![]() |
ეს ყველამ უნდა იცოდეს |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: გიორგაძე გრიგოლ, მიქანაძე ავთანდილ |
თემატური კატალოგი ადამიანის უფლებები |
საავტორო უფლებები: © კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრი. |
თარიღი: 2001 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: ჯიბის წიგნი პაციენტთათვის / კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრი - თბ., 2001 - 20გვ. ; 14სმ. - (სამართლ. დაცვის ტექნოლოგიების სერია N3). - : [ფ.ა.] [MFN: 16106] ჯიბის წიგნი პაციენტებისათვის სამართლიანი დაცვის ტექნოლოგიების სერია #3 თბილისი 2002 რედაქტორი გია კენჭოშვილი კორექტორი თეკლა წერეთელი |
![]() |
1 შესავალი |
▲ზევით დაბრუნება |
სამწუხაროდ საქართველოში ხშირია ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევები, რასაც ძირითადად მოქალაქეთა დაბალი სამართლებრივი განათლების დონე და საკუთარ უფლებებში გაუთვითცნობიერებლობა განაპირობებს.
წინამდებარე ბროშურის მიზანია საქართველოში მცხოვრებ ან დროებით მყოფ მოქალაქეებს, უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს გააცნოს საკუთარი უფლებები და სამედიცინო დაწესებულებებისა და მკურნალ ექიმთა მოვალეობები დაკავშირებული სამედიცინო მომსახურებასთან.
სახელმძღვანელო შეიქმნა კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრის მიერ.
ეს სახელმძღვანელო არ შეიქმნებოდა და გამოიცემოდა, საქართველოს სათემო მობილიზაციის ინიციატივა - აღმოსავლეთის (Mercy Corps) ფინანსური დახმარებისა და დიდი მხარდაჭერის გარეშე.
ფასდაუდებელი კომენტარები იქნა გაკეთებული ბ-ნ გივი მიქანაძისა და ბ-ნ კახაბერ გოგაშვილის მიერ. გამოყენებულ იქნა ბ-ნ კახაბერ გოგაშვილისა და ბ-ნ ნუკრი კინწურაშვილის ჯიბის წიგნი თავისუფლებააღკვეთილ პირთათვის და მათი ნათესავებისათვის.
წიგნთან დაკავშირებული შენიშვნები შეგიძლიათ გამოაგზავნოთ კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრის ოფისში შემდეგ მისამართზე:
თბილისი, 380002, მარჯანიშვილის ქ. №29.
![]() |
2 ტერმინთა განმარტება |
▲ზევით დაბრუნება |
პაციენტის ნათესავი - მეუღლე, მშობლები, ბებია პაპა, შვილი, შვილიშვილი, და-ძმა, არაღვიძლი და-ძმა, დისშვილები და ძმისშილები, მშობლების და-ძმები, ბიძაშვილები, დეიდაშილები, მამიდაშილები, დანათესავებულები (მოყვრები).
პაციენტის მეურვეობა და მზრუნველობა - მეურვეობა და მზრუნველობა უწესდება არასრულწლოვან ბავშვს, რომელსაც არ ჰყავს მშობლები, ან პირს, რომელიც სასამართლოს მიერ აღიარებულია ქმედუუნაროდ სულით ავადმყოფობის ან ჭკუასუსტობის გამო.
პაციენტის კანონიერი წარმომადგენელი - პაციენტის მეურვე ან მისი ნდობით აღჭურვილი პირი.
ქმედუნარიანობა - პირის უნარი თავისი ნებითა და მოქმედებით სრული მოცულობით შეიძინოს და განახორციელოს სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები (ყიდვა-გაყიდვა და ა.შ.)
ქმედუუნარო - პირი, რომელიც ჭკუასუსტობის ან სულით ავადმყოფობის გამო სასამართლოს მიერ ასეთად არის აღიარებული.
ინფორმირებული თანხმობა - პაციენტის, ხოლო მისი ქმედუუნარობის შემთხვევაში, ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა ამა თუ იმ სამედიცინო მომსახურებაზე.
დისკრიმინაცია - ადამიანისათვის რაიმე ნიშნის მიხედვით უპირატესობის მინიჭება.
სასჯელაღსრულების დაწესებულება - დაწესებულება, სადაც პირი სასამართლოს გადაწყვეტილებით დანაშაულის ჩადენისათვის იხდის სასჯელს. დაწესებულება სადაც პირი იმყოფება სასამართლოს მიერ პატიმრობის სახით აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებიდან, სასამართლოს მიერ საბოლოო განაჩენის გამოტანამდე.
სად - სასჯელაღსრულების დეპარტამენტი.
![]() |
3 პაციენტის უფლებები |
▲ზევით დაბრუნება |
სამედიცინო დაწესებულებებსა და პაციენტებს შორის არსებული ურთიერთობა მოწესრიგებულია საქართველოს კონსტიტუციით (მუხლი 37), კონვენციით ,,ადამიანის უფლებებისა და ბიომედიცინის შესახებ” და კონვენციის დამატებითი ოქმით ,,ადამიანის კლონირების აკრძალვის შესახებ“, კანონებით ,,პაციენტის უფლებების შესახებ“, ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ”, ,,საექიმო საქმიანობის შესახებ”, ,,ფსიქიატრიული დახმარების შესახებ”, ,,შიდსის შესახებ”, ,,წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ”, ,,ორგანოთა გადანერგვის შესახებ”, რომელშიც გამოხატულია, როგორც პაციენტის უფლებები, ასევე ექიმთა და საერთოდ სამედიცინო დაწესებულების მუშაკთა მოვალეობები სხვადასხვა კატეგორიის პაციენტის მიმართ.
ვინ არის პაციენტი?
პაციენტი არის ნებისმიერი პირი, რომელიც მიუხედავად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა, სარგებლობს, საჭიროებს ან აპირებს ისარგებლოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის მომსახურებით.
პაციენტის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, გენეტიკური მემკვიდრეობის, რწმენისა და აღმსარებლობის, პოლიტიკური და სხვა შეხედულების, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, დაავადების, სექსუალური ორიენტაციის ან პირადი უარყოფითი განწყობის გამო აკრძალულია.
რა უფლებები აქვს პაციენტს?
პაცინტს უფლება აქვს სამედიცინო მომსახურების გამწევისაგან მიიღოს სრული, ობიექტური, დროული და გასაგები ინფორმაცია:
ა) სამედიცინო მომსახურების არსებული რესურსებისა და მათი მიღების სახეების, საფასურისა და ანაზღაურების ფორმების შესახებ;
ბ) საქართველოს კანონმდებლობითა და სამედიცინო დაწესებულების შინაგანაწესით განსაზღვრული პაციენტის უფლებებისა და მოვალეობების შესახებ;
გ) განზრახული პროფილაქტიკური, დიაგნოსტიკური, სამკურნალო და სარეაბილიტაციო მომსახურების, მათი თანმხლები რისკისა და შესაძლო ეფექტიანობის შესახებ;
დ) სამედიცინო გამოკვლევების შედეგების შესახებ;
ე) განზრახული სამედიცინო მომსახურების სხვა, ალტერნატიული ვარიანტების, მათი თანმხლები რისკისა და ეფექტიანობის შესახებ;
ვ) განზრახულ სამედიცინო მომსახურებაზე გაცხადებული უარის მოსალოდნელი შედეგების შესახებ;
ზ) დიაგნოზისა და სავარაუდო პროგნოზის, აგრეთვე მკურნალობის მიმდინარეობის შესახებ;
თ) სამედიცინო მომსახურების გამწევის ვინაობისა და პროფესიული გამოცდილების შესახებ.
რა უფლებები აქვს ქმედუნარიან პაციენტს?
ქმედუნარიან და გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღებისუნარიან პაციენტს უფლება აქვს მკურნალობის ნებისმიერ ეტაპზე უარი განაცხადოს სამედიცინო მომსახურებაზე, აგრეთვე შეწყვიტოს უკვე დაწყებული სამედიცინო მომსახურება. სამედიცინო მომსახურებაზე უარის თქმის ან მისი შეწყვეტის მოსალოდნელი შედეგების შესახებ პაციენტი ამომწურავად უნდა იყოს ინფორმირებული. სამედიცინო მომსახურების გაწევისას დასაშვებია მხოლოდ მასში უშუალოდ მონაწილე პირთა დასწრება, გარდა იმ შემთხვვისა, როცა პაციენტი თანახმაა ან მოითხოვს სხვა პირთა დასწრებას. პაციენტს უფლება აქვს მეორე აზრის მოსაძიებლად დაუბრკოლებლად მიმართოს სხვა ექიმს ან სამედიცინო დაწესებულებას.
რა უფლებები აქვს არაქმედუნარიან პაციენტს?
არაქმედუნარიან და გაცნობიერებულ გადაწყვეტილების მიღების უნარს მოკლებული პაციენტისათვის, გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის ან სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობის დროს სამედიცინო ჩარევის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ პაციენტის ინტერესების გათვალისწინებით. ყველა სხვა შემთხვევაში, არაქმედუნარიანი პაციენტის ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენელის თანხმობით.
რისი უფლება არა აქვს პაციენტს?
ნებისმიერ პაციენტს უფლება აქვს თავისი სურვილისამებრ მიმართოს ან არ მიმართოს სამედიცინო მომსახურების გამწევს სხვადასხვა სამედიცინო ჩარევისათვის, მაგრამ არსებობს ისეთი სამედიცინო ღონისძიებები, რომლის გაწევაზეც პაციენტს უფლება არა აქვს უარი თქვას, გარდა:
ა) სავალდებულო აცრებისა და საკარანტინო ღონისძიებისა;
ბ) გადამდები დაავადების მაღალი რისკის მქონე მოქალაქეთათვის სათანადო სამკურნალო და საპროფილაქტიკო ღონისძიებებისა;
გ) სხვადასხვა ობიექტების ინფიცირებისაგან დაცვისა და ინფიცირებული ობიექტების გაუვნებლობისა;
დ) ეპიდემია საწინააღმდეგო ვითარებაში გადამტანების წინააღმდეგ ბრძოლისა;
ე) სამედიცინო პერსონალის ეპიდემიოლოგიური მზადყოფნისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელებისა;
![]() |
4 ექიმის მოვალეობები და ვალდებულებები |
▲ზევით დაბრუნება |
რა სახის სამედიცინო ჩარევების დროს არის ექიმი ვალდებული მიიღოს პაციენტისაგან წერილობითი ინფორმირებული თანხმობა?
ექიმი ვალდებულია მიიღოს წერილობითი ინფორმირებული თანხმობა შემდეგი სამედიცინო ჩარევების წინ:
ა) ნებისმიერი ქირურგიული ოპერაცია (გარდა მცირე ქირურგიული ჩარევისა);
ბ) აბორტი;
გ) სისხლძარღვების კათეტერიზაცია (გარდა პერიფერიული ვენების კათეტერიზაციისა);
დ) ჰემოდიალიზი და პერიტონეული დიალიზი;
ე) ხელოვნური განაყოფიერება;
ვ) ქირურგიული კონტრაცეპცია - სტერილიზაცია;
ზ) გენეტიკური ტესტირება;
თ) გენური თერაპია;
ი) სხივური თერაპია;
კ) ავთვისებიანი სიმსივნეების ქიმიოთერაპია.
ექიმი ვალდებულია შესაბამისი სამედიცინო მომსახურება გაუწიოს პაციენტს, რომელსაც მკურნალობს ან\\და მეთვალყურეობს იმავე დაწესებულებაში მომუშავე კოლეგა, თუ ეს უკანასკნელი რაიმე მიზეზის გამო ვერ ახერხებს სამედიცინო მომსახურების განხორცვიელებას. თუ ექიმი მოიწვევს თავის კოლეგას პაციენტის სამედიცინო მომსახურებაში მონაწილეობისათვის, ხოლო პაციენტთან მას დადებული აქვს ხელშეკრულება გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურების შესახებ, მომწვევი (ექიმი, რომელთანაც დადებული აქვს ხელშეკრულება) ვალდებულია შესთავაზოს მოწვეულს მისი შრომის შესაბამისი საზღაური.
როდის არის ექიმი ვალდებული აღმოუჩინოს პაციენტს სამედიცინო დახმარება?
ექიმი მოვალეა აღმოუჩინოს პაციენტს სამედიცინო დახმარება და უზრუნველყოს მისი უწყვეტობა თუ:
ა) არსებობს ოფიციალურად გაფორმებული (წერილობითი) ან სიტყვიერი შეთანხმება;
ბ) გამოხატულია სიცოცხლისათვის საშიში, მათ შორის თვითმკვლელობის მცდელობით განპირობებული მდგომარეობა ან პაციენტი საჭიროებს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას ექიმის სამუშაო ადგილზე;
გ) პაციენტი გადაუდებლად საჭიროებს სამედიცინო მომსახურებას, რომლის გარეშე გარდაუვალია პაციენტის სიკვდილი, დაინვალიდება ან ჯანმრთელობის მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუარესება, ხოლო თუ სამედიცინო მომსახურების გამწევს არა აქვს შესაძლებლობა აღმოუჩინოს პაციენტს ასეთი მომსახურება, იგი ვალდებულია მიაწოდოს პაციენტს, მის ნათესავს ან კანონიერ წარმომადგენელს სრული ინფორმაცია თუ სად შეიძლება გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების მიღება.
არასამუშაო ადგილზე შესაძლებლობების ფარგლებში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევა, ექიმის ისევე, როგორც ნებისმიერი მოქალაქის, მოვალეობაა. ამ დროს დაუშვებელია რაიმე საზღაურის მოთხოვნა. ყველა სხვა შემთხვევაში სამედიცინო დახმარების აღმოჩენასთან დაკავშირებული მოვალეობები, მათ შორის მისი უწყვეტობის უზრუნველყოფის მოვალეობა, ექიმს ეკისრება მაშინვე, როცა იგი იწყებს სამედიცინო დახმარებას.
რა ფორმით და ვისთვის შეუძლია ექიმს სამედიცინო დოკუმენტაციაში პაციენტზე არსებული ინფორმაციის გამჟღავნება?
ექიმი ვალდებულია პაციენტს, ხოლო მისი ქმედუუნარობის ან შეზღუდული ქმედუნარიანობის ან\\და გაცნობიერებილი გადაწყვეტილების მიღების შეუძლებლობის შემთხვევაში პაციენტის ნათესავს ან კანონიერ წარმომადგენელს პაციენტის მოთხოვნით, გააცნოს მის სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებული ინფორმაცია ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, დიაგნოსტიკური გამოკვლევების შედეგების მკურნალობასა და მოვლასთან დაკავშირებული მონაცემების, სხვა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მიერ ჩატარებული კონსულტაციის ამსახველი ჩანაწერების ჩათვლით.
ექიმს მხოლოდ პაციენტის თანხმობით აქვს უფლება გააცნოს ქმედუნარიანი ან\\და გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარის მქონე პაციენტის ნათესავს ან კანონიერ წარმომადგენელს პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებული ზემოთ აღნიშნული ინფორმაცია.
ექიმი ვალდებულია პაციენტის შესახებ მის ხელთ არსებული ინფორმაციის კონფინდენციალობა დაიცვას როგორც პაციენტის სიცოცხლეში, ისე მისი სიკვდილის შემდეგაც. კონფიდენციალობის გამჟღავნეება დასაშვებია პაციენტის თანხმობის, მესამე პირის (რომლის ვინაობაც ცნობილია) სიცოცხლის ან\\და ჯანმრთელობისათვის საფრთხის, სასწავლო ან სამეცნიერო მიზნით პაციენტის შესახებ ინფორმაციის გამოყენების დროს მონაცემების იმგვარად წარდგენისას, როცა შეუძლებელია პიროვნების იდენტიფიკაცია, აგრეთვე სასამართლო და საგამოძიებო ორგანოების მოთხოვნისას ან როდესაც ეს აუცილებელია საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად.
![]() |
5 ორსულისა და მეძუძური დედების უფლებები |
▲ზევით დაბრუნება |
რა ვალდებულება აკისრია სამედიცინო მომსახურების გამწევს ორსულისა და მეძუძური დედების წინაშე?
ორსულ და მეძუძურ დედას უფლება აქვთ სამედიცინო მომსახურების გამწევისაგან მიიღოს სრული, ობიექტური, დროული და გასაგები ინფორმაცია ორსულობის, მშობიარობის ან ლოგინობის პერიოდში დაგეგმილი ნებისმიერი სამედიცინო ჩარევის შემთხვევში ნაყოფზე ან ახალშობილზე შესაძლო პირდაპირი ან ირიბი მავნე ზემოქმედების შესახებ. მშობიარეს უფლება აქვს მიიღოს გადაწყვეტილება მისთვის და ნაყოფისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევის შესახებ. მშობიარეს არა აქვს უფლება უარი თქვას ისეთ სამედიცინო მომსახურებაზე, რომელიც უზრუნველყოფს ცოცხალი ნაყოფის დაბადებას და რომელიც მშობიარეს ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის მინიმალური რისკის მატარებელია.
რისი უფლება აქვს მშობიარეს?
მშობიარეს უფლება აქვს მშობიარობის დროს გვერდით იყოლიოს მეუღლე ან სხვა მისთვის სასურველი პირი. მელოგინე ქალს უფლება აქვს გვერდით იყოლიოს ახალშობილი თუ სამედიცინო მომსახურების გამწევი, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მის სხვაგან გადაყვანას არ გადაწყვეტს, აგრეთვე საკუთარი შეხედულებისამებრ კვებოს ახალშობილი.
რა ვალდებულება აკისრია სახელმწიფოს ორსულისა და მეძუძური დედების წინაშე?
სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს უსაფრთხო დედობას, ორსული ქალების სამედიცინო მეთვალყურეობას, საწარმოებსა და დაწესებულებებში ბავშვთა მოვლისათვის საჭირო პირობების შექმნას, მშობიარობისა და მშობიარობის შემდგომ სამედიცინო დახმარებას სახელმწიფო სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის გზით.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული მეანობის სახელმწოფო პროგრამის მიხედვით, სხვადასხვა (სამედიცინო დაწესებულება, რომელიც გაიმარჯვებს ტენდერში და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებს მშობიარეთათვის უფასო სამედიცინო მომსახურებას) სამედიცინო დაწესებულებებში მშობიარობა უფასოა.
![]() |
6 არასრულწლოვანი პაციენტის უფლებები |
▲ზევით დაბრუნება |
რისი უფლება აქვს არასრულწლოვანი პაციენტის მშობელს ან კანონიერ წარმომადგენელს?
არასრულწლოვანი პაციენტის მშობელს ან კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს მკურნალი ექიმისაგან მიიღოს სრული, ობიექტური, დროული და გასაგები ინფორმაცია არასრულწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
როდის არ მიეწოდება არასრულწლოვან პაციენტზე არსებული ინფორმაცია მის მშობელს ან კანონიერ წარმომადგებელს?
აღნიშნული ინფორმაცია მშობელს ან კანონიერ წარმომადგენელს არ მიეწოდება, თუ ინფორმაციის მიწოდების წინააღმდეგია:
ა) არასრულწლოვანი პაციენტი, რომელიც ქმედუნარიანად ითვლება;
ბ) 14 დან 18 წ.-მდე ასაკის არასრულწლოვანი პაციენტი, რომელიც სამედიცინო მომსახურების გამწევის შეხედულებით სწორად აფასებს საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობას და რომელმაც ექიმს მიმართა სქესობრივად გადამდები დაავადების ან ნარკომანიის მკურნალობის, კონტრაცეფციის არაქირურგიული მეთოდების შესახებ კონსულტაციის მიღების ან ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის მიზნით. ამ შემთხვევაში არასრულწლოვანს უფლება აქვს განაცხადოს ინფორმირებული თანხმობა სამედიცინო მომსახურებაზე. ყველა სხვა შემთხვევაში პირი სამედიცინო ჩარევას ექვემდებარება მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით.
რისი უფლება აქვს 16 წლამდე არასრულწლოვან პაციენტს მისი გონებრივი განვითარების გათვალისწინებით?
სამედიცინო მომსახურების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთვევაში 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვანი პაციენტის სამედიცინო მომსახურების მიღებისას აუცილებელია მისი მონაწილეობაც ასაკისა და გონებრივი განვითარების გათვალისწინებით.
არასრულწლოვან პაციენტს, რომლის ასაკი აღემატება 16 წელს, უფლება აქვს ინფორმირებული თანხმობა ან უარი განაცხადოს სამედიცინო მომსახურებაზე, თუ იგი სამედიცინო მომსახურების გამწევის შეხედულებებით სწორად აფასებს საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობას. პაციენტის გადაწყვეტილების შესახებ უნდა ეცნობოს მის ნათესავს ან კანონიერ წარმომადგენელს.
არასრულწლოვან პაციენტს აქვს საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მკურნალობის შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება. მიწოდებული ინფორმაცია უნდა შეესაბამებოდეს მის ასაკს და გონებრივი განვითარების დონეს.
![]() |
7 სამხედრო მოსამსახურის, წვევამდელისა და სამხედრო სამსახურში კონტრაქტით დაქირავებულის, როგორც პაციენტის უფლებები |
▲ზევით დაბრუნება |
სამხედრო მოსამსახურეს, წვევამდელსა და სამხედრო სამსახურში კონტრაქტით დაქირავებულს ჯანმრთელობის მდგომარეობის განსაზღვრისათვის სხვა ზემოთ ჩამოთვლილი ულებების გარდა, აქვთ დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტიზის მოთხოვნისა და ჩატარების უფლება, თუ წვევამდელი სამხედრო სამედიცინო კომისიის გადაწყვეტილებას არაობიექტურად მიიჩნევს.
![]() |
8 წინასწარპატიმრობაში ან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი პირის, როგორც პაციენტის უფლებები |
▲ზევით დაბრუნება |
რა უფლებით სარგებლობს პირი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებისთანავე?
სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებისთანავე პირს უფლება აქვს მოითხოვოს სათანადო სამედიცინო გამოკვლევა, დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება და საჭიროებისას სამედიცინო მომსახურება.
რა ვალდებულება აკისრია ექიმს პატიმრის, დაკავებულის ან დატყვევებულის წინაშე?
პატიმრის, დაკავებულის ან დატყვევებულისათვის სამედიცინო მომსახურების გაწევისას ექიმი ვალდებულია მისი ფიზიკური ან ფსიქიური ჯანმრთელობის დაცვა და მკურნალობა უზრუნველყოს ისეთივე ხარისხითა და სტანდარტებით, როგორითაც იმ ადამიანებისა, რომლებიც არ არიან პატიმრები, დაკავებულები ან დატყვევებულები. ექიმი ვალდებულია წინასწარპატიმრობაში ან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფ პირს სამედიცინო დახმარება გაუწიოს მხოლოდ მისი ინფორმირებული თანხმობის მიღების შემდეგ, გარდა გადაუდებელი და სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობისა, როცა თანხმობის მიღება შეუძლებელია პაციენტის მძიმე მდგომარეობის გამო.
ექიმს ეკრძალება მოშიმშილე პატიმრის ან დაკავებულის ხელოვნური კვება, თუ იგი უარს ამბობს საკვების ბუნებრივი გზით მიღებაზე და მას, ექიმის აზრით აქვს უნარი გააანალიზოს თუ რა ზიანი შეიძლება მიადგეს მის ჯანმრთელობას. ეს აზრი უნდა დაადასტუროს ერთმა სხვა ექიმმა მაინც.
პატიმრის ან დაკავებულის საკვების მიღებაზე უარის განცხადების შემთხვევაში ექიმი ვალდებულია აცნობოს პატიმარს ან დაკავებულს საკვების მიღებაზე უარის თქმის მოსალოდნელი შედეგების შესახებ. თუ პატიმარი ან დაკავებული ნებაყოფლობითი შიმშილობის შედეგად უგონო მდგომარეობაში აღმოჩნდა, ექიმს უფლება აქვს იმოქმედოს პაციენტის ჯანმრთელობის ან/და სიცოცხლის ინტერესების შესაბამისად, მიუხედავად პაციენტის მიერ მანამდე განცხადებული ნებისა. თუ გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარის მქონე მოშიმშილე პატიმარი ან დაკავებული უარს აცხადებს სამედიცინო მომსახურების გაწევაზე, შიმშილობის მოსალოდნელ შედეგებზე ექიმი პასუხს არ აგებს.
![]() |
9 დაავადებები, რომლებიც წარმოადგენენ მსჯავრდებულთა სასჯელის მოხდისაგან განთავისუფლების საფუძველს |
▲ზევით დაბრუნება |
დამტკიცებულია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს №322/ო (19.08.1999წ.) და საქართველოს შინაგან სქმეთა სამინისტროს №465, (19.09.1999წ) ბრძანებებით
1. ტუბერკულოზი
1.1 ფილტვების პროგრესირებადი ფიბროზულ-კავერნოზული ტუბერკულოზი პლევრის ქრონიკული ტოტალური ემპიემა.
ფილტვების პროგრესირებადი ფიბროზულ-კავერნოზული ტუბერკულოზი ხასიათდება: პოლიმორფული ცვლილებებით, ფიბროზული კავერნის ან კავერნების არსებობით, ახალი დესტრუქციებით, ბაქტერიაგანაყოფით, გავრცობილი ბრონქოგენული მოთესვით, მეორადი ბრონქოექტაზებით, ემფიზემატოზური ცვლილებებით.
გართულებები: სისხლდენა ფილტვებიდან, სპონტანური პნევმოთორაქსი, ამილოიდოზი, ფილტვ-გულის III ხარისხის უკმარისობა.
ქრონიკული ტოტალური ემპიემა.
გართულებები: პლევრო - ბრონქული ფისტულა, ფილტვ-გულის III ხარისხის უკმარისობა.
დიაგნოზის დასადასტურებლად სავალდებულოა კლინიკო-ლაბორატორიული, ბაქტერიოსკოპიული, რენტგენოლოგიური (რენტგენოგრაფიული და ტომოგრაფიული) გამოკვლევები და სხვა ყველა ის გამოკვლევა, რომელიც საჭიროა თანმხლებ გართულებათა დასადასტურებლად. გასათვალისწინებელია დაავადების ხანგრძლივი მიმდინარეობა პერიოდული გამწვავებებითა და მყარი შრომისუუნარობით.
1.2 ფილტვების პროგრესირებადი გავრცობილი ტუბერკულოზი მათ შორის კაზეოზური პნევმონიის ჩათვლით: ფილტვ-გულის III ხარისხის უკმარისობით.
გავრცობილი პროცესისათვის დამახასიათებელია ფილტვის ქსოვილის სუბტოტალური დაზიანება, ადექვატური ქიმიოთერაპიის მიუხედავად ბაქტერიაგამოყოფა.
გართულებები: სისხლდენა ფილტვებიდან, სპონტანური პნევმოთორაქსი, ფილტვ-გულის III ხარისხის უკმარისობა.
დიაგნოზის დასადასტურებლად სავალდებულოა კლინიკო-ლაბორატორიული, ბაქტერიოსკოპიული, რენტგენოლოგიური (რენტგენოგრაფიული და ტომოგრაფიული) გამოკვლევები და სხვა ყველა ის გამოკვლევა, რომელიც საჭიროა თანმხლებ გართულებათა დასადასტურებლად.
1.3 თირკმელების ორმხრივი კავერნოზული ტუბერკულოზი სპეციფიკური პროცესის გავრცელებით საშარდე გზებში, გართულებული თირკმელების ქრონიკული უკმარისობით ტერმინალურ სტადიაში.
შარდგამომყოფი სისტემის პროგრესირებადი ტუბერკულოზის დიაგნოზის დასადასტურებლად სავალდებულოა კლინიკო-ლაბორატორიული გამოკვლევა დინამიკაში. თირკმელებისა და შარდის ბუშტის მიმოხილვითი რენტგენოგრაფია, ექსკრეტოლური უროგრაფია, ცისტოკოპია, რეტროგრადული პიელოგრაფიით და ულტრაბგერითი გამოკვლევები.
1.4 ხერხემლის, მსხვილი ძვლებისა და სახსრების პროგრესირებადი დესტრუქციული ტუბერკულოზი შინაგანი ორგანოების ამილოიდოზით.
პროცესისათვის დამახასიათებელია მასიური რღვევები დაზიანებულ უბნებში და დისტროფიული ცვლილებები ყველა ქსოვილებსა და ორგანოებში, სასახსრე ჩანთების ნაწიბუროვანი გადაგვარება ართროზული კონტრაქტურების ჩამოყალიბებით, სპონდილიტს თან ახლავს ტუბერკულოზული აბსცესები, სპასტიური დამბლა, ზურგის ტვინის ფუნქციური მოშლილობანი.
დიაგნოზის დასადასტურებლად სავალდებულოა კლინიკო - ლაბორატორიული გამოკვლევები, სისხლის ბიოქიმიური გამოკვლევა, აბსცესიდან ამოღებული ჩირქის გამოკვლევა და სახსარშიდა გამონაჟონის დათესვა, რეგიონალური ლიმფური კვანძებისა და სახსარშიდა გამონაჟონის ციტოლოგიური დიაგნოსტიკა, რენტგენოგრაფია ორ პროექციაში (პირდაპირი და გვერდითი), კოხისა და ტუბერკულოზის სინჯები.
2. ავთვისებიანი სიმსივნეები
2.1 ავთვისებიანი სიმსივნის ნებისმიერ ნაირსახეობათა და ნებისმიერი სტადიით (I,II,III,IV) დაავადებულნი, რომელთა მდგომარეობაც შეესაბამება IV კლინიკური ჯგუფით განსაზღვრულ კატეგორიას.
2.2 ლიმფურ და სისხლმბად სისტემათა ავთვისებიანი სიმსივნეები:
2.2.1 მწვავე ლეიკოზის ყველა ფორმა.
2.2.2 ქრონიკული მიელოლეიკოზი სპლენომეგალიით, კოაგულოპათიით მყარი იმუნოდეფიციტით, ანემიითა და კახექსიით.
2.2.3 ქრონიკული ერითრომიელოზის ტერმინალური სტადია.
2.2.4 ჭეშმარიტი პოლიციტემია - ერითრემია გართულებული სისხლჩაქცევებით ან თავის ტვინის სისხლძარღვთა თრომბოემბოლიებით.
2.2.5 ქრონიკული ლიმფოლეიკოზი, გართურებული ერითროპენიით, თრომბოპენიით, განუწყვეტლივ მორეციდივე ინფექციებით.
2.2.6 ქრონიკულ მონოციტარული ლეიკოზის ტერმინალური სტადია.
2.2.7 რუსტიცკი-კალერის მრავლობითი მიელომა ოსტეოდესტრუქციული სინდრომით (ხერხემლის მალებისა და ქვედა კიდურების ძვლების პათოლოგიური მოტეხილობებით).
2.2.8 ჰოჯკინის დაავადება - I სტადია, ერთი ან რამდენიმე ექსტრალიმფური ორგანოს დიფუზური ან დისიმინირებული დაზიანებით.
2.2.9 ავთვისებიანი ან არადიფერენცირებულ უჯრედოვანი ლიმფომები ვისცერალური ორგანოების, ვალდეიერის რგოლის, ექსტრა და სუბდიაფრაგმული ლიმფური კვანძების კომბინირებული დაზიანებით.
დიაგნოზის დასადასტურებლად სავალდებულოა გაფართოებული ჰემატოლოგიური კვლევა, ძვლის ტვინის ტრეპანობიოფსია და ლიმფური კვანძების ასპირაციული ან ექსტირპაციული ბიოფსია.
2.3 სხივური დაავადება;
2.3. 1 მწვავე სხივური დაავადება;
2.3.1.1 ნებისმიერი სიმძიმის (I-IV ხარისხი) მწვავე სხივური დაავადება გამძაფრების პერიოდში.
2.3.1.2 კანის ადგილობრივი სხივური დაზიანებები ნებისმიერი სიმძიმის (I-IV ხარისხი) სხივური დაავადებების გამძაფრების პერიოდში.
2.3.1.3 მწვავე სხივური დაავადებებების შედეგები:
ა) ასთენიური სინდრომი რეგულატორული სისტემების (უპირატესად, ნერვული და სისხლძარღვოვანი) უკიდურესი გამოფიტვითა და ფუნქციური უკმარისობით;
ბ) ნერვული და სისხლის მიმოქცევის სისტემების ორგანული დაზიანებები თავის ტვინისა და პერიფერიული სისხლის მიმოქცევის მოშლით;
გ) პერიფერიული სისხლის მაჩვენებლების არასტაბილურობა გამოხატული პანციტოპენიური სინდრომით, ძვლის ჰიპოპლაზიის ნიშნებით (ლეიკოციტები 2,0 X 109 - ზე ნაკლები, ტრომბოციტები 0.7 X 1012);
დ) ღრმა ტროფიკული, დეგენერაციული და სკლეროზული მოგვიანებითი რადიაციული წყლულები, ტკივილის სინდრომით;
ე) კონტრაქტურები და ამპუტაციური დეფექტები;
ვ) სხივური კატარაქტა III სტადიის, უკეთმხედველ თვალში მხედველობის სიმახვილით
0-05.
2.3.2 ქრონიკული სხივური დაავადება II-IV ხარისხის სიმძიმის პერიოდის ფორმირებით და შორეული პერიოდი (პროგრესირებადი სტადია).
2.3.3 მოგვიანებით სხივური ეფექტები (ღვიძლის, ფილტვების, ძვლოვანი სისხლმბადი ქსოვილების ავთვისებიანი სიმსივნეები).
დიაგნოზის დასადასტურებლად სავალდებულოა სრული ჰემატოლოგიური კვლევა, სისხლძარღვთა დოპლეროგრაფია, ულტრასონოგრაფია ძვლის ტვინის თრომბოელასტოგრამა, თავის ტვინის ბირთვულ-მაგნიტურ რეზონანსული გამოკვლევა. სხივური დაავადებების დიაგნოზის გამოტანა ხდება კომისიური წესით რადიაციული მედიცინის სპეციალისტების მონაწილეობით.
3. ენდოკრინული სისტემის დაავადებანი
3.1 შაქრიანი დიაბეტი ინსულინდამოკიდებული ტიპი მძიმე მიმდინარეობით, კეტოაციდოზისკენ მიდრეკილებით, გამოხატული მაკროანგინოპათიებით, რეტინოპათიებით, პოლინეიროპათიებით.
დიაგნოზის დასადასტურებლად სავალდებულოა კლინიკო-ლაბორატორიული გამოკვლევები, მათ შორის სისხლსა და შარდში შაქრის რაოდენობის, შარდში კეტოსხეულების განსაზღვრა დინამიკაში, ელექტროკარდიოგრაფიული, რეოვაზოგრაფიული გამოკვლევები და ყველა ის გამოკვლევა, რომელიც საჭიროა თანმხლებ გართულებათა დასადასტურებლად.
3..2 იცენკო-კუშინგის სინდრომი მკვეთრად გამოხატული გართულებებით: ლულოვანი ძვლებისა და ხერხემლის პათოლოგიური მოტეხილობანი, კუნთების ატროფია, კარდიომიოპათია გულ-სისხლძარღვთა სისტემის III ხარისხის უკმარისობით, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლა ორი და მეტი კიდურის პლეგიით ან პარეზით.
დიაგნოზის დასადასტურებლად სავალდებულოა კლინიკო-ლაბორატორიული გამოკვლევები, მათ შორის დღე-ღამურ შარდში 17 კეტოსტეროიდების და 17 ოქსიკორტიკოსტეროიდების, სისხლის შრატში კორტიზოლის აკტჰ, საერთო ცილისა და ცილის ფრაქციების განსაზღვრა. რენტგენოგრაფიული, ეტროკარდიოგრაფიული, ულტრაბგერითი გამოკვლევები და ყველა ის გამოკვლევა რომელიც საჭიროა თანმხლებ გართულებათა დასადასტურებლად.
3.3. ჰიპოფიზური უკმარისობა (სიმონდსის დაავადება) ტახექსიის სტადიაში.
დიაგნოზის დასადასტურებლად სავალდებულოა კლინიკო-ლაბორატორიული გამოკვლევები, მათ შორის ქოლესტერინის, შაქრის რაოდენობის, სისხლასა და შარდში 17 ოქსიკორტიკოსტეროიდების განსაზღვრა, კორტიზოლის რენტგენოლოგიური, ელექტროკარდიოლოგიური და ყველა ის გამოკვლევა, რომელიც საჭიროა თანმხლებ გართულებათა დასადასტურებლად.
4. ფსიქიკური აშლილობანი
4.1 უწყვეტი და წყვეტილი (შეტევის მაგვარი) პროგრედიენტულად მიმდინარე მძიმე კლინიკური პროგნოზის მქონე შიზოფრენიის ყველა ფორმა.
4.2 გუნება-განწყობის აფექტური აშლილობანი: მანიაკალური და დეპრესიული ფსიქოზი ხშირი მანიაკალური და დეპრესიული ფაზებით.
4.3 თავის ტვინის დაზიანებით გამოწვეული ჭკუასუსტობის (დემენციის) ყველა ფორმა:
4.3.1 სენილური დემენეციის ყველა ფორმა (მარტივი ტიპის; გალუცინატორულ-ბოდვითი გამოვლინებებით; სენილური დემენციის ადრეული პრესენილური ვარიანტი; ალცჰეიმერის დაავადება; პიკის დაავადება).
4.3.2 ათეროსკლეროზული ჭკუასუსტობა (ფსიქოზის გარეშე; დეპრესიით; გალუცინატორულ-ბოდვითი დარღვევებით; პიროვნების ქცვის მწვავე აშლილობით-აბნევით).
4.3.3 კორსაკოვსკის ფსიქოზი (ალკოჰოლური, სიფილისური, ტრავმული გენეზის).
4.3.4 ორგანული ჭკუასუსტობა (ენცეფალიტური, მენინგოენცეფალიტური, სიფილისური, ეპილეფსიური, თავის ტვინის ტრავმული გენეზის).
4.4 გახანგრძლივებული რეაქციული ფსიქოზი პროგრედიენტული მიმდინარეობის, გართულებული მძიმე სომატიური პათოლოგიით, რომელიც დინამიკაში ღებულობს ქრონიკული სულით დაავადების ეკვივალენტურ ხასიათს.
4.5 გახანგრძლივებული, პროგრედიენტულად მიმდინარე ფსიქოზები, დისოციაციური (კონვერსიული).
4.6 მძიმე კლინიკური გამოსავლის (პროგნოზის) მქონე სხვადასხვა ეტიოლოგიის პროგრედიენტულად მიმდინარე ფსიქოზები.
4.7 პიროვნების მძიმე ქცევითი აშლილობანი მიდრეკილი ხშირი დეკომპესანციებისადმი: პიროვნების პათოლოგიური განითარება (პარანოიალური, პარანოიდული და სხვა ტიპების ფსიქოპათიები).
დიაგნოზის დასადასტურებლად სავალდებულოა კლინიკო-ლაბორატორიული გამოკვლევები, თავის ტვინის ფუნქციონალური მდგომარეობის გამოკვლევის ინსტრუმენტული მეთოდები და სპეციფიკური ფსიქოლოგიური ტესტები.
დიაგნოზის გამოტანა ხდება კომისიური წესით არსებული კანონმდებლობის შესაბამისად.
5. ნერვული სისტემისა და გრძნობათა ორგანოების დაავადებები
5.1. თავისა და ზურგის ტვინის სისხლძარღვოვანი დაავადებანი: ემბოლიები; თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლა (იშემიური, ჰემორაგიული ან შერეული ტიპის); III ხარისხის ქრონიკული სისხლ-ძარღვოვანი ენცეფალოპათია; პირველად (არატრავმული) სუბარაქნო-იდული სისხლჩაქცევები ტვინის კეროვანი დაზიანების მყარად გამოხატული მოვლენებით (ჰემი-პარაპლეგიები, ღრმა ჰემიპარა-პარეზები, დროსა და სივრცეში ორიენტაციის დარღვევა, აკინეტიკო-რიგიდული სინდრომი).
დიაგნოზის დასადასტურებლად სავალდებულოა კლინიკო-ლაბორატორიული გამოკვლევები, კოაგულოგრამა, სისხლში რიპიდების განსაზღვრა, ლიქვორის გამოკვლევა, ელექტროკარდიოგრაფიული გამოკვლევა, თავის მაგისტრალური არტერიების დოპლეროგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია, თავის ტვინის სისხლძარღვების ბირთვულ-მაგნიტურ რეზონანსული ანგიოგრაფია, ტომოგრაფია და ყველა ის გამოკვლევა, რომელიც საჭიროა თანმხლებ გართულებათა დასადასტურებლად.
5.2 ცენტრალური ნერვული სისტემის ინფექციური დემიელინიზირებადი დაავადებანი, თანმხლები თავისა და ზურგის ტვნის ორგანული დაზიანებებით ფუნქციის მყარი ღრმა მოშლით (მძიმე დამბლები, ღრმა პარეზები, მგრძნობელობის გავრცელებული მოშლით, მენჯის ორგანოების ფუნქციის დარღვევით, ტროფიკული მოშლილობებით, გამოხატული აკინეტიკორიგიდული სინდრომით) და პროცესის პროგრესული მიმდინარეობით:
5.2.1 მეორადი ჩირქოვანი მენინგიტები.
5.2.2 თავის ტვინის აბსცესები.
5.2.3 სპინალური ეპიდურალური აბსცესები და არატუბერკულოზური წარმოშობის გრანულომები.
დიაგნოზის დასადასტურებლად სავალდებულოა კლინიკო-ლაბორატორიული გამოკვლევები, სისხლის ბაქტერიოგრამა, ლიქვორის გამოკვლევა, თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია, დაავადების შესაბამისად სპონდილოგრაფია, მიელოგრაფია, ელექტრომიოგრაფია, ხერხემლისა და ზურგის ტვინის ბირთვულ-მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია და ყველა ის გამოკვლევა, რომელიც საჭიროა თანმხლებ გართულებათა დასადასტურებლად.
5.2.4 ნეიროსიფილისი.
5.2.5 ნერვული სისტემის დაზიანება ტუბერკულოზის დროს.
დიაგნოზის დასადასტურებლად სავალდებულოა კლინიკო-ლაბორატორიული გამოკვლევები, ლიქვორის გამოკვლევა, ელექტროენცეფალოგრამა, თავის მაგისტრალური არტერიების დოპლეროგრაფია, თავის ტვინის გამოწვეული პოტენციალების გამოკვლევა, თავის ტვინის ბირთვულ-მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, ელექტრომიოგრაფია და დაავადების შესაბამისად სპეციფიკური სინჯები, ასევე ყველა ის გამოკვლევა, რომელც საჭიროა თანმხლებ გართულებათა დასადასტურებლად.
5.2.6 გაფანტული სკლეროზი.
5.2.7 შილდერის ლეიკოენცეფალიტი.
დიაგნოზის დასადასტურებლად სავალდებულოა კლინიკო-ლაბორატორიული გამოკვლევები, სისხლის ვირუსოლოგიური და იმუნოლოგიური გამოკვლევა, ლიქვორის გამოკვლევა (მათ შორის ლანგეს რეაქცია), მიელინის ფუძეცილის გამოკვლევა, თავის ტვინის გამოწვეული პოტენციალების გამოკვლევა, ელექტროენცეფალოგრამა, თავის ტვინის ბირთვულ-მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია, კრანიოგრაფია და ყველა ის გამოკვლევა, რომელიც საჭიროა თანმხლებ გართულებათა დასადასტურებლად.
5.3 ცენტრალური ნერვული სისტემის ტრავმული დაავადებანი - თავის ტვინის კეროვანი დაზიანების მყარად გამოხატული მოვლენებით (ჰემიპარაპლეგიები, ღრმა ჰემი-პარაპარეზები).
დიაგნოზის დასადასტურებლად სავალდებულოა კლინიკო-ლაბორატორიული გამოკვლევები, ლიქვორის გამოკვლევა, კრანიოგრაფია, თავის ტვინის ტომოგრაფია, და ყვლა ის გამოკვლევა, რომელიც საჭიროა თანმხლებ გართულებათა დასადასტურებლად.
5.4 დაავადებები პროგრესირებადი მიმდინარეობებით - მამოძრავებელი, მგრძნობელობითი, ვეგეტატიურ-ტროფიკული ფუნქციის მყარად გამოხატული დარღვევბითა და ჩატარებული მკურნალობის არაეფექტურობით:
5.4.1. თავის ტვინის სიმსივნეები,
5.4.2. კრანისპინალური სიმსივნეები.
5.4.3 ზურგის ტვინის სიმსივნეები.
5.4.4 სირინგობულბია.
დიაგნოზის დასადასტურებლად სავალდებულოა კლინიკო-ლაბორატორიული გამოკვლევები, ლიქვორის გამოკვლევა, კრანიოგრაფია, თავის ტვინის ტომოგრაფია, თავის ტვინის სისხლძარღვთა ანგიოგრაფია, ვერტებრალური ანგიოგრაფია, დაავადების შესაბამისად კისრის მალების რენტგენოგრაფია, კისრის მიდამოს ან თავის ტვინის ბირთვულ-მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია, თავის ტვინის მაგისტრალური არტერიების დოპლეროგრაფია და ყველა ის გამოკვლევა, რომელიც საჭიროა თანმხლებ გარულებათა დასადასტურებლად.
5.4.5 ჰეპატოცერებრალური დისტროფია (ჰეპატო-დიენცეფალური დეგენერაცია; ვილსონ-კონოვალოვის დაავადება).
დიაგნოზის დასადასტურებლად სავალდებულოა კლინიკო-ლაბორატორიული გამოკვლევები, კოაგულოგრამა, სისხლში შაქრის რაოდენობის განსაზღვრა, საერთო ცილისა და ცილის ფრაქციების განსაზღვრა, სისხლის იმუნოლოგიური და ვირუსოლოგიური გამოკვლევა, მიკროელემენტების (სპილენძის) განსაზღვრა, ღვიძლის ფუნქციური სინჯები, მუცლის ღრუს ორგანოების ულტრაბგერითი გამოკვლევა, თავის ტვინის ბირთვულ-მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია და ყველა ის გამოკვლევა, რომელიც საჭიროა თანმხლებ გართულებათა დასადასტურებლად.
5.4.6 სპინოცერებრალური ატაქსია
დიაგნოზის დასადასტურებლად სავალდებულოა კლინიკო-ლაბორატორიული გამოკვლევები, კოაგულოგრამა, საერთო ცილისა და ცილის ფრაქციების განსაზღვრა, ლიქვორის გამოკვლევა (მათ შორის ლანგეს რეაქცია), ღვიძლის ფუნქციური სინჯები, ელექტრო-ენცეფალოგრაფია, თავის ტვინის გამოწვეული პოტენციალების გამოკვლევა, ტვინის მაგისტრალური არტერიების დოპლეროგრაფია, კრანიოგრაფია, მიელოგრაფია, თავის ტვინის ბირთვულ-მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია, ელექტრო-ექოკარდიოგრაფიული გამოკვლევები მუცლის ღრუს ორგანოების ულტრაბგერითი გამოკვლევა და ყველა ის გამოკვლევა, რომელიც საჭიროა თანმხლებ გართულებათა დასადასტურებლად.
5.4.7 გვერდითი ამიოტროფული სკლეროზი.
დიაგნოზის დასადასტურებლად სავალდებულოა კლინიკო-ლაბორატორიული გამოკვლევები, სისხლში აივ ვირუსის განსაზღვრა. ლიქვორის გამოკვლევა, ღვიძლის ფუნქციური სინჯები, კუნთის ქსოვილის მორფოლოგიური გამოკვლევა, რენტგენოლოგიური, ელექტროკარდიოგრაფიული გამოკვლევები, სპონდილოგრაფია, ელექტრომიოგრაფია, თავისა და ზურგის ტვინის ბირთვულ-მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია, და ყველა ის გამოკვლევა, რომელიც საჭიროა თანმხლებ გართულებათა დასადასტურებლად.
5.4.8 მიასთენია
დიაგნოზის დასადასტურებლად სავალდებულოა კლინიკო-ლაბორატორიული გამოკვლევები, სისხლის ბიოქიმიური ანალიზი, ჰორმონების განსაზღვრა თ3 თ4 თირეოტროპული, ადენოკორტიკოტროპული ჰორმონის, კორტიზოლის 17-ოქსიკორტიკოსტეროიდების, სისხლის იმუნოლოგიური გამოკვლევა, ელექტროკარდიოგრაფია, ,,ჯეტერის“ ფენომენის გამოკვლევა, წინა შუასაყარის მიდამოს კომპიუტერული ტომოგრაფია, სპონდილოგრაფიაკუნთის ქსოვილის მორფოლოგიური გამოკვლევა, მედიკამენტოზური ტესტები (პროზერინი, გუანიდინი, ამირიდინი) და ყველა ის გამოკვლევა, რომელიც საჭიროა თანმხლებ გართულებათა დასადასტურებლად.
5.5 ეპილეპსია პაროსიზმული შეტევების გენერალიზაციით და გართულებით, ფსიქიკის გამოხატული მზარდი მოშლით.
5.6 სრული უსინათლობა ასევე მდგომარეობა, როცა მყარი პათოლოგიური ცვლილებების ფონზე უკეთესი მხედველობის თვალში სიმახვილე არ აღემატება 0,03 და არ ექვემდებარება კორეგირებას ან ორივე თვალის მხედველობის არე კონცენტრულად შევიწროებულია 50-მდე.
6. გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებანი
6.1 გულის დაავადებანი გულ-სისხლძარღვთა III ხარისხის უკმარისობით:
6.1.1 გულის შეძენილი და თანდაყოლილი მანკები.
6.1.2 კონსტრიქციული პერიკარდიტი, რომელიც არ ექვემდებარება ქირურგიულ მკურნალობას.
6.1.3 გახანგრძლივებული მიმდინარეობის ბაქტერიული ენდოკარდიტი.
6.1.4 კარდიომიოპათიები (დილატაციური, ჰიპერტროფიული, ობსტრუქციული).
6.1.5 ენდომიოკარდიუკი ფიბროზი.
6.1.6 მიოკარდიული კარდიოსკლეროზი.
6.1.7 გულის იშემიური დაავადება.
6.1.8 რითმისა და გამტარებლობის რთული მოშლა.
დიაგნოზის დასადასტურებლად სავალდებულოა კლინიკო-ლაბორატორიული გამოკვლევები, საერთო ცილისა ფრაქციების განსაზღვრა, კოაგულოგრამა, ანტისტრეპტოლიზინის სინჯი, C-რეაქტიული ცილა, დიფენილამინის სინჯი, ელექტროკარდიოგრაფიული, რენტგენოგრაფიული, ულტრაბგერითი გამოკვლევები და ყველა ის გამოკვლევა, რომელიც საჭიროა თანმხლებ გართულებათა დასადასტურებლად.
6.2 ჰიპერტონული დაავადების III სტადია:
6.2.1 გულის კუნთის განმეორებითი მწვავე ინფარქტი (ტრანსმულარული ან მსხვილკეროვანი) რიტმის მყარი რთული მოშლით და პროგრესირებადი სისხლის მომოქცევის უკმარისიბით.
6.2.2 გულ-სისხლძარღვთა III ხარისხის უკმარისიბით.
6.2.3 თირკმელების უკმარისობის - ტერმინალური სტადიით.
დიაგნოზის დასადასტურებლად სავალდებულოა კლინიკო-ლაბორატორიული გამოკვლევები, კოაგულოგრამა, სისხლში ფერმენტების, კრეატინინის, შარდოვანას, ნარჩენი აზოტის განსაზღვრა, რენტგენოგრაფიული, ელექტრო-ექოკარდიოგრაფიული, ექოკარდიოსკოპიული გამოკვლევები, ველოერგო-მეტრული სინჯი და ყველა ის გამოკვლევა, რომელიც საჭიროა თანმხლებ გართულებათა დასადასტურებლად.
6.3 არტერიების დაავადებანი, ორი ან მეტი კიდურის მაგისტრალურ სისხლძარღვთა დაზიანებით, განგრენოზულ-ნეკროზულ სტადიაში:
6.3.1 მაობლიტირებელი ენდარტერიიტი.
6.3.2 მაობლიტირებელი ათერისკლეროზი.
დიაგნოზის დასადასტურებლად სავალდებულოა კლინიკო-ლაბორატორიული გამოკვლევები, კოაგულოგრამა, შაქრის, კრეატინინის ლაპიდური ცვლის განსაზღვრა, ელექტროკარდიოგრაფიული, ექოკარდიოსკოპიული, რეოვაზოგრაფიული გამოკვლევები, დოპლეროგრაფია და ყველა ის გამოკვლევა, რომელიც საჭიროა თანმხლებ გართულებათა დასადასტურებლად.
7. სასუნთქი გზების დაავადებანი
ფილტვის ქრონიკული არასპეციფიკური დაავადებანი დიფუზური პნევმოსკლეროზით, ფილტვების ემფიზემით, ქრონიკული ფილტვისმიერი გულით დეკომპენსაციის სტადიაში, სუნთქვითი უკმარისობის III ხარისხით ან თირკმლის ქრონიკული უკმარისობის ტერმინალური სტადიით:
7.1 ქრონიკული ობსტრუქციული ბრონქიტი.
7.2 ბრონქული ასთმა.
7.3 ბრონქოექტაზიური დაავადება.
7.4 ფილტვის ქრონიკული გიგანტური აბსცესი.
7.5 პლევრის ტოტალური ან სუბტოტალური ემპიემა.
7.6 სხვადასხვა ეტიოლოგიის პრევმოლონიოზები.
7.7 იდიოპათური ფიბროზირებადი ალვეოლიტი.
7.8 სარკოიდოზი.
7.9 პირველადი ემფიზემა.
დიაგნოზის დასადასტურებლად სავალდებულოა კლინიკო-ლაბორატორიული გამოკვლევები, ნახველის ბაქტერიოლოგიური და ციტოლოგიური გამოკვლევა, რენტგენოლოგიური (რენტგენოგრაფიული და ჩვენების მიხედვით ტომოგრაფიული), ბრონქოსკოპიული, კარდიოგრაფიული გამოკვლევები, სპირომეტრია, სპიროგრაფია და ყველა ის გამოკვლევა, რომელიც საჭიროა თანმხლებ გართულებათა დასადასტურებლად.
8. საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებანი
8.1 ნაწლავებისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის სხვა ორგანოთა დაავადებანი შეწოვის ფუნქციის გამოხატული მოშლით, კახექსიის სტადიაში.
დიაგნოზის დასადასტურებლად სავალდებულოა კლინიკო ლაბორატორიული, კუჭ-ნაწლავის რენტგენოსკოპიური, რენტგენოგრაფიული, ენდისკოპიური (რეტოსკოპია, კოლონოსკოპია, ირიგოსკოპია), მორფოლოგიური გამოკვლევები.
8.2 სხვადასხვა ეტიოლოგიის ღვიძლის ციროზები, დეკომპენსაციის სტადიაში, პორტული ჰიპერტენზიით, ჰიპერსპლენიზმით, ჰეპატოუჯრედოვანი უკმარისობით.
დიაგნოზის დასადასტურებლად სავალდებულოა კლინიკო-ლაბორატორიული (მათ შორის ფერმენტული) გამოკვლევა, რენტგენოლოგიური, ულტრაბგერითი, რადიოიზოტოპური გამოკვლევები.
9. თირკმელების დაავადებანი
თირკმლის ქრონიკული უკმარისობით ტერმინალურ სტადიაში:
9.1 თირკმლების ნაკლოვანება ტერმინალური სტადია.
დიაგნოზის დასადასტურებლად სავალდებულოა კლინიკო-ლაბორატორიული გამოკვლევები დინამიკაში, თირკმლებისა და შარდის ბუშტის მიმოხილვითი რენტგენოგრაფია, ექსკრეტორული უროგრაფია, ცისტოსკოპია რეტროგრადული პიელოგრაფიით და ულტრაბგერითი გამოკვლევები.
10. ძვალ - სახსროვანი სისტემისა და შემაერთებელი დაავადებანი.
პროცესის პროგრესირებადი გენერალიზაციით და თირკმლების ქრონიკული უკმარისობით ტერმინალურ სტადიაში ან სისხლის მიმოქცევის III ხარისხის უკმარისობით ან ცენტრალური ნერვული სისტემის მყარი კეროვანი დაზიანებით (ჰემი - პარაპლეგიები; ჰემი - პარაპარეზები), ან განივი კუნთების გენერალიზებული დაზიანებით - დისფაგიით, დიზართრიით:
10. 1 რევმატოიდული ართრიტი.
10.1.1 ჰემორაგიული ვასკულიტი.
10.1.2 სისტემური წითელი მგლურა.
10.1.3 დერმატომიოზიტი.
10.1.4 კვანძოვანი პერიარტერიიტი.
10.1.5 სისტემური სკლეროდერმია.
10.1.6 მაანკილოზებელი სპონდილოართრიტი (ბეხტერევის დაავადება).
დიაგნოზის დასადასტურებლად სავალდებულოა კლინიკო-ლაბორატორიული გამოკვლევები, მათ შორის სისხლის ცილისა და ცილოვანი ფრაქციების, ჩ - რეაქტიული ცილის, დიფელინამინის, რევმატოიდული ფაქტორის, ანტისტრეპტოლიზინის, ანტისტრეპტოკინაზის, ანტიჰიალურონიდაზის განსაზღვრა, ჩვენების მიხედვით მორფოლოგიური და LE-უჯრედების (ჰანგრეივსის უჯრედების) გამოკვლევა, რენტგენოგრაფიული, ულტრაბგერითი გამოკვლევები და ყველა ის გამოკვლევა, რომელიც საჭიროა თანმხლებ გართულებათა დასადასტურებლად.
11. ნივთიერებათა ცვლის დაავადებანი
პოდაგრა, პოდაგრული ნევროპათიით და თირკმლების ქრონიკული უკმარისობის ტერმონალური სტადიით;
დიაგნოზის დასადასტურებლად სავალდებულოა კლინიკო-ლაბორატორიული გამოკვლევები, მათ შორის სისხლისა და შარდში შარდმჟავას რაოდენობის განსაზღვრა, თირკმელებისა და შარდის ბუშტის მიმოხილვითი რენტგენოგრაფია, ექსკრეტორული უროგრაფია, ულტრაბგერითი გამოკვლევები და ყველა ის გამოკვლევა, რომელიც საჭიროა თანმხლებ გართულებათა დასადასტურებლად.
12. ანატომიური დეფექტები
გამოწვეული უკანასკნელი სასჯელის მოხდის პერიოდში დაავადების ან ტრამვის შედეგად ზედა და ქვედა კიდურების მაღალი ამპუტაცია, აგრეთვე ერთი ზედა და ქვედა კიდურის მაღალი ამპუტაცია (ბარძაყის ან წინამხრის ზედა მესამედში);
სამედიცინო დოკუმენტაციის გარდა სავალდებულოა ავადმყოფის ფოტოსურათი.
![]() |
10 ინვალიდ მსჯავრდებულებთან მოპყრობის გაეროს მინიმალური სტანდარტული წესები |
▲ზევით დაბრუნება |
სად -ში პატიმრების მიღებისთანავე, თითოეული მათგანი გადის სპეციალურ სამედიცინო შემოწმებას, რათა გამოვლინდეს სპეციფიკური ფიზიკური თუ გონებრივი ნაკლი, რომელთაც შემდგომში შესაძლოა შეაფერხონ პატიმრის გამოსწორება, და განისაზღვროს შრომისადმი მათი ქმედითუნარიანობა.
ყოველთვის, როცა სად - ის ექიმი ჩათვლის, რომ დაპატიმრების შედეგად, ან პატიმრობის რაიმე პირობების გამო პატიმრის ფიზიკური ან გონებრივი წონასწორობა დაირღვა ან მას ასეთი დარღვევა ემუქრება, იგი ამის შესახებ მოახსენებს დაწესებულების უფროსს;
სასჯელი, რომელიც ითვალისწინებს პატიმრის მკაცრ რეჟიმში გადაყვანას ან კვების შემცირებას, შეიძლება დაედოს მხოლოდ ექიმის მიერ მისი გასინჯვის შემდეგ. მან წერილობით უნდა დაადასტუროს, რომ ტუსაღს ძალუძს ასეთი სასჯელის გადატანა. ამასთან ეს წესი ეხება სასჯელის იმ სახეებსაც, რომლებსაც შეუძლიათ დასჯილ პირს მიაყენონ ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზიანი;
თავისუფლებააღკვეთილი პირის მიერ მკაცრი სასჯელის მოხდის პერიოდში სად - ის ექიმმა ყოველდღე უნდა მოინახულოს იგი და დაწესებულების უფროსს მოახსენოს თავისი აზრი, თუ იგი საჭიროდ თვლის სასჯელის შეწყვეტას ან შეცვლას თავისუფლებააღკვეთილი პირის ფიზიკური ან ფსიქიური მდგომარეობის გამო.
![]() |
11 ფსიქიურად დაავადებულ პაციენტთა უფლებები |
▲ზევით დაბრუნება |
რა აქვს გარანტირებული ფსიქიურად დაავადებულ პირს?
ფსიქიურად დაავადებულ პაციენტს გარანტირებული აქვს:
ჰუმანური დამოკიდებულება, რომელიც გამორიცხავს პიროვნების ღირსების შეურაცხმყოფელ ყოველგვარ ქმედებებს;
მკურნალობა მინიმალურად შეზღუდულ პირობებში და იმ მეთოდებით, რომლებიც შემუშავებულია შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ;
მკურნალობა აუცილებელი სამედიცინო ჩვენების მიხედვით, შეძლებისდაგვარად ავადმყოფის ან მისი ახლობლების საცხოვრებელ ადგილთან ახლოს;
ინფორმაციის მიღება თავისი დაავადებებისა და მკურნალობის მეთოდების შესახებ;
მკურნალობაზე უარის თქმის უფლება, თუ აქვს უნარი მიიღოს გაცნობიერებული გადაწყვეტილება. თუ პაციენტის ასაკი არ აღემატება 16 წელს, ან არ აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი, მაშინ ასეთი ინფორმაციისა და გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვთ მის მშობლებს ან მეურვეს;
ადვოკატის დახმარების მიღების უფლება. ფსიქონერვოლოგიური დაწესებულების ადმინისტრაცია ვალდებულია პაციენტის ადვოკატს წარუდგინოს პაციენტზე არსებული ყველა სახის დოკუმენტაცია;
ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაცია უზრუნველყოფს ადვოკატის შეხვედრას პაციენტთან, მასთან პერსონალის ან სხვა მოწმეების გარეშე. გამონაკლისია ის შემთხვევები, როდესაც პაციენტის ფსიქიკური მდგომარეობა არ იძლევა ამის შესაძლებლობას;
საჩივრისა და განცხადების შეტანა სასამართლო, სახელმწიფო ორგანოებში, ფსიქიატრის მიწვევა სამართლებრივი საკითხების განხილვისას;
არჩევნებში მონაწილეობის უფლება და უფლება დამოუკიდებლად ეწეოდეს სამეურნეო საქმიანობას, თვითონ განაგებდეს თავის ქონებას თუ იგი სასამართლოს მიერ აღიარებული არ არის არაქმედუნარიანად;
ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების მიღების უფლება;
უფლება ისარგებლოს სოციალური დაცვით;
უფლება ისარგებლოს სანიტარული და საკურორტო მომსახურებით.
რა არ არის ადამიანის ფსიქიურად დაავადებულად ცნობის საფუძველი?
სამსახურეობრივი ან ოჯახური კონფლიქტი, შეუთავსებლობა საზოგადოებაში გაბატონებულ მორალურ, რელიგიურ, კულტურულ ან პოლიტიკურ შეხედულებებთან არ არის ფსიქიური დაავადების დიაგნოზის დასმის საფუძველი.
ცნობა იმის შესახებ, რომ პირი წარსულში მკურნალობდა ამბულატორიული ან სტაციონალური ტიპის ფსიქონერვოლოგიურ დაწესებულებებში, არ ჩაითვლება გადამწყვეტ ფაქტორად, რათა იგი ჩაითვალოს ფსიქიურად დაავადებულად.
როგორ უწევენ ფსიქიურად დაავადებულ პირს ფსიქიატრიულ მკურნალობას?
ფსიქიურად დაავადებულ პირს ფსიქიატრიულ დახმარებას უწევენ მისი თხოვნის საფუძველზე.
იმ პირს, რომელსაც არ შესრულებია 16 წელი ან სასამართლოს მიერ ცნობილია არაქმედუნარიანად, ფსიქიატრიული დახმარება გაეწევა მისი მშობლების ან მეურვის თანხმობით.
ექიმი - ფსიქიატრი ავადმყოფის გამოკვლევისას ვალდებულია გაეცნოს მას და გააცნოს გამოკვლევის მიზანი, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, როდესაც ამ მოქმედებას შეუძლია გაამწვავოს ავადმყოფის მდგომარეობა. ნებისმიერი ტიპის მკურნალობა დაუყოვნებლივ ფიქსირდება სამედიცინო დოკუმენტაციაში იმის მითითებით, რომ მკურნალობა ნებაყოფლობითია (დასტურდება პაციენტის ხელმოწერით).
რა უფლება აქვს სტაციონარში მოთავსებულ პაციენტს?
სტაციონარში მოთავსებულ პაციენტს უფლება აქვს:
მიიღოს და გააგზავნოს გზავნილები და წერილები;
მიიღოს მნახველები საამისოდ სპეციალურ დროს (11 საათიდან 20 საათამდე) და სპეციალურ ადგილას (ყველა განყოფილებაში არსებობს სპეციალურად გამოყოფილი ოთახები).
შეხვდეს ადვოკატს ან მეურვეს მოწმეების გარეშე.
![]() |
12 გასაჩივრების წესი და პასუხისმგებლობა პაციენტის უფლებების დარღვევისათვის |
▲ზევით დაბრუნება |
პაციენტს, მის ნათესავს ან კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს ექიმს, ექთანს, მედიცინის სხვა მუშაკს ან სამედიცინო დაწესებულებას უჩივლოს სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაციაში, ჯანმრთელობის დაცვის მართვის ორგანოში, სასამართლოში ან დავის გამრჩევ სხვა ორგანოში, თუ სამედიცინო პერსონალის ქმედებით ან უმოქმედობით გამოწვეულ იქნა პაციენტის ფიზიკური ან ფსიქიური მდგომარეობის გაუარესების ან სიკვდილის, ან პაციენტისათვის მიყენებულ მორალური ან მატერიალური ზიანისათვის.
პაციენტის გამოკვლევასთან, მოვლასთან და მკურნალობასთან დაკავშირებული სამედიცინო სტანდარტებისა და ეთიკური ნორმების დარღვევისათვის, საექიმო საქმიანობის არასწორად წარმართვისათვის გათვალისწინებულია პასუხისმგებლობის შემდეგი სახეები:
ა) წერილობითი გაფრთხილება;
ბ) სახელმწიფო სერთიფიკატის მოქმედების შეჩერება (ნებადართული საქმიანობის დროებით აკრძალვა);
გ) სახელმწიფო სერთიფიკატის გაუქმება (ნებადართული საქმიანობის აკრძალვა);
დ) ნარკოტიკული, ფსიქოტროპული და ალკოჰოლის შემცველი მედიკამენტების გამოწერის შეზღუდვა.
საექიმო საქმიანობის სუბიექტის პროფესიული პასუხისმგებლობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო სერტიფიკატის მიმნიჭებელი საბჭო.
![]() |
13 განცხადების ან საჩივრის წარდგენა სახელმწიფო სერთიფიკატის მიმნიჭებელ საბჭოში |
▲ზევით დაბრუნება |
განცხადება ან საჩივარი საბჭოს უნდა წარედგინოს წერილობით. საბჭოს მისამართია ქ. თბილისი, დ. უზნაძის №78, ტ: 94-29-13;
საბჭოში წარმოდგენილი განცხადება ან საჩივარი უნდა შეიცავდეს:
ა) განმცხადებლის ან მომჩვნის სახელს, გვარს, დაბადების თარიღსა და საცხოვრებელი ადგილის მისამართს;
ბ) იმ ექიმის სახელს, გვარს, სპეციალობას და სამსახურის მისამართს, რომელსაც ეხება განცხადება ან საჩივარი;
გ) განცხადების ან საჩივრის არსსა და მოთხოვნას;
დ) სხვა გარემოებებს;
განცხადება ან საჩივარი ხელმოწერილი უნდა იყოს განმცხადებლის ან მომჩივნის მიერ;
თუ განცხადებას ან საჩივარს წარადგენს განმცხადებლის ან მომჩივნის ნათესავი ან პაციენტის კანონიერი წარმომადგენელი, მისი უფლებამოსილება უნდა დაამოწმოს ნოტარიუსმა ან სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელმა.
საბჭოს გადაწყვეტილების მიღებისას მხარეების დასწრება სავალდებულოა.
საბჭოს გადაწყვეტილება თუ მას არ ეთანხმება პაციენტი შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.
სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში მყოფი ავადმყოფისათვის არასაპატიო მიზეზით მედიცინის მუშაკის მიერ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაუწევლობა, სისხლის სამართლის კოდექსის 130-ე მუხლით ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით თხუთმეტ თვემდე, ანდა ტუსაღობით ვადით ორიდან სამ თვემდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ. (მაგ. მოქალაქეს ცუდად გაუხდა გული. გამოძახებით გამოცხადდა ექიმი, რომელმაც ავადმყოფი გადაიყვანა საავადმყოფოში და მოახსენა განყოფილების გამგეს ჰოსპიტალიზირების აუციელბლობის შესახებ. ამ უკანასკნელმა ერთი საათის განმავლობაში არ გაუწია დახმარება ავადმყოფს, ეს უკანასკნელი ინფარქტისაგან გარდაიცვალა). იგივე ქმედება, რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია ავადმყოფის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება ან სიცოცხლის მოსპობა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
პრაქტიკაში ხშირია უკანონო აბორტის გაკეთება, რაც გულისხმობს წესების დაუცველობით სპეციალური სტაციონალური საავადმყოფოსა და სამშობიარო სახლის გარეშე, სანიტარული პირობების დარღვევით არასპეციალისტი ექიმის მიერ აბორტის გაკეთებას. ასეთ შემთხვევაში უკანონო აბორტის გამკეთებელი სისხლის სამართლის კოდექსის 133-ე მუხლის თანახმად ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასიდან ორას ორმოც საათამდე ანდა გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთიდან ორ წლამდე. თუ აბორტი გაკეთებულ იქნა განმეორებით და მისი ჩამდენი ნასამართლევი იყო ასეთი დანაშაულებრივი ქმედებისათვის ან აბორტმა გამოიწვია გამრავლების უნარის სრული დაკარგვა ან ქრონიკული ანთებითი პროცესები, იგი ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე, ან ტუსაღობით ვადით სამ თვემდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
თუ უკანონო აბორტმა გამოიწვია პაციენტის სიცოცხლის მოსპობა ამისათვის გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ვადით ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.