![]() |
ეკონომიკური მეცნიერება და ცოდნა |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: ხანთაძე დავით |
თემატური კატალოგი ეკონომიკა |
საავტორო უფლებები: © ხანთაძე დავითი |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: საპრეზიდენტო მიმართვა ლონდონის ეკონომიკური კლუბისადმი, 1936 წლის 10 ნოემბერი. პირველად გამოქვეყნდა ჟურნალ Economica-ში (1937 წლის თებერვალი) |
![]() |
1 I |
▲ზევით დაბრუნება |
წინამდებარე სტატიის სათაურის ორაზროვნება არაა შემთხვევითი და, პირველ რიგში, იმის დადგენას გულისხმობს, თუ ეკონომიკის ანალიზისას რა როლს თამაშობს ვარაუდები და მტკიცებები საზოგადოების სხვადასხვა წევრის განკარგულებაში არსებული ცოდნის შესახებ, რასაც, ამავე სათაურის კონტექსტში, მივყავართ კითხვასთან: რამდენად გვაძლევს ფორმალური ეკონომიკური ანალიზი ცოდნას რეალური სამყაროს შესახებ. მე ვამტკიცებ, რომ ტავტოლოგიები, რისგანაც ძირითადად შედგება ეკონომიკის თეორიის წონასწორობის ფორმალური ანალიზი, მხოლოდ იმდენად შეიძლება იქცეს რეალურ სამყაროში არსებული მიზეზ-შედეგობრივი კავშირის ამსახველ გამონათქვამებად, რამდენადაც შევძლებთ ამ ფორმალური გამონათქვამების შევსებას ცოდნის შეძენისა და გაცვლის შესახებ მკაფიო მტკიცებებით, ანუ, რომ ეკონომიკის თეორიის ემპირიული ნაწილი - ერთადერთი, რომელიც დაკავებულია არა მარტო იმპლიკაციებით, არამედ მიზეზებითა და შედეგებით, რომლებსაც იმგვარ დასკვნებთან მივყავართ, სულ ცოტა, პრინციპულ დონეზე მაინც, ვერიფიცირებას რომ ექვემდებარება1 - შედგება ცოდნის შეძენასთან დაკავშირებული გამონათქვამებისგან.
მსჯელობა, ალბათ, იმ საინტერესო ფაქტის შეხსენებით უნდა დავიწყო, რომ უკანასკნელ პერიოდში სხვადასხვა სფეროში განხორციელებული თეორიული კვლევების ტრადიციული წონასწორობის ანალიზის ფარგლებს მიღმა წარმართვის მრავალმა მცდელობამ სულ მალე გვიჩვენა, რომ მათი არსი განჭვრეტის (foresight) პრობლემაზე დაიყვანება, რომელიც ჩემ მიერ დაყენებული საკითხის იდენტური თუ არა, მის ნაწილი მაინცაა. ვფიქრობ, სფერო, რომელშიც განჭვრეტასთან დაკავშირებულმა დისკუსიამ, როგორც მოსალოდნელი იყო, პირველად მიიპყრო საყოველთაო ყურადღება, რისკის თეორია გახლდათ.2 ამ მხრივ ფრენკ კ. ნაითის ნაშრომით გამოწვეულ იმპულსებს, როგორც ჩანს, ფუნდამენტური ზეგავლენა აქვს არა მარტო საკუთრივ ამ სპეციფიკურ სფეროში, არამედ მის მიღმაც. ცოტა ხნის შემდეგ განჭვრეტასთან დაკავშირებით ჩამოსაყალიბებელი დაშვებები ფუნდამენტური აღმოჩნდა არასრულყოფილი კონკურენციის თეორიასთან დაკავშირებული თავსატეხების ამოსახსნელად, დუოპოლიის და ოლიგოპოლიის პრობლემების გადასაწყვეტად. ამის შემდეგ, სულ უფრო ცხადი ხდებოდა, რომ ფულის და წარმოების არასტაბილურობასთან დაკავშირებული „დინამიკური“ საკითხების განხილვისას ასევე მნიშვნელოვანია განჭვრეტასთან და „მოლოდინთან“ დაკავშირებული დაშვებები და განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ამ სფეროებში წონასწორობის წმინდა ანალიზიდან გადმოტანილი ისეთი ცნებები, როგორიცაა, მაგ., სარგებლის წონასწორული განაკვეთი, სწორად მხოლოდ განჭვრეტასთან დაკავშირებული დაშვებების მეშვეობით შეიძლება განიმარტოს. ამასთან დაკავშირებით, სანამ შევძლებთ იმის ახსნას, თუ რატომ ცდებიან ადამიანები, მანამდე უნდა ავხსნათ, თუ რატომ უნდა იქცეოდნენ ისინი საერთოდ სწორად.
როგორც ჩანს, ზოგადად, უკვე იმ მდგომარეობამდე მივედით, როდესაც ყველა ვაცნობიერებთ, რომ წონასწორობის ზოგადი ცნების ცხადყოფა შესაძლებელია მხოლოდ განჭვრეტასთან დაკავშირებული ძირითადი დაშვებებით, მიუხედავად მათი კონკრეტული შინაარსის თაობაზე არსებული უთანხმოებისა. ამ საკითხს ქვემოთ კვლავ დავუბრუნდები. ამჟამად მხოლოდ იმის ჩვენება მსურს, რომ არსებულ მდგომარეობაში, ორსავე შემთხვევაში - ეკონომიკური სტატიკის საზღვრების დადგენისას, თუ მის მიღმა გასვლისას - ჩვენს არგუმენტაციაში გვერდს ვერ ავუვლით განჭვრეტასთან დაკავშირებული დაშვებების ზუსტი მნიშვნელობის დადგენის მტკივნეულ პრობლემას. გვაქვს კი საქმე უბრალო შემთხვევითობასთან?
როგორც უკვე ვთქვი, აღნიშნულის მიზეზი ისაა, რომ საქმე გვაქვს, არსებითად უფრო ფართო საკითხის სპეციფიკურ ასპექტთან, რომლისთვისაც თვალი უნდა გაგვესწორებინა გაცილებით ადრეულ ეტაპზე. ძირითადად, მსგავს კითხვებს რეალურად მაშინ ვაწყდებით, როდესაც ვცდილობთ ტავტოლოგიების სისტემა - რიგი გამონათქვამებისა, რომლებიც, როგორც ამოსავალი დაშვებების უბრალო ტრანსფორმაცია, უცილობლად ჭეშმარიტია და წონასწორობის ანალიზის ძირითად შინაარსსაც შეადგენს3 - საზოგადოების ისეთ მდგომარეობას მივუსადაგოთ, რომელიც არა ერთი, არამედ მრავალი დამოუკიდებელი წევრისგან შედგება. დიდი ხანია ვგრძნობ, რომ თვით წონასწორობის ცნებას და მეთოდებს, რომლებსაც წმინდა ანალიზისას ვიყენებთ, ცხადი მნიშვნელობა მხოლოდ მაშინ აქვს, როდესაც ისინი ცალკეული ინდივიდის ქცევის ანალიზით შემოიფარგლება, ხოლო მათი მეშვეობით სხვადასხვა ინდივიდის ურთიერთქმედების ახსნისას სრულიად განსხვავებულ სფეროში გადავდივართ და ფარულად შეგვაქვს უცხო ელემენტები.
მჯერა, არც ისე ცოტაა მათი რიცხვი, ვინც შეურიგებლობით და უნდობლობით აკვირდება წონასწორობის თანამედროვე ანალიზის ეკონომიკის მეცნიერების წმინდა ლოგიკის განშტოებად გადაქცევის ტენდენციებს, როდესაც ის, ცხადი გამონათქვამების შემცველი, მათემატიკის და გეომეტრიის მსგავსად, შიდა გამართულობის გარდა სხვაგვარ შემოწმებას არ დაექვემდებარება. მაგრამ, ამ პროცესის ხანგრძლივი განვითარება, როგორც ჩანს, თვითგანკურნების უნარს ამჟღავნებს. ეკონომიკური ცხოვრების შესახებ ჩვენი მსჯელობიდან ჭეშმარიტად a priori ნაწილების გამოცალკევებით, მსჯელობის ერთ ელემენტს არა მარტო მთლიანად ვაცალკევებთ - არჩევანის წმინდა ლოგიკას მთელი თავისი სიწმინდით -, არამედ იმ მეორე ელემენტის მნიშვნელობასაც გამოვყოფთ და ვუსვამთ ხაზს, რომელიც ბოლო დრომდე ზედმეტად უგულებელყოფილი იყო. ეკონომიკური თეორიის ფორმალიზების უკანასკნელი დროის ტენდენციების ჩემეული კრიტიკა იმით კი არაა გამოწვეული, რომ ისინი ძალიან წინ წავიდა, არამედ იმით, რომ საკმარისად არ განვითარდა, რათა დასრულებულიყო ლოგიკის აღნიშნული სფეროს გამიჯვნა და მიზეზ-შედეგობრიობითი პროცესების კვლევის დაბრუნება თავის, სრულიად დამსახურებულ ადგილზე, რომელიც, მათემატიკის მსგავსად, ინსტრუმენტად ეკონომიკის ფორმალურ თეორიას გამოიყენებდა.
___________________________
1. ან უფრო ფალსიფიცირებას (შდრ. K.R. Popper, Logik der Forschung [Vienna, 1935], passim).
2. იმ პროცესის უფრო სრულყოფილი გამოკველვა, რომლის მეშვეობითაც მოლოდინი თანდათან ეკონომიკური ანალიზის ნაწილი გახდა, ალბათ, უნდა დაიწყოს ირვინგ ფიშერის ნაშრომით „შეფასება და მოგება“ (Appreciation and Interest) (1896).
3. მსურს თავიდანვე ცხადვყო, რომ „წონასწორული ანალიზის“ ცნებას მთელი სტატიის მანძილზე უფრო ვიწრო გაგებით ვიყენებ, რაც პროფ. ჰანს მაიერის „ფუნქციური“ (გენეტიკურ-მიზეზობრივი მიდგომისგან განსხვავებით) მიდგომის ეკვივალენტურია, და რაც, ზოგადადად, „მათემატიკური სკოლის“ მიდგომად ესმით. და უკანასკნელი 10-15 წლის თეორიული დისკუსიაც სწორედ აღნიშნული მიდგომის ირგვლივ ვითარდებოდა. მართალია, პროფ. მაიერი „გენეტიკურ-მიზეზობრივი“ მიდგომის ჩამოყალიბებას დაგვპირდა, მაგრამ ცოტა თუ უარყოფს, რომ ეს დაპირება დაპირებადვე დარჩა. თუმცა აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ აქ განხილულ პრობლემებთან დაკავშირებით ყველაზე პროდუქტიული მოსაზრებები სწორედ აღნიშნული წრიდან მოდიოდა. შდრ. ჰ. მაიერი, „Der Erkenntniswert der funktionellen Preistheorien“, Die Wirtschaftstheorie der Gegenwart, 2 (1931); P. N. Rosenstein-Rodan-i, „Das Zeitmoment in der mathematischen Theorie des wirtschaftlichen Gleichgewichts“, Zeitschrift für Nationalökonomie, 1. N. 1, და „დროის როლი ეკონომიკურ თეორიაში“, Eonomica N. S., 1 (1), (1934).
![]() |
2 II |
▲ზევით დაბრუნება |
მაგრამ, სანამ ჩემი მტკიცების მართებულობას ვაჩვენებ, რომ წონასწორობის წმინდა ანალიზის ტავტოლოგიურ გამონათქვამებს სოციალური ურთიერთობების ასახსნელად უშუალოდ ვერ გამოვიყენებთ, მანამდე უნდა ვაჩვენო, რომ წონასწორობის ცნებას აზრი მხოლოდ ცალკეული ინდივიდების ქმედებების ანალიზისას აქვს და ისიც მაშინ, თუ რას გულისხმობს ეს ცნება. ჩემი მტკიცების საპირისპიროდ, არცთუ იშვიათად გვესმის, რომ სწორედ ამ შემთხვევაში წონასწორობის ცნებას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, რადგან მისი გამოყენებისას, ერთადერთი, რის თქმაც შეგვიძლია, ისაა, რომ ცალკეული ინდივიდი ყოველთვის წონასწორობაში იყვნენ. ამგვარი მტკიცება, თუნდაც ტრუიზმი, მხოლოდ იმას გვიჩვენებს, თუ, როგორც წესი, როგორ ხდება წონასწორობის ცნების არასწორი გამოყენება. არსებითია არა ის, არიან თუ არა ცალკეული ინდივიდები წონასწორობის მდგომარეობაში, არამედ ის, თუ მათი ქმედებებიდან რომელთა შესახებ შეიძლება ვამტკიცოთ მათი ერთმანეთთან წონასწორობაში ყოფნა. წონასწორობის ანალიზის ყველა მტკიცება, მაგ., რომ ფარდობითი ღირებულება ფარდობითი დანახარჯების შესაბამისი იქნება, ან ნებისმიერი განსხვავებული გამოყენებისას პირი მის (საწარმოო ფაქტორის) ზღვრულ შემოსავალს გამოათანაბრებს, წარმოადგენს მტკიცებებს ქმედებებს შორის კავშირის შესახებ. ადამიანის ქმედებები წონასწორობის ფარგლებში იმდენად მოიაზრება, რამდენადაც მათ ერთი გეგმის ნაწილად აღვიქვამთ. მათი ურთიერთკავშირის შესახებ ჩვენი გამონათქვამები - რომლებიც აღნიშნული პირის ცოდნასა და პრეფერენციებთან დაკავშირებით ჩვენი დაშვებებიდან გამოგვყავს - პრაქტიკული მნიშვნელობის (სასარგებლო და აქტუალური) მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ გადაწყვეტილება ამ ქმედებებთან დაკავშირებით მიღებულია ერთსა და იმავე დროს და ერთი და იმავე გარემოებათა გათვალისწინებით. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ე.წ. „მონაცემები“, რომლებსაც ამგვარი ანალიზისას ვეყრდნობით, სწორედ აღნიშნული ადამიანისთვის მოცემული (მისი პრეფერენციების გარდა) ყველა ფაქტია - საგნები - ის, რაც მან იცის (ან სჯერა, რომ იცის) მათი არსებობის შესახებ, და არა, მკაცრად რომ ვთქვათ, ობიექტურ ფაქტები, და რაც ჩვენი დასკვნების უეჭველ, a priori სისწორეს და ჩვენი არგუმენტაციის თანამიმდევრულობას და გამართულობას უზრუნველყოფს.4
აქედან შესაძლებელია ორი დასკვნის გამოტანა: პირველი, რადგან პიროვნების თანამიმდევრულ ქმედებებს შორის წონასწორული კავშირი მხოლოდ იმდენად არსებობს, რამდენადაც ისინი ერთი და იმავე გეგმის განხორციელების ნაწილს წარმოადგენს, პიროვნების ცოდნის გაფართოება, ანუ ისეთი ცვლილება, რაც მას გეგმას შეაცვლევინებს, წყვეტს წონასწორულ ურთიერთობას არსებული ცოდნის პირობებში და მისი ცვლილების შემდგომ განხორციელებულ ქმედებებს შორის. სხვანაირად, წონასწორული ურთიერთობები მხოლოდ მის იმ ქმედებებს მოიცავს, რომლებიც მართებული მოლოდინისას ხდება; მეორე, რადგან წონასწორობა სწორედ ქმედებებს შორის კავშირია და, რადგანაც პიროვნების ქმედებები თანამიმდევრულია და აუცილებლად დროში განვრცობილი, ცხადია, დროის ასპექტი არსებითია, რათა წონასწორობის ცნებამ შინაარსი შეიძინოს და ღირს ამის აღნიშვნა, რადგან მრავალ ეკონომისტს, როგორც ჩანს, წონასწორობის ანალიზში დროისთვის ადგილის მიჩენა დღემდე უჭირდა და, შესაბამისად, ვარაუდობდა, რომ წონასწორობა დროის მიღმა არსებობს. ჩემი აზრით, ეს მოსაზრება მოკლებულია ყოველგვარ შინაარსს.
_________________________
4. შდრ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, Ludwig von Mises, Grundprobleme der Nationalökonomie (Jena, 1933), გვ. 22 ff. და გვ. 169 ff.
![]() |
3 III |
▲ზევით დაბრუნება |
ახლა, მიუხედავად კონკურენტული საზოგადოების პირობებში წონასწორობის ანალიზის გამოყენების თაობაზე ჩემ მიერ გამოთქმული ეჭვისა, რა თქმა უნდა, არ უარვყოფ, რომ ცნება შემოიღეს თავიდან, სხვადასხვა ინდივიდის ქმედებებს შორის გარკვეული სახის წონასწორობის აღწერისთვის შემოიღეს. აქამდე მხოლოდ იმას ვამტკიცებდი, რომ ის, რა გაგებითაც წონასწორობის ცნებას გარკვეული პიროვნების სხვადასხვა ქმედებებს შორის ურთიერთკავშირის აღწერისთვის ვიყენებთ, სხვადასხვა ინდივიდების ქმედებების კავშირის დახასიათებისას არ გულისხმობს მის გამოყენებას ავტომატურად. ჭეშმარიტი კითხვა იმ სარგებლის გარკვევას გულისხმობს, რაც წონასწორობის კონკურენტულ სისტემასთან მიმართებაში გააზრებას მოაქვს.
პირველი პასუხი, რომელიც, სავარაუდოდ, ჩვენი მიდგომიდან გამომდინარეობს, ისაა, რომ წონასწორობა, ამ გაგებით, მაშინ არსებობს, თუ გარკვეული პერიოდის მანძილზე საზოგადოების ყველა წევრის ქმედება წარმოადგენს თითოეული წევრის შესაბამისი ინდივიდუალური გეგმის განხორციელებას, რომელიც მან ამ პერიოდის დასაწყისში ჩამოაყალიბა. მაგრამ, თუ დავუფიქრდებით, რას ნიშნავს ეს კონკრეტულად, დავინახავთ, რომ იგი მეტ პრობლემებს წარმოშობს, ვიდრე აგვარებს. კერძო პირებთან (ან პირთა ჯგუფთან, რომელსაც ერთ-ერთი მათგანი მართავს) დაკავშირებული შემთხვევა, რომელიც გარკვეული დროის მანძილზე წინასწარ ჩამოყალიბებული გეგმის მიხედვით მოქმედებს, დიდ პრობლემას არ წარმოშობს. არ არის აუცილებელი, რომ გეგმის განხორციელების შესაძლებლობა ამ შემთხვევაში რამე განსაკუთრებულ კრიტერიუმს აკმაყოფილებდეს. არც ისაა გამორიცხული, რომ გარე ფაქტებთან მიმართებაში იგი მცდარ დაშვებებს ეფუძნებოდეს და, ამის გამო, მისი შეცვლა აუცილებელიც გახდეს. მაგრამ ყოველთვის იარსებებს გარე ფაქტების ისეთი სიმრავლე, რაც შესაძლებელს გახდის გეგმის თავდაპირველი ჩანაფიქრით განხორციელებას.
მაგრამ სიტუაცია შეიცვლება სხვადასხვა პირების მიერ თუმცა ერთდროულად, მაგრამ დამოუკიდებლად ჩამოყალიბებული გეგმების შემთხვევაში. ყველა ამ გეგმის განხორციელებისთვის აუცილებელია, პირველ რიგში, რომ თითოეული მათგანი გარე ფაქტების ერთი და იმავე წესრიგის მოლოდინს ეფუძნებოდეს, რადგან, თუ სხვადასხვა ინდივიდი საკუთარ გეგმას წინააღმდეგობრივ მოლოდინებზე დააფუძნებდა, ყველა ამ გეგმის განხორციელებას გარე ფაქტების ვერც ერთი სიმრავლე ვერ უზრუნველყოფდა. მეორე, გაცვლაზე დაფუძნებულ საზოგადოებაში ინდივიდების გეგმები, გარკვეულ დონეზე, აუცილებლად მოიცავს ისეთ ქმედებებს, რომლებიც სხვა ინდივიდების მხრიდან შესაბამის ქმედებებს მოითხოვს. ეს ნიშნავს, რომ ცალკეული ინდივიდების გეგმები თავსებადი უნდა იყოს სპეციფიკური მნიშვნელობით, რათა ყოველი მათგანის განხორციელების შესაძლებლობა პოტენციურად მაინც არსებობდეს.5 ანუ, სხვაგვარად, რადგან ზოგიერთი მოცემულობა, რომელზეც ნებისმიერი ინდივიდი საკუთარ გეგმებს დააფუძნებს, აუცილებლად გულისხმობს მოლოდინს, რომ სხვა ინდივიდები გარკვეული სახის ქმედებებს განახორციელებენ, ამიტომ, სხვადასხვა გეგმების თავსებადობისთვის არსებითია, რომ ცალკეული ინდივიდის გეგმის სწორედ იმ ქმედებებს შეიცავდეს, რომლებიც სხვა ინდივიდების გეგმების მოცემულობას წარმოადგენს.
წონასწორობის ტრადიციული ანალიზი აღნიშნული სირთულის გარკვეულ ნაწილს გვერდს იმ დაშვებით უვლის, რომ მოთხოვნის გრაფიკის ფორმით წარმოდგენილი ინდივიდუალური პრეფერენციებისა და ტექნიკური ფაქტების შემცველი მონაცემები თანაბრადაა ცნობილი ყველა ინდივიდისთვის და, რადგან ისინი ერთი და იმავე დაშვებებიდან გამომდინარე მოქმედებენ, ეს მათი გეგმების ერთმანეთზე მორგებას, რაღაცნაირად, მაინც შესაძლებელს გახდის. ხშირად თქმულა: ეს ვერ ხსნის სირთულეს, რომელიც იმ ფაქტიდან მომდინარეობს, რომ ერთი პირების ქმედებები მეორე პირის მოცემულობას წარმოადგენს და ეს, გარკვეულ დონეზე, არგუმენტაციას ჩაკეტილ წრეში ამწყვდევს. თუმცა, აქამდე არ თქმულა, რომ ეს არგუმენტაცია უფრო ზოგადი ხასიათის გაუგებრობას შეიცავს, რომლის კონკრეტულ მაგალითსაც ზემოხსენებული მოსაზრება წარმოადგენს და რაც „მონაცემის“ ცნების ორაზროვნებითაა განპირობებული. მონაცემები, რომლებიც, როგორც ახლა ივარაუდება, ობიექტურ ფაქტებს წარმოადგენს და ყველასთვის ერთი და იგივეა, ცხადია, აღარ არის იმის ტოლი, რაც არჩევანის წმინდა ლოგიკის ტავტოლოგიური გარდაქმნების ათვლის წერტილს წარმოადგენდა. მაშინ „მონაცემები“ ნიშნავდა ყველა ფაქტს, ოღონდ მხოლოდ მოქმედი ინდივიდისთვის მოცემულს და აღნიშნული მტკიცებები უცილობელ ჭეშმარიტებად მხოლოდ მონაცემის ცნების ამ სუბიექტურმა გაგებამ აქცია. „მონაცემი“ კონკრეტული სუბიექტისთვის მოცემულს, ცნობილს ნიშნავდა. მაგრამ ცალკეული ინდივიდების ქმედების ანალიზიდან საზოგადოების მდგომარეობის ანალიზზე გადასვლისას ამ ცნების შინაარსმა ცბიერი ტრანსფორმაცია განიცადა.
__________________
5. ჩემთვის დიდი ხანია გაუგებარია, რატომ ვერ ვხვდებით სოციოლოგიაში, რამდენადაც ვიცი, პირადი მიზნების და მისწრაფებების შესაბამისობის და შეუსაბამობის, ან თავსებადობის და შეუთავსებლობის სისტემური ანალიზის მცდელობას სოციალური ურთიერთოებების კონტექსტში. ისე ჩანს, რომ analysis situs-ის (ტოპოლოგიის) მათემატიკური ტექნიკა, კონკრეტულად კი მის მიერ ჩამოყალიბებული ცნებები, ისეთი, როგორიცაა ჰომსომორპჰისმ-ი, ამ კუთხით შესაძლოა ძალიან სასარგებლო აღმოჩნდეს, თუმცა აღნიშნული ტექნიკაც, თუნდაც მისი განვითარების დღევანდელ ეტაპზე, შეიძლება საეჭვოდ მოჩანდეს ჩვენთვის აქტუალური სტრუქტურების სირთულეთა მიმართ ადეკვატურობის ასპექტში. ცნობილი მათემატიკოსის მიერ აღნიშნული მიმართულებით გადადგმული პირველი ნაბიჯი (კარლ მენგერი, Moral, Wills und Weltgestaltug, [ვენა 1934], ჯერჯერობით არცთუ წარმატებული შედეგების მომტანი აღმოჩნდა. მაგრამ ჩვენ ინტერესით ველოდებით ნაშრომს ზუსტი სოციალური თეორიის შესახებ, რომლის გამოქვეყნებას პროფ. მენგერი უახლოეს მომავალში გვპირდება. (შდრ. „Einige neuere Fortschritte in der exakten Behandlung sozailwissenschaftlicher Probleme“, in Neuere Fortschritte in den exakten Wissenschaften (Vienna 1936), gv. 132.).
![]() |
4 IV |
▲ზევით დაბრუნება |
მონაცემის ცნებასთან დაკავშირებული გაუგებრობა ჩვენს სფეროში იმდენ სირთულეს წარმოშობს, რომ მისი უფრო დეტალური ანალიზი აუცილებელი გვეჩვენება. მონაცემი, რა თქმა უნდა, მოცემულს ნიშნავს, მაგრამ კითხვის არსი, რომელიც ღიად რჩება და რომელზეც სოციალურ მეცნიერებებში ორი განსხვავებული პასუხი არსებობს, ისაა, თუ ვისთვის ითვლება ფაქტები მოცემულად. რადგან ეს ზუსტად არ ვიცით, ამის გამო ეკონომისტები, როგორც ჩანს, ქვეცნობიერად ყოველთვის გრძნობდნენ უხერხულობას და ეჭვისგან რომ განთავისუფლებულიყვნენ, ხსნას ისეთ ტავტოლოგიაში ეძებდნენ, როგორიცაა „მოცემული მონაცემები“. მაგრამ ეს მაინც არაა პასუხი კითხვაზე, თუ ვინ ფლობს აღნიშნულ ფაქტებს, დამკვირვებელი ეკონომისტი თუ ისინი, ვისი მოქმედებების ახსნასაც იგი ცდილობს, და თუ ფაქტებს ეს უკანასკნელნი ფლობენ, მაშინ, გასარკვევია, რა ივარაუდება - ის, რომ სხვადასხვა პირისთვის ერთი და იგივე ფაქტებია ცნობილი, თუ ის, რომ სხვადასხვა პირისთვის ცნობილი “მონაცემები” ერთმანეთისგან შეიძლება განსხვავდებოდეს.
ეჭვგარეშეა, რომ „მონაცემთა“ ორი ცნება - ანუ, ერთი მხრივ, ობიექტური, რეალური ფაქტების გამომხატველი, რომლებსაც, როგორც ივარაუდება, დამკვირვებელი ეკონომისტი ფლობს და, მეორე მხრივ, სუბიექტური, როდესაც მას ის პირები ფლობენ, რომელთა ქმედებების ახსნასაც ვისახავთ მიზნად - ფუნდამენტურად განსხვავებული ბუნებისაა და ისინი მკაფიოდ უნდა გაიმიჯნონ. და, როგორც ვნახავთ, კითხვა, თუ რატომ ხდება სუბიექტურად გაგებული მონაცემების სიმრავლის ობიექტურ მონაცემებთან შესატყვისობაში მოყვანა, ერთ-ერთი მთავარია, რომელზე პასუხიც უნდა ვიპოვოთ.
ამ ორი ცნების ერთმანეთისგან განცალკევების სარგებელი მაშინვე გახდება ცხადი, როდესაც ამ გარემოებას დროის ნებისმიერი მონაკვეთისთვის საზოგადოების წონასწორული მდგომარეობის პრობლემის განხილვისას გამოვიყენებთ. ცხადია, გამონათქვამი, რომ სხვადასხვა ინდივიდისთვის მოცემული სუბიექტური მონაცემები და მათზე დამყარებული ინდივიდუალური გეგმები ერთმანეთს ეთანხმება, შეიძლება ორგვარად გავიგოთ. შეიძლება უბრალოდ ვიგულისხმოთ, რომ ეს გეგმები ურთიერთთავსებადია და, პოტენციურად, არსებობს გარე ფაქტების ისეთი წესრიგი, რომელიც ყველა ინდივიდს საკუთარი გეგმის განხორციელებას შეაძლებინებს და იმედგაცრუებას არ გამოიწვევს. რომ არა განზრახვათა ეს ურთიერთთავსებადობა, გარე ფაქტების ვერანაირი წესრიგი ვერ შეძლებდა ყველა მოლოდინის დაკმაყოფილებას. ამდენად, ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ეს არ იქნებოდა წონასწორობის მდგომარეობა. ჩვენ საქმე გვექნებოდა მდგომარეობასთან, რომელიც გარდაუვალს გახდიდა, სულ მცირე, ზოგიერთი ადამიანის მიერ გეგმების შეცვლას ან, თუ გამოვიყენებთ ფრაზას, რომელსაც წარსულში საკამოდ ბუნდოვანი მნიშვნელობა ჰქონდა, მაგრამ ჩვენს შემთხვევას იდეალურად ერგება, ეს გარდაუვლად გამოიწვევდა ენდოგენურ დარღვევებს.
თუმცა, კვლავ გასარკვევია საკითხი, თუ რამდენად შეესაბამება ინდივიდების სუბიექტური მონაცემების სიმრავლე ობიექტურ მონაცემებს და, შედეგად, რამდენად დასტურდება ობიექტური ფაქტებით სხვადასხვა სუბიექტის მოლოდინი, რასაც ეფუძნება მათი გეგმები. წონასწორობის მისაღწევად ამგვარად გაგებულ მონაცემთა თანხვედრის აუცილებლობისას, რომლისთვისაც შემუშავდა გეგმები, შეუძლებელი იქნებოდა სხვაგვარად, თუ არა ex post, იმ პერიოდის ბოლოს, რომლისთვისაც დგებოდა გეგმები, იმის განსაზღვრა, იყო თუ არა საზოგადოება თავიდან წონასწორობის მდგომარეობაში. ამ შემთხვევაში, ალბათ შეიძლებოდა გვეთქვა, არსებულ პრაქტიკასთან მეტი შესატყვისობით, რომ წონასწორობა, პირველი განმარტების მნიშვნელობით, შეიძლება დაირღვეს (ობიექტური) მონაცემების გაუთვალისწინებელი განვითარებით და ის ეგზოგენურ დარღვევად შეგვიძლია აღვწეროთ. სინამდვილეში (ობიექტური) მონაცემების ცვლილების ცნებას, რომელსაც ასე ხშირად ვიყენებთ, მხოლოდ მაშინ აქვს კონკრეტული მნიშვნელობა, როდესაც განვასხვავებით გარე სამყაროს ჩვენი მოლოდინის შესაბამის და მისგან განსხვავებულ განვითარებას ერთმანეთისგან და „ცვლილებად“ ფაქტობრივ და ნავარაუდებ განვითარებას შორის არსებულ ნებისმიერ განსხვავებად მივიჩნევთ, მიუხედავად იმისა, ნიშნავს ეს „ცვლილებას“ აბსოლუტური გაგებით, თუ არა. მაგალითად, უცბად რომ შეწყდეს წელიწადის დროთა მონაცვლეობა და ერთ დღესაც ამინდი უცვლელი დარჩეს, ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი გაგებით, მონაცემთა ცვლილებას წარმოადგენს, ანუ ცვლილებას ჩვენს მოლოდინთან მიმართებაში, თუმცა აბსოლუტური გაგებით ეს არა ცვლილება, არამედ, პირიქით, ცვლილების არარსებობა იქნებოდა. მაგრამ ეს ნიშნავს, რომ მონაცემთა ცვლილებაზე მხოლოდ მაშინ შეგვიძლია ვილაპარაკოთ, როდესაც არსებობს წონასწორობა პირველი განმარტების შესაბამისად, ანუ, თუ გვაქვს მოლოდინთა თანხვედრა. ისინი ერთმანეთს რომ ეწინააღმდეგებოდეს, გარე ფაქტების ნებისმიერმა განვითარებამ ერთის მოლოდინი შეიძლება დაადასტუროს, სხვისი კი გააწბილოს, და შეუძლებელი იქნება იმის დადგენა, თუ რაში მდგომარეობდა ობიექტური მონაცემების ცვლილება.6
______________________
6. შდრ. წინამდებარე ნაშრომის ავტორის სტატია, „კაპიტალის შენარჩუნება“ (The Maintenance of Capital), Economica, 11(new ser., 1935), 265, ხელმეორედ გამოქვეყნებული წიგნში ,,მოგება, სარგებელი და ინვესტიცია” (Profits, Interest, and Investment) (London, 1939).
![]() |
5 V |
▲ზევით დაბრუნება |
საზოგადოების შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ წონასწორულ მდგომარეობაზე დროის გარკვეული მომენტისთვის - მაგრამ ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ განსხვავებული გეგმები, რომლებიც ინდივიდებმა დროში მოქმედებების განსახორციელებლად შეადგინეს, ურთიერთთავსებადია და წონასწორობა, მას შემდეგ, რაც იგი მიღწეული იქნება, მანამდე გაგრძელდება, სანამ გარე მონაცემები საზოგადოების ყველა წევრის საერთო მოლოდინს შეესაბამება. ამ გაგებით, წონასწორული მდგომარეობის ხანგრძლივობა არაა დამოკიდებული ობიექტური მონაცემების მუდმივობაზე აბსოლუტური გაგებით და არც აუცილებლად მიბმულია უცვლელ პროცესზე. წონასწორობის ანალიზის გამოყენება პრინციპულად შესაძლებელი ხდება დინამიკური საზოგადოების და ფასების იმ დროთაშორისი ურთიერთობების შემთხვევაში, რამაც, ბოლო ხანს, ამდენი თავსატეხი შეგვიქმნა.7
ეს მსჯელობა, როგორც ჩანს, შუქს ჰფენს, და მნიშვნელოვნადაც, წონასწორობასა და განჭვრეტას შორის არსებულ კავშირს, რაც უკანასკნელ პერიოდში ცხარე დებატების საგანს წარმოადგენდა.8 ვფიქრობ, წონასწორობის ცნება მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ საზოგადოების სხვადასხვა წევრის განჭვრეტა მართებულია სპეციფიკური გაგებით. იგი მართებული უნდა იყოს იმ კონტექსტში, რომ ყოველი პიროვნების გეგმა სხვა პირების მხრიდან სწორედ იმ ქმედებების განხორციელების მოლოდინს ეფუძნება, რომლის განხორციელებასაც ისინი გეგმავენ და ყველა გეგმა ერთსა და იმავე გარე ფაქტების მოლოდინს ეფუძნება ისე, რომ გარკვეული პირობებისას არავის ექნება გეგმის შეცვლის მიზეზი. ამ შემთხვევაში, განჭვრეტა არ არის, როგორც ხანდახან ესმოდათ, ის აუცილებელი წინაპირობა, რაც შესაძლებელს გახდიდა წონასწორობის მიღწევას. იგი უფრო წონასწორული მდგომარეობის განმსაზღვრელი თვისებაა. ასევე არაა აუცილებელი, რომ ამ მიზნისთვის განჭვრეტა სრულყოფილი იყოს იმ გაგებით, რომ უსასრულო მომავალს მოიცავდეს ან ყველა ყველაფერს სწორად განჭვრეტდეს. უფრო სწორი იქნებოდა, თუ ვიტყოდით, რომ წონასწორობა გაგრძელდება მანამ, სანამ მოლოდინი მართებული იქნება და რომ ისინი მართებული უნდა იყოს მხოლოდ იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც მნიშვნელოვანია ინდივიდების მიერ გადაწყვეტილების მიღებისას. საკითხს, თუ რა უფრო მნიშვნელოვანია, განჭვრეტა თუ ცოდნა, მოგვიანებით დავუბრუნდები.
სანამ გავაგრძელებდე მსჯელობას, უმჯობესი იქნება შევჩერდე, რათა კონკრეტული მაგალითის მეშვეობით ნათელვყო ის, რაც ვთქვი წონასწორული მდგომარეობის მნიშვნელობის შესახებ, და ისიც, თუ როგორ შეიძლება მისი დარღვევა. მაგალითად, ავიღოთ სახლების მშენებლობის მიზნით განსახორციელებელი მოსამზადებელი სამუშაოები. აგურის მწარმოებლები, წყალგაყვანილობის ოსტატები და სხვები აწარმოებენ მასალას, რომლის რაოდენობაც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში კონკრეტული რაოდენობის ასაშენებელ სახლებს შეესაბამება. ასევე შეგვიძლია წარმოვიდგინოთ პოტენციული მყიდველები, რომლებიც აკეთებენ იმ დანაზოგს, გარკვეულ დროს კონკრეტული რაოდენობის სახლების შეძენას რომ შეაძლებინებს. თუ ყველა ეს ქმედება ერთი და იმავე რაოდენობის სახლების აშენების და შეძენის მოსამზადებელ ღონისძიებას წარმოადგენს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათ შორის წონასწორობა იმ გაგებით არსებობს, რომ ამ პროცესში ჩართული ყველა პირი მიიჩნევს, რომ შეუძლია საკუთარი გეგმების განხორციელება.9 შესაძლოა, ეს ასე არც მოხდეს, რადგან სხვა გარემოებები, რომლებიც არ არის მათი სამოქმედო გეგმის ნაწილი, ან იქნებ მათი მოლოდინისგან განსხვავებული აღმოჩნდეს: მასალების ნაწილი კატასტროფისას განადგურდეს, ამინდმა მშენებლობა შეუძლებელი გახადოს, ან გამოგონებამ მშნებლობისთვის საჭირო სხვადასხვა საწარმოო ფაქტორის პროპორცია შეცვალოს. ამას ვუწოდებთ (ობიექტურ) მონაცემთა ცვლილებას, რომლებიც არსებულ წონასწორულ მდგომარეობას არღვევს. მაგრამ გეგმების საწყისი ურთიერთწინააღმდეგობრიობის შემთხვევაში გარდაუვალია ზოგიერთი მათგანის ჩაშლა და მასში ცვლილებების შეტანა, რის შედეგადაც გარკვეული პერიოდისთვის დაგეგმილი ქმედებების ერთობლიობას აღარ ექნება ის თვისებები, როგორც ეს იქნებოდა თითოეული ინდივიდის მიერვე დასაწყისში ჩამოაყალიბებული ერთიანი გეგმის ნაწილად აღქმისას.10
_____________________________________________
7. წონასწორობის ცნების განცალკევება სტატიკური მდგომარეობის ცნებისგან კარგა ხნით ადრე დაწყებული პროცესის გარდაუვალ შედეგად მეჩვენება. ის, რომ ამ ორი ცნების ერთმანეთთან დაკავშირება არ არის აუცილებელი და იგი მხოლოდ ისტორიული მიზეზებით იყო განპირობებული, დღეს, ალბათ, ზოგადად აღიარებულია. ამ ორი ცნების საბოლოოდ ერთმანეთისგან გაუმიჯნაობის მიზეზი მხოლოდ ის უნდა იყოს, რომ წონასწორობის ცნების ალტერნატიული განმარტება ჯერ არავის შემოუთავაზებია, რაც შესაძლებელს გახდიდა ზოგადი სახით წონასწორობის ანალიზის იმ მოსაზრებების ჩამოყალიბებას, რომლებიც სტატიკური მდგომარეობის ცნებისგან არსობრივად დამოუკიდებელია. თუმცა, ცხადია, არ იგულისხმება, თითქოს წონასწორობის ანალიზიდან გამომდინარე მოსაზრებების დიდი ნაწილი მხოლოდ იმ სტატიკურ მდგომარეობაში შეიძლება გამოვიყენოთ, რასაც, სავარაუდოდ, ვერასოდეს მივაღწევთ. გამიჯვნის პროცესმა, როგორც ჩანს, სათავე მარშალისგან აიღო, კერძოდ, წონასწორობების გრძელ და მოკლევადიან პერიოდებზე მისეული მსჯელობიდან. შდრ. მაგ., მისი გამონათქვამი, როგორიცაა: „რადგან თვით წონასწორობის, და იმ მიზეზების ბუნება, რომლებიც მას განაპირობებს, დამოკიდებულია იმ პერიოდის ხანგრძლივობაზე, რომლის განმავლობაშიც ბაზრის გაფართოება ივარაუდება...“ (პრინციპები [მე-7 გამოცემა], 1, 330). წონასწორული მდგომარეობის იდეა, რომელიც არ იყო სტატიკური, უკვე იგულისხმებოდა ჩემს ნაშრომში „ფასების დროთაშორისი სისტემა და ფულის კურსის ცვლილებები“ (Das intertemporale Gleichgewichtssystem der Preise und die Bewegungen des Geldwertes), Weltwirtschaftliches Archiv, Vol. XXVIII (1928 წლის ივნისი), და, რა თქმა უნდა, არსებითია, თუ გვსურს წონასწორობის ანალიზის მეშვეობით „ინვესტიციასთან“ დაკავშირებული ცნებების ახსნა. ზოგადად ამ საკითხთან დაკავშირებით ისტორიული მასალები მოცემულია ე. შამსის (E. Schams) ნაშრომში „შედარებითი სტატიკა“ (Komparative Statik), Zeitschrift für Nationalokonomie, Vol. 2, No. I (1930). იხ. აგრეთვე ფ. ნაითთან (F. H. Knight), „konkurenciis eTikaSi“ (The Ethics of Competition) (London, 1935), გვ. 175; იმ განვითარების გასაცნობად, რაც (განვითარება) ამ ნაშრომის პირველად გამოქვყნების შემდეგ მოხდა, იხ. წინამდებარე ნაშრომის ავტორის „კაპიტალის წმინდა თეორია“ (Pure Theory of Capital) (London, 1941), me-II Tavi.
8. შეად. განსაკუთრებით ო. მოგრენშტერნი (O. Morgenstern), Vollkommene Voraussicht und wirtschaftliches Gleichgewicht, Zeitschrift für Nationalökonomie, VI (1934), 3.
9. ან, რადგან არჩევანის წმინდა ლოგიკის ტავტოლოგიური ხასიათიდან გამომდინარე „ინდივიდუალური გეგმები“ და „სუბიექტური მონაცემები“ ერთი და იმავე მნიშვნელობისაა, შეთანხმება სხვადასხვა ინდივიდის სუბიექტურ მონაცემთა შორის.
10. ეს იქნებოდა ერთი, მაგრამ, ალბათ, არასაკმარისი პირობა იმისთვის, რომ მოცემული მოთხოვნის არსებობისას მოხდეს წარმოების სხვადასხვა ფაქტორის ზღვრული პროდუქტიულობის გამოთანაბრება და, ამ გაგებით, შევძლოთ წარმოების წონასწორობის დამყარება. ის, რომ არაა აუცილებელი, როგორც შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ ნებისმიერი რესურსის გამოყენების ყველა შესაძლებლობა ცნობილი უნდა იყოს ამ, ერთი კონკრეტული მიზნისთვის განკუთვნილი რესურსის მფლობელთა შორის ერთ-ერთისთვის მაინც, იქიდან გამომდინარეობს, რომ მფლობელთათვის ცნობილი ალტერნატივები ამ რესურსების ფასებში აისახება. ამიტომ, საქონლის ალტერნატიული გამოყენების არსებული m,n,o, ... y,z შესაძლებლობების შესახებ ცოდნა საკმარისად იქნება გადანაწილებული, თუ a-მ, რომელიც მის ხელთ არსებულ რესურსებს იყენებს m-თვის, იცის n-ის შესახებ, და b-მ, რომელიც თავის რესურსებს n-თვის იყენებს, იცის m-ის შესახებ, ხოლო c-მ, რომელიც o-თვის იყენებს, იცის n-ის შესახებ და ა.შ., სანამ არ მივალთ L-თან, რომელიც თავის რესურს z-თვის იყენებს და ინფორმაციას მხოლოდ y-ის შესახებ ფლობს. ჩემთვის ბუნდოვანია, გარდა ამისა, რა რაოდენობის დამატებითი ცოდნის განაწილება არის აუცილებელი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება კონკრეტული საქონელის წარმოების მიზნით სხვადასხვა საწარმოო ფაქტორის ერთმანეთთან დაკავშირება. სრული წონასწორობის მისაღწევად აუცილებელი იქნებოდა დამატებითი დაშვებების გაკეთება, რათა გავითვალისწინოთ, თუ რა ცოდნას ფლობენ მომხმარებლები იმის შესახებ, თუ რამდენად კარგად აკმაყოფილებს კონკრეტული საქონელი მათ მოთხოვნებს.
![]() |
6 VI |
▲ზევით დაბრუნება |
როდესაც ხაზს ვუსვამ ინდივიდუალური გეგმების9 უბრალო ურთიერთთავსებადობასა და არსებულ გარე ფაქტებთან ან ობიექტურ მონაცემებთან მათ შესაბამისობას შორის განსხვავებას, რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ, რომ სუბიექტური ურთიერთშეთანხმება არაა გარე ფაქტებით გამოწვეული. რა თქმა უნდა, ობიექტური ფაქტების ერთიანი აღქმის არარსებობისას არც სხვადასხვა ინდივიდის სუბიექტურ მონაცემთა შორის შესაბამისობა იარსებებდა. საქმე ისაა, რომ წონასწორობის წმინდა ანალიზი არაფერს ამბობს შესაბამისობის დამყარების მექანიზმზე. არსებული წონასწორული მდგომარეობის აღწერისას, რასაც ეს თეორია უზრუნველყოფს, უბრალოდ ივარაუდება, რომ სუბიექტური მონაცემები ობიექტურს ემთხვევა. წონასწორული ურთიერთოებები მხოლოდ ობიექტური ფაქტებიდან არ მომდინარეობს, რადგან ადამიანების სავარაუდო ქცევის ანალიზი მხოლოდ მათთვის ცნობილ ფაქტებს შეიძლება ეყრდნობოდეს. წონასწორობის ანალიზი ვერც მოცემულ სუბიექტურ მონაცემთა სიმრავლეს დაეყრდნობა, რადგან განსხავებული ინდივიდების სუბიექტური მონაცემები ან იქნება, ან არ იქნება თავსებადი, ანუ მათი ხასიათი თავიდანვე განსაზღვრავდა წონასწორობის არსებობას თუ არარსებობას.
ვიდრე გავაგრძლებდეთ მსჯელობას, აუცილებლად უნდა გავარკვიოთ, თუ რატომაა ჩვენთვის მნიშვნელოვანი წონასწორობის - საყოველთაო აღიარებით - წარმოსახვითი მდგომარეობა. რაც უნდა ამტკიცონ დროდადრო წმინდა თეორიის ერთგულმა ეკონომისტებმა, ეჭვგარეშეა, რომ ამის ერთადერთი გამართლება წონასწორობის დამყარებისკენ მიმართული ტენდენციის სავარაუდო არსებობაში მდგომარეობს. ეკონომიკური მეცნიერება წმინდა ლოგიკის საზღვრების გადალახვას მხოლოდ ამგვარი ტენდენციის დაშვებით ახერხებს და ემპირიულ მეცნიერებად იქცევა; და ახლა, დროა, ეკონომიკის, როგორც ემპირიული მეცნიერებისკენ მოვტრიალდეთ.
წონასწორული მდგომარეობის ჩვენეული ანალიზიდან გამომდინარე, ადვილი უნდა იყოს იმის დადგენა, თუ რას ნიშნავს მტკიცება, რომ არსებობს ტენდენცია წონასწორობისკენ. ეს მხოლოდ იმას შეიძლება ნიშნავდეს, რომ გარკვეული პირობების არსებობისას ივარაუდება, რომ საზოგადოების სხვადასხვა წევრის განზრახვები სულ უფრო შეთანხმებული, ან, რომ - ნაკლებ ზოგადად და უფრო ზუსტად, მაგრამ უფრო კონკრეტულად - ადამიანების და განსაკუთრებით მეწარმეების მოლოდინი სულ უფრო მართებული ხდება. ამ ფორმით იმის მტკიცება, რომ არსებობს წონასწორობისკენ ტენდენცია, ერთმნიშვნელოვნად ემპირიული გამონათქვამია, ანუ ესაა მოსაზრება იმის შესახებ, თუ რა ხდება რეალურ სამყაროში, რაც, სულ ცოტა, პრინციპულად, ვერიფიკაციას უნდა ექვემდებარებოდეს. ეს კი ჩვენს ოდნავ ზოგად გამონათქვამს უფრო დამჯერებელ და საღი გონებისთვის მისაღებ მნიშვნელობას ანიჭებს. ერთადერთ პრობლემად ის რჩება, რომ ჩვენ კვლავ საკმაოდ ცოტა ვიცით (ა) იმ პირობების შესახებ, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც ივარაუდება ამ ტენდენციის არსებობა, და (ბ) იმ პროცესის ბუნების შესახებ, რომლის მეშვეობითაც ხდება ინდივიდებს შორის ცოდნის გაცვლა.
_______________________
9. ან, რადგან არჩევანის წმინდა ლოგიკის ტავტოლოგიური ხასიათიდან გამომდინარე „ინდივიდუალური გეგმები“ და „სუბიექტური მონაცემები“ ერთი და იმავე მნიშვნელობისაა, შეთანხმება სხვადასხვა ინდივიდის სუბიექტურ მონაცემთა შორის.
![]() |
7 VII |
▲ზევით დაბრუნება |
წონასწორობის ტრადიციული ანალიზის ჩვეული ინტერპრეტაცია, როგორც წესი, ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს ჩვენთვის ცნობილია პასუხი კითხვაზე, თუ როგორ ხდება წონასწორობის მიღწევა. მაგრამ, თუ კარგად დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ ეს ცხადი დასაბუთება არაფერია, თუ არა იმ სიცხადის მტკიცება, რაც უკვე არსებობს დაშვებების სახით. ამ შემთხვევისთვის, როგორც წესი, ივარაუდება სრულყოფილი ბაზრის არსებობა, სადაც ნებისმიერი შემთხვევა იმწამსვე ხდება ცნობილი ბაზრის ყველა მონაწილისთვის. აუცილებელია გვახსოვდეს - არ არის საკმარისი, რომ ის სრულყოფილი ბაზარი, რომელიც წონასწორობის ანალიზის დაშვებებს უნდა აკმაყოფილებდეს, ცალკეული საქონლის კონკრეტული ბაზრით შემოიფარგლებოდეს; უნდა დავუშვათ, რომ სრულყოფილ ბაზარს მთლიანი ეკონომიკური სისტემა წარმოადგენს, სადაც ყველამ ყველაფერი იცის. სრულყოფილი ბაზრის დაშვება, შედეგად, საზოგადოების ყველა წევრის, თუ არა ყოვლის მცოდნეობას, სულ მცირე, ავტომატურად ყველაფრის მცოდნეობას გულისხმობს, რაც მის მიერ გადაწყვეტილების მიღებისთვის არსებითია. როგორც ჩანს, ის ჩონჩხი ჩვენს კარადაში, „homo economicus“, რომელიც ლოცვით და მარხვით განვდევნეთ, უკანა კარიდან დაბრუნდა კვაზიყოვლისმცოდნე ინდივიდის სახით.
მტკიცება, რომ ყოვლისმცოდნე ინდივიდები წონასწორულ მდგომარეობაში არიან, ჭეშმარიტია, რადგან სწორედ ასე განვმარტავთ წონასწორობას. ამ გაგებით სრულყოფილი ბაზრის დაშვება იმის გაცხადებას ნიშნავს კიდევ ერთხელ, რომ წონასწორობა არსებობს, მაგრამ არაფერს გვეუბნება იმის შესახებ, თუ როდის და როგორ ხდება ასეთი მდგომარეობის მიღწევა. ცხადია, თუ გვსურს იმის მტკიცება, რომ გარკვეული პირობების არსებობისას ადამიანები ამ მდგომარეობას მიაღწევენ, მაშინ უნდა ავხსნათ პროცესი, რომლის მეშვეობითაც იძენენ ისინი აუცილებელ ცოდნას. რა თქმა უნდა, ნებისმიერ დაშვებას ამ პროცესის განმავლობაში ცოდნის შეძენის შესახებ ჰიპოთეზური ხასიათი ექნება. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ასეთი სახის ყველა დაშვება ერთნაირად გამართლებულია. ჩვენ საქმე გვაქვს მიზეზ-შედეგობრიობასთან დაკავშირებულ დაშვებებთან და, აქედან გამომდინარე, არა მარტო შესაძლებლად უნდა ჩაითვალოს ის, რასაც დავუშვებთ (რაც, რა თქმა უნდა,ასე არ არის, თუ ადამიანებს ყოვლისმცოდნედ მივიჩნევთ), არამედ, სავარაუდოდ, ჭეშმარიტადაც; და შესაძლებელი უნდა იყოს, თუნდაც პრინციპულად, იმის ჩვენება, რომ იგი ჭეშმარიტია კონკრეტულ შემთხვევაში.
ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ეს, თითქოს დამხმარე დაშვებები თუ ჰიპოთეზები, რომ ადამიანები სწორედ გამოცდილების მეშვეობით სწავლობენ, და იმის დაკავშირებითაც, თუ როგორ იძენენ ისინი ცოდნას, ჩვენი მტკიცებების რეალურ, ემპირიულ ნაწილს შეადგენს სამყაროში მიმდინარე პროცესების შესახებ. ჩვეულებრივ, მათ, როგორც ბაზრის იმ სახეობის აღწერას, რომლებსაც ეხება ჩვენი მტკიცებები, შენიღბული და არასრული სახით ვხვდებით; მაგრამ ეს უფრო ზოგადი პრობლემის მხოლოდ ერთი, თუმცა, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი მხარეა - თუ როგორ ხდება ცოდნის შეძენა და გადაცემა. მნიშვნელოვანი საკითხი, რომლის გათვალისწინებაც ეკონომისტებს ხშირად ავიწყდებათ, ისაა, რომ ამ ჰიპოთეზების ბუნება მრავალმხრივ განსხვავდება იმ შედარებით უფრო ზოგადი დაშვებებისგან, რასაც არჩევანის წმინდა ლოგიკა ეფუძნება. ჩემი აზრით, მათ შორის ორი სახის მთავარი განსხვავება არსებობს.
პირველი: დაშვებები, რასაც არჩევანის წმინდა ლოგიკა ეყრდნობა, ჩვენი წარმოდგენით, ადამიანური სააზროვნო სივრცის საერთო ფაქტებია. ისინი იმ სფეროს განმსაზღვრელ აქსიომებად შეიძლება მივიჩნიოთ, რომლის ფარგლებშიც შეგვიძლია სხვა ადამიანების აზროვნების პროცესის გაგება ან მისი რეკონსტრუქცია. შედეგად, ისინი ჩვენთვის საინტერესო სფეროს მთლიანად მიესადაგება - თუმცა, რა თქმა უნდა, ინ ცონცრეტო იმის დადგენა, თუ სად გადის ამ სფეროს საზღვრები, წმინდა ემპირიული ხასიათის პრობლემაა. ისინი ადამიანის ქმედების გარკვეულ სახეობას ეხება (რასაც ჩვენ, „ინსტინქტური“ ქმედებისგან განსხვავებით, ზოგადად „რაციონალურს“ ან უბრალოდ „ცნობიერს“ ვუწოდებთ), და არა იმ კონკრეტულ პირობებს, რა შემთხვევაშიც ხდება ამ ქმედების განხორციელება. მაგრამ, დაშვებები თუ ჰიპოთეზები, რომელთა ჩამოყალიბებაც გვსურს სოციალური პროცესის ახსნისას, ეხება ინდივიდის აზროვნებასა და გარე სამყაროს შორის არსებულ კავშირს ანუ იმას, თუ რამდენად და როგორ შეესაბამება გარე ფაქტებს მისი ცოდნა. ამიტომ ჰიპოთეზები აუცილებლად უნდა წარმოადგენდეს მტკიცებებს მიზეზ-შედეგობრივი კავშირების შესახებ, ანუ იმას, თუ როგორ წარმოშობს გამოცდილება ცოდნას.
მეორე განსხვავება ისაა, რომ მაშინ, როდესაც ჩვენი ანალიზი არჩევანის წმინდა ლოგიკის სფეროში შეიძლება ამომწურავი იყოს და რადგან ამ შემთხვევაში, ჩვენ ყველა შესაძლო მდგომარეობის მომცველი ფორმალური ინსტრუმენტების შემუშავება შეგვიძლია, დამატებითი ჰიპოთეზები აუცილებლად შერჩევითი უნდა იყოს, ანუ მდგომარეობათა უსასრულო სიმრავლიდან ის იდეალური ტიპები უნდა შეირჩეს, რომლებიც, ჩვენი აზრით, გარკვეული მიზეზების გამო რეალურ სამყაროში არსებული პირობებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, შეგვეძლო დამოუკიდებელი მეცნიერული დისციპლინის შექმნა, რომლის კვლევის საგანი, per definitionem (განსაზღვრებიდან გამომდინარე), მიბმული იქნებოდა „სრულყოფილ ბაზარზე“ ან რამე მსგავსი სახით განმარტებულ ობიექტზე, ისევე, როგორც არჩევანის წმინდა ლოგიკა მხოლოდ ისეთ პიროვნებებს მიესადაგება, რომლებმაც შეზღუდული რესურსები სხვადასხვა მიზანს შორის უნდა გადაანაწილონ. ამგვარად განსაზღვრული სფეროსთვის ჩვენი მტკიცებები აპრიორი ჭეშმარიტი იქნებოდა. მაგრამ ამგვარი ქმედების გასამართლებლად არ გვეყოფოდა არგუმენტები, რაც რეალურ სამყაროში არსებული მდგომარეობის ჩვენს დაშვებებში ნაგულისხმებ მდგომარეობასთან მსგავსებაში მდგომარეობს.
![]() |
8 VIII |
▲ზევით დაბრუნება |
ახლა დავუბრუნდეთ საკითხს, თუ კონკრეტულად რაში მდგომარეობს იმ პირობებთან დაკავშირებული ჰიპოთეზები, რომელთა დროსაც, სავარაუდოდ, ადამიანები საჭირო ცოდნას იძენენ და როგორ წარმოგვიდგენია საკუთრივ პროცესი, რომელიც ამას უზრუნველყოფს. იმ ჰიპოთეზების მნიშვნელობის გასარკვევად, რომლებსაც ამ საკითხთან მიმართებაში ვიყენებთ, ისინი ორი ასპექტით უნდა გავაანალიზოთ: პირველ რიგში უნდა დავადგინოთ, არის თუ არა ისინი აუცილებელი და საკმარისი წონასწორული მდგომარეობისკენ მოძრაობის ასახსნელად და, მეორე, უნდა ვაჩვენოთ, თუ რამდენად დასტურდება ისინი რეალობით. მაგრამ, ვშიშობ, რომ ახლა იმ ზღვარს ვუახლოვდები, როდესაც რთულდება იმის თქმა, თუ კონკრეტულად რა დაშვებების საფუძველზე ვამტკიცებთ, რომ იარსებებს წონასწორული მდგომარეობისკენ მიმართული ტენდენცია და შეგვეძლება თქმა, რომ ჩვენი ანალიზი რეალური სამყაროს პროცესების აღწერისთვისაც შეიძლება გამოვიყენოთ. ამ საკითხის კვლევასთან დაკავშირებით არაფერი მაქვს სატრაბახო. შესაბამისად, თუ გვსურს დარწმუნებული ვიყოთ ჩვენი არგუმენტის მნიშვნელობაში, უპირველესი, რაც უნდა გავაკეთოთ, იმ კითხვების დასმაა, რომლებზეც პასუხი უნდა ვიპოვოთ.
წონასწორობის მისაღწევად საჭირო ერთადერთი პირობა, რომლის აუცილებლობაზეც ეკონომისტები თითქმის ერთსულოვნად თანხმდებიან, არის „მონაცემთა უცვლელობა“. მაგრამ, მას შემდეგ, რაც „მონაცემის“ ცნების ბუნდოვანებაში დავრწმუნდით, უნდა ვივარაუდოთ, და სავსებით მართებულადაც, რომ ეს ჩვენ დიდ დახმარებას ვერ გაგვიწევს. დავუშვათ, თუნდაც - და, ალბათ, ასეც უნდა მოვიქცეთ -, რომ ამ შემთხვევაში ცნება, თავისი ობიექტური მნიშვნელობით გამოიყენება (ეს, როგორც გვახსოვს, სხვადასხვა ინდივიდის პრეფერენციებსაც შეიცავს), სრულიად გაურკვეველია, არის თუ არა იგი საჭირო ან საკმარისი, რათა ადამიანებმა რეალურად შეიძინონ საჭირო ცოდნა, და ისიც, რომ ის უბრალოდ გამონათქვამია იმ პირობების შესახებ, რომლის არსებობის შემთხვევაშიც ისინი ამას მიაღწევდნენ. მნიშვნელოვანია, რომ ზოგიერთი ავტორი აუცილებლად მიიჩნევს “სრულყოფილი ცოდნის”, როგორც დამატებითი და დამოუკიდებელი პირობის მიმატებას. ჩვენ, რა თქმა უნდა, დავინახავთ, რომ ობიექტური მონაცემების უცვლელობა არც აუცილებელია და არც საკმარისი. ის, რომ ეს არ არის აუცილებელი პირობა, იქიდან გამომდინარეობს, რომ, პირველ რიგში, არავინ მოისურვებს მისი აბსოლუტური გაგებით ინტერპრეტაციას, ანუ მტკიცებას, რომ სამყაროში არაფერი უნდა იცვლებოდეს და, მეორე, როგორც უკვე დავინახეთ, თუ გვსურს პერიოდული ცვლილებების გათვალისწინება ან, თუნდაც, უწყვეტი ცვლილებებისა, უცვლელობის განმარტების ერთადერთი პირობაა მისი მოლოდინთან მიმართებაში განმარტება. ეს მოთხოვნა იმას ნიშნავს, რომ სამყაროში უნდა არსებობდეს ერთგვარი წესრიგი, რაც მოვლენების სწორ წინასწარმეტყველებას შეგვაძლებინებდა. მაშინ, როდესაც, ცხადია, რომ ეს არ არის საკმარისი იმის დასამტკიცებლად, რომ ადამიანები მოვლენების სწორ განჭვრეტას ისწავლიან, რაც არანაკლებ მართებულია მონაცემთა აბსოლუტური გაგებით უცვლელობისას. ნებისმიერი ინდივიდისთვის მონაცემთა უცვლელობა არ ნიშნავს მისგან დამოუკიდებელი ყველა ფაქტის უცვლელობას, რადგან, რა თქმა უნდა, ამ გაგებით სხვა ადამიანების მხოლოდ გემოვნება და არა ქმედებები შეიძლება ჩაითვალოს უცვლელად. რადგან ყველა ეს ადამიანი თავის გადაწყვეტილებას იმ გამოცდილების შედეგად შეცვლის, რასაც ისინი გარე ფაქტების და სხვა ადამიანების ქმედებების შესახებ შეიძენენ, არ არსებობს მიზეზი, თუ რატომ უნდა შეწყდეს ოდესმე თანდათანობითი ცვლილების ეს პროცესი. აღნიშნული პრობლემები კარგადაა ცნობილი და აქ მხოლოდ იმიტომ აღვნიშნავ, რომ შეგახსენოთ, თუ რამდენად ცოტა რამ ვიცით იმ პირობების შესახებ, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც მოხდება წონასწორობის მიღწევა. მაგრამ მე არ გავაგრძელებ ამ მიმართულებით მსჯელობას, არა იმიტომ, რომ ეს - ემპირიული ალბათობის საკითხი, რომ ადამიანები ისწავლიან (ანუ მათი სუბიექტური მონაცემები ურთიერთშესაბამისი და ობიექტურ ფაქტებთან შესატყვისიც იქნება) - უამრავ გადაუწყვეტელ და უაღრესად საინტერესო პრობლემას არ მოიცავს, არამედ იმიტომ, რომ ამის მიზეზი უფრო ისაა, რომ, ჩემი აზრით, არსებობს სხვა, უფრო ნაყოფიერი გზა ცენტრალური პრობლემის გადასაწყვეტად.
![]() |
9 IX |
▲ზევით დაბრუნება |
საკითხებს, რომლებსაც იმ პირობების განხილვისას შევეხე და რომელთა არსებობის შემთხვევაშიც ადამიანები, სავარაუდოდ, აუცილებელ ცოდნას იძენენ, იმ პროცესთან დაკავშირებით, რომლის მეშვეობითაც ისინი ამას შეძლებენ, წარსულ დისკუსიებში გარკვეული ადგილი ეთმობოდა. მაგრამ არსებობს ასევე საკითხი, რომელიც - ჩემი აზრით, იმავე მნიშვნელობისაა, მაგრამ ჯერ კიდევ არ გამხდარა კვლევის საგანი - ასე შეიძლება ჩამოვაყალიბოთ: რამდენ და რა სახის ცოდნას უნდა ფლობდნენ ინდივიდები, რათა შევძლოთ წონასწორობაზე საუბარი. ცხადია, თუ ცნებას რამე ემპირიული შინაარსი უნდა ჰქონდეს, ის არ შეიძლება გულისხმობდეს, რომ ყველამ ყველაფერი იცის. მე უკვე გამოვიყენე გამონათქვამი „შესაბამისი ცოდნა“, ანუ ის ცოდნა, რომელიც მნიშვნელოვანია კონკრეტული ადამიანისთვის. მაგრამ რაში მდგომარეობს მნიშვნელოვანი ცოდნა? ეს, ალბათ, უბრალოდ იმ ცოდნას არ ნიშნავს, რომელმაც ზეგავლენა მოახდინა მის ქმედებებზე, რადგან მისი გადაწყვეტილებები შეიძლება განსხვავებული ყოფილიყო არა მხოლოდ ცოდნის მცდარობისა თუ მართებულობის, არამედ იმ შემთხვევაშიც, თუ იგი დაეუფლებოდა ცოდნას სრულიად განსხვავებული სფეროების შესახებ.
ცხადია, აქ საქმე გვაქვს ცოდნის დანაწილების პრობლემასთან, რომელიც ძალიან წააგავს და, სულ მცირე, ისევე მნიშვნელოვანია, როგორც შრომის დანაწილების პრობლემა. მაგრამ მაშინ, როდესაც ეს უკანასკნელი ჩვენი მეცნიერების წარმოშობის დღიდან კვლევების ერთ-ერთი მთავარი ობიექტია, პირველი მთლიანად უგულებელყოფილი რჩებოდა, თუმცა, ჩემი აზრით, იგი ეკონომიკის, როგორც სოციალური მეცნიერების, ჭეშმარიტად ცენტრალურ პრობლემაა. პრობლემა, რომელიც თითქოს გადავწყვიტეთ, ისაა, თუ როგორ წარმოშობს იმ მრავალი ადამიანის სპონტანური ურთიერთქმედება, რომლებიც ცოდნის მხოლოდ მცირე ნაწილებს ფლობენ, მდგომარეობას, როდესაც ფასები ხარჯებს შეესაბამება, და ა.შ., და რის მიღწევას მხოლოდ ის შეძლებდა - კარგად მოფიქრებული გეგმის მეშვეობით - ვინც მთლიანად დაეუფლებოდა ყველა ამ ინდივიდის ცოდნას. გამოცდილება გვიჩვენებს, რომ რაღაც მსგავსი მართლაც ხდება, რადგან ემპირიული ფასების ხარჯებთან შესაბამისობის შესახებ დაკვირვება ჩვენი მეცნიერების დაბადებას ნიშნავდა. მაგრამ, იმის მაგივრად, რომ ვაჩვენოთ, თუ რა სახის ინფორმაციას უნდა ფლობდეს სხადასხვა ინდივიდი ამ შედეგის მისაღებად, ფაქტობრივად იმ დაშვებას ვუბრუნდებით, რომ ყველამ ყველაფერი იცის და ამგვარად თავს ვარიდებთ პრობლემის რეალურად გადაწყვეტას.
თუმცა, სანამ უფრო კონკრეტულად განვიხილავდეთ ცალკეულ ინდივიდებს შორის ცოდნის დანაწილების საკითხს, მანამდე აუცილებლად უნდა განვსაზღვროთ იმ ცოდნის ზუსტი სახეობა, რომელიც ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია. ეკონომისტებს შორის ტრადიციად მხოლოდ ფასების ცოდნის აუცილებლობის ხაზგასმა ჩამოყალიბდა, ალბათ იმიტომ, რომ ობიექტური ფაქტების სრული ცოდნა - ობიექტური და სუბიექტური მონაცემების ერთმანეთში აღრევის შედეგად - მოცემულად ითვლებოდა. უკანასკნელ პერიოდში თვით ფასების ცოდნა იმდენად თავისთავადად აღიქმება, რომ ერთადერთ პრობლემურ საკითხად მომავალი ფასების წინასწარი ცოდნა რჩება. მაგრამ, როგორც სტატიის დასაწყისშივე მივუთითე, ფასებთან დაკავშირებული მოლოდინი და თვით არსებული ფასების ცოდნა, ცოდნის პრობლემის, ისე, როგორც ვხედავ მას, მხოლოდ მცირე ნაწილია. ამ პრობლემის უფრო მნიშვნელოვანი მხარე იმის ცოდნაა, თუ როგორ შეიძლება განსხვავებული საქონლის შეძენა და გამოყენება, და რა პირობებში ხდება ეს ყველაფერი, ანუ ფუნდამენტური კითხვა, თუ რატომ შეესაბამება სხვადასხვა პირის სუბიექტური მონაცემები ობიექტურ ფაქტებს. ჩვენი ცოდნის პრობლემა, ამ შემთხვევაში, ამგვარი შესაბამისობის არსებობაა, რაც წონასწორობის ანალიზის უმრავლეს შემთხვევაში უბრალოდ მოცემულად მიიჩნევა, მაგრამ, რაც ჩვენგან აუცილებლად მოითხოვს ახსნას, როდესაც ამა თუ იმ პირის საგნებისადმი დამოკიდებულებაზე მსჯელობისას გვსურს ვაჩვენოთ, თუ რატომ უნდა იყოს უცილობლად ჭეშმარიტი მტკიცებები, რომ მათ (საგნებს), მისი რწმენით, აქვს გარკვეული თვისებები, ასევე ჭეშმარიტი საზოგადოების იმ საგნებთან მიმართებაში ქმედებისას, რომლებსაც ეს თვისებები ან ნამდვილად აქვს, ან, გარკვეული მიზეზების გამო, რაც ასევე უნდა ავხსნათ, საზოგადოების წევრები, როგორც წესი, მიიჩნევენ, რომ აქვს.
მაგრამ, დავუბრუნდეთ კონკრეტულ პრობლემას, რომელზეც ზემოთ ვსაუბრობდით, ანუ, რა მოცულობის ცოდნას უნდა ფლობდნენ ცალკეული ინდივიდები, რათა მოხერხდეს წონასწორობის მიღწევა (ან რა არის ის „საჭირო“ ცოდნა, რომელსაც ისინი უნდა ფლობდნენ): პასუხს იმის გახსენება გაგვიადვილებს, თუ როგორ ხდება ცხადი, რომ წონასწორობა არ არსებობდა ან ხდება მისი დარღვევა. ჩვენ ვნახეთ, რომ წონასწორული ურთიერთობები ირღვევა იმ შემთხვევაშიც, თუ ერთი ინდივიდი მაინც შეცვლის გეგმებს იმიტომ, რომ შეიცვალა მისი გემოვნება (რაც, ამ შემთხვევაში, ჩვენთვის ნაკლებად საინტერესოა) ან მისთვის ახალი ფაქტები გახდა ცნობილი. მაგრამ, ცხადია, არსებობს ორი გზა, რომლის მეშვეობითაც მან შეიძლება გაიგოს ახალი ფაქტების შესახებ, რაც მას გეგმების შეცვლისკენ უბიძგებს და რაც ჩვენთვის უკვე სრულიად განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. მან ამის შესახებ შეიძლება შემთხვევით შეიტყოს, ანუ ეს არ იქნება მისი თავდაპირველი გეგმის განხორციელების ლოგიკური შედეგი, ან გეგმის განხორციელება დაარწმუნებს, რომ, მოლოდინისგან განსხვავებით, მას სრულიად სხვა ფაქტებთან აქვს საქმე, და, ამდენად, ეს შეიძლება გარდაუვალი გახდეს. ცხადია, საკუთარი გეგმის შესაბამისად მოქმედებისთვის მისი ცოდნა ადეკვატური უნდა იყოს მხოლოდ იმ საკითხებთან მიმართებაში, რომლებიც გეგმის განხორციელების პროცესში აუცილებლად დადასტურდება ან, საჭიროებისას, მოხდება მისი კორექცია. მაგრამ, ამავე დროს, იგი შეიძლება საერთოდ არ ერკვეოდეს იმ ფაქტებში, რომელთა ცოდნაც აუცილებლად იმოქმედებდა მის გეგმაზე.
აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ საჭირო ცოდნა, რომელსაც ადამიანი წონასწორობის მისაღწევად უნდა ფლობდეს, მან იმ მდგომარეობაში უნდა შეიძინოს, რომელშიც იგი თავიდან იმყოფება, და იმ გეგმებიდან გამომდინარე, რომელსაც იგი მაშინ შეადგენს. ეს, რა თქმა უნდა, არ მოიცავს იმ მთლიან ცოდნას, რომელიც, შემთხვევით მოპოვებული, მისთვის სასარგებლო იქნებოდა და მისი გეგმების შეცვლას გამოიწვევდა. ამიტომ, სავსებით შესაძლებელია გვქონდეს წონასწორული მდგომარეობა მხოლოდ იმიტომ, რომ ზოგიერთ ადამიანს არა აქვს შესაძლებლობა მიიღოს ინფორმაცია იმ ფაქტების შესახებ, რომელთა ცოდნაც მას გეგმების შეცვლას აიძულებდა. ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, წონასწორობის მიღწევის შესაძლებლობა მხოლოდ იმ ცოდნასთან მიმართებით შეგვიძლია დავუშვათ, რომელსაც პირი საკუთარი პირვანდელი გეგმის განხორციელების და, შესაბამისად, ცოდნის თანამიმდევრული ცვლილებების პროცესში შეიძენს.
მართალია, ერთი მხრივ, ასეთი მდგომარეობა წონასწორულია, მაგრამ მაინც, ცხადია, ეს არ არის წონასწორობა იმ სპეციფიკური მნიშვნელობით, როდესაც მას გარკვეული სახის ოპტიმალურ მდგომარეობად განიხილავენ. ცხადია, ასევე, რომ ინდივიდუალური ცოდნის მცირე ნაწილების გაერთიანების შედეგები ყოვლისმცოდნე დიქტატორის მართვით მიღწეული შედეგების შესაბამისობის მისაღწევად აუცილებელი იქნებოდა დამატებითი პირობების არსებობა. მართალია, ჩვენ შეგვიძლია იმ აუცილებელი ცოდნის განსაზღვრა, რომელსაც აღნიშნული შედეგის მისაღწევად უნდა ფლობდნენ ადამიანები, თუმცა ჩემთვის არაფერია ცნობილი ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების შესახებ. ერთი პირობა, ალბათ, ის იქნებოდა, რომ ნებისმიერი სახის რესურსის მფლობელისთვის, რომელიც ამ რესურსს, ფაქტობრივად, სხვა მიზნისთვის იყენებს, ცნობილია ამ რესურსის ყველა ალტერნატიული გამოყენების შესაძლებლობა და ამგვარად, უშუალოდ თუ ირიბად, ხდება ამ რესურსების განსხვავებული გამოყენების ერთმანეთთან დაკავშირება.10 მაგრამ, ეს პირობა მე იმის ერთ-ერთ მაგალითად მომყავს, რომ უმეტეს შემთხვევაში საკმარისია შესაბამის სფეროში იმ ადამიანების გარკვეული რაოდენობის არსებობა, რომლებიც ყველა საჭირო ინფორმაციას ფლობენ. აღნიშნული საკითხის განვრცობა საინტერესო და უაღრესად მნიშვნელოვანი ამოცანა იქნებოდა, მაგრამ ეს აშკარად სცდება აღნიშნული სტატიის ფარგლებს.
მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ჩემ მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს კრიტიკის ფორმა აქვს, ამ დარგში ჩვენს მიღწევებთან დაკავშირებით არ მინდა უსაფუძვლო პესიმისტის შთაბეჭდილება დავტოვო. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა გამოგვრჩა არგუმენტაციის ჯაჭვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლი, მაინც, მიმაჩნია - რაც ნათლად იგრძნობა მსჯელობის კონტექსტში -, რომ სოციალური მეცნიერებების ცენტრალურ კითხვაზე პასუხთან ყველაზე ახლოს სწორედ ეკონომიკურ მეცნიერებაა: როგორ ხდება, რომ სხვადასხვა ინდივიდის ცნობიერებაში არსებული ცოდნის ფრაგმენტების ურთიერთკავშირი ისეთ შედეგებს წარმოშობს, რაც, ერთი პირის მათი გაცნობიერებული, გააზრებული მიღწევის განზრახვის შემთხვევაში, პროცესების წარმმართველი გონისგან იმ რაოდენობის ცოდნას მოითხოვდა, არცერთ ცალკეულ ინდივიდს რომ არ შეიძლება ჰქონდეს? იმის ჩვენება, რომ ინდივიდების სპონტანური ქმედებები იმ პირობების არსებობისას, რომლის დადგენაც ჩვენ შეგვიძლია, რესურსების ისეთ გადანაწილებას გამოიწვევს, თითქოს ისინი ერთიანი გეგმიდან გამომდინარეობდეს - მიუხედავად იმისა, რომ ასეთი გეგმა არავის შეუდგენია - ჩემი აზრით, პასუხია კითხვაზე, რომელსაც, ზოგჯერ მეტაფორულად, „საზოგადოებრივი გონის“ პრობლემას უწოდებენ. მაგრამ არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ აღნიშნული პრობლემის ჩვენს განმარტებას სოციოლოგები არ გაიზიარებენ, რადგან ჩვენ მას არასწორი არგუმენტებით ვამყარებდით.
ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთ საკითხს მინდა შევეხო. თუკი წონასწორულ მდგომარეობასთან მიახლოების ტენდენცია, რის რწმენის საფუძველსაც ჩვენ ემპირიული მასალა გვაძლევს, მხოლოდ ისეთ წონასწორულ მდგომარეობასთან მიახლოებას ნიშნავს, რომელიც ადამიანების მიერ საკუთარი ეკონომიკური საქმიანობის მანძილზე შეძენილ ცოდნას ეხება და, თუ ცოდნის ნებისმიერი სხვა ცვლილება „მონაცემების ცვლილებად“ ჩაითვლება იმ ტრადიციული გაგებით, რაც წონასწორობის ანალიზის კვლევის ინტერესების მიღმა რჩება, ეს ნიშნავს, რომ წონასწორობის ანალიზს ცოტა რამ შეუძლია გვითხრას ცოდნის ასეთი ცვლილების მნიშვნელობის შესახებ და შორს წაგვიყვანდა იმის განმარტება, რომ წმინდა ანალიზს ასე ცოტა რამის თქმა შეუძლია ისეთ ინსტიტუტზე, როგორიცაა პრესა, რომლის მიზანიც ცოდნის გავრცელებაა. ეს შეიძლება იმ ფაქტის ახსნაშიც დაგვეხმაროს, თუ რატომ იწვევს წმინდა ანალიზის ფორმალური მსჯელობით გატაცება განსაკუთრებულ სიბრმავეს რეალური ცხოვრების ისეთი ინსტიტუტის როლთან მიმართებაში, როგორიცაა რეკლამა.
![]() |
10 X |
▲ზევით დაბრუნება |
ამ პრობლემების მიმოხილვა, რა თქმა უნდა, უფრო ღრმა ანალიზს მოითხოვს, მაგრამ ახლა აქტუალურ თემებზე ერთგვარად ფარაგმენტული შენიშვნებით უნდა დავამთავრო. ბოლოს მხოლოდ ორიოდე მოსაზრებას დავამატებდი.
პირველი: როდესაც ყურადღებას ემპირიული მტკიცებების თავისებურებაზე ვამახვილებ, რომლებიც წონასწორობის ანალიზის ფორმალური თეორიების მეშვეობით რეალურ სამყაროში მიმდინარე პროცესების ახსნას უნდა ემსახურებოდეს და როდესაც ხაზს ვუსვამ, რომ მტკიცებები იმის შესახებ, თუ როგორ სწავლობენ ადამიანები, რაც ჩვენთვის არსებითია, ძირეულად განსხვავდება ფორმალური ანალიზის მტკიცებებისგან, - არ ვფიქრობ, რომ ეს, ახლა და აქვე, ემპირიული კვლევების ჩატარების ფართო პერსპექტივებს ქმნის. ძალიან მაეჭვებს, ასეთი კვლევები გვასწავლიდა კი საერთოდ რამეს? ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია იმის გააზრება, თუ რა არის ის ფაქტები, რომლებიც განსაზღვრავს რეალურ სამყაროში ჩვენი თეორიების გამოყენებას ან, სხვაგვარად, რეალური სამყაროსადმი მისადაგებისას რა შემთხვევაში ექვემდებარება ვერიფიკაციას ჩვენი მსჯელობა.
მეორე: მე, რა თქმა უნდა, არ ვვარაუდობ, რომ პრობლემები, რომლებზეც ვისაუბრე, უცხო იყო ძველი თაობის ეკონომისტებისთვის. ერთადერთი შენიშვნა, რაც მათი მისამართით შეიძლება ითქვას, ისაა, რომ მათ ორი სახის მტკიცება, a priori და ემპირიული, რომლებსაც ყველა საღად მოაზროვნე ეკონომისტი მუდმივად იყენებს, ერთმანეთში იმდენად აურიეს, რომ ხშირად შეუძლებელია დადგენა, თუ რა მნიშვნელობას ანიჭებდნენ ისინი კონკრეტულ თეორიებს. შედარებით უფრო გვიანდელი ნაშრომები ამ შეცდომისგან თავისუფალია, თუმცა რეალური სამყაროს მოვლენებთან მიმართებაში მათი თეორიების მეტი ბუნდოვანების ფასად. ჩემი მიზანი იყო დამებრუნებინა ჩვენი კვლევებისთვის საღი აზრი, რაც, ვშიშობ, შეიძლება დავკარგოთ მათი სულ უფრო მზარდი დეტალური დახვეწის კვალდაკვალ. თქვენ შეიძლება მიიჩნევდეთ, რომ დიდი ნაწილი იმისა, რაზეც ვისაუბრე, ბანალური ჭეშმარიტებაა. მაგრამ, დროდადრო, ალბათ, აუცილებელია გავთავისუფლდეთ ტექნიკური საკითხებისგან და უბრალოდ ვიკითხოთ, თუ რასთან გვაქვს საქმე. თუ მოვახერხე იმის ჩვენება, რომ, გარკვეული თვალსაზრისით, ამ კითხვაზე პასუხი არათუ ბუნდოვანია, არამედ, ხანდახან, არც კი ვიცით, თუ რაში მდგომარეობს ის, მაშინ ჩემს მიზანს მიღწეულად ჩავთვლიდ.