![]() |
ჟამი დუმილისა და ჟამი უბნობისა (რომანი) |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: ბათიაშვილი გურამ |
თემატური კატალოგი ლიტერატურა|მხატვრული ლიტერატურა |
წყარო:
ბათიაშვილი, გურამ ჟამი დუმილისა და ჟამი უბნობისა : რომანი / გურამ ბათიაშვილი ; [რედ.: როინ მეტრეველი, ზაზა აბაშიძე] - თბ. : საარი, 2007 - 365გვ. ; 18სმ. - ISBN 99940-60-20-1 : [ფ.ა.][MFN: 31719] UDC: 821.353.1-31 K 60.307/2 - საერთო ფონდი K 60.308/2 - საერთო ფონდი K 60.309/2 - ხელუხლებელი ფონდი F 18.677/2 - ხელუხლებელი ფონდი |
საავტორო უფლებები: © ბათიაშვილი გურამ |
თარიღი: 2007 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: 1999–2003 წწ. |
![]() |
1 ცხენთა შეჯიბრებაზე |
▲ზევით დაბრუნება |
ბაჩევა ცხენთა შეჯიბრებაზე არასოდეს ყოფილა. რომ არა თინათის დაჟინება, ცხადია, არც დღეს წავიდოდა - თინათიმ არ მოასვენა: წამოდი, დიდებულნი, საქართველოს უკეთესი შვილნი იქ იყრიან თავს, უსათუოდ უნდა ნახო. მთავარი მერე თქვა: იქ უშუს გაგაცნობ, ბოლოს და ბოლოს ხომ უნდა იცნობდე საქართველოს ღირსეულ შვილებსაო. თინათის დაჟინება რომ დაეცხრო, ბაჩევამ უხალისოდ მიუგო: ვინძლო, მოვიდეო.
უშუ სამეფო დარბაზის წევრის, ფრიად დიდებულის, საურმაგის ერთადერთი ვაჟი გახლდათ. თინათი გამუდმებით უშუს ახსენებდა: ,,უშუმ ეგრე თქვა,“ „უშუმ მოიწყინა“ „უშუს კონსტანტინეპოლში ისეთი მოძღვარნი ჰყავდა, ჩვენში არც კი გაუგიათ.“ ერთხელ კი ოცნებაში წასულმა, თვალებმილულულმა ბაჩევას გაანდო: “უშუს რომ გულში რაიმე არ ედოს, ეგრე ცისკარივით ხომ არ გამიღიმებდა?!“ ისიც დასძინა თინათიმ: ,,რომ იცოდე, როგორი ღიმილი აქვს - გულისკარს გაგიხსნის და შიგ ჩაგისახლდებაო.“
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სამეფოს გული - ტფილისი არც ისე დიდი ქალაქი გახლდათ, ბაჩევა უშუს არასოდეს შეხვედრია, თვალიც კი არ მოუკრავს მისთვის, მაგრამ თინათიმ იმდენი რამ უამბო, ასე ეგონა, დანახვისთანავე ვიცნობო.
ცნობისმოყვარეობამ სძლია, თუ თინათის დაჟინებამ, ბაჩევა უხალისოდ, მაგრამ მაინც მივიდა და ორივენი მტკვრის გაყოლებაზე გადაშლილი დიდი ველისაკენ გაეშურნენ - ყოველი აღდგომის წინა კვირას ცხენთა ასპარეზობა აქ იმართებოდა ხოლმე. თინათის ძლიერ უხაროდა ბაჩევასთან ერთად რომ მიდიოდა ცხენთა შეჯიბრებაზე - სულ კისკისებდა: მისი ხმამაღალი, გამომწვევი სიცილი ახლადშეფოთლილ ბუჩქებს ლამის არხევდა - დარწმუნებული იყო უშუთი ბაჩევას გააკვირვებდა და ეს ახალისებდა.
ებრაელთაგან დოღის სანახავად პატარა ბიჭები თუ გაიქცეოდნენ - რვა-ათი წლისა. მერე დოღზე დასწრების სურვილი არავის უჩნდებოდა: გართობა ქართველთა საქმეა, ებრაელებს კი იქ არაფერი ესაქმებათო. მიაჩნდათ, რომ ებრაელებს ყველაზე მეტი საზრუნავი აქვთ. ალბათ, არც თუ უსაფუძვლოდ. ყ ველა ებრაული ადათის, ჩვეულების, რელიგიური დოგმის ზედმიწევნით ზუსტად შესრულება და ოჯახის მოვლა-დაპურება დიდ დროსა და ჯაფას თხოულობდა.
ბაჩევას ოჯახი კი ძლიერ განსხვავდებოდა სხვა ებრაელთა ოჯახებისაგან: ერთობ ღირსეული კაცის შვილი იყო, ისეთ ოჯახში გაიზარდა, ბედს ისე ჰყავდა განებივრებული, რომ არარა საზრუნავი არ აწუხებდა. მთავარი სურვილი იყო, მთავარი იყო რაიმე მოსურვებოდა. ხელი რას ან რატომ უნდა შეეშალა? დიდებულები, რომლებიც მეფის კარზე ტრიალებდნენ, ამა თუ იმ ასპარეზობას, დარბაზობებს ამშვენებდნენ, ბაჩევას ოჯახის სტუმრებიც იყვნენ - მათი მდიდრულად მოკაზმული ცხენები ბაჩევას სახლის წინ არაერთხელ შემდგარან. ისინი ბაჩევას მამას - ზანქანს სტუმრობდნენ ხოლმე. დიდებულები აუჩქარებლად გადმოვიდოდნენ ცხენებიდან, სადავეებს მსახურთ მიუგდებდნენ და საკუთარი ღირსების ხაზგასმით - თავაღერილნი, ამაყად მომზირალნი შემოდიოდნენ ეზოში. მოურავი შელო ფეხაკრეფით ეახლებოდა ზანქანს, ხმადაბლა, აუჩქარებლად მოახსენებდა: „გამჩენის ნებით, დიდებული გიორგი მობრძანდა, ღმერთმა სასიკეთო ქნას მისი სტუმრობა“ ან „გამჩენის სურვილით, დარბაზის წევრმა დიდაზნაურმა ივანემ ჩვენთან მობრძანება მიიჩნია საჭიროდ, ღმერთმა სასიკეთო ქნას მისი სტუმრობა“. ზანქანიც მშვიდად, აუჩქარებლად მიუგებდა: ,,მიეგებე, პატივით მიიღე“ თავად კი განიერი კიბის თავში დადგებოდა, უფროს შვილს - მორდეხაის გვერდში ამოიყენებდა და სტუმარს იქ ელოდა. ვინ, რომელი დიდებული არ მობრძანებულა ამ ოჯახში და ბაჩევას არ ახსოვს მამა კიბის თავს ჩამოსცილებოდეს. ერთხელ ღვინით და თურქ-სელჩუკებთან ბრძოლაში გამარჯვებით გათამამებულ რომელიღაც დიდებულს შეუძახნია: ,,ეს რასა ჰგავ, ამხელა კაცი გესტუმრე, ზანქან, შენ კი კიბის თავიდან გადმომცქერ, ქვევით ჩამოსვლას არ ნებულობ“ ზანქანს სტუმრისთვის მდაბლად დაუკრავს თავი და აუჩქარებლად უპასუხნია:
- მაგის უფლებას მეფისადმი რიდი და კრძალვა მაძლევს. აქედანა და ჭიშკრამდე მანძილი იმას ეკუთვნის. შენ რომ მანდ შეგეგებო, საქართველოს მეფეს სადღა მოვუყარო მუხლი. ვინძლო, ერთ მზიან დღეს ღმერთმა ღირსმყოს და საქართველოს მეფე მესტუმროს!
ზანქანისა და სტუმრის საუბარი, ზოგჯერ პურობა, კონსტანტინეპოლის ყაიდაზე მორთულ დარბაზში იმართებოდა, ან ეზოში, დიდი მუხის ქვეშ. თუ ზანქანი სტუმართან ბაასს აქ მოისურვებდა, შელოს ეტყოდა, დღეს მუხის ქვეშ ჯდომას არაფერი სჯობსო. შელოც თავს დაუკრავდა და ეზოში ჯერ ჭილოფებს და ბალიშებს გამოარბენინებდნენ, მერე ტაბლასა და ხმელ ხილს, ზანქანი და მისი სტუმარი კიბეზე მერეღა დაეშვებოდნენ. აუჩქარებლად, დინჯი ბაასით მოდიოდნენ.
ზანქანის სასახლეს არა მარტო ყორე, კედლებიც იმოდენა ჰქონდა, ოთახებში სიცივე ვერ ატანდა. ზაფხულობით კი სიგრილე იდგა. თუმცაღა, ოჯახი ზაფხულს იშვიათად ატარებდა ტფილისში - შაბუყოთიდან1 მოყოლებული შუა სელიხოთამდე2 მთაში, გუდამაყრის ხეობაში, შავი არაგვისპირა სახლში იყვნენ. ბაჩევას მთელი ზაფხული შავი არაგვის დგაფუნი ჩაესმოდა ყურებში, შესცქეროდა დიდ ლოდებზე როგორ ხტოდა მდინარე. არაგვისპირა სახლი ფეთხაინისას არ ჰგავდა - სამივე მხარეს განიერი ოვალური აივანი ჩასდევდა.
არაგვი სწორედ ამ აივნის ქვეშ ხტოდა, დგაფუნობდა. ზანქანს ამ აივანზე უყვარდა სტუმრის მიღება. აქ უმეტესად ებრაელები სტუმრობდნენ, ისინი არაგვის იქეთა ნაპირზე, ბექობზე ცხოვრობდნენ. ამბობდნენ, ეს სახლი სწორედ იმ მიდამოებში დგას, რომელშიც ერთ დროს სპერის ზღვით საქართველოში მოსულ ებრაელთა შთამომავლები დასახლდნენო. საქართველოს იმდროინდელი დედაქალაქის - მცხეთის შემოგარენიდან აქ დიდძალი ებრაელობა მას შემდეგ ამოსულა, რაც მცხეთის ებრაელობის ერთ ნაწილს ქრისტიანობის გავრცელება დაუწყია. იმათ, ვინც მოსეს თორის ერთგულნი დარჩნენ, მთას მიას მიაშურეს. ამით გაერიდნენ ახალ ღმერთს.
ბაჩევას არ ახსოვს მამას სიმღერა წამოეწყოს - ხმადაბლა, თავაზითა და შთამაგონებლად საუბრობდა. ღვინო იშვიათად ერეოდა - იმდენს არც სვამდა, ღვინოს დაეჯაბნა. სტუმრების სიმღერები კი ხშირად ესმოდა - გატაცებით მღეროდნენ. გარინდებული ზანქანის სახეზე ამ დროს ნეტარება იკითხებოდა - ძლიერ უყვარდა ქართული სიმღერები და მათი მოსმენა ნამდვილ სიამეს ჰგვრიდა.
თინათი ცხენიდან მარდად გადმოხტა, მშვიდობით მოვედითო და პირჯვარი გადაიწერა, სადავე კი მსახურს მიუგდო. ბაჩევაც მყისვე გადმოხტა ცხენიდან. სადავე მსახურს მიაწოდა და გაუღიმა.
ბაჩევა ადამიანების სიმრავლემ გააოცა - ცხენთა შეჯიბრებაზე ზღვა ხალხი მოსულიყო. ბაჩევამ ჯერაც არ იცოდა როგორ საქართველოში მოუწია ცხოვრება, ჯერ მხოლოდ მეჩვიდმეტე წელიწადში იდგა და არ უწყოდა, რომ საქართველოში ყოველთვის ასე არ იყო - ადამიანებს ასე არ უყვარდათ ერთმანეთი, ხოლო როცა ადამიანებს ერთმანეთი არ უყვართ, მტერსაც დაჯაბნილი ჰყავს და სიდუხჭირესაც.
ცხენთა შეჯიბრება, ცხადია, საამო საცქერი იყო, მაგრამ უფრო საამო ის იყო, რომ ადამიანებს ერთმანეთთან შეხვედრა, ბაასი ახარებდათ. მტკვრისპირა ველი პირთამდე გავსებულიყო, ხმაური, აურზაური მაინც არ იდგა. ადამიანები მშვიდად მიმოდიოდნენ, ერთმანეთს თავაზიანად უკრავდნენ თავს, თან ხელს ისე მიიდებდნენ მკერდზე, ზედ გულთან, აშკარა იყო, რომ ერთმანეთისადმი მოწიწებას გამოხატავდნენ. ბაჩევას ათასგზის ენახა ქართველთა ასეთი მისალმება - ერთმანეთისადმი ხაზგასმული პატივისცემის ასეთი გამოხატვა, მაგრამ დღევანდელი დღე მაინც განსხვავებული იყო: პირველად ხედავდა ერთად შეყრილ ამოდენა ხალხს, პირველად ჩაესმოდა ყურში ამდენი მშვიდად, თავშეკავებულად წარმოთქმული ,,სალამი და გამარჯვება, ბატონო ჩემო!“ „გამარჯვება ნუ მოგიშალოს ღმერთმა,“ ,,გამარჯვება, დიდაზნაურო!“ ,,დიდება, შენდა, ღმერთო, რახან გიხილე, დიდებულო!“ უფრო ხშირად ქალთა თავისუფალი, ლაღი კისკისი ისმოდა - მას შემდეგ, რაც საქართველოს სამეფო ტახტზე ქალი დაჯდა, მას შემდეგ, რაც მეფედ ქალი აკურთხეს, თავშეყრის ადგილებში ქალთა კისკისმა იმატა. ქალების მზერას, ხმას სითბოც მეტი დაეტყო და სილბოც. ბაჩევას ასეთი რამ ბიზანტიაშიც კი არ ენახა. შარშან მამამ მთელი შემოდგომა-ზამთარი ასტუმრა კონსტანტინეპოლს - აქ მორდეხაი ვარსკვლავთმრიცხველობას სწავლობდა - რა დიდებულ ოჯახებში იყვნენ წვეულნი, რამდენ ადამიანს შეხვდნენ. მორდეხაიმ სპარტაკიადის ასპარეზობასაც კი აწვია, მაგრამ ქალთა ასეთი კისკისი არსად არ სმენია. ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ საქართველოს ტახტის მეუფე ქალის ძალა და ღირსება ყოველ ქალში გადანაწილდა. ესენიც, ქართველი ქალები, ისევე ღირსეულად, ამაყად და მეგობრულად მომღიმარნი იდგნენ, როგორც თავად მეფე დადგებოდა. ბაჩევამ მეფეს კი ამ რამდენიმე თვის წინათ, მხოლოდ ერთხელ მოჰკრა თვალი - მეფედ კურთხევის დიდ დარბაზობაზე. ამ დარბაზობაზე ზანქანის მთელი ოჯახი იყო მიწვეული. ეს ამბავი მანამ იყო, სანამ მორდეხაი სასწავლებლად კონსტანტინეპოლს გაემგზავრებოდა, დარბაზობაზე მორდეხაიც კი იყო.
ზანქანი და იოხაბედი მეფეს ეახლნენ ისე, როგორც სხვა დიდებულნი. კურთხევა მიულოცეს. ბაჩევა და მორდეხაი მოშორებით იდგნენ, მაგრამ კარგად ხედავდნენ მეფეს.
თამარი მეფედ კურთხევის დღეს ფიქრმორეული უფრო იყო, ვიდრე გახარებული. მასთან მისალოცად მისულ ადამიანებს თითქოს სულის სიღრმეში სჭვრეტდა. ალბათ, ამიტომ თქვა იმ ღამეს სახლში მობრუნებულმა ზანქანმა: „ქალი ბრძანდება ჩვენი მეფე, მაგრამ გამჩენს კაცის გონება მიუცია.“
ბაჩევა ყურადღებით შესცქეროდა შეჯიბრებაზე მოსულ ქალებს, აკვირდებოდა მათს მოძრაობას, იმას, თუ როგორ ბაასობდნენ და კვლავ მამის ნათქვამი ახსენდებოდა. ამას წინათ ზანქანი იოხაბედს ეუბნებოდა: „თუ შეამჩნიე, რაც ჩვენს მეფედ ქალი დაჯდა, როგორ შეიცვალნენ ქართველი ქალები?“ „არა, ბატონო, არსად მინახავს“ მიუგო იოხაბედმა ქმარს. ,,თუ კარგად დააკვირდები, დაინახავ: ქართველი ქალები, ახალგაზრდები, გაუთხოვარნიც კი, ამაყნი და მზერით გამჩხრეკნი გახდნენ.“
თითქოს მამის ნათქვამს ამოწმებსო, ბაჩევამ თინათის გადახედა. თინათის ბაჩევას აქ ყოფნა დაავიწყდა კიდეც - ვიღაცას გაფაციცებული დაეძებდა. ბაჩევას დაჟინებულმა მზერამ მაინც მოახედა, ჯერ გაუღიმა, მერე კი ნაღვლიანად თქვა:
- ნეტა, სად არის? რატომ არა ჩანს?
ბაჩევამ პასუხი არ გასცა. მას ახლა ადამიანების ცქერა უფრო იზიდავდა, ვიდრე იმის გარკვევა, თუ რატომ არ მოვიდა უშუ. კარგა ხანს შესცქეროდა მოსეირნე ადამიანებს. რამდენიმე ნაცნობ, მამასთან დამეგობრებულ დიდებულსაც კი მოჰკრა თვალი. ხოლო ტანმაღალმა, თავმომწონედ მომავალმა, გამხმარი თუთუნისფერი ქსოვილის ქუდიანმა აბულასანმა - ქართლის ამირამ, ტფილისის გამგებელმა და სამეფო დარბაზის წევრმა, ცოლ-შვილით რომ ჩაიარა და ბაჩევა დაინახა, შეჩერდა, ცოლს უთხრა, აგერ, დიდვაჭარ ზანქანის ქალწულიც აქ არისო, ბაჩევას თბილად გაუღიმა და გზა განაგრძო. რამდენიმე ნაბიჯი რომ გაიარა, აბულასანი თანამეცხედრეს მიუბრუნდა:
- ხომ იცი, ხომ გახსოვს რომელია ეგ ზანქანი!
აბულასანის მეუღლემ, მკერდსავსე და ცისფერთვალება ქალმა, თანხმობის ნიშნად თავი დააქნია და ღიმილით თქვა:
- ასე ვგონებ, არცა სტყუოდა!
წინა კვირას მთელი ქალაქი ზანქან ზორაბაბელზე ლაპარაკობდა. დედა-ქალაქში ერთი ისეთი ამბავი მოხდა, იყო კიდეც სალაპარაკო: კვირას, ნაშუადღევს ფანასკერტელიანთ დიდი წვეულება ჰქონდათ: დღეიდან იუდეველნი აღარა ვართ, იუდევლობაზე საქვეყნოდ ვამბობთ უარს, წელს აღდგომას ჭეშმარიტ ქრისტიანებად ვეგებებით და ამის დასტურად ფესახში პურობას ვმართავთო.
უკვე კარგა ხანი იყო იუდეველს ქრისტეს რწმენა არ მიეღო, აღარც კი ახსოვდათ ის დრო, იუდეველმა როდის გამოიცვალა რჯული.
ზანქანს პურობაზე მიწვევა რომ მიუღია, ბევრი უცინია და საქვეყნოდ გამოუცხადებია:
- იუდეველთაგან ქრისტიანად გადასვლა არახალია, მთავარი სხვა რამ არის: უფანასკერტელობას იუდეველნი არ დაიტირებენ, ღმერთმა ქნას, ეგ ოჯახი ხვალ მაზდეანთ არ მიუერთდნენ!
ეგრე რადაო, ქრისტეს რჯულზე მოქცევა, ღიმილისმომგვრელი რად არისო, უკითხავს თურმე ვიღაცას - ზანქანის ღიმილით განაწყენებულს - რაზეც საურმაგს, სამეფო დარბაზის წევრს, უთქვამს:
- სწორად უბნობს ზანქანი - წაღმა-უკუღმა მჯდომარენი რჯულს ძალას აკლებენ.
ბაჩევა მარტოობამ რომ მოჰქანცა, სწორედ მაშინ იგრძნო ვიღაცის დაჟინებული მზერა. ეს მზერა იმდენად ძლიერი იყო, თითქოს გამოფხიზლდა, ძალა მოიკრიფა, წინააღმდეგობის მისთვის დღემდე უცნობი გრძნობა დაეუფლა - წინააღმდეგობა კი ის იყო, რომ ასე ჯიუტად მომზირალს ზურგი აქცია.
ზანქანის ასული თავდახრილი იდგა, მიწას დასცქეროდა და ბრაზობდა, ასე დაჟინებით ვინ და რატომ მომჩერებიაო.
თავს თითქოს ჯიბრზე არ სწევდა, არ უნდოდა ასე ჯიუტად მომზირალისათვის სახე დაენახვებინა. მერე გაიფიქრა, რახან ასე ჯიუტად მომჩერებია, ერთი თავხედი ვინმე უნდა იყოს, მე კი სახეს ბალღივით ვუმალავ, თითქოს დედას ვებუტებოდეო და ბრაზმორეულმა ასწია თავი, ეწადა მზერით დაეტუქსა ის ჯიუტი მოთვალთვალე, მზერით ეთქვა: აბეზარი რომ ხარ, ამას აიტანდა ადამიანი, ქვეყნად შენნაირ აბეზართ რა გამოლევს, დიდი თავხედიც ყოფილხარო.
ბაჩევამ მოთვალთვალეს კუშტი მზერა შეავლო თუ არა, სიწითლე მოერია, თავი უმალ დახარა. თვალები მოხუჭა, სული მოითქვა და ასე მოეჩვენა, მოთვალთვალე ბიჭს კი არა, გაზაფხულს შეავლო თვალი. ის ბიჭი გაზაფხულს ჰგავდა: ახლადაბიბინებული წვერულვაში, ხორბლისფერი სახე, ცისფერი თვალები, განსაკუთრებით კი ღიმილი, გაზაფხულს ამსგავსებდა. ბაჩევას სიბრაზემ უმალ გაუარა, გაეღიმა კიდეც. იმ ბიჭს გაუღიმა? არა, იმას, რაც დაინახა - გაზაფხულს. იმდენად მომხიბლავი სურათი იყო - აპრილის მოწმენდილ, ლურჯი ცის ფონზე ეს უცნობი მომღიმარი ბიჭი... თავს ვერ სძლია - ამ სურათს კუშტად ვერავინ შეხედავდა. ამ სურათის შემხედვარეს შუბლი უნდა გაგეხსნა.
გახსნა კიდეც - გაიღიმა.
სწორედ ამ დროს შემოჰკრეს ზარს. შეჯიბრი იწყებოდა. იმ ბიჭმა ცხენს აღვირში წაავლო ხელი, ბაჩევას კიდევ ერთხელ გაუღიმა და წავიდა. ათიოდ ნაბიჯი არ ექნებოდა გავლილი, რომ მობრუნდა, ბაჩევას ახლო მეგობარივით დაუქნია ხელი და იქით გაემართა, სადაც შეჯიბრების დიდი ალამი იყო აღმართული.
დოღმა მიწა გაახურა - ცხენები ისეთი ძალმოსილებით გარბოდნენ, გეგონებოდათ, იქ, სადაც მიირბენენ, მხედრებს აღიარება კი არა, უკვდავების მიმნიჭებელი ფირმანი ელითო... მხედრები ყიჟინას სცემდნენ, მაყურებელი - კიდევ უფრო მეტად. ისეთი ხმაური დადგა, ადამიანს თავბრუ დაეხვეოდა. მტკვრისპირა ველზე ამ ხმაურით, ყიჟინით, უხამსი შეძახილებითაც კი თუ შეიტყობდი, რომ სულ რამდენიმე ათეული წელი გასულიყო მას შემდეგ, რაც ამ ქვეყანაში იშმაელნი მეუფებდნენ. ჯირითის მაცქერალნი უდაბნოთა ყიჟინას სცემდნენ, იმას კი არ უწყოდნენ, რომ იშმაელნი ქვეყნიდან გაეძევებინათ, სულიდან კი - ვერა. ამგვარი არაქართული ყიჟინით ადასტურებდნენ, რომ იშმაელიანობა სულში შემორჩენოდათ.
ბაჩევა დოღს შესცქეროდა, მაგრამ ვერაფერს ხედავდა - მისი ფიქრი სულ სხვაგან ქროდა. თვალწინ ის ღიმილი ედგა, იმ ყმაწვილს დაეძებდა. ვერსად მოჰკრა თვალი.
მერე მისი ხილვის იმედი სულაც დაჰკარგა. ამან კიდევ უფრო ატკინა გული. შეჯიბრისადმი ინტერესი ისედაც არ ჰქონდა, ახლა სულაც უგუნებოდ, უგულოდ იჯდა წიფლის ხისგან ახლად გაჩორკნილ ფიცარზე. თინათის სიტყვებიც ვერ გააცნობიერა. ესმოდა, როგორ არ ესმოდა თინათის ნათქვამი: ,,აგე, უშუც მოვიდა, აგე, უშუ!“ კარგად ესმოდა, მაგრამ სიტყვებს გონება ვერ აცნობიერებდა. ბაჩევას დაბნეულობას იმანაც შეუწყო ხელი, რომ ის გაზაფხული, ის ღიმილი ისევ მოევლინა - აგერ, მის წინ იდგა და გარემოს ისევე ასხივოსნებდა, როგორც ამ რამდენიმე წუთის წინათ.
უშუ ძე საურმაგ ფავნელისა იმ ქართველ ახალგაზრდათაგანი იყო, საქართველოს უკანასკნელი წლების გამარჯვებები გონივრულად რომ გამოიყენეს. თურქ-სელჩუკებზე გამარჯვებას, საქართველოს ტერიტორიიდან მათს საბოლაო განდევნას, ბევრი სიკეთე მოჰყვა. ერთი ამათგანი ის იყო, რომ ქართველი ჭაბუკები ბიზანტიას მიეტანნენ - ზოგი ბიზანტიის ეკლესია-მონასტრებში ქართველ ბერ-მონაზონთა კვალს მისდევდა, ზოგი ვარსკვლავთმრიცხველთ - ასტრონომთ დაუდგნენ შეგირდებად, ზოგი კიდევ მჭერმეტყველთ. მათგან სწავლა იქციეს მთავარ საქმედ. უშუმ ფილოსოფოსთაგან სწავლა ირჩია. საურმაგ ფავნელი გამგზავრების წინ სულ სხვა რამეს სთხოვდა, მაგრამ უშუ მაინც ამათ უსმენდა - ისე კარგად ხსნიდნენ სამყაროს წარმომავლობას, ბიზანტიისა, თუ სხვა ქვეყნების უკეთეს შვილთა აზრის მისნობას, უშუს სხვარამ არც იზიდავდა.
უშუმ სამი წელი გაატარა კონსტანტინეპოლს და რომ არა ყმაწვილი მეფე თამარი - მას სწორედ უშუსნაირი ახალგაზრდები სჭიროდა - დღესაც იქ იქნებოდა. ორიოდ თვის წინ დაბრუნდა თბილისში. „თუ თქვენ, ძმანო ჩემნო, დაუბრუნდებით სამშობლოს, იგი კიდევ ერთ ნაბიჯს წარსდგამს წინ“, - უთხრა მეფემ პირველსავე შეხვედრაზე უშუს და მის მეგობრებს.
დღეს კი უშუ უგუნებოდ იყო: ამ ორიოდ კვირის წინათ ბიზანტიიდან კიდევ ერთი ჭაბუკი, სწორედ კონსტანტინეპოლში დამეგობრებული აბესალომ ძე იორამისა ჩამოვიდა. იგი თავის მიწა - მამულს - ბაზალეთს დაუბრუნდა, მაგრამ მალე ქალაქისაკენ გამოუწია გულმა, აქ მეგობრებში ტრიალებდა. გუშინ მზე გადახრილი იყო, უშუ და აბესალომი ძე იორამისა ერთმანეთს რომ გადაეხვივნენ, იქედან მოყოლებული ლამის მზის ამოსვლამდე ისხდნენ და ბაასობდნენ. ცხადია, ღვინოსაც შეექცეოდნენ, მაგრამ ამასაც კონსტანტინეპოლურად - ცოტას.
მზემ რომ ქვეყნიერება ხელახლა გააცისკროვნა, ორივემ ძილს მისცა თავი. მაგრამ აბა, რა ძილს მოასწრებდა უშუ - შუადღისპირზე მტკვრისპირა ველზე, ასპარეზობაზე უნდა ყოფილიყო - სიტყვა ჰქონდა მიცემული. წელი ძლივს აითრია. დღეს უშუს შეჯიბრი არ ეწადა. დღეს ძილი უნდოდა. ასე ფიქრობდა მანამ, სანამ თინათის გვერდით უცნობ გოგონას მოჰკრავდა თვალს. როგორც კი ეს გოგონა დაინახა, ფეხქვეშ მიწა იგრძნო და თავსზემოთ ცა. გოგო გაღიმებულ, სავსე მთვარეს ჰგავდა, მაგრამ ეგ არ იყო მთავარი - რამდენი ასეთი პირბადრი მთვარის მსგავსი გოგონა უნახავს უშუს - ეს სხვანაირი იყო. თითქოს კარგა ხნის ნაცნობი და ახლობელი. ამიტომ შესცქეროდა ასეთი გასხივოსნებული ღიმილით, ხოლო მოგვიანებით, როცა იმ გოგონამ ზურგი აქცია, მოეჩვენა, ქვეყნიერებაზე ბინდმა დაისადგურაო - უხმო, უფერო და უღონო ადამიანები სიბნელეში დაეხეტებოდნენ და არაფერი, სრულიად არაფერი არ ჰქონდათ საერთო ერთმანეთთან.
მერე ცხენთა შეჯიბრიც დაიწყო. უშუ იქით გაემართა, მივიდა კიდეც იქ, საიდანაც ჯირითი უნდა დაწყებულიყო. სავსე მთვარემ სწორედ მაშინ გაუღიმა, აქეთ რომ მოეშურებოდა. ამ ღიმილმა გაამხნევა, ძალა მისცა. მაინც არ უნდოდა ახლა ცხენზე შეჯდომა, რა დროს შეჯიბრება იყო! ერთხანს დიდ ალამთან იტრიალა, მერე უკან გამობრუნდა, იქით, სადაც გოგო ეგულებოდა. მიდიოდა და ფეხს ითრევდა. იცოდა, დარწმუნებულიც იყო, გოგო დამეძებს, მელოდებაო. ამით სიამაყის გრძნობა ეუფლებოდა: აი, ის მელოდება, ესეიგი ამქვეყნად მე და ის ვართო. როცა გოგოსა და თავისი ერთად არსებობა დააკონკრეტა, აჩქარებული ნაბიჯით გამოსწია იქით, სადაც სავსე მთვარე დატოვა. გზად ამანელისძის ასულმა შეაჩერა. დიდებულის ქალი რაღაცას ელაპარაკებოდა, თან შვილს - ხუთიოდ წლის ლუარსაბს თმაზე ისე ეალერსებოდა, სხვა დროს უშუ უთუოდ მიუხვდებოდა გულისთქმას, მაგრამ დღეს ვერაფრით ვერ მიხვდებოდა იმას, რაც დიდებულის ასულს ეწადა. მის კითხვებს რაღაცას პასუხობდა, მერე ისე გაეცალა, ამანელისძის ასულმა გაოცებული მზერა გააყოლა - უშუს ცხენის აღვირისათვის ჩაევლო ხელი და ჩქარი ნაბიჯით მიდიოდა.
უშუს დანახვაზე თინათი სიხარულით ცას ეწია. ლამის ყელს მოხვეოდა, უშუ კი ბაჩევას მიუბრუნდა. ბაჩევას ღიმილი მოედო სახეზე. თინათი სახტად დარჩა: მიხვდა, ამ ორ ადამიანს რაღაც საერთო ჰქონდათ, ამ ორ ადამიანს აკავშირებდა ის, რაზეც თინათის წარმოდგენა არ ჰქონდა, თინათი ამ აზრმა შეაშფოთა, ააფორიაქა. უშუმ კი ბაჩევას მაჯაში ჩაავლო ხელი, თინათის მიუბრუნდა და თქვა:
- რა კარგია!
- რა თქვი? - ნერწყვი ძლივს გადაყლაპა თინათიმ.
- რა ლამაზია! რა ჰქვია? - უშუ ბაჩევას მიუბრუნდა - ვინა ხარ? რა გქვია?
ბაჩევამ უშუს ხელი გამოსტაცა და გაიქცა.
- ვერსად წამიხვალ, შენ ჩემი ცოლი უნდა გახდე! - მიაძახა უშუმ.
თინათი გახევდა. უშუს აღშფოთებულმა შესძახა:
- რას ამბობ!
ბაჩევა შედგა, უშუს მოუბრუნდა. მის მზერაში ნაღველი, სასოწარკვეთა და საყვედური იკითხებოდა. ამ მზერამ შეაშფოთა უშუ და ბაჩევასაკენ გადადგა ნაბიჯი.
ბაჩევა კვლავ გაიქცა.
თინათიმ უშუს მკლავში ორივე ხელი ჩაავლო და შესძახა:
- რას სჩადი, უშუ, იცი ეგ ვინ არის?
- ვინც არ უნდა იყოს, ეგრე მოხდება! - მიუგდო უშუმ და შეეცადა მკლავი, რომელსაც თინათი ორივე ხელით ჩაფრენოდა, გაენთავისუფლებინა - ბაჩევასაკენ ესწრაფვოდა.
- იუდეველია, ზანქან ზორაბაბელის ქალწული!
ბაჩევა ცხენისაკენ გარბოდა. უშუ თინათის მიაცქერდა.
ცხენთა ფლოქვების ქვეშ მიწა ტორტმანებდა.
ადამიანები კვლავ ყიჟინას სცემდნენ.
______________________
1.შაბუყოთი - სინაის მთის ძირას თორის მიღების აღსანიშნავი დღესასწაული. იმართება მაისის ბოლოს, ივნისის დამდეგს.
2. სელიხოთი - ებრაული ახალი წლის დადგომამდე ორმოცი დღის განმავლობაში გარიჟრაჟის ლოცვა.
![]() |
2 შუბებსა და ტალღებს შუა |
▲ზევით დაბრუნება |
ფესახის1 პირველი საღამოს აგადას2 ყოველი ტფილისელი ებრაელი თავის ოჯახში ატარებდა. ცხადია, ისე ატარებდა, ვისაც როგორი ძალაც მოსდევდა. ხოლო ვინ რისი შემძლე იყო და როგორ დღესასწაულობდა ფესახს, ამის გაგება არც ისე რთული საქმე გახლდათ: თუ სახლში რამდენიმე სანთელი ენთო, ეს იმას ნიშნავდა, ამ ჭერქვეშ აგადას ის ადამიანები იხდიდნენ, რომლებიც ცხოვრებასთან ჭიდილში დამარცხებულად არ თვლიდნენ თავს. ცხადია, ისეთი ოჯახებიც იყო, და ძალიან ბევრი - უმეტესზე უმეტესი - ფესახს ერთი ჭრაქის შუქზე რომ დღესასწაულობდნენ. მაგალითად, აბრამიკოს ფარღალალა საცხოვრისში ერთი ჭრაქიღა ბჟუტავდა. ოჯახის უფროსი - კოჭლი აბრამიკო ხმადაბლა, წამღერებით, დროდადრო ხვნეშა-ოხვრით კითხულობდა ეგვიპტელთა ტყვეობიდან ებრაელთა თავდახსნის ამბავს. აბრამიკო ასე იმიტომ ოხრავდა, რომ არ სჯეროდა, იმისა, რასაც კითხულობდა: თუ ეს მართლა ასეა, თუ ღმერთი ასე პატრონობს ისრაელიშვილს, მე მთელი სიცოცხლის მანძილზე ერთხელ მაინც რატომ არ გადმომხედა, ერთხელ მაინც რატომ არ მიშველაო. რომ არ სჯეროდა, ალბათ, იმიტომაც იყო ასეთ დღეში. ზოგიერთი სახლიდან არა მხოლოდ დიდი შუქი, სიმღერის, მოლხენის ხმაც კი გამოდიოდა. მაგალითად, ბენო კაკიტელას ოჯახში საფესახო თიკანზე ისე მღეროდნენ, სმენას ვერ მოსწყვეტდით.
აი, იმას კი ვერავინ გეტყოდათ, ზანქან ზორაბაბელის სახლში რამდენი სანთელი ენთო. ამ სახლიდან არც რამ ხმა ისმოდა - უზარმაზარი ეზოსთვის იმოდენა ყორე შემოევლოთ, ზორაბაბელისას ვერც ვერას გაიგონებდით, ვერც ვერას მოჰკრავდით თვალს.
ადრე ყოველი ტფილისელი ებრაელი ფესახის ორივე სააგადო საღამოს თავის ოჯახში ატარებდა. ერთხელ, კარგა ხნის წინათ, ზანქანის ნეტარხსენებულმა მამამ მორდეხ ზორაბაბელმა თქვა:
- ზოგიერთ ისრაელს ღმერთმა მისცა და აქვს საშუალება აგადა ღირსეულად ჩაატაროს, ბევრს, ღმერთმა ყველას მოუფონოს, ლუკმა-პური გაჭირვებით შეაქვს ოჯახში. ეგვიპტელთა მონობიდან თავდახსნის დღესასწაული კი ყოველი ებრაელისთვის უნდა იყოს სასიხარულო, ყველამ ისე უნდა იგრძნოს თავი, თითქოს თვითონ გადაიგდო მონობის უღელი, ამიტომ საჯამაათო აგადა უნდა მოვაწყოთ, რომ ყველა - მდიდარიც და ღარიბიც, დიდიც და პატარაც, ერთად დავსხდეთ.
ამ დღიდან მოყოლებული მორდეხ ზორაბაბელი ფესახის ყოველ მეორე საღამოს თავის ეზოში დიდ სუფრას შლიდა და მთელი ტფილისის ებრაელობას ეპატიჟებოდა: ,,ყოველი ისრაელიშვილი უნდა მოვიდეს და გაიზიაროს განთავისუფლების სიხარული. თქვენ ჩემთან კი არ მოდიხართ, ფესახს ზეიმობთ.“
ზანქანი მამის ხსოვნისადმი ერთგულებას, მისი საქმეების გაგრძელებაშიც ხედავდა. ამიტომ ყოველ ფესახში, მეორე აგადის საღამოს, მის ეზოში დიდძალი ხალხი იყრიდა თავს. ხახამ აბრამი ბეით ქნესეთში3 გამოაცხადებდა:
- ჯამაათო პატიოსანო, ზანქან ბენ მორდეხაი ყველას გაუწყებთ, რომ მისი სახლის ეზოში გაიმართება საფესახო საჯამაათო სედერი. ვისაც სურდეს, მოვიდეს და იფესახოს, ვისაც სურდეს, მოვიდეს და ჭამოს, თქვენ მრავალს დაგასწროთ გამჩენმა, მას კი ფარნასა4 უმრავლოს!
ეს იყო და ეს! ბეით ქნესეთში კიდეც არ გამოეცხადებინათ, ამ სერობას არც დიდი დააკლდებოდა, არც - პატარა. თუ სულაც საპყარი არ იყო. ყოველი ტფილისელი ებრაელი, თუ ნაბიჯის გადადგმა შეეძლო, ფესახის მეორე საღამოს მთელი თავისი ოჯახით, შვილებით, შვილიშვილებით ზანქანის სახლისაკენ მიიჩქაროდა. ეს დღესასწაული ყოველ მათგანს შეახსენებდა, რომ ებრაელობა ღვთის მხედველობის არეში მოქცეული ერია და განთავისუფლებაც სწორედ ღვთის ნებით მოხდა. ეს ძალას მატებდათ. კიდევ იმიტომ არ აკლდებოდნენ ამ აგადას, რომ წელიწადში ერთხელ ზანქანის სახლში შესვლა, თუნდაც ეზოში, ახლადშეფოთლილი მუხების ქვეშ, ყოველი ამათგანისათვის დასამახსოვრებელი დღე იყო.
ზანქან ზორაბაბელი შთამომავალი გახლდათ იმ ებრაელებისა, ბაბილონიდან სპერის ზღვით რომ მოვიდნენ საქართველოში. ამაზე არა მხოლოდ მისი გვარი მეტყველებდა, ხალხის მეხსიერებაც. იგი იმათი ჩამომავალი იყო, ბაბილონის მდინარეებთან რომ ისხდნენ და დაკარგულ, იავარქმნილ იუდეაზე რომ მოთქვამდნენ. ორი-სამი თაობის შემდეგ იუდეის დამანგრეველი ბაბილონი სპარსელებმა რომ გააცამტვერეს და ებრაელებს შინ დაბრუნების უფლება მისცეს, ზორაბაბელთა ერთი ნაწილი იერუსალიმს მიბრუნდა. ებრაული წყაროები ზორაბაბელთა წინაპრებს ზერუბაველებად მოიხსენიებენ. სწორედ ისინი მიუძღოდნენ ბაბილონიდან სამშობლოში მიბრუნებულ თანამოძმეებს. იერუსალიმში კი ტაძრის აღდგენას ჩაუდგნენ სათავეში. ზაქარია წინასწარმეტყველი ზანქანის წინაპარზე ამბობს: ,,რა ხარ შენ, დიდო მთაო, ზერუბაველთან შედარებით - დაბლობი მხოლოდ». ზორაბაბელთა მეორე შტო იმათ შორის აღმოჩნდა, ვინც კბილებში დანაგარჭობილ ბაბილონელთაგან დანავლულ იერუსალიმს არ დაუბრუნდა - აქ ბაბილონური თალმუდი იქმნებოდა. ერის, რწმენის და სამშობლოს რაობას წიგნში გამოხატავდნენ. წიგნში აქცევდნენ იმას, თუ როგორი უნდა იყოს სამშობლოს მაცოცხლებელი ადამიანი, ამ წიგნშივე ხედავდნენ რწმენის, ერის გადარჩენის და ამ გზით სამშობლოს გაცოცხლების საწინდარს, რადგან მიაჩნდათ - მიწა-წყალი, ჰაერი მშობლიური მხოლოდ ადამიანით არის, ამიტომ ადამიანის სულზე ზრუნავდნენ. ნაბუქოდონოსერის მიერ ადრეც, სამშობლოდან ოტებული ებრაელობა სიცოცხლის გადარჩენის დაუოკებელმა წადილმა მიმოფანტა. მომავალში იგი წიგნს უნდა შეეკრიბა, წიგნით უნდა გაერთიანებულიყო ერი.
იმათ შორის, ვინც წლობით ჩაჰკირკიტებდა ბაბილონურ თალმუდს, ზანქანის წინაპრებიც იყვნენ. მათთვის არარა მნიშვნელობა არ ჰქონდა დროს, არც იმას ეძებდნენ, თუ ვინ იჯდა სამეფო ტახტზე: მეფე ის კი არ არის, ვინც ტახტზე დაჯდა, ის, ვინც ერს საგანძურს უქმნისო. მარადიულ საგანძურად კი წიგნს მიიჩნევდნენ. თაობათა არსებობის მიზანი წიგნში მოქცეულიყო - რადგან იცოდნენ: თუ ხალხს სულის კირად წიგნს არ გაიხდის, მუცელს გააღმერთებს, მუცლის მოთაყვანე ერი კი დაღმართში მიექანება. ამიტომ აღმოსავლეთის ბნელ ღამეებში, თუ ლაჟვარდოვანი განთიადისას, გამთანგველ სიცხესა, თუ უჟმური წვიმიანობისას, მაგიდებზე გადახრილნი წელგაუმართავად ჩაჰკირკიტებდნენ ერის სულის კირს. ასე იყო მანამ, სანამ სპარსეთის ჯერიც არ დადგა, მანამ სანამ ალექსანდრე დიდი არ მიადგა სპარსეთს და ისეთივე დღე არ აწია, როგორც სპარსეთმა ბაბილონს, ბაბილონმა - იუდეას. სისხლის ნაკადულები რბოდნენ ბაბილონის მიწაზე.
ამჯერად მაკედონელთა შუბებს გამოექცნენ ებრაელები - ადრე ოტებულთა ნაკვალევში ჩადგნენ და სიცოცხლის გადარჩენა, მშვიდი ნავსაყუდარი შეავედრეს ღმერთს. ზანქანის წინაპრებმა საქართველოში პოვეს ის, რასაც ღმერთს ევედრებოდნენ. სხვებმაც. ზოგმა კი საქართველოს ახლო-მახლო დასცა კარავი.
ზორაბაბელები ძლიერ მდიდრები იყვნენ, ზორაბაბელთა ერთმა შტომ ბაბილონიდან იმდენი თვალმარგალიტი, ოქრო გამოიტანა, მაკედონელ ჭაბუკს ეს რომ სცოდნოდა, უთუოდ გამოუდგებოდა და კიდევ უფრო დიდ ნადავლს გაუნაწილებდაო თავის მამაც ბიჭებს.
წელიწადი წელიწადს მისდევდა, საუკუნე საუკუნეს. ზანქანის წინაპრები საქართველოს ღვიძლ შვილებად იქცნენ. უკვე ძნელი გახდა იმის გარჩევა, რელიგიის გარდა, რა ანსხვავებდათ ქართველთაგან. დამპყრობელი ვერარა განსხვავებას ვერ პოვებდა და ორივეს ერთნაირად ურტყამდა. ზანქანის წინაპრებისათვის, თავად ზანქანისათვის წმინდა და ხელშეუხებელი ადონაისადმი რწმენა დარჩა, განსხვავებული რწმენა კი განსხვავებულ ცხოვრებას კარნახობდათ. არც ეწადათ სხვებში ათქვეფა: ჩვენ ჩვენი რწმენა გვაქვს, ჩვენი ღმერთი გვყავს და ისე უნდა ვიცხოვროთ, როგორც ღმერთს სინაის მთის ძირში აღვუთქვითო.
- საუკუნეები აქა ვართ და მაინც უცხოდ რომ ვრჩებით? - კითხულობდნენ ჭაბუკნი, ხნოვანნი მხრებს იწურავდნენ: რა ვქნათ, რა ვუყოთ, ჩვენ სინაის მთის ძირში დადებულ პირობაზე უარს ვერ ვიტყვითო.
ამ კითხვას ყოველი თაობა სვამდა - იმათ ეკითხებოდნენ, ვინც ადრე თავად კითხულობდა - შინაურნი ვართ და უცხოდ რადა ვრჩებითო. ახლა ესენი, უკვე ჭაღარამორეულნი, წელში მოხრილნიც იწურავდნენ მხრებს:
„რა ვქნათ, რა ვუყოთ, ადონაის რწმენას ვერ დავაგდებთო“.
აგადის წამყვანი ხახამ აბრამი შეკრებილთ გატაცებით უამბობს, თუ როგორ ცდილობს მოსე ღვთის ნების ასრულებას - ეგვიპტიდან ებრაელთა უფათერაკოდ გამოყვანას, როგორ ჯიუტობს ფარაონი. ფარაონს არ სურს მონების განთავისუფლება. ეს საბრალო, უმეცარი მპყრობელი არად აგდებს ღვთის ნებას.
ზანქანი აგადაზე შეკრებილ ხალხს ათვალიერებს. ამათგან უმეტესობა, ხომ მის სამსახურში დგას. ზოგი აქ, თბილისში, ზოგი შორს, ტრაპიზუნდსა თუ არანში,5 კონსტანტინეპოლსა, თუ რუსეთის სამთავროებში გამართულ სავაჭროებში, ცხადია, ტფილისშიც. ეს ათი წელიწადია რუსეთშიც შეაღწია ზანქანმა და ყველაფერს ამ ადამიანების მეოხებით აკეთებდა. ფესახისათვის კი ყველა შინ, ტფილისში ჩამოსულიყო, რათა დღესასწაული თავიანთ ოჯახებში გაეტარებინათ. ზანქანი ყოველი მათგანის საქმიანობას იგონებდა, აჯამებდა. ხახამ აბრამი კი უკვე იმაზე საუბრობდა, თუ როგორ დაედევნა ფარაონი ეგვიპტიდან გამოსულ ებრაელობას. ფარაონის ჯარი ხმაურით, ყიჟინით მიჰქრის უდაბნოში. მათი ეტლები მალია და საშიში. სადაცაა ჯარი თავდახსნილ ხალხს მოეწევა. გარბიან ჭაბუკნი, ხეიბრები, ქალები, საპყარნი, მოხუცნი, თუ ჯანძლიერნი - ეგვიპტელთა პირბასრ შუბებს გაურბიან, მაგრამ სადღა გაიქცევიან, წინ მეწამული ზღვა გადაშლილა, უკან ეტლები მოსდევენ, ეტლებზე კი ჯარისკაცები ამხედრებულან, ხელში პირბასრი შუბები უჭირავთ. ყოველი შუბის წამახული წვერი მზეზე ელვარებს. აჰა, აჰა, სადაცაა წამოეწევიან, სადაცაა პირბასრი შუბები გაუპობენ გულს ბალღსაც და მოხუცსაც, პირბადრ ქალწულსაც და აგე, ამ კოჭლ კაცსაც. თუ ეგ არა, ზღვა შთანთქავს მათს გაოფლილ, უდაბნოს სილითა და მზით სავსე სხეულებს. ზღვის ტალღებში შთაინთქმებიან საბრალონი. მოსე სწორედ იქით, ზღვისკენ უხმობს იუდეველთ. ზღვა - საშიშია, სიცოცხლის მშთანთქავი, დაუნდობელი და გულგრილი. იუდეველნი შიშდარეულნი, გატრუნულნი, სულგანაბულნი ადგამენ პირველ ნაბიჯებს სველ ქვიშაში... აჰა, ახლა იქუხებს ტალღა და... არა, ზღვა მორჩილად იხევს უკან... ებრაელები ზღვას მისდევენ. აქოჩრილი, პირზე ქაფმოდებული, ყანჩასავით ცალფეხზე შემდგარი ტალღები თავს უხრიან იუდეველთ.
ზანქანი კვლავ სუფრის წევრებს ათვალიერებს. კი, ბევრი ამათგანი მის საქმეს ემსახურება, მაგრამ ისეთნიც არიან, თავად რომ მიჰყვეს ხელი ვაჭრობას და ზანქანთან აღარაფერი აღარ აკავშირებთ, გარდა სალოცავისა. აგერ, მაგალითად, ბენო კაკიტელა ცოლთან და ორ ვაჟთან ერთად თავმომწონედ რომ ზის. მას შემდეგ, რაც სუფრას მიუჯდა, არც მარჯვნივ გაუხედნია, არც - მარცხნივ, ქადაგად დავარდნილ ხახამ აბრაამისთვისაც კი არ შეუვლია თვალი - ამით თავის დამოუკიდებლობას, ღირსებას უსვამს ხაზს. თავად მიაჩნია ასე: „ზანქანი ჩემთვის დიდი ვერაფერი შვილია, უბრალოდ, აგადა არ გავაცდინე“. შეძლებული კაცია ბენო კაკიტელა, ერთ-ერთი იმათგანი, ვისაც ზანქანის დიდი სახელი გულს უკლავს. არაერთგზის უთქვამს: ,,მე რომ მაგდენი ფული მქონდეს...“ ან ,,მაგისი მამა-პაპაც ხელმწიფის კარზე მიღებული ხალხი იყო, დავით ჰაგადოლს,6 იმ სულკურთხეულს, თურმე ძლიერ უყვარდა მაგ მიშფახა.7 რატომ არ იქნებიან ყინჩად!“. ზანქანმა ყველაფერი ეს იცოდა - ზოგს თავად ხვდებოდა, ზოგს სხვები მიახვედრებდნენ, ან სულაც პირდაპირ ეტყოდნენ: ენის მიმტანთ ჩვენს ებრაელობაში რა გამოლევს! აჰა, კვლავ მოსდევენ შუბგალესილი ეგვიპტელები ებრაელებს... ესენი კი ზღვაში შიშით შეაბიჯებენ. ხახამ აბრაამი თავდახსნის ამ ეპიზოდზე ისე საუბრობს, აგადის მონაწილეთა შორის შიშმაც კი დაისადგურა, თითქოს შარშანწინ, იმის წინ, აქვე, ამავე ეზოში, არ გაეგონოთ, თუ როგორ გაუპო ღმერთმა ზღვა მათს წინაპრებს, მაგრამ საუკუნეების წინათ მომხდარის ხელახლა, ისე განცდა, თითქოს დღეს ხდება, ფესახის დღესასწაულის ერთ-ერთი პირობაა. ყოველ ამათგანს კარგად ახსოვდა დიდი წიგნის შეგონება „ყოველი თაობის ებრაელმა ისე უნდა იცხოვროს, თითქოს თავად დაიხსნა თავი ეგვიპტიდან“.
მერე ხახამ აბრაამმა წამღერებით, ლამის ცრემლისაღმძვრელი რეჩიტატივით დასძინა:
- ვაი იმას, ისრაელებო, ვისაც ეს დაავიწყდება, არ დაგავიწყდეთ, არ დაგავიწყდეთ: ჩვენ ყოველთვის პირბასრი შუბებისა და ზღვის ტალღებს შუა ვართ მოქცეულნი. რა კაი ცხოვრებაც არ უნდა გვქონდეს, არც ზღვის ტალღები უნდა გვავიწყდებოდეს, არც ჩვენი გულების გასაპობად გალესილი შუბები.
- აჰავაი! - ამოიგმინა ხალხმა.
- მაგრამ ვინ არის ჩვენი მხსნელი, ჩვენი გადამრჩენელი, ჯამაათო? - იკითხა ხახამ აბრაამმა და სუფრის წევრებს გადახედა - ძლიერი მეფე? სად არი, არა გვყავს. ჯარი? არც ესა გვყავს, ჯამაათო, - ისევ გადახედა ხალხს, ჰაერი ჩაისუნთქა და ისევ წამღერებით წარმოთქვა, - ნეტარი არის ის, ვისაც ახსოვს ჩვენი გადამრჩენი, იკურთხოს სახელი მისი - ადონაი! - ეს არის ის, ვინც ჩვენ ამოგვირჩია!
ზანქანს შელო მიუახლოვდა და ჩურჩულით უთხრა:
- აბულასანის კაცი გეახლა, ამირა გთხოვს მასთან მიბრძანდე.
ზანქანმა თავი გააქნია, შელოს ანიშნა მადროვეო.
ქართლის ამირამ და ტფილისის გამგებელმა აბულასანმა - კარგად იცის, რომ ამ საღამოს ზანქანი ებრაელობის მონობიდან განთავისუფლებას დღესასწაულობს. ისიც კარგად ეცოდინება, რომ ზანქანის ეზოში ასობით ადამიანი იგონებს, თუ როგორ დაავალა ღმერთმა მოსეს ებრაელობის განთავისუფლება. მაშ, რა ხდება? ასე სასწრაფოდ რისთვის უხმობს?
- ახლა არ შემიძლია, აგადას ვერ მივატოვებ, მოგვიანებით შენთან ვიქნებითქო - ჩურჩულით მიუგო ზანქანმა. შელომ თავი დაუკრა და უხმოდ გაეცალა, ზანქანი კი კვლავ ფიქრმა მოიცვა. თუმცა, ეს საზრუნავის გაცნობიერების ცდა უფრო იყო, ვიდრე ფიქრი. უკვე აღარ ესმოდა მეწამულ ზღვაში შესული ებრაელების ამბავი - იმაზე ფიქრობდა, თუ რატომ, რისთვის იწვევდა ქართლის ამირა და სამეფო დარბაზის წევრი.
ზანქან ზორაბაბელი ვაჭარი გახლდათ - ბიზანტიას, არანს, რუსეთს, ეგვიპტესაც კი სერავდნენ მისი ქარავნები და ყველგან დიდი სახელი ჰქონდა. ვაჭარი დიდი ვერ გახდება, ფრთებს ვერაფრით გაშლის, თუ სამეფო კარი არ მფარველობს. ყველა ამ ქვეყანაში სწორედ სამეფო კარი სცნობდა ზანქანს, მაგრამ იმ სამეფო კარის მფარველობა, რომელსაც ხელისუფლება ძლიერ არ უპყრია ხელთ, დიდი ვერაფერი შვილია. მეფე გიორგი მესამეს ქვეყნის სადავეებს ვერც ვერავინ შეეცილებოდა. ამიტომაც ჰქონდა ფასი ზანქანისადმი მის ყურადღებას, ამანაც შეუწყო ხელი მეზობელ ქვეყნებში ზანქანის გაძლიერებას. მეფე თამარის ყურადღებას კი ყურთლუღ არსლანის აჯანყების შემდეგ მეტი ფასი დაედო.
ზანქანი დარწმუნებული იყო: ყურთლუღ არსლანის აჯანყებამ, მეამბოხეთა თითქოსდა, გამარჯვებამ, დიდი სამსახური გაუწია მეფე თამარს - ხალხმა დაინახა, რომ მეფისათვის მეტი გონიერება, განსჯის უნარი უბოძებია ღმერთს, ვიდრე ყველა აჯანყებულისათვის ერთად: მეფემ მეამბოხეთ დიდბუნებოვანად დაუთმო - მამულები, სავარძლები დაურიგა და ამით დაამარცხა კიდეც - ხალხს დაანახა, თუ რა მუცლის გვრემა ჰქონდათ ყურთლუღ არსლანსა და მის მორჩილთ.
აჯანყება დამთავრდა. ბრძოლა კი ფარულად გრძელდება. უშფოთველი, უხმო ბრძოლა. გუშინ მეამბოხენი, დღეს სავარძლებში მოქცეულნი, ყოველმხრივ ცდილობენ ქვეყანას უჩვენონ, რომ სწორედ მისთვის ირჯებოდნენ.
აგადის მონაწილე ტფილისის ებრაელობა სულგანაბული უსმენდა ხახამ აბრაამს და სულით ხორცამდე განიცდიდა ეგვიპტიდან გამოსულ წინაპართა ყოფას. მათთან ერთად გულშეკუმშული, სულდალეული გადიოდა წითელი ზღვის ფსკერზე ქაფმოდებულ ტალღებს შორის. მათთან ერთად აწუხებდა შიმშილი და უდაბნოს თაკარა მზე, სული ეხუთებოდათ მოხუცთ და ვერა გაეგოთ ბავშვებს, ზანქანი კი ვერაფერ ამას ვერ გრძნობდა - ფიქრში ჩაფლულიყო. ლამობდა ამოეცნო, რისთვის იხმობდა ქართლის ამირა.
ამ ბოლო დროს აბულასანს თავისი გვარ-სახელი ავი ნაგაზივით უყეფს. იშმაელიანებმა მის წინაპარს გვარ-სახელი თავის ყაიდაზე რომ მოუქციეს და დიდმოხელეობაც უბოძეს, აბულასანობა იშმაელიანთა დიდკაცობაში სანდო კაცის სახელს გიხვეჭდა, ხოლო ქართველთაგან ხმამაღლა არავინ დაგძრახავდა. ახლა კი... სხვა დრო დადგა - რა ხანია საქართველო იშმაელიანთაგან განთავისუფლდა - ქართველთა სულებში, თუ რამ ჭუჭყი, უკეთურობა დაგროვილიყო, ერთად მოუყარეს თავი, ერთად და ერთხმად მოისროლეს მტკვარში. ახლა საქართველო ლამის თავად გადაიქცეს წინა აზიის მბრძანებელ ქვეყნად, ხალხი ნელ-ნელა იბრუნებს თავის სახეს. ამიტომ დღეს სანაქებო და სასახელო სულაც არ არის ის, რომ შენმა წინაპარმა გვარ-სახელი შეიცვალა... დღეს სანაქებონი ისინი არიან, ვინც არც სახელი იცვალა, არც გვარი და არც - რწმენა. ჩაჯდა თავის მამულში, პირჯვარს იწერდა და დრტვინვით ელოდა, თუ როდის ინებებდა ღმერთი იშმაელიანთაგან საქართველოს განთავისუფლებას.
დღეს აბულასანისთვის ორივე ერთია - რა გამოდევნებული ავი ნაგაზი და რა იშმაელიანთ ყაიდაზე მოქცეული ეს გვარ-სახელი!
წინგახედული კაცი იყო აბულასანი - ხვალინდელი დღის დანახვის უნარის მქონე, ხშირად სწორად ამოუცვნია მოსახდენი. თუ არ მოსწონდა, შეუცვლია კიდეც ის, რაც უნდა მომხდარიყო. მოსდევდა საამისო ღონე. როცა ქვეყანას დასჭირვებია, არც ხმალი უქნევია ცუდად. ვერავინ დაუწუნებს. ყურთლუღ არსლანს დროულად დაუდგა გვერდით. დაუდგა და აჯანყებაც ისე წარიმართა, როგორც ქვეყნისათვის აჯობებდა. აბულასანს მტკიცედ სჯერა: მეტისმეტი, განუსაზღვრელი ძალაუფლება ათას ვაებაგამოვლილ, მორჭმულ მეფესაც კი ურევს გზა-კვალს. კი, მეფეა, მაგრამ ადამიანია, ადამის ძეს კი, მრავალი ცდუნება სდევს. ჯერ აბულასანმაც არ იცის, როგორი მეფე იქნება თამარი, ის კი კარგად იცის, დიაცს, მით უმეტეს, ყმაწვილს, მეფედ ახლახანს ნაკურთხს, მოდარაჯე მზერა რომ არ უნდა მოაცილო. აჰა, მეფედ ვაკურთხეთ - ღვთის ნება ავასრულეთ, მაგრამ ისიც უნდა ახსოვდეს, რომ ჩვენც ვარსებობთ ქვეყნად - მძლავრნი. როცა საჭიროდ ჩავთვლით, მეფის ყოფასაც კი შევცვლით და რაც მოხდება, ისიც ღვთის ნება იქნება.
პირმოთნეთ და ზურგსუკან გამქირდავთ რა გამოლევს ქვეყნად. მამულის სამსახურში გაჭაღარავებული რამდენი კაცი შფოთავს იმის გამო, რომ სწორედ აბულასანი გახდა ქართლის ამირა, ტფილისის გამგებელი, სამეფო დარბაზის წევრი და არა თვითონ. შფოთავს უხმოდ. ესენი, აბულასანის ავადმჭვრეტელნი, ფრთხილნი არიან, ჭკვიანნიც. ფრთხილმა და ჭკვიანმა ადამიანებმა კი ყოველთვის იციან ენამასწარა, წინგაუხედავ კაცებს სად, როგორ და როდის ათქმევინონ ის, რაც ასე სწადიათ ქვეყანას გააგებინონ, მაგრამ სწორედ იმის გამო, რომ ფრთხილნი არიან, თავად არასოდეს არ იტყვიან. სასახლეში, თუ წარჩინებულთა ოჯახებში ხშირად გაიგონებდით ამგვარ ქირქილს: ,,აბულასანი?! ვაჟო, ეგ სახელი რომ მესმის, ასე მგონია, იშმაელნი არსადაც არ წასულან, ეგრე უბრალოდ ვიქნიეთ ხმალი?!“, „როგორა, ეგა აქ დარჩა? განა ეგ იშმაელიანთ არ გაჰყვა?!“, ,,დაიხსენ, ღმერთო, ეგ ქვეყანა აბულებისაგან, ჰასანებისაგან - ყველა იშმაელიანისაგან!“ ამის მთქმელმაც კარგად იცოდა, რომ აბულასანი თხემით ტერფამდე ქართველი იყო და გამგონემაც, ორივე ერთად შესციცინებდა აბულასანს, თავს უქონავდა, აქ კი, ზურგს უკან, მაინც ერთი სიცილ-ხარხარი ატყდებოდა ხოლმე. ამ ქილიკითა და ხარხარით იმას უსვამდნენ ხაზს, რომ ამათ წინაპრებს არც რჯული უცვლიათ, არც გვარ-სახელი გადაუკეთებიათ დამპყრობთა ყაიდაზე და არც მდივანბეგობა, თუ ამირობა მიუღიათ. აბულასანის მტრები ესენი არ იყვნენ, ესენი მჩატენი იყვნენ და ხმამაღლა ამბობდნენ იმას, რასაც სხვანი ჩასძახოდნენ, რომ ამათ მერე წვეულებებზე, თუ ქელეხებში ამათგან განაგონი ეუბნათ. ეს იყო და ეს! აბულასანის მტრები ამათ აქეზებდნენ, ქირქილს ჩააგონებდნენ არა სიტყვებით, არა დარიგებით ეგრე და ეგრე უნდა თქვაო, არა, სულაც არა! აბულასანზე გადაკრული საუბრით, ირონიული გაღიმებით, გამოხედვით, სამშობლოს სამსახურში დამაშვრალი კაცის ამოოხვრით, გმინვით.
ცხადია, აბულასანმა ყველაფერი კარგად უწყოდა. ამირა და ქალაქის გამგებელი ვით იქნებოდა, თუ მეფის კარზე, გამორჩეულ, წარჩინებულთა ოჯახებში მსტოვრები არ ეყოლებოდა. დიომიდე რომ მოახსენებდა, ამგვარად შეგამკესო, ხან ღიმილი ერეოდა, ხანაც თავს ისე დაიჭერდა, ვითომ არად არ ენაღვლებოდა ვინ რას იტყოდა მასზე. ,,მაგათ სხვა რაღა დარჩენიათ!“ ჩაილაპარაკებდა და გაიღიმებდა, ამას ამბობდა, თორემ ახალ საქართველოში იშმაელიანთა სახელის ტარება სიკეთეს რომ არ უქადდა, იცოდა და მწარედაც განიცდიდა. მსტოვრთა მეთაურ დიომიდეს, კი ცივად ეტყოდა, ე მანდ არარა გამოგრჩეთ, ვინც რას იტყვის, წვრილად უნდა მაუწყოთ ყველაფერიო - დაწვრილებით უნდა სცოდნოდა, რომ მტერთა, თუ მოქირქილეთა სახვალიო ნაბიჯები ამოეცნო.
არაერთგზის უფიქრია ჩემს გვარს დავიბრუნებო, მაგრამ ამ ნაბიჯის გადადგმასაც ის წინაპრები უშლიდნენ, რომლებმაც აბულასანობა არჩიეს.ძლიერი, სახელოვანი წინაპრები ჰყავდა აბულასანს, თუმცა, მათი ბედი რომ გაახსენდებოდა, სხეულში სიცივე უვლიდა. გონიერი, წინდახედული მეთაურნი ჯარისა, მუდამ მეფეთაგან ისჯებოდნენ, ისჯებოდნენ, რადგან უმხედრდებოდნენ ხოლმე. ერთი სასულიერო პირიღა გამოერია წინაპართა შორის - ეპისკოპოსი. ისიც კი აუხირდა მეფე დავით მეოთხეს: შენაო, ეკლესიას ძალას აცლიო. იმ სულკურთხეულმა, მეფემან, არ დააყოვნა - არ იცოდა დაყოვნება: თუ გასაჭრელი იყო, უმალ გაჭრიდა - ძალა ღმერთსა აქვს, შენ ძალა კი არა, ღორმუცელობა გწადია, მაგ უგვანო ლაპარაკით კი მეფის დაჩიავება განგიზრახავს და არ გაპატიებო. განა მხოლოდ ეპისკოპოსის, მის გვერდით რომ ორი მომღიმარი მღვდელი იდგა, იმათი თავებიც ისე განაცალკევა სხეულებისაგან, ახლობლებმა ერთად შეკრებაც ვერ გაბედეს.
- რა დაგიმალო, ბიძაჩემო, მართალი იყო დავითი: მეფე, რომელიც ხელისუფლების დაჩიავებას ეგუება, მხოლოდ თავის თავზე ზრუნავს: ჩემს მეფურ ღირსებას არა დააკლდეს რა და ქვეყანა თავად უშველისო თავს. ეგეთი
მეფის ხელში ქვეყანა სანთელივით ილევა.
ვატუ პაპაც ახლო პირი იყო მეფე დავითისა. ერთ დღეს დავითმა შესძახა: ჩემი ახლო პირი ჩემს ძლიერებას უნდა სურვობდეს, შენ კი პირუკუ იქცევიო. დაინდო, სიკვდილით არ დასაჯა, მაგრამ ვაი, ასეთ სიცოცხლეს - თუ რამ ებადა - დიდძალი სახნავ-სათესი მიწები, ცხვარ-ძროხა, თუ ყმები, მუჭში მოქცეული თხილივით წარსტაცა, ხაზინას გადასცა და თვალებიც დაათხრევინა.
რამდენი რამ გაიხსენოს აბულასანმა წინაპართა ცხოვრებიდან!
მეფე თამარმა ყურთლუღ არსლანი რომ დაატუსაღა, განა აბულასანმა არ შეჰყარა შიშდარეული თანამოაბჯრენი? განა მან არ მოითხოვა ამბოხისთავის განთავისუფლება? ახალგაზრდა მეფე-ქალ თამარს განა მისმა გაბედულებამ არ უკარნახა სიფრთხილე? განა მისმა გაბედულებამ არ ათქმევინა: „იყოს მშვიდობა, დავსხდეთ, მოვითათბიროთ!» მოილაპარაკეს და თამარს იმის პირობა დაადებინეს, რაც ეწადათ. მაინც ამათ გაიმარჯვეს, ყურთლუღ არსლანის დასის წევრებმა, აბულასანის მარჯვეობითა, სიყოჩაღითა. განა მისმა გაბედულებამ არ იხსნა ყურთლუღ არსლანიც. ცოტაც, სულ ცოტაც რომ დაეკლო აბულასანს, დღეს ამირა, სამეფო დარბაზის წევრი და ტფილისის გამგებელი კი არა, უკუნეთის უტყვი ბინადარი იქნებოდა. იმასაც ხომ მიაღწია, რომ სამეფო დარბაზის სიტყვას მეფეც კი ვერ აუქცევს გვერდს - დარბაზის გადანაწყვეტი მეფემაც უნდა გაიზიაროს და აღასრულოს.
ცხადია, უნდა აღიდგინოს თავისი გვარი აბულასანმა, მაგრამ ამ საკითხზე რამდენჯერაც შეჰყვა ფიქრს, თავმოკვეთილი, თვალებდათხრილი წინაპრები წამოადგნენ თავს. ვერავინ შეიცნობს მეფეთა ბუნებას - ნავში ჩაუჯდები? ერთი პირობა სიკეთით აგავსებს, დრო დადგება და მდინარეში გადაგაგდებს, ხოლო თუ ისე ვერ აამე, როგორც მის გოროზ გულს მიესალბუნება, თავს წაგაცლის.
არა, არ სურს აბულასანს მისი და მეფე თამარის ურთიერთობა რაიმეთი ემსგავსოს მეფეთა და წინაპართა ბედს.
- მისხალ-მისხალ, მისხალ-მისხალ უნდა აიწონოს ყველაფერი - ხმამაღ-ლა, თითქოს ვიღაცას ეკამათებაო, წარმოთქვა აბულასანმა, წამოდგა, ხატთან მივიდა და პირჯვარი გადაიწერა.
მეფისათვის საქმროს შერჩევის საკითხმა კარგად გამოაჩინა საქართველოს მეფის კარზე ვის რა სწადია, ვინ რას ესწრაფვის, თუ ვინ არიან ისინი, ვინც გაიძახის თამარის უღლისგამწევი ბიზანტიის უფლისწული ალექსი კომნინოსი უნდა იყოსო!
- ალექსი კომნინოსი, ალექსი კომნინოსი - ფიქრს ჩაუღრმავდა აბულასანი, ტახტის საზურგეს გადააწვა, ფეხები გაშალა - ალექსი კომნინოსი... ალექსი ძე ანდრონიკე კომნინოსისა - აბულასანმა ირგვლივ მუთაქები შემოიწყო - ვინ არიან? ვის უნდა ალექსი კომნინოსი საქართველოს მეფის ქმრად? გააბეს კავშირი ბიზანტიიდან ექსორიაქმნილ ალექსი კომნინოსთან, სწადიათ თამარ მეფის მეუღლედ იხილონ. ბ იზანტიურად გვიმართოს ქვეყანა, ბიზანტიური კანონები უნდა გადმოგვიღოსო. ამათ ჰგონიათ, მაგ კომნინოსს ბიზანტიის მართვის რაიმე გაეგება! - ერთი მე მოვირთხამ ფეხს საქართველოს სამეფო ტახტზე და მეორე ეგ წამოსკუპტება ბიზანტიის ჭრელა-ჭრულა, მორყეულ სამეფო სკამზე!
ხვდება, კარგად ხვდება აბულასანი: საურმაგს, ძეს ბაქარისას, ივანე ფალავანდს, თარხანის ძეს, სხვა დიდებულთ სწადიათ კომნინოსის მეოხებით შესცვალონ საქართველოს სამეფო კარის ცხოვრება, შესცვალონ ის, რაც ამირსპასალარ ყურთლუღ არსლანის აჯანყებამ მოაპოვებინა ხალხს - ქვეყნის მმართველობაში მონაწილეობის უფლება. აი, მაშინ კი აიხდენენ ოცნებას აბულასანზე მოქირქილენი.
- ვერ ეღირსებიან. განა მისთვის ავუმხედრდით მეფეს, რომ ახლა ეგენი მოექცნენ სათავეში... არა... არ შეიძლება, დანებება არ იქნება!
კომნინოსს ისეთი სასიძო უნდა დაუპირისპიროს, ხმაც ვერავინ დასძრას. დარბაზში ტიმოთე შემოვიდა. კართან დადგა. ჩვეულებისამებრ, ხმადაბლა, თქვა:
- მობრძანდა, ბატონო!
აბულასანმა ვერაფერი გაიგო. ფიქრებიდან ვერ გამოერკვა და უაზროდ მიაჩერდა ტიმოთეს. ტიმოთემ კვლავ ხმადაბლა თქვა:
- ბატონმა ხომ ზანქან ზორაბაბელს უხმო?!
- უკვე დასხდნენ ვარსკვლავები ცაზედა? - აბულასანი წამოდგა, კართან მივიდა და გასძახა - ზორაბაბელი გამოატარეთ, ზანქანი არ შეაყოვნოთ! - მანამ არ გაეცალა კარს, სანამ ზანქანი არ შემოვიდა - აუჩქარებელი და მომღიმარი ზანქანი:
- მშვიდობა შენს ჭერ-კუთხეს, აბულასან! - ზანქანმა თავი დაუკრა მასპინძელს.
- მშვიდობა ნუ მოგკლებოდეს, პასექის დღესასწაული გიდგათ თურმე! - სტუმარს პატივით მიეგება აბულასანი.
- კი, დღესასწაული გვაქვს, მაგრამ... სწორედ აქ წამოსვლის წინ შემატყობინეს: საღირისძეს ქალწული გაუთხოვებია და..ზეგ ქორწილში უნდა მოვილხინოთ, ეგ ყმაწვილი ბიზანტიაში იყო, ცოდნას იქ ეწაფებოდა.
- და ოცი ებრაელის ოჯახს პატარძალს მზითვად ატანს თურმე, - დღესასწაული რომ ეცლია?! ოცი ებრაელის ოჯახი ამ დღესასწაულში მაყრიონს უნდა გაჰყვეს.
- კარგია, ძალიან კარგი! მძახალი მოხარული იქნება - ეგ ოჯახები მამულში აღებმიცემობას გაუმრავლებენ, ხელოსნობას წამოიწყებენ.
- იქნება, დღესასწაული ადროვოს? სულ ერთი კვირა!
აბულასანმა სამი თითი წვერში შეიყო, მოიქექა, დაფიქრდა.
- აბა, რა გითხრა... იქნებ, ჩემგან არ ივარგოს... განა, შენს სიტყვას ნაკლები ძალა ექნება, თავად უთხარი. - აბულასანი ტახტზე დაეშვა. ახლა კი იმაზეც ვთქვათ, რისთვისაც გიხმე - ზანქანს სავარძელზე მიუთითა - შენ არაერთგზის მიშველებიხარ სამეფო ხაზინას. შესაძლოა, შენი შველა ქართლის საამიროს დასჭირდეს. როგორ მიგდის საქმე - ოქროს გვასესხებ?
ზანქანი უხმოდ იჯდა. მისი მზერა შეკითხვას გამოხატავდა: საქმე ის არის, რამდენი ოქრო სჭირდება ხაზინასაო.
- ეგ რომ ათასი, გინდაც სამი ათასი ოქრო არ იქნება, თავადაც მიხვდები - ორი წლით გვჭირდება. გირაოდ ქსნის ხეობას დავდებთ. ამ ორ წელიწადში მთელი ხეობის მოსავალი შენი სარგებელი იქნება.
ზანქანი დაიძაბა. ხაზინისათვის არაერთგზის უსესხებია ოქრო. ეს იყო ომიანობისას. ახლა? დღეს ქართლში დიდი დოვლათი იქმნება. სოვდაგრებსაც მეტი შეაქვთ ხაზინაში, ვიდრე ადრე. ზანქანს შეუძლია მიახლოებით მაინც გამოიანგარიშოს რამდენი უნდა იყოს ხაზინის წლიური შემოსავალი. ზანქანის ოქრო რისთვის უნდა სჭიროდეთ? ომს იწყებენ? ვისთან? ან იქნებ... ყურთლუღ არსლანის აჯანყებამ ასეთი რა ზარალი მიაყენა ხაზინას? - გამალებული ფიქრობდა ზანქანი. აზრს აზრს უპირისპირებდა, ადარებდა. მერე კი აუჩქარებლად უთხრა პასუხის მომლოდინე ქართლის ამირას:
- ოქროს სესხებაზე უარს არა ვარ. რახან გირაოდ ქსნის ხეობას სდებთ, ბევრი ოქრო გჭირდებათ. საბოლაო პასუხს მაშინ გეტყვით, როცა გავიგებ, თუ რამდენი გინდათ.
ბატონი ხარო, მიუგო აბულასანმა, მალე დავიანგარიშებთ და ზუსტად გეტყვით, თუ რამდენი გვჭირდება. შენ ხომ არსაით მიეშურები? კი, მივეშურები, ჩვენი დღესასწაული დამთავრდება თუ არა, არანისაკენ უნდა გავსწიოო, რომ მიუგო ზანქანმა, აბულასანი არც შეწუხდა, მაშ, როგორ მოვიქცეთ, ამ ჩვენს საქმეს როგორ ვუშველოთო, არ უკითხავს. ისეთი რამ იკითხა, ზანქანს გაოცება მოჰგვარა: ამ ბოლო ჟამს ბიზანტიაში თუ იყავი, ერთი დაწვრილებით მიამბე კონსტანტინეპოლს რა ხდება, ხალხი როგორა ცხოვრობს, რა გუნებაზე არისო.
და ზანქანმაც დაიწყო თხრობა. ბიზანტიის ამბებს სრულად და ცხადად უამბობდა ქართლის ამირას. უამბო რაოდენ დიდებული ქვეყანაა ბიზანტია, ხალხი კანონს მორჩილებს და მუხლჩაუხრელ შრომასთან ერთად ესეც არისო მიზეზი მათი დალხენილი ყოფისა. ჯარი კვლავაც ძლიერი ჰყავს, თუმცაღა, ისიც უნდა გითხრა, ჩემო აბულასან, ბიზანტია თავის ძველ დიდებას დღითიდღე ემშვიდობებაო. ეს ერთი, მეორე კი..- უფლისწულ კომნინოსზე თუ ისმის რაიმე, ხალხი თუ მოისაკლისებს?
მასპინძელმა სიტყვა პირიდან რომ გამოსტაცა, ზანქანი სახტად დარჩა. აბულასანს მიაცქერდა. აბულასანის მზერამ - ახლა აბულასანი ყურადღებად ქცეულიყო, ისე აინტერესებდა ზანქანის ნათქვამი, წინ წახრილიყო, თვალებშიც ელვა ჩადგომოდა მომლოდინე კაცს - დაარწმუნა ამ საღამოს, აქ იმისთვის არ მოუწვევიათ, რომ ოქრო დაესესხონ. სხვა მიზეზი ჰქონდა აბულასანს, მაგრამ რომელი? ზანქანი ისევ ალაპარაკდა, ლაპარაკობდა, თან იმას ცდილობდა აბულასანის გულისწადილი ამოეკითხა: ეგ უფლისწული ხალხს ისე ახსოვს, როგორც ის, შარშან რამდენი ზეთისხილი მოვიდა ბიზანტიის მინდვრებში, ალექსი კომნინოსის დრო კარგა ხანია წავიდა, ხელისუფლება ჯერ კიდევ მამამისმა დაჰკარგა, დღევანდელ კეისარს ხალხი ძლიერ ემადლიერებაო.
აბულასანმა გარჩეული თხილით სავსე თასი გაუწოდა, მიირთვი, ოდიშურიაო, ზანქანმა მადლობა მოახსენა - ფესახის დღესასწაული იდგა და ცხადია, ოჯახის გარეთ, არაებრაული წესით დამზადებულსა და ჭურჭელში მოქცეულს არაფერს არ შესჭამდა. აბულასანმა კი გაიღიმა: შენ ამ თხილით ვინ გაგაკვირვებს - უამრავი გაგაქვს ბიზანტიასა და რუსეთშიო, მერე ღიმილითვე იკითხა სად მეტად გადის თხილი, სად მეტად ეტანებიანო.
- ცხადია, ბიზანტიაში, აქ ხალხმა იცის თხილის გემო, რუსეთში კი... რუსეთში ჯერ კუჭის ამოვსებაზე ფიქრობენ და არა პირის გემოზე.
- მაშ, რაღად დადიხარ რუსებში, რისთვის ჰკარგავ დროსა და ფულსა?- აბულასანს პირზე ღიმილი არ შორდებოდა.
- ჩემი შვილიშვილისათვის - მიუგო ზანქანმა.
აბულასანს სახეზე დაეტყო, რომ ვერაფერი გაიგო.
- მე ასე ვფიქრობ, აბულასან: რუსეთი ხვალინდელი ქვეყანაა, რუსეთი ხვალ იქნება ის, რაც გუშინ ბიზანტია იყო. მოვა დრო, რუსეთში ფეხს ვერ ჩადგამ. ჟამი სხვა დადგება, მე კი ჩემი დროით ჩემს შთამომავლობასთან ვიქნები.
აბულასანი ფიქრმა მოიცვა. ის, რაც ზანქანმა აუწყა, თითქმის იცოდა, მაგრამ დიდვაჭარ ზანქან ზორაბაბელის ნათქვამს სხვა ძალა ჰქონდა - ვაჭარი კაცი ყველაზე ადრე და ყველაზე ცხადად გრძნობს ქვეყნის ავკარგს.
- მაშ... მაშ... გამოდის რომ... იქნებ... იური ბოგოლუბსკიზე რას მეტყვი, ბოლოს როდის ნახე?
ზანქანმა, ცხადია, ერთმანეთთან ვერაფრით ვერ დააკავშირა ბოგოლუბსკი და ბიზანტია, აბულასანს კი მიუგო:
- უფლისწული ერთობ სახიერია და მამაციც ჩანს, ფერხორცით სავსე და ძლიერიც, მაგრამ ზნით არ ვიცნობ, რაც ყმაწვილობის ჰასაკიდან გამოვიდა, ყივჩაყეთს არა ვყოფილვარ.
- რიგორა ფიქრობ, შესაძლოა, მაგ ყმაწვილმა ტახტი დაიბრუნოს? - რა ხანია ზანქანი აბულასანს იცნობს, არასოდეს შეუნიშნავს თვალები ასე მოეჭუტოს, ესოდენ ცივი ხმით ელაპარაკოს.
ზანქანი პასუხს აყოვნებს, ფიქრობს, ფიქრში თითქოს ტუჩებიც კი მონაწილეობენო - ტუჩები დაებრიცა.
დაძაბული აბულასანი მზერას არ აცილებს ზანქანს.
- რუსეთი ძალიან შორს არის ბიზანტიური სრულყოფილებისაგან. ბიზანტიაში კანონი მეფობს, რუსეთში - ძალა - ზანქანი ხმადაბლა, აუჩქარებლად ლაპარაკობს - ამიტომ რუსეთში შეიძლება ყველაფერი მოხდეს: თუ მაგ უფლისწულმა რაიმე ძალა მონახა, თუ ძლიერთან შეჰკრა პირი, იქნებ, დაიბრუნოს კიდეც!
აბულასანი წამოდგა, ზანქანს ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა:
- შენ ამით ისიც მითხარი, რომ ალექსი კომნინოსი ტახტს ვერ დაიბრუნებს.
- ალბათ, ეგრე იქნება, აბულასან, ბიზანტიას კანონი მართავს. ბიზანტია ჩვენთვის არ არის საშიში ქვეყანა და თუ ქვეყანა არ არის საშიში ვაჭრისათვის, იგი არავისთვის არ არის საშიში. აი, რუსეთი კი...
- იმას კი ამბობ, რომ რუსეთი დიდი ქვეყანა დადგება? - აბულასანი ლამის ზანქანის ცხვირწინ დაერჭო.
- ეგრე იქნება, მაგრამ... - ზანქანი შეყოვნდა. ფიქრობს.
- მაგრამ? - ლამის ბრაზით იკითხა აბულასანმა.
- ეს არც დღეს მოხდება, არც - ხვალ.
- ბიზანტია დღითიდღე კარგავს ძალას. დღევანდელი ბიზანტია ხომ ის აღარ არი, რაც გუშინ იყო! - აბულასანს სულსწრაფობა ეტყობოდა, დაუყოვნებლივ ეწადა დასტური მიეღო თავის ნათქვამზე, ზანქანი კი არ ჩქარობდა, ყოველ სიტყვას სწონიდა.
- ჰო, ეგრეა, მაგრამ... ბერძნები დღესაც ჭკუით ირჯებიან, დღესაც ეშმაკურ ფანდებს მიმართავენ და...
- დღესაც? ცხადად მითხარი, ზანქან რას გულისხმობ! - მოუთმენლად შესძახა აბულასანმა.
- პრომეთეოსის ამბავი იხილე, აბულასან, პრომეთეოსი თავის სახედ შეჰქმნეს ბერძნებმა. ეშმაკობა იხმარა და სასჯელს თავი დააღწია. კლდეს მიჯაჭულმა თავი აიშვა, კვლავ ქვეყანას დაუბრუნდა - ეგ არი ბერძენთა წარსულიცა და მომავალიც.
- ეგრე შენ იმასაც მეტყვი, ამირანი ქართველთა ბედსა და მომავალს გვიჩვენებსო! - აბულასანმა ზანქანის ნათქვამი გულუბრყვილობად მიიჩნია და ირონიულად გაიღიმა. ეგ ღიმილი კარგა ხანს შერჩა სახეზე, თითქმის იმდენივე ხანს, რამდენსაც ზანქანი ფიქრობდა. ზანქანმა კი გვიან გასცა პასუხი.
- კი, ეგრეა, აბულასან, მაგასაც გეტყვი - ამირანი ქართველთა სახეა.
- ეგ როგორ! - შესძახა აბულასანმა და ზანქანისაკენ გადმოიხარა.
- ეგრეა, აბულასან, ეგრე: პრომეთეოსმა ეშმაკობით შეიტყო ზევოსის საიდუმლო და თავი აიშვა. ბერძენია პრომეთეოსი, საიდუმლო გამოსტყუა. ამირანი ქართველია - ღმერთს მარტოხელა ეურჩება და დღესაც იქ არი მიჯაჭული, არ იქნა და არც ტყვეობა დამთავრდა, არც - ურჩობა. რომ გგონია აჰა, სადაცაა თავს აიშვებს მიჯაჭული ამირანიო... - ზანქანმა ხელები გაშალა, დადუმდა. კარგა ხანს დუმდა. მერე თითქმის თავისთვის ჩაილაპარაკა - ვერც ამირანმა იხმარა ხერხი რაიმე, ღმერთი კი არც თავისუფლებას ანიჭებს, არც - სიცოცხლეს ართმევს... ახალ ძალას შთაბერავს ხოლმე, რომ კვლავ იბრძოლოს, თითქოს მასაც მუდამ მებრძოლი ამირანი სჭირია.
აბულასანი წამოდგა. ზანქანს მიუახლოვდა. სახეზე ღიმილი კი არ დასთამაშებდა, შეჰყინვოდა, თითქოს მოულოდნელობას შეეჩერებინა მის სახეზე ღიმილი.
- რუსნი? რუსებზე რაღას იტყვი? ისინიც ასე ურჩობენ? - აბულასანს თავისი საზრუნავი აწუხებდა.
- არა, რუსთა ბედნიერების სათავე სწორედ ის არის, რომ ბედს კი არ ეურჩებიან, მორჩილებენ. მე არ ვიცი სხვა ერი, ასე რომ მორჩილებდეს ღმერთს. რუს კაცს ის უყვარს, როცა მის ბედს ღმერთი განაგებს, ქართველს კი უნდა ღვთის საქმეც აკეთოს და თავისიც. ეს კი...
- რა?! ეს რა! - მოუთმენლად იკითხა აბულასანმა.
- მაინც ხომ მოდის ქვეყანა, მაინც ხომ არი, ეს კი იმას ნიშნავს ღმერთს ასეთიც სწადია.
აბულასანი უხმოდ იდგა. ფიქრმორეული ერთ წერტილს მისჩერებოდა. ზანქანს ისიც კი მოეჩვენა, ჩემი აქ ყოფნა მიავიწყდაო, წამოდგა. დამშვიდობებას აპირებდა, აბულასანმა რომ ხმა ამოიღო:
- კარგი, ზანქან, ფრიად მადლობელი ვარ შენი.
ზანქანი ქუჩაში გაღიზიანებული გამოვიდა. ცხენთან შედგა. მხლებელნი გარინდულნი ელოდნენ, თუ როდის ინებებდა ცხენზე შეჯდომას. ზანქანს კი ფიქრისგან ვერ დაეღწია თავი - უკმაყოფილო იყო - ვერა და ვერ მიხვდა რისთვის მოიწვია ამირამ. არ უყვარდა ზანქანს, როცა არ იცოდა რაზე, რისთვის ლაპარაკობდა. დღეს სწორედ ასეთი საუბარი ჰქონდა აბულასანთან და ამიტომ არის უკმაყოფილო. მეფე თამარის მამას, მეფე გიორგი მესამეს, არაერთხელ მიუწვევია ზანქანი - მთვარის ამოსვლისას დაწყებული საუბარი მაშინ დაუმთავრებიათ, ფანჯრებს მზე რომ მოსდგომია, მაგრამ ასეთი მოთენთილობა ერთხელაც არ უგრძვნია. ეს იმიტომ რომ ნათელი კაცი გახლდათ მეფე გიორგი: ბიზანტია იყო მისი ფიქრის ანი და ჰოე, დროდადრო არანის ამბებსაც გამოიკითხავდა, ზანქანმა ყოველთვის იცოდა რას რისთვის კითხულობდა მეფე, ამიტომ საუბარიც შეუბრკოლებელი იყო.
მეხსიერებაში მეფე თამართან ამასწინანდელი საუბარი ამოტივტივდა. მეფე თამარი შეკითხვებს სვამდა. ზანქანი პასუხობდა - ბევრს ლაპარაკობდა, თითქოს იმას ცდილობდა ყველაფერი მიეცა მეფისათვის, ყველა ცოდნა, რაც კი გააჩნდა, მეფე კი ნირშეუცვლელად შესცქეროდა დიდვაჭარს, მოფიქრალი უფრო იყო, ვიდრე მსმენელი, მაგრამ კითხვები არწმუნებდნენ ზანქანს, თუ რაოდენი ყურადღებით უსმენდა მეფე. უსმენდა და ნათქვამს სწონიდა. ამ შეკითხვებმა დაარწმუნეს ზანქანი: დღეს ქალწული - ხვალ ბრძენი მეფე დადგებოდა. წამოსვლისას ღიმილმორეულმა შეჰბედა კიდეც მეფეს თავისი ნაფიქრი. წარბშეკრულმა მეფემ კი მის ღიმილს ყინულივით ცივი მზერა შეაგება და ჰკითხა:
- საქართველოს მომღიმარე, დამთმობი მეფე სჭირდება, თუ მათრახმომარჯვებული - ქართველი კაცისავე სასიკეთოდ რომელი უმჯობესია?
კითხვა იყო, ცხადია, კითხვას სვამდა მეფე, მაგრამ კითხვასაც არ ჰგავდა, მოთხოვნა უფრო იყო, ვიდრე შეკითხვა. ამან დააბნია ზანქანი. ვერც კი წარმოიდგენდა, თუ ყმაწვილ მეფეს ამგვარი ფიქრი დასტრიალებდა თავს. „განიცდის? ყურთლუღ არსლანს რომ დაუთმო, დღეს ნანობს! « გაუელვა თავში.
როგორც ჩანს, პასუხი შეუყოვნდა. თავჩაქინდრულს კვლავ მეფის ხმა მოესმა:
- გიჭირს, განთავისუფლებ პასუხისაგან. ღამე მშვიდობისა! - მეფემ კარისაკენ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა. ის-ის იყო დიდ, მძიმე კაკლის ხისაგან ნაკვეთ კარში უნდა გასულიყო, თავდახრილმა ზანქანმა თქვა:
- თუ ნებას მომცემ, მეფეო, მე მაინც მინდა შენს კითხვას ვუპასუხო - მეფე თამარი მობრუნდა, თანხმობის ნიშნად გაიღიმა, ზანქანმა ორიოდ ნაბიჯი წარსდგა - მე ვხვდები, რისთვისაც მანთავისუფლებ პასუხისაგან - ზანქანმა კვლავ დახარა თავი - თუ მომიტევებ, ვიტყვი: არ არის ეგრე. მე თექვსმეტი ასწლეულია ამ მიწაზე ვცხოვრობ, დრომ, ამ ქვეყნისადმი ებრაელთა ერთგულებამ, ამ მიწაში ჩაღვრილმა ჩვენმა ოფლმა, არა მხოლოდ საამოს, სიმართლის თქმის უფლებაც მომანიჭა.
- ბრძანე, ბრძანე, ზანქან იუდეველო! - ისევ გაეღიმა მეფე თამარს - ჩემს ქვეყანას და ხალხს რა არგებს?
- ვერავინ იტყვის შენმა დიდმა პაპამ, მეფე დავით მეოთხემ მტრისთვის მეტად იქნია ხმალი, თუ მათრახი - ქართველთათვის. ბრძენი იყო და იცოდა: კაცი, რომელიც მეფის სიტყვას არად ჩააგდებს, არც ღვთის მორჩილი იქნება. თავისი ხალხი მხოლოდ ძლიერ მეფეთ დაუსჯიათ ისე, როგორც მეფე დავით მეოთხე სჯიდა, მაგრამ ქართველ ხალხს ჯერ არც ერთი მეფე შეუყვარებია ისე, როგორც დავითი. ფიქრი გვმართებს იმაზე, თუ რატომ უყვარს ხალხს მეფე, რომელმაც ამდენი მათრახი ურტყა.
- იქნებ, ამაზეც გაქვს პასუხი? - იკითხა მეფე თამარმა.
ზანქანი შეყოვნდა. მეფეს უხმოდ შესცქეროდა.
- იქნება მქონდეს კიდეც, მაგრამ... მეფეს მხოლოდ ის უნდა უთხრა, რაც ძლიერ გჯერა, მტკიცედა გწამს.
- ბრძანე, ზანქან! - პირზე ღიმილი ედო მეფეს, ხმაში კი ბრძანება ისმოდა.
- მე ასე მგონია, მეფეო, რომ... ის სულგანათლებული მთელი თავისი ცხოვრება ამ მიწაზე მცხოვრებ ყოველ კაცს ჩააგონებდა: სახელმწიფოში ცხოვრობთ და ოჯახზე მეტად მას უნდა მოუაროთო. ვისაც ეს არ ესმოდა, მათრახით მისწვდა. ჩვენში თუ მათრახის შიში არა აქვთ, კანონს ეურჩებიან, კანონის ურჩნი კი სახელმწიფოს ვერ ჰქმნიან.
ერთხანს უხმოდ იდგა. მერე ბრძანა მეფემან თამარ, ასულმან გიორგისა:
- მადლობელი ვარ, ზანქან ზორაბაბელო. ღამე მშვიდობისა! - და გზა განაგრძო.
ზანქანმა თავი მაშინ ასწია, მეფე დიდ, მძიმე კარს რომ მიეფარა. თამარ მეფის ქოშების ხმა კვლავაც ისმოდა - აუჩქარებლად მიდიოდა.
ზანქანი აბულასანის სახლის წინ დაბნეული იდგა - ამირას ვერაფერს მიუხვდა და ასე ეჩვენებოდა, ბუღით მოცულ აბანოში, ძლივს გასარჩევ შიშველ სხეულებს შორის დავაბიჯებო.
ფიქრებიდან ცხენის ფრატუნმა გამოარკვია. უნაგირს მოჰკიდა ხელი რომ ზედ შემჯდარიყო. გადაიფიქრა. სადავე მსახურს გადაუგდო და ფეხით გასწია. მსახურმა წინ უსწრო. ხელში ჩირაღდანი ეჭირა და ბატონს გზას უნათებდა. ზანქანს ჩირაღდნის მოლაპლაპე შუქი ფიქრს უშლიდა. ხმადაბლა თქვა:
- არ არის საჭირო, მთვარეც კარგად ანათებს.
ზანქანი შინაც მივიდა, ლოგინშიც ჩაწვა, აბულასანის ყოველი სიტყვა და ჟესტი ყურში ჩაესმოდა, თვალწინ უტრიალებდა. ყველაფერს კიდევ ერთხელ მოავლო გონების თვალი, მაგრამ... არა, აბულასანს ვერაფერს მიუხვდა. გაღიზიანებულს დიდხანს არ მიეკარა რული. ზანქანს არ უყვარდა როცა მისგან ყველაფრის გაგება ეწადათ, თავად კი არაფერს არ აუწყებდნენ.
მეორე დილას, ვიდრე ბეით ქნესეთში სალოცავად მივიდოდა, საღირის ძეს ეწვია. საღირისძე ფრიად გაახარა ზანქანის დანახვამ. ზანქანმა თქვა:
- იმად მოველ, რომ... ხომ გაგიგია, ქართველთ მეფენი ჩვენს ხალხს მოსეს
რჯულის კანონით ასამართლებენ. შენ როგორა ფიქრობ - ეგრე რად ირჯებიან, როცა საქართველოს თავისი წესიცა აქვს და კანონებიც.
- პირდაპირ თქვი, ზანქან, რისთვის გარჯილხარ!
- იმადა, რომ დღესასწაული გვიდგას - პასექი, არ იქნება დღესასწაულში ხალხის აყრა, ერთი კვირა აცალე! მიქელას ძენი მზითევს ერთი კვირის შემდეგაც სიხარულით მიიღებენ.
საღირისძემ გაიცინა.
_____________________
1.ფესახი - პასექი, ეგვიპტელთა ტყვეობიდან ებრაელობის განთავისუფლების დღესასწაული. აღინიშნება მარტ-აპრილში.
2.აგადა - ფესახის (პასექის) საზეიმო სუფრა, რომელზეც საუბრობენ იმაზე - მოსემ, ღვთის ნებით, როგორ გამოიყვანა ებრაელობა ეგვიპტიდან.
3. ბეით ქნესეთი - სამლოცველო, სინაგოგა.
4.ფარნასა - შემოსავალი.
5.არანი - მუსლიმური სახელმწიფო წარმონაქმნი, დაახლოებით დღევანდელი აზერბეიჯანის ტერიტორიაზე.
6. დავით ჰაგადოლი - დავით დიდი, აქ - დავით აღმაშენებელი.
7. მიშფახა - ოჯახი, საგვარეულო.
![]() |
3 იოშუაყი |
▲ზევით დაბრუნება |
ბაჩევასა და უშუს ისეთი გრძნობა დაუფლებოდათ, თითქოს დიდი, ძალიან დიდი ხანია ერთმანეთს იცნობდნენ. - ცხენთა შეჯიბრების მერე თინათი ორივესათვის ყველაზე ძვირფასი, ყველაზე საჭირო ადამიანი გახდა - იმდენად ძვირფასი, რომ ლამის ანგელოსის სახე მიეღო - ადამიანების მშველელი ანგელოსისა. ბაჩევა და უშუ თინათის სახლში შვებას ჰპოვებდნენ. თუნდაც მარტო ყოფილიყო ბაჩევა, გნებავთ, უშუ - თუ ერთი ამათგანი დააგვიანებდა, ან სულაც არ მოვიდოდა, მაინც აქ ერჩიათ ყოფნა, რადგან მეორის არსებობა თავისთავად იგულისხმებოდა. ბაჩევას ცხენი, შაბათის გარდა, ყოველ ნაშუადღევს მიადგებოდა თინათის სახლს. ეფრო - ბაჩევას გამყოლი - თინათის სახლის წინ დიდი, ტოტებგადაშლილი მუხის ჩრდილში უშუს ყმას „თხილობანას“ ეთამაშებოდა. პაწია ორმოში ვინც მეტ თხილს ჩააგორებდა, მოგებულიც ის იყო. ახლომახლო მიმოფანტულ თხილს პაწია ორმოსაკენ წკიპურტებით მიაგორებდნენ. თხილით ჯიბეებგამოტენილი ეფრო შებინდებამდე ელოდა, როდის ინებებდა ბაჩევა გამოსვლას. ზანქანის ასული ზოგჯერ თინათისა და უშუსთან ერთად სადღაც მიეშურებოდა, ყმებიც უკან მისდევდნენ - აბა, ვის შეეძლო გამოეცნო ბატონს - უშუს, გნებავთ ბაჩევას, როდის რა დასჭირდებოდა.
დღეები დედაბრის ფიქრივით მდორედ მიიზლაზნებოდნენ. ბაჩევა და უშუ კი ბედნიერად გრძნობდნენ თავს - ძლიერ უკვირდათ რამდენს იტევდა ყოველი დღე: ერთმანეთს ხედავდნენ, ებაასებოდნენ, უღიმოდნენ. ერთხელ უშუმ ბაჩევას თითებიც კი დაიჭირა ხელში. რა სალბუნივით საამო და თავბრუდამხვევი ხელი ჰქონდა უშუს! ისიც კარგად იგრძნო ბაჩევამ ღაწვებზე როგორ მოედო ალმური. შეყვარებულთა საიდუმლოს არამკითხე ადამიანებზე მეტად, მათივე მზერა გასცემს. ბაჩევას მზერაში ჩამდგარი ხალისი, შუქი მუხასავით სახედანაოჭებულ ლალა ესთერს როგორ გამოეპარებოდა. ლალა ესთერს სახე ჰქონდა ნაოჭებით სავსე, თორემ ხელები და გული იმდენ სითბოს გამოსცემდნენ, ბაჩევა სულ მკერდზე ეკვროდა. ერთხელ, მზერაგაბრწყინებული ბაჩევა შინ შებინდებისას რომ მობრუნდა და სიხარულმორეული ლალას ჩაეკრა, ესთერმა ჰკითხა: ,,ნუთუ, შენს ლალას, შენს ესთის არ ეტყვი ქათმის დაბუდების ჟამამდე სად ხარ?“ ბაჩევამ პასუხად დანაოჭებული სახე დაუკოცნა. ეს იყო და ეს! ორიოდ დღის შემდეგ ესთერმა მანდილი ნიკაპთან შეიკრა და გაფრთხილების ტონით უთხრა გაზრდილს: ,,რატომ არაფერს არ მეუბნები?!“ ბაჩევას ნათქვამი: ,,გეტყვი, უსათუოდ გეტყვი, შენ რას დაგიმალავ!“ არაფრად ჩააგდო და ესთერმა ქართლური პირდაპირობით მიახალა ეფროს: ,,თუ ახლავე, ამ წუთში არ მეტყვი, ყოველდღე სად დადის ჩემი გაზრდილი, ხვალიდან ზანქან ზორაბაბელის სახეს თვალს ვეღარ მოჰკრავ“. ზანქანის ოჯახში სამსახური კი მხოლოდ სამსახური როდი იყო - ზანქანის ოჯახის მსახური ათასი მდიდარი კაცის მსახურზე უკეთესი იმით იყო, რომ ზანქანს ემსახურებოდა. და რახან პატრონი ოჯახში იჩერებდა, ე.ი. ენდობოდა. ის, ვისაც ზანქანი ენდობოდა, ჯამაათისთვის საყურადღებო კაცი იყო. ეფრომ ესთერს ასევე ქართლური გულახდილობით მიუგო - ბაჩევა თინათისთან დადისო. თინათის მამას - დიდ ლუარსაბს კი ზანქანის ოჯახთან მეგობრობა ჰქონდა, ქვეყანამ ისიც იცოდა, ბაჩევა და თინათი ლამის ერთად რომ იყვნენ გაზრდილნი.
ესთერი ქართლელი ებრაელი იყო - ჯიუტი და სიმართლის ძირისძირამდე მიმყოლი. ეფროს შემოწმება გადაწყვიტა და მომდევნო დღეს ბაჩევას შეუმჩნევლად აედევნა უკან. თინათის სახლის წინ, ფერდობზე ტოტებგაფარჩხულ ლეღვის ხეს ამოეფარა, არც უნდოდა ამოფარება, თინათის სახლიცა და მუხაც ქვემოთ იდგა, ლეღვის ხე კი - ფერდობზე, ამიტომ მთელი მიდამო ხელისგულზე ედო. სამხრობის ჟამმა რომ მოაღწია, თინათი, უშუ და ბაჩევა სახლიდან გამოვიდნენ და სიცილკისკისით გაუყვნენ გზას. ესთერი ყმათაგან შეუმჩნევლად მიჰყვა ახალგაზრდებს. სიცილ-კისკისში იმ ყმაწვილისა და ბაჩევას ხმა მეტად ისმოდა. იცოდა ესთერმა ასე როდის კისკისებდა ბაჩევა - როცა თავს ძალიან კარგად გრძნობდა. ახალგაზრდები ხასხასა მოლზე დასხდნენ, ესთერი კი მუხის ჩრდილში მოკალათდა. ცხოვრების ავ-კარგის მცოდნე ლალას მწარე ფიქრი დასტრიალებდა თავს: როცა სამი ყმაწვილი ერთმანეთს ხვდება, იმ სამიდან ერთი ვაჟია და ორი ქალი, იმ ვაჟს ერთ-ერთი, იმ ვაჟს ერთ-ერთთან... რა საშინელი ფიქრი დასტრიალებს ლალას!... იმ ქალთაგან ერთ-ერთს იმ ყმაწვილისთვის უძგერს გული... ვინ, რომელია ის ერთი ქალი? ეს რომ თინათი იყოს, ბაჩევას აქ ყოველდღე არაფერი ესაქმება, კი, უყვარს თინათის, თავსაც ურჩევნია, მაგრამ... არა, არც ისურვებდა მის ყოველდღე სტუმრობას... ან ის ვაჟი რისთვის ინდომებდა... გამოდის, ბაჩევაა ის ყმაწვილი ქალი... ამაზე ბაჩევას კისკისი და გაცისკროვნებული მზერაც მეტყველებს! მის მზერაში იგრძნობა, რომ იგი რჩეულია, თინათის კი ნაღველი ჩადგომია თვალებში. კი, ასეა, ამას ყველა მიხვდება, ამას ესთერისნაირი გამოცდილი ქალი კი არა, - ყმაწვილიც იოლად აუღებს ალღოს. რა ქნას, რა წყალში გადავარდეს ესთერი?! ეს საქვეყნო სირცხვილია. ზანქან ზორაბაბელის ქალიშვილი ქართველი დიდებულის ვაჟთან... სმენია, როგორ არ სმენია, კარგად ახსოვს ესთერს როგორი ზიზღი გააყოლა ფეთხაინის მოსახლეობამ შაბათა კოჭლის ქალიშვილს ქრისტიანი, მენახშირე ვანოს ბიჭი რომ შეიყვარა. იმ ბიჭსაც სული მისდიოდა მის სიყვარულში, მაგრამ ოჯახმა არ ინდომა მალქა - იუდეველი ქალი ჩვენი რძალი რად უნდა იყოსო. მტკვარში გადახტა ჩვიდმეტი წლის, შავთვალება მალქა - ისეთ ადიდედებულ, მღვრიე მტკვარს მისცა თავი, კაცმა ვერ გაბედა საშველად შესვლა. ის ყმაწვილი კი თრიაქს მიეძალა და მისი მსხვერპლიც გახდა. ერთ წელიწადში დამთავრდა ყველაფერი და მალქას ამბავი ფეთხაინს, ებრაელობას დარჩა, როგორც მკაცრი გაფრთხილება, გაკვეთილი.
სევდაშეპყრობილი, სასოწარკვეთილი ესთერი დიდხანს იჯდა მუხის ქვეშ: რა იღონოს, ზანქანს რა პასუხი გასცეს. არა, ვერარას ეტყვის, ან რა აქვს სათქმელი! ლალა ესთერი დამნაშავეა ღვთის წინაშე, ბრალეულია ზანქანისა და იოხაბედის წინაშეც. ჩაქოლვას იმსახურებს ლალა ესთერი, ჩაქოლვას! ამიტომ ვერ დგება ფეხზე, აი, მზეც ჩავიდა, სამყაროს ბინდიც მოედო, მაგრამ ლალა ესთერს ღონე არ ყოფნის წამოდგეს და შინ წავიდეს. ლალა ესთერმა
ცხადია, უშუს მამის, სამეფო დარბაზის წევრის, საურმაგ ფავნელის ნათქვამი
არ იცის, თორემ... აი, რა უბრძანებია სახელოვან დიდებულს: „ეგღა მაკლია ჩემს ოჯახში იუდეველი რძლად შემოვიდეს!“ საურმაგი მუდამ იმას ლაპარაკობდა, რასაც ფიქრობდა და იმას აკეთებდა, რასაც ლაპარაკობდა. ,,იქნებ, კარგიც არის, მაგრამ იუდეველია, მორჩა!“ ფავნელის ეს სიტყვები ისე ესალბუნებოდნენ თინათის გულს, როგორც შხაპუნა წვიმა პურის ჯეჯილს. თინათის - აუჩქარებელსა და მოდარაჯეს - ესღა დარჩა იმედად. ასე სწამდა თინათის, სულ რაღაც თექვსმეტი წლის, მეჩვიდმეტე წელში ახლახან გადამდგარ ასულს დიდი აბულეთის ძისა: „იტრიალებენ, იწრიალებენ, აქეთ მიეხლებიან, იქითაც, მაგრამ... კოვზი მაინც ჩემს ჯამში ჩავარდება“. არ იყო ეს მეჩვიდმეტე წელიწადში გადამდგარი ქალის ფიქრი, მაგრამ მდგომარეობის საღად გაზომვა, გონივრული აწონ-დაწონვა, ალბათ, ჭკვიანი მამისაგან მიჰრან აბულეთის-ძისგან თუ მოსდევდა.
მეორე თუ მესამე დღეს აივანზე რომ ისხდნენ, თინათიმ ღიმილით, სხვათა შორის თქვა:
- გაიგეთ, რა უბრძანებია საურმაგს, მამაშენსა? - უშუს მიუბრუნდა თინათი - მაგ ჰურია ჩემს ოჯახში ფეხს ვერ მოირთხამსო.
- არა, არაფერი მსმენია - თქვა უშუმ, ცოტა ხნის შემდეგ კი დასძინა საურმაგმა სხვა რა უნდა თქვას.
თითქოს ამით უნდა დამთავრებულიყო ეს საუბარი, ბაჩევასაგან არც არას ელოდა თინათი, ან რა უნდა ეთქვა, დიდი-დიდი, თვალებში ნაღველი ჩაუდგებაო, ფიქრობდა თინათი. ეს კი ცოტა იყო, ეს არ ჰყოფნიდა, ამიტომ განაგრძო:
- ეგრე, რომა, ჩემო ბაჩე, ან უშუ უნდა დაივიწყო, ან ქრისტეს რჯულზე უნდა მოინათლო - ესეც ღიმილით თქვა თინათიმ, მაგრამ ბაჩევამ ისეთი რამ მიუგო დობილს, თინათის ღიმილი პირზე შეაშრა.
- მართალია, დიდებული, სწორს ამბობს. მერე რა მოხდა!
- რაო, განა მოინათლები ქრისტეს რჯულზედა? - არა მარტო პირზე შეშრობოდა ღიმილი თინათის, მღელვარებისაგან პირის სიმშრალეს გრძნობდა, სიტყვის წარმოთქმა გაუჭირდა.
- მერე რა მოხდა, განა ჩვენ, ებრაელებმა არ დავიწყეთ ქრისტიანობა? მე ასე გამიგია - ბაჩევა იმდენად გულწრფელად ლაპარაკობდა, ისე უბრალოდ, ძალდაუტანებლად თქვა ეს სიტყვები, თინათი გაოგნდა: „ნუთუ, მართლა აქამდე მივა? იუდეველნი ხომ ეგრე ჰაიჰარად არ სტოვებენ თავიანთ რჯულსა?“
უშუ თავჩაქინდრული უსმენდა თინათისა და ბაჩევას საუბარს და გული სიხარულით ევსებოდა.
უკვე შებინდდაო, თქვა მერე ბაჩევამ, წამოხტა, კიბე უცებ ჩაირბინა და ეზოდან გავიდა. ბაჩევამ ჭიშკარი გაიხურა თუ არა, უშუსა და თინათის ქუჩიდან უცნაური შეძახილები მოესმათ. შეძახილებს ბაჩევას შეკივლებაც მოჰყვა. ბაჩევა მშველელს უხმობდა.
- ბაჩევა ჰკივის! - ნერვიულად წამოიძახა თინათიმ, კედელს ეცა, ხანჯალი ჩამოხსნა და ეზოში დაეშვა, თან მსახურებს გასძახოდა მომყევითო. უშუსაც კი გაასწრო, უშუ ჭიშკართან წამოეწია. მტვრიან ქუჩაში რომ გამოვიდნენ, აქ აღარავინ დახვდათ.
- ბაჩევას ხმა იყო, ნამდვილად ბაჩევას ხმა იყო! - თინათის ხმა უთრთოდა. მუხის ძირში ვიღაც კვნესოდა. უშუ მივარდა, გადმოაბრუნა. ეფროს ბარძაყიდან სდიოდა სისხლი. ,,რა მოხდა, რა მოხდა!“ ჩასძახა თინათიმ. ეფრომ კი ძლივს ჩაიჩიფჩიფა: ,,იქით გაიტაცეს ყაჩაღებმა, მტკვრისაკენ.“
- ცხენი! - იყვირა უშუმ.
- ცხენი, ჩქარა! - იკივლა თინათიმ.
თინათი ცხენს რომ მოახტა, უშუს ცხენი უკვე ნაპერწკლებს ისროდა. ცქვიტი იყო თინათის „გვანცა“ - მალე წამოეწია უშუს.
უშუმ მტკვარზე გადასასვლელ ბორანთან უწია ბაჩევას გამტაცებლებს. ის-ის იყო ბორანი ნაპირს უნდა გასცლოდა, რომ უშუმ ზედ შეაგდო ცხენი და ორთაყვირზე ხელებჩავლებულ ყაჩაღს მათრახი გადაუჭირა. ყაჩაღი არ შედრკა - ხანჯალი გააშიშვლა და ის იყო უშუსათვის უნდა ეძგერებინა, უცნაური რამ მოხდა: „გვანცა“ მსუბუქად გადაევლო სივრცეს და ბორანზე დახტა, თინათიმ კი „რას სჩადი, უბედუროო“ დასჭყივლა ყაჩაღს, და ხანჯალი მკლავზე ისე დაარტყა, ლამის მკლავი ჩამოაცალა. ამასობაში უშუს ბიჭებმაც შემოაგელვეს ცხენები ბორანზე და დანარჩენ ორ ყაჩაღს ეცნენ. უშუსა და თინათის ხელიც აღარ გაუნძრევიათ. ყმებმა ყაჩაღებთან ცოტა ხანს იძიძგილავეს, ორიოდ წუთში სამივე ყაჩაღი იატაკზე ეყარა. აი, იმას, ორთაყვირისთვის რომ ჩაევლო ხელი და თინათიმ ხანჯალი აძგერა, დიდძალი სისხლი სდიოდა, მისი ერთი მეგობარი კი ბარძაყში გახლდათ დაჭრილი. პირაკრული და გაკოჭილი ბაჩევაც იქვე იყო. უშუ რომ დაინახა, ცრემლი მოერია - იმედგამრთლებული ადამიანის სიხარულის ცრემლი. ხელები შეუხსნეს თუ არა, პირზე აკრული დოლბანდი თავად მოისროლა და უშუს მოეხვია. პირველად მოეხვია იმას, ვინც მისი ყმაწვილქალური სიზმრების განუყრელი სტუმარი გამხდარიყო. სიხარულდაუფლებულს არც უშუს ლოყის მხურვალება უგრძვნია, არც - მისივე ხელების სითბო. ბუტბუტებდა: „როგორა ხარ, უშუ, ხომ არსად დაგჭრეს, ხომ არა გტკივა?“
უშუს, ბაჩევას მკერდის სითბო რომ იგრძნო, ლამის თავბრუ დაეხვა. თინათი ბორანს ნელი, მძიმე ნაბიჯებით გაეცალა. ხმელეთზე გადავიდა და იქ დაელოდა ქალ-ვაჟის გამოსვლას.
იმ სამ ყაჩაღთაგან ერთი ადრე შეძლებული ებრაელის - იოშუაყ შალელაშვილის ვაჟი - ეუდა აღმოჩნდა. თინათიმ მკლავში სწორედ ის დასჭრა.
ყაჩაღთაგან ებრაელის აწიოკებაში მისივე თვისტომი - ებრაელი - არაერთხელ გარეულა. ისინი უმეტესწილად მდიდარი ებრაელის ოჯახზე მიუთითებდნენ ყაჩაღებს, ან იმას აცნობებდნენ, ეს მდიდარი ებრაელი, მისი შვილი, ძმა, თუ მამა რა დროს სად იქნებოდა. ასეთი შემთხვევები ყოფილა და ზანქანმა ეს იცოდა, ის კი არ სმენია, ებრაელს თავად გაეტაცოს ვინმე - ასე საქვეყნოდ გაეცხადებინოს ყაჩაღი გავხდიო. ამიტომ ზანქანი ჯერ ეუდას სანახავად წავიდა - მასთან საუბარი ეწადა - გუჩუს და ჯაჩუს მერე ვნახავო, გადაწყვიტა. ან რა ჰქონდა მათთან გასარკვევი - ორივენი ცნობილი ყაჩაღები იყვნენ, ზანქანს არაერთხელ გაუმართია მათთვის ხელი, დღეს კი გაიძახიან არ ვიცოდით ზანქანის გოგოს თუ ვიტაცებდით, იმ ჰურიამ შეგვაცდინა, მაგას ეგრე და ეგრე ვუზამთო.
იოშუაყ შალელაშვილის სახლიც, ცხადია, ფეთხაინში იდგა. იქ მივიდა ზანქანი, მაგრამ მსახურს უთხრეს, ეს ერთი ხანია აქ აღარ ცხოვრობს, ეს სახლი მევალეებმა წაართვესო. მეზობლებშივე მიასწავლეს, თუ სად ცხოვრობდა დღეს შალელაშვილების უქალო ოჯახი. დიასახლისს მძიმე ყოფა ვერ აეტანა და წუთისოფელს გასცლოდა.
ზანქანი შალელაშვილის მიწურში რომ შევიდა, ლამის სული შეეხუთა. მიწურისთვის ჭერში სარკმელი არ დაუტანებიათ. ამიტომ დიდ კუბოს ჰგავდა. ამ კუბოში კვამლი იდგა. ზანქანმა კვამლში კერიასთან მჯდომი იოშუაყი ძლივს გაარჩია, მერე ისიც დაინახა, მუხლებზე ფსალმუნი რომ დაედო იოშუაყს.
- შალომ ყალეხემ! 1 - თქვა ზანქანმა.
იოშუაყმა სტუმარს ამოხედა, დააცქერდა, „ყალეხემ შალომ“ მიუგო და ისევ ფსალმუნს მიუბრუნდა - ბუტბუტით განაგრძო კითხვა. სტუმარმა კერიიდან ხუთიოდ ნაბიჯზე ნაბადზე მწოლარე დაინახა. მიუახლოვდა, მიმოიხედა, ჯორკოზე ჩამოჯდა. ეუდა აუჩქარებლად აათვალიერა. ,,კარგი ვაჟკაცია!“ გაიფიქრა და კიდევ ერთხელ დააცქერდა ცისფერთვალება ეუდას, მერე მკლავზე ჰკითხა გტკივა თუ არაო. ეუდამ თავი დაუქნია. ზანქანმა ცივად იკითხა: „რატომ, რისთვის მოიტაცე ჩემი შვილი?!“ ეუდამ ხმადაბლა, გულგრილად მიუგო: „იმიტომ, რომ ფული მჭიროდა“. ზანქანს პასუხი არ მოეწონა, ეწყინა კიდეც.
- გუჩუსა და ჯაჩუს ამას არ შევეკითხები, შენგან კი უნდა გავიგო: ისრაელიშვილმა ამ დღისთვის ვითარ გაიმეტე ისრაელიშვილი? - ხმადაბლა, აუღელვებლად, დაინტერესებული კაცის ინტონაციით იკითხა ზანქანმა.
- იმად, რომ შენი ქალია, შენ კი მდიდარი კაცი ხარ!
- შენ ხომ იცოდი, რომ ისრაელის ქალია! ისრაელისშვილს...
- უმოთაყოლამზე2 შეიძლება?
- მე ყაჩაღობისთვის არ გთხოვ პასუხს. მე, ისრაელი კაცი, შენ - ისრაელ კაცს პასუხს გთხოვ იმაზე, რაც ისრაელიშვილს გაუკეთე. გამეცი პასუხი! - ეუდა დუმდა. უხმოდ მისჩერებოდა ჭერს. - ჩვენ გამჩენი ერთმანეთის პატრონობას გვავალებს. შენ კი ისრაელის ქალი ამ დღეში ჩააგდე.
- გამჩენი! სად არი, გამჩენმა ზურგი გვაქცია! - თქვა ეუდამ.
ზანქანს ზურგსუკნიდან მოესმა იოშუაყის მიერ თითქმის გოდებით ნათქვამი:
- არ იციან, ამ საცოდავებმა არ იციან: ის კურთხეული პირს იმათგან იბრუნებს, ვისაც მისი დიდება არ სწამს.
იოშუაყი სკამზე ირწეოდა, სიტყვას წელავდა. რომ დაამთავრა, ისევ ფსალმუნში ჩარგო თავი, ზანქანი კი ეუდას მიუბრუნდა. ეუდას სახეს კვლავ კერიიდან წამოსული კვამლი გადაფარვოდა, მის თავს ზემოთ თავმოყრილი კვამლი ნელა, აუჩქარებლად მოძრაობდა.
- შენი იმედიც მქონდა, დამინდობდი! - თქვა ეუდამ.
ეუდას თავზე კვამლი გაიფანტა. მისი სახე გამოჩნდა. ზანქანი კიდევ ერთხელ, ყურადღებით დააკვირდა: „ოცი წლისა თუ იქნება, ხამორი3 სულაც არ ჩანს,“ - გაიფიქრა და იოშუაყს მიუბრუნდა.
- იოშუაყ, მობრძანდი ამ საღამოს, ლოცვის მერე, ფულს გასესხებ - გინდა შენი სახლი დაიბრუნე, გინდა - სხვა იყიდე.
იოშუაყმა ფსალმუნის კითხვა არ შეწყვიტა. ჯორკოზე მჯდარი კვლავაც ირწეოდა, ზანქანმა გაიფიქრა, ჩემი ნათქვამი ვერ გაიგონაო. ერთხანს იყუჩა. იოშუაყი კითხვის რიტმს მოძრაობას აყოლებდა. ზანქანი ნათქვამის გამეორებას აპირებდა, იოშუაყმა მოძრაობა შეწყვიტა, ფსალმუნი დაკეცა, ხელი ზედ დაადო და თქვა:
- გამჩენის სამსახურისთვის, ლოცვისთვის, კარგი სახლი აუცილებელი არ არის, ბეითქნესეთში ვლოცულობ, აქ მოვდივარ და მძინავს. დანარჩენი ყველაფერი გამოვცადე და დავრწმუნდი: უმაგისოდაც შეიძლება გამჩენის სამსახური.
ზანქანი ისევ უხმოდ იჯდა. იოშუაყის ნათქვამს აცნობიერებდა. მერე თქვა:
- ანაკლიაში ერთგული კაცი მჭირდება, ფარნასა გექნება.
იოშუაყი პასუხის გაცემას არ ჩქარობდა.
- ა, შეხედე, რა წერია აგერ აქ: ,,ნეტარ არს კაცი, რომელსაც სჯი უფალო, და ასწავლი თორას“. მე ამ ტანჯვით ვნეტარებ, ზანქან! - იოშუაყმა ფსალმუნის კითხვა განაგრძო, ჩიფჩიფით კითხულობდა, კვლავ ირწეოდა.
ზანქანი ეუდას მიუბრუნდა:
- მე ვიცი თქვენ ვისი ყმებიცა ხართ. რომ დაგიხსნათ?.
- ბატონი ბატონია. შენც ისევე გემსახურებით, როგორც იმას ვემსახურები.
- არა, ეგრე არა. მე შენ გამოგისყიდი და გაგანთავისუფლებ.
ეუდა ყურადღებით მიაცქერდა ზანქანს და იკითხა:
- მერე?
- ერთი პირობა უნდა მომცე.
- არ შეიძლება, არ იქნება ყველა თავისუფალი იყოს! - ისევ მოესმა ზურგსუკნიდან იოშუაყის ხმა - ყველას თავისუფლებას ქვეყნისთვის უბედურება მოაქვს, მეტი არაფერი! - ზანქანი ჯორკოზე შემობრუნდა, იოშუაყს კითხვით მიაჩერდა. იოშუაყი კი არ ჩქარობდა. დუმილი გაუგრძელდა. მერეღა თქვა - შენ თავისუფლებას ვერავის ვერ მიანიჭებ, ზანქან! - თავისუფლება ჯერ გამჩენის სამსახურმა, მერე ცოდნამ უნდა მისცეს ადამიანს - იოშუაყი ისევ ლამის გოდებით, ოდნავი წამღერებით ლაპარაკობდა - თავისუფლება ცოდნაა, მხოლოდ ცოდნა და ვაი იმას, ვისაც ამის გაგება არ უნდა!
- მეც მაგ პირობას ვთხოვ შენს შვილს, იოშუაყ: როგორც კი რეფუას4 მიცემს გამჩენი, რაბისთან მივიდეს და თორის სწავლა დაიწყოს. დავითმა5 ღონით კი არა, ჭკუით დაამარცხა გოლიათი. ეს ერთი. მეორე: ამერიმერ მიწევს სიარული, გზაზე ათასი ფათერაკი მხვდება. ჩემი გამყოლი და მოდარაჯე იქნება.
იოშუაყმა არაფერი თქვა, თვალებმოჭუტული უხმოდ შესცქეროდა ზანქანს, მერე კვლავ ფსალმუნს მიუბრუნდა, ზანქანმა იოშუაყს საყვედურნარევი ღიმილით უთხრა:
- ყრმას რატომ არ ასწავლე ის, რასაც მანდ კითხულობ, რატომ დაადგა ყაჩაღობის გზას, კარგად უნდა მიგეხედნა შვილისთვის!
იოშუაყმა ისევ მოჭუტა თვალები, ფსალმუნი მიწაზე მოწიწებით დადო და თქვა:
- გამჩენს შენთვის ქონებაც მოუცია და ჭკუაც. ჩვენი წესიც კარგად იცი - ყოველი კაცი თვითონ ირჩევს რა გზით იაროს. მე ჩავაგონებდი, ამან არ შეისმინა.
ზანქანმა მცირე ხნის შემდეგ, ხმადაბლა თქვა:
- ადამიანს ყოველთვის შეუძლია გამჩენისკენ ქნას პირი, ჩვენ კი ხელი უნდა შევუწყოთ. ღმერთმა მშვიდობა მოგცეთ! - გასასვლელისაკენ ორიოდ ნაბიჯი გადადგა.
- ნუ იჩქარებ, ზანქან, რახან ჩემს ოჯახში მობრძანდი, ორი სიტყვა უნდა გითხრა.
კერიაზე სველი შეშა ისევ ხრჩოლავდა. კვამლმა ზანქანს თვალები ატკინა.
- უფულო კაცის ნათქვამი ვის რაში უნდა, ერთ დროს შემძლე და მერე გაღატაკებული კაცისა, კიდევ უარესი, ჩემნაირების ნათქვამს არც მე ვაგდებდი რამედ. მაინც გეტყვი: ჩვენ ისრაელიშვილები ვართ, ისინი - ბატონიშვილები. რამდენი სიკეთეც არ უნდა გააკეთო, ერთ დღეს ყველაფერს ივიწყებენ. დანდობა არა აქვთ, დანდობა, ამან მომიყვანა ამ მიწურში!
- ვის დანდობაზე ლაპარაკობ, იოშუაყ!
- შენზე ამბობენ, ბატონიშვილობა დიდ პატივს სცემსო, საქვეყნო საქმეში არისო შებმული.
- არი მაგაში რამე საძრახი? - ზანქანმა თვალი მოისრისა.
- საძრახი?! - იოშუაყი ზანქანს სიბრალულით შესცქეროდა - მაგით ბედნიერი კაცი მე რო არ მინახავს, ჩემო ზანქან?! არ არი, დანდობა არ არი! - კვამლი ახლა იოშუაყს შემოხვეოდა.
- რა რჩევას მაძლევ, იოშუაყ?
- რჩევას? არაფერს. ჭკუა არ გაკლია და გამოცდილება. მე ჩემი გითხარი, დანარჩენი შენ იცი! - იოშუაყმა კვლავ ფსალმუნი აიღო ხელში, გადაშალა და კითხვა განაგრძო.
ზანქანი მიწურიდან პირზე ღიმილმოდებული გამოვიდა. ფიქრობდა:
- ასეა ადამიანი საქმეს რომ ჩამოსცილდება, უნდობი, ეჭვიანი ხდება.
კი, ასე ფიქრობდა ზანქანი, მაგრამ იოშუაყის სიტყვები მაინც მთელი კვირა თან დასდევდა.
გუჩუსა და ჯაჩუს ეწვია, ორივეს ვერცხლი დაუტოვა, გააზატებას და მერე თავის გუშაგთა შორის ჩარიცხვასაც დაპირდა, მაგრამ იოშუაყის ნათქვამი მაინც სულს უღრღნიდა.
__________________________
1.შალომ ყალეხემ - მისალმება. სიტყვა სიტყვით - მშვიდობა თქვენ!
2.უმოთ-ჰაყოლამ - არაებრაელი.
3.ხამორი - ვირი. აქ სულელი, ხეპრე.
4. რეფუა - ჯანმრთელობა.
5.იგულისხმება ბიბლიური მეფე დავითი.
![]() |
4 საურმაგ ფავნელი |
▲ზევით დაბრუნება |
უშუ მოლოდინმა მოჰქანცა - ერთი კვირა ხდებოდა, ბაჩევა არ ენახა. „თუ ბაჩი მოინათლება, წინ რაღა უნდა დაგვიდგეს?“ - ფიქრობდა უშუ, მაგრამ მამის ამრეზილი გამომეტყველების შემყურე ხვდებოდა, ვინც დაუდგებოდა წინ. ამიტომაც დუმდა. უნდოდა ისეთი რამ ეთქვა საურმაგისათვის, რაც მას უარისთქმის საშუალებას წაართმევდა. ეს სათქმელი კი ვერა და ვერ მონახა. მერეღა მოიფიქრა - ამაზე ნამდვილი, ამაზე სასიამოვნო და ამაზე უბრალო რა უნდა ვუთხრაო და ერთ საღამოს მამას უთხრა:
- იქნებ, მირჩიო, ის გოგო ვის მოვანათვლინო! ძალიან მწადიან დროულად იყოს ეგ ამბავი!
ვინ გოგოო, ლამის იკითხა საურმაგ ფავნელმა. მიხვდა, ვისაც გულისხმობდა უშუ და თავიც კი არ ასწია.
უშუ მზერით საყვედურობდა მამას - ჩემთან თავის მოკატუნება რად სჭირდებაო და ლამის დამარცვლით, გაფრთხილების ინტონაციითაც თქვა:
- თუ ბაჩევა მოინათლება, თუ ბაჩევა ქრისტიანი გახდება, რაღა დარჩა?
მას შემდეგ, რაც უშუ კონსტანტინეპოლიდან მობრუნდა, მამას მასთან საუბარი უჭირდა - მამა-შვილს ერთმანეთის არ ესმოდათ. მიუხედავად ამისა, საურმაგს ორი რამ აიმედებდა: მამის აზრს ისედაც ჩახვდება და ესეც საკმარისია, მამის სიტყვას ეგ არ გადავაო და მეორე: მიაჩნდა, რომ უშუ მის ჩაურევლადაც გაეცლებოდა იუდეველს: მალე მობეზრდებაო. მაგრამ იმან, რაც ახლა უშუმ თქვა, საურმაგს გული სიამით აუვსო.
- იუდეველი ქრისტიანად იქცევა? ეს ხომ დიდი მადლია! ეს ხომ სიკეთეა! ზანქან ზორაბაბელის ქალწული ქრისტეს რჯულზე მოიქცევა? ეს ხომ იმას ნიშნავს, ზანქანს ფრთები შეაჭრა. რჯულის მოღალატე ქალის მამა, თანაც ისეთი კაცისა, როგორიც ზანქანია!... არა, სალამს ვერ დაასწრებ, თავმდაბალიც არის, მაგრამ მორჩილი არ არის. ოჰ, ოჰ, ოჰ! ეგ ეგრე მხრებგაშლილი ვეღარ ივლის ტფილის ქალაქში... მაგრამ... მაგრამ იქნებ, ზანქანმა რაიმე ოინი მოიფიქრა? იქნებ, ქალიშვილს უბრძანა ეგრე მოიქეციო, რომ მერე... თუმცა...არა, ეგრე არ არი... ზანქანმა ვის რა უნდა გამოსტყუოს ისეთი, თავად რომ არა აქვს - ვერარა გაიგო საურმაგ ფავნელმა. შვილმა შეკითხვა რომ გაუმეორა, საურმაგმა მიუგო:
- მონათვლა ყოველთვის კარგია, მონათვლა ქრისტეს რჯულის განდიდებას ნიშნავს. ამას ყოველი ქრისტიანი უნდა ცდილობდეს. ყოჩაღ!
უშუ დაძაბული შესცქეროდა, კიდევ რას იტყვის მამაჩემიო, არაფერი თქვა, საურმაგმა თბილად გაიღიმა და თითქოს არც რამ მნიშვნელოვანი გაეგოს, არხეინად განაგრძო კრიალოსნის ტრიალი.
უშუ კარგად იცნობდა მამას. ჩინებულად მიხვდა, უთქმელობით რა თქვა საურმაგმა.
- თუ თავისი რჯული უკუაგდო და ქრისტესი მიიღო, თუ მოინათლა, შენ რა - უშუს სიტყვა ყელში ეჩხირებოდა, ღელავდა, ამიტომ ვერ თქვა ის, რისი თქმაც ეწადა - შენ ისევ არ გეყვარება? - თქვა უშუმ და უმალ მიხვდა კითხვა სხვაგვარად უნდა დაესვა. საურმაგი ამ კითხვას სხვაგვარად გამოიყენებდა. საურმაგი შეკითხვამ ისე გააღიზიანა, შვილს ლამის შესძახა ,,ახლა მაგ იუდეველის სიყვარულსაც მთხოვ!?“ მაგრამ სიბრაზე დაიოკა და გაიღიმა. ეს იყო და ეს! საურმაგს არაფერი უთქვამს. უშუ ამ ღიმილმა თითქმის დაარწმუნა, რომ მამის თანადგომის იმედი არ უნდა ჰქონოდა.
მთელი ღამე იმაზე ფიქრობდა, როგორ ემოქმედნა: იმ დროს დალოდებოდა, როცა საურმაგი აზრს შეიცვლიდა, თუ დაუყოვნებლივ დაეწერა ჯვარი.
ორიოდე დღის შემდეგ, საუზმისას უშუ საბოლოოდ დარწმუნდა, რომ საურმაგი ბაჩევას რძლად არ ისურვებდა. ეს ამბავი ასე იყო: საურმაგმა ცივად მოხარშულ ბარკალს დიდი ნაჭერი რომ ააცალა და ხორცი პირში ჩაიდო, თქვა:
- განა რა შეიცვლება, გინდაც მოინათლოს, მაინც ებრაელი არ იქნება?
უშუ მიხვდა: ეს საურმაგის საბოლოო გადაწყვეტილება იყო. ისედაც დაძაბული, ამ შეკითხვამ წონასწორობიდან გამოიყვანა და შესძახა:
- ხომ არ დაგავიწყდა, ერთ დროს არც ჩვენი მამა-პაპა იყო ქრისტიანი, ეგ იუდეველი მაინც არი - ერთი ღმერთი სწამს. განა მაგათ არ მოგვცეს ქრისტიანობა? - საურმაგი გამქირდავი ღიმილით შესცქეროდა შვილს. ცხადია, არ იზიარებდა მის ნათქვამს - არა გჯერა? - არ ცხრებოდა უშუ - ქრისტიანობა იმან შეჰქმნა, რომ ეგენი სამართლიანობის მაძიებელი ხალხია.
საურმაგმა მაგიდას ისე დასცხო მუშტი, არა მხოლოდ თეფშები, მტკაველისოდენა სპილენძისაგან ნაკვეთი სამარილეც კი გადმოტრიალდა. მარილი მაგიდაზე მიმოიფანტა, ერთხანს ბრაზით შესცქეროდა შვილს, მერე ხელსახოცი მაგიდაზე დააგდო და სასადილო დარბაზიდან გავიდა.
უშუმ საბოლოოდ გადაწყვიტა: ჯვარი უნდა დაიწეროს. ნათლობაც და ჯვრისწერაც მალე, ძალიან მალე - ამ დღეებშივე უნდა გაიმართოს. ეს გადაწყვეტილება მიიღო თუ არა, თავი თავისუფალ კაცად იგრძნო - სწორედ ისეთად, როგორც ადამიანი წარმოედგინა საერთოდ.
ამ სულისკვეთებით გაუდგა თავისი სულიერი მამისაკენ - მამა როსტომისაკენ მიმავალ გზას - ჯერ მასთან უნდა ეთათბირა, ბაჩევას მერე ნახავდა.
![]() |
5 ვითარ თამთა თუმიანისთვის... |
▲ზევით დაბრუნება |
ვითარ თამთა თუმიანისთვის,
ვითარ ამირან ხორაშნისთვის,
ვითარ ხოსროშანშა ბანუისთვის,
ვითარ მზეჭაბუკ მზისთვის ხაზართასა,
ვითარ იაკობ რაქელისთვის და იოსებ ასანეთისთვის, დავით ბერსაბესთვის და აბისაკისთვის, ვითარ პელოპი მხნედ მებრძოლი იპოდამისთვის, ონომაოს ასულისა,
ვითარ პლუტონ პერსეფონისთვის, ვითარ რამინ ვისისთვის, ვითარ ფრიდონ შაჰრინო სარნავაზისთვის, ვითარ შადბერ აინლიეთისთვის. ,,ქართლის ცხოვრება,“
„ისტორიანი და აზმანი
შარავანდედთანი“
ზანქან ზორაბაბელი სამეფო დარბაზის სტუმართა ოთახს ათვალიერებდა. ამ ოთახში ოქროს სასანთლე დაუდგამთ, - ორგზის მოზრდილი, ვიდრე ადრე იდგა. სავარძლის სახელურების ჩუქურთმებზეც ოქრო დაეყოლებინათ. სახელურს დააცქერდა, ფრჩხილით მოსინჯა, იმის გაგება ეწადა თუ სადაური ოქრო იყო. სწორედ ამ დროს შემოვიდა კართუხუცესი: სამეფო დარბაზი გიხმობსო ხმადაბლა თქვა და ზანქანს ფეხაკრეფით გაუძღვა წინ.
დარბაზის წევრთაგან ბევრი მოწიწებით მიესალმა ზანქანს: ხანმორეული ფარნავაზის ძე ადგილიდან წამოიწია და ისე დაუკრა თავი. ფარნავაზის ძეს სხვებმაც მიბაძეს: გაბაონმა - ძვალმსხვილმა, ღაჟღაჟა ლოყება, მუდამ მომღიმარმა კაცმა თავის დაკვრისას გულთანაც კი მიიდო ხელი ნიშნად დიდი პატივისცემისა, ხოლო ახალგაზრდა, სამეფო კარზე ერთობ პატივდადებულმა დიდებულმა, სახეს ნახმლევი რომ დასჩენოდა (თუმც აქიმნი ერთხმად ამბობდნენ, შობისთვის ჭრილობის კვალსაც კი ვერ იპოვითო), ჯორჯიკის ძემ წამოიძახა: ,,აი, ჩვენი ძვირფასი ზანქანიც მობრძანდა, ეს კი იმას ნიშნავს კარგ საქმეს ვიწყებთ“. ზანქანს საურმაგის თავშეკავება არ გამოპარვია. განა მხოლოდ არ გაინძრა საურმაგი, განა მხოლოდ თავი არ დაუკრა შემოსულს, თავიც არ აუწევია - ჯიუტად მისჩერებოდა ერთ წერტილს. ,,განა, ასეთი რა უნდა მომხდარიყო?!“ ზანქანს ფიქრი აბულასანმა შეაწყვეტინა - მოუახლოვდა, ხელი მკლავში გამოსდო, იქ მიიყვანა, სადაც თვითონ იჯდა, გვერდით მოისვა და დარბაზს მიმართა:
- მამულიშვილნო, ღმერთმა ინება და ჩვენ გადავწყვიტეთ მეფე თამარის სახლობის საკითხი - თამარის ქმრად მოვუხმობთ როსტოვ-სუზდალის დიდი მთავრის ანდრია ბოგოლუბსკის ძეს - იურის. ვინძლო ეს ქორწინება საქართველოს წაადგეს. ჩვენ დავუმოყვრდებით მეზობელ ხალხსა. ღმერთმა ბედნიერი ქნას ჩვენი ერთობა. მე გითხარით, მეფისწული იური სამშობლოდან ექსორიაქმნილია და ყივჩაყეთს ბინადრობს. ბევრი ვიფიქრე ვინ წარვგზავნოთ ჩვენს დესპანად უფლისწულთან. მან საქმეც უნდა გაარიგოს და უფლისწულიც უნდა ჩამოიყვანოს. ჩვენი დავალების პირნათელ შემსრულებლად ზანქან ზორაბაბელი ვპოვე. გონიერება უბოძებია ღმერთს მისთვის. ეგ არის ყველაზე სანდო. თქვენს დასტურს ველოდები, დარბაზისიერო!
მოულოდნელობისაგან გაოცებული ზანქანი ყურადღებით უსმენდა აბულასანს. ფარნავაზის ძის ხმამ ფიქრი შეაწყვეტინა:
- კარგად გიფიქრია, აბულასან, ზორაბაბელი სწორედ ის კაცია, ჩვენს სურვილს პირნათლად რომ შეასრულებს.
- იქნებ, ჯერ ზორაბაბელისათვის გვეკითხნა?
- თქვენა, უმრავლესნი, ვის რას ეკითხებით! - მრავალნი ხართ, თავადა ჭრით და თავადვე კერავთ - წამოიძახა თარხანის ძემ და ზანქანმა კარგად დაინახა, რომ საურმაგის გარშემო მსხდომთ გულითადად გაიცინეს. თარხანის ძემ მარჯვენა ასწია: - არა, აბულასან, ეგრე არ არი როგორც შენ უბნობ - ჩვენ არ გადაგვიწყვეტია ბოგოლუბსკი გახდეს საქართველოს მეფე-ქმარი. ეგ შენა თქვი.
საურმაგმა ხაზგასმით, აუჩქარებლად თქვა:
- ჩვენ ისევ ჩვენსაზე ვდგავართ და ვამბობთ: მეფე თამარის ქმარი ალექსი კომნინოსი უნდა გახდეს. ჩვენ ბიზანტიას უნდა ვეძმოთ და არა გადამთიელსა.
დარბაზში სიჩუმე ჩამოვარდა. აბულასანი სავარძელში ჩაეშვა.
- დიდებულნო, დარბაზისერო, მე არაერთგზის გითხარით, არ იქნება ბიზანტიელებთან ისევ დამოყვრება, ბიზანტიელი კაცის მეფე-ქმრად ქცევა. ნუთუ, არ კმარა, ნუთუ, არ დადგა დრო ქართველთაც გაშალონ ფრთები, ნუთუ, კვლავაც ბიზანტიის ჩრდილქვეშ ყოფნა გინდათ, ქართველნო!
- ბიზანტიას რას უწუნებ, ამირავ, იქნებ, თავაზიანობა არ მოგწონს მათი, ან წიგნიერება, ანაც ძალოვნება?! - შესძახა დარბაზის რომელიღაც წევრმა - ზანქანმა ვერ დაინახა.
აბულასანმა პასუხი არ იჩქარა. მერე წამოდგა და ღიმილით თქვა:
- ჰაი, ჰაი, რომ მომწონს, მომწონს და მეტიცა, მაგრამ ერთიცა ვთქვათ, ქართველნო - მეტისმეტად ხომ არ გავალაღეთ ბიზანტიონნი? ჩვენს მამულში, მორჩილნი ვართ ბიზანტიისა, თუ თანამდგომნი? დღეს მორჩილთ ვგავართ. ვემორჩილებით იმ ხალხს, ქვეყანას, რომლის ძალოვნება დღითიდღე სუსტდება. შორს გავიხედოთ, ახალი ნათესავნი ვეძებოთ, ჩამავალი მზე აღარ გათბობს, ამომავალი მზეა ცხოველი - აბულასანი შეჩერდა, ორიოდ ნაბიჯი წინ წარსდგა, დარბაზის წევრთ გადახედა - თქვენა, უმცირესნი, გუშინდელ დღეს იხსენებთ ქებითა, მეც მინდა შეგეწიოთ, მაგრამა ხვალინდელი დღე მიჯობს. რუსეთი, იური ბოგოლუბსკი ხვალინდელი დღეა, ბიზანტია კი - ქანცგამოცლილი ბეწვებმცვენარა სახედარი. ჩვენ ხვალესაკენ მივალთ - მრავალნი ვართ და განა მხოლოდ ხმოსნებით, აზრით გჯობნით. ეგრე იქნება!
დარბაზში სიჩუმე გამეფდა. დუმილი კარგა ხანს გაგრძელდა. მერეღა თქვა თარხანის ძემ:
- ჰო, ყოჩაღად უბნობ, აბულასან, მაგრამ ეგრეც რომ არ არი საქმე? არც ის არი ბეწვებმცვენარა სახედარი და არც რუსეთი - ამომავალი მზე...
- ჩვენ, მრავალთ, ეგრე გვითქვამს და ეგრე იქნება! - შესძახა ჯორჯიკის ძემ.
თარხანის ძე წამოდგა. ხმადაბლა დაიწყო:
- მეფე თამარს არ სურს ბოგოლუბსკის ცოლობა. ვითარ იქნებაო, არ ვიცნობთო ამ კაცის ბუნებასა...
- მეფე იმას ისურვებს, რასაც სამეფო დარბაზი ინდომებს! - შეაწყვეტინა აბულასანმა - ყურთლუღ არსლანმა ეს პირობა ჩამოართვა მეფეს!
- არც ზანქანს ეკითხებით? სწადს კი საქართველოს მომავალ მეფესთან მოლაპარაკება? სურს კი დაადგეს ამხელა გზასა!
- სამეფო დარბაზის სურვილი განა მხოლოდ მეფისთვის არის კანონი! - მოსჭრა აბულასანმა.
თარხანის ძე დაჯდა და ზანქანს მიაცქერდა. ზანქანი დუმდა, ფიქრობდა.
- ბრძანე, ზანქან! - თქვა აბულასანმა.
- საქართველოს უკეთესნო შვილნო - ხმადაბლა დაიწყო ზანქანმა - მე ღონეს არ დავაკლებ შევასრულო საქართველოს სამეფო დარბაზის დავალება.
- ზანქანი შეყოვნდა, ცოტა ხნის შემდეგ დასძინა - აქ მოსატანი ის კი არ არის, რა სწადია ზორაბაბელსა, ზორაბაბელი მზად გახლავთ შეასრულოს თქვენი გადანაწყვეტი. საკითხავი ის არის რა უმჯობეს არს საქართველოსათვის.
- მაშ, გასაგებად ითქვა, არა? - თარხანის ძეს მიუბრუნდა აბულასანი - ეგრე, გადაწყდა! - ზანქან ზორაბაბელს ვნიშნავთ ჩვენს დესპანად. ვალდებულს ვყოფთ ჩავიდეს ყივჩაყეთს, გამართოს თათბირი უფლისწულ იურისთან და შემდეგ ისე ჩამოიყვანოს, როგორც მეფეს ეკადრება.
საურმაგ ფავნელი მძიმედ წამოდგა, ყალიონი გვერდზე გადასდო და სამარისებურ სიჩუმეში, რომელიც მის წამოდგომას მოჰყვა, აუჩქარებლად დაიწყო:
- აი, აბულასან, ამირავ ქართლისა და გამგებელო ტფილისისა - შენა და შენთა კაცთა, სიმდიდრით ალაღებულთ, დაგვიწუნეთ ალექსი კომნინოსი, არ ისურვეთ საქართველოს მეფე მზეთამარის უღლის გამწევი ყოფილიყო ბიზანტიის უფლისწული ალექსი კომნინოსი - ჭაბუკი ღირსეული და ფრიად საქებარი. ჩვენ მას არა მხოლოდ ფერ-ხორცით, ზნითაც ვიცნობთ, ისიც კარგად გვიცნობს და უყვარს ჩვენი წესი და მამული. შენა და შენმა დოსტებმა - სიმდიდრით ალაღებულთ რუსი უფლისწული იური ბოგოლუბსკი ირჩიეთ, თუმცა, არც ფერ-ხორცით ვცნობთ, არც - ზნითა. თქვენ მრავალნი ხართ ამ დარბაზში და თქვენმა აჯობა!
- ვაი, არ სცილდება საქართველოს უგუნურ შვილთა გამო! - წამოიძახა ხანმორეულმა ერისთავმა ივანე ფალავანდმა - ვაი!
- ნუ ჩქარობ, ერისთავო, თავშისაცემი ახლა გვექნება.
- რად, რისთვის ავიტანოთ ცოცხლად დამარხვა, არად ჩაგდება! - არ ცხრებოდა ფალავანდი.
საურმაგ ფავნელი კი კვლავ აუღელვებლად, მშვიდად ლაპარაკობდა:
- მეც მაგას მოგახსენებ, ერისთავო - დაამშვიდა ფალავანდი საურმაგმა და ისევ აბულასანს მიუბრუნდა - ეს ყველაფერი ავიტანეთ, აბულასან, ახლა გწადია იმაზეც გავჩუმდეთ, რომ საქართველოს მომავალ მეფე-ქმართან ზანქანს გზავნი. რა უთხრას ზანქანმა რუსთ უფლისწულს: მე, ისრაელიანი, იუდეველი - ქართველთა მეფეზე გაქორწინებო? ნუთუ, ეგრე წავხდით, რომ ქართველთა შორის ვერა ვპოვებთ გონიერებით რჩეულთ, ყივჩაყეთს წარსაგზავნად? - საურმაგმა მომხრეებს გადახედა - ჩვენ, ყველანი, უმცირესნი სამეფო დარბაზისა, პასუხს ვითხოვთ, აბულასან! - საურმაგი ვალმოხდილი კაცის იერით დაჯდა.
- რატომ, რისთვის, გაგვეც პასუხი, აბულასან! - შესძახა თარხანის ძემ.
- იმად, რომ ისრაელიანი ჩვენი ძმაა! - მშვიდად თქვა ფარნავაზის ძემ.
- ყაბულს ვყოფილვარ და ვარ კიდეცა - ისრაელიანი ჩვენი ძმაა, მაგრამ საქართველოს მეფის სახლობის საკითხი ჩვენი გასაკეთებელი საქმეა - ეს ისევ თარხანის ძე იყო.
ზანქანმა თავი ასწია. დარბაზის ავიშვიშებულ წევრებს მოავლო თვალი. ,,ასეთი აურზაურისათვის რად გამიმეტა აბულასანმა? რაღაც ჩაიფიქრა, კი, უთუოდ ასეა! რა? რა განიზრახა ამირამ? მას ხომ უნდა სცოდნოდა: თუ დესპანად მხოლოდ მე ამირჩევდა, დარბაზის წევრები ამხედრდებოდნენ. მაინც მე ამირჩია, მრისხანებას არ მოერიდა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ... ეს იმას ნიშნავს, რომ... უფრო დიდ მოგებას ელოდება. რას?“ აბულასანის გამოხედვაში დიდი ძალა იგრძნობოდა, იმდენად დიდი, რომ ამ ახმაურებულ, აბობოქრებულ ადამიანებს - საბრალობელ ბრბოდ აქცევდა. მოქიშპეთ კარგა ხანს არ მოაცილა იავარმქმნელი მზერა. მერე თქვა:
- ახლა ისმინეთ ჩემი პასუხი: პირველი: თუ ჩაფიქრდებით, იქნება მიხვდეთ, რისთვისა ხართ თქვენ მცირენი, ჩვენ კი - მრავალნი. აბა, მე რა გიყოთ, რით გაგამხნევოთ, როცა იუდეველთ უცხოდ მიიჩნევთ და გავიწყდებათ, რომ ჩვენი მეფენი - ბაგრატოვანნი, ჩვენი მზეთამარი - დავითიან და სოლომონიანია. და ჩვენ რომ იუდეველი გავგზავნოთ დავითიან-სოლომონიანის ნაშიერის სახლობისათვის, ეს თქვენს რისხვას იწვევს. მეორე: ვითარ ვერ ხვდები, დარბაზისერო: უნდა წავიდეს ერთი კაცი და არავინ უნდა უწყოდეს რისთვის წავიდა. ზანქანი დღენიადაგ უცხო ქვეყნებშია და ვერავინ აიღებს გეშსა, თორემ ვიდრე იური ბოგოლუბსკი აქ ჩამოვა, სასიძონი კარს აგვიტალახებენ, ბევრსა სწადია მზეთა-მარის ქმრობა. დიდებულნო, უნდა ხვდებოდეთ, რასაც ნიშნავს სიძეობაზე უარი უთხრა მეზობელ სახანოთა, თუ სახონთქაროთა დალხინებულთ. - აბულასანმა მარჯვენა აღმართა და მტკიცედ განაგრძო - საქართველოს მეფე თამარის მომავალი ქმრის ჩამოსაყვანად დიდვაჭარი ზანქან ზორაბაბელი გაემგზავრება - რწმენით იუდეველი, ისრაელიანი, სულით უფრორე ქართველი, ჩამომავალი დავითიან-სოლომონიანთა, ვინაც ერთგულად მსახურებს ბაგრატოვანთა ტახტსა. ასეთია ნება საქართველოს სამეფო დარბაზისა. ასეა საჭირო საქართველოსთვის! - აბულასანი ზანქანს მიუბრუნდა - ზორაბაბელო, სამეფო დარბაზი ვალდებულს გყოფს არ დააყოვნო. გზას ამ კვირა უნდა დაადგე!
საურმაგი ერთობ უშფოთველად იჯდა, კმაყოფილიც კი შესცქეროდა აბულასანს. ეტყობოდა, რომ მტერს დაეთანხმა - რატომ?
ზანქანი საურმაგის სიმშვიდემ შეაშფოთა.
გადაწყვეტილებას წინ ვეღარაფერი დაუდგებოდა: თამარ მეფის მეუღლე - ხდებოდა იური ბოგოლუბსკი - ძე მთავრისა ვსევოლოდისა. ბედმა იური ინება თამარისათვის ვითარ თამთა თუმიანისთვის, ვითარ ამირან ხორაშანისთვის.
საღამო იწურებოდა. ჩამავალი მზე ქვეყნიერებას ეალერსებოდა.
შინ მიმავალი ზანქანის ფიქრი სამეფო დარბაზს დასტრიალებდა. იცოდა: ვიდრე აბულასანის ჩანაფიქრს არ ამოხსნიდა, ბნელში ხელების ფათურით მოსიარულე კაცის დღეში იქნებოდა.
- ფილისტიმელებთან ბრძოლის წინ, რეფაიმის ველზე, იდგა დავით მეფე და გამჩენს ეკითხებოდა: ვეკვეთო თუ არა ფილისტიმელებს, ვპოვებ თუ არა გამარჯვებას ამ ბრძოლაშიო. მე ფეთხაინში ვდგავარ, ვითარ ვკითხო ღმერთს გავიმარჯვებ, თუ არა ამ საქმეში? კიდეც ვკითხო, პასუხის ღირსად მცნობს?
მზე თითქმის ჩასულიყო. მისი მოალერსე სხივები ახლა ცას ამშვენიერებდა. ზანქანი ვერ წარმოთქვამდა, უხმოდ, გულში ივლებდა:
- შემეწიე გამჩენო, მიკარნახე სწორი აზრი, რომ არ შევრცხვე ქვეყნის წინაშე!
ეს იყო ოცნება ქართველი ებრაელი კაცისა, რომელსაც გონებაში აღბეჭდილი სურათი: მშვიდად, აუღელვებლად მჯდარი საურმაგი, სიფრთხილეს ჩააგონებდა.
მერე მზის სხივებიც რიბირაბოში შთაინთქა. ზანქანმა პირი იბრუნა და ბეითქნესეთისაკენ წავიდა - ყარბითის1 ჟამი დგებოდა.
_________________________
1.ყარბითი - შებინდების ლოცვა.
![]() |
6 სიზმარი |
▲ზევით დაბრუნება |
ზანქანი ყივჩაყეთისაკენ მიმავალ გზას რომ დაადგა, კვირა იყო - მზე კარგა ხნის ამოსული. (მზარეულნი რიჟრაჟზე გავიდნენ ქალაქიდან, პატრონს არაგვისპირის სახლში უნდა დახვედროდნენ). ცხადია, ზანქანს იოხაბედისათვის არ უთქვამს სად და რისთვის მიემგზავრებოდა - მეფე თამარის სახლობის საკითხი საიდუმლო გახლდათ.
ვიდრე ზანქანი ტფილისში იყო, ვიდრე ათას საზრუნავს აგვარებდა (კონსტანტინეპოლში გემი უნდა გაეგზავნა, მომავალ კვირას არანს უნდა გამგზავრებულიყო ვაჭრებთან მოსალაპარაკებლად - იმათ თურმე საქართველოს წყაროების წყალი აინტერესებდათ. ასეა: როცა სახელმწიფოს პატრონი არ უვარგა, ჯარს უგზავნიან და ხმლით გააქვთ გასატანი, მაგრამ თუ ქვეყანას კარგი პატრონი ჰყავს, ვაჭრების მეოხებით გამოაქვთ ის, რაც მოსწონთ და ხაზინას დიდ სიკეთეს მატებენ. ისპაჰანში კაცი გაგზავნა, მოიბოდიშა, ორიოდე თვით გადავდოთო ეგ მოლაპარაკება), გონებას ფიქრი უსხლტებოდა, ფიქრად ვერ მოიცალა. ვერ ჩახვდა, თუ რატომ იყო საქართველოსთვის საჭირო სწორედ ზანქანის გამგზავრება, ვერც იმას ჩასწვდა საურმაგს რატომ უნდა შეეშალა ხელი საქართველოს სასიკეთო საქმისათვის.
ასე ეგონა, აბულასანის გეგმას გზაში ჩახვდებოდა, მაგრამ გზას დაადგა თუ არა, ატირებული ბალღივით ბაჩევაზე ფიქრი დაედევნა: „თექვსმეტი წელი შეუსრულდა, კარგა ხანია გათხოვების დრო დაუდგა, დედამისი - იოხაბედი 15 წლისა ხუფის1 ქვეშ იდგა“, ფიქრობდა ზანქანი და გონების თვალით ტფილისელ ყმაწვილებს ათვალიერებდა. სასიძოდ ვერც ერთს ვერ მიიჩნევდა. „დავბრუნდები თუ არა, ქიზიყში უნდა ჩავიდე, სურამის ებრაელობასაც უნდა გადავავლო თვალი, ქრცხლოვანშიც მუხლმაგარი ბიჭები იზრდებიან. არ იქნება ერთი რიგიანი ყმაწვილი ვერ ვიპოვო“. ფიქრში ჩაძირულმა ისე გალია ტფილისის შემოგარენი, ებრაელთა პირველი ნასახლარები: ზანავი, მცხეთა, ხერკი, ჰურიათუბანი, არც გაუგია. არაგვისპირა სახლს მზის ჩასვლის ჟამს მიადგა, დიდი, ფორთოხლისფერი, ჩახჩახა მზის სხივები ხეთა ტოტებში, ორღობეებში, მდინარის ზედაპირზე იფანტებოდა და არაგვისპირს საამო სახილველს ხდიდა.
ზანქანმა პურისჭამა არ ინება. იაყაკობს უთხრა მზის ამოსვლას მაღლა, წყაროსთან უნდა შევხვდეთო და ლოგინს მიაშურა.
კარგა ხანს ესმოდა, თუ როგორ ხტოდნენ არაგვის ტალღები, როგორ ეცემოდნენ ერთმანეთს.
გვიან, ჩაეძინა - არაგვისპირის თავზე ვარსკვლავები კაშკაშებდნენ.
გზით მოქანცული, არაგვის ხმაურით სმენადაღლილი, მძინარე ზანქანი ხედავს: ზღვის სიღრმეში შესულა ბაჩევა, მაგრამ წყალი მუხლებამდე სწვდება, კისკისებს, დროდადრო გაიქცევა, ზღვაში ისე გარბის, როგორც ხმელეთზე - გარბი-გამორბის, კისკისებს, წყალი მუხლებს მაღლა არ სცდება. ეს ვინ არის? ეს ვინ მოსდევს მოკისკისე ბაჩევას? ქალია! ლალა ესთერი! ასე რატომ მოსდევს? როგორ გაახალგაზრდავებულა ესთერი, როგორ გალამაზებულა! შუბლშეჭმუხნილი ესთერი ბაჩევას ეძახის, ბაჩევა კი გარბის, კისკისებს. ესთერის ძახილი არ ესმის. ესთერის ხმა არც ისმის - ესთერი პირს აღებს, ყვირის, კისრის ძარღვები ებერება, ხმა კი არ ამოდის პირიდან... პირშივე იხშობა ესთერის ხმა, ,,ესთერ, ესთერ, ასე რამ გაგალამაზა, ასე რამ გაგამშვენიერა, ესთერ! ასე ის ქალები მშვენიერდებიან, კაცები რომ ჰყავთ“. ესთერი მორცხვად იღიმის, თავს ხრის, მერე ისევ ბაჩევას მისდევს. ბაჩევა გარბის, ესთერის ძახილი არ ესმის, ორჯერ-სამჯერ ხელიც აუქნია. ესთერი შეჩერდა. დაიღალა? უი, გული როგორ უცემს!.. ბაჩევა კი კისკისებს. გარბის და კისკისებს, ესთერის გულისცემას არად დაგიდევს:
- რა ლამაზი ხარ, ესთერ, ასე რამ გაგამშვენიერა?!
ესთერი დგას, ზანქანი კი ლოგინიანად წყალში იძირება. ლალა ესთერი ადგილიდან არ იძვრის, ნუთუ, ვერ ხედავს ზანქანის საწოლი ზღვაში რომ იძირება? ,,ჰა, ესთერ, ესთერ, გაინძერი! ან ბაჩევა სად არის? ეგ სილამაზე რას
გიშველის, ყელამდე მოვიდა წყალი! აგე, ბაჩევა, თურმე ბაჩევა აწვება ზანქანის საწოლს. რა ძლიერი ყოფილა ბაჩევა! სწორედ ბაჩევა გზავნის ზღვის ფსკერისაკენ მამის საწოლს. „ბაჩე, შვილო, რას შვრები?!“
ზანქანს გამოეღვიძა. შიშდარეულმა მიმოიხედა. ლოგინიდან წამოდგომა ეწადა, ვერ იძვროდა. ცას ახედა. სარკმელშიც კარგად ჩანდა, რომ ცას მტრედისფერი დასდებოდა. „დალახვროს ღმერთმა, ავი სიზმარი“. ძლივს წამოდგა, ხალათი მოისხა, არაგვზე უნდა ჩავიდე, ავი სიზმარი წყალს უნდა გავატანოო. კარი გამოაღო. კართან მძინარე, მოდარაჯე ეუდას ფრთხილად აუარა გვერდი, მდინარესთან ჩავიდა. არაგვი რაღაცას ებუტბუტებოდა ზანქანს. დაიხარა, ხელი გადაიბანა, ჩემი უცნაური სიზმარი ამ წყალს გაჰყვესო. ჩამოჯდა. არაგვი, გამთენიის ხანს ძალას იკრებდა - მზე ამოვიდოდა თუ არა, მზის ქვეშ ისევ უნდა ებობოქრა, ათას ქვა-ლოდს კვლავ ჩაუქად უნდა გადავლებოდა თავს. მდინარის პირას ჯდომამ ზანქანი დაამშვიდა. ალბათ, იმის გამოც, რომ ამასობაში ცისქვეშეთში სინათლემ იმატა: აი, ღობე ცხადად ჩანდა, ბოსტანიც, წამოდგა, უკან გამობრუნდა, იმ ოთახში შეიხედა, რომელშიც იაყაკობი იძინებდა, ოთახში არც შესულა, კარებშივე ხმადაბლა, ლამის ჩურჩულით თქვა: „აბრძანდი, იაყაკობ, სადაცაა გათენდება, შახრითი2 ვილოცოთ“. იაყაკობი, თითქოს ამ ჩურჩულს ელოდაო, მყის წამოხტა: ,,ახლავე, ბატონო, ახლავე!“ისიც ჩურჩულით ამბობდა.
ზანქანმა პირი დაიბანა, ციცითკატანი3 მხრებზე გადაიდო და ტანთ ჩაიცვა.
- შალომ ყალეხემ! - თქვა დარბაზში შესვლისას. მხლებლები, მზარეულები, უკვე აქ შეკრებილიყვნენ. ყველა ფეხზე წამოიჭრა. მანამ არ დასხდნენ, სანამ ზანქანი თავის სკამთან არ მივიდა. იაყაკობი - გამხდარი, აწოწილი, მუდამ მომღიმარი და გამელოტებული კაცი - ფეხაკრეფით მიუახლოვდა, ციცითი,4 თეფილინი,5 სიდური6 წინ დაუდო და კვლავ ჩურჩულით თქვა:
- ორშაბათი დილა გათენდა ყველასათვის სასიკეთოდ! - ამით იაყაკობმა ზანქანი გააფრთხილა ლოცვისას ორშაბათ დილას საკითხავი ტექსტები არ გამოგრჩესო.
- ვიცი - თავი დაუკრა და ხმადაბლა მიუგო ზანქანმა.
და ყველა ერთად შეუდგა დილის ლოცვას - ხმადაბლა, ლამის ღიღინით
ლოცულობდნენ, ხოლო მოგვიანებით, ღვთის საგალობელი ,,ეინ ქეელოენუ“ რომ წამოიწყეს, მათი გალობა უკვე ახმაურებულ, არტახებაშვებულ არაგვს შეუერთდა.
არაგვისპირში ტკბილი გალობა ისმოდა.
_______________________
1. ხუფა - საქორწინო აქტი.
2. შახრითი - დილის ლოცვა.
3.ციცით-კატანი - პატარა ციცითი, რომელსაც დღენიადაგ ატარებენ.
4. ციცითი - თეთრი, ცისფერზოლიანი ლოცვისას მოსასხამი ქსოვილი.
5.თეფილინი - ფილაქტერია. დილის ლოცვის განუყრელი ატრიბუტი, მარცხენა მკლავზე იხვევენ.
6. სიდური - ლოცვანთა წიგნი.
![]() |
7 ესთერი |
▲ზევით დაბრუნება |
ზანქანი და მისი მხლებლები თვალს რომ მიეფარნენ, იოხაბედმა ბაჩევას ჰკითხა: არანი სად არისო (ზანქანს უთქვამს არანს მივეშურებიო). ბაჩევა ფიქრში იყო ჩაფლული, შეკითხვა არ გაუგია. შიში დაუფლებოდა. ქვეშეცნეულად გრძნობდა, ზანქანის გამგზავრება მთელ მის ცხოვრებას ცვლიდა და სწორედ ეს გვრიდა შიშს.
დედამ შეკითხვა გაუმეორა, ბაჩევამ ხმადაბლა, უღონოდ მიუგო: „არ ვიცი, დედა, მგონი, იქ, სადაც ძლიერ ცხელა“ და თავის ოთახში შევიდა.
მოსალოდნელი მონათვლა და ჯვარისწერა ბაჩევას გაუცნობიერებელ შიშს კი გვრიდა, მაგრამ უშუსადმი ლტოლვა შიშს ჯაბნიდა. ყველა მისი სურვილი უშუს უკავშირდებოდა. ამასთან შედარებით ის შიში მაინც ფერმკრთალი იყო: უშუ ჩემს გვერდით იქნება და რა უნდა გამიჭირდესო, ხოლო თავს ლოგინში, უშუს გვერდით მწოლარეს რომ წარმოიდგენდა, ისეთი ჟრუანტელი უვლიდა, ეწადა ეს ჟამი დიდხანს გაგრძელებულიყო.
ლალა ესთერი თვალებში ჩააცქერდებოდა და ხმადაბლა, ლამის ჩურჩულით, თუმცა, ოთახში სხვა არავინ იყო, ეკითხებოდა: „ხომ არაფერი გაწუხებს, შვილო?“ ,,არა, ლალა, არაფერი.“ ,,იცოდე, გამხელილი ჭირი, წელში გადატეხილი მტერია,“ ისევ ხმადაბლა, ისევ ჩურჩულით ამბობდა ლალა ესთერი. ლალას ალერსი ბაჩევას აბნევდა, ცდილობდა მზერა აერიდებინა, რადგან ლალა სულში ჩასცქეროდა. მზერის არიდება ეწადა, მკერდში კი ბალღივით ჩაეკვრებოდა, ისიც ისეთი ალერსით ჩაიკრავდა აღზრდილს, ისე მიუალერსებდა, ბაჩევა, ცოტაცდა, მთელ თავის საიდუმლოს გაანდობდა.
ლალა ესთერს აბულეთის ძეთა ველზე ნანახი საბოლაო გადაწყვეტილების გამოტანის უფლებას არ აძლევდა, ნანახს ენდობოდა, მაგრამ ვერ დაეჯერებინა, რომ მისი გაზრდილი არაებრაელს შეიყვარებდა. ამიტომ ეწადა ზანქანთან საუბარი. გადაწყვეტილი ჰქონდა: შაბათი, ღვთისგან კურთხეული დღე, გაბრძანდეს და კვირას, ნასადილევს ზანქანს ვთხოვ მომისმინოსო. ამ საუბრისას ზორაბაბელს მოსალოდნელ საფრთხესაც გაანდობდა და რჩევასაც მიიღებდა, მაგრამ კვირას ზანქანი ისე გაუსხლტა ხელიდან, როგორც ონავარი ბალღი რულმორეულ დედას.
ლალა ესთერმა გადაწყვიტა ასი თვალი და ასი ყური გამოება. ცდილობდა ბაჩევასი არაფერი გამოპარვოდა.
დილის მზემ ქალაქის ყოველ კუთხეში რომ შეიხედა და მუხლიც მოირთხა, ბაჩევამ ლალა ესთერს უთხრა თინათისთან მივდივარო და წავიდა.
ბაჩევას გასვლისთანავე ლალა ესთერმა პირი-სახე შალით დაიბურა. შუკა-შუკა, მოკლე გზებით ირბინა და თინათის სახლთან ბაჩევაზე ადრე მივიდა.
ბაჩევა აუჩქარებლად მომავალ ცხენზე იჯდა და მშვიდად ათვალიერებდა გარემოს. ესთერს პირკატა ეცა - ბაჩევა მარტო წამოსულიყო სახლიდან.
მზით გაჩახჩახებული მტვრიანი ქუჩიდან ეკლესიაში შესულმა ბაჩევამ სიგრილე იგრძნო. ვერაფერი დაინახა. მიუხედავად იმისა, რომ აქა-იქ სანთლები ენთო, ეკლესიაში ვერაფერს ხედავდა, გარდა სანთლების მოლაპლაპე ალისა.
ცოტა ხანში, მისი თვალების გუგებში მზის ელვარება რომ ჩაქრა და სიბნელეს თვალი შეაჩვია, სანთლებთან მდგარი, მავედრებელი ადამიანებიც დაინახა. ადამიანები რაღაცას ბუტბუტებდნენ. ,,ღმერთს ესენიც ჩვენსავით ევედრებიან?!“ შვებით გაიფიქრა ბაჩევამ. უკვე კარგად ხედავდა ყველაფერს. ეკლესიაში დუმილი დასადგურებულიყო. ხატების სიმრავლემ გააოცა ბაჩევა. ხატებზეც კი ადამიანები იყვნენ გამოსახული. ოქროს ფერმა თვალი მოსჭრა.
საითაც არ გაიხედა, ყვითელი ფერი აფრენილი ქორივით შეეფეთა. „რად უნდათ ამდენი გამოსახულება, ან ოქრო?!“ ეწადა თინათისთვის ეკითხნა ეს რა არის, ან ამ რკინაზე ვინ არის გამოსახულიო, ხმა ვერ ამოიღო, რადგან თინათი არ იყო, თინათი გვერდით არ ედგა და ესეც თრგუნავდა. თინათი რომ გვერდით ჰყოლოდა, ასე ხელფეხშეკრულივით აღარ იქნებოდა - თინათიმ, თავი მტკივაო, თქვა და არ წამოვიდა.
ბაჩევა ნანახით იმდენდ იყო მონუსხული, ხმის ამოღება უჭირდა. ერთ ახალგაზრდა კაცს მიუახლოვდნენ - იმ მშვიდი მზერის და სათნო ღიმილის კაცზე უშუმ თქვა ჩემი სულიერი მამა როსტომიაო. ბაჩევამ, ცხადია, ვერაფერი გაიგო, გარდა იმისა, რომ ეს ახალგაზრდა კაცი უშუს მამა ყოფილა. ვერც იმას ხვდებოდა, ეს ახალგაზრდა კაცი რას ეკითხებოდა. უცნაურად, წამღერებით ელაპარაკებოდა. მერეღა გაუელვა თავში „ეს მამა როგორ იქნება, ალბათ, რაბი თუ არი, უშუს რაბი“ და მღვდელს კიდევ ერთხელ დაუქნია თავი. ,,უშუს რაბი“ თუ რამეს ეკითხებოდა, ბაჩევა ღიმილით უკრავდა თავს - ყველაფერზე თანხმობას აცხადებდა. კი, კი, რასაკვირველია, თავად მოინდომა აქ მოსვლა, არა, არა, ძალით არავის მოუყვანია, მააშ, იმიტომ მოვიდა, რომ მოინათლოს, ცხადია, თავად უნდა, ასე სურს, რატომ? უშუს გამო, უშუ... უშუს... უშუს თანამეცხედრე უნდა გახდეს... მის გვერდით... უშუსთან ყოფნა ვერავინ... ვერაფერმა დაუშალოს...- დაგლოცოს ღმერთმა! - თქვა „უშუს რაბიმ“.
„ისე თქვა, როგორც ხახამ აბრაამი მეუბნება ხოლმე“ - გაუელვა ბაჩევას.
- მაშ, დავიწყოთ! - ისევ ღიმილით თქვა ,,უშუს რაბიმ“ და წავიდა. მამა
როსტომი მიდიოდა და რაღაცას ბუტბუტებდა, უშუ და ბაჩევა უკან მისდევდნენ. უშუმ ბაჩევას გადმოხედა, ღიმილით გაამხნევა.
ეკლესიიდან მზით გაჩახჩახებულ ეზოში გამოვიდნენ. ეზოდანაც გავიდნენ და გზავიწროს დაადგნენ. წინ მამა როსტომი მიდიოდა. მისი განიერი მხრები ყველაფერს ფარავდა. არ ჩანდა საით მიდიოდნენ. უშუ რაღაცას ელაპარაკებოდა, ბაჩევას კი არ ესმოდა - რას. მხოლოდ იმას გრძნობდა, კარგადაც აცნობიერებდა, რომ უშუ აქ იყო, მის გვერდით მოდიოდა, მიმავალთ ლამის ცხვირწინ ხოხბები აუფრინდნენ. მამა როსტომი შეჩერდა, მზერა ხელით მოიჩრდილა და ხოხბებს მიაჩერდა, მერე თავი გადააქნია და გზა განაგრძო.
მტკვრისპირას მივიდნენ. ,,უშუს რაბი“ ანაფორის გაუხდელად შევიდა მღვრიე მდინარეში. ბაჩევას ხელი გამოუწოდა, მომყევიო. ბაჩევა უშუს მიაჩერდა - როგორ მოვიქცეო, ეკითხებოდა. უშუმ ღიმილით დაუქნია თავი. ბაჩევა მამა როსტომს მდინარეში შეჰყვა. ჯერ კიდევ ცივი მტკვარი ბრაზიანი ლეკვივით ეცა ბაჩევას.
მამა როსტომი რაღაცას ბუტბუტებდა. დროდადრო ქალს კითხვებს უნაცვლებდა, თუმცა, ბაჩევას ბევრი რამ არ ესმოდა და „უშუს რაბის“ ღიმილით უქნევდა თავს. მამა როსტომმა პეშვში მოქცეული მდინარის წყალი თავზე გადაავლო. ერთხელ, მეორედ, მესამედ. მერე ხელი თავზე დაადო, დააწვა კიდეც - წყალში ჩაყურყუმალებას თხოვდა ბაჩევას. ბაჩევამ, ისევ მზერით, უშუს ჰკითხა რჩევა. უშუმ კვლავ გაუღიმა - ნებას დაჰყეო. ბაჩევამ სამჯერ ჩარგო წყალში თავი. წყალი წურწურით ჩამოსდიოდა, თმა დაებლანდა. მერე „უშუს რაბიმ“ ჯიბიდან ოქროს ჯვარი ამოიღო, ბაჩევას შუბლზე ეამბორა და წამღერებით თქვა:
- ღმერთმა გაკურთხოს, სიდონია. შენი წინაპარი იყო სიდონია, ქრისტეს რწმენის ჩვენი გულებისაკენ გზის გამკაფავი. გფარვიდეს მისი მადლი - მამა
როსტომმა ბაჩევას ხელი გაუწოდა - მობრძანდი, სიდონია - თავად წინ გაუძღვა.
მტკვარზე გადასასვლელი აქანავებული ხიდიდან სწორედ ამ დროს გაისმა კაცის ხმა:
- უშველეთ, მიეშველეთ!
მდინარეში რაღაც ჩავარდა. წყლის შხეფები ლამის ხიდს ასწვდა. ყველამ იქით გაიხედა. მდინარის ზედაპირზე არაფერი ჩანდა, ეგ არის, რომ იმ ადგილას, სადაც რაღაც, თუ ვიღაც ჩავარდა, წყალი ტორტმანებდა - შეშინებული ბავშვის გულივით ცახცახებდა.
- აქეთ, აქეთ ჩავარდა! - იძახდა ხიდზე მდგარი კაცი და ხიდს ქვემოთ უთითებდა. მამა როსტომი მდინარის სიღრმეში შებრუნდა, მიხვდა ანაფორა ცურვაში ხელს უშლიდა, გაიხადა და ბაჩევასაკენ მოისროლა. ბაჩევა კი ადგილიდან არ იძვროდა. გაოგნებული იდგა, ანაფორის გადმოგდებაც კი ვერ გააცნობიერა. მდინარეში უშუც გადაეშვა. ორივენი - მამა როსტომიცა და უშუც - აღმა მიცურავდნენ. მალე მიაღწიეს იმ ადგილამდე, სადაც ის, ხიდზე მდგარი კაცი, ათითებდა. ჯერ უშუმ ჩაყვინთა მდინარეში, მერე - მამა როსტომმა. ვერაფერი ვერ იპოვეს. მამა როსტომმა თქვა:
- ეშმაკეული ხომ არ იყო? ასე უცებ სად გაქრა! - მერე ხიდზე მდგარ კაცს ასძახა - ეშმაკეული ხომ არ იყო, ან ხომ არ მოგეჩვენა?!
- რას მიქვიან, მომეჩვენა, ქალი აგე, აქ იდგა!
სწორედ ამ დროს გაისმა ბაჩევას კივილი. ბაჩევა განწირულის ხმით ჰკიოდა, რადგან - მიცვალებული ჯერ სწორედ მის ცხვირწინ ამოაგდო მდინარემ, მერე აქაფებულმა ტალღამ ფეხებში შეუგდო. ორივემ - უშუმაც და მამა როსტომმაც იქით გაცურეს. უშუმ ბაჩევას ჰკიდა ხელი, მამა როსტომმა დამხრჩვალ ქალს ჩაავლო მარჯვენა და როგორც იქნა, გვამი ნაპირზე გამოიტანეს. სულს ძლივს ითქვამდა ბაჩევა. მამა როსტომმა გვამი მიწაზე დაასვენა, პირჯვარი გადაიწერა და თქვა:
- იდიდოს, უფალო, სახელი შენი! ეს ქალი დამხრჩვალი არ არის, ერთი წვეთი წყალიც არ გადაუყლაპავს... როგორ უცებ გაშავდა. ამას ჯერ გული გაუსკდა, მდინარეში მერე გადავარდა - კარგად დააცქერდა და თქვა - შეხე, ყელზე რა უკეთია, ისრაელიანია! - მამა როსტომმა ისევ პირჯვარი გადაისახა და შეშინებულმა უკან დაიხია.
ბაჩევამ ეს რომ გაიგონა, წამოდგა, უშუ უმალ გვერდით ამოუდგა, ნაბიჯარეული უახლოვდებიან გვამს. თუმცა, არც არის საჭირო... გრძნობს... იცის ბაჩევამ ვინც არის... კარგად გრძნობს... ყველაფერს ხვდება ბაჩევა, მაგრამ უშუს მარჯვენა ჩაუვლია და მოჰყავს. ერთად მოდიან ცხედრისაკენ. აჰა, მოვიდა, დახედა ბაჩევამ... რასაკვირველია, ესთერია, ლალა ესთერი! ლალას როდის მიუტოვებია ბაჩევა, ან რატომ ეგონა, რატომ იფიქრა ბაჩევამ, რომ დღეს მოაცილებდა მზერას?
ლალა ესთერს თვალები თითქოს იმისთვის დარჩენოდა ღია, რომ ბაჩევას ყელზე ჩამოკიდებული მოქანავე ჯვრისათვის გაოცების გამომხატველი მზერა არ მოეცილებინა. ბაჩევას ეჩვენებოდა ასე, თორემ... ბაჩევას სირცხვილი დაეუფლა - მოქანავე ჯვარი ხელით შეაჩერა.
იმ საღამოს ლალა ესთერის გვამი მიწაში რომ ჩაუშვეს, ხახამ აბრაამი მიცვალებულის წინგამძღოლ ტექსტს რომ კითხულობდა, ხოლო საფლავთან შეკრებილი დამწუხრებული მამაკაცები „ამენს“ რომ შესძახებდნენ, ხეზე ამძვრალმა ერთმა პატარა ბიჭმა ხალხს გადმოსძახა:
- გაქრისტიანებული ბაჩევა, ქრისტიანი ბაჩევა! შეხედეთ, ჯვარი!
ისრელიკო „პრანჭიამ“ ორიოდ ნაბიჯით უკან დაიხია, შებრუნდა და სირბილით გაეცალა შეკრებილ ხალხს. ისხაკია „დაბალმა“ ბაჩევას ზიზღის გამომხატველი მზერა არ მოაცილა, თვალისდაუხამხამებლად იხევდა უკან - ასე ეცლებოდა იმ ადგილს, სადაც ბაჩევა გამოჩნდა, დანიელა „მწიფე“ სირბილით დაეშვა ბექობიდან, რომელზეც სასაფლაო იყო, ხოლო ქარელელმა შათულიამ დოინჯი შემოიყარა, მერე ხელი ბაჩევასაკენ გაიშვირა და თქვა:
- „ვისაც თქვენი ოქრო-ვერცხლი შეშურდეს, იმას დაექცეს სიყვარულით ნაშენები ოჯახი!
- შეჩერდი, ჯამაათო, მიცვალებულის დაპატიოსნებას, გამჩენი გვავალებს! - გაისმა რაბი აბრაამის მშვიდი ხმა. ყველა რაბი აბრაამს მიუბრუნდა, გაქცეულნი შეჩერდნენ. რაბი აბრაამი კი ბაჩევას მოუტრიალდა - ჩვენი საბრალო, საცოდავი ზანქანის ასულო, შენ, ალბათ, არ იცი, რომ ისრაელისშვილის დასაფლავებაზე დედაკაცის ყოფნა არ იქნება. არც ებრაელის, არც - არაებრაელის. მანამ სანამ ქალი აქ იქნება, მიცვალებულს ვერც ერთ წესს ვერ შევუსრულებთ. - რაბი აბრაამი შეყოვნდა და სათნო ღიმილით დასძინა - მოგვიტევე, ზანქანის ასულო!
ბაჩევამ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და შეჩერდა. ლამის ბეჭებში გაევლო ჯამაათის წევრთა მზერას. რაღაცის თქმა ეწადა, ვერ თქვა. ცრემლებიც აწვებოდა. ვერ ტიროდა. ჯამაათიც დუმდა - ხმას არ იღებდა, თორემ ნეტავ, ჩაგეხედათ მოშია ,,ყურუ-ყურუს“, ყობია „ყანჩას“, დანო „ტრიკიანის“, არონია „ფათა-ფათას“ თვალებში.
ბაჩევა წავიდა. ხახამ აბრაამმა კი გაიფიქრა:
- ჩვენ წესს დაემორჩილა, წავიდა ისრაელობა არ დაუკარგავს.
მერე არეს მოედო ხახამ აბრაამის მშვიდი, აუღელვებელი ხმა. იგი მიცვალებულს კადიშს1 უკითხავდა. ჯამაათი კი ხმაშეწყობილად შესძახებდა: „ამენ!“
ჯამაათის ხმა ბექობს გადაევლებოდა.
ბაჩევა კი ქვევით ეშვებოდა. იქ, ქვევით უშუ ელოდა. შეჩერდა. ჯამაათის ხმა მარტოობის განცდას უძლიერებდა. მაგრამ ხახამ აბრაამის ნაკითხი ტექსტი, მისი რიტმი, ზოგიერთი ნაცნობი სიტყვა, გულს სალბუნად ედებოდა. ჯამაათის შეძახილს ,,ამინ“ თითქოსდა ხელი ჩაევლო და სადღაც მიჰყავდა. ძალიან უმწეოდ იგრძნო თავი.
სხვა მხარეს წავიდა, იქ არც არავინ იყო, ვერც ვერავინ დაინახავდა.
_________________________
1.კადიში - მიცვალებულის სულის მოსახსენებელი ტექსტი.
![]() |
8 ეფრემ მოიზიჩი |
▲ზევით დაბრუნება |
ეფრემ მოიზიჩს არც ერთი თავისი ნაბიჯი, არც ერთი გადაწყვეტილება არ უნანია: ანდრეი ბოგოლუბსკისთან ყრმობის ასაკიდან მეგობრობდა. თავად შავგვრემანსა და მორჩილი ტანისას ძლიერ უყვარდა ეს ქერა, როხროხა, წითელლოყება რუსი. ანდრეიც ერთგული და მოყვარული მეგობარი იყო. ეფრემ მოიზიჩისა და ანდრეის მეგობრობას ერთხელაც არ დაღამებია - მუდამ მზიანი დილა ედგა.
ჯორივით ამტანი კაცი იყო ანდრეი. მეზობელ სამთავროებთან ომში (რაც არ უნდა დიდი ომი ჰქონოდა სუზდალის დიდ მთავარს, ეფრემ მოიზიჩი იტყოდა ჩხუბი გვაქვს, მეზობელ სამთავროს ამოდენა ტყე, მდინარე და სახნავ-სათესი უნდა წავართვათო) ეს ამტანობა დიდად ადგებოდა, მაგრამ ჯორივით ჯიუტიც რომ იყო?! რამდენს ეცადა ეფრემ მოიზიჩი ძმების შერიგებას, ვსევოლოდს დაუთმე, ეგრე ნუ ჯიუტობო, არაფერი გამოუვიდა, ჯერ ერთი, დიდი მთავარი ერთობ შეუსმენელი კაცი იყო, მეორეც ძლიერ სჯეროდა თავისი სიმართლისა, ეგ რომ დიდი მთავარი იყოს და მე უქონელი, სიცოცხლესაც არ შემარჩენდა, ვაი, თუ ტახტი წამართვასო.
მართალს ამბობდა დიდი მთავარი ანდრეი ბოგოლუბსკი: ვსევოლოდისაგან არც ეფრემ მოიზიჩი ელოდა სიკეთეს - გული ცუდს უთქვამდა. ერთ დილას ნადირობიდან მობრუნებულ მთავარს გვერდით მიუჯდა და ეუბნება:
- თუ კაცს ყველაფერს წაართმევ, ისა სჯობია, მოკლა!
- ეგ რატომ, რისთვის?! სიკვდილი სჯობია სიღარიბეს?
ბევრისთვის სწორედ ეგრეა, ბევრისთვის სჯობია, როგორ არა სჯობიაო, მიუგო ეფრემ მოიზიჩმა, შენც ეგრე გერჩიოს: ან სალოღნავი უნდა მისცე, ან უნდა მოჰკლა. ვსევოლოდს შენ ყველაფერი წაართვი, ახლა ალბათ, სულ იმაზე ფიქრობს, შენ როგორ მოგკლასო.
ანდრეი ბოგოლუბსკიმ სიცილი დაიწყო. გულიანად იცინოდა. ეფრემ მოიზიჩი კი გულმოკლული შეჰყურებდა.
იმ დღის მერე აღარც უნახავს დიდი მთავარი - ცოცხალი აღარ უნახავს, თორემ, მკვდარი.
ანდრეის ცოლი - პირბადრი, ცისფერთვალება დედოფალი ეკატერინე - ლოგინში რომ წვებოდა (მთვარე უკვე სავახშმოდ იყო წასული, სანამ უნდა დალოდებოდა სანადიროდ წასულ მთავარს), საბანი გადასწია და ბალიშზე ქმრის მოკვეთილი თავი დაინახა. უცებ ვერც მიხვდა რა უნდა ყოფილიყო ეს სიშავემორეული ხორცის მასა, ბალიში სისხლით რომ მოეთხვარა, მერე...დედოფლის კივილმა მთელი სასახლე შესძრა.
მთავრის დიდებულთაგან, ახლობელთაგან ყველა სასახლეში რომ დაიგულა, სწორედ მაშინ მობრძანდა ვსევოლოდი, ცხენით შემოვიდა დარბაზში და ვისაც მოეპრიანებოდა, მათრახს იმას გადაუჭერდა. მერე ძმისშვილი მოიკითხა - იური. დედოფალმა საფრთხე იგრძნო თუ არა, თავი წამოსწია და იკითხა, „ეგ როგორ, ჩემი შვილიც ხომ მამასთან იყო სანადიროდ, ის კი ცოცხალი გადაგირჩა?“
ეფრემ მოიზიჩი დედოფლის ეშმაკობას მიხვდა, ვსევოლოდს თავი მდაბლად
დაუკრა და უთხრა:
- მომყიდე, ცოცხალიც მომყიდე და მკვდარიც.
ვსევოლოდი ერთხანს ჯიუტად დასცქეროდა ეფრემ მოიზიჩს, მერე კბილები გააკრაჭუნა და ხმადაბლა თქვა:
- მოგყიდი, მაგრამ ძვირად დაგისვამ...- ნამდვილი მეგობრობა იაფი არც არასდროს ყოფილა.
ძმის მკვლელმა ახალმა მთავარმა ეფრემ მოიზიჩს მოსთხოვა ამაღამვე გაეცალეთ აქაურობას, აღარც შენ დაგედგომება სუზდალში, ამას კი, ძმა ვარ და მე დავმარხავო.
მეგობრის ცოლი ეკატერინე და შვილი - პატარა იური იმავე ღამეს წამოიყვანა ეფრემ მოიზიჩმა. ვსევოლოდს კი თავისი სიტყვა სანანებლად ექცა: ასე რად მოვიშორე ის ურია, დახეთ, როგორი მეგობრობა სცოდნიაო.
ეფრემ მოიზიჩი კი არაფერს ნანობს: მეგობრის ოჯახს უპატრონა. რა ხანია ყივჩაყეთს ცხოვრობს, აქაც დიდვაჭარია, შვილები წამოეზარდნენ, თავიანთ ცხოვრებას თავად მიხედეს, ქვეყანა პატივსა სცემს. ერთობ მდიდარი კაცია, მაგრამ ხალხი მის ყველაზე დიდ სიმდიდრედ მაინც ცედაკის1 გაცემის ნიჭს მიიჩნევს. ებრაელთათვის სავალდებულო წესს - შემოსავლის მეათედი ღარიბ-ღატაკთათვის უნდა გაიღოო, არად დაგიდევს. მეტს გასცემს. ვის არ უმართავს ხელს - ქრისტიანს, მუსლიმს, თუ ებრაელს ერთმანეთისაგან არ არჩევს. ღიმილით, სიცილითაც კი იტყვის ხოლმე:
- ყველანი ადამიანები არა ვართ? პირი, კუჭი, ყველას ხომ ერთნაირი გვაქვს, ერთნაირად ვსუნთქავთ და ერთნაირად ვკვდებით!
მუდამ მომღიმარი, ლაღი ეფრემ მოიზიჩი ამასაც ამბობდა ხოლმე: ღმერთს ჩემთვის ოქროთუხუცესობა არ დაუვალებია, არც რამ კლიტენი ჩაუბარებია, ის შევინახო, რასაც მაძლევს. იმ ხალხს გამჩენი ჩემი ხელით აძლევს და მადლობელი ვარ რომ ამ საქმისთვის მე ამომირჩიაო.
- ეს ფეხები ჯირკივით არ მქონდეს, ჩემო ზანქან, ხო წამოვხტებოდი და ძველებურად ხომ მოგეხვეოდი. - წამოიძახა ზანქანის ხილვით ნასიამოვნებმა ეფრემ მოიზიჩმა. ზანქანი თავად დაიხარა, მოეხვია, მხარზე ეამბორა.
ბევრი იბაასეს, სადილიც მიირთვეს, ხილიც იხილეს, იცინეს კიდეც (ეფრემ მოიზიჩს უყვარდა სასაცილო ამბების მოყოლა), მზე რომ გადაიწვერა და საღამოც ჩამოდგა, ზანქანმა თქვა:
- ბოგოლუბსკის ოჯახთან დიდი მეგობრობა გქონდა...
- ახლაცა მაქვს... ეეჰ, დიდი კაცი იყო მამა მაგისი - ღირსეული.
ზანქანმა ეფრემ მოიზიჩს უამბო ყივჩაყეთში ჩამოსვლის მიზეზი, თუმცაღა, ყველაფერი არ თქვა, გვსურს ეგ ყმაწვილი ჩვენი მეფის მეუღლე გახდესო, არ უთხრა. ერთ დიდებულს სწადია სიძედ გაიხადოს, მაგ უფლისწულს დიდი ბედი ელის, როგორ მირჩევ, რომელი მხრიდან მივუდგე ამ საქმესო.
- ეეჰ, როგორი რიდი აქვთ ქართველებს უცხოელებისა! - ღიმილით გააქნია თავი მოიზიჩმა - ბოგოლუბსკი რისთვის ირჩიეს, რა ღირსება პოვეს?
- სამეფო სისხლისაა, ერთმორწმუნე და ამადაც ინდომეს - მიუგო ზანქანმა.
ეფრემ მოიზიჩი ტაბლაზე ხილს დააცქერდა, კარგა ხანს დუმდა, მერე ზანქანს ჯიქურ ჩახედა თვალებში და ჰკითხა:
- მითხარი, შენ რატომ გაერიე ამ საქმეში?
ეს ის კითხვა იყო, რომელზე პასუხიც ზანქანს არ ჰქონდა. ეფრემისათვის ყველაფერი რომ გაემხილა, უნდა ეთქვა სამეფო დარბაზმა დამავალაო, მაგრამ ახლა სამეფო დარბაზს ვერ ახსენებდა.
ამიტომ თითქოს სხვათა შორის მიუგო:
- მთხოვეს, უარი ვერ ვუთხარი. მაინც აქეთ მოვეშურებოდი.
ეფრემ მოიზიჩი კარგა ხანს დუმდა.
- ის თუ შეგიძლია, მაგ საქმეს გაერიდო? - ხმადაბლა, ფიქრიანად იკითხა, ცოტა ხნის შემდეგ კი დასძინა - თუ მოახერხებ, ამ საქმისაგან თავის დასაღწევად, ოქროც არ დაიშურო.
ზანქანი დუმდა. აშკარა იყო, ეფრემ მოიზიჩს არ მოსწონდა ქართველთა არჩევანი, ზანქანმა ინანა კიდეც აქ მოსვლა. „რისთვის მოვედი, მე დარბაზმა ბოგოლუბსკისთან გარიგება დამავალა და არა ამასთან მოთათბირებაო“, მაგრამ არა, ეს საქმე ხომ საქართველოს საკეთილდღეოდ კეთდება.
- ასე რატომ, რისთვის ელტვიან ქართველნი უცხოელთ! - მე არ გირჩევ ამ საქმეში გარევას. იმაზე იფიქრე, როგორ შეიძლება თავი დააღწიო.
- ჰო, მაგრამ თუ ეს საქმე ჩემს ქვეყანას გამოადგება?
ეფრემ მოიზიჩმა პასუხი არ იჩქარა.
- შენს ნათქვამში ის მომწონს, ჩემი ქვეყანაო, რომ ამბობ. კი, შენი ქვეყანაა, და უნდა ემსახურო, მაგრამ... - ისევ აუჩქარებლად ლაპარაკობდა ეფრემ მოიზიჩი - მაგრამ... რომ არ გამოადგეს? შენს ქვეყანას ეგ კაცი რომ არ გამოადგეს? - გაჩუმდა, ზანქანიც უხმოდ იჯდა. მსახური შემოვიდა, ფეხაკრეფით დადიოდა, სანთლებს ანთებდა - გულახდილად და პირდაპირ გეტყვი, ზანქან, - ეგ კაცი, ბოგოლუბსკი, საქართველოს არ გამოადგება და როცა იქ დაინახავენ, თუ როგორი კაცი იწვიეს სიძედ.
კიდევ კარგა ხანს იბაასეს ეფრემმა და ზანქანმა. ზანქანი რომ ქუჩაში გამოვიდა, ზეცა ვარსკვლავებს გაებრწყინებინა. იოშუაყი გაახსენდა. გაიფიქრა:
- ეგრეა, ეგრე შინ ჯდომა - ეჭვიანი და უნდო ხდები.
და ზანქანმა ძალიან უბრალოდ აუარა გვერდი პასუხს, რომელსაც ეძებდა. პასუხი გვერდზე იდო, სულ ახლოს - ვერ შეამჩნია და ჩვეულებრივად განაგრძო გზა.
______________________
1.ცედაკა - ღარიბ-ღატაკთა გაკითხვა, ქველმოქმედება.
![]() |
9 იოხაბედი |
▲ზევით დაბრუნება |
ზანქან ზორაბაბელის მამას - მორდეხს ასეთი ჩვეულება ჰქონდა: ებრაული ახალი წლის - როშ ჰაშანის1 წინა დღეებში, მთელი ქართლის სოფელ-ქალაქს დაივლიდა, ყოველ სოფელსა, თუ ქალაქში ბეით ქნესეთში მიდიოდა, ღარიბ-ღატაკთა სახლები მიმასწავლეთო, ითხოვდა. ღარიბებს შინ მიადგებოდა და სახარჯო ფულს უტოვებდა: ახალი წელი დგება, ყველამ სიხარულს მივცეთ თავი, აბა, რა ვიცით, მომავალ წლამდე გამჩენი რა სიკეთეს გამოიმეტებს ჩვენთვისო. ზოგიერთის ეზოში ჩამოჯდებოდა, ჭიდან წყალს ამოაღებინებდა, მასპინძლებს გამოელაპარაკებოდა და ისევ გზას გაუდგებოდა. შინ სწორედ როშ ჰაშანისთვის ბრუნდებოდა. საახალწლო სუფრას მით უფრო კმაყოფილი და ნასიამოვნები მიუჯდებოდა, რაც მეტ ღარიბ-ღატაკს დაუტოვებდა საროშ ჰაშანოდ სახარჯო ფულს: ახლა ისინიც საახალწლო სუფრას უსხედანო. 30 წლისა იყო ეს მადლი რომ დაიწყო, ოთხმოცდათორმეტამდე მოჰყვა ძალა - ფული არასოდეს არ გაუგზავნია, თავად დადიოდა სოფელ-ქალაქს, თავად ნახულობდა ყოველ ოჯახს: მადლი სწორედ ეს არისო, ფიქრობდა. ოთხმოცდათორმეტისა რომ გახდა, საღამო ხანს ლოგინში ჩაწვა, ,,შემაყ, ისრაელ“2 წარმოსთქვა და დაიძინა.
დილას „შემაყ, ისრაელ“ აღარ უთქვამს - ვეღარ გაიღვიძა.
იოხაბედი ქარელში, ისხაკია „ღრანჭას“ ოჯახში ნახა - დიდთვალება, ტუჩთხელი და მკერდსავსე გოგო იყო. შვლის ნუკრს ამ მიწურში რა უნდაო, გაიფიქრა და ისხაკია „ღრანჭას“ მოუტრიალდა:
- ბიჭი მყავს თვრამეტი წლის, შენი გოგოც იქნება თოთხმეტის - იოხაბედს მზერას არ აცილებდა - მგონი, გამჩენმა სარძლო მაპოვნინა. შენ რას იტყვი?
ისხაკიამ მიუგო, მე ამენის გარდა არაფერი მეთქმისო.
მაშ, ეს გოგო ჩემი ზანქანისათვის დამინიშნავს, „სიმხათ თორაში“3 ჩამოვალთ, ხუფისათვის გაემზადეთ - თქვა მორდეხ ზორაბაბელმა, კიდევ ერთხელ გადახედა იოხაბედს და ისევ გაუელვა თავში: შვლის ნუკრს ამ მიწურში რა უნდაო. მერეღა იკითხა: წიგნი თუ იცისო. ისხაკია „ღრანჭას“ გაეღიმა და კიდევ უფრო მოექცა სახე:
- ეგ რა ჩვენი საქმეა, ბატონო, სამაგისო ან ბედი ვინ მოგვცა, ან - ფული, ან სულაც... რისთვის არი საჭირო, რა სიკეთის მომტანი ეგ არის?
დაღონდა ზორაბაბელი, იფიქრა, იფიქრა და თქვა:
- აბა, ასე მოვიქცეთ ჩვენ: აჰა, შენ ეს ფული, გოგოს ხვალ დილიდანვე დააწყებინე ლაშონ ჰა კოდეშით4 და ქართულით წერა-კითხვა, სიმხათ თორაში ქეთუბა5 კი არა, ნიშნობა გადავიხადოთ, ქეთუბა კი ხანუქის მერე წავუკითხოთ. ეს დრო საკმარისია იმისათვის, რომ წერა-კითხვაში გაიწაფოს. ხომ გაგიგია: ეინ თორა, ეინ ქოახ! 6
ისხაკია „ღრანჭას“ გამოჩენილ, სახელოვან კაცთან დამოყვრება არ გახარებია ისე, როგორც ამდენი ვერცხლის დანახვა - მორდეხ ზორაბაბელს ფული არც დაუთვლია, ჯიბიდან ამოიღო და ისხაკიას პეშვი გაუვსო. იოხაბედი იხმო და სახელი ჰკითხა, მერე კი უთხრა:
- დღეიდან ჩემი ძის - ზანქან ზორაბაბელის დანიშნული ხარ, სწავლას უნდა შეუდგე, რომ წიგნის კითხვა შეგეძლოს. შენი საქმრო ისეთ იეშიბაში7 დადიოდა, იერუშალაიმში აღარ არი მაგნაირი - მერე ისევ ისხაკია ,,ღრანჭას“ მიუბრუნდა - ნიშნობის წინ ჩემს ხალხს გამოგიგზავნი, ისინი მოამზადებენ ყველაფერს. ამის მზითევი პატიოსნება და წიგნი იქნება.
ტფილისში მობრუნებულმა მორდეხმა დილას, ბეით-ქნესეთში წასვლისას ზანქანს უთხრა:
- მომილოცე, შვილო, რძალი შევიგულე - შენი მომავალი ცოლი. ისეთი გოგო შეგირჩიე, ტფილის-ქალაქში მაგნაირს არც გაუვლია.
ნიშნობის გადასახდელად, მართლაც, სიმხათ თორაში ჩავიდნენ ქარელში. მორდეხმა ცხენიდან ფეხი გადმოდგა თუ არა, იოხაბედს ჰკითხა სწავლის საქმე როგორა გაქვსო. ისხაკია ,,ღრანჭამ“ შვილს დაასწრო: ამან რომ ისწავლა, ბარე ორს არ დაესიზმრებაო. მორდეხმა კიდევ ერთი პეშვი ვერცხლი დატოვა, სწავლისთვის არაფერი დაიშუროთო.
საქმე ის იყო, რომ ამ ერთ თვეში იოხაბედი კიდევ უფრო დამშვენებულიყო. მორდეხმა შვილსაც შეატყო და მეუღლესაც, რომ ოჯახისთავის არჩევანი მოსწონდათ. ამან კარგ გუნებაზე დააყენა. ცხადია, არ უწყოდა, რომ იოხაბედმა დღესაც ის იცოდა, რაც როშ ჰაშანის წინ. სიღარიბის მიზეზი მხოლოდ უიღბლობა და ხელმოცარულობა როდია - სულმოკლეობა და უგუნურობაც.
ისხაკია „ღრანჭამ“ როგორც ნამდვილმა ყამაარეცმა,8 ამდენი ვერცხლი რომ დაინახა, ლამის სუნთქვა შეეკრა, თავისსავე მიწურში მიწა ამოთხარა, ვერცხლი ქოთანში ჩაყარა და მიწაში ჩამარხა. იმ დღიდან ჭილოფი სწორედ იქ ჰქონდა გაფენილი, სადაც ქოთანი ჩამარხა. თუ ღამე იყო, ზედ იწვა, თუ დღე, იმ ადგილს არ სცილდებოდა - იქ იჯდა. მიწას მზერაგაბრწყინებული დასცქეროდა და ფიქრობდა: „ვითომ რით არა ვარ ხონთქარი, რა მაკლია, თუ მოვინდომე, ორმოცდაათ ატლასის ხალათს და ქოშს ჩავიცმევო“. ცოლს არ უმხელდა ამდენი ვერცხლის პატრონი გავხდიო, არც შვილს - „მაგასთან რა ხელი მაქვს, სტუმარია, ხვალ-ზეგ მოვა ის კაცი, წაიყვანს და მორჩა!“ იოხაბედს წერა-კითხვა ვასწავლოო, არც უფიქრია. ,,ჩემმა შვილმა ყველაფერი იცის: მუხუდოს მოხარშვაც და ღელეზე თეთრეულის გარეცხვაც, სხვა რაღა უნდა!“
ქორწილში თავისი მოყვრის სახლ-კარს, სიმდიდრეს რომ მოავლო თვალი, ქარელში სხვა კაცად დაბრუნდა - სულ იმ ჭილოფს დასტრიალებდა თავს. სოფლად თუ გავიდოდა, ზედაც არავის უყურებდა, თავის სოფლელებს, გუშინდელ ტოლ-ამხანაგებს შესძახებდა - თქვენ ვინ მიგდიხართო. ქარელელები კი, ქართველი იქნებოდა, თუ იუდეველი, თავში წაუთაქებდნენ რა ყეინივით მიდი-მოდიხარ სოფელშიო. ისხაკია „ღრანჭა“ კი გაიძახოდა, ყეინი ვინ მიგდია, ერთი მაგის ოხერ-მუდრეგი დედაცო.
ყეინობა ამოიჩემა, ჭილოფს აღარ სცილდებოდა, დღეცა და ღამეც ზედ იწვა, ან იჯდა და ბუტბუტებდა ,,რით არა ვარ ყეინი, რითვინ არა ვარ ყეინი!“.
- ადე, კაცო, სოფელში გაიარე! - შესძახებდა ცოლი - მაგ ჭილოფს რა დარაჯად დაუდექ! არაო, ერთი წუთითაც რომ გავეცალო, ჭინკები დაეპატრონებიანო - ფიქრობდა. ყეინობის სურვილმა და ჭინკების შიშმა ამ საბრალოს ჭკუა ისე აურია, გულმავიწყობის სენმა შეიპყრო, ძალიან მალე ეს სენი ისე გაუძლიერდა, ისიც კი“ დაავიწყდა, იმ ჭილოფს რისთვის დარაჯობდა. მალე ლოგინად ჩავარდა, იმ ჭილოფიდან ვეღარ დგებოდა. ცხადია, აღარც ჭილოფქვეშ, მიწაში მოქცეული განძი ახსოვდა და ცოტა ხანში ისეთივე ღარიბ-ღატაკად ამოხდა სული, როგორაც მორდეხ ზორაბაბელის გამოჩენამდე ცხოვრობდა. მიწაში ჩამარხული განძის ამბავი ცოლმა არ იცოდა და ისხაკია ჯამაათის ხარჯით დაასაფლავეს.
მორდეხმაც და ზანქანმაც გვიან აღმოაჩინეს, რომ იოხაბედმა წიგნი არ იცოდა. გული ძლიერ დაწყდათ, მელამედი9 მიუსვეს, მაგრამ ვერას გახდნენ. - თვალწარმტაცი იოხაბედი სიტყვა-პასუხითა და თავაზიანობით არ გამოირჩეოდა. ვიდრე ხმას ამოიღებდა, საამო სანახავი იყო, თუ რამეს იტყოდა, ყურებზე ხელები უნდა აგეფარებინა. მორდეხს სიხარული სინანულით შეეცვალა და დაასკვნა: ალბათ, ღმერთს ჩემი დასჯა ეწადა და ასე დამსაჯაო. ბოგანოთა ოჯახში აღზრდილი იოხაბედი, მას შემდეგ, რაც ზორაბაბელთა ოჯახში შემოვიდა, ბრძანების კილოთი ლაპარაკს დაეჩვია. მსახურთადმი ისეთი ულმობელი იყო, მორდეხ ზორაბაბელსა და მის მეუღლეს გული ელეოდათ. დედამთილ-მამამთილს კი ისე უკმეხად ელაპარაკებოდა, თითქოს თვითონ იყო სრა-სასახლის პატრონი, ესენი კი მისი - ხიზნები. ამიტომ გაცლა ამჯობინეს, - თავიანთთვის ფეთხაინზევე ახალი სახლი ააშენებინეს, შვილ-რძალს კი სასახლე დაუტოვეს.
იოხაბედს არც სხვა მხრივ გაუხარებია ზორაბაბელების ოჯახი - კარგა დრომ გაიარა, ვიდრე შვილი გაუჩნდა. მორდეხი ამის გამოც ადანაშაულებდა თავის თავს: ბერწი ქალი როგორ მოვნახე ამხელა ქვეყანაშიო, ეს კიდევ უფრო არწმუნებდა, რომ გამჩენი სჯიდა, მაგრამ ათიოდე წლის შემდეგ ბიჭი რომ დაიბადა, მორდეხ ზორაბაბელი ღმერთს მადლობას წირავდა: როგორც იქნა, ჩემსკენ მოიხედა და წყალობა ინებაო.
ლალა ესთერის გარდაცვალება რომ გაიგო, იოხაბედმა „უი, საცოდავიო“, წამოიძახა. ეს იყო და ეს! დაკრძალვაზე, ცხადია, არ მისულა - ლალა ესთერი იმ წრის ქალი არ იყო, რომლის გასვენებაზე მისვლას იოხაბედი ინებებდა. მომდევნო დილას, იოხაბედს ეზოში თმა რომ გაეშალა და ივარცხნიდა, შუკაში მომავალი როკაპი ხავა დაინახა. ხავას ქაშერი რძე, მაწონი, ყველი დაჰქონდა ზორაბაბელებთან.
რამ მოკლა შენი საცოდავი მეზობელი, ქალო! - იკითხა იოხაბედმა.
ხავას ყურს არ გამოეპარა, რომ იოხაბედმა ისე, სხვათა შორის იკითხა ესთერის ამბავი. ამით დარწმუნდა, იოხაბედი მისი მეზობლისა და მეგობრის გარდაცვალებას აინუნშიც არ აგდებდა.
- ესთერს სასიკვდილო არაფერი ჭირდა, მაგრამ შენმა ქალმა გაუხეთქა გული! - ხავა რის როკაპი იქნებოდა, თუ იოხაბედს პირში არ მიახლიდა სათქმელს - ისედაც არ უყვარდა ზორაბაბელების რძალი. ზანქანი რა თავმდაბალი კაცია, იოხაბედს კი ისე უჭირავს თავი, თითქოს მთელ ფეთხაინს მისით უდგასო სული. წუხელ მთელი ფეთხაინის ებრაელობა ლალა ესთერს მისტიროდა, იოხაბედზე კი პირში წყალს იგუბებდნენ. ისიც არავის უთქვამს, გასვენებაზე მოსვლაც არ ინებაო, ყველაფერი იგულისხმებოდა. ბაჩევაზე კი ყველა ერთხმად ამბობდა, „ეგ საბრალო, ეგაო“.
იოხაბედმა თავი გააქნია, გაშლილი თმა სპარსული ოქროს სავარცხლით ჩამოივარცხნა და ხავას დამცინავი ღიმილით ჰკითხა:
- ჩემ ქალს რითვინ უკბინე, ხავია?!
ხავას ოქროს სავარცხელი თვალს სჭრიდა, მაგრამ ამას შეეგუებოდა. იმან უფრო გააღიზიანა ამ ქალმა თავისი თმის, პირისახის და უკანალის მეტი არაფერი იცის, ისიც კი არ ენაღვლება, შვილი რომ გაუქრისტიანდაო და წყრომით შესძახა:
- შენი ქალი რო ქრისტიანი გახდა, ისიც არ იცი, განა!
- შენ ხო არ გადაირიე, ქალო!
- ქრისტიანი შვილი გყავს, ქრისტიანი! - ზიზღით მიუგდო ხავამ და ლამის სირბილით გავიდა ეზოდან.
მიუხედავად იმისა, რომ იოხაბედი ტანკენარი გოგო აღარ იყო, ერთობ დასრულებულიყო კიდეც, მაინც შურდულივით გაექანა ბაჩევას ოთახისაკენ. ბაჩევა გუშინ საღამოს რომ მოლასლასდა და ტახტზე დაჯდა, არც განძრეულა, თვალზე არც რული მიკარებია, არც რამ ცრემლი სდენია - იჯდა უხმოდ, ღონეწართმეული. დედა რომ ოთახში შევარდა, მზერაჩამქრალმა და ფერდაკარგულმა ბაჩევამ თავი ასწია. მის ყელზე ჩამოკიდებული ჯვარი აქანავდა. ცხადია, ჯვარი თვალში ეცა იოხაბედს, იკივლა და შვილისაკენ გაექანა. ბაჩევა როგორც გითხარით, სევდამორეული იჯდა, ამიტომ აუჩქარებლად წამოდგა, ზონზროხა იოხაბედმა კი სხეული ვერ დაიმორჩილა, ტახტს დაენარცხა და საბრალოს ჯერ კვნესა აღმოხდა, მერეღა წასცვივდა ცრემლები.
- შვილი მომიკვდა, შვილი! რატომ, რისთვის, შვილო, ბაჩევა, რისთვის გაეცალე წუთისოფელს! - მოთქვამდა იოხაბედი.
იოხაბედის მოთქმამ ბაჩევასაც ცრემლი მოჰგვარა. დაიხარა და დედას მოეხვია. ბაჩევას დედის ალერსი, თუნდაც მოხვევა, არასოდეს ნდომებია ისე, როგორც ახლა, ამ წუთში. იოხაბედმა კი ბაჩევას ხელები ზიზღით ჩამოიშორა, წამოხტა და როგორ მოულოდნელადაც შემოვიდა, ისევე გავიდა შვილის ოთახიდან.
რამდენიმე ხანში ბაჩევას ეზოდან შემოესმა კივილი. ფანჯარას მივარდა, ეზოში ქალები შეკრებილიყვნენ. ქალები ტიროდნენ, კიოდნენ, პირს იხოკდნენ. ბაჩევამ შავადმორთული იოხაბედი მოგვიანებით დაინახა - შუა ეზოში სკამზე იჯდა. აქეთ-იქით შოშანა, რიბკა, რუთო და ლია მისხდომოდნენ. ყოველ ამათგანს შავ-შავი კაბა ეცვა. თავზეც შავი შალი ეხურათ, წინ კი ტახტი დაედგათ. ტახტზე რაღაც ეფინა - ბაჩევამ თავისი კაბა იცნო და შეჰკივლა.
ეზო თანდათან ივსებოდა ქალებით. ჭიშკარს გადმოსცდებოდნენ თუ არა, ისეთ კივილს ასტეხდნენ, ისე იხოკდნენ პირი-სახეს, ადრე მოსულნი, სულ ცოტა ხნის წინათ ასევე რომ გაჰკიოდნენ, გაოცებას იყვნენ: ასე რა აკივლებთ, ნეტავ, მართლა ხომ არ გარდაიცვალა ზანქანის და იოხაბედის ქალიშვილიო.
მოსულნი შეცხადებას რომ მოითავებდნენ, ვალმოხდილნი განაპირდებოდნენ, ეზოს კი ახალი მოტირალნი - სამ-ხუთ ქალიანი ჯგუფი მოადგებოდა. ახალმოსულნი ცდილობდნენ თავთავიანთი შეკივლება-შეძახილებით წინარენი დაეჩრდილათ, რომ უფრო შთამბეჭდავად გამოჩენილიყვნენ. ყველაფერს ამას თან სდევდა იოხაბედის მოთქმა:
- რატომ, რისთვის დაგვტოვე, შვილო!
ამის გამგონე ქალები ისე სულისშემძვრელად შეჰკივლებდნენ ხოლმე, ბაჩევას თვალთაგან ცრემლი არ შორდებოდა. ეზოში მიხი შემოვიდა - ბეით-ქნესეთის შამაში.10 აჩქარებული ნაბიჯით გაემართა იოხაბედისაკენ, მიუახლოვდა და ლამის ბრძანების ტონით უთხრა:
- რაბი აბრაამმა, ახლავე შეწყვიტეთ ეს ამბავი, ცოდვას ნუ ამრავლებთო!
იოხაბედი მიხის დააცქერდა, სახე დაემანჭა (ზიზღმა დაუმანჭა სახე) და კბილებს შორის გამოსცრა:
- თუ რაბი აბრაამიც გაქრისტიანდა, არაფრად მჭირდება, თუ ისევ ისრაელია და რაბიდ მიიჩნევს თავს, აქ მობრძანდეს, ყველა წესი და რიგი ჩამატარებინოს, თორემ ზანქანი არც გაიხედავს მაგის ბეითქნესეთისაკენ - იოხაბედმა ზიზღის გამომხატველი მზერა არ მოაცილა მიხის, იყუჩა, მერეღა დასძინა - წადი და ასე მოახსენე!
მიხი არ ჩქარობდა. თანაგრძნობით შესცქეროდა იოხაბედს.
ბენო კაკიტელა ფეხაკრეფით მიუახლოვდა იოხაბედს და მიხის.
- იოხაბედ, ჩემო უბედურო დაო, ხომ იცი, როგორი მეგობარი ვარ თქვენი ოჯახის, რაც გეწადოს, ის დამავალე, მიმსახურე რამეთი - სახე-პირზე სათნოება გამოხატვოდა.
- რაბი აბრაამმა ახლავე შეწყვიტეთ ეს ამბავიო, ბრძანა - თქვა მიხიმ.
ბენო კაკიტელამ კი გაიოცა:
- ახლა ამ ოჯახს თანაგრძნობა უნდა და არა ჭკუის სწავლება! ზანქანის ოჯახი ისე არ წაქცეულა, რომ იოხაბედის სიტყვა არ გაიგონონ!
- ახლავე აქ მობრძანდეს რაბი აბრაამი და შვილი დამამარხვინოს! - ბრძანა მხარდაჭერით გულმოცემულმა იოხაბედმა - ვერცხლს კი არა, ერთ თეთრს არ მისცემს მაგ ლოცვას ზანქანი, ერთ თეთრს! ახლავე მობრძანდეს!
შამაში მიხი უხმოდ გაეცალა იოხაბედს და ბენო კაკიტელას. უხმოდ და უკმაყოფილოდ. ბენო კაკიტელა ფეხაკრეფით გაშორდა იოხაბედს, ერთობ კმაყოფილი იყო, თუმცაღა, სახეზე კვლავ მწუხარება აღბეჭდვოდა.
ეზოში ხმაური მინელდა. აღარც ტიროდნენ, აღარც არავინ კიოდა. მომსვლელიც უკვე მოსულიყო. ქალები, ეზოს კუთხეში შეკრებილი სამი-ოთხი მამაკაცი, ერთმანეთს ებაასებოდნენ - მთავარი საქმე მოეთავებინათ და მუსაიფის ჯერი დამდგარიყო. რადგან არავინ იცოდა შემდეგ რა უნდა ეკეთებინათ, ყველა ერთ საკითხს - ბაჩევას გაქრისტიანებას უტრიალებდა. არავინ არაფერი არ იცოდა - არც ის, თუ რატომ მოინათლა ბაჩევა, არც ის, ბაჩევას მონათვლის გამო გარდაიცვალა თუ არა ლალა ესთერი. ამიტომ წარმოსახვას დიდი გასაქანი მიეცა.
- ესთერი, ის საცოდავი, თურმე მუხლებზე დაეცა და ისე ეხვეწა: ნუ იზამ ამ საქმესო - თქვა ლეღვიაანთ თამარმა.
- ერთ ქალს დაუნახავს, მღვდელმა რო გააგდო ესთერი: წადი, თორემ შენ ცმოგნათლავო - თქვა რიბკამ.
- კი, ასე უქნია - რა შენი საქმეა, ხელს რატომ უშლიო!
- ასე ყოფილა, კი, მეც მითხრეს - კვერი დაუკრა ვიღაცამ.
საშუალო ასაკის ქალები ერთად იდგნენ და ერთმანეთს შესჩიოდნენ:
- ასე რაფერ წახდა ჯეელობა, რა არის ეს!
- წახდა? წახდა კი არა, შორს, შორს!
- მაგას გულისსწორიც ეყოლებოდა!
- კი, ასეა, ამ ორი დღის წინ იოხაბედს მისი უსტარიც უნახავს.
- არ იქნება, არა, არ უნდა ასწავლო შვილს წიგნი. რო არ ცოდნოდა, ხო ვერ წაიკითხავდა იმ წიგნს!
ჭიშკართან ახლო მდგარ ქალთა წრეში ერთმა მწითურმა, ელამმა ქალმა საიდუმლოს განდობის ინტონაციით, ხმადაბლა თქვა:
- მე ვიცი - მაგას ჭინკამ გადაუჭრა გზა.
- სად იყო ეს ამბავი!
- აგერ აქ, მოსახვევში, ახალ დაღამებულზე.
- აბა, ჭინკა დღის სულზე გამოვა კარში?
- სს... აცალე!
მერე?
- დედა, დედა, დედა! - ლოყაზე შემოირტყა ხელი მარიამმა - არ იქნება საღამოს კარში გასვლა, არ იქნება!
- რას ამბობ, გოო, კიდე კარგი რო გავიდა და ჭინკამ გააფრთხილა, თორე... მამაკაცებიც ბჭობდნენ, მამაკაცებიც ეძებდნენ ბაჩევას ქრისტიანად მოქცევის მიზეზს. იქ თქვა ბენო კაკიტელამ:
- არ ვარგა მეფის კართან დაახლოება: ზანქანი მეცოდება მეტისმეტად. მაგას მოსთხოვეს თურმე გაქრისტიანება, ჯერ შვილი გააქრისტიანა. ალბათ, მალე თვითონაც...
ამ დროს ეზოში ძლიერი კივილი გაისმა. ქალები, ბაასი მობეზრებოდათ, თუ ვერ ხვდებოდნენ რა ხდებაო, ერთხმად აკივლდნენ. ყველა სულმოუთქმელად გაჰკიოდა. ბაჩევა ფანჯარას მივარდა. ეზოში თინათი შემოსულიყო.
თინათის გაეგო ბაჩევა გარდაიცვალა, დღესვე ასაფლავებენო და ელდანაცემი მოახტა ცხენს. ეზოში რომ შემოვიდა და ასეთი კივილი ატყდა, ლამის თვალთ დაუბნელდა. განსაკუთრებული სიმწარით იოხაბედი მოთქვამდა: „შენი ბაჩევა აღარა გყავს, სხვად იქცა“-ო. თინათის ღაპაღუპით სდიოდა ცრემლები, თავბრუ ეხვეოდა და ეჩვენებოდა, სადაცაა წავიქცევიო. თავს იკავებდა. ცრემლებმაც თვალები ისე ამოუვსეს, ვერაფერს ხედავდა. ცოტა ხნის შემდეგ გააცნობიერა: ტახტზე მიცვალებული კი არ დაესვენებინათ, კაბა გადაეფინათ. ალბათ, ასეთი წესი აქვთ იუდეველებსო, გაიფიქრა და იოხაბედს ჩაეკრა. თან ლუღლუღებდა:
- უშუ რა დღეში ჩავარდება, ხვალ-ზეგ ხომ ჯვარი უნდა დაეწერათ!
ამ ცნობამ იოხაბედი მწარედ ააკივლა, ახლო-მახლო მჯდარმა ქალებმაც ისე აუბეს მხარი, რომ თინათი ცრემლად დაიღვარა.
იოხაბედი ისე გაჰკიოდა, გეგონებოდათ, ცოფიანი ძაღლი დასდევსო.
მაგრამ ტირილი, მოთქმა-გოდება უცებ შეწყდა. ეზოში სიჩუმე ჩამოვარდა
ცრემლმორეულმა თინათიმ ეზოში შემოსული რაბი აბრაამი გაარჩია. აუჩქარებლად მოდიოდა იოხაბედისაკენ. ტანსრული კაცი იყო ხახამ აბრაამი, შუა ხანს გადაცილებული, თეთრი წვერი მთელ მკერდს უფარავდა. რაბი აბრაამი იოხაბედს მოუახლოვდა. შეჩერდა, ჯერ ქალებს მოავლო მზერა, მერე იოხაბედს გაუსწორა მზერა.
- ადამიანის სული გამჩენის კუთვნილებაა, ვიდრე სული სხეულში დგას, არავის აქვს უფლება, ადამიანი იმ ყოლამზე11 იგულვოს. ზანქანის ასული გადაცდენილია, მან ღმერთთან კავშირი გაწყვიტა. მაგრამ თქვენ არა ხართ განაჩენის გამომტანი, არა გაქვთ ამის უფლება.
- თხოვდებოდა თურმე, ჯვრისწერას აპირებდაო - კივილით შეაწყვეტინა იოხაბედმა რაბი აბრაამს.
რაბი აბრაამი არ იყო ჩვეული სიტყვის ასეთ წართმევას. პასუხი არ იჩქარა. ყურადღებით დააცქერდა იოხაბედს და თქვა:
- სანამ ადამიანი ცოცხალია, განა მხოლოდ მისი არსებობა უნდა ვცნოთ, გადაცდომის უფლებაც. დაანებეთ ფიქრი - გაზომოს თავისი ნაბიჯი. რატომ ართმევთ უფლებას იყოს ადამიანი და თავს თავად მოუაროს. - რაბი აბრაამი მშვიდად, შთამაგონებლად ლაპარაკობდა - გაპატიოთ გამჩენმა, ყველას შეგენდოთ ცოცხალი ადამიანის ტირილი - რაბი აბრაამი შებრუნდა და ისევე აუჩქარებლად გაემართა ჭიშკრისაკენ, როგორც ლაპარაკობდა. მიხი უკან მისდევდა.
ქალები თავჩაქინდრულნი იდგნენ. ერთმანეთისთვისაც ვერ გაესწორებინათ მზერა.
თინათის სიბრაზე ყელში მოაწვა. წამოდგა და სირბილით გადაჭრა ეზო.
თინათიმ ყველას უშველა, ყველას გაუიოლა იმის გაკეთება, რაც ეწადათ და ვერ გაებედნათ - მწითური და ელამი ხანა ლამის ჭიშკართან წამოეწია თინათის. იმოდენა ნაბიჯებს დგამდა, გაასწრო კიდეც. მას ეთი დაედევნა, ეთის კი მზერაცარიელი, ჩასუქებული სიმხა მიჰყვა. მას კიდევ ვიღაცა და მალე ჭიშკართან ხალხმრავლობა შეიქმნა. უხმოდ, თავჩაქინდრულნი სტოვებდნენ იოხაბედს. იოხაბედი კი გულში იქადდა:
- აწი ნახე, ხახამ აბრაამ, აწი ნახე, რასაც მიიღებ ზანქანისაგან!
ბაჩევა ფანჯარასთან იდგა და შესცქეროდა, თუ როგორ გარბოდა მის გასვენებაზე მოსული ხალხი. ბაჩევას გარეთ გასვლის ძალა არ ჰქონდა. ტახტზე დაეშვა.
ბენო კაკიტელა ერთობ კმაყოფილი იყო.
ებრაელთა დღესასწაულის დღეებში ბენო კაკიტელას სახლის ყველა ოთახი სანთლების შუქით იყო გაჩახჩახებული, მაგრამ რა?! მთელ ქალაქს ზანქანის სახელი ეკერა პირზე - ზანქანს უქებდნენ თავმდაბლობასა და გაცემის უნარს, სიმდიდრესა და ოჯახისშვილობას.
- რატომ არ იქნება კეთილი, რატომ არ გასცემს - მაგის მამა-პაპა ცურავდა ოქრო-ვერცხლში - უკმაყოფილებას არ მალავდა ბენო კაკიტელა. დღეს კი...საღამო ხანს, სალოცავში, ვიდრე მინხას12 დაიწყებდნენ, ლამის თვალზე ცრემლმომდგარი ამბობდა:
- საცოდავი, საბრალო ზანქანი! როგორ გააცამტვერა შვილმა!
ძალიან ცდილობდა ჯამაათის წევრები მიჩვეოდნენ იმ აზრს, რომ დღეიდან ზანქან ზორაბაბელი გაცამტვერებული კაცი იყო, მაგრამ სალოცავში ყველა თავს არიდებდა ბაჩევას საქციელზე საუბარს. თითქოს პირი შეჰკრესო, საუბარში ვერავინ აიყოლია.
ცხადია, ჯამაათის დუმილი ბენო კაკიტელას სიხარულს ჩრდილს ჰფენდა, მაგრამ ისიც ცხადი იყო, რომ დუმილი ვერაფერს დააკლებდა ბენო კაკიტელას ბედნიერებას.
_________________________
1.როშ ჰაშანა - ახალი წელი
2.შემაყ, ისრაელ - ისმინე ისრაელ!
3.სიმხათ თორა - შემოდგომის დღესასწაული, კარვობა.
4.ლაშონ ჰა კოდეშ - წმინდა ენა. ასე უწოდებენ ებრაულ ენას.
5. ქეთუბა - საქორწინო ხელშეკრულება. ქორწინება.
6.ეინ თორა, ეინ კოახ - არ არის ცოდნა, არ არის ძალა.
7. იეშიბა - სასწავლებელი, სადაც ძირითადად ღვთისმეტყველებას ეუფლებიან.
8. ყამა ჰაარეცი - უბირი კაცი
9.მელამედი - მასწავლებელი
10. შამაში - სინაგოგის მსახური
11.ყოლამი - სამყარო. აქ საიქიო.
12. მინხა - ნაშუადღევის ლოცვა.
![]() |
10 უფლისწული |
▲ზევით დაბრუნება |
ქალბატონს სახეზე ღიმილი მოეფინა, სტუმარს ხელებგაშლილი, გახარებული მიეგება:
- ზანქან, ძვირფასო, ჩვენო საყვარელო ზანქან, ასე რატომ დაგვივიწყე, რა ხანია ჩვენთან არ ყოფილხარ!
ზანქანმა ქალბატონის წინ თავი დახარა და თქვა:
- დიდად მიხარის თქვენი ნახვა. ჩინებულად გამოიყურებით.
- მართლა? - ქალბატონს თვალები აუციმციმდა - შენცა, შენცა, ჩემო ზანქან, თმაში ერთი ჭაღარაც არ შეგპარვია.
- განა შავთმიანი ბებერი არ გინახავთ? აი, მე ვდგავარ თქვენს წინაშე შავთმიანი ბებერი კაცი.
- ბებერი? შენ ბებერი ხარ?! მე კი მგონია, დღესაც ისეთივე ყოჩაღი და მოალერსე ხარ, როგორც წლების წინ.
- უფლისწული როგორ ბრძანდება? - იკითხა ზანქანმა - ძლიერ ეწადა უფლისწულის ნახვა და ამიტომ საუბარი უმალ მასზე გადაიტანა.
- უფლისწული?! - მცირე პაუზის შემდეგ იკითხა მასპინძელმა - კარგად, კარგად. - ვინ არის, ვინ მოვიდა? - მოისმა მეზობელი ოთახიდან.
- გამოხვალ და ნახავ, ძვირფასი სტუმარია! - გასძახა ეკატერინე ივანოვნამ - ზანქანს უფლისწულის დედის ხმაში უკმაყოფილება არ გამოეპარა. ყურადღება დაძაბა.
დარბაზში უფლისწული შემოვიდა - მაღალი, ქერა, ტანსრული და მზერაამღვრეული, ძილნაკლულობისა, თუ სხვა რამ სენისგან ფერწასულიც. უფლისწული კი არ მოდიოდა, მოქანაობდა - იფიქრებდით, თავის სხეულს ვერ ერევაო.
- ვინ არის? - ისე იკითხა უფლისწულმა, თითქოს ახლა გააღვიძესო.
- აბა, თუ იცნობ?! - ღიმილით უთხრა დედამ. ეკატერინე ივანოვნას ღიმილი ძლიერ უხდებოდა.
ზანქანი ღიმილით მისჩერებოდა იურის. იური სკამზე დაეშვა, ზანქანს დააცქერდა და ღონეწართმეულმა ამოთქვა:
- ვინა ხარ?
ზანქანმა უხერხულად იგრძნო თავი, უმწეოდ მიმოიხედა.
- თავს მეტ პატივს რომ სდებდე, უფლისწულო, უსათუოდ იცნობდი - ამჯერად დედის საყვედური შეფარული არც იყო - მაგრამ ახლა შენი გონება... მოიკოჭლებს - გონებას ძალა გამოლევია.
- მაგას ნუ მეტყვი, ძვირფასო დედილო, მე კარგადა ვარ, ძლიერ კარგად! - უფლისწული ზანქანს თვალს არ აცილებდა, თუმც კი სიტყვებით დედას მიმართავდა. მერე უცებ სახე გაუნათდა და წამოიძახა - მახსოვს, თქვენ ხომ ბიზანტიური ხალათი მაჩუქეთ!
- სწორია!
- ამ სამი წლის წინათ!
- დიდებული მეხსიერება გქონიათ!
- აი, ხედავ? - დედას მიუბრუნდა იური - შენ კი მეუბნები, გონება... რაო? ჰო, მოიკოჭლებსო - მერე ისევ ზანქანს მოუტრიალდა
- მე თქვენ გელოდით!
- მელოდით?
უფლისწულს დაბნეულობა დაეტყო.
- მოგვენატრეთ, ზანქან, მოგვენატრეთ და ამიტომ გელოდით - თქვა ეკატერინე ივანოვნამ და შვილს საყვედურით გადახედა.
ზანქანი კარგა ხანს შერჩა ბოგოლუბსკების ოჯახში. დიდხანს მასლაათობდნენ, გარდასულ დღეებს იგონებდნენ. უფლისწულის დედა, სინანულით იხსენებდა წარსულს. ზანქანს ეკითხებოდა, ხომ გახსოვს, რა ლამაზი ვიყავიო. ხოლო იური ბოგოლუბსკი ზანქანს უღიმოდა და ეუბნებოდა - მე თქვენი დიდი მეგობარი ვარო, ლამის ეხვეოდა.
საღამო ხანს ბოგოლუბსკები დატოვა თუ არა, ეუდა იხმო:
- აქ უნდა დარჩე. ამ სახლიდან გამოსულ უფლისწულს კარგად უნდა ადევნო თვალი. სადაც წავა, თან გაჰყვები, ეცადე, ისიც შეიტყო, იქ რას გააკეთებს.
მომდევნო დილას ეუდამ ზანქანს მოახსენა:
- უფლისწული რო სახლიდან გამოვიდა, ბატონო... ცხენზე რო შეჯდა და წავიდა? კატა ხო გინახია, კატის სიარული, ე, ისე მივყევი უკან, კატასავით. შორს არ წასულა. ერთ დიდ, ყორეშემოვლებულ სახლში შევიდა. იქით მივდექი, აქეთ მოვდექი, ამას ვკითხე, იმას ვკითხე აქ ვინ ცხოვრობს-მეთქი. აქაური დიდებული ვინმე ყოფილა. შებნელდა თუ არა, ღობესაც კატასავით გადავევლე. რამდენი არ ვუტრიალე სახლს, ვერაფრით ვერ გავიგე რას აკეთებდნენ შიგ. გული მეუბნება, უბედური საქმეები უნდა კეთდებოდეს იქ, აბა, რატოა დაგმანული ყველაფერი. უკან დავბრუნდი და ვარსკვლავების ამოსვლამდე ქუჩაში ველოდე. გამოვიდა, არეულ-დარეულად მოდიოდა, თავს ვერ იმაგრებდა, ღვინო სძლევდა თავსა, რაღაცას გაიძახოდა, არა, სიტყვებს ვერ ახერხებდა და გაჰყვიროდა - ენასაც ძლევდა ღვინო. ცხენზე ძლივს შესვეს, მსახურიც უკან მიუჯდა, რომ ბატონი ცხენიდან არ გადმოვარდნოდა. ცხენი ღონიერი ჰყავს, არსად არ გადაუხვევიათ, შინ მივიდნენ.
ზანქანი ეუდას ყურადღებით უსმენდა.
- დღესაც ეგრე ჰქმენ, თვალი არ მოაშორო, სადაცაა გაიღვიძებს, ალბათ, - თქვა კარგა ხნის ფიქრის შემდეგ.
ის, რაც მომდევნო დღეს ეუდამ ზანქანს მოახსენა, წყლის წვეთივით ჰგავდა წინა დღეს მოტანილ ამბავს.
ეუდა კიდევ შვიდი დღე და შვიდი ღამე დარაჯობდა უფლისწულს და მისი ნაამბობი ზანქანს გუნებას უმღვრევდა. მერე თავად უჭვრეტდა იური ბოგოლუბსკის - ზოგჯერ განთიადამდეც კი და ზანქან ზორაბაბელი, ძე მორდეხაისა, ფიქრს ჩაუღრმავდა: სამეფო დარბაზისაგან უფლისწულ იური ბოგოლუბსკის ტფილისს დროული ჩაყვანა ჰქონდა დავალებული, მაგრამ მას შემდეგ, რაც უფლისწული მსმურობაზე გადაგებული იხილა, ღირდა კი ამ ნაბიჯის გადადგმა? ზანქანს, ძეს მორდეხ ზორაბაბელისას, ვერ გადაეწყვიტა როგორ მოქცეულიყო - მსმურობას გადაგებული კაცისათვის შეეთავაზებინა საქართველოს სიძეობა? მეორეს მხრივ, სამეფო დარბაზმა ზანქანი უფლისწულის დასაზვერვად კი არა, საქართველოში ჩამოსაყვანად გამოგზავნა.
როგორ მოიქცეს, რა იღონოს?
პარასკევ დილას ლოცვა დაამთავრა თუ არა, ბოგოლუბსკებთან ჯერ საჩუქრებით ხელდამშვენებული ეუდა გაგზავნა, მერე კი თავად მივიდა - უფლისწულთან მშვიდი, საყველპურო საუბარი ეწადა.
უფლისწული ღიმილით შეეგება სტუმარს. ერთობ თავაზიანად ირჯებოდა, მაგრამ მისი ღიმილი ამაოდ იფრქვეოდა - მზერაჩამქრალი უილაჯოდ, უღიმღამოდ დააბიჯებდა, ნათქვამი გვიან წვდებოდა მის გონებას, პასუხსაც შეყოვნების შემდეგ იძლეოდა.
ზანქანს მოსვლის მიზეზი მოფიქრებული ჰქონდა. იქნებ, თქვენს მშობლიურ მხარეში, ისეთ კაცთან მიმგზავნოთ, ან წიგნიც კი გამატანოთ, რომელიც ბეწვეულის ყიდვაში დამეხმარება, ისა მწადს, ბეწვეული რუსეთიდან ბიზანტიაში ვზიდოო. უფლისწული მზერაცარიელი მისჩერებოდა ზანქანს. განაბულიც კი იჯდა. მისი უაზრო გამოხედვა ზორაბაბელს აბნევდა. „იქნებ, ვერ გაიგო, რაცა ვთქვი?“ გაიფიქრა ზანქანმა და დასძინა:
- თქვენს მხარეში საუკეთესო ბეწვეულია.
ეკატერინე ივანოვნა თავჩაქინდრული იჯდა. უფლისწულმა თავი დააქნია - ყველაფერი გავიგეო. ხმას კი არ იღებდა. კარგა ხნის შემდეგ დედოფალმა თქვა:
- ახლა იქ მხოლოდ ჩვენი მტრები ცხოვრობენ. მეგობრები მანამ გვყავდა, სანამ ტახტი გვეპყრა.
- ტახტის დაბრუნებაზე აღარც ოცნებობენ - გაიფიქრა ზანქანმა. უფლისწულმა კი ხელი ხელს შემოჰკრა და მსახურმა სასმელი შემოიტანა. უფლისწულმა ხისგან ნაკვეთი სასმისი ხელის კანკალით გაავსო, რაღაც, ჩაილაპარაკა და გადაჰკრა.
- ნუთუ, ძველთაგან არავინ დარჩა? - იკითხა ზანქანმა.
- დარჩნენ, მაგრამ თავს გვარიდებენ, გვიფრთხიან - თქვა ეკატერინე ივანოვნამ.
ზანქანმა უფლისწულს შეავლო თვალი. იურის მზერა გაბრწყინებოდა, ფერიც მოსვლოდა.
- ეგრეა! - თქვა უფლისწულმა და სასმელი ისევ გაავსო - ეგრეა, მაგრამ... არა გვცნობენ და, ნუ გვცნობენ! ვითომ რას ვაგებთ ამით? ისევ გაგვიმარჯოს!
- თქვა და კვლავ გადაჰკრა.
ეკატერინე ივანოვნამ ამოიოხრა:
- ჩვენ იქით არც ვიხედებით.
„არა, ამათ ტახტზე ოცნების თავიც აღარა აქვთ!“ - გაიფიქრა ზანქანმა.
- ბიძაჩემი ეჭვიანი კაცია, თუ რამ შეიტყო, ტახტის წართმევას არ გვაკმარებს... აქაც მოგვწვდება - უფლისწულმა კვლავ გაავსო სასმელი - უნდა იჯდე წყნარად, ხელი არავის არ უნდა შეუშალო, ეს არის მთავარი - თქვა, გაიღიმა და არაყი გადაჰკრა, თვალები მოხუჭა, რამდენიმე წამში გააღო და ისევ გაიღიმა
- აქ ცხოვრება კარგია, ყივჩაყთა ხელმწიფე გვწყალობს - დამნაშავესავით გაიღიმა ეკატერინე ივანოვნამ - ყივჩაყებს წესადა აქვთ: ახლობლად თუ გიგულეს, სიკვდილამდე ერთგულნი არიან.
- გამოდის, რომ ტახტი... - ზანქანი შეყოვნდა, ინანა კიდეც ტახტზე სიტყვა რომ ჩამოაგდო, მერე გაიღიმა და სხვა რამ თქვა - თუმცა, შეიძლება ყველაფერი შეტრიალდეს...
- ტახტს არყის სმით არ იბრუნებენ! - ბრაზით წამოიძახა ნადედოფლარმა, ხელი ხელს შემოჰკრა, ოთახში მსახური შემოვიდა, ანიშნა სასმელი გაიტანეო. ეს რომ უფლისწულმა დაინახა, ჭიქა სასწრაფოდ დაცალა. მსახურმა ადროვა, მერე ჭურჭელი მაგიდიდან აიღო, ზანქანის დაუცლელ ჭიქას მიაცქერდა. - ეგ ჭკვიანია, გაიტანე! - ბრძანა უფლისწულის დედამ.
უფლისწული სკამის საზურგეზე გადაწვა და სიმღერა წამოიწყო - ზანქანისათვის გაუგებარ, სევდიან სიმღერას მღეროდა.
გრძელი და დაუმთავრებელი იყო ეს სიმღერა.
ზანქანი ნაღველმორეული, გულმოკლულიც კი შესცქეროდა უფლისწულს და თვალწინ მზისსადარი მეფე თამარი ედგა.
![]() |
11 დიდებულნი |
▲ზევით დაბრუნება |
აბულასანს ლამის გული დაელიოს.
სამეფო დარბაზის სამ წევრთან სამი მაცნე გააგზავნინა:
- თუ სხედან, ადგომა არ დააყოვნონ, წამოხტნენ და აქეთ გამოეშურონ, თუ ფეხზე დგანან, არ დასხდნენ, დაუხანებლად წამოვიდნენ - ბრძანა აბულასანმა. რა ხანია მაცნენი გაიქცნენ. იმ სამთაგან ჯერ არც ერთი არ ჩანს.
ცუდ გუნებაზეა აბულასანი - სხვაგვარად არც იქნება: რამდენი არ უტრიალა, რამდენი არ იფიქრა, ზანქან ზორაბაბელის უსტარს ვერარა გაუგო, ვერც მისი საქციელი ახსნა: რატომ, რისთვის მოიწერა ეს უსტარი, რა სწადია? უსტარი აიღო, კიდევ ერთხელ გადაავლო თვალი: ,,პატივქმნილო და დიდებულო, აბულასან, ამირავ ქართლისა და გამგებელო ტფილისისა, წევრო სამეფო დარბაზისა და ძალავ მეფე თამარისა“. აბულასანმა კითხვა შეწყვიტა. ბოლო ფრაზა ისევ გადაიკითხა. რას უნდა ნიშნავდეს ეს, რისი თქმა სწადია? ნართაულად მელაპარაკება? შეყოვნდა. ვერა, ვერარა აზრს ვერ მიაგნო. კითხვა განაგრძო: „ძალავ მეფისა თამარისა! კეთილისმყოფელი და კვლავაც ერთგული შენი ზანქან ზორაბაბელი მდაბლად გიკრავ თავს და სალამს გიძღვნი ყივჩაყეთიდან. კვლავაც მხნეობას, ძალოვნებას, ქვეყნისა და შეძენილ მტერთა იავარქმნას გისურვებ და საჭიროდ ვცნობ გაუწყო: ვიხილე უფლისწული იური ბოგოლუბსკი - კვლავაც კეთილაღნაგი პირმშვენიერი, თუმც მხნეობით ნაკლული, რამეთუ მისცემია გლახაკთა ჩვევას - მსმურობას ყოველ ცისმარე დღესა, რაიც ვაი, რომ...“
უსტარის კითხვა ტიმოთეს შემოსვლამ შეაწყვეტინა.
- გეახლნენ, ბატონო!
- რაღას ელოდები, შემოუძეხ!
ტიმოთე გავიდა თუ არა, დარბაზში სამი დიდებული - სამეფო დარბაზის სამი წევრი შემოვიდა.
- სალამი აბულასან, ხომ მშვიდობაა! - ჯორჯიკის ძემ თავდაჭერილად, მოკრძალებულადაც კი იკითხა.
- ვინათმე, ომს ვიწყებთ, სხვა რა უნდა მომხდარიყო! - სავარძელში შვებით ჩაეშვა ფარნავაზის ძე.
- წაიკითხეთ! - აბულასანმა მოწვეულთ უსტარი გაუწოდა.
- მოხდა რამე?- გაბაონმა შეშფოთებით ჩამოართვა უსტარი:
- წაიკითხეთ, წაიკითხეთ!
ჯორჯიკის ძე გაბაონს ამოუდგა, ერთად იწყეს უსტარის კითხვა.
- ცოტა მაღლა ასწიე, ჰო, კარგია, ერთი ამას დამიხედეთ!
ფარნავაზის ძემ ვეღარ მოითმინა, წამოდგა, გაბაონს მეორე მხრიდან ამოუდგა და უსტარის კითხვა დაიწყო. დარბაზში სიჩუმე ჩამოვარდა. აბულასანი უხმოდ მიმოდიოდა, მერე სავარძელს მიუბრუნდა და იკითხა:
- რას იტყვით, როგორ ავხსნათ ეს უსტარი?
სამივენი - ჯორჯიკის ძეც, გაბაონიც, ფარნავაზის ძეც უხმოდ იდგნენ.
- აბა, რა გითხრა, აბულასან, ვერ არის კარგი მაცნე - შეყოვნების შემდეგ, თითქმის თავისთვის ჩაილაპარაკა ფარნავაზის ძემ და სავარძელში მოიკალათა. ჯორჯიკის ძემ კი ცხარედ თქვა:
- თქვენ უნდა გახსოვდეთ, მე თავიდანვე უარს ვიყავი - არ მომწონდა ზორაბაბელი. ეგ რატომ, რისთვის უნდა გაგვეგზავნა - ჯორჯიკის ძეს პასუხი
არავინ გასცა. ამან უფრო გააცხარა იგი. - რატომ არ მიდასტურებთ ჭეშმარიტებას, დიდებულნო, პირში წყალი რად ჩაიგუბეთ!
აბულასანი ფიქრობდა: „ჭეშმარიტება! ამათ ჭეშმარიტება ხეზე ჩამოკონწიალებული კენკრა ვაშლი ჰგონიათ, ის კი არ იციან ჭეშმარიტებას ბროწეულივით მრავალი მარცვალი რომ აქვს“ - მერე კი თქვა:
- ახლა ეს არის მთავარი? იქნებ, იმაზე ვითათბიროთ, დღეს რა გზას დავადგეთ, რა ვიღონოთ?
- რა უნდა გადავწყვიტოთ? - იკითხა გაბაონმა.
- ზორაბაბელს პასუხი უნდა მივცეთ: წამოიყვანოს თუ არა უფლისწული.
- მე კი მგონია, ჯერ იმას უნდა ჩავწვდეთ, რატომ, რისთვის მოიწერა ეს უსტარი. რა სწადია? საით მივყავართ? - ცხარედ თქვა ჯორჯიკის ძემ.
ეს კითხვა იყო აბულასანს მთელი დღე რომ აწვალებდა, პასუხი კი ვერა და ვერ იპოვა, ამიტომ ყურადღებით მიაჩერდა ჯორჯიკის ძეს. ჯორჯიკის ძე - დუმდა - არაფერს ამბობდა.
- მაინც რატომ, რისთვის უნდა მოეწერა ასეთი წერილი? - იკითხა გაბაონმა.
ჯორჯიკის ძე კვლავ დუმდა, ფიქრობდა, თავისსავე მოსაზრებას თუ ეკამათებოდა. მერეღა თქვა.
- იქნებ, იმიტომ რომ... იქნებ, იმიტომ რომ ეგ რუსი მართლა მაგ გზას დასდგომია, ეს კი ქალწული მეფის ღალატი იქნება, მაგრამ... მაგრამ - შეყოვნდა, ფიქრობდა... - მაგრამ იქნებ, აბულასანის ამ სანდო კაცს ამ საქმის ჩაშლა სწადია? - ისევ დადუმდა ჯორჯიკის ძე, ერთხანს დუმდა, მერე მის მზერაში ელვა გაკრთა, თვალები აენთო - იმისთვის ხომ არ მოიწერა ეგ წერილი აბულასანის სანდო კაცმა, რომ საურმაგ ფავნელთან შეჰკრა პირი? საურმაგ ფავნელი კი...
- არა, არა, ეს არ მოხდება! - შესძახა აბულასანმა. სავარძლიდან წამოხტა.
ჯორჯიკის ძემ თქვა ის, რისაც ყველაზე მეტად ეშინოდა აბულასანს, მთელი დღე გულს უღრღნიდა, საკუთარ თავს არ უცხადებდა ამ შიშს. დარბაზში აღელვებული მიმოდიოდა, უცებ მიხვდა, ამგვარი აღელვებით დარბაზის მოწვეულ წევრებს დააფრთხობდა. კვლავ სავარძელში ჩაეშვა და ხაზგასმული სიმშვიდით თქვა:
- არა, არა ვგონებ, ეგრე იყოს.
- მე კი სულ სხვა ფიქრი ამედევნა და ვგონებ, ეს არის მთავარი - ხმადაბლა, თითქოს თავისთავს ელაპარაკებაო, თქვა ფარნავაზის ძემ.
ყველა მას მიაჩერდა. რა შეატყო, ფარნავაზის ძე აზრის გამოთქმას არ ჩქარობდა, გაბაონი ჩაეკითხა:
- რა ფიქრი? რა ფიქრი გდევს?
ფარნავაზის ძემ პასუხის გაცემა არ იჩქარა. აბულასანს ეწადა ერთი ძლიერ შეეძახა რა ფიქრი გდევს ასეთიო, როცა ფარნავაზის ძემ კვლავ სასხვათაშორისოდ ჩაილაპარაკა:
- და თუ ზორაბაბელმა ასეთივე უსტარი მეფე თამარსაც მისწერა?!
ფარნავაზის ძის სიტყვები აბულასანს მეხივით დაეცა. ენა ძლივს მოიბრუნა:
- რაო, რა თქვი? - კი, სწორედ ასე იყო - ენას ძლივს იბრუნებდა აბულასანი.
- რომელი თქვენგანი მეტყვის დაბეჯითებით, რომ ზანქანმა ასეთივე უსტარი მეფე თამარსაც არ გამოუგზავნა? - მშვიდად, აუღელვებლად იკითხა ფარნავაზის ძემ.
აბულასანმა სტუმრებს გადახედა. ყველას შეშფოთება აღბეჭდვოდა სახეზე.
- გვიბრძანე, აბულასან, ეგ შენი რჩეული ასეთ საქმეს იზამდა თუ არა? - ჯორჯიკის ძე სიტყვებს კბილებში სცრიდა.
აბულასანმა იგრძნო, ჯორჯიკის ძეს თავმოყვარეობა ამხედრებდა. არ აჩქარდა. არც ეწადა პასუხის გაცემა, ფიქრი ერჩია, ერჩია ფარნავაზის ძის მოსაზრებაზე ეფიქრა, ჯორჯიკის ძის შეკითხვაზეც, მაგრამ ჯორჯიკის ძე არ ცხრებოდა:
- იზამდა თუ არა?
აბულასანმა კი, ვითომც ვერც იგრძნო ასე რა ამხედრებდა ჯორჯიკის ძეს, თქვა:
- მე ვიცი, მეფისაგან პატივდებულია და... - კვლავ არ აჩქარდა აბულასანი, კიდევ ერთხელ ჩაფიქრდა - მას შეუძლია მეფეს უსტარი შეჰბედოს, მაგრამ...აცალეს აბულასანს, უხმოდ ისხდნენ, მაგრამ აზრის გასრულება რომ შეაყოვნა, ჯორჯიკის ძე კვლავ ჩაეკითხა:
- გამოუგზავნიდა? რომ შეუძლია, ეგ ერთია, იზამდა თუ არა?
აბულასანი პასუხს არ ჩქარობდა:
- არ ვიცი, ვერ გეტყვით, დაფიქრება გვმართებს.
- მე კი ასე გეტყვით: თუ ზანქან ზორაბაბელს ამ საქმის ჩაშლა სწადია, მეფე თამარს უსტარს უსათუოდ გამოუგზავნიდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენ დავმარცხდით... არა მხოლოდ დავმარცხდით... და თუ მეფეს არაფერი აცნობა - ფარნავაზის ძე შეყოვნდა - თუ მეფეს უსტარი არ გამოუგზავნა, ყველაფერს მოევლება.
- ეგ როგორ!
- ფიქრი უნდა, დავსხდეთ და მოვიფიქროთ.
- როდის მოვიდა უსტარი? - მოულოდნელად იკითხა ჯორჯიკის ძემ.
- გუშინ, ბინდის ჩამოწოლის ჟამს - თქვა აბულასანმა და ზარი მოუთმენლად დარეკა - უსტარის მომტანი აქა მყავს, მზე არც უნახავს დღესა - დარბაზში ტიმოთე შემოვიდა - უსტარის მომტანს მგონი, პურიც არ უჭამია, თავად შეუტანე, დააპურე, ღვინოც ასვი, კარგი ბიჭი ჩანს, იქნებ, ისიც ამოსტყუო კიდევ ვის გამოუგზავნა ზანქანმა უსტარი და ვისი ხელითა - ტიმოთემ ბატონს თავი დაუკრა და უხმოდ გავიდა. აბულასანი ერთხანს დუმდა, მერე თქვა - ზანქანს შეუძლია მეფეს უსტარი გამოუგზავნოს, უფრორე იმიტომ, რომ სამეფო საქმე დავაკისრეთ.
- მერედა, რად გიკვირთ, თამარ მეფეს აცნობოს: კაცი, რომელიც დიდებულთ საქმროდ შეგირჩიეს, მსმური და მფსმელი ყოფილაო! - წამოიძახა ფარნავაზის ძემ.
- თუ ეს ამბავი მეფე თამარს ეცნობა, შენ განწირული ხარ, აბულასან, შენ მოინდომე ბიზანტიის უფლისწულს რუსთ უფლისწული დავუხვედროთო, ჩვენ კი მხარი მოგეცით...
- ჩემი ხათრით არა, განა ჩემი ნდომითა! - ხმაში სიბრაზე შეეპარა აბულასანს, თავის წეღანდელ დაოკებას ახლა უთხრა უარი - საურმაგ ფავნელის ბეჭებზე დასაცემად ისურვეთ ეგრე, ბიზანტიელსა თქვენაც ისურვებდით, საურმაგ ფავნელის და ივანე ფალავანდის მეხოტბე რომ არ იყოს! მე ნუ მამუნათებთ, თქვენც ის გიჯობდათ, ალექსი კომნინოსი არ გამხდარიყო საქართველოს მეფექმარი.
- თვალისჩინნო საქართველოსი, ახლა ფიქრი გმართებთ და არა ყვირილი, დინჯი დაფიქრება - თქვა გაბაონმა.
- მე კი მინდა გაგიცხადოთ: კარგად ვიცნობ ზორაბაბელსა, გონიერ კაცად მეგულვის და განა ვერ მიხვდებოდა, თუ ამ ამბავს მეფეს აცნობებს, ამით აბულასანს... - ისევ აბულასანი! - ფარნავაზის ძეს სიტყვა პირიდან აართვა აბულასანმა.
- ბატონი ხარ! - ჩვენ ყველას გვწირავს. ამას ვერ მიხვდებოდა? - აზრი გაასრულა ფარნავაზის ძემ.
- იქნება, იმიტომაც გააკეთა, რომ მიხვდა! როცა საქმე მეფე თამარს ეხება... - თქვა ჯორჯიკის ძემ.
- და შენ ფიქრობ, რომ ზანქანი მეფის გულის მოსაგებად ჩვენ გაგვწირავს? - ფარნავაზის ძე ჯორჯიკის ძეს მიუბრუნდა.
- ეგ მე არა, იმას უნდა ჰკითხო! - აბულასანზე მიუთითა ჯორჯიკის ძემ - ეგ უკეთ იცნობს.
- ფიქრია საჭირო, უნდა ვიფიქრო - თქვა აბულასანმა.
- ის ხომ არა სჯობდა, მანამ გვეფიქრა, ადრე?! - ღიმილით იკითხა ჯორჯიკის ძემ.
- ახლა ისიც ვიკითხოთ, ზანქანმა რისთვის უნდა ქნას ეგ საქმე - ხმამაღლა ფიქრი განაგრძო ფარნავაზის ძემ - მან ხომ იცის, აბულასანის გაწირვა ეგრე იოლად არ ჩაივლის, ისიც იცის, რომ აბულასანი მარტო არ არის. თუ ჩვენ ზღვაში გადაგვაგდებს, ტალღების დიდი ცემა ატყდება, ის ტალღები კი ბევრს ხერხემალსაც დაუმტვრევს.
- მაშ, ფიქრობთ, რომ იმ ტალღების შიშით არ იზამდა? - ჯერ ფარნავაზის ძეს მოავლო ირონიული მზერა ჯორჯიკის ძემ, მერე გაბაონს, დიდ სასანთლესთან რომ იდგა და ჩიბუხს ეწეოდა - ჰა, ასე გგონიათ? ტალღები, ზღვის ტალღები... მაგრამ თუ მეფის კალთას შეაფარებს თავს? განა არ იცით დიდებულნო, მეფის კალთას თავშეფარებულ კაცს ვერარა ტალღა ვერ მისწვდება? თქვენ კი... ჩვენ ყველას... ვინ იცის, რა გველის...
- მეფე... მეფის კალთა... რომელ დროში ცხოვრობთ, დიდებულნო, ისევ იქა ხართ? წარსულში? მეფეს ეგეთი ძალა ადრე ჰქონდა, ეგ როდის იყო, ასე რამ დაგაფრთხოთ. მეფე ისე უნდა გაისარჯოს, როგორც ჩვენ ვბრძანებთ - დიდებულნი, სამეფო დარბაზი - შესძახა გაღიზიანებულმა აბულასანმა.
გაბაონმა ჩიბუხი ჯამზე დაფერთხა და იკითხა:
- რა ხდება, წარჩინებულნო, ასე რატომ ცხარობთ, ან რა მღელვარებას შეუპყრიხართ. ვიცნობ მე მაგ კაცს, კარგად ვიცნობ ზორაბაბელსა, წინდახედულია და ისეთ რამეს არ გააკეთებს, სხვას ავნოს... მაგრამ იყოს ეგრე. ვთქვათ მეფის კალთის ქვეშ ყოფნისათვის გადადგა ასეთი ნაბიჯი, კი ბატონო, მივიღოთ ეგრე - ვთქვათ, მისწერა უსტარი მეფე თამარსა, მერე რა მოხდა? განა დღევანდელი მეფე ისე ღონიერია, რომ...
- რას უბნობ, განა იმისთვის დათრგუნე სამეფო დარბაზის უმცირესნი, რომ ღვინის დღედაღამ მსმურს ნებულობდი საქართველოს მეფექმრად? - გაბაონს სიტყვა გააწყვეტინა ჯორჯიკის ძემ.
- არა, ეგრე არა, ეგ რითვინა! - ისევ გაიცინა გაბაონმა. მე ვიცოდი, რომ ბოგოლუბსკი კარგი ჭაბუკი იყო, მაგრამ თუ მერე მსმურობას და მფსმელობას მიჰყო ხელი, განა სიზმრად ვნახავდი! არა, სიზმრად არ მინახავს, ხოლო იმითვინ რატო სიზმარი არ ნახეო, ვინ დამამუნათებს!
- არა, მაგითვინ ვერავინ ვერ დაგამუნათებს, მაგრამ... ეს ხომ იმას ნიშნავს... - ფარნავაზის ძემ ფრაზა არ დაასრულა.
- ბოგოლუბსკიზე ხელი უნდა ავიღოთ. იური ბოგოლუბსკიზე ხელის აღებით კი ბიზანტიის უფლისწულს ალექსი კომნინოსს გავიხდით სიძედ. კომნინოსი საურმაგ ფავნელის, ივანე ფალავანდის, თარხანის ძის - ჩვენს მოქიშპეთა მწყალობელი იქნება. ზღვაში განა ზანქანი, ეგენი გადაგვისვრიან! - ცხარედ თქვა აბულასანმა.
- მაინც ზორაბაბელი მაგათი ხელებით - ჩაილაპარაკა ჯორჯიკის ძემ.
დარბაზში დუმილი ჩამოვარდა. აბულასანმა იგრძნო - ეს დუმილი შიშმა ჩამოაგდო. შიშს გაუყუჩდა, გაერინდა ყველა. სწორედ ამ დროს შემოაღო კარი ტიმოთემ.
- მაცნე ამბობს უსტარი მხოლოდ აბულასანთან გამომატანესო - თქვა ხმადაბლა.
აბულასანი ერთხანს უაზროდ მისჩერებოდა მსახურს, მერეღა ხმადაბლა თქვა:
- კარგი! ტიმოთე უხმოდ გავიდა.
- ეგ არც რამეს ნიშნავს. შესაძლოა, ამან არც რამ იცის. თუ მეფე თამარს უსტარი გამოუგზავნა, სხვა მაცნეს შეარჩევდა - თქვა ჯორჯიკის ძემ.
- შესაძლოა, ეგრეც იყოს, თუმცა, ისიც შეიძლება... - გაბაონმა წინადადება აღარ გაასრულა, რადგან ჯორჯიკის ძე აბულასანს მიუბრუნდა.
- მაშ, უსტარი შენთან მწუხრის ჟამს მოვიდა?
- სწორედ ასეა!
- თუ ზორაბაბელმა მეფე თამართან სხვა მაცნე აფრინა, ჯერ მასთან გაგზავნიდა უსტარს, მერე - შენთან. შენ ვალის მოსახდელად გამოგიგზავნა კაცი. სწორია? - იკითხა ჯორჯიკის ძემ.
- ჭკუასთან ახლოს უნდა იყოს - მცირე ფიქრის შემდეგ მიუგო აბულასანმა.
- მაშ ასე, მეფე თამარმა უსტარი გუშინ დილით მიიღო, იქნებ, გუშინწინაც კი. ახლა კი ჩავხვდეთ რა უნდა ექნა მეფეს უსტარის მიღების შემდეგ?
დარბაზში ფიქრი გამეფდა.
- შევეცადოთ, იქნება ჩავხვდეთ? უწინარესად, შენ უნდა მიგიხმოს, აბულასან, - ჯორჯიკის ძე აუჩქარებლად ლაპარაკობდა - პირველად შენ ახსენე ბოგოლუბსკი, ახსენე და ბოლომდე გაიტანე კიდეც შენი ნათქვამი. ამიტომ შენ უნდა მიეხმე!
- ალბათ, ალბათ, ეგრე უნდა იყოს! - დაეთანხმა აბულასანი.
- და უნდა ეთქვა, ბოგოლუბსკი საქართველოს მეფის ქმრად არ გამოდგებაო. ეგრეა?
- ალბათ, ეგრეა - ჯორჯიკის ძეს დაეთანხმა აბულასანი - მაგრამ...- მიგიხმო?
- არა!
- მაშ, რა გამოდის? რატომ არ მიგიხმო? ახლა ამაზე ვიფიქროთ.
- აბა, აბულასანმა საიდან იცის? - ჩაერია ფარნავაზის ძე.
- არც მე ვიცი, არავინ იცის, მაგრამ იქნებ, ჩავხვდეთ? - ჯორჯიკის ძე ისევ გაჩუმდა, გაირინდა. მერე თქვა - ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ უსტარი არ მიუღია?
- იქნება სწორედ მაგას ნიშნავს, მაგრამ... არც ნიშნავს. შესაძლოა, უსტარი კიდეც მიიღო... რატომ, რისთვის უნდა იხმოს მეფემ აბულასანი, რატომ უნდა მოახსენოს თავისი აზრი - გაბაონი გაღიზიანებული ჩანდა.
ოთახში ისევ ფიქრი გამეფდა.
- მე კი ასე გეტყოდით: მეფემ შეიძლება იხმოს აბულასანი და უთხრას: თქვენს წამოწყებულ საქმეს გამარჯვება არ უწერიაო. თუ არ მიიხმო, ეგ იმას არ ნიშნავს, რომ უსტარი არ მიუღია - ფარნავაზის ძე უძრავად იჯდა - იქნებ, მეფეს არ ეცალა? ვინ იცის, გუშინ, დღეს რას აკეთებდა მეფე?
- გუშინ? გუშინ დილას ამირსპასალარ სარგისთან ბჭობდა. შესაძლოა, ტაოსკარში ბრძოლამ გვიწიოს. შემდეგ... მეჭურჭლეთუხუცესი კახაბერ ვარდანის ძე იწვია.
- აჰა, აკი გითხარით - მეფეს არ ეცალა! - შესძახა ფარნავაზის ძემ.
- არა, ვარდანის ძის წვევა მცირე ხანს გაგრძელდა... შემდეგ... ჰო, შემდეგ მამიდა რუსუდანთან შევიდა, იქ ისადილა, მთელი დღე ერთად იყვნენ, ერთად ილოცეს.
- მთელი დღე? - ჩაეძია ჯორჯიკის ძე.
- კი, მთელი დღე - მცირე ფიქრის შემდეგ თქვა აბულასანმა - ერთი ხანი ბაქარ ბაქარის ძე შევიდა მათთან. ეგ იყო და ეგ! დასაძინებლადაც იქიდან წავიდა!
- გამოდის, რომ მეფეს დრო ბევრი ჰქონია! - თქვა ჯორჯიკის ძემ.
- ეგრეა! - დაემოწმა აბულასანი.
- დღეს?
აბულასანი ერთხანს ფიქრობდა:
- დილას ოთაღო შერვაშიძე - ცხუმის ერისთავი ეწვია, კარგა ხანს ბჭობდნენ, მეფე თამარს ცხუმთან ნავთშესაყრის აგება სურს. ამის მერე... ამის მერე არაფერი... მეფის კარი არც არავის შეუღია. სადილად ისევ მამიდა რუსუდანთან დაჯდა. ახლაც იქ უნდა ბრძანდებოდეს.
- ეს კი იმას უნდა ნიშნავდეს, რომ მეფე თამარს უსტარი არ მიუღია - დაასკვნა ჯორჯიკის ძემ.
- ჰო, ალბათ, ეგრეა, მაგრამ... - ფარნავაზის ძე სავარძლიდან წამოდგა, რამდენიმე ნაბიჯი გადადგა - მეფეს ძლიერ უყვარს მამიდა რუსუდანი. რუსუდანი კი ერთობ გონიერი ქალია. იქნებ, გუშინაც, დღესაც სწორედ ამ უსტარზე ბჭობენ. შენ კი არ დაგიძახა, აბულასან, რა საჩქაროა, ჯერ მამიდასთან თათბირობს - ფარნავაზის ძე ერთ წერტილს მიაჩერდა, პაუზით ისარგებლა გაბაონმა:
- მანდ არც რა გახლავს სათათბირო, დიდებულო, თუ ამ ამბავმა მეფე თამარის ყურამდე მიაღწია...
- კი, ასეც იქნება, მამიდა უთუოდ ურჩევს უარი თქვი ბოგოლუბსკიზე, არ გამოგვადგებაო. ექსორიაქმნილი, მსმური და მფსმელი უფლისწული კი არა, მეფე დემეტრეს კიევის მთავრის იზიასლავ მსტისლავის ძის სიძეობა არად გამოადგაო. რუსუდანზე უკეთ ვინ იცის ეს! თამარმა იქნებ, უკვე გამოიხმო კიდეც ზანქანი, მანდ არა გესაქმება, შინ დაბრუნდიო.
ფარნავაზის ძის ამ სიტყვებმა ლამის აღაშფოთა აბულასანი:
- ეგ როგორ, როგორ იქნება, სამეფო დარბაზმა თავისი სიტყვა თქვა, მეფე დარბაზის სურვილს ვერ გადავა. ეგრე ვალდებულჰყო თავისი თავი!
- არა, მეფე მაგდენს ვერ გაბედავს - თქვა ჯორჯიკის ძემ - ვერ იზამს ამას!
ფარნავაზის ძემ წვერში შეიყო ხელი, ნიკაპი მოიფხანა:
- ყურთლუღ არსლანის ამბოხი დავიწყებას ეძლევა, მეფე თამარი კი დღითიდღე ძალას იცემს. იქნებ, ყურთლუღ არსლანის ქომაგნი ერთ მშვენიერ დღეს გაგვკოჭონ კიდეც.
- გამოდის, რომ გვიღალატა იუდეველმა! - შესძახა ჯორჯიკის ძემ - რატომ არაფერს ამბობ, აბულასან!
- თუ მეფეს უსტარი მისწერა, ეგ ღალატია!
- სასჯელიც, სასჯელიც დღესვე უნდა გადავუწყვიტოთ!
- თუ გვიღალატა, სასჯელი, მართლაც ეკუთვნის, მაგრამ... - ფარნავაზის ძე იჭვს შეეპყრო.
- სწორად არ ირჯებით, წარჩინებულნო! - მშვიდად თქვა გაბაონმა - სწორ გზას არ ადგახართ.
- ეგ რატომ, რისთვის! - ჯორჯიკის ძეს არ მოეწონა სასჯელის გადაწყვეტა რომ შეყოვნდა.
- ჩვენ ზანქან ზორაბაბელი ყივჩაყეთს იმისთვის გავგზავნეთ, რომ ჩამოიყვანოს საქმრო ივერთ მეფისათვის. ხომ ასეა? ხომ არა მეშლება რა? - გაბაონმა მსმენელებს გადახედა, - ჩავიდა და იხილა ბოგოლუბსკი ვერ არის, საღი კაცი - მსმურობას წარუტაცნია. რა ქნას ზორაბაბელმა - მაინც წამოიყვანოს? არა, ეგრე არ იქცევა და სწორადაც ირჯება, გვაუწყებს: სხვა კაცთან მივდიოდი და სულ სხვა დამიხვდაო, როგორ მოვიქცეო, გვეკითხება. ახლა ჩვენ ან თანხმობის უსტარი უნდა გავუგზავნოთ, ანაც...- გამოდის, ჩვენზე ჭკვიანია! - შესძახა ჯორჯიკის ძემ.
- არა, ეგრე არ არის! - ზორაბაბელი ფრთხილი კაცია, ფხიზელი. არ სურს ხვალ საყვედური ჰკადრონ და გვეკითხება ეს მსმური კაცი დავუსვათ ქმრად საქართველოს მეფესაო? - დააკონკრეტა გაბაონმა.
- მერედა, რატომ გვეკითხება, ან მაგას რომ გვეკითხება, ჩვენგან რა პასუხს ელის! - არ ცხრებოდა ჯორჯიკის ძე.
აბულასანი ისევ წამოდგა, სანთელს მიადგა, ცვილს აცლიდა.
- მერე რა, რომ გვეკითხება: მანაც იცის, ზოგი მსმურია, ზოგი ყრუი, ზოგიც - ცვედანი, მაგრამ მეფობენ - აბულასანმა სანთელს ცვილი შემოაცალა.
- ქალწულ მეფესთან მსმურს რა ხელი უნდა ჰქონდეს? - ბრაზით იკითხა გაბაონმა - ეგეთ ცოდვას თავს ვინ დაიდებს?!
- მაშ, ბიზანტიის უფლისწული უნდა ვიყაბულოთ და შვებად მივიღოთ ყველა ის ვნება, რასაც მისი მეაბჯრენი გვითავაზებენ!
- მე კი სულ სხვა რამ მინდა გითხრათ - ხომ შეიძლება, ეგ რუსი უფლისწული სულაც არ იყოს მსმური და... - ჯორჯიკის ძემ დარბაზში მყოფთ ყურადღებით გადახედა.
- და ეგ ყველაფერი ზანქანმა მოიგონა? - იკითხა თვალმოჭუტულმა აბულასანმა.
- არა, ზანქანი მაგას არ იკადრებდა, მაგრამ... ხომ კარგად ვიცნობთ ივანე ფალავანდსა - კაცსა ხარბსა და დაუნდობელსა, არც ვერაგი საურმაგ ფავნელია თქვენთვის უცნობი და არც მელაკუდობით საქვეყნოდ ცნობილი თარხანის ძე. ჩვენ ხომ არ ვიცით რა ძალა იღონეს, რომ ზანქანს ასეთი უსტარი მოეწერა, ხომ შეიძლება, ამით ცდილობდნენ ხელი აგვაღებინონ იური ბოგოლუბსკიზედ, თუ ჩვენ ამ უსტარით დავფრთხებით, მერე ყველაფერი გაუიოლდებათ.
- და მაინც... კიდეც ვნება მიაყენონ ჩვენმა მტრებმა... მაინც ქვეყნის ერთგული იქნება ზორაბაბელი?
დარბაზში დუმილი ჩამოვარდა. ყველა ფიქრს მიეცა. მწარე იყო ეს ფიქრი: ოთხივე ცდილობდა წარმოედგინათ, თუ რა შედეგი მოჰყვებოდა იური ბოგოლუბსკიზე უარის თქმას, როგორ შეიცვლებოდა მათი ცხოვრება.
- ღმერთსა ვფიცავ, ვერ გამიგია რას უნდა ნიშნავდეს მსმურობას გადაყოლა - როგორ იქნება კაცმა ღვინო ირჩიოს მეგობრად! - თქვა ფარნავაზის ძემ.
- ეგ არც მე მსმენია - რატომ რისთვის უნდა ქნას კაცმა ეგა? - ჩაილაპარაკა გაბაონმა.
- მე კი მსმენია: არიან ადამიანები ნინუას რომ ემიჯნურებიან - თქვა ჯორჯიკის ძემ. აბულასანს ეგ საუბარი არაფრად უღირდა. ამიტომ ასე დასვა საკითხი:
- როგორ მოვიქცეთ, წარჩინებულნო, რა გზას დავადგეთ, რა ვირჩიოთ - ბოგოლუბსკი და გამარჯვება, თუ ბიზანტიის უფლისწული და ჩვენი გაცამტვერება?
- არა, ეგრე არ იქნება, დამარცხებას ვინ ირჩევს. ჯერ სხვა რამ უნდა გადავწყვიტოთ - ჯერ ის ვთქვათ, ვენდობით თუ არა ზორაბაბელსა, გვჯერა თუ არა ამ კაცის ნამუსიანობისა - იკითხა გაბაონმა. დარბაზში ისევ დუმილი გამეფდა.
- ბრძანეთ, დიდებულნო, გისმენთ. თუ ვენდობით ზორაბაბელსა, მისი უსტარიც მივიღოთ, და ისე მოვიქცეთ, როგორც ქვეყნის პატრონთ ეკადრებათ, თუ არა გვჯერა მისი, სხვაგვარად გადავწყვიტოთ ეს საქმე.
დუმილი არც ერთმა არ დაარღვია. არც ერთს არ ეწადა თავისი აზრის გამხელა. - აბულასან, იქნებ, შენ ბრძანო? დღეს ენდობი თუ არა ზორაბაბელს? - გაბაონი თავს წაადგა აბულასანს. აბულასანი ხმას არ იღებდა, დუმილს ირჩევდა, მაგრამ გაბაონი ჯიუტად შესცქეროდა - შენს პასუხს ველით, აბულასან, ბრძანე! - გაბაონის ხმაში მოთხოვნა იგრძნობოდა.
- კი, მე ვენდობი ზორაბაბელს - თავაუღებლად, კბილებში გამოსცრა აბულასანმა.
- ღმერთმა სიკეთე მოგცეს სიმართლის თქმისთვის! - მიუგო გაბაონმა და დანარჩენთ მიუბრუნდა - თქვენ რაღას ბრძანებთ, ბატონებო?
პასუხის გაცემას კვლავ არ ჩქარობდნენ. უხმოდ ისხდნენ. ჯორჯიკის ძემ მოგვიანებით თქვა:
- აბულასანი, ცხადია, ენდობა, მისივ რჩეულია!
- შენა? შენ თუ არ ენდობი, გვიბრძანე!
ჯორჯიკის ძე პასუხს აყოვნებდა.
- არაფერს ამბობ, მაშ, არ ენდობი ზორაბაბელსა! - დაასკვნა გაბაონმა.
- არა, მე ეგ არ მითქვამს.
- ენდობა!
- არც ეგ მითქვამს, და თავს ნუ მადგახართ, მე არ მინდა რაიმე გითხრათ.
- ნება შენია, ყმაწვილო, მაინც სიკეთე მოგცეს ღმერთმა. მე გეტყვით ჩემს სათქმელსა: მჯერა, ზანქანი ჩვენს უკან პირს არავისთან შეჰკრავდა, არც მეფეს მისწერდა უსტარსა. ჩვენ მოგვწერა ის, რაც ნახა, იმათ მოსწერა, ვინც იქ გაგზავნა. შენ რაღას ბრძანებ? - ფარნავაზის ძეს მიუბრუნდა გაბაონი.
- ვიცი, ვიცნობ და მჯერა: აუგს არ იკადრებს - დაუყოვნებლივ თქვა ფარნავაზის ძემ. გაბაონს მზერა გაუბრწყინდა.
- მაშ, რაღა დაგვრჩენია? მართალია, ბოგოლუბსკის სიძეობაზე აბულასანი ალაპარაკდა და ჩვენც გვერდით დავუდექით...
- ისევ აბულასანი! - აბულასანს გაღიზიანება დაეტყო.
- ნუ ჩქარობ, აბულასან! - მშვიდად თქვა გაბაონმა - დღეს ერთად ვართ, ერთადვე უნდა ვიყოთ, ერთად მივიდეთ მზეთამართან და წვრილად მოვახსენოთ: ჩვენი კაცისაგან შევიტყვეთ, მეფეო, რომ ბოგოლუბსკი ის არ გამოდგა, რაიც გვეგონა. ჩვენ ასე ვფიქრობთ. არჩევანი თავად გააკეთე, მეფეო, რასაც ინებებ, ჩვენ, სამეფო დარბაზის უმრავლესნი, ყაბულს ვიქნებით - დარბაზში კვლავ დუმილმა დაისადგურა. პასუხს არავინ ჩქარობდა - ჰა, რას იტყვით, მეფესთანაც მართალნი ვიქნებით და ღმერთთანაც!
- საკუთარ თავთან? საკუთარ ოჯახთან? ეს ხომ იმას ნიშნავს თავს უღალატო - ივანე ფალავანდს, თარხანის ძეს თოკები ჩამოვურიგოთ, თანაც შევევედროთ ხელ-ფეხი შეგვიბოჭეო - თქვა ფარნავაზის ძემ.
- თოკს, ჩვენც არ გავუწოდოთ, თავად მონახავენ, ისე შეგვკრავენ, მთელი სიცოცხლე ვერ დავიხსნათ თავი - ჩაილაპარაკა აბულასანმა.
- სხვაგვარად ჩვენ ვერ მოვიქცევით, მზეთამარს მსმელსა და მფსმელს ვერ შევრთავთ! იქნებ, ის სჯობდეს, რუსუდან დედოფალს გავუტყდეთ, ჯერ მამიდასთან მივიდეთ.
- ვგონებ, ეგრე აჯობებს - გაბაონს კვერი დაუკრა ფარნავაზის ძემ - ზანქანს კი ვუბრძანოთ, ხვალვე გამობრუნდეს უკან.
ჯორჯიკის ძე მოღუშული იჯდა. ბრაზმორეული შეჰყურებდა გაბაონსა და ფარნავაზის ძეს.
- უფალი ბრძანდებით, ეგრე ვქნათ, მივიდეთ რუსუდან დედოფალთან, პატიება ვთხოვოთ, მერე მეფე თამარის წინაშე მოვიყაროთ მუხლი, ვეაჯოთ. კი, ბატონო, ეგრე ვქნათ, მაგრამ... - აბულასანი გაჩუმდა - მერე? ეს ხომ ყველაზე იოლია. ეს ხომ უბრალო გამოსავალია. ამაზე უბრალო კი ის იქნებოდა, თქვენთვის თავი არ მომეყარა. ეს ამბავი დამემალა - რა მოხდებოდა? არც რამე! იმისთვის გიხმეთ, რომ გონივრული რამ მოვიფიქროთ და კიდევ უფრო შევიკრათ. ჩვენ დიდი ომი გვაქვს. ამ ომში დამარცხებით ყველაფერს ვკარგავთ.
- რა გწადია, აბულასან? - გაბაონს მოუთმენლობა დაეტყო.
- მე ის მწადია, რომ... - აბულასანი ერთ წერტილს მისჩერებოდა - ასე მოვიქცეთ... სასწორის ერთ მხარეს ბოგოლუბსკი დავაყენოთ, მეორე მხარეს ჩვენი დამარცხების სიმწარე. მწარეა დამარცხება ადამიანისა, მაგრამ... სამეფო დარბაზის უმრავლესთა უგუნურებაზე ხარხარი, დაცინვა კიდე ათგზის მწარეა.
- კი, აბულასან, დამარცხება არავის უხარის, მაგრამ სასწორის მეორე მხარეს მეფის მსმური ქმარი დგას, ეს კი მთელი საქართველოს დამარცხებაა - გაბაონი აღარც ფარავდა გაღიზიანებას. აბულასანი კი დაჟინებით და გამქირდავად შესცქეროდა. მერე თქვა:
- ნუ ჩქარობ, დიდებულო, მე ხომ ვიცი, შენ ძლიერ მოგწონს სამეფო დარბაზის წევრობა, გიყვარს ყველა ამქვეყნიური სიკეთე. ხვალ კი... რა იქნება ხვალ? თუ ბოგოლუბსკის მხარდამჭერი იქნები, ვინ იცის, როგორ დაგიფასდება ამაგი... ნუ აჩქარდები... შენს ოჯახს დღევანდელი ხვალ აღარ ყოფნის, ხვალ მეტი უნდა... მეტი კი... კარგად უნდა იცოდე, მეტი ვის ხელშია.
- შესწყვიტე, შესწყვიტე ეგ ვაჭრობა, აბულასან, ხომ არ დაგავიწყდა დიდებულ გაბაონს ელაპარაკები და არა ქალაქის ვაჭარს!
- მომავალზე თუ არ იფიქრე, დღეს დიდებული ხვალ მოაჯე იქნები! - თქვა ჯორჯიკის ძემ - ამიტომ ეგ განრისხება არას მაქნისია.
- თქვენა ვინა ხართ, თქვენა საქართველოს დიდებულნი ხართ, თუ ვაჭართგამგებელნი, მე ვხედავ, თქვენ მაინც მსმურ კაცს ირჩევთ საქართველოს მეფე-ქმრად, არ მინდა, მე მაგას არ ვიზამ... თუმც დარბაზის წევრობაც მიხარის და სხვა სიკეთენიც.
- რას აპირებ? - მშვიდად იკითხა ფარნავაზის ძემ.
- თქვენგან გაცლას, მეტს არაფერს! - გაბაონი კარისაკენ გაემართა - საქართველოს მეფეს ქმრად მსმურ კაცს ვერ მოვგვრი. კარგად ბრძანდებოდეთ! - თქვა და კარი გამოაღო.
აბულასანმა ახლა კი ინანა შეთქმულთ თავი რომ მოუყარა. კართან მივიდა, მშვიდად მიხურა და გაბაონს უთხრა:
- მე გირჩევ, გეაჯები კიდეც, ნუ აჩქარდები, პატივსა გცემ და იმად გეაჯები. მე ვიცი, თავშეკავება რაოდენ შვებას და სიამეს მოჰგვრის ბოგოლუბსკის მხარდამჭერთ. მოდით, ვაჭართა აუგს თავი ვანებოთ, ქვეყნის ჭაპანს
დღეს ეგენი ეზიდებიან და სასწორიც ხელიდან არ დავაგდოთ. ყველაფერი
ავწონდავწონოთ. იმით დავიწყოთ რომ ვიკითხოთ, თუ ვინ არის ბოგოლუბსკი. მიბრძანე, გაბაონ, შენ მითხარი, ვინ არის ბოგოლუბსკი?
- ჰო, მართლმადიდებელი ქრისტიანია. ეგ ძლიერ კარგია!
- კიდევ რა ვიცით? სამეფო სისხლისა არის?
- კი, ბატონო, არის - ყაბულს გახდა გაბაონი.
- ეგეც ხომ კარგია? - იკითხა აბულასანმა და თანხმობის დუმილი რომ არავინ დაარღვია, განაგრძო - კიდევ? კიდევ რა ღირსება აქვს?
- მეტი არარა ღირსება არა აქვს! უნათესავო კაცია - ექსორიაქმნილი, ერთადერთი ბიძა მტრად მოკიდებული...
- ე მანდ უნდა შედგე, ახლა ეს ვნახოთ გამოწვლილვითა - გაბაონს სიტყვა პირიდან გამოგლიჯა ჯორჯიკის ძემ. გაბაონმა გაოცებული მზერა მიაპყრო - ნუ გამინაწყენდები, დიდებულო, სიტყვა წაგართვი, მაგრამ ახლა ის ვნახოთ, ეს როგორია, კარგია, თუ ცუდი ეგ კაცი რომ უნათესავო და ექსორიაქმნილია?!
- რა განსჯა მაგას უნდა - უნათესავოა, ექსორიაქმნილია - ცუდია, მაშა?!
- მაშ, შენ ამბობ რომ ცუდია? - აუჩქარებლად ჩაეკითხა ჯორჯიკის ძე.
- მაშა, მაშა! რა, ეგრე არ არი? - მყის იკითხა გაბაონმა.
ჯორჯიკის ძემ პასუხი არ იჩქარა. მერეღა, ხმადაბლა თქვა:
- თუ ის გვინდა, რომ მეფე უზენაესი იყოს და ჩვენი ბედიც ხელთ ეპყრას, ცხადია, ცუდია. ჩვენ კი სხვაგვარად ვფიქრობთ: მეფემ უნდა შეასრულოს დარბაზის გადანაწყვეტი, მეფე - დარბაზის გამგონე. ასეთი ბოგოლუბსკია ჩვენთვის კარგი - აუჩქარებლად თქვა ჯორჯიკის ძემ - ასეთი და არა ნათესავ-ჯარით ძლიერი!
- რაო? რას ამბობ, ვეჟო! - ლამის აღშფოთებით წამოიძახა გაბაონმა და დარბაზში სიჩუმე გამეფდა. სიჩუმე კარგა ხანს იდგა. აბულასანი სავარძელს მიუბრუნდა, ჩაჯდა და ბრძანა:
- დიდებულო, გაბაონ, ნათესავიანი, ღონიერი, ძლიერი მეფე-ქმარი მეფეს ძალას კიდევ უფრო შეჰმატებს და შენ - ქვეყნის პატრონო დიდებულო, ისღა დაგრჩება, მეფის ყოველ გადანაწყვეტს პირზე ღიმილით შეეგებო, ხმა კი ვერ ამოიღო, მაგრამ თუ... - აბულასანი გაჩუმდა, ერთ წერტილს მიაჩერდა - თუ ის მსმური და ბედოვლათი იქნება, ვინ უნდა ზიდოს ქვეყნის ჭაპანი, ვინ უნდა გადაწყვიტოს ბედი ქართვლისა... ჩვენ, დიდებულთ და არა მეფემ - ერთმა სულიერმა - აბულასანი ისევ გაჩუმდა, ფიქრობდა - მსმური და უძალო, ვერც ჯარს გაუძღვება. ეს საქმე ვინ უნდა ითავოს? შენა, გაბაონ, შენა, ფარნავაზის ძევ, შენა ჯორჯიკის ძევ, მე... ჩვენა. ჩვენ შვებასა და სიამეს სამშობლოს ასეთი სამსახური მოგვანიჭებს...
შვებაცა და სიამეც ღმერთმა უნდა მომანიჭოს და არა მსმური უფლისწულის მხარდაჭერამ - თქვა გაბაონმა. კარი ისევ გამოაღო, ნაბიჯიც გადადგა, მაგრამ არ გავიდა, კარებში ჩადგა - აი, როგორ დაგვცინის ბედი, რა სასაცილოდ ვიხდით თავსა. უცხო, გადამთიელი გვთრგუნავდა. ხან არაბი გვხდიდა სულს, ხან თურქსელჩუკი, ბიზანტიელიც სიკვდილის ანგელოსივით გვადგა თავს. ჩვენს უბედურებათა სათავედ მტერს მივიჩნევდით, უცხოელთ - ჩვენს დასათრგუნად, ჩვენი მიწა-წყლის წასართმევად მოსულთ. ვგმინავდით, ვკვნესოდით, სიმღერებშიც კი ვოხრავდით - თავისუფლებას ცრემლითა ვნატრულობდით და ხმლით ვპოვებდით აჰა, მოგვეცა თავისუფლება და გუშინ მკვნესარენი, დღეს საკუთარ მეფეს რას ვუშვრებით! ვიდრე თავს არ გამოვუტყდებით, რომ ჩვენვე ვართ სათავე ჩვენივ უბედურებათა - ჩვენი გაუმაძღრობა, წესთა აბუჩად აგდება, ეგრე ვიქნებით!
გაბაონმა კარი უხმოდ გაიხურა, დარბაზში კი სიჩუმე ჩამოვარდა. ფიქრმორეული ფარნავაზის ძე, ჯორჯიკის ძე იატაკს დასცქეროდნენ. დუმილი კარგა ხანს გაგრძელდა, ბოლოს კი აბულასანის სიცილმა დაარღვია. ფარნავაზის ძემ თავი ასწია, აბულასანს მიაჩერდა. ჯორჯიკის ძეც.
- ხომ კარგად ბრძანდები, ამირავ? - იკითხა მერე ფარნავაზის ძემ.
ამირა კი გულიანად იცინოდა.
- აბულასან, ჰა, აბულასან!
აბულასანმა როგორც იქნა, თავი დაიოკა და თქვა:
- კი, კარგადა ვარ, ძალიან კარგად! ის წარმოვიდგინე, საქართველოში ჩამოსული უფლისწული რომ საკუთარ თავს მოერევა, სენს შეერკინება და საქმეს გერგილიანად მოეკიდება, გაბაონი რა დღეში ჩავარდება. ჰო, როგორ დაეკოდება გული! ჩვენი შვება, სიხარული კიდევ უფრო აღუშფოთებს სულსა.
ჯორჯიკის ძესა და ფარნავაზის ძეს პირზე ღიმილი მოადგათ.
- აბულასან, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რა შვებასა და სიხარულზე ლაპარაკობ? - იკითხა ჯორჯიკის ძემ.
- შვებაც დიდი იქნება და სიხარულიც! უნაკლო ადამიანი ჯერ არ გაუჩენია ღმერთსა. რამდენი მეფე გამხდარა თრიაქის კერძი, რამდენს ნადირობის ტრფიალმა მოუღო ბოლო. მეფსალმუნე მეფე დავითს, წინასწარმეტყველსა კი ქალმა ჩაადენინა დიდი ცოდვა. მსმურობის გამო ამ საქმის ჩაშლა არ ეგების. ჩამოვიდეს, ქვეყანას რომ გადახედავს, მეფე-ქმარი გახდება, სხვაგვარად გაირჯება. ჩვენც შევუძახებთ საქართველოში ეგ საქმე არ გამოვათქო, ხოლო თუ ჩვენ ახლა უარს ვიტყვით და დარბაზის უმცირესთა ყბაში ჩავვარდებით, კარგი დღე არ გველის. ეს ხომ ცხადია. დღეს კი არ მინდა იმაზე საუბარი, თუ როგორ დაგვიფასებს ამაგს მეფექმარი.
- თუ ჩვენ ჩვენსავე აზრს პატივი არ დავდეთ, ეგენი მასხარებად გაგვხდიან! - დასძინა ფარნავაზის ძემ.
- მაგრამ არც ისე გამოვა საქმე, აბულასან, ეგ შვება მხოლოდ შენთვის იყოს, ჩვენ კი... - გაფრთხილების ტონით წარმოთქვა ჯორჯიკის ძემ.
- მე უკვე გითხარით: შვება და სიხარული ყველას გველის.
- ეგ კი ბრძანე, მაგრამ შვებაც არის და შვებაც! შენ სუფრაზე კარგად ილხინო და ჩვენ ნამცეცობაზე დაგვიძახო, ეგრე არ იქნება, არ გამოვა - ჯორჯიკის ძე ყოველ სიტყვას დამარცვლით წარმოთქვამდა.
- ერთი ნახე, აბულასან, გაბაონმა კარი გაიხურა, არ ისურვა ამ საქმეში გარევა. ჩვენც რომ მის გზას დავადგეთ, ჩვენც რომ წავიდეთ, რად ეღირება შენი ამდენი ხნის მეცადინეობა! - ფარნავაზის ძე პირზე ღიმილმომდგარი ლაპარაკობდა - ამიტომ რაიმეს დავიწყება, საქმის წახდენას ნიშნავს.
- ეგ ყველაფერი ჩემი საფიქრალია, საქმეს არ წავახდენ, მაგრამ მაინც ის მიჯობს, ერთად ვიყოთ.
- ბატონი ხარ, ვიყოთ ერთად, არც მე მინდა ივანე ფალავანდისა და საურმაგ ფავნელის საქილიკოდ გავიხადო საქმე, მაგრამ ისე არ მოხდეს, ბოგოლუბსკის შენ წარუდგე: რომ არა ჩემი ნება, მეფე თამარის ქმარი ვერ გახდებოდიო, ჩვენ კი გაღმა ნაპირიდან შემოგცქეროდეთ - თქვა ჯორჯიკის ძემ.
- მე მაგის თქმის საბაბი რომ არ მომიცია!
- მოგიცია, ჰაი, ჰაი რომ მოგიცია, აბულასან, ამბოხი ერთად დავიწყეთ, ყურთლუღ არსლანს ერთად ვედექით გვერდში. ამირაც შენ გახდი ქართლისა, ტფილისის გამგებელიც. სხვანი არ ვიყავით მაგ ამბოხში?
- მერე თქვენ განა დამავიწყდით!
- მე ის მიჯობს, ახლავე დავთქვათ, ვინ სად დადგება - ჯიუტობდა ჯორჯიკის ძე.
- მე არცა მითქვამს თქვენ უკან და მე თავში-მეთქი. მე ვთქვი - ერთად-მეთქი.
- ეგ კი თქვი, აბულასან, მაგრამ მე სხვა რამეს მოგახსენებ: ჩემთვის რუსთ უფლისწულიც ის არის, რაც ბიზანტიისა. ბოგოლუბსკი განა იმისთვინ ვინდომე, რომ შენ ინავარდო.
- სწორად არ ირჯები, დიდებულო!- ჯორჯიკის ძეს მიმართა ფარნავაზის ძემ - დღეს სხვა რა გითხრას ქართლის ამირამ. დღეს მთავარი ის არის, სამეფო დარბაზის უმცირესთ არ პოვონ გამარჯვება უმრავლესზედ - ბიზანტიის უფლისწული არ იქცეს მეფე თამარის მეუღლედ. დღეს მთავარია ბოგოლუბსკი ჩამოვიყვანოთ და ქორწილიცა ვქნათ, ჩვენი დიდი გამარჯვება ეს იქნება. ამ გამარჯვებას კი სიამენი უსათუოდ მოჰყვება.
- მაშ, შენ, ამირავ ქართლისა, გამგებელო ტფილისისა, გვპირდები, რომ მარტო არ წარსდგები რუსთ უფლისწულის წინაშე, რომ შვება, სიხარული ყველას ერთნაირად შეგვხვდება?
- ეგრე მითქვამს და ვამბობ - შველა ყველას შეგვხვდება! - აბულასანმა პირჯვარი გადაიწერა.
- მაშ, დაჰკა ხელი! - პირმცინარმა ჯორჯიკის ძემ მარჯვენა გაუწოდა აბულასანს. ქართლის ამირამაც მარჯვენა დაჰკრა ჯორჯიკის ძის მარჯვენას.
- შენა? - ფარნავაზის ძეს მიუბრუნდა ჯორჯიკის ძე.
- მეც თქვენთან, ცხადია, მეც თქვენთან, ძმანო! - ფარნავაზის ძემ თავისი ლომის თათისოდენა ხელი ჯორჯიკის ძისა და აბულასანის ხელებს დაადო.
- ეგრე!
- ღმერთმა ბედნიერი ქმნას ჩვენი გადაწყვეტილება!
- ეგრეც იქნება, მაგრამ ზანქანს ერთი კარგად უნდა შევძახოთ, რატომ, რისთვის აყოვნებს ამ საქმეს! სამეფო დარბაზმა ამოდენა პატივი დასდო. დავალება უნდა შეასრულოს - თქვა ჯორჯიკის ძემ.
- მაცნე ახლავე უკან გავაბრუნოთ, უსტარიც ისეთი გავატანოთ, საქმე აღარ დაყოვნდეს - ფარნავაზის ძეს თვალები უბრწყინავდა.
- უსტარი? - აბულასანმა ხელი ხელს შემოჰკრა. ტიმოთე უმალ შემოვიდა.
- შიკრიკი! - ბრძანა აბულასანმა. ტიმოთე გავიდა - უსტარი! - აბულასანმა ზანქანის უსტარი აიღო, სანთელთან მიიტანა და ცეცხლი წაუკიდა - უსტარი აღარ არსებობს.
- მართალს ამბობ, არც უნდა გამოეგზავნა, განა იმისთვის წარვგზავნეთ ყივჩაყეთს, უსტარები გვიგზავნოს. მას მეფისწულის ჩამოყვანა ევალება, მეტი არაფერი! - თქვა ჯორჯიკის ძემ.
ტიმოთე ეუდას შემოუძღვა.
- მაშ, შენა ხარ ზანქანის შიკრიკი? - ჰკითხა აბულასანმა.
- მე გახლავარ, შენი კვნესამე!
- როგორ ბრძანდება შენი ბატონი, რასა იქმს?!
- რახან ყოველდღე სტუმრად დაბრძანდება, ცუდად არ უნდა იყოს. სხვა არა ვიცი რა!
- ახლავე უნდა გაეშურო ყივჩაყეთს, დაბნელებამდე კარგა მანძილს გაივლი.
- მზადა ვარ, შენი კვნესამე.
- საქმე ძლიერ საშურია - აბულასანი შეყოვნდა, რომ მომდევნო სიტყვებისათვის მეტი ძალა მიენიჭებინა - ძლიერ საშური, გესმის?
- უსტარს გამოგატანსო.
- უსტარისა არც წერა მიყვარს, არც - კითხვა.
- ეგრევე ვეტყვი, შენი კვნესამე.
- ყური მიგდე - აბულასანი ეუდას მიუახლოვდა, ხაზგასმით უთხრა - შენს პატრონს ის უთხარი, რაც გეწადოს, მთავარი კი ოთხი სიტყვაა - უსტარის სანაცვლო ოთხი სიტყვა. გაიგე?
- არა გითქვამს რა, ბატონო, ვით გავიგებდი!
- საქმეს ნუღარ აყოვნებ, ზანქან! კარგად დაიხსომე ეს ოთხი სიტყვა. საქმეს ნუღარ აყოვნებ, ზანქან! გამიმეორე!
- საქმეს ნუღარ აყოვნებ, ზანქან!
- ამხელა კაცი ოთხ სიტყვას როგორ ვერ ჩაიტან ყივჩაყეთში.
- გინდაც ოთხჯერ ათი იყოს, ბატონო!
- მე შენ მომწონხარ, შიკრიკო! ტიმოთე, უხმარი წუღა და ახალუხი მიჩუქნია შიკრიკისათვის! - აბულასანი ეუდას მიუბრუნდა - გასწი, დღეც უნდა იარო და ღამეცა!
- შენს ბატონს ჩემგან სალამი გადაეცი: სამეფო დარბაზის წევრი ვამეხ ჯორჯიკის ძე პატივით გიხსენებსთქო!
- ეგრე ვეტყვი, ბატონო!
- მაგრამ მთავარი ის ოთხი სიტყვაა. რაო, როგორ გითხარი? - იკითხა აბულასანმა.
- საქმეს ნუღარ აყოვნებ, ზანქან!
- აბა, ვინა თქვა, რომელმა ბრძანეთ ეგ შიკრიკი წუღა-ახალუხის ღირსი არ არისო!
- ყოფილა, ყოფილა! - გაიცინა ფარნავაზის ძემ.
აბულასანი ტიმოთეს მიუბრუნდა:
- საჯინიბოში ყველაზე მარდი ცხენი შეურჩიე. თან ორი რჩეული ვაჟკაცი გააყოლე, არსად შეჩერდნენ!
- მადლობელი ვარ, ბატონო! - ეუდამ აბულასანს თავი დაუკრა და გავიდა, ტიმოთე თან მიჰყვა.
- ჩვენ კი იმ ოთახში სუფრას მივუსხდეთ, ამ უსტარმა ისე დამიკარგა მოსვენება, მთელი დღე პური არ გამიტეხია - აბულასანი სტუმრებს მეზობელ ოთახში შეუძღვა, სადაც ოთხი კაცისთვის გაშლილი სუფრა დახვდათ - მობრძანდით, ბატონებო, დავილოცოთ. ეგ მეოთხე სკამი გაბაონისათვის იყო, მაგრამ... რა გაეწყობა, ასე ირჩია - ამბობდა აბულასანი, თან ჯამებში ღვინოს ასხამდა.
- ჰა, რა სუნი აქვს პურსა! - თქვა ფარნავაზის ძემ.
- გინა ღვინო რა სურნელს აფრქვევს! - დასძინა ჯორჯიკის ძემ - ოჰ! ოჰ! ოჰ!, არც გეწადოს, მაინც შეგასმევინებს თავსა.
- დალოცვილი მიწა გვაქვს, დიდებულნო, დალოცვილი! წყალმდინარენი?! აბა, ეს თევზი იხილეთ!
- დიდებულია, დიდებული! - ილუკმებოდა ფარნავაზის ძე.
- აი, რად მოსწონდათ გადამთიელთ ჩვენი წყალ-ჭალა, კურთხეულია და იმად, მაგრამ მეფე დავითმა სამარედ უქცია ეს მიწა!
- არც მეფე დემეტრეს დაუკლია რამე მტრებისთვის, არც მეფე გიორგისა. მზეთამარი კი ჩვენის შემწეობით და ძალოვნებით უარესს დამართებს მაგათ. აბულასან, გვითხარი რამე, გაშრა ყელი! - შესძახა ჯორჯიკის ძემ.
აბულასანმა ჯამი ასწია:
- ჩვენს მეფეს დიდება, მზეთამარსა! მისის მოთავეობით მრავალ მტერს გავუმკლავდებით!
- დედას არ ვუტირებთ, რო!
- დიდება მეფეს!
სამივემ ერთდროულად დაცალა ჯამები. ჯორჯიკის ძემ კი მრავალჟამიერი წამოიწყო. აბულასანი და ფარნავაზის ძეც აჰყვნენ. გატაცებით მღეროდნენ.
![]() |
12 დათვი |
▲ზევით დაბრუნება |
ესთერის გარდაცვალებამ სწორედ ის ქმნა, რასაც ცოცხალი ესთერი ვერაფრით ვერ შესძლებდა - ბაჩევამ და უშუმ ჯვარი ვერ დაიწერეს, ჯვრისწერა ჩაიშალა.
„უშუს რაბის“ ნათქვამმა ამ ქალს ჯერ გული გაუსკდა და მტკვარში მერე გადავარდაო, ბაჩევას უსასოობა კიდევ უფრო გააძლიერა, - იოლად მიხვდა, თუ რამ გაუხეთქა გული იმ საბრალოს. უხმოდ, იატაკზე, მარტოკა ჯდა თავის ოთახში და გამზრდელის გარდაცვალებას გლოვობდა. გადაწყვიტა შვიდდღიანი მგლოვიარობა ისევე ამოეთია ლალა ესთერისათვის, როგორც მისი ღვიძლი შვილი მოიქცეოდა. იქნებ, ამით მაინც მოვუოხო მის სულსაო, ფიქრობდა. თუმცაღა, ძლიერ უჭირდა იმის წარმოდგენა, შვიდი დღე ოთახში, მარტოკა როგორ უნდა ეგლოვა. ყველაზე მეტად ის აშფოთებდა, მთელი კვირა უშუს უნახავად ვითარ გაძლებდა. შესძლებდა? კი, ლალა ესთერს გლოვობდა, მისთვის ჯდა იატაკზე, მაგრამ ფიქრით მაინც უშუსთან იყო: „ნეტა, ახლა რასა იქმს?“, ,,ნეტა, ახლა სად არის?“, „ვისთან საუბრობს?“ გული უთქვამდა, მთელი კვირა უშუს უნახაობა ძლიერ გაუჭირდებოდა, ისეთი ჟამიც უდგებოდა, წამოდგომა და უშუსაკენ გაქცევა ძლიერ ეწადა. ასე ეგონა, თუ ახლა უშუსთან არ მივალ, თუ თვალს არ შევავლებ, სუნთქვა შემეკვრებაო. მაგრამ თავს იმორჩილებდა და ჩასძახოდა: „ახლა არა, ახლა არა!“. კვლავ იატაკზე რჩებოდა და რამდენიმე წუთის შემდეგ გული სიამაყით ევსებოდა - სურვილს ვაჯობე, ლალა ესთერის სულის საოხად ისევ აქ დავრჩიო. თუმცა, იმასაც გრძნობდა, რომ ასე დიდხანს ვერ გაძლებდა.
ასე გაილია სამი ძალიან გრძელი დღე და ორი კიდევ უფრო გრძელი ღამე.
მას შემდეგ, რაც ბაჩევასაკენ სავალი გზები ჩაეხერგა, უშუს ერთი ფიქრი დასტრიალებდა თავს: ამოდ ვარსებობ, ამქვეყნად აღარა საქმე აღარ დამრჩაო. ვერ ჩასწვდომოდა რისთვის იყო ქვეყნად, რა ფუნქციას ასრულებდა. იმასაც დარდობდა, ვაითუ, ბაჩევამ გლოვას დიდხანს ვერ დააღწიოსო თავი. თუმცაღა, საქციელს ძლიერ უწონებდა: მაშ, როგორ უნდა მოიქცეს, გამზრდელის გლოვა უთუოდ მართებსო.
უშუ ვერარა საქმეს გულით ვერ მოეკიდა. ბერძენი მესიტყვის თხზულების ადრე დაწყებულ თარგმანებას მიუბრუნდა. ვერ შესძლო - ან როგორღა შესძლებდა, როცა იმასაც ვეღარ სწვდებოდა, რასაც კითხულობდა. წინადადება რამდენჯერაც არ უნდა წაეკითხა, ვერაფერს ხვდებოდა. სხვაგან - იქ, ზანქანის სამოსახლოში - რბოდა მისი ფიქრი. ადრე თარგმნილი ტექსტი ამოიღო უჯრიდან - იქნებ, ფხიზელი თვალი კიდევ ერთხელ გადავავლოო. ვერა, ვერ შესძლო.
განა მხოლოდ უაზროდ მიმოდიოდა, ღონეც წართმეოდა. ძალაგამოცლილი დააბიჯებდა. ვერაფრით ვერ აეხსნა, რით იყო ეგრე. მერეღა მიხვდა: მამის - საურმაგ ფავნელის ხასიათი აფრთხობდა. შიშობდა, ვაითუ, თავისი არ დაიშალოს, ისე, როგორც ჩვევიაო და ეს ფიქრი აცლიდა ღონეს. ლალა ესთერის დაღუპვა ცუდად ენიშნა: თუ იმ დღეს მონათვლას ჯვრისწერაც მოჰყვებოდა, აწ მამასთან საკამათო აღარაფერი ექნებოდა - საურმაგი იმას შეიტყობდა, რაც მტკვარსა და ეკლესიაში მოხდებოდა. გაბრაზდებოდა? მერე რა მოხდა! იფეთქებდა?! ჰო, მაგრამ არა იუდეველი ბაჩევა, ქრისტიანი ქალი სიდონია, ისიც და ესეც იუდეველყოფილი, უკვე მისი ჯვარდაწერილი თანამეცხედრე იქნებოდა. ახლა კი... ახლა საურმაგი შეეცდება თავისი გაიტანოს.
ვერც საურმაგი იყო გუნებაზე. ბაჩევას მონათვლის ამბავი რომ გაიგო, მიხვდა, შვილზე ზეგავლენას ჰკარგავდა. კარგად უწყოდა: ბიზანტიიდან დაბრუნების შემდეგ უშუს მამისა ბევრი რამ არ მოსწონდა. ზოგჯერ ამას არც მალავდა - საურმაგს ნაქნარსა თუ ნათქვამს უწუნებდა, მაგრამ ის მამა-შვილის კამათი იყო. იმას კი ვერაფრით წარმოიდგენდა საურმაგი, თუ მისი ერთადერთი შვილი იუდეველს ისურვებდა ცოლად და მამას - საქვეყნოდ ცნობილ, ღირსეულ მამულიშვილს საურმაგ ფავნელს - ზურგს აქცევდა. ბაჩევას მონათვლისა და ჩაშლილი ჯვრისწერის ამბავი რომ გაიგო, ლამის გაშმაგდა:
- იმ იუდეველი ქალის სიკვდილს გადავურჩენივარ, თორემ... უშუ... უშუს არც მამა ჩაუგდია რამედ, არც - დედა, არც ქრისტე და არც - სახლის ანგელოსები... გამოდის, იუდეველს უნდა ვუმადლოდე! - ფიქრობდა ბრაზმორეული საურმაგი.
თავი შეიკავა. უშუს არაფერი უთხრა. წუხელ კი გადაწყვიტა - ქალაქს დავტოვებ, ერთხანს მამულში ვიქნებიო. ,,მარტოკა რომ დავტოვებ, იქნებ, გონს მოეგოს. ან თუ მაინც თავისას იზამს, მე არაფერ შუაში ვარ, მიხვდება, რომ მამა-შვილობა წაგვიხდება.“
ლოგინიდან წამოდგა თუ არა, მოურავს უბრძანა ურემი გაამზადე, მამულში ვეშურებიო. დარეჯანს კი ჰკითხა ურემს როგორს ინებებ, მოჩარდახულსა, თუ თავღიასა, იქნებ, მამულს მისვლამდე კიდეც იწვიმოსო.
- ბიჭი? ბიჭიც ხომ ჩვენთან ერთად მოდის? - იკითხა დარეჯანმა - უშუ იყო მისი ფიქრის თავი და ბოლო.
საურმაგმა კი დარეჯანის ნათქვამს ყურადღება არ მიაქცია - ათასი საფიქრალ-სადარდებელი ჰქონდა, მაგრამ ცოტა ხანში კვლავ მიუბრუნდა:
- აბა, უთხარ, დარეჯან, იქნება, შენ გაგიგონოს, იქნება, წამოვიდეს ეგეცა, განა ახლა მამულში ყოფნას რამე სჯობია!
დარეჯანმა ცხადია, არაფერი იცოდა არც ბაჩევაზე, არც იმაზე, საურმაგისა და უშუს გულებში რა ცეცხლიც ტრიალებდა და თქვა:
- როდის ყოფილა ბატონო, უშუს მამისა არ ესმოდა!
საურმაგმა ერთხანს სინანულით უცქირა მეუღლეს, მერე თავი გააქნია, მაგიდას მიუჯდა და პური გატეხა.
უშუს შემოსვლას არც საურმაგი ელოდა და არც - დარეჯანი. საურმაგს თავიც არ აუღია, ჭამა განაგრძო.
- აბა, რასა გევხარ, შვილო, რა ხდება შენს თავსა - თვალებიც კი ჩაგღამებია! - თქვა დარეჯანმა და უშუს, როცა მისკენ დაიხარა, სახეზე ალერსით მოუსვა ხელი. სწორედ ამ დროს შეავლო თვალი საურმაგმა - მზერაჩამქრალ უშუს ფერიც კი დაჰკარგვოდა. თვალებში ნაღველი ჩადგომოდა. უხალისოდ, მძიმედ მოძრაობდა. შუა დარბაზში შედგა. საურმაგმა იგრძნო, უშუ რაღაცის თქმას აპირებდა. მიხვდა, რასაც იტყოდა, რაზეც ეწადა ლაპარაკი - არ იყო ისეთი მამა, შვილის წადილი გამოპარვოდა - უშუსთან კამათი არ უნდოდა, ამიტომ უცებ, ნაჩქარევად ჩაიქირქილა:
- იჰ... იჰ... იჰ! რას არ აკეთებს ხალხი, დარეჯან, რა ღონეს არ ხმარობს, გინა ქალი, - გინა კაცი, ჰა! ქალი რომ თავის რჯულს დააგდებს და მტლაშა-მტლუშისათვის სხვა რჯულზე გადავა, ჰა? ის ქალი ოჯახს გამოადგება?
- უი, დამიდგეს თვალი, აბა, რას უბნობ, ბატონო! - წამოიძახა აღშფოთებულმა დარეჯანმა.
უშუ მამას მიაცქერდა. საურმაგმა ვერ გაიგო, ვერ ამოიკითხა შვილის თვალებში ზიზღი დასადგურებულიყო, თუ გაოცება.
- განა ეგრე არ არი? განა მართალს არ ვამბობ? - კვლავ ჩაიხითხითა საურმაგმა და მოხარშული ქათმის ბარკალი ჩაკბიჩა. უშუ კი ისევ დაჟინებით შესცქეროდა. უშუმ მამას მზერა რომ არ მოაცილა, საურმაგმა ხორცის ღეჭვა შეწყვიტა, შვილს მიუბრუნდა და ხმადაბლა თქვა - რა, განა, ეგრე არ არი?!
საურმაგის ხმაში გაბრაზებაც იგრძნობოდა, შვილის დატუქსვაც.
- რა, განა, ეგრე არ არი?! უშუს ეს სიტყვები შოლტივით მოხვდა. მამა უბრაზდებოდა, ტუქსავდა, ემუქრებოდა კიდეც. თუ არ გამიგონებ, თუ ჩემს ნათქვამს ჭეშმარიტებად არ მიიღებ, ნახავ, რა დღესაც ეწევიო. და სწორედ მაშინ, როცა უშუს უნდა ეთქვა თავისი სათქმელი, სწორედ მაშინ, როცა მამისთვის მზერა უნდა გაესწორებინა, უშუმ არაფერი თქვა - საურმაგის ძლიერ მზერას ვერ გაუძლო უშუმ. საურმაგი მისკენ გადახრილიყო, გეგონებოდათ, ასაფრენად შემზადებულ, ფრთებგაშლილ არწივს ადამიანის სახე მიუღიაო. თვალებიდან კი ელვას კვესავდა.
- მომეც პასუხი, განა ეგრე არ არის? - ახლა ხმადაბლა, ლამის დამარცვლით იკითხა საურმაგმა. შვილს თვალებმოჭუტული შესცქეროდა. აუღელვებელი, უშფოთველი სიცივე მისი მზერისა, უშუს ისარივით ეცემოდა გულს. კარისაკენ გაემართა - ნელი, მძიმე ნაბიჯებით მიდიოდა, სული ეხუთებოდა, სუნთქვა უჭირდა, ამიტომ ეწადა ჩქარა, ძალიან მალე გაცლოდა აქაურობას.
- ეგრე რად ერქინები, შვილსა, ბატონო?! განა, საბრალო არ არის?! - ხმადაბლა იკითხა დარეჯანმა.
საურმაგმა მეუღლეს უკმაყოფილოდ გადახედა, დაბეჯითებით დააცქერდა, კარგა ხანს შესცქეროდა, მერე თავი გადააქნია და წამოდგა, ერთხანს უხმოდ იდგა. საჩქარო აღარაფერი ჰქონდა. აღარც მამულში მიმალვა იყო საჭირო - რაღად უნდა გადაიმალოს, სათქმელი უკვე ითქვა, უშუმაც სწორედ ისე გაიგო, როგორც საურმაგს ეწადა. რაღა დარჩა? ახლა უშუმ იფიქროს, ახლა უშუმ გადაწყვიტოს, თუ როგორ დააღწიოს თავი იმ იუდეველს.
საურმაგ ფავნელს კმაყოფილების გრძნობა დაეუფლა.
სასადილო დარბაზიდან გავიდა - უნდა იფიქროს საურმაგმა, კარგად უნდა მოიფიქროს, წავიდეს თუ არა მამულში. ან ეს ფიქრი რაღა საჭიროა. ყველაფერი ისედაც ცხადია.
უშუ კი ეზოში უაზროდ იდგა. სული ყელში ებჯინებოდა, კეფა უხურდა. ქუთუთოებიც დამძიმებოდა. არა, ეგრე არ ივარგებს, უნდა შებრუნდეს, სასადილო დარბაზში უნდა შებრუნდეს და მამას უნდა ესაუბროს. მამას დინჯად, აუჩქარებლად უნდა გააგებინოს, რომ სცოდავს, რომ ეგრე არ იქნება, რომ... კი ასე, ამას ფიქრობს უშუ: უნდა შევიდეს, უნდა გააგებინოს, უნდა აუწყოს... მამას... საურმაგს... როგორ უხურს კეფა... მამას დინჯად უნდა აუხსნას, აუწყოს...
მაგრამ კვლავ ადგილზე დგას უშუ, ნაბიჯი ვერ გადაუდგამს. იცის, კი, ეგრეა: უნდა შებრუნდეს, მაგრამ...
ვერავინ იტყვის რამდენ ხანს იდგა უშუ ეზოში. ეს კია, მზე ორჯერ მოექცა ღრუბლებში, ორჯერ გამოაჭყიტა, ორჯერ მოჰფინა მხურვალე სხივები მიდამოს. ამასობაში ეზოს ვიღაც მოადგა. მამა როსტომის შიკრიკი იყო. მამა როსტომი უშუს უთვლიდა, აქამდე გელოდები, დათვზე სანადიროდ ხომ დილიდანვე უნდა წავსულიყავითო.
უშუს სიხარული დაეუფლა.
მზე შუბის ტარზე იდგა, უშუ და მამა როსტომი სანადიროდ რომ გაუყვნენ გზას. უშუმ მსახური იახლა. ოთხშაბათი იდგა.
ხუთშაბათს, ფიდო და ვანუა, იქნება გზა მოკლეზე მოვჭრათო და სოფლისაკენ ტყე-ტყე რომ მიეშურებოდნენ, სამ ვერსაცნობ გვამს წააწყდნენ. იქვე ერთი ხანჯლით მოკლული დათვი ეგდო.
- ე, რა არი კაცო, ე ამხელა დათვი ვით მოაკვდინეს! - წამოიძახა ვანუამ.
- დათვს რას კითხულობ, ამათ შეხედე! - ფიდო ეკალბარდებთან იდგა.
სწორედ იქ ეყარნენ უშუს მსახური და მამა როსტომი.
- ეგე, ეგენა, კიდევ ერთი! - ვანუამ კიდევ ერთი კაცი დაინახა. ხანჯალი ხელში ჩაებღუჯა. ეს უშუ იყო.
მზის სხივები ფოთლებზე, მიწაზე დაღვრილ სისხლს დასთამაშებდა.
- აგე, სისხლი, დათვი იქით წასულა! - წამოიძახა ფიდომ.
- ორი დათვი ყოფილა!
ფიდომ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა. სისხლის წვეთებს მიჰყვა და ელდა ეცა - მიწას გართხმულმა დათვმა ადამიანის მიახლოება რომ იგრძნო, თავი წამოსწია, დაიღმუილა, წამოიწია, წამოდგა კიდეც და ფიდოსა და ვანუასაკენ დაიძრა. ერთობ ღონიერი ჩანდა. უზარმაზარი ტორები ჰქონდა. სისხლისაგან იცლებოდა, ძალაც ამიტომ გამოლეოდა. ფიდოსა და ვანუას სუნთქვა შეეკრათ. ხანჯლები იშიშვლეს.
- რამოდენაა, კაცოო! - ჩაიჩურჩულა ვანუამ.
- შენ იქით დადექ, ეგე, იქა, უკნიდან მოუარე და ჩასცხე, თუ აქეთ გამოექანოს - ჩურჩულით თქვა სუნთქვაშეკრულმა ფიდომ.
ვანუამ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა. წელში გადამტვრეულ ხეს აეკრა.
დათვს თავისი უზარმაზარი სხეული ფიდოსაკენ მრისხანედ მოჰქონდა. დაბარბაცდა, შედგა. შეუყოვნდა ხანჯალშემართული ფიდოს ცქერა. რატომ აღარ გადმოდგა ნაბიჯი - ხანჯალმა შეაკრთო?
აი, ისევ ასწია ტორი, ჯერ ერთი, მერე - მეორე და ფიდოსაკენ დაიძრა. თუმცაღა, ვერა, ვერ შესძლო და ნელ-ნელა ჩაიკეცა. დათვი საბრალობლად ეშვებოდა მიწაზე. თუმც ბედს არ ნებდებოდა, ფიდოსკენ უნდოდა წამოსვლა, ხანჯალშემართულ მონადირეზე ტორის მოქნევა ერჩია, მაგრამ მიწაც იზიდავდა, მიწა თავისკენ უხმობდა, მიწა არ ანებებდა იმ ხანჯლიან კაცს დასხმოდა თავს. სხეულიც რომ არ ნებდებოდა? მუდამ ღონიერი, მუდამ შეკრული სხეული უძლური, უღონო გამხდარიყო და მიწისაკენ ეწეოდა. ჯერ წელქვემოთ მოწყდა საბრალო - უკანა ფეხები ჩაეკეცა, სწორედ ის ფეხები, სიხარულისას თავის ბელებთან თამაშისას რომ აეცეკვებოდა ხოლმე. ნამდვილი ფეხები! სწორედ უკანა ფეხებით აიმართებოდა, ისე აიმართებოდა, ღრუბლის უზარმაზარ ქულას ჰგავდა.
სწორედ ამ ფეხებმა უმტყუნეს ახლა - მოდუნდნენ, მოეშვნენ და ჩაიკეცნენ. მერე წელი ჩაეზნიქა დათვს. უძალობამ ჩაუზნიქა წელი. არა, არ მოსდევდა ღონე და რაღა გზა ჰქონდა - მინებდა უძალობას, ამ ხანჯალშემართულ კაცებთან, წარბები ერთმანეთზე რომ გადაბმოდათ, რაღას გააწყობდა! არა, აღარა ღონე აღარ მოსდევდა დათვს, რომ სხეული დაემორჩილებინა, რომ ისევე მდგარიყო მიწაზე, როგორც წლების განმავლობაში იდგა. აღარ იყო, მისი ძლიერი, მოქნილი სხეული, აღარ იყო. მძიმე, ძლიერ მძიმე ტვირთად ქცეულიყო. აი, ამ ტვირთს ეწადა მიწაზე განერთხო ამოდენა სხეული. აჰა, დაეშვა კიდეც მიწაზე. მზერა ებინდებოდა. სული უკვნესოდა.
- დავცხოთ და სულიც გავაფრთხობინოთ! - გადმოსძახა ვანუამ ფიდოს.
- მოიცა! - ფიდო დაძაბული მისჩერებოდა დათვს. მიწაზე დაეშვა, ჩაცუცქდა. თითქოს ნახტომისათვის ემზადებოდა.
დათვი კვნესოდა. კი, კი, აშკარად კვნესოდა დათვი. დროდადრო გულსაკლავად ამოიოხრებდა ხოლმე.
- ჰა, რაღას უყურებ, კაცო! - ვეღარ ითმენდა ვანუა.
- მე მაგას ხანჯალს ვერ ჩავცემ - თქვა ფიდომ და წამოდგა.
- რას ამბობ, ვეჟო, იქ რომ სამი მიცვალებული ყრია?
- შენ ეგ გატყავებული თუ გინახავს? - ფიდო დათვს მზერას არ აცილებდა.
- იმდენჯერ ქალიც არ მინახავს შიშველი.
- ეგ ხომ ადამიანივით არი, დათვისა და ადამიანის ტანი განა ერთი არ არი? ნახე, როგორა კვნესის. მე რით ვუშველო საბრალოს? - ფიდო ისევ დათვს მიუბრუნდა, დააცქერდა - უჩვენოდაც კვდება, წამო, მიცვალებულებს მივხედოთ.
ფიდო წავიდა. ვანუაც მიჰყვა.
დათვმა ისევ ამოიოხრა. მიშველეთო, ივედრებოდა ნუ მიმატოვებთო.
ფიდო მობრუნდა. დათვს კიდევ ერთხელ დააცქერდა.
- აბა, რა უნდა გიყო, შე საბრალოვ, შენა! მე ის მიცვალებულები მყავს მისახედი - ჩაილაპარაკა და გზა განაგრძო.
- ის კარგი იყო, სამ კაცს რომ სიცოცხლე მოუსწრაფე?! - ვანუამ ქვა აიღო და დათვს ესროლა - ეგდე ახლა მანდა!
დათვმა ისევ ამოიოხრა.
ვანუა მამა როსტომს დაადგა თავს. იმას ფიქრობდა ორმა კაცმა სამი მიცვალებული როგორ გავიყვანოთ საურმე გზამდეო. სწორედ ამ დროს მოესმა ფიდოს ხმა:
- ვეჟო, ეს დათვის დაგლეჯილი არ არი, შეხე, ნაკაწრიც არა აქვს, საღსალამათი წაქცეულა საბრალო!
ფიდო უშუს დასტრიალებდა თავს.
„სიცოცხლევ და სიხარულო ჩემო! ეს ქაღალდი გულია ჩემი, კალამი კი - სული ჩემი. ეს სოფელი რა ბნელ საქმეთა დამტევი ყოფილა! უშენო დღეთა სიბნელე და სიცარიელე გამოცდაა ჩვენი გულებისა, ჩვენი ერთიმეორის ერთგულებისა. ნიშნად იმისა, რომ განსაცდელმა ვერარა დამაკლო, გწერ ამ წიგნსა, დიდო იმედო და სიხარულო ჩემო: ასე მგონია, საუკუნე გაილია იმ დღიდან. მეტს ვეღარა ვძლებ. როდემდე ვიყო გამოკეტილი ამ ციხეში? ლალა ესთერმა მშვიდობა და თავისი უხმარი დღეები დაგვიტოვა. ერთად გვახსოვდეს ლალა ესთერი, რადგან სიცოცხლეს ხსოვნა აძლევს აზრსა. ჩემი გული კი უშენობას ხვალ დილამდე თუ აიტანს. ხვალ დილას უნდა დავიწყოთ ის, რასაც ჩვენი - შენი და ჩემი - ცხოვრება ერქმევა. დილას მამა როსტომთან ვიქნები“.
ბაჩევა შეჩერდა, ბატის ფრთა ტუჩებზე მოისვა. ფიქრობდა კიდევ რა დავწეროო. კარი აცრემლებულმა თინათიმ შემოაღო. ბაჩევას ენა ლამის სასას მიეკრო. ძლივს ამოსთქვა:
- რა მოხდა?
თინათი მწარედ, ხმამაღლა აქვითინდა. ბაჩევას ჩაეკრა, ბაჩევას მკერდი მდუღარე ცრემლებმა დაუსველეს.
- რა მოხდა, თინათი!
- უშუ, უშუ აღარ არი, შენთან მოვედი, რომ ერთად ვიტიროთ!
- რა? - ბაჩევას თვალწინ მთელი ოთახი დაიძრა, დატრიალდა. ოთახი ტრიალებდა - სიჩქარეს ხან უმატებდა, ხან - უკლებდა. ხან წაღმა ტრიალებდა, ხან - უკუღმა.
ოთახი უცებ შედგა, ოთახმა ტრიალი, ბზრიალი, ტორტმანი უცებ, ერთბაშად შეწყვიტა.
და ბაჩევა იატაკს დაემხო.
თინათი ცრემლად იღვრებოდა. ბაჩევასთან დაეშვა.
- აბა, ეგ რა არი, ბაჩე, მე იმისთვის მოვედი, რომ ერთად გვეტირა.
იმ ღამეს იოხაბედს უცნაურმა, გაურკვეველმა ხმამ გაუკრთო ძილი. გულისცემა აუჩქარდა. თვალი რომ გაახილა, ხმა ისევ ჩაესმა, გაინაბა, სუნთქვაც კი დაიოკა, ლოგინში წამოჯდა. კი, კი, სწორედ ასე იყო. არაფერი არ ეშლებოდა: ბაჩევა კისკისებდა. იოხაბედს ბაჩევას ხმა სხვისაში როგორ აერეოდა! კი, ბაჩევას ხმა ღამეს ჰკვეთდა.
იოხაბედმა ხელი ხელს შემოჰკრა. არავინ შემოვიდა, ლოგინიდან გადმოვიდა, ფეხები ქოშებში გაჰყო, ტანზე კონსტანტინეპოლური ხალათი მოისხა, თმა გაისწორა და კარი გამოაღო. შელო კართან ატუზულიყო - ოთახში შესვლა ვერ გაებედნა.
- ყველანი გაწყდით? ყველა ერთად? - ბაჩევასთან ვინ არი!
შელომ კიდევ უფრო დახარა თავი, ბაჩევასთან არავინ არ არი. აბულეთის ქალი - თინათი ბრძანდებოდა, კიბე ერთი ამბით ჩაირბინა, ეზოც სულ ფართხაფურთხით გადაირბინა და წავიდაო, ისე თქვა შელომ, თავი არც აუწევია.
- იმის სიკვდილის ამბავი მოუტანა? - იოხაბედს სახეზე ღიმილმა გადაურბინა - მაინც შედი, ნახე ვინ არი!
აგერ უკვე ერთი კვირაა თავად ერთხელაც არ შეუღია შვილის ოთახის კარი. არც ბაჩევა გამოდიოდა ოთახიდან.
შელო გაოგნებული მობრუნდა, ლუღლუღებდა:
- ბატონო... ბატონო... ოთახში... ოთახში არავინ არი... შიშველი, სულ შიშველი ბაჩევა იატაკზე წევს.
- იატაკზე წევს? - იოხაბედის თვალებში ელდა კი არა, ვეფხის მზერა გაკრთა.
- შიშველ-ტიტველი იატაკზე აგდია და... - შელომ წინადადება აღარ გაასრულა.
- და? - იოხაბედის თვალებში ვეფხის მზერა გაკრთა.
- ჩემი შესვლაც ვერ გაიგო, დავუძახე - ვერა გაიგონა, არ გაიგონა - შელოს ლოყებზე ცრემლები ჩამოუგორდა.
იოხაბედი მეხდაცემულივით იდგა. უაზროდ მისჩერებოდა შელოს. რაღაცის თქმა ეწადა, ენა ვერ მოებრუნებინა, მერე ბაჩევას ოთახისაკენ წავიდა. არა, არ მიდიოდა იოხაბედი, მილასლასებდა. იოხაბედის სიამაყე, გოროზი გამოხედვა, მოძრაობა ღამის წყვდიადმა თუ შთანთქა.
იოხაბედი გათენებამდე ეკვროდა შვილს, ჩასძახოდა, აქა ვარ, შენი უბედური დედა ვარ, მომხედეო, მაგრამ ბაჩევას არაფერი ჩაესმოდა - უხმოდ, უაზროდ შესცქეროდა ჭერს. იოხაბედს კი გათენებაც არ გაუგია - შვილის გვერდით ჩამხობილიყო.
![]() |
13 უცხო შინაური |
▲ზევით დაბრუნება |
ზანქანს თითქმის წარმოედგინა, თუ რა ბედი ეწეოდა მეფე თამარისა და იური ბოგოლუბსკის ქორწინებას - იგი ჩინებულად იცნობდა გარემოს, რომელშიც მეფე თამარი აღიზარდა, იცნობდა ქართველ დიდებულთა ბუნებას და დარწმუნებული იყო: ამ ქორწინებას სასიკეთო პირი არ უჩანდა.
- დიდებულთაგან ბევრს არ სწადია მისი სიძეობა, დღეს აბულასანმა აჯობა, ხვალ? ხვალ თუ აბულასანს სძლიეს? ბოგოლუბსკიც მისცემს საბაბსა, როგორც კი მსმურობას შეუტყობენ, დაიწყება ქილიკი - ზანქანი ჭერზე ერთ წერტილს მიაჩერდა, თითქოს ჭერზე კითხულობდა ქართველი დიდებულნი როგორ დაუწყებდნენ გამასხარავებას მეფე-ქმარს, მერე კი მთელი ხალხი აიგდებს მასხრად, არავინ დაინდობს. ქართლში ამგვართა დანდობა არა აქვთ.
ერთობ უგუნებოდ ზანქანი. ცხადია, იური ბოგოლუბსკის მსმურობაზე ნაკლებ არც ის აფიქრებს, რაც დღეს არ ჩანს, რისი დანახვაც დღეს ვერც ზანქანს ძალუძს, ვერც სხვას - მსმურობა მრავალ სენს წარმოშობს. ყველა ეს სენი ხვალ საქართველოს მეფე-ქმარს აღმოაჩნდება, ქმარს, რომელსაც საქართველოში იუდეველი ზანქან ზორაბაბელი ჩაიყვანს. შესაძლოა, ძეს, ან ასულს ახლადშეუღლებულთა ისეთი სენი დაჰყვეს, რომ... - ზანქანს ამის გაფიქრებაზე გააჟრჟოლა. - მერედა, ვის ეცოდინება, რომ ზანქან ზორაბაბელმა რუსი უფლისწული სამეფო დარბაზის დავალებით ჩამოიყვანა? ოცდაათორმოც კაცს, იქნებ, ორმოცდაათს, გინდაც ასი იყოს!.. ხვალ მთელი საქართველო გაიგებს მეფე თამარს მეუღლე ზანქანმა მოჰგვარაო. მერე ეს ქმარი მსმური და ათასი სენის მატარებელი აღმოჩნდება. სნეული მამა კი სნეულ ასულს, ძეს - ტახტის სნეულ მემკვიდრეს აჩუქებს საქართველოს - ზანქანს მთელ სხეულში მხურვალებამ დაუარა, ტანზე ოფლი ციებიანივით მოერია - არა, არა, ახლა ლოგინზე წოლა არ შეიძლება. ვერ ისვენებს, ოთახიც ეპატარავება... აჰა, რამდენიმე ნაბიჯი და შესაძლოა, კედელსაც მიარტყას თავი. ოცი, ოცდაათი ნაბიჯი და...- რატომ, რისთვის უნდა მოხდეს ასე, იუდეველი საქართველოს დამამცრობელ საქმეში როდის გარეულა! - ეძებს ზანქანი თავდასაღწევ გზას. ვერა, ვერაფერს პოულობს. ან როგორ იპოვის? აბულასანს, ესე იგი სამეფო დარბაზს, ბოგოლუბსკის ამბავი რომ აცნობა, უკან დასაბრუნებლად ემზადებოდა. ეგონა აბულასანი შემოუთვლიდა მყისვე დასტოვე ყივჩაყეთი, ქალაქს ჩამოდიო, იმან კი უსაყვედურა საქმეს აყოვნებო. ზანქანისთვის ცხადი გახდა, ამირას მეფის დაოჯახება თავისთვის სჭიროდა.
„ღმერთო, შენ გადამარჩინე ქვეყნის წინაშე შერცხვენას, ქვეყანა კი ქვეყნიერებასთან ამყოფე პირნათელი“.
ზანქანმა ისევ ლოგინს მიაშურა. დაწვა. კვლავ ფიქრის ნავში ჩაჯდა:
ყოველი თამარ მეფეს აცნობოს? ალბათ, ასე უნდა მოიქცეს. ალბათ, უნდა
შეატყობინოს მეფეს. სხვაგვარად როგორ იქნება! ჰო, მაგრამ... ამ ნაბიჯის გადადგმა ხომ იმას ნიშნავს... გამოდის, რომ სამეფო დარბაზი მტრად უნდა მოიკიდოს... მტრები... დიდვაჭარს სამეფო დარბაზის მტრობა? უგუნურებაა... მეფე არ მტრობს სამეფო დარბაზს, მისი ნებით თხოვდება კიდეც... და მე ვიქციო მტრად? სხვა რა გზა არსებობს? თუმცაღა, თუმცაღა... საქართველოს მეფის ეგრე გაწირვას, მისი მომავლის, სამეფოს ღირსების არად ჩაგდებას იქნებ, ისევ ის სჯობდეს... არა, დარბაზის არად ჩაგდებაც არ ივარგებს.
ზანქანმა თვალები მოხუჭა, გაირინდა.
- ახლა ის ვნახოთ, ის დავიანგარიშოთ, რას წამიხდენენ დარბაზის წევრები? - თავის თავს ჰკითხა ზანქანმა. ფიქრის ნავი შეტორტმანდა, ტალღის თავზე მოქცეული სულ სხვა მხარეს გადაქანდა - ეს იმაზეა დამოკიდებული,
ვის მეტად წაეკიდება ცეცხლი. დარბაზის წევრთაგან უმცირესნი გაიხარებენ...
მაშ, ასე: თუ მე ბოგოლუბსკის ამბავს მეფეს ვაცნობებ, დარბაზის უმცირესნი გაიხარებენ. დასტურ, მ ოყვრად მექცევიან. უმრავლესთ კი ცეცხლი წაეკიდებათ. თუ ამ ამბავს კარგად ავუხსნი, გავაგებინებ, ნუთუ, უმრავლესნი მაინც ერთ გუნდად შეიკვრებიან?
თუ მეფეს აუწყებს, რა უსტარიც გაუგზავნა, იმასაც, მერე რა პასუხი მიიღო აბულასანისაგან, ცხადია, ყველაზე დიდი ცეცხლი აბულასანს წაეკიდება, უწინარეს მტრად იგი ექცევა ზანქანს. აბულასანი კი უსიტყვო მტერია, გაუღიმებს, ხელსაც გადაუსვამს, მოეხვევა კიდეც, ღიმილით, პირმომცინარე გაუთხრის სამარეს. ამას სხვათა ხელებით გააკეთებს, თავად ცხარე ცრემლს დაღვრის „ეგ რა მოგსვლიაო, ჩემო ზანქან!“ ზანქანმა აბულასანის გვერდით მდგომთ მოავლო გონების თვალი. ყველა გაიხსენა, მთელი დასტა. კარგად იცის ზანქანმა: სიავის ქმნა კაცობის ზღვარს გადასვლას საჭიროებს. ამიტომ იმის ამოცნობას ლამობდა, სად იყო ზღვარი თითოეული მათგანის სიხარბისა, ვინ რამდენად გადასცდებოდა კაცობის ზღვარს. აკი უთქვამს კიდეც ერთერთ ამათგანს საურმაგისთვის: ვიცი რომ ღონიერი ხარ, მაგრამ მაინც ვერას დამაკლებ - იმას ვერ იკადრებ, რასაც - მე, სირცხვილ-ნამუსი დაგძლევს და ვერ იკადრებო.
- არა, უმრავლესთაგან აბულასანს ზოგი კი აქცევს ზურგს. როცა ბოგოლუბსკის სენს შეიტყობენ, მტრად არ მომეკიდებიან... კი, ასე იქნება, მაგრამ მაინც ბევრი დაუდგება გვერდით, ბევრი და ძლიერნიც... ესენი ზღვარს არ სცნობენ - დაასკვნა ზანქანმა და დიდაზნაურის სტეფანე კორინთელის სახე დაუდგა თვალწინ. ძლიერი იყო სტეფანე, დიდი საგვარეულოთი გარემოცულიც, მაგრამ რა დღეში ჩააგდეს იმის გამო, რომ ყურთლუღ არსლანის ამბოხში არ გაერია: ჩემს მეფეს არ გადავუდგებიო, თქვა, თქვენ არას გავნებთ, მაგრამ მეფე თამარს, ტახტზე ახლახან ნაკურთხს, ვერ ავუმხედრდებიო. მეფემაც რომ არ დაიცვა, არ დაიფარა!
- ეეჰ, რაოდენ იოლად იმეტებენ მეფენი ერთგულთა და მხარში მდგომთ. გამოდის, რომ... გამოდის რომ... თუ ბოგოლუბსკის სენს მეფეს აცნობებს, ცხოვრება უნდა შეიცვალოს. თუ ასე არ მოიქცევა, არ მოასვენებენ, ააწიოკებენ - კორინთელის დღეში ჩააგდებენ... გამოდის რომ... გამოდის რომ... საქართველოდან უნდა წავიდეს. კი, ასეა - თუ ამ ამბავს მეფეს აცნობებს, დასტურ, თუ საქართველოს მეფეს დაიცავს, საქართველო უნდა დასტოვოს! რამდენი ხნით? ხუთი წლით მაინც უნდა გაეცალოს ქვეყანას, თორემ ვერც ცოლს შეინარჩუნებს, ვერც - შვილს, ვერც ქონებას! იქნებ, სიცოცხლესაც გამოეთხოვოს. სტეფანე კორინთელის ბედი ხომ კარგად ახსოვს! ზანქანსაც იგივე დღე ელის, იქნებ, უარესიც! იმას, რასაც ზანქანი გააკეთებს - მეფესთან უსტარის გაგზავნა, ამით აბულასანის ჩანაფიქრის გამოაშკარავება - კიდევ ის დაემატება, რომ... ის დაემატება რომ... უთუოდ ასე იქნება... ეგ უცხო არის და არ დაგვინდოო... იმას კი არ იტყვიან, მეფის ერთგულია და სხვაგვარად არ ძალუძდაო, არა, ცხადია, დღესავით ნათელია, უცხოაო, ჩვენი არ არისო, იტყვიან. გააპარტახებენ, მიწასთან გაასწორებენ. გაძლებს კი ხუთი წელი უსამშობლოდ? ახლა თუმც თვეობით ტოვებს ხოლმე საქართველოს, ტფილისს, მაინც იქ არის, ქალაქში - იცის მალე მობრუნდება, იცის: როცა მოისურვებს, საქმეს მოილევს თუ არა, ქალაქისაკენ წამოვა... ხუთი წელი, იქნებ, შვიდიც, იქნებ, კიდევ უფრო მეტი!
დარბეულ იქმნენ დამარბეველო ყოველი ადამიანის სამშობლოსი!
- ღმერთო დიდებულო, გამჩენო ქვეყნიერებისა, მე არც დავითი ვარ, არც - შელომო, შენ უნდა ჩამაგონო სწორი აზრი, შენ უნდა მაჩვენო გზა - როგორ მოვიქცე, რომ ქვეყანასთან არ წავხდე... ქვეყანა კი... - უხმოდ შეჰღაღადა ზანქანმა თავის ღმერთს და ისევ ფიქრს მისცა თავი - კარგი, ვაცნობე მეფეს ეს ამბავი, რა მოჰყვება ამას? რას იღონებს მეფე თამარი? მეფე თამარი... მეფე თამარი... დასჯის, შეებრძოლება, თუ წაუყრუებს? ცხადია, ჩემი მადლიერი იქნება, ქორწინებას, ალბათ, ჩაშლის, რუსუდანი გონიერი ქალია, მიეშველება... ქორწილი რომ ჩაიშლება, ეს კარგია, მაგრამ... დღესაც ახსოვს და დიდხანს ეხსომება თამარს რამდენ დედას ჩააცვა თალხი ყურთლუღ არსლანის ამბოხმა, რამდენი ბალღი დააობლა. ამიტომ... სწორედ ამის გამო... წაუყრუებს. თამარი არ აპატიებს, არ შეარჩენს აბულასანს, მაგრამ წაუყრუებს. დღეს მეფე თამარს მაგათთან ჩხუბი ხელს არ აძლევს... მაგათი ხმლებისა და ენების ტრიალი. ეგ გიორგის შვილია - მის კვალზე მავალი. თამარის ეს თვისება მე ვიცი, აბულასანმა? აბულასანმა ჩემზე მეტი და ჩემზე უკეთ! ახლა ის ვნახოთ, მეფე თამარი რომ წაუყრუებს, აბულასანი, მისი თანამეაბჯრენი როგორ გაირჯებიან? იმათ ხომ ჩემზე უკეთ იციან მეფე გიორგის ხასიათი. ისიც იციან: თამარის გზაც ის არის, რაც გიორგისა იყო. დასტურ, იციან, რომ თამარი დროს დაელოდება, დროს შეარჩევს. ამიტომ... ამის გამო... ეს ყველაფერი რომ იციან, როგორ მოიქცევიან? რა კითხვა უნდა - გადარჩენისათვის იბრძოლებენ, მაგათი გადარჩენის ერთადერთი გზა ისევ ყურთლუღ არსლანის გზაა. ისიც იციან, რომ დღეს მეფეს სხვა, უფრო საშური საქმეები აქვს. სწორედ ამიტომ შეეცდებიან მეფეს დაასწრონ. კი, ესენი დაარტყამენ მეფეს... სხვაგვარად თავს როგორ დაიცავენ? ასე მოიქცევიან: ჩვენ გაგამეფეთ და თუ ჩვენი არ გესმის, ჩვენვე გაგაცამტვერებთო. ამად აიჩემეს მეფე გიორგის სიცოცხლეშივე მეფედ ნაკურთხი თამარის ხელახლა კურთხევა - დღეს ამათ ღონე მოსდევთ და იმის შიშით, მეფე თამარმა არ დაგვცეს ბეჭებზეო, თავად აყელყელავდებიან ურჩი დიდებულნი, ეს კი... ეს კი... ყურთლუღ არსლანის ამბოხი ტკბილ მოგონებად დარჩება საქართველოს... გამოდის რომ... თუ მე სიმართლეს ვიტყვი, რას მივიღებთ? ისევ აირევა ქვეყანა, ისევ სისხლი, სიკვდილი.
დავით და სოლომონ წინასწარმეტყველნი, მეფენი იუდეისა.
უნდა იფიქროს ზანქანმა, ბევრი უნდა იფიქროს რა ამჯობინოს - სიმართლე, თუ სიბრძნე?სიმართლე, თუ გონიერება?
ლოგინში ვეღარ მოისვენა. ისევ წამოდგა, აივანზე გავიდა, ყივჩაყეთი დუმილში შთანთქმულიყო. ცა ვარსკვლავებით ისე მოჭედილიყო, როგორც ქართლის ველებს ყაყაჩოები მოეფინება ხოლმე.
- მაგრამ ამაზეც უნდა დაფიქრდეს კაცი: რისი იმედი აქვს აბულასანს, ასე დაბეჯითებით რომ მოითხოვს ბოგოლუბსკის ჩაყვანას, ხომ იცის, რომ ხვალ, ზეგ ეს ამბავი არ დაიმალება. ხომ კარგად იცის, რას ნიშნავს ის, რაც მე მივწერე? - უკვე ვარსკვლავებს აღარ შესცქეროდა ზანქანი. სხვადასხვა აზრს უსადაგებდა ერთმანეთს, რამდენიმე ვარიანტი გასინჯა, კარგად გაჩხრიკა, ვერც ერთი ვერ მიიჩნია გონივრულად. რიჟრაჟი ისე გადაეკრა თავს, გამოსავალი ვერა და ვერ იპოვა.
რიჟრაჟზე ლოგინს მიაშურა, უმალ ჩაეძინა. რომ გაეღვიძა, მოქმედების გეზი ნაპოვნი ჰქონდა. არა, გამოსავალი არა - გამოსავალი ერთადერთი იყო - ყივჩაყეთიდან დღესვე გამგზავრება, ქალაქში მეფე თამართან მისვლა, მაგრამ... ის, რაც გაღვიძებისთანავე (ძილში თუ ვფიქრობდიო) გაიფიქრა, საუკეთესოდ მიიჩნია, საუკეთესოდ იმიტომ რომ მეფეს, აბულასანსაც ხვალ თავისუფალი მოქმედების საშუალებას მისცემდა. არც თავად იგრძნობდა თავს ბრალეულად.
ეუდას უხმო. ბოგოლუბსკის სახლში გაგზავნა - დღეს თქვენი ნახვა მწადიაო. ერთობ კარგ გუნებაზე შეჯდა ცხენზე - ჰქონდა კიდეც მიზეზი: სადღეისოდ საუკეთესო გამოსავალი იპოვა. ამინდიც დიდებული იყო.
ჯერ ბეით-ქნესეთში შეიარა - ამ კვირის ცედაკა არ გაეცა, არავინ დაუხვდა. ღარიბღატაკნიც სადღაც გახეკილიყვნენ. ფული ცედაკის ყუთში ჩაყარა და ბოგოლუბსკებისაკენ გაუდგა გზას. ეუდა წინ მიუძღოდა პატრონს. უკან გუჩუ მისდევდა.
იური ბოგოლუბსკი უცნაურად დაუხვდა ზანქანს. ეს უცნაურობა მის მორთულობასა და ქცევაში გამოიხატებოდა: ასეთი ძვირფასი, კეთილშობილი ბეწვის მოსასხამი, ბეწვისავე მაღალი თავსაბურავი უფლისწულის ტანზე ზანქანს არ ენახა.
იურის ძლიერ უხდებოდა სამეფო ოჯახის წევრის მორთულობა.
- დღეს რატომ მორთულა ასე? - გაიკვირვა ზანქანმა, იური დიდი დარბაზისაკენ რომ გაუძღვა. უფლისწული მსუბუქი ნაბიჯებით, მხრების ნება-ნება ქნევით მიდიოდა. მოსასხამის კალთებს ნიავი აფრიალებდა. ასეთი თავსაბურავი და მოსასხამი ისედაც ზორბა, მხარბეჭიან ბოგოლუბსკის კიდევ უფრო ამაღლებდა. დიდ, ფართო ნაბიჯებს უდარდელი, ყველა საზრუნავს მოკლებული კაცის იერით დგამდა და ტანმორჩილ, ოდნავ შესუქებულ ზანქანს გაუჩნდა სურვილი - ნაბიჯი არ აეჩქარებინა. ასეც მოიქცა - ბოგოლუბსკი სავარძელში რომ ჩაეშვა და ზანქანს მოუბრუნდა, ზანქანი ჯერ კიდევ შუა დარბაზში იყო და აუჩქარებლად მოდიოდა უფლისწულისაკენ. უფლისწულს მომქანცველი, მოწყალე მოლოდინი გამოეხატა სახეზე. ზანქანმა აქედანვე დაინახა: სავარძელი ტახტს ჰგავდა, მაგრამ ტახტი არ იყო. თუმცა, ბოგოლუბსკი ისე ჩაჯდა მასში, ხელებიც ისე დააწყო სახელურებზე, როგორც მორჭმულ მეფეთ ჩვევიათ. ზანქანი ბოგოლუბსკის მიუახლოვდა, მიიხედ-მოიხედა, სკამი მოშორებით იდგა.
გისმენ, ძვირფასო, ზანქან! - ბოგოლუბსკი მტრის დამარცხების ამბის მომლოდინე ხელმწიფეს ჰგავდა - სახეგაცისკროვნებული შესცქეროდა სტუმარს. ზანქანმა კიდევ ერთხელ მიმოიხედა, სკამი უფლისწულმაც რომ არ მოიკითხა, შეყოვნდა, უფლისწულს ახედა. იგი პირმოცინარი შესცქეროდა სტუმარს. ზანქანი მიხვდა: სკამი საგანგებოდ დაედგათ მოშორებით. ბოგოლუბსკიმ ხელი სკამისაკენ გაიშვირა, ზანქანს ანიშნა მოიტანეო და თქვა:
- გისმენ, ბრძანე, სტუმარო! - თქვა მოწყალედ მომღიმარმა უფლისწულმა.
ზანქანი კი იმას ფიქრობდა, ახლა რა აჯობებდა: სკამისაკენ საერთოდ არ გაეხედნა და ფეხზე მდგარს ელაპარაკნა? იქნებ, ის სჯობდა, სკამი აქ კი არ მოეტანა, სადაც იდგა, იქ დამჯდარიყო და იქიდან ესაუბრნა? ასეც გადაწყვიტა, დაჯდა, ფეხი ფეხზე გადაიდო და ღიმილით თქვა:
- საქართველოში სტუმრობაზე რას იტყვი, უფლისწულო? - მწადია საქართველოში დაგპატიჟო თქვენ და დედაქალბატონი - იური ბოგოლუბსკის ღიმილი სახეზე შეეყინა.
- დიდებული ქვეყანა გვაქვს, უფლისწულო, ძალიან ლამაზია, ხალხი - სტუმართმოყვარე, უბოროტო, შნოიანი. მჯერა, დიდად გეამებათ საქართველოში სტუმრობა.
ბოგოლუბსკიმ თავი ასწია, გაოცებული შესცქეროდა სტუმარს.
- სტუმრად? მერე? - იკითხა ბოგოლუბსკიმ.
- იქნებით ჩვენი სტუმარი, ძალიან გავიხარებთ. იმდენ ხანს დარჩებით, რამდენიც თქვენს სულს ეამება.
ბოგოლუბსკიმ ზანქანს მტრული მზერა ესროლა. წამოდგა. რამდენიმე წამი უხმოდ იდგა. მერე ხაზგასმით თქვა:
- არ მცალია. სტუმრობის დრო არა მაქვს, არ დავდივარ! - ტახტს გაეცალა, კარისაკენ გაემართა - ის-ის იყო დარბაზი უნდა გაელია, მობრუნდა - მე კი მეგონა, თქვენ მართლა იყავით ჩვენი ოჯახის მეგობარი.
ბოგოლუბსკი თავჩაქინდრული მიდიოდა, მხრებს ნება-ნება აღარ აქანავებდა, მისი ძვირფასი ბეწვის მოსასხამის კალთები დუნედ ფრიალებდა.
ზანქანი კი სკამიდან ვერ ამდგარიყო. არც წელი მოსდევდა, არც - ძალა მუხლებში, რომ აქაურობას გასცლოდა. სახეზე ალმური ასდიოდა. უნდა წავიდეს, ცხადია, აქაურობას უნდა გაეცალოს, მაგრამ... - არა, არა, ახლა აქედან წასვლა არ ივარგებს, ახლა აქედან წასვლა იმას ნიშნავს...
აბულასანს, სამეფო დარბაზს რა პასუხი გასცეს? ხომ ეტყვიან, უფლისწულის ჩამოსაყვანად გაგგზავნეთო... მაგრამ... უფლისწული ასე რამ გააღიზიანა? რატომ იყო ათიოდე წუთის წინ ასე მომღიმარი და მყის რატომ შეიცვალა? საქართველოში მიპატიჟება ასე რატომ უნდა სწყენოდა?! აჰ! - ზანქანი შეტოკდა, ფიქრმა შეატოკა, მოულოდნელმა ფიქრმა - უფლისწული სხვა ცნობას ელოდა და არა საქართველოში მიპატიჟებას? - კი ასეა, ყოველი მოსვლისას ტკბილად მხვდებოდა, დღეს მორთულ-მოკაზმული შემეგება, საქართველოში მიპატიჟებამ უმალ შეცვალა. აქედან რა გამოდის? აქედან ის გამოდის, რომ... ის გამოდის რომ... ასეა კი... უფლისწული სხვა ამბავს ელოდა და სხვა მოისმინა... რას ელოდა?
ზანქანი ისევ ფიქრის ნავში ჩაჯდა. შეეცადა გონების თვალით მისწვდომოდა იმას, თუ რისი მომლოდინე უნდა ყოფილიყო ბოგოლუბსკი. იფიქრა, ბევრი იფიქრა ზანქანმა - კარგა ხანს იტორტმანა ფიქრის ნავში, ვერას გახდა. ჯარს ელოდა? არა! - ამას არა მხოლოდ არ შესწევს ქვეყნის დაბრუნების უნარი, ამაზე ფიქრის ღონეც არა აქვს.
ზანქანი სკამზე მოკალათდა. არა, ამ სახლიდან ნაბიჯსაც არ გადგამს, მანამ სანამ არ ჩასწვდება ექსორიაქმნილი უფლისწული თუ რისი მომლოდინე უნდა ყოფილიყო მტრებზე გამარჯვებული, მეზობელთა მძლეველი ქვეყნისაგან. უნდა მიხვდეს, უსათუოდ უნდა ჩასწვდეს, მაგრამ ფიქრი რომ შეჩერდა? აქამდე რუს მიჰყვებოდა ფიქრი, რუს ზედაპირზე ტორტმანობდა, მაგრამ რუს აგერ, სულ რაღაც ორიოდ მტკაველზე ჯებირი ჩაუდგეს. რუ გუბედ იქცა და ფიქრიც ერთ ადგილზე ტრიალებს, წრიალებს, წინ ვერ წასულა, წინ ვერ გაუტევია.
ზანქანმა თვალები მოხუჭა. თავს ჩაეკითხა: ,,რას ელოდა ჩემგან უფლისწული?“ თვალმოხუჭული იჯდა უზურგო სკამზე, იცოდა არ გადმოვარდებოდა - ზურგად ერთ ადგილას მოწრიალე ფიქრი ექცა, გვერდებშიც ის ფიქრი შეუდგა: ,,ჩემგან რას ელოდა ბოგოლუბსკი?“ კიდევ ერთხელ ჩაეკითხა თავს და პასუხად ისეთი რამ გაიგონა, სახტად დარჩა, აქამდე როგორ ვერ მივხვდიო.
- ბოგოლუბსკი შენგან იმის მოსმენას ელოდა, რის სათქმელადაც აქ გამოგგზავნეს. აჰა, აი, სულ ორი-სამი, გინდაც ათი წამი გავიდა, მაგრამ ზანქანს აღარ ახსოვს, ეს პასუხი შეკითხვის გაგრძელებად დაიბადა, თუ ვინმემ უკარნახა? მთავარი კი ის გახლავს, რომ პასუხი არის და ყველაფერი ნათელი, გასაგები გახდა. პასუხი ხელისგულზე უდევს.
- ბოგოლუბსკი შენგან მხოლოდ იმას ელოდა, რის სათქმელადაც აქ გამოგგზავნეს.
ჰო, ჰო, ეგრეა, სწორედ ეგრეა. ამას აქამდე როგორ ვერ მიხვდი, ზორაბაბელო, ასე რამ დაგიხშო გონება... საიდან? როგორ? მაშ, ასე... მაშ, ასე!.. უფლისწულმა იცოდა, თუ რისთვის ჩამოვედი ყივჩაყეთს. იცოდა და ელოდა, რაც უნდა მეთქვა - ბოგოლუბსკი ჩემგან სიძეობის შეთავაზებას, სამეფო დარბაზის გადაწყვეტილების შეტყობინებას ელოდა, მე კი...
აბულასან, აბულასან!
ზანქანი აბულასანის მოქმედების კვალს დაუბრუნდა, ბევრი სურათი გაუცოცხლდა თვალწინ, აბულასანის შეძახილიც: „საქართველოსთვის ასეა საჭირო!“ ჩაესმა ყურში. მისი აზრი აქამდე ვერ ამოეცნო, ახლა კი ამოცნობის გზაზე შედგა, რადგან უხილავმა ხელმა ჯებირი მოხსნა. რუ დაიძრა, რუ კვლავ არაკრაკდა და ფიქრი რუს მოჰყვება - ამოიცნობს, უნდა ამოიცნოს ზანქანმა ასე რატომ არის საჭირო საქართველოსთვის! განა, ამ ერთმა შეძახილმა არ ჩააჩუმა დარბაზის ახმაურებული, აბობოქრებული, მტრადქცეული უმცირესნი? აჰა, ზანქანიც ხვდება, ზანქანის ფიქრმაც მოიმარჯვა გასაღები...
- კი, მაგრამ... თუ საქართველოსთვის ასეა საჭირო, მე რატომ არა, რისთვის არ გავირჯებოდი... მაგრამ.
ზანქანს აბულასანის სახე ედგა თვალწინ და ძალიან წყდებოდა გული - ამდენი რამ გამოპარვია, რამდენ რამეს ვერ ჩახვდა. აბულასანს, როგორც ჩანს, იმის ფიქრიც არ გასჩენია, ზანქანი განზრახვას მიმიხვდებაო, მაგრამ... აჰა, ამოიცნო ზანქანმა აბულასანის ფიქრი: „ამირას არ სწადია საქართველოს მეფე-ქმარი ბიზანტიელი უფლისწული გახდეს. აბულასანს ეს მხოლოდ იმიტომ არ სწადია, რომ კომნინოსი ივანე ფალავანდის, საურმაგ ფავნელის, თარხანის ძის და უმცირესთა სხვათა და სხვათა მხარდამჭერია. აბულასანს რუსთ უფლისწულთან ჰქონია შეთქმა. ძალა შესწევს და თავისიც გაიტანა! კი, ბატონო, კეთილი, პატიოსანი, მისი ნებაა, ვისთანაც სურს, იმას შეეყაროს... მაგრამ ზანქანი? ზანქანი რაღა შუაშია? რატომ ზანქანი? - ფიქრი ისევ რუს მოჰყვებოდა, რუ კი მირაკრაკებდა, ამიტომ ხტუნავდა ფიქრი - ხან კენჭებზე გადაივლიდა, ხან ქვას შეეხეთქებოდა, და ერთხანს ყოვნდებოდა. რუ ხან მარცხნიდან დაუვლიდა, ხანაც - მარჯვნიდან, რათა ადგილიდან დაეძრა ქვასა, თუ კენჭებს გამოდებული ფიქრი. ისიც ცდილობდა, წვალობდა, ტყვეობას თავს აღწევდა და ცეკვა-ცეკვით, ხტუნვა-ხტუნვით მისდევდა რუს.
- შენ იმ შუაში იყავ, რომ... ჯერ ერთი, კარგად იცნობ ბოგოლუბსკების ოჯახს, მისვლა-მოსვლა გაქვს, ესე იგი მათთვის სანდო კაცი ხარ! „კი, მაგრამ სხვა რომ მისულიყო - დარბაზის რომელიმე წევრი - უნდო რისთვის იქნებოდა?“ „არა, არა, შენ სანდო იყავი! მეორე და მთავარი... მეორე და მთავარი, ჩემო ზანქან, შენ ცნობილი, სახელოვანი ებრაელი ხარ... ებრაელი კი საქართველოში არა უცხოდ, თავისიანად, შინაურ კაცად მიაჩნიათ, თავისიანად... შენ ქართველისათვის გარეული კაცი არა ხარ... შინაური ხარ, მაგრამ ცოტა... ცოტა გარეულის, უცხოს, სტუმრის იერი მაინც მოგდევს, ცოტა, სულ ცოტა... ან ის გარეული კაცი ხარ, შინ რომ ხარ - მოყვარე და დამნდობი, გამტანი და სიტყვის შემნახველი... ჰო, ეგრეა, ეგრე, კი... უცხოთა შორის ყველაზე ახლო ხარ, შინაურთა შორის ცოტა უცხო და თუ ამჯერად ფარად დასჭირდი... ფარად? ფარად, სწორედ რომ ფარად!“ ,,ფარად რატომ?“ ,,ფარად დასჭირდი საქართველოს, ქართველებს“... ,,კი, მაგრამ ეგ ერთი აბულასანია საქართველო?“ ,,კი, აბულასანიც საქართველოა!“ ,,თუ ეგ არჩევანი, ეგ უფლისწული საქართველოსა და მის მეფეს გამოადგებათ, ხომ სიკეთე და ბედნიერებაა... ხომ კიდევ ერთხელ გაიმარჯვებს ქვეყანა...“ ,,თუ არ გამოადგება? თუ ჩემი გული-სთქმა გამართლდა? რა ბედი ეწევა ქვეყანას და როგორი იქნება ჩემი წილი ქვეყნის წახდენაში?“ ,,სწორ გზაზე შედექ, ზანქან, სწორადა ხვდები - შენ იმისთვისა ხარ, თუ ეგ უფლისწული ქვეყანას არ გამოადგება, აი, ამიტომა ხარ დღეს ფარი საქართველოსი, მისი მეფისა, აბულასანისა, სხვებისაც!“ ,,მე ხომ ვიცი, მე ხომ მჯერა, ეგ კაცი ჩემს მეფესა და ქვეყანას არ გამოადგება... ვერც მეფე თამარი იგუებს იური ბოგოლუბსკის მსმურობას, ვერც ქართველი დიდებულნი!.“ „აი, მაგისთვის ხარ შენ საჭირო - უცხო შინაური, მაგისთვის უნდა შეუშვირო ბეჭები როზგს. თავს ნუ უმალავ, ზანქან, თავს მაინც გამოუტყდი. უცხო შინაური ხარ და უნდა დაიდო მხრებზე უცხო შინაურის ტვირთი და ზიდო... უნდა ზიდო ეს ტვირთი... შენ სხვა გზა არა გაქვს... უცხო შინაური ხარ, თუ გაშინაურებული უცხო. ამ ქვეყნის, ამ ხალხისა ხარ და ვერსად წაუხვალ!“
- „რატომ, რისთვის, რატომ ვარ უცხო შინაური?!“ - თავს აუჯანყდა ზანქანი - განა დღეს მოველ ამ მიწაზე, რამდენი სისხლი, ოფლი მიღვრია, ვიღაცეები გუშინ მოვიდნენ, გუშინსწინ და... ის შინაურია, მასპინძელია, მე კი უცხო, სტუმარი?“ „კი, ეგრეა, ჩემო ზანქან, ეგრე, შენ ამდენი ხანია მოხვედი, ოფლიც ღვარე, სისხლიც, ვინ უარობს, მაგრამ იუდეველი ხარ, იუდეველად დარჩი... შენს ღმერთს ემსახურები... ეს კი ქრისტიანთა ქვეყანაა... ეს მიწა ქრისტიანთ არგუნა ღმერთმა, ამიტომ ნურც უცხო შინაურობა გეაფრაკება!“ ,,ჰო, მაგრამ დღესვე, ახლავე ვიცი, ეგ კაცი საქართველოს არ გამოადგება!“
ფიქრმა მხრები აიწურა და ღიმილით მიაჩერდა ზანქანს. სახეგაცისკროვნებულმა ფიქრმა კარგა ხნის მერე თქვა: „შესაძლოა, ეგრეც იყოს, მაგრამ შენ საქართველოს ბედის გადაწყვეტას არავინ გთხოვს. შენ მსხვერპლს გთხოვენ. ებრაელი კაცის მსხვერპლს!“
ზანქანს კი სხვაგვარად მოეფიქრებინა ყველაფერი: ბოგოლუბსკის სტუმრად მივიწვევ, საქართველოში სასიძოდ კი არა, ერთობ სასურველ სტუმრად ჩავიყვან, ერთ ხანს იქნება ჩვენთან, იცხოვრებს, ქვეყანას გაიცნობს, ჩვენი ხალხიც დააკვირდება, შეიცნობს. სამეფო დარბაზს, თავად მეფე თამარს არჩევანის უფლება ექნება. თუ სამეფო დარბაზი, მეფე ქორწინებას მაინც გადაწყვეტენ, მე რა მეთქმის... მთავარი ის არის, რომ მე არ ვიქნები საქმეში გარეული, მაგრამ... არ გამოვიდა, განთქმა ადრევე მომხდარა... აბულასან, აბულასან! გამოდის, რომ ეს მძიმე ტვირთი უნდა ვზიდო... ვერსად ვერ წავუვალ.
ზანქანი მძიმედ წამოდგა, სწორედ იქით წავიდა, საითაც ბოგოლუბსკი. სასადილო ოთახში შევიდა თუ არა, როგორც კი ბოგოლუბსკის მოჰკრა თვალი, მიხვდა: უფლისწულს უკვე მოესწრო არყის დალევა.
- თქვენ კიდევ აქა ხართ? - გაიღმიჭა ბოგოლუბსკი.
- უფლისწულო, როგორც არ უნდა აჩქარდეთ, ჩემთვის ძვირფას ადამიანად დარჩებით. გთხოვთ დიდ ქალბატონს უხმოთ.
იური ბოგოლუბსკის ბავშვივით გაეღიმა. მზერა დაცარიელებოდა. უცნაურად, შენელებულად მოძრაობდა. სახიდან ღიმილი არ შორდებოდა. ,,ეს კაცი როგორ ჩავუყვანო მეფე თამარს,“ გაიფიქრა ზანქანმა და მწარე ფიქრებში ისე ჩაეფლო, ეკატერინე ივანეს ასულის შემოსვლაც არ გაუგია.
- გისმენთ! - ბრძანა დიდმა ქალბატონმა.
მასპინძელი ჩვეული ხალისით რომ არ შეხვდა, ზანქანი მიხვდა: მან ყველაფერი იცოდა.
- უფლისწულ იური ბოგოლუბსკის და თქვენ, ძვირფასო ეკატერინე ივანეს ასულო, გთხოვთ მეწვიოთ საქართველოში, იყოთ ჩემი სტუმრები. ეს თხოვნა მე უფლისწულს გადავეცი, მაგრამ უთქვენოდ არ ვუთხარი მთავარი: საქართველოს ჰყავს დიდებული მეფე - სილამაზითა და გონიერებით შემკული თამარი. მას ეთაყვანება აღმოსავლეთი. საქართველოს ღონიერ შვილთა სურვილია, თუ თქვენი ნებაც იქნება, დედოფალო - ზანქანმა დედოფლის წინაშე თავი დახარა - თუ თქვენი სურვილი იქნება, უფლისწულო - ზანქანი ბოგოლუბსკის მიუტრიალდა და თავი დაუკრა - შეუღლდნენ მეფე საქართველოსი და უფლისწული იური ბოგოლუბსკი.
- ურა, როგორც იქნა! - იყვირა უფლისწულმა და ჭიქა არყით შეავსო. დედოფალმა კი ჭიქას ხელი გადააფარა და შუბლშეჭმუხვნილმა თქვა:
- გაუგებარია, რას ნიშნავს საქართველოს ღონიერი შვილები.
- რა არის აქ გაუგებარი, გასაგებია, ყველაფერი გასაგებია! - შესძახა უფლისწულმა.
ეკატერინე ივანეს ასულმა შვილის შეძახილი არად ჩააგდო და ზანქანს ჩაეძია.
- მიპასუხებთ, ზანქან?
- მოგახსენებთ, დედოფალო, - აუჩქარებლად დაიწყო ზანქანმა, - მეფე თამარისა და უფლისწულის შეუღლების სურვილს გამოსთქვამენ სამეფო დარბაზის წევრები, ესენი კი, მოგეხსენებათ, საქართველოს უძლიერესი მმართველნი გახლავან.
- აჰა, ეს საინტერესოა, - თქვა უტახტო დედოფალმა, - ახლა ყველაფერი გასაგებია, - დასძინა და გაირინდა. მერე კი იკითხა - წერა თუ იციან და კითხვა?
ზანქანის თავს ერთი ფიქრი დატრიალდა. უფრო სწორად ოცნება: ,,რა იქნება გამჩენმა ჩააგონოს აზრი, რომელიც ჩემს მეფესა და ქვეყანას ათას ხიფათს აარიდებს. რა იქნება არ მოეწონოს, რაღაც არ მოეწონოს დედოფალს და უარი მითხრას?!“
- წერა-კითხვა თუ იციან მეთქი, - კითხვა გაიმეორა დედოფალმა.
ზანქანს სახე გაუცისკროვნდა და უმალ მიუგო:
- აბა, როგორ გითხრათ... თითო-ოროლა კაცს იპოვნით, კი.
უტახტო დედოფალმა თავი მრავალმნიშვნელოვნად გადააქნია და ჩაილაპარაკა:
- ოო... ეგ ცუდია, ძალიან ცუდი... მეფე თამარი? მეფე თამარი რას ამბობს?
ზანქანი, ცხადია, ამ კითხვას არ ელოდა. არა, იმის თქმა მეფე დარბაზს მორჩილებს და უკვე ყველაფერი გადაწყვეტილიაო, არ იქნება. არა, ზანქანი ამას არ იტყვის. ზანქანმა ახლაც ისეთი რამ უნდა თქვას, რომელსაც ის პასუხი უნდა მოჰყვეს, მას რომ გაახარებს - მის სამშობლოს და მეფეს ათას ფათერაკს აარიდებს.
- ოო მეფე... დედოფალო, მე ვაჭარი ვარ - მე იმ ბედნიერებას ვინ მომანიჭებს, მეფეთა გულისწადილი ვიცოდე. ერთხელ შორიდან თუ მომიკრავს თვალი, - იყუჩა და თქვა, - მეფეს უნდა ჩააგონონ... მეფეს ალბათ, ურჩევენ, რომ ბოგოლუბსკისთან ქორწინებაა საუკეთესო. კი, ასე იქნება... ურჩევენ და ვნახოთ - ზანქანი კმაყოფილი იყო: ორივე შეკითხვას ისეთი პასუხი მისცა, თავისი ვარაუდით, სასურველი პასუხი უნდა მიეღო - უარი. ,,ღმერთო ისე მოაქციე საქმე, მე ქვეყნის წინაშე არ შევრცხვე, ქვეყანა კი ქვეყნიერებასთან იყოს პირნათელი!“
დედოფალმა ზანქანს თვალებში ჩახედა. ზანქანი შეკრთა. ნათქვამმა ტყუილმა შეაკრთო, მაგრამ ისე ძლიერ ეწადა დედოფალს მისი ნათქვამი მნიშვნელოვნად მიეღო, თავს სძლია და დედოფალს მხნედ გაუსწორა თვალი: ,,იქნებ, ინებოს გამჩენმა, იქნებ, არ მოეწონოს დედოფალს...“
დედოფალმა კი თავი მრავალმნიშვნელოვნად გააქნია და ცივად ბრძანა:
- იმის გამო, რომ ჩვენ სამეფო ოჯახის წევრები ვართ, შენს აზრს ვერ გავიზიარებთ...
,,შეისმინა გამჩენმა ჩემი ვედრება?“ - გაუელვა ზანქანს და სიხარულიც დაეუფლა.
- და ვერ ვიქნებით შენი სტუმრები, - განაგრძო ეკატერინემ, - ჩვენ სიამოვნებით წამოვალთ საქართველოში, რათა ერთმანეთს დავუმოყვრდეთ, წამოვალთ, როგორც სამეფო ოჯახის სტუმრები და მომავალი სიძე!
- ურა! - წამოიძახა საქართველოს სასიძომ.
,,არ შეისმინა გამჩენმა ჩემი თხოვნა. ნაღალატევ საქმეში ღმერთი არ ერევა“ - გაიფიქრა გულდაწყვეტილმა ზანქან ზორაბაბელმა.
იმის მიხედვით, თუ როგორ წამოდგა დედოფალი, როგორ გავიდა ოთახიდან - ზანქანი მიხვდა: ამ ოჯახში მისი მეგობრები აღარ იყვნენ. ამ ოჯახში მას უკვე ხელქვეითად მიიჩნევდნენ.
![]() |
14 სივრცე და დრო |
▲ზევით დაბრუნება |
ელდა შუბივით ეძგერა. ამ ელდამ ბაჩევას მამა უსასოობის, უღონობის მარწუხებში მოიქცია და ცისქვეშეთში ყველაზე უმწეო, უძლურ ადამიანად აქცია. იმდენად უღონო გახდა, საკუთარი სხეულის ტარება უჭირდა. უმწეობამ ამაოების შეგრძნება გაუძლიერა. ამიტომ შეიყვარა ასე ,,იერემიას გოდება“. დღისითაც მას კითხულობდა და ღამითაც, თითქოს აბის თვის1 სამგლოვიარო დღეები დამდგარიყოს. ჭმუნვის, სიმწრის პურს ჭამდა ზანქანი და ,,იერემიას გოდება“ - სხვათა აწრიალებული, გაშმაგებული სულების მოთქმა კიდევ ერთხელ არწმუნებდა, რომ ტანჯვა ადამიანის განუყრელი თანამგზავრია. ეს აღმოჩენა, რასაკვირველია, სიმშვიდეს არ ჰგვრიდა, მაგრამ ჭირთათმენას უიოლებდა, რადგან კანონზომიერებას მიაგნო: სვებედნიერი ადამიანი არ არსებობს, ტანჯვა ადამიანის თანამდევია, ტანჯვის დღეები გვეხმარება უკეთ დავინახოთ გამჩენის სიდიადეო. ამ ბოლო ხანს საოცარი გულგრილობით ავლებდა თვალს თავის სასახლეს, გონების თვალით იმასაც სინჯავდა, თუ რაოდენი განძის მფლობელი იყო და მორდეხისა და ბაჩევასათვის რამდენჯერ გაიზრდებოდა სიმდიდრე. ყველაფერ ამას რომ წარმოიდგენდა, გული ეკუმშებოდა - ბაჩევას ძლიერმა სენმა, იმან, რომ ბაჩევას ამ ქვეყნისა არც რა ესმოდა, არც რა ანაღვლებდა და კვლავაც აზრმიმქრალი ჯდა, ხვალინდელი დღე ბურუსში გაახვია - უკვე ძალიან ძნელი მისახვედრი გახდა, თუ როგორ დაეუფლებოდა ბაჩევა ამ სიმდიდრეს. სჭიროდა კი ეს განძი? სიმდიდრის გემოს ხომ მხოლოდ ის იგრძნობს, ვინც მისთვის თვალმოუხუჭავად მეცადინეობს, არც დღეს დაგიდევს და არც - ღამეს. იბრძვის, ეძებს.
ბაჩევა კი ყველაფერ ამისგან შორს იყო. სჭიროდა კი მისი მდგომარეობის ადამიანს სიმდიდრე? იგრძნობოდა კი ლუკმა-პურის შეუჭირვებელი პატრონი იყო, თუ აურაცხელი ქონების? ცხადია, ზანქანს ეს ფიქრი სიკვდილის ანგელოსივით დასდგომოდა თავს, მაგრამ ზორაბაბელის უსასოობის, უმწეობის მთავარი მიზეზი ის გახლდათ, რომ დროში არსებობის იმედს ჰკარგავდა. მხოლოდ ერთი შვილის - მხოლოდ ბიზანტიას წასული მორდეხის იმედზე ვერ იქნებოდა, ებრაელი ქალი შობს ებრაელ შთამომავლობას. იცოდა: თუ მისი მოდგმა არ გაგრძელდებოდა, თუ არ შეიქმნებოდა მისი შთამომავლობა, ამით ებრაელი ხალხის დროში არსებობას საფრთხე არ დაემუქრებოდა, მაგრამ ისიც იცოდა, რომ ებრაელი ხალხი მისნაირებისაგან შესდგებოდა და ეს მისნაირები, სწორედ ზანქანივით გალუთში2 ცხოვრობდნენ, გალუთში ცხოვრებას კი ის მოსდევს, რაც ბაჩევას თავს ტრიალებს. ისიც, ხახიაშვილების ოჯახს მეხივით რომ დაატყდა თავს: კონსტანტინეპოლს სასწავლებლად წასულმა ცხაკუმ - უფროსმა ვაჟმა - მალქას და იოსებს თვალებბრიალა ბერძენი გოგო ჩამოუყვანა, აი ჩემი ცოლიო.
ამიტომ უშფოთებდა სულს ის, რაც ებრაელი ხალხისათვის ესოდენ აუცილებელი გახლავთ - დროში არსებობა. ებრაელობა არც ადრე, არც ზანქანის დღეებში, არც მერე არ ესწრაფვოდა სივრცეში არსებობას. მიუხედავად იმისა, რომ მრავალგზის გამხდარა სივრცეთა მომპოვებელთა მსხვერპლი, მაინც დროში არსებობას ამჯობინებდა სივრცეში არსებობას - ღმერთი მარადიულია და ღმერთსა და ებრაელობას შორის არსებული კავშირი ღვთისადმი სამარადისო ერთგულებას, ე.ი. ებრაელობის დროში არსებობას გულისხმობს.
გულის სიღრმეში იმასაც ფიქრობდა, ღმერთთან ესოდენი სიახლოვის, მისი მსედველობის არეში მოქცეულობის გამოისობით ვართ ასეთი ვნებულნი, ტანჯულნი და მარადიულობისთვის ქმნილნი - სწორედ ღმერთი ზრუნავს დროში ჩვენს არსებობაზეო. ჩვენი ურჩობის, დაუდგრომლობის გამო ისევე გვატარებს დროში, როგორც მამა-შვილსაო. ჯირითისას მოსხეპილი წკეპლებივით მიმოიყარნენ ისინი, ვინც სივრცეებისათვის, მათს შორის გამჩენის მიერ ებრაელობისადმი ბოძებული სივრცეების, მოპოვებისათვის იბრძოდნენ, ამან კიდევ უფრო დაარწმუნა ერი: მარადიულობის ერთ-ერთი პირობა სწორედ დროში არსებობაა. ზანქანი კი თავის მომავალს დროში ვერ ხედავდა და ამით დათრგუნვილი იკეტებოდა ოთახში. მისი სული ისევე მოთქვამდა, როგორც ბაბილონის მდინარეების პირას მჯდარი მისივე ტყვე წინაპრებისა. „იერემიას გოდება“ მოთქმათა შორის სულის მოოხება იყო - ასეთი ყოფილა კაცთა ცხოვრებაო, მაგრამ დრო რომ გამოხდა, გასაჭირი რომ გაუყოველ-დღიურდა, მეფე დავითის ფსალმუნებისაკენ გაუწია გულმა - რაც ჭირდა, ამოსაცნობი არ იყო, ახლა მოთქმა კი არა, იმედი უნდა ეძებნა. მეფე დავითის ფსალმუნნი კი იმედს უსახავდა. ცხადია, იმედით მოგვრილი შვება, ერთობ ხანმოკლე იყო მაგრამ ხომ იყო, ხომ ითქვამდა სულს, თორემ სხვა რას ელტვოდა - მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, თუ როგორ ეშველა შვილისა და თავისი თავისათვის, როგორ არ გამოკლებოდა ერის სალაროს. რამდენი დღე და რამდენი მრუმე, ფიქრებით დახლართულ-დასერილი ღამე გაილია ამ ფიქრში. ვერარა აზრს ვერ მიაგნო. ყველაფერი ჰქონდა, ყველაფერი ხელთ ეპყრა, ოღონდ აზრი ეპოვნა, გასაჭირის ძლევის გზისთვის მიეგნო და მის გალევას წინ რა დაუდგებოდა, ხელს რა შეუშლიდა. ის აშფოთებდა, რომ სწორი გეზისათვის ვერ მიეგნო.
დათრგუნვილი, ღონეშეჭმული და იმედგადაწურული ზანქანი დროდადრო ბაჩევას ოთახის კარს შეაღებდა, შვილს გვერდით მიუჯდებოდა და ნელა, ძალიან ნელა, აუჩქარებლად თმაზე უსვამდა ხელს. ბაჩევა კი იატაკს დასჩერებოდა, ხანაც ჭერისაკენ აღაპყრობდა უაზრო მზერას. მამის არც ერთ სიტყვას არ პასუხობდა. ზანქანი არც იყო დარწმუნებული, რომ შვილი მის ალერსს გრძნობდა - ვერც ატყობდა. ორ-სამჯერ საოცარი გულუბრყვილობით დააპირა შვილის ბავშვურ თამაშში ჩაბმა: თმა აუწეწა, გაეხუმრა, წაეთამაშა. ამ უილაჯო ხუმრობა-თამაშობამ კიდევ უფრო დაარწმუნა, რაოდენ ძლიერ სენს შეეპყრო ბაჩევა - არც რაიმეს გრძნობდა, არც რამ ესმოდა. მერე თინათი იგულვა მშველელად - იქნებ, მეგობარმა გაუხსნას შუბლი და კრიჭაო. ამან ისევე აღავსო იმედით, როგორც ის წყალწაღებული უშველებელ ზღვაში თავისივე გემის ნამსხვრევს რომ წაეპოტინება, იქნებ, სიცოცხლე გადავირჩინოო, მაგრამ პაწია ტალღამ ეს ოცნებაც წარსტაცა - ბაჩევასთვის თინათიც ის გმოდგა, რაც - იოხაბედი, ან ზანქანი იყო - ვერც თინათის გრძნობდა, კვლავაც უაზროდ ჯდა ტახტზე - ხან ჭერს მისჩერებოდა, ხანაც იატაკს დასცქეროდა. შვილზე არ ბრაზობდა რჯული რატომ იცვალა, ებრაელობას რისთვის განუდგაო, ებრალებოდა. საკუთარი თავიც ებრალებოდა - ყველაზე დიდ განძს ვერ გაუფრთხილდა, ყველაზე დიდი განძი პეშვში დაგროვილი წყალივით თითებსშუა გაეპარა და ამით თავისი ერის სალაროს გამოეცალა, რადგან დროში არსებობის შანსი დაჰკარგა. არც კი იცის, რამდენ ხანს ჭამდა ჭმუნვის, სიმწრის პურს - რამდენჯერ ჩავიდა მზე და რამდენჯერ ამოვიდა მთვარე, რამდენჯერ გაილია მთვარე და ამობრწყინდა მზე, რამდენჯერ დალიეს რუს წყალი ტფილისის ხოხბებმა, რამდენი ხანი არ გასულა სახლიდან - სასადილო ოთახშიც კი არ შესულა, იოხაბედსაც კი არ ხვდებოდა - არ ჰქონდა იმის იმედი, რომ ცოლი მის დამძიმებულ სულს მიუსალბუნებდა. თავისსავე ოთახში ფლასებში გაეხვეოდა და ტახტზე მიწვებოდა. შვებას ფსალმუნებსა და ლოცვაში ჰპოვებდა. მას შემდეგ, რაც 13 წლისა გახდა, ე.ი. რაც ჯამაათის წევრად ცნეს, თორა, თეფილინი ხელიდან არ გაუგდია, მაგრამ დღეს, გასაჭირმა სული რომ დაუგუბა, შვება სწორედ ლოცვასა და დავითის ფსალმუნებში აღმოიჩინა. ლოცვა ამშვიდებდა, ფსალმუნნი იმედს უსახავდა, თუმცაღა, ისიც უწყოდა, რომ სიმშვიდე და ხვალის იმედი კი არა, შვილის ჯანმრთელობა სჭიროდა. სჭიროდა დღეს, ამ წუთში, ამავე წამს.
მისი ვარამი სწორედ იმან გაიზიარა, ვისგანაც ამრეზილ მზერას ელოდა: ერთ დილას, ლოცვის შემდეგ შელომ რომ მოახსენა, ხახამ აბრაამი მობრძანდაო, ზანქანს გული კიდევ უფრო დაეწურა - რა ვუთხრა, როგორ ვესაუბრო სულიერ მოძღვარს, ვისაც ათასთა ბედის გამგებლად მივაჩნივარ, ერთი შვილი კი სწორ გზაზე ვერ დამიყენებიაო, მაგრამ ხახამ აბრაამი შემოვიდა თუ არა, მასპინძელს მზერა გაუსწორა და თქვა:
- არ უნდა დაგავიწყდეს, რომ ადამიანი ხარ, ადამიანი კი გამჩენის შეწევნით არსებობს: დიდად გამჩენი გაქცევს, საკუთარი თავის დამცრობაში კი ეშმაკს შენ ეხმარები. კაცის ცხოვრება ეშმაკთან ყოველდღიური ბრძოლაა, რომ არ დავპატარავდეთ, არ წავხდეთ.
დასხდნენ და კარგა ხანს ისაუბრეს. ხახამ აბრაამი მეტწილად მეფე დავითის, კაცთა მოდგმის გასაჭირთა თაობაზე ლაპარაკობდა. საღამოს კი ბეითქნესეთში ერთად წავიდნენ. სალოცავში ზანქანისათვის თვალი არავის აურიდებია - ყველას ისე ეჭირა თავი, თითქოს არც არაფერი მომხდარა. ლოცვა რომ დამთავრდა, სალოცავიდან რომ გადიოდნენ, ყველამ ჩვეულებრივად ჩამოართვა ხელი, ყველამ უბრალოდ უსურვა მშვიდობის ღამე. ბენო კაკიტელა და იორამ ბაზაზა კი მომღიმარნი შესდგნენ ზანქანის წინ. ბენო კაკიტელას ზანქანის ხელი კარგა ხანს ეჭირა ხელში.
- ხომ კარგად ხარ, ჩვენო თვალისჩინო, ზანქან, ხომ კარგად! - ცხადია, ამ ირონიამ ზანქანს გული დაუკოდა, მაგრამ ეს არაფერი იყო იმასთან შედარებით, რაც აწი უნდა მოესმინა, - აფერუმ, ჩემო ზანქან, ჩვენო თვალისჩინო, აფერუმ, რა ისრეელი ოჯახი გქონია, შვილიც რა გადასარევი! - ბენო კაკიტელას თვალები უციმციმებდა, სახე გაბადროდა, რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, იორამ ბაზაზამ მკლავში ჩაავლო ხელი, შეაჩერა, მერე მარჯვენა წვერში შეიყო და აუჩქარებლად თქვა:
- ზანქან, შენ დიდად ჭკვიანი კაცი ხარ, თორის მცოდნე, ნუსხური წერაც იცი, გეხსომება რომელმა ბრძენმა თქვა, ეს ცხოვრება კიბე არი, ზოგი ადის, ზოგი ჩამოდისო, ჰა?
ზანქანმა თავი გააქნია, არა, არ მახსოვსო. ბენო კაკიტელა კვლავ სახეგაბადრული, თვალებაციმციმებული შესცქეროდა ზანქანს.
- რაც არ გინდა, არც გახსოვს, ხო? - ისევ აუჩქარებლად თქვა იორამმა.
- მე მშვიდობის ღამეს გისურვებთ! - თქვა ზანქანმა და ორივეს ზურგი აქცია.
სალოცავის ეზოში გასული იორამ ბაზაზა ჯამაათს აღშფოთებული ელაპარაკებოდა: ამაყია ეს თქვენი ზანქან ზორაბაბელი, ჩვენთან საუბარიც კი არ ისურვაო, ისინიც უსმენდნენ, თავს უხმოდ უკრავდნენ.
იმ დღიდან მოყოლებული ზანქანი და ხახამ აბრაამი ლოცვის შემდეგ ბეით-ქნესეთში სასაუბროდ, თორის კითხვისა და განმარტებისათვის რჩებოდნენ. ამ საუბრებმა ზანქანი თავის თავთან დააბრუნეს. ეს კი იმის დასტური გახლდათ, რომ ელდამ გაუარა.
ხუთშაბათ დილას, ბეით-ქნესეთიდან გამოსული, ფეთხაინის აღმართს რომ შეუდგა და დროდადრო გზისპირას ჩამომავალ ღელესთან თავმოყრილ ხოხბებს ავლებდა თვალს, ვიღაცის დაჟინებული მზერა იგრძნო. მომზირალისაკენპირი არ იბრუნა, მაგრამ ხოხბები რომ რაღაცამ დააფრთხო და მტკვრისაკენ ჟივილით დაეშვნენ, თვალი გააყოლა და ზანქანმა ცხენზე მჯდარი, მომღიმარი ბახა ოფიმარი დაინახა. ბახა ცხენიდან ჩამოხტა, ზანქანს მიეგება და მხარზე ემთხვია. ერთმანეთი რომ მოიკითხეს, ზანქანმა ღიმილნარევი საყვედურით თქვა:
- რა ხანია, ოსტატო, შენი ნაფუნჯარი არ მინახავს, რატომ არაფერს მაჩვენებ?
- ოფიმართა კარი მუდამ ღიაა ზორაბაბელისათვის, გნებავს ახლავე!
- ახლავე იყოს! - მიუგო ზანქანმა.
ფეთხაინი ჩამოიარეს, მტკვრისაკენ დაეშვნენ. მდინარის პირას (ამღვრეული მტკვარი ბრაზობდა, ხმაურობდა, თოლიები უაზროდ გაჰკიოდნენ). მზის სხივებით გაჩახჩახებულ ბახას დარბაზში შევიდნენ.
ზანქანი არაერთხელ ყოფილა აქ. შინ ბახას ხუთიოდ ნახატი ჰქონდა - კონსტანტინოპოლიდან ჩამოტანილ ნახატებთან ერთად ეკიდა ფეთხაინზე და არაგვისპირა სახლში. კარგად იცნობდა ამ დარბაზს, მაგრამ შემოსვლისთანავე უჩვეულო განცდა დაეუფლა. მერეღა მიხვდა - დიდი სულიერი სხივი ქმნიდა ამ განცდას. ეს სხივი კი ბახას ახალი ნახატიდან მოდიოდა - ბახას სამეფო სამოსში მორთული მეფე თამარი დაეხატა.
ზანქანი მოჯადოებულივით შესცქეროდა ღვთიური სხივით მოსილი მეფე თამარის სახეს. მის არსებაში დაუნჯებული სიმშვიდე რწმენისმომგვრელ ძალად იკითხებოდა.
მერე ტახტზე დაეშვა და იატაკიდან ჭერამდე აღმართულ პორტრეტს თვალმოჭუტული შესცქეროდა.
- მეფე თამარს შენ დიდებული მზერა აჩუქე, - თქვა ზანქანმა, - მზერა რაა, ჩემო ბახა, იმ ოსტატთაგანი ხარ, მეფეთ მარადიულ სიცოცხლეს რომ ჩუქნიან, - აღარ იქნება ჩვენი მეფე, აღარ ვიქნებით ჩვენ, მომდევნონი შენგან ბოძებული ღიმილით, მზერით დაიმახსოვრებენ და შეიყვარებენ თამარს.
გაჩუმდა. კვლავ ნახატს მისჩერებოდა. დუმილი ბახამ დაარღვია:
- ხილს მაინც მოგართმევ, ზანქან, ბატონო, ვიცი ქრისტიანის ოჯახში სხვას არას ინებებ.
- ურიგო არ იქნება, ჯერაც უსაუზმო ვარ, სალოცავად დილაადრიან გავედი.
ბახამ ლანგარზე დალაგებული ხილი გამოიტანა. ზანქანი მსხალს დასწვდა. მისი მზერის არეში სწორედ ამ დროს მოხვდა ჭაბუკის სახე. მომცრო ნახატი თამარის პორტრეტის გვერდით, ლამის თამარის კაბის ქვედა ნაწილთან, კედელზე უკუღმა მიეყუდებინათ. ზანქანი წამოდგა, ნახატი ისე დადგა, რომ უკეთ შეეთვალიერებინა, კედელს გაეცალა და ყურადღებით დააცქერდა: ტილოზე ჭაბუკს სევდის შარავანდედი ადგა. სევდა იმდენად დიდი იყო, რომ გეგონებოდათ, სევდის გაუვალ რკალში მოვექეციო.
- ჭაბუკი კაცია, გონივრული მზერის, ამოდენა სევდაში რად მოაქციე? - იკითხა ზანქანმა.
ბახამ უცებ არ უპასუხა. ისიც ჭაბუკის პორტრეტს მისჩერებოდა, ისე შესცქეროდა, თითქოს პირველად ხედავსო.
- მეგობარი იყო ჩემი, - თქვა მერე ბახამ.
- იყო?
- ახლა სასუფეველშია.
ზანქანს გულისცემა გაუძლიერდა. მღელვარება ხმაზე დაეტყო:
- ვერა ვცნობ, ვინ არის?
ზანქანი ბახას მეტყველმა დუმილმა მიახვედრა, თუ ვინ იყო პორტრეტზე გამოსახული. იმასაც მიხვდა, რომ ბახამ ყველაფერი უწყოდა.
- ეს უშუა, ზანქან ბატონო, უშუ ძე საურმაგ ფავნელისა, - მაშინ თქვა ბახამ, როცა ზანქანისათვის ყველაფერი ცხადი იყო.
- უშუ, უშუ, უშუ, საურმაგი, საურმაგი.. უშუ ძე საურმაგისა! - ზარივით რეკდა თავში, თავად კი ტუჩებშეკრული, უძრავად იჯდა - კაცი, რომელმაც ჩემი ცხოვრება შეცვალა, ამან შეცვალა ჩემი ცხოვრება - ისევ ზარივით დარეკა თავში და იმ ზარის ხმას მოსდევდა აზრი, რომელსაც ამდენ ხანს ეძებდა, ელოდა და ვერ ეპოვნა. აჰა, ეს აზრიც მოვიდა - თავში ატეხილი ზარის ცემის ხმას მოჰყვა. ზანქანი არ იყო ახალი აზრის ეგრე იოლად მიმღები კაცი, ათასგზის სწონიდა, სინჯავდა. ახალწვეული აზრი კი ერთხელაც არ გაუსინჯავს, ერთხელაც არ დაეჭვებულა ვარგოდა, თუ არა. ეს აზრი ზარის ხმას მოჰყვა და ადგილიც უმალ დაიმკვიდრა. ამიტომაც შეუვალად თქვა:
- ეს ნაფუნჯარი მე უნდა მეკუთვნოდეს, მჭირდება, ესენიც, ბახა!
ტახტზე გადაზნექილი, მკერდგაღეღილი ბაჩევა კვლავ ჭერს მისჩერებოდა. კაბა ლამის ბარძაყებამდე აჩეჩოდა. ეუდამ კარი რომ შეაღო და ნახატები შეიტანა, არც შერხეულა. ამ ოთახში ადამიანები შემოდიოდნენ, მერე გადიოდნენ, ბაჩევას არავისთან არარა ხელი არ ჰქონდა.
ეუდას მზერის არეში ბაჩევას სავსე მკერდი, ვნებისაღმძვრელი ბარძაყები რომ მოექცა, სუნთქვა შეეკრა. მოეჩვენა, თავბრუ მეხვევაო, შედგა, თვალები მოხუჭა. ბაჩევას მკერდი და ბარძაყები კვლავ თვალწინ ედგა. მერე თვალები გაახილა. ნახატები კედელთან მიდგა და უცებ დატოვა ოთახი. ზანქანი უხმოდ მიაჩერდა ეუდას. ეუდამ რომ ორ ნახატს წაავლო ხელი, უთხრა:
- იყუჩე!
ეუდა შეჩერდა. ნახატები ხელში ეჭირა. ზანქანი გულგრილად შესცქეროდა მათ. ერთ ნახატზე თვალგაუწვდენელი მწვანე, საამო სახილველი ველი გადაჭიმულიყო. ველზე ბალახი ბიბინებდა. ონავარი ნიავი უაზროდ მიმორბოდა. ველს მზერა შორს, ძალიან შორს მიჰქონდა. იქ კი ნაყოფით დახუნძლული, აფერადებული ხე იდგა. ზანქანს ეს ნახატი ქვეყნიერების უსასრულობაში არწმუნებდა. იმაშიც არწმუნებდა, თუ რაოდენ შორსაა ყოველი ნაყოფი, რამდენი უნდა იმეცადინო, რამდენი ოფლი უნდა ღვარო, რომ იმ ნაყოფს ხელი შეახო. არაერთხელ ყოფილა: ფარდაგზე მჯდარი ამ ნახატს შესცქეროდა და სამყაროს შექმნის მესამე დღეზე ფიქრობდა: ალბათ, ასეთი იყო იმ დღეს პირველქმნილი ზღვა და ხმელი, ალბათ, ასე სუნთქავდა და ბიბინებდა ბალახი ,,და თქვა ღმერთმა: ,,აღმოაცენოს დედამიწამ აღმონაცენი - ბალახი, თესლის მთესველი, ხე - ნაყოფიერი, ნაყოფის მომტანი... და იქმნა ასე“
ამ ნახატის ცქერის შემდეგ ლოცვის სურვილი უჩნდებოდა.
მეორე ნახატიც - ,,არწივი“ - კონსტანტინოპოლიდან ჩამოიტანა. მაშინ ბაჩევა ორიოდ წლისა იქნებოდა... მხატვრის სახლი კონსტანტინოპოლში, ზღვის პირას იდგა. სანაპიროზე იმდენი წერო ჩამომსხდარიყო, ისე გამალებული ეძებდნენ ლუკმას, როგორც ბეჩავი ადამიანები. ზანქანმა მხატვრის სახლამდე ძლივს მიიკვლია გზა. სულ წეროების კივილი და ფრთათა ტკრციალი ჩაესმოდა ყურში. ზანქანმა მხატვარს ჰკითხა, ახალი თუ გაქვს რაიმე ისეთი, ამ ზღვების გადაღმა წასაღებად რომ ღირდესო. აი, არწივი დავხატე, მაგის წასაღებად ორი კი არა ხუთი ზღვის გადმოცურვაც ალალი იქნებოდაო, მიუგო ბერძენმა მხატვარმა, რომელსაც ტუჩები უცნაურად დაებრიცა და თავის საქმეს მიუბრუნდა. ცოტა ხნის შემდეგ კი ნახატს ასეთი ფასი დაადო: ერთ ვერცხლად ანატოლიის მთებში დატყვევებულ ორ არწივს მოგგვრი, ჩემს დახატულ არწივს კი ხუთასი ვერცხლიც არ ეყოფა. ცოცხალი არწივი მიიცვლება, ჩემი არწივი მარად იცოცხლებსო.
ზანქანმა კარგა ხანს უცქირა ,,არწივს“. მერე თქვა: მე ის მიკვირს, ფასი როგორ დაადეო.
ზანქანი დერეფანში უხმოდ მიმოდიოდა. ეუდას კი იქით, ბაჩევას ოთახისაკენ მიუწევდა გული. კვლავ მისი მკერდი, ბარძაყები ედგა თვალწინ და გული აჩქარებით უძგერდა.
- ახლა კი შედი, შეიტანე, - თქვა ცოტა ხნის შემდეგ ზანქანმა და ეუდას მოუთმენელ მოლოდინს მოუღო ბოლო. ეუდა უმალ ბაჩევას ოთახისაკენ გაემართა. ბაჩევა ისევე დახვდა, როგორც დატოვა - თითქმის წამოწოლილი, მკერდგაღეღილი, კაბა - ლამის წამოხდილი. ეუდამ თვალები დახუჭა და გაიფიქრა: „ასე რავა იქნება, ცოდო-მადლის საქმეა! ახლა ეს ასე კი არ უნდა იჯდეს, ოთხში უნდა გყავდეს მოქცეული და სიამით უნდა კრუსუნებდეს. ასე გამოშტერდება, აბა, რა!“ - მერე ნახატები იატაკზე დაყარა და ბაჩევასაკენ დაჯერებული კაცის ნაბიჯებით გაემართა - თითქოს იმ კუთხეში რაიმე ნივთი დარჩა და უნდა აიღოსო. მიუახლოვდა, ტახტზე გადაწოლილ ქალს, მის ვარდისფერ ფეხებს, მკლავებს დააცქერდა და სუნთქვა შეეკრა, მერე ბარძაყზე ფრთხილად გადაუსვა ხელი. ბაჩევა, ცხადია, არც შერხეულა. ეუდა კი ჟრჟოლვამ აიტანა და ახლა უფრო მეტი სიბეჯითით გადაუსვა ქალს ხელი ბარძაყზე, თან თვალებში ჩასცქეროდა პატრონის ასულს. ბაჩევას მზერა კვლავაც გაჰყინვოდა - იგი არაფერს არ გრძნობდა. ეუდას მთელ სხეულზე ცივი ოფლი მოედო, ხელი დაუშვა და სინანულით დააცქერდა ქალს. ბაჩევას არა მხოლოდ მისი ხელის შეხება არ უგრძვნია, ეუდას აქ ყოფნასაც ვერ აცნობიერებდა.
ყმაწვილს ის დღე გაახსენდა, ბაჩევა ხელში რომ აიტაცა და ბორანისაკენ გააქანა - რა თბილი, ვნებისაღმძვრელი იყო ქალის სხეული, მაგრამ იმ დღეს ეუდას სხვა რამ ჰქონდა საფიქრალი, ამიტომ სხეულის სითბო ვნებისაღმძვრელი კი არა, ხელისშემშლელი იყო და ამ გრძნობას არ ემორჩილებოდა.
ილაჯწართმეულმა უღონოდ აიღო ნახატები, კედელთან მიდგა და გასასვლელისაკენ გაემართა. ვიდრე გავიდოდა, კიდევ ერთხელ გახედა ბაჩევას და გაიფიქრა: ,,არა, ასე არ იქნება, ამას სხვანაირად უნდა მივხედო, ასე დაჭკნება“
დერეფანში გასულ ეუდას ზანქანი კითხვის გამომხატველი მზერით მიაჩერდა. ეუდამ თავი გააქნია.
- ახლა ეს ორი შეიტანე! - ზანქანმა ბახა ოფიმარის ორ ნახატზე მიათითა. ერთი მათგანი უშუს პორტრეტი იყო. ეუდამ ნახატები უხმოდ აიღო და კვლავ ბაჩევას ოთახისაკენ გაემართა. ზანქანს კი ლამის სუნთქვა შეეკრა, სმენად იქცა. ზანქანი დაძაბული ელოდა მოხდებოდა თუ არა ის, რასაც ელოდა, რისთვისაც ეს ნახატი შინ მოიტანა. სუნთქვაშეკრულს სიჩუმე საუკუნედ ეჩვენა და ის იყო იმედამოწურულმა გაიფიქრა არც ამ გზამ გამიმართლაო, ბაჩევას კივილი გაისმა - ბაჩევამ განწირულივით შეჰკივლა.
ეუდა ოთახიდან გამოვარდა.
- მე არაფერი... მე არაფერი მიქნია... მე გამოვდიოდი... ასეთი რა დაინახა... მე გლახა არაფერი...
ზანქანს კი გული სიამით ევსებოდა, სიხარულმორეულმა შვებით ამოისუნთქა და წამოწითლებულ, ოფლმოდებულ ეუდას უთხრა:
- ახლა ეს ორი შეიტანე და დააკვირდი!
ეუდამ ნახატები ბაჩევას ოთახისაკენ წაიღო. დერეფანში იოხაბედი გამოჩნდა.
- რა ხდება, ბატონო, რატომ დაიკივლა ბაჩევამ, რა ხანია მაგის ხმა არ გამიგონია! - იკითხა მუდამ აუღელვებელმა იოხაბედმა.
- ოთახში მიბრძანდი, იოხაბედ, თავის დროზე ყველაფერს გაიგებ, - მიუგო ქმარმა.
იოხაბედმა კარი მიიხურა.
- ტირის ბატონო, მწარედ მოთქვამს - ფრიად სასიამოვნო რამ აუწყა ბაჩევას ოთახიდან გამოსულმა ეუდამ პატრონს. ზანქანს კი ეწადა დიდხანს ესმინა ბაჩევას ტირილი. ასეთი ნეტარება ზანქანს ალბათ, არასოდეს განეცადა.
ეუდა კარგად ხედავდა, თუ როგორ იცვლებოდა მისი პატრონის სახე - ზანქანს მზერა გაუბრწყინდა. მერე ეზოსაკენ გაემართა - უნდოდა შელოსთვის ებრძანებინა, თინათი აბულეთის ძე მოიპატიჟე, ბაჩევას დაელაპარაკოსო. ორიოდ ნაბიჯი გადადგა თუ არა, მოულოდნელად ეუდას ხმა მოესმა:
- შარშან მოგატყუე, ბატონო!
ზანქანი მყისვე მოტრიალდა, ეუდას ჯიქურ ჩააცქერდა თვალებში. სახტად დარჩენილმა ეუდამ მზერა დახარა:
- შარშან, ჩემსას რომ მობრძანდი, გითხარი, ფულისთვის გავიტაცე შენი ქალი-მეთქი, მოგატყუე, - ეუდა გაჩუმდა.
- გისმენ! - თქვა ზანქანმა მოკლედ და მშრალად.
- მომწონდა და იმითვინ გავიტაცე! - ეუდას. საკუთარი ხმა ეუცხოვა, ინტონაციაც. თითქოს სულ სხვა კაცი ლაპარაკობდა.
„იკურთხოს, გამჩენო, შენი სახელი! ეს კიდევ რა არის!“
ზანქანმა ეუდას შეძახილი დროში არსებობის მეორე ნიშნად მიიჩნია, ეუდას დააკვირდა და გაიფიქრა: ,,კარგი ის არი, რისთვისაც ეს ტყუილი დასჭირდა“. ეზოსკენ გზა განაგრძო.
ბაჩევას პორტრეტი არასოდეს ენახა.
მართალია, ზანქანს კონსტანტინოპოლიდან ნახატები ხშირად ჩამოჰქონდა, ზოგი მათგანი ტფილისში ეკიდა, ზოგი - შავი არაგვისპირა სახლში, პორტრეტი კი არასოდეს არ უყიდნია. ერთი გარემოების გამო - პორტრეტის შექმნა ღვთისეული მცნების უარყოფად მიაჩნდა. ადამიანის ხატვა მის კერპად ქცევას ნიშნავსო. ამ მიზეზის გამო არ ენახა ბაჩევას ტილოზე გადატანილი ადამიანის სახე.
ფიქრწართმეული, გაოგნებული ბაჩევა ჭერს მისჩერებოდა. ეუდამ ოთახში ორი ტილო რომ შეიტანა, რაღაცამ შეაკრთო. არა, ტილო ჯერ არც დაენახა, ჯერაც ჭერს მისჩერებოდა, მაგრამ სხეულმა მაინც იგრძნო, რომ ოთახში რაღაც განსაკუთრებული მოხდა. ჭერს მიბჯენილი მზერა ქვემოთ რომ დაეშვა და უშუს სახეს ჰკიდა თვალი, ელდა მშიერი, კბილებღრჭიალა მგელივით დაეძგერა ბაჩევას და ამიტომ შეჰკივლა ასე მწარედ. შეჰკივლა და გონებაში ფიქრთა მდინარებაც აღსდგა. როგორც კი ფიქრთა მდინარება აღსდგა, შიში დაეუფლა. კედლისაკენ იბრუნა პირი. აქაც უშუს სახე შეეფეთა: უშუ შემოსცქეროდა და რაღაცას ეუბნებოდა. ამიტომ მყისვე მოუბრუნდა, ნახატს მიაჩერდა და ზურგი აღარ აქცია: უშუ საყვედურობდა, ზურგს რატომ მაქცევ, რისთვის გამირბიხარო. აი, ამ დროს წასკდა ცრემლები.
უშუს გარდაცვალებიდან რა ხანი გავიდა!
დღეს პირველად და მწარედ ატირდა ზანქანის ასული. აქამდე თითქოს არც არსებობდა. მის გონებაში ახლა შემოიკრა იმის ზარი, რაც რამდენიმე თვის წინათ მოხდა და საქართველოს დედაქალაქისათვის ერთობ მოძველებული ამბავი იყო. თითქოს ახლა, ამ წუთში გაქრა ქვეყნიერების პირიდან ის, ვის მკლავებშიც წარმოიდგენდა ხოლმე თავს და ეს წარმოსახვა განუზომელ ყმაწვილქალურ სიამოვნებას ანიჭებდა.
ბაჩევა მწარედ მოთქვამდა.
ზანქანს კი ნეტარებას გვრიდა იმის სმენა, თუ როგორ მოსთქვამდა მისი შვილი. ამ წუთებს, ამ დღეს ცხოვრების უბედნიერეს დღედ მიიჩნევდა. სიხარულისაგან ცრემლიც კი მოადგა თვალზე - უფალს მადლობა შესწირა, რომ მისი ვედრება შეისმინა. ეზოში ჩავიდა და შელოს უბრძანა, ახლავე ვინმე გაგზავნე, თინათის ვეაჯები აქ მოვიდესო. ვიდრე თინათი არ მოვიდა, სახლში არ შესულა - ეზოში ელოდა, თუმცაღა, ცრიდა, ეზოს დამამშვენებელი - წვიმაში გალუმპული - ხოხბები საწყალობლად გამოიყურებოდნენ. თინათი საც არ დაუყოვნებია - დროულად მოაგელვა ცხენი. რა ხდებაო, აფორიაქებულმა ჰკითხა შეგებებულ ზანქანს. ზანქანმა კი მშვიდად მიუგო: ბაჩევა ტირის, შენთან ერთად მოთქმაც გაუიოლდებაო. თინათი ბაჩევას კარამდე მიაცილა, და ერთობ კმაყოფილი გაემართა თავისი ოთახისაკენ.
საღამო ხანს, მზე თვალს რომ მიეფარა და უმზეოდ დარჩენილი გარინდული ქვეყნიერება თითქოს ცას გამოეკიდა, ზანქანმა ბაჩევას ხელი ჩაჰკიდა, ეზოში ჩამოიყვანა და სთხოვა ხოხბები დააპურეო. ბაჩევამ უხმოდ დაიწყო ხოხბების დაპურება. ზანქანმა კი ეუდა ახმობინა.
- მოგატყუეო, მეუბნებოდი, - თქვა მშრალად.
- კი, ბატონო, ასეა, ჩვენსას რომ მობრძანდი, ფულისთვის გავიტაცემეთქი, გითხარი, მომწონდა და იმად გავიტაცე, ცოლად მიმყავდა.
ზანქანი კარგა ხანს დუმდა. ხან ეუდას ახედავდა, ხანაც მაგიდას დასცქეროდა.
- რამდენი წლისა ხარ? - იკითხა მერე.
- მგონი, საფესახოდ ოცდაერთის გავხდები, ან ოცდაორის.
„დიდი დრო გასულა“, - გაიფიქრა ზანქანმა და მაგიდას დააცქერდა, - დროში არსებობაზე ფიქრობდა, დროში არსებობის აუცილებლობაზე: „მთავარი დროში არსებობაა. დანარჩენი ღვთის ხელშია. წვრთნაც არ უნდა დააკლო ახალგაზრდა კაცს“.
- ეს მითხარ, ეუდა, რამდენი ფულის პატრონი ყოფილხარ?
ეუდა დაბნეული მიაჩერდა პატრონს - ვერ გაიგო, რას ეკითხებოდა.
- რამდენი გქონია ფული. გინდაც ჯიბეში, გინდაც შენახული. ათი, ასი?
- ასი? რას ამბობ, ბატონო, გინდაც ათი იყოს! არც მინახავს - თქვა ეუდამ და გაეცინა. ალალი სიცილი გულწრფელობას ადასტურებდა.
ზანქანი უხმოდ იჯდა - დროში არსებობის ახლადაღმოჩენილ შანსს ჩხრეკდა. მერე თქვა:
- შენ როგორა გგონია, ეუდა, ფულის შოვნას მეტი ჭკუა უნდა, თუ ხარჯვას?
ეუდამ ხმამაღლა გაიცინა.
- ფულის ხარჯვას რა დიდი ჭკუა უნდა, შოვნაა მთავარი! შოვნა თხოულობს ჭკუას. ხარჯვა რა, ამოიღე ჯიბიდან და მორჩა!
ზანქანი უხმოდ მისჩერებოდა ეუდას. მერეღა თქვა:
- ფული ხომ ხამორებსაც3 უშოვნიათ?!
ეუდამ გულიანად გადაიხარხარა:
- მდიდარი ხამორი მე ჯერ არ მინახავს.
- ვერც ნახავდი, ეუდა, ჩვენი ისრეელობა სიბრიყვეს უფულო კაცში ეძებს და არა იმათში, ვისაც გაუმართლა.
- გაუმართლა? რატომ გაუმართლა? იქნება, კი არ გაუმართლა...
„არა, ეს ნამდვილად არ არი ბრიყვი. თუ ძალა იგრძნო, ცხოვრებას რქებში წაავლებს ხელს“ - გაიფიქრა ზანქანმა.
- მაშ, შენ ამბობ, რომ ფულისთვის არ მოგიტაცნია ჩემი ქალი, - მოგწონდა და იმად მოიტაცე? - თქვა მერე ხმადაბლა.
- კი, ასეა - მიუგო დაბნეულმა ეუდამ.
- ჰო?! - ზანქანის ხმაში ისეთი გაკვირვება იგრძნობოდა, თითქოს ახლა, ამ წუთში გაიგო ყველაფერი ეს. ეუდასაკენ არც მობრუნებულა. ისევ ეზოს გადასცქეროდა, იმას აკვირდებოდა, თუ როგორ იბუდებდნენ ხოხბები. მერე აუჩქარებლად მოტრიალდა, და ეუდას თვალი თვალში გაუყარა - ახლა ეს მითხარი, ეუდა, ამ დილას რატომ მომატყუე, ახლაც მატყუებ - შენი ქალი მომწონდა და მომწონსო.
ეუდამ პასუხი შეაყოვნა. ზანქანმა იგრძნო, ყმაწვილი თანატოლივით შესცქეროდა.
- მაგრამ ახლა სხვანაირად არი საქმე და თუ მოვახერხე, მართლა მოვიტაცებ.
- რატომ? - ხმადაბლა იკითხა ზანქანმა, - ასე გიჯობს?
- არა, ასე მინდა! - ეუდას ხმაში კატეგორიულობა იგრძნობოდა, - მომწონს შენი ქალი და მოვიტაცებ, - მე არაფრად მენაღვლება, მაგი რო აქ მტკვარში ჭყუმპალაობდა. ქალის ჭკუა სად გაგონილა! - თქვა და კარისაკენ გაემართა.
ზანქანი მშვიდად შესცქეროდა მიმავალ ეუდას. ახალგაზრდა კაცი რომ გავიდა, სავარძელში ჩაჯდა, სავარძლის საზურგეს თავი მიადო და თვალები მოხუჭა. კარგა ხანს იჯდა უძრავად, უხმოდ, ფიქრში ჩაძირული. წამოდგა, ერთხანს ეზოს შესცქეროდა მერე შელოს გასძახა, ეუდა მოვიდესო. რამდენიმე წუთში ეუდა კვლავ მის წინ იდგა.
- ხო, რას მეუბნებოდი? ბრაზით ლაპარაკობდი და ვერაფერი გავიგე.
ეუდა ერთ ხანს დუმდა. ზანქანს მისჩერებოდა. ზანქანს მოსწონდა, ეუდა პასუხის გაცემას რომ აყოვნებდა.
- მეფისტოლა კაცი ხარ, მაგრამ მაინც გეტყვი: მომწონს მე შენი ქალი, ზანქან... - შენ ხომ იცი, მაგ ჩემს ქალს რაც გადახდა თავს. მონათლულა, ჯვრის დაწერაც ეწადა, თურმე...
ეუდას უცნაურად დაემანჭა სახე.
- იიი... მერე? მერე ეგ რა არი?!
- ეგ ამბავი მთელმა ქალაქმა იცის... ზოგიერთი ისრეელისშვილად აღარც მიიჩნევს.
- იიი... - ეუდას ახლა სახეზე ზიზღი გამოეხატა - მერე მე რაში მენაღვლება! ერთ კვირაში... მაგას ერთ კვირაში აღარაფერი ეხსომება... ისრეელის შვილი რატომ არ არი?!
- ასე ამბობენ მეთქი.
„ახლა არ ბრაზობს, ახლა ნაფიქრს ლაპარაკობს“- გაიფიქრა ზანქანმა.
- მე გეუბნები ამას, ზანქან, ერთ კვირაში დავავიწყებ ყველაფერს, ერთ კვირაში აღარც მტკვარში ბანაობა ეხსომება და... გაეცინება, თუ გაახსენდა.
ზანქანმა უჯრა გამოაღო, ტოპრაკი ამოიღო და მაგიდაზე დიდძალი ვერცხლის ფული დაყარა. მერე ფანჯარასთან მივიდა. ხმას არ იღებდა.
ეუდა გაოცებული შესცქეროდა პატრონს.
- ეუდა, ასე ვქნათ ჩვენ, ასე მოვიქცეთ: მაგიდაზე ვერცხლს ხომ ხედავ, ეს ფული ამ წუთიდან შენია! ათასი ვერცხლია მანდ. ამდენი ფული ქალაქში ათ კაცს არ ექნება. ამ წუთიდან შენ დიდი ძალის პატრონი ხდები. წაიღე ეს ფული, ექვსი თვე მომიცია შენთვის. სადაც გინდა, როგორც გინდა, ისე იცხოვრე, რაც გეწადოს, ის აკეთე... წელიწადი იყოს...
- ამ ფულს რატომ მაძლევ? - ხმადაბლა იკითხა ეუდამ.
ზანქანმა პასუხი დააყოვნა. მერე ეუდასაკენ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, გვერდი უქცია, ეუდას მისი ხმა ზურგსუკნიდან მოესმა:
- გამოცდას გიწყობ, ეუდა, არ გიმალავ, რომ გამოცდას გიწყობ. უფულო კაცი საბრალოა, ფულის პატრონი კი... ფულიანი კაცი ყოველდღე განსაცდელის წინაშეა... ფული გამოაჩენს მის კაცობას. ფული დიდი ძალაა. გამოსაცდელი კი ის არი, თუ რაში გამოიყენებს თავის ძალას, რისთვის... ეს ფული ამ წუთიდან შენ გეკუთვნის. არასოდეს არც ერთი შაურის დაბრუნებას არ მოგთხოვ... იმას კი მოგკითხავ, ფული რაში დახარჯე, - ზანქანი მაგიდას მიუბრუნდა, ტოპრაკი აიღო და ვერცხლის ფული ხელის ერთი მოსმით ჩაყარა შიგ. მერე მაგიდაზე დარჩენილ თითო-ოროლა ვერცხლსაც ტოპრაკში გადაუძახა, - მე მხოლოდ ანგარიშს მოგთხოვ და არა ფულს, - თქვა ზანქანმა და კარი გამოაღო, - თუმცა, შეგიძლია ანგარიშიც არ მომიტანო. ისედაც გაიგება ყველაფერი. სად დაიმალება! ბაჩევაზე მერე ვილაპარაკოთ, ექვსი თვის, ერთი წლის მერე.
ზანქანმა ტოპრაკი ეუდას ჩაუდო ხელებში და ოთახიდან გავიდა.
ეუდა კარგა ხანს იდგა ოთახში, ხელში დიდი სიმდიდრე ეჭირა და ფიქრობდა: ,,აჰა, დიდი ფულის პატრონიც გავხდი, ახლა რა ვქნა?“
_________________________
1.აბის თვე - ებრაული კალენდრის ერთ-ერთი თვე. ემთხვევა ივლის-აგვისტოს. მიჩნეულია სამგლოვიარო თვედ, რადგან სწორედ აბის თვეში გაანადგურეს ნაბუქოდონოსერმა (მე-6 ს.ჩვ. ერამდე) იერუსალიმის ტაძარი, რამდენიმე საუკუნის შემდეგ - კი ტიტუსმა (I საუკუნე) აბის თვეში. ამ თვეში მოხდა სხვა ტრაგიკული მოვლენები.
2.გალუთი - დიასპორა, უცხოობა.
3.ხამორი - ვირი, სახედარი. აქ ბრიყვი
![]() |
15 ყმაწვილი ქალის გული |
▲ზევით დაბრუნება |
ზაფხული იდგა. არაგვისპირში მაყვალი მწიფობდა. შაბათ დილას, ბაჩევა თავის ოთახში რუთის წიგნს კითხულობდა, ზანქანი და ყოველი მისი მსახური სალოცავ ოთახში შეკრებილიყო. ლოცულობდნენ, ხოლო იოხაბედი, როგორც ყოველ შაბათ დილას, სარკესთან იჯდა და ფერუმარილს ისმევდა, ბაჩევას ოთახში ვიღაცამ სარკმლიდან ბარათი შეაგდო. ბაჩევა ჯერ გაოცებული მიაჩერდა ბარათს, თითქოს შეეშინდა კიდეც მისი - არ ეკარებოდა. მერეღა წამოდგა. შიშით გახსნა და კითხვა დაიწყო.
ბარათი ჩემგან ჩემი სიცოცხლის ანგელოსსა
სწორედ ეგრეა, ბაჩევა - შენა ხარ ანგელოსი ჩემი სიცოცხლისა, რომ არა შენ, ჩემი სიცოცხლეც არად ეღირებოდა. მე ვიცი შენ ჩემსკენ ერთხელაც არ მოიხედავ, არც იმას ჩააგდებ რამედ, ჩემი სიცოცხლის ანგელოსად რომ მიმიჩნევიხარ შენ, ადამიანი, რომელსაც მე არად ვუღირვარ. მაგრამ რა - შენა გგონია მე ეს მადარდებს? ჩემთვის მთავარი განა მე ვარ - შენი მონა, ფეხთა მტვერი შენი. არა, მთავარი შენა ხარ, მთავარი ის არი, შენ რომ არსებობ, სუნთქავ, იცინი, საუბრობ.
შენნაირთ მრავალი საფრთხე მოსდევს. გეაჯები, იყავ ფრთხილად, იყავ მხნედ, რადგან შენს ყოფაზედ ჩემი სიცოცხლე ჰკიდია. ჩემს სიცოცხლეს მხოლოდ შენ აძლევ აზრსა. იმად ვცოცხლობ, შენ რომ გიმზირო. თუნდაც შორიდან ვტკბებოდე შენით.
ის, ვისი სიცოცხლის ანგელოსიც არი ბაჩევა - ასული ზანქანისა და იოხაბედისა
![]() |
16 მეფე-ქმარი |
▲ზევით დაბრუნება |
ასეთი სიხარული საქართველოს დედაქალაქის არც ერთ უბანს არ ახსოვდა. პატარა საქმე ხომ არ იყო - საქართველოს მეფის ქმარი უცხოელი ხდებოდა. და იმ უცხოელს ქალი განა მიჰყავდა, თავად მოდიოდა საქართველოში! იური ბოგოლუბსკის ტფილისში ჩამოსვლას ყველა დღესასწაულობდა - დიდიც და პატარაც, შეძლებულიც და უქონელიც. უქონელი უფრორე. ახალი მეფის იმედი ხომ უქონელთ მეტი აქვთ, ეგ სწორედ ჩემთვის გაირჯება, სწორედ ჩვენზე იზრუნებს და არა იმათზე, ვისაც ისედაც ულხინსო, ფიქრობს. ტფილელნი ხარობდნენ: რუსეთის ბედის გამგებელი საქართველოს მეფის - მზეთამზე თამარის უღლის გამწევი ხდება, მთელი დუნია ჩვენ შემოგვცქერის, ჩვენზე ლაპარაკობსო. სიხარული ყველგან იგრძნობოდა: მოედნებზე, ბაზრებში, მოქარავნეთა შორის, დიდებულთა ოჯახებში. თუმცა, ამ სიხარულს რომ გამოხატავდნენ, მერე იმას კითხულობდნენ, თუ საით იყო რუსეთი, რანაირი ადამიანები არიან რუსები - შავი, თუ ჩვენსავით ხორბლისფერნიო. ვიღაცამ დიდი ცოდნა გამოამჟღავნა, ეგენი სკვითები არიანო, მაგრამ ის კი ვერ თქვა სად ცხოვრობდნენ ეგ სკვითები - სპარსთა ქვემოთ, თუ ზემოთ.
სამეფო კარი ყველაფერს ყურადღებით ადევნებდა თვალს. მსტოვარნი დღისით ქუჩებში, ბაზრებში, მოედნებზე გაგონილს თავთავიანთ მეთაურებს გადასცემდნენ, მეთაურები კი ამირსპასალარის შემწეთ, ამირსპასალარი ისე როგორ დაიძინებდა, ყველაფერი წვრილად არ შეეტყო. ქალაქის ამბები მამიდა რუსუდანსაც ხელის გულზე ელაგა: კარგად უწყოდა, თუ რას უწონებდნენ იური ბოგოლუბსკის. ღამით შეტყობილ ამბავს დილას საუზმისას მოახსენებდა ძმისშვილს. ერთხელ კი ნათქვამს დასძინა:
- შენ ამბობდი, ვითარ იქნებაო, ჯერ კარგად გავიცნოთო, მართალიც იყავ, აი, ხომ ხედავ, შენზე ადრე ხალხმა შეიტყო როგორიც არი, ვგონებ, შეიყვარა კიდეც.
ამის გამგონე ყმაწვილმა მეფემ თავი გააქნია. გაიფიქრა: „ხალხმა გაიცნო, თუ ფეხის ხმას აჰყვა?“ ხმამაღლა კი არაფერი თქვა. გაუჭირდებოდა კიდეც აუგის თქმა: იური ბოგოლუბსკი თვალტანად მშვენიერი სახილველი იყო, კეთილაღნაგი და თვალადი. ხალხი კი ამას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა.
ქორწილი მამიდა რუსუდანმა დანიშნა. რა ხანია უფლისწული ტფილის-ქალაქს არის, ამ საქმის გადადება აღარ ღირსო, თქვა და ქორწილი დათქვა. მით უმეტეს, რომ აბულასანმა ორჯერ მოახსენა, ჯვრისწერისთვის ყველაფერი მზადა გვაქვს, ხალხს ვეღარ ვაკავებ, როდისღა დავწეროთ მეფეს ჯვარიო. მაგრამ, ვიდრე ჯვრისწერა გაიმართებოდა, ისევ მამიდა რუსუდანის მოთავეობით, იური ბოგოლუბსკის სახელი გამოუცვალეს - გიორგი უწოდეს. ნათლიები ფარნავაზის ძე და აბულასანი იყვნენ. უნდა გენახათ, ფარნავაზის ძეს რაოდენი სასოება აღბეჭვდოდა სახეზე ეკლესიაში ხვალინდელი მეფე-ქმრის გვერდით რომ იდგა. ფალავანდის გულში კი ყინვას ათოვდა. ფალავანდმა
ეკლესიიდან გამოსვლისას თარხანის ძეს მხარზე ხელი დაჰკრა, ამოიოხრა და თქვა:
- დარდს ნუ შეეჭმევინები, ჩვენს ეზოშიც გაბრწყინდება მზე!
აბულასანმა ინება ასე: ეს ჯვარისწერა ყველამ უნდა იზეიმოს, დღეს საქართველო მომავალზე ქორწინდებაო, რაზეც ფალავანდმა ბევრი იცინა:
- აბულასანს ის უნდა, რუსი ყველა ქუჩის, ყველა შუკის სიძე გახდეს, იქნება თავადაც მისთხოვდეს რუსსა!
ასე იყო თუ ისე, საქორწინო დღესასწაული დაიწყო. ტფილისის ყველა
უბანი ცდილობდა თავისი წილი სიხარული არ დაეკლო. მტკვარს გაღმა, ისანში არაბები ილხენდნენ, აქეთ, ხარფუხში, ფეთხაინში, ორთაჭალაში - ქართველნი, იუდეველნი, სომეხნი, სხვებიც ბლომად იყვნენ - ყველას თავისი ლხინი ჰქონდა.
ქორწილი ორი კვირა გაგრძელდა. დიდი ლხინი იყო, დიდი პურობა, პირმზიანობა. იმდენად დიდი, რომ ეკატერინე ივანოვნას - აწ უკვე მეფე-ქმრის დედის - თითქმის ნამდვილი დედოფლის - რუსული გულახდილობით ნათქვამი: ,,რა კარგი ქვეყანა ყოფილა ეს საქართველო და ამდენი ქართველი რატომ უნდა ცხოვრობდეს აქაო“ ბევრის ყურს მისწვდა, მაგრამ გონებას - არც ერთი ქართველისა. ვინც გაიგო, ვინც მიხვდა, რასაც მეფე-ქმრის დედა გულისხმობდა, იმან გაიღიმა. ეს იყო და ეს!
ეკატერინე ივანოვნას - ერთი ჯანსავსე, კოპწია რუსი ქალის - მიამიტობით ნათქვამ სიტყვებს ვიღა დაგიდევს, საქორწილო დროსტარებაში გართულ ქართველ დიდებულთ, სამეფო კარსაც კი, შავშკლარჯეთში მომხდარი ამბებისთვისაც არ მიუქცევიათ ყურადღება. საქართველოს საზღვრების განაპირას მოჭარბებულ თურქ-გარმიანელთ კარგად უწყოდნენ სამეფო კარის სამზადისი. ისიც იცოდნენ, როგორი საგულდაგულო, თავგადადებული ლხინი იციან ქართველმა დიდებულებმა, დასხდნენ და გამოიანგარიშეს მეფე თამარის ქორწილი რაოდენი დღესასწაული იქნებოდა ქართველთათვის - ჯვარისწერის მესამე დღეს - ქართველთა ლხინი ეშხში რომ შევიდა და მომლხენთ ქვეყანა ია-ვარდით მოფენილი ეჩვენებოდათ, შავშ-კლარჯეთს მიესივნენ. ჯერ მთელი ეს მხარე გადაქელეს, მერე გასაზიდის გაზიდვა იწყეს. გუზან ტაოს-კარელმა ეს ამბავი ერთი კვირის თავზე, ქორწილში შეიტყო. სხვები ვერ დასძრა, თორემ თავად კი აღარ გაჩერდა და შავშ-კლარჯეთისაკენ გასწია. სამეფო კარმა, დიდებულთ ქეიფი განაგრძეს.
გუზან ტაოსკარელმა მესხნი შეჰკრიბა და თურქთა წინააღმდეგ ბრძოლის სამზადისს შეუდგა. ჩქარობდა, ამათ ორიოდ დღეში დავლეწავ, საზღვრებს მიღმა გადავრეკავ და კვლავ ქორწილს მივუბრუნდებიო. იმათ, თურქ-გარმიანელთ უფრო იჩქარეს - ვიდრე გუზანი მათი დალეწვის გეგმას აწყობდა, თავად დაესხნენ თავს, ლაშქარი მიმოფანტეს, ვინც გადარჩა, რასაკვირველია. თავად გუზანი კი ტყვედ წაიყვანეს, ამბობენ, ბოცო სპასალარი შემთხვევით გადაურჩაო ტყვეობას.
ეს ამბავი სამეფო კარზე რომ შეიტყვეს, ერთი ალიაქოთი ატყდა. მეფე თამარს ამრეზით გადმოუხედავს ამირსპასალარისათვის. ამირსპასალარი საომრად სერიოზულ მზადებას შეუდგა, მაგრამ მეფე-ქმარმა - გიორგი ბოგოლუბსკიმ გამოაცხადა, საქართველოს საზღვრის დამრღვევნი საქართველოს მეფის ხელით უნდა დაისაჯონ, საქართველოს მეფის მარჯვენა ხელი კი მე ვარ, - მისი მეუღლეო. ის მექორწინენი, ქეიფის ეშხი კიდევ რომ არ გასვლოდათ, ახლად ჯვარდაწერილი ცოლი სახტად დატოვა და კლარჯეთისაკენ გაუდგა გზას. არც ამირსპასალარი იახლა და არც - დიდი ჯარი. სულ სამი ასეული ყმაწვილი კაცით აპირებდა თურქ-გარმიანელთა საქართველოდან გაძევებას. გიორგი ბოგოლუბსკიმ თავისი რაზმი ტყეში დააბანაკა და გამოაცხადა დღეცა და ღამეც წვრთნა და მტრის მოლოდინი გვექნებაო. ორმოებიც უხვად და ღრმად ათხრევინა რაზმს. მეფე თამარის წინაპრების შესწავლისას, ძალიან მოეწონა - თამარის დიდი პაპის დავით მეოთხის წესი - პატარ-პატარა რაზმებით რომ ესხმოდა მტერს თავს. საქართველო პატარა ქვეყანაა, ჯარიც მცირე, მაგრამ უზადოდ გაწვრთნილი უნდა ყავდესო, ამბობდა. თურქებს სწორედ ტყეში ელოდა. იმის მიხედვით, როგორც ტაოსკარელს შეებრძოლნენ, თურქთ არ უნდა აეტანათ ქართველთა რაზმის გამოჩენა და აქვე, ტყეშივე უნდა მოეადინებინათ მისი მოსპობა. ამიტომ ტყეში უზარმაზარ ორმოებს ათხრევინებდა და წვრთნიდა რაზმს. ყოველი კუთხეკუნჭული იცოდნენ მებრძოლებმა, ნეშოთი დაფარული ორმოები - მით უფრო. კარგად მონიშნეს, თორემ ყველანი შიგ აღმოჩნდებოდნენ. ბოგოლუბსკიმ რაზმი ორ ნაწილად გაჰყო, ერთი ნაწილი ტყეში თავის ყოფნას არ მალავდა, ხმაურობდა, დღისით საომარი წვრთნა, საღამოს კოცონთან ქეიფი და ერთი აურზაური ჰქონდა. მეორე ნაწილი კი მოშორებით, ტყის სიღრმეში იდგა, მათი იქ ყოფნა თურქებს კი არა, იმ ცხოველებსაც არ უნდა შეეტყოთ, ახლომახლო რომ ბინადრობდნენ. თავად იმ უჩინო მებრძოლთა შორისაც იყო და მოქეიფეებთანაც. - კიდევ ერთი ბოგოლუბსკი გააჩინა ტყეში. საქართველოს მეფე-ქმრად გიორგი ბოგო-ლუბსკად შერქმეული კაცი მოახატ-მოაკაზმვინა, ის საბრალო ერთობ ნიჭიერი გამოდგა, ყველაფერს უცებ აუღო ალღო სწორედ ისე ირჯებოდა, როგორც ნამდვილი ბოგოლუბსკი და ზოგჯერ თანამებრძოლნიც ცდებოდნენ ხოლმე ამოცნობაში. ალბათ, ამიტომ იყო ერთ დილას მკვდარი რომ იპოვეს.
თურქთ, ცხადია, ქართველთა რაზმის განადგურება ტყეშივე მოინდომეს, მაგრამ არ ჩქარობდნენ, აბა, ეგეთი ნაყარ-ნუყარა ბიჭები რას დაგვაკლებენო, მაგრამ როცა შეიტყვეს რაზმს მეფე თამარის ახლადშერთული ქმარი მეთაურობსო, მყისვე ბრძოლის ყიჟინა დასცეს. ფეხზე მდგარნი არ დამსხდარან, მსხდომარენი უცებ წამოიჭრნენ და ტყისკენ გაექანნენ. განა ეგრე იჩქარებდნენ რომ სცოდნოდათ: იმ ტყიდან გამარჯვებას კი არა, სულსაც ვერ გამოიტანდნენ: ტყეში შეჭრილი თურქები ბევრმა ნახა, გამოსული - ვერავინ. ისიც კი ვერ შეიტყვეს, ბოგოლუბსკიმ ამოდენა თურქობა როგორ ამოწყვიტა. თურქ-გარმიანელთა თავგადახოტრილი და წელსზემოთ შიშველი, ლამის ველური მხედრობა ამან კიდევ უფრო გააცოფა. ქართველთა რაზმის სრულად მოსპობა კიდევ ერთხელ დაიქადეს, ბოგოლუბსკის კი დატყვევებულ გუზანს მივუსვამთ გვერდით და მეფე თამარს ქორწილს ამით მივულოცავთო. ტყეს დიდძალი ჯარით შეესივნენ, მაგრამ იქ ვერც საქართველოს მეფე-ქმარი იპოვეს და ვერც - ქართველი მებრძოლები. ტყეში კაცის ჭაჭანება არ იყო. ადგნენ და ცეცხლი წაუკიდეს, ისედაც არ უყვარდათ - აქ ან გაქცეულნი იმალებოდნენ, ან საბრძოლველად გამზადებულნიო. მაშინ, როცა თურქები ტყე-ტყე დარბოდნენ, ბოგოლუბსკი და მისი რაზმი მათს ციხეს უტევდა. მეფე-ქმარს დიდი ოფლი არც უღვრია, არარა ჯაფა არ დადგომია - ციხეს მცირე ჯარი იცავდა. ამიტომ რამდენიმე საათში ციხის კლიტენი ხელთ ჰქონდა, თურქი მეციხოვნენი მიწაზე ეყარნენ, ხოლო მებრძოლთა ცხედრები - ხევში.
გუზან ტაოსკარელს საკუთარი თვალებისა არა სჯეროდა - მეფე-ქმარმა იბრძოლა ტყვეობიდან ჩემი დახსნისათვის, ე, რა მეფე გვაჩუქა ღმერთმაო. ხოროში ჩაგდებულს ვიდრე ბოგოლუბსკიმ არ ჩასძახა ,,მე ვარ და გიხმობო“, მისთვის ჩაგდებული თოკის კიბე უქმად ქანაობდა.
მადლიერებისა და ქების გამომხატველი სიტყვები უხვად რომ ხარჯა, ტყისაკენ მიიწევდა იქ შესულ თურქთა გასანადგურებლად, მაგრამ მეფე-ქმარმა სხვა გეგმა მისცა: იმ ტყის ყველა შესასვლელ-გამოსასვლელი ჩაჰკეტე და თურქნი ალყაში იმყოფე, თუ გემუდარონ, მშვიდობით გაგვიშვი, ჩვენი ბუნაგებისაკენ მიმავალი გზა გაგვიხსენიო, ნურც დააკავებ, ნურც ბრძოლას დაუწყებ, გაუშვი თავიანთ კერას მიაშურონო.
ერთი კვირის შემდეგ თურქებმა გზა ითხოვეს: სამშობლოსაკენ ვეშურებით თქვენი არა გვინდა რაო. არც კალთა დაუგლეჯია ვინმეს და არც რამ ვნება მიუყენებიათ. იმათაც ჩქარ-ჩქარა აიკრეს გუდა-ნაბადი.
ბოგოლუბსკიმ ციხეში გუზანი დატოვა, თავად კი კვლავ ტყეში დაბანაკდა. აქ ჯარსაც წვრთნიდა და ლაღობდა კიდეც. მებრძოლთა შორის საღამოობით ცეკვა-სიმღერა იმართებოდა. მეფე-ქმარი ყველას აოცებდა თავისი მასხარაობით. ცხოველებს ისე ბაძავდა - გინა მელას, გინა დათვსა, რომ მებრძოლთ ერთი ხარხარი ჰქონდათ. საქართველოს მეფე-ქმარი ხან დათვივით აბაჯბაჯდებოდა, ხანაც ტურასავით ჩხაოდა, ან შაშვივით გალობდა, ან ბულბულივით სტვენდა. მებრძოლთ ერთი მხიარულება ჰქონდათ. მღეროდნენ, ცეკვავდნენ, ღვინოსაც სვამდნენ. ღვინის სმის მერე როკვაში ბოგოლუბსკის ვერავინ შეედრებოდა. მისნაირი მროკველი რაზმში სხვა არ მოიძებნებოდა. სხეულის ყოველ ნაწილს ისე ათამაშებდა, მებრძოლთ სიცილისაგან ნაწლავებიც კი ტკიოდათ. ბოგოლუბსკი განსაკუთრებული მოხდენილობით წელს ქვემოთა ნაწილს ათამაშებდა, დიაცივით აქნევდა და ამოძრავებდა, თითქოს მოსეირეთ ეუბნებოდა, აჰა, თქვენი იყოს, თქვენთვის მიჩუქნიაო. ამის დანახვაზე ზოგიერთი მებრძოლი, უხერხულად იშმუშნებოდა, მეფე-ქმარს თვალს არიდებდა, მე არაფერი დამინახავსო, მროკველი ბოგოლუბსკი კი მაინც თავისას შვრებოდა - სხეულის ქვედა ნაწილს მოსეირეთ უქანავებდა. მომდევნო დღეს მეფე-ქმარს ვერავინ ხედავდა. ორი-სამი დღე კარვიდან არ გამოდიოდა. არავინ არ იცოდა იქ რას სჭამდა, ან რას სვამდა. მებრძოლნი კვირობდნენ ხომ არა შევკადრეთ, ხომ არ გავანაწყენეთ ჩვენი მეფე-მეგობარიო. მერე ისიც ინებებდა კარვიდან გამოსვლას - მიმქრალი მზერის, ღონეწართმეული, უღიმღამო, თითქოს წინა დღეების მროკველი ბოგოლუბსკი სადღაც გაფრინდა, აქ კი თავისი აჩრდილი დაგვიტოვაო.
ტყეში ასეთი სერობა იმ საღამოს დაიწყო თურქნი შავშ-კლარჯეთიდან რომ გაიქცნენ. სამი კვირის თავზე ბოგოლუბსკიმ იკითხა, თავიანთ სამშობლოში თუ იქნებიან ჩასულიო, როცა მიუგეს, ალბათ, უკვე თავთავიანთ მუთაქებზე სხედანო, ბრძანა: ამაღამ ყველა დროზე ადრე იძინებსო. ჯერ კიდევ ბნელოდა, ბუკის ცემა რომ ატეხა, მთელი რაზმი უცებ დააყენა ფეხზე და თურქთა ნაკვალევს დაადგა: ისინი თავთავიანთ ოჯახებში დავარბიოთ, რაც საქართველოდან გაიტანეს, ორმაგად უნდა დავაბრუნოთ, თან საქართველოსკენ მომავალი გზა დავავიწყოთო.
თურქნი რომ მიწასთან გაასწორა, ჯერ შავშეთს, მერე ტფილის-ქალაქს დიდძალი ნადავლი რომ გაგზავნა, „ილაშქრა ქუეყანასა კარისა და კარნი-ფორისასა“.
გიორგი ბოგოლუბსკიმ საქართველოს მოხარკენი შემატა.
ახლადჯვარდაწერილი მეფე-ქმარი კარგა ხანს არ გამოჩენილა დედაქალაქში. უმეტესწილად ტყეში ბანაკობდა და ამით ყივჩაყეთის ტყეების მონატრებას იკლავდა, თუ სხვა რამ სურვილს, არავინ უწყოდა. სასახლეში ლოდინად ქცეული ბადრი მთვარე ერთხელაც არ მოუსაკლისებია. ეგ კი ნათელი იყო: ტყეში მებრძოლებს წრთვნიდა, ახალისებდა. ამათ ძლიერ შეიყვარეს. გამჭრიახობასაც უქებდნენ და ხმლის ქნევის ცოდნასაც, ეგ ცხენზე ისე ზის,ხმალს ისე იქნევს, მტერი ვერასდროს მოიხელთებსო.
იმისა კი ვერაფერი გაეგოთ ორ-ორი, სამ-სამი დღე მარტოკა, კაცის ხმის გაუცემლად, კარავში რას იქმოდა. ასე რატომ, რისთვის განმარტოვდებოდა ხოლმე, ან ამდენი ტურა, ქათამი, როჭო რისთვის ჰყავდა დამწყვდეული გალიებში.
მეფე თამარს თითქოს სიხარულის დღეები უნდა ჰქონოდა - ქმარს ყველგან, ყველანი აქებდნენ, მაგრამ მის სახეზე კაეშანს, ნაღველს უფრო კითხულობდნენ, ვიდრე სიხარულს. მამიდა რუსუდანთან აქამდე მუდამ მომღიმარი, სხივმოსილი, ტკბილადმოუბარი თამარი, ახლა მდუმარე იჯდა. ზოგჯერ უცნაურად დაფანტული. ყმაწვილი მეფე ასე დაბნეული არასოდეს ყოფილა.
- შენა რაღაც გაწუხებს - იტყოდა მამიდა რუსუდანი და ღიმილით დასძენდა - ეგრეა, ეგრე! მალე გაგივლის.
მაგრამ რუსუდან დედოფალს ფეხმძიმობის დასაწყისად რომ მიაჩნდა, იმ დრომ გაიარა. მეტი დროც გავიდა, მეფეს ფეხმძიმობის არარა ეტყობოდა, მამიდაც ვერაფერს ეკითხებოდა, ხედავდა: თამარის თვალებში კაეშანი მატულობდა.
ზამთრის დღეები დუნედ მისდევდნენ ერთმანეთს. ტფილისის ქუჩებში ცივი ქარი ქროდა. თამარის ჭმუნვა ძლიერდებოდა.
![]() |
17 დიომიდე |
▲ზევით დაბრუნება |
აბულასანმა კარგად იცოდა: დიდ ომში გამარჯვების შემდეგ ცხოვრება მოსაწყენი ხდება.
ზამთარი ისე მიილია, თოვლიც არ მოსულა. ადრეულ გაზაფხულზე, საქართველოს დედაქალაქში ცივი ქარები ისევ რომ დაიწყო, აბულასანს თავბრუსხვევა კიდევ უფრო გაუძლიერდა. ამან ძლიერ შეაფიქრიანა ტფილისის გამგებელი და ქართლის ამირა - ფეხზე მდგარს, გინდაც სავარძელში ჩამჯდარს, ამა თუ იმ დიდებულთან მშვიდად მობაასეს, ეჩვენებოდა, რომ ქვეყნიერება წაღმა-უკურმა ტრიალებს და სადაცაა მიწას დავენარცხებიო. ასეთ დღეში ჩავარდნილს რამდენჯერ უმწეოდ გაუსავსავებია ხელები და მოსაუბრის გაოცება გამოუწვევია.
საურმაგ ფავნელი შინ ჩაიკეტა, არც არავის სტუმრობს, არც ამ პირგამეხებულ კაცთან მისვლა სწყურია ვინმეს. ივანე ფალავანდი ირონიული ღიმილით შესცქეროდა საქორწინო ფუსფუსს და ამბობდა: თვალტანად, იცოცხლე, ვაჟკაცია, ხმლის ქნევაც კარგად სცოდნია, ვერარას დაუწუნებ, მაგრამ... ღმერთმა ქნას, ქმრად და ქვეყნის პატრონადაც ღირსეული გამოდგესო.
თარხანის ძე კი სულ ერთსა და იმავეს გაიძახის: ვნახოთ, ვნახოთ, ვნახოთო. აბულასანი მოწყენილია, წუხს: ნუთუ, ყველა საქმე მოვილიე, ნუთუ, აღარაფერი დამრჩა გასაკეთებელიო. იური ბოგოლუბსკისადმი საყვედურს თავსაც არ უმხელდა, თორემ გული ძლიერ ტკიოდა: „ნუთუ, იმად გავისარჯე ასე, ნუთუ, იმად გავხადე მეფე-ქმარი, რომ ჩემზე არ იზრუნოსო“. ამ წუხილსაც მალე მოეღო ბოლო: აბულასანს ერისთავთ ერისთავობა ებოძა და რომ არა შეჩვეული თავბრუსხვევა, აბულასანს ერთობ ბედნიერ კაცად უნდა ეგრძნო თავი. რამდენიმე დღეში კი მეფის შიკრიკი მობრძანდა და ხვალ დილას დიდი მეფე თამარი გიხმობსო, გამოუცხადა.
აბულასანი რომ მეფის დარბაზში შევიდა, ბოგოლუბსკი დაინახა. მეფე-ქმარი აბულასანს თავმომწონე ღიმილით შესცქეროდა. მერე მხარზე ხელი დაჰკრა და კარისაკენ შეატრიალა - დარბაზში მეფე თამარი შემოდიოდა. მეფემ რამდენიმე ნაბიჯი გადმოდგა და კოპებშეკრულმა ხმადაბლა თქვა:
- აბულასან, მიბოძებია შენთვის სახელო მეჭურჭლეთუხუცესისა - აბულასანმა მეფის წინაშე მუხლი რომ მოიყარა, თამარის მზერაში ელვა გაკრთა - ვინძლო, სამეფოს ჭეშმარიტ სამსახურად გამოიყენო იგი - თქვა მეფემ და სიგელი ისე გადასცა, ადამიანი იფიქრებდა, ხელში სიგელი კი არა, ზღარბი უჭირავს და მის მოშორებას ესწრაფვისო.
მას შემდეგ დრო გავიდა - აჰა, ზამთარიც მიიწურა და ამ დროის განმავლობაში ისიც გამოჩნდა, ვინ სიხარულით მიიღო აბულასანის მეჭურჭლეთუხუცესობა, ვის კიდევ - გულს შემოეყარა.
ახლა თავის აგუზგუზებულ, ცხოვრების ავკარგზე მოუბარ ბუხართან ზის აბულასანი და სასახლის კარზე მოტრიალე დიდებულებს გონების თვალით ჩხრეკს. ცდილობს ყველას სულში ჩაიხედოს - მათი ნათქვამი და ნაქნარი ერთმანეთს შეუფარდოს.
კახაბერ ვარდანის ძემ - ადრინდელმა მეჭურჭლეთუხუცესმა იმ დღეს მეფე თამართან არაფერი შეიმჩნია, ისე ირჯებოდა, თითქოს მეჭურჭლეთუხუცესობა კი არა, ნემსი გამოაცალესო ხელიდან. მეფე თამარი კი, აბულასანს სიგელი რომ გადასცა, კახაბერ ვარდანის ძეს მოუბრუნდა და ერთობ გულთბილად, შუბლგახსნილმა და მომღიმარმა ჰკითხა, ხომ არაფერს ბრძანებო. კახაბერ ვარდანის ძემ მორჩილად დახარა თავი და თქვა:
- არაფერს, მეფეო, გარდა იმისა, რომ ვიდრე გენება, ერთგულად გემსახურე, თუ უკეთ ვერ შევძელი, მომიტევე.
კახაბერ ვარდანის ძე მეფეს მიუახლოვდა, მუხლი მოიყარა და თავი დახარა. მეფემ მზერა აარიდა. არ მოისურვა მზერით შეყროდა გადამდგარ მეჭურჭლეთუხუცესს. მეფე-ქმარმა გიორგი ბოგოლუბსკიმ სწორედ ამ დროს ისე გადაიხარხარა, ყველამ მისკენ იბრუნა პირი. შეუმჩნევლად, ტუჩებმოკუმულნი მიუტრიალდნენ მეფე-ქმარს და აბულასანმა კარგად დაინახა მეფე თამარის თვალებში კვლავ როგორ გაკრთა ელვა. მერე მეფე თამარი მეჭურჭლეთუხუცესყოფილს კახაბერ ვარდანის ძეს მიუბრუნდა და უჩვეულოდ მკაფიოდ, ყველას გასაგონად წარმოთქვა:
- მისატევებელი არა გჭირს რა, კახაბერ, მე, მეფე საქართველოსი, მადლიერი ვარ სამეფოსადმი ერთგული სამსახურისათვის.
კახაბერ ვარდანის ძემ რამდენიმე დღეში ურმები შეკაზმა და მთელი ოჯახით სოფლად - მამულში გადაბარგდა. მას შემდეგ არამცთუ სამეფო კარზე, ტფილისშიც არ გამოჩენილა. სწორედ ეს არის აბულასანის ჭმუნვის საგანი. ასე რატომ დუმს მეჭურჭლეთუხუცესყოფილი? რას უმზადებს ახალ მეჭურჭლეთუხუცესს?
აბულასანმა ტიმოთეს უხმო. ტიმოთე რომ კარებში ჩადგა, ხმადაბლა იკითხა:
- სად არის დიომიდე, რატომ არ გამოჩნდა?
- მოვძებნეთ და მალე გეახლებათ, ბატონო! - მიუგო ტიმოთემ. აბულასანმა თავი დაუკრა და კვლავ ცხოვრების ავკარგზე მოუბარ ბუხარს ჩააცქერდა. ჯერ ზამთარი, მერე გაზაფხული, ზაფხული და შემოდგომაც კი გაილია, რაც აბულასანი მეჭურჭლეთუხუცესია და მეფე თამარმა ერთხელაც არ იხმო. არა მხოლოდ არ დაისაჭიროვა, არც გაესაუბრა - თითქოს არც ქვეყანას სჭირია მეჭურჭლეთუხუცესი, არც - მეფეს. როგორ არ სჭირია, ერთი კვირა, ერთი დღე იქნება ისეთი, მეფეს რომ მეჭურჭლეთუხუცესი არა სჭიროდეს? მაგრამ აბულასანის მაგიერ ფარნავაზის ძეს ხმობილობენ. გიორგი ბოგოლუბსკიმ რომ ჰკითხა - შემწედ, მეჭურჭლეთუხუცესის ამხანაგად, ვის ისურვებდიო, - ფარნავაზის ძესაო, მიუგო აბულასანმა და სწორედ იმას მიაგეს ასეთი პატივი, ვინც აბულასანმა დაასახელა - ფარნავაზის ძე მიუჩინეს შემწედ და დამხმარედ. დღეს კი ეს შემწე და დამხმარე შემცვლელად იქცა - მეფე თამარი სწორედ მას, ფარნავაზის ძეს უხმობს ხოლმე და არა მეჭურჭლეთუხუცეს აბულასანს. სწორედ ფარნავაზის ძეს მოჰკითხა მეჭურჭლეთუხუცესისაგან გასაგები, მას უბრძანა ის, რაც მეჭურჭლეთუხუცესისათვის უნდა ებრძანებინა.
ერთხელ ბოგოლუბსკი მოულოდნელად შინ ეწვია. აბულასანმა მყისვე ტფილისის ახალი გამგებელი ჯორჯიკის ძე და თავისივე შემწე ფარნავაზის ძე ახმობინა. ჩინებული ლხინი გაიმართა. ორიოდ დღის შემდეგ კი მეფე-ქმარმა ისეთი რამ უთხრა, აბულასანს ზანქან ზორაბაბელის უსტარი მოაგონდა:
- მე შენთან მეგობრობა მწადია და მისთვის მოვედი, თუ სხვებს არ დაუძახებ, კვლავაც მოვალ ხოლმე. რა საჭიროა ამდენი ხალხი, ამდენი ლაპარაკი და სიმღერა! - მეფე-ქმარმა სივრცეს გახედა და თითქოს ვიღაცას ჰპირდებაო,თქვა - დამყარდება წესრიგი საქართველოში, უსათუოდ დამყარდება წესრიგი!
მეფე-ქმარი კვირაში ერთხელ მაინც მოდიოდა აბულასანის სახლში. სასტუმრო დარბაზში მრგვალ, ბიზანტიურ მაგიდასთან ჯდომას არა და არ ნებულობდა. ქვემოთ, მარანში, ნივრისა და კომბოსტოს წნილით შეექცეოდა ღვინოს. სწორედ იმ მარანში, სადაც მის მოსვლამდე და მისი წასვლის შემდეგაც, აბულასანის მეჯინიბეები, ხაბაზები იყრიდნენ თავს. აბულასანს კი ისე არ მოსწონდა მეფე-ქმრის მარანში სტუმრობა, არც ღვინო გადადიოდა ყელში და არც - ლუკმა. თუმცა, სტუმარი ამას არაფრად დაგიდევდა - მისთვის არა-რა მნიშვნელობა არ ჰქონდა დაცლიდა თუ არა აბულასანი ჭიქას, რაიმეს იტყოდა, თუ უხმოდ დალევდა. ვიდრე ღვინო მოეკიდებოდა, განუწყვეტლივ იმეორებდა - მე გასწავლით თქვენ, როგორ უნდა სახელმწიფოს მართვა, მე დავამყარებ წესრიგს საქართველოშიო, მაგრამ რომ შეთვრებოდა, - ამას კი დიდი დრო არ უნდოდა - ისეთი დამყოლი, მომღიმარი ხდებოდა, სახეზეც ისეთი სიამოვნება აღებეჭდებოდა, ადამიანს შეშურდებოდა. ამ წუთში ერთობ კეთილი და მოალერსე იყო მეფე-ქმარი.
აბულასანმა რომ შეაპარა, დადგა დრო გაბაონის ღვაწლის დაფასებაზეც ვიფიქროთო, ბოგოლუბსკიმ მიუგო, - ხვალვე ვუბოძოთ საბოძებელიო. თუმცაღა, არც მეორე დღეს და არც მერე ეს ამბავი არ გახსენებია. მართალია გაგვეცალა, ის სიმედგრე ვერ გამოიჩინა, რომელიც ასეთ დროს საჭიროა, მაგრამ ხომ არ გაგვცა, ნამუსი ხომ შეგვინახაო, ფიქრობდა და გაბაონსაც ეუბნებოდა აბულასანი. სხვა საზრუნავი რომ მოითავა, ახლა შენ მოგხედავო, გაბაონიც მორჩილი ღიმილით ამბობდა:
- აჰა, დაილია მოთმინება და ეგ არი!
მეფე-ქმრის სტუმრობა, ცხადია, სხვებზე გარდაუვალ უპირატესობას აგრძნობინებდა, მაგრამ ისიც სჯეროდა, აბულასანს ხიფათიც არ ასცდებოდა: მეფე რას იტყვის, ან დიდებულნი როგორ შეხედავენ მეფე-ქმრის მარანში მსმურობას? შიში უადგილო არ იყო. ეს ჯორჯიკის ძის განაწყენებამ დაადასტურა - ტფილისის ახალმა გამგებელმა წყენა არ დამალა: მე რატომ, რისთვის მიქციეთ გვერდი, ღვინოს ვერ დავლევ, სიტყვა არ მივარგა, თუ სიმღერაო. მეჭურჭლეთუხუცესმა გამგებელს წაუყრუა, ჯორჯიკის ძესთან დასამალი რა ჰქონდა - ბოგოლუბსკის სენი კარგად იცოდა, მაგრამ ამ საკითხზე საუბარი მაინც არ ეწადა. სულ სხვა ფიქრმა აუჩქარა გულისცემა: მარანში მსმურობის ამბავი ჯორჯიკის ძემდე რახან მივიდა, სხვებსაც ეცოდინებათო. მეფე? მეფეს რა პასუხი გასცეს.
აბულასანმა შუბლზე ცივი ოფლი იგრძნო.
აჰა, ბინდიც ჩამოწვა, დიომიდე კი არსად ჩანს. აკი მოვნახეთო!
აბულასანმა ზარისაკენ გაიშვირა ხელი, რომ ტიმოთე ეხმო. თავი ასწია თუ არა, დიომიდე დაინახა. ოთახში ისე შემოსულიყო, ვერაფერი გაეგო. აბულასანი მსტოვარს დააცქერდა, მაგრამ მის უმეტყმსედველობის არეში მოქცეულობის გამოისობით ვართ ასეთი ვნებულნი, ტანჯულნი და მარადიულობისთვის ქმნილნი - სწორედ ღმერთი ზრუნავს დროში ჩვენს არსებობაზეო. ჩვენი ურჩობის, დაუდგრომლობის გამო ისევე გვატარებს დროში, როგორც მამაშვილსაო. ჯირითისას მოსხეპილი წკეპლებივით მიმოიყარნენ ისინი, ვინც სივრცეებისათვის, მათს შორის გამჩენის მიერ ებრაელობისადმი ბოძებული სივრცეების, მოპოვებისათვის იბრძოდნენ, ამან კიდევ უფრო დაარწმუნა ერი: მარადიულობის ერთ-ერთი პირობა სწორედ დროში არსებობაა. ზანქანი კი თავის მომავალს დროში ვერ ხედავდა და ამით დათრგუნვილი იკეტებოდა ოთახში. მისი სული ისევე მოთქვამდა, როგორც ბაბილონის მდინარეების პირას მჯდარი მისივე ტყვე წინაპრებისა. ,,იერემიას გოდება“ მოთქმათა შორის სულის მოოხება იყო - ასეთი ყოფილა კაცთა ცხოვრებაო, მაგრამ დრო რომ გამოხდა, გასაჭირი რომ გაუყოველდღიურდა, მეფე დავითის ფსალმუნებისაკენ გაუწია გულმა - რაც ჭირდა, ამოსაცნობი არ იყო, ახლა მოთქმა კი არა, იმედი უნდა ეძებნა. მეფე დავითის ფსალმუნნი კი იმედს უსახავდა. ცხადია, იმედით მოგვრილი შვება, ერთობ ხანმოკლე იყო მაგრამ ხომ იყო, ხომ ითქვამდა სულს, თორემ სხვა რას ელტვოდა - მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, თუ როგორ ეშველა შვილისა და თავისი თავისათვის, როგორ არ გამოკლებოდა ერის სალაროს. რამდენი დღე და რამდენი მრუმე, ფიქრებით დახლართულ-დასერილი ღამე გაილია ამ ფიქრში. ვერარა აზრს ვერ მიაგნო. ყველაფერი ჰქონდა, ყველაფერი ხელთ ეპყრა, ოღონდ აზრი ეპოვნა, გასაჭირის ძლევის გზისთვის მიეგნო და მის გალევას წინ რა დაუდგებოდა, ხელს რა შეუშლიდა. ის აშფოთებდა, რომ სწორი გეზისათვის ვერ მიეგნო.
ველო მზერაში მეჭურჭლეთუხუცესს კი არა, დიომიდესნაირ მსტოვრებსაც გაუჭირდებოდათ რაიმეს ამოკითხვა. დიომიდე ბუხარს აბულასანი სავარძელს მიეკრო. თვალები დახუჭა.
„როგორ უღაჟღაჟებს ლოყები, მაგას რა შეაწუხებს», - გაიფიქრა თვალდახუჭულმა და თქვა:
- ახლოს მოდი, დიომიდე! - თავბრუსხვევამ გადაუარა, თვალები გაახილა.
- რაც ამას წინათ მოგახსენე, მეტს ვერას გეტყვი, არც რამ შეცვლილა,- ხმადაბლა თქვა დიომიდემ.
- პურს უქმადა სჭამთ?
- არარა ხდება, დიდებულო...
აბულასანმა მცირე დუმილის შემდეგ იკითხა:
- კახაბერ ვარდანის ძე? არც მისგან ისმის რაიმე?
- არაფერი, ბატონო, ზის თავის მამულში, არც სტუმრად მიდის, არც - მისი კარი შეუღია ვინმეს.
- არც ერთ დიდებულსა? - გაიოცა აბულასანმა.
დიომიდემ უარის ნიშნად თავი გააქნია.
- ეს რას უნდა ნიშნავდეს? იქნება, რაიმეს ამზადებს და ფრთხილობს?
„განა მეჭურჭლეთუხუცესი არ იყო ყურთლუღ არსლანი ქვეყანა ლამის თავზე რომ წამოამხო მეფეს?» - გაიფიქრა აბულასანმა და თქვა:
- მაინც რასა ფიქრობ? რატომ არაფერს ამბობ?
- იმად არ ვამბობ, რომ... - დიომიდე არ ჩქარობდა - უცაბედი პასუხი არ გამომივიდესმეთქი.
- მაინცა?
- მაინც ისა, რომ... ასე მეჩვენება, წუთისოფელზე აიყარა გული. ერთგულება არ დამიფასდაო.
აბულასანმა არაფერი უპასუხა. იმაზე, რაც ახლა დიომიდემ თქვა, თავადაც არაერთხელ უფიქრია. ეს ფიქრი ცუდ გუნებაზე აყენებდა. ღირს კი წარმავალი წუთისოფელი იმად, რომ ადამიანმა ამდენი ვაებისათვის გაიმეტო თავი? თქმით კი აი, რა თქვა:
- დაბერდა?
- არა ვგონებ. ჯერ ისევ ჭარმაგია - დიომიდე გაჩუმდა. მერე კი დასძინა- - ეგ ფიქრი ხომ ცხოვრების ავკარგში ჩახედულებას ნიშნავს და არა სიბერესა.
აბულასანმა გაიღიმა.
- მეფე-ქმარი? ეგ რასა იქმს?
დიომიდემ აბულასანს თვალი აარიდა.
- ჰა, რა ხდება? - აბულასანს მოუთმენლობა დაეტყო.
- წინა კვირას ეგრე ბეჯითად ვერ გითხარი: მეფე-ქმარსა ახალი მეგობარი გაუჩნდა - თავადი თარხანის ძე.
- თარხანის ძე? - აბულასანმა მოულოდნელობისაგან ლამის შეჰყვირა - რას ამბობ!
- კვირაში ორჯერ გლეხურად გადაცმული დადის მაგათსა.
აბულასანი მოლაპლაპე ცეცხლს მიაჩერდა. ვერ მოუტანა კარგი ამბავი მსტოვარმა. რაღაც უნდა იღონოს, რაღაც უნდა მოიფიქროს. ბუხარში შეშა გადაატრიალა და იკითხა:
- კიდევ ვისას დადის მეფე-ქმარი? - პასუხი რომ ვერ მიიღო, დიომიდეს მოუტრიალდა, დააკვირდა. დიომიდე უხმოდ იდგა. აბულასანმა მის მზერაში პასუხისაგან თავის არიდება ამოიკითხა - რაღაცას მიმალავ!
- ჯერ ბეჯითად არ ვიცი ყოველი და ამად ვერ გეუბნები. ცოტაც უნდა მაცალო.
აბულასანმა დიომიდეს თვალი თვალში გაუყარა და მკაცრად ჰკითხა:
- მზერას რად მარიდებ, დიომიდევ. ხომ არ გავიწყდება, რომ ეგ კაცი საქართველოს მეფის უღლის გამწევია. ყველაფერი ხელისგულზე უნდა მქონდეს მეჭურჭლეთუხუცესსა.
აბულასანმაც კი იგრძნო, რომ დიომიდეს ოფლი მოედო. შუბლზე ნეკა
თითის ფრჩხილისოდენა ოფლის წვეთები დაასხდნენ. დიომიდემ ჯიბიდან დარაია ამოიღო, შუბლი მოიწმინდა.
- დამალული ჭირი კაცს ინელებს, დიომიდე! - ხაზგასმით თქვა აბულასანმა და დიომიდეს დააცქერდა.
- ცოტაც, ცოტაც მაცალე, აბულასან, უნდა ვიფიქრო.
აბულასანმა ერთხანს კიდევ უცქირა მსტოვარს, მერე ჩაილაპარაკა:
- კარგი, ეგრე იყოს, მაგრამ მაგ დაფარულ ჭირს უფრთხილდი: ან თავად ჭირი მოგინელებს, ან ჭირის დაფარვისთვის მოგინელებენ.
იცოდა, კარგად იცოდა აბულასანმა: დიომიდეს, ვიდრე ამოსაცნობს კარგად არ ამოიცნობდა, სიტყვას ვერ დააცდენინებდა, მაგრამ ამოცნობილის გამხელა რაღა საკითხავი იყო. ამან მიახვედრა, ამ უტყვი მზერის კაცმა იური ბოგოლუბსკიზე ისეთი რამ იცოდა, რომ თარხანის ძესთან დამეგობრება თამაშად მოგეჩვენებოდა, მაგრამ რა? ასეთი რა ხდებოდა ბოგოლუბსკის თავს? აბულასანმა საფრთხე იგრძნო, გულისცემა კვლავ აუჩქარდა, მაგრამ არაფერი შეიმჩნია. დიომიდე ისედაც საგონებელს გახლდათ ჩავარდნილი და სულ არ დავაფრთხოო. ამიტომ მშვიდად, თუმცა, ხმაში ცოტა სიცივე გაურია, თქვა:
- ფრთხილად, ფრთხილად იყავ, დიომიდე, - დიომიდე კვლავ დაოფლილ სახეს იწმენდდა. აბულასანმა ახლა თითქმის სხვათა შორის ჰკითხა - სხვისას რას იტყვი?
- სხვისას... ისა... - დიომიდემ დარაია ყელში ამოისვა, დაოფლილი ყელი ამოიწმინდა.
- გამხნევდი, დიომიდე, რა მოგდის!
- არა, არაფერი... სხვა ის არი, რომ... კაკიტელა ცდილობს მეფე-ქმარს გაუშინაურდეს.
- ეგ კიდევ ვინ არი! - გაიოცა აბულასანმა, რადგან ასეთი კაცი არ ახსოვდა - კაკიტელა...
- იუდეველია... ბენო კაკიტელა.
- იუდეველი? - დაწვრილებითი ინფორმაციის მომლოდინე აბულასანი, დიომიდეს ყურადღებით დააკვირდა.
- ზანქანის ხნისაა, იქნებ, ცოტა ახალგაზრდაც, ერთ დროს ზანქანის საქმეში იდგა, იქ სული მოითქვა, ახლა თავისი დიდი საქმე აქვს, ყოჩაღი კაცია...
- მეფე-ქმართან რა ხელი აქვს, მის სიახლოვეს რისთვის გამოჩნდა?
დიომიდე ერთხანს ჩაფიქრებული იდგა.
- მაგას ის უნდა, იუდეველებმა იცოდნენ, მეფე-ქმართან რომ მიესვლება.
ბოგოლუბსკისთან მისვლა-მოსვლა თავისივე ხალხის დასაფრთხობად უფრო სწადია.
- მეფე-ქმარმა რაო?
- არ დაუთხოვნია, ძღვენით ხელდამშვენებულ კაკიტელასაც ღებულობს და ძღვენსაც.
აბულასანმა ხელი ჩაიქნია, ეგ ამბავი რა ჩვენი ყურადღების ღირსიაო, მერე ერთ წერტილს მიაცქერდა და მცირე ხნის შემდეგ ხმადაბლა, ფიქრიანად ჩაილაპარაკა:
- არა, არა, მაგ საქმეს ეგრე ნუ მიაგდებ, დავთარში იქონიე. - აბულასანი ისევ გაჩუმდა, ფიქრს ჩაჰყვა, მერე იკითხა - მთავარი იუდეველი? ეგ რაღასა იქმს?
- სევდაშეპყრობილი, კვლავ უხმოდ ზის, სნეულ ქალზე ზრუნავს. გარდა თავიანთი მღვდლისა, არც არავის ეკარება. დილა-საღამოს თორაში დადის. იქ კიდევ მხოლოდ იუდეველნი არიან, სხვა არავინ.
- სასახლეში? ბოგოლუბსკის თუ შეხვდა?!
- დღემდე არ ყოფილა. დღეს კი... თავად გეცოდინება.
- ჩემი ფირმანი რომ მოაბრუნა, იმ დღეებში თუ იყო სასახლეში?
- რუსთ უფლისწულის ჩამოყვანის შემდეგ, სამეფო კარის დავთარში არა სწერია, ერთხელაც არ ყოფილა.
ამ ცოტა ხნის წინათ, მეჭურჭლეთუხუცესმა აბულასანმა ზანქან ზორაბაბელს ფირმანი გაუგზავნა სამეფოსათვის გაწეული სამსახურის გამო ხუთი წლით ბაჟისაგან თავისუფლდებიო. ზანქანმა ფირმანი მეორე დღესვე უკან დააბრუნა: „ვინათმე სამშობლოს სამსახურს ფასი არ ადევს, ამად არ ვიცი, ბაჟისგან განთავისუფლება დიდი საზღაურია, თუ მცირე. ვინძლო, ხუთი წლის მერე შევაფასოთ ეგ სამსახურიცა და ბაჟიც“
ზანქანის შემონათვალი რომ გაახსენდა, აბულასანს ღიმილი მოერია.
- კარგი, დიომიდე, დღეს ეს ვიკმაროთ. ასი ყური გამოიბი და... -
აბულასანი დიომიდეს დააცქერდა, აღარაფერი თქვა, ხელით ანიშნა წადიო.
დიომიდემ მასპინძელს თავი დაუკრა. კარისაკენ ისე გაემართა, აბულასანისათვის ზურგი არც უქცევია - უკან-უკან იხევდა და აბულასანს თავს უკრავდა.
დიომიდე გავიდა.
აბულასანი ფიქრით მეფის კარს მიუბრუნდა:
მეფე თამართან ამდილანდელმა თათბირმა დიდი ჭმუნვა მოჰგვარა აბულასანს.
მეფე თამარი კვლავაც ცხუმში ნავმისადგომის აგების სამზადისშია: ღირსეულთ იწვევს, ეთათბირება, სწონის, ზომავს. დღეს დიდვაჭრები იხმო. ამათგან იმის გაგება ეწადა, ვაჭრობას, საქონლის მიმოტანას რით წაადგებოდა ნავმისადგომის აგება. ჯვანშირ, ოვსთ სოვდაგარმა კი ბრძანა, ცხუმის ნავმისადგომი მეფემ კი არა, ჩვენ ავაგოთ, დიდვაჭრებმა, ყველა ხარჯი ჩვენვე გავწიოთ, ნავმისადგომი ჩვენი იქნება, ხაზინას კი ბაჟი ვუხადოთო.
მეფე თამარმა სოვდაგრებს გადახედა, თქვენ რას ბრძანებთო. ოვსთა სოვდაგრის აზრი ბევრისთვის ყურადსაღები აღმოჩნდა. ერთაწმინდელმა კი უარი თქვა: არაო, ეგრე არ ივარგებსო, ეგ სამეფოს ღირსებას არ წაადგებაო.
ზანქანმა, ძემან მორდეხაისა, ზორაბაბელმან კი თქვა:
- იმდენ ფულს, რაც მაგ ნავმისადგომის აგებას სჭირდება, სოვდაგარი კაცი ეგრე იოლად ვერ მოაცლევინებს. კიდეც მოაცლევინოს, გონივრული არ იქნება: რასაც მაგ საქმეში ჩავყრით, იმის ამოღებას 30-40 წელიწადი მოუნდება. 30-40 წელიწადი კი დიდი დროა. ეს ერთი. ახლა მეორე: ჩვენ ხომ მორჩილება გვაკლია. აგებას რომ დავიწყებთ, ყოველი სოვდაგარი პირველობას მოინდომებს. ომი გვექნება - ზანქანი შეყოვნდა, მეფე თამარს კიდევ ერთხელ დაუკრა თავი და განაგრძო - თუ ნავმისადგომი უნდა აიგოს, სამეფომ უნდა ითავოს ეგ საქმე. მიზეზი სამია: პირველი - ჩვენზე ჩქარა და ჩვენზე იაფად ააგებს. მეორე - ჩვენ პირველობისთვის ერთმანეთთან ომში დავკარგავთ დიდ დროს, ძალას, ფულსაც. მესამე - მოგება სამეფომ უნდა ნახოს. კაცთ განუზომელ სიმდიდრეს სხვა ვნება მოსდევს, რაც არც კაცთ რგებს, არც - სოფელს.
მეფეს არაფერი უთქვამს. მშვიდად ელოდა სხვების მოსაზრებებს.
ერთაწმინდელმა იკითხა:
- თუ უნდა აიგოსო, რაღად ბრძანე, ზანქან, სათუო რად გახადე ეგ საქმე?
ზანქანი ერთ ხანს დუმდა. მერე მეფე თამარს კვლავ თაყვანი სცა და თქვა:
- ნავმისადგომი კარგია, მიმოსვლას გააიოლებს, შემონატანსაც გაახვავრიელებს და გასატანსაც, მაგრამ... - ზანქანი გაჩუმდა, მეფეს ისევ სცა თაყვანი და განაგრძო - საქართველოზე ბევრს უჭირავს თვალი, მოსწონთ ქართული მიწა. ნავმისადგომი განა მხოლოდ სოვდაგრებს, შორეულ მტრებსაც გაუკაფავს საქართველოსთან მოსასვლელ გზებს... ამიტომ იქნებ, არ გვეჩქარა, იქნებ...
მეფე თამარი თვალმოჭუტული უსმენდა ზანქანს.
ერთაწმინდელმა უმალ უკუჰყარა ზანქანის ნათქვამი: ასეთი რა მტერი უნდა მოგვგვაროს ნავსაყუდარმა, მტერი განა ისე ვერ მოსულაო. ჯვანშირმა - ოვსთა სოვდაგარმაც - ერთაწმინდელის აზრი გაიზიარა.
როცა მეჭურჭლეთუხუცესმა გამოაცხადა, ყველას მადლობას მოგახსენებთ, მეფეს მეტი დრო არა აქვსო, სოვდაგარნი ფეხზე წამოიჭრნენ და მეფე თამარის გასვლის მოლოდინში თავდახრილნი იდგნენ. მეფე კი არ ჩქარობდა. მერე თქვა:
- სასახლეს რად აღარ ეკარები, ზანქან, რისთვის ვეღარა გხედავთ?!
ზანქანმა მეფეს თაყვანი სცა და თქვა:
- სადაც ჩემი მეფე მიხმობს, სამსახურად იქ გავჩნდები, - ზანქანმა თავი დახარა და გაირინდა. თამარის ძლიერი მზერა მაინც სწვდებოდა სულში ზანქანს. აბულასანი მეფეს ყურადღებით აკვირდებოდა - ხედავდა როგორ ცდილობდა მეფე ზანქანის სულის მოთვალიერებას. ზანქანის მომდევნო სიტყვებმა კი შეაშფოთეს:
- მაგრამ ვაი, რომ კაცნი ყოველთვის ვერ ვახერხებთ მეფის ღირს სამსახურს - ან ჩვენ არ შეგვწევს ძალი, ან გარემოება არ გვანებებს.
მეფე აბულასანს მოუბრუნდა:
- აბულასან, ზანქანი უბნობს, მეფის ღირს სამსახურს ყოველთვის ვერ ვახერხებთ, კაცნი არ გვანებებენო. სამეფო დარბაზის მრავალნი რას ფიქრობენ, რატომ ამბობს ამას?
მომაკვდინებელი იყო მეფე თამარის გამქირდავი მზერა, მაგრამ აბულასანმა პირზე სათნო ღიმილი მოიდო და თქვა:
- ეგ იუდეველთ წესია, მეფეო, თავიანთ წიგნში უწერიათ - პირდაპირ არასოდეს არ თქვან სათქმელი.
მეფე თამარი ყურადღებით დააცქერდა აბულასანს. მზერა გაუხანგრძლივდა კიდეც, აბულასანი შეიშმუშნა. თითქოს ამას ელოდაო, თამარი შებრუნდა და გასასვლელისაკენ გაემართა. ვიდრე მეფე დარბაზიდან არ გავიდა, არც ერთ სოვდაგარს თავი არ აუწევია. მეჭურჭლეთუხუცესმა თავი რომ ასწია, ზანქანი დარბაზში ვეღარ იხილა.
ეს ამბავი დღეს მოხდა, სადილობამდე და ახლა, ცხოვრების ავკარგზე მოუბარ, ბუხართან მჯდარ აბულასანს, მეფე თამარის გამქირდავი ღიმილი არ ასვენებს.
აბა, რა გასაკვირია, თავბრუ ეხვეოდეს. ვიდრე ქალაქის უზრუნველი გამგებელი იყო, არარა ფიქრი არ აწუხებდა, რაც სასახლეში შევიდა, თავბრუხვევა დასჩემდა. სხვა რომ არა, აბულასანს ახალი ამირსპასალარი აუტკიებს თავს. - ამირსპასალარის უცნაურობანი. მეჭურჭლეთუხუცესმა ვერა და ვერ ამოიცნო, რა რჯის ამირსპასალარ სარგის მხარგრძელს აბულასანს პირმოთნეობდეს: ყოველმხრივ ძლევამოსილია: მეფე თამარი დიდად აფასებს, ქვეყანას უყვარს, ამერ-იმერში მასზე ისეთ ამბებს ყვებიან, ღმერთკაცად მიაჩნიათ და ეს ღმერთკაცი აბულასანს დაინახავს თუ არა, ლეკვივით აცქმუტუნდება, გაბადრული, სიხარულმორეული მოეხვევა, მოიკითხავს. ასე რისთვის პირმოთნეობს მძლე ამირსპასალარი აბულასანს? არა, არ იქნება ეს ფარსაგი ამბავი ეგრე უბრალოდ იყოს. სულ სხვა ფიქრი სდევს ამირსპასალარს. რა? ვერა და ვერ ამოხსნა აბულასანმა.
- ეგრე ვთქვათ, ეგრე მივიღოთ: პატივსა მცემს, მენდობა და მეფერება. კი, ბატონო, ეგრე მივიღოთ და თუ ეგრეა... თუ ეგრეა... როცა შორიახლო ზის, პურის ჭამისას იქნება, თუ თათბირობისას, ასე გამჩხრეკი მზერით რად შემომცქერის?
მოგუზგუზე ცეცხლს მიაჩერდა აბულასანი. ცეცხლის ალი სულ სხვა რამეს ეუბნება: განა იქნება ფალავანდის ნათლულ, საურმაგის დაფრთიანებულ მხარგრძელს აბულასანი რამედ მიაჩნდეს?! მეფეს ხომ მაგათ მოაწონეს მხარგრძელი... მაგათ ურჩიეს: ეგ, მხოლოდ ეგ და სხვა არავინ არ უნდა იყოს ამირსპასალარიო. შეიკრა, სამება შეიკრა: ფალავანდი, საურმაგი, მხარგრძელი!..
- მაგათ ერთნაირად ვუყვარვარ მე... მით უფრო გამარჯვებული, მაგათზე ამაღლებული. ჩემი სახელი ღამე ძილს არ აძლევთ და დღისით მოსვენებას - აბულასანი შეყოვნდა, თვალები მოჭუტა - ნანობდა, იმას ნანობდა, თუ როგორ გამოეპარა მხარგრძელის გაამირსპასალარება... მოერეოდა, როგორ არ მოერეოდა ამ საქმეს...
ვერა, სავარძელში ვერ ისვენებს, წამოდგა, დარბაზში მიმოდის, ფიქრი არბენინებს ასე გახელებით, მწარე ფიქრი - ამირსპასალარის გამჩხრეკი მზერა არ აძლევს მოსვენებას. გამჩხრეკი მზერა და უცნაური ალერსი. ეგ კაცი, ამირსპასალარი სარგის მხარგრძელი, ხომ იმითაა ცნობილი, რომ მტერს სასურველ ვიწროებში შეიტყუებს და იქ უმკლავდება. შეტყუება სჩვევია.
აბულასანი შუა დარბაზში შედგა. მოგუზგუზე ცეცხლს მიაჩერდა.
- შეტყუება სჩვევია... შეტყუება სჩვევია!.. - ცეცხლის ენები გაჰკიოდნენ ამ სიტყვებს, ცეცხლის ენები მოსძახოდნენ აბულასანს - შეტყუება სჩვევია!
სარგის მხარგრძელის ეს თვისება ყველამ იცის, მაგრამ მაინც ამ ფანდის მსხვერპლად ქცეულან ხოლმე. ამას როგორღა ახერხებს? ან აბულასანს რად პირმოთნეობს ეგეთი მძლე. მძლე და ვერაგი. „ლეკვივით იმად იქცევა, რომ სინამდვილეში ლომია“ - დაასკვნა მეჭურჭლეთუხუცესმა.
ფარნავაზის ძე კი დაბეჯითებით ამბობს:
- იცი რისთვის იქცევა ეგრე? არც არავინ უყვარს, არც არავისთან სიახლოვე სურს... მხოლოდ თავის საქმეზე ფიქრობს. ყველას იმიტომ ელაქუცება, რომ არავისთან არ იყოს ახლოს, არავინ სერიოზულ კაცად არ მიიჩნიოს... აბა, ერთხელ სცადე და თავის საქმეზე გაუბი საუბარი, არც გაგიჩერდება, უმალ გაგეცლება.
მეჭურჭლეთუხუცესი სავარძელთან შედგა, კვლავ მოგუზგუზე ცეცხლს ჩააცქერდა.
ფარნავაზის ძემ კი დაამშვიდა, მაგრამ ფარნავაზის ძე თავისი სამრეკლოდან რეკავს ყველა ზარს. აბულასანს რა გამოეპარება, აბულასანი ხომ გრძნობს, ეგრე არ არის საქმე.
აბულასანის მახვილმა სმენამ ადამიანის მძიმე სუნთქვა იგრძნო. მობრუნდა. დიომიდე სახედაღრეჯილი შესცქეროდა ბატონს.
- რისთვის მობრუნებულხარ, დიომიდე, ასეთი რა გაიგე?
დიომიდემ პასუხი არ იჩქარა.
- წეღან არ გითხარ, გადავდე, მაგრამ გადადებით რა შეიცვლება, უნდა ვთქვა, სხვა გზა არა მაქვს - დიომიდემ გაოცებით მომზირალ აბულასანს მზერა გაუსწორა და აუჩქარებლად თქვა - საქართველოს მეფექმარმა იური ბოგოლუბსკიმ თათრებში სიარული დაიწყო.
დიომიდე ისეთი შიშისაღმძვრელი ტონით, ხაზგასმითაც ლაპარაკობდა, აბულასანს ღიმილი მოერია..
- კი, მაგრამ... მერე რა მოხდა... იაროს, თუ ასე უნდა... რა არის აქ - და აბულასანის სხარტ, მოქნილ გონებას მყის მისწვდა დიომიდეს ნათქვამი რაღაც საშინელს, ძალიან საშიშს რომ გულისხმობდა და მისთვის ერთობ უჩვეულო, ლამის აკანკალებული ხმით იკითხა - რატომ, რისთვის დადის თათრებში საქართველოს მეფე-ქმარი!
- საქართველოს მეფე-ქმარი მამათმავალ თათრებში დადის, ბატონო! - ხმადაბლა თქვა დიომიდემ.
აბულასანს წამოდგომა ეწადა, უნდოდა ერთი ძლიერ, მისებურად წამოჭრილიყო სავარძლიდან და შეეძახა რას როშავ, რას მიჰქარავო, მაგრამ ვერა, ვერ წამოიჭრა აბულასანი, წამოჭრას და მისთვის ეგზომ ჩვეულ შეძახილს ვიღა დაეძებს, წამოდგომაც ვერ შესძლო - ფეხებში ძალა ვერ იგრძნო, წელიც ვერ წამოსწია ხმლის განთქმულმა მქნეველმა აბულასანმა.
- შენა, შენა... აქ მო, დიომიდე, ახლოს...- დიომიდეს მოეჭიდა, მკლავში ჩაავლო ხელი მძლე აბულასანმა და მაინც წამოდგა, - რას როშავ, აბა, რას როშავ! - დიომიდე უხმოდ ჩასცქეროდა თვალებში, აბულასანმა კარგა ხანს უყურა დიომიდეს, იმან კი მზერაც რომ არ გაახამხამა, უღონოდ დაეშვა სავარძელზე.
დიომიდემ კი განაგრძო:
- ამბავი ცუდი მოგიტანე, ბატონო, მაგრამ... თათრებში იმად დადის რომ... ცხოველნი ნაყვარება... ისინი ცხვარს მოჰგვრიან... მაგისი ცოლი ხან ცხვარია, ხან - თათარი, ხანაც - კურდღელი... ან არადა, დედალი! ესენი მაგნაირები კი ეხმარებიან.
- რას ამბობ, რას ამბობ, დიომიდე! - ყვირილი ეწადა და ჩიფჩიფებდა.
აბულასანმა თვალები დახუჭა, თავი სავარძლის საზურგეს მიადო. ხედავდა, კარგად ხედავდა თვალდახუჭული აბულასანი, მისი რაში უფსკრულისაკენ მიჭენაობდა.
![]() |
18 ყმაწვილი ქალის გული |
▲ზევით დაბრუნება |
ორიოდ კვირის შემდეგ, ისევ არაგვისპირის სახლში, კვლავ შაბათ დილას, როცა ბაჩევა წიგნის კითხვით იყო გართული, ზანქანი ლოცულობდა, იოხაბედი
კი ფერუმარილს ისმევდა, ბაჩევას სარკმელში, სწორედ იმ მხრიდან, საიდანაც არაგვის ხმა ძალუმად ისმოდა, ბარათი შემოფრინდა. ბაჩევა მყის წამოხტა და სარკმელს მივარდა რომ დაენახა, ვინ შემოაგდო ბარათი. არავინ იყო. არაგვის ტალღები დიდ ლოდებზე ხტოდნენ, შხეფები კი ლამის სარკმელს სწვდებოდა. ბაჩევამ ბარათი აიღო, დაჯდა და კითხვა დაიწყო.
ბარათი ჩემგან ჩემი სიცოცხლის ანგელოსსა.
სიცოცხლევ და სულისდგმავ ჩემო, ყოველი სულდგმულის ყოფა ედემია, სამოთხეა ჩემს ყოფასთან შედარებით. ამის მიზეზი შენა ხარ, ანგელოსო ჩემო.
ყველანი მიდი-მოდიან, უბნობენ, ხმალს იქნევენ, მე კი ცოცხალ-მკვდარი ვარ, ვინათგან შენ სიახლოვეს არ მეგულვი, მე სიცოცხლეს შენთან ვპოვებ. ვპოვებ მაშინ, როცა ჩემს გვერდით იქნები, ხელს დამადებ და მეტყვი: შენ უნდა იცოცხლო, ჩემთვის, მხოლოდ ჩემთვის, მე კი უნდა ვიცოცხლო შენთვის, მხოლოდ შენთვისაო. როგორ იქნება ესა? Gგსურს კი ჩემი სიცოცხლე? ამის დასტურად შენს პაწია ბარათს მივიღებ. ბარათში ორიოდ სიტყვა ჩაწერე მხოლოდ: ,,სიყვარულია სიცოცხლე». ეგ ბარათი შავი არაგვის მარცხენა მხარეს დიდ ლოდზე დასდე, ზედ კი ის ქვა დაადე, რომელსაც შენი სახელი - ბაჩევა დავაწერე.
ის, ვისი სიცოცხლის ანგელოსიც არის
ბაჩევა, ასული ზანქანისა და იოხაბედისა.
ბაჩევამ ის ლოდი, შავი არაგვის იქითა ნაპირზე იოლად მონახა. ზედ ბრტყელი ქვა ედო. ქვაზე მისი სახელი ამოეკაწრათ. ბაჩევას ეს ქვა კარგა ხანს ეჭირა ხელში. მერე მდინარეში გადაუძახა.
![]() |
19 ნანატრი განსასვენებელისაკენ |
▲ზევით დაბრუნება |
წელიწადი ისე არ გავიდოდა, ფეთხაინიდან ათი-თხუთმეტი კაცი არ დადგომოდა თავისი საფლავისაკენ მიმავალ გზას. ზოგჯერ მეტიც - დავით აღმაშენებლის მეფობის ხანაში, წელიწადში 60-70 კაციც კი წასულა. დასამარხად მიმავალნი მოვაჭრეთა ქარავნებს მიჰყვებოდნენ. ადრეულ წლებში ქრისტეს საფლავის გამოსახსნელად მიმავალნიც ამოივლიდნენ ხოლმე საქართველოში - ამათთან დამგზავრება ყველაზე უხიფათო იყო - ყაჩაღები აბჯარასხმულ ადამიანებთან შებმას ერიდებოდნენ.
ქარავნები გამთენიის ხანს ადგებოდნენ შორეულ გზას.
საფლავისაკენ მიმავალ კაცს მთელი ფეთხაინი აცილებდა. გამცილებლები ნაშუაღამევს იყრიდნენ თავს. მოდიოდნენ ხორაგით - ზოგს ღვინო მოჰქონდა, ზოგს დაშაშხული ბატი, ზოგს თონიდან ამოგდებული პური, ზოგს თაფლიანი ნამცხვარი, ზოგსაც ახალციხური კუპატი. ერთი სიტყვით, მოჰქონდათ ის, ვისაც რა ებადა. უმთავრესად მოჰქონდათ იმათ, ვისაც ბევრი არაფერი ებადა, მაგრამ საფლავისაკენ გამგზავრება იმდენად მნიშვნელოვანი იყო, ყველა ცდილობდა რაღაც მოეტანა - ამ საერთო დღესასწაულს არ გამოჰკლებოდა.
გამცილებლებს არა მხოლოდ ხორაგი, საჩუქრებიც მოჰქონდათ. ხორაგს თავად მიირთმევდნენ, ილოცებოდნენ, სვამდნენ, ლაღობდნენ. დასამარხად მიმავალ კაცს იმას ულოცავდნენ, იერუსალიმის წმინდა მიწას რომ მიაბარებდა თავის სხეულს. ზოგი ამას ამბობდა, ზოგი - იმას, ზოგს მოსწონდა გადაწყვეტილება, ზოგი თავს ისე, უბრალოდ იქნევდა, მაგრამ გულის სიღრმეში ყველას შურდა იმ კაცისა, ვინც თავისი ცხოვრების ასეთი დასასრული ირჩია - მართლაცდა, ხუმრობა საქმე ხომ არ იყო: ადამიანი დასამარხად იერუსალიმს მიეშურებოდა.
შეძლებულთ საჩუქარი მოჰქონდათ - ვერცხლი. საფლავისაკენ მიმავალს დამშვიდობებისას ჩაუცურებდნენ ხოლმე უბეში. ამათ სანოვაგე არ მოჰქონდათ, (არც რაიმეს მიირთმევდნენ) მიაჩნდათ, რომ წამსვლელ კაცს პურობა კი არა, საგზალი სჭიროდა, ვერცხლზე უკეთესი საგზალი კი აბა, რა უნდა ყოფილიყო - ვერცხლი ადამიანს ყველა ფათერაკისაგან იხსნის, საფლავისაკენ მიმავალ კაცს ამხელა გზაზე ფათერაკს რა გამოულევსო. ამას შეძლებულნი, ვერცხლის მომტანნი ამბობდნენ, თორემ ფეთხაინის მკვიდრთა უმეტესობას სხვა ჩვეულება ჰქონდა - ხშირად მომხდარა: წამსვლელი გზას დასდგომია, გასაცილებლად მოსულნი კი კვლავ მისი სახლის წინ ველზე ისხდნენ და სასაფლაოს გზაზე დამდგარ კაცს ჯამით ხელში ლოცავდნენ.
შებეთიკომ სუფრას ბატის შაშხი, კიტრის მწნილი, კაკალი შემატა, ჯამი შეავსო და თქვა:
- გამიგონეთ, ისრაელისშვილებო, რა გითხრათ: იერუშალაიმში ბედნიერი, ჭკვიანი ხალხი მიდის. უჭკუო და გლახაკი აქ რჩება. რატომ იქცევა ასე? იმიტომ რომ ჭკუა არა აქვს. ჭკუა რატო არა აქვს? იმიტომ რომ ტვინის განძრევა ეზარება, ტვინი თუ გაანძრია, ჭკუასაც იპოვის.
- მართალი ხარ, შებეთიკო, მართალ უბნობ. ისე გამოდის, შენ აქედან ფეხი ვერ გაგიდგამს.
შებეთიკომ წარბები აზიდა და შაშო გააფრთხილა:
- შემარგე ახლა ე ჯამი!
ტატალოს შებეთიკოს მონოლოგი არ მოუსმენია, არც შაშოს პასუხი და შებეთიკოს შესძახა:
- ე, კაცო, რა ამბავია, დაცალე ე ჯამი! მაგ ჯამს ლაილაი გირჩევნია?
- შენმა მზემ ჯამი, ჯამი, ტატალო, მაგრამ ამასაც რომ იერუშალაიმი ჯობია, ხომ იცი! - ა, ასე მტერი დაგეცალოს, იოშუაყი კი მშვიდობით ჩასულიყოს! - თქვა შებეთიკომ, ჯამი დაცალა და ტატალოს მიუბრუნდა - ჰა, მითხარი ახლა რამე!
- შენც გაღირსოს ღმერთმა, შენც დადგომოდე მაგ გზას!
- ამენ! - თქვა შაშომ და თვალები მილულა - ღვინო ერეოდა.
- შენ არაფერს არ მისურვებ? - იკითხა ტატალომ.
- თავის დროზე შენც იერუშალაიმის მიწაზე დაგამადლიანოს გამჩენმა!
ეს თითქმის აუცილებელი რიტუალი იყო. გაცილებაზე მოსვლას ორი მიზანი ჰქონდა: საფლავისაკენ მიმავალი კაცისათვის მშვიდობის გზა ესურვებინათ და რაც მთავარია, ერთმანეთი წაექეზებინათ, რომ დროულად დადგომოდნენ იერუსალიმისაკენ მიმავალ გზას.
ის, ვინც დასამარხად იერუსალიმს მიეშურებოდა, არა მხოლოდ ღვთისმოშიშ, ბედნიერ ადამიანადაც ითვლებოდა.
- თვრამეტი წლისას - ხუფა, ცხრა თვის თავზე - ბენზახარი,1 სიბერეში დროულად იერუშალაიმის მიწა. ვინ არი ამნაირი ბედნიერი, ვის ეღირსება! - იტყოდნენ ხოლმე მეოცნებენი.
ბევრს ღირსებია, ბევრი მიდიოდა, ყველაზე მეტი ქიზიყიდან, ახალციხიდან, ტფილისიდან.
რომელიღაც კუთხეში უკვე მღეროდნენ კიდეც. გაცილებისას უმეტესწილად საქორწინო სიმღერები გაისმოდა.
- იერუშალაიმის მიწა, იერუშალაიმის მიწა! - გაისმა ფეფოს ხმა. ბიჭს
ხმაში ნაღველი შეპარვოდა - იერუშალაიმის მიწას არავინ ყიდულობდა.
- კარგი, ბიჭო, ნუ გამიხვრიტე ყურები! - გაუბრაზდა შებეთიკო ბიჭს.
- იყიდე, ბიძია, კაია!
- რად მინდა, ბიჭო, იერუშალაიმის მიწა, იქით მივდივართ, ხო უყურებ! - შესძახა ტატალომ.
- ყველა ხო ვერ წავა, ბიძია, ა, აგერ ჩამოგიტანეთ!
- წავალთ, რატო არ წავალთ, ყველას გვაღირსებს გამჩენი! - ამ კუთხეში მტკიცედ გადაეწყვიტათ არ ეყიდათ იერუშალაიმის მიწა.
- რო ვერ მოასწრო, ბიძია?! - ა, ხო ნახე, რა უცებ გადაბრუნდა ელიბო!
- მომაშორეთ ე ბაღანა აქედან! - იღრიალა შებეთიკომ.
ფეფო ამ კუთხეს გაეცალა. მუხასთან გაშლილ ნაბადზე მოქეიფეთ მიაშურა. აქ უკვე შემთვრალიყვნენ.
- იყიდეთ, იყიდეთ, იერუშალაიმის მიწა, ყველა იქ ხო ვერ წახვალთ, ხო ხედავთ, სიკვდილი რა უცებ მოდის!
ხავა გაწიწმატდა:
- რო გითხრა, ენა ჩაგივარდეს-მეთქი, ხომ ვიქნები მართალი?!
- რითვინ მიბრაზდები, იყიდეთ იერუშალაიმის მიწა, იყიდეთ, ყველაფერი ხდება, გქონდეთ ნაყიდი!
- მოდი აქ, შვილო შენ, - თავისკენ იხმო ბიჭი ხანამ - არონიკო კოჭლის ცოლმა - მართალი ხარ! მე იერუშალაიმი აქა მაქვს. არსად წასვლას არ ვაპირებ. მომეცი! - ბიჭმა ერთი ტოპრაკი მიწა გაუწოდა - ეს რა არი! ცხრა სული ვართ ოჯახში, სამი ცალი მაინც მქონდეს, რა ვიცი, რა ხდება!
ფეფომ, ცხადია, სიხარულით მისცა სამი ტოპრაკი მიწა.
ხანას, რასაკვირველია, სხვა ქალებმაც წაბაძეს. ბიჭმა ბარე თხუთმეტი ტოპრაკი მიწა გაყიდა და ხმაში იმედიანობაც დაეტყო.
- ე, მიწა გვქონდეს, რას გვიშავებს! თუ წავედით, ქალაქის კარებამდე მივიტანთ, მიგვიყვანოს გამჩენმა!
- იყიდეთ, იერუშალაიმის მიწა, დროზე იყიდეთ, ყველა ყიდულობს, თქვენც იყიდეთ, თუ რამე დარჩა! - უკვე მხნედ გაიძახოდა ფეფო.
- მამა ნუ წამიწყდება, ფარსაგი ამბავი უნდა იყოს, სადაა იერუშალაიმში მიწა, სულ სილა არისო და ეს რა მიწას ყიდის - ფეთხაინისას?! - გაოცებას ვერ ფარავდა იაკობი - მოდი აქ, ბიჭო, შენ - დაუძახა ფეფოს. ეწადა შეემოწმებინა რა მიწას ჰყიდდა, მაგრამ ვეღარ მოასწრო - იოშუაყი სწორედ ამ დროს გამოვიდა თავისი მიწურიდან, მხარზე ხურჯინი გადაეკიდა. აუჩქარებლად მოდიოდა. თუმც ხურჯინი ისე ქანაობდა, მძიმე არ ჩანდა. ხურჯინის ერთ აბგაში თორები, თეფილინი, ციცითი ედო, მეორეში კი პატარა, საქართველოში გადაწერილი სეფერთორა.2
იოშუაყი მიწურისაკენ შეტრიალდა, თვალი სინანულით მოავლო და გამცილებლებთ მოაშურა. გამცილებლები ფეხზე წამოიჭრნენ:
- ბესიმანტობ!
- დერეხ შალომ, იოშუაყ!
- მშვიდობით გატაროს გამჩენმა!
სიმღერაც წამოიწყეს. იოშუაყი გამცილებელთა ერთ ჯგუფს მიუახლოვდა ხურჯინი მოიხსნა და თქვა:
- ისრაელიშვილებო, რომ მკითხოთ, რა ხნის ხარო, ვერაფერს გეტყვით. ჩემი ანგარიშით, თანახი.3 ორმოცდაათჯერ მაინც უნდა მქონდეს წაკითხული. რახან ამდენი ხანი სიცოცხლე მაჩუქა ღმერთმა, გადავწყვიტე, ეს ჩემი დაჯღვარკული ტანი იერუშალაიმის მიწას მივაბარო. თუ გამჩენმა იქამდე მისვლა შემაძლებინა, დიდ სიკეთეს ვეწევი, თუ არა და... გამჩენმა მოშე რაბინუს არ აღირსა ერეცისრაელში დასაფლავება და მე ვინ ვარ!.. ჯამაათში მშვიდობა დამიტოვებია. მშვიდობა მოგცეთ ღმერთმა! - იოშუაყმა ჯამაათს გადახედა. კვარის მქრქალ შუქზეც კი ამოიკითხა მათს სახეებზე აღბეჭდილი მოწიწება იერუსალიმს მიმავალი კაცისადმი.
მშვიდი, უშფოთველი ტფილისური ღამე ილეოდა. კვარის შუქი, როგორც
ჩანს, ჭრიჭინობელებს აფრთხობდა - მათი ხმა ქვემოდან ისმოდა.
იოშუაყმა ისევ დაიწყო:
- მადლობელი ვარ, ჯამაათო - ერთად ვზიდეთ წუთისოფლის ჭაპანი, ერთად ვემსახურეთ გამჩენს, თქვენთან ერთად გავატარე ყოლამ ჰაზე.4 ბევრი სიკეთე მახსოვს თქვენთან ერთად, ბევრი ბედნიერი დღე. გამჩენის ერთგული ჯამაათია ტფილისში და ამიტომაც არი გამჩენი ამ ქალაქისაკენ. გაძლიეროთ გამჩენმა, მშვიდობით იყავით!
იოშუაყმა ხურჯინი კვლავ მხარზე მოიგდო და გზას დაადგა. რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და გამცილებლებმა სიმღერა წამოიწყეს, მერე მოცეკვავეებმა წრეში ისე მოიქციეს თავისი საფლავისაკენ მიმავალი კაცი, როგორც საპატარძლოსკენ მიმავალ ყმაწვილს მოიქცევს მაყრიონი. ასე, ცეკვა-სიმღერით დაეშვნენ მდინარე მტკვრის ნაპირისაკენ - მექარავნენი მტკვრისპირას იდგნენ.
ზოგს ანთებული კვარი ეჭირა ხელში, ზოგს სანთელი. და ფეთხაინის ბექობიდან ისე ჩანდა, თითქოს ვარსკვლავები იქ, დაბლა, მტკვართან იყრიანო თავს.
ტფილისური მშვიდი ღამე გამცილებელთა ცეკვა-სიმღერამ აახმიანა, აახმაურა და ებრაული უბანი უკან რომ მოიტოვეს, ძილგატეხილი ქალაქელები ეზოებში გამოეფინენ. გლახუა მატაბელმა იკითხა რა ხდება, ასეთი რა დღესასწაული გაქვთ იუდეველებსაო. მიუგეს: არარა დღესასწაული არა გვაქვს, იერუსალიმში დასამარხად მიმავალ იოშუაყს ვაცილებთო. გაოცებულმა გლახუამ წამოიძახა, ამ დილა ბნელში რა მასხარობა აგიტყდათ, როდის იყო კაცი დასამარხად თავად მიდიოდაო. მაგრამ რა დარწმუნდა არავინ ხუმრობდა, მეზობლებს გადასძახა: „ერთი, ნახეთ, იუდეველები ცოცხალ კაცს იერუსალიმში დასამარხად როგორ აცილებენო“. „ჩვენს შორის ამაზე ბედნიერი კაცი არ არი, იერუშალაიმში დაიმარხებაო,“ მიუგეს იუდეველებმა.
ხალხი შუკაში გამოეფინა.
- ე, რა წესია, ხალხნო - კაცი დასამარხად თავისი ფეხით მიდიოდეს! - იყვირა დათუამ
- ეგრე უხმოდ რად გვტოვებ, იოშუაყ, პური ერთად გვიჭამია, მტერიც დაგვიხანჯლავს, ტიალი.
მომღიმარი იოშუაყი შედგა. ხურჯინი მიწაზე დადგა და გლახუნას გადაეხვია:
- რომელი ხონთქარი, მე ვარ, ჩემო გლახუნა, ქვეყანა შევძრა, მივდივარ და თავი დამიკარით-თქო.
იოშუაყს დათუა მოეხვია:
- რა დროს შენი სიკვდილია, ბიჭო, სად მიხვალ!
- როცა ღმერთი ინებებს, მე მზად ხომ უნდა ვიყო, ჩემო დათუა!
- ეე, აბა, რას ამბობ, ხო კარგად ხარ?! სიცოცხლე სიცოცხლეა, სიკვდილი კიდევა -სიკვდილი. გაგვიმარჯოს, ხალხნო, სიცოცხლეს გაუმარჯოს! - დათუას ხელში ღვინით სავსე ჯამიც გაჩნდა.
- მაშ, სასიკვდილოდ მიდიხარ, კაცო! - გაოცებას ვერ მალავდა გლახუნა.
- სიკვდილი განა ჩემ ხელთ არი, მინდა იქ დავუხვდე, იერუშალაიმის მიწაზე.
- თქვენ რა ხალხი ხართ, კაცო, სადაც გნებავთ, იქ უხვდებით სიკვდილსა!
- აბა, ჩვენ იმ ბედნიერებას ვინ გვაღირსებს, ჩემო დათუა, ჩვენს მიწაზე ვიბადებოდეთ და სიკვდილსაც იქ ვხვდებოდეთ, სადაც ვიბადებით.
- ე, რა არი, კაცო, დროზე ადრე რითვინა კვდები?! - ეზოდან გამოვიდა ავთანდილა.
- დროზე ადრე კი არა კვდება, იმითვინ მიდის, სიკვდილის მერეც რო იყოს!
- დათუა, რა უცებ მიხვდი ყველაფერსა! - შესძახა ტატალომ.
- ეეჰ, განა მთელი სიცოცხლე სიკვდილისათვის არ ვემზადებით! - დაიჩივლა გლახუამ.
- შეხედეთ, თენდება, გათენება კი სიცოცხლეა. კაცი თავის მიწაზე მიდის, განა მართლა სასიკვდილოდა! - დასჭექა ავთანდილამ და ჯამი მოიყუდა.
დათუამ კი თქვა:
- ღმერთი შეგეწიოს, იოშუაყ, აქ კარგი კაცი იყავ, იქ ცუდი რითვინ გახდები. შენს გზას გაუმარჯოს!
გლახუა ახითხითდა. სიცილი რომ გაუგრძელდა, ლამის რომ ჩაბჟირდა, ყველა მას მიუბრუნდა. ის კი იცინოდა და იცინოდა, არას ამბობდა.
- ჰა, თქვი, სანამ გიყუროთ, ეჩქარება ამ კაცსა! - დათუას ჯამის მეორედ დაცლაც ეწადა და მოეჩვენა, რომ გლახუა დროს აკარგვინებდა.
- ეჩქარებაო, ამბობ? მაშ, ეჩქარება კიდეცა?! - გლახუას სიცილისაგან მუცელი უთახთახებდა - აბა, ვინ მეტყვის - სად ეჩქარება?
- სიკვდი... - ავთანდილამ სიტყვა აღარ დაამთავრა - საფლ... - არც ეს სიტყვა მოეწონა ავთანდილას - აბა, რა ვიცი, ეჩქარება და... აგე, შეხედე, ინათა კიდეცა!
გლახუამ სიცილი დაიოკა, ჯამი ხელში აიღო და თქვა:
- დღემდისინა სულ ის ვიცოდი, რო კაცი სიკვდილ გაურბოდა, ამ დილაბნელში ის ვნახე, კაცი რო სიკვდილისაკენ მიეშურება. აწი ის დაგემალება, იოშუაყ, აფერუმ შენს კაცობას! - გლახუამ ჯამი დაცალა და იოშუაყს კიდევ ერთხელ მოეხვია. არც დათუამ და ავთანდილამ დაახანეს ჯამის დაცლა.
მოციმციმე კვარის შუქზეც კარგად გამოჩნდა იოშუაყს ცრემლი როგორ ჩამოუგორდა ლოყაზე და თეთრ წვერში როგორ ჩაიკარგა.
- კარგად იყავით, ღმერთმა ძალა მოგცეთ, მოყვარე გიმრავლოთ! - თქვა იოშუაყმა, ჯამიდან ღვინო მოსვა, დაიხარა და მიწას დაუწყო ჩიჩქნა.
- რა არი, იოშუაყ, ოქრო გაქ დამარხული მაგ მიწაში? - იკითხა ვიღაცამ. იოშუაყმა პასუხი არ გასცა. ირგვლივ დუმილი ჩამოვარდა. განთიადის პირი იდგა, მთვარე ღრუბლების კვალდაკვალ მიცურავდა. ღრუბლები კი ისე სწრაფად მოძრაობდნენ, თითქოს მთვარისგან გაცლას ეშურებიანო, მაგრამ ვერ ეცლებოდნენ.
იოშუაყმა მიწა მოჩიჩქნა. მოჩიჩქნილი მიწა მარცხენა ხელის პეშვში მოიქცია, მარჯვენათი ხურჯინიდან პაწია ტოპრაკი ამოიღო, მიწა შიგ ჩაყარა, მერე კიდევ გაივსო პეშვი მიწით, ისიც ტოპრაკში მოაქცია, ტოპრაკს თავი მოუკრა და ხურჯინში ჩადო.
გამეფებული დუმილი ვიღაცის ამოოხვრამ დაარღვია.
მერე კიდევ ვიღაცამ ამოიოხრა და დასძინა:
- ეეჰ, ეგრეა, ეგრე, ჩვენი ცხოვრება!
იოშუაყი გაფარჩხული ხელებით მიწას დაეყრდნო, ხვნეშით წამოდგა, მუხლი გამართა, ხურჯინი მხარზე მოიგდო და უხმოდ დაეშვა მტკვრის ნაპირისაკენ. გამცილებლები გამოუდგნენ, აღარავინ მღეროდა, აღარც ვინმე ცეკვავდა.
იოშუაყი შუაში მოექციათ და თავდახრილნი, თითქოსდა პირზე ბოქლომდადებულნი, მიდიოდნენ მოქარავნეებისაკენ. ახლა კი მართლა ემსგავსნენ სასაფლაოსაკენ მიმავალ, მიცვალებულის გამცილებელ ჭირისუფალთ.
მტკვრის პირას რომ ჩავიდნენ, მოვაჭრეთა ქარავანი აფუსფუსებული დაუხვდათ. გამგზავრების ჟამი დამდგარიყო - გამცილებლები იოშუაყს უხმოდ უახლოვდებოდნენ, ეხვეოდნენ, ვისაც საამისო საშუალება ჰქონდა, ვერცხლის ფულს ჩუქნიდნენ.
ზანქანი სწორედ ამ დროს მოვიდა და იოშუაყისაკენ გაემართა, მაგრამ იოშუაყის ცხვირწინ კაკიტელამ მოუჭრა გზა - კაკიტელა მტკიცე, თავდაჯერებული კაცის ნაბიჯებით მიუახლოვდა იოშუაყს, ხელი ჩამოართვა და უბეში ვერცხლის ფული ჩაუცურა. მის უკან მოქცეული ზანქანისათვის ახლა მაინც უნდა დაეთმო ადგილი, ახლა მაინც უნდა გაცლოდა იოშუაყს, მაგრამ კაკიტელა არ ჩქარობდა, მიმოიხედა, შორს იორამ ბაზაზა დაინახა - აქეთ მოდიოდა და ხელის დაქნევით მოიხმო. იორამმა იქიდანვე აუღო ალღო სიტუაციას, მიხვდა რისთვის იხმო კაკიტელამ და დინჯად გამოემართა მისკენ. იოშუაყის ხელი ხელში დაიჭირა და რაღაცას ელაპარაკებოდა. იოშუაყიც მიუხვდა კაკიტელასა და ბაზაზას: ზანქანს ეუბნებოდნენ არაფრად გაგდებთ, ვინა ხარო. ეწადათ გაღიზიანებულ, მოთმინებადალეულ ზანქანს რაღაც შეეძახა, უსიამოვნება წამოეწყო. იოშუაყი ამას რომ მიხვდა, უხერხულობა იგრძნო - მზერა აუღელვებლად, მშვიდად მდგარი ზორაბაბელისაკენ გააპარა - პირზე ღიმილმომდგარი ზანქანი მშვიდად იდგა. ბაზაზა კი აუჩქარებლად ლაპარაკობდა. იოშუაყი მოთმინებით ელოდა როდის დამთავრდებოდა შურის პაწია დღესასწაული. მერე ბაზაზას მშვიდად დაუკრა თავი და ზანქანისაკენ გადადგა სამიოდ ნაბიჯი:
- ზანქან, გაკურთხოს გამჩენმა, იქნებ, მართლა დადგეს კაცი ჩემი ბიჭისაგან - იქნებ, დაუბრუნდეს გამჩენის გზას. გაკურთხოს ღმერთმა!
- დერეხ შალომ,5 იოშუაყ, დერეხ შალომ! - ზანქანმა იოშუაყს ჯიბეში ვერცხლის ფული ჩაუცურა, გაუღიმა და გაეცალა.
- იმ ბიჭს შენ გაბარებ, ზანქან!
- ჩვენ ყველანი გამჩენის მოიმედენი ვართ, იოშუაყ, კი იცი ეს შენ!
ზანზალაკების ხმაც გაისმა. ის-ის იყო ქარავანი გზას უნდა დადგომოდა, ხახამ აბრაამი მოვიდა, იოშუაყს კეთილი მგზავრობა უსურვა და ქარავანიც დაიძრა.
ნელი ნაბიჯით, აუჩქარებლად გაუდგა ხურჯინგადაკიდებული, წელში ოდნავ მოხრილი, თვალში სინათლე დაკლებული, ერთ დროს მდიდარი, მერე გაღარიბებული და ამქვეყნიურ სიამეთა აღარმძებნელი იოშუაყი საფლავისაკენ მიმავალ ძალიან შორეულ გზას. ხურჯინში თეფილინი, ტალითი, თორები, პატარა სეფერთორა და ორიოდ მუჭა ქართული მიწა ჰქონდა. გამცილებლები შურით შეჰყურებდნენ საფლავისაკენ მიმავალ კაცს - მას ეყო ძალა ასეთი საგზლით წასულიყო საფლავისაკენ და ფიქრობდნენ:
,,თუ ეს შესაძლებელია, მაშ, რაღა აზრი აქვს წუთისოფელთან ჭიდილს?“
მერე ვიღაც გამოაკლდა მათს რიგებს, მერე კიდევ ვიღაც და ადამიანები აუჩქარებლად გაემართნენ ბეით ქნესეთისაკენ - უკვე კარგად გათენებულიყო.
დილის ლოცვის - შახრითის დრო დგებოდა.
![]() |
20 ყმაწვილი ქალის გული |
▲ზევით დაბრუნება |
ბაჩევა ყოველი ბარათის გამოჩენას მოუთმენლად ელოდა. არაგვისპირის სახლიდან ქალაქს რომ დაბრუნდნენ და ბარათი არა და არ ჩანდა, თავს იმით ინუგეშებდა, ბარათის მომწერმა ალბათ, არ იცის ქალაქს რომ ჩამოვედითო. უკვე შემოდგომა დადგა, აგრილდა კიდეც, მაგრამ სარკმელი დილიდან საღამომდე ღია ჰქონდა. ოთახიდან გასული უკან დაბრუნებას ჩქარობდა, რომ მობრუნდებოდა, იატაკს დასცქეროდა.
ბარათი კი არ ჩანდა.
ახალი წელი - როშ ჰაშანა ბარათის მოლოდინში გაილია. საკუთარ ქმედებათა განსჯის, მონანიების, ფიქრის დღეები იდგა, მაგრამ ბაჩევა ჩადენილ ცოდვებზე კი არ ფიქრობდა, ბარათის გამომგზავნ კაცზე და აი, ქიფურის მომდევნო შაბათს, სუქოთში, დილას ზანქანი რომ ბეით-ქნესეთში წავიდა, იოხაბედი ფერ-უმარილს ისმევდა, თავად კი ფსალმუნს კითხულობდა და ბარათის მოსვლის იმედი სულაც გადაწურული ჰქონდა, იგრძნო იატაკზე რაღაც დავარდა. მყის მობრუნდა და ბარათი დაინახა. გულისცემა გაუძლიერდა. შუბლზე ოფლმა დაასხა. სიამოვნებდა ბარათის ცქერა, თითქოს ამ სიამოვნების გახანგრძლივება სწადიაო, ბარათს ღიმილით შესცქეროდა, მერე აუჩქარებლად წამოდგა, აიღო და კითხვას შეუდგა:
ბარათი ჩემგან ჩემი სიცოცხლის ანგელოსსა!
ცოდვილი ვარ - ქიფურში, ბეით ქნესეთში, ნაცვლად იმისა, რომ ღვთისათვის თავი შემევედრებინა, შენთან ვბაასობდი - სულ შენ მედექი თვალწინა.
მაპატიებს ღმერთი ამ შეცოდებას? სანამ ვითმინო? სანამ ვიქნები ეგრე განდეგილი? ვიდრე შენ არ მიბრძანებ ,,მო, ჩემო, ჩემთან“. მე ამ დღეს ველოდები. როდის, როდისღა ჩემი სიცოცხლის ანგელოსო? როდის ვიქნებით ერთადა?! ანკი უნდა მქონდეს იმედი ერთად ყოფნისა? შენ გგონია, არაგვში ქვა გადააგდე, არა, შენ მე მომისროლე წყალში, ეგრე რად გამიმეტე? იმად რომ არ გინდივარ, თუ იმად, რომ ჯერ ვერ შეგუებიხარ შენს გვერდით ჩემს ყოფნასა? მე სიცოცხლე მწყურია. ეგ სიცოცხლე კი შენს ხელთ არი. თუ სიცოცხლეს მიბრძანებ, დღესვე, ნაშუადღევს, როცა ზანქანი მინხაზე გაეშურება, შენ მტკვარზე გადებულ ხიდს უნდა გადახვიდე. ეს იქნება ნიშანი ჩემი სიცოცხლის შენგნით ნებადართვისა, რადგან სიცოცხლე მხოლოდ შენთან ერთად, შენს გვერდით მსურს.
ის, ვისი სიცოცხლეც არის ბაჩევა, ასული ზანქანისა და იოხაბედისა.
ბაჩევამ უცნობის სხვა, ადრე მოსულ ბარათებსაც ხელი დაავლო და ოთახიდან გავარდა - თინათისაკენ მიიჩქაროდა.
ნაშუადღევს, როცა ზანქანი ბეით ქნესეთისაკენ გაეშურა, მტკვარზე გადებული ხიდი თინათიმ გადაიარა. ყურადღებით აცქერდებოდა გარემოს. ვერავინ დაინახა. უკან მობრუნებისას ხიდზე შეჩერდა. მტკვარს კარგა ხანს გადასცქეროდა.
__________________________
1.ბენზახარი - ვაჟიანობა, პირველი ვა ჟიშვილი.
2.სეფერ-თორა - თორის გრაგნილი.
3.თანახი - მოსეს ხუთწიგნეული, ძველი აღქმა, რომელსაც ებრაელები მთელი წლის განმავლობაში კითხულობენ.
4.ყოლამ ჰაზე - წუთისოფელი.
5.დერეხ შალომ! - გზა მშვიდობისა!
![]() |
21 ქარიშხლის წინ |
▲ზევით დაბრუნება |
აბულასანმა ათი ყური გამოისხა. გრძნობდა, რომ მალე, სულ მალე ქვეყანაში დიდი ამბები მოხდებოდა და სამზადისი ჰქონდა. ყველას, ვინც მეჭურჭლეთუხუცესს ამის ღირსად მიაჩნდა, საგულდაგულოდ ებაასებოდა. თუმცა, იმათაც პირზე ღიმილმომდგარი უწყებდა ტკბილ ბასს, ვინც მეჭურჭლეთუხუცესთან საუბრის ღირსად არ მიაჩნდა. მთისა და ბარის ამბებს მოჰყვებოდნენ, სინდის-ნამუსზეც ისაუბრებდნენ, ომის ფათერაკებზეც და იმაზეც დღითიდღე, თუ როგორ ეცემოდა ბიზანტია. რასაკვირველია, გიორგი ბოგოლუბსკიზეც ჩამოაგდებდა სიტყვას. მეფე-ქმარს აუგად არავინ ახსენებდა, პირიქით: იმას ამბობდნენ რაოდენი ყოჩაღი ყოფილა, სულ ტყე-ტყე დადის, რომ საქართველოს სიახლოვეს მტრის ჭაჭანება არ იყოსო.
ეს კი იმას ნიშნავდა, ქარიშხალი ჯერ არ ამოვარდნილიყო.
აბულასანს კი სჯეროდა, რომ ქარიშხალი უსათუოდ ამოვარდებოდა, დღეს
თუ არა ხვალ დაიწყებოდა და ირგვლივ ყველაფერს წალეკავდა. ქარიშხალს იმიტომ კი არ ასტეხდნენ, რომ გიორგი ბოგოლუბსკისთვის ევნოთ, იმად, რომ ბოგოლუბსკისა და აბულასანის ერთიანობისათვის მოეღოთ ბოლო. ისინი, ვისაც ბოგოლუბსკისა და აბულასანის ერთად ყოფნა გულს უკოდავდა, არ მოისვენებდნენ. ამიტომ იჯდა აბულასანი საღამოობით ბუხართან და ფიქრობდა ხვალინდელ ქარიშხალზე - საით წავიდოდა იგი, რომელ მხარეს რას, გადაუვლიდა, რას წალეკავდა. სანამდე მივიდოდნენ გრიგალის ამტეხნი.
აბულასანს ეწადა ყველაფერი ხელისგულზე ჰქონოდა, კარგად სცოდნოდა ხვალ საიდან ელოდა საშიშროება, ვისგან. ეწადა მიახლოებით მაინც დაენახა, თუ სანამდე გასწვდებოდა ქარიშხალი.
- ყაბულსა ვარ, სენი სჭირს მეფე-ქმარსა. უგვანოა. მერე? ახლა რაღა ვქნათ? ვიყვიროთ, ქვეყანას მოვდოთ ეს ამბავი, თუ, გავჩუმდეთ, ჩვენს ჭირს ჩვენვე მოვუაროთ? რამდენი მეფე ვიცით, სნეული იყო, არას მაქნისი, მაგრამ ხალხმა, ქვეყანამ ნამუსი შეუნახა. განა დღევანდელ ბიზანტიაში მამათმავლების დოღი არ არი? ქალებს კაცები ენატრებათ, კაცი კი კაცს ეალერსება - შეშამ გაიტკაცუნა, აბულასანმა ბუხარს გადახედა, ცეცხლის ალები ერთმანეთს ელაციცებოდნენ, ხან დაიწევდნენ, თითქოს ჩაცუცქდნენო, ხანაც ქალ-ვაჟივით ჩაეკვროდნენ ერთმანეთს. იცოდა, კარგად იცოდა აბულასანმა, რომ საქართველოში არ შეურიგდებოდნენ მეფე-ქმრის მამათმავლობას, კაცი არ გამოვიდო-და, ეთქვა, რა ვუყოთ, რაღა გაეწყობაო. ამათ მერე ეს ქვეყანა ვიღაცას ხომ უნდა ჩაებარებინა და გაძღოლოდა. ეს ყველაფერი კარგად უწყოდა აბულასანმა და იმასაც ხვდებოდა, რაოდენ ამაო იყო მისი ფიქრი. ამიტომ ამ ცივ საღამოებს ბუხართან მჯდარი იმის მიხვედრას ცდილობდა, რა მოჰყვებოდა ქარიშხალს.
- მაშ, ეგრე: მეფე თამარი, რომელსაც არ ეწადა ბოგოლუბსკი და მაინც დავაქორწინეთ. ჩვენა, ჩვენ ვქენით ეს საქმე, ჩვენ მოვიყვანეთ ბოგოლუბსკი. ეს ერთი. მეორე: ფალავანდი, საურმაგი, თარხანის ძე და ძმანი მისნი, რომლებსაც არ ეწადათ ბოგოლუბსკი იმის გამო, რომ გვინდოდა ჩვენ, მინდოდა მე. იმათ კი ეწადათ ბიზანტიელი კომნინოსი... ალექსი კომნინოსი... ამათაც ვაჯობე... მაინც ჩვენი გავიტანე... დღეს კი... დღეს კი... ლამის ორი წელი გავიდა ბოგოლუბსკის საქართველოში ჩამოსვლის დღიდან და... მეფე თამარი მათ უგდებს ყურსა, ამირსპასალარად მათი რჩეული ინდომა... ჰო, ამირსპასალარიც... ესეც იქ არი, იმათ გუნდშია... კიდევ? კიდევ ვინ არი? ისინი, ვინც ამათ უკან დგანან და ისინიც, ვინც ხვალ დადგება, რა იყნოსავს ამათი მახვილი სჭრისო. და თუ მაგათმა მახვილმა გასჭრა... თუ ჩემი დაბლაგვდა და მაგათმა გასჭრა...
ბუხარში შეშამ ისე გაიტკაცუნა, უდრეკ აბულასანს ლამის ელდა ეცა.
ბუხარს საყვედურით მიაცქერდა. თვალმოჭუტული შესცქეროდა.
- ბოგოლუბსკი შენ მოგვგვარეო, ბოგოლუბსკი შენ მოგვიყვანეო, ე, მაგითა ხარ დღეს მეჭურჭლეთუხუცესიო... მომიხუჭავს, მომიხუჭავს თვალი, თორემ როგორ იქნებოდა, როგორ იქნებოდა ამისი ამირსპასალარობა... ამიტომ... ამიტომ... მე რა ვიცოდი, ან საიდან უნდა მცოდნოდა, თუ მაგას რაიმე ზნე სჭირდა... ვითარ მეცოდინებოდა, ვითარ მეცოდინებოდა... - აბულასანი გველნაკბენივით შეტოკდა - ზანქან ზორაბაბელი გაახსენდა, მისი უსტარი.
- იუდეველი ზორაბაბელი, ზორაბაბელი!
მეჭურჭლეთუხუცესი ჩაფიქრდა. ზანქან ზორაბაბელთან ადრინდელივით ვერ ისაუბრებს - აღარ ეკარება, გაურბის კიდეც აბულასანს. ჩამოიყვანა ბოგოლუბსკი - მისი ჩამოყვანილი კაცი მეფის მეუღლე გახდა და იმასაც არ ეკარება. ეს კი იმას ნიშნავს... იცის, ხვდება აბულასანი, რასაც ნიშნავს ეს, მაგრამ ზანქან ზორაბაბელს მაინც უნდა მიხედოს.
- რა წითელი კოჭი ეგა მყავდა, რომ მომავალ მეფესთან გამეგზავნა, არ უნდა ხვდებოდეს, რისთვის ვირჩიე?
![]() |
22 სასაფლაო |
▲ზევით დაბრუნება |
ზანქანი ფიქრმორეული მიუყვებოდა გზას. გუჩუ და ჯაჩუ შორიახლო მოსდევდნენ.
გზაჯვარედინთან შედგა. ხელმარცხნივ გზა ბეით-ქნესეთისაკენ მიდიოდა, ხელმარჯვნივ - სასაფლაოსაკენ. ბენო კაკიტელას მოჰკრა თვალი - ისიც ნელი, აუჩქარებელი ნაბიჯით მოდიოდა. დაელოდა.
- როგორა ხარ, ბენო, რას შვრები - ხომ კარგად ბრძანდები? - მშვიდად, ღიმილითაც კი ჰკითხა. ესოდენ თბილი მისალმებით სახტად დარჩენილი ბენოს პასუხს არც დაელოდა, განაგრძო - გაიგებდი, ალბათ, სასაფლაოზე საქონელი შესულა, ბარე ორი-სამი საფლავი გაუფუჭებია. უნდა ვუშველოთ რამე. საჯამაათო საქმეა. შენც ხო არ მოისურვილებდი წამოსვლას?
ბენო კაკიტელას, თუნდაც იმისთვის ეწადა საჯამაათო საქმის კეთება, რომ დღემდე საჯამაათო კაცად ზანქანი იყო მიჩნეული. ახლა ზანქანის ღიმილიანმა, გულთბილმა მოკითხვამ სახტად კი დატოვა, მაგრამ უმალ ასეთმა აზრმა გაუელვა თავში: ზანქანი მოვკაკვე, მისი ღიმილი და თბილი მოკითხვა მორჩილების ნიშანიაო და გამარჯვებული უბირის შეუვალი ტონით, გოროზად თქვა:
- ჯამაათი შემეხვეწა, იქნებ, მაგ საქმეს მიხედოო, იქით მივდივარ. თუ შენც... - წამობრძანდებიო, უნდოდა ეთქვა, მაგრამ უკვე დამორჩილებული ზანქანისათვის ეს სიტყვა არ გაიმეტა და თქვა - თუ გინდა, ნება შენია!
ზანქანმა პირს მომდგარი ღიმილი დაიოკა და სასაფლაოსაკენ მიმავალ გზას დაადგა.
ბენო კი ადგილიდან არ დაიძრა - არ ეწადა ზანქანის უკან სიარული. არადა, წაუსვლელობაც არ იქნებოდა - სასაფლაოზე მივდივარო, ხომ უთხრა ზანქანს.
ზანქანმა იხსნა - მობრუნდა და თითქოს სხვათა შორის ჩაილაპარაკა:
- კარგი ამინდი შეუხვდა იოშუაყს. გამჩენმა უხიფათოდ ჩაიყვანოს!
- კი, ალბათ, ასე იქნება! - ბენო კაკიტელა ზანქანისაკენ გაემართა. ზანქანი დაელოდა. კაკიტელა რომ წამოეწია, გზა ერთად განაგრძეს.
- ისე, კაცმა რომ თქვას, ადამიანი სასიკვდილოდ რატომ უნდა მიდიოდეს იერუშალაიმში - მშვიდი მუსაიფი წამოიწყო ზანქანმა - მანამდეც უნდა წახვიდე, კარგად უნდა დაათვალიერო.
- ომია, ომი! - მრავლისმცოდნე კაცის ინტონაციით აუწყა კაკიტელამ ზანქანს - ქრისტიანები ამბობენ, ქრისტეს საფლავი იშმაელიანთა ხელში რისთვის უნდა იყოსო, დიდი ომი აქვთ.
- ჰო, ომი გლახა საქმეა, ომი ძალიან გლახა საქმეა, მაგრამ მე მგონია, ჩაიარა, მორჩა ეგ ამბავი. არ გინდა, იქით გასეირნება? - თითქმის სასხვათაშორისოდ იკითხა ზანქანმა.
- არა! - დაუყოვნებლივ თქვა კაკიტელამ, მაგრამ ლამის ენაზე იკბინა - შენ აპირებ, თუ?!
- რახან არ გინდა, ნუ გინდა, თორემ შეიძლებოდა ერთად გვეფიქრა მაგ საქმეზე.
- ერთად? - ბენო კაკიტელა გაოცებული მიაჩერდა ზანქანს.
- ჰო, ერთად. რა იყო? - გაიღიმა ზანქანმა.
- არა, არაფერი!
- წავიდოდით ცოლშვილით, ზღვას გადავივლიდით, დავათვალიერებდით, ხო უნდა გავიგოთ, რა მიწაა ამნაირი მიცვალებულს მატლი რო არ ეკარება. არ უნდა ვიცოდეთ, რა ქვეყანაა?!
- კი, მართალი ხარ! - ყრუდ თქვა ბენო კაკიტელამ.
ამასობაში სასაფლაოსაც მიადგნენ.
- აჰა, ესეც ჩვენი საბოლოო სახლ-კარი! - თქვა ზანქანმა და ბენო კაკიტელას ღიმილით მოუბრუნდა - თუ ღმერთი გწამს, ერთი მითხარი - ხო არ გავიწყდება, ბოლოს ეს ჭიშკარი რო უნდა შემოვაღოთ? - ბენო უხმოდ მისჩერებოდა ზანქანს - იგი დააბნია ზორაბაბელის უბრალო, შინაურულმა ტონმა. ზანქანმა შეკითხვა გაიმეორა - ჰა, გავიწყდება, ხო, ბოლოს აქ რო უნდა მოხვიდე? თუმცა, შენ რისი მომსვლელი ხარ, შენი ნებით აქ მოხვალ? ოთხმა კაცმა უნდა მოგარბენინოს იმისათვის, რომ მერე მიწაში ჩაგაგდოს. ეს ამბავი გავიწყდება, ხო?
- მახსოვს, რატომ არა! - თქვა შემკრთალმა კაკიტელამ.
ზანქანმა გაიცინა და ბოგირს გადააბიჯა.
- კაი ერთი, შენ რო ეგ გახსოვდეს... გავიწყდება ჩემო ბენო, ვიდრე მიწაზე დავრბივართ, გვავიწყდება ოთხმა კაცმა აქ რომ უნდა მოგვიყვანოს და მიწაში ჩაგვდოს. ეს ვისი საფლავია? - ზანქანი საფლავის ქვას დააცქერდა და ზედ ამოკვეთილი წარწერა ამოიკითხა - ეს ხომ ჩვენი დიდი რაბია - მანუახ ბენ ირმიაჰუ! გაონი იყო, ბრძენი, თორის დიდი მოჭირნახულე! დააკვირდი, ჩემო ბენო, დააკვირდი, მთელი საქართველოს ისრაელობა ამ კაცს უსმენდა, ახლა? ჭიაღუებმა, მატლებმა, ალბათ, სულ დახრეს მისი ერთი ბეწო სხეული. ა, რა კაცი სად წევს და შენ რა ამბავში ხარ! - ზანქანი დაიხარა, მანუახ ბენ ირმიაჰუს საფლავის ქვას კენჭი დაადო და გზა განაგრძო. ბენო კაკიტელა თან მიჰყვა. ზანქანმა რამდენიმე საფლავს გვერდი აუარა და ერთერთ საფლავთან შეჩერდა. - ეს კაცი თუ გახსოვს? ჰო, შენ არ გეხსომება. მაშინ არანში მყავდი გაშვებული. იქ ფულს შოულობდი ჩემთვის და შენთვის, მაგრამ გეტყობა, შენთვის მეტი მოგივიდა. ამ კაცს ლოცვაში არაფერი არ მოსწონდა, ყველას ჭკუას არიგებდა, ჩხუბობდა. რატომ, იცი? - ბენო უხმოდ მისჩერებოდა ზანქანს - არ იცი?
- არა, არ ვიცი - დუმილი დაარღვევინა ზანქანმა ბენოს.
- გინდა იცოდე?
ბენო კაკიტელა დადარაჯებული, დაძაბული შესცქეროდა ზანქანს. ფხიზლად იყო, ყოველ სიტყვას სწონიდა, გვიან თქვა:
- კი.
- ფული იშოვა. ცოტა ფული იშოვა და ხომ იცი, ზოგიერთი გლახა ფულს რომ იშოვის, რა ემართება? ყველამ მე მისმინეთ, ყველამ ჩემს ჭკუაზე იარეთო - ზანქანი ღიმილით შესცქეროდა ბენოს - ფულის მშოვნელ კაცს დიდი გაძლებაც უნდა. ამას ფული ჰქონდა და მდიდარი ეგონა თავი. მდიდარი კი ის არი, ვისაც ფულიცა აქვს, თავმდაბლობაც, ავკარგის ცოდნაც და არც ის ავიწყდება, ბოლოს სად უნდა მიარბენინოს ოთხმა კაცმა. რაო, რა მითხარი?
- არა, არაფერი.
ზანქანმა იგრძნო: ბენო მზერას არიდებდა. მეტისმეტი არ მომივიდესო, გაიფიქრა და ადგილი მოინაცვლა, რამდენიმე წუთი უხმოდ დადიოდა საფლავებს შორის, მერე მობრუნდა, ბენოს გაუღიმა და თქვა:
- ძალიან ჭკვიანი კაცი ხარ შენ, ბენო, ქვეყანა გიცნობს, პატივს გცემს.
გეცოდინება: რა არი მთავარი ცხოვრებაში?
ბენო კაკიტელა ზორაბაბელს მიაცქერდა - ცდილობდა ამოეცნო რატომ, რისთვის ეკითხებოდა ზორაბაბელი იმას, რაც თავადაც კარგად უნდა სცოდნოდა. ვერც სახეზე, ვერც ინტონაციაში საეჭვო რომ ვერაფერი ამოიკითხა, თქვა:
- ცოლ-შვილი!
ზორაბაბელმა უცებ არ უპასუხა. შეყოვნდა. მერე ფიქრიანად, თითქოს თავის თავს ელაპარაკებაო, თქვა:
- ჰო, იქნება მასეცაა... ალბათ, მასეა, მაგრამ... ცოლი?... ხომ შეიძლება, სხვა კაცს გაჰყვეს... სხვა კაცზე დაურჩეს თვალი... თუ ასე მოხდა... შენ არაფერი... შვილები? შვილები კიდევ... თავიანთი შვილები გაუჩნდებათ და... ისინი ყველაფერს დაავიწყებენ... არა მგონია... ცოლ-შვილი დიდი განძია, მაგრამ... არ ვიცი...
- ქონება! - დაუხანებლად თქვა კაკიტელამ და პასუხის მოლოდინში ზანქანს მიაჩერდა. ზანქანი კი კვლავ არ ჩქარობდა პასუხის გაცემას. ფიქრობდა. ზანქანის ფიქრი ბენო კაკიტელას გულს სიამით ავსებდა: შეხეთ, როგორ სწონის ჩემს ნათქვამსაო.
- ოო... ეგეც დიდი სიკეთეა, ძალიან დიდი... კარგი ცოლ-შვილი, კარგი ქონება. რად უნდა ლაპარაკი!.. მაგრამ ვერც ეგ იქნება მთავარი - ხომ შეიძლება, დაჰკარგო, ხომ შეიძლება, სხვამ წაგართვას... არა... იმქვეყნად, აგერ, აქ რომ მოხვალ, რაში წაგადგება?! ა, ამას შეხედე - საფლავისაკენ შეტრიალდა - მათათიაჰუ, ჩვენი დიდი მათათიაჰუ... იცი, რა ქონების პატრონი იყო? ბევრი ვერ დაიტრაბახებდა... დიდი განძის პატრონი!.. აქ რა მოიტანა? მაგასაც იმ სიგრძის საფლავი დასჭირდა, როგორიც ყობია გლახას, მისი გაფშეკილი სხეული ისევე ჩააგდეს საფლავში, როგორც ყობია გლახასი, გულზეც იმდენივე მიწა დააყარეს, რამდენიც ყობია გლახას... მგონი, ნაკლებიც - დიდი ყინვა იდგა ქალაქში, მიწა გაქვავებულიყო და... არ ვიცი, ბენო, არა ვგონებ - ზანქანი გაჩუმდა, ერთ წერტილს მისჩერებოდა.
- რა არი მთავარი, ზანქან? - ცივად იკითხა ბენომ და მზერა ზანქანს გაუსწორა - იმის გამო, რომ ამონაცნობი გაუტრიზავა, სიბრაზე ერეოდა. ზანქანის მოსაზრებები სწორად ეჩვენებოდა და ეს კიდევ უფრო აღიზიანებდა.
- მთავარი... - ხმამაღლა ფიქრობდა ზანქანი - რა არი მთავარი. ღმერთი? სამშობლო? ოჯახი? ოჯახი ჰქვია შთამომავლობას, მომავალში შენს სიცოცხლეს... შენი ერის სიცოცხლეს... ოჯახი... ა, ამათში უნდა ეძებო ყველაზე მთა ვარი... შენი ერის, შენი ქვეყნის ღირსებაც მთავარია, ესეც ამათშია, მაგრამ... - ზანქანი გაჩუმდა, ბუჩქის პაწია ტოტი დაზნიქა - არ ვიცი, ნამდვილად არ ვიცი, ამათში რომელია მთავარი. - ისევ გაჩუმდა, სივრცეს მიჩერებულმა ტოტს ხელი გაუშვა, ტოტი აქანავდა, ისევ დაიჭირა - ერთ რამეს გირჩევ, ბენო, მგონი, ეს უნდა იყოს ის, რაც აქეთ წამოსვლისას წინ გამოგიძღვება: რაბი ჰილელს ერთი რომაელი შეუჩნდა: გამაგებინე, რა არი ასეთი ეს თქვენი თორა, რას ქადაგებსო. შარიანი იყო ის რომაელი და რაბის მოსთხოვა, სანამ ცალ ფეხზე დგომას შევძლებ, მანამ უნდა ამიხსნა რას ქადაგებს თქვენი თორაო. ჰილელმა მიუგო: ,,არასოდეს სხვას არ გაუკეთო ის, რაც შენ რომ გაგიკეთონ, გულს გატკენსო». ჰა, რას იტყვი, ბენო, მისმენ, ხომ? - ზანქანმა ლამის დამარცვლით გაიმეორა - სხვას არასოდეს გაუკეთო ის, რაც შენ რომ გაგიკეთონ, გულს გატკენსო. მგონი, არ უნდა იყოს უბრალო ამბავი, ჰა, რავა იტყვი შენ? ყველაფერს თავი რომ მოვუყაროთ, რას მივიღებთ? არავის გაუკეთო გლახა საქმე... ეს ერთი... მეორე... კეთროვანს გაუჩერდი სალაპარაკოდ, ავ საქმეთა მკეთებელს - არა.
სასაფლაოზე სიჩუმე გამეფებულიყო. შორიახლო ბუზმა დაიბზუილა, მერე ყვავმაც დაიჩხავლა და ბენომ შემაძრწუნებელი სიჩუმე გაიცნობიერა. დიდებულად ამომავალმა მზემაც კი ვერ შთაბერა მხნეობა. გააჟრჟოლა.
- რა სიჩუმეა! - ჩაილაპარაკა.
- საუკუნე სიყრუე, იმათთვინ ჩემო ბენო, ვინც მტრობით იცხოვრა, თორემ... გინდაც ძლიერი იყო ამ სოფლისა. ა, ამას უყურე - ზანქანი იქვე, გვერდით საფლავთან მივიდა - იცი ეს ვინ არი? მამისთვალაანთ იეხისკიელი. აცხონოს ღმერთმა, რა ვაჟკაცი იყო! გაგიგონია, ხომ? დავით ჰაგადოლი∗ გვერდიდან არ იცილებდა თურმე. დიდგორის ომშიც ხლებია. მარცხენათი შუბს ტყორცნიდა, მარჯვენათი - ხმალს იქნევდა - ხუთი თავი ცვივოდა.
- ხუთი?! -გაოცებულმა შესძახა ბენო კაკიტელამ.
- აბა, დავით ჰაგადოლი ნაკლებს ამოიყენებდა გვერდში? ხუთი კაცი ეყარა მიწაზე, მაგრამ იცი რამ მოჰკლა? ერთმა პატარა ძველმა, ჟანგმორეულმა მახათმა.
- მახათმა?
- ა, ამ თითის ოდენა მახათმა. ქალამნები გაუხდია, წინდებით გაუვლია ეზოში, შეერჭო ფეხში და... ა, აქ ამ ადგილას, მე რომ ვდგავარ, დავით ჰაგადოლი მდგარა. გასვენებაზე მოსულა.
ბენო კაკიტელას მზერაში ელვა გაკრთა.
- ზანქან, ხომ მკითხე შენ რაღაცა, ხომ გიპასუხე მე.
- კი.
- ახლა მე გეკითხები.
- მიბრძანე, გისმენ.
- ვითარ მოაწყე ასე ეს ცხოვრება: ან შენ დგახარ იქ, სადაც მეფე იდგა, ან მეფე დგას იქ, სადაც შენ იდექი. ან შენ ეუბნები მეფეს რაღაცას, ან მეფე გელაპარაკება რაღაცას. რაფერ, რატომ ხდება ასე?!
ზანქანს გაეღიმა. ერთხანს იყუჩა, ბენოს მოგვიანებით მიუგო:
- თუ დამიჯერებ, არ ვიცი... ვერაფერს გეტყვი...
- რატომ ვერ მეტყვი-ბენოს ხმაში სიბრაზე დაეტყო - ქვეყნის ამბავი იცი და შენი რავა არ იცი?!
- არა, ეგ ამბავი ჩემს ხელთ არ არი. იქნება მეფეს ჰკითხო? მაგრამ არა მგონია, მეფემაც იცოდეს, მაგ საქმე გამჩენის ხელშია, ჰკითხე, იქნება, გიპასუხოს კიდეც!
ბენო კაკიტელა ერთხანს დაჟინებით შესცქეროდა ზანქანს. სახეზე სიწითლე მოერია. ვერაფერი თქვა, ზანქანს ზურგი აქცია და გასასვლელისაკენ გაემართა. ზანქანმა ერთხანს უცქირა, თუ როგორ მიდიოდა ბენო კაკიტელა. მერე თქვა:
- ბენო, შეჩერდი ერთი წუთით.
ხმამაღლა არ უთქვამს, ბენომ მაინც კარგად გაიგონა. შეჩერდა. ზანქანი მისკენ გაეშურა. ნელა მიდიოდა. აუჩქარებლად. იმიტომ კი არ ყოვნდებოდა, რომ ბენოს ლოდინი სიამოვნებდა, იმაზე ფიქრობდა, უბრალოდ როგორ ეთქვა სათქმელი, კვლავაც როგორ ცდილიყო ბენოს სულში დაბუდებული მტრობის იავარქმნას. ზანქანმა კარგად იცოდა: მტრობას მხოლოდ იმით ამარცხებ, თუ მტერს მოყვრად მოიქცევ. ფიქრობდა ისე როგორ ეთქვა სათქმელი, რომ ბენოს მტრობა განელებოდა.
- ბენო, ეგერ, ხეზე ფოთლები რომ შრიალებენ, ხომ არაფერია, ხომ უბრალო ამბავია, ჰა? - ბენომ საფლავებს შორის აღმართულ ალვის ხეებს შეხედა. ხეებზე ფოთლები დაუხანებლად შრიალებდნენ - იმდენი ხნით შეაჩერე თუნდაც ფოთლების ეგ შრიალი, რამდენი ხანიც სუნთქვის შეკავებას შესძლებ. ხომ ხარ დიდი ქონების პატრონი კაცი, შეაჩერე ფოთლების შრიალი! - ბენო ფოთლებს შესცქეროდა. მერე ზანქანს მზერა გაუსწორა. მითხარი ბენო, - შეაჩერებ მაგ ფოთლების შრიალს? - ზანქანმა მის თვალებში ჩამდგარი ზიზღი ამოიკითხა, - ჰაერი ჩაისუნთქა, ბენოს მარჯვენა ორივე ხელში მოიქცია და თქვა - ჰილელისა ხომ გითხარი, ახლა ჩემსას გეტყვი, თუ გინდა: ღმერთმა ნუ ჰქნას, ვინმესთვის ცუდი საქმე გამეკეთებინოს. ცუდი საქმე სხვებმა აკეთონ, თუ ასე მოსწონთ, თუნდაც მე გამიკეთონ გლახა საქმე, ბენო, ჩემგან კი პასუხს ვერ მიიღებენ - გაჩუმდა. გაიღიმა - რატომაო, მეკითხები? მე მჯერა, რომ ამ ქვეყანას პატრონი ჰყავს. სიკეთე მაინც...
ბენომ ზანქანს ხელი გამოჰგლიჯა და ძალიან ჩქარი ნაბიჯებით, ლამის სირბილით წავიდა გასასვლელისაკენ.
ზანქანს მტრის მოყვრად მოქცევა ეწადა. არ გამოუვიდა. ხედავდა, ბენო კაკიტელა გაშმაგებული ტოვებდა სასაფლაოს.
ბეით ქნესეთიდან გამოსული ზანქანი სახლისაკენ მიმავალ გზას აუჩქარებლად მიუყვებოდა. ზემოდან ჩამომავალ რუში ხოხბები ჭყუმპალაობდნენ.
შეჩერდა. უყვარდა ხოხბების ცქერა. გზის გაგრძელება რომ დააპირა, ვიღაცის
შეძახილი მოესმა:
- ზანქან!
ზანქანმა მოიხედა. გუჩუს და ჯაჩუს შუაში სახეზე რიდეაფარებული კაცი მოექციათ. ზანქანი იმ კაცს უხმოდ მიაჩერდა.
- შენთან საუბარი მწადია, ზანქან. ფრიად საიდუმლო უნდა გაგიმხილო. ამ ორ ხმალგაშიშვლებულ კაცს უთხარი, ნუ დამიშლიან.
- სახეს რატომ მალავ?
- ისეთი რამ უნდა გითხრა, არ არი საჭირო იცოდე, ვინ გეუბნება, - რიდეაფარებული კაცი ცდილობდა ტფილისელი ებრაელის კილოზე ელაპარაკნა.
- იქნებ, მაგ ორ კაცს ის ვუთხრა, ეგ შენი პირსაბური მტკვარს გაატანონ?
-თუ ასე მოიქცევა, ზანქანი დიდ საიდუმლოს ვერ გაიგებს.
„გამოდის, ეს კაცი სახლთან მელოდა, დამინახა და აქეთ გამოეშურა, - გაიფიქრა ზანქანმა, - ამ დილაადრიან საიდან უნდა მოდიოდეს? სამეფო კარი ახლა იღვიძებს. სავაჭროებიდან? სავაჭროებიდან გამოგზავნილი კაცი ბეითქნესეთში მოვიდოდა, არც რიდეს აიფარებდა, მაშ, ისევ სამეფო კარი? ახალგაზრდა არ უნდა იყოს. ეს კი იმას ნიშნავს, მისი გამომგზავნიც ხნოვანია. რახან დილაადრიან შინ მოვიდა, ფარსაგი ამბავი უნდა იყოს. სამეფო კარი... მეფე, ბოგოლუბსკი, თუ აბულასანი? მეფე არა... მეფე რიდეაფარებულ კაცს არ გამომიგზავნიდა. ვისი ამბავი მოაქვს ამ კაცს? ბოგოლუბსკის, თუ აბულასანის? ბოგოლუბსკისთან რა ხანია არარა კავშირი არა მაქვს... თუმცა, არც აბულასანთან... მაშ... მაშ... ვისგან არის გამოგზავნილი? გამოგზავნილია, თუ მოგზავნილი?
ზანქანმა გუჩუს და ჯაჩუს ანიშნა, გზა მიეცითო. რიდეაფარებული კაცი ახლოს მოვიდა და თქვა:
- ზანქან, თავს უშველე, ახლავე უნდა გაიქცე ქალაქიდან!
- რატომ? - მშვიდად იკითხა ზანქანმა. ფიქრად კი გაუელვა: „ისრეელი არ არის, ჩვენნაირად ლაპარაკს ლამობს. გამოდის, სწადია, გზაკვალი ამირიოს. რატომ უნდა ქალაქიდან ჩემი გაქცევა?“
- შენ ის კაცი ხარ, რომლის გადარჩენაზეც უნდა ვფიქრობდეთ. თავს უშველე!
ზანქანი უხმოდ შესცქეროდა სახეზე რიდეაფარებულს. დუმილი გაუგრძელდა. ის კაცი არ ამბობდა, თუ რატომ უნდა გაქცეულიყო ზანქანი.
- შენ არ მეუბნები საფრთხე რისთვის მემუქრება. ასე გამოდის, სტყუი!
რიდეაფარებული კაცი ერთხანს დუმდა. მერე აუჩქარებლად ალაპარაკდა.
- მეფე თამარი იური ბოგოლუბსკის საქართველოდან აძევებს. მეფე-ქმარი მამათმავალი ყოფილა - წუხელ თარხანის ძეს ასოზე წაავლო ხელი, თურმე მთვრალი ეხვეწებოდა. თარხანის ძე ამირსპასლართან მისულა, მეფე-ქმარს შემოვკარი, რაც გეწადოთ, ის მიყავითო.
ეს ისეთი ელდა იყო, ზანქანს სუნთქვა შეეკრა. პირი გააღო და ჰაერი ხარბად შეისუნთქა. რიდეაფარებულს უხმოდ შესცქეროდა. კარგა ხნის შემდეგ თქვა:
- ჰო, მაგრამ... მე რა... მე...
- საქართველოში შენ ჩამოიყვანე მამათმავალი მეფე-ქმარი. ყველას შენი სახელი აკერია პირზე... ეს რა გვიყო, ვინ ჩამოგვიყვანაო!
ზანქანის ყურებში რაღაც ახმაურდა, მერე ზღვასავით აგუგუნდა და მთელს სხეულზე ოფლი მოედო. თვალები მოხუჭა, ეგონა, ამით დაახშობდა ყურებში ატეხილ ხმაურს. არა, ზღვა ისევ გუგუნებდა.
- სადაცაა ამირსპასალარის ხალხი შენთან გაჩნდება, ზანქან! თავს უშველე!
ერთხანს უხმოდ იდგა. ფიქრობდა. მერე გადაწყვეტილად თქვა ზანქანმა:
- მადლობელი ვარ, ძმაო, ვინც არ უნდა იყო, ღმერთმა გაკურთხოს. შენ მე იქნებ, სიცოცხლეც გადამირჩინე.
- დროულად, ზანქან, დროულად! სასახლეში ყველა შენზე ლაპარაკობს
უცნობი ზანქანს გაეცალა, ლამის სირბილით წავიდა. ზანქანმა გუჩუ და ჯაჩუ იხმო.
- მაგ კაცს მიჰყეთ. თუ იმის ცნობას მომიტანთ, ვინ არის, შინ მიპოვით, თუ არა, ნუღარც მობრძანდებით.
და სახლისაკენ გაემართა. თან ფიქრი სდევდა. - გამოდის, მაინც აჯობეს აბულასანს. ამ გზით იშორებენ თავიდან. ჯერ ბოგოლუბსკის მოიშორებენ... აჰა, აძევებენო... მერე აბულასანს - შენ მოინდომე რომ ეგ კაცი მეფე თამარის... კი, მაგრამ მეფე თამარი? მეფემ ხომ ყველაზე უკეთ უნდა იცოდეს, თავისი ქმრის ამბავი... ეცოდინება... მაშ, გამოდის, რომ...
ეზოში შევიდა, კიბე აუჩქარებლად აიარა და თავის ოთახში ფიქრად დაჯდა.
„მსმურობას ვიღა დაეძებს, მამათმავალი ყოფილა. მსმურობა მამათმავლობას ფარავდა თურმე! მეფე თამარი! ტიალო, წუთისოფელო, როგორ გვექცევი!.. ცხადია, მზე-თამარი აღარ ინდომებს. გააძევაო. აბულასანი! რას იზამს ახლა აბულასანი? თავი უნდა იმართლოს! რით, როგორ, რანაირად? ვის ხელშია ეგ სიმართლე? ჩემს ხელში? მე ვიცი სიმართლე, მაგრამ დღეს რაღას შესცვლის სიმართლე? რას დაატრიალებს წაღმა? რა მოჰყვება ჩემს ნათქვამ სიმართლეს? სიმართლე! „ალ თიჰიე ნახონ, თიჰიე ხახამ!“ უმჯობესია იყო გონიერი, ვიდრე მართალი! ისევ სიმართლე და გონიერება. ახლა აქედან რა გამოდის... რიდეაფარებული რომ ჩემი სიკეთისათვის ირჯებოდეს, თავს არ დამიმალავდა... გამოდის, რომ ვიღაცისთვის ირჯება... ვიღაცას სჭირდება ქალაქიდან ჩემი გაქცევა. მეფეს უღალატაო, სამართლიან რისხვას გაექცაო... ვისა? მაშ, გამოდის სწორად მოვიქეც, იმ კაცს შეშინებულ გამქცევად რომ მოვაჩვენე თავი. ბრალი მაქვს და გავრბივარ, ბრალი მაქვს და ვიმალები... მეფე თამარისგან არა-რა საფრთხე არ მელის. კი, ჩამოვიყვანე ბოგოლუბსკი, მაგრამ განა თავად არ იცის, სამეფო დარბაზმა დამავალა, არც თავად ეწადა, თავადაც თქვა - ჯერ გავიგოთ ვინ არისო, არაო, ასე უნდა ვქმნათო... ისიც ეცოდინება მეფეს, ტფილისს ჩამოსვლის მერე ბოგოლუბსკის არ გავკარებივარ... მაშ, საიდან მელის საფრთხე? აღარც აბულასანს გავკარებივარ... ეცოდინება ეს მეფეს... იმასაც მიხვდებოდა, თუ რატომ არ ვეკარებოდი. მეფე თამარის მზერაში თანაგრძნობას ვკითხულობდი. რატომ? რას თანამიგრძნობდა მეფე?“ - ფიქრი ფიქრს მისდევდა, ფიქრმა დაღალა ზანქანი. ძლიერ ეწადა, უნდა გაეგო, თუ საიდან ელოდა საფრთხე. წამოდგა, ოთახში გაიარა.
„საიდან მელის საფრთხე? ალბათ, იმისგან, ვისაც ჩემი სიმართლე არ სჭირდება, ჩემი სიმართლისა ეშინია...“
ზანქანმა შელო იხმო, ურმების გამზადება უბრძანა, ისიც დაავალა, ქალბატონი და ბაჩევა გააფრთხილე, ნახევარ საათში არაგვისპირა სახლისაკენ უნდა გაეშურონო. შელო უხმოდ გავიდა. ზანქანი კი კვლავ ფიქრს ჩაუჯდა ნავში, მიჰყვა. იმის მიხვედრას ცდილობდა, თუ რა შეიძლებოდა მომხდარიყო. როგორ მოიქცეოდა აბულასანი, რა გზას დაადგებოდა?
- თუ იქნება, ბატონო? - მოესმა გუჩუს ხმა.
ჯაჩუ და გუჩუ სახეგაბრწყინებული შემოვიდნენ:
- პირსრიდექმნილი მეჭურჭლეთუხუცეს აბულასანისას შევიდა, ბატონო - თქვა გუჩუმ - მაგ კაცს დიომიდე ჰქვიან.
ზანქანი უხმოდ იჯდა. არც გაოცება გამოხატვია, არც აღტაცება. მომდევნო ცნობა ჯაჩუმ უხალისოდ თქვა:
- ერთ ხანს იქ იყო, მერე კი ბენო კაკიტელასას მივიდა.
ზანქანმა უმალ თავი ასწია და იკითხა:
- ვისას? რაო, რა თქვი?
- ბენო კაკიტელასას მივიდა, იქ მეტი გაჩერდა, პირსრიდე აღარ ჰქონდა.
- ბენო კაკიტელასას?! - გაოცებას კვლავ ვეღარ ფარავდა ზანქანი.
- ეგრეა, ბატონო! იქ მეტი გაჩერდა.
- კარგით! - თქვა ცოტა ხნის შემდეგ - შორს ნუ წახვალთ.
ზანქანი კვლავ ფიქრად დაჯდა. რამდენიმე ხნის შემდეგ კი ისევ იხმო შელო, ბარათი გადასცა. ახლავე ამირსპასალართა გუშაგებს მიუტანე და უთხარ დაუყოვნებლივ მიართვანო სარგის მხარგრძელს. უსტარში სულ რამდენიმე სიტყვა ეწერა: ,,ვინათმე ჩემი ხილვა საჭიროდ სცნო, მოთმინებით ვზი შინა, ან ჩვენს სალოცავშიდა. მონამორჩილი მეფე თამარ სახენათელისა - იუდეველი ზანქან ზორაბაბელი.“
ეს იყო და ეს.
________________________
1.გადოლი - დიდი, დიადი. აქ იგულისხმება დავით აღმაშენებელი.
![]() |
23 ხერემი 1 |
▲ზევით დაბრუნება |
ნაშუადღევს ქარმა იძალა - მტკვრის სანაპიროზე ძლიერ რბოდა, ფეთხაინში მშიერი მგელივით ღმუოდა. საღამოს ბეით-ქნესეთში მოსულნი გაოცებას ვერ ფარავდნენ:
- ე, რა ძლიერი ქარია, კაცო!
- ჯერ რა დროს აციებაა?!
- ეჰეჰე... რა ქარი ქრის!
მიუხედავად იმისა, რომ ქარი ნავარდობდა, ბეით-ქნესეთში მლოცველნი მაინც იკრიბებოდნენ. ყოველ ცისმარე დღე ასეა: მზე რომ გაპარვას დააპირებს, ათასი საზრუნავით მოღლილი ადამიანები ფეხაკრეფით შემოდიან ბეით-ქნესეთში, მინხის დაწყებამდე ან ფსალმუნს კითხულობენ, ან ერთმანეთთან ბაასით ერთობიან. ამ მუსაიფში ან დღეს მომხდარ ამბებს განიხილავენ, ანაც შორეული ქვეყნებიდან ჩამოსულ მოვაჭრეებს უსმენენ. ხახამ აბრაამმა შეკრებილთ მზერა მოავლო. დარბაზი თითქმის სავსე იყო, მერე მზეს გახედა - უკვე საკმაოდ გადახრილიყო - ნაშუადღევის ლოცვის ჟამი დამდგარიყო. სწორედ ამ დროს შემოესმა იორამ ბაზაზას ნერვიული შეძახილი: „რას ვშვრებით, ხახამ აბრაამ, არ ვიწყებთ?!“
ხახამ აბრაამი ამბიონზე შედგა და ლოცვას შეუდგა. ჯამაათი ფეხზე წამოდგა და ლოცვას აჰყვა. ხახამ აბრაამი, როგორც ყოველთვის, აუჩქარებლად ლოცულობდა. მისი ხავერდოვანი ხმა დარბაზში საამოდ იღვრებოდა და ადამიანების სმენას სალბუნად ედებოდა, თუმცა, ამ საღამოს ჩვეული სიმშვიდე ბაზაზას შეძახილმა დაარღვია - მიხვდა, რომ მინხის შემდეგ უსიამოვნება იყო მოსალოდნელი. ამბიონიდან ბაზაზას გადახედა - იგი მოღუშული იჯდა, თვალებში სიბრაზე ჩადგომოდა. ხახამი ლოცვის ტექსტს მექანიკურად წარმოსთქვამდა - იმაზე ფიქრობდა, მინხის შემდეგ როგორ ემოქმედნა, რომ აყალ-მაყალი არ ატეხილიყო. „ვერაფერი მოიფიქრა, წვალობდა, უგულისყუროდ ლოცულობდა, მაგრამ როგორც კი იმ ადგილს მოჰკრა თვალი, სადაც იოშუაყი ჯდებოდა ხოლმე, გონება გაუნათდა - მყის მოიფიქრა როგორც უნ-და მოქცეულიყო - იოშუაყი ხომ ქვრივ-ობოლთა ქომაგი იყო. ჯამაათის წევრთა შორის სწორედ იოშუაყი აგროვებდა ქვრივ-ობლებისათვის დახმარების ფულს. - ამ მონაფიქრით დაიმედებულმა განაგრძო ლოცვა, ჯამაათმაც მხარი აუბა, ხახამ აბრაამი ხვდებოდა: იორამ ბაზაზა ლოცვის გასრულებას ელოდა. ეს ყველაფერზე ეტყობოდა, იმაზეც, თუ როგორ მოუსვენრად იჯდა ლოცვის განმავლობაში და იმაზეც, ლოცვის დამთავრებისთანავე როგორ დასდო თორა და როგორ გამოემართა ამბიონისაკენ. ხახამ აბრამმა აღარ დააყოვნა და დაიწყო:
- საღამო მშვიდობისა, პატივცემულო ჯამაათო, მშვიდობიანად დაგიღამდეთ ეს დღე და ბედნიერი დილა გაგითენოთ გამჩენმა. დღეს ჩვენ გავაცილეთ ერთი წესიერი ისრეელიშვილი - იოშუაყ ბენ დავიდი, კეთილი გზა მისცეს ღმერთმა. მაგრამ ქვრივ-ობლებზე ისევ უნდა ვიზრუნოთ, ქვრივ-ობლების შეწევნა, დახმარება...
- ხახამ აბრაამ! - შესძახა ამბიონისაკენ მომავალმა ბაზაზამ.
- ერთი წუთით მომითმინე, ჩემო იორამ, დღეს სხვა არაფერი გამოვა - ცედაკა უნდა შევაგროვოთ - ღიმილით თქვა ხახამ აბრაამმა - თუ კაცი ხარ, დაბრუნდი შენს ადგილზე!
- ცედაკაზე უფრო საჩქარო საქმეა გადასაწყვეტი, ხახამ აბრაამ! - ბაზაზა ამბიონზე აპირებდა ამოსვლას. ,,ფარსაგი ამბავი უნდა იყოს“ - გაიფიქრა ხახამ აბრაამმა და მეტი დამაჯერებლობისათვის წამღერებით, ისე, როგორც ზოგჯერ ლოცულობდა ხოლმე, თქვა:
- არასოდეს, არასოდეს, ჯამაათო, არაფერი არ დააყენოთ ქვრივ-ობლების დახმარების წინ. ქვრივ-ობლის ტანჯული, გაწამებული სული ცას შეჰღაღადებს, ზეცას ელაპარაკება. თუ ჩვენ ამათ დავივიწყებთ, წინ ვერ წავალთ. თუ ქვრივობოლი დაუპურებელია, ჯამაათის ვერცერთი წევრი გემრიელად ვერ უნდა ჭამდეს ლუკმას. ჯერ ქვრივობოლი გაიკითხეთ, ჯამაათო, ცოლ-შვილს მერე მიუტანეთ!
ბაზაზა ხახამ აბრაამის სიტყვებმა ვერ შეაჩერეს - ამბიონზე ავიდა და ჯამაათის სულიერ წინამძღოლს მიმართა:
- ახლა საქმე ასეა, ხახამ აბრაამ, თუ ჭკუით არ მოვიქცევით, ათობით ქვრივსა და ობოლს, იქნება, ჩვენ-ჩვენი ცოლ-შვილიც მიემატოს. გლახა ამბავია ჩვენს თავს და უნდა მაცალო! - ვიდრე ხახამ აბრაამი რაიმეს მოიფიქრებდა, იორამ ბაზაზა ჯამაათს მიუბრუნდა - ჯამაათო პატიოსანო, ჯამაათო საქებარო მთელ საისრაელოში და საქრისტიანო საქართველოში. დღეს ჩვენს თავს დიდი უბედურება ტრიალებს და ამან მომიყვანა აქ. - ადამიანებს ელდა ეცათ. დარბაზში სამარისებული სიჩუმე ჩამოვარდა. - ახლა ამისთანა ამბავია, ჯამაათო: ყოველ წუთს შეიძლება აქ გამწარებული ხალხი შემოვარდეს და ყველაფერი დაგვალეწოს თავზე, ან ჩვენ-ჩვენს ოჯახებში შევარდნენ - იორამი გაჩუმდა. სული მოითქვა და განაგრძო - გლახადაა ჩვენი საქმე ჯამაათო, ადექით ახლა, ჯამაათო...
- ნუ დაგვზაფრე, კაცო, გაგვაგებინე რა ამბავია! - შეჰყვირა ნამთალიამ.
- რა იყო, იორამ, რატომ გვაშინებ ასე! - ეს ისაკია ,,ფეთხუმი“ იყო.
- ჩამოდი დაბლა, თუ კაცი ხარ! - როდის იყო ხალხი ლოცვაში გვივარდებოდა! - იაყაკობი მიხვდა, რომ ბაზაზა რაღაცას ამზადებდა.
იორამ ბაზაზამ მარჯვენა აღმართა:
- დაწყნარდით, ჯამაათო, ახლავე გაიგებთ ყველაფერს და რასაც თქვენ გაიგებთ, ის დაგანახებთ, როგორც მოგვიქციეს საქმე - ბაზაზა აყვირდა - ჩვენიანმა, ისევ ჩვენიანმა გაგვიმეტა, ისევ ჩვენიანმა დაამხო საქართველოს ისრაელობა! თქვენც გაგეგონებათ, ალბათ, საქართველოს მეფეს საქმრო მოჰგვარეს. დაქორწინდა ჩვენი დიდი მეფე თამარი, მაგრამ რად გინდა! თამარის ქმარი უბედური ჰყოლია გამჩენ! მამათმავალი ქმარი მოჰგვარეს მეფეს, ჯამაათო!
ხალხში ერთი ჩოჩქოლი ატყდა.
- რას უბნობ შენ, ბაზაზა!
- ჭკუაზე ხარ?!
- ახლა? ორი წელიწადია აქ არი!
- მზეთამარს რას აკადრებ!
- კაი, ერთი, მოქიშპე დიდებულების ამბავია ყველაფერი!
- დამუნჯდი, ახლავე დამუნჯდი!
- ჯამაათო, მომისმინე ერთი წუთი! - ხმაში სიბრაზე შეეპარა ბაზაზას - თქვენ რამდენიც არ უნდა იძახოთ, ასე არ არისო, ასეა, საქართველოს მეფემ მზეთამარმა ამ დილას ბრძანა ქვეყნიდან გააძევეთო ბოგოლუბსკი - შეჰკივლა იორამმა და ხალხს ბრაზით გადახედა - მეფემ თავისი ქმარი გააძევა, და ახლა მთელი საქართველო კითხულობს, ვინ ჩამოგვიყვანა ამნაირი სიძე, ვინ ამოგვირჩია ამნაირი კაციო. ვინ გაიმეტა, ჯამაათო, საქართველო ამგვარი ხვედრისათვის. ვინ, თუ იცით თქვენ! - ისევ შეჰყვირა ბაზაზამ და რეტდასხმულ ხალხს გადახედა - იცით, კარგად იცით, ვინც მიგვიყვანა ამ დღემდე - ზანქან ზორაბაბელმა! ზანქან ზორაბაბელმა გაიმეტა საქართველო. ზანქანი, ოღონდ ჩვენზე დიდი კაცი გამოჩნდეს და არაფერს ერიდება: მეფეს ატყუებს, საქართველოს მეფეს და ჩვენ რას გვიზამს, ჯამაათო! ზანქანმა მოატყუა საქართველოს მეფე და ახლა ხალხი აპირებს ჩვენს განადგურებას. ერთი კაცის - ზანქანის დასჯა რა არის, მთელი საისრაელო უნდა დაისაჯოსო, გაიძახიან. წადით, ისრაელებო, გაიქეცით, ოჯახებს მიხედეთ, იქნება ამ წუთში აწიოკებენ კიდეც თქვენ ცოლ-შვილს.
ელდანაცემი ხალხი აჩოჩქოლდა, ახმაურდა, გასასვლელს მიაწყდა. ხახამ აბრაამმა ზანქანს შეხედა - მარჯვენა ხელი, რომელშიც თორა ეჭირა, მუხლზე დაედო. მარცხენა კი დოინჯად შემოედო თეძოსთან. წელში გამართული იჯდა. თვალებში ნაღველი ჩადგომოდა.
- ჯამაათო! - შესძახა ბაზაზამ - ჯამაათო პატიოსანო და წმინდავ, - აჩოჩქოლებული ხალხი, რომელმაც სახლში გაქცევა ვერ მოასწრო, იორამს მოუბრუნდა - რას აპირებთ, გარბიხართ რომ იმ გამწარებულ, სირცხვილნაჭამ ხალხს შეებათ? მერე? ჩხუბს რომ მოვრჩებით, ერთმანეთს რომ ხელ-ფეხს მოვტეხავთ, მერე რას ვშვრებით? მერე რაღა ვქნათ? ამ მიწაზე აღარ ვიცხოვ-როთ? ასე ავიყაროთ ამ ქვეყნიდან ერთი ზანქან ზორაბაბელის გამო?
- რას გვირჩევ!
- გვითხარი, როგორ მოვიქცეთ!
- საშველი გვითხარი იორამ, საშველი!
- არის ერთი გზა, ჯამაათო, რომელიც ჩვენ მშვიდობას მოგვიტანს, მშვიდობა კი საშველია, ასე იყო და ასე იქნება!
- გვითხარი,
- გვირჩიე, გაგვაგებინე!
- გადაგვარჩინე, იორამ, გამჩენი გადაგარჩენს! - შესძახოდნენ ბაზაზას შიშდარეული ადამიანები, ხახამ აბრაამი კი გაოგნებული შესცქეროდა თავის მრევლს - ვერ სცნობდა. ამოდენა უმწეობა, უსასოობა არასოდეს შეუმჩნევია მასში.
იორამ ბაზაზა კი ერთობ კმაყოფილი ჩანდა - მან იგრძნო: ამ წუთში ამ ხალხის ბედის ბატონ-პატრონი იყო, ახლა ეს ჯამაათი მას მორჩილებდა. ამან მხნეობა შემატა და თქვა:
- არის, ჯამაათო, გადარჩენის გზა: ჩვენ ახლავე, ამ წუთში უნდა ვთქვათ უარი ზანქან ზორაბაბელზე - საქვეყნოდ უნდა გამოვაცხადოთ, რომ ზანქან ზორაბაბელი აღარ არი ქალაქის ჯამაათის წევრი. თუ ჩვენ აქ, ახლა, ამ წუთში უარს ვიტყვით ზანქანზე, ავიცდენთ ხალხთან შებმა-შეტაკებას, ავიცდენთ ჩვენი ოჯახების აწიოკებას. ეს არი ერთადერთი გზა, ისრეელებო!
ხახამ აბრაამმა მუხლებში უღონობა იგრძნო.
- არ გვინდა, უარს ვამბობთ! - იყვირა ისრომ.
- ახლავე, ამ წუთში, გაგვეცალოს! - კვერი დაუკრა ვიღაცამ.
ბაზაზა მზერაანთებული შესცქეროდა დარბაზს.
- ახლავე, ისრეელებო, ახლავე უნდა გაიგოს მთელმა ქალაქმა, რომ ჩვენ გავაძევეთ ზანქანი, რომ ის აღარ არი ჩვენი თემის წევრი. ამით დავიხსნით ჩვენ-ჩვენს ოჯახებს! ხერემი, ხერემი!
- არ გვინდა-თქო, ხომ გითხარით, ახლავე ვამბობთ უარს-თქო! - ფეხზე წამომდგარი ნამთალია იორამ ბაზაზას ხელს უქნევდა - ახლავე, ისრეელებო, ნუღარ ვაყოვნებთ! - ნერვიულობისაგან ხმა უკანკალებდა.
დავითია, გამხდარი, ორმოციოდე წლისა, მეხუთე რიგში რომ იჯდა, აუჩქარებლად წამოდგა და ნამთალიას შესძახა:
- დაჯექი შენ მანდ, დაჯექი ერთი წუთი! - მერე ბაზაზას მიუბრუნდა - იორამ, არა ხარ შენ ის კაცი, შენი ნათქვამით ჯამაათიდან ვინმე მოვიკვეთოთ და ჩამოდი დაბლა! რამდენი დარა2 ცხოვრობს ჩვენი ხალხი აქ, დავიჯერო, არცერთი ისრეელისშვილს არაფერი შეშლია? როდის იყო ჩვენი ოჯახები აუწიოკებიათ. თუ ზანქან ზორაბაბელმა ცუდი ქნა, თუ ასე გადაცდა, ჩვენ უარესი ვქნათ? ჩვენ ხო ისრეელები ვართ, ჯამაათო, ამოვუდგეთ გვერდში იმ კაცს, სიკეთის მეტი რომ არაფერი უკეთებია!
- რას ლაპარაკობ შენ! - შეჰყვირა ბაზაზამ - ოჯახები გავიმეტოთ?!
დავითიამ ღიმილით მიუგო:
- იორამ ბაზაზა, კარგად ვიცი რა მუცლის ტკივილიცა გაქვს - მთელმა ჯამაათმა იცის!
სწორედ ამ დროს დაიძრა ამბიონისაკენ ბენო კაკიტელა, ავიდა, დარბაზს გადმოხედა და მშვიდად ალაპარაკდა:
- პატივცემულო ჯამაათო, მართალს ამბობს დავითია, ჩვენ ნუ ავჩქარდებით, ისეთ საქმეს ნუ ვიზამთ, ხალხმა დაგვცინოს. რად უნდა ლაპარაკი, ზანქანმა გლახა საქმე გააკეთა, გლახა საქმე უყო საქართველოს, გლახა საქმე უყო მთელ საისრაელოს. დღეს ქვეყანა ჩვენზეა გულმოსული და რაღაცა უნდა მოვიმოქმედოთ, რამენაირად ჩამოვირეცხოთ ეს სირცხვილი, მე მომწონს დავითიას სიტყვა. ნუ ავჩქარდებით, ჩვენ ნუ მოვიკვეთავთ ზანქან ზორაბაბელს, ამაგი აქვს ჯამაათზე. ვთხოვოთ თავად თქვას უარი თემის წევრობაზე, გაეცალოს ტფილისს, დღესვე გაეცალოს, თავად, თავისი ნებით. ჩვენ გული კი დაგვწყდება, მაგრამ საისრაელოს მშვიდობისათვის სხვა გზა არ არი!
გაისმა შეძახილები:
- მართალს უბნობ!
- ასე აჯობებს!
- ჩვენ მაგას გლახა სიტყვას ვერ ვკადრებთ!
- ღმერთმა სიკეთე მოგცეთ! - განაგრძო კაკიტელამ - არ ვკადროთ გლახა რამე! ჩვენ ნურაფერს გადავწყვეტთ, ზანქანი თვითონ გაეცლება ჯამაათს, თვითონ გამოაცხადებს, რომ აღარ არი ჩვენი ჯამაათის წევრი. კარგად იყოს, მშვიდობით იყოს, მაგრამ ჩვენგან შორს!
- არა ხარ სწორი, ბენო! - არ ცხრებოდა ბაზაზა - თუ ზორაბაბელი
თავისი ნებით გაგვეცალა, ეს დასჯა არ არის. ჩვენ ზორაბაბელი უნდა დავსაჯოთ, ქვეყანამ უნდა დაინახოს, რომ ჯამაათის არადჩამგდებმა თავისი პასუხი მიიღო.
ბეით ქნესეთის კედლებსშუა ერთი გნიასი იდგა. ზოგი რას გაიძახოდა და ზოგიც - რას, მაგრამ ყველამ კარგად გაიგონა დავითიას შეძახილი:
- იფ, რა ჩიტები ხართ კაკიტელა და ბაზაზა, რა ჩიტები!
- ამ ჩიტებს ის უნდათ, ჩვენ პირდაფჩენილი ბეღურები ვიყოთ! - სიცილით თქვა ვიღაცამ.
ბენო კაკიტელამ და ბაზაზამაც გაიგონეს ეს შეძახილები, მაგრამ არ შეიმჩნიეს, წაუყრუეს - მათ ახლა ათასგზის მნიშვნელოვანი საქმე ჰქონდათ, ვიდრე დავითიასა და იმ ვიღაც მოქილიკისათვის პასუხი გაცემა იყო. შესცქეროდნენ აქოთქოთებულ, ახმაურებულ დარბაზს და იმაზე ფიქრობდნენ, გამარჯვებისათვის კიდევ რა უნდა ეღონათ.
ხახამ აბრაამი ამბიონის კუთხეში ჩამომჯდარიყო. მარჯვენა ხელში ლოცვანი ეჭირა. საჩვენებელი თითი შიგ ჩაეყო, სწორედ იმ გვერდთან, რომლიდანაც კითხვა უნდა განეგრძო. თავჩაქინდრულს, სევდადარეულს ფიქრები დასტრიალებდა:
„და თქვა ღმერთმა: ,,შევქმნათ ადამიანი ჩვენი სახიერებით და ჩვენი მსგავსებით“. ვის ეუბნება გამჩენი ჩვენი სახიერებით და მსგავსებით შევქმნათ ადამიანიო? ანგელოსებს? ანგელოსებსაო, წერენ. მთავარი ის არი შევქმნათ ჩვენი სახიერებითაო, ჩვენიო... რა გამოდის აქედან? ის გამოდის, რომ გამჩენისა და ანგელოსთა სახიერებით შეიქმნა ადამიანი. მერე? სად არი გამჩენთან და ანგელოსებთან მსგავსება. დამარცხდა გამჩენი?“
ზანქან ზორაბაბელსაც ლოცვანი ეჭირა ხელში. ხელით მუხლს დაყრდნობოდა და ასეთი ფიქრი დასტრიალებდა:
„რაბი ნათანი მამების წიგნში ხო ამბობს, ღმერთმა მხოლოდ ანგელოსებს კი არ მიმართა ახლა ადამიანი შევქმნათო, მთელ ქვეყნიერებას. მაშინ კი ქვეყნიერება ცხოველების იყო. ყოველ მის მიერ შექმნილ ცხოველს უთხრა გამჩენმა, ახლა ყველამ ერთად შევქმნათო ადამიანი, ყოველმა ჩვენგანმა თავისი წილი გაიღოსო ადამიანისათვის, ჩვენგან შეიქმნასო ადამიანი, ჩვენი სახიერებითა და მსგავსებითაო. ყოველმა ღვთის შექმნილმა მისცა ადამიანს თავისი სულის ნაწილი: ჭიანჭველამ და თხამ, ქვეწარმავალმა და ლომმა, არწივმა და იადონმა, სპილომ და ხვლიკმა, თევზმა და თხუნელამ, დათვმა და რწყილმა, კოდალამ და ზღარბმა, ანგელოსმაც, ანგელოსმაც და აჰა, შეიქმნა ადამიანი, ამათი სახიერებით და მსგავსებით...“
- ზანქან ზორაბაბელო, გეძლევა უფლება - სიტყვებს მკაფიოდ გამოკვეთდა კაკიტელა - გეძლევა უფლება გაეცალო ჯამაათს ჩვენსას და ხალხში დამკვიდრდეს მშვიდობა.
ფიქრობდა ხახამ აბრაამი:
„ვინ, ვინ არის დამნაშავე თუ არა მე, იმაში, რომ ჩემი ჯამაათი ამნაირია, ვინ შეჰქმნა ეს ჯამაათი ასეთი და ვის შეეძლო შეეცვალა იგი, თუ არა მე? მაგრამ გამჩენმა არ მომცა ამდენი ძალა.“
ბაზაზას გამყინავი ხმა დარბაზის კედლებს ეხეთქებოდა:
- ზანქან ზორაბაბელო, შენ ყოველთვის გსურდა ყოფილიყავ ჩვენზე დიდი. ამან მიგიყვანა იქამდე, რომ უღალატე საქართველოს, უღალატე საისრაელოს, ისრაელობაზე აამხედრე საქართველო, ახლა კი უნდა გადაარჩინო ისრაელობა - უნდა გაეცალო ამ ჯამაათს შენის ნებით, ახლავე, ამ წუთას უნდა დატოვო ეს ქალაქი.
ფიქრობდა ზანქან ზორაბაბელი:
,,და დადიან ქვეყნად ადამიანები, რომელთა სულებში ბინადრობენ ლომები, დადიან ადამიანები, რომელთა სულებში უხსენებლისა მეტია, ვიდრე ანგელოსისა, ადამიანები, რომელთა სულებშიც ანგელოსისა მეტია, ვიდრე თხისა, მგლისა მეტია, ვიდრე მტრედისა, რა ქნას კაკიტელამ, თუ მის სულში შური მეტია, ვიდრე სიკეთე, ან ბაზაზამ რა ჰქნას, ან ამ შეშინებულ ჯამაათს რა ვუყოთ. ეუბნებიან დაგარბევენო, დაგაქცევენო.“
- ზანქან ზორაბაბელო, ხალხი გეხვეწება გაეცალო, გაეცალე ამ ქალაქს, გადაარჩინე ჩვენი სიცოცხლე, მოეც ამ ჯამაათს მშვიდობა! - ღაღადებდა ბენო კაკიტელა.
- შენს პასუხს ველოდებით, ზანქან ზორაბაბელო, საკუთარი ნებით გაეცლები, თუ არა ჯამაათს, აღიარებ, თუ არა, რომ შენ, ზანქან ზორაბაბელი, რომლის შვილმაც უარი თქვა ჩვენს რჯულზე, შენ, ზანქან ზორაბაბელი, რომელმაც უღალატე მეფეს, არაფრად ჩააგდე ქართველი ებრაელობა, საკუთარი ნებით სტოვებ ჯამაათს?!
როგორ გაუჭირდა წამოდგომა ხახამ აბრაამს - ძლივს დადგა ფეხზე.
- ჯამაათო, პატიოსანო! მე ვამბობ: ჯამაათო პატიოსანო. ყველამ ვიცით რას ნიშნავს ეს! და ვართ თუ არა ჩვენ გამჩენის პატიოსანი მსახური, მისი მცნებების დამცველი ჯამაათი? მე არ გავცემ პასუხს ამ შეკითხვას. ყოველმა თქვენგანმა ჰკითხოს თავის თავს რამდენად იცავს გამჩენის მცნებებს - ხახამ აბრაამი შეყოვნდა. ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა და მტკიცედ განაგრძო - ნურავის ეგონება სინაის მთასთან, სადაც ჩვენმა ერმა მოშეს ხელით გამჩენის მცნებები მიიღო, ჩვენ არ ვიყავით. ის მცნებები ისრაელობის ყველა თაობამ მიიღო - იმათაც, რომლებიც მოშემდე იყვნენ, ჩვენც და იმ ებრაელობამაც, ჩვენს მერე რომ მოვლენ ქვეყნიერებაზე. ყველამ შევფიცეთ გამჩენს დავიცავთო ამ მცნებებს. ამიტომ, დღეს ყოველმა თქვენგანმა ჰკითხოს თავის თავს, ვინ არის, რას ემსახურება - გამჩენს თუ ეშმაკს - ხახამ აბრაამმა ლოცვანი გადაშალა - ჯამაათო, ახლა მე თქვენ წაგიკითხავთ იმ ტექსტს, რომელსაც დღეში სამჯერ იმეორებს ყოველი ისრეელიშვილი, დღეში სამჯერ და ყოველმა ჩვენგანმა ჩაიხედოს თავის გულში: რას ნიშნავს ეს სიტყვები: ,,ღმერთო ჩემო, აარიდე ჩემს ენას და ბაგეებს ბოროტი და ცბიერი საუბარი. დადუმდეს სული ჩემი, ჩემი მაწყევრებისათვის». დაუფიქრდით ამ სიტყვებს, ჯამაათო. იფიქრე მთელი ღამე, მთელი დღე, იფიქრე ვინ ხარ შენ, ადამიანო, რას აკეთებ, საით მიდიხარ. იმაზე იფიქრე რისთვის ხარ მოსული ქვეყანაზე! ახლა კი ყარბითის დროა, ჯამაათო, რა ხანია ცაზე ვარსკვლავები დასხდნენ!
ბაზაზამ განწირულის ხმით იყვირა:
- არა, არა, არ იქნება ასე!
ხახამ აბრაამი კაკიტელასა და ბაზაზას მიუბრუნდა, გაფრთხილების ინტონაციით უთხრა:
- დავამთავროთ ახლა ეს ამბავი, ლოცვის დაწყების დროა.
კაკიტელას თვალები მრისხანებით ავსებოდა. ბაზაზა კი არ ლაპარაკობდა, ყვიროდა:
- ჯამაათო, თავად გაიგონეთ, არ გვეწადა ზანქანს ცუდად მოვქცეოდით, დავინდეთ, არ გაგვიგონა, არ მოინდომა საქართველოს ისრაელობის გადარჩენა. ახლა ჩვენ უნდა მივაბრძანოთ, ჩვენ უნდა გამოვუცხადოთ ხერემი.
- რა უნდა ჩვენგან ამ მოღალატეს, მოგვცილდეს, გაგვეცალოს! გაგვეცალე, ზანქან, დაგვიბრუნე მშვიდობა! - მღელვარებისაგან ხმა ჩახრინწოდა ბაზაზას.
- რას გლახაობენ ესენი მთელი საღამოა, აღარ ამთავრებენ? - ჩაილაპარაკა ვიღაცამ, მაგრამ იმ კაცის დაჩივლება ყველამ კარგად გაიგონა. ბაზაზამაც. გაიგონა და განწირული კაცის ხმით შესძახა:
- რა გამაჩუმებს მე, რაფერ უნდა გავჩუმდეთ ჩვენ... ყველას მაგის სახელი აკერია პირზე - ქართველსაც და ისრეელსაც, ჩვენ არავის ვახსოვართ, არავინ არაფრად არ გვაგდებს. ჩვენი კაცობა არაფრად აღარ ღირს, ყველა მაგაზე ლაპარაკობს!
ბაზაზა ყვიროდა, მაგრამ მღელვარებისაგან სიტყვებს ვერ წარმოსთქვამდა, უჭირდა, პირიც ზაფხულის რუს დაემსგავსა - სულ ამოუშრა, ბოლო სიტყვა თითქმის ამოიხრიალა. ბაზაზას ასეთ შეძახილს მოჰყვა დავითიას ნათქვამი - ისე თქვა, თითქოს მეზობელს რაღაცას უყვებაო - სიცილით:
- რა გინდათ ამ კაცისგან, რას ერჩით - არაფრად აგდებენ და აბა, რა ქნას!
კაცს ვიღაც სიცილითვე შეეხმიანა - ისე გადამდებად იცინოდა, რომ მის წინ მჯდომმა და მისმა მაცქერალმა დავითიამ თავი ვერ შეიკავა და სიცილი დაიწყო. დავითია ისე აკისკისდა, სულს ძლივს ითქვამდა. მერე ამათი სიცილი სხვებსაც გადაედოთ და რამდენიმე წამში დარბაზში ისეთი ხარხარი ატყდა, ისე გულიანად იცინოდნენ ძენი ისრაელისა, ხახამ აბრაამი ხალხს მიუბრუნდა. ამდენი მომცინარე, გულწრფელად, ალალად ახარხარებული ხალხი რომ დაინახა, გული სიამით აევსო, სახე ღიმილმა გაუცისკროვნა და თავადაც ვერ შეიკავა თავი, არც უცდია - თავის მომცინარ ახარხარებულ ჯამაათს აჰყვა.
ფიქრის მორევში მოქცეული ზანქანი სიცილმა დაუბრუნა სინამდვილეს.
გაოცებული შესცქეროდა ხალხს.
- ა, არაფრად აგდებენ თურმე, ჯამაათო, გეყურებათ? - დაიძახა ვიღაცამ (ზანქანი ვერ ხედავდა) და დარბაზს სიცილის ახალმა, ძლიერმა ტალღამ გადაუარა. ზანქანს პირზე ღიმილი მოერია.
- რა ხდება? - იკითხა ბაზაზამ. ვერა და ვერ მოვიდა გონს, ვერ მიხვდა რამ აახარხარა ეს ხალხი. პირდაფჩენილი შესცქეროდა დარბაზს. კაკიტელას მიუბრუნდა და ისევ იკითხა
- ბენო, რა ამბავია?!
ბენო კაკიტელა ამბიონიდან ჩავიდა. იორამ ბაზაზაც თან მიჰყვა. ფეხს ძლივს მიათრევდა. ეს ორი მხრებჩამოყრილი, პირსახე მოტირალი კაცი ვერაფრით ვერ თავსდებოდა დარბაზის საერთო განწყობილებაში. დარბაზში სიცილი ქართულ სიმღერასავით მეუფობდა - ხან მინელდებოდა, ხანაც ისე მოძლიერდებოდა, გეგონებოდათ, ფეთხაინი ხარხარებს, მთელს უბანში სიცილი გამეფდაო. ეს ორი კაცი კი ფეხს ძლივს მიითრევდა. ჯამაათი სიცილით აცილებდა.
ამ საღამოს ყველაზე ბედნიერი კაცი - ზანქანზეც კი - ხახამ აბრაამი იყო.
,,არა, სულაც არ ყოფილა საქმე ისე, მე რომ მეგონა - ტყუილად არ მილოცნია ამ ჯამაათში, ბედნიერი, გადასარევი ჯამაათი მყოლია“ ფიქრობდა, იცინოდა და ლამის ცრემლიც კი სდიოდა - სიხარულის, სიცილის ცრემლზე გემრიელი კი ქვეყნად ბევრი რამ არ არის.
შებინდების ლოცვა რომ დამთავრდა, მლოცველნი სიცილით, ლოცვით, ღვთის სამსახურით გამხნევებულნი გამოეფინენ ბეით-ქნესეთის ეზოში. პირზე ღიმილმომდგარნი, კარგ გუნებაზე ბრუნდებოდნენ შინ. ყველას ყურადღება ეზოში მდგარმა უცნობმა ადამიანებმა მიიპყრეს. ესენი ებრაელებს არ გვანდნენ - ამირსპასალარის მეაბჯრენი იცმევდნენ ასე. ერთ-ერთი მათგანი - მაღალ-მაღალი- ზანქანს გადაუდგა და უთხრა:
- ზანქან ბატონო, ერთი ხანია აქ გელოდებით.
ზანქანი უცნობთ ღიმილით მიუბრუნდა:
- არარა ვუწყოდი.
- ამირსპასალარმა უსათუოდ უნდა მობრძანდესო. ახლავე, ჩვენთან ერ-თად უნდა წამობრძანდეთ.
- წავიდეთ! - თქვა ზანქანმა და მეაბჯრეთ გაუძღვა.
![]() |
24 ყმაწვილი ქალის გული |
▲ზევით დაბრუნება |
არკიღა ვიცი, როგორ მოვიქცე, ფიქრად ის კი არ მდევ, ვითარ ვიცხოვრო, ვიცოცხლო თუ არა! განა არ ვიცი - იმადა მწუნობ, რომ შენ მაღლა დგახარ, მწვერვალზედა ხარ, მე კი აგერ, ქვესკნელს შთასული, მაგრამ განა კაცთა - დიდსაც და მცირესაც მზე ერთნაირად არ მოგვეფინების? განა ყოველთათვის ერთნაირად არ ნათობს? თინათიზე აბა, რა აუგი მეთქმის - ანგელოსად მესახის - შენი სულის მეოხია და მიტომ, მაგრამ იმ დღეს განა თინათის, შენი ნახვა მეწადა მტკვარზე გადებულ ხიდზე. შენი გამოჩენა იქნებოდა შენგან მოცემული ნიშანი ჩემი სიცოცხლის გაგრძელებისა, ნება იმისა, რომ სუნთქვა გავაგრძელო. ახლა კი არ ვიცი როგორ მოვიქცე - რაღა აზრი აქვს ჩემს სიცოცხლეს, რისთვის უნდა ვიცოცხლო, თუ შენ ჩემს გვერდით ყოფნის ნიშანს არ მაძლევ?
ხვალაც, ხვალ კიდევ ერთხელ დაველოდები შენს გამოჩენას ხიდზე, ხვალ კიდევ ერთხელ გამოვცდი ბედსა - მზე რომ შუბისტარზე დადგება, თუ მე შენ ხიდზე არ გიხილე...
აწ სწორედ შენგან მომეცემა სიცოცხლე, ან წამერთმევა იგი. შენგან რაც იქნება, ყველაფერს ვყაბულობ, რადგან ხარ და იქნები მბრძანებელი ჩემი სულისა.
ის, ვისი სიცოცხლეც არის ბაჩევა,
ასული ზანქანისა და იოხაბედისა.
მეორე დღეს, მზე შუბის ტარზე რომ შედგა, ბაჩევამ მტკვარზე გადებული ხიდი გადაიარა. მდინარისაკენ არ იყურებოდა. მზერადახრილი მიდიოდა. რატომღაც ეგონა, ვიღაც შესძახებდა: ,,ბაჩე, ყური მომაპყარ“ და შედგებოდა, უსათუოდ შეჩერდებოდა ბაჩევა, მორჩილ მზერას მიაპყრობდა იმას, ვინც დაუძახებდა.
არავინ დაუძახა და ხიდი გულდაწყვეტილმა გალია. ცოტა ხნის შემდეგ უკან გამობრუნდა, ისევ მზერადახრილმა გადმოიარა ხიდი. არა, თავი ერთხელაც არ აუწევია, ერთხელაც კი არ მოუთვალიერებია გარემო. თუმცა, ძლიერ ეწადა დაენახა ის.
ბაჩევა გაღიზიანებული დაბრუნდა შინ.
ხუშა ლეეზრათი, ადონაი, თეშუათი
ცაზე ვარსკვლავები დამსხდარიყვნენ. მომღიმარე მთვარე ქალაქის მტვრიან ქუჩაშუკებს ვერცხლისფერს სდებდა.
ზანქანს გაოცება მაშინ დაეუფლა, ეზოდან გამოსვლისთანავე ოთხი აბჯროსანი ოთხივ მხრივ რომ ამოუდგა. ერთი - მაღალ-მაღალი - წინ მიდიოდა, მეორე უკან მოსდევდა, ორი კი გვერდით და უდგა, ლამის მხარდადამხარ მოჰყვებოდნენ. ,,ფარსაგი ამბავი უნდა იყოს, ოთხი აბჯროსანის გამოგზავნა როდის იცოდნენ!“ გაიფიქრა. ყურადღება წინ მიმავალმა წარსტაცა, მარჯვენა ფეხს მაღლა ვერ სწევდა, ქალამანს ისე უსმევდა მიწაზე, შარაზე მტვრის ბუღი დგებოდა. ,,ჭრილობა არ მოშუშებია, სად უნდა დაჭრილიყო? ალბათ, ბოგოლუბსკის თუ ახლდა ბრძოლებში“
.
ზანქანმა მიმოიხედა, გუჩუ და ჯაჩუ ვერსად დაინახა, ისინი ხომ გვერდით უნდა მოჰყვებოდნენ. გვერდით აბჯროსანნი მოსდევდნენ, გუჩუ და ჯაჩუ კი არსად სჩანდნენ. ,,ამათ მე როდის მივუტოვებივარ?!» გაოცდა ზანქანი და ნაბიჯი შეანელა, მიდამო კარგად მოათვალიერა. უკან მომდევარი ხრინწიანი ლამის ზურგზე აეკრა, ნაბიჯს ნუ ანელებო. ისე ახლოს იყო, სუნთქვაც კი ესმოდა მისი. მოხედვა დააპირა, ეწადა ხრინწიანისათვის მზერით ენიშნებინა, ეგრე ნუ მომდევ, შენმა მკერდმა ლამის ბეჭები ამიწვასო, უნდოდა, მაგრამ... თავი ოდნავ მოაბრუნა თუ არა, ყურში ხრინწიანის სისინი ჩაესმა: ,,ფეხს ნუ ითრევ, ჩქარა-მეთქი!“ ხრინწიანმა ეს სიტყვები ისე აფორიაქებულმა, ისეთი ნერვიული ინტონაციით თქვა, ზანქანს ელდა ეცა - ფეხი ფეხს წამოჰკრა, წაიბორძიკა კიდეც.
- ჰა! - ახლა უკვე მუქარით წამოიძახა ხრინწიანმა.
ზანქანმა მიმოიხედა. ბეით-ქნესეთიდან გამოსული მლოცველნი თავთავიანთ სახლებში, ქუჩა-შუკებში მიმოფანტულიყვნენ. ქუჩის იქითა მხარეს ერთი მოხუცი კაცი მიფრატუნობდა. ,,თუ ესენი ამირსპასალარისანი არ არიან და სამტროდ მივყავართ, ვიღაცამ ხომ უნდა იცოდეს?!“ როგორ დაუძახოს? რა დაუძახოს? ამ კაცს ყველაფრით ეტყობა, რომ ებრაელია, მაგრამ ვინ არის? სახელი?!
- ისრეელიშვილო! - წამოიძახა მოულოდნელად ზანქანმა - ერთი აქეთ მოიხედე! - ხმაში მღელვარება დაიტყო.
- რას მიბრძანებ, ზანქან, შენ გენაცვალოს დავითიანთ გერშონი! - სახეგაბრწყინებული, იმით ბედნიერი ზანქანი მცნობს და მიხმობსო, დავითიანთ გერშონი მისკენ გამოეშურა, მაგრამ ორიოდ ნაბიჯი გადმოდგა თუ არა, მაღალ-მაღალმა ხმალი იშიშვლა და შესძახა:
- ფეხი არ გადმოდგა!
- ჩქარა, სწრაფად! - იყვირა ხრინწიანმა. ზანქანს ჯერ ხელი ჰკრა, მერე იღლიაში გამოსდო და მეორე აბჯროსანს უთხრა:
- გამოსდე, სირბილით!
ზანქანმა გაიფიქრა, თუ ნებას არ დავყვები, შესაძლოა, ყველაფერი ცუდად დამთავრდეს, ესენი არაფერზე, არც ერთ ხერხზე არ იტყვიან უარს, შეშინებულნი სჩანანო. მორბენალთ აჰყვა - არარა წინააღმდეგობა არ გაუწევია აბჯროსნებისათვის. თვალი ჰკიდა - შიშდარეული, თუ გაოგნებული დავითიანთ გერშონი უძრავად იდგა. ერთ-ერთმა აბჯროსანმა, სწორედ ხრინწიანმა, უკან რომ მოსდევდა, ტყვეს ირიბულად ჩაარტყა კისერში. ზანქანმა უმალ გრძნობა დაჰკარგა.
- ე, რა ჰქენი, სახედარო, ამის ვნებას ხომ თავის მოკვლა გერჩია! - შესძახა აბჯროსანმა ხელმარცხნივ რომ მოსდევდა.
- შენ დარდი ნუ გაქვს, ხელი ჰკიდე! - თქვა მაღალ-მაღალმა და ზანქანი ხელში აიტაცა - ჰა, მომეშველე, კაცო, ხომ ხედავ, რამოდენაა!
- ხალხნო, ისრეელისშვილებო, გამოდით, კარში გამოდით! - გაისმა გერშონის ხმა.
- აი, ვინ არი სახედარი, მოგვდევს ოხრიშვილი! - თქვა მაღალ-მაღალმა.
- აქეთ, აქეთ წავიდეთ!
- ხალხნო, ისრეელებო, გამოდით, ყველანი გამოდით! - გერშონის ხმა, მართლაც, ადევნებული ბალღივით მოსდევდათ. გამტაცებლებმა ნაბიჯი ააჩქარეს, მარჯვნივ მოუხვიეს და სიბნელეს მისცეს თავი.
- თქვენ აქ დარჩით, აქაურობას მიხედეთ, იმ სახედარმა არაფერს გვწიოს!
- უთხრა მაღალ-მაღალმა ორ აბჯროსანს.
ზანქანი რიყის ქვით ნაგებ სახლში შეიყვანეს და ტახტზე დააგდეს.
- გადადი და მოახსენე!
- ახლავე! - ჩაილაპარაკა მაღალ-მაღალმა და გავიდა.
ხრინწიანი ზანქანს დააცქერდა, სახეზე ხელიც კი ჩამოჰკრა, ცდილობდა გონს მოეყვანა.
- ჰა, რას შობი, კაცო, ძილად ხო არ უნდა იქცე!
მაღალ-მაღალი ღიმილით, კმაყოფილი შემოვიდა:
- კარგი ბიჭები ხართო, გუნებიანად წავიდა.
- წავიდა?! სად წავიდა!
მაღალ-მაღალი გაკვირვებული მიაცქერდა აბჯროსანს, რად მეკითხები, მე ვითარ უნდა ვიცოდე, დიდი ბატონი სად, რისთვის და რა ხნით წავიდაო.
- უკნიდან გავიდა - ჩაილაპარაკა ხმადაბლა, თითქმის თავისთვის - ეს რომ აქ დაიგულა, ღიმილით წავიდა.
ზანქანი ტახტზე იწვა, აბჯროსანთა საუბარი კანტი-კუნტად, ბუნდოვნად ჩაესმოდა. ცოტა მოგვიანებით ერთ-ერთმა იკითხა, ეგრე უქმად სანამ ვისხდეთ, ის მაინც თუ დაგიბარა, ამას რა ვუყოთო. პასუხი არავინ გასცა. ზანქანი ყურადღებად იქცა - იმის გაგება ეწადა, რას უპირებდნენ. „ჰა, რასა ვიქმთ, ეს სადაცაა გონს მოვა, რა ვუყოთ?» ,,შენა დააყე, ბევრს ნუ ლაპარაკობ, ყველაფერი დამიბარა და ისე მოვიქცევი, ვითარც მიბრძანა.“ თქვა მეორემ.
„ეს ალბათ, მაღალ-მაღალია, ეს უფრო დაფასებული ჩანს», გაიფიქრა ზანქანმა და თვალი კვლავ არ გაახილა. ფიქრი ერჩია. ყველაფერი კარგად უნდა აეწონ-დაეწონა. ჯერ ის უნდა გაეგო, ვინ მოაწყო ეს ამბავი: დღევანდელ დღეს გადაავლო თვალი - დილას რიდეასხმულ კაცთან შეხვედრა გაიხსენა. რა ჰქვიაო? ვერა, ვერ მოიგონა, ჰო... დიომიდეო. რა ეწადა აბულასანის დიომიდეს? ახლავე გაეცალეო ქალაქს, ტფილისი დატოვეო. ასე რატომ სწადია აბულასანს ზანქანმა ქალაქი დატოვოს? მერე ბაზაზასთან მივიდა ის რიდეაფარებული კაცი.,,ქალაქი რომ არ დავტოვე, საღამოს ბეით ქნესეთში ცდილობდნენ მეფის მოღალატის სახელი დაერქმიათ და კვლავ ქალაქიდან გაძევება ეწადათ. გამოდის, რომ ქალაქში ჩემი ყოფნა ძლიერ უშლით ხელს. ვიდრე ქალაქში ვარ, აბულასანს შიში აქვს... რისა?“ - ზანქანი გაირინდა. ცდილობდა აბულასანის განზრახვას ჩასწვდომოდა. რატომ, რისთვის მოუწყო აბულასანმა ასეთი განსაცდელი?
ზანქანი განსაცდელის წინაშე ათასგზის მდგარა. განსაცდელი როგორ არ ჰქონია, მაგრამ ყოველი მათგანი ისე ჰგავდა ერთმანეთს, როგორც ერთი ხის ორი ტოტი. ყოველ განსაცდელს, იქნებოდა ეს სასოვდაგრო ქარავნობისას თუ ქალაქში, ვერცხლი პასუხობდა - ვერცხლით ყოველ აგუზგუზებულ ხანძარს აქრობდა. დღეს? დღეს კიდევ არ იცოდა რაგვარი განსაცდელის წინაშე იდგა, რა ეწადათ მისგან - სიცოცხლე, თუ ვერცხლი? თუ ზანქანი აბულასანის ტყვეა, ზანქანი კი დარწმუნებულია, რომ ყველაფერი აბულასანმა მოაწყო, ვერცხლის ფასი გახვრეტილი შაურია. დღეს ფული ის ნივთია, ბებიის სკივრში რომ უნდა ჩაყარო. ზანქანმა თავი მეუდაბნოედ იგრძნო - აქ მის ირგვლივ ვერცხლს არარა გასავალი არა აქვს. მაშ, რით უნდა დაიხსნას თავი? რა გზით იაროს? მოვყვეთ თავიდან: აბულასანს განუზრახავს, ზანქანი არ იყოს ქალაქში, რომ მისი ნათქვამი სიტყვა არავინ გაიგოს.
ფათერაკიდან ადამიანის მხსნელი ფულია, დღეს ფული ჩენჩოა - ვერცხლი ის მძიმე რკინაა, ჯიბეს რომ ჩაგიხევს. საქართველოში კი ზოგჯერ სიტყვას მეტი ფასი აქვს, ვიდრე ფულს. საქართველოში სიტყვა ვერცხლზე მძიმეა, ძვირიც.
ოთახში რაღაცამ გაიხმაურა. ზანქანმა იგრძნო რომ ოთახიდან ვიღაც გავიდა. თვალი გაახილა, მიმოიხედა. მაღალ-მაღალს ხანჯალი გაეშიშვლებინა, პირს უსინჯავდა - აინტერესებდა კვლავაც ადრინდელივით მჭრელი იყო, თუ დაბლაგვებულიყო - ცერა თითის ფრჩხილს ხანჯლის პირს უსვამდა. ზანქანმა ჩაახველა. მაღალ-მაღალმა არარა ყურადღება არ მიაქცია, ერთი გადმოხედა და თავის საქმეს მიუბრუნდა. ზანქანმა თვალები მოხუჭა.
„ეს კი იმას უნდა ნიშნავდეს, რომ... - ზანქანი ჩაფიქრდა - არ არი ძნელი იმის მიხვედრა, რასაც ეს ოყროყი მეუბნება: თუ გაჯიუტდები, თუ ჩვენს ნებას არ აღასრულებ... დღეს სიმართლის თქმა სასაფლაოსაკენ წასვლას ნიშნავს... მეც რა... უნდა დაყვე ნებას... სიმართლე მოიცდის, მოვა დრო, ან თავად უნდა მოიყვანო დრო, როცა სიმართლე ყველას დასჭირდება... დღეს კი სიცოცხლის გადამრჩენი ტყუილია... დღეს სიბრძნე სიცრუეა... კი, სიცრუეშია სიბრძნე... მაგრამ... მაგრამ...“ - ზანქანის ფიქრი შეჩერდა, ფიქრი გაიყინა. დახუჭულ თვალებს თითქო ძალა მიატანა, კიდევ უფრო მოხუჭა, შუბლი დაუნაოჭიანდა, რადგან შეაშფოთა ფიქრმა, რომელიც ღრუბელივით ჩამოაწვა გონებას - ,,დღეს ჩემი სიცრუე ხომ იმის დასტური უნდა იყოს, რომ... ბოგოლუბსკის ჩამოყვანის ბაირახტარი ვიყავი თითქოს... ის უნდათ ვთქვა, თითქოს ბოგოლუბსკის ჩამოყვანა მე მოვიწადინე, მე ჩავაგონე აბულასანს... აბულასანი ცოდვისგან უნდა გავანთავისუფლო და მე უნდა ავიკიდო ცოდვა, რომელიც ჩემს შვილიშვილებსაც შეარცხვენს... სამარადჟამოდ ბრალეული ვიქნები საქართველოს წინაშე.“
- მაშ, ენგრე ძრიელა გთხოვა იმ რუსმა ნამუსი შემინახეო, ჰა? - ხანჯლის პირისთვის მზერა არ მოუცილებია, ისე თქვა მაღალ-მაღალმა.
„აი, დაიწყო კიდეც! - გაიფიქრა ზანქანმა - ხანჯალი შემოწმებულია, კარგად არის გალესილი. სიმართლე გულს გამიპობს, სიცრუე ხალხში თავს მომჭრის. აირჩიე, ზანქან, ან გალესილი ხანჯალი დღეს, ან ტყუილი, რომელიც ხვალ შენც მოგჭრის თავს და შენს შვილისშვილებსაც.“
„უნდა ეძებო ის, რაც ხანჯალსა და სიცრუეს შორის ძევს. რა დევს სიცრუესა და ხანჯალს შორის?“ - ჩასძახა უჩინარმა ხმამ.
- ჰა, ხმას არ იღებ? სწორადაც ირჯები, უნდა იფიქრო, ან საჩქარო რა არი? ხვდები ალბათა, ე მაგ პირში სული მაშინ შეგრჩება, თუ იტყვი, ვითარ დაუმალე საქართველოს ბოგოლუბსკის სენი. შენი ბრალი დიდია, დიიიდი, განა მხოლოდ მეფე გაგვიცურე - პირმშვენიერი და ზნეკეთილი თამარი - საქართველოს ჰკარი ჭიტლაყი. ვითარ იქნება, თავადაც ხვდები ალბათა, საქართველო მაგ თავკერძობას არ გაპატიებს - მაღალ-მაღალი შეჩერდა, ისედაც აუჩქარებლად ლაპარაკობდა, თითქოსდა, ზანქანის გასაგონად კი არ ამბობდა ამ სიტყვებს, თავის თავს ებაასებოდა. ცოტა ხნის შემდეგ განაგრძო - ეგრეა, ეგრე, ავი საქმე არ იმალება. შენგან კი გამკვირვებია. აკი ჭკვიანი კაციაო, წინდახედულიაო, ეგ არი? ბასტა? თუ ჭკვიანი იმად შეგარქვეს, რომ ფული გაქვს?
ზანქანი თვალდახუჭული უსმენდა მაღალ-მაღალს. მისი ხმა, სიტყვები კენჭებივით ეცემოდნენ თავზე, ეცემოდნენ და ბუქნას უვლიდნენ, ხტოდნენ, ,,კიდევ იტყვიან, ფული არისო ძალა? არა, ხანჯალია ძალა, ამას შეუძლია ხანჯალი დაგკრას და ამით არი ძლიერი. ძლიერი კი მართალია“.
ზანქანმა იგრძნო, რომ მაღალ-მაღალი წამოდგა. რისთვის? მიწაზე მიმოყრილი გამხმარი თივა გახრაშუნდა. ეს იმას ნიშნავს, რომ მაღალ-მაღალმა გაიარა. კარის გაღების ხმაც გაიგონა. ზანქანმა თვალი გაახილა. მაღალ-მაღალის ზურგს მოჰკრა თვალი, გადიოდა. კარი მიიხურა. კარგად გაიგონა როგორ გადაკეტა კარი. ერთხანს უძრავად იწვა. მერე წამოჯდა და ოთახი კარგად მოათვალიერა: იატაკად კარგად დატკეპნილი შავი მიწა იყო, ზედ თივა ეყარა, ალაგ ბევრი - იმდენი, რომ მიწაც არ ჩანდა, ალაგ - ცოტა, სარკმელი არც ერთ კედელში არ დაუტანებიათ, ბუხრის თავზე კვარი ხრჩოლავდა და ოთახს მკრთალად ანათებდა. ზანქანი წამოდგა. ოთხივ მხრივ ყრუ კედელი აღმართულიყო. კედლის რიყის ქვები - ზოგი მუცლიანი, ზოგიც წვეტიანი - მშენებლებს ისე შეერჩიათ, რომ სველი გეგონებოდათ, თითქოს ეს-ეს არის მდინარიდან ამოიღესო. მურმოდებული ბუხარი დაბღვერილ ბერიკაცს ჰგავდა. ამ ქვებისა და გამურული ბუხრის მომზირალმა ზანქანმა სხეულში სიცივე იგრძნო. კარს მიადგა, ეზოს მიაყურადა, ყურადღებად იქცა, ერთხანს სუნთქვაშეკრული იდგა, ვერაფერს გახდა - ვერარა გაიგონა. ტახტს დაუბრუნდა და ის იყო უნდა ჩამომჯდარიყო, მაღალ-მაღალი ოთახში შემობრუნდა. ის ყმაწვილი ახლდა ბეით ქნესეთიდან გამოსულ ზანქანს ლამის ზედ რომ აეკრა - ხრინწიანი.
- ახლა ეგრეა საქმე, ზანქან: სწადიათ, გაიგონ ვითარ გემუდარა რუსი - სენი არ გამიმხილოო. უნდა წავიდეთ, რათა ყველაფერი წვრილად უამბოთ იმ ხალხსა. მერე შენ შენი გზა ნახე, ჩვენსასაც ნუ იკითხავ.
ზანქანს მზერა არ შეუხრია. ისე იდგა, თითქოს არც რამ თქმულა.
- გაიგე თუ არა, რაც გითხარი?
არც მაღალ-მაღლისაკენ გაუხედავს, არც - ხრინწიანისაკენ. ტახტზე ჩამოჯდა და ფეხი ფეხზე გადაიდო.
- წავიდეთ? - იკითხა მაღალ-მაღალმა.
- რაღას ვაყოვნებთ, მოვრჩეთ! - თქვა ხრინწიანმა აბჯროსანმა.
ზანქანი კვლავ მდუმარე იჯდა.
- ჰა?! - იკითხა გაღიზიანებულმა მაღალ-მაღალმა.
- წყალი მინდა - თქვა ცოტა ხნის შემდეგ. ეს სიტყვები საყვედურის, (გაკიცხვისაც კი!) ინტონაციით წარმოთქვა, ისე რომ მაღალ-მაღალი მიხვდა: ზანქანი არც არსად წამსვლელი იყო და არც რაიმეს მთქმელი, მაგრამ აბჯროსანს ანიშნა წყალი მოიტანეო. ხრინწიანი გავიდა. ზანქანი კი ფიქრობდა:
„ვისთან უნდა მიმიყვანონ, ვისთან უნდა ვთქვა ბოგოლუბსკის სენი ვიცოდი და დავმალეო. მეფესთან?კი, ბატონო, ყაბულსა ვარ. ამირსპასალართან? ამაზეც ყაბულსა ვარ, იმიტომ რომ...
- ჰა, როგორა ვიქმთ, ზანქან ბატონო!
აბჯროსანი დოქით მობრუნდა.
- ჭიდან ამოვიღე, ნახე რა ცივია!
ზანქანმა დოქი მოიყუდა. წყალს ნელ-ნელა სვამდა, ისე ცივი იყო, ყელს უწვავდა. გემოსაც ვერ უგებდა. სვამდა და იმაზე ფიქრობდა, მაღალ-მაღალი ახლა რას მოიმოქმედებდა: ,,ალბათ, იმას იზამს, რაც უბრძანეს, საქმეს შეუდგება, მაგრამ რა არის ეს საქმე?“
- გეყოფა, ზანქან, კარგადა ვხედავ, წყალს აღარა სვამ. ეგ ოინი რითვინ გჭირდება. ათასი საქმე გვაქვს.
ზანქანმა დოქი დადგა. მაღალ-მაღალს თვალი თვალში გაუყარა.
ფიქრობდა: ,,თუ მეფესთან უნდა მიმიყვანონ, გინა ამირსპასალართან, ეგ უვნებელი სიცრუე იქნება: ჯერ ერთი, თავადაც კარგად ხვდებიან ყველაფერს, მეორეც, ხვალ შემიძლია ყველაფერი წვრილად ვუამბო ერთსაც და მეორესაც.“
- გისმენ, ზანქან ბატონო! - თქვა მაღალ-მაღალმა.
,,მაგრამ აბულასანს, ალბათ, სამეფო დარბაზი ჰყავს შეკრებილი. სამეფო დარბაზის წინაშე უნდა მათქმევინოს, რომ ბოგოლუბსკის სიძეობა მე ვურჩიე, მე არ მოვასვენე. ალბათ, ის სწადია...“
- ზანქან-მეთქი!
„ჰო, მაგრამ ხომ შეიძლება, დარბაზს ვუამბო როგორ დამატყვევა, როგორ დამკრეს და გრძნობა დამაკარგვინეს, ჩამაგონებენ ასე და ასე თქვიო, იქ რაღა დამიშლის სიმართლის თქმას, ამდენ ხალხში ეს ოყროყი და მისთანები რას გახდებიან. გახდებიან რამეს?.. იმას გახდებიან, რომ... იმას გახდებიან, რომ... იყვირებენ ეს ამბავი თავად შეთხზა, იმად შეთხზა საქართველოს რისხვისგან თავი დაიძვრინოსო, დაუჯერებენ კიდეც, უსათუოდ დაუჯერებენ, იმიტომ რომ... ყველა არა, მაგრამ ბევრი ხომ...“
- ზანქან, ყური მიგდე, იმ ხალხს ის აინტერესებს, რუსმა ვითარ მოიგო შენი გული, საქართველოს რის ფასად დაუმალე რუსის სენი! - მაღალ-მაღალის სიტყვები ისე ჩაესმოდა ყურში, როგორც ყორნის ჩხავილი.
,,მაგრამ აბულასანი სხვა ხერხს მიმართავს - დიდძალ ხალხს შეკრებს - ქალაქელებსა, შიგადაშიგ თავისიანებსაც შეურევს, თუ რამ საპასუხო გახდა, ხალხის წინაშე მათქმევინებს იმას, რისი მოსმენაც ჩემგან სურს... ისე მოაწყობს, რომა... ისე მოაწყობს რომა... მეფემ... სპასალარმაც... არა მისგან, ხალხისგან გაიგოს ის, როგორ ვუღალატე მეფეს, ქვეყანას...“
- ამ კაცმა წყლის სმისას ენა ხომ არ გადაყლაპა? ამოიღებ თუ არა ხმასა! - გაბრაზდა ხრინწიანი.
მაღალ-მაღალი ხრინწიანს მოუტრიალდა:
- აცალე, იფიქროს, ეგა უბრალო საქმე არ არი! - მერე ზანქანს მიუბრუნდა - ყველაფერი უნდა გაიხსენო, ზანქან, ყველაფერი, ისიცა, რის ფასად დაგიყოლია ბოგოლუბსკიმ - ახლა თავის მომყოლს მიუბრუნდა მაღალ-მაღალი - განა, შენ არ დაყვებოდი ნებას რუსსა! თუ ამდენ სიკეთეს დამპირდებოდა, ვინძლო, არც მე მეთქვა უარი!
,,მაგრამ არა... სიცრუე არც მეფესთან ეგების, არც ამირსპასალართან... თუ მეფესთან, გინა ამირსპასალართან ყველაფერს მე დავიბრალებ, ამით ხომ აბუ-ლასანის დასჯის უფლებას წავართმევ. ეგ იმას ნიშნავს, აბულასანს ხელ-ფეხი გავუხსნა. ეგ კიდევ რამდენ ზიანს მოუტანს საქართველოს! ის სჯობდა, თავიდანვე მეთქვა უარი, თავიდანვე ამომედო ლაგამი აბულასანისათვის, დღეს მაინც... დღეს...“
- ზანქან! - იყვირა მოთმინებადაკარგულმა მაღალ-მაღალმა და თვალებიც დააბრიალა.
ზანქანი უხმოდ, კვლავ საყვედურის გამომხატველი მზერით მიაჩერდა მაღალ-მაღალს. მაღალ-მაღალმა ხმადაბლა, ხაზგასმით თქვა:
- პირდაპირ გეტყვი: თუ ბატონის ნებას არ აღასრულებ...
„აჰა, დაიწყო!..“- ზანქანი თვალმოჭუტული შესცქეროდა. მაღალ-მაღალმა ზანქანის მზერით ძლეულად იგრძნო თავი და თქვა:
- ზანქან, შენზე კარგის მეტი არარა მსმენია და ღმერთმაც იცოდეს, მე ეს არ მეწადა.
ზანქანმა გაიღიმა. ამ ღიმილში მაღალ-მაღალმა სიბრალული ამოიკითხა. წამოდგა. ერთხანს უხმოდ იდგა.
- ზანქან! - თქვა მერე. პასუხი რომ ვერ გაიგონა, გაიმეორა - ზანქან ბატონო!
ზანქანი კვლავ სიბრალულით შესცქეროდა, მაშინაც კი, მაღალ-მაღალმა ორიოდ ნაბიჯი რომ გადადგა და მარჯვენა აღმართა. ზანქანის თვალებში შეძრწუნება გაკრთა:
„ხუშა ლეეზრათი ადონაი, თეშუათი“ 3
მაღალ-მაღალმა კისერზე, მარჯვენა მხარეს, ირიბულად დაჰკრა. ზანქანი ტახტზე უგონოდ დაეცა.
- გახადე და ჩაუშვი! - თქვა უხალისოდ.
- გავხადო რა, პატარძალია?! ეგრევე ჩავუშვებ! ტანსაცმელი გაათბობს, თუ რა!
- როგორც გინდა, ისე ჩაუშვი, აქაობას მოაშორე!
ხრინწიანმა ზანქანი ზურგზე მოიგდო, ეზოში გაიყვანა, ჭასთან მიიყვანა, ზურგიდან გადმოიღო და ჭაში ჩაუშვა.
როგორც კი ჭის ცივ წყალში მოხვდა, ზანქანი გონს მოვიდა.
ფეხქვეშ მიწა იგრძნო, ქვები. ჭის ფსკერზე მოზრდილი ქვები ეყარა. ხავსმოდებულ ქვაზე დადგმული ფეხი გაუსრიალდა, მაგრამ არ წაქცეულა - ჭაში ვერ წაიქცეოდა - ვიწრო იყო.
ზანქანს წყალი მუხლებამდე სწვდებოდა. ირგვლივ მრუმე სიბნელე იდგა.
თვალგახელილს ასე ეგონა, თვალდახუჭული ვდგავარო - ვერაფერს ვერ ხედავდა.
- ე ეე! - იყვირა.
- ხომ არაფერს ინებებ, ზანქან ბატონო!-ჩამოსძახა მაღალ-მაღალმა.
- იიჰა, რა მინდაო?! - იკითხა ხრინწიანმა.
- რას სჩადით, ეს რა არის - ღმერთი არა გწამთ?! - იყვირა და უმალ თავს გაუბრაზდა, ამათთან ღმერთზე ლაპარაკი როგორ იქნებაო.
- აი, ეს ყმაწვილი დაგხედავს ხოლმე. თუ გაიხსენებ, რუსი ვითარ გემუდარა ნამუსი შემინახეო, დამიძახე. ისიც უნდა გაიხსენო, სანაცვლოდ რა მიიღე. თუ არადა, რამდენიც გეწადოს, იმდენი იყვირე. ჭაში ჩავარდნილი კაცი ხარ, მაინც ვერავინ გაიგებს, კიდეც გაიგოს, რა... - გაიცინა მაღალ-მაღალმა.
ზანქანმა იმაზე იწყო ფიქრი, მხნეობა როგორ შევინარჩუნოო, ალბათ, ამიტომაც იმის გაგება მოინდომა, თუ რა სიგანისა იყო ჭა, მოინდომა, მაგრამ ვერ გაიგო - მკლავი ვერ გაშალა - მარცხენა ხელი ქვას მოხვდა, მარჯვენა კი ხის ფესვებს მოედო. გაირინდა. თუ ხის ფესვები ღონიერია, იქნებ, მაღლა ახოხებაც მოახერხოს?
,,ნეტა, რა ხეა, ან რაგვარი ფესვები აქვს?“ შეტრიალდა, ორივე ხელი აფათურა, ფესვებს წააწყდა, წვრილ-წვრილი იყო ,,არ იქნება აქვე ღონიერი ფესვიც არ იყოს სადმე“. ვერ წააწყდა, შეცივდა. ,,ხუშა ლეეზრათი ადონაი თეშუათი“ არა, არ არის ძლიერი ფესვი. ,,ხუშა ლეეზრათი, ადონაი, თეშუათი“.
სიცივე სხეულის ყოველ ნაწილს დაეტაკა და მგელივით უკრაჭუნებდა კბილებს. ფეხები ააბაკუნა, ფეხებს ხავსმორეულ სიპ ქვაზე ფეხი უცურდებოდა, მაგრამ მაინც აბაკუნებდა და გაიძახოდა:
- ხუშა ლეეზრათი, ადონაი, თეშუ ათი!
- ხუშა ლეეზრათი ადონაი, თეშუ ათი!
- ხუშა ლეეზრათი, ადონაი, თეშუ ათი!
- ხუშა ლეეზრათი, ხუშა ლეეზრათი, ადონაი, თეშუ ათი! ადონაი, თეშუათი!
- მე მითხარი რამე? - ჩამოსძახა ხრინწიანმა.
- ხუშა ლეეზრათი, ადონაი, თეშუ ათი!
- რაო, რას ამბობ? - იგივე ხმა იყო.
სიმშვიდე იგრძნო, სიმშვიდე კი ძალაა:
- გცივა? -ჰკითხა ხრინწიანს.
- ისე რა... მცივა კი...
- ჰოო.. სუ ტყუილად იკლავ თავსა... ტყუილად იციებ ყვერებსა, შენი ხნის კაცს რომ ყვერები გაუცივდება, ვერ არი კარგი.
- არაფერი მესმის, რას ლაპარაკობ!
- კაცს რომ ყვერები გაუცივდება, ცუდია, ძალიან ცუდი!..
- რო არაფერი გამოგივათ, აჰა, ჭაში მომაქციეთ, მერე? მერე რაღას იზამთ! - გაჩუმდა. კვლავ ფიქრს მიეცა: ,,სხვა რაღა დარჩენია აბულასანს... ან მე უნდა მომისწრაფოს სიცოცხლე, ან... თუ მე სიცოცხლეს არ წამართმევს, საკუთარი თავი უნდა გასწიროს, ან საქართველოს გაეცალოს... საქართველოში აღარ დაედგომება... საკუთარ თავს ეგრე არ იმეტებენ...“
ხუშა ლეეზრათი, ადონაი, თეშუათი!
______________________
1.ხერემი - მოკვეთა.
2. დარა - თაობა.
3.გამოეშურე ჩემს საშველად უფალო, მშველელო ჩემო. (ფსალმუნი, 38, 23).
![]() |
25 მეჭურჭლეთუხუცესი |
▲ზევით დაბრუნება |
მაღალი, ამაყი, მზერამიმტაცი, გოროზი, ქართული კაბის მოხდენილად მატარებელი აბულასანი ამირსპასალარ სარგის მხარგრძელთან რომ შევიდა, მასპინძელს პირზე ღიმილმა გადაურბინა, მუთაქები გადასწია, წამოდგა და სტუმარი სავარძელთან მიიწვია: აქ დაბრძანდიო, ანიშნა. თავად ტახტზე დაეშვა თუ არა, მუთაქას სწვდა, იდაყვით დაეყრდნო და მეჭურჭლეთუხუცესს მიაჩერდა. სახეზე გამქირდავი ღიმილი კი დასთამაშებდა, მაგრამ აბულასანს მზერით იმასაც ეუბნებოდა, სმენად ვარ ქცეული, შენც ნუღარ აყოვნებო.
აბულასანმა არც დააყოვნა - შუბლშეკრულმა თქვა, იმად გეახელ, რომ ვიკითხო, თუ რისი ღირსია ზანქან ზორაბაბელი, როგორ უნდა მიეზღას საკადრისი სამეფო დარბაზისა და მეფის ესოდენ გამცურებელსა, შენ ხომ გახსოვს, როგორ წარსდგა სამეფო დარბაზის წინაშე, როგორ მოგვაწონა რუსი, რა საოცნებო სასიძოდ დაგვიხასიათაო, მაგრამ შენ ის ვით გეცოდინება, მანამდე რას ჩამძახოდა, როგორ მიქებდა ბოგოლუბსკისა! ამირსპასალარმა, კაცს იქნებ, ისიც კი მოჩვენებოდა, ჩათვლიმაო, თავი წამოსწია და აბულასანს ღიმილით უთხრა, არა, ეგ ამბავი არ ვიცი, იქნებ, შენ მიამბოო, მაგრამ აბულასანის პასუხს არც დაელოდა, ტახტზე გასწორდა, ბალიში მუხლებზე დაიდო და თავის ნათქვამს კითხვა დაადევნა:
- მაშ, ეგრე იყო? განა მაგან მოგაწონა შენცა და სამეფო დარბაზსაც იური ბოგოლუბსკი?
- აბა, ჩვენ საიდან უნდა გვცოდნოდა ეგ რუსი. ზორაბაბელი ამერ-იმერ დადის, ათასგან დებს კვერცხსა, იქედან ჩამოიტანა რუსის ამბავი. ჯერ მე მომაწონა, მერე კი მეაჯა, სამეფო დარბაზში შემომიშვით, ისეთი რამ გაუწყოთ, სამახარობლოდ ხუთ სოფელს მაჩუქებთო.
ამირსპასალარი ერთხანს თვალებში შესცქეროდა აბულასანს. მერე თავი დახარა და კარგა ხანს არც აუწევია - თითქოს ფარდაგზე გამოყვანილ ყოველი ყვავილის ნახაზს სწავლობდა. მეჭურჭლეთუხუცესმა ისიც კი გაიფიქრა, ხომ არ ჩაეძინაო. მერე თავი ასწია და თითქოს სხვათა შორის თქვა:
- გულმავიწყობა დამჩემდა, აღარა მახსოვს: ალბათ, მაშინაც იცნობდი ზორაბაბელსა, დვინის ბრძოლაში თავი რომ ისახელე, როგორი კაცი იყო, მაშინაც იტყუებოდა?!
აბულასანმა გაიღიმა, კაბა გაისწორა და ამირსპასალარს შეგონების ტონით მიუგო:
- სხვათა სიკეთენი ნაკლებ გიჩქროლებთ გულსა, თორემ განა მხოლოდ სომხითის, სხვა ათას ბრძოლაში მიჩვენებია, თუ როგორ უნდა ირჯებოდეს ქართველი მამულის სადიდებლად. დღევანდელთ ის ჰგონიათ, მხოლოდ თავად იქნევენ ხმალსა, სხვებისას კი ჟანგი მოჰკიდებია, მაშ, ეს ამოდენა საქართველო ვითარ შეიქმნა? დღევანდელნი ამაზე არ ფიქრობენ! - სარგის მხარგრძელს სახეზე ისევ აბულასანის სიფრთხილის აღმძვრელმა ღიმილმა გადაურბინა.
- მაშ, რაღად დაუჯერე, აბულასან, არც ვიცნობდიო, ამბობ, ეგრე იოლად რად ირწმუნე უცხო კაცის ნათქვამი?
აბულასანი ამირსპასალარის წინ შედგა, ლამის მთლიანად დაფარა სარგის მხარგრძელი, რადგან ამირსპასალარი გამხდარი იყო, ტანდაბალი - მხრებამდეც ვერ სწვდებოდა მეჭურჭლეთუხუცესს.
- ოო, ეგ კარგი რამა მკითხე, ამირსპასალარო - აბულასანი არ ჩქარობდა - კარგი რამა... განა არ იცი, ვინ ეძიებდა მზეთამარის ხელსა? ალექსი კომნინოსი - კეისრის ძმისწული, ბიზანტიიდან ექსორიაქმნილი, მაგრამ მაინც ბიზანტიის კაცი. მაშ, გამოდის, რომა ისევ ბიზანტიას უნდა ებუქნავა ქართულ მიწაზე. აღარ ეყოთ?! ეგენი ხომ მხოლოდ მბრძანებლობას არიან დაჩვეულნი, მე არც ბასილ მეორე დამვიწყნია და არც - კონსტანტინე მერვე! როგორ ჯიჯგნეს საქართველო! მორჩა, ჩვენ რითა ვართ ნაკლები, რა არ მოგვდევს - ხმალი თუ აზრი?! რუსნი ვიღა არიან? უჩინარნი, უძალონი, თუმც კი ხვალაო, ეგ ახალი ბიზანტია იქნებაო.
- სწორად გიფიქრია, აბულასან, თუ ეგრე იყო, სწორად მოქცეულხარ! - ღიმილით თქვა ამირსპასალარმა და აბულასანის მხარზე ხელის მოსმა დააპირა - მხარამდე ვერ შესწვდა, ბეჭს ქვემოთ მოუსვა ხელი.
- ეგრე იყო, მხოლოდ ეგრე, მაშა!.. ახლა უნდა გავინძრეთ, სარგის! ყურში მომწვდა ზორაბაბელმა თავს უშველა, ქალაქიდან გაიქცა, რომ მეფის
რისხვას თავი აარიდოსო. არ ვიჩქაროთ? იქნებ, ჯერაც ქალაქის კედლებს შუაა, იქნებ, მიმალვა მოასწრო, მაგრამ ისევ ქალაქში, დაუხანებლად უნდა დაიგზავნოს ხალხი, კარგად ეძებონ!
- სადა? იქნებ, ისიც გერჩია, სად ეძებონ? - ამირსპასალარი ისეთი ალალი მზერით მისჩერებოდა მეჭურჭლეთუხუცესს, აბულასანი შეყოვნდა, სარგის მხარგრძელის წადილის ამოცნობას ლამობდა: ,,მუხანათობს, ნამდვილად მუხანათობს ამირსპასალარი-მეზობელ სახელმწიფოებს შიშის ზარსა სცემს და ისე ირჯება, თითქო ერთი მუქთამჭამელი ზლაზვნიადა ხეპრე ვინმე იყოს. ნუთუ, არ უძებნია?! არ ენაღვლება? არ იქნება, არ იქნება დღეს ამან ზანქან ზორაბაბელის გზაკვალი არ იცოდეს, მაშ, რატომ მაჩვენებს თავს ეგრე უქნარად?“ - ფიქრი შეჩერდა. პასუხი ვერ პოვა აბულასანმა - ,,მაგრამ მაინც უნდა მოვაძებნინო, უნდა ეძებოს, გაისარჯოს და ძებნით მოჰქანცოს თავისი ხალხი. მაგათ, მაგან უნდა თქვას, თავისი პირითა, გაიქცა, მიიმალა მეფის, ქვეყნის მოღალატეო“
- თვისტომებში, იმათ შორის დაიმალებოდა, სხვაგან სად წავიდოდა! - მიუგო ამირსპასალარს, თავად კი გაიფიქრა: ,,კარგი იქნება, ძლიერ კარგი, რამდენიმე იუდეველის სახლკარს თუ გადაქექავენ... რაც მეტი თავზარი დაეცემათ, რაც უფრო აწრიალდებიან, მით უფრო დაჰგმობენ ზორაბაბელსა“
- თუ უკვე გაიქცა, ჩვენ რაღას გავაწყობთ? - ჩაესმა აბულასანს ამირსპასალარის უმწეოდ ნათქვამი.
სარგის მხარგრძელი ტახტთან მივიდა, ზედ უდარდელად დაჯდა, ლამის წამოწვა. აბულასანის წინ თითქმის მთვლემარე კაცი მოკალათებულიყო. კატის ჩანაფიქრის ამომცნობმა აბულასანმა, მეჭურჭლეთუხუცესმან საქართველოსი, ვერ იქნა და ვერ ამოიკითხა ამირსპასალარის ზრახვა.
- არა, არ იქნება, უნდა ვიპოვოთ, უნდა მოვაბრუნოთ, პასუხი უნდა აგოს
მეფისა და სამეფო დარბაზის წინაშე - ამირსპასალარმა დაამთქნარა - ,,მატყუებს, ეს ისე ირჯება, უთუოდ მატყუებს“ გაივლო გულში მეჭურჭლეთუხუცესმა. ხმამაღლა კი თქვა - თუ ბოგოლუბსკის რაიმე სენი სჭირდა, მისი სახელი სამეფო დარბაზში არ უნდა ეხსენებინა, თუ მერე გაიგო, ჩვენთვის უნდა ეცნობებინა.
- ჰო, მართალი ხარ! - ამირსპასალარმა ისევ დაამთქნარა და ზანტად დასძინა - იქნებ, შენ მოგეძებნა?
,,ამას რაღასთვის მეუბნება, ამით საით მივყავარ? - გაიფიქრა მეჭურჭლეთუხუცესმა - თავად არ უნდა? არ უნდა, თუ თავს მაჩვენებს, რომ არ უნდა? არარა სწადია?“
ხმამაღლა კი აი, რა თქვა მეჭურჭლეთუხუცესმა აბულასანმა:
- კი, ბატონო, ყაბულსა ვარ, მე მოვძებნი, ვინძლო, კიდევ არ დაუტოვებია ქალაქი, მაგრამ მე ხომ მჯერა, რომ შენი ბიჭები უფრო მარდად იზამენ ამ საქმეს! განა ამაოდ გაწევთ მხრებზე ქვეყნის შიდა და გარე ძლიერება!
- აბა, რას ამბობ, რა ძლიერება! ჩვენა ერთობ უბრალო ხალხი ვართ! - სარგის მხარგრძელმა კვლავ დაამთქნარა. მთქნარება გაუგრძელდა. აბულასანმა ისიც კი იფიქრა, სუნთქვა ხომ არ შეეკრაო - თუ შენ ასე ფიქრობ, ეგრე იყოს. გავგზავნი ხალხსა. მაშ, შენ ამბობ, რომ იუდეველთა შორის იქნებაო? - დასძინა ამირსპასალარმა.
- მე მითხრეს, ქალაქიდან გაიპარაო - მეფის რისხვას ემალება, მაგრამ მე იმას ვამბობ, იქნებ, ჯერაც აქ არი? თუ ეგ ქალაქშია, იუდეველთ მიადგებოდა, შემიფარეთო.
ამირსპასალარმა თვალები მოხუჭა. რამდენიმე ხნის შემდეგ თვალმოხუჭულმა თქვა:
- იქნება, პირუკუ იყოს? იქნებ, იუდეველთ არც გაეკაროს, აქ იოლად მიპოვნიანო და ქართველ მეგობრებთან მივიდეს?
- შესაძლოა, ეგრეც იყოს. კი, ეგრე იქნება! - კვალის ასაბნევად გაირჯება ეგრე, მაგრამ მე მაინც ისა მგონია, რომ იუდეველთ მიადგება.
- იქნებ, შენთან არის? - უცებ იკითხა ამირსპასალარმა და თვალები გაახილა. აბულასანს მომღიმარი შესცქეროდა.
- არა! - შესძახა ელდანაცემმა მეჭურჭლეთუხუცესმა.
- ბატონი ხარ, იყოს ნება შენი! - ხმადაბლა, უბრალოდ თქვა ამირსპასალარმა და წამოდგა. ერთხანს უხმოდ იდგა. მერე აბულასანს მიუბრუნდა - მხოლოდ ეგ არი, შენ აი, იქ უნდა დაბრძანდე, წინა ოთახში. - აბულასანს ხელკავი გაუკეთა და ნელი ნაბიჯით გამოვიდნენ დერეფნისპირა ოთახში.
![]() |
26 ნაყიდი თუ მოპოვებული? |
▲ზევით დაბრუნება |
ზანქან ზორაბაბელი იმაზე ფიქრობდა, თუ რა ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც ჭაში ჩააგდეს. ვერაფრით ვერ დააზუსტა, რა ხანი იყო აქ - ნახევარი საათი, თუ ორი. ცას ახედა, არაფერი ჩანდა: არც მთვარე, არც - ვარსკვლავები.
ისევ ღმერთს უხმო საშველად. ღმერთზე ფიქრი, ძალას გვრიდა. თავს მარტო არ გრძნობდა.
ხმაური მოესმა, ხალხი შორს, სადღაც მთებს მიღმა დაწყებული გრიგალივით გუგუნებდა. ეს გუგუნი თანდათან ახლოვდებოდა. ღვთის ხმობა შეწყვიტა და მიაყურადა, რა ხდებაო. ფეხის ხმაზე, წამოძახილებით, ცალკეული ფრაზებით გრძნობდა, ხალხი ჭიშკართან რომ იყრიდა თავს. ამ ჩაკეტილ სივრცეში გარინდულს საკუთარი გულისცემაც ესმოდა.
- გამოდით, კარში გამოდით, ავაზაკებო! - მოესმა.
- მოგვეცით ზანქანი, თორემ მაგ სახლს თავზე დაგაქცევთ, ზანქანი დაგვიბრუნეთ!
მერე სიჩუმე ჩამოვარდა. მაგრამ ისიც მალე დაირღვა.
- ყაჩაღებო! ავაზაკებო!
- დაგლეწავთ!
რიყის ქვით ნაშენები სახლის კარს პირველი ქვა მოხვდა, მერე კი ქვები სეტყვასავით დაუშინეს სახლს.
ზანქანი ცნობდა: მის დასახსნელად მოსულნი ებრაელები უნდა ყოფილიყვნენ, ხმით კი ვერავინ ვერ ამოიცნო.
ზანქანს თავზე რაღაც დაეცა, მაღლა აიხედა, ვერაფერი დაინახა. ხმა კი გაიგონა:
- წაავლე თოკს ხელი, ჩქარა! - მაღალ-მაღალი იყო.
ზანქანი თოკს მოეჭიდა. ჭიდან უცებ აიყვანეს.
- დაიხარე, დაიხარე-მეთქი, ქვა მოგხვდება! - ზანქანი მოიხარა - აქეთ, აქეთ წამოდი, ჩქარა, სირბილით! - ბრძანა მაღალ-მაღალმა და სახლის უკანა მხრისაკენ გადადგა რამდენიმე ნაბიჯი. მაღალ-მაღალის ხელში ხანჯალი ელვარებდა. „თუ ნებას არ დავყვები, ხანჯალს გულში ჩამცემენ, სხვა გზა აღარა აქვთ, მაგრამ მას შემდეგ, რაც ამდენმა ხალხმა იცის ჩემი აქ ყოფნა?!
- ჩქარაო, ხომ გითხრეს! - ხრინწიანმა უკნიდან ხელი ჰკრა, ზანქანმა მოიხედა, მის ხელშიც ხანჯალი ელვარებდა.
,,მოგკლავენ, დაგმალავენ და იტყვიან აქ არც არავინ არ ყოფილაო!“ - გაიფიქრა.
სახლს შემოუარეს, უკანა მხარეს გავიდნენ. ,,აქ კიდევ ერთი გასასვლელი აქვთ?“ - ფიქრობდა ზანქანი, სწორედ ამ დროს შემოესმა ხალხის ღრიალი.
- აგერ, აქ არიან!
- ავაზაკებო, სად მიგყავთ ზანქანი!
- ოხრიშვილები! - ჩაილაპარაკა მაღალ-მაღალმა.
- გამოდის, ოთხმხრივ არიან! - მიუგო ხრინწიანმა.
- აქეთ, ჩქარა, სირბილით! - ბრძანა მაღალ-მაღალმა, ზანქანს ხელი ჩაავლო და სახლისაკენ გაიქცა. ზანქანი მიჰყვა.
სახლში შებრუნდნენ. ჭრაქი ოთახს მკრთალად ანათებდა.
- ჰურიანი შემოგვესივნენ? - ღიმილით თქვა მაღალ-მაღალმა.
- სადაცაა ჩვენებიც გაიგებენ და შემოგვეშველებიან. ცოტა ხანს გავუძლოთ.
ოთახში ორი აბჯროსანი შემოვიდა, სწორედ ისინი, მაღალ-მაღალმა სახლთან სადარაჯოდ რომ დატოვა.
- ე რა არი? ასე გვიდარაჯეთ? - წამოენთო მაღალ-მაღალი - ეგრე როგორ მოვიდნენ, რომ...
- რაღა გვექნა. ჯერ ჩვენ გაგვკოჭეს, მერე ე ამოდენა ჯარი დაგვესხა თავსა!
- დოყლაპიები ყოფილხართ!
- საქმე ძლიერ ცუდად არი. ახლავე ზანქანს თუ არ მოგვცემთ, მაგ სახლს ისე დავანგრევთ, ყოველ ქვას თავში იცემდეთო.ამად გამოგვგზავნეს.
- ამირსპასალართან კაცი უფრენიათ, ზანქანი ჰყავთ დატყვევებული, მოგვხედეთო.
- ამირსპასალართან?! - მაღალ-მაღალმა ხანჯალი რისხვით მაგიდას დაჰკრა.
- აქვე დავკლათ, გავათაოთ აქვე! - თქვა ხრინწიანმა.
- ბრიყვო, ხელი! - იყვირა მაღალ-მაღალმა და შემოსულთ მოუბრუნდა.
- რამდენი არიან?
- სახლი ოთხივ მხრივ გარშემორტყმულია, ჩიტიც ვერ გაფრინდება. თავად ეზოშიც არ შემოდიან, ამირსპასალარის ხალხს ელოდებიან, თუ ზანქანს მოგვცემთ, ხელსაც არ გახლებთო, უნდა ვიჩქაროთ!
- გადი! - თქვა მაღალ-მაღალმა და კარი გააღო - გადი!
- რას სჩადი, გაგიჟდი? - ხრინწიანი კარს მივარდა, მიხურა - ბატონს რა პასუხს აძლევ!
- ენას კბილი დააჭირე, ბალღო! - მაღალ-მაღალმა ხრინწიანი ტახტისაკენ მოისროლა და ზანქანს მიუბრუნდა - გადი-მეთქი, იუდეველო, რას უდგახარ!
ზანქანი ადგილიდან არ იძვროდა. მაღალ-მაღალი მივარდა, მკლავში სწვდა:
- გადი, გადი, სანამ მოსულან, აქაობას მოშორდი!
- არა! -მშვიდად თქვა ზანქანმა.
- რა?! - მაღალ-მაღალი გაოცებული მიაჩერდა ზანქანს - რა თქვი?!
- შენ მე დღეს თავისუფლება წამართვი და გგონია, ჩემი სიცოცხლე შენ გეკუთვნის. თუ მე ახლა თავისუფლებას აი, იმათი ძალით მოვიპოვებ, შენ ხვალ შეეცდები, დაიბრუნო ის, რაც ამ ხალხმა წაგართვა.
მაღალ-მაღალმა ვერაფერი გაიგო, ზანქანს გაოცებული მიაჩერდა:
- რა გინდა, იუდეველო?
- მომყიდეთ თავისუფლება!
- რა?-მაღალ-მაღალს სახე დაეღმიჭა.
- თავისუფლება მომყიდეთ!
- ამათ მართლა ვერაფერს გაუგებს კაცი! - ხრინწიანს მიუბრუნდა მაღალ-მაღალი - რა უნდა ამ კაცსა!
ხრინწიანი ტახტიდან წამომდგარიყო.
- მე უკვე გითხარი, რაც უნდა ვქნათ: დავკლათ და გავვარდეთ. მისი ცოცხლად დატოვება არ იქნება.
- არა-მეთქი! მე სისხლის ცოდვას არ დავიდებ!
- ბატონი?! ბატონს რა პასუხს აძლევ!
- არ ვიცი, სისხლის ცოდვას არ დავიდებ!
- თუ ცოცხალს დატოვებ, დიდ ვნებას მოუტანს ბატონსა...
- „ხუშა ლეეზრათი ადონაი თეშუათი.“
- თუ ხანჯალს დავცემთ გულში, რაღას გვეტყვის...
- გადი, იუდეველო, ბედს რადა სცდი! - ზანქანი რომ კვლავ არ გაინძრა, მაღალ-მაღალი მივარდა - რა გინდა-მეთქი, წადი, გაგვეცალე!
- მე მინდა ხვალ არ დააპიროთ იმის დაბრუნება, რასაც ახლა ის ხალხი გართმევთ.
- არა, ხელსაც არავინ გახლებს.
- მომყიდეთ ჩემი თავისუფლება. რამდენი ვერცხლი გინდათ? წართმეულს ნაყიდი მიჯობს.
- სადაცაა ამირსპასალარის ხალხი აქ გაჩნდება. - თქვა ერთ-ერთმა აბჯროსანმა.
- არ მიდის, ნუ მიდის, ჩვენ წავიდეთ! დროულად.
მაღალ-მაღალი კარს მივარდა, გასძახა:
- ეჰეი, იუდეველნო, გაძლევთ თქვენს ზანქანს, ჩვენ გავდივართ, ამას კი აქა ვტოვებთ, გზა გვიტიეთ!
სწორედ ამ დროს გამოექანა ზანქანისაკენ ხანჯალშემართული ხრინწიანი, სწორედ ამ დროს დააპირა ხანჯალი გულში ჩაეცა, მაგრამ ზანქანმა იგი დროულად დაინახა, თავადვე შეეგება - მისკენ გადადგა ორიოდ ნაბიჯი და მარჯვენაში ჩაავლო ხელები. ხრინწიანი ამას არ ელოდა. ზანქანმა კი ყმაწვილ კაცს ხელი გასაწური სარეცხივით დაუგრიხა. ხრინწიანმა იყვირა:
- დაკალით, დაკალით-მეთქი, გეუბნებით!
- ბრიყვო, ბრიყვო! - იყვირა მაღალ-მაღალმა და ხრინწიანს ხანჯალი გამოგლიჯა.
- ჩვენ ჩვენი გითხარით, აქ არა გვესაქმება, - თქვა ერთ-ერთმა აბჯროსანმა და კარისაკენ გასწია, მაგრამ გასვლა ვერ მოასწრო - ოთახში ამირსპასალარის აბჯროსნები შემოცვივდნენ.
- ხელი არ გაანძრიოთ, აგკუწავთ!
ამირსპასალარის აბჯროსნებმა ოთახში მყოფთ ისე მოხელთებულად დაადეს ყელზე ხანჯლები, განძრევაც ვერავინ მოასწრო.
- ზანქანი რომელია? - იკითხა ერთ-ერთმა აბჯროსანმა.
- მე ვარ! - ხმადაბლა თქვა ზანქანმა და ხრინწიანს ხელი უშვა.
- მომყევი! - მერე მაღალ-მაღალსა და მის თანმხლებთ ხანჯლები, ხმლები შეხსნეს. ერთ-ერთმა ხმადაბლა თქვა - იარეთ!
დამტყვევებლები წინ ჩაუდგნენ დატყვევებულთ. კარისაკენ გაუძღვნენ. კართან მაღალ-მაღალი შედგა, ზანქანს მოუბრუნდა:
- მე მაინც არა ვნანობ, რომ არ მოგკალი.
გავიდნენ. ზანქანი მარტო დარჩა. კვარი მკრთალად ანათებდა ოთახს. შარვლის ტოტებიდან კვლავაც წვეთდა წყალი.
- ზანქან, ზანქან! - ეძახდნენ იუდეველნი.
- სად ხარ, ზანქან, დაგვენახე!
ზანქანს კი არაქათი გამოცლოდა. ნაბიჯის გადადგმა უჭირდა. კარისაკენ სევდაშემოწოლილი გაემართა.
![]() |
27 ამირსპასალარი |
▲ზევით დაბრუნება |
აბულასანი მთელი ღამე აქ, დერეფნისპირა ოთახში უნდა იჯდეს. უნდა იცოდეს, რა ხდება ქვეყანაში, აჰა, კარგად მოკალათდა. აქედან ჩინებულად ხედავს, თუ ვინ მიდი-მოდის დერეფანში. აი, ამირსპასალარმა ანაფორიანი ყმაწვილი იხმო. ,,რა უცნაური კაცია, ხან ანაფორიანი კაცები დაუდის აქა, ხანაც - მონაზვნები!» ამაზე ფიქრი ვეღარ გააგრძელა, მისი ყურადღება ამირსპასალარის გამომეტყველებამ მიიპყრო - რამდენიმე წუთის წინ მთქნარებით ყბამოქცეული, მთვლემარე სარგის მხარგრძელი ანაფორიან კაცს მრისხანედ ელაპარაკებოდა - თვალებიდან ლამის ნაპერწკლებს ისროდა, მაგრამ მოულოდნელად სახე გაუცისკროვნდა. აბულასანმა კარგად დაინახა მზე როგორ აკიაფდა სარგის მხარგრძელის სახეზე. ასე რა ეამა, ასეთი რა დაინახაო, გაიფიქრა და დერეფანს გახედა - დერეფნის ბოლოს ვიღაცას მოჰკრა თვალი. კედელში ჩამაგრებული სასანთლეების შუქი დერეფანს მკრთალად ანათებდა.
ამიტომ აუჩქარებლად მომავალი კაცი ვერ იცნო. მზერა დაძაბა. აჰა, მოახლოვდა კიდეც ის კაცი და აბულასანს ელდა ეცა.
სავარძლიდან რომ წამოიწია, ვიღაცამ მხარზე დაადო ხელი. ორი ანაფორიანი ყმაწვილი დასდგომოდა თავს. იმ მამისსულგანათლებულმა ხელი კი არ დაადო საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესს, ისე დააწვა, მხარი ლამის ჩამოაცალა. აბულასანმა ისევ დერეფანს მიაპყრო მზერა. კი, ნამდვილად ის იყო - ზანქან ზორაბაბელი!
ამირსპასალარისაკენ თავაწეული, მომღიმარი ზანქანი მოდიოდა. ფართო ნაბიჯებს დგამდა, მუშტივით შეკრული სხეული არეს ისე კვეთდა, არც ირხეოდა. ამირსპასალარი ღიმილით მიეგება. ზორაბაბელმა მორჩილად დახარა თავი. ერთმანეთს მხრებზე ეამბორნენ. მხარგრძელმა რაღაც თქვა და ხელი ზუსტად ისე ამოსდო ზანქან ზორაბაბელს, როგორც რამდენიმე ხნის წინ აბულასანს
ორივენი დერეფნის ბოლოსაკენ გაეშურნენ. ნელი ნაბიჯით მიდიოდნენ, ბაას-ბაასით, დროდადრო შედგებოდნენ კიდეც. დერეფნის ბოლოს რომ მიაღწიეს, ორივე ერთდროულად მობრუნდა. ახლა იმ ოთახისაკენ მოემართებოდნენ, საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესს ორი ანაფორიანი ყმაწვილი რომ დადგომოდა თავს.
,,ეს კიდევ რაღა ოხრობაა, ეკლესიაში ვარ თუ ამირსპასალარის საუფლოში?!“ - უტრიალებდა თავში მეჭურჭლეთუხუცესს. ბრაზობდა: ახლა რა დროს ამაზე ფიქრია, თავში ქვა უხლიათო, მაგრამ სხვა რამ ფიქრი არ ძალუძდა, სხვა ფიქრის ძალი არ მოსდევდა აბურდულ გონებას.
მომუსაიფენი იმ ოთახს მიუახლოვდნენ, რომელშიც მეჭურჭლეთუხუცესი იჯდა, აჰა, ლამის შიგ შემოვიდნენ. კართან შედგნენ, კვლავაც გულდაგულ მუსაიფობენ - ხმადაბლა და აუჩქარებლად, სახეზე ხან ღიმილი ეფინებათ, ხანაც - გაოცება.
გრძელი და შფოთიანი ცხოვრების განმავლობაში რა არ უნახავს, რა განსაცდელის წინაშე არ მდგარა აბულასანი, მაგრამ ასეთი დაბნეული, ესოდენ უღონო, უაზრო არასოდეს ყოფილა. თუმცა, უმწეობამ მალე ძალა მოაკრებინა და მამაცობა აუცილებელჰყო. იმან, რასაც უყურებდა და სხვა გზა აღარ დაუტოვა - ოთახიდან უნდა გავარდნილიყო - ხანჯლით უნდა აეკუწა ეს ორი ტკბილად მოუბარი, ხან მომღიმარი, ხანაც - პირისახე დაღმეჯილი კაცი. აბულასანმა მზერით გაზომა რამდენი და რამოდენა ნაბიჯი უნდა გადაედგა, რომ მზაკვართ ჰკვეთებოდა. ხმლის ვადა მოსინჯა. ის იყო წამოხტომას, მისებრ - აბულასანისამებრ - ყიჟინის ცემასა და ბრძოლას ეპირებოდა, რომ ანაფორიანმა ყმაწვილმა ღიმილით ჰკითხა:
- ჰაა? - მეტი არაფერი. მეორე, აბულასანის მხარმარცხნივ მდგარი კი უხმოდ იდგა, აბულასანს ზიზღით დასცქეროდა.
„ზიზღს არ ფარავს. ხელიც ხანჯლის ტარზე უდევს. ეს იმის ნიშანია, რომ ეშინია. მშიშარა კაცი კი მამაცზე სახიფათოა - მამაცი გონივრულად მოქმედებს. ამას შიში რას გააკეთებინებს, არავინ იცის. ეს კი უძრავად და უხმოდ დგას, ვერ გაიგებ, მშიშარაა, თუ ყოჩაღი“
ხანჯალზე ხელდადებულმა, აბულასანმა რომ მშიშარად მიიჩნია, ამირსპასალარს გაუღიმა. აბულასანმაც ღიმილით უპასუხა და... მოულოდნელად ისეთი გადაწყვეტილება მიიღო, თავად რომ იხარხარებდა - ხელი უბეში ჩაიყო და ვერცხლით სავსე ქისას პირი ოდნავ შეუხსნა: - ვინც ვერცხლს დაეშურება, ის საშიში არ არი, მე იმას ჩავცხებ, რომელსაც ვერცხლი არ მიიზიდავს და არ მიმატოვებს. თუ ორივე ვერცხლის ასაკრეფად დაიხარა? კიდევ უკეთესი - ამირსპასალარისა და იუდეველისაკენ გზა ხსნილი მაქვს - უბიდან ქისა ამოიღო, გადააგდო. ქისა ხუთიოდ ნაბიჯზე დაეცა, პირშეხსნილი ქისიდან რამდენიმე ვერცხლი გადმოიყარა და იატაკზე გაგორდა. არც ერთი გუშაგი არ შერხეულა. ერთმანეთს ღიმილით გადახედეს.
- ვერცხლი! - უნიათოდ ჩაილაპარაკა აბულასანმა.
- ახლავე აკრიფავ, თუ გადროვოთ? - ხმადაბლა იკითხა ხანჯალზე მარჯვენა შემოდებულმა ანაფორიანმა. აბულასანი არ შერხეულა. პირგამეხებული უძრავად იჯდა. თითქოს ის, რაც აქ, ახლა, ამ სახლში ხდებოდა, მას არც ეხებოდა. სივრცეში ერთ წერტილს მისჩერებოდა. მქრქალად განათებულ დერეფანში ორი კაცის სილუეტი დალანდა. ისე მოიწევდნენ წინ, თითქოს ადამიანები კი არა, ერთი კედელი იყო - ნელა, აუჩქარებლად მოჩოჩავდა კედელი. ვინ არიან? აბულასანმა მზერა დაძაბა. აჰა, მოახლოვდნენ კიდეც. აუჩქარებლად და უილაჯოდ მოდიან. უკან ამირსპასალაის ორი ანაფორიანი
მხედარი მოჰყვებათ, აჰ! აბულასანმა ფარნავაზის ძე და ჯორჯიკის ძე შეიცნო. ორივენი უნდილად შესდგნენ ამირსპასალარისა და ზანქანის წინ. თავდახრილნი დგანან. აბულასანმა იგრძნო როგორ ეხვევა თავბრუ. კი, კი, ასეა, თავბრუ ეხვევა. აი, ოთახი დატრიალდა. ეს ანაფორიანი ბიჭები თითქოს აცეკვდნენ. მეჭურჭლეთუხუცესმა თვალები დახუჭა, სავარძლის სახელურებს ჩაეჭიდა და ღმერთს შეევედრა იატაკს არ დამანარცხოო. არა, უმალ თავს განიგმირავს, უმალ ამ ხანჯალს გულში ჩაიცემს აბულასანი, ვიდრე ამირსპასალარი და ზორაბაბელი მიწაზე დანარცხებულს იხილავენ. მისი თანამოაბჯრენიც ხომ აგერ არიან!
რამდენი ხანი იყო ასე - თვალდახუჭული? არ იცის... ალბათ, ბევრი არა, მაგრამ... თვალი რომ გაახილა, ისეთი რამ იხილა, სჯობდა, ბნელში მჯდარიყო, მრუმე სიბნელეში ამოხდომოდა სული: ჭაღარა, თმადათოვლილი ფარნავაზის ძე ხმალ-ხანჯალს ნელა, აუჩქარებლად იხსნიდა - თავდახრილი, ნირწამხდარი. მოიხსნა და ამირსპასალარის ბიჭებს გადასცა. ჯორჯიკის ძეს კი ხელები ზურგზე შემოეწყო და დამცინავი, აბუჩად ამგდები ღიმილით შესცქეროდა ფარნავაზის ძეს. ამირსპასალარმა ხმადაბლა თქვა რამდენიმე სიტყვა - აბულასანმა ვერაფერი გაიგო. ის კი კარგად დაინახა, რომ ჯორჯიკის ძემ ხმალ-ხანჯლის შეხსნა დაიწყო. ამირსპასალარის ანაფორიანმა ბიჭებმა აბულასანის თანამოაბჯრეთა ხმალ-ხანჯალი სადღაც წაიღეს. ამირსპასალარმა კი ზანქან ზორაბაბელს ხელი გაუწოდა.
- ერთმანეთს ემშვიდობებიან - გაიფიქრა აბულასანმა და ბიჭებს გადახედა - იქნებ, ახლა სჯობდეს? იქნებ, დროა ვიშიშვლო ხმალი. ბიჭებმა ხმალ-ხანჯლები წაიღეს - თუ მე დავსჭყივლებ, ჯორჯიკის ძეც ხელს გამოიღებს, მე კი ამირსპასალარსაც ძირს დავსცემ და ზორაბაბელსაც, ორივეს გავკოჭავთ...
აღარც დაახანა აბულასანმა. ერთი ისეთი დასჭყივლა ,,ჰკა მაგასაო“, ადამიანს ეგონებოდა, ჭერი ჩამოინგრაო - წამოხტა, ხმალი იძრო და დასჭყივლა. ამირსპასალარისაკენ ხმალგაშიშვლებული გაქანდა, სარგის მხარგრძელი უმალ მოტრიალდა. სახეზე ღიმილი დასთამაშებდა - თითქოს უხაროდა კიდეც გავეშებული, ხმალგაშიშვლებული მეჭურჭლეთუხუცესი მშიერი მგელივით რომ მოექანებოდა მისკენ, მაგრამ... ვერ მივიდა, ამირსპასალარამდე ვერ მიაღწია მეჭურჭლეთუხუცესმა - ერთ-ერთი ანაფორიანი ადგილიდან მოწყდა და აბულასანს ზურგზე მოახტა, სწორედ ის, რომელმაც წეღან სალტესავით მოაჭდო თითები. ახლაც ეგრე მოიქცა ეს ძაღლთაპირი! ერთი ისკუპა და მეჭურჭლეთუხუცესს ზურგზე ისე მოახტა, თითქოს ადამიანი კი არა, კალია იყო. მოახტა და უმალ აფთარივით სწვდა ყელში.
ვერა, ამირსპასალარამდე ვერ მიაღწია აბულასანმა, კარებშივე ჩაიკეცა, ისევე როგორც აფთარის მიერ ყელგამოჭმული ხარი ჩაიკეცებოდა. იმ ანაფორიანის სალტესავით თითებს ვერ გაუძლო და ჩაიკეცა. აი, იატაკზე გდია აბულასანი, იატაკიდან შესცქერის, თუ როგორ ჩააგო ხანჯალი სარგის მხარგრძელმა, ზანქანს კი მზერაში ნაღველი მორევია. - თვალმოჭუტული შესცქერის იატაკზე დაგდებულ აბულასანს, რომლის ბეჭებზეც ანაფორიან ბიჭებს ფეხი დაუდგამთ. ისიც დაინახა აბულასანმა სარგის მხარგრძელი როგორ დაემშვიდობა ზორაბაბელს.
ზორაბაბელის ქოშების ხმა მალე მიწყდა, მერე მქრქალ შუქში სულაც გაუჩინარდა და დერეფანში სიჩუმემ დაისადგურა. დიდებულნი თავდახრილნი, ნირწამხდარნი იდგნენ, ამირსპასალარი აბულასანს მიუბრუნდა. დააცქერდა. გუგებში ღრმად ჩამჯდარი თვალებიდან აბულასანისაკენ მრისხანების მახვილნი მოფრინავდნენ. ,,აკი გეძინებოდა, აკი ამთქნარებდი ხანმორეული კაცივითა... ვხვდებოდი, გული მიგრძნობდა, რომ მელა იყავი, მაგრამ თავს არ დავუჯერე“. დერეფანში მკაფიოდ გაისმა ამირსპასალარის ხმა:
- წამოაყენეთ, აქეთ მოვიდეს!
აბულასანი თავჩაქინდრულ მეგობრებს მიუახლოვდა, შორიახლო დადგა, მათსავით არ დაუხრია თავი.
- ხაროში ჩააყუდეთ!
აბულასანმა ჯორჯიკის ძეს და ფარნავაზის ძეს ამაყი მზერა მოავლო:
- თავები რად დაგიხრიათ! ჩვენ საქართველოს კართან ბიზანტიას ფეხი არ მოვართხმევინეთ.
ამირსპასალარს სახეზე ღიმილი მოედო:
- საბრალო ბიზანტია!
- მეფე თამართან მიმიშვი, ამირსპასალარო!
- მეფე მღვდელი როდია, აღსარება ისმინოს!
- მეფესთან მიმიშვი მე, საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი!
- შენ აღარა ხარ მეჭურჭლეთუხუცესი. შენ საქართველოს მტერი ხარ!
- ამირსპასალარმა თავდახრილ დიდებულთ მზერა მოავლო და თქვა: - მეფეს სულაც არ სწადია თქვენი დასჯა, მაგრამ ისიც იცის: სახელმწიფო, რომელშიც მოღალატეს არ სჯიან, სნეულია. მას კი ჯანსაღი საქართველო უნდა - აბულასანს მიუბრუნდა - ხმალ-ხანჯალს ალბათ, თავად შეიხსნი.
- არასოდეს!
- მე ასე გირჩევ, ეგრე უბრალოდ იქნება!
- მე ხმალ-ხანჯალს საქართველოს მოღალატენი შემხსნიან და ამას მაშინ გაგახსენებ, როცა შენც ყოფილი იქნები და ჩემს ფეხქვეშ დაემხობი.
ამირსპასალარმა ანაფორიანს ანიშნა. ანაფორიანი აბულასანს მიუახლოვდა. არ ჩქარობდა - უმალ არ დაიწყო აბულასანის ხმალ-ხანჯლის შეხსნა. აბულასანი რომ არ შეირხა, ხანჯლის შესაკრავს მისწვდა, თან თვალებში ჩასცქეროდა პყრობილს. დოინჯშემოყრილი აბულასანი კი უძრავად იდგა. მზერა გაყინვოდა. ანაფორიანმა ხმალ-ხანჯლის შეხსნა დაამთავრა და გვერდზე გადგა.
- წაასხით, მსჯავრი ხვალ იქნება! აი, ეს წყლიან ხაროში! - აბულასანზე მიათითა ამირსპასალარმა.
ანაფორიანებმა ტუსაღთ ანიშნეს, მიბრძანდითო. ისინიც ფეხათრევით დაადგნენ ხაროებისაკენ მიმავალ გზას. რამდენიმე ნაბიჯი რომ გადადგეს, ფარნავაზის ძე შედგა.
- ამირსპასალარო სარგის! - მხარგრძელი მობრუნდა, ფარნავაზის ძეს უხმოდ მიაჩერდა.
- ის თუ იქნება, ჩემი ნათქვამი მეფეს გადასცე? - მცირე ხნის შემდეგ ხმადაბლა თქვა: - ნამდვილ მეფეთა შემსწრე მოხუცი ფარნავაზის ძე თამარ მეფეს ტახტზე ნამდვილად ასვლას გილოცავსთქო. დღემდე საქართველოს ტახტი ურჩ დიდებულთა, დარბაზის სანავარდო იყო. თამარი ჭეშმარიტად დღეს დაეპატრონა საქართველოს ტახტს.
აბულასანს სახეზე ირონიულმა ღიმილმა გადაურბინა. ფარნავაზის ძეს მტრული მზერა შეავლო და გზა განაგრძო. ხელები ზურგზე შემოეწყო, ისე მიდიოდა, თითქოს ამ დერეფანში მის გარდა არავინ იყო.
ფარნავაზის ძე მძიმე ნაბიჯებით ტოვებდა დერეფანს.
ჯორჯიკის ძე თავაწეული მიაბიჯებდა.
აბულასანს თვალწინ თავმოკვეთილი, თვალებდათხრილი წინაპრები დაუდგა და ცივმა ოფლმა დაასხა.
![]() |
28 გაუმხელელი ფიქრები |
▲ზევით დაბრუნება |
ბაჩევას დღეები ღარიბი კაცის ფიქრებივით დაემსგავსნენ ერთმანეთს: ყოფა ხალისისგან განძარცვულიყო. სიცოცხლის ტრფიალი ნახევრად მიხურულ კარში გაპარულა და ახლა ნიავი კარს უაზროდ აჭრიალებს. არც ერთ დღეს სიხარული რომ არ მოაქვს, ეგ ერთია, მთავარი სხვა რამ არის - სიცოცხლემ დაჰკარგა აზრი: არაფრისმთქმელ გათენებას, ასევე არაფრისმთქმელი დაღამება მოსდევს. განსხვავებას ვეღარ პოულობს, აღარ იცის რისთვის თენდება, ან დაღამება რა საჭიროა და რას სცვლის გარდა იმისა, რომ შებინდება სევდას აძლიერებს - შებინდება მარტოობას უფრო დამთრგუნველს ხდის. კი, ასეა. ბაჩევას გონება ვერ ჩასწვდა თუ რას ნიშნავს სინათლისა და სიბნელის, მზისა და მთვარის ასეთი მონაცვლეობა. თუმცა... მაინც დღე სჯობია ღამეს, დღე რომ არ იყოს... დღისით მზე ანათებს, ათბობს ქვეყნიერებას, ბაჩევას სულში ყინულს ვერ ალღობს, მაგრამ განა ის ცოტაა, რომ დღისით, ქუჩაში ადამიანები გაივლიან, დღისით - დილას და საღამო ხანს - ბეით ქნესეთისაკენ მიმავალი, ან ბეით ქნესეთიდან მომავალი ადამიანების ხმები ისმის... ისინი რაღაცაზე ლაპარაკობენ, იცინიან, ხუმრობენ... მთავარი მაინც ის არის, რომ ხმები ისმის... ადამიანების ხმები. დღეში ორჯერ ხოხბებს უყრის საკენკს. ეს არის ბაჩევას მთავარი საქმე. ხოხბების დაპურება ძლიერ ართობს - რა საბრალონი არიან მშიერი ხოხბები. მშიერი? არა, განა დღეში ორჯერ არ კვებავს? გაუმაძღარი, ხარბი ხოხბები! თვითონ ხომ გამალებულნი, სულმოუთქმელად კენკავენ, ის არ უნდათ, სხვებმაც ჭამონ! გვერდით მდგარს, ფერფლისფერი ფრთა რომ აქვს, ასევე გამალებული კენკავს, მიეჭრება, თავში ჩაუნისკარტებს ნუ სჭამო. შენ ნუ სჭამ, მხოლოდ მე უნდა ვჭამოო. ბაჩევა გულშემოყრილი უყურებს ამ სურათს, აივანზე გადმომდგარი იოხაბედი კი უშფოთველად იკითხავს: „როგორა ხარ, შვილო, ბაჩევა დღეს?“ „ისე, როგორც არ უნდა ვიყო“ შესძახებს გულში ბაჩევა, დედას კი მიუგებს: ,,მადლობა გამჩენს“.
აბა, აქეთ ხოხბებო, აქეთ!..
მანამ სანამ თინათი გათხოვდებოდა, კიდევ არა უშავდა რა - ხან თინათი მერცხალივით შემოფრინდებოდა ეზოში, ხან - ბაჩევა წავიდოდა მასთან. ახლა თინათი ქალაქში აღარ არის, ქმარმა - რატი სურამელმა - მამულში წაიყვანა ბალღისთვის ეგრე ივარგებსო. თინათის სავსე მთვარესავით მომღიმარე ბიჭი უჭირავს ხელში, ბაჩევას ანგარიშით უკვე მეორე შვილსაც უნდა ელოდებოდეს თინათი. ამიტომ აღარ ჩამოდის ქალაქს - ცხენზე ჯდომას ერიდება. ფეხმძიმე ქალის ცხენზე ჯდომა სახიფათოა. - აბა, რა იცი, სად შეხტება, სად დაფრთხება ცხენი.
- შვილი! - უხმოდ შესძახა და უნახავ პაწიას ალერსიანად გაუღიმა. ბაჩევას დღეს ძლიერ შურდა თინათისა - თინათის შვილი ეჭირა ხელში.
„ალბათ, რამდენი საზრუნავი აქვს, ვერც ისვენებს! შვილს ხომ უნდა მოვლა -ძუძუ ხომ უნდა ჩაუდოს პირში.“ ბაჩევას სიამოვნებისაგან გააჟრჟოლა.
ერთადერთ ხსნად შვილი ესახებოდა!
შვილი და არა ქმარი! ასე ეგონა, ქმარი უკვე ჰყავდა... ჰყავდა, წავიდა და უშვილოდ დატოვა.
არა, საზრუნავი ბაჩევასაც ბევრი აქვს. ვერც აუდის: უქონელთა გაკითხვა, ქსოვა, ხოხბების დაპურება, ფიქრი იმაზე, მისი რელიგია - ერთი ღმერთის რწმენა და სამსახური - ასე რატომ დაიყო, ადამიანებმა ერთ ღმერთს სხვადასხვა სახელები რისთვის დაარქვეს.
პირველმა ბარათმა სიცოცხლის ხალისი გაუღვიძა. ვიღაცა თვალს მადევნებს, ბარათს მიგზავნის, ეს კი იმას ნიშნავს, ვარსებობო. მიწას თავისუფლად ადგამდა ფეხს და მეორე ბარათს ელოდა. ბარათის დაგვიანებამ ააფორიაქა. ვიღაც თვალს მადევნებს და დამცინის, ხარხარებს, სიცილით იფხრიწებაო. ისევ მოიბუზა, ისევ მხრებში ჩარგო თავი, მერე მეორე ბარათიც გამოჩნდა და კვლავ დაუბრუნდა საკუთარი თავის რწმენა. კი, ქსოვდა, ქვრივ-ობლებს განიკითხავდა, ხოხბებსაც აპურებდა, მაგრამ... მთავარი საფიქრალი მაინც ის იყო, თუ ვინ აგზავნიდა ამ ბარათებს. ამ დღეებში უშუზე არ უფიქრია - სიცოცხლის ხალისი რომ დაუბრუნდა, უშუ იმ დღიდან დაიყენა გვერდით, ახლა კვლავ მასთან იყო...
პარასკევ საღამოს, შაბათის შემობრძანებისას, უშუს რომ უნთებდა სანთელს და ღმერთს მის სულს ავედრებდა, უდიდეს სიამოვნებას განიცდიდა. ვახშამზე ვალმოხდილი იჯდა: „არ იქნება უშუს ჩემი ლოცვა არ მიუვიდესო,“ ფიქრობდა და ეს ახალისებდა, ამხნევებდა, ის სასიყვარულო ბარათები სულაც ავიწყდებოდა. ორჯერ, თუ სამჯერ ზანქანმა სწორედ პარასკევ საღამოს, საშაბათო სუფრაზე, ჩამოუგდო საუბარი მომავალზე: დროა გათხოვებაზეც ვიფიქროთო. ბაჩევა უხმოდ უსმენდა მამას. კარგად იცოდა, მამას რაც ალაპარაკებდა - ეწადა, მალე ეხილა შვილიშვილი, ეს დროში არსებობას აღუთქვამდა. იოხაბედს ქმრის ასეთი მოქმედება აღიზიანებდა. ,,ეგრე ვინ იქცევა, ეგრე ხომ არ ხდება“, გაათხოვებენ შვილს და ეუბნებიან: „მომილოცე, შვილო, გაგათხოვე, ამა და ამ კაცის შვილი დღეიდან შენი დანიშნულია, მალე ქორწილიც გვაღირსოს ღმერთმა“. ზანქანი კი... ზანქანი შვილს ეკითხება, როდის გაგათხოვოო.
იოხაბედმა იცოდა: ბაჩევა გათხოვებას არასოდეს ისურვებდა, მაგრამ არც მამის ნებას აღუდგებოდა. როგორც განძარცული, მიწას დანარცხებული ადამიანი, თავის ხვედრად მორჩილებას მიიჩნევდა და არა სურვილების ასრულებას. ზანქანს რომ გამოეცხადებინა „მომილოცე, შვილო, ამა და ამ კაცის შვილზე დაგნიშნეო,“ თავს მორჩილად დახრიდა. ფესახის წინ, ვახშმობისას ზანქანმა თქვა: ოქრომჭედელ დანიელზე უნდა დაგნიშნო და რას იტყვიო. ბაჩევამ მორჩილად მიუგო: იყოს ნება შენი, მამაჩემო, როგორც შენ ისურვებ, მაგრამ... მაგრამ რაო, მაგ მაგრამით რისი თქმა გწადიაო, ჩაეკითხა ზანქანი შვილს.
- ცოტასაც თუ მადროვებ, მადლიერი ვიქნები, იქნებ, ცოტა დრო კიდევ მიბოძო, მამა-ბატონო.
აღეგზნო და აწიწმატდა იოხაბედი: როდის იყო მამა შვილს ეკითხებოდა გაგათხოვო თუ არაო.
- უნდა გაათხოვო, მააშ!
ზანქანმა კი კვლავაც ხმადაბლა და აუღელვებლად იკითხა:
- რამდენი ხანი გინდა შვილო, კიდევ?!
- არც ერთი დღე, კმარა! მაგის ტოლ გოგოებს სამ-სამი შვილი ჰყავთ!
თავდახრილი ბაჩევა თეფშს ჩასცქეროდა, მაგრამ ზანქანი მაინც კარგად ხედავდა, ცრემლით როგორ ევსებოდა თვალები. ხის კოვზი, რომლითაც წვნიანს ხვრეპდა, ჯამში ჩადო და თქვა:
- კარგი, შვილო, მასე იყოს. ცოტა ხანი კიდევ დავიცადოთ! - საუბარი ამით დამთავრდა. ვახშამიც. ეს ამბავი საფესახოდ იყო, გაზაფხულზე. მას შემდეგ ოქრომჭედელი დანიელი აღარავის უხსენებია. სხვებზე საუბრობენ, სხვები სთავაზობენ ზანქანს მოყვრობას და სამუდამო მეგობრობას. აჰა, დღეს თუ ხვალ, ეს საუბარიც მორჩება, დღეს თუ ხვალ დაიძახებენ ,,აბედნიეროს ღმერთმა ნეფე-პატარძალი!“ სანამ გაგრძელდება ასე?! ზანქანის სიძეობა, თავად ბაჩევა, ბევრს სწადია, ძალიან ბევრს - ებრაელობას იმდენი საზრუნავი აქვს: დღესასწაულები, ლოცვა, მტერ-მოყვრის გამასპინძლების სამზადისი, ლუკმა-პურზე ფიქრი, რომ უშუს ამბავი ქალაქს მალე მიავიწყდა. ბაჩევას მონათვლას თუ ვინმე გაიხსენებს, ხელს ჩაიქნევს, ,,კარგი ერთი, უჭკუობით მოუვიდა გოგოს, ახლა არცერთ შაბათს ლოცვას არ აცდენს,“ ამბობენ.
კი, გრძნობს ბაჩევა, რომ მალე დამთავრდება ფიქრების საუფლოში უშუსთან ერთად ყოფნა. მალე დადგება ის დღე, როცა ზანქანი იტყვის:
,,მომილოცე, შვილო, გაგათხოვე, შენი ქმარი ამა და ამ კაცის შვილია. გაბედნიეროთ ღმერთმა!“ მერე რაღა ქნას ბაჩევამ? მერე შეიცვლება მისი ღამეები! იმ დღიდან მისი ხვედრი მორჩილება და დუმილი იქნება. კი, უხმო მორჩილება და დუმილი.
როგორც კი ფრინველნი საბუდარს მიაშურებენ, ბაჩევა და უშუ ერთად იყრიან თავს ოთახში, საუბრობენ. ზოგჯერ ქალწულს ისიც კი ჰგონია, უშუს ისევე ჰყავს მკერდში ჩაკრული, როგორც იმ ძალიან, ძალიან, ძალიან ბედნიერ დღეს, აბრაგმა ეუდამ რომ გაიტაცა, უშუმ კი ბორანზე მიუსწრო. ,,მართალია დედაჩემი, ჩემს ტოლ გოგოებს ორ-ორი, სამ-სამი შვილი ჰყავთ... მე რომ ერთი მყავდეს...“ - გრძნობდა, კარგად გრძნობდა, დარწმუნებულიც იყო ბაჩევა: შვილი რომ გაეჩინა, გათხოვებაზე ლაპარაკიც კი შეწყდებოდა, აბა, ვინ მოინდომებს შვილიანი ქალის შერთვას!.
ეს აზრი ძალას მატებდა.
![]() |
29 ურჩი თავადის ნახტომი |
▲ზევით დაბრუნება |
რა ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც აბულასანს ასე თავისუფლ კაცად არ უგრძვნია თავი. დღეს არა მხოლოდ იმას აცნობიერებს, რას გადაურჩა - ჩვეულმა გაბედულებამ, მამაცობამ სიცოცხლე შეუნარჩუნა - იმასაც რომ შინაგანი თავისუფლება მოიპოვა. მართალია, არარა შერჩა ხელთ - წინა აზიის ძლიერი ქვეყნის გუშინდელი მეჭურჭლეთუხუცესი დღეს დევნილია - ამირსპასალარის ანაფორიანი, თუ მდუმარე და მოთვალთვალე კაცები საქართველოს ყოველ კუთხეკუნჭულში გაშმაგებული დაეძებენ: მთაში თუ ბარში, ქოხმახებშიც და ტყე-ღრეშიც, თავადთა სასახლეებშიც, ეკლესია-მონასტრებშიც. იცის აბულასანმა - ბიზანტიაშიც კი გაგზავნეს ხალხი, იქ ხომ არ აფარებსო თავს, თავად კი აგერ, აქ არის, ამირსპასალარის სახლიდან ას საჟენზე და ძლევამოსილ კაცადაც მიიჩნევს თავს. ასე თავისუფალი, ასე მხნე და ძლიერი მაშინაც არ ყოფილა, როცა ტფილისს გამგებლობდა, ქართლის ამირა იყო. ახლა ყველაფერს თავისი სახელი დაერქვა: მტერი არა მარტო გაცხადდა, ისიც კი იგრძნო, რომ შიში უნდა ჰქონდეთ აბულასანისა. მეჭურჭლეთუხუცესობას ხომ ვერა და ვერ ჩაატანა გემო. ამირსპასალარის მოდარაჯე მზერა აკრთობდა. ამ მზერას ყველგან, ყოველ დროს - იქნებოდა დღე თუ ღამე, გრძნობდა. ამის გამოისობით დასჩემდა თავბრუხვევა, თორემ როდის იყო მგლისმუხლება აბულასანს თავბრუ ეხვეოდა. ასე არა სჯობია? ახლა აბულასანი უფრთხობს ძილს ამირსპასალარს. იცის, კარგად იცის მეჭურჭლეთუხუცესყოფილმა რა ცეცხლიც ტრიალებს სარგის მხარგრძელის გულში: თავისუფლებამოპოვებული აბულასანი ამირსპასალარის გულს დამიზნებული მახვილია. ჯერ სად არის! ჯერ ღონე მოიკრიფოს აბულასანმა, მიიხედ-მოიხედოს, თავის ხალხს მოუყაროს თავი - ყურთლუღ არსლანის ამბოხი მონაგონი იქნება! ეს კარგად იცის სარგის მხარგრძელმა, ამის მუცლის გვრემა აქვს - ამიტომ დაეძებს მთელს საქართველოში მეჭურჭლეთუხუცესყოფილს.
- ეჰეი, ყურთლუღ არსლან, შენგანა გვჭირს ყველაფერი, შენის ბუნებითა, თორემ ჩემთვის დაგეჯერებინა, თამარი დღეს მეფე კი არა, მეფუკა იქნებოდა, ერთი ლამაზი დედოფალა! ჩემი გზით რომ არ იარე, ამან აქცია თამარი მძლეველ მეფედ, მაგრამ... - აბულასანმა ამოიოხრა, მზერა კედელს მიაბჯინა და ფიქრში, უხმოდ დაიქადნა:
- ვინძლო, თამარი ვაქციო დიდებულთა წინაშე მოლიქნე, მორჩილ ასულად გიორგისა. დიდებულთა ჩაწიხლვა სურს?! ტახტზე ღვთის ნებითა ზის? ხვალ ღვთის წყალობად სიცოცხლე ჩათვალოს, მაგისი დიდი პაპა ირჯებოდა ეგრე, მაგისი დიდი პაპის შიშით დიდებულნი... - აბულასანს კვლავ თვალებდათხრილი, ენაამოგლეჯილი წინაპრები გაახსენდა და ის ღამე დაუდგა თვალწინ... რამდენი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც ამირსპასალარის ოთახში იატაკზე კატის კნუტივით მოისროლეს ამოდენა აბულასანი... გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი... სირცხვილის ოფლი მატლივით დარეოდა მთელ სხეულზე, დიდი ბრძოლის წამგები კაცი ოფლის თბილ მდინარეში ხელფეხშეკრული შეეგდოთ... სხეულზე მოდებული ოფლი თვალებსაც კი არ ახელინებდა... ქუთუთოებს უმძიმებდა... ოფლის მდინარეში მცურავს ფეხზე წამოდგომაც აღარ ეწადა. აბულასანს, საქვეყნოდ ცნობილსა და მძლეს, ფეხზე დადგომა აღარ ეწადა! ეს კი იმას ნიშნავდა, რომ სიცოცხლეს თმობდა, სიცოცხლეზე ამბობდა უარს. არც უნდა - სირცხვილნაჭამი სიცოცხლე ჩირადაც არ უღირს! ჰო, ეგრეა, აბულასანი გამარჯვებიდან გამარჯვებისაკენ მავალი კაცია და დაჭიავებული სიცოცხლე არ სურს. აგე, ეს ანაფორიანნი რაოდენი დამცინავი ღიმილით დასდგომიან თავს... ამირსპასალარსაც ღიმილი მოსდგომია პირს, ცხადია, დამცინავი, იავარმქმნელი... ალბათ, ისიც ისევე იღიმება - ზორაბაბელი. ასეთი სიცოცხლე არაფრად არ უნდა აბულასანს, იგი სხვაგვარი სიცოცხლისათვისაა გაჩენილი... და ხომ არის სხვაგვარი სიცოცხლე, ამგვარი სიცოცხლეც ხომ განუცდია აბულასანს... იცის... ააარა, უნდა წამოდგეს... უნდა წამოდგეს აბულასანი, მტერს ეგრე იოლად არ დაემორჩილება... წამოდგება თუნდაც იმისთვის რომ...
და წამოდგა აბულასანი, იმიტომ კი არ წამოდგა, რომ სიცოცხლეს ვერ შეელია... აარა! საბრძოლველად წამოდგა, უნდა იბრძოლოს... მტერს უნდა სძლიოს... ამ მიწაზე მტერი არ უნდა დარჩეს... ამ მიწას, ამ ცას... ამ ლაჟვარდოვან ცას... აი, ამ დაუოკებელ სილამაზეს, ფოთლებს, უკეთურს არ დაუტოვებს... თავად სიცოცხლეს შეელიოს და ყველაფერ ამაზე მტერმა იხაროს?! აბულასანი რომ წავიდეს, თამარი ხომ ამ ქვეყნის სრული ბატონ-პატრონი ხდება... სარგის მხარგრძელიც... აარა! დ იდებულთ, დიდებულთ უნდა ეპყრათ ამ ქვეყნის საჭე.
იმად წამოდგა აბულასანი, რომ ყურთლუღ არსლანის დაწყებული დაამთავროს - იმ ღამეს ბედმა უმუხთლა, თუ ბოლომდე არ ეყო ძალა? იმ ღამეს თამარის კაცებმა სძლიეს და შეიპყრეს ხიდზე მოქცეული ყურთლუღ არსლანი... მდინარეს როგორ არ მისცა თავი!.. ყურთლუღ არსლანი რომ მტკვარში გადამხტარიყო, ხუაშაქ ცოქალსა და კრავაი ჯაყელს - ამ ორ ქალბატონს - თავად უბრძანებდა იმას, რაც თამარს უნდა ეკეთებინა: ეგრე და ეგრე უნდა მოიქცეო, შეუთვლიდნენ მეფეს და იმასაც სხვა რაღა გზა ექნებოდა, თუმცა...
მაინც მეამბოხეთა ნების აღმსრულებელი იყო მეფე - ხომ არ გაძალიანდა, არ ეწადა, სასიძო არ მოსწონდა, მაგრამ მაინც იქორწინა ბოგოლუბსკიზე. მერე კი... აბულასანი სხვა ჯიშისაა - მტრის ნებას არ მორჩილებს. ანაფორიანებმა ქუჩაში რომ გამოიყვანეს, როგორც კი მტკვარს მიუახლოვდნენ, აბულასანი მყის მიხვდა, რაც უნდა ეკეთებინა. ცხადად წარმოიდგინა ხუთიოდ წუთში, რაც მოხდებოდა.
ხაროები ისნის თავში ჰქონდათ გათხრილი. მეფის ორგულთ ყრიდნენ შიგ. ერთ ეზოში ბარე ათი ხარო ამოეთხარათ, ხუთიოდ მეტრის სიღრმისა. ზოგში წყალი ამოვიდა. აბულასანმა იცის: წყალჩამდგარ ხაროში ჩააგდებენ... თუ დასცალდათ. იქამდე დიდი გზა არ არი. ჯერ მტკვრის ნაპირს მიუყვება ეკალბარდებით მოფენილი გზავიწრო არაბთა მიერ აშენებულ სასახლესთან მარცხნივ უხვევს, მაღლა. მაშ, გამოდის, რომ სასახლემდე უნდა ჰქნას საქნარი... სასახლემდე... სასახლემდე.
- შეხე, მთვარეც როგორა მწყალობს, ჩემთვის ირჯება - თვალს მიეფარა, ღრუბლებში ისე გაეხვა, როგორც შეცივნული დედაბერი თავშალში. კარგია, კარგი!
ფარნავაზის ძეს ხველება აუტყდა. ნერვიულობისაგან თუ ახველებს ეგრე! ამათგან ვინ რისი მაქნისია. ამათგან ვინ დაიხსნის თავს... აი, ჯორჯიკის ძემ იქნებ, რამე გააწყოს... როგორ ანიშნოს? ანიშნოს? იქნებ, თავისი საქმეც გაიფუჭოს? არა, თავს უნდა მიხედოს! არ არი ამის დრო, ყველა თავად უნდა გაისარჯოს!
აბულასანი მტკვრისაკენ გაქანდა. ერთი, ორი, სამი ნაბიჯი და... აჰა, მეოთხე ნაბიჯზე ისკუპა... ის რკინისთითება ბიჭი კაბის კალთაში სწვდა. კაბის კალთასღა მოავლო ხელი, მაგრამ უკვე გვიან იყო - აბულასანი მიწას ასცილებოდა, მტკვრისაკენ მიექანებოდა... არა, მიფრინავდა აბულასანი, კაბის კალთები აფრიალებოდა, მაინც არწივად წარმოედგინა თავი, არწივისებურად - კამარაშეკრული ეშვებოდა წრლისაკენ. ვიდრე ცივ მდინარეში ჩაეშვებოდა, ღრმად ჩაისუნთქა. წყლის სიცივე არ უგრძვნია - წყალში დგაფუნით ჩაეშვა, არ ამოყვინთა. მ იცურავდა და იგინებოდა, იმუქრებოდა მერე წყლის ზედაპირზე ამოვიდა და აღმა გასცურა, მტკვრიდან ამოსულმა აღარ იცოდა საით წასულიყო. ერთხანს საგონებელს იყო - ვის მიადგეს? თავი ვის შეაფაროს, ვის ანდოს თავისი სახელი და სიცოცხლე? ბოღმა ისე მოსწოლოდა ყელში, მიუსაფრობის გრძნობა არ გასჩენია, არა, აბულასანი ქართულ მიწაზე მიუსაფრად არ იგრძნობს თავს, თუმცა... თუმცა... ვის მიადგეს საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი, ამ წუთებში კი დევნილი, თავშესაფრის მძებნელი კაცი? აგერ, ხელმარჯვნივ, ბექობზე ვარდან დადიანი - მეფე თამარის მსახურთუხუცესი სახლობს, ცხადია, სანდო კაცია, გაიტანს, დაინდობს აბულასანს, მაგრამ... ქვეყანამ იცის, დიდი ნათელ-მირონობა აქვთ, იქნებ... არა, არა... სწორედ მასთან მოიძებნიან... არა, ამაღამ დადიანთან მისვლა არ იქნება... იქით კალმახელნი სახლობენ... დოსტია, მაგრამ ეგეთი დოსტობა აბულასანს არა წამს... ამირსპასალარსაც ძმობას ეფიცება... ორბელნი? აგერ არ უდგათ სასახლე? ორბელნი ბედის მაძიებელნი არიან, თითქოს რაიმე აკლდეთ, მუდამ ბედს ეძიებენ. რაღაცაში გამცვლიან, ამირსპასალარს ხონჩით მიმგვრიან, რომ იმავე ხონჩით რაღაც წამოიღონ... მაშ, რა ჰქნას აბულასანმა, საით წავიდეს?
ცხენის ჭიხვინი მოესმა. აბულასანი ლოდს მიეფარა, გაირინდა. ცხენმა ისევ დაიჭიხვინა. ახლაღა მიხვდა აბულასანი, ცხენი საურმაგ ფავნელის ეზოში ჭიხვინებდა. - ,,საურმაგი მტერია ჩემი, მოქიშპე და არმსურველი... მაგრამ კაცია, იქ არავინ მომიძებნის!» - განსჯის დრო არ იყო, ამირსპასალარის კაცები მტკვრის სანაპიროს ჩხრეკდნენ. აბულასანი საურმაგის სახლისაკენ გაიქცა. წყლით დამძიმებული ტანსაცმელი სირბილს უშლიდა, მაგრამ მაინც უსაფრთხოდ მიაღწია ამ წუთში ყველაზე ახლო მტრის სახლ-კარს. ვიდრე კარზე ბრახუნს ასტეხდა, შედგა. ჩაფიქრდა. მეტისმეტ იმედს ხომ არ ვამყარებ საურმაგის კაცურ კაცობაზეო.
მინდვრის თავში ჩირაღდნებიანი ცხენოსნები გამოჩნდნენ. ,,მეძებენ“ გაიფიქრა და საურმაგის კარს ხელი დაჰკრა. მერე მსახურს უთხრა ბატონს მოახსენე აბულასანს შენი ნახვა სურსთქო. ვიდრე საურმაგი მოვიდოდა, სული მოითქვა, კაბა ტანზევე დაიწურა. მასპინძლის ხმა რომ მოესმა, თმაზე ისვამდა ხელს.
- მეჭურჭლეთუხუცესი არ იქნება, ანანია, ეგ ჩემთან მობრძანებას ვით ინებებს - მეფის ტოლა კაცია!
- მეჭურჭლეთუხუცესი აღარა ვარ, ამირსპასალარის მკვლელებს გამოვექეცი და შენსა თავშესაფარს ვეძებ.
საურმაგ ფავნელს გაეცინა:
- ეგ საკენკი სხვებს დაუყარე, ცხოვრებაში მისხალი არ დაგითმია და მეჭურჭლეთუხუცესობას შეელეოდი?!
- შენთან თავშესაფარს ვეძებ-მეთქი, დიდებულო! - ხმადაბლა თქვა აბულასანმა და საურმაგის ყურს თითქოს ახლა მისწვდა მისი სიტყვები. თვალებში ჯერ სიხარული ჩაუდგა, მერე გაოცება და იკითხა:
- რაო, რა თქვი? თავშესაფარს დაეძებ? - ფავნელის ირონია სადღაც გაქრა, დაძაბული შესცქეროდა სტუმარს. ახლაღა მიაქცია ყურადღება, თუ რა გუბე იდგა აბულასანის ფეხებთან, როგორ სდიოდა წყალი ტანსაცმლიდან. აბულასანის ნათქვამი მაინც დაუჯერებლად მიიჩნია, მიუახლოვდა, - ეგ ჭრაქი აქეთ მოსწი, ბიჭო! - გასძახა მსახურს. მსახური რომ ახლოს მოვიდა, აბულასანს ყურადღებით დააცქერდა,-ეგ როგორა, კაცო, ასე უცებ? ასე მალე მიგიხვდნენ?- გაჩუმდა, კიდევ ერთხელ შეათვალიერა სტუმარი. - მაშ, დევნილი ხარ?! შინ შემო, აქ რასა დგახარ, ტანსაცმელი გამოიცვალე, ეგრე ხომ გაცივდები ბერიკაცი!
- ბერიკაციო? აბა, გენახა აღმა როგორ გავცურე მტკვარი.
- კი, კი, გაცურავდი, შენ ისეთი ეშმა გიზის სულში, გაცურავდი! - მაჯაში ხელი ჩაავლო. წინ გაუძღვა - ეგ სისველე გაგაცივებს - წელში მოხრილიყო ბრგე საურმაგი, ჭაღარა თმა მხრებამდე სწვდებოდა. ოთახში რომ შევიდნენ, თეთრეული გადმოულაგა.
- გაიხადე, ჩქარა გამოიცვალე, აბულასან, თორემ მეჭურჭლეთუხუცესი ხომ აღარა ხარ, აღარც მრავალთა უსტაბაში, ხვალ დევნილიც აღარ იქნები, გაცივება ბოლოს მოგიღებს. აჰა, მე გავალ, შენ გაიხადე და ტანთ გამოიცვალე, ეს კიდევ ჩემი საცვლები და ტანსაცმელი! - საურმაგი ოთახიდან გაფრატუნდა - დარდს ისე უძლევია, კი აღარ დადიოდა, მიფრატუნობდა.
აბულასანმა ერთი კვირა გაატარა საურმაგის ოჯახში, უშუზე სიტყვაც არ დასცდენია მასპინძელს. არც მათს შორის ჩამოვარდნილ მტრობაზე. სტუმარს პატივისცემას არ აკლებდა. თუმცა, მასთან ერთად პური ერთხელაც არ უჭამია, თავშესაფრის, მშველელის მძებნელ მტერთან ერთხელაც არ აუღია სასმისი, არც სადღეგრძელო უთქვამს და არც ჭიქა დაუცლია - მუდამ ოსტატურად არიდებდა თავს მასთან ერთად სადილობას. უმეტესწილად თანამეცხედრის ავადმყოფობას იმიზეზებდა, მისახედია, უჩემოდ ერთი ხანიც კი არ ჩერდებაო. ამშვიდობებისას კი ეს უთხრა აბულასანს:
- შენა უკუღმართი ხარ, თორემ, უჭკუოაო, არავის უთქვამს. ჩემთან რომ მოხველ, ეგეც შენი ჭკუაა, შეგინახე. ამირსპასალარი ყველგან დაგეძებს, დავუმალე, ჩემთან არისთქო, არ ვუთხარი. მაპატიოს ღმერთმა, ეს ცოდვა! ვიცი, ქვეყნის მტრის შენახვა ცუდათა ხელობაა, მაგრამ... სტუმარ-მასპინძლობის ქართულ ადათსაც ვერ ვუქციე ზურგი. მეტად აღარ მოხვიდე ჩემთან - მე არ შევინახავ იმას, ვინც ქვეყანას წეწავს - გასასვლელისაკენ გაემართა, მობრუნდა - არც სადმე შემხვდე, აბულასან!
- ვიცი, ვიცი, რომ მტერი ხარ ჩემი, მაგრამ ისიც ვიცი, კაცი ხარ! - აბულასანმა გაიცინა.
ვარდან დადიანის კაცებმა აბულასანი შუაში მოიქციეს და სადადიანოსაკენ მიმავალ გზას დაადგნენ.
ლიხი ჭენებით გადავლეს. თვალი არ მოუხუჭავთ. ძირულა გადასცურეს თუ არა, ცხენებიდან ჩამოხდნენ და თქვეს: „აწი აღარაფერი გვიჭირს“.
ოდიშისაკენ სვენებ-სვენებით წავიდნენ.
![]() |
30 ილუზია. |
▲ზევით დაბრუნება |
ეუდა ხერთვისამდე ერთი კვირა მოდიოდა. მეტიც. ცხენს სადაც იცვლიდა, თვალსაც იქ მოხუჭავდა, ირიჟრაჟებდა თუ არა, კვლავ გზას დაადგებოდა. ქალაქში ჩამოსვლას ისე ეშურებოდა, თითქოს სულთმობრძავი კაცი მის წამალს ელოდა და აჰა, თუ არ მიუსწრებდა, ის კაცი სულს დალევდა. მოუქანცველობის ძალას სიხარული აძლევდა - რამდენიმე დღეში ბაჩევას ნახავდა. ხერთვისში ისრელიკოსას გაჩერდა, ტრაპიზუნდს მიმავალი ზანქანი სწორედ აქ იდებდა ბინას ორი-სამი ღამე ჩერდებოდა - უყვარდა ხერთვისის ებრაე-ლობაში ყოფნა.
ბიზანტიიდან მომავალ ეუდა ხერთვისში - არ იქნა და თვალზე რული არ მიეკარა - სიხარული არ აძლევდა ძილით განცხრომის საშუალებას. დარწმუნებული იყო, ბაჩევა ელოდა, ბაჩევას ყმაწვილქალური გული მისი მოლოდინით ძგერდა.
დღევანდელი ეუდა თითქმის არაფრით ჰგავდა ადრინდელს. ამ თექვსმეტი თვის განმავლობაში, რაც ქალაქს გაეცალა, ცხოვრების ბევრ საიდუმლოს ჩასწვდა. ამ საიდუმლოთა წვდომამ კი ცხოვრებისეული სიკეთეც შეაცნობინა. ოცდასამი წლისამ, გუშინ ბოგანომ, დღეს კი სიმდიდრით ალაღებულმა, ღონიერმა და მოქნილმა, აღებმიცემობას უმალ აუღო ალღო. ახლა შეეძლო მხრებგაშლილი შესულიყო ზანქანის ოთახში, მისგან ნაბოძები ვერცხლი დაებრუნებინა, და არც არაფერი დააკლდებოდა - კვლავაც შეუჭირვებლად განაგრძობდა აღებმიცემობას. წარსულს სინანულით იხსენებდა, რცხვენოდა კიდეც- ეგრე უქმად, უაზროდ როგორ ვცხოვრობდიო. უკვირდა: ნუთუ, მე ვიყავი, ნუთუ, იმ ცხოვრებაში მე ვმონაწილეობდიო. მაშინ არც ის იცოდა, რომ ცხოვრებას ამდენი სიტკბო ახლავს თან. სიყვარული არ განეცადა და ცხადია, არც სიყვარულის ძალა ჰქონდა გაცნობიერებული.
აწყურში არ შეყოვნდა - მზის ამოსვლამდე დაადგა გზას. უხაროდა, რომ ცხენის მიერ გადადგმული ყოველი ნაბიჯი ბაჩევასთან აახლოებდა. ნაჭარმაგევამდე - გადაუღებლივ წვიმდა, ხანდახან ნაადრევ თოვლსაც გამოურევდა ხოლმე და ცხენი ეგრე დაუხანებლად ვერ მოდიოდა. ნაჭარმაგევს რომ გამოსცდა, ისეთი მოწმენდილი ცა დაჰყურებდა თავს, ისეთი მზიანი დარი იდგა, ხეებზე ფერებს შეჯიბრი გაემართათ. ყვითელი ფერი აშკარად ჯაბნიდა სხვა ფერებს. საზეიმო განწყობილებას კი ძახველის ფერი ფოთლები ქმნიდნენ. ეუდას გული მეტი სიხარულით აევსო. თითქოს ხედავდა რაოდენ სიამეს იგრძნობდა ბაჩევა მის დანახვაზე. არც ზანქანმა უნდა გასწიოს წინააღმდეგობა. ცხადია, მოხარულიც იქნება. ერთ კვირაში ნიშნობა უნდა გადაიხადოს, არც ქორწილს გადასდებს - რაღად უნდა დააყოვნოს. ქორწილს როგორც კი გადაიხდის, ბაჩევასთან ერთად ისევ აქეთ გამოეშურება, ბიზანტიისაკენ.
ქალაქს ორშაბათს, ნაშუადღევს მოაღწია. ცხადია, იმ მიწურის გახსენებაც არ ეწადა, იოშუაყმა რომ დატოვა, არც ზანქანის მარანში უნდოდა შესვლა, სადაც ადრე იძინებდა ხოლმე. ის ღამე მეზობლისას, დამეგობრებულ იცხაკუნასთან გაათია. იცხაკუნა მისი ტოლი იყო, უკვე დაცოლშვილებული, ორი შვილის პატრონი და წიგნის მცოდნე. ჯერ ებრაული წერა-კითხვა ისწავლა, მერე კი, წამოზრდილს, მამის ხელობის მიმდევარს, ქართული წერა-კითხვის სწავლაც არ გასჭირვებია. იმდენად მუყაითი და გონიერი ბიჭი იყო, მთელი ფეთხაინის გაჭირვების ტალკვესი გამხდარიყო - ლამის ყველას ეგ უწერდა წიგნს.
იცხაკუნა ეუდას გულის მესაიდუმლე იყო. ბაჩევასაც ის წერდა ეუდას ბარათებს. იმ ღამეს იცხაკუნამ ყველაფერი წვრილად უამბო ეუდას, ხოლო ბაჩევას ხიდზე გამოჩენის ამბავმა ეუდა საბოლოოდ დაარწმუნა - ბაჩევასთან ქორწილის დღე შორს აღარ არისო და იცხაკუნა გადაჰკოცნა.
მეორე დღეს ტფილისის ქუჩებში იარა, ბეით-ქნესეთშიც მივიდა, არა იქ, სადაც ზანქანი დადიოდა, პაწია ბეით-ქნესეთში, იქ, სადაც უქონელნი იყრიდნენ თავს. ჯამაათის ამბავი გამოიკითხა, ღარიბ-ღატაკნი გაიკითხა და მზე რომ გადაიწვერა, თავისი ცხოვრების მთავარ გზას დაადგა - თვითონ ასე გაივლო გულში, ჩემი ცხოვრების მთავარ გზაზე მივდივარო.
ბაჩევას ეზოში რომ შევიდა, ზანქანის ასული ხოხბებს აპურებდა. მწვანე ატლასის შარვალი და ხალათი ბაჩევას სხეულის ნაკვთებს ისე მკაფიოდ გამოკვეთდა, ეუდას ლამის სუნთქვა შეეკრა. სნეულებისაგან თავდაღწეულ ბაჩევას ფერ-ხორცი მომატებოდა. მკერდი გავსებოდა, ხოხბებს შუა ჩამდგარს მარჯვენა ფეხი წინ წაედგა და ეუდას მამაკაცურმა ალღომ კარგად იგრძნო, თუ სად იწყებოდა მისი ფეხები - მაღლა, მაღლა, სულ მაღლა - ამან კიდევ ერთხელ შეახსენა ეუდას: უცხოობაში როგორი ჯიშის ქალისთვისაც არ უნდა შეევლო თვალი იმას ფიქრობდა, ბაჩევაზე უფრო სანდომიანი არსება მთელს დუნიაზე არ მოიძებნებაო. ატლასის შარვლის ფერი ბაჩევას თვალების ფერს უფრო გამოკვეთდა და ეუდას მოეჩვენა, რომ ირგვლივ ყველაფერს ბაჩევას თვალების ფერი დასდებოდა. ზანქანის ასული დაძაბული მისჩერებოდა ეზოში შემოსულს, მსახურს, რომელმაც ეუდას ჭიშკარი გაუღო, ანიშნა გამეცალეო და კვლავ ყურადღებით დააცქერდა სტუმარს. ,,ნუთუ, ასე გამოვიცვალე? - გაიფიქრა ეუდამ - თუ მწვანეთვალება ქალები არიან ეგეთი ცვალებადი ბუნებისა?“
ეს ძალიან, ძალიან ხანგრძლივი დუმილი ერთობ მტანჯველი იყო ეუდასათვის... მაგრამ არა... აი, ბაჩევას სახე ღიმილმა გააცისკროვნა. ამ ღიმილში იმდენი სითბო იყო, ეუდას ცა გაეხსნა. ირწმუნა: ბაჩევასკენ მომავალ გზაზე სწორედ დავდიოდი, აი, ეს ღიმილი არისო ამის დასტური. ბაჩევას გაცისკროვნებული მზერა ეუდას გულს ისე ესალბუნებოდა, შეუძლებელი გახლდათ შორეული გზიდან მომავალი ყმაწვილი იმედით არ ავსებულიყო.
- სადა ხარ, ეუდა, ასე რად მიმატოვე? - ხმადაბლა იკითხა ბაჩევამ. რამდენ ალერსს იტევდა ეს ხმა და სიტყვები. ,,აი, მოვედი, მოვედი რომ ერთად ვიყოთ“ უნდოდა შეეძახნა ეუდას, თითქოს ამბობდა კიდეც ამ სიტყვებს. არა, სული ამოიძახებდა, სული გაჰკიოდა, მაგრამ ყელიდან ხმა არ ამოდიოდა. სული ღაღადებდა, ხმა კი არ ისმოდა. სიხარულმა სძლია ხმას, სიხარული გაბატონდა მასზე: ბაჩევამ გამიგო, ბაჩევა მომდევსო. თუ თანხმობას არა, სხვას რას უნდა ნიშნავდეს მისი თბილი მზერა?! ასეთი ფიქრები დასტრიალებდა თავს ეუდას და ამიტომაც ვერ ამოეღო ხმა. ამიტომ ვერ ეთქვა ბაჩევასათვის ის სიტყვები, მთელი წელიწადი უხმოდ, გულში რომ წარმოსთქვამდა. ,,რა მოგდის, ნაყაჩაღარო, ხმა ამოიღე!“ შეუძახა თავს. ახლა მას სხვა გასაჭირი ადგა, თორემ ამ შეძახილის მერე უსათუოდ გაივლებდა გულში: ,,ყაჩაღობის მშობელი უსიყვარულობაა, უსიყვარულოდ რომ დავდიოდი ამ მიწაზე, ყაჩაღიც იმიტომ ვიყავი“. არა, ასეთი ფიქრი ეუდას არ სწვევია. ასეთი განაჩენი არ გამოუტანია თავისი თავისთვის - სხვა საფიქრალი ჰქონდა, სხვა გასაჭირი ადგა.
ბაჩევამ ხელში მოქცეული ხოხობთა საკენკი მიწაზე მიმოფანტა (ხოხბები უმალ წამოიშალნენ, საკენკს ეძგერნენ) და კიბისაკენ გაემართა. ორიოდ საფეხური რომ აიარა, ეუდას მოუბრუნდა:
- განა ჩემთან არ შემოხვალ, ეუდა, სულ მარტო ვარ ამოდენა სახლში დედ-მამა ზანავს წავიდა, ნათესავის ქეთუბა აქვთ. მსახურთ კი სცივათ და თონეში მოუყრიათ თავი. - ბაჩევას პირზე მაცდური, საიდუმლოს გამნდობი ქალის ღიმილი ეკერა.
ეუდა ბაჩევას მიჰყვა. ვერაფერს, ირგვლივ ვერაფერს ვერ ხედავდა, გარდა ბაჩევას ვნებისაღმძვრელი სხეულისა.
ეუდა რომ ეზოში შემოვიდა, ბაჩევა ჩვეულებისამებრ ხოხბებს აპურებდა. მოულოდნელმა სტუმარმა ორიოდ ნაბიჯი გადმოდგა თუ არა, მისმა მზერამ, აელვარებულმა თვალებმა ისე გაუნათა გონება, ხოხობთა საკენკი ლამის ხელში შეეყინა.
- ეს არის, იმ ბარათებს ეს მწერდა, კი...
ეს აზრი ირწმუნა თუ არა, დაიბნა. არ იცოდა როგორ მოქცეულიყო. საკენკით ხელგაშვერილი უცნაურად იდგა. უაზროდ შესცქეროდა ეუდას. ასეთი უაზრო ყოფა დიდხანს არ გაგრძელებულა - ეუდამ უკარნახა, როგორ მოქცეულიყო, ეუდას მზერამ - ალერსით შესცქეროდა ქალს. ამ ალერსში თაყვანისცემის ამოკითხვა არც ისე რთული იყო. ბაჩევა გაოცდა: ეგრე უცებ, ეგრე უბრალოდ როგორ გადაწყდა ის, რაც ასე მაღონებდაო, მაგრამ მაინც... ვიდრე ზანქანის ასული გადაწყვეტილებას მიიღებდა, ნაფიქრი რამდენიმეჯერ აწონ-დაწონა, განსაჯა და კიდევ ერთხელ დაეუფლა გაოცების გრძნობა: ,,ნუთუ, ასე უბრალოდ შეიძლება გადაწყდეს ის, რაც ესოდენ მაწუხებს?!“ როცა ცხადად დაინახა რა და როგორ ეკეთებინა, გაიღიმა. ეუდას გაუღიმა. ,,უნდა დაიმორჩილო, დაიმონო, ფიქრის, განსჯის უნარი უნდა წაართვა, და ვერაფერს ვერ მიხვდება.“ ღიმილის ნაყოფი უმალ იგრძნო, იგრძნო, რომ მისმა ერთმა გაღიმებამ ეუდა მეცხრე ცას სწია და აღარ დააყოვნა - ეუდას ერთობ თბილად, გულისშემძვრელი ალერსით უთხრა:
- სად ხარ, ეუდა, ასე რად მიმატოვე?!
ეუდას რაღაცის თქმა ეწადა და ვერ ამბობდა, მზერა კი ალერსს გამოხატავდა. როცა მამრს გული უფრო ალაპარაკებს, ვიდრე გონება, ქალის სურვილს უსაზღვრო ძალა ენიჭება. ამ წუთში ეუდას სული ღაღადებდა, გონება კი მიძინებულიყო. ზანქანის ასულმა მარჯვენა ფეხი წინ წადგა და ეუდას ნათელი, მშვიდი მზერა მიაპყრო, კვლავ გაუღიმა, ამჯერად უფრო თავდაჯერებულად.
- განა ჩემთან არ შემოხვალ, ეუდა?! სულ მარტო ვარ ამოდენა სახლში, დედ-მამა ზანავს წავიდა, ნათესავის ქეთუბა აქვთ, მსახურთ კი სცივათ და თონეში მოუყრიათ თავი, - ბაჩევას პირზე მაცდური, საიდუმლოს გამნდობი ქალის ღიმილი ეკერა.
არც ღიმილის პირზე მოდება, არც ამ სიტყვების წარმოთქმა სულაც არ გასჭირვებია. იმიტომ, რომ რასაც აკეთებდა, ძალიან ეწადა. ეუდა ბაჩევას მიჰყვა. ირგვლივ ვერაფერს, სრულიად ვერაფერს ხედავდა, გარდა ბაჩევას ვნებისაღმძვრელი სხეულისა. ბაჩევა ოთახში შევიდა თუ არა, მოსასხამი მოიხსნა, ვგონებ, იატაკზეც კი დააცურა და ეუდას მარჯვენა გაუწოდა. ,,მოდი, მოდი, ნუ გერიდება“ ხმადაბლა, ღიმილით უთხრა, ინტონაციით იმასაც აგრძნობინებდა, ,,მოდი, მხოლოდ ეგ არის, ამის თაობაზე მხოლოდ შენ და მე უნდა ვიცოდეთო“. მერე ეუდას გამოწვდილი ხელი დაიჭირა, ყმაწვილი ოთახში შემოიყვანა და ლამის ჩურჩულით, იმავე ინტონაციით ჰკითხა: ,,იმ ბარათებს ხომ შენ მწერდი?!“ ნააბრაგალმა სოვდაგარმა ხმა ვერ ამოიღო. ქალის სანდომიანობით და მასთან პირისპირ აღმოჩენით გახევებული, ბრიყვივით აქნევდა თავს, ხმას კი ვერ იღებდა, ვერაფერს ვერ ამბობდა, ბაჩევას თვალებში შესცქეროდა, მერე უცებ ხელში აიტაცა, მკერდში ჩაიკრა და იყვირა:
- ჩემი ხარ, ქალო, ჩემი იქნები!
და ეუდამ ქალს აკოცა, აკოცა ისე, როგორც არასოდეს, არასოდეს არ უკოცნია ქალისთვის, მერე გულისპირი გადაუხსნა და ბაჩევას მკერდს ისე დაეკონა, ზანქანის ასულს სიამოვნებისაგან ლამის სუნთქვა შეეკრა.
- მიყვარხარ, ბაჩე, ძლიერ მიყვარხარ! - ჩურჩულებდა ეუდა და მკერდს უკოცნიდა. ბაჩევას მსუყე, ვნებისამშლელი ძუძუები ხელში რომ დაიჭირა, ისეთი გრძნობა დაეუფლა, თითქოს მის ორ ხელში სამყარო მოექცა. ბაჩევა კი სიამოვნების ბურანში გაეხვა, თუმცა, უდიდესი სიხარული მაშინ მოერია, როცა ეუდამ შარვლის გახდა დაუწყო. აჰა, გააშიშვლა კიდეც და როდესაც ორივე სიასამურის საბანქვეშ მოექცნენ, ერთი შეჰკივლა კიდეც. ქალი მშველელს კი არ უხმობდა, მოულოდნელი სიამოვნებისაგან შეჰკივლა.
მერე ჩამობნელდა კიდეც. საქართველოს დედაქალაქის ქუჩა-შუკებს გაცრეცილი, ძალაგამოლეული მთვარე დაჰყურებდა. ცივი ქარიც ქროდა. ზანქანის ეზოში ქათმებმა, ხოხბებმა საბუდარს მიაშურეს, მსახურებმაც ძილს მისცეს თავი, ზანქანის სახლში, ლოგინში, სიასამურის ქვეშ, სახეგაბრწყინებული ქალ-ვაჟი ერთმანეთს გადაკვროდა, ორივეს უდიდესი ბედნიერება დაუფლებოდა - ვაჟი შეუმცდარობას და გამარჯვებას დღესასწაულობდა - თურმე ბაჩევა მას ელოდა, ბაჩევა სამუდამოდ მას ეკუთვნოდა, თუმცაღა ასეთი მოულოდნელობა აკვირვებდა, მაგრამ ახლა გამარჯვების სიხარულით გახლდათ მთვრალი. ქალი, ბაჩევა, უფრო ბედნიერად გრძნობდა თავს - რაც ეწადა, ის გააკეთა - დროში არსებობის საკითხი გადაწყვიტა. თითქოს ეს ყმაწვილი, ახლა გვერდით რომ
ეწვა და ჟრჟოლვისმომგვრელ სიამოვნებას ჰგვრიდა, მხოლოდ იმისთვის იყო გაჩენილი, რომ მისი სურვილი ამოეცნო და ზედმიწევნით შეესრულებინა. მხოლოდ ამ მიზეზის გამო ვერ გრძნობდა ზანქანის ასული თავისი გადაწყვეტილების ილუზორულობას. ამიტომ ეგონა თავი ერთობ მიხვედრილი, გონიერი ადამიანი.
ალერსით გაბანგულთ ღამე შეუმჩნევლად შემოადნათ ხელში. ირიჟრაჟა თუ არა, ბაჩევა ლოგინიდან წამოდგა. ნელ-ნელა, ფიქრმორეული იცვამდა. ფიქრის კვალი სახეზევე აჩნდა. თითქოს მთელი ღამე ალერსში კი არა, დიდ, საჭირბოროტო საქმეზე სჯაბაასში გაეტარებინოს. ჩაიცვა, სავარძელში ჩაეშვა, ჩაძინებულ ეუდას დააცქერდა და ცივად თქვა:
- ადექი, ეუდა, ჩაიცვი, გათენდა უკვე! - ეუდამ მყისვე გაიღვიძა (ბაჩევას მყიფე ხმამ თავში დარეკა) და ბაჩევას მიაცქერდა. არა, ამგვარი ღამის გათენებისას ასეთი ხმა, ასეთი სიტყვები ბედნიერი ეუდას სმენას არაფრით არ ესალბუნებოდა. ბაჩევას გაკვირვებული მიაჩერდა. ქალი წამოდგა, მწოლარე ეუდას ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა, დააცქერდა და განაგრძო - დიდად გმადლობ, ეუდა, შენ ძალიან კარგი ბიჭი ხარ, მაგრამ გთხოვ ამას იქით ნუმც ამ სახლში შემოხვალ. ნუმც მე მნახავ. შენ ხომ იცი: ჩემი გული სხვას ეკუთვნის.
ბაჩევა ჩქარი ნაბიჯით გავიდა და ოთახში დატოვა ლოგინში წამომჯდარი, გაოგნებული ეუდა. ეუდამ ბაჩევას სიტყვები რომ გააცნობიერა, ნაცემი ლეკვივით იგრძნო თავი და მისთვის აქამდე უცნობი უმწეობის გრძნობა დაეუფლა.
ბაჩევა კი იოხაბედის ოთახში შევიდა, ტანთ გაიხადა და დედის ლოგინში ჩაწვა. თავს ბედნიერად გრძნობდა: სწამდა, ეს ღამე უქმად არ ჩაივლიდა, უსათუოდ დაფეხმძიმდებოდა, უთუოდ გაჩნდებოდა ბავშვი, უშუც მასთან იქნებოდა და ზანქანიც გაიხარებდა.
ამ ფიქრებში ზანქანის ასულს ტკბილად ჩაეძინა. ასე მშვიდად დიდი, ძალიან დიდი ხანია არ სძინებია, არც ასე შფოთიანად გაუღვიძნია ოდესმე - გაიღვიძა თუ არა, (იქნებ, ძილში აღძრულმა ამ ფიქრმა გააღვიძა?) ლამის შეჰკივლა:
- ეუდას მე ვუყვარვარ! მე ეუდას ნამდვილად ვუყვარვარ!
![]() |
31 დიდებულთა შეკრება |
▲ზევით დაბრუნება |
აბულასანი ქვეყანას მიავიწყდა. თითქოს ადამიანი კი აღარ იყო - ამ მწვანედ ქცეული, მზერამიმტაცი მთების, ტყეების, სმენადამატკბობელი ოდიშური სიმღერების ნაწილად იქცა. აბულასანს კი იმისთვის არასოდეს უცოცხლია, რომ აქოჩრილი ტყეების ცქერით დამტკბარიყო და ოდიშური, გინა კახური სიმღერები ესმინა. აბულასანი არც თავის მარტოობას აპატიებს მეფეს. ამიტომ ქცეულა ფიქრად. ტყეს შესცქერის თუ მთას, ოდიშელ ყმაწვილთა გადაძახილს უსმენს, თუ სიმღერებს, ფიქრობს...
აჰა, ზაფხულმა ისევ შეცვალა გაზაფხული, მერე გახმა ფოთოლი, ყანებში ისევ ამღერდნენ გლეხები.
აბულასანმა კარგად იცოდა, მეფის კარზე რაც ხდებოდა. ისიც, რასაც კარნუ ქალაქს დავანებული ბოგოლუბსკი მოიაზრებდა. უფრო სწორედ ის, რომ არაფერს არ აკეთებდა, დავიწყნოდა კიდეც ის დღეები მეფე-ქმარი რომ იყო. გახსენებაც არ ეწადა, ჩაძირულიყო თავის ყოფაში, მისცემოდა მსმურობასა და ვნებას. აბულასანი კი არ ასვენებდა, კვლავდაკვლავ ჩასძახოდა საქართველოს მეფექმარი კი არა, ნამდვილი მეფე ხარ, ქართველი ხალხი არ გივიწყებს, არა მარტო ქვეყნისთვის შენი ოფლისღვრა ახსოვს, ყოველი კაცისთვის გაწეული სიკეთეო.
ბოგოლუბსკი ხვდებოდა რა მუცლის გვრემაც ჰქონდა აბულასანს. ამიტომ მის გამოგზავნილ კაცს ერთსა და იმავეს ჩასძახოდა: რაც იყო, იყო, არა ბრაზი გულში არა მაქვს, მეფე თამარმა ნავი ოქრო-ვერცხლით ამივსო და არხეინად ვცხოვრობო. ეს კი, დიდებული ქართლისა, მეჭურჭლეთუხუცეს ყოფილი საქართველოსი, აბულასან, უთვლიდა, ხალხი ერთობ მოგისაკლისებს, არარა ოქრო-ვერცხლი არ გაპატიებს ხალხის გულისთქმას ზურგი აქციო, მამისშენის ბედი არ უნდა გაიზიარო, ტახტდაკარგული არ უნდა იყოო.
სოფლად ჯდა აბულასანი, მაგრამ მთელი საქართველოს ყოფა ხელისგულზე ედო. ერთ დღეს კი მიიჩნია, დრო დადგა, ნაყოფი მომწიფდაო და ტაოში, გუზან ტაოსკარელთან კაცი აფრინა: აღდგომიდან ორი კვირის თავზე მანდა ვარო. მეტის მოთმენა აღარ შეეძლო: იცვლებოდა საქართველოს მეფის კარი. მეფე თამარი ხელახლა გათხოვდა და ქმარი - დავით სოსლანი ახალ ძალად ექცა, ამირსპასალარიც - გამრეკელ თორელი - ახალი იყო.
თავად გუზან ტაოსკარელი, გამხდარი, აწოწილი, ჭაღარა და ჭროღათვალება სამცხის სპასალარი ბოცო და მეფის მსახურთუხუცესი ვარდან დადიანი ტაოს მბრძანებლისას დახვდნენ აბულასანს. აბულასანმა ამათ თვალი რომ მოავლო, გაიფიქრა: ,,მეოთხედი საქართველო, თუ მეტი არა, აქ არის, ძალოვნებით კი ნახევარზე მეტიც - უნდა შევუდგეთ საქმეს“.
და თქვა აბულასან:
- რომელი თქვენგანი ეპირება მეფე თამარის მონად იგულვოს თავი და უხმოდ ჯდეს თავის მამულში?
კითხვა იმდენად უადგილოდ მიიჩნიეს, გაკვირვებულმა დიდებულებმა ერთმანეთს გადახედეს.
- თუ ვინმეს ჩვენგნით ნაკურთხი თამარის მონობას უთქვამს გული, მისი ნებაა. მე ომს ვეშურები, უნდა დაემხოს თამარი - დიდებულთ დამთრგუნავი - ბრძანა სამცხის სპასალარმა ბოცომ - ამირსპასალარს კი აი, იმ ხეზე ჩამოვკიდებ.
გუზან ტაოსკარელმა ბრძანა:
- ყურთლუღ არსლანი აჩქარდა და დამარცხდა. ჩვენ დინჯად განვსაჯოთ ყოველი.
სამი დღე თათბირობდნენ დიდებულნი ოდიშისა, იმერეთისა, კლარჯეთისა, შავშეთისა, სამცხისა. მეოთხე დღეს აბულასანმა ბრძანა:
- დროა კაცი ვაფრინოთ კარნუქალაქსა. იური ბოგოლუბსკი იქ ზი და ჩვენს ნიშანს ელოდება. ტფილისისაკენ ლაშქრობას ის უნდა წარუძღვეს.
- იყოს ნება ღვთისა, მეფე თამარს არ უნდა შერჩეს დიდებულთა ძალვა - მსახურთუხუცესი მშვიდად, შთამაგონებლად ლაპარაკობდა.
საქართველოში ურჩ დიდებულთა კიდევ ერთი ამბოხი, ძმათა კიდევ ერთი ომი იწყებოდა.
80 წლის ეუდას ნაამბობი შვილიშვილის შვილისადმი ბაჩევას დასაფლავების მესამე დღეს:
- ბაჩევამ გამთენიის ხანს ლოგინში ისე დამტოვა, როგორც კეთროვანს გაეცლებიან ხოლმე. ლხინი გლოვად მექცა. ვიცოდი, ამ სახლში ჩემი გაჩერება არ იქნებოდა, მაგრამ ლოგინიდან წამოდგომას ვერ ვახერხებდი - ძალა არ მომდევდა. მაინც შევძელი. - სახლი დავტოვე. ფეთხაინი უღიმღამოდ, ულაზათოდ გამოიყურებოდა. ადამიანებიც უგერგილოდ მიმოდიოდნენ. უაზროდ შევცქეროდი ფეთხაინს და არ ვიცოდი რატომ, რისთვის ვიყავი ამქვეყნად - ახლა, ამ წუთში თვალები სამუდამოდ რომ დამეხუჭა, ამ ქალაქში, ამ ქუჩაზე რა შეიცვლებოდა. ერთ ადამიანს მაინც თუ ეტკინებოდა გული. ცისქვეშეთში ყველაზე მიუსაფარი ადამიანი ვიყავი. იქვე, ურმის ბორბალზე თავმიდებულს ჩამეძინა. სიცივემ გამომაღვიძა.
ყველაფერ ამას ერთი მიზეზის გამო გიყვები, შვილო: ჩემი სიჭაბუკის საქართველო სხვაგვარი იყო - ღონიერი, მტრის დამთრგუნავი. რომელ ქვეყანაშიც არ უნდა ჩავსულიყავი, მხრებგაშლილი დავდიოდი. დღეს კი... დღეს საქართველოს ჩარხი უკუღმა ტრიალებს. მტერმა დაგვრია ხელი. ბევრი ფათერაკი გიდევს წინ. ისეთ ქვეყანაში, როგორიც დღევანდელი საქართველოა, უფათერაკოდ პურს ვერ გატეხ. მე შენ თორას გასწავლი, ქართულ წიგნს გასწავლი, ფათერაკიდან თავდახსნაც უნდა ისწავლო. ფათერაკიდან თავდახსნის ორი გზა არი: ძლიერ უნდა გწამდეს შენი თავისა და უნდა შეგეძლოს ფიქრი. ფიქრი დიდი ღონეა... მე ძლიერ მჯეროდა ჩემი თავისა და დავიწყე იმაზე ფიქრი, თუ რატომ, რისთვის მოიქცა ეგრე შენი დიდედა. უნდა ამომეხსნა რატომ, რისთვის დაწვა ჩემთან ზანქანის ასული. ცხადი იყო, მითხრა კიდეც, რომ ის ბიჭი გულიდან ვერ ამოეგდო. აქედან იმასაც უნდა მიხვედრილიყავ, გათხოვების არარა სურვილი რომ არა ჰქონდა. მე რიღასთვის მიხმარა? გათხოვების ყველა გზა მოსჭრა. ისიც იცოდა, გაუთხოვრობით ზანქანს ცოცხლად დამარხავდა, მაგრამ შემცდარი იყო, ფიქრობდა ზანქანს ბაჩევას შინაბერობის ჭმუნვას შვილიშვილი შეუმსუბუქებსო. ის კი ვერ გაზომა, რომ უმამო შვილიშვილი ზანქანს უარეს დღეში ჩააგდებდა. შენი დიდედა უზრუნველად იყო გაზრდილი და ეგონა, თუ არ გათხოვდებოდა, თუ ფიქრად იმ ყმაწვილთან იქნებოდა, ეს ცხოვრებაში საკმარისი იყო.
მაგრამ ყველაფერი ეს ჩემს გულს რას აამებდა! მე ბაჩევა ძლიერ მიყვარდა და იმაზე ვფიქრობდი, ჩემკენ როგორ მომეტრიალებინა.
გვიან მივაგენი იმას, რაც სიკეთეს მიქადდა: ბაჩევამ შვილი ჩემგან ისურვა. მეორე: თუ ბაჩევა ფეხმძიმედ შეიქმნებოდა, ან რატომ არ უნდა შექმნილიყო, ეს იმას ნიშნავდა, რომ ჩვენ ორივენი ერთ აქლემზე ვისხედით. კი, ზურგშექცევით, ერთმანეთს თვალებში არ შევცქეროდით, მაგრამ ჩვენი აქლემი უკვე დაძრულიყო.
ფიქრმა ეს აზრი რომ მაპოვნინა, ღონე დამიბრუნა. მჯეროდა: ერთი სწორი ნაბიჯიც და ყოველი დამთავრდებოდა. მეც იმ ნაბიჯზე ვიწყე ფიქრი. ჩემს საქმესაც ზურგი არ ვაქციე. რაც გასაკეთებელი იყო, ვაკეთებდი: სახლი ვიყიდე, გამოვაწყე, კარგად დავსახლდი, მსახურნი განვაწესე და ჩემს დროს დავუწყე ლოდინი. ეს დროც მე უნდა მომეყვანა. ასეც მოვიქეცი: ორშაბათ საღამოს, ყარბითის ლოცვის შემდეგ ზანქანის სახლისაკენ გავეშურე. ვიცოდი, ის, რის გაკეთებასაც მე ვაპირებდი, ზანქანს გულს არ გაუხარებდა, მაგრამ ისიც ვიცოდი, რომ საბოლაოდ ზანქანსაც ვიხსნიდი და მიზანსაც მივაღწევდი.
შელოს თმა გასცვენოდა. ზანქანი უნდა ვნახომეთქი, რომ ვუთხარი, გაოცებულმა შემომხედა. ასე გვიან ქალაქელები სტუმრად არ დადიან - მთვარე უკვე ვახშმობდა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ადამიანებს ლოგინისაკენ ეჭირათ თვალი. ზანქანმა მაინც ინება ჩემთან შეხვედრა.
- ისანში, მეფის სასახლესთან უფრო ახლო გიყიდნია სახლი, ვიდრე ბეით ქნესეთთან. ეგ რატომ? - შესვლისთანავე ღიმილით მკითხა ზანქანმა.
- ერთ ბეით ქნესეთს ისანშიც გავხსნი - ღიმილითვე მივუგე მე და მოწიწებით მივესალმე.
ზანქანს შუბლზე ღრუბელმა გადაუარა.
- ღმერთი შეგეწიოს! - თქვა ხმადაბლა და ცალი თვალი მოჭუტა - კარგია, ფული, დიდი სიკეთეა...
მივხვდი: ზანქანს ჩემი ნათქვამი არ მოეწონა.
ყურადღებით მივაჩერდი, მინდოდა ამომეცნო, თუ რა დამიწუნა.
- არა, არაფერი, ისეთი არაფერი, - ისევ გაიღიმა ზანქანმა და ტახტზე ჩამოჯდა, - შენი ნათქვამი უფულო კაცმა რომ გაიგონოს?!
მივხვდი, ჩემს სიტყვა-პასუხს ზანქანის მოდარაჯე თვალი დაკლებოდა. იხტიბარგატეხილმა უბიდან ვერცხლის ქისა ამოვიღე:
- ზანქან ბატონო, იმად გეახელ, რომ მადლობა მოგახსენო. გამჩენის და შენი შეწევნით, კარგი საქმე დავიწყე. დღეს აღარ მიჭირს. შენი მოცემული ფული აგერ, უკლებლივ - ვერცხლით სავსე ქისა მაგიდაზე დავდე.
ზანქანი არ შერხეულა. ცოტა ხნის მერე თქვა:
- დაბრძანდი, ეუდა, - მე სავარძელში ჩავეშვი, ზანქანმა შეყოვნების შემდეგ განაგრძო, - მე ხომ გითხარი, ფულს უკან აღარ მოგთხოვ-მეთქი. ეგ ვერცხლი თან წაიღე.
მე ჩემი არ დავიშალე, არ მინდა ვალად რაიმე მედოს-მეთქი. ვერცხლს ხელი რომ არ მოვკიდე, ზანქანმა თავი გააქნია და უკმაყოფილოდ თქვა:
- მწყინს, შენ ვერაფერი გაიგე. მე ეს ფული შენთვის არ მომიცია. საისრაელო საქმისთვის მქონდა გადადებული. ახალგაზრდა კაცის ხელის გამართვა აუცილებელია. ეს ფული მე კი არ დამიბრუნო, შენც საისრაელო საქმისთვის გადადე.
- როგორ, რანაირად?
- მონახე ისეთი ყმაწვილი, დღეს რო ისეა, როგორც შენ იყავი მაშინ. მე გამიმართლა, იქნება, შენც შეგეწიოს ღმერთი და კიდევ ერთი კაცი დაადგეს გზას.
- რომ არ გამიმართლოს?!
ზანქანმა მხრები აიწურა და ჩაილაპარაკა:
- მეორედ სცადე, მესამედაც, მეათედაც უნდა სცადო, - გაჩუმდა. მერე ხმადაბლა განაგრძო, - შენ ხომ პირველი არა ხარ ჩემთვის და არც მეათე. ყოველთვის უნდა სცადო! ქისა მაგიდიდან ავიღე და უხმოდ ჩავიდე უბეში. ახლა ან უნდა წავსულიყავი, ან ბაჩევაზე უნდა მესაუბრნა. აღარ დავჯექი - უკვე გვიანია, ზანქან, წავიღებ ამ ფულს, შევეცდები, ისე მოვიქცე, როგორც შენ მითხარი.
- ლაილა შალომ!1 - მითხრა ზანქანმა და თვალი თვალში გამიყარა.
უნდა ავჩქარებულიყავ. ასეც მოვიქეცი. საუბრის გაგრძელება არ იქნებოდა, კართან რომ მივედი, მაინც მოვბრუნდი და ვთქვი:
- ზანქან, მენდე, მე შევეცდები არ გავაკეთო ის, რაც შენ გულს გატკენს.
- ღმერთი შეგეწიოს! - გაიღიმა ზანქანმა.
ზანქანის ოთახიდან გამოვედი და ბაჩევას ისე მივაშურე, თითქოს დათქმული გვქონდა, ზანქანიდან უსათუოდ შენთან შემოვალ-მეთქი. ჯიუტად მივდიოდი მისი ოთახისაკენ. ვიცოდი, თუ ახლა, თუნდაც ერთი წამით შევჩერდებოდი, ვერასოდეს შევიდოდი ბაჩევასთან, ეს კი იმას ნიშნავდა, ვერარას გავხდებოდი.
ოთახის კარი თამამად შევაღე. ბაჩევა ქსოვდა.
- როგორა ხარ, ბაჩე?
ჩემს დანახვაზე ელდა ეცა, ადგილიდან წამოიჭრა, უკან დაიხია, პაწია სკამი ხელში აიღო, აიფარა. არ ვიცი, ეს სკამი რისგან დაიფარავდა.
- მე ხომ გითხარი, მე ხომ გითხარი! - წამოიძახა - რა გინდა ჩემგან?!
- დაჯექი, ბაჩე! - მისი აღელვება მე სიმშვიდეს ჩამაგონებდა. სავარძელზე დავეშვი - ფეხმძიმე ქალი ეგრე არ უნდა ხტოდეს. საშიშია!
- აქ რისთვის მოსულხარ, რა გინდა?! - ისევ უკან დაიხია.
ღიმილი მომერია. ასეთ დამფრთხალ, შიშდარეულ ბაჩევას პირველად ვხედავდი. მწვანე თვალები აელვარებოდა.
- დაჯექი, იმად მოველ, რომ ვილაპარაკოთ. სხვა არაფერი.
დაჯდომას ვერ ბედავდა. შიშით შემომცქეროდა. ტანზე ფეხმძიმობა არ ეტყობოდა, სახე კი შეფარკვლოდა.
- ნუ შიშობ. სამაგიეროს გადასახდელად არ მოვსულვარ. შენ როგორა გგონია, რა აჯობებს: გითხრა, რომ ძლიერ მიყვარხარ და მინდა ჩემი ცოლი გახდეთქო, თუ სამუდამოდ გაქციო ზურგი. შენ ხომ ცუდად მომექეცი. ისე გეშინია ჩემი, ამას თავად გრძნობ.
- მე გითხარ, ამ სახლში ნუ შემოხვალ, მეტად ნუღარ მნახავმეთქი.
- ბაჩე, რა აჯობებს - ისევ მშვიდად ვთქვი - ცოლობა გთხოვო, თუ სამუდამოდ გაგეცალო დაუნდობელ ქალს. შენ როგორ მირჩევ?
ბაჩევა იატაკს ჩასცქეროდა. ხმას არ იღებდა.
- შენს პასუხს ველოდები.
ბაჩევა ჩემსკენ შემობრუნდა, თვალი თვალში გამიყარა და აუჩქარებლად თქვა:
- შენ ყველაფერი იცი... მე ხომ გითხარი.
არ ავჩქარდი. არა მხოლოდ ამ სიტყვების თქმა ვაცალე, იმ გრძნობის დაოკებაც ამ სიტყვებს რომ ალაპარაკებდა. ვიცოდი, ჩემი უშფოთველი მზერა დაამშვიდებდა.
- მე ეგ ამბავი არაფრად მიღირს, ბაჩე, ქარია ეგ ყველაფერი! სხვა არარა გრძნობა არა გაქვს, არც საზრუნავი. არც რამ გტკივა და გგონია კვლავ მასთან ხარ... მაგ ახირებას ოჯახი, ცხოვრება გაგიქრობს. სხვაგვარად არ იქნება. შენ ცოცხალი ხარ... სიცოცხლე კი... - ბაჩევას თვალებში ელვა გაკრთა. არ მოსწონდა ის, რასაც ვეუბნებოდი, მე არ შევეპუე და მაინც ვუთხარი - ბაჩე, გავხდეთ ცოლ-ქმარი. იმ ღამის შემდეგ ორი თვე გავიდა...
- ოთხმოცი დღე, ლამის სამი თვე! - შესძახა ბაჩევამ.
გამეღიმა. ჩემმა ფანდმა გასჭრა - ასეც ვიცოდი - მე ბაჩევას განუყრელი ნაწილი გავმხდარვარ. ვერ მივიწყებდა.
- ჰო, ლამის სამი თვე და უფრო დავრწმუნდი, რომ... მე ახლა ზანქანთან შევალ და ვეტყვი, რომ შენ ჩემი ცოლი ხდები.
- არა! - მყისვე შესძახა ბაჩევამ.
კვლავ არ ვიჩქარე. მის შეძახილზე კი ღიმილი მომერია. ვხვდებოდი, ასე რატომაც ყვიროდა - თავის თავს ჩასძახოდა, თავის თავს უფრო არწმუნებდა, ვიდრე მე.
- ბაჩე, ყური მიგდე, მე ეუდა ბენ იოშუაყი, ახლა შევდივარ ზანქან ზორაბაბელთან და ვეუბნები, რომ შენ გირთავ ცოლად.
- არა, არა, არა! - იყვირა ბაჩევამ და ზურგი მაქცია.
- ბაჩე, მე მიყვარხარ შენ, ჩემს სიცოცხლეს შენ მიეცი აზრი.
- გაჩუმდი, გაჩუმდი, გაჩუმდი! - იყვირა ბაჩევამ.
სიტყვა პირზე შემეყინა. გული ყელში მომაწვა. თვალში უშუს სურათი მომხვდა. გადავწყვიტე ხელში ამეღო და ნახატი ნაფხრეწებად მექცია. ეს იყო, ჩემსა და ბაჩევას შორის მაღალ ყორესავით ეს აღმართულიყო და გვაშორიშორებდა. წამოვდექი. ნახატისაკენ აუჩქარებლად გადავდგი ნაბიჯი, ხელში ავიღე. უშუს გადამდები ნაღველი ჩადგომოდა თვალებში, რაღაცას მავედრებდა. კი, კი, აშკარა იყო, რომ მიცვალებული რაღაცას მევედრებოდა. თავი ავწიე, ბაჩევა შეძრწუნებული მიყურებდა, სუნთქვა შეკვროდა. რამ მიხსნა, რამ გადამარჩინა, დღესაც არ ვიცი - უმალ მივხვდი, თუ მე ახლა ამ ნახატს დავფხრეწდი, ბაჩევას სამუდამოდ დავკარგავდი - არა მხოლოდ ჩემი არ გახდებოდა, შემიძულებდა. დღეს მე მას არც ვუყვარდი და არც - ვძულდი, დღეს მე მას ვახსოვდი. დღეიდან კი მისი გულის ფიცარზე ჩემდამი სიძულვილი აღიბეჭდებოდა. ნახატს კიდევ ერთხელ დავაცქერდი: ,,კარგია, ძალიან კარგია“ ვთქვი და ფრთხილად დავაბრუნე ადგილზე. ბაჩევამ ამოისუნთქა. მის თვალებში მადლიერება დავანდა, მე კი უპირატესობა ვიგრძენი და ხმადაბლა ვთქვი:
- დაიხსომე, ბაჩევა: შენ ჩემი ცოლი გახდები. იქნება ეს ერთ კვირაში მოხდეს, იქნება ერთ თვეში, იქნებ, ამაღამაც. შენი დიდედის თვალებში შიში ჩადგა. - ნუ შიშობ, ბაჩე, მე მჯერა, რომ ჩვენ ბედნიერი ვიქნებით - ვუთხარი და ბაჩევას ოთახიდან აუჩქარებლად გამოვედი. ზანქანის სახლის ყოველი კუთხე-კუნჭული კარგად ვიცოდი. ისიც ვიცოდი, რომ მალე ყველა ძილს მისცემდა თავს. ამიტომ ბიზანტიურად მოწყობილ სასტუმრო ოთახში შევედი, კარი მოვიხურე და ბალიშებში ჩავეშვი.
წინ გრძელი ღამე მედო. ახლა ვარ ძილდარეული, თორემ სიჭაბუკეში ეგეთი წესი მქონდა: როცა მინდოდა, მაშინ დავიძინებდი და როცა საჭიროდ მიმაჩნდა, მაშინ გავიღვიძებდი. მამლის მეორე ყივილისას კი ყოველთვის მეღვიძებოდა. ახლაც უმალ ძილს მივეც თავი. მამალმა მეორედ რომ იყივლა, უკვე ფეხზე ვიდექ. ღმერთს შემწეობა ვთხოვე და სასტუმრო დარბაზიდან ფეხაკრეფით გავედი. ბაჩევას ოთახის კარიც უხმაუროდ შევაღე. მძინარე ბაჩევას პირი ისე ავუკარი, არაფერი გაუგია. ხელებს რომ ვუკრავდი, გაეღვიძა, აწრიალდა, გაიბრძოლა, მაგრამ უკვე გვიან იყო, თავისსავე საბანში კარგად გავახვიე, მხარზე ნაბადივით გადავიდე და ზანქანის სახლ-კარი სირბილით დავტოვე. ბაჩევა თავდახსნას ცდილობდა, ფეხებს ფერდში მიშენდა, ერთი-ორჯერ მკერდზეც ამომკრა მუხლი, მაგრამ რას დამაკლებდა. სანამ ცხენთან მივირბენდი, ორჯერ ვუთხარი, ფეხმძიმე ქალს ამდენი წრიალი არად არგებს-მეთქი. მაინც არ ისვენებდა. ცხენი იქ დამიხვდა, სადაც დავტოვე. ღამის მყუდროება ცხენის ჭიხვინმა დაარღვია.
შენი დიდედა სახლში მივიყვანე, საძინებელ ოთახში გავხსენი და ვუთხარი:
- მომილოცავს, შენს სახლში ხარ!
- ახლავე გამიშვი, ამ წუთში!
- ფეხმძიმე ქალს არც ყვირილი რგებს, არც ხტუნაობა. შენი საცვლები და ტანსაცმელი აგე აქ არის, ყველაფერი ახალია, ხელუხლებელი, ღამე მშვიდობისა! კარი კარგად ჩავკეტე და ჩემს ოთახში შევედი.
- მერე? - ჰკითხა შვილთაშვილმა ეუდას.
- მერე რა, აი, ამ დღემდე შევრჩით ერთმანეთს. შენი დიდედა გუშინწინ დავასაფლავეთ.
მეორე დღეს ბაჩევა ლოგინიდან რომ წამოდგა, ტანსაცმელი მოათვალიერა, ჩაიცვა. ცდილობდა კარგად მოერგო ტანზე. ეუდა ჭურჭუტანიდან უმზერდა, თუ როგორ შეარჩია ბაჩევამ მაგიდაზე დალაგებული ხმელი ხილი, როგორ შეჭამა.
კიდევ ერთი ღამე მოითმინა ეუდამ - არ შევიდა ბაჩევასთან. მესამე დილას ბაჩევამ ლოგინიდან ადგომა არ იჩქარა. თვალმოჭუტული, გარინდებული შესცქეროდა ჭერს. მერე ადგა, ტანთ ჩაიცვა, თმა გაიშალა, დაივარცხნა, ხმელი ხილი ჭამა და სოლომონის გალობათა გალობის კითხვა იწყო. ეუდამ შულამითის სიყვარულის წიგნი ადრევე დაუდო მაგიდაზე.
დღე შეუმჩნევლად გაილია. ქალაქის ქუჩებში ბინდმა დაისადგურა, ფრინველებმა საბუდარს რომ მიაშურეს, ბაჩევამ ძილს მისცა თავი. ეუდას შესვლამ დაუფრთხო ძილი. ეუდამ ჭრაქი მაგიდაზე დადო და ხალათი შეიხსნა. ერთხანს უხმოდ შესცქეროდა თვალებში შიშჩამდგარ ბაჩევას. ბაჩევამ თავზე საბანი გადაიფარა. ეუდამ სოლომონის გადაშლილ წიგნს ჩახედა, კითხვა იწყო:
- ო, რა მშვენიერია შენი ფეხები ფეხსამოსებში, დიდებულთა ასულო. შენი თეძოების სიმრგვალე სამკაულია - ქმნილი ხელოვანთა ხელით. შენი უპე მრგვალი თასია, ღვინით მუდამჟამ სავსე - ეუდა ჯერ უხმოდ კითხულობდა, მერე მისი ხმა გამოიკვეთა, საბნის ქვეშ აცახცახებულ ბაჩევას მისწვდა, შვება აგრძნობინა. ბაჩევა ლოგინში გაიმართა, საბანიც კი გადაიწია და ეუდას გამოხედა, ეუდა კითხულობდა - შენი მუცელი ხორბლის ხვავია შროშანებით გარშემორტყმული, შენი ორი ძუძუ ორი ნუკრია, ტყუპები ნიამორისა, შენი ყელი სპილოს ძვლის კოშკია, შენი თვალები ხეშბონური ტბებია... რა მშვენიერი ხარ და რა საამო, საყვარელო ფუფუნებათა შორის! შენი ტანადობა ჰგავს ფინიკს და შენი ძუძუები მტევნებს, ვთქვი ავალ ფინიკზე, მოვეჭიდები მის ტოტებს... - ეუდამ წიგნი ნელ-ნელა დახურა, ოსტატის მიერ მოჭედილ გარეკანს დააცქერდა, ჭრაქი ჩააქრო, ხალათი გაიხადა და ბაჩევას ლოგინს მიაშურა.
და დაეუფლა ეუდა ბაჩევას.
ღამე იყო ქალის მორიდებული, მოკრძალებული ალერსისა, და კაცისაგან ქალის შეცნობისა.
დილას, საუზმისას ბაჩევამ იკითხა: - ზანქანი?
- წავალ და ყველაფერს მოვახსენებ.
- ყველაფერს? - ხაზგასმით იკითხა ქალმა. მერე დასძინა - ორივე წავიდეთ.
- არა, შენ შინ იქნები - თქვა ეუდამ და ქალს მზერა შეავლო. ქალმა არაფერი თქვა.
![]() |
32 მეფედკურთხევა ანუ მეფე ცოცხალია, გაუმარჯოს მეფეს! |
▲ზევით დაბრუნება |
დღეს ქუთათელი ეპისკოპოსი იმ ხნისაა, რა ხნისაც მოსე წარსდგა ეგვიპტის ფარაონის წინაშე.
მძიმე დღეები დაუდგა ამ ხნის კაცს - ამიტომ ლოცვად დამდგარი აღამებდა. მზის ამოსვლასაც ლოცვით ეგებებოდა - ღმერთს ამერ-იმერში მშვიდობასა და მეფე თამარის სვეს ავედრებდა. დღემდე ლოცვა სიამედ და ლხინად უჩნდა. ცხადია, სიამე არ ქანცავდა, ახალისებდა, ხანით ძალაწართმეულ, უღონო სხეულს უმსუბუქებდა, სულს კი მხნეობას მატებდა.
აჰა, მზე ჩადის და ეპისკოპოსი ლამის დაედევნოს, ლამის ხელი წაატანოს, ნუ ჩახვალ, ნუ გაგვეცლებიო, მაგრამ იცის ქუთათელმა, ვერას გახდება - რამდენიც არ უნდა ირბინოს, ვერც ხელს წაავლებს და ვერც შეაჩერებს. არადა, არაფრით არ სურს მზის ჩასვლა: ჩასული მზე ისევ ამოვა, უსათუოდ ამოვა. მზის ხელახლა ამოსვლა კი სიკეთეს არ უქადის საქართველოს.
ეპისკოპოსი აივანზე გამოვიდა. თავისი დიდებულებით კმაყოფილი ქვეყნიერების ნარინჯოვანი გვირგვინი ზღვის მხარეს ეშვებოდა. ეპისკოპოსი კი ნატრობდა არსად წავიდეს, ეს დღე გაგრძელდეს, დღე უსასრულობად იქცესო, მაგრამ მზე მის ნატვრას არად აგდებდა - აუჩქარებლად ეშვებოდა ზღვისაკენ და უღონო სხეულის ყოველი ნაწილის ტკივილით დამძიმებულ ღვთისმოსავს მარტოკა ტოვებდა ღვთის მცნებათა იავარმქმნელ ადამიანებს შორის.
გარემო ბინდში იძირებოდა.
- ხვალ მომაკვდინებელი ბინდი დაედება მთელ ჩემს სამშობლოს!
რა იღონოს, რა ჰქნას ეპისკოპოსმა, როცა ლოცვას ძალა აღარა აქვს?
მზე წავიდა, ღრუბლებს სიშავე დაედოთ - ირგვლივ რუხმა ფერმა დაისადგურა, მერე მრუმე სიბნელეც ჩამოწვა, მაგრამ აივანზე მჯდარმა ვერარა აზრს ვერ მიაგნო.
- არა, არ იქნება, ხვალ მეფის კურთხევა არ უნდა გაიმართოს! - ეს მტკიცედ სწამს, მაგრამ როგორ მოერიოს ბოგოლუბსკის ამდენ მოთაყვანეს, ისეთი რა მოიმოქმედოს, რომ ქვეყანაში, რომელსაც ჰყავს მეფე თამარი, უცხო კაცი არ ეკურთხოს მეფედ.
როგორ, რა ამბით მიიღეს იური ბოგოლუბსკი - თითქოს მესია მოევლინა ივერთ ქვეყანას. ზღვიდან მოყოლებული გეგუთამდე ისე მოვიდა - ხალხის ყიჟინით, სიხარულის შეძახილებით - თითქოს აღმაშენებელმა დავითმა ინება მეორედ მოსვლა.
- რატომ, რისთვის, ღმერთო, გამჩენო ქვეყნიერებისა, მზეთამარის ქვეშევრდომი უცხოს წინაშე ასე რად ვიჩოქებთ?
ამ დილით გუზან ტაოსკარელმა - წარბშეკრულმა და მრისხანედ მომზირალმა ჩასწყვიტა გული - მოკლედ ბრძანა: ხვალ ბოგოლუბსკი მეფედ უნდა ვაკურთხოთ. გიორგი - მეფე საქართველოსი.
ქუთათელმა ეპისკოპოსმა მეფედ უნდა აკურთხოს ის, ვინც მეფე თამარმა საქართველოდან გააძევა - ნავი ოქროვერცხლით, ათასგვარი ნობათით აუვსო, ოღონდ საქართველოს მშვიდობით გაეცალეო.
- არა ქმარყოფილად, იმას უკვე ჰყავს ახალი ქმარი - ძე ჯადორნისა სოსლან დავითი. ჩვენ იმას ხეზე ჩამოვკიდებთ, ბოგოლუბსკი ნამდვილ მეფედ უნდა ჩავიდეს ქალაქს - ბრძანა ტაოსკარელმა - განა ცოტა ოფლი და სისხლი ღვარა საქართველოსთვის!
- რას ბრძანებ, გუზან დიდებულო, როგორ იქნება!
გუზანი უხმოდ მიაჩერდა ეპისკოპოსს. მის მზერაში ბრაზი იკითხებოდა. მერე ლამის დამარცვლით თქვა:
- ეპისკოპოსო, ივერთ ქვეყანა დიდებულთ უნდა მართონ. მეფე კი ღიმილიანი, კდემამოსილი უნდა ჯდეს ტახტზე. თამარი არაფრად გვაგდებს. ხვალ მუდამ მომღიმარი და დამყოლი ბოგოლუბსკის კურთხევა გვაქვს. თუ შენ ამას არ ინებებ, ქუთათელთა ეპისკოპოსი სხვა იქნება - ის, ვინც ბოგოლუბსკის კურთხევას შესძლებს.
- მე ვილოცებ თქვენთვის, ტაოსკარელო!
- დრო აღარ ითმენს, დედაქალაქზე ლაშქრობას ვიწყებთ. წინ მეფე უნდა წაგვიძღვეს.
ეპისკოპოსმა პირჯვარი გადაიწერა.
- ვილოცებ, მე უსათუოდ ვილოცებ თქვენთვის, ტაოსკარელო!
ხედავს, გუზან ტაოსკარელმაც რომ არ თქვას, ისედაც ხედავს ეპისკოპოსი, რომ დედაქალაქზე სალაშქროდ ემზადებიან.
ყველა გამდგარი აქ არის - გეგუთში თავი მოუყრიათ გუზან ტაოსკარელს - კლარჯეთისა და შავშეთის ერისთავს, ბოცო ჯაყელს - სამცხის სპასალარს, მეჭურჭლეთუხუცესყოფილი აბულასანიც აქ არის, ცხადია, ბოგოლუბსკის არ სცილდება. გამდგარი მსახურთუხუცესი მეფე თამარისა ვარდან დადიანი ჯარს დასტრიალებს.
სამცხე-ჯავახეთშიც იკრიბება ჯარი. სამცხე-ჯავახეთიდან უნდა შეუტიონ მეფე თამარს. ყველაფერს კარგად ხედავს ეპისკოპოსი, ხედავს, რა შავი დღე უთენდება საქართველოს.
ეპისკოპოსი აივნიდან ჩამოვიდა. გეგუთის ველისაკენ გაემართა. იქ იმერთა და ოდიშთა ჯარია დაბანაკებული. გეგუთის კარის ეკლესიის მოძღვარი დევისხელა ყვარყვარე შორიახლო მოსდევს ორ მღვდელთან ერთად. ,,ბოგოლუბსკის მეფედ კურთხევა იმას ნიშნავს, ტფილისისაკენ გზა დავულოცო, ნუთუ, უფალი ინებებს ასეთ რამეს“? ,,ჩემი შვილების, შვილიშვილების დასახოცად უნდა გავუშვა ბოგოლუბსკი?!“ კათალიკოსი შედგა, ფიქრს შეუჩერდა. ,,გადამთიელთან რა ხელი მაქვს! ჩემმა შვილებმა მოიხმეს იგი, იფიქრებდა კი ქართულ მიწაზე ფეხის დადგმას, რომ არა ჩემთა შვილთა ღალატიანი ბუნება? როდის ყოფილა, როდის გაუმარჯვნია მტერს ჩვენზე? მხოლოდ მაშინ, როცა ჩვენ ეს ძლიერ მოგვინდომებია“
ეპისკოპოსი კვლავ დაიძრა. მოლაშქრეებს კოცონები დაენთოთ. ლაშქარს ახალ ამოსული მთვარე დაჰნათოდა. ერთ კოცონთან, სადაც კულაშელი მოლაშქრენი შეკრებილიყვნენ, ფილხაზუნა ხელში ხანჯალს ათამაშებდა და ბეჩუ ცხენისწყლისპირელს ეკითხებოდა:
- გორი მართლა ქალაქისკენ არი? გორში ჩავალთ?
- რა გინდა ამ გორში, რა დაგრჩენია იქ, რა გამიწყალე გული!
- დედა! რავა რა დამრჩენია - ძმა და და, ნამდვილი და-ძმა!
- აბა, შენ იმერელი კი არა, იქაური ყოფილხარ, ჩვენთან რა გინდა! - გაიცინა ოჩიამ.
ბეჩუმ კი თავი გააქნია და ფილხაზუნას მესამედაც ის უპასუხა, რაც პირველსავე შეკითხვაზე.
- ჩავალთ, რავა არ ჩავალთ, გზაზე თუ არ მოგვიღეს ბოლო!
- მეფე თამარს ახალი ამირსპასალარი ჰყოლია - თურმე ხმალი არ სჭირდება, ერთი გამოხედვით მოცელავს ას კაცს, - თქვა ოჩიამ.
- აბა, მთელი კულაში მის ერთ შეხედვას გადაყოლია! - წამოიძახა სინომ.
- რავარც კი გორში დავადგამთ ფეხს, მე ძმასთან გავიქცევი, ვიცი, სადაც არი - ბაზარში.
- წადი, ბიძია, წადი, ძმის ნახვა ყველაფერს სჯობია!
- მართალია მაგი? მაგ ამირსპასალარს ხმალი არ უნდა?! - ოჩიას მიუბრუნდა სინო.
- ხმალი ცეცხლისმფრქვეველი ჰქონია, თურმე - ერთი თუ მოიქნია, მთელი ლაშქარი სასაფლაოზეა წასაღებიო.
- მაინც რამდენი დღე გვინდა გორამდე - ერთ კვირაში ჩავალთ? - ისევ ბეჩუს მიუბრუნდა ფილხაზუნა - ხანჯალი ცეცხლს შეკეთებულ ჯორკოს ესროლა - ოთხ თითზე, ოთხ თითზე!
მთელმა კულაშმა იცოდა, ბეჩუ სამ ომში იყო ნამყოფი, ქვეყნიერება ხელისგულზე უდევსო. ამიტომ ყველაფერს მას ეკითხებოდა ფილხაზუნა.
- კარგი, ფილხაზუნა, დამანებე თავი, ჩემი მაკმარე!
მართალია, ფილხაზუნა კულაშელთა რაზმში იყო, მაგრამ წარმოშობით აღმოსავლეთ საქართველოდან გახლდათ. გორთან ახლოს, ბრეთში დაიბადა. ბატონმა ქალიშვილი კულაშელ მიქელაძეზე რომ გაათხოვა, ორი ოსის, ხუთი ქართველის და სამი ებრაელი ყმის ოჯახი მზითევში გაატანა. მიქელაძემ იმ სამი ებრაელის ოჯახს კულაშის ბოლოს - ჯვარცმის მინდორთან ღელის პირას მიათითა, აი, იქ დასახლდით, სოფელს რამე არგეთო. ფილხაზუნას მამას - იერემიას ცხრა შვილი ჰყავდა, შვიდი კულაშში წამოიყვანა, ორი კი გორში დატოვა: ქალი გათხოვილი გახლდათ, ვაჟი - ნამთალია კოჭლ იეხისკელთან ოქრომჭედლობას ეუფლებოდა. ისიც დაოჯახებული. მაშინ ფილხაზუნა თორმეტი წლის ყმაწვილი იყო და მამის სამჭედლოდან არც იქ, ბრეთში და არც მერე აქ, კულაშში - იერემიამ კულაშშიც სამჭედლო გამართა - არც დღე გამოდიოდა და არც - ღამე. სწორედ ეგრე იყო. ქოხში ყველანი ვერ ეტეოდნენ და ფილხაზუნას სამჭედლოში ეძინა. ისეთი მჭედელი დადგა, მიქელაძე ხშირად ამბობდა, ეს რა ოქროს ხელება ოჯახი მამზითვა მოყვარემაო. ფილხაზუნასათვის ხანჯლის გამოჭედვა ყველაზე დიდი სიამოვნება იყო. დანარჩენს ყველაფერს: ნამგალი იქნებოდა, ცელი, ნალი, თუ სხვა, მამამისს მიუყრიდა, გულსაც ვერ უდებდა. ხანჯლის ჭედვა კი სიხარულს ანიჭებდა. ტარსაც ისეთს გაუკეთებდა, მიქელაძეს, მის სტუმრებს, თვალი ზედ რჩებოდათ. ჯიხაიშიდანაც კი მასთან ჩამოდიოდნენ, ფილხაზუნას გაჭედილი ხანჯალი მინდაო. ჯიხაიშელები რაღა სახსენებელია, როცა ლორთქიფანიძეები ფილხაზუნას გაჭედილი ხანჯლით იმშვენებდნენ წელს.
ხანჯალი ფილხაზუნას სხეულის ნაწილად იქცა. ძილში არ ეჭირა ხელში, თორემ მუდამ თან ჰქონდა, მუდამ ხელში ათამაშებდა, ჰაერში ააგდებდა, შეათამაშებდა, დაიჭერდა, ნეკა თითზე ხანჯალს წვერით რომ დაიდებდა, ორასამდე ისე აითვლიდა, ხანჯალი არც შეირხეოდა. სამჭედლოს ახლო-მახლო ხე აღარ დარჩა, ფილხაზუნას ხანჯლებით რომ არ ყოფილიყო დასერილი. ჯერ ათი, მერე თხუთმეტი, მერე კი ოცი ნაბიჯიდან ესროდა ხეს ხანჯალს - ისიც იტრიალებდა, იბზრიალებდა, გადაყირავგადმოყირავდებოდა და ისე ჩაერჭობოდა ხეს, თითქოს იქ მაგნიტი იზიდავდა. ჩვიდმეტი წლისას, ეს ამბავი სულ ახლახან იყო, ფესახის დღესასწაულისათვის, მკლავში ძალა მოემატა - ხეში ხანჯალს სამი თითის დადებაზე არჭობდა.
ტყეშიც - ტურამელას ოცი-ოცდახუთი ნაბიჯიდან ნასროლი ხანჯლით ხოცავდა - რამდენიმეს ყელშიც კი გაურჭო. ამას წინათ გლახუნა ჭორფლიანმა თხოვა, თხა მყავს დასაკლავი, ამის სირბილის და ფეხების შეკვრის ღონე რა ხანია დრომ წაიღო, მიშველე რამეო. ფილხაზუნას ასეთი რამ არ ეზარებოდა - ესროლა. თხის ყელში გარჭობილი ხანჯალი საბრალოდ ქანაობდა. თხა მალე ჩაიკეცა კიდეც.
- რამდენი ხანი გავჩერდებით გორში? - იკითხა ფილხაზუნამ.
- ე, ბიჭო, ნუ ამომხადე სული მაგ შენი გორით, სასეირნოდ მიშავდები, თუ ომში მიხვალ! - გუნებაზე ვერ იყო ბეჩუ.
ფილხაზუნას რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ ოჩიამ ანიშნა, გაჩუმდი, შეხე, ვინ მოდისო. ფილხაზუნამ მათკენ მომავალი ქუთათელი ეპისკოპოსი დაინახა და წამოიძახა:
- დედა, ეს რამხელა კაცი მოსდევს უკან! - გამხდარ, ჩია ტანის ეპისკოპოსს გეგუთის კარის მოძღვარი მოსდევდა. ეპისკოპოსმა აუჩქარებლად ჩაიარა. ოდიშელ მოლაშქრეთა მხარეს მიაშურა. ოდიშელები ტკბილად მღეროდნენ. სევდიანმა სიმღერამ ეპისკოპოსს კიდევ უფრო წაუხდინა გუნება. შედგა და ერთ ხანს მომღერლებს შესცქეროდა. დიდხანს ვერ გაუძლო სიმღერას, ნაღველმორეული გამობრუნდა უკან, კარის ეკლესიისაკენ. მოძღვარს უთხრა: ,,მლოცველთ უხმე, ეს ღამე ვედრებაში უნდა გავლიოთ, იქნებ, განსაცდელისაგან დაგვიფაროს“
იმ ღამეს გეგუთის კარის ეკლესიაში ლოცვა არ განელებულა.
ის დღეც - კვირა - გათენდა, რომლის დადგომაც ასე არ ეწადა ქუთათელ ეპისკოპოსს.
გეგუთს უამრავი ხალხი მოაწყდა. მეფედ ახალ, უცხო კაცს აკურთხებენო - ხალხს ახალი მეფის ხილვა ეწადა. სამეფო სასახლისაკენ კი აღარავის უშვებდნენ, მისულნი ქუჩა-შუკებში იმის იმედით იდგნენ, იქნებ, ახალმა მეფემ ჩამოიაროს და თვალი შევავლოთო. ბოგოლუბსკის კი გეგუთის ქუჩა-შუკებში სასეირნოდ არ ეცალა - კარნუ ქალაქიდან თან ჩამოყვანილ ერთ ნაზად მოსაუბრე, თვალმოციმციმე ფუმფულა გავის პატრონ ყმაწვილ კაცთან ერთობოდა. ამ ყმაწვილ კაცს ერთი უცნაური ჩვევა ჰქონდა - საქართველოს მომავალ მეფეს ლაპარაკის ღირსად არ ხდიდა, უსიტყვოდ, მზერით, თითების მოძრაობით მიანიშნებდა თავის სურვილს. მომავალი მეფეც სიხარულით უსრულებდა, ასე მოჩანდა, რომ ეს ყმაწვილი კაცი ქვეყნიერების ყველაზე ლამაზ ქალთა გუნდს ერჩია, ის, თვალმოციმციმე და ნაზად მოსაუბრე ყმაწვილი კი ავი ზნის ქმარივით მბრძანებლობდა ბოგოლუბსკიზე.
ბოგოლუბსკი მოსალოცად მოსულ ქართველ დიდებულთ ხელს რომ ართმევდა და ,,მადლობტ შენი ჩირიმე“, ,,მადლობტ შენ გენაცვალე“ ეუბნებოდა, ის ყმაწვილი გვერდით ედგა და დროდადრო რაღაცას ანიშნებდა - ნამოქმედარს ხან უწუნებდა, ხანაც უწონებდა. ერთგულების დასადასტურებლად მოსულ თავადებს კი ბოლო არ უჩანდათ - მოდიოდნენ და მოდიოდნენ. ფეხზე დგომით, სიცხით დაქანცულმა ბოგოლუბსკიმ აბულასანი იხმო: ,,მე ამათ არ ვიცნობ, ერთგულება შენ დაგიდასტურონ, შენ უფრო დაიმახსოვრებ.“ აბულასანმა მყისვე შეაგება:
- ეგ ამბავი ხალხს შენ უნდა გამოუცხადო, ხალხმა უნდა იცოდეს, რომ შენა და მე განუყოფელი, ერთი ვართ.
ბოგოლუბსკიმაც არ დააყოვნა, ხალხს სწორედ ისე გამოუცხადა ყველაფერი, როგორც აბულასანმა უთხრა და დარბაზიდან გავიდა. გზად გუზან ტაოსკარელი მიეგება.
- კურთხევას რამდენ ხანში ინებებ, მეფეო?!
- აბა, რა ვიცი, აი, ამას ჰკითხეთ! - გაიღიმა და ხელები გაშალა ბოგოლუბსკიმ.
გუზან ტაოსკარელს ღვინის სუნი ეცა. მეფეს თვალები უელავდა, იღიმოდა.
- აბულასანსა?! - გუზან ტაოსკარელმა აბულასანს გადახედა, სიბრაზე ამ მზერაში მოაქცია. ბოგოლუბსკიმ კი ისევ დატუქსული ბავშვივით გაიღიმა - მეფე შენა ხარ, შენი ნება მამცნე! - კბილებს შუა გამოსცრა ტაოსკარელმა. მერე წარბშეკრული აბულასანს მიუახლოვდა და უთხრა: ,,მეფე თავს გვჭრის, აბულასან!“ აბულასანს ახლა სხვა საფიქრალი ჰქონდა. მეფემ დიდი ამბავი აუწყა ხალხს: ჩემთან სათქმელი, აბულასანთან თქვით, ეს ერთი და იგივეაო. ამიტომ გუზანს მშვიდად დაუქნია თავი და გადაუჩურჩულა: ,,ნუ აჩქარდები, გუზან, რახან მეფეს ეგრე ჯიუტად სურს ჩემი მეორე კაცობა და ხალხსაც ასე გამოუცხადა, ყველაფერს მოვუვლი.“
გუზან ტაოსკარელი აბულასანის სიმშვიდემ გააღიზიანა, არც აბულასანის ახალი როლი უხარებდა გულს და თქვა:
- ქართველნი ამას ვერ აიტანენ, აბულასან, კაკლის საბერტყი კეტებით გამოგვიდგება ხალხი.
აბულასანმა გაიღიმა:
- ხალხმა ისეთი რამ შეირგო დედის რძესავით, ეგ რა მოსატანია. ხომ ხედავ, რა რიგი დგას. ეს ხალხი არ არის? ან იქნებ, ის გგონია, არაფერი იციან! ნუ აღელდები და ნურც იჩქარებ, გუზან, ყველაფერი კარგად იქნება. ახლა მთავარია, მეფის კურთხევა რიგიანად ჩავატაროთ.
მზე რომ გადაიწვერა და კარის ეკლესიის გუნდმაც ,,უფალო შეგვიწყალენ“ წამოიწყო, ბოგოლუბსკის მომყოლმა ყმაწვილმა შემოთვალა, ,,ნუთუ, მეფის კურთხევის დრო არ დადგა?!“
ეპისკოპოსი მოიკითხეს. ცოტა ხანში აბულასანს მოახსენეს ეპისკოპოსი არსად ჩანსო. აბულასანის თვალებში ელვა გაკრთა და ბრძანა ახლავე, დაუყოვნებლივ მოძებნეთ და აქ მომგვარეთო. კლესიაში, სახლში კუთხეკუნჭული არ დატოვეს გაუჩხრეკავი. ეპისკოპოსი ვერსად იპოვეს. აფხაზთა კათალიკოსმა
დემეტრეს ძემაც თვალი რომ ვერსად მოჰკრა, ეპისკოპოსი მოიკითხა. არსად ჩანს, აბულასანის ხალხი კი გაშმაგებული დაეძებსო, უთხრეს. ამის გამგონე დამეტრეს ძეს გული გაუმზიანდა. ,,მუდამ ნამდვილ ქრისტიანად და მამულიშვილად მიმაჩნდა ეგ კაცი“ გაიფიქრა და მოსალოცად ჩამწკრივებულთ ზიზღით მოავლო თვალი. ცოტა ხნის შემდეგ კი დაასკვნა: ,,თუ ეპისკოპოსი ვერ იპოვეს, მე მომადგებიან, მე მთხოვენ ვაკურთხო მეფე საქართველოსი“ იმაზე დაიწყო ფიქრი, დარბაზს, რომელშიც ასეთი ცოდვა უნდა დატრიალებულიყო, შეუმჩნევლად როგორ გასცლოდა. ვერარა ხერხი რომ ვერ იპოვა, ფიქრს თავი ანება, „მე ღმერთის იმედით დავდივარ ყველგან,“ შეუძახა თავს და დინჯად, აუჩქარებლად გაეშურა გასასვლელისაკენ. მზერადახრილი მიაბიჯებდა. იმას ნატრობდა, არავინ მკითხოს საით, ან რისთვის მიბრძანდებითო: დარბაზს რატომაც ტოვებდა, იმის თქმა არ იქნებოდა, არც სიცრუის თქმა ეწადა, დაჯერებული ნაბიჯებით, აუჩქარებლად ეცლებოდა იქაურობას. სახეგაბრწყინებულ დიდებულთა ერთ ჯგუფს რომ ჩაუარა, ვარდან დადიანს ჰკიდა თვალი, სუნთქვა შეეკრა, ფეხს აუჩქარა. მადლობა ღმერთს, საუბარში გართულმა ვარდან დადიანმა ვერ შეამჩნია, თორემ უთუოდ ჰკითხავდა, სად მიბრძანდებით, სადაცაა მეფის კურთხევას ვიწყებთო.
დემეტრეს ძემ აივანზე შვებით ამოისუნთქა. ეზოში, ქუჩა-შუკებში შეკრებილ ხალხს გადახედა: ,,ღმერთმა გაპატიოთ ეს აჩქარება, დაუნდობლობა, ყველას გაპატიოთ მამა-ზეციერმა“ - გაივლო გულში.
აბულასანმა ბრძანა, ეპისკოპოსის მძებნელ ქუთათელთა ყოველ ჯგუფს ორ-ორი ტაოელი გაჰყვეს, მთელი გეგუთი, მის ახლო-მახლო ყველაფერი გაჩხრიკეთ, ეპისკოპოსი მომიყვანეთ, თორემ მის ღალატს თქვენისად ჩავთვლიო. ეპისკოპოსისას არც საწოლი დატოვეს გაუჩხრეკავი, არც - ბოსელი, ყველგან ამაოდ ეძებეს, სადაც კი ადამიანის ყოფნა შეიძლებოდა. ცოფმორეულმა მეჭურჭლეთუხუცესყოფილმა აფხაზრთის კათალიკოსი დემეტრეს ძე მოიკითხა, ისიც, რომ ვერსად იპოვეს, გუზან ტაოსკარელს გადაულაპარაკა, „როგორ იქნება, ასეთ პატარა ქვეყანაში ამდენი მოღალატე იყოს!“ რაზეც ტაოსკარელმა მშვიდად მიუგო: „ამდენი მოღალატე რომ გვყავს, მცირეც მისთვის ვართ, ერთგულო მამულიშვილო“. აბულასანს კიდევ ეწადა რაღაც ეთქვა მოჭარბებულ მოღალატეებზე, მაგრამ გეგუთის კარის ეკლესიის მოძღვარი ყვარყვარე
დაინახა და ხმამაღლა მიმართა:
- მიტროპოლიტო, აკურთხე მეფე საქართველოსი - ბოგოლუბსკი გიორგი, აღასრულე ნება საქართველოს ამერ-იმერისა.
- აბა, საიდან, ბატონო და პატრონო ჩემო, მე რო მიტროპოლიტი ვიყო!.. - მოძღვარს ხმა აუკანკალდა.
- ამ დილიდან შენ მიტროპოლიტი ხარ, ასეთია ნება საქართველოს მეფისა, დროს ნუღარ კარგავ! - აბულასანი შეკრებილთ მიუბრუნდა, - დიდებულნო, მიტროპოლიტი იწყებს მეფე გიორგის კურთხევას, გესმოდეთ და გჯეროდეთ მიტროპოლიტისა!.
მოძღვარი მხრებში გაიმართა, წელში გასწორდა. ამაღლდა და უფრო მხარბეჭიანიც გამოჩნდა. გუნდმა რომ მეფის სადიდებელი გალობა წამოიწყო და შეზარხოშებული ბოგოლუბსკი დარბაზში შემოიყვანეს, მოძღვარი სახეგაბრწყინებული მიეგება. მერე ისე დასჭექა, ისე საამოდ ღაღადებდა, გიორგი ბოგოლუბსკის გვერდით მდგარი თვალმოციმციმე ყმაწვილი მოხიბლული, პირდაღებული შესცქეროდა. ყვარყვარესაც ძლიერ მოსწონდა თავისი ღაღადისი, ალბათ, ამიტომ გაუგრძელდა კურთხევა. სიხარულიც ერეოდა. მთვრალი იყო სიხარულით - მოულოდნელად დღევანდელი დღე ისე იღბლიანი გამოდგა, ვერც კი იოცნებებდა - ახლა უკვე მიტროპოლიტია. ბოგოლუბსკის თავზე გვირგვინი, როგორც იქნა, დაადგა. ღაღადისს კი კვლავაც განაგრძობდა. კურთხევა ისე გაუგრძელდა, ბოგოლუბსკიმ თქვა:
- ჰო, კარგით, საკმარისია, ბევრი საქმე გვაქვს, დროს ვკარგავთ - მომყოლ ყმაწვილს ხელი გაუყარა და მეზობელი დარბაზისაკენ გაემართა. დიდებულნი თან მიჰყვნენ. ბოგოლუბსკი - საქართველოს აწ უკვე ნაკურთხი მეფე, სამეფო პურის ჭამას იწყებდა და განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა იმას, თუ ვინ სად დაჯდებოდა.
სუფრას რომ მიუსხდნენ, ყმაწვილ კაცსაც მიაქციეს ყურადღება.
- დიდებული ყმაწვილი ჩანს!
- ეტყობა, ბიზანტიაში გაზრდილობაზედ ეტყობა!
- ამბობენ, გონიერებით და ღვთისმოსავობით არისო სავსე.
- თურმე მთელი ბიზანტიის საქმეებს ეგ განაგებს, ჭკუას მაგას ეკითხებიანო.
- კი, კი, მასეა, მეც გავიგე! - დაამოწმა რომელიღაც დიდებულმა.
ენაკვიმატობით ცნობილმა, ხანმოთეულმა დიდებულმა გრიგოლმა კი სხვათა შორის, გულუბრყვილოდ იკითხა:
- ჩამახვედრეთ ერთი, ნუ დამაყვედრით, მეფე ბატონს რომ ყმაწვილი უმშვენებს გვერდს პატარძალივით, ვინ არის? ამ ჩვენს ღირსეულ მეფეს რა ნათესავად მოხვდება?
დიდებულთ ერთმანეთს გადახედეს. ხმა არავინ ამოიღო. კითხვის დამსმელმა პასუხი რომ ვერ მიიღო, გაოცებულმა მიმოიხედა და შეკითხვა სიტყვა-სიტყვით გაიმეორა, წინადადების დამთავრება არ აცალეს, აქეთ-იქიდან შეუძახეს:
- კაი, ახლა, გრიგოლ ბატონო!
- გადასარევი, მართლა მეფური სუფრა გაუშლიათ!
- შენ ნუ მომიკვდები, არ მოგივიდა კარგი ხუმრობა.
- ბეჩა, ვინ გითხრათ, რომ ვხუმრობ. იმას ვკითხულობ, რა ნათესაობა აქვთ ერთმანეთში-თქვა. თუ იცით, მომაგეთ პასუხი!
- შენ ნუ მომიკვდები, არ არი სახუმარო, ყოლიფერს გეტყვი მერე, ოღონდ...
ამ დროს გუზან ტაოსკარელმა ისე დასჭექა «დიდება მეფეს, მეფეს დიდება», რომ ბოგოლუბსკის მომყოლ ყმაწვილ კაცს სიწითლე მოერია, მზერა გაუბრწყინდა და მეფეს მიუბრუნდა:
- ეს რა ღონიერი ხალხი ყოფილა, რა ლამაზი! - თვალები ისე მილულა, ეტყობოდა, ოცნებამ გაიტაცა.
აბულასანმა ნიშანი მისცა თუ არა, ვარდან დადიანმა ყანწი შეავსო და ახლადნაკურთხი მეფის სადღეგრძელო წამოიწყო. დიდებულნი ფეხზე წამოიჭრნენ. დადიანი საქართველოს ერთგულებაზე, სიყვარულზე, ისე სულისშემძვრელად, მზერაანთებული ლაპარაკობდა, ადამიანს ააცრემლებდა. ვარდან დადიანის სადღეგრძელოს სამცხის სპასალარის ბოცო ჯაყელის ძლიერი მრავალჟამიერი მოჰყვა. ბერძენი ყმაწვილი კი ახლადნაკურთხ მეფეს მიუბრუნდა:
- ბოლოს და ბოლოს ხარ შენ მეფე თუ არა? ხარ თუ არა მეფე?! - ბოგოლუბსკიმ ბიჭს ამაყი მზერა შეავლო - მეფე თუ ხარ, ახლავე უთხარი, უბრძანე, ნუ შეჩერდებიან, სულ იმღერონ და იმღერონ!
- ვეტყვი, მაცალე, ცოტა მაცალე, ძვირფასო!
გუზან ტაოსკარელს ბოგოლუბსკისა და დეზებიანი მამლის გადალაპარაკება არ გამოეპარა და აბულასანს გადაუჩურჩულა:
- ის ბერძენი ყმაწვილი მეფეს გვიმხედრებს.
- არ მოვწონვართ? - აბულასანს გაეღიმა - რა გაეწყობა დიდებულო, რა გაეწყობა!
გუზან ტაოსკარელს ჯერ გაეღიმა, მერე გულიანად გაეცინა.
____________________
1.ლაილა შალომ - ღამე მშვიდობისა.
![]() |
33 გეგუთში |
▲ზევით დაბრუნება |
გიორგი ბოგოლუბსკი ტფილისს ხშირად ნატრობს. რამდენიმეჯერ თქვა კიდეც, ნუღარ ვაყოვნებთ, ქალაქისაკენ გავსწიოთო. ტფილისის მონატრება მას შემდეგ უფრო გაუძლიერდა, რაც კარნუქალაქიდან ჩამოყოლილი ყმაწვილი გვერდით აღარა ჰყავს. მარტოდ დარჩენილი კაცის უსასოობა საღამოობით უფრო ეუფლება. თანამებრძოლნი - აბულასანი, თუ გუზან ტაოსკარელი, ვარდან დადიანი, თუ ბოცო სპასალარი - დღისით სულ თავს დასტრიალებენ, ესაუბრებიან, ჩასძახიან: ამას ეს მივცეთ, იმას ეს წავართვათ, ის ხეზე ჩამოვკიდოთ, ამით სოფელს თავზარს დავცემთო. საღამოს კი ყველა ეცლება. დღისით მეფეა, საღამოს - მარტოშთენილი კაცი. შეთქმულთათვის კი - პატარა ბავშვი, რომელსაც ტკბილი „იავნანათი“ მიაძინებენ, საბანსაც შემოუკეცავენ და თავად სადღაც მიდიმოდიან. ყმაწვილებს ხომ არადა არ აკარებენ მეფეს. მას შემდეგ რაც ბოგოლუბსკიმ გვირგვინი დაიდგა თავს, მთვარემ ორჯერ იცვალა სახე და სასახლეში ერთი ყმაწვილი კაცისთვის არ მოუკრავს თვალი. ღვინოს უხვად უწილბედებენ. ღვინო იმდენია, გინდა ტანი დაიბანე, მაგრამ ,,ღვინოს მაშინა აქვს გემო, გინდა არაყს, როცა ყმაწვილი კაცი გიმშვენებს გვერდს. უყმაწვილოდ ცხოვრება ფუჭია, უაზრო. როგორ მომიკლეს, როგორ გამომაცალეს ჩემი ყმაწვილი»
- ნუთუ, არ დადგა დრო ქალაქისაკენ გავსწიოთ, გეგუთში სული მხდება! - თქვა ამ დილით.
აბულასანმა შუბლი შეიკრა, მერე კი გამოსცრა - სიტყვებში არაფერი განსაკუთრებული არ იყო, ბოგოლუბსკი მიხვდა, ინტონაციით რომ დატუქსა აბულასანმა:
- სხვა რომ არა, შვილიშვილები მაინც ხომ მომენატრებოდა, მეფეო, ისიც არ ვიცი, სად აფარებენ თავსა. ქალაქში ჩასვლას დიდი სამზადისი უნდა, თამარი განა ეგრე იოლად დათმობს ტახტსა. შენ ისეთი მეფე უნდა იყო, ხალხმა მეტი სიმღერა თქვას, ვიდრე თამარზე უმღერია.
ეეჰ, ამგვარ მეფობას ის დრო უჯობდა, როცა მეფის ქმარი იყო - მალულად, გადაცმული, მაგრამ სადაც ეწადა, იქ მიდიოდა, ვისთანაც მოსწონდა, მასთან იყო. კვირაში სამჯერ მაინც სტუმრობდა თათრებს. ახლა კიდევ ეს სასაცილო სიმღერებიო, თამარ მეფეზე მეტი უნდა გიმღერონო. უკვირს ბოგოლუბსკის, ძლიერ უკვირს ამდენი მტრის პატრონმა ქართველმა ხალხმა დღემდე როგორ მოიტანა თავი.
- შინ თუ გარეთ ამდენი მტერი ჰყავთ, მაგრამ მაინც ლხინისაკენ უჭირავთ თვალი. ისე ცხოვრობენ, თითქოს მტრები კი არა, მოყვრები ეხვიოთ თავს. პურის საჭმელად დასხდებიან, ორ ლუკმას შესჭამენ და ისე ამღერდებიან, მტრებიც კი სულგანაბულნი უსმენენ, სიმღერისათვის იმდენ ძალას იმეტებენ, თითქოს ამ წუთში მათი სიკვდილსიცოცხლის საკითხი წყდებოდეს, ღვინის სმაც უყვართ და ლხინისას ბევრი, ბევრი ლაპარაკიც, ჩამავალ მზეს ისე შესცქერიან, როგორც ომში მიმავალ ერთადერთ შვილს, მზის ამოსვლას კი უფლის გამოცხადებად მიიჩნევენ. ამათ წვიმაც უყვართ, წვიმასაც კი უგალობენ.
უწყის, კარგად უწყის ბოგოლუბსკიმ, რომ მოამაგეთა შორის ორი კაცი აუტკიებს თავს - აბულასანი და გუზან ტაოსკარელი. თუმცა... თუმცა, არც ვარდან დადიანი დაუდებს ამათ ტოლს. აჰა, ვარდან დადიანი მსახურთუხუცესი იყო და მეჭურჭლეთუხუცესი გახდება, მამულებსაც აჩუქებს მეფე... კიდევ უფრო გაზრდის მის სამფლობელოს... გუზანი? პატივმოყვარეა, მამულების მიმატება, ყველგან პირველი სიტყვის თქმა და... გუზანს მეტი არც რა სურს.
- აბულასანს რაღა ვუყო? მეჭურჭლეთუხუცესი იყო, ამირსპასალარობას შესძლებს? არა, მაგას მეფეზე მეფობა უნდა, არ გამოვა - ჭყონდიდლობა დაუგვიანდა, არისტოტელობაც. მე უკვე ბალღი აღარა ვარ... აი, ვინ ამატკივებს თავს! რა მოვუხერხო? კარნუქალაქელის ბედი? რა ბიჭი იყო! კარნუქალაქში რა ცილობა ჰქონდათ მაგაზე. ჩემთან ირჩია, მე გამომყვა, მერე კი... აღარაფერი მოსწონდა... მეფეზე მეფობა მოინდომა. მაინც ადრე მივეცი დასტური - მანამ სანამ ახალს არ შევარჩევდი, არ უნდა მეჩქარა. ჰო, აბულასანი!.. ამანაც მომინდომა მეფეზე მეფობა... თუ სხვა რამ ვერ მოვიფიქრე, აბულასანსაც მისი ბედი ეწევა. ის ყმაწვილი კაცი იყო და უცხოეთში პოვა სამარე, ეს კი ჭარმაგია, თავის ქვეყანაში, ახლობელთა შორის დიდი პატივით დაიმარხება. ცოტაა? განა ბევრს ეღირსება! რა სასაცილონი არიან! ისე უნდა გამეფოთ, ხალხმა შენზე მეტი სიმღერა თქვას, ვიდრე მეფე თამარზე მღეროდაო. როგორ უყვართ ეს სიმღერები! კიდევ იქ არიან, შორეულ წარსულში.
ბოგოლუბსკი წამოდგა. ხატთან მივიდა, პირჯვარი გადაიწერა და იმაზე დაიწყო ფიქრი, რაზეც არასოდეს არც ერთი სიტყვა არ უთქვამს, შეთქმულებთან მით უფრო. აბულასანმა, გინდა გუზანმა ის რომ გაუგოს, რა ქარიშხალიც ბოგოლუბსკის გულში ტრიალებს, ერთ ვაივიშს ასტეხენ. განა ამისათვის გაგამეფეთო... თამარის ხსენებაც კი აცოფებთ. არადა, ბოგოლუბსკის სულისმოთქმა თამარია. მასზე ფიქრი. სულით თამართან არის, ხორცით კი... ხორცი...
- ჯანდაბას ეგენი - ყველა აბულასანი და ყველა ბოცო, თავებს დავაყრევინებ და თამარს დავიბრუნებ... თამარი, თამარი!..
ყველაფერზე იტყვის უარს ბოგოლუბსკი, ყველა სენს მოერევა, ოღონდაც... ოღონდაც თამარი!..
დარბაზში გუზან ტაოსკარელი შემობრძანდა.
„როგორ ამაყად, გოროზი მზერით მოემართება, ასე ახლოს რატომ მოდის?“
ბოგოლუბსკიმ გუზანი თვალით გაზომა და დარწმუნდა: კი, ახოვანი იყო ტაოსკარელი, მხარბეჭიანი, მაგრამ მაინც არ უნდა გაჭირვებოდა მისი ბეჭებზე დადება.
ეეჰ, ქალთან ვერარას შემძლე იყო ბოგოლუბსკი, თორემ არც ახოვნებით დაუდებდა ვინმეს ტოლს და არც - მხარბეჭიანობით, ეგ არის არყით ბუნიაობის დღეებში ებინდებოდა გონება.
- რა ხდება, გუზან, ჯავახეთს წასვლას რად აყოვნებ, ჯარს რატომ არ უყრი თავს, ამით ხომ ამირსპასალარს მოფიქრების დროს აძლევ!
- იქ ჯარი უკვე მზადაა, მეფეო, ჩემი ხალხი ყველაფერს აკეთებს, მე კი მანამ არ წავალ, სანამ ხალხს შენს ერთგულებაზე არ დავაფიცებ.
„ღმერთო, რაღა ასეთ ხალხში მიბოძე მეფობა, რა გულუბრყვილონი არიან - პურზე საუბარი ურჩევნიათ პურს“ - გაიფიქრა ქართველთა ახალმა მეფემ, ხმამაღლა კი თქვა:
- ეგ დაფიცება რად გვინდა, რიღასთვის გვჭირდება?
- დაფიცებული ქართველი ერთგულად იბრძვის, რადგან თავისი სიტყვის მონაა!
ბოგოლუბსკიმ გაიცინა:
- მაგათ ხომ თამარის ერთგულებაც დაიფიცეს!
- თამარი ძველი მეფეა, ბარე ხუთი წელია ტახტზე ზი, მეტიც! შენ კი ახალი ხარ. ახალი მეფე ხალხს იმედს აძლევს. უკვე ერთგულება შემოგფიცა სვანეთმა, აფხაზეთმა, გურიამ, რაჭამ, თაკვერმა, სამცხემ, ჯავახეთმა. იმერი საქართველო შენ გიდგას მხარში.
- ვიღა დარჩა?
- ოდიში. ხვალ ოდიშში იწყებენ დაფიცებას. მე კი ჯავახეთს მივეშურები. მალე ქალაქისაკენ გავწევთ.
ბოგოლუბსკის გაეცინა:
- ოდიშის პატრონი ვარდან დადიანი ჩვენს გვერდითაა, ისედაც ნათელია ყველაფერი, დაფიცება რაღა საჭიროა? - გაჩუმდა, ფიქრის შემდეგ იკითხა - ვინ არ მცნო მეფედ, ვინ არ შემომფიცა?
გუზან ტაოსკარელს ღიმილი მოერია:
- ის, ვინც შენ ერთგულებას არ შემოგფიცავს, მშობლიურ მიწას ისე ჩაეხუტება, როგორც ბალღი დედას.
ბოგოლუბსკი წამოდგა. დარბაზში ბოლთას სცემდა:
- ცუდი რამ მითხარი, გუზან, ძალიან ცუდი! - გუზანის წინ შეჩერდა, ხელები უკან შემოიწყო, გუზანს მზერა გაუსწორა - ან მშიშარნი არიან და იმიტომ მეფიცებიან ერთგულებას, ან მოღალატენი. დღეს თამარს უღალატეს, ხვალ მე გამყიდიან. რა აზრი აქვს მაგ ფიცს!
გუზან ტაოსკარელი შეკითხვამ გააღიზიანა. ეს პასუხსაც დაეტყო და იმასაც, თუ როგორ თქვა ეს სიტყვები:
- შენი ეგ სიტყვები იმას ადასტურებს, რომ ჩვენს ამაგს არად აგდებ.
ბოგოლუბსკიმ გაიცინა. გუზანს მხარზე ხელი მოუსვა.
- ჰო, კარგი, ისე ვთქვი, როგორ არ გაფასებთ!
გუზანი მართალი იყო. იმიერ საქართველომ ახალი მეფის ერთგულება ლამის ერთხმად დაიფიცა: რახან ჩვენი ბატონნი ჩაგვძახიან, ეგრე ყოფილა საჭიროო. ამიტომ ეს ფიცი მთავრების, თავადების ორგულობის დასტური იყო, ისინი კი ნამდვილად გადაუდგნენ მეფე თამარს. დღეს ბოგოლუბსკის გვერდით დგომა თაფლის იმ კასრად იგულვებოდა, ხელის ჩამყოფი კაცი დიდძალ თაფლს რომ იწილბედებდა. ეს კი მეამბოხეთ ძალას აძლევდა: არც აბულასანი, არც გუზანი, არც ბოცო სპასალარი და არც ვარდან დადიანი მეფე თამარის გამოგზავნილ ღირსეულ კაცთ ახლოს არ იკარებდნენ. თამარი თავის დესპანთა პირით ითხოვდა: ქართველთა სისხლს ნუ დავღვრით, დავსხდეთ და თათბირით მოვუაროთ ამ ჩვენს თავს დატეხილ უბედურებასაო. აბულასანმა, სხვებმაც, ქვა ააგდეს და თავი შეუშვირეს: „მაგან ყურთლუღ არსლანის ამბოხის დროსაც ეგრე ქმნა: გვათათბირა, ლამის ყველაფერი დაგვითმო, დაგვაშოშმინა, მერე დიდებულთ ლამის ქვესკნელში გადაგვიძახა“.
თავად გუზან ტაოსკარელმა კი ბრძანა:
- მეფედყოფილ თამართან სათათბირო არარა გვაქვს. დიდებულთა დამფასებელ ჩვენს ჭეშმარიტ მეფეს კი ერთგულად ვემსახურებით. არც ქართველთა სისხლისღვრას ვაპირებთ: ნამდვილი ქართველნი - მთელი საქართველო ჩვენს ერთგულებას ფიცულობს, სისხლი რად უნდა ვღვაროთ! იმ კვირია ქალაქისაკენ დავიძრებით, გზაზე არც არავინ დაგვიდგება. თუ ვინმე - თქვენგან გაბრიყვებული - ხმალს აღმართავს, უთუოდ გავგმირავთ.
ამაზე ქუთათელმა ეპისკოპოსმა - მეფე თამარის ერთ-ერთმა დესპანმა პირჯვარი გადაიწერა და ბრძანა:
- დაიცავს ხალხი თავის მეფეს გუზან, ძლიერ დაიცავს.
ერთი კვირის მერე შეთქმულებმა ეპისკოპოსი ასეთი პასუხით გამოისტუმრეს:
- ასე რად გიკვირთ ეს ამბავი - იყო ეს კაცი საქართველოს მეფე. ყოფილი მეფე თამარი კი ჩვენს მოძულეთა გამგონე გახდა. ამად გააძევა მეფე-ქმარი. მობრუნდა და სურს ეს აწეწილი ქვეყანა ღვთისაკენ მოაბრუნოს.
ქუთათელთა სულიერმა წინამძღოლმა ვეღარ მოითმინა და მისთვის უჩვეულო პასუხი გასცა ამბოხებულთ:
- ეშმაკის მსახურად თუ იქცევით, ღვთის მსჯავრი არ დააყოვნებს. გირჩევთ დროზე გადგეთ განზე. გადაირჩინეთ სულები, საბრალონო!
გუზან ტაოსკარელი ადგილიდან წამოიჭრა:
- ჯერ ისიც არ მიპატიებია, მეფის კურთხევის დღეს უჩინმაჩინის ქუდი რომ დაიხურე, ახლა მიბრძანდი, მეფედყოფილის მოციქულობას თავი ანებე!
ღვთის ჭარმაგი მსახური უილაჯოდ გაეცალა შეთქმულთ. უკადრისი პასუხი ისე არ აწუხებდა, როგორც ის, რაც მოხდებოდა. ხსნის გზას ეძებდა. რომ ვერ პოულობდა, შფოთავდა. როგორც კი გაიგო, გუზანი ჯავახეთს გაეშურა, ბოცოც მასთან ერთად არისო, დადიანიც ოდიშს დაიგულეს, ბოგოლუბსკისთან საუბარი გადაწყვიტა ეახლა კიდეც სასახლეში.
- ის უნდა გაუწყო, მონაო ღვთისა, რომ დიდ ცოდვას სჩადი. სხვას ვის, თუ არა თქვენ, მოეხსენება, რომ ქართველთ უყვართ მეფე თამარი, იბრძოლებენ, სისხლს დაღვრიან მისი ღირსებისათვის - შეუპოვრად დაიწყო ქუთათელმა - ამიტომ გთხოვს მეფე საქართველოსი, ჩვენი მზეთამზე თამარი...
- მეფე თამარი უყვართ? თამარი უყვართ და ერთგულებას მე მეფიცებიან? - წამოიძახა ბოგოლუბსკიმ.
- არა გამოსცადო ხალხი შენი! - შესძახა ქუთათელმა ეპისკოპოსმა.
- ეგრეა, ეგრე, ერთგულებას მე მეფიცებიან. გისმენთ, განაგრძეთ!
- საქართველოს ჭეშმარიტი მეფე, ბაგრატოვანი, მზეთამარი გთხოვთ არ დაღვაროთ ქართველთა სისხლი, დავსხდეთ და მშვიდობიანად მოვილაპარაკოთო. უფალი მუდამ იმას ეწევა, ვინც მშვიდობას ელტვის.
ბოგოლუბსკიმ აბულასანი იხმო. ვიდრე ის მობრძანდებოდა, ეპისკოპოსს იმაზე ესაუბრა, თუ რაოდენ იქნია ხმალი საქართველოსთვის, ვიდრე მეფე-ქმარი იყო, რამდენი კუთხე შესძინა ქართველთა სახელმწიფოს. ახლა კი მეუბნები, ხალხი მეფე თამარს დაიცავსო.
- ნუთუ, არ გაგიგია, ნახევარმა, უფრო მეტმაც, საქართველომ ერთგულება მე შემომფიცა? - კვირობდა ბოგოლუბსკი. აბულასანი რომ მობრძანდა, ბოგოლუბსკიმ სიცილით უთხრა აი, მეფე თამარის დესპანნი მეახლნენ, დაზავებას მთხოვენო. ვიდრე აბულასანი ეპისკოპოსს ბრაზმორეული შესცქეროდა, ბოგოლუბსკიმ დასძინა: - ვინ არის დღეს თამარი? არავინ! საქართველოს მეფე მე ვარ, ის კი სოსლანის ცოლია, მაგრამ მაინც ყაბულსა ვარ: არ იყოს ომი, არ იყოს სისხლი, მხოლოდ ერთი პირობა მაქვს.
ქუთათელმა ეპისკოპოსმა სიხარულით შესძახა:
- ბრძანეთ, რა პირობაა ასეთი. სისხლისღვრას ყველაფერი სჯობს!
- სოსლანი, ქმარი გააგდოს და მე დამიბრუნდეს. ისევ შევერთდეთ!
ეპისკოპოსს სახე დაეღრიცა. აბულასანმა კი ბოგოლუბსკის რისხვით სავსე მზერა მიაპყრო და კბილებსშუა გამოსცრა:
- მეფობაზე უარს ამბობ?!
- არა, მეფობაზე უარს რად ვამბობ! დამიბრუნდეს!
აბულასანმა ბოგოლუბსკის გამქირდავი მზერა მიაპყრო:
- მას ქმარი სჭირდება და ჰყავს კიდეც, მეფედ თავად მიაჩნია თავი! - სულიერ მამას მიუბრუნდა - აჰა, ხომ ყველაფერი გაიგე?
ეპისკოპოსი უილაჯოდ გავიდა მეფის დარბაზიდან. აბულასანმა ხელი გაუყარა და ხმადაბლა უთხრა:
- კიდევ ერთხელ და საბოლაოდ გაუწყებ, ეპისკოპოსო: თუ თამარის მოციქულობას თავს არ ანებებ, მაგ თმაწვერს ქათამივით დაგაპუტავ. ჯვრებს კი თავზე გადაგამტვრევ. ნუთუ, ვერ უნდა მიხვდე, რა ხდება ქვეყანაში! - თქვა და გაეცალა.
იგი უხმოდ შესცქეროდა ჩქარი ნაბიჯით მიმავალ აბულასანს. მერე პირჯვარი გადაიწერა და ხმადაბლა ჩაილაპარაკა: „გაპატიოს ღმერთმა!“
აბულასანმა იმავე დღეს გუზანსა და ბოცოს შიკრიკი გაუგზავნა: „დაყოვნება არ ეგების. მალე ნაჭარმაგევთან უნდა შევიყაროთ“.
ამირსპასალარი გამრეკელ-თორელი მეფე თამარს მოახსენებდა:
- ჯარს ორგან აგროვებენ: გუზანსა და ბოცოს დიდძალი ლაშქარი სამცხე-ჯავახეთით მოჰყავთ. ლიხს კი აბულასანი და ვარდან დადიანი გადმოდიან. ნაჭარმაგევთან აპირებენ შეყრას. ქალაქს იქიდან შემოუტევენ.
დავითმა, მეუღლემ მეფისა, თქვა:
- უნდა ვიჩქაროთ, ეგ ჯარი ჯავახეთიდან არც უნდა დაიძრას, მანდვე უნდა შეჩერდეს. მე წავალ, მე დავცემ მეხსა. შენ კი აბულასანსა და დადიანს დაუხვდი - გამრეკელ-თორელს მიუბრუნდა.
დუმილი ჩამოვარდა. სიტყვა მეფე თამარს უნდა ეთქვა. მეფე კი დუმდა.
- ეპისკოპოსმა დემეტრეს ძემ ახალი არა-რა გვაუწყა?
- დიახ, მეფეო, - თქვა გამრეკელ-თორელმა - მეამბოხენი არ ცხრებიან, გააფრთხილეს, მშვიდობაზე თუ კვლავაც ილაპარაკებ, წვერს დაგაგლეჯთ, ჯვრებს კი თავზე გადაგამტვრევთო.
თამარი წარბშეუხრელად იჯდა. მერე ძლიერ ამოისუნთქა, თუ ამოიოხრა, ვერ გაარკვევდით. ხმადაბლა თქვა:
- მაშ, ომი? - გაჩუმდა, კვლავ ფიქრმორეული იჯდა. მერე თქვა - მაშ, გუზანი და ბოცო უფრო ღონიერი არიან?
- ასეთი პირი უჩანს, მეფეო! - ყოყმანით თქვა ამირსპასალარმა - ესენი მეტ ჯარს უყრიან თავს. ვარდან დადიანი და აბულასანი კი გზადაგზა შეივსებენ ჯარს - გეგუთიდან ნაჭარმაგევამდე.
- თუ აბულასანსა და დადიანს გზადაგზა ბრძოლებს გავუმართავთ, ამით ჯარი არ შეივსება. იქნებ, ნაჭარმაგევამდე იმის ნახევარიც არ ჩამოჰყვეს, რაც გეგუთიდან გამოყვება - მეფე თამარი აუჩქარებლად ლაპარაკობდა, თითქოს ხმამაღლა ფიქრობსო. - ეს საქმე ზაქარია მხარგრძელს მიანდეთ. თქვენ კი ორივენი დილასვე დაადექით ჯავახეთის გზას. გუზან ტაოსკარელი და ბოცო სპასალარი იქ უნდა გააცამტვეროთ.
- საღამომდე ფიქრის უფლება მომეცი, მეფეო! - თქვა ამირსპასალარმა გამრეკელ-თორელმა.
- იფიქრე, ბევრი იფიქრე, თორელო, დილას კი ჯავახეთს უნდა გასწიოთ - მეფე წამოდგა. ერთხანს უხმოდ იდგა, ფიქრმორეული. მერე ნელი ნაბიჯით გაემართა მამიდა რუსუდანისაკენ. ნაბიჯები დამძიმებოდა მეფეს - სრულად გაეცნობიერებინა, რაოდენი საშიშროების წინაშეც იდგა სამეფო - ბაგრატოვანთა გვირგვინის ბედი ბეწვზე ეკიდა.
![]() |
34 უღელტეხილზე |
▲ზევით დაბრუნება |
მთაში მიმავალ გზაწვრილზე ლაშქარი უზომოდ გაიწელა და დაქანცული მიიზლაზნებოდა. წვიმა რომ დაიწყო, უღელტეხილის თავში იყვნენ. ლაშქარი, ცხადია, შეუჩერებლივ მიიწევდა წინ. გზა ისე ატალახდა, მოლაშქრეთ სიარული უჭირდათ. ფეხის მოკიდება მას შემდეგ მეტად გაძნელდა, რაც ეს ატალახებული გზა ლამის ცას ჩამოეკიდა.
ცხენებზე მედიდურად მჯდარი დადიანი და აბულასანი გარემოს გაფაციცებული ათვალიერებდნენ, მათი ათისთავები კი მოლაშქრეთ ცხენით მიეჭრებოდნენ და ისე შეუძახებდნენ ნუ ზოზინებთ, ფეხი გაანძრიეთო, როგორც ტვირთაკიდებულ სახედრებს. იმას არაფრად დაგიდევდნენ ადამიანებს ამ ატალახებულ აღმართზე ფეხი რომ უცურდებოდათ. ბეჩუ ცხენისპირელმა შემძახებელს უსაყვედურა:
- მამაცხონებულო, სახედარი ხომ არა გგონივარ!
უფრო მეტი აღმართი დახვედრია წინ ბეჩუ ცხენისწყლისპირელს და უმალ გადაუვლია, უფრო ტალახიანიც ყოფილა ის აღმართი, მაგრამ ისე გადაუვლია, ვერც გაუგია. მაშინ გული მიარბენინებდა, მტერზე გამარჯვების დიდი სურვილი. დღეს? დღეს მიდის და ფეხი უკან რჩება. „სად და რისთვის მიეშურები, ბეჩუ ცხენისპირელო?“ - არაერთხელ ჰკითხა თავს.
პასუხი კი ვერ მიეღო. მიდიოდა და ფეხი უკან რჩებოდა. ალბათ, ამიტომაც მოქცეულიყო მისი რაზმი მოლაშქრეთა ბოლოს.
- გადმოადგით ფეხი, ჰე! - შეუღრინა ოჩიას.
მერე ვიღაცამ იკითხა:
- ისთე რავაა ახლა საქმე, მევიტიეთ უკან იმერეთი თუ არა?!
- აპა, ე მთა რისია, ვერ ხედავ, ქართლში ჩავდივართ! - კბილების ღრჭენით მიუგო ბეჩუმ. მერე დასძინა - ა, აქ დევერევით ერთმანეთს დღეს თუ ხვალ, ამის იქით აღარ წავალთ!
- მერე შენ რა პირისახე ჩამოგტირის, რა გენაღვლება! - რაზმიდან დაიძახა ვიღაცამ, ის-ის იყო ფილხაზუნას პირი უნდა გაეღო და უნდა ეკითხა დაღამებამდე გორში ჩავალთ, თუ არაო, ბეჩუ ისე მოუტრიალდა რაზმელს, რომ ფილხაზუნამ პირზე მომდგარი სიტყვა კბილებით დაიჭირა. ბეჩუმ კი დოინჯი შემოიყარა და დაიძახა:
- რომელმა იკითხეთ მაგი!
მოლაშქრეთა შორის სიჩუმე გამეფებულიყო.
- რომელმა თქვა ვხოცოთ ქართველებმა ერთმანეთი, შენ რა გენაღვლებაო, რომელმა თქვა ეს თავისმოსაჭრელი ამბავი!
- ჩვენ არ მოგვიგონია, ბეჩუ, მაგი და ნურც გვიბრაზდები, მე ტკივილი დაგიამე თვარა, არ ვიცი, საცა მივალ?!
- ჰე, წევიდა ლაშქარი წინ, წევიწიოთ ჩვენც! - დაიძახა ოჩიამ. ბეჩუმ თავი გააქნია და გზა განაგრძო. გზა კი კვლავ მაღლა და მაღლა მიდიოდა - ზოზინით, ოხვრით, მასაც ისევე ჩამოსტიროდა პირი-სახე, როგორც აი, აგერ, გზის მარჯვენა მხარეს, ხევში ჩამოწოლილ ღრუბელს. ისე წვრილად, გულის დამხშობად წვიმდა, თითქოს მართლა ტიროდნენ ღრუბლები.
მარჯვნივ ხევი იყო, მარცხნივ - გორაკი. დროდადრო ღრუბლები რომ მიმოიფანტებოდნენ, ფილხაზუნა ხედავდა რაოდენი სიღრმისა იყო ხევი და გულისცემა უხშირდებოდა, გზის მარცხენა მხარეს გადადიოდა, იქ ფეხი არ დამიცურდეს და ხევში არ გადავიჩეხო, თორემ ჩემს ძვლებსაც კი ვერავინ იპოვისო.
გზის მარცხენა მხარეს ბექობი მიჰყვებოდა, ბექობზე რომ ხეები იდგა, იმათი ფესვებიც კი ღიად დარჩენილიყო, ფილხაზუნას ფეხი დაუცდა და ხის ფესვებს მოეკიდა, ამით აითრია წელი. სწორედ ამ გორაკიდან გადმოეშვა მოჩეხილი, თუ მოტეხილი უზარმაზარი ხე - ჯერ დაიჭრიალა, გეგონებოდათ, ბერიკაცი კვნესა-ოხვრით დგება ლოგინიდანო, მერე გზისკენ გადმოეშვა. წინამავალთ ერთი ყვირილი ატეხეს მოერიდეთ, ხემ ქვეშ არ მოგიყოლოთო და გაიქცნენ, იქაურობას გაეცალნენ, მიმდევარნი - კულაშელთა რაზმი - ჯერ შეჩერდა, მერე, ხე რომ გორაკიდან გადმოემხო და ნორჩი, ახალნაზარდი ხეებიც ქვეშ მოილეწა, უკან გაიქცა. ხე ზათქით დაეცა, ტოტები მოიმსხვრია და გზა მთლიანად გადახერგა.
ხეს იმოდენა და ისე ხშირი, ფოთოლდაუცვენელი ტოტები ჰქონდა, წინმავალი რაზმი აღარც ჩანდა. თითქოს ამათსა და უკანმავალთ შორის ფარდა ჩამოაფარეს.
ბეჩუმ იყვირა:
- ეს ხაფანგია, ხმლები იშიშვლეთ, თვარა ამოგვჟუჟავენ!
ფილხაზუნამ ბექობზე ადამიანები დაინახა. უხმოდ, თითქოს ფეხაკრეფით, მორბოდნენ, ბექობიდან გზაზე მარდად გადმოეშვნენ და კულაშელთა რაზმს ეკვეთნენ, ფილხაზუნა ხედავდა, როგორ შეერკინენ ერთმანეთს ბექობიდან ჩამომხდარნი და აღმართში მიმავალნი. გონს ვერ მოსულიყო - ხანჯალი ცხადია, ახლაც ხელში ეჭირა, მაგრამ არ იცოდა საით წაეღო, რა მოემოქმედნა. ეგ არის, ხანჯალს ძლიერ უჭერდა ხელს. ერთი გრუზათმიანი ყმაწვილი დალანდა, ბეჩუსაკენ გარბოდა, თავადაც იქით დააპირა გაქცევა, ბეჩუს მივეშველებიო, მაგრამ ბეჩუ თვითონ მოეგება იმ ყმაწვილს, ხვანჩარსა და საყელოში ჩაავლო ხელი და თივით სავსე ტომარასავით აიტაცა, თავს ზემოთ ატრიალებდა და ყვიროდა:
- შეჩერდით, შეჩერდით, თქვე ოჯახქორებო, რას შვრებით!
ხმლების ჩახა-ჩუხი კი ძლიერდებოდა, მალე კვნესაც გაისმა:
- ვაიმე!
- მომკალი?!
- დედა!
- მიშველე, ფილხაზუნა! - მოესმა ფილხაზუნას ოჩიას ხმა.
ვიღაცას ოჩია ქვეშ მოექცია და გამეტებით ურტყამდა წიხლებს. ფილხაზუნამაც არ დააყოვნა, ხანჯალი ისე ტყორცნა, ოჩიას ჩამწიხვლელს მყის კივილი აღმოხდა. ფილხაზუნა ოჩიასაკენ გაქანდა. ოჩიას ჩაწიხვლის მოსურნე კი დაბარბაცდა - მთვრალივით მობარბაცე გაეცალა ოჩიას.
- რა შობი, ოჩია, ხო ხარ ცოცხალი! - მივარდა ფილხაზუნა ოჩიას, მისი ჩამწიხვლელი კი იქვე, გვერდით მუხლებზე დაეცა.
- მომეცალე, შე ოჯახქორო აქედან! - იყვირა ბეჩუმ და ხელში ატაცებული გრუზათმიანი კვახივით მიაგდო წაქცეული ხის ფოთლებში.
- რომელი ფილხაზუნა ხარ შენ, ბიჭო, მოიხედე აქეთ! - მოესმა ფილხაზუნას იქვე ჩაკეცილი ოჩიას ჩამწიხვლელის ხმა.
ფილხაზუნას ამ ხმის გაგონებაზე გააჟრჟოლა, თავი მძიმედ მოატრიალა, მაგრამ იმ ბიჭის სახე ვერ დაინახა - მუხლებზე დაცემულს თავის აწევის ძალაც დაჰკარგვოდა.
- ჩემი ფილხაზუნა ხაარ?!
ფილხაზუნას სუნთქვა შეეკრა. გადაიწია, მომაკვდავს თავი აუწია და იღრიალა:
- ნამთალია, ბიჭო!
ძმას მივარდა, ჩაეკრა, ნამთალიამ კი თავი უღონოდ დაადო მხარზე და ჩაიჩიფჩიფა:
- ე, ბიჭო,მიშველე რამე, თორემა გავთავდი და ესაა!
ოჩია რეტდასხმული, სუნთქვაშეკრული წამოდგა.
- რატომ, რისთვის შემასწარი ამ დღეს, გამჩენო! - ჩიფჩიფებდა, მერე იყვირა - ე, ბეჩუ, გვიშველე რამე, მოკლა ძმამ ძმა და ესაა!
ბეჩუ ნამთალიასა და ფილხაზუნასაკენ გამოემართა, ფერწასული, ნაბიჯარეული მოდიოდა, „შე საცოდავო, შე უბედურო!“ - ბუტბუტებდა. ნამთალიას მუცლიდან უმალ გამოაძრო ხანჯალი, ხალათი გადაუწია და ჭრილობას ჩააცქერდა, უბიდან დარაია ამოიღო, ნამთალიას ჭრილობას გადააკრა და სულთმობრძავი მიწაზე ფრთხილად დააწვინა. ოჩია მის სახეზე კითხულობდა, რომ ამაოდ ირჯებოდა.
ფილხაზუნა მიწას დამხობოდა და ბღაოდა:
- დედა, დედაჩემო, დედა! - ამ სამ სიტყვას იმეორებდა მხოლოდ, მერე ძმას ჩაეკრა, ეხვეწებოდა, ემუდარებოდა გამეცი, ბიჭო, ნამთალია ხმა, რა ხანია შენი ხმის გაგონება და ნახვა მწყურიაო, მაგრამ ნამთალია ხმას ვეღარ იღებდა. მის სხეულს სიყვითლე და სიცივე ეუფლებოდა.
ბეჩუმ პირჯვარი გადაიწერა. ძლიერ ეწადა ეყვირა, ყვიროდა კიდეც, „შეჩერდით, თქვე ოჯახქორებო, ძმამ ძმა მოჰკლა“, მაგრამ სხეულიდან ძალა გამქრალიყო, უძალო, უღონო სხეული ვერა-რა ხმას ვერ გამოსცემდა. კიდეც გამოეცა ხმა, კიდეც ეყვირა, რომც ეღრიალნა, ვინ გაუგონებდა - ხმალთა ცემა, ყვირილი, გინება, თანდათან ძლიერდებოდა. უკვე მრავალი მომაკვდავი, მკვდარიც ეგდო ტალახში, ესენი, სიკვდილის კართან მდგარნი, თუ აწგარდაცვლილნი, ცხადია, ადგილს ვერ იცვლიდნენ, განზე ვერ გადგებოდნენ, ამიტომ ჯერ კიდევ ცოცხალნი, სხვათა მოსაკლავად ხმალშემართულნი ბრძოლისას ან ზედ გადააბიჯებდნენ, გადაურბენდნენ, გადაჯეჯგავდნენ, ხანაც ფეხს გაჰკრავდნენ, როგორც ჯირკს, ადგილი მომე, ხომ ხედავ, სიკვდილ-სიცოცხლე შებმიან ერთმანეთსო. ეს ტალახში ამოგანგლულნი სულთმობრძავნი, თუ მიცვალებულნი კი უძრავად ეყარნენ.
კიდევ უფრო იმატა კივილმა, შეძახილებმა, კვნესა-ოხვრამ, ხმალთა ჩახაჩუხმა, მაგრამ მებრძოლთ, შერკინებულთ ეს არ ესმოდათ. ისინი ერთი აზრით იყვნენ შეპყრობილნი: მოესპოთ, გაენადგურებინათ, მოეკლათ. და ამ დევისხელა კაცმა, სამი ომიდან სახელითა და ჯანღონით დაბრუნებულმა ბეჩუ ცხენისწყლისპირელმა სხვა ვერა გააწყო რა - ცხედრის გვერდით ჩაიკეცა, ფილხაზუნას კი მისი უძალობა, უღონობა არად ესმოდა, მივარდა, შარშან დარგული ატმის ხესავით აჯანჯღარებდა და შესძახოდა:
- მიშველე, რამე მიშველე, ხო ხარ ნამყოფი სამ ომში, უშველე ნამთალიას რამე! - ტიროდა, მოთქვამდა ფილხაზუნა, ბეჩუს აჯანჯღარებდა და შველას ახლა, ამ წუთში, დაუყოვნებლივ მოითხოვდა - ბაბას რა ვუთხრა, ბაბას რა ამბავი ჩავუტანო, აგე, უნაბი გამომატანა შენთან, ბიჭო! - ფილხაზუნამ კოჭებთან რეზინით შეკრული შარვლის ტოტი ასწია, შარვლის ტოტიდან უამრავი უნაბი მიმოიყარა მიწაზე - ა, ბიჭო, ნამთალია, უნაბი, შენთვის დაკრიფა ბაბამ, ძალიან უყვარსო, ამბობდა.
- დიდება გიორგის - მეფეს საქართველოსი! - იყვირა ვიღაცამ და შიშველი ხანჯლით შეიჭრა ბექობიდან ჩამომხტართა წრეში.
- დიდება მეფე თამარს! - იყვირეს ბექობიდან ჩამომხტარებმა და აღმართში მომავალთ ახალი ძალით ეძგერნენ.
ლაშქრის წინმავალთა ნაწილმა როგორც იქნა, გადაჭრა გზაზე გარდიგარდმო ჩამოგდებული ხე, ხევში გადაუძახა და ბრძოლის კუთხისაკენ გზა გაიხსნა. ეს რა იხილეს ბექობიდან ჩამომხტარებმა, ისევ მთას მისცეს თავი - რიცხვით უმეტესს გაეცალნენ.
- ჰე, აუჩქარეთ, დროულად, დროულად! - იძახდა ერთი ათისთავი!
- ნუ ზოზინებთ, გაინძერით! - ყვიროდა მეორე.
ლაშქარი მალე გაეცალა ამ მიდამოს, დაღმა დაეშვა - ქართლის სანახებისაკენ. მხნეობისათვის მგზავრული სიმღერა წამოიწყეს.
იქ, უღელტეხილზე ნისლი და ტალახში ამოგანგლული, ლაფში ამოთხვრილი მიცვალებულნი დარჩენილიყვნენ. ამიტომ სამარისებური სიჩუმე დასადგურებულიყო. ამ სიჩუმეს დროდადრო ძმის ცხედარს დამხობილი ფილხაზუნას მოთქმა არღვევდა. მთაში ჩამდგარ სქელ ნისლში ორი ფიგურა იკვეთებოდა, მიწაზე დასვენებული მიცვალებული და მასზე დამხობილი ფილხაზუნა. მერე ნისლში მესამეც გამოიკვეთა - ოჩიამ ფილხაზუნას გვერდით ჩაიმუხლა და ჰკითხა:
- რა ვქნათ, ფილხაზუნა, საით წავასვენოთ - იმერში თუ ამერში? მშობლებთან, თუ ცოლ-შვილში?
იქითაც საქართველო იყო და აქეთაც - ორივეგან მზე-ჩამქრალი ნამთალიას სამშობლო იყო.
- ჰა, ფილხაზუნა, ბიჭო, გამეცი პასუხი - საით წავასვენოთ - იმერში თუ ამერში? - ისევ იკითხა ოჩიამ და პირჯვარი კიდევ ერთხელ გადაიწერა.
![]() |
35 მეფის საზაფხულო სასახლე |
▲ზევით დაბრუნება |
ქართლში დასაზვერად გაგზავნილნი აბულასანსა და დადიანს ჯერ სურამთან მოეგებნენ და მშვიდობა აუწყეს, მერე კი ლიახვის პირას, გორთან: ახლო-მახლო ჩვენი აუგად მახსენებლის ჭაჭანება არ არის, მეფე თამარს არც არავინ იხსენებს, ერისთავნი და თავადნი ხმაგაკმენდილნი სხედან თავთავიანთ მამულებშიო. ეს ბოლო ცნობა ვერა-რა სასიამოვნო იყო აბულასანისათვის: „კარგად ვიცი, რასაც ნიშნავს მაგათი ხმაგაკმენდილობა, გაივლო გულში, ეგენი პირში წყალს მაშინ იგუბებენ, როცა გულში ავი ზრახვები უტრიალებთ“.
გორის გამგებელიც ლიახვთან დაუხვდათ და ორივეს სიხარულით მოახსენა: ნაჭარმაგევში მეფის საზაფხულო სასახლე მზერაგაბრწყინებული გელოდებათო. ამას რომ ამბობდა, გამგებელი თვალებსაც აფახულებდა და იღიმებოდა. ამგვარი ქმედებით ვარდან დადიანსა და აბულასანს ეუბნებოდა თავით ფეხებამდე თქვენი ვარ, აქამდე რომ მეფე თამარს ვემსახურებოდი, ყურადღებას ნუ მიაქცევთ, სულ ამ დღეზე ვოცნებობდიო.
- მაშ, გაგვიძეხ, გამგებელო! - შესძახა აბულასანმა და ცხენს დეზი ჰკრა. ვარდან დადიანიც თან მიჰყვა. დათქმული ჰქონდათ: ჯავახეთში თამარის ჯარზე გამარჯვების შემდეგ ბოგოლუბსკი, გუზან ტაოსკარელი და სპასალარი ბოცო, აქ, ნაჭარმაგევში უნდა ჩამოსულიყვნენ. აქედან ყველა ერთად გაემართებოდა დედაქალაქისაკენ.
აბულასანი ნაჭარმაგევში სიხარულს მიჰყავდა. ჰქონდა კიდეც სიხარულის მიზეზი: მეფის სასახლეს ეუფლებოდა - სწორედ თამარის საყვარელ სასახლეში შედგამდა ფეხს. თუმცა, სიხარულს ჭმუნვაც თან ახლდა: ქართლის დიდებულთა დუმილი ათას ფიქრს უშლიდა. არც სურამთან მიეგება რომელიმე მათგანი, არც - ლიახვთან.
„სხედან, ალბათ, თავთავიანთ ციხე-კოშკებში და კბილებს აკრაჭუნებენ. თუ ეს ასეა, იქნებ, ჯერ აქ მოვითავოთ საქმე. კი, ასე უნდა ვქნათ... ორ-სამ თავადს უნდა მოვუსინჯოთ კბილი, თუ საჩვენოდ არ უძგერთ გული... კბილებიც ჩავუმტვრიოთ და გულის ფიცარიც, აი, მაშინ ყველა ისწავლის ჭკუას, ყველა ჩემს დაკრულზე იცეკვებს.“
აბულასანი ფიქრებს ისე წარეტაცნა, ვერც გაიგო, როგორ მოადგნენ მეფის საზაფხულო სასახლეს ნაჭარმაგევში, რასაკვირველია, ვერც ის შეამჩნია, არეკლილი მზის სხივები - შემოდგომის დაღლილი მზე როგორ აბრწყინებდა ნაჭარმაგევის სანახებს.
აჰა, საქართველოს მეფის საზაფხულო სასახლეც! ცისფრად შეღებილი რიკულებიანი აივანი მსუბუქი სარტყელივით შემორტყმია ირგვლივ, ამომავალ მზეს ღიმილით გასცქერის, მეჭურჭლეთუხუცესყოფილმა მის ნათელ დარბაზებს გონების თვალი მოავლო: თუ დედაქალაქის სასახლეში ბიზანტიური ავეჯი სჭარბობდა, აქ, ჯერ კიდევ მეფე გიორგიმ ქართველ ოსტატთა ნახელავი, უზადო ავეჯი დაადგმევინა. ჯვარ-ხატებიც ქართველი ოქრომჭედლებისა იყო.
აბულასანი უხმოდ შესცქერის სასახლეს. ახლა მას ძალუძს სასახლეში შევიდეს და იმ საწოლზე იკოტრიალოს, რომელშიც მეფე გიორგის ეძინა. ის ოთახიც მის ნებას ემორჩილება, რომელშიც თამარი და სოსლანი იძინებდნენ.
- რაღას უდგახარ, აბულასან, შევიდეთ, მუთაქაზე მივდოთ თავი!
აბულასანი კვლავ უხმოდ, თვალებმოჭუტული, ფიქრში ჩაძირული შესცქერის სასახლეს. ვერ გაურკვევია, ვერა და ვერ მიმხვდარა სძულს, თუ უყვარს ეს სასახლე: დღემდე ამ სასახლეში შესვლის უფლება მხოლოდ მაშინ ჰქონდა, როცა მეფე თამარი იხმობდა. თუ იხმობდნენ, ვალდებული იყო შესულიყო. ხოლო თუ იქ არავინ ეძახდა, თუ იქ არავის სჭიროდა, სასახლეს ახლოსაც ვერ გაეკარებოდა - მის კარიბჭეს არა თავისი, სხვისი - მეფე თამარის ნებით - თუ გასცდებოდა. დღევანდელი დღე კი... დღეს იგი თავისი ნებით, თავისი სურვილით შევიდოდა თამარისეულ, თამარისეულ... თამარისე...
- გამგებელო! - ისე ხმამაღლა, მოულოდნელად იყვირა აბულასანმა, რომ დადიანის ცხენი დაფრთხა, განზე გახტა. დადიანმა ლაგამი მოზიდა.
გამგებელი, მართალია, თავის ძონძროხა სხეულს ძლივს მოათრევდა, მაგრამ მაინც უმალ მოვარდა, ლამის მოასკდა ცხენს. აბულასანი ახლა მას, გამგებელს შესცქეროდა თვალმოჭუტული. ხმას კი არ იღებდა.
- გისმენ, შენი ჭირიმე, აქა ვარ!
აბულასანმა კვლავ არ იჩქარა. თვალები კიდევ უფრო მოჭუტა და თქვა:
- ვინძლო, ნაჭარმაგევში ხარკამეჩი, ძროხა ბევრსა ჰყავ!
- როგორ არა ჰყავთ, ბატონო, ახლავ ყველაფერი მზად იქნება, თქვენ ოღონდ ცოტა მოისვენეთ!
აბულასანმა წარბი აზიდა და თქვა:
- თუ რამ ნაჭარმაგევში კამეჩი, ცხენი, ძროხა, ღორი, მეტწილად ღორი...
- კი, შენი ჭირიმე ყოველი...
აბულასანმა გამგებელს თვალები დაუბრიალა და შეაწყვეტინა:
- ნაჭარმაგევში თუ რამ ცხოველ-ფრინველი, წიწილებიც კი, ქათმები, ინდაურები, იხვები, ღორები, ხო, ღორები უკვე გითხარი, ყველა აქ მოყარე!
ვარდან დადიანმა ყურები ცქვიტა. აბულასანს გაოცებული მიაჩერდა, ვერც გამგებელმა გაიგო ვერაფერი. ეს მის მზერაში იკითხებოდა.
- წაიყვანე ორმოცდაათი, გინა სამოცდაათი მოლაშქრე და თუ რამ ძროხა, კამეჩი, წიწილა, ინდაური, ცხენი, ღორი, ბატი გყავთ ნაჭარმაგევში - აბულასანი გაჩუმდა, სასახლეს მიაჩერდა, მერე ხაზგასმით, ლამის დამარცვლით თქვა - ყველა აქ მოჰყარე! - გორის გამგებელი მაინც დაბნეული მისჩერებოდა საქართველოს დღევანდელ მბრძანებელს - ვერა და ვერ გაეგო რას უბრძანებდა - რაღას უდგახარ, ბრიყვო, ჩქარა, აქედან ფეხს არ მოვიცვლი!
გამგებელი აჩქარებული ნაბიჯით გაეცალა მბრძანებელთ. დადიანს რაღაცის თქმა ეწადა, აბულასანმა დაასწრო:
- ნუ გეწყინება, ვარდან, ჩვენ მამიდამისი რუსუდანის აი, იმ კოშკში ვიცხოვროთ. ვინძლო, ერთ კვირაზე მეტი არც მოგვიწიოს აქ ყოფნა.
მანამ სანამ გამგებელმა უამრავი ცხოველ-ფრინველი არ მოდენა, აბულასანმა ფეხი არ მოიცვალა, მიუხედავად იმისა, რომ ამ ხნის განმავლობაში დედამიწამ ორჯერ მოუმატა სიჩქარეს, ორჯერ ისე დატრიალდა ქვეყნიერება, კეფაში ისეთი ტკივილი იგრძნო, ლამის აკვნესდა. თვალებში იყურებოდა, მაგრამ ვერაფერს ხედავდა.
მოლაშქრეებმა ცხოველ-ფრინველთ სასახლის ეზოში რომ მოუყარეს თავი, აბულასანმა ბრძანა:
- დააღეთ ყველა კარი, ყველა ფანჯარა, ყოველი სასახლეში შელალეთ! - ამას რომ ამბობდა, სახეზე დიდი სიხარული, კმაყოფილება აღბეჭდვოდა.
გაავებულ ცხოველ-ფრინველთ - არც ერთს არ ეწადა სასახლეში შესვლა. ფრინველნი კი ხან რომელ მხარეს აიქნევდნენ ფრთას და ხანაც - რომელ მხარეს. განსაკუთრებით გაჭირდა ცხოველთა კიბეზე აყვანა. შებინდებისას, როგორც იქნა, ყოველი ამათგანი შიგ შელალეს - ცხოველ-ფრინველნი სასახლის ჭერქვეშ მოაქციეს. აი, მაშინ ისევ გაისმა აბულასანის მჭექარე ხმა:
- ახლა პურის თავთავი, თივა, სხვა რამ საკვები შეუყარეთ შიგ და კარ-ფანჯრები კარგად ჩარაზეთ - გამგებელს მიუბრუნდა - გაიგევი თუ არა, გამგებელო!
- გავიგევი, მაშა, ახლავე, ახლავე იქნება ყველაფერი!
აბულასანი კი დადიანს მიუბრუნდა:
- ცხოველ-ფრინველნიც ხომ სულიერნი არიან, რამდენიმე დღე მაგათაც იცხოვრონ მეფურად! - და გაიღიმა.
ცხოველ-ფრინველნი კი მოაქციეს სასახლის ჭერქვეშ, მაგრამ ახლა მათი პატრონნი არ ცხრებოდნენ, თავიანთ საქონელს თან გამოჰყოლიან და ხმაურობდნენ, იგინებოდნენ. აბულასანმა ყველა დაამშვიდა.
- ამ ერთ კვირაში საქართველოს მეფე ბოგოლუბსკი ინებებს აქ ჩამოსვლას, ყველას უკლებლივ დაგიბრუნდებათ თქვენი ფრინველ-ცხოველნი, ფეშქეშსაც მიიღებთ.
დიომიდეზე გაუგებარი, ამოუხსნელი კაცი აბულასანს არ შეხვედრია - არავინ იცის მისი ადგილსამყოფელი, არავინ იცის სად იძინებს, ან იძინებს კი? სად უნდა ეძებონ, როგორ მონახონ. მხოლოდ მაშინ გამოჩნდება, როცა თავად ჩათვლის საჭიროდ, არა, კარგად უნდა გასინჯოს აბულასანმა: სად დადის ეს კაცი, ვისთან მიდის, რას აკეთებს... თორემ რა გამოდის... თუმცა, ერთს კი ვერ დაუკარგავს აბულასანი დიომიდეს: მაშინ მოდის, როცა ერთობ სჭირდება აბულასანს. თავად გრძნობს როდის სჭირდება პატრონს.
აბულასანი სავარძლიდან წამოდგა. უნდა იკითხოს, მიაგნეს, თუ არა დიომიდეს და თუ მიაგნეს, ამდენ ხანს რატომ არ მოვიდა, სად დაიკარგა. ორიოდე ნაბიჯი გადადგა თუ არა, კვლავ თავბრუ დაეხვა, ოთახი დატრიალდა. დედამიწაც აჩქარდა რატომღაც. ტრიალებს, ტრიალებს. მაინც იყოჩაღა აბულასანმა
- სავარძელს ჩაეჭიდა, თვალები მოხუჭა და ნელ-ნელა ჩაცუცქდა. ახლა მთავარი ის არის, რომ არ წაიქცევა, წონასწორობას არ დაჰკარგავს. რა საოცარი სიჩქარით ტრიალებს ეს წყეული რუსუდანის კოშკი!
იატაკზე დაჯდა, გაუყუჩდა, თავბრუსხვევას გაუყუჩდა აბულასანი და აჰა, ამ ოხრიშვილმაც გადაიარა. თვალები გაახილა, მიმოიხედა. ყოველი საგანი, რომელიც სულ ახლახან ცერულს უვლიდა, თავის ადგილზე დგას. აღარაფერი ტრიალებს. წამოიწია, წამოდგა კიდეც აბულასანი რომ კარი გააღოს, დიომიდე მოიკითხოს, მაგრამ... აგე, დიომიდეც, აგერ არა დგას?! შავი, პირმოკუმული, შუბლგაუხსნელი. კვლავ უხმოდ შემოსულა.
- რა ჩუმად იცი მოსვლა, დიომიდე, სად ხარ, სად დამეკარგე!
- ხმაური ჩემი საქმე არ არი, ბატონო!
- რა მოგიტანია?
- ვგონებ, მეფე თამარიც იქით მიეშურება, - თავაუღებლად, ხმადაბლა თქვა მსტოვარმა.
- საით იქით?
- მეფე თამარიც ჯავახეთისაკენ გაეშურა - მალულად, მცირე ამალით დატოვა ქალაქი.
- ქალაქი დატოვა?! გაიქცა?! - სიხარულით ამოიძახა აბულასანმა, მაგრამ მყისვე მიხვდა, რომ იჩქარა და დინჯად დასძინა - იქნებ, კი არ გაიქცა, შიშმა კი არ დარია ხელი, სადმე გაემგზავრა? - ნაადრევ სიხარულს დიომიდეს ცივი, იჭვით აღვსილი მზერაც აქარწყლებდა - საით უნდა წასულიყო? - თითქოს თავის თავს ჰკითხა და მაინც დიომიდეს მიაპყრო დაჟინებული მზერა.
- ჯავახეთს, ბატონო, ჯავახეთს!
- ქალაქს ვინ იცავს? - უმალ იკითხა აბულასანმა, რადგან უკვე აღარაფრად აინტერესებდა საით წავიდა მეფე თამარი. სხვა გზას დაუწყო ძებნა.
- ქალაქს დარაჯნი არ მოჰკლებიან, ბატონო!
აბულასანმა უმალ იმაზე დაიწყო ფიქრი, თავად როგორ მოქცეულიყო - ღირდა თუ არა აბულასანად, მოულოდნელობით აღვსილ, მტერთან მუდამ დაუნდობლად მებრძოლ კაცად დარჩენილიყო, გუზანსა და ბოცოს აღარ დალოდებოდა და თავად დასხმოდა თავს დედაქალაქს, თავად შესულიყო სასახლეში და მეფე ბოგოლუბსკისათვის თვითონვე მოეფარდაგებინა ტახტისაკენ მიმავალი გზა. ეს ხომ შეუვალ, ყველასათვის საშიშ პიროვნებად აქცევდა.
- ასე მგონია, მეტნიც კი არიან, ბატონო!
- მეტნიც? მეტნი საიდან? - იკითხა თვალმოჭუტულმა აბულასანმა.
- კახნი ხმაურობენ ძლიერ, თუშნიც, ქალაქს მოაწყდნენ, მეფე უნდა დავიცვათო, ქართლელნი ხომ თავისას არ იშლიან.
აბულასანი ფიქრს მიეცა. ვერ მოუტანა კარგი ცნობა დიომიდემ. კახთა, ქართლელთა, თუშთა უკმაყოფილება ვერ იყო სასიხარულო. კარგად იცოდა, ამათ სხვებიც აჰყვებოდნენ, სხვა კუთხეში მცხოვრებნი და... ეს ამბავი ასე გადაეცემოდა მთელ საქართველოს... არა, უნდა იჩქაროს აბულასანმა, ხვალვე უნდა შეუტიოს დედაქალაქს, მაგრამ როგორ? გეგუთიდან ნაჭარმაგევამდე რომ მოლაშქრენი არ დაეკარგა, (ზოგი პატარ-პატარა ბრძოლებში დაუჭრეს, მოუკლეს კიდეც! ზოგი კი ბატონს გაექცა, დაემალა, ქართველთა წინააღმდეგ არ ვიბრძოლებო). კიდევ ჰო, კიდევ შეიძლებოდა ფიქრი დედაქალაქში შეჭრასა და სასახლის ხელში ჩაგდებაზე. დღეს?
- მაშ, ქართლში ვერა-რა ჯარს ვერ მოვკრეფთ? - ხმადაბლა, ფიქრიანად იკითხა აბულასანმა.
დიომიდე კარგა ხანს დუმდა.
- გაჭირდება!
არა, არა, ასე არ ივარგებს, უნდა იჩქაროს, უსათუოდ უნდა იჩქაროს აბულასანმა, თორემ ეს იმერთა და ოდიშელთა ლაშქარიც შემოადნება ხელში.
- ამირსპასალარი და სოსლანი როდის იქნებიან ჯავახეთს?
- უკვე იქ არიან, ჯარს დასტრიალებენ თავსა. ეგ კი არა, შესაძლოა, მეფე თამარიც უკვე იქ იყოს...
- მეფე-ყოფილი თამარი, დიომიდე, დღეს მეფე გიორგი ბოგოლუბსკია.
დიომიდემ თავი დააქნია.
- ჰო, მეფე-ყოფილი თამარიც უკვე იქ არის და თუ არ არის, დღეს ჩავა.
- მაშ, შესაძლოა, ხვალ-ზეგ ბრძოლაც იყოს?
- ხვალ-ზეგ ბრძოლა უთუოდ იქნება, მაგრამ...
აბულასანი მიხვდა, დიომიდემ რაღაც დაუმალა, რაღაცის გამხელა არ ინება, რაღაცის თქმა გადაიფიქრა და რისხვა ჩაუდგა თვალებში, ეგრე რად აყოვნებ საუბარსაო.
დიომიდემ, თვალი რა ჰკიდა პატრონის რისხვით აღვსილ მზერას, ჩაილაპარაკა:
- ბრძოლა ადრე სჯობდა, თუნდაც იმად, რომ უკვე მოთავებული იქნებოდა.
აბულასანი იჭვით დააცქერდა მსტოვარს. ძლიერ ეწადა იმის გაგება, რისი თქმაც დიომიდემ გადაიფიქრა, მაგრამ არც ის უნდოდა, მთხოვნელად მოვლენოდა მონაყოფილს. ამიტომ ბრძანა:
- გუზანს ახლავ გაუგზავნე კაცი: აბულასანი გითვლის, რომ მეფეყოფილი თამარიც მანდ არის-თქო. ეს ერთი. მეორე: ბრძოლას რომ მორჩები, თამარს დედაქალაქისაკენ წამოსასვლელი გზა შეუკარ, თამარი ტფილის ქალაქს არ უნდა დაბრუნდეს, თამარს ერთი გზა გაუხსენი - კონსტანტი-ნოპოლისა. იქით გაიქცეს-თქო!
- მესმის, ბატონო!
- სხვა რა გაქვს?
დიომიდემ თავი დახარა, სხვა არარა ცნობა არა მაქვსო. პატრონმა რომ არაფერი უთხრა, ახალი განკარგულება რომ არ მოესმა, წელში მოხრილი, უკან-უკან სვლით კარისაკენ გაემართა. აბულასანი კი თვალმოჭუტული შესცქეროდა, კართან მისულს დააწია მტკიცედ, გოროზად ნათქვამი:
- რადა თქვი მაგრამო... საეჭვო რა არის, რა დამიმალე?
დიომიდე წელში გაიმართა, თუმც, პატრონს მზერა არ გაუსწორა. იატაკს დასცქეროდა.
- მოლაშქრენი გარბიან, გუზან ტაოსკარელს ემალებიან, მეფე თამარს რად უნდა ვებრძოლოთო.
- მაგათ ვინ ეკითხებათ, რა მაგათი საქმეა, ბატონს ეურჩებიან?! - იყვირა აბულასანმა და მყისვე მიხვდა, რომ ისევ აჩქარდა, ის იარაღი, რომელიც მოიშველია, დიდ ვერაფერ ბრძოლას მოაგებინებდა. კარგა ხანს იდგა უძრავად, სახე გაჰყინვოდა, მზერა დაცარიელებოდა, დუმილი მანამ გაუგრძელდა, სანამ დიომიდე არ შეირხა და არ იკითხა:
- ზანქან ზორაბაბელი ხომ არ გჭირდება, ბატონო?!
აბულასანმა პასუხი რომ არ გასცა, დიომიდემ იფიქრა იქნებ, ჩემი შეკითხვა ვერც გაიგოო, კიდევ ერთხელ უნდა ეკითხა პატრონისათვის, რომ აბულასანის ცივი, დამცინავი ხმა მოესმა:
- ზორაბაბელი რად უნდა მჭიროდეს!
- იქნება, გეამოს, თუ ინებებ, დღესვე აქ მოგგვრი.
- წადი, რომელი ქალწული ეგა მყავს, გუზანს ახლავე გაუგზავნე მაცნე!
დიომიდემ პატრონს არც ამჯერად აქცია ზურგი - თავდახრილი, უკან-უკან სვლით მიუბრუნდა კარს.
დიომიდე გავიდა თუ არა, აბულასანს ახალი აზრი ეწვია
- ზორაბაბელი! ეგ ხომ იქ იყო... მაგან ხომ იხილა როგორ მომისროლეს, მათრიეს იატაკზე... ეგ იქ არ იყო?! მეფე თამარის კუდი! - აბულასანი კარს ეცა, გამოაღო და ისე იყვირა, „დიომიდე, დიომიდე მოაბრუნეთ!“ - რომ მსახურნი თავქუდმოგლეჯილნი გაიქცნენ გასასვლელისაკენ.
ორიოდე წუთში დიომიდეს კვლავ აბულასანის წინ დაეხარა თავი.
- ზორაბაბელი სად არის?
- არ ვიცი, ბატონო, არსად მინახავს.
- აბა, თუ ინებებ, დღესვე გაახლებო?!
- კაკიტელამ მაცნობა, აქაურ სოფლებს სტუმრობს.
- კაკიტელა ვინ არის? - აბულასანი ვეღარ ითმენდა, დიომიდეს აუჩქარებელი პასუხები აღიზიანებდა.
- ეგეც იუდეველია. ბოგოლუბსკისთან დამეგობრებას ლამობდა.
- კაკიტელა, კაკიტელა... ჰო, მაგონდება!.. მაგან, ვგონებ, ვერ ივარგა... ეგ არი?
- ეგ არი, მაშინ ვერ მოერია ზორაბაბელს, დღეს კი მაგისთვინ ჩამოვიდა - შენს ბატონს ზანქანის ნახვა ხომ არ ეამებაო - გაიცინა დიომიდემ. თეთრი, თეთრი კბილები გამოუჩნდა - მე კი ასე მგონია, მას უფრო ეამება, თუ ზანქანს შენ მოგგვრი.
აბულასანს მზერა უბრწყინავდა.
- უსათუოდ, უსათუოდ უნდა მომგვარო... ხელებშეკრული და ქუდმოხდილი, თამარისეულ სასახლეში, ძროხებთან, ქათმებთან, ცხენებთან ჩაამწყვდიე!
- კი, ბატონო! - დიომიდემ ოთახი ისე დატოვა, თავიც არ აუწევია
აბულასანი დიდხანს მისჩერებოდა კარს, რომელშიც დიომიდე გავიდა. დღეს პირველად ეწვია იმაზე ფიქრი, თუ ვის შეიძლება კიდევ მსახურებდეს დიომიდე.
- ვისი მსტოვარია? ჩემი ამბები ვისთან მიაქვს?
აბულასანი დიდხანს ფიქრობდა იმაზე, თუ რაოდენი ზიანის მოტანა შეუძლია დიომიდეს და მტკიცედ გადაწყვიტა: როგორც კი სასახლეში შევიდოდა, როგორც კი მეფე ტახტს დაიკავებდა, დიომიდეს ამბავი წვრილად შეეტყო.
თვალები ამომიჩერდა ჩემი ღმერთის მოლოდინში
ვის შევუშინდე? უფალი
ბურჯია ჩემი სიცოცხლის,
რატომ შევძრწუნდე?
ფსალმუნი 27,1
მამის კვალზე მავალი ზანქანი როშჰაშანის წინ მორდეხ ზორაბაბელივით დადიოდა ქართლ-კახეთის სოფელქალაქებში და უქონელ ებრაელთ თავად აძლევდა სახარჯოს: ახალი წელი ყველამ კარგად დაიყენოსო. არეულ დროსაც არ დაერიდა: მადლს წინ არაფერი დაუდგებაო და გორშიც ჩამოვიდა. ბრეთში, ქარელში, ურბნისში და ახლომახლო დაბა-სოფლებში უქონელთ მორდეხივით შინ ეახლებოდა და საშემოდგომო დღესასწაულებისთვის საჭირო ფულს უტოვებდა.
ორშაბათს, ნაშუადღევს, ბეით-ქნესეთისაკენ მიმავალ ზანქანს ორმა ნიღბიანმა კაცმა თვალები დარაიით აუხვია, ხელები გადაუგრიხა და მყისვე შეუკრა კიდეც. გაოცება მოგვიანებით, მაშინ დაეუფლა, როცა თვალზე ახვეული დარაია მეფე თამარის ნაჭარმაგევის სასახლეში ჩამოხსნეს.
ზანქანს ხელებიც შეუხსნეს და სასახლის ერთ-ერთ, ბოსელივით აქოთებულ ოთახში შეაგდეს. ოთახში ძროხა გაწოლილიყო და უნდილად იცოხნებოდა. ისე იწვა, ოთახი შუა გაეყო - იქით, ტახტის მხარეს ვერც გახვიდოდი. ორი ღორი თავთავიანთ ნასაქმარში არხეინად ღრუტუნებდა. თეთრი ცხენი კი მეციხოვნესავით ყურებდაცქვეტილი იდგა, ყელი ისე მოეღერებინა, თავი ისე აეწია, გეგონებოდათ, ახლომახლო ვიღაცის ფეხის ნაბიჯებს ითვლისო, გოჭი კი ჩაზნექილიყო, იზმორებოდა და უკანა ფეხებით იატაკს ფორჭყნიდა. ოთახს საღამოს ბინდი ეუფლებოდა და ყველაფერი კარგად არ ჩანდა. ზანქანმა მაინც დაინახა: ოთახში ფეხის დასადგმელ ადგილსაც კი ვერსად იპოვიდი - ცხოველ-ფრინველთ აქაურობა სკლინტის, ნეხვის საუფლოდ ექციათ. იატაკი, ტახტები, სავარძლები, ნოხი ნეხვით იყო მოფენილი. ზანქანი ზარდაცემული ათვალიერებდა ოთახს: ოქროსირმულით გამორჩეულ ტახტზე იმდენი დაენეხვებინათ, თითქოს მთელი სოფლის სიბინძურეს აქ მოუყარესო თავი.
მოგვიანებით, მეზობელ ოთახში გასასვლელ კართან, თავისუფალი, ფეხის დასადგმელი ადგილი შენიშნა. იქამდე ოთხი-ხუთი ნაბიჯი იქნებოდა. უნდა გადამხტარიყო. მანძილი თვალით კიდევ ერთხელ, კარგად გაზომა. გადახტება კი? შესძლებს? თუ ნეხვში ჩაჰკრავს ფეხს? იქ მეტი თავისუფალი ადგილია, ორივე ფეხს თავისუფლად დადგამს, კარსაც მისწვდება. იქნებ, მეზობელ ოთახშიც კი გავიდეს. იქნებ, იქ, იმ ოთახში არ არიან ფრინველ-ცხოველნი? იქნებ, იქ სისუფთავეა? უნდა გადახტეს, უსათუოდ უნდა გადახტეს ზანქანი, სხვა გზა არცა აქვს! ვითომ მტერი მოსდევს, აჰა, ეწევა მტერი. გადახტა, გადახტა და... ფუი, სწორედ ნეხვში ჩაჰკრა ფეხი! აჰა! რა გულისამრევია... უწმინდური, უწმინდური კაცის ნაქნარია ეს! ფეხი დაიბერტყა. მეზობელი ოთახის კარს მისწვდა. არა, ეს დიდი დარბაზი ყოფილა. „იქნებ, აქ სჯობდეს?“ დარბაზში შევიდა. აქაც საძაგელი სანახაობა გადაეშალა თვალწინ - აქაობა
ნეხვისა და სკლინტის სუნით მეტად ჰყარდა. თუმცა, ეგერ, იქ, იატაკზე დაჯდომა შეიძლებოდა - იმ კუთხეს ცხოველ-ფრინველი არ მიჰკარებია. იქამდე როგორ მივიდეს? ცხენებს გადაუხერგავთ ოთახი. თაფლისფერ და თეთრ ცხენებს. წვანან და პირზე დუჟმორეულნი, მზერაცარიელნი, ლამის მთვლემარენი იცოხნებიან. დუჟი თივაზე ჩამოდის. აჰა, აგე, შეიძლება ფეხის დადგმა და იქით გადასვლა. კუდამდე ფეხს გაშლის ზანქანი... მისწვდება, კი უსათუოდ მისწვდება. კიდეც ვერ მისწვდეს, რაღა მნიშვნელობა აქვს... ერთხელ ხომ ჩაჰკრა ფეხი უწმინდურობაში. როგორ ასცდები... ყველაფერი აქოთებულია და ზანქანის წუღები სუფთა ვითარ იქნება? აგე ტახტი! ტახტზე კია სუფთა ადგილი! ერთ კუთხეს ისე მოფრთხილებიან ცხოველ-ფრინველნი, თითქოს იცოდნენ, ზანქანი მოვიდოდა და ამ ტახტზე დაბრძანდებოდა.
ზანქანმა ტახტამდე იოლად მიაღწია, ახსოვს ეს ტახტი, როგორ არ ახსოვს. ამ ზაფხულსაც კი იყო აქ... სწორედ ამ ტახტზე იჯდა. მეფე თამარმა აქ იწვია დიდვაჭრები... მეფე წინ იჯდა, აი, იმ სავარძელში, ახლა ქათამს რომ დაუბუდნია, ფანჯარასთან. ზანქანის გვერდით ვინ იჯდა? ზანქანი შეეცადა, ვერაფრით ვერ გაიხსენა. ის კი კარგად ახსოვს, აქედან, ამ ტახტიდან ხედავდა თამარის ზურგსუკან როგორ ჩადიოდა ბაჯაღლოსფერი მზე. ზანქანს ისიც კი მოეჩვენა მაშინ, რომ მზე შეჩერდა, ქვესკნელში ჩასვლა იმად გადასდო, რომ თამარს გვირგვინად დადგომოდა.
და იჯდა თამარი სავარძელში ყელმოღერებული, პირმომცინარი - ბაჯაღლოსფერი მზით კიდევ უფრო სხივოსანი. ლაპარაკობდა ხმადაბლა, აუჩქარებლად.
ზანქანმა ტახტს უკნიდან მოუარა. გადახარა. ორ-სამჯერ ამოჰკრა ფეხი და რაც ზედ ნეხვი დამხმარიყო, იატაკზე გადმოჰყარა. „ვინ, ვინ ჰქნა ეს საძაგლობა, ვინ შემოჰყარა ცხოველ-ფრინველი ამ სასახლეში, ვინ გააუწმინდურა აქაურობა!“ ტახტზე დაეშვა. დარბაზში უკვე ბნელოდა. აივნიდან კი ადამიანების ხმა ისმოდა. ხმადაბლა საუბრობდნენ. დ როდადრო გულიანად გადაიხარხარებდნენ. „ვინ მომიყვანა აქ, რისთვის?“
ზანქანმა კარგად იცოდა, ქვეყანაში რაც ხდებოდა. ისიც იცოდა ჯავახეთსა, თუ სამცხეში ბრძოლა უნდა ყოფილიყო. იქნებ, იყო კიდეც ეს ბრძოლა და აქ ჯერ არაფერი იციან, ისიც იცოდა ზანქანმა გორთან მოლაშქრენი რომ ჩადგნენ. მოლაშქრეთ აბულასანი და ვარდან დადიანი მოუძღვიან.
- მაგრამ ჩემთან რა ხელი აქვთ? - ხმამაღლა იკითხა.
კარგა ხანს ფიქრობდა თუ ვის, რატომ უნდა მოეყვანა აქ. დღეს გორთან აბულასანის და დადიანის ლაშქარი დგას. ეს კი იმას ნიშნავს, ამ მხარეში ისინი ბატონობენ. მაშ, რა გამოდის, მათი ნებით დაატყვევეს ზანქანი? თუ ამათ რაიმე თხოვნა, გინა დავალება ჰქონდათ, აქ, სანეხვეში კი არ მოიყვანდნენ, თავისთან იახლებდნენ, დავალებას ისურვებდნენ... ასე არ მოხდა. ეს კი იმას ნიშნავს, არც აბულასანია ბრალში, არც დადიანი... მაგრამ მეფის სასახლე? უბრალო ყაჩაღებს მეფის სასახლეში ვინ შემოუშვებდა... მეფის სასახლეს დიიდი, ძალიან დიდი ყაჩაღები ეუფლებიან...
ირგვლივ მრუმე სიბნელე, ნეხვისა და სკლინტის სუნი იდგა. ზანქანი კი ფიქრობდა, ფიქრობდა, ცდილობდა ჩასწვდომოდა მისი აქ ყოფნის მიზეზს. ამ ფიქრში ჩაეძინა.
მამლის ყივილმა გამოაღვიძა. მამალი ისეთი თავგამეტებით ყიოდა, თითქოს ქვეყნიერებას ეუბნებოდა, ყური მიგდეთ, ძალიან დიდი, დღემდე გაუგონარი ამბავი უნდა გაუწყოთო.
ცის კარი გახსნილიყო. რიჟრაჟი იდგა. შუქი თანდათან მატულობდა. ზანქანს საძაგელი სანახაობა გადაეშალა თვალწინ - თამარის მადლით გაბრწყინებული დარბაზი ვიღაცის ნებას წაებილწა. წამოდგა. ზანქანის წამოდგომისთანავე კამეჩმა ზმუილი ატეხა. ისე გამალებული, სულმოუთქმელად ზმუოდა, გეგონებოდათ ვიღაცას ატყობინებდა ზორაბაბელი წამოდგაო. ქათმებმაც ერთი კრიახი ატეხეს. ზანქანი სარკმელამდე დაუბრკოლებლად მივიდა - არარა სიბინძურეში არ ჩაუკრავს ფეხი. ,,ვინძლო, ამ სარკმელში გავეტიო კიდეც“. სარკმელი გააღო. ვიღაცამ აივნიდან, მკერდზე ხანჯალი მიაბჯინა.
- რავა, აღარ გინდა სიცოცხლე? - იმერელი ყმაწვილი იყო.
- ყარს აქაობა, სუნით დავიხრჩვე!
- დახურე!
- ცოტა ჰაერი!
- დახურე-მეთქი!
- ჰა!
- „კი. ეს ამ ხანჯალს ცოტა წინ წასწევს, თვალებში ეტყობა, ხმაზეც, რომ არ დაიზარებს, და დამთავრდება გამჩენის ბოძებული სიცოცხლე.“ გაიფიქრა ზანქანმა, სარკმელი ნელ-ნელა მიხურა. ბიჭმა ხანჯალი ქარქაშში ჩააგო. ზორაბაბელი ტახტს მიუბრუნდა. (ქათმებმა კვლავ ერთი კრიახი ატეხეს, იხვი კი გულისგამაწვრილებლად კვარკვარებდა).
- იმას, ვინც აქ მომიყვანა, ჩემი გახელება სწადია. ახლა ისიც ვიკითხოთ, რად უნდა ჩემი ასე გახელება? იმად, რომ ჩემი დასჯა უნდა, ეგრე იოლად კი ვერა მსჯის - ვერ ბედავს, თუ არ ძალუძს? საბაბს დაეძებს. საბაბს გახელებული კაცი იოლად აპოვნინებს. ვინ არი? ასე ვის უნდა ეწადოს ჩემი გახელება? ამ სასახლეში მოყვანა კი იმას შეეძლო, ვინც დღეს ამ კუთხეში ბატონობს. გამოდის აბულასანი, ან დადიანი! - ფიქრი შეყოვნდა. ფიქრი ფიქრს ვერ დაედევნა. ზანქანი ერთ წერტილს მისჩერებოდა - ვარდან დადიანს ჩემი ვნება რად უნდა ეწადოს? შორიახლო ვიცნობ, კეთილი სალამი... მოკითხვა და მეტი არაფერი!.. აი, აბულასანი კი... თუ ეს აბულასანის ნახელავია, შესაძლოა აქ, მეფე თამარის წაბილწულ სასახლეში დამთავრდეს სიცოცხლე - ზანქანმა დარბაზს მოავლო თვალი.
აბულასან, აბულასან!
კამეჩი წამოდგა, ზმუილი მორთო - აღნავლებული, ჭირვეული ბავშვივით აწვალებდა ზანქანის სმენას.
გათენდა.
იატაკზე გაშოტილი თეთრი ცხენი ნელ-ნელა, ზანტად წამოდგა, ისე გაიზნიქა, თითქოს იზმორებაო, თავი დახარა, გააქნია, თეთრ ფაფარს თითქოს ქარმა დაუბერაო, აიძაგრა, მერე ტალღასავით დაეშვა. თეთრმა ცხენმა ფეხები გაჩაჩხა და შარდი თქრიალით დაღვარა იატაკზე. შარდის ოხშივარი დარბაზში კვამლივით დაიფანტა. ზანქანმა ტუჩებზე მიიდო ხელი, თითქოს პირზე მომდგარ დილის ლოცვის პირველსავე სიტყვებს აჩერებდა.
„აქ, ამ სიბინძურეში, ამ წაბილწულ დარბაზში ღმერთის ხსენება - ლოცვა როგორ იქნება!“
გული დაწყდა - პირველად გაუთენდა დილა, როცა ლოცვაზე უარს ამბობდა.
თეთრი ცხენის ცხელი შარდი პაწია რუდ დაექანა კედლისაკენ. „თურმე მეფეთა სასახლის იატაკიც კი იგება მრუდედ, შარდი ქვევით დაეშვა“, გაიფიქრა ზანქანმა.
ზანქანი დაბეჯითებით გაემართა სარკმელისაკენ, ხელი აჰკრა, უცებ გააღო და დაიძახა:
- ეჰეი, სადა ხარ?
ხანჯალმოღერებული ბიჭი უმალ სარკმელთან გაჩნდა.
- შენ თუ გინდა, აი, ამ ვერცხლს მოგცემ, ოღონდ აი, ამ ღია სარკმელს არ მოშორდე! ყმაწვილი ვერცხლს დააცქერდა, გამოართვა და თქვა:
- ღია სარკმელს?
- ჰო, ღიას!
- შენ თუ ასე ძლიერ გინდა, დღეს აქ დავდგები, რო არავინ შემოგივარდეს შიგ, ხვალ კი...
დარბაზში ჰაერი დატრიალდა.
კამეჩი კვლავ მოუსვენრობდა, ადგილზე წრიალებდა, ზმუოდა, ცხადი იყო, რაღაც აწუხებდა, მაგრამ ზანქანი თავის გასაჭირზე ფიქრობდა და კამეჩისას ვერ ამჩნევდა. თავჩაქინდრული იდგა და ფიქრობდა:
- რატომ, რისთვის გამიმეტა ამისთვის - იმიტომ რომ ხოროდან განვთავისუფლდი? ხელზე რაღაც იგრძნო. განზე გადგა - კამეჩს განერიდა. მერეღა მიხვდა, რომ კამეჩი ხელს ულოკავდა. კამეჩი ისევ მიუახლოვდა, შეეცადა კიდევ ერთხელ აელოკა ზანქანის ხელი.
- რაღაცა უჭირს. რით ვუშველო?-კვლავ ტახტს დაუბრუნდა ზანქანი.
რომ ჯდებოდა, მაშინღა მიხვდა, რაც უჭირდა კამეჩს - ჯიქანი გოდორივით ჩამოჰკიდებოდა.
- როგორ ვუშველო? - წამოდგა. კამეჩს მიუახლოვდა ქედზე ხელი გადაუსვა, კამეჩი გაირინდა, ზანქანი დაიხარა და ჯიქანზე შეავლო ხელი. იცის ზანქანმა, როგორ წველიან ძროხას, კამეჩს. გამზრდელს - აწოწილ, გამხდარ, მკერდგალეულ სიფორას - არაერთხელ მოუწველინებია. აწველინებდა და თბილ, უმ რძეს ასმევდა, ეს მოგიხდებაო. კიდევ ერთხელ ჩამოუსვა ხელი ჯიქანს, მერე მოუჭირა კიდეც და რძე ჩხრიალით დაიღვარა იატაკზე. დაღვრილმა თბილმა რძემ შიმშილი აგრძნობინა, გაახსენა, რომ კარგა ხანია ხემსიც არ ჩასვლია პირში. ზანქანის საუზმობის დრო იყო. იატაკზე დაგდებულმა სამიოდ კვერცხმა, რძის ნაკადი შუა გაჰყო, დაღვრილი რძის რუმ კვერცხებს მშვიდად უქცია და კვლავ თავის მეორე ნაწილს მიაშურა.
- საუზმე კარგი მაქვს. კვერცხი და რძე - გაიფიქრა და კვერცხის ასაღებად ორიოდ ნაბიჯი გადადგა. დაიხარა კიდეც, მაგრამ აღარ აიღო. გადაიფიქრა. დღეს შიმშილობა გადაწყვიტა. „არა, არ შევჭამ, დღეს ვითაყანითებ,1 რომ ამ განსაცდელისაგან დახსნილ ვიქნე.“ „რომ ღმერთმა ამ განსაცდელისაგან მიხსნასო“ არ თქვა, აქ, ამ წაბილწულ დარბაზში ღმერთი არ მოიხსენია. კამეჩს მოუბრუნდა და ნელ-ნელა გაუბედავად იწყო მისი წველა. მოუხერხებლად, უგერგილოდ წველიდა. დაღვრილი რძე მალე პაწია რუდ იქცა, რომელიც თანდათან იზრდებოდა. რძის რუ კედელთან რომ მივიდა, ორ მხარეს დაიშალა. ქათმებმა ერთი კრიახი ატეხეს. რუს მიცვივდნენ. რძეს სვამდნენ და თავს ისე სწევდნენ მაღლა, თითქოს მართლა ღმერთს შესცქეროდნენ. ღორები კედელს აქეთ ჩადგნენ, აქ თქვლეფდნენ ჩამდინარე რძეს. სიამოვნებისაგან კი ღრუტუნებდნენ, მაგრამ ქათმებმა ერთი ალიაქოთი ატეხეს - ისე კაკანებდნენ, გეგონებოდათ, ომს აპირებენ რუ რისთვის გადაგვიკეტეთო.
წელში დიდხანს წახრილი ზანქანი ძლივს წამოიმართა, გასწორდა და ამოისუნთქა, შვებას განა მხოლოდ ის ანიჭებდა, რომ ცხოველს დაუამა, კეთილი საქმე გააკეთა. მეზობელ ოთახში გავიდა, ძროხის წველა იწყო - მთელი დღე, სანამ ძალა ეყო, ძროხებს და კამეჩებს წველიდა. ქათმები, ღორები, ცხენები კი ჩამდინარე თბილ რძეს სვამდნენ.
დაღამებამდე ბევრი ძროხა და კამეჩი მოწველა. ტახტამდე წელში მოხრილი მილასლასდა. ვერ იმართებოდა. ნაჭარმაგევის სანახებს ბინდი რომ დაედო, ქათმებმა კრიახი შეწყვიტეს, ზოგმა სავარძელში მოიკალათა, ზოგმა სავარძლის ქვეშ, ზანქანმა გულდაწყვეტილმა გაივლო გულში, დღევანდელი დღე ისე გაილია, ლოცვის საშუალება არ მომეცაო.
ისეთ გარჯას, როგორიც დღეს გასწია, ზანქანი მიუჩვეველი იყო. დაქანცულს მალე ჩაეძინა. ქვეყნად არც ერთ ტყვედქმნილს ასე გემრიელად არ სძინებია, ღამე გაილია, განთიადი დადგა, მზე გვირგვინად დაადგა ქართლის სანახებს, ნაჭარმაგევში ურემმაც გაიჭრიალა, მაგრამ ზანქან ზორაბაბელს მხარიც არ უცვლია - ეძინა ტკბილად, უშფოთველად, თითქოს ტყვე კი არა, მეფის სასახლის ძვირფასი, სასურველი სტუმარი იყო.
- შენ აქ ძილისთვის შემოგაგდეს, თუ სულის გვემისთვის! - ჩასძახა ვიღაცამ. ზანქანმა თვალი კი გაახილა, მაგრამ უცებ ვერ გააცნობიერა სად იყო, ვინ ჩასძახოდა. მზე თვალებში სცემდა. - ჰა, გაიღვიძე? - ისევ ჩასძახეს და ზანქანმა იგი ხმით უფრო იცნო, ვიდრე დაინახა. ფეხზე წამოიჭრა. სიბრაზემ, მრისხანებამ წამოახტუნა - ეწადა აბულასანისათვის სარმა გამოედო და უმალ იატაკზე დაენარცხებინა, მაგრამ ფეხზე დადგომისთანავე დაიოკა თავი - გუშინდელი ნაფიქრი გაახსენდა და ტახტზე აუჩქარებლად დაეშვა. - მის წინ ძლიერი, კმაყოფილი, სახეგაბრწყინებული აბულასანი იდგა.
აბულასანმა იგრძნო როგორ დაიოკა თავი ზანქანმა, გაიღიმა და ჰკითხა:
- ხომ მოგწონს აქაობა?
ზანქანმა პასუხი არ გასცა. თავი არ ჩათვალა ვალდებულად აბულასანის შეკითხვაზე პასუხი გაეცა. ძლიერი შიმშილი იგრძნო. კუჭი აუწრიალდა.
- ჰა? - შინაურულად, უბრალოდ იკითხა აბულასანმა - როგორია?
და თქვა ზანქანმა, ზორაბაბელმან, ძემან მორდეხაისა:
- ადრე მეფე თამარს ჰგავდა და ძლიერ მომწონდა. დღეს შენივ სულისთვის დაგიმსგავსებია, და ვით იქნება მომწონდეს! - ზანქანმა თავი ასწია, აბულასანს მზერა გაუსწორა. კუნთიც კი არ ერხეოდა. იავარმქმნელი, განმქიქებელი მზერა მიეპყრო აბულასანისთვის - ნუ გგონია, გიბრაზდები, აბულასან, შენთვის ის მოიცლის, ვინც უნდა მოგაგოს პასუხი.
აბულასანმა გაიღიმა. სახე გაუცისკროვნდა.
- შენგან გამკვირვებია და ეგ არი! წინდახედულ კაცად გიგულებდი, უგნურად კი მოიქეც. გეთქვა, მე ვურჩიე აბულასანს ეგ კაციო, დღეს ეგ შენი სიტყვები ხომ სიკეთით დაგიხვდებოდა წინ - ძლევამოსილ მეფედ მოდის გიორგი ბოგოლუბსკი, მთელი საქართველო მას შეჰხარის...
- აბულასან, მე ადონაის მსახური ერის შვილი ვარ. ადონაის მერე სამშობლო მიდგას. სულ იმას ვცდილობდი, ჯერ ადონაისთვის მემსახურა, მერე - სამშობლოსათვის, დღეს შენ სიცოცხლეზე მეტს - სინდისსა და ქვეყნისადმი ერთგულებას მთხოვ მსხვერპლად.
- მე კი არა, სამართალი...
- უსამართლოთა, სამშობლოს, კანონის იავარმქმნელთა სამართალი... ხომ დაგიშალე ბოგოლუბსკი, არ გამოადგება ეგ კაცი საქართბელოს მეთქი.
- ენა! - იყვირა აბულასანმა და წამოენთო - იური ბოგოლუბსკი საქართველოს მეფეა!
ზანქანმა ადროვა, პასუხი არ გასცა, მერე ხმადაბლა, თითქოს თავისთვის ამბობსო, თქვა:
- თამარი? განა თამარი ღვთივ კურთხეული მეფე არ არის? - და დარბაზის შუაგულისაკენ გაემართა. ნელა მიდიოდა, აუჩქარებლად.
აბულასანი იუდეველის გულგრილობამ გააკვორვა - ისე იქცეოდა, თითქოს აბულასანი აქ არც იყო. ,,მე ხომ ვიცი: ახლა თავის ღმერთს მიენდო, მხოლოდ თავის ღმერთს.“ გაიფიქრა.
- რა გაეწყობა - ჩაილაპარაკა, რადგან გადაწყვიტა რაც უნდა უყოს ამ გაბღენძილ იუდეველს.
ზანქანს მიმოფანტული ორი თუ სამი კვერცხი დაენახა. მიუახლოვდა. ხელში აიღო, გატეხა, პირთან მიიტანა და გადაყლაპა. თბილი იყო, როგორც ჩანს, ახლახან დაედო ქათამს. კვლავ დაიხარა, თან აბულასანს შესცქეროდა, კვერცხი აიღო, გატეხა, გადაყლაპა და ტუჩებზე ხელი მოისვა.
ზანქანის დილის საუზმემ, მოძრაობამ აბულასანი დააბნია.
„არაფრად მაგდებს! სწორედ იმას იმსახურებს, რაც მოუვა!“ - ფიქრობდა აბულასანი. ხმამაღლა კი აი, რა თქვა:
- გულისტკივილით ლაპარაკობდა, იფიქრებდი, სადაცაა თვალთაგან ცრემლები გადმოსცვივაო.
- განა თამარი მეფე არ იყოო, მეკითხები. იმაზე კი არ ფიქრობ, რა დღეში ჩაგვაგდო. მთელი საქართველო აოხრდა, გაუჭირდა ხალხს. შენზე უკეთ ვინ იცის, რომ ჩემზე ერთგული კაცი მეფეყოფილს არა ჰყოლია. რაღა დაგვრჩენოდა? გავისარჯეთ, წელებზე ფეხი დავიდგით და დავიყოლიეთ ბოგოლუბსკი დაუბრუნდეს საქართველოს. მადლობა ღმერთს, დღეს საქართველოს ბედი გონიერი, შორსმჭვრეტელი მეფის ხელშია. ამიტომ შენც უნდა გაისარჯო, საქართველოს სიკეთისთვის შენც უნდა გადადგა ათიოდ ნაბიჯი, შენც უნდა დაუდგე ქომაგად საქართველოს: გადი შენს ხალხში, იუდეველნი პატივს გცემენ, გაგიგონებენ. იმეცადინე, რომ ბოგოლუბსკის ერთგულება დაიფიცონ.
ზანქანმა აღსასრულის მოახლოება იგრძნო:
„აბულასანმა კარგად იცის, რომ მე ამ საქმეს არ გავაკეთებ, ისიც იცის, რომ იუდეველთ ქართველი მეფის ღალატი არასოდეს გაუვლიათ გულში, მაგრამ მაინც ამას მთხოვს, ჯერ მთხოვს, ორიოდ წუთში დამავალებს, მომთხოვს და“...
აბულასანი ისევ მშვიდად, აუჩქარებლად ლაპარაკობდა.
- შენ, ალბათ, ხვდები, რისთვის მინდა მე იუდეველთა დაფიცება. თუ ხალხმა ბოგოლუბსკის ერთგულება არ დაიფიცა, სისხლისღვრა დაიწყება, ძმა ძმას მოჰკლავს, ჩვენ კი სისხლისღვრას ვერიდებით, არც ვიზამთ, მაგრამ თუ სისხლისღვრა გაჩაღდა, შენ ხომ იცი, იუდეველნიც დაზარალდებიან - აბულასანმა ხმას დაუწია, საიდუმლოს განდობის ინტონაციით აუწყა ზანქანს: - კარგად ვიცი და შენ გეტყვი მხოლოდ, მეფე უწინარეს იმ ხალხს, იმ დაბას, სოფელს, თუ ქალაქს დასჯის, ვინც მის ერთგულებაზე დაფიცება არ ისურვა.
„მაშინებს, ჩემი დაფრთხობა სწადია - გაიფიქრა ზანქანმა.
- ამიტომ ამ საქმეს განა ბოგოლუბსკისათვის გთხოვ, შენი ხალხის სასიკეთოდ უნდა გააკეთო ეს. მანამდე კი შენ უნდა დაიფიცო, შენ აქ, ახლავე უნდა შემომფიცო ბოგოლუბსკის ერთგულება.
„აჰა, აბულასანი დასასრულს მიჩქარებს“.
- სხვა რა გზა გვაქვს, ზანქან, უნდა გავისარჯოთ, უნდა შემომფიცო ბოგოლუბსკის ერთგულება, მე კი უნდა მივიღო შენი ფიცი - მშვიდად, ღიმილითაც კი ამბობდა აბულასანი.
„კარგად იცის, რომ არ შევფიცავ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩემი ბედი გადაწყვეტილი აქვს. ახლა რა აჯობებს? ღმერთო, შენ მაპოვნინე სწორი აზრი... არა, არარა პასუხი არ უნდა მივცე. ჩემგან იმ პასუხს ვერ მიიღებს, რომელიც მას სწადია, უარზე ლაპარაკი კი რა საჩქაროა“.
- ასეა, ჩემო ზანქან. კაცის ცხოვრებაში დგება ჟამი, როცა ქვეყნისთვის იმაზე მეტი უნდა გააკეთოს, ვიდრე შეუძლია.
„არა, თქმა არ იქნება. ახლა დუმილი ოქროზე მეტი ოქროა“.
- ჰე, შემომფიცე, ზანქან!
„უთქმელობაც პასუხია. წარმოუთქმელი პასუხი“.
- შენს პასუხს ველოდები, ზანქან!
ზანქანი უხმოდ იდგა. აბულასანმა ოთახში რამდენიმე ნაბიჯი გადადგა.
- შენს პასუხს ველოდები მეთქი!
„კი, კი, უთქმელობაც პასუხია. ყველაფერი გაიგო, არც მინდოდა ასე უცებ გაეგო, მაგრამ“...
აბულასანი ზანქანს მიუახლოვდა. წინ დაუდგა. თვალებში ჩახედა.
- მაშ, პასუხს არ იძლევი? - ბოგოლუბსკის ერთგულებაზე არ ფიცულობ?
ზანქანი უშფოთველად იდგა.
- იმიტომ რომ იუდეველი ხარ და ქართვლის ბედი არაფრად გენაღვლის! - იყვირა აბულასანმა. სახეზე წამოწითლდა, მზერა რისხვით აევსო.
ზანქანმა თავი დაიოკა და უშფოთველი, მშვიდი მზერა მიაპყრო აბულასანს. მოსახდენი უკვე მოხდა, სათქმელი უკვე ითქვა. ახლა ყველაფერი ღვთის ხელშია, ისე იქნება, როგორც ღმერთს სწადიაო, ფიქრობდა. ამიტომ იყო მშვიდად, ღვთის განაჩენის მოლოდინში, რადგან კარგად იცოდა: აწი ზანქანი ვეღარაფერს შეცვლიდა.
თეთრმა ცხენმა დაიჭიხვინა, აბულასანმა თავი ასწია (მზერა უელავდა) ხაზგასმით, ლამის დამარცვლით უთხრა ზანქანს:
- ზანქან ზორაბაბელო, შენ ახლა, აქვე უნდა შემომფიცო ბოგოლუბსკის ერთგულება. მერე კი იუდეველთ უნდა დააფიცებინო საქართველოს ახალი მეფის ერთგულება. ეს საჭიროა საქართველოსათვის.
„რამდენი საუკუნეა აქ, ამ მიწაზე ვცხოვრობ. დრომ ამ ქვეყნის ნამდვილ შვილად მაქცია, ამ მიწის, ცის, ჰაერის ნაწილად. ამას მაინც უცხოდ მივაჩნივარ. ამას მაინც ის ჰგონია, თვითონ არის შვილი, პატრონი ამ მიწისა, მე კი უცხო შინაური ვარ, ან შინაური უცხო. თუმცაღა... თუმცაღა... ის არავინ იცის, თავად ვინ არის... ბერძენთა შთამომავალი, თუ რომაელთაგან ქცეული ქართველად, არაბთა ნაშიერი ქართველი, თუ ნაყივჩაღარი. მე კი უცხო შინაურად, ან შინაურ უცხოდ მივაჩნივარ“ თვალმოჭუტული, გულმოკლული ფიქრობდა ზანქანი.
- მე შენს პასუხს ველოდები, იუდეველო!
ზანქანი არც ირხეოდა - თვალმოჭუტული შესცქეროდა აბულასანს. მისი უშფოთველი მზერა აბულასანის მოთმინების ფიალას ავსებდა.
- ზანქან მეთქი, გონს მოდი! რისთვის, თავს რად იღუპავ!
ამ სიტყვებმაც რომ ვერარა ზეგავლენა ვერ იქონიეს ზანქანზე, აბულასანმა ერთხანს გამჭოლი მზერა არ მოაცილა. მის მზერაში ამოიკითხა ზანქანმა, რომ დგებოდა საბედისწერო წუთები. ღმერთს უხმოდ, გულში კიდევ ერთხელ შესთხოვა შველა და მეჭურჭლეთუხუცესყოფილს მიაცქერდა.
- რას მთხოვ, აბულასან? - მშვიდად იკითხა ზანქანმა.
- იუდეველები ბოგოლუბსკის ერთგულებაზე დააფიცე მეთქი - კბილებში გამოსცრა აბულასანმა.
- კი, ბატონო, - მშვიდად თქვა, გაიღიმა კიდეც ზანქანმა.
- იუდეველთ უნდა ჩააგონო, რომ საქართველოს ნამდვილი მეფე ბოგოლუბსკია!
ბატონი ხარ მეთქი, გითხარი, აბულასან! - ისევ გაიღიმა ზანქანმა.
- შენ კი ახლავე, ამ წუთში უნდა შემომფიცო ბოგოლუბსკის ერთგულება!
- ასეც იქნება, კი ბატონო!
- რას ამბობ! - აბულასანმა ახლაღა გააცნობიერა ზანქანის პასუხი. - რაო, რა მითხარი?
- ჩავაგონებ იუდეველთ, რომ ბოგოლუბსკი გინდათ ქართველთა მეფედ.
აბულასანი ზანქანს დააცქერდა. ერთხანს უხმოდ შესცქეროდა:
- შენა? ეს შენა ხარ? ამას შენ მეუბნები? - უცებ ისე იყვირა, კედლებიც კი აზანზარდა - მატყუებ, იუდეველო, როგორ მიბედავ, საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესს როგორ უბედავ! ა ბულასანი ზანქანს სწვდა: - მატყუებ, ზანქან, შენ იმ შენს მეფეს არ უღალატებ, გიცნობ ვინცა ხარ!
- არა, არ გატყუებ!
- მაშ, დაიფიცე, ახლავე შემომფიცე ახალი მეფისადმი ერთგულება.
- ხვალ, დღეს ვერა, დღეს - შაბათია.
- შაბათი!? მაშ, მატყუებდი? ხომ ვთქვი, მატყუებ-მეთქი! - ბიჭო, ბიჭო-მეთქი! - იყვირა აბულასანმა. თვალებში ისევ რისხვა ჩაუდგა, სახე კანგაცლილ ჭარხალს მიუგავდა - სად დაიკარგე, შე ძაღლისშვილო! - ლამის ხმაც კი დაჰკარგა აბულასანმა.
- აქ ვარ, ბატონო, აგერ, ა!-დარბაზში იმერელმა ყმაწვილმა შემოირბინა - ფუი, რავა ყარს აქაობა!
- აქეთ მომხედე-მეთქი, გეუბნები! - ყვიროდა აბულასანი და ზანქანს მზერას არ აცილებდა.
- აგერ ვარ-თქვა, ბატონო, შენს ფეხქვეშ!
- ამ კაცს ჯერ ლაპარაკი არ სურდა, ახლა ალაპარაკდა და იტყუება. ეგ ენა რაღაში სჭირდება! მოიყვანე ივანე, ისე ამოჰგლიჯოს ეს ენა, როგორც არა ერთს ამოჰგლიჯა გუშინ თუ გუშინწინ!
ზანქანმა თვალები დახუჭა და უხმოდ წარმოსთქვა:
„ხუშა ლეეზრათი, ადონაი თეშუათი!“
- რაღას უდგეხარ, დროზე! - ჩაესმა ზანქანს აბულასანის ხმა.
- არ არი, ბატონო, ივანე, ვინცხა ამილახორი ყოფილა, დიდი უბედური კაცი, არ იფიცებს თურმე ჩვენი დიდი მეფის ერთგულებას.
ზანქანმა თვალები გაახილა.
„ხუშა ლეეზრათი, ადონაი თეშუათი!“
აბულასანი ბიჭს მივარდა, ყელში სწვდა.
- რას ამბობ, ბრიყვო, რა ამილახორიო!
- არ იფიცებს ოჯახქორი, თურმე, მყავს მე ჩემი მეფეო!
- რას ბოდავ-მეთქი!
- არა, ბატონო, მე არაფერს, დადიანმა დოუძახა ივანეს, არ ჭირდება ამილახორს ენა და ამოაცალეო.
აბულასანმა ბიჭს ხელი უშვა, ჰკრა კიდეც, ბიჭი იატაკზე დაეცა.
- დათია მოიყვანე, ჩქარა, დათიამაც კარგად იცის ენის ამოგლეჯა.
ბიჭი წამოდგა, ჩოხა გაისწორა, ხანჯალზე ხელი თავმომწონედ ჩამოიდო და თქვა:
- დათია მაჩაბელთან გაგზავნეს. მაგასაც უარი უთქვამს დაფიცებაზედა...
- ხმა, კრინტი! ხმა აღარ გავიგონო შენი! - იყვირა აბულასანმა და ზანქანმა კარგად დაინახა მეჭურჭლეთუხუცესყოფილს უცებ როგორ გაეყინა მზერა. აბულასანის მზერას თვალი გააყოლა და შეტოკდა ზორაბაბელი: კარში შიშისაღმძვრელი, შავი, პირქუში კაცი იდგა. აბულასანი უხმოდ შესცქეროდა კარში ჩამდგარ პირქუშ კაცს. აღმართული ხელი უღონოდ ჩამოუვარდა და დარბაზში დუმილი გამეფდა. ამ დუმილში ვარცლის დაცემის ხმასავით გაისმა კამეჩის დაფუნების ხმა. კამეჩმა იატაკზე დააფუნა და კუდი არხეინად აიქნია.
იმერელი ბიჭი კი გაოცებული შესცქეროდა პირქუშ კაცს. ის კაცი აბულასანისაკენ გამოეშურა. კამეჩის მიერ დაფუნებულს ფრთხილად აუარა გვერდი, აბულასანს მიუახლოვდა და ყურში რაღაც ჩასჩურჩულა. ზანქანმა კარგად დაინახა, ეს როგორ გამოეპარებოდა, აბულასანმა ჯერ ფერი დაჰკარგა, მერე ენის ბორძიკით თქვა:
- რრრას... რრრას... ააამბბობ, დიომიდე, რრრას!
- ახლავე, დროს ნუ ჰკარგავ!
- რრრაას ლლლაპაარააკობ... მმე გააავიქცეე! - აბულასანის სახეზე მწარე ღიმილი გაკრთა.
- გამარჯვებული მეფე თამარი ქალაქში ბრუნდება, ბორჯომის ხეობა გამოიარა, დავით სოსლანი და გამრეკელ-თორელი თან ახლავან - დიომიდე მშვიდად, აუჩქარებლად ლაპარაკობდა.
- გგგუუუგუზან ტააოსტაააოსკარელი... ბბბოოოცო სპასსპასპასალარი...
- გუზან ტაოსკარელი და ბოცო სპასალარი ხელფეხშეკრულნი, შიშველნი ჰყრიან ურმებზე. მეფე თამარს აქეთ მოჰყავს, რომ სამაგალითოდ დასაჯოს.
გადაჭრილი ალვის ხის დაცემას ჰგავდა აბულასანის წაქცევა. არა, კი არ წაიქცა, აივნიდან გადმოგდებულ, კენჭებით გატენილ ტომარასავით დავარდა. თავი კამეჩის ფუნაში ჩაუვარდა, იატაკიდან ავარდნილმა ფუნის შხეფებმა დიომიდე სამოსი დაუსვარა.
- ამას შეხედე, რა ამბავში იყო და სად სტუცა თავი! - წამოიძახა ბიჭმა. ზანქანმა აბულასანისაკენ ორიოდ ნაბიჯი გადადგა. დიომიდე მზერაგაყინული დასცქეროდა აბულასანს, ზანქანი ხელის მოძრაობით შეაჩერა, მზერაც გაოცებისა შეაგება: რა გწადია, რისთვის ირჯებიო. ზანქანი შეჩერდა.
- დედა, დედა, რას დაგვკიოდა თავს და რავა უცებ მოუსვა თქვა ბიჭმა და კარისაკენ წავიდა, მობრუნდა, აბულასანს დაადგა თავს - ა, ნახე ახლა ვინ არი ძაღლიშვილი - შენ თუ მე! - თქვა ბიჭმა და გავიდა.
თეთრმა ცხენმა ისევ თქრიალით დაღვარა შარდი. შარდი პაწია ნაკადულად დაეშვა, აბულასანის გვამამდე რომ მიაღწია, ორად გაიყო, ორ ნაკადად, ერთი მხარე აბულასანის თავისაკენ წავიდა, მეორემ კი მუცელსა და მკერდს შუა გაჟონა. დიომიდე შარდის მოძრაობას ისე დასცქეროდა, თითქოს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა, რუ რომელ მხარეს წავიდოდა. მერე ზანქანს თავი დაუკრა და კარისაკენ გაემართა.
- ხო უნდა ამას მიხედვა... ადამიანია მაინც - თქვა ზანქანმა.
- ხელი არ ახლო, ამირსპასალარს ასე უნდა დახვდეს! - ხმადაბლა თქვა დიომიდემ და გავიდა.
ზანქანი ერთხანს უხმოდ იდგა. მერე სასახლის ყველა კარი, სარკმელი დააღო, ცხენებს, ძროხებს და კამეჩებს გავაზე ჰკრა ხელი, აივანზე გამოიყვანა. ფრინველნი თავად გამოიკრიფნენ. აუჩქარებლად, ნელ-ნელა ჩამოდიოდნენ ეზოში. ცხოველთა ზმუილის ხმაზე მათი პატრონებიც გამოჩნდნენ. გინებით, ყაყანით იკრიბებოდნენ, თავთავიანთ ცხოველ-ფრინველს დაეძებდნენ.
ზანქანი შარაზე გამოვიდა. თეთრი ცხენი მზრუნველი მასპინძელივით გამოჰყვა - გვერდიდან არ სცილდებოდა.
- ნეტავ, შახრითს∗ თუ მივუსწრებ? - გაიფიქრა ზანქანმა.
თეთრმა ცხენმა დაიჭიხვინა. ზანქანი ცხენს მოუტრიალდა. არც უფიქრია - ცხენზე მოექცა, გასწორდა და სალოცავისაკენ გააქანა.
- იქნება, შახრითს მივუსწრო, იქნება, მივუსწრო შახრითს - ფიქრობდა, თუმცა, იცოდა ბეით ქნესეთამდე შორს იყო.
________________________
1. თაყანითობა - საკვებზე უარის თქმა
2. შახრითი - დილის ლოცვა.