The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

„პოლიცია და ნარკოტიკები“ (სტუდენტის სახელმძღვანელო)

„პოლიცია და ნარკოტიკები“ (სტუდენტის სახელმძღვანელო)


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
თემატური კატალოგი სამართალდამცავი ორგანოები
საავტორო უფლებები: © ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო"
თარიღი: 2002
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: საავტორო უფლება ©2002 ღია საზოგადოების ინსტიტუტი. ყველა უფლება დაცულია. გამოცემა მომზადებულია ღია საზოგადოების ინსტიტუტის მიერ. ამ გამოცემის არცერთი ნაწილი არანაირი ფორმითა და საშუალებით არ შეიძლება გავრცელებულ, გამოყენებულ ან გადაცემულ იქნეს ღია საზოგადოების ინსტიტუტის წერილობითი თანხმობის გარეშე.



1 1. შესავალი

▲ზევით დაბრუნება


1.1 1.1 ნარკოტიკების მოხმარება

▲ზევით დაბრუნება


უძველესი დროიდან სხვადასხვა ცივილიზაციაში ავადმყოფობის პროფილაქტიკის ან მკურნალობის მიზნით, ადამიანები მცენარეული თუ ცხოველური წარმოშობის ნარკოტიკულ საშუალებებს იყენებდნენ. ისტორიულ წარსულში ავადმყოფობის საწინააღმდეგო, განწყობილების გასაუმჯობესებელი, თუ გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობების გაზრდის საშუალებების მოძიება ისეთივე მნიშვნელოვანი იყო, როგორც საკვებისა და თავშესაფრის მოპოვება. ბევრი მცენარეული თუ ცხოველური წარმოშობის ნარკოტიკული საშუალება დღესაც განსაკუთრებით ძვირფასია, თუმცა თანამედროვე მედიცინაში გამოყენებული ნარკოტიკების უმრავლესობა წარმოიქმნა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ განვითარებული სინთეზური ორგანული ქიმიისა და ბიოტექნოლოგიის დარგში მომხდარი მნიშვნელოვანი ძვრების შედეგად.

ნარკოტიკების მოხმარების დაწყებასთან ერთად გაჩნდა მასზე კონტროლის დაწესების მოთხოვნაც. ბიბლიაში მოცემულია ერთ-ერთი ყველაზე ადრეული ჩანაწერები ამკრძალავი იდეოლოგიის შესახებ. ნარკოტიკული დამოკიდებულებისგან მკურნალობას, სავარაუდოდ, უკვე შუასაუკუნებშიც ჰქონდა ადგილი. ერთ-ერთი პირველი კანონი ნარკოტიკების შესახებ მე-17 საუკუნეში რუსეთში იქნა მიღებული მეფე მიხეილ (ფიოდორის ძე) რომანოვის მიერ. ამ კანონის თანახმად, ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც თამბაქოს აღმოუჩენდნენ, მანამადე აწამებდნენ, ვიდრე ის თამბაქოთი მოვაჭრის სახელს არ დაასახელებდა.

1.2 1.2 ზიანის შემცირების პრინციპი

▲ზევით დაბრუნება


ზიანის შემცირების პრინციპი ნარკოტიკებთან დაკავშირებული პირადი და საზოგადოე-ბრივი ზიანის (განსაკუთრებით ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსთან (HIV) დაკავშირებული ინფექციური დაავადების საშიშროების) შემცირების პრაგმატული და ჰუმანური მიდგომაა. ეს მიდგომა მიზნად ისახავს ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებული პრობლემების შემცირებას ნარკოტიკებზე დამოკიდებული პირისადმი ჰუმანური დამოკიდებულებით, მისი ღირსებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის გზით.

ამ მიდგომის თანახმად, ნარკოტიკებზე დამოკიდებული პირის ქცევის დადებითად შეცვლა უნდა მოხდეს მისდამი კეთილგანწყობითა და მზრუნველობით, და არა ძალადობითა და თავისუფლების აღკვეთით. ამასთან, ითვლება, რომ ნარკოტიკებზე დამოკიდებულ პირთა საზოგადოებასთან ინტეგრირება უფრო მეტ დადებით შედეგს გამოიღებს, ვიდრე მათი იზოლირება.

ზიანის შემცირების კონცეფცია უკავშირდება პრიორიტეტული მიზნების განსაზღვრას. შიდსთან დაკავშირებული ინდივიდუალური და სოციალური ხარჯების გათვალისწინებით, ზიანის შემცირების კონცეფციის მთავარი მიზანი ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის (HIV) გავრცელების თავიდან აცილებაა.

თუმცა, ეს მოდელი არ ეწინააღმდეგება ნარკოტიკების მოხმარების შემცირების ამოცანას. აღიარებულია, რომ აღნიშნული მიდგომა არ არის იმის გარანტი, რომ ნარკოტიკებზე დამოკიდებული ყველა პირი შეძლებს ნარკოტიკების მოხმარების შეწყვეტას ან მის შემცირებას. ამ რეალობის გათვალისწინებით, ზიანის შემცირების პროგრამების წარმატების შეფასების კრიტერიუმი არის ინდივიდუალური და საზოგადოებრივი ცხოვრების დონე და ჯანმრთელობა, და არა ნარკოტიკების მოხმარების დონე.

1.3 1.3 ზიანის შემცირება პრაქტიკაში

▲ზევით დაბრუნება


ზიანის შემცირების პროგრამა უზრუნველყოფს მომსახურების ფართო სპექტრს ნარკოტიკებზე დამოკიდებულ პირთა მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. ნარკოტიკებით გამოწვეული ზიანის შემცირების მიზნით ჩარევის ორ ყველაზე ეფექტურ საშუალებას შპრიცების გაცვლა და ჩანაცვლების თერაპია წარმოადგენს. დამატებით, ამ პროგრამებთან ერთად, ნარკოტიკებზე დამოკიდებული პირებისთვის გათვალისწინებულია დამხმარე მომსახურება, მაგალითად, შემეცნებითი სახის პროგრამები ნარკოტიკებისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ, შიდსისა და ვენერიული დაავადებების გამოკვლევები, ფსიქოლოგიური კონსულტაციები და სამედიცინო დაწესებულებებში მკურნალობის მიზნით მიმართვის მიცემა.

ზიანის შემცირების პროგრამის ფარგლებში ნარკოტიკებზე დამოკიდებული პირებისთვის საჭირო და ხელმისაწვდომი მომსახურების უზრუნველყოფა ხელს უწყობს იმ კონტაქტის დამყარებას, რომელიც ნარკოტიკებზე დამოკიდებულ პირს დააკავშირებს საზოგადოებასთან, სამედიცინო დაწესებულებებსა და სოციალურ სამსახურებთან.

შპრიცების გაცვლა

არაერთი გამოკვლევა ადასტურებს, რომ გამოყენებული შპრიცის ახალი შპრიცით შეცვლას უაღრესად პოზიტიური შედეგი აქვს, განსაკუთრებით ნარკოტიკებზე დამოკიდებულ პირთა შორის ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით (HIV) დაავადების შემცირების თვალსაზრისით.

მეტადონით მკურნალობა

მეტადონით მკურნალობა ხელს უწყობს ნარკოტიკების მოხმარებით გამოწვეული ზიანის, მათ შორის, ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით ინფიცირების, აგრეთვე სისხლის სამარათლის დანაშაულთა რიცხვის შემცირებას.

1.4 1.4 ზიანის შემცირების საერთაშორისო პროგრამის

▲ზევით დაბრუნება


1.4.1 მიზანი

აღმოსავლეთ ევროპისა და ყოფილ სოციალისტურ ქვეყნებში ნარკოტიკების მოხმარებისა და ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვის გაზრდის გამო ღია საზოგადოების ინსტიტუტმა (Open Society Institute - OSI) 1995 წელს დაიწყო ზიანის შემცირების საერთაშორისო პროგრამის (International Harm Reduction Development - IHRD) განხორციელება. ზიანის შემცირების საერთაშორისო პროგრამა ჯანდაცვის ქსელური პროგრამის ნაწილია, რომელიც მჭირდროდ თანამშრომლობს ლინდესმიტ-ცენტრთან - ნარკოტიკებთან მიმართებაში პოლიტიკის შემუშავების ფონდთან (Narcotics Policy Foundation).

ზიანის შემცირების პროგრამის მიზანია ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებული ინდივიდუალური და საზოგადოებრივი ზიანის შემცირება, კერძოდ, ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის გავრცელების პრევენცია ზიანის შემცირების ფილოსოფიაზე დაფუძნებული ნოვატორული მეთოდების გამოყენებით. ამ მიდგომაში დიდი ყურადღება ექცევა ადამიანის უფლებებს, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვასა და რეალური სიტუაციის საღად შეფასებას.

ღია საზოგადოების ინსტიტუტის ჯანდაცვის ქსელურ პროგრამებსა და სოროსის ეროვნულ ფონდებთან ერთად ზიანის შემცირების საერთაშორისო პროგრამა დღესდღეობით მხარს უჭერს 100-ზე მეტი პროექტის განხორციელებას აღმოსავლეთ ევროპისა და 20-ზე მეტ ყოფილ სოციალისტურ ქვეყანაში.

1.4.2 ძირითადი საქმიანობა

ზიანის შემცირების საერთაშორისო პროგრამის ფარგლებში აღმოსავლეთ ევროპისა და ყოფილ სოციალისტურ ქვეყნებში ხორციელდება შემდეგი საქმიანობა:

- ტექნიკური და ფინანსური (საგრანტო) დახმარება მომსახურების უშუალოდ უზრუნველმყოფი ადგილობრივი ორგანიზაციებისათვის. დღესდღეობით ზიანის შემცირების საერთაშორისო პროგრამა მხარს უჭერს 100-ზე მეტი პროექტის განხორციელებას აღმოსავლეთ ევროპისა და 20-ზე მეტ ყოფილ სოციალისტურ ქვეყანაში. მიუხედავად იმისა, რომ თითოეული პროექტის შემუშავებისას გათვალისწინებული იყო ადგილობრივი პირობები და ნარკოტიკების მომხმარებელთა საჭიროებები, პროექტების უმეტესობაში ჩართული იყო ისეთი კომპონენტიც, როგორიცაა შპრიცების გაცვლა.

- მოსახლეობასთან მუშაობის კონკრეტული რეგიონალური ინიციატივების მხარდაჭერა. დღესდღეობით ზიანის შემცირების საერთაშორისო პროგრამა ხელს უწყობს რეგიონალური კონფერენციების, ტრეინინგების ჩატარებას და პროექტების განხორციელებას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: მზრუნველობამოკლებული ბავშვები, ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის პრევენცია ციხეებში, ეთნიკური უმცირესობები (ბოშები), მეტადონით მკურნალობა, კომერციული სექსუალური სფეროს მუშაკები.

- ადგილობრივი და რეგიონალური ინიციატივების წარმოქნისა და ფუნქციონირების ხელშეწყობა. ზიანის შემცირების საერთაშორისო პროგრამა ხელს უწყობს ადგილობრივი და რეგიონალური ინიციატივების გაფართოებას ზიანის შემცირების პროგრამაში მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, საჯარო მოხელეებისთვის, პოლიციელებისთვის, სასჯელაღსრულების დაწესებულებათა თანამშრომლებისთვის და ჯანდაცვის სფეროს მუშაკებისთვის აღნიშნულ საკითხებზე ტრეინინგების, სემინარებისა და კონფერენციების დაფინანსებითა და ორგანიზების გზით.

- საზოგადოებრივი მხარდაჭერის მოპოვება და გაძლიერება. აქტიური პროპაგანდის, კვლევების, უფლებამოსილი პირებისთვის კონფერენციებისა და გაცვლითი პროგრამების ორგანიზების გზით ზიანის შემცირების საერთაშორისო პროგრამა ცდილობს ნარკოტიკების სფეროში სტრატეგიების შემუშავების პროცესზე გავლენა მოახდინოს სახელმწიფო დონეზე.

1.4.3 პროექტში მონაწილე ქვეყნები

სოროსის ადგილობრივი ფონდების, მრავალმხრივი უწყებების, არასამთავრობო ორგანიზაციათა პარტნიორობის, ტექნიკური ექსპერტებისა და ადგილობრივ მხარდამჭერთა ქსელის ხელშეწყობით ზიანის შემცირების საერთაშორისო პროგრამა ხორციელდება აღმოსავლეთ ევროპისა და 20-ზე მეტ ყოფილ სოციალისტურ ქვეყანაში.

ალბანეთი

უნგრეთი

რუმინეთი

აზერბაიჯანი

ყაზახეთი

რუსეთის ფედერაცია

ბელორუსია

ყირგიზეთი

სლოვაკეთი

ბულგარეთი

ლატვია

სლოვენია

ხორვატია

ლიტვა

ტაჯიკეთი

ჩეხეთის რესპუბლიკა

მაკედონია

უკრაინა

ესტონეთი

მოლდოვა

უზბეკეთი

საქართველო

პოლონეთი

იუგოსლავია

1.5 1.5 სასარგებლო ინტერნეტ-რესურსები

▲ზევით დაბრუნება


2 2. ზოგადი ინფორმაცია

▲ზევით დაბრუნება


2.1 2.1 შესავალი

▲ზევით დაბრუნება


თქვენ, როგორც პოლიციელს, საერთო წარმოდგენა უნდა გქონდეთ ნარკოტიკების სხვადასხვა სახეობებსა და მათ ზემოქმედებაზე ნარკოტიკების მომხმარებლებზე. ნარკოტიკების კლასიფიკაცია ხდება იმის მიხედვით, თუ როგორ მოქმედებს იგი მომხმარებლის ფსიქიკასა და ქცევაზე. ამ ნაწილში განვიხილავთ ნარკოტიკების სამ ძირითად კატეგორიას:

- სტიმულატორები;

- დეპრესანტები;

- ჰალუცინოგენები.

სტიმულატორები იწვევენ ენერგიის მოჭარბებასა და განსაკუთრებული სიფრთხილის გრძნობას. ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მყოფი ადამიანი აქტიურდება და ზედმეტად ფრთხილი ხდება. იგი ვეღარ გრძნობს დაღლილობასა და ტკივილს. ასეთი ნარკოტიკების მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს პარანოიდული და აგრესიული ქცევა.

დეპრესანტები იწვევენ ადამიანის სრულ მოდუნებას. ადამიანი მოშვებულია და ეძინება. ამ ტიპის ნარკოტიკების მომხარებლები არ ამჟღავნებენ აგრესიას და მათთან კავშირის დამყარება ადვილია.

ჰალუცინოგენების გამოყენებისას ადამიანი კარგავს დროისა და სივრცის შეგრძნებას, მისი ემოციები ძლიერდება. ჰალუცინოგენები იწვევს ექსტაზს და ამავე დროს, შფოთვასა და შიშის გრძნობას. ჰალუცინოგენების მომხმარებლებს ხშირად უჩნდებათ მანიები და ჰალუცინაციები.

მომდევნო ნაწილში მოყვანილია ნარკოტიკების ამ სამი კატეგორიის აღწერა და ვიზუალური მხარე.

2.2 2.2 სტიმულატორები

▲ზევით დაბრუნება


2.2.1 კოკაინი

კოკაინს აწარმოებენ ,,Erythroxylum Coca“ მცენარის ფოთლებისაგან. მცენარის გადამუშავების შედეგად მიიღება თეთრი კრისტალური ფხვნილი.

კოკაინის ჟარგონული დასახელებები: კოკსი, ფხვნილი, შაქარი, თეთრი.

კოკაინის მოხმარება ხდება:

- შესუნთქვით (,,სნიფი“);

- ინტრავენური ინექციით;

- მოწევით (,,კრეკი“).

კოკაინის ზემოქმედება:

ამფეტამინის მსგავსად კოკაინს ახასიათებს შემდეგი სახის ფიზიკური ზემოქმედება:

- გუგების გაფართოება;

- სხეულის ტემპერატურის ზრდა;

- სისხლის წნევის აწევა და მაჯისცემის მომატება;

- ყბის მოძრაობა.

კოკაინის აღმგზნები ეფექტის გამო მომხმარებელი:

- გრძნობს ენერგიის მოჭარბებას;

- საუბრობს ხმამაღლა და სწრაფად;

- არ გრძნობს შიმშილს.

კოკაინისა და ამფეტამინის ფსიქოლოგიური ზემოქმედება იწვევს:

- განდიდების მანიას;

- დაუფიქრებელ მოქმედებებს;

- მძაფრ და არაადექვატურ ქცევას.

ხშირად აღინიშნება განწყობის სწრაფი ცვალებადობა. კმაყოფილების შეგრძნება ხშირად შეიძლება შეიცვალოს აგრესიული, სასტიკი და პარანოიდული ქცევით.

2.2.2 ამფეტამინი

ამფეტამინი წარმოადგენს სინთეტურ ნივთიერებას, რომლის ქიმიური გადამუშავების შედეგად მიიღება ფერადი ფხვნილი ან აბები.

ამფეტამინის ჟარგონული დასახელებები: სპიდი, ამფი, კრისტალი, კრენკი.

ამფეტამინის მოხმარება:

- მოწევით, მაგალითად მეთილამფეტამინისა, რომელიც ამფეტამინზე უფრო ძლიერია.

- ორალური გზით: წყალში გახსნილი აბის სახით;

- ინექციით;

- ზოგჯერ ინჰალაციის გზით;

ამფეტამინის ზემოქმედება:

კოკაინსა და ამფეტამინს მსგავსი ფიზიკური ზემოქმედება ახასიათებთ:

- გუგების გაფართოვება;

- სხეულის ტემპერატურის ზრდა;

- მაჯისცემის მომატება და სისხლის წნევის აწევა;

- ყბის მოძრაობა.

კოკაინის აღმგზნები ეფექტის გამო მომხმარებელი:

- გრძნობს ენერგიის მოჭარბებას;

- საუბრობს ხმამაღლა და სწრაფად;

- არ გრძნობს შიმშილს.

ამფეტამინის ფსიქოლოგიური ზემოქმედება იწვევს:

- განდიდების მანიას;

- დაუფიქრებელ მოქმედებებს;

- მძაფრ და არაადექვატურ ქცევას.

ხშირად აღინიშნება განწყობის სწრაფი ცვალებადობა. კმაყოფილების შეგრძნება ხშირად შეიძლება შეიცვალოს აგრესიული, სასტიკი და პარანოიდული ქცევით.

2.2.3 ექსტაზი

ექსტაზი (მეთილენდიოქსიამფეტამინი - MDMA) სინთეტიკური ნივთიერებაა, რომელსაც გააჩნია როგორც ჰალუცინოგენური, ისე აღმგზნები ეფექტი. მისი ქიმიური დამუშავების შედეგად მიიღება ფერადი აბები და კაფსულები.

ექსტაზის ჟარგონული დასახელებები: იქსი, XTC, ,,ადამი”, ,,E” და ა.შ.

ექსტაზის მოხმარება:

- ორალური გზით;

- ზოგჯერ ინჰალაციის გზით.

ექსტაზის აქვს აღმგზნები და ჰალუცინოგენური მოქმედება, რაც ვლინდება:

- სიყვარულის და ბედნიერების შეგრძნებაში;

- გარშემომყოფებთან თბილ და ახლო ურთიერთობაში;

- სიმშვიდისა და თავითკმაყოფილების შეგრძნებაში.

2.3 2.3 დეპრესანტები

▲ზევით დაბრუნება


2.3.1 ჰეროინი

ჰეროინი ოპიატის ოჯახს განეკუთვნება და სინთეტიკურ ნარკოტიკულ პრეპარატს წარმოადგენს (ოპიოიდი). ზოგიერთი ოპიოიდი, როგორიცაა მეტადონი და დემეროლი, მთლიანად ხელოვნურია, ზოგიერთი კი, მაგალითად მორფი და ჰეროინი ლაბორატორიებში ოპიუმისგან მზადდება. თითქმის ყველა ოპიოიდურ პრეპარატს ახასიათებს მსგავსი ზემოქმედება. ზემოქმედების თვალსაზრისით ჰეროინი მორფზე სამჯერ უფრო ძლიერია.

ჰეროინი მორფისგან დამზადებული დეპრესანტული ნარკოტიკია, რომელიც წარმოადგენს ოპიუმის ყაყაჩოს დამუშავების შედეგად მიღებულ ოპიუმის პროდუქტს. იგი წარმოდგენილია თეთრი, ნაცრისფერი ან ყავისფერი ფხვნილის სახით.

ჰეროინის ჟარგონული დასახელებები: გემო, ცხენი, ყავისფერი შაქარი, ვეფხვი. მოხმარება:

- ინექციით;

- მოწევით: ხდება მისი გაცხელება ალუმინის ფოლგაზე და შესუნთქვა;

- ინჰალაციის გზით.

ჰეროინის ზემოქმედება:

ჰეორინს ახასიათებს შემდეგი სახის ფიზიკური ზემოქმედება:

- გუგების შევიწროვება;

- სხეულის ტემპერატურის დაკლება;

- მაჯისცემისა და სუნთქვის შენელება.

ჰეროინს ახასიათებს შემდეგი სახის ფსიქოლოგიური ზემოქმედება:

- მოთენთილობა და ინდეფერენტულობა;

- რეაგირების უნარის დაკარგვა;

- უემოციობა;

- სრული მოდუნება;

2.4 2.4 ჰალუცინოგენები

▲ზევით დაბრუნება


2.4.1 LSD -ლსდ (ლიზერგინის მჟავის დიეთილამიდი)

LSD ნახევრად სინთეტიკური ნივთიერებაა, რომელსაც აწარმოებენ აბების, კაფსულების ან სითხის სახით. მას ხშირად დებენ საშრობ ქაღალდზე, რომელიც იწოვს ნივთიერებას და ქუცმაცდება ისე, რომ ქაღალდის თითოეული ნაგლეჯი შეიცავს ერთ დოზას.

LSD-ს ჟარგონული დასახელებები: მჟავა, ცისფერი სამოთხე, სიდი.

მოხმარება: LSD-ს მოხმარება ხდება ორალური გზით.

LSD-ს ახდენს შემდეგი სახის ფიზიკურ ზემოქმედებას:

- გუგების გაფართოვება,

- სხეულის ტემპერატურის მატება,

- გულისცემის გახშირება და წნევის აწევა,

- ენერგიის მოჭარბება.

LSD -ს ფსიქოლოგიური ზემოქმედება ვლინდება:

- ვიზუალურ ჰალუცინაციებში;

- სხვადასხვა მანიაში;

- განწყობის ცვალებადობაში;

- შიშის გრძნობასა და ნერვიულობაში.

2.4.2 კანაფი

კანაფი მიიღება მცენარე Cannabis Sativa-სგან. იგი წარმოდგენილია გამხმარი ბალახის ან დაპრესილი აგურის სახით, რომელსაც ჰაშიშს უწოდებენ. იგი იწვევს გონებრივ დაქვეითებას და შეიძლბა ჰქონდეს დეპრესანტული ზემოქმედებაც.

კანაფის ჟარგონული დასახელებები: მარიხუანა, ბალახი, ანაშა, პლანი, ჰაში.

კანაფის მოხმარება ხდება ორალური გზით (მოწევით, დალევით ან ჭამით).

კანაფი იწვევს შემდეგი სახის ფიზიკურ ზემოქმედებას:

- შვება ტკივილის ან სტრესის დროს.

- წნევის აწევა და მაჯისცემის აჩქარება; - ავადმყოფური ან პარანოიდული მდგომარეობა;

- თვალების ჩაწითლება;

კანაფი იწვევს შემდეგი სახის ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას:

- მსუბუქი ჰალუცინაციები.

- მოთენთილობა,

- მოდუნება,

2.5 2.5 მეტადონით მკურნალობა (ჩანაცვლების თერაპია)

▲ზევით დაბრუნება


მეტადონი ხანგრძლივი ანალგეზიური ზემოქმედების მქონე სინთეტიკური ნარკოტიკია. იგი ჩანაცვლების თერაპიაში პირველად 1960-იან წლებში როკფელერის უნივერსიტეტის დოქტორებმა ვინსენტ დოულმა და მერი ნისუანდერმა გამოიყენეს. ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში მეტადონით მკურნალობას გადის 115 000 პაციენტი, მათგან 40 000 ნიუ-იორკის შტატში, ხოლო 20 000 კალიფორნიის შტატში. მეტადონს მსოფლიოში ფართო გამოყენება აქვს და ჰეროინის დამოკიდებულებისაგან განკურნების ყველაზე ეფექტურ პრეპარატად არის მიჩნეული.

მეტადონით მკურნალობის ანუ ჩანაცვლების თერაპიის მიზანი არის როგორც ჰეროინის მოხმარების, ისე ამის შედეგად ჩადენილი დანაშაულის, გამოწვეული დაავადებებისა და გარდაცვალების მაჩვენებლის შემცირება. ჰეროინის მომხმარებლები იყენებენ მეტადონს, როგორც დეტოქსიკაციის საშუალებას. თუმცა, ნარკოტიკების მომხმარებელთა უმრავლესობა, რომელიც მეტადონის ან სხვა პრეპარატის საშუალებით ცდილობს ჰეროინის დამოკიდებულებისგან გათავისუფლებას, შემდეგ კვლავ უბრუნდება ჰეროინის მოხმარებას. ჩანაცვლების თერაპიის პრინციპი მდგომარეობს იმაში, რომ მეტადონის სისტემატურად მიღების ხარჯზე ნარკოტიკებზე დამოკიდებული პირი შეამცირებს ჰეროინის მოხმარებას, ხოლო შემდგომში კი სრულებით იტყვის მასზე უარს. მეტადონის გამოყენება ხდება მანამ, სანამ ამის აუცილებლობა არსებობს. მეტადონის უპირატესობა არაერთმა კვლევამ დაადასტურა. პრაქტიკულად არ არსებობს მეტადონით ხანგრძლივი მკურნალობის უარყოფითი შედეგის დამადასტურებელი ფაქტი, იმ შემთხვევაშიც კი, როცა მკურნალობა ოცი-ოცდაათი წელი გრძელდებოდა.

დოკუმენტურად დასტურდება, რომ მეტადონით მკურნალობა პოზიტიურ გავლენას ახდენს როგორც დანაშაულის ფაქტების, დაავადებისა და გარდაცვალების შემთხვევათა მაჩვენებლის, ისე ნარკოტიკების მოხმარების რიცხვის შემცირებაზე.

- მეტადონი ჰეროინზე დამოკიდებულების მკურნალობის ყველაზე ეფექტური საშუალებაა. მკურნალობის სხვა მეთოდებისგან განსხვავებით (ამბულატორული მკურნალობა ნარკოტიკების გამოყენების გარეშე, ჯგუფური თერაპია და ქიმიური პრეპარატებით მკურნალობა), მეტადონის ზემოქმედება დეტალურად არის შესწავლილი და იძლევა საუკეთესო შედეგებს.

- მეტადონი ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის თავიდან აცილების ეფექტური საშუალებაა (ის ამცირებს შიდსით დაავადების რიცხვს). ჩანაცვლების თერაპიის დროს მცირდება ინექციათა რიცხვი და, შესაბამისად, აღარ არსებობს ერთიდაიგივე შპრიცის გამოყენების აუცილებლობა. მეტადონით მკურნალობა ნარკოტიკებზე დამოკიდებულ პირს აძლევს საშუალებას, კონტაქტი დაამყაროს იმათთან, ვინც უშუალოდ ატარებს მკურნალობას და შეუძლია ასწავლოს მას შიდსის, ჰეპატიტის ან სხვა დაავადებების თავიდან აცილების მეთოდები, დაეხმაროს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემების გადაჭრაში.

- მეტადონით მკურნალობა ამცირებს დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის რისკს. მცირდება ნარკოტიკებთან დაკავშირებულ დანაშაულთა რიცხვი, რადგან ჩანაცვლების თერაპიის კურსის პაციენტები პრაქტიკულად აღარ ყიდულობენ და მოიხმარენ აკრძალულ ნარკოტიკებს. ასევე მცირდება ძარცვისა და ყაჩაღობის რიცხვი, ვინაიდან ნარკოტიკების მომხმარებლებს აღარ ესაჭიროებათ ფული ძვირადღირებული ჰეროინის შესაძენად. მკურნალობის შედეგად ნარკოტიკების მომხმარებელთა ცხოვრება სტაბილური ხდება და მათ ეძლევათ კანონიერი გზით დასაქმების საშუალება.

- მეტადონით მკურნალობის შედეგად საგრძნობლად მცირდება ჰეროინის მოხმარების რიცხვი, ხშირ შემთხვევაში კი ნარკოტიკებზე დამოკიდებული პირი საერთოდ უარს ამბობს ჰეროინის მოხმარებაზე. ნარკოტიკული დამოკიდებულებისაგან მკურნალობის შედეგების ყველაზე მასშტაბური კვლევის თანახმად, მკურნალობის განმავლობაში პაციენტთა შორის ჰეროინის მოხმარება საგრძნობლად მცირდება. სამთვიანი მკურნალობის შემდეგ პაციენტთა მხოლოდ 10%25-ზე ნაკლები აგრძელებს ჰეროინის ყოველდღიურ ან ყოველკვირეულ მოხმარებას. ჩანაცვლების მეთოდით მკურნალობის ორი ან მეტი წლის შემდეგ პაციენტების მიერ ჰეროინის მოხმარება საშუალოდ 15%25-ით მცირდება. ოპიატურ ნარკოტიკებზე დამოკიდებულ პირთა მეტადონით მკურნალობის დროს მცირდება სხვა ტიპის ნარკოტიკების, მათ შორის კოკაინის, სედატიური პრეპარატებისა და ალკოჰოლის მოხმარებაც, მიუხედავად იმისა, რომ მეტადონი არ ახდენს პირდაპირ ფარმაკოლოგიურ ზეგავლენას სხვა ჯგუფის (რომელიც არ განეკუთვნება ოპიოიდების ჯგუფს) ნარკოტიკებზე.

- მეტადონით მკურნალობა ეფექტურია ხარჯების თვალსაზრისით. ჩანაცვლების თერაპიის ღირებულება ერთ პაციენტზე წელიწადში საშუალოდ 4000 ა.შ.შ დოლარს შეადგენს. ამასთან, იგი საგრძნობლად ამცირებს ნარკოტიკებთან დაკავშირებულ დანაშაულთა რიცხვს, ხელს უწყობს ცხოვრების ჯანსაღ წესს და აუმჯობესებს სოციალურ პროდუქტულობას, რაც, თავის მხრივ, იწვევს ნარკომანიის პრობლემაზე სოციალური ხარჯების შემცირებას. ჩანაცვლების მეთოდით მკურნალობაზე დახარჯული ერთი დოლარი ზოგავს სოციალურ სამსახურებსა და ჯანდაცვაზე დახარჯულ 4-5 აშშ დოლარს. ციხეში, ერთ პატიმარზე, სახელმწიფო წელიწადში საშუალოდ 20 000 - 40 000 აშშ დოლარამდე ხარჯავს. ნარკოტიკებზე დამოკიდებულების ადგილზე მკურნალობის პროგრამები გაცილებით ძვირადღირებულია და წელიწადში საშუალოდ 13 000 - 20 000 აშშ დოლარს შეადგენს. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი მკურნალობის ხანგრძლივობა, როგორც წესი, არ აღემატება ერთ წელს. საბოლოო ჯამში, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჩანაცვლების თერაპიის ხარჯების მხოლოდ 5 - 10%25 განკუთვნილია უშუალოდ მკურნალობაზე, შესაძლებელია მეტადონის დანიშვნა და მისი გამოყენება გაცილებით იაფად რიგითი ექიმის მიერ ან ჩვეულებრივი საავადმყოფოს პირობებში.

მეტადონს იყენებენ ოპიატების ჩანაცვლებისათვის. მისი ზემოქმედება ჰგავს მორფისა და სხვა ნარკოტიკული საშუალებების მოქმედებას. ჰეროინის მომხმარებლები განიცდიან ფიზიკურ დამოკიდებულებას ოპიატური ნარკოტიკების მიმართ. შესაბამისად, როდესაც ორგანიზმში ოპიატების კონცენტრირების დონე კლებულობს, ნარკოტიკებზე დამოკიდებული პირი განიცდის ნარკოტიკების მწვავე მოთხოვნილებას ე.წ. ,,ლომკას”. მეტადონის სწორად შერჩეული დოზა ხსნის მწვავე სიმპტომებს და საგრძნობლად ამცირებს ქრონიკულ დამოკიდებულებას და ახდენს სისხლში ნარკოტიკების დონის სტაბილიზებას. შესაბამისად, ხდება მისი ჩანაცვლება ნივთიერებათა ცვლის პროცესში, რაც პაციენტის ორგანიზმის ,,ნორმალურად” ფუნქციონირებას უწყობს ხელს. ჩანაცვლების თერაპიის დროს გამოიყენება მეტადონის სტაბილური დოზა, რომელიც საკმარისია მეტადონის და სხვა ოპიატების მიერ გამოწვეული ნარკოტიკული ზემოქმედებისა და ეიფორიის ბლიკირებისათვის. მეტადონის სწორი დოზით გამოყენება არ იწვევს ეიფორიას და არ მოქმედებს, როგორც დამამშვიდებელი ან ტკივილგამაყუჩებელი საშუალება. მეტადონს არა აქვს უკუჩვენებები. იგი გავლენას არ ახდენს მოტორულ უნარებზე, გონებრივ შესაძლებლობებსა და შრომისუნარიანობაზე. ნარკოტიკულ საშუალებაზე უარის თქმის სიმპტომები ხარისხობრივი თვალსაზრისით მსგავსია. თუმცა, თუ ჰეროინზე უარის თქმა იწვევს ინტენსიურ, მაგრამ შედარებით ხანმოკლე მოთხოვნილებას (ლომკას), მეტადონზე უარის თქმა იწვევს ნაკლებად ინტენსიურ, მაგრამ გაცილებით ხანგრძლივ მოთხოვნილებას (ლომკას). მოთხოვნილების მწვავე სიმპტომების შემსუბუქება შესაძლებელია დოზის თანდათანობით შემცირებით დროის ხანგრძლივ მონაკვეთში.

აღნიშნული კვლევები ცხადყოფს, რომ მეტადონით ხანგრძლივი მკურნალობის მნიშვნელოვან შედეგს პაციენტის ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობის საგრძნობლად გაუმჯობესება წარმოადგენს. მცდარია მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მეტადონი უარყოფითად მოქმედებს იმუნურ სისტემაზე, გულზე, თირკმელებსა და ღვიძლზე. მეტადონმა შეიძლება გამოიწვიოს ოფლიანობა და კუჭის შეკრულობა, თუმცა ეს სიმპტომები დროებითია და არ უქმნის საფრთხეს პაციენტის ჯანმრთელობას.

მეტადონი გამოიყენება მხოლოდ ოპიატური დამოკიდებულების მკურნალობის დროს. დაუშვებელია ამ პრეპარატის გამოყენება იმ პირებისთვის, რომლებიც იყენებენ ჰეროინს, თუმცა არ არიან (ან არასოდეს ყოფილან) მასზე დამოკიდებულნი. ამ ტიპის ადამიანებისთვის უმჯობესია მკურნალობა არანარკოტიკული საშუალებებით ან ისეთი პრეპარატებით, როგორიცაა ბუპრენორფინი და ნალტრექსონი. ამეირიკის შეერთებული შტატების ფარგლებს გარეთ ნარკოტიკების განსაკუთრებით აქტიურ მომხმარებლებს ხშირად უნიშნავენ ჰეროინს, კოდეინს, მორფინსა და მეტადონის ინექციებს.

3 3. კანონმდებლობა

▲ზევით დაბრუნება


3.1 3.1 გაეროს კონვენციები

▲ზევით დაბრუნება


3.1.1 გაეროს კონვენციების მოკლე მიმოხილვა

სებობს სამი ძირითადი საერთაშორისო შეთანხმება ნარკოტიკების კონტროლის შესახებ, რომელთა მიზანია ნარკოტიკების შესახებ ეროვნული კანონმდებლობისა და პოლიტიკის შემუშავებისთვის სახელმძღვანელო პრინციპების შექმნა.

- 1961 წელი: ერთობლივი კონვენცია ნარკოტიკულ საშუალებათა შესახებ;

- 1971 წელი: კონვენცია ფსიქოტროპულ ნივთიერებათა შესახებ;

- 1988 წელი: კონვენცია ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ.

1961 წლის ერთობლივი კონვენცია ნარკოტიკულ საშუალებათა შესახებ

ნარკოტიკულ საშუალებათა შესახებ ერთობლივი კონვენციის თანახმად, ნარკოტიკული საშუალებების შენახვა, გამოყენება, რეალიზაცია, იმპორტი, ექსპორტი, წარმოება და კულტივირება დასაშვებია მხოლოდ სამედიცინო ან სამეცნიერო მიზნით.

1971 წლის კონვენცია ფსიქოტროპულ ნივთიერებათა შესახებ

1971 წლის - კონვენცია ფსიქოტროპულ ნივთიერებათა შესახებ აწესებს საერთაშორისო კონტროლს ფსიქოტროპულ საშუალებებზე და განავრცობს 1961 წლის კონვენციით დადგენილ ნარკოტიკული საშუალებების ნუსხას.

1988 წლის კონვენცია ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ

1988 წლის კონვენცია ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ განსაზღვრავს ყველა იმ მრავალმხრივ ღონისძიებას, რომელიც მიმართულია ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ და, ამ კუთხით, ხაზს უსვამს საერთაშორისო თანამშრომლობის ძირითად ასპექტებს, როგორიცაა ექსტრადიცია ან სამართლებრივი დევნის გადატანა და განხორციელება სხვა ქვეყნებში.

3.1.2 გაეროს კონვენციები ნარკოტიკების უკანონო მოხმარებისა და შენახვის შესახებ

1961 წლის კონვენციის 33-ე მუხლის თანახმად, ნარკოტიკული საშუალებების შენახვა აკრძალულია გარდა კანონით განსაზღვრული ცალკეული შემთხვევებისა (ეს შემთხვევები განისაზღვრება ადგილობრივი კანონმდებლობით).

1961 წლის კონვენციის 36.1 (ა) მუხლი განსაზღვრავს სისხლის სამართლის დებულებებს, რომლის თანახმად, ნარკოტიკული საშუალებების შენახვა ითვლება დანაშაულებრივ ქმედებად იმ შემთხვევაში, თუ იგი ჩადენილია წინასწარი განზრახვით. და თუ აღნიშნული დანაშაული მძიმე კატეგორიას განეკუთვნება, სასჯელის სახით გათვალისწინებულია პატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთის სხვა ზომები. კონვენციის ამ მუხლით, ასევე, განსაზღვრულია საერთაშორისო დანაშაულის გამოძიების პროცედურა.

1988 წლის კონვენციის მე-3 მუხლში, რომელიც დეტალურად განსაზღვრავს სისხლის სამართლის დანაშაულსა და მის წინააღმდეგ შესაბამის სანქციებს, მითითებულია ის ძირითადი პრინციპები, რაც უნდა გაითვალისწინონ შეთანხმებაში მონაწილე ქვეყნებმა თავიანთ კანონმდებლობაში ზემოაღნიშნულ დანაშაულთან მიმართებაში. ამ მუხლის თანახმად, ნარკოტიკული ნივთიერებების შენახვა სისხლის სამართლის დანაშაულია, ხოლო დანაშაულის გაცნობიერება (მაგ. თუ პიროვნება, რომალსაც ნარკოტიკულ ნივთიერებებს აღმოუჩენენ ათვითცნობიერებდა, რომ ინახავდა ნარკოტიკულ საშუალებას) დანაშაულებრივი ქმედების ელემენტია, რაც ყოველთვის შეიძლება დადასტურდეს საქმის ფაქტობრივი გარემოებებით.

3.1.3 გაეროს კონვენციები ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის შესახებ

1961 წლის კონვენციის 35-ე მუხლი განსაზღვრავს ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებს. ამ მუხლის თანახმად, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შეთანხმებაში მონაწილე მხარეებმა უნდა ითანამშრომლონ საერთაშორისო დონეზე.

1961 წლის კონვენციის 36.1 (ა) მუხლის თანახმად, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვა (კერძოდ : ნარკოტიკების ტრანსპორტირება, იმპორტი და ექსპორტი) არის დანაშაულებრივი ქმედება და, შესაბამისად, დასჯადია იმ შემთხვევებში, თუ ჩადენილია განზრახ ან წარმოადგენს მძიმე დანაშაულს, ამ შემთხვევაში, სასჯელის სახით გათვალისინებულია თავისუფლების აღკვეთა. 1971 წლის კონვენციის 21-ე მუხლის თანახმად, შეთანხმების მონაწილე მხარეებმა უნდა ითანამშრომლონ საერთაშორისო დონეზე ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით. 1988 წლის კონვენციის მე-3 მუხლში, რომელიც დეტალურად განსაზღვრავს სისხლის სამართლის დანაშაულსა და მის წინააღმდეგ შესაბამის სანქციებს, მითითებულია, რომ შეთანხმების მონაწილე მხარეებმა საერთაშორისო კანონდმებლობის გათვალისწინებით ადგილობრივ კანონმდებლობაში უნდა დაადგინონ ის ძირითადი პრინციპები, რომლის მიხედვითაც ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვა ჩაითვლება სისხლის სამართლის დანაშაულად.

3.1.4 გაეროს კონვენციები სასჯელის ალტერნატიული ზომების შესახებ

1961 წლის კონვენციის 36.1 (ა) მუხლის თანახმად, მძიმე დანაშაულისთვის სასჯელის სახით უნდა იქნეს გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთა.

ამ მუხლით მნიშვნელოვნადაა გამიჯნული ნარკოტიკების მომხმარებელთა და არამომხმარებელთა მიერ ჩადენილი დანაშაული.

ნარკოტიკების მომხმარებელის მიერ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, შეთანხმების მონაწილე მხარეებმა (ქვეყნებმა) შეიძლება გაითვალისწინონ თავისუფლების აღკვეთის დამატებითი ან ალტერნატიული ზომები:

- მკურნალობა;

- შემეცნებითი პროგრამები;

- რეაბილიტაცია;

- სოციალური ინტეგრაცია.

3.1.5 დეტალური ინფორმაცია

ნარკოტიკების შესახებ გაეროს კონვენციების სრული ვერსიის ნახვა შესაძლებელია შემდეგ ინტერნეტ-მისამართებზე:

3.2 3.2. ევროკავშირის მიერ დადგენილი აკრძალული ნარკოტიკული საშუალებების კლასიფიკაცია

▲ზევით დაბრუნება


3.2.1 შესავალი

ევროკავშირის წევრ ქვეყნებში აკრძალული ნარკოტიკული საშუალებების კლასიფიკაცია ხდება გაეროს მიერ 1961, 1971 და 1988 წლებში მიღებული სამი კონვენციის შესაბამისად.

ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების სამედიცინო და სამეცნიერო მიზნებისთვის კანონიერი გამოყენებისა და ჯანმრთელობისთვის შესაძლო რისკის მიხედვით კლასიფიცირების გარდა, კონვენციის ზოგიერთ მონაწილე სახელმწიფოში კლასიფიკაცია ხდება აღნიშნულ ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებული დანაშაულებრივი ქმედებისთვის გათვალისწინებული სასჯელის მიხედვით. მაგალითად, ზოგიერთ ქვეყანაში აკრძალული ნარკოტიკული საშუალების შენახვისთვის სასჯელი დამოკიდებულია ამ ნარკოტიკული საშუალების სახეობაზე, მაშინ, როდესაც სხვა ქვეყნებში აკრძალული ნარკოტიკული საშუალების სახეობა სასჯელის განსაზღვრაზე გავლენას არ ახდენს.

ესპანეთში, ირლანდიაში, იტალიაში, ნიდერლანდებში, პორტუგალიაში, ლუქსემბურგსა და დიდ ბრიტანეთში ნარკოტიკული დანაშაულისთვის სასჯელის განსაზღვრა დამოკიდებულია ნარკოტიკის სახეობაზე. მაგრამ, ამასთან, პორტუგალიაში ნარკოტიკის სახეობას მნიშვნელობა ენიჭება მხოლოდ ნარკოტიკების რეალიზაციისთვის სასჯელის განსაზღვრის დროს. ზემოთ ჩამოთვლილი შვიდი სახელმწიფოს კანონმდებლობა სასამართლო ორგანოებს ანიჭებს უფლებამოსილებას, სასჯელის განსაზღვრისას გაითვალისწინონ სხვადასხვა ნარკოტიკის ტიპებს შორის არსებული სხვაობა.

ევროკავშირის დანარჩენ წევრ-ქვეყნებში სასჯელის განსაზღვრა არ არის დამოკიდებული ნარკოტიკის სხვადასხვა სახეობაზე. შესაბამისად, ნარკოტიკული დანაშაულისთვის შესაძლოა, გათვალისწინებულ იქნეს ერთნაირი სასჯელი იმისდა მიუხედავად, ნარკოტიკული საშუალების რომელ სახეობას განეკუთვნება იგი. თუმცა, რეალობაში, სასამართლო პრაქტიკა ხშირად არ შეესაბამება სამართლებრივი ნორმების მოთხოვნებს. იმ ცხრა ქვეყანაში, სადაც კანონდმებლობის მიხედვით ოფიციალურად არ ხდება ნარკოტიკების სახეობების გამიჯვნა, განაჩენის გამოტანისა და სასჯელის ზომის განსაზღვრისას სასამართლო ორგანო ითვალისწინებს ნარკოტიკული საშუალების ტიპს (ასევე მის ოდენობასა და სხვა განმსაზღვრელ ფაქტორებს). ქვემოთ მოცემული ცხრილიდან ნათლად ჩანს, რომ კანონმდებლობაშიც და პრაქტიკაშიც ხშირად ხდება ნარკოტიკულ საშუალებათა ტიპების ერთმანეთისგან გამიჯვნა.

3.3 3.3 ნარკოტიკების უკანონო მოხმარება და კანონი

▲ზევით დაბრუნება


მიუხედავად იმისა, რომ გაეროს კონვენციებით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ სამეცნიერო და სამედიცინო მიზნებისთვის, ეს კონვენციები არ ავალდებულებს კონვენციის მხარეებს (სახელმწიფოებს), მოახდინონ ნარკოტიკების ერთჯერადი მოხმარების კრიმინალიზაცია. თუმცა, გაეროს კონვენციების თანახმად, პირადი მოხმარების მიზნით ნარკოტიკების შენახვა ითვლება უკანონოდ, გარდა კანონით განსაზღვრული შემთხვევებისა. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ თუ ნარკოტიკების პირადი მოხმარება დანაშაულად ითვლება, მაშინ მათი შენახვაც უნდა ჩაითვალოს სისხლის სამართლის დანაშაულად, ვინაიდან შეუძლებელია ნარკოტიკების მოხმარება მათი შენახვის/ფლობის გარეშე.

ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო ბრუნვის შესახებ გაეროს 1988 წლის კონვენციის ოფიციალურ კომენტარში განმარტებულია, რომ ნარკოტიკების შენახვა ითვლება დანაშაულად იმ შემთხვევაში, თუ ეს გულისხმობს შენახვას შემდგომი რეალიზაციის ან ბრუნვის მიზნით. მსგავსი განმარტება ხშირად კონვენციის მხარეებს (სახელმწიფოებს) შორის დავის საგანი ხდება.

1988 წლის კონვენცია ითვალისწინებს პირადი მოხმარების მიზნით ნარკოტიკების შენახვის კრიმინალიზაციას, როგორც ნარკოტიკების ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთ ეფექტურ საშაულებას. ამავე დროს, იმ სახელმწიფოებს, სადაც ნარკოტიკების მოხმარების მიმართ შემუშავებულია სამედიცინო-სოციალური მიდგომა, უფლება აქვთ უარი თქვან ამ დებულებაზე.

1988 წლის კონვენციის 3.1. მუხლში აღნიშნულია, რომ მხარეებმა (სახელმწიფოებმა) უნდა მიიღონ საჭირო ზომები იმისათვის, რომ კონვენციის დებულებების გათვალისწინებით ადგილობრივ კანონმდებლობაში განსაზღვრონ სხვადასხვა სისხლის სამართლის დანაშაული. მაგალითად ისეთი დანაშაული, როგორიცაა: ,,იმ ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული საშუალების წარმოება, დამზადება, ექსტრაქცია, შეთავაზება, შეთავაზება გასაღების მიზნით, რეალიზაცია, გაყიდვა, ნებისმიერი პირობებით მიწოდება, შუამავლობა, გადაგზავნა, გადაზიდვა, ტრანსპორტირება, იმპროტი ან ექსპორტი, რომელიც ეწინააღმდეგება 1961 და 1971 წლების კონვენციების დებულებებს, ასევე ხაშხაშის, კოკაინის ბუჩქისა და კანაფის კულტივირება ნარკოტიკული საშუალებების წარმოების მიზნით”.

3.2. მუხლის თანახმად:

,,საკუთარი ქვეყნის კონსტიტუციის დებულებებისა და სამართლებრივი სისტემის გათვალისწინებით, თითოეული მხარე მიიღებს აუცილებელ და საჭირო ზომებს, რათა ქვეყნის კანონმდებლობამ სამართალდარღვევად აღიაროს განზრახ ქმედება, რომელიც უკავშირდება ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული საშუალებების შენახვას, შეძენას ან კულტივირებას პირადი მოხმარების მიზნით, თუკი ამით ირღვევა 1961 და 1971 წლის კონვენციები

ამრიგად, კონვენცია არ მოითხოვს მხარეებისგან ყველა იმ მოქმედების სამართალდარღვევად ცნობას, რომელიც უკავშირდება პირადი მოხმარების მიზნით ნარკოტიკების შენახვას, შეძენასა და კულტივირებას, არამედ მხოლოდ იმ ქმედებების კრიმინალიზაციას, რომლებიც ეწინააღმდეგება კონვენციის დებულებებსა და მიზნებს. ,,კონსტიტუციურ დებულებებსა და სამართლებრივი სისტემის ძირითად პრინციპებზე” დაყრდნობა გულისხმობს იმას, რომ კონკრეტული ქვეყნის კონსტიტუციასა და სხვა სამართლებრივ ნორმებზეა დამოკიდებული, მიენიჭება თუ არა დანაშაულის სტატუსი პირადი მოხმარების მიზნით ნარკოტიკული საშუალებების შენახვას, შეძენასა და კულტივირებას.

მაგალითად, ესპანეთსა და იტალიაში, სულ ახლახანს კი, პორტუგალიასა და ლუქსემბურგში, პირადი მოხმარების მიზნით ნარკოტიკული საშუალებების შენახვა, ნარკოტიკის მოხმარებისთვის მომზადება და მასთან დაკავშირებული ყველა ქმედება, ისევე როგორც ნარკოტიკების შეძენა, ტრანსპორტირება და შენახვა, აღარ ითვლება სისხლის სამართლის დანაშაულად.

იმის გათვალისწინებით, რომ 1988 წლის კონვენციის 3.2 მუხლი არ გულისხმობს ნარკოტიკის მოხმარებისთვის მომზადებისა და მასთან დაკავშირებული ყველა ქმედების კრიმინალიზაციას, ამ ქვეყნებში გამოიყენება მხოლოდ ადმინისტრაციული სანქციები (მაგალითად: პასპორტის ან მართვის მოწმობის კონფისკაცია) საერთაშორისო კონვენციებზე დაყრდნობით ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე. რაც შეეხება ესპანეთსა და იტალიას, ნარკოტიკების მოხმარებისთვის მომზადებისა და მასთან დაკავშირებული ყველა ქმედების კრიმინალიზაცია ეწინააღმდეგება ამ ქვეყნების მთავრობათა გადაწყვეტილებას ნარკოტიკების ერთჯერადი მოხმარების დეკრიმინალიზაციის შესახებ. პორტუგალიასა და, გარკვეულწილად, ლუქსემბურგშიც, ანალოგიური მიდგომა უკვე დაინერგა ნარკოტიკების შესახებ ეროვნული კანონმდებლობის მოდიფიკაციის მიზნით განხორციელებულ პროექტებში.

3.4 3.4 ნარკოტიკების უკანონო შენახვა ევროკავშირის წევრ-ქვეყნებში

▲ზევით დაბრუნება


3.4.1. შესავალი

,,ნარკოტიკების შენახვა” გულისხმობს ჩამონათვალით გათვალისწინებული აკრძალული ნარკოტიკების უკანონო ფლობას, შენახვას, ასევე აკრძალული ნარკოტიკების შეძენას.

ევროკავშირის წევრ-ქვეყნებში სულ უფრო მეტად ვრცელდება პირად მოხმარებასთან დაკავშირებული სამართალდარღვევების დიფერენციაციის ტენდენცია, იქნება ეს ნარკოტიკების პათოლოგიური თუ ფსევდო-გასართობი მოხმარება, ისევე როგორც ნარკოტიკების რეალიზაციასთან დაკავშირრებული სამართალდარღვევები. ნარკოტიკების შენახვასთან მიმართებაში სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ნაცვლად უფრო მეტად მიმართავენ სამედიცინო და სოციალური ხასიათის ღონისძიებებს.

კანონმდებლობის თანახმად, უმნიშვნელო სამართალდარღვევაზე მოქალაქის თანხმობის შემთხვევაში, თავისუფლების აღკვეთის სანაცვლოდ შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს რეაბილიტაცია. თუმცა ძნელია იმის თქმა, თუ რამდენად გამოიყენება ეს პრინციპი პრაქტიკაში.

ევროკავშირის 11 წევრ-ქვეყანაში ნარკოტიკების მცირე ოდენობით შენახვის შემთხვევაში სასამართლო ორგანოებმა უნდა შეაფასონ, იყო თუ არა ნარკოტიკების შენახვა პირადი მოხმარების მიზნით. სასჯელის დადგენისა და განსაზღვრის დროს ერთ-ერთი მთავარი გარემოებაა სამართალდარღვევის ჩადენის მიზეზი. გადაწყვეტილების გამოტანის დროს სასამართლო ორგანოები ყურადღებას აქცევენ კიდევ ორ ფაქტორს - ნარკოტიკის სახეობასა და მის ოდენობას.

თუმცა, პრაქტიკაში, ნარკოტიკების შენახვისთვის ბრალდებული პირი შეიძლება არ იქნეს გასამართლებული. როგორც წესი, სასამართლო საკმაოდ ფართო უფლებამოსილებით სარგებლობს. იმის გათვალისწინებით, რომ გადაწყვეტილების გამოტანისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ისეთი ელემენტები, როგორიცაა კონკრეტული ქვეყნის კანონმდებლობა, კანონდამრღვევის პიროვნული გარემოებები (ნარკოტიკებზე დამოკიდებული პირია ის თუ არა), სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი (ქალაქი ან სოფელი/დაბა), ნარკოტიკის სახეობა და ოდენობა. ერთი ქვეყნის მასშტაბითაც კი ძნელია ერთიანი მიდგომის შემუშავება, მითუმეტეს ევროკავშირში.

აშკარაა, რომ ევროპაში კანაფის შენახვისთვის არ არის გათვალისწინებული ისეთი მკაცრი სასჯელი, როგორიც მაგალითად, ჰეროინის შენახვისათვის, რადგან კანაფი ნაკლებად საშიშ საშუალებად ითვლება. თუმცა, დაფიქსირებულია ისეთი შემთხვევებიც, როდესაც კანაფის მცირე ოდენობით შენახვისთვის გამოყენებული იყო სასჯელის გაცილებით მძიმე ზომა, ვიდრე ჰეროინის მცირე ოდენობით შენახვისთვის, რადგან ჰეროინის შენახვა, კანაფისგან განსხვავებით, ჩვევითა და დამოკიდებულებით იყო განპირობებული. უფრო მეტიც, სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა უფრო ფართოდ გამოიყენება სოფელში დაკავებულ პირთან მიმართებაში, ვიდრე ქალაქში მცხოვრები პირის შემთხვევაში. ეს და სხვა კონკრეტული შემთხვევები მეტყველებს იმაზე, რომ ერთი და იგივე სამართალდარღვევა განსხვავებულად განიხილება არა მარტო სხვადასხვა ქვეყანაში, არამედ ერთი ქვეყნის სხვადასხვა რაიონშიც კი.

3.4.2 ევროკავშირის წევრ ქვეყნებში სასჯელის განსაზღვრის ერთიანი პრაქტიკა

სირთულეების მიუხედავად, ევროკავშირის ყველა წევრ-ქვეყანაში ნარკოტიკების შენახვისათვის სრულწლოვანთა დაკავების ფაქტებთან მიმართებაში დადგენილია ერთიანი პრაქტიკის ზოგადი პრინციპები.

სამართალდარღვევის მიზეზი

პირველი საერთო ელემენტი დარღვევის მიზეზს უკავშირდება. სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა დაადგინონ ნარკოტიკების შენახვის მიზეზი - იყო თუ არა ნარკოტიკი განკუთვნილი პირადი მოხმარებისთვის, თუ რეალიზაციითვის. ეს განსხვავება, რომელიც ზოგიერთ ქვეყანაში უფრო მკაფიოა, ზოგიერთში კი ძალზედ ბუნდოვანი, სასჯელის განსაზღვრის უმთავრეს საფუძველს წარმოადგენს.

15-დან 11 სახელმწიფოში ნარკოტიკების შენახვა პირადი მოხმარების მიზნით წარმოად-გენს შემამსუბუქებელ გარემოებას, რომელიც განაჩენის გამოტანის დროს მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული. ესპანეთში, იტალიასა და პორტუგალიაში ნარკოტიკების შენახვა მხოლოდ პირადი მოხმარების მიზნით ითვლება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად. ლუქსემბურგში კი, ამ ნიშნით დიფერენცირება ხდება მხოლოდ კანაფის შემთხვევაში. დანარჩენ 11 ქვეყანაში ნარკოტიკების პირადი მოხმარების მიზნით შენახვისთვის გათვალისწინებულია სხვადასხვა სახის სასჯელი - გაფრთხილება, ჯარიმა ან მოკლევადიანი თავისუფლების აღკვეთა.

4 ქვეყანაში (საფრანგეთი, საბერძნეთი, შვედეთი და ფინეთი), სადაც ნარკოტიკების შენახვა პირადი მოხმარების მიზნით ოფიციალურად არ ითვლება შემამასუბუქებელ გარემოებად, სასამართლო ყოველი კონკრეტული შემთხვევისთვის ინდივიდუალურად განსაზღვრავს სასჯელის ზომას, იქნება ეს სისხლის სამართლით გათვალისწინებული სასჯელი, თუ რაიმე სხვა სანქცია. თუმცა, ბოლო პერიოდში ვითარება საგრძნობლად შეიცვალა. საფრანგეთის მთავრობის მიერ 1999 წლის ივნისში მიღებული დადგენილებით, იმ პირთან მიმართებაში, რომელსაც აკრძალული ნარკოტიკების შენახვის გარდა სხვა დანაშაულებრივი ქმედება არ ჩაუდენია, პროკურორმა ან მოსამართლემ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სასჯელის ფორმას უნდა მიმართოს მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში. რაც შეეხება საბერძნეთს, 1999 წელს მიღებული კანონის თანახმად, ნარკოტიკებით მცირე ოდენობით ვაჭრობა მიჩნეულია ნაკლებად მძიმე დანაშაულად, ვიდრე ნარკოტიკებით ორგანიზებული ვაჭრობა (რომლისთვისაც გათვალისწინებულია მკაცრი სასჯელი). ამ შემთხვევაში ხდება ნარკოტიკების მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინებაც, ვინაიდან იგი პირადი მომხარებისთვის განკუთვნილი ნარკოტიკების მარაგს ყიდის, რათა შეძლოს საკუთარი მავნე ჩვევის დაფინანსება.

ნარკოტიკების ოდენობა

ნარკოტიკების ოდენობა არის ის მეორე ფაქტორი, რომელიც უნდა გაითვალისწინონ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა. ლოგიკურია ვარაუდი, რომ მცირე ოდენობის ნარკოტიკული საშუალებები უფრო მეტად პირადი მოხმარებისთვისაა გამიზნული და არა ვაჭრობასა და ბრუნვისათვის. თუმცა, სხვადასხვა ქვეყნის კანონმდებლობაში, პირადი მოხმარებისთვის და რეალიზაციისთვის განკუთვნილი ნარკოტიკების ოდენობას შორის ზღვარის გავლება საკმაოდ რთულია. შესაბამისად, ყოველი სასამართლო კონკრეტულ საქმეზე ამა თუ იმ გადაწყვეტილებას იღებს სხვადასხვა გარემოებების გათვალისწინებით.

საქმის კიდევ ერთი გარემოება, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს დეტალურად შესწავლილი და გათვალისწინებული, არის პირის ფიზიკური და ფსიქიკური მდგომარეობა. პირს, რომელიც აშკარად ამჟღავნებს ნარკოტიკებზე დამოკიდებულებას, თუნდაც მას პოლიციასთან უკვე ჰქონდა ურთიერთობა, მაინც ევალება თერაპიული ან დამხმარე ფსიქოლოგიური პროგრამის გავლა. გარკვეული სირთულეები წარმოიქმნება იმ პირებთან მიმართებაში, რომლებიც ჯერ კიდევ არ არიან ნარკოტიკებზე დამოკიდებულნი. სასამართლოში სულ უფრო ხშირად ხდება იმ პირთა საქმეების განხილვა, რომლებიც ნარკოტიკებზე არ არიან დამოკიდებულნი, ან ჯერ კიდევ არ ამჟღავნებენ ნარკოტიკებზე დამოკიდებულებას.

ნარკოტიკის სახეობები

სასამართლო ორგანოები დიდ ყურადღებას აქცევენ ნარკოტიკის სახეობას, ტიპს. ევროკავშირის წევრმა-ქვეყნებმა უკვე მიაღწიეს შეთანხმებას ამ შემთხვევებში გამოყენებულ პრაქტიკასთან დაკავშირებით. კანაფის, მარიხუანას, ჰაშიშის და მათგან წარმოებული საშუალებების შემთხვევაში გათვალისწინებულია სასჯელის ნაკლებად მკაცრი ზომები, ვიდრე უფრო საშიში საშუალებების შემთხვევაში.

რეციდივიზმი

ნარკოტიკების უკანონო შენახვის შემთხვევაში, არაერთგზის ჩადენილი დანაშაული დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს, თუმცა ცხადია ისიც, რომ ნარკოტიკებზე დამოკიდებული პირი ცხოვრების განმავლობაში ნარკოტიკების შენახვასთან დაკავშირებულ დანაშაულს არაერთხელ ჩაიდენს.

3.5 3.5. ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვა

▲ზევით დაბრუნება


ნარკოტიკებით ვაჭრობა საკუთარი მავნე ჩვევის დასაფინანსებლად ნარკოტიკებზე დამოკიდებული ნებისმიერი პირისათვის ჩვეული პრაქტიკაა. მსგავსი ქმედება ევროკავშირის ყველა წევრ-ქვეყანაში ცალსახად მძიმე სამართალდარღვევად ითვლება. ზოგიერთ სახელმწიფოში, პირის ნარკოტიკებისადმი დამოკიდებულება შემამსუბუქებელ გარემოებად არის მიჩნეული. ასევე, მხედველობაში მიიღება გაყიდული ან რეალიზებული ნარკოტიკული საშუალებების ოდენობა და რეციდივიზმის ფაქტორი.

ზოგადად, ნარკოტიკებით ვაჭრობა კანონით ისჯება. თუმცა სასჯელი მეტწილად დამოკიდებულია სასამართლო ორგანოების მიერ კონკრეტული საქმის გარემოებების შეფასებაზე.

3.6 3.6 ნარკოტიკულ დანაშაულთა ზოგადი დახასიათება საქართველოს სისხლის სამართლის მიხედვით

▲ზევით დაბრუნება


ნარკომანიით გამოწვეული ზიანის ობიექტურად შეფასებისათვის საჭიროა სრულყოფილად იქნეს შესწავლილი, თუ რა ზეგავლენას ახდენს ნარკოტიკული საშუალება ადამიანის ორგანიზმსა და მის ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.

ნარკოტიკული საშუალების მიღება ადამიანში იწვევს ეიფორიულ მდგომარეობას, ხოლო თანდათანობით იზრდება ტოლერანტობა ამ ნივთიერებისადმი; უფრო მოგვიანებით კი ვითარდება აბსტინენცია, ანუ ნარკოტიკული შიმშილი (ამ ნივთიერებისადმი ფიზიკური დამოკიდებულება)1.

ნარკოტიკული საშუალების პოტენციური მომხმარებლები არიან უნებისყოფო, სასოწარკვეთილი ადამიანები ან სიამოვნების მაძიებელი ეგოისტები.

გაეროს 1988 წლის ,,ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” კონვენციაზე დაყრდნობით საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი ,,ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” (2002 წ. 5 დეკემბერი).

საქართველოს სსკ XXXIII თავში გათვალისწინებული ნარკოტიკული დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია მოსახლეობის (საზოგადოების) ზნეობრივი და ფიზიკური ჯანმრთელობა, ასევე ის საზოგადოებრივი ურთიერთობა, რომელიც უზრუნველყოფს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დაცვას. ამ დანაშაულთა უმრავლესობას აქვს თავისი საგანი; მაგალითად, ნარკოტიკული საშუალება, მისი ანალოგი ან პრეკურსორი (სსკ 260-ე 262-ე, 264-ე, 273-ე მუხლები), ასევე ფსიქოტროპული ნივთიერება, მისი ანალოგი ან ძლიერმოქმედი ნივთიერება (სსკ 261-ე, 263-ე, 264-ე) და ყალბი რეცეპტი (სსკ 267-ე, 268-ე მუხლები).

ობიექტური მხრიდან განსახილველ დანაშაულთა უმრავლესობა აქტიურობითაა ჩადენილი (260-ე, 261-ე, 262-ე, 263, 264-ე, 265-ე, 266-ე, 267-ე, 268-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე მუხლები). ზოგი მათგანის ჩადენა შეიძლება როგორც მოქმედებით, ისე უმოქმედობით (269-ე და 274-ე მუხლები). ობიექტური მხრივ ამ დანაშაულთა უმრავლესობა ფორმალური შემადგენლობისაა, ე.ი. დამთავრებულია ქმედების ჩადენისთანავე (სსკ 262-ე, 263-ე 265-ე, 266-ე, 267-ე, 268-ე, 271-ე, 274-ე), ხოლო ზოგ შემთხვევაში აუცილებელია კანონში მითითებული შედეგის დადგომა (264-ე, 269-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწ. 270-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწ., 272-ე მუხლი). ობიექტური მხარის ფაკულტატურ ნიშნებს მაკვალიფიცერებელი მნიშვნელობა აქვს იშვიათ შემთხვევაში (სსკ 262-ე მუხლი - საქართველოში შემოტანა ან საქართველოდან გატანა; სსკ 264-ე მუხლის მე-2 ნაწ. ,,ვ” და მე-3 ნაწილის ,,გ” პუნქტები).

ნარკოტიკულ დანაშაულთა სუბიექტი უმრავლეს შემთხვევაში არის ნებისმიერი შერაცხადი 14 წელს მიღწეული პირი. მაგრამ გვხვდებიან სპეციალური სუბიექტებიც. კერძოდ ისინი, ვინც ბოროტად იყენებს სამსახურებრივ მდგომარეობას (სსკ 260-ე მუხლის მე-2 ნაწ. ,,გ” პუნქ.; 261-ე მუხლის მე-3 ნაწ. ,,გ” პუნქ.; 262-ე, 263-ე, 264-ე, 265-ე მუხლების მე-2 ნაწ. ,,გ” პუნქ. და სხვ.), ასევე 269-ე და 270-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებს სჩადიან სპეციალური სუბიექტები, ხოლო სსკ 274-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის სუბიექტია ის ნარკომანი, რომელსაც სასამართლოს მიერ დაკისრებული აქვს იძულებითი მკურნალობა.

სუბიექტური მხრივ ნარკოტიკულ დანაშაულთა უმრავლესობა განზრახია.

ბრალეული პასუხისმგებლობის დასაბუთება შესაძლებელია ნარკომანის მიერ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების უკანონო დამზადების, შეძენისა თუ შენახვისათვის პირადი მოხმარების მიზნით. მართალია, ნარკომანს აქვს დაუძლეველი (ავადმყოფური) სურვილი ნარკოტიკული საშუალების მიღებისა, რისგანაც თავის შეკავება არ შეუძლია, მაგრამ პასუხისმგებლობის საფუძველი, ამ შემთხვევაში, გადატანილია იმ მომენტისათვის, როცა პირი ჯერ კიდევ არ იყო ნარკომანი და ჰქონდა თავისი ქმედების შეფასებისა და მასზე ხელმძღვანელობის უნარი. ამდენად, როცა პირი იწყებს ნარკოტიკული საშუალების უკანონო მოხმარებას, მან იცის, თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს მის ქმედებას და ამის მიუხედავად, მაინც აგრძელებს ნარკოტიკული საშუალების უკანონო მოხმარებას. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დასაბუთების ამგვარი შემთხვევები იურიდიულ ლიტერატურაში ცნობილია აცტიონ-ლიბერტა ინცაუსა-ს სახელწოდებით2. მაგრამ განსხვავებულ სიტუაციასთან გვაქვს საქმე სომატონარკომანების მიმართ.

სომატონარკომანი არის პირი, რომელიც დაავადებულია ტკივილის სინდრომით მიმდინარე რომელიმე სომატური ავადმყოფობით. მას კანონიერად აქვს დანიშნული ტკივილგამაყუჩებელი ნარკოტიკული საშუალება და მის მიმართ დროთა განმავლობაში ჩამოუყალიბდა ფიზიკური ან/და ფსიქიკური დამოკიდებულება.

როგორც ვხედავთ, სომატონარკომანის ბრალი არაა ის, რომ მას განვითარებული აქვს ნარკოტიკების მიღებისადმი დაუძლეველი სურვილი. ამდენად, ნარკოტიკული საშუალების უკანონო მოხმარებისადმი სომატონარკომანის ბრალის დასაბუთება შეუძლებელია და არ არსებობს ამ ქმედებისადმი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესების საფუძველი.

ერთადერთი, რაშიც შეიძლება ბრალი დავდოთ მას, ესაა იძულებითი მკურნალობისათვის თავის არიდება. აქ უკვე მნიშვნელობა არა აქვს იმას, დაავადება ,,ნარკომანია” პირის ბრალითაა გამოწვეული თუ ბრალის გარეშე. იგივე შეიძლება ითქვას იმ პირის მიმართ, რომელიც ნარკომანი გახდა იმის გამო, რომ სხვამ ძალადობის გამოყენებითა და არაერთგზის მის ორგანიზმში შეიყვანა ნარკოტიკული საშუალება. ასეთ შემთხვევაში ნარკომანი სხვისი ძალადობის მსხვერპლია.

ნარკოტიკულ დანაშაულებში დანაშაულის მიზანი ზოგჯერ წარმოადგენს მაკვალიფიცირებელ გარემოებას (სსკ 266-ე, 267-ე, 268-ე 271-ე, 273-ე მუხლები).

იშვიათ შემთხვევაში ნარკოტიკულ დანაშაულთა ჩადენა შეიძლება გაუფრთხილებლობითაც (სსკ 269-ე, 270-ე მუხლები).

3.6.1 ნარკოტიკული დანაშაულის გამოძიების მეთოდიკა

ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება (მუხლი 260)

0x01 graphic

ბოროტმოქმედების ზემოქმედების უშუალო საშუალებაა: ნარკოტიკული, ფსიქოტროპული, ძლიერმოქმედი და მომწამლავი ნივთიერებები. ბუნებრივი ნარკოტიკული ნივთიერებების რიცხვს მიეკუთვნება: ოპიუმის ყაყაჩოს ნაწარმი (დასაძინებელი ყაყაჩო, ყაყაჩოს ნამჯა, ოპიუმის ექსტრაქტი, ოპიუმი, კოდეინი, ჰეროინი), ინდური კანაფის ნაწარმი (ჰაშიშის ფისი, მარიხუანა, ჰაშიში-ანაშა, ჰაშიშის ზეთი), კოკაინის ბუჩქის ნაწარმი (კოკას ფოთოლი, კოკაინის პასტა, კოკაინი, კრეკი), ეფედრინის ნაწარმი (ეფედრონი, ნევრიტინი). ნახევრადსინთეტიკური და სინთეტიკური ნარკოტიკები (ფენციკლიდინი, პსილოციბინი, ტრიმეტილფენტანილი და სხვა). თავიანთი ზემოქმედების მიხედვით აღნიშნული ნივთიერებები წარმოადგენენ ანალგეტიკებს, ჰალუცინოგენებს, დეპრესანტებს და ა. შ.

ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გასაღება ან გასაღება (მუხლი 260. ნაწილი II, III).

კვალიფიციური სახე

0x01 graphic

ორგანიზებული დანაშაულის საქმიანობაში სპეციფიკური მხარეა ნარკოტიკების უკანონო ბრუნვა (მკვეთრი იერარქია, ორგანიზაციების წევრებს შორის ფუნქციების განაწილება, მკაცრი დისციპლინა, კავშირები სახელმწიფო აპარატის კორუმპირებულ ჩინოვნიკებთან, დანაშაულებრივი საქმიანობის დაფარვა, დანაშაულებრივი კომერციული საქმიანობის ლეგალიზაცია). კრიმინალური დაჯგუფებების ორგანიზატორებად გვევლინებიან კრიმინალური ბიზნესის წარმომადგენლები სხვადასხვა სფეროდან, მაგალითად: კრიმინალური ავტორიტეტები, პირები, რომლებიც ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისთვის იყვნენ გასამართლებული, სამედიცინო მუშაკები, სხვ. აღნიშნულ ორგანიზაციებს ჰყავთ საკუთარი ექსპერტები, აქვთ დაცვის გარანტია, დაცვის ბლოკები (საფარი ე.წ. ,,კრიშა”) სამართალდამცავი ორგანიზაციების მხრიდან, რეალიზატორთა ქსელი, წარმოებითი სტრუქტურები, ლაბორატორიები სინთეტიკური ნარკოტიკების დასამზადებლად; ემსახურებიან გადამტანები (მძღოლები) და ა.შ.

ნარკოტიკული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის განხორციელების გზები:

- საზღვარგარეთიდან კონტრაბანდული ნარკოტიკების შემოტანა და საქართველოს ტერიტორიაზე მათი რეალიზაცია;

- ნარკოტიკების დამზადება და საქართველოში რეალიზაცია;

- ნარკოტიკების დამზადება და მათი გატანა ტერიტორიიდან ევროპაში, აზიაში, დსთ-ში;

- კონტრაბანდული ტრანზიტი საქართველოს ტერიტორიის გავლით.

ნარკოტიკული ნივთიერებების და ნარკოტიკების ლეგალური მწარმოებლები სპეციალიზებული ფარმაცევტული კომპანიებია, რომლებიც მკაცრად დადგენილი წესების მიხედვით უშვებენ ნარკოტიკებს, გარკვეულ პირთა წრისთვის და სამედიცინო დაწესებულებებისათვის.

არალეგალური მწარმოებლები დასახლებების, სოფლების მოსახლეობაა, რომლებსაც საკუთარ ტერიტორიაზე ნარკოტიკის შემცველი მცენარეები მოჰყავთ, აგრეთვე, არალეგალური ლაბორატორიები, რომლებიც მცენარეულ ნაწარმს ამუშავებენ ან ნახევრადსინთეტიკურ და სინთეტიკურ ნარკოტიკებს ამზადებენ.

ნარკოტიკული ნივთიერებების გამტაცებლები შეიძლება იყვნენ:

ფარმაცევტული კომპანიების თანამშრომლები, სამედიცინო დაწესებულებების მედპერსონალი, ხშირ შემთხვევაში ნარკომანები, რომლებსაც არ გააჩნიათ ნარკოტიკის შეძენის სახსრები.

ნარკოტიკების გადამტანებს შორის გვხვდებიან მწარმოებლების ან რეალიზატორების შუამდგომლები, თვით გამსაღებლები, მომხმარებლები, პირები, რომელთა კომპეტენციაშიც შედის აღნიშნული საქმიანობა.

უკანონო ბრუნვის კვალს წარმოადგენს: მცენარეების ნაწილები, მოწყობილობა და ნივთები, რომლებიც ტექნოლოგიური პროცესების სხვადასხვა სტადიაზე გამოიყენება, როდესაც მცენარეული ნაყოფი მუშავდება; დაწყებითი ნარკოტიკული ნივთიერებები, რომლებიც გამოიყენება სინთეზისთვის, წარმოების ნარჩენები, მზა ნარკოტიკები, შეფუთვა, კონტეინერები, საიდუმლო სათავსოები (მათ შორის გადამტანის ორგანიზმი), ნარკოტიკული ნივთიერებების ნაკვალევი ტანსაცმელზე, ნემსები, ინექციის კვალი სხეულზე, რეცეპტურა, სპეციალური ლიტერატურა, ჩანაწერები და მრავალი სხვა.

ნარკოტიკული და ძლიერმოქმედი შხამების უკანონო ბრუნვის გამოძიებისას რა გარემოებანი ექვემდებარება გამორკვევას და დამტკიცებას?

აღნიშნული საქმეების სპეციფიკა შემდეგნაირია:

- დანაშაულის სუბიექტის მიხედვით - კრიმინალური დაჯგუფების ნებისმიერი წევრი;

- ორგანიზატორი - მწარმოებელი - გადამზიდველი - რეალიზატორი - ბუნაგის მფლობელი - მომხმარებელი.

- სუბიექტური მხარის მიხედვით - პირდაპირი განზრახვა; მოტივი: ანგარება, მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება ნარკოტიკულ საშუალებებში;

- დანაშაულის ობიექტის მიხედვით - ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო ბრუნვა, აგრეთვე, მოსახლეობის ჯანმრთელობა.

- ობიექტური მხარის მიხედვით - ღონისძიებების ან მოქმედებების დაგეგმვა არაკანონიერი შეძენისთვის, შენახვა და შემდგომი გასაღება, დამზადება, გადამუშავება, გადაზიდვა, გადაგზავნა; ნარკოტიკული საშუალებების მიტაცება ან გამოძალვა, დაყოლიება მოხმარებაზე, აკრძალული მცენარეების კულტივირება, საბუთების და რეცეპტების გაყალბება ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების გაცემისთვის, ბუნაგის (притон) მფლობელობა, სადაც შემდგომში ჰპოვებს გამსაღებელსაც და მომხმარებელსაც.

საგამოძიებო დაგეგმვის სპეციფიკა

პირველადი ინფორმაცია შეიძლება მოპოვებულ იქნეს მოქალაქეების შეტყობინებების საშუალებით, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ჩატარების მეშვეობით, სადაც არსებობს მამხილებელი ინფორმაცია ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვაზე, აგრეთვე, თანამდებობის პირების შეტყობინების შედეგად გამოძალვაზე ან მიტაცებაზე, აფთიაქის თანამშრომლის მიერ ყალბი დოკუმენტების ან რეცეპტების გამოვლენით და სხვ.

აღნიშნული კატეგორიის საქმეების ტიპური ვერსიები

1. ნარკოტიკული საშუალების უკანონო ბრუნვა კრიმინალური დაჯგუფების მიერ ხორციელდება.

2. ნარკოტიკული საშუალების გასაღება თვით მეწარმის მიერ.

3. მიტაცება ან გამოძალვა ხორციელდება ან ჯგუფის მიერ ანგარების მიზნით, ან ერთპიროვნულად ნარკომანის მიერ, თავისი მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით.

4. ქურდობის ინსცენირება გაფლანგვის ან მითვისების კვალის დაფარვის მიზნით (ანგარებითი გარემო).

5. ბუნაგის ფუნქციონირება გამიზნულია ნარკომანების შეხვედრებისთვის, სადაც ნარკოტიკული საშუალებების შეკვეთა, გასაღება, მოხმარება და ა. შ. ხორციელდება.

გამოძიების პირველ ეტაპზე, უმეტეს შემთხვევაში, იგეგმება ეჭვმიტანილის დაკავება თვით ფაქტზე, ან გადაუდებელ შემთხვევაში, გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე.

პირველადი საგამოძიებო მოქმედებები

1. დაკავება და პირადი ჩხრეკა (ოქმი)

2. ფაქტობრივი და რეგისტრაციის საცხოვრებელი ბინების ჩხრეკა (ოქმი-დაკანონება)

3. ეჭვმიტანილის ნარკოლოგიური შემოწმება და ექსპერტიზა (დადგენილებები)

4. ჩხრეკისას ამოღებული ნივთიერებების ქიმიური ექსპერტიზა (დადგენილებები), დასკვნის მეშვეობით მიღებული ნარკოტიკული საშუალებების სახეობა და წონა.

5. ეჭვმიტანილის დაკითხვა (ოქმი)

6. მოწმეების დაკითხვა (ოქმი)

7. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების დაგეგმვა (გამოკითხვა, სატელეფონო მიყურადება, ვიზუალური კონტროლი)

8. ბანკის ანგარიშებზე, საფოსტო გზავნილებზე ყადაღის დადება.

თუ ეჭვმიტანილი ნარკოტიკული ნედლეულის წარმოებისთვისაა დაკავებული, დაკითხვის დროს დასმული კითხვების საშუალებით უნდა გაირკვეს:

1. რომელი მცენარეების და რა მოცულობით მიმდინარეობდა მოსავლის მოყვანა. (იმ მცენარეთა დასახელება და მოცულობა, რომლის მოსავალიც ეჭვმიტანილს მოჰყავდა)

2. იყო თუ არა დაკვეთა კონკრეტულად რომელიმე მცენარეზე და რა რაოდენობით (რაოდენაობა უნდა განისაზღვროს როგორც ნედლ, ასევე გამომშრალ მდგომარეობაში).

3. ვინ იყო დამკვეთი, ვინ გაასაღებდა მიღებულ ნედლეულს, გასაღებული ნედლეულის ფასი (მოლაპარაკება ფასზე იყო დათესვამდე, თუ მოყვანის შემდეგ).

თუ აღმოჩენილია არალეგალური ლაბორატორია, სადაც მიმდინარეობს სინთეტიკური ნარკოტიკული საშუალებების გამოყვანა და წარმოება, ან ნატურალური ნედლეულის გადამუშავება, ეჭვმიტანილის დაკითხვისას უნდა გამოირკვეს:

1. დემოგრაფიული მონაცემები;

2. რა ფუნქციას ასრულებდა მხილებული ლაბორატორიაში;

3. დაკავებულის განათლება, სპეციალობა, ე. წ. ,,მოღვაწეობის სტაჟი”;

4. ტექნოლოგიური პროცესის ყველა დეტალი;

5. ნედლეულის მიღების წყარო და სხვა საჭირო კომპონენტის მიღების წყარო;

6. გასაღების არხები, ლაბორატორიის პირობებში მიღებული პროდუქტის ხარისხი და ოდენობა;

7. აღნიშნული საქმიანობის ფინანსური მხარე (ნაღდი, უნაღდო ანგარიშები, მიღებული ვალუტა, ე. წ. დისტრიბუტორის ფასი, ადგილზე მიტანით და ა. შ.)

თუ ეჭვმიტანილი ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული საშუალებების ტრანსპორტირებისას არის დაკავებული, უნდა დადგინდეს:

1. ტვირთის დახასიათება და წყარო, მისი ადგილმდებარეობა;

2. ტვირთის მიმღები;

3. რა ხერხები ან ხრიკები გამოიყენება ტრანსპორტირების დროს საზღვრის და საბაჟოს კონტროლის გვერდის ავლისთვის;

4. გასამრჯელოს სახით რა ფულადი თანხა უნდა მიეღო (ან მიიღო) გადამზიდველს და ვისგან;

5. თვით გადამზიდველი არის თუ არა ნარკომანი;

6. ვის ეკუთვნის სატრანსპორტო საშუალება (ფიზიკურ ან იურიდიულ პირს), რომლითაც ხორციელდება ნარკოტიკული საშუალებების ტრანსპორტირება, სამალავების დახასიათება, რაოდენობა, ვინ დაამოტაჟა ისინი;

7. რა პაროლები და კავშირგაბმულობის საშუალებები გამოიყენება გამგზავნსა და მიმღებს შორის.

თუ ეჭვმიტანილი გამსაღებელია დაკავებული, შემდეგი გარემოებანი უნდა დადგინდეს:

1. ვისგანაა მიღებული გასასაღებელი ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული საშუალებანი, იყო თუ არა დაფასოებული ჩეკებად, ფუთებად და დაფასოება ვისი მეშვეობით ხორციელდებოდა;

2. ვინ არის გამსაღებლის რეკომენდატორი, კონკრეტულად ვისზე საღდება აღნიშნული პროდუქტი, სად და რა გარემოებებში ხდება ეს. არსებობს თუ არა აუცილებელი პირობები, ფიქსირებული ფასი, არსებობს თუ არა მუდმივი მყიდველების წრე, მათი სავარაუდო რაოდენობა;

3. სად ინახავს გამსაღებელი ე. წ. ,,საქონელს”, რა სახის ანგარიშსწორებაა მიმწოდებელთან, რამდენი ხანია მუშაობს გამსაღებლად, როდესმე იყო თუ არა დაკავებული სამართალდამცავი ორგანოების მუშაკების მიერ; დადებით შემთხვევაში - როდის და რა სამართალდარღვევაზე.

თუ სახეზეა ქურდობა ან გამოძალვა, აიგება ვერსია ქურდობის ინსცენირებაზე, რაც მიზნად ისახავს მითვისებას ან გაფლანგვას კვალის დაფარვით. პრაქტიკა მოწმობს, რომ ინსცენირების დაგეგმვაში ორგანიზატორია თვით ხელმძღვანელი (დირექტორი, მენეჯერი ან სხვა თანამდებობის პირი).

ზემოაღნიშნული გარემოების შემთხვევაში ბუღალტერი, მოლარე და საფინანსო დარგის სხვა თანამშრომლები გულდასმით დაიკითხება. თუ ეჭვმიტანილი ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული საშუალებების მიღების ან ყიდვის დროსაა დაკავებული, გაყალბებული დოკუმენტის ან რეცეპტის გამოყენებით, დაკითხვის დროს უნდა დადგინდეს:

1. რა სახეობის ნარკოტიკულ ან ფსიქოტროპულ ნივთიერებას ყიდულობდა გაყალბებული რეცეპტის მეშვეობით და რა დოზით, ჰქონდა თუ არა ექიმის დანიშნულება, ეკუთვნოდა თუ არა წილი - ფულადი თანხის პროცენტი ან უშუალოდ ნარკოტიკული საშუალება, გამყალბებელს;

2. წარსულში გაყალბების მექანიზმი იყო თუ არა გამოყენებული;

3. დაკითხვისას უნდა დადგინდეს დოკუმენტის ან რეცეპტის გაყალბების მიზანი, ხერხები;

დაკითხვისას უნდა გამოვლინდეს გაყალბებისთვის ტექნიკური აღჭურვილობის წყაროები, თანამზრახველები. უნდა დადგინდეს, ჰქონდა თუ არა ადგილი ანალოგიურ დანაშაულს წარსულში. გაყალბებული რეცეპტი კრიმინალისტიკური აღრიცხვის მეშვეობით მოწმდება. ხოლო ხელნაწერის მიხედვით ხდება პიროვნების იდენტიფიკაცია.

ნარკობუნაგის მეპატრონის და ორგანიზატორის დაკითხვის დროს დგინდება სხვადასხვა ხელშემწყობი გარემოებები ბუნაგის მოწყობისთვის, მუდმივი კლიენტების წრე, ნარკოტიკული საშუალებების შეძენის წყაროები, მომსახურეობის რეჟიმი, ტარიფები ნარკოტიკულ საშუალებებზე.

აღნიშნული საქმეების კატეგორიებზე დათვალიერების ადგილად გვევლინება თვით ფაქტზე დაკავების ადგილი, ლაბორატორიის შენობა-ნაგებობა, საწყობები, სადაც ინახება ნარკოტიკული ნედლეული, ნარკობუნაგის შენობა- ნაგებობა. ამოღებას ექვემდებარება როგორც რეცეპტების დედნები, ასევე გაყალბებული ასლები. ხშირ შემთხვევაში პიროვნების ამოცნობა ტარდება გამსაღებლის ან ნარკოტიკული საშუალების უკანონო ბრუნვის ხელშემწყობ პირების და აგრეთვე, ორგანიზატორების მიმართ.

შემდგომი საგამოძიებო მოქმედებები

აღნიშნული დანაშაულის გამოძიებისას მოწმეებს წარმოადგენენ ქვემოთ ჩამოთვლილი სუბიექტები:

- პირები, რომლებმაც სამართალდამცავ ორგანოებს აცნობეს არალეგალური ლაბორატორიის არსებობის შესახებ; ტექნიკური პერსონალი, რომელმაც შეამჩნია უცხო წარმოშობის საგნები, ჭურჭელი, ნარჩენები, მიაქცია ყურადღება საწყობებში სპეციფიურ სუნს და სხვა;

- პირები, რომლებმაც აღმოაჩინეს ქურდობა ობიექტზე;

- გამოძალვის მოწმეები, რომლებმაც აღნიშნულის შესახებ შეიტყვეს დაზარალებულისგან ან ბრალდებულისგან;

- კომუნალური სამსახურების მუშაკები, რომლებმაც თავის სამოქმედო ტერიტორიაზე აღმოაჩინეს სპეციფიკური ხასიათის ნარჩენები, ნაგავი და რომლებმაც აირისა და ელექტროენერგიის ჭარბ მოხმარებას მიაქციეს ყურადღება;

- მესაზღვრეები, მებაჟეები.

- ნარკობუნაგების მოსამსახურე პერსონალი, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების მომხმარებელი.

აღნიშნული დანაშაულისთვის დაკითხვის საგნად ჩაითვლება ნებისმიერი გარემოება, რომელიც ხელშემწყობ პირობად გვევლინება. მაგალითად:

სასამართლო-სამედიცინო შემოწმება გვაძლევს ინფორმაციას ნანემსარის არსებობაზე, ინექციის ასაკზე, რაც საშუალებას გვაძლევს, დავადგინოთ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების პერიოდი.

სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა გვაძლევს პასუხს სუბიექტის იძულებითი მკურანლობის შესახებ, პირის დამოკიდებულებაზე ნარკოტიკულ საშუალებებზე, შერაცხადობაზე დანაშაულის ჩადენის დროს.

ბოტანიკური ექსპერტიზა ადგენს ნედლეულის წარმოშობას, ამოღებულ მცენარეში ნარკოტიკის შემცველობის კონცენტრაციას.

3.7 3.7 სამართლებრივი დევნის ალტერნატიული საშუალებები: თერაპიული ზომების გამოყენების ახლებური მიდგომები

▲ზევით დაბრუნება


3.7.1 შესავალი

ნარკოტიკების მოხმარების, შენახვისა და რეალიზაციის გამო სასჯელის დაკისრების ნაცვლად მკურნალობა გახდა მთავარი პრინციპი ევროკავშირის წევრი-ქვეყნების კანონმდებლობაში, სტრატეგიებსა და პროგრამებში. ეს პრინციპი უფრო მეტად იკიდებს ფეხს ევროკაშირის ქვეყნების სახელმწიფო პოლიტიკაში, რაც იმაზე მეტყველებს, რომ გამოიკვეთა მხარდაჭერისა და დახმარების ტენდენცია ნარკოტიკებზე ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად დამოკიდებულ პირთა მიმართ მათი რეაბილიტაციის მიზნით, რადგან ხშირ შემთხვევებში სწორედ თვით მიდგომა ხდება ხოლმე სამართალდარღვევების მიზეზი.

ეს ტენდენცია არ შეიძლება ნარკოტიკებთან დამოკიდებულებაში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების პოზიციის ,,შესუსტებად” მივიჩნიოთ. პირიქით, ეს მეტყველებს სახელმწიფოების მიერ პრობლემისადმი სხვადასხვა უკეთესი მიდგომის ჩამოყალიბებაზე.

3.7.2 სასჯელის ალტერნატიული ზომების გამოყენების სამართლებრივი ბაზა

ნარკოტიკებზე დამოკიდებული პირების განკურნების ტენდენციის გაძლიერება პრაქტიკულ საქმიანობაში სამართლებრივი დევნის სანაცვლოდ ე.წ. ,,ალტერნატიული ზომების” ხშირ და ფართო გამოყენებაში ვლინდება. ეს ზომები, ძირითადად, ხორციელდება სასამართლო პრეცენდენტების შემთხვევაში, როდესაც ნარკოტიკებთან დაკავშირებული სამართალდარღვევის დროს, პირის მიმართ დროებით წყდება საგამოძიებო მოქმედებები ან სამართლებრივი დევნა, თუმცა თვით სამართალდარღვევა ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის კომპეტენციაში შედის. მსგავს შემთხვევებში, დანაშაულში ბრალდებულ პირებს ეძლევათ მკურნალობის საშუალება, რადგან ნარკოტიკებზე დამოკიდებულება ასეთი დანაშაულების მთავარ მიზეზად ითვლება.

თეორიულად, როდესაც სამართალდამრღვევს აკავებენ და სცნობენ დამნაშავედ მცირე დანაშაულში, საქმის წარმოება დროებით წყდება ბრალდებულის ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამო და მას შესთავაზებენ მკურნალობის პროგრამას, რომელსაც შესაძლოა დაეთანხმოს. ბრალდებულს, ასევე, უფლება აქვს, უარი განაცხადოს მკურნალობაზე. პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ პირს ათავისუფლებენ და საქმე იხურება.

1988 წლის გაეროს კონვენცია ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის შესახებ და 1998 წელს გაეროს გენერალური ასამბლეის საგანგებო სხდომაზე მიღებული დეკლარაცია ნარკოტიკებზე მოთხოვნილების შემცირების ძირითადი პრინციპების შესახებ, მხარს უჭერს ფართოდ გავრცლებულ ტენდენციას ევროკავშირის ქვეყნებში დასჯის ნაცვლად სოციალურ-სამედიცინო მიდგომების შესახებ.

1988 წლის გაეროს კონვენციის 3.4-ე მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოებს ეძლევათ საშუალება, ალტერნატიული ზომის ან დამატებითი სასჯელის სახით ,,სამართალდამრღვევების მიმართ გამოყენებული იქნეს ისეთი ზომები, როგორიცაა მკურნალობა, ინფორმირება, აღმზრდელობით-გამოსასწორებელი საქმიანობა, რეაბილიტაცია ან საზოგადოებასთან ხელახალი ინტეგრირება”. ამ მუხლის საფუძველზე, ნარკოტიკებზე მოთხოვნილების შემცირების ძირითადი პრინციპების შესახებ დეკლარაციის მე-14 მუხლის მიხედვით:

,,წევრმა-სახელმწიფოებმა, შეძლებისდაგვარად, სისხლის სამართალწარმოების სისტემის ფარგლებში შესაძლებელი უნდა გახადონ ნარკოტიკების მომხმარებლებისთვის დახმარების გაწევა განათლების, მკურნალობისა და რეაბილიტაციის საშუალებით. აქედან გამომდინარე, აუცილებელია სამართალდამცავი ორგანოების, ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურების ურთიერთთანამშრომლობა”

გარდა ამისა, 1999 წლის მარტში, გაეროს საბჭოზე ეკონომიკური და სოციალური საკითხების შესახებ ნარკოტიკებზე მოთხოვნილების შემცირების 10 ძირითადი პრინციპის შესახებ შეთანხმების თანახმად, აღიარებულ იქნა გასამართლებისა და დასჯის სანაცვლოდ ალტერნატიული სოციალური და თერაპიული ზომების გატარების აუცილებლობა.

ამ პრინციპების გათვალისწინებით, ევროკავშირის ქვეყნები სისხლისსამართლებრივი სისტემის ფუნქციურ მოდიფიცირებას ახდენენ. საბოლოო მიზანი იმაში მდგომარეობს, რომ დახმარება გავუწიოთ ნარკოტიკებზე დამოკიდებულ სამართალდამრღვევებს, თავი დააღწიონ ამ ჩვევას და შეწყვიტონ საზოგადოებისთვის ზიანის მიყენება. ცალკეულ საქმეებზე მუშაობისას იცვლება სასამართლო მოხელეების, პროკურორებისა და ადვოკატების ტრადიციული როლი. გარდა ამისა, სასამართლო განხილვებში ხდება ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურების ჩართვა, რაც ნარკოტიკებზე დამოკიდებული პირებისთვის უფრო კონსტრუქციულ და მეგობრულ გარემოს ქმნის. ასეთი გარემო კი მაქსიმალურად ზრდის ალბათობას, ნარკოტიკებზე დამოკიდებულმა პირებმა უარი თქვან ნარკოტიკების მოხმარებაზე და თავიდან აიცილონ დანაშაულის ხელმეორედ ჩადენა.

3.8 3.8 დეკრიმინალიზაცია

▲ზევით დაბრუნება


3.8.1 არსი და ცნება

დეკრიმინალიზაცია ნიშნავს კონკრეტული ქმედებისთვის ,,დანაშაულის” სტატუსის მოხსნას, რის შედეგადაც აღნიშნული ქმედება აღარ ითვლება სისხლის სამართლის წესით დასჯადად. ნარკოტიკებთან მიმართებაში ეს ძირითადად ეხება: მის შეძენას, შენახვასა და მოხმარებას. დეკრიმინალიზაციის შედეგად ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, შენახვა და შეძენა, ზოგ შემთხვევაში კი იმპორტი დღესაც უკანონოა, მაგრამ უკვე აღარ ითვლება სისხლის სამართლის დანაშაულად. ასეთი ქმედებებისთვის გამოიყენება ადმინისტრაციული სანქციები, მაგალითად: ჯარიმა, მართვის მოწმობის ან იარაღის უფლების დროებით ჩამორთმევა ან უბრალოდ გაფრთხილება.

ლეგალიზაცია კი არის კანონის ფარგლებში ისეთი საქმიანობის მოქცევა, რაც მანამდე უკანონო, აკრძალული ან მკაცრად რეგლამენტირებული იყო. ნარკოტიკებთან დაკავშირებით ეს ტერმინი ყველაზე ხშირად გამოიყენება მიწოდებასთან, წარმოებასთან, დამზადებასთან ან არასამედიცინო მიზნით გაყიდვასთან მიმართებაში. ლეგალიზაცია ნიშნავს ზემოაღნიშნული მოქმედებებისა და ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისა თუ შენახვის რეგლამენტირებას ქვეყნის კანონდმებლობით ისევე, როგორც ალკოჰოლისა და თამბაქოს ლეგალურ ჩარჩოებში მოქცევა. ამასთან, კონტროლისა და რეგულირებისთვის შეიძლება კვლავ არსებობდეს გარკვეული ადმინისტრაციული მექანიზმები, რომლებიც შესაძლოა სისხლისსამართლებრივ სასჯელსაც უკავშირდებოდეს (მაგალითად: არასრულწლოვნებთან ან ავტო-საგზაო მოძრაობის წესებთან დაკავშირებით). სამართლებრივი თვალსაზრისით, ლეგალიზაციის ნებისმიერი ფორმა წინააღმდეგობაში მოვიდოდა გაეროს მოქმედ კონვენციებთან.

არის თუ არა ნარკოტიკების მხოლოდ მოხმარება დანაშაული?

,,ნარკოტიკების მოხმარება” არის იურიდიული ტერმინი და ნიშნავს ნარკოტიკული საშუალებების მხოლოდ მოხმარებას, რომელიც გამიჯნულია სხვა ქმედებებისგან, როგორიცაა შენახვა, კულტივირება, ტრანსპორტირება ან მიწოდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ნარკოტიკული საშუალებების მოწევა, ინექცია, შესუნთქვა ან ყლაპვა წარმოადგენს დანაშაულს, მაგრამ იგი არ გულისხმობს ნარკოტიკული საშუალებების შენახვას. პრაქტიკაში შეუძლებელია ნარკოტიკის მოხმარება ისე, რომ მას არ ფლობდე, მიუხედავად ამისა, სხვადასხვა ქვეყნების კანონმდებლობა განასხვავებს ამ ორ ქმედებას და ნარკოტიკების მოხმარება ითვლება ცალკე დანაშაულად.

3.8.2 ნარკოტიკების დეკრიმინალიზაცია ევროპაში

კანონით განსაზღვრული დეკრიმინალიზაცია

1990 წლის იტალია და 1992 წლის ესპანეთი. უკანანსკნელი 10 წლის განმავლობაში ესპანეთსა და იტალიაში ნარკოტიკების ფლობა/შენახვა პირადი მოხმარების მიზნით არ არის სისხლის სამართლის წესით დასჯადი. თუმცა, თუ ადამიანს აღმოაჩნდება ნარკოტიკების თუნდაც მცირე ოდენობა და პოლიციას აქვს რაიმე მტკიცებულება ან ეჭვი, რომ ადამიანს ჩადენილი აქვს უფრო მძიმე დანაშაული, მაგალითად: ნარკოტიკების გასაღება ან ბრუნვა, მაშინ ხდება ნარკოტიკების ჩამორთმევა/კონფისკაცია. შემდეგ საქმე გადაეცემა ადმინისტრაციულ ორგანოებს და პიროვნებას ეგზავნება ადმინისტრაციულ ორგანოში გამოცხადების უწყება. პირადი მოხმარების მიზნით ნარკოტიკების შენახვის გამო ადამიანის დამნაშავედ ცნობის შემდეგ ესპანეთში პირს ეკისრება ჯარიმის გადახდა, ხოლო იტალიაში - მართვის მოწმობის ჩამორთმევა ორიდან ოთხ თვემდე. ორივე შემთხვევაში, განსაკუთრებით კი მაშინ, თუ სახეზეა ნარკოტიკებზე დამოკიდებულების ნიშნები, პირს სთავაზობენ კონსულტაციის გავლას ან მკურნლობას.

პორტუგალიაში 2000 წლის 29 ნოემბრის № 30/2000 კანონმა მოახდინა ყველა სახის ნარკოტიკის მოხმარებისა და შენახვის დეკრიმინალიზაცია, ეს კანონი ამოქმედდა 2001 წლის 1 ივლისს. მანამდე მოქმედი კანონმდებლობით ნარკოტიკების მოხმარება და შენახვა სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლებოდა, რომლისთვისაც გათვალისწინებული იყო სასჯელი. დღეს კი, თუ დააკავეს პირი, რომელიც ფლობს მცირე ოდენობით ნებისმიერი სახის ნარკოტიკულ საშუალებას (10 დღის დოზაზე ნაკლებს) და პოლიციას ამ პირის მიერ უფრო მძიმე დანაშაულის (ვაჭრობა, ბრუნვა) ჩადენაზე არა აქვს მტკიცებულება ან ეჭვი, ხდება ნარკოტიკის ჩამორთმევა/კონფისკაცია. შემდგომ საქმე გადაეცემა ადგილობრივ კომისიას, რომლის შემადგენლობაშიც შედის სამი წევრი (ერთი ადვოკატი, დანარჩენი ორი წევრი შესაძლოა იყოს ექიმი, სოციალური მუშაკი ან ფსიქოლოგი). კომისიის მუშაობას უზრუნველყოფს ტექნიკური დამხმარე გუნდი. კომისია ხვდება ეჭვმიტანილს, რათა შეაფასოს სიტუაცია სისხლის სამართლის წესით დასჯის ნაცვლად მკურნალობის გამოყენების მიზანშეწონილობის მიზნით. კომისიაზე პირველი გამოცხადების შემდეგ სასამართლო პროცედურები შეჩერდება მაგალითად იმ შემთხვევაში, თუ ნარკოტიკების მოხმარება არ ატარებს სისტემატურ ხასიათს და ჩვევაში არ არის გადაზრდილი (წარმოდგენილი პირი არ არის ნარკოტიკებზე დამოკიდებული).

ლუქსემბურგში 2001 წლის აპრილში მიღებული კანონის თანახმად, მოხდა კანაფის მოხმარების, ტრასნპორტირების, შენახვისა და პირადი მოხმარების მიზნით შეძენის დეკრიმინალიზაცია. კანონის მიხედვით, ხდება ნივთიერებების ორ კატეგორიად კლასიფიცირება: ,,ა” (სხვა კონტროლირებადი ნივთიერებები) და ,,ბ” (კანაფი). კანაფის მოხმარება ისევ არაკანონიერად ითვლება, თუმცა სასჯელი არ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას. კანაფის მომხმარებელს შესაძლოა დაეკისროს ჯარიმა 250-დან 2 500 ევრომდე ოდენობით.

პირს ეკისრება თავისუფლების აღკვეთა 8 დღიდან 6 კვირამდე ვადით დამამძიმებელი გარემოებების დროსაც. ასეთ დამამძიმებელ გარემოებებში იგულისხმება კანაფის მოხმარება არასრულწლოვნების თანდასწრებით, სკოლაში ან სამსახურში. სასჯელი იზრდება ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით, თუ ზრდასრულები იყენებენ კანაფს არასრულწლოვნების თანდასწრებით, ხოლო 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ადგილი აქვს მაშინ, როცა ექიმები ან ფარმაცევტები მოიხმარენ კანაფს სპეციფიკური დანიშნულების ადგილებში (მაგალითად: სკოლაში, ციხეში, სოციალურ დაწესებულებაში).

კანაფის გარდა სხვა აკრძალული ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, შენახვა, შეძენა და ტრანსპორტირება პირადი მოხმარების მიზნით, ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 8 დღიდან 6 კვირამდე ვადით ან ჯარიმას 250-დან 2500 ევრომდე. 2001 წლის კანონის მიღებამდე ასეთი სამართალდარღვევისთვის გათვალისიწნებული იყო თავისუფლების აღკვეთა 3 თვიდან 3 წლამდე ვადით ან ჯარიმა 250-დან 2500 ევრომდე ოდენობით. ,,ა” და `ბ” კატეგორიის ნარკოტიკული საშუალებების კულტივიზირება, წარმოება, დამზადება, იმპორტი, ექსპორტი, გასაღება ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ერთი წლიდან ხუთ წლამდე ვადით ან ჯარიმას 500-დან 1 250 000 ევრომდე.

2001 წლის იანვარში ბელგიის ხელისუფლებამ გააკეთა პოლიტიკური განცხადება კანონში ცვლილების შეტანის შესახებ, ხელისუფლებას განზრახული ჰქონდა კანაფის მოხმარებისთვის სისხლისსამართლებრივი დევნის გაუქმება. ცვლილება ითვალისწინებდა შემდეგს: ,,მოსამართლე, რომელიც განიხილავს სისხლის სამართლის საქმეებს, აღარ ჩაერევა იმ ადამიანების ცხოვრებაში, რომლებიც პირადი მოხმარების საფუძველზე იყენებენ კანაფს და ამით ზიანს არ აყენებენ საზოგადოებას ან არ არიან მასზე დამოკიდებულნი”.

გარდა ამისა, მზადდებოდა სამეფო ბრძანებულება პროკურორებისთვის ინსტრუქციის შესახებ, რათა მათ აღარ აღეძრათ სისხლის სამართლის საქმე კანაფის მომხმარებლების წინააღმდეგ. განცხადებაში ხაზგასმული იყო, რომ ნარკოტიკული საშუალებების წარმოება, მიწოდება, გასაღება და დიდი ოდენობით შენახვა ისევ სისხლის სამართლის წესით იქნებოდა დასჯადი, ისევე როგორც კანაფის მოხმარებასთან დაკავშირებული ,,ანტისოციალური ქცევა”. მოხმარება და შენახვა ისევ დასჯადი იქნებოდა, თუკი ეს დაკავშირებული იქნებოდა არასრულწლოვნებთან, ან მოხმარება განხორციელდებოდა სკოლებსა და სხვა დაწესებულებებში, რაც გამოიწვევდა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას.

ირლანდიაში კანაფისა და კანაფისგან მიღებული გუდრონისებური ნივთიერების შენახვასთან დაკავშირებით სხვა ნარკოტიკებისაგან განსხვავებული დამოკიდებულებაა. ერთხელ ან ორჯერ ამ ნარკოტიკული საშუალებების შენახვა პირადი მოხმარების მიზნით ისჯება ჯარიმით. ხოლო მესამეჯერ მათი პირადი მოხმარების მიზნით გამოყენება ისჯება ჯარიმით და/ან 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთით იმ შემთხვევაში, თუ საქმის განხილვა დასრულდა დაბალ ინსტანციაზე, ხოლო თუ შემთხვევა უფრო სერიოზულია და საჭიროებს მაღალ ინსტანციაზე განხილვას, მაშინ სასჯელი იზრდება 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. სხვა ნარკოტიკების ერთხელ მოხმარების დროს კი თავისუფლების აღკვეთაა გათვალისწინებული.

ავსტრიაში ფედერალური კანონის №112-ის თანახმად, რომელიც 1998 წლის იანვარში შევიდა ძალაში, კანაფის შენახვასა და ყიდვასთან დაკავშირებული მცირე კანონდარღვევები სისხლის სამართლის წესით არ განიხილება. სისხლის სამართლის საქმე არ აღიძვრება მაშინ, როდესაც არ არის ჯანდაცვის ზომების მიღების აუცილებლობა ან უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში ადგილი არ ჰქონია მსგავს კანონდარღვევას. თუ კანონდარღვევა დაკავშირებულია სხვა ნარკოტიკულ საშუალებასთან და არა კანაფთან, პროკურატურა აჩერებს საქმის წარმოებას 2 წლამდე ვადით პირობითი სასჯელის დაკისრებით.

ესპანეთში, იტალიაში, პორტუგალიასა და ლუქსემბურგში დეკრიმინალიზაცია მოხდა კანონის ფარგლებში, რაც იმას ნიშნავს, რომ პირადი მოხმარების მიზნით ნარკოტიკების შენახვა არ ითვლება სისხლის სამართლის დანაშაულად. სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში, იგივე მოხდება ბელგიაში. თუმცა, პრაქტიკულ საქმიანობაში სიტუაცია მაინც სხვაგვარია. იტალიასა და ესპანეთში შენახვა ითვლება სამართალდარღვევად და იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, ლუქსემბურგში კი მსგავსი კანონდარღვევები სისხლის სამართლის ფარგლებში დასჯადია მხოლოდ გარკვეულ შემთხვევებში (არასრულწლოვნების თანდასწრებით, სკოლებში ან სამსახურში მოხმარება), პორტუგალიაში სისხლისსამართლებრივი სასჯელის ნაცვლად გამოიყენება სოციალური სანქციები და საჭიროების შემთხვევაში კომისიამ შესაძლოა მიიღოს თერაპიული მეთოდის გამოყენების გადაწყვეტილება. ამის საპირისპიროდ, ბელგიაში შესაძლოა მოიხსნას პასუხისმგებლობა პირადი მოხმარების მიზნით კანაფის შენახვისთვის და არ იქნება სანქციები გათვალისწინებული პირადი მოხმარებისა და შენახვისთვის იმ შემთხვევაში, თუ ამით სხვას არ ექმნება პრობლემა. ირლანდიაში კანაფის ერთხელ შენახვისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა, განმეორებით შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა იზრდება, სამი ან მეტი შემთხვევის დროს კი შესაძლოა გამოყენებულ იქნეს თავისუფლების აღკვეთა. ავსტრიაში კი პრობაციის პერიოდში შეჩერებულია სანქციის დაკისრება.

დეკრიმინალიზაცია ბრძანების ან ინსტრუქციის საფუძველზე

ნიდერლანდებში კანაფის გამოყენება არ არის ლეგალიზებული, თუმცა ხელისუფლება შემწყნარებელია. ოპიუმის შესახებ კანონის თანახმად, პირადი მოხმარების მიზნით მარიხუანას შენახვა დანაშაულად ითვლება. ბაზრის დანაწილების უზრუნველსაყოფად კანონი განასხვავებს სხვადასხვა სახის ნარკოტიკს. ნარკოტიკული საშუალებები იყოფა: ,,კანაფად” და ,,სერიოზულად საშიშ ნარკოტიკებად” (სხვა სახის ნარკოტიკები). კანაფისადმი შემწყნარებლობამ შედეგად გამოიღო ე.წ. ,,ყავის მაღაზიების” წარმოშობა. 1996 წლის პროკურატურის სახელმწიფო ინსტრუქციის თანახმად, ისინი არ იდევნებიან კანაფის გაყიდვისთვის გარკვეულ შემთხვევებში (არ უნდა მოემხახურონ არასრულწლოვნებს, არ უნდა გაყიდონ 5 გრამზე მეტი, არ უნდა მოახდინონ რეკლამირება, არ უნდა გაყოდონ ძლიერმოქმედი ნარკოტიკები).

თუმცა, ჰოლანდიის კანონდმებლობით შენახვა რჩება დანაშაულად, ძირითადად იმ შემთხვევებში, თუ ოდენობა აღემატება დაშვებულ ზღვარს. 30 გრამზე მეტი კანაფის შენახვისა და გაყიდვისთვის მაქსიმალური სასჯელია 1 თვემდე თავისუფლების აღკვეთა ან/და ჯარიმა, თუმცა იმპორტის, ექსპორტისა და პროფესიონალური კულტივიზირებისთვის სასჯელი ითვალისწინებს 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან/და ჯარიმას. პირადი მოხმარების მიზნით ძლიერმოქმედი ნარკოტიკის შენახვისთვის მაქსიმალური სასჯელია 1 წლით თავისუფლების აღკვეთა ან/და ჯარიმა, მაგრამ იმავე ოდენობის ექსპორტ-იმპორტისთვის სასჯელი იზრდება 12 წლამდე. თუ დანაშაული განმეორებით იქნა ჩადენილი სასჯელის ვადა შეიძლება 3-ჯერ გაიზარდოს.

გერმანიაში 1994 წელს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სისხლისსა-მართლებრივი დევნა არ უნდა განხორციელდეს მცირე ოდენობით პირადი მოხმარების მიზნით კანაფის არარეგულარული შენახვისთვის, თუ ეს საფრთხეს არ უქმნის სხვებს. ფედერალურ მიწებს ეკისრებათ ამ გადაწყვეტილების ერთგვაროვნად შესრულება.

დანიაში ნარკოტიკების შენახვა სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება, თუმცა 1971 წლის ინსტრუქცია სასამართლო პროცესის შესახებ ითვალისწინებს, რომ კანონი არ არის მიმართული პირადი მოხმარების მიზნით ნარკოტიკების შენახვისა ან მოხმარების კრიმინალიზაციისკენ.

საფრანგეთში ნარკოტიკების მოხმარების აკრძალვა ათწლეულების განმავლობაში დებატების საგანი იყო. 1999 წელს იუსტიციის სამინისტრომ სარეკომენდაციო დირექტივით მიმართა პროკურორებს და მოუწოდა პრიორიტეტულად ჩაეთვალათ მცირე ნარკოტიკულ დანაშაულებზე მკურნალობის გამოყენება. დირექტივა მოუწოდებს პროკურორებს, აქტიურად გამოიყენონ დაპატიმრების ალტერნატიული მეთოდები ,,ნარკოტიკებზე დამოკიდებული პირების მიმართ, რომლებსაც არ ჩაუდენიათ სხვა სამართალდარღვევა. თავისუფლების აღკვეთა გამოყენებული უნდა იქნეს, როგორც უკიდურესი ზომა” .

3.9 3.9 სასარგებლო ინტერნეტ-რესურსები

▲ზევით დაბრუნება


_______________________

1. А. Габиани, Наркотизм, Тб., 1977, с.13.

2. Таганцев Н.С. Русское уголовное право. Ч. Общая, т. I, 1902, с. 99.

4 4. ინსტრუქცია

▲ზევით დაბრუნება


4.1 4.1 შესავალი

▲ზევით დაბრუნება


ამ თავში განხილულია ის უნარ-ჩვევები, რომლებიც აუცილებელია კონფლიქტურ სიტუაციებში ნარკოტიკების მომხმარებლებთან ურთიერთობისთვის.

ქვემოთ მოცემული ინსტრუქციები დაგეხმარებათ თქვენი ფუნქციების ეფექტურად და უსაფრთხოდ შესრულებაში და ამასთან, ნარკოტიკების მომხმარებლების უფლებათა დაცვაში. ინსტრუქციების შესრულება დაგეხმარებათ პროფესიონალიზმის ამაღლებაში და ამასთან თქვენს ყოველდღიურ საქმიანობაში ზიანის შემცირებაზე მიმართული მიდგომის დანერგვაში.

ამ ინსტრუქციებში მოცემულია მოქმედების სქემები, თუმცა უნდა გახსოვდეთ, რომ ისინი არ არის დოგმა. ინსტრუქცია არ არის კანონი, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში უნდა დავიცვათ. ყოველი კონკრეტული შემთხვევა უნდა შეფასდეს ყველა ფაქტორის გათვალისწინებით და შესაბამისად მოხდეს მიდგომის განსაზღვრა.

ამ თავში თანმიმდევრულად განვიხილავთ ნარკოტიკების მომხმარებლებთან ურთიერთობის შემდეგ ფაზებს:

- მომზადება

- იდენტიფიცირება

- ურთიერთობის დამყარება

- ფიზიკური ჩარევის ტაქტიკა (პირადი ჩხრეკა)

გარდა ამისა, მოცემულია ზოგადი ინსტრუქცია ინფექციური დაავადებებით ინფიცირების შემთხვევებთან დაკავშირებით.

4.2 4.2 მომზადება

▲ზევით დაბრუნება


პოლიციელს ნარკოტიკების მომხმარებლებთან ურთიერთობა შეიძლება სხვადასხვა სიტუაციაში მოუწიოს.

უპირველეს ყოვლისა, უნდა შეაფასოთ სიტუაცია, თავიდანვე უნდა განსაზღვროთ, საჭიროა თუ არა ჩარევა.

მკაფიოდ უნდა განსაზღვროთ ჩარევის საფუძველი, მაგალითად:

- საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა;

- კონკრეტული დანაშაულის ან სამართალდარღვევის ჩადენის შესახებ ეჭვი;

- ნარკოტიკების მომხმარებლისთვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენის აუცილებლობა.

ჩარევა აუცილებლად უნდა განხორციელდეს სულ ცოტა ორი პოლიციელის მიერ, რომლებმაც უნდა გაინაწილონ როლები და ფუნქციები. უნდა განსაზღვროთ, რომელი თქვენგანი განახორციელებს ლიდერის ფუნქციას და რომელი - დამკვირვებლის.

პოლიციელს, რომელიც ჩარევის დროს მთავარ როლს ასრულებს ეწოდება ,,მოქმედი”, იგი ურთიერთობას ამყარებს ნარკოტიკების მომხმარებელთან და აუცილებლობის შემთხვევაში, ატარებს ჩხრეკას. მეორე პოლიციელი ასრულებს ,,დამკვირვებლის” ფუნქციას, იგი ინარჩუნებს დისტანციას და თავს იკავებს ნარკოტიკების მომხმარებელთან კონტაქტისგან. შესაბამისად, სწორედ ,,დამკვირვებელი” ინარჩუნებს კონტროლს სიტუაციაზე და შეუძლია უზრუნველყოს როგორც კოლეგის, ისე საკუთარი თავის უსაფრთხოება.

გარდა ამისა, ,,დამკვირვებელს” შეუძლია ობიექტურად აღიქვას მთელი სურათი. ამიტომ, როდესაც ჯერი მიდგება პროცედურისა და ტაქტიკის არჩევაზე, უმჯობესია გადაწყვეტილება მიიღოს ,,დამკვირვებელმა”. ობიექტური აზრი მნიშვნელოვანია პროცესუალური ჩარევის შეფასებისთვისაც.

4.3 4.3 იდენტიფიკაცია

▲ზევით დაბრუნება


შესაძლო ნარკოტიკების მომხმარებელთან პირველი კონტაქტის დროს ეცადეთ თავიდან აიცილოთ საშიში სიტუაცია და განსაზღვროთ:

1) მართლა არის თუ არა ადამიანი ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ და თუ ასეა,

2) რომელი სახის ნარკოტიკი აქვს მას მიღებული

საერთოდ, არსებობს ნარკოტიკის სამი ტიპი: სტიმულატორები, დეპრესანტები და ჰალუცინოგენები.

თუმცა, ისიც უნდა გახსოვდეთ, რომ ნარკოტიკების მომხმარებლები ხშირად მოიხმარენ სხვადასხვა სახის ნარკოტიკს და შესაბამისად მათი ქცევა უფრო გაურკვეველი და არაპროგნოზირებადია.

ნარკოტიკების მომხმარებლის ქცევაზე გავლენა შესაძლოა იქონიოს სხვა ფაქტორებმაც და ამ ფაქტორებს შორის ნარკოტიკი მხოლოდ ერთ-ერთია.

ამიტომ ნარკოტიკების მომხმარებელთან ურთიერთობისას ნუ გააკეთებთ ნაადრევ დასკვნებს. ყოველთვის იყავით ფხიზლად.

,,ურთიერთობის დამყარების” ნაწილში ჩვენ განვიხილავთ ნარკოტიკების მომხმარებლის სხვადასხვა ტიპის ქცევაზე სხვადასხვა სახის რეაგირებას.

4.4 4.4 კონტაქტის დამყარება

▲ზევით დაბრუნება


4.4.1 ზოგადი წესები

ამ ეტაპზე თქვენ უახლოვდებით ნარკოტიკების მომხმარებელს და ამყარებთ ურთიერთობას მასთან.

გახსოვდეთ, რომ ნარკოტიკების მომხმარებელის სურვილი თანამშრომლობაზე მეტწილად თქვენსავე ქცევაზეა დამოკიდებული. სწორი მიდგომა დაგეხმარებათ, თავიდან აიცილოთ აგრესიული გამოვლინებები და ამავდროულად, ხელს შეუწყობს ინფორმაციის ეფექტურად მოპოვებას.

დაიმახსოვრეთ ზოგადი წესები:

1. დაიწყეთ საუბარი:

ეჭვმიტანილს ესაუბრეთ მშვიდად, შეეცადეთ მიიპყროთ მისი ყურადღება, მოუსმინეთ მას. ასეთი ქცევა შექმნის დადებით ატმოსფეროს და გაზრდის ნარკოტიკების მომხმარებლის მხრიდან თქვენთან თანამშრომლობის სურვილს.

2. განიმტკიცეთ თქვენი ავტორიტეტი:

იყავით საკუთარ თავში დარწმუნებული, სწორხაზოვანი, მყარი და აუხსენით ეჭვმიტანილს რის გაკეთებას აპირებთ და რას ელით მისგან.

3. იმოქმედეთ პროფესიონალურად:

არასდროს აღიქვათ ნათქვამი პირადულად, მაშინაც კი თუკი ნარკოტიკების მომხმარებელი შეურაცხყოფას გაყენებთ ან უპატივცემულობას გამოხატავს. გახსოვდეთ, რომ მისი ამგვარი ქცევა თქვენს ფორმას ეხება და არა პირადად თქვენ. ამიტომ არ გაართულოთ მდგომარეობა და ნუ დაიწყებთ თავის დაცვას, იყავით ნეიტრალური.

4. იყავით ფხიზლად:

ნარკოტიკების მომხმარებელთან ურთიერთობისას შეინარჩუნეთ სიფრთხილე. გააკონტროლეთ მისი ქცევა და მოქმედება. ასეთი ურთიერთობისას ნუ დაეყრდნობით ზოგად პრაქტიკას. მართალია ნარკოტიკების მომხმარებელთა უმრავლესობა არ ავლენს აგრესიას და შემოდის ურთიერთობაში, მაგრამ მაინც, მზად იყავით ნებისმიერი სიტუაციისთვის.

4.4.2 განსაკუთრებული წესები

ნარკოტიკების მომხმარებელთან ურთიერთობის დამყარებისას ეცადეთ, დაადგინოთ, რა სახის ნარკოტიკი აქვს მას მიღებული.

ამ ნაწილში ჩვენ განვიხილავთ ნარკოტიკის ორ სახეს.

- სტიმულატორებს და

- დეპრესანტებს.

ურთიერთობის დამყარების ხერხი უნდა შეესაბამებოდეს მოხმარებული ნარკოტიკის ტიპს.

სტიმულატორები

- მხედველობაში იქონიეთ ის გარემოება, რომ სტიმულატორების მოხმარების დროს ადამიანის ხასიათსა და ქცევაში მკვეთრი ცვლილებები შეინიშნება.

-ძალიან მშვიდი ადამიანი უცებ შეიძლება გახდეს ძალზე აგრესიული.

- აგრესიის გამოვლინების თავიდან ასაცილებლად არ მისცეთ ნარკოტიკების მომხმარებელს არანაირი საბაბი: ესაუბრეთ მას მშვიდად, არ დაძაბოთ მდგომარეობა, არ მიაყენოთ შეურაცხყოფა.

- გახსოვდეთ, რომ ნარკოტიკებს ხანდახან სიმორცხვის დასაძლევადაც მოიხმარენ. ამიტომ ასეთი სახის ნარკოტიკის მომხმარებელი ძალიან თავდაჯერებულია და ადვილად შეიძლება იგრძნოს თავი შეურაცხყოფილად.

- თქვენ უნდა შეძლოთ მკაფიო ზღვარის გავლება და ამავდროულად, ნარკოტიკების მომხმარებელთა გარკვეული სურვილებისა და მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. ნუ მიაყენებთ შეურაცხყოფას, ნუ დაასხამთ ცეცხლზე ნავთს.

გარდა ამისა, სტიმულატორების მომხმარებელი შესაძლოა ეჭვის თვალით გიყურებდეთ და შეეცადოს თქვენს გამოწვევას. არასდროს შეხვიდეთ მასთან დისკუსიასა ან კამათში, თქვენ არ უნდა გახდეთ კონფლიქტის მონაწილე.

ასეთ ურთიერთობაში მნიშვნელოვანია გაღიზიანების დაფარვა. თქვენი გაღიზიანებით ნარკოტიკების მომხმარებელმა შესაძლოა ბევრი რამ შეიტყოს თქვენი ,,სუსტი მხარეების” შესახებ, რაც შესაძლოა თქვენსავე წინააღმდეგ იქნეს გამოყენებული.

დეპრესანტები

დეპრესანტული ნარკოტიკების მომხმარელთან ურთიერთობისას არსებითად მცირდება მისი მხრიდან აგრესიული ქცევის ალბათობა. ამიტომ, შესაძლოა გამოყენებულ იქნეს ინდივიდუალური მიდგომა. საუბარი დაიწყეთ თანამშრომლობისკენ მოწოდების თხოვნით. დეპრესანტების მომხმარებელთა უმრავლესობა მზად არის თანამშრომლობისთვის.

თუმცა, გაითვალისწინეთ ისიც, რომ ნარკოტიკების მომხმარებლები ხშირად მოდუნებულ მდგომარეობაში არიან და ბავშვებივით ჭირვეულობენ, კვნესიან და წუწუნებენ.

დეპრესანტების მომხმარებლები ნაკლებად იყენებენ შპრიცს და შესაბამისად, ნაკლებად სავარაუდოა მათი მხრიდან პოლიციელის შპრიცით ჩხვლეტის შესაძლებლობა.

შეეცადეთ შეუქმნათ მას ნდობის საფუძველი და განუმარტეთ, რის გაკეთებას აპირებთ და რას მოელით მისგან.

4.5 4.5 ფიზიკური ჩარევის ტაქტიკა

▲ზევით დაბრუნება


ურთიერთობის დამყარების შემდეგ გარკვეულ შემთხვევებში აუცილებელი ხდება პირადი ჩხრეკის ჩატარება. მკაფიოდ განსაზღვრეთ ჩხრეკის მიზეზი და საფუძველი, რომელიც განსხვავებულია სხვადასხვა ქყვეყნების კანონმდებლობით.

ძირითად შემთხვევებში აუცილებელია საფუძვლიანი ეჭვის ქონა, რომ ჩხრეკის შედეგად აღმოაჩენთ დანაშაულის მტკიცებულებებს, აკრძალულ ნარკოტიკს ან იარაღს. ის ფაქტი, რომ ვინმე ნარკოტიკების მომხმარებელი გგონიათ, ვერ იქნება ჩხრეკის ან სხვა ფიზიკური მოქმედების საკმარისი საფუძველი. თუ თქვენ დარწმუნებული ხართ ჩხრეკის აუცილებლობასა და საფუძვლიანობაში, მხედველობაში იქონიეთ შემდეგი ტაქტიკური ასპექტები:

პირველ რიგში, შეათანხმეთ თქვენს კოლეგასთან თითოეული თქვენთაგანის ფუნქცია და როლი, ვინ შეასრულებს ,,მოქმედი” პოლიციელის და ვინ ,,დამკვირვებლის” როლს. მთელი პროცესის განმავლობაში მისდიეთ როლებს.

,,მოქმედი” პოლიციელის როლის შემსრულებელი პოლიციელი იწყებს საუბარს ეჭვმიტანილთან. საწყის ეტაპზე არ შეეხოთ ნარკოტიკების მომხმარებელ პირს, ამან შეიძლება მისი მხრიდან აგრესიული ქცევა გამოიწვიოს, განსაკუთრებით თუ ის სტიმულატორების ზემოქმედების ქვეშაა.

შეატყობინეთ მას პირადი ჩხრეკის ჩატარებისა და ამის აუცილებლობის შესახებ. განუმარტეთ, რის გაკეთებას აპირებთ და როგორ ქცევას ელით მისგან.

სთხოვეთ მას, თავი შეიკავოს მკვეთრი მოძრაობებისგან და ხელები ისე დაიჭიროს, რომ ისინი მუდმივად თქვენი მხედველობის არეში იყოს.

ეჭვმიტანილი დააყენეთ ჩხრეკის ჩატარებისთვის შესაფერის ადგილას. ადგილის შერჩევისას გაითვალისწინეთ, რომ სასურველია საკმარისი სივრცე და მიზანშეწონილი არ არის გარშემო ავტომანქანების ან შენობების სიახლოვე და არსებობა.

ჰკითხეთ ეჭვმიტანილს, აქვს თუ არა ნარკოტიკები, იარაღი ან სხვა საშიში ნივთები. სთხოვეთ ჯიბეებიდან ნივთების ამოლაგება და ისეთ ადგილას დაწყობა, რომ ადვილად ვერ მისწვდეს მათ.

ეჭვმიტანილი დააყენეთ არამყარ პოზაში, მაგალითად სთხოვეთ მას ხელები მიაყრდნოს კედელს და გაშალოს ხელ-ფეხი. ასეთ პოზაში მას გაუძნელდება გაქცევა ან თავდასხმა თქვენზე და თქვენს კოლეგაზე.

აუცილებლობის შემთხვევაში გახადეთ ტანსაცმელი (ქურთუკი, პალტო ან ჟაკეტი) და შეამოწმეთ ის.

არასდროს ჩაუყოთ ჯიბეში ხელი, ისე რომ არ ჩაიხედოთ. ფრთხილად მოსინჯეთ ტანსაცმელი ზემოდან ქვემოთ ხელის მოძრაობით, ყურადღება მიაქციეთ შიდა ჯიბეეებსა და ნაკერებს. ნარკოტიკების მომხმარებლები ხშირად ასეთ ადგილებში ინახავენ ნარკოტიკის მცირე დოზას. ,,მოქმედმა” პოლიციელმა უნდა განაგრძოს ეჭვმიტანილთან საუბარი. ხელი ნელა ამოძრავეთ და ისაუბრეთ მშვიდად.

პირადი ჩხრეკისას მოერიდეთ ხელის მკვეთრ მოძრაობებს. შესაძლოა ეჭვმიტანილს ჰქონდეს შპრიცი, ხელის ჩამოსმის დროს კი შესაძლოა შპრიცი გეჩხვლიტოთ. ამიტომ ჩხრეკა უნდა ჩატარდეს მოსინჯვით.

თუ გაქვთ ეჭვი, რომ ეჭვმიტანილს თან აქვს ნარკოტიკი, კარგად შეამოწმეთ ჯიბეები, ქამარი და წინდებიც კი.

ჩხრეკის დროს აუცილებლად ესაუბრეთ ეჭვმიტანილს.

ასეთი ტაქტიკის გამოყენების დროს თქვენს მიერ ჩატარებული ჩხრეკა იქნება კანონიერი, უსაფრთხო, ძირფესვიანი და არადამამცირებელი.

4.6 4.6 გადაუდებელი დახმარება ინფექციური დაავადებით შესაძლო ინფიცირების დროს

▲ზევით დაბრუნება


4.6.1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ინფექციური დაავადებით იმფიცირების რისკი

სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები, რომლებსაც ხშირად აქვთ ურთიერთობა ნარკოტიკების მომხმარებლებთან, შესაძლოა აღმოჩნდნენ შიდსით ინფიცირების საფრთხის წინაშე.

შიდსით დაავადების რისკი შეიძლება გაჩნდეს შემდეგ სიტუაციებში:

- პარენთერალური ინოკულაციით (ნემსის ნაჩხვლეტი, გლეჯილი ჭრილობა);

- სანერწყვე გზით;

- დაზიანებულ კანზე სისხლის ან სისხლნარევი სითხის მოხვედრის შედეგად სისხლის დაავადებით;

- შემაერთებელი ქსოვილებით, რომლის მიმართ უნდა მოქმედებდეს საყოველთაო პროფილაქტიკური ზომები;

- შიდსის მატარებელი ლაბორატორიული ნიმუშებით.

თუკი სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებს მოუხდათ მსგავს სიტუაციაში მოხვედრა, ასეთი საფრთხის დროს უნდა მოახდინონ სხეულის შესაბამისი ადგილების დამუშავება და დეზინფექცირება. ამისთვის საჭიროა:

- საპნიანი წყლით ჭრილობის დაბანა;

- ანტისეპტიკების გამოყენება;

- თუკი სანერწყვე გზით მოხდა ინფიცირება, აუცილებელია სუფთა წყლის გამოვლება ან წყლით დაბანა;

- ნაკბენი ადგილი ასევე უნდა დაიბანოთ საპნითა და წყლით, შესაძლოა ასევე დაინიშნოს ანტიბიოტიკები, განსაკუთრებით ნაკბენის ან კანზე ჭრილობის დროს;

- განსაკუთრებულ შემთხვევებში, როცა საჭიროა ჭრილობაზე ნაკერის დადება, ჭრილობის დამუშავებისთვის მიმართეთ სასწრაფო დახმარებას ან საავადმყოფოს;

- თვალები გაიწმინდეთ სპეციალური მარილის შემცველი სტერილური ხსნარით ან წყლით.