![]() |
სასამართლო ხელისუფლება საქართველოში (მიმოხილვა) |
|
|
| საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
| თემატური კატალოგი სამართალი|სასამართლო ხელისუფლება |
| საავტორო უფლებები: © ფონდი ALPE |
| თარიღი: 2002 |
| კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
| აღწერა: მიმოხილვა ქართ. და ინგლ. ენ. - [თბ. : ALPE], 2002 - 72გვ. : ილ.. ; 20სმ. - - გადაბრუნებული წიგნი. - : [ფ.ა.] [MFN: 28995] ოქტომბერი 2002 მოამზადებულია სამართლებრივი განათლების ასოციაცია ALPE-ს მიერ თბილისი, ინგოროყვას 14 ტელ: 935841 922914 ფაქსი: 920596 ელ-ფოსტა: alpeonline@gol.ge www.samartali.ge |
![]() |
1 შესავალი |
▲ზევით დაბრუნება |
სასამართლო ხელისუფლების სტრუქტურა და მოწყობის წესი საქართველოს 1995 წლის კონსტიტუციით არის განსაზღვრული.
კონსტიტუციის მეხუთე თავში ჩამოყალიბებულია და განსაზღვრულია ყველა ის ორგანო (საკონსტიტუციო, საერთო სასამართლოები, საომარ პირობებში საერთო სასამართლოების სისტემაში არსებული სამხედრო სასამართლოები), რომელიც ქვეყანაში მართლმსაჯულებას ახორციელებს.
კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პროკურატურა სასამართლო ხელისუფლების დაწესებულებაა. კონსტიტუციის მეხუთე თავის შესაბამისი მუხლი ადგენს პროკურატურის უფლებამოსილების კომპეტენციას და ზოგიერთ პროცესუალურ წესს.
იმისათვის, რომ მართლმსაჯულების განხორციელებისას მაქსიმალურად იქნას დაცული ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა, კონსტიტუცია კრძალავს სპეციალური ან საგანგებო სასამართლოს შექმნას.
კონსტიტუციის მეხუთე თავი განსაზღვრავს ისეთ ზოგად პრინციპებს, როგორებიცაა:
სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა და ხელშეუხებლობა;
მოსამართლის დამოუკიდებლობა, ხელშეუხებლობა, უსაფრთხოება;
სასამართლო საჯაროობა;
საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილება, კომპეტენცია, შექმნის წესი;
უზენაეს სასამართლოს უფლებამოსილება, კომპეტენცია, შექმნის წესი.

![]() |
2 თავი 1. საქართველოს საკონსტიტუციო სამართალი |
▲ზევით დაბრუნება |
საკონსტიტუციო სასამართლო შექმნილია კონსტიტუციური კონტროლისთვის,აგრეთვე იმისათვის, რომ დაცულ და შესრულებულ იქნას კონსტიტუციის მუხლები. ის კონსტიტუციური კონტროლის ყველაზე მაღალი სასამართლო ორგანოა. კონსტიტუცია განსაზღვრავს საკონსტიტუციო სასამართლოს 9 მოსამართლის შემადგენლობით, რომელთაც 10 წლით აქვთ მინიჭებული უფლებამოსილება. სასამართლოს შემადგენლობა პარიტეტის საფუძველზე ყალიბდება: სამ წევრს ნიშნავს პრეზიდენტი, სამს - ირჩევს პარლამენტი სიითი შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედით, დანარჩენ სამს კი ნიშნავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
კონსტიტუცია განსაზღვრავს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განსახილველ საკითხთა წრეს, რომლებზედაც მან გადაწყვეტილებები უნდა გამოიტანოს. ესენია:
ა) კანონის და პრეზიდენტის (ასევე, აფხაზეთის, აჭარის ხელისუფლების უმაღლეს ორგანოთა) ნორმატიული აქტების კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხები;
ბ) სახელმწიფო ორგანოებს შორის კომპეტენციასთან დაკავშირებულ დავები;
გ) მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებათა შექმნისა და საქმიანობის კონსტიტუციურობის საკითხები;
დ) რეფერენდუმებისა და არჩევნების კონსტიტუციურობის საკითხები;
ე) საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების კონსტიტუციურობის საკითხები;
ვ) მოქალაქის სარჩელის საფუძველზე ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის საკითხები კონსტიტუციის მეორე თავში მოცემულ დებულებებთან მიმართებაში.
საკონსტიტუციო სასამართლო ახორციელებს კონსტიტუციით და ორგანული კანონით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებსაც.
საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის საფუძველია საქართველოს მოქალაქის, საქართველოს იურიდიული პირების, საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეხუთედის, სასამართლოს, აფხაზეთისა და აჭარის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების, სახალხო დამცველის მიერ შეტანილი სარჩელი ან წარდგინება.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და შესაბამისი გადაწყვეტილების გამოქვეყნებისთანავე არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი კარგავს იურიდიულ ძალას.
2002 წლის 12 თებერვალს მიღებული შესწორებებით მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში, მათ შორის:
- სარჩელის შეტანის უფლება მიენიჭა საქართველოს იურიდიულ პირებს (კონსტიტუციის მეორე თავთან მიმართებაში);
- თუ სარჩელი ეხება ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, სადაო ნორმატიული აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად აღიარება არ არის საფუძველი განხილვის შეწყვეტის ან შეჩერებისთვის.
- მნიშვნელოვნად შემცირდა განხილვის ვადა, ანუ დროის ის მონაკვეთი, როდესაც სასამართლომ უნდა დაამთავროს საქმის განხილვა და გამოიტანოს შესაბამისი გადაწყვეტილება, ეს არის ექვსი თვე საქმის არსებითად განსახილველად მიღების დღიდან. ზოგ შემთხვევაში, თუ ის ეხება მაგალითად, პრეზიდენტის, პარლამენტის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების, ან რეფერენდუმის დანიშვნის კონსტიტუციურობას, ეს ვადები კიდევ უფრო შემჭიდროვებულია და 15, 17, 30 დღეს მოიცავს.
საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ასევე არსებობს ორგანული კანონი, რომელიც დეტალურად აწესრიგებს მისი უფლებამოსილების, შექმნისა და საქმიანობის წესს.
![]() |
3 თავი 2. საერთო სასამართლოები |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოში სასამართლო ორგანოთა მოწყობა, სისტემა და კომპეტენცია განსაზღვრულია საქართველოს კონსტიტუციითა და 1998 წელს პარლამენტის მიერ მიღებილი ორგანული კანონით „საერთო სასამართლოების შესახებ“.
ქონებრივ დავასთან, მორალური ან მატერიალური ზიანის ანაზღაურებასთან, კომერციული (შპს, სააქციო საზოგადოება) და არაკომერციული იურიდიული პირების (კავშირი) რეგისტრაციასთან, იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენასა და სხვა სამოქალაქო უფლებების განხორციელებასთან დაკავშირებული ყველა საკითხი საერთო სასამართლოების კომპეტენციაში შედის.
საერთო სასამართლოები ასევე განიხილავენ სისხლის სამართლის საქმეებსა და ადმინისტრაციულ დავებს.
საქართველოს საერთო სასამართლოებია:
უზენაესი სასამართლო;
საოლქო სასამართლო;
რაიონული (საქალაქო) სასამართლო;
აფხაზეთისა და აჭარის უმაღლესი სასამართლოები.

საერთო სასამართლოები სამ ინსტანციად იყოფა:
I ინსტანცია - რაიონული (საქალაქო) სასამართლოები; თბილისისა და ქუთაისის საოლქო სასამართლოების კოლეგიები; აფხაზეთისა და აჭარის უმაღლესი სასამართლოების კოლეგიები, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგია.
II ინსტანცია (აპელაცია) - თბილისისა და ქუთაისის საოლქო სასამართლოების სააპელაციო პალატები, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების სააპელაციო
პალატები.
III ინსტანცია (კასაცია) - საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატები და დიდი პალატა. ის საბოლოო ინსტანციის სასამართლოა და გადასინჯავს ქვედა ინსტანციების გადაწყვეტილებებს.
I . საქართველოს უზენაესი სასამართლო
საქართველოს უზენაესი სასამართლო არის მართლმსაჯულების ყველაზე მაღალი ორგანო საქართველოში, რომელიც ზედამხედველობს მართლმსაჯულების განხორციელებას საერთო სასამართლოებში. უზენაესი სასამართლოს მუშაობას უძღვება თავმჯდომარე, რომელსაც პრეზიდენტის წარდგინებით 10 წლის ვადით ირჩევს პარლამენტი. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს ასევე 10 წლის ვადით ირჩევს პარლამენტი პრეზიდენტის წარდგინებით. ამჟამად, უზენაეს სასამართლოში 30 მოსამართლეა.
უზენაეს სასამართლოში შექმნილია სამი საკასაციო პალატა და ერთი სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია. ესენია:
1. სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა;
2. სისხლის სამართლის საქმეთა პალატა;
3. ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა;
4. სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია.
თითოეულ პალატას და კოლეგიას ჰყავს თავმჯდომარე, რომელიც იმავდროულად არის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე.
უზენაესი სასამართლოს პალატები სამი წევრის შემადგენლობით საკასაციო წესით განიხილავენ საჩივრებს სააპელაციო და ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებებზე. უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგია პირველი ინსტანციით განიხილავს განსაკუთრებით მძიმე სისხლის სამართლის საქმეებს, როგორებიცაა, მაგალითად, სახელმწიფოს ღალატი, ჯაშუშობა, განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში.
საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2001 წლიდან ფუნქციონირებს დიდი პალატა, რომელიც შედგება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, პალატების თავმჯდომარეებისა და პლენუმის მიერ პალატებიდან არჩეული არანაკლებ თორმეტი მოსამართლისაგან.

უზენაესი სასამართლოს პალატის საქმის განმხილველ შემადგენლობას მოტივირებული განჩინებით შეუძლია, საქმე განსახილველად გადასცეს დიდ პალატას, თუ: ა) საქმის განხილვასა და გადაწყვეტას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ერთიანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) საქმის სირთულიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების მიღება საჭიროებს ნორმის ახლებურ განმარტებას; გ) საქმე თავისი შინაარსით წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას.
დიდი პალატა საქმეებს განიხილავს 9 მოსამართლის შემადგენლობით. საქმის განმხილველ შემადგენლობაში შედიან ამ საქმის თავდაპირველად განმხილველი მოსამართლეები, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა ისინი დიდი პალატის წევრები.
დიდ პალატაში საქმის განხილვას თავმჯდომარეობს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ან მისი დავალებით - უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთი პალატის თავმჯდომარე.
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ღიაა და თითოეული მათგანი იბეჭდება სპეციალურ გამოცემაში, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის.
უზენაესი სასამართლოს პლენუმი
უზენაეს სასამართლოში შექმნილია პლენუმი, რომელიც შედგება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, მისი პირველი მოადგილისა და მოადგილეების, აფხაზეთის და აჭარის უმაღლესი სასამართლოების თავმჯდომარეების და უზენაესი სასამართლოს ყველა მოსამართლის, აგრეთვე, ქუთაისისა და თბილისის საოლქო სასამართლოების თავმჯდომარეებისგან.
პლენუმის უფლებამოსილებებია:
- საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების და იუსტიციის საბჭოს ერთი წევრის დანიშვნა;
- უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინებით უზენაესი სასამართლოს კოლეგიების და პალატების თავმჯდომარეებისა და შემადგენლონის არჩევა;
- საქართველოს კონსტიტუციის 64-65-ე მუხლების მიხედვით საქართველოს პრეზიდენტის და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების საკითხის განხილვა;
- კოლეგიისა და პალატების თავმჯდომარეების მოხსენებების, აგრეთვე, კოლეგიისა და პალატების საქმიანობის სრულყოფასთან დაკავშირებული წინადადებების მოსმენა;
- უზენაესი სასამართლოს ოფიციალური ბეჭდვითი ორგანოს შექმნა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინებით მისი რედაქტორისა და სარედაქციო კოლეგიის დანიშვნა;
- უზენაესი სასამართლოს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს შექმნა და მისი შემადგენლობის დამტკიცება;
- სასამართლოს პრაქტიკის განზოგადების საფუძველზე სასამართლოების მიერ კანონთა გამოყენებისას ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების მიზნით რეკომენდაციების მიღება და გამოქვეყნება და კანონით დადგენილი სხვა უფლებამოსილებები.
საკონსტიტუციო სასამართლოს მსგავსად, არსებობს ცალკე ორგანული კანონი „საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებაც“, რომელიც დეტალურად აწესრიგებს მისი უფლებამოსილების, შექმნისა და საქმიანობის წესს.
II . საოლქო სასამართლოები
საქართველოში ორი საოლქო სასამართლოა - ქუთაისისა და თბილისის საოლქო სასამართლოები. საოლქო, რაიონულის მსგავსად, წარმოადგენს პირველი ინსტანციის სასამართლოს, სადაც საქმე კოლეგიურად, სამი მოსამართლის მიერ განიხილება. საოლქო სასამართლოებში ფუნქციონირებს:
1. სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია;
2. სამოქალაქო და გაკოტრების საქმეთა კოლეგია;
3. ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგია.
საოლქო სასამართლოს კოლეგიები განიხილავენ:
- ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ დავებს;
- დავებს, რომელთა ღირებულება აღემატება 500 000 ლარს;
- ადმინისტრაციულ საქმეებს, თუმცა რაიონული სასამართლოებისგან განსხვავებით, საოლქო სასამართლოს კოლეგიას შეუძლია იმსჯელოს უკვე პრეზიდენტის ბრძანებულების, ან სხვა სახის აქტის კანონიერების თაობაზე, აგრეთვე, სხვა უმაღლესი სახელმწიფო ორგანოებისა და მხარეებში პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულების აქტების კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე. ეს ვრცელდება ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამის აქტებზეც. ასევე, საოლქო სასამართლოს კომპეტენციაა კანონით გათვალისწინებული ლიცენზიის გაცემის, ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის ან ჩამორთმევის შესახებ საქმეების განხილვა;
- კანონით გათვალისწინებული ზოგიერთი კატეგორიის სისხლის სამართლის საქმეებს.
საოლქო სასამართლოებში შექმნილია სააპელაციო პალატები, რომლებიც მეორე ინსტანციით, ანუ აპელაციის წესით სამი მოსამართლის შემადგენლობით განიხილავენ საჩივრებს რაიონულ (საქალაქო) სასამართლოთა გადაწყვეტილებებზე. თითოეულ საოლქო სასამართლოში მოქმედებს 3 პალატა. ესენია:
1. სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატა;
2. სამოქალაქო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატა;
3. ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატა.
III . რაიონული (საქალაქო) სასამართლო
რაიონული (საქალაქო) სასამართლოები წარმოადგენენ საერთო სასამართლოების ყველაზე დაბალ რგოლს, სადაც ყველა საქმე განიხილება ერთი მოსამართლის მონაწილეობით. რაიონული სასამართლოები ფუნქციონირებენ საქართველოს რაიონებში, ასევე იმ ქალაქებში, რომლებიც არ შედიან არცერთ რაიონში და ქალაქის რაიონებში. საქართველოში სულ 75 რაიონული სასამართლოა.
რაიონული (საქალაქო) სასამართლოები განიხილავენ:
- სამოქალაქო, საოჯახო, შრომის, საადგილმამულო, ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და გარემოს დაცვის ურთიერთობების საფუძველზე წარმოშობილ დავებს მოქალაქეებს, მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს, იურიდიულ პირებს შორის;
- საქმეებს რელიგიურ და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის დავების შესახებ;
- უდავო წარმოების საქმეებს;
- საქმეებს, რომლებიც საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან გამომდინარეობს, აგრეთვე, იმ საქმეებს, რომლებშიც მონაწილეობენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები, მოქალაქეობის არმქონე პირები, საწარმოები და ორგანიზაციები;
- სისხლის სამართლის საქმეებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის თაობაზე, გარდა იმ დანაშაულებისა, რომლებსაც განიხილავენ საქართველოს უზენაესი სასამართლო, აჭარისა და აფხაზეთის უმაღლესი და საოლქო სასამართლოები;
- ადმინისტრაციული სამართლის საქმეებს ისეთ ფაქტებთან დაკავშირებით, როგორებიცაა, მაგალითად, საკრებულოს დადგენილების კანონმდებლობასთან შესაბამისობა, მერიის სამშენებლო ფირმასთან შეთანხმების კანონიერების საკითხის გარკვევა, ან საქენერგოს მიერ მოქალაქისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება და ა.შ.
კანონით რაიონულ (საქალაქო) სასამართლოებს შეიძლება დაექვემდებაროს სხვა კატეგორიის საქმეთა განხილვაც.
აფხაზეთისა და აჭარის უმაღლესი სასამართლოები
აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებს აქვთ თავიანთი უმაღლესი სასამართლოები, რომლებშიც შექმნილია კოლეგიები და პალატები.
კოლეგიები:
1. სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია;
2. სამოქალაქო და გაკოტრების საქმეთა კოლეგია;
3. ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგია.
პალატები:
1. სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატა;
2. სამოქალაქო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატა;
3. ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატა.
აფხაზეთისა და აჭარის უმაღლესი სასამართლოების კოლეგიები, საოლქო სასამართლოს მსგავსად, დავებს პირველი ინსტაციით ისმენენ. ხოლო პალატები აპელაციის წესით განიხილავენ საჩივრებს მათი ქვემდებარე რაიონული (საქალაქო) სასამართლოების გადაწყვეტილებებზე.

![]() |
4 თავი 3. მოსამართლე და სასამართლოს პერსონალი |
▲ზევით დაბრუნება |
I. მოსამართლე
საქართველოს კონსტიტუციითა და ორგანული კანონით ,,საერთო სასამართლოების შესახებ” განსაზღვრულია, რომ მოსამართლედ შეიძლება გამწესდეს 30 წელს მიღწეული უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე და სახელმწიფო ენის მცოდნე პირი, რომელსაც ჩაბარებული აქვს მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა. საკვალიფიკაციო გამოცდა შედგება სამი ეტაპისაგან: ა) ტესტური გამოცდა; ბ) წერითი გამოცდა და გ) კონკურსი. საკვალიფიკაციო გამოცდის სამივე ეტაპს ატარებს საქართველოს იუსტიციის საბჭო საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული საგამოცდო პროგრამით. ამ წესში გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ უზენაეს სასამართლოსთან მიმართებაში, რომლის წევრადაც შეიძლება გამწესდეს გამოჩენილი მეცნიერი, ან საყოველთაოდ აღიარებული სამართლის სპეციალისტი.
მოსამართლედ გამწესება (გარდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისა) ხდება პრეზიდენტის მიერ იუსტიციის საბჭოს წარდგინებით სულ მცირე 10 წლის ვადით.
ორგანული კანონი „საერთო სასამართლოების შესახებ” განსაზღვრავს, რომ თანამდებობის დაკავებამდე სავალდებულოა მოსამართლემ გაიაროს ორთვიანი სასწავლო კურსი სამოსამართლო სწავლების ცენტრში საქართველოს იუსტიციის საბჭოს მიერ დამტკიცებული პროგრამით. გამონაკლისია ის მოსამართლე, რომელსაც მოსამართლედ მუშაობის სულ მცირე ერთი წლის გამოცდილება აქვს.
კონსტიტუცია კრძალავს მოსამართლის თანამდებობის შეთავსებას სხვა თანამდებობასთან, ასევე უკრძალავს მას პოლიტიკური პარტიის წევრობას და პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობას.
კონსტიტუცია უზრუნველყოფს მოსამართლის დამოუკიდებლობას, მოსამართლის და მისი ოჯახის უსაფრთხოებას, ასევე მის ხელშეუხებლობას.
დაუშვებელია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ნებართვის გარეშე მოსამართლის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, დაკავება ან დაპატიმრება, აგრეთვე, მისი ბინის, სამუშაო ადგილის ან პირადი ჩხრეკა.
აღსანიშნავია, რომ მოსამართლის თანამდებობა ერთ-ერთია, რომელიც ყველაზე დიდი ანაზღაურებითა და სოციალური დაცვის მაღალი ხარისხით გამოირჩევა. ამ უკანასკნელთან დაკავშირებით ცალკე კანონიც კი არსებობს „მოსამართლეთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ.”
კომპეტენცია
რაიონულ (საქალაქო) სასამართლოებში მოსამართლეთა დიფერენციაცია არ არსებობს. ყველა მოსამართლე განიხილავს როგორც სამოქალაქო, ისე სისხლის და ადმინისტრაციულ საქმეებს.
უზენაეს სასამართლოში, ისევე როგორც საოლქო სასამართლოების კოლეგიებსა და პალატებში, იწყება მოსამართლეთა დიფერენციაცია. აქ თითოეულ სისხლის სამართლის, სამოქალაქო, თუ ადმინისტრაციულსაქმეს განიხილავს სამართლის შესაბამის სფეროში მომუშავე მოსამართლე.
საქართველოში განსაზღვრულია 388 მოსამართლის საშტატო ერთეული.
II. მოსამართლის თანაშემწე
1997 წელს მიღებულმა ორგანულმა კანონმა ,,საერთო სასამართლოების შესახებ” სასამართლო სისტემაში მოსამართლის თანაშემწის ინსტიტუტი დაამკვიდრა. მოსამართლის თანაშემწე იღებს მოქალაქეებს და მათ განცხადებებს, ამზადებს საქმეებს სასამართლო განხილვისათვის და მოსამართლის დავალებით ასრულებს საქმის სასამართლოში განხილვასთან დაკავშირებულ სხვა სამუშაოებს. თანაშემწე საკმაოდ მაღალ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს თანამდებობაზე დანიშვნის დროს. მაგალითად, მას უნდა ჰქონდეს იურიდიული განათლება და, ამასთან, გავლილი უნდა ჰქონდეს სამთვიანი სასწავლო კურსი სამოსამართლო სწავლების ცენტრში, ანდა მოსამართლედ, გამომძიებლად, პროკურორად, ან ადვოკატად მუშაობის ერთი წლის გამოცდილება. კანონში 1999 წლის 28 მაისის შეტანილმა ცვლილების თანახმად, ყველა სასაწავლო კურსის გავლის გარეშე დანიშნული მოსამართლის თანაშემწე ვალდებულია 1 წლის განმავლობაში ჩააბაროს სპეციალური გამოცდა სამოსამართლო სწავლების ცენტრში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი გათავისუფლდებიან თანამდებობიდან.
მოსამართლის თანაშემწეს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სასამართლოს თავმჯდომარე მოსამართლის წარდგინებით.
სხდომის მდივანი
სასამართლო სხდომის მდივანი მნიშვნელოვან როლს ასრულებს სასამართლოს მუშაობაში. მათი მონაწილეობის გარეშე დაუშვებელია საქმეთა განხილვა სასამართლოში. სხდომის მდივანი აწარმოებს სასამართლო მიმდინარეობის ჩაწერას, ადგენს განხილვასთან დაკავშირებულ დოკუმენტებს და მოსამართლესთან ერთად ხელს აწერს მათზე. თითოეულ მოსამართლეს, უმრავლეს შემთხვევაში, ჰყავს ერთი სხდომის მდივანი. მას თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სასამართლოს თავმჯდომარე. სხდომის მდივანს გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალური სასაწავლო კურსი საქართველოს სამოსამართლო სწავლების ცენტრში, ან უნდა ჰქონდეს სხდომის მდივნად მუშაობის არანაკლებ ერთი წლის გამოცდილება. სხდომის მდივნებთან დაკავშირებული ეს ფუნქციები და პროცესები მოცემულია ორგანულ კანონში ,,საერთო სასამართლოების შესახებ”.
III . უზენაესი სასამართლოს აპარატი
უზენაესი სასამართლოს აპარატის შემადგენლობა და ფუნქციები იგივეა, რაც სხვა სასამართლოებისა, თუმცა იმ განსხვავებით, რომ უზენაესი სასამართლოს აპარატი იმავდროულად მუშაობს სასამართლო პრაქტიკის შესწავლის და განზოგადების, ასევე სასამართლო სტატისტიკის ანალიზის მიმართულებით. აპარატის განყოფილებების და ქვედანაყოფების დებულებებს ამტკიცებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. მის მუშაობას უძღვება აპარატის უფროსი,” რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს უზენაესი სასასართლოს თავმჯდომარე.
![]() |
5 თავი 4. მოსამართლეთა დისციპლინური პსაუხისმგებლობა |
▲ზევით დაბრუნება |
I. მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური სამართალწარმოება
2000 წელს მიღებული კანონი ,,საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ” განსაზღვრავს: ა) საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლებს; ბ) დისციპლინური სახდელის სახეებს; გ) დისციპლინური სამართალწარმოებისა და მოსამართლეთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წესს. აღნიშნული კანონით მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური დევნის აღძვრის უფლება აქვს:
- უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს საერთო სასამართლოების ყველა მოსამართლის მიმართ;
- აფხაზეთისა და აჭარის უმაღლესი სასამართლოების თავმჯდომარეებს აფხაზეთისა და აჭარის უმაღლესი სასამართლოების მოსამართლეების, ასევე მათ ტერიტორიაზე მოქმედი რაიონული და საქალაქო სასამართლოების მოსამართლეთა მიმართ;
- თბილისისა და ქუთაისის საოლქო სასამართლოების თავმჯდომარეებს, შესაბამისად, თბილისისა და ქუთაისის საოლქო სასამართლოების მოსამართლეების, ასევე მათ ტერიტორიაზე მოქმედი რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მოსამართლეების მიმართ;
- კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებში, საქართველოს იუსტიციის საბჭოს საერთო სასამართლოების ყველა მოსამართლის მიმართ (გარდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისა);
- აფხაზეთისა და აჭარის იუსტიციის საბჭოებს აფხაზეთისა და აჭარის უმაღლესი სასამართლოების მოსამართლეების, ასევე მათ ტერიტორიაზე მოქმედი რაიონული და საქალაქოსასამართლოების მოსამართლეთა მიმართ.
კანონის თანახმად, დისციპლინური დევნის დაწყებისთვის საბაბი შეიძლება გახდეს: ა) ნებისმიერი პირის საჩივარი ან განცხადება (ანონიმურის გარდა); ბ) სხვა მოსამართლის ან სასამართლოს თანამშრომლის მოხსენებითი ბარათი მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შესახებ; გ) ზემდგომი სასამართლოს კერძო განჩინება ან სხვა აქტი, რომლითაც დადგენილია მოსამართლის მიერ საქმის განხილვისას კანონის უხეში დარღვევა; დ) მოკვლევის ორგანოს უფროსის, გამომძიებლის ან პროკურორის შეტყობინება; ე) სხვა მოსამართლის ან სასამართლოს კერძო დადგენილება მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის დასაბუთებული ვარაუდის შესახებ; ვ) მედიაში გავრცელებული ინფორმაცია მოსამართლის მიერ ისეთი მოქმედების ჩადენის შესახებ, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს მოსამართლის მხრიდან დისციპლინურ გადაცდომად; ზ) სადისციპლინო კოლეგიის წარდგინება მოსამართლის მიმართ ახალი საფუძვლით დისციპლინური დევნის აღძვრის შესახებ.
ზემოაღნიშნული გარემოებების არსებობისას დისციპლინური დევნის აღძვრის უფლებამოსილებით აღჭურვილი თანამდებობის პირი ან ორგანო ორი კვირის განმავლობაში ახორციელებს წინასწარ შემოწმებას დევნის საფუძვლიანობის გასარკვევად. ორი კვირის შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება დისციპლინური დევნის აღძვრის ან მისი შეწყვეტის შესახებ.
დევნის აღძვრის შემთხვევაში, იქმნება სადისციპლინო კომისია სამი წევრის შემადგენლობით. თუ დისციპლინური დევნა აღძრა იუსტიციის საბჭომ, მაშინ კომისია იქმნება ერთი იუსტიციის საბჭოს წევრის, ერთი მოსამართლისა და იუსტიციის საბჭოს აპარატის თანამშრომლის შემადგენლობით. ხოლო თუ სასამართლომ აღძრა დისციპლინური დევნა, მაშინ კომისიაში შევა ორი მოსამართლე და ერთი აპარატის თანამ- შრომელი. კომისია ვალდებულია ერთი თვის ვადაში დაამთავროს საქმის მოკვლევა.

კომისიის დასკვნას განიხილავს ის ორგანო, რომელმაც აღძრა დისციპლინური დევნა.
იმ შემთხვევაში, თუ მიღებული იქნება გადაწყვეტილება მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემაზე, სამი დღის განმავლობაში საქმე განსახილვევლად ეგზავნება მოსამართლეთა დისციპლინურ საბჭოს.
II . საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისცილინო საბჭო
მოსამართლის მიმართ დისციპლინური საქმის განხილვას ახორციელებს საქართველოს საერთო სასამართლოების, ასევე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოები.
საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭო შედგება 12 წევრისაგან. სადისციპლინო საბჭოს 8 წევრს, რომელთაგან 3 უზენაესი სასამართლოს მოსამართლეა, 4 - აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების, ასევე თბილისისა და ქუთაისის საოლქო სასამართლოების მოსამართლე, ხოლო 1 - რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე, ირჩევს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია. სადისციპლინო საბჭოს 4 წევრს საქართველოს იუსტიციის საბჭოს მიერ წარდგენილი 8 კანდიდატიდან ხმათა უმრავლესობით ირჩევს ასევე მოსამართლეთა კონფერენცია.
აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოები შედგება 9 წევრისაგან.
აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს 6 წევრს, რომელთაგან 3 შესაბამისი უმაღლესი სასამართლოს მოსამართლეა, ხოლო დანარჩენი 3 - შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მოსამართლე, ირჩევს აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საერთო სასამართლოების მოსამართლეთა კონფერენცია. სადისციპლინო საბჭოს 3 წევრს შესაბამისი იუსტიციის საბჭოს მიერ წარდგენილი 6 კანდიდატიდან ხმათა უმრავლესობით ირჩევს აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საერთო სასამართლოების მოსამართლეთა კონფერენცია.

სადისციპლინო საბჭოებს ჰყავთ თავმჯდომარეები. თავად სადისციპლინო საბჭოში იქმნება კოლეგიები 3 წევრის შემადგენლობით. კოლეგია იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას საქმესთან დაკავშირებით. ეს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ და მხოლოდ სადისციპლინო საბჭოში. ყველა პროცესუალური მოქმედება, მხარეთა უფლება-მოვალეობები, კოლეგიის შექმნისა და სხვა პროცესუალური მოქმედების წესები დაწვრილებით არის განსაზღვრული კანონით.
თუ დისციპლინური საქმის მოკვლევის ან განხილვის ნებისმიერ ეტაპზე გაჩნდა დასაბუთებული ეჭვი სისხლის სამართლის დანაშაულის არსებობის შესახებ, საქმე ეგზავნება სისხლის სამართლებრივი დევნის უფლებამოსილებით აღჭურვილ ორგანოს.
დისციპლინური საქმის მასალები კონფიდენციალურია.
![]() |
6 თავი 5. მოსამართლეთა თვითმმართველობა |
▲ზევით დაბრუნება |
I. მოსამართლეთა კონფერენცია
ახალმა კანონმდებლობამ გაითვალისწინა მოსამართლეთა თვითმმართველობის ისეთი ორგანო, როგორიცაა მოსამართლეთა კონფერენცია, რომლის მოწვევა ხდება ექვს თვეში ერთხელ საქართველოს ყველა მოსამართლის მონაწილეობით (გარდა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებისა).
საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს ქარტიით, რომელსაც იუსტიციის საბჭოს წარდგინებით თვითონვე ამტკიცებს. კონფერენციის ორგანიზაციული სტრუქტურა შემდეგნაირია:
ა) ადმინისტრაციული კომიტეტი, რომელიც შედგება მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული 9 მოსამართლისგან, უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება და შეიმუშაოს აქტები საერთო სასამართლოების ადმინისტრირების საკითხებზე. ის აქტებს დასამტკიცებლად წარუდგენს მოსამართლეთა კონფერენციას.
ბ) საკოორდინაციო საბჭო, რომელიც ადმინისტრაციული კომიტეტის მიერ დანიშნული მმართველი მოსამართლეებისა და მოსამართლეთა კონფერენციის მიერ 5 წლის ვადით არჩეული სხვა მოსამართლეებისგან შედგება, პასუხისმგებელია საერთო სასამართლოებში ადმინისტრირების პოლიტიკის გატარებასა და მასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელებაზე. საკოორდინაციო საბჭოს მუშაობას საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ხელმძღვანელობს.
გ) სადისციპლინო საბჭო, რომლის შემადგენლობა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი ცალკე კანონითაა განსაზღვრული.
მოსამართლეთა კონფერენცია ისმენს საკოორდინაციო საბჭოს, სადისციპლინო კომიტეტისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის თავჯდომარეთა ყოველწლიურ ანგარიშს ამ ორგანოთა მუშაობის შესახებ. კონფერენციას შეუძლია მიმართოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს საქართველოს მატერიალურტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის თავჯდომარის გადაყენების მოთხოვნით. კონფერენცია საქართველოს იუსტიციის საბჭოს წარდგინებით იღებს სამოსამართლო ეთიკის კოდექსს.
II . მოსამართლეთა ასოციაცია
მოსამართლეთა ასოციაცია, როგორც მოსამართლეების პროფესიული გაერთიანება მოსამართლეთა გარკვეულმა ჯგუფმა ჩამოაყალიბა 1999 წელს. დრესდღეობით ასოციაციის წევრი საქართველოს თითქმის ყველა მოსამართლეა. ასოციაციის მიზანი მოსამართლეთა ინტერესების დაცვა, დამოუკიდებლობის, უსაფრთხოებისა და მდგრადობის გარანტიების განმტკიცებაა.
![]() |
7 თავი 6. საქართველოს იუსტიციის საბჭო |
▲ზევით დაბრუნება |
„საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის თანახმად, 12 წევრისაგან შემდგარი იუსტიციის საბჭო წარმოადგენს პრეზიდენტის სათათბირო ორგანოს, რომელიც შექმნილია სასამართლო რეფორმის გასატარებლად წინადადებების შემუშავების, მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის, წარდგენის, საკვალიფიკაციო გამოცდების ორგანიზებისა და კანონით დადგენილი სხვა ამოცანების შესასრულებლად. საბჭოს შემადგენლობა პარიტეტის საფუძველზე იქმნება. ოთხ წევრს ნიშნავს პრეზიდენტი, ოთხს - ირჩევს პარლამენტი (თუმცა დაუშვებელია საპარლამენტო უმრავლესობის ორზე მეტი წარმომადგენლის არჩევა), ხოლო ერთს - ნიშნავს უზენაესი სასამართლო. თანამდებობის მიხედვით, საბჭოს შემადგენლობაში შედიან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, აფხაზეთისა და აჭარის უმაღლესი სასამართლოების თავმჯდომარეები.
იუსტიციის საბჭოს წევრი, თუ ის არ არის პარლამეტის წევრი ან იუსტიციის მინისტრი, შეიძლება იყოს უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე ოცდახუთი წლის ასაკიდან. იუსტიციის საბჭოს წევრის უფლებამოსილება 3 წელს გრძელდება. ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს კიდევ 3 წლით და მხოლოდ ერთხელ.
იუსტიციის საბჭოს წევრს, თუ ის არ არის პარლამეტის წევრი ან იუსტიციის მინისტრი, უფლება არა აქვს ეკავოს სხვა თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში, თვითმმართველობის ორგანოში, ან ეწეოდეს სხვა ანაზღაურებად საქმიანობას, გარდა პედაგოგიური, სამეცნიერო და შემოქმედებითი მოღვაწეობისა. იუსტიციის საბჭოს წევრის ხელფასი არ შეიძლება იყოს პარლამენტის წევრის ხელფასზე ნაკლები.

საქართველოს იუსტიციის საბჭოს სხდომებს თავმჯდომარეობს საქართველოს პრეზიდენტი, ან საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე საქართველოს პრეზიდენტის დავალებით.
საქართველოს იუსტიციის საბჭოს უფლებამოსილებებია:
- პრეზიდენტისთვის მოსამართლის თანამდებობაზე კანდიდატის წარდგენა;
- პრეზიდენტისთვის საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის შემადგენლობის წარდგენა;
- რაიონული სასამართლოების მოსამართლეთა სპეციალიზაციის განსაზღვრა;
- მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის წარდგენით საერთო სასამართლოების (უზენაესი სასამართლოს გარდა) აპარატის სტუქტურის და საშტატო რაოდენობის დადგენა და დასამტკიცებლად პრეზიდენტისთვის წარდგენა;
- სასამართლო სტატისტიკის ანალიზის მასალათა განხილვა;
- კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საერთო სასამართლოების მოსამართლეების მიმართ დისციპლინური დევნის (უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების გარდა) აღძვრა;
- მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენა;
- პრეზიდენტისთვის წინადადების წარდგენა მოსამართლეთა კანონით დადგენილი წესით წახალისების თაობაზე;
- საქართველოს პრეზიდენტისთვის სასამართლო რეფორმის საკითხებთან დაკავშირებული წინადადებების შემუშავება;
- კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
საქართველოს იუსტიციის საბჭოს ჰყავს აპარატი, რომლის საქმიანობის წესს, ფუნქციებს და დებულებას განსაზღვრავს პრეზიდენტი. აპარატის მუშაობას უძღვება იუსტიციის საბჭოს მდივანი, რომელსაც იუსტიციის საბჭოს წევრთაგან (იუსტიციის მინისტრისა და პარლამენტის წევრების გარდა) 3 წლის ვადით ნიშნავს პრეზიდენტი. იუსტიციის საბჭოს მდივნის ფუნქციებია: იუსტიციის საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა, საბჭოს სხდომათა მომზადება, თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამსახურებრივ დოკუმენტებზე ხელის მოწერა და კანონმდებლობით განსაზღვრული სხა უფლებამოსილებების შესრულება.
აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკებში ფუნქციონირებს ამ რესპუბლიკების იუსტიციის საბჭოები, რომლებიც შესაბამის ავტონომიური რესპუბლიკაში კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებენ ანალოგიურ ფუნქციებს. მათ თავმჯდომარეობენ ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი თანამდებობის პირები.
![]() |
8 თავი 7. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო სამსახური |
▲ზევით დაბრუნება |
საერთო სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების (სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეების შესახებ) აღსრულების წესსა და პირობებს აწესრიგებს 1999 წელს მიღებული კანონი „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“.
კანონით სააღსრულებო საქმიანობას უძღვება სააღსრულებო დეპარტამენტი, რომელიც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შემადგენელი სტრუქტურული ერთეულია, ხოლო სააღსრულებო დაწესებულებებია საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკების ტერიტორიული ორგანოები - სააღსრულებო ბიუროები.
იმ შემთხვევაში, თუ შექმნილი წინააღმდეგობის გამო ვერ ხერხდება გადაწყვეტილების აღსრულება ხელოვნურად, სამოქალაქო სააღსრულებო სამსახურის გარდა იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის სტრუქტურაში შექმნილია სააღსრულებო პოლიციის სამმართველო. სააღსრულებო პოლიციის თანამშრომელს უფლება აქვს გადაწყვეტილებათა აღსრულებისას გამოიყენოს ფიზიკური ძალა კანონით მინიჭებულ ფარგლებში.
![]() |
9 თავი 8. საერთო სასამართლოების დეპარტამენტი |
▲ზევით დაბრუნება |
საერთო სასამართლოების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისთვის საქართველოს უზენაესი სასამართლოში შექმნილია საერთო სასამართლოების დეპარტამენტი, რომელიც გათვალისწინებულია ორგანული კანონით ,,საერთო სასამართლოების შესახებ”. დეპარტამენტის მუშაობას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე საქართველოს იუსტიციის საბჭოს წარდგინებით.
დეპარტამენტი:
- „განკარგავს ფინანსებს სასამართლოების საქმიანობისა და მათი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის უზრუნველსაყოფად;
- უზრუნველყოფს სასამართლოებს სათანადო შენობა-ნაგებობებით;
- უზრუნველყოფს სასამართლოებს მათი საქმიანობისთვის აუცილებელი ნორმატიული აქტებითა და სხვა მასალებით;
- ამოწმებს სასამართლოების მიერ ფინანსური და მატერიალური რესურსების ხარჯვას;
- ახორციელებს სხვა ღონისძიებებს სასამართლოების საქმიანობის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისათვის“.
საერთო სასამართლოების დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციისა და საქართველოს იუსტიციის საბჭოს წინაშე.
![]() |
10 თავი 9. პროკურატურა |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს კონსტიტუციამ საქართველოს პროკურატურა განსაზღვრა როგორც სასამართლო ხელისუფლების შემადგენელი ერთეული, მისი დაწესებულება.
პროკურატურა: 1. ახორციელებს სისხლის სამართლებრივი დევნას; 2. სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელების უზრუნველსაყოფად წინასწარი გამოძიების სტადიაზე ახორციელებს საპროცესო ხელმძღვანელობას; 3. კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში სრული მოცულობით ატარებს წინასწარ გამოძიებას. 4. ზედამხედველობს კანონის ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებაზე მოკვლევისა და ოპერატიულ-სამძებრო ორგანოების საქმიანობისას; 5. ზედამხედველობს კანონის ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებაზე სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის მოხდისას, თხზულებიღი ხასიათის სხვა ღონისძიებათა აღსრულებისას, აგრეთვე დაკავების, წინასწარი პატიმრობის და ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის სხვა ადგილებში; 6. სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის განხილვაში მონაწილეობს, როგორც მხარე და მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას; 7. კოორდინაციას უწევს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას.
პროკურატურის მუშაობას უძღვება გენერალური პროკურორი, რომელსაც სიითი შემადგენლობის უმრავლესობით 5 წლის ვადით ირჩევს პარლამენტი. ქვემდგომ პროკურორებს თანამდებობაზე თავად გენერალური პროკურორი ნიშნავს. კანონმა პროკურორებითვის, ისევე როგორც მოსამართლეებისთვის, გაითვალისწინა საკვალიფიკაციო გამოცდები, რომელსაც საქართველოს იუსტიციის საბჭო ატარებს.
პროკურატურაზე კონტროლის განხორციელების უფლება, კანონით მინიჭებული ფარგლების გათვალისწინებით და შესაბამისი პროცედურის დაცვით, მინიჭებული აქვთ საქართველოს პარლამენტს, საქართველოს პრეზიდენტსა და სასამართლო ხელისუფლებას.
ორგანული კანონი პროკურატურის შესახებ განსაზღვრავს გამოცდების ჩატარების წესს, ასევე პროკურატურის უფლებამოსილებას, ორგანიზაციას, საქმიანობის წესსა და ა.შ.
![]() |
11 დანართი |
▲ზევით დაბრუნება |
სასამართლო ხელისუფლებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების ჩამონათვალი
1. კანონი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ - 1996 წ.
2. კანონი საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ - 1996 წ.
3. კანონი საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ - 1996 წ.
4. კანონი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ - 1996 წ.
5. კანონი საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრთა შრომის ანაზღაურების თაობაზე - 1996 წ.
6. კანონი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა შრომის ანაზღაურების თაობაზე - 1996 წ.
7. ორგანული კანონი საერთო სასამართლოების შესახებ - 1997 წ.
8. ორგანული კანონი საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ - 1999 წ.
9. კანონი საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ - 2000 წ.
10. ორგანული კანონი პროკურატურის შესახებ - 1997 წ.