The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

გენდერი - სოციალური და პოლიტიკური სწავლებანი

გენდერი - სოციალური და პოლიტიკური სწავლებანი


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: კიკნაძე თამარ, დონაძე ნათელა
თემატური კატალოგი გენდერი
წყარო: კიკნაძე თამარ დონაძე ნათელა
    გენდერი-სოციალური და პოლიტიკური სწავლებანი / თამარ კიკნაძე, ნათელა დონაძე ; [რედ. ლია კაჭარავა] - თბ. : სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006 - 134გვ. : ცხ. ; 29სმ. - ISBN 99940-873-3-9 : [ფ.ა.]   [MFN: 30903]
 
UDC:  316.346.2 + 396
K 24.277/4 - საერთო ფონდი
K 24.278/4 - საერთო ფონდი
K 24.279/4 - საერთო ფონდი
316.346.2/კ-499 - ტექნიკური დარბაზი (სამოქალაქო განათლების დარბაზი)
F 7.733/4 - ხელუხლებელი ფონდი

საავტორო უფლებები: © სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006 © Center for Social Sciences, 2006
თარიღი: 2002
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: მომზადებულია სოციალურ მეცნიერებათა მხარდაჭერის პროგრამის აკადემიური სტიპენდიის საფუძველზე თბილისი 2006 ენობრივი რედაქტორი: ლია კაჭარავა დაკაბადონება, ყდის დიზაინი: გიორგი ბაგრატიონი წიგნი მომზადებულია ფონდი ,,ღია საზოგადოება – საქართველოს” სოციალურ მეცნიერებათა მხარდაჭერის პროგრამის მიერ და გამოცემულია ,,სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის” (Center for Social Sciences) მიერ, ფონდის OSI – Zug, ბუდაპეშტის ღია საზოგადოების ინსტიტუტის უმაღლესი განათლების მხარდაჭერის პროგრამის (HESP) ფინანსური ხელშეწყობით. The book has been developed by support of Social Sciences Support Program of Open Society Georgia Foundation and published by the Center for Social Sciences, sponsored by the OSI-Zug Foundation and the Higher Education Support Program (HESP) of the Open Society Institute-Budapest. ქ. თბილისი, 0108, თ. ჭოველიძის ქ. №10 ელ. ფოსტა: contact@ucss.ge ინტერნეტ გვერდი: www.ucss.ge



1 შესავალი

▲ზევით დაბრუნება


თანამედროვე მეცნიერებაში ტერმინი ,,გენდერი” (gender), სქესის (sex) ბიოლოგიური გაგებისაგან განსხვავებით, სქესის სოციალური ფენომენისა და სოციოლოგიური დისკურსის აღსანიშნავად იხმარება. იგი საზოგადოების სოციალური სტრუქტურის ერთ-ერთი საბაზისო განზომილებაა, რომელიც სხვა კულტურულ და სოციალურ-დემოგრაფიულ მონაცემებთან ერთად (რასა, ასაკი, ეთნოსი, სტრატა) აყალიბებს სოციალურ სისტემას. ეს არის გარკვეულ კულტურაზე დაფუძნებული მამაკაცებსა და ქალებს შორის საზოგადოების ძირითად სოციალურ ინსტიტუტებში კონსტრუირებული სოციალური ურთიერთობების ფუნდამენტური მაჩვენებელი.

გენდერული როლების (მამაკაცებისა და ქალების) განსაზღვრა სუბიექტურია და კონკრეტულ-ისტორიულ ხასიათს ატარებს. თითოეულ საზოგადოებას აქვს თავისი ჩვეულებები, ტრადიციები და ნორმები, რომლებიც სოციალურ-სქესობრივ როლებს განსაზღვრავს.

დღეს გენდერული ურთიერთობები განიხილება როგორც მამაკაცებსა და ქალებს შორის საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში (მართვის, პოლიტიკურ, ოჯახის და სხვ.) არსებული ურთიერთობების ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ასპექტი.

აღნიშნული პრობლემატიკა საქართველოში განსაკუთრებული ყურადღებისა და ანალიზის საგანი გახდა გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან. ეს პერიოდი კი დაკავშირებულია მნიშვნელოვან პოლიტიკურ და სოციალურ გარდაქმნებთან. ამ პროცესების გენდერულ მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით შეწავლა და განზოგადება საშუალებას იძლევა, შემუშავებული იქნეს ისეთი ტექნოლოგიები, რომლებიც უზრუნველყოფს ქალის რესოციალიზაციას, საზოგადოებაში მისი როლისა და სტატუსის ამაღლებას და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სტრატეგიების ჩამოყალიბებას.

ჩვენ შევეცადეთ შეგვეჯერებინა ამ საკითხზე არსებული სამეცნიერო ლიტერატურა და შეგვექმნა სალექციო კურსი, რომელიც სტუდენტებს დაეხმარება გენდერის პოლიტიკური და სოციალური ასპექტების შესწავლაში.

სალექციო კურსი შეიცავს აგრეთვე სპეციალურ ტერმინებს. მათი ცოდნა ხელს შეუწყობს მკითხველებს აღნიშნული პრობლემატიკის ათვისებაში.

2 თავი I. გენდერი და მისი არსი

▲ზევით დაბრუნება


2.1 1. გენდერის ცნება

▲ზევით დაბრუნება


კაცობრიობა ქალებისა და კაცებისაგან შედგება. საზოგადოებაში მათ სხვადასხვა ადგილი უკავიათ და განსხვავებულ ფუნქციებს ასრულებენ, რაც ამა თუ იმ საზოგადოების განვითარების დონით არის განპირობებული. სქესთან დაკავშირებული პრობლემების შესწავლის გარეშე შეუძლებელია ადამიანისა და საზოგადოების კომპლექსური შესწავლა, ამიტომ დღეს ეს საკითხი სხვადასხვა მეცნიერების შესწავლის ობიექტს წარმოადგენს, სოციალურ მეცნიერებებში კი მას ერთ-ერთი ცენტრალური ადგილი უჭირავს.

სქესის სოციალური თეორია სქესთა შორის არსებული ტრადიციული პატრიარქალური ურთიერთობების ეგალიტარული ურთიერთობებით შეცვლას ითვალისწინებს და უმთავრესი პრინციპის - სქესთა თანასწორუფლებიანობის რეალიზაციას გულისხმობს.

თანამედროვე საზოგადოების განვითარებამ მოითხოვა არსებული მასკულინური საზოგადოებრივი მოწყობის სტრუქტურის, სახელისუფლო ინსტიტუტებისა და კულტურული ნორმების შეცვლა, აგრეთვე ქალური საწყისის, როგორც ინერტულისა და დაქვემდებარებულის, ფილოსოფიურად დასაბუთებული სტერეოტიპის ახლებურად გააზრება.

ამ პროცესის დინამიკის ანალიზის, მისი შედეგის განსაზღვრისა და მასზე ზემოქმედების ზომების შემუშავების დროს სოციოლოგები წააწყდნენ სქესის კატეგორიების კონცეპტუალური დასაბუთების აუცილებლობას.

დღეისათვის მიჩნეულია, რომ სქესს აქვს ბიოლოგიური (sex) და სოციალური (gender) კატეგორიები. ბიოლოგიური კატეგორია ადამიანის ბიოლოგიურ და ანატომიურ თავისებურებებს ითვალისწინებს, ხოლო სოციალური ანუ გენდერულ-სოციოკულტურულ ასპექტებს მოიცავს. მთლიანობაში სქესი ბიოლოგიურისა და სოციალურის ერთობლიობაა. ადამიანური ინდივიდის სქესობრივი იდენტიფიკაცია მისი განვითარების სხვადასხვა ეტაპზე ყალიბდება. მეცნიერულად დასაბუთებულია, რომ ამ ევოლუციური პროცესის პირველი რგოლი - ქრომოსომული (გენეტიკური) ნაკრები - განაყოფიერებისას იქმნება და ორგანიზმის მომავალ გენეტიკურ პროგრამას განსაზღვრავს. ბავშვის დაბადების შემდეგ სქესობრივი იდენტიფიკაციის ბიოლოგიური ფაქტორები სოციალურით ივსება. არსებული გარემოცვის ზეგავლენით ხდება სრული თვითაღქმა და მასთან დაკავშირებულ ინტერესთა, მოთხოვნილებათა, ღირებულებათა სისტემის ჩამოყალიბება. ( Lorber., 1982).

ტერმინი „გენდერი“ მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან ,,გენოს” - დაბადება, წარმოშობა, ჯიში, გვარი, შთამომავალი, სქესი (ფორმა Gender მიმღეობის ფორმაა). გენდერი გულისხმობს, რომ მამაკაცების, ქალების და გარემოს ურთიერთკავშირის ანალიზს, უპირველეს ყოვლისა, საფუძვლად უნდა დაედოს არა სქესის, არამედ გვარის გამოცდილება, სადაც ქალის სოციუმი მთლიანი საზოგადოებრივი სისტემის ინტეგრალურ ნაწილად განიხილება. ამასთან, სოციალური გამოკვლევების მეთოდოლოგიის პოზიციიდან, ცნებას „გენდერული ურთიერთობა“ ერთმნიშვნელოვანი განმარტება არა აქვს.

დასავლეთის ქვეყნებში „გენდერულ კვლევებს“ ხშირად აიგივებენ ცნებასთან „ქალთა პრობლემების კვლევები“. ფართო მნიშვნელობით ცნება „გენდერული ურთიერთობა“ სქესთა სოციალურად ორგანიზებულ ურთიერთობას ნიშნავს. გენდერი, როგორც პროცესი და მოვლენა, გულისხმობს სქესობრივი განსხვავების ნიადაგზე მამაკაცის მხრიდან ქალის ყოველგვარი ჩაგვრის ლიკვიდაციას. ფაქტობრივად, ეს ტერმინი ასახავს სოციალურ-ეკონომიკურ ფონზე ქალთა და მამაკაცთა ურთიერთობის ფენომენს და, შესაბამისად, დამკვიდრდა, როგორც გარკვეული დირექტიული მიმართულება ქალთა უფლებების დაცვის სფეროში. გენდერის მიზანია ქალის დაცვა სექსიზმისაგან, რაც სქესობრივ დისკრიმინაციას, ანუ ერთი სქესის მეორეზე ბატონობას ნიშნავს.

გენდერული კვლევები სულ უფრო დიდ ადგილს იკავებს საზოგადოებრივ პოლიტიკურ თეორიებში. საზოგადოებრივ ცხოვრებაში უკვე ჩამოყალიბდა ქალთა მოქალაქეობრივი და პოლიტიკური მონაწილეობისადმი ისეთი მეცნიერული და პოლიტიკური მიდგომები, რომლებიც გენდერული გამოკვლევების და გენდერული პოლიტიკის სახელით არის ცნობილი. გენდერული გამოკვლევები და ტექნოლოგიები არა მხოლოდ ქალთა ფორუმების, არამედ გაეროს კომისიისა და გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებათა დონეზე განიხილება, ხდება მათი ინსტიტუციონალიზაცია და საერთაშორისო აქტებით გამყარება.

ბოლო 20 წლის მანძილზე შეიძლება გენდერული კვლევის სამი ძირითადი ფაზა გამოვყოთ. პირველი ფაზა - ეს არის ფემინისტურად განწყობილი მეცნიერების მიერ ჰუმანიტარულ მეცნიერებებში სინდროცენტრიზმის კრიტიკა და გენდერული კვლევების, როგორც თეორიული ცოდნის სფეროს დაფუძნების მცდელობა. ამ სტადიაზე მეცნიერთა ძალისხმევა კონცენტრირებული იყო „გენდერული სიბრმავისა“ და სინდროცენტრიზმის ახსნაზე ტრადიციულ, სპეციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებებში.

XX ს. 70-იან წლებში ძალიან ბევრი ფემინისტური ნაშრომი დაიბეჭდა. ზოგიერთი მათგანისათვის დამახასიათებელი იყო გარკვეული რადიკალიზმი. ფემინისტური ლიტერატურის მომძლავრებას არც მეცნიერები შეხვდნენ გულგრილად. თუმცა ეს იდეები ყველაზე მეტად შეეხო მათ, ვინც ოჯახის სოციოლოგიის პრობლემებს იკვლევდა. ამავე პერიოდში გამოვიდა სოციოლოგიური, ფსიქოლოგიური და ანთროპოლოგიური შრომები, რომლებშიც გაანალიზებული იყო სქესობრივი როლების დიფერენციაციის პროცესი. კვლევები სქესის სოციოლოგიისა და ფსიქოლოგიის სფეროში პოპულარული გახდა. ეს იყო სიახლე, რომელიც ნოყიერ ნიადაგს ქმნიდა სქესის პრობლემების გასააზრებლად. სოციოლოგიაში განვითარდა სოციალური დიფერენციაციის დასავლური ტრადიციული თეორიების კრიტიკა. პროფესორმა ჯესი ბერიორდმა ამ პერიოდს უწოდა ,,რევოლუცია სოციოლოგიაში”.

ერთ-ერთი პირველი შრომა, რომელშიც წარმოჩნდა გენდერის სისტემის ცნება და ნათლად იქნა მოცემული განსხვავება ბიოლოგიურ სქესსა (sex) და სოციალურ სქესს (gender) შორის იყო ჰეილ რაბიის სტატია ,,ქალებით ვაჭრობა” (1974 წ.). ამ სტატიაში იგი სქესს (sex) განმარტავდა როგორც ბიოლოგიურ რეპროდუქციულ განსხვავებას. ხოლო სქესი (gender), მისი აზრით, წარმოიშობა მაშინ, როდესაც ბიოლოგიური სქესი განიცდის ტრანსფორმაციას მასკულინური კულტურის ზემოქმედებით და ფემინური კონსტრუქციით.

შემდეგი შრომა, რომელშიც გამოჩნდა ტერმინი ,,გენდერი” (gender), იყო ფსიქოლოგ როდა უიგერის სტატია ,,სქესისა და გენდერის ახალი განსაზღვრა”. იგი 1979 წელს გამოვიდა. ავტორი მასში სიტყვა sex-ს ხმარობდა იმ შემთხვევაში, როდესაც სპეციალურ ბიოლოგიურ მექანიზმებს მიმართავდა, ხოლო სიტყვა gender-ს მხოლოდ მაშინ, როცა სპეციალურ კულტურულ და ფსიქოლოგიურ ასპექტებს განიხილავდა. ეს ასპექტები ტიპური და მისაღებია მათთვის, ვინც საზოგადოებას გარკვეული მახასიათებლების, ნორმების, სტერეოტიპების საშუალებით განმარტავს.

მეორე ფაზას წარმოადგენდა სასწავლო კურსების ფართო ინტეგრაცია ე.წ. „ქალის კვლევების“ (women's studies) დარგში, უნივერსიტეტების სასწავლო პროგრამებში, და მათ საფუძველზე ქალთა მდგომარეობის გამოკვლევა, ქალთა დამორჩილებული მდგომარეობის შესახებ თეორიების განვითარება. ამ პერიოდის სოციოლოგიური და კულტუროლოგიური კვლევებისათვის დამახასიათებელია „ქალის ფაქტორის“ დამატება და მასზე აქცენტის გაკეთება, სიმონა დე ბოვუარის შრომების, რასიზმის, ფსიქოანალიზისა და პოსტსტრუქტურალიზმის გავლენა.

მესამე ფაზამ მოქმედების სფერო ქალთა საკითხების კვლევებიდან გენდერამდე გააფართოვა; პირველ ადგილზე დააყენა მიდგომები, რომელთა თანახმად, ადამიანთა საზოგადოების ყველა ასპექტი კულტურისა და ურთიერთდამოკიდებულების თვალსაზრისით გენდერულია. ამ პერიოდში აქცენტის გადატანა ,,ქალის ფაქტორიდან” ხდება იმაზე, თუ როგორ არსებობს და კონსტრუირდება გენდერი ყველა სოციალურ პროცესში.

იმის გამო, რომ ბოლო წლებში განმტკიცდა ახალი დამოკიდებულება სქესისა და გენდერისადმი, მასკულინურისა და ფემინურისადმი, ეს ცნებები უკვე აღარ მიიჩნევა, როგორც რაღაც ცხადი, ბუნებრივი მოვლენა, რომელიც ახსნას არ საჭიროებს. დღეს აღიარებულია, რომ გენდერული დიფერენციაცია და ასიმეტრია არსებობს ყველა საზოგადოებაში და კულტურაში, თუმცა კონკრეტული წარმოდგენა მასკულინურსა და ფემინურზე სხვადასხვა კულტურაში განსხვავებულია. ამიტომ ,,გენდერული ურთიერთობა განიხილება, - წერს გიზელა ბოკი - როგორც სოციალური, პოლიტიკური და კულტურული სიდიდე, რომელიც არც არაისტორიულ ფენომენზე დაიყვანება და არც ერთადერთ ,,საწყის” ან ,,იმამენტურ” მიზეზამდე.

2.2 2. სქესის დიალექტიკა

▲ზევით დაბრუნება


როგორც მეცნიერები აღნიშნავენ, ადამიანის ბუნებრივი მონაცემები აღზრდისა და საზოგადოების ზეგავლენით სოციალურად რეალიზდება.

სქესს აყალიბებს აღზრდის სისტემა: (ოჯახი), განათლება, კულტურა, რელიგია, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, სახელმწიფო პოლიტიკა და სხვ.

თანამედროვე მეცნიერება სქესის პრობლემების შესწავლას სამი მიმართულებით ახორციელებს:

1. სქესობრივი განსხვავების ფსიქომეტრული შესწავლა და ინტელექტის კვლევა.

მაგალითად, ინტელექტის კვლევისას ამერიკელი მეცნიერები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოვებულთა შორის უფრო მეტი მამაკაცია, ვიდრე ქალი, მაგრამ, ამასთან, უფრო მეტი გონებაჩამორჩენილიც.

ამერიკელი ანთროპოლოგი უ. მონტეგიუ თავის წიგნში“ქალის ბუნებრივი უპირატესობა“ წერდა, რომ ინტელექტუალობის საშუალო კოეფიციენტი ქალებს უფრო მაღალი აქვთ, ვიდრე მამაკაცებს. ისინი თავიანთ ინტელექტს უკეთ ინარჩუნებენ, უფრო ემოციურები არიან და დიდხანსაც ცხოვრობენ.

2. მამაკაცებისა და ქალების ბიოლოგიური განსხვავება. კოგნიტურ (შემეცნებით) სფეროში გენეტიკური, ჰორმონალური და ნეიროფიზიოლოგიური დეტერმინანტების თავისებურებების გათვალისწინება.

3. სქესობრივ როლებთან დაკავშირებული იმ სოციალურ-ფსიქოლოგიური მექანიზმების ანალიზი, რომლებიც გავლენას ახდენს შემეცნებით შესაძლებლობებსა და საქმიანობის სფეროს არჩევანზე.

აღნიშნული კვლევები კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ სქესის ანალიზს დიალექტიკურად უნდა მივუდგეთ. როგორც ო. ვეინინგერი აღნიშნავს თავის ნაშრომში „სქესი და ხასიათი“, ყველა ადამიანში ორი საწყისია, რომ ემბრიონში სქესის გარჩევა შეუძლებელია. მხოლოდ მისი არსებობიდან ხუთი კვირის შემდეგ ჩნდება მამაკაცისა თუ ქალის სქესობრივი თავისებურებები. თუმცა არსებობს ბისექსუალური მიდრეკილებებიც, რომელთა დროსაც მუდმივი ორსქესიანობა ადამიანის აგებულებაში ან მის გონებრივ მოღვაწეობაში ვლინდება. ორსქესიანობის გამოვლინებაა, აგრეთვე, ჰომოსექსუალობა და ლესბოსელობა. ნორმალურ ადამიანში კი (ქალსა თუ მამაკაცში) ყოველთვის არსებობს საპირისპირო სქესისადმი ლტოლვა.

ორი საწყისის არსებობას ბერძენი ფილოსოფოსი პლატონიც უსვამს ხაზს. თავის ნაშრომში ,,ნადიმი” იგი აღნიშნავს, რომ ადამიანში ორი - მამაკაცური და ქალური - საწყისია შერწყმული, რომლებიც სხვადასხვა ვითარებაში სხვადასხვანაირად ვლინდება.

ფრანგი სოციალისტ-უტოპისტი სენ-სიმონ კლოდ ანრი დე რუვრუა თავის ნაშრომში „ახალი ქრისტიანობა“ (1825 წ.) მოგვითხრობდა მამაკაცისა და ქალის იდეალური წყვილისა და მათი ერთობლივი პოლიტიკური მოღვაწეობის შესახებ. მას აუცილებლად მიაჩნდა, რომ სენსიმონისტების სხდომებზე სენ-სიმონის მოწაფე ანაფანტენის სავარძლის გვერდით, დაედგათ სავარძელი, რომელიც „უმაღლეს ქურუმ ქალს“, მის თანამოაზრეს ელოდა. წყვილს შეეძლო მიეღო უმაღლესი გადაწყვეტილებები და საზოგადოებაში ქალებისა და მამაკაცების ურთიერთობებში ჩარეულიყო.

სქესის ნებისმიერ კვლევაში აუცილებლად უნდა განვსაზღვროთ, მის რომელ კომპონენტს ვიკვლევთ. ერთგანზომილებიანი კომპონენტების შესწავლა განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა ხდებოდეს. თუ კვლევის მიზანი ქალის და მამაკაცის სტატუსის კვლევაა, შედარების საფუძველი არ უნდა იყოს სქესის ბიოლოგიური კატეგორია, რადგან, მაგალითად, ტრანსსექსუალებს ქალის გენდერული სტატუსი აქვთ, მაგრამ ისინი დაბადებიდან არ მიეკუთვნებიან მდედრობით სქესს. ასე რომ, მიზანი და მიზეზი ამ შემთხვევაში არ შეიძლება იქნეს გაიგივებული.

თუ კვლევის ცენტრში სქესია, როგორც პროცესი, მართებულია შევადაროთ მათი სოციალიზაცია, ვინც დაბადებიდანვე მდედრობით სქესს მიეკუთვნება, იზრდებოდა როგორც ქალიშვილი და მოწიფულობაში ქალის სტატუსი აქვს, იმათ, ვინც მოწიფულ ასაკში კაცის სტატუსი მიიღო, (მაგალითად, იმიტომ, რომ მამაკაცის სამუშაო მიეღო, ან სქესის შეცვლის მიზნით ოპერაცია გაიკეთა). ზუსტად ასევე უნდა შევადაროთ ინდივიდები, რომლებიც დაბადებიდან მამრობითი სქესის არიან, იზრდებოდნენ როგორც ბიჭები, ხოლო მოწიფულობაში მამაკაცის სტატუსი მიიღეს მათ, ვინც მოწიფულ ასაკში ქალის სტატუსი მიიღეს (მუდმივი ტრანსვესტიტები და ტრანსსექსუალები). ამის შემდეგ ყველა აღნიშნული ჯგუფი შეიძლება ერთმანეთს შევადაროთ. ასეთი მიდგომისას აღმოჩნდება არა ორი, არამედ ოთხი ან ექვსი სახის სქესი.

გენდერული სტატუსის გადაჯაჭვის და იმ სოციალური ინსტიტუტების კვლევა, რომლებისთვისაც სქესობრივ განსხვავებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, შეიცავს იმ მამაკაცებისა და ქალების კარიერის შედარებით ანალიზს, რომლებიც არ შეესატყვისებიან თავიანთ გენდერულ სტატუსს. აღნიშნული ანალიზი საშუალებას გვაძლევს გამოვიკვლიოთ ერთი და იგივე ან განსხვავებული პროცესები, რომლებმაც განაპირობეს მათ მიერ პროფესიის არჩევა და, შესაბამისად, პროფესიული წარმატებები. (Epstein, 1988, Kanter, 1977, Lorber, 1984).

2.3 3. ქალისა და მამაკაცის, როგორც ბიოსოციალური ფენომენის, მახასიათებლები

▲ზევით დაბრუნება


როგორც მეცნიერები აღნიშნავენ, ქალებისათვის დამახასიათებელია სიკეთე, ხასიათის სირბილე, ჰუმანურობა, დემოკრატიზმი. ისინი ბუნებასთან უფრო ახლოს არიან, უარყოფითი განწყობა აქვთ ძალადობის მიმართ, ვერ ეგუებიან უხეშობას, სხვათა გაჭირვება გულთან ახლოს მიაქვთ, ადვილად ექვემდებარებიან აღზრდას, ადაპტაციას, მკვეთრად საზღვრავენ თავის ფუნქციას ოჯახში, ბავშვების მიმართ. ქალებში, მამაკაცებთან შედარებით, უფრო ძლიერად ვლინდება გონიერი, უხეში ძალადობის, როგორც ცხოველური ინსტინქტის გამოვლინების (მათ შორის სექსუალური) საწინააღმდეგო გრძნობა. ქალი გაცილებით უფრო მიჯაჭვულია კაცზე და მუდმივად თხოულობს მისგან სიყვარულის დადასტურებას, წინააღმდეგ შემთხვევაში სულიერ წონასწორობას კარგავს. ქალებისათვის დამახასიათებელია გონივრული ზომიერება, აქტიური ურთიერთობებისაკენ სწრაფვა. მოკლედ რომ ვთქვათ, ქალი ცივილიზაციის სტაბილურობის გარანტია. მაგრამ იგი მოკლებული არ არის ნეგატიურ თვისებებსაც, რომელთა შორის აღსანიშნავია: გულმავიწყობა, თავშეუკავებლობა, ისტერიულობა, ნერვოზულობა, დეპრესიული მდგომარეობის მკვეთრი გამოვლინება, შურიანობა, ბევრი ლაპარაკი.

კაცობრიობის ნახევარს, მამაკაცებსაც, ახასიათებს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი თვისებები. ეს თვისებებია: საზრიანობა, მოხერხებულობა, გამომგონებლობა, ახალ გარემოსთან ადაპტირების უნარი, ფსიქიკური საქმიანობის აქტიურობა, რომელიც მის თვითდამკვირებასა და თვითრეალიზაციაში ვლინდება. ყველა ეს თვისება დადებით კატეგორიას შეიძლება მივაკუთვნოთ. მამაკაცების აზროვნება ქალებისაგან მეტი აბსტრაქტულობით განსხვავდება. მამაკაცები ძირითადად სამსახურზე არიან კონცენტრირებულნი და არა ოჯახზე. ხშირად სიმამაცე მათთვის შიშის დაძლევას უკავშირდება, ხოლო აქტიურობა საშუალებას აძლევს მათ თავი უფრო მამაკაცებად შეიგრძნონ. ნეგატიურ თვისებებს შეიძლება მივაკუთვნოთ: აგრესიულობა, ძალაუფლებისაკენ სწრაფვა, ავანტიურიზმი, სიმკაცრე, სარკაზმი, თავის თავზე დიდი წარმოდგენა, ემოციების გამოვლენისაგან, როგორც სისუსტისაგან თავის შეკავება. ქალების მხრიდან სიყვარულის დასადასტურებლად ისინი ფიზიკურ სიახლოვეს ითხოვენ. მათ უყვართ კომფორტი, ერთმანეთთან საუბრისას ხშირად ლაპარაკობენ სამსახურებრივ საქმიანობაზე, სპორტზე და არა სახლზე, ოჯახზე, ხელოვნებაზე. განაწყენებისას ხშირად იცვლიან თავიანთი გატაცების ობიექტს.

ბიოლოგიურად განსხვავდება აგრეთვე მამაკაცისა და ქალის კუნთოვანი სისტემა. ქალთა კუნთოვანი სისტემა ახალგაზრდა ასაკში მამაკაცთა კუნთოვანი სისტემის 65%-ს უტოლდება, ხოლო ხანშიშესულობაში კიდევ უფრო ნაკლებია. ქალების გული უფრო პატარაა და სისხლის რაოდენობაც ნაკლებია, სასუნთქი ორგანოებიც უფრო სუსტია, განსხვავებულია კუნთების ბიოქიმიური შედგენილობა. მათ ჩონჩხს სპეციფიკური კონსტრუქცია აქვს. ქალები მამაკაცებს უსწრებენ მოძრაობის ტემპით, მაგრამ უფრო მალე იღლებიან. ისინი უფრო რეაგირებენ გარემოს გამღიზიანებლებზე, ნაკლებად მდგრადი ნერვული სისტემა აქვთ და ფსიქოლოგიურად მომენტალურად გარდაიქმნებიან. საშუალოდ, ქალებისა და მამაკაცების გონებრივი მონაცემები ერთნაირია. ინგლისელი მეცნიერი ენტონი ბარნეტი წერდა. რომ გაცილებით უფრო მეტია საშუალო განვითარების ქალები, ვიდრე მამაკაცები. მამაკაცებში უფრო ხშირად ვხვდებით უკიდურეს გამოვლინებებს - ან ძალიან მაღალ ან დაბალ ინტელექტს. (Барнетт, 1968)

მეცნიერის მტკიცებით, 40 წლის შემდეგ ქალები თავიანთ ინტელექტს უკეთესად ინარჩუნებენ. ე. მონტეგიუ აღნიშნავს, რომ კაცები უფრო ხშირად ავადმყოფობენ. მათ უფრო სუსტი ფსიქიკა აქვთ და უფრო ხშირად ხვდებიან ფსიქიატრიულ დაწესებულებებში. ისინი ქალებზე უფრო ხშირად ასრულებენ სიცოცხლეს თვითმკვლელობით.

თუმცა სრულიად მართებულია შენიშვნა იმის თაობაზე, რომ გონმა, როგორც უნივერსუმმა, არ იცის სქესობრივი განსხვავება. ყველაფერი იმის გაკეთება, რაც შეუძლია მამაკაცს, შეუძლია ქალსაც.

2.4 4.სექსიზმი და მისი არსი

▲ზევით დაბრუნება


ცნება სექსიზმი იუნესკოს მიერ იქნა შემოღებული 1981 წელს. იგი სქესობრივ დისკრიმინაციას, ანუ ერთი სქესის მეორეზე ბატონობას ნიშნავს. იუნესკოს მიერვე ახსნილია მისი რეაქციული არსი, რაც ზღუდავს ქალის პიროვნებას, აკნინებს მის როლს საზოგადოებაში, ქმნის ქალის ნეგატიურ სახეს. ეს კი თავისთავად, არღვევს თანასწორუფლებიანობის პრინციპს და ადამიანური ღირსების დაქვეითებას იწვევს.

სექსიზმის შედეგად სათანადოდ არ ხდება ქალის შემოქმედებითი პოტენციალის გათვალისწინება და მისი შეფასება მხოლოდ ბიოლოგიური თავისებურებების გათვალისწინებით ხდება.

სექსიზმის თანახმად, საზოგადოებაში შენარჩუნებული უნდა იყოს ბუნებრივი წესრიგი, რომლის მიხედვითაც ქალებსა და მამაკაცებს სხვადასხვა ფუნქცია და როლი აქვთ. სოციოლოგ ანდრე მიშელს, რომელიც პარიზის ეროვნული კვლევების ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელია, მიაჩნია, რომ „სექსიზმი - ეს არის პოზიცია ან მოქმედება, რომელიც ადამიანებს სქესის მიხედვით ამცირებს, უარყოფს, სათანადოდ არ აფასებს, მათ სტერეოტიპებად დაყოფას ახდენს“.

სექსისტური მოდელი ქალს, მამაკაცთან შედარებით, ისეთი უარყოფითი მახასიათებლებით ახასიათებს, რომლებიც კაცს თითქოს არ გააჩნია. ამ მოდელის თანახმად, მამაკაცს გაცილებით უფრო მეტი დადებითი თვისებები (ვაჟკაცობა, ჭკუა, თვითდამკვიდრების უნარი, პროფესიული კომპეტენტურობა, რისკისა და თავგადასავლებისადმი მიდრეკილება, ინიციატივიანობა და ეფექტიანობა) აქვთ. ანდრე მიშელის აზრით, სექსისტური შეხედულებები ყალიბდება ოჯახში, სკოლაში, მოზარდთა ურთიერთობებში, შრომის ბაზარზე, პოლიტიკაში, მასობრივი ინფორმაციების საშუალებებით. სტერეოტიპული აზროვნების შედეგად ქალებს უჩნდებათ ეჭვი საკუთარი შესაძლებლობების, დამოუკიდებლობის შესახებ, რაც, თავისთავად, გავლენას ახდენს სქესთა თანასწორობაზე, რომელიც დეკლარირებულია საერთაშორისო, რეგიონული და ეროვნული დეკრეტებით, კონვენციით ქალთა მიმართ ყველა ფორმის დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ.

სექსიზმის თეორია საზოგადოებაში არსებული ბევრი პრობლემის გადაჭრაში ქალების მონაწილეობის შეზღუდვის საფეძველს ქმნის. ამით საზოგადოება მნიშვნელოვან ადამიანურ რესურსს კარგავს.

ბიოლოგიური და სოციალური განსხვავების გარდა, სექსიზმი სქესს კულტურულ დონეზეც განიხილავს. ამ თეორიის თანახმად, მამაკაცური საწყისი რაციონალური, სულიერი, ღვთაებრივი და კულტურულია, ხოლო ქალური - გრძნობაზე აგებული, ხორციელი, მიწიერი და ბუნებრივი. ყველაფერი ისიც კი, რაც სქესთან არ არის დაკავშირებული (ბუნება და კულტურა, გრძნობა და რაციონალიზმი, ღვთიური და მიწიერი) მამაკაცურ საწყისთან არის გაიგივებული. (Феминизм: перспективы социального знания, 1992) ფემინიზმი სექსიზმის მწვავე კრიტიკით გამოდის, განსაკუთრებით კულტურის სფეროში და სრულიად სამართლიანად ავითარებს იმ აზრს, რომ მასკულინური კულტურა არა მარტო ქალების, არამედ მამაკაცების დეგრადაციასა და აქტიურობის ჩახშობას უწყობს ხელს.

სექსიზმის ძირები სქესობრივი განსხვავების აბსოლუტიზაციასა და ბიოლოგიზაციაში უნდა ვეძებოთ, რომელთაგან ბევრი მათგანი სინამდვილეში კონკრეტული სოციალური პირობებიდან და კულტურული ნორმიდან მომდინარეობს, მრავალწახნაგოვანი და მრავალფენოვანია, ზოგიერთი კი, საერთოდ, ილუზორულია და მხოლოდ წარმოსახვის პროდუქტია.

უკანასკნელ პერიოდში ცივილიზებულ სამყაროში გაძლიერდა ბრძოლა სექსიზმის წინააღმდეგ, ამასთან, წინა პლანზე წამოვიდა ბევრი ფემინისტური იდეა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მიმდინარეობს მთელი რიგი შეხედულებების, თეორიების რევიზია და ახალი, სექსიზმისაგან თავისუფალი ნორმების დამკვიდრებისათვის ბრძოლა.

ამერიკელ მეცნიერს ი. ჰოფმანს მიაჩნია, რომ რელიგია კი არა, სწორედ სქესია ხალხის ოპიუმი, ხოლო კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორი, ფსიქოლოგი ე. გოლდბერგი თავის ტრილოგიაში „რისკია იყო მამაკაცი“, „ახალი მამაკაცი“, „მამაკაცისა და ქალის ახალი დამოკიდებულებები“ (1965 წ.) აღნიშნავს: „კომფორტულობა სქესთა შორის თვითგამოხატვის საშუალებას იძლევა. მალე სქესთა ანტაგონიზმი, როგორც წარსულის გადმონაშთი, ისე აღიქმება“.

კითხვები და დავალებები:

1. განსაზღვრეთ სქესი როგორც ბიოსოციალური ფენომენი.

2. როგორია მამაკაცისა და ქალის სოციალური და ბიოლოგიური განსხვავება?

3. გენდერული კვლევების განვითარების ძირითადი ეტაპები.

4. რა არის სექსიზმი?

ლიტერატურა:

1. გენდერული თეორიების ანთოლოგია. თბ. ბაკურ სულაკაურის გამოცემა. 2002

2. „გენდერის აქტუალური საკითხები“. გაეროს განვითარების პროგრამა. თბილისი. 1998

3. თ. კიკნაძე ქალი და პოლიტიკა. პოლიტოლოგია (ლექციების კურსი) თბილისი. თსუ 2001

4. Силласте Г.Г. Гендерная социология как чстная социологическая теория // Социс. № 11, 2000 г.

5. Элиас Н. Отношения между мужчиной и женщиной: изменение установки. THESIS. № 6. М., 1994 г.

6. Лорбер Дж., Пол как социальная категория . THESIS. № 6. М., 1994

7. Здравомыслова Е.А., Темкина А.А., Социология гендерных отношений и гендерный подход в социологии // Социс. № 11, 2000

8. Биологическое и социальное в развитии человека. М., 1977

9. Заводская Л..О равенстве прав и обязанностей мужчин и женщин //Человек и труд. 1995. № 8

10. Кикнадзе Т. Р. Социально-культурная и духовная трансформация современного общества: Гендерный аспект. „Социально-гуманитаррые знания“, М. 2002

11. Феминизм: перспективы социального знания, М. 1992

12. Lorber J. Gender Inequality. Feminist Theories and Politics. Roxbary Publishing Company. Los Angeles, California.

13. Lorber J., Women Physicians: Careers, Status, and Power., New York and London: Tavistook, 1984.

14. Lindsey L.L., Gender Roles. A Sociological Perspective.Prentice Hall, Upper Saddle River, New Jersey 07458.

15. Women, Culture and Society. A Reader, Edited by B.B Ballet, P. McDaniel. For The Women's Studies Program. Rutgers University - New Brunswick.

16. Epstein E.F. Deceptive Distinctions: Sex, Gender and the Social Order. New Haven (CT): Yale University Press, 1988.,

17. Kanter R.M., Men and Women of the Corporation. New York, Basic Books, 1977.

3 თავი II. ფემინიზმის ნაირსახეობები და მათი როლი გენდერული თანასწორობის დამკვიდრებაში

▲ზევით დაბრუნება


3.1 1. ფემინიზმის წარმოშობის წანამძღვრები

▲ზევით დაბრუნება


სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში ქალების შესახებ სხვადასხვა მითი არსებობდა. შუა საუკუნეების ინკვიზიციის დროს გავრცელებული იყო მითი კუდიანი ქალების შესახებ, რასაც მრავალი ქალის სიცოცხლე შეეწირა. XIX საუკუნის ბოლოს ბევრი მწერლეს შემოქმედებაში აისახა მითი საბედისწერო, შეუბრალებელი, მაცდური ქალის შესახებ. XIX საუკუნეში ყოფილ საბჭოთა კავშირში ბატონობდა მითი სუპერქალის შესახებ, რომელიც ერთდროულად იყო ქალი - დედა, ქალი - მოსამსახურე და ქალი - საზოგადო მოღვაწე.

საჭიროა მოვიხსენიოთ ერთი პარადოქსიც: რაც უფრო აღმერთებდნენ ქალს და თაყვანს სცემდნენ მას ისტორიის ამა თუ იმ მონაკვეთში, მით უფრო დამორჩილებულ მდგომარეობაში იყო იგი სინამდვილეში. ამერიკელი მკვლევარი ბეტი ფრიდანი ამ პარადოქსს ასე ხსნის: ,,რაც უფრო ნაკლებია რეალური ფუნქციები ქალის როლისათვის, მით უფრო რთავენ და ალამაზებენ მას უაზრო დეტალებით, რათა სიცარიელე შეავსონ.”

თუ ისტორიას მივმართავთ, ამ აზრის დადასტურებას ნამდვილად მოვნახავთ. ძველი ბერძნები აღმერთებდნენ ქალის სილამაზეს, ქმნიდნენ მის სკულპტურულ პორტრეტებს, რომლებითაც თავიანთ ტაძრებს ამშვენებდნენ, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში „ზედმეტ“ გოგონებს ყრიდნენ ან მსხვერპლად სწირავდნენ, ქალიშვილებს ყიდდნენ, ქალებს კი, როგორც უსიტყვო და მორჩილ დიასახლისებს, ისე უყურებდნენ. ქალები სახლს იყვნენ მიჯაჭვულნი, არ შეეძლოთ საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩარევა, ქალაქის მართვაში მონაწილეობის მიღება, ქონების განკარგვა ან ფლობა. მათ რაიმეს ყიდვაც კი არ შეეძლოთ, თუ მისი ღირებულება განსაზღვრულ თანხას აღემატებოდა. მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე ისინი ოჯახის წევრ მამაკაცებს, ჯერ მამას, მერე ქმარს, ძმას თუ შვილს ემორჩილებოდნენ.

სახელგანთქმული ბერძენი ფილოსოფოსი სოკრატე ამბობდა: „სამი რამ შეიძლება ჩავთვალოთ ბედნიერებად: ის, რომ შენ ველური ცხოველი არა ხარ, რომ შენ ბარბაროსი არა ხარ და რომ შენ კაცი ხარ და არა ქალი“. არისტოტელეს მიაჩნდა, რომ „ქალი იმიტომ არის ქალი, რომ მას არა აქვს კაცური თვისებები, ამიტომ მასში ისეთ არსებას უნდა ვხედავდეთ, რომელიც ბუნებრივ არასრულყოფილებას განიცდის“. ჰიპოკრატე კი ამბობდა, რომ „ცოლი კაცს მხოლოდ ორჯერ ახარებს: ქორწინების დღეს და დაკრძალვის დღეს“. ებრაელები, ისევე როგორც ბერძნები, თავს რჩეულ ხალხად თვლიდნენ. ებრაელი მამაკაცები კი ყოველთვის შემდეგ ლოცვას იმეორებდნენ: ,,მადლობელი ვარ, ღმერთო, რომ არ შემქმენი მე წარმართად, გაუნათლებლად და ქალად.”

„ნეკნიდან შექმნა“ ქალზე სერიოზულ თავდასხმის საფუძველი გახდა. ბიბლიაში ნათქვამია, რომ მას შემდეგ რაც ღმერთმა შექმნა ადამი, მას უკვდავი სული შთაბერა, ევას შესახებ კი ბიბლიაში რაიმე ცნობა არ არის.

საკითხმა, აქვს თუ არა ქალს სული, სამღვდელოებაში დიდი კამათი გამოიწვია. ბევრი კიდევაც ეჭვსაც კი გამოთქვამდა, არის თუ არა ქალი ადამიანი.

585 წელს მსოფლიო საეკლესიო კრებაზე სპეციალურად განიხილეს ეს საკითხი და დიდი დისკუსიების შემდეგ, მხოლოდ ერთი ხმის უპირატესობით, ფორმალურად სცნეს, რომ ქალს აქვს სული. ასეთი მართლაც „გმირული“ აღიარება შესაძლებელი გახდა საღმრთო წერილის წყალობით, სადაც მითითებულია, რომ ძე ღვთისა, იესო ქრისტე, იმავდროულად იყო ადამიანის შვილი, ვინაიდან მისი დედა ადამიანი იყო.

მიუხედავად ამისა, ზემოთ აღნიშნულ გადაწყვეტილებას შემდგომშიც ეჭვქვეშ აყენებდნენ და საუკუნეთა შემდეგ ამ საკითხის განხილვას ისევ და ისევ უბრუნდებოდნენ. 1690 წელს ფრანკფურტში გამოვიდა წიგნი „ქალი ადამიანი არ არის“, 1750 წელს კი ლაიფციგში გამოჩნდა წიგნი „საყურადღებო საბუთი იმისა, რომ ქალი ადამიანთა მოდგმას არ მიეკუთვნება“. შუა საუკუნეებში შეინიშნებოდა ე.წ. „კუდიანებზე ნადირობა“. ინკვიზიციის მიერ დასჯილ მამაკაცთა და ქალთა რაოდენობას მკვლევარები 1:20, ზოგი 1:100, და 1:1000 შეფარდებითაც კი განიხილავდა.

აი, როგორ განისაზღვრებოდა ქალის როლი წიგნში „ცოლ-ქმრული ცხოვრების შესახებ“, რომელიც ევროპაში გამოვიდა 1943 წელს: „ქალის მოვალეობა მისი ქმრის მიმართ მდგომარეობს იმაში, რომ ემსახუროს მას მორჩილად, იყოს მოკრძალებული საუბარში და ჩაცმა-დახურვაში. ყურადღება მიაქციოს წესრიგს სახლში და აწარმოოს საოჯახო საქმეები“.

უკვე XIX საუკნეში ოგიუსტ კონტი, რომელიც სოციოლოგიის მამამთავრად ითვლება, აღნიშნავდა, რომ საზოგადოებაში ქალის არათანასწორუფლებიანი მდგომარეობა განისაზღვრება „ქალის ორგანიზმის ბუნებრივი სისუსტით. არ შეიძლება არსებობდეს კაცისა და ქალის სოციალური თანასწორობა. ქალის განსაკუთრებული მოწოდება ოჯახური მოვალეობებია“.

ეგრეთ წოდებული „ქალთა საკითხი“ ახალ ხანაში, საფრანგეთის ბურჟუაზიული რევოლუციის ეპოქაში წარმოიშვა. ქალებმა მოითხოვეს მამაკაცებთან უფლებების გათანასწორება საზოგადოებრივ და პირად ცხოვრებაში. „ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა დეკლარაციის“ გამოქვეყნების შემდეგ გამოქვეყნდა „ქალისა და მოქალაქის უფლებათა დეკლარაცია“, რომელიც ოლიმპია დე გუჟმა დაწერა. ქალებმა დააარსეს თავიანთი კლუბი, ჟურნალები, დაიწყეს დებატებში მონაწილეობის მიღება. სქესთა შორის გარეგანი განსხვავება რომ მოესპოთ, მამაკაცის ტანსაცმელი ჩაიცვეს. მაგრამ კონვენტმა ქალებს ჩამოართვა შეკრების უფლება და დახურა მათი კლუბები. თავად ოლიმპია დე გუჟი სიკვდილით დასაჯეს. ამით დამთავრდა ეს მოძრაობა, რომელიც ივლისის რევოლუციის დროს აღმოცენდა. ამ დროიდან იხმარება გამოთქმა „ქალთა ემანსიპაცია“. 1948 წელს თებერვლის რევოლუციის დროიდან ქალთა მოძრაობა სხვადასხვა ქვეყანაში გავრცელდა.

3.2 2. ფემინისტური თეორიები

▲ზევით დაბრუნება


ფემინიზმი (ფრ. feminisme, ლათინური femina-დან - ქალი) არის ქალებისა და მამაკაცების უფლებების გათანაბრებისათვის წარმოებული ფართო მოძრაობისა და სოციალურ-პოლიტიკური თეორიის საერთო სახელწოდება. ფემინისტური მოძრაობის პირველ ეტაპებზე მიზნად იქნა დასახული ქალებისათვის საარჩევნო უფლებების მოპოვება, ამიტომ მოძრაობის მონაწილეებს სუფრაჟისტებს (ინგლისური სიტყვიდან სუფრაგე - ხმის უფლება) უწოდებდნენ. სუფრაჟიზმი აღმოცენდა ინგლისში XIX საუკუნის მეორე ნახევარში, მოგვიანებით კი გავრცელდა აშშ-ში, გერმანიაში, საფრანგეთსა და მსოფლიოს მრავალ სხვა ქვეყანაში. საარჩევნო უფლებებისათვის ბრძოლაში პირველად ფინელმა ქალებმა მოიპოვეს წარმატება (1905 წ.), შემდეგ ნორვეგიელებმა და დანიელებმა. სერიოზული ნაბიჯი გადაიდგა წინ 1918-1920 წლებში, როცა ქალებს საარჩევნო უფლება მისცეს ბელგიაში, გერმანიაში, პოლონეთში, კანადაში, აშშ-ში და ზოგიერთ სხვა ქვეყანაში. სუფრაჟიზმის წარმატებებმა დროებით შეაჩერა ქალთა პოლიტიკური მოძრაობის საერთო განვითარება და მომდევნო თითქმის ორმოცი წლის განმავლობაში იგი ძილქუშის მდგომარეობაში იყო. გამოღვიძება ანუ „ქალთა აღორძინება“ XX საუკუნის 60-იან წლებში დაიწყო. მისი ეპიცენტრი გახდა აშშ, სადაც სწორედ ამ წლებში შეინიშნებოდა დისკრიმინაციის სხვადასხვა ფორმის, პირველ რიგში კი რასიზმის ლიკვიდაციისაკენ მიმართული დემოკრატიული პროცესების გააქტიურება. ქალთა მოძრაობამ ახალი, ხშირად რადიკალური ფორმები შეიძინა, რაც მის სახელწოდებაშიც - „ქალთა განმათავისუფლებელი“ მოძრაობა („Women's Liberation“) აისახა. ემანსიპაციისათვის ბრძოლის ახალი ტალღა განპირობებული იყო ღრმა სტრუქტურული ცვლილებებით სოციუმში, უპირველეს ყოვლისა კი, საზოგადოებრივ წარმოებაში ქალთა შრომის წილის ზრდით.

60-იან და 70-იანი წლების დასაწყისში ფემინისტურმა მოძრაობამ რამდენადმე ექსტრავაგანტური ხასიათი მიიღო, რაც გამოვლინდა გამომწვევ, ტრადიციული საზოგადოებისათვის უჩვეულო ლოზუნგებში, პროტესტის გამოხატვის ფორმებში. ფემინისტები მიისწრაფოდნენ რა გამოეღვიძებინათ ქალთა შეგნება, გაეთავისუფლებინათ საზოგადოებრივი ცნობიერება პატრიარქალურად ორიენტირებული მიზანდასახულებათა იმპერიისაგან. ამ მიზნით ისინი იყენებდნენ, მაგალითად, „მოედნის თეატრის“ მეთოდებს. 1968 წელს შექმნილი იმ ამერიკული ორგანიზაციის ფურცლებში, რომელსაც სკანდალური სახელწოდება „კუდიანი“ ერქვა, ნათქვამია: „ყველაფერს, რაც რეპრესიულია, აქვს მარტოოდენ მამაკაცური ორიენტაცია, შურიანია, აღინიშნება პურიტანულობით და ავტორიტარულობით და იგი თქვენი კრიტიკის სამიზნედ უნდა იქცეს. თქვენი იარაღია თეატრი, სატირა, „ფეიერვერკი, მაგია, საწამლავი, მუსიკა, კოსტუმი, ნიღაბი, სიმღერა, პლაკატები, ნახატები, ტრაფარეტები, ფილმები, ჟღარუნები, აგურები, ცოცხები, თოფები, მოჯადოვებული თოჯინები, კატები, სანთლები, ზარები, აბრეშუმი, გაზეთის ამონაჭრები, ხელყუმბარები, მოწამლული ბეჭდები, საპირწამლეები, აუდიოჩანაწერები, თქვენი მშვენიერი მოჩვენებითი წარმოსახვა. თქვენი ძალა თქვენგანვე მომდინარეობს ისევე, როგორც ქალებისა - ქალებისგანვე და იგი მრავალგზის ძლიერდება თქვენს დებთან ერთობლივი მუშაობით... თქვენი მოვალეობაა გაათავისუფლოთ თქვენი ძმები (უნდათ მათ თუ არა) და თქვენი თავი სქესობრივი როლების სტერეოტიპებისაგან“.

გამაოგნებელ ხასიათს ატარებდა არა მარტო ფემინისტური პროტესტის ფორმები, არამედ მისი შინაარსიც. კრიტიკა თავს ესხმოდა თანაცხოვრების იმ საფუძვლებს, რომლებიც, ფემინისტების აზრით, ხელს უწყობდა ქალების არათანასწორუფლებიან მდგომარეობას: გათხოვებას, დედობას, და სხვ. განსჯათა ლოგიკა კი დაახლოებით ასეთი იყო: „ქორწინებაში, კანონის მიხედვით, მამაკაცი და ქალი ერთი პიროვნებაა, ე.ი. თვით ყოფნა, ანუ სამართლებრივი არსებობა ქალისა გათხოვებისთანავე წყდება, რადგან იგი ყოველთვის მამაკაცის ბატონობას გულისხმობს“.

ბევრი ფიქრობს, რომ ფემინისტური იდეები ჯერ კიდევ აღორძინების ეპოქაში ჩაისახა. ზოგიერთ მკვლევარს პირველ ფემინისტად ძველი ბერძენი ფილოსოფოსი პლატონი1 მიაჩნია. აღორძინების ეპოქაში შეიქმნა ქრისტინა დე ლიზანის და კორნელიუს აგრიპას პირველი ტრაქტატები, რომლებშიც საუბარი იყო ქალის პიროვნების დათრგუნვასა და მისდამი საზოგადოების უსამართლო დამოკიდებულებაზე.

დღეს აშკარაა, რომ ფემინისტური თეორიების ჩასახვა და ჩამოყალიბება მნიშვნელოვან წილად მომზადებული იქნა სოციალურ-ფილოსოფიური და პოლიტიკური კონცეფციებით. ამასთან დაკავშირებით, პირველ რიგში, აღსანიშნავია ჯონ ლოკის, ჟან-ჟაკ რუსოსა და ჯონ სტიუარტ მილის ლიბერალური ფილოსოფია, რომლის ფარგლებში ვითარდებოდა ადამიანის უფლებათა ძირითადი თეორიები. ცალკე უნდა გამოვყოთ შარლ ფურიეს, ანრი სენ-სიმონისა და რობერტ ოუენის უტოპიური სოციალიზმის თეორიის გავლენა.

და ბოლოს, აღსანიშნავია მე-20 საუკუნის შუა ხანებისა და მიწურულის თეორიები, რომლებიც შეიძლება გავაერთიანოთ სოციალურ და პოლიტიკურ კონტექსტში მათში სექსუალურობისა და ადამიანის სექსუალური ქცევის პრობლემების განხილვის საფუძველზე.2

როგორც ზევით აღვნიშნეთ, ფემინიზმის განვითარების ახალი ეტაპი მე-20 საუკუნის 60-იან წლებში დაიწყო. ამ პერიოდში ფემინიზმის შიგნით ჩამოყალიბდა სამი ძირითადი მიმართულება: ლიბერალურ -რეფორმატორული, სოციალისტური და რადიკალური.

ლიბერალურ-რეფორმატორული მიმართულება3 ძირითადად განაგრძობდა იდეებს, რომლებიც განმანათლებლობის ეპოქაში, მოგვიანებით კი მ. უოლსთონკრაფტის და ჯ. სთ. მილის მიერ ვითარდებოდა. ქალთა არათანასწორუფლებიანობის მიზეზს ფემინისტები გარკვეული სამოქალაქო და იურიდიული უფლებების უქონლობაში ხედავდნენ. შესაბამისად, ამ პრობლემის გადაჭრის საშუალებად ისინი სოციალურ-ეკონომიკურ და იურიდიულ რეფორმებს მიიჩნევდნენ.

სოციალისტურმა მიმდინარეობამ4 მარქსისტული და ფემინისტური შეხედულებების სინთეზი მოახდინა. ქალთა დისკრიმინაციის ძირითად მიზეზებად აქ კერძო საკუთრება და საზოგადოების კლასობრივი სტრუქტურა იქნა მიჩნეული. ამგვარ იდეებს ჯერ კიდევ XIX საუკუნეში გამოთქვამდა ფ.ენგელსი ნაშრომში „ოჯახის, კერძო საკუთრებისა და სახელმწიფოს წარმოშობა“. თუმცა ფ.ენგელსისაგან განსხვავებით, რომელიც დაუშვებლად მიიჩნევდა პროლეტარულისაგან განცალკევებული, განსაკუთრებული ქალთა მოძრაობის არსებობას, სოციალისტური ფემინისტები დაჟინებით მოითხოვდნენ ქალთა პრობლემების კლასობრივი და ზოგადი სოციალური პრობლემებიდან ცალკე გამოყოფას.

იდეების მიხედვით ყველაზე უფრო გამორჩეული და გავლენიანი გახდა რადიკალური მიმართულება5, რომელიც იკვლევდა ქალთა ჩაგვრის ზოგად, სიღრმისეულ საფუძვლებს. ამ მიმართულების მიმდევართა აზრით, ამგვარი სისტემაა პატრიარქატი - ქალებზე მამაკაცების დომინირების სისტემა.

ამ პერიოდის ფემინისტურმა მოძრაობამ ბევრ წარმატებას მიაღწია. მოძრაობის ეფექტიანობაზე მეტყველებს საზოგადოებრივი ცნობიერების გასაოცარი ცვლილებები და დასავლეთის ქვეყნების პოლიტიკურ სტრუქტურებში მომხდარი რეალური ძვრები: ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებსა (პარლამენტების, მთავრობებისა და ხელმძღვანელი პარტიული ორგანოების ჩათვლით) და წარმოების მართვის სფეროში ქალთა წარმომადგენლობის ზრდა.

დღეისათვის ზემოთ აღნიშნული სამი მიმდინარეობა ისეთი გამოკვეთილი სახით არ არსებობს, როგორც 60-იან წლებში. გარდა ამისა, გაჩნდა ახალი მიმართულებები: „კულტურული ფემინიზმი“ რომლის თეორეტიკოსებიც სეპარატისტული (მამაკაცებისა და მასკულინურობისაგან თავისუფალი) ქალური კულტურის განვითარების იდეით გამოდიან; „ჰუმანური ფემინიზმი“- მისი მომხრეები კულტურაში ქალური აქცენტების განვითარებას და როგორც „ქალური“, ისე „მამაკაცური“ ინტერესების გათვალისწინებას, „ფემინური“ და „მასკულინური“ თვისებების თანაბრად აღიარებას მოითხოვენ; „შავი ფემინიზმი“, ანუ შავკანიანი ამერიკული ფემინიზმი; ასევე მრავალი სხვადასხვა ეროვნული შეფერილობის ფემინიზმი, მაგ., ლათინურ-ამრიკული, აფრიკული, მუსულმანური და სხვ., სადაც ქალების მდგომარეობა არა მხოლოდ სქესის, არამედ რასობრივი და ეროვნული ნიშნების მიხედვითაც არის გაანალიზებული.

______________

1. დასავლური დისკუსიების მიმოხილვები პლატონის წარმოდგენების შესახებ ქალის სოციალური როლის თაობაზე. იხ. Феминизм: перспективы социального знания. М. 1992. с. 56-76.

2. ელის ჰავერლოქი, ზიგმუნდ ფროიდი, ვილჰელმ რაიხი, მარგარეტ მიდი, ჰერბერტ მარკუზე, ფრანკფურტის სკოლა, ფუკოს, დერიდას და ლიოტარის ზოგიერთი ნაშრომი.

3. ბეტი ფრიდანი და მისი მომხრეები ქალთა ეროვნული მოძრაობიდან.

4. ზილა აიზენსთაინი, ლინდა გორდონი, მერი ო'ბრაიენი და სხვ.

5. ქეით მილეთი, სულამიფ ფაიერსთოუნი, ანდრეა დვორნიკი, ქრისთინა დელფი, მერი დოილი და სხვ.

3.3 3. გენდერი და ფემინიზმი

▲ზევით დაბრუნება


XX საუკუნის 70-იან წლებში წარმოიშვა საზოგადოებაში ქალთა ჩაგვრისა და დისკრიმინაციის მიზეზებისადმი სოციალურ კულტურული ანუ ე.წ. გენდერული მიდგომის ტრადიცია. ამ თეორიულ მუშაობას, როგორც დასავლეთში მიაჩნიათ, საფუძველი ჩაუყარა ფრანგმა ფილოსოფოსმა-ეგზისტენციალისტმა სიმონა დე ბოვუარმა თავის ნაშრომში „მეორე სქესი“. სწორედ აქ დაისვა პირველად საკითხი კულტურაში ფემინურის - ქალურის დათრგუნვის შესახებ. მასში ნაჩვენებია, რომ საზოგადოება აკანონებს მამაკაცურს (მასკულინურს), როგორც პოზიტიურ კულტურულ ნორმას, ხოლო ქალურს (ფემინურს), როგორც ნორმიდან გადახრას.

ქეით მილეთი თავის ნაშრომში „სექსუალური პოლიტიკა“ ავითარებდა ს. ბოვუარის ნააზრევს და წერდა კულტურაში ფემინურის დათრგუნვაზე, როგორც პატრიარქატის სოციალურ პოლიტიკაზე. ტერმინი ,,პატრიარქატი” ქეით მილეთის ნაშრომზე ბევრად უფრო ადრე მოიხსენიება, მაგრამ სწორედ მან მიანიჭა კულტურის ანალიზში ამ ტერმინს ძირითადი ცნების დატვირთვა. ქეით მილეთის გაგებით, პატრიარქატი მამათა ძალაუფლება გახლავთ. ეს არის ოჯახური, იდეოლოგიური, პოლიტიკური სისტემა, რომელშიც ქალური ყოველთვის მამაკაცურს არის დამორჩილებული. ქალების დათრგუნვა მომდინარეობს არა ბიოლოგიური განსხვავებიდან, არამედ ფემინურის, როგორც მეორადის სოციალურად დაკანონებიდან, პოლიტიკა სოციალური ძალაუფლების პარადიგმაა, რომელიც მოწოდებულია პატრიარქატის წესების შესაბამისად გააკონტროლოს ქალური სუბიექტურობა.

სოციოლოგიაში, პოლიტოლოგიასა და ისტორიაში ცნება „გენდერი“ მუშავდება როგორც კლასის ანალოგიური, ფუნდამენტური მასტაბილიზებელი პრინციპი. გენდერული პოზიციიდან სოციალურ-პოლიტიკური პროცესების ინტერპრეტაციისათვის გამოიყენება სოციოლოგიური მოდელები, რომლებითაც აიხსნება სოციალური იდენტურობის ჩამოყალიბების პროცესი და მისი დროითი ცვლილებები, სოციალური ჯგუფების წარმოშობა და დაშლა უთანასწორობის პირობებში, გაბატონებული ჯგუფების კულტურული ჰეგემონიის დამყარება და შერყევა. გენდერის პრობლემების შესახებ უფრო ზუსტი წარმოდგენა შეგვექმნება, თუ გავეცნობით ფრანსეზ ვულის, ჯუდით ლორბერის, გიზელა ბოკისა და სხვათა პუბლიკაციებს.

ნორბერტ ელიასის და ნატალი ზემონ დევისის ნაშრომები საკმაოდ მრავალმხრივ წარმოდგენას ქმნის ახალ დროში ქალებსა და მამაკაცებს შორის დამყარებული ურთიერთობის მოდელის შესახებ. ამავე პრობლემას ეძღვნება ცნობილი ინგლისელი ისტორიკოსის ჯონ ჰაჯნალის სტატიები. მეტად მნიშვნელოვანია აგრეთვე სხვადასხვა რელიგიაში ქალის როლისა და სტატუსის გამოკვლევები, რომლებიც ჩაატარეს ნენსი შუსტერმა, სემუელ ჰეილმანმა, ჯინა და ჯონ ბოუქრებმა, ივლინ ქეიმ, ბლუ გრინბერგმა, სიუზან სერედმა, ედით დინმა, რუფ რექჰა ვერბამ და სხვ.

გენდერის კონცეფციაში, როგორც სოციალურად კონსტრუირებულ, სიმბოლურად ინტერპრეტირებულ, ისტორიულად ცვალებად მოდელში, აშკარად ჩანს ფრანგი ფილოსოფოსიპოსტმოდერნისტის ჟაკ დერიდას დეკონსტრუქციის თეორიის გავლენის კვალი. ტერმინი ,,დეკონსტრუქცია” ნიშნავს მეტაფორების ამოცნობის პროცესს, მათი იმ ფარული ლოგიკის გამომზეურებას, რომელიც, ჩვეულებრივ, არსებობს, როგორც ცნებათა ბინარული ოპოზიცია (მამაკაცი-ქალი, სუბიექტი-ობიექტი, კულტურა-ბუნება და ა.შ.). ჟ. დერიდა გვიჩვენებს, რომ არ არსებობს წმინდა განსხვავებები დომინაციის გარეშე, ვინაიდან ამგვარ ოპოზიციაში ერთი მხარე ყოველთვის მეორეს არის დაქვემდებარებული. ტერმინი ,,დეკონსტრუქცია” აღნიშნავს ზოგადად, ნებისმიერი ცნებისათვის, როგორც იდეოლოგიურად ან კულტურულად კონსტრუირებულისათვის ფარდის ახდას და არა უბრალოდ ბუნებრივი რეალობის ასახვას. (Derrida, 1976).

დერიდას თეორიამ დიდი გავლენა მოახდინა ფრანგული პოსტმოდერნისტული ფემინიზმის წარმომადგენლების - ჰოლენ სისუს, ლუსი ირიგარეის, იულია ქრისთევოის შეხედულებებზე. ფრანგულ ფემინიზმში გენდერის კატეგორიის ანალიზი დეკონსტრუქციის საშუალებით უფრო ეგზისტენციური და მეტაფორული ხასიათისაა, ხოლო ამერიკულ ფემინიზმში გენდერის კატეგორია სოციალურ და მეთოდოლოგიურ ფუნქციას ასრულებს. გენდერის კონსტრუქციულ კატეგორიაში სქესი კულტურული მეტაფორა ხდება და, როგორც ე. ეფი აღნიშნავს, სულისა და ბუნების ურთიერთობას გადმოსცემს.. სული მამაკაცია, ბუნება - ქალი, ხოლო შეცნობა აღმოცენდება როგორც ფლობის გარკვეული აგრესიული აქტი: პასიური ბუნება განიცდის განსხეულებას, გახსნას, ადამიანი მის სიღრმეებში შეაღწევს და დაიმორჩილებს. ადამიანის გაიგივება მამაკაცური სახის მქონე შემცნობ სულთან, ბუნებისა კი დაქვემდებარებულ მდგომარეობაში მყოფ ქალთან ყოველთვის იყო და დღესაც არის დასავლეთის კულტურის მთავარი თემა (Fee, 1980)

3.4 4. გენდერი და თანამედროვე ფემინიზმის ტიპოლოგია

▲ზევით დაბრუნება


ცნობილი ამერიკელი მეცნიერი ჯუდით ლორბერი, რომელიც ფემინისტური მოძრაობის ერთ-ერთ თვალსაჩინო მკვლევრად ითვლება, თავის ნაშრომებში რეტროსპექტულად განიხილავს ფემინიზმის განვითარებას ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში. გენდერთან მიმართებაში იგი ფემინიზმის სამ ძირითად ტიპს გამოყოფს: რეფორმატორულს (gender reform feminisms), რეზისტენტულსა (gender resistance feminisms) და ე.წ. ბუნტარულს (gender rebellion feminisms). თითოეული ეს მიმართულება ფემინიზმის ზოგად თეორიულ საფუძვლებს ეყრდნობა.

რეფორმატორები (ლიბერალური, მარქსისნული და სოციალისტური, პოსტკოლონიური ფემინიზმი) თავიანთი ბრძოლის არსს საზოგადოებაში არსებული სტრუქტურის ფარგლებში ქალისა და მამაკაცის სტატუსის გათანაბრებაში ხედავენ. XX საუკუნის 60-70-იან წლებში წარმოჩნდა ქალისა და მამაკაცის აზროვნების, ფსიქიკის, სხეულის, სექსუალობისა და ქმედებების შესახებ გავრცელებული შეხედულებებისადმი კრიტიკული დამოკიდებულება, რომელთა თანახმადაც, მამაკაცები, ქალებთან შედარებით, უფრო ძლიერები, ჭკვიანები და ნიჭიერები არიან; ასე რომ, საზოგადოებრივი საქმიანობა მათი სფეროა. ქალების დანიშნულება კი დედობრივი სითბო, მზრუნველობა და ოჯახური საქმიანობაა. სამუშაოს ის ნაწილი, რომელსაც ქალები სახლში ასრულებენ ვირტუალურია, დაუთვლელი და ეროვნულ ეკონომიკურ სტატისტიკაში არ ფიგურირებს. რეფორმატორები (ლიბერალური, მარქსისტული და სოციალისტური, პოსტკოლონიური ფემინიზმი) ყურადღებას ამახვილებენ ოჯახში ქალის შრომასა და ეკონომიკაზე, როგორც გენდერული უთანასწორობის წყაროზე.

ისინი ბრძოლის ძირითად არსს არსებული გენდერული სოციალური სტრუქტურის ფარგლებში ქალისა და მამაკაცის სტატუსის გათანაბრებაში ხედავენ (მაგალითად, მათ უნდათ მეტი ქალი იხილონ მსხვილი კორპორაციების პრეზიდენტებად, ხელმძღვანელ მუშაკებად). რეფორმატორებმა ნათელი გახადეს ის დისკრიმინაცია, რომელსაც ქალები განიცდიდნენ დასაქმებისა და ეკონომიკური რესურსების განაწილების სფეროში. ისინი მოუწოდებენ გათვალისწინებული იქნეს ის პოტენციალი, რომელსაც ქალები ფლობენ, ხოლო ქალებმა თავიანთი ცხოვრება ისე წარმართონ, როგორც სურთ. მათი აზრით, ადამიანს, მიუხედავად სქესისა, უნდა ჰქონდეს არჩევანის თავისუფლება, თანაბარი აღიარება, თანასწორუფლებიანი მონაწილეობის საშუალება ცხოვრების ყველა სფეროში, და შესრულებული სამუშაოსათვის შესაბამისი ანაზღაურება. ადამიანებს, განურჩევლად სქესისა, უნდა შეეძლოთ აირჩიონ თავიანთი მოღვაწეობის სფერო, იმუშაონ, იყვნენ მეცნიერები, პოლიტიკოსები ან რომელიმე სხვა პროფესიის წარმომადგენლები.

რეზისტენტული მიმართულების ფემინისტები (რადიკალები, ლესბოსელები, ფსიქოანალიტიკოსები და სხვ. ქალის მიმართ არსებული დისკრიმინაციისა და სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ გამოდიან და აკრიტიკებენ იმ ფაქტს, რომ ქალის გამოცდილება არ არის წარმოჩენილი განათლებისა და კულტურის წარმოების სფეროებში. ისინი იბრძვიან არსებულ გენდერულ სტრუქტურულ საზოგადოებაში მამაკაცების მიერ ქალების შევიწროებისა და ექსპლუატაციის (განსაკუთრებით, სექსუალური ძალადობის და გაბატონებული კულტურული წარმოდგენების) წინააღმდეგ.

რეზისტენტული მოძრაობის მომხრეებს მიაჩნიათ, რომ საზოგადოების მოცემული გენდერული სტრუქტურის პირობებში, სადაც ასე საგრძნობია კაცების დომინირება, ქალთათვის გენდერული თანასწორობა შეუძლებელია. ეს მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, თუ ისინი მამაკაცებივით უემოციო და კარიერზე ორენტირებულნი გახდებიან. მათ მეტად მნიშვნელოვნად მიაჩნიათ ქალთა გამოცდილების განზოგადების პერსპექტივა. 1970-80-იან წლებში მათ მეტად მნიშვნელოვანი თეორია განავითარეს გენდერული იდეოლოგიის ძალაუფლების (the power of gender ideology) ღირებულებებისა და წარმოდგენების შესახებ. ეს თეორია, მათი აზრით, გენდერულ სოციალური სამართლიანობის ლიკვიდაციას შეუწყობს ხელს. ამ მოძრაობის მომხრეები ამტკიცებენ, რომ გენდერული უთანასწორობა გამყარებულია უმეტესი რელიგიებით, რომლებიც იმას ქადაგებენ, რომ მამაკაცის გაბატონებული მდგომარეობა ღმერთის სურვილის გამოხატულებაა, მეცნიერებით, რომელიც ამტკიცებს, რომ დომინირება ჰორმონალური და გენეტიკური სხვაობის შედეგია, საკანონმდებლო სისტემით, მასმედიით, სპორტით, პორნოგრაფიით, რომელიც მამაკაცთა ძალადობას, მათ მიერ სექსუალურ ექსპლუატაციას უწყობს ხელს.

ზოგიერთ ფემინისტს მიაჩნია, რომ საზოგადოებაში არსებული გენდერული სტრუქტურა უნივერსალურია და საუკეთესო გამოსავალი იმაში მდგომარეობს, რომ შეიქმნას ქალებზე ორიენტირებული საზოგადოება თავისი კულტურით, ეთიკით და რელიგიითაც კი. ასეთი მიმართულება ფემინიზმში კულტურული ფემინიზმის სახელწოდებით არის ცნობილი და იგი რაღაც შუალედურია რადიკალებსა და ლესბოსელებს შორის. რეზისტენტული გენდერული ფემინიზმის ზოგიერთ წარმომადგენელს კი მიაჩნია, რომ იმისათვის, რომ აღმოიფხვრას ქალების მიმართ სისტემატური ძალადობა და მათი სექსუალური ექსპლუატაცია, საჭიროა ხანგრძლივი პოლიტიკური მუშაობის წარმოება მოსახლეობის ფართო ფენებთან. მაგრამ ერთ საკითხში ისინი საერთო პოზიციებზე დგანან, რომ საჭიროა ძალისხმევა და ბრძოლა იმისათვის, რომ ქალებმა შეიგრძნონ თავიანთი ძალა, ირწმუნონ თავიანთი შესაძლებლობები, ისწავლონ თუ როგორ უნდა დაიცვან თავი სექსუალური ძალადობისაგან.

ბუნტარული ფემინზმი (მულტიკულტურული, მამაკაცთა, სოციალური კონსტრუქციის, პოსტმოდერნისტული, ჰომოსექსუალთა და სხვ.) იმ პროცესებისა და სიმბოლოების დეკონსტრუქციას ახდენს, რომლებიც, მათი აზრით, გენდერული ასიმეტრიის საფუძველს წარმოადგენენ. ბუნტარული ფემინიზმი არსებული გენდერული საზოგადოებრივი წესრიგის კრიტიკით გამოდის და ეჭვქვეშ აყენებს მის საფუძველს - კაცობრიობის ორ სქესად დაყოფას.

ე.წ. „ბუნტარული ფემინიზმი“ ილაშქრებს უშუალოდ არსებული გენდერული სტრუქტურის წინააღმდეგ. მათი აზრით საჭიროა სქესი წარმოჩინდეს მთელი თავისი მრავალფეროვანი კატეგორიებით და იმ ფარული საზღვრების გათვალისწინებით, რომლებიც არსებობს მამაკაცებსა და ქალებს, მდედრობითსა და მამრობითს, ჰეტეროსექსუალებსა და ჰომოსექსუალებს შორის. აყენებენ რა ეჭვქვეშ მამაკაცისა და ქალის, ჰეტეროსექსუალობისა და ჰომოსექსუალობის, მასკულინურისა და ფემინურის, მდედრობითისა და მამრობითის დუალობას ისინი მართებულად არ თვლიან რომელიმე ჯგუფისათვის რაიმე სამართლებრივი უპირატესობის მინიჭებას სხვასთან შედარებით. ისინი გენდერს რასობრივ, ეთნიკურ, რელიგიურ, სოციალურ კლასთან, სექსუალურ ორენტაციასთან კონტექსტში განიხილავენ. მათი მტკიცებით არსებულმა გენდერულმა სოციალურმა წესრიგმა ისევე შეიძლება დააპირისპიროს მამაკაცი მამაკაცთან როგორც მამაკაცი ქალთან. ერთი და იმავე რასობრივი და ეთნიკური ჯგუფის, ან ეკონომიკური სტრუქტურის მამაკაცებსა და ქალებს გაცილებით უფრო მეტი აქვთ საერთო, ვიდრე სხვადასხვა ჯგუფის მამაკაცებს ან ქალებს. არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მამაკაცები და ქალები, გეები და ლესბოსელები, რომლებსაც სოლიდარობის გამძაფრებული გრძნობა აქვთ, ქმნიან კოალიციას, ერთად იბრძვიან თავიანთი უფლებებისათვის, მუშაობენ შიდსის თავიდან ასაცილებლად და ა.შ.

დასკვნის სახით შეგვიძლია აღვნიშნოთ შემდეგი: თუ ერთმანეთს შევადარებთ და გავაანალიზებთ ფემინისტური მოძრაობის სამ ძირითად მიმართულებას, მათი ერთი საერთო ტენდენცია უნდა გამოვყოთ - ეს არის საზოგადოებაში არსებული გენდერული სტრუქტურის კრიტიკა და მის წინააღმადეგ აქტიური მოქმედება, გალაშქრება ქალთა დისკრიმინაციისა და ექსპლოატაციის წინააღმდეგ, ბრძოლა ქალთა უფლებების დასაცავად, სქესთა სამართლებრივი და ფექტობრივი თანასწორობის დასამყარებლად. საერთო ფემინისტური იდეოლოგიის თანახმად, ადამიანებს, მიუხედავად სქესისა, უნდა ჰქონდეთ თავისუფალი არჩევანის (ანუ არჩევანის თავისუფლების) უფლება, საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში თანასწორუფლებიანი მონაწილეობის საშუალება.

ნიშანდობლივია, რომ ხშირად იდენტურია არა მარტო ამ მიმართულების შეხედულებები, არამედ მათი ბრძოლის საშუალებები და გზები, მაგრამ აღნიშნულ ფემინისტურ მოძრაობებს არა მარტო ბევრი რამ აქვთ საერთო, მათ შორის ბევრი განსხვავებაც არის. მოვიყვანთ მხოლოდ რამდენიმე განმასხვავებელ ნიშანს.

რეფორმატორები ქალისა და მამაკაცის სტსტუსის გათანაბრების შესაძლებლობას თავად საზოგადოებაში არსებული სოციალური სტრუქტურის ფარგლებში ხედავენ, ხოლო რეზისტენტებს შეუძლებლად მიაჩნიათ ყოველგვარი გენდერული თანასწორობა საზოგადოებრივი წესრიგის ფარგლებში.

არსებული მდგომარეობის კრიტიკის დროს რეფორმისტები აქცენტს აკეთებენ საზოგადოებრივი ცხოვრების ეკონომიკურ მხარეზე, როგორც გენდერული უთანასწორობის წყაროზე, ხოლო პეზისტენტული ფემინიზმის მიმდევრები ქალების მიმართ სექსუალურ ძალადობაზე ამახვილებენ ყურადღებას და მისი ლიკვიდაციის, არსებული მდგომარეობის შეცვლის გზად მასებთან ხანგრძლივ მუშაობას მიიჩნევენ.

ბუნტარული ფემინიზმი კი საერთოდ საეჭვოდ მიიჩნევს არსებული გენდერული სტრუქტურის აღიარებულ საფუძველს - კაცობრიობის ორ სქესად დაყოფას. ისინი თვლიან, რომ სქესს არა ორი, არამედ რამდენიმე კატეგორია აქვს და ნებისმიერი სექსუალური ორიენტაციის ადამიანების დისკრიმინაცია დაუშვებელია.

ზოგ საკითხში ფემინიზმის აღნიშნული მიმართულებები მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისაგან იდეოლოგიით, მიდგომებით, პრინციპებით და ბრძოლის მეთოდებით.

ჩვენი აზრით, ყველაზე პროგრესულია რეფორმატორული ფემინიზმი, რომლის მიზანია საზოგადოებაში არსებული გენდერული სტრუქტურის ფარგლებში სქესთა თანასწორობისა და თანასწორუფლებიანობის დამყარება, ქალთა პოტენციალის გამოყენება საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში (განსაკუთრებით, ეკონომიკაში), მათი სოციალური სტატუსის ამაღლება. არსებული მდგომარეობის შესაცვლელად მათ საჭიროდ მიაჩნიათ ხანგრძლივი და თანამიმდევრული მუშაობა. რეფომატორების ბრძოლის საშუალებები და მეთოდები არ არის რადიკალური, ზომიერებით გამოირჩევა და საზოგადოების დიდი ნაწილის მხარდაჭერთა და მოწონებით სარგებლობს.

კითხვები და დავალებები:

1. რა არის ფემინიზმი?

2. ფემინიზმის წანამძღვრები.

3. ფემინიზმის სამი ძირითადი მიმართულება.

4. რა განსხვავებაა გენდერსა და ფემინიზმს შორის?

5. ფემინიზმის ტიპოლოგია ჯუდით ლორბერის მიხედვით

ლიტერატურა:

1. საქართველო: ქალი. საზოგადოება. განვითარება. საქართველოს მთავრობისა და გაეროს ერთობლივი პროექტი „ქალები განვითარების პროცესში“.

2. თ. კიკნაძე, ქალი და პოლიტიკა. პოლიტოლოგია (ლექციების კურსი) თბილისი. თსუ 2001

3. Женщина и свобода. Материалы международной конференции. М., Наука 1994

4. Зуикова Е. М., Эволюция феминизма в общественном сознании и научном познании // Ученые записки МГСУ. 1998

5. Шинелева Л. Т., Диалог о женщине М., 1989

6. Lorber J., Gender Inequality. Feminist Theories and Politics. Roxbary Publishing C ompany. Los Angeles, California.

7. Bonvillan N., Women and Men Perspective, Prentice Hall, Upper Saddle River, New Jersey 07458.

8. Fee E., Critiques of Modern Sсience: Tee Relakwns hip of Feminism to Oler Radical Epistemologies // Feminism Approaches to science.

4 თავი III. ფემინისტური ეკონომიკური თეორია

▲ზევით დაბრუნება


ეკონომიკურ თეორიებს შორის ვხვდებით ფემინისტურ ეკონომიკურ თეორიასაც, სადაც ყურადღება გამახვილებულია ქალებთან დაკავშირებულ პრობლემებზე.

ფემინისტური ეკონომიკური თეორია ერთგვაროვანი არ არის. ფემინისტურ მოძრაობაში არსებული სხვადასხვა პოზიციის არსებობა ფემინისტურ ეკონომიკურ თეორიებშიც პოვებს ასახვას. „ფემინისტური ეკონომიკური თეორიის ძირითად არსს წარმოადგენს შეხედულება იმის შესახებ, რომ ეკონომიკური მოვალეობების განაწილება სქესთა შორის არასამართლიანია და გამოსწორებას მოითხოვს“. (Bergmann, 1982) ფემინისტი ეკონომისტები აღიარებენ, რომ ქალები, კაცებთან შედარებით, ნაკლებად ხელსაყრელ პირობებში იმყოფებიან და სამართლიანობის მოსაზრებიდან გამომდინარე, თავიანთი მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას მოითხოვენ.

ფემინისტი ეკონომისტი ლ. ბრაუნი ხაზს უსვამს ქალთა არათანასწორუფლებიანობის ფაქტს და აღნიშნავს: „ფემინიზმის განსაკუთრებულ მახასიათებელს წარმოადგენს ის აზრი, რომ უმრავლეს საზოგადოებებში მთელი ხნის მანძილზე ქალები, კაცებთან შედარებით, უარეს სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ“. (Brown, 1989)

საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ფემინისტური კრიტიკით გამხნევებულმა ფემინისტ-ეკონომისტებმა ეკონომიკური თეორიის ობიექტურობის საკითხიც დააყენეს დღის წესრიგში. პ. ინგლანდის აზრით, „აუცილებელია ეკონომიკურ კვლევებში უარი ვთქვათ შექმნილ გენდერულ სტერეოტიპებზე“. (England, 1990). ჰარდინგმა ეს აზრი განაზოგადა და გამოყო ორი ძირითადი მიმართულება, სადაც ფემინიზმს შეუძლია თავისი მეცნიერული აზროვნების გაფართოვება. ერთი მხრივ, ფემინისტური ემპირიზმი თავიდან აიცილებს სექსიზმსა და ანდროცენტრიზმს, რადგან მეცნიერული კვლევის მეთოდები შეიძლება გამოყენებული იქნეს როგორც ქალების, ისე მამაკაცების ქცევის შესასწავლად. მეორე მხრივ, ფემინისტური მიდგომის ჩარჩოებში ქალების ყოფითი გამოცდილება, რომელიც დაკავშირებულია არათანსწრუფლებიანობასა და ბავშვების აღზრდის ფუნქციასთან, მათ (ე.ი. ფემინისტებსაც) საშუალებას აძლევს ჰქონდეთ მეცნიერული კვლევის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი საკუთარი პერსპექტივა. (Harding, 1986)

სწორედ აღნიშნული შეხედულებები უდევს საფუძვლად ნეოკლასიკურ ფემინისტურ ეკონომიკურ თეორიას, რომელიც ითვალისწინებს:

1. კაცებისა და ქალების კეთილდღეობას შორის არსებული განსხვავების დოკუმენტურ მტკიცებულებას;

2. სქესთა თანასწორობის მიღწევის მიზნით წარმოებული პოლიტიკის აუცილებლობის დასაბუთებას;

3. ანდროცენტრული გავლენისაგან თავისუფალი კვლევების ჩატარებას.

ეკონომიკური კვლევების პირველი მიმართულება (კაცებისა და ქალების კეთილდღეობას შორის არსებული განსხვავების დოკუმენტური მტკიცებულება) მიზნად ისახავს კაცებისა და ქალების კეთილდღეობას შორის არსებული განსხვავების დოკუმენტურ ფიქსირებას. კეთილდღეობის დონე დამოკიდებულია არა მარტო ფულად ფაქტორებზე მაგ., ჯანმრთელობა, ოჯახური და მეგობრული კავშირები, ხასიათის თავისებურებები, არ შეიძლება მივაკუთვნოთ ფულად ფაქტორებს. ამასთან, რა თქმა უნდა, ფულსაც აქვს მნიშვნელობა. ქალის მატერიალური კეთილდღეობის ორი ძირითადი მახასიათებელია მისი პირადი შემოსავალი და წილი ოჯახის მთელ შემოსავალში. მესამე ფაქტორი დაკავშირებულია დროის იმ რაოდენობასთან, რომელსაც იგი სამუშაოს უთმობს.

განვიხილოთ ქალების მდგომარეობა (როგორც აბსოლუტური, ისე კაცებთან მიმართებაში) და ისეთი მაჩვენებლები როგორიცაა: მათი ხელფასი, წილი შემოსავლიდან და სამუშაოზე დახარჯული დრო.

განვითარებულ ქვეყნებში ქალთა უმრავლესობა მუშაობს. თუმცა, მთელ სამუშაო დღეს დასაქმებული ქალები, კაცებთან შედარებით, გასამრჯელოს ორ მესამედს იღებენ (აშშ-ს მონაცემები). ეს სხვაობა სტრუქტურული ხასიათის მიზეზებით შეიძლება ავხსნათ. ბევრი ქალი დაბალანაზღაურებადი „ქალური“ შრომით არის დაკავებული. მათგან ბევრს უფრო დაბალი ხარისხის განათლება და კვალიფიკაცია აქვს, ვიდრე კაცებს. ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ქალები, ძირითადად, ბავშვების აღზრდით არიან დაკავებულნი. მ. გუდერსონი იმ დასკვნამდე მიდის, რომ შრომის ბაზარზე ეგზოგენური ფაქტორები (ე.ი. სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ფუნქციები) ანაზღაურებაში განსხვავების მეტად მნიშვნელოვანი წყაროა“. (Guderson, 1987,).

პირადი შემოსავალი ქალთა კეთილდღეობის მეტად მნიშვნელოვანი პირობაა, განსაკუთრებით გაუთხოვარი, განქორწინებული, ქვრივი ქალებისათვის და მარტოხელა დედებისათვის. გათხოვილი ქალის კეთილდღეობა ქმრის შემოსავალზეც არის დამოკიდებული. როგორ შეიცვლება ქალის ეკონომიკური მდგომარეობა, თუ მხედველობაში მივიღებთ შემოსავლების განაწილებას ოჯახის შიგნით. ა. სენას ნაშრომში ლაპარაკია ოჯახში, მის წევრებს შორის საკვების არათანასწორ განაწილებაზე. მაგ., ბანგლადეშსა და დასავლეთ ბენგალიაში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ქალები, როგორც წესი, კაცებზე ნაკლებ კალორიებს იღებენ და შიმშილობის პერიოდშიც უჭმელობისაგან უფრო ისინი ზარალდებიან. შემდგომში ჩატარებული კვლევებიც ა. სენას აზრს ადასტურებს. მაგ., ჰადადი და კანბური ფილიპინებში ჩატარებული კვლევის შედეგად იმავე დასკვნამდე მიდიან. (Sen, 1992).

ჩვენ, რა თქმა უნდა, მექანიკურად არ უნდა ვიფიქროთ, რომ განვითარებად ქვეყნებში არსებული ტენდენცია განვითარებულ ქვეყნებზეც ვრცელდება, მაგრამ აღნიშნული იმის საფუძველს იძლევა, რომ განსხვავებაა არა მარტო ანაზღაურებაში, არამედ ოჯახის შემოსავლების განაწილებაშიც.

იქნებ, ნაკლები ანაზღაურების ფონზე, ქალებს უფრო მეტი თავისუფალი დრო აქვთ? აღნიშნული ჰიპოთეზა ემპირიულად არ არის დადასტურებული. მაგალითად, აშშ-ში მამაკაცები სამუშაოზე მეტ დროს ხარჯავენ (იმ დროის გათვალისწინებით, რომელსაც ისინი საერთო ჯამში ხარჯავენ სამსახურსა და სახლში), მაგრამ თუ შევადარებთ ერთი და იმავე სამუშაოს შესასრულებლად დაქირავებული მამაკაცებისა და ქალების დროის დანახარჯს, აღმოჩნდება, რომ ქალები გაცილებით მეტ დროს უთმობენ მას.

ასე რომ, თუ ფემინისტების ეკონომიკური თეორია აღიარებას ვერ ჰპოვებს, აღნიშნული ფაქტი პირველი მიმართულებით წარმოებული კვლევითი მუშაობის წარუმატებლობით არ იქნება გამოწვეული.

ზომები, რომლებიც მიიღება თანასწორობის მისაღწევად.

რაც შეეხება სქესთა თანასწორობის მიღწევის მიზნით წარმოებული პოლიტიკის აუცილებლობის დასაბუთებას, ფემინისტი ეკონომისტები გამოყოფენ არათანასწორობის სამ სფეროს: შრომის ანაზღაურებას, ოჯახის შემოსავლების განაწილებას და თავისუფალი დროის რაოდენობას.

ბევრ ქვეყანაში შრომის ანაზღაურებაში მამაკაცებსა და ქალებს შორის არსებული არათანასწორობის დაძლევის მიზნით სახელმწიფოს მიერ რეგულირების სხვადასხვა ზომა იქნა მიღებული, მაგ., მთელ რიგ ქვეყნებში მიიღეს კანონები ქალთა სამუშაოზე მიღების სტიმულირებისა და თანაბარი სამუშაოს შესრულებისათვის ქალთა და მამაკაცთა თანაბარი ანაზღაურების შესახებ იმ გათვლით, რომ მეტმა ეგალიტარიზმმა ამ სფეროში შეიძლება შეასუსტოს სხვა სფეროებში არსებული არათანასწორობის სიმძაფრე (განსაკუთრებით, ოჯახის შიგნით შემოსავლების განაწილების პრობლემა).

უთანასწორობის დაძლევის გზების არჩევანი დამოკიდებულია ჩვენს წარმოდგენასა და განწყობაზე ამ უთანაწორობის მიზეზების წარმოშობის მიმართ. ფრანსეზ ვული გვთავაზობს სამ ზოგად ჰიპოთეზას, რომლებმაც ჰიპოთეზის დონეზე უნდა ახსნას მამაკაცთა და ქალთა შრომითი ანაზღაურების სხვაობის, უპირატესობის მინიჭების დონეზე არსებული დისკრიმინაციისა და არასწორი შეფასებების სტატისტიკასთან დაკავშირებული დისკრიმინაციის მიზეზები. მისი აზრით, „ახსნის ყოველ ტიპს სახელმწიფო პოლიტიკისათვის გასათვალისწინებელი შესაბამისი პრაქტიკული დასკვნები და რეკომენდაციები აქვს. მათ გააჩნიათ აგრეთვე პრობლემები, რომლებსაც ისინი ნეოკლასიკური ეკონომიკური თეორიის წინაშე აყენებენ“.... „დისკრიმინაციის მოდელები აქ წარმოდგენილი ფორმებით არ მთავრდება, მაგრამ ისინი ყველაზე უფრო ხშირად გამოიყენება დისკრიმინაციის ასახსნელად და ყველაზე უფრო კარგად მიუთითებს იმაზე, რომ თავისთავად პოლიტიკურად ორიენტირებული ფემინიზმი საკმარისი არ არის. საჭიროა შემდგომი კვლევები, რომლებიც ნეოკლასიკური ეკონომიკური თეორიის წინაშე ახალ პრობლემებს დააყენებს“. (Wooley, 1993)

დისკრიმინაცია უპირატესობის მინიჭების დონეზე

ფრენსის ვულს მიაჩნია, რომ დისკრიმინაციის ამ სახეობის არსი იმაში მდგომარეობს, რომ მეწარმეებს, კოლეგებს სამსახურში ან მომხმარებლებს „დისკრიმინაციული გემოვნება აქვთ“, ანუ ისინი უპირატესობას მამაკაცებს ანიჭებენ. ამის შედეგი კი არის ქალების დაბალი ანაზღაურება და სირთულეები სამსახურის შოვნისას. მაგალითისათვის, თუ დამქირავებელი უპირატესობას მამაკაცს ანიჭებს, შესაბამისად მას მეტ ანაზღაურებას სთავაზობს, ხოლო ქალი იძულებულია ნაკლებ ხელფასს დასჯერდეს. თუმცა, ეს ჰიპოთეზა პირველად გ. ბეკერის მიერ ეროვნული ნიშნის მიხედვით არსებული დისკრიმინაციის ასახსნელად იქნა წამოყენებული, ფემინისტური ეკონომიკური თეორია მას ქალების დისკრიმინაციის ასახსნელად იყენებს. გ. ბეკერის მიერ შემოთავაზებული მოდელის თანახმად, მიზანმიმართულმა სახელმწიფო პოლიტიკამ შეიძლება ხელი შეუწყოს მეტი თანასწორობის დამყარებას, მაგრამ ეკონომიკური ეფექტის შემცირების ხარჯზე. კანონმდებლობამ ქალების სამსახურში მიღებასა და თანაბარი ანაზღაურების შესახებ შეიძლება განაპირობოს მეტი სამართლიანობა, აამაღლოს ქალების ანაზღაურება და გაზარდოს მათ მიერ სამუშაოს მიღების შანსი. თუმცა, ასეთი პოლიტიკის განხორციელებას თან მოსდევს, უპირველეს ყოვლისა, დამქირავებლის ეკონომიკური ინტერესების შელახვა და წარმოების ეფექტიანობის შემცირება. მაგრამ გ. ბეკერს მიაჩნია, რომ შეხედულება ეფექტიანობის შემცირების შესახებ მთლად მართებული არ არის. მეწარმეს, მამაკაცებთან შედარებით, დაბალანაზღაურებადი ქალების რაოდენობის გაზრდის ხარჯზე შეუძლია დამატებითი შემოსავლების მიღება, რაც, თავისთავად, მას დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობას მისცემს და დისკრიმინაციის აღმოფხვრის საშუალებას უზრუნველეყოფს. (Becker, 1985)

დისკრიმინაციული მოდელის საფუძველი უპირატესობის მინიჭების დონეზე მაინც მის გამომწვევ მიზეზებში უნდა ვეძიოთ. ფემინისტი-ეკონომისტები (და არა მარტო ისინი) ცდილობენ ამ მიზეზების გარკვევას. მაგალითად, პ. ინგლანდმა და ა. ბრაუნმა შრომის ბაზრის სეგრეგაციის მიზეზების ასახსნელად გამოიყენეს ნ. ჰოდოროუს თეორია.1 მამაკაცები თავიანთ იდენტურობას ეჭვქვეშ აყენებენ, როცა ქალები არღვევენ ტრადიციას და „მამაკაცური“ პროფესიების ათვისებას იწყებენ. ნ. ფოლბერი იხილავს ევოლუციის პროცესს, რომელმაც შეიძლება საზოგადოებას საუკეთესო პირობები შეუქმნას, სადაც ქალები მამაკაცების დომინირებას არჩევენ. გ. ბოდჯსონი აქცენტს აკეთებს ინსტიტუტების როლზე ინდივიდის მიზნების ფორმირების პროცესში.

უპირატესობის მინიჭების ცვლილებას ფემინისტური ეკონომიკური თეორიისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან სქესთა თანასწორუფლებიანობის მიღწევა (როგორც დასაქმების, ისე სხვა სფეროებში) დისკრიმინაციის გამომწვევი პრეფერენციების გადალახვას ითვალისწინებს. თუმცა, კეთილდღეობის თეორიის ფარგლებში სახელმწიფოს მიერ მიღებული ზომების ნეოკლასიკური მიდგომა თითქმის, ერთმნიშვნელოვნად, უპირატესობის მინიჭების საბაზისო წინაპირობის მდგრადობას ეყრდნობა. მაგალითისათვის განვიხილოთ, თუ როგორ უნდა შევაფასოთ პოლიტიკა, რომელიც მიმართულია ქალების მიერ სამუშაოს მიღების შესაძლებლობების გასაფართოვებლად. შესაძლოა, უპირატესობა იცვლება, ეჭვქვეშ დგება თვით საზოგადოებრივი კეთილდღეობის ამაღლება. ასეთი კითხვის პასუხი არ შეიძლება ერთმნიშვნელოვანი იყოს და სწორედ აღნიშნული საკითხი წარმოადგენს იმ ძირითად პრობლემას, რომელსაც ფემინისტები ეკონომიკური თეორიის წინაშე აყენებენ. მათი აზრით, უმთავრესი ამოცანაა შემუშავებული იქნას მოდელი.

სტატისტიკური დისკრიმინაცია: მიდგომა ადამიანური კაპიტალის თეორიის პოზიციიდან

მამაკაცთა და ქალთა შორის არსებულ უთანასწორობას სხვანაირად ხსნის ჰიპოთეზა სტატისტიკური დისკრიმინაციის შესახებ. მრავალრიცხოვანი ფაქტები იმაზე მეტყველებს, რომ ორი კანდიდატის არსებობის შემთხვევაში, რომელთაც თანაბარი მონაცემები აქვთ (ერთმანეთისაგან მხოლოდ სქესით განსხვავდებიან) უპირატესობა მამაკაცებს ენიჭებათ. სხვადასხვა კვლევაში სამუშაოზე აყვანის სხვადასხვა სიტუაცია მოდელირდებოდა. დამქირავებელს ჰქონდა საშუალება, არჩევანი გაეკეთებინა კანდიდატ ქალს და მამაკაცს შორის. შედეგად აღმოჩნდა, რომ მამაკაცებს უფრო ხშირად იყვანენ უნივერსიტეტებში, ნიშნავენ ხელმძღვანელ ან ისეთ თანამდებობაზე, სადაც საჭიროა პროფესიული მომზადება. მათ უფრო მაღალ ხელფასს სთავაზობენ. არსებობს იმის დამადასტურებელი ბევრი ფაქტი, რომ მამაკაცების მიერ შესრულებული სამუშაო უფრო მაღალ შეფასებას იღებს, ვიდრე ქალებისა. იბადება ბუნებრივი შეკითხვა: რა არის ამის მიზეზი?

ერთ-ერთი ახსნა, რომელიც ეკონომიკურ თეორიას შეესაბამება, არის დისკრიმინაცია სტატისტიკის დონეზე. მაგ., შესაძლებელია, მთლიანობაში, მხატვარი ქალების ნამუშევრები მამაკაცი მხატვრების ნამუშევრებზე უკეთესი არ არის, ამიტომაც ბაზარზე მათ ნაკლები ფასი აქვთ და თუკი ინდივიდს მიაჩნია, რომ ორი წარმოდგენილი მხატვრობის ნიმუშიდან (მამაკაცისა და ქალის) მამაკაცის ნახატს მეტი ღირებულება აქვს, გასამტყუნარი არ არის. ამიტომაც თუკი იგი ქალის ნამუშევარს ნაკლებ ფასს დაადებს, მას ნაკლები შანსი აქვს, რომ არარაციონალურად მოიქცეს. თუმცა ზოგიერთი მეცნიერი (დ. ეიგნერი, გ.კეინი) აღნიშნავს, რომ სტატისტიკური დისკრიმინაცია ყოველთვის არ განაპირობებს ეკონომიკურ დისკრიმინაციას. შეიძლება ბევრი მაღალმხატვრული ნამუშევარი სათანადოდ არ შეფასდეს, ხოლო მდარე ხარისხისამ დაუმსახურებლად უფრო მაღალი შეფასება მიიღოს. საშუალო მაჩვენებელი მაინც სამართლიანი იქნება.

არსებობს თუ არა ემპირიული დადასტურება ჰიპოთეზისა სტატისტიკური დისკრიმინაციის შესახებ? გამოკვლევისას გამოვლინდა, რომ უმრავლეს შემთხვევაში, მიუხედავად ისეთი ფაქტორების გათვალისწინებისა, როგორიცაა ასაკი, მუშაობის გამოცდილება, განათლება და სხვ., ხელფასის სხვაობა დისკრიმინაციით არის გამოწვეული. თუ ჰიპოთეზა სტატისტიკური დისკრიმინაციის შესახებ სამართლიანია, მაშინ აღნიშნული განპირობებულია სხვაობით მწარმოებლურობას ან ადამიანური კაპიტალის დაგროვებას შორის, რომლის დროსაც არ არის გათვალისწინებული განათლების და სხვ. მაჩვენებელი.. ამ პრობლემის უფრო ღრმად შესასწავლად მიზანშეწონილია განვიხილოთ, აგრეთვე, დისკრიმინაციის ისეთი მოდელი, როგორიცაა დისკრიმინაცია, რომელიც დაკავშირებულია არასწორ შეფასებებთან.

დისკრიმინაცია, რომელიც დაკავშირებულია არასწორ შეფასებებთან

ქალების დაბალი ანაზღაურების ასახსნელად არსებობს კიდევ ერთი ჰიპოთეზა არასწორი შეფასებების თაობაზე. ადამიანებმა შეიძლება მცდარად გააზვიადონ სხვაობა მამაკაცებისა და ქალების საშუალო შესაძლებლობების შესახებ. დისკრიმინაციის ასეთ კონსერვატორულ ფორმას ხშირად ვხვდებით ინსტიტუციურ სტრუქტურებში. ასე მაგალითად, ვიქტორიას ეპოქის კანონმდებლობა ქალებს უკრძალავდა მიწისქვეშა სამუშაოების შესრულებას (მაგალითად, მეტროს მატარებლის მძღოლებად მუშაობას). ეს ძალაში რჩებოდა მეოცე საუკუნის 80-იან წლებშიც. უფრო მეტიც, დისკრიმინაცია, რომელიც მცდარ შეხედულებებთან არის დაკავშირებული, განსაკუთრებულად მდგრადია: ქალებს დაბალანაზღაურებად სამუშაოზე იმიტომ იღებენ, რომ გავრცელებული აზრის მიხედვით, ისინი ნაკლებად კვალიფიციურები არიან, ამასთან, ისინი თავის კვალიფიკაციას ვერ იმაღლებენ იმიტომ, რომ მათ მიერ დაკავებული თანამდებობები არ იძლევა სამსახურებრივი წინსვლის საშუალებას.

დისკრიმინაციას, რომელიც დაკავშირებულია არასწორ შეფასებებთან და სტატისტიკურ დისკრიმინაციას, სახელმწიფო პოლიტიკის თვალსაზრისით, დიამეტრალურად საპირისპირო შედეგებამდე მივყავართ. თუ ქალები, დამქირავებლის არასწორი ქმედების გამო, დაბალ ანაზღაურებას იღებენ, ისეთი ზომები როგორიცაა, მაგალითად, ქალების სამუშაოზე მიღების სტიმულირება, ან თანაბარი ანაზღაურების კანონით განმტკიცება, უბრალოდ ასეთი შეცდომის გამოსწორებას იწვევს და ეკონომიკური ეფექტიანობის შემცირებას არ განაპირობებს. თუ საქმე სტატისტიკურ დისკრიმინაციასთან გვაქვს, მაშინ იძულებითი ზომების გატარება სამუშაოზე აყვანისას ან ხელფასის გათანაბრებისას სამუშაო ძალის საშუალო ხარისხის შემცირებას იწვევს (რადგან იგულისხმება, რომ მამაკაცები მეტი შრომის ნაყოფიერებით ხასიათდებიან), რასაც თან ეკონომიკური ეფექტიანობის კლება მოჰყვება. არასწორ შეფასებებთან დაკავშირებული დისკრიმინაციის დროს სახელმწიფო პოლიტიკის ეს ზომები რაიმე დანაკარგებთან არ არის დაკავშირებული. სტატისტიკური დისკრიმინაციას შემთხვევაში კი დანაკლისი საკმაოდ მნიშვნელოვანია.

მ. პუიოლის აზრით, დისკრმინაციის ახსნა შეფასებისას დაშვებული სისტემატური შეცდომების ხარჯზე ფემინისტური ეკონომიკური თეორიისათვის დამახასიათებელი არ არის. მაგრამ თუ ქალთა დაქვემდებარებული მდგომარეობის ისტორიას გადავხედავთ, დავინახავთ, რომ ეკონომისტებს მათ შესაძლებლობებზე მცდარი შეხედულებები ჰქონდათ. ასე რომ, ჰიპოთეზა დისკრიმინაციისა სისტემატური შეცდომების შესახებ, შეიძლება მართებული იყოს და სწორედ აქედან გამომდინარეობს შემდგომი პრობლემის არსი, რომ ადამიანები შეიძლება სისტემატურად ცდებოდნენ.

თანასწორუფლებიანობის მიღწევის მიზნით გატარებული სახელმწიფო პოლიტიკის ანალიზმა აჩვენა, რომ ეკონომისტები იძულებულნი არიან უარი თქვან ტრადიციულ ეკონომიკურ მოდელზე, სადაც უპირატესობის მინიჭება ენდოგენური ფაქტორის სახით არის წარმოდგენილი, ხოლო შეცდომას განსჯაში სისტემატური ხასიათი შეიძლება ჰქონდეს. (Pujol, 1992).

და, ბოლოს, განვიხილოთ ანდროცენტრული გავლენისაგან თავისუფალი კვლევები.

ფემინისტი ეკონომისტების მცდელობა, შექმნან ანდროცენტრული გავლენისაგან თავისუფალი კვლევები, მთელი რიგი მიმართულებებით ვლინდება. უპირველეს ყოვლისა, ისინი ცდილობენ გააუმჯობესონ ეკონომიკური ანალიზის ხარისხი. თავიანთი მოდელების დასასაბუთებლად ე.წ. ,,ანალიტიკურ გამარტივებას” მიმართავენ; მაგრამ გენდერულმა სტერეოტიპებმა მათი ფორმულირებისას შეიძლება შეცდომები გამოიწვიოს. გარდა ამისა, ბევრი ფემინისტი ეკონომისტი შეწუხებულია იმით, რომ თეორიაში ხდება ქალთა პრობლემატიკასთან დაკავშირებული ეკონომიკური საკითხების იგნორირება ან მათ სათანადო ყურადღება არ ექცევა. ხშირად, ეკონომისტებს „არ ძალუძთ“ დაინახონ ქალთა მდგომარეობასთან ან გენდერულ დიფერენციასთან დაკავშირებული პრობლემები.

მთლიანობაში, ანდროცენტრული გავლენისაგან თავისუფალ კვლევებში ორი მიმართულება შეიძლება გამოვყოთ. პირველი დაკავშირებულია შეცდომითი გამარტივების გამოყენებასთან, რომლის წინააღმდეგ ბრძოლა უფრო მარტივია, ხოლო მეორე მიმართულია ეკონომიკაში ქალის გაუჩინარების წინააღმდეგ და ამ მხრივ საქმე უფრო რთულადაა. ჯუდით ლორბერის აზრით, ქალის „გაუჩინარების“ ყველაზე უფრო თვალსაჩინო მაგალითად გამოდგება ქალის უპირატესი უნივერსალური ჩართვა ოჯახურ მეურნეობაში და მისი, ლორბერის, როგორც მიკროეკონომიკის სპეციალისტის შეხედულება. რა თქმა უნდა, ოჯახის მეურნეობის ალტერნატიული მოდელების შექმნის მცდელობა ფუნდამენტურ პრობლემას აყენებს ნეოკლასიკური ეკონომიკური თეორიის წინაშე. უპირველეს ყოვლისა, მამაკაცთა და ქალთა არათანასწორობა შრომის ბაზარზე და ოჯახის მეურნეობაში ნაწილობრივ განპირობებულია უპირატესობათა მინიჭებით და ინსტიტუტებით. ფემინისტი ეკონომისტების სქესთა თანასწორუფლებიანობის უზრუნველყოფა კი დაკავშირებულია იმ იმედთან, რომ უპირატესობა და ინსტიტუტები შესაბამისი სახით შეიცვლება; აქედან გამომდინარეობს კეთილდღეობის ეკონომიკური თეორიის ანალიტიკური ინსტრუმენტების შექმნის აუცილებლობა, რომელიც აღნიშნული ცვლილებების ანალიზს ითვალისწინებს.

უპირატესობის მინიჭების წყაროების შესწავლას, ოჯახური მეურნეობის მოდელის შექმნას და ეკონომიკური თეორიის ინსტიტუციური ორიენტაციის გაძლიერების მოთხოვნას მარტო ფემინისტი ეკონომისტები როდი აწარმოებენ. მეცნიერულ სამყაროში გამოჩნდნენ ნეოკლასიკური მიმართულების ეკონომისტები, რომლებიც ფემინისტების მიერ წამოყენებულ პრობლემებს უთმობენ ყურადღებას. თავის მხრივ, ფემინისტური ეკონომიკური თეორია ფართოდ იყენებს სხვადასხვა თანამედროვე ეკონომიკური მიმართულების იდეებს, ამასთან, მას თავისი განსაკუთრებული ადგილი უკავია, რაც განპირობებულია, უპირველეს ყოვლისა, იმით, რომ აქცენტი გადააქვს ეკონომიკური სამართლიანობის პრობლემებზე, აერთიანებს სხვადასხვა მიმართულების შრომებს და ძლიერ ბიძგს იძლევა ტრადიციული ეკონომიკური თეორიის კრიტიკისათვის. გარდა ამისა, ფემინისტებს მეცნიერებაში სამყაროს აღქმის, კვლევისა და შეცნობის ახალი პერსპექტივები მოაქვთ, რაც მათ საშუალებას აძლევს დაინახონ და სცადონ ახსნან მამაკაცთა და ქალთა შრომით ანაზღაურებაში არსებული დისკრიმინაციის მიზეზები, ოჯახური მეურნეობისა და ოჯახში გადაწყვეტილებათა მიღების პროცესის ეკონომიკური ფაქტორები.

კითხვები და დავალებები:

1. რა არის ფემინისტური ეკონომიკური თეორიის მიზანი?

2. ფემინისტური ეკონომიკური თეორიის მიმართულებები.

3. რა განაპირობებს ქალთა დისკრიმინაციას დასაქმების საფეროში?

4. რა ზომები შეიძლება იქნეს მიიღებული თანასწორობის მისაღწევად?

ლიტერატურა:

1. ჯაში ჩ. გენდერი და ეკონომიკა „გენდერი, კულტურა, თანამედროვეობა“, (რედ. ლ. გაფრინდაშვილი) თბილისი, 2005

2. Frances R. Wooley, The Feminist Challenge to Newclassical Economics // Cambridge Journal of Economics, 1993

3. Guderson M., Male-Female Wage Differentials and Policy Responses // Journal of Economie Literature, 1987

4. Pujol M.A., Feminism and Antifeminism in Elarly Economie Thought Aldershot Edward Elgar, 1992.

5. Brown L J., Gender and Economic Analyses: A Feminist Perspective. Mimeo. Easterrn, Washington University, 1989

6. England P., What Can Economic Learns from Feminism. 1990

________________

1. ამ თეორიის თანახმად ბიჭებს ბავშვობისას დედები ზრდიან და მათ არა აქვთ თავიანთი სქესის უფროს წარმომადგენლებთან სისტემატური ურთიერთობის შესაძლებლობა. ამის გამო თავიანთი მამაკაცური იდენტურობის გამოვლენას ისინი ქალის უარყოფაში ჰპოვებენ.

5 თავი IV. ქალის როლი თანამედროვე საზოგადოებაში

▲ზევით დაბრუნება


5.1 1. ქალის როლის და სტატუსის ევოლუცია თანამედროვე საზოგადოებაში

▲ზევით დაბრუნება


საზოგადოებაში ქალის მდგომარეობა ყოველთვის იყო განსჯის საგანი. ისტორიაში, ფილოსოფიაში, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში და სხვ. სხვადასხვანაირად აისახებოდა ეს პრობლემა და განსხვავებული დასკვნები გამოჰქონდათ. ქალის დანიშნულებაზე ოჯახსა და საზოგადოებაში, მის თანდაყოლილ თვისებებზე, ღირსებასა თუ ნაკლზე განსაკუთრებულ ყურადღებას რელიგიაც ამახვილებდა. ათასწლეულების განმავლობაში ქალი მოკლებული იყო საშუალებას სრულად გამოევლინა თავისი ინტელექტი. ქრისტიანობა გამუდმებით ემუქრებოდა ქალს ანათემაზე გადაცემით და მის დაქვემდებარებულ მდგომარეობას ამტკიცებდა. შუა საუკუნეებში ასეთი დამოკიდებულება კიდევ უფრო გამყარდა და ,,სუსტ სქესთან” ურთიერთობა ცოდვად შეირაცხა.

ხალხის ცნობიერებაში ფეხმოკიდებულია აზრი იმის შესახებ, რომ ქალის სოციალური და საზოგადოებრივი აქტივობა უარყოფითად მოქმედებს ბავშვებზე, ურთიერთობებზე ოჯახში და ა.შ. ასეთი წარმოდგენები ქალებში გარკვეული დანაშაულის გრძნობას იწვევს და მათ პროფესიულ ზრდას უშლის ხელს.

გამუდმებით მიმდინარეობდა და მიმდინარეობს კამათი ქალის, როგორც ადამიანის, საზოგადოების წევრის და როგორც ინტიმური ურთიერთობების ობიექტის ჭეშმარიტი ღირებულებების შესახებ. სხვადასხვა ეპოქაში მას სხვადასხვანაირად აფასებდნენ. თანამედროვე საზოგადოებაშიც არსებობს საპირისპირო შეხედულებები ქალის დანიშნულებაზე. მიმდინარეობს აქტიური დებატები ქალის როლისა და სტატუსის შესახებ. ამასთან ცხადია, რომ ეგალიტარული თეორიის ცხოვრებაში გატარება თვით ცხოვრებით არის ნაკარნახევი. სამუშაო დროის დანახარჯის ორი მესამედი ქალების წილად მოდის, მსოფლიოში ყოველ მესამე ოჯახს ქალი ინახავს და მიუხედავად ამისა, აღნიშნულ საკითხზე ერთგვაროვანი შეხედულება არ არის.

შუასაუკნეობრივ შეხედულებებზე ქალის შესახებ განსაკუთრებული გავლენა მოახდინა პლატონის „თიმეოსმა“, რომელშიც იგი ამტკიცებდა, რომ ლაჩარი და უღირსი მამაკაცების სული სიკვდილის შემდეგ ქალებში გადაინაცვლებს, ხოლო მის მიერ „სახელმწიფოში“ გამოთქმული აზრი ქალების ემანსიპაციის შესახებ მეორეხარისხოვნად იქნა აღქმული.

ქალის, როგორც საზოგადოების სრულყოფილი წევრის, ჭეშმარიტი ღირებულების შესახებ, ერთი შეხედვით, რენესანსისა და რეფორმაციის ხანაში უნდა ეზრუნათ და, მართლაც, აქა იქ გამოჩნდა იმედის ჩანასახი, მაგრამ ყველაფერი ეს იმით შემოიფარგლა, რომ ქალი ესთეტიკური თაყვანისცემის ობიექტი გახდა, ხოლო მის დაქვემდებარებულ მდგომარეობაში კი არაფერი შეცვლილა.

კაპიტალიზმის ეპოქა ქალის დანიშნულების თაობაზე შეხედულებებისა და მიმდინარეობების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ნაპოლეონ ბონაპარტე, რომელმაც ახალი კოდექსი შექმნა, ქალების აღზრდის გაუმჯობესებისაკენ მოუწოდებდა, მაგრამ მათ ძირითად დანიშნულებად მხოლოდ რეპროდუქციის უნარი რჩებოდა. ბურჟუაზიულმა საზოგადოებამ წარმოაჩინა მრავალი ფსევდოთეორია, რომლებიც ქალის არასრულფასოვნებას უსვამდნენ ხაზს. ა. შოპენჰაუერი, ფ. ნიცშე, ო. ვეინენგერი და სხვ. ამტკიცებდნენ, რომ ბუნებამ ქალი მხოლოდ თვალთმაქცობით, ცბიერებით, ღალატისადმი მიდრეკილებით დააჯილდოვა. „დაბალი ტანის, ვიწრომხრებიან, ფართოთეძოებიან სქესს ლამაზი შეიძლება უწოდოს მხოლოდ სექსუალური ვნებით თავბრუდახვეულმა მამაკაცმა... ქალი თავისი ბუნებით განწირულია დამორჩილებისათვის, მას ბატონი სჭირდება... ამ სქესის ყველაზე უფრო ბრწყინვალე წარმომადგენლებსაც კი არაფერი ჭეშმარიტად დიდი და თვითმყოფადი არ შეუქმნიათ“. (Шопенгауер, 1986,). შოპენჰაუერის ეს სიტყვები კარგად ასახავს მამაკაცთა ტირანიისა და სამართლის ეპოქას, აგრეთვე ავტორის ინდივიდუალურ შეხედულებებს.

ნიცშეც უარყოფითი აზრის იყო ქალებზე, მათში არც ტალანტსა და არც ჭკუას არ ხედავდა. „მამაკაცებმა ქალებს დასაკუთრების სურვილით უნდა შეხედონ, როგორც საკუთრებას, რომელსაც უნდა დაეუფლო“. და შემდეგ: „ემანსიპაციის სურვილი ბრიყვი განათლებული მამრობითი სქესის სახედრების გავლენით არის გამოწვეული“. (Ницше, 1907). ქალებისადმი განსაკუთრებული უარყოფითი შეხედულებებით გამოირჩევა და მათში ვერცერთ დადებით თვისებას ვერ ხედავს გერმანელი ფილოსოფოსი ო. ვეინეგერი. მისი აზრით, გენიალობა ქალისათვის სრულიად მიუწვდომელია. მას არ გააჩნია „ცნობიერების ორიგინალობა: ამ უკანასკნელს იგი ქმრისაგან იღებს. ქალი ცნობიერების გარეშე ცხოვრობს, კაცი კი ცნობიერად...“ ქალები მოკლებულნი არიან ლოგიკას. „ჭეშმარიტად ქალურმა არსებამ არ იცის არც ლოგიკური, არც ზნეობრივი იმპერატივი.” ქალური ემანსიპაციის ყველაზე უფრო დიდი და ერთად-ერთი მტერი - თვით ქალია“. (Вейненгер, 1992).

მამაკაცთა და ქალთა როლების თეორიული ახსნა შეიძლება ზ. ფროიდისა და ტ. პარსონსის ნაშრომებშიც ვნახოთ. ზ. ფროიდი ამბობდა, ,,ანატომია - ეს ბედია”. ცნობილი ამერიკელი სოციოლოგი, სტრუქტურული ფუნქციონალიზმის ავტორი ტ. პარსონსი კი თვლიდა, რომ მამაკაცი მომპოვებლის, ანუ ინსტრუმენტულ ფუნქციას ასრულებს, ხოლო ქალი, როგორც ოჯახის კერის შემნახავი - ექსპრესიულს. იმისათვის, რომ ნამდვილი მამაკაცი იყო, ერთადერთი გზა არსებობს - გქონდეს პრესტიჟული სამსახური და მოიპოვო საარსებო სახსრები. ქალის რეალური სტატუსი კი მეუღლეობა, დედობა და ოჯახის დიასახლისობაა. როლების ასეთი დანაწილება, მისი აზრით, საზოგადოების სტაბილურობის საწინდარია. თუმცა პარსონსის ფუნქციონალიზმი მწვავე კრიტიკის საგანი გახდა, რადგან ფუნქციონალიზმი უარს ამბობს ცვლილებებზე საზოგადოებრივ ცხოვრებაში და მისი სტატიკურობის მომხრეა.

ქალებისადმი დამოკიდებულების ცვლილებაში უდიდესი წვლილი შეიტანეს უტოპისტსოციალისტებმა და, განსაკუთრებით, შარლ ფურიემ. თავის წიგნში „სამყაროსა და საზოგადოების ბედი“ იგი აღნიშნავდა, რომ იმის მცდელობა, რომ ყველა ქალი დიასახლისად გადაიქცეს, სოციალური მექანიზმის მანკიერებაზე მეტყველებს. იგი აკრიტიკებდა ყველა იმას, ვისაც მიაჩნდა, რომ ქალის დანიშნულება მხოლოდ „ქოთნიდან ქაფის მოხდა და ძველი შარვლის კემსვაა“. (Фурье, 1951).

შ. ფურიე იყო პირველი, ვინც აღნიშნა, რომ ყოველ საზოგადოებაში ქალების ემანსიპაცია მთლიანი საზოგადოების ემანსიპაციის საზომად შეიძლება ჩაითვალოს, ხოლო საზოგადოების ცივილიზაციის დონე ამ საზოგადოებაში ქალების მდგომარეობის პირდაპირპროპორციულია.

სენ-სიმონი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ქალის საზოგადოებრივ საქმიანობას. თავის მოძღვრებაში „წყვილის“ შესახებ, იგი ამტკიცებდა, რომ საზოგადოებრივი მოღვაწე უნდა ყოფილიყო არა ცალკეული პირი, არამედ ქალი და მამაკაცი ერთად, ანუ „წყვილი“, რომელსაც უფლება ჰქონდა გადაწყვეტილებები მიეღო და ქალთა და მამაკაცთა ურთიერთობებში ჩარეულიყო.

ასეთივე პოზიციებზე იდგნენ რუსი რევოლუციონერი დემოკრატები. ობიექტურად აფასებდა რა საზოგადოებაში ქალის როლს, ბ. ბელინსკი წერდა, რომ მამაკაცების უპირატესობა მოჩვენებითია. (Белинский, Полн. собр. соч.). ნ. ჩერნიშევსკის აღაშფოთებდა ის ფაქტი. რომ ქალს საზოგადოებასა და ოჯახში სათანადო ადგილი არ უკავია. მისი აზრით „ქალი მამაკაცის თანასწორი უნდა იყოს“. ქალს ცნობიერ ცხოვრებაში აქამდე იმიტომ ეკავა ასეთი დაკნინებული მდგომარეობა, რომ ძალადობის ბატონობა მას შესაძლებლობას და განვითარების სურვილს ართმევდა. (Чернишевски, Полн. собр. соч.).

თეორია სქესთა თანასწორუფლებიანობის შესახებ შემდგომში მარქსიზმმაც განავითარა. კ. მარქსი ლ. კუგელმანისადმი მიწერილ წერილში წერდა: „ვინც რამდენადმე გაცნობილია ისტორიას, იცის, რომ დიადი საზოგადოებრივი გადატრიალებები ქალური ფერმენტის გარეშე შეუძლებელია“ (Маркс, Энгельс, Соч.). მარქსი სრულიად ეთანხმებოდა შ. ფურიეს იმაში, რომ კონკრეტული საზოგადოების პროგრესი ამ საზოგადოებაში ქალის მდგომარეობის მიხედვით შეიძლება შევაფასოთ.

ინგლისელი მეცნიერი ა. ბარნეტი სრულიად სამართლიანად აღნიშნავს, რომ ქალისადმი ნეგატიური დამოკიდებულება არ დამკვიდრდებოდა საზოგადოება თავისი განვითარების ყველა ეტაპზე ცივილიზებული რომ ყოფილიყო. იგი ამბობს, რომ „საკითხში ტიპურისა და უცვლელის“, მამაკაცისა და ქალის დამახასიათებელი ნიშნების, მათი ტემპერამენტისა და შესაძლებლობების შესახებ განუხრელად არის დამკვიდრებული დოგმატური, სრულიად აუხსნელი შეხედულებები.

უმრავლეს საზოგადოებებში ქალისა და მამაკაცის საზოგადოებრივი მდგომარეობა განპირობებულია კვლავწარმოებაში მათი სხვადასხვა როლით, (Барнетт,1968). ცხოვრების პირობები ქალის ქცევასა და აზროვნებაზე თავის დაღს ასვამდა. საუკუნეების განმავლობაში ისინი სახლისა და ოჯახის საქმით იყვნენ დაკავებულნი, მაშინ, როდესაც მამაკაცებს თავისი მოღვაწეობის სფერო შეზღუდული არ ჰქონდათ. მათ ასეთ მდგომარეობას მეცნიერებიც ამართლებდნენ. მკვიდრდებოდა აზრი იმის შესახებ, რომ ქალს არ შეუძლია აითვისოს ტრადიციული მამაკაცური საქმიანობა. მაგალითად, ასი წლის წინ არ იყვნენ ექიმი ქალები და თავისთავად ითვლებოდა, რომ მათ ამ პროფესიის ათვისება არ ძალუძთ. დღეს კი ექიმების ნახევარზე მეტი ქალებია.

ზოგიერთი მეცნიერი თანამედროვე საზოგადოებაში გავრცელებული აზრის მიხედვით, ქალთა დანიშნულების შესახებ ოთხ ძირითად შეხედულებას გამოყოფს: პატრიარქალურს, ეკონომიკურს, დემოგრაფიულსა და ეგალიტარულს.

პატრიარქალური შეხედულებების ადამიანები ამტკიცებენ, რომ სამყარო ე.წ. „ბუნებრივ საფუძვლებს“ ემყარება, ხოლო მათ ნგრევას საზოგადოების ნგრევისაკენ მივყავართ. „ბუნებრივ საფუძვლებში“ ისინი გულისხმობენ საზოგადოებაში ფუნქციების განაწილებას, რომლის თანახმადაც, ქალი ოჯახის დიასახლისი და ოჯახის კერის შემნახავია, ხოლო მამაკაცი - მომპოვებელი, საზოგადოებრივი მოღვაწე და ოჯახის საზოგადოებასთან დამაკავშირებელი. როლების ასეთი განაწილება მათ კანონზომიერად მიაჩნიათ, რადგან, მათი აზრით, სქესობრივი სხვაობა გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ინდივიდუალური და პირადი თვისებები. აქედან გამომდინარეობს მათი დასკვნაც: ქალების ჩაბმამ საზოგადოებრივ ცხოვრებაში უკვე მოგვიტანა ნეგატიური შედეგები ოჯახში და გამოიწვია დედობრივი ინსტინქტების რღვევა, მორალური აღვირახსნილობა, ოჯახის ნგრევა და ღირებულებათა ცვლა, მოხუცები, ქმრები და ბავშვები ქალების მზრუნველობის გარეშე დარჩნენ, რის გამოც მიმდინარეობს მამაკაცთა ფემინიზაცია და სხვ.

ეკონომისტებიც ქალების დასაქმების შემცირებას უჭერენ მხარს და ამას იმით ასაბუთებენ, რომ მათი შრომა ეკონომიკური თვალსაზრისით არაეფექტურია ბავშვიანი დედების ხშირი გაცდენების გამო. გარდა ამისა, მათი მტკიცებით, ქალებს უფრო ნაკლები კვალიფიკაცია აქვთ, ვიდრე მამაკაცებს.

დემოგრაფების აზრით, ქალს უპირველესად რეპროდუქციის ფუნქცია აკისრია, ხოლო შობადობის შემცირება საზოგადოების განვითარებაზე უარყოფითად მოქმედებს.

ეგალიტარული აზროვნების მომხრეები ეჭვქვეშ აყენებენ პარტიარქალურ მოსაზრებებს და ფუნქციების ე.წ. „ბუნებრივ“ განაწილებას სოციალურ ილუზიად მიიჩნევენ. მათი აზრით, პატრიარქატული კონცეფცია შესაბამისი სოციალური პირობების შედეგია და მას მომავალი არა აქვს.

სქესთა შორის ეგალიტარული ურთიერთობა მამაკაცებისა და ქალების ურთიერთგაგებასა და ურთიერთშევსებაზეა დამყარებული ოჯახსა თუ საზოგადოებაში ორივე მათგანისათვის თავისუფალი არჩევნის საფუძველზე ხდება. ამ შეხედულებების მომხრეებს მიაჩნიათ, რომ უპირველეს ყოვლისა, ადამიანის ნორმალური განვითარებისათვის საჭიროა თანაბარი სოციალური პირობების და მათი რეალიზებისათვის სათანადო გარემოს შექმნა, აგრეთვე მამაკაცისა და ქალის თანასაწორუფლებიანობის საკითხის პოლიტიკურ საკითხად გადაქცევა.

5.2 2. სახელმწიფო პოლიტიკა ქალთა საკითხში

▲ზევით დაბრუნება


თანამედროვე ტრანსფორმირებულმა საზოგადოებამ შეიმუშავა და უკვე ცხოვრებაში დანერგა სრულიად ახალი, ძველისაგან რადიკალურად განსხვავებული სქესთა ურთიერთობები.

ქალები თანამედროვე საზოგადოებაში თავისუფალი და საუკეთესო ცხოვრებისეული არჩევანის გაკეთებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებენ, თუ ისინი აქტიურად ჩაებმებიან ახალ ცხოვრებაში, ეზიარებიან და გაითავისებენ ახალ ღირებულებებს, თუ მოხდება მათი რეალური ემანსიპაცია. ამ ამოცანის გადასაჭრელად მნიშვნელოვანი როლი ენიჭება სახელმწიფო პოლიტიკას ქალთა საკითხში. აღსანიშნავია, რომ ხშირად სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებები, მათ შორის საკანონმდებლო, ძირითადად შრომით საქმიანობას და სოციალურ სფეროებს ეხება. ისინი ქალების საზოგადოებრივი სტატუსისა და გავლენის ამაღლებას არ ითვალისწინებს.

სახელმწიფო პოლიტიკად მიჩნეულია სახელისუფლო ინსტიტუტების და საზოგადოების მთელი პოლიტიკური სისტემის საქმიანობა. მისი მიზანია სოციალური ყოფიერების სხვადასხვა სფეროს ოპტიმალური მართვა. იგი გულისხმობს კონკრეტული სოციოკულტურული ისტორიული ამოცანების დროულ გადაჭრას. ეფექტური სახელმწიფო პოლიტიკა უზრუნველყოფს იმ ნორმების, ღირებულებებისა და ცხოვრებისეული სტრატეგიების გავრცელებას, რომლებიც ხელს უწყობს სახელმწიფოსა და ყველა სახელმწიფო სტრუქტურის მიერ აღიარებული აუცილებელი მიზნების მიღწევას. სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გათვალისწინებულია როგორც უახლესი, ისე უფრო შორეული მიზნების დასახვა, მათი მიღწევისათვის საჭირო მეთოდებისა და საშუალებების განსაზღვრა.

სახელმწიფო პოლიტიკა ქალთა საკითხში, ანუ, როგორც მას უწოდებენ, ქალთა სახელმწიფო პოლიტიკა, იმ საერთო სოციალური პოლიტიკის ნაწილია, რომელიც სახელმწიფოს სოციალურ პროგრამებსა და პრაქტიკაშია ხორცშესხმული. იგი საზოგადოებაში არეგულირებს ურთიერთობებს მოსახლეობის ძირითადი სოციალური ჯგუფების ინტერესების გათვალისწინებითა და საშუალებით. სოციალური პოლიტიკა ეკონომიკაზეა დამოკიდებული, მაგრამ მეორეხარისხოვანი არ არის, რადგან მას დიდი როლი ენიჭება საზოგადოების მატერიალური და სულიერი კულტურის განვითარებისათვის. სოციალური პოლიტიკის ძირითად ამოცანას წარმოადგენს საზოგადოებრივი ურთიერთობების ჰარმონიზაცია, პოლიტიკური სტაბილურობისა და სამოქალაქო თანხმობის უზრუნველყოფა. ამის მიღწევა მოსახლეობის ფულად შემოსავლებსა და სასაქონლო რესურსებს შორის ბალანსის დაცვით არის შესაძლებელი. აუცილებელია აგრეთვე საბინაო პრობლემების გადასაჭრელად საჭირო პირობების, საქონლისა და მომსახურების რაოდენობასა და ხარისხზე მოსახლეობის მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით სათანადო ბაზის შექმნა. საჭიროა მოსახლეობის სულიერების, განათლებისა და კულტურის ამაღლება.

სახელმწიფო პოლიტიკას ქალთა საკითხში აუცილებლად უნდა ჰქონდეს დამოუკიდებელი მიმართულება, ვინაიდან იგი ქალების - დიდი, სპეციფიკური და მნიშვნელოვანი პრობლემების მქონე სოციალურ-დემოგრაფიული ჯგუფის - ინტერესებს ეხება და მათ სამართლებრივ და სოციალურ სტატუსს აყალიბებს; განსაზღვრავს და აწესრიგებს აგრეთვე მათ ურთიერთობებს საზოგადოებასთან.

სახელმწიფო პოლიტიკას ქალთა საკითხში კონკრეტულ-ისტორიული ხასიათი აქვს. ის დამოკიდებულია პოლიტიკური რეჟიმის ხასიათზე, სახელმწიფოსა და საზოგადოებაში დემოკრატიის დონეზე, სახელმწიფო პოლიტიკის სუბიექტების, უპირველეს ყოვლისა კი, პოლიტიკური ელიტის, მიერ ქალთა საკითხის არსის გაგებასა და მათ პოზიციაზე. არ შეიძლება იმის დავიწყებაც. რომ ქალთა საკითხში სახელმწიფო პოლიტიკის წარმატება განისაზღვრება როგორც მთელი საზოგადოების არსებული კულტურული ტრადიციებით, ასევე თავად მთელი მოსახლეობის ქალთა ნაწილის შეგნებისა და აქტიურობის დონით.

ქალების მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის შემდეგ ტიპებს განასხვავებენ:

პატრიარქალური სახელმწიფო პოლიტიკა - ეს არის პოლიტიკა, რომელიც მამაკაცსა და ქალს შორის ფუნქციების განსაზღვრული განაწილების კონცეფციას ეფუძნება. ქალის ბუნებრივ სოციალურ ფუნქციად და დანიშნულებად (მოწოდებად) დედობა, საშინაო მეურნეობის გაძღოლა და ბავშვების აღზრდა ითვლება. მამაკაცს სახელმწიფო, პროფესიული და საზოგადოებრივი საქმიანობის (მოღვაწეობის) სუბიექტის როლი აკისრია. ამ კონცეფციის თანახმად, მამაკაცი ოჯახის უფროსი და ,,მარჩენალია”, იგი დამაკავშირებელი რგოლია ოჯახსა და მთელ საზოგადოებას შორის.

ქალთა საკითხში პატრიარქალური პოლიტიკის ძირითადი მიზნებია:

- არაემანსიპირებული ქალის იდეალის პროპაგანდა;

- მმართველობითი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, საზოგადოებრივ სფეროში ქალების მონაწილეობის შეზღუდვა;

- პროფესიულ საქმიანობაში ქალის მონაწილეობის შემცირება;

- დედის, ცოლისა (მეუღლის) და ოჯახის დიასახლისის „ბუნებრივი“ ფუნქციების შესრულებისათვის საჭირო პირობების შექმნა;

პატერნალისტური პოლიტიკა ქალთა საკითხში - ეს არის ქალის მიმართ სახელმწიფოს მეურვეობისა და პროტექციონიზმის პოლიტიკა, რომლის საფუძველს წარმოადგენს:

- ქალების სოციალური დაცვის სისტემის ორგანიზაცია - შეღავათების, დახმარებების, შვებულებების, ქალის შრომის გამოყენების შეზღუდვისა და ა.შ. სახით;

- საზოგადოებრივ წარმოებაში ქალების ფართო მონაწილეობა;

- ქალისა და მამაკაცის იურიდიული და სოციალური მდგომარეობის\\ თანასწორობა;

- ქალის მიერ დედისა და დიასახლისის ფუნქციების შეთავსებისათვის საჭირო პირობების შექმნა.

XX საუკუნის მეორე ნახევარში ქალებისა და მამაკაცებისათვის საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში თანაბარი შესაძლებლობების თემა ბევრი სახელმწიფოს პოლიტიკაში ერთ-ერთი ძირითადი საკითხი გახდა.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 1976-1985 წლები ქალთა ათწლეულად გამოაცხადა, რომლის დევიზიც იყო: „თანასწორობა, განვითარება, მშვიდობა“. ეს იყო მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელმაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ქალთა პრობლემების წინა პლანზე წამოწევას.

1995 წ. პეკინში შედგა ქალთა მეოთხე მსოფლიო კონფერენცია. მან მიზნად დაისახა იმ პრიორიტეტების დადგენა, რომელთა განხორციელება და დაცვა აუცილებელი იქნებოდა 1986-2000 წლებში გაეროს სისტემის ფარგლებში დასახული სტრატეგიის ცხოვრებაში გასატარებლად.

მნიშვნელოვან მოვლენად იქცა აგრეთვე კონვენციის მიღება ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ. მან მოუწოდა „...სახელმწიფოებს, მიიღონ ეროვნული საკანონმდებლო ზომები, რომლებიც აკრძალავს ქალთა დისკრიმინაციას“. კონვენცია მათ აძლევდა რეკომენდაციას მიიღონ მამაკაცებსა და ქალებს შორის აქტიური თანასწორობის დამყარების დასაჩქარებლად მიმართული დროებითი სპეციალური ზომები, აგრეთვე სპეციალური აუცილებელი ზომები დისკრიმინაციის შენარჩუნების ხელისშემწყობი სოციალური და კულტურული მოდელების შეცვლისათვის.

არსებითი მნიშვნელობის გახდა „ქალთა მდგომარეობის გაუმჯობესების საქმიანობის სფეროში პერსპექტიული სტრატეგიები 1986-2000 წლებში“. აღნიშნულ სტრატეგიებში სამი მიზანია დასახული: თანასწორობა, განვითარება და მშვიდობა. აქ თანასწორობა განხილულია არა მხოლოდ როგორც სამართლებრივი ცნება, არამედ როგორც ქალების უფლებების, მოვალეობებისა და შესაძლებლობების რეალური თანასწორობის მიღწევის საშუალება, ძალა. ეს თანასწორობა უშუალოდ უკავშირდება მრავალმხრივი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ამოცანას და საზოგადოების პროგრესს.

აღნიშნულ დოკუმენტებში აღინიშნა მსოფლიო საზოგადოების სწრაფვა 2000 წლისათვის ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრისაკენ. ისინი ხელს უწყობენ სხვადასხვა ქვეყანაში კონცეპტუალური მიდგომების, სახელმწიფო პოლიტიკის სტრატეგიისა და ტაქტიკის შემუშავებას, ეროვნული მექანიზმების შექმნას. მათ უნდა უზრუნველყონ მიღებული პროგრამების (როგორც მიმდინარე, ისე პერსპექტიული) რეალიზაციის მონიტორინგი.

XX საუკუნის 70-იან და 80-იან წლებში ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მიღებული იქნა კანონები ქალისა და მამაკაცის უფლებების თანასწორობის შესახებ: ინგლისში (1975 წ.), დანიაში (1978 წ.), ნორვეგიაში (1978 წ.), შვეციაში (1978 წ.), ავსტრიაში (1979 წ.), საფრანგეთში (1993 წ.) და ა.შ. აღნიშნული კანონები შეიცავს ნორმებს, რომლებიც განსაზღვრავს შესაძლებლობათა თანასწორობას სამუშაოზე დაქირავების და დათხოვნისას, დაჯილდოების, პროფესიული მომზადების, სამსახურში დაწინაურების, მეუღლეების ოჯახური ვალდებულებების განაწილებისას და სხვ.

აღსანიშნავია, რომ ქალთა მდგომარეობის გაუმჯობესების სამართლებრივი საფუძვლების რეფორმირება ან თავიდან შექმნა, სოციალური ფემინოლოგიის ინსტიტუირება მეტად მნიშვნელოვანია და ეროვნული მექანიზმების ფუნქციონირების ტექნოლოგიების შექმნასა და დამუშავებას და იმ ორგანიზაციული სტრუქტურების მოქმედებას უკავშირდება, რომლებიც ქალთა საკითხის გადაწყვეტას ემსახურება. მსოფლიოს 90 ქვეყანაში ეროვნული მექანიზმები სახელმწიფო დონეზე არსებობს, აქედან 5 ქვეყანაში მათ პრემიერ-მინისტრები ხელმძღვანელობენ. ასეთი სახელმწიფო ორგანოების საქმიანობის ანალიზი საშუალებას გვაძლევს დავასკვნათ, რომ სხვადასხვა ქვეყანაში აღნიშნული საკითხისადმი არსებობს განსხვავებული მიდგომა და ორგანიზაციული სტრუქტურების სხვადასხვა ტიპი - ქალთა საქმეების სამინისტროები, კომიტეტები და სხვ., მაგრამ ამასთან, უდავოდ იკვეთება ერთი საერთო ტენდენცია - თანასწორუფლებიანობის უზრუნველსაყოფი პოლიტიკა მუშავდება და მისი განხორციელების კონტროლი ხდება არა მხოლოდ საზოგადოებრივ, არამედ სახელმწიფო დონეზე. საგულისხმოა, რომ საორგანიზაციო სტრუქტურები ფუნქციონირებს როგორც დიდ, ისე პატარა სახელმწიფოებში. მათი ჩამოყალიბების პროცესი კი კვლავაც გრძელდება.

ამ სტრუქტურების კომპეტენციაში, როგორც წესი, შედის შემდეგი მიმართულებები: სქესთა თანასწორუფლებიანობის პრინციპის რეალიზაცია; რეაგირება დისკრიმინაციის კონკრეტულ შემთხვევებზე; საინფორმაციო მოღვაწეობა ქალთა პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური უფლებების დაცვის საკითხებში, შესაბამისი სამეცნიერო გამოკვლევების ორგანიზება, ხელის შეწყობა და ხელმძღვანელობა, სხვა ქვეყნების გამოცდილების შესწავლა.

70-80-იანი წლების დასავლეთისათვის დამახასიათებელია სოციალური რეალობის კონცეპტუალური გააზრება, ქალთა საკითხის გადაწყვეტის, საზოგადოებაში ქალების მდგომარეობისადმი მიდგომებით დაუკმაყოფილებლობა. ამ პერიოდში დასავლეთის ქვეყნებში ცდილობენ პრობლემის გააზრებიდან კონცეპტუალურ, კოორდინირებულ, გრძელვადიან კონკრეტულ ეტაპობრივ ზომებზე გადავიდნენ, რაც რეალურად უზრუნველყოფს სქესთა თანასწორობის პრინციპის ცხოვრებაში გატარებას.

ევროპული თანამეგობრობის ფარგლებში, სამართლებრივი რეგულირების პრინციპების საფუძველზე, შემუშავდა მოქმედების ორი გრძელვადიანი პროგრამა (1982-1985 წ.წ. და 1986-1999 წ.წ.), რომელთა მიზანიც თანაბარი შესაძლებლობების რეალიზაციაა. აღსანიშნავია, რომ მრავალპარტიული სისტემის ქვეყნებში ქალებთან მასობრივ მუშაობას მნიშვნელოვანი როლი ენიჭება. მათი მხარდაჭერა ამ პარტიის გამარჯვებას ნიშნავს.

5.3 3. ქალი და მასობრივი ინფორმაციის საშუალებები

▲ზევით დაბრუნება


მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს იდეების გენერატორს, პოლიტიკური სისტემის ინსტიტუციური ცვლილებების დამჩქარებელს უწოდებენ და მეოთხე ხელისუფლებასთან აიგივებენ. ფაქტობრივად ეს არის მასობრივი კომუნიკაცია, რომელიც ტექნიკური და ელექტრონული საშუალებებით ხორციელდება და ხშირად წინ უსწრებს პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ მოვლენებს.

მასმედია აყალიბებს საზოგადოებრივ აზრს პოლიტიკის, ეკონომიკის, პოლიტიკური პარტიების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, პოლიტიკური ლიდერების, პიროვნებების და სხვ. საკითხების შესახებ. იგი აყალიბებს, აგრეთვე. მოღვაწეობის სფეროებს, ინტერესების დაცვის გზებს, ხერხებსა და მიმართულებებს, ღირებულებებს, ამა თუ იმ ადამიანის თუ ადამიანთა ჯგუფის სოციალურ სტატუსს.

მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ძირითად ფუნქციას საზოგადოების პოლიტიზაცია, მისი მმართველობაში მონაწილეობა, სტერეოტიპულ აზროვნებაზე ზემოქმედება, საზოგადოებრივ აზრზე აპელირება, მასების აქტიურობის გაზრდა, მოვლენების მრავალწახნაგოვანი გაშუქება, ღირებულებების ჩამოყალიბება და სხვ. წარმოადგენს. მას შეიძლება სხვადასხვა მიზანი ჰქონდეს, იყოს ობიექტური ან არაობიექტური, ამასთან გასათვალისწინებელია მისი სამი ძირითადი ფუნქცია: საინფორმაციო, პერცეფციული, (აღქმა, წარმოდგენა, ასახვა) და ინტერაქტიული (კომუნიკატორისა და აუდიტორიის ურთიერთქმედება). მან ხელი უნდა შეუწყოს მოქალაქეობრივი პოზიციის ჩამოყალიბებას, ახსნას პიროვნების უფლებებისა და თავისუფლებების არსი, ხელი შეუწყოს კონსტიტუციის დაცვას, ფართოდ გააშუქოს ეროვნული და საერთაშორისო დონის პროგრამები და დოკუმენტები, დროულად და ობიექტურად უზრუნველყოს საზოგადოების ინფორმირება ქვეყანაში მომხდარი ცვლილებების შესახებ.

რა როლი შეიძლება შეასრულოს მასმედიამ ქალთა საკითხში? პასუხი ერთმნიშვნელოვანია: ძალიან მნიშვნელოვანი. რა ჭირდება თანამედროვე ქალს? უპირველეს ყოვლისა, ჰუმანური პრინციპების გავრცელება და ნათელი დასტური იმისა, რომ საჭიროა დაცული იქნეს გენდერული პარიტეტი ჩვენი საზოგადოების ცხოვრების ყველა სფეროში. მასმედიამ ხელი უნდა შეუწყოს ქალის ახალი ცხოვრებისეული მოდელის პროპაგანდას, უზრუნველყოს იმ ტექნოლოგიების გამოყენება, რომლებიც განაპირობებს ქალის სოციალური სტატუსის ცვლილებას, აგრეთვე სხვადასხვა ქვეყნის ქალთა გამოცდილების გაზიარებას.

ბეჭდვითი პროდუქცია, რადიო და ტელევიზია საზოგადოებრივ ცნობიერებას აყალიბებენ. ჟურნალ-გაზეთებში დაბეჭდილი სტატიები რეალურ ცხოვრებისეულ სურათს უნდა ქმნიდნენ, მათ ზეგავლენა უნდა მოახდინონ საზოგადოებრივი ცნობიერების ფორმასა და შინაარსზე, ხალხის სამსჯავროზე გამოიტანონ კანონები, დადგენილებები, ბრძანებულებები, განახორციელონ კავშირი მმართველობით ორგანოებთან და სათანადო ინფორმაცია მიაწოდონ მოსახლეობას, პრესაში მოაწყონ დიალოგი, სისტემატურად გააშუქონ ქალთა პრობლემატიკა, ფართო პროპაგანდა გაუწიონ ეგალიტარულ თეორიას.

დასავლეთის ქვეყნებში ამ მხრივ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა: მიმდინარეობს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ორიენტაციის შეცვლა ქალის როლისა და დანიშნულების ახლებურად გააზრების მიმართულებით. მაგ. იაპონიაში 1989 წელს გამოცხადდა „ona - nodzidais“, ანუ „ქალების ერას“ დასაწყისი. ადრე აქ 70-მდე ქალების ჟურნალი გამოდიოდა, რომლებშიც ძირითადი ადგილი ჭორებს და მოდის სიახლეებს ეთმობოდა. 1989 წლიდან მათი შინაარსი მკვეთრად შეიცვალა, ხოლო ისეთმა მნიშვნელოვანმა ჟურნალმა როგორიც არის „bungeii siudziu“ ქალებისათვის დაიწყო სპეციალიზებული დანამატის „კრეა“-ს გამოშვება. აღნიშნულ დამატებაში იბეჭდება სტატიები პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სხვა სერიოზულ თემებზე.

დიდ ბრიტანეთის გაზეთ „გარდიანში“ დისკუსიისათვის ქალთა თემატიკაზე ფუნქციონირებს საგანგებო რუბრიკა, ყოველკვირეული ჟურნალი „ეკონომისტი“ კი აქვეყნებს მასალებს დასავლეთის ქვეყნებში ქალთა მდგომარეობის შესახებ. 1990 წელს პარიზის „ადამიანის შესახებ მეცნიერებების სახლმა“ ყოველკვარტალური გამოცემა ფემინიზმის პრობლემებს დაუთმო. ამერიკული პრესა ძირითადად ქალებისათვის რჩევების მიცემაზე იყო ორიენტირებული - თუ როგორ უნდა მოხიბლოს ქალმა ყველა საქმიან საღამოზე, როგორ უნდა ასწავლო მამაკაცს საჩუქრების ყიდვა, როგორ უნდა დაშორდე მომაბეზრებელ საყვარელს და სხვ. უკანასკნელ ხანებში გაჩნდა რამდენიმე ათეული სოლიდური გამომცემლობა, წიგნების მაღაზიები, რომლებიც ქალთა პრობლემატიკაზე სპეციალიზდებიან. გამოდის ახალი ჟურნალები „ქალები კულტურასა და საზოგადოებაში“, „ქალის ისტორია“, „ქალის ფსიქოლოგია“, „ქალი და პოლიტიკა“ და სხვ.

5.4 4. ქალის სოციალური სტატუსი როგორც ინტეგრალური მაჩვენებელი

▲ზევით დაბრუნება


სოციალური სტატუსი, როგორც ინტეგრალური მაჩვენებელი, ერთმანეთთან აკავშირებს რამდენიმე ელემენტსა და ფუნქციას. სტატუსი (ლათ. status - მდგომარეობა, პოზიცია) ასახავს სოციალური ჯგუფის, კერძოდ, ქალებისა და საზოგადოებაში მათი წარმომადგენლების სამართლებრივ მდგომარეობას, მათ ადგილს სოციალური კავშირებისა და ურთიერთობების სისტემაში. იგი ასახავს აგრეთვე ცალკეული ინდივიდის ურთიერთობებს გარკვეულ სოციალურ ჯგუფთან.

ქალები განსაკუთრებელი სოციალური ჯგუფია. ისინი მოსახლეობის ნახევარს შეადგენენ. მათი ცხოვრება, საზოგადოებაში არსებული ყველა ურთიერთობის გარდა, კონკრეტული სოციალური ფუნქციითაც გამოირჩევა. ქალები სპეციფიკური მახასიათებლებითაც ხასიათდებიან, ამიტომ მათი სოციალური ფუნქციის შესწავლას განსაკუთრებული მიზეზები აქვს. უპირველეს ყოვლისა, ეს არის საზოგადოების რეფორმირების პროცესში წარმოშობილი ახალი სოციალურ-ეკონომიკური ურთიერთობები და ამ პირობებში თანასწორუფლებიანობის პრინციპის რეალიზება.

სოციალური სტატუსი სოციალური ყოფით, აღზრდის სისტემით, საქმიანობის ხასიათით, იდეალებით, ინდივიდის მიზნებით, საზოგადოების ინდივიდისადმი წაყენებული მოთხოვნებით, სახელმწიფო პოლიტიკისა და სახელმწიფო იდეოლოგიით არის განპირობებული.

სოციალური სტატუსი ბუნებრივი მონაცემებით - სქესით, ასაკით, აგრეთვე, სულიერი კულტურის დონით, საზოგადოებაში არსებული გარკვეული მატერიალური და სულიერი ღირებულებებითაც განისაზღვრება. ქალის ცხოვრებისეული ციკლზე, პირდაპირ თუ არაპირდაპირ, აშკარად თუ შენიღბულად, გავლენას ახდენს ცხოვრების ყველა მხარე, საზოგადოებრივი ყოფის ყველა ელემენტი და ფაქტორი. მათი ასახვის შინაარსი და ხასიათი დამოკიდებულია გარკვეული სოციალური ჯგუფისათვის დამახასიათებელ სოციალურ თვისებებზე. საზოგადოებრივი ყოფა სხვადასხვა ჯგუფის ქალების ცნობიერების, განათლების დონის. მსოფლმხედველობის, პროფესიული მომზადების განმსაზღვრელი ფაქტორია.

ქალის, როგორც მდედრობითი სქესის წარმომადგენლის სოციალური სტატუსი უნდა განვასხვავოთ მისი პიროვნული სტატუსისაგან ანუ იმ მდგომარეობისაგან, რომელიც ადამიანს გარკვეულ ჯგუფში, ოჯახში უკავია და ფასდება საერთო ადამიანური თვისებების თვალსაზრისით. შესაბამისად, ერთი მხრივ, ქალს უკავია გარკვეული ადგილი საზოგადოებრივ იერარქიაში, მეორე მხრივ, იგი არის დედა, ცოლი, ხელმძღვანელი, პროფესიონალი და სხვ. გარკვეულ კონკრეტულ სფეროში. აქედან გამომდინარე ცნება „სოციალური სტატუსი“ მჭიდროდ არის დაკავშირებული „სოციალური როლის“ გაგებასთან და მის დინამიკურ მხარეს, სოციალური სტატუსის ფუნქციას წარმოადგენს.

გარკვეული ინდივიდუალური თვისებებით აღჭურვილი პიროვნება სოციალური სისტემის მექანიკური რგოლი როდია, თუმცა ეს სისტემა მასზე გარკვეულ გავლენას ახდენს. გადაწყვეტილებების რაციონალური მიღება და რაციონალური მოქმედებები ადამიანის ცნობიერებაში, მის ქმედებებში, არსებულ სოციალურ სისტემაში მომხდარი გარდატეხის შედეგია და დაკავშირებულია სხვა პიროვნებებთან ან ინდივიდთა ჯგუფთან, რომელთაც საერთო მიზნები აქვთ და ამ მიზნების განხორციელებისათვის იღვწიან.

ასე რომ, ადამიანი გარემომცველი სამყაროს არა მხოლოდ ობიექტი, არამედ სუბიექტი - მისი შემქმნელი და მასზე ზემოქმედი ძალაცაა. იგი გავლენას ახდენს ამ სამყაროზე, საზოგადოებასა და მის მსოფლმხედველობაზე, იმ მიზნებიდან გამომდინარე, რომლებიც სრულყოფილ სოციალურ ცხოვრებას უზრუნველყოფენ.

საზოგადოება - ეს არის ადამიანთა ურთიერთქმედება გარკვეულ ეკონომიკურ, სოციალურ და სულიერ პირობებში. საზოგადოება სოციალური ინსტიტუტებისა და ორგანიზაციების სისტემაა. ინგლისელმა სოციოლოგმა თომას ბოტომერმა იგი განსაზღვრა როგორც ხალხის დიდი ერთობა, რომელიც სოციალური ორგანიზაციის კომპლექსურ ნიმუშში ერთობლივად ახორციელებს სოციალურ ცხოვრებას.

სოციალური ინსტიტუტები და ორგანიზაციები უზრუნველყოფენ კოლექტიური ცხოვრების გარკვეული ფორმის მდგრადობას. ისინი ხელს უწყობენ ევოლუციას, კულტურის განვითარებას, თვითგანვითარებას, არეგულირებენ კონფლიქტებს და სხვ.

ფრანგი ფილოსოფოსისა და სოციოლოგის ო. კონტის (1798-1857 წ.წ.) აზრით, საზოგადოება - იზოლირებული ინდივიდების, პირად ინტერესებზე დამყარებული ხელშეკრულებების უბრალო შეკრება როდია. საზოგადოება - ორგანული ერთობაა.

მარქსიზმის კლასიკოსები ხაზს უსვამდნენ, რომ საზოგადოება უბრალო ნაკრები ან ინდივიდების მექანიკური აგრეგატი არაა. „ეს თვითონ ადამიანი და მისი საზოგადოებრივი ურთიერთობებია“, „ხალხის ურთიერთქმედების პროდუქტია“.

დასავლურ მეცნიერებაში საზოგადოების სამი სოციოლოგიური პარადიგმა ჩამოყალიბდა: ფუნქციური, რომლის თანახმადაც ხალხის ჯგუფი მოქმედებების თვითუზრუნველყოფად სისტემას წარმოადგენს და დროში უფრო ხანგრძლივი არსებობის უნარი შესწევს, ვიდრე ინდივიდს; ბიჰევიორისტული, კონკურენტული და კონფლიქტური სისტემების ერთობა, რომლის საფუძველსაც ინდივიდი (ამ სიტყვის სრული გაგებით) წარმოადგენს.

პირველ შემთხვევაში, ჩვენ საქმე გვაქვს უპიროვნო, სოციალურ ჯგუფებთან, მეორეში - სოციალურ ინსტიტუტებსა და ჯგუფებთან, მესამეში - ადამიანთან.

საზოგადოება დინამიკური სისტემაა, ანუ თავისი ქვესისტემების (ეკონომიკურის, სოციალურის, პოლიტიკურის და სხვ.) მუდმივ განვითარებას განიცდის. ადამიანი საზოგადოებაში ჯგუფის (ან ჯგუფების) საშუალებით შედის (სამეცნიერო, სამრეწველო, სასკოლო, საუნივერსიტეტო და სხვ.).

საზოგადოება შეიძლება იცვლებოდეს სწრაფად ან ნელა, რაც საზოგადოებრივ პროგრესზე, არსებულ იდეოლოგიაზე, პოლიტიკაზეა დამოკიდებული, ყველაფერი ეს კი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქალის სტატუსზე.

5.5 5. ქალისა და კაცის იურიდიული თანასწორობა თანამედროვე საზოგადოებაში

▲ზევით დაბრუნება


ადამიანის უფლებების ისტორია ძირითადად კაცობრიობის განვითარების ორ მიმართულებად შეიძლება დავყოთ. პირველი მიმართულება წარმოადგენს ბრძოლას ადრე მიჩქმალული უფლებების აღიარებისა და მათი ხელმისაწვდომობისათვის, ხოლო მეორე, პირიქით, არსებული უფლებებისათვის მიმდინარე ბრძოლის პროცესია.

ადამიანის უფლებები სოციალური სამართლის დამკვიდრების უმნიშვნელოვანესი იარაღია. თუ უფლებას არ ენიჭება სათანადო მნიშვნელობა, ბრძოლა მიმდინარეობს მისი დანერგვისათვის. უფლებების საყოველთაო აღიარების პროცესი განაპირობებს უფლებათა უკეთესად დანერგვას, ხოლო დანერგვის პროცესი ხელს უწყობს უფლებების მზარდ აღიარებას.

ადამიანის უფლებათა ვალდებულებების საფუძველს გაერთიანებული ერების წესდება წარმოადგენს. ადამიანის ღირსების პრინციპების საყოველთაო აღიარების საფუძველზე, გაეროს შექმნა ადამიანთა ცნობიერების განვითარების განსაკუთრებული ეტაპია. მრავალი ადამიანის და ადამიანთა ჯგუფისათვის მეორე მსოფლიო ომის დროს მიყენებული ტრავმა საფუძველს იძლეოდა, რომ ხალხს განესაზღვრა თავიანთი ქვეყნების მთავრობებისადმი მიმართვისა და მოთხოვნების გარკვეული სტანდარტები.

1947 წლის ადამიანთა უფლებათა დაცვის საყოველთაო დეკლარაცია (UDHR) სწორედ ამ სტანდარტების დამკვიდრების პირველ მცდელობას წარმოადგენდა.

გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებათა დაცვის სისტემის დანერგვისა და ზედამხედველობის მიზნით, 1947 წლის თებერვალში ჩატარდა გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის პირველი რეგულარული სესია.

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის ჩამოყალიბებისათვის ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის მიერ შემუშავდა კონვენცია (შემდგომში იგი გაიყო და დაერქვა პაქტები), აგრეთვე მექანიზმები, როგორც მათი ცხოვრების რეალიზაციის ფორმები, საჩივრის, მონიტორინგის, ანგარიშგებისა და სხვა პროცედურების ჩათვლით.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ 1948 წლის 10 დეკემბერს მიიღო ადამიანის უფლებათა დაცვის საყოველთაო დეკლარაცია.

კომისიამ შექმნა ადამიანის უფლებათა დაცვის პირველი ინსტრუმენტის მონახაზი. დეკლარაციის პრინციპების იურიდიულად აღიარებულ ვალდებულებად ჩამოყალიბებისათვის იმ სახელმწიფოებისათვის, რომლებმაც მოახდინეს მისი რატიფიცირება, გენერალურმა ასამბლეამ იგი დაყო ორ ,,პაქტად”. პირველი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ და მეორე - სოციალური, კულტურული და ეკონომიკური უფლებების შესახებ. 1966 წელს გაერთიანებული ერების მესამე კომიტეტმა (ადამიანის უფლებათა დაცვის გენერალური ასამბლეა) საბოლოოდ მიიღო ორი დამოუკიდებელი საერთაშორისო პაქტი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ (იცესცრ) და მეორე, საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ (ICCPR), რომლებიც ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციასთან ერთიანობაში ცნობილია როგორც ბილი ადამიანის უფლებათა შესახებ და, რომელიც 1976 წლიდან ამოქმედდა. ICCPR წარმოადგენს ზოგად პროტოკოლს (ან შენიშვნებს პაქტის მიმართ), რომელიც შესაძლებელს ხდის, სახელმწიფოებმა თავის ერებს დართონ ნება, წარადგინონ პეტიციები და მოითხოვონ მათი ცალკე რატიფიცირება.

პაქტები ადამიანის უფლებათა შესახებ, რომლებსაც ხშირად ,,კონვენციებს” უწოდებენ, მოწოდებულნი არიან განსაზღვრონ ადამიანის უფლებათა კონცეფცია და ჩამოაყალიბონ სახელმწიფოთა სახელმძღვანელო სტანდარტები. ამით ისინი საზოგადოებას ეხმარებიან შექმნან ხელსაყრელი გარემო ადამიანის უფლებათა დაცვის განხორციელებისათვის. პაქტების რატიფიცირება სახელმწიფოებს აკისრებს ორმაგ ვალდებულებას: პირველი, გამოიყენოს მისი დებულებები და მეორე, გახდეს საერთაშორისო კონტროლის ობიექტი. ქვეყნების მიერ კონვენციების რატიფიცირებისთანავე მათ ეკისრებათ ვალდებულება, რეგულარული ანგარიში წარადგინონ ამ კონვენციების შესაბამისობისა და შესრულების თაობაზე.

საერთაშორისო კონვენციების პირველი მონახაზის შექმნის შემდეგ, გაერომ დაიწყო სპეციფიკურ სფეროებში პაქტების, როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის გარანტის გამოყენება. პირველი იყო კონვენცია „გენოციდის აცილებისა და დასჯის შესახებ“, რომელიც ძალაში 1948 წელს შევიდა. ძირითადი კონვენცია, რომელიც ეხებოდა ქალებს, კონვენცია ქალის დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ (CEDAW), ხელმოწერილი იქნა 1979 წელს, ძალაში შევიდა 1981 წელს და რატიფიცირებულ იქნა სახელმწიფოთა მიერ, რომელთაგან მრავალმა გამოთქვა კონვენციასთან მიერთების სურვილი.

აღნიშნული ორი კონვენციის განვითარების შედეგად, გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის სისტემაში განისაზღვრა უფლებათა ორი ძირითადი კატეგორია: პირველი - სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები და მეორე - ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებები, რომელთაგანაც პირველს ეწოდა პირველი თაობის და მეორეს - მეორე თაობის უფლებები. (ქალის ადამიანის უფლებები ნაბიჯ-ნაბიჯ, 2001)

საზოგადოებრივმა პრაქტიკამ სოციალური თანამშრომლობის სფეროში ცხადყო, რომ იურიდიული უფლებებისა და თავისუფლებების მთელი კომპლექსის არსებობის პირობებშიც კი მოსახლეობის გარკვეულ ფენებს, სოციალური ან ფიზიოლოგიური მიზეზების გამო, არა აქვთ არსებობისა და მოქმედების თანაბარი შესაძლებლობანი, რის გამოც ისინი სახელმწიფოს მხრიდან სპეციალურ სამართლებრივ დაცვას საჭიროებენ და, შესაძლოა, წარმოადგენდნენ სამართლებრივი ურთიერთობების დამოუკიდებელ სუბიექტებს. ამასთან დაკავშირებით, საერთაშორისო სამართალში გაჩნდა კიდევ ერთი მიმართულება - ე.წ. ადამიანთა უფლებების მესამე თაობა, რომელიც მიზნად ისახავდა ცალკეული სოციალური ჯგუფების სასიცოცხლო შესაძლებლობების გაფართოებას.

„ადამიანთა უფლებების მესამე თაობის“ ყურადღების ცენტრში არიან ქალები. მსოფლიო თანამეგობრობა აღიარებს იმ ფაქტს, რომ მიუხედავად გარკვეული წინსვლისა ორი სქესის თანასწორუფლებიანობის მიღწევის საქმეში, საზოგადოებაში კვლავ არსებობს ქალების დისკრიმინაცია, რაც საზოგადოების კეთილდღეობის ზრდის ერთ-ერთი ხელისშემშლელი პირობაა და ზიანს აყენებს მსოფლიო ცივილიზაციის ჰუმანური და დემოკრატიული განვითარების პროცესებს.

1947 წელს დაფუძნებული გაერთიანებული ერების ქალის სტატუსის კომისია ამზადებს გამოკვლევებს, ანგარიშებსა და რეკომენდაციებს ადამიანის უფლებების თაობაზე და ქალებთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე. მისი მონაწილეობით მოხდა ქალის უფლებებთან დაკავშირებული ისეთი კონვენციების, პროექტების მომზადება, როგორიც არის ქალის ყველა ფორმის დისკრიმინაციის ლიკვიდაციის შესახებ და გაერთიანებული ერების მიერ ქალთა საკითხებთან დაკავშირებით წამოყენებული პროგრამები. კომისია გამოდიოდა როგორც მნიშვნელოვანი საერთაშორისო კონფერენციების საორგანიზაციო ორგანო და კონცენტრირებული იყო ქალთა პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სტატუსის გაუმჯობესებაზე.

ქალთა განვითარების განყოფილება (DAW) პასუხისმგებელია ქალის სტატუსის კომისიისა და ქალის ყველა ფორმის დისკრიმინაციის სალიკვიდაციო კომიტეტის (CEDAW) მომსახურებაზე. DAW კონცენტრირებულია გაერთიანებული ერების სისტემაში გენდერული საკითხების კოორდინირებასა და ძირითად მიმართულებებში მათ ჩართვაზე. იგი სამდივნოს ფუნქციას ასრულებდა ქალთა საკითხებზე გაერთიანებული ერების ოთხი მსოფლიო კონფერენციისათვის: 1975 (მეხიკო), 1980 (კოპენჰაგენი), 1985 (ნაირობი) და 1995 (პეკინი). კონფერენციებზე მოხდა ქალთა სტატუსის შეფასება და ქალთა წინსვლის სტრატეგიების დასახვა.1

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გერო) მიერ 1975 წლის ქალთა საერთაშორისო წლად გამოცხადება გადაიქცა მსოფლიოს საზოგადოებრიობის მიერ საყოველთაო პროგრესის საქმეში ქალების მიერ შეტანილი წვლილის აღიარებად და მათ წინაშე მდგარ რთულ პრობლემებზე ყურადღების მიპყრობის გამოხატულებად. მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჩაფიქრებულ ღონისძიებათა შორის, რომლებიც მიმართული იყო ქალთა საერთაშორისო წლის მიზნების მისაღწევად, უმთავრესი ყურადღება ეთმობოდა ეროვნულ, რეგიონულ და საერთაშორისო კვლევით მოღვაწეობას, მონაცემების შეგროვებას ქალების მდგომარეობის აბსოლუტურად ყველა ასპექტის შესახებ და მათ ანალიზს. ეს გარემოება გათვალისწინებული იყო აგრეთვე ათწლეულის პროგრამის „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქალები-ს ფარგლებში ჩასატარებელი იმ ღონისძიებების დამუშავებისას, რომლებიც ტარდებოდა დევიზით: თანასწორობა, განვითარება და მშვიდობა. ამ პერიოდში გაეროს სისტემაში ამოქმედდა ქალების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად გამიზნული საერთაშორისო სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი. კვლევის უმნიშვნელოვანესი სფეროების განსაზღვრა ხდებოდა ათწლიანი პროგრამის ქალები: დასაქმება, ჯანდაცვა, განათლება, პოლიტიკური მოღვაწეობა ამოცანების შესაბამისად. ქალთა დეკადის განმავლობაში კონვენცია ქალის მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ რატიფიცირებული იქნა 130 ქვეყნის მიერ, რასაც უაღრესად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგანაც აღნიშნული კონვენცია წარმოადგენს სპეციალურად ქალებზე მიმართულ ყველაზე უფრო მნიშვნელოვან საერთაშორისო ხელშეკრულებას.

1993 წლის ვენის ადამიანის უფლებათა მსოფლიო კონფერენციაზე 171 ქვეყნის წარმომადგენლებმა მიიღეს ვენის დეკლარაცია, რომელშიც დეკლარირებულია: ყველა ადამიანის უფლება უნივერსალური, განუყოფელი, ურთიერთდამოკიდებული და ურთიერთდაკავშირებულია. კონფერენცია გადაიქცა ქალთა მიერ შემუშავებული ხედვისა და პრაქტიკის გატარების საშუალებად. მისი საწყისი მოწოდება და დღის წესრიგი არც ქალებისაკენ იყო მიმართული და არც გენდერული ასპექტისაკენ, მაგრამ მას შემდეგ, რაც კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნა ადამიანის ისტორიული სტატუსის ხელახალი შეფასება, ქალის უფლებების საკითხი საერთაშორისო საზოგადოებრიობის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. სწორედ ამ კამპანიამ გაიტანა პეტიცია, რომელიც მსოფლიო კონფერენციას მოუწოდებდა ყველა დონეზე გაეთვალისწინებინა ადამიანის - ქალის უფლებები და ეღიარებინა გენდერული ძალადობა, როგორც საყოველთაო ფენომენი, რომელიც განსხვავებულ ფორმებს იძენს სხვადასხვა კულტურულ, მასობრივ და კლასობრივ გარემოცვაში და როგორც ადამიანის უფლებათა შელახვა, რომელზეც მყისიერი რეაგირებაა საჭირო.

მართალია ქალის ადამიანის უფლებების სისტემა უაღრესად მნიშვნელოვანია სამართლებრივი და პოლიტიკური ცვლილებების ლობირებისათვის როგორც საერთაშორისო, ისე ეროვნულ დონეებზე, ის ასევე მნიშვნელოვანი იარაღია ყოფით დონეზეც, ასწავლის ქალებს იმ უფლებებს, რომელიც მათმა მთავრობებმა უნდა აღიარონ, ის ასევე ასწავლის მათი გამოცდილების ანალიზის და ცვლილებების დაგეგმვის ორგანიზებასაც. ადამიანის უფლებათა სისტემა ქმნის სივრცეს, სადაც ქალის ცხოვრებას განსხვავებული ყურადღება ეთმობა. მთავარი კი ის არის, რომ ასეთი რაოდენობის საერთაშორისო ხელშეკრულებების, შეთანხმებებისა და ვალდებულებების არსებობა ქალებს საფუძვლიანი პოლიტიკური საყრდენით და ავტორიტეტული ორიენტირებით უზრუნველყოფს. (შ ბანჩი,. 2002).

კითხვები და დავალებები:

1. რა არის ქალის შესახებ უარყოფითი შეხედულების მიზეზი?

2. რამ განაპირობა ქალის შესახებ შეხედულების ტრანსფორმირება?

3. როგორია სახელმწიფო პოლიტიკა ქალთა საკითხის მიმართ?

4. გააანალიზეთ ქალების მიმართ გატარებული პოლიტიკის ტიპები.

5. რაში მდგომარეობს ქალის სოციალური სტატუსი?

ლიტერატურა:

1. გენდერული თეორიების ანთოლოგია. თბ. ბაკურ სულაკაურის გამოცემა. 2002

2. ქალის ადამიანის უფლებები ნაბიჯ-ნაბიჯ, თბ., გამომც. „ლოგს პრესი“, 2001

3. საერთაშორისო კონვევციები ქალის უფლებების სფეროში, საქართველოს საკანონმდებლო და რეალურად მოქმედი მექანიზმები. თბ., 1998.

4. Элиас Н., Социальная теория, THESIS. № 6. М., 1994 .

5. Лорбер Дж., Пол как социальная категория . THESIS. № 6. М. 1994.

6. Фурье Ш., Избр. Соч., М., 1951, Т.1

7. Белинский Б., Полн. Собр. Соч. Т.12

8. Чернишевский Н.Г. Полн. Собр. Соч., Т.1

9. Маркс К., Энгельс Ф., Соч. Т. 32

10. Кикнадзе Т. Р., Социально-культурная и духовная трансформация современного общества: Гендерный аспект. „Социально-гуманитаррые знания“, М., 2002.

11. Lorber J., Gender Inequality, Feminist Theories and Politics. Roxbary Publishing C ompany. Los Angeles, California.

12. Lindsey L.L., Gender Roles. A Sociological Perspective, Prentice Hall, Upper Saddle River, New Jersey 07458.

13. Women, Culture and Society, A Reader, Edited by B.B Ballet, P. McDaniel. For The Women's Studies Program. Rutgers University - New Brunswick.

_______________

1. ამ კონფერენციებზე მიღწეულ შეთანხმებებს იურიდიული ძალა არ გააჩნია; თუმცა, აქვთ დიდი მორალური და პოლიტიკური დატვირთვა. მათი გამოყენება შეიძლება ადგილობრივი, ეროვნული ან რეგიონული მიზნების მისაღწევად. კონფერენციის მასალები შეიძლება გამოყენებული იქნეს აგრეთვე საერთაშორისო ხელშეკრულებების (მაგალითად, ისეთების, როგორიც არის ხელშეკრულება სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ უფლებებზე) გასაძლიერებლად და ინტერპრეტირებისათვის. როდესაც ქვეყანა ხელს აწერს ასეთ ხელშეკრულებას, მას საერთაშორისო კანონის სტატუსი ეძლევა.

6 თავი V რელიგია და პატრიარქატი

▲ზევით დაბრუნება


6.1 1. რელიგიურ-ეთიკური მემკვიდრეობის გავლენა ქალთა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში ჩართვაზე

▲ზევით დაბრუნება


რელიგია ის სფეროა, რომელშიც ადამიანი ცხოვრობს როგორც სულიერების მატარებელი, ეს მისი ზღვრული იმედებისა და მოლოდინის, მონანიებისა და განწმენდის, მისი ჭეშმარიტი, ღრმად დაფარული არსის შეცნობის წყაროა. ხოლო ადამიანების ყოველდღიური საქმიანობა, მათი მიწიერი, მატერიალური ბუნებით განპირობებული ურთიერთობები, უპირველეს ყოვლისა, ძალაუფლება და დაქვემდებარება ეკონომიკისა და პოლიტიკის სფეროა.

რელიგიური ტრადიცია წარმოადგენს სრულიად რეალურ, ხელშესახებ სოციალურ ძალას. ტრადიციულ საზოგადოებაში რელიგიურ ინსტიტუტებს საკრალური ავტორიტეტი გააჩნიათ, ამიტომაც ისინი რეალურ ძალაუფლებას ფლობენ.

ტრადიცია მემკვიდრეობითობის ერთ-ერთი მძლავრი მექანიზმია საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში. იგი მყარი საშუალებებით და კანონებით, ნორმებით და ფასეულობებით გადასცემს ადამიანების აზროვნების და ქცევის გარკვეულ ფორმებს. სწორედ მდგრადი ფორმებით ფიქსირდება საზოგადოებრივ ცნობიერებაში და მომავალ თაობებს გადაეცემა მთელი ინფორმაცია ადამიანების გამოცდილების შესახებ. თუკი რელიგიური ტრადიციონალიზმი რიტუალებისა და დღესასწაულების მეშვეობით გადმოსცემს მითებსა და ლეგენდებს, კულტურული ტრადიციონალიზმი (მეცნიერება, ხელოვნება, საზოგადოებრივი ორგანიზაციის სფეროები: პოლიტიკა, ეკონომიკა, სამართალი) ამას მუდმივად ახორციელებს სრულყოფის პროცესში მყოფი მექანიზმებით, რომლებიც ითვალისწინებს პრაქტიკულ და თეორიულ გამოცდილებასა და ცოდნას გარკვეული დარგის შემდგომი განვითარებისათვის. ამიტომაც, პრაქტიკულად ნებისმიერი საზოგადოება და სფერო, რაკი ისინი მუდმივად გადაინაცვლებენ ტრადიციონალიზმის ერთი ფორმიდან მეორეში, ტრადიციონალიზმის გარკვეულ დონეზე იმყოფებიან და გარკვეულ წილად ტრადიციული არიან.

ტრადიცია, როგორც საზოგადოებრივი მოვლენა, თავისთავად არ არსებობს. იგი მხოლოდ ახასიათებს საზოგადოების ქცევის მყარი და განმეორებითი ფორმების მთელ კომპლექსს. ქცევის მუდმივად განმეორებადი საშუალებები დროთა განმავლობაში გამოიმუშავებს საკუთარ იდეოლოგიურ საფუძველს ანუ შეიძენს იმ იდეებსა და ცნებებს, რომლებიც აუცილებელია მათ გასამართლებლად, შესანარჩუნებლად და აღსადგენად საზოგადოებრივი სტაბილურობის პირობებში. სულ მალე თავად ტრადიციები ხდება სტაბილურობის საფუძველი და მსოფლმხედველობისა და აზროვნების სისტემად გარდაიქმნება, რაც უზრუნველყოფს საზოგადოების ურთიერთობების სიმტკიცეს მაკროისტორიულ დონეზე, პოლიტიკური სტაბილურობის ჩათვლით. აქ უკვე სისტემა გვკარნახობს არა მხოლოდ ბუნებისა და საზოგადოებრივი ცხოვრების ძირითადი მოვლენის ახსნას, არამედ განსაზღვრავს კიდეც საზოგადოებრივი ამოცანების გადაწყვეტის ძირითად მიდგომებს, ე.ი. გვკარნახობს სოციალური პრობლემების გადაწყვეტის საშუალებას, ხელისუფლებისა და სუბიექტის ურთიერთობას. ასეთი სისტემის მთავარი გამოხატულებაა საზოგადოებრივი სტერეოტიპები, კანონიკური ტექსტის ავტორიტეტი, ჩვეულებრივი სამართალი.

„ბავშვობაში ქალი მამას უნდა ემორჩილებოდეს, მოწიფულობაში - ქმარს, ქმრის სიკვდილის შემდეგ - ვაჟიშვილებს. ქალი მორჩილებისაგან თავისუფალი არასდროს უნდა იყოს, - ამბობს ინდოელების ,,მანუს კანონები“.

„მადლობელი ვარ უფალო, რომ შენ მე ქალად არ გამაჩინე“, - იმეორებს ყოველდღიურ ლოცვაში ორთოვოქსი იუდეველი.

,,ცოლებო, დაემორჩილეთ თქვენს ქმრებს, როგორც უფალს, რადგან ქმარი არის ცოლის მბრძანებელი, ვითარცა ქრისტე - ეკლესიის”, - გვარიგებს ბიბლია.

„ქმრები ცოლებზე მაღლა დგანან იმიტომ, რომ ალაჰმა უბოძა პირველთ უპირატესობა მეორეებზე“ - გვიმტკიცებს ყურანი.

ზემოთ მოყვანილი შეხედულებები საკმაოდ დამაჯერებლად ცხადყოფს, რომ განსხვავებული რელიგიური სწავლებანი ერთხმად აცხადებენ საზოგადოებაში ქალების დაქვემდებარებული როლის შესახებ. ტრადიციულად, რელიგიური მოძღვრებები საყოველთაოდ აშუქებენ საზოგადოებაში ქალის არათანასწორუფლებიან მდგომარეობას, ამიტომაც სრულიად გამართლებული ჩანს იმის მტკიცება, რომ რელიგია უსქესო არ გახლავთ - იგი წარმოშობით მამრობითი სქესისაა.

დღევანდელ პირობებში, როცა ქალი ცდილობს განავითაროს თავისი უნარი და შესაძლებლობანი, იგი თავისდაუნებურად დგება მემკვიდრეობითი, ტრადიციულად მიღებული ემოციური განწყობილების და ორიენტაციის შეცვლისა და გადახალისების წინაშე არა მხოლოდ გარე ოპოზიციასთან, არამედ საკუთარ თავთან ბრძოლის გზითაც, იმ წინააღმდეგობებთან ბრძოლის გზით, რომლებიც მასში იყო ჩამოყალიბებული ტრადიციული იდეალების დაფუძნებით.

საზოგადოებრივ წარმოებაში ქალების ჩართვა განუხრელად იზრდება. ეს დამაჯერებლად მოწმობს, რომ ქალთა სოციალური სტატუსის გადასინჯვა ობიექტური აუცილებლობა ხდება. აღნიშნული კანონზომიერი ტენდენციის ტემპები და მისი უმტკივნეულობა დამოკიდებულია არა მხოლოდ ეკონომიკურ განვითარებაზე, არამედ იდეოლოგიური ხასიათის ფაქტორებზეც. მათ რიცხვს მიეკუთვნება სტერეოტიპები, რომელთა შენარჩუნება ადამიანის ცნობიერებაში უდიდეს წილად დამოკიდებულია რელიგიასა და მის ინსტიტუტებზე.

დღეს ხშირად აუცილებელი ხდება რელიგიური პრაქტიკისა და ტრადიციების გარდაქმნა და ხელახლა ფორმირება, რათა ისინი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი თანასწორუფლებიანობის არსთან, რომელიც საფუძვლად უდევს რელიგიურ ტრადიციებს. შესწორების, გარდაქმნისა და ფორმულირების შეცვლის მცდელობანი მთელს მსოფლიოში მიმდინარეობს. მსოფლიოს მოსახლეობის ორი მესამედი თავის თავს რომელიმე რელიგიას უკავშირებს, ამიტომ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ რელიგიური ხმები ძალზე მნიშვნელოვან როლს ასრულებს და თავისი წვლილი შეაქვს თანასწორუფლებიანი სოციალური სტრუქტურების განვითარების საქმეში. უფრო მეტიც, ვინაიდან ქალების ჩაბმა ცხოვრების ყველა სფეროში დღევანდელი რეალობით არის ნაკარნახევი, რელიგიურ ხმებს რაღაც კონსტრუქციულის შეტანა შეუძლიათ ამ პრობლემის განხილვაში.

შეუძლიათ თუ არა ეგრეთ წოდებულ ეროვნულ მოძღვრებებს იმგვარად გარდაქმნა, რომ მხარში ამოუდგნენ საზოგადოებრივ პროგრესს, რომლის ერთ-ერთი კომპონენტიც ქალთა დისკრიმინაციის ლიკვიდაციაა. ამ კითხვას სხვადასხვანაირად პასუხობენ.

ერთნი, მეტად კონსერვატულად განწყობილნი, საკითხის ასე დაყენებას უსაფუძლოდ თვით რელიგიის არსის წინააღმდეგ მიმართულად თვლიან. სხვანი, რომელთა რიცხვიც მეტად მნიშვნელოვანია, მზად არიან და მიისწრაფვიან მოახდინონ რეფორმირება ტრადიციულ რელიგიურ მოძღვრებაში.

6.2 2. ქალი და იუდაიზმი

▲ზევით დაბრუნება


ებრაელები თავს რჩეულ ხალხად თვლიან, რაც ღმერთთან მათი სულიერი კავშირით არის განპირობებული. ხანდახან იუდაიზმს ებრაელების სულიერი და პოლიტიკური ლიდერის სახელის მიხედვით - „მოსეს კანონსაც“ უწოდებენ. იუდაიზმის „წმიდა“ წიგნებად თორა და თალმუდი ითვლება. თორა - ყველი აღთქმის პირველი ხუთი წიგნის კრებითი სახელწოდებაა.

თვით სიტყვა თორა კი მითითებას, მოქმედების სახელმძღვანელოს ნიშნავს. წმიდა წიგნები შეიცავს ამბავს სამყაროსა და ადამიანის შექმნის შესახებ, აღწერს ღმერთისა და ადამიანების ურთიერთობას ადამისა და ევას სამოთხიდან განდევნის შემდეგ. ხუთწიგნეულის განსაკუთრებული სიუჟეტია ღმერთისა და ებრელი ხალხის ურთიერთობა და ხელშეკრულების - „აღთქმის“ დადება. წიგნებში განსაკუთრებული ადგილი უკავია აგრეთვე რელიგიურ და სამართლებრივ საკითხებს. თორის კულმინაციურ სიუჟეტს წარმოადგენს მოსე წინასწარმეტყველის ქმედებების და იმის აღწერა, თუ როგორ უბოძეს მას ღვთის ,,მცნებები”. თალმუდი (მოძღვრება, მეცნიერება) თავდაპირველად მიშნას1 კლასიკური ახსნა-განმარტების აღსანიშნავად იხმარებოდა, დიდი ხელოვნებით შესრულებული განმარტება კი ჯემერას სახელით არის ცნობილი. დღეისათვის არსებობს ბაბილონური და იერუსალიმის (პალესტინის) თალმუდები.

იუდაიზმში ყველაფერი თორის მცნებებით და დარიგებებით რეგულირდება: საკვების მიღება, პირადი ურთიერთობები, სამსახური და ა.შ., ხოლო იმის ახსნა, რაც თორაში არ არის ასახული, მრავალსაუკუნოვანი განმარტებებისა და ინტერპრეტაციის საშუალებით ხდება. ასე რომ იუდაიზმში ავტორიტეტის სამი ურთიერთგადამკვეთი სტრუქტურაა - ღმერთი, თორა და განსწავლულ ბრძენთა მიერ თორის ახსნა-განმარტება და ინტერპრეტაცია. თეორიულად თითოეული მათგანი ავტონომიურად არსებობს, მაგრამ სინამდვილეში ისინი დინამიკურად ერწყმიან ერთმანეთს. თუმცა ითვლება, რომ ღმერთი თავის ნებას თორის საშუალებით გამოხატავს, მაგარამ არსებობენ, აგრეთვე, ბრძენნი-რაბინები, რომლებიც ამ ნებას ყოველთვის ისტორიული პერიოდის შესაბამისად ხსნიან.

იუდაიზმის უმრავლეს კანონებს იზიარებენ როგორც მამაკაცები, ისე ქალები, მაგრამ ჩვენი ცოდნის უდიდესი ნაწილი მისი საფუძვლების შესახებ დაკავშირებულია ლიდერი მამაკაცების ღმერთთან ურთიერთობასთან. იუდაიზმი სქესობრივი ნიშნით არის დაყოფილი და მამაკაცებზეა ორიენტირებული. ებრაული თემების უმრავლესობამ მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა სქესობრივი სეგრეგაციის ბევრ საკითხში და ქალს საშუალება მისცა უფრო მნიშვნელოვანი როლი შეესრულებინა იუდაიზმის საზოგადოებრივ სფეროში, თუმცა ამ მონაწილეობის ხარისხი სხვადასხვა თემში სხვადასხვანაირია. ორთოდოქსული იუდაიზმი კი მკაცრად იცავს თავის ტრადიციულ პოზიციებს. სიუზან სტარი ამ პოზიციას ასე გადმოგვცემს: ტრადიციულად იუდაიზმი მამაკაცებს მიმართავს, გვასწავლის, რომ ღვთაებრივი მიმართვა, ძირითადად, მამაკაცების, აბრამისა და მოსეს საშუალებით იქნა გადმოცემული, შესაბამისად, ლიდერობის პრივილეგიას იგი მამაკაცებს ანიჭებს და ტრადიციულად ქალებს არ უშვებს რელიგიური გამოვლინებების ისეთ ცენტრალურ სფეროებში როგორიცაა: განათლების მიღება და სიტყვიერი მონაწილეობა სინაგოგაში. დისკრიმინაციულია იუდაიზმი მემკვიდრეობის საკითხებშიც. ლოცვებსა და კანონებსაც მამაკაცები ქმნიან. მიუხედავად ამისა, ქალები ებრაელი ხალხის ისტორიულ განვთარებაში მეტად მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ. სიუზან სტარის აზრით, იუდაიზმი მაინც იძლევა იმის მტკიცების საშუალებას, რომ ქალები სრულყოფილი და მამაკაცის თანასაწორუფლებიანად შექმნილნი ადამიანური არსებები არიან. ღმერთმა ხელშეკრულება დადო მთელ ებრაელ მოსახლეობასთან (მამაკაცებთან და ქალებთან) და არა მარტო მამაკაცებთან. (Sered, 1992). სხვადასხვა ენაზე თარგმნილ ბიბლიურ ტექსტებში ნათქვამია, რომ ცოლი შექმნილია ქმრის „დამხმარედ“ და მასში (ქმარში) სიყვარულის გრძნობის გასაღვიძებლად. ებრაული ტექსტი სიტყვა „დამხმარეს“ მამრობით სქესში ხმარობს და იგი ძველ აღთქმაში 110-ჯერ მეორდება და ყოველი მისი მოხსენიებისას ლაპარაკია პარტნიორულ, თანასწორუფლებიან ურთიერთობებზე. თუ მამაკაცი დაიმსახურებს, ცოლი მისთვის მოკავშირე და პარტნიორი იქნება, თუ არა - მოწინააღმდეგე. (Кураев, 1996)

მართლაც, ბიბლიური ტექსტები ხშირად მოგვითხრობენ იმ ერთგული ქალების გულად ქმედებებზე, რომლებიც მამაკაცებისაგან დამოუკიდებლად მოქმედებენ ზოგჯერ მამაკაცილიდერების წინააღმდეგაც. სწორედ პატრიარქალური ტრადიციების წინააღმდეგ გამოდის რებეკა, როდესაც ავითარებს ღვთაებრივ გეგმას თავისი უმცროსი ვაჟიშვილის იაკობის დასაცავად. ასევე მოსე, რომელმაც შემდეგ ებრაელი ხალხი ეგვიპტიდან გამოიყვანა, ბავშვობაში სიკვდილს მხოლოდ ქალების შემწეობით გადაურჩა, რომლებმაც ფარაონის გეგმები ჩაშალეს. თავდაპირველად ბებიაქალები შიფრა და ფუა არ დაემორჩილენ ფარაონის

ბრძანებას - მოეკლათ ყველა იუდეველი ახალშობილი ბიჭი, რომელიც მათ მიიღეს. მოსეს დაბადების შემდეგ კი მისი უფროსმა დამ - მირიამმა მოახერხა, რომ იგი ფარაონის ქალიშვილმა იშვილა, ხოლო მისი ღვიძლი დედა აღმზრდელად აიყვანეს. ასე რომ, მირიამმა იგი არა მხოლოდ გადაარჩინა, არამედ მისი იუდეველად აღზრდაც უზრუნველყო.

ქალები მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ აგრეთვე ისრაელის რელიგიურ განვითარებაში. ამის მაგალითია დებორა - წინასწარმეტყველი და თორმეტ მსაჯულთაგან ერთადერთი, რომელიც მისდევს მოსეს ტრადიციას - ნამდვილად უხელმძღვანელოს ებრაელ ხალხს როგორც მოსამართლემ. სწორედ იგი შთააგონებს ვანაკს, წინააღმდეგობა გაუწიოს სოსარას.

ძვ. წ. მეექვსე საუკუნეში წინასწარმეტყველი ჰალდა პასუხიმგებელია კანონის აუტენტურობაზე, რაც საშუალებას აძლევს ებრაელებს გააკონტროლონ ჭეშმარიტი ებრაული ტრადიციები და მათი შესრულება.

რაბინულმა იუდაიზმმა და თალმუდის უფრო გვიანმა განვითარებამ ებრაელების რელიგიური ცხოვრების კონცენტრირება თორის შესწავლასა და სინაგოგაში ყოველდღიური მსახურების ირგვლივ მოახდინეს. როდესაც რაბინული იუდაიზმი იუდაიზმის ნორმატიულ ფორმად იქცა, ქალები თორის სწავლებასა და ყოველდღიურ ღვთისმსახურებას თანდათან ჩამოაცილეს, რაც პრაქტიკულად იმაში გამოიხატებოდა, რომ სინაგოგები და აკადემიები ფაქტობრივად მამაკაცების ხელში დარჩა. მიუხედავად ამისა, თალმუდის აქადური ნაწილები შეიცავენ თხრობათა მთელ სერიას, სადაც ქალები თორის ღრმა და სრულყოფილ ცოდნას ავლენენ.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, იუდაიზმში თანასწორუფლებიანობის არსი მდგომარეობს არა მარტო იმაში, რომ ქალები სრულყოფილი ადამიანები არიან და მამაკაცთა თანასწორად არიან შექმნილნი, არამედ იმაშიც, რომ ღმერთმა ხელშეკრულება მთელ ებრაელ მოსახლეობასთან დადო და არა მარტო მხოლოდ მამაკაცებთან. მაგრამ კლასიკურ მოძღვრებათა უმეტეს ნაწილში არაფერია ნათლად ნათქვამი მათი მონაწილეობის შესახებ, თუმცა კლასიკური რელიგიური ტრადიცია ხშირად წინააღმდეგობაში მოდის ებრაელი ხალხის რეალურ ისტორიასთან.

აღმოჩნდა, რომ თავდაპირველად ქალები ამოღებულ იქნენ აღთქმის დადების პროცესიდან. აღთქმით გათვალისწინებული წინადაცვეთის ცერემონია მხოლოდ მამაკაცების დასწრებით შემოიფარგლა და თვით სინას მთაზე ხელშეკრულების დადებისას მოსე მხოლოდ მამაკაცებს მიმართავს. (გამოსვლა, 9/15) მიუხედავად ამისა, რაბინული იუდაიზმი ადასტურებს აღთქმის პირველ ცერემონიაზე ქალების ყოფნას. და, მართლაც, მთელი თავისი ისტორიის მანძილზე ებრაელი ხალხი გრძნობდა, რომ ქალები ჩართულნი იყვნენ საღმრთო აღთქმაში და მნიშვნელოვან როლსაც კი ასრულებდნენ. აღთქმა დაიდო არა მარტო აბრამთან, არამედ სარასთანაც. ღმერთის თვალში მხოლოდ აბრამისა და სარას ვაჟიშვილი იყო სრულუფლებიანი მემკვიდრე. მოსეს საშუალებით გადმოცემული აღთქმის პირობები ქალებისა და მათ წინაშე საზოგადოების სხვა წევრების კონკრეტულ ვალდებულებებს შეიცავდა. ალბათ, გაცილებით მნიშვნელოვანია აღთქმის საფუძვლების მიღებისა და მათი შენარჩუნების გრძელი ისტორია. სწორედ ჰალდა, წინასწარმეტყველი ქალი, ახდენს აღთქმის აუტენტურობის დადგენას. და, მართლაც, მთელი ისტორიის მანძილზე ებრაელი ქალები თორის ზედმიწევნითი დაცვით და დიეტის (კაშერის) წესების ღრმა ცოდნით ადასტურებდნენ თავის სრულყოფილ მონაწილეობას აღთქმისეულ ცხოვრებაში. მიუხედავად იმისა, რომ შეზღუდული იყო ქალების მიერ თორის შესწავლა, რაბინები მათ კაშერის საკითხში დიდ ავტორიტეტებად მიიჩნევდნენ. როგორც ქრონიკები ადასტურებენ, ასეთ საკითხებში ისინი სისტემატურად მიმართავდნენ თავიანთი ცოლების რჩევებს.

კიდევ ერთი საგულისხმო ფაქტი, რომელიც დაკავშირებულია თორაში გადმოცემული ადამიანის შექმნის შესახებ ორი ამბავის კომენტირებასა და ინტერპრეტაციასთან. პირველ მონათხრობში (დაბადება 1-2:4) ღმერთი სამყაროს შექმნის კულმინაციურ მომენტში ქმნის ადამიანს. მამაკაცი და ქალი, რომელთაც სახელები არა აქვთ, ერთდროულად შეიქმნენ ღმერთის ხატად და მის მსგავსად და ორივეს მიწა გადაეცა მფლობელობაში. მეორე მონათხრობში (დაბადება: 2:4 -3:24) პირველად შეიქმნა ადამი, მის შემდეგ ცხოველები, ხოლო ევა სულ ბოლოს, ადამის ნეკნიდან შეიქმნა, რადგან ცხოველებში ვერ მოიძებნა ადამის შესაბამისი დამხმარე.

პირველი მონათხრობის მიხედვით ადამი და ევა ერთდროულად სრულიად თანასწორუფლებიან ადამიანებად შეიქმნენ ღმერთის მსგავსად და ხატად. მეორე მონათხრობში ქალი მამაკაცის ნეკნიდან შეიქმნა, მისთვის, მასზე დამოკიდებული და დაქვემდებარებული.

ამ ორი მითის რაბინულმა ახსნამ ლილიტის შექმნამდე მიგვიყვანა. ახსნის თანახმად ღმერთმა ფაქტობრივად ადამისათვის ორი ქალი შექმნა - ლილიტი და ევა. როგორც პირველი ამბავი გადმოგვცემს, ღმერთმა პირველი ცოლი ადამის თანასწორად შექმნა, მაგრამ ჩვენთვის უცნობი მიზეზის გამო ლილიტმა მიატოვა ადამი. მიუხედავად ღმერთის მუქარისა, ლილიტი უარს ამბობს დაუბრუნდეს ადამს. ამის შემდეგ ღმერთი ადამისათვის მეორე ცოლს ქმნის, მაგრამ ამჟამად იგი მისი მორჩილია, შექმნილია მისგან და მისთვის.

ასეთი ინტერპრეტაცია ეწინააღმდეგება იმის მტკიცებას, რომ მამაკაცი და ქალი შეიქმნენ როგორც თანასწორუფლებიანები. მიუხედავად ამისა, ისინი, ვინც იუდაიზმში თანასწორუფლებიანობის არსს უჭერს მხარს, მოითხოვენ მეორე ისტორიის დაწვრილებით შესწავლას და ამტკიცებენ, რომ სინამდვილეში იგი ამტკიცებს ქალების სრულფასოვნებას და მამაკაცთან თანასწორობას. ისინი აღნიშნავენ, რომ ქალის მოგვიანებით შექმნა არ ნიშნავს მის მეორეხარისხოვნებას და კაცისადმი მორჩილებას. ფაქტობრივად, შექმნის ასეთი თანამიმდევრობა ექვივალენტობას აღნიშნავს, რადგან იუდეური პოეტური ტრადიციისათვის დამახასიათებელია თანაბარი მნიშვნელობის ელემენტების თავსა და ბოლოში განლაგება. ასე რომ, თხრობის სტრუქტურა, ფაქტობრივად, გადმოგვცემს ერთი და იმავე ელემენტის (მამაკაცის) შექმნას, შემდეგ მოდის არათანასწორუფლებიანი ელემენტების (ცხოველების) შექმნის პროცესი, ხოლო თხრობა მთავრდება მამაკაცის თანაბარი და სწორი ეკვივალენტური ელემენტის (ქალის) შექმნის ისტორიით.

ზუსტად ასევე, ის ფაქტი, რომ ქალი მამაკაცის ნეკნიდანაა შექმნილი, არ ნიშნავს, რომ მას დამოუკიდებლად არსებობა არ შეუძლია. როდესაც მამაკაცი ამბობს, რომ ქალი „ძვალი ჩემი ძვალთაგანი და ხორცი ჩემი ხორცთაგანია“... (დაბადება 2:23) ამტკიცებს, რომ ისინი ერთი მატერიისაგან არიან შექმნილნი და მათი არსიც ერთია.

იუდაიზმი გვთავაზობს მთელ რიგ მტკიცებულებებს და ეჭვქვეშ აყენებს პატრიარქალური ოჯახის სტრუქტურის მართებულობას, რომლის თანახმადაც ოჯახის წევრი ქალები მამების საკუთრებას და მათი სისტემატური კონტროლის ობიექტს წამოადგენენ, ხოლო ცოლის მთავარი დანიშნულება ქმრის სექსუალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება და ვაჟიშვილების გაჩენაა. ეს მტკიცებულებები იუდაიზმში მთელი რიგი ფაქტორების ერთობლიობით არის წარმოდგენილი.

პირველ ფაქტორად გვევლინება ის, რომ თუმცა იუდაიზმი არ უარყოფს ოჯახში მოვალეობების სეგრეგაციას სქესობრივი ნიშნით, იგი არასდროს ამართლებდა მის აბსოლუტურად პატრიარქალურ სტრუქტურას. ძველ ისრაელშიც კი დედასა და მამას ოჯახში თანაბარი სტატუსი ჰქონდათ. ღმერთის აღთქმის შესრულების მეტად მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო მოთხოვნა იმის შესახებ, რომ პატივი ეცათ როგორც მამისათვის, ისე დედისათვის. (დაბადება 20: 12, მეორე რჯული 5:16). თორა ქვრივების, ბავშვებისა და ობლების შესახებ მრავალ დებულებას შეიცავს, სადაც ლაპარაკია იმაზე, რომ მათ, იმისდა მიუხედავად, ჰყავთ თუ არა დამცველი მამაკაცები, თავიანთი უფლებები უნდა ჰქონდეთ.

ქორწინების პროცედურა თალმუდში პატარძლის ყიდვის ახლოაღმოსავლურ ტრადიციასთან ახლოს დგას, მაგრამ სწორი არ იქნება, თუ მას განვიხილავთ, როგორც საკუთრების ერთი მფლობელისაგან (მამისაგან) მეორესათვის (ქმრისათვის) გადაცემის რიტუალს. ებრაული კანონების თანახმად, ქორწინებისათვის აუცილებელია ქალის თანხმობა, ხოლო მამა უნდა დაელოდოს, სანამ მისი ქალიშვილი გაიზრდება, რათა მან თავისი არჩევანი გააკეთოს. აღთქმის მიხედვით, აუცილებელი პირობაა აგრეთვე ის, რომ მამაკაცს ცოლი საკუთარი თავივით უყვარდეს, ხოლო პატივი თავის თავზე მეტად სცეს. ქმარს ყოველთვის ეკრძალებოდა ცოლის ცემა. ქმრისა და ცოლის ურთიერთდამოკიდებულება კი იდეალურ მოვლენად ითვლება.

ქალზე ზრუნვის დამადასტურებელია კანონი ოჯახისა და განქორწინების შესახებ. ბიბლიის მიხედვით, ქალს არ შეეძლო აღეძრა საქმე განქორწინების შესახებ, მაგრამ მოგვიანებით რაბინებმა ებრაული სასამრთლოებისათვის გამოსავალი ნახეს და მამაკაცები აიძულეს ქალებისათვის განქორწინება ნებაყოფლობით მიეცათ. ასეთმა ნაბიჯმა დადებითი შედეგი გამოიღო და შესაძლებელი გახადა გვერდი აევლოთ კანონისათვის, რომლის თანახმადაც, ქალებს, რომლებიც ქმრებმა მიატოვეს ან დაქვრივდნენ, არ შეეძლოთ მეორედ გათხოვება, რადგან არ ჰქონდათ დამამტკიცებელი საბუთი. ასეთი ვითარება ქორწინებაში ქალს მამაკაცის თანაბარ სტატუსს არ აძლევდა და ამ უკანასკნელის დომინირებას უსვამდა ხაზს. განხორციელებული ცვლილებები კი ნათლად ადასტურებს ეგალიტარული ტენდენციების არსებობას და ოჯახის სტრუქტურის მოქნილობას იუდაიზმში.

შემდეგი ფაქტორი, რომელიც პატრიარქალური გაგების წინააღმდეგ არის მიმართული, შთამომავლობის რეპროდუქციის მეორადობაა. ებრაული კანონების მიხედვით, ქორწინების უპირველესი მიზანი ჰარმონიული ურთიერთობებია და არა შვილების გაჩენა. სექსუალური ურთიერთობებისას უმნიშვნელოვანესი პირობა კი ცოლ-ქმრის ფიზიკური სიამოვნება და ოჯახური ბედნიერების შექმნა მაგრამ რეპროდუქცია ებრაული ოჯახის ცხოვრებაში მაინც მეტად მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მიუხედავად თორისა და თალმუდის მითითებისა, რომ მამაკაცები და ქალები უნდა განაყოფიერდნენ და გამრავლდნენ (დაბადება 1:28), იუდაიზმი მხოლოდ მამაკაცს ავალებს იზრუნოს გამრავლებაზე, რაც ქალებს უფლებას აძლევს იხმარონ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები, მაგრამ ასეთი გადაწყვეტილების მიღების დროს ქალი ვალდებულია იზრუნოს ცოლ-ქმრის, ოჯახისა და უკვე დაბადებული შვილების კეთილდღეობაზე. და, მართლაც, სხვადასხვა რაბინული ახსნა - განმარტების საფუძველზე შვილებს ეძლევათ საშუალება დაგეგმონ თავიანთი ოჯახის გამრავლების პროცესი და, შესაბამისი არგუმენტების შემთხვევაში, უარი თქვან დიდი რაოდენობით შთამომავლობის გაჩენაზე.

______________

1. ძვ. წ. III საუკუნაში შეკრებილი და აღდგენილი ძველი ებრაული კანონების კრებული, რომელიც დაყოფილია 6 და 63 პატარა ნაწილად. აღნიშნული კრებული არის ადრინდელ ბრძენთა ტრადიციების გაგრძელება და თალმუდის განხილვისა და შესწავლისას მის საფუძველს წარმოადგენს.

6.3 3. ქალი და ქრისტიანობა. პატრიარქალური სოციალურ-პოლიტიკური ურთიერთობების ფემინისტური რევიზია

▲ზევით დაბრუნება


სამყარო, რომელშიც ქრისტიანობა აღმოცენდა პატრიარქალური იყო ანტიკური სამყაროს საზოგადოებრივი აზრი არ ცნობდა ქალის და მამაკაცის თანასწორობას.

არისტოტელე თავის „პოეტიკაში“ წერდა, რომ ქალი შეიძლება იყოს კეთილშობილი, თუმცა თავისი ბუნებით იგი მდაბალი არსებაა. დაახლოებით ასეთი განწყობა სუფევდა ქალისადმი მთელი წარმართული პერიოდის განმავლობაში.

II საუკნის რომაელი ფილოსოფოსი ცელსუსი თავის თხზულებაში „მართალი სიტყვა“ წერდა, რომ თუ ღმერთს მიწაზე სულის გამოგზავნა უნდოდა, რა საჭირო იყო იგი ისეთ უწმინდურ ადგილას მოეთავსებინა როგორიც ქალის მუცელია. მაგრამ ამასთან, იგი ტრადიციული მითოლოგიის ფარგლებში დასაშვებად თვლიდა, რომ ღმერთს შეიძლება შეუყვარდეს მშვენიერი და დიდებული ქალი.

ჩვენი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეებში გაჩნდა ე.წ. ქალთა ქება. ქალის მთავარ ღირსებად მიჩნეული იყო თავმდაბლობა, ერთგულება, საკუთარი ღიირსების გმირული დაცვა. ხშირად ლაპარაკი იყო არა რეალურ, არამედ სასურველ ქალზე. შემთხვევითი არ იყო, რომ პლუტარქე თავისი თხზულების პირველივე ფრაზაში არ ეთანხმებოდა ფუკიდიდს, რომელსაც მიაჩნდა, რომ საუკეთესოა ის ქალი, რომელზეც უცხოები ყველაზე ნაკლებს ლაპარაკობენ როგორც საქებრად, ისე გასაკიცხად. მორალისტ პლუტარქეს მიაჩნდა, რომ, პირიქით, ქალს ქება უნდა შეასხა. ამ პერიოდისათვის დამახასიათებელია ისიც, რომ წარსულ დროთა გმირი ქალების ქებასთან ერთად, გავრცელებული იყო წარმოდგენა ქალის, როგორც ბნელი საწყისის მატარებლის შესახებ. ლიტერატურაში გაჩნდა ალქაჯების, მომწამვლელი ქალების სახეები, რომლებიც მიწისქვეშა სამყაროს საშინელ ღმერთთან იყვნენ დაკავშირებული (Свенцицкая, 1995).

ბერძნებს ომი ადამიანისათვის ჩვეულ მდგომარებად მიაჩნდათ. არმია პოლისის შექმნისა და არსებობის უმნიშვნელოვანესი ასპექტი და პირობა იყო სპარტაში ოჯახი, როგორც სახელმწიფოს პირველადი წარმონაქმნი, არმიამ შეცვალა. წარმოიქმნა და დაკანონდა მამაკაცთა სხვა ტიპის თანამეგობრობა - ჰომოსექსუალიზმი, რომელიც ყველაზე მეტად გამოვლინდა თებეში ძვ.წ. მეოთხე საუკუნეში. აქ შეიქმნა საყვარელთა წმინდა კავშირი, რომლის წევრებიც მხარდამხარ იბძოდნენ. მსგავსი ინსტიტუტები მოწოდებული იყო ბრძოლის დროს გაეღვივებინათ დისციპლინირებული, კოლექტიური მამაცობის გრძნობა და სიცოცხლის ერთობლივი შეწირვის სურვილი აღეძრათ.

მეომარი მამაკაცებისაგან განსხვავებით, ქალები წარმოადგენდნენ იმათ, ვინც უნდა დაეცვათ და ვინც ოჯახის მეურნეობაში იყო დასაქმებული. ისინი გაბატონებული სამხედროპოლიტიკური სამყაროს ნაკლებად მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდნენ. ცხადია, ასეთი ვითარება სქესობრივ სეგრეგაციას უწყობდა ხელს.

ქრისტიანობა თავისი მოძღვრებით და ინსტიტუციონალური სტრუქტურით თანასწორუფლებიანობის დამცველად მოგვევლინა. ადრე დაწესებული ნორმებისაგან განსხვავებით, იესო ქრისტე ხშირად და ღიად ადასტურებდა ქალების ღირსებას. მისი სიკვდილის შემდეგ ისინი მეტად მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ ეკლესიის ინსტიტუტების შექმნაში, რადგანაც მთავრი რიტუალი იყო მონათვლა და არა წინადაცვეთა. ქრისტეს მოწაფეები თემში გაერთიანდნენ. პირველი ქრისტიანული ორგანიზაციები სწორედ თემის სახით არსებობდა. მორწმუნენი აქ ერთნაირი უფლებებით სარგებლობდნენ, თუმცა იყვნენ ხელმძღვანელები - მოციქულები, წინასწარმეტყველები, მასწავლებლები, რომელთაც ასეთი მდგომარეობა მხოლოდ მათი პირადი თვისებების გათვალისწინებით ეკავათ და როგორც ქალს, ისე მამაკაცს შეეძლო დაეკავებინა გამორჩეული მდგომარეობა. ამ პერიოდის ქრისტიანულ ძეგლებში ხშირად ვხვდებით გამოჩენილი ქალების სახელებს.

ჩვენი წელთაღრიცხვის მეორე საუკუნეში, როდესაც რომში ქრისტიანობა ოფიციალურ რელიგიად გამოცხადდა, ქალებს საბოლოოდ დაეხშოთ გზა საეკლესიო იერარქიასა და თემის ხელმძღვანელობაში. თანასწორუფლებიანობა პატრიარქალური ინსტიტუციური სტრუქტურებით შეიცვალა. ასეთ ცვლილებებს თან ახლდა საღვთისმეტყველო მოძღვრება, რომელიც პატრიარქალურ წესრიგს ღვთის ნებას მიაწერდა და დაჟინებით მოითხოვდა მამაკაცსა და ქალს შორის ისეთ ურთიერთობებს, როცა მამაკაცი ხელმძღვანელობს, ხოლო ქალი მორჩილია.

საზოგადოებრივ ურთიერთობათა პატრიარქალური ხასიათი პრაქტიკულად მრავალი საუკუნეის განმავლობაში ბატონობდა. რელიგიური სამართალი და ინსტიტუტები საყოველთაო პატრიარქალური წესების ურყევ დამცველებად გამოდიოდნენ. მხოლოდ XVI საუკუნემ - რეფორმაციის პერიოდმა, როდესაც ქრისტიანობაში რადიკალური ცვლილებები მოხდა, რაც გამოწვეული იყო ფეოდალიზმის ნიადაგზე ახალი ბურჟუაზიული ურთიერთობების ჩასახვით და განვითარებით, თან მოიტანა ,,ფემინისტური აღორძნების” სიო. მოკლე შუალედმა ლუთერსა და კალვინს შორის მოიტანა თავისუფლების გაელვება. ბეატრისა გალენდო, ფრანჩესკა დელებრისკა, ეკატერინე არაგონელი, დედოფალი მერი, ანა ბეკონი, ჯეინ გრეი, მარგარეტ როპერი, მერი სიდნეი - აი, რეფორმაციის დასაწყისის რამდენიმე გამოჩენილი ქალიც სახელი.

კეთილისმყოფელ გარდაქმნათა სიო, თუმცა ჯერ კიდევ სუსტი და ხანმოკლე, ხელახლა იგრძნობოდა XVIII საუკუნეში, საფრანგეთისა და ამერიკის ბურჟუაზიულ რევოლუციათა პერიოდში, რომელმაც წამოაყენა ლოზუნგი: „თავისუფლება, თანასწორობა და სამართლიანობა“. მაგრამ როგორც კი რევოლუციური ქარიშხალი ჩაცხრა, საზოგადოებამ უცებ მიივიწყა გამარჯვებაში ქალების წვლილი. სახელმწიფოს ყველა საკანონმდებლო და აღმასრულებელ ორგანოში უპირატესობა მხოლოდ მამაკაცებს ეძლეოდათ. ქალები ძველებურად ელემენტარული პოლიტიკური უფლებების გარეშე დარჩნენ.

მხოლოდ XX საუკუნეში მიიღო შეუქცევადი ხასიათი დისკრიმინაციის წინააღმდეგ მიმართულმა მოძრაობამ. ყოველ ათწლეულში, განსაკუთრებით 60-იანი წლების დასაწყისიდან, ის სულ ახალ და ახალ ძალებს იკრებს. მის რიგებში ერთიანდება თანამედროვე საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენელი.

ქალთა დისკრიმინაციის წინააღმდეგ მიმართულმა რეფორმატორულმა მოძრაობამ ყველაზე დიდი გაქანება სწორედ ქრისტიანულ სამყაროში მიიღო, რაც დასავლეთის ქვეყანების უმრავლესობაში საზოგადოებრივ პროგრესთან არის დაკავშირებული. რეფორმატულად მოაზროვნე თეოლოგები და ეკლესიის წარმომადგენლები ფემინისტური მოძრაობის ზეგავლენით, და, რაც მთავარია, თანამედროვე საზოგადოებაში მიმდინარე ცვლილებების გათვალისწინებით, წმინდა წერილებისა და ქრისტიანული საზოგადოების ახალ ინტერპრეტაციასაც მიმართავენ იმ მიზნით, რომ უარი თქვან იმ დებულებებზე, რომლებიც ქალების დისკრიმინაციის საფუძველს წარმოადგენს. ამ მოძრაობის უდავო მიღწევაა ქალების დაშვება საეკლესიო ეპარქიაში, თუმცა კონფესიონალურ თემში სასულიერო პირებს შორის ქალთა რაოდენობა ძალიან მცირეა. ისინი საერთოდ არ არიან საეკლესიო ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში.

როგორც მართებულად აღნიშნავენ ფემინისტი ქალები, ქრისტიანობა ჯერ კიდევ რჩება „მამაკაცთა რელიგიად“, რომელიც ქალთა დისკრიმინაციის გამომწვევ სტერეოტიპებს უჭერს მხარს, რასაც შემდეგი წარმოდგენებიც ემსახურება:

უპირველეს ყოვლისა, „ღმერთის სახე“, როგორც მამაკაცისა. სინამდვილეში „ძველ აღთქმაში“ ღმერთს სქესი არა აქვს. მთელი ისტორიის მანძილზე ეკლესიას მამაკაცები მართავდნენ და თავადვე განმარტავდნენ წმინდა წერილს. ღმერთის ხსენებისას მხოლოდ მამრობითი სქესის ნაცვალსახელს ხმარობდნენ და ქრისტიანული სამება მამრობითი სქესის ტერმინებისაგან (მამა, ძე და სული წმინდა) შედგება და ა.შ. ყოველივე ამან საზოგადოებრივ ცნობიერებაში წარმოშვა ღმერთის, როგორც მამრობითი სქესის რწმენა.

მეორე, ისტორია ქალის დამორჩილებული მდგომარეობის განჩინებისა, რომლის საფუძველსაც ბიბლიური ამბავი - ადამის ნეკნიდან მისი სამსახურისათვის ევას შექმნა - წარმოადგენს.

მესამე, ქრისტიანულ სიმბოლიკაში ქალი წარმოდგენილია ორ ჰიპოსტაზში - ევასა და წმინდა მარიამის სახით. პირველში განსახიერებულია ბოროტება და ადამის შეცოდებისათვის პასუხისმგებლობა სწორედ მას ეკისრებოდა. მეორეში - აბსოლუტური უმანკოება, მარადიული ქალწულობა. ფემინისტებს მიაჩნიათ, რომ ქრისტიანული თეოლოგია ხელს უწყობს სქესის შესახებ მამაკაცური იდეების გამომხატველი სიმბოლიკის გავრცელებას: მეძავი - სექსუალური ბოროტებაა, სექსუალური სიწმინდე - ქალწულობა, სექსუალური აღწარმოებაა - დედა (Hole, Livine, 1971) მერი დეილის სიტყვებით, „ქალის აღწერა ქალწულობის, რძლობის და დედობის კატეგორიებით ნიშნავს მისდამი მიდგომას მარტოოდენ სექსის ჩარჩოებში“ მაშინ, როდესაც აზრად არავის მოსდის კაცის დასახასიათებლად მიმართოს მხოლოდ „უმწიკვლო ქმრისა და მამის“ კატეგორიებს. (Daly, 1968).

მეოთხე, მამაკაცთან შედარებით ქალის უფრო დაბალი ბუნების „ღვთიური მტკიცებულება“ (რასაც ქალის დამორჩილებული მდგომარეობა უნდა შეესაბამებოდეს) ქრისტინული ეკლესიის მსახურებმა ამოიკითხეს პავლე მოციქულის მიმართვებში. ისინი ხშირად მოიხსენიებენ პასაჟებს პირველი კორინთელებისადმი მიმართვიდან, რომლის თანახმადაც ქალს ეკრძალება თავსაბურავის გარეშე ლოცვა, მაშინ, როცა ,,ქმარმა არ უნდა დაიფაროს თავი თავსაბურავით, რადგან იგი არის ღვთის ხატი და დიდება, ცოლი კი ქმრის დიდება, რადგან „ქმარი კი არა არის შექმნილი ცოლისაგან, არამედ ცოლია შექმნილი ქმრისათვის. (პავლეს მოციქულის ეპისტოლენი პირველთ კორინთელთა მიმართ 11:7- 11:8) პირველ მიმართვაში ტიმოთესადმი ნათქვამია: „ქალი მდუმარედ უნდა სწავლობდეს ყოველგვარი მორჩილების ქვეშ, ხოლო ქალს ნებას არ ვაძლევ იბატონოს ქმარზე, არამედ დუმდეს უნდა, რადგან ადამია შექმნილი, შემდეგ კი ევა“. (პავლეს მოციქულის ეპისტოლენი, პირველი ტიმოთეს მიმართ 2:11- 2:12)

მაგრამ ფემინისტი ქალების გარკვეულ ნაწილს ასეთი რეფორმატორობა უპერსპექტივოდ მიაჩნია და ამიტომ საკუთარი „ფემინისტური რელიგიის“ შექმნის ან სპირიტუალობის იდეას აყენებენ. „სპირიტული ფემინიზმი“ არ არის ერთგვაროვანი მოძრაობა. იგი აერთიანებს ქალღმერთის (goddess) თაყვანისმცემელ, მატრიარქალური ფუტურიზმის მიმდევარ თეორეტიკოსებს, ალქაჯური პრაქტიკის მომხრეებს, რასაც პირობითად „ფემინისტური რელიგია“ ეწოდება. შეიძლება გამოვყოთ რამდენიმე მისი მახასიათებელი.

უპირველეს ყოვლისა, პატრიარქალურ მომაკვდავ მსოფლმხედველობას უპირისპირდება მთლიანობა და ერთმყოფადობა, რაც ქალთა მსოფლმხედველობას მოსდევს.

ღმერთს, როგორც ტრანსცენდენტულ ძალას, ფემინისტური რელიგიის თეორეტიკოსები უპირისპირებენ ქალთა მოდგმის ღვთიურობას. ისტორიული იუდაიზმისა და ქრისტიანობის ღმერთები, - ნაომი გოლდბერგის აზრით, - არ შეეფარდებიან თანამედროვე ქალებს, ამიტომ უარყოფილი იქნებიან და შეიცვლებიან რელიგიური ექსპრესიულობის ახალი ქალური ფორმებით. „სპირიტული ფენიმიზმის“ თანახმად, ქალღმერთი ბუნებას არ უპირისპირდება, არ არის მისდამი ტრანსცენდენტული, პირიქით, იგი ბუნების ნაწილია და იმყოფება თანამოქმედებაში ბუნებრივ ძალებთან, რომლებიც მიაჩნია „არა დასაპყრობ რაიმედ, არამედ საკუთარი თავის სხვა განზომილებად“ ფემინისტური სპირიტულობა თავისი არსებით თაყვანისცემის ეკოლოგიური ფორმაა.

თუმცა „სპირიტული ფემინიზმის“ მიმდევრებს მიაჩნიათ, რომ ამ რელიგიას საფუძვლად უდევს ერთარსებობის იდეა, მათ არ შეუძლიათ გადალახონ მათ მიერვე გაკრიტიკებული დიქოტომიზმი. არსებითად, მათი აზროვნება არ გამოდის იმავე გაორებულობის სამყაროს საზღვრებიდან, რომლის არსებობისთვის ისინი ბრალს სდებენ „მამაკაცურ კულტურას“. საბოლოო ანგარიშით განსხვავება პრეროგატივების არჩევაშია. პატრიარქალური კულტურა აქცენტს აკეთებს გონისა და კულტურის მნიშვნელობაზე, „ქალური“ - უპირატესობას ინტუიციასა და ბუნებას ანიჭებს. პატრიარქალური მითები იცვლება მატრიარქალურად ორიენტირებული მშვიდობისმყოფელობით, რომელიც, ფაქტობრივად, ქალების დომინირებაზე დაყრდნობილ სისტემას აიდეალებს. „ჩვენ ვიმყოფებით ახალი ერის - აკვარიუსის (მერწყულის) ეპოქის კარიბჭესთან, - წერს ელისაბედ დეივისი, - სხვა აკვარიული ეპოქის გარიჟრაჟზე. როცა, ორმოცდათორმეტი ათასი წლის წინ დიდმა დედოფალმა ბაზილიომ წესრიგი და სამართლიანობა მოიტანა ქაოსის სამყაროში, რომელიც ჩვენი XX საუკუნის მსგავსად, მოცული იყო უკანონობითა და წინააღმდეგობრიობით. ქალები დღეს, ისე როგორც მაშინ, ამომავალი ცივილიზაციის მქადაგებლები არიან. ჩვენ თვალს მივაპყრობთ ქალებს, ველოდებით რა ხსნასა და გაჯანსაღებას აკვარიუსის ამაღორძინებელ წყლებში... მაქსიმალიზმის ეპოქა დასასრულს უახლოვდება... მხოლოდ სამი ათასი წლის განმავლობაში გაბატონებული მამაკაცური მატერიალიზმის მხეცის დამხობით შეუძლია კაცობრიობას იხსნას თავი. XXI საუკუნის მეცნიერებაში გზას ფიზიკური კი არა, სულიერი ძალა გაიკვლევს... მგრძნობიერებაზე მაღალმგრძნობიარე პერცეფცია გაიმარჯვებს და ისევ იბატონებენ ქალები“.

რა თქმა უნდა, ასეთი სახის მოძრაობები იზოლირებულ, ალტერნატიულ ცხოვრების წესს უწევენ პროპაგანდას. ამასთან აღსანიშნავია, რომ ისინი ხშირად ანტაგონიზმში მოდიან მათთან, ვინც ,,სწორ კულტურულ ხაზს არ მისდევს”.

რეფორმატორობას, ალბათ, თავისი საზღვრები გააჩნია,. როცა ამ საზღვრების გადალახვა კი რელიგიის ფუნდამენტური საფუძვლების შერყევას იწვევს. ფემინისტური რელიგიის შექმნა თავისთავად არარეალურია, თუნდაც მხოლოდ იმის გამო, რომ მას მხარს არ უჭერს თვით ქალების უმრავლესობა, რადგან გაბატონებულთა და ქვეშევრდომთა ადგილების გადანაცვლებით კაცობრიობა უფრო ბედნიერი არ გახდება.

6.4 4. ქალის სტატუსი ინდუიზმში

▲ზევით დაბრუნება


ინდუიზმის განვითარება სამ ათასწლეულზე მეტ ხანს ითვლის, ამასთან, მთელი ამ ხნის განმავლობაში მისი ტრადიციები მუდმივად მდიდრდებოდა და ვითარდებოდა. ისტორიული გამოცდილების ასეთი გავრცელება და იმ ხალხების კულტურული მრავალფეროვნება, რომლებიც მას აღიარებენ და სხვადასხვა ტერიტორიულ სივრცეზე არიან განსახლებული, ხსნის ინდუიზმის მოკლე და მარტივ განსაზღვრასთან დაკავშირებულ სირთულეებს. მიუხედავად ზემოთქმულისა, თავისი არსებობის თითქმის მთელ პერიოდში ინდუიზმმა შეინარჩუნა გარკვეული დებულებები, რომლებსაც შეძლება დაეთანხმონ მისი როგორც ძველი, ისე თანმედროვე მიმდევრები.

ერთ-ერთი ასეთი დებულება, რომელიც მოკლე გამონათქვამების სახით არის გადმოცემული, ჩვენი ერის დასაწყისში გაჩნდა და შემდგომში კლასიკური ინდური სამართლის - „მანუს კანონებისა“ და „მანავადარმაშასტრას“ საფუძვლად იქცა. ტრადიციულად ითვლება, რომ სანსკრიტული ტექსტი შედგენილ იქნა ბრძენის მიერ, რომელსაც სახელად მანუ ერქვა. იგი თითოეული ადამიანის ცხოვრების ნორმების, საზოგადოებრივი წესრიგის, რელიგიური რიტუალების, მოკლედ, ყველაფერი იმის, რასაც სანსკრიტში დხარმა ჰქვია, განმსაზღვრელ კანონთა კრებულის ერთ-ერთ ნაწილს შეადგენს.

დღევანდელი ინდუიზმი თავისი საერთო მახასიათებლებით საკმაოდ ახლო დგას კლასიკურ ინდუიზმთან, რომელიც ორი ათასი წლის წინ არსებობდა. მაგრამ აუცილებელია აღინიშნოს ორი უმთავრესი განმასხვავებელი ნიშან-თვისება. პირველი - ეს არის ინდუიზმის ფართო გავრცელება სუბკონტინეტის მოსახლეობის დაბალ ფენებში და არქაული ტრადიციების ძლიერი გავლენა მათზე. ის ხალხები, რომლებიც ე.წ. ადრევედურ და მანუს პერიოდში ,,უცხოებად” ითვლებოდნენ, ათასწლეულის შემდეგ ინდუიზმის ძირითად მამოძრავებელ ძალად იქცნენ. მათი ცხოვრების ადათ-წესები განუხრელად შეერწყა ამ მოძღვრების უძველესი ტრადიციების საფუძვლებს.

მეორე ცვლილება „სქესობრივ ორიენტაციასთან“ არის დაკავშირებული. ინდუიზმის ტრადიციის მიხედვით, „მამების“ ვალის გადახდა ვაჟიშვილის გაჩენით ხდებოდა (და არა მხოლოდ ბავშვის), რაც დამახასიათებელია მამაკაცურ საწყისზე ორიენტირებული რელიგიისათვის მაგ., ვედური, კლასიკური პერიოდის, შუა საუკნეებისა და დღევანდელი რელიგიებისათვის. ეს ორიენტაცია შენარჩუნებულია ყველა დროის ყველა გამოლინებაში - მითებში, რიტუალებში, დოქტრინებში, სიმბოლოებში. მაგრამ თუ იმით ვიმსჯელებთ, რომ ქალი-ღმერთები აქტიურად შემოდიოდნენ იმ სივრცეში, რომელიც მამაკაც ღმერთებს ეკავათ, ხოლო ამ პროცესს თან სდევდა ქალების რელიგიური გააქტიურება, განსაკუთრებით კი რიტუალურ ცხოვრებაში, უდავოა, რომ ქალის როლი მთლიანად ინდუიზმის ტრადიციის მასშტაბებში განუხრელად იზრდებოდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ინდუიზმი მუდმივად განიცდიდა უბრალო, გაუნათლებელი ხალხის გავლენას, რომლის ნახევარსაც ქალები შეადგენდნენ. რეალურად საქმე იმაში კი არ იყო, რომ ინდუიზმს ქალების აქტიურობა აკლდა, არამედ საჭირო იყო ამ აქტიურობას აღიარება მოეპოვებინა ლიტერატურაში, ხელოვნებაში, აგრეთვე ქურუმებში, სატაძრო და სამონასტრო ადმინისტრაციაში. ამის განხორციელება კი მხოლოდ დღეს გახდა შესაძლებელი, როდესაც მსოფლიო განათლებისა და საინფორმაციო შესაძლებლობების წყალობით უდიდესი სიჩქარით იცვლება, როდესაც აღნიშნული ინსტიტუტები და სოციალური ცხოვრების სხვა ელემენტები იწყებს ინდუისტური საზოგადოების, მისი კლასების, კასტების, სხვადასხვა რეგიონში ქალების მდგომარეობის ობიექტური სურათის ასახვას. (O'Flaherty, 1988).

ინდუიზმის ყველა რეფორმატორს, XIX საუკუნიდან დაწყებული, კარგად ესმოდა, რომ ქალთა პრობლემა უცილობელ გადაჭრას მოითხოვს. ჯერ კიდევ მაშინ უკვე მწვავედ იგძნობოდა ბევრი ძველი და შუასაუკუნეობრივი თეოლოგიური მითითების გადასინჯვის აუცილებლობა, მათ შორის ისეთებისა, რომლებიც ქალების საზოგადოებრივ მდგომარეობას ეხებოდა. საკითხები ღმერთის, სამყაროს, ადამიანის შესახებ ახლებურად დგებოდა და წყდებოდა. რეფორმატორებმა გადასინჯეს თავიანთი მიდგომა წმინდა ტექსტებისადმი და განაცხადეს, რომ არ შეიძლება ამ ტექსტებში ყველაფერი ჩაითვალოს საყოველთაო და მარადიულ ჭეშმარიტებად. წინა პლანზე გამოდიოდა ადამიანის ახალი იდეალი, მთავარი იყო არა კასტური მითითებების იმ ნორმების შესრულება, რომლებიც სხვადასხვა კასტის წარმომადგენლებისათვის სხვადასხვა იყო, არამედ ადამიანის განსჯის უნარი: რა არის ზნეობრივი? რამდენად არის სასარგებლო და აზრიანი? როგორი უნდა იყოს ის ქმედებები, რომლებიც ქვეყანას კეთილდღეობას მოუტანს? რამდენად დიდია თითოეული ადამიანის წვლილი საერთო ეროვნულ და ინდოეთის კეთილდღეობის საქმეში?

შესაბამისად, ინდურ საზოგადოებაში იცვლებოდა და განსჯის საგანი ხდებოდა ქალის სტატუსი. „დჰარმაშასტრაში“ გადმოცემულია ადამიანის ქცევის წესები (დჰარმა) ცხოვრების სხვადასხვა სტადიაში (აშრამებში). მისი ავტორების შეხედულებები მეტად წინააღმდეგობრივია. ზოგიერთ ადგილას იმაზეც კი არის საუბარი, რომ ქალები დედამიწაზე ღმერთის თვისებებით აღჭურვილი არსებებია. ამასთან ერთად ვხვდებით სხვა მოსაზრებებსაც: ქალის ბუნებისათვის დამახასიათებელია ისეთი ცუდი თვისებები, როგორიცაა ბოროტება, ცბიერება, ავხორცობა, ქარაფშუტობა და სხვ. (Мезенцева, 1993.)

დღეს ინდოეთის კონსტიტუცია აღიარებს თანასწორუფლებიანობას პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში. ქალებს ირჩევენ პარლამენტში, ადგილობრივ მმართველობით ორგანოებში, ნიშნავენ მაღალ თანამდებობებზე. და, მაინც, ქალები მოსახლეობის ყველაზე უფრო დაბალ ფენას წარმოადგენენ. აღნიშნული იმ ფაქტშიც აისახება, რომ ინდოეთი იმ გამონაკლის ქვეყანას წარმოადგენს, სადაც მოსახლეობაში ქალები მამაკაცებზე ნაკლებია და მათი სიცოცოხლის ხანგრძლივობაც უფრო ხანმოკლეა.

უთანასწორობის საფუძვლები

ინდუიზმის ფორმირებასთან ერთად იცვლებოდა ქალების მდგომარეობაც. ინდუიზმის, ისევე როგორც ქალთა მდგომარების საფუძვლები უნდა ვეძიოთ არიულ პატრიარქალურ კულტურაში, რომელიც ადგილობრივი და წინაარიული პერიოდის კულტურის შერწყმის შედეგად წარმოიშვა და სადაც ქალს საკმაოდ მაღალი, თუმცა არა გაბატონებული მდგომარეობა ეკავა.

არიული პანთეონი უპირატესად მამაკაცი ღმერთებისაგან შედგებოდა. მათ განუყოფელი არიული ოჯახი და სამსაფეხურიანი სოციალური სტრუქტურა ჰქონდათ (ქშატრიები, ბრაჰმანები და ვაიშები). მას შემდეგ, რაც არიელებმა ადგილობრივ მოსახლეობაზე თავიანთი ბატონობა გაავრცელეს, გაჩნდა მეოთხე ვარნა. - შუდრები, რომლის შემადგენლობაშიც შეყვანილი იყო არა მარტო ადგილობრივი დაბალი ფენის მოსახლეობა, არამედ შერეული ქორწინების შედეგად გაჩენილი შთამომავლებიც. ამის შემდეგ კასტა (ჯატი) მემკვიდრეობით ხასიათს იძენს, ფუძნდება მატრიმონიალური წესი და ცალკეულ ინდივიდს აღარ შეუძლია თავისი სტატუსის შეცვლა. მემკვიდრეობის მიღება კი მხოლოდ ვაჟიშვილებს დაუკანონდათ. ამ ხანაში ქალი ჯერ კიდევ ინარჩუნებდა გარკვეულ თავისუფლებას და ქორწინება მისთვის სავალდებულო არ იყო, ხოლო მოგვიანებით, როდესაც მიიღეს წესი (ენდოგამიის შესახებ), რომელიც ქორწინებას კასტის ჩარჩოებით ზღუდავდა, 15-16 წლის ქალიშვილს შეეძლო თვითონ აერჩია საქმრო. ქვრივებს მეორედ გათხოვების უფლება ჰქონდათ. მაგრამ უკვე მაშინ ქალები „სხვა ღატაკებთან“ ერთად მიეკუთვნებოდნენ იმ კატეგორიას, რომელთაც არ ჰქონდათ უფლება დასწრებოდნენ მეფის კარის ღონისძიებებს.

ქალების მდგომარეობის შემდგომი ცვლილების თვალსაზრისით, მეტად მნიშვნელოვანია ბრაჰმანიზმის რეაქცია ბუდიზმისა და ჯანაიზმის გამოწვევაზე. აღნიშნული ახალი რელიგიები ქალს მეტ თავისუფლებას და არჩევანის უფლებას აძლევდა. რადიკალურ სიახლეს წარმოადგენდა მამაკაცების თანასწორად ქალების მონაწილეობა რელიგიურ რიტუალებში და ქორწინების სანაცვლოდ მონაზვნობის არჩევანის უფლება. ადრეულ ბუდისტურ ლიტერატურაში ვხვდებით მასწავლებლებს, მკურნალებს და სხვა პროფესიის ქალებს, რომლებიც ისევე, როგორც მოცეკვავეები, მომღერლები, ჰეტერები, დამოუკიდებლად ირჩენდნენ თავს, დამოუკიდებელ ცხოვრებას ეწეოდნენ და გათხოვებას თავიანთ პროფესიას ამჯობინებდნენ. ბუდიზმით გატაცებული ბევრი ქალი წარჩინებულ ოჯახებს ტოვებდა. ბრაჰმანიზმის რეაქცია კი ქალის უფლებების უფრო მკაცრი რეგლამენტაცია გახლდათ, რაც მამაკაცისადმი შემდგომ დაქვემდებარებას ნიშნავდა.

ამ პერიოდში ბრაჰმანებმა ვედური სულიერი მემკვიდრეობის ცოდნისა და რელიგიური ტექსტების შესწავლის მონოპოლიზება მოახდინეს. სხვა ვარნების (ქშატრიების და ვაიშების). დაშვება მნიშვნელოვნად შეზღუდეს. ჩვ. წ. აღ.-ის მეორე საუკუნეში აღნიშნული უფლება წაერთვათ სამივე უმაღლესი ვარნის წარმომადგენელ ქალებს.

ქალების დისკრიმინირებული მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმიდა, როდესაც გოგონები ამოიღეს „უპანაიანას“ (ხელთდასხმა) რელიგიური რიტულიდან. აღნიშნული რიტუალი სამი უმაღლესი ვარნის წარმომადგენელ ბავშვებს ოფიციალურად ორჯერ დაბადებულთა რიცხვს მიაკუთვნებდა, რაც მათ წინაპრების სულიერი მემკვიდრეობის ზიარების, წმინდა ტექსტების წაკითხვის, განათლების მიღებისა და გარკვეულ მსხვერპლშეწირვაში მონაწილეობის მიღების საშუალებას აძლევდა. ამ რიტალის გაუქმების შემდეგ ქალები თავიანთი მდგომარებით შუდრებს გაუტოლდნენ.

ქალების ორჯერ დაბადების ხელთდასხმისათვის საქორწილო რიტუალი გამოიყენებოდა. ვინაიდან უპანაიანის რიტუალი თავდაპირველად მოწაფის დაბადების აქტად აღიქმებოდა, მისი საქორწილო რიტუალით შეცვლა ქმარს ცოლისათვის უმაღლეს ღვთაებად, მის აღმზრდელად და ბატონად აკანონებდა. შესაბამისად საპატარძლოს ასაკიც თანდათან მცირდებოდა. მთავარ მოთხოვნად დარჩა ხელთდასხმის რიტუალის ჩატარება მანამდე, სანამ გოგონას მენსტრუალური ციკლი დაეწყებოდა.

ადრეულ ასაკში გათხოვების იდეას სოციალური სანქციითაც დაუჭირეს მხარი. ბრაჰმანი, რომელიც ათი წლის ასაკზე უფროს ცოლს მოიყვანდა, შუდრას ქმრად ითვლებოდა და მოკლებული იყო ყოველგვარ პრივილეგიებს. ეს კი სოციალურ ბოიკოტს და კასტიდან განდევნას ნიშნავდა. ამავე ბედს იზიარებდა ქალიშვილის მამაც, რომელიც ვერ უზრუნველყოფდა აღნიშნულ ასაკამდე სიძის მონახვას.

ქალის მდგომარეობაზე საზოგადოებასა და ოჯახში მანუს კანონებში საკმაოდ კატეგორიულად არის ნათქვამი: „არც ქალიშვილმა, არც ახალგაზრდა და არც ხანშიშესულმა ქალმა დამოუკიდებლად არაფერი არ უნდა გააკეთოს თვით საკუთარ სახლშიც კი. ბავშვობაში იგი მამას უნდა ემორჩილებოდეს, მოწიფულობაში - ქმარს, ქმრის სიკვდილის შემდეგ - ვაჟიშვილებს“. ან კიდევ „დღე და ღამე ქალი თავის მამაკაცებზე უნდა იყოს დამოკიდებული. ბავშვობაში მას მამა იცავს, მოწიფულობაში - ქმარი, მოხუცებულობაში ვაჟიშვილები. ქალი არასოდეს ვარგა დამოუკიდებლობისათვის“. (Законы Ману, 1960)

ტრადიციული წარმოდგენების მიხედვით, ქალს არა თუ არ შესწევს უნარი საკუთარი თავი დაიცვას, არამედ იგი ყველა მაჩვენებლით მამაკაცზე უფრო დაბლა დგას. მას ან საერთოდ არა აქვს აზროვნების უნარი ან ძალიან უმნიშვნელოდ. მისი შესაძლებლობები, ძალა, ღირსება ძალიან შეზღუდულია და ამიტომ იგი მხოლოდ იმისათვის ვარგა, რომ მამაკაცს ემსახუროს და სახლის საქმე აკეთოს. თვით სახლის საქმეებიც კი შემოიფარგლება მხოლოდ რეპროდუქციით, ბავშვებზე ზრუნვით, მოხუცების მოვლით და ოჯახის წევრების მომსახურებით. შედარებით მნიშვნელოვანი ფუნქციები - გადაწყვეტილებების მიღება, ქონების ფლობა და განკარგვა - მამაკაცის ფუნქციაა.

„ამ სამყაროში ქალების ბუნება მამაკაცებისათვის ზიანის მომტანია, ამიტომაც ბრძენნი მათ სიფრთხილით ეკიდებიან”. ,,მანუს კანონებში” ნათქვამია, რომ ქალები ნებისმიერ მამაკაცს ეძლევიან, მიუხედავად მისი ასაკისა. თავიანთი ვნების დასაკმაყოფილებლად, ხასიათის ცვალებადობისა და უგულობის გამო ქმრებს ღალატობენ, რა მკაცრადაც არ უნდა უთვალთვალო მათ. ასეთებად შექმნა ღმერთმა ქალები და მამაკაცმა იცის რა ყოველივე ეს, საგანგებოდ უნდა უფრთხილდეს მათ“. (Законы Ману, 1960).

„მანუს კანონები“ სავსეა ქალური „ბოროტი საწყისისაგან“ თავდაცვის იდეებით და ქალების კონტროლის სხვადასხვა მეთოდს გვკარნახობს „დღის და ღამის სიფხიზლის“, ტაქტის, საჩუქრებისა და გართობების ჩათვლით. ქალის მონური ერთგულების დაკარგვის შიში და უპატივცემულო განსჯა მათ შესახებ მონებისადმი დამოკიდებულებას მოგვაგონებს.

რელიგიური მოძღვრების მითითებანი ადამიანთა ქცევას არეგულირებენ. ჩვ. წ. აღ.-ის პირველ საუკუნეში მათ პირველად გამოაცხადეს ქალების მიერ მკაცრი მონოგამიის დაცვის აუცილებლობის შესახებ მაშინ, როდესაც მამაკაცს პოლიგამიის უფლება რჩებოდა, არსებული პოლიანდრია, ლევირატი და მეორადი ქორწინება ქვრივებისათვის თანდათანობით სოციალურ ტაბუდ გადაიქცა..

სატი

VII-VII საუკუნეებში აღდგენილ იქნა ქვრივების თვითდაწვის პრაქტიკა - „სატი“, უძველესი ტრადიცია, რომელიც ჯერ კიდევ ძვ. წ. V საუკუნეში გააუქმეს. ბრაჰმანებმა იმის მტკიცება დაიწყეს, რომ ცოლს ძალუძს ქმარი ამქვეყნიური ცოდვებისაგან გაანთავისუფლოს, თუკი მის ცხედართან ერთად თავს ცოცხლად დაიწვავს. ამის შემდეგ კი იგი ბედნიერად იცხოვრებს ზეცაში 35 მილიონი წელი. და მართლაც, ინდოეთში დღესაც შეხვდებით საფლავის ქვაზე ამოკვეთილ იმ ქალთა სახელებს, რომლებმაც VII-XIX ს.ს. თვითდაწვა განახორციელეს.

სატაძრო პროსტიტუცია

ქალთა მდგომარეობის განხილვის მიზნით მეტად საინტერესოა, აგრეთვე, სატაძრო პროსტიტუციის ინსტიტუტის განხილვა. „ღვთის მონა“ (დევადასი) მცირეწლოვანი გოგონა გასაზრდელად გადაეცემა ტაძარს. ფულის საფასურად იგი ეწევა პროსტიტუციას, ხოლო გასამრჯელო ხმარდება ტაძრის კეთილმოწყობასა და საჭიროებას. ეპიგრაფებზე დაყრდნობით შეიძლება ვიმსჯელოთ, რომ სხვადასხვა დღესასწაულსა და თავყრილობაზე ისინი ტაძრის მოცეკვავეებად გამოდიოდნენ. აღნიშნული ჩვეულება უკვე ძვ. წ. პირველ საუკუნეებში არსებობდა, იგი განსაკუთრებით გავრცელდა შუა საუკუნეებში და მიუხედავად ფორმალური აკრძალვისა, მას დღესაც ვხვდებით. მაგალითად, 1981 წელს ჩატარებული კვლევების გამოქვეყნების შედეგად ირკვევა, რომ მაჰარაშტრისა და კარნატაკის რაიონებში დევადასების რაოდენობა 25-30 ათასს აღწევდა და ყოველწლიურად მათ რიგებს 5-6 ათასი გოგონა ემატებოდა. (Сыркин, 1996).

ქალთა პრობლემა რეფორმატორთა შემოქმედებაში

ქალთა პრობლემა რეფორმატორთა შემოქმედებაში მათი საერთო მსოფლმხედველობის ჭრილში წყდებოდა. ბენგალიელი ინტელექტუალის რამოჰან როიას (1772-1833 წწ.) აზრით (იგი ბრაჰმანების კასტას ეკუთვნოდა და ინდუიზმის ერთ-ერთი რეფორმატორი იყო), პრაქტიკაში დამკვიდრებული იყო უმსგავსო შეხედულებები ზნეობრიობის შესახებ. აღნიშნული შეხედულებები აისახებოდა სხვადასხვა არაადამიანური ადათ-წესის განხორციელებისას, (მაგ., სატი, ქვრივებისათვის ქორწინების აკრძალვა, ქორწინება ადრეულ ასაკში და სხვ.).

რამოჰან როიას მიმდევრები გაუჩნდნენ ბენგალიაში, შემდგომ კი მაჰარაშტრაში, პენჯაბში. ისინი აქტიურად ერთვოდნენ ბრძოლაში, რომელიც ქალთა მდგომარეობის შესაცვლელად იყო მიმართული. ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩეოდა სვამი დაიანადი სარასვატი (1824-1883 წწ.), რომელმაც დიდი როლი შეასრულა ქალთა განათლების საქმეში. იგი ამტკიცებდა, რომ ქალს შესწევს უნარი აითვისოს ვედური ტექსტების „მარადიული ჭეშმარიტეტები“. რეფორმატორმა საკმაოდ დიდი მუშაობა გასწია იმ სასწავლო დაწესებულებების ორგანიზებისათვის, სადაც სასწავლო პროგრამები გოგონებისათვის ისეთივე დატვირთული იყო, როგორც ბიჭებისათვის. მას მიაჩნდა, რომ ქალიშვილმა საქმრო თვითონვე უნდა აირჩიოს, რომ ადრეულ ასაკში ქორწინება მათთვის დამღუპველია: საქორწინო ურთიერთობები მოწიფულ ასაკში უნდა დაიწყოს, მას შემდეგ, რაც ახალგაზრდები განათლების კურსს დაამთავრებენ.

„წმინდა წერილების“ ახლებურ ინტერპრეტაციას და რეფორმატორების მიერ გაწეულ მუშაობას ინდუიზმის რეფორმაციის საქმეში მნიშვნელოვანი შედეგი ჰქონდა. ერთხელ დაწყებული რელიგიური ტექსტების გადასინჯვის პროცესი, რომელიც ქალთა მდგომარეობას შეეხებოდა, აღარ შეჩერებულა. გასული საუკუნის რეფორმატორებმა უზრუნველყვეს ქალთა საკითხისადმი იმ მიდგომის საფუძვლის ჩაყრა, რომელიც შემდგომ მაჰათმა განდიმ (1869-1948) წამოაყენა. განდისეული გაგება საზოგადოებაში ქალის როლის შესახებ შემდეგში მდგომარეობს: რელიგია ადამიანის მთელი შემოქმედების საფუძველია (მათ შორის პოლიტიკურის). ამით იგი ასაბუთებს ინდუიზმის ნორმების, პრინციპებისა და დებულებების გამოყენების საშუალებებით ხალხის მასებამდე არარელიგიური, თავისი მნიშვნელობით ფაქტობრივად სოციალურ-პოლიტიკური იდეების დაყვანის, გამყარებისა და რეალიზების საშუალებას. ამასთან, მას ინდუიზმის ტრადიციულ ეთიკურ მაქსიმებში შემოაქვს ისეთი დებულებები, რომლებმაც მოძღვრებაში საერთოდ ვერ ჰპოვა ასახვა: მაგ., ყველა რელიგიის თანაბარი პატივისცემა, ბრძოლა ინდუისტურ-მუსულმანური ერთობისათვის. გარდა ამისა, განდიმ მოახდინა ტრადიციული ეთიკის ზოგიერთი პრინციპების გადასინჯვა. (Мезенцева, 1993).

თუმცა მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, 1987 წლის სექტემბერში ინდური გაზეთები იუწყებოდნენ სატის მორიგი აქტის განხორციელების შესახებ. რაჯასთჰანის შტატის სოფ. დეორალის მცხოვრები 18 წლის რუპ კანვარი თავისი ქმრის ცხედრის დასაწვავად აგიზგიზებულ კოცონში ცოცხლად დაწვეს. 21-ე საუკუნის მიჯნაზე მყოფი ინდუიზმის არსის გასაგებად მეტად საგულისხმოა დეორალში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებული კამათი. ინდოეთის მთავრობამ, რომელიც თანამედროვე სახელმწიფოს სეკულარიზაციის ინტერესებიდან გამომდინარე და კონსტიტუციის ფარგლებში მოქმედებდა, სწრაფი და მკაცრი რეაგირება მოახდინა ამ ფაქტთან დაკავშირებით და გამოსცა ბრძანება, რომლის თანახმადაც პირებს, რომლებიც სატის განხორციელების წაქეზებაში იქნებოდნენ შემჩნეული, სამუდამო პატიმრობა ან სასიკვდილო განაჩენი ელოდათ. პრესაში გაჩნდა სტატიები, რომლებიც ამ ანაქრონიზმს და მის მომხრეებს კიცხავდნენ, მაგრამ პოლემიკისას არაფერი იყო ნათქვამი იმის შესახებ, სუბკონტინენტზე უამრავი წმინდა ადგილია, სადაც წარსულში განხორციელებული სატის ფაქტები დიდების შარავანდედით არის შემკობილი. ზოგიერთი ინდუისტური სექტის რელიგიური ლიდერი კი „ნებაყოფლობითი სატის“ „სატი დჰარმის“ განხორციელების მხარდაჭერით გამოვიდა.

აღიშნული შემთხვევის გარშემო გამართულმა დებატებმა და რაჯასთჰანის მკვიდრთა საზოგადოებრივმა აზრმა აჩვენა, რომ რომ თანამედროვე ინდუიზმის შესახებ ერთმნიშვნელოვანი დასკვნების გაკეთება არ შეიძლება. ბომბეის, კალკუტასა ან ჰაიდარაბადის ცათამბჯენებიდან შეიძლება არ ჩანს ტაძრები და ტრადიციული კოსტუმები, სადღესასწაულო და სამგლოვიარო რიტუალები, არც გარკვეული კასტისადმი კუთვნილების გამომხატველი მკვეთრი ნიშნები, მაგრამ ნებისმიერი ქალაქის ან სოფლის გზაჯვარედინზე შეიძლება იდგეს რამდენიმე ტაძარი და ათეულობით წმინდა ადგილი და ქანდაკება, შეიძლება დაინახოთ ღატაკთა პროცესია, ჩაცმულობა ამა თუ იმ კასტისადმი, პროფესიისადმი თუ ინდუიზმის სხვადასხვა მიმდინარეობისადმი კუთვილების ნიშნები. ალბათ, შეცდომა იქნებოდა გვეფიქრა, რომ მოდერნიზაციამ და დასავლეთის გავლენამ საზოგადოებრივი ცხოვრების ზოგიერთ სფეროში უზრუნველყო ინდუიზმის მთელი რიგი მავნე ტრადიციების აღმოფხვრა. 1984 წელს მოკლული ინდოეთის პრემიერ-მინისტრის ინდირა განდის ბიუსტს თითქმის ყველა ქალაქსა და სოფელში შეხვდებით. ქალღმერთის მსგავსად, ეს ბიუსტები, ჩვეულებრივ, გზაჯვარედინებთან დგას და ყვავილებით არის შემკობილი. ინდოეთის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მას თაყვანს სცემს. ქვეყანაში მისი კულტია. მიმდინარეობს ინდირა განდის მითოლოგიზაცია - სეკულარიზებული პოლიტიკური ცხოვრების ჰაგიოგრაფიულად გარდაქმნა. აღნიშნული კი იმის დასტურია, რომ ინდუიზმი განუწყვეტლივ მიიწევს თვითგანახლებისაკენ და ამ პროცესის განვითარება კანონზომიერი პროცესია. (Times of India, 1987).

6.5 5. ქალის სოციალურ-პოლიტიკური როლი ისლამში

▲ზევით დაბრუნება


XXI საუკუნეში ისლამის პოლიტიკური და იდეოლოგიური გააქტიურება აღარავისათვის არის საეჭვო, მაგრამ კამათი მის ირგვლივ არ ცხრება. ისლამის ერთ-ერთი თვალში საცემი თავისებურებაა მისი სულ უფრო მზარდი გავრცელება ევროპაში, ამერიკის კონტინენტზე (განსაკუთრებით შეერთებულ შტატებსა და კანადაში) და ავსტრალიაში, მაშინ, როდესაც დასავლეთსა და კოლონიების ყოფილ მფლობელ ქვეყნებში გაბატონებულმა რელიგიამ - ქრისტიანობამ მუსლიმანურ ქვეყნებში ფეხის მოკიდება ვერ შეძლო.

იმის კვალობაზე, თუ როგორ იკიდებს ფეხს ისლამი დასავლეთის ქვეყნებში და, განსაკუთრებით, ჩრდილოეთ ამერიკაში, იგი დასავლური კულტურისა და საზოგადოებრივი ცხოვრების ბევრ ნიშან-თვისებას ითვისებს. ამ ფონზე ისლამის სოციალური დოქტრინის შესწავლა, განსაკუთრებით კი ისეთი საკითხისა, როგორიცაა სქესთა შორის ურთიერთობა და ქალის როლი და მნიშვნელობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში, წარმოადგენს მნიშვნელოვან ამოცანას არა მარტო წმინდა თეორიული მნიშვნელობით, არამედ პრაქტიკული თვალსაზრისითაც.

ისლამის სოციალურ-პოლიტიკური და იდეური შეხედულებანი მისი მკვლევარებისათვის ახალი საკითხი როდია, უფრო მეტიც, მეცნიერ აღმოსავლეთმცოდნეთათვის კარგადაა ცნობილი ,,მესამე სამყაროს” ქვეყნებში საზოგადოებრივ ურთიერთობათა მდგომარეობა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც პოლიტიკურმა ისლამმა მოღვაწეობა გააძლიერა აზიისა და აფრიკის დიდ ტერიტორიებზე (პაკისტანში, ავღანეთში, ირანში, ტაჯიკეთში, თურქეთში, სუდანში, ეგვიპტეში, ალჟირში, აგრეთვე კავკასიასა და ვოლგისპირეთში). არსებობს მთელი რიგი გამოკვლევები, რომლებშიც პოლიტიკური ისლამის ფენომენი განიხილება როგორც პოლიტიკური კულტურის დაფუძნებისა და და არაბულ-მუსლიმანური სამყაროს სოციალურეკონომიკური ევოლუციური განვითარების ფარგლებში „მოქცევის პროცესი“. ზოგიერთი ავტორი ყურადღებას ამახვილებს ახლო აღმოსავლეთში სოციალურ-ეკონომიკურ კრიზისსა და პოლიტიკურ დემაგოგიაზე ანუ სოციალურ-კლასობრივი გამიჯვნის პროცესზე.

მეტად საყურადღებოა ამ საკითხისადმი იმ მკვლევართა მიდგომა, რომლებიც მუსლიმანურ ქვეყნებში მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკურ პროცესებს კულტურულიდეოლოგიური კონფრონტაციისა და „ახალი მსოფლიო წესრიგისათვის“ ბრძოლის კონტექსტში განიხილავენ. დასავლურ მეცნიერულ ლიტერატურაში ისლამის ანალიზს მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა. ბოლო წლებში მას განიხილავენ, როგორც ტრადიციულ ღირებულებათა სისტემას. ისლამში „ქალთა საკითხმა“ განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო ქალის, როგორც „ტრადიციების მატარებლისა“ და „დიდი აღმზრდელობითი როლის“ გამო. (Плахов, 1992). აღნიშნული საკითხი განსაკუთრებით აქტუალური გახდა ისლამისტექსტრემისტთა აგრესიული მოქმედებისა და ტერორიზმის ამერიკასა და ევროპაში გადატანის შემდეგ.

ქალთა მდგომარეობის შესწავლით დაინტერესებულ სპეციალისტთა უმრავლესობას მიაჩნია, რომ ჰადისები, ყურანი და აგრეთვე შუა საუკუნეების მუსლიმან თეოლოგთა და იურისტთა შრომები ქალთა მდგომარეობისა და სტატუსის შესახებ ყველაზე სრულ და ადეკვატურ წარმოდგენას იძლევა, რადგან მათი თანამედროვე მოწაფეებს და მემკვიდრეებს რეალური სიტუაციების განსაზღვრისას აშკარა მიდრეკილება აქვთ გააზვიადონ რელიგიური დოგმები და სამართლებრივი ტრაქტატები.

თუ ყურანის ტექსტს მივმართავთ, შეიძლება დავრწმუნდეთ, რაოდენ საკამათოა ამგვარი მიდგომა. მეოთხე სურაში („ქალები“) ნათქვამია: „მამაკაცები დგანან ქალებზე მაღლა იმიტომ, რომ ალაჰმა პირველთ მიანიჭა უპირატესობა მეორეებზე და იმიტომ, რომ ისინი თავიანთ ქონებას ხარჯავენ... წესიერი ქალები მოკრძალებულნი არიან, ინახავენ საიდუმლოს, რასაც ალაჰი ინახავს. ხოლო ვისი დაუმორჩილებლობისაც თქვენ გეშინიათ, დაიყოლიეთ, დააგდეთ ისინი ძირს და სცემეთ და თუკი ისინი თქვენს წინაშე დანაშაულს ჩაიდენენ, ნება გეძლევათ სასჯელის ზომა არ ეძიოთ“. ეს სურა, თითქოსდა, აშკარად მეტყველებს მამაკაცისა და ქალის არათანასწორუფლებიანობაზე, ქალის დამორჩილებულ მდგომარეობაზე. ალბათ ისლამის ასეთი დებულებების გაცნობამ ათქმევინა სიმონა დე ბოვუარს: „ყურანი უკიდურესი სიძულვილით აბუჩად იგდებს ქალებს“. მაგრამ ყურანის ინტერპრეტატორები ზემოთ ციტირებულის საპირისპიროდ მიგვითითებენ შემდეგ სიტყვებზე: „და უპასუხა მათ ღმერთმა მათმა: მე არ გავწირავ ქმედებასა არც ერთი თქვენი მოღვაწისა - არც კაცთა, არც ქალთა“ (III 193\\195). ამ სტროფს ისლამის მოდერნიზაციის მომხრეები განმარტავენ, როგორც მინიშნებას ქალისა და მამაკაცის თანასწორუფლებიანობაზე.

სხვა მნიშვნელოვან წყაროებს ქალთა მდგომარეობის რეტროსპექტული შესწავლისათვის წარმოადგენს ისტორიული ქრონიკები. მაგრამ ის, ვინც ამ ისტორიული წყაროების საფუძველზე მოინდომებს მუსლიმანი ქალების სტატუსის დაზუსტებას, იმედგაცრუებული დარჩება. ასეთ ქრონიკებში ქალები გაცილებით უფრო იშვიათად მოიხსენიებიან, ვიდრე მამაკაცები. მათი საშუალებით შეგვიძლია გავიგოთ, ვინ იყო ესა თუ ის ქალი, რომელიც პოეზიას ან მეცნიერებას მისდევდა ან პოლიტიკური ინტრიგებში მონაწილეობდა, მაგრამ ქალთა საერთო მდგომარეობის შესახებ წარმოდგენის შემუშავება საკმაოდ ძნელი საქმეა.

უფრო საფუძვლიანია ევროპელ თვითმხილველთა - ელჩების, ვაჭრების, მოგზაურების შეტყობინებები. მეცნიერები, რომლებიც უმეტესად ამ წყაროებით სარგებლობენ, ხაზს უსვამენ, რომ ისინი უფრო ობიექტური სურათის მიღების საშუალებას იძლევიან. მაგრამ მიუხედავად ამისა, ევროპელებს, უმრავლეს შემთხვევაში, მაინც არ შეეძლოთ მუსლიმანური ყოფის, კულტურის, ჩვეულებების, ტრადიციებისა და ფსიქოლოგიის სრულად გაგება და ხშირად მათი აღწერილობანი და აღქმა ობიექტური არ იყო. მაგალითისათვის გამოდგება სტამბულში ინგლისის ელჩის ცოლის ლედი მერი უორტლი მონტეგიუს გამონათქვამი იგი 1917 წელს ევროპელებს იმისათვის ლანძღავდა, რომ ისინი „შფოთავენ თურქი ქალების უბედური მდგომარეობის გამო, რომლებიც შეიძლება ქვეყნად ყველა ქალზუ უფრო თავისუფალნი არიან, დროს განუწყვეტელ სიამოვნებაში, სეირნობაში, ბანაობასა და გართობაში ატარებენ, ცხოვრობენ უზრუნველად და უდარდელად, ფულს უანგარიშოდ ფანტავენ ახალ-ახალი ტანსაცმელის შესაძენად“. (Мейер, 1992).

ძნელია ერთმნიშვნელოვნად ვუპასუხოთ კითხვას, რა გავლენა მოახდინა ისლამმა ქალთა მდგომარეობაზე. უპირველეს ყოვლისა, საჭიროა დავაზუსტოთ - რას ვადარებთ მუსლიმან ქალთა მდგომარეობას - V-VII საუკუნეების არაბეთის ბედუინების ხანას, VII-IX საუკუნეებში შუამდინარეთის გლეხების ცხოვრებას თუ XII-XIV ბიზანტიური ქალაქებში მათ ყოფას. აუცილებელია გვახსოვდეს, რომ თვით მუსლიმანი ქალის ყოფა არ იყო უცვლელი. ყურანში ქალთა უფლებების ფიქსაცია კი შეიძლება განვიხილოთ, როგორც პროგრესული მონაპოვარი ადრეფეოდალური საზოგადოებისათვის, მაგრამ, როგორც თურქეთში ქემალისტურმა რეფორმებმა გვიჩვენა, არასაკმარისი - კაპიტალისტური განვითარების გზაზე მდგომი საზოგადოებისათვის. მუსლიმანი ქალების ცხოვრებაში კარდინალურ ცვლილებებზე შეიძლება ვიმსჯელოთ თუ განვიხილავთ შუა აზიის ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებისა და აზერბაიჯანის მაგალითს. ამასთან, ისლამის სწრაფმა გავრცელებამ ახლო აღმოსავლეთის, ირანის, ინდოეთის ფეოდალურ საზოგადოებებში უნდა გვაფიქრებინოს, რომ ისლამის მიღება, როგოც ჩანს, არ გულისხმობს არსებით ცვლილებებს სოციალურ ორგანიზაციაში, მათ შორის ქალთა მდგომარეობაში. (Мейер, 1992).

ყურანი მოწმობს, რომ ჯიჰალიის პერიოდში (წინაისლამური პერიოდი) არსებობდა სისხლაღრევითი ქორწინება, ახლადდაბადებული გოგონების მიწაში ჩაფვლის პრაქტიკა, აგრეთვე სისხლის აღების წესი. ქალებს ჰყიდდნენ და ყიდულობდნენ, ჩუქნიდნენ, როგორც მონებს, აგირავებდნენ, სანამ ქმარი ან მამა ვალს არ დაფარავდა. ტომების ბელადებს უფლება ჰქონდათ ერთდროულად ათი ცოლი ჰყოლოდათ, გარდა მონა ქალებისა, რომლებიც სათვალავში არ შედიოდნენ. ქალიშვილის კარგად გათხოვება კი სარფიან ხელშეკრულებასთან იყო გაიგივებული. ლამაზი გოგონების გათხოვება 13 წლის ასაკიდან შეიძლებოდა. აღნიშნული ჩვეულება ყურანშიც დაფიქსირდა და მუსლიმანურ ქვეყნებში დღემდე არის შემონახული, თუმცა სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. (Еремеев, 1971).

ამ პერიოდში არსებობდა დროებითი ქორწინებაც, რაც მაჰრის გადახდის შესაძლებლობის უქონლობასთან იყო დაკავშირებული. აღნიშნულ შემთხვევაში ქალი მამაკაცს ცოლად მოყავდა დროებით, გარკვეული დროით და გარკვეულ ფასად. ქორწინების ამგვარი ფორმა დღესაც შენარჩუნებულია შიიტური მიმართულების მუსლიმანურ ქვეყნებში (ირანი, ერაყი) და მას უფრო ხშირად მოხუცი და მარტოხელა ადამიანები მიმართავენ, რათა ერთმანეთს მეურნეობის წარმოებაში მიეხმარონ (ფიზიკური სიახლოვის გარეშე). ნებადართული იყო აგრეთვე მამაკაცს ცოლად შეერთო გარდაცვლილი მამის ერთ-ერთი ცოლი, თუ იგი მისი მშობელი დედა არ იყო. აღნიშნული ქმედების მიზანი იყო შეენარჩუნებინათ „რძალი“ მამის გვარეულობაში და ახალი პატარძლისათვის მაჰრი არ გადაეხადათ (Еремеев, 1971).

ზოგიერთი მკვლევარი ცდილობდა ისლამის წინადროინდელი ქორწინების ტრადიციებში მატრიარქატის გადმონაშთები მოენახა, როდესაც ერთ ქალთან ქორწინებაში რამდენიმე მამაკაცი იმყოფებოდა. ჩვენი აზრით, ქორწინების ასეთი ფორმის ჭეშმარიტი მიზეზი ეკონომიკური პრობლემებია. ამასთან დაკავშირებით შეიძლება მოვიყვანოთ არაბეთის სამხრეთში იემენისა და ჰადრამაუტის მთიან რაიონებში დღემდე გავრცელებული ტრადიცია, სადაც ბუნებრივი და ეკონომიკური პირობები განსაკუთრებით მძიმეა. თუმცა აღნიშნული პრაქტიკა რამდენადმე შემცირდა, მაინც გვხვდება ერთ ქალზე ორი მამაკაცის (ჩვეულებრივ, ძმების) ქორწინების შემთხვევები.

ჯიჰალიის დროინდელ არაბ ქალს გათხოვება შეეძლო მხოლოდ თავისი ტომის მამაკაცზე, რათა შთამომალობას შეენახა ამ ტომის კულტურულ-ენობრივი სპეციფიკური ნიშნები. მამაკაცს კი შეეძლო ცოლად შეერთო რამდენიმე ქალიშვილი სხვადასხვა ტომიდან. ტომის მიერ ასეთი ფაქტების წახალისება მიზნად ისახავდა სხვა ტომების წარმომადგენლებთან ნათესაური კავშირების დამყარებას და თავისი ტომის კულტურული კავშირების გაფართოებას. პრაქტიკაში იყო აგრეთვე გაცვლითი ქორწინება, როცა ერთი ტომის და და ძმა ქორწინდებოდა მეორე ტომის ძმასა და დაზე, რის შედეგადაც ორივე მხარე თავისუფლდებოდა მაჰრის გადასახადისაგან.

ქალს არ ჰქონდა უფლება ყოფილიყო ქმრის, მშობლებისა და თავისი შვილების მემკვიდრე. მოკლედ რომ ვთქვათ, მას უფლება ჰქონდა, მხოლოდ ეჭამა და ეცოცხლა. ამავე დროს მისი ვალდებულებები რამდენიმეჯერ აღემატებოდა მის ფიზიკურ შესაძლებლობებს.

ოჯახურ ვითარებაში ქალს შეეძლო ქმარზე გარკვეული ზეგავლენის მოხდენა, რაც მათ პიროვნულ და ინტიმურ ურთიერთობებზე იყო დამოკიდებული, მაგრამ საზოგადოების წინაშე ქალს მორჩილის როლი უნდა ეთამაშა. ქმარს შეეძლო სტუმრების მიღება დღისა და ღამის ნებისმიერ დროს, ებრძანებინა ცოლისათვის სუფრის გაშლა და ა.შ. ეს წეს-ჩვეულება დღემდეა შემონახული, განსაკუთრებით სოფლად. ასეთ ფაქტებს ჩვენს სინამდვილეშიც ვხვდებით, როდესაც ქალი „მორჩილის“ როლს თამაშობს, მაგრამ ოჯახურ ურთიერთობებში მას წონადი სიტყვა ეკუთვნის.

ქალის დაბალი სოციალური სტატუსის სპეციფიკური თვისებები წინაისლამურ პერიოდში გამომდინარეობდა ტომებს შორის არსებული ურთიერთობებიდან. ტომებს შორის არსებული წინააღმდეგობანი ბრძოლისათვის მუდმივ მზადყოფნას და მისი წარმოების უნარს მოითხოვდა, შესაბამისად, მამაკაცს მისი სოციალური მნიშვნელობით წინა პლანზე აყენებდა. მაგრამ აქაც იყო გამონაკლისი. ზოგჯერ მამაკაცებთან ერთად მამაკაცურ ტანისამოსში გადაცმულ ქალებსაც შეხვდებოდით. (Даул, 1981).

ქალი და ყურანი

ისლამის ისტორიისა და თეორიის შესწავლისათვის ძირითად წყაროსა და დოკუმენტს ყურანი წარმოადგენს. მაჰმადის (მუჰამედი) სიცოცხლეში იგი ზეპირი ფორმით არსებობდა. ზოგმა მთელი ყურანი იცოდა ზეპირად, ზოგმა კი ნაწყვეტები. სხვადასხვა წაკითხვის შედეგად ჯერ რამდენიმე წერილობითი კრებული შეიქმნა. შემდეგ, ხალიფა ოსმანის დროს (644-556 წ.წ.) ისინი კანონიკურად ქცეულ კრებულად გაერთიანდა. საუკუნეების მანძილზე სხვადასხვა ქვეყანაში მისმა შესწავლამ წარმოშვა ყურანის განმარტებათა კომპლექსური კვლევის აუცილებლობა. ყურანი შეიძლება განხილული იქნეს როგორც ისტორიის, კულტურის, საზოგადოებრივი, სამრთლებრივი, სოციალური ურთიერთობების წყარო. მას არაბულ-მუსლიმანურ სამყაროში ისეთი ადგილი უკავია, რომ მისი განმარტება სხვადასხვა ისტორიულ პერიოდსა და სხვადასხვა სოციალურ-კულტურულ გარემოში ძალიან დიდ ინტერესს იწვევდა და ახლაც იწვევს.

ყურანი საკმაოდ დიდ ყურადღებას უთმობს სქესთა შორის ურთიერთობების თემებს. მასში საუბარია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მაჰრი, მრავალცოლიანობა, განქორწინება, ურთიერთობები შვილებსა და მშობლებს შორის, სასჯელი ცოლ-ქმრული ღალატისას და სხვ. იგი განსაზღვრავს აგრეთვე ოჯახში ქონებრივ ურთიერთობებს, ოჯახური ურთიერთობების სხვა ზნეობრივ და სამართლებრივ ნორმებს. მაგრამ ყურანს, როგორც მთავარ ნორმატიულ დოკუმენტს, არ შეეძლო მოეცვა ყველა დეტალი, რომელიც პრაქტიკულ ცხოვრებაში შეიძლება წამოიჭრას, ამიტომ წინასწარმეტყველი მუჰამედი განმარტავდა „ყურანის ჭეშმარიტებებს“, შეჰქონდა მასში სქესთა შორის ურთიერთობების დასარეგულირებელი საჭირო დეტალები. მუჰამედის გამონათქვამები (ჰადისები) წარმოადგენს ყურანის შემავსებელ კოდექსს, რომლის საფუძველზეც ხდებოდა მუსლიმანური სამართლებრივი სისტემის - შარიათის კანონების შემუშავება და რომელიც შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსსა და მუსლიმანური მორალის საკითხებს. ჰადისები და თვით მუჰამედის ცხოვრების წესი იწოდება სუნად (ტრადიციად). სუნები მუჰამედის უახლოესმა თანამოაზრეებმა და ცოლებმა გადმოგვცეს. მაგ., როგორც მუსლიმანები თვლიან, აიშემ, მუჰამედის მესამე ცოლმა, 1210 ჰადისი გადმოგვცა.

ისლამურ თეოლოგიაში ყურანისა და სუნის ახსნასა და განმარტებას ,,თავსირის” (განმარტება) სახელწოდება აქვს. თავსირები VIII საუკუნიდან გამოჩნდა. ისინი ხშირად წინააღმდეგობრივი და ერთმანეთის გამომრიცხავი იყო. მუჰამედს ისეთ გამონათქვამებს მიაწერდნენ, რაც მუსლიმანური თემის პირობებში მას არ შეეძლო ეთქვა. თავსირის კრებულთა შემდგენლების ძირთად ამოცანას წარმოადგენდა ყურანის გაუგებარი აიათების ტექსტობრივი განმარტება. ყურანის შინაარსის განმარტებას მუსლიმანი თეორეტიკოსები დღესაც განაგრძობენ და მას თანამედროვე ყოფას უსადაგებენ.

თავისი კანონიკურობისა და ნორმატიულობის შედეგად, ყურანი გაცილებით უფრო მკაცრი გამოდგა ქალების მიმართ, ვიდრე წინასწარმეტყველი მუჰამედი, რომლის ცხოვრებისეული მისიაც უფრო დამოძღვრასა და იმის ახსნაში მდგომარეობდა, რისი შეცნობაც ყურანის დებულებებში ადამიანებს არ შეეძლოთ. მუჰამედი ქალის შესახებ ამბობდა: „ერიდეთ ქალებს, რომლებსაც აქვთ ლამაზი გარეგნობა, მაგრამ ურიგო ქცევა“.

„თუ შენ მამა და დედა ერთდროულად მოგიხმობენ, ჯერ მიდი დედასთან“.

„ქალი ნეკნისაგან არის შექმნილი. თუ შენ შეეცდები გაასწორო ეს მრუდე ძვალი, გატეხავ მას, ამიტომ უკეთესია რბილად მოექცე ქალს“.

„არ მოკლათ მტერთა თქვენთა ცოლები და შვილები“.

„პატივი ეცით ქალებს, ისინი თქვენი დედები, ცოლები და დები არიან“.

სქესთა ურთიერთობების რეგულირებას ემსახურებოდა აგრეთვე სხვა სამართლებრივი წყაროებიც, მაგ., ფიქჰი (სამართალი) თავისი ორთოდოქსული სკოლებით, მაგრამ ისლამის სოციალური დოქტრინის მთავარი პრინციპი მაინც ყურანში, სუნაში, თავსირში და მაზე დაფუძნებულ შარიათის კანონებშია მოცემული.

მუსლიმანურ საზოგადოებაში გოგონა უნდა აღიზარდოს ყურანის შესაბამისად, რომლის თანახმად: „ქმრები ცოლებზე მაღლა დგანან, იმიტომ, რომ ალაჰი პირველთ აძლევს უპირატესობას მეორეებზე და იმიტომ, რომ ისინი თავის ქონებას ხარჯავენ“. ამიტომ გოგონამ ადრეული ასაკიდან უნდა იცოდეს, რომ მომავალ მეუღლეს უპირატესი მდგომარეობა ექნება მიკუთვნებული, ხოლო თავად მას გარკვეული ფუნქციების შესრულება მოუწევს. ყურანი მამაკაცს ავალდებულებს შეირთოს მორწმუნეთა „დაცვის ქვეშ აღზრდილი ქალიშვილები“ (მასე ა. ტ. 1 გვ. 125). „ადაბ-ულ სალაჰინი“ ცოლის შერთვის მსურველთ ასეთ დარიგებას აძლევს: „პატარძალი უნდა იყოს ქალწული. საჭიროა ისეთი ქალის შერთვა, რომელიც ქმარს ოთხი თვისებით უნდა ჯობდეს, ხოლო ოთხი თვისებით უფრო დაბლა უნდა იდგეს. ასაკი, სიმაღლე, ქონება და წარმოშობა ცოლს უნდა ჰქონდეს უფრო დაბალი, ვიდრე საქმროს, ხოლო სილამაზე, ხასიათი, ზრდილობა და სინაზე საცოლეს უნდა ჰქონდეს უფრო მაღალი, ვიდრე საქმროს“. („ადაბ-ულ სალახინი“).

ძველი დროიდან უშვილობა არასასურველი იყო როგორც ოჯახისათვის, ისე მთელი საზოგადოებისათვის. ხშირი ეპიდემიები, ბავშვთა სიკვდილიანობა, მოუსავლიანობა, ომები მოსახლეობის დემოგრაფიულ სურათზე უარყოფით გავლენას ახდენდა, ამიტომ ქალისადმი დამოკიდებულება მისი რეპროდუქციის უნარით განისაზღვრებოდა. ისტორიამ შემოგვინახა ძვ. წ. 1350 წელს ქანაანელი მეფის მიერ დაწერილი წერილი, რომელშიც იგი წერდა: „ჩემი ყანა (ჩემი ქვეყანა) გახმა, როგორც უქმრო ქალი, რადგან მას მხვნელი არა ჰყავს“. ეგვიპტელი ბრძენი პტაჰოტეპი თავის ვაჟს მოძღვრავდა: „როცა დავაჟკაცდები, ცოლი ითხოვე და შენი სახლი შეჰქმენი. გიყვარდეს ცოლი, როგორც წესია, აღავსე მისი სხეული, ჩააცვი და დაასაჩუქრე. იგი შენი ყანაა, რომელიც გულმოდგინედ უნდა დაამუშავო“.

ყურანმა მოიწონა ადრეული ქორწინება და უარყოფითად შეაფასა მონაზვნობა და უცოლოდ ცხოვრების წესი. მამაკაცებისათვის ქორწინების ასაკი მან - 15-16 წლიდან განსაზღვრა, ხოლო ქალებისათვის 13-14 წლიდან.

მრავალცოლიანობა (პოლიგინია)

მრავალცოლიანობა პატრიარქალური ურთიერთობების განვითარების შედეგი გახლდათ. იგი დამახასიათებელი იყო მთელი რიგი ხალხებისათვის აზიასა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, ჩრდილოეთ აფრიკასა და ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთში. შემდგომში ზოგმა მათგანმა ქრისტიანობა მიიღო, ზოგმა კი ისლამი. ებრაელები, რომლებმაც ქრისტიანობა მიიღეს, განაგრძობდნენ ისეთი წესების შესრულებას, როგორიცაა წინადაცვეთა, ღორის ხორცის ჭამის აკრძალვა, ებრაული მარხვა. მათ ორი ცოლი მოჰყავდათ და უარს ამბობდნენ შაბათს მუშაობაზე. მრავალცოლიანობა პრაქტიკული მოსაზრებით იყო გამოწვეული. მამაკაცის, როგორც მებრძოლის მნიშვნელობა ყველა სოციალურ პარამეტრს სჭარბობდა. ისლამის დამკვიდრებისა და საგარეო ექსპანსიის მიზნით წარმოებული ბრძოლების შედეგად მუსლიმანური თემის შიგნით მკვეთრად შემცირდა მამაკაცთა რიცხვი და გაჩნდა მარტოხელა ქალთა (ცოლების, დედების, ქალიშვილების) დიდი რაოდენობა. ამ პრობლემის სოციალური რეგულირება მოხდა პოლიგამიის (კერძოდ, პოლიგინიის) შემოღებით.

ყურანში ნათქვამია: „ითხოვეთ ის ქალები, რომლებიც თქვენ გასიამოვნებენ - ორი, სამი, ოთხი. ხოლო ვისაც გეშინიათ, რომ არ იქნებით მართალი, ითხოვეთ ერთი ან სამი, ვისაც თქვენი მარჯვენა გაუმკლავდება“. (ყურანი 3/4) თვით მაჰმადს, გადმოცემის თანახმად, 14 ცოლი ჰყავდა, სიკვდილის მომენტში კი - 9. სანამ მისი პირველი ცოლი - ჰადიჯე ცოცხალი იყო, მაჰმადს მეორე ცოლი არ მოჰყავდა. მაგრამ შემდეგ მისი ცოლები გახდნენ აიშე - მისი ბიძის, უახლოესი თანამებრძოლისა და მომავალი პირველი ხალიფის აბუ-ბაქრის ქალიშვილი; ჯაფსა -მომავალი მეორე ხალიფის ომარის ქალიშვილი, უმ-ჰაბიბა - მისი ერთერთი გავლენიანი მომხრის ქალიშვილი. ცოლებს შორის იყვნენ აგრეთვე მუჰამედის მიმდევართა ქვრივები, რომელთა ქმრები რწმენისათვის ბრძოლაში დაიღუპნენ.

შარიათის მიხედვით, ქმარმა თითოეულ თავის ცოლს უნდა მისცეს ცალკე საცხოვრებელი ბინა, უზრუნველყოს მათი ცხოვრება, კარგად მოეპყრას, დაიცვას მათთან სახლში მისვლის რიგითობა. ცოლმა, თავის მხრივ, თავისი მოვალეობა უნდა შეასრულოს. რა თქმა უნდა, მრავალცოლიანობა იყო და დარჩა შესაძლებელი მხოლოდ მდიდარი მუსლიმანებისათვის. ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გარდა, ყურანი მრავალცოლიანობაში ხედავდა ოჯახურგვაროვნული და საზოგადოებრივი კავშირებისა და ურთიერთობების დამყარების გზით მუსლიმანური თემის განმტკიცების საშუალებას.

ფილოსოფოსი ალ-ჰაზალი იესოს და მუჰამედის მაგალითზე ხსნიდა, რატომ არის პოლიგამია მიზანშეწონილი: „კითხულობენ, კურთხეული იესო დარჩა უცოლოდ, ხოლო ჩვენს არაკურთხეულ წინასწარმეტყველს მუჰამედს ამდენი ცოლი ჰყავდა, თუმცა ორივე მათგანი უმაღლეს სიკეთედ ღვთის მსახურებას თვლიდა. პასუხიც ასეთია: ყველაფერს სჯობს, შევაერთოთ ერთიცა და მეორეც, თუ რჩეული ამისათვის საჭირო ძალასა და სიდიადეს ფლობს. ჩვენმა ყოვლად დალოცვილმა წინასწარმეტყველმა მიიღო ასეთი ძალა და ღვთისადმი ერთგულება შეაერთა ქორწინებასთან. თუმცა მას ცხრა ცოლი ჰყავდა, იგი მთლიანად უძღვნიდა თავის თავს ღვთის სამსახურს“.

თვითონ მუჰამედმა, თითქოსდა თავის მართლებისათვის, ასეთი აიათები წარმოთქვა: „ო, წინასწარმეტყველო, ჩვენ ნება მოგეცით შენ, იყოლიო ცოლად ისინი, ვინც ჯილდოდ მოგეცა და ისინიც, ვისაც მარჯვენა შენი დაეუფლა მათგან, ვინც ალაჰმა გიბოძა, შენი მამიდების ქალიშვილებიც, შენი დედის ძმის ქალიშვილებიც, შენი დეიდების ქალიშვილებიც, მორწმუნე ქალიც, რადგან მან თავი მიუძღვნა წინასწარმეტყველს და თუ იგი მის ცოლობას მოინდომებს... ამის შემდეგ შენ სხვა ქალი აღარ გერგება, არც მათი სხვა ქალებით შეცვლა შეგიძლია, მაშინაც კი, თუ მათი სილამაზე დაგკოდავს, თუ არა მათით, ვისაც შენი მარჯვენა დაეუფლა“ (ყურანი 33-49).

ყურანისა და სხვა დარიგებების თანახმად, ცოლს მოეთხოვება მისდიოს გარკვეულ წესებს: არ გამოვიდეს სახლიდან, თუ ქმრისაგან ნებართვას არ მიიღებს, აგრეთვე არავინ შეუშვას თავის სახლში, ყოველგვარი იძულების გარეშე შეასრულოს დიასახლისის ყველა მოვალეობა, თავისი განწყობილება შეუთანხმოს ქმრის განწყობილებას - როცა ის მხიარულია, ცოლმაც მხიარული სახე უნდა მიიღოს, თუ ის მოწყენილია, ცოლმა თანაგრძნობა უნდა გამოხატოს ქმრის საზრუნავსა და სადარდებელზე; იკმაროს ის საშუალებანი და პირობები, რაც მას ქმარმა შეუქმნა. ქმრის სიკვდილის შემდეგ ატაროს სამგლოვიარო ტანსაცმელი და, თუ სურს საიქიოში შეხვდეს გარდაცვლილი ქმარს, მეორედ აღარ გათხოვდეს.

სქესობრივი სეგრეგაცია და ჩადრი

ისლამური სამართალი მკაცრად არეგულირებს სქესთა შორის ურთიერთობებს. მორწმუნე მუსლიმანი ქალი არასოდეს შედის სოციალურ კონტაქტში მამაკაცთან, თუ იგი მასთან მაჰრამის ვალდებულებით არ არის დაკავშირებული. აუცილებელ შემთხვევებშიც კი (მაგ. ექიმთან წასვლისას) მას ყოველთვის თან ახლავს ნათესავი, რომლის თანდასწრებითაც იგი კონტაქტს ამყარებს საწინააღმდეგო სქესის უცხო წარმომადგენელთან. თანამედროვე პირობებში, მაგალითად, სტუდენტებისათვის, რომლებიც დასავლეთის უნივერსიტეტებში სწავლობენ, როგორც წესი, დასაშვებია აუდიტორიაში პროფესორ-მასწავლებლებთან მარტო დარჩენა. მაგრამ აღნიშნული მხოლოდ გამონაკლისს წარმოადგენს. ყველა სხვა ისლამური ქცევის სტანდარტი დაცული უნდა იქნეს. (Данни, 1998).

ქალთა კარჩაკეტილობა და ამის შედეგად სქესობრივი სეგრეგაცია, ისლამის გამოგონება როდია, თუმცა მასთან ასოცირდება. გათხოვილი ქალისათვის გარემო სამყარსთან ურთიერთობის შეზღუდვა დამახასიათებელი იყო ძველი და შუა საუკუნეების უმრავლესი ტრადიციული საზოგადოებებისათვის. როგორც „დესპოტურ“ აღმოსავლეთში, ისე „დემოკრატიულ“ საბერძნეთში, ქალი თავის ადგილსამყოფელს (იქნებოდა ეს ბერძნული გინეკეა, თუ ირანული ზანანა) არ სცილდებოდა. მას არ ჰქონდა უფლება მონაწილეობა მიეღო მამაკაცთა საუბარში, არ შეეძლო მათთან ერთად სუფრასთან დამჯდარიყო და ფეხზე მდგარი ემსახურებოდა მათ. მხოლოდ მამაკაცებისაგან მოშორებით, „სუფთა მდგომარეობაში“, თეთრ ზეწარში გახვეულს (რასაც მოგვიანებით პავლე მოციქულმა „მასზედ ძალაუფლების ნიშანი“ უწოდა), შეეძლო ქალს ღვთისმსახურებას დასწრებოდა. მაგრამ ფიცს საკურთხეველთან ან სასამართლოში ძალა მაშინ ჰქონდა, თუ მას ქმარი ან მამაკაცი ნათესავი ადასტურებდა.

პირველ განდეგილებად თვით წინასწარმეტყველის ცოლები გახდნენ. თავიანთი ქმრების მაღალი მდგომარეობა მათ ავალდებულებდათ „განსაკუთრებული“ წესით ეცხოვრათ. ამის გათვალისწინებით, ყურანის ისტორიოგრაფებმა ისტორიულად შეიძლება დაადასტურონ ყურანში ამა თუ იმ აიათის გაჩენის დრო. არსებობს აგრეთვე უამრავი ლეგედა ჩადრის ტარებასთან დაკავშირებით. ერთ-ერთი ასეთი ლეგენდა უკავშირდება მუჰამედის საყვარელ ცოლს - აიშას, მაგრამ როგორც არ უნდა იყოს, ზეწრის ტარება დაკავშირებულია ძველ დროსა და ე.წ. „ევას კომპლექსთან“. სუსტი სქესის წარმომადგენლებმა, რომლებიც შეიძლება „ანგელოსებმა ადვილად აცდუნონ“ თავი უნდა დაიბურონ. ბერძნულ მითებში არ იყვნენ ანგელოსები, მაგრამ იყვნენ ღმერთები, რომლებსაც ხშირად შეცდომაში შეყავდათ მიწიერი ლამაზმანები. ბიბლიაში ქალების შემცდენლებად ღმერთის შვილები - ანგელოსები გვევლინებიან.

სოციალურ-პოლიტიკური აქტიურობა

მუსლიმანური ქვეყნებისათვის ქალთა სპეციფიკური პრობლემებია დამახასიათებელი: ზოგიერთ ქვეყანაში - ეს არის შრომისა და პოლიტიკური უფლებების პრობლემა (საუდის არაბეთი და სპარსეთის ყურის ქვეყნები), ზოგან საზოგადოებრივი მენტალიტეტის (არაბული ქვეყნები), ზოგან განათლების პრობლემა (სპარსეთის ყურე და აფრიკის ჩრდილოეთი), ზოგან კი დედობის პრობლემა (ეგვიპტე, პალესტინა, ერაყი, იემენი, ლიბანი).

მიუხედავად ქალების აქტიური მონაწილეობისა ეროვნულ-განმანთავისუფლებელ მოძრაობასა (თუმცა ისტორიამ ინება, რომ ყველა მუსლიმანური ქვეყანა არ ყოფილიყო ჩართული ასეთ ბრძოლაში) და პოლიტიკური ცხოვრებაში (სირია, იემენი, ეგვიპტე), ამ ქვეყნებში პოლიტიკური ცხოვრებაში ქალების მონაწილეობას ფორმალური ხასიათი აქვს, რაც ორი ფაქტორით არის განპირობებული: უპირველეს ყოვლისა, იმით, რომ მმართველ რეჟიმს არ გააჩნია დემოკრატიული ტრადიციებისა და რაციონალური პოლიტიკის გამოცდილება და მეორე - თვით ქალებს არა აქვთ სოციალურ-პოლიტიკური აქტიურობისათვის საჭირო პროფესიული და ფსიქოლოგიური ჩვევები.

მიუხედავად იმისა, რომ მთელ რიგ მუსლიმანურ ქვეყნებში ქალთა პოლიტიკური უფლებები კონსტიტუციებით არის გამყარებული (სირია, ეგვიპტე, ირანი, ტუნისი, იემენი, ერაყი და სხვ.) მათი პოლიტიკური აქტიურობა საკმაოდ დაბალია. პრაქტიკა თეორიისაგან შორს დგას არა მარტო ქალების აქტიურობის, არამედ საზოგადოებაში მათი მდგომარეობის და სტატუსის თვალსაზრისით.

ამ მხრივ, მეტად საყურადღებოა თვით მუსლიმანი ქალების მცდელობები თანამედროვე საზოგადოებაში შეცვალონ თავიანთი მდგომარეობა. სულ უფრო იზრდება ქალთა ორგანიზაციების რიცხვი, რომლებიც საერთაშორისო ორგანიზაცია „ქალთა პლატფორმაში“ არიან გაერთიანებულნი.

დღეისათვის ისლამურ მოძრაობაში შეინიშნება სამი ძირითადი მიმართულება. პირველ მიმართულებას მიეკუთვნებიან რელიგიური მოღვაწეები, რომლებიც გამოდიან არაპოლიტიკური აქციებით და მიაჩნიათ, რომ მათი აქტიურობის ძირითადი სფერო განათლება, კულტურა და სოციალური ყოფაა, რადგანაც ახალგაზრდობის, განსაკუთრებით ქალიშვილების, რელიგიური სულით აღზრდა ქვეყნის ისლამურ მომავალს უზრუნველყოფს.

მათ საპირისპიროდ, ე.წ. „რეფორმატორები“, რომელთა რაოდენობაც საკმაოდ დიდია, პოლიტიკური აქციების მომხრენი არიან და თავიანთი პოლიტიკური მოღვაწეობის ცენტრში სახელმწიფოსა და საზოგადოების რეფორმას აყენებენ.

მესამე ჯგუფს მიეკუთვნებიან რადიკალური მიმართულების ისლამისტები, რომლებიც მზად არიან ქვეყნის სათავეში ნებისმიერი გზით (პოლიტიკურით თუ შეიარაღებული) მოვიდნენ. სწორედ ამ ჯგუფმა 1995 წელს მოახდინა ალჟირის სახელმწიფოსა და საზოგადოების პარალიზება. მათი ექსტრემიზმი „ქალთა საკითხის“ გადაჭრის გზაზე საკმაოდ რთულ ბარიერებს ქმნის.

6.6 6. ბუდიზმი - სოციალური და სქესობრივი თანასწორობის მცდელობა

▲ზევით დაბრუნება


ბუდიზმი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებული რელიგიაა (ქრისტიანობასა და ისლამთან ერთად). იგი წარმოიშვა ჩრდილოეთ ინდოეთში ძვ. წ. VI-V ს.ს-ში. მის შემქმნელად ითვლება სიდჰართა გაუტამა, იგივე შაკია (საკია) - მუნი (განდეგილი შაკიების ტომიდან). თქმულების თანახმად, იგი შაკიების ტომის ბელადის შუდჰოდანის ვაჟი იყო და ძვ. წ. 623-544 წ.წ. ცხოვრობდა. გაუტამამ 29 წლის ასაკში დატოვა ოჯახი და ასკეტური მოხეტიალე ცხოვრება დაიწყო. 7 წლის შემდეგ იგი ახალი რწმენის მქადაგებელი გახდა და საფუძველი ჩაუყარა პირველ ბერ-მონაზვნურ თემს - სანგჰის. შემდგომში შაკია-მუნს უწოდეს ბუდა (სანსკრ. ბუდჰა - გასხივოსნებული), ხოლო მის მოძღვრებას - ბუდიზმი.

ბუდიზმის ძირითადი დოქტრინაა მოძღვრება „ოთხი კეთილშობილი ჭეშმარიტების“ შესახებ: არსებობს - ტანჯვა, მისი მიზეზი, ტანჯვათა შეწყვეტა (ნირვანა - განთავისუფლების მდგომარეობა) და რვამაგი გზა - ნირვანისაკენ მიმავალი გზა.

ბუდიზმის გავრცელების შემდგომ პერიოდში მოხდა მისი ორ შტოდ გაყოფა: ადრეულ ბუდიზმს უწოდებენ „ჰინაიანას“ („პატარა ეტლი“ ანუ ხსნის „ვიწრო გზა“), ხოლო მოგვიანებით, ჩვ. წ I საუკუნეში წარმოშობილ ფორმას - „მაჰაიანას“ („დიდი ეტლი“ ანუ ხსნის „დიდი გზა“).

ინდოეთში ბუდიზმის აყვავების ხანად ითვლება ძვ. წ. I ათასწლეულის შუა ხანები - ახ. წ I ათასწლეულის დასაწყისი.

X ს-ში ბუდიზმმა ინდოეთში დაკარგა გაბატონებული მდგომარეობა და თანდათან დაუახლოვდა ინდუიზმს - ინდოეთის ახალ რელიგიას. ბუდიზმი, როგორც დამოუკიდებელი რელიგიური მოძღვრება, ფართოდ გავრცელდა სამხრეთ-აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ აზიის ქვეყნებში. იქ დამკვიდრდა ჰინაიანა - სამხრეთის ბუდიზმის ანუ თერავადა ბუდიზმის - სიტყვასიტყვით - უხუცესთა მოძღვრების სახელწოდებით.

არსებობს ბუდიზმის სხვადასხვა სექტა და სკოლა.

მიუხედავად განსხვავებებისა, ბუდიზმის ყველა რელიგიურ-ფილოსოფიურ მიმდინარეობასა და სახეობაში არსებულ წარმოდგენათა ერთიანი ბირთვი ბუდიზმს სხვა რელიგიებისაგან განასხვავებს.

ბუდიზმის მიხედვით, ცხოვრება ტანჯვაა. ადამიანი თავად არის საკუთარი ტანჯვის მიზეზი და არა გარე პირობები, არასრულყოფილი საზოგადოება და ზებუნებრივი ძალის ზემოქმედება. ტანჯვათა მიზეზი ადამიანის აზრების, სიტყვებისა და მოქმედებების ერთობლივი ძალის კარმაში მდგომარეობს (სანსკრ. კარმა - „საქმე, ქმედება, მოქმედება“). უფრო მეტიც, კარმა თავად სიცოცხლის მიზეზია. ადამიანები თავად ქმნიან თავიანთ თავს. მათი ფიზიკური იერი (სახე) მათი ყოფიერების შედეგს წარმოადგენს. ის ყალიბდება და ვითარდება სიცოცხლის, სიამოვნების, ძალაუფლების, ფლობისა და თავისუფლების სურვილის ზემოქმედებით. გარკვეულწილად ადამიანი ხდება ისეთი, როგორიც მას უნდა, რომ იყოს.

თავად ადამიანებმა უნდა მოიპოვონ გამარჯვება ტანჯვაზე თავითკონტროლის საშუალებით. თვითშეზღუდვის პრექტიკა და მედიტაცია იწვევს გასხივოსნებას (სანსკრ. „ბოდჰი“) - გამოღვიძებასა და ტანჯვის შეწყვეტას (ნირვანას).

გზა გასხივოსნებისა და ნირვანისაკენ იწყება რწმენით და შემდეგ გრძელდება გულმოწყალების, ზნეობრივი დისციპლინისა და მედიტაციის საშუალებით.

ბუდიზმი საბოლოო ჯამში ნირვანისაკენ სწრაფვაა, რომელსაც ადამიანი საკუთარი კეთილი საქმეებითა (კარგი კარმით) და სხვების კეთილ საქმეებში თანამონაწილეობით ახორციელებს.

ბუდას მიაჩნდა, რომ როგორც ერისკაცები, ისე ბერმონაზვნები ერთნაირად უნდა ისწრაფვოდნენ ნირვანისაკენ. მათი ძალისხმევა მხოლოდ ინტენსიურობის დონით განსხვავდება. მათ შორის უნდა იყოს ურთიერთკავშირი, თუმცა ბუდა იბრძოდა ცხოვრების ბერმონაზვნური წესისათვის, ის ხელს უწყობდა იმ ერისკაცებს, რომლებიც ბუდიზმს აღიარებდნენ; თავის ბერებს კი მოუწოდებდა, კავშირი ჰქონოდათ საზოგადოებასთან და მასთან მთლიანად არ გაეწყვიტათ კავშირი. ბერმონაზვნები ერისკაცების საზოგადოების გვერდით უნდა ცხოვრობდნენ და ამ საზოგადოების შთაგონების წყარო, გამათავისუფლებელი თვითდისციპლინის მაგალითი და მასწავლებლები უნდა იყვნენ. ერისკაცებმა კი პატივი უნდა სცენ ბერმონაზვნებს და საკუთარი თავი იმისთვის უნდა მოამზადონ, რომ უარი თქვან ყოველგვარ სიკეთეზე და ამ გზით მიაღწიონ ნირვანას. ბუდას მიერ ნაჩვენები გზები გულისხმობს მხოლოდ საკუთარ ძალებზე დაყრდნობის აუცილებლობას, მკაცრ ზნეობრიობას, ცივ რაციონალიზმსა და მედიტაციას.

ბუდამ თავის გზას ნირვანისაკენ უწოდა „შუალედური გზა, რომელიც გადის გრძნობადი მოთხოვნილებების თავაწყვეტილ დაკმაყოფილებასა (გედონიზმი) და მკაცრ განდგომას (ასკეტიზმი) შორის“. მისი გზა განსაკუთრებულ ყურადღებას ცნობიერების დისციპლინაზე ამახვილებდა.

ბუდამ უარყო ფართოდ გავრცელებული რწმენა მარადიული სულისა და მარადიული ღმერთის შესახებ, რომლებიც ყველა ცვლილების საფუძველს წარმოადგენს. ბუდიზმის მიხედვით, არ არსებობს სუბიექტისა და ობიექტის, სულისა და მატერიის დაპირისპირება, არ არსებობს ღმერთი, როგორც შემოქმედი და აუცილებელი უმაღლესი არსება. ბუდა იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ცვალებადობა ადამიანის ყოფიერების განუყოფელი თვისებაა. ადამიანი, ისევე როგორც ყველაფერი, რაც მის გარშემოა, მუდმივად მოძრაობს, ყოველ წამს აღორძინდება და ჭკნება. ამასთან, არ არსებობს ამ ცვლილებების უცვლელი სუბიექტი, უცვლელი ადამიანური „მე“. გადმოცემის თანახმად, ბუდას ბოლო სიტყვები იყო: „ყველაფერი, რაც წარმოიშობა, ქრება, გულმოდგინედ ეძიეთ ხსნა“.

აღსანიშნავია, რომ ადრეული ბუდიზმი ქადაგებდა ადამიანთა თანასწორობას, განურჩევლად მათი კასტური და წოდებრივი კუთვნილებისა. ის აღიარებდა მათი „ხსნის“ თანაბარ უფლებას. ადამიანის ხსნა დამოკიდებულია არა ღმერთების დახმარებაზე, არა მის სოციალურ მდგომარეობასა და წარმოშობაზე, არამედ მხოლოდ მის მონდომებაზე.

მთელი თავისი ისტორიის მანძილზე ბუდიზმი უარყოფდა რაიმე განსხვავებას მამაკაცებსა და ქალებს შორის გასხივოსნების მიღწევის გზებთან დაკავშირებით. ბუდიზმის მთავარი დებულების თანახმად, ყველა ადამიანს, მიუხედავად სქესისა და სოციალური სტატუსისა, შეუძლია მიაღწიოს გასხივისნებას. თუმცა, ნიშანდობლივია, რომ ბუდიზმის განვითარების ადრეულ ეტაპებზე დედათა სამონასტრო ორდენები ინსტიტუციურად მამაკაცთა ორდენებს ექვემდებარებოდა. ეს დაქვემდებარება თავად ბუდას მიერ იყო დადგენილი. თავდაპირველად მან უარი თქვა უკვე დაარსებულ ორდენში ქალების მიღებაზე, შემდეგ კი მათთვის ცალკე ორდენი დააფუძნა. დედათა ორდენი ბერების კონტროლს ექვემდებარებოდა.

ასეთმა ინსტიტუციურმა სუბორდინაციამ გამოიწვია დედათა ორდენების გაუფასურება, მოგვიანებით კი - მათი დაცემა. თერავადის (ე.წ. სამხრეთის ბუდიზმის) თანახმად გასხივოსნებას მხოლოდ იმ ადამიანებმა შეიძლება მიაღწიონ, რომლებიც მთელ თავიანთ სიცოცხლეს სამონასტრო ცხოვრებას მიუძღვნიან. ამგვარად, დედათა მონასტრების დაცემამ მკაცრად შეზღუდა ქალების იმედი, მიეღწიათ გასხივოსნებისათვის. მაგრამ მიუხედავად ამისა, მაღალი საერო წრის ქალები მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ რელიგიურ ცხოვრებაში. ისინი ხშირად ფინანსურ მხარდაჭერას უწევდნენ მამაკაცების მონასტრებს.

ჰინაიანისაგან განსხვავებით, მაჰაიანის ბუდიზმში ქალების მონასტრების დაცემას ასეთი მნიშვნელობა არ ჰქონდა, რადგან გასხივოსნების მიღწევა არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ სამონასტრო ელიტით. მაჰაიანა ამტკიცებს, რომ ნებისმიერი ცხოვრებისეული გზა, მონასტერში ან მის გარეთ, შეიძლება იქცეს გასხივოსნების მიღწევის საშუალებად. მაჰაიანის ტექსტებში მოთხრობილია იმ დაქორწინებულ მამაკაცებსა და გათხოვილ ქალებზე, რომლებმაც გასხივოსნების გზაზე წარმატებას მიაღწიეს.

ბუდას მიაჩნდა, რომ ქალებმა შეიძლება მიაღწიონ გასხივოსნების დონეს და არ არსებობს მისი მიღწევის განსხვავებული გზები ქალებისა და მამაკაცებისათვის. ერთ-ერთი ფიცი, რომელსაც ზოგიერთი ბერი დებს, მოუწოდებს მათ, არ დაამცირონ ქალები და ხელი შეუწყონ მათ გასხივოსნების მიღწევაში.

ბუდიზმმა ყველასათვის ხელმისაწვდომი გახადა სამონასტრო ცხოვრება, მიუხედავად სქესისა და კასტისა. მან ადამიანებს შესთავაზა ამ ცხოვრებაში ხელმეორედ დაბადების გზები. ბრაჰმანიზმისაგან განსხვავებით, ბუდიზმმა აღიარა სოციალური თანასწორობა და უარი თქვა ინდუისტურ შეხედულებაზე, რომლის თანახმად მამაკაცებსა და ქალებს სხვადასხვა გზა აქვთ. ბუდიზმი მოუწოდებდა ყველა ქალს - ქალიშვილს, რომელიც გათხოვებას ელოდება, ცოლს, რომელიც შვილებს ზრდის, თუ ქვრივს - თავი დაენებებინათ უბიწო ცხოვრებისათვის ინდუისტურ საზოგადოებაში და გასხივოსნებისაკენ სწრაფვა გამოეჩინათ.

ბუდიზმი გახდა არა მარტო თავისუფლების მიღწევის ალტერნატიული საშუალება, არამედ აგრეთვე საზოგადოებაში ქალების ჩაგრული მდგომარეობისაგან განთავისუფლების საშუალებაც.

ბუდიზმი პატრიარქალური ოჯახური სტრუქტურის რყევის მრავალ წყაროს შეიცავს. უპირველეს ყოვლისა, სამონასტრო თემის, როგორც ოჯახური ცხოვრების ალტერნატივის გავლენამ შეარყია ოჯახის მნიშვნელობა საზოგადოებაში. პატრიარქატის დროს მამაკაცი - ოჯახის უფროსი - საზოგადოების მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს, მაგრამ ბუდიზმში, რომლის რწმენის მიხედვით გასხივოსნების მიღწევა შესაძლებელია სამონასტრო თემში, მცირდება ოჯახის როლი. ეს განსაკუთრებით მკაფიოდ არის გამოხატული თერავადის ბუდიზმში, სადაც გასხივოსნებისაკენ გზა შესაძლებელია ოჯახურ ცხოვრებაზე ხელის აღებით და სამონასტრო თემის წევრად გახდომით. ინდუიზმისაგან განსხვავებით, თერევადას ბუდიზმი სამონასტრო ცხოვრებას ქორწინების სრულ ალტერნატივად განიხილავს. ოჯახს მეორეხარისხოვანი სტატუსი მიეკუთვნება მაჰაიანის ბუდიზმშიც, რომლის ქადაგების მიხედვით, გასხივოსნების მიღწევა ოჯახში დარჩენითაც შეიძლება. ასეთ სიტუაციაში გასხივოსნება შესაძლებელია, მაგრამ მისი მიღწევა უფრო რთულია. ამ შემთხვევაშიც, თუმცა ნაკლებ, სამონასტრო ცხოვრება ოჯახურ ცხოვრებაზე მეტად ფასდება.

ბუდიზმი, ანიჭებს რა ოჯახს მეორეხარისხოვან სტატუსს, არყევს საერთოდ ოჯახურ ცხოვრებას და არა კერძოდ პატრიარქალურს. მტკიცება, რომ ქალს შეუძლია მიაღწიოს გასხივოსნებას, არა მხოლოდ იმას გულისხმობს, რომ ქალს აქვს გასხივოსნების მიღწევის უნარი, არამედ იმასაც, რომ ეს მისთვის სოციალურად კანონიერია. მართლაც, თუ შვილებმა მონასტერში წასასვლელად ორივე მშობლის ნებართვა უნდა მიიღონ, ცოლებისათვის ქმრების ასეთი ნებართვა საჭირო არ არის.

ბუდიზმის ისტორიული დამსახურება ქალების წინაშე იმაში მდგომარეობს, რომ მან ინდოეთში შესაძლებელი გახადა მათი რელიგიური ცხოვრება და ოჯახის პატრიარქალური სტრუქტურის შესუსტება. პირველ რიგში, ქალებს ოჯახის ალტერნატიული ვარიანტი მიეცათ. არჩევანის შესაძლებლობამ ქალს მეტი უფლება მისცა როგორც გათხოვებაზე თანხმობის გამოცხადების დროს, ისე ოჯახურ ცხოვრებაში. ბუდიზმი ადგენს თანასწორობას მეუღლეებს შორის და აწესებს არა მხოლოდ ცოლების ვალდებულებებს ქმრების მიმართ, არამედ ქმრების ვალდებულებებსაც ქალების მიმართ. ვინაიდან როგორც დედამ, ისე მამამ ნებართვა უნდა მისცენ თავიანთ შვილებს მონასტერში საცხოვრებლად წასასვლელად, ცხადია, რომ შვილები ეკუთვნიან როგორც მამას, ისე დედას. უფრო მეტიც, გათხოვილ ქალებს გარკვეული ფინანსური დამოუკიდებლობა აქვთ, რადგან შეუძლიათ მემკვიდრეობით მიიღონ საკუთრება და თავად განკარგონ ის.

ცოლ-ქმრული ცხოვრების შესახებ ბუდისტური შეხედულება არღვევს წარმოდგენას იმის შესახებ, რომ ქვრივი ქალის სექსუალურობას მისი მეუღლე მართავს. ბუდიზმში ქალი თავის ცოლ-ქმრულ მოვალეობას ქმრის სიკვდილამდე ასრულებს. მისგან არ მოითხოვენ ერთგულებას ხელმეორედ გათხოვებაზე უარის თქმით, ამის ნაცვლად, მას შეუძლია არჩევანის გაკეთება: არ შეუერთდეს რელიგიურ თემს, დარჩეს მარტო ან ხელმეორედ გათხოვდეს.

სოციალური იერარქიისა და პატრიარქალური ოჯახის სტრუქტურის რღვევის ფარული პოტენციალის მიუხედავად, ბუდიზმი, ჩვეულებრივ, ადამიანის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ამახვილებს ყურადღებას და, ამგვარად, იშვიათად ცდილობს, სოციალურ სტრუქტურებს, რომლებიც ქალებს ჩაგრავენ კანონიერება წაართვას.

აღსანიშნავია, რომ ბუდიზმი ეგუება გარემომცველ კულტურას, მაშინაც კი, თუ კულტურა ეფუძნება მამაკაცის გაბატონებულ როლს და ახალისებს ძლიერი სქესის ასეთ მდგომარეობას. მიუხედავად ამისა, ბუდიზმში სოციალური თანასწორობის ქვეტექსტი წარმოადგენს წყაროს საზოგადოებაში ქალების სტატუსის გასათანაბრებლად.. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ბუდიზმმა ისტორიულად ხელი არ შეუწყო ქალების თანაბარი სტატუსის დამკვიდრებას სოციალურ სფეროში. ბუდისტური კაცთმოყვარეობის ქადაგება არასდროს გამოდიოდა მონობის, ქონებრივი უთანასწორობის, ქალთა დაჩაგრული მდგომარეობისა და სოციალური უთანასწორობის სხვა გამოვლენათა წინააღმდეგ.

დღემდე ბუდისტურ ქვეყნებში გაბატონებულია პატრიარქალური სოციალური სტრუქტურა და თვალსაზრისი, რომ ქალები მამაკაცებთან შედარებით დაბლა დგანან.

ბუდიზმმა მნიშვნელივანი გავლენა მოახდინა როგორც ინდოეთის საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროზე, ისე იმ ქვეყნების კულტურაზე, სადაც იგი გავრცელდა.

აღსანიშნავია, რომ ბუდიზმმა თავისი არსებობის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე ბევრ სხვადასხვა კულტურულ ტრადიციასა და ინდივიდუალურ მოთხოვნილებასთან ადაპტაციის პროცესში შეითვისა განსხვავებული ადგილობრივი რელიგიები და რწმენები, თავისი კულტი მრავალი წეს-ჩვეულებით გაამდიდრა. სწორედ ამან განაპირობა, რომ ბუდიზმი სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული ხასიათისაა.

ამჟამად ბუდას მოძღვრებას მთელ მსოფლიოში უამრავი (ხუთას მილიონზე მეტი) მიმდევარი ჰყავს. ბუდიზმი გავრცელებულია ტიბეტში, მონღოლეთში, ჩინეთში, იაპონიაში, ნეპალსა და აღმოსავლეთის ბევრ სხვა ქვეყანაში. მას ბევრი მიმდევარი ჰყავს ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. ბუდიზმი ძირითადი რელიგიაა ბევრ აზიურ ქვეყანაში. მან დიდი გავლენა მოახდინა მსოფლიოს მოსახლეობის ორი მესამედის ცხოვრების წესზე.

კითხვები და დავალებები:

1. რელიგიურ-ეთიკური მემკვიდრეობის გავლენა ქალთა საზოგადოებრივ პოლიტიკურ პროცესებში ჩართვაზე.

2. ფემინისტების აზრით, ქრისტიანობაში რა წარმოდგენები ემსახურება: ქალთა დისკრიმინაციას?

3. ეგალიტარიზმის ელემენტები იუდაიზმში.

4. რას ითვალისწინებდა ინდუიზმის რეფორმა ქალთა საკითხში?

5. რა არის სატი?

6. რა არის სატაძრო პროსტიტუცია?

7. როგორია ქალის სტატუსი ისლამში?

8. როგორ მითითებებს იძლევა ყურანი ქალის შესახებ?

9. ქალის როლი ბუდიზმში.

10. რა შეხედულება აქვს ბუდიზმს მამაკაცებისა და ქალების მიერ გასხივოსნების მიღწევის საშუალებების შესახებ?

11. რა არის ბუდიზმის ისტორიული დამსახურება ქალების წინაშე?

ლიტერატურა:

1. Диакон Андрей Кураев, Мужчина и женщина в книге в книге Бытия 2§3 (9§10) М., 1996

2. „Законы Ману“, Пер. Эльмановича С.Д., М., 1960

3. Свенцицкая И.С., Женщина в раннем христианстве. Женщины античного мира. - М., 1995

4. Мезенцева О., Статус женщины в индуизме ХIХ-ХХ в.в. Феминизм: Восток. Запад. Россия. - М., Наука, издательская фирма „Восточная литература“, 1993.

5. Еремеев Л.Б., Ислам. Политиздат, 1971.

6. Данни Ф.М., Ислам и мусульманская община. Религиозные традиции мира - М., Кронн- Пресс, 1998. Т. 1.

7. Даул Джиржис, Религия арбов до ислама. Бейрут. 1981.

8. Семенова Л.А., Из истории средневековой Сирии. М., Наука, 1992.

9. Ванина Е.Ю., Рабыни и царицы: знаменитые женщины индийского средневековья. М., изд.фирма „Восточная литература“, Ран, 1999.

10. Вендман Е., Женщина в древнем мире. М., 1990

11. Гелленр Э., Ислам: иной взгляд на права человека - „Век ХХ и Мир“, 1990, №3.

12. Кикнадзе Т.Р., Женщина в религии и политике. Религия. История. Современность. М., „Юнити“ 1998.

13. Мейер М. С., Послесловия редактора к книге Бахрие Учок „Женщина правитель в мусульманских государствах“, М., „Наука“, 1992

14. Плахов В. Д., Традииция и Общество., М., Мысль, 1992

15. The annual review of women in world religions. V.1-3 - Albany, 1992-94.

16. Allik T., Human finitude and the concept of women's experience // Mod. theology. - Oxford; Cambridge, 1993. - v.9, N 1.

17. Amaru B.H., The first woman, wives, and mothers in Jubilees // J. of Biblicallit.: JBL. - Atlanta (Ga), 1994 - v.113, N 4.

18. Barnes Nancy Shuster. „Buddhism“. Women in World Religions. Ed. Arvind Sharma, Albany, N.Y., State University of N.Y. Press, 1987, 105-34.

19. Daly M., The Church and the Second Sex N.Y., 1968.

20. Hole J. and Livine E., Rebirth of Femimism W.J. 1971.

21. Sered Susan Starr, Women as Ritual Experts: The Religious Lives of Elderly Jewish Women in Jerusalem. N.Y., Oxford UP, 1992.

22. O'Flaherty W. D., Textual Sources for the Study of Hinduism. Manchester Press, 1988.

23. Times of India, New Delhi, December 11, 1987.

7 თავი VI. ქალთა მონაწილეობა თანამედროვე სოციალურ-პოლიტიკურ პროცესებში - გენდერული კვლევის აქტუალური პრობლემა

▲ზევით დაბრუნება


7.1 1. ქალთა მონაწილეობა თანამედროვე სოციალურ-პოლიტკურ პროცესებში

▲ზევით დაბრუნება


მესამე ათასწლეულის დადგომა რადიკალური ცვლილებებით აღინიშნება, რაც საშუალებას იძლევა ვილაპარაკოთ ახალი ცივილიზაციის წარმოშობაზე, რომელშიც წარსულის კულტურულ ტრადიციათა მრავალფეროვნება შერწყმული იქნება ადამიანთა ურთიერთობებისა და საზოგადოების მოწყობის უნივერსალურ საფუძვლებთან.

თანამედროვე საზოგადოებაში მიმდინარე პროცესების გაგება შეუძლებელია უფრო ზოგადი სოციალური პრობლემების, მათ შორის მოდერნიზაციის, გლობალიზაციისა და ინტეგრაციის პრობლემების გათვალისწინებისა და ანალიზის გარეშე.

დღეს ტერმინს „გლობალობა“ ძირითადი კოდური მნიშვნელობა ენიჭება. მას უამრავი დატვირთვა აქვს - მსოფლმხედველობრივი, მეცნიერული, იდეოლოგიური, კულტურული და სხვ. გლობალიზაცია, როგორც პრინციპი, მოითხოვს ადამიანის, საზოგადოებისა და ბუნების ურთიერთკავშირების ერთობლიობის ერთ სტრუქტურად განხილვას. ეს სისტემა პერმანენტულად კრიზისულ მდგომარეობაშია, რადგან კაცობრიობის დღევანდელი ყოფიერებისათვის დამახასიათებელი ყველა დაძაბულობა და კონფლიქტი, კატასტროფა და აფეთქება, ასე თუ ისე, საკვლევი სფეროს საზღვრებში იყრის თავს. ამასთან დაკავშირებით ყალიბდება პლანეტაზე მიმდინარე პროცესების გლობალურად გააზრების მექანიზმი. გლობალური პრობლემები, რომელთა გადაწყვეტაზეც ადამიანთა ცივილიზაციის არსებობა და პროგრესი არის დამოკიდებული. ამ პრობლემების გადაწყვეტა ეროვნული ძალისხმევის საერთაშორისო თანამშრომლობის ეფექტური სისტემის საქმიანობასთან რაციონალური შერწყმის მეშვეობით არის შესაძლებელი. მეცნიერ-გლობალისტების აზრით, გლობალურ პრობლემებს ზოგადსაკაცობრიო და საყოველთაო მასშტაბი აქვს, გამოირჩევა კომპლექსურობით, დინამიზმით, სიმწვავით. ისინი ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. მათი წარმოშობა და განვითარება განაპირობა, ერთი შეხედვით, განსხვავებული, ერთმანეთთან დაუკავშირებელი ტექნიკურ-ეკონომიკური, სოციალურ-პოლიტიკური, ბუნებრივი პროცესების ურთიერთქმედებამ და ურთიერზეგავლენამ. ისინი გამოხატულებას პოულობს მორალურ-ეთიკურ, მსოფლმხედველობრივ, ფილოსოფიურ შეხედულებებსა და კონცეფციებში, რომელთა საფუძველზე ლობალურ პრობლემებს განსახვავებული სოციალურ-ეკონომიკური წყობის სახელმწიფოები სხადასხვანაირად გაიაზრებენ და მათ გადასაწყვეტად განსხვავებულ გზებსა და მეთოდებს ირჩევენ.

მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში გააქტიურდა საზოგადოებრივ ურთიერთობათა ჰუმანიზაციის პროცესი. რეალური თანასწორობის პრობლემა კაცობრიობის განვითარების გლობალურ პრობლემათა რიგს მიეკუთვნა. მსოფლიო თანამეგობრობა იმ დასკვნამდე მივიდა, რომ უფლებათა იურიდიულმა თანასწორობამ, რომლისთვისაც ამდენი ძალა და ენერგია იქნა დახარჯული, მოლოდინი ვერ გაამართლა. თანასწორობა კანონით ფაქტობრივ თანასწორობას როდი ნიშნავს.

საზოგადოებრივმა პრაქტიკამ სოციალური თანამშრომლობის სფეროში ცხადყო, რომ იურიდიული უფლებებისა და თავისუფლებების მთელი კომპლექსის არსებობის პირობებშიც კი მოსახლეობის გარკვეულ ფენებს, სოციალური ან ფიზიოლოგიური მიზეზების გამო, არა აქვთ არსებობისა და მოქმედების თანაბარი შესაძლებლობანი, რის გამოც ისინი სახელმწიფოს მხრიდან სპეციალურ სამართლებრივ დაცვას საჭიროებენ და, შესაძლოა, წარმოადგენენ სამართლებრივი ურთიერთობების დამოუკიდებელ სუბიექტებს. ამასთან დაკავშირებით საერთაშორისო სამართალში გაჩნდა კიდევ ერთი მიმართულება ე.წ. „ადამიანთა უფლებების მესამე თაობა“, რომელიც მიზნად ისახავს ცალკეული სოციალური ჯგუფების სასიცოცხლო შესაძლებლობების გაფართოებას.

,,ადამიანთა უფლებების მესამე თაობის“ ყურადღების ცენტრში არიან ქალები. მსოფლიო თანამეგობრობა აღიარებს იმ ფაქტს, რომ მიუხედავად გარკვეული წინსვლისა ორი სქესის თანასწორუფლებიანობის მიღწევის საქმეში, საზოგადოებაში კვლავ არსებობს ქალების დისკრიმინაცია, რომელიც საზოგადოების კეთილდღეობის ზრდის ერთ-ერთი ხელისშემშლელი პირობაა და ზიანს აყენებს მსოფლიო ცივილიზაციის ჰუმანური და დემოკრატიული განვითარების პროცესებს.

მოიპოვეს რა მამაკაცებთან თანასწორი პოლიტიკური უფლებები, ქალები სულ უფრო დიდ წარმატებებს აღწევენ პოლიტიკურ საქმიანობასა და მართვის საქმეში. მათ ხელმძღვანელი პოსტები უკავიათ საერთაშორისო ორგანიზაციებში, სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტებსა და მთავრობებში, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ მოძრაობებში. პოლიტიკა, რომელიც სულ ახლო წარსულში მამაკაცთა საქმედ ითვლებოდა, დღეს ბევრი ქალის ცხოვრებისეულ ორიენტირად იქცა, მაგრამ, არცთუ იშვიათად, საზოგადოებრივი ცნობიერება ქალთა პოლიტიკურ კარიერას სკეპტიკურად უყურებს და ხშირად თვითონ ქალებიც გარკვეული ეჭვის ქვეშ აყენებენ თავიანთი პოლიტიკური კარიერის შესაძლებლობებს. შემთხვევითი არაა, რომ სწორედ პოლიტიკა წარმოადგენს იმ სფეროს, სადაც ყველაზე უფრო თვალნათლივ იგრძნობა დაპირისპირება ქალთა იურიდიულ და ფაქტობრივ მდგომარეობაში.

საზოგადოების ცვლილების კონცეფციები და პროგრამები ითვალისწინებს საზოგადოებრივი ცნობიერების, პოლიტიკისა და მართვის გარკვეულ მოდელებს ვარაუდობენ, რომ სულიერი, პოლიტიკური და მმართველობითი ზემოქმედების ობიექტს თვითგანვითარების უნარი აქვს, ხოლო სუბიექტმა ისეთი ზემოქმედება უნდა მოახდინოს თვითრეგულირების მექანიზმებზე, რომელიც უზრუნველყოფს მათ მაქსიმალურ თავისუფალ განვითარებას. საზოგადოების განვითარების ისტორია გვიჩვენებს რომ თეორია ყოველთვის არ პასუხობს იმ კითხვებს, რომლებსაც სოციალური სინამდვილე აყენებს და მისი განხორციელება დამოკიდებულია სოციალურ-ისტორიულ სოციალურ-კულტურულ და სხვ. ფაქტორებზე, რომელთა მოქმედების როლისა და შედეგების წინასწარ გამოცნობა საკმაოდ რთულია.

დღევანდელი საზოგადოების სასურველი მოდერიზაციის მნიშვნელოვანი ფორმალური ნიშნებია: რადიკალურობა, ცვლილებათა კომპლექსურობა, განვითარების კოჰერენტულობა, რაც საზოგადოების ყველა ქვესისტემის ცვლილებას ნიშნავს. მოდერნიზაციის ნიშნებს შორის გამოყოფენ: ეკონომიკურ ზრდას, პოლიტიკური მმართველობის წარმომადგენლობით სისტემას, კულტურაში სეკულარულ ნორმებს, სოციალური და სივრცული მობილურობის მაღალ მაჩვენებელს, წარმატებისაკენ სწრაფვას, ემპათიას, როგორც თანამედროვე პიროვნების მნიშვნელოვან თვისებას. (Бергер, 1997).

მოდერნიზაციის პროცესების შესახებ მეცნიერთა უმეტესობას განსხვავებული შეხედულებები აქვს. ზოგიერთი მკვლევარი მოდერნიზაციულ პროცესებს უკავშირებს ახალ დროში დასავლეთ ევროპის ქვეყნებში მომხდარ მოვლენებს და მიაჩნია, რომ ისინი ისტორიულად აუცილებელი და სავალდებულოა ყველა ქვეყნისათვის, რომლებმაც განვითარების დასავლური მოდელი აირჩიეს. (Хабермас, 1994). მეცნიერთა გარკვეულ ნაწილს მიაჩნია, რომ მოდერნიზაცია არის გადასვლა ტრადიციულიდან თანამედროვე საზოგადოებაზე და, ამავე დროს, ასეთ გადასვლასთან დაკავშირებული სხვების გამოცდილების გაცნობიერებული, შეგნებული ათვისება. ზოგი მკვლევარი მოდერნიზაციას უწოდებს სწრაფვას - ტრადიციულ სოციოკულტურაში პოლიტიკური და ეკონომიკური ინსტიტუტების ტრანსფორმაციასა და დასავლურ ანალოგიებთან მათ (უპირველეს ყოვლისა საბაზრო ეკონომიკური ურთიერთობებსა და დემოკრატიული პოლიტიკური წყობის) დაახლოებას. (Кантор, Капустин, 1999)

მოდერნიზაციის შესახებ არსებობს აგრეთვე კონცეფცია, რომელიც გამოიყენება როგორც განვითარებისა და თანამშრომლობის ძირითადი პროგრამა თანამედროვე სამყაროს გლობალიზაციის პროცესების ფონზე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ფარგლებში (Мюрдаен, 1972).

სოციალურ-პოლიტიკურ სფეროში მოდერნიზაცია უკავშირდება ადამიანების, სოციალური და პოლიტიკური ინსტიტუტების მკაფიო სპეციალიზაციას სხვადასხვა სახის საქმიანობაში, რომელიც სულ უფრო ნაკლებად ხდება დამოკიდებული სქესსზე, ასაკზე, სოციალურ წარმოშობაზე, პირად კავშირებზე და ტრანსფორმაციის განვითარებასთან ერთად, ადამიანის პიროვნული თვისებებით განისაზღვრება. სოციალურ-პოლიტიკური მოდერნიზაცია გულისხმობს იერარქიული დაქვემდებარებისა და ვერტიკალური დამოკიდებულების შეცვლას თანასწორუფლებიანი პარტნიორობით, რომელიც საერთო ინტერესების საფუძველზე ყალიბდება. მაგრამ ამ პროცესს თან ახლავს ადამიანებს შორის ურთიერთობების დროს პიროვნული სახის დაკარგვა, ოჯახის როლისა და ფუნქციების, აგრეთვე დემოგრაფიული სტრუქტურის შეცვლა.

აღნიშნული პროცესები ასევე გულისხმობს დასავლურ ღირებულებებთან ასიმილირებას და ეროვნული ტრადიციების ტრანსფორმაციას, რადგან, როგორც მიჩნეულია, ეს ტრადიციები არ შეესაბამება აქტუალურ სოციალურ რეალობას. ტრანსფორმაციის კლასიკური ევროპული გზა ნიშნავდა პოლიტიკური და სამართლებრივი ინსტიტუტების ცვლილებას იმ ადრეული ცვლილებების საფუძველზე და გავლენით, რომლებიც ღირებულებით ორიენტაციებში, მოთხოვნილებებსა და ინტერესებში მოხდა. აღნიშნული განპირობებული იყო არა იმდენად სულიერი კულტურის განვითარებით, რამდენადაც წარმოების ევოლუციით, მისი ტექნიკურ-ტექნოლოგიური მახასიათებლებისა და მიზნობრივი მიმართულობის შეცვლით. სულიერ-იდეოლოგიური და ეკონომიკური ექსპანსია წარმოადგენს ტრასნფორმაციის ძირითად წყაროს მსოფლიო თანამეგობრობაში.

როგორც მსოფლიო გამოცდილებამ აჩვენა, არსებული საზოგადოებრივი ურთიერთობების საბაზისო საფუძველს წარმოადგენს არა საკანონმდებლო ინიციატივები და ფინასური და ტექნიკურ-ტექნოლოგიური გავლენები წარმოების სფეროში, არამედ ღირებულებების რადიკალური ტრანსფორმაცია, რაც ცვლის მათ ინტერესებს.

ეკონომისტები, პოლიტოლოგები, კულტუროლოგები, პრაქტიკულად ცოდნის ყველა ჰუმანიტარული მიმართულების წარმომადგენლები ცდილობენ მოხაზონ ამ ადამიანური თანაცხოვრების შესაძლო პარამეტრები და ტენდენციები, რომელსაც ახალი ტიპის პოლიტიკური კულტურის შექმნასა და პატრიარქატიდან დაბალანსებულ ბიარქატიზმამდე მივყავართ.

7.2 2. შეხედულებანი ქალის სოციალურ-პოლიტიკური აქტიურობის შესახებ.

▲ზევით დაბრუნება


დეკაბრისტების ერთ-ერთი ლიდერის, ნიკიტა მურავიოვის კონსტიტუციის პროექტში შეიძლება მოვნახოთ მეტად მნიშვნელოვანი შენიშვნა: „ქალი არა მარტო არ წარმოადგენს პოლიტიკურ უფლებათა სუბიექტს, არამედ მას საკანონმდებლო ორგანოს ღია სხდომებზე დასწრებაც კი ეკრძალება. ორპალატიანი პარლამენტი თავისი სხდომების დროს, ჩვეულებრივად, დასაშვებად მიიჩნევს მაყურებელთა დასწრებას, მაგრამ ქალებს და არასრულწლოვნებს (ე.ი. 21 წლამდე მამაკაცებს) პალატაში შესვლა ეკრძალებათ“.

ასეთი შეხედულება ქალთა უფლებებზე პოლიტიკაში XIX საუკუნის პირველ ნახევარში სრულიად ბუნებრივად გამოიყურებოდა არა მარტო რუსეთში, არამედ მთელ ევროპაში. აღნიშნული შეხედულების გადახედვა თვით ცხოვრებამ მოიტანა. სამკუთხედის - ეკლესია- სამზარეულო-ბავშვები - ჩარჩოებიდან გამოსვლა გულისხმობდა საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულუფლებიან მონაწილეობას, პოტენციურად ქალებისათვის პოლიტიკური უფლებების მინიჭებას - ე.ი. უპირველეს ყოვლისა, უფლებას, აერჩიათ და ყოფილიყვნენ არჩეული საკანონმდებლო ხელისუფლების ორგანოებში. ქალთა ემანსიპაციური მოძრაობის ძირითადი შინაარსი XIX საუკუნის მეორე ნახევარსა და XX საუკუნის დასაწყისში ევროპასა და ამერიკაში სწორედ ქალთა იურიდიული და პოლიტიკური თანასწორუფლებიანობა იყო.

საზოგადოებაში დღემდე გავრცელებული აზრის მიხედვით, სამსახურში ჩაბმული ქალების თაობაზე არსებობს ნეგატიური სტერეოტიპი, რომლის თანახმად ქალთა დასაქმება უარყოფითად მოქმედებს ბავშვთა აღზრდასა და ოჯახურ ურთიერთობებზე. ასეთი წარმოდგენები ქალებში გარკვეულწილად იწვევს დანაშაულის გრძნობას, ხელს უშლის მათ სოციალურ-პოლიტიკურ აქტიურობას და პროფესიულ თვითრეალიზაციას.

ამ მხრივ, საინტერესოა ცნობილი ამერიკელი მკვლევარი ქალის ბეტი ფრიდანის აზრი. თავის წიგნში „ქალურობის საიდუმლო“ იგი აღნიშნავს, რომ მომუშავე ქალთა ბავშვები ნაკლებად ვარდებიან უკიდურესობებში (არც ძალიან აგრესიულები არიან და არც ძალიან შენელებული რეაქცია აქვთ), სკოლაში უკეთესად სწავლობენ, უფრო განვითარებული აქვთ საკუთარი თავის პატივისცემა, ვიდრე დიასახლისი დედების შვილებს.

მეორე კვლევამ, რომლის დროსაც შესწავლილ იყო უმაღლესი განათლების მქონე დედები, აჩვენა, რომ მათი სამსახური უარყოფითად არ მოქმედებს არც მათ ოჯახურ ურთიერთობებსა და ფსიქოლოგიურ კლიმატზე და არც ბავშვების პრობლემების რიცხვსა და სერიოზულობაზე, (Фридан, 1994)

არნოლდ გრინის კვლევებმა გამოალინა ფარული პრობლემა, რაც იმაში მდგომარეობს, რომ საშუალო ამერიკული ოჯახის დიასახლისის როლი ბევრ დედას აიძულებს თავიანთ ქალიშვილებსა და ვაჟიშვილებში ჩაახშონ პიროვნება და ინფანტილიზმის გრძნობა განუვითარონ. (Фридан, 1994)

ისტორიული გამოცდილებაც მოწმობს: იმის გამო, რომ ქალებმა მიიღეს განათლება, დაიწყეს შრომა წარმოებაში, გამოიყენეს თავიანთი პოლიტიკური უფლებები, საზოგადოებამ მხოლოდ მოიგო. შემდგომი ნაბიჯი ქალების წინსვლაში ახალი სოციალურ-პოლიტიკური როლის ათვისებასა და ყველა დონეზე მმართველობაში მონაწილეობის მიღებაშია.

განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს იმ ფასეულობათა სისტემის დამუშავება და განვითარების ტექნოლოგიის დანერგვა, რომელიც უზრუნველყოფს ინიციატივიანი, სუვერენული, გონიერი ქალის ჩამოყალიბებას. ასეთი სოციალური ტექნოლოგიების მოთხოვნილება გამოწვეულია რადიკალურად შეცვლილი სოციო-კულტურული პროცესებისადმი ადაპტაციის დაჩქარების უზრუნველყოფის აუცილებლობით. ქალებისათვის ეს ტექნოლოგიები უნდა ითვალისწინებდეს მათი სოციალური მდგომარეობის სპეციფიკას და მასობრივ ცნობიერებაში ისეთი გენდერული სტერეოტიპების ბატონობას, რომლებიც ქალთა თვითრეალიზაციის სფეროებს ზღუდავს.

აუცილებელია, რომ ქალს მიეცეს შესაძლებლობა აირჩიოს სახლი ან სამსახური, ან შეუთავსოს ისინი ერთმანეთს. თუ მას აქვს გონებრივი შრომისადმი ინტერესი, მოთხოვნილება სხვადასხვა პროფესიულ სარბიელზე მოახდინოს თავისი შემოქმედებითი შესაძლებლობების რეალიზება, ასეთ ფასეულობათა ორიენტაციას უნდა მივესალმოთ და მხარი უნდა დავუჭიროთ. თუ სურვილი არ იქნება ქალში პიროვნება, ინდივიდი დავინახოთ, ეს ვერ წაადგება საზოგადოების სოციალურ და პოლიტიკურ პროგრესს.

მამაკაცსა და ქალს შორის როლების განაწილების პროცესის მნიშვნელოვანი შედეგია ის, რომ ეს პროცესი შეეხო არა მხოლოდ ოჯახის, არამედ პოლიტიკისა და ხელისუფლების სფეროებსაც, რომლებსაც საზოგადოებრივი მმართველობის ინსტიტუტად აღვიქვამთ. ეს უკანასკნელი დღეს აღარ არის გამორჩეულად მამაკაცთა სფერო. ქალებმა უზრუნველყვეს თავისთვის ხელისუფლების ინსტიტუტების მისაწვდომობა და პოლიტიკაში აქტიური მონაწილეობის უფლება.

მნიშვნელოვანი ცვლილება ქალთა სოციალურ სტატუსში იყო მათ მიერ საარჩევნო უფლების მიღება. ქალებმა სხვადასხვა ქვეყანაში საარჩევნო ხმა სხვადასხვა დროს მიიღეს: ფინეთში - 1907 წელს, დანიაში - 1915 წელს, შვეციასა და კანადაში - 1918 წელს, სსრკ-ში - 1918 წელს, აშშ-ში - 1920 წელს, დიდი ბრიტანეთში - 1928 წელს, საფრანგეთში - 1944 წელს.

XX საუკუნემ მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა პოლიტიკაში ქალთა როლის გაზრდის საქმეში. შეიცვალა ქალის სოციალური როლი, რასაც შემდეგი ნიშნები ახასიათებს:

1. გლობალობა, ე.ი. მოიცავს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონს, ქვეყანას;

2. ცვლილებები ხდება ერთდროულად სხვადასხვა სფეროში (პოლიტიკა, ეკონომიკა, განათლება, ოჯახი);

3. ქალთა სოციალური როლის ცვლილება უმტკივნეულოდ არ მიმდინარეობს. მას ბევრი წინააღმდეგობა ახლავს.

როლების ძველებური მკაცრი განაწილება (კაცი - შემომტანი, ძირითადი მუშაკი, ქალი კი - დედა, დიასახლისი) თავად ცხოვრებამ დაარღვია. ქალები ბევრ ქვეყანაში ფართოდ ჩაებნენ ეკონომიკურ ცხოვრებაში. დასავლეთში ქალის საზოგადოებრივ წარმოებაში ჩაბმის აღმნიშვნელი ტერმინი ვარდისფერი საყელოები გაჩნდა 1985 წელს ქალებმა შეადგინეს მუშახელის 45% (Griffin S., 1978).

თანამედროვე პოლიტიკური მოღვაწეობის ძირთად კრიტერიუმად, რა თქმა უნდა, გვევლინება ერთობლივი მოქმედება, როგორც მამაკაცების, ისე ქალების, როგორც უმრავლესობის, ისე უმცირესობის ინტერესების გათვალისწინებით, წინააღმდეგობათა თავიდან აცილების, მატერიალური დოვლათის განაწილებისას წინააღმდეგობათა დაძლევის გზით. დღეს საზოგადოების „გაადამიანურების“ საკითხი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე წუხილი იმის შესახებ, თუ რომელი სქესი უფრო მეტ ძალაუფლებას ფლობს.

ქალთა პოლიტიკაში ჩაბმის პროცესი პროგრესული, ცივილიზებული საზოგადოების განვითარების ტენდენციის მაჩვენებელია. დღესდღეისობით დასავლეთ ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნების, იაპონიის, ავსტრალიის, ახალი ზელანდიის და სხვ. ქალების მაღალი სამთავრობო პოსტები უკავიათ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალების აქტიურობა შვეციაში, სადაც მათ მინისტრთა პოსტების ნახევარი უკავიათ, ფინეთში - 30%, ხოლო ქვეყნის პრეზიდენტი ქალია, დანიაში - 37%, ნორვეგიაში - 42%. (Женщины скандинавских народов на рубеже XXI века ,2000).

წლების განმავლობაში ნორვეგიის პრეზიდენტი იყო გრუ ჰარლემ ბრუტლანდი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი - მარგარეტ თეტჩერი, ისრაელისა - გოლდა მეირი, ინდოეთისა - ინდირა განდი, ფილიპინებისა - კორასონ აკინო, პაკისტანისა - ბენაზირ ფხუტო, ნიკარაგუასი - ვიოლეტა ბარიოს დე ჩამორო და სხვ.

70-80-იან წლებში კანონმდებლობა მამაკაცებისა და ქალების თანასწორობის შესახებ მიღებულ იქნა დიდ ბრიტანეთში (1975), ნორვეგიაში, დანიაში, შვეციაში (1975), ავსტრიაში (1979), გფრ-ში (1980), საფრანგეთში (1983), და სხვ. სახელმწიფოებში.

90-იან წლებში საკანონმდებლო ხელისუფლების წევრთა შორის შვეციაში, გერმანიაში, ავსტრიაში, ნორვეგიაში, ფინეთში, ქალებმა შეადგინეს 23-დან 40%-მდე. ქალთა წარმომადგელობა სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტებში ასე გამოიყურება:

10%-მდე

10-20%

20-30%

30-40%

ბრაზილია

დიდი ბრიტანეთი

უნგრეთი

საბერძნეთი

ინდონეზია

რუსეთი

იუგოსლავია

იაპონია

ავსტრალია

ანგოლა

ბელგია

კანადა

ესპანეთი

იტალია

საფრანგეთი

შვეიცარია

ჩინეთი

არგენტინა

ავსტრია

გერმანია

ისლანდია

კუბა

შვეცია

ფინეთი

ნორვეგია

დანია

ნიდერლანდები

ამ პერიოდისათვის მსოფლიოს ქვეყნების პარლამენტრთა შორის 89% მამაკაცები, ხოლო 11% ქალები იყო. (Уськов,1993).

ქალთა წარმომადგენლობის გარანტიისათვის მნიშვნელოვან როლს ასრულებს კვოტები. ევროპის ქვეყნებში ქალთა წარმომადგელობის ქვოტები დაწესებულია ყველა ხელმძღვანელ (პარტიულ, საპარლამეტო, აღმასრულებელ) ორგანოში. კვოტები არსებობს ევროპის რამდენიმე ქვეყნის პარლამენტებში: ევროპარლამენტში - 19% ქალია, ჰოლანდიაში - 25%, დანიაში - 30% და სხვ. კანდიდატურების წამოყენება ხდება არა მარტო სქესის მიხედვით, არამედ პროფესიული და საქმიანი თვისებების გათვალისწინებით, ხოლო მათი რეალიზაციისათვის სათანადო მომზადებაა საჭირო, რომელიც ითვალისწინებს საქმიანი კონტაქტების ეთიკას, პოლიტიკურ განათლებას და სხვ.

ცივილიზებული პოლიტიკური კულტურის ქვეყნებში დაწყებულია პოლიტიკის ფემინიზაცია. სულ უფრო ხშირად წინა პლანზე გამოდის ე.წ. „სათათბირო დემოკრატია“, ხოლო ამოსავალ პრინციპებად გვევლინება თანასწორობა პოლიტიკურ სფეროში, ხელისუფლების გადანაწილება, უარის თქმა წმინდა მამაკაცურ წარმომადგენლობაზე, პოლიტიკის ჰუმანიზაცია და დემოკრატიზაცია. ასე რომ, ქალებს შესაძლებლობა აქვთ მრავალფეროვნება და ზნეობრივი საწყისი შეიტანონ პოლიტიკაში.

მაგრამ ასეთ გარდაქმნათა გზაზე ბევრი დამაბრკოლებელი მიზეზია. მხოლოდ ერთი გაფიქრებაც კი იმის შესახებ, რომ ქალები შეიძლება მონაწილეობდნენ ცხოვრების ყველა სფეროში, განსაკუთრებით, ისეთებში, სადაც მხოლოდ ძლიერი და მკაცრი მამაკაცები საქმიანობენ, მათ მძაფრ წინაღმდეგობას იწვევს.

მოდით, გავარკვიოთ, შეიძლება მართლაც არსებობს რეალური მიზეზები, რომელთა გამო ქალებს არ შეუძლიათ მიიღონ ხმათა უმრავლესობა საპალამენტო არჩევნების დროს, არ შეუძლიათ უხელმძღვანელონ ეკონომიკურ გაერთიანებებს, იმსახურონ არმიაში გენერლის წოდების მიღებამდე და სხვ. თუ ჩვენ ასეთ მიზეზებს აღმოვაჩენთ, დღეს მიმდინარე მოვლენები უცნაურად მოგვეჩვნება, მაგრამ ასეთი მიზეზები არ არსებობს.

როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებში ქალებმა არჩევნებში მონაწილეობის უფლება მიიღეს, პრეზიდენტმა უორენ ჰარტინგმა განაცხადა: „პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა მოსვლით შეგვიძლია იმედი ვიქონიოთ, რომ მათი ინტელექტი, მათი ორგანიზატორული შესაძლებლობანი, მათი ბუნების სინატიფე და კეთილისმყოფელი გავლენის ნიჭი ხელს შეგვიწყობს საზოგადოების სოციალურ მოწყობაში“.

ეს ნათქვამი იყო 1921 წლის 4 მარტს, მაგრამ ჯერჯერობით ქალთა მონაწილეობა სახელმწიფო მმართველობაში, მათი მცირე რიცხვის გამო, მკრთალად გამოიყურება. ქალთა პოლიტიკაში ჩართვის პროცესი საკმაოდ ნელა მიმდინარეობს. ვენაში გამართულ გაეროს კონფერენციაზე ადამიანის უფლებების შესახებ (1993 წ.) ქალები გამოვიდნენ თავიანთი უფლებების დასაცავად და აღნიშნეს, რომ მათ არ სურთ ,,მეორე ხარისხოვან“ მოქალაქეებად ყოფნა. პეკინის კონფერენციაზე მიღებულ დოკუმენტებშიც აღნიშნულია, რომ თანასწორობა პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებისას თავისებურ სადავეებს წარმოადგენს, რომლის გარეშეც სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირებისას რეალური თანასწორობის მიღწევა ნაკლებად შესაძლებელია. თანაბარი მონაწილეობა პოლიტიკაში გადამწყვეტ როლს ასრულებს ქალთა მდგომარეობის გაუმჯობესების საერთო პროცესში.

პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ბევრ ქვეყანაში ქალები სახელისუფლებო სტრუქტურებში საკმაოდ სუსტად არიან წარმოდგენილნი. ერთგვარი „ბუმი“ პატრიარქალური განწყობით შეიცვალა. სამინისტროებში და ხელისუფლების სხვა ორგანოებში ქალების რაოდენობა საკმაოდ მცირეა. დღეისათვის მათი რაოდენობა საკანონმდებლო ორგანოებში 10%-ია, უფრო ნაკლებია აღმასრულებელ ხელმძღვანელ თანამდებობაზე. ბევრი პოლიტიკური პარტიისა და სახელმწიფო სტრუქტურების ტრადიციული შეხედულებები ხელს უშლის ქალთა მონაწილეობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში. (ქალთა მეოთხე მსოფლიო კონფერენციის მასალები. თბ., 1995, გვ. 93).

7.3 3. ქალი-პოლიტიკოსის მოღვაწეობის სტილის თავისებურებანი

▲ზევით დაბრუნება


საზოგადოებრივ ცნობიერებაში ქალი-პოლიტიკოსის შეფასების განსაკუთრებული კრიტერიუმები არსებობს. როგორც წესი, მათ გაცილებით უფრო მაღალ მოთხოვნებს უყენებენ, ვიდრე მამაკაც პოლიტიკოსებს. ქალს უფრო მეტი პოზიტიური თვისებები უნდა ჰქონდეს, უნდა იყოს შრომისმოყვარე, ინტელექტუალურად მომზადებული, გამოირჩეოდეს ინტუიციის უნარით. მამაკაცმა რომელიმე პოლიტიკურ ფორუმზე ან შეხვედრაზე შეიძლება გააკეთოს სკანდალური განცხადება - ყვირილით, ისტერიულობით, შეურაცხყოფებით, ზოგჯერ სულელურიც კი. ასეთი ქმედება ჩვეულებრივ მოვლენად აღიქმება, მაგრამ თუ ამგვარად მოიქცევა ქალი, უმეტეს შემთხვევაში მასზე იტყვიან: „ქალია და მეტს რას უნდა მოელოდე მისგან“.

მაგრამ დღეს სულ უფრო ხშირად გაისმის მოწოდება პოლიტიკაში ქალური სუბკულტურის დანერგვის შესახებ, როდესაც ერთმანეთს შეერწყმის მამაკაცური ძალა, სწრაფვა ბატონობისაკენ და ქალის საწყისი - აღზრდა, დაქვემდებარება აქტიურობის სტიმულირების გზით. აღნიშნულმა ახალი პოლიტიკური წესრიგისაკენ, ქალის როლისა და სტატუსის ცვლილების, მისი ინტელექტუალური პოტენციალის სრული გამოყენებისა და საზოგადოებრივი ცნობიერების გარდაქმნისაკენ უნდა მიგვიყვანოს.

XX საუკუნემ პოლიტიკურ კულტურაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა. ქალები ეკონომიკურად დამოუკიდებლები გახდნენ, რამაც პოზიტიური ძვრებისაკენ წაგვიყვანა თუნდაც იმ გაგებით, რომ მათ შესწევთ უნარი დამოუკიდებლად გადაწყვიტონ თავიანთი ბედი. მამაკაცების მიერ შემუშავებული პარადიგმული წესი კი მაინც არ შეცვლილა. ეკონომიკურად და პოლიტიკურად საზოგადოებას კვლავ მამაკაცი ხელმძღვანელობს, ხოლო ქალი მეორეხარისხოვან როლს ასრულებს. ქალების ეპიზოდური გამოჩენა ხელისუფლების სათავეში საერთო სურათს რეალურად არ ცვლის, რადგანაც გარემო და ღირებულებრივმსოფლმხედელობრივი კლიმატი „მამაკაცური სულით არის გაჟღენთილი“.

მამაკაცები მიმდინარე პროცესებს ხშირად ძალაუფლების დამახინჯებული პრიზმიდან აფასებენ, რის შედეგადაც ძალაუფლება მათთვის თვითმიზნად არის ქცეული. ჩვენი ეპოქისათვის კი, რომლისთვისაც ინფორმაცია წამყვან ელემენტად იქცა, სულ უფრო ნათელი ხდება, რომ „ძალისა“ და „ფლობის“ სტრატეგიული პარადიგმა გამოუსადეგარია. საჭიროა ახალი პარადიგმა, რომელიც დამყარებული იქნება არა „ფლობაზე“, არამედ „ყოფაზე“ და გაითვალისწინებს რაციონალურისა და ემოციურ-ინტუიციურის ერთიანობას. აღინშნულ იმპერატივს კარგად პასუხობენ ქალები, რადგანაც მათ ბუნებით უფრო ჰარმონიული სტრუქტურა აქვთ და შესწევთ იმის უნარი, რომ გაითვალისწინონ ფლობასა და ძალაზე დამყარებული ცივილიზაციის პრინციპული ნაკლოვანებები.

სქესის პრობლემა აქტუალური ხდება მაშინ, როდესაც ცივილიზაცია ისეთი პრინციპული სიძნელეების წინაშე დგება, რომლებიც ვერ გადაიჭრება არსებული პირობებისა და კულტურული ნორმების ჩარჩოებში. სწორედ ინდუსტრიული ცივილიზაციის კრიზისულ სიტუაციაში, რომელმაც სხვადასხვა სფეროში იჩინა თავი, აიძულა საზოგადოება მიემართა გენდერული პრობლემისათვის.1 ამერიკელი ფემინისტი ქალი ანე კენტ რუში თავის წიგნში „ფემინიზმი და თერაპია“ (1974 წ.) წერს, რომ ფემინიზმი პოლიტიკის თერაპიად მოგვევლინა, იგი მას მორალური დაცემისაგან იხსნის. და ეს შემთხევით არ არის. რთულ სიტუაციაში, რომელიც თავადვე შექმნეს, მამაკაცები ყოველთვის ქალებს მიმართავენ.

შეიძლება გამოვყოთ ქალებისათვის დამახასიათებელი მთელი რიგი სპეციფიური თვისებები. აღნიშნული თვისებების გათვალისწინება ხელს შეუწყობს აზროვნების სივრცის გაფართოებას და წინაპირობა იქნება ახალი, ჰარმონიული სოციუმის შესაქმნელად.

სპეციალისტების აზრით, ქალებს პოლიტიკაში შემოაქვთ მთელი რიგი მნიშვნელოვანი ღირებულებები და დამატებითი კომპეტენტურობა. ისინი გაცილებით უფრო ნაკლებად არიან მიდრეკილნი კონფრონტაციისადმი და იშვიათად მიმართავენ პრობლემების გადაჭრას ძალადობის გზით, მიზნის მიღწევისას თანამიმდევრულობას, გამომგონებლობას და ადამიანურ ურთიერთობებში კონტაქტურობის მაღალ უნარს ავლენენ. მართვისას ქალები ნაკლებად ავტორიტარულები არიან და ხშირად უარს ამბობენ ძვირადღირებული ანტურაჟის შექმნაზე, რომელიც დამახასიათებელია უმაღლესი რანგის ჩინოვნიკებისათვის. დაბოლოს მაღალ იერარქიულ სტრუქტურებში ქალების ყოფნა ძალზე დადებითად მოქმედებს მათი კოლეგა მამაკაცების ქცევაზე - აკავებს, დისციპლინას მატებს და აკეთილშობილებს მათ ქმედებებს.

გაცილებით მეტ ყურადღებას იმსახურებს, აგრეთვე, ქალთა ელექტორატის, მათი მოტივაციისა და ქცევის, პოლიტიკური ორგანიზაციის, განათლების საკითხების, აგრეთვე ქალთა პოლიტიკური მომზადების საკადრო პოლიტიკის შესწავლა. ჩვენი ცოდნა ამ მხრივ, მცირეა და უფრო ინტუიციასა და იმპროვიზაციაზეა დამყარებული.

_______________

1. აყურადღებოა, რომ სქესის პრობლემა სოციალურად აღქმადი გახდა შედარებით არც თუ დიდი ხნის წინ, ბოლო დაახლოებით 100-150 წელია.

7.4 4. პოლიტიკაში ქალის აღქმის სუბიექტური და ობიექტური მიზეზები

▲ზევით დაბრუნება


საზოგადოებრივ ცნობიერებაში არსებობს მნიშვნელოვანი ასიმეტრია მამაკაცისა და ქალის, როგორც პოლიტიკური ლიდერისა და ხელმძღვანელის შეფასებაში. ერთი მხრივ, როგორც წესი, საკმაოდ რთულად აღიქმება ქალის შესაძლებლობები, როგორც ლიდერისა, დამოუკიდებელი, ობიექტური პიროვნებისა, რომელსაც გააჩნია მასშტაბურად ფიქრისა და პოლიტიკური მანევრირების უნარი.

მეორე მხრივ, ხელმძღვანელი მუშაკის სტერეოტიპული მოდელი ქალ ლიდერზე თავისებურ გავლენას ახდენს. იგი ყალიბდება ,,მამაკაცური” სტანდარტის საფუძველზე, რის შედეგადაც ტანსაცმელი, ქცევის მანერა თავისებურ ცვლილებას განიცდის და სახეზეა რამდენადმე „მასკულინიზებული“ ქალი, რომლისთვისაც დამახასიათებელია ქცევის სიხისტე და თვითდაჯერებულობა. შედეგად კომპრომეტირებულია ქალი-ლიდერის იდეა. თუმცა ამ შემთხვევაში შესაძლებელი და სასურველი იქნებოდა დღის წესრიგში დამდგარიყო ტრადიციულად გამომუშავებელი ნორმების და ქცევის ჩვეული რიტუალის შეცვლა.

მსოფლიოს უმეტესი ქვეყნების კონსტიტუციებში დაფიქსირებულია ქალისა და მამაკაცის თანასწორუფლებისანობა ცხოვრების ყველა სფეროში, მთ შორის პოლიტიკაში. არ არსებობს პირდპირი სამართლებრივი აქტები, რომლებიც შეზღუდავდნენ ქალების პოლიტიკურ და მმართველობით სტრუქტურებში მონაწილეობას, მაგრამ ბევრ ქვეყანაში არის ნორმატიული აქტები სხვადასხვა შრომითი შეღავათის შესახებ, რომლებიც, პირველ რიგში, დაკავშირებულია მშობლობის ინსტიტუტთან და ორიენტირებულია მხოლოდ ერთ მშობელზე - დედაზე. დედას ამ შემთხვევაში უხდება ოჯახური და სამსახურებრივი ფუნქციების შეთავსება. შესაბამისად, ქალი აღიქმება მუშაკად, რომელსაც ბევრი შეღავათი აქვს და მართველობით სტრუქტურებში დაწინაურებისათვის არასაიმედო კანდიდატია.

სოციალურ-ეკოომიკური ფაქტორების გარდა მოქმედებაში მოდის სოციალურ-კულტურული ნორმაც, რომელიც არეგულირებს ადამიანის ქმედებას გარკვეულ სიტუაციაში. მის საფუძველს წარმოადგენს შეზღუდვები და აკრძალვები, რომელთა საშუალებით საზოგადოება თავისი წევრების ქმედებათა სტანდარტიზებას ახდენს. გარდა ამისა, ის შეიცავს დადებით განაწესსაც, რომელიც მიუთითებს, თუ როგორ უნდა და შეიძლება მოიქცეს ადამიანი. ამ ნორმების შესრულება მეტწილად შინაგანი ფსიქოლოგიური განაწესით არის განპირობებული. ლიდერის ქცევის ნორმები საზოგადოების სოციონორმატიული კულტურით არის განპირობებული.

ნამდვილად მისაღებია ი. კონის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სქესთა შორის საზოგადოებრივ ურთიერთობათა ხასიათი დამოკიდებულია არა იმდენად შრომის დანაწილებაზე სქესის მიხედვით და მამაკაცებისა და ქალების სპეციფიკურ მოვალეობებზე, რამდენადაც ძალაუფლების განაწილებაზე, მამაკაცური და ქალური საქმიანობის საზოგადოებრივი აღიარების ზომაზე. (Кон, 1988).

ტრადიციული დამოკიდებულება ქალისადმი მთელი სიცხადით სწორედ მმართველობით სფეროში ვლინდება, როგორც პრივილეგირებული, პრესტიჟული საქმიანობის დარგში, რომელიც მაღალ სოციალურ-ეკონომიკურ სტატუსს უზრუნველყოს.

ქალთა პოლიტიკურ მმართველობაში ჩართვისათვის მეტად მნიშვნელოვანია გათვალისწინებული იქნეს შემდეგი ფაქტორები: პროფესიული ზრდა და პროფესიული კომპეტენტურობა, ინდივიდის კონკურენტუნარიანობა, სოციალურ-საყოფაცხოვრებო სფეროს სტრუქტურის ხარისხი.

გადაწყვეტილების მიღება საქმიანობის განსაკუთრებული ფორმაა, რომელიც მოითხოვს მაღალ პასუხისმგებლობას და, არცთუ იშვიათად, დროის ზედმეტ დანახარჯსაც. ამდენად, ქალების მონაწილეობა გადაწყვეტილებების მიღებაში მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია საყოფაცხოვრებო პირობების კარდინალურ გარდაქმნაზე იმ მიზნით, რომ მან არ შეაფერხოს ქალის ინდივიდუალური თვისებების გამოვლენისა და რეალიზების პროცესი.

ხშირად დისკუსიის საგანი ხდება შეკითხვა: რად უნდა ქალს მაღალი თანამდებობრივი პოსტი? ასახელებენ ალტერნატივას: ან ხელმძღვანელობა, ან სიყვარული, ოჯახი, ბედნიერება. ასეთი ალტერნატივა, უბრალოდ, დღესდღეობით კორექტული არ არის. სიყვარული, ოჯახი, ბავშვები პარტნიორობას, როგორც ქალების, ისე მამაკაცების თანაბარ მონაწილეობას მოითხოვს.

როგორც ისტორიული გამოცდილება გვიჩვენებს, ქალის ყოველ ნაბიჯს ახალი სოციალური როლის ათვისების გზაზე თან სდევს უარყოფითი რეაქცია საზოგადოების კონსერვატიულად განწყობილი ნაწილისაგან, რომელიც ამ მოვლენაში თავისი ჩვეული პრივილეგიების დაკარგვის საშიშროებას ხედავს. ასე იყო, როდესაც ქალები იბრძოდნენ განათლების და მუშაობის უფლებების მისაღებად, პოლიტიკური თავისუფლებებისთვის. სხვადასხვა საერთაშორისო ცენტრების და ინსტიტუტების მიერ ჩატარებული კვლევები ცხადყოფენ, რომ ქალების მონაწილეობა მმართველობის ნებისმიერ დონეზე სტაბილურობის ფაქტორია. იქ, სადაც ქალები მმართველობით სტრუქტურებში 40%-ს შეადგენენ, საზოგადოება უფრო სტაბილურად ვითარდება და სოციალურად არის ორიენტირებული.

კვოტების პრობლემა

როგორც მსოფლიო გამოცდილებამ გვიჩვენა, ქალების პოლიტიკაში ინტეგრაცია შესაძლებელია განხორციელდეს ეგალიტარული პოლიტიკის ფორმირების, ქალთა რეალური თანასწორობის საქმეში სახელმწიფოს, წამყვანი პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოებრიობის ფართო მასების როლის გაზრდის ხარჯზე. (Шинелева,1996). მსოფლიო პრაქტიკიდან გამომდინარე, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოებში ქალთა წარმომადგენლობის გაზრდაზე წარმატებულად მოქმედებს შემდეგი ფაქტორები:

- პარტიული კვოტა, ანუ, პარლამენტში პროპორციული საარჩევნო სისტემით, კანდიდატი-ქალების რაოდენობის გაზრდის პოლიტიკური მიზანი;

- კანონმდებლობა, რომლის თანახმად სქესთა თანაფარდობა პარტიების მიერ წარდგენილ კანდიდატთა სიებში უნდა შეესებამებოდეს ქვეყნის დემოგრაფიულ მაჩვენებელს;

- საარჩევნო სისტემის შეცვლა ერთმანდატიანი (მაჟორიტარული) წარმომადგენლობიდან პროპორციულ წარმომადგენლობაზე.

აუცილებელია შეტანილი იქნეს კორექტივები არა მარტო სახელმწიფოს არსებულ იდეოლოგიაში, არმედ ქალთა მიმართ მოქმედ კანონმდებლობაში. საუბარია იმაზე, რომ აღმოიფხვრას უთანასწორობა, რომელიც ქალთა კონკურენტუნარიანობას ობიექტურად ამცირებს.

მიზანშეწონილია შემუშავებული იქნეს ქვოტების სისტემა, რომელსაც თან უნდა სდევდეს მთელი საარჩევნო სისტემის კორექტირება და რომლის მიზანიც იქნება პარტიულ სიებში ქალ-კანდიდატთა რაოდენობის გაზრდა.

შემუშავებულ უნდა იქნას მიღებულ გადაწყვეტილებათა გენდერული ექსპერტიზის სისტემა, აგრეთვე ქალთა უფლებების დაცვაზე სისტემატური კონტროლი და საკადრო პოლიტიკა.

სახელმწიფომ და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა უნდა უზრუნველყონ პოლიტიკური ლიდერობის სკოლების შექმნა, რომლებიც ხელს შეუწყობს ქალების მომზადებას პოლიტიკური საქმიანობისათვის.

ზომები, რომელიც ზოგიერთმა ევროპის საბჭოს ქვეყანამ განახორციელა გენდერული ბალანსის გასაუმჯობესებლად

ქვეყანა

გატარებული ზომები

ბელგია

ბელგიაში 1994 წელს მიიღეს კანონი, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ქალთა და მამაკაცთა ბალანსირებულ მონაწილეობას საარჩევნო სიებში. ამ კანონის მიხედვით, ყველა პოლიტიკურ არჩევნებში კანდიდატების მხოლოდ 2/4 შეიძლება იყოს ერთი და იმავე სქესის. წინააღმდეგ შემთხვევაში, ადგილები, რომლებიც ქალებს უნდა შეევსოთ, ვაკანტური რჩება. პრაქტკულად ეს ნიშნავს, რომ ყოველ პარტიულ სიაში დაწესებულია 1/4 კვოტა ქალი კანდიდატებისათვის.

2000 წელს სენატის და წარმომადგენელთა პალატის მიერ მოხდა ბელგიის კონსტიტუციის მეორე თავის გადასინჯვა. ქალთა და მამაკაცთა თანასწორობა გარანტირებულია კონსტიტუციით, რომელიც აცხადებს, რომ კანონი, დეკრეტი ან წესი ქალებს და მამაკაცებს მათი უფლებებისა და თავისუფლებების თანაბარი გამოყენების გარანტიას აძლევს განსაკუთრებულად უწყობს ხელს მათ თანაბარ მონაწილეობას არჩევით და საჯარო თანამდებობეზე. გარდა ამისა, კონსტიტუცია ითვალისწინებს შერეულ მონაწილეობას მთავრობებში.

პარლამენტში განსახილველად არის აგრეთვე შეტანილი კანონპროექტი, რომლის მიზანია ნებისმიერი დონის საარჩევნო სიები თანაბარი იყოს. ამ კანონპროექტის თანახმად, ყოველ სიაში სხვაობა თითოეული სქესის წარმომადგენელთა შორის ერთს არ უნდა აღემატებოდეს. გარდა ამისა, სიის თავში ორი კანდიდიატი უნდა იყოს სხვადასხვა სქესის წარმომადგენელი.

ირლანდია

ირლანდიაში ექვსი ძირითადი პოლიტიკური პარტიიდან სამში მოქმედებს კვოტის სისტემა (20%-დან 40%-დე ქალი კანდიდატები). დანარჩენი სამი პარტიიდან ერთმა, ქალთა წარმომადგენლობის გაზრდის მიზნით, მიიღო პოზიტიური სამოქმედო გეგმა, ხოლო მეორემ ქალთა 40%-იანი წარმომადგენლობა დააწესა.

ისლანდია

ისლანდიაში ოთხი ძირითადი პოლიტიკური პარტიიდან ორს აქვს ქალთა და მამაკაცთა თანაბარი მონაწილეობის წესი. ერთმა პარტიამ მიიღო გენდერული ბალანსის სამოქმედო გეგმა.

ისლანდიის პარლამენტმა 1991 წელს მიიღო დადგენილება ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის ღონსიძიებათა გაზრდის შესახებ. სოციალურ საკითხთა სამინისტროს მიერ შექმნილმა კომიტეტმა ორგანიზება გაუწია სარეკლამო კამპანიას, რომელიც ქალებს მოუწოდებდა პოლიტიკაში მიეღოთ მონაწილეობა, საზოგადოების და პოლიტიკური პარტიების ყურადღებას მიაპყრობდა პოლიტიკურ პროცესებში და საარჩევნო სიების წარმოდგენისას გენდერული ბალანსის საკითხებზე.

მაკედონია

მაკედონიაში ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების ლობირებით 2002 წელს პარლამენტმა მიიღო კანონი კვოტის შესახებ: 40% ქალთა წარმომადგენლობა ყველა პარტიულ სიაში.

შვედეთი

შვედეთში პოლიტიკური პარტიები მხარს უჭერენ 40/70 წესს თანამდებობებზე და საარჩევნო სიებში დასახელების დროს, რაც პრაქტიკულად ნიშნავს, რომ არც მამაკაცთა და არც ქალთა რაოდენობა არ უნდა იყოს 40%-ზე ნაკლები. სოციალისტური დემოკრატიული პარტია თავის 1994 წლიდან თავის საარჩევნო სიას მამაკაცთა და ქალთა მონაცვლეობით ადგენს, რის შედეგადაც მთავრობაში ქალების რაოდენობა 45%-ია, პალამენტში კი - 44%.

ესპანეთი

ესპანეთში პოლიტიკური პარტიები თვითონ განსაზღვრავენ, როგორ გაზარდონ ქალთა წარმომადგენლობა ხელისუფლებაში. შედეგად, მთავრობაში 21% ქალებია, ხოლო პარლამენტში 28%.

ნორვეგია

ნორვეგიაში ყველა საჯარო თანამდებობაზე, საბჭოში თუ კომიტეტში, ქალთა წარმომადგენლობა უნდა იყოს 40% მაინც. საპარლამენტო არჩევნებს ეს კვოტა არ ეხება. პოლიტიკურ პარტიათა უმეტესობა თვითონ ადგენს არაოფიციალურ წესს და მეთოდს, რაც თითქმის კვოტის იდენტურია. აღნიშნული პოლიტიკის გატარების შედეგა მთავრობაში ქალთა რაოდენობა 42%-ია, პარლამენტში კი - 47%.

ლუქსემბურგი

ლუქსემბურგში სამმა ყველაზე უფრო მნიშვნელოვანმა პარტიამ, რომლებიც პარლამენტშია (პალატაში) წარმოდგენილი განახორციელა შიდა პოზიტიური ღონსიძიებები. სოციალურ-ქრისტიანულმა პარტიამ ამოცანად დაისახა სრული თანასწორობის მიღწევა პარტიულ თანამდებობებზე და პარლამენტში. საარჩევნო სიებში 1/4 ქალებია. მწვანეთა პარტიამ გამოაცხადა კვოტა 50/50. შედეგად ქალების რაოდენობა მთავრობაში 40%-ია, ხოლო პარლამეტში - 18%.

დიდი ბრიტანეთი

დიდ ბრიტანეთში 2002 წლის დეკემბერში მიღებული იქნა კანონი, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს ნებას რთავს განახორციელონ პოზიტიური ზომები ქალთა და მამაკაცთა არათანაბარი წარმომადგენლობის შესამცირებლად.

მალტა

მალტაში ლეიბორისტულმა პარტიამ გენერალურ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად შემოიღო კვოტის სისტემა: 1999 წ. - 25%; 2000 წ. - 40%; 2001 წ. - 45%; 2002 წ. - 40%, ხოლო პარტიულ თანამდებობებზე 20%-იანი კვოტა.

პოლონეთი

პოლონეთში ძირითადი პოლიტიკური პარტიები აღიარებენ ქალთა მონაწილეობის გაზრდის აუცილებლობას, მაგრამ არავითარ სპეციალურ ღონისძიებებს არ ახორციელებენ.

პორტუგალია

პორტუგალიაში ერთადერთი პარტია, რომელსაც დაწესებული აქვს 25%-იანი კვოტა როგორც პარტიული თანამდებობისათვის, ისე საარჩევნო სიებისათვის, არის სოციალისტური პარტია. 2002 წლის არჩევნებში ეს პარტია 97 ადგილით მესამე ადგილზე გავიდა. პარლამენტის 240 წევრიდან 22 ქალია (22,9%).

საფრანგეთი

საფრანგეთში ორმა პოლიტიკურმა პარტიამ - სოციალისტურმა და მწვანეთა პარტიამ განახორციელა პოზიტიური ღონისძიებანი პარტიის შიგნით. 1999 წელს მოხდა კონსტიტუციის გადასინჯვა და გამოცხადდა არჩევით თანამდებდებობებსა და არჩევით ორგანოებში ქალთა და მამაკაცთა მონაწილეობის მისაწვდომობა. მე-4 მუხლი კანონს ავალებს პასუხისმგებლობას თანაბარ მისაწვდომლობაზე ხოლო მუხლი 4 აცხადებს, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა ხელი უნდა შეუწყონ აღნიშნული პრინციპის განხორციელებას. 2000 წლის 4 მაისს მიღებული იქნა სპეციალური კანონი ქალებისა და მამაკაცების თანაბარი მისაწვდომობის შესახებ. კანონპროექტი მთავრობის მიერ იქნა წარდგენილი. მთავრობამ აირჩია, ერთი მხრივ, ბალანსირებული წარმომადგენლობა (50% თითეული სქესის კანდიდატი), მეორე მხრივ, არ შეეხო ხმის მიცემის სისტემას. საპარლამენტო არჩევნებში ყოველ საარჩევნო სიაში ,,სხვაობა ქალ და მამაკაც კანდიდატთა რაოდენობას შორის ერთს არ უნდა აღემატებოდეს” ხოლო ადგილობრივ და რეგიონულ არჩევნებში 8 კანდიდატურისაგან შედგენილ ყოველ ჯგუფში 4 ქალი და 4 მამაკაცი უნდა იყოს. უფრო მეტიც, კანონის თანახმად, თუ პოლიტიკურ პარტიაში ქალთა კანდიდატების და მამაკაც კანდიდატების სხვაობა 2%-ს აღემატება, მაშინ პარტიის დაფინანსება შემცირდება იმ პროცენტების ნახევრის რაოდენობით, რასაც ეს განსხვავება შეადგენს, (მაგ., 10% - სხვაობა, 5% - დაფინანსების შემცირება). ამის შედეგად 2001 წელის არჩევნებით სენატში ქალთა რაოდენობა გაორმაგდა, 2001 წლის მუნიციპალურ არჩევნებში ქალთა რაოდენობამ 47,5% შეადგინა.

ფინეთი

ფინეთში 1995 წლის ქვოტის კანონი ავალებს ხელისუფლებას ხელი შეუწყოს ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის მიღწევას. ქვოტის კანონი არ ეხება საპარლამენტო და მუნიციპალურ არჩევნებს. საერთო კლიმატი ქვეყანაში ასეთია: მთავრობაში ქალთა წარმომადგენლობა - 44,4%, პარლამენტში - 47%.

სომხეთი

სომხეთში 1999 წელს მიღებული იქნა საარჩევნო კოდექსი, რომლის თანახმად პარტიული სიები უნდა შეიცავდეს ქალი კანდიდატების არანაკლებ 5%-სა.

კითხვები და დავალებები:

1. მსოფლიოში მიმდინარე პროცესების გავლენა თანამედროვე საზოგადოებაში ქალის როლსა და სტატუსზე.

2. რა შეხედულებებია საზოგადოებაში ქალის სოციალურ-პოლიტიკური აქტიურობის შესახებ?

3. ქალის, როგორც-პოლიტიკოსის მოღვაწეობის სტილის თავისებურებებები რა ზომები არის მიღებული გენდერული ბალანსის გასაუმჯობესებლად?

ლიტერატურა:

1. გენდერული თეორიების ანთოლოგია. თბ., ბაკურ სულაკაურის გამოცემა, 2002

2. „გენდერის აქტუალური საკითხები“. გაეროს განვითარების პროგრამა, თბილისი, 1998.

3. ქალის ადამიანის უფლებები ნაბიჯ-ნაბიჯ. თბ., გამომც. „ლოგს პრესი“, 2001

4. საერთაშორისო კონვევციები ქალის უფლებების სფეროში; საქართველოს საკანონმდებლო და რეალურად მოქმედი მექანიზმები. თბ., 1998.

5. ქალი და არჩევნები. „გენდერული განვითარების ასოციაცია“. თბილისი, 2002

6. Бергер И., На чем держится теория модернизации? „РЖ Социлогия“, 1997 №4

7. Женщины скандинавских народов на рубеже XXI века.Орел 2000

8. Кон И.С., Введение в сексологию. М., 1988

9. Мюрдаен Г., Современные проблемы «третьего мира» М., 1972

10. Уськов Г.С., Твои права, человек. М., 1993

11. Хабермас Ю., Модернизация - несовершенный проект. Ж. Вопросы Философии, 1994, № 4

12. Фридан Б. Загадки женственности М., 1994

13. Шинелева Л.И. Женщина и власть. Интеграция в политику // Пеформа, 1996 №11

8 თავი VII ქალთა მოძრაობები თანამედროვე მსოფლიოში

▲ზევით დაბრუნება


8.1 1. ისტორიული ექსკურსი

▲ზევით დაბრუნება


როგორც ზემოთ აღვნიშნავდით, ქალთა მოძრაობები განმანათლებლობის ხანის განმანთავისუფლებელ და დემოკრატიული იდეების ჩასახვასთან არის დაკავშირებული. მის პირველ მანიფესტს კი ქალის და მოქალაქის უფლებათა დეკლარაცია წარმოადგენს, რომელიც ფრანგმა მწერალმა ქალმა ოლიმპია დე გუჟმა „ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა დეკლარაციის“ (1791წ) საპასუხოდ დაწერა. მან მოითხოვა ქალების სრულუფლებიან მოქალაქეთა კატეგორიაში ჩართვა, რომლის მთავარი იდეაც ქალის, როგორც თავისუფალი პიროვნების აღიარება და მისი თვითრეალიზაციის შესაძლებლობა იყო. ამავე იდეას უსვამდა ხაზს I. ფურიე, როდესაც ამბობდა: „ქალთა უფლებების გაზრდა ყოველგვარი სოციალური პროგრესის მთავარი პრინციპია“.

თანასწორობისათვის მებრძოლი ქალები თავდაპირველად ცდილობდნენ თავისი მიზნებისათვის სამართლის სფეროში პროგრესული რეფორმების გატარების გზით მიეღწიათ.

საფრანგეთის ბურჟუაზიული რევოლუციის დროს ქალები მონაწილეობას იღებდნენ ყველა ფართომასშტაბიან სახალხო გამოსვლეაში. მაგრამ მიუხედავად ამისა, რევოლუციის ბელადები უგულველყოფდნენ ქალთა თანასწორობის იდეას და ქალთა პირველი ორგანიზაციები - რევოლუციური კლუბები, რომლებიც აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ პოლიტიკური ბრძოლაში თანდათან დახურეს.

ინგლისში ქალთა თანასწორუფლებიანობის იდეა წამოყენებულ იქნა მერი უოლსტონ კრაფტის (1759-1797) მიერ წიგნში „ქალთა უფლებების დასაცავად“ (1792).

XIX საუკუნის დასაწყისში ქალთა მოძრაობის აქტივისტები ყურადღებას ამახვილებენ თანასწორ უფლებებზე განათლების მიღების საკითხში. ამ მოთხოვნებს ემატება უფლება შრომაზე. საფრანგეთში მწიფდება იდეა ქალის ოჯახში მონობის წინააღმდეგ, ხოლო აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში - მამაკაცებთან თანასწორი საარჩევნო ხმის უფლების მოპოვების შესახებ.

XIX საუკუნეში ბურჟუაზიულმა რევოლუციებმა ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში ქალთა პოლიტიკური და მოქალაქეობრივი თანსაწორობისათვის მოძრაობას ახალი იმპულსი მისცეს. გაჩნდა ქალთა კლუბები, მრავალრიცხვოვანი ქალთა კავშირები. 1848 წელს აშშ-ში შედგა ისტორიაში ქალთა უფლებების დაცვის პირველი ყრილობა.

XIX საუკნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში ქალთა ორგანიზაციები გაჩნდა ევროპის, აზიისა და ამერიკის ბევრ ქვეყანაში. 1888 წელს ამერიკელი ქალების ინიციატივით შეიქმნა ქალთა პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია - ქალთა საერთაშორისო საბჭო. 1904 წელს დაარსდა სუფრაჟისტთა საერთაშორისო ორგანიზაცია - ქალთა საამომრჩევლო უფლებათა საერთაშორისო ალიანსი. ამასთან ერთად იქმნებოდა საქველმოქმედო, რელიგიური, ეროვნული ქალთა ორგანიზაციები. იყო მცდელობები შექმნილიყო ცალკეული ქალთა პროფკავშირული ორგანიზაციები, რაც კაპიტალისტურ ქვეყნებში მუშათა მოძრაობის გააქტიურებასთან იყო დაკავშირებული. რიგ ევროპის ქვეყნებში ქალთა მოძრაობები სულ უფრო პროლეტარულ მიმართულებას იძენენ, თანასწორობის იდეა მჭიდროდ უკავშირდება მშრომელთა სოციალური ჩაგვრის წინააღმდეგ მიმართულ საერთო ამოცანებს. განსაკუთრებით აქტიური იყო ამგვარი მოძრაობა გერმანიაში, სადაც კლარა ცეტკინის ხელმძღვანელობით დაიწყეს ჟურნალის გამოცემა, რეგულარულად იწვეოდა სრულიადგერმანიის ქალთა კონფერენციები. 1907, წელს შტუდგარტში და 1910 წელს კოპენჰაგენში შედგა ქალ-სოციალისტთა საერთაშორისო კონფერენციები. კოპენჰაგენში, სადაც 17 ქვეყნის დელეგატი ქალები ესწრებოდნენ, მიღებული იქნა გადაწყვეტილება 8 მარტი დაწესებულიყო ქალთა საერთაშორისო დღედ.

პირველი მსოფლიო ომის წლებში მიმდინარეობს დიფენენციაციის პროცესი. ამ პერიოდში ისხება საერთაშოისო პაცეფისტური მოძრაობა. 1915 წელს ჰააგაში ამერიკელი საზოგადოებრივი მოღვაწის ჯეინ ადამსის ინიციატივით დაარსდა ქალთა საერთაშორისო კომიტეტი „მყარი მშვიდობისათვის“ (1919 წლიდან ქალთა საერთაშორისო ლიგა „მშვიდობისა და თავისუფლებისათვის“), მუშაობა ქალთა შორის გააქტიურეს სოციალ დემოკრატებმაც, რის შედეგადაც შეიქმნა ქალთა საერთაშორისო სოციალისტური სამდივნოს. გაჩნდა ქალთა სპეციალიზებული ორგანიზაციები - ქალთა საერთაშორისო ფედერაცია საუნივერსიტეტო განათლებით (1919 წ.) ღია კარის ინტერნაციონალი დასქმებულ ქალთა ეკონომიკური განთავისუფლებისათვის (1929 წ.) და სხვ. კომინტერნთან შეიქმნა ქალთა საერთაშორისო სამდივნო.

ფაშიზმის საშიშროებამ ქალთა ანტიფაშისტური მოძრაობის ჩამო.ყალიბება გამოიწვია, რომელიც ერთიანი სახალხო ფრონტის შემდგენელი ნაწილი იყო. 1934 წელს პარიზში ჩატარდა ფაშიზმისა და ომის საწინააღმდეგო ქალთა მსოფლიო კონგრესი, ხოლო 1938 წელს - მარსელში ომისსაწინააღმდეგო ქალთა კონგრესი. მეორე მსოფლიო ომის დროს ქალთა ბევრი ორგანიზაცია აქტიურად იბრძოდა ფაშიზმის წანააღმდეგ.

ფაშიზმის დამარცხების შემდეგ ქალთა მოძრაობაში ახალი პროცესები ვითარდება. სულ უფრო დიდი აქცენტი კეთდება ქალთა უფლებების დაცვაზე, ბავშთა კეთილდღეობის უზრუნველყოფაზე, იზრდება ზოგადსოციალური, ეროვნული და საერთაშორისო საკითხების, მშვიდობისა და უსაფრთხოების პრობლემების სპექტრი.

თანმედროვე პირობებში დასავლეთსა და აშშ-ში ქალთა მოძრაობა - ეს არის ქალთა აქტიური გამოსვლები, თანაბარი უბლებებისათვის სამუშაოზე მიღებისას, პროფესიის ათვისების, ხელმძღვანელ თანამდებობაზე დანიშვნის და ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებაში მონაწილეობისას.

მიუხედავად არსებული კანონმდებლობისა ამ ქვეყნებში ჯერ კიდევ არ არის უზრუნველყოფილი ქალთა ინტელექტუალური პოტენციალის სრული რეალიზება. დღემდე მოქმედებენ პატრირქალური აზროვნების სტერეოტიპები, რომლებიც ქალთა დისკრიმინაციას უწყობენ ხელს. ქალები ძირთადად დასაქმებულნი არიან მომსახურების სფეროში, ადმინისტრაციული აპარატის დაბალ თანამდებობებზე. თუმცა ზოგიერთ ქვეყნებში ქალებმა შეძლეს აღიარება მოეპოვებინათ ისეთ სფერობში, რომლებიც წმინდა მამაკაცურად ითვლებოდა. აშშ-ში მოსამართლე ქალთა რაოდენობა 1985-1995 წელს 7%-დან 18%-დე გაიზარდა, ოპერატორებისა და საინფორმაციო სისტემების სპეციალისტებისა 11%-დან 28%-მდე, ეკონომისტებისა - 13,3%-დან 34,5%-მდე, არქიტექტორებისა 4,3%-დან 11%-მდე. როგორც ამერიკელი მკვლევარები აღნიშნავენ, თუმცა ქალებმა შეძლეს გარღვევა და აითვისეს პროფესიები, რომელიც წმინდა მამაკაცურ პროფესიებად ითვლებოდა, თანასწორობისაგან ისინი ჯერ კიდევ შორს არიან. (Working Women. P. XII).

ქალთა მოძრაობის განვითარებში უდიდესი როლი ითამაშა გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ, რომელიც თავისი შექმნის დღიდან (1945 წლის 24 ოქტომბერი) თანასწორი უფლებების გარანტად გვევლინება. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ გაერომ მიიღო კონვენცია ქალთა მიმართ ყველა სახის დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ. მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ამ საკითხში, აგრეთვე, იუნესკომ (პარიზი) - გაეროს ორგანიზაციამ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის დარგში, რომელიც 1946 წელს შეიქმნა. გარდა საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებისა განათლების და კულტური დარგში, სამეცნიერო-ტექნიკური და კულტურული ინფორმაციის გავრცელებისა იუნესკომ გამოვიდა პროგრამით განათლების დარგში დისკრიმინაციის წინააღმდეგ და ეროვნული კულტურების დაცვისათვის.

თანამდროვე ეტაპზე ქალთა მოძრაობამ ახალი გააზრება, შინაარსი და პრიორიტეტები შეიძინა, რაც იმასთან არის დაკავშირებული, რომ ყალიბდება ღირებულებათა და იდეალთა ახალი სისტემა, ვითარდება და იხვეწება ფემინისტური თეორია, რომელიც მოქალაქეობრივ უფლებებზეა დაფუძნებული, იცვლება ურთიერთობები ოჯახში, ყალიბდება ოჯახისა და ქცევის ახალი მოდელი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ქალთა მოძრაობამ, თეორიისა და პრაქტიკის შერწყმის, პოლიტიკური, ეკონომიკური, სამეცნიეროა, სულიერი, სოციალური პრობლემების გადაჭრისადმი კომპლექსური მიდგომის ხარჯზე, ახალი ხარისხი შეიძინა. დღეისათვის შვეციაში მოქმედებს ქალთა სოციალ-დემოკრატიული კავშირი, გერმანიაში - პარტიებსა და პროფკავშირებში 100-ზე მეტი ქალთა ორგანიზაცია და სექცია. აშშ-ში 1000-ზე მეტი ქალთა ორგანიზაცია, აქედან 100- ზე მეტი საერთოეროვნული. ისინი აერთიანებენ სხვადასხვა პოლიტიკური მრწამსის მქონე მილიონზე მეტ ქალს. არსებობს საუნივერსიტეტო განათლების მქონე ქალთა ამერიკული ასოციაცია - ქალთა ყველაზე უფრო მსხვილი ეროვნული გაერთიანება, ფილიალებით მთელს ქვეყანაში. მის პროგრამას შეადგენს: თანაბარი უფლებები და შესაძლებლობები ყველა ამერიკელი ქალისათვის, განსაკუთრებით პოლიტიკაში; საკანონმდებლო ბაზის გაფართოება; სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესება და სხვ.

ქალთა მოძრაობების ამოფრქვევა დასავლეთსა და აშშ- ში XX საუკუნის 60-იან წლებზე მოდის. ეს არის ფემინიზმის, როგორც სოციალურ-პოლიტიკური თეორიის განვითარების პერიოდი, რაც თავის მხრივ, დაკავშირებულია დასაქმებულ ქალთა სოციალურ-პოლიტიკური აქტიობის ზრდასთან, რომელთა რაოდენობაც დღითი-დღე იზრდება. შეიცვალა ქალთა სოციალური პრიორიტეტები, მათი იმიჯი. უარის თქვეს რა მხოლოდ ცოლობის, დისასახისობისა და ქმრების დამხმარეების როლზე, ქალები იღწვიან თვითრეალიზაციის, სოციალური აღიარებისა და მამაკაცთან თანაბარი პარტნიორული ურთიერთობებისათვის. ამ პერიოდში ხდება ქალთა ეროვნული და საერთაშორისო მოძრაობების და ორგანიზაციების ფორმირება. ქალების მოქალაქეობრივი აქტიურობის ზრდა, მათი მცდელობა თავისებური გავლენა მოახდინონ პოლიტიკაზე, ინტერსი გლობალური პრობლემებისადმი, განსაკუთრებით კი იმ პრობლემებისადმი, რომლებიც ადამიანის სასიცოცოხლო ინტერესებში შედის, პროტესტი გამალებული შეიარაღების წინააღმდეგ, გარემოს დაცვა - ეს ყველაფერი ქალთა მოძრაობას თანამედროვე დემოკრატიის საკმაოდ მძლავრ ძალად აქცევს.

8.2 2. ქალთა მოძრაობა - ქალთა პრობლემების გადაჭრის მნიშვნელოვანი ფაქტორია

▲ზევით დაბრუნება


ქალები სულ უფრო ფართოდ ებმევიან შრომით საქმიანობაში და მომუშავეთა 40%-ს შეადგენენ. მათი მიერ იქმნება მატერიალური და სულიერი ღირებულებების 1/3. ქალთა ჩაბმამ ცხოვრების ყველა სფეროში გაამწვავა ბევრი პრობლემა, რომელიც საზოგადოებაში მათ მდგომარეობასთან, საკუთარი უფლებების დასაცავად ქალების გააქტიურებასთან არის დაკავშირებული. ბევრ განვითარებულ ქვეყანაში, სადაც ქალთა და მამაკაცთა საერთო განათლებსა და პროფესიონალურ მომზადებაში სხვაობა დიდი არ არის, ეკონომიკური გარდაქმნის ზოგიერთ სექტორში მკვეთრად გაიზარდა უმუშევრობა და არასტაბილური დასაქმების ტენდენცია ქალთა შორის. სისტემატურალ იზრდება დასაქმებულ ქალთა რაოდენობა, შესაბამისად მცირდება მათი შემოსავლები და შესაძლებლობა იყვნენ დამოკუიდებელი. (Шинелева, 1995).

მთელ მსოფლიოში შენიშნება დისკრიმინაცია შრომის ანაზღაურებაში. ქალები ოფიციალურად მამაკაცებზე 25-40%-ით ნაკლებს იღებენ. მაგ. გერმანიაში სხვაობა შრომის ანაზღაურებაში შეადგენს 38%-ს, საფრანგეთში - 28%-ს. დიდი ბრიტანეთში 40%-ს, აშშ-ში 40%-ს.

ხშირად ქალები, რომლებსაც სპეციალური განათლება აქვთ ვერ შოულობენ სამსახურს სპეციალობის მიხედვით. გარდა ამისა, ქალები შეზღუდულნი არიან ცოდნისა და ჩვევების მიღებაში, რამაც მათი პროფესიონალიზმის ზრდა უნდა უზრუნველყოს. ბევრი სასწავლო პროგრამა ისევ მხოლოდ მამაკაცების ინტერესებზეა ორიენტირებული. ასეთი მიდგომა აღრმავებს უთანასწორობას, აძლიერებას დისკრიმინაციულ ტენდენციებს და აკნინებს მოსახლეობის ქალთა ნაწილის თვითშეგნებას. ყველა ზემოთ ჩამოთვლლილი ფაქტორი განაპირობებს ქალთა მოძრაობის გააქტიურებას.

სხვადასხვა ქვეყნის ქალები სხვადასხვა ფორმით გამოდიან უმუშევრობის, ინფლაციის, შეიარაღების, მზარდი სახელმწიფო ხარჯების, გენდერული უთანასწორობის და სხვ. წინააღმდეგ და იბრძვიან თანაბარი უფლებებისა და შესაძლებლობებისათვის, პროფესიონალური მომზადებისა და შემდგომი ზრდისათვის.

პროტესტს იწვევს, აგრეთვე, გენდერული მიდგომა ქალების ფიზიკური და ფსიქოლოგიური მდგომარეობისადმი. ზოგიერთ ქვეყანაში მცირდება ჯანდაცვაზე გამოყოფილი ხარჯების რაოდენობა, რაც უარყოფითად მოქმედებს არა მარტო ქალების, არამედ მომავალი თაობის ჯანმრთელობაზე.

ჯანმრთელობის მდგომარეობასთან არის დაკავშირებული ქალების ფსიქოლოგიური მდგომარეობა. დაუცველობა, უსუსურობა, სტრესები, ძალადობა ოჯახში, ალკოჰოლიზმი, ნარკომანია - ყველაფერი ეს უარყოფით გავლენას ახდენს ქალთა სოციალურ სტატუსზე.

ქალთა მოძრაობები გარკვეული პროგრამების რეალიზაციისათვის იღვწიან, რომლებიც ქალებს საშუალებას აძლევს გამოიმუშაონ საკუთარი თავის პატივისცემის გრძნობა, შეიძინონ ცოდნა და გამოცდილება, იბრძოლონ საკუთარი უფლებებისათვის და გაიუმჯობესონ პირობები, უზრუნველყონ სოციალურ და პოლიტიკური პროცესებში აქტიური ჩართვა.

8.3 3. საერთაშორისო ფორუმები ქალთა მოძრაობის ერთობლივი პროგრამის გამომუშავების მნიშვნელოვანი ფაქტორი

▲ზევით დაბრუნება


ქალთა მასობრივი დემოკრატიული მოძრაობა საერთო დემოკრატიული მოძრაობის შემადგენელი ნაწილია. მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ, 1945 წელს დაარსდა ქალთა საერთაშორისო დემოკრატიული ფედერაცია. ქალთა მოძრაობის ისტორიაში ეს იყო პირველი მასობრივი დემოკრატიული ორგანიზაცია. იგი გამოხატავდა მთელი პლანეტის ქალების სასიცოცხლო ინტერესებს: გამოდიოდა ქალთა ემანსიპაციის, თანასწორუფლებიანობის, განიარაღების, მშვიდობის, ეროვნული დამოუკიდებლობის, თავისულებისა და დემოკრატიის მოთხოვნით.

თავის საქმიანობაში საერთაშორისო დემოკრატიული ორგანიზაცია თანამშრომლობდა არა მარტო სხვადასხვა ქალთა, არამედ ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან, პროფკავშირებთან და სხვ. ხშირად თავის მოთხოვნებს იგი გაეროს ტრიბუნიდანაც აჟღერებდა.

1967 წელს გაეროს გენერალური ასამლეის მიერ მიღებული დეკლარაცია ქალთა დისკრიმინაციის ლიკვიდაციის შესახებ სწორედ მისი საქმიანობის შედეგი იყო ისეთ ქალთა საერთაშორისო ორაგნიზაციებთან ერთად, როგორებიცაა ქალთა საერთაშორისო საბჭო, იურიდიული პროფესიების ქალთა საერთაშორისო ფედერაცია, ქალთა საერთაშორისო ალიანსი და სხვ.

ქალთა მოძრაობის განვითარებასა და განმტკიცებაში უდიდესი როლი ითამაშეს მსოფლიო კონფერენციებმა, რომლებიც ქალთა მდგომარეობას ეძღვნებოდა. პირველმა კონფერენციამ, რომელიც მეხიკოში ჩატარდა (1975 .) მიიღო მოქმედების გეგმა, რომლის საფუძველზეც გაეროს გენერალურმა ასამბლეამ გამოაცხადა ქალთა საერთაშორისო ათწლეული (1975-1985) ათწლეულის რეალიზაციის მსვლელობისას 1979 წელს გაეროს გენერალურმა ასამლეამ მიიღო კონვენცია ქალთა მიმართ ყველა სახის დისკრიმინაციის ლიკვიდაციის შესახებ.

მეორე მსოფლიო კონფერენცია შედგა კოპენჰაგენში 1980 წკლს. მან მიიღო მოქმედების პროგრამა ქალთა ათწლეულის მეორე ნახევრისათვის. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ჯანდაცვის, განათლების და დასაქმების პრობლემებს.

მეხიკოს და კოპენჰაგენის კონფერენციების მომზადებისა და ჩატარების საქმეში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ბერლინის (1975 წ.), პრაღის (1981 წ.) მსოფლიო კოგრესებმა. 1985 წელს ნაირობიში შედგა მესამე მსოფლიო კონფერენცია, რომელიც ქალთა ათწლეულში ჩატარებულ მუშაობისა და მისი შედეგების განხილვას მიეძღვნა.

მეოთხე მსოფლიო კონფერენცია (პეკინი 1995 .), ისევე როგორც წინა კონფერენციები, ჩატარდა თანასწორობის, მშვიდობის, განვითარების დევიზით. დღის წესრიგში ჩართულ იქნა ძალადობის პრობლემაც. კონფერენციამ განსაზღვრა ქალთა მოძრაობის განვითარების პრესპექტივები შემდგომ წლებში, მიიღო ,,მოქმედების პლატფორმა, რომელშიც აისახა საკვანძო პრობლემები, სტრატეგიული მიზნები და მსოფლიოში ქალთა მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებები.

საერთაშორისო შეხვედრები სხვადასხვანაირ ხასიათს ატარებენ და გარკვეულად მათი მიზანია ზეგავლენა მოახდინონ სახელმწიფოთა პოლიტიკაზე, რათა უზრუნველყონ ქალთა სრულუფლებიანი და სრულყოფილი მონაწილეობა ცხოვრების ყველა სფეროში.

კითხვები და დავალებები:

1. ქალთა საერთაშორისო მოძრაობის დანიშნულება

2. ქალთა საერთაშორისო მოძრაობის შედეგები

3. დაასახელეთ საერთაშორისო ფორუმები და მათი გადაწყვეტილებების რეალიზაციის შედეგები

ლიტერატურა

1. საერთასორისო კონვენციები ქალის უფლებების სფეროში, საქართველოს საკანონმდებლო ბაზა და რეალურად მოქმედი მექანიზმები. თბილისი. 1998

2. ქალი გარდამავალ პერიოდში. თბილისი, 1998

3. ქალი, მამაკაცი და საზოგადოება, თბილისი, 1998

4. საქართველო: ქალი. საზოგადოება. განვითარება. საქართველოს მთავრობისა და გაეროს ერთობლივი პროექტი „ქალები განვითარების პროცესში“.

5. Платформа действий IV Всемирной конференции по положению женщин. ООН. 1995

6. Борьба за улучшение положения женщин, гуманмтарное развитие мира // Международная жизнь. 1995ю № 3

7. Шинелева Л.Т. Путь в XXI век. IV Всемиирная конференция по положению женщин в Пекине. 1995

9 თავი VIII. გენდერული თანასწორობის პრობლემები საქართველოში

▲ზევით დაბრუნება


9.1 1. საქართველო და ქართველი ქალი

▲ზევით დაბრუნება


ოდითგანვე ცნობილია, რომ ქართველი ხალხის ზნეობრივი სიწმინდის, შრომისმოყვარეობის, ვაჟკაცური სულისკვეთებისა და ქართული ხასიათის ჩამოყალიბებაში ქალი თვალსაჩინო როლს ასრულებდა. მთელი ჩვენი მრავალსაუკუნოვანი წარსული მდიდარია გამოჩენილ ქალთა სახელებით. მათი დედობა, მამულისათვის თავდადება, ფიზიკურ მშვენიერებასთან შერწყმული პატიოსნება, მაღალი ზნეობა სამშობლოს სინდისის სიმბოლო იყო. შორეულ წარსულში ქალის როლზე მოგვითხრობს ქართული ზეპირსიტყვიერება და წერილობითი ძეგლები. ისინი ნათლად მეტყველებს ქვეყნისათვის თავდადებულ ქალთა საგმირო საქმეებზე. მათ დიდი დამსახურება მიუძღვით საქართველოს მატერიალური და სულიერი კულტურის შექმნასა და დაცვაში. ქართველი ქალები არა მარტო ოჯახურ საქმიანობას ეწეოდნენ, არამედ მძიმე განსაცდელის ჟამს აქტიურად მონაწილეობდნენ ქვეყნის დაცვასა და მტრის განადგურებაში. ქართველი ქალი ოჯახში მუდამ ერთგული დედა იყო, ბრძოლაში - შეუდრეკელი და უშიშარი მებრძოლი, საზოგადოებრივ ცხოვრებაში - აქტიური და ენერგიული.

საქართველოს მფარველი, როგორც საყოველთაოდაა აღიარებული, ქალია - ღვთისმშობელი მარიამი. ასევე ქალი - წმინდა ნინო - მიჩნეულია ქართველების განმანათლებლად და ქრისტიანობის გამავრცელებლად. ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი სიმბოლოც ქალია - თამარ მეფე.

ფეოდალურ საქართველოში ქალთა სოციალური სტატუსი ქვეყნის გეოპოლიტიკური მდგომარეობის, რთული პოლიტიკური ვითარებისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების, აგრეთვე გეოგრაფიული ფაქტორების, კულტურული და ისტორიული თავისებურებების ფონზე ყალიბდებოდა. შუა საუკუნეების საქართველოში მამაკაცის ძალაუფლებას ქალზე არასდროს ჰქონია ისეთი უკიდურესი ფორმები, როგორც აღმოსავლეთის მუსლიმანურ და დასავლეთის ქრისტიანულ ქვეყნებში. პროფესორი გიორგი ნადარეიშვილი აღნიშნავს, რომ ფეოდალურ საქართველოში არ არსებობდა პირველი ღამის უფლება. შოთა რუსთაველმა კი ჯერ კიდევ მე-12 საუკუნეში თავის უკვდავ ქმნილებაში ,,ვეფხისტყაოსანი“ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის იდეა უმაღლეს დონეზე აიყვანა.

ქალის უფლებრივი მდგომარეობის მაჩვენებელია მისთვის მინიჭებული განქორწინების უფლებაც, რომელიც მთელ ქრისტიანულ სამყაროში აკრძალული იყო. თუ ქართული სამართლის ძეგლებს მივმართავთ, ვნახავთ, რომ კანონი განქორწინებას დასაშვებად თვლიდა ზოგ შემთხვევაში (მაგ., ქმრის ღალატის, მამაკაცის იმპოტენციის დროს). ოჯახის მიტოვების შემთხვევაში კი ორივე სქესის მეუღლე ისჯებოდა. მაგრამ მიუხედავად ყოველივე ზემოთ თქმულისა, ქალის სოციალური ფუნქცია მეუღლეობით, ახალი თაობის კვლავწარმოებით და საოჯახო შრომით განისაზღვრებოდა. ქალი, უპირველეს ყოვლისა, საოჯახო მოვალეობის შესრულებით უნდა ყოფილიყო დაკავებული. ქალის მიერ მამაკაცური სამუშაოების შესრულება საზოგადოების მხრიდან მოწონებით არ სარგებლობდა.

მაგრამ XIX საუკუნეში უკვე დაიწყო ქალის ფუნქციებისადმი კონსერვატიული დამოკიდებულების მძაფრი კრიტიკა. დიდმა ქართველმა მწერალმა და მოაზროვნემ ილია ჭავჭავაძემ ქალთა საკითხი საზოგადოებრივ მოქალაქეობრივ უფლებას დაუკავშირა. იგი ქალის პროფესიულ შრომას საზოგადოების ნორმალური განვითარების და ქალის თავისუფლების აუცილებელ პირობად თვლიდა.

ილია, როგორც პროგრესულად მოაზროვნე საზოგადო მოღვაწე, აღიარებდა ქალის თანასწორ უფლებებს და მოვალეობებს, საზოგადოებრივი საქმიანობის და კულტურის ყოველ დარგში. ქალთა განმათავისუფლებელ მოძრაობაში იგი ხედავდა იმ ჩანასახებს, რომლებსაც მოჰქონდა ქალის უფლებრივი გათანაბრება მამაკაცებთან. ი. ჭავჭავაძე წერდა: „შორს არ არის ის დრო, როდესაც დედათა საქმე თავისას გაიტანს და ეს მთელი ნახევარი სქესი კაცობრიობისა მოწვეულ იქნება წუთისოფლის სუფრაზედ თავისი კუთვნილის ადგილის დასაჭერად“. (ი. ჭავჭავაძე, 1928 ).

ქალთა მოძრაობამ, ილიას აზრით, ცხადი გახადა, რომ ქალებს შეუძლიათ საზოგადოერივ შრომაში ჩაებან, ფასეულობა შექმნან და ამიტომ ის ,,უსამართლობა, რომელიც დღეს აქომამდე დედათა სქესს, ამ ნახევარს მთელის კაცობრიობისას საძიძაოდან და სამზარეულოდან გარედ არ უშვებდა და ამათ გარეთ არავითარს საქმეში მონაწილედ არა ხდიდა, ასე, რომ ლუკმა-პურის საშოვრის გზასაც არ აძლევდა, დიდხანს ვეღარ გაუძლებს ერთხელ ფეხადგმულ მოძრაობას“. (იქვე გვ. 279).

ილიას, უპირველეს ყოვლისა, საჭიროდ მიაჩნდა თვით ქალთა მასების დაინტერესება თავიანთივე გათავისუფლების საქმით. მას „უკბილო საყვედურად და უქმ ჩივილად მიაჩნდა ქალების მამაკაცებზე წუწუნი - აი თქვე გულქვა კაცებო, რატომ თქვენს უფლებას ჩვენც არ გაგვინაწილებთ“ და ქალთა განთავისუფლების მთავარ პირობად თვით ქალების ინიციატივა და აქტიურობა მიაჩნდა. ეს ინიციატივა და თვითმოქმედება ქალებს უნდა დაეწყოთ თავიანთი სწავლა-განათლების უზრუნველყოფით, ვინაიდან ამის გარეშე, ილიას აზრით, სულ უქმია ლაპარაკი მათ გათანასწორებაზე მამაკაცებთან. ამ გზით მათ შეუძლიათ მოიპოვონ ადამიანური უფლება და ღირსება, ანუ გათავისუფლდნენ. ამიტომ იყო, რომ ილია ჭავჭავაძე დიდი სიხარულით შეეგება „ქართველი ქალის წერილს“, რომელიც 1889 წლის 4 მარტის „ივერიაში“ დაიბეჭდა სათაურით: „საზოგადოების საყურადღებოდ“, სადაც ,,ქართველი ქალი“1 მოუწოდებდა ქალებს თვითონ აეღოთ თავზე ქალთა სასწავლებლის გახსნა და საკუთარი განათლების ხელმძღვანელობა. მხოლოდ ამ გზით შეეძლოთ ქართველ ქალებს თავი დაეღწიათ იმ თითქოს „უწმინდესი და უსამღვთოესი დანიშნულებიდან“ როგორიცაა მხოლოდ დედობა, ცოლობა, დობა. ყოველივე ეს ილიას მიაჩნდა ქალის საპატიო მოვალეობად, მაგრამ მისი დანიშნულების მხოლოდ ამით ამოწურვა - დიდ რეგრესულ, უსამართლო და რეაქციულ საქმედ. სწავლა-განათლების გზით დაამტკიცებს ქალი, რომ იგი სრულუფლებიანი ადამიანია და შეუძლია, მამაკაცის მსგავსად, შეასრულოს ყოველი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ფუნქცია და ამავე დროს იყოს საუკეთესო დედა, ცოლი და და. ამ თემის დასამტკიცებლად ილია ქალთა ემანსიპაციის მოწინააღმდეგე გ. თუმანოვთან კამათის დროს მიმართავს კარლ მარქსს: „მოვიყვანთ მარქსის ნათქვამს“, - წერს ილია და მოჰყავს მისი შემდეგი სიტყვები: „როგორიც დედაკაცია, ისეთი ოჯახიცაა, როგორიც ოჯახია, ისეთი სახელმწიფოცაა“ (ი. ჭავჭავაძე , 1928 ).

ილია ეთანხმება ამ სიტყვებს, როგორც უდავო ჭეშმარტებას ქალის როლის ღირსეულად დაფასებისათვის და ენერგიულად იბრძვის ქალის ფართო მეცნიერული და ტექნიკური განათლების უზრუნველყოფისათვის და საზოგადოებრივი აქტიურობისათვის.

სწორედ მისი მოღვაწეობის პერიოდში აღინიშნა ქალის უფლებების ზრდა როგორც ოჯახში, ისე საზოგადოებრივ ასპარეზზე, რასაც კაპიტალიზმის განვითარებამაც შეუწყო ხელი. ჩამოყალიბდა მუშა ქალების ფენა. XX საუკუკნის დასაწყისში გაიხსნა კავკასიაში პირველი ქალთა უმაღლესი სასწავლებელი - ქალთა უმაღლესი კურსები. გარკვეული წარმატება იქნა მიღწეული წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმიანობაში

ერთ-ერთ პირველ ქალთა ფორმალურ ორგანიზაციას, „ქართველ ქალთა საქველმოქმედო ორგანიზაციას“, რომელმაც ფართო საქველმოქმედო და საგანმანათლებლო მუშაობა ჩაატარა, სწორედ ილიას მეუღლე - ოლღა გურამიშვილი ხელმძღვანელობდა.

ქალთა ორგანიზაციების მასობრივი შექმნის ტენდენციები საქართველოში 1905 წლის რევოლუციის შემდეგ გაჩნდა. იქამდე გამოკვეთილ საგანმანათლებლო და საქველმოქმედო სფეროს ქალთა უფლებათა დაცვა მიემატა.

ქალთა პირველი ფორმალიზებული, ხშირად დროებითი, გაერთიანებები სხვადასხვა წრის, კომისიის და კომიტეტის სახით ფუნქციონირებდნენ, მათგან აღსანიშნავია უკვე ზემოთ ხსენებული „ქართველ ქალთა საქველმოქმედო ორგანიზაცია“, „თბილისელ ქალთა წრის კომისია“, „ქართველ ქალთა საზოგადოება“ და სხვ. მათში ისეთი გამოჩენილი საზოგადო მოღვაწე ქალები იყვნენ ჩაბმული, როგორებიც იყვნენ ოლღა გურამიშვილი, ნინო ტატიშვილიყიფიანი, ეკატერინე გაბაშვილი, ანასტასია თუმანიშვილი.

1902 წელს „თბილისელ ქალთა წრის“ მიერ დაარსდა სასწავლებელი ღარიბი გოგონებისათვის, რომელიც მიზნად ისახავდა ქალთა ეროვნულ ტრადიციებზე აღზრდას. სკოლას მნიშვნელოვან მატერიალურ დახმარებას უწევდა დავით სარაჯიშვილის მეუღლე - ეკატერინე ფორაქიშვილი.

სკოლა მთავრობამ 1908 წელს დახურა, რაც მძლავრი ბიძგი აღმოჩნდა ისეთი საზოგადოებრივი ორგანიზაციების შექმნისათვის როგორიცაა მაგ. საზოგადოება „ცოდნა“.

ქალთა წრის მონაწილე იყო მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანი, რომელმაც შემდგომში თამარ ჭავჭავაძე-ბაგრატიონ-გრუზინსკისთან ერთად დაარსა საქველმოქმედო ორგანიზაცია ე.წ. „დამწვრობის კომიტეტი“, რომელმაც მნიშვნელოვანი მუშაობა ჩაატარა 1905 წლის მასობრივი გამოსვლების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად.

ერთ-ერთი პირველი ორგანიზაცია, რომელიც ქალთა სამართლებრივი საკითხებით იყო დაინტერესებული, - „თბილისელ ქალთა საზოგადოება“ დაარსებული იქნა ცნობილი ჟურნალისტისა და მწერალი ქალის დომინიკა ერისთავის მიერ, რომელიც ცნობილი იყო „განდეგილის“ ფსევდონიმით. ორგანიზაცია ეყრდნობოდა რუსეთის ქალთა საზოგადოების პროგრამას და აქცენტს ქალთა თავისუფლების იდეაზე აკეთებდა. იგი იდეას ქალთა თავისუფლების შესახებ ფართო პროპაგანდას უწევდა და იმავდროულად ეწეოდა ქველმოქმედებას, აწყობდა მუსიკალურ და ლიტერატურულ საღამოებს.

მნიშვნელოვანი იყო საზოგადოება „განათლების“ მიერ წარმოებული მუშაობა ქართული სკოლის განვითარების საქმეში. სკოლას მწერალი ანასტასია თუმანიშვილი-წერეთელი ხელმძღვანელობდა.

ქალთა განათლებისა და უფლებების დამცველი საზოგადოებები გაჩნდა როგორც თბილისში, ისე პროვინციებშიც. მნიშვნელოვანი იყო მათზე სოციალ-დემოკრატიული იდეოლოგიის გავლენა.

1905 წელს ანასტასია გედევანიშვილის მიერ დაარსდა „ქალთა თანასწორობის საქართველოს კავშირი“, რომელიც მიზნად ქალთა პოლიტიკურ გათავისუფლებას ისახავდა. რეგიონული ორგანიზაციებიდან აღსანიშნავია „საქართველოს ქალთა ფოთის საზოგადოება“, რომლის მიზანიც მუშა-ქალთა გათვითცნობირება იყო. ორგანიზაციის დამაარსებელი იყო მწერალი, სოციალ-დემოკრატი ქალი ლიდია მამულაშვილი-მეგრელიძე.

ზოგიერთ რეგიონულ ორგანიზაციას თავისი ფილიალები სოფლებშიც ჰქონდა. ასეთ ორგანიზაციათა რიცხვს მიეკუთვნებოდა მწერალი ქალის ანასტასია ხოშტარია-ერისთავის მიერ 1913 წელს გორში დაარსებული ქალთა გაერთიანება „მანდილი“.

_______________

1. ამ ქართველი ქალის ვინაობა დღემდე გამოურკვეველია.

9.2 2. საქართველოს ქალების სოციალური განწყობა

▲ზევით დაბრუნება


იმ პერიოდში, როდესაც საქართველო სსრკ-ის ნაწილს შეადგენდა, აქ მიმდინარე ყველა პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური მოვლენა, ასე თუ ისე, საქართველოსთვისაც იყო დამახასიათებელი. ყოფილ საბჭოთა კავშირში ქართველი ქალები თავისი განათლებით, პროფესიონალიზმითა და კვალიფიკაციით ლიდერობდნენ. 1989 წლის აღწერის შედეგად ყოველ 1000 ქალიდან 204-ს უმაღლესი განათლება ჰქონდა. ქალებს ეკავათ ხელმძღვანელი პოსტები სახალხო განათლების, ჯანდაცვის და სხვა სფეროებში. როგორც გამოკვლევები ადასტურებს, სწორედ ქალები გამოირჩეოდნენ საქმისადმი ერთგულებით, კეთილსინდისიერი დამოკიდებულებით, მაღალი პროფესიონალიზმით და ხელმძღვანელობის კარგი უნარით.

საქართველოში 1990 წლის ეკონომიკური კრიზისის დაწყებამდე ქალები ჩაბმული იყვნენ ფართომასშტაბიან ეკონომიკურ საქმიანობაში. ქალთა შრომით საქმიანობაში ჩაბმის მასშტაბები განსაკუთრებით მაღალი იყო სოფლის მეურნეობაში, საზოგადოებრივი კვების სისტემაში, კომუნიკაციების სფეროში და მრეწველობის რამდენიმე დარგში (მსუბუქი, კვების, ქიმიური და ნავთობ-ქიმიური მრეწველობა), აგრეთვე ეკონომიკის ყველა ძირითად არაინდუსტრიულ სექტორში.

ეროვნული ეკონომიკის ე.წ. მამაკაცურ სექტორშიც კი (მშენებლობა, ტრანსპორტი, მანქანათმშენებლობა, საშენი მასალები და ა.შ.) ქალთა მონაწილეობამ 30-40%-ს მიაღწია.

ქალები უმრავლესობას წარმოადგენდნენ ისეთ პრესტიჟულ პროფესიებში, როგორიცაა: მასწავლებელი, ექიმი, კულტურისა და ხელოვნების წარმომადგენელი, მსუბუქი და კვების მრეწველობის ინჟინერი. ზოგადი განათლების დონით და პროფესიული კვალიფიკაციით ქართველი ქალები ლიდერობდნენ სხვა საბჭოთა რესპუბლიკების ქალებს შორისაც.

შესაბამისად, ზემოთ ჩამოთვლილ სექტორებში ქართველ ქალებს ჰქონდათ კონკრეტული ასპარეზი და შესაძლებლობები კარიერის განვითარების თვალსაზრისით, მაგრამ ტოტალიტარული სახელმწიფოს პირობებში, მათი მონაწილეობა მმართველობით და პოლიტიკურ სტრუქტურებში მკვეთრად შეზღუდული იყო. ქალები ძირითადად მართვის საშუალო რგოლში იყვნენ წარმოდგენილი, მაშინ, როდესაც მამაკაცებს თითქმის ყველა უმაღლესი პოსტი ეჭირათ. მიუხედავად ამისა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საბჭოთა კავშირში არსებობდა მითი იმის შესახებ, რომ ქალთა პრობლემა გადაჭრის პროცესში იყო და ფემინიზმის ყოველგვარი გამოვლინება ნეგატიურ ბურჟუაზიულ მოძრაობად აღიქმებოდა.

ამ პერიოდში ქალთა პრობლემებზე არსებული ინფორმაცია აგებული იყო სოციალისტურ და კაპიტალისტურ სახელმწიფოებში ქალების მიმართ გატარებული პოლიტიკის დაპირისპირებაზე. თანაც, სოციალისტური პოლიტიკა აშკარად შელამაზებული იყო. იგივე შეიძლება ითქვას საზოგადოებაში ქალის სოციალური და პოლიტიკური მდგომარეობის ასახვის, ქალთა საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობის ხასიათის, მასშტაბებისა და აღწერის შესახებ.

სინამდვილეში სსრკ კონსტიტუციასა და სხვა კანონებში ჩაწერილი ქალთა და მამაკაცთა უფლებების ფორმალური თანასწორობა რეალური უფლებების თანასწორობის გარანტიას არ იძლეოდა. გაეროს მიერ მიღებული და 1981 წ. საბჭოთა კავშირში რატიფიცირებული კონვენცია ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ არ გახდა ქვეყნის საშინაო ცხოვრების კანონი.

ქალებმა მამაკაცებთან თანაბარ მდგომარეობას მხოლოდ რამდენიმე სფეროში მიაღწიეს, რომელთა რიცხვს განათლება მიეკუთვნებოდა. შემოღებული იქნა სავალდებულო დაწყებითი, შემდეგ კი საშუალო განათლება, საშუალო სპეციალური და უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობამ გამოიწვია ქალებისა და მამაკაცების საგანმანათლებლო შესაძლებლობების თანდათანობით გათანაბრება, მაგრამ სოციალურმა საგანმანათლებლო პრაქტიკამ მთელი რიგი პრობლემები გამოავლინა.

საქმიანობის თითქმის ყველა სფეროში ქალები ჩამოცილებული იყვნენ გადაწყვეტილებათა მიღებისაგან. მამაკაცებთან შედარებით, მათ ბევრად უფრო მეტი სიძნელე ჰქონდათ პროფესიულ ზრდაში, კარიერაში, ე.ი. ქალებისთვის რეალურად მხოლოდ ჰორიზონტალური პროფესიული გადანაცვლებები არსებობდა, ხოლო ვერტიკალური - ძალაუფლების უმაღლესი ეშელონებისკენ - მამაკაცების პრეროგატივა იყო, მაგ. სხვადასხვა რანგის მამაკაც სპეციალისტებს შორის ხელმძღვანელები იყვნენ 48%, ხოლო ქალებს შორის მხოლოდ 2%. აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა შემცირების დროს პირველად ქალებს ამცირებდნენ.

პროფესიული დისკრიმინაციისა და სეგრეგაციის შედეგი1 გახდა მნიშვნელოვანი განსხვავება ქალისა და მამაკაცის ანაზღაურებებს შორის. 80-იანი წლების ბოლოს ქალები იმ მუშაკთა დიდ ნაწილს შეადგენდნენ, რომლებიც მინიმალურ ხელფასს იღებდნენ. ერთნაირ სამუშაო ადგილებზე, თანამდებობებზე მომუშავე მამაკაცებისა და ქალების ხელფასებს შორის განსხვავება 35-40%-ს წარმოადგენდა.

ქალები ჩამოცილებული იყვნენ სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში სრულფასოვანი მონაწილეობიდან, ამის მიზეზი იყო ტრადიციული საზოგადოების კონსერვატულპატრიარქალური საფუძვლები, რომლებსაც მაღალი სიცოცხლისუნარიანობა და სოციოკულტურულ პროცესებში ქალთა ინტეგრაციაზე რეალური ზეგავლენის (ზემოქმედების) უნარი გამოავლინეს.

ქალის მიმართ პატერნალისტური პოლიტიკა ითვალისწინებდა მრავალ შეღავათსა და ოჯახების დახმარებას, რაც ძირითადად ადგილებზე ხორციელდებოდა. 90-იანი წლებისდასაწყისისთვის დაწესებულებებსა და საწარმოებს მათთან მომუშავე ქალებისთვის უნდა მიეცათ 15-ზე მეტი სახეობის შეღავათი და ფულადი დახმარება.

აღსანიშნავია, რომ გარდაქმნის პერიოდის ეკონომიკური რეფორმების განხორციელების შედეგად მომუშავე ქალების მდგომარეობა არა თუ გაუმჯობესდა, არამედ, პირიქით, მკვეთრად გაუარესდა, მოხდა მათი სამუშაო ადგილებზე შემცირება.

მამაკაცები ნაკლებად მონაწილეობდნენ საშინაო მეურნეობასა და ბავშვების აღზრდაში, ამიტომ მომსახურებისა და საზოგადოებრივი კვების სამსახური ცუდად იყო განვითარებული. ამ მიმართულებით შემუშავებულმა სახელმწიფო პროგრამებმა ვერ შეძლო ქალის მაღალი საყოფაცხოვრებო დატვირთვის შემცირება.

ქვეყანაში ვითარდებოდა დედობისა და ბავშვობის დაცვის სისტემა. ომის შემდგომ პერიოდში მნიშვნელოვნად გაფართოვდა საავადმყოფოებისა და სამშობიარო სახლების ქსელი, საქორწილო-საოჯახო კანონმდებლობამ განსაზღვრა მამის მოვალეობები, საალიმენტო ვალდებულებები განქორწინების შემთხვევაში, აგრეთვე ცოლისა და შვილების უფლებები ქონებაზე. გათანაბრდა ქორწინებაში და ქორწინების გარეშე დაბადებული ბავშვების უფლებები.

საბჭოთა სახელმწიფოში საფუძველი ჩაეყარა და შეიქმნა ბავშვთა საზოგადოებრივი აღზრდის სისტემა. მართვის ცენტრალიზაციისა და გეგმიანობის მიუხედავად, ბავშვების აღზრდის პრობლემა სხვადასხვა რესპუბლიკაში სხვადასხვანაირად წყდებოდა. ამ სფეროში ქალთა საკითხში სახელმწიფო პოლიტიკისთვის დეკლარაციულობა იყო დამახასიათებელი. იგი არ ითვალისწინებდა სხვადასხვა რეგიონის სპეციფიკურობას, განსხვავებული ცხოვრების წესს.

ამგვარად, საბჭოთა პერიოდში ქალთა საკითხში სახელმწიფო პოლიტიკისათვის დამახასიათებელი იყო:

  • საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში ქალების მონაწილეობის უფლებების საკანონმდებლო აღიარება;

  • სქესთა თანასწორობის პრინციპის რეალიზაციის მიზნით ადმინისტრაციული მეთოდების გამოყენება;

  • ქალის არა მარტო დედობრივი, არამედ სოციალური ფუნქციის აღიარება;

  • ქალების სტატუსის მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის დეკლარაციული ხასიათი.

მაგრამ ქალებისა და მამაკაცების რეალური თანასწორობის მიღწევას არსებითად ხელს უშლიდა შემდეგი ფაქტორები:

- ქალთა პრობლემების დამოუკიდებელი სტატუსის მასკულინური უარყოფა, მათი კლასობრივი ინტერესებისადმი დაქვემდებარება, ქალთა მოძრაობის იდეოლოგიის შთანთქმა კლასობრივპარტიული იდეოლოგიით, რაც მთელი საბჭოთა პერიოდისთვის იყო დამახასიათებელი;

- ქალზე მამაკაცი-პატრიარქის ძალაუფლების ტოტალიტარული სახელმწიფოს ძალაუფლებით შეცვლა;

- ქალების ჩამოშორება გადაწყვეტილებათა მიღებისაგან საქმიანობის თითქმის ყველა სფეროში, სიძნელეები პროფესიულ ზრდაში, კარიერაში, ე.ი. მათთვის მხოლოდ ჰორიზონტალური პროფესიული გადანაცვლების რეალური შესაძლებლობა, ხოლო ვერტიკალური - ხელისუფლების უმაღლესი ეშელონებისაკენ გადანაცვლება მამაკაცთა პრეროგატივა იყო;

- ქალების ჩამოცილება სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში სრულფასოვანი მონაწილეობისაგან;

„ქალთა“ პოლიტიკის ეფექტური სოციალური პოლიტიკით განმტკიცების არარსებობა; ქალების საყოფაცხოვრებო საქმეებით დატვირთვის მაღალი დონე.

შეიძლება დავასკვნათ, რომ საბჭოთა პერიოდის სახელმწიფო პოლიტიკა ქალების მიმართ პატერნალისტურ-დეკლარაციულ ტიპს განეკუთვნება.

გარდამავალი პერიოდის დემოკრატიულ პროცესებსა და ეკონომიკურ ცვლილებებს პოლიტიკური ქაოსი და ცხოვრების პირობების უკიდურესი გაუარესება მოყვა. დაირღვა ღირებულებათა ადრე არსებული სისტემა, რასაც არ მოჰყოლია ღირებულებათა ახალი სისტემის შექმნა. რადიკალურმა სოციალურ-პოლიტიკურმა ცვლილებებმა ღრმა კვალი დააჩნია ადამიანთა ცხოვრების წესს. სათანადო გამოცდილებასა და სამართლებრივ დაცვით მექანიზმებს მოკლებული მოქალაქეები მოულოდნელად რისკის სიტუაციაში აღმოჩნდნენ - ინიციატივისა და პასუხისმგებლობის სიმძიმის ცენტრმა სახელმწიფოდან მათზე გადაინაცვლა. მოშლილი ეკონომიკისა და ქაოტური სოციალურ-პოლიტიკური ცხოვრების პირობებში პიროვნებისათვის, ფაქტობრივად, უმთავრეს პრობლემად ახალ ისტორიულ ვითარებასთან შეგუება იქცა.

პოლიტიკურმა, ეკონომიკურმა კრიზისმა და შეიარაღებულმა კონფლიქტებმა, უპირველეს ყოვლისა, ქალებზე იქონია გავლენა. ქალები ფიზიკური და სექსუალური ძალადობის უპირველესი მსხვერპლი გახდნენ. იმავე კონფლიქტებმა გამოიწვია კონფლიქტების ზონებიდან მიგრაციის რთული პრობლემა2 (ლტოლვილთა 54,4% ქალია, მათგან - 97% აფხაზეთიდან, ხოლო 3% - ცხინვალის რეგიონიდან). აღნიშნულმა პირობებმა შეცვალა ქალთა ცხოვრების სტილი, ხელი შეუშალა მათ პერსონალურ და სოციალურ განვითარებას, რის შედეგადაც საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გარიყული აღმოჩნდა მოსახლეობის ის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელთა ინტერესებიც არასრულყოფილად აისახა ახალ ინსტიტუტებში.

მკვეთრად შემცირდა დასაქმებულ ქალთა რიცხვი (1989-94 წლებში 1250 ათასიდან 750 ათასამდე). ამის გარდა, ქალთა დასაქმების პრიორიტეტულ სფეროებში (სამეცნიერო-კვლევითი მოღვაწეობა, მედიცინა, კულტურა, მსუბუქი და კვების მრეწველობა) დაბალმა ანაზღაურებამ გამოიწვია ქალთა მნიშვნელოვანი გაღატაკება. ზემოთაღნიშნული პროცესები ქალის რეპროდუქციულ ქცევაშიც აისახა, რაც თავისთავად უარყოფით გავლენას ახდენს ქვეყნის დემოგრაფიულ სურათზე.

ბოლო პერიოდში მოხდა სქესობრივ ურთიერთობებზე საზოგადოებრივი აზრის ლიბერალიზაცია, საზოგადოება უფრო შემწყნარებელი გახდა განქორწინების მიმართაც. ამან ბუნებრივად შეასუსტა მეუღლეთა ურთიერთობების ოფიციალური რეგისტრაციის აუცილებლობა, რაც აისახა ოფიციალური სტატისტიკის შესაბამისი მაჩვენებლების შემცირებით

და მაინც, ქალები უფრო მომზადებულები აღმოჩნდნენ მწვავე კრიზისის გადასატანად. ოჯახის გადარჩენის მიზნით ქალთა უმრავლესობამ ხელი მიჰყო არარეგისტრირებულ ბიზნესს (ცხობა, წვრილი ვაჭრობა, შრომითი მიგრაცია). დღეს ხშირად, სწორედ ქალი ხდება ოჯახის ერთადერთი მარჩენალი. თუმცა ეს მას ძვირად უჯდება - იცვლება მისი ცხოვრების ნირი და ხელი ეშლება მის პიროვნულ, საზოგადოებრივ და სოციალურ განვითარებას. მაგრამ ქალი ყველაზე ნაკლებად ფიქრობს თავის ინტერესებზე ან მათ ლობირებაზე, ამის შედეგად საზოგადოება კარგავს მოსახლეობის საკმაოდ დიდ სეგმენტს, რომლის ინტერესები ადეკვატურად არ აისახება ახალ ინსტიტუტებში. მეორე მხრივ, იკარგება განათლებული კადრები, პროფესიონალები; კადრების დანაკარგი და სქესთა დისბალანსი დასაქმების სფეროში კი გარკვეულად ხელს უწყობს სოციალურ უკმაყოფილებას და სოციალურ-პოლიტიკურ არასტაბილურობას.

_________________

1. ქალთა პროფესიული სეგრეგაცია არის „ქალთა“ პროფესიების სფეროების ან „ქალთა“ სამუშაო ადგილების ფორმირება „მამაკაცთა პროფესიებს“ შორის. ამ შემთხვევაში ქალის შრომის თავისებურებად იქცა მისი არაპრესტიჟულობა და მცირე ანაზღაურება.

2. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის კონფლიქტების შედეგად დღეს საქართველოში 400 ათასი მიგრანტია. ოფიციალურად დარეგისტრირებულია 286642 ლტოლვილი. აქედან 275096 (95,97%) - აფხაზეთიდან, 11546 (4,0) - სამაჩაბლოდან.

9.3 3. საერთაშორისო საკანონმდებლო აქტები და ეროვნული მექანიზმები

▲ზევით დაბრუნება


ქალების ისტორიული და თანამედროვე სოციალური მდგომარეობის ანალიზი სხვადასხვა ქვეყანაში ასაბუთებს, რომ ქალების პრობლემები ინტერნაციონალური ხასიათისაა და გამოიხატება ყოველი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული განვითარების დონით და რომ ამ პრობლემების რეალიზაცია მოითხოვს არა მხოლოდ ყოველმხრივ ახალ მიდგომას ქალის მიმართ, არამედ სახელმწიფოს და კანონების მხარდაჭერასაც.

საქართველოს ქალთა დაცვის სფეროში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება საერთაშორისო საკანონმდებლო აქტებს და ეროვნული კანონმდებლობისა და რეალურად მოქმედი მექანიზმების შემუშავებას.

საქართველო 1994 წლის 22 სექტემბერს შეუერთდა კონვენციას „ქალთა დისკრიმინაციის ყოველგვარი ფორმის აღმოფხვრის“ შესახებ, რითაც მან ვალდებულება აიღო, რომ „მიიღებს ყველა საჭირო ზომას ქვეყნის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად, სახელდობრ, ქალებისათვის მამაკაცებთან თანაბარ პირობებში, უზრუნველყოფს არჩევნებსა და საჯარო რეფერენდუმებში ხმის მიცემის უფლებას, საჯაროდ არჩეულ ორგანოებში კანდიდატურის წამოყენების შესაძლებლობას და მონაწილეობას მთავრობის პოლიტიკის ჩამოყალიბებასა და განხორციელებაში და იმის შესაძლებლობას, რომ დაიკავონ სახელმწიფო პოსტები და შეასრულონ ყველა სახელმწიფოებრივი ფუნქცია ნებისმიერ სამთავრობო დონეზე, მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო ორგანიზაციებისა და ასოციაციების საქმიანობაში, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ქვეყნის საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრების პრობლემებით“. (მუხლი 7)

1995 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო საქართველოს კონსტიტუცია. კონსტიტუციის მე-14 პუნქტში ნათქვამია: ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, სქესისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა ან საცხოვრებელი ადგილისა.

პარლამენტში შეიქმნა ადამიანის დაცვისა და ეროვნულ უმცირესობათა კომიტეტი და დედათა, ბავშვთა და ოჯახის უფლების დაცვის სპეციალური ქვეკომიტეტი, ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატში კი ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის თანამდებობა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში. აღმასრულებელ მთავრობაში ჩამოყალიბდა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა განყოფილება, ომბუცმენის ინსტიტუტი, რომელსაც მიენიჭა ფართო უფლებამოსილება ადამიანთა უფლებების დაცვის კონტროლის საქმეში. ამ განყოფილების სამუშაოს სფეროში შევიდა ქალთა უფლებების საკითხები. ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენდა პარლამენტარ ქალთა ჯგუფების შექმნა. 1992 წლის ივნისში საქართველოს პარლამენტში შეიქმნა პარლამენტარ ქალთა კლუბი. კლუბის მოქმედების გეგმაში ასახულია პეკინის ქალთა მეოთხე მსოფლიო კონფერენციის პლატფორმის თორმეტივე პრიორიტეტი.

1995 წელს დაიწყო გაერთიანებული ერებისა და საქართველოს მთავრობის ერთობლივი პროექტის - „გენდერული განვითარება“ განხორციელება. აღნიშნული პროგრამა, ძირთადად, პეკინის არასამთავრობო ორგანიზაციების ფორუმებისა და პეკინის ქალთა კონფერენციიდან გამომდინარე შეხედულებების საფუძველზე შემუშავდა. აღნიშნული პროექტის ინიციატივით მომზადდა პროექტი საქართველოს ქალთა მდგომარეობის და მათი პრობლემების შეფასების შესახებ. მომზადდა ცნობარი ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ. მუშაობა დაიწყო ახალმა პროგრამამ - ქალები განვითარების პროცესში. ჩატარადა ქალთა პრობლემებისადმი მიძღვნილი სემინარები და კონფერენცია, განხორციელდა გენდერულ პრობლემებთან დაკავშირებული გამოკვლევა, გამოიცა ბროშურები, მომზადდა სატელევიზიო და რადიო გადაცემები.

გაეროში გაიგზავნა ანგარიში საქართველოში დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის და კონვენციის ცხოვრებაში გატარების შესახებ. უშიშროების საბჭოს ადამიანის უფლებების განყოფილებამ შეიმუშავა სპეციალური პროგრამები ყველა სფეროში ქალთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებით.

1996 წელს საქართველო შეუერთდა კონვენციას „მამაკაცთა და ქალთა თანაბარი ღირებულების შრომის თანაბარი ანაზღაურების შესახებ“, 2002 წელს „ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყოველგვარი ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ დამატებით ოქმს და იმავე კონვენციის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის შესწორების რატიფიცირების თაობაზე.

სამოქმედო პლატფორმა, რომელიც პეკინის ქალთა კონფერენციაზე იქნა მიღებული, ითვალისწინებდა 1997 წლის ბოლოსათვის სამოქმედო გეგმის შემუშავებას ყველა სახელმწიფოს მიერ, შესაბამის ორგანიზაციებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციის საფუძველზე, რომელიც მიზნად ისახავდა პეკინის სამოქმედო პლატფორმის განხორციელებას.

კონფერენციაზე, რომელიც 1998 წლის 24 აპრილს ჩატარდა, მიღებული იქნა გაეროს განვითარების პროგრამის მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმა საქართველოში 1998-2000 წლებში ქალთა მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ, „ქალები განვითარების პროცესში“, რომელიც პრეზიდენტის მიერ იქნა დამტკიცებული. სამოქმედო გეგმა პეკინის პლატფორმის თორმეტი პრიორიტეტიდან შვიდს მოიცავს.

სამოქმედო გეგმის მთავარი მიზანი იყო გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა საქართველოს საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში. იგი ითვალისწინებდა აგრეთვე ქალთა დახმარების აუცილებლობას გარდამავალ პერიოდში არსებულ სოციალურ პრობლემათა გადაჭრასთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს კონკრეტული ცვლილებების შეტანას კანონმდებლობაში. (ქალთა მდგომარეობა საქართველოში, 2000).

ეროვნული ინსტიტუციური მექანიზმის დაფუძნება უდაოდ წინგადადგმული ნაბიჯი იყო გენდერული თანასწორობის და ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავების თვალსაზრისით.

მეტიც, 1999 წელს ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტში ანგარიშის წარდგენის შემდეგ სახელმწიფოს მიერ გატარებული სპეციალური ზომები ადასტურებს გენდერული პრობლემის გადაჭრის პოლიტიკურ ნებას.

ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის რეკომენდაციების საპასუხოდ სახელმწიფომ გამოსცა სპეციალური ბრძანებულება, რომელიც მიმართული იყო ქალთა უფლებების დაცვის გაუმჯობესებისაკენ.

სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტის №511, 1999/11/05 ბრძანებულება - „საქართველოში ქალთა უფლებების დაცვის განმტკიცების ღონისძიებათა შესახებ“, დარჩა ფორმალურ პასუხად ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის რეკომენდაციებზე და უმნიშვნელო გავლენა მოახდინა ქალთა წინსვლაზე.

„ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის დეკლარაციის“ საპასუხოდ გამოიცა საქართველოს პრეზიდენტის №64, 2000/25/02 ბრძანებულება და დამტკიცდა 2000-2002 წლების „ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის ეროვნული გეგმა“.

მიუხედავად ჩამოთვლილი ღონისძიებებისა, გარდამავალ პერიოდში ქალთა წინსვლის თვალსაზრისით დიდი ძვრა არ მომხდარა.

2003 წლის, 23 ნოემბრის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ საქართველოში განხორციელდა მთელი რიგი ადმინისტრაციული ცვლილებები. ამ ცვლილებებმა გარკვეული გავლენა მოახდინა ქალთა წინსვლის საკითხზე - მართალია, უშიშროების საბჭოსთან არსებული ქალთა წინსვლის კომისია 2004 წლის იანვარში გაუქმდა, მაგრამ მის სანაცვლოდ ჩამოყალიბდა საქართველოს პარლამენტის თავჯდომარესთან არსებული გენდერული თანასწორობის საკითხების საკონსულტაციო საბჭო.

დღეისათვის საქართველოში ქალთა ასზე მეტი არასამთვარობო ორგანიზაციაა რეგისტრირებული. ისინი საკმაოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ქალთა პრობლემატიკის წინა პლანზე წამოწევის, გენდერული ბალანსის მიღწევისათვის საჭირო ღონისძიებების ინიცირებისა და ლობირების საქმეში. მათი საქმიანობა აჩვენებს, თუ როგორ შეიცვალა პრობლემათა პრიორიტეტების მიშვნელობა ქართველი ქალებისათვის. თუ რეფორმების საწყის ეტაპზე, მწვავე სოციალურ-ეკონომიკური კრიზისის პერიოდში, ისინი ყურადღებას ჰუმანიტარული დახმარების პროგრამებზე ამახვილებდნენ, ბოლო პერიოდისათვის (განსაკუთრებით, 1995 წლის პეკინის კონფერენციის შემდეგ) გაიზარდა მათი აქტიურობა ადამიანის უფლებების დაცვის, დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრების, პოლიტიკური და სამრთლებრივი რეფორმების, ქალთა პოლიტიკური აქტივობის გაზრდის მიმართულებით. მაგრამ ეს ორგანიზაციები, როგორც წესი, მხოლოდ ქალებისაგან შედგება და, შესაბამისად, არ არის გენდერულად დაბალანსებული. ერთი მხრივ, აღნიშნული ფაქტი ხელს უწყობს ქალების პრობლემის ირგვლივ კონცენტრაციას, მაგრამ, მეორე მხრივ, სერიოზული დაბრკოლებაა გენდერული ბალანსის მიზნით მამაკაცებისა და ქალების ერთობლივი მუშაობის გზაზე. გარდა ამისა, ალბათ, აუცილებელია გაიზარდოს ამ პრობლემატიკაზე მომუშავე მეცნიერების რიცხვი, რომლებიც უზრუნველყოფენ ქალთა თემაზე მსოფლიოში არსებული გამოკვლევების განზოგადებას და ქართულ სინამდვილესთან ადაპტირებას, აგრეთვე ეროვნული კლევების ჩატარებას და ამ დარგში ქართული სამეცნიერო ლიტერატურის შექმნას.

9.4 4. საქართველოს ქალების მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში

▲ზევით დაბრუნება


ტრანსფორმირებადი საზოგადოებისათვის აუცილებელია, რომ მის მოქალაქეებს ჰქონდეთ გარემომცველი სინამდვილისა და მისი ცვალებადობის პროგნოზირების უნარი. ეს მათ საშუალებას მისცემს, მიიღონ პრაქტიკული გადაწყვეტილებები და იმოქმედონ მათი განხორციელებისათვის. საზოგადოების ტრანსფორმაციის თანამედროვე გაგება გულისხმობს მის დემოკრატიზაციასა და ჰუმანიზაციას, ცხოვრების პატრიარქალური განწყობებისა და ნორმების გადალახვას, წარსულში საზოგადოებაში მიღებული ბევრი ცნებისა და წარმოდგენის გადაფასებას. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გარდამავალ საზოგადოებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ქალთა საკითხს.

ქართული საზოგადოების ტრანსფორმაციის თანამედროვე ტენდენციების ანალიზი, ისე როგორც სოციალური მაკროსისტემისა, რომელიც რთულ სოციალურ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ, კულტურულ ცვლილებებს განიცდის, საჭიროებს სოციო-გენდერული კონცეფციების გამოყენებას. გენდერულ ურთიერთობებს და ყოველ სოციალურ ერთობაში არსებულ ურთიერთქმედებებს თავისი გარკვეული სპეციფიკა აქვს, განსხვავდება კონკრეტული სოციოკულტურული, მენტალური, მათ შორის, დემოგრაფიული თავისებურებებით, გააჩნია მრავალროლიანი ფუნქცია.

გენდერული მიდგომა ეფუძნება სქესთა ურთიერთობის სოციოკულტურულ დინამიკას და არ დაჰყავს იგი მხოლოდ განსაზღვრულ ბიოლოგიურ ურთიერთობებზე. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჩვენი ისტორიის საბჭოთა პერიოდში ქალთა ემანსიპაციას იდეოლოგიური ხასიათი ჰქონდა, ფართოდ იყო დეკლარირებული და სახელმწიფოს ოფიციალურად უჭერდა მას მხარს. ამჟამად მიმდინარე ტრანსფორმაციული პროცესები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საზოგადოებაში ქალის სტატუსისა და როლის შეცვლაზე.

თანამედროვე საქართველოში მამაკაცისა და ქალის როლების ტრადიციული თანაფარდობა იცვლება. თავად ცხოვრება გვკარნახობს მათი ახალი იდენტიფიკაციის მოთხოვნას. ამასთან, ერთ-ერთი ძირითადი დეტერმინანტი ხდება გენდერული ურთიერთობების ცვლილებები და თანასწორი უფლებების, თავისუფლებებსა და შესაძლებლობების პრინციპის პრაქტიკული რეალიზაცია.

საქართველოში დიდი არ არის იმ ქალების პროცენტი, ვისაც მაღალი თანამდებობები უკავია აღმასრულებელ ორგანოებსა და პარლამენტში, ანდა ადგილიბრივი ხელისუფლების ორგანოებში. ისინი რაიმე გავლენას ვერ მოახდენენ გადაწყვეტილების მიღბის პროცესზე. ამდენად, ქალები ჩვეულებრივ, ხდებიან მამაკაცების პოლიტიკური მმართველობის ობიექტები. მიუხედავად ქალების პრობლემებისადმი მიძღვნილი ნაირობის 1985 ჭლის საერთაშორისო კონგრესის განცხადებისა იმის თაობაზე, რომ „სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ქალების მონაწილეობა ეროვნულ, სახელმწიფოებრივ და ადგილობრივ სახელისუფლებო ორგანოებში და ეს უნდა განხორციელდეს შესაბამისი საკანონმდებლო ღონისძიებების საშუალებით“, საქართველოს მთავრობისათვის ეს პრობლემა არ გახლავთ წამყვანი და რამდენადმე მნიშვნელოვანი.

საქართველოს მოსახლეობის 53% ქალებია. ისინი ყველაზე დიდ სოციალურ ჯგუფს წარმოადგენენ და ამ ჯგუფის ქცევაზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ქვეყნის წარმატებული განვითარება. სწორედ ამიტომ, ქალის როლისა და ადგილის ანალიზის გარეშე შეუძლებელია საზოგადოებაში მიმდინარე პოლიტიკურ და სოციალურ რეფორმებთან დაკავშირებული ცვლილებების შეფასება.

გარდამავალი პერიოდისათვის დამახასიათებელმა მძაფრმა პოლიტიკურმა და სოციალურ-ეკონომიკურმა პროცესებმა, ფასეულობების ცვლილებამ და ახალ სისტემაზე გადასვლამ უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა ქალის სტატუსზე, რაც გამოვლინდა ეკონომიკურ და სოციალურ-პოლიტიკურ ცხოვრებაში მამაკაცებისა და ქალების მონაწილეობის დისბალანსში.

საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სფეროების განვითარების პროცესებში ქალთა მონაწილეობის ხარისხი მეტად მცირეა. ამის ერთ-ერთი მიზეზი კი ისევ ეთნიკურ ცნობიერებაში უნდა ვეძებოთ - ქალები არ აღიქმებიან თანასწორუფლებიან პარტნიორებად და მათი პროფესიული, ინტელექტუალური და პირადი ღირსებები სათანადოდ არ ფასდება. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში რეალურად არ არსებობს გენდერული თანასწორობა, რადგან კანონმდებლობა მხოლოდ იმ შემთხვევაში ხორციელდება, თუ იგი განმტკიცებულია მთელი რიგი ღონისძიებებით, რომლებიც მიმართულია სხვადასხვა სფეროში ერთდროულ ფუნდამენტურ გარდაქმნებზე. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ქალებს აქვთ ხმის უფლება, საარჩევნო პროცესებში მათი მონაწილეობა კიდევ უფრო დაბალია. გაბატონებული შეხედულება, რომლის თანახმად ქალთა აქტიურობა პოლიტიკაში არც ისე სასურველია - იგი მხოლოდ დიასახლისად, მზრუნველ დედად, მეუღლედ და ქალიშვილად მოიაზრება - განაპირობებს ამ მდგომარეობას.

საბჭოთა პერიოდთან შედარებით შემცირდა ხელისუფლების ორგანოებში ქალთა წარმომადგენლობაც. თუ 1990 წელს საქართველოს სსრ უმაღლეს საბჭოში დეპუტატთა 16% ქალები იყვნენ, დღეს ეს ციფრი არ აღემატება საპარლამენტო ხელისუფლებაში 7%-ს, ხოლო აღმასრულებელ ხელისუფლებაში 10%-ს. არც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებშია სახარბიელო მდგომარეობა - აქ ქალი მხოლოდ 11%-ია.

თუმცა, რაოდენობრივმა ცვლილებამ ხარისხობრივ ზრდასთან მიგვიყვანა. დღეს სუსტი სქესის წარმომადგენლები პოლიტიკაში მიდიან უფრო გააზრებულად, თავიანთი პროგრამებით და არა სტატისტების როლში, როგორც ადრე იყო.

საქართველოს პოლიტიკური სპექტრის შესწავლამ დაგვანახა, რომ ჯერჯერობით არ არის გამოკვეთილი რეალური პოლიტიკური ძალა, რომელიც წინ წამოსწევდა ქალთა პრობლემებს და გენდერული თანასწორობის მისაღწევად აქტიურად და კვალიფიცირებულად მიმართავდა თავის ძალისხმევას. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში რიგმა პოლიტიკურმა პარტიებმა - სოციალისტებმა, მრეწველებმა, ლეიბორისტებმა, ახალმა მემარჯვენეებმა - ჩამოაყალიბეს შიდა პარტიული ქალთა ჯგუფები (კლუბები), მაგრამ ამ ჯგუფების საქმიანობა ძირითადად ქველმოქმედებაზეა მიმართული. გარკვეულად გააქტიურდნენ ახალი დემოკრატებიც და თანამშრომლობა დაიწყეს ქალთა ორგანიზაციებთან. პარტიათაგან ყველაზე მნიშვნელოვანი განაცხადი მოქალაქეთა კავშირს ეკუთვნის, რომელიც ქალებისათვის საარჩევნო სიებში 30%-ანი კვოტის შემოღებას აპირებდა, მაგრამ პარლამენტმა ამას მხარი არ დაუჭირა. მიუხედავად ყოველივე ზემოთქმულისა, მაინც ხაზგასასმელია, რომ არც ერთ პარტიას არ გააჩნია ქალთა პრობლემებზე მიმართული კონკრეტული პროგრამები და მათი გადაჭრის კონკრეტული სტრატეგია.

უნდა ვიფიქროთ, რომ ეს მდგომარეობა წარმავალია და საქართველოს ქალები უახლოეს მომავალში სულ უფრო აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში, უფრო მეტი რაოდენობით გახდებიან პოლიტიკური ლიდერები და სახელმწიფო მოსამსახურეები.

თუ მსოფლიო ტენდენციებს და ჩვენს საზოგადოებაში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებს გავითვალისწინებთ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ქალები ყოველმხრივ მზად არიან მართვაში მონაწილეობისა და გადაწყვეტილებების მისაღებად სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური, კულტურული და სულიერი ცხოვრების ყველა სფეროში და ყველა დონეზე.

გარდამავალი პერიოდის საქართველოში პოლიტიკური გადაწყვეტილებების სხვადასხვა დონეზე ქალთა მონაწილეობის ხარისხის განსაზღვრაში დაგვეხმარება 1995, 1998, 1999, 2003 წლებში ჩატარებული არჩევნების გენდერული ასპექტის მიმოხილვა (იხ. დანართი 1, 2), სადაც უფრო დეტალურადაა წარმოდგენილი 2002 წლის თვითმმართველობის და 2003 წლის საპარლამენტო არჩევნები.

კითხვები და დავალებები:

1. ქართველ ქალთა როლი საქართველოს ისტორიაში

2. ქალთა სოციალური როლი და სტატუსი ფეოდალურ საქართველოში

3. საქართველოს ქალთა სოციალური აქტივობა XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში

4. ილია ჭავჭავაძე, როგორც საქართველოში ქალთა მოძრაობის აქტიური მხარდამჭერი საქართველოს ქალთა სოციალურ-პოლიტიკური აქტივობა საბჭოთა პერიოდში

5. რა ზეგავლენა მოახდინა საქართველოს ქალებზე გარდამავალი პერიოდის პროცესებმა?

6. ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების როლი ქალთა უფლებების დაცვის საქმეში

7. საერთაშორისო საკანონმდებლო აქტები და ეროვნული მექანიზმები

8. საქართველოს ქალთა მონაწილეობა თანამედროვე პოლიტიკურ პროცესებში

ლიტერატურა:

1. ი.ჭავჭავაძე თხზულებანი, 1928 წ., ტ. VIII., „ქართული წიგნის“ გამოცემა. გვ. 278).

2. ქაფიაშვილი ი. „ძველი ქართველი ქართველი მწიგნობარი ქალები“ თბილისი, „ლომისი“, 1994

3. ხომერიკი ლ., ჯავახიშვილი მ. „ქალთა საზოგადოებრივი საქმიანობა საქართველოში“. XIX საუკუნის მეორე ნახევარი და XX საუკუნის დასაწყისი თბილისი 2005

4. კიკნაძე თ. „ქალი და პოლიტიკა“ პოლიტოლოგია (სახელმძრვანელო ო. გოგიაშვილის რედაქტორობით) თსუ, 2003

5. სურმანიძე ლ. „ქალი ქართილ მენტალიტეტში“. გენდერის აქტუალური პრობლემები. თბ. 1997

6. ნადარაია ლ. „ქალი და პოლიტიკა თანამედროვე საქართველოში“, „გენდერი, კულტურა., თანამედროვეობა“ (რედ. ლ. გაფრინდაშვილი), თბილისი, 2005

7. „გენდერი, კულტურა., თანამედროვეობა“, (რედ. ლ. გაფრინდაშვილი) თბილისი, 2005

8. დურგლიშვილი ნ., „ცვლილება სოციალურ გარემოში და ქართული ოჯახი“. თბილისი. 1997

9. საერთასორისო კონვენციები ქალის უფლებების სფეროში , საქართველოს საკანონმდებლო ბაზა და რეალურად მოქმედი მექანიზმები. თბილისი. 1998

10. ქალთა დასაქმების საკითხები. თბილისი, 1998

11. ქალი გარდამავალ პერიოდში. თბილისი, 11998

12. ქალი, მამაკაცი და საზოგადოება, თბილისი, 1998

13. ქალთა მდგომარეობის სოციალურ-ფსიქოლოგიური გამოჯვლევა, თბილისი 1999

14. ქალთა მდგომარეობა საქართველოში. გაეროს განვითარების პროგრამა, თბ., გამომც. „ნეკერი“, 2000

10 დანართი 1

▲ზევით დაბრუნება


1995 - 1999 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში

საქართველოს ბოლო ორი მოწვევის პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობა პრინციპულად უცვლელი რჩებოდა - 1995-1999 წლებში დეპუტატ ქალთა რიცხვი 17-ს არ აღემატება.

საქართველოს პარლამენტის ფრაქციებსა და პარტიებში 1999 წლის 1 სექტემბრის მონაცემებით ქალთა წარმომადგენლობა შემდეგია:

ფრაქციები და პარტიები

ქალი-კანდიდატები

მოქალაქეთა კავშირი

11

ედპ

1

სახალხო პარტია - აღორძინება

1

ლეიბორისტული ფრაქცია

2

იმედი - სოციალისტური პარტია

1

აფხაზეთი

-

მამული

-

ფრაქციის გარეშე

1

როგორც უკვე აღვნიშნეთ, 1999 წლის ნოემბრის არჩევნების შემდეგ პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობას რაოდენობრივი ცვლილება არ განუცდია. ქვემოთ მოყვანილ ცხრილში ასახულია პარლამენტში არჩეულ ქალთა ადგილი მათ წარმდგენ პარტიათა საარჩევნო სიებში:

პარტიის დასახელება

I ათეულ-
ში

II ათე-
ში

III ათეულ-
ში

IV ათეულ-
ში

V ათეულ
-
ში

VI-VII
ათეულში

საქართველოს მოქალაქეთა კავშირი

1
(№6)

1
(№13)

1
(№20)

3
(№32)
(№34)
(№39)

1
(№49)

3
(№61)
(№64)
(№67)

საარჩევნო ბლოკი - „საქართველოს აღორძინება“

1
(№9)

0

1
(№27)

0

2
(№43)
(№44)

0

საარჩევნო ბლოკი
„მრეწველობა გადაარჩენს
საქართველოს

0

1
(№12)

0

0

ჯამში, ახალ პარლამენტში პროპორციული სიებით არჩეული იქნა 15 ქალი, მაჟორიტარული წესით - 1 დეპუტატი ქალი, ხოლო ძველი პარლამენტიდან ავტომატურად გადავიდა აფხაზეთის დეპუტაციის 1 წარმომადგენელი ქალი.

არანაკლებ საინტერესოა ქალთა წარმომადგელობა იმ პარტიათა საარჩევნო სიებშიც, რომლებსაც 7%-იანი ბარიერის გადალახვის პოტენცია ჰქონდათ:

პარტიის დასახელება

I ათეულ-
ში

II ათეულ-
ში

III ათეულ-
ში

IV ათეულ-
ში

V ათეულ-
ში

VI-VII
ათეულში

საქართველოს
ლეიბორისტული
(შრომის) პარტია

0

1
(№16)

0

2
(№34)
(№39)

1
(№40)

1
(№69)

ეროვნულ-დემოკრატიული
ალიანსი - მესამე გზა

1
(№1)

0

0

0

1
(№43)

1
(№68)

ბლოკი „სახალხო პარტია -
დიდგორი“

1
(№8)

0

0

0

1
(№42)

1
(№66)

1998 წლის თვითმმართველობის არჩევნები

1998 წლის თვითმმართველობის არჩევნებში საკრებულოს წევრად არჩეულ იქნა 1526 ქალი, რაც არჩეულთა საერთო რაოდენობის 14.2% შეადგენს. ქალაქ თბილისის საკრებულოს 55 წევრიდან 7 იყო ქალი, ანუ 12.7%. რაიონების მიხედვით ასეთი სურათია:

რეგიონის
დასახელება

არჩეული
ქალების
საერთო რიცხვი

არჩეული
წევრების
საერთო რიცხვი

არჩეული
ქალების%

მცხეთა-თიანეთი

125

750

16.6

კახეთი

241

1727

13.9

ქვემო ქართლი

79

1289

6.1

შიდა ქართლი

148

1078

13.7

სამცხე-ჯავახეთი

94

964

9.5

იმერეთი

329

2294

14.3

რაჭა-ლეჩხუმი

109

694

15.7

სამეგრელო-სვანეთი

212

1615

13.1

გურია

93

782

11.8

აჭარა

89

918

9.6

საგულისხმოა, რომ არჩეულ ქალთა უმრავლესობა სოფლების საკრებულოს წევრები არიან, რაც შეეხება ქალაქებსა და რაიონულ ცენტრებს, მათი წარმომადგენლობა მინიმალურია.

თბილისში არჩევნებში მონაწილეობა მიიღო მოსახლეობის 40-50%-მა, მათ შორის ნახევარზე მეტმა ქალმა (51-53%). მსგავსი სურათი გამოიკვეთა გურიასა და ზემო სვანეთში. რაც შეეხება ქვემო ქართლს (მარნეული, ბოლნისი, გარდაბანი), აქ ქალთა პოლიტიკური აქტივობა რამდენადმე ნაკლები იყო (35-49%). აქ გამოჩნდა ქალთა დისკრიმინაციაც საარჩევნო პროცესში, როცა ქალის დაუსწრებლად, ქალის პასპორტით, ოჯახის უფროსი (მამაკაცი) ავსებდა ბიულეტენს და მის მაგივრად აკეთებდა არჩევანს.

ქალთა პოლიტიკური აქტიურობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში

2002 ივნისს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მაჟორიტარული წესით კენჭი იყარა 13293 კანდიდატმა, აქედან 1538 იყო ქალი. საკრებულოს წევრი გახდა 674 ქალი. ოლქების მიხედვით სურათი შემდეგნაირია:

ოლქი №

ოლქის დასახელება

ქალი კანდიდატები

არჩეული ქალების საერთო რიცხვი

არჩეული წევრების საერთო რიცხვი

არჩეული ქალების%

11

საგარეჯო

37

12

108

11.1

12

გურჯაანი

42

15

117

12.8

13

სიღნაღი

27

7

70

10

14

დედოფლის წყარო

30

12

60

20

15

ლაგოდეხი

34

18

79

22.8

16

ყვარელი

27

7

59

11.9

17

თელავი

45

13

84

15.5

18

ახმეტა

34

8

77

10.4

19

თიანეთი

22

14

60

23.3

20

რუსთავი

14

0

15

0

21

გარდაბანი

31

7

131

5.3

22

მარნეული

5

1

108

0.9

23

ბოლნისი

9

2

78

2.6

24

დმანისი

7

6

80

7.5

25

წალკა

11

12

150

8

26

თეთრიწყარო

26

14

100

14

27

მცხეთა

37

8

86

9.3

28

დუშეთი

63

15

87

17.2

29

ყაზბეგი

15

4

30

13.3

30

კასპი

21

12

89

13.5

31

ახალგორი

5

4

40

10

32

გორი

44

16

143

11.2

33

ქარელი

20

8

99

8

35

ხაშური

36

11

70

15.7

36

ბორჯომი

26

10

60

16.7

37

ახალციხე

38

7

84

8.3

38

ადიგენი

27

9

125

7.2

39

ასპინძა

17

3

60

5

40

ახალქალაქი

13

5

112

4.5

41

ნინოწმინდა

6

2

50

4

43

ონი

13

13

90

14.4

44

ამბროლაური

23

12

95

12.6

45

ცაგერი

12

7

80

8.8

46

ლენტეხი

19

10

40

25

47

მესტია

27

14

80

17.5

48

ხარაგაული

42

20

99

20.2

49

თერჯოლა

25

3

95

3.2

50

საჩხერე

12

11

67

16.4

51

ზესტაფონი

30

11

99

11.1

52

ბაღდათი

26

9

65

13.8

53

ვანი

38

9

100

9

54

სამტრედია

35

11

79

13.9

55

ხონი

30

10

62

16.1

56

ჭიათურა

47

9

84

10.7

57

ტყიბული

21

7

54

13

58

წყალტუბო

37

14

89

15.7

59

ქუთაისი

15

0

15

0

60

ოზურგეთი

66

24

149

16.1

61

ლანჩხუთი

33

9

61

14.8

62

ჩოხატაური

37

14

115

12.2

63

აბაშა

19

8

82

9.8

64

სენაკი

53

19

79

24.1

65

მარტვილი

21

13

105

12.4

66

ხობი

23

13

105

12.4

67

ზუგდიდი

32

15

159

9.4

68

წალენჯიხა

28

9

74

12.2

69

ჩხოროწყუ

24

10

65

15.4

70

ფოთი

10

1

15

6.6

75

გულრიფში

6

2

24

8.3

ამ ცხრილის მიხედვით, ახლად არჩეულ რაიონულ საკრებულოებში ქალთა წარმომადგენლობა საშუალოდ 11.8% -ია, რაც წინა არჩევნებთან შედარებით ქალთა წარმომადგენლობის კლებაზე მიგვითითებს - 2.4% (1998 წელს საკრებულოს წევრი გახდა 14.2% ქალი). ამის მიზეზი ძალაუფლების კონცენტრაციასა და საარჩევნო პროცესებში ძალადობრივი მეთოდების ზრდაში უნდა ვეძებოთ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა

როგორც ზემოთ ავღნიშნეთ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა 2002 წლის 16 ივნისს. ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ აჭარის არჩევნებს აკლდა გამჭვირვალობა და არჩევნების მსვლელობაზე ინფორმაციის მოპოვება მეტად ჭირდა.

ოლქი №

ოლქის
დასახელება

ქალი
კანდიდატები

არჩეული
ქალების
საერთო
რიცხვი

არჩეული
წევრების
საერთო
რიცხვი

არჩეული
ქალების%

1

ქ. ბათუმი

4

4

35

11.4

2

ქ. ქობულეთი

5

3

19

15.8

3

ქობულეთი

39

35

244

14.3

4

ხელვაჩაური

35

31

208

14.9

5

ქედა

15

9

94

9.6

6

შუახევი

6

5

106

4.7

7

ხულო

16

13

148

8.8

ქალთა წარმომადგენლობა საკრებულოებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მასშტაბით საშუალოდ 8.8%-ია.

სტატისტიკური მასალის ანალიზმა დიდი სხვაობა გამოავლინა სხვადასხვა რეგიონს შორის, სადაც ქალთა წარმომადგენლობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი არის ლენტეხის რაიონში - 25%, ხოლო ყველაზე დაბალი კი - მარნეულის რაიონში - 0,9%.

ქალაქები

რაიონულ საკრებულოებთან შედარებით ქალაქებსა და რაიონულ ცენტრებში ქალთა წარმომადგენლობა კიდევ უფრო დაბალია:

ქალაქის
დასახელება

არჩეული
ქალები

არჩეულთა
საერთო
რიცხვი

თბილისი

5

49

საგარეჯო

2

5

გურჯაანი

0

5

სიღნაღი

0

5

დედოფლის წყარო

0

5

ლაგოდეხი

2

7

ყვარელი

0

7

თელავი

2

9

ახმეტა

0

7

რუსთავი

0

15

გარდაბანი

0

7

მარნეული

0

9

ბოლნისი

1

7

დმანისი

0

5

წალკა

0

5

თეთრიწყარო

0

5

მცხეთა

0

7

დუშეთი

2

7

კასპი

1

9

გორი

2

9

ქარელი

2

7

ხაშური

1

9

ბორჯომი

1

9

ახალციხე

0

9

ახალქალაქი

0

7

ნინოწმინდა

0

5

ონი

1

5

ამბროლაური

1

5

ცაგერი

1

5

თერჯოლა

0

5

საჩხერე

0

7

ზესტაფონი

0

9

ბაღდათი

0

5

ვანი

1

5

სამტრედია

1

9

ხონი

1

7

ჭიათურა

0

9

ტყიბული

1

9

წყალტუბო

0

9

ქუთაისი

0

15

ოზურგეთი

2

9

ლანჩხუთი

0

7

ჩოხატაური

0

5

აბაშა

1

7

სენაკი

1

9

მარტვილი

1

5

ხობი

2

5

ზუგდიდი

0

9

წალენჯიხა

1

7

ჩხოროწყუ

0

5

ფოთი

1

15

ბათუმი

4

35

ქობულეთი

3

19

აქ არჩეული იქნა 49 ქალი, რაც ქალაქების საკრებულოს წევრების საერთო რაოდენობის 10,4% შეადგენს. ეს მონაცემი 1,4% ნაკლებია რეგიონალურ მაჩვენებელთან შედარებით და კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ იქ სადაც ძალაუფლების კონცენტრაცია მატულობს და უფრო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღება, ქალთა წარმომადგენლობა კლებულობს.

ქალები პარტიულ სიებში

არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების საარჩევნო სიების პირველ ექვს (პოტენციურად გამსვლელ) ათეულში ქალი-კანდიდატები შემდეგ ადგილებს იკავებდნენ:

პარტიის დასახელება

I ათეულ-
ში

II ათეულ-
ში

III ათეულ-
ში

IV ათეულ-
ში

V ათეულ-
ში

VI-VII
ათეულში

საქართველოს
მოქალაქეთა
კავშირი - №1

1
(№9)

1
(№14)

1

(№27)

0

2

(№46)

(№48)

2

(№50)

(№51)

საარჩევნო
ბლოკი
„აღორძინება - XXI“ -
№2

0

2
(№16)
(№18)

2
(№20)
(№29)

1
(№31)

2
(№43)
(№45)

3
(№50)
(№51)
(№54)

საარჩევნო ბლოკი
„მრეწველობა
გადაარჩენს
საქართველოს“
№3

0

1
(№19)

3
(№20)
(№28)
(№29)

3
(№36)
(№37)
(№38)

3
(№46)
(№47)
(№48)

3
(№50)
№51)
(№53)

საქართველოს
ლეიბორისტული
(შრომის) პარტია -
№4

0

1
(№10)

1
(№24)

3
(№32)
(№37)
(№39)

2
(№63)
(№67)

4
(№71)
(№73)
(№76)
(№79)

ეროვნულ-
დემოკრატიული
პარტია - №5

1
(№1)

1
(№16)

4
(№20)
(№23)
(№25)
(№29)

4
(№30)
(№33)
(№34)
(№38)

1
(№44)

3
(№57)
(№58)
(№59)

საარჩევნო ბლოკი
„სახალხო პარტია -
რადიციონალისტთა
ავშირი“ - №6

0

2
(№14)
(№18)

1
(№29)

4
№32)
(№34)
(№36)
(№38)

2
(№40)
(№46)

4
(№51)
(№52)
(№53)
(№55)

საარჩევნო ბლოკი
„ერთიანი
კომუნისტური
პარტია (სტალინური)
და მშრომელთა
საბჭოები“ - №7

1
(№7)

1
(№19)

2
(№26)
(№27)

1
(№38)

2
(№42)
(№44)

3
(№51)
№56)
(№59)

მწვანეთა პარტია
- №9

4
(5)
(№6)
(№7)
(№8)

4
(№14)
(№15)
(№17)
(№18)

5
(№20)
(№21)
(№25)
(№27)
(№28)

3
(№31)
(№38)
(№39)

4
(№40)
(№42)
№48)
(№49)

3
(№52)
(№55)
(№57)

მერაბ კოსტავას
საზოგადოება -
№10

2
(№6)
(№8)

0

5
(№20)
(№21)
(№22)
(№23)
(№28)

3
(№32)
(№35)
(№38)

3
(№42)
(№45)
(№47)

3
(№52)
№53)
(№54)
(№59)

ჰელსინკის
კავშირი -
ეროვნული
აღორძინება -
ეროვნული ფორუმი
- №11

2
(№3)
(№4)

2
(№12)
(№15)

7
(№20)
(№23)
(№24)
(№25)
(№27)
(№28)
(№29)

7
(№30)
(№31)
(№32)
(№33)
(№36)
(№37)
(№38)

3
(№47)
(№48)
(№49)

1
(№51)

საქართველოს
ქრისტიანულ-
დემოკრატილი
კავშირი - №16

ინფორმაცია არ მოგვაწოდა

დავით
აღმაშენებლის
პარტია - №23

ინფორმაცია არ მოგვაწოდა

საარჩევნო ბლოკი
„საქართველოს
ეროვნული
ერთიანობის
პარტია“ - №24

2
(№7)
(№9)

7
(№10)
(№12)
(№13)
(№14)
(№17)
(№18)
(№19)

6
(№20)
(№21)
(№22)
(№24)
(№26)
(№29)

4
(№31)
(№34)
(№35)
(№37)

7
(№40)
(№42)
(№43)
(№44)
(№47)
(№48)
(№49)

4
(№51)
(№52)
(№54)
(№58)

ნაციონალისტები
- №27

0

1
(№11)

4
(№20)
(№24)
(№27)
(№29)

3
(№30)
(№31)
(№37)

4
(№41)
(№45)
(№46)
(№49)

9
(№51)
(№52)
(№53)
(№54)
(№55)
(№56)
(№57)
(№58)
(№59)

პოლიტიკური
კავშირი
„თანადგომა” - №31

1
(№9)

1
(№15)

3
(№23)
(№27)
(№29)

3
(№34)
(№36)
(№38)

5
(№40)
(№43)
(№47)
(№48)
(№49)

8
(№50)
(№51)
(№52)
(№53)
(№54)
(№56)
(№57)
(№59)

საქართველოს
ინტელექტუალთა
ლიგა - №32

1
(№9)

7
(№10)
(№12)
(№13)
(№14)
(№15)
(№18)
(№19)

6
(№24)
(№25)
(№26)
(№27)
(№28)
(№29)

6
(№30)
(№31)
(№32)
(№33)

(№34)
(№35)

6
(№40)
(№41)
(№46)
(№47)
(№48)
(№49)

9
(№50)
№51)
(№53)
(№54)
(№55)
(№56)
(№57)
(№58)
(№59)

საარჩევნო ბლოკი
„ნაციონალური
მოძრაობა -
დემოკრატიული
ფრონტი - №34

1
(№7)

0

1
(№24)

2
(№30)
(№34)

1
(№42)

1
(№54)

კონსტიტუციურ
უფლებათა
დაცვის პარტია
(კ.უ.დ.პ.) - №35

4
(№3)
(№5)
(№6)
(№9)

0

2
(№24)
(№26)

1
(№30)

2
(№46)
(№47)

3
(№50)
(№51)
(№52)

საქართველოს
ქრისტიან-
კონსერვატორული
პარტია - ზურაბ
ჟვანიას გუნდი -
№36

1
(№3)

0

3
(№23)
(№24)
(№29)

4
(№35)
(№37)
(№38)
(№39)

8
(№41)
(№43)
(№44)
(№45)
(№46)
(№47)
(№48)
(№49)

3
(№50)
(№51)
(№52)

„საქართველოს
სოციალ-
დემოკრატიული
პარტია (სსდპ) -
№37

1
(№9)

5
(№10)
(№11)
(№14)
(№16)
(№18)

3
(№27)
(№28)
(№29)

6
(№30)
(№32)
(№33)
(№34)
(№35)
(№39)

4
(№41)
(№45)
(№46)
(№49)

2
(№50)
(№53)

ახალი მემარჯვენეები
- №38

2
(№2)
(№7)

1
(№18)

2
(№26)
(№29)

0

2
(№45)
(№47)

2
(№53)
(№58)

სოციალისტური
პარტია - №39

2
(№1)
(№2)

2
(№15)
(№18)

1
(№26)

1
(№30)

2
(№43)
(№46)

4
(№50)
№53)
(№56)
(№58)

საარჩევნო ბლოკი
„ერთობა” -
ჯ.პატიაშვილი,
ალ. ჭაჭია - №40

1
(№6)

1
(№18)

1
(№28)

2
(№36)
(№37)

3
(№41)
(№43)
(№49)

2
(№50)(№53)

პროცენტული
გამოანგარიშება

12.9

18.6

32.4

29

32.4

36.2

იმ პარტიათა წინა რიგები, რომელთაც გადალახეს ოთხ პროცენტიანი ბარიერი და მიიღეს მონაწილეობა თბილისის არჩევნებში კიდევ უფრო ნათლად აჩვენებს კანონზომიერებას - აქ ქალ-კანდიდატთა რაოდენობა კიდევ უფრო კლებულობს და ადასტურებს ფაქტს, რომ ქალები განიდევნებიან ძალაუფლების სფეროდან.

პარტიის დასახელება

I ათეულ-
ში

II ათეულ-
ში

III ათეულ-
ში

IV ათეულ-
ში

V ათეულ-
ში

VI-VII
ათეულში

საარჩევნო
ბლოკი
„აღორძინება -
XXI” - №2

0

2
(№16)
(№18)

2
(№20)
(№29)

1
(№31)

2
(№43)
(№45)

3
(№50)
(№51)
(№54)

საარჩევნო
ბლოკი
„მრეწველობა
გადაარჩენს
საქართველოს“ №3

0

1
(№19)

3
(№20)
(№28)
(№29)

3
(№36)
(№37)
(№38)

3
(№46)
(№47)
(№48)

3
(№50)
№51)
(№53)

საქართველოს
ლეიბორისტული
(შრომის) პარტია
- №4

0

1
(№10)

1
(№24)

3
(№32)
(№37)
(№39)

2
(№63)
(№67)

4
(№71)
(№73)
(№76)
(№79)

საარჩევნო ბლოკი
„ნაციონალური
მოძრაობა -
დემოკრატიული
ფრონტი - №34

1
(№7)

0

1
(№24)

2
(№30)
(№34)

1
(№42)

1
(№54)

,,საქართველოს
ქრისტიან-
კონსერვატორული
პარტია -
ზურაბ ჟვანიას
გუნდი - №36

1
(№3)

0

3
(№23)
(№24)
(№29)

4
(№35)
(№37)
(№38)
(№39)

8
(№41)
(№43)
(№44)
(№45)
(№46)
(№47)
(№48)
(№49)

3
(№50)
(№51)
(№52)

ახალი
მემარჯვენეები
- №38

2
(№2)
(№7)

1
(№18)

2
(№26)
(№29)

0

2
(№45)
(№47)

2
(№53)
№58)

პროცენტული
გამოანგარიშება

6.7

8.3

20

20

30

26.7

ქალები პარტიულ სიებში

(I-VI ათეულში)

საარჩევნო სუბიექტები და საკრებულოს წევრი ქალები

ქალი კანდიდატები არჩეულნი იყვნენ ადგილობრივ თვითმართველობაში შემდეგი საარჩევნო სუბიექტების წარდგინების შედეგად:

1. საინიციატივო ჯგუფი - №99

2. საქართველოს მოქალაქეთა კავშირი - №1

3. საარჩევნო ბლოკი „აღორძინება - XXI“ - №2

4. საარჩევნო ბლოკი „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ - №3

5. საქართველოს ლეიბორისტული (შრომის) პარტია - №4

6. ეროვნულ-დემოკრატიული პარტია - №5

7. საარჩევნო ბლოკი „სახალხო პარტია-ტრადიციონალისტთა კავშირი“ - №6

8. მერაბ კოსტავას საზოგადოება - №10

9. პოლიტიკური კავშირი „თანადგომა“ - №31

10. კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის პარტია - №35

11. ახალი მემარჯვენეები (ახლები) - №38

12. სოციალისტური პარტია - №39

13. სრულიად საქართველოს პოლიტიკური ორგანიზაცია „ლემი“ - №41

ქალაქი თბილისი

ხუთი ქალი-კანდიდატი გახდა ქალაქ თბილისის საკრებულოს წევრი, რომლებიც წარადგინეს შემდეგმა პარტიებმა:

1. საარჩევნო ბლოკი „ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატიული ფრონტი“ - №34 - 1

2. საქართველოს ლეიბორისტული (შრომის) პარტია - №4 - 1

3. ახალი მემარჯვენეები - №38 - 2

4. საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია - „ჟვანიას გუნდი“ - №36 - 1

დანარჩენ ოლქებში სურათი შემდეგია:

ოლქი

№99

№1

№2

№3

№4

№5

№6

№10

№31

№35

№38

№39

№41

საგარეჯო

10

2

გურჯაანი

6

2

2

1

4

სიღნაღი

3

1

1

1

1

დედოფლის წყარო

9

3

ლაგოდეხი

13

1

1

3

ყვარელი

3

1

1

2

თელავი

3

9

1

ახმეტა

3

1

3

1

თიანეთი

7

1

4

გარდაბანი

7

მარნეული

1

ბოლნისი

1

1

დმანისი

6

წალკა

2

10

თეთრიწყარო

11

1

2

მცხეთა

7

1

დუშეთი

5

9

1

ყაზბეგი

3

1

კასპი

8

4

ახალგორი

4

გორი

9

1

6

ქარელი

8

ხაშური

11

ბორჯომი

7

1

2

ახალციხე

6

1

ადიგენი

6

1

1

1

ასპინძა

2

1

ახალქალაქი

4

1

ნინოწმინდა

1

1

ონი

2

11

ამბროლაური

8

1

2

1

ცაგერი

7

ლენტეხი

1

3

1

5

მესტია

3

2

9

ხარაგაული

18

2

თერჯოლა

1

2

საჩხერე

9

2

ზესტაფონი

8

1

2

ბაღდათი

5

1

2

1

ვანი

2

4

1

2

სამტრედია

4

7

ხონი

2

1

2

2

3

ჭიათურა

7

1

1

ტყიბული

6

1

წყალტუბო

12

2

ოზურგეთი

15

3

2

4

ლანჩხუთი

1

5

3

ჩოხატაური

13

1

აბაშა

7

1

სენაკი

15

3

1

მარტვილი

7

2

1

3

ხობი

7

2

4

ზუგდიდი

14

1

წალენჯიხა

7

1

1

ჩხოროწყუ

6

3

1

ფოთი

1

გულრიფში

2

სულ

395

11

29

48

14

13

7

1

3

10

54

14

14

%

60.8

1.9

5.1

8.4

2.4

2.3

1.2

0.2

0.5

1.7

9.4

2.4

2.4

მასალის შესწავლამ ნათელყო, რომ პოლიტიკურად აქტიური ქალებისათვის უფრო ხელსაყრელია საინიციატივო ჯგუფის მხარდაჭერა, ვიდრე პოლიტიკურ პარტიებში გაწევრიანება - საინიციატივო ჯგუფის წარდგინების შედეგად საკრებულოებში არჩეული ქალების პროცენტული მაჩვენებელი 3.26% აღემატება იგივე წესით არჩეული მამაკაცების პროცენტულ მაჩვენებელს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა

აჭარაში ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს შემდეგმა საარჩევნო სუბიექტებმა:

1. საარჩევნო ბლოკი „აღორძინება - XXI“ - №2

2. პოლიტიკური მოძარაობა „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ აჭარის რესპუბლიკური ორგანიზაცია - №3

3. ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის აჭარის სამხარეო ბიურო - №5

4. საქართველოს ახალი კომუნისტური პარტიის აჭარის რესპუბლიკური ორგანიზაცია - №14

ოლქი

№2

№3

№5

№14

ქ. ბათუმი

4

ქ. ქობულეთი

3

ქობულეთი(რ)

33

1

1

ხელვაჩაური

30

1

ქედა

8

1

შუახევი

5

ხულო

13

სულ

96

2

2

%

96

2

2

მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში საარჩევნო ბლოკი „აღორძინება - XXI“ - ერთად აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სხვა საარჩევნო სუბიექტებიც იღებდნენ მონაწილეობას, აქ ჩატარებული არჩევნების ტენდენციურობა და ერთპარტიულობა სრულიად ნათელია - აჭარის ყველა ოლქში საარჩევნო ბლოკი „აღორძინება - XXI“ არჩეულ იქნა 97-100%. სწორედ ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ აჭარაში არჩეული ყველა ქალი-კანდიდატი ამ საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელია.

11 დანართი 2

▲ზევით დაბრუნება


2003 წლის 2 ნოემბრის მაჟორიტარულ საპარლამენტო არჩევნებში კენჭი იყარა 456 კანდიდატმა, აქედან 65 იყო ქალი, რომელთაგან მხოლოდ 3 გახდა მაჟორიტარი დეპუტატი - ქუთაისის, ყვარლისა და ბოლნისის ოლქების.

ოლქის

ოლქის
დასახელება

წარდგენილი
კანდიდატების
რიცხვი

წარდგენილი
ქალი
კანდიდატების
რიცხვი

არჩეული
კანდიდატების
სქესი

1

მთაწმინდა

12

2

მამაკაცი

2

ვაკე

7

3

მამაკაცი

3

საბურთალო

9

1

მამაკაცი

4

კრწანისი

8

1

მამაკაცი

5

ისანი

10

0

მამაკაცი

6

სამგორი

8

2

მამაკაცი

7

ჩუღურეთი

9

0

მამაკაცი

8

დიდუბე

15

3

მამაკაცი

9

ნაძალადევი

10

2

მამაკაცი

10

გლდანი

9

1

მამაკაცი

11

საგარეჯო

5

1

მამაკაცი

12

გურჯაანი

11

1

მამაკაცი

13

სიღნაღი

4

1

მამაკაცი

14

დედოფლისწყარო

5

0

მამაკაცი

15

ლაგოდეხი

8

1

მამაკაცი

16

ყვარელი

6

3

ქალი

17

თელავი

10

1

მამაკაცი

18

ახმეტა

6

1

მამაკაცი

19

თიანეთი

6

0

მამაკაცი

20

რუსთავი

8

2

მამაკაცი

21

გარდაბანი

2

0

მამაკაცი

22

მარნეული

5

0

მამაკაცი

23

ბოლნისი

4

1

ქალი

24

დმანისი

4

0

მამაკაცი

25

წალკა

8

2

მამაკაცი

26

თეთრიწყარო

3

0

მამაკაცი

27

მცხეთა

5

1

მამაკაცი

28

დუშეთი

5

2

მამაკაცი

29

ყაზბეგი

6

1

მამაკაცი

30

კასპი

4

0

მამაკაცი

31

ახალგორი

4

1

მამაკაცი

32

გორი

7

0

მამაკაცი

33

ქარელი

7

0

მამაკაცი

34

ხაშური

5

0

მამაკაცი

35

ბორჯომი

6

1

მამაკაცი

36

ახალციხე

7

1

მამაკაცი

37

ადიგენი

3

0

მამაკაცი

38

ასპინძა

9

0

მამაკაცი

39

ახალქალაქი

6

0

მამაკაცი

40

ნინოწმინდა

2

0

მამაკაცი

41

ონი

5

1

მამაკაცი

41

ამბროლაური

3

0

მამაკაცი

43

ცაგერი

2

0

მამაკაცი

44

ლენტეხი

1

0

მამაკაცი

45

მესტია

4

0

მამაკაცი

46

ხარაგაული

6

0

მამაკაცი

47

თერჯოლა

4

0

მამაკაცი

48

საჩხერე

8

0

მამაკაცი

49

ზესტაფონი

12

0

მამაკაცი

50

ბაღდათი

5

0

მამაკაცი

51

ვანი

5

0

მამაკაცი

52

სამტრედია

5

1

მამაკაცი

53

ხონი

8

0

მამაკაცი

54

ჭიათურა

12

1

მამაკაცი

55

ტყიბული

2

0

მამაკაცი

56

წყალტუბო

4

0

მამაკაცი

57

ქუთაისი

10

3

ქალი

58

ოზურგეთი

5

0

მამაკაცი

59

ლანჩხუთი

6

0

მამაკაცი

60

ჩოხატაური

1

0

მამაკაცი

61

აბაშა

6

0

მამაკაცი

62

სენაკი

6

1

მამაკაცი

63

მარტვილი

7

0

მამაკაცი

64

ხობი

6

1

მამაკაცი

65

ზუგდიდი

8

1

მამაკაცი

66

წალენჯიხა

3

0

მამაკაცი

67

ჩხოროწყუ

4

1

მამაკაცი

68

ფოთი

11

1

მამაკაცი

69

ბათუმი

6

0

მამაკაცი

70

ქედა

3

0

მამაკაცი

71

ქობულეთი

8

2

მამაკაცი

72

შუახევი

3

0

მამაკაცი

73

ხელვაჩაური

5

2

მამაკაცი

74

ხულო

3

2

მამაკაცი

75

ლიახვი

11

1

მამაკაცი

საერთო რაოდენობა

456

54

74 მამაკაცი/3 ქალი

ამ ცხრილის თანახმად, მაჟორიტარული წესით წარდგენილ კანდიდატთა საერთო რიცხვის 11.8% ქალი იყო, ხოლო არჩეულ დეპუტატთა საერთო რიცხვში კი მხოლოდ 3.9%. ქალ და მამაკაც კანდიდატებს არჩევნებში გამარჯვების განსხვავებული შესაძლებლობაც ეძლეოდათ - ქალებმა შეადგინეს 5.6%., ხოლო მამაკაცებისათვის ეს ციფრი გაცილებით მეტი აღმოჩნდა - 18.4%.

გამოავლინდნენ საარჩევნო სუბიექტებიც, რომელთაც ყველაზე მეტი ქალი მაჟორიტარი კანდიდატი წარადგინეს: 1. საქართველოს ეროვნული-სახელმწიფოებრივი პოლიტიკური გაერთიენება „მძლეველი“ (11 კანდიდატი); 2. საინიციატივო ჯგუფი (8 კანდიდატი); მესამე ადგილი გაინაწილეს საქართველოს ლეიბორისტული (შრომის) პარტიამ და ბლოკმა „ჯუმბერ პატიაშვილი - პოლიტიკური გაერთიანება“ „ერთობა“. სამი საარჩევნო სუბიექტის მიერ წარმოდგენილმა მაჟორიტარმა კანდიდატმა ქალებმა შეძლეს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება: ქუთაისში „ბურჯანაძე - დემოკრატების“, ყვარელში საინიციატივო ჯგუფისა და ბოლნისში - ნაციონალ - დემოკრატების კანდიდატებმა.

2004 წლის 28 მარტის საპარლამენტო პროპორციულ არევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების საარჩევნო სიების პირველ ექვს (პოტენციურად გამსვლელ) ათეულში ქალმა კანდიდატებმა შემდეგი ადგილები დაიკავეს:

პარტიის დასახელება

I
ათ-ში

II
ათ-ში

III ათ-ში

IV ათ-ში

V
ათ-ში

VI ათ-ში

„საქართველოს სოციალისტური
პარტია“-№1

1
(№9)

1
(№19)

0

1
(№35)

5
(№40)
(№43)
(№45)
(№47)
(№48)

6
(№50)
(№51)
(№53)
(№55)
(№57)
(№58)

„დემოკრატიული აღორძინების
კავშირი“-№2

2
(№3)
(№8)

1
(№17)

1
(№29)

3
(№30)
(№33)
(№34)

0

0

საარჩევნო ბლოკი „მემარჯვენე
ოპოზიცია -
მრეწველობა,
ახლები” -№3

2
(№4)
(№9)

1
(№14)

1
(№27)

0

2
(№41)
(№49)

3

საქართველოს ლეიბორისტული
პარტია -№4

1
(№7)

1
(№15)

0

2
(№34)
(№37)

2
(№44)
(№49)

3
(№53)
(№56)
(№58)

„ნაციონალურმა
მოძრაობა -
დემოკრატებმა“
- №5

2
(№1)
(№5)

1
(№17)

1
(№21)

0

3
(№42)
(№45)
(№48)

0

„საქართველოს
ერთიანი
კომუნისტური
პარტია“- №6

მოხსნილია საკუთარი განცხადების საფუძველზე

საარჩევნო
ბლოკი
„ედპ - ტრადიციონალისტები“
-№7

1
(№4)

1
(№15)

0

1
(№37)

3
(№40)
(№41)
(№48)

4
(№51)
(№53)
(№57)
(№58)

საქართველოს ეროვნულ-
სახელმწიფოებრივი პოლიტიკური
გაერთიენება
„მძლეველი“ - №8

2
(№5)
(№7)

0

4
(№21)
(№22)
(№24)
(№25)

3
(№32)
(№33)
(№35)

5
(№40)
(№41)
(№42)
(№43)
(№44)

4
(№52)
(№53)
(№55)
(№56)

კონსტიტუციურ
უფლებათა
დაცვის პარტია
- №9

მოხსნილია საკუთარი განცხადების საფუძველზე

„ნაციონალები“-№10

0

0

3
(№22)
(№23)
(№24)

4
(№33)
(№34)
(№36)
(№38)

2
(№45)
(№48)

7
(№50)
(№51)
(№52)
(№53)
(№54)
(№55)
(№57)

ბლოკი
„სამშობლო“
-№11

1
(№9)

2
(№12)
(№13)

1
(№20)

3
(№31)
(№32)
(№35)

6
(№40)
(№41)
(№43)
(№44)
(№46)
(№48)

5
(№50)
(№52)
(№55)
(№56)
(№58)

საარჩევნო
ბლოკი
„ნაციონალური
მოძრაობა“ -№12

2
(№3)
(№7)

3
(№15)
(№16)
(№17)

2
(№21)
(№25)

5
(№31)
(№32)
(№33)
(№35)
(№36)

3
(№42)
(№45)
(№47)

5
(№50)
(№51)
(№56)
(№57)
(№59)

ბლოკი „ჯუმბერ
პატიაშვილი -
პოლიტიკური
გაერთიანება
„ერთობა“ - №13

0

2
(№10)
(№14)

1
(№23)

3
(№30)
(№35)
(№36)

1
(№40)

1
(№59)

დემოკრატიული
სამართლის
პარტია -№14

3
(№4)
(№5)
(№9)

2
(№18)
(№19)

5
(№20)
(№22)
(№23)
(№25)
(№28)

8
(№30)
(№32)
(№43)
(№35)
(№36)
(№37)
(№38)
(№39)

2
(№44)
(№49)

4
(№52)
(№54)
(№55)
(№58)

საქართველოს
ეროვნული
იდეოლოგიის
პარტია -№15

2
(№5)
(№6)

3
(№14)
(№15)
(№19)

5
(№22)
(№23)
(№24)
(№27)
(№28)

5
(№31)
(№32)
(№33)
(№34)
(№38)

4
(№41)
(№44)
(№46)
(№47)

8
(№51)
(№52)
(№53)
(№54)
(№56)
(№57)
(№58)
(№59)

პარტია
„ნოდარ ნათაძე
- სახალხო ფრონტი“
-№16

1
(№6)

2
(№14)

(№15)

1
(№23)

0

1
(№46)

1
(№59)

სამართლიანობა
-№17

მოხსნილია საკუთარი განცხადების საფუძველზე

პოლიტიკური
მოძრაობა
„თავისუფლება“ -№18

1
(№7)

1
(№17)

0

1
(№31)

2
(№45)
(№48)

2
(№57)
(№58)

სრულიად
საქართველოს
სახალხო
ალიანსი -№20

0

1
(№11)

1
(№21)

3
(№31)
(№33)
(№34)

0

0

პროცენტული
გამოანგარიშება

31.1

13.8

17.5

21.9

18.1

23.8

2004 წლის 28 მარტის საპარლამენტო პროპორციული არჩევნების შედეგად, 7%-იანი ბარიერი გადალახა მხოლოდ ორმა პოლიტიკურმა სუბიექტმა - „ნაციონალურმა მოძრაობა - დემოკრატებმა“ 67.02%-ით და საარჩევნო ბლოკმა „მემარჯვენე ოპოზიცია - მრეწველობა, ახლები“ - 7.62%-ით. ამ პროცენტების შესაბამისად, „ნაციონალურმა მოძრაობა - დემოკრატებმა“ მიიღეს 135 მანდატი, რომელთაგან 15 მანდატი ქალებმა მოიპოვეს. რაც შეეხება „მემარჯვენე ოპოზიცია - მრეწველობა, ახლებს“, მათ წილად ხვდათ 15 მანდატი, აქედან 3 - ქალებს.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მაჟორიტარული არჩევნების შედეგად არჩეული იქნა 77 დეპუტატი, აქედან 3 - ქალი. რაც შეეხება აფხაზეთის დეპუტაციას, რომელსაც 1995 წლიდან ავტომატურად უგრძელდებოდა მანდატი, 2004 წლის მოწვევის პარლამენტმა გააუქმა მათი უფლებამოსილება, რის გამოც პარლამენტს გამოაკლდა 11 წევრი.

დღეს პარლამენტში 22 ქალია, რაც წარმოადგენს პარლამენტარების საერთო რიცხვის 9.7%- ს. უნდა აღინიშნოს, რომ წინა მოწვევის პარლამენტებთან შედარებით, ეს მონაცემი წინსვლაა - პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობა 3%-ით გაიზარდა.

(მონაცემები აღებულია: . ნადარაია ქალი და პოლიტიკა თანამედროვე საქართველოში, გენდერი, კულტურა., თანამედროვეობა (რედ. . გაფრინდაშვილი), თბილისი, 2005)

12 დანართი 3

▲ზევით დაბრუნება


საერთაშორისო კონვენციები, რომელსაც საქართველო შეუერთდა:

- ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია

- ეუთოს დოკუმენტაცია, 1995 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილება

- სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტი, 1994 წლის 25 იანვარი.

- ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა საერთაშორისო პაქტი, 1994 წლის 25 იანვარი

- კონვებცია „ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ“, 1994 წლის 22 სექტემბერი

- №111 კონვენცია „შრომისა და დასაქმების სფეროში დისკრიმინაციის შესახებ“, 1995 წლის 5 მაისი

- N100 კონვენცია ,,თანაბარი ღირებულების შრომაში ქალთა და მამაკაცთა თანაბარი ანაზღაურების შესახებ“ 1996 წლის 29 მაისი

საქართველოს ახალი კანონმდებლობა, რომელიც ეფუძნება კონვენციას ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ, შექმნილია ქალთა უფლებების დაცვის მიზნით.

კანონმდებლობის მიხედვით, ქალთა უფლებანი დაცულია სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული ნორმებით:

- ფეხმძიმე ქალთა უფლებანი

- დედათა და ბავშვთა უფლებანი, რაც კანონქვემდებარე აქტებით არის გათვალისწინებული

- პატიმარ ქალთა უფლებანი

- არასრულწლოვანის უფლებანი

- ქალის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებები.

13 დანართი 4

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება

საქართველოში ქალთა უფლებების დაცვის განმტკიცების ღონისძიებათა შესახებ

ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით და გამოცხადებულია უმნიშვნელოვანეს სახელმწიფოებრივ პრიორიტეტად. ამ მიმართებით საქართველოში მრავალი ღონისძიება განხორციელდა. სერიოზული ნაბიჯები გადაიდგა ქალის - ადამიანის უფლებების უზრუნველყოფის მიზნით. შეიქმნა ქალთა განვითარების სახელმწიფო პოლიტიკის შემმუშავებელი კომისია, პრეზიდენტის განკარგულებით დამტკიცდა ქალთა განვითარების სამოქმედო გეგმა, შემუშავდა ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული პროგრამის პროექტები, რომლებშიც ქალთა ჯანმრთელობის დაცვისა და დასაქმების სპეციალური ღონისძიებებია გათვალისწინებული. ქალის - ადამიანის უფლებების დაცვა უაღრესად აქტუალური პრობლემაა საერთაშორისო დონეზე და ჩვენთან საქართველოში. „ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კონვენციას“ საქართველო შეუერთდა 1994 წელს, ხოლო 1999 წელს საქართველოს პირველადი მოხსენება განხილული იქნა ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტში და დადებითი შეფასება დაიმსახურა. კომიტეტმა საქართველოს მოაწოდა თავისი დასკვნითი კომენტარები. შემდგომი მუშაობის რეკომენდაციებით. საქართველოს კონსტიტუციის, ადამიანის უფლებათა სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებების, პეკინის სამოქმედო პლატფორმის განხორციელების, ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის რეკომენდაციების განხორციელების მიზნით:

1. ეთხოვოს საქართველოს პარლამენტს იმსჯელოს დროებით სპეციალურ ღონისძიებებზე ქალთა პოზიციების გასაუმჯობესებლად პოლიტიკური წარმომადგენლობის სპეროში, კერძოდ, პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის კვოტების საკითხზე.

2. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ (ჯ.ხეცურიანი) - უცხოელ ექსპერტთა მონაწილეობით განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობის გენდერული ანალიზი და მის საფუძველზე შეიმუშაოს საკანონმდებლო წინადაებები ამ სფეროში მოქმედი კანონმდებლობის სრულყოფისა და საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით. კერძო სამართლებრივი ურთიერთობების მოწერიგებისას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს ქალთა პირდაპირი ან ირიბი დისკრიმინაციის გამორიცხვას.

3. ქალთა განვითარების სახელმწიფო პოლიტიკის შემმუშავებელმა კომისიამ (რ. ბერიძე) ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით: - მონიტორინგი გაუწიოს მოქმედების ეროვნული გეგმის განხორციელებას, მოამზადოს რეკომენდაციები სამთავრობო სტრუქტურებისათვის ამ გეგმის განსახორციელებლად ჩასატარებელი სამუშაოს შესახებ; - მოამზადოს ქალთა მიმართ ძალადობის, მათ შორის, ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სამწლიანი ეროვნული პროგრამა, რომელიც გაითვალისწინებს კრიზისული ცენტრების შექმნას, საკონსულტაციო სამსახურების გაფართოვებას მსხვერპლი ქალებისათვის დახმარების გასაწევად, სექსუალური ექსპლუატაციის მსხვერპლი ქალებისათვის რეაბილიტაციის პროგრამების შექმნას.

4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ (კ. თარგამაძე) და საქართველოს პროკუტატურამ (ჯ. ბაბილაშვილი) - მთელი ქვეყნის მასშტაბით შეაგროვოს და დაამუშაოს მონაცემები ქალთა წინააქმდეგ ძალადობის თითოეული შემთხვევის შესახებ; - მკაცრი აღწერა ჩაატაროს ოჯახური ძალადობის ფაქტების გამისავლენად და განახორციელოს ღონისძიებები მათ აღმოსაფხვრელად.

5. საქართველოს შრომის, სოციალური დაცვისა და დასაქმების სამინისტრომ (თ. გაზდელიანი) შეიმუშაოს ფართომასშტაბიანი ღონისძიებების გეგმა, რომელთა მიზანი იქნება ქალთა ეკონომიკური სტატუსის გაუმჯობესება მათი მომზადების და გადამზადების გზით, ქალთა მონაწილეობის ხელშეწყობა ეროვნული ეკონომიკის ყველა სფეროში.

6. საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრომ (ა. ჯორბენაძე) - ჩაატაროს ქალების დასაქმებისათვის ჯანმრთელობის აუცილებელი სტანდარტების ანალიზი და გამირიცხოს ამ სტანდარტებით ქალთა ირიბი ან პირდაპირი დისკრიმინაციის შესაძლებლობა შრომის ბაზარზე; - შეიმუშაოს და გაატაროს ღონისძიებათა ფართო სისტემა დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის და აბორტების მაღალი მაჩვენებლის წინააღმდეგ ბრძოლის, ქალებისათვის აუცილებელი სამედიცინო სამსახურის გაწევის, კონტრაცეპტივების პოპულარიზაციის და გავრცელების მიზნით; - სადაზღვევო სისტემაში განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს პაციენტი ქალების საავადმყოფოებში და სხვა სამედიცინო დაწესებულებებში მკურნალობის უზრუნველყოფას.

7. საქართველოს განათლების სამინისტრომ (ა. კარტოზია) ჩაატაროს სახელმძღვანელოების გენდერული ანალიზი ატერეოტიპების აღმოსაფხვრელად ცხოვრების ყველა სფეროში ქალთა და მამაკაცთა თანასწორუფლებიანობის დამკვიდრების მიზნით.

8. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ი. მენეღარიშვილი) განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს მოლაპარაკებების პროცესში ქალთა წარმომადგენლობის ჩართვას.

9. საქართველოს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ (ვ. ვაშაკიძე) შეიმუშავოს ლტოლვილი და იძულებით გადაადგილებული ქალებისათვის დახმარების სპეციალური პროგრამა.

10. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრომ (ბ. გულუა) - შეიმუშაოს სპეციალური პროგრამები სოფლად მომუშავე ქალების დასახმარებლად; - განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს დამტკიცებული პროგრამების განხორციელების პროცესში ქალთა მონაწილეობას.

11. საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური ინფორმაციის სახელმწიფო დეპარტამენტმა (თ. ბერიძე) სოციალურ-ეკონომიკური ინფორმაციის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშში სპეციალურად დაამუშაოს სტატისტიკური მონაცემები გენდერულ ჭრილში.

12. საქართველოს სახელმწიფო კანცელარიასთან არსებულმა მართვისა და ინფორმაციის ცენტრმა (ზ. ჯიბლაძე) გამოსცეს ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კონვენცია და პეკინის სამოქმედო პლატფორმა და გაავრცელოს როგორც მთლიანად საზოგადოებაში, ისე საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურებში.

13. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (დ. ონოფრიშვილი) 2000 წლის ბიუჯეტში გაითვალისწინოს ადამიანის უფლებათა დოკუმენტების გამოსაცემი ხარჯები.

14. ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის დასკვნითი კომენტარები გამოქვეყნდეს პრესაში ამ ბრძანებულების გამოქვეყნებისთანავე.

15. გადაეგზავნოს ეს ბრძანებულება გასაცნობად სამინისტროებს, სამთავრობო სტრუქტურებს და ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს.

16. ამ ბრძანებულების შესრულების კოორდინაცია და კონტროლი დაევალოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხში (რ. ბერიძე). ე.შევარდნაძე

14 დანართი 5

▲ზევით დაბრუნება


დამტკიცებულია საქართველოს პრეზიდენტის №308 ბრძანებულებით,

1998 წლის 18 ივნისი

საქართველოში ქალთა მდგომარეობის გაუმჯობესებისაკენ მიმართულ ღონისძიებათა გეგმა 1998-2000 წწ.

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

15 დანართი 6

▲ზევით დაბრუნება


კონვენცია ქალის დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ

ამ კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები, რომლებიც

აღნიშნავენ, რომ გაერთიანებული ერების წესდება განამტკიცებს ადამიანის ძირითადი უფლებებისადმი მისი როგორც პიროვნების ღირსებისა და ღირებულებისადმი და მამაკაცისა და ქალის თანასწორუფლებიანობისადმი რწმენას,

აღნიშნავენ, რომ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია განამტკიცებს დისკრიმინაციის დაუშვებლობის პრინციპს და აცხადებს, რომ ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი, თანასწორი ღირსებითა და უფლებებით, და უნდა ფლობდეს დეკლარაციით გამოცხადებულ ყველა უფლებასა და თავისუფლებას, ნებისმიერი, მათ შორის, სქესის ნიშნით განსხვავების მიუხედავად,

აღნიშნავენ, რომ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ხელშეკრულებების მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ მამაკაცისა და ქალის თანასწორობა ნებისმიერი ეკონომიკური, სოციალური, კულტურული, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებებით სარგებლობისას,

მხედველობაში იღებენ გაერთიანებული ერების და მისი სპეციალიზებული დაწესებულებების ეგიდით დადებულ საერთაშორისო კონვენციებს, რომლებიც ხელს უწყობს მამაკაცისა და ქალის თანასწორობის უფლებას,

ითვალისწინებენ, აგრეთვე, მამაკაცისა და ქალის თანასწორუფლებიანობის ხელშეწყობის მიზნით, გაერთიანებული ერებისა და მისი სპეციალიზებული დაწესებულებების მიერ მიღებულ რეზოლუციებს, დეკლარაციებსა და რეკომენდაციებს,

შეშფოთებულნი არიან, რომ სხვადასხვა დოკუმენტების არსებობის მიუხედავად, ქალთა მზარდი დისკრიმინაცია გრძელდება,

შეახსენებენ, რომ ქალის დისკრიმინაცია არღვევს თანასწორუფლებიანობისა და ადამიანური ღირსების პატივისცემის პრინციპებს, ხელს უშლის მამაკაცის თანაბრად ქალის მონაწილეობას ქვეყნის პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში; აბრკოლებს საზოგადოებისა და ოჯახის კეთილდღეობის ზრდას და ართულებს ქალის შესაძლებლობათა სრულად გამოვლენას მისი ქვეყნისა და კაცობრივობის საკეთილდღეოდ,

შეშფოთებულნი არიან, რომ სიღარიბის პირობებში ქალებისათვის ნაკლებად ხელმისაწვდომია სურსათი, ჯანმრთელობის დაცვის საშუალებები, განათლება, პროფესიული მომზადება და დასაქმება, აგრეთვე სხვა მოთხოვნილებები,

დარწმუნებული არიან, რომ თანასწორობასა და სამართლიანობაზე დაფუძნებული ახალი საერთაშორისო ეკონომიკური წესრიგის დამყარება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მამაკაცისა და ქალის თანაბარუფლებიანობის განვითარებას,

ხაზს უსვამენ, რომ აპარტეიდის, რასიზმის ყველა ფორმის, რასობრივი დისკრიმინაციის, კოლონიალიზმის, ნეოკოლონიალიზმის, აგრესიის, უცხო სახელმწიფოს მიერ ოკუპაციისა და ბატონობის, სახელმწიფოთა საშინაო საქმეებში ჩარევის აღმოფხვრა აუცილებელია მამაკაცისა და ქალის უფლებებით სრული სარგებლობისათვის,

ადასტურებენ, რომ საერთაშორისო მშვიდობისა და უშიშროების განმტკიცება, საერთაშორისო დაძაბულობის შენელება, სახელმწიფოთა შორის თანამშრომლობა მათი სოციალური და ეკონომიკური სისტემების მიუხედავად, საყოველთაო და სრული განიარაღება, განსაკუთრებით მკაცრ და ეფექტურ საერთაშორისო კონტროლს დაქვემდებარებული ბირთვული განიარაღება, ქვეყნებს შორის ურთიერთობაში სამართლიანობის, თანასწორობისა და ურთიერთსარგებლობის პრინციპების დამკვიდრება და უცხოეთისა და კოლონიური ბატონობის, უცხოური ოკუპაციის ქვეშ მყოფი ხალხების თვითგამორკვევისა და დამოუკიდებლობის უფლების განხორციელება, აგრეთვე, ეროვნული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა ბიძგს მისცემს სოციალურ პროგრესსა და განვითარებას, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს მამაკაცსა და ქალს შორის სრული თანასწორობის მიღწევას,

დარწმუნებულნი არიან, რომ ქვეყნის სრული განვითარება, მსოფლიოს კეთილდღეობა და მშვიდობა მოითხოვს ყველა სფეროში ქალის მაქსიმალურ მონაწილეობას მამაკაცის თანასწორად,

ითვალისწინებენ ოჯახის კეთილდღეობისა და საზოგადოების განვითარების საქმეში ქალის განუზომელ წვლილს, რომელსაც დღემდე არ მოუპოვებია სრული აღიარება, ოჯახსა და ბავშვის აღზრდაში დედობის ფუნქციისა და ორივე მშობლის როლის სოციალურ მნიშვნელობას, ასევე, გაცნობიერებული აქვთ, რომ ქალის როლი შთამომავლობის გაგრძელებაში არ უნდა იყოს მისი დისკრიმინაციის საფუძველი, ვინაიდან ბავშვის აღზრდა მოითხოვს მამაკაცსა და ქალს, აგრეთვე მთლიანად საზოგადოებას შორის პასუხისმგებლობის განაწილებას,

აღიარებენ, რომ მამაკაცისა და ქალის სრული თანასწორობის მისაღწევად საჭიროა საზოგადოებასა და ოჯახში როგორც მამაკაცის, ისე ქალის ტრადიციული როლის შეცვლა,

მზად არიან განახორციელონ ქალის დისკრიმინაციის ლიკვიდაციის შესახებ დეკლარაციით გამოცხადებული პრინციპები და ამ მიზნით, მიიღონ ასეთი დისკრიმინაციის ყველა ფორმისა და გამოვლინების აღმისაფხვრელად საჭირო ზომები.

შეთანხმდნენ შემდეგზე:

ნაწილი I

მუხლი 1

ამ კონვენციის მიზნებისათვის ტერმინი ქალის დისკრიმინაცია ნიშნავს სქესის ნიშნით ნებისმიერ განსხვავებას, გამიჯვნას ან შეზღუდვას, რომელმაც შესაძლებელია შედეგად მოიტანოს ან რომლის მიზანია ქალის მიერ, მისი ოჯახური მდგომარეობის მიუხედავად, მამაკაცისა და ქალის თანასწორობის საფუძველზე, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ, სამოქალაქო ან ნებისმიერ სხვა სფეროში ადამიანის უფლებებისა და ძირითად თავისუფლებათა აღიარების, სარგებლობის ან გამოყენების შესაძლებლობის შესუსტება ან სრული უარყოფა.

მუხლი 2

მონაწილე სახელმწიფოები გმობენ ქალის დისკრიმინაციის ნებისმიერ გამოვლინებას, თანახმა არიან ყველა შესატყვისი საშუალებით, დაუყოვნებლივ განახორციელონ ქალის დისკრიმინაციის ლიკვიდაციის პოლიტიკა და ამ მიზნით, კისრულობენ ვალდებულებას:

a) შეიტანონ მამაკაცისა და ქალის თანასწორუფლებიანობის პრინციპი თავიანთ კონსტიტუციებში ან შესაბამის საკანონმდებლო აქტებში, თუ ეს აქამდე არ გაუკეთებიათ, და უზრუნველყონ კანონითა და სხვა შესატყვისი საშუალებებით ამ პრინციპის პრაქტიკული განხორციელება;

b) მიმართონ, სადაც ეს აუცილებელია, ქალის ყოველგვარი დისკრიმინაციის ამკრძალავი შესაბამისი საკანონმდებლო და სხვა ზომები, სანქციების ჩათვლით;

c) დააწესონ ქალის უფლებების სამართლებრივი დაცვა მამაკაცთან თანასწორ საფუძველზე და კომპეტენტური ეროვნული სასამართლოებისა და სხვა სახელმწიფო დაწესებულებების მეშვეობით უზრუნველყონ დისკრიმინაციის ნებისმიერი აქტისაგან ქალის ეფექტური დაცვა;

d) თავი შეიკავონ ქალის მიმართ რაიმე დისკრიმინაციული აქტისა თუ მოქმედებისაგან და უზრუნველყონ სახელმწიფო ორგანოებისა და დაწესებულებების მოქმედება ამ ვალდებულების შესაბამისად;

e) მიმართონ ყველა შესაბამის ზომას ნებისმიერი პირის, ორგანიზაციისა თუ საწარმოს მხრიდან ქალის დისკრიმინაციის აღმისაფხვრელად;

f) მიმართონ ყველა შესაბამის ზომას, საკანონმდებლოს ჩათვლით, იმ მოქმედი კანონების, დადგენილებების, ჩვეულებებისა და პრაქტიკის შასაცვლელად ან გასაუქმებლად, რომელიც ქალის დისკრიმინაციას აწესებს;

g) გააუქმონ თავიანთი სისხლის სამართლის კანონმდებლობის ყველა დებულება, რომელიც ქალის დისკრიმინაციას აწესებს.

მუხლი 3

მონაწილე სახელმწიფოები ყველა სფეროში, კერძოდ, პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ სფეროებში იღებენ შესაბამის ზომებს, საკანონმდებლოს ჩათვლით, ქალის ყოველმხრივი განვითარებისა და პროგრესის უზრუნველსაყოფად, რათა მას მამაკაცთან თანასწორობის საფუძველზე შეექმნას ადამიანის უფლებებითა და ძირითადი თავისუფლებებით სარგებლობისა და მათი განხორციელების გარანტია.

მუხლი 4

1. მონაწილე სახელმწიფოს მიერ, მამაკაცსა და ქალს შორის ფაქტობრივი თანასწორობის დამყარების დასაჩქარებლად მიღებული დროებითი სპეციალური ზომები ამ კონვენციის განსაზღვრების მიხედვით, დისკრიმინაციულად არ ჩაითვლება, თუმცა, მან არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება გამოიწვიოს არათანაბარი და განსხვავებული სტანდარტების შენარჩუნება; აღნიშნული ზომები უნდა გაუქმდეს, როცა მიღწეული იქნება მიზანი, რომელიც შესაძლებლობათა და მოპყრობის თანაბრობაში გამოიხატება.

2. მონაწილე სახელმწიფოების მიერ დედობის დასაცავად სპეციალური, მათ შორის ამ კონვენციით გათვალისწინებული ზომების მიღება დისკრიმინაციულად არ უნდა ჩაითვალოს.

მუხლი 5

მონაწილე სახელმწიფოები იღებენ ყველა შესაბამის ზომას, რათა:

a) შეცვალონ მამაკაცისა და ქალის ყოფაქცევის სოციალური და კულტურული მოდელები იმ ცრურწმენებისა და ჩვეულებების, აგრეთვე, მთელი დანარჩენი პრაქტიკის აღმოფხვრის მიზნით, რომელიც ემყარება ერთ-ერთი სქესის არასრულფასოვნების ან უპირატესობის ან მამაკაცის და ქალის როლის სტერეოტიპის იდეებს.

b) უზრუნველყონ, რომ საოჯახო აღზრდა გულისხმობდეს დედობის, როგორც სოციალური ფუნქციის სწორ გაგებას და ბავშვის აღზრდისა და განვითარების საქმეში მამაკაცისა და ქალის საერთო პასუხისმგებლობის აღიარებას, ბავშვის უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით.

მუხლი 6

მონაწილე სახელმწიფოები იღებენ ყველა შესაბამის ზომას, საკანონმდებლოს ჩათვლით, ქალებით ყოველგვარი ვაჭრობისა და ქალის პროსტიტუციის ექსპლუატაციის აღსაკვეთად.

ნაწილი II

მუხლი 7

მონაწილე სახელმწიფოები მიმართავენ ყველა შესაბამის ზომას ქვეყნის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალის დისკრიმინაციის ლიკვიდაციისათვის, კერძოდ, ქალისათვის, მამაკაცის თანასწორად, უზრუნველყოფენ უფლებას:

a) ხმა მისცეს ყველა არჩევნებსა და რეფერენდუმში, არჩეულ იქნას ნებისმიერ სახალხოდ არჩეულ ორგანოში;

b) მონაწილეობდეს სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირებასა და განხორციელებაში და ეკავოს სახელმწიფო თანამდებობა, აგრეთვე, ახორციელებდეს ნებისმიერ საჯარო ფუნქციას, აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა დონეზე;

c) მონაწილეობდეს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ასოციაციების საქმიანობაში, რომლებიც ქვეყნის საზოგადოებრივი და პოლიტიკური პრობლემებზე მუშაობენ.

მუხლი 8

მონაწილე სახელმწიფოები მიმართავენ ყველა შესაბამის ზომას, რათა უზრუნველყონ ქალისათვის მამაკაცის თანასწორად და დისკრიმინაციის გარეშე საერთაშორისო დონეზე საკუთარი მთავრობის წარმომადგენლისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა.

მუხლი 9

1. მონაწილე სახელმწიფოები ქალს უფლებრივად უთანაბრებენ მამაკაცს მის მიერ მოქალაქეობის შეძენის, შეცვლის და შენარჩუნების დროს. განსაკუთრებით, უზრუნველყოფენ, რომ უცხოელზე ქორწინებამ ან ქორწინების პერიოდში ქმრის მოქალაქეობის შეცვლამ არ გამოიწვიოს ცოლის მოქალაქეობის ავტომატური შეცვლა, არ აქციოს ის მოქალაქეობის არმქონე პირად და არ აიძულოს მას ქმრის მოქალაქეობის მიღება.

2. მონაწილე სახელმწიფოები ქალს უფლებრივად უთანაბრებენ მამაკაცს შვილების მოქალაქეობის განსაზღვრისას.

ნაწილი III

მუხლი 10

მონაწილე სახელმწიფოები მიმართავენ ყველა შესაბამის ზომას ქალის დისკრიმინაციის ლიკვიდაციისათვის, რათა უზრუნველყონ განათლების დარგში მამაკაცის თანაბარი უფლებებით, კერძოდ:

a) პროფესიის ან სპეციალობის არჩევისას განათლების ხელმისაწვდომობის, ყველა კატეგორიის სასწავლო დაწესებულებების დიპლომის მიღების ერთნაირი პირობებით, როგორც სოფლის, ისე ქალაქის რაიონებში. ეს თანასწორობა უზრუნველყოფილ უნდა იქნას როგორც სკოლამდელი, ზოგადი, ტექნიკური და უმაღლესი ტექნიკური, ასევე ყველა ტიპის სპეციალური განათლებისათვის;

b) სწავლების ერთნაირი პროგრამების, ერთნაირი გამოცდების, თანაბარი კვალიფიკაციის მასწავლებელთა შემადგენლობის, თანაბარი ხარისხის სასკოლო შენობებისა და მოწყობილობების ხელმისაწვდომობა;

c) ყველა დონისა და ფორმის სასწავლებელში მამაკაცისა და ქალის როლის შესახებ სტერეოტიპული წარმოდგენების აღმოფხვრა ერთობლივი სწავლებისა და სწავლების სხვა ფორმების წახალისების გზით, რომელიც ხელს შეუწყობს ამ მიზნის მიღწევას, კერძოდ, სახელმძღვანელოებისა და სასკოლო პროგრამების გადასინჯვითა და ამ მიზანთან სწავლების მეთოდების მისადაგებით;

d) სტიპენდიებისა და სხვა სასწავლო დახმარების მიღების თანაბარი შესაძლებლობა;

e) შემდგომი განათლების მიღების პროგრამების ხელმისაწვდომობის თანაბარი შესაძლებლობა, მოზრდილთა და ფუნქციური წიგნიერების პროგრამების ჩათვლით, რომელიც მამაკაცთა და ქალთა ცოდნაში არსებული ვაკუუმის სწრაფი შემცირებისაკენაა მიმართული;

f) სკოლადაუმთავრებელ გოგონათა რიცხვის შემცირება და პროგრამების შემუშავება იმ გოგონებისა და ქალებისათვის, რომელთაც ნაადრევად მიატოვეს სკოლა;

g) სპორტსა და ფიზიკურ მომზადებაში მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობა;

h) ოჯახის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის ხელშესაწყობად საგანმანათლებლო ხასიათის სპეციალური ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, ოჯახის დაგეგმვის შესახებ ინფორმაციისა და კონსულტაციების ჩათვლით.

მუხლი 11

1. მონაწილე სახელმწიფოები მიმართავენ ყველა შესაბამის ზომას ქალის დისკრიმინაციის ლიკვიდაციისათვის, რათა მამაკაცისა და ქალის თანასწორობის საფუძველზე, ქალი უზრუნველყონ მამაკაცის თანაბარი უფლებებით დასაქმების დარგში, კერძოდ:

a) შრომის უფლებით, როგორც ყოველი ადამიანის განუყოფელი უფლებით;

b) სამუშაოზე დაქირავების დროს ერთნაირი შესაძლებლობების უფლებით, დაქირავებისას შერჩევის თანაბარი კრიტერიუმების გამოყენების ჩათვლით;

c) პროფესიის ან სამუშაოს თავისუფალი არჩევის, თანამდებობრივი დაწინაურებისა და დასაქმების გარანტიის, აგრეთვე, ყველა სამსახურებრივი შეღავათითა და პირობით სარგებლობის, პროფესიული მომზადებისა და გადამზადების უფლებით - მოწაფეობის, გაძლიერებული პროფესიული მომზადებისა და რეგულარული გადამზადების ჩათვლით;

d) თანაბარი ანაზღაურების, მათ შორის, შეღავათების მიღების, თანაბარი ღირებულების შრომისათვის თანაბარი პირობების, აგრეთვე, შესრულებული სამუშაოს ხარისხის შეფასებისადმი თანაბარი მიდგომის უფლებით;

e) სოციალური უზრუნველყოფის უფლებით, კერძოდ, პენსიაზე გასვლის, უმუშევრობის, ავადმყოფობის, ინვალიდობის, მოხუცებულობის და შრომისუნარიანობის დაკარგვის სხვა შემთხვევებში, აგრეთვე, ანაზღაურებადი შვებულების უფლებით;

f) ჯანმრთელობის დაცვისა და შრომის უსაფრთხო პირობების, მათ შორის შთამომავლობის გაგრძელების ფუნქციის დაცვის უფლებით;

2. გათხოვებისა და დედობის მიზეზით ქალის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად და მისთვის შრომის ეფექტური გარანტიების შესაქმნელად, მონაწილე სახელმწიფოები მიმართავენ შესაბამის ზომებს, რათა:

a) სანქციების გამოყენების მუქარით აკრძალონ ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულების საფუძველზე სამუშაოდან დათხოვნა ან დათხოვნისას ოჯახური პირობების გამო დისკრიმინაცია;

b) შემოიღონ ანაზღაურებადი შვებულება ან შვებულება შესაბამისი სოციალური დახმარებით ორსულობისა და მშობიარობის გამო, მუშაობის წინანდელი ადგილის, თანამდებობისა და სოციალური დახმარების შენარჩუნებით;

c) წაახალისონ აუცილებელი სოციალური მომსახურების გაწევა, რათა მშობლებს შეეძლოთ საოჯახო მოვალეობათა შესრულება შეუთავსონ შრომით საქმიანობასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობას, კერძოდ, საბავშვო დაწესებულებათა ქსელის შექმნისა და გაფართოების გზით;

d) უზრუნველყონ ორსულობის პერიოდში ქალების განსაკუთრებული დაცვა ისეთი სამუშაოსაგან, რომელმაც მათ ჯანმრთელობაზე შეიძლება მავნე გავლენა იქონიოს.

3. კანონმდებლობა, რომელიც ამ მუხლით გათვალისწინებული უფლებების დაცვას ემსახურება, პერიოდულად განიხილება სამეცნიერო-ტექნიკური ცოდნის შუქზე, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში ექვემდებარება გადასინჯვას, გაუქმებას ან გაფართოებას.

მუხლი 12

1. მონაწილე სახელმწიფოები მიმართავენ ყველა შესაბამის ზომას ქალის დისკრიმინაციის ლიკვიდაციისათვის ჯანმრთელობის დაცვის დარგში, რათა მამაკაცისა და ქალის თანასწორობის საფუძველზე უზრუნველყონ ქალისათვის სამედიცინო მიმსახურების ხელმისაწვდომობა, მათ შორის ოჯახის დაგეგმვასთან დაკავშირებით.

2. ამ მუხლის I პუნქტის დებულებებისაგან დამოუკიდებლად, მონაწილე სახელმწიფოები ქალებს უზრუნველყოფენ შესაბამისი მომსახურებით ორსულობის, მშობიარობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდში, აუცილებლობის შემთხვევაში უწევენ უფასო მომსახურებას, ასევე, ორსულობისა და მეძუძურობის პერიოდში უზრუნველყოფენ შესაბამისი კვებით.

მუხლი 13

მონაწილე სახელმწიფოები მიმართავენ ყველა შესაბამის ზომას ქალის დისკრიმინაციის ლიკვიდაციისათვის ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების სხვა სფეროებში, რათა მამაკაცისა და ქალის თანასწორობის საფუძველზე, ქალი უზრუნველყონ შემდეგი თანაბარი უფლებებით:

a) საოჯახო დახმარების უფლებით;

b) საბანკო კრედიტის, უძრავი ქონების გირავნობით სესხის და ფინანსური კრედიტის სხვა ფორმების მიღების უფლებით;

c) დასვენების, სპორტისა და კულტურული ცხოვრების ყველა დარგთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მონაწილეობის უფლებით.

მუხლი 14

1. მონაწილე სახელმწიფოები მხედველობაში იღებენ სოფლად მცხოვრები ქალების განსაკუთრებულ პრობლემებს და იმ მნიშვნელოვან როლს, რომელსაც ისინი თავიანთი ოჯახების ეკონომიკური უზრუნველყოფის საქმეში თამაშობენ, მათ შორის, საქმიანობას მეურნეობის არასასაქონლო დარგებში, და მიმართავენ ყველა შესაბამის ზომას, სოფლად მცხოვრები ქალების მიმართ ამ კონვენციის დებულებათა გამოყენების უზრუნველსაყოფად.

2. მონაწილე სახელმწიფოები მიმართავენ ყველა შესაბამის ზომას სოფლის რაიონებში ქალის დისკრიმინაციის ლიკვიდაციისათვის, რათა მამაკაცისა და ქალის თანასწორობის საფუძველზე უზრუნველყოფილ იქნას ქალთა მონაწილეობა რაიონების განვითარებასა და ასეთი განვითარებისაგან სარგებლობის მიღებაში, კერძოდ, ასეთ ქალებს აღჭურვავენ უფლებით:

a) ყველა დონეზე მონაწილეობდნენ განვითარების გეგმების შემუშავებასა და განხორციელებაში;

b) ხელი მიუწვდებოდეთ სამედიცინო მომსახურეობის შესაბამის საშუალებებზე, ოჯახის დაგეგმვის საკითხებზე ინფორმაციის, კონსულტაციებისა და მომსახურების ჩათვლით;

c) უშუალოდ იღებდნენ სარგებელს სოციალური დაზღვევის პროგრამებისაგან;

d) იღებდნენ ყველა სახის ფორმალურ და არაფორმალურ მომზადებასა და განთლებას, წიგნიერების ჩათვლით, აგრეთვე, სარგებლობდნენ სათემო მომსახურების და საკონსულტაციო მომსახურების ყველა საშუალებით, ტექნიკური მომზადების დონის ამაღლების მიზნით;

e) ქმნიდნენ თვითდახმარების ჯგუფებსა და კოოპერატივებს, ეკონომიკურ შესაძლებლობათა თანაბარი ხელმისაწვდომობის მიზნით დაქირავებული შრომის ან თვითდასაქმების საშუალებით;

f) მონაწილეობდნენ ყველა სახის კოლექტიურ საქმიანობაში;

g) ჰქონდეთ შესაძლებლობა, მიიღონ სასოფლო-სამეურნეო კრედიტი და სესხები, ისარგებლონ მარკეტინგის სისტემით, შესაბამისი ტექნოლოგიითა და მიწისა და აგრარულ რეფორმებში, აგრეთვე, ხელახლა დასახლების გეგმებში თანაბარი სტატუსით;

h) სარგებლობდნენ ცხოვრების სათანადო პირობებით, განსაკუთრებული საბინაო, სანიტარული, ელექტრო და წყალმომარაგებით, აგრეთვე ტრანსპორტითა და კავშირგაბმულობის საშუალებებით მომსახურებასთან მიმართებაში.

ნაწილი IV

მუხლი 15

1. მონაწილე სახელმწიფოები კანონის წინაში აღიარებენ ქალის მამაკაცთან თანასწორობას.

2. მონაწილე სახელმწიფოები ქალს ანიჭებენ მამაკაცის თანაბარ სამოქალაქო უფლებაუნარიანობას და მისით სარგებლობის თანაბარ შესაძლებლობებს, კერძოდ, უზრუნველყოფენ ქალის თანაბარ უფლებებს ხელშეკრულებების დადებისა და ქონების მართვისას, აგრეთვე, მისდამი თანაბარ დამოკიდებულებას სასამართლოებსა და ტრიბუნალებში საქმის განხილვის ყველა ეტაპზე.

3. მონაწილე სახელმწიფოები თანხმდებიან, რომ ბათილად და ძალადაკარგულად ჩაითვალოს ნებისმიერი ხელშეკრულება და კერძო იურიდიული დოკუმენტი, რომელსაც ქალის უფლებაუნარიანობის შეზღუდვა მოჰყვება.

4. მონაწილე სახელმწიფოები მამაკაცსა და ქალს ანიჭებენ თანაბარ უფლებებს გადაადგილების, ბინადრობისა და საცხოვრებელი ადგილის არჩევის თავისუფლების კანონმდებლობასთან მიმართებაში.

მუხლი 16

1. მონაწილე სახელმწიფოები მიმართავენ ყველა შესაბამის ზომას ქალის დისკრიმინაციის ლიკვიდაციისათვის ქორწინებასა და საოჯახო ურთიერთობებთან დაკავშირებულ ყველა საკითხში, კერძოდ, მამაკაცთა და ქალთა თანასწორობის საფუძველზე უზრუნველყოფენ:

a) ქორწინებისას ერთნაირ უფლებებს;

b) მეუღლის თავისუფლად არჩევისა და მხოლოდ თავისუფალი და სრული თანხმობით ქორწინების თანაბარ უფლებებს;

c) ქორწინებაში ყოფნისა და განქორწინების დროს ერთნაირ უფლებებსა და მოვალეობებს;

d) მშობლების თანაბარ უფლებებსა და მოვალეობებს, მათი ოჯახური მდგომარეობისაგან დამოუკიდებლად, შვილებთან დაკავშირებულ საკითხებში, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში შვილების ინტერესები უპირატესია;

e) შვილების რაოდენობისა და მათ დაბადებას შორის დროის შუალედების საკითხის თავისუფლად და პასუხისმგებლობით გადაწყვეტის თანაბარ უფლებებს. აგრეთვე, ამ უფლებებით სარგებლობისათვის საჭირო ინფორმაციისა და განათლების მიღების შესაძლებლობას;

f) მეურვეობასთან, მზრუნველობასთან, წარმომადგენლობასთან და შვილებთან ან ანალოგიური ფუნქციების შესრულებასთან მიმართებაში თანაბარ უფლებებსა და მოვალეობებს, როცა ამას ეროვნული კანონმდებლობა ითვალისწინებს;

g) მეუღლეთა თანაბარ პირად უფლებებს, მათ შორის გვარის, პროფესიისა და საქმიანობის არჩევასთან მიმართებაში;

h) მეუღლეთა ქონების მფლობელობის, შეძენის, მართვის, სარგებლობისა და განკარგვის თანაბარ უფლებას.

2. ბავშვის ნიშნობასა და ქორწინებას იურიდიული ძალა არა აქვს. მიღებულ უნდა იქნას ყველა ზომა, საკანონმდებლოს ჩათვლით, რათა სავალდებულო წესით განისაზღვროს ქორწინების მინიმალური ასაკი და ქორწინების აუცილებელი რეგისტრაცია სახელმწიფო რეესტრში.

ნაწილი V

მუხლი 17

1. ამ კონვენციის განხორციელებისას მიღწეული პროგრესის განსახილველად არსდება ქალის დისკრიმინაციის სალიკვიდაციო კომიტეტი (შემდგომში ,,კომიტეტი“), რომელიც კონვენციის ძალაში შესვლის მომენტისათვის შედგება 18, ხოლო ოცდამეთხუთმეტე მონაწილე სახელმწიფოს მიერ მისი რატიფიკაციის ან მასთან მიერთების შემდეგ - 23 მაღალი მორალური თვისებებისა და კომპეტენციის მქონე ექსპერტისაგან. მონაწილე სახელმწიფოები ექსპერტებს ირჩევენ საკუთარ მოქალაქეთაგან და ისინი მოქმედებენ პერსონალურად. ექსპერტების შერჩევისას მხედველობაში მიიღება სამართლიანი გეოგრაფიული განაწილება და სხვადასხვა ცივილიზაციების, აგრეთვე სამართლებრივი სისტემების წარმომადგენლობა.

2. კომიტეტის წევრებს ირჩევენ მონაწილე სახელმწიფოების მიერ დასახელებულ პირთაგან, ფარული კენჭისყრით. ყოველ მონაწილე სახელმწიფოს შეუძლია დაასახელოს 1 პირი თავის მოქალაქეთაგან.

3. პირველი არჩევნები ეწყობა ამ კონვენციის ძალაში შესვლის დღიდან 6 თვის შემდეგ. ყოველი არჩევნების მოწყობამდე სულ ცოტა 3 თვით ადრე გაერთიანებული ერების გენერალური მდივანი მონაწილე სახელმწიფოებს უგზავნის წერილს, წინადადებით, წარმოადგინონ თავიანთი კანდიდატურები 2 თვის განმავლობაში. გენერალური მდივანი ადგენს სიას, რომელშიც ანბანური წესით შეჰყავს ყველა პირი იმ მონაწილე სახელმწიფოთა აღნიშვნით, რომლებმაც ისინი დაასახელეს, და წარუდგენს მონაწილე სახელმწიფოებს.

4. კომიტეტის წევრთა არჩევნები ეწყობა მონაწილე სახელმწიფოთა სხდომაზე, რომელსაც იწვევს გენერალური მდივანი გაერთიანებული ერების შტაბ-ბინაში. სხდომაზე, რომლის ქვორუმსაც მონაწილე სახელმწიფოთა 2/3 შეადგენს, კომიტეტში არჩეულ პირებად ითვლებიან ის კანდიდატები, რომლებიც ხმათა მეტ რაოდენობას და სხდომაზე დამსწრე და კენჭისყრაში მონაწილე სახელმწიფოთა წარმომადგენლების ხმათა აბსოლუტურ უმრავლესობას მიიღებენ.

5. კომიტეტის წევრებს ირჩევენ 4 წლის ვადით, თუმცა I-ლ არჩევნებში არჩეულ 9 წევრს უფლებამოსილების ვადა 2 წლის შემდეგ გაუდის; I არჩევნების მოწყობისთანავე, კომიტეტის თავმჯდომარე წილისყრით ასახელებს ამ 9 წევრის გვარებს.

6. კომიტეტის დამატებით 5 წევრის არჩევა ხდება ამ მუხლის II, III და IV პუნქტების დებულებათა შესაბამისად ოცდამეთხუთმეტე სახელმწიფოს მიერ კონვენციის რატიფიკაციის ან მასთან მიერთების შემდეგ. ამგვარად, არჩეულ 2 დამატებით წევრს უფლებამოსილების ვადა გაუდის 2 წლის შემდეგ; ამ 2 წევრის გვარებს ასახელებს კომიტეტის თავმჯდომარე წილისყრით.

7. გაუთვალისწინებელი ვაკანსიების შესავსებად, მონაწილე სახელმწიფო, რომლის ექსპერტმაც, როგორც კომიტეტის წევრმა, შეწყვიტა ფუნქციონირება, კომიტეტის თანხმობით ნიშნავს სხვა ექსპერტს თავის მოქალაქეთაგან.

8. კომიტეტის წევრები იღებენ გენერალური ასამბლეის მიერ დამტკიცებულ გასამრჯელოს გაერთიანებული ერების სახსრებიდან, კომიტეტის მნიშვნელობის გათვალისწინებით ასამბლეის მიერ დადგენილი წესითა და პირობებით.

9. გაერთიანებული ერების გენერალური მდივანი უზრუნველყოფს კომიტეტს აუცილებელ პერსონალითა და მატერიალური საშუალებებით, კომიტეტის მიერ ამ კონვენციის შესაბამისი ფუნქციების ეფექტური განხორციელებისათვის.

მუხლი 18

1. მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას კისრულობენ, გაერთიანებული ერების გენერალურ მდივანს კომიტეტში განსახილველად წარუდგინონ მოხსენება მათ მიერ ამ კონვენციის დებულებათა შესასრულებლად მიღებული საკანონმდებლო, სასამართლო, ადმინისტრაციული, თუ სხვა ღონისძიებებისა და ამასთან დაკავშირებით მიღწეული წარმატებების თაობაზე:

a) დაინტერესებული სახელმწიფოსათვის ამ კონვენციის ძალაში შესვლის დღიდან 1 წლის განმავლობაში;

b) ამის შემდგომ ყოველ 4 წელიწადში ერთხელ მაინც და მომავალში კომიტეტის მოთხოვნის შესაბამისად.

2. მოხსენებაში შეიძლება მითითებულ იქნას ის ფაქტორები და სიძნელეები, რომლებიც ამ კონვენციით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების ხარისხზე გავლენას ახდენენ.

მუხლი 19

1. კომიტეტი ამტკიცებს პროცედურის საკუთარ წესებს.

2. კომიტეტი თანამდებობის პირებს ირჩევს 2 წლით.

მუხლი 20

1. კომიტეტი ყოველწლიურად არა უმეტეს 2 კვირის განმავლობაში იკრიბება. ამ კონვენციის XVIII მუხლის შესაბამისად წარმოდგენილ მოხსენებათა განსახილველად.

2. კომიტეტის სხდომები, ჩვეულებრივ, იმართება გაერთიანებული ერების შტაბ-ბინაში ან ნებისმიერ სხვა შესაფერის ადგილას, რომელსაც კომიტეტი განსაზღვრავს.

მუხლი 21

1. კომიტეტი, ეკონომიკური და სოციალური საბჭოს მეშვეობით, გაერთიანებული ერების გენერალურ ასამბლეას ყოველწლიურად წარუდგენს მოხსენებას თავისი საქმიანობის შესახებ და მონაწილე სახელმწიფოთაგან მიღებული მოხსენებებისა და ინფორმაციის შესწავლის საფუძველზე ამზადებს ზოგადი ხასიათის წინადადებებსა და რეკომენდაციებს. ასეთი წინადადებები და რეკომენდაციები კომიტეტის მოხსენებაში შეაქვთ მონაწილე სახელმწიფოების შენიშვნებთან ერთად, შენიშვნების არსებობის შემთხვევაში.

2. გენერალური მდივანი კომიტეტის მოხსენებებს ინფორმაციისათვის უგზავნის კომისიას ქალის სტატუსის შესახებ.

მუხლი 22

სპეციალიზებულ დაწესებულებებს უფლება აქვთ წარმოდგენილი იყვნენ ამ კონვენციის ისეთი დებულებების განხორციელების საკითხების განხილვისას, რომლებიც მათი საქმიანობის სფეროს განეკუთვნება. კომიტეტს შეუძლია სპეციალიზებულ დაწესებულებებს მოუწოდოს, წარმოადგინონ მოხსენებები კონვენციის განხორციელების შესახებ იმ დარგებში, რომლებიც მათი საქმიანობის სფეროს განეკუთვნება.

ნაწილი VI

მუხლი 23

1. ეს კონვენცია არ ზღუდავს მამაკაცსა და ქალს შორის თანასწორობის მიღწევის უფრო მეტად ხელშემწყობ სხვა დებულებებს, რომლებსაც შეიძლება შეიცავდეს:

a) მონაწილე სახელმწიფოს კანონმდებლობა, ან

b) რომელიმე სხვა საერთაშორისო კონვენცია, ხელშეკრულება ან შეთანხმება, რომელიც ამ სახელმწიფოსათვის ძალაშია.

მუხლი 24

მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას კისრულობენ, მიმართონ ყველა აუცილებელ ზომას ეროვნულ დონეზე ამ კონვენციით აღიარებული უფლებების სრული რეალიზაციის მისაღწევად.

მუხლი 25

1. ეს კონვენცია ხელმოსაწერად ღიაა ყველა სახელმწიფოსათვის.

2. გაერთიანებული ერების გენერალური მდივანი დანიშნულია ამ კონვენციის დეპოზიტორად.

3. ეს კონვენცია ექვემდებარება რატიფიკაციას, სარატიფიკაციო სიგელები შესანახად ბარდება გაერთიანებული ერების გენერალურ მდივანს.

4. ეს კონვენცია ღიაა მისაერთებლად ყველა სახელმწიფოსათვის. მიერთება ხდება გაერთიანებული ერების გენერალური მდივნისათვის მიერთების დოკუმენტის გადაცემით.

მუხლი 26

1. ამ კონვენციის გადასინჯვის თაობაზე თხოვნა შეიძლება წარმოადგინოს ნებისმიერმა მონაწილე სახელმწიფომ გაერთიანებული ერების გენერალური მდივნისათვის წერილობითი შეტყობინებით.

2. გაერთიანებული ერების გენერალური ასამბლეა იღებს გადაწყვეტილებას ასეთი თხოვნის შესაბამისად საჭირო რაიმე ღონისძიებების განსახორციელებლად.

მუხლი 27

1. ეს კონვენცია ძალაშია გაერთიანებული ერების გენერალური მდივნისათვის მეოცე სარატიფიკაციო სიგელის ან მიერთების დოკუმენტის გადაცემიდან ოცდამეათე დღეს.

2. ყოველი სახელმწიფოსათვის, რომელიც ამ კონვენციის რატიფიკაციას მოახდენს ან მიუერთდება მას მეოცე სარატიფიკაციო სიგელის ან მიერთების დოკუმენტის გადაცემის შემდეგ, ეს კონვენცია ძალაში შედის მისი სარატიფიკაციო სიგელის ან მიერთების დოკუმენტის გადაცემის ოცდამეათე დღეს.

მუხლი 28

1. გაერთიანებული ერების გენერალური მდივანი იღებს და ყველა სახელმწიფოს უგზავნის რატიფიკაციის ან მიერთების მომენტში სახელმწიფოთა მიერ გაკეთებულ დათქმათა ტექსტს.

2. დათქმა, რომელიც შეუთავსებელია ამ კონვენციის მიზნებსა და ამოცანებთან, არ მიიღება.

3. დათქმები შეიძლება გაუქმდეს ნებისმიერ დროს გენერალური მდივნის სახელზე გაგზავნილი შესაბამისი შეტყობინებით. გენერალური მდივანი ამის შესახებ აცნობებს ყველა მონაწილე სახელმწიფოს. ასეთი შეტყობინება ძალაში შედის მისი მიღების დღიდან.

მუხლი 29

1. თუ ორ ან რამდენიმე მონაწილე სახელმწიფოს შორის ამ კონვენციის განმარტებისა თუ გამოყენების თაობაზე არსებული დავა მოლაპარაკების გზით ვერ გადაწყდება, ერთ-ერთი მათგანის თხოვნით იგი არბიტრაჟისათვის გადაეცემა. თუ საარბიტრაჟო განხილვის თაობაზე განცხადების შეტანიდან 6 თვის განმავლობაში მხარეები ვერ შეთანხმდებიან საარბიტრაჟო განხილვის ორგანიზებაზე, ნებისმიერ მხარეს შეუძლია მოითხოვოს დავის საერთაშორისო სასამართლოში გადატანა, ამ სასამართლოს სტატუსის შესაბამისად.

2. ნებისმიერ მონაწილე სახელმწიფოს ამ კონვენციის ხელმოწერის ან რატიფიკაციის ან მასთან მიერთების დროს შეუძლია თავი შეიკავოს ამ მუხლის I პუნქტის დებულებების სავალდებულო ძალის აღიარებისაგან. სხვა მონაწილე სახელმწიფოებს არ ეკისრებათ ამ მუხლის მითითებული პუნქტიდან გამომდინარე ვალდებულებები იმ მონაწილე სახელმწიფოს მიმართ, რომელმაც ამგვარი დათქმა გააკეთა.

3. ნებისმიერ მონაწილე სახელმწიფოს, რომელმაც ამ მუხლის II პუნქტის თანახმად დათქმა გააკეთა, შეუძლია ნებისმიერ დროს გაერთიანებული ერების გენერალური მდივნისათვის შეტყობინებით გააუქმოს თავისი დათქმა.

მუხლი 30

ეს კონვენცია, რომლის თანაბრად ავტენტური ტექსტი შედგენილია არაბულ, ესპანურ, ინგლისურ, რუსულ, ფრანგულ და ჩინურ ენებზე, დეპონირებულ უნდა იქნას გაერთიანებული ერების გენერალურ მდივანთან.

საკითხები დისკუსიისა და წერითი დავალებებისათვის

1. განსაზღვრეთ სქესი როგორც ბიოსოციალური ფენომენი.

2. როგორია მამაკაცისა და ქალის სოციალური და ბიოლოგიური განსხვავება?

3. გენდერული კვლევების განვითარების ძირითადი ეტაპები.

4. რა არის სექსიზმი?

5. რა არის ფემინიზმი?

6. ფემინიზმის წანამძღვრები.

7. ფემინიზმის სამი ძირითადი მიმართულება.

8. რა განსხვავებაა გენდერსა და ფემინიზმს შორის?

9. ფემინიზმის ტიპოლოგია ჯუდით ლორბერის მიხედვით

10. რა არის ფემინისტური ეკონომიკური თეორიის მიზანი?

11. ფემინისტური ეკონომიკური თეორიის მიმართულებები.

12. რა განაპირობებს ქალთა დისკრიმინაციას დასაქმების საფეროში?

13. რა ზომები შეიძლება იქნეს მიიღებული თანასწორობის მისაღწევად?

14. რელიგიურ-ეთიკური მემკვიდრეობის გავლენა ქალთა საზოგადოებრივ პოლიტიკურ პროცესებში ჩართვაზე.

15. ფემინისტების აზრით, ქრისტიანობაში რა წარმოდგენები ემსახურება: ქალთა დისკრიმინაციას?

16. ეგალიტარიზმის ელემენტები იუდაიზმში.

17. რას ითვალისწინებდა ინდუიზმის რეფორმა ქალთა საკითხში?

18. რა არის სატი?

19. რა არის სატაძრო პროსტიტუცია?

20. როგორია ქალის სტატუსი ისლამში?

21. როგორ მითითებებს იძლევა ყურანი ქალის შესახებ?

22. ქალის როლი ბუდიზმში.

23. რა შეხედულება აქვს ბუდიზმს მამაკაცებისა და ქალების მიერ გასხივოსნების მიღწევის საშუალებების შესახებ?

24. რა არის ბუდიზმის ისტორიული დამსახურება ქალების წინაშე?

25. მსოფლიოში მიმდინარე პროცესების გავლენა თანამედროვე საზოგადოებაში ქალის როლსა და სტატუსზე.

26. რა შეხედულებებია საზოგადოებაში ქალის სოციალურ-პოლიტიკური აქტიურობის შესახებ?

27. ქალის, როგორც-პოლიტიკოსის მოღვაწეობის სტილის თავისებურებანი

28. რა ზომები არის მიღებული გენდერული ბალანსის გასაუმჯობესებლად?

29. ქალთა მოძრაობების ძირითადი ეტაპები

30. ქალთა მსოფლიო კონფერენციები და მათი მნიშვნელობა

31. ქალის უფლებრივი მდგომარეობა ძველ საქართველოში.

32. ქალის სოიალურ-პოლიტიკური აქტივობა მე-19 საუკუნეში

33. ილია როგორც ფემინისტური მოძრაობის მომხრე

34. საერთაშორისო საკანონმდებლო აქტები და ეროვნული მექანიზმები

35. ქართველი ქალი გარდამავალ პერიოდში

36. ადამიანის უფლებების არსი და მიზნები

37. ადამიანის უფლებების ,,მესამე თაობა“ და ქალები.