![]() |
კომენტარები საქართველოს სამოსამართლო ეთიკის კოდექსზე |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
თემატური კატალოგი სამართალი|სამოსამართლო ეთიკა |
საავტორო უფლებები: © ფონდი ALPE |
თარიღი: 2001 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: [მოამზადა მარიკა ცისკაძემ]. - თბ. : Alpe, 2001. - 28გვ. ; 19სმ.. - [ფ.ა.], 8000ც.[MFN: 19888] |
![]() |
1 თავი I. კოდექსის მიზნები და ამოცანები |
▲ზევით დაბრუნება |
მუხლი 1
ეს კოდექსი ადგენს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთათვის სამოსამართლო ეთიკის ძირითად პრინციპებს, ქცევის წესებსა და სტანდარტებს, რომლებიც მოსამართლემ უნდა დაიცვას როგორც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების, ისე სხვა საქმიანობის განხორციელებისას და პირად ცხოვრებაში.
ეთიკა ბერძნული წარმოშობის სიტყვაა და ნიშნავს ჩვეულებას, ზნე-ჩვეულებას. ეთიკა არის მოძღვრება ზნეობის, მორალის შესახებ. სამოსამართლო ეთიკის კოდექსი ყოფაქცევის ნორმების ერთობლიობაა, რომელიც ადგენს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა მორალს, ზნეობას. ,,საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მეორე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლენი არიან რაიონული (საქალაქო) სასამართლოების, საოლქო სასამართლოების, აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები.
მოსამართლეობა ყველა ქვეყანაში და მათ შორის საქართველოშიც საკმაოდ პრესტიჟული თანამდებობაა, მაგრამ იგი დიდ შრომასთან და პასუხისმგებლობასთან არის დაკავშირებული. მოსამართლეს თავისი საქმიანობის განხორციელება მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში უხდება, ამასთან იგი როგორც პიროვნება, მოქალაქე შებოჭილია თავის ყოველდღიურ საქმიანობაში და პირად ცხოვრებაში. მართალია ის, როგორც საზოგადოების წევრი არ უნდა იყოს იზოლირებული საზოგადოებისაგან, მაგრამ მას ყოველდღიურ ცხოვრებაში მოეთხოვება მოსამართლის ეთიკის შესაფერისი ქცევა. იოლი დასადგენი არ არის, რა არის მოსამართლის ეთიკის შესაფერისი და რა არის შეუფერებელი. ამიტომ საქართველო სამოსამართლო ეთიკის კოდექსმა განსაზღვრა მართლმსაჯულების მორალური და ეთიკური სტანდარტები და მათი შესრულების უზრუნველყოფის მეთოდები. ამ კოდექსის შესაბამისი მუხლებით დადგენილია, როგორ უნდა მოიქცეს მოსამართლე, რომ შეძლოს მართლმსაჯულების განხორციელებისას დამოუკიდებლობის შენარჩუნება, კანონის მოთხოვნათა დაცვა, მიუკერძოებელი და მაღალ ზნეობრივი მოსამართლის ავტორიტეტის შეძენა. სამოსამართლო ეთიკის კოდექსით დაკისრებული მოვალეობები მოსამართლემ ნებაყოფლობით უნდა შეასრულოს, მას კარგად უნდა ჰქონდეს გააზრებული სამოსამართლო ეთიკის მნიშვნელობა და ყოველდღიურ ცხოვრების წესად უნდა ექცეს მორალური და ზნეობრივი ნორმების შესრულება.
მუხლი 2
კოდექსის მიზანია, ხელი შეუწყოს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობისა და სასამართლო ხელისუფლების ერთიანობის განმტკიცებას, სასამართლო ხელისუფლებისადმი საზოგადოების ნდობისა და რწმენის ამაღლებას, მოსამართლის თანამდებობის პრესტიჟისა და ავტორიტეტის დაცვას.
სამოსამართლო ეთიკის კოდექსი განსაზღვრავს მოსამართლის ქცევის წესებს საქმეში მონაწილე მხარეების, ადვოკატების, პროცესში მონაწილე სხვა პირების და მთელი საზოგადოების მიმართ. ამ კოდექსის შესაბამისი ნორმებით დადგენილია, თუ მოსამართლის რომელმა ქმედებამ შეიძლება შელახოს მისი პატივი, ღირსება და მთელი სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტი. ამიტომ ამავე ნორმებით დადგენილია მოსამართლის მორალური და ეთიკური ქცევის წესები სასამართლო დარბაზში, სასამართლო შენობაში და მის გარეთ, ოჯახში და საზოგადოებაში; ყველგან მას მოეთხოვება ისეთი ქცევა, რომ არ შელახოს მართლმსჯულების პრესტიჟი.
პირველ რიგში მოსამართლეს მოეთხოვება პატივი სცეს თავის თანამდებობას, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას, პატიოსნებას და მიუკერძოებლობას. ზოგიერთი მოსამართლე შეიძლება კარგი იურისტი იყოს, დამოუკიდებლად და მხოლოდ კანონის მოთხოვნათა დაცვით ახორციელებდეს მართლმსაჯულებას, მაგრამ პირად ცხოვრებაში ხშირად არღვევდეს მორალურ და ზნეობრივ ნორმებს, მაგალითად სისტემატურად ღებულობდეს ალკოჰოლურ სასმელებს და ნასვამ მდგომარეობაში შეურაცხყოფას აყენებდეს ახლობლებს, ან კიდევ გამოირჩეოდეს ამპარტავნობით, ნაცნობ-მეგობრების მიმართ უხეში მოპყრობით. ამ უარყოფითი თვისებების გამო კი ასეთ მოსამართლეს კარგი ავტორიტეტი არ ექნება, საზოგადოება ვერ განეწყობა მის მიმართ გამორჩეული ნდობით და რწმენით.
მუხლი 3
სამოსამართლო ეთიკის ნორმის დარღვევა კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში იწვევს მოსამართლის დისციპლინურ პასუხისმგებლობას.
საქართველოს სამოსამართლო ეთიკის კოდექსი მორალურად, ზნეობრივად ავალდებულებს მოსამართლეს, ნებაყოფლობით დაიცვას სამოსამართლო ეთიკის ძირითადი პრინციპები. ამიტომაა ,რომ ამ კოდექსის ნორმებს სამართლებრივი ხასიათი არ აქვს, იგი არ წარმოადგენს იურიდიული ძალის მქონე აქტს, ვინაიდან მიღებულია არა საქართველოს პარლამენტის მიერ, არამედ საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის 2001 წლის 23 ივნისის №6 დადგენილებით. მაგრამ ამ კოდექსის ზოგიერთი მუხლი სამართლებრივი ხასიათისაა და იგი იმეორებს კანონის მოთხოვნებს. მაგალითად ,,საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 56-ე მუხლით გათვალისწინებულია, რომ მოსამართლეს შეიძლება დაეკისროს დისციპლინური პასუხისმგებლობა. ხოლო ,,საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტში მოცემულია მოსამართლის დისციპლინური გადაცდომის ისეთი სახე, როგორიცაა მოსამართლისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ბღალავს სასამართლოს ავტორიტეტს ან ზიანს აყენებს სასამართლოსადმი ნდობას; იმავე პუნქტის ,,თ” ქვეპუნქტის თანახმად კი სამოსამართლო ეთიკის ნორმების სხვაგვარი დარღვევა შეიძლება დაკვალიფიცირდეს დისციპლინური გადაცდომის სახედ. ამრიგად, მოსამართლეს, რომელმაც დაარღვია სამოსამართლო ეთიკის ნორმა, შეიძლება დაეკისროს ერთერთი დისციპლინური სახდელი, რომელიც გათვალისწინებულია ხსენებული კანონის მე-4 მუხლით. კერძოდ, მოსამართლეს სამოსამართლო ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული ნორმების დარღვევისათვის შეიძლება გამოეცხადოს შენიშვნა, საყვედური, მკაცრი საყვედური ან განთავისუფლდეს მოსამართლის თანამდებობიდან.
![]() |
2 თავი II. სამოსამართლო ეთიკის ზოგადი პრინციპები |
▲ზევით დაბრუნება |
მუხლი 4
მოსამართლე უნდა იყოს კანონის, მოსამართლის ფიცისა და მოვალეობის ერთგული, მართლმსაჯულების განხორციელებისას - კანონისა და სამართლის უზენაესობის გარანტი.
სამოსამართლო ეთიკის კოდექსში მოსამართლის ყოფაქცევის განმსაზღვრელი ზოგიერთი ნორმა იურიდიული ბუნებისაა. მაგალითად, მე-4 მუხლით განმტკიცებული მოსამართლის მიერ კანონის, მოსამართლის ფიცისა და მოვალეობის ერთგულება, კანონის შესაბამისად მართლმსაჯულების განხორციელება კონსტიტუციური პრინციპებია; ეს პრინციპები მოცემულია ასევე ,,საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის და ,,საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის შესაბამის მუხლებში. სამოსამართლო ეთიკის კოდექსმაც გაიმეორა მართლმსაჯულების განხორციელების ფუნდამენტური პრინციპები, რადგან მოსამართლის მოქმედება უნდა შეესაბამებოდეს კანონს და მხოლოდ დამოუკიდებელ, შეუვალ მოსამართლეს შეუძლია კანონის სწორი გამოყენება და შეფარდება. ,,საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 50-ე მუხლის მოთხოვნაა, რომ თანამდებობის დაკავებამდე მოსამართლე, რომელსაც პირველად ნიშნავენ ამ თანამდებობაზე, საქართველოს პრეზიდენტის წინაშე დებს ფიცს. ამ ფიცის დადებამდე მოსამართლე ვერ განახორციელებს თავის საქმიანობას. საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლის ფიცის ტექსტი დამტკიცებულია საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 7 აგვისტოს №458 ბრძანებულებით. მოსამართლის ფიცის ტექსტი მორალურ-ზნეობრივი შინაარსისაა, რომლითაც მოსამართლე კისრულობს სიმართლისა და სამართლიანობის ღირსმსახურებას; ადამიანის უფლებების, საქართველოს კონსტიტუციისა და კანონების ერთგულ დაცვას; უანგაროდ, ცოდნითა და რწმენით განსჯას, დამოუკიდებლობას და მიუკერძოებლობას; მოსამართლის მაღალი დანიშნულების პირნათლად შესრულებას. თითოეული მოსამართლის მიერ თავისი მოვალეობების პირუთვნელად შესრულება იწვევს სასამართლო სისტემისადმი საზოგადოებრივი რწმენის ამაღლებას, მართლმსაჯულების შეუვალობაში მოქალაქეების დაჯერებას.
მუხლი 5
მოსამართლე უნდა განამტკიცებდეს საზოგადოებრივ რწმენას მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის, შეუვალობის, სამართლიანობის, სიწმინდისა და მიუკერძოებლობისადმი.
მოსამართლის ზნეობრივი და იურიდიული მოვალეობაა, რომ თავისი საქმიანობით საზოგადოებაში შექმნას კანონის მიმართ პატივისცემის, ქვეყანაში კანონის უზენაესობის განწყობა. მან კარგად თუ არ გააცნობიერა თავისი როლი სასამართლო სისტემის მიმართ საზოგადოების პატივისცემის დამკვიდრებაში, ისე ის ვერ იქნება ნამდვილი მოსამართლე. ამიტომაა, რომ მას აკისრია არა მარტო იურიდიული მოვალეობები, არამედ მორალური მოვალეობებიც. მოსამართლის მიერ გამოტანილი ყოველი განაჩენი და გადაწყვეტილება იმდენად დასაბუთებული უნდა იყოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, რომ პროცესზე წაგებული მხარე დაარწმუნოს თავისი მოთხოვნის უსაფუძვლობაში. საზოგადოებას მხოლოდ ისეთი მოსამართლის მიმართ აქვს ნდობა, რომლის პატივი, ღირსება, პატიოსნება და პროფესიული მოღვაწეობა მთლიანობაში ეჭვგარეშეა; მის მიმართ შეუძლებელი უნდა იყოს რაიმე საფუძვლიანი კომპრომატის მონახვა. მოსამართლის მიუკერძოებლობა მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღწევა, თუ იგი პირად ან თავისი ოჯახის წევრთა დაინტერესებას გამორიცხავს… განსახილველი საქმიდან, ამასთან იგი ისე უნდა იქცეოდეს სასამართლოში და სასამართლოს გარეთ, რომ მის დამოუკიდებლობას საფრთხე არ დაემუქროს.
მუხლი 6
მოსამართლე უნდა უფრთხილდებოდეს მართლმსაჯულების პრესტიჟს და არ იქცეოდეს სასამართლოს ავტორიტეტისა და მოსამართლის წოდებისათვის შეუფერებლად.
მოსამართლე უნდა შეეგუოს იმ აზრს, რომ ის მუდმივად ხალხის თვალყურის ქვეშ იმყოფება, ამიტომ მან უნდა აღიაროს ქცევის ის წესები, რაც შეიძლება ჩვეულებრივი მოქალაქისათვის შემზღუდავი იყოს, მაგრამ მოსამართლისათვის კი ეს შეზღუდვა აუცილებელია, მისი წოდებისათვის შესაფერისია, მან ეს ნებაყოფლობით უნდა შეასრულოს. მან ყოველთვის უნდა გააკონტროლოს თავისი ქცევა, შეესაბამება თუ არა სამოსამართლო ეთიკის კოდექსის მოთხოვნებს, როგორც სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას, ისე პირად ცხოვრებაში. მოსამართლემ თავი უნდა აარიდოს უღირსს საქციელს და ამგვარი საქციელისათვის ხელის შეწყობას. მან არასდროს არ უნდა გამოიყენოს თავისი თანამდებობა და ავტორიტეტი, მის მიერ ან მისი ოჯახის წევრების მიერ ჩადენილი სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის თავიდან ასაცილებლად. მაგალითად, თუ მოსამართლე ნასვამ მდგომარეობაში ან გადაჭარბებული სიჩქარით მართავს ავტომანქანას, მან ამისთვის უნდა გადაიხადოს ჯარიმა და სამოსამართლო ეთიკის უხეში დარღვევა იქნება, თუ ის ავტოსაგზაო პოლიციის თანამშრომელს თავის თანამდებობაზე მიუთითებს და ამით შეეცდება პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას. ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმა ავალდებულებს მოსამართლეს, მოიქცეს როგორც მისი სამსახურის დაფასებული პიროვნება; რადგან თუ მას საზოგადოებაში არ აქვს კარგი ავტორიტეტი, ის მთელი სასამართლო სისტემის ავტორიტეტზეც უარყოფითად იმოქმედებს.
მუხლი 7
მოსამართლე საჯაროდ არ უნდა გამოხატავდეს უარყოფით აზრს ან შეხედულებას სხვა მოსამართლისა და კოლეგის პროფესიონალიზმსა თუ პირად თვისებებზე.
ეს ნორმა ეთიკურად მიუღებლად მიიჩნევს მოსამართლის მიერ სხვა მოსამართლის გაკრიტიკებას, ასევე გადაჭარბებული შექებაც არ არის სასურველი. ყოველივე ამან შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს გაკრიტიკებული ან შექებული მოსამართლის ობიექტურობაზე კონკრეტული საქმის განხილვისას. მოსამართლემ საჯაროდ არ უნდა გამოხატოს თავისი უარყოფითი აზრი ან შეხედულება ასევე სხვა კოლეგების მიმართაც, კერძოდ, ადვოკატების, ნოტარიუსების, პროკურორების და სამართალდამცავი ორგანოების სხვა თანამშრომლების მიმართ. მათი პროფესიონალიზმი და პირადი თვისებები არ არის მოსამართლის განსასჯელი.
მოსამართლემ შეიძლება შეიტყოს ან თვითონ გახდეს იმის უშუალო მოწმე, რომ სხვა მოსამართლემ დაარღვია სამოსამართლო ეთიკის კოდექსის ნორმა, მაგრამ ამის თაობაზე მან არ უნდა გააკეთოს საჯარო ინფორმაცია; ამ დროს იგი სასურველია მოიქცეს საკუთარი ეთიკური პრინციპების შესაბამისად.
მუხლი 8
მოსამართლე უპატივცემულოდ არ უნდა იხსენიებდეს სხვა მოსამართლის მიერ საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას.
ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნა, რომ მოსამართლემ უპატივცემულოდ არ უნდა მოიხსენიოს სხვა მოსამართლის მიერ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება, განსაკუთრებით ეხება ზემდგომი ინსტანციის - სააპელაციო და საკასაციო სასამართლოს მოსამართლეებს. თუ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ უკანონოდ ჩათვალა და გააუქმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ან განაჩენი, მან თავის განჩინებაში უნდა მიუთითოს და დაასაბუთოს გაუქმების საფუძვლები; მხოლოდ ამ პროცესუალურ დოკუმენტებში უნდა ჩამოაყალიბოს თავისი პროფესიული დამოკიდებულება გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილების მიმღები მოსამართლის არგუმენტაციის მიმართ. ან კიდევ, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრდა საკასაციო სასამართლოში და საკასაციო პალატამ არასწორად ჩათვალა ეს გადაწყვეტილება და გააუქმა, სააპელაციო პალატის მოსამართლე შეიძლება არ დაეთანხმოს საკასაციო პალატის ამგვარ გაუქმებას, მაგრამ მას არ აქვს უფლება უპატივცემულოდ მოიხსენიოს საკასაციო პალატის მოსამართლეების მიერ მიღებული ამგვარი გადაწყვეტილება.
მუხლი 9
მოსამართლემ აზრის გამოთქმის, რწმენისა და გაერთიანების უფლებით სარგებლობისას არ უნდა შელახოს მართლმსაჯულების ღირსება, მიუკერძოებლობა და დამოუკიდებლობა.
მოსამართლეს არ ეკრძალება საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით მინიჭებული უფლებებით და თავისუფლებებით სარგებლობა. კერძოდ, მას აქვს სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის და რწმენის თავისუფლება. მაგრამ ეთიკის კოდექსის მე-9 მუხლმა გარკვეული ფარგლები დაუწესა მოსამართლეს, აღნიშნული კონსტიტუციური უფლებების განხორციელებისას არ უნდა შელახოს მართლმსაჯულების ღირსება. მაგალითად, მოსამართლეს არ აქვს უფლება გაერთიანდეს პოლიტიკურ პარტიაში ან ისეთ გაერთიანებაში, რომელიც შელახავს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობას და მიუკერძოებლობას.
მუხლი 10
მოსამართლემ, რომელიც დაარღვევს სამოსამართლო ეთიკის ნორმას, უნდა იზრუნოს მისი ქმედებით გამოწვეული ზიანის გამოსასწორებლად.
ზოგჯერ მოსამართლემ საქმის განხილვისას შეიძლება შეიტყოს, რომ მისი ოჯახის წევრს, ნათესავს ან მეგობარს ამ საქმის მიმართ გააჩნია პირადი დაინტერესება. ასეთ შემთხვევაში მოსამართლემ აუცილებლად უნდა გამოიყენოს შესაბამისი საპროცესო ნორმა თვითაცილების თაობაზე. ამიტომ, ეთიკის კოდექსის მე-10 მუხლის მოთხოვნაა, რომ თუ მოსამართლე შეგნებულად ან შეუგნებლად დაარღვევს სამოსამართლო ეთიკის ნორმას, მან ამის შეტყობინებისთანავე უნდა გამოასწოროს ასეთი დარღვევა.
![]() |
3 თავი III. მოსამართლის ქცევის წესები სამოსამართლო უფლებამოსილებების განხორციელებისას |
▲ზევით დაბრუნება |
მუხლი 11
მოსამართლე მართლმსაჯულების განხორციელებისას დამოუკიდებელია და გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ კანონის, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად.
სამოსამართლო ეთიკის კოდექსის მესამე თავის ნორმებით დადგენილია მოსამართლის ქცევის წესები სამოსამართლო უფლებამოსილებების განხორციელებისას. ეს ქცევის წესები ძირითადად სამართლებრივი ხასიათისაა. მე-11 მუხლით განმტკიცებულია მოსამართლის მიერ მართლმსაჯულების დამოუკიდებლად განხორციელების პრინციპი; ასევე გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ კანონის, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად. მოსამართლეს პირველ რიგში მოეთხოვება კანონის პატივისცემა და თავის სამოსამართლო საქმიანობაში დამოუკიდებლად, კანონის სწორი შეფარდება და შესრულება. მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და გამოტანილი განაჩენი დასაბუთებული უნდა იყოს როგორც საქართველოს კანონებით, ისე საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებითა და ნორმებით.
მუხლი 12
მოსამართლე სამოსამართლო უფლებამოსილებას უნდა ახორციელებდეს ღირსეულად, კეთილსინდისიერად, უანგაროდ და მიუკერძოებლად.
მოსამართლემ ყოველი კონკრეტული საქმე უნდა განიხილოს ყურადღებით, აუჩქარებლად, უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობით. იგი მხარეების მიმართ უნდა იყოს მომთმენი, დაკვირვებული და დამაჯერებელი. მოსამართლეს სამოსამართლო ეთიკის კოდექსი ავალდებულებს, არ გამოიყენოს თავისი თანამდებობა და პრესტიჟი პირადი და თავისი ახლობლების ინტერესების სასარგებლოდ. იგი არ უნდა იყოს შეპყრობილი განუსაზღვრელი უფლებამოსილების მანიით. მოსამართლე სასამართლოს შენობის გარეთაც იმგვარად უნდა მოიქცეს, რომ საზოგადოებას ეჭვი არ შეეპაროს მის ღირსებაში, უანგარობასა და მიუკერძოებლობაში.
მუხლი 13
მოსამართლე გადაწყვეტილების გამოტანისას უნდა იყოს დამოუკიდებელი და შეუვალი; მისი აზრი არ უნდა მერყეობდეს პოლიტიკური, სოციალური, მხარის ინტერესის, საზოგადოებრივი ზემოქმედების ან სხვაგვარი ურთიერთობის ზეგავლენის გამო, ანდა კრიტიკის შიშით.
მოსამართლე კანონიერი განაჩენის ან გადაწყვეტილების გამოტანისას არ უნდა ფიქრობდეს იმაზე, მას როგორ შეაფასებენ მხარეები, პროცესში მონაწილე სხვა პირები. მოსამართლემ არცერთი საქმე არ უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს იმის გათვალისწინებით, რომ საზოგადოების, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მხრიდან მას კრიტიკული რეაგირება არ მოჰყვეს. ზოგჯერ სასამართლო პროცესის მიმდინარეობის დროს სასამართლო შენობის გარეთ ერთ-ერთი მხარის მხარდასაჭერ ან საპროტესტო აქციას ატარებენ, ან კიდევ სასამართლო პროცესის წინა დღეებში მასობრივი ინფორმაციის საშუალებები მოსამართლის დამოუკიდებლობას, პატიოსნებას ან პროფესიონალიზმს ეჭვ-ქვეშ აყენებენ; მოსამართლე არ უნდა დააფრთხოს ამგვარმა ქმედებებმა და მან ნებისმიერ სიტუაციაში უნდა შეინარჩუნოს დამოუკიდებლობა, წონასწორობა და შეუვალობა.
მუხლი 14
სამოსამართლო მოვალეობის შესრულებისას მოსამართლე თავისუფალი უნდა იყოს ყოველგვარი წინასწარ შექმნილი ან აკვიატებული აზრის, შეხედულების, ცრურწმენისა თუ განწყობისაგან. იგი უნდა მოერიდოს ისეთ ქცევას (მიმიკას, გამომეტყველებას, ჟესტიკულაციას და სხვა), რომელსაც პროცესის მონაწილენი აღიქვამენ წინასწარ შექმნილ ან აკვიატებულ შეხედულებად.
მოსამართლეს მოეთხოვება მკაცრი წესრიგის და შესაფერისი ქცევის დაცვა სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას. მისი იურიდიული მოქმედებები სასამართლო პროცესზე მოწესრიგებულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის და ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის შესაბამისი მუხლებით. მაგრამ მოსამართლემ სასამართლო პროცესზე უნდა დაიცვას ასევე ეთიკური და მორალური ქცევის წესებიც, კერძოდ, მან თავი უნდა შეიკავოს რაიმე მინიშნებითი მოქმედებებისაგან, ჟესტიკულაციის ან სხვაგვარი მოქმედებისაგან, რაც შეიძლება ისე იქნეს გაგებული, რომ სასამართლო არაობიექტურია და გავლენის ქვეშ იმყოფება. ამიტომაა, რომ მოსამართლემ განსაკუთრებული სიფრთხილე და ყურადღება უნდა გამოიჩინოს პროცესის ჩატარებისას.
მუხლი 15
დაუშვებელია, რომ მოსამართლის რასობრივ, ეროვნულ, ეთნიკურ, ენობრივ, წოდებრივ, თანამდებობრივ, ქონებრივ, რელიგიურ, სქესობრივ კუთვნილებასთან, ინვალიდობასთან, სექსუალურ ორიენტაციასთან, წოდებრივ-თანამდებობრივ სტატუსთან ან სხვა გარემოებებთან დაკავშირებული შეხედულებანი გავლენას ახდენდნენ გადაწყვეტილების კანონიერებასა ან სხვა მოვალეობის სათანადოდ განხორციელებაზე.
მართალია, მოსამართლეს თავისი თანამდებობა მთელ რიგ სამართლებრივ, მორალურ-ეთიკურ შეზღუდვებს უწესებს სასამართლო საქმიანობაში და მის გარეთ, მაგრამ მას როგორც პიროვნებას და მოქალაქეს ყოველთვის აქვს საკუთარი ეროვნული, ეთნიკური, ენობრივი, რელიგიური შეხედულებები. ამიტომ სამოსამართლო ეთიკის კოდექსმა გაითვალისწინა ეს გარემოებაც და ამ მხრივ მხოლოდ ის შეზღუდვა დაადგინა მე-15 მუხლში, რომ მოსამართლის რასობრივ, ეროვნულ, ეთნიკურ, ენობრივ, წოდებრივ, თანამდებობრივ, ქონებრივ, რელიგიურ, სქესობრივ კუთვნილებასთან, ინვალიდობასთან, სექსუალურ ორიენტაციასთან, წოდებრივ-თანამდებობრივ სტატუსთან ან სხვა გარემოებებთან დაკავშირებულმა შეხედულებებმა გავლენა არ უნდა მოახდინოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ან განაჩენის კანონიერებაზე.
მუხლი 16
დაუშვებელია, მოსამართლე კონკრეტულ საქმეზე წინასწარ ათანხმებდეს მისაღებ გადაწყვეტილებას, ანდა რაიმე ფორმით ანგარიშს აბარებდეს ამ გადაწყვეტილების გამო.
სასამართლოს დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ მოსამართლე ყველა განსახილველ საქმეზე თვითონ, დამოუკიდებლად ახდენს კანონის სწორ შეფარდებას; სამოსამართლო ეთიკისთვის ყოვლად მიუღებელია, რომ რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარემ, ან სასამართლო პალატის თავმჯდომარემ მოსთხოვოს მოსამართლეს წინასწარ შეუთანხმოს განსახილველ საქმეზე მისაღები განაჩენი ან გადაწყვეტილება. მაგრამ აღნიშნული მუხლი არ უკრძალავს მოსამართლეს სასამართლო პრაქტიკისათვის რთულ საქმეზე კაზუსის სახით კონსულტაციები მიიღოს მოსამართლეებისაგან, აგრეთვე მეცნიერ-იურისტებისგან.
მუხლი 17
მოსამართლემ არ უნდა შეასრულოს ისეთი დავალება თუ რეკომენდაცია, რომელიც რაიმე ფორმით ხელყოფს მის დამოუკიდებლობას.
მოსამართლემ ამ თანამდებობაზე დანიშვნის მომენტიდანვე უნდა იცოდეს, რომ მისთვის უზენაესი არის მხოლოდ კანონი; ყოვლად დაუშვებელია, რომ მართლმსაჯულების განხორციელებისას მან შეასრულოს ნებისმიერი მაღალი რანგის თანამდებობის პირის ან სახელმწიფო მოღვაწის, ან კიდევ თავისი ოჯახის წევრის თხოვნა, დავალება ან რეკომენდაცია. ამის გამო, ზოგჯერ შეიძლება სერიოზული საფრთხე შეექმნას მის თანამდებობაზე დარჩენას, ან კიდევ კონფლიქტი მოუვიდეს ოჯახის წევრებთან, მაგრამ იგი ამგვარი უარყოფითი შედეგებისათვის ყოველთვის მზად უნდა იყოს და მან უნდა იმოქმედოს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის და კანონის უზენაესობის პრინციპით.
მუხლი 18
მოსამართლე პატივისცემით, ყურადღებით და კორექტულად უნდა მოეკიდოს პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენელთა ინტერესს, მოიპოვონ და გაავრცელონ ინფორმაცია მართლმსაჯულების განხორციელების, სასამართლოს საქმიანობის ან კონკრეტული საქმის შესახებ.
აღნიშნული ნორმა მოსამართლის Eეთიკურ მოვალეობად მიიჩნევს პატივისცემით, ყურადღებით და კორექტულად მოეკიდოს პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენელთა ინტერესს, მათ საშუალება მისცეს მოიპოვონ და გაავრცელონ ინფორმაცია მართლმსაჯულების განხორციელების, სასამართლოს საქმიანობის ან კონკრეტული საქმის შესახებ; მაგრამ ამ მოვალეობების შესრულებისას მოსამართლემ სიფრთხილე და წინდახედულობა უნდა გამოიჩინოს, რათა კონკრეტული საქმის გადაწყვეტამდე მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს არ გაუმჟღავნოს თავისი პროფესიული აზრი და დამოკიდებულება საქმის შედეგების მიმართ. მოსამართლის ურთიერთობა პრესის და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებთან ყოველთვის შებოჭილი უნდა იყოს სასამართლოს დამოუკიდებლობის, მოსამართლის მიერ საქმის გადაწყვეტამდე აზრის წინასწარ გამოთქმის დაუშვებლობის პრინციპით.
მუხლი 19
მოსამართლე საჯაროდ არ უნდა გამოთქვამდეს აზრს ან იძლეოდეს განმარტებებს განსახილველი ან განხილვის პროცესში არსებული საქმის შესახებ, თუ ეს არ შეეხება საქმის წარმოების ორგანიზაციულ და ტექნიკურ მხარეს.
მოსამართლეს არ აქვს უფლება მის წარმოებაში არსებული საქმის თაობაზე, ან კიდევ კონკრეტული საქმის განხილვისას, გააკეთოს საჯარო კომენტარი. მას განსახილველი საქმის თაობაზე აზრის წინასწარი გამოთქმის უფლება ეკრძალება სხვა მოსამართლეებთან, სასამართლოს მოხელეებთან, ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან. მოსამართლემ თავისი დასაბუთებული, კანონზე დამყარებული შეხედულება უნდა ჩამოაყალიბოს კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილ განაჩენში და სამოქალაქო საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაში. სასურველია, მოსამართლემ არ მისცეს განმარტება განხილულ საქმესთან დაკავშირებით, სანამ ამ საქმეზე გამოტანილი განაჩენი ან გადაწყვეტილება არ შევა კანონიერ ძალაში. რადან ასეთმა განმარტებამ შეიძლება ხელი შეუშალოს ზემდგომ სასამართლოს, მიუკერძოებლად შეამოწმოს გასაჩივრებული განაჩენის ან გადაწყვეტილების კანონიერება. ამასთან მოსამართლეს არ ეკრძალება თავისი მოსაზრებები გამოთქვას საქმის განსახილველად მომზადების ორგანიზაციულ მხარესთან დაკავშირებით; ან განმარტოს, თუ რატომ გააჭიანურა საქმის განხილვა, ან კიდევ როდის აპირებს კონკრეტული საქმის განხილვას. მას შეუძლია ასევე გააკეთოს საქმესთან დაკავშირებული ტექნიკური ხასიათის სხვა განცხადებები და შენიშვნებიც, რომლებიც ხელს არ შეუშლიან კანონიერი განაჩენის ან გადაწყვეტილების მიღებაში.
მუხლი 20
მოსამართლე საჯაროდ ან პირად საუბარში უნდა მოერიდოს ისეთ განცხადებას, რომელსაც შეუძლია წარმოშვას საფუძვლიანი წინაპირობა, რომ ეს განცხადება ხელს შეუშლის საქმეზე კანონიერი გადაწყვეტილების მიღებას.
მოსამართლე თავშეკავებული და შეზღუდული უნდა იყოს როგორც კოლეგებთან, ისე ნაცნობ-მეგობრებთან სამსახურებრივ საკითხებზე საუბრისას. მას არ აქვს უფლება გამოიყენოს და გაავრცელოს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს საქმესთან დაკავშირებული კონფედენციალური ინფორმაცია. იგი მაქსიმალურად უნდა მოერიდოს სასამართლო პროცესის გარეშე მხარეებთან შეხვედრას, განსაკუთრებით კი ერთერთ მხარესთან შეხვედრას. თუ მოსამართლე სასამართლო პროცესის გარეთ შეხვდება ერთერთ მხარეს ან მის ადვოკატს, ეს ყოველთვის ეჭვ-ქვეშ დააყენებს ასეთი მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ან გამოტანილი განაჩენის კანონიერებას.
მუხლი 21
მოსამართლე საჯაროდ ან პირად საუბარში არ უნდა გამოხატავდეს თავის დადებით ან უარყოფით განწყობას განსახილველ, განხილვის პროცესში არსებულ ან უკვე განხილულ საქმეში მონაწილე რომელიმე მხარის მიმართ.
მოსამართლემ ყველგან უნდა შეიკავოს თავი, რომ არ გაამჟღავნოს თავისი განწყობა, დამოკიდებულება განსახილველ საქმეში მონაწილე რომელიმე მხარის მიმართ. მაგალითად, მოსამართლის მხრიდან არ არის ეთიკურად გამართლებული, თუ ის სხვა მოსამართლეებთან, კოლეგებთან ან ოჯახის წევრებთან ისაუბრებს მის მიერ განსახილველ საქმეში მონაწილე ადვოკატის დაბალპროფესიონალიზმზე. მოსამართლის უარყოფით განწყობას უთუოდ იგრძნობს მხარე და ამან შეიძლება გამოიწვიოს არა მარტო ამ მოსამართლის, არამედ მთელი სასამართლო სისტემის მიმართ უნდობლობა და უარყოფითი დამოკიდებულება. იგი საქმეში მონაწილე ყველა მხარის მიმართ ერთნაირად მიუკერძოებელი და ობიექტური მსაჯული უნდა იყოს; გამორიცხულია რომელიმე მხარისათვის რაიმე უპირატესობის მინიჭება ან მისი უფლებების რაიმე ფორმით შელახვა. ამიტომ პროცესის მონაწილეებთან შეხვედრის დროსაც მან თავი უნდა შეიკავოს ისეთი განცხადებების გაკეთებისგან, რომლითაც გამჟღავნდება მისი დადებითი ან უარყოფითი დამოკიდებულება რომელიმე მხარის მიმართ.
მუხლი 22
მოსამართლე არ უნდა იყენებდეს შეურაცხმყოფელ, დამამცირებელ სიტყვებსა და გამოთქმებს ან რასისტულ თუ შოვინისტურ ტერმინოლოგიას.
მოსამართლე უნდა იყოს მომთმენი, ზრდილი და ტაქტიანი განსასჯელის, დაზარალებულის, საქმეში მონაწილე მხარეების, ადვოკატების, პროკურორის და პროცესში მონაწილე სხვა პირების მიმართ; ზოგჯერ მოსამართლის წინაშე მძიმე დანაშაულში ეჭვმიტანილი პირი იმყოფება განსასჯელად, მაგრამ ამ დროსაც მას დიდი თავშეკავება მართებს, რომ უპატივცემულოდ და უხეშად არ მიმართოს განსასჯელს. მოსამართლის მიერ სასამართლო პროცესზე გაკეთებული შენიშვნა ან კომენტარი არ უნდა იყოს ტენდენციური, მისი საუბარი არ უნდა იყოს დამძიმებული რასისტული თუ შოვინისტური ტერმინოლოგიით.
მუხლი 23
მოსამართლე უნდა იყოს ყურადღებიანი, გულისხმიერი და კორექტული იმ მოქალაქის მიმართ, რომელიც სასამართლოს მიმართავს.
მოსამართლე გამორჩეული უნდა იყოს ისეთი ადამიანური თვისებებით, როგორიცაა გულისხმიერება, მოთმინება, სათნოება, სხვისი გასაჭირის მოსმენის უნარი; მოქალაქემ, რომელმაც სასამართლოს მიმართა, მოსამართლისაგან თუ არ იგრძნო ეს თვისებები, შეიძლება ძნელად ირწმუნოს, რომ მისი უფლებები კანონიერად იქნება დაცული; მას არ უნდა შეექმნას ისეთი შთაბეჭდილება, რომ საქმის განმხილველი მოსამართლე ვერ გაერკვა საქმის არსში და არც სურდა გარკვეულიყო და ამიტომ გამოიტანა მისი საწინააღმდეგო გადაწყვეტილება. ამიტომაა, რომ მოსამართლეს მოეთხოვება სასამართლოს შენობაში იქცეოდეს განსაკუთრებული კეთილშობილებით და ხელმძღვანელობდეს სასამართლოს დამოუკიდებლობისა და პატიოსნების პრინციპით.
მუხლი 24
მოსამართლე სასამართლოში საქმის განხილვისას შემოსილი უნდა იყოს მანტიით.
ეს ეთიკური ნორმა იმეორებს ,,საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 83-ე მუხლის მეორე პუნქტის მოთხოვნას იმის შესახებ, რომ სასამართლოში საქმის განხილვაში მოსამართლე მონაწილეობს განსაკუთრებული ჩაცმულობით. მოსამართლის განსაკუთრებული ჩაცმულობის ფორმა - მანტია კი დამტკიცებულ იქნა საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 7 აგვისტოს № 459 განკარგულებით. მანტიით შემოსილი მოსამართლის მიერ პროცესის ჩატარება სასამართლო ხელისუფლების ღირსების ერთერთი სიმბოლოა, იგი იმავდროულად მიუთითებს მოსამართლესა და პროცესის დანარჩენ მონაწილეებს შორის გარკვეული დისტანციის არსებობაზე.
მუხლი 25
მოსამართლე ღირსებითა და თავაზიანად უნდა ეპყრობოდეს პროცესის მონაწილეებს.
ეს მუხლი კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ მოსამართლე გამორჩეული უნდა იყოს ადამიანური თვისებებით. იგი სანდომიანად, თავაზიანად და ღირსებით უნდა ეპყრობოდეს პროცესის მონაწილეებს; ამავე დროს მათი მხრიდანაც უნდა მოითხოვოს ასეთი ქცევა სასამართლოს მიმართ. თუ მოსამართლე ღირსეული პიროვნებაა, ეს პროცესის მონაწილეებს კეთილად და ნდობით განაწყობს არა მარტო ამ მოსამართლის მიმართ, არამედ მთელი მართლმსაჯულების მიმართაც.
მუხლი 26
მოსამართლემ პროფესიული მოვალეობის განხორციელებისას მოპოვებული ინფორმაცია არ უნდა გამოიყენოს არადანიშნულებისამებრ.
მოსამართლის იურიდიული და ამავე დროს ეთიკური მოვალეობაა, რომ არ გაამჟღავნოს სასამართლო საქმიანობის პროცესში მიღებული კონფედენციალური ინფორმაცია; კონკრეტული საქმის განხილვისას მიღებული ინფორმაცია მოსამართლემ შეიძლება გამოიყენოს მხოლოდ და მხოლოდ გამოტანილი განაჩენის ან მიღებული გადაწყვეტილების დასასაბუთებლად.
მუხლი 27
მოსამართლე პატივს უნდა სცემდეს სასამართლოს პერსონალს
მოსამართლეს მოეთხოვება არა მარტო პროცესში მონაწილე მხარეების პატივისცემა, არამედ სასამართლოში მომუშავე პერსონალის პატივისცემა და მათი შრომის დაფასება. მოსამართლე გულისხმიერად და კორექტულად უნდა მოექცეს სასამართლო სხდომის მდივანს, თავის თანაშემწეს, სასამართლო კანცელარიის თანამშრომლებს და მთელ სასამართლოს პერსონალს.
მუხლი 28
მოსამართლე თვალყურს ადევნებს, რომ სასამართლოს მოხელე იცავდეს პროფესიული ეთიკის ნორმებს, თავშეკავებულად მოქმედებდეს, არ იჩენდეს რაიმე მიკერძოებას, არ ავლენდეს განსხვავებულ დამოკიდებულებას მხარეების მიმართ ან არ ამჟღავნებდეს წინასწარ შექმნილ განწყობას.
სასამართლოს დამოკიდებულებას, ღირსებას და მიუკერძოებლობას შეიძლება სერიოზული საფრთხე შეუქმნას იმან, რომ სასამართლოს მოხელე-მოსამართლის თანაშემწე, სასამართლო სხდომის მდივანი ან კანცელარიის თანამშრომელი უხეშად და უპატივცემულოდ ეპყრობა პროცესის მონაწილეებს, მათ მიმართ იჩენდეს მიკერძოებას; მოსამართლის ნდობა მან ზოგჯერ შეიძლება ბოროტად გამოიყენოს და რომელიმე მხარეს გაუმჟღავნოს მისთვის ცნობილი რაიმე ინფორმაცია საქმესთან დაკავშირებით; დაუშვებელია, რომ სასამართლოს მოხელემ სასამართლოს გარეთ რაიმე პრივილეგიის ან შეღავათის მისაღებად ისარგებლოს სასამართლოს სახელით, ამიტომ მოსამართლემ განსაკუთრებული ყურადღება და წინდახედულობა უნდა გამოიჩინოს თავისი თანაშემწის შერჩევისას, მან უნდა მოთხოვოს სასამართლოს მოხელეებს, პატივი სცენ სასამართლოს დამოუკიდებლობას, იყვნენ თავაზიანები და ლოიალურნი პროცესის მონაწილეების მიმართ; გულმოდგინედ შეასრულონ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობები, დაიცვან პროფესიული ეთიკის ნორმები, როგორც სასამართლოში, ისე სასამართლო შენობის გარეთაც.
მუხლი 29
მოსამართლე ვალდებულია, რეაგირებდეს სასამართლოს მოხელის მიერ პროფესიული ეთიკის ნორმის დარღვევაზე და ახორციელებდეს შესაბამის ღონისძიებებს.
თუ სასამართლოს მოხელე არღვევს პროფესიული ეთიკის ნორმებს, მოსამართლის მოვალეობაა მიუთითოს მას ამის თაობაზე, მოთხოვოს, რომ მომავალში აღარ გაიმეოროს ამგვარი ქცევა. თუ იგი არ გაითვალისწინებს მოსამართლის მითითებებს და მაინც გააგრძელებს სასამართლო მოხელისათვის შეუფერებელ მოქმედებას, მაშინ მოსამართლეს შეუძლია დასვას საკითხი სასამართლოს თავმჯდომარის წინაშე ასეთი მოხელის სამუშაოდან დათხოვნის თაობაზე.
მუხლი 30
მოსამართლე სისტემატურად უნდა იმაღლებდეს პროფესიული ცოდნის დონეს.
სამოსამართლო ეთიკის კოდექსი მოსამართლის მორალურ, ზნეობრივ მოვალეობად მიიჩნევს იმას, რომ მუდმივად უნდა აიმაღლოს პროფესიული ცოდნის დონე. მოსამართლეს არ უნდა გამორჩეს არცერთი საკანონმდებლო ცვლილება, იგი კარგად უნდა ერკვეოდეს ახალ კანონმდებობაში, მან პერსონალურად უნდა განაზოგადოს თავისი სასამართლო პრაქტიკა; მონაწილეობა უნდა მიიღოს სამოსამართლო სწავლების პროგრამებისათვის თემატიკის შერჩევაში. მოსამართლეს შეუძლია ინდივიდუალურად შეარჩიოს პროფესიული ცოდნის ამაღლების საშუალებები.
მუხლი 31
მოსამართლე ხელს უნდა უწყობდეს სასამართლოს მოხელეთა პროფესიონალიზმისა და კომპეტენტურობის ამაღლებას, აძლევდეს მათ საჭირო რჩევა-დარიგებას.
მოსამართლე არა მარტო ვალდებულია თვალყური ადევნოს სასამართლოს მოხელეთა ქცევას და სათანადო რეაგირება მოახდინოს მათ მიერ პროფესიული ეთიკის ნორმების დარღვევაზე, ამავე დროს მან უნდა იზრუნოს იმაზეც, რომ მისმა თანაშემწემ, სხდომის მდივანმა სისტემატურად აიმაღლონ პროფესიული ცოდნის დონე. მოსამართლეს მჭიდრო თანამშრომლობა უნდა ჰქონდეს სასამართლოს მოხელეებთან, მათ უნდა მიუთითოს იმ ახალი კანონმდებლობისა და სპეციალური იურიდიული ლიტერატურის გაცნობის შესახებ, რომელიც ესაჭიროებათ საქმიანობაში; ასევე უნდა მისცეს მორალური და ზნეობრივი რჩევა-დარიგებები.
![]() |
4 თავი IV. მოსამართლის არასამოსამართლო მოღვაწეობა |
▲ზევით დაბრუნება |
მუხლი 32
მოსამართლის საქმიანობა, რომელიც არ უკავშირდება სამსახურებრივ მოვალეობას, დასაშვებია, თუ იგი არ ეწინააღმდეგება მოსამართლისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპებს, არ უქმნის საფრთხეს სასამართლოს ავტორიტეტს, არ ქმნის ეჭვის საფუძველს სამოსამართლო საქმიანობის განხორციელებისას მის ობიექტურობასა და მოუსყიდველობაში, არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობასა და ამ კოდექსს.
სასამართლო ეთიკის რანგშია აყვანილი მოსამართლის მიერ სასამართლო საქმიანობისთვის პრიორიტეტის მინიჭება სხვა საქმიანობასთან შედარებით. ყოვლად დაუშვებელია, რომ მოსამართლემ ერთდროულად შეასრულოს სასამართლო, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მოვალეობები. მას არ აქვს უფლება პირადად ჩაატაროს ექსპერტიზა რაიმე საკითხის გამოსარკვევად, ამა თუ იმ ფორმით მისცეს იურიდიული კონსულტაციები; მოსამართლემ იმგვარად უნდა მოაწყოს თავისი არასამოსამართლო საქმიანობა, რომ ის წინააღმდეგობაში არ მოვიდეს მის სამოსამართლო მოღვაწეობასთან.
მუხლი 33
მოსამართლისათვის სამოსამართლო მოვალეობანი უპირველესია. მოსამართლე არ შეიძლება ეწეოდეს რაიმე ანაზღაურებად საქმიანობას, გარდა პედაგოგიური, სამეცნიერო ან შემოქმედებითი საქმიანობისა, თუ იგი ხელს არ უშლის სამოსამართლო უფლებამოსილების სათანადოდ განხორციელებას.
მოსამართლეს უფლება აქვს პედაგოგიური, სამეცნიერო ან შემოქმედებითი საქმიანობა განახორციელოს და ამ საქმიანობით მიიღოს რაიმე ანაზღაურება; მაგრამ ეთიკის კოდექსმა ამასთან დაკავშირებით მიუთითა, მოსამართლისთვის წესად უნდა იქცეს, რომ დამატებითმა საქმიანობამ ხელი არ შეუშალოს ძირითადი და უმთავრესი საქმიანობის განხორციელებაში. მხოლოდ და მხოლოდ სამოსამართლო საქმიანობიდან თავისუფალ დროს მას შეუძლია წაიკითხოს ლექციები, გააკეთოს მოხსენებები, გამოაქვეყნოს სამეცნიერო და პრაქტიკული შინაარსის პუბლიკაციები, მონაწილეობა მიიღოს სასამართლოს გარე პროექტების მუშაობაში, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
მუხლი 34
მოსამართლემ მონაწილეობა არ უნდა მიიღოს მის სამსახურებრივ სტატუსსა და მოვალეობასთან შეუთავსებელ გარიგებაში.
მოსამართლემ არ უნდა დადოს ისეთი გარიგება, რომლითაც მას უპირატესობა ექნება მინიჭებული თავისი თანამდებობის გამო. მაგალითად, ბანკიდან კრედიტის აღებისას ან ნებისმიერი სახის სამოქალაქო ხელშეკრულების გაფორმებისას მან ბოროტად არ უნდა გამოიყენოს თავისი თანამდებობა. თუ მოსამართლემ რაიმე სახის გარიგების დადებით დაარღვია სამოსამართლო ეთიკა, თვითონვე უნდა მოითხოვოს ასეთი გარიგების გაბათილება და უფლების ბოროტად გამოყენებით სხვა პირისათვის მიყენებული ზიანი აანაზღაუროს. მოსამართლე არ შეიძლება იყოს არბიტრი, შუამავალი, აგენტი სავაჭრო, კომერციულ გარიგებებში. მას არ აქვს უფლება ასევე იყოს პირადი წარმომადგენელი, მეურვე, რწმუნებული იმ შემთხვევის გარდა, როცა საჭიროა მისი ოჯახის წევრების მემკვიდრეობის, ანაბრის მართვა, ან სხვა კანონიერი უფლებების განხორციელება. მოსამართლემ არ უნდა მოიხსენიოს თავისი თანამდებობა არცერთ დოკუმენტში, რომელიც მის კერძო ან ფინანსურ ინტერესებს ეხება, რადგან ეს ჩაითვლება მისი სამსახურებრივი მდგომარეობის არამართებულად გამოყენებად. მოსამართლემ თავისი ოჯახის წევრებისგანაც უნდა მოითხოვოს არ დადონ ისეთი გარიგება, რომელმაც შეიძლება მოსამართლის მიუკერძლოებლობა ეჭვქვეშ დააყენოს.
მუხლი 35
მოსამართლე არ შეიძლება გახდეს წევრი ისეთი გაერთიანებისა, რომელიც ერთგულების ფიცის დადებას მოითხოვს, ანდა ეჭვქვეშ აყენებს მოსამართლის რეპუტაციას, ზიანს აყენებს სასამართლოს ავტორიტეტს.
მართალია მოსამართლე სასამართლოს დარბაზის გარეთ სარგებლობს საქართველოს კონსტიტუციით მოქალაქისათვის მინიჭებული უფლებებით, მაგრამ ეთიკის კოდექსის 35-ე მუხლი მას უკრძალავს გახდეს ისეთი გაერთიანების წევრი, რომელიც ერთგულების ფიცის დადებას მოითხოვს; მას არ აქვს უფლება ასევე გაერთიანდეს ისეთ არაპოლიტიკურ და არაკომერციულ გაერთიანებებშიც, რომელმაც შეიძლება ეჭვქვეშ დააყენოს მოსამართლის რეპუტაცია, შელახოს სასამართლოს პრესტიჟი და ავტორიტეტი.
მუხლი 36
მოსამართლე არ უნდა ეწეოდეს პოლიტიკურ საქმიანობას. იგი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური ორგანიზაციის წევრი ან ასრულებდეს პარტიულ დავალებას, ან პოლიტიკური ორგანიზაციის სახელით გამოდიოდეს სიტყვით.
მოსამართლეს კანონით ეკრძალება პოლიტიკური პარტიის ან ორგანიზაციის წევრობა. ეთიკის კოდექსმაც გაიმეორა ეს აკრძალვა და ამ მუხლში პირდაპირ მიუთითა, რომ მოსამართლე არ შეიძლება იყოს პოლიტიკური ორგანიზაციის წევრი ან ასრულებდეს პარტიულ დავალებებს. მოსამართლეს არ აქვს უფლება პოლიტიკურ შეკრებებზე გამოვიდეს და გააკეთოს პოლიტიკური ორგანიზაციის სახელით მოხსენებები. მაგრამ პოლიტიკური საქმიანობის ამგვარი შეზღუდვა ხელს არ უნდა უშლიდეს მოსამართლეს ჰქონდეს პირადი სიმპათია ან უარყოფითი დამოკიდებულება რომელიმე პოლიტიკური პარტიის მიმართ, მაგრამ მან საჯაროდ არ უნდა გამოთქვას ამის თაობაზე საკუთარი მოსაზრება.
მუხლი 37
მოსამართლე საჯაროდ არ უნდა ამჟღავნებდეს თავის პოლიტიკურ შეხედულებას. აკრძალულია მისი მხრიდან ნებისმიერი პოლიტიკური პროპაგანდა როგორც სასამართლო დარბაზში, ისე მის გარეთ.
სამოსამართლო ეთიკისთვის ყოვლად მიუღებელია, რომ მოსამართლემ პირადი პოლიტიკური შეხედულებით დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ან განაჩენი. მოსამართლემ ნეიტრალური დამოკიდებულება უნდა გამოამჟღავნოს ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის მიმართ, როგორც სასამართლოს დარბაზში, ისე მის გარეთ.
მუხლი 38
მოსამართლემ საჯაროდ ან სხვა ფორმით მხარი არ უნდა დაუჭიროს კანდიდატურას სახელმწიფო პოლიტიკურ თანამდებობაზე ან გამოვიდეს მის წინააღმდეგ.
მოსამართლეს ეკრძალება სახელმწიფო პოლიტიკურ თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატის სასარგებლოდ საჯარო ინფორმაციის გავრცელება; მას არ აქვს უფლება ასევე საჯაროდ დაუპირისპირდეს ასეთ კანდიდატს.
მუხლი 39
მოსამართლეს ეკრძალება გაფიცვა. მას არა აქვს უფლება, რაიმე მოტივით, კოლექტიურად თუ ინდივიდუალურად, უარი თქვას ან სხვას მოუწოდოს სამსახურებრივი და პროფესიული მოვალეობის შეუსრულებლობისაკენ.
მოსამართლეს კარგად უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული, რომ ის ქვეყანაში სასამართლო ხელისუფლებას ახორციელებს, ამიტომ მას მეტი მოთმინება და თავშეკავება მოეთხოვება. საქართველოში ჯერ კიდევ არსებობს იმის საფრთხე, რომ მოსამართლეს დაუგვიანდეს ხელფასის მიღება, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდეთ სასამართლო შენობებს გარკვეული ვადით, მაგრამ მართლმსაჯულების ნორმალურად განხორციელების ხელისშემშლელი ობიექტური მიზეზები არ აძლევს მოსამართლეს გაფიცვის უფლებას. თუ მოსამართლე ან მოსამართლეთა ჯგუფი, თუნდაც ხანმოკლე დროით, უარს იტყვის მართლმსაჯულების განხორციელებაზე, ეს ქვეყანაში გამოიწვევს სასამართლო ხელისუფლების კრიზისს, მოქალაქეები და ორგანიზაციები სასამართლო დაცვის გარეშე აღმოჩნდებიან; ამიტომაა, რომ ეთიკის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი წინადადების იმპერატიული მოთხოვნაა - მოსამართლეს ეკრძალება გაფიცვა.
მუხლი 40
მოსამართლემ სასამართლოს მოხელესაც უნდა ურჩიოს, რომ თავი შეიკავოს პოლიტიკური საქმიანობის ან პოლიტიკური შეხედულების დემონსტრირებისაგან.
მოსამართლეს მოეთხოვება თვალყური ადევნოს სასამართლოს მოხელის ქცევას. ისევე როგორც მოსამართლეს, სასამართლოს მოხელესაც მოეთხოვება თავი შეიკავოს თავისი პოლიტიკური შეხედულებების საჯაროდ გამოხატვისაგან, მან მონაწილეობა არ უნდა მიიღოს პოლიტიკურ დებატებში.
მუხლი 41
მოსამართლეს უფლება აქვს, გამოხატოს პოზიცია საკუთარ ან სხვა ქვეყანაში პროფესიული მოვალეობის შესრულებისათვის მოსამართლის ან სხვა იურიდიული პროფესიის ადამიანის შევიწროების, დევნის, დაუცველობის, ზეწოლის ან მის საქმიანობაში უკანონო ჩარევის გამო.
მართალია, მოსამართლეს სამოსამართლო საქმიანობის გარდა ეზღუდება საჯარო გამოსვლები, მაგრამ თუ მის მიმართ ადგილი აქვს ზეწოლას, შევიწროებას, მართლმსაჯულების განხორციელებაში ჩარევას, ასეთ შემთხვევებში უფლება აქვს სიტყვით გამოვიდეს მოსამართლეთა კონფერენციაზე; მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მეშვეობით გამოთქვას საკუთარი პოზიცია თავისი პროფესიული უფლებების ხელყოფის თაობაზე.
ეთიკის კოდექსისი 41-ე მუხლით მოსამართლეს უფლება აქვს საჯაროდ გამოხატოს თავისი პოზიცია სხვა იურიდიული პროფესიის პირთა დევნის შესახებ. ასევე სხვა ქვეყნის მოსამართლის დამოუკიდებლობის ხელყოფის ფაქტთან დაკავშირებით.
მუხლი 42
მოსამართლეს უფლება აქვს, ეკავოს რაიმე თანამდებობა საზოგადოებრივ საწყისებზე ან მონაწილეობდეს ისეთ სახელმწიფო, ან საზოგადოებრივ კომისიაში, რომელიც დაკავშირებულია საკანონმდებლო საქმიანობასთან, მართლმსაჯულების განხორციელების სრულყოფასთან, სხვა სამართლებრივ ან ისეთ არასამართლებრივ საკითხებთან, რომლებიც ამ კოდექსის მოთხოვნას არ ეწინააღმდეგება.
მოსამართლის ეთიკას არ ეწინააღმდეგება თუ იგიანაზღაურების გარეშე მონაწილეობას მიიღებს კანონმდებლობის, სამართლებრივი სისტემის, სასამართლო ადმინისტრირების სრულყოფის შემმუშავებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი კომისიის საქმიანობაში.
მუხლი 43
მოსამართლეს უფლება აქვს, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, წარმოადგენდეს ქვეყანას ან მის რომელიმე ადმინისტრაციულ ერთეულს ოფიციალურ ცერემონიალზე, კულტურულ - საგანმანათლებლო ღონისძიებაზე ან ღირსსახსოვარ თარიღთან დაკავშირებით.
სამოსამართლო ეთიკა მოსამართლეს ავალდებულებს იყოს თავისი ქვეყნის პატრიოტი, პატივი უნდა სცეს საქართველოს ისტორიულ და კულტურულ ტრადიციებს. ამიტომ მას უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს საქართველოდან საზღვარგარეთ წარგზავნილ დელეგაციებში, თუ ამ დელეგაციის ვიზიტი არ ეწინააღმდეგება სამოსამართლო საქმიანობას. მაგალითად, მოსამართლემ შეიძლება წარმოადგინოს საქართველო ისტორიულ, საგანმანათლებლო ან კულტურულ ღონისძიებებზე.
მუხლი 44
მოსამართლეს უფლება აქვს, იყოს თავისი ან უცხო ქვეყნის (ქალაქის ან სხვა ადმინისტრაციული ერთეულის) საპატიო მოქალაქე.
მოსამართლეს თავისი თანამდებობა არ უკრძალავს საქველმოქმედო, ამათუიმ სოციალურ ღონისძიებებში მონაწილეობას. მაგრამ მას ეკრძალება საქველმოქმედო ორგანიზაციაში იურიდიული კონსულტაციების მიცემა და იურისტის პროფესიით მოღვაწეობა. საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში, რომელიც არ ეწინააღმდეგება სამოსამართლო საქმიანობას, განსაკუთრებული წვლილის შეტანისათვის, მოსამართლე შეიძლება აირჩიონ თავისი ან უცხო ქვეყნის საპატიო მოქალაქედ.
![]() |
5 თავი V. კოდექსის ამოქმედება |
▲ზევით დაბრუნება |
მუხლი 45
სამოსამართლო ეთიკის კოდექსი ძალაში შედის საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ მიღებისთანავე.
საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციამ სამოსამართლო ეთიკის კოდექსი მიიღო 2001 წლის 23 ივნისის №6 დადგენილებით. ამდენად, საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეებს ევალებათ ამ კოდექსით გათვალიწინებული ნორმების შესრულება 2001 წლის 23 ივნისიდან.