The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

პოლიტიკური პრაგმატიზმი თუ პოლიტიკური იდეალიზმი? უნიადაგო მეოცნებეები ოპორტუნიზმის ჭაობში

პოლიტიკური პრაგმატიზმი თუ პოლიტიკური იდეალიზმი? უნიადაგო მეოცნებეები ოპორტუნიზმის ჭაობში


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: ბერძენიშვილი ლევან, უსუფაშვილი დავით, საყვარელიძე რამაზ, ზურაბიშვილი დავით, ნოდია გია, ლორთქიფანიძე გიორგი, დურგლიშვილი ნინო, სახოკია ნათელა, კიკაბიძე კობა, ბერეკაშვილი თამარ, ლოსაბერიძე დავით, მანელაშვილი გია
თემატური კატალოგი მესამე სექტორი|დისკუსიები, კონფერენციები, მონიტორინგი, ანგარიშები, მიმოხილვები
წყარო: პოლიტიკური პრაგმატიზმი თუ პოლიტიკური იდეალიზმი? : უნიადაგო მეოცნებეები ოპორტუნიზმის ჭაობში / მშვიდობის, დემოკრატ. და განვით. კავკას. ინ-ტი ; [რედ.: ზეინაბ სარაძე] - თბ. : CIPDD, 2000 - 80გვ. ; 20სმ. - (დისკუსიები კავკასიურ ინსტიტუტში, 3/სერიის რედ.: გია ნოდია) - - რეზ. ინგლ. ენ. - ISBN 99928-37-96-9 : [3ლ.30თ.][MFN: 14187]
 
UDC:  321.7(479.22)
K 243.102/3 - საერთო ფონდი
K 243.103/3 - საერთო ფონდი
K 233.683/3 - საერთო ფონდი
(22)32/პ-563 - ქართველოლოგიის განყოფილება
321.7(479.22)/პ-563 - ტექნიკური დარბაზი (სამოქალაქო განათლების დარბაზი)
F 77.057/3 - ხელუხლებელი ფონდი

, ISBN: 99928-37-96-9
საავტორო უფლებები: © მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი
თარიღი: 2000
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: (დისკუსიები კავკასიურ ინსტიტუტში № 3), თბილისი 2000 სერიის რედაქტორი გია ნოდია რედაქტორი ზეინაბ სარაძე გამოცემულია ფონდ ქორდეიდის (ნიდერლანდები) დახმარებით Political Pragmatism or Political Idealism? Groundless Dreamers Turned Unprincipled Opportunists - G. Nodia (ed.) © Caucasian Institute for Peace, Democracy and Development, 2000 Published with support of CordAid, the Netherlands გამომცემელი - მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი თბილისი, მერაბ ალექსიძის 1, ტელ. 334081, ფაქსი 334163



1 წინათქმა

▲ზევით დაბრუნება


ამ ბროშურაში შევიდა მასალები საჯარო დისკუსიისა თამაზე: ,,პოლიტიკური იდეალიზმი და პოლიტიკური პრაგმატიზმი: სად არის ოქროს შუალედი და როგორ შეიძლება მივაგნოთ მას?”, რომელიც მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითრების კავკასიურმა ინსტიტუტმა ჩაატარა 2000 წლის 28 მაისს. თემა ერთდროულად თეორიულიცაა და უშუალოდ უკავშირდება ქართული პოლიტიკის უაღრესად საჭირბოროტო პრობლემებს. ორგანიზატორებისთვის ამოსავალი იყო შემდეგი ზოგადი დებულებები: თვალსაჩინოა, რომ დემოკრატია ყველაზე წარმატებულია ისეთ საზოგადოებებში, რომელთათვის დამახასიათებელია პრაგმატიზმის, ,,საღი აზრის” კულტურა, მაშინ როდესაც მომეტებული რომანტიზმი ან იდეალიზმი პოლიტიკაში ტოტალიტარიზმისკენ - ან უნიადაგო მეოცნებეობისკენ - მიმავალ გზად შეიძლება ჩაითვალოს. მეორე მხრივ, მოჭარბებული პრაგმატიზმი იდეალიზმის ელემენტის გარეშე ოპორტუნიზმად და უპრინციპობად გარდაიქმნება. სად უნდა გავავლოთ ზღვარი იდეალიზმსა და პრაგმატიზმს შორის, რომელიც საზოგადოებისთვის მისაღები პოლიტიკური რეჟიმის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს?

საქართველოს პოლიტიკა ორივე ამ უკიდურესობისკენ ისწრაფვის, მაგრამ ოქროს შუალედს ვერასოდეს პოულობს. 80-იანი წლების ბოლოს საქართველოს „ეროვნული მოძრაობა“ გამოირჩეოდა ,,შეურიგებლობის” კულტით და ხელაღებით უარყოფდა პოლიტიკური კომპრომისის თვით იდეას, როგორც „უზნეოს“. დღეს, საქართველოში მოქმედი პოლიტიკური პარტიებისთვის - მათ შორის იმათთვის, ვინც ეროვნული მოძრაობის რომანტიკული წიაღიდან მოდის - აღარაფერია აკრძალული, დაიკარგა ყოველგვარი მასშტაბი და ორიენტირი, ყველა შეიძლება ყველასთან იყოს და აღარაფერი არსებობს, რისი გაკეთბითაც პოლიტიკოსი სახელს გაიტეხს. მაინც, სად უნდა გავავლოთ ზღვარი იდეალიზმსა და პრაგმატიზმს შორის, რომელიც ეფექტური და ამავე დროს საზოგადოებისთვის მისაღები პოლიტიკური რეჟიმის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს? სხვა სიტყვებით, შესაძლებელია თუ არა ზნეობრივი პოლიტიკა და თუ შესაძლებელია, როგორ უნდა შეეფარდოს ის კომპრომისის და პრაგმატიზმის მოთხოვნებს? განსაკუთრებით აქტუალურია კერძო მაგალითი მიმდინარე პოლიტიკიდან: სადამდე შეიძლება კომპრომისზე წავიდეს ის ხალხი, ვისაც ჩვეულებრივ „ახალგაზრდა რეფორმატორებს“ უწოდებენ, თუ არსებულ პირობებში ერთადერთი სწორი პოზიცია სახელგატეხილი და კორუმპირებული ხელისუფლებისაგან სრული გამიჯვნაა?

ხუთმა პანელისტმა და დისკუსიის სხვა მონაწილეებმა უფრო აქტუალურ პოლიტიკურ პრობლემებზე არჩიეს ყურადღების გამახვილება, მაგრამ არც ზოგად-თეორიული პერსპექტივა დარჩენილა მთლად ყურადღების მიღმა. ბროშურა მონაწილეთა მიერ წარმოდგენილი წერილობითი ტექსტების საფუძველზეა შემდგარი - თუმც, ყველა მონაწილეს ტექსტი არ წარმოუდგენია და, შესაბამისად, მათი აზრი არც ამ გამოცემაშია ასახული. სამაგიეროდ, ორმა პიროვნებამ - ზურაბ ჭიაბერაშვილმა და გია მანელაშვილმა, ვინც დისკუსიაში არ გამოსულა, მოგვიანებით შემოგვთავაზეს თავიანთი მოსაზრებები.

საჯარო დისკუსიის ორგანიზაცია და ამ ბროშურის გამოქვეყნება მოხდა ჰოლანდიური ფონდ კორდეიდ-ის მიერ მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტისთვის გამოყოფილი გრანტის ფარგლებში. კავკასიური ინსტიტუტი მადლობას უხდის დონორს და დისკუსიის ყველა მონაწილეს.

2 Title

▲ზევით დაბრუნება


ლევან ბერძენიშვილი

უპირველეს ყოვლისა, დიდ მადლობას იმსახურებენ მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი, პირადად ბატონი გია ნოდია და კორდეიდი არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრის მოწყობისთვის და იმ თემისთვის, რომელიც არის დასმული, ვინაიდან ეს დღეს ჩვენი ქვეყნისთვის შეიძლება ყველაზე მნიშვნელოვანი თემა იყოს. ქართული საზოგადოება, სულ ცოტა, ჩვენი სახით ან ჩვენი მეგობრების სახით, ან პოლიტიკოსების სახით ფიქრობს იმაზე, თუ რა მოხდება ხვალ.

საქმე ის გახლავთ, რომ ამჟამად დადგა მომენტი, როდესაც ხელისუფლების, შეიძლება ითქვას, განხილვა პერსპექტივაში უნდა შეიცვალოს, ვინაიდან ძალაში შევიდა ბატონი შევარდნაძის ბოლო პრეზიდენტობა. მისი ასაკი იძლევა ჭმუნვის საფუძველს, შეიძლება ეს ფაქტორი ამოქმედდეს ამ წლების განმავლობაში და, გარდა ამისა, პოლიტიკურ ელიტაში ისეთი მოვლენებიც მოხდეს, რომლებიც გვაფიქრებინებს, რომ რამდენიმე კაცი, რამდენიმე პოლიტიკური პარტია უკვე დღეს გამალებით ანგარიშობს იმას, ხვალ რა იქნება.

შემიძლია გავიზიარო მოსაზრებები, რომ 1999 წელი, როგორც ამ პარლამენტისა და 2000 წელი, როგორც პრეზიდენტის არჩევის წელი, აუცილებლად არ დასრულდება 2003 და 2005 წლის არჩევნებით. რატომღაც მეჩვენება, რომ უკვე ახლა პრეზიდენტი თავის მხრივ და პოლიტიკური პარტიებიც თავის მხრივ ფიქრობენ ხელისუფლების გადაცემაზე. ეს გადაცემის ფორმა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ფორმას მოითმენს ან აიტანს საზოგადოება. ამიტომ ჩვენი აქ შეკრების თემა ეხმაურება იმ ეჭვებს, რომლებზეც მე მოგახსენებთ.

დავუკვირდეთ რა მოხდა ბოლო ხანებში. უკანასკნელი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა პარლამენტში. იკარგება ის დიდი უმრავლესობა, რომელიც შექმნილი იყო მოქალაქეთა კავშირისგან პლუს მაჟორიტარები, პლუს აფხაზეთის ფრაქცია. ახლა ეს კავშირი ირღვევა. ჩვენ ეს ვიწინასწარმეტყველეთ. გასაგებია, როცა ერთი პოლიტიკური ძალა დომინირებს პარლამენტში და გაცილებით მეტი პოლიტიკური ინტერესი მოქმედებს საზოგადოებაში, რაღაც ხდება ხოლმე. ეს არის დაუწერელი კანონი. სასიამოვნო მხოლოდ ისაა, რომ მსოფლიო კანონები საქართველოშიც მოქმედებს.

მოდით, უცნაურ პოზიციას დავიკავებ და განვიხილავ ჩვენს მინისტრებს და მინისტრობის კანდიდატებს პოლიტიკოსებად. საქართველოში არავინ არ თვლის ბაკურ გულუას პოლიტიკოსად და, სხვათა შორის, მართალიც არის. მიუხედავად ამისა, მას მაინც ჰქონდა პოლიტიკური პოტენცია, რომ რაღაც ჩაედინა და გამხადრიყო მინისტრი. მე არ მინდა შევეხო ზნეობრივ მხარეს და იმას, თუ რამდენად კორექტულია, ადამიანი ასე საჯაროდ იცავდეს თავის უფლებას, იყოს მინისტრი და იცავდეს ისე, თითქოს მინისტრობის კი არა, სიცოცხლის უფლებას იცავდეს, როცა ის განყენებულია თავისი თავიდან და იცავს არა ბაკურ გულუას, არამედ - პრეზიდენტის კანდიდატს, რომელიც გაუცხოვდა საკუთარი თავიდან და მესამე პირში დაიწყო ლაპარაკი, მაგრამ ყველა შემთხვევაში ორი პოლიტიკური ნაბიჯი - კახა თარგამაძის პოლიტიკური ნაბიჯი და ბაკურ გულუას პოლიტიკური ნაბიჯი - განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. კორუმპირებულობის ხარისხი ამ ორი სამინისტროსი დაახლოებით ერთნაირია და პიროვნებებიც მაინცდამაინც დიდი სიმპათიით არ სარგებლობენ საზოგადოებაში. კახა თარგამაძეს ვიღაცამ ურჩია გადაედგა პოლიტიკურად სწორი და მისაღები ნაბიჯი, რომ ის თამაში, რომელიც იქ შედგა, შემდგარიყო.

ვერავინ დამარწმუნებს, რომ პარლამეტში არის ვინმე, ვისაც ჰგონია, რომ კახა თარგამაძე არის კარგი მინისტრი და მის ნათქვამზეა დამოკიდებული, დაამტკიცებენ მინისტრად თუ არა; მაგრამ ვიღაცამ ურჩია მას, რეფორმატორის იმიჯი დაემკვიდრებინა სამი დღით ადრე, ვიდრე მისი საკითხი დადგებოდა. ამავე დროს, არავინ ურჩია ბაკურ გულუას, რეფორმატორთა კავშირის თავმჯდომარეს, რეფორმატორის იმიჯი მოერგო. ამიტომ შინაგან საქმეთა მინისტრმა ილაპარაკა მომავალზე - რეფორმირებულ პოლიციაზე, იმ ბედნიერ დღეზე, როცა შერიფებს აირჩევენ, საგამოძიებო სისტემა იქნება გამოყოფილი; ილაპარაკა იმაზე, რომ შსს მოიჭრის ხორცს დემოკრატიის ფასკუნჯისთვის და მოუწოდებს სხვა სამინისტროებს, მათაც იგივე გააკეთონ და საშინელება ჩაიდინონ, ოღონდ დემოკრატიამ გაიმარჯვოს. ასეთი იყო მომავალზე ორიენტირებული სახუმარო და არასერიოზული დემოკრატის იმიჯი. ბაკურ გულუას იმიჯი კი წარსულ დამსახურობებზე იყო ორიენტირებული. გულუას ამოცანა იყო, რომ ის, რაც მოხდა წარსულში ცუდი, ჩვენს წინაშე დაედო როგორც წარსულში კარგი, მას უნდოდა რომ სოიოს ზეთის სიკეთე ჩვენთვის გაეგებინებინა და, რაც მთავარია, ეთამაშა ტრივიალური აზრით „ამდენი დამსახურება მაქვს და იმდენი რა დავაშავე, რაც სხვას არ უქნია“. გულუას კანდიდატურას გააფთრებული ბრძოლა შეხვდა, ეს მოსალოდნელიც იყო.

მე ვერ დავეთანხმები იმ აზრს, რომ გულუას წამოყენება პრეზიდენტის დიდი შეცდომა იყო. ციცერონმა თქვა „შეცდომა ადამიანურია, სიბრიყვეა შეცდომაში გაჯიუტება.“ აი, ნამდვილ შეცდომას დაუშვებს პრეზიდენტი, თუ იგი კვლავ წარმოადგენს ბაკურ გულუას კანდიდატურას ამ პოსტზე. შევარდნაძემ ძალიან კარგად იცოდა, რა მოჰყვებოდა ამას, ეს მან მისცა თავის სხვა შვილებს თავისი საყვარელი შვილი დასაჯიჯგნად. შევარდნაძის „შვილები“ განსაკუთრებული თემა გახლავთ; არიან ღვიძლი შვილები (ბაკურ გულუა, ვაჟა ლორთქიფანიძე და სხვ.). მას უყვარს ეს ხალხი, ეს ნორმალურია, ეს ბუნებრივია, ეს ინსტიტუციონალურად გამართლებულია, ეს ფილოსოფიურადაც გააზრებულია, ეს, ასე ვთქვათ, მისი ნამდვილი შვილები არიან და ჰყავს მას ასევე გერები, რომელიც მან დემოკრატიულ პროცესში შვილებად უნდა გამოაცხადოს. ესენია ჟვანია, სააკაშვილი და სხვა არასასიამოვნო, როგორც ერთი „დიდი“ ქართველი მწერალი წერს, დაშნაკცუცუნის წარმომადგენლობა. შევარდნაძისთვის ერთიც შვილია და მეორეც, მიუხედავად იმისა, რომ ერთი ღვიძლია და მეორე - არა, ჩვენს თვალწინ მოხდა ღვიძლი შვილების დაჩაგვრა. არავინ იცის, რა ბედი ეწია შევარდნაძის უღვიძლეს შვილს - ვაჟა ლორთქიფანიძეს, ის იქნა დაკარგული ამ პერიპეტიებში, ასევე მოსალოდნელია სხვა შვილების დაკარგვაც. შევარდნაძე განზრახ და გააზრებულ ნაბიჯებს დგამს, რომ იპოვოს ის ადამიანი, ვინც უზრუნველყოფს პოლიტიკური სისტემის უმტკივნეულო ცვლილებას და ალბათ დაამატებს იმას, რაც ელცინსაც მოუნდა, რომ უსაფრთხო იყოს მისი ოჯახისა და სანათესაოს ფინასური ინტერესები.

ზემოთქმულის გამო საქართველოში არის არა იმდენად პოლიტიკური კრიზისი, რამდენადაც ღრმა ეროვნული კრიზისი. საქართველო ვერ გაერკვა, როგორ არის მოწყობილი საქმე ამ ქვეყანაში. ქვეყანაში ფული არის, მაგრამ ხელფასი არ არის, დემოკრატია არის, მაგრამ თავისუფლება არ არის, კორუფცია არის, კორუმპირებულებს ვერ პოულობენ. შევარდნაძემ პარლამენტში გამოსვლისას იკითხა, ვინ არის აქ კორუმპირებულიო და გაიშვირა ხელი ყველაზე უფრო საეჭვო ხალხისაკენ. ავი ენები ამბობენ, ამ მომენტში გულუა მეორე რიგიდან პირველში გადაჯდომას ლამობდა, ინდულგენციამინიჭებულებში რომ აღმოჩენილიყოო. ვწუხვარ, რომ არ გვესწრება ბატონი გიგი თევზაძე, ავტორი ერთ-ერთი სერიოზული ნაშრომისა ამ საკითხებზე, რომელმაც ამ ყველაფერს სიმულაცია უწოდა, რომელიც ამბობს, რომ ეს ყველაფერი თამაშია. ამ თამაშში ის კი არ არის მთავარი, რომელიმე გულუა მართლა არის თუ არა კორუმპირებული, არამედ გამოცხადდება თუ არა კორუმპირებულად. ამიტომ დღევანდელი რეჟიმი შეგვიძლია შევაფასოთ როგორც საკმარისად დემოკრატიული აბსურდი.

რეჟიმი საკმარისად დემოკრატიულია საიმისოდ, რომ გამოვიდეთ აქციებზე, თავისუფლად შევიკრიბოთ და ვისაუბროთ, მაგრამ საკმაოდ აბსურდულია ის, რომ სულ სხვა მიზანს ისახავს ჩვენთვის, ჩვენ გვინდა ის ქვეყნის განვითარების მიზანს ისახავდეს და სულ სხვა მიზანს ისახავს სინამდვილეში. მას სურს უზრუნველყოს ხელისუფლების უმტკივნეულო ცვლილება. ამიტომ ჩვენს წინაშე სხვადასხვა ამოცანა დგას და ეს ართულებს საქმეს.

რაც შეეხება მოქალაქეთა კავშირის რეფორმატორულ ნაწილს, როგორც დამოუკიდებელ პოლიტიკურ ერთეულს, ასეთი რამ ჯერჯერობით არც არსებობს. ჩვენ ყველაზე უფრო მეტად გვაღელვებს, რამდენად იდეალისტურია და პრაგმატული მათი მოქმედება. ჩვენი აზრით, რეფორმატორული ნაწილი დროულად უნდა მოწყდეს მოქალაქეთა კავშირს, რადგან იგი იძირება იმ ჭაობში, რომელსაც ასე იოლად კარნახობენ - სადაც მთელი მათი ენერგია შეიძლება დახარჯულ იქნას ბაკურ გულუას დამარცხებაზე. ეს წარმატება მიღწეულია, ბაკური დამარცხებულია, უფრო მეტსაც გეტყვით: შეიძლებოდა ადეიშვილი და ჩხობაძეც დამარცხებულიყვნენ, მაგრამ ყველაფერ ამას ხომ წინ უძღოდა ჩვეულებრივი დამტკიცება იმ მინისტრებისა, რომლებიც საფრთხეს უქმნიან საქართველოში დემოკრატიას. მასწავლებლების წინააღმდეგ კონსოლიდაციის ხელოვნება საქართველოსთვის უცნობი არ არის. ეს ილიას გზაა, ეს უკვე გაკეთებული აქვს ილია ჭავჭავაძეს, მან თავის საწინააღმდეგოდ მოახერხა ქართველი ხალხის კონსოლიდაცია, ფაქტობრივად, თავი მოაკვლევინა, რათა მომხდარიყო ეს კონსოლიდაცია. შევარდნაძე მიდის ამ გზით იმიტომ, რომ სხვა გზა საქართველოში არაა ცნობილი, ჩვენ პოლიტიკური წარსული არ გვაქვს, ჩვენ გვაქვს მარტო ისტორია მეფეების. შეიძლება იმ ისტორიაში პოლიტიკაც იყო, მაგრამ ქართველი მიშლე არ დაიბადა და არ აღწერა. ჩვენ არ ვიცით, დავით აღმაშენებელს მოსწონდა თუ არ მოსწონდა ის ამბავი, რომ მისი უშიშროების სამსახური კარგად მუშაობდა და იცოდა ყველაფერი. ჩვენ არ ვიცით, რა პოლიტიკურ თამაშს ეწეოდა ის, სამაგიეროდ, ძალიან კარგად ვიცით ილიას გზა, შეგვიძლია ვუწოდოთ მორენოს გზა, გნებავთ, ეს იყოს სოკრატეს გზა. შევარდნაძე კონსოლიდაციას უკეთებს მოქალაქეთა კავშირს თავის წინააღმდეგ, შეიძლება ეს ასე იყოს, თუკი სწორედ ეს შვილები არიან ისინი, ვინც პირდებიან მას უსაფრთხოებას.

აფხაზეთის ფრაქციის მოძრაობა მე სერიოზული რამ მგონია, რადგან ეს არის აურჩეველი ხალხი, ისინი ჩვენი პარლამენტარები არ არიან, აგერ უკვე ათი წელია. რეალურად ეს ხალხი ყველაზე უკეთ გრძნობს, საით მიექანება ქვეყანა, ვინაიდან მათ არ აქვთ ფსევდო პასუხისმგებლობაც კი ამომრჩევლის წინაშე, რომელიც შეიძლება სხვას ჰქონდეს. მათ იგრძნეს, რომ უნდა გადმოხტნენ უმრავლესობის ნავიდან. ეს პირველი სერიოზული სიგნალია იმისა, რომ მოქალაქეთა კავშირი ჩვენს თვალწინ დაიშლება. ის იშლება სწორედ იმ პრინციპის მიხედვით, რა პრინციპითაც შეიქმნა. „მოქალაქეებს“ უჭირთ შევარდნაძის ნების გაგება. ამ ერთი კაცის ნების გამოცნობა ძნელია, ამაზე დარდობს ახლა ალბათ ბალუაშვილი, რომ მან შეიძლება ვერ გამოიცნო შევარდნაძის ნება. გამოუცნობი შევარდნაძის გზა არის რომანტიკული, სწორედ ის წარმოადგენს, ჩემი აზრით, ქართული პოლიტიკური იდეალიზმისა და პრაგმატიზმის დაპირისპირებაში რომანტიზმს. ეს არის გზა, როდესაც სიმართლე არის მაშინ, როცა საჭიროა, ანუ განმარტება შევარდნაძის მოქმედებისა ასეთია: ასე გააკეთა არა იმიტომ, რომ ამგვარ ქმედებას რაიმე რაციონალური კარნახობდა, არამედ ასე გააკეთა იმიტომ, რომ ასე იყო საჭირო იმ მომენტში, ხოლო ამ მომენტში მოქმედებს სულ სხვანაირად, იმიტომ რომ ამ მომენტში ასეა საჭირო, ანუ მას არ გააჩნია შემზღუდავი ღირებულებათა სისტემა და პრინციპები. შევარდნაძე ახლა ხელს არ უშლის ქვეყანაში ფსევდორომანტიკული პოლიტიკის განვითარებას, რაც შესანიშავად გამოიხატა საზოგადოების ფაშიზაციის იმ პატარა ცდებში, რომელიც ახლა მიმდინარეობს. ამ თვალსაზრისით, შარაძე არის კარგი შევარდნაძისტი.

საერთოდ, მრეწველთა ფრაქციაზეც მინდა ვთქვა, რომ მათი გაჩენა ქართულ პოლიტიკაში იყო სერიოზული ნიშანი ყალბი რომანტიზმის გამარჯვებისა. ტერმინები: „კაცური კაცობა“, „გაგება“, „კატეგორია ხალხი“ და სხვა ამგვარი პრევალირებს მათ საჯარო გამოსვლებში. ნიშნები, რომლებიც ახლა ჩვენ მოგვეცა, ნამდვილად მიუთითებს იმაზე, რომ მოხდება ამ არიის სერიოზული გაძლიერება. გაძლიერება მოხდა მწერალთა კავშირის მხრიდან, რომლის თავმჯდომარის პასკვილებში სულ უფრო და უფრო იჩენს თავს გახრწნილი ულტრას მოტივები. სულ ბოლოს აღმოჩნდა, რომ „ვიღაც სომხების“ და დაშნაკების ბრალი ყოფილა ყველაფერი.

უკანასკნელი არგუმენტი დახარჯულია, ვინაიდან, ჩემი აზრით, საქართველოში ყველაზე ბოლო არგუმენტი არის სომხური არგუმენტი. ამის შემდეგ ლაპარაკი წყდება, ჩვენ აღარ ვიცით, ამის იქით რა არის. ერთადერთი ადგილი, სადაც ქართულ საზოგადოებაში ნაციონალიზმს კიდევ აქვს დასაყრდენი, ეს გახლავთ ჩვენი დამოკიდებულება სომხებისადმი, როგორც ჩვენი, როგორც კავკასიური მოდგმის ხალხის დამოკიდებულება ინდოევროპელი მეზობლებისადმი, საერთოდ, ანგარიშისადმი, პრაგმატიზმისადმი და ა.შ. მე ვერ გეტყვით, რომ თანამედროვე სომხეთი არის ინდოევროპეიზმის და პრაგმატიზმის მწვერვალი, ვინაიდან იქაც ძალიან „რომანტიკულ“ გადაწყვეტილებებს ჰქონდა ადგილი ბოლოდროინდელ პოლიტიკაში, მაგრამ ამ ხალხთან დამოკიდებულებაში ჩვენ ეს „სიღრმე“ გვახასიათებს.

მე ვფიქრობ, რომ, სინამდვილეში, ჩვენი მთავარი პრობლემა არის ღრმად რომანტიზებული, იდეალიზირებული პოლიტიკა. ჩვენ არ გვყავს პრაგმატული პოლიტიკოსები, ამ იდეალისტებს შორის ზოგი პატიოსანია, ზოგი - უპატიოსნო, ზოგი - სიმპათიური, ზოგი უსიმპათიო; მაგრამ არც ერთი არ არის ისეთი, რომლის ხვალინდელი ნაბიჯის გამოცნობა შეიძლება, ვინაიდან არ ემყარებიან რაღაც გამოცხადებულ და გააზრებულ პრინციპებს. ჩემი აზრით, ჩვენი ამოცანაა ამ ქარტეხილებში სიმპათია გავაჩინოთ იმათ მიმართ, ვინც პრაგმატულ აზროვნებას დაიწყებს. ის პრინციპი, რომ ჟვანია-სააკაშვილი, როგორც ცუდი დეტექტიური რომანების გამომძიებლების წყვილი, რომელთაგან ერთი ბოროტია ძალიან და აგრესიული (გულუას რომ ვკითხოთ, ასეთია სააკაშვილი), ხოლო მეორე - თავაზიანი და წესიერი (გულუას რომ ვკითხოთ, გველია საერთოდ), აღარავისთვის წარმოადგენს სატყუარას. ამ წყვილის თამაში აღარაა საკმარისი იმისთვის, რომ პრაგმატული იდეები დამკვიდრდეს. მე შემიძლია დავასახელო ერთი პრაგმატიკოსი ბატონი აკაკი ასათიანის სახით, რომელმაც ახლახან განაცხადა, რომ არავისი ვალი პოლიტიკაში აღარ აქვს. არ არის გამორიცხული, რომ მოხდეს რეფორმატორების, ტრადიციონალისტებისა და მარად სიმპათიური რესპუბლიკელების პოლიტიკური შეხვედრა. ჩვენი ამოცანაა, არ ვუკიჟინოთ მათ და არ მივიჩნიოთ მომავალი პრაგმატული ნაბიჯები უპრინციპობად. უნდა ვიპოვოთ საკუთარ თავში ძალა და პატივი ვცეთ თუნდაც აკაკი ასათიანის პრაგმატიზმს. ერთი შეხედვით, ეს შეუძლებელი ჩანს, მაგრამ ვითარება ჩვენ სწორედ ამ ნაბიჯებისკენ გვიბიძგებს. მე მგონია, რომ დღეს ჩვენ დამოკიდებული ვართ იმაზე, შეძლებს თუ არა ჟვანია და მისი გუნდი გახდნენ უფრო პრაგმატიკოსები, თუ გამოვლენ ისინი ამ იდეალისტური და ირაციონალური პოლიტიკიდან, რომელსაც შევარდნაძე ატარებს. სინამდვილეში, ჩვენს პრეზიდენტსაც სჭირდებაინდოევროპელიშვილები. ჩვენც გვექნება რაღაც შანსი, ვიმოქმედოთ ამ ხალხზე. წინააღმდეგ შემთხვევაში მოვლენები განვითარდება ჩვენს გარეშე, როგორც ეს მომხდარა არაერთხელ და ჩვენ კვლავ შევიკრიბებით და გავკიცხავთ იმ ხალხს, ვისი მოქმედებებიც მიუღებელია.

3 პოლიტიკური იდეალიზმიც და პოლიტიკური პრაგმატიზმიც

▲ზევით დაბრუნება


დავით უსუფაშვილი

საქმიანობის გარკვეულ სფეროებში (და ზოგადად ცხოვრებაშიც) ესოდენ მისასალმებელი რომანტიზმი მეტად სახიფათო მოვლენაა ისეთ კონკურენციულ და ულმობელ სფეროებში, როგორიცაა პოლიტიკა და ბიზნესი. თანამედროვე მსოფლიოში მხოლოდ პრაგმატულად მოაზროვნე პოლიტიკოსები და ბიზნესმენები აღწევენ წარმატებებს.

მეორე მხრივ, პრაგმატიზმი ზღუდავს თავისუფალ აზროვნებას, ვინაიდან იგი მხოლოდ „საღი აზრისთვის“ ტოვებს ადგილს. იდეალიზმი ფართო გასაქანს აძლევს აზროვნებას, ვინაიდან იგი არ იზღუდება ისეთი კატეგორიებით, როგორიცაა „შეძლებადობა“, „დროულობა“ და ა.შ. არც ის არის მთლად სწორი, რომ პრაგმატიკოსები უფრო მზად არიან დემოკრატიისთვის აუცილებელი კომპრომისებისთვის, ვიდრე იდეალისტები. ხშირად სწორედ იდეალისტები მიდიან კომპრომისებზე თავიანთი ზედმეტი გულუბრყვილობისა და მიმნდობლობის გამო.

იდეალიზმის ელემენტების გარეშე წმინდად პრაგმატულმა აზროვნებამ იმ დასკვნამდე უნდა მიგვიყვანოს, რომ ყველა სიკვდილის შვილები ვართ და არაფერი არ ღირს ამ ქვეყნად თავის შეწუხებად, მათ შორის არც ეს დისკუსია.

მაშასადამე, ძნელია კატეგორიული ტონით მსჯელობა, როცა საქმე პოლიტიკური იდეალიზმისა და პოლიტიკური პრაგმატიზმის ავკარგიანობაზე ვსაუბრობთ. ბევრი რამაა დამოკიდებული კონტექსტზე...

* * *

ქართული საზოგადოება 80-იანი წლების დასაწყისისათვის უკიდურესი პრაგმატიზმის ტყვეობაში იმყოფებოდა. კარიერისტული და მატერიალური კეთილდღეობის მოტივებით ადამიანები მზად იყვნენ უარი ეთქვათ ყოველგვარ სულიერ ფასეულობებზე. ეს დიდწილად იმან განაპირობა, რომ ერთადერთმა ნებადართულმა კომუნისტურმა ფასეულობათა სისტემამ ამ დროისათვის უკვე სრულად მოასწრო საკუთარი თავის დისკრედიტაცია (სკოლებში შინაგანაწესის მიმდევარ თითო-ოროლა მოსწავლეს მეგობრები დაცინვით „კომუნისტს“ შეარქმევდნენ ხოლმე. ზუსტად ასევე, იმ თითო-ოროლა კოლმეურნეს, მუშას თუ პარტიულ ფუნქციონერს, რომელიც არაფერს იპარავდა, დაცინვით „კომუნისტს“ ეძახდნენ).

საზოგადოებაში დაგუბებულმა რომანტიკულმა მოტივებმა ერთბაშად უდიდესი ენერგიით ამოხეთქა ეროვნული მოძრაობის სახით, რისი კულმინაციაც 9 აპრილის მოვლენები იყო. სწორედ ამ ფონზე შეიქმნა დამოუკიდებელი საქართველოს განვითარების კოდი და ჩვენ ახლა მისი რეალიზაციის პროცესის თვითმხილველნი ვართ.

ჩვენი პოლიტიკოსების ადრეული რომანტიზმი საკმაოდ ძვირი დაუჯდა საზოგადოებას (თუმცა, ისიც საკითხავია, თუ რამდენი ქართველი დაუჭერდა მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას 1991 წლის რეფერენდუმზე, მაშინ პრაგმატული პოლიტიკოსები რომ ყოფილიყვნენ ხელისუფლებაში). თავად პოლიტიკოსებმაც ჭკუისსასწავლებელი გაკვეთილი მიიღეს ზვიად გამსახურდიას ძლევამოსილი აღზევებით და ტრაგიკული დაცემით. ამიტომაა, რომ დღეს უკვე ცალკეული გამონაკლისების გარდა მიჭირს ვინმეს რომანტიკოსი პოლიტიკოსი ვუწოდო. პირიქით, დღეს პრობლემა სწორედ ისაა, რომ პოლიტიკური ელიტების დიდი ნაწილი უკიდურესი პრაგმატიზმითაა გატაცებული.

* * *

სინამდვილეში, ძალზე ძნელია იდეალიზმსა და პრაგმატიზმს შორის მკვეთრი ზღვრის გავლება. კამათი იმის შესახებ, თუ რამდენად პრაგმატული ან იდეალისტურია დასახული მიზანი ან გეგმა, მეტად სარისკო საქმეა. მაგალითად, ჩემთვის საქართველოში კანონის უზენაესობის დამკვიდრება ცალსახად და უპირობოდ შეძლებადი მიზანია, „საღი აზრია“ და ამდენად ჩემი ქმედებები ამ მიმართულებით პრაგმატულად მიმაჩნია. ბევრისთვის ეს ყველაფერი ქარის წისქვილებთან უაზრო ბრძოლაა და, ამდენად, იდეალიზმით გატაცება. მათებურად „საღი აზრია“, შეძლებადია, პრაგმატულია არსებულ კორუფციულ პატრონ-ყმურ სისტემაში რაც შეიძლება უკეთესი ადგილის მოპოვება და ზრუნვა მის შესანარჩუნებლად.

დღევანდელი გადასახედიდან პირველი თაობის ლენინელი კომუნისტები პრაგმატიკოსებად ჩანან ხელისუფლებაში მოსვლის გზებით და იდეალისტებად გამოიყურებიან კომუნიზმის აშენების მცდელობით. მაგრამ შეგვიძლია კი ვამტკიცოთ, რომ საქართველოში ადამიანის უფლებებზე დამყარებული დასავლური დემოკრატიის მშენებლობა, საბოლოო ჯამში, კომუნიზმზე ნაკლებ იდეალისტური პოლიტიკური კონცეფციაა? მგონი, ჯერჯერობით არაფერი არ გვაძლევს ამის საფუძველს...

* * *

პოლიტიკური ბრძოლების მოსაგებად და ხალხის მხარდაჭერის მოსაპოვებლად პოლიტიკოსისთვის საკმარისი არ არის თუნდაც მათემატიკური სიზუსტით გათვლილი პროგრამების წარმოდგენა, რომლებიც ობიექტურად მართლაც საუკეთესო საშუალებაა საზოგადოებრივი პრობლემების მოსაგვარებლად. ასეთი პროგრამები თუ „შეზავებული“ არ იქნა გარკვეული ემოციური „საკაზმებით“, საზოგადოება მას მხარს არ დაუჭერს თუნდაც იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მის დიდ ნაწილს არ შესწევს უნარი ჩაწვდეს პოლიტიკური პროგრამების არსს. ამ თვალსაზრისით, პოლიტიკოსი იძულებულია თავისი პროგრამა შეფუთოს რომანტიკულ საბურველში. ამის აუცილებლობას თუნდაც ის განაპირობებს, რომ ზოგადად ადამიანებში ხან იდეალისტური მოტივებია მომძლავრებული, ხანაც პრაგმატული - კაცი ხან „ერთი ქილა ერბოს“ გმირის როლშია და ხანაც სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი მძლავრობს მასში.

მაგალითად, სიკვდილის დასჯის გაუქმება, რომელიც შესაძლოა მხოლოდ ევროსტრუქტურებთან დაახლოების წმინდა პრაგმატული მოსაზრებით დადგა დღის წესრიგში, უნდა წარმოჩინდეს ისეთ ნაბიჯად, რომელიც თითქოს ლოგიკური შედეგია ერის მაღალი ზნეობრივი კულტურისა და მდიდარი სახელმწიფოებრივი გამოცდილებისა. აუცილებელია იმის მტკიცებაც, რომ ეს ნაბიჯი გააუმჯობესებს კრიმინოგენულ მდგომარეობას, ვინაიდან ზოგადად სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ყოველი ჰუმანური ნაბიჯი საზოგადოებაში კიდრვ უფრო აღვივებს ჰუმანურობას, კაცთმოყვარეობასა და სოციალურ სიმშვიდეს. გარდა ამისა, საჭიროა იმის მტკიცებაც, რომ ქართველი ერი უაღრესად ტოლერანტი და დიდბუნებოვანი ერია და ამიტომ სიკვდილის დასჯის გაუქმება, უბრალოდ, ლოგიკური და კარგა ხნის დაგვიანებული ნაბიჯიც კია. საჭიროა იმის თქმაც, რომ სიცოცხლე ღმერთის ბოძებულია და სახელმწიფოს არა აქვს მისი ვინმესთვის წართმევის უფლება (ცხადია, ომებში ადამიანებს პოლიტიკოსების ან ზოგადად სახელმწიფოს გამო კი არ ესწრაფებათ სიცოცხლე, არამედ ისინი საკუთარი ნებით ეწირებიან უმნიშვნელოვანეს ფასეულობებს, და, რა თქმა უნდა, იარაღსაც სახელმწიფო მხოლოდ თავდაცვის მიზნებისთვის იძენს...).

გარეშე თვალისთვის ძნელი გასარკვევია, ვინაა ამ გეგმით მოქმედი პოლიტიკოსი - პრაგმატისტი თუ იდეალისტი. მაგრამ საკითხი საბოლოოდმაინც დადებითად წყდება, ვინაიდან, ზოგი ევროსტრუქტურებთან დაახლოების მოტივით დაუჭერს მხარს, ზოგი ჰუმანურობის, ზოგი ისტორიული მემკვიდრეობის, ზოგი რელიგიური მოტივებით და ზოგიც უბრალოდ სირცხვილის გამო - ასეთი ჰუმანური ერი ვყოფილვართ და როგორ გვეკადრება ამის არგაკეთებაო. მაშასადამე, იდეალიზმი პოლიტიკოსმა უნდა გამოიყენოს პრაგმატული მოსაზრებებით ანუ ოქროს შუალედი სადმე იდეალიზმსა და პრაგმატიზმს შუა კი არ გადის, არამედ მათ სწორ კომბინაციასა და პროპორციულობაშია.

* * *

დასავლური დემოკრატიული ფასეულობების და პოლიტიკური სისტემების ორიენტირად დასახვა გვაიძულებს შევიარაღდეთ დასავლური პოლიტიკური მეთოდოლოგიითაც, რომელიც სწორედ პრაგმატიზმისა და იდეალიზმის ოსტატური ნარევია. მაგალითად, დროის ფუჭად კარგვა იქნებოდა გვეკამათა პრაგმატულია თუ იდეალისტური აშშ-ის პოლიტიკა საქართველოში. იმ ნაწილში, სადაც აშშ საქართველოში უახლოეს წლებში დემოკრატიული საზოგადოების ფორმირებას ცდილობს - იდეალისტურია. იმ ნაწილში, სადაც აშშ ახალ პლაცდარმს იმზადებს გლობალიზაციის პროცესში საკუთარი ინტერესების დასაცავად - პრაგმატულია. ამ ორი ელემენტის თანაარსებობა თუნდაც იმიტომაა აუცილებელი, რომ ერთ-ერთი მათგანის არარსებობა შეუძლებელს გახდიდა აშშ-ის მთავრობის საგარეო პოლიტიკური კურსისთვის ამერიკელი ხალხის მხარდაჭერას.

პრაგმატიზმისა და იდეალიზმის სწორ ბალანსირებაში გადამწყვეტია რისკის ფაქტორის სწორად გააზრება. პოლიტიკოსს უნდა ესმოდეს, რომ მისი იდეალისტური ქმედებების წარუმატებლობის რისკი მეტია და ამიტომ მზად უნდა იყოს უარესისთვის - ანუ იმ შემთხვევაშიც კი, თუ იდეალისტურმა ქმედებებმა კრახი განიცადა, მისი მთელი ქმედებების ჯამური შედეგი მაინც დადებითი უნდა იყოს.

დასავლური პოლიტიკური კულტურის ქართველმა სტუდენტებმა მხოლოდ პრაგმატიზმის და იდეალიზმის შერწყმის ფორმა გაითავისეს და შინაარსს აღარ დაგიდევენ. მაგალითად, ბატონი ზურაბ ჟვანია პრაგმატიკოსია, როცა ხელისუფლების შენარჩუნებას მაფიოზებთან ალიანსით ცდილობს; მაგრამ იგი გამოუსწორებელი იდეალისტია, როცა იგი ამ გზით შენარჩუნებული ხელისუფლებით ქვეყნისათვის სიკეთის მოტანას გეგმავს. რა დაგვრჩება ხელში, თუ ბატონ ჟვანიას იდეალისტური ქმედებები კრახით დამთავრდება? ხელისუფლებაშენარჩუნებული ჟვანია დაქცეულ ქვეყანაში... ამდენად, პოლიტიკური რომანტიზმისა და პრაგმატიზმის სწორ ნაზავში არა მხოლოდ რაოდენობრიობაა მნიშვნელოვანი, არამედ თვისობრიობაც.

* * *

თანამედროვე პოლიტიკოსმა შეიძლება პრაგმატული მოსაზრებებით დროებით ან სამუდმოდ უარი თქვას ამა თუ იმ მსოფლმხედველობრივ სისტემაზე - მემარჯვენეებიდან გადაბარგდეს მემარცხენეებში; შეიძლება ამომრჩეველთა გულის მოსაგებად გაამუქოს ოპონენტის შეცდომები და საკუთარი მიღწევები, ცოტა იპოპულისტოს და ცოტა იდემაგოგოს; შეიძლება აუცილებელი მინიმუმის დონეზე შეინარჩუნოს ცივილიზებული ურთიერთობები ყველაზე უფრო უზნეო მტრებთანაც კი; შეიძლება ყოველთვის არ დაიცვას სამართლიანობა და ა.შ. მაგრამ პოლიტიკური მანევრის თუ კომპრომისის ობიექტი არ შეიძლება გახდეს იმპერატიული ფასეულობები, როგორიცაა: კანონი, ქვეყნის ინტერესი, უსაფრთხოება და ა.შ. (ცხადია, აქ არ იგულისხმება შეცდომა ანუ სიტუაცია, როცა პოლიტიკოსს შეცდომით ჰგონია, რომ არ არღვევს კანონს ან მოქმედებს ქვეყნის ინტერესების შესაბამისად).

ამ იმპერატივებიდან ყველაზე უფრო ნაკლებ ორაზროვანი კანონია და, შესაბამისად, განსხვავებული ინტერპრეტაციების ყველაზე ნაკლები შესაძლებლობაც სწორედ აქ არსებობს. ამასთანავე, ქმედების კანონიერება-უკანონობის დასადგენად საზოგადოებაში არსებობს გაცილებით უფრო დახვეწილი მექანიზმი, ვიდრე ქმედების ქვეყნის ინტერესებთან შესაბამისობა-შეუსაბამობის დასადგენად. ამდენად, პოლიტიკური პრაგმატიზმის მისაღებობის ერთ-ერთ საუკეთესო ტესტად ქმედებების კანონიერება შეიძლება ჩაითვალოს - პოლიტიკური მანევრების და კომპრომისების ზღვარი იქ მთავრდება, სადაც კანონების შეგნებული უგულებელყოფა იწყება.

* * *

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ისაა, რომ ახალი ცნებები უშინაარსოდ ან დამახინჯებული შინაარსით დავამკვიდრეთ პრაქტიკაში. მაგალითად, იმ ფაქტიდან, რომ ვიღაცა პარლამენტის წევრია, ჩვენ გამოგვაქვს დასკვნა, რომ იგი პოლიტიკოსია. იმ ფაქტიდან, რომ რომელიღაც ჯგუფი რაღაც სახელით მონაწილეობს არჩევნებში და თუნდაც იმარჯვებს კიდეც, ჩვენ გამოგვაქვს დასკვნა რომ ეს ჯგუფი პოლიტიკური პარტიაა. შემდგომ ამ დაშვებებზე ვაგებთ ჩვენს მსჯელობებს და თავს ვიმტვრევთ მემარჯვენეა თუ მემარცხენე, იდეალისტია თუ პრაგმატიკოსი ეს „პოლიტიკოსი“ თუ ეს „პარტია“.

ჩვენ ვერ შევქმენით ვერც ერთი გამართულად მოქმედი სახელმწიფოებრივი ინსტიტუტი არა იმიტომ, რომ ზედმეტად იდეალისტები ვიყავით, როცა მათი შემოღება განვიზრახეთ, არამედ იმიტომ, რომ ამ ინსტიტუტების შექმნისას ყველა ძირითადი იდეა სწორედ მომეტებულ პრაგმატიზმს გადავაყოლეთ.

სასამართლო რეფორმა ჩიხში იმიტომ კი არ მოექცა, რომ იგი რომანტიკოსების პირმშოა, არამედ იმიტომ, რომ იგი პრაგმატული შიდაგარიგებებით დამახინჯებული მმართველი პოლიტიკური ელიტის არასრუყოფილი პირმშოა.

* * *

და ბოლოს, ამ თემაზე მსჯელობისას მნიშვნელოვანია პოლიტიკურ სივრცეში იმ სუბიექტის ადგილ-მდებარეობა, ვისი მიმართებითაც განიხილება საკითხი. პირობითად შეიძლება ასეთი ფორმულა გამოგვეყვანა: რაც უფრო ახლოს არის ეს სუბიექტი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების ადგილთან, მით მეტი პრაგმატიზმი და ნაკლები იდეალიზმი მართებს მას და რაც უფრო შორს არის იგი ამ ადგილისგან, მით ნაკლები პოლიტიკური პრაგმატიზმისა და მეტი პოლიტიკური იდეალიზმის უფლება შეიძლება მისცეს მან თავს.

არასამთავრობო სექტორი სწორედ ის ადგილია, სადაც ყველაზე უფრო მოჭარბებულად უნდა იყოს წარმოდგენილი იდეალიზმის ელემენტები. ჩვენი დანიშნულება სწორედ იდეების გენერაცია და მათი ადვოკატობაა. მათ შორის საუკეთესოების შერჩევა და დანერგვა სხვისი საქმეა და სწორედ ისინი უნდა იყვნენ უფრო პრაგმატულები. მე ვფიქრობ, ჩვენ ხშირად უფრო პრაგმატულები ვართ, ვიდრე უნდა ვიყოთ. ეს იმითაა განპირობებული, რომ ბევრი ჩვენგანი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების ადგილთან ზომაზე ახლოსაა ხოლმე. ეს კი თავის მხრივ იმითაა განპირობებული, რომ ჩვენ ხშირად გვიხდება ქვეყანაში თითქმის არარსებული პოლიტიკური ოპოზიციის როლის შესრულება. ეს მეტად სახიფათო ტენდენციაა სწორედ რომ პრაგმატული მოსაზრებებით...

დღეს არასამთავრობო სექტორისთვის იდეალიზმი ისეა აუცილებელი, როგორც არასდროს. იმდენად დიდია საზოგადოებაში ყოველგვარი ამაღლებულის, დიადის და შეურყვნელის დეფიციტი და იმდენადაა მოჭარბებული ანგარება, კარიერისტობა და მლიქვნელობა, რომ საჭიროა ვიღაცამ მორალური გმირის როლი იკისროს. უნდა გვეყოს ძალა უარი ვთქვათ გრანტზე, რომელსაც სარგებელი არაფერი მოაქვს; უნდა გვეყოს ძალა გავხდეთ მეტად გამჭვირვალეები და საკუთარი ორგანიზაციები გამოვიტანოთ ერთმანეთის სამსჯავროზე; უნდა გვეყოს ძალა დავტოვოთ სუფრა, რომელზეც კორუმპირებული პირები კორუფციული გზით მონაგარს კორუფციული ურთიერთობების გასამყარებლად შეექცევიან; უნდა გვეყოს ძალა შევინარჩუნოთ საჭირო დისტანცია ხელისუფლებასთან; უნდა გვეყოს ძალა ქვეყნისათვის ამ კრიტიკულ მომენტში საკუთარ თავზე ავიღოთ პასუხისმგებლობა და შევქმნათ, მაგალითად, ანტიკორუფციული ეროვნული პროგრამა.

შესაძლოა ვერც ერთმა ამ იდეალისტურმა ქმედებამ სასურველი შედეგი ვერ გამოიღოს, მაგრამ ამით ქვეყანა არ დაიქცევა. ხოლო თუ რომელიმემ მაინც გაამართლა, შედეგი უზარმაზარი იქნება. მაშასადამე, რისკი გამართლებულია.

4 იდეალიზმიდან პრაგმატიზმამდე

▲ზევით დაბრუნება


რამაზ საყვარელიძე

ჩვენ პრაგმატული მოსაზრებებით უნდა გავხდეთ მეტად იდეალისტები!

უპირველეს ყოვლისა, მსურს მადლობა გადავუხადო ჩვენი შეხვედრის ორგანიზატორებს როგორც დისკუსიის მოწყობისთვის, ასევე, პრობლემის საინტერესოდ დაყენებისთვის - პოლიტიკური იდეალიზმისა და პრაგმატიზმის საკითხი ფილოსოფიის, პოლიტიკის და თანამედროვეობის სამგანზომილებიან სივრცეში აქვთ წარმოდგინილი („ჰოლოგრაფიული ხედვა“ ყოველთვის ინტერესს აღძრავს) და ყველას უხსნის გზას ფიქრისაკენ. რადგან ფილოსოფიური განზომილება, ტრადიციისამებრ, პასუხგაუცემელ კითხვებს იტანს, ხოლო პოლიტიკა და თანამედროვეობა ითხოვს სასწრაფო პასუხს, ბუნებრივია, მსჯელობა თანამედროვე პოლიტიკის მიმართულებით გაიშლება.

დამსწრე საზოგადოებას კარგად მოეხსენება, რომ იდეალიზმისა და პრაგმატიზმის, პრინციპულობისა და კომპრომისის, მორალისა და ცხოვრების მოთხოვნათა ალტერნატივა საუკუნეების განმავლობაში იდგა კაცობრიობის წინაშე და დღემდე ეძებენ მათ შორის გამავალ „ოქროს შუალედს“. ინტელექტუალები ამ დილემას ხშირად წყვეტდნენ ზნეობის სასარგებლოდ, მაგრამ მათი პოზიცია ხან რჩებოდა „ხმად მღაღადებლისად“, ხან ცხოვრებაში შეტანის შემდეგ იდეალურ უზნეობად გადაიქცეოდა, რადგან ავტორს არ ჰქონდა გააზრებული მისი პოზიციის ყველა შედეგი. ეს ისტორიული გამოცდილება კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ სუფთა სახით არაფერი არ არსებობს ბუნებაში - იდეალიზმს ცხოვრებაში დასამკვიდრებლად პრაგმატიზმი ესაჭიროება, პრაგმატიზმს მსოფლმხედველობაში დასამკვიდრებლად იდეალიზმი უნდა. მათი ერთმანეთისგან დაშორება გამიზნულის საწინააღმდეგო შედეგს ბადებს. ისტორია გვაიძულებს დავფიქრდეთ იმაზეც, ჩვენ, აქ შეკრებილნი, ხომ არ ვიმეორებთ ჩვენი წინაპრების გზას? სხვების შეცდომების ძებნაში ჩვენ თვითონ ხომ არ ვუშვებთ შეცდომას? ჩვენ თვითონ ვინ ვართ, პრაგმატისტები თუ იდეალისტები?

ამგვარი კითხვები უკვე დაისვა ჩვენ დისკუსიაში და, ალბათ, საქართველოს პოლიტიკური სიტუაციის დღეს ჩატარებული ანალიზი რაღაც ხარისხით გასცემს მას პასუხს.

გამომსვლელების ნაწილს მიაჩნია, რომ დღეს ქართულ პოლიტიკაში ერთმანეთს უპირისპირდებიან კონსერვატორები და რეფორმატორები; რომ მინისტრების წარდგენით პრეზიდენტი კიდევ ერთხელ გადაიხარა კონსერვატორებისკენ; რომ რეფორმისტების მორალური ვალია გაემიჯნონ პრეზიდენტს, ხოლო ჩვენი ვალი - მხარი დავუჭიროთ ამ გამიჯვნას და ა.შ..

დღევანდელი სიტუაციის ეს მოდელი მითოლოგიურ არქეტიპს წააგავს; არის მითის ტრდიციული კომპონენტები: ბოროტი, კეთილი და მისი ბრძოლა ბოროტთან (კიდევ - ბოროტის მსხვრპლად ქცეული დასუსტებული მეფე). მითოლოგიური აზროვნება კლასიკურად იდეალისტურია - იგი აყალიბებს მიზანს და მიაჩნია, რომ გმირობა საკმარისია სიკეთის გამარჯვებისთვის. ამიტომ მითი არ აქცევს ყურადღებას გონებას, მისი პერსონაჟები მეომრები არიან და არა - მოაზროვნეები. სამწუხაროა, რომ ცხოვრება მითისგან განსხვავდება და ზნეობისთვის ბრძოლამ ადვილად შეიძლება დაამარცხოს ზნეობისთვის მებრძოლი, თუ მისი შედეგი კარგად არ არის გააზრებული. მაგალითი თანამედროვე ქართულ პოლიტიკაში უხვადაა; ბევრი პარტია, რომელიც ზნეობის სახელით მივიდა პოლიტიკაში, დარჩა რეალური პოლიტიკის გარეთ, რადგან ჩათვალა, რომ მხოლოდ უზნეობასთან დაპირისპირება საკმარისი იყო გამარჯვებისთვის. სწორედ მითოლოგიური აზროვნების წესმა, პოლიტიკურმა იდეალიზმმა შეუშალა მათ ხელი. საქართველოს რამეში გამოადგება პოლიტიკური იდეალიზმის ჰიპერტროფიის კიდევ ახალი მსხვერპლი?თუ გვინდა, რომ საქართველო იყოს ხალხის საცხოვრებლად ვარგისი ქვეყანა და არა - მითი, მე მგონი, იდეალიზმს და პრაგმატიზმს თავ-თავისი ადგილი უნდა მიეჩინოს.

სულიერი აქტივობის ამ ორი ფორმის ადგილს, ჩემი აზრით, ბუნება გვკარნახობს. სიცოცხლისთვის აუცილებელი არის არარაციონალური (იდეალისტური) სურვილები, რომლებიც მოიცავენ ინსტინქტურ პასუხს ბევრ კითხვაზე (მათ შორის, „ყოფნა-არყოფნა?“, „მორალური კანონი ჩემში“ და სხვა). მათ სასიცოცხლო აუცილებლობაზე ბევრი რამ მიუთითებს, ისიც კი, რომ მათ ტვინის სპეციალური სტრუქტურები ემსახურება. რაციონალურობა, ლოგიკური აზროვნება (პრაგმატიზმი) აუცილებელია მიზნის მისაღწევად და ამ უნარის განვითარებაზეც იზრუნა ევოლუციამ. როგორც იდეალიზმი, ასევე პრაგმატიზმი სასიცოცხლოდ აუცილებელია ადამიანისთვის, ოღონდ ერთი - სურვილების ფორმირებისას, მეორე - მათი აღსრულების დროს. შეცდომები მაშინ იწყება, როცა თითოეულ მათგანს მისთვის არაბუნებრივი ფუნქცია ეკისრება, როცა პიროვნება სურვილებში პრაგმატიკოსია ან მოქმედებაში იდეალისტი.

„ბუნებასთან კონსულტაციის“ შემდეგ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სოციალურ პროცესებშიც ანალოგიური ფუნქცია აქვს იდეალიზმს და პრაგმატიზმს. შესაბამისად, სასურველია, რომ პოლიტიკოსი იდეალისტი იყოს ზოგადი სურვილებისა და მიზნების ფორმირების ეტაპზე, პრაგმატისტი - ტაქტიკასა და მოქმედებაში. სამწუხაროდ, ქართველი პოლიტიკოსები ხშირად სურვილებში წვრილმანი პრაგამტიკოსების შთაბეჭდილებას ტოვებენ, ხოლო გზების ძიებაში - რომანტიკული იდეალისტებისას. იქნებ, სწორედ იდეალიზმ-პრაგმატიზმის აღრევის გამო არის დღეს ასე ღარიბი ქართული პოლიტიკური სპექტრი - პარტიების ქრონიკულ ავადმყოფობად იქცა პრინციპული სტრატეგიული პოზიციების დეფიციტი და კონკრეტულ პირობებში გამარჯვების უუნარობა. პირველი დეფიციტის შველა ძნელია (სტრატეგიის ჩამოყალიბება პოლიტიკური შემოქმედების ნიჭს ითხოვს, რაც ადამიანს ბუნებით ეძლევა). მეორე დეფიციტის მოხსნა ადვილი - გამარჯვების ფორმულას სხვებისგან მაინც ისწავლი. მაგრამ, როგორც ჩანს, ჩვენი ჰიპერტროფირებული იდეალიზმი სწავლაზე ორიენტაციას, პრაგმატიზმის ამ მინიმალურ გამოვლენასაც კი, არ უტოვებს ადგილს. მე მგონი, დარღვეული ბალანსის აღდგენა სწორედ ამ პირველი ეტაპიდან - სწავლიდან უნდა დავიწყოთ.

საქართველოს სახელმწიფოებრიობა რთული ჩამოსაყალიბებელია. ეს ის ქვეყანაა, „გათითოკაცებულობით“ და კორუფციით საბჭოთა კავშირშიც რომ გამოირჩეოდა. სსრკ აღარ არის, მაგრამ ხალხი დარჩა და ცხოვრობს ისე, როგორც იცის ცხოვრება. რაც მთავარია, სტრუქტურებიც უბიძგებენ ადამიანებს „გათითოკაცებული“ და კორუმპირებული ცხოვრებისკენ. ეს ინერცია „ბანანის რესპუბლიკად“ გადაგვაქცევს, სადაც რამოდენიმე კაცს ყველაფერი ექნება, დანარჩენს - ყველაფრის დეფიციტი. ქვეყანას კი დარჩება მხოლოდ დროშა.

ამდენად, რეფორმების გამარჯვება სასიცოცხლო, მაგრამ ძალიან ძნელად შესასრულებელი აუცილებლობაა. მისი აღსრულებისთვის, ალბათ, ჯერ უნდა გვესწავლა, როგორ მიიღწევა გამარჯვება და მერე მოგვეკიდა ხელი რეფორმებისთვის. ჩვენ რეფორმების სურვილიდან პირდაპირ საქმეზე გადავედით და მხოლოდ ახლა შევყოვნდით, როცა ვიგრძენით, რომ ჩვენ კი ვატარებთ რეფორმებს, მაგრამ ქვეყანა არ იცვლება.

სწავლა არასოდეს არაა გვიან და, მოდით, ახლა მაინც დავფიქრდეთ, როგორ შეიძლება გაიმარჯვოს რეფორმებმა, საერთოდ, როგორ მიიღწევა გამარჯვება ქართულ პოლიტიკაში; ვისწავლოთ როგორც მათგან, ვინც წარმატებას მიაღწია, ასევე მათგან, ვინც დამარცხდა. მერე ვნახოთ, რეფორმებისკენ წარმატებული გზით მივდივართ თუ მარცხიანით.

ამჟამად, ქართულ პოლიტიკაში სხვებთან შედარებით წარმატებული ფიგურა ედუარდ შევარდნაძეა და მისი „გამარჯვების ალგორითმი“ გაკვეთილად გამოადგება ყველას, მიუხედავად იმისა, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს თვით შევარდნაძის მიმართ. ასეთივე უნიკალური გაკვეთილი მისცა თანამედროვე ქართველ პოლიტიკოსებს ზვიად გამსახურდიამ და ბევრი დასკვნის გაკეთება შეიძლება მისი პოლიტიკური ბიოგრაფიიდან, თუ გაანალიზდა გამსახურდიას „მარცხის ალგორითმი“. ორივე ალგორითმში, ალბათ, ზოგადი კანონები მოქმედებს, მაგრამ ზოგადის დანახვა კონკრეტულში უფრო ადვილია. ბუნებრივია, მე ვერ შევძლებ სრულად გავცე პასუხი ჩემივე დასმულ საკითხს და ხსენებული ფიგურების პოლიტიკური მარცხისა თუ წარმატების ამომწურავი ანალიზი გავაკეთო, მაგრამ ზოგიერთ მომენტზე ყურადღების გამახვილება ჩვენი თემისთვის სასარგებლოდ მიმაჩნია.

წინასაპრეზიდენტო პერიოდში ზვიად გამსახურდიას ჰქონდა ხალხის უპრეცენდენტო მხარდაჭერა, რადგან ძირითადი პოლიტიკური ლოზუნგი - „თავისუფალი საქართველო“ - ყველასთვის გასაგები და მისაღები იყო. მაგრამ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ „მრგვალმა მაგიდამ“ ვერ ჩამოაყალიბა ამ მიზნის მიღწევის კონცეფცია. მისი პოლიტიკური აქტივობის ძირითად ფორმად გადაიქცა მხოლოდ საკადრო ცვლილებები - მომხრეების, თუნდაც არაკვალიფიცირებულების, ტოტალური დანიშვნა თანამდებობებზე. ამ პროცესის გასაადვილებლად მან ქვეყანა დაყო მტერ-მოკეთეებად ისე, რომ მტრებში საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი მოაქცია. რეალურ გადაწყვეტილებას იღებდა მცირე ჯგუფი, რომელიც თავისგან განსხვავებულ აზრს არ უწევდა ანგარიშს. იდეალისტურმა რადიკალიზმმა, ერთი მხრივ, ფაშიზმის რეციდივებამდე მიიყვანა ქვეყანა და, მეორე მხრივ, საგრძნობლად შეამცირა გამსახურდიას მომხრეთა რიცხვი, რაც მისი დამარცხების ფაქტორი გახდა. ეს გამოცდილება გვეუბნება, რომ პრაგმატული კონცეფციისა და საზოგადოების განწყობილების გათვალისწინების გარეშე, მხოლოდ საკადრო ცვლილებებზე აგებული აგრესიული იდეოლოგიის მქონე პოლიტიკა დამარცხდება, მიუხედავად ყველას მიერ გაზიარებული მიზნისა.

ედუარდ შევარდნაძე საქართველოში რომ ჩამოვიდა, დასაყრდენი არ ჰქონდა არც პოლიტიკური პარტიებში, არც ძალოვანებში და არც ფინანსურ წრეებში. ამ პირობებში იდეალიზმი იყო ის, რაც შევარდნაძემ დაისახა მიზნად - ხელისუფლების ხელში აღება, არეული ქვეყნის სახელმწიფოდ გადაქცევა და მსოფლიოს საქართველოთი დაინტერესება - მათ რეალობაში ყველას ეპარებოდა ეჭვი. მაგრამ შევარდნაძე იდეალისტი იყო მიზნის არჩევის ეტაპზე და შემდეგ, უმეტესწილად, მოქმედებდა როგორც პრაგმატისტი („უმეტესწილად“, რადგან იყო სხვა იდეალისტური მიზნებიც, რომელთა პრაგმატული გადაჭრა ჯერ არ ჩანს, მაგალითად, აფხაზეთის პრობლემის მოგვარება). პოლიტიკური აქტივობის სიმძიმე მან იმთავითვე გადაიტანა საქართველოს თავისუფლების უზრუნველყოფის პრაგმატული კონცეფციის მოძებნაზე. დასაწყისში მან „შვეიცარული“ ნეიტრალიტეტის კონცეფცია წამოაყენა. როცა ნახა, რომ ეს კონცეფცია ვერ ხორციელდებოდა (იდეალისტურია), უარყო და ახალი, „ტრანსკავკასიური დერეფნის“ კონცეფცია წამოაყენა და ახორციელებს კიდეც. საგარეო პოლიტიკაში შევარდნაძის მიერ მიღწეული წარმატებები იდეალიზმისა და პრაგმატიზმის შესანიშნავი სინთეზის შედეგია. პრაგმატიკოსი იყო იგი სტაბილიზაციის დამყარებაში - მის გარშემო მყოფ ფიგურებთან (კიტოვანი, იოსელიანი, გიორგაძე, კვირაია) მხოლოდ იქამდე „მეგობრობდა“, სანამ ისინი სტაბილიზაციას უწყობდნენ ხელს და... მიაღწია შედეგს. საერთოდ, აღსანიშნავია, რომ საკადრო პროცესებში შევარდნაძეს ნაკლებად ჰქონდა პოლიტიკური პრეტენზიები - მაღალ თანამდებობებზე ნიშნავდა ედპ-ის, რესპუბლიკელების, ტრადიციონალისტების და სხვა მისადმი ოპოზიციურად განწყობილი პარტიების წარმომადგენლებს. მოქალაქეთა კავშირსაც დასაწყისში მან სახალხო მოძრაობა დაარქვა, რომ სხვადასხვა პარტიისთვის ყოფილიყო ღია (მაგრამ ეს ჩანაფიქრი ვერ განხორციელდა). იგი ყურადღებით უსმენდა საზოგადოებრივ აზრს, მცირე ჯგუფების პოზიციას, ცალკეულ პიროვნებასაც კი და ყველას გათვალისწინებით ხშირად გადაუდგამს ერთადერთი სწორი ნაბიჯი (შევარდნაძის „ალგორითმს“ სირთულეები სწორედ მას შემდეგ გაუჩნდა, რაც იგი, ძირითადად, თავის გარემოცვას უგდებს ყურს და უსუსტდება პრაგმატული დამოკიდებულება მის მიმართ). შევარდნაძე იშვიათად უპირისპირდება ვინმეს და თუ მაინც უწევს დაპირისპირება, დიდხანს ითმენს მის მტრად გამოცხადებამდე, გულმოდგინედ ირჩევს შეტევის მომენტს. მოქმედების ამ სტილმა მნიშვნელოვნად განაპირობა შევარდნაძის ბევრი პოლიტიკური წარმატება. ალბათ, „გამარჯვების ალგორითმად“ უნდა მივიჩნიოთ პრაგმატული კონცეფციის გამომუშავება, სხვების პოზიციების გათვალისწინება, ნაკლები აქცენტი კადრების შეცვლაზე და მინიმალური აგრესია, რომელიც დასაშვებია მხოლოდ იქ, სადაც გამარჯვებაა გარანტირებული.

ახლა ვნახოთ, ამ პოლუსებიდან რომელს წააგავს მოქალაქეთა კავშირის რეფორმატორების პოლიტიკური ხელწერა.

რეფორმების გლობალური კონცეფცია დღემდე ბუნდოვანია. რეფორმები ასიმეტრიულად მიდის, და არა იმიტომ, რომ რეფორმატორების გავლენაა ასიმეტრიული, არამედ იმიტომ რომ რეფორმები პიროვნულ ფაქტორზე არის დამოკიდებული და არა - კონცეფციაზე. მრავალი წელია, მაგალითად, რეფორმატორები აკონტროლებენ ეკონომიკურ და სასამართლო სტრუქტურებს. მინისტრების ცვლის მიუხედავად რეფორმები ეკონომიკაში არ ხდება და მთელი აქცენტი გადატანილია სასამართლო რეფორმაზე. დავიწყებულია, რომ კარგი სასამართლო სისტემა აქვს მდიდარ ქვეყნებს, ღარიბებს - ცუდი (ღარიბი ქვეყანა ვერ იყენებს სასამართლოს, მოსახლეობას არა აქვს სასამართლოში გადასახდელი ფული და დავას სასამართლოთი ვერ წყვეტს). თუ სხვა სფეროებში არაფერი შეიცვალა, კრიზისი სასამართლოზეც გავრცელდება რეფორმის მიუხედავად. რეფორმატორებს გლობალური რეფორმების პრაგმატული კონცეფცია ჯერ არ აქვთ. საერთოდ, რეფორმაციის პოლიტიკის ძირითადი აქცენტი გლობალური სისტემური ცვლილებების მაგივრად გადატანილია კადრებზე - იმაზე, ძველი არ ვარგა და ყველგან უნდა მოვიდეს ახალი ხალხი, რომელსაც დანიშნავს რეფორმატორების მცირე ჯგუფი. რეფორმატორები საზოგადოებას და საკუთარ პარტიასაც კი ხშირად ყოფენ კარგებად და ცუდებად; ჯგუფების თუ კონკეტული პიროვნებებისთვის ბრძოლის გამოცხადებას ჩქარობენ (ამიტომ ხანდახან უკან დახევაც უწევთ, რაც ბრძოლის მოუმზადებლობაზე მიუთითებს). ამ არაპრაგმატული მოქმედებების შედეგად, ბუნებრივია, იზრდება რეფორმატორებთან დაპირისპირებულ ძალთა რიცხვი არამარტო რეფორმების მიუღებლობის, არამედ რეფორმატორთა აგრესიული რადიკალიზმის, მათი პოლიტიკური სტილის მიუღებლობის გამო.

რადიკალიზმის ეს პოლიტიკური სტილი იმეორებს გამსახურდიას შეცდომებს, იგი „მარცხის ალგორითმზეა“ შედგენილი. შესაბამისად, თუ რეფორმატორთა ჯგუფმა არაფერი შეცვალა, ეს ჯგუფი შეიძლება დამარცხდეს, რამაც შეიძლება ქვეყნის სტაგნაცია გამოიწვიოს, თუ „ბურთი და მოედანი“ მათ დარჩათ, ვინც დღეს რეფორმატორებს ებრძვის. გასათვალისწინებელია, რომ დრო აღარ ითმენს და რეფორმატორების მარცხის ნიშნები უკვე ჩანს.

რეფორმატორები პრეზიდენტის პარტიის ფრთას წარმოადგენენ და ამის შედეგად არიან ხელისუფლებაში. მათ ინტერესში არაა პრეზიდენტისგან მოწყვეტა - მოწყვეტილი ფრთა არ დაფრენს. რადგან რეფორმატორებმა ხშირად გადადგეს „მარცხიანი ნაბიჯი“, შეიძლება პრეზიდენტის ინტერესში იყოს ამ ფრთის დასუსტება ან მოკვეთა, რათა ისიც არ ჩაიყოლიონ მარცხში. ახალგაზრდებისგან გათავისუფლება დღეს მისთვის ადვილია, მონოლითური პარტია აღარაა საჭირო. ხოლო, ახალი, უფრო პრაგმატული სტილის რეფორმატორების პოვნა პრეზიდენტს არ გაუჭირდება. ასე რომ, ახლო მომავალში ვინ ვის გაემიჯნება, კიდევ საკითხავია.

სავარაუდოა, რომ ახალგაზრდების რადიკალიზმის მიზეზი მათი გამოუცდელობაა. მათ მცირე გამოცდილება დააგროვეს, მაგრამ არა - საკმარისი. რა თქმა უნდა, აჯობებს ისევ ეს, მეტ-ნაკლებად გამოცდილი ჯგუფი დარჩეს პოლიტიკაში, ოღონდ იმ შეგნებით, რომ მათ ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვთ სასწავლი. თუ რეფორმატორები საკუთარი თავის რეფორმაზე არ იფიქრებენ, თუ არ ჩამოაყალიბებენ რეფორმების პრაგმატულ კონცეფციას, თუ ლაპარაკთან ერთად მოსმენასაც არ ისწავლიან, თუ დემოკრატიის დამკვიდრების ერთადერთ იარაღად ისევ ტესტების გილიოტინა ექნებათ და არსებით სისტემურ რეფორმებს არ დაიწყებენ, საზოგადოებას მოუწევს რეფორმატორების საყვარელი ნაბიჯის გადადგმა და „ახალი სახეების“ შემოყვანა რეფორმებში, რათა ქვეყნის მდგომარეობა რეალურად გაუმჯობესდეს და რეფორმებმა რეფორმატორების ბედი არ გაიზიარონ. ჩვენი მხრიდან კი რა უფრო ზნეობრივი იქნება - უსიტყვო მხარდაჭერით რეფორმატორების შეცდომების განმტკიცება, თუ სწორი გზის პოვნაში დახმარების გაწევა(„მოყვარეს პირში უძრახეო“)? საჭირო და უფრო დიდ მხარდაჭერას ისინი ხომ სწორი პოლიტიკით მოიპოვებენ. ჩვენი მხრიდან მათი დახმარება იქნება ინტელექტუალური პრაგამტიზმის შეთავაზება (რეფორმატორების რადიკალურობას ხომ ისევ ჰიპერტროფირებული იდეალიზმი უდევს საფუძვლად), მაგრამ... ჩვენ კი გვაქვს პრაგმატიზმი, რომ სხვას შევთავაზოთ?

ინტელექტუალური ფენის მიერ როგორც რეფორმატორების კონკრეტული ჯგუფის, ასევე რეფორმების ხელშეწყობის უმთავრეს პირობად მიმაჩნია საკუთარი აზროვნების წესის შეცვლა იდეალისტურიდან პრაგმატულისკენ, სურვილების მოაზრებიდან საშუალებათა მოაზრებისკენ. თვით ინტელექტუალური წრეები თუ არ განვვითარდებით, პოლიტიკოსებიც და მათ ხელში ჩავარდნილი ქვეყანაც აღმოჩნდება ყველაზე მძიმე დეფიციტის, ინტელექტუალური დეფიციტის, მსხვერპლი.

5 პოლიტიკის ბედი პოეტების ქვეყანაში

▲ზევით დაბრუნება


დავით ზურაბიშვილი

დღევანდელი დისკუსიის თემა - პოლიტიკური პრაგმატიზმი, პოლიტიკური რომანტიზმი და სამოქალაქო საზოგადოების მიმართება მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში - შეიძლება დავასათაუროთ როგორც „პოლიტიკის ბედი პოეტების ქვეყანაში.“ არ ვიცი, ვინ უწოდა საქართველოს პირველად პოეტების ქვეყანა, ალბათ ისევ ქართველმა პოეტებმა, მაგრამ აკაკი წერეთლის ცნობილი გამონათქვამისა არ იყოს, პოეზიაში პოლიტიკოსობა და პოლიტიკაში პოეტობა დღემდე რჩება ქართული ყოფის თანამდევ ატრიბუტად.

რაც შეეხება ამ ყოფას, ყველას კარგად მოგვეხსენება, თუ რა მდგომარეობაა დღეს საქართველოში: ქვეყანა ბანკროტობის ზღვარზეა, ინსტიტუციონალური კრიზისი უმწვავეს ფაზაშია შესული - სახელმწიფო მმართველობითი სტრუქტურების ფუნქციონირება მხოლოდ ინერციით გრძელდება და პირწმინდად თვითმიზნურია: ისინი მუშაობენ მხოლოდ იმიტომ, რომ მუშაობენ! ყოველივე ამას კი თან ერთვის, ერთი მხრივ, ე.წ. პოლიტიკური ელიტის სრული უმწეობა, მეორე მხრივ კი - საზოგადოების სრული გაუცხოება სახელმწიფოსგან, სახელმწიფოებრიობისგან და, როგორც ძველად იტყოდნენ, მშრომელთა ფართო მასების მზარდი უკმაყოფილება.

პოლიტიკური ელიტის უმწეობა (იგულისხმება როგორც ხელისუფლება, ისე ოპოზიცია), მისი უუნარობა, თუნდაც თეორიის დონეზე წარმოადგინოს კრიზისიდან გამოსვლის მკაფიოდ ჩამოყალიბებული, მწყობრი, არგუმენტირებული სტრატეგია, სხვა რომ არაფერი ვთქვათ, უბრალოდ გასაოცარია. ძალიან ძნელია, ეს ყველაფერი დააბრალო ამ ელიტის ინტელექტუალური რესურსის სიმწირეს, ან თუნდაც ინტრიგებით თავბრუსხვევას (თუმცა, არც უმაგისობაა). აქ აშკარაა სწორედ ე.წ. „საღი აზრის“ დეფიციტი. „საღი აზრი“ კი სხვა არაფერია, თუ არა გაწონასწორებული კომპრომისი იდეალებსა და ინტერესებს შორის.

ქვემოთ შევეცდებით ვუჩვენოთ, რომ დღევანდელი მდგომარეობა, დღევანდელი კრიზისი არის სრულიად ლოგიკური და ბუნებრივი. ეს ასეა თუნდაც იმ უმარტივესი მიზეზის გამო, რომ პოლიტიკის და პოლიტიკოსების ბედი პოეზიის ქვეყანაში სხვანაირი არც შეიძლება იყოს.

საერთოდ, პოლიტიკაში პოეტობა და პოეზიაში პოლიტიკოსობა, ტიპური მოვლენაა, თუ შეიძლება ასე ითქვას, თითქმის ყველა საბჭოთაკავშირგამონავალი ქვეყნისთვის, ბალტიის სახელმწიფოების გარდა.

ამიტომ მინდა დაწვრილებით შევეხო ამ მოვლენას, რადგან დღევანდელი სიტუაცია, ჩემი აზრით, ტოტალიტარული წარსულის პირდაპირი მემკვიდრეობაა. ვფიქრობ, ამ მემკვიდრეობის გაცნობიერების შემდეგ უფრო ნათლად გამოიკვეთება სამოქალაქო საზოგადოების - არასამთავრობო სექტორისა და დამოუკიდებელი მედიის - როლი და შესაძლებლობები თანამედროვე საქართველოში.

პირველად იყო სიტყვა...

პოლიტიკოსი პოეტის თუ პოეტი პოლიტიკოსის ტრაგირომანტიკული ფიგურის დამკვიდრების ათვლის წერტილად ჩვენთან, ჩვეულებრივ, XIX საუკუნის 60-იანი წლებს მიიჩნევენ. იხსენებენ ილია ჭავჭავაძეს, თერგდალეულებს და ა.შ., მაგრამ, ჩემი აზრით, სათავე ყოვლისა უბედობისა, ანუ დღევანდელი მდგომარეობის ახსნა უფრო ახლო წარსულში უნდა ვეძიოთ.

უფრო მეტიც, ეძებო დღევანდელი სოციალ-პოლიტიკური რეალიების საწყისები მეცხრამეტე საუკუნის საქართველოში, დაახლოებით იგივეა, რაც ქვემო ქართლში აღმოჩენილი პრეისტორიული ადამიანის თავის ქალის კვლევით იმსჯელო იმაზე, თუ რა აზრები მოსდის თავში ქვემო ქართლის გუბერნატორ მამალაძეს. მეცხრამეტე საუკუნის საქართველოში არაფერი ხდება ისეთი, რაც არ ხდებოდა დაახლოებით იმავე (კოლონიურ) მდგომარეობაში მყოფ ევროპის სხვა ქვეყნებში - პოლონეთში, უნგრეთში, უკრაინაში, ბულგარეთში და ა.შ. მხედველობაში მაქვს არა მარტო თავადაზნაურული არისტოკრატიის კრიზისი და ე.წ. ბურჟუაზიის განვითარება, არამედ ისეთი ტენდენციებიც, როგორიცაა მწერლების მიერ პოლიტიკური იდეოლოგის, ხშირ შემთხვევაში, პოლიტიკური ლიდერის ფუნქციის აღება; იდეალიზირებული წარსულის შეპირისპირება აწმყოსთან, რომელიც არ გვწყალობს და სხვა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ამ მხრივ მეცხრამეტე საუკუნის საქართველოში თვისობრივად გამორჩეული არაფერი მომხდარა.

სულ სხვა ვითარებაა კომუნისტური ტოტალიტარიზმის პერიოდში. თუკი XIX საუკუნის საქართველოში მიმდინარე პროცესები არ არის ამოვარდნილი ზოგადევროპული კონტექსტიდან, საბჭოთა ხელისუფლების გამარჯვების შემდეგ საქართველო ჩაკეტილ სისტემაში ექცევა, სადაც ხდება ტრადიციული მორალურ-ზნეობრივი ღირებულებების სრული გაყალბება, მათი ჩანაცვლება ამ ღირებულებების სუროგატებით, სიმულაციებით. მათ შორის, მწერლის, როგორც ერის წინამძღოლის, სოციალური როლის ერთგვარი დაკონსერვება.

ამ პირობებში მიმდინარეობს ქართული ნაციონალიზმის კონცეფციის ფორმირება. ეს არის წმინდა სტიქიური პროცესი. ძალიანაც რომ მოვინდომოთ, ჩვენ ვერ დავასახელებთ კონცეფციის ავტორებს, რადგან ჩამოყალიბებული ფორმულირებების სახით ასეთი კონცეფცია არც არსებობს. უფრო სწორი იქნება, თუ ვილაპარაკებთ გარკვეულ ესთეტიკურ კლიშეებზე, პოეტურ მეტაფორებზე, რომლებიც საბჭოთა პერიოდში ნაციონალისტური იდეოლოგიის სიმულაციად გარდაიქმნენ.

ილია ჭავჭავაძის და ქართველ სამოციანელთა ლიტერატურულ-პუბლიცისტური მემკვიდრეობა, ამ შემთხვევაში გამოყენებულ იქნა როგორც ნედლეული, რომლის გადამუშავებითაც შეიქმნა პროდუქტი - ქართული საბჭოთა ნაციონალიზმი. ეს იყო მთლიანად პოეტურ, ესთეტიკურ კატეგორიებზე დაფუძნებული სტერეოტიპი - ფორმით ანტისაბჭოთა და არსით საბჭოურ-ტოტალიტარული, რომლის ფორმირება ხდებოდა, ძირითადად, მხატვრული ლიტერატურის მეშვეობით. ეროვნული მოძრაობის აღმავლობის დროს ქართველი მწერლები სრულიად საფუძვლიანად აცხადებდნენ პრეტენზიას იმაზე, რომ მთელი ეს მოძრაობა სწორედ მათ მიერ დამკვიდრებული იდეალებით სულდგმულობდა.

გზა ხსნისა

ნაციონალიზმის ქართულ-საბჭოური კონცეფცია შეიძლება ფორმულირებულ იქნას როგორც „საქართველოს გადარჩენა.“ ეს, თავისთავად აპოკალიფსური და მითოპოეტური მოდელი, განსხვავებით, ვთქვათ, ლიტვური ნაციონალიზმისგან, მიმართული იყო არა ნაციონალური სახელმწიფოს ფორმირებისკენ, არამედ ერის, როგორც ეთნიკურ-კულტურული ფენომენის, შენარჩუნებისკენ. დამოუკიდებლობა ამ კონტექსტში აღიქმებოდა არა როგორც კონკრეტული პოლიტიკური ამოცანა, არამედ როგორც გადარჩენის შემდგარი ფაქტი, განხორციელებული ბედნიერება. ეს იყო იდეალი, რომლის ახდენაც თავისთავად გულისხმობს ყველა პრობლემის გადაჭრას.

მსგავსი მოდელი საერთოდ დამახასიათებელია იმ ეთნიკური ჯგუფისთვის, რომელიც თავს მიიჩნევს ასიმილაციის ობიექტად. თუმცა, დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა ყველა შემთხვევაში არ აღიქმება ხსნის ერთადერთ გზად. აქ დიდი მნიშვნელობა აქვს ტრადიციებს, კონკრეტულ ისტორიულ, კულტურულ თუ ეთნოფსიქოლოგიურ ფაქტორებს.

საბჭოთა პერიოდის საქართველოში ამგვარი ხედვა იმდენად დამკვიდრებული იყო, რომ თვით ყველაზე დისიდენტურ ქართულ ორგანიზაციებსაც არასოდეს ჰქონიათ რაიმე გათვლილი პროგრამა დამოუკიდებლობის პერსპექტივის გათვალისწინებით, არავის უფიქრია, თუ როგორი უნდა იყოს დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს ეკონომიკური ინფრასტრუქტურა, მმართველობითი სისტემა და ა.შ. საქართველოს დამოუკიდებლობა საერთოდ არ აღიქმებოდა რეალურ, ახლო მომავლის პერსპექტივად. თვით 1989 წლის გაზაფხულზე აკაკი ბაქრაძის პროგნოზი - საქართველო 2000 წელს დამოუკიდებელი სახელმწიფო იქნებაო, ქართული საზოგადოების მიერ ზღვარგადასულ ფანტაზიორობად იქნა აღქმული.

თავის მხრივ, ქართული საბჭოთა ნაციონალიზმის მითოპოეტური მოდელი სამ პოეტურ ვეშაპზე იდგა. ქართველობა, როგორც ასეთი, იდენტიფიცირებული იყო მუდმივი საფრთხის ქვეშ მყოფ სამ საკრალურ ელემენტთან. ესაა:

ა) ქართული ენა, როგორც „ბურჯი ეროვნებისა,“ ეროვნული თვითიდენტიფიკაციის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ნიშანი, რომელსაც „გვართმევენ“ და ცდილობენ თანდათანობით ჩაანაცვლონ უცხო (რუსული) ენით.

ბ) ქართული მიწა, რომელსაც მიზანმიმართულად ეპატრონებიან უცხოტომელები („გადამთიელები“).

გ) ქრისტიანობა, როგორც ერის გადარჩენის ზნეობრივი საფუძველი, რომელიც შეგნებულად ითრგუნება.

ქართული საბჭოთა ნაციონალიზმის სამი საკრალური ელემენტი ცნობილი ტრიადის - „ენა, მამული, სარწმუნოება“ - გაშლა-ინტერპრეტაციას წარმოადგენს. ესაა ტიპური მაგალითი იმისა, თუ როგორ იქმნებოდა კლასიკური მემკვიდრეობის „ნედლეულიდან“ საბჭოთა პერიოდის „პროდუქტი.“ დღესაც კი პროგრამულ დევიზად წარმოსახული ეს ფრაზა არც თვით ილია ჭავჭავაძის, არც მისი თანამედროვეების მიერ არასდროს ყოფილა აღქმული არათუ პროგრამულ, არამედ საერთოდ რაიმე თეზისად. მსგავსი ტიპის გამონათქვამები ილიას პუბლიცისტიკაში საკმაოდ ხშირად გვხვდება და „ენა, მამული, სარწმუნოებაც“ მხოლოდ მხატვრული, პოეტური გამონათქვამი იყო, ერთ პუბლიცისტურ წერილში ერთადერთხელ ნახსენები. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ილია ჭავჭავაძის მემკვიდრეობაში პრაქტიკულად არ ფიგურირებს სარწმუნოების სიწმინდის დაცვის თემა.

პროგრამული თეზისის მნიშვნელობა აღნიშნულმა ფრაზამ მხოლოდ XX საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს შეიძინა, რადგან ილიასეული ტრიადა ძალიან კარგად გამოხატავდა ქართული საბჭოთა ნაციონალიზმის სულისკვეთებას.

დასკვნის სახით, შეიძლება ითქვას, რომ პოლიტიკური რომანტიზმი საქართველოში წარმოდგენილია როგორც ნაციონალიზმის კონცეფცია, რომლის ფორმირებაც მოხდა საბჭოთა პერიოდში XIX საუკუნის ლიტერატურულ-პუბლიცისტურ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით.

სიტყვიდან საქმემდე

ეროვნული თვითმყოფობის შენარჩუნების, ანუ „გადარჩენის“ ამოცანა სიცოცხლისუნარიანობას ინარჩუნებდა მანამ, სანამ საბჭოთა კავშირი არსებობდა. დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა საბჭოთა იმპერიის უძლეველობის მითის ფონზე უტოპიად მიიჩნეოდა და აქედან გამომდინარე თვითმყოფობის შენარჩუნებისთვის ზრუნვა თითქოს გამართლებულიც იყო. მოქმედებდა მარტივი სქემა: საბჭოთა კავშირი ძალიან ძლიერია, მთელ მსოფლიოს აზანზარებს, მასთან ბრძოლას აზრი არა აქვს, ამიტომ თავი უნდა შევინახოთ მანამდე, სანამ არ დადგება ხელსაყრელი მომენტი და დამოუკიდებლობის მოპოვება რეალური არ გახდება.

ნაციონალიზმის ამდაგვარი მოდელი განაპირობებდა თითქოსდა შეუთავსებელ კომპონენტთა სტაბილურ წონასწორობას ქართულ საზოგადოებაში. ერთი მხრივ, საქართველოს დამოუკიდებლობა საყოველთაო-სახალხო იდეალი იყო, რაც განაპირობებდა გარკვეულ დისტანცირებას საბჭოთა სახელმწიფოსგან, მეორე მხრივ კი, ეს სახელმწიფო მიღებული იყო როგორც ობიექტური მოცემულობა, მუდმივი სიდიდე, რომლის შეცვლაზე ფიქრსაც კი აზრი არა აქვს. ასეთი მიდგომის ლოგიკური შედეგი მხოლოდ ერთი რამ შეიძლება ყოფილიყო - კონფორმიზმი. სხვანაირად შეუძლებელიც კია, როდესაც პრინციპულად უარყოფ მცდელობას გადალახო უმთავრესი დაბრკოლება შენი საკრალური იდეალის განხორციელების გზაზე. ქართული საზოგადოება ყველაზე კონფორმისტული საზოგადოება იყო მთელ საბჭოთა სივრცეში. მარტივად რომ ვთქვათ, ქართველები საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში თავს კარგად გრძნობდნენ.

ქართული საზოგადოების სტაბილური წონასწორობა მომენტალურად დაირღვა, როდესაც დადგა ეროვნული იდეალების განხორციელების დრო - სიტყვიდან საქმეზე გადასვლა. პერესტროიკის პერიოდის საქართველოში მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნასავით იქუხა ეროვნულმა მოძრაობამ. როგორც იმდროინდელი მოვლენების უშუალო მომსწრემ და მონაწილემ, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ პირველი მიტინგები და მანიფესტაციები სრული მოულოდნელობა აღმოჩნდა არა მარტო ხელისუფლებისთვის, არამედ საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის.

ხელისუფლებისთვის მოულოდნელობა იყო ახალგაზრდა მანიფესტანტთა უკიდურესი რადიკალიზმი, ხმამაღალი და მოურიდებელი გაცხადება იმისა, რაც ადრე მხოლოდ სუფრული საუბრების თემა („ღმერთმა ქნას, ჩვენი შვილები და შვილიშვილები მოესწრონ!“) თუ იყო. საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს კი უბრალოდ არ ესმოდა, რატომ აბედინებდნენ ამდენს ვიღაც ბიჭ-ბუჭებს. ძველი თამაშის წესების მიხედვით ხომ ნებისმიერი მიტინგი უსასტიკესად უნდა ყოფილიყო დარბეული, ხოლო ორგანიზატორები გაციმბირებული.

შექმნილი სიტუაციის პარადოქსულობას მაშინ ნაკლებად აცნობიერებდა როგორც მომიტინგე ახალგაზრდობა, ისე ადგილობრივი ხელისუფლება და რიგითი ქართველი საბჭოთა მოქალაქე. საქმე ისაა, რომ არანაირი იდეური (იდეოლოგიური) უთანხმოება ეროვნულ მოძრაობასა და ხელისუფლებას შორის არ არსებობდა. უთანხმოებას წმინდა ტაქტიკური ხასიათი ჰქონდა: ერთნი თვლიდნენ, რომ დადგა დრო, რათა დაფარული გაცხადდეს და საქართველომ ხმამაღლა განაცხადოს თავისი პრეტენზია დამოუკიდებლობაზე, მეორენი კი მიიჩნევდნენ, რომ ამის დრო ჯერ არ დამდგარა და კვლავ ძველებურად („თავი შევინახოთ!“) უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება. რომელი თვალსაზრისი უფრო პრაგმატული აღმოჩნდა, თავად განსაჯეთ.

1989 წლის 9 აპრილი ამ თვალსაზრისით ჭეშმარიტების მომენტის ტოლფასი გახლდათ. ეს იყო არსებითი გარდატეხა: ხალხმა დაიჯერა დამოუკიდებლობის მოპოვების რეალურობა, ანუ დაიჯერა, რომ ოცნება შეიძლება სინამდვილედ იქცეს. და როცა პოსტაპრილურ სინამდვილეს საოცნებოსთან საერთო არაფერი აღმოაჩნდა, მოხდა ის, რაც შეუძლებელია არ მომხდარიყო. ეიფორია იმედგაცრუებამ შეცვალა.

ეს არ იყო უბრალო იმედგაცრუება. საქმე შეეხო ქართული საზოგადოების ღირებულებათა სისტემის ერთ-ერთ ფუნდამენტურ საყრდენს. ამ მხრივ ძალიან სიმპტომატური გახლდათ ზვიად გამსახურდიას მმართველობის პერიოდი, როდესაც სახელისუფლო დონეზე მოხდა სრული გაშარჟება ისეთი საკრალური კატეგორიებისა, როგორიც იყო პატრიოტიზმი, ეროვნულობა და რელიგიურობა; როდესაც პრაქტიკულად „დაიკარგა“ განმსაზღვრელი მიჯნა კარგსა და ცუდს, სიკეთესა და ბოროტებას შორის.

როდესაც დღეს ვლაპარაკობთ პოლიტიკურ პრაგმატიზმსა და პოლიტიკურ რომანტიზმზე, უნდა გავითვალისწინოთ ორი მომენტი:

1) საზოგადოების დონეზე არ მომხდარა ნაციონალიზმის ძველი, ქართულ-საბჭოური მოდელის უარყოფა. ეს მოდელი უარყო მხოლოდ ქართული საზოგადოების მცირე, ინტელექტუალურ-ელიტარულმა ნაწილმა, „ხალხის მასებში“ კი ის ისევ ცოცხლობს.

აქედან გამომდინარე, ადგილი აქვს მოსახლეობის უმეტესი ნაწილის სრულ გაუცხოებას ქართული სახელმწიფოსგან. სახელმწიფო ხომ ძველი მოდელის მიხედვით არანაირად არ აღიქმება ეროვნულობის ატრიბუტად.

2) ქართული საზოგადოება დღეს არის საზოგადოება მკაფიო მორალური ორიენტირების გარეშე. სხვანაირად რომ ვთქვათ, ეს არის ელემენტარულად ამორალური საზოგადოება, სადაც ყველაფერი დაშვებულია და არაფერი არ არის სამარცხვინო. საქართველოში არ არსებობს საზოგადოებრივი კონსენსუსი ზნეობრივ ღირებულებებზე.

მორალი და პოლიტიკა

რას ნიშნავს ამგვარი კონსენსუსი? არა მარტო ფორმალურ აღიარებას იმისა, რომ რაღაც ცუდია და რაღაც კარგი. აქ მთავარი ისაა, რომ ვინც ხელყოფს აღიარებულ ზნეობრივ ნორმებს, მას რეალური პრობლემები ექმნება ყოველდღიურ ურთიერთობებში.

ვთქვათ, ვიღაც ქურდობს, ქრთამს იღებს, სისტემატურად არ ასრულებს დანაპირებს, უსამართლოდ ჩაგრავს უდანაშაულო ადამიანს. შეექმნება კი მას ჩვენთან რაიმე პრობლემა ყოველდღიურ ურთიერთობებში? პასუხი ცალსახაა: არ შეექმნება და არც ექმნება.

რამდენი კორუმპირებული ჩინოსანია საქართველოში, რამდენი უპირო პოლიტიკოსი, რამდენი ბიზნესმენად წოდებული ბანდიტი და რომელ მათგანს ექმნება ამის გამო თუნდაც ოდნავი დისკომფორტი თავის კოლეგებთან, ნათესავებთან, ნაცნობ-მეგობრებთან? პირიქით, კაცს პრობლემები მაშინ გიჩნდება, როცა ასეთი არა ხარ.

აი, იმ გახრწნილ დასავლეთში კი სულ სხვანაირადაა საქმე. სწორედ მკაცრ მორალიზმზე დგას გერმანიის, ინგლისის, ამერიკის შეერთებული შტატების, საფრანგეთის, ჰოლანდიის თუ სხვა წარმატებული ქვეყნების სიძლიერე.

ბუნებრივია, ყველა ქვეყანას თავისი ტრადიციები გააჩნია. ის, რაც ამერიკული საზოგადოებისთვის მიუღებელია, შეიძლება საფრანგეთში არაფრად ჩააგდონ. პრეზიდენტი კლინტონი კინაღამ გადააყოლეს მონიკა ლევინსკისთან ბღლარძუნს, ფრანსუა მიტერანის უკანონო შვილის შესახებ კი ფრანგ ჟურნალისტებს სიტყვა არ დაუძრავთ, სანამ პრეზიდენტი ცოცხალი იყო..

ეს ორი განსხვავებული შემთხვევა ერთი ფუნდამენტური პრინციპის გამოხატულებაა, რომელიც მოქმედებს საფრანგეთშიც, ამერიკაშიც და ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში: პიროვნების რეპუტაციას ფასი აქვს. ფასი აქვს არა მხოლოდ გადატანით-მეტაფორული, არამედ პირდაპირი და უშუალო მნიშვნელობით. პატიოსნება, პრინციპულობა და გონიერება არის კაპიტალი, რომლის დაბანდება წარმატების რეალურ შანსს გაძლევს. საკუთარ რეპუტაციას „იქ“ ყველა უფრთხილდება. რომელიმე ამერიკელ ან იტალიელ პოლიტიკოსს რომ წამოცდეს, მავანი პიროვნება, მართალია, ქურდი და მაფიოზია, მაგრამ ჩემი მეგობარია და კაცური კაციაო, მისი კარიერა იმ დღესვე დამთავრდება. რომელიმე მინისტრი რომ კორუფციაში ამხილონ, შეიძლება ნაცნობ-მეგობრები აღარც მიესალმონ. რა თქმა უნდა, ცხოვრება რთულია და სქემებში ვერ ეტევა, მაგრამ ერთია ცალკეული შემთხვევა და მეორეა პრინციპი.

როდესაც ამორალურია საზოგადოება, შეუძლებელია ხელისუფლება იყოს მორალური. ამიტომ მე ცოტა გულუბრყვილობად მეჩვენება მოელოდე რაღაც კარგს დღევანდელი ხელისუფლებისგან, იქნება იგი წარმოდგენილი რეფორმატორების ჯგუფით თუ რეტროგრადებით. ამას არა აქვს არსებითი მნიშვნელობა. ნებისმიერი ქვეყნის პოლიტიკოსი ანგარიშს უწევს იმ სოციალურ ჯგუფებს, საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც ამა თუ იმ ფორმით შეუძლია რეალური გავლენა მოახდინოს მის კარიერაზე. საქართველოში, სადაც არ არსებობს მყარი მორალური ღირებულებები და საზოგადოება ვერ აღიქვამს თავს სახელმწიფოს სუბიექტად, პოლიტიკური ელიტის ქცევის წესებს მთლიანად განსაზღვრავს შიდასახელისუფლო სივრცე, კულუარული ურთიერთობები აქედან გამომდინარე შედეგებით.

დასკვნა: რა ვქნათ?

ამ ვითარებაში სამოქალაქო საზოგადოების მიმართება ხელისუფლებასთან შეიძლება იყოს მხოლოდ ორგვარი: ან სრული გამიჯვნა პროცესებში აქტიური მონაწილეობისგან და მხოლოდ პოზიციათა მკაფიო დაფიქსირება, ან მონაწილეობის მიღების მცდელობა გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში. პირველ შემთხვევაში, რამდენადაც ჩვენ თვითონ ვიტყვით უარს, გავხდეთ პოლიტიკური ელიტისთვის ანგარიშგასაწევი ფაქტორი, კარგს ნამდვილად არაფერს უნდა ველოდეთ. მეორე შემთხვევაში არის შანსი რაღაც შევცვალოთ. ეს შანსი არც ისე დიდია, მაგრამ სწორი სტრატეგიით შესაძლებელია ამგვარი შანსის საფუძვლიანად გაზრდა.

რა მაქვს მხედველობაში?

ა) რაც მეტი მოთამაშეა იმ სივრცეში, სადაც ხდება გადაწყვეტილებათა მიღება, მით მეტი ანგარიშგასაწევი ფაქტორი არსებობს. ამიტომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს მონაწილეობის გაფართოებას, საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენელთა მიზანმიმართულ ჩართვას პოლიტიკურ გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში, ამ პროცესის „სიმძიმის ცენტრის“ გადმოტანას (შეძლებისდაგვარად) კულუარებიდან საჯარო პოლიტიკაში. დღეს არის სუბიექტივიზმისა და ვოლუნტარიზმის ეპოქა. ვისაც რა უნდა, იმას აკეთებს და წარმატება ხშირ შემთხვევაში მხოლოდ მონდომებაზეა დამოკიდებული.

ბ) უაღრესად მნიშვნელოვნად მესახება ქართული ნაციონალიზმის ახალი კონცეფციის შემუშავება და პროპაგანდა, ძველი სიმბოლოებისთვის (ეროვნულობა, პატრიოტიზმი, ქართული კულტურა) ახლებური მნიშვნელობის მინიჭება. ვგულისხმობ ამ ღირებულებების იდენტიფიკაციას, ერთი მხრივ, ქართულ სახელმწიფოებრიობასთან, მეორე მხრივ კი - ევროპულ და ლიბერალურ ღირებულებებთან. დღესდღეობით, საზოგადოების უდიდეს ნაწილში ევროპა და დემოკრატია აღიქმება არაქართულ, ხშირ შემთხვევაში კი - ანტიქართულ მოვლენად, რაც სამოქალაქო საზოგადოებას პრაქტიკულად სექტის მდგომარეობაში აყენებს.

დასკვნის სახით შემიძლია ვთქვა, რომ დღეს საქართველოში პოლიტიკური რომანტიზმი უფრო მასებში არსებობს; რაც შეეხება ხელისუფლებას, ის იმდენად პრაგმატული არაა, რამდენადაც - უპრინციპო და ყოველგვარი იდეალებისგან დაცლილი. სამოქალაქო საზოგადოების, როგორც გარკვეული ინტელექტუალური ბირთვის, ამოცანა, ჩემი აზრით, ერთი რამ უნდა იყოს: მისცეს საღი აზრი ხალხს და იდეალები ხელისუფლებას.

6 პრაგმატიზმი და რომანტიზმი ქართულ (ანტი)პოლიტიკაში - და საერთოდ

▲ზევით დაბრუნება


გია ნოდია

ეს საკითხი - პოლიტიკაში პრაგმატიზმსა და იდეალიზმს რომანტიზმს შორის ურთიერთობის შესახებ - საკვანძოა, როგორც პოლიტიკის ფილოსოფიის საგანი. თუ პოლიტიკის, როგორც მართვის ხელოვნების, გააზრება მაკიაველით იწყება, მისი ძირითადი საკითხიც სწორედ ესაა: რას ნიშნავს, რომ „მიზანი ამართლებს საშუალებას“. არის ეს პოლიტიკური ამორალიზმის ფორმულა (როგორც უფრო ხშირად ესმით), თუ ის მიუდგება ყოველგვარ პოლიტიკას, მათ შორის იმასაც, რომელსაც ჩვენთვის ზნეობრივად მისაღები შედეგები - დემოკრატია, პიროვნების თავისუფლება, მშვიდობა და ა.შ. - მოსდევს.

მაგრამ პოლიტიკის ფილოსოფიის საკითხთა განხილვა ამ დისკუსიის თვითმიზანი არ არის, მისი ძირითადი მამოძრავებელია იმ ღრმა კრიზისის ძირების ძიება, რაშიც ჩვენ ყველანი ვიმყოფებით. დღეს რომ საქართველო ღრმა ინსტიტუციურ კრიზისშია, ეს სრულიად ცხადია, მაგრამ მისი ძირითადი ნიშანი შეიძლება იყოს არა იმდენად ბიუჯეტის დეფიციტი და, შესაბამისად, გაუცემელი ხელფასები და პენსიები, არამედ, უფრო მეტად, იდეების კრიზისი: არც ხელისუფლებამ და არც მისდამი უაღრესად კრიტიკულად განწყობილმა საზოგადოებამ მკაფიოდ და კონკრეტულად არ იციან, რა უნდა გაკეთდეს. ჩემი აზრით, ამ საყოველთაო დაბნეულობის ცენტრალური კომპონენტია იმის გაუგებრობა, თუ საერთოდ რა არის პოლიტიკა და რა არის მასში მისაღები თუ მიუღებელი. ეს კრიზისი ერთდროულად მორალურიცაა და ინტელექტუალურიც.

ყველაზე კარგი ცუდი მთავრობა და წყენია ელიტები

მე ვთვლი, რომ, გარკვეული აზრით, იდეების კრიზისზე საზოგადოება უფრო არის პასუხისმგებელი, ვიდრე ხელისუფლება. ხელისუფლება თავისი არსით შემსრულებელია (ეს არა მარტო აღმასრულებელ ხელისუფლებას ეხება): როგორც ხალხის წარმომადგენელი, იგი ხალხის დაკვეთას ასრულებს. რეალურ პოლიტიკურ სისტემაში ამ დაკვეთის ფორმულირებას პირველ რიგში ახდენენ არა იმდენად პოლიტიკოსები, და არც მოედანზე სტიქიურად შეკრებილი „ხალხის მასები“, არამედ საზოგადოების პოლიტიკურად აქტიური ნაწილი, რომელსაც სხვანაირად კიდევ „სამოქალაქო საზოგადოებას“ უწოდებენ. ამაში მხოლოდ იმას კი არ ვგულისხმობ, რომ პოლიტიკური პარტიების პროგრამებს საამისოდ დაქირავებული ინტელექტუალები წერენ: წარმატებული პოლიტიკოსები, ჩვეულებრივ, „იჭერენ“ და თავიანთი საჭიროებისამებრ ირგებენ იდეებს, რომლებიც „ჰაერში დაფრინავს“, ანუ რომლებიც გამოითქმის საზოგადოების აქტიური ნაწილის მიერ როგორც ფორმალურ, ისე არაფორმალურ დისკუსიებში. თუ დღეს ხელისუფლებამ არ იცის, რა გააკეთოს, ეს მნიშვნელოვანწილად იმის ბრალია, რომ ჰაერში კრიზისიდან გამოსასვლელად გამოსადეგი იდეები მაინცდამაინც არ დაფრენს. ინტელექტუალური ატმოსფერო ძირითადად გოდების, წუწუნის, გულგატეხილობის შეძახილებისა და იქედნური ცინიზმისაგან შედგება.

ამით არ მინდა ნამუსი მოვწმინდო არსებულ მთავრობას ან დავიცვა იგი „დაუმსახურებელი კრიტიკისაგან“: პოლიტიკურად, ხელისუფლება ყოველთვის უპირატეს პასუხს აგებს იმაზე, თუ რა ხდება ქვეყანაში; რაკი მართვა გინდა, ისიც კარგად უნდა იცოდე, რა უნდა გააკეთო და როგორ, ხოლო თუ არ იცი, თავის პასუხისმგებლობას ვერავის გადააბრალებ. ეს ბანალური ჭეშმარიტებაა. მაგრამ არსებობს მეორე, არანაკლებ ბანალური ჭეშმარიტებაც: ყველა ხალხს ის ხელისუფლება ჰყავს, რასაც იმსახურებს. ჩვენი სიტუაციის მიმართ ამ აზრს შემდეგი ორი დებულებით გავამძაფრებ - და დავაზუსტებ:

(1) დღევანდელი ხელისუფლება ცუდია და, რაც დრო გადის, უარესობისკენ მიდის;

(2) სწორია, როცა ამბობენ, რომ „შევარდნაძეს ალტერნატივა არა აქვს“ - ანუ, დღევანდელ ხელისუფლებას არა აქვს უკეთესი და რეალისტური ალტერნატივა.

ბატონ ივლიანე ხაინდრავას მეორე დებულებაზე არაერთხელ უთქვამს, ამის თქმა ერის შეურაცხყოფააო. მე მას სავსებით ვეთანხმები, იმ დამატებით, რომ ეს ის შემთხვევაა, როცა ერის შეურაცხყოფა დამსახურებულია.

მაგრამ, როგორც ზემოთ უკვე ვთქვი, ზოგადად „ერი“ ან „ხალხი“ ზედმეტად აბსტრაქტული ცნებაა, ხოლო საკვანძო როლს მისი მოთხოვნების ჩამოყალიბებაში ასრულებენ საზოგადოებრივ-პოლიტიკური ელიტები, ანუ სოციალურად და პოლიტიკურად უფრო აქტიური და გავლენიანი ადამიანები, რომლებიც ახდენენ იმ პრობლემების, იდეებისა და პროგრამების ფორმულირებას, რაც საზოგადოებაში ტრიალებს. ასე რომ, ამ დამსახურებული შეურაცხყოფის მისამართიც შესაბამისად უნდა დავაზუსტოთ. ამერიკელმა პოლიტოლოგმა რიჩარდ როუზმა და მისმა კოლეგებმა, ჩემი აზრით, ძალიან კარგად ჩამოაყალიბეს (დემოკრატიულ) პოლიტიკაში ელიტებისა და მასების ურთიერთობის ფორმულა: elites propose, the masses dispose ანუ: „ელი ტები (ვარიანტებს) სთავაზობენ, მასები კი გადაწყვეტილებას იღებენ (ამ ვარიანტებიდან არჩევანს აკეთებენ)“. ეს ფორმულა ჩვენს ძალიან არასრულყოფილ დემოკრატიაშიც მუშაობს. ბოლო ათი წლის მანძილზე საქართველოში უკვე არაერთხელ ჩატარდა არჩევნები, ყველა მათგანზე იყო მეტნაკლები დარღვევები, მაგრამ ამ არჩევნების მიმართაც მე შემიძლია ჩამოვაყალიბო კიდევ ორი დებულება, რომლებიც შეიძლება წინა ორზე არანაკლებ საკამათო იყოს:

(3) საქართველოში ჩატარებული ყველა არჩევნების ძირითადი შედეგი შეესაბამებოდა ხალხის ნებას;

(4) თითქმის ყველა შემთხვევაში ხალხმა („მასებმა“) ელიტების მიერ შემოთავაზებული ვარიანტებიდან საუკეთესო არჩევანი გააკეთა.

ეს უკანასკნელი „თითქმის“ ზვიად გამსახურდიას ეხება, მაგრამ როცა ვიხსენებ, რომ საქართველოს პროგრესულმა საზოგადოებამ 1991 არჩევნებზე გამსახურდიას ვალერიან ადვაძეზე დამაჯერებელი ვერავინ დაუპირისპირა, ამ „თითქმისშიც“ ეჭვი მეპარება. მაგრამ ეჭვი არ მეპარება ამომრჩევლის ადეკვატურ საქციელში ბოლო ორი არჩევნების დროს. 1999 წლის ნოემბერში ხალხს ჰქონდა ორი საკმაოდ გამოკვეთილი არჩევანი, და მან ამ ორიდან უკეთესი (ანუ ნაკლები ბოროტება) ამოირჩია. 2000 წლის აპრილში ხალხი მიხვდა, რომ არჩევნებზე მის მისვლას აზრი აღარ ჰქონდა, რადგან შედეგი წინასწარ იყო ნათელი - და არც მივიდა.

მოკლედ, თუ (1) და (2) დებულებათა წყვილი „ერის შეურაცხყოფა“ იყო, (3) და (4) აზუსტებს მას და ელიტების შეურაცხყოფაზეა გამიზნული. ცხადია, ეს განსხვავებაც პირობითია, რადგანაც ელიტებიც ხალხიდან მოდის და არა ციდან, ასე რომ ხალხი თავის ელიტებზეც აგებს პასუხს: მაგრამ ლაპარაკი, როგორც ვთქვი, უპირატეს პასუხისმგებლობაზეა, იმ საკვანძო ფენაზე, რომელიც გადამწყვეტ როლს თამაშობს პოლიტიკურ განვითარებაში. ის, რომ ხალხს არა აქვს იმაზე უკეთესი არჩევანი, ვიდრე აქვს, ძირითდად იმის ბრალია, რომ ელიტებმა (კერძოდ კი, მათმა „პროგრესულმა“, დემოკრატიულად განწყობილმა და ა.შ. ნაწილმა) ვერ შექმნა ისეთი პოლიტიკური ძალა, რომელიც ხალხს რამდენადმე დამაჯერებელი მოეჩვენებოდა.

ელიტებისა და მასების განსხვავებას იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ საქართველოს პროგრესულ-დემოკრატიულ ელიტებში, განსაკუთრებით არჩევნებში მორიგი დამარცხებების შემდეგ, საპირისპირო აზრია გავრცელებული: „ჩვენ კარგები ვართ, მაგრამ რა ვქნათ, ხალხი გვყავს ბნელი და სათანადოდ არ გვაფასებს“. ჩემი აზრით, საქმე გაცილებით უფრო რთულაადაა. არჩევნების შედეგებს რომ თავი გავანებოთ, „მასების“ სოციოლოგიური შესწავლა საქართველოში აჩვენებს, რომ, მართალია, დემოკრატიული და განსაკუთრებით ლიბერალური ღირებულებების მხარდაჭერა მყარი არ არის და მათი გაგება შეიძლება ყოველთვის ადეკვატური არ იყოს (რაც მოცემულ პირობებში, ანუ გარდამავალ დემოკრატიაში, სრულიად ბუნებრივია), ძირითად და საკვანძო საკითხებში მოსახლეობის უმრავლესობა მაინც დემოკრატიულ ღირებულებებს უჭერს მხარს. ანუ, ცნობები „ხალხის სიბნელის“ შესახებ რამდენადმე გაზვიადებულია, და ამ გაზვიადების მიზანი ელიტის წარუმატებლობათა გამართლებაა. დასავლური ტიპის დემოკრატიის გამზადებული სოციალური ბაზა საქართველოში შეიძლება არ არსებობდეს, მაგრამ საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი მზად არის, გაჰყვეს სერიოზულ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ცივილიზებული საზოგადოებისაკენ მიმავალ დამაჯერებელ პროგრამას შესთავაზებს.

რატომ ვერ არწმუნებენპროგრესულებიხალხს

კონკრეტულ მაგალითებს მოვიყვან იმის საილუსტრაციოდ, რომ ხალხი საღად მსჯელობდა, როცა არ მისცა ხმა იმ პარტიებს, ვისაც პრეტენზია აქვთ წარმოადგენდნენ „პროგრესულ“, დემოკრატიულ ღირებულებებს და მკვეთრი მიჯნა გაავლონ კომუნისტურ წარსულთან. უპირველეს ყოვლისა, მინდა ვთქვა, რომ მე თვითონ ბოლო დრომდე ამ საღად მოაზროვნე ხალხს არ ვეკუთვნოდი და რესპუბლიკური პარტიის ერთგული ამომრჩველი ვიყავი. მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ ეს მხარდაჭერა უფრო ამ პარტიის რამდენიმე წევრისადმი პირად სიმპათიას ეყრდნობოდა, ვიდრე რაციონალურ პოლიტიკურ გათვლას. რას ნიშნავდა, ვთქვათ, ის, რომ 1995 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში პარტიამ მხარი დაუჭირა აწ განსვენებულ აკაკი ბაქრაძეს, რომელმაც კომუნისტების დროს გარკვეული დისიდენტური კაპიტალი დააგროვა, მაგრამ ეროვნული მოძრაობის წლებში პოლიტიკური მოღვაწეობისათვის სრული გამოუსადეგობა გამოავლინა (მის იდეურ პოზიციებს ახლა არ განვიხილავ)? ამ გადაწყვეტილების, როგორც ამბობენ, „მესიჯი“ საკმაოდ გამოკვეთილი იყო: „ძალიან გთხოვთ, სერიოზულად ნუ მიგვიღებთ“. ამომრჩეველმა მესიჯი ადეკვატურად მიიღო და მაშინ ჯერ კიდევ პერსპექტიულად მიჩნეულ რესპუბლიკელებს ზურგი შეაქცია.

1999 წლისთვის რესპუბლიკელებმა თეორიულად, ალბათ, სწორი გადაწყვეტილება მიიღეს და ეროვნულ დემოკრატებს გაუერთიანდნენ, მაგრამ მერე ამ ბლოკმა დალაგებულად ვერაფერი უთხრა ამომრჩეველს, გარდა იმ უაღრესად საინტერესო აზრისა, რომ „საქმე ცუდადაა“ და „მთავრობა არ ვარგა“ - თანაც საკმაოდ უნიჭო კლიპით, რომელიც თავისი ქვაზი-ავანგარდული ესთეტიკით ინტელექტუალური ელიტის თხელ ფენაზე იყო გათვლილი, ხოლო მემარცხენე-პოპულისტური სულისკვეთებით ლეიბორისტულ პარტიას უფრო შეეფერებოდა (ოღონდ ლეიბორისტები თავიანთ მესიჯს უფრო ნათლად და გარკვევით აყალიბებდნენ). მაგრამ ხელისუფლების კრიტიკით დღეს ვერავის გააკვირვებ (ამაში თვით ხელისუფლებისვე წევრები შეგეჯიბრებიან), პოლიტიკური პარტიისგან ხალხი სხვა რამეს ელის - უკეთესობის იმედს, აი ამ იმედის სახით კი „მესამე გზამ“ ხალხს შუა საუკუნეობრივი ბარძიმის გარდა ვერაფერი შესთავაზა, იმის დაუზუსტებლად, თუ იმ ბარძიმში ვის რა უნდა ჩაესხა (საგულისხმოა, რომ ეროვნული დემოკრატების განაყოფი სახალხოც ვერ გამოვიდა შუა საუკუნეებიდან და დიდგორის ველის კადრებით დაგვბომბა - ოღონდ დაავიწყდა იმის ახსნა, დღეს რის გაკეთებას აპირებს ამ ველზე). მთავრობის კრიტიკის ნაწილშიც მესამეგზელები ჯიუტად იმეორებდნენ აშკარად არაგულწრფელ განცხადებას იმის თაობაზე, რომ თბილისის და ბათუმის ხელისუფლება ერთნაირად ცუდია (ისინიც, ვინც ბათუმიდან გაიქცა და თბილისს შეაფარა თავი). მე პირადად ვიცი ხალხი, ვინც ამ არაგულწრფელობის დანახვაზე ზურგი შეაქცია „მესამე გზას“: მათი ძირითადი (არსებითად ერთადერთი) კოზირი ხომ ის იყო, რომ „წესიერი ხალხი ვართ“ და „სიმართლეს ვამბობთო“.

ამისგან განსხვავებით, არჩევნებში სრულიად სამართლიანად გაიმარჯვეს იმ პარტიებმა, ვინც რაღაც კონკრეტული შესთავაზა ამომრჩეველს. რამდენად მართალს და სწორს ამბობდნენ ისინი კონკრეტულ საკითხებზე, ეს სხვა საკითხია: მაგრამ მათი წინასაარჩევნო ქცევა, ზემოთ აღწერილ პარტიებთან შედარებით, ადეკვატური იყო. მათ იცოდნენ, რომ არჩევნების წინ ხალხს კონკრეტული წარსული დამსახურება უნდა შეახსენო, და სამომავლოდ მეტ-ნაკლებად კონკრეტულ რამეს უნდა დაპირდე. მაგალითად, მრეწველებმა თავი მიჰყიდეს ამოამრჩეველს, როგორც საქმიანმა ხალხმა, ვინც რაღაცას (მაგალითად, ლუდის წარმოებას) თავი უკვე მოაბა და ამიტომ, შესაძლოა, პოლიტიკაშიც რაღაც კონკრეტულ შედეგებს მიაღწიოს. რა თქმა უნდა, ეს ლოგიკა უნაკლო სულაც არ არის: ლუდის წარმოებასა და პოლიტიკას „შუა უზის დიდი მზღვარი“. მაგრამ ხალხი მაინც სწორი იყო, როცა მრეწველები არჩია ეროვნულ დემოკრატებს, რადგან ლუდი ცარიელ ბარძიმს ყოველთვის აჯობებს. სრულიად ლოგიკურია ვარაუდი, რომ ვინც უფრო პროფესიულად ატარებს წინასაარჩევნო კამპანიას, ალბათ უფრო პროფესიული იქნება არჩევნების მოგების შემთხვევაშიც. ამ ეტაპზე, ეროვნული მოძრაობიდან მოსული პარტიების ნარჩენები საშუალო მოქალაქეზე ოდნავ უფრო პროფესიულად აკეთებენ იმას, რაც თვით ამ საშუალო მოქალაქესაც კარგად შეუძლია: ამბობენ სოფლისა და მთავრობის სამდურავს.

პრაგმატიზმი, ოპორტუნიზმი, რომანტიზმი და ანტიპოლიტიკა

ახლა, რა შუაშია ყველაფერი ეს ჩვენი დისკუსიის გამოცხადებულ თემასთან - პოლიტიკაში პრაგმატიზმისა და რომანტიზმის მიმართებასთან? მთელი ჩემი გაჭიანურებული მსჯელობა ემსახურებოდა შემდეგი აზრის ილუსტრაციას: ჩვენი ხელისუფლება მრავალმხრივ იმსახურებს კრიტიკას იმის გამო, რომ ის არ იცავს დემოკრატიის ნორმებს და ეფექტურად ვერ ასრულებს თავის მოვალეობას - და ტენდენცია მდგომარეობის კიდევ უფრო გაუარესებისკენაა. მეორე მხრივ, დემოკრატიული და განსაკუთრებით ლიბერალური ღირებულებები არ არის საკმარისად გამჯდარი მოსახლეობაში. აქედან გამომდინარე, საზოგადოების ის ნაწილი, რომელსაც პრეტენზია აქვს, „დემოკრატიული“ და „პროგრესული“ იყოს, ძირითადად დაკავებულია, ერთი მხრივ, ხელისუფლების უვარგისობის, მეორე მხრივ კი, ხალხის სიბნელის მხილებით. ჩემი აზრით კი, პრობლემის ძირი უფრო მეტადაა ამ „პროგრესულ-დემოკრატიული ელიტის“ უუნარობასა და უხერხემლობაში, ვიდრე „ხალხსა“ და „ხელისუფლებაში“. ამ უუნარობის ძირითადი ინდიკატორია ის, რომ საქართველოში ვერ შეიქმნა ვერც ერთი მეტ-ნაკლებად სერიოზული პოლიტიკური ძალა, რომელიც თავისი ქმედებით თანმიმდევრულად დემოკრატიული იქნებოდა და არსებულ ხელისუფლებას რეალისტურ ალტერნატივას შეუქმნიდა.

რატომ არ ივარგა ახალმა პოლიტიკურმა ელიტამ, რომელიც ეროვნული მოძრაობის ტალღაზე შეიქმნა? ამ კითხვაზე ერთ-ერთი პასუხი მაინც ისაა, რომ მან ვერ მონახა ის აუცილებელი შეხამება, ერთი მხრივ, პოლიტიკური იდეალიზმსა, და მეორე მხრივ, პოლიტიკურ პრაგმატიზმს შორის, რომელიც ნორმალური, და ქვეყნისთვის მისაღები, პოლიტიკის ერთადერთი საწინდარია.

რას ვგულისხმობ ამაში? ზოგადი პრონციპის დონეზე სრულიად ნათელი განსაზღვრება მოგვცა ამ დისკუსიაზე ბატონმა რამაზ საყვარელიძემ: პოლიტიკოსს ორივე უნდა ჰქონდეს - იდეალიზმიც და პრაგმატიზმიც; იდეალიზმი მიზნებს უნდა შეეხებოდეს, ხოლო პრაგმატიზმი - საშუალებებს (აქვე დავსძენ, რომ სიტყვა „პრაგმატიზმს“ ფართე აზრით ვხმარობ, რასაც თითქმის არაფერი აქვს საერთო პრაგმატიზმთან, როგორც ფილოსოფიურ მიმდინარეობასთან). რეალური პოლიტიკა ნიშნავს სხვადასხვა ძალის თუ ჯგუფის ინტერესებისა და მისწრაფებების მხედველობაში მიღებას, ამის გამო პოლიტიკას უწოდებენ „კომპრომისის ხელოვნებას“, ან „შესაძლებლის ხელოვნებას“. თუ ამ დებულებას მივიღებთ ზოგადად პოლიტიკის მიმართ, ის ორმაგად სწორია დემოკრატიული პოლიტიკის მიმართ, რადგან დემოკრატიის არსია მისაღები კომპრომისის მონახვა განსხვავებულ, შესაძლოა ურთიერთდაპირისპირებულ, ინტერესებს და პოზიციებს შორის. ამიტომ, პოლიტიკა საერთოდ და განსაკუთრებით დემოკრატიული პოლიტიკა პრაგმატულად მოაზროვნე და მოქმედი ადამიანების საქმეა. მაგრამ, მეორე მხრივ, ნებისმიერი პოლიტიკური კომპრომისი თუ მანევრი გამართლებული შეიძლება იყოს მხოლოდ იმ მიზნებით და ღირებულებებით, რაც პოლიტიკოსს ამოძრავებს. პოლიტიკური კომპრომისი, მანევრი, უკან დახევა დასაშვებია მხოლოდ იმდენად, რამდენადაც არ არსებობს სხვა, უკეთესი გზა, რომელიც მიგვიყვანს მიზნამდე და წინაამღდეგობაში არ ჩაგვაგდებს ფუნდამენტურ ღირებულებებთან. პრაგმატული მოსაზრებებით შეიძლება გამართლდეს პოლიტიკური კომპრომისი, მაგრამ არა ფუნდამენტური ღირებულებების ღალატი.

სხვანაირად, თუ ამ მიზნებისა და ღირებულებების პერსპექტივა დაიკარგა, და თუ პოლიტიკური მანევრების ერთადერთ გამართლებად ძალაუფლებისთვის თამაშში მოკლევადიანი გამარჯვებები გახდა, ქმედების ასეთი წესის უფრო მიღებული სახელია ოპორტუნიზმი, ანუ პოლიტიკური უპრინციპობა. ეს ის უბედურებაა, რაშიც დღეს ჩვენი პოლიტიკური კლასის დიდი უმრავლესობაა ჩავარდნილი, რაც იმდენად აშკარაა, რომ დიდი დასაბუთება აღარ უნდა. მაგრამ ჩვენსავე სინამდვილეში არსებობს მეორე, და, ჩემი აზრით, არანაკლებ სახიფათო უკიდურესობა - პოლიტიკური რომანტიზმი.

საზოგადოდ (არა მხოლოდ პოლიტიკაში), რომანტიზმი ისტორიულად ჰქვია აზროვნების ისეთ წესს, რომელიც ვერ ეგუება სამყაროს არასრულყოფილებას, და, მასთან ერთად, ამ სამყაროში ადამიანის მოქმედების გარდუვალ ნაკლულობას. მისი დევიზი შეიძლება გამოიხატოს ჰენდრიკ იბსენის პერსონაჟის, ბრანდის ფორმულით: „ყველაფერი ან არაფერი“. მისთვის მისაღებია მხოლოდ იდეალი, მაგრამ რაკი რეალობა იდეალს არასოდეს შეესაბამება, ის ამა თუ იმ ფორმით რეალობისგან გაქცევას ცდილობს. ხელოვნებაში, მაგალითად, რომანტიზმმა კლასიკური გამოხატულება წარსულის იდეალიზაციაში ნახა: ანუ, იგი რეალობას დროში გაექცა. პოლიტიკური რომანტიზმი, ჩემი აზრით, ორი ძირითადი ფორმით არსებობს. პირველი, ეს არის რადიკალური რევოლუციონიზმი, ან - როგორც მას ხშირად უწოდებენ - იაკობინელობა. სამყარო არასრულყოფილია, იგი უნდა გარდაიქმნას იდეალის შესაბამისად, და ამ გარდაქმნაში მიუღებელია რაიმე კომპრომისი. ხოლო რაკი ვერც ერთი საზოგადოება ვერასოდეს იქნება „მზად“ იდეალის განსახორციელებლად, გარდაქნა რევოლუციური ძალადობის სახეს იღებს. იაკობინელობის მემკვიდრეა, რა თქმა უნდა, კომუნისტური დიქტატურა. ისიც, რომ გერმანული რომანტიზმი მარქსიზმის ერთ-ერთი იდეური წყაროა, ბევრ მკვლევარსა აქვს აღნიშნული. ჩემი ერთადერთი „დისიდენტური“ სტატია, რომელიც კომუნისტების დროს დავწერე, რამდენიმე მეგობარს წავუკითხე და მერე შევინახე, ხოლო „პერესტროიკის“ დროს გამოვაქვეყნე („ესთეტიზმი და ტოტალიტარიზმი“) სწორედ კომუნიზმის რომანტიკულ ძირებს შეეხებოდა.

პოლიტიკური რომანტიზმის მეორე, უფრო პასიური ფორმაა „ანტიპოლიტიკა“, ანუ პოლიტიკის უარყოფა, როგორც წესიერი ადამიანისთვის მიუღებელი, „ბინძური“ საქმიანობისა. თვით ეს ტერმინი უნგრელ დისიდენტს დიერდ კონრადს ეკუთვნის (ამავე სათაურის მქონე 1969 წელს გამოსულ მის წიგნში), ხოლო ანტიპოლიტიკური განწყობილების ყველაზე ტიპურ გამომხატველად მიჩნეულია აღმოსავლეთ-ევროპული დისიდენტური კულტურა. მისი ბუნებრივი ნიადაგია კომუნისტური წყობის რეალობა, სადაც საჯარო ცხოვრება მთლიანად ტყუილის და ამორალობის სფეროდ ქცეულიყო, მაგრამ ანტიპოლიტიკურმა დისიდენტურმა კულტურამ ეს განწყობა საზოგადოდ პოლიტიკაზე გაავრცელა (იგივე კონრადი ერთ სიბრტყეზე განიხილავდა საბჭოთა კავშირისა და შეერთებული შტატების პოლიტიკას). პოლიტიკის, როგორც ნეგატიური საწყისის, ანტიპოდად ამ კულტურამ დასახა „სამოქალაქო საზოგადოება“. ეს დღეს პოპულარული ტერმინი მრავალნაირად შეიძლება განისაზღვროს, მაგრამ დისიდენტურ ტრადიციაში გადამწყვეტი აღმოჩნდა მისი დაპირისპირებულობა ხელისუფლებასთან ან სრული გამიჯნულობა პოლიტიკისაგან. შესაბამისად, ვთქვათ, პოლიტიკური პარტიები სამოქალაქო საზოგადოების ნაწილად აღარ მოიაზრება, რაკი მათ პირდაპირი პოლიტიკური ფუნქცია გააჩნიათ. სამოქალაქო საზოგადოება არის ერთგვარი იდეალიზებული სფერო, სამოქალაქო ეკლესია, რომელშიც დისიდენტ-ინტელექტუალს შეუძლია გაექცეს პოლიტიკური ცხოვრების სიბინძურეს და „თავისიანებით“ გარშემორტყმულმა, სულიერი კომფორტი იგრძნოს (ზოგი ავტორი - გასპარ მიკლოშ ტამაში, ჩარლზ ფერბენქსი - ანტიპოლიტიკის მეორე ძირითად გამოვლინებად თვლიან დასავლური ელიტის იმ ტენდენციებს, რაც 1968 წლის საპროტესტო მოძრაობის ტალღაზე აღმოცენდა, მაგრამ ამაზე ახლა აღარ გავაგრძელებ).

მე უდიდეს პატივს ვცემ დისიდენტურ მოძრაობას, რადგან ის კომუნისტური სიყალბის ერთადერთი შესაძლებელი - მორალური - ოპოზიცია იყო და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა კომუნისტური წყობის დელეგიტიმაციაში. მაგრამ - როგორც ამას პოსტკომუნისტური სამყაროს ბევრი მკვლევარიც აღნიშნავს - ანტიპოლიტიკურმა ტრადიციამ მეტად უარყოფითი როლი ითამაშა პოსტ-კომუნისტურ პერიოდში. კომუნიზმის დამხობის შემდეგ ბევრი დისიდენტი პოლიტიკაში წავიდა, მაგრამ თან თაკილობდა პოლიტიკური ქმედების მრავალი ნორმალური ხერხის გამოყენებას. კერძოდ, ამის გამო ანტიპოლიტიკურმა განწყობამ ხელი შეუშალა პოსტ-კომუნისტურ ქვეყნებში სერიოზული პოლიტიკური პარტიების ჩამოყალიბებას, რაც მეტად მნიშვნელოვანი პრობლემაა, რადგან პოლიტიკური პარტიები სტაბილური დემოკრატიის საწინდარია. დისიდენტურ კულტურაზე გაზრდილი ელიტა გაცილებით კარგად გრძნობს თავს „არასამთავრობო ორგანიზაციებში“. ამიტომ არასამთავრობო ორგანიზაციებთან გათანაბრებული სამოქალაქო საზოგადოება ასეთ ქვეყნებში ჩვეულებრივ უფრო ძლიერია, ვიდრე პოლიტიკური პარტიები, ხოლო პოლიტიკის სფეროში უფრო მეტ წარმატებას ხშირად ყოფილი კომუნისტები და ნაციონალისტი დემაგოგები აღწევენ.

საქართველოში არ ყოფილა ძლიერი დისიდენტური მოძრაობა, მხოლოდ თითო-ოროლა ადამიანმა თუ გაბედა აშკარად დაპირისპირებოდა კომუნისტურ სიყალბეს და ამისთვის სასჯელზე წასულიყო. სამაგიეროდ, ჩვენში უაღრესად პოპულარული იყო „რბილი დისიდენტობა“, როდესაც რეჟიმს აშკარად არ უპირისპირდები, ფაქტიურად, ცნობ მის მიერ დაწესებულ ჩარჩოებს, მაგრამ ამავე დროს „შენთვისა ხარ,“ ანუ თავს არიდებ რეჟიმისადმი აქტიური მხარდაჭერის რიტუალებს და პოლიტიკური რეალობის მიუღებლობას მეგობრებთან საუბრებით და უცხოური რადიოების სმენით გამოხატავ. „რბილ დისიდენტობას“ აკლია ნამდვილი დისიდენტობის პოზიტიური ელემენტი - მკაფიოდ გამოხატული მორალური პოზიცია, რომელიც, კომუნიზმის მსხვრევის შემდეგ, წარსულთან უფრო მკვეთრი გამიჯვნის საფუძველი ხდება. სამაგიეროდ, ის ავითარებს უარყოფითს - პოლიტიკურ ცინიზმს. მორალური კომფორტისთვის საკმარის და აუცილებელ კომპონენტად ჩაითვალა „გაუსვრელობა“, („ქრთამს არ ვიღებ“ და „არავის არ ვუძვრები“), რომელიც სრულ საფუძველს აძლევს ინდივიდს, ზემოდან უყუროს „გასვრილებს“, ანუ პოლიტიკურ აქტივობაში ჩართულ ადამიანებს. „წესიერი ხალხისთვის“ დამახასიათებელი ასეთი ქვაზი-მორალისტური და ანტიპოლიტიკური ცინიზმი იქცა იმ სოციალურ-ფსიქოლოგიურ ნიადაგად, საიდანაც „პერესტროიკის“ და მერე დამოუკიდებლობის პირობებში ახალი პოლიტიკური ელიტა და ახალი პოლიტიკური მენტალიტეტი უნდა ამოზრდილიყო.

ახლა დროებით ისევ დავუბრუნდები იმ ზოგად კატეგორიებს, რომელთა განმარტებაც ზემოთ დავიწყე. კონკრეტულ პოლიტიკურ სიტუაციაში ყოველთვის არ არის იოლი, მკვეთრი ზღვარი გაავლო კანონიერ პრაგმატიზმსა და უპრინციპო ოპორტუნიზმს შორის, ისევე როგორც ერთმანეთისგან განასხვავო თანმიმდევრული პოლიტიკური პრინციპულობა და არარეალისტური მეოცნებეობა. ეს ყოველთვის კამათის საგანი იქნება. მაგრამ მთავარია, კამათი იყოს, ანუ გაგებული იყოს არსებითი განსხვავება, ერთი მხრივ, პრაგმატიზმსა და ოპორტუნიზმს, მეორე მხრივ კი ფუძემდებლური ღირებულებების ერთგულებასა და რომანტიზმს შორის. ჩვენში ამაზე არც კამათობენ, (როგორც ეს ამ და სხვა დისკუსიებშიც გამოჩნდა), რადგან ცნებათა ეს წყვილები სინონიმებად ითვლება.

უნიადაგო მეოცნებეები ოპორტუნიზმის ჭაობში

მაგრამ ამ „ნიუანსების“ განსხვავება და განუსხვავებლობა შეიძლება უდრიდეს განსხვავებას ნორმალურსა და არანორმალურ პოლიტიკას შორის. ჩამოვაყალიბებ მკაფიო კორელაციას: იქ, სადაც ძლიერია პოლიტიკური იდეალიზმი (ანუ მკაფიოდაა ფორმულირებული პოლიტიკური ქმედების მიზნები, პრინციპები და ღირებულებები) პოლიტიკა უფრო პრაგმატულიცაა. ნიმუშად შეიძლება მოვიყვანოთ შეერთებული შტატები: ეს ქვეყანა პრაგმატიზმის სამშობლოდ ითვლება (როგორც ვიწრო-ფილოსოფიური, ისე ფართე გაგებით), მაგრამ ამავე დროს მისი პოლიტიკა ყველაზე მეტად იდეალისტურიცაა, და სწორედ ამ ქვეყანაში მიმდინარეობს ყველაზე მწვავე დისკუსიები იმის თაობაზე, თუ კონკრეტულად სად უნდა გავიდეს ზღვარი კანონიერ პრაგმატიზმსა და დაუშვებელ ოპორტუნიზმს შორის. მეორე მხრივ, სადაც ძლიერია პოლიტიკური რომანტიზმი, სადაც ინტელექტუალური ელიტები უფრო მეტ ზიზღს გამოთქვამენ „პოლიტიკური კომპრომისის“ მიმართ და თავიანთ ლიდერებს აღთქმული ქვეყნისკენ უმოკლესი გზით სიარულს მოითხოვენ, თუ არა და ლაფში სვრიან, იქ გაცილებით ძლიერია პოლიტიკური ოპორტუნიზმი და არც კი ცდილობენ მის განსხვავებას პრაგმატული პოლიტიკისაგან. სხვანაირად: „ნორმალური“ პოლიტიკა იდეალიზმისა და პრაგმატიზმის შერწყმაზეა აგებული, „არანორმალური“ კი შეურიგებელი რომანტიზმისა და სრული უპრინციპობის უკიდურესობებს შორის მერყეობს, უფრო სწორად, ერთმანეთს უხამებს შეურიგებელ რიგორიზმს თეორიაში და აბსოლუტურ ამორალობას პრაქტიკაში.

ქართული ეროვნული მოძრაობა, საიდანაც ახალი პოლიტიკური ელიტა გამოვიდა, პოსტ-კომუნისტური სტანდარტებითაც კი, პოლიტიკური რომანტიზმის უკიდურეს გამოვლინებად შეიძლება ჩაითვალოს. მასში გაიმარჯვა რევოლუციური რომანტიზმის წარმომადგენელმა - ე.წ. „შეურიგებელმა“ ოპოზიციამ, რომლისთვისაც „კომპრომისი“ საგინებელი სიტყვა იყო, ხოლო ყოველი შეკითხვა იმაზე, თუ კონკრეტულად რა გზებით აპირებდა მიზნის მიღწევას, მტრის პროვოკაციად მიაჩნდა. ბალტიისპირეთის ეროვნული მოძრაობის გზაც კი მისთვის „მორალურად მიუღებელი“ აღმოჩნდა. მეორე მხრივ, ამავე მოძრაობამ თავის ლიდერად აირჩია და უმწიკვლო მორალური გმირის შარავანდედით შეამკო ადამიანი, რომელმაც აშკარად ტელევიზიის ეკრანზე უღალატა თავის ფუძემდებლურ ღირებულებებს. ამ აქტით ეროვნულმა მოძრაობამ წინასწარ უარი თქვა რაიმე ზნეობრივ პრინციპებზე. უკვე ამაშივე იყო დღევანდელი შეუზღუდველი ოპორტუნიზმის საფუძვლები: რაღა გასაკვირია, რომ მთელი ოპოზიცია ბათუმში გარბის, მამუკა გიორგაძე ჯუმბერ პატიაშვილის ნდობით აღჭურვილი პირია, და ა.შ. დღევანდელ ქართულ პოლიტიკაში უკვე ყველაფერი შეიძლება, ყველა ყველასთან შეიძლება იყოს, და არ არსებობს ისეთი საქციელი, რომელიც პოლიტიკოსის საბოლოო დისკრედიტაციას გამოიწვევდა.

გარეგნულად რაც გინდა პარადოქსული იყოს ასეთი გადასვლა შეურიგებელი რომანტიზმიდან უკიდეგანო ოპორტუნიზმამდე, მასში არის თავისი ლოგიკა, და ეს გზა რევოლუციონერთა მრავალ თაობას გაუვლია. პოლიტიკური რომანტიზმის დევიზი „ყველაფერი ან არაფერი“ პოლიტიკური ქმედების მეთოდებზე უნდა გავრცელდეს. როგორც იბსენის ბრანდმა აჩვენა, ამ დევიზის თანმიმდევრული განხორციელება გმირის სიკვდილით უნდა დამთავრდეს, რადგან იდეალი რეალურ ცხოვრებაში ვერ ხორციელდება. ასევე, სრული პოლიტიკური უკომპრომისობა პოლიტიკური სიკვდილისკენ მიმავალი გზაა. მაგრამ, რაკი რეალური პოლიტიკა კომპრომისების გარეშე შუძლებელია, „ყველაფრის ან არაფრის“ ლოგიკა მოითხოვს, რომ ან არანაირი კომპრომისი არაა დასაშვები, ან ყველაფერი დასაშვებია. პოლიტიკაში, ისევე როგორც ცხოვრების სხვა სფეროებში, „ყველაფერი ან არაფერი“ ან უიმედო მეოცნებეების დევიზია, ან არამზადების.

ამ აზრის ილუსტრაციად გამოდგება ის ფაქტი, რომ საქართელოში პოლიტიკური ბრძოლის ლამის წამყვან ხერხად იქვა შიმშილობა. ბრძოლის ეს მეთოდი ყველაზე მეტად შეესაბამება „ყველაფერი ან არაფერის“ რომანტიკულ იდეალს: ან დამიკმაყოფილე მოთხოვნა, ამ მოვკვდები. ჩვენში ის აბსურდამდეა მიყვანილი - ამ გზას ადამიანებმა შეიძლება დაგვიანებული ხელფასის გადახდის ან კონკურენტი აფთიაქის დახურვის მოსათხოვნად მიმართონ. მაგრამ ყველაზე საგულისხმო ისაა, რომ, თუმცა საქართველოში შიმშილობა ათასობით ადამიანს გამოუცხადებია, არც ერთ მათგანს ეს აქცია ბოლომდე არ მიუყვანია, ანუ შიმშილობის შედეგად არ მომკვდარა, მიუხედავად იმისა, რომ მოშიმშილეთა მოთხოვნებს, როგორც წესი, არ ასრულებენ ხოლმე.

რევოლუციური ტიპის პოლიტიკური რომანტიზმი საქართველოში მკვდარია და, იმედია, ერთხანს აღარ აღორძინდება. სამაგიეროდ, შედარებით ძლიერია მისი მეორე, ანტიპოლიტიკური ვერსია. იმავე „მესამე გზის“ წინასაარჩევნო სიმბოლიკა და რიტორიკა ბევრ ტიპურად რომანტიკულ ნიშანს მოიცავდა: არსებული რეალობისადმი მკვეთრად გამოხატულ ზიზღს („უცნობის“ კლიპი), წარსულში გაქცევას (ბარძიმი). განსაკუთრებით აღსანიშნავია „მესამეგზელების“ იდეოლოგიური რეფრენი: ამომრჩევლებო, არ მოტყუვდეთ, თქვენ ცუდსა და უარესს შორის არჩევანს გთავაზოვენ. ეს ძალიან მნიშვნელოვან მომენტად მიმაჩნია და მას ცოტა უფრო დაწვრილებით გავარჩევ. მეც მერჩივნა, იმ და სხვა არჩევნებზე უკეთესი არჩევანი მქონოდა, და ზემოთმოყვანილ ფრაზასაც აზრი ექნებოდა, „მესამე გზას“ რომ კონკრეტულად აეხსნა, თვითონ ის სახელდობრ რით იყო უკეთესი (გარდა „გაუსვრელობისა“, რომელიც „გამოუცდელობის“ სინონიმადაც შეიძლება გაიგო). მაგრამ ასეთი ახსნის გარეშე ის საერთოდ „ნაკლები ბოროტების“ პრინციპის წინაამღდეგ იყო მიმართული, - რაც უკვე საზოგადოდ მნიშვნელოვანი თემაა. ერთ-ერთ წინა დისკუსიაზეც გამოითქვა აზრი, რომ ჩვენთან საქმე ცუდადაა, რადგანაც ხალხი „ნაკლები ბოროტების“ პრინციპით ხელმძღვანელობს. ასეთი ჩივილები სხვა პოსტ-კომუნისტი ინტექტუალებისგანაც გამიგია. ჩემი აზრით, ეს დემოკრატიის არსის პრინციპული გაუგებრობაა.

დემოკრატიაზე საუბრისას ხშირად იმეორებენ ხოლმე ჩერჩილის შესანიშნავ გამონათქვამს, რომ დემოკრატია თავისთავად მმართველობის ყველაზე ცუდი ფორმაა, გარდა ყველა სხვისა, რაც კაცობრიობას გამოუცდია. სხვა სიტყვებით, დემოკრატია თავისთავად ნაკლები ბოროტებაა, დემოკრატიული არჩევანი ცუდსსა და უარესს შორის არჩევანია. დემოკრატიულ ცნობიერებაში სიკეთე განისაზღრება როგორც ნაკლები ბოროტება. ამის საპირისპიროდ, „კარგი“, სრულყოფილი, ბოროტებაშეურეველი ხელისუფლების მოთხოვნა თავისი არსით რომანტიკულია, და ლოგიკურად ტოტალიტარიზმისკენ მიდის. კარგი ხელისუფლება, რომლითაც ხალხი კმაყოფილია, მხოლოდ ტოტალიტარულ ან, შესაძლოა, ტრადიციულ-ავტორიტარულ რეჟიმებშია შესაძლებელი. დემოკრატიაში ისაა ნორმალური, რომ ხალხი უკმაყოფილო იყოს ხელისუფლებით, მაგრამ არჩევნებში საღი აზრი გამოიჩინოს და ნაკლებად მიუღებელ ძალას მისცეს ხმა.

ჩვენი დემოკრატიის ღრმა დეფექტურობა განვითარებულ დასავლურ დემოკრატიებთან შედარებით ეჭვს არ იწვევს. მაგრამ იმ განვითარებული დემოკრატიების წარმომადგენლები ხშირად ამჩნევენ, რომ რასაც პოსტ-კომუნისტური ქვეყნების დისიდენტურ კულტურაზე აღზრდილი ინტელექტუალები „ნამდვილი დემოკრატიის“ ქვეშ გულისხმობენ, არსად არ არსებობს მათი ფანტაზიის გარდა, რადგან „ნამდვილი დემოკრატია“ უაღრესად არასრულყოფილი რამაა. ნამდვილ დემოკრატიისთვის ტიპურია ვითარება, როცა პოლიტიკოსებს უხდებათ ისეთი გადაწყვეტილების მიღება და დაცვა, რომელიც 49,9 პროცენტით უვარგისია - მხოლოდ იმიტომ, რომ ალტერნატივა ცუდია 50,1 პროცენტით. „ნამდვილი დემოკრატიის“ არსია პოლიტიკური ანგარიში და მიზნის მიღწევა პოლიტიკური ვაჭრობის საფუძველზე - რათა მიღწეულ იქნას პოლიტიკური ბოროტების კლება 0,2 პროცენტით. „ნამდვილ დემოკრატიაში“ მნიშვნელობა აქვს როგორც განვითარებულ პოლიტიკურ პარტიებს, ისე ქარიზმატულ ლიდერებს, და პარტია, რომელსაც აქვს კარგად გააზრებული პროგრამა, მაგრამ არა ჰყავს ქარიზმატული ლიდერი ან ლიდერები, არჩევნებში ვერ იმარჯვებს. დემოკრატიულ არჩევნებში ვერ გაიმარჯვებს ასევე პარტია, რომელიც ვერ დაუფლებია ფულის შოვნის ხელოვნებას, ხოლო პოლიტიკური მიზნებისთვის ფულის შოვნა ყველგან პრობლემური საკითხია - და ა.შ.

ბოლოს, დავუბრუნდები საკითხს ჩვენი მიმდინარე პოლიტიკიდან, რომელმაც, გარკვეულწილად, პირველი ბიძგი მისცა ამ დისკუსიის მოწვევას. ლაპარაკია იმაზე, თუ როგორ უნდა მოიქცეს მოქალაქეთა კავშირის „რეფორმატორული ფრთა“, რომელიც ძირითადად ჟვანია-სააკაშივილის სახელებს უკავშირდება: უნდა გაემიჯნოს თუ არა პრეზიდენტ შევარდნაძის ხელისუფლებას, რომლის მიმართ საზოგადოების ნდობა კატასტროფულად ეცემა? ჩემი აზრით, აქამდე ამ ჯგუფის მოქმედება საქართელოში პოლიტიკური პრაგმატიზმის საუკეთესო ან იქნებ ერთადერთი მაგალითია. მათ შეძლეს გაანგარიშება საიმისო პოლიტიკური შანსებისა, თუ როგორ შეუძლია დღევანდელ საქართველოში დასავლურ დემოკრატიულ ღირებულებებზე ორიენტირებულ ძალებს ქვეყნის მართვაზე რეალური გავლენის მოხდენა - და მიხვდნენ, რომ საამისოდ გარდუვალია კოალიციაში შესვლა ისეთ ხალხთანაც, ვისთვის ხელის ჩამორთმევა შეიძლება წესიერი კაცისთვის მთლად სასიამოვნო არ იყოს. მათ მიერ წარმოებულ პოლიტიკურ გაანგარიშებებს და პოლიტიკურ ვაჭრობას, ჩემი აზრით, დემონსტრირებადი პოზიტიური შედეგები ჰქონდა: ამის შედეგად, ჩვენ გვაქვს ასე თუ ისე ცივილიზებული კანონმდებლობა, რომელიც საზოგადოებას - თუ შნო აქვს - შეუძლია სასიკეთოდ გამოიყენოს, იყო თვალსაჩინო წინსვლა სამოქალაქო და ეკონომიკურ თავისუფლებათა თვალსაზრისით, ამაღლდა საქართელოს საერთაშორისო პრესტიჟი და მის მიმართ დასავლეთის პოლიტიკური მხარდაჭერა. მაგრამ დღეს მდგომარეობა შეიცვალა, და სრულიად სამართლიანად დადგა საკითხი, სწორია თუ არა ამ ტაქტიკის გაგრძელება, როცა დემოკრატიისა და სახელმწიფოებრიობის გაძლიერების თვალსაზრისით წინ კი აღარ მივდივართ, არამედ უკან, და „რეფორმატორები“ ვერ ახერხებენ ამ უკუსვლის ტენდენციების შეჩერებას.

მე ვერ ვიტყვი, რომ პასუხი მაქვს ამ კონკრეტულ შეკითხვაზე. მაგრამ მთავარია, თუ რა კრიტერიუმებს უნდა დაემყაროს ასეთი პასუხი. თუ ლაპარაკია მხოლოდ იმაზე, რომ „რეფორმატორებმა“ უმრალოდ ლამაზი ჟესტი გააკეთონ და იმისთვის გაემიჯნონ ხელისუფლებას, რომ თბილისის ინტელექტუალურ სალონებში კარგი ბიჭების (ან გოგოების) იმიჯი დაიყენონ, და კიდევ ერთი 3-4 პროცენტიანი პარტია შექმნან, მაშინ ეს ეფექტური, მაგრამ უპასუხისმგებლო საქციელი იქნება. „დარჩენა-გამიჯვნის“ შესახებ გადაწყვეტილება უნდა დაეფუძნოს რეალურ პოლიტიკურ გაანგარიშებას, რომელიც მხედველობაში მიიღებს თვითონ ამ ჯგუფის და საზოგადოების პერსპექტიულ ინტერესებს. „დარჩენის“ სასარგებლო არგუმენტი ისაა, რომ ეს ერთადერთი გზაა სერიოზული პოლიტიკური გავლენის შენარჩუნებისა, ხოლო ეს გავლენა შეიძლება ქვეყნისთვის სასარგებლო კონკრეტულ საქმეს წააგდეს: ვთქვათ, პროკურატურის რეფორმას. მეორე მხრივ, თუ კონკრეტული შედეგების იმედი არ არის, უიმედოდ კორუმპირებულ ხელისუფლებასთან ასოციაციით „რეფორმატორების“ მიერ დაგროვილი პოლიტიკური კაპიტალის მხოლოდ გაფლანგვა ხდება. უნდა დაისვას კიდევ ერთი მეტად მნიშვნელოვანი კითხვა: შესაძლებელია თუ არა „რეფორმეტორების“ ამ ჯერ კიდევ არსებულ კაპიტალზე დაყრდნობით, შეიქმნას სერიოზული პოლიტიკური ძალა, რომელიც დღეს ან მომავალში (პოსტ-შევარდნაძულ ხანაში) მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს მიმდინარე პროცესებზე. შეიძლება თუ არა ამის ზუსტი გაანგარიშება - ეს სხვა საკითხია, მაგრამ ეს ის კრიტერიუმებია, რითაც ასეთი საკითხები უნდა გადაწყდეს, და რაზეც საზოგადოებრივი დისკუსია უნდა მიმდინარეობდეს.

7 დისკუსია

▲ზევით დაბრუნება


გიორგი ლორთქიფანიძე. გითხრათ მართალი, დღევანდელი რეალობა ნაკლებად განაწყობს ისეთი, ერთი შეხედვით, აბსტრაქტული კამათისთვის, როგორადაც მესახება ფრიად თეორიული დავა იმის თაობაზე თუ მოვლენათა ფილოსოფიური განჭვრეტის რომელი განხრაა მეტად მიმზიდველი: პოლიტიკური რომანტიზმი თუ პოლიტიკური პრაგმატიზმი. ალბათ, აქ შეკრებილი საზოგადოების დიდი ნაწილი დამეთანხმება იმაში, რომ სოციალ-ეკონომიკური ვითარება ქვეყანაში იმ ზღვარზეა მისული, რომლის იქით სახელმწიფო მანქანის მსხვრევის უფსკრულიღაა დარჩენილი. თუმცა, მიუხედავად უმძიმესი სოციალური ფონისა, ეს ჩვენი საუბარი არაა მოკლებული გარკვეულ პეწსა და ელეგანტობას, იმ ჯენტლმენურ და ხაზგაუსმელ ელეგანტობას, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში განასხვავებს - თუნდაც უფსკრულის პირას - მოაზროვნე ადამიანს ხელიდან წასული ციმბირელი ბომჟისაგან. ალბათ, სჯობს მოვიქექოთ სულის ჯიბეები და მოვიძიოთ რომანტიკული ოპტიმიზმის ჩვენს მიერ გამოუყენებელი რეზერვები. იმედი ვიქონიოთ, რომ საბოლოოდ მაინც არ გადავიჩეხებით. ამის გარეშე - ძნელია.

დღეს არაერთი პარადოქსული აზრი გამოითქვა, მაგალითად, ითქვა, რომ პრეზიდენტი შევარდნაძე, სინამდვილეში, უდიდესი პოლიტიკური რომანტიკოსია. მესმის, ამით თითქოს ის მიანიშნეს, რომ მან, ყოფილმა დიდმა კომუნისტმა, ხელი მოჰკიდა ისეთი - როგორც აღმოჩნდა - ტიტანური და თითქმის შეუსრულებელი ამოცანის შესრულებას, რასაც ჭეშმარიტად დემოკრატიული და ეკონომიკურად მძლავრი ქართული სახელმწიფოს მშენებლობა ჰქვია. ამასთან იგულისხმებოდა, რომ პრეზიდენტის ამ ძალისხმევის მუდმივი კორექცია ინტელექტუალურად და ორგანიზაციულად ხელეწიფება პრაგმატიკოს-რეფორმატორთა ცნობილ ჯგუფს, რომელიც იმავე ამოცანას ახალგაზრდული შემართებითაა შეჭიდებული. ამდენად, პოლიტიკური კომპრომისების პრაქტიკა, რომელიც ნებისმიერი, მათ შორის რეფორმატორი, პოლიტიკოსისათვისაც არის დამახასიათებელი, ფსიქოლოგიურ გამართლებასაც ღებულობს და გარკვეულ თეორიულ საფუძველსაც ემყარება, ძალას პრაგმატიზმისა და რომანტიზმის ოპტიმალური ჰარმონიზაციის გამოხატვაში რომ პოულობს. აბა, რა გითხრათ. ჩემი წარმოდგენით, ეს საინტერესო, მაგრამ საკმაოდ ხელოვნური სქემაა. ვინმე თუ არის საქართველოში - მთელი თავისი პოლიტიკური და არაპოლიტიკური ბიოგრაფიით - სავსებით რეალისტი და პრაგმატიკოსი პოლიტიკოსი, ასეთი ისევ ედუარდ შევარდნაძეა. ინტუიტიურად ვგრძნობ, რომ ადრეული შევარდნაძის რომანტიზმი უფრო ყამირის ათვისების კომკავშირული რომანტიკის ხანას უნდა უკავშირდებოდეს, გვიანი შევარდნაძის გადემოკრატება კი - გონების ცივი კარნახით წარმართულ მეტად პრაგმატულ პოლიტიკურ გათვლებს. ამის დასაბუთება ძნელია, იქნებ შეუძლებელიც. ამიტომ გაშლილი არგუმენტაციის მოყვანით თავს არ შეგაწყენთ - ორივე აზრს არსებობის უფლება გააჩნია, ხოლო ამა თუ იმ პოზიციაზე დადგომა ლოგიკური არგუმენტაციის ხარისხზე კი არა, ათვლის წერტილის შეგნებულ შერჩევაზეა დამოკიდებული.

როგორც მოსალოდნელიც იყო, ჩვენ დღეს არ და ვერ ავუარეთ გვერდი ისეთ აქტუალურ საკითხს, როგორიცაა საქართველოს ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში მიმდინარე სამთავრობო ცვლილებები. ძირითადად, გამოიკვეთა მოსაზრება, რომ მორიგი კოსმეტიკური ცვლილებების პირისპირ დავრჩით. უფრო ზუსტად, ფსევდოცვლილებებისა, რომელთაც თავისი არსით არ ძალუძთ ოდნავი გავლენა მაინც იქონიონ საქართველოს კლანურ სახელმწიფო-ტერიტორიად ჩამოყალიბებაზე. ისიც ცხადია, რომ კლანურ სახელმწიფოდ გადაქცევის თანმიმდევრულად მიმდინარე პროცესი ორგანულადაა შერწყმული დემოკრატიულობის ასევე თანმიმდევრულად აგონიზირების პროცესთან, პერსპექტივაში რეალური დემოკრატიული მონაპოვრების შეკვეცასა და გაუჩინარებასთან. სხვათა შორის, გოგიჩაიშვილის „60 წუთის“ გარშემო ატეხილი განგაშის შინაარსი ცალსახად მეტყველებს იმაზე, რომ მავანი თითქოსდა განსხვავებული და საკმაოდ მძლავრი ძალა საქართველოში სიამოვნებით გააკეთებდა როქს: ჟურნალისტური ტელე-გამოძიებებისთვის და, საზოგადოდ, სერიოზული გადაცემებისთვის განკუთვნილ დროს მორჩილ ტელეკომპანიებს გადაულოცავდა ახალ-ახალი მაზომბირებელი სერიალების საჩვენებლად - თანაც ისე, რომ სიტყვიერად ამ სერიალებს სამართლიან კრიტიკასაც არ მოაკლებდა. არ გამოვიდა დღეს, გამოვა ხვალ. ასე რომ, პროცესები მიდის. მთელი პრობლემა ისაა, მიაღწიეს თუ არა ხსენებულმა პროცესებმა შეუქცევადობის სტადიას, ანუ იმ სტადიას, როდესაც პოლიტიკური რომანტიზმი ისტორიულად სისხლიანი უტოპიების განხორციელების რეალურ საშიშროებად გადაქცევასთან გაიგივდება, ხოლო პოლიტიკური პრაგმატიზმი ავტორიტარული ხელისუფლების - ძველი ყაიდის მარქსისტების ენაზე „მსხვილი კაპიტალის სისხლიანი ბატონობის“ - არანაკლებ სასტიკი დიქტატურის ჩამოყალიბებასთან. პოლ პოტის კამბოჯისა და პინოჩეტის ჩილეს მაგალითები თვალნათლივ გვიჩვენებს, რომ არც ერთ ამ უკიდურეს შემთხვევაში დემოკრატიისთვის ადგილი აღარ რჩება. საბედნიეროდ, ისტორია იცნობს ბევრ შუალედურ ფორმას, ასე რომ, ჩვენ ქვეყანას კიდევ არა აქვს და კარგული მძიმე სიტუაციიდან შედარებით დემოკრატიულად „გამოძრომის“ შანსი. რაც შეეხება ე.წ. ახალი მთავრობის ახალ რეფორმატორულ პერსონალიებს, ჯერ-ჯერობით ყველაზე ღრმა აზრი, რაც მე წილად მხვდა მათგან გამეგო, იყო ფინანსთა მინისტრის, ბატონ ნოღაიდელის, მიერ გახმოვანებული ნატვრა ბიუჯეტის მორიგი უცილობელი სექვესტრის თაობაზე. აი, თურმე რაზე დავიდა ჩვენი მშობლიური რეფორმა 2000 წლის ბიუჯეტის მიღების ნახევარწლისთავზე ამ გაქანებული პერმანენტული ანტიკორუფციული კამპანიის პირობებში: იმ მიკროსკოპული ბიუჯეტის მორიგ შეკვეცაზე, რომლის შესრულებაზე სულ ახლახან თავი გამოიდო მთავრობამ და პარლამენტმა. სხვათაშორის, ვინ უფრო მეტად გამოიდო - პარლამენტმა თუ მთავრობამ - ჩვენი ხალხისთვის უკვე აღარავითარი მნიშვნელობა არაა აქვს და პასუხისგებაზე თუ მიდგა, ყველა ერთ ქვაბში მოიხარშება (ლირიკული გადახვევისთვის ბოდიშის მოხდით იმას დავუმატებ, რომ სწორედ ამაშია ოდესღაც საკმაოდ შეძლებული, შემდეგ კი სწრაფად გაღატაკებული საზოგადოებისა და, შესაბამისად, ფაქტიურად, უხელფასო ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ტრაგედია). არ ვიცი, შესაძლოა ფინანსთა ახალი მინისტრი იმდენად მიამიტი და გულწრფელია, რომ იმედი აქვს მომავალი სექვესტრის (ანუ ფისკალური პოლიტიკის სრული გაკოტრებისა და კორუფციის წინაშე კაპიტულაციის) ჩვენი ეროვნული ჩინოვნიკების მანქანებისა და მობილურების ხარჯზე ჩატარებისა, გაუკეთებია კიდეც მსგავსი შინაარსის განცხადებები. თუ ასეა, ეს მისი პრობლემაა, აღდგომა და ხვალეო, მე კი ასევე გულწრფელად და - ვაღიარებ - ცინიკურად მგონია, რომ სექვესტრი ჩატარდება, პირველ რიგში, საშტატო ერთეულების შემცირებების ფორმით. ათობით - თუ არა ასობით - ათასი ისედაც გაუბედურებული, ხელფასის ამარა დარჩენილი ადამიანი, „დაბალი ღობე“ - გასტუმრებული იქნება სახლში ელემენტარული და კანონით გათვალისწინებული სოციალური გარანტიების გარეშე და ვერაფერი, ვერანაირი რეფორმა ვერ აღუდგება წინ მათი და, ხშირ შემთხვევაში, მათი ოჯახების შემდგომ მარგინალიზაციასა და ლუმპენიზაციას. ეს პესიმიზმი კი არა, რეალიზმია. ნამდვილად ბედნიერი ვიქნები, თუკი ჩემი პროგნოზი არ გამართლდება, მაგრამ, სამწუხაროდ, არა მგონია, ვცდებოდე. ჩვენ სხვა პლანეტაზე კი არა, დღევანდელ, სისტემური კრიზისებით მოცულ და დავრდომილ საქართველოში ვცხოვობთ.

ვფიქრობ, რომ გამოვხატავ საერთო მოარულ აზრს - არა მგონია, ამ საკითხზე მემარცხენეებსა და მემარჯვენეებს დღეს რაიმე სერიოზული დავა ან უთანხმოება მოგვივიდეს, - თუ ვიტყვი, რომ დღევანდელი კორუმპირებული ქართული სახელმწიფო ვერ ასრულებს მინიმალურ სოციალურ ვალდებულუბებს საკუთარი მოსახლეობის მიმართ და თავად უქმნის სერიოზულ საფრთხეს საზოგადოების დემოკრატიული მიმართულებით განვითარებას. მაგრამ სამშობლო ბიუჯეტი არ არის, თანაც იგი, ყველას მოგეხსენებათ, საკმარისზე მეტადაა სექვესტრირებული. ამიტომ, ძირეული ცვლილებების გარეშე მისი შემდგომი ფუნქციონირება - თუნდაც, ამჟამინდელ უვარგის დონეზეც კი - სათუო ხდება. ყოველივე ზემოთქმულის ფონზე, ვფიქრობ, საკუთრივ ჩემი პოლიტიკური რომანტიზმი ჩემსავე ოპტიმიზმში გამოიხატება: უნდა გადავრჩეთ როგორც დემოკრატიული სახელმწიფო, რადგან სხვა გზა არ გაგვაჩნია, გასაღები კი არა იმდენად საგარეოპოლიტიკურ წარმატებებში, არამედ „აჭრილი“ კორუფციის მოთოკვაში უნდა ვეძიოთ. არადა, ხშირად გაიგონებთ ბანალობად ქცეულ ჭეშმარიტებას: ისტორია არ გვაპატიებსო. ისტორიისა რა მოგახსენოთ, ხალხი კი ნამდვილად არ გვაპატიებს, არ იქნება ჩვენი თაობა საპატიებელი.

ნინო დურგლიშვილი. სავსებით ვეთანხმები აზრს, რომ ჩვენი პოლიტიკოსების მოღვაწეობის შეფასება ძალიან ჭირს. ეს, სამწუხაროდ, მათი პოლიტიკური გადაწყვეტილებების სიღრმითა და შორსმჭვრეტელობით როდია გამოწვეული. ამა თუ იმ პოლიტიკური იდეის განუხორციელებლობას ხშირად თვით იდეის „რომანტიკულობა“ კი არ განაპირობებს, არამედ პოლიტიკოსთა უნიათობა, სათანადო გამოცდილების არქონა, არასწორად შერჩეული საკადრო სისტემა, კორუფცია, თუ სხვა მსგავსი მიზეზები. და, პირიქით, ის, რომ რაიმე პოლიტიკური იდეა განხორციელდა, სრულიადაც არ ნიშნავს, რომ იგი პოლიტიკურად მომგებიანი, პრაგმატული, თავისთავად სიცოცხლისუნარიანია - ბევრ შემთხვევაში ამის მიზეზი იგივე კორუფცია ან პოლიტიკოსთა არასათანადო დონეა, რომლებიც სხვა, შესაძლოა, უფრო პრაგმატული, იდეის შესასრულებლად მზად არ არიან.

თანამდებობის პირთა დიდი უმრავლესობა წარუმატებლობის იმავე ხარისხით ასრულებს დაკისრებულ მოვალეობებს, რა ხარისხის წარმატებითაც პირად პრობლემებს აგვარებს - კარიერა იქნება ეს, მატერიალური მდგომარეობა თუ სხვა. აქედან კი ბუნებრივად წარმოიშობა ვარაუდი, რომ მათი ქმედებები პოლიტიკური პრაგმატიზმით კი არა, კერძო პრაგმატული ინტერესებითაა განსაზღვრული. სამწუხაროდ, იმ პოლიტიკოსთა ასევე დიდი უმრავლესობის ქმედებები, რომლებიც ვერ მოხვდნენ პარლამენტში, ან რომელთაც ვერ მოიპოვეს თუ ოდესღაც დაკარგეს სკამი, ასევე სუბიექტურია და არცთუ იშვიათად, მათ ორიენტირს შურისძიება, კონკრეტული პიროვნებების (და არა რაიმე პოლიტიკური იდეის, კონცეფციის) წინააღმდეგ ბრძოლა თუ გარკვეული თანამდებობის ხელში ჩაგდების სურვილი წარმოადგენს. უამრავი ქაოტური სუბიექტური ინტერესის ვექტორის ჯამს კი სავსებით ლოგიკურად მივყავართ იქით, რასაც თუ მაინცდამაინც რაიმე „იზმით“ აღვნიშნავთ, უბრალოდ, პოლიტიკური „აბსურდიზმი“ უნდა ეწოდოს. სწორედ ამ აბსურდიზმის თვალსაჩინო გამოხატულებაა არა მხოლოდ მარად მოუგვარებელი სოციალური პრობლემები, გაუცემელი ხელფასები და პენსიები, სახელმწიფო ბიუჯეტი, რომლის შესრულების იმედიც ყველამ დაკარგა, კორუფცია, რომლის წინააღმდეგაც მათივე შემქმნელნი „იბრძვიან“, გაუგებარი (რბილად რომ ვთქვათ) საკადრო პოლიტიკა, არამედ, უპირველეს ყოვლისა, - საზოგადოებრივი აზრის სრული გაუცხოება. ჩვენი საზოგადოება, რომელსაც დღემდე ხმას არ აღებინებდნენ, გაცილებით შემაძრწუნებელი ფაქტის წინაშე დადგა - მას დღეს შეუძლია რამდენიც უნდა და რაც უნდა ის ილაპარაკოს, ოღონდ... მის ლაპარაკს არავინ უსმენს. თავისუფალ მას მედიას, რაც თავისთავად დიდი მნიშვნელობის მქონე მოვლენაა, პოლიტიკური ღირებულება თითქმის საერთოდ არ გააჩნია - ჟურნალისტური გამოძიებების შედეგი არანაირად არ აისახება საკადრო პოლიტიკასა თუ რომლიმე თანამდებობის პირის მოქმედებაზე, ასევე რეალურ გავლენას მოკლებულია არასამთავრობო ორგანიზაციების დასკვნები თუ შეფასებები და სხვა.

რადგან უმრავლესობა ვახსენე, კონკრეტულ გვარებს აღარ დავასახელებ, უბრალოდ, იმას აღვნიშნავ, რომ არც პრეზიდენტის პოლიტიკა ჩანს იმდენად თანმიმდევრული და გამოკვეთილი, რომ იგი ცალსახად შეფასდეს. მითი, მისი ჩანაფიქრების გამოცნობის სირთულის შესახებ, მხოლოდ იმ თვალსაზრისით შეიძენს გარკვეულ „რეალობას“, თუ ვიგულისხმებთ, რომ მათი შედეგების გამოცნობა თვითონ პრეზიდენტისათვის ძალიან ძნელია.

ყოველივე ამის შედეგად, ბუნებრივია, ჩვენი პოლიტიკა მისტიკურ ხასიათს იძენს. მაგალითად, იმ პარლამენტართა, გარკვეული ნაწილი, რომლებიც უკვე მეორედ აირჩიეს პარლამენტის წევრად და რომლებმაც პირველივე არჩევის წინ იცოდნენ (ყოველ შემთხვევაში, უნდა სცოდნოდათ), რა სირთულეებთან ჰქონდათ საქმე, მაგრამ გვარწმუნებდნენ, რომ მათი პარტია (მოქალქეთა კავშირი) პრობლემების მოგვარებას შეძლებდა, დღეს ტელევიზიით, საჯაროდ, ღიმილით აცხადებენ - სახელმწიფო დაშლის წინაშეაო და განმარტებებს კი არ იძლევიან, ახალ მხარდაჭერას მოითხოვენ. რა არის ეს, პოლიტიკური რომანტიზმი თუ პოლიტიკური პრაგმატიზმი? ცხადია, არცერთი. ეს უბრალოდ, რეალობას მოწყვეტაა და შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალიც სწორედ რეალობაზე ორიენტაციის აღება უნდა იყოს.

ნათელა სახოკია. დღევანდელ დისკუსიაში ჩვენ ვახსენეთ სიტყვები პრაგმატიზმი, რომანტიზმი, რეალიზმი და ა.შ. მე მინდა გავიხსენო კიდევ ერთი სიტყვა, რომელიც ბატონმა გია ნოდიამ შემოგვთავაზა თავის გამოსვლაში. ეს არის ოპორტუნიზმი. ვებსტერის ლექსიკონი ასე განმარტავს მას: „ოპორტუნიზმი ეს არის პრაქტიკა, ან პოლიტიკა, რომელიც შეგნებულად შეუსაბამებს პიროვნების ქმედებას ან განსჯას ამ პიროვნების უახლოეს მიზნებს, ფუნდამენტური პრინციპების ან შემდგომი გრძელვადიანი შედეგების გაუთვალისწინებლად“. ჩვენი დღევანდელი შეკრების მიზანი, ჩემი აზრით, არის სწორედ პასუხის გაცემის მცდელობა კითხვაზე, თუ რამდენად იქნება ჩვენი ახალგაზრდა რეფორმატორების დღევანდელი ქმედება, მათ მიერ დაშვებული მრავალი კომპრომისი, სასარგებლო ჩვენი ქვეყნის გრძელვადიანი მიზნებისათვის. შეძლებენ თუ არა ისინი გაუმკლავდნენ იმ გარემოს, რომლის ჩამოყალიბებაში თვითონაც იღებდნენ მონაწილეობას?

რაც შეეხება ჩემს პასუხს ამ კითხვაზე. მინდა დავესესხო ერთ ფრანგ პოლიტიკოსს, რომელიც ამბობდა, რომ კომპრომისი პოლიტიკოსისათვის უნდა იყოს ქოლგა და არა სახურავი.

კობა კიკაბიძე. რაციონალიზმის და იდეალიზმის თემის განხილვისას პოლიტიკაში, კარგი იქნებოდა, თუ მათემატიკური მოდელირების პრაგმატული ფუტუროლოგიით დატვირთული მეთოდოლოგიის ჭრილში შევძლებდით ამის განხორციელებას, ასეთი მოდელები არსებობს და ელოდება თავის მომხმარებელს. რაციონალიზმიც და იდეალიზმიც თავისი არსით გადაწყვეტილების მიღებასთან და გადაწყვეტილების მიმღებთან არის გაიგივებული, ეს უკანასკნელი კი - ინფორმაციასთან გარედან და გარეთ. ახალი კლასის მათემატიკურ მოდელს, რომელსაც პირობითად უწოდებენ დინამიურ სისტემას ჯოკერებით, სავსებით შეუძლია ასახოს გადაწყვეტილების მიმღების ქცევა დინამიურად ცვლად ინფორმაციულ სივრცეში. ასეთ სისტემებში ფაზური სივრცის გარკვეულ ნაწილში (სისტემის მახასიათებელ ცვლადების სივრცეში) ქცევა დეტერმინირებულია. მომავალი განისაზღვრება უახლოესი წარსულით. ფაზური სივრცის სხვა ნაწილში, რომელიც არსებითად უფრო მცირეა და დროში შემჭიდროებული, შემთხვევითი ფაქტორები, ნებელობითი გადაწყვეტილებები და ა.შ. პრინციპულ როლს თამაშობს.

მას შემდეგ, რაც ისტორიული განვითარების ტრაექტორია ხვდება ამ უკანასკნელ ფაზურ სივრცეში, მიღებულმა გადაწყვეტილებებმა შეიძლება ნახტომისებურად შეცვალოს სისტემის მდგომარეობა. კონკრეტული ისტორიული რეალიები შეესაბამება შემდეგ სიტუაციებს. პირველი ფაზური სივრცე პასუხობს საბაზრო ეკონომიკას და შედარებით სოციალურ სტაბილურობას. მაგრამ წარმოების ვარდნა ზოგიერთი კრიტიკული ზღვრის ქვემოთ აიძულებს გადაწყვეტილებების მიმღებს მიმართოს განსაკუთრებულ ღონისძიებებს, რასაც ნახტომისებურად გადაყავს სოციუმი სხვა მდგომარეობაში. ან დროში შემჭიდროებულ მეორე ფაზურ სივრცეს შეუძლია დაახასიათოს სოციალური არასტაბილურობის გამწვავება, მაგალითად, პირდაპირი საპრეზიდენტო მმართველობის შემოღება ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში და ა.შ.

ასეთი მიდგომით შესაძლებელი ხდება გადაწყვეტილების მიმღებთა რაციონალური თუ იდეალური პოლიტიკური გემოვნების წინასწარ განჭვრეტა, ზოგი ისტორიული მოვლენის ან სხვა დიდი მოულოდნელობის წინასწარ ვარაუდი.

თამარ ბერეკაშვილი. მე არ ვაპირებდი გამოსვლას, რადგანაც აქ დიდწილად ითქვა ის, რის თქმასაც ვაპირებდი, განსაკუთრებით, ბატონ რამაზის გამოსვლაში და არა მარტო რამაზის. ფაქტობრივად, ჩემი ჩარევის პროვოცირება მოახდინა ბატონმა ნუგზარმა. ბატონი ნუგზარი შეძრწუნებულია, რომ ხალხი მასობრივად არ გამოვიდა გოგიჩაიშვილის მხარდაჭერის მიტინგზე; ჩემი აზრით, ეს სწორედ რომ მეტად სანუგეშო ფაქტია, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი მოქალაქეები ასე ადვილად აღარ ეგებიან მოწოდებებს და არ იჯერებენ გამოთქმულ მოსაზრებებს. მე მეშინია იმის დაშვება, რომ ჩვენი მოქალაქეები არ გამოვლენ სიტყვის თავისუფლების ან სხვა უფლებების დასაცავად, მაგრამ ამ შემთხვევაში მათ სრულიადაც არ ჰგონებიათ, რომ მათ მოუწოდებენ სიტყვის თავისუფლების ან საზოგადოდ თავისუფლების დასაცავად. ამის ძირითადი მიზეზია, ჩემი აზრით, ის, რომ დღემდე არსებული ჟურნალისტური გამოძიებები ძირითადად არ იყო არც სრული, არც ამომწურავი და, ხშირ შემთხვევაში, არც მიუკერძოებული და ამასთან მაშინაც კი, როდესაც ეს გამოძიებები ჩატარებული იყო მეტ-ნაკლები კეთილსინდისიერებით, მათ არანაირი შედეგი არ მოჰყოლიათ. ამდენად, გოგიჩაიშვილის შემთხვევაც მათთვის ერთ-ერთი მორიგი მაგალითია, თანაც ეს გამოძიებებიც, სიმართლე რომ ითქვას, არ არის პირუთვნელი.

აქ ბევრჯერ ახსნეს „სამოქალაქო საზოგადოება“ და ისიც კი ითქვა, რომ ჩვენ, აქ შეკრებილები ვართ სამოქალაქო საზოგადოება. ეს ასე არ არის. საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება არ არსებობს და ეს არის სწორედ დიდი უბედურება. სინამდვილეში, ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის არ არსებობს კავშირი, ხელისუფლება სრულიად ავტონომიურია, თვითნებური და არ უწევს ანგარიშს საზოგადოებას. ამდენად უსაგნოა იმაზე ლაპარაკიც, როგორია ჩვენი პოლიტიკა - იდეალისტური (რომანტიკული) თუ პრაგმატული. შეიძლება საუბარი მარტოოდენ ჩვენი პოლიტიკოსების, როგორც პიროვნებების, რომანტიკულობაზე ან პრაგმატიზმზე. ყველა შემთხვევაში მათ თითქმის ყოველთვის პირადი ინტერესები ამოძრავებთ.

და ბოლოს, მინდა შევეხო აქ უკვე არაერთხელ ნახსენებ გულუას დამტკიცების შემთხვევას და იმას, იყო ეს პრეზიდენტის შეცდომა თუ მისი მხრიდან რაღაც მაკონსოლიდირებელი პროცესის მცდელობა მოქალაქეთა კავშირისა. ჩემი აზრით, თუ კი რამე გამოიწვია ამ ფაქტმა, ეს არის მოქალაქეთა კავშირის ეგრეთ წოდებული რეფორმატორული ფრთის დისკრედიტაცია, რაც ძალიან შემაშფოთებელია, სწორედ ეს არის შემაშფოთებელი. მოსახლეობაში გაჩნდა მოსაზრება, რომ ზოგიერთი რეფორმატორი ძალიან ჰგავს ზვიად გამსახურდიას, რომელიც გაჰყვიროდა ინტელიგენციის კორუმპირებულობაზე, მის აგენტობაზე და ასე შემდეგ. გამსახურდიას წინააღმდეგ პირველი რეაქცია სწორედ მისმა ამ არაეთიკურმა ქცევამ გამოიწვია - პრეზიდენტი, არჩეული დიდი უმრავლესობით, ლიდერი, რომლის ხელში იყო ყველაფერი, ქუჩის ბნელი ოპოზიციასავით ლანძღავდა საწყალ, გასუსულ ინტელიგენციას. ჩვენს შემთხვევაშიც, მოქალაქეთა კავშირი უმრავლესობას შეადგენს პარლამენტში, მას ყოველგვარი ზედმეტი ყვირილის გარეშე შეუძლია აირჩიოს ან არ აირჩიოს ნებისმიერი მინისტრი; რაღა საჭიროა ამდენი ყვირილი, მითუმეტეს, ყველამ იცის, რომ გულუა არც სხვებზე ბევრად უარესია და არც უკეთესი. ჩვენს ხელისუფლებაში, სამწუხაროდ, ბევრია საკმაოდ ოდიოზური ფიგურა, რაც მოსახლეობისთვის ძალიან კარგადაა ცნობილი. სწორედ ამგვარი ფაქტები იწვევენ უნდობლობას მოსახლეობაში არა მარტო ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ, არამედ მასმედიის მიმართაც, რაც, ვიმეორებ, ძალიან სამწუხაროა.

დავით ლოსაბერიძე. არსებული სიტუაციის ფონზე მეტად საინტერესოა როგორც ხელისუფლების, ისე საზოგადოების დამოკიდებულება არასამთავრობო ორგანიზაციებისადმი. ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში ბევრი არაფერია სასიამოვნო.

საზოგადოების მნიშვნელოვანი, შედარებით მარგინალიზებული თუ ლუმპენიზებული ნაწილი მესამე სექტორს აშკარად არ უყურებს დიდი სიმპატიით. მათთვის არასამთავრობო ორგანიზაციები ან ხელისუფლების მორჩილი მსახურია, ან დასავლური, მასონური პოლიტიკის ბრმა იარაღი. მოქალაქეთა როგორც ამ ნაწილმა, ისე საერთოდ მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ არაფერი, ან ძალზე ცოტა რამ იცის იმ მიზნებისა და საქმიანობის შესახებ, რასაც აღნიშნული ორგანიზაციები ეწევიან (ან უნდა ეწეოდნენ).

ხელისუფლების დამოკიდებულება სამოქალაქო სექტორისადმი არანაკლებ დამაფიქრებელია. როგორც წესი, სახელმწიფო სისტემა ფორმალურად დიდ ყურადღებას უთმობს არასამთავრობო ორგანიზაციების მოსაზრებებს და შემოთავაზებებს, მაგრამ, როგორც წესი, მთავრობის რეალურ საქმიანობაში ეს არ აისახება. „ენჯიოშნიკებისადმი“ ხელისუფლების რევერანსები უფრო დასავლეთის თვალში დემოკრატიულობის იმიჯის განმტკიცებას ისახავს მიზნად, ვიდრე რეალურ სურვილს, გამოიყენონ სამოქალაქო საზოგადოების პოტენციალი სახელმწიფოებრივი მშენებლობის პროცესში.

არსებული სიტუაციის არანაკლებ მნიშვნელოვანი მიზეზი თვით არასამთავრობო ორგნიზაციების საქმიანობაში უნდა ვეძიოთ:

● სამოქალაქო განათლების სფეროსადმი ყურადღების ნაკლები გამახვილება და ასე ვთქვათ, გაელიტარულება;

● რეალურ შესაძლებლობებთან შედარებით უფრო დიდი ამბიციების არსებობა;

● დაფინანსების წყაროებზე მეტისმეტად დიდი დამოკიდებულება;

● შიდაორგანიზაციული დაგეგმვისა და მართვის სისუსტე და ა.შ.

ეს ქვეყნის პოლიტიკურ თუ სოციალურ ბაზარზე მესამე სექტორის პოზიციებს მეტისმეტად მყიფეს ხდის (თუნდაც იმავე ნომენკლატურულ თუ კლანურ სისტემებთან შედარებით).

აი, ამ სასტარტო პოზიციებიდან უნდა ამოვიდეთ, როცა ქვეყანაში მიმდინარე არც თუ მაინცადამაინც სასურველი პროცესების ფონზე არასამთავრობო ორგანიზაციათა ახალ სტრატეგიაზე ვიწყებთ მსჯელობას.

არსებული სიტუაციის ფონზე შესაძლოა მოხდეს საკითხის რამდენიმე შესაძლებელი გადაწყვეტა:

1. ხელისუფლებასთან, უფრო სწორედ, მის უფრო საღად მოაზროვნე ნაწილთან კონტაქტების შენარჩუნება და რეფორმის პროცესში მათი მხარდაჭერა.

რეფორმატორებთან მჭიდრო კავშირს და ხშირად ამ უკანასკნელებთან სრულ შერწყმას ახორციელებს, მაგალითად, თავისუფლების ინსტიტუტი. თუმცა, ისიც კარგადაა ნათელი, რომ ასეთი საქმიანობის ეფექტურობა, თუნდაც იმავე რეფორმატორთა სისუსტისა თუ არსაკმარისი პრინციპულობის გამო, საკმაოდ დაბალია. ის სიტუაცია, რომელიც დღეისათვის არის შექმნილი პარლამენტში და უშუალოდ მმართველ პარტიაში, საფუძველს მაძლევს ვიფიქრო, რომ რადიკალური რეფორმების გატარების მცდელობა ან თუნდაც მცდელობის აფიშირება თანდათან შესუსტდება. ხშირ შემთხვევაში ლიდერი რეფორმატორები უმცირესობაში აღმოჩენილან არა მატო ოპოზიციასთან, არამედ „საკუთარ“ უმრავლესობასთან მიმართებაშიც კი.

2. აქ უკვე გამოითქვა აზრი იმის შესახებ, რომ შეიძლება სასურველი იყოს არსამთავრობო ორგანიზაციათა პოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბება.

მე ვუერთდები მათ აზრს, რომელიც არაპერსპექტიულად მიიჩნევს ასეთ ნაბიჯს. მართლაც, ძლიერი ორგანიზაციული სტრუქტურის არარსებობის, სუსტი დაფინანსების (რადგან საეჭვოა ჩვენი დონორების უმეტესობა პოლიტიკური ორგანიზაციების დაფინანსებაზე დათანხმდეს), საზოგადოების მხრიდან სუსტი მხარდაჭერის ან პირიქით, ძლიერი წინააღმდეგობის პირობებში ახალი პოლიტიკური მოძრაობა მაქსიმუმ, ინტელექტუალთა კლუბის ფუნქციას შეასრულებს და, როგორც ითქვა, დაემსგავსება რესპუბლიკელებს - სიმპატიურ, პატიოსან, მაგრამ რეალური შანსების არმქონე პარტიას.

3. საყრდენის გამონახვა საზოგადოებაში და მესამე სექტორის მიერ, არკვეულწილად, სოციალური ლიდერის როლის შესრულება.

ამ შემთხვევაშიც თავს იჩენს რამდენიმე წინააღმდეგობა: ჯერ ერთი, როგორც აღინიშნა არასამთავრობო ორგანიზაციების გავლენა მოსახლეობაში მეტად სუსტია; მეორეც, საშუალო ფენის ფაქტიური არარსებობის პირობებში, საყრდენად მარგინალური ფენები უნდა იქნენ გამოყენებულნი. ამისათვის საჭირო გახდება სოციალური რევანშიზმისა და პოპულისტური დემაგოგიის პლატფორმაზე გადასვლა, რაც საფუძველშივე ეწინააღმდეგება თვით სამოქალაქო საზოგადოების პრინციპს და იწვევს მასების ისეთ „გამოღვიძებას“, რომელსაც აშკარად ძილი ჯობია. გადაცემა „60 წუთთან“ დაკავშირებულმა სკანდალმა დაგვანახა, რომ ა) საზოგადოება ინდეფერნეტულად უყურებს ადამიანის უფლებების დარღვევის პრეცენდენტებს, რაც საპროტესტო აქციაზე მიმსვლელთა მცირე რაოდენობაშიც გამოიხატა და ბ) მარგინალები მუდმივ მზადყოფნაში არიან, შეუერთდნენ ნებისმიერ მღელვარებას და იპოვონ ახალი ლიდერი (მესია), რომელიც მათ წარუძღვება.

4. არასამთავრობო ორანიზაციების დარჩენა ასეთებად საქმიანობის ფორმების (და არა მიზნების) შეცვლის პირობებში.

ის რომ, ძველებური მიდგომის შემთხვევაში მესამე სექტორის განვითარების პერსპექტივა არც თუ ისე სახარბიელო ჩანს, უკვე ბევრის მიერ არის აღიარებული. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს სუსტი ურთიერთკავშირები და მნიშვნელოვანი პრობლემებისადმი ერთიანი პოზიციის დაკავების მხოლოდ ცალკეული შემთხვევები (ომბუდსმენის კანდიდატურის წამოყენების ან რუსთავი 2-ის დაცვის მაგალითი). ზემოთქმულიდან გამომდინარე, აუცილებელი ხდება ურთიერთკოორდინირებული საქმიანობა არა როგორც სტრატეგიის შექმის, ისე ტაქტიკური საქმიანობის სფეროში.

* * *

სიტყვა რომ არ გამიგრძელდეს, მოკლედ შევაჯამებ ზემოთქმულს.

მესამე სექტორმა თავის საქმიანობისას კიდევ უფრო მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს სამოქალაქო განათლების პროცესს. მართალია, მარგინალური აზროვნების დაძლევა მხოლოდ ცხოვრების დონის ზრდით შეიძლება მოხდეს, მაგრამ მოსახლეობის გათვითცნობიერება საკუთარ უფლებებსა და მოვალეობებში, მისთვის ზუსტი და გარკვეული ინფორმაციის მიწოდება განვითარების ნებისმიერ ეტაპზე წარმოადგენს აუცილებლობას და ეს მცდელობები არავითარ შემთხვევაში არ უნდა აღიქმებოდეს „ნაროდნიკულ სინდრომად“.

აღნიშნული საქმიანობისას საჭიროა არსამთავრობო ორგანიზაციების კოორდინირებული მოქმედება. რაიმე ორგანიზაციული სტრუქტურის შექმნა ამ მიზნის მისაღწევად სრულებით არ წარმოადგენს აუცილებლობას. მუდმივი შეხვედრები, ერთობლივი საქმიანობა და ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთკოორდინაცია უფრო ეფექტურად მეჩვენება.

აღნიშნულ საქმიანობაში და ხელისუფლებასთან ურთიერთობის პროცესში მესამე სექტორს ჰყავს ძლიერი ბუნებრივი მოკავშირე - საერთაშორისო და დასავლური ორგანიზაციები. ამიტომ მოქმედების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებად სწორედ დასავლურ ორგანიზაციებთნ (და დასავლურ ორგანიზაციებზე) მუშაობა უნდა იქნას მიჩნეული. უპირველეს ყოვლისა, სწორედ ეს უკანასკნელნი უნდა დავარწმუნოთ იმ პროგრამათა თუ გეგმათა სისწორეში, რომელთაც მესამე სექტორი შეიმუშავებს.

მანანა ტლაშაძე. როდესაც საუბარია რეფორმების წარუმატებლობასა და კრიზისზე ქვეყანაში, ალბათ დასაფიქრებელია, რა პერსპექტივები გააჩნიათ დემოკრატიული გარდაქმნების მხარდამჭერ ძალებს ზოგადად ხელისუფლებაშიც და საზოგადოებაშიც. ხომ არ არის საშიშროება, რომ ეს ძალები უმცირესობაში დარჩებიან და სათანადო გავლენას ვერ იქონიებენ ქვეყნის შემდგომ განვითარებაზე. მიმდინარე კრიზისი ალბათ მიგვანიშნებს, რომ ეს საშიშროება რეალურად არსებობს, ამდენად საუბარი პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ჯგუფების გამიჯნვებზე სხვადასხვა ვარიაციით, მითუმეტეს, როცა ნაკლებად ჩანს ისეთი ახალი პოლიტიკური ძალის განვითარების პერსპექტივა, რომელსაც შეეძლება განვითარების უკეთესი გზა შესთავაზოს ქვეყანას, არც თუ ისე გონივრულად მეჩვენება. შექმნილ სიტუაციაში ალბათ უფრო მნიშვნელოვანია, თუ ვისაუბრებთ თანამშრომლობის გაძლიერებაზე დემოკრატიულად მოაზროვნე ძალებს შორის ხელისუფლებასა და საზოგადოებაში, რომ ამ ურთიერთობებმა ფრაგმენტულის ნაცვლად ორგანიზებული ხასიათი მიიღოს და ხელი შეუწყოს არსებული მონაპოვრის მაქსიმალურ დაცვას, შენარჩუნებას და სწრაფვას მეტის მისაღწევად. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რამდენად შეძლებენ ეს ძალები გააფართოონ თანამოაზრეთა რიცხვი ხელისუფლებასა და საზოგადოებაში და ხელი შეუწყონ დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრებას ქვეყნის ცხოვრებაში.

რაც შეეხება იმ ზნეობრივ ნორმებს, რომლებიც ტრადიციულად გადმოგვყვა და წინააღმდეგობაში მოდის დემოკრატიული ცხოვრების წესთან, ვფიქრობ მათზე უარის თქმა და მათგან გამიჯვნა აუცილებელიც არის და ალბათ უფრო თამამადაც უნდა ხდებოდეს.

8 დამატება

▲ზევით დაბრუნება


8.1 ოპტიმიზმი კრიზისის პირას ანუ დემოკრატიის ბედი საქართველოში

▲ზევით დაბრუნება


გია მანელაშვილი

მომავალი მისაღწევია მხოლოდ უფრო ამაღლებული და სუფთა დემოკრატიის გზით

რობერტ მუზილი, 1913

კრიზისი და კანონზომიერებანი

სადისკუსიოდ შემოთავაზებული თემა გააჩინა მძაფრმა გულისტკივილმა საქართველოში კრიზისული სოციალ-პოლიტიკური ვითარების გამო; ეს დისკუსია იმის ნიშანიცაა, რომ საბიუჯეტო თუ სხვა კრიზისების თანაბრად გამომჟღავნდა არანაკლებ საშიში - იმედის კრიზისი: დღეს აშკარაა იმედგაცრუება მათი, ვისაც სურდა რომ საქართველოს უფრო სწრაფად ევლო დემოკრატიული რეფორმების გზაზე. სახელმწიფო საქმეებში იდეალიზმსა და პრაგმატიზმს შორის სწორი პროპორციის მოძებნა უმნიშვნელოვანესია, მაგრამ იყო კი მოსალოდნელი რომელიმე იდეალის თარგზე ქვეყნის სახეცვლილების „მასობრივი“, ძლიერი წყურვილი? პირველი პრეზიდენტის მეთაურობით გაჩენილი ენთუზიაზმის „იდეალისტური“ ტალღის გამოკლებით ქართული პოლიტიკური სინამდვილე ყოველთვის (9 აპრილის ეპიზოდის გარდა) გამორიცხავდა თანხმიერ განწყობებს: სხვადასხვა იდეალის „მოვლა-პატრონობა“ ცალკეული პოლიტიკური ჯგუფების საქმედ რჩებოდა.

კრიზისმა გააჩინა ცდუნება, რომ უკვე გამოცდილი და ოპტიმალური წონასწორობისადმი მსწრაფი დემოკრატიული ძალები ჩაბმულიყვნენ აქტიურ პოლიტიკაში. ინტელექტუალისგან შეიძლება მივიღოთ მართლაც კარგი პოლიტიკოსი (საუკეთესო მაგალითია პარლამენტის თავმჯდომარე), მაგრამ პოლიტიკოსის ფუნქცია მაინც სხვაა. საზოგადოების ინტელექტუალურმა ელიტამ შეიძლება გააცნობიეროს და დააყენოს პრობლემები, ხოლო თუ თავად გაპოლიტიკოსდა, საკუთრივი ფუნქციის შესრულება გაუჭირდება, იდეალური ზომიერება, სიბრძნე და პატიოსნებაც რომ გამოიჩინოს.

მოვლენის ახსნა სულაც არ ნიშნავს მის გამართლებას. ვაღიაროთ, რომ ყველაფერი, რაც დღეს გვადარდებს, ახსნადია, კანონზომიერი და მყარი ისტორიული ფესვები გააჩნია. კანონზომიერია მედროვეობა. საქართველოს ისტორიულ არაცნობიერში უდიდესი ადგილი უკავია გარდამავალ მდგომარეობაში ყოფნას, როდესაც ქვეყანაში მკვიდრდება ესა თუ ის გარეშე ძალა თუ იდეოლოგია (სოციალიზმი, ბოლშევიზმი, მენშევიზმი, კაპიტალიზმი, რუსეთის იმპერია, ახლოაღმოსავლური იმპერიები....). არაა გასაკვირი, რომ კონტინენტების, კულტურების და რელიგიების გზაშესაყარზე არსებულ პატარა ქვეყანაში არამდგრადი მდგომარეობა - გარეშე გავლენისადმი წინააღმდეგობის გაწევა და ამავე დროს, საპირისპიროდ, შემგუებლობაც - იქცა საზოგადოების ჩვეულებრივ ფსიქოლოგიურ განწყობად. იქნებ აქედან გამომდინარეობს ქართველთა (და სხვა აქაურთა) ამბივალენტური, საწინააღმდეგო მიდრეკილებანი: ინერციულობა და მეწინავეობა, ტოლერანტობა და სიხისტე? ისტორიული მასშტაბის გადმოსახედიდან დემოკრატია საქართველოში მოჩანს როგორც მორიგი მოდური იდეოლოგიური თავშალი, რომლის კოხტად მორგებას ცდილობს კომუნისტური „შლიაპაგამონაცვალი“, ბუნებრივად კოხტაობისადმი მიდრეკილი ქართული საზოგადოება. და ამისთვის მას სულაც არ დასჭირდება რომელიმე ფუკუიამას მოძღვრების გააზრება.

არც ისაა გასაკვირი, რომ ჯერ რუსულ-იმპერიული, შემდეგ კი საბჭოთა ბიუროკრატიზმით გაპოხილ საქართველოს დაწესებულებებში კორუფცია დღესაც გენერალური ნორმაა და აქსიომა. სწორედ იმ დროს მყარდებოდა ქართული საზოგადოების პროვინციალიზმი და მორგებიანობა (ირითმება მომგებიანობასთან) და საბოლოოდ ჩაეყარა საფუძველი დღევანდელი ამორალობის, მედროვეობის, გამორჩენისა და უწესობის სინდრომს - „უნდა მოასწროს, სანამ მოხსნიან“, „ადგილი არ უნდა გააფუჭოს“ და მისთანანი. ასე რომ, კანონზომიერია, რომ 90-იანი წლების ველური ლიბერალიზმის წვიმაში მოხვედრილ ქართულ უღრან ტყეში იხარა მრავალმა სოკომ, სასარგებლომაც და შხამიანმაც. ასეთ ვითარებაში გასაგებია ისიც, რომ საზოგადოებისათვის აუცილებელი საერთო დასაყრდენი იძებნება კვლავ პატრიარქალური ერთიანობის სულისკვეთებაში - რის შედეგადაც ხდება ქვეყნის პირველი პირის საკრალიზება („თუ არა იგი, მაშ ვინ?“), ბუნებრივად სახელდება მინისტრის არჩევა-არაარჩევის არგუმენტად „კაიოჯახისშვილობა“; კრიტიკა ხშირად შეურაცხმყოფელია ან ზედმეტად მტკივნეულად - პიროვნების შეხებად - აღიქმება და ა.შ.

კანონზომიერია არადემოკრატიული ხერხებით დემოკრატიისთვის ბრძოლაც; ეს პარადოქსი იქნებ ბუნებრივია დემოკრატიის მშენებარე ყველა ქვეყანაში, სადაც განვითარების თვით დემოკრატიული გეზია მყიფე, სათუო. დემოკრატიულ საზოგადოებაში ოპონენტები იზიარებენ თამაშის საერთო წესს, და ისევე ღირსეულად ღებულობენ გამარჯვებას, როგორც დამარცხებას. ყოველი ახალი მთავრობა არ ჩორკნის ხელახლა კონსტიტუციას, კრიტიკა მძაფრია, მაგრამ არა - მტრული. ოპონენტთა დამოკიდებულება შეიძლება შევადაროთ კრივს, - მეტოქენი სრული ძალით, მაგრამ წესისმიერად „ჰკრავენ“ ერთმანეთს. ცხადია, ასეთ სისტემას ვერ იტანენ ექსტრემისტული ძალები, და მთავრობა ზოგჯერ იძულებულია დემოკრატიის დამცველი ზღუდე აღმართოს. მაგრამ თუ ზომიერება არ დაიცვა, რუსული გამოთქმისა არ იყოს, შეიძლება „წყალს ბავშვიც გადააყოლოს“ და საბრძოლველიც აღარაფერი დარჩეს.

ბუნებრივია, არასასურველ პოლიტიკურ მოვლენებზე ქართული საზოგადოების ცინიკური რეაქციაც და მისი გაუცხოებაც. ესეც საბჭოური „უძრაობის“ შემონარჩენია - მწარედ ირონიული ინერცია მდგომარეობისა, როდესაც ხელისუფლება და საზოგადოება ერთმანეთის მიმართ უპასუხისმგებლონი იყვნენ და ერთმანეთის შიშს და, დიდწილად, სიძულვილსაც განიცდიდნენ.

შევაჯამოთ: რეტროპერსპექტიულად, დღეს საქართველოში თითქოსდა არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, ანუ - ნ ო რ მ ა ლ უ რ ი ვითარებაა: გარედან შემოსული წესი ფუძნდება, ცხოვრება კი თავისით მიდის (როგორც ეს დახატულია ოთარ იოსელიანის „მთვარის ფავორიტებში“) - ფუნქციონერები ფუნქციონირებენ, ქურდები ქურდობენ, ბოზები ბოზობენ....

- და განა ეს ნორმალურია?! - იყვირებს უკვე თენგიზ აბულაძის „მონანიების“ მთავარი გმირი. ნორმალურია, ვპასუხობთ, ნორმალურია, მაგრამ, საბედნიეროდ, არც მთლად ნორმალური, რადგან ქვეყანაში გაჩენილია რამდენიმე ახალი სოციალური ელემენტი და ახალი განწყობა.

მინუს რომანტიზმი

თითქოსდა ნასაბჭოთარი სივრცის ამ მონაკვეთში, აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნებისგან განსხვავებით, ერთი საზოგადოებრივი წყობიდან მეორეზე რეალურ გადასვლას შეიძლება მართლაც ბიბლიური 40 წელი დასჭირდეს. იქნებ იდეალიზმი, მაქსიმალიზმი და რომანტიზმია, მოვთხოვოთ პოლიტიკოსებს, საზოგადოებას, უმოკლეს დროში გაიჩინონ რეფორმისტული სულისკვეთება და ახლებური ცხოვრების წესი?! დემოკრატია ხომ, ჯერჯერობით, მხოლოდ ერთ-ერთი პოლიტიკური მიმდინარეობაა, რეალობით ნაწილობრივ შევსებული სახელმწიფო სლოგანი.

რეფორმისტული, დამრტყმელი პარტიის სასწრაფო შექმნა, და ძლივსძლივობით მიღწეული სახელისუფლო წონასწორობის „რევოლუციური“ დარღვევა დაემსგავსება „რომანტიკული“ პრინციპის - „ან ყველაფერი, ან არაფერის“ - ხორცშესხმას, მაგრამ, ვაი, რომ ამ პრინციპის განხორციელებას ხშირად სწორედ რომ არაფერი მოსდევს. „სოციალიზმი ან სიკვდილი!“, - ასეთი იყო ოდესღაც რომანტიკული ელფერის მქონე კუბური რევოლუციის მოწოდება, მაგრამ დღესაც ცოცხალია ამ ლოზუნგის ავტორი, მწარ-ტკბილად რომ შეაბერდა ძალაუფლებას, ჯერაც ცოცხალნი არიან მის მიერ მართვადი კუბელები, გაჭირვებით რომ ირჩენენ თავს, ხოლო სოციალიზმისა კი, რა მოგახსენოთ. ამიტომაც, რადიკალურმა მოწოდებებმა შეიძლება „არაფრისკენ“ წაიყვანონ სიტუაცია, რაც არანაკლებ სახიფათოა, რადგან სწორედ არსებული რეალური მონაპოვარია ძვირფასი. ხვალინდელი ქათმის მოსურნეს სწორედ ამ ქათმისთვის საჭირო დღევანდელი კვერცხი არ უნდა გაუცუდდეს.

სრულფასოვანი დემოკრატიის მოთხოვნა საზოგადოებაში, რომელიც სულ სხვა წესით სულდგმულობს, ჭაობიდან საკუთარი თავის თმით ამოყვანას დაემსგავსება, თუ ცვლილებების მიმართულება და ტემპები სწორად არ იქნა განსაზღვრული. მაგრამ სამართლიანობის მოთხოვნა არასგზით არ უნდა განელდეს და იდეალური თარგი მუდამ თვალწინ უნდა იყოს. ესეც დემოკრატიული აღმშენებლობის მორიგი პარადოქსია. ახალი ფსიქოლოგიისა და ადეკვატური სახელმწიფო მმართველობის წარმოქმნა ერთიანი პროცესია; ესაა ქანდაკება, რომელიც, სხვადასხვა მხრიდან უნდა გამოკვეთო. პოსტსაბჭოთა სივრცეში დემოკრატიული ინსტიტუტების შემოტანის ეტაპი დასრულდა. ახალი ტანსაცმელი იკერება, ხდება მიზომვა, მორგება; ამან შეიძლება დიდხანს გასტანოს; მერე კი კოსტუმი საკმაო ხანი უნდა ვატაროთ, რომ შევეგუოთ და გავითავისოთ.

მთავარი პრობლემები ანუ რისთვის ღირს ბრძოლა, რა არის მისაღწევი?

საზოგადოებრივ-პოლიტიკური ველში არ არსებობს ეროვნული თანხმობა განმსაზღვრელი წესის შესახებ; არ არსებობს საქვეყნო ღერძი, მოქალაქეობრივი ერთობა და არც ქართული ეროვნული ერთობა. საზოგადოება მეტად ფრაგმენტულია, ამ ფრაგმენტებს, უკეთ კი, ელემენტებს, ახასიათებთ რადიკალურად განსხვავებული, ხშირად ეკლექტური წარმოდგენები ქვეყნის სამომავლო განვითარების შესახებ. სახელმწიფო სტრუქტურების მუშაობის გაუმართაობა ასახავს ქართული საზოგადოების არამდგრადობას, ეთიკურ-ფსიქოლოგიური დასაყრდენის, საზოგადოებრივი ხელშეკრულების არარსებობას, გარდა „ტრადიციული ქართული გაგებისა“, ერთიანი სურათის შექმნას დღეს ხელისუფლების ძალისხმევა თუ უზრუნველყოფს; ამ გამაერთიანებელ როლს დღეს მეტ-ნაკლები წარმატებით საქართველოს პრეზიდენტის ძლიერი პოლიტიკური ფიგურა ასრულებს და სწორედ ამაშია მისი მთავარი დამსახურება და მნიშვნელობა.

უზარმაზარი პრობლემაა ინდივიდუალიზმი და განკერძოება - საზოგადოებაშიც და პოლიტიკაშიც. საქვეყნოდ შერცხვენა არ გვიყვარს, მაგრამ ასევე არ გვინდა საქვეყნო შრომაც, საერთოზე ზრუნვა სხვისგან დამოუკიდებლად (რატომ უნდა გავაკეთო მე, და არა ჩემმა მეზობელმა?! იმისიც ხომაა სადარბაზო, ქუჩა, ქალაქი, ქვეყანა... რატომ არ უნდა მოვიპარო მე, როდესაც გარშემო ყველა იპარავს?) ჩვენი მოქალაქე ჯერ არ გადაქცეულა საზოგადოების წევრად, შინაგანად დამოუკიდებელ პიროვნებად: მას აკლია კერძო პიროვნულობა, როგორც თანამდევი კერძო საკუთრებისა. პიროვნების გამტკიცებას ხელს შეუწყობს სიღარიბის დაძლევაც. ერთმანეთში ხომ კარგად ურთიერთობენ ისინი, ვისაც თავისი კუთხე გააჩნია, დაძაბულობა კი აქვთ მათ, ვინც მოკლებულია საკუთარს და საზოგადო აქვს გასაყოფი. ცხადია, ამ პროცესის პარალელურად მოხდება ურთიერთობის, კომპრომისის კულტურის ამაღლებაც.

ინდივიდუალური ხასიათისაა კავშირები პოლიტიკურ ფენასა და საზოგადოებას შორის. საბჭოთა ხანაში, ჭეშმარიტი საზოგადოებრივი ველის უქონლობისას, პირადული ინტერესების რეალიზაციის აუცილებლობამ შინაგანად გამოხრა საბჭოთა სისტემა. დღესაც, იმავე მიზეზით, მმართველობის სხვადასხვა რგოლში ხდება პოლიტიკური, სახელმწიფოებრივი და კერძო ეკონომიკური ინტერესების მანკიერი დამთხვევა („კლანების კლანჭები“), რაც უმაქნის ხდის თვით საზოგადო ველის მოქმედებას. საჭიროა მძლავრი კერძომესაკუთრული ინსტინქტის სწორ კალაპოტში ჩაყენება, მისი ხელშემწყობი ფსიქოლოგიური, მმართველობითი და სამართლებრივი გარემოს შექმნა; მხოლოდ ასეთ შემთხვევაში გვექნება ნამდვილი საზოგადოებრივი აზრიც..

უმთავრეს პრობლემად კი საქართველოში მაინც რჩება რეალური დამოუკიდებლობის კულტურის დეფიციტი. ამის მიზეზებია სახელმწიფო დამოუკიდებლობის მცირე გამოცდილება, ცივილიზაციური პროვინციალიზმი, ქვეყნის სიმცირე, საგარეო პოლიტიკური ფაქტორების სიჭარბე - და სხვაც მოიძიება. ამ შინაგანი დამოუკიდებლობის, თვითმყოფადობის ნების გარეშე, რაშიც ფილოსოფოსი ორტეგა-ი-გასეტი ხედავდა ეროვნული გამორჩეულობის ძირისძირს, ხეირიანად არაფერი მოხერხდება. დღეს საქართველომ არა მარტო უნდა შეიცვალოს საკუთარი თავი, მან ეს თვითონ უნდა გააკეთოს; გარეგანი არჩევანი მან თავის საკუთარ, შინაგან არჩევნად უნდა აქციოს..

საქართველოს ნამდვილი დამოუკიდებლობის მეორე, ურთულესი პრობლემაა ახალ რუსეთთან ახლებური, ურთიერთსასარგებლო ურთიერთობის მიღწევა ძველი ინერციის საწინააღმდეგოდ და დასავლურ სტრატეგიათა ფონზე. ბუნებრივია, მათ შორის ერთიანი წარსულით და პრობლემატიკით განპირობებული უამრავი მსგავსება და „პარალელიზმი“ რომ არსებობს - მსგავსება კანონების მიღებაში და სახელმწიფო სტრუქტურებში, მსგავსება ჯერაც მიწაზე კერძო საკუთრების პრობლემის არსებობაში და ა.შ. და მაინც ქვეყანა მართლაც დამოუკიდებელი იქნება მხოლოდ მაშინ, როდესაც ქართული პოლიტიკური ძალები არ გადალაგდებიან რუსეთის „პოლიუსიდან“ გამომდინარე, მაგნიტური გავლენის მქონე პოლიტიკური ძალწირების მიხედვით, რუსულ პროცესებს აუცილებლად არ გამოედევნება რომელიმე ადგილობრივი „პარალელური აქცია“ და ა.შ.

ნამდვილი დამოუკიდებლობის მიღწევა სადღეისოდ სწორედ ლიბერალური და დემოკრატიული საზოგადოებრივი არსებობის წესის დამკვიდრებითაა შესაძლებელი, რაც ვერ მიიღწევა ვერავითარი „ცალკე აღებული“ ერთი რეფორმისტული თუ ანტიკორუფციული კამპანიით (განურჩევლად იმისა, ვიგულისხმებთ ამ სიტყვაში მოქმედებებს, ჯგუფს, პარტიას თუ მიმდინარეობას), და მხოლოდ ხანგრძლივი, სტრუქტურული ცვლილებების შედეგი იქნება. ეს კი გააზრებულ, ნებაძლიერ, თანმიმდევრულ მოქმედებას მოაქვს, საკმაო დროს მოითხოვს და ძალიან ფაქიზი მისაღწევია. ამ მიზნისთვის საჭიროა არა ერთი, არამედ მინიმუმ ორი სერიოზული პარტია, რომლებიც კონკურენციისას საერთო საქმისთვის ითანამშრომლებენ.

ასოების მოხაზულობის სწავლით ბავშვი, სინამდვილეში, სიტყვების წაკითხვას სწავლობს; სიტყვების კითხვის სწავლით კი - მშობლიურ ენას და კულტურას, რაც პიროვნული ზრდის მძლავრ საშუალებას უქმნის. მსგავსად ამისა, სოციალურ ყოფაზე გულაცრუებული ტელემაყურებელი საინფორმაციო გამოშვებებში რომ ოპონენტთა დავას უყურებს, დემოკრატიის ანაბანას ეუფლება; როდესაც იბრძვიან ამა თუ იმ მინისტრის წასვლა-დარჩენისთვის, სწორედ ესაა კარგი, რადგან ამ დროს მიმდინარეობს უმნიშვნელოვანესი ბრძოლა საქართველოში დემოკრატიული და ლიბერალური ღირებულებების დასამკვიდრებლად.

ბრძოლა მიდის იმისთვისაც, რომ გაქრეს „საბჭოური“ ფატალისტური განწყობა: მაინც ყველა იპარავს; არაფერი შეიცვლება; შენ არავინ გკითხავს; ბრძოლა იმისთვის, რომ საქართველოში ისწავლონ შეთანხმების კულტურა არა მარტო სიმღერაში და სუფრაზე, არამედ - ყოფაში, ისწავლონ პასუხისმგებლობა, ანუ რეალობის მაქსიმალური გათვალისწინება; ბრძოლა იმისთვის, რომ საქართველოში მცხოვრები ყველა ეროვნება ჩაერთოს სახელმწიფოს აღმშენებლობაში; ბრძოლა იმისთვის, რომ ჩვენში მასობრივად დამკვიდრდეს სისტემური, გონიერი შრომა და არ იამაყონ საკუთარ თავზე ნათქვამით: „ნიჭიერია, მაგრამ ზარმაცი“; რომ არ იმძლავროს ინფანტილიზმის სარჩულის მქონე ელიტურ-მარგინალურმა ცნობიერებამ, რომლისთვისაც ძნელია წესის დაცვა, რაც პირადი თავისუფლებისა და ღირსების შელახვად მიაჩნია (შეპარული კომპენსაცია სურვილისა, მოვლენების ცენტრში აღმოჩნდეს); მას პასუხისმგებლობა და თავის შეწუხება უჭირს და მისი მატარებლისთვის ცნება მუშაობა გაიგივებულია ან რაღაც მძიმესთან, მტანჯველთან, ან სინეკურასთან, ან დროებით გმირულ აქციასთან და არა ბუნებრივ, ნორმალურ მდგომარეობასთან. ასე რომ, საუკუნის წინანდელი ე.წ. „ბურჟუაზიული ერის“ მშენებლობის ოდნავ მოდერნიზებული ამოცანა, ეტყობა, ჯერაც აქტუალურია.

საბოლოო ანგარიშში კი, ბრძოლა მიდის საქართველოში ზოგადსაკაცობრიო (და,შესაბამისად, ჩვენივე საკუთარი) ეთიკური ნორმების რეალიზებისთვის, რომლებიც გამორიცხავენ სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინსტიტუტების კერძო-მესაკუთრულ მოხმარებას. საბჭოთა კავშირში ამ ზოგად ეთიკურ ნორმებს, ტრადიციული მორალის გარდა, ერთგვარად უზრუნველყოფდა სწორედ კომუნისტური იდეოლოგია. დღეს ეს როლი დემოკრატიულმა კონცეფციამ უნდა იკისროს. და ყველაზე გულსატკენია არა ის, რომ კანონები არ სრულდება, არამედ ის, რომ უზნეობას მათი დაცვის გარეშე მტკიცე ზღუდე არა აქვს, და, ჩვენდა სასირცხვილოდ, ზნეობრივი ნორმის უზრუნველყოფა მაინცდამაინც დემოკრატიული მექანიზმების დახმარებით უნდა მოხერხდეს.

მინუს პესიმიზმი

- რა ცუდი ხალხი ვყოფილვართ ეს ქართველები! - ხშირად ისმის შეძახილები, დასავლეთს ჩვენი აღარ სჯერა, დავიღუპებით! ნდობის კრედიტი გამოილია! არავინ არაფერს არ მოგვცემს! რუსეთსაც თავისი გასჭირვებია!

ამგვარი რომანტიკულ-ინფანტილური ხედვა ნევროტულად შეფერილ ეგოცენტრულ გაგებაზეა დაფუძნებული, სხვისას იოლად რომ ისაკუთრებს და, შესაბამისად, სხვისი შემხედვარობა და სხვაზე დამოკიდებულება რომ გაუხდია თავის სარჩენად: დასავლეთი გვეხმარება იმიტომ, რომ მოვეწონეთ მისი ინტერესების განხორციელების თვალსაზრისით (ნავთობსადენი და გეოპოლიტიკა), ახლა კი, ცუდად რომ ვიქცევით, დასავლეთი შემოგვწყრება და გაგვებუტება, თქვენთან აღარ ვთამაშობო (ჩვენ ხომ ასე მოვიქცეოდით, - ფსიქოლოგიური პროექციის ფენომენისამებრ). მაგრამ მსოფლიო ცივილიზაციის ლიდერები წარმატებულნი არიან სწორედ იმიტომაც, რომ სემინარის თემის „კეთილპროვოკაციულ“ შესავალში ნახსენები საღი პრაგმატულობით გამოირჩევიან, რაც გულისხმობს გონიერ, შორსმჭვრეტელ, გაწონასწორებულ და კეთილგანწყობილ მიდგომას პარტნიორისადმი, მისი ავ-კარგის, შესაძლებლობების გათვალისწინებას. დასავლეთი, საქართველოს გარდა, არანაკლებ თავმომწონე და რთულ ქვეყნებს იცნობს, და როგორც არ უნდა გვინდოდეს, „რაღაც განსაკუთრებული“ რამ ვიყოთ, დემოკრატიის მშენებლობის სირთულეების მხრივ, არა მგონია, ახალი სიტყვა ვთქვათ.

მთავარი მაინც ისაა, რომ დასავლეთიც და რუსეთიც თავის ინტერესებს კავკასიაში ავად თუ კარგად მაინც უზრუნველყოფენ - აი, ჩვენ კი ვიკითხოთ, როგორ შევიძინოთ ნამდვილი თვითმყოფადობა, ჭეშმარიტი დამოუკიდებლობა, რომ ჩვენი მორალი, ჩვენი უნარი მუშაობისა, და ჩვენი წარმატებანი არ იყოს დამოკიდებული მაინცდამაინც გარედან შემოსულ, თუნდაც საუკეთესო შესამოსელზე, ჰუმანიტარულ ტრანშებზე, თითის ქნევაზე და ჭკუის სწავლებაზე.

დემოკრატიისა და კანონიერებისთვის ბრძოლის სირთულეები დღეს მოწმობს არა მარტო იმას, რომ საქართველოში ძნელია ახალი ტიპის პოლიტიკური კულტურის განვითარება, არამედ იმასაც, რომ ამგვარი კულტურა უკვე ფუძნდება. ხელისუფლების მუშაობის გაუმჯობესება და ჯანსაღი ოპოზიციის მოთხოვნა, შეიძლება გაჩნდეს მხოლოდ იქ, სადაც ამის მოთხოვნილება და შესაძლებლობა არსებობს. სადღეისოდ, დადებითი და უარყოფითი ტენდენციები წინააღმდეგობაშია მოსული და სწორედ ესაა, აშკარად რომ მეტყველებს დადებითი ტენდენციების საკმაო განვითარებას. კრიზისის გაჩენა ოპტიმისტურია, რადგან მიანიშნებს ქართულ საზოგადოებრივ-სახელისუფლო სივრცეში დემოკრატიული წესის აუცილებლობის მოთხოვნას. ამას მხარს უჭერს საზოგადოების ყველაზე მობილური და თანამედროვეობასთან ყველაზე დიდ კორელაციაში მყოფი ნაწილი - პოლიტიკოსები, ბიზნესმენები, მეცნიერები, ჟურნალისტები, არასამთავრობო სექტორი.

შეცდომაა პასიური ლოდინი, როდის განვითარდება ე.წ. საშუალო ფენა, და შემდეგ „თავისით“ გაჩნდებიან მისი ადეკვატური პარტიები, ისევე, როგორც პატიოსანი ბიზნესმენები, პრაგმატულად იდეალისტი პოლიტიკოსები, მართლაც დამოუკიდებელი მედია და ა.შ. აუცილებელი ნაბიჯები ამ მხრივ კვლავ და კვლავ უნდა გადაიდგას, რადგან ამ კურსის მოწინააღმდეგეები ყველა ღონეს ხმარობენ ხელშესაშლელად - ერთმანეთს უპირისპირებენ ეროვნულ და დემოკრატიულ ღირებულებებს, უპირისპირებენ ლიბერალიზმს აგრესიულ პოპულიზმს და სხვა.

ჩვენ მივადექით რეალური ცვლილებების აუცილებლობას. ეს ცვლილებები მაინც მოხდება, ეს - მსოფლიო ტენდენციაა, რაც სულაც არ ნიშნავს, რომ ტრადიციული ელემენტები უნდა გადავაგდოთ. მავნეა დაპირისპირება: ან ძველი, თბილი, ნაჩვევი, ადამიანური, „გამგებიანი“ და ყოველგვარ წესს დაუმორჩილებელი, ან კანონიერი, მაგრამ ცივი, გაყინული, უცხო, და, საბოლოოდ მიუღებელი. ჭეშმარიტება თავისი გზებით დადის, და არა ვინმეს წარმოდგენით; და როდესაც საქართველო საკმარისად დემოკრატიული ქვეყანა გახდება, აღმოჩნდება, რომ ის კვლავ განუმეორებელია.

8.2 პრაგმატიზმი თუ იდეალიზმი

▲ზევით დაბრუნება


ზურაბ ჭიაბერაშვილი

„ქვეყნისთვის ეროვნული სიამაყე იგივეა, რაც პიროვნებისათვის საკუთარი ღირსების შეგრძნება: იგი აუცილებელი პირობაა საკუთარი სრულყოფისათვის. ზომაზე მეტად განვითარებული ეროვნული სიამაყე ომისადმი მიდრეკილებისა და იმპერიალიზმის მიზეზი შეიძლება გახდეს. მაგრამ როგორც საკუთარი ღირსების განცდის ნაკლულობა აძნელებს პიროვნების მიერ ზნეობრივი სიმამაცის გამოვლენას, ასევე ეროვნული სიამაყის ნაკლულობასაც ძალიან ცოტა რამის შემატება შეუძლია ნაციონალური პოლიტიკის შესახებ სისხლსავსე და ცხოველი დისკუსიისათვის“, - ასე იწყებს თანამედროვე ამერიკელი ფილოსოფოსი რიჩარდ რორტი თავის ესეს „ამერიკული ეროვნული სიამაყე: უიტმენი და დიუი“.

თანამედროვე ქართულ პრობლემებზე ჩაფიქრებულმა ქართველმა შეიძლება სწორედაც რომ ეროვნული სიამაყის დამცირებად აღიქვას ამერიკელის ციტირება იქ, სადაც შეიძლებოდა ილია ჭავჭავაძისა თუ ნიკო ნიკოლაძის ხსენება. მაგრამ ამ სიტყვებით ჩემი გამოსვლის დაწყებას რამდენიმე მიზეზი აქვს:

თუ მთელმა ქართულმა საზოგადოებამ არა, ამ დისკუსიაში მონაწილე ადამიანებმა მაინც კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ ყოველი „ეროვნული პროექტის“ განხორციელებას, ანუ მოცემულ ტერიტორიაზე მოცემული საზოგადოების ძლიერ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას წინ უძღოდა მართლაც სისხლსავსე და ცხოველი დისკუსია იმის თაობაზე, თუ რანი ვიყავით, რანი ვართ და რანი ვიქნებით.

უიტმენი და დიუი, რომელთაც რორტის ესე ეძღვნება, სწორედ ის ადამიანები არიან, ვინც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ამერიკის დამფუძნებელ მამათა ნააზრევის თითოეული პიროვნების საკუთრებად ქცევაში. ანუ ამ ადამიანებმა ბევრი გააკეთეს იმისათვის, რომ ამერიკის წიაღში დაბადებული თეორიული ცოდნა დემოკრატიის შესახებ თითოეული მოქალაქის შინაგანი ცხოვრების ნაწილად ექციათ.

ჩვენთვის ყველაზე მთავარი ის არის, რომ ეროვნული სიამაყის გრძნობა საკუთარი შინაგანი განცდებიდან და მოქმედების ორიენტირებიდან რიტორიკის სფეროში გვაქვს გატანილი. ჩვენ, ქართველებმა, შეიძლება ძალიან ხმამაღალი ტონით ვიმსჯელოთ „ეროვნულ ფასეულობებზე“, მაგრამ თავად ეს ფასეულობები არ განსაზღვრავს ჩვენს ყოველწამიერ ქმედებას. უფრო მეტიც, ჩვენ არტიკულირებული არც გვაქვს ჩვენი „ეროვნული ფასეულობები“, რომელთა ჩამოთვლის მცდელობა, უკეთეს შემთხვევაში, კარგ ქართულ სადღეგრძელოდ ფორმდება. „ეროვნული სიამაყე“ თუ „ეროვნული სირცხვილი“ არ არის ჩვენი პიროვნული განცდების შემადგენელი ნაწილები.

რორტის ციტატის მოხმობას ჩემი სიჯიუტეც უდევს საფუძვლად: ქართული საზოგადოების დიდი ნაწილის მიერ დასავლური დემოკრატიის თვალსაჩინოებების - ადამიანთა უფლებების დაცვა, სიტყვისა თუ აღმსარებლობის თავისუფლება, მოქალაქეთა წინაშე ანგარიშვალდებული ხელისუფლება და ა.შ. - მიუღებლობას მე იმით ვპასუხობ, რომ ამ საზოგადოებას ვუჩვენო, რა ღირებულებათა სისტემაზე აშენდა დასავლური კეთილდღეობა. ამის საილუსტრაციოდ კი მხოლოდ ერთი კონკრეტული მაგალითის (რომლის კავშირი ჩვენს თემატიკასთან შეიძლება ძალიან მყიფედ მოეჩვენოს ვინმეს) მოყვანაც საკმარისია.

დიდი ბრიტანეთის ყოფილი ელჩი საბჭოთა კავშირსა და რუსეთში (1988-92) სერ როდერიკ ბრეიტვეიტი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის განმაპირობებელ სამ ფაქტორს გამოყოფს: გეოგრაფიას, ისტორიასა და ემოციას. იგი იხსენებს, რომ წლების განმავლობაში მარგარეტ ტეტჩერის პირადი ემოციები ემთხვეოდა ბრიტანელი ხალხის განწყობას, აზრს, ემოციას. ეს მით უფრო მნიშვნელოვანია, რომ თავად ელჩის თქმით, გონიერი და რაციონალისტი ტეტჩერის დამოკიდებულება გერმანიასთან, ევროკავშირთან ღრმად ირაციონალური იყო.

ჩვენი საზოგადოების დამოკიდებულება საქართველოს გეოგრაფიულ მდებარეობასთან („ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა“) და ისტორიასთან („გმირული წარსული“) სცდება როგორც იდეალიზაციის, ისე მისი პრაგმატული გააზრების ფარგლებს და მითოლოგიის არენად არის გადაქცეული. მთელი ჩვენი უბედურება ისაა, რომ გონება ნაკლებად მონაწილეობს იქ, სადაც საკუთარი ადგილმდებარეობისა და ისტორიის გადააზრებაა საჭირო, და ზომაზე მეტია იქ, სადაც მეტი გასაქანი გულწრფელ ემოციას და გულის კარნახს უნდა ჰქონდეს ადგილი.

მაგრამ საიდან მოდის გულწრფელი ემოცია? მას საფუძვლად ადამიანის მიერ გარკვეული ფასეულობების გაზიარება უდევს. უფრო მეტიც, ადამიანი ამ ფასეულობებს იმათთან ერთად უნდა იზიარებდეს, ვისთანაც ყოველდღიურ შეხებაში მოდის. საზოგადოების საფუძვლად არსებულ ღირებულებათა სისტემის საჭიროება ჩვენი ყოველდღიური ქმედებისათვის (თუ რაიმე პრაგმატულ მიზნებს მივდევთ) აუცილებელი ხდება.

როდესაც საზოგადოების საფუძვლად არსებულ ღირებულებათა სისტემის საჭიროებაზე მივუთითებ, რაიმე სახის იდეოლოგიის ან ეროვნული იდეის მოთხოვნას არ ვგულისხმობ. „ღირებულებათა სისტემაში“ უფრო ფორმას ვგულისხმობ, ვიდრე რაიმე კონკრეტულ შინაარსს, მაგალითად, ფრაზას „ენა, მამული, სარწმუნოება“. ეს უკანასკნელი შეუძლებელიცაა, რადგან საზოგადოებრივი აზრის ერთი პატარა გამოკითხვაც საკმარისია, რათა დავინახოთ, რომ ჩვენი საზოგადოების სხვადასხვა წევრს, სხვადასხვა ჯგუფს განსხვავებული, ზოგჯერ დაპირისპირებული ფასეულობები გააჩნია. ასეთ საზოგადოებას თანაარსებობის ერთადერთი შესაძლებლობა აქვს: შეთანხმდეს საზოგადოების არსებობის წესებზე, იმ პირობებზე, რომლის დროსაც შესაძლებელია ამავე საზოგადოების განვითარების მიზნების შესახებ შეხედულებათა წამოყენება, მშვიდობიანი განხილვა და რეალიზება. ამდენად, საზოგადოების ერთიანობას ერთ ფურცელზე ჩამოწერილი მიზნები („დემოკრატიის აშენება“, „აფხაზეთის დაბრუნება“, „რუსთავის მეტალურგიული ქარხნის პრივატიზაცია“) კი არ უნდა ედოს საფუძვლად, არამედ ერთ ფურცელზე ჩამოწერილი წესები, რომელსაც ყველა დავიცავთ, როდესაც „დემოკრატიის აშენების“, „აფხაზეთის დაბრუნებისა“ თუ „რუსთავის მეტალურგიული ქარხნის პრივატიზების“ გზებსა და მეთოდებზე დავიწყებთ საჯარო დისკუსიას.

ჩვენს მსჯელობას ყოველთვის აბსტრაქტული ხასიათი აქვს იმის გამო, რომ ვსაუბრობთ ზოგადად საზოგადოების და არა მისი კონკრეტული წევრების ქცევაზე, ვადანაშაულებთ ზოგადად ხელისუფლებას და არა მის კონკრეტულ წევრებს. ამავე მიზეზით, ჩვენ იმაზეც ზოგადი წარმოდგენა გვაქვს, როგორი არის ან უნდა იყოს ღირებულებათა სისტემა. ეს ზოგადობა რომ თავიდან ავიცილო, ვიტყვი, რომ თანაარსებობის წესები არა მხოლოდ ხელისუფლების შიგნით, ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის არ არის დადგენილი, არამედ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენი ყოველდღიური ქცევის დონეზე არ არის გააზრებული. ჩვენი კრიზისის დასაძლევად უფრო სასარგებლო ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების პრინციპების გააზრება იქნება და არა ზოგადი ფორმულირებები ეკონომიკურ კეთილდღეობასა და ადამიანთა უფლებების დაცვაზე. ამიტომ მსჯელობის გასაცოცხლებლად კონკრეტულ მაგალითზე ვიმსჯელოთ.

ხორცის გამყიდველის მიერ წონაში მყიდველის მოტყუება პრაგმატიზმი კი არ არის (როგორც ეს საქართველოში ესმით), არამედ - ქურდობა და მყიდველის ღირსების შეურაცხყოფა. შეიძლება ვინმემ ხორცის გამყიდველს პრაგმატიზმი იმით დაუწუნოს, რომ განაცხადოს: ხვალ ეს მყიდველი მასთან აღარ მივა. მაგრამ ამაში არ არის საქმე. პრაგმატიზმის ეს გაგება ქართულ გაგებაზე ცოტათი მაღლა დგას და მის მატარებულ სუბიექტს თავში მაინც ის აზრი უტრიალებს, რომ დასავლური კეთილდღეობის საფუძვლები ველურ კაპიტალიზმში უნდა ვეძებოთ. შეიძლება ეს მყიდველი არათუ იმ გამყიდველთან, იმ ბაზარში საერთოდ აღარ მივიდეს სხვა გარემოებათა გამო (გერმანიაში წავიდეს ბეიბისიტერად), მაგრამ ფაქტს, რომ გამყიდველმა მისი ღირსება შეურაცხყო, ვერაფერს მოუხერხებ. უბედურება კი იმაში მდგომარეობს, რომ თავად მყიდველი არ აღიქვამს ამას შეურაცხყოფად. იგი რომც აღშფოთდეს და გამყიდველს სასწორი (ან გირები მაინც) თავზეც დაამხოს, ამას იგი დაკლებული 200 გრამი ხორცისთვის გააკეთებს და არა საკუთარი ღირსების შელახვისაგან გამოწვეული ბოღმის გამო. ანუ შემდავებელი მყიდველის პრაგმატიზმის საფუძვლად საზოგადოებრივ ურთიერთობათა წესების ირაციონალური (!) მორჩილება და პატივისცემა კი არ იქნება, არამედ ისევ ქართულად გაგებული პრაგმატიზმი.

მე მგონი, ადვილი მისახვედრია, რომ ამ მაგალითის ამომრჩეველ-არჩეულის, მოქალაქე-ხელისუფალის ურთიერთდამოკიდებულებაზე განვრცობა მსურს. თავი დავანებოთ იმას, რომ არჩევნების გაყალბებას ჩვენი საზოგადოების წევრთა უმრავლესობა არც ეროვნული და არც პიროვნული ღირსების შეურაცხყოფად არ აღიქვამს. ჩვენი მოქალაქეები არჩევნებს არ მიიჩნევენ მოვლენად, რომელიც მათ პირად ცხოვრებაზე ახდენს გავლენას. არჩევნები ჩვენი პირადი ცხოვრებიდან გვაქვს გატანილი და გვგონია, რომ „ჩემს ცხოვრებას მაინც მოვიწყობ, ვინც გინდა მოვიდეს სათავეში“. ქართველთა ამგვარ უნივერსალურ კონფორმიზმზე, შემგუებლობასა და უპრინციპობაზე, რომელსაც არაფერი აქვს საერთო პრაგმატიზმთან, უკვე ბევრი ითქვა. ამ კონკრეტულ მოვლენასთან დაკავშირებით ერთ დეტალზე გავამახვილებ ყურადღებას.

ქართველი ამომრჩეველი პირადი გრძნობის დონეზე არ განიცდის მმართველი პარტიის გამარჯვებას (თუკი სწორედ მას მისცა ხმა) ანდა ოპოზიციურის დამარცხებას (თუკი მისი სიმპათია ამ ოპოზიციურ პარტიას ერგო). რასთან გვაქვს საქმე? იმასთან, რაც უკვე ვახსენეთ: პოლიტიკური პროცესი, საზოგადოებრივი ცხოვრება ჩვენი პირადი ცხოვრების ნაწილი კი არ არის, არამედ გარეთ გვაქვს გატანილი, როგორც სადარბაზოში ჩვენივე კარების წინ გამოტანილი ფეხთსაწმენდი. ქართულ საზოგადოებას რომ პოლიტიკური პრაგმატიზმი გააჩნდეს, მიხვდებოდა, რომ მუდმივად ერთი პარტიის გამარჯვებაში ანდა მთელი ოპოზიციის საერთო სისუსტეში პრაგმატული არაფერია.

სრულიად პრაგმატულია დავით ზურაბიშვილის მოსაზრება, რომ ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა, პოლიტიკურ-საზოგადოებრივ პროცესებისაგან სრული გამიჯვნისა და მხოლოდ პოზიციათა მკაფიო დაფიქსირების ნაცვლად არჩევანი გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში მონაწილეობის მცდელობაზე უნდა გავაკეთოთ. მაგრამ ნაკლებ პრაგმატულია ჩვენი რეალური ქმედება, როდესაც მხოლოდ იმას ვცდილობთ, რომ ხელისუფლება გავხადოთ უკეთესი (ჩვენი გაგებით) ან, სულ მცირე, ხელი შევუშალოთ, გახდეს უარესი. ამ ნაკლულობას ასე ავხსნიდი: ასეთი ქმედებით ხელისუფლებასთან ჩვენი და, საერთოდ, საზოგადოების, ურთიერთობის ახალ წესებს კი არ ვამკვიდრებთ, არამედ აქცენტს ხელისუფლებაში მყოფ კონკრეტულ პირებზე ვაკეთებთ. ჩვენი ქმედებების მიღმა რჩება ოპოზიცია, საზოგადოების დიდი ნაწილი.

უფრო კონკრეტულად. თავისთავად კარგია, ეცადო ზურაბ ჟვანიასა თუ მიხეილ სააკაშვილს საქმიანობათა კორექცია, მაგრამ მცდელობა უშედეგოა, თუ იმასვე არ აკეთებ იმის მიმართ, ვინც მათ ოპოზიციაში უდგას (ჩემი დადანაშაულება იმაში, რომ ვინმეს ასლან აბაშიძის ან კახა თარგამაძის ქმედებათა კორექციისაკენ მოვუწოდებ, არასერიოზული იქნება. მე მგონი, ნათელი უნდა იყოს, რომ ამ და სხვა უმრავლეს კონკრეტულ შემთხვევაში პრაგმატული სწორედ „ხელის ჩაქნევა“ იქნება). ჩემი აზრით, მცდელობა უშედეგოა რამდენიმე ფაქტორის გამო:

როდესაც პოლიტიკურ გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში მონაწილეობა მხოლოდ მმართველი ელიტით შეიმოიფარგლება, ეს თავისთავად გულისხმობს წანამძღვრად იმის დაშვებას, რომ თავად ჩვენც კი არ ვუშვებთ შესაძლებლობას, რომ ხელისუფლებაში ამჟამად მყოფი პიროვნებები შეიძლება შეიცვალონ. ეს ჩვენზე უკეთ სწორედ ხელისუფლებაში ამჟამად მყოფ პიროვნებებს აქვთ გაცნობიერებული და სწორედ ამიტომ არას დაგიდევენ, თუკი არ მოგვეწონება მათი მხრიდან სერიოზულ კომპრომისებზე წასვლა. ჟვანიამ და სააკაშვილმა კარგად უწყიან, რომ ჩვენ ვახტანგ რჩეულიშვილთან წამსვლელნი არ ვართ და ამიტომ სულ უფრო ნათელი ხდება მათი მხრიდან სამოქალაქო სექტორის სრული იგნორირება.

მხოლოდ მმართველი ელიტის ქცევის კორექტირების მცდელობა არასგზით არ მოქმედებს საერთო პოლიტიკური კლიმატის გაუმჯობესებაზე. სხვა თუ არაფერი, 1997-98 წლებში (როდესაც ჟვანია-სააკაშვილი არასამთავრობო სექტორთან დიალოგზე გავიდა) აშკარა იყო რეფორმატორთა გუნდისა და დანარჩენი პოლიტიკური სპექტრის „რიტორიკული აცდენა“. ანუ რეფორმატორები, ვისთანაც საუბრობდა არასამთავრობო სექტორი, მეტყველებდნენ სხვაგვარად, ხოლო ისინი, ვისთანაც რეფორმატორებს საერთო ენა უნდა გამოენახათ, სხვაგვარად. ამიტომ არ შეცვლილა ურთიერთობის საერთო წესები და ოპოზიციის პოლიტიკურ უმწიფარობაზე მითითება ისევ საუკეთესო იარაღად რჩება ახალგაზრდა პოლიტიკოსთა ხელში საკუთარი უპრინციპობის (და არა პრაგმატიზმის) გასამართლებლად.

მე იმთავითვე არ მომწონდა ის ფაქტი, რომ მმართველი ხელისუფლების უმცირესობისა (ჟვანია-სააკაშვილი) და საზოგადოების უმცირესობის (რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია) მართლაც მისასალმებელ დიალოგს რატომღაც ზოგადად ხელისუფლებისა და საზოგადოების დიალოგი ეწოდა. საზოგადოების მთელი იმედების ჟვანია-სააკაშვილზე დამყარებამ, ერთი მხრივ, გურამ შარაძე გვაჩუქა (და არა კიდევ უფრო ახალი თაობის პიროვნული ღირსებებითა და ეროვნული სიამაყის გრძნობით აღჭურვილი პოლიტიკოსები, რომელთაც შარაძემ დისკურსი „წაართვა“), ხოლო, მეორე მხრივ, იმავე ჟვანია-სააკაშვილის მიმართ გაორება დაბადა (თან კომპრომისებს ვერ ვპატიობთ, თან აღარც დასაკარგად გვემეტება). პრინციპში, შევარდნაძეც ხომ ამგვარი გაორების პირმშოა: თან ვიცით, რომ არაფერი გამოსდის, თან გვგონია, რომ ახლა მაინც (ბოლო ვადის დროს) გამოუვა რამე.

ვიდრე თავად პოლიტიკოსთა პრაგმატიზმს შევეხებოდე, საზოგადოების წევრთა და, მათ შორის, ჩვენს „პრაგმატიზმზე“ ვიტყვი: ჩვენ არ გვიძებნია ალტერნატივები საზოგადოებაში; ჩვენ არ გვიზრუნია, საქართველოს პოლიტიკურ სპექტრზე საღი ოპოზიცია ყოფილიყო; ჩვენც გვეგონა, რომ საზოგადოებრივი მხარდაჭერის გარეშე საზოგადოების შეცვლა შესაძლებელია.

არა მხოლოდ პოლიტიკური ელიტა, არამედ ისინიც, ვინც პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენას ვცდილობთ, საზოგადოებასთან ერთიანობას ვერანაირად ვერ ვგრძნობთ. როგორც ჰამლეტი იტყოდა: A little more than kin, and less than kind (ნათესაობით ახლონი ვართ, სხვაფრივ... არ ვიცი - ი. მაჩაბელის თარგმ.).

ჩვენ იდეალისტები ვიყავით. ჩვენ გვეგონა, რომ მთავარია მიზნისაკენ, იდეის რეალიზაციისაკენ სვლა და არა ხელსაყრელი გარემოს (რომელიც მხოლოდ ინვესტიციებს - კაპიტალს არ სჭირდება) შექმნა იმისათვის, რომ საზოგადოებრივი და საჯარო დისკუსიის სახით გაარკვიო მიზანიც და მისი მიღწევის გზაც. ჩვენ დავაგვიანეთ დისკუსიის და, საერთოდ, პოლიტიკის ველის შექმნა და ამიტომ გვიჭირს საზოგადოება დავარწმუნოთ, რომ შარაძესთან ჩვენი კამათი შინაარსობრივი ხასიათის კი არ არის, არამედ - მეთოდოლოგიური. ჩვენმა იდეალიზმმა კი უპრინციპობამდე მიგვიყვანა: ჯერ ისინი, ვისი რეფორმატორული შემართება ჩვენი აღტაცების საგანი იყო, მერე თავად ჩვენც, რომლებიც გულუას არდამტკიცებით ილუზიებს ვიქმნით, რომ „ქვეყანაში რეფორმები მიმდინარეობს“.

ყველანი შევედით მოჯადოებულ წრეში. იმის გამო, რომ არ ჩამოყალიბდა სრულფასოვანი პოლიტიკური სისტემა, კაპიტალმა დაკარგა პოლიტიკისადმი ინტერესი: პოლიტიკური (თუნდაც მმართველი) პარტიის დაფინანსება არამომგებიანი გახდა. ამ სიტუაციას მმართველმა პარტიამ სახელმწიფო ფინანსებზე კონტროლით „უშველა“ („პარლამენტი მთლიანად „გამიჯნულია“ აღმასრულებელი ხელისუფლებისაგან და საფინანსო-საბიუჯეტო სფეროში უზარმაზარი უფლებამოსილებებითაა აღჭურვილი: პარლამენტის თანხმობის გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია რაიმე ცვლილება ბიუჯეტის გამოყენების რეჟიმში.“ - ზურაბ ჟვანიას მოხსენება „დემოკრატიული ინსტიტუტები და სამოქალაქო საზოგადოება“, გუდაური, 1998 წლის 16 სექტემბერი), თუმცა ამით იმავდროულად გააღრმავა ეკონომიკური კრიზისი და გაზარდა კორუფციის დონე ხელისუფლებაში. კაპიტალისათვის გაცილებით მომგებიანი (პრაგმატული?) გახდა კლანებზე გადაწყობა, რადგან ინტერესთა ლობირებისათვის პარტიები უვარგისნი აღმოჩნდნენ.

პოლიტიკური ველის შექმნა რომ მომხდარიყო, საჭირო იყო სახელმწიფოს უარი ეთქვა საქართველოში კაპიტალის მოძრაობის კონტროლზე. მაშინ კაპიტალი თავად მივიდოდა პოლიტიკის ველზე და თავად გახდებოდა ახალი იდეებისა და ფასეულობათა გენერატორი. მოხდა ისე, რომ დღეს „ფულიანთა“ უმრავლესობა სწორედ ანტაგონისტურად არის განწყობილი ახალი იდეების მიმართ. პოლიტიკა არ გახდა ფულისა და იდეის შეხვედრის ადგილი, ხოლო პოლიტიკოსები ვერ იქცნენ „მემარჯვენე კაპიტალისტებსა“ და „მემარცხენე ინტელექტუალებს“ (გამოვიყენოთ ეს ირონიული კლიშე) შორის ხელშეკრულების გამფორმებელ სუბიექტებად.

როდესაც ქართული პოლიტიკის პრაგმატიზმსა და იდეალიზმზე ვსაუბრობ, მეც იმავე მცდარ წანამძღვარს ვეყრდნობი, რაც ზემოთ დავიწუნე: პრაქტიკულად, ყოველ წინადადებაში ახალი თაობის პოლიტიკოსებს ვეკამათები და ამით ჩვენთან დიალოგში მათ უალტერნატივობას ვუსვამ ხაზს. ამის გაცნობიერების მიუხედავად, ახლაც მათ შეფასებას მოვახდენ და ვიტყვი შემდეგს:

ჟვანია-სააკაშვილის მხრიდან მოქალაქეთა კავშირის შევარდნაძულ ნაწილთან მუდმივ კომპრომისებზე წასვლაში არანაირი პრაგმატიზმი არაა. უფრო მეტიც, ეს აღარც ის იდეალიზმია, რომ პოზიციებს გაიმყარებენ და შევარდნაძის შემდეგ რამეს შეცვლიან. დროის მოთხოვნათა მიხედვით და პრინციპების უგულებელყოფით მოქმედება მათ იმ უჩინარ მომხრეებს უკარგავს, რომლებიც გერმანიაში ბეიბისიტერებად წავლენ და მათ ბაზარზე ხორცის საყიდლად არ მივლენ. ხოლო თუ მათ ეს არად უღირთ და რელიგიური ფანატიზმითა და კორუფციით სავსე ქვეყანაში შეუძლიათ უსასრულოდ იდგნენ პოლიტიკურ ოლიმპზე, ეს კიდევ ერთხელ დაადასტურებს ჩემი კრიტიკის მართებულობას.

ოპონენტები პოლიტიკისა და მორალის ტრადიციულ დაპირისპირებას შემახსენებენ. ალასდაირ მაკინტაირის სიტყვები აქ ყველაზე უპრიანი იქნება: „მორალისათვის მნიშვნელოვანია, რომ მე მხოლოდ იმიტომ შემიძლია ვიყო მორალური პიროვნება, რომ ჩვენ ვართ მორალური პიროვნებები და მე მჭირდება ჩემს გარშემო მყოფი ადამიანები, რათა მორალური ძალა შემმატონ და დამეხმარონ მორალური სისუსტეების დაძლევაში. პიროვნებები, ზოგადად, მხოლოდ საზოგადოებაში ხდებიან მორალურები, ინარჩუნებენ მორალს და არიან ისეთი მორალური პიროვნებები, როგორებადაც სხვა ადამიანები თვლიან მათ, ანდა როგორებადაც თავად მიაჩნიათ თავი. თუ ჩემი საზოგადოების სხვა წევრები დიდ მორალურ მოთხოვნილებებს მიყენებენ, ამით ისინი გამოხატავენ ჩემდამი პატივისცემას, რომელსაც არაფერი აქვს საერთო სარგებელთან“.

დღეს ჩვენ სწორედ ვიწრო სარგებლიანობის პრინციპზე დამყარებული პრაგმატიზმის წინააღმდეგნი უნდა ვიყოთ. სურვილი, რომ ჩვენი ქვეყანა უკეთეს პრინციპებზე აიგოს, დღეს ამ ქვეყნისათვის დიდი, შეიძლება ითქვას, რომ ზედმეტად დიდი მორალური მოთხოვნილებაა, მაგრამ ამაშივე ჩანს ჩვენი ფარული, შეიძლება ითქვას, ირაციონალური პატრიოტიზმი და საკუთარი ქვეყნისადმი, საზოგადოებისადმი პატივისცემა.

შეიძლება უკიდურესმა სკეპტიკოსმა, რომელსაც ქართული საზოგადოების შეცვლა ღრმად ეეჭვება, ჩვენი სურვილები უტოპიად მიიჩნიოს, მაგრამ, როგორც ამერიკელი პრაგმატისტი, უილიამ ჯეიმსი იტყოდა, „რწმენები და უტოპიები ადამიანური გონების საუკეთესი სავარჯოშოებია და ვისაც გონების მისხალი შერჩენია, არვინ იჯდება უიმედოდ პირქუში წინასწარმეტყველის მიერ დახატული სურათის წინაშე“.

ალბათ, არ ჩამითვლით საკითხის ზედმეტ თეორიტიზირებად, თუ იმავე ამერიკელი პრაგმატისტების (რომელთა ნააზრევი მე-20 საუკუნის დასაწყისის ამერიკული „ახალი ნაციონალიზმის“ ქვაკუთხედად იქცა) ციტატებით შეგაწყენთ თავს: „დემოკრატია თავისებური რელიგიაა და ჩვენ არ უნდა დავუშვათ მისი კრახი“ (ჯეიმსი); „დემოკრატია არ წარმოადგენს მმართველობის ფორმას, არც სოციალურ მიზანშეწონილობას. იგი არის ადამიანისა და მისი გამოცდილების ბუნებასთან მიმართების მეტაფიზიკა“ (დიუი).

ამ ციტატების შემდეგ ჩვენი მხრიდან მხოლოდ რიტორიკული იქნება კითხვა: გვაქვს კი ჩვენი საზოგადოების გარდაქმნის მსურველ ადამიანებს ფასეულობათა იმგვარი მეტაფიზიკური განცდა, როგორც ეს თუნდაც ამერიკის დამფუძნებელ მამებს ჰქონდათ? დღევანდელობა ამ რიტორიკაზე ასევე რიტორიკული უარით გვპასუხობს, მაგრამ ჭეშმარიტი პრაგმატიზი (თუკი მისი ჩანასსახი ჩვენში რამენაირად არსებობს) გვკარნახობს, რომ უიმედობის უფლება არ გვაქვს.

9 Resume

▲ზევით დაბრუნება


In the wake of the last parliamentary and presidential elections, Georgian political elites as well as society and public intellectuals look utterly disoriented. The country under President Shevardnadze seems to be heading to further decline but any more or less realistic alternative to his rule may be even worse. Nobody appears to know what is feasible and what is the right thing to do. The pro-Western group in parliament that used to be widely considered the major driving force behind democratic and market reforms could be hopelessly discredited by their association with electoral irregularities and corrupted and inefficient government; but if they openly break with President Shevardnadze - as some people suggest they should - will it be a good thing for the country or just a noble but desperate, if not politically irresponsible, move?

A public discussion held by the Caucasian Institute for Peace, Democracy and Development on May 28, 2000 linked these hot issues of the day with a more general question: how can commitment to political principles be properly combined with flexibility and pragmatism without which `normal' politics cannot work? Why is it that Georgian political elite fails to find the practicable middle ground and oscillates instead between the `irreconcilable' romanticist stance, on the one hand, and the attitude of `this is politics, therefore everything is allowed', on the other. Contributions from social scientists, NGO and political party activists and other participants comprise this booklet. Both the organization of the discussion and the publication of its proceedings were made possible with the help of CordAid foundation (Netherlands).