხდება დიდი შემობრუნება რელიგიისაკენ, ამასთან, საზოგადოება ინტერესს იჩენს პოლიტიკისადმი და ამჟღავნებს სურვილს, გაეცნოს და შეითვისოს დასავლური ცივილიზაციის მონაპოვარი: დემოკრატია, პიროვნული და ეროვნული თავისუფლების აუცილებლობა. ეს ყველაფერი იმის შედეგი იყო, რომ მძაფრად იწყო გამოვლენა ეროვნულმა ენერგიამ... იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ უილაჯობისა და დეპოპულაციის დაწყებულ პროცესს ბოლო ეღებოდა, ერი ახალ, სრულფასოვან ცხოვრებას იწყებდა... სამწუხაროდ, რადგან არც ეროვნული იდეა გაგვაჩნდა და არც რაიმე სამოქმედო გეგმა, - შემუშავებული, ამიტომ თავისუფლების იდეა, რომელმაც ეროვნული ენერგია გამოიხმო და განაპირობა კოლონიურ-კომუნისტური რეჟიმის დამხობა, ვერ შეიცვალა დამოუკიდებელი, დემოკრატიული სახელმწიფოს აღმშენებლობის იდეით. ეს კი, იქცა დიდი კრიზისის დასაწყისად, რომელსაც მოჰყვა კვლავ გათიშვა, ურთიერთდაპირისპირება, მოხდა ეგოიზმის გაუგონარი გამოვლენა, რამაც გაანეიტრალა მცირერიცხოვან პასიონართა ძალისხმევა და ისევ დაახშო ეროვნული ენერგიის გამოსახმობი არხები... ამის წყალობით, გარეშე ძალისათვის ადვილად სამართავები გავხდით და თავს მოგვახვიეს ჯერ სამოქალაქო, შემდეგ კი, სამამულო ომი. ამ მძიმე გამოცდისას, ნათლად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი საზრუნავი კვლავ შეეცვალა პირადულს... ვიყავით გაბოროტებულნი; რაც ყველაზე საშინელია, შევძელით ძმათამკვლელ ომში გამარჯვება და დავმარცხდით მომხდურთან ბრძოლაში... ვინც მოწმეა ე.წ. თბილისის ომისა, მას ემახსოვრება, თუ რა უაზრო სისასტიკით ებრძოდნენ არა მარტო ერთმანეთს დაპირისპირებული მხარეები, არამედ როგორ დაუზოგავად ანგრევდნენ შენობებს, მთელ კვარტალებს, არქიტექტურისა და კულტურის ძეგლებს. გაუგებარი იყო, სურდათ თუ არა იმ ქალაქში ცხოვრება, რომლის ხელში ჩასაგდებადაც მიმდინარეობდა ეს ბრძოლა. ზოგჯერ თანამედროვეთა ქცევა იმდენად პარადოქსულია, რომ მათი მოქმედების არსში გასარკვევად, ისტორიას უნდა მიმართო: „ფლორენციის ისტორიაში“ ნიკოლო მაკიაველი მოგვითხრობს ამბავს XIII საუკუნის იტალიის ცხოვრებიდან, როცა იმპერატორისა და რომის პაპის მომხრენი, გიბელინები და გველფები, ერთმანეთს ებრძოდნენ, გიბელინებმა, მათ შორის, ფლორენციიდან განდევნილებმა, აიღეს თავიანთი ქალაქი, რომელიც, იმ დროს, გველფების დასაყრდენი იყო და ამ დასაყრდენის მოსპობის მიზნით, განიზრახეს ქალაქის დანგრევა. ასეთ გადაწყვეტილებას წინ აღუდგა ფლორენციელი გიბელინი ფარინატი დელი უბერტი, რომელმაც, როგორც მაკიაველი წერს: - „არაფრის წინაშე უკან არ დაიხია და აშკარად იწყო ფლორენციის დაცვა და თქვა, რომ დიდი შრომა გასწია და თავიც მრავალგზის ჩაიგდო საფრთხეში, რომ სამშობლოში ეცხოვრა... თუ ვინმე დამსწრეთაგანს შიში აქვს თავისი სამშობლოსი, აბა სცადოს მისი დაღუპვა - ის თავის მხრივ აღდგება მის დასაცავად იმ ვაჟკაცობით, რაც აღაფრთოვანებდა მას როცა იქედან გველფებს მიერეკებოდა“. ფარინატი დელი უბერტის სამშობლოში სურდა ცხოვრება, არც საკუთარი სამშობლოს შიში ჰქნდა, რადგან დარწმუნებული იყო, თავისი ბრძოლით სიკეთე მოჰქონდა მისთვის. ამიტომ, არც ნგრევის ჟინი ჰქონდა, უაზრო სისასტიკე მიუღებელი იყო მისთვის და, როგორც ჩანს, გაუგებარიც.
გაქრა თუ არა ეთნიკური დომინანტი, ენერგიაც დავკარგეთ, ამიტომ, ვერც ახლად დამოუკიდებლობამოპოვებული რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობის დაცვა მოხერხდა ხელყოფისაგან. აქ ერთ საკითხსაც უნდა მიექცეს ყურადღება; ცდილობდა რა, არ გავეშვით თავისი ზემოქმედების ორბიტიდან, რუსეთმა, საქართველოში ავტონომიების სახით ჩაწყობილი, ეთნიკური ნაღმები აგვიფეთქა. გამოუცხადებელი 1990-1993 წლების რუსეთ-საქართველოს ომი, აფხაზურ-ქართულ და, ოსურ-ქართულ დაპირისპირებად მოინათლა. რუსეთი აფხაზი და ოსი ექსტრემისტების ხელით გვებრძოდა, რომელთაც სადაც და როგორც საჭირო იყო, იქ და ისე ეხმარებოდა რუსეთის შეიარაღებული ძალები, - ტექნიკითა და ცოცხალი ძალით. ეს ასეა, მაგრამ, ხომ ისიც ფაქტია, რომ აფხაზები და ოსები,რომელთაც გააჩნდათ ეთნიკური დომინანტი, ანუ, ძირძველი ქართული მიწების დაპყრობისა და მითვისების იდეა, ეროვნულ ენერგიასაც ავლენდნენ, ჩვენზე ათასჯერ უკეთ იყვნენ ორგანიზებულნი, მოქმედებდნენ მიზანდასახულად. მაშინ როცა, ქართველები დეზორგანიზებულნი იყვნენ, იმასაც კი ვერ არკვევდნენ კარგად, თუ ვინ იყო მტერი და, რას გვერჩოდა... ამავე დროს, გარკვეული ძალები, შინაურიცა და გარეშეც, მაქსიმალურად აღვივებდა ჩვენში კაპიტულანტურ განწყობილებას. თუ ამას დავუმატებთ, რომ, არსებითად, ჯარი არ გვყავდა და მტერს არც თუ კარგად გაწვრთნილი და ორგანიზებული რაზმები ებრძოდნენ.
სამოქალაქო და სამამულო ომების დროს, ბევრმა ვინმემ აიღო იარაღი ხელში. ამ ჭრელმა საზოგადოებამ, ზემოხსენებული მიზეზების გამო, მარცხი განიცადა. ნებისმიერ დამარცხებულ ჯარში იწყება დესტრუქციული პროცესები და, რა მოუვიდოდათ სახელდახელოდ შეკრებილი რაზმების წევრებს, ეს რთული გამოსაცნობი არ იყო. რაზმი ბანდ-ფორმირებად იქცა და დაიწყო კიდეც კრიმინალური ბუმი, - რაც; ჩვენს სინამდვილეში, სოციალური მოძრაობის ფორმა იყო, წარმოადგენდა სიმდიდრის გადანაწილებისათვის მიმართულ თავისებურ ქმედებას. ამ მოვლენას წინ უსწრებდა პრივატიზაციის დაწყება, რომელიც, უკუღმართად წარმართვის შედეგად, კრიმინალურ რევოლუციად იქცა. ამას მიემატა კრედიტების გაფლანგვა, კუპონის ერთადერთ საგადამხდელო საშუალებად თავის დროზე გამოუცხადებლობა და, ამასთან დაკავშირებული ფინანსური მაქინაციები; სახელმწიფო ქონების ძარცვა და თაღლითობა; ადამიანის საქმიანობის ნებისმიერ სფეროში შეიქმნა ისეთი მდგომარეობა, რომ იმას, ვინც აქაური ყოფის სპეციფიკას არ იცნობს, შეიძლება ეფიქრა, რომ ჩვენში გამდიდრების მოსურნეებს სიტყვა-სიტყვით აქვთ გაგებული წმინდა იერონიმეს ნათქვამი: „ნებისმიერი სიმდიდრე-ქურდობაა ან ქურდობის ნაყოფი“-ო.
ეროვნული იდეის არქონის პირობებში, სწორ გზას, თავისით, ის საზოგადოება ვერ დაადგება, რომელსაც მთელი სამოცდაათი წელი კარგი ცხოვრების ერთადერთ საშუალებად ქურდობა, მექრთამეობა, მაქინატორობა, ან თაღლითობა ეგულებოდა. გვჭირდებოდა მაორგანიზებელი ძალა, - ის კი, - არ იყო. არადა, მოპოვებულმა თავისუფლებამ უამრავი პრობლემის წინაშე დაგვაყენა, რომელთა მოგვარების გამოცდილება არ გვქონდა. ქართველები, მოვლენებისადმი ალღოს ამღებ ხალხად ვითვლებით, მაგრამ, სანატრელი კაპიტალიზმისათვის ალღოს აღება გაგვიჭირდა. აქ ქართული ხასიათის ერთი შეხედვით, პარადოქსული თვისება გამოვლინდა: ხომ ასეთი ინდივიდუალისტები ვართ, მაგრამ ახალმა რეალობამ ისიც ცხადყო, რომ როგორც ბევრ სხვა შემთხვევაში, ისე სამეურნეო ცხოვრებაშიც, ვავლენთ ჯოგურ ფსიქოლოგიას; მოსახლეობის ე.წ. საქმიან ნაწილს მეტად გაუჭირდა საკუთარი საქმის მიგნება. მართალია, გასაკეთებელი ბევრია, ფულიც ბევრ რამეში შეიძლება იშოვო, ოღონდ, ყველა იმას ცდილობს, რომ განსაკუთრებით მომგებიან საქმეს მოკიდოს ხელი. ბუნებრივია, ყველა რაღაც ერთის კეთებას დაიწყებს. ასეა ჩვენში...
მას მერე, რაც «პერესტროიკის» დროიდან დასაშვები გახდა კრძო საქმიანობა, გამოირკვა, რომ საოცრად ღარიბი ფანტაზია გვქონია: ჯერ, ყველამ ნამცხვრების ცხობას მიჰყო ხელი, შემდეგ თაბაშირის სახელოსნოები გახსნეს, შემდეგ პურის საცხობები, შემდეგ მაღაზიები, - ჯერ სურსათით, ხოლო მალე, მედიკამენტებით ვაჭრობა გახდა მოდური, - ამას ნავთით და ბენზინით ვაჭრობა მოჰყვა, შემდეგ, უცხოური ტანსაცმლით, - უხმარითა და ნახმარით - ვაჭრობა, ამას, ყველა სახის ლატარიის ორგანიზება, ბოლოს, მიბაძვის საგნად სასაუზმეები, ბარები და რესტორნები იქცა და, ასე შემდეგ. ეს ყველაფერი იმდენად საყოველთაო და ჯოგური ხასიათისა იყო და არის, რომ, ამის შემხედვარეს, ქართველთა ინდივიდუალიზმში სერიოზულად შეგეპარება ეჭვი...
ჩვენი სისუსტე ასეთი მაგალითითაც აშკარავდება: თავისუფლებამ მოიტანა, რომ ტოპონიმიკა შეიცვალა და ბევრ ქალაქს, სოფელს, ქუჩას და მოედანს, ტრადიციული სახელი დაუბრუნდა ან შესაფერისი დაერქვა. მაგრამ, მიაქციეთ ყურადღება, ბევრი დღესაც ვორონცოვს, ლენინის მოედანს, პავლოვის და ენგელსის ქუჩას, პლეხანოვის გამზირს ახსენებს... გაგიკვირდება, ასეთი რეტროგრადობა. რაა ამისი მიზეზი? სნობიზმი? უდაოდ, მაგრამ, ძნელად გასაგებია, რით სჯობია ალექსანდრე ყაზბეგს რუსი სერჟანტი პავლოვი, ან ლადო ასათიანს მარქსის თანამებრძოლი ენგელსი, ან დავით აღმაშენებელს რუსი მარქსისტი პლეხანოვი, ან თავისუფლებას - ლენინი... ამ ამბავმა ჯერ ერთი, გაამჟღავნა, რომ ჩვენში ბლომად არიან აგრესიული კონფორმისტები: შეჩვეულის გადაჩვევა უჭირთ და იმასაც ფიქრობენ, ეს სხვასაც გაუძნელდებაო, ამიტომ, საქმე არ გავიფუჭოო და, მისამართს უთითებს თუ პაემანს უნიშნავს ვინმეს, ისევ და ისევ ძველ დასახლებას იხსენებს... მეორეც: დანარჩენი მოსახლეობა კი, თუნდაც უმტკივნეულოდ იღებდეს ახალს, ძალა არა აქვს, რომ ეს ახალი დაამკვიდროს, ძველი კი უარყოს... იმავე უღონობის წყალობით გვიჭირს, ტრადიციულის დაცვაც: თბილისურ ეზოებს, სნობები იტალიურს ეძახიან და, ამ სისულელეს ყველა იმეორებს, როგორც აბსოლუტურ ჭეშმარიტებას...
1994-2000 წლები.
![]() |
29 კულტურა და პოლიტიკა - V ნაწილი |
▲ზევით დაბრუნება |
Res publica est res populi -
სახალხო საქმე, ხალხის საქმეა
„ადამიანები, რომელნიც მოსურნენი არიან გამორჩეულნი იყვნენ, უნდა ეცადნენ სახელის მოუხვეჭავად არ გალიონ ცხოვრება, მსგავსად სტომაქის მორჩილი მიწისკენ დახრილი პირუტყვისა. ჩვენი ძალა ხომ - სულსა და სხეულშია: სული მბრძანებელია, სხეული მონაა, პირველი - ღმერთებთან საერთო გვაქვს, მეორე - ცხოველებთან, ამიტომ გონივრული მგონია ჭკუის მეშვეობით ეძიო სახელი და არა სხეულისა. ცხოვრება, რომელსაც შევხარით, მოკლეა, უნდა შესძლო და რაც შეიძლება ხანგრძლივი ხსოვნა დასტოვო შენზე. იმიტომ, რომ დიდება, რასაც სიმდიდრე და სილამაზე იძლევა, ხანმოკლეა და არამყარი, სახელოვნება კი ბრწყინვალე და სამუდამო მონაპოვარია“.
გაიუს სალუსტიუს კრისპუსი
„კატალინას შეთქმულების გამო“
მარადიულ ბრძოლას, ადამიანის სულიერ და ცხოველურ საწყისთა შორის, ზნეობრივის გარდა, კიდევ, პოლიტიკური და სოციალური საფუძველიც აქვს. უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ყოფას ხალხისას, რომლის ცხოვრების წიაღშიაც ეს შერკინება მიმდინარეობს, - აქვთ თუ არა სახელმწიფო... და თუ აქვთ, როგორია ის და რარიგ არის მისი დანიშნულება გაგებული, რომაელთათვის სახელმწიფო იყო სახალხო საქმე, ხალხის საქმე. მარკუს ტულუს ციცერონი ხალხის გამო ასე მსჯელობს: „ჩემთვის ხალხია ისინი, რომელთაც აკავშირებს ერთიანობა და თანხმობა სამართლის თაობაზე“, ე.ი. ისეთი საზოგადოება, რომელშიაც მოქალაქის საქმიანობა დაეფუძნება სამართლებრივ ნორმებს და დაცული იქნება კანონებით, რომელთა შესახებ ციცერონს უთქვამს: „აუცილებელია კანონები, ე.ი. მართლმსაჯულება, რომელსაც ემყარება ყოველგვარი სამართალი, მოქმედებდეს. თუ ჩვენთვის არასასურველია მართლმსაჯულება ანდა იგი საერთოდ არ არსებობს, მაშინ ძალის ბატონობა გარდუვალია“, ეს კი, პირობაა იმისა, რომ ცხოველური აღზევდეს სულიერზე, ქვეყნად დამყარდეს ქაოსი და განუკითხაობა, საქებრად იქცეს საძრახისი და პირიქით. არ გვექნება ეროვნული იდეა, ამიტომ ორიენტირის გარეშე დავრჩებით, - არ იარსებებს სამოქმედო გეგმა და, არ გვეცოდინება რა უნდა გავაკეთოთ. ამიტომ, დიდია იმათი პასუხისმგებლობა, რომელთაც სახელმწიფოს შექმნა ან აღდგენა-აღმშენებლობა ითავეს. მათ გამო ციცერონს ასე აქვს ნათქვამი: „არც ერთ საქმეში ადამიანის სიმამაცე ღმერთების ძლიერებას ისე არ უახლოვდება, როგორც ეს ხდება ახალი სახელმწიფოების ჩამოყალიბებისას და არსებული სახელმწიფოების შენარჩუნების დროს“.
ციცერონის სამივე გამონათქვამიდან მხოლოდ ერთი შეეფერება ჩვენს სინამდვილეს - ის, რომელშიაც მართლმსაჯულების არ არსებობასა და ძალის ბატონობის გარდაუვალობაზეა ლაპარაკი. თავად განსაჯეთ, ყოველ ფეხის ნაბიჯზე ირღვევა კანონი, ძარცვავენ ეროვნულ სიმდიდრეს და პასუხს არავის არავინ არ აგებინებს, ბოროტად იყენებენ თანამდებობებს და დაუსჯელნი რჩებიან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენ, არათუ, იმ სახელმწიფოს მცხოვრებნი ვართ, სადაც გაბატონებული ცხოვრების წესი სამართლებრივ, მაღალზნეობრივ პრინციპებს ეფუძნება, არამედ, საერთოდ არ გაგვაჩნია სახელმწიფო. ფორმალურად ის არსებობს, მაგრამ ვერ ასრულებს იმ მაორგანიზებელ ფუნქციას. სახელმწიფოში იგულისხმება ყველა დონის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება, რომელიც დაკომპლექტებულია პოლიტიკოსებად წოდებული ადამიანებით და რომლებიც, ვიდრე მოხვდებიან მმართველ სტრუქტურებში, ძირითადად, გაერთიანებულნი არიან პოლიტიკურ პარტიებში, რომელთა ფუნქციის შესახებ საინტერესოდ წერდა ანტონიო გრამში, როცა მაკიაველის „მთავრის“ თანამედროვე გაგებაზე გამოთქვამდა აზრს: „თანამედროვე მთავარი, მთავარი-მითი, რეალური პირი, კონკრეტული პიროვნება ვერ იქნება; ის შეიძლება მხოლოდ ორგანიზმი იყოს; რთული საზოგადოებრივი ელემენტი, რომელშიც კოლექტიურმა ნებამ უკვე იწყო ჩამოყალიბება, მიაღწია აღიარებას და ნაწილობრივ გამოავლინა თავი მოქმედებით, ეს ორგანიზმი უკვე მოგვცა ისტორიულმა განვითარებამ და ის არის პოლიტიკური პარტია - პირველი უჯრედი, რომელშიაც ერთიანდებიან კოლექტიური ნების ყლორტები. იმისაკენ მიზანსწრაფული, რომ მოიპოვოს უნივერსალობა და ტოტალიტარობა“. სამწუხაროდ, XX საუკუნეში ქართველობის უმრავლესობას გრამშისეული გაგების საპირისპირო შეხედულება აქვს პარტიის რაობის თაობაზე. მნიშვნელობა პარტიის პროგრამას კი არ ენიჭება, არამედ იმ პიროვნებას და მის ავტორიტეტს, ვინც ამ პარტიას ლიდერობდა, ასე რომ, საქმე გვაქვს, არა მაკიაველისეული ჭკვიანი მთავრის თანამედროვე ალტერნატივის პოვნასთან, არამედ სწორედ მთავრის ძიებასთან... რაც, ასეთად მოაზრებული კონკრეტული პიროვნებისათვის სრული ძალაუფლების მინიჭებაში მდგომარეობს... ჩვენი პირველი რესპუბლიკის ლიდერი ნოე ჟორდანია ასე განმარტავს ამ ამბავს: - „დამფუძნებელი კრების მოწვევით ვფიქრობდი დასრულდებოდა ჩემი მისია და არც ვაპირებდი მის გაგრძელებას. მქონდა დიდი ლაპარაკი და კამათი პასუხისმგებელ ამხანაგებთან. ესენი ერთხმად მარწმუნებდნენ, რომ ჩემი გადადგომა დაანგრევს სახელმწიფოს, სამაგიერო ავტორიტეტიანი და მისაღები არავინაა და ისევ აიწყვეტენ დაბმული სახელმწიფო აზროვნებას მიუჩვეველი ძალები, აღმასრულებელი კომიტეტები კვლავ შეეცდებიან დაიბრუნონ ძველი უფლებები და სხვ. და სხვ. გავწიე მსხვერპლი, დავთანხმდი“. ზუსტად ასე მოხდა მეორე რესპუბლიკის დროს, მისი ორივე პრეზიდენტის მიმართ ზუსტად იგივე ითქვა და, მათაც იგივე თქვეს... ასე გამოირკვა, რომ, მიუხედავად უკიდურესი ინდივიდუალიზმისა, - რაც ქართველებს გაერთიანებაში, კოლექტიურად რაიმეს კეთებაში და, აქედან გამომდინარე, სხვა პიროვნების აღიარებაში, - ხელს უშლიდა პოლიტიკური არჩევანის დროს, ისინი ამჟღავნებენ სრულ პიროვნულ პასიურობას და ძალაუფლებას გადასცემენ ერთ რომელიმე ავტორიტეტულ პიროვნებას და მერე მისი შემყურე არიან... ერთი შეხედვით, გასაოცარია, ეს მეტამორფოზა, რომლის ძალითაც ქართველები ერთფეროვან, ყოველგვარ ინიციატივას მოკლებულ, უსახურ მასად იქცევიან, - რომელსაც საერთაშორისო აღიარების მქონე მწყემსი სჭირდება. XX საუკუნეში ასეთი ლიდერები მოძიებულ იქნენ. მართალია, ისინი გარკვეულ პარტიებს ეყრდნობოდნენ და ეყრდნობიან, მაგრამ, როგორც მოგახსენეთ, მოსახლეობისათვის მთავარი პიროვნებაა და არა პარტია... პიროვნებისათვის უპირატესობის მინიჭება თავისთავად უბედურება არ არის, რომ არა, ერთი გარემოება: არ გაგვაჩნია ეროვნული იდეა, მაშასადამე არ არსებობს არც სრულყოფილი კრიტერიუმები პიროვნებისა და მისი პროგრამის შესაფასებლად. ასეთ შემთხვევაში კი, როცა არ არსებობს საერთო-დამაკავშირებელი კანდიდატსა და მოსახლეობას შორის, შესაძლებელია ნებისმიერი მოულოდნელობა და ძალიან ძნელდება ამომრჩეველთა ქმედებაში რაიმე ლოგიკის დანახვა. ისტორიას ახსოვს მსგავსი კურიოზები, სამაგალითოდ გამოდგება ფლორენციის რესპუბლიკაში 1527 წლის 10 მაისს კანცლერის არჩევნები, როცა ამ პოსტზე კენჭს იყრიდა ნიკოლო მაკიაველი, სამწუხაროდ, ამ დიდი მოაზროვნისა და ნიჭიერი პოლიტიკოსის არც დამსახურება, და არც უკვდავი შრომები არავის აღარ აინტერესებდა. საზოგადოების განწყობა მის წინააღმდეგ იყო მიმართული. ეს, წინასაარჩევნო კამპანიის დროს, კარგად გამოჩნდა იმ ბრალდებებში, მოწინააღმდეგეები რომ უყენებდნენ დიდ ფლორენციელს: «სამშობლოს კეთილსაიმედო ხალხი სჭირდება და არა სწავლულები. მაკიაველი ისტორიკოსია... ის დაგვცინის და ყველაზე მაღლა აყენებს თავს!», “ერთთავად დუქანში ეგდო, მეტიც, ბიბლიოთეკაში ძველისძველი წიგნების ქექვით იქცევდა თავს. არ გვინდა ფილოსოფოსები! ძირს ფილოსოფოსები!» როცა ხალხს ასეთი შეხედულება აქვს ისტორიკოსზე, ფილოსოფოსზე, საერთოდ, მოაზროვნე ადამიანზე, ბუნებრივია, ასე განწყობილი საზოგადოება მხარს არ დაუჭერდა მაკიაველს და ეს, ფლორენციის რესპუბლიკის „დიდი საბჭოს“ სხდომაზე გამართული კენჭისყრითაც დადასტურდა: „მთავარის“, „ფლორენციის ისტორიის“, „ტიტუს ლივიუსის მეათე დეკადისა“ და „მანდრაგორას“ ავტორმა, უდიდესმა პოლიტიკოსმა 12 ხმა მიიღო 555-ის წინააღმდეგ... თუ, ასეთი რამ მოხდა აღორძინების ეპოქის იტალიაში, რა გასაკვირია, რომ საქართველოში ყველა დონის საკანონმდებლო ხელისუფლებაში ამდენი უფერული საშუალოობაა, არჩეული... ჩვენში, ამომრჩეველი, კარგს და ცუდს მაშინ გაარჩევს შეუცდომლად, როცა გავიაზრებთ ეროვნულ იდეას, რომელიც ხელს შეუწყობს ორიენტირებული საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებას და, მაშინ, ჭეშმარიტ პოლიტიკოსს, ნამდვილად ექნება საერთო ღირებულება, პრინციპები და ინტერესის საგანი ამომრჩეველთან, ხოლო მედროვეს და ავანტიურისტს კი, - არა. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, ჩვენში მოძალებაა ე.წ. „ქარიზმატული“ ლიდერებისა. ეს ხალხი ცნობილი ხდება გარკვეული ძალების ხელშეწყობით და სხვა და სხვა პოლიტიკურ თემებზე პოპულისტური გამოსვლებით იქმნება მათი “ქარიზმა”. ამ მიზნით ერთნი ეროვნულ პრობლემატიკას იყენებენ, მეორენი დემოკრატიულს, მესამენი კი, - სოციალურს. საერთოდ, ნებისმიერ შანსს ხელიდან არ უშვებენ, რომ პოპულარულები გახდნენ. ამ მხრივ, ისინი თავმდაბლობით არ გამოირჩევიან. ამიტომ, ეჭვი გვეპარება მათ გულწრფელობაში იმ პრინციპებისადმი, რომელთადმი ერთგულების გამოვლენის ილუზიასაც მეტად უნიჭოდ და უინტერესოდ ქმნიან... არადა, თავმდაბლობა კარგი რამ არის და როცა ადამიანს ეს თვისება გააჩნია, იმის გარანტიაც აქვს, რომ ამბიციებს დაიოკებს, ცდუნებას არ აჰყვება და, შესაბამისად, ნაკლებად შეირცხვენს თავს... ისტორიას უამრავი მაგალითი აქვს იმისა, თუ როგორ იქცევა გონიერი ადამიანი, როცა შემთხვევითობა მოვლენათა ცენტრში მოაქცევს მას, 1648 წელს, ცნობილი ფრონდის დროს, საფრანგეთში, ამ თვალსაზრისით მეტად საინტერესო ამბავი მოხდა: პარიზის პარლამენტი (უმაღლესი სასამართლო ორგანო) სამეფო კარის პოლიტიკას დაუპირისპირდა (ეს პერმანენტულად ხდებოდა). პარლამენტის მრჩეველმა, პიერ ბრუსელმა ხმა აღიმაღლა გადასახადების მეტისმეტად გაზრდის წინააღმდეგ, უკვე ამ ფაქტმა მოუტანა ბრუსელს პოპულარობა, ხოლო მოგვიანებით, დაპატიმრებამ, - ნამდვილ სახალხო გმირად აქცია... პარიზელ ბურჟუებს მეტად აწუხებდათ დიდი გადასახადები და ნებისმიერი მოხელე, რომელიც მათ ინტერესებს დაიცავდა, აღფრთოვანებას იწვევდა. ამიტომ, ხალხმა მისი განთავისუფლება მოითხოვა. ბრუსელის პიროვნებამ ოპოზიციური ძალების, ფრონდერების, სამეფო კართან დაპირისპირების ფონზე, იმდენი მნიშვნელობა შეიძინა, რომ დედოფალი ანა ავსტრიელი და პირველი მინისტრი, კარდინალი მაზარინი, იძულებული გახდნენ ის ვენსენის ციხიდან გამოეშვათ. პარიზში თავისუფლება მოპოვებული ბრუსელის მოლოდინი თავისთავად იქცა პოლიტიკურ აქციად. ამ სიტუაციას მეტად საინტერესოდ აღწერს ალექსანდრე დიუმა „ლუი XIV ცხოვრებაში“: „მეორე დღეს ყოველგვარმა უწესრიგობამ იმატა. მეამბოხეები ხმამაღლა გაიძახოდნენ, რომ მოიხმობენ ჰერცოგ დე ბოფორს და თავიანთ წინამძღოლად აქცევდნენ. 9 საათმა ჩამორეკა - ბრუსელი არ გამოჩენილა, მეამბოხენი გაცხარდნენ, ამბოხი მთელ ქალაქს მოედო, დედოფალი და მაზარინი უკვე გაქცევას აპირებდნენ, როგორც იქნა, 10 საათზე მუქარა და წყევლა შეცვალა აღფრთოვანებულმა შეძახილებმა - მოვიდა ბრუსელი. ხალხს ხელში აყვანილი მოჰყავდა ბრუსელი. არღვევდნენ ქუჩების გადამღობ ჯაჭვებს და ბარიკადებს. მრჩეველი მიიყვანეს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში, სადაც იგალობეს „შენ გადიდებთ უფალო“. მაგრამ, ბრუსელი, შეძრწუნებული იმით, რომ გახდა მიზეზი ასეთი აღშფოთებისა და უწესრიგობისა, არ დაელოდა პარაკლისის დამთავრებას, მალულად გამოვიდა პატარა კარიდან და სახლისაკენ გაიქცა, გაოცებული იმ სახალხო სიყვარულით, რომლის თაობაზეც აქამდე ეჭვიც კი არ ჰქონია“, იმიტომ, რომ სახელმწიფო მოხელეს, პიერ ბრუსელს, ხალხის ინტერესების დაცვა, მითუმეტეს მასების ლიდერობა, აზრადაც არ მოსვლია. მის მიერ სამეფო კარის პოლიტიკის კრიტიკა, სიტუაციით იყო ნაკარნახევი, და ამ შემთხვევამ აქცია ის სახალხო გმირად. ოღონდ, ბრუსელმა თავისი ადგილი იცოდა და ხალხის ამ ახირებით არ ისარგებლა, - საამისო სინდისი აღმოაჩნდა.
განსხვავებით მისგან, ჩვენში, ასეთ შემთხვევას, სადღეისოდ ნამდვილად არავინ გაუშვებს ხელიდან და ამაშია, სწორედ, ჩვენი უბედურება... ასეთი ქცევის საფუძველი პოლიტიკურ „ყვარყვარიზმში“ უნდა ვეძიოთ. ამ ნიშნით გამოირჩევიან ხელისუფლებაში დამკვიდრებული და დამკვიდრების მოსურნე პოლიტიკანები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ პოპულარულები გახდნენ და, ამ გზით, ან შეინარჩუნონ ან კიდევ, მოიპოვონ ძალაუფლება, - რათა მიიღონ ყველა სიკეთე, რასაც ის იძლევა. ეს ტენდენცია უწყობს ხელს ასეთი „ქარიზმატული“ ლიდერების მომრავლებას; ამავე მიზეზის წყალობით, პარტიებს, თავიანთი იდეოლოგია, ორიენტირებული ამა თუ იმ სოციალურ ფენაზე, არ გააჩნიათ, ყველაფერი ბევრად იოლადაა: მთავარია ლიდერი იყოს რითიმე პოპულარული და, სულაც არა აქვს მნიშვნელობა, არც სოციალურ ფენებს და, შესაბამისად, ორიენტაციაც გაუგებარი ხდება, რადგან ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რა აწყობს ამა თუ იმ „ქარიზმატულ“ ლიდერს; დასჭირდება მემარჯვენეა, სიტუაცია მოიტანს და, - ცენტრისტი, ან სულაც, მემარცხენე... არადა პარტიული მუშაობა ასეთი უპრინციპო და ავანტიურისტული არ უნდა იყოს. ის სინდისიერად და ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესების გათვალისწინებით უნდა წარიმართოს. მაშინ, რა სოციალური ფენის ინტერესებსაც არ უნდა გამოხატავდეს ესა თუ ის პარტია, ის მაინც ერთ მთლიანობაში გაიაზრებს ეროვნულ, სოციალურ და დემოკრატიულ პრინციპებს და ამით გამოირიცხავს ზემოხსენებული პრინციპებით მანიპულირებას და მათ ნიადაგზე, საზოგადოების გახლეჩვას და გაუთავებელ შიდა დაპირისპირებას. ამასთან, გამოიხატა სნობისტური ტენდენცია. სუსტი, იდეურად ერთმანეთთან დაუკავშირებელი ადამიანები, სხვადასხვა დონისა და მასშტაბის უცხოელ ავტორიტეტთა დახმარებით, პოლიტიკურ ასპარეზზე დამკვიდრებას ცდილობენ... ავანტიურისტულია ეს გზა და აი, რატომ: მსოფლიოს ქვეყნების პოლიტიკური ისტორია გვიდასტურებს იმას, რომ გარეშე ძალის მიერ მხარდაჭერის წყალობით, ძალაუფლებამოპოვებული ესა თუ ის ადამიანი, განურჩევლად იმისა, რა ძალა უჭერს მხარს პროგრესული თუ რეაქციული, ის ამათი მიზნებისა და ინტერესების გამტარებელი მარიონეტი ხდება. ეს კი, იმ ქვეყნისათვისაა ცუდი, ვისაც ასეთი „პოლიტიკოსი“ მოახვიეს“ თავს. თუ არ ვცდები, ამ მხრივ, ერთადერთი გამონაკლისია სტეფანე ბატორი, რომელიც ოსმანთა იმპერიის კანდიდატი იყო რეჩი პოსპოლიტას ტახტზე. ამბობენ, სულთანმა, თავისი ვასალის, ყირიმის ხანის 200 ათასიან მხედრობას მოუყარა თავი პოლონეთის საზღვარზე და აიძულა სეიმი, მეფედ ბატორი აერჩიათ. ეს მოხდა 1576 წელს. ეს უნგრელი აზნაური, ამ ამბებიდან ცოტა ხნით ადრე, ტრანსილვანიის მთავარი რომ გახდა, გაურკვეველი რელიგიური ორიენტაციისა იყო (ტრანსილვანიაში პროტესტანტებს ემხრობოდა, პოლონეთში, - კათოლიკეებს) მის არჩევას შლიახტამ იმ იმედით მისცა ხმა, რომ ფიქრობდნენ, მას მაგნატების წინააღმდეგ გამოიყენებდნენ; ამასთან, სჯეროდათ, რომ უცხოელი და უთვისტომო მეფე, მათზე იქნებოდა დამოკიდებული; მაგრამ გამოირკვა: ამ მოქნილმა და შორსმჭვრეტელმა ადამიანმა იცოდა, როგორ მოეპოვებინა ძალაუფლება, როგორ შეენარჩუნებინა და როგორ გამოეყენებინა ის. სტეფანე ბატორიმ არ იცოდა პოლონური ენა და თავის ქვეშევრდომებს ლათინურად ელაპარაკებოდა ან დუმდაო, - ამბობენ მემატიანენი. ოღონდ, ამას არ შეუშლია ხელი მისთვის, ქცეულიყო ერთ-ერთ ყველაზე ქმედით პოლონელ მეფედ და განადგურების პირას მისული სახელმწიფო გააძლიერა და ააღორძინა. მისთვის, ამ საქმეში, ხელი არც იმას შეუშლია, რომ ავადმყოფი იყო... ჯერ ერთი, ჰქონდა აპოპლექსიის შეტევები თუ ეპილეფსია, - ამის თაობაზე ექიმებს ერთიანი აზრი არ ჰქონიათ. მეორეც, სიცოცხლის ბოლომდე აწუხებდა ბრძოლაში მიღებული და მოუშუშებელი ჭრილობა, და მაინც, გასაოცარ ენერგიულობას ავლენდა და ჯიუტად მიიწევდა დასახული მიზნისაკენ. ის იქცა ეპოქის ერთ-ერთ უგანათლებულეს მონარქად, უდიდეს რეფორმატორად: სტეფანე ბატორიმ დააარსა ვილნოს აკადემია, გაატარა საკალენდარო რეფორმა, დააარსა ფოსტა და საფოსტო სამსახური, მოაწესრიგა სახელმწიფო ფინანსები, განახორციელა სასამართლო რეფორმა, გააუმჯობესა და სათანადოდ აამოქმედა სახელმწიფო მართვის სისტემა; უნდოდა გაეუქმებინა საბატონო ბეგარა, ხოლო ფიზიკური დასჯა შეეცვალა ფულადი ჯარიმით, შექმნა თვისობრივად ახალი პოლონური ჯარი. სამხედრო რეფორმა საორგანზაციო და ტექნიკური ხასიათისა იყო და პასუხობდა დროის თავისებურებებს. მისი ვარგისიანობა რუსეთის სახელმწიფოსთან წარმატებულმა ომმა დაადასტურა, რომელშიაც პოლონელებმა გაიმარჯვეს, - მიიერთეს ლივონიის ნაწილი. ოღონდ, ამ გამარჯვების შედეგი მარტო ეს არ იყო: სტეფანე ბატორი წინ აღუდგა ევროპისაკენ მიმართულ რუსულ აგრესიას და აღკვეთა იგი. სხვათაშორის, ბატორი იყო ის პოლიტიკოსი, რომელმაც პირველმა დაინახა, თუ რა საფრთხეს უქმნიდა რუსეთი ევროპას და მანვე განსაზღვრა ამ საფრთხის ნეიტრალიზაციის გზაც: ის მდგომარეობდა რუსეთის გაევროპულობაში, დასავლური ცივილიზაციის ორბიტაში მის მოქცევაში და ეს სცადა, ორი ქვეყნის - პოლონეთისა და რუსეთის ურთიერთობების საფუძველზე განეხორციელებინა. ამის თაობაზე ისტორიკოსი ვალიშევსკი წერდა: - „ის მიხვდა, რომ პოლონეთმა, როგორსაც ის ხედავდა - ცივილიზებულმა, სამოქალაქომ, ლიბერალურმა, ბობოქარმა, კათოლიკურმა - უნდა გადაყლაპოს თავისი დიდი მეზობელი და თავს მოახვიოს თავისი კულტურა, თავისი პოლიტიკური წყობა, თავისი რელიგია. წინააღმდეგ შემთხვევაში მას ემუქრებოდა საფრთხე თავად ყოფილიყო გადაყლაპული და უცხო წესებსდაქვემდებარებული“. სტეფანე ბატორი, ეს ერთ-ერთი უდიდესი ევროპელი პოლიტიკური მოღვაწე, გამორჩეული იმით კი არ გახდა, რომ გარეშე ძალის გამოყენებით მოექცა პოლონეთს სათავეში, არამედ იმით, რომ უაღრესად ნიჭიერი, მოქნილი, შორსმჭვრეტელი და მიზანსწრაფული პიროვნება იყო. ესმით კია, ეს, იმ ამბიციურ საშუალოობას, გარეშე ძალების მხარდაჭერით ძალაუფლების მოპოვება რომ უნდათ? მათი ქმედება, გამომდინარე იმ შედეგიდან, რაც მას მოაქვს, მარტო პოლიტიკური და იდეოლოგიური სნობიზმი არ არის, ეს უკვე სახელმწიფო დანაშაულია!
ის, რომ ბევრი ადამიანი გაურკვეველი მიზნებით მოდის პოლიტიკაში, იქიდანაც ჩანს, რომ დიდი ხნის მანძილზე, მტკიცედ ჩამოყალიბებული ისიც არ ყოფილა, როგორი მმართველობის ფორმა უნდა დამკვიდრებულიყო საქართველოში: რესპუბლიკა - საპარლამენტო, თუ საპრეზიდენტო; მონარქია, აბსოლუტური, კონსტიტუციური თუ თეოკრატიული. იყო აზრთა სხვადასხვაობა. პირველი რესპუბლიკის დროს, 1918-1921 წლებში, ასეთი გაურკვევლობა არ ყოფილა, რაც, შედეგი გახლდათ იმისა, რომ თავი მიგვაჩნდა კაცობრიობის მიერ განვლილი გზის მემკვიდრეებად. მეორე რესპუბლიკის დროს, - სწორი არჩევანი, - პრობლემა გახდა...
პოლიტიკური კულტურის არქონის ბრალია ის, რომ ჩვენში, ისეთი ცნებები, როგორიც არის, რესპუბლიკა, ან მონარქია, - ლაზღანდარობის საგნად ქცეულა და უკვე ამიტომ, ამ თემაზე მოლაპარაკეთა მიერ მმართველობის ზემოხსენებული ფორმების მიმართ სიმპატიის ან ანტიპატიის გამოვლენა, მრწამსის გამოხატვას სულაც არ ნიშნავს. არც იმათთვის, ვინც ფიქრობს, რომ ყველა პრობლემა მოგვარდება, თუ რესპუბლიკა მონარქიით შეიცვლება და, არც იმათთვის, ვისთვისაც მმართველობის ერთი, ან მეორე ფორმა მხოლოდ პოლიტიკური ნიშნის მოპოვებისა და მასში მოკალათების საშუალებაა... არადა, დასავლური ცივილიზაციის ქვეყნებში, საითკენაც ასე მივისწრაფით, ეს ცნებები იმ იდეალების მატარებელნი არიან, რომლისადმი ერთგულება მოქალაქის პოლიტიკური თვითდამკვიდრების საფუძველია. იყო დრო, როცა მავანს, საკუთარ შეხედულებათა წარმოჩენა სიცოცხლის ფასად დასჯდომია... ამის უამრავ ფაქტს გვაწვდის ისტორია და მხატვრულად იზიარებს ლიტერატურა. გავიხსენოთ ვიქტორ ჰიუგოს ცნობილი რომანის «საბრალონის» ის თავი, რომელშიაც 1832 წლის რევოლუციის ეპიზოდია ასახული ანუ შანვერერის ქუჩის ბარიკადისა და „კორინთის“ დუქნის იერიშის ამბავი, როცა გვარდიელებმა მეამბოხეთა წინააღმდეგობა დაძლიეს, აიღეს ბარიკადა და დუქანში შეიჭრნენ, ერთადერთი, ვინც ცოცხლად იგდეს ხელთ, ამბოხებულთა წინამძღოლი, ანჟოლრასი იყო. მას ტყვია-წამალი გამოლეოდა, დაცლილი თოფით ხელში მშვიდად ელოდა სიკვდილს. იმ წუთს, სხვასაც მოუნდა სიკვდილი. ის რომანის კოლორიტული პერსონაჟი გრანტერი იყო, - უფუნქციო ადამიანი, ლოთბაზარა, რომელმაც თავისი ადგილი ვერ იპოვა, ვერც ცხოვრებაში და ვერც რევოლუციაში... ახლა, გამოფხიზლებულს, დახვრეტის მომლოდინე ამაღლებული და დიდებული ანჟოლრასის ხილვისას, სურვილი აღეძრა, განშორებოდა ამ ცოდვილ ქვეყანას, მაგრამ, რომ მოგკლან, ამისათვის საბაბი უნდა მისცე, ან გააკეთო, ან თუნდაც, თქვა, ისეთი რამ, რისთვისაც შენთვის ტყვიას არ დაიშურებენ... რომანის ლოთმა პერსონაჟმა ეს მოახერხა. მწერალს, გრანტერის მიერ გადაწყვეტილების მიღების სცენა, ასე აქვს აღწერილი: „ისიც ბილიარდის უკან იჯდა მძინარე, მაგრამ ჯარი რომ ავარდა დარბაზში, ანჟოლრასს შესცქეროდნენ ყველანი და ის ვერც კი შენიშნეს, ის იყო უნდა გაემეორებინა ათისთავს ბრძანება - დაუმიზნეთო, რომ გაისმა ყვირილით წარმოთქმული.
- რესპუბლიკას გაუმარჯოს, მეც მასთანა ვარ!
წამომდგარიყო გრანტერი.
ბრძოლის ბრწყინვალება გამოსჭვიოდა თვალთაგან, იმ ბრძოლისა, რომელსაც თვითონ დააკლდა და რომელშიაც ვერ მიიღო მონაწილეობა. მთლად გარდაქმნილს ჰგავდა ლოთი.
ერთხელ კიდევ დაიძახა:
- რესპუბლიკას გაუმარჯოსო!
მტკიცე ნაბიჯით მივიდა ანჟოლრასთან, გვერდზე მიუდგა და დაიძახა:
- ერთად დაგვხვრიტეთ ორივე!
მერე ანჟოლრასს შეხედა და ტკბილად ჰკითხა:
- ნებას მომცემ?
ანჟოლრასმა გაიღიმა და ხელი ჩამოართვა. ჯერ ისევ იღიმებოდა, რომ გავარდა თორმეტივე თოფი, რვა ტყვია მოხვდა ანჟოლრასს და ისე მიეყუდა კედელს, თითქოს ტყვიამ ზედ მიაჭედაო. თავი დაღუნა მხოლოდ. გრანტერი მის ფერხთით გაიშხლართა“.
ასე დიდებულად კვდებიან იდეისათვის, ასე უმოწყალოდ, იდეის გამო კლავენ, ამიტომ ჩანს ასე უბადრუკად იმათი პოზიცია, ვისთვისაც რესპუბლიკა და მონარქია კარიერისტული მისწრაფებებით გამოწვეული მანიპულაციების საგანია მხოლოდ...
პოლიტიკურ პარტიათა და პოლიტიკოსთა უჩვეულო სიმრავლეს ჩვენში, ფსიქოლოგები იმით ხსნიან, რომ, რადგან პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსული პიროვნება დანარჩენი მოსახლეობისაგან არც ჭკუით, არც განათლებით, არც კულტურით, და არც ენერგიით არ გამოირჩევა, ეს, ყველა სხვას, უბიძგებს თვითონაც სცადოს ბედიო... ყურადსაღები დასკვნაა! რაც შეეხება პოლიტიკაში თავის მოსინჯვის ტენდენციას, ამან ჯერჯერობით ვერ გვიხსნა: პოლიტიკოსთა რაოდენობრივი ზრდა, თვისობრივ ზრდაში ვერ გადაიზარდა... ამას რამდენიმე მიზეზი აქვს: პიროვნულიც, და ისიც რომ, ჯერჯერობით, ჩვენი პარტიები, არსებითად, არც ერთ სოციალურ ფენას არ წარმოადგენენ. ამიტომ, მათი ფუნქცია, ხშირად, გაუგებარია, რა მიზნები აქვთ ვის ინტერესებს გამოხატავენ! ამასთან, აშკარაა, რომ ჩვენს პოლიტიკურ ელიტას, საგანგებო მდგომარეობაში მყოფისა, არაფერი ეტყობა... დაკისრებულ ამოცანას ვერ ასრულებენ; ნიშანდობლივია, რომ მათ თავიდანვე შეეყარათ ის სენი, რაც საშიშს ხდის პარტიას ერისა და სახელმწიფოსათვის და, რაზედაც, ჯერ კიდევ ორასი წლის წინ, წერდა ბენჯამინ ფრანკლინი: „დიდი მსოფლიო მოვლენები, ომები, რევოლუციუბი და ა.შ. პარტიათა მიერ არის წარმოშობილი და წარმართული. ამ პარტიათა შეხედულებანი განისაზღვრება მათი საერთო მიმდინარე ინტერესებით ან იმით, რაც მათ ინტერესის საგნად მიაჩნიათ. განსხვავებულ პარტიათა განსხვავებული ინტერესები იწვევენ არევდარევას. იმ დროს, როცა პარტია ახორციელებს საერთო მიზნებს, ყოველი ადამიანი თავისი მიზნისაკენ მიისწრაფვის. როგორც კი პარტია აღწევს თავის მიზანს, ყოველი ადამიანი თავის კერძო ინტერესებზე ზრუნვას იწყებს. ამის გამო, ის სხვებთან წინააღმდეგობრივ დამოკიდებულებაში აღმოჩნდება და პარტიაში მოხდება განხეთქილება, რაც კიდევ უფრო დიდ არევ-დარევას იწვევს». სწორედ ასეთ არეულობას მიგვაჩვიეს ჩვენმა პოლიტიკოსებმა. ბევრი მათგანის შემხედვარეს, გექმნება შთაბეჭდილება, თითქოს პოლიტიკოსობა მარტოოდენ ძალაუფლებისათვის ბრძოლა და იმ პრივილეგიებისა და შეღავათების მოხმარება იყოს, რომლებსაც ეს ძალაუფლება იძლევა... შესაძლოა, ეს პირადი კეთილდღეობის ორგანიზება იყოს, მაგრამ ამას ხალხის, და რესპუბლიკის ინტერესებთან საერთო არაფერი აქვს...“
ნიკოლო მაკიაველი წერდა: „ადამიანები, მათი გონებრივი უნარის მიხედვით, შეიძლება სამ ჯგუფად დავყოთ: ზოგს ყველაფერი თავისით ესმის, სხვები მხოლოდ ახსნა-განმარტების შედეგად ახერხებენ გაგებას, დანარჩენნი კი ვერც თავისით და ვერც სხვების ახსნა-განმარტების მეშვეობით ვერას ხვდებიან. პირველნი უწარჩინებულესნი არიან, მეორენი - წარჩინებულნი, მესამენი - ფუჭნი“. აი, ამ ფუჭთა გააქტიურებაა, სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის გზაზე ჩვენი წარუმატებლობის მიზეზი, რადგან ძნელია მათ რაიმე შეასმენინო, ისინი ვერ ურიგდებიან ინტელექტუალებს, რაც გამორიცხავს გონიერ ადამიანებთან მათ თანამშრომლობას, დიალოგს, პოლიტიკურ პროცესში თანამონაწილეობას, მოსახლეობისა და პოლიტიკურ ელიტას შორის საერთო შეხედულებების არსებობას, გნებავთ, თანამოაზრეობას. რაც გარანტია იქნებოდა ახლად დამოუკიდებლობამოპოვებული ერისათვის ესეოდენ აუცილებელი გამარჯვებისა აღმშენებლობის პერიოდში. ოღონდ არა პიროსის გამარჯვებისა, რომელმაც ბრძოლაში დიდი დანაკარგებით შეძრწუნებულმა შესძახა: - „კიდევ ერთი ასეთი გამარჯვება და მე ჯარი აღარ მეყოლება!“-ო. არა, ჩვენ ისეთი გამარჯვება გვინდა, რომელიც კი არ დაცლის ეროვნულ ენერგიას, არამედ აავსებს მას. სოციალურად გაააქტიურებს მოსახლეობას. სხვაგვარად ერი ვერ აღორძინდება. პასიურობა და პოლიტიკური ცხოვრებისადმი გულცივობა და ხელისუფლების მიმართ უკრიტიკო დამოკიდებულება შეიძლება სახელმწიფოს დაღუპვის მიზეზად იქცეს. ასეთმა გულგრილობამ და გაუცხოებამ იმსხვერპლა თავის დროზე კოლუმბამდელი ამერიკის უძლიერესი სახელმწიფო, ინკების იმპერია. ამის თაობაზე საინტერესო მოსაზრება აქვს გამოთქმული სტანისლავ ვოლსკის: „ინდიელები გამგონენი არიან. ისინი მეტისმეტად გამგონენი არიან, და ამაშია უბედურება. მათ პასიურ მორჩილებას არ ახლავს პოლიტიკური შეგნებულობა: სამთავრობო მართვის მექანიზმი, ურთიერთდამოკიდებულება მეურნეობის დარგებს შორის უფლებებისა და მოვალეობების რთული გადახლართვა, პრაქტიკული ამოცანები და მეცნიერება... ... სამხედრო კომპანიები და მშვიდობიანი შრომა, ერთი სიტყვით სახელმწიფოებრივი ცხოვრების კავშირების მთელი მრავალფეროვნება მათთვის დაფარული იყო, ისინი ვერასოდეს ვერ გაიგებდნენ ამას, იმიტომ რომ აზროვნება და შრომის ორგანიზება - მმართველთა პრივილეგიაა“. სახელმწიფოებრივი ცხოვრების სრულყოფის თაობაზე ფიქრი მოსახლეობის ყველა ფენის საზრუნავი უნდა იყოს, მითუმეტეს, გარდამავალ პერიოდში. ამისი პირობაა ჩვენი ყოფის სპეციფიურობა, ცოდნის მიღებისაკენ მისწრაფება. ეს ერთგვარი ეროვნული პოლიტიკაა, გავიხსენოთ, პირველი რესპუბლიკის გამოცხადებას, წინ უსწრებდა უნივერსიტეტის გახსნა... ანუ, თავისუფლების მოპოვება ცოდნის გზით... იგივე ტენდენცია შეინიშნებოდა მეორე რესპუბლიკის გამოცხადების წინაც... დიდია ერის ინტელექტუალური პოტენციალი და ის გამორიცხავს, ჩვენში, ფუჭთა მიერ პოლიტიკოსთა კასტის ჩამოყალიბების შესაძლებლობას.
ჩვენებურ პოლიტიკოსთა ხსნა იმაშია, თუ რამდენად შეძლებენ ისინი საკუთარი თავის სრულყოფას. რამდენად „გაიზრდებიან“, და არა იმაში, რამდენად გაემიჯნებიან ისინი ინტელექტუალებს. მოაზროვნე ადამიანებში სავარაუდო კონკურენტების ძიება და მათდამი უნდობლობა, მხოლოდ საქმეს აფუჭებს. პოლიტიკაში მოკალათებულ უფუნქციო ადამიანებს კი, - საფრთხე მხოლოდ მათივე მსგავსების მხრიდან ემუქრებათ. როგორც იტყვიან, შორს ძებნა საჭირო არ არის და აქ, დროული იქნება, თუ გავიხსენებთ ერთ ისტორიულ პარადოქსს, რომლის თაობაზე მოგვითხრობს „თორმეტი კეისრის ცხოვრებაში“ სვეტონიუსი: გაიუს კალიგულას, ბედისწერის ქალღმერთის, ფორტუნას, ორაკულებმა „მიუთითეს მორიდებოდა კასიუსს: ამის გამო, მან მკვლელები მიუგზავნა კასიუს ლონგინუსს, რომელიც მაშინ აზიის პროკონსული იყო და არ იფიქრა, რომ ხერეასაც კასიუსი ერქვა“, ანუ, ეჭვი არ ჰქონია თავისი დაცვის უფროსის პრეტორიანელთა ტრიბუნის მიმართ, ვინც მოკლა კიდეც კალიგულა... და ბოლოს: ამომრჩეველს სრული ინფორმაცია უნდა ჰქონდეს პოლიტიკოსის პიროვნების, მისი პროგრამის თაობაზე, რაც საფუძველს უნდა იძლეოდეს, რომ ეს ადამიანი საქმეს გააკეთებს. რაკი ასე არ არის, ვემსგავსებით მერი შელის რომანის პერსონაჟს, ექიმ ფრანკენშტაინს, რომელმაც ურჩხული შექმნა და ემსხვერპლა კიდეც მას.
დააკვირდით რამდენი არაინტელექტუალური ფიზიონომიის მქონე სუბიექტი აღმოჩნდა ყველა დონის საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებაში... „ო, ადამიანო, შენი ხატება, სარკეა შენი სულისა...“ აღმოხდა პოეტ მაისტერ ელგზარდს; ათასწლეულების მანძილზე ადამიანის რაობის კვლევისას, დასკვნა, ამისი მსგავსი, სხვაც ბევრი გაკეთებულა, მაგრამ XVIII საუკუნეში, განმანათლებლობის ამ დიდებულ დროს, ახალი განვითარება ჰპოვა ძველმა ძიებებმა: იოჰან კასპარ ლაფატერმა გამოაქვეყნა ნაშრომი „ფიზიოგნომიკური ნაწყვეტები ადამიანის შემეცნების ხელშეწყობისათვის“, ხოლო იოსებ გალლმა თავისი „სწავლება ფრენოლოგიის შესახებ“. ერთიცა და მეორეც წარმოადგენს ჩამოყალიბებულ სისტემას ადამიანის ფიზიონომიური პორტრეტის ანალიზისა, რომლის შედეგადაც უტყუარ ინფორმაციას ვიღებთ ამა თუ იმ პიროვნების ბუნების, გონებრივი შესაძლებლობების, ზნეობის, მრწამსის, მიდრეკილებების თაობაზე. კვლევისათვის საჭირო ინფორმაციას, არა მარტო ცოცხალი ადამიანის სახეზე დაკვირვება, არამედ სკულპტურული და ფერწერული პორტრეტი და ფოტოგრაფიაც იძლევა. ამ მოსაზრების სისწორის დასადასტურებლად, საკმარისია, გავიხსენოთ ორი სხვადასხვა ეპოქისა და კულტურის ხელოვნების ნაწარმოები: II საუკუნის მიწურულის რომაული ბრინჯაოს ქანდაკება ცხენზე ამხედრებული მარკუს ავრელიუსისა, და XVI საუკუნის ქართული ფრესკა დავით აღმაშენებელისა. პირველი, ანტიკური რეალისტური ხელოვნების ყველა კანონით გამოსახავს რომაელ იმპერატორს, მეორე, - განვითარებული შუა საუკუნეების ფრესკული ფერწერის დამახასიათებელი პირობითობით ასახავს ქართველ მეფეს, მაგრამ ორივე ამ ქმნილებას აერთიანებს ის, რომ გასაოცარი სიცხადით წარმოაჩენენ ამ ორი პოლიტიკური მოღვაწის პიროვნულ რაობას. ორივეს სახეში იკითხება ყველა ნიშანი ბუნებით პოლიტიკოსისა: უპირველეს ყოვლისა ინტელექტი, მაღალი ზნეობა, ერუდიცია, ნებისყოფა, ენერგია, მიზანდასახულობა. მოქანდაკეს, მარკუს ავრელიუსი, ბრინჯაოში აღუბეჭდავს იმ მომენტში, როცა გაწვდილი ხელით კეისრულ სალამს აძლევს ლეგიონებს თუ, რომაელ ხალხს. მხატვარს კი, დავით აღმაშენებელი, გელათის ტაძრის მაკეტით ხელში დაუხატავს. თუ დაუკვირდები მათ აზრიან მზერას, სახის დახვეწილ ნაკვთებს, შინაგან არისტოკრატიზმს რომ წარმოაჩენს, შეიგრძნობ გასაოცარ სიმტკიცეს; ძალას, იმ ადამიანებისა, რომელთა სიტყვა და საქმე არ განსხვავდებოდა. ატარებდნენ რეფორმებს, განუხრელად ზრუნავდნენ ხალხის კეთილდღეობაზე, სახელმწიფოს ძლიერებაზე, იყვნენ თავისი დროის უდიდესი მოღვაწეები და მოაზროვნეები,... უყურებ მათ სახეებს და სრულიად ბუნებრივად მიგაჩნია ის, რომ ამ ადამიანებმა შეთხზეს და, შთამომავლობას დაუტოვეს, პირველმა, - „ფიქრები“, მეორემ, - „გალობანი სინანულისანი“.
პოლიტიკოსთა გამოსახულებები სანიმუშოდ იმიტომ მოვიყვანე, რომ საზოგადოებრივი ცხოვრების ხასიათს ისინი განსაზღვრავენ. გავიხსენოთ პოლ ვალერის ნათქვამი: «რამდენიმე კაცის ქცევა მილიონების ბედზე ისეთსავე გავლენას ახდენს, როგორც ყოველი სულდგმულის ხვედრზე - მისი სასიცოცხლო გარემოს შეცვლა თუ შერყევა, მსგავსად იმისა, როგორც ბუნებრივი მიზეზები იწვევენ სეტყვას, ტაიფუნს, ეპიდემიებს, - ინტელექტუალური მიზეზებიც ასეთსავე ზემოქმედებას ახდენენ მილიონობით ადამიანზე, რომელთა უმრავლესობაც ისევე იტანს მათ, როგორც ცის, ზღვის, დედამიწის ქერქის კაპრიზებს. ინტელექტი და ნება, რომლებიც ბრმა ფიზიკური ძალებივით მოქმედებენ მასებზე, - აი, რას ეწოდება პოლიტიკა». ადამიანის ბედის განმსაზღვრელთ მუდამ წესად ჰქონდათ, იმითაც უკვდავეყოთ თავიანთი პიროვნება, რომ მათი დაკვეთით იქმნებოდა მათივე სკულპტურული და ფერწერული (შემდგომ კი ფოტოგრაფიული) გამოსახულებები. ამიტომ შემოგვრჩა, ძველი აღმოსავლეთის, ანტიკური, შუა საუკუნეებისა და ახალი დროის ხელოვნების უამრავი ნიმუში, რომელიც ფიზიონომისტებს განსჯა-გააზრებისათვის დიდ მასალას აძლევს...
საქართველოს ისტორიის თავისებურების შედეგია, რომ ძალიან ცოტა შემოგვრჩა სახელმწიფოს მმართველთა გამოსახულებანი. თუმცა, რაც არის, - ბევრს გვეუბნება მათზე და, ერთგვარად ახსნასაც იძლევა იმ პოლიტიკისას, რომელსაც ეს ადამიანები ატარებდნენ... ამ თვალსაზრისით წარსულის გააზრება, - უაღრესად საინტერესოა, მაგრამ ჩვენი დღევანდელი ყოფის ხასიათიდან გამომდინარე, უფრო აქტუალურია, იმ თანამედროვე პოლიტიკოსთა ფიზიონომიური პორტრეტის კვლევა, ბოლო ათწლეულის საქართველოს ცხოვრებაზე რომ მოახდინეს გავლენა...
თუ დავუკვირდებით ისტორიის მითითებულ მონკავეთში ყველა დონის აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებაში მყოფთა ფიზიონომიურ პორტრეტს, განვიხილავთ მათ, ლაფატერისა და გალლის სწავლებათა პოზიციიდან, ძალიან ბევრს საინტერესოს ვნახავთ; უპირველეს ყოვლისა, ზემოხსენებულ ავტორთა მეცნიერული ნააზრევის დადასტურების მხრივ. ეს ასეა, ოღონდ ნამდვილად არ არის აუცილებელი, იყო ფიზიოგნომიკის სპეციალისტი ან ფრენოლოგი, რომ ჩვენში პოლიტიკურ ასპარეზზე დამკვიდრებულთა ან იქ დამკვიდრების მოსურნეთა დიდი უმეტესობის პიროვნული რაობის არსში გაერკვე. როცა ამ ადამიანებს აკვირდები, პირველი, რაც თვალში საცემია, ეს არაინტელექტუალურ ფიზიონომიათა სიჭარბეა, ხოლო, როცა მათ მოუსმენ და, მითუმეტეს, ნამოქმედარს ნახავ, დარწმუნდები, რომ აქ ინტელექტი ისევე დეფიციტურია, როგორი დეფიციტურიც იყო სოციალიზმის დროს უცხოური წარმოების პროდუქცია... ეს, ცხადია, ცუდია, მაგრამ უბედურება ის არის, რომ ეს ადამიანები გასაოცრად აქტიურები არიან და აქ, უნებლიედ გახსენდება პოლ ვალერის კიდევ ერთი გამონათქვამი: „რამდენი რამის არცოდნაა საჭირო იმისათვის, რომ „იმოქმედო“. ასეთი არცოდნით ამოქმედებულთა ბრალია, სახელმწიფოს აღმშენებლობის გაუკუღმართებულად წარმართული პროცესი და, მისი საზარელი შედეგი: ეროვნული და პიროვნული ღირსების გრძნობის განუვითარებლობა, კულტურული დაქვეითება, კორუფცია და, ხაზინის ქურდობა, დაშლილი, გათითოკაცებული, გაღატაკებული, ერთმანეთს დაპირისპირებული, დემორალიზებული საზოგადოება, - რომლის წევრებიც, - ძალაუფლების მქონენი და არ მქონენი, - მდიდარი და ღარიბი, ის, ვისაც შესაძლებლობათა რეალიზაციის პირობები აქვს, და ვისაც არა აქვს, - ერთნაირად მოუცავს ერთგვარ აპათიას და მკვიდრდება ისეთი ყოფა და, მისგან მომდინარე ზნეობრივი პრინციპები, რომელთა გამოც, მიშელ მონტენი წერდა: „იმ დღეებში, როცა ბოროტგანზრახული ქმედებანი ყოველდღიურ ხასიათს იძენს, უმოქმედობა გადაიქცევა ერთგვარ საქებარ საქმედ“.
ასეთ დროს, ვერ შემდგარი მაორგანიზებელი ძალის, ანუ არაინტელექტუალური ფიზიონომიის მქონე პირთა მიმართ, ბუნებრივად წარიმართება მოსახლეობის ირონია... ამასწინათ, ასეთი ანეკდოტი მოვისმინე: ორნი საუბრობენ, ერთი ყვება - დელიში, თურმე, ათიათასი მაიმუნი შეჭრილა სახელისუფლო დაწესებულებებში და ძლივს გამოურეკავთ იქედან პოლიციის ძალითო, - მეორემ უპასუხა, - ეჰ, ინდოეთში კი გამორეკეს, მაგრამ ჩვენ რა გვიშლის ხელსო...
სამასხარაო პოლიტიკური და ბიუროკრატიული ელიტა რომ არ გვყავდეს, იქნებ, საამისო კანდიდატების თაობაზე დასკვნა ჯერ ფიზიოგნომიკის სპეციალისტებს და ფრენოლოგებს ვთხოვოთ და, შემდეგ შევიყვანოთ ეს ხალხი სათანადო საარჩევნო და დასანიშნ სიებში...
სახალხო საქმე, ხალხის ქმედითი მონაწილეობის გარეშე, - ვერ გაკეთდება. ეს კი, მხოლოდ აქტიურ ამომრჩევლად ყოფნას არ გულისხმობს, არამედ იმ ინტელექტუალების გამოხმობას პოლიტიკურ ასპარეზზე, რომლებიც პატიოსნებიც არიან, კომპეტენტურებიც და ენერგიულებიც. მათ ნამდვილად შეუძლიათ ხალხის წარმომადგენლები იყვნენ და სახელმწიფოს გონივრული მართვით დაიცვან მათი ინტერესები. თუ ასე მოხდა, მაშინ კორუფციაც მოისპობა და აღარც ქაოსი და განუკითხაობა იქნება საქართველოში. მაგრამ, ეს რომ მოხდეს, ამისათვის საჭიროა ისეთი საკადრო პოლიტიკა, რომელიც, ახალ ადამიანებს, - აქამდის მოუხმობლებს მისცემდა ნიჭისა და უნარის გამოვლენის საშუალებას. სამწუხაროდ, ჩვენში, ამ თვალსაზრისით, ძირეული ცვლილებები არ განხორციელებულა, დამოუკიდებელი სახელმწიფოს აღმშენებლობისა და სოციალური ფორმაციის შეცვლის უმნიშვნელოვანეს - გარდამავალ ეტაპზე - ძალიან ბევრი თანამდებობის პირი, კოლონიური ხანისა, თავის ადგილზე დარჩა... ამას გარდა, საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებაში თანამდებობებს იკავებენ ადამიანები, რომლებიც კომუნისტური პარტიისა და კომკავშირის აქტიური ფუნქციონერები იყვნენ... ცხადია, დამოუკიდებელი საქართველოს მართვა-გამგეობაში მონაწილეობის უფლება ყველას აქვს. მაგრამ, იმ დროს, როცა ქვეყანაში უამრავი მოუხმობელი ადამიანია, რომელთაც ნამდვილად შეუძლიათ ბევრი რამის კეთება და რეალურად სიტუაციის შეცვლა?! შესაძლებლობათა რეალიზების საშუალება მათ კი არა, - ადამიანთა ზემოხსენებულ კატეგორიას მიეცა და თანაც მეორედ... რაც, დამეთანხმებით, არა მარტო დიდი წარმატებაა, არამედ, ეს დიდ პასუხისმგებლობასაც ითხოვს მათგან, - რომელსაც სამწუხაროდ, ვერ ვგრძნობთ და როცა ასეთი საკადრო პოლიტიკის შედეგს ხედავ და საკუთარ თავზე ცდი მის დამღუპველ ზემოქმედებას - კორუფციის, მრეწველობის მოშლის, ეროვნული სიმდიდრის ძარცვის, მოახლოვებული ეკოლოგიური კატასტროფის, სიმბოლური და მაინც გაუცემელი პენსიისა და ხელფასის სახით, უფიქრდები იმას, რომ ახალ პოლიტიკურ და ეკონომიკურ პირობებში ადაპტირება მენტალიტეტის შეცვლას არ ნიშნავს და ადამიანები, რომლებიც მოხელეებად ჩამოყალიბდნენ „მბრძანებლურ-ადმინისტრაციული“ სისტემის დროს, ძნელად იცვლიან ზნეს. ამაში მათი ქცევის სტერეოტიპი გვარწმუნებს, რომელიც ისეთივეა, როგორც ამ ათი-თხუთმეტი წლის წინ იყო. ასეთი გარდაუქმნელნი, ცხოვრების ყველა სფეროში ქმნიან დაბრკოლებებს, - იქნება ეს პოლიტიკა, ეკონომიკა თუ კულტურა.
შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი ისეთ საკადრო პოლიტიკაშია, რომელიც ახალ ადამიანებს, ანუ მოუხმობლებს გაუხსნის გხას და საზოგადოებრივი ყოფის განახლებას შეუწყობს ხელს. სხვაგვარად არ მოხერხდება. რადგან პოლიტიკაზე ხელისუფლებაში მყოფი ადამიანები ახდენენ ზეგავლენას, დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორები არიან ისინი. კლემენს მეტერნიხი წერდა: „პოლიტიკა - ეს ადამიანებია, პოლიტიკა - ეს მხოლოდ ადამიანთა ღირსებების, ისევე როგორც მათი ნაკლოვანებების, მათი გატაცებების, შეცდომების, მანკიერების და სათნოების გამოხატულებაა“.
სადღეისოდ, სახელმწიფოებრივი ცხოვრების ორგანიზებას განსაკუთრებით ის უშლის ხელს, რომ დიდი ასპარეზი აქვთ დათმობილი დილეტანტებს. მათი მოძალება კოლონიურ-კომუნისტური რეჟიმის შედეგია; როცა საქართველო სსრკ-ს ნაწილი იყო, რუსეთისათვის მნიშვნელობა არ ჰქონდა იმას, თუ რამდენი დილეტანტი მოკალათდებოდა ყველა დონის სტრუქტურებში, რადგან პროფესიონალები თვითონ ბლომად ჰყავდათ, ხოლო, ჩვენ კი, რაც უფრო ჩავეფლობოდით დილეტანტიზმის ჭაობში, მით უფრო ადვილი სამართავები ვიქნებოდით. ამიტომ, თუ მართლა გვსურს, სახელმწიფოს აშენება, უნდა უვნებელვყოთ აგრესიული დილეტანტიზმი, რომელსაც ერთადერთი მიზანი აქვს - მაძღარი ცხოვრების ძიება. ეს მოხერხდება იმ შემთხვევაში, თუ დილეტანტები პროფესიონალთა კადრებით შეიცვლებიან. ამისათვის კი საჭიროა, შეიქმნას განათლების ეროვნული პროგრამა, რომლის მიზანიც იქნება კვალიფიციური სპეციალისტების მომზადება; მაგრამ, ეს მხოლოდ საქმის ერთი ნაწილია. მეორე იმაში მდგომარეობს, თუ სად იმუშავებენ ისინი. მაშასადამე, ასევე შესამუშავებელია ცოდნამიღებული ახალგაზრდების შრომითი მოწყობის ეროვნული პროგრამა. სხვაგვარად, არათუ დილეტანტიზმს ვერ დავამარცხებთ, - სხვა, არანაკლები საშიშროება გველის. საქმე ის გახლავთ, რომ ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა სწავლობს როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ და თუ ისინი სამშობლოში სამუშაოს ვერ მიიღებენ, ბუნებრივია, ბედს უცხოეთში ცდიან, - ეს კი გააძლიერებს, სამწუხაროდ, უკვე დაწყებულ პროცესს ე.წ. „რუხი ნივთიერების“ საზღვარგარეთ გადინებისა, - რამაც შეიძლება კატასტროფული ხასიათი მიიღოს და საქართველო ინტელექტუალების გარეშე დატოვოს... აქ, გადამწყვეტი სიტყვა ხელისუფლებისა და საზოგადოების ერთობლივ მოქმედებას ეკუთვნის... თუ ეს თანამშრომლობა შედგა, მაშინ პრობლემა მოგვარდება.
ხელისუფლებასთან თანამშრომლობა ყოველთვის სარისკო იყო შემოქმედებით სფეროში, რადგან ლიტერატორს და ხელოვანს „კარის პოეტად“ გადაქცევის საფრთხეს უქმნიდა, კოლონიურ-კომუნისტური რეჟიმის დროის ამბები ამის უამრავ მაგალითს გვაწვდის.
ამიტომ, ისევე, როგორც ყველა დანარჩენ შემთხვევაში, აქაც უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ თანამშრომლობა დაეფუძნოს ეროვნულ იდეას. ეს იქნება ის წყალგამყოფი ქედი, რომელიც შემოქმედს დაიცავს ხელისუფლების მიერ თავს მოხვეული სოციალური დაკვეთისაგან და ვერავინ აიძულებს, რაიმე ანტიეროვნული, ანტიჰუმანური, ანტიდემოკრატიული გააკეთოს, მაგალითად შეთხზას ასეთი ლექსი:
„ვაშა - გ.პ.უ - შენი განაჩენი
ბოლშევიკურად არის დაწერილი!
როგორც პოეტმა - პოლიტიკურმა
უნდა შეასრულო შენი გაკვთილი;
სოციალიზმის ყველა მავნებელი
დიქტატურის ტყვიით იყოს დახვრეტილი!
ვაშა გ.პ.უ. შენი განაჩენი
ბოლშევიკურად არის დაწერილი!“
ამ „პოეტური, უბადრუკობის ავტორი ნარუაშვილი, მოგვიანებით, ბოლშევიკურად დაწერილმა განაჩენმა იმსხვერპლა, მაგრამ აქ მთავარი ის არის, რომ იყო დრო, როცა ქართველ პოეტს (ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არა აქვს. რამდენად ნიჭიერია ის, რადგან აღიარებულ ტალანტებსაც მსგავს რამეებს ავალებდნენ) კომუნისტური რუსეთის საიდუმლო პოლიციაზე უნდა ეწერა ლექსები, რომ არსებობისა და შემოქმედების უფლება ჰქონოდა. ამას მოითხოვდა მისგან მმართველი რეჟიმი, ამ რეჟიმის მიერ შექმნილი მწერალთა კავშირი და ბოლოს, ატმოსფერო, რომელიც მაშინ სუფევდა.
სულ სხვა სიტუაცია იქმნება, როცა ხელოვანსაც და ხელისუფლებასაც საერთო ღირებულებები, პრინციპები და ინტერესები გააჩნიათ. მაშინ, თანამშრომლობა შესაძლებელია, რადგან არსებობს, ზემოთ უკვე ხსენებული საფუძველი. ასეთ დროს, სრულიად ბუნებრივად აღიქმება ისეთი რჩევა, როგორიც ერთხელ მისცა ცნობილ მსახიობ ტალმას, თეატრის დიდმა მოყვარულმა, ნაპოლეონ ბონაპარტემ: «მე ნამდვილად ყველაზე დიდი ტრაგიკული პიროვნება ვარ ჩვენი დროისა, დიახ! და თქვენ დაგინახავთ ოდესმე, ჰაერში ხელები მექნიოს ან ნასწავლი პოზები და დიდებული იერი მიმეღოს ოდესმე? გაგიგონიათ როდესმე ჩემი ყვირილი? არა, რა თქმა უნდა, არა, მე ბუნებრივად ვლაპარაკობ... აი, მაგალითი, რომელიც დაფიქრებას საჭიროებს». ასეთი რჩევა მართლაც დასაფიქრებელია, თუ რაიმე, რეალისტური გინდა შექმნა... ამავე დროს, არაფერი თავს მოხვეული და სოციალური დაკვეთის მსგავსი, მასში არ არის. როცა ხელოვანისა და ხელისუფლების შემაკავშირებელი ეროვნული იდეა არსებობს. შემოქმედის მონაწილეობა, თავისი პროფესიისა და პოზიციიდან გამომდინარე, პოლიტიკურ პროცესებში, ზნეობრივ ხასიათს იძენს, მასში არ არის ის შეურაცხმყოფელი და დამთრგუნველი, რაც, ტოტალიტარულ რეჟიმთან ურთიერთობის დროს, - გარდუვალია. რადგან, ის, საარსებო წყაროს მაშინ აძლევს ლიტერატორს თუ ხელოვანს, როცა ეს უკანასკნელი მის დაკვეთას ასრულებს და უსპობს, როცა დაქირავებული გაჯიუტდება და დავალებას აღარ ასრულებს. და, სულ სხვაა, როცა შემოქმედს არჩევანის საშუალებას ცხოვრება აძლევს. თავისუფალ საზოგადოებაში, დამოუკიდებელი არსებობის პირობებში, დაკვეთა არ აღიქმება უხეშ ზეწოლად, შეურაცხმყოფელ იძულებად. საფრანგეთის მეორე რესპუბლიკის დროს, ცნობილმა მხატვარმა-კარიკატურისტმა, ონორე დომიემ, მიიღო ასეთი შინაარსის წერილი:
„შინაგან საქმეთა სამინისტრო
ხელოვნების სამმართველო
1-ი ბიურო
„ბატონ დომიეს, ფერმწერს
საფრანგეთის რესპუბლიკა
თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა
პარიზი, 19 სექტემბერი 1848
მოქალაქევ
პატივი მაქვს გაცნობოთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო გავალებთ თქვენ, შექმნათ სურათი, რომლის ღირებულებაც ათასი ფრანკი გადახდილ იქნება სამინისტროს თანხიდან. სურათის სიუჟეტი და ესკიზი წინდაწინ დასამტკიცებლად უნდა წარმოედგინოს ადმინისტრაციას.
სალამი და ძმობა
ხელოვნების სამმართველოს დირექტორი შარლ ბლანი.“
სიუჟეტი, რომლის შესახებაც ლაპარაკია, სახარებიდან იყო ამოღებული, - „მონანიე მარია მაგდალინელი“...
ამ შეკვეთამ, როგორც დომიეს შემოქმედების მკვლევარნი წერენ, სარგებლობაც კი მოუტანა მას, თუნდაც, ახალი სტილისა და ფორმის ძიების თვალსაზრისით. რაც შეეხება პოზიციას, ამ მხრივ, დიდ მხატვარს არაფერი დაუთმია. ავტორი ცნობილი ლითოგრაფიებისა: „გარგანტუა“, „საკანონმდებლო სტომაქი“, „ექს-მინისტრთა უკანასკნელი თათბირი“, ალეგორიისა „რესპუბლიკა“ და სურათებისა „აჯანყება“, „ემიგრანტები“, ყოველთვის იყო, და ბოლომდის დარჩა, საკუთარი პრინციპების ერთგულად. დემოკრატიულ სახელმწიფოში, „კარის პოეტად“ არავინ არ გადაიქცევა, თუკი ეს, თავად მას არ სურს...
ეროვნული იდეის არსებობის შემთხვევაში, როგორც ყველა სხვა, ასევე კულტურის სფეროშიც, ხელისუფლებას შეუძლია მაორგანიზებელი ფუნქციის შესრულება და ეს აუცილებელიც არის. ამაში გვარწმუნებს დასავლური ცივილიზაციის წარმატება, - სადაც ამდაგვარ ფუნქციას პოლიტიკური ინსტიტუტები ასრულებენ და, ღრმა კრიზისი ჩვენთან, - სადაც მსგავსი არაფერი ხდება. ამიტომ გვჭირდება ღირებულებების, პრინციპების და ინტერესების ერთიანი სისტემის არსებობა, რომელიც ხელისუფლებას, არ მისცემს საშუალებას, რაიმე ვოლუნტარისტული ნაბიჯი გადადგას და ეროვნულ კულტურას ზიანი მიაყენოს. მსგავსად იმისა, რასაც კომუნისტები აკეთებდნენ თავიანთი უზნეო დიქტატურის პერიოდში. მოვიხმობ ასეთ მაგალითს: ხრუშჩოვისეული „ოტტეპელის“ დროს, როცა რეჟიმის, ვითომ, „ლიბერალიზაცია“ მოხდა, წამოიწყეს პიროვნებისა და საზოგადოების თავისუფლების ილუზიის შემქმნელი აქციის განხორციელება: თუ სადმე, ბაღს და სკვერს, ძველებური ჭედური, ან ჩამოსხმული გისოსი, ან ღობე ჰქონდა, დაიწყეს იმისი მოხსნა, მორღვევა, მონგრევა (გაიხსენეთ, ოპერის სკვერის მშვენიერი ღობე მოხსნეს და მანგლისში წაიღეს, იქ, მოედანს, სანახევროდ შემოავლეს). ამ თავისი არსით ვანდალურ აქციას, ცხადია, არანაირი თავისუფლება არ მოუტანია, მისი ილუზიაც ვერ შექმნა. სამაგიეროდ, შეგვრჩა ღობემორღვეული ბაღები და სკვერები; ამან კი, თავის მხრივ, წარმოშვა კიდევ ერთი ტიპი უპასუხისმგებლო ადამიანისა, რომელმაც, რადგანაც ღობე და გისოსი აღარ აკავებდა, დაიწყო გადაბოტება-გადალაჯება იქ, სადაც ადრე ამას ვერ ახერხებდა. ესენი, ღობის მოშლას იგებდნენ და იგებენ, როგორც დაბრკოლების არარსებობას და მიეცათ საშუალება, ყველაფერი გადათელონ და ზედ გადაიარონ, სადაც სურთ და როდესაც მიესურვებათ. კომუნისტების უგუნურ პროპაგანდისტულ ავანტიურას, წესრიგის ერთ-ერთი აუცილებელი პირობის მოშლა მოჰყვა; ქალაქიც დამახინჯდა და ხალხიც გაირყვნა.
თუ ხელისუფლება ამის მსგავს შეცდომებს არ დაუშვებს, მაშინ კულტურული ცხოვრების ორგანიზება საქართველოში, შესაძლებელია.
წინააღმდეგ შემთხვევაში კი, თუ გაგრძელდება ზემოხსენებული ჭედური გისოსების მსგავს ესთეტიკურ ღირებულებათა დაუფასებლობა და განადგურება, ჩვენ, დროთა განმავლობაში, არათუ კულტურული ცხოვრების წარმართვას ვერ შევძლებთ, არამედ, უბრალოდ, ბარბაროსებად გადავიქცევით. გავიხსენოთ გოეთეს ნათქვამი: „ბარბაროსობის პირველი ნიშანია მშვენიერების უარყოფა“.
გასაკეთებელი ნამდვილად ბევრია. ავიღოთ, თუნდაც, ტელევიზია: ცოტაა ანალიტიკური გადაცემები, - თითქოს, ჩვენი ყოფა განსჯა-გააზრებას არ საჭიროებდეს. კიდევ უფრო ცოტაა ისეთი შემეცნებითი ხასიათის გასართობი პროგრამები, რომლებიც მაყურებელთა ინტელექტუალურ განვითარებას შეუწყობდეს ხელს, გააცნოს მას საქართველოსა და მსოფლიოს ისტორიისა და კულტურის რეალიები, - ამით ხელი შეუწყონ მილიონობით ადამიანს, გაერკვნენ მეცნიერებისა და ხელოვნების პრობლემებში, დაეჩვიონ სწრაფად აზროვნებას, ფიქრს, ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებას. ეს კი, იმას ნიშნავს, რომ ჩვენში სათანადოდ არ ცდილობენ გამოასწორონ კოლონიური რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაული, - ქართველებს საკუთარ ისტორიას და კულტურას რომ გვავიწყებდნენ და ხელს გვიშლიდნენ მსოფლიო ცივილიზაციის მონაპოვრებს გავცნობოდით.
ამ თვალსაზრისით, შესამუშავებელია კულტურულ-საგანმანათლებლო ეროვნული პროგრამა. 70 წელი დანარჩენი სამყაროსაგან იზოლირებულნი ვყავდით, რის გამოც, საქართველოს მოსახლეობა და, უპირველეს ყოვლისა, ინტელექტუალები, ინფორმაციულ ვაკუუმში იმყოფებოდნენ. ახლა, სწრაფად უნდა დავიბრუნოთ დანაკარგი და ყველანაირი ლიტერატურა: მხატვრული, სამეცნიერო, პუბლიცისტური, რელეგიური და კიდევ ათასი სხვა, ქართულად თარგმნილი უნდა გამოვცეთ. ამიტომ, საგამომცემლო საქმეს განსაკუთრებული მხარდაჭერა სჭირდება ხელისუფლების მხრიდან, - როგორც პოლიტიკური, ასევე ფინანსური. ამასთან, გასათვალისწინებელია მოსახლეობის და განსაკუთრებით, ინტელექტუალთა მატერიალური სიღატაკე, რომელსაც ძვირად ღირებული წიგნების შეძენის საშუალება არა აქვს, არადა სხვადასხვა სახის ლიტერატურა, ბლომად სჭირდება. ერთი სიტყვით, აუცილებელია საგანგებო პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს როგორც წიგნთსაცავების შევსებას, - ჩვენში თუ უცხოეთში დასტამბული ლიტერატურით, - აგრეთვე, ხელს შეუწყობს ფილმოფონდების, აუდიო და ვიდეო კასეტების სპეციალური საცავების შექმნას, - რათა მათში დაგროვილი ინფორმაცია კულტურული და საგანმანათლებლო საქმიანობისათვის გამოვიყენოთ.
ხელისუფლებისა და საზოგადოების თანამშრომლობა, მეტად აქტუალურია კრიზისულ პერიოდში სამეურნეო ცხოვრების ორგანიზების დროს. ასეთ სიტუაციაში, თუ პროცესი სტიქიურად წარიმართა, - ანუ მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის მოშლის დროს, როცა სახელმწიფო ინსტიტუტები მაორგანიზებელ ფუნქციას ვერ ასრულებენ, ან ამა თუ იმ მიზეზით, არასწორ გეზს აძლევენ სამეურნეო პოლიტიკას, მოსახლეობა კი, გადარჩენის ინსტინქტის კარნახით, იძულებულია ყველაფერში ეძიოს საარსებო წყარო, - ადამიანები უმოწყალოდ ანადგურებენ ბუნებას, რადგან მისი ექსპლუატაცია გარანტირებული შემოსავლის წყაროდ იქცევა ხოლმე. ისე, როგორც ჩვენს შემთხვევაშია: ჩეხავენ ტყეებს, - ლიცენზიით თუ უმისოდ, ამუშავებენ მიწისქვეშა წიაღისეულს, ათასგვარი შხამებით წამლავენ ჰაერს. ამ დამანგრეველ ქმედებათა ფერხულში, სხვადასხვა სოციალურ ჯგუფს მიკუთვნებული ადამიანები განსხვავებული მიზნით არიან ჩაბმულნი; ერთნი ლუკმა პურის ფულს შოულობენ, მეორენი - მილიონებს აგროვებენ... და, სულ უფრო აშკარად ისახება მომავალი ეკოლოგიური კატასტროფის სურათი. ამ მდგომარეობიდან გამოსავალი, ნამდვილად არსებობს. ცხადია საჭიროა, საზოგადოებისა და ხელისუფლების ძალისხმევა, რომელიც სამეურნეო საქმიანობას ბუნებისა და ადამიანებისათვის უხიფათოს გახდიდა...
ჩამოთვლილი პრობლემები, რომელიც ეროვნული იდეით შეკავშირებული ხალხისა და ხელისუფლების თანამშრომლობით უნდა მოგვარდეს, მხოლოდ ნაწილია იმისა, რაც უნდა გაკეთდეს, მაგრამ, მაორგანიზებელი ძალის, ანუ ხელისუფლების საქმიანობა არაეფექტურია. ამის დადასტურებაა სანახევროდ გატარებული რეფორმები, რომელთა შედეგი, ბუნებრივია, არადამაკმაყოფილებელია. საკანონმდებლო ბაზა არასრულყოფილია და რაც გვაქვს, ისიც არ მუშაობს. სამეურნეო ცხოვრება ჩამკვდარია, ვერ ივსება ბიუჯეტი, ხელფასები და პენსიები სიმბოლურია და ისიც ვერ გაიცემა, ანუ სახელმწიფო, მოსახლეობის საარსებო პირობებს ვერ ქმნის. ჩვენი კურიოზული ყოფის დამადასტურებელი უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება, მაგრამ მთავარი ის არის, თუ როგორ შევძლოთ ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის სათანამშრომლო ურთიერთობის დამყარება. ამას, ჯერ ეს ერთი, ეროვნული იდეა სჭირდება და მეორე, იმათი მოხმობა, ვინც გაითავისებს საერთო ღირებულებებს, პრინციპებს და ინტერესებს. შეიძლება ვინმეს კითხვა აღეძრას: შერჩა თუ არა ჩვენს მოსახლეობას რაიმე იდეის გათავისების უნარიო? - ისტორიის ყველაზე მძიმე პერიოდებშიც კი, როცა ჩვენი დამპყრობი იმპერიების ინტერესებისათვის ბრძოლას გვაიძულებდნენ, ღვიოდა ქართველის გულში სამშობლოს სიყვარული, მისი თავისუფლებისათვის ბრძოლისა და თავის გაწირვის სურვილი. რეზო ინანიშვილის მოთხრობის - „ერეკლე მეფე და ანანურელი ულამაზოები“ - ყმაწვილი პერსონაჟი, „მზევინარის“ ბიჭი, სპარსელებთან ბრძოლაში დამარცხებულ და ანანურის ციხეში შეხიზნულ ერეკლე II-ს ეახლება და ემუდარება სალაშქროდ მოხმობას. მეფეც დაპირდება... გამოხდება ხანი და „ოთხმოცი წლის შემდეგ კი ანანურზე გამავალი სამხედრო გზის პირას ხშირად იდგა ხოლმე ვეებათავიან კომბალზე დაყრდნობილი, მთლად გათეთრებული უსინათლო მოხუცი, რომელიც ყოველ ზემოთ ამომვლელს ეკითხებოდა, დამძახებელი ხომ არა ხარ ქალაქიდანო. ვინც მოხუცს არ იცნობდა, ვერ ხვდებოდა, ვინ დამძახებელი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ვინც იცნობდა, ეტყოდა - არა, დამძახებელი არა ვარ, მზევინარის ბიჭოო, - და თავჩაღუნული, სევდაშემოწოლილი განაგრძობდა გზას.
მოხუცს ქინთა-ქინთად ქცეული ახალუხრს ჯიბის პირზე სამი რუსული მედალი ეკიდა - გამურულ ქვაბზე დაღვენთილი წმინდა სანთლის ფერისა“.
თუ გასულ საუკუნეში მრავალი ქართველის, მზევინარის ბიჭივით გაორებულის და დაბნეულის, გულში ღვიოდა საქართველოს თავისუფლებისათვის ბრძოლის ნაპერწკალი, დღეს, მეორე რესპუბლიკის დროს, სახელმწიფოს აღმშენებლობის სურვილი ნამდვილად ბევრს აქვს და მხოლოდ დამძახებელს ელიან... ამიტომ, ახლა სიტყვა ხელისუფლებაზეა და, თუ მათ პარტიული და ჯგუფური ინტერესები ხელს არ შეუშლით, არ დააბნევთ ჩამოყალიბებული სტერეოტიპები, - მაშინ ნამდვილად იპოვიან იმათ, ვისაც სახელმწიფოს მართვის უნარიც აქვს და პროფესიონალიზმიც გააჩნია. ეს გამოიწვევს საკადრო რევოლუციას. ნუ შეგვეშინდება ამ სიტყვის და, თუ არ გვინდა, რომ მოხდეს სოციალური რევოლუცია, მაშინ უნდა განვახორციელოთ საკადრო...
სწორედ ახალ ადამიანებს ძალუძთ, აღადგინონ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. ჯერჯერობით, ჩვენში, რაიმე ჩამოყალიბებული პოლიტიკა არ ჩანს, იმ ადამიანების მიმართ, რომელთაც უკანონოდ, გარეშე ძალის დახმარებით, მოიპოვეს ძალაუფლება და სეპარატიზმის დროშის ქვეშ, კრიმინალური რეჟიმები დაამყარეს აფხაზეთსა და შიდა ქართლში. არადა, საქმე გვაქვს მართლაც წმინდა წყლის კრიმინალურ წარმონაქმნებთან, - იმის მსგავსთან, - როგორც, ანტიკურ ხანაში კილიკიელ მეკობრეთა სახელმწიფო იყო, ახალ დროში კი, კარიბის ზღვაში, კუნძულ ტორტუგაზე, ასევე, მეკობრეთა რესპუბლიკა. რამდენად პარადოქსულად არ უნდა ჟღერდეს, ორი რამ არის ისტორიული კანონზომიერების მქონე.
პირველი: ასეთი ანომალური ხასიათის წარმონაქმნების არსებობა, რომლებშიაც სამეურნეო საქმიანობა კრიმინალური ქმედებების დონეზეა დაყვანილი. ამას, როგორც ვნახეთ, ადასტურებს ზემოხსენებული ქართული პროვინციების წარსულიც; როცა, გვიან ფეოდალურ ხანაში, იქ დაიწყო აფხაზთა და ოსთა ეთნიკური ექსპანსია, ამან დაარღვია სამეურნეო ცხოვრების ნორმალური მსვლელობა. წესიერი, ტრადიციული გზით დოვლათი აღარ იქმნებოდა, ამიტომ იქცა ყაჩაღობა და მეკობრეობა საარსებო წყაროს მოპოვების ძირითად საშუალებად. ანალოგიური პროცესები მიმდინარეობს ახლაც. ამ რეგიონებში ეკონომიკური საქმიანობა მთლიანად კრიმინალიზებულია; ამის მაგალითად, აფხაზეთში თხილის ბიზნესი გამოდგება, შიდა ქართლში კი - კონტრაბანდული საქონლით ვაჭრობა. ამას გარდა, მისდევენ „ტრადიციულ“ საქმიანობასაც: ზღვაზე მეკობრეობა, ადამიანის მოტაცება გამოსასყიდის მიღების მიზნით. ეს ორივე პროვინცია, იარაღისა და ნარკოტიკებით ვაჭრობის ცენტრად იქცა, აქ აფარებენ თავს სხვადასხვა ეროვნებისა და რელიგიის ავანტიურისტები და კრიმინალები.
მეორე: ასეთი ანომალიური წარმონაქმნების გამოყენება სახელმწიფოთა მიერ, - კონფლიქტების დროს, - ჩვეულებრივი ამბავი იყო. მაგალითად, ანტიკურ სამყაროში, მეკობრეებს, რომის რესპუბლიკის წინააღმდეგ, იყენებდნენ მითრიდატე პონტოელი და სიქსტუს პომპეუსი. ახალ დროში კი, - ტორტუგელ მეკობრებთან, სხვადასხვა დროს, თანამშრომლობდნენ ინგლისის, საფრანგეთისა და ჰოლანდიის მეფეები. ისინი ზღვის ყაჩაღებს კაპერობის ანუ, კანონიერი მეკობრეობის უფლებას აძლევდნენ, მაგრამ, როდესაც ესპანეთის მემკვიდრეობისათვის მიმდინარე ომი, 1713 წელს დამთავრდა და დაიდო უტრეხტის ზავი, ერთ დღეში, უამრავი კაპერი, რომლებიც მეომარ მხარეებს აღარ სჭირდებოდათ, ჩვეულებრივ კრიმინალად იქცა და აღმოჩნდა არჩევანის წინაშე: ან მიეღო ამნისტია, რომელსაც, ადრეც, კერძოდ, უკვე XVII საუკუნის ბოლოდან სთავაზობდნენ მათ, ანარადა, სახრჩობელა ელოდათ. საბოლოოდ, კაპერობა, ანუ კრიმინალების სამხედრო საქმეებში გამოყენება, აიკრძალა პარიზის კონგრესზე 1856 წელს. ასე რომ, თითქმის ასორმოცდაათი წლის შემდეგ, რუსეთის მიერ კრიმინალების გამოყენება პოლიტიკური მიზნებით და მეკობრეთა რესპუბლიკის შექმნისათვის ხელის შეწყობა, ისტორიული ანაქრონიზმია და წარმოადგენს სრულიად უპერსპექტივო საქმეს, რომელსაც რაც უფრო სწრაფად დაანებებენ თავს, მით უფრო უკეთესია...
ერთი სიტყვით, ყველა ნიშანია იმისათვის, რომ ჩვენ სწორი პოზიცია ავირჩიოთ და მსოფლიო საზოგადოებრიობაც დროულად ჩავაყენოთ საქმის კურსში, - რომ რუსეთის სამხედრო ჩარევის შედეგად, საქართველოსათვის ჩამოცილებულ ტერიტორიებზე, - წარმოიქმნა კრიმინალური რეჟიმები, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ქართულ სახელმწიფოებრიობას, ადამიანების უფლებებს, სიცოცხლეს, ქონებას, საერთაშორისო სატრანზიტო გზებს და სხვა კომუნიკაციებს. და უკვე ამიტომ, იქ წესრიგის დამყარება, - რაც მოჰყვება ამ რეგიონებში საქართველოს იურისდიქციის აღდგენას, - წარმოადგენს გადაუდებელ ამოცანას; და, ამისათვის, საქართველოს ხელისუფლებას საერთაშორისო მხარდაჭერა სჭირდება. ის რომ მოვიპოვოთ, ამისათვის მიზანდასახული პროპაგანდისტული კამპანიაა წარსამართავი; მთელ მსოფლიოს უნდა გავაგებინოთ კრიმინალური არსი აფხაზური და ოსური სეპარატიზმისა, თუ ეს მამხილებელი კამპანია კარგად წარვმართეთ, საქართველოს შინაგან ჯარს და პოლიციას, გაუადვილდება ზემოხსენებულ პროვინციებში კანონიერების აღდგენა. ამ მიმართულებით სათანადო მუშაობაა ჩასატარებელი. ზოგიერთებს, ჩვენში, ჰგონიათ, რომ, თუ აფხაზებთან და ოსებთან ახლა დაზავებულნი ვართ, ამიტომ ხელი არ უნდა გავანძრიოთ... ეს ასე არ არის და კარგი იქნება, თუ გავიხსენებთ ზავის თაობაზე გამოთქმულ საინტერესო მოსაზრებას, - რომელიც ეკუთვნის ცნობილ ფრანგ პოლიტიკურ მოღვაწეს, გასტონ დუმერგს, იგი ამბობდა: „დაზავება-ინერტულობა კი არა მოქმედებაა“-ო. მითუმეტეს, თუ დაზავებას და მისგან მომდინარე შესაძლებლობას, მოლაპარაკებისას, მეორე მხარე განიხილავს, როგორც გამარჯვებულის ურთიერთობას დამარცხებულთან... იმიტომ, რომ რუსეთის გამარჯვებას საქართველოსთან ომში, საკუთარ გამარჯვებად მიიჩნევს... და არანაირ კომპრომისზე წასვლა არ სურს. ძნელია, რეალობის გრძნობადაკარგულ მოწინააღმდეგესთან ურთიერთობა. ამიტომ, კანონიერების აღდგენის მოსურნე ქართული მხარე, იძულებული გახდება, მიმართოს იმ ბოლო საბუთს, რომელსაც ასეთ დროს იყენებენ და, რომელიც, მეამბოხე და სახელმწიფოს ინტერესების მოღალატე ლაროშელელი ჰუგენოტების წინააღმდეგ გამოიყენა კარდინალმა რიშელიემ, როცა მათ დასათრგუნად მიმართულ ზარბაზნებზე ამოატვიფრინა ლათინური დევიზი: „Ultimaratio regis“ („მეფეთა ბოლო საბუთი“). იმედს გამოვთქვამ, რომ კრიმინალური რეჟიმები და მათი შემქმნელი და მხარდამჭერი რუსეთი გონს მოეგებიან და საქართველოს იურისდიქცია, ზემოხსენებულ პროვინციებზე, მშვიდობიანი გზით აღდგება. თუ არა და, ეს ძალით უნდა გაკეთდეს. ეს საქმე მეტად სწრაფთადაა მოსაგვარებელი, რადგან ის რაც აფხაზეთსა და შიდა ქართლში მოხდა, რუსეთის მხარდაჭერითა და უშუალო მონაწილეობით, ანუ, ამ პროვინციების საქართველოსაგან ფაქტობრივი ჩამოცილება, არღვევს საუკუნეების მანძილზე მიმდინარე პროცესს აფხაზებისა (აფსუების) და ოსების ქართველებთან კონსოლიდაციისა. ეს რომ ასეა ამას ისიც მეტყველებს, რომ აფხაზების (აფსუების) 40% დანათესავებულია ქართველებთან. ასევე დიდია ანალოგიური კავშირი ოსებთანაც და აშკარაა, რომ სხვადასხვა დროს (ძირითადად, გვიან შუა საუკუნეებში), საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრილი ამ ხალხების ურთიერთობა ქართველებთან, წარიმართა კულტურული, გარკვეულწილად, რელიგიური, სოციალური და ეთნიკური ინტეგრირების გზით. ეს იყო სამივე ერის ისტორიული განვითარების შინაგანი ლოგიკიდან გამომდინარე მოვლენა, რომელიც ვერ შეაჩერა ვერცერთი რუსეთის, - მონარქისტულისა და კომუნისტურის, - კოლონიურმა პოლიტიკამ, ვერც ეთნიკური დაპირისპირების ხელოვნურად გამოწვევით, ვერც ამ ტერიტორიებზე 1990-1993 წლებში მიმდინარე, რუსეთ-საქართველოს (ოფიციალურად არგამოცხადებული) ომის შედეგად განხორციელებული ფაქტობრივი ოკუპაციისა და საქართველოს იურისდიქციის შეწყვეტის წყალობით, აქ დამყარებული კრიმინალური რეჟიმების დესტრუქციულმა ქმედებებმა. ის მხოლოდ დროებით შეჩერდა და როგორც კი ეს პროვინციები საქართველოს დაუბრუნდება, ის კვლავ გაგრძელდება. სხვის შინაგან საქმეებში ჩარევა, რუსეთს უკვე დაუჯდა ძვირი და კიდევ უფრო მეტი უსიამოვნება ელის, რადგან ის ცუდ მაგალითს აძლევს თავის დროზე მის მიერვე დაპყრობილ და ამავე დროს, თავისთავადობაშენარჩუნებულ ხალხებს: ჩრდილო კავკასიელებს, ყაზანელ თათრებს, ბაშკირებს. ავანტიურისტული პოლიტიკა რუსეთს უკან უბრუნდება. ჩეჩნეთი ამისი ნათელი დადასტურებაა და შეგვახსენებს იმას, რომ ეთნიკური პროცესების გაუთვალისწინებლად წამოწყებული პოლიტიკური მანიპულაციები, ასევე გაუთვალისწინებელ შედეგებს იწვევს ხოლმე. ისტორია უამრავ ასეთ ფაქტს იცნობს. სამაგალითოდ გამოდგება კაზაკთა აჯანყება ბოგდან ხმელნიცკის მეთაურობით და მათი ომი რეჩი პოსპოლიტას წინააღმდეგ, XVII საუკუნის ორმოციანი წლების ბოლოს, რომელსაც ზოგიერთი თანამედროვე მიიჩნევდა პოლონელ სახელმწიფო მოღვაწეთა, კერძოდ კი, მეფე ვლადისლავ IV-ის შორსმიმავალი გეგმის ნაწილად, რომლის საბოლოო მიზანი იყო ყირიმის სახანოს დაპყრობა და ამ მიწებზე სამეფო დომენის შექმნა, რომელსაც რეჩი პოსპოლიტას უუფლებო და უსახსრო მეფისათვის ძლიერი მატერიალური და სამხედრო დასაყრდენი უნდა შეექმნა. ანუ, უნდა განხორციელებულიყო კონსტიტუციური გადატრიალება. ამ ჩანაფიქრისა და მისი საწყისი ეტაპის, ყირიმის ხანთან ომის საბაბის თაობაზე, 1663 წელს, პარიზში გამოცემულ წიგნში, ფრიად გათვითცნობიერებული ფრანგი აზნაური, პიერ შევალიე (რომელიც პოლონეთში გრაფ დე ბერჟის ელჩობის დროს საფრანგეთის სამხედრო ატაშეს მოვალეობას ასრულებდა), ასეთ მოსაზრებას გამოთქვამს: „ზოგიერთები ფიქრობდნენ და ჭეშმარიტებასთან მეტად ახლოსაც იყვნენ, რომ მეფე ვლადისლავს, განზრახული ჰქონდა დაბრუნებოდა თავის ჩანაფიქრს, ლაშქრობას თათართა წინააღმდეგ. ის მხარს უჭერდა საიდუმლო მოლაპარაკებას კაზაკებთან და ბრძანა აეჯანყებინათ ისინი, რომ ეიძულებინა რეჩ პოსპოლიტა მიეცა მისთვის არმია მათ დასამორჩილებლად; როცა ის მიუახლოვდებოდა იმათ თავისი ჯარით შემდგარით უმეტესწილად უცხოელთაგან და რომლის მეთაურებიც მისი ნდობით აღჭურვილი პირები იქნებოდნენ, ისინი (ესე იგი აჯანყებული კაზაკები პ.ი.) შეუერთდებოდნენ მას და ყურადღებას არ მიაქცევდნენ რეჩი პოსპოლიტას ბრძანებებს (მიმართულს ამ ცრუ ამბოხებულთა წინააღმდეგ. პ.ი.) და გაჰყვებოდნენ მეფეს თათართა და თურქთა წინააღმდეგაც. ვისთანაც შემდგომში ნებითა თუ უნებლიედ პოლონეთს მოუხდებოდა ბრძოლა“.
ეს მოგონება დადასტურებაა მეფე ვლადისლავ IV პოლიტიკისა, რომელმაც, შემდგომში, ცვლილება განიცადა, თუმცა კაზაკები, მრავალგზის წარუმატებლად აჯანყებულნი, - გაუსაძლისი ჩაგვრის გამო, ახლა წაქეზებულნი მეფის მოწოდებით „თუ თქვენ კარგი მეომრები ხართ, გაქვთ ხმალი და ძალა, ვინ გიშლით დაიცვათ თქვენი თავი“, საბოლოოდ აჯანყდნეენ. ოღონდ, რისთვისაც ისინი ააჯანყეს ის გეგმა აღარ განხორციელებულა, რადგან მეფე ვლადისლავ IV მოულოდნელად გარდაიცვალა. ამიტომ, მოვლენები სულ სხვაგვარად წარიმართა, რადგან ზემოხსენებული პროვოკაციული პოლიტიკა, დაემთხვა უკრაინელი ერის ფორმირების ხანგრძლივი პროცესის უმნიშვნელოვანეს ეტაპს, როცა პასიონარული აქტიურობა დიდი იყო და ერი თავისუფლებისათვის ბრძოლის სურვილს სულ უფრო აშკარად ავლენდა. პოლონელებთან უკრაინელების დაპირისპირების პოლიტიკურ და სოციალურ ასპექტებს კომფესიური განსხვავებულობა (პირველები კათოლიკენი იყვნენ, მეორენი, - მართლმადიდებლები), იდეოლოგიურ საფუძველს უქმნიდა. ყველაფერი ეს კი, მთლიანობაში, ერთ სახელმწიფოში მცხოვრები ორი ერის ურთიერთგაუცხოებისა და გამიჯნვისათვის ყველა პირობას ქმნიდა. ამიტომ, ვლადისლავ IV-ის ავანტიურისტულმა ჩანაფიქრმა გაუთვალისწინებელი შედეგები მოიტანა. ამ შემთხვევაში, - საბაბის ფუნქცია შეასრულა, იმიტომ, რომ უკრაინაში მიმდინარე ეთნიკურ პროცესებს დაემთხვა. მაგრამ, ეს შემთხვევით მოხდა.
რუსეთის წამქეზებლური პოლიტიკა, ცხადია, მსგავს შედეგებს ვერ მოიტანს, რადგან, საქართველოში სულ სხვა ეთნიკური და პოლიტიკური პროცესები მიმდინარეობს, სხვა სოციალურ და კულტურულ ფონზე; ამიტომ, საქართველოს დანაწევრების მცდელობა, - უპერსპექტივო პოლიტიკაა; ამასთან, ის დროც დამთავრდა, როცა ჩვენი ქვეყანა ეთნიკური ხასიათის ექსპერიმენტების პოლიგონი იყო; ამ რამდენიმე წლის წინ, ერთმა დისიდენტად ნამყოფმა ქართველმა ებრაელმა მითხრა, რომ ეთნოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტის მესვეურს, ურლანის „პერესტროიკის“ დროს, ჩემთან საუბარში წამოსცდა, თავს ვიმტვრევდით, თუ როგორ გამოგვეყვანა ცხინვალიდან ქართველი ებრაელები, რომ, ამ გზით, ქართულენოვანთა პროცენტი შეგვემცირებინაო... ვფიქრობ, ასეთი ეთნოგრაფიული ძიებების ხანა დამთავრდა საბოლოოდ და სამუდამოდ.
ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი, რომელიც სათანადო გააზრებას საჭიროებს, ეს ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებთან დამოკიდებულების ხასიათი გახლავთ. იყო დრო, როცა საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე: ანტიკური პერიოდიდან გვიანი შუა საუკუნეების დადგომამდე, საქართველო კავკასიონის გადაღმა მოსახლე ხალხებზე ახდენდა კულტურულ, რელიგიურ და პოლიტიკურ ზეგავლენას. XIII საუკუნიდან, როცა ვკარგავთ პასიონარულ ენერგიას, ქართველი ერი ვეღარ უმკლავდება გარეშე მტრულ ძალათა შემოტევას, და საქართველო დაიშალა სამეფო სამთავროებად, სუსტდება მისი გავლენა ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებზე. იქ, იმ დროს, მიმდინარეობდა რელიგიური და ეთნიკური ფორმირების რთული პროცესები; რეგიონის უმეტეს ნაწილში ქრისტიანობას, ჯერ რეამინირებული წარმართობა ცვლის, შემდეგ კი, - მუსლიმანობა და საქართველოსა და მის ყოფილ გავლენის სფეროებს შორის, აღიმართა რელიგიური და ეთნიკური დაპირისპირების კედელი და ჩვენი ქვეყანა იქცა აფხაზების, ოსებისა და დაღესტნის ხალხების რამდენიმე საუკუნის მანძილზე გაგრძელებული ექსპანსიის მსხვერპლად. ასე იმიტომ კი არ მოხდა, რომ ეს ხალხები ქართველებზე ძლიერები იყვნენ, - კულტურულად, ეკონომიკურად ან პოლიტიკურად. არა, საქმე ქართველთა სისუსტეში იყო. ამიტომ გახდა ის მათი თარეშისა და ეთნიკური ექსპანსიის (აფხაზებისა და ოსების მხრიდან) მსხვერპლი. თუმცა, ამ პირობებშიც, საქართველოს მჭიდრო სათანამშრომლო ურთიერთობა ჰქონდა ჩრდილოკავკასიელებთან. ისინი ხშირად დაქირავებულებად მსახურობდნენ ქართულ ლაშქარში (მაგალითად, გიორგი XIII-ეს, ლეკთაგან დაკომპლექტებული გვარდია ჰყავდა), ხოლო ქართულ ტერიტორიებზე ჩამოსახზლებული აფსუები და ოსები, ქართულ კულტურასა და ტრადიციებს ითვისებდნენ... ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო ბუნებრივად წარმოადგენდა ჩრდილოეთ კავკასიელთათვის კულტურულ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და იდეოლოგიურ ცენტრს, მაგრამ, რეალურად ამ მისიის შესრულება სრულყოფილად, - ჩვენ არ შეგვეძლო, რადგან დაქვეითებას განვიცდიდით; ამიტომ, შიდაკავკასიური დაპირისპირება ვერ გადავაქციეთ თანამშრომლობად. პირიქით, კონფრონტაცია კიდევ უფრო გამწვავდა იმიტომ, რომ „ლეკიანობისა“ და „ოსობის“ დამღუპველი შედეგები (ოსმალეთისა და სპარსეთის აგრესიასთან ერთად), რუსეთში აძებნინებდა დახმარებას,... საქართველოს. ეს „ძიება“ რითაც დამთავრდა, - ყველამ ვიცით, მაგრამ ზემოხსენებული მიზეზების გამო, რუსეთის მიერ კავკასიის დასაპყრობად წარმოეულ ომებში, ქართველები რუსეთის მხარეზე იბრძოდნენ. მიუხედავად ამისა, ბევრი მოაზროვნე ჩრდილოკავკასიელი აცნობიერებდა და ობიექტურად აფასებდა..., ისტორიულად, კავკასიაში, საქართველოს წამყვან მდგომარეობას... და, მისი პოლიტიკური ორიენტაციის მცდარ და ტრაგიკულ შედეგს... ამისი გამოხატულება იყო ის მოსაზრება, რომელიც, 1887 წელს, მაშინ, რუსეთის ხელისუფლებისაგან დაპატიმრებულ გიორგი ლასხიშვილს ამცნო, ასევე პატიმარმა, ჭარმაგმა ყაბარდოელმა, როდესაც თქვა: „- როცა კავკასიის მზე ჩაესვენა, მთელი ჩვენი ქვეყანა მაშინ დაიღუპა - მე ვიფიქრე - შამილს გულისხმობს-მეთქი და ამიტომ რაღაც იმის შესახებ ვიკითხე - არა, ყმაწვილო: - მიპასუხა მოხუცმა, - მე შამილზე როდი მითქვამს. კავკასიის მზე - საქართველო იყო. საქართველომ თავი დაიღუპა და კავკასიაც თან გაიყოლა...“. ასეთია ორი კავკასიელი ტუსაღის დიალოგი და მასში ხალხთა ისტორიული მეხსიერების გამოვლენის ფაქტი... სწორედ, ამისი შედეგი იყო, რომ, მიუხედავად დიდი მცდელობისა, რუსულმა იმპერიალიზმმა (ვერც მონარქიულმა და ვერც კომუნისტურმა) ვერ შეძლო და ვერ ააგორა ანტიქართული ტალღა ჩრდილოეთ კავკასიაში. ეს ვერ შეძლო ვერც მაშინ, როცა აფხაზები და ოსები დაგვიპირისპირა... რაც შეეხება 1992-1993 წლებში, საქართველოს წინააღმდეგ ეგრეთწოდებული „კავკასიის ხალხთა კონფედერაციის“ ძალების მოქმედებას, ესეც რუსეთის სპეცსამსახურების „ნამოღვაწარი“ იყო.
ახლა დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმას, რამდენად პრაგმატული იქნება საქართველოს პოლიტიკა ჩრდილო კავკასიის ხალხების მიმართ. ჩვენ, ახლა, მხოლოდ გარკვეული კულტურული და ეკონომიკური კავშირების დამყარება შეგვიძლია მათთან (ისიც, იმ შემთხვევაში, თუ შევძლებთ და საკუთარ კულტურას და ეკონომიკას მივხედავთ და ავაღორძინებთ). ამ ხალხებთან ჩვენი ურთიერთობა, ყოველთვის რეგლამენტირებული იქნება, იმიტომ, რომ ისინი დამოუკიდებლები არ არიან და საქართველოსთან საურთიერთობოდ იმდენი თავისუფლება ექნებათ, რამდენსაც რუსეთი მისცემს... ამიტომ, ცხადია, რომ ჩრდილო კავკასიის ხალხთა ცხოვრებაში ღრმად ვერ ჩავერევით და ეს არც არის საჭირო, რადგან ასეთი ქმედება, რუსეთის შიდა საქმეებში ჩარევად ჩაგვეთვლება. საქართველოს ამოცანა კი არის, ისე შეინარჩუნოს და ააღორძინოს ტრადიციული კავშირები ამ რეგიონთან, რომ რუსეთთან ურთიერთობა არ გაამწვაოს; არამედ, მიაჩვიოს ეს მეზობელი სახელმწიფო, სხვისი საზღვრების, ეროვნული ღირსებისა და ინტერესების პატივისცემას. ამიტომ გვმართებს გონივრული, გააზრებული და აქტიური პოლიტიკის წარმართვა.
აქტიურობა იმიტომაც არის საჭირო, რომ ქვეყნის გეოპოლიტიკური მდებარეობა არჩევანის საშუალებას გვაძლევს, - ან ვიყოთ პასიური სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი სტრატეგიულ გზაჯვარედინზე და ვის როგორ მოესურვება, ისე გადაგვიაროს ზედ, ან კიდევ, - გამოვიყენოთ კონტროლის უფლება კომუნიკაციებზე; საქართველოს ინტერესების დაცვს საქმეში, მივაღწიოთ მაქსიმალურ შედეგს და ვიქცეთ ისეთ ძალად, ვიზედაც, ვერც მეზობელი ვერც შორსმდებარე ქვეყნების ეკონომიკური და სამხედრო პოტენციალი, ვერც მრავალრიცხოვანი დიასპორის არსებობა, ჩვენს ტერიტორიაზე ვერ მოახდენდეს დესტრუქციულ ზემოქმედებას... აქტიური დიპლომატია სოციალურად აქტიურ და ქმედუნარიან მოსახლეობას სჭირდება და არა პასიურსა და უმოქმედოს. ჩვენი საგარეო პოლიტიკა, თავიდან ბუნდოვანი და გაურკვეველი, ახლა რომ სულ უფრო ცხადად იკვეთება, - ორიენტაცია დასავლეთზე, „აბრეშუმის გზა“ და ნავთობსადენი, - საერთაშორისო ფუნქციას უძებნის საქართველოს. ამავე დროს, ჩვენს ქვეყანას საგანგებო მნიშვნელობას ანიჭებს ცენტრალური მდებარეობა კავკასიაში. მოვლენათა ლოგიკამ განაპირობა, რომ საქართველოს, მეგობრული ურთიერთობა აქვს აზერბაიჯანთან და თურქეთთან, ანუ, - მუსლიმანურ ქვეყნებთან, მაშინ როცა ქრისტიანულ რუსეთთან და სომხეთთან ცნობილი პრობლემები გვაქვს. სტერეოტიპებით მოაზროვნეებს, - ეს აოცებთ, მაგრამ, რაც ჩვენთვის სახელმწიფოს სასიცოცხლო ინტერესებიდან მომდინარეობს, განმსაზღვრელი უნდა იყოს, თორემ, ერთხელ უკვე გვქონდა რელიგიურ სნობიზმზე დაფუძნებული საგარეო პოლიტიკა, რომელმაც ეროვნულ-სახელმწიფოებრივი კატასტროფა გამოიწვია...
ქართული პოლიტიკის ერთ-ერთ პრიოტიტეტულ მიმართულებად, „საქართველოს საკითხის“ წამოჭრა უნდა გახდეს; ანუ, იმ პრობლემებისა და ინტერესებისა, რომლთა მოგვარება-დაკმაყოფილება საერთაშორისო მხარდაჭერით არის შესაძლებელი. ამისათვის, საჭიროა, მიზანდასახული და ინტენსიური პროპაგანდისტული საქმიანობა, რომლის მეშვეობითაც მსოფლიო საზოგადოებას უნდა გავაცნოთ ჩვენი ისტორია, კულტურა, ტრადიციები, ღირებულებანი. ასეთი ამოცანა რთულია და მისი გადაწყვეტა, ბევრ ისეთ ერს გაუჭირდა, ვისაც ამდაგვარი ბრძოლის დიდი გამოცდილებაც ჰქონდა და ჩვენზე მეტი მატერიალური შესაძლებლობაც...
როცა XIX საუკუნის შუა წლებში, პოლონელებს ამისი გაკეთება გაუძნელდათ, ებრაელებს კი, - ასეთი რამ არასოდეს უჭირდათ და ამის გამო, ცნობილი პოლონელი მეცნიერი და პოლიტიკური მოღვაწე იოაჰიმ ლელეველი ასე ხუმრობდა: „აი, სრულიად სხვა საქმეა, ისრაელის შესახებ წერა: ტიპოგრაფიაცაა, გამომცემელიცა და გასაღებაც; მაგრამ, როცა ლაპარაკია პოლონეთის ისტორიის თაობაზე, მაშინ არც გამომცემელია, არც მესტამბე და არც მკითხველი“. ამ მხრივ, ჩვენ, პოლონელებთან შედარებით, ბევრთდ რთულად გვაქვს საქმე. ამიტომ, მეტი ორგანიზებულობა გვმართებს და მეტი მიზანსწრაფულობა.
საქართველომ, რომელიც საუკუნეების მანძილზე სხვათა ზემოქმედების ობიექტი იყო, საკუთარი სიტყვა უნდა თქვას მსოფლიო პოლიტიკაში. ეს შესაძლებელია სრული დამოუკიდებლობის პირობებში. ამისათვის კი, ბოლომდე და, ლოგიკურ დასასრულამდე უნდა მივიდეს დეკოლონიზაციის პროცესი და, რუსეთის ჯარმა სამუდამოდ უნდა დატოვოს საქართველო. ეს, საერთაშორისო მხარდაჭერითა და რუსეთთან აქტიური ურთიერთობით არის შესაძლებელი. რაც შეეხება ამ ქვეყანასთან კარგ მეზობლურ ცხოვრებას, ამისათვის საჭიროა, შემცირდეს მასზე ჩვენი დამოკიდებულება. ერთი სიტყვით, იმისათვის, რომ დავახლოვდეთ, აუცილებელია, გარკვეულწილად დისტანცირება და ახალი ცივილიზებული სახელმწიფოებისათვის დამახასიათებელი პრინციპებით ურთიერთობის დაწყება... საერთოდაც, იქნება ეს მეზობელი თუ შორეული ქვეყნები, ყველა უნდა მივაჩვიოთ იმ ჭეშმარიტებას, რომ არსებობს საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესები, რომელთაც ანგარიში უნდა გაუწიონ... ამ ინტერესებში შედის: კავკასია, - თავისი კომუნიკაციებით და ჩვენთვის ტრადიციული ურთიერთობებით; თანაბარუფლებიანი ურთიერთობა ყველა, და რა თქმა უნდა, მეზობელ სახელმწიფოებთან; შავი ზღვის აუზი; დიდი ნავთობი; აბრეშუმის გზა; დასავლური ცივილიზაცია, - რომლის შემადგენელ ნაწილად მოვიაზრებთ თავს; სუუამ-ი - როგორც თანამშრომლობის ძიების ახალი ფორმა და ჩრდილო-ატლანტიკური ბლოკი, - როგორც თავდაცვის საერთაშორისო სამხედრო გარანტი, ევროსაბჭო, - ჩვენი ევროპულობის დადასტურება და, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, - საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარება.
ამას გარდა, ჩვენ ინტერესები გვაქვს პალესტინაში; - იქ - ქართული ქრისტიანული კულტურის ძეგლებია; საფრანგეთში, - სადაც, ლევილში, პირველი რესპუბლიკის მესვეურთა სამაროვანია და, სადაც ევროპული მასშტაბის, ქართული კულტურული ცენტრია. ქართველები ცხოვრობენ საინგილოში, აგრეთვე, შავშეთში, კლარჯეთში, ტაოში, კოლაში, არტაანში, თურქეთის, და იქ, ჩრდილო-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში, აზერბაიჯანსა და თურქეთში ბევრი ქართული ისტორიული ძეგლია; დასახელებული პროვინციები, ძირძველი ქართული მიწებია. ამიტომ, ისინი, თუნდაც მეზობელი და მეგობარი ქვეყნის შემადგენლობაში მყოფნი, ჩვენი ინტერესის საგანს უნდა წარმოადგენენ, ისევე, როგორც სოჭის ოლქი და იქაური ქართველობა, სპარსეთში გადასახლებული ჩვენი თანამემამულენი და ქართული ეთნიკური ნაშთები ეგვიპტეში..., ერთი სიტყვით, იქ, სადაც, ოდესმე ქართველი ცხოვრობდა და რაიმე შეუქმნია, უკვე ამიტომ უნდა იყოს ინტერესის საგანი... ცუდად ორგანიზებული სახელმწიფო ცხოვრების გამო, მრავალმა ათასმა ქართველმა დატოვა სამშობლო და უცხოეთში წავიდა სამუშაოს საძებნად, მათი დიდი ნაწილი იქ დროებით, იძულებით არის გადახვეწილი. ამ ჩვენი თანამემამულეების უსაფრთხოება, მათი ეროვნული და მოქალაქეობრივი უფლებების დაცვაც უნდა გახდეს საქართველოს ინტერესების საგანი... და ბოლოს, არ უნდა დავივიწყოთ, რომ სუვერენული სახელმწიფო ვართ და გაგვაჩნია ისეთივე უფლება, - გვქონდეს პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული, სამხედრო და რელიგიური ინტერესები, - როგორიც აქვს ნებისმიერ სხვა სახელმწიფოს და რომ ჩვენ, ისეთივე გულმოდგინებით უნდა ვიცავდეთ ამ ინტერესებს, როგორც ამას სხვები აკეთებენ.
უდიდესი მსხვერპლის ფასად, აგერ, უკვე „პერესტროიკის“ დაწყების დროიდან, ვცდილობთ განახლებას;... მაგრამ, ჩვენს საზოგადოებას ამისი არაფერი ეტყობა. არადა, გასული თხუთმეტი წელი, ისტორიისათვის საკმაოდ დიდი დროა. ფრანგმა ერმა, ორჯერ მეტ დროში, მსოფლიო მნიშვნელობის წარმატებას მიაღწია. ამის თაობაზე სტენდალი წერდა: „რა უზარმაზარი ცვლილებები მოხდა 1785 წლიდან 1824 წლის ჩათვლით! ჩვენთვის ცნობილი კაცობრიობის ისტორიის ორი ათასი წლის მანძილზე, არ მომხდარა ისეთი ძირეული ცვლილებანი ჩვეულებებში, აზროვნების ხასიათში და სარწმუნოებრივად“. თითქმის ნახევარი იმ დროისა, რამაც შეცვალა საფრანგეთი, - ჩვენ უკვე გავიარეთ და, - შედეგი სამარცხვინოა. ვითომ, შევძლებთ დარჩენილ დროში სიტუაციის ნორმალიზებას?! - ძნელი სათქმელია,... ერთი კი ფაქტია, დღევანდელი ცხოვრების წესი, საქართველოს მოსახლეობას კიდევ უფრო ღრმად ითრევს ეგოიზმის ჭაობში, აიძულებს იფიქროს მხოლოდ თავის გადარჩენაზე. ყოველი ლარის შოვნა დღეს პრობლემაა, უკიდურესად შეზღუდულია ადამიანის სამოქმედო არე, ნაბიჯს ვერავინ გადადგამს, რომ ვინმეს ინტერესებს არ შეეჯახოს, ეკონომიკურს და პოლიტიკურს... არსებითად, სახელმწიფო ცხოვრებას, კონტროლს მოსახლეობის ის 10% უწევს (პირადად და წარმომადგენლების მეშვეობით), ვინც დღეს - გამაძღარ ხალხად მოიხსენიება. ცხადია, ისინი ერთგვაროვან მასას არ ქმნიან და იყოფიან დიდ და მცირე კლანებად, ლეგალურ და არალეგალურ კავშირებად. სხვადასხვა ხასიათის ჯგუფებად, თუმცა, ხშირად გაერთიანებულნი პარტიული კუთვნილებით. ყველა ესენი შეადგენენ საკმაოდ ჭრელ საზოგადოებას, მაგრამ, უმთავრესი აქვთ საერთო: ეს არის ის, რომ მათ მიეცათ მოქმედების საშუალება, სოციალურად გააქტიურების საფუძველი. ოღონდ ესენი მეტად ცოტანი არიან, მაშინ როცა 90% პასიურია. საზოგადოების ძირეული გარდაქმნისათვის სწორედ მათი გააქტიურებაა საჭირო, რათა მოხდეს ის ცვლილება, რაც ერის აყვავების პირობაა და საამისოდ, ჯერაც არ არის ორგანიზებული ქართველობა. მოსახლეობის უმეტესობა ყოფითი პრობლემების მოგვარებას არის გადაყოლილი და სხვა რამისათვის მას არ სცალია. მიუხედავად ამისა, ის ვერცერთი, მის წინაშე მდგარი პრობლემის, მოგვარებას ვერ ახერხებს. პოლიტიკური კარიერისტების მიერ, სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის პროცესის გაუკუღმართებულად წარმართვამ, შემოსავლიანი ადგილების მიღების შანსი წაართვა მოსახლეობას, - ამ ადგილების შეუქმნელობის მიზეზით. სიმბოლური ხელფასი და პენსია საქმეს ვერ შველის და გაღატაკებული ადამიანები ყველა სახის გადასახადის წყალობით (მათ შორის იმ დენისა, რომელიც სანახევროდ არ არის; წყლისა, წამდაუწუმ რომ წყდება, ბუნებრივი აირისა, - როდის გათიშავენ და რატომ, რომ არ იცი), დაკაბალებულია. უკვე საყოველთაო ხასიათი მიიღო გადაუხდელი ვალის შედეგად ჩამოყალიბებული დანაშაულის შეგრძნებამ. ჩვენი ასეთი მდგომარეობა ხელოვნურად არის შექმნილი და გვიყალიბებს არასრულფასოვნების გრძნობას, ბადებს უპერსპექტივობის განცდას, აღძრავს დამთრგუნველ ფიქრებს იმის თაობაზე, თუ რა მოგვიტანა დამოუკიდებლობამ... ვისაც წაუკითხავს ერკმან-შატრიანის რომანი „გლეხკაცის ისტორია“, დამემოწმება, ეს ამოდენა წიგნი იმას ასახავს, თუ რა მოვლენათა შედეგი იყო ის წარმატება, რაც მოუტანა საფრანგეთის დიდმა ბურჟუაზიულმა რევოლუციამ გლეხის ბიჭს მიშელ ბასტიენს. ვინმემ რაიმე ანალოგიური ნაწარმოების შექმნა რომ მოინდომოს იმაზე, თუ რა მისცა თავისუფლებამ თანამედროვე საშუალო ქართველს, შეიძლება მივიღოთ შემაძრწუნებელი ამბავი ადამიანისა, რომელიც უკანასკნელი ათი წლის მანძილზე მხოლოდ კარგავს, ზარალობს, უჭირს ადაპტირება რეალობაში;... მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რათა თავი გადაირჩინოს; და განა გასაკვირია, თუ ასეთ ყოფაში მყოფი ადამიანი მხოლოდ პირადი პრობლემებით იქნება დაკავებული? რა თქმა უნდა არა... ამის გამო, ჩვენში ისეთი მდგომარეობაა და ადამიანების ქცევაც იმისი საპირისპიროა, რასაც წერდა ჟან ჟაკ რუსო კარგად ორგანიზებული სახელმწიფოსა და მისი მოსახლეობის შესახებ: „რამდენადაც უკეთ არის მოწყობილი სახელმწიფო, იმდენად მოქალაქეთა გონებაში საზოგადოებრივი საზრუნავი გადასძლევს პირადულს“.
იმ მდგომარეობაში მყოფი ხალხი, რომელშიაც ქართველობა ვიმყოფებით, ხშირად უნდა ეკითხებოდეს თავს: „რა მოგველის თუ ასე გაგრძელდა? დიახ, ეს არის ყველაზე აქტუალური საკითხი და მასზე პასუხის გაუცემლობა უგუნურებაა, რადგან მოგველის გადაშენება, - ეს კი სამწუხაროა, იმიტომ, რომ ვართ უძველესი და თვითმყოფადი კულტურის შემქმნელი ხალხი. ამასთან, უდაოდ, ნიჭიერნი და, ჩვენი ეს თვისება არაერთგზის გამოგვივლენია მეცნიერებისა და ხელოვნების დარგებში. კიდევ, შრომისმოყვარეობა, რაც ოდითგან იყო პირობა იმ დოვლათისა, რასაც ქმნიდა საუკუნეების მანძილზე ქართველი ხალხი და, ბოლოს, ვართ უდაოდ ჯიშიანი, ლამაზი ერი, - ამას ბევრი ადასტურებს; გავიხსენოთ, თუნდაც, ვინკელმანის ნათქვამი: „არიან ქვეყნები, სადაც სილამაზე უპირატესობად არ ითვლება, რადგან ყველა ლამაზია. მოგზაურები ამას ერთხმად ამბობენ საქართველოზე“.
ხოდა ცუდი რომ არაფერი მოგვივიდეს, ყოფა უნდა შეიცვალოს და იმ დახშულ წრეს დავაღწიოთ თავი, რომელშიაც აღმოვჩნდით. გამოსავალი, პოლიტიკური ნების გამოხატულებაშია. თუ ხელისუფლებას მართლა სურს კორუფციის ალაგმვა და რეფორმების გატარება, მაშინ, ამას წინ არაფერი უდგას, თუკი, ცხადია, ეს ყველაფერი მოსახლეობასთან თანამშრომლობით განხორციელდება და იქცევა ეროვნული იდეის ერთ-ერთ ნაწილად. მაგრამ, თუ ძალაში დარჩა საკითხისადმი დღევანდელი მიდგომა, ანუ როცა პოლიტიკოსთა პატარ-პატარა ჯგუფები ძალაუფლებისათვის იბრძვიან და ამ მიზნისათვის, როგორც არგუმენტს, იყენებენ რეფორმებისა და კორუფციის თემას, რეალურად კი, საქმეს ადგილიდან არ სძრავენ, - მაშინ, რა თქმა უნდა, არც არაფერი შეიცვლება... სამაგიეროდ, უკვე მთელი სიმწვავით დგას თავად ამ პოლიტიკოსთა წასვლის საკითხი... საქართველო, ვგონებ ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ნებისმიერი თანამდებობის მქონე პირის, - იქნება ეს საკანონმებლო თუ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი, - გადადგომა ეპოქალურ მოვლენად არის მიჩნეული და ისე იშვიათად ხდება, რომ გაგიკვირდება; არადა, გარდამავალ პერიოდში, ყველა დონის ხელისუფალნი, ხშირად იცვლებიან ხოლმე, იმიტომ, რომ სახელმწიფოს განვითარების ცალკეულ ეტაპებზე, გარკვეული პოლიტიკური შეხედულებისა და პროგრამების მქონე ადამიანებია საჭირო, რომლებიც ამოწურავენ რა დასახულ გეგმას, ისტორიული განვითარების კანონზომიერებიდან გამომდინარე, - იძულებულნი არიან სხვებს დაუთმონ ადგილი. მიუხედავად ანალოგიური სიტუაციისა, ჩვენთან მსგავსი ცვალებადობა არ ხდება. ხოლო, ქართულ პოლიტიკურ ელიტას, თავიდანვე დასჩემდა ის ცუდი ჩვევა, რის გამოც, დეზიდერ გალსკი წერდა: „ყველა მმართველს, უხსოვარი დროიდან ახასიათებს ერთი განმასხვავებელი თავისებურება: ისინი უკანასკნელ წუთამდე იქცევიან ისე, თითქოს განზრახული ჰქონდეთ, მარადიულად მართავდნენ“. ჩვენში მოდად ქცეული, არშემდგარ ლიდერთა ხელისუფლებიდან წაუსვლელობა, მხოლოდ უსაზღვროდ ამბიციური ადამიანის უშნო ახირება არ არის; ვინც სკამს ებღაუჭება და ვერაფრით ვერ ელევა, იმას სხვა რამის კეთება არ შეუძლია, ის ისტორიის შემოქმედი არ არის, უბრალოდ, უპრინციპო კარიერისტია. როგორცწესი, ასეთები საშუალოობის ტიპიური წარმომადგენლები არიან, - არაფრით გამორჩეულნი და იმ თანამდებობისათვის სრულიად შეუფერებელნი, - ამიტომ, არაფრის გამკეთებელნი. მათ არც საკანონმდებლო და არც აღმასრულებელ ხელისუფლებაში არანაირი ფუნქცია არ გააჩნიათ. რასაც ისინი აკეთებენ, ამას ყველა გააკეთებს, ოღონდ, ეს მათ არ აწუხებთ, მათთვის მთავარი სკამია და მათი იდენტიფიცირება მხოლოდ თანამდებობასთან მიმართებაში არის შესაძლებელი. ასეთს, მოხსნიან თუ არა, თითქოს უჩინმაჩინის ქუდი დაიხურაო, პიროვნება ქრება... იმდენად არარაობაა, როგორც კი სკამს გამოაცლიან, მისგან არაფერი რჩება... ასეთი ადამიანების, ანუ პოლიტიკურ და ბიუროკრატიულ არარაობათა ხელისუფლებაში დარჩენა, იმისი ბრალია, რომ ჩვენი საზოგადოების შინაგანი განვითარების პროცესი მეტისმეტად შენელებულია. თორემ, იქ, სადაც ეს ინტენსიურად მიმდინარეობს, თავად ცხოვრება განაპირობებს, რომ ადამიანი, რომელიც თავის ფუნქციას ვერ ასრულებს, ნებით, ან იძულებით უნდა ჩამოსცილდეს თანამდებობას და ხშირად, ადგილს, სოციალურ იერარქიაში, რომლის შესაფერისიც ის ვერ აღმოჩნდა. დასავლური ცივილიზაციის ისტორია ამის უამრავ მაგალითს გვაწვდის. მაგალითებს ლიტერატურაშიც ვნახულობთ და, ზოგ შემთხვევაში, ისეთში, ბავშვობისას რომ უნდა წაიკითხოს ადამიანმა... ამ თვალსაზრისით, მეტად საინტერესოა რობერტ ლუი სტივენსონის ცნობილი სათავგადასავალო რომანი „განძთა კუნძული“; მასში მოთხრობილი ამბავი, მეკობრეთა მიერ უკაცრიელ კუნძულზე დაფლული განძის საძებნელად მოწყობილი ექსპედიციის შესახებ, უაღრესად ნათლად წარმოაჩენს ლიდერის როლსა და ადგილს რთულ, ურთიერთდაპირისპირებულ საზოგადოებაში. განძის მაძიებელთა პირველი ლიდერი, სკვაირი ტრელონია; სამოგზაურო ხარჯები მან გაიღო, ორანძიანი „ისპანიოლა“ და მეზღვაურები ეკიპაჟისათვის, - მან დაიქირავა. ამიტომ, ბუნებრივია, ლიდერობის პრეტენზიაც მას ჰქონდა თავიდან, ოღონდ, გამოირკვა, რომ ტრელონის საამისო თვისებები არ ჰქონდა: ის ყბედი და დაუფიქრებელია, ადამიანების ცნობა უჭირს, - ამიტომ გააცურა ადვილად ჯონ სილვერმა და, გემის ეკიპაჟი, მეტწილად, მეკობრეებით დააკომპლექტა... ეს ამბავი, განძის მაძიებლებმა ჯიმ ჰოკინზის წყალობით გაიგეს კუნძულზე გადასვლის წინ და, ამ კრიტიკულ სიტუაციაში, ახალი ლიდერის საჭიროება დადგა. ტრელონი შესაშური გულწრფელობით აღიარებს თავის უუნარობას და კაპიტან სმოლეტის პირველობას: „- აბა კაპიტანო, - თქვა სკვაირმა - თქვენ მართალი ბრძანდებით და მე - მტყუანი.?! ვაღიარებ, რომ მე ვარ ვირი და ველი თქვენს ბრძანებას“. თვითკრიტიკის უნარი არც ახალ ლიდერს აკლდა და მომხდარი ასე შეაფასა კაპიტანმა სმოლეტმა: „ - ჩემზე უფრო ვირი მაინც არ იქნებით, ბატონო ჩემო, ჯერ არ მსმენია, რომ ეკიპაჟს ამბოხება განეზრახოს და დაკვირვებული თვალის პატრონისათვის უკუღმართობის რაიმე ნიშანი არ გამოემჟღავნებინოს, რათა მერე შესაფერისი ზომების მიღება შესძლებოდათ, მაგრამ, ამ ეკიპაჟმა, სწორედ გამაცურა“.
საკუთარი შეცდომების აღიარების უნართან ერთად, - რაც ლიდერისათვის სანაქებო თვისაბაა, კაპიტანი სმოლეტი კარგი ორგანიზატორი და სტრატეგია. ახლა მისი დრო მოვიდა და ექსპედიციის ფინანსური წინამძღოლი სამხედრო ბელადმა უნდა შეცვალოს, რადგან ბრძოლა მეკობრეებთან გარდუვალი ხდება. კაპიტანი სმოლეტი გეგმავს და ახორციელებს ბრწყინვალე სამხედრო ოპერაციას, - განძის მაძიებლები, მსახურთა და, ერთადერთი, ცოცხლადდარჩენილი ერთგული მეზღვაურით ტოვებენ გემს, გადადიან კუნძულზე და ძელურში მაგრდებიან. კაპიტანმა კინწისკვრით გააგდო მოსალაპარაკებლად მოსული მეკობრეთა ლიდერი, სილვერი და კარგად გააზრებული თავდაცვითი ტაქტიკით, მოიგერია კიდეც, მეკობრეთა იერიში; დაამარცხა ისინი და აიძულა უკან დაეხიათ დიდი დანაკარგით. მსხვერპლი განძის მაძიებლებსაც დიდი ჰქონდათ; ამ ბრძოლაში დაიჭრა კაპიტანი სმოლეტი; მეკობრეებმა ბრძოლა აღარ გააგრძელეს, სამხედრო ბელადის ფუნქცია ამოიწურა და განძის მაძიებელთათვის კვლავ დადგა ახალი ლიდერის საჭიროება. ამასთან, სხვა ფუნქციის მატარებელს, რადგან, მშვიდობიანობისას მათ შორის დიალოგი უნდა გამართულიყო. ასეთი როლი შეიძლება შეესრულებინა ადამიანს, რომელიც ორივე მხარისათვის ავტორიტეტი ექნებოდა. ეს პიროვნება იყო კიდევ ერთი განძის მაძიებელი, ექიმი ლივსი, ის უვლიდა თავისიანებს და მეტად საჭირო იყო მეკობრეთათვის, რომელთაც ბლომად ჰყავდათ დაჭრილები. ექიმმა თავისი მოვალეობის შესრულება დაიწყო და დაპირისპირებულ ბანაკებს შორის კონფრონტაცია დიალოგით შეიცვალა... განძის მაძიებელთა ბოლო ორი ლიდერი, თავის საქმეში პროფესიონალი, ზნემაღალი, კულტურული, პიროვნული ღირსების მქონე ადამიანები არიან. პასუხისმგებლობისა და მოვალეობის გრძნობა გააჩნიათ, სისტემურად მოაზროვნე და მიზანდასახულნი არიან; იციან თავიანთი ადგილი, ამიტომაც იმარჯვებენ და ძალუძთ ყველა დაბრკოლების გადალახვა.
სრულიად საპირისპიროს წარმოადგენს მეკობრეთა ლიდერი, გემის მზარეული ჯონ სილვერი, მეტსახელად „აყლაყუდა ჯონი“ და „შემწვარი მოზვერი“. ის უღირსებო, ფლიდი, მატყუარა, ანგარებიანი, უპასუხისმგებლო ეგოისტი, უაღრესად ამბიციური, ურწმუნო და ბოროტი ადამიანია. მისთვის წმინდა არაფერია და, მიზნის მისაღწევად, ყველა საშუალების გამოყენება დასაშვებად მიაჩნია. მეკობრეთა შორის მისი ავტორიტეტი, ემყარება ვერაგობას და უნარს, ყველას თვალში ნაცარი შეაყაროს; ანუ, როცა საჭიროა დააშინოს და გააბრიყვოს ადამიანი. თავის მრწამსს სილვერი ასე აყალიბებს: „ - ბედ-იღბლის ვაჟკაცები, ჩვეულებრივ, ერთმანეთს ნაკლებად ენდობიან და, დამიჯერე, მართალნიც არიან. მაგრამ მე ჩემი წესი და ადათი მაქვს! თუ ამხანაგმა კვანტი დამიდო, იცოდა, სააქაოს აღარ ედგომება ბებერ ჯონთან. ზოგს პიუსი ეშინოდა, ზოგს - ფლინტისა; თვითონ ფლინტს კი, ჩემი ეშინოდა. ეშინოდა და ვეამაყებოდი კიდეც. ფლინტის ეკიპაჟისთანა თავზეხელაღებულს, ზღვაში არასოდეს გაუდგამს ფეხი! ეშმაკიც კი მოერიდებოდა მათთან ერთად ზღვაში გასვლას. ჰოდა, ახლა, გეტყვი, ტრაბახი არ მიყვარს და, თვითონვე ხედავ, რა ადვილად შესაწყობი კაცი ვარ; მაგრამ, როცა ფლინტის ხომალდზე ვიყავი, მისი მეკობრეები სულ კრავებივით მემორჩილებოდნენ. ეჰ, უნდა ნახო, რა გემი ექნება ბებერ ჯონს“.
მიუხედავად საკუთარი შესაძლებლობების ასეთი რეკლამისა, სილვერი ლიდერად არ გამოდგა. როგორც ჩანს, ის, მაინც, მეორე კაცი იყო შინაგანი მოწოდებით და არა პირველი... მას დაჭრილები დამოუკიდებლად მოქმედება, ის მხოლოდ ვინმესთან მიმართებაში ახერხებს, საკუთარი უპირატესობა დაამტკიცოს და ამ გზით ახერხებს მეკობრეთა დამორჩილებას. პირველ შემთხვევაში, ეს როლი სკვაირ ტრელონის ეკისრება, ამ ამბიციური ფანფარონის გაბრიყვებით, სილვერი თავის მიზანს აღწევს და მეკობრეთა თვალში ავტორიტეტს იმაღლებს. სხვაგვარად იქცევა ის „ისპანიოლაზე“, - რომლის კაპიტანი სმოლეტი, დისციპლინას მოითხოვს ყველასაგან. სილვერი მას საფრთხობელად იყენებს, კაპიტნის სიძულვილს აღვიძებს მეზღვაურებში. თვითონ კი, ამის ფონზე სურს კეთილ, ჭკვიან და ძლიერ ლიდერად დამკვიდრება. ამიტომ, თანამდებობით სარგებლობს, მეზღვაურებს ლუდით უმასპინძლდება ხოლმე და, ჭკუასაც არიგებს მათ: „მთავარი შოვნა კი არ არის, გახსოვდეს, მთავარი შენახვაა“...
საკუთარი ნაკლი, სილვერმა თავადაც კარგად იცის: მას გემის კაპიტნისათვის აუცილებელი განათლება არა აქვს და იმასაც გძნობს, რომ მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, მეკობრეებზე არც ის გავლენა აქვს, რაც საჭიროა, ამას თვითონაც აღიარებს: - „ჩვენ შეგვიძლია გეზს მივყვეთ, მაგრამ ამ გეზს ვინღა გამოითვლის? აი, სწორედ ამაში ჩავფლავდებით ყველანი, ყმაწვილებო. ჩემი ნება რომ იყოს, კაპიტან სმოლეტს, უკან, პასატებამდე მაინც მივაყვანინებდი თავს; მაშინ მიმართულება იქნება აღარ აგვრეოდა და თითო კოვზი წყლის დარიგება აღარ დაგვჭირებოდა. მაგრამ ვიცი, რა ვაჟბატონებიც ბრძანდებით. მე მათ კუნძულზევე გავუთავებ საქმეს, - როგორც კი ფარა გემზე იქნება და, სამწუხარო კია, მაგრამ, თქვენი ბედნიერება რა ბედნიერებაა, სანამ არ გამოილეშებით. გეფიცებით, თუ გული არ მეთანაღრებოდეს თქვენისთანებთან რომ ვცურავ“.
ტყუილად არ ეთანაღრებოდა გული... სილვერი იმდენად უვარგისი ლიდერი აღმოჩნდა, რომ ვერცერთი თავისი ჩანაფიქრი, არათუ სრულად, საერთოდაც ვერ განახორციელა: განძის მაძიებლები ხელიდან დაუსხლტა, თავისი ხალხი ჭაობებში დააბანაკა და ციებით დაავადდნენ, კაპიტან სმოლეტთან მოლაპარაკება ვერ შეძლო, ძელურის იერიშისას დამარცხდნენ. ბოლოს, ისე, რომ ამისი ნამდვილი მიზეზი არ გამოუკვლევია, დათანხმდა ექიმ ლივის წინადადებას, გადაეყვანა თავისი ხალხი იმ ძელურში, რასაც აქამდის ასე თავგამოდებით იცავდნენ მეკობრეთაგან განძის მაძიებლები, და მიიღო მათგან განძის კუნძულის რუკა... ადრე რომ ასე უმალავდნენ...
მიუხედავად ამდენი წარუმატებლობისა, რისი შედეგიც იყო ის, რომ მეკობრეებმა «შავი ნიშანიც» გაუგზავნეს და ამცნეს, გადაყენებული ხარო, სილვერი მაინც ბოლო წუთამდე ებღაუჭება ლიდერის ადგილს, - თუმცა, ლიდერობა კი არა, სიცოცხლე ძლივს შეინარჩუნა, - ისიც განძის მაძიებელთა დახმარებით... ახლა, მათ ბანაკში გადაბარგებული სილვერი, ფეხქვეშ ეგება მხსნელებს და, არარად მიიჩნევს თავის გუშინდელ თანამებრძოლებს. ეს კარგად გამოჩნდა მაშინ, როცა განძის მაძიებლებს უმეთაუროდ დარჩენილ მეკობრეთა ხმა მოესმათ: „- ზეცამ შეუნდოთ, - თქვა ექიმმა, - მეამბოხენი არიან! - ყველა გალეშილია, ბატონო, - მოისმა ჩვენს უკან სილვერის ხმა“. ამ შენიშვნაზე ექიმმა ლივსიმ უპასუხა: -„ან გალეშილი არიან, ანდა გაშმაგდნენ! - მართალი ბრძანდებით, ბატონო, - სიტყვა ჩამოართვა სილვერმა, - ოღონდ, ეგ სულერთია თქვენთვის და ჩემთვის“. ასეთია ის უზნეო და უპრინციპო ავანტიურისტი, რომელიც მხოლოდ მაშინ არის ძლიერი, როცა სხვა სუსტია... - ეს არის და ეს!
საყურადღებოა, რომ სილვერი, რომელიც განძის მაძიებლებს ინგლისში, სასამართლოსათვის გადასაცემად მიჰყავდათ, ესპანური ამერიკის ერთ-ერთ ნავსადგურში გემიდან გაიპარა. ამით მართლმსაჯულებას თავი აარიდა და არის ამაში რაღაც, სიმბოლური: სილვერის ტიპის ადამიანები ყველა სიტუაციიდან ახერხებენ თავის დაძვრენას, ამიტომ არიან საშიშნი თავიანთი მიზნებით და უსაზღვრო პატივმოყვარეობით. ამ რომანის ზოგიერთი პერსონაჟი, ჩვენი საზოგადოების ერთი ნაწილისათვის ჩვევად ქცეულ თვისებასაც ავლენს: ვგულისხმობ, იმას, რომ მათაც ეხერხებათ „გადაგდება“, მეკობრე ბილი ბოუნზმა თანამზრახველები გადააგდო, როცა მათ განძის კუნძულის რუკა „მოუტეხა“, სილვერმა განძის მაძიებლები „გადააგდო“, როცა კაპიტნობა და გამდიდრება მოინდომა. შემდეგ მანვე „გადააგდო“ თავისიანები. როგორც ხედავთ, ეს გადაგდებები მეკობრეთა ცხოვრების წესი ყოფილა, გარკვეული ძალები კი, ამ წესს, ჩვენში, გულმოდგინედ ნერგავენ...
წაუსვლელობის სენით შეპყრობილი ადამიანები, ნამდვილად არ არიან შეუცვლელნი, ხოლო, მათი მოქმედება უმეტესწილად არ პასუხობს სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის დღევანდელი ეტაპის მოთხოვნებს. პირიქით, უამრავ დაბრკოლებას გვიქმნის. ასე მაგალითად, ბევრ შემთხვევაში ადაპტირებული, ისიც არასაკმარის რაოდენობით მიღებული კანონებით, სრულყოფილი საკანონმდებლო ბაზა ვერ შეიქმნება; საგადასახადო კოდექსი მხოლოდ გადასახადების „ამოქაჩვას“ გულისხმობს, - ის არ არის ორიენტირებული იქითკენ, რომ ხელი შეუწყოს მრეწველობის განვითარებას. ვერ მოხერხდა ისეთი ტრადიციული დარგის აღორძინება, როგორიც არის სოფლის მეურნეობა.
აქ, არ შეიძლება, ასეთი ამბავი არ გაგახსენდეს საქართველოს წარსულიდან: 1904 წელს, რუსეთ-იაპონიის ომის დროს, ქართველმა გლეხმა, ძიკი კვარაცხელიამ, რუსეთის იმპერატორს, ნიკოლოზ II-ს აჩუქა ასი დარჩეული მოზვერი - ერთი ასაკის, ერთი ფერის, ერთი წონისა და, ყველა თეთრრქიანი!.. ეს ფაქტი ორი რამით იქცევს ყურადღებას; პირველი, თუ ერთ გლეხს, თუნდაც შეძლებულს, შეეძლო ასეთი ძღვენის გაღება, ეს ნიშნავს, რომ საკუთარი თავის გამოკვებას ვახერხებდით, მეორე: ეს ძღვენი ერთგულ-ქვეშევრდომული ქმედებაც იყო, იმისი მადლიერების გამოხატულება, რომ, მიუხედავად რუსული ველური კოლონიალიზმისა, საქართველოში მაინც იყო პირობები ნორმალური სამეურნეო საქმიანობისათვის... ასე რომ, უცხო მაორგანიზებელი ძალა ახალი არ არის ჩვენთვის; იქნებ, ამიტომ არის დღეისათვის ასე პოპულარული სნობისტური პოლიტიკა უცხოელებში სახელმწიფოს შიდა პრობლემების მომწესრიგებლების ძებნისა ...
„თელასი“ და საბაჟო ამისი დადასტურებაა. ვერც ერთმა და ვერც მეორემ, ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულა, არ ეშველა არც კონტრაბანდასთან ბრძოლას, არც ჩაბნელებულ, საქართველოს განათებას, - რაც იმას ნიშნავს, რომ უცხოელი, თავისთავად, პანაცეა არ არის და ჩვენი ქვეყნის სამეურნეო და პოლიტიკური საკითხები, საკუთარი, ეროვნული კადრების მეშვეობით უნდა მოგვარდეს.
სერიოზული ყურადღება უნდა მიექცეს ქვეყნის შიდა ცხოვრებას და კერძოდ, იმას, რომ ნორმალურად წარიმართოს ეთნიკური კონსოლიდაციის პროცესი. ამას სჭირდება ხელის შეწყობა, როგორც მიზანდასახული საკანონმდებლო, ასევე სამეურნეო, კულტურული, საგანმანათლებლო და ტერიტორიული მოწყობის პოლიტიკით.
ნორმალურად წარმართულმა სახელმწიფოებრივმა აღმშენებლობამ უნდა გადაგვიწყვიტოს კიდევ ერთი, მეტად მნიშვნელოვანი პრობლემა; კერძოდ, პირობების შექმნაა საჭირო იმისათვის, რომ დავიბრუნოთ საზღვარგარეთ გადაკარგული ქართველობა. მათთვის საქართველო აღთქმულ მიწად უნდა გადავაქციოთ. ქართველს, კარგად, - თავის ქვეყანაში უნდა ეცხოვრებოდეს და არა ცხრა მთას იქით.
ქართველისათვის, განურჩევლად იმისა, ის სამშობლოში ცხოვრობს თუ საზღვარგარეთ, საქართველო ამქვეყნიურ სამოთხედ უნდა იქცეს. საამისოდ, ორი პირობა ნამდვილად არის: ქვეყანა ბუნებრივი რესურსებით მდიდარია და ხალხი, - ნიჭიერი და მშრომელი. საჭიროა მაორგანიზებელი ძალა და საფუძვლიანად გააზრება მისაღწევი მიზნისა. ჩვენი უბედურება ის არის, რომ იმ გზით, რომლითაც მივდივართ, დეკლარირებულ და ესეოდენ სასურველ, დემოკრატიულ სახელმწიფოს ვერ ავაშენებთ. ანუ, მცდარი კურსი სხვა ნაპირს მიგვაყენებს. ამ თვალსაზრისით, ვემსგავსებით ჟიულ ვერნის, ჩვენში ნაკლებად ცნობილი რომანის, „ბიძია ანტიფერის გასაოცარი თავგადასავალი»-ს პერსონაჟებს. ფანტასტიკის ჟანრის გამოჩენილი მწერლის ამ ნაწარმოებს, სრულიად არაფანტასტიური ამბავი დაედო საფუძვლად: 1831 წლის 28 ივნისს, ხმელთაშუა ზღვის ზედაპირზე ამოიწვერა პატარა კლდოვანი კუნძული ჯულია, რომელმაც მალევე იწყო ჩაძირვა და იმავე წლის დეკემბერში, ტალღებქვეშ გაუჩინარდა. ეს ფაქტი, რომანში განვითარებული ინტრიგის ღერძადაა ქცეული: ვიდრე ზღვის უფსკრულში დაინთქმებოდა, კუნძულ ჯულიას კაპიტან ზოს ბრიგანტინი მიადგა. გემზე, ეგვიპტის მბრძანებლის, მუჰამედ-ალის მიერ დევნილი კალმიკ ფაშა იმყოფებოდა თავის უთვალავ საგანძურთან ერთად. ფაშამ, კუნძული განძის საუკეთესო სამალავად მიიჩნია და, იქ დაფლა კიდეც, - ეგონა, საიმედოდ გადამალა ასი მილიონი ფრანკის ღირებულების განძი. კალმიკ ფაშამ მიატოვა კუნძული, რომელიც, რამდენიმე თვეში სამუდამოდ ჩაიძირა. განძის პატრონმა ეს არ იცოდა და მეტად მახვილგონივრულად შეძლო კუნძულის გრძედისა და განედის გასაიდუმლოება, შეადგინა ერთგვარი კრიპტოგრამა, რომლის ამოხსნა და, შესაბამისად, დიდი ქონების მოპოვების პატივი, წილად ხვდა ერთდროს კალმიკ ფაშას კეთილისმყოფელი ფრანგი მეზღვაურის უკვე, ჭარმაგ ვაჟს, ბიძია ანტიფერს, - კაბოტაჟური ცურვის კაპიტანს და ისიც, მთელი არსებით გადაეშვა ამ ავანტიურაში. ნახევარი დედამიწა მოიარა, უამრავი ფათერაკი გადახდა თავს და, ბოლოს, ხმელთაშუა ზღვის ის მონაკვეთიც გაცურა, სადაც, ოცდაათი წლის წინ, სულ ექვსი თვით იყო ამომართული ზღვიდან, კუნძული ჯულია. როცა მიხვდა, რომ მთელი ეს ძალისხმევა ამაო იყო, ბუნებით ოპტიმისტმა ბიძია ანტიფერმა თავის მეგობრებსა და კომპანიონებს, გული რომ არ გაეტეხათ, ხუმრობით მიაძახა: „- დიახ! მილიონები - აი ისინი, აქ, ჩვენს ფეხქვეშაა და, თუ გსურთ თქვენი წილის აღება, მხოლოდ ჩაყვინთვაა საჭირო!!!“ რომანის პერსონაჟებმა, მართალია, განძი ვერ იპოვეს, მაგრამ გასაოცარი თავგადასავალი კი გადახდათ თავს და ამით მეტად კმაყოფილები იყვნენ. საფიქრებელია: კალმიკ ფაშას ასე რომ არ გაესაიდუმლოებინა კუნძულის ადგილსამყოფელი და თავიდანვე სცოდნოდათ, როგორ გეოგრაფიულ ფენომენთან ჰქონდათ საქმე, მაშინ, თავს არ აიტკივებდნენ და ჩაძირული კუნძულის ძებნას, ნამდვილად, არ დაიწყებდნენ, - თუნდაც ასი მილიონი ფრანკის გამო. ეს ასეა, ოღონდ ამ ლოგიკით ფანტასტიკური რომანი არ დაიწერებოდა. სამაგიეროდ, ჩვენი ყოფა ემსგავსება ფანტასტიკურ ნაწარმოებს, რომლის შინაგანი ლოგიკა არ ჰგავს არაფერს რეალურს. ანალოგის მქონეს. ამიტომ გვმართებს დაფიქრება მართვის იმ სისტემისა და იმ პოლიტიკური ცხოვრების გამო, ჩვენში რომ არის, სად მიგვიყვანს ის? და იქნება თუ არა ეს ის მიზანი, რომელსაც მიველტვით?
იმისათვის, რომ ყველა ჩვენს წინაშე არსებული პრობლემა მოვაგვაროთ, ისევ და ისევ ეროვნული იდეა გვჭირდება. იმ ერებს, რომლებსაც ის გააჩნია, ურთულესი სიტუაციდან თავის დაღწევას ახერხებენ. განურჩევლად იმისა, თუ რა აქვთ საერთო, ის ყველაზე სასტიკი დაპირისპირების დროსაც კი საერთო, ეროვნული შერიგების საფუძვლად გადაიქცევა.
სამაგალითოდ, გავიხსენოთ სამოქალაქო ომის დროინდელი რუსეთი. მაშინ, ბევრი თეთრგვარდიელი ოფიცერი გადავიდა ბოლშევიკური რუსეთის მხარეზე; ამათი ტიპიური წარმომადგენელია თეთრი და წითელი რუსეთის დაზვერვის ცნობილი წარმომადგენლის, გენერალ პოტაპოვის შეხედულება ზემოხსენებულ საკითხზე: -»მონარქიზმის იდეა, რუსეთისათვის სამუდამოდ დაკარგულია. ემიგრანტ-მონარქისტთა ჭინთვა, მიმაჩნია უსაფუძვლოდ და ყოველგვარ რეალურ პერსპექტივას მოკლებულად. მე აღზრდილი ვარ და ვცხოვრობდი ისეთ ატმოსფეროში, რომელიც უფლებას არ მაძლევდა მქონოდა მემარცხენე შეხუდელებანი, მაგრამ საბჭოთა რეჟიმი მივიღე, რადგან ვხედავ, რომ იდეა „ერთიანი და განუყოფელი რუსეთისა“ ბოლშევიკების მიერ გადაწყვეტილია, თუმცა თავისებურად. ამას გარდა საბჭოთა კავშირი დიდ მუშაობას ეწევა აღმოსავლეთში შეღწევის თვალსაზრისით, რაც პატივისცემას მინერგავს მე, როგორც ადამიანს, რომელმაც ძველი რეჟიმის პირობებში მთელი ჩემი ცხოვრება მივუძღვენი ამავე ამოცანის გადაწყვეტას. ყველაფერი ეს მაზავებს მე ბოლშევიკებთან“. მეტისმეტად გულახდილი ნათქვამია, მაგრამ გულწრფელიც არის და სრულიად გასაგებია, რის საფუძველზე შეერთდნენ მონარქისტი და კომუნისტი რუსები.
XIX საუკუნის პირველ ნახევარში, გერმანია ჯერ კიდევ პოლიტიკურად დაშლილი და დაქუცმაცებული ქვეყანაა. ამიტომ ბუნებრივია, იყო ძიება იმ საერთოსი, რომელსაც უნდა შეეკავშირებინა მრავალ სახელმწიფოდ დაყოფილი გერმანიის მოსახლეობა. ამ თვალსაზრისით, უაღრესად საინტერესო მოსაზრება აქვს გამოთქმული გოეთეს ეკერმანთან საუბრისას: -»მე არ მეშინია, რომ გერმანია დაქუცმაცებული დარჩება, ჩვენი ჩინებული გზატკეცილები და სამომავლო რკინიგზები, სულერთია, თავიანთ საქმეს გააკეთებენ. მთავარია, რომ გერმანელებს ერთიმეორე უყვარდეთ! და რომ ერთსულოვანნი იყვნენ გარეშე მტერთან ბრძოლაში, რომ გროშებსა და ტალერებს გერმანიის ყოველ მხარეში ერთნაირი ფასი ჰქონდეთ, რომ შეიძლებოდეს კაცმა ჩემოდანი ისე შემოატაროს ყველა ოცდათექვსმეტ სამთავროში, ერთხელაც არ მოუხდეს გახსნა საბაჟო სამსახურისათვის; რომ რომელიმე ვაიმარელი მოქალაქის პასპორტი ვერ ჩათვალონ დიდ მეზობელ სამთავროში ძალადაკარგულ „უცხოურ პასპორტად“; რომ გერმანიის ფარგლებში სულაც მოიშალოს ერთიანის ნაცვლად „საზღვარგარეთის“ ცნება; რომ გერმანია ამიერიდან ერთიანი იყოს თავისი ზომა-წონით, აღებ-მიცემობით და სხვა უთვალავი რამ, რისი დასახელებაც არ შემიძლია“. როგორც ვხედავთ, დიდი პოეტისათვის ქვეყნის ერთიანობა, უპირველეს ყოვლისა, საერთო ღირებულებებს, პრინციპებს, ინტერესებს და მათგან მომდინარე საერთო ცხოვრების წესს, ანუ გერმანელთა სულიერ და ყოფით ერთიანობას წარმოადგენს.
ჩვენ, ქართველებმა ჩვენი საერთო საფუძველი უნდა შევქმნათ და მასზე დაყრდნობით უნდა მივაღწიოთ დაზავებასაც და შეკავშირებასაც...
დღეს, ქართველობა ცდილობს თავიც გადაირჩინოს და შეინარჩუნოს ტრადიციული ღირებულებანი, მაგრამ თუ გაუსაძლისმა ყოფამ მთელი მისი ენერგია ფიზიკურ გადარჩენას მოახმარა, მაშინ, ის, ბუნებრივია, იძულებული იქნება შეელიოს ამ სულიერ ფასეულობებს და მათ მაგიერად შეითვისოს სხვა, - რასაც გარემოება აიძულებს, ანუ დაკარგოს ეროვნული სახე. ისტორიამ იცის, ამის მაგალითები: თუნდაც, ერთ დროს, ბერძნული ქალაქის, ბურსას დამცველთა ამბავი, რომელნიც XIV საუკუნის დასაწყისში, თავგანწირვით ებრძოდნენ ოსმანებს, მაგრამ როგორც ლორდი კინროსი წერს: „შვიდწლიანი ალყის შემდეგ, როცა გარეუბნებიც კი, მტრის ხელში აღმოჩნდა, ბერძნული გარნიზონი იმდენად იყო დემორალიზებული დახმარების არქონით კონსტანტინეპოლისაგან - სრულიად დაუძლურებულისაგან, - მოქიშპე იმპერატორებს შორის დინასტიური ბრძოლით, რომ გარნიზონის მეთაურმა ევრენოსმა, სხვა გავლენიან ბერძნებთან ერთად, ჩააბარა ქალაქი, მიიღო მუსლიმანური სარწმუნოება“.
ეს იყო ნაკარნახევი თავის გადარჩენის ინსტინქტით. ამავე დროს, ამ ქმედებაში აშკარად იგრძნობა პროტესტი უვარგისი ხელისუფლების მიმართ, რომელსაც, თავის მოქალაქეთა დაცვა და პატრონობა არ შეუძლია. ასეთი რამ საქართველოს ისტორიაშიც მომხდარა, მაგრამ ყველაზე დიდი უბედურება ის იქნება, თუ დღეს, XXI საუკუნის დამდეგს დავკარგავთ ეთნიკურ სახეს, ჩვენს ღირებულებებს და ელემენტარული, ადამიანური არსებობისათვის საჭირო პირობების მოპოვების გამო, გავხდებით სხვა ერის შვილები, მივიღებთ სხვა სარწმუნოებას და ვიცხოვრებთ სხვა ცხოვრების წესით.
საქართველოში კი, აგერ, უკვე ათი წელია გააფთრებული ბრძოლაა გაჩაღებული ძალაუფლების მოსაპოვებლად. ამ მიზნით მოხდა სახელმწიფო გადატრიალება და ამას ემსახურება ყველა ის არჩევნები, აქ რომ ჩატარდა; მაგრამ, საკითხავია, რას გვაძლევს ეს ყველაფერი მოსახლეობას და სწორედ იმიტომ, რომ - არაფერს; იმიტომაც, რომ ეს დაუნდობელი ბრძოლა კიდევ უფრო ამძიმებს ჩვენს ისედაც გაუსაძლის ყოფას, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, აქვს უფლება, მიმართოს ჩვენს პოლიტიკოსებს, ყველას ერთად და, თვითოეულს ცალ-ცალკე, იმ სიტყვებით, რითაც მიმართა რესპუბლიკის წინააღმდეგ შეთქმულ კატილინას ციცერონმა: „Quousque tandem aburete, Catilina, patientia nostra?“ (ბოლოს და ბოლოს სანამდე ისარგებლებ ჩვენი მოთმინებით, კატილინა?). საქმე ის არის, რომ კატილინამ და მისმა მომხრეებმა, მოაწყვეს შეთქმულება ძალაუფლების მოსაპოვებლად და იმიტომ არა, თითქოს რევოლუციური გარდაქმნებით სურდათ გაეუმჯობესებინათ რომაელთა ყოფა-ცხოვრება. არა, რა თქმა უნდა! მიზეზი ბანალური იყო: უბრალოდ, შემოსავლიანი ადგილების ხელში ჩაგდება და საკუთარი ცხოვრების კარგად მოწყობა სურდათ; იმ სიკეთის მოპოვება, რასაც ხელისუფლებაში ყოფნა იძლევა...
ჩვენს პოლიტიკოსებს უნდა ახსოვდეთ, რომ მათი საქმიანობა ყოველმხრივი განხილვის საგანია და არასასურველ ისტორიულ ასოციაციებს არ უნდა იწვევდეს. მითუმეტეს, რომ მოსახლეობას სრული მორალური უფლება აქვს, გაიმეოროს სიმონ ბოლივარის ნათქვამი, რომ: „თავისუფლება - ერთადერთი მიღწევაა, რომელიც მოვიპოვეთ ყველა დანარჩენი სიკეთის საფასურად“. ასევე უფლება აქვთ წამოიძახონ, „ჰოი, თავისუფლებავ, დახე, რას ჩადიან შენი სახელით“ - ისეთივე სასოწარკვეთით, როგორითაც აღმოხდა ეს სიტყვები ერთ სიკვდილმისჯილ იაკობინელს, როცა ის გილიოტინისაკენ მიჰყავდათ და თავისუფლების ქანდაკებასთან ჩაატარეს. გაუსაძლისი ყოფა განწირულობის შეგრძნებასაც ბადებს და სამართლიან რისხვასაც. ამიტომ, აუცილებელია, მკაცრად მოსთხოვონ ძალაუფლების მქონე თანამემამულეებს, ან ჩამოსცილდნენ ხელისუფლებას და თავისუფლების იდეის დისკრედიტაციას თავი დაანებონ, ან არადა, იქცნენ ჭეშმარიტ მაორგანიზებელ ძალად, რათა შემუშავდეს სახელმძღვანელო პრინციპები, ხოლო მოსახლეობა აქტიურ მონაწილედ იქცეს სახელმწიფოს მართვის პროცესისა. იმიტომ, რომ ღეს პუბლიცა - სახალხო საქმე, - ხალხის საქმეა.
1994-2000 წ.