The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ომბუდსმენი ინვალიდობის სფეროში

ომბუდსმენი ინვალიდობის სფეროში


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: ხარებავა მადონა, ყუფუნია ნინო, კიკნაძე გურამ, ჯავაშვილი გივი
თემატური კატალოგი სამოქალაქო განათლება|სამოქალაქო განათლება
საავტორო უფლებები: © ინვალიდ ქალთა და ინვალიდ ბავშვთა დედათა ასოციაცია - დეა,
თარიღი: 2005
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: ინვალიდ ქალთა და ინვალიდ ბავშვთა დედათა ასოციაცია პროექტი კონცეფცია ავტორები: მადონა ხარებავა, ნინო ყუფუნია, გურამ კიკნაძე, გივი ჯავაშვილი ზუგდიდი, 2005 წელი



1 პრეამბულა

▲ზევით დაბრუნება


საზოგადოების სიმწიფე და სიძლიერე განისაზღვრება
იმით, თუ როგორ ზრუნავს ის თავის მოწყვლად ნაწილზე
შვედეთის კონსტიტუციის პრეამბულიდან

გასული საუკუნის მეორე ნახევარში აღმოცენებული მოძრაობა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დასაცავად მნიშვნელოვანწილად შეეხო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსაც. ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები შემდეგ ეტაპებად შეიძლება დაიყოს:

  1. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეკლარირება საერთაშორისო ორგანიზაციების დოკუმენტებში;

პირობითად ამ პროცესს შეიძლება ვუწოდოთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების ამსახველი ძირითადი პრინციპებისა და მათი შესაბამისი ღონისძიებების სტანდარტული კომპლექსის ჩამოყალიბების ეტაპი;

  1. ეროვნული კანონმდებლობის ფორმირება;

პირობითად ამ პროცესს შეიძლება ვუწოდოთ საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპებისა და მათი შესაბამისი ღონისძიებების სტანდარტული კომპლექსის ცალკეულ ქვეყნებში საკანონმდებლო ნორმების სახით ჩამოყალიბების ეტაპი;

  1. საერთაშორისო ორგანიზაციების დოკუმენტებსა და ეროვნულ კანონმდებლობაში გაცხადებული ნორმების ყოველდღიურ ცხოვრებაში იმპლემენტაციისთვის საჭირო გზებისა და ღონისძიებების განსაზღვრა;

პირობითად ამ პროცესს შეიძლება ვუწოდოთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის ორგანიზაციული ინსტიტუტის ჩამოყალიბებისა და ამოქმედების პროცესი.

ჩამოთვლილთაგან სამივე ეტაპი თანაბარი მნიშვნელობის მქონეა. ამავე დროს, კონკრეტულ ქვეყანასთან, მათ შორის, საქართველოსთან მიმართებაში, მოხსენიებულთაგან მეორე და მესამე ეტაპები იძენენ გადამწყვეტ მნიშვნელობას, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში უნდა არსებობდეს:

  • საერთაშორისოდ აღიარებულ რეკომენდაციებთან ჰარმონიზებული კანონმდებლობა, რომელშიც სრულად იქნება ასახული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები;

  • შესაბამისი ინსტიტუციონალური სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს კონკრეტულ შემთხვევებში კანონით გათვალისწინებული უფლებების სრულად განხორციელებას.

წინამდებარე დოკუმენტი ეხება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის, მათი დისკრიმინაციის თავიდან არიდებისთვის საჭირო ინსტიტუციონალური სისტემის - ინვალიდობის სფეროში ომბუდსმენის/ადვოკატურის ინსტიტუტის ჩამოყალიბების საკითხს.

საქართველოში 1997 წლის მონაცემებით აღრიცხულია 181 253 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი (ღვთისშვილთა კავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი პროექტის მონაცემები). ძნელი სათქმელია, სადღეისოდ ამ პირთა რა რაოდენობა არის ქვეყანაში. არსებული სოციალურ-ეკონომიკური სიტუაციის გათვალისწინებით, უნდა დავუშვათ, რომ ზემოთ მითითებული რიცხვი, როგორც მინიმუმ, შემცირებული არ იქნება. ინვალიდობა ნებისმიერი ასაკის პირის, საზოგადოების ნებისმიერი წევრის ხვედრი შეიძლება გახდეს. ეჭვს არც ის გარემოება იწვევს, რომ ეს სოციალური ჯგუფი მაქსიმალურად მოწყვლადია (უმწეოა), მოკლებულია საქმიანობის ნებისმიერ სფეროში მონაწილეობის შესაძლებლობას და დისკრიმინირებულია. სწორედ ამ უკანასკნელის თავიდან არიდება, ამ პირთა საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის უზრუნველყოფა და მათი შესაძლებლობების მაქსიმალური გამოყენება საზოგადოების, სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტი უნდა იყოს.

2 I. დოკუმენტის მიზანი და ამოცანები

▲ზევით დაბრუნება


წინამდებარე დოკუმენტის მიზანია საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების ადვოკატურის სისტემის - ომბუდსმენის ინსტიტუტის ჩამოყალიბების საჭიროების წარმოჩენა და დასაბუთება, საქართველოსთვის მისაღები მოდელის შესახებ რეკომენდაციების მომზადება და მათი საზოგადოების სამსჯავროზე გამოტანა.

მიზნის შესაბამისად, დოკუმენტის ამოცანებია:

  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებული პრობლემების წარმოჩენა, მათი უფლებების დაცვის სფეროში საქართველოში არსებული სიტუაციის მოკლე მიმოხილვა და დახასიათება;

  • შეზღუდული შესაძლებლობის პირთა უფლებების დამცავი საერთაშორისო ინსტრუმენტების მოკლე ანალიზი;

  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიმოხილვა და მოკლე ანალიზი;

  • შეზღუდული შესაძლებლობის პირთა უფლებების ადვოკატურის სისტემის მიმოხილვა უცხო ქვეყნებში;

  • საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ადვოკატურის/ომბუდსმენის ინსტიტუტის ჩამოყალიბების სავარაუდო ეტაპების განსაზღვრა;

  • ინვალიდობის სფეროში ობმუდსმენის საქმიანობის ძირითადი მახასიათებლების განსაზღვრა და დებულების წარმოდგენა.

დოკუმენტი გამიზნულია სოციალური პოლიტიკისა და ადამიანის უფლებების სფეროებში მომუშავე პირებისთვის, აგრეთვე ფართო საზოგადოებისთვის.

3 II. რატომ არის საჭირო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვა

▲ზევით დაბრუნება


შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ცხადია, სარგებლობენ ყველა იმ ფუნდამენტური უფლებით, რაც აღიარებულია და გაცხადებულია როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მომზადებულ დოკუმენტებში, ისე ცალკეული ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობაში. ხსენებული დოკუმენტების მთავარი პრინციპი ამ კატეგორიის პირთათვის „თანაბარი მონაწილეობისა და თანაბარი უფლებების“1 უზრუნველყოფაა. თუმცა, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ამა თუ იმ უფლებით სარგებლობა (მაგ., განათლების მიღება, პროფესიული საქმიანობა, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა და ა.შ.) გაძნელებულია და ხშირად შეუძლებელიც. ამასთან, ამის მიზეზი არის არა მხოლოდ მათი ფიზიკური თუ ფსიქიკური მახასიათებლები, არამედ საზოგადოებრივ ცხოვრებაში თანაბარი მონაწილეობის უზრუნველყოფის, მათთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებების რეალიზაცია თავად საზოგადოების/სახელმწიფოს მიერ არის მნიშვნელოვანწილად იგნორირებული. ამის დამადასტურებელია ის გარემოება, რომ ნაკლები ყურადღება ექცევა ამ ამ კატეგორიის პირთათვის თანაბარი მონაწილეობისა და თანაბარი უფლებების უზრუნველყოფისთვის აუცილებელი პირობების შექმნას, სახელდობრ:

  • სათანადო გარემოს შექმნას, ანუ გარე სამყაროს სტრუქტურისა და ხასიათის (მაგ., საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებით, ტრანსპროტით სარგებლობის მისაწვდომობა, საინფორმაციო, საკომუნიკაციო, საგანმანათლებლო ტექნოლოგიებით უზრუნველყოფა, როგორიცაა ბრაილის შრიფტი, სმენის აპარატები; სამგზავრო ეტლები და სხვ.) მაქსიმალურად შესაძლებელ მისადაგებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მოთხოვნილებებისა და შესაძლებლობებისთვის;

  • საზოგადოების მიერ ამ კატეგორიის ადამიანთა მიმართ ადეკვატური დამოკიდებულების ჩამოყალიბებას.

სწორედ ზემოხსენებული ფაქტორების გაუთვალისწინებლობა ართულებს, ხშირად კი, შეუძლებელს ხდის მათ თანაბარ მონაწილეობას და მათთვის უფლებებით თანაბრად სარგებლობის შესაძლებლობას, რაც ხშირად დისკრიმინაციის საფუძველი ხდება. ამასთან, რაც ყველაზე მეტად არის შემაშფოთებელი, ეს ფაქტები საზოგადოების მიერ არ აღიქმება, როგორც დისკრიმანაციის დამადასტურებელი.

ზემოხსენებულის საილუსტრაციო მაგალითებია:

ადამიანს უარი უთხრეს რესტორანში შესვლაზე ეთნიკური წარმომავლობის, აღმსარებლობის, ან სხვა განსხვავებული ნიშნის გამო. თუ ეს ადამიანი განაცხადებს, რომ ის დისკრიმინაციის მსხვერპლი გახდა, მას სამართლიანად დაუჭერენ მხარს ადამიანის უფლებებზე მომუშავე სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციები, საზოგადოება. ამ ფაქტთან დაკავშირებით მასმედიის რეაქციაც მძაფრი იქნება. სხვა შემთხვევაში, როცა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის, რომელიც ეტლით სარგებლობს, იგივე რესტორანი შეუღწევადია, იმის გამო, რომ შესასვლელთან ასასვლელი ბილიკი (პანდუსი) არ არის მოწყობილი, ეს დისკრიმინაციად არ ითვლება და საზოგადოების მიერ ჩვეულებრივ მოვლენად აღიქმება. ამავე დროს, უდავოა, რომ ესეც დისკრიმინაციაა, განპირობებული მატერიალური გარემოს შეუსაბამობით ამ პირის მოთხოვნილებსა და შესაძლებლობებთან.

მე არა ვარ ინვალიდი ციურიხის აეროპორტში, მაგრამ თავს ვგრძნობ უმწეოდ და შეურაცხყოფილად თბილისის აეროპორტში, თბილისისა თუ ზუგდიდის ქუჩებში, საზოგადოების თავშეყრის ადგილებში. ამის მიზეზი კი ფიზიკური გარემოს ხელმიუწვდომლობაა, რაც შეზღუდული შესაძლებლობის პირთა მიმართ სახელმწიფოსა და საზოგადოების არაადეკვატური დამოკიდებულების შედეგია. ხშირ შემთხვევაში გარკვეულ სიტუაციებში სწორედ ეს დეტალები განსაზღვრავენ ადამიანის ინვალიდობას.

ამრიგად, მატერიალური გარემოს თავისებურებები (საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების, ინფორმაციის, კომუნიკაციის საშუალებებით სარგებლობის ხელმიუწვდომლობა), ანუ ის, რაც საზოგადოების, სახელმწიფოს ძალისხმევით შეიძლება გამოსწორდეს, მნიშვნელოვანი ფაქტორია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დისკრიმინაციის თავიდან ასარიდებლად.

ზემოთ მოყვანილი მაგალითები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დისკრიმინაციის მხოლოდ ერთი შტრიხია. შემდეგი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, საზოგადოების მიმართება ამ პირების მიმართ. აღნიშნულის მაგალითებია:

  • ერთ-ერთ სასწავლო დაწესებულებაში არ მიიღეს მოზარდი, რომელსაც 11 წლის ასაკში ნაღმზე აფეთქების გამო მხედველობა და მარჯვენა ხელის მტევანი აქვს დაკარგული. არგუმენტი - „ჩვენ აქ მახინჯ ბავშვებს არ ვღებულობთ“. სხვა სკოლაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვისთვის უარის თქმის არგუმენტი იგივე იყო - „სხვა ბავშვებმა ამ მახინჯ ბავშვს როგორ უყურონ?!“

  • მშობლებმა პროტესტი გამოთქვეს იმის გამო, რომ სკოლაში, სადაც მათი ბავშვები სწავლობენ, გაიხსნა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებისთვის „ინტეგრირებული“ სკოლა და მოსთხოვეს დირექტორს ამ ბავშვების გაყვანა. ისინი დაემუქრნენ დირექტორს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში თავად გადაიყვანდნენ შვილებს სხვა სკოლაში.

მოყვანილი მაგალითები ნათელყოფენ საზოგადოების (ყოველ შემთხვევაში, მისი ერთი ნაწილის) დამოკიდებულებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ.

ზემოხსენებულიდან გამომდინარე, პირდაპირი კავშირია, ერთი მხრივ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დისკრიმინაციის ფაქტებსა და, მეორე მხრივ, გარემო სამყაროს სტრუქტურასა და ხასიათს, ამ კატეგორიის ადამიანთა მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულებას შორის. არსებითია ის გარემოება, რომ როგორც ერთი, ისე მეორე ფაქტორი საზოგადოებისა და სახელმწიფოს მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პრობლემების არასაკმარის გაცნობიერებაზე და, შესაბამისად, არაადეკვატურ რეგულირებაზე მიუთითებს.

ინვალიდ ქალთა და ინვალიდ ბავშვთა დედათა ასოციაციამ 2004 წელს ჩაატრა სემინარი-დისკუსია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსა და მათ მშობლებთან თემაზე „ინვალიდობის სფეროში ომბუდსმენის საჭიროების წარმოჩენა“. სემინარის მონაწილეების აზრით ომბუდსმენმა უნდა შეასრულოს შემდეგი ფუნქციები:

  • დარღვევების კონსტატაცია და რეკომენდაციების წარდგენა სახელისუფლო სტრუქტურებისათვის;

  • კანონმდებლობის სრულყოფა და მისი აღსრულების მონიტორინგი;

  • საზოგადოების ინფორმირება შეზღუდული შესაძლებლობის პირთა უფლებების დაცვის საჭიროებების შესახებ.

სემინარის მონაწილეების მიერ გამოიკვეთა შემდეგი პრიორიტეტები იმ პრობლემათა შორის, რომელთაც ხვდებიან ეს პირები:

  • ჯანმრთელობის დაცვა;

  • გნათლება;

  • მატერიალური გარემოს მისაწდომლობა;

  • არსებულ კანონმდებლობასა და უფლებებში გაუთვითცნობიერებლობა.

მოხსენიებული კიდევ ერთი არგუმენტია დამადასტურებელი იმისა, რომ ამ კატეგორიის პირთა უფლებების დაცვაზე ყურადღების განსაკუთრებით გამახვილებაა საჭირო, რაც მათი სოციალური რეაბილიტაციისა და რეადაპტაციის აუცილებელი პირობაა.

____________________

1. 1981 წელს გაეროს განერალური ასამბლეის მიერ გამოცხადებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო წლის ლოზუნგი

4 III. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დამცავი საერთაშორისო ინსტრუმენტების მოკლე ანალიზი

▲ზევით დაბრუნება


ზემოთ უკვე იყო აღნიშნული, რომ 1981 წელს გაეროს განერალური ასამბლეის მიერ გამოცხადებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო წლის ლოზუნგი იყო „თანაბარი მონაწილეობა და თანაბარი უფლებები“. სადღეისოდაც ეჭვის ქვეშ არავინ აყენებს იმ გარემოებას, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ როგორც საერთაშორისო, ისე ეროვნულ დონეზე გატარებული ღონისძიებების ეფექტურობის აუცილებელი წანამძღვარი სწორედ ამ პრინციპების („თანაბრი მონაწილეობა“ და „თანაბარი უფლებები“) განხორციელებისთვის გამიზნული ღონისძიებებია.

ამრიგად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ საზოგადოების მიმართების ძირითადი, ფუნდამენტური პრინციპია თანაბარი მონაწილეობა და თანაბარი უფლებები.

ამ პრინციპის განხორციელების გამოსავალი, უპირველეს ყოვლისა, არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური რეაბილიტაციისა და რეადაპტაციის მაქსიმალური უზრუნველყოფა. სწორედ ეს უკანასკნელია საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მომზადებული დოკუმენტების ლაიტმოტივი.

ცხადია, „თანაბრი მონაწილეობა“ და „თანაბარი უფლებები“, ისევე, როგორც სოციალური რეაბილიტაცია და რეინტეგრაცია, უპირველეს ყოვლისა, გგულისხმობს შეზღუდული შესაძლებლობის პირთა განათლებასთან, პროფესიულ ორიენტაციასა და მზადებასთან, დასაქმებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას როგორც საერთაშორისო, ისე ეროვნულ დონეებზე.

ერთ-ერთი პირველი დოკუმენტი, რომელშიც ასახულია ამ საკითხებთან დაკავშირებული რეკომენდაციები არის შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ 1955 წელს მომზადებული „რეკომენდაციები შეზღუდული შესაძლებლობლობის მქონე პირთა გადამზადების შესახებ“. ამავე ორგანიზაციამ 1975 წელს გამოაქვეყნა „რეკომენდაციები ადამიანთა რესურსების გამოყენების შესახებ“, ხოლო 1983 წლის 20 ივლისს ძალაში შევიდა „კონვენცია 159 - პრფესიული რეაბილიტაციისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დასაქმების შესახებ“.

პრობლემას დიდ ყურადღებას უთმობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციაც. ქვემოთ მოცემულია გაეროს მიერ მომზადებული დოკუმენტების ჩამონათვალი:

  1. გონებრივად ჩამორჩენილ პირთა უფლებების დეკლარაცია (მიღებულია გენერალური ასამბლეის რეზოლუციით 2856 (XXVI); 1971 წლის 20 დეკემბერი);

  2. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეკლარაცია (მიღებულია გენერალური ასამბლეის რეზოლუციით 3447 (XXX) 1975; 1975 წლის 9 დეკემბერი);

  3. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის სტანდარტული წესები (მიღებულია გენერალური ასამბლეის რეზოლუციით 48/96; 1993 წლის 20 დეკემბერს);

  4. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ მსოფლიო სამოქმედო პროგრამა (მიღებულია გაეროს გენერალური ასამბლეის 3447 (XXX) რეზოლუციით 1982 წლის 3 დეკემბერს);

  5. ტალინის სახელმძღვანელო სამოქმედო პრინციპები ადამიანური რესურსების განვითარების შესახებ ინვალიდობის სფეროში (მიღებულია გაეროს გენერალური ასამბლეის 44/70 რეზოლუციით 1990 წლის 15 მარტს);

  6. ფსიქიკური დაავადებების მქონე პირთა დაცვისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის გაუმჯობესების პრინციპები (მიღებულია გაეროს გენერალური ასამბლეის 46/119 რეზოლუციით 1991 წლის 17 დეკემბერს);

ზემოთ ჩამოთვლილთა გარდა, გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციას, აგრეთვე, ჯანდაცვის მსოფლო ორგანიზაციას მიღებული აქვს შემდეგი დოკუმენტები:

  1. სანდბერგის დეკლარაცია (იუნესკო, 1881 წლის 7 ნოემბერი);

  2. სალამანკას დეკლარაცია (იუნესკო, 1894 წლის 10 ივნისი);

  3. ფუნქციონირების, შეზღუდული შესაძლებლობებისა და ჯანმრთელობის საერთაშორისო კლასიფიკაცია (ჯანმო, 2001 წლის 9 აპრილი);

ცალკე უნდა აღინიშნოს რეგიონული საერთაშორისო ორგანიზაციების დაინტერესებაც ამ პრობლემით, სახელდობრ, ევროსაბჭოს, ევროკავშირის, აგრეთვე, ევროპის, ამერიკის, აფრიკის რეგიონული ორგანიზაციების მიერ მომზადებული დოკუმენტები. იმასაც უნდა გაესვას ხაზი, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები ასახულია სადღეისოდ მოქმედ ისეთ ფუძემდებელ დოკუმენტებშიც, როგორიცაა „ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაცია“, საერთაშორისო ხელშეკრულება „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ და სხვ.

ყოველივე ზემოხსენებულის გარდა, ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებასაც, რომ ევროკავშირის ამსტერდამის ხელშეკრულება, რომელიც ძალაში შევიდა 1999 წლის 1 მაისს, მოუწოდებს ევროკავშირის ქვეყნებს ინვალიდობის ნიშნით დისკრიინაციის წინააღმდეგ საბრძოლველად. ისიც ნიშანდობლივია, რომ 2000 წლის გაზაფხულიდან გაეროს ადამიანის უფლებათა კომისარიატმა იკისრა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე ძალადობის ფაქტების მონიტორირებაზე პასუხისმგებლობა.

როგორც უკვე იყო აღნიშნული, ზემოხსენებულ დოკუმენტებში ასახული დებულებების ლაიტმოტივია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის თანაბარი მონაწილეობისა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა. მათი საერთო და ზოგადი მიმართულებებია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის:

  • ცხოვრების დონის ამაღლება;

  • ეკონომიკურ და სოციალურ სფეროში სრული დასაქმება;

  • პროგრესისა და განვითარების პირობების შექმნა. 

საერთო და კონკრეტული ორიენტირებია:

  • ფიზიკური და გონებრივი არასულფასოვნებით გამოწვეული ინვალიდობის თავიდან აცილება;

  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის დახმარების აღმოჩენა საქმიანობის სხვადასხვა სფეროში მათი ნიჭისა და შესაძლებლობების გამოყენებისა და განვითარებისთვის;

  • ნებისმიერი შესაძლო საშუალებით მათი ჩართვა საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

ზემოხსენებულის განხორციელების აუცილებელ პირობებად მიჩნეულია:

  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ ეროვნული პოლიტიკის შემუშავება, განხორციელება და პერიოდულად დაზუსტება;

  • შეთანხმებული მოქმედება, ერთი მხრივ, მშრომელთა და მეწარმეთა დაინტერესებულ წარმომადგენლობით ორგანიზაციებს შორის, მეორე მხრივ, თავად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და მათ წარმომადგენლობით უწყებებს შორის, მესამე მხრივ, კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოებს შორის.

და ბოლოს, აუცილებელია იმ გარემოებისთვის ხაზგასმა, რომ ჩამოთვლილი დოკუმენტებიდან გაეროს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის სტანდარტული წესები“ და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებული „ფუნქციონირების, შეზღუდული შესაძლებლობებისა და ჯანმრთელობის საერთაშორისო კლასიფიკაცია“ შეიცავს უაღრესად კონკრეტულ რეკომენდაციებს, რომლებიც უნდა იყოს გამოყენებული ორიენტირად როგორც ეროვნული კანონმდებლობის მომზადებისას, ისე მასში ასახული ნორმების განხორციელების მონიტორინგისთვის.

5 IV. საქართველოს კანონმდებლობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ

▲ზევით დაბრუნება


ამა თუ იმ სოციალური ჯგუფის, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის პირთა უფლებების დაცვის აუცილებელი წინაპირობაა ქვეყანაში სათანადო საკანონმდებლო ბაზის არსებობა.

სადღეისოდ საქართველოში არსებული სიტუაცია შემდეგნაირად შეიძლება იქნეს დახასიათებული: ქვეყანაში მოქმედებს კანონები „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“, „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“, აგრეთვე, პარლამენტის დადგენილებები, პრეზიდენტის ბრძანებულებები, სოციალური და ჯანდაცვითი სახელმწიფო პროგრამები. ზემოხსენებულის გარდა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები ასახულია სხვა კანონებშიც (მაგ., „საქართველოს შრომის კანონთა კოდექსი“, კანონი „სავალდებულო სადაზღვევო პენსიების შესახებ“ და სხვ.). მნიშვნელოვნად უნდა ჩაითვალოს ის გარემოება, რომ „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ მუხლში („შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის საფუძვლები“) მითითებულია, რომ „საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობა განისაზღვრება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1975 წლის 9 დეკემბრის დეკლარაციით „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“, მის მიერვე 1993 წლის 20 დეკემბერს მიღებული „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის სტანდარტული წესებით“ და ა.შ. ამრიგად, გაეროს სტანდარტულ წესებს ჩვენს ქვეყანაში ამოქმედებისთვის კანონიერი ძალა აქვს მიცემული.

ზემოხსენებული საკანომდებლო ნორმატიული აქტების არსებობის ფაქტი, ცხადია, ქვეყნის მიღწევად უნდა ჩაითვალოს და შეფასდეს დამაკმაყოფილებელ სასტარტო პოზიციად, თუმცაღა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ კანონები „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ და „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ მნიშვნელოვან კორექციას საჭიროებენ მათი საერთაშორისო მოთხოვნებთან ჰარმონიზაციის მიზნით. წინამდებარე დოკუმენტის მიზანს არ წარმოადგენს ამ სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მიმოხილვა. ზოგადი შეფასებისათვის შეიძლება მხოლოდ იმ უაღრესად მნიშვნელოვან გარემოებებზე ყურადღების გამახვილება, რომლებიც არ არის ასახული საქართველოს კანონმდებლობაში.

  1. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რეაბილტაციის ეროვნული პროგრამის არსებობის აუცილებლობა;

  2. ეროვნული საკოორდინაციო ორგანოს არსებობის აუცილებლობა;

  3. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებული „ფუნქციონირების, შეზღუდული შესაძლებლობისა და ჯანმრთელობის საერთაშორისო კლასიფიკაციის“ გამოყენების აუცილებლობა შეზღუდული შესაძლებლობის პირთა სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისთვის;

  4. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებების რეალიზაციის მონიტორინგის სისტემა.

ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი ამ სფეროში წარმატებული საქმიანობის აუცილებელი წინაპირობაა, შესაბამისად, მათი ასახვა კანონმდებლობაში გადაუდებელ ამოცანად უნდა ჩაითვალოს.

6 V. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის (ადვოკატურის) მოდელები: უცხოეთის ქვეყნების გამოცდილება

▲ზევით დაბრუნება


6.1 V.1. დიდი ბრიტანეთი

▲ზევით დაბრუნება


დიდ ბრიტანეთში შეზღუდული შესაძლებლობის პირთა უფლებების დასაცავად 2000 წლის აპრილში შეიქმნა სპეციალური დამოუკიდებელი ორგანო „შეზღუდული შესაძლებლობის მქონეთა უფლებების კომისია“, რომელსაც აქვს ოფისები ინგლისში, შოტლანდიასა და უელსში. კომისიის შექმნის ლეგიტიმური საფუძველი გახდა კანონი „შეზღუდული შესაძლებლობის უფლებების კომისიის შესახებ“ (მიღებულია 1999 წლის 27 ივლისს). კომისია შეიძლება შედგებოდეს არანკლებ 10 და არაუმეტეს 15 წევრისგან. წევრებს ასახელებს სახელმწიფო მდივანი. აუცილებელია, რომ კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი შეზღუდული შესაძლებლობის პირი იყოს, თუნდაც წარსულში.

ზემოხსენებული კანონითვე არის განსაზღვრული კომისიის მოვალეობები, უფლებები და საქმიანობის მეთოდები.

კომისიის მოვალეობებია:

  • საქმიანობა შეზღუდული შესაძლებლობის პირთა დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად;

  • შეზღუდული შესაძლებლობის პირთათვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნისთვის ხელშეწყობა;

  • შეზღუდული შესაძლებლობის პირებისადმი დამოკიდებულების ე.წ. „კარგი პრაქტიკის“ ჩამოყალიბების/გამოყენების ხელშესაწყობად საჭირო ღონისძიებების განხორციელება;

  • „შეზღუდული უნარის საფუძველზე დისკრიმინაციის შესახებ“ და „შეზღუდული შესაძლებლობების უფლებების კომისიის შესახებ“ კანონების განხორციელებაზე ზედამხედველობა.

თავის მოვალეობის შესრულების მიზნით კომისიას შეუძლია:

  • მიაწოდოს წინადადებები და რჩევა ნებისმიერ მინისტრს ან უმაღლეს ხელისუფლებას კანონმდებლობის ნებისმიერ ასპექტთან ან კანონმდებლობის შეცვლის საჭიროებასთან დაკავშირებით;

  • მიაწოდოს წინადადებები და რჩევა ნებისმიერ სამთავრობო ორგანოს ან საზოგადოებრივ დაწესებულებას კანონმდებლობის მოქმედებასთან დაკავშირებულ საკითხებზე;

  • განახორციელოს ან ხელი შეუწყოს (ფინანსურად ან სხვა ფორმით) სათანადო კვლევების ჩატარებას, შესაბამისი ინფორმაციის მოძიებას და მის გადაცემას ან გავრცელებას დანიშნულებისამებრ, რეკომენდაციების მომზადებასა და გავრცელებას.

კომისია, მოთხოვნისამებრ, წარუდგენს წინადადებებს და რეკომენდაციებს მინისტრს ან უმაღლეს ხელისუფლებას შეზღუდული შესაძლებლობის პირთა პრობლემებთან დაკავშირებულ საკითხებზე.

კომისიას აქვს ოფიციალური გამოკვლევების ჩატარების (შემთხვევების შესწავლის) უფლებაც, თუკი ეს მის მოვალეობასთან არის დაკავშირებული. გარდა ამისა, კომისია ვალდებულია ჩაატაროს ასეთი კვლევა, თუ ამას მოითხოვს სახელმწიფო სამდივნო. გამოკვლევის ჩასატარებლად კომისია გამოყოფს უფლებამოსილ პირს ან პირებს, კომისიის წევრ(ებ)ს, რომელიც პასუხისმგებელია შემთხვევის შესწავლაზე.

ამრიგად, კომისია, ერთი მხრივ, ზემოქმედებს კანონმდებლობაზე, პოლიტიკის საკითხებსა და მათ განხორციელებაზე, მეორე მხრივ კი, მუდმივად აწვდის შეზღუდული შესაძლებლობის პირებს ინფორმაციას, რჩევებს და სთავაზობს მათ სამართლებრივ მხარდაჭერას.

კომისიას ჰყავს თავმჯდომარე და ორი მოადგილე. როგორც თავმჯდომარეს, ისე მის მოადგილეებს ნიშნავს სახელმწიფო მდივანი. დასახელებულთაგან ერთი მაინც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი უნდა იყოს.

კომისიის მუშაობისთვის აუცილებელ ფინანსებს მთავრობა გამოყოფს. კერძოდ, კანონში „შეზღუდული შესაძლებლობის უფლებების კომისიის შესახებ“ მითითებულია, რომ „სახელმწიფო მდივანი ვალდებულია გადაუხადოს კომისიას თანხები, რომელიც მისი აზრით, კომისიას მისცემს საშუალებას გასწიოს საჭირო ხარჯები“.

თავის მხრივ, კომისია აფინანსებს სრულიად დამოუკიდებელ ორგანოს ე.წ. „შეთანხმების/მორიგების სამსახურს“, რომლის მიზანია დაპირისპირებულ მხარეთა შორის შეთანხმების მიღწევა სასამართლოში საკითხის განხილვის გარეშე. საყურადღებოა, რომ 2002-2003 წლებში აღნიშნულმა სამსახურმა განიხილა 140 ახალი შემთხვევა, რომელთა 79% შეთანხმებით დასრულდა.

კომისია ყოველწლიურად ამზადებს ანგარიშს, რომელშიც ასახულია კომისიის მიერ წლის განმავლობაში ჩატარებული სამუშაო და მიღწევები.

როგორც კომისიის მიერ გამოქვეყნებული ანაგრიშებიდან ჩანს, წლიდან წლამდე კომისიისადმი მოსახლეობის მიმართვები მნიშვნელოვნად მატულობს. კომისიას დასახმარებლად პირველ წელს 65,000-ჯერ მიმართეს, მეორე წელს - 78,000-ჯერ, ხოლო მესამე წელს 99,000-ჯერ, ანუ, ბოლო წელს მიმართვების რაოდენობა 27%-ით გაიზარდა. მომართვების 83% მოდის სატელეფონო ზარებზე, 12% - ელექტრონულ ფოსტაზე, ხოლო 4% - წერილებზე.

მიმართვების ძირითადი ნაწილი კომისიის არსებობის პირველი ორი წლის განმავლობაში დაკავშირებული იყო დასაქმებასთან. სიხშირის მიხედვით, მეორე ადგილზე იყო მიმართვები ამა თუ იმ მომსახურების მიღებისას წარმოქმნილი სიძნელეების თაობზე. შემდეგ მოდიოდა მიმართვები საგანმანათლებლო დაწესებულებების, შენობა-ნაგებობების მისაწვდომობასთან დაკავშირებულ სიძნელეებზე. ქვემოთ მოცემულია მიმართვების სიხშირე მიზეზების მიხედვით ზემოაღნიშნულ პერიოდში:

  • დასაქმება.........................................................59%

  • მომსახურება...................................................32%

  • განათლება.......................................................7%

  • შენობები..........................................................2%

2002-2003 წლებში კომისიამ 2322 ახალი შემთხვევა განიხილა. მნიშვნელოვნად გაიზარდა განათლების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული პრობლემების რაოდენობა:

  • სამუშაო...........................................................55%

  • მომსახურება..................................................31%

  • განათლება.....................................................14%

6.2 V. 2. ავსტრალია

▲ზევით დაბრუნება


1986 წელს მიღებულია კანონი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მომსახურების შესახებ, რომელიც შიცავს მითითებებს ამ პირთა ადვოკატურის სისტემის თაობაზე. 1992 წელს ავსტრალიაში ამოქმედდა კანონი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დისკრიმინაციის შესახებ. 1996 წლიდან მოქმედებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ადვოკატურის პროგრამა, რომელსაც მართავს სპეციალური სამეთვალყურეო საბჭო. პროგრამა სახელმწიფოს მიერ ფინანსდება.

6.3 V. 3. ირლანდია

▲ზევით დაბრუნება


1980 წელს, „ომბუდსმენის შესახებ“ კანონის შესაბამისად, ირლანდიაში დაარსდა ომბუდსმენის ეროვნული ოფისი. ოფისს აქვს ფილიალები რეგიონებში. ქსელში შესული საჩივრების რაოდენობა ყოველწლიურად 4000-ს აღწევს. მათგან 50% ეხება მომსახურების სფეროს, 25% - ადგილობრივ ხელისუფლების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ საკითხებს, 17% - ჯანმრთელობის დაცვის სფეროს დაწესებულებებს. ომბუდსმენის ძირითადი ფუნქციაა არა მხოლოდ ინდივიდუალური საჩივრების განხილვა და დაკმაყოფილება, არამედ სისტემური მიდგომა და „კარგი პრაქტიკის“, მათ შორის „კარგი ადმინისტრაციული პრაქტიკის“ ჩამოყალიბება სახელმწიფო დაწესებულებებში. ამ უკანასკნელებთან მიმართებაში ომბუდსმენის ფუნქციაა სათანადო პირობების შექმნა იმისთვის, რომ:

  • მოქალაქეებს მიეწოდოს სათანადო ინფორმაცია მათი უფლებების შესახებ;

  • თავად მოქალაქეებისთვის იქნეს ეს დაწესებულებები ადვილად მისაწვდომი;

  • მიღებული იქნეს სათანადო გადაწყვეტილებები მოქალაქეთა წარმომადგენლობის ხელშეწყობისა და მათთვის დახმარების აღმოჩენის თაობაზე.

როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, ოფისის ძირითადი მიზანი ინდივიდუალური საჩივრების განხილვა კი არ არის, არამედ ამ საჩივრებში ასახული პრობლემების განზოგადება და სისტემური ცვლილებების განხორციელება მომავალში დარღვევების თავიდან ასაცილებლად. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიერ წარმოდგენილი საჩივრების ძირითადი ნაწილი ეხება სატრანსოპრტო საშუალებების გამოყენების, სახლში ამ პირთა მოვლასთან დაკავშირებულ სიძნელეებს, დაშორებულ რეგიონებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სასკოლო ასაკის ბავშვების სკოლაში ტრანსპორტირების სირთულეებს. განსაკუთრებით აქტუალურია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მოვლასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების საკითხი - ამ სფეროში დარღვევები და, შესაბამისად, საჩივრები ხშირია.

ოფისის საქმიანობის მწვავე პრობლემაა მისი დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა. ომბუდსმენი შუამავალია მოქალაქესა და ოფიციალურ ორგანოებს შორის. ამდენად, ის უნდა სარგებლობდეს როგორც მოქალაქეთა ნდობით, ისე სახელმწიფო ორგანოების პატივისცემით.

6.4 V. 3. ჰოლანდია

▲ზევით დაბრუნება


ჰოლანდიაში 1999 წელს არის მიღებული კანონი „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დამცველი ეროვნული ორგანოს შესახებ“, რომელიც განსაზღვრავს ამ ინსტიტიციონალური ერთეულის საქმიანობის პრინციპებს.

ეროვნული ორგანოს საქმიანობის ძირითადი მიზანია რეკომენდაციების შემუშავება ხელისუფლებისთვის, მისი ინფორმირება ნებისმიერი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სიძნელეების თაობაზე.

ნაციონალური ორგანოს ფუნქციებია:

ა) ხელისუფლებისთვის ხელშეწყობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან დაკავშირებული პოლიტიკის კოორდინაციასა და განვითარებაში;

ბ) მონაწილეობა კვლევით პროექტებსა და სხვა სახის საქმიანობებში, რომელთა სამიზნეა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები; ამ სოციალური ჯგუფისთვის გამიზნული პროგრამებისა და მომსახურების დაგეგმვის, განხორციელების, მონიტორინგისთვის საჭირო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება;

გ) რეკომენდაციების მომზადება ხელისუფლებისთვის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის გამიზნული პროგრამებისა და მომსახურების სათანადო სტანდარტების შესახებ, ამ პროგრამებისა და მომსახურების განხორციელებისას ზოგადი და სპეციფიკური სტანდარტების სრულყოფა;

დ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის გამიზნული პროგრამებისა და მოსახურების შესაბამისობის მეთვალყურეობა სტანდარტებსა და ნორმებთან და ამის თაობაზე ხელისუფლებისთვის ანგარიშის წარდგენა;

ე) თანამშრომლობა სხვა ორგანიზაციებთან, რომლებიც მონაწილეობენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მომსახურებაში მათთვის ხელშეწყობა და დახმარების აღმოჩენა სათანადო სტანდარტების შემუშავებასა და იმპლემენტაციაში შეზღუდული შესაძლებლობის პირთათვის გამიზნული პროგრამებისა და მომსახურების განხორციელებისას.

ვ) პრაქტიკის ნორმების შემუშავება

ზ) პროგრამებისა და მომსახურების სტანდარტებისა და ხარისხის უზრუნველყოფის სტიმულირება;

თ) სტრატეგიული გეგმის მომზადება.

6.5 V. 4. შვედეთი

▲ზევით დაბრუნება


ომბუდსმენის ინსტიტუტი შვედეთში 1809 წელს დაფუძნდა. ეს პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც ამ სისტემის ჩამოყალიბება დაიწყო. თავად სიტყვა ომბუდსმენი შვედური წარმოშობისაა და სათავეს იღებს შვედური სიტყვისგან ombud, რაც გულისხმობს შემცვლელს ან ხელისუფლების წარმომადგენელს, რომელიც სხვის ინტერესებს გამოხატავს. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ობმუდსმენი მოქმედებს 1994 წლიდან. მისი ამოქმედების ერთ-ერთი ძირითადი მიზანი იყო ქვეყანაში გაეროს სტანდარტული წესების განხორციელების მონიტორინგი.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ომბუდსმენი ინიშნება მთავრობის მიერ. მისი ფუნქციები განსაზღვრულია ქვემოთ ჩამოთვლილი საკანონმდებლო ნორმატიული აქტებით:

  • შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ომბუდსმენის შესახებ;

  • ომბუდსმენის საქმიანობის წესი;

  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების სფეროში დისკრიმინაციის აკრძალვის შესახებ;

  • სტუდენტებისადმი თანაბარი დამოკიდებულების შესახებ.

ომბუდსმენის ოფისთან მოქმედებს მთავრობის მიერ დანიშნული საკონსულტაციო საბჭო.

ომბუდსმენის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უზრუნველყოფა თანაბარი უფლებებით. ამ მიზნის მისაღწევად ომბუდსმენი სხვადასხვა გზებს იყენებს:

1. ინდივიდუალური საჩივრების განხილვა

ომბუდსმენი იღებს და ამოწმებს ცალკეული პირების შეტყობინებებს, რომლებიც თვლიან, რომ ისინი დისკრიმინირებულნი არიან ინვალიდობის გამო. ასეთი საჩივრის განხილვის შედეგად შესაძლოა მხოლოდ მომჩივანი დაკმაყოფილდეს; ზოგჯერ ინდივიდუალური საჩივრის განხილვა სისტემური, ზოგადი ცვლილების საფუძველი ხდება. საჩივარში მოყვანილი ფაქტების შემოწმებაში შეიძლება მომჩივანმაც მიიღოს მონაწილეობა.

სამუშაო ადგილზე დისკრიმინაციასთან დაკავშირებით ომბუდსმენს შეუძლია, თუ საჭიროდ ჩათვლის, იკისროს მომჩივანის წარმომადგენლობა სასამართლოში. ომბუდსმენის საქმიანობის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია უმაღლესი განათლების მიღებისას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტების უფლებების დაცვა.

2. საზოგადოებაში/ქვეყანაში არსებული სიტუაციის შესწავლა

ომბუდსმენი ატარებს გამოკვლევებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ საზოგადოებაში დამკვიდრებული განწყობის თაობაზე. მოძიებული ფაქტების ანალიზის, გამოვლენილი ნაკლოვანებების შეფასების შემდეგ იწყება მათ გამოსწორებაზე ზრუნვა. კვლევის ობიექტებია მუნიციპალური მართვის დაწესებულებებში არსებული სიტუაცია, სახელდობრ, რამდენად არის სკოლები და სხვა მუნიციპალური დაწესებულებები მისაწვდომი შეზღუდული შესაძლებლობლობის მქონე პირებისთვის? აქვს თუ არა მუნიციპალური მართვის ორგანოს შემუშავებული პოლიტიკა ან პროგრამა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის? თავად ეს პირები თუ თვლიან თავს დისკრიმინირებულად?

3. საკანონმდებლო ინიციატივა

ნაკლის გამოვლენის შემთხვევაში ომბუდსმენი უკავშირდება იმ ორგანოს/დაწესებულებას, რომელსაც ხელეწიფება ნაკლის გამოსწორება. თუ სიტუაცია მოითხოვს საკანონმდებლო ცვლილებებს, ომბუდსმენი ხელისუფლების ყურადღებას მიაპყრობს ამ ფაქტს და ცდილობს საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებას.

4. ინფორმაციის გავრცელება და საზოგადოებრივი აზრის ფორმირება

ომბუდსმენი ცდილობს არსებული სიტუაციის შესახებ მოძიებული ინფორმაციის გავრცელებას და საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას. ის აკეთებს განცხადებებს მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით, ამზადებს პრესრელიზებს, წარადგენს თავისი გამოკვლევის შედეგებს და ინფორმაციას მიღებული ზომებისა და მათი შედეგების შესახებ; რეგულარულად გამოსცემს გაზეთს, აწყობს კონფერენციებსა და სემინარებს. ინფორმაციის მნიშვნელოვანი წყაროა ელექტრონული გვერდი.

5. ხელმისაწვდომობის ეროვნული ცენტრი

ომბუდსმენთან არსებული ამ ცენტრის მიზანია გაზარდოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის ხარისხი, მათი ინფორმირების დონე. მაგალითად, თვალისჩინდაკარგულთა უზრუნველყოფა საზოგადოებრივი ინფორმაციით აუდიოფირების საშუალებით, ან სტუდენტებისთვის უნივერსიტეტში ეტლით შეღწევის შესაძლებლობა. ცენტრი აგროვებს ინფორმაციას შენობების ხელმისაწვდომობის შესახებ. სამიზნე ობიექტებია, ძირითადად, საზოგადოებრივი დაწესებულებები, მაგრამ ინფორმაცია, აგრეთვე, გამიზნულია მუნიციპალიტეტებისთვის, არქიტექტორებისა და მშენებლებისთვის.

6. თანმშრომლობა სხვა ორგანიზაციებთან

ომბუდსმენი სისტემატურად ხვდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციებს ინფორმაციის გაცვლისა და თანამშრომლობის გაღრმავებისთვის. ეწყობა შეხვედრები, კონფერენციები, კამპანიები. ომბუდსმენი, აგრეთვე, თანამშრომლობს სხვა ორგანიზაციებთან, რომლებიც დაინტერესებული არიან ამ პირთა პრობლემებით. ასეთებია, მაგალითად, ჯანრთელობისა და კეთილდღეობის ეროვნული კომიტეტი, საცხოვრებლით უზრუნველყოფის, მშენებლობისა და დაგეგმვის ეროვნული კომიტეტი, გზების ეროვნული ადმინისტრაცია. თანმშრომლობა სხვა ომბუდსმენებთან, რომელნიც მუშაობენ ადამიანის უფლებათა სფეროში. სახელდობრ, ომბუდსმენი ეთნიკური დისკრიმინაციის წინააღმდეგ, ომბუდსმენი თანაბარ შესაძლებლობათა უზრუნველყოფისთვის, ომბუდსმენი სექსუალური დისკრიმინაციის წინააღმდეგ, გარდა ამისა, ომბუდსმენი ცდილობს აქტიურად ითანამშრომლოს დამსაქმებლებთან, მუნიციპალიტეტებთან, სახელმწიფო საბჭოებთან.

7. საერთაშორისო კავშირები

ომბუდსმენი მეთვალყურეობს საერთაშორისო მასშტაბით მიმდინარე პროცესებს, რომლებიც ინიცირებულია ევროკავშირის, ევროსაბჭოს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ. მჭიდრო კავშირი აქვს სხვა ქვეყნების ეროვნულ ორგანიზაციებთან.

6.6 V. 5. ნორვეგია

▲ზევით დაბრუნება


ნორვეგიაში 1950 წლიდან მოქმედებს ომბუდსმენის ინსტიტუტი. სადღეისოდ ქვეყანას ჰყავს საპარლამენტო ომბუდსმენი, რომელსაც პარლამენტი ირჩევს 4 წლის ვადით. გარდა ამისა, აღმასრულებელ ხელისუფლებას დაწესებული აქვს ომბუდსმენის თანამდებობა მომხმარებელთა უფლებების, სქესთა თანასწორობისა და ბავშვთა უფლებების დასაცავად. მოქმედებს რეგიონული ომბუდსმენების ინსტიტუტი, მათ შორის, მაგალითად, პაციენტის უფლებების დამცველი ომბუდსმენი.

საპარლამენტო ომბუდსმენის საქმიანობა რეგულირდება კანონით „საპარლამენტო ომბუდსმენის შესახებ“. ყოველ მოქალაქეს აქვს უფლება სთხოვოს ომბუდსმენს გამოიკვლიოს მისი უფლებების დარღვევასთან დაკავშირებული საკითხები.

სისტემის მოქმედების მიზანია სახელისუფლო ორგანოების საქმიანობის ხარისხის გაუმჯობესება გამჭვირვალეობისა და სახელმწიფო მოხელეების ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფის გზით. სისტემის დევიზებია: „მოსამართლე სახელმწიფო მოხელის ზურგსუკან“, „ომბუდსმენი სახელისუფლო ორგანოების რიგში“. ომბუდსმენის სისტემა განიხილება როგორც ხალხის წარმომადგენლობის გაგრძელება, აგრეთვე, როგორც მოქალაქეთა უფლებების დამცავი სისტემის დამატება ან ალტერნატივა, სახელისუფლო ორგანოების მიერ მოქალაქის კანონით გათვალიწინებული უფლებების განხორციელების გარანტი. არსებითად, ეს არის მაკონტროლებელი სისტემა, რომელიც განსაკუთრებული და მოქნილი მანერით შეძლებს მართოს და შეისწავლოს საჩივრები, რომლებიც ეხება სახელმწიფო ადმინისტრაციის გადაწვეტილებებს. შემთხვევის შესწავლა, როგორც წესი ომბუდსმენის მიერ ხორცელდება საჩივრის საფუძველზე, ან თავად მისი ინიციატივით. პარლამენტს არ შეუძლია თავს მოახვიოს ომბუდსმენს მოკვლევის ჩატარების ვალდებულება, ასევე, არ შეუძლია პარლამენტს მოკვლევის დამოუკიდებლად ჩატარება.

უნდა აღინიშნოს, რომ ნორვეგიაში ადგილობრივი ხელისუფლების თანამშრომლობით ნორვეგიულ ასოციაციებთან მთავრობამ 3 წლიანი გამოსაცდელი ვადით ექსპერიმენტის სახით ჩამოაყალიბა მუნიციპალიტეტის დონეზე მოხუცთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების ომბუდსმენის სისტემა, რომლის საქმიანობა გასცემს პასუხს კითხვას: საჭიროა თუ არა ამ ინსტიტუტის არსებობა და რომელი მოდელია მისაღები.

6.7 V. 6. შვეიცარია

▲ზევით დაბრუნება


შვეიცარიაში ინვალიდობის ომბუდსმენი ცალკე არ არსებობს. ცალკეულ კანტონებსა და კომუნებში შეიქმნა საპარლამენტო ომბუდსმენი, რომლის მიზანია შუამავლობა გასწიონ მოსახლეობასა და ადგილობრივ ადმინისტრაციას შორის არსებული უთანხმოების შემთხვევაში. ომბუდსმენი ამოწმებს ხელისუფლების წარმომადგენლების, ოფისების და ინსტიტუტების მიერ შესრულებული სამუშაოების კანონიერებასა და სამართლიანობას.

შვეიცარიაში არსებობს დარგობრივი ომბუდსმენები, კერძოდ, მომხმარებელთა ომბუდსმენი, მგზავრობის ომბუდსმენი, დაზღვევის ომბუდსმენი, საბანკო ომბუდსმენი, საზოგადობერივი ტრანსპორტის ომბუდსმენი, რადიოსა და ტელევიზიის ომბუდსმენი, სამართლიანი რეკლამირების ომბუდსმენი.

ინვალიდობის საკითხებზე კანონებისა და წესების მომზადებისას კონსულტაციისთვის ხშირად მიმართავენ ინვალიდთა ორგანიზაციებს. კონსულტაციები ხორციელდება ეროვნულ დონეზე. ინვალიდთა უფლებების დაცვას და მომსახურების გაუმჯობესებას, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მობილიზებას, მათი საჭიროებებისა და პრიორიტეტების იდენტიფიკაციას, იმ ზომებისა და მომსახურების დაგეგმვაში, განხორციელებასა და შეფასებაში მონაწილეობას, რომელიც ეხება ინვალიდთა ცხოვრებას, საზოგადოების გათვითცნობიერების ხელშეწყობასა და მომსახურეობის უზრუნველყოფას ახორციელებენ ინვალიდთა ორგანიზაციები.

შვეიცარიაში ეროვნული საკოორდინაციო კომიტეტი არ არსებობს, მაგრამ არსებობს საკოორდინაციო კომიტეტი, სადაც მხოლოდ ინვალიდთა ორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შედიან. კომიტეტის ძირითადი ამოცანა ინვალიდობის პოლიტიკის განვითარებაში მონაწილეობაა.

საინტერესოა ბაზელის გამოცდილება. აქ კანტონის ხელისუფლებამ დაარსა ოფისი, რომელიც ხელს უწყობს ინვალიდთა დამოუკიდებლობასა და ინტეგრაციას. ეს არის პირველი ასეთი ტიპის ოფისი ქვეყანაში. 2004 წელს, ასევე, მოსალოდნელია ახალი ფედერალური ოფისის გახსნა თანაბარი შესაძლებლობის უზრუნველსაყოფად.

6.8 V. 7. დანია

▲ზევით დაბრუნება


დანიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საბჭო

1980 წელს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და დანიის ხელისუფლებას შორის დიალოგის შედეგად ჩამოყალიბდა დანიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საბჭო. საბჭოში გაერთიანებული არიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციებისა და ხელისუფლების წარმომადგენლები. ის სამთავრობო, საბიუჯეტო სტრუქტურაა. საბჭოს ამოცანაა თვალყური ადევნოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მდგომარეობას საზოგადოებაში და შეასრულოს მთავრობისა და პარლამენტის მრჩეველთა საბჭოს როლი პოლიტიკის საკითხებთან დაკავშირებით. საბჭოს შეუძლია საკუთარ თავზე აიღოს ინიციატივა და შესთავაზოს ცვლილებები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ცხოვრებისა და მათ საცხოვრებელ პირობებზე ზეგავლენის მქონე სფეროებში. ყველა ცენტრალური სტრუქტურა ვალდებულია გაითვალისწინოს საბჭოს რჩევები ამ საკითხებთან დაკავშირებით.

საბჭოს თავმჯდომარეს ნიშნავს სოციალურ საკითხთა სამინისტრო. საბჭოს ჰყავს ექსპერტთა ჯგუფი, რაც მნიშვნელოვანწილად განაპირობებს პოლიტიკის საკითხებთან დაკავშირებული ცოდნისა და გამოცდილების ფართო თვალსაწიერს. საბჭო მჭიდროდ თანამშრომლობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანაბარი შესაძლებლობის ცენტრთან (იხ. ქვემოთ). საბჭოს მიერ 2002 წელს გამოქვეყნებულია ქვეყანაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის ამსახველი დოკუმენტი.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანაბარი შესაძლებლობების ცენტრი

ცენტრი 1993 წელს შეიქმნა პარლამენტის გადაწყვეტილებით. მას განაგებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საბჭო. ცენტრის მთავარი ამოცანაა მოიპოვოს, დაამუშავოს და გაავრცელოს ინფორმაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მდგომარეობის შესახებ ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე. ცენტრის ყურადღების სფეროშია ის ინსტანციები, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დისკრიმინაცია ხდება. სათანადო მონაცემები წარედგინება ინვალიდთა საბჭოს განსახილველად. ცენტრი მეთვალყურეობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა თანაბარუფლებიანობის საკითხებს. მისი ამოცანაა მიაპყროს მთავრობის ყურადღება იმ სფეროსა და სიტუაციებს, სადაც ეს პრინციპი ირღვევა. ცენტრი აგრეთვე ავრცელებს ინფორმაციას დანიაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანაბარულებიანობის საკითხების თაობაზე.

ცენტრს აფინანსებს დანიის სოციალური უზრუნველყოფის სამინისტრო. ცენტრის ავტონომიას უზრუნველყოფს დამოუკიდებელი აღმასრულებელი კომიტეტი, რომელშიც თანაბრადაა წარმოდგენილი შეზღუდული შესაძლებლობლობის მქონე პირთა ორგანიზაციებისა და სახელმწიფო დაწესებულებების წარმომადგენლები. ცენტრს ფორმალური იურიდიული კომპეტენცია არა აქვს.

ქვემოთ მოცემულია დანიის სოციალური საკითხების სამინისტროს ბრძანება, რომელშიც დეტალურად არის ასახული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საბჭოს ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საკითხები.

ბრძანება დანიის ინვალიდთა საბჭოს შესახებ

სოციალური საკითხების სამინისტრო, ბრძანება N839, 2002 წლის 11 ოქტომბერი

1. სოციალური საკითხების მინისტრი ქმნის დანიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საბჭოს, რომელიც იძლევა რჩევებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან დაკავშირებულ საკითხების თაობაზე;

2. (1) საბჭო შედგება თავმჯდომარისა და 14 წევრისგან, რომლებიც ინიშნებიან სოციალური საკითხების მინისტრის მიერ. ამათგან 7 წევრს რეკომენდაციას აძლევს დანიის ინვალიდთა ორგანიზაციების საბჭო; თითო-თითოს - დანიის საოლქო საბჭოების ასოციაცია, დანიის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა ეროვნული ასოციაცია, კოპენჰაგენის და ფრედერიქსბერგის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, განათლების მინისტრი, ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი, დასაქმების მინისტრი და სოციალური საკითხების მინისტრი;

(2) საბჭოს საქმიანობის მხარდასაჭერად სოციალური საკითხების მინისტრი ნიშნავს ექსპერტს კულტურის, ინფორმაციისა და კომუნიკაციის, ტრანსპორტისა და საბინაო მშენებლობის სფეროდან;

(3) სოციალური დაცვის მინისტრს შეუძლია, ასევე, საბჭოს ინდივიდუალური წევრების დანიშვნა;

(4) საბჭო აირჩევა ოთხი წლის ვადით. იგი ფუნქციონირებას იწყებს ადგილობრივი ხელისუფლების არჩევნების მომდევნო წლის 1 ივლისიდან და რჩება სტრუქტურებში ახალი წევრის არჩევამდე;

3. საბჭო თვალყურს ადევნებს და აფასებს ინვალიდთა მდგომარეობას საზოგადოებაში, ასევე, პრევენციის საკითხებს;

4. (1) ფოლკეტინგსა (დანიის პარლამენტი) და მინისტრებს ინვალიდთა საბჭო კონსულტაციას უწევს ყველა ზოგადი ხასიათის საკითხზე, რომელიც საზოგადოებაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მდგომარეობაზე ახდენს ზეგავლენას;

(2) სოციალური დაგეგმვისას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სათანადო ყურადღების უზრუნველყოფის მიზნით საბჭოს შეუძლია კონსულტაცია გაუწიოს ხელისუფლების წარმომადგენლებს;

(3) საბჭოს უფლება აქვს თავის თავზე აიღოს ინიციატივა და ცვლილებები შესთავაზოს ზემოაღნიშნულ საკითხებზე;

5. სოციალური საკითხების მინისტრი ადგენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საბჭოს რეგლამენტს, ხოლო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანაბარი შესაძლებლობის ცენტრი ასრულებს სამდივნოს მოვალეობას;

6. ეს ბრძანება ძალაში შედის 2002 წლის 1 ნოემბერს.

ქვეყანაში შექმნილი ეროვნული საკოორდინაციო ორგანოს ტიპური მაგალითია ზემოთ მოხსენიებული საბჭო, რომელიც რეკომენდაციებს აძლევს ხელისუფლებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ.

6.9 V. 8. ამერიკის შეერთებული შტატები

▲ზევით დაბრუნება


ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედებს კანონი „შეზღუდული შესაძლებლობების პირთა შესახებ“, რომელიც კრძალავს ამ პირთა დისკრიმინაციას დასაქმების სფეროში, სახელმწიფო დაწესებულებებში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, კომერციულ დაწესებულებებში, ტრანსპორტსა და ტელეკომუნიკაციების სფეროში. კანონი ეხება როგორც თავად ამ პირებს, ისე იმათაც, ვისაც კავშირი აქვს მათთან (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ოჯახის წევრები).

კანონით დეტალურად არის განსაზღვრული ის პირობები, რომელიც დაცული უნდა იქნეს იმისთვის, რომ აღიკვეთოს ამ პირთა დისკრიმინაცია. დეტალიზება ეხება ყველა სფეროს - განათლებას, დასაქმებას, ტრანსპორტით სარგებლობას, დასვენებას, ჯანდაცვას, სოციალურ მომსახურებას, სასამართლო მომსახურებას, არჩევნებში მონაწილეობას. განსაზღვრულია ფედერალური და ადგილობრივი (შტატების) სახელმწიფო ორგანოების როლი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფისთვის გამიზნული პროგრამების განხორციელების, მომსახურების მიღების პირობები. კანონით, აგრეთვე, განსაზღვრულია არქიტექტურული და სამშენებლო სტანდარტები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის შენობა-ნაგებობების შეღწევადობის უზრუნველსაყოფად.

კანონმდებლობით გათვალიწინებული უფლებების დარღვევის აღსაკვეთად საქმიანობა რამდენიმე მიმართულებით წარმოებს. ეს პროცესი სფეროებად არის დაყოფილი. მაგალითად, ქვეყანაში მოქმედებს „დასაქმების თანაბარ შესაძლებლობათა უზრუნველყოფის კომისია“, რომელსაც ოფისები აქვს ქვეყნის 50 ქალაქში. ოფისს შეიძლება მიმართოს პირმა, რომელიც თვლის, რომ ის დისკრიმინაციას განიცდის სამუშაოზე მოწყობისას. კომისიის კომპეტენციაა საკითხის გარკვევა, რის შემდეგ, თუ დისკრიმინაციის ფაქტი დადასტურდა, მომჩივანი ღებულობს „სასამართლოში ჩივილის უფლების დამადასტურებელ წერილს“ და მიმართავს სასამართლოს.

გარემოს შეღწევადობის შეზღუდვით (საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები, სავაჭრო, დასასვენებელი დანიშნულების ნაგებობები და სხვ., მიუხედავად მათი სამართლებრივ-ორგანიზაციული ფორმისა - სახელმწიფო თუ კერძო) განპირობებული დისკრიმინაციის ფაქტების თაობაზე მოქალაქე იუსტიციის სამინისტროს მიმართავს, რომელიც საკითხის გამოკვლევას ავალებს „საშუამავლო პროგრამას“. ეს პროგრამა თავად სამინისტროს მიერ ფინანსდება. დისკრიმინაციის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, თუ სამინისტრო თავად ვერ ახერხებს მისი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრას, ის მიმართავს სასამართლოს. ცხადია, პიროვნებას ყველა შემთხვევაში აქვს სასამართლოსთვის მიმართვის უფლება - რა სფეროშიც არ უნდა აღინიშნებოდეს დისრიმინაცია.

ტრანსპორტით სარგებლობისას გამოვლენილ დისკრიმინაციის ფაქტებს განიხილავს ფედერალური სატრანზიტო ადმინისტრაციის სამოქალაქო უფლებათა ოფისი.

საზოგადებრივი თავშეყრის ადგილების მისაწვდომობას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. აქ იგულისხმება, როგორც ეტლით მოსარგებლე, ისე მხედველობის, სმენის, მეტყველების დეფექტის მქონე პირები. განსაკუთრებულად არის ყურადღება გამახვილებული განათლების, პროფესიული მზადების, დასაქმების, ლიცენზირებისა და სერტიფიცირების საკითხებზე.

ზემოხსენებულთან დაკავშირებულ დისრიმინაციის საკითხებს იხილავს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო უფლებათა დეპარტამენტი. შემთხვევების ნაწილი გადაეცემა განსახილველად საშუამავლო პროგრამას. დეპარტამენტი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს.

ზემოთქმულის გარდა, კანონით არის მოწესრიგებული კომუნიკაციების (ტელე-რადიო, სატელეფონო) მისაწვდომობის, საჰაერო გადაზიდვების, საცხოვრებლით უზრუნველყოფის, განათლების, არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და, ერთი სიტყვით, ყველა ის საკითხი, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან არის დაკავშირებული. ამასთან, ქვეყანაში არსებობს კანონით გაცხადებული უფლებების დამცველი ინსტიტუციონალური სისტემა თავად სახელმწიფო დაწესებულებების ფარგლებში. ერთ შემთხვევაში, ეს შეიძლება იყოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო უფლებათა განყოფილება, სხვა შემთხვევაში - შრომის სამინისტროს კონტრაქტების განყოფილება და სხვ.

დასკვნა:

ზემოთ მოყვანილი ფაქტები ცხადყოფენ, რომ თუნდაც სრულყოფილი კანონმდებლობის არსებობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების სფეროში არ არის საკმარისი ამ უკანასკნელთა განსახორციელებლად. უფლებების დაცვის აუცილებელი პირობა, კანონმდებლობის არსებობასთან ერთად, არის მისი აღსრულებაზე მონიტორინგის მექანიზმის ჩამოყალიბება. ამასთან ეს მექანიზმი სხვადასხვა ქვეყნებში შემდეგი ფორმით არის წარმოდგენილი:

  • ან ამა თუ იმ სახელმწიფო ორგანოს (სამინისტროს) ნაწილის სახით ჩამოყალიბებული სტრუქტურა (აშშ);

  • ან სახელმწიფოს მიერ ერთი რომელიმე კონკრეტული უწყების გარეთ, დამოუკიდებელი ერთეულის სახით ჩამოყალიბებული სტრუქტურა, რომელიც შეიძლება წარმოდგენილი იქნეს როგორც:

    • ან სახელმწიფო ადვოკატურის პროგრამა (ავსტრალია);

    • ან სახელმწიფო კომისია (კომიტეტი, საბჭო) ან სპეციალურად ამისთვის შექმნილი ნაციონალური ორგანო (ჰოლანდია, დანია, დიდი ბრიტანეთი, შვეიცარია);

  • ან ომბუდსმენის ინსტიტუტი (შვედეთი).

ზემოთ მოხსენიებულ ქვეყნებში არსებული სიტუაციის საერთო მახასიათებელია ის გარემოება, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კანონმდებლობით გაცხადებული უფლებების განხორციელება სახელმწიფო პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია და, შესაბამისად, სახელმწიფოებრივი ზრუნვის ობიექტია, რაც, უპირველეს ყოვლისა, იმაში გამოიხატება, რომ ამ საქმიანობას სახელმწიფო აფინანსებს. ხაზი უნდა გაესვას იმ მნიშვნელოვან გარემოებასაც, რომ აღინიშნება გარკვეულ სოციალურ ჯგუფებზე ორიენტირებული ომბუდსმენის ინსტიტუტის შემოღების ტენდენციაც (იხ. ზემოთ - ნორვეგია, შვეცია).

7 VI. რა გზა უნდა აირჩიოს საქართველომ?

▲ზევით დაბრუნება


საქართველოსთვის მისაღები მოდელის შესარჩევად, ცხადია, გათვალისწინებული უნდა იქნეს ქვეყანაში არსებული სიტუაცია, სახელდობრ, საკანონმდებლო გარემო, სოციალურ-ეკონომიკური და სხვა ფაქტორები, რომელთაგან ნაწილი შეიძლება ჩაითვალოს ამ იდეის ხელშემწყობად, ნაწილი კი - დამაბრკოლებლად.

უპირველეს ყოვლისა, ალბათ, იმ გარემოებას უნდა გაესვას ხაზი, რომ საქართველოს კანონმდებლობა, სახელდობრ, კანონი „სახალხო დამცველის შესახებ“ არ ითვალისწინებს საზოგადოების რომელიმე ერთი სოციალური ჯგუფის უფლებების დამცავი ომბუდსმენის ინსტიტუტის არსებობას. სახალხო დამცველის საქმიანობის სფერო თანაბრად შეიძლება შეეხოს ნებისმიერი ადამიანის უფლების დარღვევას, მიუხედავად მისი ჯანმრთელობისა და სოციალური მდგომარეობისა. კანონის მიხედვით, სახალხო დამცველი განიხილავს „საქართველოს მოქალაქეთა, საქართველოში მყოფ უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა, არასამთავრობო ორგანიზაციათა განცხადებებსა და საჩივრებს, რომლებიც ეხება სახელმწიფო ხელსისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა, სახელმწიფო და არასახელმწიფო ორგანიზაციათა, დაწესებულებათა, საწარმოთა, თანამდებობის და იურიდიულ პირთა ქმედებებს და ან მათ აქტებს საქართველოს კონსტიტუციითა და კანონით დადგენილ უფლებათა და თავისუფლებათა, აგრეთვე, იმ საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შენთანხმებებით დადგენილ უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევების შესახებ, რომელთა მონაწილეც არის საქართველო“.

ამრიგად, კანონი არ ითვალისწინებს ინვალიდობის სფეროში ომბუდსმენის არსებობას ქვეყანაში.

ამავე დროს, ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ ამა თუ იმ სოციალურ ჯგუფზე, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე ორიენტირებული ომბუდსმენის საქმიანობა მნიშვნელოვანწილად შეამცირებს იმ კოლოსალურ დატვირთვას, რომელიც სახალხო დამცველის ოფისს აწევს, და, რაც მთავარია, წაადგება თავად სამიზნე კონტინგენტს, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს.

სადღეისოდ ქვეყანაში უკვე არსებობს სახალხო დამცველის ოფისის „გარეთ“ მოქმედი ომბუდსმენის პრეცედენტები, როგორც არასამთავრობო სექტორში, ისე სახელმწიფო დაწესებულებაში. სახელდობრ, 2001 წლიდან საქართველოს ბიოეთიკისა და ჯანდაცვის სფეროს სამართლებრივი საკითხების შემსწავლელ საზოგადოებასთან ფუნქციონირებს ჯანდაცვის ომბუდსმენის ოფისი, რომლის სამიზნეა ჯანდაცვის სფეროში მოქალაქეთა უფლებების დაცვა. დაარსების თარიღიდან მოყოლებული (2001 წლის ოქტომბერი) ჯანდაცვის ომბუდსმენის ოფისს მიმართა 4000-ზე მეტმა მოქალაქემ. ამასთან, მიმართვათა რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება; 2004 წელს მათმა რიცხვმა 2000-ს მიაღწია.

მეორე მაგალითად შეიძლება დასახელდეს საქართველოს იუსტიციის ომბუდსმენის ოფისი, რომელიც საქართველოს იუსტიციის მინისტრის აპარატის სპეციალური ქვედანაყოფია და რომლის მიზანია საქართველოს იუსტიციის სამინისტროში მოქალაქეთა განცხადებებისა და საჩივრების განხილვის პროცესის სრულყოფა და იუსტიციის სამინისტროს სისტემაში ადამიანის უფლებების დარღვევაზე შესაბამისი ზომების მიღება.

ზემოთ მოყვანილი ფაქტები გარკვეულწილად შეიძლება შეფასდეს, როგორც ქვეყანაში „სპეციალიზებული“ ომბუდსმენის სისტემის ჩამოყალიბების ტენდენციის დამადასტურებელი. ამასთან, მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ განვითარებულ ქვეყნებში ასეთი მიდგომა დანერგილია (იხ. ზემოთ, ნორვეგია, შვეცია). საფიქრებელია, რომ ინვალიდობის სფეროში ომბუდსმენის ოფისის დაარსება ამ მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება. ქვემოთ ჩამოთვლილია ის გარემოებები, რომელნიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ადვოკატურის სისტემის ჩამოყალიბების აუცილებლობაზე მიუთითებს საქართველოში:

  • შესაბამისი კანონმდებლობის არასრულყოფილობა;

  • სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის არარსებობა;

  • ერთიანი ნაციონალური ორგანოს არარსებობა;

  • საზოგადოების მიერ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პრობლემების არცოდნა და, შესაბამისად მათი სისტემატური დარღვევა;

  • საზოგადოებაში ჯერ კიდევ არსებული უნდობლობა სახელმწიფო სტრუქტურების მიმართ;

  • ქვეყანაში ომბუდსმენის ოფისის ფუნქციონირება, რაც სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. შეიძლება დაბეჯითებით ითქვას, რომ თავად ომბუდსმენის იდეა საქართველოში დამკვიდრებულია.

საქრთველოში არსებულ რთულ სოციალურ-ეკონომიკურ პირობებთან დაკავშირებით, ძნელად წარმოსადგენია, რომ სადღეისოდ, ან თუნდაც უახლოეს მომავალში მოხერხდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვაზე ორიენტირებული სახელმწიფო სტრუქტურის ჩამოყალიბება ან ერთი უწყების (სამინისტროს) ფარგლებში ან უწყებათაშორისი ფორმით. ზემოთ მოხსენიებული გარემოებები, სახელდობრ, სფეროში ერთიანი ეროვნული პოლიტიკისა და სათანადო საკანონმდებლო ბაზის არარსებობა ინვალიდობის სფეროში ომბუდსმენის სახელმწიფო ინსტიტუტის დაარსების იდეის რეალიზაციისთვის მნიშვნელოვანი ხელისშემშლელი ფაქტორებია. მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ ქვეყანაში ახლად ფეხადგმული დემოკრატიის პირობებში სახელმწიფო სტრუქტურის სახით ჩამოყალიბებული ესა თუ ის ინსტიტუციონალური ერთეული ნაკლებად იქნება დამოუკიდებელი და მხოლოდ სამიზნე ობიექტის ინტერესებზე ორიენტირებული. ამ ტიპის წარმონაქმნი, სავარაუდოა, მოექცევა ხელისუფლების გავლენის ქვეშ და შესაძლოა, „უწყებრივი“ ინტერესები უფრო მაღლა დადგეს მისთვის, ვიდრე სამიზნე ჯგუფის ინტერესები. ამასთან, ერთ უწყებაში განთავსებული (მაგალითად, იუსტიციის სამინისტროში, ან შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტოში) ასეთი სტრუქტურა ვერ იმუშავებს ეფექტურად, ვინაიდან პრობლემების სპექტრი ზემიწევნით ფართოა და, როგორც წესი, სცილდება ერთი რომელიმე უწყების პრეროგატივას.

შემდეგი ალტერნატივაა უწყებათაშორისი სტუქტურის ჩამოყალიბება, რომელსაც ექნება უნარი და შესაძლებლობა თავის თვალსაწიერში მოაქციოს პრობლემების ის უფართოესი სპექტრი, რაც შეზღუდულული შესაძლებლობის პირთა ხვედრია. ასეთი სტრუქტურის ჩამოყალიბებისა და საქმიანობის სფეროს განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ის გარემოება, რომ არც სახელმწიფო და არც საზოგადეობა ჯერ არ არის მზად საამისოდ (ფინასები, ადამიანური რესურსები და სხვ.). გარდა ამისა, ანგარიში უნდა გაეწიოს საზოგადოებაში ჯერ კიდევ არსებულ უნდობლობას ხელისუფლების მიმართ.

ზემოხსენებულის გათვალისწინებით, ინვალიდობის სფეროში დამოუკიდებელი ომბუდსმენის ოფისის დაფუძნებას უპირატესობა უნდა მიეცეს შემდეგი მოსაზრებების გამო:

  1. საქართველოში სადღეისოდ მოქმედმა ომბუდსმენის სისტემამ, მიუხედავად მრავალი სიძნელისა, უკვე მოიპოვა გარკვეული ავტორიტეტი;

  2. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პრობლემები უაღრესად მრავალფეროვანია;

  3. ინვალიდობის სფეროში დამოუკიდებელი ომბუდსმენი იქნება ის „დაინტერესებული მხარე“, რომელიც ნებისმიერ სახელისუფლო ორგანოზე უკეთ მოახერხებს სათანაო პრიორიტეტების ეტაპობრივ გამოყოფას და მათზე ყურადღების გამახვილებას.

ცხადია, დამოუკიდებელ ომბუდსმენს შეძლებისდაგვარად მჭიდრო კავშირი უნდა ჰქონდეს სახალხო დამცველის ოფისთან, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა არასამათავრობო ორგანიზაციებთან. ერთობლივი საქმიანობა ერთ-ერთი პირობაა იმისთვის, რომ მომავალში მოხდეს პილოტური პროექტის ტრანსფორმაცია სისტემურ ღონისძიებად, რომელიც მთელ ქვეყანას მოიცავს და მნიშვნელოვანწილად, სახელმწიფო ზრუნვის საგანი იქნება;

7.1 VI. 1. დაფუძნების სავარაუდო ეტაპები

▲ზევით დაბრუნება


საქართველოში ინვალიდობის სფეროში ომბუდსმენის სისტემის დაფუძნებისა და განვითარების ეტაპები შემდეგნაირად შეიძლება წარმოვიდგინოთ (სულ 4 ეტაპი):

ეტაპი I: ტესტირების და საზოგადოებრივი აზრის მომზადების ეტაპი;

ამ ეტაპზე მოხდება: (ა) უკვე შემუშავებული კონცეფციის საფუძველზე განსაზღვრული ომბუდსმენის მოდელის ტესტირება პილოტური პროექტის ფარგლებში და (ბ) საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის აუცილებლობის შესახებ;

მოდელის ტესტირება უნდა მოხდეს სათანადოდ შერჩეულ რეგიონში და შესაბამისი რესურსებისა და გამოცდილების მქონე ორგანიზაციის ან ორგანიზაციების მიერ. აღნიშნული ორგანიზაცია უნდა იყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის სფერშო მუშაობის გამოცდილების მქონე არასამთავრობო ორგანიზაცია. სასურველია, ამ ორგანიზაციაში თავად იყვნენ დაკავებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები.

რეგიონის შერჩევისას, ცხადია, გათვალისწინებული უნდა იქნეს არასამთავრობო ორგანიზაცი(ებ)ის სამოქმედო არეალი. ამასთან, რეგიონში გარკვეულწილად უნდა არსებობდეს ადგილობრივი ხელისუფლების მზადყოფნა, ყურადღება გაამახვილოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პრობლემებზე.

ეტაპი II: ქვეყნისათვის ოპტიმალური მოდელის შემუშავების და საკანონმდებლო ცვლილებების ლობირების ეტაპი;

მეორე ეტაპზე უნდა განისაზღვროს ქვეყნისთვის ოპტიმალური მოდელი პირველ ეტაპზე განხორციელებული სამუშაოების, და დაგროვილი გამოცდილების საფუძველზე. ამავე ეტაპზე მომზადდება საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი და დაიწყება ლობირება აღნიშნული პროექტის რეალიზაციისთვის, ანუ კანონმდებლობაში ასახვისთვის.

ეტაპი III: სისტემის ქვეყანაში დანერგვისათვისთვის საჭირო წინაპირობების მომზადება და დანერგვის სამუშაოების დაწყება;

ეტაპი IV: მონიტორინგი, შეფასება და სისტემის გაუმჯობესების ეტაპები.

ჩამოთვლილთაგან თითოეული ეტაპის ხანგრძლივობა მნიშვნელოვანწილად დამოკიდებული იქნება რესურსების მოძიების შესაძლებლობაზე, თავად რეგიონში/ქვეყანაში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ სიტუაციაზე.

8 VII. ინვალიდობის სფეროში ომბუდსმენის საქმიანობის ძირითადი მახასიათებლები

▲ზევით დაბრუნება


8.1 VII.1 მიზანი და ამოცანები

▲ზევით დაბრუნება


ინვალიდობის სფეროში ომბუდსმენის საქმიანობის მიზანია ამ სოციალური ჯგუფის დაცვა დისკრიმინაციისგან, მისთვის თანაბარი შესაძლებლობის უზრუნველყოფისთვის ხელშეწყობა.

მიზნის შესაბამისად, ამოცანებია:

  • კანონმდებლობაში ასახული უფლებების განხორციელებაზე ზედამხედველობა.;

  • სათანადო კვლევების ჩატარება, შესაბამისი ინფორმაციის მოძიება და მისი დანიშნულებისამებრ გადაცემა ან გავრცელება, როგორც სახელისუფლო სტრუქტურებში, ისე საზოგადოებაში;

  • რეკომენდაციების მომზადება ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლებისთვის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების საკანონმდებლო რეგულაციის თაობაზე;

  • გარემოს მისაწვდომობის უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებების განხორციელება;

  • შეზღუდული შესაძლებლობის პირებისადმი დამოკიდებულების, ე.წ. „კარგი პრაქტიკის“ ჩამოყალიბებისთვის ხელშეწყობა ადგილობრივი მმართველობის ორგანოებში;

  • ადგილობრივი და ცენტრალური სახელისუფლო ორგანოებისთვის ხელშეწყობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან დაკავშირებული პოლიტიკის შემუშავებასა და განვითარებაში;

  • ამ სოციალური ჯგუფისთვის გამიზნული პროგრამებისა და მომსახურების დაგეგმვისა და განხორციელებისთვის საჭირო პრიორიტეტების განსაზღვრა;

  • საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების მისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის აუცილებელი ღონისძიების განხორციელება;

  • წინადადებებისა და რჩევების მიწოდება ადგილობრივი მმართველობის ორგანოებისთვის კანონმდებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე;

  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის გამიზნული პროგრამებისა და მოსახურების შესაბამისობის მეთვალყურეობა სტანდარტებსა და ნორმებთან და ამის თაობაზე ხელისუფლებისათვის ანგარიშის წარდგენა;

  • თანამშრომლობა სხვა, როგორც სახელმწიფო, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებიც მონაწილეობენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მომსახურებაში.

8.2 VII.2 საქმიანობის ძირითადი პრინციპები

▲ზევით დაბრუნება


ომბუდსმენის საქმიანობის ძირითადი პრინციპებია:

  • დამოუკიდებლობა;

  • ფაქტებსა და კანონმდებლობაზე დაფუძნებული ობიექტური შეფასების ჩამოყალიბება;

  • შუამავლის როლის შესრულება დისკრიმინირებულ პირსა და სახელმწიფოს/საზოგადოებას შორის ურთიერთობისას;

  • კონფლიფქტის მოგვარების მცდელობა სასამართლოს გარეშე.

8.3 VII.3 საქმიანობის ძირითადი სახეები

▲ზევით დაბრუნება


ომბუდსმენის საქმიანობის ძირითადი სახეებია:

  • ინდივიდუალური საჩივრების განხილვა;

  • საკურაციო რეგიონში არსებული სიტუაციის შესწავლა. სახელდობრ:

- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დისკრიმინაციის ფაქტების გამოვლენა და აღრიცხვა;

- საზოგადოების განწყობის შეფასება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ;

- სტატისტიკური მონაცემების შეგროვება რეგიონში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რაოდენობის, მათი ცხოვრებისა და საქმიანობის პირობების შესახებ;

  • აქტიური თანამშრომლობა საინფორმაციო საშუალებებთან, ინფორმაციის გავრცელება და საზოგადოებრივი აზრის ფორმირების მცდელობა;

    • რეგიონული (მუნიციპალური) პროგრამების განხორციელების მონიტორინგი;

    • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პრობლემებით დაინტერესებულ სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის შეძლებისდაგვარად მჭიდრო კავშირის დამყარება;

    • სახალხო დამცველის ოფისთან მჭიდრო თანამშრომლობა (პერიოდულად სიტუაციური ანალიზის, საჩივრების განხილვის შედეგების, მიმართვიანობის სტრუქტურის შესახებ ანგარიშის მიწოდება);

    • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების დაცვასთან დაკავშირებული სიძნელეების რანგირება, პრიორიტეტების გამოყოფა.

8.4 VII.4 საქმიანობის ძირითადი სფეროები

▲ზევით დაბრუნება


ომბუდსმენის საქმიანობის ძირითადი სფეროებია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის:

  • ადეკვატური განათლების ხელმისაწვდომობის უზრუვენლყოფისთვის ხელშეწყობა, მათ შორის, ჩვეულებრივ საგანმანათლებლო დაწესებულებებში;

  • დასაქმებისა და ადეკვატური სამუშაო გარემოს შექმნისთვის ხელშეწყობა;

  • საზოგადოებაში ინტეგრაციის გზაზე არსებული სირთულეების დაძლევაში ხელშეწყობა (ტრანსპორტის, კულტურული, სავაჭრო და სხვა დაწესებულებების, ინფორმაციის, კომუნიკაციის, კავშირის ხელმისაწვდომობა);

  • საზოგადოების (სახელმწიფო ორგანოების) მიმართების/დამოკიდებულების შეცვლა ამ სოციალური ჯგუფის მიმართ.

8.5 VII.5 მოსალოდნელი შედეგები

▲ზევით დაბრუნება


ინვალიდობის სფეროში ომბუდსმენის საქმიანობამ ხელი უნდა შეუწყოს, უპირველეს ყოვლისა, მათი კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებების განხორციელებას. გარდა ამისა, საქმიანობის ეფექტურობის უმნიშვნელოვანეს ინდიკატორად უნდა ჩაითვალოს საზოგადოების, მათ შორის, სახელმწიფო ორგანოების განწყობის შეცვლა. სახელდობრ, ამ სფეროში არსებული უმეცრების, უგულებელყოფის, ცრუ წარმოდგენებისა და შიშის ტრანსფორმაცია საგანმანათლებლო საქმიანობაში, გულშემატკივრობაში, სიძნელეების გაცნობიერებასა და ამ სიძნელეთა დაძლევისთვის დახმარების სურვილში.

ომბუდსმენს საქმიანობას გაუადვილებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ფინანსური, ადმინისტრაციული, ტექნიკური, ორგანიზაციული და სხვა ბარიერების დაძლევას საზოგადოებრივ საქმიანობაში ინტეგრაციის/რეინტეგრაციის, ფიზიკური და პროფესიული რეაბილიტაციისთვის.

ომბუდსმენის ინსტიტუტის შემოღება, აგრეთვე, მოიაზრება, როგორც საშუალება სახელისუფლო ორგანოებსა და(ან) სასამართლოში ამ სოციალური ჯგუფის წარმომადგენელთა მიმართვიანობის შემცირებისთვის, ნდობის ატმოსფეროს დამკვიდრებისთვის.

9 VIII. ომბუდსმენი ინვალიდობის სფეროში: დებულება

▲ზევით დაბრუნება


დებულებაში განსაზღვრულია ინვალიდობის სფეროში ომბუდსმენის უფლება-მოვალეობები, მისი საქმიანობის პრიციპები და ფორმები.

თავი I. ზოგადი დებულებები

მუხლი 1. ცნების განმარტება

ომბუდსმენი ინვალიდობის სფეროში (შემდგომში - „ომბუდსმენი“) არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონეთა უფლებების დამცველი პირი მათი ინვალიდობის ნიშნით დისკრიმინაციისას.

მუხლი 2. ომბუდსმენის საქმიანობის მიზანი

ომბუდსმენის საქმიანობის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვა და მათთვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა, ინვალიდობის ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტების მოძიება, მათი აღკვეთა.

მუხლი 3. ომბუდსმენის იურისდიქცია/კომპეტენცია

ომბუდსმენი შეისწავლის სახელმწიფო მმართველობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, სახელმწიფო და არასახელმწიფო ორგანიზაციების, დაწესებულებების, საწარმოების, სხვა იურიდიული და ფიზიკური და პირების მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონეთათვის ეროვნული კანონმდებლობითა და საერთაშორისო აქტებით მინიჭებული უფლებების დარღვევის ფაქტებს.

მუხლი 4. ომბუდსმენის საქმიანობის პრინციპები

  1. ომბუდსმენი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებით „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“, „სამედიცინო - სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ და სხვა საკანონმდებლო ნორმატიული აქტებით, აგრეთვე, საქართველოს მიერ ხელმოწერილი საერთაშორისო ხელშეკრულებებით და წინამდებარე დებულებით.

  1. ომბუდსმენის საქმიანობის პრინციპებია:

ა) დამოუკიდებლობა;

ბ) ფაქტებსა და კანონმდებლობაზე დაფუძნებული ობიექტური შეფასების ჩამოყალიბება;

გ) შუამავლის როლის შესრულება დისკრიმინირებულ პირსა და სახელმწიფოს/საზოგადოებას შორის ურთიერთობისას;

დ) კონფლიფქტის მოგვარების მცდელობა სასამართლოს გარეშე.

თავი II. ომბუდსმენის ფუნქციები

მუხლი 5. საჩივრების მიღება, მოძიება, შესწავლა

  1. ომბუდსმენი იღებს და განიხილავს ნებისმიერი პირის საჩივარს, რომელსაც მიაჩნია, რომ მისი უფლება დაირღვა შეზღუდული შესაძლებლობის ქონის ნიშნით;

  2. ომბუდსმენი საკუთარი ინიციატივით მოიძიებს და შეისწავლოს შეზღუდული შესაძლებლობის ქონის ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტები;

  3. შეზღუდული შესაძლებლობის ქონის ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტის კონსტატაციის შემდეგ ომბუდსმენი შეისწავლის დარღვევის ფაქტს;

  4. ომბუდსმენი დარღვევის ფაქტის შესწავლის შედეგების შესახებ აცნობებს სათანადო იურიდიულ და/ან ფიზიკურ პირს. პირს, რომელსაც უჩივლეს, ეძლევა შესაძლებლობა შესწავლის პროცესში წარმოადგინოს შემთხვევის განმარტების საკუთარი ვერსია;

  5. წარმოდგენილ საჩივარს ომბუდსმენი განიხილავს ერთი თვის ვადაში და იღებს ზომებს დარღვეული უფლების აღსადგენად;

  6. ინფორმაცია შესწავლისა და მისი შედეგების შესახებ, აგრეთვე, ამ უკანასკნელზე დაფუძნებული რეკომენდაცია/გადაწყვეტილება მიეწოდება ორივე დაინტერესებულ მხარეს.

მუხლი 6. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მდგომარეობის მონიტორინგი

ომბუდსმენი მეთვალყურეობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და არაინვალიდთა თანასწორობის საკითხს სხვადასხვა სფეროებში (განათლება, დასაქმება და სხვ.) და შეიმუშავებს სათანადო რეკომენდაციებს.

მუხლი 7. კანონმდებლობის მონიტორინგი

  1. ომბუდსმენი მეთვალყურეობს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“, „სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ კანონებში გაცხადებული უფლებების განხორციელებას.

  2. ეროვნულ კანონმდებლობაში ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში ხელისუფლებას აწვდის სათანადო წინადადებებს და რეკომენდაციებს ნაკლის აღმოსაფხვრელად.

მუხლი 8. ინვალიდობის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა

ომბუდსმენი მონაწილეობს და ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების შესახებ ნორმატიული აქტებისა და პროგრამების მომზადების პროცესში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ორგანიზაციების მონაწილეობას, მათი რეკომენდაციების გათვალისწინებას როგორც ადგილობრივ/რეგიონულ, ისე ეროვნულ დონეზე.

მუხლი 9. საგანმანათლებლო საქმიანობა

1. ომბუდსმენი ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას, სახელდობრ:

ა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს აწვდის ინფორმაციას მათი უფლებების შესახებ;

ბ) საზოგადოებას აწვდის ინფორმაციას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მდგომარეობის შესახებ და ხელს უწყობს მათ მიმართ დადებითი საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებას;

გ) გამოსცემს საგანმანათლებლო ბუკლეტებს, ბიულეტენებს და საინფორმაციო ფურცლებს, განათავსებს სათანადო ელექტრონულ გვერდზე მასალას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ;

მუხლი 10. იურიდიული კონსულტაციები

  1. ომბუდსმენი ახორციელებს პირად სატელეფონო და წერილობით იურიდიულ კონსულტაციებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, მათი ოჯახის წევრების, ამ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებისა და კერძო პირებისთვის;

  2. ომბუდსმენი ინტერნეტის მომხმარებელს თავის ელექტრონულ გვერდზე სთავაზობს იურიდიულ კონსულტაციას.

მუხლი 11. თანამშრომლობა

  1. ომბუდსმენი თანამშრომლობს:

ა) ხელისუფლების ორგანოებთან;

ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსა და მათ ორგანიზაციებთან;

გ) ბიზნეს სექტორთან;

დ) მედიასთან.

  1. ომბუდსმენი რეგულარულად აწყობს შეხვედრებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციებთან, აგრეთვე, შეხვედრებს ხელისუფლების ორგანოებთან, რომლებიც მუშაობენ ინვალიდობის საკითხებზე, ადგილობრივი ხელისუფლების, ბიზნეს სექტორისა და მედიის წარმომადგენლებთან ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით.