![]() |
1 * * * |
▲ზევით დაბრუნება |
საინფორმაციო ბროშურა ,,მეტადონის შესახებ“ თავდაპირველად გამოშვებულია ინგლისურ ენაზე (About Methadone) Drug Policy Alliance - ის მიერ, რომელიც წარმოადგენს აშშ-ს კერძო არამომგებიან არასამთავრობო ორგანიზაციას.
ბროშურაში წარმოდგენილია მასალა რომელიც დაეხმარება პაციენტებს მათ მკურნალ ექიმებთან ურთიერთობაში და მკურნალობასთან დაკავშირებით სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში.
ეს მასალა აგრეთვე მიზნად ისახავს წვლილი შეიტანოს სხვადასხვა ცრურწმენასთან და სოციალურ პოლიტიკასთან ბრძოლაში რომლებიც ხელს უწყობენ შემანარჩუნებელ თერაპიაში ჩართულ პირებთა დისკრიმინაციას.
![]() |
2 მადლობის გამოხატვა |
▲ზევით დაბრუნება |
წინამდებარე ბროშურა მეორე გამოცემას წარმოადგენს. პირველი გამოცემის ტირაჟი - 200 000 ცალი - გავრცელდა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მის ფარგლებს გარეთ. ჩვენ გვსურს განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატოთ ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც ამ ბროშურის გავრცელებაში დაგვეხმარა და მიაწოდა ის პაციენტებს, მათ ოჯახებს, სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლებს, პოლიტიკის განმსაზღვრელ პირებს და საზოგადოებრიობის სხვა დაინტერესებულ წევრებს. ბროშურა „მეტადონის შესახებ“ ითარგმნა იტალიურ, რუსულ და ესპანურ ენებზე.
გვსურს დიდი მადლობა გადავუხადო მათ, ვინც განუზომელი წვლილი შეიტანა როგორც კვლევებში, ისე აღნიშნული ბროშურის დაწერაში, ესენი არიან: Corinne Carey, JD, Travis Jordan, Michail McAllister, Sharon Stancliff, MD, Ellen Tuchman, PgD და Peter Vanderkloot.
მადლობას ვუხდით აგრეთვე Matthew Brigss, Paul Cherashore, Amanda Davila, Ethan Nadelmann, JD, PhD, Robert Newman, MD, J.Thomas Payte, MD და Shauna Samuels მათ მიერ გამოთქმული წინადადებებისათვის.
განსაკუთრებული მადლობა ყველა იმ პაციენტს, ვინც მკურნალობდა მეტადონით. მათ წარმომადგენლებსა ახლობლებს, ვისაც შევხვედრივარ და ვისთანაც მიმუშავია - თქვენი შთაგონებით მოხდა ამ ყველაფრის დაწერა.
Holly Catania, JD
![]() |
3 შესავალი |
▲ზევით დაბრუნება |
შესაძლებელია რომ თქვენ ამ ბროშურას კითხულობთ იმიტომ, რომ უკვე ღებულობთ მეტადონს, ან აპირებთ დაიწყოთ მისი მიღება, ან ფიქრობთ იმ ადამიანზე, რომელიც ხმარობს ამ პრეპარატს.
როგორც წესი, ადამიანები იწყებენ მეტადონით მკურნალობას იმ შემთხვევაში, თუკი მათ აღელვებთ საკუთარი ჰერიონზე ან სხვა ოპიოიდებზე დამოკიდებულება. მაგრამ იმ ადამიანებს, ვინც მეტადონის მოხმარებას იწყებს, სხვადასხვა მიზნები აქვთ. ზოგიერთებს, პირად შეგრძნებებზე დაყრდნობით, სურთ „ქუჩის“ ნარკოტიკების მიღების სრული შეწყვეტა, სხვანი აპირებენ მათ მიღებაზე დროებით უარის თქმას, მესამეებს კი ყოველდღიური დოზის შემცირება ან დარეგულირება უნდათ.
ერთნი იწყებენ მეტადონის მიღებაას იმ ვარაუდით, რომ ეს წამალი მათ საკმაოდ ხანგრძლივათ სჭირდებათ. სხვები კი თვლიან, რომ ის მათ მხოლოდ ხანმოკლე დროით ესაჭიროებათ. მიუხედავად იმისა, თუ რა მიზეზით მიმართეთ თქვენ მეტადონით მკურნალობას, ჩვენ ჩამოგითვლით მეტადონის გამოყენების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებულ არგუმენტებს:
- ,,ქუჩის“ ნარკოტიკებზე დამოკიდებული ადამიანები მეტადონის მიღებისას უფრო ჯანმრთელები და დაცულები არიან. ისინი უფრო დიდხანს ცოცხლობენ, ნაკლებ დროს ატარებენ ციხეებსა და საავადმყოფოებში, უფრო იშვიათად ინფიცირდებიან ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით (აივ), ნაკლებ სამართალდარღვევებს ჩადიან;
- მეტადონით ხანგრძლივი მკურნალობა უფრო უკეთესია, ვიდრე ხანმოკლე. რაც უფრო მეტი დროის განმავლობაში ღებულობთ მეტადონს, მით უკეთესია ზოგადი სედეგები. შეუზღუდავი მკურნალობა სამუდამოდ კარგ ჯანმრთელობას, აივ-ნეგატიურ სტატუსსა და დაპატიმრებისაგან თავისუფლებას ნიშნავს;
- მეტადონით მკურნალობა ოპიოიდებზე დამოკიდებული ადამიანების მკურნალობაა. მაგრამ ის არ ეხება კოკაინზე, ალკოჰოლზე, ბენზოდიაზეპინსა და თამბაქოზე დამოკიდებულთა მკურნალობას.
ოპიოიდური პრეპარატები მოიცავს წამლებს, რომლებიც მთლიანად ან ნაწილობრივ არის მირებული ოპიუმისა ან მსგავსი ეფექტების მქონე სინთეზური ნაერთებიდან. ესენია: მორფინი, ჰეროინი, კოდეინი, მეტადონი, დილაუდიდი, ლაამი, ოქსიკონტინი და ფენტანილი.
„ქუჩის“ ნარკოტიკებზე დამოკიდებული
ადამიანები მეტადონის მიღებისას
უფრო ჯანმრთელები და დაცულები
არიან იმათთან შედარებით, ვინც
მეტადონს არ იღებს.
![]() |
4 დამოკიდებულება |
▲ზევით დაბრუნება |
ოპიოიდების გამოყენება ათასი წლების განმავლობაში ხდება და ცნობილია, რომ ოპიოიდებზე დამოკიდებული მრავალი ადამიანი ძალიან დიდ სირთულეებს განიცდის მათი მიღების შეწყვეტის აუცილებლობის გამო.
ტანჯვა, რომელსაც ისინი ამ დროს განიცდიან (აბსტინენცია), ამ პრობლემის მხოლოდ ერთ ნაწილს წარმოადგენს. ნამდვილი სირთულეები იწყება მას შემდეგ, რაც ნარკოტიკებისაგან თავის შეკავების პერიოდი მთავრდება.
ისევე, როგორც თამბაქოს მოხმარების შემთხვევაში, ძნელი ასახსნელია, რატომ არის რთული ნარკოტიკებზე უარის თქმა. მიზეზები ხანგრძლივ დეპრესიებში, ნარკოტიკებისადმი ლტოლვასა და აბსტინენციის მოულოდნელ შეტევებში მდგომარეობს. ზოგიერთი ადამიანი თვლის, რომ დროთა განმავლობაში ეს ჩივილები მცირდება, მაგრამ სხვანი ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე განიცდიან მათ და საბოლოოდ მაინც უბრუნდებიან ოპიოიდების რეგულარულ მიღებას.
რეციდივი ხშირი უნებისყოფობითა ან სხვა პირადი ფაქტორებით არ არის განპირობებული. ეს, შესაძლოა, იმის შედეგადაც ხდებოდეს, რომ ადამიანებს, რომლებიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში მოიხმარდნენ ოპიოიდებს, თავის ტვინში განუვითარდათ გარკვეული ცვლილებები, რაც ზემოქმედებას ახდენს მათ ნორმალურ ქმედებებსა და შეგრძნებებზე. ეს ცვლილებები იმაში მდგომარეობს, რომ ტვინის ამ ნაწილმა მთლიანად გამოიყენა საკუთარი ბუნებრივი ოპიოიდები.
ყველაზე ცნობილი ამ ოპიოიდთაგანი ენდორფინებია. სიტყვა ,,ენდორფინი“ ნიშნავს ,,შინაგან მორფინს“. ენდორფინები ფუნქციონალურად, მართლაც, მორფინსა ან ჰეროინის იდენტურნი არიან.
ჯერ-ჯერობით ბოლომდე არ არის გარკვეული, თუ როგორ მოქმედებენ ბუნებრივი ოპიოიდები ორგანიზმში, მაგრამ მონაცემებით დასტურდება, რომ მათ უკავშირდება ტკივილის კონტროლი, სწავლება, სხეულის ტემპერატურის რეგულაცია და სსხვა მრავალი ფუნქცია.
შესაძლოა, რომ ის ადამიანები, რომლებშიც ოპიოიდებზე დამოკიდებულება განვითარდა, ენდორფინების ისეთი სისტემით დაიბადნენ, რომელმაც ისინი ზედმიწევნით მოწყვლადები გახდა - მაგალითად, ცნობილია, რომ ნარკოტიკების მიღებისადმი მიდრეკილება ვლინდება გარკვეულ ოჯახებში.
შესაძლოა, რომ მიდრეკილება უკავშირდება ტვინში განვითარებულ ცვლილებებს, რომლებიც გამოწვეულია ჰეროინისა ან სხვა ოპიოიდების მოხმარებით. ან შესაძლოა, რომ ეს გენეტიკური ფაქტორების და გარემოს კომპლექსური ზემოქმედების შედეგია. დღეისათვის უცნობია, თუ როგორ ხდება ეს დაზიანება, და არსებობს თუ არა მსგავსი დაზიანება ყველა იმ ადამიანებში, ვისაც ოპოიოდების მოხმარებაზე უარის თქმა არ ძალუძს. მაგრამ დღითიდღე იზრდება იმ მტკიცებულებათა რიცხვი, რომლებიც ადასტურებს, რომ მსგავსი პრობლემები აქვთ იმ ადამიანებს, რომლებშიც ასეთი დაზიანება არსებობს, და ის ხშირად თანდაყოლილია.
ჯერ-ჯერობით არ არსებობს ისეთი ტესტი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნებოდა იმის განსაზღვრა, ბუნებრივი ოპიოიდური სისტემის რამდენად მძიმე დაზიანება არსებობს ამა თუ იმ პიროვნებაში ან რამდენად რთულია ამ ადამიანისათვის ოპიოიდებზე თავის არიდება.
დღეისათვის დანამდვილებით არის ცნობილი, რომ ოპიოიდებზე დამოკიდებულების მთავარი მახასიათებელი თვისება რეციდივია. მეტადონის ოპიოიდებზე დამოკიდებულების არსებობისას განკურნების საშუალებას არ წარმოადგენს. ეს არის დამხმარე მკურნალობა, რომელიც ცალსახოვნად ეფექტურია მანამ, ვიდრე მიღება შესაბამისად ხორციელდება.
რეციდივი ხშირად უნებისყოფობით ან
სხვა პიროვნული ფაქტორებით არ არის
განპირობებული.
![]() |
5 რა არის მეტადონი? |
▲ზევით დაბრუნება |
მეტადონი არის ხანგრძლივი მოქმედების სინთეზური პრეპარატი, რომელიც პირველად გამოყენებულ იქნა XX საუკუნის 60-იან წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში ნარკოტიკების მომხმარებელთა შემანარჩუნებელი მკურნალობისათვის. ეს არის ოპიოიდების „აგონისტი“, რაც იმას ნიშნავს, რომ ის მორფინისა და სხვა ნარკოტიკული პრეპარატების ანალოგიურად მოქმედებს.
მეტადონი, როდესაც ის გამოიყენება შემანარჩუნებელი მკურნალობისათვის შესაბამისი დოზირებით, ეიფორიის, მოშვებულობისა ან ტკივილგამაყუჩებელ ეფექტს არ იძლევა. შესატყვისი დოზა ნარკოტიკული ეფექტის წარმოქმნის გარეშე აღმოფხვრის ნარკოტიკების მოთხოვნილებას.
მიუხედავად იმისა, რომ მეტადონს სხვადასხვა ფირმები აწარმოებენ, მოქმედი ნივთიერება ყოველთვის ერთი და იგივეა - მეტადონ-ჰიდროქლორიდი. ყველა მწარმოებელი ამატებს არააქტიურ ნივთიერებებს, როგორებიცაა კონსერვანტები, გემოსი და სხვა დანამატები. არსებობს სხვადასხვა სახის მეტადონი, კერძოდ:
- აბები, რომლებსაც დისკეტები ეწოდება. თითოეული მათგანი შეიცავს 40 მგ მეტადონს და იხსნება წყალში;
- წყალში ხსნადი ფხვნილის ფორმა;
- სითხე, რომელსაც თან ახლავს ავტომატური საზომი. დოზირება ხდება ერთი მილიგრამის ოდენობითაც კი.
პაციენტებს მეტადონების სხვადასხვა ფორმების შესახებ განსხვავებული აზრი გააჩნიათ, თუმცა თითოეული მწარმოებელი მხოლოდ ერთი სახის პრეპარატს უშვებს, ამგვარად პაციენტს მეტადონის სახეობის არჩევანის საშუალება არ აქვს, რადგანაც მას ერთი კონკრეტული წყაროდან იღებს.
ადამიანთა უმრავლესობისათვის მეტადონის ერთი დოზა 24-36 საათისათვის არის საკმარისი.
რით განსხვავდება მეტადონი სხვა ოპიოიდებისაგან
(მაგალითად, მორფინისა ან დილაუდიდისაგან)?
- მეტადონის მოქმედების დრო უფრო ხანგრძლივია. ორგანიზმი მეტადონს ითვისებს სხვაგვარად, ვიდრე ჰეროინსა ან მორფინს. როდესაც პიროვნება მეტადონს რეგულარულად ღებულობს, ის გროვდება ორგანიზმში და ხანგრძლივად და თანაბრად მოქმედებს. მეტადონის სწორად შერჩეული და ორალურად მიღებული დოზა, რომლის მიღებასაც ადამიანთა უმრავლესობა თავს სტაბილურად გრძნობს, ყოფნით მათ სრული 24 საათის განმავლობაში, თუმცა ზოგიერთებისათვის დროის ეს პერიოდი, შესაძლოა, უფრო ხანმოკლე ან უფრო ხანგრძლივი აღმოჩნდეს.
- მეტადონის მიღებისას სტაბილურობა უფრო მაღალია. ადამიანთა უმრავლესობა, რომლებიც მკურნალობენ მეტადონის მდგრადი და მისაღები დოზებით, არ აღნიშნავს არავითარ მნიშვნელოვან აღგზნების (ე.წ. „კაიფის“) ან ნარკოტიკის უკმარისობის (ე.წ. „ლომკის“) შეგრძნებებს. ზოგიერთ პაციენტში აღინიშნება „გარდამავალი პერიოდი“ - დროებითი ხანმოკლე ცხელება, რომელიც რამდენიმე საათის შემდეგ გადის. ზოგიერთნი აღნიშნავენ უმნიშვნელო „ნარკოტიკულ უქეიფობას“, რაც წინ უსწრებს წამლის დღიური დოზის მიღებას, მაგრამ უმრავლესობა ძალიან მცირე ეფექტებსა და მათ არარსებობაზე საუბრობს.
![]() |
6 რა არის ლაამ-ი? |
▲ზევით დაბრუნება |
ლაამ-ი (ლევო-ალფა აცეტილ მეტადოლი) სინთეზური ოპიოიდია. მეტადონის მსგავსად, ლაამ-ი ამუხრუჭებს ოპიოიდებისადმი მიდრეკილებას და მათი მოხსნის ეფექტებს.
ლაამ-ი ძალიან ნელა შეიწოვება, ამგვარად პაციენტებს ესაჭიროებათ მისი მიღება 48 ან 72 საათის შუალედებით, მაშინ როდესაც მეტადონი მიიღება ყოველდღიურად. ლაამ-ს ასევე ახასიათებს მოქმედების შენელებული დასაწყისი, რაც იმას ნიშნავს, რომ ზოგიერთებს შეიძლება აღენიშნებოდეს მოხსნის ეფექტი. ამ ეფექტის კომპენსირებისათვის შესაძლებელია ლაამ-ისა და მეტადონის ერთდროული მიღება მანამ, სანამ ლაამ-ი არ მაღწევს მეტადონის შეწყვეტისათვის საკმარის დონეს.
დღეისათვის აშშ-ში ლაამ-ი, მეტადონთან შედარებით, ნაკლებად არის ხელმისაწვდომი, ამიტომ პაციენტებს არჩევანის საშუალება არ აქვთ. ამის გარდა, მრავალი პროგრამა მხოლოდ ერთ-ერთი პრეპარატის ხმარებას ითვალისწინებს.
![]() |
7 შემანარჩუნებელი თერაპია |
▲ზევით დაბრუნება |
შემანარჩუნებელი თერაპიის შემთხვევაში უნდა დაცული იყოს შემდეგი სამი წესი:
1. დაიცავით პაციენტი რეციდივებისაგან. საწყისი რეკომენდებულია სტანდარტული დოზა დღეში 30-40 მგ შეადგენს. რამდენიმე დღის შემდეგ შესაძლებელია დოზის კორექცია პაციენტის საჭიროებების მიხედვით.
2. გაუფრთხილდით პაციენტს, რათა მას კომფორტის და „ქუჩის“ ოპიოიდებისაკენ ლტოლვისაგან განთავისუფლების გრძნობა გაუჩნდეს. უკიდურესი ლტოლვა უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე მისი სურვილი შეიგრძნოს ნარკოტიკული თრობა - „კაიფი“. პაციენტებს უჩნდებათ ოპიოიდების მიღების ისეთი ძლიერი სურვილი, რომ ისინი მუდმივად ოცნებობენ ნარკოტიკზე. ფიქრობენ, თუ როგორ შეიძლება მისი შოვნა და/ან აკეთებენ იმას, რასაც არასოდეს ჩაიდენდნენ, თუ არა ნარკოტიკზე დამოკიდებულება.
მეტადონს არ ძალუძს პაციენტის ემოციური განწყობის გაკონტროლება, მაგრამ მეტადონის შესაბამის დოზას შეუძლია ,,ქუჩის“ ოპიოიდების მიღების გადაულახავი ფიზიკური მოთხოვნილების თავიდან აცილება.
3. „დაბლოკეთ“ ქუჩის ოპიოიდების ეფექტი. თუკი დოზა საკმარისად დიდია, მეტადონი იცავს პაციენტს სურვილისაგან მიიღოს უფრო ძლიერი ეფექტი, ვიდრე ეს „ქუჩის“ ოპიოიდების ჩვეულებრივი დოზების მოხმარებისას ხდება. შედეგს ხშირად „ბლოკადის“ ეფექტი ეწოდება.
იმ შემთხვევაში თუ მეტადონით მკურნალობის შედეგად ადამიანის ოპიუმისადმი ტოლერანტობა საგრძნობლად აიწევს, დიდი რაოდენობით ჰეროინი იქნება საჭირო იმისათვის რომ დაიძლიოს იგი და მიღწეულ იქნას საგრძნობი ,,კაიფი“.
მეტადონს არ ძალუძს პაციენტის ემოციური
განწყობის გაკონტროლება, მაგრამ მეტადონის
შესაბამის დოზას შეუძლია „ქუჩის“ ოპიოიდების
მიღების გადაულახავი ფიზიკური
მოთხოვნილების თავიდან აცილება.
![]() |
8 მეტადონის შემდეგ |
▲ზევით დაბრუნება |
მრავალი ადამიანი წამლების ყოველდღიურად მიღების აუცილებლობისაგან ძალიან იღლება. ეს განსაკუთრებით მართებულია იმ პაციენტებისათვის, ვინც მეტადონით შემანარჩუნებელ მკურნალობას იტარებს, რადგანაც აშშ-ში თითქმის ყველა ასეთი პაციენტები იძულებულია ხშირად მივიდეს კლინიკაში წამლის მისაღებად. მრავალი მიზეზის გამო ამ პაციენტთა უმრავლესობა რაღაც მომენტში იღებს გადაწყვეტილებას აღნიშნული წამლის შეწყვეტის შესახებ.
თუ თქვენ გადაწყვიტეთ უარი თქვათ შემანარჩუნებელ თერაპიაზე, დოზა უნდა შეამცირონ თანდათანობით. თუკი ეს ხდება საკმარისად ნელა, თქვენ არ უნდა გაგიჩნდეთ ნარკოტიკების მოთხოვნილების გამოხატული სიმპტომები და თავი კომფორტულად უნდა იგრძნოთ.
მაგრამ თუ თქვენ არაერთხელ შეეცადეთ ოპიოიდებზე უარის თქმა და მაინც უბრუნდებით მათ, თქვენ აღმოაჩენდით, რომ ყველაზე მარტივი ხერხი არის დეტოქსიკაცია. გაცილებით უფრო რთული ამოცანაა ოპიოიდებიოსაგან ხანგრძლივი დროით განთავისუფლება. გამოკვლევებით დადასტურდა, რომ ადამიანები, რომლებსაც ოპიოიდებზე უარის თქმის ცდებისა და იმედების გაცრუების დიდი ისტორია აქვთ, ალბათ, უკვე ვეღარ შეძლებენ ხანგრძლივად თავის შეკავებას.
შეუძლებელია იმის პროგნოზირება, რამდენად მოახერხებთ თქვენ ოპიოიდების გარეშე ცხოვრებას, მაგრამ, ალბათ, ეს არ არის დამოკიდებული იმაზე, რამდენი ხანია, რაც თქვენ მათ მოიხმართ. თუ თქვენ დეტოქსიკაციის პერიოდი გაქვთ და აღმოაჩინეთ, რომ მაინც გჭირდებათ ოპიოიდები, ან დაამთავრეთ დეტოქსიკაცია და მაინც ფიქრობთ ოპიოიდებზე, შესაძლებელია, რომ შემანარჩუნებელი თერაპია თქვენი ცხოვრების ნაწილი უნდა გახდეს.
![]() |
9 მითები და ფაქტები |
▲ზევით დაბრუნება |
- მითი: მეტადონი თქვენს ძვლებში აღწევს და აზიანებს მათ.
- ფაქტი: მეტადონი არ ხვდება ძვლებში და არც სხვა გზით არ აზიანებს ადამიანის ჩონჩხს. თუმცა ზოგიერთი პაციენტი, რომელიც იღებს მეტადონს, აღნიშნავს ტკივილს ხელებსა და ფეხებში და გარკვეულ დისკომფორტს, სავარაუდოა, რომ ეს არის სუსტად გამოხატული მოხსნის სიმპტომი, რაც შეიძლება შემსუბუქდეს მეტადონის დოზის კორექციით.
ამის გარდა, ზოგიერთი ნივთიერება აჩქარებს მეტადონის შეწოვებას (იხ. თავი მეტადონისა და სხვა პრეპარატების ურთიერთმოქმედების შესახებ). თუ თქვენ ღებულობთ სხვა წამლებს და ეს ხელს უშლის მეტადონის შეთვისებას, ექიმს შეუძლია დოზის კორექტირება.
- მითი: მეტადონზე უარის თქმა გაცილებით რთულია, ვიდრე ნარკოტიკების მოხმარების შეწყვეტა.
- ფაქტი: მეტადონის თავის დანებება განსხვავდება ჰეროინზე უარის თქმისაგან. მართალია, ზოგიერთ ადამიანს ეს უფრო რთულად ეჩვენება, რადგანაც პრეპარატზე უარის თქმა უფრო ხანგრძლივია. სხვების აზრით, მიუხედავად დროში გაწელვისა, ეს პროცესი გაცილებით მსუბუქად მიმდინარეობს, ვიდრე ჰეროინის შემთხვევაში.
- მითი: მეტადონის მიღება თქვენს ორგანიზმს აზიანებს.
- ფაქტი: უკვე 30 წელზე მეტია, რაც ადამიანები ხმარობენ მეტადონს, და მისი ხანგრძლივი გამოყენების შედეგად ორგანიზმში რაიმე ფიზიკური დარღვევები არ გამოვლენილა. ზოგიერთ ადამიანში წარმოიქმნება მეტადონის გამოყენების გარკვეული გვერდითი ეფექტები - მაგალითად, ყაბზობა, ოფლიანობა, პირის სამშრალე - რომლებიც თანდათანობით ან დოზის კორექციით ქრება. სხვა გვერდითი მოვლენები, მაგალითად, მენსტრუალური ციკლის დარღვევა და სქესობრივი ლტოლვის დაქვეითება, მხოლოდ რამდენიმე პაციენტის მიერ იქნა აღნიშნული, მაგრამ მეტადონის მიღებასთან მათი მკაფიო კავშირი არ დადასტურებულა.
- მითი: მეტადონი უფრო საზიანოა თქვენი ორგანიზმისთვის, ვიდრე ჰეროინი.
- ფაქტი: მეტადონი უფრო საზიანოა ორგანიზმისათვის, ვიდრე ჰეროინი, არ არის. არც ჰეროინი და არც მეტადონი არ მიეკუთვნება ტოქსიკურ ნივთიერებათა რიცხვს, თუმცა ორივე, მათი გადამეტებული მოხმარებისას, შეიძლება ძალიან საშიში იყოს. მაგრამ ეს ხომ ნებისმიერი რამის მოხმარების მიმართაც მართებულია - ასპირინი იქნება ეს, თუ საკვები პროდუქტები. მეტადონი უფრო უსაფრთხოა, ვიდრე „ქუჩის“ ჰეროინი, რადგანაც ლეგალურად დასანიშნ წამალს წარმოადგენს, რომელიც ორალურად მიიღება. არაკონტროლირებადი „ქუჩის“ ნარკოტიკები ხშირად შეიცავს საშიშ დანამატებს, რომლებიც გამოიყენება მათი გაყიდვით მეტი მოგების მიღების მიზნით.
- მითი: მეტადონი თქვენს ღვიძლს აზიანებს.
- ფაქტი: ღვიძლი შლის და გადაამუშავებს მეტადონს, მაგრამ არ ზიანდება, რადგან გაცილებით უფრო კარგად ითვისებს მეტადონს, ვიდრე მრავალ სხვა ტიპის წამალს. პაციენტებს, რომლებსაც ჰეპატიტი ან ღვიძლის სხვა სერიოზული დაავადება აქვთ, შეუძლიათ მეტადონის მიღება ყოველგვარი შიშის გარეშე.
- მითი: მეტადონი აზიანებს იმუნურ სისტემას.
- ფაქტი: მეტადონი არ აზიანებს იმუნურ სისტემას. პირიქით, ზოგიერთი გამოკვლევებით დასტურდება, რომ აივ-დადებითი სტატუსის მქონე პაციენტები, რომლებიც ღებულობენ მეტადონს, ობიექტურად უფრო ჯანმრთელები არიან და უფრო დიდხანს ცოცხლობენ, ვიდრე ისინი, ვინც ამ პრეპარატით არ მკურნალობს.
- მითი: მეტადონი კოკაინის მოხმარების მიზანია.
- ფაქტი: რა თქმა უნდა, მეტადონი კოკაინის მიღების მიზეზი არ არის. მრავალი ადამიანი, ვინც მოიხმარს კოკაინს, ამას მეტადონით შემანარჩუნებელი თერაპიის დაწყებამდე აკეთებდა, პირიქით, ხშირ შემთხვევაში ადამიანები თერაპიის დაწყების შემდეგ წყვეტენ კოკაინის მოხმარებას.
- მითი: უკეთესია მეტადონის მცირე დოზებით მიღება.
- ფაქტი: მეტადონის მცირე დოზები ამცირებს მოხსნის სიმპტომებს, მაგრამ დიდი დოზები ჰეროინის ეფექტის ბლოკირებისათვის არის საჭირო, და რაც უფრო მნიშვნელოვანია, ამცირებს ჰეროინის მოთხოვნილების შეგრძნებას. მრავალ პაციენტს ჰეროინის მოხმარების შესაწყვეტად ესაჭიროება 50-120 მგ მეტადონი დღესში. მაგრამ ზოგიერთნი 5-10 მგ დოზის შემთხვევაში თავს უკეთესად გრძნობენ, სხვებისათვის კი ასეულობით მგ-ია საჭირო. იდეალურ შემთხვევაში პაციენტები დოზირების შესახებ გადაწყვეტილებას ექიმთან ერთად იღებენ, ყოველგვარი ჩარევისა ან რაიმე შეზღუდვების გარეშე.
- მითი: მეტადონი იწვევს სისუსტესა და მოთენთილობას.
- ფაქტი: მრავალი ადამიანი მოთენთილობასა და დაღლილობას გრძნობს. მაგრამ ის პაციენტები, ვისაც მეტადონის გარჯვეული დოზები აქვთ დანიშნული, უფრო მეტად მოთენთილები არ არიან.
![]() |
10 წამლების ურთიერთმოქმედება |
▲ზევით დაბრუნება |
სხვა წამლების მსგავსად, მეტადონიც სხვა ტიპის პრეპარატებთან და ,,ქუჩის“ ნარკოტიკებთან ერთად ურთიერთმოქმედებაში შედის.
ორგანიზმში კომპლექსურ სისტემას წარმოადგენს და ამიტომ საკვები, ჰორმონები, წონის ცვალებადობა, სტრესი მეტადონის მოქმედებაზე ასევე გარკვეულ ზეგავლენას ახდენს.
ცნობილია რიგი ნივთიერებებისა, რომლებიც მეტადონზე მოქმედებს. ზოგიერთი მათგანი ქვემოთ არის მოყვანილი.
1. წინამდებარე წამლები აჩქარებს ღვიძლის მიერ მეტადონის შეწოვის პროცესს, რაც პრეპარატის დოზის გაზრდის აუცილებლობას იწვევს, ესენია:
- კარბა, აზეპინი (Tegretol) - ფენიტოინი (Dilantin)
- ნევირაპინი (Virammune)
- რიფამპინი
- ეფავირენცი (Sustavia)
- ამპრენავირი(Agenerase) - პირიქითაც, მეტადონი ასევე მნიშვნელოვნად ამცირებს ამპრენავირის დონეს
- რიტონავირი (Norvir) - ნაკლებად
2. ზოგიერთი წამალი მეტადონის შეთვისების პროცესს ანელებს. ქვემოთ ჩამოთვლილი წამლების მიღების შეწყვეტისას პაციენტები ხანდახან მეტადონის გაძლიერებულ ეფექტს ან მოხსნის სიმპტომებს გრძნობენ:
- ამიტრიფტილინი (Elavil)
- ციმეტინი (Tagamet)
- ფლუვოქსამინი (Luvox)
- კეტოსონაზოლი (Nizoral)
3. ზოგიერთი პრეპარატი ოპიოიდების ბლოკატორთა რიცხვს მიეკუთვნება და შესაძლოა, მოხსნის სიმპტომები გამოიწვიოს. ასეთი პრეპარატი აბლოკირებს მეტადონს და ამიტომ მეტადონით მკურნალობისას არ უნდა იქნეს გამოყენებული:
- პენტაზოცინი (Talwin)
- ნალტრექსონი (Revia)
- ტრამადოლი (Ultram),
შემთხვევათა უმრავლესობაში.
4. ზოგიერთი ნივთიერება თავიდან მეტადონთან მოქმედებაში მოდის, იწვევს მოთენთილობას, მაგრამ შემდგომ უკუპროცესი იწყება და ამას, შესაძლოა, მოხსნის სიმპტომები მოჰყვეს. ამ ჯგუფს მიეკუთვნება:
- ბენზოდიაზეპინები, მაგალითად, Xanax და Valium;
- ალკოჰოლი;
- ბარბიტურატები.
5. სხვა ნივთიერებები, რომელთაც ურთიერთმოქმედების ეფექტი გააჩნია:
- კოკაინმა, შესაძლოა გამოიწვიოს მეტადონის დოზის გაზრდის აუცილებლობა;
- მეტადონი ზრდის AZT და დეზიპრამინის დონეს სისხლში.
მეტადონის მიღებისას აუცილებელია გვახსოვდეს შემდეგი ორი გარემოება, რომელიც მის მოქმედებას უკავშირდება.:
- მეტადონი სავალდებულოდ არ არის ყველა იმ ახალი შეგრძნების მიზეზი, რომელიც თქვენში ჩნდება, უმეტეს წამალთა ან ცხოვრების წესის ცვლილებებზე ის დამოკიდებული არ არის.
- თუ მეტადონის დოზა, რომელიც თქვენ დაგინიშნეს, კომფორტის შეგრძნებას არ გაძლევთ, შესაძლოა, ის მართებული არ არის. თავად თქვენ ბრძანდებით ის ექსპერტი, რომელმაც უნდა განსაზღვროს მეტადონის საკმარისი ოდენობა, გაესაუბრეთ ექიმს საკუთარი შეგრძნებების შესახებ.
იმისათვის, რომ მიიღოთ ვრცელი ინფორმაცია პრეპარატების ურთიერთმოქმედების შესახებ, მიმართეთ ვებ-გვერდს: http://www.hivguidelines.org.
თუ მეტადონის დოზა, რომელსაც
თქვენ იღებთ, კომფორტის შეგრძნებას
არ იძლევა, შესაძლოა, ის
მართებული არ არის.
![]() |
11 თქვენი სხვა ექიმები |
▲ზევით დაბრუნება |
პაციენტები, რომლებიც ღებულობენ მეტადონს, ხანდახან უხალისოდ ატყობინებენ ამის შესახებ სხვა ექიმებს, რადგანაც დისკრიმინაციის შიში გააჩნიათ. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში ისინი არ ცდებიან.
მოძებნეთ ისეთი ექიმი, რომელსაც თქვენ ენდობით. იდეალურ შემთხვევაში ყველა თქვენმა ექიმმა უნდა იცოდეს, რომ თქვენ იყენებთ მეტადონს. მაგრამ თუკი თქვენ მიითეთ გადაწყვეტილება ამ ინფორმაციის დაფარვის შესახებ, გახსოვდეთ შემდეგი მნიშვნელოვანი გარემოებანი:
- თუ თქვენ უნდა ჩაგიტარდეთ ქირურგიული მკურნალობა, რომელიც ნარკოზით კეთდება, ანესთეზიოლოგმა, შესაძლოა, გამოიყენოს ისეთი პრეპარატები, რომლებიც მეტადონის მოხსნის მოულოდნელ სინდრომს გამოიწვევს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ყველა თქვენმა ექიმმა იცის მეტადონის მიღების შესახებ, თქვენ უნდა იყოთ დარწმუნებული იმაში, რომ არ არსებობს მეტადონისა და სხვა პრეპარატების ურთიერთმოქმედების შედეგად აღმოცენებული გართულებების ალბათობა (იხ. შესაბამისი თავი);
- თქვენი წერილობითი ნებართვის გარეშე მეტადონის მომწოდებლის მიერ სხვა ექიმებთან ან ნებისმიერ პირებთან ინფორმაციის გავრცელება იმის შესახებ, რომ თქვენ მეტადონს მოიხმართ, არაკანონიერია.
რასაკვირველია, საუკეთესო ვარიანტი ყველა თქვენი ექიმის ღია ურთიერთობაში მდგომარეობს. ამან, შესაძლოა, თქვენს მიერ საუკეთესო სამედიცინო მომსახურების მიღებას შეუწყოს ხელი.
![]() |
12 მეტადონი და ქალები |
▲ზევით დაბრუნება |
მართალია თუ არა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ქალებს აღენიშნებათ მენსტრუალური ციკლის შეწყვეტა, რომელიც მეტადონის მიღების დაწყებას უკავშირდება?
დიახ, მაგრამ სხვა მრავალი მიზეზიც არსებობს, რომლებითაც მენსტრუალური ციკლის დარღვევა ან შეწყვეტა არის განპირობებული, ესენია:
- ორსულობა;
- სტრესი;
- არასაკმარისი კვება;
- წონის ცვალებადობა;
- მენოპაუზა;
- სხვა სამედიცინო პრობლემები;
- სხვა წამლები.
გახსოვდეთ:
- თქვენ შეგიძლიათ დაორსულდეთ მენსტრუაციების არარსებობის შემთხვევაშიც კი;
- თქვენ შეგიძლიათ დაორსულდეთ და გქონდეთ ნორმალური ორსულობა და მშობიარობა იმ შემთხვევაშიც კი, თუ მეტადონით მკურნალობდით.
თუ გაგონილი გაქვთ, რომ არ შეიძლება მეტადონის მიღება ორსულობის დროს, იცოდეთ, რომ ეს სწორი არ არის;
- მეტადონი არ აზიანებს ნაყოფს, მაგრამ არსებობს დეტოქსიკაციის პრობლემა;
- მეტადონის ზემოქმედება ორსულობის პერიოდში კარგად არის შესწავლილი;
- ორსულობის დროს შესაძლებელია მეტადონის წარმატებით გამოყენება;
- თუკი მეტადონი ორსულ ქალს სწორად აქვს დანიშნული, მას ნაყოფისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა ძალუძს;
- ორსულობისას მეტადონის გამოყენება დაგეხმარებათ ორსულობის შეწყვეტის, ემბრიონული დარღვევებისა და ნაადრევი მშობიარობის თავიდან აცილებაში;
- მეტადონის დოზის შემცირება ორსულობის პირველ ტრიმესტრში ორსულობის შეწყვეტის რისკს ზრდის;
- ორსულობის დროს მეტადონის დოზა უნდა იყოს საკმარისი იმისათვის, რომ თავიდან აგაცილოთ ,,ქუჩის“ ნარკოტიკებისადმი ლტოლვა და მოხსნის სიმპტომები.
თუ თქვენ ორსულად ხართ, აუცილებლად შეატყობინეთ ექიმს იმიტომ, რომ:
- ორსულობის დროს თქვენი ორგანიზმის მეტაბოლიზმი იცვლება, შესაძლოა, დოზის კორექცია გახდეს საჭირო. ეს შეიძლება გამოიხატოს მეტადონის დოზის გაზრდასა და თქვენი დოზის განაწევრებასა და შემცირებული ოდენობით დღეში ორ-სამჯერ მიღებაში.
თქვენ, ალბათ, გსმენიათ იმის შესახებ, რომ ბავშვი დაიბადება მეტადონისადმი მიდრეკილებით ან ექნება კიდევ რაიმე სხვა გვერდითი ეფექტები. ამის გასარკვევად უმჯობესი იქნება, თუ ქვემოთ მოყვანილ ფაქტებს განვიხილავთ:
- მეტადონი არ განაპირობებს რაიმე პათოლოგიებს ნაყოფში. ორსულობის პერიოდში მეტადონის მოქმედების შესწავლამ ნაყოფზე უარყოფითი ზეგავლენა არ გამოავლინა;
- ნაადრევი მშობიარობა და ახალშობილთა დაბალი წონა, შესაძლოა, უკავშირდებოდეს თამბაქოს მოხმარების და/ან არასაკმარის კვებას, მაგრამ არა მეტადონს.
- მეტადონზე დამოკიდებული დედების მიერ შობილი ბავშვების ორგანიზმში არის მეტადონი, მაგრამ გამოკვლევებით დადასტურდა, რომ შესაძლებელია მათი წარმატებული და უსაფრთხო განთავისუფლება მეტადონისაგან ყოველგვარი საზიანო ეფექტების გარეშე.
თუ თქვენ ორსულად ხართ, აუცილებლად შეატყობინეთ მკურნალ ექიმს.
თქვენ, ალბათ, აგრეთვე, გსმენიათ იმის შესახებ, რომ არ შეიძლება ძუძუთი კვება, თუკი დედა მეტადონს ღებულობს. განვიხილოთ ქვემოთ მოყვანილი ფაქტები:
- დღეისათვის უკვე დადგენილია, რომ ძუძუთი კვება იმ შემთხვევაში, თუ დედა მეტადონს ღებულობს, აივ-დადებითი სტატუსის მქონე ქალებისაგან განსხვავებით, უსაფრთხოა;
- დედის რძით ბავშვი მეტადონის მხოლოდ უმნიშვნელო ოდენობას იღებს;
- მეტადონის დონე დედის რძეში ძალიან დაბალია.
![]() |
13 მეტადონის შენახვა |
▲ზევით დაბრუნება |
სახლში ყოფნისას ყოველთვის შეინახეთ მეტადონი უსაფრთხო (უმჯობესია, ჩაკეტილ უჯრაში ან კაბინეტში) და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. წამალს უნდა გააჩნდეს მკაფიოდ გამოხატული მარკირება სხვების მიერ შემთხვევით მიღების თავიდან აცილების მიზნით.
გახსოვდეთ: მეტადონი ძალიან ძლიერმოქმედი ნარკოტიკული პრეპარატია, მისი მცირე ოდენობაც კი შესაძლოა სასიკვდილო აღმოჩნდეს ბავშვისათვის ან იმ მოზრდილისათვის, რომელსაც ამ წამლისადმი მკვეთრად გამოხატული აუტანლობა გააჩნია. თუ თქვენი ოჯახის რომელიმე წევრმა შემთხვევით მიიღო მეტადონი, დაუყოვნებლივ დაურეკეთ სასწრაფოს.
შეინახეთ მეტადონი ნორმალური ტემპერატურის პირობებში. იმის მიხედვით, თუ საიდან ხდება თქვენი მეტადონის მოწოდება, ის როგორც წესი, არის შეზავებული წყლითა ან სხვა დანამატებით. ჩვეულებრივ, ხსნარი რამდენიმე კვირის განმავლობაში ინახება.
როდესაც მიბრძანდებით სამოგზაუროდ ან ხართ სახლიდან შორს, შეინახეთ მეტადონი სპეციალურ წარწერიან ბოთლებში, რომლებსაც თქვენი მომწოდებელი გადმოგცემთ, იმისათვის, რომ თავიდან აიცილოთ სამართლებრივი პრობლემები. ისევე, როგორც სხვა დანიშნულებისამებრ მისაღები პრეპარატების შემთხვევაში, მეტადონის შენახვა სპეციალური ნებართვის გარეშე უკანონოა.
![]() |
14 ზედოზირების შესახებ |
▲ზევით დაბრუნება |
მეტადონით მკურნალობა ამცირებს ზედოზირების შანსს მათთვის, ვინც ჰეროინზე არის დამოკიდებული ან მოიხმარს მას.
მეტადონი არის სუფთა ნარკოტიკი, რომლის დანიშვნა ინდივიდუალურად ხდება. ის არ შეიცავს იმ მავნე დანამატებს, რომლებიც ,,ქუჩის“ ნარკოტიკებში შედის. მაგრამ ზედოზირებასთან დაკავშირებული პრობლემები მაინც არსებობს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუკი თქვენ აგრძელებთ ,,ქუჩის“ ნარკოტიკების მიღებას ან განაახლებთ ჰეროინის რეგულარულ მოხმარებას მეტადონით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.
თუ თქვენ შეწყვიტეთ მეტადონის მიღება და ისევ დაუბრუნდით ,,ქუჩის“ ნარკოტიკებს, ზედოზირების ალბათობა იზრდება, რადგანაც თქვენ უკვე ნარკოტიკებისადმი ტოლერანტობის უფრო დაბალი დონე გაქვთ. თქვენი ორგანიზმის მიერ ნარკოტიკის მიღების შემდეგ ტოლერანტობა მატულობს; ანუ თქვენი ორგანიზმი ნარკოტიკის არსებობისადმი ,,ტოლერანტულია“.
თუკი თქვენი ოჯახის რომელიმე
წევრმა შემთხვევით მიიღო მეტადონი,
დაუყოვნებლივ დაუკავშირდით
სასწრაფო დახმარებას.
თუკი თქვენ შეწყვიტეთ რეგულარული მიღება ან დეტოქსიკაცია გაიარეთ, ჰეროინის, მეტადონისა ან სხვა ოპიოიდების უმნიშვნელო ოდენობასაც კი ძალუძს ზედოზირების გამოწვევა. მეტადონისა ან ჰეროინის მიღება ისეთ ნივთიერებებთან ერთად, როგორებიცაა ბენზოდიაზეპინი, ბარბიდერატები და/ან ალკოჰოლი, ზედოზირების რისკს ზრდის.
ხშირად დასმული შეკითხვები
- არსებობს თუ არა მეტადონის ზედოზირების საშიშროება? ეს შესაძლებელია, მაგრამ პრეპარატის მიმწოდებლები მუშაობენ დოზირების რეგულირების საკითხებზე, იმისათვის, რომ დარწმუნებულნი იყვნენ თითოეული პაციენტის უსაფრთხოებაში. ძალიან მნიშვნელოვანი კლინიკის თანამშრომლებისათვის ჰეროინის ან სხვა ნარკოტიკების მოხმარების მოცულობის გულახდილი გამხელა, რადგანაც მათ უნდა შეეძლოთ მეტადონის მართებული დონის დანიშვნა: ძალიან მცირე დოზა, შესაძლებელია, არაეფექტური აღმოჩნდეს, ხოლო დიდმა დოზამ - ზედოზირება გამოიწვიოს. მეტადონი ძალიან ძლიერი პრეპარატია, ამიტომ დოზის შერჩევა გარკვეული სიფრთხილით უნდა ხდებოდეს, რათა დავრწმუნდეთ იმაში, რომ ორგანიზმი მას კარგად ითვისებს.
- არსებობს თუ არა ლაამ-ის ზედოზირების საშიშროება? ეს შესაძლებელია, თუკი ლაამ-ის საკმაოდ დიდი დოზა მიღებულ იქნა მანამ, ვიდრე გაჩნდა ტოლერანტობა მის მიმართ. როგორც წესი, ამის ალბათობა საკმაოდ დაბალია, განსაკუთრებით მაშინ, თუკი თქვენ გულახდილად აღიარეთ ჰეროინის მოხმარების მოცულობები. ვიდრე ლაამ-ი მთლიანად შეიწოვება, შესაძლოა, გაგიჩნდეთ დოზის სიმცირის შეგრძნება. ასევე, შესაძლოა, გაგიჩნდეთ ჰეროინის ან სხვა ოპიოიდების მიღების აუცილებლობის გრძნობა, რათა შეიმსუბუქოთ აბსტინენცია.
რადგანაც ლაამ-ის შეწოვისათვის მეტი დრო არის საჭირო, სასურველია, რომ მკურნალობის დაწყებისას არ მიიღოთ სხვა ოპიოიდები. ოპიოიდებისა და ლაამ-ის კომბინაციას, შესაძლოა, ზედოზირება მოჰყვეს.
- რა მოხდება თუკი მეტადონითა ან ლაამ-ით მკურნალობის პერიოდში მიღებულ იქნება სხვა რომელიმე ნარკოტიკი? მეტადონის სწორად შერჩეული დოზა ჰეროინის ეფექტების ბლოკირებას ახდენს. თუკი ხდება მეტადონისა და სხვა ოპიოიდების ერთდროული მიღება, ამ ოპიოიდთა ეფექტი, შესაძლოა, ვერ შეიგრძნოთ, რის შედეგადაც მიიღებთ გადაწყვეტილებას ოპიოიდების მეტი რაოდენობით მიღების შესახებ, ეს კი ზედოზირებას გამოიწვევს. ზოგიერთი პრეპარატის მეთადონთან ურთიერთქმედებისას მისი ზეგავლენა შეიძლება შეიცვალოს (იხ. შესაბამისი თავი).
სედატიური პრეპარატების დიდი რაოდენობით მირება ან ალკოჰოლის მოხმარება იმ პერიოდში, როდესაც მეტადონით მკურნალობა მიმდინარეობს, ასევე სახიფათოა, რადგანაც თითოეული ამ ნივთიერებათაგანი სხვას აძლიერებს, რასაც ზედოზირების რისკის ზრდაც მოსდევს. ამიტომ ზედმიწევნით ფრთხილად უნდა მოიქცეთ ერთდროული მოხმარების დროს.
- შესაძლებელია თუ არა ჰეროინის ზედოზირება მეტადონით მკურნალობის პერიოდში? დიახ, მეტადონით მკურნალობისას ჰეროინის დიდი ოდენობით მიღებას (განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუკი ეს უაღრესად ძლიერმოქმედი ჰეროინია), შესაძლოა, ზედოზირება მოჰყვეს. აღნიშნულის ალბათობა იზრდება, თუკი იმავდროულად სედატიური პრეპარატების, ალკოჰოლისა ან სხვა ნარკოტიკების მიღებაც ხდება.
- რა მოხდება როდესაც შეწყდება პაციენტის მეტადონით მკურნალობა?
როდესაც პაციენტი შეწყვეტს მეტადონის მირებას და „ქუჩის“ ნარკოტიკებს დაუბრუნდება, ზედოზირების ალბათობა გაიზრდება. მეტადონის მიღების შეწყვეტის შემდეგ ჰეროინისადმი ტოლერანტობა სწრაფად იკლებს. როდესაც მეტადონი სრულიად გაქრება ორგანიზმიდან (ეს ხდება 1-2 დღეში), თქვენი ჰეროინისადმი ტოლერანტობა უფრო ნაკლები იქნება, ვიდრე მეტადონისა ან ლაამ-ის მიღებამდე იყო. ამიტომ განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ, თუკი მიიღებთ გადაწყვეტილებას „ქუჩის“ ნარკოტიკების ხელახალი მოხმარების შესახებ. აუცილებელია ზოგიერთი ზომების მიღება - იმ პიროვნებასთან, ვინც ნარკოტიკების მოხმარებას ისევ იწყებს, უნდა იმყოფებოდნენ სხვა ადამიანები, რომლებსაც სამედიცინო დახმარების გაწევა და ნარკოტიკის მოქმედების ეფექტის შემოწმწბა ძალუძთ.
- რა მოხდება თუკი განახლდება მეტადონის მიღება შეწყვეტის შემდეგ?
თუკი მეტადონის მიღება სულ რამდენიმე დრის განმავლობაშიც კი შეწყდა, აუცილებელია განსაკუთრებული სიფრთხილე მკურნალობის ხელახალ დაწყებამდე. შესაძლოა, რომ ტოლერანტობა გარკვეულწილად შემცირდა და გაჩნდა ზედოზირების საფრთხე. ამიტომ საჭიროა შემცირებული დოზიდან დაწყება და ადრინდელ დონემდე თანდათანობით დაბრუნება. ამაში თქვენ კლინიკის ექიმი დაგეხმარებათ.
მეტადონის სწორად შერჩეული დოზა ჰეროინის
ეფექტების ბლოკირებას ახდენს.
![]() |
15 ზედოზირების შემთხვევაში |
▲ზევით დაბრუნება |
თუკი თქვენ ზედოზირების ეჭვი გაგიჩნდათ რომელიმე პიროვნებასთან მიმართებაში, ის გვერდზე დააწვინეთ გაუნძრევლად და დაუყოვნებლივ გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება.
თუკი მედმუშაკები სწრაფად მოვლენ, მათ შეუძლიათ მკურნალობის ჩატარება ისეთი ანტაგონისტი პრეპარატებით, როგორიცაა ნალოქსონი, რაც ზედოზირებიდან გამოსვლაში დაგეხმარებათ. ზედოზირების საწინააღმდეგო ღონისძიებების წარმართვისათვის შესატყვისი პრეპარატის შერჩევის მიზნით, აუცილებლად შეატყობინეთ მედმუშაკებს, რომელმა ნარკოტიკმა გამოიწვია ზედოზირება.
დააკვირდით ამ პიროვნებას რამდენიმე საათის განმავლობაში. მეტადონი არის ხანგრძლივი მოქმედების პრეპარატი, ხოლო ის წამლები, რომლებსაც ზედოზირების სამკურნალოდ იყენებენ, ხანმოკლე მოქმედების პრეპარატებს წარმოადგენს. თუკი ანტაგონისტის მოქმედება დასრულდება მანამდე, ვიდრე მეტადონის დონე საკმარისად დაიწევს, პაციენტი, შესაძლოა, ზედოზირების მდგომარეობაში დაბრუნდეს, რაც ისევ მოითხოვს სამედიცინო ჩარევას.
რა უნდა გააკეთოთ, თუკი ვინმემ გადაჭარბებული დოზა მიიღო?
- დაუყოვნებლივ დარეკეთ სასწრაფოში;
- არ დატოვოთ ეს პიროვნება მარტო;
- ნუ გამოიწვევთ ღებინებას;
- არ მისცეთ ცივი შხაპის მიღების საშუალება;
- არ შეუყვანოთ ვენაში მარილიანი წყალი.
როგორია ზედოზირების სიმპტომები?
- სინამდვილის აღქმის დაკარგვა;
- ცივი, ნოტიო, მოლურჯო კანი;
- გულისცემის შენელება;
- სხეულის ტემპერატურის დაცემა;
- სუნთქვის შენელება.
რა შეიძლება მოხდეს, თუ არ ვუმკურნალეთ ზედოზირებას?
- ტვინის დაზიანება;
- დამბლა (დროებითი ან მუდმივი);
- სიკვდილი.
![]() |
16 დეტოქსიკაცია |
▲ზევით დაბრუნება |
ექიმები არ გვირჩევენ მეტადონის დოზის სწრაფ შემცირებას, მაგრამ, სამწუხაროდ, არსებობს მრავალი სიტუაცია, როდესაც ეს ხდება. მაგალითად, პაციენტი, რომელიც მეტადონს ღებულობს, შესაძლოა, საავადმყოფოსა ან ციხეში აღმოჩნდეს, სადაც მეტადონით მკურნალობა არ ხდება. საზოგადოებრივი პოლიტიკა თანდათანობით იცვლება, მაგრამ ზოგიერთ პაციენტს აიძულებენ ჩაიტაროს დეტოქსიკაცია.
თუკი მეტადონის თქვენი მომწოდებელი „ადმინისტრაციულად გაიძულებთ“, რომ დეტოქსიკაცია ჩაიტაროთ, სასწრაფოდ იპოვეთ სხვა მომწოდებელი ან დახმარებისათვის ზიანის შემცირების პროგრამას ან ჯანდაცვის სახელმწიფო დეპარტამენტს მიმართეთ. აშშ-ს იმ სახელმწიფო სააგენტოების ჩამონათვალი, რომლებიც მუშაობენ ალკოჰოლისა და ნარკოტიკების ბოროტად გამოყენების დარგში, მოცემულია ვებ-გვერდზე: http://www.treatment.org/states/.
ჰეროინის მოხსნასთან დაკავშირებული სინდრომით გამოწვეული საწყისი დისკომფორტის შესამცირებლად ზოგიერთი ადამიანი იყენებს მეტადონის დოზების შემცირებას ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში (სამიდან შვიდ დღემდე). ეს მეთოდი, შესაძლოა, წარმატებული გამოდგეს იმ ადამიანებისადმი, ვისაც ჰეროინზე ან სხვა ოპიოიდებზე დამოკიდებულების პერიოდი ძალიან ხანგრძლივი არ ჰქონდათ.
თუ თქვენ დაიწყებთ ნარკოტიკების მოხმარებას დეტოქსიკაციის შემდეგ, ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ „წარუმატებელი“ ხართ. დრო, რომელიც თქვენ ,,ქუჩის“ ნარკოტიკების გარეშე გაატარეთ, შემცირებული რისკის პერიოდს წარმოადგენს (ეს შეიძლება იყოს დაპატიმრების, ზედოზირებისა ან რაიმე დაავადების გამოვლენის რისკი). მაგრამ გახსოვდეთ: თუ თქვენ გექნებათ რეციდივი, ნარკოტიკების ხელახალი მოხმარების რამდენიმე კვირა ზედოზირების გაზრდილი რისკის პერიოდია.
![]() |
17 დეტოქსიკაცია: როგორ მოქმედებს ის? |
▲ზევით დაბრუნება |
მეტადონით მკურნალობის ორი ალტერნატიული საშუალება არსებობს - სტაციონარული და ამბულატორიული მკურნალობა.
სტაციონარული მკურნალობის დროს პაციენტი სულ კლინიკასა ან საავადმყოფოში იმყოფება. პაციენტი, როგორც წესი, კლინიკაში რამდენიმე დღეს ატარებს. მას აბსინენციის შესამსუბუქებელ პრეპარატებს აძლევენ მოხსნის სიმპტომების შემცირებაზე მიმართულ წამლებს აძლევენ ასევე მაშინ, თუკი დეტოქსიკაცია ამბულატორიულად ტარდება. პაციენტი იღებს წამლებს ყოველდღიურად, კლინიკაში მისვლის დროს და ეს რამდენიმე კვირის ან უფრო მეტი დროის განმავლობაში მიმდინარეობს. ხშირად მეტადონი გამოიყენება თანდათანობით შემცირებული დოზებით.
მეტადონი და ტკივილი
აშშ-ში ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ ხდებოდა ძლიერი ტკივილის მკურნალობა. ნაწილობრივ, ეს ხდებოდა უგუნურობისა და ცრურწმენების გამო, მაგრამ იმიტომაც, კანონების მიხედვით, ჰეროინის ტიპის ნარკოტიკები არალეგალური იყო. ოპიოიდის დანიშვნის გამო მთავრობა, შესაბამისი სასამართლო გადაწყვეტილებების მეშვეობით, ექიმებს აქტიურად სჯიდა.
თუ თქვენ გიტარდებათ შემანარჩუნებელი თერაპია მეტადონით, თქვენი ჩვეულებრივი დოზა არ განთავისუფლებთ ტკივილისაგან ან ოდნავ ამცირებს მას. თქვენ ისევ შეიგრძნობთ ტკივილს, როგორც ნებისმიერი სხვა ადამიანი. და პირიქითაც - შესაძლოა, თქვენ უფრო მეტი ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატი დაგჭირდეთ, ვიდრე იმ ადამიანს, ვინც მეტადონით არ მკურნალობს.
საზოგადოებრიობის გაზრდილი ინფორმირებულობა იმის შესახებ, რომ ადამიანთა ძალიან დიდი რაოდენობა უდანაშაულოდ იტანჯება იმის გამო, რომ ვერ მკურნალობენ ტკივილს, იწყებს ცვლილებების ფორმირებას. ტკივილის მართვის მიზნით ექიმები უფრო თავისუფლად იყენებენ ოპიოიდებს (მეტადონის ჩათვლით), რომლებიც ეფექტურ ტკივილგამაყუჩებელ საშუალებად არის აღიარებული. |
ნებისმიერ „ურთიერთ-ტოლერანტულ“ ოპიოიდებს (ესეთებია მორფინი, დილაუდიდი, მეტადონი, ჰეროინი ან ლაამ-ი) აბსტინენციის შეკავება ძალუძს. მაგრამ იყენებენ მეტადონს, რადგანაც ის ხანგრძლივი მოქმედების, რბილი, მოთხოვნილების გამომრიცხავი პრეპარატია, რომელიც არ იწვევს ნარკოტიკულ თრობას - „კაიფს“ იმ შემთხვევებში, როდესაც მართებულად გამოიყენება.
ამის გარდა, გამოიყენება (და შესაძლოა, უფრო ფართო გამოყენება ჰქონდეს მომავალში) სხვა მედიკამენტებიც, მაგალითად, ბუპრენორფინი და კლონიდინი.
დეტოქსიკაციის ჩვეულებრივი პროგრამის მიხედვით პაციენტი უნდა ღებულობდეს მეტადონს 21-30 დღის განმავლობაში, თანდათანობით შემცირებული დოზებით. აბსტინენციიდან გამოსასვლელ დოზას ექიმი განსაზღვრავს. შემდგომ დოზა მცირდება მანამ, ვიდრე ქრ აღმოიფხვრება მეტადონის მიღების აუცილებლობა. მედმუშაკებსა და თქვენი პროგრამის კონსულტანტებს აუცილებლობის შემთხვევაში შეუძლიათ დახმარების გაწევა როგორც შემდგომი მკურნალობის გეგმის გაუმჯობესების მხრივ, ისე დეტოქსიკაციის დროს სხვადასხვა დარღვევების კორექციის თვალსაზრისითაც.
![]() |
18 ავტომანქანის მართვა |
▲ზევით დაბრუნება |
მრავალგზის ჩატარებული გამოკვლევებით დასტურდება, რომ ადამიანებს, რომელთაც შემანარჩუნებელი თერაპია უტარდებათ მეტადონის სწორად შერჩეული დოზებიტ, შეუძლიათ აკეთონ ყველაფერი, რასაც სხვა დანარჩენი ადამიანები აკეთებენ.
ლაბოტატორიულ და სავალე კვლევებს მეცნიერები 1964 წლიდან ატარებენ. დადგინდა, რომ როდესაც მეტადონი ჰეროინზე დამოკიდებულების სამკურნალოდ გამოიყენება, ის პიროვნების გონებრივ და სხვა ფუნქციების ნორმალურ შესრულებაზე არავითარ ზემოქმედებას არ ახდენს.
მაგრამ მეტადონით მკურნალობისას პეციენტებს დამქირავებელთა მხრიდან დისკრიმინაციის დიდი გამოცდილება აქვთ. განსაკუთრებით, თუკი მათი საქმიანობა ავტომანქანის მართვასთან არის დაკავშირებული.
დისკრიმინაცია დღემდე არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები რომლებსაც უტარდებათ შემანარჩუნებელი თერაპია მეტადონით, მოსახლეობის სხვა წარმომადგენლებისაგან არაფრით არ განსხვავდებიან: არც მანქანის მართვის სწავლების, არც კონცენტრაციისა და რთული გადაწყვეტილებების მიღების უნარით.
ცხადია, რომ აზროვნებისა და ნორმალური ფუნქციონირების უნარი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწორად არის შერჩეული მეტადონის დოზა. ადამიანმა არ უნდა მართოს ავტომანქანა, თუკი მას ალკოჰოლი აქვს მიღებული, დაღლილია ან არ აქვს კონცენტრირების უნარი. აუცილებლად გაესაუბრეთ ექიმს მეტადონის შერჩეული დოზის კორექტულობის შესახებ.
![]() |
19 მოგზურობა მეტადონით მკურნალობისას |
▲ზევით დაბრუნება |
- მოგზაურობა ამერიკის შეერთებულ შტატებში
პაციენტებისათვის, რომლებიც ღებულობენ მეტადონს, მოგზაურობის დაგეგმვა შესაძლოა, სტრესული სიტუაციის მიზეზი გახდეს. აშშ-ს სხვადასხვა რეგიონებში წესები სხვადასხვაგვარია და მრავალი მათგანი გაუგებერია. თუკი თქვენ აშშ-ში აპირებთ მოგზაურობას, გადაწყვიტეთ, წამლებს თან წაიღებთ, თუ ადგილზე შეიძენთ.
იმისათვის, რომ თერაპია არ შეგიწყდეთ, თქვენ მომწოდებლისგან უნდა მიიღოთ მეტადონის ისეთი ოდენობა, რომელიც მთელი მოგზაურობისათვის იქნება საკმარისი ან მომწოდებელმა (კლინიკამ) უნდა უზრუნველყოს თქვენი „სტუმრისათვის განკუთვნილი პრეპარატებით“ მომარაგება მეტადონურ კლინიკაში, რომელიც იმ რეგიონში მდებარეობს, სადაც თქვენ იქნებით. ნებისმიერ შემთხვევაში, მართებულია ყველაფრის წინასწარ ორგანიზება.
გახსოვდეთ: ფეოდალური, სახელმწიფო და კლინიკური წესებით მეტადონის თან წასაღები ოდენობა შეზღუდულია. ეს წესები სხვადასხვა რეგიონებში სხვადასხვაა, ამიტომ თქვენს მომწოდებელთან ერთად დააზუსტეთ წესები, რომლებიც მოქმედებს იქ, სადაც თქვენ მიემგზავრებით.
„მეტადონით შემანარჩუნებელი თერაპიის სრული დირექტორია“, რომელშიც მოცემულია აშშ-ს მეტადონური დახმარების ამბულატორიული სამედიცინო დაწესებულების საკონტაქტო ინფორმაცია, იხილეთ ვებ-გვერდზე:
თუ ინტერნეტი თქვენთვის მიუწვდომელია, მიმართეთ ალკოჰოლისა და ნარკოტიკების ბოროტად გამოყენების სფეროში მომუშავე სახელმწიფო სააგენტოების ჩამონათვალს, რომელიც შესაბამის თავშია მოყვანილი.
მოგზაურობა საზღვარგარეთ
მეტადონი არის წამალი, რომლის გამოწერა ექიმის მიერ ხდება, და ამიტომ ქვეყნების უმრავლესობაში ამგვარი წამლებით მოგზაურობა დაშვებულია. ზოგიერთ ქვეყანაში მეტადონი ხელმიუწვდომელია, ზოგიერთში კი მისი შეტანა აკრძალულია.
ზოგიერთ ქვეყანაში მოქმედებს კანონები, რომლებითაც ყოფილ ნარკომანებსა და კრიმინალური წარსულის მქონე პირებს შესვლა ეკრძალებათ. ხანდახან ძალიამ რთულია იმის გარკვევა, თუ რა იკრძალება ამ კანონებით და ვის ან რის წინააღმდეგ არიან ისინი სინამდვილეში მიმართული.
არსებობს წყაროებეი, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია მეტადონთან დაკავშირებული წესებისა და კანონების მოძიება და შეფასება, რადგანაც საბოლოო ჯამში, სწორედ პაციენტი არის პასუხისმგებელი მეტადონის შეტანის კანონიერებაზე.
- ამის გარკვევის საუკეთესო საშუალებაა INDRO ვებ-გვერდი: http://www.indro-online.de/methadoneindex.htm.
- დამატებითი ინფორმაცია მეტადონის ევროპელი მომწოდებლების შესახებ მოცემულია ვებ გვერდზე http://www.q4qne/methwork/home2.htm
- ამის გარდა, თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია იმ ქვეყნის საკონსულოში, რომელშიც მიემგზავრებით, თუმცა ყველა საკონსულო ინფორმაციას მეტადონის შესახებ არ ფლობს.
ნებისმიერ ქვეყანაში გამგზავრებისას, თქვენ უნდა გადაწყვიტოთ: წაიღებთ თუ არა თან საკუთარ მეტადონს (თუკი ეს ნებადართულია).
მიუხედავად იმისა, როგორი იქნება თქვენი გადაწყვეტილება, თქვენ უნდა წაიღოთ მეტადონის რეცეპტი, და თუ აპირებთ ,,სტუმრისათვის განკუთვნილი პრეპარატების“ გამოყენებას - თქვენი მომწოდებლის წერილი, რომელშიც მითითებული იქნება დანიშნულება და დოზირება. აღნიშნულის ორგანიზება უნდა მოხდეს წინასწარ.
რა უნდა გაკეთდეს, თუ მეტადონის
შეტანა აკრძალულია?
რადგანაც ცნობილია, რომ თქვენი მედიკამენტები ლეგალურია, შეგიძლიათ არ აღნიშნოთ ისინი დეკლარაციაში, ვიდრე სპეციალურად არ მოგთხოვენ ამას. მაგრამ ზოგიერთ ქვეყანაში პრეპარატების მცირე ოდენობის შეტანაზეც კი ძალიან მკაცრი სასჯელი არსებობს (მაგალითად, სინგაპურში - სიკვდილით დასჯა!)
ამიტომ წინასწარი განსჯისა მოფიქრების საფუძველზე, თითოეულმა პაციენტმა თვითონ უნდა გააკეთოს არჩევანი. მეტადონის მომხმარებელი მრავალი პაციენტი მოგზაურობს სხვადასხვა ქვეყნებში ყოველგვარი პრობლემების გარეშე.