The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

აქტიური მოქალაქეობის სახელმძღვანელო


აქტიური მოქალაქეობის სახელმძღვანელო


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
თემატური კატალოგი სამოქალაქო განათლება|სამოქალაქო განათლება
წყარო: აქტიური მოქალაქეობის სახელმძღვანელო / [რედ.: თამარ ასათიანი, აკაკი მინაშვილი] - [თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2005] - 125გვ. ; 20სმ. - - ბიბლიოგრ.: გვ. 125. - ISBN 99940-885-0-5 : [ფ.ა.]   [MFN: 28757]
 
UDC:  323.25
K 251.114/3 - საერთო ფონდი
K 251.115/3 - საერთო ფონდი
K 251.116/3 - საერთო ფონდი
323.25/ა-939 - ტექნიკური დარბაზი (სამოქალაქო განათლების დარბაზი)
F 87.907/3 - ხელუხლებელი ფონდი

საავტორო უფლებები: © თავისუფლების ინსტიტუტი
თარიღი: 2005
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: წიგნის გამოცემა დაფინანსებულია დემოკრატიის ეროვნული ფონდის (National Ebowment for Democracy) მიერ. მიუხედავად ამისა, მხოლოდ თავისუფლების ინსტიტუტი აგებს პასუხს ამ გამოცემის შინაარსზე. მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს დემოკრატიის ეროვნული ფონდის (National Ebowment for Democracy) აზრს. რედაქტორები: თამარ ასათიანი აკაკი მინაშვილი თავისუფლების ინსტიტუტი თბილისი 0108, გრიბოედოვის 23 / ტელ.: 93 66 15, ფაქსი: 93 67 84 / ელ-ფოსტა: liberty@liberty.ge www.liberty.ge



1 ნაწილი I სამოქალაქო დაუმორჩილებლობა, როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის საშუალება

▲back to top


ბოროტების ტრიუმფისათვის ერთადერთი რამ
არის საჭირო: რომ კარგმა ადამიანმა არაფერი
გააკეთოს.
ედმუნდ ბერკი

ნაცისტური რეჟიმის დანგრევისა და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში ძირეული დოკუმენტების შექმნის შემდეგ წარმოიშვა იმის მზარდი იმედი, რომ მსოფლიომ შეაბიჯა ახალი მმართველობის ეპოქაში, როდესაც ადამიანის უფლებები და სამართლიანობა გათვალისწინებული და დაცული იქნება. სამწუხაროდ, მოვლენების შემდგომმა განვითარებამ საპირისპირო შედეგი გამოიღო: საბჭოთა ზეგავლენისა და კომუნისტური იდეოლოგიის გავრცელება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებსა და მსოფლიოს სხვა მხარეებში, მმართველობის სისტემა, რომელიც სრულიად უგულებელყოფდა სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების მნიშვნელობას, და სამხედრო დიქტატურა ლათინურ ამერიკაში, დემოკრატიული სისტემების წინააღმდეგ გალაშქრება, ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევა, გენოციდი და აპართეიდი აფრიკის კონტინენტზე. საბჭოთა კავშირის დაშლამ წინ წამოსწია კიდევ რამდენიმე დიქტატორული ქვეყანა ცენტრალური აზიის სახელმწიფოთა შორის და სერბეთში მილოშევიჩის მმართველობისასა, ან იმ ქვეყნებში, რომლებიც ოფიციალურ დონეზე ადამიანის უფლებათა დაცვის პრინციპს ქადაგებდნენ, თუმცა სინამდვილეში რუსეთის მსგავსად ყოველგვარ აღიარებულ თავისუფლებას აღკვეთდნენ. გარდა ამისა, ავტორიტარული სისტემის ნათელი მაგალითებია ჩრდილოეთ კორეა და ირანი, რომლებიც დღემდე აღიქმება, როგორც საშიშროება მშვიდობისათვის რეგიონში და მთელ მსოფლიოში. სამხედრო ინტერვენციამდე ერაყი სადამ ჰუსეინისა და მისი სამხედრო დაჯგუფების მიერ დანერგილი სასტიკი მმართველობის პრინციპის ნათელი მაგალითი იყო.

ბუნებრივია, რომ შექმნილმა ფაქტობრივმა ფონმა ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების შეყოვნება გამოიწვია. დღემდეცშემუშავებულ იქნა სხვადასხვა სახელმწიფო თუ საერთაშორისო მექანიზმები, რომლებიც იცავს ადამიანის უფლებებს, თუმცა, სამწუხაროდ, ეს მექანიზმები სუსტი ან არაეფექტურია დიქტატორული რეჟიმის პირობებში, როდესაც სახელმწიფო ჩართულია კორუფციაში, არ იცავს კანონის უზენაესობას და არღვევს ადამიანის უფლებებს. ასეთ შემთხვევებში ფორმალური ინსტიტუტები, შესაძლოა, არ აღმოჩნდნენ ეფექტური სახელმწიფოს დიქტატის შესაკავებლად. მსოფლიო ისტორიაში ხშირია პრაქტიკა, როდესაც დიქტატორების წინააღმდეგ ძალადობრივი მეთოდები (მაგ., ომი) გამოიყენება. თუმცა ჩვენი მიზანი ძალადობრივ მეთოდებზე საუბარი არ არის, არამედ შევეცდებით, უკეთ წარმოვაჩინოთ არაძალადობრივი მეთოდების როლი დიქტატურის წინააღმდეგ ბრძოლაში და მათი გამოყენების ისტორია.

არაძალადობრიობაზე საუბრის დაწყებამდე მნიშვნელოვანია, განვიხილოთ სამოქალაქო დაუმორჩილებლობის თემა. სამოქალაქო დაუმორჩილებლობა ადამიანის უფლებათა დაცვის ერთ-ერთი ალტერნატიული საშუალებაა და, როგორც ისტორიამ ნათლად დაგვანახვა, ეს საკმაოდ ეფექტური ზომაა სხვა საშუალებების ნაკლოვანებათა გამოსასწორებლად. სამოქალაქო დაუმორჩილებლობის იდეა მუშავდებოდა და გამოიყენებოდა ანტიკური დროიდან, იმ პერიოდში, როდესაც ეროვნული თუ საერთაშორისო საშუალებები არ არსებობდა. თუმცა მე-19 საუკუნემდე მას აკლდა „სამოქალაქო“ ელემენტები და იგი აღიქმებოდა, როგორც კანონისადმი უბრალო დაუმორჩილებლობა. დღეს სამოქალაქო დაუმორჩილებლობას ოდნავ განსხვავებული კვალიფიკაცია მიენიჭა. კანონისადმი დაუმორჩილებლობა ჯერ კიდევ ძველი საბერძნეთის დროიდან აღვივებდა ფართო ინტერესს. დაუმორჩილებლობის დილემა აღწერილია მითოლოგიაში, ტრაგედიებსა და რელიგიურ მოძღვრებებში. იურიდიული და პოლიტიკური თეორიების თვალსაზრისით, ეს საკითხი მჭიდროდაა დაკავშირებული ბუნებითი სამართლის ფილოსოფიასთან, კერძოდ, დაწერილი კანონის ქმედითობასთან ბუნებრივ ფასეულობებთან კავშირში. არისტოტელე, სოკრატე, წმინდა თომა აკვინელი და წმინდა ავგუსტინი ამართლებდნენ დაუმორჩილებლობას, თუკი დაწერილი კანონი არ შეესაბამებოდა ბუნებით სამართალს. ლოკი აღიარებს დაუმორჩილებლობის შესაძლებლობას, თუკი სახელმწიფო არღვევს სოციალური კონტრაქტით გათვალისწინებულ ვალდებულებებს. მე-19 საუკუნეში ჰენრი დევიდ ტორომ ერთ-ერთი ეპოქალური ნამუშევარი შექმნა დაუმორჩილებლობის დარგში და შემოიტანა ტერმინი „სამოქალაქო“. მე-20 საუკუნეში დაუმორჩილებლობის იდეა ფართოვდება და აქტიურად ინერგება. მაჰათმა განდისა და მარტინ ლუთერ კინგის ნამუშევრებმა დიდი წვლილი შეიტანა იდეის განვითარებაში. გარდა ამისა, რამდენიმე სხვა გამოჩენილმა ფილოსოფოსმა, როგორებიც არიან ჯონ როულზი, რონალდ დვორკინი, ჰუგო ადამ ბედო და ჰანა არენდტი, წარმოადგინა თავისი მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით. სამოქალაქო დაუმორჩილებლობის იდეის მომხრეები ამტკიცებენ, რომ სამოქალაქო დაუმორჩილებლობა, გარკვეული კვალიფიკაციით, შეიძლება ხელს უწყობდეს დემოკრატიულ პროცესებს, თუმცა ოპონენტები მისი უარყოფისას ძირითადად არგუმენტად ასახელებენ მასობრივი უკანონობის საშიშროებას. უკანასკნელი დროის მოვლენებმა სერბეთში, საქართველოში და მიმდინარე პროცესებმა უკრაინაში კიდევ უფრო ინტენსიური გახადა ეს დებატები პოლიტიკურ წრეებშიც.

სამოქალაქო დაუმორჩილებლობასთან დაკავშირებულმა ისტორიამ და ლიტერატურამ წამოჭრა რამდენიმე შეკითხვა, რომლებიც განხილულია წინამდებარე წიგნში. პირველი - რაში მდგომარეობს სამოქალაქო დაუმორჩილებლობის ნამდვილი ხასიათი და კვალიფიკაცია, მეორე - არღვევს თუ არა სამოქალაქო დაუმორჩილებლობა ადამიანის უფლებებს, ვნებს თუ არა კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის პრინციპებს, და მესამე - არის თუ არა გამართლებული სამოქალაქო დაუმორჩილებლობისათვის იურიდიული სტატუსის მინიჭება და შეიძლება თუ არა ამგვარმა სტატუსმა ანარქიამდე და უკანონობამდე მიგვიყვანოს. ზემოხსენებული შეკითხვებიდან გამომდინარე, წინამდებარე წიგნის მიზანი იმის დემონსტრირებაა, რომ თანამედროვე საზოგადოებაში და მსოფლიოს დღევანდელი მმართველობის პირობებში სამოქალაქო დაუმორჩილებლობა დოკუმენტში განმარტებული კვალიფიკაციებით ადამიანის უფლებათა და დემოკრატიის დაცვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა და მიუთითებს სამოქალაქო დაუმორჩილებლობის ლეგიტიმიზაციაზე, ისტორიული განვითარების, თეორიული ინფორმაციისა და არსებული ტენდენციების გათვალისწინებით.

1.1 თავი 1 სამოქალაქო დაუმორჩილებლობის ფილოსოფიური და ისტორიული ფესვები

▲back to top


თავისუფლების ყველაზე დიდი
საშიშროება ინერტული ადამიანია.
მოსამართლე ბრანდეისი
შესავალი

შუა საუკუნეების განმავლობაში კანონის დარღვევის იდეა კამათის საგანს წარმოადგენდა და მას განსაკუთრებული ყურადღება მე-18 საუკუნეში მიექცა ბუნებითი სამართლისა და კანონის იდეოლოგიის წარმოშობასთან ერთად. იმ დროიდან დაუმორჩილებლობას აქტიურად იყენებდნენ ისტორიული პოლიტიკური გარდაქმნების მისაღწევად და ფუნდამენტური უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად. რამდენად უცნაურიც არ უნდა იყოს, მე-20 საუკუნეში სამოქალაქო დაუმორჩილებლობა მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების მიერ წამოწყებული კონფლიქტებისა და ომებისაგან თავის დაღწევის საშუალებად გამოიყენება. საბჭოთა კავშირში სამოქალაქო დაუმორჩილებლობა დაეხმარა ხალხს კომუნისტური დიქტატურის დამარცხებაში.

1.1.1 1.1 ძველი საბერძნეთი

▲back to top


1.1.1 ანტიგონე

დაწერილი კანონის დაუმორჩილებლობის იდეა ანტიკურ ხანაში წარმოიშვა. ამის პირველი აშკარა მაგალითები ბერძნულ მითოლოგიაში გვხვდება, კერძოდ, პრომეთეს დაუმორჩილებლობა ზევსისადმი. უდიდესმა ათენელმა ტრაგიკოსმა სოფოკლემ ადამიანის მიერ დაწერილი კანონისადმი დაუმორჩილებლობის საკითხი ცნობილ დრამა „ანტიგონეში“ განმარტა. ანტიგონე არღვევს კრეონის ბრძანებას, რომელიც თებეს მმართველი იყო და უყურადღებოდ ტოვებს განკარგულებას, არ დამარხოს ძმა, რასაც იგი სრულიად ამორალურად მიიჩნევს.

აქ შეგვიძლია ვისაუბროთ პირად მორალურ შინაგან ფასეულობებსა და კანონიერი მბრძანებლის მიერ გაცემულ განკარგულებას შორის არჩევანთან დაკავშირებულ დილემაზე. აშკარაა, რომ ტრაგედიაში მთავარი აქცენტი გაკეთებულია არა დაუმორჩილებლობის საკითხზე, არამედ ანტიგონეს საქციელის მორალურ ასპექტზე, თუმცაღა იგი სწორად არის მიჩნეული ისეთი დაწერილი კანონის უარყოფის აქტის მაგალითად, რომელიც ეწინააღმდეგება მაღალ მორალურ ფასეულობებს.

1.1.2 სოკრატე

კანონის დაუმორჩილებლობის ისტორიაში და საზოგადოდ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია პლატონის „კრიტო“, რომელშიც გადმოცემულია სოკრატესა და მისი მეგობრის კრიტოს საუბარი. სოკრატე მისმა თანამოქალაქეებმა ციხეში დაამწყვდიეს და სიკვდილი მიუსაჯეს. კრიტო გამოსავლის მონახვის მცდელობისას ცდილობს, დაარწმუნოს სოკრატე, გაიპაროს ციხიდან და დაარღვიოს დადგენილი წესები. სოკრატე უარს ამბობს და შეიმუშავებს იდეოლოგიას, რომელსაც „დაარწმუნე ან დაემორჩილე“-ს დოქტრინა ეწოდება. მას საფუძვლად უდევს მორალი, რომლის თანახმადაც, მოქალაქემ უნდა დაარწმუნოს თავისი მმართველი, შეცვალოს კანონი ან დაემორჩილოს ამ კანონს. იგი იმეორებს: „როგორც ომში, ისე კანონის სასამართლოში და ყველგან უნდა გააკეთო ის, რასაც შენი ქვეყანა გიბრძანებს, ან არა და უნდა დაარწმუნო იგი საყოველთაო სამართლის შესაბამისად, მაგრამ ორპირობა ცოდვაა საკუთარი მშობლების წინაშეც კი და კიდევ უფრო დიდი ცოდვაა შენი ქვეყნის წინაშე“. იგი აცხადებს, რომ თუკი კერძო პირს ასე ადვილად შეუძლია დაარღვიოს ადამიანთა მიერ დადგენილი წესი, ეს გამოიწვევს ქაოსს და დაანგრევს ყველა მიღებულ პრინციპს. სოკრატეს სამი არგუმენტი მოჰყავს კანონმორჩილების გასამართლებლად. პირველი ის, რომ სახელმწიფო არის მშობლიური დამოკიდებულების სახე ყოველი მოქალაქის მიმართ; მეორე: სახელმწიფო არის მცველი; მესამე: ყოველ მოქალაქეს მიცემული აქვს მორჩილების პირობა იმ ფაქტით, რომ დავაჟკაცების ასაკში ამ სახელმწიფოში ცხოვრობს. იმ კანონის დარღვევა, რომელზეც შენ თანხმობა განაცხადე, უღირსი საქციელია და ამან შესაძლოა უარყოფითი ზეგავლენა იქონიოს მომავალ თაობებზე.

აშკარაა, რომ სოკრატე სრულიად არ აღიარებს კანონის დარღვევის შესაძლებლობას, პირიქით ყველა ღონეს ხმარობს, რათა დაამტკიცოს, რომ ადამიანის მიერ დაწერილი კანონი კარგია. იგი აცხადებს, რომ კანონის აღსრულებისაგან გაქცვით, ადამიანი ამტკიცებს უკანონო გადაწყვეტილების სისწორეს; ამდენად, მისთვის სასჯელის მიღება ერთგვარი მცდელობაა უსამართლო კანონის ნაკლოვანებების წარმოჩენისა. პლატონის „აპოლოგიაში“ სოკრატე ცდილობს წარმოადგინოს გამართლებული დაუმორჩილებლობის ცნება, რომელიც აუცილებლობის პრინციპს და უზენაესი მმართველისადმი დამორჩილებას ეყრდნობა. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში სასჯელი მიღებულ უნდა იქნეს, რაც მოგვიანებით დაუმორჩილებლობის ძირითად პრინციპად

გადაიქცა.

1.1.2 1.2 რელიგიური საფუძველი

▲back to top


1.2.1 ბიბლიური ფილოსოფია

საზოგადოდ, ქრისტიანობა მმართველის მორჩილებას ქადაგებს, რამდენადაც იგი ღმერთისაგან არის მოვლენილი. ღმერთი ასაჩუქრებს მმართველს ბრძანების გაცემის უფლებამოსილებით ქრისტე მიმართავს მორწმუნეთ და ეუბნება მათ: „ნეტარ ხართ თქვენ, როცა გაგლანძღავენ, გაგდევნიან და ყოველნაირად ბოროტს იტყვიან თქვენზე ჩემს გამო. იხარეთ და იმხიარულეთ, ვინაიდან დიდია თქვენი საზღაური ცაში. ასევე დევნიდნენ წინასწარმეტყველთ, რომლებიც თქვენზე უწინ იყვნენ“, მიუთითებს რა, რომ სამოქალაქო მმართველის პატივისცემა და მისი მორჩილება საყოველთაო კეთილდღეობისათვის მხოლოდ კარგის მომტანია.

ამავე დროს, ექსტრემალურ სიტუაციაში, „როდესაც ცოდვა გარდაუვალია“, მიმდევრები უფლებამოსილნი არიან, არ დაემორჩილონ მმართველს და მის კანონებს იმ შემთხვევაში, თუკი ადამიანის დაწერილი ნორმები ეწინააღმდეგება ღმერთის მიერ მოწოდებულ უზენაეს წესს, რამდენადაც ღმერთის ნება სამოქალაქო მმართველის კანონზე უზენაესია. მოციქულთა საქმეებში, თავი 26, მითითებულია, რომ „ჩვენ ღმერთს უნდა დავემორჩილოთ და არა ადამიანს“, ამდენად, კანონის ძალა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად შეესაბამება იგი უზენაეს ნებას. ქრისტიანებმა ყველა ღონე უნდა იხმარონ, რომ გააუმჯობესონ ადამიანის მიერ შექმნილი კანონი, გააუქმონ უსამართლო და ამორალური წესები. უფრო მეტიც, ადამიანი უნდა იღვწოდეს სხვათა უფლებებისა და კეთილდღეობისათვის.

ბიბლიაში მოყვანილია დაწერილი წესისა თუ კანონის დაუმორჩილებლობის მრავალი მაგალითი, რომლებშიც დაუმორჩილებლობა წარმოდგენილია ქმედებითი ფორმით ან პასიურობით, ანუ უმოქმედობით. მკვლელობის ამკრძალავი ღმერთის კანონის დაცვისას ებრაელმა ბებიაქალებმა უარყვეს ფარაონის კანონი და უარი განაცხადეს ახალშობილთა მკვლელობაზე. სედრაკი, მისაკი და აბედნაქო არ ეთაყვანებოდნენ ოქროს ქანდაკებას მეფე ნაბუქოდონოსორის განკარგულების მიუხედავად, რამდენადაც ითვლებოდა, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ცოდვა იყო. მოგვებმაც არ გაუმხილეს ჰეროდეს ჩვილი იესოს ადგილსამყოფელი.

1.2.2 რელიგიური მოაზროვნენი

კათოლიკური ეკლესია ძალზე აქტიური იყო სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მოძრაობაში. წამებულნი ყველა დროში რეალურად ახორციელებდნენ თავიანთ დაუმორჩილებლობას და იღებდნენ სასჯელს, რათა ამგვარად გამოევლინათ უსამართლობა. თავად ქრისტეს ჯვარცმის ფაქტიც კი შეიძლება განვიხილოთ, როგორც დაუმორჩილებლობის აქტი. ეკლესია აქტიურად უჭერდა მხარს სამოქალაქო უფლებათა მოძრაობას ამერიკის შეერთებულ შტატებში ყრილობებში აქტიური მონაწილეობით. ნაცისტების პერიოდში მღვდლებმა მრავალ ებრაელს აღმოუჩინეს დახმარება.

წმ. თომა აკვინელი, მე-13 საუკუნის გამოჩენილი ფილოსოფოსი, განიხილავდა ღვთაებრივ მმართველობას, როგორც ბუნებითი სამართლის წყაროს, რომელიც, თავის მხრივ, გვკარნახობს დაწერილი კანონის არსს. ნებისმიერი ქმედება, რომელიც ეწინააღმდეგება ღმერთის ნებას, უსამართლოდ უნდა ჩაითვალოს და „მას არ გააჩნია ფესვები უცვლელ ბუნებით სამართალში“. მისი სწავლებიდან გამომდინარე, მმართველი, რომელმაც ძალაუფლბა ძალის გამოყენებით ან კორუფციით მოიპოვა, გადაგდებულ უნდა იქნეს თუნდაც ძალადობის გზით. ერთადერთი გამონაკლისი ამ შემთხვევაში იყო მომდევნო სახალხო დასტური.

აკვინელი ქადაგებდა ბუნებითი სამართლის თეორიას რაციონალობასა და საყოველთაო კეთილდღეობაზე დაყრდნობით. აკვინელის თანახმად, უსამართლო კანონები წარმოადგენს ძალადობის აქტს, კანონის დამახინჯებას და, ამდენად, უმჯობესია დაარღვიო, ვიდრე დაემორჩილო მათ.

აკვინელის ფილოსოფიაში ჩვენ ვხედავთ უსამართლო კანონების დაუმორჩილებლობის მოვალეობის საწყისს. მისი აზრით, უსამართლო აქტი სულაც არ არის სავალდებულო ყველასათვის, რამდენადაც იგი სცდება სამართლიანობის პრინციპებს. სამართლიანობა მას გამოჰყავს გააზრებულ მიდგომად, რომელიც, თავის მხრივ, წარმოქმნილია ბუნებითი სამართლისაგან. უსამართლო კანონი შეიძლება ორგვარად არსებობდეს: აქტები, რომლებიც ეწინააღმდეგება „ადამიანის კეთილდღეობას“, როდესაც ამგვარ ნორმებს მივყავართ „სიხარბესა და პატივმოყვარეობამდე“, რომლებსაც ადამიანი თავისი ძალაუფლების ფარგლებს გარეთ წარმოქმნის და მეორე, როდესაც დაწერილი კანონი არღვევს ღვთაებრივ წესს. ამგვარი კანონები არ არის სავალდებულო სინდისისათვის და „ამ სახის კანონები არც ერთ შემთხვევაში არ უნდა იქნეს დაცული“.

ჯან კალვინი, გამოჩენილი რელიგიური რეფორმისტი, ამართლებს კანონებისადმი წინააღმდეგობას იმ შემთხვევაში, თუკი იგი „უღირსი მთავრობის“ წინააღმდეგ განხორციელდა. მისი სწავლების ზეგავლენის ქვეშ მოქცეული მისი მიმდევრები ამტკიცებდნენ, რომ მმართველი ვალდებულია, პატივი მიაგოს ადამიანის მორალს და რწმენას და თუკი ის ვერ ასრულებს ამ ვალდებულებას, ადამიანი მოვალეა, წინააღმდეგობა გაუწიოს მას, რამდენადაც სამოქალაქო მმართველის მხრიდან ღმერთის ნების დაუმორჩილებლობა „მკრეხელობაა“.

მიწიერი მმართველისათვის გაწეული წინააღმდეგობა ხაზგასმული იყო სხვა რელიგიური რეფორმისტების სწავლებასა და იდეოლოგიებშიც, მათ შორის ფრანგი ჰუგენოტების, რელიგიურ-პოლიტიკური მოძრაობების, როგორიცაა ანაბაპტისტების და მენონიტების, ისეთი ჯგუფების, როგორიცაა Levers Uaqers Ganters და სხვ. მათი მოთხოვნები განსხვავებული იყო, მაგრამ მათი ქმედებანი ე.წ. არაძალადობრივი პირდაპირი ქმედების ფესვებს წარმოადგენდა. იყვნენ რელიგიური ფიგურებიც, რომლებიც კანონის დაუმორჩილებლობას ქადაგებდნენ. რელიგიური რეფორმისტული მოძრაობა, რომელსაც მარტინ ლუთერი ხელმძღვანელობდა, მტკიცედ უარყოფდა სამოქალაქო მმართველის დაუმორჩილებლობას, იმის მიუხედავად, „სამართლიანი იყო მისი ქმედებები თუ უსამართლო“. იგი თვლიდა, რომ მონარქის დაუმორჩილებლობა სერიოზული ცოდვაა. მაგრამ, როგორც ისტორია გვიჩვენებს, სინამდვილეში პროტესტანტული მოძრაობა ახორციელებდა რელიგიურ დაუმორჩილებლობას პაპის ძალაუფლებისადმი, როდესაც ისინი ამგვარ მმართველობას ღმერთის ნების საწინააღმდეგოდ თვლიდნენ.

როგორც დავინახეთ, რელიგიურმა ფილოსოფიამ მყარი საფუძველი შექმნა დაუმორჩილებლობის ფილოსოფიისათვის; თუმცა ეს არ აღიქმებოდა, როგორც ე.წ. სამოქალაქო დაუმორჩილებლობა და, ძირითადად, მას არ გააჩნდა წინააღმდეგობის ინდივიდუალური ზნეობრივი ნიადაგი. იგი არ ითვლებოდა მასობრივ აქციად, რომელშიც გაერთიანებული იყო პოპულარულ ხმათა მნიშვნელოვანი რაოდენობა. მისი მთავარი მიზანი იყო, შეეკრა დამცავი წრე რელიგიური რწმენისათვის და თავიდან აეცილებინა მიწიერი მმართველობა, რომელიც ღვთაებრივი წესებისაგან წარმოშობილ ბუნებით სამართალს ემყარებოდა. ეს შეიძლება პოლიტიკა იყო, რომელსაც გარკვეული რელიგიური წრეები ატარებდნენ, რათა გაეძლიერებინათ ეკლესია და მისი გავლენა სახელმწიფოზე ერთი მხრივ ან ადგილობრივი ეკლესია პაპის მმართველობის წინააღმდეგ მეორე მხრივ.

არც ერთი რელიგია ან რელიგიური მოძრაობა არ ქადაგებდა კანონის დაუმორჩილებლობას ადამიანის რწმენის თავისუფლების უფლების დაცვის სახელით, გარდა Levers-ისაა რომლებიც ხმის უფლებას და თანასწორობას ითხოვდნენ და კვაკერებისა, რომლებიც წინააღმდეგობას უწევდნენ მთავრობის მიერ შეკრების უფლების აკრძალვას. ეს სიტუაცია ოდნავ შეიცვალა მე-20 საუკუნეში, როდესაც ეკლესიების წარმომადგენლებმა დაიწყეს მონაწილეობის მიღება სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მოძრაობაში, როგორიც იყო ადამიანის უფლებათა დაცვის მოძრაობა ამერიკის შეერთებულ შტატებში 1960-იან წლებში და საქართველოში 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ დროს, როდესაც რელიგიური უმცირესობები მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ არაძალადობრივ პირდაპირ ქმედებებში.

1.1.3 1.3 შუა საუკუნეები - მე-20 საუკუნე

▲back to top


1.3.1 ნიკოლო მაკიაველი

ნიკოლო მაკიაველი გამოჩენილი პოლიტიკური მოაზროვნე იყო, რომელმაც გამოიკვლია სახელმწიფოს მართვის ხელოვნებისა და ძალაუფლების საფუძვლები. მისი იდეოლოგიის ძირითადი მიმართულება მდგომარეობდა იმაში, რომ ხალხის მართვისა და კონტროლისათვის მმართველმა ქვეშევრდომებს შიში უნდა შთაუნერგოს, რომელიც არ გადაიზრდება სისასტიკეში, რათა თავიდან აიცილოს სიძულვილი. გარდა ამისა, საზოგადოებაში სიძულვილის ჩამოყალიბების შესაძლებლობის მინიმუმამდე დასაყვანად მმართველმა თავი უნდა შეიკავოს ინდივიდუალური საკუთრების ხელყოფისაგან და უზრუნველყოს სასჯელის გამოყენების ძლიერი არგუმენტაცია.

იმისათვის, რომ სწორად მართოს ქვეყანა, მმართველი საჭიროებს მნიშვნელოვანი რაოდენობით ხალხის მხარდაჭერასა და ერთგულებას. როგორც კი მის მიმართ კეთილგანწყობა გაქარწყლდება, მისი ძალაუფლება დასუსტებას დაიწყებს და იგი თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდება. იგი ამტკიცებს, რომ „ვისაც საზოგადოება მთლიანად მტრად ჰყავს გადაქცეული, ვერასოდეს შეძლებს დაიცვას თავი; და რაც უფრო სასტიკია იგი, მით უფრო სუსტი ხდება მისი რეჟიმი“. რაც შეეხება დაუმორჩილებლობას, მაკიაველის ძლიერ ეშინოდა იმისა, რომ დაუმორჩილებლობა საკმაოდ ნაყოფიერი ნიადაგი იქნებოდა მთავრობის საწინააღმდეგო ქმედებებისათვის. მაგრამ მისი სწავლება ძალაუფლების შესახებ ნათლად მიუთითებდა სამოქალაქო დაუმორჩილებლობის სიძლიერეზე მართვისათვის ხელის შეშლის თვალსაზრისით, თუკი მმართველი დაკარგავდა ერთგულ მიმდევრებს. მოგვიანებით მრავალმა ავტორმა გამოიყენა მაკიაველის სწავლება დაუმორჩილებლობის არსის განმარტებისათვის.

1.3.2 ჰენრი დევიდ ტორო

ცნობილი ამერიკელი ფილოსოფოსი და ნატურალისტი, ჰენრი დევიდ ტორო, ერთ-ერთი მათგანია, ვინც ძალზე დიდი წვლილი შეიტანა სამოქალაქო დაუმორჩილებლობის დღევანდელი გაგების ჩამოყალიბებაში და მხარი დაუჭირა რადიკალური უთანხმოების მოძრაობას. იგი პირველი იყო, ვინც შემოიტანა ტერმინი „სამოქალაქო“, რათა ხაზი გაესვა დაუმორჩილებლობის სამოქალაქო მნიშვნელობისა და როლისათვის სახელმწიფო მმართველობის ნაკლოვანებების წინააღმდეგ ბრძოლაში.

ტორო მოუწოდებდა მონობის გადაგდებისაკენ, კერძოდ, იგი ეწინააღმდეგებოდა 1850 წლის კანონს გაქცეული მონების შესახებ. კანონი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას აკისრებდა პირებს, ძირითადად ჩრდილოეთიდან, რომლებიც დახმარებას უწევდნენ ან თავშესაფარს აძლევდნენ გაქცეულ მონებს. 1846 წელს ტორომ უარი განაცხადა საარჩევნო გადასახადის გადახდაზე, რითაც თავისი პროტესტი გამოხატა ამერიკის მიერ მექსიკაში გაჩაღებული ომის წინააღმდეგ და ამისათვის იგი ციხეში ჩასვეს. კანონის დაუმორჩილებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე საკუთარი შეხედულება ტორომ აღწერა თავის ცნობილ ესეში „სამოქალაქო დაუმორჩილებლობის შესახებ“, რომელიც შემდგომში პრაქტიკულად ბიბლიად გადაიქცა სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მოძრაობისათვის მთელ მსოფლიოში და დღემდე „იგრძნობა მისი არსებობა ამერიკის ცხოვრებაში“.

ტორო აღწერს მთავრობას, როგორც არასტაბილურ ერთეულს, რომელიც ადვილად ექვემდებარება უზურპაციას და მისი განადგურება ან დამახინჯება ძალზე ადვილია. უმცირესობას ამგვარ პირობებში არ გააჩნია საკმარისი ძალაუფლება კონკურენციის გასაწევად. ასე რომ, კანონი უმცირესობისათვის ერთ-ერთ საშიშროებას წარმოადგენს, როგორც იარაღი უმრავლესობის ნებისათვის. ე.ი. ის ძალაუფლების დათრგუნვის საშუალებაა და, ამდენად, იგი არ შეიძლება იყოს ამოსავალი წერტილი, პირიქით, პატივი უნდა ვცეთ უფლებას და უფლება უნდა იყოს ყოველი დაწერილი აქტის ამოსავალი

წერტილი. იგი ამბობს, რომ „უპირველესად ჩვენ უნდა ვიყოთ კაცნი, და მხოლოდ შემდეგ - სუბიექტები“.

ტორო ღიად აკანონებს სამოქალაქო დაუმორჩილებლობას იმ პირობით, რომ იგი რამდენიმე მოთხოვნას დააკმაყოფილებს. დაუმორჩილებლობის ძირითადი პირობა ტირანიის გარემოა, რომელიც ეფექტურია და თვითონ კვებავს თავის თავს. ამ შემთხვევაში იგი აღიარებს რევოლუციის უფლებას, მაგრამ არა სისტემის გაუმჯობესების ან შეცვლისათვის, ან „ცუდის აღმოფხვრისათვის“ (განსხვავებით მრავალი სხვა მოაზროვნისაგან, რომლებსაც მოგვიანებით განვიხილავთ), არამედ ვიღაცის „ბინძური“ თამაშისაგან, ამორალურობისაგან თავის დასაღწევად. მისი აზრით, ადამიანის მოვალეობაა, მხარი არ დაუჭიროს ცუდი კანონების ცხოვრებაში გატარებას. იგი მხოლოდ სწორი საქციელის ჩადენის ვალდებულებას აღიარებს, ხოლო სწორი ის არის, რაც გამართლებულია სინდისით და არა მექანიკური კანონის მიღებით.

სხეულისაგან განსხვავებით, სინდისს ვერ გააკონტროლებს მთავრობა, რომელსაც უფრო მეტი ფიზიკური ძალაუფლება გააჩნია, ხოლო სინდისიერება სამართლიანობის ეფექტური მაჩვენებელია და იარაღი მჩაგვრელის წინააღმდეგ.

კანონის ერთგულება, მთავრობის ქმედებებისა და პოლიტიკის გამტყუნების შემთხვევაშიც კი, არანაირ შედეგს არ იძლევა, რადგანაც პასიურობა ადამიანს სიბოროტის გაცნობიერებულ მხარდამჭერად აქცევს. ტოროს აზრით, „უსამართლობის აგენტობის“ თავიდან ასაცილებლად ყველაზე ეფექტური და შესაფერისი საშუალებაა კანონის დარღვევა `სიბოროტის მანქანის“ გასაჩერებლად.

„სამოქალაქო დაუმორჩილებლობის შესახებ“ არ არის უბრალო ფილოსოფიური ნამუშევარი. იგი მოუწოდებს მასებს და აქტიური სამოქალაქო პოზიცია დაიკავონ. ტოროს აზრით, „უმცირესობა უძლურია მანამ, სანამ უმრავლესობას ექვემდებარება; ამ შემთხვევაში ის უმცირესობაც კი არ არის; მაგრამ მისთვის წინააღმდეგობის გაწევა შეუძლებელი ხდება, როდესაც მთელი თავისი სიმძლავრით იჩენს თავს“. როდესაც იგი გულწრფელად განუდგება მთავრობას, უმრავლესობა იძულებული გახდება, ხელი აიღოს თავისი პოლიტიკის გატარებაზე. იგი მოუწოდებს ხალხს, გამოიყენონ დაუმორჩილებლობის ტექნიკა, არ გადაიხადონ გადასახადები, წამოვიდნენ სამსახურებიდან და მიიღონ სასჯელი, როგორც ამას მოითხოვს უსამართლო სახელმწიფო. და თუ ხალხი განუდგება მთავრობას და აღარ დაუჭერს მას მხარს, მთავრობას სხვა გამოსავალი არ დარჩება და იგი ხელს აიღებს თავისი არამართებული პოლიტიკის წარმართვაზე. „ადამიანი მოვალეა, შეწყვიტოს საკუთარი უმწეობის მხარდაჭერა“ სახელმწიფო მმართველობის სახელით.

1.3.3 მაჰათმა განდი

მაჰათმა განდი იყო ინდოეთის გამოჩენილი ეროვნული ლიდერი, რომელიც მე-20 საუკუნის დასაწყისში მოღვაწეობდა განთავისუფლების სამოქალაქო დაუმორჩილებლობის კამპანიით. მისი წვლილი სამოქალაქო დაუმორჩილებლობის იდეის განვითარებაში არა მხოლოდ თეორიულია: მან წამოიწყო სამოქალაქო დაუმორჩილებლობის ერთ-ერთი ყველაზე მასობრივი მოძრაობა კაცობრიობის ისტორიაში. განდიმ მთელი თავისი ცხოვრება სამხრეთ აფრიკაში რასობრივი დისკრიმინაციისა და უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლას მიუძღვნა. მშვიდობიანი წინააღმდეგობის მეთოდებით მაჰათმა განდიმ მიაღწია ინდოეთის დამოუკიდებლობას დიდი ბრიტანეთის კოლონიალური მართვისაგან. მრავალი სხვადასხვა ტექნიკა, რომელთაც იგი სამხრეთ აფრიკასა და ინდოეთში იყენებდა, ძალზე სასარგებლო აღმოჩნდა შემდგომი მოძრაობებისათვის. მან შექმნა ძალაუფლებისა და თანხმობის, დომინირებისა და წინააღმდეგობის ურთიერთქმედების მაგალითი. ლიდერისა და ორგანიზატორის განსაკუთრებული მონაცემები დაეხმარა მას, ფეხზე დაეყენებინა ინდოელი ხალხი და დაერწმუნებინა ისინი, რომ არსებობს ხალხის ძალაუფლება, ძალაუფლება, რომელმაც შეიძლება შეცვალოს სიტუაცია, თუკი წინ აღუდგებიან არსებულ მდგომარეობას.

განდიმ შექმნა ერთგვარი სახელმძღვანელო სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მოძრაობისათვის, ფილოსოფიური ნაშრომი „სატიაგრაჰა - შატყაგრაჰა“, რომელიც სახელმძღვანელო იყო ინდოელებისათვის, რათა მათ არაძალადობრივი ბრძოლა ეწარმოებინათ ბრიტანეთის ძალაუფლების წინააღმდეგ. სიტყვა „შატყაგრაჰა“ ნიშნავს სიმართლისათვის თავდადებას ან სიმართლის ძალას. ტოროს ფილოსოფიის მსგავსად, მხოლოდ მას შემდეგ, რაც ადამიანი მშვიდობიანი გზით უარყოფს ბოროტს, მას გაეხსნება სიმართლის ხედვა, ანუ შატყაგრაჰა. ეს ნაშრომი სრულებით უარყოფს ნებისმიერ საიდუმლოებას და გახსნილია ყველასათვის, ვისაც სურს, ეძიოს სიმართლე. მისი მიზანი არ არის გამარჯვება ან დამარცხება, მისი საბოლოო მიზანია ჰარმონიის მიღწევა გაუმჯობესებისათვის.

განდი ქადაგებდა ხალხის ნების უზენაესობას მთავრობის უსამართლობაზე. იგი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ბრძოლა უსამართლო მთავრობის წინააღმდეგ უბრალო მოქალაქეობრივი უფლება არ არის, ეს მისი წმინდა მოვალეობაა. ამავე დროს, იგი სრულებით უარყოფს „დამაზიანებელი საშუალებების“ გამოყენებას სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მიზნების მიღწევის საქმეში. იგი მიუთითებს, რომ არაძალადობრივი წინააღმდეგობა შეცვლის პოლიტიკასა და ტირანიას და არასოდეს მიმართავს იძულების რაიმე მეთოდს.

განდიმ კარგად იცოდა, რომ ყოველთვის არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ სამოქალაქო დაუმორჩილებლობა ანარქიასა და ქაოსში გადაიზარდოს. მოვლენათა ამგვარი განვითარების გამოსარიცხად იგი ამტკიცებდა, რომ მიღებულ უნდა იქნეს მკაცრი ზომები, კერძოდ, სამოქალაქო დაუმორჩილებლობის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ კონკრეტული პირობების გათვალისწინებით, როდესაც სახელმწიფო სჩადის „დიდ ბოროტებას“, და მხოლოდ იმ ხალხის მიერ, ვისაც განსაკუთრებული დადებითი თვისებები ახასიათებს.

მთელი თავისი სიცოცხლისა და გამოცდილების განმავლობაში განდიმ დაამტკიცა, რომ თუკი უსამართლო და ამორალური გარემოებების გამო ხალხის აღშფოთება და უკმაყოფილება გარკვეულ დონეს მიაღწევს, ამის ყველაზე რეალური დასასრული იქნება მმართველის გადაგდება, მაგრამ ძალადობის გამოყენების გარეშე, პირიქით, მშვიდობისა და არათანამშრომლობის გზით, რომელიც მმართველს საყრდენს გამოაცლის. სამხრეთ აფრიკაში მისი ბრძოლა თანასწორობისა და თავისუფლებისათვის ნათელი მაგალითია იმისა, რომ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უხეში დარღვევების წინააღმდეგ ამგვარი ბრძოლა მხოლოდ თეორიული არ არის, არამედ მისი პრაქტიკული განხორციელებაც სავსებით რეალურია. განდი იმასაც კი ამტკიცებდა, რომ სამოქალაქო დაუმორჩილებლობა თავისთავად უფლებაა:

„სამოქალაქო დაუმორჩილებლობა არის უფლება, რომელიც უზრუნველყოფილი უნდა იყოს კანონით, მაგრამ რომელიც უარყოფილია ... ბოროტთან არათანამშრომლობა ისეთივე მოვალეობაა, როგორიც სიკეთესთან თანამშრომლობა ... მთელი ისტორიის განმავლობაში ყველა გზამ, რომელიც კაცობრიობამ სიყვარულითა და სიმართლით გაიარა, გამარჯვებამდე მიიყვანა იგი. იყვნენ ტირანები ... და გარკვეული დროის მანძილზე ისინი შეიძლება უძლეველნი ჩანდნენ, მაგრამ საბოლოოდ ისინი ყოველთვის ეცემოდნენ, ყოველთვის“.

1.3.4 მარტინ ლუთერ კინგი

მარტინ ლუთერ კინგი სასულიერო მოღვაწე იყო და მშვიდობისათვის ბრძოლის საქმეში ნობელის პრემიით დააჯილდოვეს. იგი ამერიკის `სამოქალაქო უფლებათა მოძრაობის~ ლიდერი იყო 1960-იან წლებში და მიმართავდა არაძალადობრივ, მშვიდობიან პროტესტს და დაუმორჩილებლობას ამერიკის შეერთებულ შტატებში რასობრივი თანასწორობისათვის ბრძოლისას. უმთავრესად განდის სწავლებაზე დაყრდნობით, მან მოახერხა მოძრაობის წარმატებულად ორგანიზება და დაიმსახურა არა მხოლოდ აფროამერიკელების სიმპათია და მხარდაჭერა, არამედ მის რიგებში მრავალი თეთრკანიანი მოქალაქეც იდგა. თავის მიმდევრებთან ერთად იგი სამოქალაქო დაუმორჩილებლობის სხვადასხვა მეთოდებს იყენებდა, განზრახ არღვევდა კანონებს, რომლებიც კრძალავდა თავყრილობებს და მანიფესტაციას, ასევე რასობრივი სეგრეგაციის შესახებ კანონებს და „ძლიერი ეკონომიკური გამიჯვნის პროგრამას“.

კინგის ცნობილი ნაშრომი ამ სფეროში არის „წერილი ბირმინგემის ქალაქის ციხიდან“, რომელიც მან ბირმინგემის ციხეში სამოქალაქო დაუმორჩილებლობის საქმიანობისათვის პატიმრობისას დაწერა. ამ ნაშრომში იგი განმარტავს თავის პოზიციას და იდეებს ამერიკაში შექმნილი სიტუაციის შესახებ, მოსაზრებებს არაძალადობრივ პროტესტთან, როგორც სამართლიანობის მიღწევის ეფექტურ გზასთან, დაკავშირებით.

ისევე როგორც განდი, კინგიც ამტკიცებს, რომ ბრძოლის საბოლოო მიზანი არის არა მოწინააღმდეგის დამარცხება, არამედ სამართლიანობის აღდგენა, საზოგადოების გარდაქმნა. ძალადობის მაგივრად იგი დარწმუნების მეთოდს მიმართავდა. ძალადობა აძლიერებს, აორმაგებს ამორალურობას. იგი იწვევს სიძულვილს და აღრმავებს უბედურებას, რომელიც მხოლოდ ურთიერთგაგების გზით შეიძლება აღმოიფხვრას. მიუხედავად ამისა, იგი ასევე აცნობიერებს, რომ დარწმუნებასთან ერთად საჭიროა დამატებითი ზეწოლა, რამდენადაც „პრივილეგირებული ჯგუფები იშვიათად თმობენ თავიანთ პრინციპებს ნებაყოფლობით“ და „მჩაგვრელი ნებაყოფლობით არასოდეს მოგვცემს მშვიდობას; იგი უნდა მოითხოვოს ჩაგრულმა“; ამავე დროს, ზეწოლისათვის არ შეიძლება ბოროტი საშუალებების გამოყენება.

კინგმა წარმოადგინა სამართლიანი და უსამართლო კანონების კლასიფიკაცია. იგი ამართლებს დაუმორჩილებლობას უსამართლო კანონებისადმი. მისი აზრით, სამართლიანი კანონები მორალურ კოდექსს და ღვთაებრივ ნებას უნდა შეესაბამებოდეს. უსამართლო კანონების აღწერისათვის იგი მიმართავს წმ. თომა აკვინელის ფილოსოფიას, რომელიც ამბობს, რომ ამგვარი ნორმები ადამიანის პიროვნულ დეგრადაციას ახდენს და ლახავს მის ღირსებას. უმრავლესობა ცდილობს, უმცირესობას თავს მოახვიოს უსამართლო კანონები, რომლებიც თავისი არსით სავალდებულო არ არის. ამგვარი კანონების შექმნისას უმცირესობას არავინ ითვალისწინებდა, მას არ ჰქონდა ხმის უფლება. სამაგიეროდ სამართლიან კანონებს უმცირესობა ყოველთვის უსიტყვოდ იღებს.

კინგი იზიარებს ტოროს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ უსამართლო კანონი სავალდებულო არ არის, რამდენადაც „ეს საერთოდ არ არის კანონი“. მისი აზრით, კანონები სეგრეგაციის შესახებ სასტიკად ეწინააღმდეგება ადამიანის ბუნებას, პიროვნებასა და მორალს. ამდენად, იგი მიმართავს ყველას და მოუწოდებს, არ დაემორჩილონ ამ კანონებს. მაგრამ იქვე დასძენს, რომ კანონის ყველა დარღვევის გამართლება არ შეიძლება. იგი იძლევა გარკვეული მოთხოვნების ჩამონათვალს, რომელიც სამოქალაქო დაუმორჩილებლობის თანამედროვე განსაზღვრების ნაწილია, კერძოდ: სამოქალაქო დაუმორჩილებლობა გახსნილი უნდა იყოს, მასში არ უნდა იყოს არავითარი საიდუმლოება და მისი პრინციპი უნდა იყოს არაძალადობრივი წინააღმდეგობა. სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მიმდევრები მზად უნდა იყვნენ, მიიღონ სასჯელი. სასჯელის მიღებას პრაქტიკული დანიშნულება აქვს, რომელიც უსამართლობის სააშკარაოზე გამოტანის გზით თანამოქალაქეთა სინდისზე ზემოქმედებაში და, ამგვარად, მორალური დაცვისა და მათი მხარდაჭერის მოპოვებაში მდგომარეობს. გარდა ამისა, სასჯელის მიღება განმარტავს იმას, რომ დაუმორჩილებლობა ზოგადად პატივს სცემს კანონს და კანონის უზენაესობის პრინციპს.

კინგი აღნიშნავს, რომ ნეგატიური მშვიდობის პირობებში, რაც არსებული დაძაბულობის ხელოვნურ შენიღბვას ნიშნავს, არსებობს შესაძლებლობა იმისა, რომ კანონი და მმართველობა უსამართლობას მიმართავდეს, მაშინ, როცა მისი პირდაპირი ფუნქცია სამართლიანი სისტემის შენარჩუნებაა. ნეგატიური მშვიდობა აფერხებს პროგრესს. ხალხმა უნდა მიმართოს პოზიტიური მშვიდობის მეთოდს, როგორიცაა არაძალადობრივი პროტესტი, რათა საზოგადოებაში არსებულ უთანხმოებას საბურველი ჩამოხსნას და ყველასათვის უზრუნველყოს მონაწილეობის შესაძლებლობა. კინგის აზრით, პოზიტიური მშვიდობა ხელს უწყობს საზოგადოების სიმშვიდეს, რადგან ადრე თუ გვიან უკმაყოფილო საზოგადოება მოითხოვს საკუთარი უფლებებისა და ინტერესების დაცვას, მაგრამ თუ ეს დაგვიანდა, ძალადობა გარდაუვალია. ამდენად, პოზიტიური მშვიდობის დროული დამყარება დაგვეხმარება სიტუაციის განტვირთვაში.

კინგის თეორია განდისა და ტოროს თეორიების მსგავსია. იგი ხაზს უსვამს, რომ თანამშრომლობა, აქტიური იქნება იგი თუ პასიური, სინამდვილეში იმის მხარდაჭერას ნიშნავს, ვინც არასწორ ქმედებებს სჩადის. ხოლო არათანამშრომლობა, თავის მხრივ, აძლიერებს შეუთანხმებლობას, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს პრივილეგირებულთ იმ შემთხვევაში, თუ არათანამშრომლობა და პირდაპირი ქმედება დაანგრევს ძალაუფლების საყრდენ ბურჯებს და საზოგადოების მობილიზაციას მოახდენს. კინგის იდეოლოგიამ და სამოქალაქო უფლებების მოძრაობამ ნათლად დაგვანახვა, თუ რაოდენ ეფექტური შეიძლება იყოს მასობრივი სახალხო სამოქალაქო დაუმორჩილებლობა ადამიანის უფლებების დაცვისათვის ბრძოლაში, როდესაც თვით ხალხი მოითხოვს თავისი უფლებების დაცვას მშვიდობიანი გზით. ამ მოძრაობის უშუალო შედეგი იყო სამოქალაქო უფლებების აქტის მიღება, რაც მშვიდობიანი წინააღმდეგობის გამარჯვებას ნიშნავდა მაშინ, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლო მუდმივად უგულებელყოფდა აფროამერიკელების ინტერესებს (ეს საკითხი უფრო ღრმად განიხილება შემდეგ თავებში).

1.1.4 დასკვნა

▲back to top


კანონის დარღვევის ისტორია გვიჩვენებს, რომ ადამიანის მიერ დაწერილი კანონების დაუმორჩილებლობა მითოლოგიური და რელიგიური წყაროებიდან წარმოიშვა და მას აქეთ რამდენიმე მიდგომა იქნა შემუშავებული. მე-19 საუკუნის მეორე ნახევრამდე პერიოდში, რომელიც ტოროს მოსაზრებებსაც მოიცავს, დაუმორჩილებლობა ითვლებოდა გარკვეული პიროვნებების პირად დამოკიდებულებად იმ კანონებისადმი, რომლებიც ეწინააღმდეგება კონკრეტული საზოგადოების სინდისსა და მორალს. იმ პერიოდში დაუმორჩილებლობა არ იყო მოწოდებული იმისათვის, რომ გაეერთიანებინა პროტესტის მომხრეთა დიდი რაოდენობა და იგი ძირითადად ფილოსოფიური ნაშრომების ფარგლებში რჩებოდა. დაუმორჩილებელთა მთავარი საწუხარი იყო კანონების მორალური და ღვთაებრივი წყაროების ურთიერთკავშირი ბუნებით სამართალთან, რომელსაც ადამიანის მიერ დაწერილი აქტები არღვევდა. მიუხედავად ამისა, მე-19 საუკუნეში ჩვენ ვხედავთ ძვრას მასობრივი აქციების მიმართულებით. მე-20 საუკუნეში წინააღმდეგობის მოძრაობებმა გლობალური რეზონანსი გამოიწვია. ახალი ტექნოლოგიებისა და მასობრივი საკომუნიკაციო საშუალებების შექმნამ მოძრაობას „ტრანსნაციონალური მნიშვნელობა“ შესძინა.

თუკი გადავხედავთ ყველა მოსაზრებას სამოქალაქო დაუმორჩილებლობის შესახებ, ადვილად აღმოვაჩენთ საერთო მოდელს. ჯერ ერთი, არაძალადობრივი მეთოდების გამოყენების პრინციპი ძირითადი საფუძველია დაუმორჩილებლობის მოძრაობისათვის. კანონის დარღვევის მომხრეები ამტყუნებენ სისასტიკესა და ძალადობას და აცხადებენ, რომ ეს ადამიანის ბუნების დეგრადირებას ახდენს. მეორეც, დაუმორჩილებლობა სინდისისმიერი უნდა იყოს, ე.ი. იგი უნდა ემყარებოდეს გულწრფელ რწმენას იმისა, რომ კანონი ეწინააღმდეგება სამართლიანობასა და მორალურობას. ეს მოთხოვნა განასხვავებს დაუმორჩილებლობას რიგითი კრიმინალური ქმედებისაგან. მე-18 საუკუნიდან დაწყებული, მას შემდეგ, რაც წარმოიშვა სოციალური კონტრაქტის თეორია, წუხილმა თანდათანობით ადამიანის უფლებებსა და თანასწორობაზე გადაინაცვლა, როდესაც ხალხმა დაიწყო პროტესტის გამოთქმა და მოითხოვა რასობრივი თანასწორობა. ლოკი თავის თეორიაში აკანონებს იმ მთავრობისადმი წინააღმდეგობას, რომელიც არღვევს კონტრაქტის პირობებს და იჭრება იმ უფლებებში, რომლებიც ადამიანს ბუნებამ მიანიჭა. მშვიდობიანი დაუმორჩილებლობის ელემენტები აშკარად ჩანს ამერიკის დამოუკიდებლობის მოძრაობაში. ამერიკის მოსახლეობამ გამოხატა დაუმორჩილებლობა 1765 წლის საგერბე მოსაკრებლის შესახებ კანონისადმი, რომელიც კაბალურ ვალდებულებებს აწესებდა ქაღალდის ნაწარმზე, მათ შორის იურიდიულ დოკუმენტებსა და გაზეთის ქაღალდზე.მოსახლეობა აქტიურად მიმართავდა არათანამშრომლობის ისეთ მეთოდებს, როგორიცაა: პეტიციები, გადასახადებზე უარის თქმა, სოციალური ბოიკოტი საგერბე გადასახადის ამკრეფისადმი, გაზეთების გამოქვეყნება გადასახადების გადახდის გარეშე, აგრეთვე უარის თქმა ბრიტანული ნაწარმის შემოტანაზე და მოხმარებაზე.

სამშვიდობო კამპანია, რომელსაც ცნობილი ფილოსოფოსი და ნობელის პრემიის ლაურეატი ბერტრან რასელი ხელმძღვანელობდა, პროტესტს აცხადებდა პირველი მსოფლიო ომის წინააღმდეგ. ინდოეთის დამოუკიდებლობის მოძრაობას მოჰყვა ნაცისტურ გერმანიაში არათანამშრომლობის აქცია, რომელმაც ათასობით სიცოცხლე გადაარჩინა და საძირკველი გამოუთხარა რეჟიმს. ბელგიასა და შვედეთში გამართულმა მასობრივმა საპროტესტო აქციებმა შედეგად საყოველთაო საარჩევნო უფლების შესახებ აქტის მიღება მოიტანა. ცივი ომის დროს წარმოებულმა სამშვიდობო მოძრაობამ ხელი შეუწყო შტატებზე ზეწოლის განხორციელებას, რათა მათ მშვიდობა შეენარჩუნებინათ. სამოქალაქო დაუმორჩილებლობის ტექნიკა წარმატებით იქნა გამოყენებული ვიეტნამის ომის წინააღმდეგ და 1960-70-იანი წლების ქალთა მოძრაობის მიერ. ბირთვული ომის წინააღმდეგ მებრძოლი აქტივისტებიც აქტიურად მიმართავდნენ სამოქალაქო დაუმორჩილებლობის ტექნიკას თავიანთი მიზნების მისაღწევად.

არაძალადობრივი აქციები სასარგებლო აღმოჩნდა, როდესაც ისინი ყოფილი „ვარშავის პაქტის“ ქვეყნების დისიდენტებმა გამოიყენეს. „პრაღის გაზაფხული“ და ჩეხეთის ხავერდის რევოლუცია ბრწყინვალე მაგალითია იმისა, როდესაც მოსახლეობა მასობრივად აღუდგა წინ საბჭოთა მმართველობას. სამოქალაქო დაუმორჩილებლობა დაეხმარა ფერდინანდ მარკოსის გაძევებას ფილიპინებიდან 1968 წელს და ნორიეგას დიქტატურის წინააღმდეგ ბრძოლას პანამაში. მუდმივ წინააღმდეგობას უწევდნენ ასევე აპართეიდს სამხრეთ აფრიკაში.

სამოქალაქო დაუმორჩილებლობა გამოყენებულ იქნა არა მხოლოდ ძალადობრივი მთავრობების ან უსამართლო პოლიტიკის რეფორმირებისათვის, არამედ მან დაიცვა არსებული დემოკრატიული მთავრობები დიქტატორული შემოჭრის მცდელობებისა და აჯანყებებისაგან. 1961 წელს ფრანგი გენერლების მიერ განხორციელებული სამხედრო დიქტატურის დამყარების მცდელობა ალჟირში უშედეგოდ დასრულდა სწორედ მათ წინააღმდეგ გამართული მასობრივი არათანამშრომლობის კამპანიის შედეგად. 1991 წელს რუსი გენერლების მცდელობა, აეღორძინებინათ საბჭოთა დიქტატურა, ათასობით პროდემოკრატი მოწინააღმდეგის პროტესტით დასრულდა, რომელიც არაძალადობრივ ხასიათს ატარებდა, და ხელი შეუშალა მათ მცდელობას.

1.2 თავი 2 სამოქალაქო დაუმორჩილებლობის თეორია

▲back to top


დაუმორჩილებლობა თავისუფლების
ნამდვილი საფუძველია.
ჰენრი დევიდ ტორო

1.2.1 2.1 სამოქალაქო დაუმორჩილებლობის განმარტება

▲back to top


2.1.1 შესავალი

სხვადასხვა ავტორებს განსხვავებული მიდგომა აქვთ სამოქალაქო დაუმორჩილებლობის განმარტებისადმი. მაგალითად, ერთ-ერთი საკამათო თემა დაკავშირებულია შეკითხვასთან, ზნეობრივი უარყოფა სამოქალაქო დაუმორჩილებლობის ნაწილია თუ იგი გამოყოფილია მისგან და ცალკე მიდგომას და რეგულირებას საჭიროებს. ყველაზე გავრცელებული პოზიცია ის არის, რომ სამოქალაქო დაუმორჩილებლობა უფრო ფილოსოფიური ცნებაა, ვიდრე იურიდიული, თუმცა სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მომხრე ისეთი მოაზროვნენი, როგორებიც არიან ტორო, განდი და კინგი, უპირატესობას სამოქალაქო დაუმორჩილებლობის, როგორც იურიდიული ცნების, ინტერპრეტირებას ანიჭებდნენ და ზოგიერთი იურიდიული დოკუმენტით ცდილობდნენ (განხილულია ქვემოთ), მოეხდინათ დაუმორჩილებლობის ლეგიტიმიზაცია გარკვეული პირობების გათვალისწინებით, მაგრამ ამგვარი ლეგიტიმიზაცია საკმაოდ ბუნდოვნად და დაუხვეწავად გამოიყურება.

სამოქალაქო დაუმორჩილებლობის განმარტების ჩამოყალიბებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის თანამედროვე ამერიკელ პოლიტიკურ მოაზროვნეს ჯონ როულზს, რომელიც თავის ცნობილ ნაშრომში „სამართლიანობის თეორია“ განიხილავს კანონებს, მორალსა და მოქალაქეთა მოვალეობებს სხვადასხვა პირობებსა და სიტუაციებში. როულზი სამოქალაქო დაუმორჩილებლობას შემდეგნაირად განმარტავს:

„კანონის საწინააღმდეგო საზოგადოებრივი, არაძალადობრივი, სინდისისმიერი და მაინც პოლიტიკური აქტი, რომელიც ჩვეულებრივ ხორციელდება კანონსა თუ მთავრობის პოლიტიკაში ცვლილების შეტანის მიზნით, ამგვარი ქმედების საშუალებით, რომელიც განიხილავს საზოგადოების მორალურობის სამართლიანობას და აცხადებს, რომ სოციალური თანამშრომლობის პრინციპი თავისუფალ და თანასწორ ადამიანთა შორის არ არის დაცული“. დაუმორჩილებლობა შეიძლება გამიზნული იყოს უშუალოდ კანონებისა და პოლიტიკის მიმართ, რომელსაც გმობს საზოგადოება ან რომელიც აფერხებს უსამართლო კანონებისა და პოლიტიკის წინააღმდეგ მიმართულ მასობრივ საქმიანობას. დაუმორჩილებლობის ნათელი მაგალითია ისეთი კანონებისა თუ წესების დარღვევა, რომლებიც კრძალავს დემონსტრაციებს და ლახავს შეკრების უფლებას. დაუმორჩილებლობა არა მხოლოდ იმ აქტებს მოიცავს, რომლებიც შეიძლება არაკონსტიტუციური იყოს და ამ გზით ამოწმებს გარკვეული კანონის კონსტიტუციურობას, არამედ იგი ასეთივე წარმატებით შეიძლება იქნეს გამოყენებული იმ კანონების წინააღმდეგ, რომელთა კონსტიტუციურობაც სასამართლომ უკვე განიხილა.

როგორც ვხედავთ, განმარტებიდან გამომდინარე, როულზი ისევე, როგორც კინგი და განდი, ხაზს უსვამს იმას, რომ დაუმორჩილებლობამ უნდა გარდაქმნას არსებული ვითარება, მაგრამ არა პირადად, არამედ უმრავლესობის უპირატესობის გამოყენებით. აქედან გამომდინარე, დაუმორჩილებლობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს, როგორც იარაღი პრობლემების წარმოჩენისა და იმ ჯგუფის დარწმუნებისათვის, რომელსაც მათი აღმოფხვრის ძალაუფლება აქვს. პიტერ სინგერი აცხადებს, რომ დაუმორჩილებლობა ეხმარება კიდეც უმრავლესობას, რაც იმაში მდგომარეობს, რომ გარკვეული კანონისა თუ პოლიტიკის შემუშავებისას უმრავლესობას შეიძლება შემთხვევით მხედველობიდან გამორჩეს უმცირესობის ინტერესები, ხოლო დაუმორჩილებლობა დაეხმარება მას ამ შეცდომაზე ყურადღების მიქცევაში. მაგრამ, განსხვავებით როულზისაგან, სინგერი თვლის, რომ დაუმორჩილებლობას შეუძლია არა მხოლოდ მიმართოს უმრავლესობის ყურადღება სამართლიანობისაკენ, არამედ გააძლიეროს კიდეც იგი.

კენტ გრინუოლტს მაგალითად მოჰყავს უმრავლესობისა და უმცირესობის ურთიერთობა სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მიზნების თვალსაზრისით. უმცირესობა მიმართავს უმცირესობის სამართლიანობის გრძნობას, მაგრამ ამგვარი მიმართვის წარმატება ზეწოლის ინტენსივობაზეა დამოკიდებული. გრინუოლტი ცდილობს, ააწყოს განმარტება მიმართვის ხასიათიდან გამომდინარე. იგი ამბობს, რომ სამოქალაქო დაუმორჩილებლობა არის უმცირესობის აქტი, რომელიც მიმართულია იმისათვის, რომ დაანახვოს საზოგადოებას, პირველი, რომ უმრავლესობა უსამართლოდ მოქმედებს, მეორე, რომ უმცირესობა სერიოზულად არის განწყობილი და, მესამე, რომ უმცირესობის ქმედებები უხერხულ სიტუაციაში აყენებს უმრავლესობას. ჯოზეფ რაზი სამოქალაქო დაუმორჩილებლობის ოდნავ უფრო ვრცელ განმარტებას გვთავაზობს. იგი ხაზს უსვამს იმას, რომ აქტის მიზანი უნდა იყოს საზოგადოებაში არსებული შეცდომების სააშკარაოზე გამოტანა და დაუმორჩილებელთა მზადყოფნა, მიიღონ სასჯელი:

უნდა გამოიყენებოდეს, როგორც უკანასკნელი გამოსავალი, როდესაც ყველა სხვა საშუალება წარუმატებელი აღმოჩნდა დასახული მიზნის მისაღწევად; იგი არაძალადობრივი უნდა იყოს; იგი ღიად უნდა იყოს განხორციელებული; და მისი მონაწილე უნდა წარდგეს მართლმსაჯულების წინაშე და მიიღოს სასჯელი. ამგვარი აქტები უნდა შემოიფარგლებოდეს ქმედებებით, რომლებიც გათვლილია გარკვეული შეცდომებისა და საჩივრების სააშკარაოზე გამოტანისათვის; იგი არ უნდა გამოიყენებოდეს დაშინების ან ძალდატანების მიზნით.

როულზის შემოთავაზებისაგან განსხვავებით, რაზის განმარტებაში ჩვენ ვხედავთ მოთხოვნას იმისა, რომ სამოქალაქო დაუმორჩილებლობის გამოყენებამდე ყველა სხვა საშუალება იქნეს ამოწურული. მისი აზრით, კანონის დარღვევა შეიძლება გამართლებული იყოს მხოლოდ, როგორც უკანასკნელი გამოსავალი ექსტრემალურ სიტუაციაში.

მაიკლ ბეილესი აღწერს სამოქალაქო დაუმორჩილებლობას, როგორც ქმედებათა ჯგუფს, რომლებიც მართლაც რომ უკანონოა, მაგრამ მორალური აუცილებლობის მიზეზით ხორციელდება. ბეილესი წარმოგვიდგენს სამოქალაქო დაუმორჩილებლობის ორ მხარეს: ვიწროს და ფართოს. ვიწრო ვარიანტი განიხილავს პიროვნების ქმედებებს, რომლებიც არ არის მიმართული საზოგადოების სხვა წევრების ყურადღების მიქცევისაკენ, ხოლო ფართო განმარტებაში იგი აერთიანებს ქმედებებს, რომლებიც ხორციელდება პირადი და ინდივიდუალური ინტერესების დასაცავად და არ მოუწოდებს მასობრივი რეაგირებისაკენ. ამის ყველაზე ნათელი მაგალითია სინდისიერი უარყოფა.

მაიკლ რენდლი სამოქალაქო დაუმორჩილებლობის არსის უფრო ღრმა ხედვას გვაწვდის, რომლის პრინციპის თანახმად, სამოქალაქო დაუმორჩილებლობა ემყარება შემდეგს:

სამოქალაქო წინააღმდეგობა არის კოლექტიური ბრძოლის მეთოდი, დამყარებული ხედვაზე, რომლის თანახმადაც უკანასკნელი ანალიზის დროს მთავრობა დამოკიდებულია თანამშრომლობაზე ან, მინიმუმ, შესაბამისობაზე, უმრავლესობის, მოსახლეობისა და სამხედრო პირების ერთგულებაზე, პოლიციასა და სამოქალაქო მოსამსახურეებზე. ამდენად, იგი პოლიტიკური ძალაუფლების რეალობას ეყრდნობა. მთლიანობაში, იგი მოქმედებს მოსახლეობის მობილიზაციის გზით ამ თანხმობის მოსაპოვებლად ოპონენტთა ძალაუფლების წყაროს დასუსტებისათვის და მესამე მხარეთა მხარდაჭერის მოპოვებით. მისი მეთოდები მოიცავს პროტესტსა და დარწმუნებას სოციალური, ეკონომიკური და სამოქალაქო არათანამშრომლობის აუცილებლობაში. ... სამოქალაქო დაუმორჩილებლობა არათანამშრომლობის ერთ-ერთი მეთოდია.

როგორც ზემოთ მოყვანილი აბზაციდან ჩანს, სამოქალაქო დაუმორჩილებლობის განმარტებისას რენდლი ცდილობს, ძირითადად სტრატეგიული საკითხები მოიცვას, თუმცა ახასიათებს მისი ბუნების მნიშვნელოვან თვისებებს. მისი აზრით, სამოქალაქო დაუმორჩილებლობა არის მოსახლეობის დიდი ნაწილის არათანამშრომლობა ძალადობის გამოყენების გარეშე, რომლის მიზანია გააძლიეროს მთავრობის საყრდენი ბურჯები და ამ ქმედებით ცდილობს მიაღწიოს გარდაქმნას წინააღმდეგობის გამოხატვის გზით.

სამოქალაქო დაუმორჩილებლობის რონალდ დვორკინისეული განმარტება ძალზე საინტერესოა. იგი სამოქალაქო დაუმორჩილებლობას სამ ქვეგანაყოფად ყოფს. მისი კლასიფიკაცია ასეთია: 1) დაუმორჩილებლობა, რომელიც ერთიანობას ემყარება; 2) დაუმორჩილებლობა, რომელიც სამართლიანობას ემყარება; 3) დაუმორჩილებლობა, რომელიც პოლიტიკას ემყარება. დაუმორჩილებლობა, რომელიც ერთიანობას ემყარება, თავს მაშინ იჩენს, როდესაც ადამიანისათვის კანონის დამორჩილება აბსოლუტურად მიუღებელია შინაგანი მრწამსიდან გამომდინარე. ამგვარი დაუმორჩილებლობა საგანგებოა და აუცილებელი არ არის ამ ქმედების შესაძლო შედეგების განხილვა. სამართლიანობაზე დამყარებული დაუმორჩილებლობა თავს იჩენს, როდესაც წამოწყებულია მასობრივი პროტესტი უსამართლო კანონისა და პოლიტიკის წინააღმდეგ და იგი შედეგობრივი ხასიათისაა, ე.ი. გათვლილია გარკვეულ რეაგირებაზე. განსხვავებით ერთიანობაზე დამყარებული დაუმორჩილებლობისაგან, რომელიც ინდივიდუალური და თავდაცვითი ხასიათისაა, სამართლიანობაზე დამყარებულ დაუმორჩილებლობას არსებული სტატუს-კვოს გარდაქმნის აქტიური, სტრატეგიულად დაგეგმილი მიზანი აქვს. თავის მხრივ, დვორკინი გამოყოფს სამართლიანობაზე დამყარებული დაუმორჩილებლობის დამარწმუნებელ და არადამარწმუნებელ ტიპებს. წარსული მცდელობების მიზანი იყო, დაერწმუნებინათ გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელი პირები იმაში, რომ მათ უნდა მიეღოთ პროტესტის მომხრეთა პოზიცია და შეეცვალათ პოლიტიკა მასობრივი ზეწოლის საშუალებით, ხოლო შემდგომი მიზნები არა უმრავლესობის გადარწმუნება, არამედ გაპროტესტებული პოლიტიკის ფასეულობების მნიშვნელოვნად გაუმჯობესებაა დაუმორჩილებლობისა და ხელოვნური ბარიერის შექმნის გზით. პოლიტიკაზე დამყარებული დაუმორჩილებლობის მიმდევრები თვლიან, რომ უკმაყოფილების გამომწვევი პოლიტიკა თავისთავად უარყოფითი მოვლენაა მთელი საზოგადოებისათვის და არა კონკრეტული ჯგუფისათვის. აქ დვორკინს მაგალითად მოჰყავს ანტიბირთვული მოძრაობა.

როგორც უკვე ვნახეთ, ზემოთ მოყვანილ განმარტებებში რამდენიმე მსგავსი მოდელი შეიმჩნევა, მაგრამ სხვადასხვა ავტორებს განსხვავებული პოზიცია და მიდგომა აქვთ. მათ განსახილველად სასურველია, შემუშავდეს რამდენიმე ძირითადი თემა, რომლებიც მათთან იქნება დაკავშირებული. სამოქალაქო დაუმორჩილებლობის თითქმის ყველა თეორია შემდეგ საკითხებს მოიცავს:

1. სამოქალაქო დაუმორჩილებლობის ბუნება;
2. მოქმედი კანონის დარღვევა;
3. დარღვეული კანონების არსი;
4. არაძალადობრივი მეთოდი;
5. საშუალებათა ამოწურვა;
6. ღიად განხორციელება;
7. სასჯელის წინაშე წარდგომა.

უნდა აღინიშნოს, რომ სამოქალაქო დაუმორჩილებლობაზე საუბრისას სხვადასხვა ავტორები სხვადასხვა ტერმინოლოგიით სარგებლობენ, მაგალითად: არაძალადობრივი პირდაპირი ქმედება, პასიური დაუმორჩილებლობა, სამოქალაქო წინააღმდეგობა, მაგრამ ყველა ამ ტერმინს მსგავსი არსი და თეზისი აქვს, რომელიც მათ ტერმინ „სამოქალაქო დაუმორჩილებლობაში“ აერთიანებს.

1.2.2 2.2. სამოქალაქო დაუმორჩილებლობის ბუნება

▲back to top


2.2.1 პოლიტიკური აქტი

ავტორთა უმეტესობა მიუთითებს, რომ სამოქალაქო დაუმორჩილებლობა პოლიტიკური აქტის გამოხატვაა. როგორც როულზი, ისე ბედო სამოქალაქო დაუმორჩილებლობას პოლიტიკურ ქმედებად თვლიან იმ თვალსაზრისით, რომ იგი მიმართავს პოლიტიკური ძალაუფლების მფლობელთ და, ამავე დროს, მას თან ახლავს პოლიტიკური პრინციპები, რომლებიც დაცულია განვითარებულ ქვეყნებში. თანამედროვე სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მიზანია, გავლენა იქონიოს არსებულ სახელმწიფო პოლიტიკაზე. სამოქალაქო წინააღმდეგობის რენდლისეული განმარტება ნათლად მიუთითებს პოლიტიკურ ხასიათზე, როდესაც იგი აცხადებს, რომ ცდილობს, მოსპოს ძალაუფლების წყაროები და უარყოფს გარკვეული პოლიტიკური მიმართულებების საყოველთაო მხარდაჭერას. აკერმანი სამოქალაქო დაუმორჩილებლობის კამპანიებს მოიხსენიებს ტერმინით „ხალხის ძალაუფლება“, ტერმინით, რომელიც, როგორც თვითონ მიუთითებს, 1980-იანი წლების მეორე ნახევარში გაჩნდა. ეს არის შესაძლებლობა გარკვეული ქვეყნების სოციალური კაპიტალისათვის, აიმაღლოს ხმა ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა „გარემოს დაცვა და ადამიანის უფლებებიდან საერთაშორისო ვაჭრობასა და ფინანსურ პოლიტიკამდე“. კაროლინ გროუსე ამტკიცებს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში სამოქალაქო დაუმორჩილებლობის იდეის განვითარების თანმიმდევრობიდან გამომდინარე, ამგვარი მოძრაობები ხშირ შემთხვევაში პოლიტიკური გამოხატვის ფორმას იღებს. საინტერესოა, თუ როგორ აღწერს კინგი სამოქალაქო დაუმორჩილებლობის ბუნებას. იგი აცხადებს, რომ სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მიზანია, შექმნას გარკვეული პოლიტიკური კრიზისი, რომელიც აიძულებს საზოგადოებას, ეძიოს საკითხის გადაჭრის გზები, რათა გადაირჩინოს თავი. ეს მიდგომა მკაფიოდ იქნა გაშუქებული ამერიკის შეერთებულ შტატებში, საქართველოში და ახლახანს უკრაინაში, სადაც პროტესტის მომხრეები შეეცადნენ, ეჩვენებინათ თავიანთი ძალაუფლება და შემდეგ აეძულებინათ გადაწყვეტილებების მიღებაზე პასუხისმგებელი პირები, წასულიყვნენ მოლაპარაკებაზე ისეთი პირობებით, რომლებიც გაცილებით უფრო სასურველი იყო დაუმორჩილებელთათვის.

ავტორთა უმეტესობა ამტკიცებს, რომ სამოქალაქო დაუმორჩილებლობა მიმართავს უმრავლესობის სინდისს, რომელიც განსაზღვრავს პოლიტიკასა და მიმართულებას. ტორო განმარტავს, რომ სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მიზანი უმრავლესობაა, რადგანაც ის ფიზიკურად უფრო ძლიერია და არა იმიტომ, რომ უმცირესობა ეთანხმება პოლიტიკას. ეს ასეა სამოქალაქო უფლებების ან გარემოს დაცვისა და მწვანეთა (Greenpeace) მოძრაობების შემთხვევაში. მაგრამ, როგორც ისტორიამ დაგვანახვა, შესაძლებელია საწინააღმდეგოც. ბევრ შემთხვევაში უმცირესობა, ელიტარული ჯგუფი ძალაუფლებას პოლიციისა და სამხედრო ძალებით ინარჩუნებს, ხოლო სამოქალაქო დაუმორჩილებლობა უმრავლესობის იარაღია, რომლის მეშვეობითაც იგი ძირს უთხრის მმართველი უმცირესობის საყრდენს. განდის დამოუკიდებლობის მოძრაობა, სახალხო მოძრაობები აღმოსავლეთ ევროპაში საბჭოთა კავშირის როლის წინააღმდეგ, მილოშევიჩის გაძევება სერბიაში და შევარდნაძის პოლიტიკური წრეები, ხოლო ახლახანს უკრაინაში ოლიგარქი უმცირესობების მიერ უსამართლო პოლიტიკის თავს მოხვევის წინააღმდეგობა აძლიერებს ზემოთ მოყვანილ არგუმენტს. ნათელია, რომ სამოქალაქო დაუმორჩილებლობა პოლიტიკური ქმედებაა, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის კონკრეტული ქვეყნის საზოგადოებრივ, პოლიტიკურ ცხოვრებასა და თითოეული ქვეყნის ცხოვრებაში. დღეისათვის მან საერთაშორისო მასშტაბი მოიპოვა და რეგიონალურ პოლიტიკაზეც ახდენს გავლენას.

2.2.2 არათანამშრომლობა

უამრავი ავტორი ამტკიცებს, რომ სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მთავარი ძალა მდგომარეობს მის ბუნებაში, არ ითანამშრომლოს უმრავლესობასთან და სახელისუფლებო წრეებთან. ასეთ დროს შეუძლებელი ხდება მმართველობის განხორციელება და პოლიტიკოსებს პოზიციების დათმობა უწევთ.

XVI საუკუნის სახელმწიფო მოღვაწე ეტიენ დე ბოეტი აცხადებს, რომ თუ ადამიანს სურს მოიპოვოს თავისუფლება და თავი დააღწიოს მონობას, მან დაუმორჩილებლობას უნდა მიმართოს. როდესაც დახმარებაზე უარს ამბობ, წესები ძალას კარგავს. მაიკლ რენდლი წერს:

საზოგადოების ფუნქციონირებისთვის უმთავრეს ამოცანას თანამშრომლობა წარმოადგენს. ტომობრივ საზოგადოებაში, სადაც არ არსებობს ხელისუფლების ცენტრალური სისტემა, თანამშრომლობის ხელიდან გამოცლა ყველაზე მძლავრი სანქციაა, რომელიც მიმართულია დამნაშავეების დასჯისა და სოციალური ერთობის შენარჩუნებისკენ. პოსტტომობრივ საზოგადოებებში, განსხვავებული სოციოპოლიტიკური ინტერესის ჯგუფებით, არათანამშრომლობა ეფექტური საშუალებაა ერთი ჯგუფის მოთხოვნების წამოსაყენებლად სხვა ჯგუფის ან ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგ.

ეჭგვარეშეა, რომ სამოქალაქო დაუმორჩილებლობის განმხორციელებელთათვის არათანამშრომლობა ყველაზე ეფექტიანი იარაღია, რომელიც ზეწოლას ახდენს მაღალჩინოსნებზე. სხვა მაგალითებს შორის ყველაზე გამორჩეული განდის დამოუკიდებლობის მოძრაობაა, რომელიც უმთავრესად სწორედ არათანამშრომლობას ეფუძნებოდა. ბოლოდროინდელი სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მოძრაობები ევროპაში ასევე წარმატებით იყენებდნენ არათანამშრომლობის მეთოდებს.

2.2.3 გამართლებული სამოქალაქო დაუმორჩილებლობის წინაპირობები

დღესდღეობით კითხვა, რომელიც მნიშვნელოვან ინტერესს იწვევს, მდგომარეობს შემდეგში: რამდენადაა შესაძლებელი და გამართლებული, რომ სამოქალაქო დაუმორჩილებლობა დიქტატორულ სახელმწიფოში დაიწყოს, თუ სამოქალაქო დაუმორჩილებლობის იდეა მხოლოდ დემოკრატიულ სახელმწიფოებს მიესადაგება, სადაც, როგორც წესი, განსხვავებული მოსაზრებები დაშვებულია. ეს საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას მეოცე საუკუნეში იძენს. მანამდე თეორეტიკოსები ყურადღებას არ აქცევდნენ დამკვიდრებულ სახელმწიფო წყობას. მთავარი ლოზუნგი იყო, რომ ადამიანი დაცული ყოფილიყო ბოროტებისგან და ბოროტი სახელმწიფოსგან. ეს ნამდვილად გასაგებია ევროპის მონარქიებში და მოგვიანებით შეზღუდულ მონარქიებშიც კი, ასევე დროებით საპარლამენტო სისტემებშიც (კრომველის პერიოდი ბრიტანეთში და რობესპიერის - საფრანგეთში) ოპონენტების წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენების დიდი ალბათობა არსებობდა.

ზემოაღნიშნული კითხვა ხშირად დადის შესაძლო ძალადობისა და სისხლისღვრის საკითხზე, რის ალბათობაც არსებობს დაუმორჩილებლობის შემთხვევაში მკაცრ პოლიციურ სახელმწიფოებში. ავტორთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ასეთ ქვეყნებში აზრი არა აქვს საპროტესტო კამპანიების გამოყენებას, რადგან ამას შეიძლება უარყოფითი შედეგები მოჰყვეს. ამისგან განსხვავებით, მმართველი ექსტრემალური ჯგუფი არ წავა დათმობებზე და კამპანიის შესაზღუდად სამხედრო ძალას გამოიყენებს. ამ შემთხვევაში პროტესტანტებმაც საპასუხო სამხედრო ძალას უნდა მიმართონ, რაც უკვე სცდება სამოქალაქო დაუმორჩილებლობას და აჯანყების სახეს იღებს.

სამოქალაქო უფლებების მოძრაობა, პაციფისტური და გარემოს დამცველთა მოძრაობები გვიჩვენებს, რომ სამოქალაქო დაუმორჩილებლობა შეიძლება ძალზე სასარგებლო იყოს დემოკრატიულ სახელმწიფოში, მაგრამ ჩვენ იმის მაგალითებიც მოგვეპოვება, რომ დიქტატორული და ავტორიტარული მმართველობა შეიძლება დაემხოს სამოქალაქო დაუმორჩილებლობის შედეგად, მაგალითად, აპართეიდის წინააღმდეგ მიმართული მოძრაობა სამხრეთ აფრიკაში, ჩილეში, ფილიპინებში, ტაილანდში, სამხრეთ კორეასა და სერბეთში. თუმცა შეუძლებელია იმის უარყოფა, რომ ასეთ ქვეყნებში არსებობს მასობრივი სისხლისღვრის საშიშროება, როგორც ეს მოხდა ჩინეთში ტიანანმინის მოედანზე ხოცვა-ჟლეტისას. როგორც უკანასკნელ ხანებში გაირკვა, სამოქალაქო დაუმორჩილებლობის საშუალებები ძალზე წარმატებულია ნაწილობრივ დემოკრატიულ ქვეყნებში, სადაც ელიტარულ ჯგუფს ხელში აქვს ჩაგდებული ძალაუფლება და დემოკრატიის ისეთი ძირეული პრინციპი, როგორიცაა მართლმსაჯულება, მმართველი ჯგუფის ნებას გამოხატავს, მაგრამ სხვა ინსტიტუტები, მაგალითად, პარტიული სისტემა და სამოქალაქო საზოგადოება, აქტიურია და ზოგიერთი უფლება ხორციელდება, როგორც საქართველოში.

მართლაც, სამოქალაქო დაუმორჩილებლობა აშკარად სასარგებლოა დემოკრატიულ საზოგადოებაში ამა თუ იმ პოზიციის წინ წამოსაწევად, მაგრამ არ არსებობს ზუსტი პასუხი შეკითხვაზე, შესაძლებელია თუ არა მიზნის მიღწევა სამოქალაქო დაუმორჩილებლობის გზით ისეთ ქვეყანაში, როგორიცაა სადამ ჰუსეინის ერაყი. ასეთ შემთხვევაში ბევრი რამეა დამოკიდებული გარეგან ფაქტორებზე, მათ შორის გეოგრაფიულ მდებარეობასა და საერთაშორისო დახმარებაზე. მაშასადამე, როგორც მაიკლ რენდლი აცხადებს, მნიშვნელოვანია იმ პირობების გაანალიზება, როდესაც სამოქალაქო დაუმორჩილებლობას წარმატება ელის, და სწორი ტაქტიკისა და სტრატეგიის შერჩევა, რათა ის უფრო ეფექტური იყოს. აქტივისტების აზრით, ექსტრემალურ ვითარებაშიც კი წარმატების მიღწევა შესაძლებელია, ოღონდ გულდასმითი საორგანიზაციო სამუშაოს შედეგად, რომელიც ფარულად სრულდება და ხანგრძლივ ვადაზეა გათვლილი. საბოლოოდ, სამოქალაქო დაუმორჩილებლობა შეიძლება გამართლებული იყოს ყველანაირი პოლიტიკური წყობის პირობებში, თუ მას სისხლისღვრა არ მოჰყვება.

1.2.3 2.3 კანონის დარღვევა

▲back to top


2.3.1 პირდაპირი და არაპირდაპირი სამოქალაქო დაუმორჩილებლობა

ყველა პოლიტიკური და სამართლებრივი მოაზროვნე ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მთავარი მახასიათებელია არსებული დაწერილი კანონის, ადმინისტრაციული აქტის, ძალაში შესული განკარგულების ან პოლიტიკის დარღვევა. კანონის დარღვევას ავტორები პირდაპირ და არაპირდაპირ კატეგორიებად ყოფენ, იმის მიხედვით, თუ როგორი სახის იყო დარღვევა - ადამიანმა დაარღვია კანონი და ამის გაპროტესტება ხდება, თუ პროტესტის გამოხატვა იზღუდება.

ბევრი ეწინააღმდეგება არაპირდაპირ დაუმორჩილებლობას, როგორც იმ ახალგაზრდა მოქალაქეების მართვის საშუალებას, რომლებიც არ არიან ამ საკითხით დაინტერესებულნი. ერვინ გრისვოლდი - აშშ-ს გენერალური პროკურორი და მოსამართლე ფორტრასი ამტკიცებენ, რომ არაპირდაპირი დაუმორჩილებლობა იწვევს ქონების განადგურებას; მათი უფლებებისა და თავისუფლებების ხელყოფას, ვისაც დაუმორჩილებლობის კამპანიისადმი არავითარი ინტერესი არ აქვს. მათი აზრით, პირდაპირმა სამოქალაქო დაუმორჩილებლობამ ზოგჯერ შეიძლება აქტის კონსტიტუციურობის გამოცდის ფუნქცია შეასრულოს, რასაც მოკლებულია არაპირდაპირი დაუმორჩილებლობა. ისეთი კანონის დარღვევა, რომელიც არ პროტესტდება, ქაოსსა და არეულობას გამოიწვევს. არაპირდაპირი დაუმორჩილებლობა მოკლებულია საგანმანათლებლო დანიშნულებას, რადგან სხვებს აბნევს. ამ ავტორების აზრით, არაპირდაპირი სამოქალაქო დაუმორჩილებლობა “აჯანყებაა და არა უთანხმოება”.

ზემოთ მოყვანილი არგუმენტები გარკვეულწილად ზედაპირულია. როულზმა შეგნებულად გამოტოვა პირდაპირი დაუმორჩილებლობის მოთხოვნა და არაპირდაპირი მოქმედებები ასევე გამართლებულად და ხშირად აუცილებლადაც მიიჩნია. პირველი, სამოქალაქო დაუმორჩილებლობების უმრავლესობა, როგორც ჯოელ ფაინბერგი ამტკიცებს, ახორციელებდა არაპირდაპირ დაუმორჩილებლობას კანონისთვის ზიანის მიყენებით. ბედოს აზრით, ზოგიერთი კანონი არ ექვემდებარება დარღვევას, მაგალითად, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა, რომელიც განსაზღვრავს წინასწარი დაკავების ვადას. არაგონივრული იქნება დანაშაულის ჩადენა პირდაპირი სამოქალაქო დაუმორჩილებლობის განხორციელების მიზნით. მეორე, როგორც მრავალი მოაზროვნე აცხადებდა, სამოქალაქო დაუმორჩილებლობამ წარმატების მისაღწევად ზეწოლა უნდა მოახდინოს სახელისუფლებო წრეებზე. ამგვარი ზეწოლა მეტწილად ისეთ არაპირდაპირ პროტესტში გამოიხატება, როგორიცაა მჯდომარე აქცია, პიკეტირება. მესამე, როგორც უკანასკნელი პერიოდი გვიჩვენებს, უსამართლობის მსხვერპლი სოლიდარობის მიღწევას ცდილობს საზოგადოების იმ ნაწილში, რომელიც პირადად არ დაშავებულა. ამ შემთხვევაში არაპირდაპირმა დაუმორჩილებლობამ შეიძლება მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს, რადგან ის პროტესტში მონაწილეობის საშუალებას აძლევს ისეთ ადამიანებს, რომლებიც ზეგავლენის ქვეშ არ იმყოფებიან. ძნელი წარმოსადგენია, როგორ ექნებოდათ თეთრ ამერიკელებს სეგრეგაციის კანონის დარღვევის საშუალება. პროტესტანტების სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს არა მარტო ხელისუფლება, არამედ მხარდამჭერებიც, რათა სამოქალაქო დაუმორჩილებლობის შედეგად მეტი ძალაუფლების მოიპოვონ. მეოთხე, სადავოა, პირდაპირი დაუმორჩილებლობა უფრო მეტად მაიძულებელია თუ დესტრუქციული. ეს ძირითადად დამოკიდებულია პროტესტანტების განზრახვაზე და არსებულ ვითარებაზე, რადგანაც შეუძლებელია წინასწარ ამტკიცო, რომ არაპირდაპირი დაუმორჩილებლობა აუცილებლად იწვევს ძალადობას; სრულიად სამართლიანმა მოქმედებამაც კი, როგორიცაა შეკრება, გარკვეულ ვითარებაში შეიძლება ძალადობა გამოიწვიოს. მეხუთე, როდესაც პროტესტის სუბიექტი არის არა კანონი, არამედ გარკვეული პოლიტიკა, უმეტეს შემთხვევაში არაპირდაპირი მოქმედებები მისაღებია. მაგალითად, თანამედროვე ეპოქაში, როცა ევროპული ქვეყნები მთელი ძალით ცდილობდნენ ატომური თავშესაფარი აეგოთ. გარემოს დამცველთა მხრიდან დაუმორჩილებლობის ყველაზე ეფექტური საშუალება იქნებოდა ამ ადგილებზე განლაგება. როულზი ამტკიცებს, რომ იგივე შეიძლება ითქვას ქვეყნის საგარეო პოლიტიკის შესახებ, რომელიც აღელვებს მეორე ქვეყანას და პირდაპირ გავლენას ახდენს პროტესტანტზე.

2.3.2 კონსტიტუციურობის შემოწმება

სამოქალაქო დაუმორჩილებლობის თეორიაში კანონის დარღვევასთან დაკავშირებული მეორე ფართოდ მიღებული ტენდენცია ეხება კითხვას: კანონის მოქმედების რომელ სტადიაზე ითვლება დარღვევა სამოქალაქო დაუმორჩილებლობად. შეიძლება თუ არა სამოქალაქო დაუმორჩილებლობად ჩაითვალოს ისეთი კანონის დარღვევა, რომელიც სავარაუდოდ არაკონსტიტუციურია, მაგრამ სასამართლოს ჯერ არ გამოუტანია გადაწყვეტილება ამის თაობაზე. შეიძლება თუ არა სამოქალაქო დაუმორჩილებლობად ჩაითვალოს ისეთი კანონდარღვევა, რომელიც კონსტიტუციურობის შემოწმების ფუნქციას ასრულებს შესაძლოა, არსებობდეს სავარაუდოდ არაკონსტიტუციური აქტის განზრახ დარღვევის შემთხვევები, რათა მისი გასაჩივრების სამართლებრივი მექანიზმები ხელმისაწვდომი გახდეს მოქალაქისთვის, თუ ქვეყნის კანონმდებლობა კანონის გასაჩივრების მოთხოვნად აყენებს პირის იდენტიფიცირებას კანონთან დაზარალებულის სახით.

კენტ გრინუოლტი სამ სიტუაციას აღწერს. პირველი, როდესაც ადამიანი დარწმუნებულია კანონის არაკონსტიტუციურობაში, არსებობს მისი ბათილად ცნობის დიდი ალბათობა და ამ კანონის დარღვევა მისი გამოცდის ფუნქციას ასრულებს. ამ შემთხვევაში გრინუოლტი დაუმორჩილებლობას გამართლებულად მიიჩნევს. მისი აზრით, არაგონივრულია მორჩილების მკაცრად მოთხოვნა, თუ კონსტიტუციურობის შემოწმების ერთადერთი გზა თვითონ კანონის დარღვევაა. მეორე, როდესაც ადამიანს „სერიოზული ეჭვი“ აქვს აქტის კონსტიტუციასთან შესაბამისობის თაობაზე, მაგრამ ამავე დროს „იცის, რომ სამართლებრივი განსჯა სავარაუდოდ წარუმატებელი იქნება“. გრინუოლტი ამ შემთხვევაშიც ამართლებს დაუმორჩილებლობას, თუ ეს საკონსტიტუციო განხილვას მისცემს ბიძგს. მესამე შემთხვევაში ადამიანს სჯერა, რომ კანონი არღვევს მის კონსტიტუციურ ინტერესებს, მაგრამ იცის, რომ სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას აქტის არაკონსტიტუციურობის შესახებ. ამგვარი კანონის დარღვევა საზოგადოებრივ ცნობიერებაზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენს და, ამდენად, ის გაუმართლებელია, ვინაიდან სტაბილური კანონის უზენაესობის ქვეყანაში სასამართლოს გადაწყვეტილებებს პატივს სცემენ. გრინუოლტი აცხადებს, რომ „კანონის ფარგლებში მოქცევის მოთხოვნა მორჩილების ბუნებას მხოლოდ მაშინ ცვლის, როცა არსებობს იმ ნორმის ბათილად ცნობის რეალური პერსპექტივა, რომელსაც არ ემორჩილებიან“.

2.3.4 დარღვეული კანონებისა და პოლიტიკის არსი

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც სამოქალაქო დაუმორჩილებლობას განსაზღვრავს, არის ის, თუ რომელი კანონისა თუ პოლიტიკის როგორი დარღვევა შეიძლება მივიჩნიოთ გამართლებულად. სამოქალაქო დაუმორჩილებლობა არ ითვალისწინებს შეუზღუდავ უფლებამოსილებას, დაარღვიოს ნებისმიერი კანონი ან პოლიტიკა, რადგან ეს საბოლოოდ ანარქიას გამოიწვევს და დიქტატორულ რეჟიმამდე მიგვიყვანს, ანუ იმ რეჟიმამდე, რომელიც სამოქალაქო დაუმორჩილებლობამ უნდა დაამარცხოს. სადავო დოკუმენტი რაიმე ძირეულ ღირებულებათა სისტემას უნდა არღვევდეს.

სამოქალაქო დაუმორჩილებლობის გამართლების საკითხი მჭიდრო კავშირშია კანონის იურიდიულ ძალასთან სამართლის ფილოსოფიაში. ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, როგორც ფაინბერგი აღნიშნავს, დამოკიდებულია კანონისა და მორალის ურთიერთკავშირზე. მოსამართლე ოლივერ ვენდელ ჰოლმსმა განაცხადა: „კანონი ჩვენი მორალური ცხოვრების მოწმე და შენატანია“. პოზიტივისტები და უტილიტარისტები კი ეთანხმებიან მოსაზრებას, რომ კანონსა და მორალს შორის გარკვეული კავშირი არსებობს. ამორალურობა და უსამართლობა სამოქალქო დაუმორჩილებლობის ქომაგთათვის კანონის გაბათილების უეჭველი არგუმენტია.

ჯონ როულზი ამტკიცებს, რომ სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მიზანშეწონილობა საზოგადოებრივი სამართლიანობის იდეას უნდა ეფუძნებოდეს. მისი აზრით, ადამიანი შეიძლება არ დაემორჩილოს კანონს, თუ ეს უკანასკნელი ეწინააღმდეგება სამართლიანობის აღიარებულ ცნებას, რომელიც ხაზს უსვამს პოლიტიკურ წყობას და არა მორალური ღირებულებების ინდივიდუალურ გაგებას. როულზი მიუთითებს, რომ დარღვევა „არსებითი და აშკარა უსამართლობის დროს“ უნდა მოხდეს. ნებისმიერი ნორმა და ინსტიტუტი სამართლიანობის პრინციპებს უნდა ეფუძნებოდეს და ეს ღირებულებები ხელშეუხებელია თითოეული ადამიანისთვის. მეტიც, მორალური პრინციპებისგან მონიჭებული ადამიანური სურვილების დაკმაყოფილებით ისეთი კანონის დარღვევის გამართლებაც შეიძლება, რომელიც, თავის მხრივ, არღვევს ამ პრინციპებს. დვორკინის აზრით, ხალხის უკმაყოფილებას იწვევს ის ფაქტი, რომ ზოგიერთი სახის პოლიტიკა არღვევს სამართლის მათეულ გაგებას.

ზინი ამტკიცებს, რომ რაიმე წესის იურიდიული ძალის შესამოწმებლად მორალური და სამართლიანობის კრიტერიუმები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კანონიერება. ის მკაცრად უარყოფს აბსოლუტური კანონისადმი მორჩილების პრინციპს, რადგან მრავალი კანონი შეიძლება არ იმსახურებდეს ლოიალობას. ამგვარი დამოკიდებულება ხანდახან ხალხის დაბნეულობას იწვევს. სწორი გადაწყვეტილების მიღება არც ისე იოლია, ვინაიდან საზოგადოება იმას ეყრდნობა, რაც წერია და კანონი მორალური პრინციპების გამოხატულებად აღიქმება.

გამოჩენილმა სამართლის ფილოსოფოსმა გუსტავ რადბრუხმა მეორე მსოფლიო ომის დროს კანონიერების სახელით ჩადენილი სისასტიკის შემდეგ პოზიტივისტური პოზიციები შეიცვალა და აღიარა, რომ კანონისთვის იურიდიული ძალის მინიჭება დამოკიდებულია „ჰუმანიტარულ მორალზე“ და, შესაბამისად, სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მიზანშეწონილობა იმის მიხედვით განისაზღვრება, თუ რამდენად შეესაბამება დაწერილი კანონი ამ მორალს.

შეერთებულ შტატებში სამოქალაქო უფლებების მოძრაობის მთავარი დევიზი იყო დაუმორჩილებლობა უსამართლო კანონებს, კანონებს, რომლებიც ეწინააღმდეგება მორალს, ანუ პიროვნებასა და ბუნებას. „არაძალადობრივი წინააღმდეგობის გული არის კანონისა და ხელისუფლებისდმი დაუმორჩილებლობა უსამართლობის პროტესტის ნიშნად”. რადბრუხი არ აღიარებს ასეთი კანონების სავალდებულო ხასიათს. ეს აქტები არ ითვალისწინებს უმცირესობათა ინტერესებს.

დასასრულ, ნათელი ხდება რომ სამოქალაქო დაუმორჩილებლობა გამიზნულია ისეთ კანონდარღვევებზე, რომლებიც მნიშვნელოვნად ზღუდავს თანამედროვე საზოგადოების მიერ მთავარ უნივერსალურ ღირებულებებად აღიარებულ პრინციპებს, რომლებიც ხელს უწყობს დემოკრატიულ პოლიტიკურ სისტემას, საზოგადოებრივ კეთილდღეობას და სოციალურ სამართლიანობას. ისტორია გვიჩვენებს, რომ ჭეშმარიტი სამოქალაქო დაუმორჩილებლობა იცავს ფუნდამენტურ უფლებებს, როგორც ეს მოხდა სერბეთსა და საქართველოში, თანასწორუფლებიანობას, მაგალითად, სამოქალაქო უფლებათა მოძრაობისა და ქალთა უფლებების სხვადასხვა მოძრაობების შემთხვევაში, მშვიდობასა და უსაფრთხოებას უამრავი პაციფისტური კამპანიის მეშვეობით, თვითგამორკვევის უფლებას ინდიელთა გათავისუფლების მოძრაობის სახით და 1980-იანი წლების ბოლოს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში სახალხო პროტესტის სახით. ტერმინი „სამოქალაქოც“ კი მიუთითებს, რომ დაუმორჩილებლობა საზოგადოებისა და დემოკრატიის ღირებულებების დაცვას ემსახურებოდა და არა რომელიმე შესაბამისი ორგანოს მიერ მიღებული წესის დაცვას.

2.3.5 არაძალადობა

არაძალადობა და მშვიდობიანობა სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მთავარი პრინცებია, რასაც ამ იდეის მომხრე ყველა ავტორი იზიარებს და დასძენს, რომ სამოქალაქო დაუმორჩილებლობა არ უნდა იჭრებოდეს მოქალაქეთა ძირითად უფლებებში. როგორც მარტინ ლუთერ კინგმა განაცხადა:

ძალადობის სისუსტე იმაში მდგომარეობს, რომ ის სპირალისებურად ეშვება და თვითონ წარმოქმნის ისეთ რამეს, რის მოსპობასაც ცდილობს. ბოროტების დათრგუნვის ნაცვლად, ის ბოროტებას ზრდის... ძალადობით შეიძლება მოკლა მტერი, მაგრამ სიძულვილს ვერ აღმოფხვრი. სინამდვილეში ძალადობა სიძულვილს აღვივებს... ძალადობის საპასუხო ძალადობა კვლავ ძალადობას წარმოშობს, ისედაც უვარსკვლავებო ღამეს სიბნელეს მატებს. სიბნელე ვერ განდევნის სიძულვილს; ეს მხოლოდ სიყვარულს შეუძლია.

სამოქალაქო დაუმორჩილებლობაში არაძალადობა პირველად განდიმ გამოიყენა, რაც მის ფილოსოფიაში სატიაგრაჰაში აისახა. მთავარი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ჭეშმარიტება სიყვარულითა და თანაგრძნობით მიიღწევა. ძალადობა ბოროტებაა, რომელიც ამრუდებს ჭეშმარიტებისკენ მიმავალ გზას.

როულზი გმობს ძალადობას, როგორც საზოგადოების ქცევის მოდელს. ძალადობა აკნინებს ზოგადად სამოქალაქო დაუმორჩილებლობის პრინციპს. სამოქალაქო დაუმორჩილებლობა გაგებულ უნდა იქნეს, როგორც გაფრთხილება და არა როგორც საფრთხე საზოგადოებისთვის. როულზის აზრით, სამოქალაქო დაუმორჩილებლობა თავისი არსით კანონის უზენაესობის პატივისცემისა და „კანონის ერთგულების” ქმედებაა. ეს პრინციპები აბსოლუტურად გამორიცხავს ყოველგვარ ძალდატანებას. არაძალადობა პროტესტანტთა გულწრფელ სურვილებს გამოხატავს. სამოქალაქო დაუმორჩილებლობა გამართლებულია მორალური პრინციპებით, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის პრინციპებით და ძალადობის ან შურისძიების ყოველგვარი მცდელობა არღვევს მის საფუძველს.

გრინუოლტი აცხადებს, რომ ძალადობა წარმოშობს შიშს დაზარალებულებსა და მათ შორის, ვინც თავს შესაძლო მსხვერპლად თვლის. ჯოზეფ რაზიც ამტკიცებს, რომ ძალადობამ შესაძლოა პოტენციურ მოკავშირეთა დეზინტეგრაცია გამოიწვიოს. მაიკლ რენდლი განაგრძობს: არაძალადობრივმა ქმედებებმა შეიძლება თავისუფლებას მიაღწიოს, რამდენადაც ის „ფატალური ხელისუფლებისთვის ევთანაზიის“ ფუნქციას ასრულებს.

სტიუარტ ბრაუნი გვაწვდის მნიშვნელოვან თეორიულ მასალას სამოქალაქო დაუმორჩილებლობაში ძალადობის თემაზე მსჯელობისთვის. მას ძალდატანების წინააღმდეგ სამი მოსაზრება მოჰყავს. პირველი, ძალადობა თავისთავად ბოროტებაა. სოკრატეს, განდისა და კინგის მსგავსად ისიც უგულებელყოფს ბოროტების წინააღმდეგ ბოროტების გამოყენებას და თუ აჯანყება განზრახული არაა, ძალადობა დაუშვებელია. მეორე, წინააღმდეგობის მოძრაობაში ძალადობა სავარაუდოდ კონსპირაციის ნაწილს შეადგენს. და მესამე, ძალადობა ხალხს აბნევს და აშინებს.

თეორიაში კამათობენ იმის შესახებ, თუ ძალის რა ხარისხია დასაშვები სამოქალაქო დაუმორჩილებლობის დროს. ეს კითხვა ხშირად დადის ძალადობის საზღვრების საკითხამდე, კერძოდ: არის თუ არა დაუმორჩილებლობის დროს მიუღებელი ძალადობა მხოლოდ პირადი ძალდატანება, რომელიც ფიზიკურ დაშავებას იწვევს, თუ ის ვრცელდება ქონებაზეც და ფსიქოლოგიურ ზეწოლაზეც. ბრაიან სმართი შემდეგ დეფინიციას გვთავაზობს: „ძალადობა არის ძალის დიდი ოდენობით გამანადგურებელი გამოყენება ადამიანების ან მათი ქონების წინააღმდეგ, ძალის ისეთი გამოყენება, რომელიც არღვევს მათ უფლებებს“. ბედო ძალადობის ცნებაში მოიაზრებს ფიზიკურ კავშირს, კერძოდ „საბოტაჟს, მკვლელობას, ქუჩაში ჩხუბს, საკუთრების განზრახ დაზიანებას, სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნას და არეულობის პროვოცირებას“. ჰოლმსი უფრო შორს მიდის და აღნიშნავს, რომ ძალადობის ჩადენა არის „უპატივცემულობის გამოვლენა რაიმე ღირებულის, წმინდასა და ღირსეულისადმი“.

სამოქალაქო დაუმორჩილებლობა შეიძლება არღვევდეს სხვების ისეთ უფლებას, როგორიცაა გადაადგილების თავისუფლება, თუმცა ამ შემთხვევაში გარკვეული წონასწორობის დაცვაა საჭირო. პირველ რიგში, სამოქალაქო დაუმორჩილებლობა არ ამართლებს აბსოლუტური უფლებების დარღვევას, რომელიც ამ უფლებათა არსიდან გამომდინარეობს. აგრეთვე მიუღებელია სიტყვის ან აღმსარებლობის თავისუფლების შეზღუდვა, რადგან სამოქალაქო დაუმორჩილებლობა ამ უფლებათა გამოხატულებაა. ფაქტობრივად სამოქალაქო დაუმორჩილებლობა შეიძლება ჩაითვალოს საგანგებო ვითარებად, რომელიც ემსახურება ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური ღირებულებების დაცვას.

სამოქალაქო დაუმორჩილებლობა განზრახ არ უნდა აყენებდეს ზიანს კერძო საკუთრებას. რაც შეეხება სახელმწიფო ქონებას, შესაძლოა, მისი დაზიანება ზოგჯერ სასურველი იყოს, რათა ხელისუფლებას ხელი შეეშალოს სამოქალაქო დაუმორჩილებლობის ძალადობრივ ჩახშობაში (მაგალითად, პოლიციის მანქანის საბურავების დაშვება). უნდა აღინიშნოს ადმინისტრაციულ შენობებზე წარწერების გაკეთების პრაქტიკა. ამ ღონისძიებას აქტიურად მიმართავდნენ სერბეთსა და საქართველოში. ამგვარ დამოკიდებულებას გარკვეული მორალური გამართლებაც აქვს. სახელმწიფო საკუთრება საზოგადოებრივი ქონებაა, რომელიც გადასახადების მეშვეობით არსებობს. აქედან გამომდინარე, არ არის გონივრული ძალადობად შეფასდეს საკუთარი ქონების დაზიანება.

დაბოლოს, სამოქალაქო დაუმორჩილებლობა შეიძლება გამართლებულად ჩაითვალოს, როცა ის საფრთხეს არ უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, არ არღვევს სხვა აბსოლუტურ უფლებებს, აღმსარებლობის და სიტყვის თავისუფლებას და განზრახ ზიანს არ აყენებს კერძო საკუთრებას. ის შესაძლოა შეიცავდეს გარკვეულ ტექნიკურ პრობლემებს და იწვევდეს მენტალურ ზეწოლას, მაგრამ ეს ფაქტი ვერ აკნინებს სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მნიშვნელობასა და როლს. შედარებისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ მოსამართლე ბრანდეისის საწინააღმდეგო აზრი საქმეში უიტნი კალიფორნიის წინააღმდეგ: „ის ფაქტი, რომ წარმოთქმულმა სიტყვამ შეიძლება გამოიწვიოს ძალადობა ან ქონების განადგურება, არ არის მისი შეზღუდვის საკმარისი გამართლება. უნდა არსებობდეს სახელმწიფოსთვის სერიოზული ზიანის მიყენების ალბათობა”. სახელმწიფო ინტერესი აქ გაგებულ უნდა იქნეს, როგორც საზოგადოებრივი ინტერესი. რა თქმა უნდა, ზოგიერთ ადამიანს შეიძლება შეექმნას გარკვეული პრობლემები, მაგრამ როგორც 1960 -იანი წლების კამპანიის მონაწილეები ამტკიცებდნენ, უსამართლო პოლიტიკისა და კანონის გაუქმება ზოგ შემთხვევაში ამ პრობლემებს გადაჭრის.

2.3.6. ღია გზით წარმართვა

მრავალი ავტორი ამტკიცებს, რომ გამართლებული სამოქალაქო დაუმორჩილებლობა ღიად უნდა წარიმართოს და თვალსაჩინო უნდა იყოს არა მარტო ხელისუფლებისთვის, არამედ საზოგადოებისთვისაც. თუმცა არსებობს ავტორთა ნაწილი, რომელიც მიიჩნევს, რომ აშკარა სამოქალაქო დაუმორჩილებლობამ შეიძლება კამპანიის დაგეგმილი მიზნების განხორციელება შეაფერხოს.

გრეგორი ვლასტოსის ჰიპოთეზის თანახმად, სოკრატემ იმიტომ თქვა უარი პატიმრობიდან გაქცევაზე, რომ თავი აარიდა სანქციას, რომელიც ამგვარ საქციელს მოსყიდვად აფასებს. განდი და კინგიც მოითხოვენ ღიად მოქმედებას, რადგან მიაჩნიათ, რომ ეს არის საზოგადოებისთვის მიმართვის საშუალება და უსამართლობის ახსნა. კინგი აცხადებდა, რომ საზოგადოებრივი თვითშეგნების ამაღლების ერთადერთი გზა ღიად წარმართული სამოქალაქო დაუმორჩილებლობა იყო. როულზი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სამოქალაქო დაუმორჩილებლობა ღიად უნდა წარმოებდეს და საზოგადოებას

აფრთხილებდეს, მიუღებელია მისი მოქმედებების კონფიდენციალურობა. ჯოზეფ რაზის აზრით, ლიბერალურ სახლემწიფოში სამოქალაქო დაუმორჩილებლობა დასაშვებია მხოლოდ ყველა სხვა საშუალების წარუმატებლობის შემთხვევაში. ჰუგო ა. ბედო სამოქალაქო დაუმორჩილებლობას აფასებს, როგორ ღია ქმედებას. როგორ შეძლებს სამოქალაქო დაუმორჩილებლობა საგანმანათლებლო ფუნქციის შესრულებას, თუ ის საჯაროდ არ განხორციელდება და საზოგადოება მას ვერ გაიგებს? როგორ იქნება ის სამოქალაქო, თუ ზემოქმედებას ვერ მოახდენს უმრავლესობაზე, რათა კანონი ან პოლიტიკა შეიცვალოს? ბრაიან სმართი აღნიშნავს ღია კამპანიის შესაძლებლობას, მაგრამ ეს არ მიაჩნია გამართლებული სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მკაცრ კრიტერიუმად. რა თქმა უნდა, საზოგადოება და სათანადო ორგანოები დაუმორჩილებლობის საქმის კურსში უნდა იყვნენ, მაგრამ ასევე შესაძლოა არსებობდეს გარკვეულ ეტაპზე მისი გასაიდუმლოების აუცილებლობა. ამის ნათელი მაგალითია საქართველოში სამოქალაქო დაუმორჩილებლობის დასაწყისში შენობებზე გაკეთებული საპროტესტო წარწერები, როცა არავინ იცოდა, თუ ვინ აკეთებდა ამ წარწერებს. კენტ გრინუოლტი ეთანხმება სმართს, რომ უსამართლობის აღმოფხვრის მისია ზოგ შემთხვევაში კონფიდენციალურობას საჭიროებს. მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ შეერთებულ შტატებში მონების გაქცევის ხელშეწყობა. ღიად წარმოება არ არის აუცილებელი და კონფიდენციალურობის გარკვეული დონე არ მოახდენს უარყოფით გავლენას კამპანიაზე.

მაიკლ რენდლი აღნიშნავს, რომ სამოქალაქო დაუმორჩილებლობის ღიად წარმოება სასარგებლოა საზოგადოებრივი მხარდაჭერის მოსაპოვებლად, მაგრამ აბსოლუტური საჯაროობა შესაძლოა საზიანოც იყოს კამპანიისთვის. გასაიდუმლოება მნიშვნელოვანი პრინციპია, როცა დაუმორჩილებლობის ქმედებები ხორციელდება დიქტატორულ რეჟიმში, მაგალითად ნაცისტურ გერმანიაში.

დღესდღეობით სამოქალაქო დაუმორჩილებლობის სრული საჯაროობის მოთხოვნა არარელევანტურია, რადგან კამპანია მიზნად ისახავს პოლიტიკის შეცვლას და არა მხოლოდ მოწოდების გაკეთებას რეალური შედეგების გარეშე. დაუმორჩილებლობის სტრატეგია შეიძლება შეიცავდეს ფარულ მოქმედებებს. ამგვარად, არაგონივრულია სამოქალაქო დაუმორჩილებლობის კამპანიიდან კონფიდენციალური მოქმედებების გამორიცხვა.

2 ნაწილი II არაძალადობრივი ბრძოლის თეორია, სტრატეგიული არაძალადობრიობა და კამპანიების წარმოება

▲back to top


2.1 თავი 1 პოლიტიკური ძალაუფლება: ფორმები და საფუძველი

▲back to top


პოლიტიკური ძალაუფლება საშუალებების,
გავლენების და ზეწოლების ერთიანობას
წარმოადგენს, რომელიც უფლებამოსილებას,
ილდოებს და სანქციებსაც შეიცავს. და ყოველივე
ამას საკუთარი მიზნების განსახორციელებლად
ძალაუფლების მფლობელები იყენებენ, იქნება ესმთავრობა, სახელმწიფო თუ
ოპოზიციაში მყოფი
დაგუფებები.

ინ შარპი,
არაძალადობრივი ქმედების პოლიტიკა

2.1.1 1.1. პოლიტიკური ძალაუფლების თეორია

▲back to top


პოლიტიკური ძალაუფლების რაობა, მისი ფორმები და ფუნქციონირების გზები უკვე დიდი ხანია, პოლიტოლოგების, სოციოლოგების, ეკონომისტების, კონფლიქტოლოგების, ფილოსოფოსების, ფსიქოლოგების და ბევრი სხვა სფეროს მკვლევარის ინტერესის საგანს წარმოადგენს. შესაბამისად, ამ საკითხების ირგვლივ უამრავი თეორია თუ განსაზღვრება არსებობს, და ალბათ თამამად შეიძლება ითქვას, რომ პოლიტიკური ძალაუფლება - ისევე, როგორც ძალაუფლება ზოგადად - ერთ-ერთ ყველაზე რთულ და კომპლექსურ ცნებას წარმოადგენს სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებისთვის. ყველაზე ზოგადი განმარტებით, პოლიტიკური ძალაუფლება ისეთი ძალაუფლებაა, რომელსაც კონკრეტული ინდივიდი თუ სოციალური ჯგუფი ფლობს. ოფიციალურად პოლიტიკური ძალაუფლება პოლიტიკური ლიდერის ხელშია კონცენტრირებული, პრეზიდენტი იქნება ეს, პრემიერ-მინისტრი თუ მონარქი. მაგრამ სახელმწიფოს მეთაურის მიერ პოლიტიკური ძალაუფლების ფლობას სხვა ბევრი პირობაც უნდა უწყობდეს ხელს, მათ შორის საზოგადოებაზე გავლენის მოხდენის და მისი კონტროლირების ხარისხი, რომელიც მმართველს მართვის განხორციელებისთვის ესაჭიროება. პოლიტიკური მეცნიერების წარმომადგენლები პოლიტიკურ ძალაუფლებას ხშირად „სხვების ქცევაზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობად” სახავენ. ტრადიციულად პოლიტიკური ძალაუფლება სამხედრო ძალის, ფინანსებისა და ცოდნის კომბინაციას ეყრდნობა.

ისტორიას არაერთი შემთხვევა ახსოვს, როდესაც პოლიტიკური ძალაუფლება დესტრუქციული და რეპრესიული მექანიზმი გამხდარა. ეს ყველაზე ხშირად მაშინ ხდებოდა, როდესაც უზარმაზარი ძალაუფლება მხოლოდ რამდენიმე ინდივიდის ხელში იყო თავმოყრილი და პოლიტიკური დებატების, მთავრობის კონტროლისა და მისი კრიტიკისთვის სივრცე აღარ რჩებოდა. ასეთ რეჟიმებს დესპოტურს, ტირანულს, ტოტალიტარულს და/ან დიქტატორულს უწოდებენ ხოლმე. ამგვარი მართვის საპირისპირო მოდელი ძალაუფლების დანაწილება (მაგ., დემოკრატიის დროს), ინდივიდის ან ჯგუფის ხელში თავმოყრილი ძალაუფლების კონტროლი და ინდივიდების დამცველი პლატფორმის (მაგ., ადამიანის უფლებების) შექმნა და გამყარებაა.

წინამდებარე წიგნში ძალაუფლებისა, და მისი ფორმების შესახებ არსებული უამრავი და მრავალფეროვანი თეორიიდან ჩვენ ძირითადად სოციალური მოძრაობების საკითხს განვიხილავთ - ანუ ფართო პოლიტიკურ გაერთიანებებს, რომლებიც კონკრეტული საკითხების ირგვლივ არიან მობილიზებული და სპეციფიკური მიზნების მიღწევას ცდილობენ. თუმცა საკუთრივ სოციალური მოძრაობების საკითხიც ძალიან ფართოა და უამრავი თეორიისგან შედგება, ამ წიგნში კი ჩვენ კონკრეტულად სოციალური მოძრაობების არაძალადობრიობის პრინციპებთან მიმართება გვაინტერესებს. კიდევ უფრო ზუსტად რომ განვსაზღვროთ, ეს წიგნი არაძალადობრივი ბრძოლის ფორმებს, სტრატეგიებსა და შინაარსს განიხილავს, რაც, თავის მხრივ, არაძალადობრიობის ფილოსოფიის მხოლოდ ერთი ფორმაა.

არაძალადობრიობა, როგორც ფილოსოფია, ძალადობრივი ქმედებების უარყოფას ემყარება. რელიგიაზე, ეთიკაზე თუ პრინციპებზე დამყარებული არაძალადობრიობა შესაძლებელია რწმენას, სულიერების საკითხს ან მორალურ სისტემას წარმოადგენდეს, და მისი ფილოსოფია გარემოს, სხვა ადამიანების ან საკუთარი თავის მიმართ ფსიქოლოგიური ან ფიზიკური ზიანის მიყენებას - ისევე როგორც ხშირად „მტრის“ ცნებას - უარყოფს. ფილოსოფიისგან განსხვავებით, არაძალადობრივი ბრძოლა პოლიტიკური მიზნების მისაღწევად იმართება და ფიზიკური, ძალადობრივი ქმედებების გამოკლებით მრავალ სხვა მეთოდს იყენებს - იქნება ეს პოლიტიკური, ეკონომიკური, საზოგადოებრივი თუ ფსიქოლოგიური მეთოდი. ეს მეთოდები (თუ იარაღები) სამ ძირითად ფორმად შეიძლება დაიყოს: პროტესტი და დარწმუნება, არათანამშრომლობა და ჩარევა.

არაძალადობრივი ბრძოლა პოლიტიკურ ძალაუფლებას პლურალისტურ სტრუქტურად მოიაზრებს, რომელიც საყრდენ ბურჯებზეა დამყარებული (იხ. ქვემოთ). არაძალადობრივი ბრძოლის სტრატეგიებს სჯერათ, რომ თუ ამ სტრუქტურებს კარგად გაიაზრებენ და მათზე გავლენის მოხდენას შეძლებენ, ძალაუფლების გადანაწილება, შესაძლებელია, მათ სასიკეთოდ შეიცვალოს.

ყოველივე ამის გათვალისწინებით, პირველ რიგში ჩვენ სწორედ იმ მოდელებს გავეცნობით, რომლითაც არაძალადობრივი ბრძოლის ანალიტიკოსები -კერძოდ კი 1973 წელს გამოცემული და დღეს უკვე ქრესტომათიად ქცეული წიგნის, „არაძალადობრივი ქმედების პოლიტიკის” ავტორი, ჯინ შარპი - პოლიტიკურ ძალაუფლებას განსაზღვრავენ. ესენია მონოლითური და პლურალისტური მოდელები.

მონოლითური ძალაუფლების თეორია

დოქტორ ჯინ შარპის მიერ წარმოდგენილი მონოლითური მოდელი ძალაუფლებას მყარი და უცვლელი სტრუქტურის მწვერვალზე კონცენტრირებულად აღწერს. ამ მოდელის მიხედვით, ის პირები, ვინც ძალაუფლებას უშუალოდ ფლობს, შეიძლება შეიცვალონ; მაგრამ საკუთრივ ძალაუფლების სტრუქტურა, პირამიდული ფორმის წარმონაქმნი, მყარი და უცვლელია, როგორც ცემენტისგან გაკეთებული. ის უცვლელი რჩება იმის მიუხედავად, თუ რა შეფარდებით არის წარმოდგენილი ძალაუფლება პირამიდის შიგნით, ან რამდენად სურთ მისი შეცვლა პირამიდის გარედან. ამ თეორიის მიხედვით, ადამიანები დამოკიდებული არიან ძალაუფლების მფლობელის კეთილგანწყობაზე, მხარდაჭერასა და გადაწყვეტილებებზე, და მმართველი თავად განსაზღვრავს, როგორ უნდა იყოს ძალაუფლება გამოყენებული.

გარკვეული თვალსაზრისით, ძალაუფლების მონოლითური მოდელი იმ კლასიკურ განსაზღვრებას მოგვაგონებს, რომლითაც ტოტალიტარული საზოგადოებების აღწერა ხდება. როგორც წესი, ამ განსაზღვრებებში ექვსი მახასიათებელი გამოიყოფა ხოლმე: იდეოლოგია, ერთი პარტია, რომელსაც ერთი ლიდერი ჰყავს, ძლიერი პოლიცია, კომუნიკაციების და იარაღის მონოპოლია და ცენტრალიზებული ეკონომიკა. ასეთი რეჟიმების სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების გზით შეცვლა, როგორც წესი, თითქმის შეუძლებელია - არჩევნების შედეგი ყველაზე ხშირად წინასწარ არის ხოლმე განსაზღვრული.

ასეთი რეჟიმები თავს კომფორტულად მაშინ გრძნობენ, როდესაც მოსახლეობა ძალაუფლების მონოლითურ ფორმას თანხმობას უცხადებს ან ზეწოლას ემორჩილება. ამ თანხმობის შენარჩუნება ხშირად რეპრესიული და ტირანული გზებით ხდება. მაგალითად, 1930-იან და 1940-იან წლებში საბჭოთა კავშირში სტალინმა თითქმის ოცი მილიონი ადამიანი მხოლოდ იმის გამო მოაკვლევინა, რომ მათ საკუთარი რეჟიმისთვის რეალურ ან პოტენციურ საფრთხედ აღიქვამდა. ეს რიცხვი დაახლოებით იმდენივეა, რამდენიც მეორე მსოფლიო ომში დაღუპულმა საბჭოთა მოქალაქემ შეადგინა.

იმისათვის, რომ ტირანია არაძალადობრივი კონფლიქტის მეშვეობით დასუსტდეს ან დაემხოს, აუცილებელია ამ მონოლითური ძალაუფლების სტრუქტურების მიღმა გავიდეთ და ძალაუფლების განაწილების ყველა არსებული ფორმა შევაფასოთ. მონოლითური მოდელი ეფექტიანი ანალიტიკური საშუალებაა, რათა გავიაზროთ, თუ როგორ მოიპოვებენ, ინარჩუნებენ და გადასცემენ დესპოტური მმართველები ძალაუფლებას. მაგრამ პოლიტიკურ ცვლილებაზე ფიქრის დროს ამ მოდელის გამოყენება ერთმნიშვნელოვნად ზღუდავს ცვლილების მიღწევის პოტენციური გზების გააზრებას. ცხადია, „ცვლილებებზე მეოცნებეთათვის” მნიშვნელოვანია ძალაუფლების მონოლითურ მოდელზე წარმოდგენის ქონა, მაგრამ იმისათვის, რომ მათი ოცნება ქმედებად იქცეს, მათ სხვა მოდელის გამოყენება გამოადგებათ, მოდელის, რომელიც ძალაუფლებას, მის მიღწევასა და დაკარგვას სრულიად სხვაგვარად წარმოაჩენს, და რომლის მთავარი მახასიათებელიც „პლურალიზმია”.

ძალაუფლების პლურალისტური მოდელი

ძალაუფლების ბუნების გაგებისთვის დოქტორი ჯინ შარპი კიდევ ერთ ეფექტიან მოდელს გვთავაზობს, რომელსაც „პლურალისტურ მოდელს” უწოდებს. მონოლითური მოდელისგან განსხვავებით - რომელიც უცვლელ, მყარ სტრუქტურას წარმოადგენს, სადაც ძალაუფლება მწვერვალშია კონცენტრირებული - ეს თეორია ძალაუფლებას პლურალისტურად და მყიფედ წარმოაჩენს. ძალაუფლების წყაროებად აქ საზოგადოებაში არსებული დაჯგუფებები მოიაზრება, ხოლო მმართველი მხოლოდ იმდენ ძალაუფლებას განაგებს, რამდენის უფლებასაც ხალხი აძლევს. სხვა სიტყვებით, მმართველს მხოლოდ ხალხის მხრიდან თანხმობისა და თანამშრომლობის პირობებში შეუძლია განაგოს. ეს თანხმობა და თანამშრომლობა კი, თავის მხრივ, შეიძლება როგორც ნებაყოფლობითი, ისე იძულებითი იყოს. თანხმობა შესაძლოა საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან გულგრილი დამოკიდებულების ან იმ კულტურული გავლენების შედეგი იყოს, რომლებიც მორჩილებას ქადაგებენ. ნებისმიერ შემთხვევაში, ძალაუფლების პლურალისტური მოდელის მნიშვნელოვანი ელემენტი ის არის, რომ თუ მმართველს ხალხი აძლევს ძალაუფლებას, მაშინ ამავე ხალხს შეუძლია უარი განაცხადოს იმაზე, რომ იყოს მართული - და ამით რეჟიმს ძალაუფლების ის საყრდენი წყარო წაართვას, რომელსაც თვითონვე, კოლექტიურად აძლევს.

ჯინ შარპის მიხედვით, არსებობს ძალაუფლების ექვსი წყარო, რომელთა გააზრებაც ძალაუფლების პლურალისტური ბუნების გაგების წინაპირობას წარმოადგენს. ახლა ჩვენ ექვსივე მათგანს განვიხილავთ - და გახსოვდეთ, რომ სწორედ ეს დანომრილი პუნქტებია ძალაუფლების ის წყაროები, სადაც ადამიანები კონტროლირებას, გავლენის მოხდენას ან ნეიტრალიზაციას ესწრაფვიან. ძალაუფლების ეს წყაროები, თავის მხრივ, ვლინდება ორგანიზაციებისა და ინსტიტუტების სახით, რომლებსაც „საყრდენი ბურჯები” ეწოდება და რომლებსაც მომდევნო, მეორე თავში განვიხილავთ.

1. უფლებამოსილება

უფლებამოსილება ის საყრდენია, რომლის მეშვეობითაც მართვის უფლებაზე პრეტენზია ცხადდება და მოსახლეობისგან მორჩილების მოთხოვნა ხდება. მართვის უფლებამოსილება ხშირად არჩევნების შედეგებით მტკიცდება ხოლმე. სწორედ ამიტომ არის, რომ ძალიან ბევრი ავტორიტარული რეჟიმი არჩევნების გამართვას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, შემდეგ კი საარჩევნო ყუთებში ყალბ ბიულეტენებს ყრის, ამომრჩევლების დაშინებას ცდილობს, ოპონენტების კამპანიას ზღუდავს და არჩევნების არასასურველი შედეგების აღიარებაზე უარს აცხადებს. ნებისმიერი მთავრობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იყოს ლეგიტიმური; ხოლო თუ მას კონსტიტუციის ფარგლებს გარეთ მოქმედად აღიქვამენ ან არაკანონიერად მიიჩნევენ, ეს შესაძლოა სერიოზული შედეგების მომტან ფაქტორად გადაიქცეს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო თანამეგობრობის ფარგლებში.

ქვეყნის შიგნით აშკარა ლეგიტიმურობის დაკარგვამ შესაძლოა მნიშვნელოვნად შეუწყოს ხელი პოლიტიკური ოპოზიციის ლეგიტიმურად ქცევას. პოლიტიკურმა ოპოზიციამ შეიძლება „საზოგადოებრივი კონტრაქტის” ცნება გამოიყენოს და განაცხადოს, რომ თუკი მთავრობამ კონსტიტუცია რეალურად დაარღვია, მაშინ ხალხსა და მთავრობას შორის არსებული კონტრაქტი დარღვეულია, რაც, თავის მხრივ, რეჟიმის მორჩილებაზე, მის მხარდაჭერასა და მასთან თანამშრომლობაზე უარის თქმისთვის ქმნის საფუძველს.

ქვეყნის გარეთ რეჟიმის მიერ ლეგიტიმურობის დაკარგვამ შეიძლება საერთაშორისო თანამეგობრობა მის წინააღმდეგ ეკონომიკური და პოლიტიკური სანქციების დაწესებისთვის განაწყოს. პოლიტიკურ და ეკონომიკურ ბოიკოტს კი მსგავსი რეჟიმების დასუსტება შეუძლია, როგორც ეს სამხრეთ აფრიკის აპართეიდულ რეჟიმს და ბირმის დიქტატურას დაემართა. 2002 წელს ზიმბაბვეს გაძევებამ ბრიტანეთის თანამეგობრობიდან ნათელი გახადა, რომ მუგაბეს რეჟიმს არ შეეძლო იმ დემოკრატიული მთავრობების გვერდით ყოფნა, რომლებიც კოლონიალიზმის ეპოქიდან დამოუკიდებელ დემოკრატიული საზოგადოებების გაერთიანებად იქცა. ამასთან, როდესაც ავტორიტარული რეჟიმის უფლებამოსილება, მართოს ქვეყანა, სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, დემოკრატიულ ოპოზიციურ დაჯგუფებებს ქვეყნის გარეთ ბევრად მეტი ფინანსური და მორალური მხარდაჭერის მოპოვება შეუძლიათ. თუმცა ეს საერთაშორისო ჯესტები, როგორც ასეთი, არ არის ხოლმე საკმარისი მმართველის დამხობისთვის. ამავე დროს, მსგავსმა სანქციებმა შეიძლება საპირისპირო შედეგები მოიტანოს, თუკი ისინი ხალხს უფრო მეტ ზიანს მიაყენებს, ვიდრე საკუთრივ რეჟიმს.

2. ადამიანური რესურსი

რეჟიმის ძალაუფლებას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც მმართველთან თანამშრომლობენ, მას მხარს უჭერენ და ემორჩილებიან. ეს არ ნიშნავს, რომ თუკი ხალხის უმრავლესობას ლიდერები არ მოსწონს, მაშინ რეჟიმის შეცვლა გარდაუვალია. ეს მხოლოდ ცვლილების მოხდენის პოტენციურ შესაძლებლობას აჩვენებს. ისტორიას მრავალი შემთხვევა ახსოვს, როდესაც უმრავლესობა უმცირესობის მხრიდან განიცდიდა ჩაგვრას. მეორე მხრივ კი სტრატეგიული არაძალადობრივი ქმედება ვერ მიაღწევს წარმატებებს, თუკი უმრავლესობის მხრიდან აქტიური მხარდაჭერა და თანამშრომლობა არ იარსებებს. დემოკრატიისთვის ბრძოლაში რიცხვები მნიშვნელოვანია!

3. უნარები და ცოდნა

დღეს მართვა ბევრად უფრო გართულებულია, ვიდრე წარსულში. ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში გავრცელებული აზრი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს მსოფლიოში ყველაზე ძლიერ პირად სახავს. თუმცა ამ ყველაზე ძლიერმა მმართველმა ძალიან ცოტა რამ ან საერთოდ არაფერი იცის თვითმფრინავების მუშაობის თუ ფრენის განრიგების წარმოების რთულ ამოცანებზე, საზღვაოსნო კანონმდებლობის ადმინისტრირებაზე, კრიმინალის გამოძიებაზე, გადასახადების აკრეფაზე, საომარი გეგმების შედგენაზე, საკვების განაწილებაზე, საკომუნიკაციო ქსელების შექმნასა და განვითარებაზე, და კიდევ უამრავ სხვა დარგზე. ამით იმის თქმა გვსურს, რომ მოსახლეობაში არსებული უნარები და ცოდნა მთავრობებს ყველა დონეზე ფუნქციონირების საშუალებას აძლევს. ამგვარი დახმარების გარეშე დარჩენილი მთავრობა ვეღარ არსებობს.

4.ბუნდოვანი (ფსიქოლოგიური და იდეოლოგიური) ფაქტორები

მიუხედავად იმისა, რომ მათი მნიშვნელობის გაზომვა საკმაოდ რთულია, ისეთ ბუნდოვან ფაქტორებს, როგორიცაა რელიგია, მორჩილების მიმართ დამოკიდებულება, გარკვეული მისიის ქონის შეგრძნება და კულტურული ნორმები, შეუძლიათ გავლენა მოახდინონ მმართველისა და საზოგადოების ურთიერთობაზე. მაგალითად, არსებობდა ეპოქა, როდესაც ზოგიერთ საზოგადოებაში ბევრს „მეფეების ღვთაებრივი უფლების” სჯეროდა - მათთვის მეფეები დედამიწაზე ღმერთის წარმომადგენლები იყვნენ. შესაბამისად, მმართველის დაუმორჩილებლობა ღმერთის დაუმორჩილებლობის ტოლფასი იყო. სხვა საზოგადოებებში, მაგალითად იაპონიაში, იმპერატორი „ღმერთად და მეფედ” იყო მოაზრებული. ამგვარ პირობებში, ცხადია, დემოკრატია წარმოუდგენელი იქნებოდა. ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში იყო შემთხვევები, როდესაც ზოგიერთ მთავრობაში ისლამის და ტრადიციული პოლიტიკური ძალაუფლების შერწყმის მცდელობა განხორციელდა. მართალია, სავსებით სწორია ის, რომ „კეისარს კეისრისა უნდა მივცეთ“, მაგრამ პირველ რიგში ის უნდა განვსაზღვროთ, კონკრეტულად რა ეკუთვნის მას. დემოკრატია ხომ იმის რწმენას ემყარება, რომ ნებისმიერი ძალაუფლება, რომელიც მმართველს გააჩნია, მას ხალხისგან „ნასესხები“ აქვს.

5. მატერიალური რესურსი

„ვინც ფულს იხდის, მუსიკასაც ის უკვეთავს“ - ეს გამოთქმა ზუსტად ესადაგება პოლიტიკას. ეკონომიკის, საკუთრების, ბუნებრივი რესურსების, კომუნიკაციებისა და ტრანსპორტის კონტროლი საზოგადოებაზე ძალაუფლების ფლობის შეზღუდვაში მნიშვნელოვანი ასპექტებია. მაგალითად, როდესაც სახელმწიფო ფერმების მთელ მიწებს ფლობს, ის ეფექტიანად განაგებს ყველა ფერმერის ოჯახის ცხოვრებას. ამის მსგავსად, იქ, სადაც ცენზურა მძლავრია, მთავრობა აკონტროლებს და გავლენას ახდენს ჟურნალისტიკის სფეროს ნებისმიერ ასპექტში ჩართული ადამიანების ცხოვრებაზე. ქვეყნები, სადაც ნავთობის ინდუსტრია სახელმწიფო მფლობელობაშია, ნაკლებად არიან დამოკიდებული მოსახლეობაზე და მათგან ამოღებულ აგადასახადო შემოსავლებზე. ეს კი, თავის მხრივ, მთავრობაში ძალაუფლების ცენტრალიზებას იწვევს.

6. სანქციები

მთავრობის კანონების, მისი წესებისა და რეგულაციების მორჩილებისა და მხარდაჭერის იძულების შესაძლებლობა საზოგადოების მხრიდან გამოვლენილი მხარდაჭერის, თანამშრომლობისა და თანხმობის ხარისხით იზღუდება. სანქციები გამოიყენება როგორც მიუღებელი ქმედებების დასჯის, ისე მათი თავიდან აცილების მიზნით. იმისათვის, რომ ეფექტიანი იყოს, არ არის აუცილებელი, სანქციები მკაცრ და უკიდურეს ხასიათს ატარებდეს, მაგალითად, სიკვდილის დასჯას ან ციხეში ჩასმას უტოლდებოდეს. მორჩილების მისაღწევად ისეთი სანქციების გამოყენებაც შეიძლება, როგორიცაა სამუშაოს მიცემაზე უარის თქმა ან სამსახურიდან დათხოვნა, საპენსიო შეღავათების დაკარგვა, განათლების მიღების ან დაწინაურების შეზღუდვა, გადაადგილების შესაძლებლობის შეზღუდვა (პასპორტის გამოყოფაზე უარის თქმა), საკუთრების წართმევა თუ წყლით უზრუნველყოფის შეზღუდვა. ზოგიერთი ავტორიტარული რეჟიმის პირობებში მედია თვითცენზურას მიმართავს, ვინაიდან მთავრობას შეუძლია გამომცემლობები და ახალი ამბების ორგანიზაციები საგაზეთო ქაღალდის განაწილების ან რადიო და სატელევიზიო ლიცენზიების კონტროლის გზით დახუროს. მსგავსი სანქციები საკმაოდ ხშირად გვხვდება.

სანქციები ნებისმიერი მთავრობის იარაღს წარმოადგენს. ყველაზე ხშირად ისინი ანტისაზოგადოებრივი ქმედების აღმოფხვრის მიზნით წესდება ხოლმე. სხვა შემთხვევებში, პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე, სანქციებს მოსახლეობის დაშინებისა და დასჯის გამო იყენებდნენ. მაგალითად, ნაცისტური გერმანია კოლექტიური დასჯის მეთოდს იმ იატაკქვეშა ქმედებების აღმოსაფხვრელად იყენებდა, რომლებიც გერმანული არმიის მხრიდან ოკუპაციას უწევდა წინააღმდეგობას. მიმდინარე საუკუნის დასაწყისში ისრაელის მთავრობა კოლექტიური დასჯის მეთოდს ტერორისტული აქტების თავიდან აცილების გზად სახავდა და ამართლებდა. ინდივიდების მიერ ჩადენილი ქმედების გამო მთელი ჯგუფის დასჯა შესაძლოა ადამიანის ძირითადი უფლებების დარღვევის ტოლფასი იყოს; ამავე დროს, ამ მეთოდის პრევენციული ძალაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. სინამდვილეში, კოლექტიური დასჯის მეთოდებმა და მკვლელობებმა, შესაძლოა, სასურველის საპირისპირო შედეგები მოიტანოს. კოლექტიურმა დასჯამ შეიძლება არათუ პოტენციური ძალადობის აქტები ვერ შეაჩეროს, არამედ, პირიქით, შურისძიების სურვილი აღძრას.

არაძალადობრივი მოძრაობის საწყის სტადიაზე მნიშვნელოვანია როგორც ძალაუფლების სტრუქტურების გააზრება, ისე პოლიტიკური ოპონენტების ტიპის განსაზღვრა. დაიმახსოვრეთ: მჩაგვრელ და უსამართლო რეჟიმებს ერთმანეთისგან სამი ძირითადი ასპექტი განასხვავებს:

როგორ მოვიდნენ ხელისუფლებაში?

ა. მმართველი ოდესღაც სამართლიანად იყო არჩეული.
ბ. მმართველს მისი პოსტი „მემკვიდრეობით გადაეცა“.
გ. რეჟიმი რევოლუციით მოვიდა.
დ. რეჟიმი სამხედრო გადატრიალებით მოვიდა.

2. როგორ ხდება გადაწყვეტილებების მიღება?

ა. ერთპიროვნულად, დიქტატორის მიერ, რომლისაც ხალხს ეშინია.
ბ. ავტორიტარული პარტიული აპარატის მიერ.
გ. პარტიული უმრავლესობის მიერ, უმცირესობის უფლებების დათრგუნვის ხარჯზე.
დ. სხვა ქვეყნის სამხედრო ოკუპანტის ან კოლონიური მმართველის მიერ.

3. რას ეფუძნება კონტროლირების მექანიზმები?

ა. აბსოლუტურ ტერორს.
ბ. სამხედრო და პოლიციურ რეპრესიებს.
გ. დევნას და აკრძალვებს.
დ. იძულებით ინსტიტუციურ მხარდაჭერას და სამოქალაქო მორჩილებას.

შეამება

პირველ თავში ძალაუფლების ორი მოდელი განვიხილეთ. მონოლითური მოდელი ძალაუფლებას უცვლელ და მდგრად სტრუქტურად აღწერს, სადაც ხალხი მმართველზეა დამოკიდებული. პლურალისტური მოდელი კი ძალაუფლებას სხვაგვარად ხედავს - აქ, პირიქით, მმართველი გვევლინება ხალხზე დამოკიდებულად. ძალაუფლების პლურალისტური მოდელი აშკარად გვაჩვენებს, რომ ხალხს იმაზე ბევრად მეტი ძალა და პოტენციალი აქვს, ვიდრე შეიძლება ერთი შეხედვით გვეგონოს. ამ თავში აგრეთვე გავაანალიზეთ ძალაუფლების ის წყაროები, რომლებიც მთავრობას ხალხისგან ეძლევა. და თუკი მმართველს ეს წყაროები გამოეცლება, იგი მართვას ვეღარ შეძლებს.

არაძალადობრივი ბრძოლის მაწარმოებელი მოძრაობები სწორედ ძალაუფლების პლურალისტური მოდელის გააზრებას ეყრდნობიან. ძალაუფლების ბუნების შესწავლის შემდეგ დღის წესრიგში მისი ფუნქციონირების გზების გაანალიზება დგება, რაც, თავის მხრივ, როგორც მთავრობის შიგნით, ისე მის გარეთ არსებულ ორგანიზაციებს და ინსტიტუტებს უკავშირდება. ორგანიზაციებს, რომლებსაც ძალაუფლების სტრუქტურები ეფუძნება, „საყრდენ ბურჯებს“ ვუწოდებთ. აუცილებელია გახსოვდეთ: როდესაც მნიშვნელოვანი საყრდენი ბურჯები სუსტდება, ძალაუფლება კრახს განიცდის, დაახლოებით ისევე, როგორც საძირკვლის შერყევის შემთხვევაში შენობა წაიქცეოდა.

2.1.2 1.2. საყრდენი ბურჯები

▲back to top


გახსოვდეთ: თვითონ მმართველებს არ შეუძლიათ გადასახადების ამოღება, კანონების და რეგულაციების ამოქმედება, ტრანსპორტის რეგულირება, ფულის დაბეჭდვა, გზების შეკეთება, მაღაზიების პროდუქტებით მომარაგება, პოლიციის და ჯარის გაწვრთნა. ამ ყველაფერს მმართველისთვის ხალხი აკეთებს სხვადასხვა ინსტიტუტების თუ ორგანიზაციების მეშვეობით. და თუ ხალხი ამის გაკეთებას შეწყვეტს, მმართველი მართვას ვეღარ შეძლებს! როდესაც კონკრეტული რეჟიმის ოპონენტები ნებისმიერ არაძალადობრივ სტრატეგიაზე იწყებენ ფიქრს, საყრდენი ბურჯების ამოცნობა და გაანალიზება ძალიან მნიშვნელოვანი ხდება. სანამ რეჟიმის მთავარი ბურჯები არ დასუსტდება, არ ნეიტრალიზდება ან არ განადგურდება, პოლიტიკური რეფორმის ან რეჟიმის შეცვლის განხორციელებას ძალზე მცირე შანსი აქვს. ამდენად, ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ არაძალადობრივი ბრძოლის წარმოებისას ძირითად ინსტიტუტებსა და ორგანიზაციებს დიდი ყურადღება უნდა მიექცეს.

პოლიცია

პოლიცია მთავრობისთვის უმნიშვნელოვანეს საყრდენ ბურჯს წარმოადგენს. პოლიცია ჯართან ერთად წესრიგს და კანონიერებას ამყარებს, მთავრობას და ხალხს იცავს, და სისტემის სტაბილურობას ემსახურება. ლოზუნგი „დავიცვათ და ვემსახუროთ“ იმ იმიჯს გამოხატავს, რომლითაც პოლიციის განყოფილებები მთელ მსოფლიოში ცდილობენ საზოგადოების წინაშე საკუთარი სახის წარმოჩენას. თუმცა ის, ვისაც ისინი იცავენ და ემსახურებიან, ყოველთვის საზოგადოება არ არის. ამის ნაცვლად მთავრობის ეს ყველაზე ხილული და ყველგანმყოფი „სახე“ ზოგჯერ კორუმპირებული და რეპრესიული რეჟიმის დაცვას ირჩევს ხოლმე.

საღი აზრია ის, რომ სადაც კორუფცია სისტემურ ხასიათს ატარებს, რეჯიმის შეცვლის გარეშე რეფორმა რთულია და თითქმის შეუძლებელი. დემოკრატიულ საზოგადოებებშიც კი, თუკი პოლიციის სტრუქტურებში კორუფცია დამკვიდრდება, რეფორმა მხოლოდ იმ პირების შეცვლით შეიძლება განხორციელდეს, ვის წინაშეც ანგარიშვალდებულია პოლიცია. თუ ადგილობრივ პოლიციას ადგილობრივად არჩეული ოფიციალური პირები განაგებენ, ამის დადებითი მხარე ის არის, რომ საზოგადოებამ იცის, უშუალოდ ვინ აგებს პასუხს პოლიციელების ქმედებებზე. როდესაც პოლიცია ეროვნულ და ცენტრალიზებულ სტრუქტურას წარმოადგენს, მაშინ ადგილობრივ დონეზე პოლიციელების ქცევაზე გავლენის მოხდენა ბევრად უფრო რთულია.

იმისათვის, რომ პოლიციელების შეხედულებებისა და ქმედებების შეცვლა დაიწყონ, სულაც არ არის საჭირო, მოქალაქეები რეჯიმის შეცვლას დაელოდონ. როდესაც საუბარი პოლიციაზეა, რამდენიმე ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ. პირველ რიგში, პილიციელები, როგორც წესი, იმ ადამიანებს შორის ცხოვრობენ, ვისაც ემსახურებიან. მაშასადამე, მათ ოჯახებს, ნათესავებს, ნაცნობებს და მეგობრებს საზოგადოებასთან ურთიერთობის სხვადასხვა ფორმები აკავშირებთ (მაგ., სკოლების, ბიზნესის, რელიგიური ორგანიზაციებისა თუ საზოგადოებრივი ჯგუფების მეშვეობით). აქედან გამომდინარე, იმ შემთხვევებში, როდესაც მთავრობა საკუთარ მოწინააღმდეგეებს კრიმინალებად, ჯაშუშებად ან ტერორისტებად რაცხს, პოლიციას სხვა გზებითაც შეუძლია მთავრობის პროპაგანდის შეფასება. დოქტორმა ჯინ შარპმა ნორვეგიაში აწარმოა კვლევა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელების მიმართ ნორვეგიელების წინააღმდეგობას ეხებოდა. იგი სიამოვნებით იხსენებს იმის მაგალითებს, თუ როგორ „ერთგულად“ ასრულებდა ადგილობრივი პოლიცია გერმანელთა ბრძანებებს. ერთხელ, მაგალითად, პოლიცია იმ პირის ოჯახს დაუკავშირდა, ვისი დაპატიმრებაც იგეგმებოდა, და სთხოვა, ეჭვმიტანილისთვის მისი დაგეგმილი დაპატიმრების შესახებ ეცნობებინათ. პოლიციამ ოჯახს აგრეთვე ზუსტად უთხრა ის დღე, საათი და წუთი, როდესაც მოქალაქის სახლში პოლიცია უნდა მისულიყო.

მეორე გასათვალისწინებელი ფაქტორია ის, რომ პოლიცია, რომელიც დიქტატორული რეჟიმის ბრძანებებს ასრულებს, არ უნდა შეირაცხოს ხალხის მტრად. ისინი უბრალოდ იმ სისტემის მსახურები არიან, რომელმაც იმედები არ გაამართლა. სწორედ სისტემა უნდა შეიცვალოს და არა ის ათასობით წესიერი და ღირსეული ადამიანი, ვისი გამოცდილება და უნარიც აუცილებელია დემოკრატიული საზოგადოების დასაცავად. რა თქმა უნდა, არსებობენ ცალკეული ინდივიდები, რომლებიც მკვლელობის, წამების ან მარადიორობის გამო უნდა დაისაჯონ, მაგრამ კონცენტრაცია ამ პირებზე უნდა მოხდეს და არა ყველა იმ ადამიანზე, ვინც პოლიციაში მსახურობს.

არი

ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით სამხედრო ძალის გამოყენებას ავტორიტარული რეჟიმები ბოლო და მნიშვნელოვან სვლად მიიჩნევენ. ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად მცხოვრები და მომუშავე პოლიციელებისგან განსხვავებით, სამხედრო დანაყოფები ხშირად განცალკევებულები არიან მოქალაქეებისგან: საკუთარი საცხოვრებელი სივრცე, მაღაზიები, საავადმყოფოები და სკოლები აქვთ. საზოგადოებისგან ასეთი განცალკევება, თავის მხრივ, სამხედრო და სამოქალაქო ოჯახებს შორის ადამიანური ურთიერთობების ჩამოყალიბებას აფერხებს. როდესაც ღია პოლიტიკური კონფლიქტების დროს მთავრობა სამხედრო ძალის გამოყენების გადაწყვეტილებას იღებს, სამხედრო დანაყოფები ნაკლებად ცდილობენ ძალადობის რეგულირებას ან მის შეზღუდვას. ბირმაში ამბოხების დროს, 1988 წელს - და ერთი წლის შემდეგ ჩინეთში - მთავრობებმა სამხედრო დანაყოფები გაგზავნეს კონფლიქტის არეალში. ამ სიტუაციებში მთავრობამ ჯარისკაცები ბევრად უფრო სანდოდ მიიჩნია, ვიდრე ადგილობრივი პოლიცია და მილიცია - და შესაბამისად, ბრძანებების უკეთეს შემსრულებლად. ზოგიერთ ქვეყანაში, თუ მასობრივი დემონსტრაციების გამართვაა მოსალოდნელი, არეულობასთან საბრძოლველად სპეციალურად გაწვრთნილი და შეიარაღებული დანაყოფები იქმნება.

ოპოზიციონერების წინააღმდეგ გამოსვლისთვის ჯარში არსებული მზაობის დასუსტება იმაზე ბევრად უფრო ადრე უნდა დაიწყოს, ვიდრე მთავრობა მათ მოიხმობს. ნებისმიერი ასეთი გეგმის ამოსავალი წერტილი უნდა იყოს ჯარისკაცების დარწმუნება, რომ მათ და მათი ოჯახების სიცოცხლეს არაფერი ემუქრება, და რომ პროფესიონალ ჯარისკაცებს დემოკრატიის პირობებში დაცული მომავალი ექნებათ.

ბრძანებებზე სამხედრო დანაყოფების რეაგირების ხასიათზე გავლენას ჯარის მმართველების შეხედულებები, ფასეულობები და პროფესიონალიზმი ახდენს. როგორც წესი, ოფიცრები საკუთარ თავს პატრიოტებად, ერთგულებად და კონსერვატორებად აღიქვამენ. მათი „პროფესიონალიზმი“ ზოგჯერ იმას იწვევს, რომ ისინი ბრმად უჭერენ მხარს პოლიტიკურ მმართველებს. ამბობენ, რომ გერმანიის არმიის შემადგენლობა არ ეთანხმებოდა ადოლფ ჰიტლერის პოლიტიკურ მიზნებს, მაგრამ ფიურერის ნების გასატარებლად მაინც ქმნიდა სამხედრო გეგმებს. ეს იმის გამო ხდებოდა, რომ ჰიტლერი, როგორც გერმანიის რაიხსტაგის უდიდესი პარტიის ლიდერი და კონსტიტუციის მიხედვით კანცლერად დანიშნული, ლეგიტიმურ მმართველად მოიაზრებოდა. მოქალაქეების წინააღმდეგ ჯარის დესტრუქციული ძალის გამოყენების შეზღუდვაში განმსაზღვრელი ფაქტორია სამხედრო კულტურასთან დემოკრატიული ფასეულობების შერწყმა. კიდევ ერთი ფაქტორია სამხედრო პირების მხრიდან იმის აღქმა, რომ დემოკრატიული მმართველობისას მათ მნიშვნელოვანი როლი ექნებათ. ამ ორივე ფაქტორის თუ იდეის გავრცელების ფორმებს ხანგრძლივი და ფრთხილი გააზრება სჭირდება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი, თუ რატომ მოჰყვა სერბეთის არაძალადობრივი მოძრაობის მიერ პარლამენტის აღებას ასე მცირერიცხოვანი მსხვერპლი (ერთი ადამიანი გულის შეტევით დაიღუპა, მეორე - ავტოავარიაში), იყო ჯარის გადაწყვეტილება, არ ჩარეულიყო „პოლიტიკურ“ საკითხში. ეჭვგარეშეა, ამ გადაწყვეტილებაზე გავლენა იმ ფაქტმაც მოახდინა, რომ დემოკრატიული მოძრაობა აშკარად იგებდა, ჯარის წარმომადგენლების ინტერესს კი პოსტმილოშევიჩის ეპოქაში პოზიციების მოპოვება წარმოადგენდა.

სამოქალაქო მოსამსახურეები

სამოქალაქო მოსამსახურეებს ხშირად აკრიტიკებენ, დასცინიან და არ აფასებენ. ზოგჯერ ამ სამთავრობო ბიუროკრატებს ჭიანჭველების კოლონიად წარმოაჩენენ ხოლმე - როგორც ათასობით უსახელო, უსახურ და უჭკუო მუშას, რომლებიც თავიანთ პატარა დავალებებს ასრულებენ და პატარა დერეფნებში მოძრაობენ. მიუხედავად ამისა, პოლიტიკურ ლიდერებს - როგორც ჭიანჭველების კოლონიაზე დამოკიდებულ „დედოფალს“ - არსებობა არ ძალუძთ დამჯერი და პროფესიონალი სამოქალაქო მოსამსახურეებისა და მათი, ერთი შეხედვით, უსახური შრომის გარეშე. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ბრძანებებს ქმედებებად აქცევენ: ისინი გამოსცემენ რეგულაციებს, აფასებენ და კრეფენ გადასახადებს, ამზადებენ ბიუჯეტებს, ამუშავებენ სკოლებს, შეაქვთ ინფორმაცია ათასობით ცხრილში, აკეთებენ შენაძენებს მთავრობისთვის, აკონტროლებენ საჰაერო და საზღვაო სივრცეს, აკომპლექტებენ საელჩოებს, ამუშავებენ კომუნიკაციების სიტემებს - ასრულებენ ყველა იმ სამუშაოს, რომელიც რეჟიმს ფუნქციონირების საშუალებას აძლევს. მათ გარეშე არც ერთ მთავრობას არ შეუძლია მუშაობა.

იმ ოპოზიციურ დაჯგუფებებს, რომლებიც რეჟიმის შესაცვლელად სტრატეგიულ არაძალადობრივ კონფლიქტს მიმართავენ, მთავრობაში მომუშავე ადამიანების მხარდაჭერის მოპოვების მნიშვნელობა კარგად უნდა ესმოდეთ. მაგრამ ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ ეს ადამიანები უშუალოდ არიან დამოკიდებული მთავრობაზე _ და შესაბამისად, ბევრი მათგანი ვერ შეძლებს მთავრობასთან პირდაპირ დაპირისპირებას, ყოველ შემთხვევაში მანამ, სანამ ნათელი გახდება, რომ მათი მმართველის საყრდენი ბურჯები საკმარისადაა დასუსტებული. მაგრამ, ამის მიუხედავად, მთავრობის მიერ დაქირავებული ადამიანების მხრიდან ოპოზიციური მოძრაობისთვის მხარდაჭერის გამოცხადება - თუნდაც შეფარული, არაპირდაპირი ფორმით - მოძრაობას მიზნის მიღწევაში შეიძლება წარმოუდგენელი ინტენსივობით დაეხმაროს.

მედია

დემოკრატიული ცვლილებისთვის მებრძოლ მოძრაობას წარმატების მისაღწევად ესაჭიროება საშუალება, რომლის მეშვეობითაც საკუთარ გზავნილებს სამიზნე აუდიტორიას მიაწვდენს. ეს კარგად იციან ავტორიტარულმა რეჟიმებმა და ამიტომაც ცდილობენ ასეთი შესაძლებლობების შეზღუდვას, რაც, თავის მხრივ, ინტერნეტული ომის ცენტრებისა და დრაკონული კანონების შექმნას იწვევს, რითაც პერსონალური კომპიუტერებისა თუ ფაქსების მფლობელობა იზღუდება. ბირმაში, მაგალითად, „არალიცენზირებული“ ტექნიკის მფლობელებს დიდი ხნით ემუქრებოდათ თავისუფლების აღკვეთა. ზოგჯერ სატელიტური ტელეფონების ფლობა იზღუდება, და ხანდახან მთავრობები ოპოზიციური ჯგუფების სატელევიზიო და რადიოგადაცემების დახშობას და ინფორმაციის გავრცელების ხელის შეშლას ცდილობენ.

პრესის და მასობრივი კომუნიკაციის სხვა ადგილობრივი საშუალებების კონტროლი ადვილი მისაღწევია რეპრესიული მთავრობებისთვის. ზოგ შემთხვევაში ეფექტიანი აღმოჩნდა სპეციალური კომისიების დაარსება, რომლებიც ყველა წიგნს, გაზეთს თუ ჟურნალს გამოცემამდე და გავრცელებამდე განიხილავდნენ. როდესაც ასეთი განხილვა არ ხდება, არსებობს თვითცენზურის მძლავრი სურვილი, სანამ გამოცემის ხარჯები მთლიანად არ არის ამოღებული. გაზეთებს, სხვა სახის პუბლიკაციებს, სატელევიზიო და რადიოსადგურებს შეიძლება ლიცენზია ჩამოართვან, ტექნიკის კონფისკაცია მოახდინონ და მფლობელები ან რედაქტორები ფიზიკურად დააშინონ. მსგავსი ფაქტორების გადალახვის გავრცელებული საშუალება საზღვარგარეთიდან წარმოებული მედიის პროდუქციაა, იქნება ეს ბირმის რადიოსადგური, რომელიც ნორვეგიიდან ახორციელებს მაუწყებლობას, თუ კალიფორნიაში არსებული ირანული ტელევიზია, რომელიც თეირანის აუდიტორიას ოპოზიციის ლიდერებთან ინტერვიუებს სთავაზობს. ქვეყნის საზღვრებს გარეთ გაჩენილი მასობრივი კომუნიკაციის საშუალების კიდევ ერთი მაგალითია სერბეთსა პროდემოკრატიული მოძრაობა. 2000 წლის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ქვეყანაში საზღვარგარეთიდან სამოც ტონაზე მეტი ბუკლეტი იქნა შეტანილი და დარიგებული.

ბიზნესის წრეები

ბიზნესის წრეები ყველაზე მეტად ცენტრალიზებული, სოციალისტური და ავტორიტარული რეჟიმების ეკონომიკაშიც კი მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. ისინი მოსახლეობას იმ საქონელს თუ მომსახურებას სთავაზობენ, რომლებსაც მთავრობა არ აძლევს. სამომხმარებლო საქონლის ნაკლებობით გამოწვეული, საზოგადოების პოლიტიკური უკმაყოფილების თავიდან ასაცილებლად ხშირად მთავრობები ირიბ თანხმობასაც აცხადებენ არალეგალური, შავი ბაზრის არსებობაზე.

თუმცა ბიზნესის წრეებთან მუშაობას - განსაკუთრებით, თუ ეს უცხოური და ტრანსნაციონალური ბიზნესია - თავისი ნაკლიც აქვს. არსებობს მოსაზრება, რომ საერთაშორისო ფირმებს საქმის დაჭერა ავტორიტარულ რეჟიმებთან უფრო აძლევთ ხელს, ვიდრე ღია და დემოკრატიულ მთავრობებთან. როდესაც მმართველი კონკრეტული შეთანხმების დადებით მხარეებს გაიაზრებს და მას დასთანხმდება, ამის შემდეგ შედარებით ნაკლები საკითხი რჩება გასარკვევი. ხშირად მმართველი ჩუმად და სწრაფად აგვარებს ისეთ პოტენციურ პრობლემებს, როგორიცაა სამუშაო პირობების, ჯამაგირების და პროფესიული კავშირების საკითხები. ამით იმის თქმა გვსურს, რომ შესაძლოა საერთაშორისო ფირმას საერთოდ არ აინტერესებდეს, კონკრეტული მთავრობა დემოკრატიულია თუ ტირანიას წარმოადგენს. მათ მხოლოდ მოგება აინტერესებთ. დემოკრატიული მოძრაობის ამოცანას ამ კომპანიების იმაში დარწმუნება წარმოადგენს, რომ ცვლილება მოხდება და რომ შესაძლებელია, სამომავლოდ მათთვის ხელსაყრელი იყოს კონფლიქტის დროს, სულ ცოტა, ნეიტრალური პოზიციის დაკავება. პოზიტიურ მხარეს რაც შეეხება, ადგილობრივი და უცხოური ბიზნესის წრეებს ხშირად კონტაქტები აქვთ ადგილობრივი, რეგიონული და უცხოური ბიზნესის წარმომადგენლებთან. და თუ ეს მათ ინტერესებში იქნება, ისინი შეძლებენ მოგაწოდონ მნიშვნელოვანი რესურსები - ფული იქნება ეს, შუამავლები თუ მრჩევლები დემოკრატიული ცვლილების საკითხებში.

ახალგაზრდობა

ავტორიტარული რეჟიმების ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი ახალგაზრდების პოლიტიკაში ჩართვის არდაშვებაა, თუკი ეს ჩართულობა მთავრობის კონტროლით და მისი მხარდაჭერისთვის არ ხდება. მანამ, სანამ სტუდენტებს და სხვა ახალგაზრდებს მთავრობის სტაბილურობის წინააღმდეგ ორგანიზების საშუალება არ ეძლევათ, ოპოზიციურ დაჯგუფებებს სწრაფი პოლიტიკური ცვლილების ტრადიციული ავანგარდის გარეშე უწევთ ყოფნა. ზოგიერთი მეთოდი, რითაც მთავრობები სტუდენტებს პოლიტიკურ ოპოზიციაში აქტიურ ჩართვას უშლიან, კარგად არის ცნობილი. მაგალითად, მათ, ვინც ღიად უპირისპირდება რეჟიმს, არ ეძლევათ განათლების მიღების საშუალება. გარდა ამისა, მრავალრიცხოვანი დაჯგუფებების ჩამოყალიბებისთვის ხელის შეშლის მიზნით შესაძლოა სკოლები დახურონ, ან ბევრი ფილიალი გახსნან. იმ კანონების დარღვევისთვის, რომლებიც გამოხატვის და შეკრებების თავისუფლებას ზღუდავენ, შეიძლება ხანგრძლივი პატიმრობა შემოიღონ. შესაძლებელია, მთავრობამ მის მიერვე კონტროლირებული ახალგაზრდული ჯგუფები დააარსოს, და სტუდენტები ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების დისკრედიტაციის სანაცვლოდ ფულით, საკვებით, ტანსაცმლითა და იარაღით მოამარაგოს.

ახალგაზრდები ხშირად გამოხატავენ სურვილს, რისკის მიუხედავად სათავეში ჩაუდგნენ რევოლუციურ მოძრაობებს. ზოგიერთი ამას იმით ხსნის, რომ „ახალგაზრდებს არაფერი აქვთ დასაკარგი“. როგორც წესი, ახალგაზრდებს ნაკლებად ანაღვლებთ სამსახურებრივი მოვალეობები, და ხშირად არც მნიშვნელოვანი ოჯახური პასუხისმგებლობა აკისრიათ. ისინი სიცოცხლეს ახალგაზრდული ენთუზიაზმით ეკიდებიან და საკუთარი უკვდავების სჯერათ. მაგრამ ყველა ეს ფაქტორი ახალგაზრდების აქტივობას მხოლოდ ნაწილობრივ ხსნის, ვინაიდან მათ სინამდვილეში ბევრი მნიშვნელოვანი რამ აქვთ დასაკარგი, მაგალითად სიცოცხლე და მომავალი. თუმცა ახალგაზრდულ მოძრაობებს ყველაზე მძლავრად არა ის ამოძრავებს, თუ რა შეიძლება დაკარგონ, არამედ ის, თუ რამდენ რამეს მოიპოვებენ თავისუფალ და სამართლიან საზოგადოებაში ცხოვრებით. ახალგაზრდები, როგორც წესი, ტირანიის ქვეშ საკუთარ უღელს რაციონალურად არ უდგებიან; მათ არც ცვლილების შეუძლებლობის აღიარება სურთ. ცხოვრებისეული გამოცდილების ნაკლებობის გამო ისინი ინსტინქტურად და მკაფიოდ ასხვავებენ სიმართლეს სიყალბისგან, მართალს მტყუანისგან. და სწორედ ეს აზრობრივი სიცხადე წარმოადგენს მათ მოტივაციას.

როდესაც დემოკრატიულ მოძრაობებში სტუდენტებისა და ახალგაზრდების ჩართვაზე ფიქრობთ, სიფრთხილე გმართებთ. როგორც ჯგუფი, ისინი ცხოვრების ყველა ასპექტში რისკზე წამსვლელები არიან. მკაფიოდ გამოხატული ხელმძღვანელობის და დისციპლინის გარეშე მათი ქმედებები შესაძლოა გადამეტებული გახდეს, და პროვოცირების შემთხვევაში მათ, შეიძლება, ისეთივე თავზეხელაღებული თვისებები გამოავლინონ, როგორიც ავტორიტარული რეჟიმების სამსახურში მყოფ პირებს ახასიათებს. „ქცევის ნორმები“ მოძრაობის ყველა მონაწილისთვის უნდა იყოს მნიშვნელოვანი, მაგრამ ეს განსაკუთრებით ახალგაზრდულ ორგანიზაციებს ეხება. ზიანის მომტანი ქცევის შეზღუდვისთვის საჭიროა განმსაზღვრელი ქცევის ნორმების წვრთნით და ძლიერი ხელმძღვანელობით განმტკიცება.

მუშები

ეჭვგარეშეა, რომ გლობალიზაციის თანმდევმა პროცესებმა მუშების მდგომარეობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაართულეს. განვითარებულ ქვეყნებში პროფესიული კავშირები იმის გამო დასუსტდა, რომ კომპანიები სხვა ქვეყნებში წასვლით დაიმუქრნენ - სადაც მუშახელი უფრო იაფია. განვითარებადი ქვეყნების მთავრობები კი ბევრად უფრო დაინტერესდნენ მათთან პროდუქციის გადასვლის ეკონომიკური უპირატესობებით, ვიდრე ისეთი ძირეული ასპექტებით, როგორიცაა სამუშაო ადგილების უსაფრთხოება, ნორმალური ჯამაგირი ან მუშათა უფლებები. ძალაუფლების უთანასწორობა მუშათა უფლებების უხეშ დარღვევებს იწვევს, ამის გამოსწორების გზა კი დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობასა და შეკრების თავისუფლებაზე გადის. მუშების ორგანიზების ამოცანა შესაძლოა რთული იყოს, მაგრამ, თუკი ეს მოხერხდება, ერთიანობა შეიძლება სწრაფად გავრცელდეს. შეგახსენებთ, რომ პოლონეთში დემოკრატიულმა მოძრაობამ ქალაქ გდანსკის გემთსაშენი ქარხნის ელექტრიკოსების გაფიცვის შედეგად მოიპოვა წარმატება.

სტრატეგიული არაძალადობრივი ბრძოლის დამგეგმავი პირებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ტრანსპორტის სექტორი და მასთან დაკავშირებული სფეროებია. საქონლის, ადამიანების თუ მომსახურების გადაადგილების ნებისმიერმა შეფერხებამ შეიძლება მყისიერი ეკონომიკური და პოლიტიკური ზარალი მოუტანოს რეჟიმს. თუმცა, ამავე დროს, სტრატეგიაზე მომუშავე პირებმა ის გაუთვალისწინებელი შედეგებიც უნდა გაიაზრონ, რომლებიც, შესაძლოა, საზოგადოებისთვის საკვების და სხვა აუცილებელი საგნების მიწოდების შეჩერებამ მოიტანოს.

რელიგიური ორგანიზაციები

ორგანიზებულ რელიგიას ტირანიის წინააღმდეგ მიმართულ ბრძოლებში მნიშვნელოვანი როლის დიდი ისტორია აქვს - როგორც წესი, ის ცვლილების მაძიებელთა მხარეს იდგა, თუმცა ყოველთვის არა. ხშირად რელიგიურ ორგანიზაციებს როგორც სულიერი, ისე ფინანსური კავშირები გააჩნიათ იმ საზოგადოებებში, სადაც მოღვაწეობენ. ეს კავშირები საზოგადოების ყველა ფენაზე ვრცელდება _ როგორც შეძლებულ ელიტაზე, ისე ნაკლები პრივილეგიის მქონე სოციალურ ჯგუფებზე. ეს იმის გამოც ხდება, რომ რელიგიურ ლიდერებს ხშირად კარგი განათლება აქვთ მიღებული როგორც რელიგიაში, ისე საზოგადოების ფუნქციონირებაში. მათ პატივს სცემენ როგორც მიმდევრები, ისე სხვებიც და ხშირად მათ სხვა ადამიანების ქცევაზე გავლენის მოხდენა მორალური და რელიგიური სწავლებების მიღმაც ძალუძთ. ამავე დროს, მათ შეუძლიათ ოპოზიციურ მოძრაობას სულიერი ასპექტი შესძინონ და ოპოზიციის ყველაზე კარგი ორატორებიც გახდნენ. თუმცა, მეორე მხრივ, ისინი შეიძლება ტირანული რეჟიმის ვიწრო ინტერესების სამსახურში ზუსტად ამდენადვე გავლენიანი და ასეთივე ორატორები გახდნენ. შესაბამისად, მოძრაობის ლიდერები რელიგიური ლიდერების მხარდაჭერის მოპოვებას ან მათი მხრიდან ნეგატიური გავლენების მოხდენის შეზღუდვას უნდა შეეცადონ.

არასამთავრობო ორგანიზაციები (NGO-ები)

ნებისმიერი ჯგუფი ან ორგანიზაცია, რომელსაც მთავრობის პირდაპირი კონტროლის მიღმა შეუძლია ფუნქციონირება, დემოკრატიული მოძრაობისთვის პოტენციურ მონაპოვარს წარმოადგენს. საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს შეუძლიათ სახსრების მოზიდვა, მრავალ აუდიტორიასთან პირდაპირი ურთიერთობის დამყარება, საზღვარგარეთიდან საჭირო რჩევების მიღება და სხვა დემოკრატიული მოძრაობების გამოცდილებების გაზიარება. ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები ზოგჯერ საკმაოდ შეზღუდული არიან როგორც ქმედებებში, რომელთა განხორციელების საშუალება გააჩნიათ, ისე დაფინანსების წყაროების მხრივ. როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებში ხშირად მთავრობის მოგზავნილი პირები მუშაობენ ხოლმე, თუმცა, უმეტეს შემთხვევებში, ეს პრობლემა ადვილად დასაძლევია. არაძალადობრივ კონფლიქტში არასამთავრობო ორგანიზაციების მნიშვნელობას ისიც განსაზღვრავს, რომ ისინი საზოგადოებას სხვ სხვადასხვა სამსახურს სთავაზობენ და, შესაბამისად, აჩვენებენ, რომ არ არის აუცილებელი, ხალხი მთლიანად მთავრობაზე იყოს დამოკიდებული. არასამთავრობო ორგანიზაციების ქმედებებს იმ იძულებითი, მაგრამ ამავდროულად შემპარავი, კავშირის დასუსტება შეუძლიათ, რომელიც ავტორიტარულ რეჟიმებს ხალხის მხრიდან მორჩილების მოპოვებისთვის სჭირდებათ.

არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ავტორიტარულ რეჟიმზე ხალხის დამოკიდებულად ყოფნის დასუსტების მკაფიო მაგალითია ის, რაც ბირმაში 1962 წელს, გენერალ ნე ვინის ხელისუფლებაში მოსვლიდან ძალიან მალე მოხდა. ქვეყნის დასავლეთით, არაკანში, მძლავრი წყალდიდობა მოხდა. გადმოცემის მიხედვით, ერთი კათოლიკე მისიონერი მაშინვე დაუკავშირდა ქვეყნის სხვა ნაწილებში და ინდოეთში მყოფ მისიონერებს და შეატყობინა, რომ დახმარება იყო საჭირო. ამას სწრაფი და ეფექტიანი რეაგირება მოჰყვა: რამდენიმე დღეში საკვები, ტანსაცმელი და სამშენებლო მასალები ჩამოვიდა. როდესაც მთავრობამ ზიანის შესაფასებლად იქ თავისი ჯგუფები მიავლინა, გაირკვა, რომ ხელისუფლების დახმარება აღარ იყო საჭირო - ხალხს თვითონვე მოევლო კრიზისისთვის. ამბობენ, რომ ამან ნე ვინი იმდენად გამოიყვანა მდგომარეობიდან, რომ ბირმიდან ქრისტიანი მისიონერები განდევნეს. თუმცა დემოკრატიულ მოძრაობებს ისიც უნდა შევახსენოთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს შესაძლოა საკუთარი მიზნები ამოძრავებდეთ.

მნიშვნელოვანია ამ შესაძლო მიზნების გააზრება და იმის უზრუნველყოფა, რომ ისინი დემოკრატიული მოძრაობის მიზნებს და ამოცანებს ემთხვეოდეს. მხარდაჭერა შეიძლება პროფესიულ გაერთიანებებში, პოლიტიკურ პარტიებში, უცხოურ ბიზნესებსა და უცხოეთის მთავრობებში იპოვოთ, როგორც ინდივიდუალურად, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების შუამავლობით. ყურადღებიდან არ გამოგრჩეთ საზოგადოების შიგნით არსებული მცირე ჯგუფები, რომლებიც კონკრეტული ინტერესების გამოა შექმნილი - მაგალითად, კერვის ჯგუფები, მონადირეების და მეთევზეების გაერთიანებები, წიგნის მოყვარულთა ჯგუფები, ენის შემსწავლელი ჯგუფები, მოტოციკლისტების დაჯგუფებები, სპორტის მოყვარულთა კლუბები, კოლექციონერების ჯგუფები, მებაღეების ჯგუფები და სხვა. სტრატეგიული არაძალადობრივი კონფლიქტი საჭიროებს როგორც ძალაუფლების წყაროების კონტროლს, ისე მოსახლეობის აქტიურ ჩართულობას. ორგანიზაციები მოიცავენ ძალაუფლების წყაროებს და გააჩნიათ კოლექტიური ქმედებებისთვის საჭირო საფუძველი.

2.1.3 1.3. მორჩილება

▲back to top


„ადამიანი თავისუფალი იბადება,
მაგრამ ყველგან ბორკილები
აქვს დადებული“.
ჟან ჟაკ რუსო,
საზოგადოებრივი ხელშეკრულების შესახებ,

წიგნი 1, თავი 1

ამ და მსგავსი მოსაზრებების საპასუხოდ დოქტორმა ჯინ შარპმა შემდეგი შეკითხვები წამოჭრა:

როგორ ხდება, რომ მმართველი უამრავ ქვეშევრდომზე პოლიტიკურ დომინაციას მოიპოვებს და ინარჩუნებს რატომ ექვემდებარება და ემორჩილება მას ამდენი ადამიანი, მიუხედავად იმისა, რომ ეს აშკარად არ შედის მათ ინტერესებში?

ამ შეკითხვების დასმას შარპის მიერ ხალხის მორჩილების გამჭრიახი ანალიზი მოჰყვა. ეს თავი დიდწილად ამ ანალიზს ეყრდნობა. ძალაუფლების პლურალისტური მოდელი (1-ლი თავი), ძალაუფლების წყაროების გამოვლინება საყრდენი ბურჯების მეშვეობით (მე- 2 თავი) და მორჩილება იმ სამეულს შეადგენს, რომელიც მთავარია სტრატეგიული არაძალადობრივი ბრძოლის თეორიული და პრაქტიკული ასპექტების გააზრებაში. ამდენად, აუცილებელია, კარგად გვესმოდეს, თუ რატომ არის ხალხი მორჩილი - ზოგჯერ იმდენადაც კი, რომ საკუთარ სიცოცხლეს სწირავენ ფაქტორებს, რომლებსაც აშკარად არ ეთანხმებიან. მორჩილება „პოლიტიკური ძალაუფლების გულს წარმოადგენს“. თუ ხალხი არ ემორჩილება, მმართველი ვერ მართავს. არაძალადობრივი ბრძოლის სტრატეგიები სწორედ ამ მოსაზრებას ემყარება. თუკი ჩვენი მიზანი ის არის, რომ ხალხი შთავაგონოთ, დიქტატორებს და სხვა ავტორიტარულ რეჟიმებს თანხმობა წაართვან, მაშინ პირველ რიგში ის უნდა გვესმოდეს, თუ რატომ არის ხალხი მორჩილი.

ჩვევა

ხალხის უმრავლესობის მორჩილების მიზეზი მათ მორჩილების ჩვევაშია. ვიბადებით თუ არა, მაშინვე უფროსების დამჯერად ყოფნას გვასწავლიან. უმეტესი ჩვენგანისთვის პირველი ავტორიტეტული ფიგურები მშობლები, უფროსი და-ძმები, ბებიები, ბაბუები და სხვა ნათესავები არიან, შემდეგ ეს ხაზი სკოლის მასწავლებლებით, პოლიციელებით და ავტორიტეტული სიმბოლოებითაც კი გრძელდება. მაგალითად, ჩვევის გამო ჩვენ შუქნიშანს ცარიელ გზაჯვარედინებზეც კი ვემორჩილებით.

ჯარში წვევამდელების წვრთნის მთავარი ამოცანა მორჩილების ახლებური ჩვევების შექმნაში მდგომარეობს. წვევამდელი სწრაფად სწავლობს თავისი ზემდგომის ბრძანებებზე მყისიერ და ერთმნიშვნელოვან რეაგირებას. საათობით გაგრძელებულ, ერთფეროვან წვრთნას და ხელმძღვანელობის დამაფრთხობელ მეთოდებს არაფერი აქვთ საერთო თანამედროვე ომის წარმოებისთვის საჭირო უნარებთან - ყოველივე ეს ბრძანებების შესრულების ჩვევის გამომუშავებისაკენ მიმართული ქმედებებია. ამავდროულად, ჯარისკაცის ძირეული უნარები - როგორიცაა, მაგალითად, იარაღის გამოყენება - იმდენადაა გამჯდარი განმეორებადი წვრთნების მეშვეობით, რომ უკვე ჩვევაშია გადასული და არანაირ ფიქრს არ საჭიროებს. თამბაქოზე დამოკიდებულმა ადამიანებმა კარგად ვიცით, რას ნიშნავს ჩვევა. ჩვენ არ ვიცით, რამდენ სიგარეტს ვეწევით, ვერ ვიხსენებთ, როდის მოვწიეთ, და მოწევას თავს ვერც მაშინ ვანებებთ, როდესაც სიგარეტის ფასი აბსურდამდე მატულობს. იმისათვის, რომ ეს და ნებისმიერი სხვა ჩვევა - მმართველის მორჩილების ჩათვლით - დავარღვიოთ, აუცილებელია კონკრეტული გადაწყვეტილება მივიღოთ, მის შესახებ საკუთარ თავს მუდმივად ვახსენოთ და ვიმეოროთ, თუ რატომ არის გადაჩვევა მნიშვნელოვანი.

სანქციების შიში

დაუმორჩილებლობის გამო სასჯელის შიში ხალხის მორჩილების კიდევ ერთი მიზეზია. როდესაც კანონს ვარღვევთ, შეიძლება ჩვენ წინააღმდეგ სახელმწიფოს ძალა იყოს გამოყენებული. შეიძლება დიდი თანხით დაგვაჯარიმონ. სახელმწიფომ შესაძლოა საკუთრება ჩამოგვართვას. სახელმწიფომ შეიძლება ციხეში ჩაგვსვას. სახელმწიფოს სიკვდილითაც კი შეუძლია დაგვსაჯოს, თუკი მის კანონებს დავარღვევთ. სანქციების მიზანი კანონის დამრღვევის დასჯა და/ან სხვების მხრიდან იმავე ან მსგავსი კანონის დარღვევის თავიდან აცილებაა. მორჩილების მოსაპოვებლად სანქციების შიშს ტირანი უფრო მეტად ეყრდნობა, ვიდრე ის მმართველები, რომლებსაც საზოგადოება საკუთარი სურვილით უჭერს მხარს.

სუბიექტური ინტერესები

არსებობს ბევრი ისეთი ადამიანი, რომელიც აცხადებს, რომ მთავრობა საშინლად არ მოსწონს, მაგრამ ამის მიუხედავად მაინც აქტიურად უჭერს მას მხარს. ამ პარადოქსის ახსნა იმ სუბიექტური ინტერესებით და პიროვნული ჯილდოებით შეიძლება, რომლებიც მთავრობის მხარდამჭერებს გააჩნიათ. მაგალითისთვის განვიხილოთ, რა ჯილდოები ეძლევათ სამხედროებს არაპოპულარული და სასტიკი პოლიტიკის ერთგულებისთვის; ეს შეიძლება იყოს დაწინაურება, ორდენები, პრესტიჟი, სოციალური პრივილეგიები და დიდი პენსიები. როდესაც ეკონომიკას მთავრობა აკონტროლებს და მოსახლეობის უმრავლესობასაც მთავრობა ქირაობს, პიროვნების სუბიექტურ ინტერესებში შედის ის, რომ არ დაკარგოს სამსახური, ვინაიდან შესაძლებელია მან სხვა ადგილი ვერ იშოვოს. სხვებმა რეჟიმის მხარდაჭერის სანაცვლოდ შესაძლოა მნიშვნელოვანი ფინანსური მოგება ნახონ. ჩვენ არ უნდა გავკიცხოთ ყველა ის ადამიანი, რომლებიც სუბიექტური ინტერესებიდან გამომდინარე, არაპოპულარულ მთავრობას უჭერენ მხარს. თითოეულ მათგანს ამის საკუთარი მიზეზები აქვს. ბევრი ფიქრობს, რომ ალტერნატივა არ არსებობს. ჩვენი ამოცანაა, დავაჯეროთ ეს ადამიანები, რომ დაუმორჩილებლობა შესაძლოა მათსავე ინტერესებში იყოს.

მორალური ვალდებულება

მორჩილების მორალური ვალდებულება ყველა საზოგადოებას ახასიათებს. მორჩილების ამ ვალდებულებას საფუძველი საზოგადოების საერთო კეთილდღეობაში აქვს. შეიძლება ითქვას, რომ კანონი ყველა მოქალაქეს იცავს. ზოგიერთი კანონი ჩვენ სხვების ანტისაზოგადოებრივი საქციელისგან (ქურდობა, მკვლელობა, გაუპატიურება) გვიცავს. სხვა კანონები საზოგადოების საერთო კეთილდღეობას უზრუნველყოფს (საქონლის და მომსახურების განაწილება, ახალგაზრდების ჯარში გაწვევა, გადასახადები). ზოგჯერ, შესაძლოა, ისიც კი ვიფიქროთ, რომ საერთო კეთილდღეობას ყველაზე მეტად მაშინ ვუწყობთ ხელს, როდესაც საძულველ მმართველს ვემორჩილებით, რადგან არ გვჯერა, რომ ვინმე სხვა უკეთესი შეიძლება იყოს. იოსებ სტალინი აშკარა ტირანი იყო, მაგრამ მას მილიონობით ადამიანი ემორჩილებოდა, რადგან ითვლებოდა, რომ მორჩილება საზოგადოების საერთო ინტერესს შეადგენდა. ზოგიერთ რუსს „ძველი დრო მას შემდეგაც კი ენატრება, რაც გაიგეს, რომ სტალინის გამო ოც მილიონზე მეტი ადამიანი იქნა მოკლული. მორჩილების ამ მორალური ვალდებულების კიდევ ერთ გამოხატულებად თაობებში არსებული მიმბაძველობაც შეიძლება მივიჩნიოთ. გახსოვდეთ, რომ ამ თაობრივ ფენომენს შეუძლია მისაბაძი გახადოს როგორც მორჩილება, ისე დაუმორჩილებლობა, ამდენად, მისი გამოყენებით ქცევის ნორმების შეცვლაც შესაძლებელია.

ზეადამიანური ფაქტორები

არის შემთხვევები, როდესაც მმართველს ზეადამიანური ბუნება და ღმერთის დარი მახასიათებლები ენიჭება. როდესაც მმართველს ყოვლისშემძლედ ან რელიგიის პერსონიფიკაციად აღიქვამენ, მისი დაუმორჩილებლობა პრაქტიკულად წარმოუდგენელია. ვინ გაბედავდა, არ დამორჩილებოდა იმყოფებოდა? ადოლფ ჰიტლერს მაშინ, როდესაც იგი მმართველობის მწვერვალზე ლიდერების ღვთიურად ქცევას გრძელი ისტორია აქვს.

ადამიანები საუკუნეების განმავლობაში უშვებდნენ „ღმერთი-მეფის“ და „მეფის ღვთიური უფლების“ ცნებებს. ღვთაებრივი მმართველობის კიდევ ერთი ფორმაცია მეოცე საუკუნის ირანში რელიგიისა და სახელმწიფოს შერწყმაა. მორჩილების ამ ფაქტორთან დაპირისპირებას მხოლოდ სიმართლის თქმა შეგვაძლებინებს - ადამიანი არ არის ყოვლისშემძლე და არც მმართველია ღმერთის მიერ მოვლენილი მიწაზე.

მმართველებთან ფსიქოლოგიური იდენტიფიკაცია არსებობენ ადამიანები, რომლებიც მმართველებს საკუთარი ოჯახების წევრებად აღიქვამენ. დაახლოებით ისევე, როგორც ფეხბურთის გუნდის გულშემატკივრები განიცდიან სიხარულს, როდესაც მათი გუნდი იგებს, და მწუხარებას, როდესაც ის აგებს, მმართველი ინდივიდის „გაგრძელებად“ იქცევა ხოლმე. ეს განსაკუთრებით მაშინ იჩენს თავს, როდესაც ხალხმა და მმართველმა ერთად გამოიარეს რაიმე რთული გამოცდილება - მაგალითად, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა (დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი რამდენიმე არცთუ ძალიან დადებითი მაგალითია ხო ში მინი, გენერალი ნე ვინი და რობერტ მუგაბე). თუკი პირის მორჩილებას სწორედ ეს „განვრცობილი ოჯახის“ ფაქტორი განაპირობებს, მნიშვნელოვანია საზოგადოების დარწმუნება იმაში, რომ მმართველთან მსგავსი გაიგივება უკვე აღარ არის გამართლებული.

გულგრილობა

ზოგიერთი პირი შეიძლება საერთოდ გულგრილი იყოს იმ უმეტესი, თუ ყველა არა, კანონის მიმართ, რომლებიც მათ ყოველდღიურ ცხოვრებას მხოლოდ შორიდან თუ შეიძლება შეეხოს. ისინი მხოლოდ იმიტომ არიან მორჩილები, რომ დაუმორჩილებლობამ შეიძლება ზედმეტი ხიფათი შექმნას. ადამიანების უმრავლესობა სწორედ ამგვარად უდგება უმეტეს კანონს. პრობლემები მაშინ ჩნდება, როდესაც ძირითადი უფლებებისა და თავისუფლების შემზღუდავი კანონები გულგრილობის ამ კომფორტულ ზონაში იწყებენ შეჭრას. დემოკრატიული ოპოზიციის ამოცანაა, საზოგადოება გამოაფხიზლოს და მიუთითოს, რომ მსგავსი შეჭრის მიმართ გულგრილობა აღარ შეიძლება; რომ გულგრილობა საზოგადოების დამონებას უწყობს ხელს, ვინაიდან ინდივიდუალური თავისუფლება სულ უფრო მეტად იზღუდება ხელისუფლების მიერ.

საკუთარი თავის რწმენის არქონა

სხვადასხვა მიზეზების გამო ზოგიერთ ადამიანს თავდაჯერებულობა აკლია და საკუთარი განსჯის უნარის, წინააღმდეგობის გაწევის ან დაუმორჩილებლობის გამოჩენის შესაძლებლობის არ სჯერა. იქ, სადაც ავტორიტარული მმართველობა ათწლეულების განმავლობაში არსებობდა, საზოგადოებას გადაწყვეტილებების მიღების მცირე გამოცდილება და ლიდერების გამოვლენის მწირი შესაძლებლობები ჰქონდა. შესაძლებელია, ზოგიერთი ფიქრობს, რომ მმართველებს მათზე უკეთესად შეუძლიათ გადაწყვეტილებების მიღება. და რაც ძალიან მნიშვნელოვანია წინააღმდეგობის მოძრაობისთვის, ისინი შესაძლოა ფიქრობდნენ, რომ მათ არ ძალუძთ მთავრობის წინააღმდეგ წარმატებული დაუმორჩილებლობის გამოვლენა ან გათავისუფლებისთვის ბრძოლაში მონაწილეობა. არაძალადობრივი ბრძოლის წარმატებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია, ხალხს იმის რწმენა დაუბრუნდეს, რომ მმართველების ქმედებების შეფასება და შემდეგ ამ შეფასებებიდან გამომდინარე ქმედება შეუძლია. ის, რაც ჩვენ შესაძლოა „გულგრილობა“ გვეგონოს, ზოგჯერ შეიძლება სინამდვილეში საკუთარი თავის რწმენის არქონა იყოს.

შეამება

ჩვენ ახლა იმის რამდენიმე მიზეზი განვიხილეთ, თუ რატომ ემორჩილება ხალხი მმართველებს. ეს მიზეზები, თავის მხრივ, იმ მოსაზრების უარყოფაა, რომ მორჩილება „ბუნებრივი“ მახასიათებელია. მორჩილება ადამიანებს გენეტიკურად არ მოსდგამთ - ის ჩვევების, შიშის და ინტერესების კომბინაციის შედეგად ჩნდება. ხოლო ჩვევები და ინტერესები შეიძლება შეიცვალოს, შიში კი - დამარცხდეს.

2.2 თავი 2 არაძალადობრივი ბრძოლის ფორმები და მეთოდები

▲back to top


მე მხოლოდ იმას ვამტკიცებ, რომ ჩემ მიერ
განხორციელებულმა ყოველმა ექსპერიმენტმა
განმიმტკიცა რწმენა - არაძალადობრიობა
კაცობრიობის ხელში არსებულ უდიდეს ძალას
წარმოადგენს.

მაჰათმა განდი

2003 წლის მოვლენების შემდეგ, ალბათ, საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილისთვის ნათელი გახდა არაძალადობრივი ბრძოლისა და ხალხის მობილიზების პოტენციალი და ძალა. დღეს ალბათ საზოგადოების დიდი ნაწილი თანხმდება, რომ მაშინ განხორციელებული რეჟიმის შეცვლა მოსახლეობაში წლების მანძილზე დაგროვილი უკმაყოფილების შედეგი იყო, რომელმაც კულმინაციას მიაღწია და რომლის მობილიზებაც დიდწილად ახალგაზრდობის ერთმა ნაწილმა და სამოქალაქო საზოგადოებამ ითავა.

2003 წლის განმავლობაში საქართველოში განვითარდა სახალხო არაძალადობრივი მოძრაობა, რომლის ერთ-ერთ ღერძს სტუდენტური ორგანიზაცია „კმარა“ წარმოადგენდა. ამ ორგანიზაციის ისტორია 2000 წელს, სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური ჯგუფის ჩამოყალიბებით იწყება, რომელიც უმაღლესი განათლების დაწესებულებებში კორუფციას აპროტესტებდა. მას შემდეგ ჯგუფი გაფართოვდა და სერბეთის იდენტური მოძრაობის - „ოტპორის“ - გამოცდილების გაზიარებით ბევრად გაიღრმავა საორგანიზაციო პოტენციალი და არაძალადობრივი ბრძოლის თეორიული ცოდნა. ამ წიგნის ფუნქციას არ წარმოადგენს „კმარას“, როგორც ორგანიზაციის, ქმედებების საფუძვლიანი და სისტემატური ანალიზი. წინამდებარე ტექსტის მიზნებიდან გამომდინარე, მთავარი ასპექტი, რომელიც „კმარას“ აქტუალურს ხდის, ის არის, რომ ამ ორგანიზაციამ საქართველოში დეკლარირებული სახით შემოიტანა არაძალადობრივი, სტრატეგიული ბრძოლის იდეები. ეს იდეები კი, თავის მხრივ, უკანასკნელ ათწლეულში გამორჩეული ინტენსივობით გავრცელდა რეგიონულ თუ გლობალურ კონტექსტში და მრავალი სოციალური მოძრაობის შთაგონების წყარო გახდა. გვიანდელ 1990-იან წლებში სერბებმა არაძალადობრივი ბრძოლის გამოცდილება სლოვაკებისგან გადმოიღეს; 2002-2003 წლებში „კმარამ“ სერბებისგან ისწავლა; სერბებმა და ქართველებმა შემდეგ გამოცდილება უკრაინელებს და ყაზახებს გაუზიარეს.

თუმცა, ცხადია, საკუთრივ არაძალადობრივ ბრძოლას ამ მაგალითებზე ბევრად ფართო და მრავლისმომცველი ისტორია აქვს. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო და ეროვნული ისტორიის სახელმძღვანელოებისა და ისტორიული წყაროების დიდი უმრავლესობა ერების სიდიადის წარმოჩენის მთავარ აქცენტს ომების როლზე აკეთებს, წარსულს უამრავი შემთხვევა ახსოვს, როდესაც ხალხმა კონფლიქტის მოგვარების საქმეში ძალადობრივ ომს სხვა მეთოდები არჩია.

არაძალადობრივი ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო და ყველაზე ხშირად ციტირებული მაგალითი მაჰათმა განდის მიერ ინდოეთში ათწლეულების მანძილზე წარმოებული ბრძოლაა, რომელმაც ბოლოს ბრიტანეთის იმპერია აიძულა, ინდოეთის ოკუპაციაზე უარი ეთქვა. მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელთა ოკუპაციას დანიის მოსახლეობამ არაძალადობრივი წინააღმდეგობა დაუპირისპირა. ამერიკის შეერთებულ შტატებში 1960-იან წლებში მასობრივი არაძალადობრივი ბრძოლა წარმოებდა სამოქალაქო უფლებებისთვის, რომელმაც რასობრივი სეგრეგაციის მნიშვნელოვანი დასუსტება მოიტანა. 1980 წელს პოლონეთის მუშებმა გაფიცვების მეთოდი გამოიყენეს და სოციალისტურ ქვეყნებში პირველად მიაღწიეს თავისუფალი პროფესიული კავშირების შექმნის უფლებას. 1980-იან წლებში დიქტატორების ჩამოგდების მიზნით არაძალადობრივ კამპანიებს ფილიპინელმა და ჩილელმა ხალხმაც მიმართა. სამხრეთ აფრიკის არაძალადობრივმა სამოქალაქო მოძრაობამ ბოიკოტები და სხვა სანქციები გამოიყენა აპართეიდული რეჟიმის დასუსტებისა და საბოლოოდ მისი შეცვლის მიზნით. წარმატებული არაძალადობრივი ბრძოლის სხვა მაგალითები ბალტიისპირეთის ქვეყნებში წარმოებული დამოუკიდებლობის მოძრაობები და ჩეხეთისა და სლოვაკეთის „ხავერდოვანი რევოლუციებია“. ისტორიას წარუმატებელი არაძალადობრივი ინიციატივებიც ახსოვს: იქნება ეს პალესტინის პირველი ინტიფადა, ჩინეთის ტიანანმინის მოედნის მოძრაობა, ბირმის პოლიტიკური დაუმორჩილებლობა თუ კოსოვოს სამოქალაქო წინააღმდეგობა.

ყველა ამ მაგალითს აერთიანებს არაძალადობრივი ბრძოლის პრინციპების გაზიარება, თუმცა, ცხადია, ყველა ეს ცალკეული შემთხვევა მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან როგორც ზოგადი კულტურული მახასიათებლებით, ისე სპეციფიკური სტრატეგიისა თუ ტაქტიკის გამოყენების ფორმებით. ამ არაძალადობრივი კონფლიქტების დიდი ნაწილი მნიშვნელოვნად ეყრდნობოდა სპონტანურობისა და იმპროვიზაციის ელემენტებს, თუმცა სხვები უფრო დაგეგმილ ხასიათს ატარებდა და წინასწარ განსაზღვრულ სტრატეგიას მისდევდა. არაძალადობრივი ბრძოლის ფორმა, რომელიც სერბეთში გამოიყენეს და რომელიც მილოშევიჩის ჩამოგდებით დამთავრდა, მნიშვნელოვნად ეყრდნობოდა ჯინ შარპის შრომებს (არაძალადობრივი ქმედების პოლიტიკა/the Politics of Noviolent action, და დიქტატურიდან დემოკრატიამდე: გათავისუფლების თეორიული ჩარჩო/From Dictatorshio to Democracy. A Conceptual Framework For Libertion). ამასთან, არაძალადობრივი ბრძოლის სტრატეგიის შემუშავებაში „ოტპორს“ დიდად დაეხმარა შეერთებული შტატების ჯარის ყოფილი სამხედრო პოლკოვნიკი, რობერტ ჰელვი. სწორედ ჰელვიმ მოუწოდა ოტპორის წევრებს სერბულ საზოგადოებაში „ძალაუფლების წყაროებისა“ და „საყრდენი ბურჯების“ გაანალიზებისა და მათი თავიანთი მიზნებისთვის გამოყენებისკენ.

შესაძლებელია, ზოგს არაძალადობრივ ბრძოლაში სამხედრო სქემებისა და აზროვნების გამოყენება პარადოქსულად მოეჩვენოს. მაგრამ არაძალადობრივი ბრძოლა, გარკვეული პარამეტრებით, ძალადობის გარეშე წარმოებული ომია, რომელსაც დაგეგმვა, სტრატეგია და ტაქტიკა ესაჭიროება და რომელიც კონკრეტულ მექანიზმებს და მეთოდებს ეყრდნობა. წინასწარ განსაზღვრული, გაანალიზებული და სისტემატურად შემუშავებული სტრატეგია მნიშვნელოვნად ზრდის არაძალადობრივ კონფლიქტში გამარჯვების მოპოვების შანსს.

წინამდებარე წიგნის ეს ნაწილი იმ პრინციპებს, საფუძვლებს და მეთოდებს განიხილავს, რომელთა მეშვეობითაც არაძალადობრივი კონფლიქტი დაგეგმილ და გააზრებულ ფორმას იძენს. როდესაც წიგნის მესამე, პრაქტიკულ ნაწილზე გადახვალთ და კამპანიის წარმოებისთვის კონკრეტული ფორმების შერჩევას დაიწყებთ, მნიშვნელოვანია, ეს თეორიული საფუძვლები გაითვალისწინოთ. იმის მიუხედავად, თქვენს მიზანს ზოგადად ავტორიტარულ რეჟიმთან ბრძოლა წარმოადგენს თუ ცალკეული საკითხის ირგვლივ სპეციფიკური კამპანიის წარმოება, ფართო კონტექსტის აღქმა და გააზრებული დაგეგმვა ყოველთვის აუცილებელია.

2.1. სტრატეგიული არაძალადობრივი ბრძოლის პრინციპები პირველ რიგში, ალბათ უპრიანი იქნება, ერთიანად გავიაზროთ ის ძირითადი პრინციპები, რომელთაც სტრატეგიული არაძალადობრივი ბრძოლა ემყარება. პიტერ აკერმანისა და კრისტოფერ კრუგლერის მიხედვით, ეს პრინციპები შეიძლება თორმეტ ძირითად პუნქტად დაიყოს:

განვითარების პრინციპები

1. ფუნქციური მიზნების განსაზღვრა.
2. ორგანიზაციული ძალის განვითარება.
3. საჭირო მატერიალური რესურსების გამოყენების შესაძლებლობა.
4. გარეშე მხარდაჭერის მოპოვება.
5. მეთოდების/ფორმების გამრავალფეროვნება.

ბრძოლის პრინციპები

1. მოწინააღმდეგის კონტროლის შენარჩუნების სტრატეგიაზე თავდასხმა.
2. მოწინააღმდეგის ძალადობრივი იარაღის ნეიტრალიზაცია.
3. მოწინააღმდეგისთვის საყრდენი ბურჯების წართმევა.
4. არაძალადობრივი დისციპლინის შენარჩუნება.

კონცეპტუალური პრინციპები

1. მოვლენებისა და შესაძლებლობების შეფასება სტრატეგიულ კონტექსტში.

2. შეტევისა და თავდაცვის ოპერაციების მორგება მოწინააღმდეგის ალებსა და სისუსტეებზე.

3. მეთოდებს, ფორმებსა და მიზნებს შორის ერთიანობის შენარჩუნება. ამ თორმეტ პრინციპს, თავის მხრივ, სამი ძირითადი შეკითხვა აერთიანებს. განვითარების პირველი ხუთი პრინციპი მიზნად ისახავს, გაიაზროს, რის გაკეთება შეიძლება იმისათვის, რომ სტრატეგიული არაძალადობრივი კონფლიქტის წარმოებისთვის უკეთესი და უფრო მეტად ხელსაყრელი გარემო შეიქმნას. ბრძოლის ოთხი პრინციპი უკვე კონფლიქტის წარმოების ეტაპს ეხება და პასუხობს შეკითხვას, თუ როგორ უნდა მოხდეს მოწინააღმდეგესთან ურთიერთობა ისე, რომ არაძალადობრივ მეთოდებს მაქსიმალური შედეგი ჰქონდეს. შეკითხვა, რომელსაც სამი კონცეპტუალური პრინციპი პასუხობს, ასე ჟღერს: „ოგორ შევაფასოთ ის ნაბიჯები, რომლებიც აქამდე გადავდგით, და კიდევ რა ქმედებებს უნდა მივმართოთ კონფლიქტის შემდგომ ეტაპებზე?”.

ეს პრინციპები ერთმანეთს მჭიდროდ უკავშირდება, თუმცა შესაძლოა ზემოთ მოყვანილი თანამდევრობა კონკრეტულ მიზნებს და კამპანიებს მოერგოს და სხვა ფორმა მიიღოს. მთავარი, რაც უნდა გახსოვდეთ, ამ პრინციპების გათვალისწინების აუცილებლობაა სისტემატური და ერთიანი სტრატეგიული მიდგომის შემუშავებისთვის.

2.3 2.2. არაძალადობრივი ბრძოლის მექანიზმები და მეთოდები

▲back to top


არჩეული გზის მიუხედავად, საზოგადოების დიქტატურიდან დემოკრატიაში გადაყვანა ყოველთვის რთულია. თუკი ოპოზიციური მოძრაობა ამისათვის სტრატეგიული არაძალადობრიობის გზას ირჩევს, გააზრებული უნდა იქნეს ის სხვადასხვა ფორმები თუ მექანიზმები, რომლითაც არაძალადობრივი ბრძოლა მმართველსა და დაქვემდებარებულებს შორის ურთიერთობაში სასურველ ცვლილებებს იწვევს. ჯინ შარპი „ალაუფლების სტრუქტურების შეცვლის მექანიზმების“ ოთხ ფორმაზე ლაპარაკობს. ესენია: გარდაქმნა, შეწყობა, იძულება და დაშლა. ეს ოთხი ასპექტი წარმოადგენს შემეცნებით ჩარჩოს, რომელშიც შეგვიძლია ძალაუფლების სტრუქტურების ცვლილების შესახებ ინფორმაცია განვიხილოთ. ამავე დროს, არაძალადობრივი ქმედების ეს გაკვეთილები შეიძლება ცვლილების დასაჩქარებელ მეთოდებად, ან წარსულში განხორციელებული არაძალადობრივი ქმედებებისა თუ კამპანიების შესაფასებლად გამოვიყენოთ.

ამ თავში არაძალადობრივი ქმედების ფართო კატეგორიებსაც განვიხილავთ: პროტესტსა და დარწმუნებას, არათანამშრომლობას, ინტერვენციას.

გარდაქმნა

ცვლილებების მოხდენის მიზნით ოპონენტის წინააღმდეგ გამოყენებული არაძალადობრივი ქმედებების მექანიზმები ან პროცესები მისწრაფებებს თუ გავლენებს განსხვავებული ინტენსივობით აღწერენ. შეიძლება შეიქმნას სიტუაციები, როდესაც შეძლებთ, რეჟიმი დაარწმუნოთ, რომ ოპოზიციური ჯგუფის რეკომენდაციების ან მოთხოვნების გათვალისწინება მისივე ინტერესებში შედის. გარდაქმნას კამპანიის მაწარმოებელი ჯგუფისთვის მრავალი უპირატესობის მოტანა შეუძლია. რეჟიმის მხრიდან დათმობამ და ცვლილების საჭიროების აღიარებამ შეიძლება ოპოზიციის ლიდერებისთვის ნდობის და ლეგიტიმურობის ხარისხი გაზარდოს, სახელმწიფოსთან პირდაპირი დაპირისპირების პოტენციური რისკი შეამციროს და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, დატოვოს ის რესურსები, რომლებსაც კონფლიქტის უფრო გვიანდელ ეტაპებზე გამოიყენებთ. მაგრამ ეს მექანიზმი - რომელიც, როგორც წესი, მცირედი ზეწოლის შემცველ ქმედებებს საჭიროებს - რადიკალური ავტორიტარული რეჟიმების წინააღმდეგ გამოსაყენებლად ხშირად საკმარისი არ არის. ამის მიუხედავად, რამდენიმე შემთხვევაში საკითხის და მისი დაყენების გზების სწორმა შერჩევამ ძალზე სასტიკი რეჟიმების წინააღმდეგაც კი მოიპოვა წარმატება.

თუკი გავიხსენებთ, რომ სტრატეგიული არაძალადობრივი ბრძოლა ძალაუფლების წყაროებზე ახდენს შეტევას, შესაძლებელია, რეჟიმის საყრდენი ბურჯების გარდაქმნის მცდელობებმაც შედეგი გამოიღოს. ამ პროცესის პირველი საფეხური ის არის, რომ ამ ორგანიზაციებისა და სამიზნე ინსტიტუტების წევრები დარწმუნდნენ: ისინი, როგორც ინდივიდები, „ხალხის მტრები“ არ არიან და სინამდვილეში დემოკრატიული საზოგადოების დაფასებული და პატივცემული წევრები გახდებიან. როგორც კი ეს მიზანი მიღწეული იქნება, სამიზნე ინსტიტუტების წევრები მაშინვე უფრო მეტი ყურადღებით მოეკიდებიან პოლიტიკური ცვლილებებისკენ, მოგვიანებით კი კონკრეტული აქციებისკენ, მოწოდებებს.

გარდაქმნა ძირითად მექანიზმს წარმოადგენს პროდემოკრატიული ძალების გაფართოებისა და გაძლიერების საქმეში. გარდაქმნის მიღწევის მცდელობებში პროპაგანდის ის ფორმები გამოგადგებათ, რომლებიც დემოკრატიული და ავტორიტარული რეჟიმების პირობებში ცხოვრების კონტრასტს წარმოაჩენენ, და მთელ მსოფლიოში მიმდინარე არაძალადობრივი აქციების ამბებს ჰყვებიან. დემონსტრაციების, გაფიცვების, ბოიკოტების და პროტესტის სხვა ფორმების შესახებ ახალი ამბები საზოგადოების შეხედულებებზე გავლენას ახდენს. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საზოგადოებას „ხვალინდელი დღის ხედვა” და ამ ხედვის განხორციელების გზები უნდა მიეწოდოს. გარდაქმნის მცდელობებში ყველაზე ძლიერ ძალას, ალბათ, ავტორიტარულ რეჟიმებთან დაპირისპირებისთვის გამბედაობის დემონსტრირება წარმოადგენს.

ჩაგვრის წინააღმდეგ მიმართული საზოგადოებრივი გამბედაობის ქმედებები იმ სტერეოტიპს ანგრევს, რომელიც არაძალადობრივ პროტესტში ჩართულ ადამიანებს ლაჩრებად სახავს. სიმამაცე უნივერსალურ პატივისცემას აღძრავს, სულერთია, მას ბრძოლის ველზე გასული ჯარისკაცები გამოხატავენ თუ ისინი, ვინც მჩაგვრელი რეჟიმის წინააღმდეგ არაძალადობრივად იბრძვის. ზოგიერთ შემთხვევაში, ოპოზიციური დაჯგუფების წევრების მიერ გადატანილ ტანჯვას დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია როგორც მჩაგვრელების, ისე ჩაგრულების შეხედულებებზე. სიმამაცე ყოველთვის მიზნის მისაღწევად დაღვრილი სისხლით არ იზომება. გამბედაობის ჭეშმარიტ საზომს ქმედების მძიმე შედეგების მიმართ გამოვლენილი მზაობა წარმოადგენს. მაგალითად, ისინი, ვინც 1776 წელს ამერიკის დამოუკიდებლობის აქტს მოაწერეს ხელი, ინგლისის მეფის დაუმორჩილებლობით სიმამაცის დიდებულ მაგალითს იძლეოდნენ. იგივე შეიძლება ითქვას იმ სამოქალაქო უფლებებისთვის მებრძოლ აქტივისტებზე, რომლებიც 1950-იან და 1960-იან წლებში სეგრეგაციის აღმოსაფხვრელად მჯდომარე აქციებს მიმართავდნენ. დაუმორჩილებლობის ამ ორივე მაგალითმა და რისკზე წასვლის მზაობამ გამოიწვია ის, რომ საზოგადოება ამ მოძრაობების მონაწილეთა მიზნების სამართლიანობაზე დაფიქრდა.

შეწყობა

ზოგჯერ ისეც ხდება, რომ რეჟიმი პროდემოკრატიული ძალების თხოვნას თუ მოთხოვნებს მიიღებს და მათთან შეწყობას შეეცდება. ეს პატივისცემისა და თავაზიანობის გამო კი არ ხდება, არამედ იმის გამო, რომ რეჟიმს შესაძლოა სოციალური დაძაბულობების განეიტრალება, უცხოეთის მთავრობების დამოკიდებულებაზე გავლენის მოხდენა, ხალხზე ზრუნვით მოქალაქეებზე შთაბეჭდილების მოხდენა ან საკითხის დახურვა სურდეს. რეჟიმისთვის ეს იძულება არ არის - ის უბრალოდ გადაწყვეტს, რომ უშუალოდ მის ინტერესებს არაფერი ემუქრება და ოპოზიციასთან კონკრეტულ საკითხზე დათმობაზე წასვლა მას არ დაასუსტებს. სინამდვილეში რეჟიმის მხრიდან ძალაუფლების აბსოლუტური ფლობა უკვე დასუსტებულია, ვინაიდან ის იმ საკითხების მიმართ იჩენს ყურადღებას, რომლებმაც შესაძლოა მთავრობის მიმართ ხალხის უკმაყოფილება გაზარდოს. „ახალი ამბები“ რეგულარულად გადმოსცემენ ტოტალიტარული მთავრობების მხრიდან მოთხოვნების სიმბოლური მიღების ამბებს. პოლიტიკური რეფორმების მოთხოვნის ნაწილობრივი მიღების მიზნით რანგუნის პოლიტიკური რეჟიმი და კომუნისტური ჩინეთის ლიდერები ხშირად ათავისუფლებენ რამდენიმე პატიმარს მაშინ, როდესაც დასავლეთის მნიშვნელოვანი პირები მათთან ვიზიტად ჩადიან. ისრაელის მთავრობაც რეგულარულად ახორციელებს სიმბოლურ ჟესტებს, რათა პალესტინელებისადმი ჰუმანური მოპყრობის შესახებ შეერთებული შტატების მთავრობის მოთხოვნა დააკმაყოფილოს. საკითხები, რომელთა დაკმაყოფილებასაც მთავრობები ირჩევენ, როგორც წესი, გამაღიზიანებელ ფაქტორებად მიიჩნევა, ხოლო დათანხმებით მათ ხელისუფლებაში ყოფნას არაფერი ემუქრება. სხვა სიტყვებით, ეს მათთვის ისეთი გადაწყვეტილებაა, რომელსაც მინიმალური რისკი ახლავს თან.

მთავრობების მხრიდან ოპოზიციური ჯგუფების მიმართ დათმობებზე წასვლის ბოლოდროინდელი მაგალითები სიმბოლური ჟესტებიდან ერთი შეხედვით თავისუფალი არჩევნების გამართვამდე მერყეობს. ლიტვაში, მაგალითად, კომუნისტური რეჟიმის მიმართ საზოგადოებაში მზარდი პროტესტის საპასუხოდ უზენაესმა საბჭომ 1988 წელს დემოკრატიული მოძრაობის მოთხოვნების დაკმაყოფილება სცადა, რაც საკონსტიტუციო ცვლილებებით ლიტვური ენისთვის ოფიციალური სტატუსის მინიჭებას და ერთ-ერთ ისტორიულ ადგილას ეროვნული დროშის აღმართვას გულისხმობდა. იმ დროისათვის დემოკრატიული მოძრაობა - რომელსაც „თანასაბჭო“, „საიუდისი“ და სხვა ჯგუფები ედგნენ სათავეში - იმდენად ფართო და წარმატებული იყო, რომ რეჟიმის მხრიდან მხოლოდ სიმბოლური დათმობები აღარ იყო საკმარისი. ამის შედეგად გაიზარდა ოპოზიციის, როგორც დემოკრატიული ცვლილების მომხდენი ძალის, მიმართ ნდობა. სადამ ჰუსეინის 2002 წლის გადაწყვეტილება, ნება დაერთო რელიგიური რიტუალების შესრულებისთვის, ჩვენი დროის შეწყობის კიდევ ერთი მაგალითია. მიუხედავად იმისა, რომ სადამ ჰუსეინი ერაყის საზოგადოების აბსოლუტურ კონტროლს ახორციელებდა, იგი მაინც დასთანხმდა შიიტების მოთხოვნას ბაღდადის გარეუბანში არსებულ სალოცავში ათასობით ადამიანის მსვლელობის გამართვაზე. ჰუსეინს შეეძლო, ამ მოთხოვნაზე უარი განეცხადებინა, და მას, ცხადია, გააჩნდა ის სამხედრო და პოლიციური ძალა, რითაც ამ აკრძალვას განამტკიცებდა. მაგრამ იგი მაინც წავიდა დათმობაზე - შეიძლება იმის იმედით, რომ ოპოზიციის კიდევ ერთხელ გაღიზიანებას და ღია და ძალადობრივ დაპირისპირებას თავიდან აიცილებდა. ერთ-ერთი ყველაზე რადიკალური დათმობა, რომელზედაც შეიძლება რეჟიმი წავიდეს, ღია არჩევნების მოთხოვნის მიღებაა. მაგრამ ასეთი არჩევნების გამართვა თითქმის ყოველთვის კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. მეოცე საუკუნის ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში უამრავი შემთხვევა იყო, როდესაც არადემოკრატიული რეჟიმები საკუთარ საზღვრებში „თავისუფალი“ არჩევნების გამართვას დათანხმდენ. საქართველოს ხალხს მთავრობის მიერ არჩევნების გაყალბების და ამის შედეგად გამოწვეული მასობრივი ამბოხების გამოცდილება ალბათ კარგად ახსოვს.

როდესაც ჯგუფები იმ საკითხებს არჩევენ, რომელთან „შეწყობაც” შეიძლება მთავრობამ ისურვოს, მნიშვნელოვანია, რომ თანხმობის შემთხვევაში მთავრობას ხალხის წინაშე „კარგად გამოჩენის” საშუალება მიეცეს. ამავე დროს, საზოგადოებამ უნდა გაიგოს, რომ რეჟიმის მხრიდან დათმობაზე წასვლა არაძალადობრივი მოძრაობის მზარდ ძალას ასახავს, და რომ საზოგადოების გაუმჯობესებისთვის განხორციელებული ცვლილებები სულაც არ საჭიროებენ სისხლისღვრას. გარდაქმნის და შეწყობის ერთიანი ეფექტიანობა საზოგადოებას აძლიერებს და მას კიდევ უფრო მძლავრი ქმედებებისთვის ამზადებს.

ავტორიტარული რეჟიმები არჩევნებს ხშირად იყენებენ იმისათვის, რომ ოპოზიციის მხრიდან პოლიტიკური ცვლილებების მოთხოვნებს „შეეწყონ“. საზოგადოებისთვის სამწუხაროდ, ოპოზიციის ლიდერები ხშირად ფიქრობენ, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იქნება, რომ ხალხს მთავრობის მხრიდან დაშინებების გაძლება შეუძლია, ან რომ საერთაშორისო დამკვირვებლები ხმების დათვლის პროცესის სამართლიანად ჩატარებას უზრუნველყოფენ. სერბეთის 2000 წლისა და ზიმბაბვეს 2002 წლის არჩევნები იმ განსხვავებული შედეგების მაგალითებია, რომლებიც შეიძლება გაყალბებულ არჩევნებს მოჰყვეს.

სერბეთში პოლიტიკურმა ოპოზიციამ არჩევნების მონიტორინგის სისტემა შექმნა საარჩევნო უბნებიდან ბელგრადის ცენტრალურ ოფისამდე. მათ კომპეტენტური და ორგანიზებული კამპანიის (GOTV) მონაწილეები ჰყავდათ და სამოქმედო გეგმაც გააჩნდათ იმ შემთხვევისთვის, თუკი მთავრობა საარჩევნო ხმების მოპარვას შეეცდებოდა. ხმის დათვლის ადგილებიდან მოსული ოპოზიციური ჯგუფების პირველადი მონაცემებით, გამარჯვება დემოკრატიულმა ძალებმა მოიპოვეს, და ეს ოფიციალური შედეგების გამოვლენამდე გამოცხადდა. როდესაც მთავრობამ განაცხადა, რომ მისი მონაცემებით ოპოზიციამ ვერ გაიმარჯვა, ხალხი ქუჩაში გავიდა და საკუთარი გამარჯვება მთელი ქვეყნის მასშტაბით გამართული მასობრივი დემონსტრაციებით გამოხატა. ეს დემონსტრაციები პარლამენტისკენ მსვლელობით დასრულდა. ყველაფერი იმდენად მომზადებული იყო, რომ ახალი მთავრობის გამოცხადების პროცესში არც პოლიცია და არც ჯარი არ ჩარეულა. 2002 წლის მარტში ზიმბაბვეში გამართულ არჩევნებს განსხვავებული შედეგი ჰქონდა. ზიმბაბვეს დემოკრატიული გარდაქმნის ოპოზიციურმა მოძრაობამ (MDC) საკუთარი სტრატეგია სერბიის მოძრაობისა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გამართვისთვის საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების მიხედვით განავითარა. ნაკლები ყურადღება მოექცა „სათადარიგო” გეგმას იმ შემთხვევისთვის, თუკი რობერტ მუგაბე საარჩევნო ხმებს მოიპარავდა. თუმცა იმის ნიშნები, რომ მუგაბე ძალაუფლებაზე უარის თქმას არ აპირებდა, ადრევე გამოჩნდა. შეიქმნა ახალგაზრდული დაჯგუფებები, რომლებიც ხელჯოხებით და დანებით შეაიარაღეს და რომლებსაც ოპოზიციური პარტიების მუშაკებზე თავდასხმის სანაცვლოდ საკვებს და ფულს დაჰპირდნენ. ოპოზიციური მოძრაობის მხარდამჭერებს და იმ ადამიანებს, რომლებზეც ეჭვობდნენ, რომ გენერალ მუგაბესთვის ხმის მიცემას არ აპირებდნენ, სცემდნენ და აშინებდნენ. ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი ღალატის ბრალდებით დააპატიმრეს. პოლიცია და უშიშროების აგენტები ხალხის დაშინებას შეუდგნენ. როგორც ამბობდნენ, უშუალოდ არჩევნების დღესაც კი რიგში მდგარ ადამიანებს საერთაშორისო დამკვირვებლების თვალწინ სცემდნენ. ზოგიერთი ევროპული ქვეყნის დამკვირვებელი ქვეყნიდან გააძევეს. არჩევნების დღეს საარჩევნო უბნები გადააადგილეს, რაც ამომრჩევლების დასაბნევად გამიზნული მთავრობის სტრატეგია იყო. შედეგების თვლის პროცესში ათასობით ამომრჩეველი არ იქნა გათვალისწინებული. მუგაბემ საკუთარი გამარჯვების შესახებ განაცხადა. ვინაიდან არც გეგმა ჰქონდა და არც იმის შესაძლებლობა, სხვა გზებით მიეღწია ხალხის ნების აღსრულებისთვის, MDC-ს სხვა აღარაფერი დარჩენოდა იმის გამოცხადების გარდა, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი არ იყო. მათ არჩევნების თავიდან გამართვა მოითხოვეს, თუმცა იმის გარანტია, რომ ახალი არჩევნები სხვა შედეგით დასრულდებოდა, არავის ჰქონდა. ამ ყველაფერში მთავარი ის არის, რომ არჩევნები მთავრობებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, ვინაიდან დამარცხება მათი ლეგიტიმურობის დაკარგვის ტოლფასია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო კონტექსტში. ამავე მიზეზთა გამო არჩევნები და მათში გამარჯვება არანაკლებ მნიშვნელოვანია დემოკრატიული ოპოზიციისთვის. აუცილებელია იმისთვის მომზადება, რომ ადამიანები მზად იყვნენ არჩევნებში საკუთარი ნების გამოვლენისთვის, აგრეთვე საჭიროა ისეთი ფრთხილი და გონივრული გეგმის ქონა, რომლითაც რეჟიმის მხრიდან საარჩევნო ხმების გაყალბებას დაუპირისპირდებით.

იძულება

გარდაქმნა და შეწყობა მჩაგვრელს საშუალებას აძლევს, არაძალადობრივი ოპონენტების თხოვნები ან მოთხოვნები მიიღოს ან უარყოს ისე, რომ ამას მყისიერი შედეგები არ მოჰყვეს. იძულებას კი შეუძლია, მთავრობისთვის წაყენებული მოთხოვნების მიმართ დამორჩილება გამოიწვიოს. მაშინ, როდესაც იძულება ეფექტიანი ხდება, რეჟიმის რეალური ძალა უკვე მნიშვნელოვნად შერყეულია. ოპოზიციურ ჯგუფებს უნდა ესმოდეთ, რომ ნაადრევად განხორციელებულმა იძულების მცდელობებმა შესაძლოა საზოგადოების თვალში მათივე დისკრედიტაცია მოახდინონ. იძულებითი მოთხოვნების დაყენება, რომლებიც მჩაგვრელი მთავრობის არსებობას უშუალოდ აყენებენ კითხვის ნიშნის ქვეშ, მხოლოდ ფრთხილი დაგეგმვისა და წარმატების შანსის ობიექტური გაანალიზების შემდეგ უნდა მოხდეს. თუკი იძულების შედეგად მოთხოვნების დაკმაყოფილება რეალური არ არის, მაშინ ამ მექანიზმის გამოყენების სამომავლოდ გადადებაზე ან მოთხოვნების ფორმულირების შეცვლაზე უნდა დაფიქრდეთ.

პოლიტიკური პარტიები და სტუდენტური ჯგუფები ზოგჯერ ისეთ „მოთხოვნებს“ აყენებენ, რომელთა დაკმაყოფილება არ არის შესაძლებელი. უფრო უპრიანი იქნება, რეჟიმს ორგანიზაციული მიზნების შესახებ აცნობოთ და მხოლოდ საზოგადოების მობილიზების შემდეგ განავითაროთ ჯგუფის სტრატეგიული დაგეგმვის შესაძლებლობები. რეჟიმის საყრდენი ბურჯების დასუსტების მცდელობა მაშინ უნდა განახორციელოთ, როდესაც ეს მიზნები კონკრეტულ მოთხოვნებად იქცევა. თუ, მაგალითად, არსებობს „მოთხოვნა” „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების” ჩატარებაზე, ამ მოთხოვნის უარყოფის შემთხვევაში რა ზომები გატარდება რეჟიმის წინააღმდეგ? იძულება წარმატებულია მაშინ, როდესაც, რეჟიმის სურვილის საწინააღმდეგოდ, ოპოზიციის მოთხოვნები მიღწეულია. 2000 წლის ოქტომბერში სერბეთში გამართული არჩევნების დროს ოპოზიციურმა ჯგუფებმა გამარჯვება გამოაცხადეს იმის მიუხედავად, რომ მილოშევიჩის რეჟიმმა არჩევნების გამეორების აუცილებლობაზე განაცხადა. ვინაიდან რეჟიმის მხრიდან არჩევნების გაყალბება იყო მოსალოდნელი, სტრატეგიული არაძალადობრივი ბრძოლით ძალაუფლების მოპოვების დაგეგმვის ვრცელი პროცესი არჩევნებამდე იყო დასრულებული. პარლამენტის შენობისკენ სვლა ასობით ათასმა სერბმა განახორციელა და დიქტატორი ერთიანი, მტკიცე გადაწყვეტილებით ჩამოაგდო. მილოშევიჩს არ შეეძლო საკუთარი მარცხისთვის წინააღმდეგობის გაწევა. მისი მთავარი საყრდენი ბურჯები გამქრალიყო. პოლიციამ უარი განაცხადა სამოქალაქო პროტესტის მონაწილეების ბელგრადში არშემოსაშვებად გზების გადაკეტვაზე, ჯარმა კი უარი მილოშევიჩის სახელით ჩარევაზე თქვა, ვინაიდან არჩევნები პოლიტიკური საკითხი იყო, რომელიც სამხედრო ჩარევას არ საჭიროებდა. ამ ორი საყრდენი ბურჯის გამოცლა თვეების განმავლობაში წარმოებული პროცესის შედეგი იყო, როდესაც ჯარის, პოლიციისა და მთავრობის წევრებს არწმუნებდნენ, რომ დემოკრატიული ცვლილება მათ პოზიციებს არ შეამცირებდა და არ გამოიწვევდა ხელისუფლების წევრების დევნას. მილოშევიჩი სწრაფად მიხვდა, რომ მას ძალა გამოეცალა.

იმის მიუხედავად, რომ არსებობს შემთხვევები, როდესაც არაძალადობრივი იძულების გამოყენება ოპოზიციური ჯგუფებისთვის წარმატებით დასრულდა, ქმედების რეალური შესაძლებლობის გარეშე განხორციელებული მუქარა ნებისმიერ მოძრაობას ზიანს აყენებს. ასე მოხდა 2002 წელს ზიმბაბვეში, როდესაც საერთო გაფიცვისკენ ორი მოწოდება მოწოდებად დარჩა და არ განხორციელდა. კიდევ ერთი, ამჯერად წარმატებული, გაფიცვის მოწყობას თვეების მანძილზე წარმოებული დაგეგმვა და კოორდინირება დასჭირდა. დაპირებული სანქციების სისრულეში მოყვანის შესაძლებლობის გარეშე განხორციელებულ იძულების მცდელობებს შეუძლიათ დემოკრატიისთვის ბრძოლა დაასუსტონ; საზოგადოების აქტიური მხარდაჭერა შესაძლოა განელდეს; საერთაშორისო მხარდამჭერებს შესაძლებელია მოძრაობის შესაძლებლობების მიმართ ეჭვები გაუჩნდეთ. მოძრაობისთვის ამგვარი ნეგატიური შედეგების თავიდან ასაცილებლად ძალიან მნიშვნელოვანია რომ, ფართომასშტაბიანი არაძალადობრივი კამპანიების დაგეგმვას და გამართვას თან შესაძლებლობების შეფასება ერთვოდეს.

დაშლა

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ოპოზიციური ჯგუფების მხრიდან მმართველების იძულების შესაძლებლობა იმაზე მიუთითებს, რომ ძალაუფლების მნიშვნელოვანი გადანაწილება უკვე მომხდარია. და როდესაც ოპოზიცია გაიაზრებს, რომ ძალაუფლების ბალანსი მის სასარგებლოდაა შეცვლილი, რეჯიმზე შეტევა უფრო ფართო ფრონტზე უნდა განხორციელდეს, თანამშრომლობაზე უარის თქმისა და ჩარევის უფრო ძლიერი მეთოდების გამოყენებით. თუ ეს შეტევები მდგრადია, რეჟიმი დაიშლება, ვინაიდან მისი მმართველობისთვის აუცილებელი საყრდენი ბურჯები აღარ იარსებებს.

თუკი ოპოზიცია რეჟიმის დაშლას აუცილებლობად მიიჩნევს, მაშინ არაძალადობრივი ქმედებების ინტენსივობა და მასშტაბი არ უნდა შემცირდეს მანამ, სანამ რეჟიმის ნგრევა მიღწეულია. თუკი ოპოზიცია ნებისმიერი მიზეზის გამო ძალას კარგავს, რეჟიმმა ეს შეიძლება საკუთარი ძალაუფლების გასამყარებლად გამოიყენოს. როგორც სამხედრო კამპანიის “ექსპლუატაციისა და დევნის” (Exploitation and Pursiut) ფაზის დროს, რომელიც მაშინ დგება, როდესაც თავდაცვის პოზიციები დასუსტებულია და მტერი უკან დახევას ცდილობს, შეტევა ყველაზე დიდი ინტენსივობით უნდა განხორციელდეს. ამავე დროს, უნდა იყოს იმ რისკის მიღების მზაობა, რომელიც შეიძლება კამპანიის ადრე დასრულებას ახლდეს თან. სტრატეგიული გეგმის გარეშე ჯარმა შესაძლოა ვერ შეძლოს სწრაფი რეაგირება და წყვეტის გამყარება. იგივე ხდება არაძალადობრივი ბრძოლის შემთხვევაშიც.

არაძალადობრივი ქმედების მეთოდები

არაძალადობრივი ქმედება არაძალადობრივი ცვლილების მექანიზმებს ასახავს და ამყარებს. არსებობს უამრავი განსხვავებული მეთოდი, რომლებიც ოპოზიციას შეუძლია ოპონენტის წინააღმდეგ გამოიყენოს. არაძალადობრივი ქმედების პოლიტიკაში შარპი ორასამდე მეთოდზე წერს და ამატებს, რომ ეს სია ყოვლისმომცველი არ არის. კონკრეტული სიტუაციებისთვის შესაფერისი მეთოდების დასადგენად შემოქმედებითი მიდგომაა საჭირო. მჩაგვრელი რეჟიმის წინააღმდეგ მიმართული არაძალადობრივი ქმედება ხშირად პასუხად ძალადობრივ მოგერიებას მიიღებს. მოსალოდნელია ცემა, წამება, დაპატიმრება და სხვა სანქციები (ძალადობრივი, ეკონომიკური და სოციალური). მაგრამ როდესაც მთავრობა ასეთი გზებით რეაგირებს, მსგავსი აქტების ფართოდ გახმაურება ოპოზიციას შეუძლია გამოიყენოს დემოკრატიული მოძრაობის მიმართ საზოგადოებრივი მხარდაჭერის გაძლიერებისთვის, სისასტიკის გამო რეჟიმის დასუსტებისთვის და მისი ლეგიტიმურობის შესახებ შეკითხვების წამოჭრისთვის. გასული საუკუნის მოვლენების დროს დაპატიმრება და ციხეში ჩასმა ღირსების მაჩვენებელი იყო.

არაძალადობრივი ქმედებისთვის შესაფერისი მეთოდების შერჩევა მათი გამოყენებით მისაღწევ მიზნებზეა დამოკიდებული. ზოგჯერ მოძრაობები ან ორგანიზაციები მეთოდს მოწონების ან გამოცდილების გამო ირჩევენ და შემდეგ ადგენენ არაძალადობრივი ქმედების მიზანს, ან არ ადგენენ. ასეთი მიდგომა „ცხენის ეტლის წინ დაყენებას“ ჰგავს. იდეალურ შემთხვევაში ჯერ მიზნები უნდა გაანალიზდეს და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა იქნეს ფიქრი დაწყებული მეთოდების მენიუზე, რათა სტრატეგიული და ტაქტიკური მიზნების მისაღწევად ყველაზე შესაფერისი მეთოდები იქნეს არჩეული. განხილვის გასამარტივებლად მეთოდები სამ ფართო კატეგორიად შეიძლება დაიყოს. ესენია: პროტესტი და დარწმუნება, არათანამშრომლობა, ჩარევა (ინტერვენცია). პროტესტი და დარწმუნება საპროტესტო აქციები და დარწმუნების მცდელობები რეჟიმისთვის წარმოადგენს გაფრთხილებას, რომ პროდემოკრატიულ ძალებს მთავრობის კონკრეტულ ქმედებებთან თუ პოლიტიკასთან მიმართებით სერიოზული უთანხმოებები და პრეტენზიები აქვთ. ეს პროტესტი უმთავრესად სიმბოლური ხასიათისაა. ამავე დროს, იმავე აქციებმა, შესაძლოა, საზოგადოების ყურადღება იმაზე მიაპყროს, რომ არაძალადობრივი ოპოზიციის მოძრაობა მთავრობას კონკრეტული დარღვევების გამო იწვევს. არაძალადობრივი საპროტესტო აქციები და დარწმუნების მცდელობები სტრატეგიული არაძალადობრივი მოძრაობის ნებისმიერ სტადიაზე შეიძლება წარმატებით იყოს გამოყენებული; მაგრამ, როგორც წესი, მათ მაინც ადრეულ ეტაპებზე მიმართავენ ხოლმე, თუნდაც ეს საზოგადოებისთვის მოძრაობის გაცნობის სტადია იყოს.

პროტესტისა და დარწმუნების როგორი ფორმაც არ უნდა იყოს შერჩეული, ამ აქციებმა ფართო ასახვა უნდა პოვონ მედიაში. დემონსტრაციებს და საპროტესტო წერილებს მცირე ან საერთოდ არანაირი გავლენა არ გააჩნიათ, თუკი მათ შესახებ არავინ იცის. პროტესტისა და დარწმუნების თვალში საცემი მაგალითი, რომელმაც მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო, 60-იანი წლების ვიეტნამში გვქონდა - იქ რამდენიმე ბერმა თავი დაიწვა ამერიკელების მიერ მხარდაჭერილი საიგონის მთავრობის წინააღმდეგ. თვითმკვლელობის ამ აქტებმა ბევრი ადამიანი დააფიქრა იმაზე, თუ რატომ აირჩიეს მათ პროტესტის ნიშნად ასეთი ტანჯვით სიკვდილი. მსხვერპლის გაღების მიზანი დიდწილად მიღწეული იყო იმის გამო, რომ ორგანიზატორებმა აქციის გასაშუქებლად და გადასაღებად ახალი ამბების საერთაშორისო სააგენტოები მიიწვიეს.

ეს მეთოდები არ წარმოადგენს პირდაპირ შეტევას ოპონენტის ძალაუფლების იმ წყაროებზე, რომლებიც პირველ თავში განვიხილეთ. ისინი ირიბად უტევენ და მიზნად რეჟიმის ქმედებების საზოგადოებისთვის გაცნობას და ცვლილებების აუცილებლობაში რეჟიმის წარმომადგენლებისა და სხვების დარწმუნებას ისახავენ. არაძალადობრივი ბრძოლა უკმაყოფილების გამომხატველ დემონსტრაციებზე ბევრად მეტია.

არათანამშრომლობა

არათანამშრომლობა ყველაზე ძლიერი კატეგორიაა იმ არაძალადობრივ მეთოდებს შორის, რომელთა გამოყენებაც ოპოზიციურ მოძრაობებს შეუძლიათ. ქმედებების ამ კატეგორიის გონივრული არჩევა და სტრატეგიაში ჩართვა რეჟიმისთვის ძალაუფლების წყაროების გამოცლის ალბათობას ზრდის. რეჟიმის ძალაუფლების წყაროებზე (უფლებამოსილება, ადამიანური რესურსი, უნარები და ცოდნა, მატერიალური რესურსი, ბუნდოვანი ფაქტორები და სანქციები) შეტევის განხორციელება არა მხოლოდ სამხედრო ასაკის მამაკაცებს, არამედ მთელ მოსახლეობას შეუძლია. ხალხის თანამშრომლობის გარეშე ვერც ერთი მთავრობა ვერ გაძლებს. თანამშრომლობაზე უარის თქმის აქციის გზავნილი ის არის, რომ „ჩვენ, ხალხი, აღარ დავეხმარებით მთავრობას თავისი მოქალაქეების ჩაგვრის საქმეში”. მიზანი კი მთავრობისთვის ფუნქციონირების გართულებაა. არათანამშრომლობა ყველაზე დიდ გავლენას მაშინ ახდენს, როდესაც არჩეული აქციები არაძალადობრივ სტრატეგიას ემთხვევა, და როდესაც კარგად შეთანხმებულია და არა ქაოსური.

რეჟიმის საყრდენი ბურჯების წინააღმდეგ მიმართული ადგილობრივი არათანამშრომლობის კამპანიების პარალელურად სანქციების დაწესებაზე საერთაშორისო მხარდაჭერის მოსაპოვებლად კონცენტრირებული მცდელობები უნდა ხორციელდებოდეს. ეს სანქციებიც თანამშრომლობაზე უარის თქმას უნდა ითვალისწინებდეს. როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო დონეზე წარმოებულ არათანამშრომლობას შეუძლია პოლიტიკური ცვლილების მომხრეებს დიდი დახმარება გაუწიოს. საერთაშორისო მხარდაჭერის შესაჩერებლად წარმოებული კამპანიები მოიცავს ინვესტიციებისა და იმპორტის შეზღუდვას ან აკრძალვას, რეჟიმის პოლიტიკის გაკრიტიკებას საერთაშორისო ფორუმებზე, ოფიციალური პირებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესებას, მჩაგვრელ რეჟიმებში მოქალაქეების მოგზაურობის შეზღუდვას და უცხოური დაფინანსების ლიმიტირებას ისეთი პროექტებისთვის, რომლებსაც არასამთავრობო ორგანიზაციები უშუალოდ ჰუმანიტარული მიზნებისთვის ახორციელებენ.

სოციალური არათანამშრომლობა

სოციალური არათანამშრომლობის განხორციელება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. რეჟიმის კონკრეტულ წარმომადგენლებთან საზოგადოებრივი ურთიერთობის თავის არიდებას, შესაძლებელია, გამანადგურებელი გავლენა ჰქონდეს ოფიციალური პირებისა და მათი ოჯახებისთვის. საზოგადოებრივი ელიტის წარმომადგენლებს შეუძლიათ, შეწყვიტონ საზოგადოებრივ შეხვედრებზე რეჟიმის წარმომადგენლების დაპატიჟება და აღარ იარონ იმ სამთავრობო თუ კერძო მიღებებზე, რომლებსაც ოფიციალური პირებიც უნდა დაესწრონ. შესაძლებელია რეჟიმის წარმომადგენლების გარემოცვის ამოღება იმ საზოგადოებრივ შეხვედრებზე დასაპატიჟებელი პირების სიებიდან, რომლებსაც მეზობლები ან არასამთავრობო ორგანიზაციები აწყობენ. თავის არიდების ასეთი გამოხატულება იმის ნიშანია, რომ ხალხს არ შეუძლია იმათთან ერთად ყოფნა, ვინც რეჟიმს უჭერს მხარს. მაგრამ ასეთი ქმედებები ფრთხილად და ფაქიზად უნდა განხორციელდეს. არასწორმა გამოყენებამ შესაძლოა რეჟიმის მომხრეების ოპოზიციაში გადაყვანის პროცესი შეაფერხოს. იმ საზოგადოებრივ და სპორტულ მოვლენებს, რომლებიც პრესტიჟულია რეჟიმისთვის, შესაძლებელია ბოიკოტი გამოეცხადოს. არათანამშრომლობაა რეჟიმის მიმართ პროტესტის გამომხატველი ტანსაცმლის ტარებაც კი. ისინი, ვინც ასეთი აქციების სამიზნეს წარმოადგენენ, სწრაფად ხვდებიან იმ გზავნილს, რომელსაც ასეთი არათანამშრომლობა გულისხმობს. ამერიკის კოლონიური პერიოდის დროს მასაჩუსეტსის მმართველმა ერთხელ დაიჩივლა, რომ ინგლისის იმპერიის წარმომადგენლად ყოფნის მიუხედავად, იგი არაფრით იყო პატიმარზე მეტი. მას არავინ ემორჩილებოდა, ადგილობრივი წესრიგის დამცველები იგნორირებას უკეთებდნენ, მისი ბრძანებები და მითითებები არ სრულდებოდა და ეკლესიური გაერთიანებები თავს არიდებდნენ.

ეკონომიკური არათანამშრომლობა

იმისათვის, რომ სოციალური პირობები შეასრულოს, მთავრობას, ცხადია, შემოსავლები ესაჭიროება. ამდენად, ეკონომიკური არათანამშრომლობის მეთოდი იმისთვისაა გამიზნული, რომ მთავრობის მხარდაჭერაზე განახორციელოს შეტევა და რეჟიმის მომხრეების ეკონომიკური დაინტერესება მოშალოს ან შეამციროს. პოლიტიკის განხორციელებისთვის აუცილებელი საქონლის და მომსახურების შეძენისთვის საჭირო პირობების წართმევით ან შემცირებით ეკონომიკური არათანამშრომლობა მთავრობას მხარდამჭერთა ერთგულების შენარჩუნების საშუალებას უსუსტებს. ეკონომიკური არათანამშრომლობის ერთი მაგალითი გადასახადების გადაუხდელობა ან ნაწილობრივ გადახდაა. სხვა მაგალითებია მყიდველთა ბოიკოტები იმ პროდუქციის ან მომსახურების წინააღმდეგ, საიდანაც მთავრობას შემოსავალი აქვს; გაფიცვები, რომლებიც ეკონომიკის დესტაბილიზაციას იწვევენ; ან საბანკო დეპოზიტების გატანა, რაც ისეთ ფისკალურ კრიზისს იწვევს, რომლის იგნორირებაც არ შეუძლიათ უცხოელ ინვესტორებს. ამავდროულად, ზოგჯერ შესაძლებელია საერთაშორისო კორპორაციების, სავაჭრო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების დარწმუნება, რომ სამიზნე მთავრობებთან ეკონომიკური თანამშრომლობა შეაჩერონ, რაც მათ ეკონომიკურ მდგომარეობას კიდევ უფრო მეტად დაასუსტებს. ეკონომიკის დესტაბილიზაცია არა მხოლოდ მთავრობის საყრდენი ბურჯების დასუსტებას იწვევს, არამედ რეჟიმს ოპოზიციის არათანამშრომლობაზე რეაგირების საშუალებასაც უზღუდავს. ეს კი არაძალადობრივი ბრძოლის მთლიანი სტრატეგიული მიზნებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია.

სტრატეგიული არაძალადობრივი ბრძოლის წარმოებისას მნიშვნელოვანია, თვალი ადევნოთ მთავრობის მიმოქცევაში არსებულ მყარ ვალუტას. ეს იმ სფეროების ამოცნობისთვის არის საჭირო, რომლებზეც ეკონომიკური არათანამშრომლობის მეთოდებით შეტევა ყველაზე ეფექტიან შედეგებს გამოიღებს. ზოგჯერ მყარი ვალუტა ბუნებრივი რესურსების გაყიდვიდან შემოდის, ან საქონელი და მომსახურება იყიდება მუშახელის სიიაფის შედეგად. რაც შეეხება ექსპორტს, ეკონომიკური არათანამშრომლობის გამოყენებისთვის ყველაზე ეფექტიანი სამიზნე აქ გაყიდვის წერტილებია. იმპორტის მხრივ შეტევას ყველაზე ნაკლებად წარმომავლობის წერტილები უძლებენ. პოლიტიკური არათანამშრომლობა მიუხედავად იმისა, რომ არათანამშრომლობის ნებისმიერი (და ყველა) აქტი, რომელიც სტრატეგიულ არაძალადობრივ მოძრაობაში გამოიყენება, ბუნებით „პოლიტიკურია”, ჯინ შარპმა 198 მეთოდიდან მხოლოდ ოცდათვრამეტს მიანიჭა სპეციფიკურად პოლიტიკურის სტატუსი. ეს ქმედებები ძირითადად გამიზნულია უფლებამოსილების უარყოფაზე - რომელიც მთავრობისთვის ძალაუფლების მთავარ წყაროს წარმოადგენს. პოლიტიკური არათანამშრომლობის თანმდევი დადებითი ფაქტორია ის, რომ ის სამოქალაქო საზოგადოებას აძლიერებს. ორგანიზაციები გამოცდილებას იძენენ და ემატებათ რწმენა რეჟიმის წინააღმდეგ მოქმედების საკუთარ შესაძლებლობებში, იქნება ეს ცალკე თუ თანამოაზრე ჯგუფებთან ერთად განხორციელებული მოქმედება.

პოლიტიკური არათანამშრომლობა მთავრობაზე პირდაპირ თავდასხმას წარმოადგენს. დეკლარაციებმა, მანიფესტებმა და სხვა დოკუმენტებმა, რომლებიც რეჟიმის უფლებამოსილებას და ლეგიტიმურობას უარყოფს, შეიძლება საზოგადოება დაარწმუნონ - რეჟიმს არ გააჩნია უფლებამოსილება და ფუნქციონირების უფლება. ასეთ საპროტესტო აქციებს, თავის მხრივ, მოსდევს სამთავრობო ინსტიტუტების ბოიკოტები, სამოქალაქო მოსამსახურეების მუშაობაში შეფერხებები და მთელი მოსახლეობისთვის სამოქალაქო დაუმორჩილებლობის უამრავი შესაძლებლობა, რომლებიც, თუ ფართოდ და მეთოდურად განხორციელდება, ავტორიტარული რეჟიმის ძალას გაანეიტრალებს და შესაძლოა დაშალოს კიდევაც.

ჩარევა (ინტერვენცია)

არაძალადობრივი აქციები, რომელთა შინაარსი ან გავლენები არსებულ ქცევის ნორმებს, პოლიტიკას, ურთიერთობებს და ინსტიტუციებს არღვევს, ინტერვენციული აქტებია. ამავე დროს, შესაძლებელია, მათ ქცევის ახალი ნორმების, ახალი ურთიერთობებისა და ახალი ინსტიტუციების შექმნაც კი გამოიწვიონ. იმის გამო, რომ ეს მეთოდები უშუალოდ ძალთა გადანაწილების არსებულ მდგომარეობას უქმნიან პრობლემებს, ისინი დაყენებულ საკითხს უფრო სწრაფად აქცევენ საზოგადოების ყურადღების ცენტრში, უფრო პირდაპირ უგზავნიან მთავრობას გამოწვევას და, შესაძლებელია, პრობლემის უფრო სწრაფად გადაწყვეტის საშუალებასაც ქმნიან. თუმცა, მეორე მხრივ, ინტერვენციულ აქციებს შესაძლებელია მყისიერი და უფრო მკაცრი რეპრესიები მოჰყვეს, ვიდრე აქციებს, რომლებიც საპროტესტო ხასიათს ატარებს ან არათანამშრომლობას წარმოადგენს.

შეერთებული შტატების უახლესი ისტორია მოიცავს მაგალითებს, თუ რამდენად ეფექტიანი შეიძლება გახდეს მესამე ძალის ჩარევა არსებული ქცევის ნორმებისა და საზოგადოებრივი ურთიერთობების შეცვლის საქმეში. სამოქალაქო უფლებებისთვის მოძრაობის დროს სასადილოებში განხორციელებული მჯდომარე აქციები მკვეთრი და ეფექტიანი აქციები იყო, რომლებმაც პირდაპირ შეუტიეს და სწრაფად მოუღეს ბოლო რესტორნებში რასობრივ სეგრეგაციას. ამავე დროს, ამ კამპანიებმა რასობრივი სეგრეგაციის საკითხის უფრო ფართოდ, კანონმდებლობის ჭრილში განხილვისთვის საჭირო ხილვადობა და აუცილებლობა შექმნეს. ამ აქციების განხორციელებიდან უკვე ათწლეულებია გასული და დღეს ზოგჯერ იგნორირებული ხდება ის ძალადობა, რომელიც ბევრ ასეთ მჯდომარე აქციას მოჰყვა. ეს იყო ცემის უამრავი შემთხვევა, პოლიციელების მხრიდან გაწვრთნილი ძაღლებით განხორციელებული შეტევა და სხვა ძალადობრივი ქმედებები. ამ ძალადობამ, რომელიც ხშირად მთავრობის მხრიდან მოდიოდა, პოლიტიკურ ჯიუჯიცუს მისცა დასაბამი, ვინაიდან მშვიდობიანი საპროტესტო აქციების მონაწილეთა მიმართ ძალადობის გამოყენების შესაძლებლობამ სამართლიანობის მომხრე და რასობრივი სეგრეგაციის დასრულების მომთხოვნი ძალები კიდევ უფრო გაამძლავრა. ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ წარმოებულ სტრატეგიულ არაძალადობრივ ბრძოლაში ხალხის ინტერესებისთვის სამართლიანობის მომთხოვნი ძალა შესაძლებელია ეროვნული მთავრობა არ იყოს და ეს ფუნქცია შეიძლება საერთაშორისო თანამეგობრობამ აიღოს. საერთაშორისო ჩარევის მაგალითი 2002 წლის დეკემბერში ინდონეზიის აჩეს პროვინციაში საერთაშორისო სამშვიდობო ბრიგადების გაგზავნა იყო. მათ იმ ადამიანების თანხლება ევალებოდათ, ვინც ადამიანის უფლებებზე აწარმოებდა დაკვირვებას, და ჰუმანიტარულ დახმარებას წარმოადგენდა, ვინაიდან ისინი აჩეს პოლიტიკური სტატუსის ცვლილების მომთხოვნი ძალების მოწინააღმდეგეთა მხრიდან ძალადობრივი თავდასხმების განხორციელების რისკის ქვეშ იმყოფებოდნენ. ამავე დროს, საერთაშორისო დამკვირვებლების იქ ყოფნა ავტონომიის თუ დამოუკიდებლობის მომთხოვნი ჯგუფების მხრიდან ინდონეზიის მთავრობის წარმომადგენლების წინააღმდეგ ძალადობას უშლიდა ხელს. საერთაშორისო ინტერვენციის კიდევ ერთი მაგალითი იყო უცხოეთის მოქალაქეების მიერ პალესტინელი ფერმერებისა და სხვა მცხოვრებლების არაძალადობრივი ფორმით დაცვა ისრაელის ახალმოსახლეებისა და ისრაელის თავდაცვის ძალებისგან. ინტერვენციულ აქტებს შეუძლიათ რეჟიმის საყრდენი ბურჯები დაასუსტონ ან მათი ნგრევა დააჩქარონ. კარგად შემუშავებული სტრატეგიის შემთხვევაში დამატებითი გეგმები შეიძლება სწრაფად მოერგოს არსებულ შესაძლებლობებს. თუ სტრატეგია და გეგმა მორგების შესაძლებლობას არ ითვალისწინებს, შესაძლებელია მოძრაობამ ინერცია დაკარგოს, რაც ოპონენტს რეაგირებისა და გადანაწილების დროს მისცემს. მეორე მხრივ, თუკი მთავრობის ინსტიტუტები ჩათვლიან, რომ ინტერვენციის აქტები მათ გადარჩენას პირდაპირ საფრთხეს უქადის, სავსებით შესაძლებელია, ამ ინსტიტუტების წევრები ლიდერის ირგვლივ გაერთიანდნენ და „უკანასკნელი ბრძოლისთვის” მოემზადონ. იმისათვის, რომ თავიდან აიცილოთ რეჟიმის მომხრეთა მხრიდან ალყის შემორტყმის შესაძლო იმპულსის რისკი და გავლენა, ძალაუფლების ამ წყაროების მიმართ ადრევე უნდა გასწიოთ პროპაგანდისტული სამუშაოები.

2.4 2.3. პრობლემების გადაჭრა

▲back to top


ნებისმიერი კონფლიქტის წარმატებულად განვითარებისთვის საჭიროა მკაფიო მიზნების, სტრეტეგიისა და სათადარიგო გეგმების ქონა. არაძალადობრივი ბრძოლის მთავარი სტრატეგიის მიზნები და ხასიათი იმ პოლიტიკური გადაწყვეტილებების შედეგი იქნება, რომლებსაც ოპოზიციური მოძრაობის ლიდერები მიიღებენ. როდესაც ამ გადაწყვეტილებების რეალურად განსახორციელებელ სათადარიგო გეგმებად ქცევის დრო დადგება, ან როდესაც თქვენს მიზანს სტრატეგიული მიზნების დაყენება და გეგმების შემუშავება წარმოადგენს, შესაძლოა, მრავალი პრობლემის გადაჭრა მოგიწიოთ. იმ ქვეყნების გამოცდილება, სადაც ავტორიტარული რეჟიმები მკაცრად აკონტროლებენ საზოგადოებას, და სადაც მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ გადაწყვეტილებების მიღება მხოლოდ რეჟიმის მხარდამჭერთა მცირე წრის პრეროგატივაა, აჩვენებს, რომ პროდემოკრატიულ ძალებს პრობლემების გადაჭრის უნარი ნაკლებად აქვთ. მაგალითად, უკიდურეს შემთხვევებში მთავრობა ისეთ გადაწყვეტილებებსაც კი იღებს, როგორიცაა ინდივიდის არჩევანი, სად იცხოვროს, რა ისწავლოს უნივერსიტეტში, სად იმუშაოს და რით იკვებოს. შიშის თუ კულტურული ნორმების გავლენის შედეგად ზოგჯერ დაქვემდებარებული ადამიანები თავს იკავებენ რეკომენდაციების მიცემისგან და მხოლოდ სხვების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს ასრულებენ. იმისათვის, რომ პრობლემების ცნობა, მათი გამომწვევი მიზეზების ამოცნობა და ქმედითი რჩევების მიცემა შეეძლოთ, ადამიანებს უკვე უნდა ჰქონდეთ პატარა თუ დიდი პრობლემების გადაჭრის გამოცდილება. სინამდვილეში ადამიანები ცხოვრების განმავლობაში ათასობით გადაწყვეტილებას იღებენ პრობლემების გადაჭრის მიზნით. ამ პრობლემების უმეტესობა საკმაოდ მცირეა (რა ჩავიცვა, რა ვიყიდო ან ვინ დავპატიჟო პატარა ბავშვისთვის გადახდილ დაბადების დღის წვეულებაზე). გვხვდება უფრო მნიშვნელოვანი პრობლემებიც, მაგალითად, პროფესიის არჩევის საკითხი. ამ გადაწყვეტილებებიდან ბევრი იმდენად უმნიშვნელოა, რომ საბოლოო არჩევანი განსაკუთრებულს არაფერს წარმოადგენს, ვინაიდან იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ოპტიმალურ გამოსავალს არ ვირჩევთ, დიდი პრობლემები მაინც არ გვექმნება. თუმცა არსებობს ისეთი არჩევანიც, რომლის შესახებაც ამას ვერ ვიტყვით. მაგალითად, გადაწყვეტილებას, თუ ვისზე დავქორწინდეთ, შეუძლია ჩვენი დარჩენილი ცხოვრების ყოველ ცალკეულ დღეზე იქონიოს გავლენა.

ინდივიდების მსგავსად პრობლემების გადაჭრა ორგანიზაციებსაც უწევთ. ვინაიდან ორგანიზაციების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ბევრ ადამიანზე ახდენს გავლენას როგორც საკუთრივ ორგანიზაციაში, ისე მის გარეთ, და მას შესაძლოა მნიშვნელოვანი შედეგები მოჰყვეს, გადაწყვეტილების მიმღები მაქსიმალურად ობიექტურ რეკომენდაციებს და სარწმუნო ინფორმაციას უნდა დაეყრდნოს. იმის გამო, რომ გარემო, სადაც არაძალადობრივი ბრძოლის დროს გადაწყვეტილების მიღება ხდება, ძალიან ჰგავს იმავე გარემოს სამხედრო კონტექსტებში, პრობლემების გადაჭრის სამხედრო მეთოდოლოგია შესაძლოა გამოსადეგი მაგალითი იყოს მათთვის, ვინც გადაწყვეტილებებს უშუალოდ იღებს ან გადაწყვეტილების მიმღებისთვის რეკომენდაციების მიწოდება აქვს დავალებული. პრობლემების გადაჭრის მეთოდოლოგია ადმინისტრაციულ და მენეჯერულ საკითხებში შესაძლებელია ფართოდ იყოს გამოყენებული. ის ლაკონური და ამავდროულად დეტალურია და მოძრაობის ნებისმიერ სტადიაზე შეგიძლიათ გამოიყენოთ. მნიშვნელოვანია, რომ ფორმატის ქვემოთ მოყვანილი თანამიმდევრობა დაცული იყოს.

პრობლემის შესწავლის ფორმატი:

1. პრობლემის ფორმულირება.
2. ვარაუდები.
3. პრობლემასთან დაკავშირებული ფაქტები.
4. ფაქტების განხილვა.
5. დასკვნები.
6. რეკომენდაციები.

აბზაცი 1: პრობლემის ფორმულირება

იმის გამო, რომ ყურადღების კონცენტრირებას პრობლემაზე ვახდენთ, მისი ფორმულირება პირველივე აბზაცში ხდება. ამ აბზაცში შესატანი სიტყვების პოვნა შეიძლება ისე ადვილი არ აღმოჩნდეს, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. არსებობს შესაძლებლობა, რომ პირველ აბზაცში შეცდომით სიმპტომებზე ისაუბროთ და არა უშუალოდ პრობლემაზე. განმეორებადი თავის ტკივილის გამო ასპირინის ორი აბის მიმღები ადამიანის ნაცნობ სურათს ამ შეცდომის მსგავსი ლოგიკა აქვს. მან თავის ტკივილის სიმპტომები შეიმსუბუქა, მაგრამ მთავარი პრობლემა - ტკივილის გამომწვევი მიზეზი - ხელუხლებელი დატოვა.

აბზაცი 2: ვარაუდები

პრობლემის შესწავლაში ვარაუდები მისაღებ მოსაზრებებს წარმოადგენს, რომლებიც ფაქტების ნაცვლადაც გამოიყენება. როგორც წესი, ეს ვარაუდები მომავალში მოსახდენი მოვლენების, პირობებისა და არსებული რესურსების შესახებ იქნება გამოთქმული. ვარაუდები ცოდნაში არსებული გარღვევების შესავსები ხელოვნური მექანიზმებია. იდეალურ შემთხვევაში, სასურველია, ვარაუდების გამოთქმის საჭიროება არ დადგეს. ვარაუდებს ფორმატში მაშინ ვრთავთ, როდესაც ეს დაყენებული პრობლემის გადაჭრისთვის აუცილებელია. ამის გამო ვარაუდების საფუძვლიანობა ფრთხილად და გონივრულად უნდა შეფასდეს. ამავე დროს, არსებობს იმის საშიშროებაც, რომ გაჩნდება არადეკლარირებული, მაგრამ ნაგულისხმევი ვარაუდები პროცესში ჩართული ჯგუფების შესაძლებლობების შესახებ.

აბზაცი 3: პრობლემასთან დაკავშირებული ფაქტები

პრობლემების გადაჭრის პროცესში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტადია პრობლემასთან დაკავშირებული ფაქტების შეგროვებაა. თუკი ისევ თავატკივებული კაცის მაგალითს დავუბრუნდებით, ამ აბზაცში მის ცხოვრების წესთან დაკავშირებული ფაქტები უნდა იყოს ჩამოთვლილი: მისი კვება, მხედველობა, სამუშაო ჩვევები, სტრესის დონეები და უამრავი სხვა.

აბზაცი 4: ფაქტების განხილვა

ამ აბზაცში პრობლემასთან დაკავშირებული ვარაუდები და ფაქტები განიხილება. ამასთან, ამ პროცესის მიმდინარეობის დროს შესაძლებლობების განვითარება და გაანალიზებაც ხდება. ამ პროცედურის მნიშვნელობის გააზრებაში კვლავ თავატკივებული კაცი დაგვეხმარება. ექიმმა, რომელიც მისი განმეორებადი თავის ტკივილის განკურნებას ცდილობს, შეიძლება პაციენტზე თავის ტკივილის ყველა შესაძლო გამომწვევი მიზეზის გავლენა განიხილოს. პაციენტს შესაძლებელია კარგი ძილი ჰქონდეს, კარგად უმკლავდებოდეს სტრესს, შეიძლება იგი არ ცხოვრობდეს მალარიის გავრცელების ზონაში და არ იყოს შეპყრობილი გრიპის ვირუსით, მაგრამ იგი შესაძლოა ბევრს კითხულობდეს, იყოს ორმოცი წლის და 10 წლის განმავლობაში მხედველობა არ ჰქონდეს გამოკვლეული.

აბზაცი 5: დასკვნები

პრობლემასთან უშუალოდ დაკავშირებული ფაქტებისა და ვარაუდების განხილვის შემდეგ ამ აბზაცში ოპტიმალური და საუკეთესო გამოსავლის ფორმულირება ხდება. მაგალითად, თვალების დაძაბვა შეიძლება ის დასკვნა იყოს, რომელიც თავატკივებული პაციენტის ექიმს გამოაქვს.

აბზაცი 6: რეკომენდაციები

ამ აბზაცში დასკვნები კონკრეტულ რჩევებად იქცევა, რომლებიც გადაწყვეტილების მიმღებს მიეწოდება. მან თავის მხრივ რეკომენდაციები ქმედებად უნდა აქციოს პრობლემის გადასაჭრელად. ისევ ჩვენს მაგალითს თუ გამოვიყენებთ, თავის ტკივილის განკურნებისთვის რეკომენდაცია მხედველობის გამოკლევა იქნებოდა. რეკომენდაციების მარტივი შეფასება სამი საზომის მიხედვით შეიძლება მოახდინოთ:

1. შესაფერისობა. ნამდვილად გადაჭრიან ეს რეკომენდაციები დასმულ პრობლემას?

2. განხორციელების შესაძლებლობა. რამდენად რეალურია ამ რეკომენდაციების ამოქმედება?

3. მისაღებობის ხარისხი. მზად არის გადაწყვეტილების მიმღები საჭირო რესურსების დასახარჯად (პოლიტიკური, ფინანსური და ადამიანური თვალსაზრისით)?

გადაწყვეტილებას არსებული რესურსების გამოყენება ან ახალი რესურსების მოპოვება დასჭირდება.

პრობლემების გადაჭრის ამ მეთოდის გამოყენების კიდევ ერთი უპირატესობა ის არის, რომ გადაწყვეტილების მიმღებს შეუძლია, რეკომენდაციების შემუშავების პროცესს გაეცნოს. ამავე დროს, შესაძლებელია, გადაწყვეტილების მიმღებებს დამატებითი ინფორმაცია ჰქონდეთ, რომელიც რეკომენდაციების შემუშავებისას არ იყო გათვალისწინებული. ამ ახალი ინფორმაციის გამო ფორმატის გადახედვაც შესაძლებელია.

შეამება

პრობლემების გადაჭრისთვის პრობლემის შემსწავლელი ფორმატის გამოყენება ბუნებრივი გახდება. როგორც სეიფს გააღებთ ციფრების კონკრეტული კომბინაციით, ფორმატში მოცემული აბზაცების თანმიმდევრობაც ასევე დაგეხმარებათ პრობლემების გადაჭრის გზების დადგენაში.

2.4. სტრატეგიული შეფასება

„ამიტომ ვაცხადებ: იცნობდეთ თქვენს მტერს და იცნობდეთ საკუთარ თავს; თქვენს გამარჯვებას საფრთხე არასოდეს დაემუქრება“.

სან ცუ, ბრძოლის ხელოვნება (ძვ. . 500 .)

სტრატეგიული შეფასება შეუცვლელი იარაღია სტრატეგიის დაგეგმარების პროცესში. ამით სისტემატური მიდგომა გეძლევათ იმისათვის, რომ მიზნის მისაღწევად ყველაზე ეფექტიანი გზა აირჩიოთ. ეს ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტორების დადგენით და ანალიზით მიიღწევა, როგორიცაა გარემო (ფიზიკური, სამხედრო, პოლიტიკური) და მონაწილეების შესაძლებლობები (როგორც მეგობრული ძალების, ისე ოპონენტების). ამავე დროს, მოქმედების გზების შედგენის პროცესში ძლიერი და სუსტი მხარეების შედარება ხორციელდება. შემდეგ საუკეთესო გზის არჩევა ხდება. იმის გამო, რომ სტრატეგიული სამოქმედო გეგმები დიდწილად სტრატეგიულ შეფასებაში მოცემულ ინფორმაციას ემყარება, წარმატების შანსებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ანალიზის ხარისხი და მოყვანილი ინფორმაციის რაოდენობა. სტრატეგიული შეფასება ასევე გამოსადეგია პოლიტიკის შემუშავებისას, კრიზისულ სიტუაციებზე რეაგირებისას და მაშინაც, როდესაც დემოკრატიული მოძრაობის წევრ ორგანიზაციებს სარწმუნო და ღრმა ანალიზისგან და ფაქტებისგან შემდგარ ინფორმაციას აწვდით. მათ, ვინც ადგილობრივ კამპანიებშია ჩართული, შეუძლიათ ქვემოთ მოყვანილი ფორმატი შეამცირონ და ის თავიანთ მიზნებს მიუსადაგონ.

ინფორმაცია, რომელსაც სტრატეგიული შეფასება შეიცავს, მუდმივად უნდა განახლდეს. ამით დამგეგმავებს შესაძლებლობა მიეცემათ, ახალ ამოცანებს უპასუხონ და იმ შემთხვევაში, თუ სამოქმედო გარემოში ან შესაძლებლობებში ცვლილებები მოხდება, გეგმები შესაბამისობაში მოიყვანონ. ამის უზრუნველსაყოფად ერთი ადამიანი მხოლოდ მონაცემთა განახლებაზე უნდა მუშაობდეს. სასურველია, რომ ეს ადამიანი ის პირი იყოს, ვინც სტრატეგიული შეფასების მომზადებას თავიდანვე უწევდა კოორდინირებას. თუმცა ინფორმაციის შეგროვების, შეფასებისა და მიწოდების პროცესებში სხვა ადამიანებიც უნდა იყვნენ ჩართული. უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, შესაძლებელია, სტრატეგიული შეფასების გარკვეული სეგმენტების ერთ განყოფილებაში თავმოყრა დაგჭირდეთ. ეს განყოფილება მხოლოდ იმ პირებისთვის იქნება ხელმისაწვდომი, ვისაც მოცემული ინფორმაციის ცოდნა ნამდვილად ესაჭიროება. მაგალითად, ისეთი ინფორმაცია, როგორიცაა ორგანიზაციის წევრთა ძალების შეფასება, კურიერების მარშრუტები ან გარკვეული პირების კოორდინატები შეიძლება ფრთხილად მოპყრობას საჭიროებდეს და ოპოზიციური ჯგუფების წევრთა უმეტესობისთვის გამოსადეგი არ იყოს.

სტრატეგიული შეფასების იმ დეტალურ ფორმატს, რომელიც ქვემოთ იქნება მოყვანილი და რომელიც, თავის მხრივ, „სიტუაციის სამხედრო შეფასებას“ ემყარება, შესაძლებელია, სრული ფორმით არც ერთი კონკრეტული ოპოზიციური დაჯგუფება არ იყენებდეს. მაგრამ არჩეულ სტრატეგიასთან და დასახულ მიზნებთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვების, ანალიზისა და ერთად თავმოყრისთვის მნიშვნელოვანია ერთიანი, სისტემატური მიდგომის შემუშავება. სტრატეგიული შეფასება ან მისი მსგავსი ფორმატი ინფორმაციის იმ სახეობებს აერთიანებს, რომლებიც შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი იყოს, მაგრამ ასეთი ფორმატის არქონის შემთხვევაში ადვილი შესაძლებელია, გამოგრჩეთ.

მიზნობრივი განცხადების შემუშავების პროცესში
გასათვალისწინებელი ფაქტორები

სტრატეგიულ შეფასებაში საწყისი წერტილი მიზნობრივი განცხადებაა (ანუ ის, თუ როგორ აყალიბებენ მოძრაობის ლიდერები მისაღწევ მიზნებს, რა ტიპის ბრძოლაა არჩეული და ზოგადად როგორ იწარმოებს ის). შესაბამისად, საჭიროა იმის ცოდნა, თუ როგორ უნდა შემუშავდეს მიზნობრივი განცხადება სტრატეგიული არაძალადობრივი მოძრაობისთვის. თუ მოძრაობა ავტორიტარული მთავრობის პირობებში და მის შედეგად შეიქმნა, მაშინ მისი მიზნები მჩაგვრელი ძალების ხელისუფლებიდან ჩამოშორება იქნება. მაგრამ მოძრაობამ აგრეთვე უნდა განაცხადოს, რა გზებით შეიცვლება არსებული მთავრობა და რა ფორმის მთავრობა შეცვლის მას. მთავრობა, რომელიც უნდა მოვიდეს, საზოგადოებრივი შეთანხმებით უნდა აირჩეს და იმ საზოგადოების სახეს უნდა დაეყრდნოს, რომლის მიღებაც მოქალაქეებს ბრძოლის დასრულების შემდეგ სურთ, ე.ი. `ხვალინდელი დღის ხედვას~. თუ მოქალაქეები არ დაფიქრდებიან, რამ უნდა შეცვალოს მჩაგვრელი რეჟიმი, მათ შესაძლოა ერთი ტირანია მხოლოდ იმის გამო ჩამოაგდონ, რომ ხელისუფლებაში სხვა, კიდევ უფრო დესპოტური რეჟიმი მოვიდეს. ამდენად, აუცილებელია, რომ „ხვალინდელი დღის ხედვა“ კონკრეტულ მიზნებსა და პრაგმატულ ცვლილებებში გამოვლინდეს.

მაგალითად, თუკი ქვეყანაში ეროვნული პოლიცია მოქმედებს - რომელიც ხშირად მთავრობის ის ერთადერთი „სახეა“, რასაც მოქალაქეები ყოველდღიურ ცხოვრებაში ხვდებიან - და ამ პოლიციას ადგილობრივი მოსახლეობა ვერანაირად ვერ აკონტროლებს, ხალხს, შესაძლოა, სურდეს, რომ ადგილობრივი პოლიცია ადგილობრივად არჩეულ ოფიციალურ პირებს დაუქვემდებაროს.

შესაძლებელია, მოსახლეობას უნდოდეს, რომ პოლიტიკური და ეკონომიკური პრიორიტეტების შესახებ გადაწყვეტილებებზეც ასევე ადგილობრივ დონეზე მოახდინოს გავლენა - იმის ნაცვლად, რომ ყველა ეს გადაწყვეტილება მხოლოდ ქვეყნის დედაქალაქში იყოს მიღებული. მოკლედ, შეიძლება საზოგადოებაში ძალაუფლების დეცენტრალიზაციის, ცენტრიდან მისი ადგილობრივ მმართველობებზე გადაცემის საჭიროების შესახებ კონსენსუსი არსებობდეს. ეს კი, თავის მხრივ, “ხვალინდელი დღის ხედვამ“ უნდა გაითვალისწინოს და მიზნებში ფედერალიზმის გარკვეული ფორმის მიღწევა უნდა ჩაიდოს.

„ხვალინდელი დღის ხედვამ“ უნდა გაითვალისწინოს რელიგიურ ნიადაგზე შექმნილი დაძაბულობა განურჩევლად იმისა, ეს მთავრობის მიერ მხარდაჭერილი დისკრიმინაციის შედეგადაა შექმნილი, თუ ერთი ჯგუფის მიერ მეორის ჩაგვრით. რელიგიისა და პოლიტიკის შერწყმის პრაქტიკას ყოველთვის ახლავს დემოკრატიისთვის საფრთხის შექმნის გარკვეული რისკი. ამ ორ ფაქტორს შორის კომპრომისი კი ყოველთვის იწვევს დაუკმაყოფილებლობის განცდას იმ ადამიანებში, ვისაც დემოკრატიის დამყარება სურს, და მათშიც, ვინც დემოკრატიად შენიღბულ თეოკრატიას ესწრაფვის. მაგრამ იქნებ შესაძლებელია ისეთი ზოგადი ჩარჩოს შექმნა, რომელიც მთავრობასაც აუკრძალავს მოქალაქეებისთვის რელიგიური მოვალეობების იძულებას და არც რელიგიური ჯგუფების წევრთა უმრავლესობის მხრიდან იქნება აღქმული კომპრომისად. ასეთი შეთანხმება შეიძლება იმ ტერმინოლოგიის ბაზისი იყოს, რომელიც კონსტიტუციაში შევა.

ეს შეთანხმებით მიღწეული ხედვა შემდეგ შეიძლება მოძრაობის მიზნებად და პოლიტიკურ ამოცანებად გადაიქცეს, რომლებიც, თავის მხრივ, უფრო კონკრეტული სტრატეგიული მიზნების სახეს მიიღებს. ეს კონკრეტული მიზნები შეიძლება მოძრაობის ლიდერებმა მიაწოდონ დამგეგმავებს; ან შეიძლება თვითონ დამგეგმავებმა „გადააკეთონ“ პოლიტიკური მიზნები და განცხადებები სტრატეგიული დაგეგმვის მიზნებად. განზოგადებები, რომლებსაც „ხედვა“ შეიცავს, საკმარისი არ არის დაგეგმვის საქმეში. მაგალითად, თუ „ყველასათვის უკეთესი ცხოვრების“ იდეა ნებისმიერი ოპოზიციური მოძრაობისთვის ნამდვილად ღირებული მიზანია, სტრატეგიული გეგმის თემატიკისთვის ეს ზედმეტად ზოგადია. შესაბამისად, ყურადღება უნდა გამახვილდეს იმ ძირითადი საკითხების განსაზღვრაზე, რომლებიც მთავრობის პოლიტიკას, ქმედებებს ან მართვის სტილს გამოხატავენ და „ყველასთვის უკეთესი ცხოვრების“ პერსპექტივაზე ნეგატიურ გავლენას ახდენენ. როდესაც გადასაჭრელი პრობლემები მკაფიოდაა განსაზღვრული, მაშინ მათი გადაწყვეტისთვის საჭირო რესურსებსაც უფრო გონივრულად გაანაწილებთ. მიზნობრივი განცხადების სხვა მნიშვნელოვანი ელემენტებია მთლიან გეგმასა და კოორდინირებაზე, აგრეთვე გეგმის დოკუმენტის გამოცემაზე პასუხისმგებელი აპარატის დანიშვნა. მიზნობრივი განცხადება უნდა დაიწყოს “ვინ?” შეკითხვაზე პასუხით, ანუ იმის ახსნით, თუ ვინ არის მთელი ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილი არაძალადობრივი ბრძოლის ინიციატორი. არაძალადობრივ მოძრაობებს - ისევე, როგორც შეიარაღებულ კონფლიქტებს - იშვიათად აქვთ მკაფიო იერარქიული სტრუქტურა. ოპოზიციური ჯგუფების განსხვავებული ინტერესების, შესაძლებლობებისა და პიროვნებების გაერთიანებისთვის ფართოდ გამოყენებული პრაქტიკა ერთგვარი „ქოლგაორგანიზაციის“ შექმნაა ბრძოლის საწარმოებლად. აქ კონსენსუსის შედეგად დაგეგმვისა და კოორდინაციის საქმეში ერთ ჯგუფს ლიდერის ფუნქციის შესრულება დაევალება. დაგეგმვის განხორციელების ალტერნატიული ვარიანტი ქოლგაორგანიზაციის მიერ საკუთარი პერსონალის შექმნაა, რომელიც წევრი ჯგუფების წარმომადგენლებისგან იქნება დაკომპლექტებული. საწყის სტადიაზე უპრიანი იქნება წევრი ორგანიზაციების საკითხების ირგვლივ მობილიზება და არა საკუთრივ ორგანიზაციების გაერთიანება. სასურველი იქნება, ამ ქოლგაორგანიზაციაში ქვეყნიდან განდევნილი პირებიც ჩართოთ და საშუალება მისცეთ, ბრძოლას დაფინანსების მოპოვებით, კვლევების წარმოებით, საერთაშორისო დონეზე ლობირებით ან მედიის მხრიდან ინტერესის აღძვრით დაეხმარონ.

მას შემდეგ, რაც დამგეგმავები სამიზნე განცხადებისთვის საჭირო ყველა ელემენტს განიხილავენ, იწყება საკუთრივ განცხადების შემუშავების, კოორდინირებისა და “ქოლგაორგანიზაციის” წევრების თანხმობის მოსაპოვებლად მისი წარდგენის პროცესი. განცხადება შეიძლება დაახლოებით ასეთი ფორმის იყოს:

(ქვეყნის სახელწოდება) ხალხი დემოკრატიული ალიანსის (ან ნებისმიერი სხვა ორგანიზაციის) წინამძღოლობით იწყებს სტრატეგიულ არაძალადობრივ შეტევას სამხედრო დიქტატურის (რეჟიმის ზუსტი სახელწოდება) დამხობის, დემოკრატიული გზით არჩეული მთავრობის მოყვანის, მთავრობის ფედერალური რეფორმის განხორციელებისა და მთავრობის სამხედრო გადატრიალებისგან დაცვის მიზნით.

თავდაპირველად სტრატეგიული შეფასება შესაძლებელია ისეთი სპეციალიზებული დოკუმენტი იყოს, რომლის შედგენაც მხოლოდ გამოცდილ ადამიანებს შეეძლებათ. თუ აქ შემოთავაზებულ ფორმატს გამოიყენებთ, შეგიძლიათ სტრატეგიული შეფასების ცალკეული სეგმენტების მომზადება ევრ ადამიანს დაავალოთ და ამით პრაქტიკულად ნებისმიერ პირს მისცეთ პროცესში მონაწილეობის საშუალება. უფრო და უფრო მეტი სეგმენტის დასრულების ედეგად, დოკუმენტში მოყვანილ დეტალებზე დაყრდნობით, დამგეგმავები “სრული სურათის“ აღქმას დაიწყებენ. რაც უფრო გამოცდილია ანალიტიკოსი, მით უფრო სწრაფად და მკაფიოდ მოხდება “სრული სურათის” დანახვა.

სტრატეგიული შეფასებისა და მისი შემადგენელი ელემენტების, კონკრეტული მაგალითის ანალიზი მის ღირებულებას წარმოაჩენს და გვაჩვენებს, რომ მსგავსი ფორმატის შედგენა თითქმის ყველა ჯგუფს შეუძლია. სტრატეგიული შეფასების ფორმატი, რომელსაც ქვემოთ მოვიყვანთ, ზოგადი სქემაა, რომელიც პრაქტიკაში შეგიძლიათ შეამციროთ, გაზარდოთ და თქვენს კონკრეტულ მიზნებსა თუ ამოცანებს მიუსადაგოთ.

შეამება

ამ თავში ის თემები და პროცესები განვიხილეთ, რომლებიც სტრატეგიული შეფასების შემუშავების დროს არის აქტუალური. სტრატეგიული ომის დამგეგმავისთვის სტრატეგიული შეფასება უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს წარმოადგენს. ეს დოკუმენტი სწრაფად არ მზადდება, მაგრამ მისი შემუშავება ნამდვილად გამოადგებათ ოპოზიციურ პოლიტიკურ ჯგუფებს. კარგად მომზადებული შეფასება მარცხის შესაძლებლობას ამცირებს, ვინაიდან მიზნის მისაღწევად საუკეთესო სამოქმედო გზას იძლევა. სტრატეგიული შეფასება „ცოცხალი“ დოკუმენტია, თუკი მისი განახლება მუდმივად ხდება. ისევე, როგორც პრობლემის შესწავლის დროს, ფორმატის დაცვა და ინტენსიური კონცენტრაცია აქაც აუცილებელი პირობებია. ფორმატის დაცვა მკაფიოდ აზროვნების საშუალებას იძლევა მაშინაც კი, როდესაც ზეწოლის ქვეშ იმყოფებით.

3 ნაწილი III პრაქტიკული რჩევები

▲back to top


3.1 3.1. საკითხის შერჩევა

▲back to top


საკითხის სწორად შერჩევა და გასაგებად ფორმულირება ნებისმიერი კამპანიის წარმატებით დაგეგმვისა და ჩატარების ერთ-ერთი მთავარი ელემენტია. პირველ რიგში, საჭიროა, ერთმანეთისგან გავარჩიოთ ფართო პრობლემური სფერო და კონკრეტული საკითხი. მაგალითად, ძვირი ან უხარისხო სამედიცინო მომსახურება, გარემოს დაბინძურება, დისკრიმინაცია და უმუშევრობა ფართო პრობლემებია; საკითხი კი მათი გადაჭრის ან ნაწილობრივ გადაჭრის გზებში მდგომარეობს, როგორიცაა ამ შემთხვევაში სამედიცინო მომსახურების ხარისხის ამაღლება და მისით ყველა სოციალური ფენის უზრუნველყოფა, მწვანე პოლიტიკა, უმცირესობების საზოგადოებაში ინტეგრირება და უმუშევრობის წინააღმდეგ მიმართული სახელმწიფო პროგრამები.

პრობლემის გადაჭრის გზა

პირველი ნაბიჯი, რაც უნდა გადაიდგას, პრობლემის ანალიზი და მისი გადაჭრის ისეთი გზის მოძებნაა, რომლისკენაც მიმართული იქნება თქვენი ქმედება. რიგ შემთხვევაში ადამიანებს პრობლემის ამორჩევის ფუფუნება აქვთ; სხვა დროს პრობლემა „ირჩევს“ მათ, ე.ი. ის მათ უშუალოდ ეხებათ და, შესაბამისად, მისი გადაჭრა პირდაპირ მოქმედებს მათი ცხოვრების გაუმჯობესებაზე. ნარკომანია, გარემოს დაბინძურება, ეთნიკური და რელიგიური დისკრიმინაცია სწორედ ისეთი პრობლემების მაგალითებია, რომლებიც თვითონ „ირჩევენ” ადამიანებს. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ორგანიზაციებს და ინდივიდებს მაინც უწევთ ფართო პრობლემიდან კონკრეტული საკითხის ამორჩევა, რაც, თავის მხრივ, პრობლემის გადაჭრის გზის ფორმულირებას ნიშნავს.

ნებისმიერ პრობლემას გადაჭრის რამდენიმე გზა აქვს და ყოველი მათგანი ფრთხილ და ღრმა გააზრებას საჭიროებს. საკმარისი არ არის მხოლოდ იმის გათვალისწინება, თუ რომელი პრობლემაა ყველაზე სერიოზული და მისი გადაჭრის რომელ გზას ექნება ყველაზე გრძელვადიანი ეფექტი.

საკითხის დასმა

პრობლემის გადაჭრის გზის შერჩევაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია იმის გააზრება, თუ როგორ უნდა დაისვას საკითხი მაქსიმალური მხარდაჭერის მოპოვების მიზნით. მაგალითად, ერთი ორგანიზაცია მუნიციპალიტეტის მიერ მცირე შემოსავლის მქონე სოციალური ჯგუფების საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე მუშაობდა. ორგანიზაციის წევრები მიხვდნენ, რომ თუკი მათი მოთხოვნა მხოლოდ უკიდურესად ღარიბი მოსახლეობის ბინებით უზრუნველყოფით შემოიფარგლებოდა, ეს საჭირო პოლიტიკურ მხარდაჭერას არ მოტანდა. ამიტომ ისინი „ხელმისაწვდომ ბინებზე“ ალაპარაკდნენ და შეთავაზებულ კანონპროექტში უკიდურესად ღარიბ ფენასთან ერთად მცირე შემოსავლის მქონე დასაქმებული ადამიანებიც ჩართეს. ამასთან, მათ გაითვალისწინეს ის ასპექტიც, რომ სახლების მშენებლობით ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნებოდა და კამპანიას „ხელმისაწვდომი ბინებისა და სამუშაო ადგილების კამპანია” უწოდეს. ამ კამპანიით მათ 75 000 ამერიკული დოლარის მოპოვება შეძლეს და პროგრამა წარმატებით განხორციელდა.

საკითხის სწორად დასმით მოპოვებული წარმატების კიდევ ერთი მაგალითია ამერიკის ერთ-ერთ კონსერვატორულ შტატში არსებული ორგანიზაცია, რომელიც ელექტროენერგიის ქარის ძალით გამომუშავების განვითარებაზე მუშაობდა. ამ ორგანიზაციის წევრებს შეეძლოთ მხოლოდ გარემოს დაცვის საკითხებზე გაემახვილებინათ ყურადღება და ნაკლები ქვანახშირის დაწვით ჰაერის გაუმჯობესებულ ხარისხზე ესაუბრათ. მაგრამ საკითხი ამგვარად ბევრ სხვა ჯგუფსაც ჰქონდა დასმული და მათ კამპანიას წარმატება არ მოჰყოლია. ამიტომ ამ ორგანიზაციამ გადაწყვიტა იმ ეკონომიკურ უპირატესობაზე ელაპარაკა, რომელსაც იმპორტირებული ქვანახშირის ნაცვლად ქარის გამოყენება მოიტანდა. მათ განაცხადეს, რომ ქარის ძალაზე გადასვლით ქვანახშირის იმპორტზე დახარჯული თანხები ადგილობრივ ეკონომიკას მოხმარდებოდა და ხაზი გაუსვეს იმ მოგებას, რომელსაც ფერმერები ქარის ტურბინების დადგმის მიზნით მიწის გაქირავებით ნახავდნენ. იმ შტატში პირველი კომერციული ქარის ტურბინები უკვე მუშაობს.

საკითხზე მუშაობის შესაძლო გავლენები ორგანიზაციაზე

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ, თქვენ მიერ არჩეულ საკითხზე მუშაობის პარალელურად ორგანიზაციაზე ზრუნვაა. დაფიქრდით, რა გავლენას მოახდენს კონკრეტულ საკითხზე მუშაობა თქვენს ორგანიზაციაზე, ან რას მოუტანს ორგანიზაციას ამა თუ იმ საკითხის იგნორირება. ნუ იფიქრებთ მხოლოდ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე.

ლიდერების ორგანიზაციული აზროვნების შესაძლებლობა - საკითხებზე ფიქრის პარალელურად - მნიშვნელოვანი ფაქტორია ჯგუფის განვითარებისთვის. ეს ფაქტორი ხანდახან ამ ორი სხვადასხვა მიმართულებით მოაზროვნე ჯგუფის წევრების კონფლიქტის საწინდარიც ხდება. როგორც წესი, ახალი წევრები ორგანიზაციაში საკითხების გამო მოდიან და ნაკლებად ერკვევიან ორგანიზაციის სტრუქტურასა და მისი მუშაობის დინამიკაში. ასეთი წევრები ხშირად ღიზიანდებიან, როდესაც ხედავენ, რამდენი დრო და ენერგია იხარჯება ორგანიზაციულ საკითხებზე. მაგრამ კამპანიების წარმატებით წარმართვა და ორგანიზაციის შენება ერთი და იმავე პროცესის ორი დამოუკიდებელი მხარეა და ორივე სათანადო ყურადღებას საჭიროებს. ამდენად, კონკრეტული საკითხის სოციალური მნიშვნელობის განხილვასთან ერთად აუცილებლად უნდა გაიაზროთ ის შესაძლო გავლენები, რაც ამ საკითხზე მუშაობამ შეიძლება მოახდინოს ორგანიზაციის შემდგომ მუშაობაზე. ნებისმიერი ორგანიზაციისთვის, მისი განვითარების ყველა საფეხურზე, ზოგიერთი საკითხი უფრო უკეთესი და იოლად მისაღწევი იქნება, ვიდრე სხვები. ამიტომ თქვენი ორგანიზაციის გაძლიერებაზე ზრუნვა ამა თუ იმ საკითხზე მუშაობის პარალელურად უნდა მიმდინარეობდეს.

საკითხების შეფასება

კამპანიის ეფექტურად წარმართვისთვის სასურველია, პირველ ეტაპზე, საკითხის შერჩევისას, აქტივისტების ჯგუფმა თავს შემდეგი შეკითხვა დაუსვას: რა კრიტერიუმით ვარჩევთ საკითხებს ჩვენი ორგანიზაციისთვის? შეგიძლიათ, დაფაზე ან დიდ ქაღალდზე ჩამოწეროთ ყველაფერი, რასაც დისკუსიის დროს თქვენი ჯგუფის წევრები იტყვიან. ამით ერთიანი და და ყველასთვის მისაღები კრიტერიუმის ჩამოყალიბება გახდება შესაძლებელი.

ღირებულმა და მნიშვნელოვანმა საკითხმა ქვემოთ მოყვანილი პირობების უმეტესობას უნდა უპასუხოს:

1.მან ადამიანების ცხოვრება რეალურად უნდა გააუმჯობესოს.

2. სიტუაციის გაუმჯობესებას მხოლოდ მაშინ დაინახავთ და იგრძნობთ, როდესაც დარწმუნდებით, რომ კამპანიამ წარმატებით ჩაიარა. თუ თქვენი კამპანია ამა თუ იმ საზოგადოებრივი მომსახურების ზოგადი გაუმჯობესებისკენ (მაგ., საზოგადოებრივი ტრანსპორტის მდგომარეობის შემოწმება) არის მიმართული, რეალური და გრძელვადიანი შედეგების განსაზღვრა უფრო რთული იქნება, ვიდრე კონკრეტული მოთხოვნების შემთხვევაში (მაგ., მატარებლების განრიგის დაბეჭდვა).

3. ადამიანებს მათივე ძალაუფლების გააზრებაში უნდა დაეხმაროს.

4. ხალხი კამპანიებიდან იმ განწყობით უნდა დაბრუნდეს, რომ გამარჯვება მათ მოიპოვეს და არა ექსპერტებმა, ადვოკატებმა ან პოლიტიკოსებმა. ეს მათ თავდაჯერებას შემატებს, სხვა, უფრო ფართო საკითხებზე მუშაობისთვის განაწყობს და ორგანიზაციისადმი მათი ერთგულების ხარისხს გაზრდის. მოცემულ სიტუაციაში მოქალაქეებს ან აქვთ ძალაუფლება, ან არა. პირველ შემთხვევაში მათ ეს ძალაუფლება უნდა გამოიყენონ; მეორე შემთხვევაში კი მისი მოპოვებისთვის უნდა იბრძოლონ.

5. ძალაუფლების არსებული გადანაწილება უნდა შეცვალოს. მოქალაქეებს და გადაწყვეტილებების მიმღებებს შორის არსებული ძალაუფლების სტრუქტურების შეცვლა სამი ფორმით შეიძლება მოხდეს: - ძლიერი ორგანიზაციის შექმნით, რომელიც ძალაუფლების ახალი ცენტრი გახდება და გადაწყვეტილების მიმღებზე მოახდენს გავლენას; - კანონების და რეგულაციების შეცვლით და ამ გზით ჩვენი ძალაუფლების გაზრდით მეორე მხარის ძალაუფლების შესუსტების ხარჯზე; - ხელისუფლებაში ისეთი პიროვნებების არჩევით, რომლებიც მხარს უჭერენ და ეთანხმებიან ჩვენს პოზიციებს.

6. უნდა აღიქმებოდეს, როგორც ღირებული და მნიშვნელოვანი. ჯგუფის წევრები უნდა გრძნობდნენ, რომ ის, რისთვისაც ისინი იბრძვიან, მათ მართლა აღელვებთ. უმჯობესია, კამპანიის დამთავრებისას იმაზე ნაკლებს მიაღწიოთ, ვიდრე თავიდან გქონდათ მიზნად დასახული, მაგრამ არ შეცვალოთ და არ შეამციროთ თავდაპირველი მოთხოვნები.

7. უნდა შეიცავდეს წარმატების შესაძლებლობას. თქვენ მიერ არჩეული პრობლემა და მისი გადაჭრის გზა ზედმეტად ფართო და აბსტრაქტული არ უნდა იყოს. ჯგუფის წევრებს თავიდანვე უნდა ჰქონდეთ განცდა, რომ კამპანიას წარმატების კარგი შანსი და სწორად დაგეგმილი სტრატეგია გააჩნია. ეცადეთ, გაიგოთ, ვინ და როგორ მიაღწია წარმატებას მსგავს კამპანიაში. შემდეგ დაუკავშირდით გამოცდილების მქონე ადამიანებს და ჰკითხეთ, რა სტრატეგიას და ტაქტიკას იყენებდნენ.

8. უნდა იყოს საზოგადოების მიერ ფართოდ და ღრმად განცდილი. სასურველია, ბევრი თანამოაზრე ნახოთ, ვინც დაგეთანხმებათ, რომ შერჩეული პრობლემა მართლაც მნიშვნელოვანია და აუცილებელია მისი გადაჭრისთვის რაიმეს გაკეთება. ასევე სასურველია, პრობლემის გადაჭრის თქვენ მიერ დასახული გზა ბევრმა ჩათვალოს ეფექტიანად.

9. ადვილად გასაგები უნდა იყოს.

როგორც წესი, ღირებულ საკითხს არ უნდა სჭირდებოდეს დეტალური და გრძელი ახსნა-განმარტება. უბრალოდ უნდა შეგეძლოთ, თქვათ: “ნახეთ, როგორი დაბინძურებულია ეს მდინარე. ის ასეთი არ იყო, სანამ მასში ქარხნების გადამუშავებულ მასალას არ ჩაღვრიდნენ”.

10. უნდა ჰქონდეს მკაფიო სამიზნე და ჰყავდეს კონკრეტული გადაწყვეტილების მიმღები.

გადაწყვეტილების მიმღები ის ადამიანია, ვისაც თქვენთვის სასურველი შედეგის მოცემა შეუძლია. უფრო რთულ კამპანიებს შეიძლება რამდენიმე გადაწყვეტილების მიმღები ჰყავდეს. თუ კონკრეტული გადაწყვეტილების მიმღების დასახელება გიჭირთ, შესაძლოა, არასწორ საკითხზე მუშაობთ ან სულაც კონკრეტული საკითხის ნაცვლად ფართო პრობლემაზე ფიქრობთ. გახსოვდეთ, რომ გადაწყვეტილების მიმღები ყოველთვის პიროვნებაა - მაგალითად, ქალაქის მერი- და არა ინსტიტუტი, კორპორაცია ან არჩევითი ორგანო. საზოგადოება არასოდეს წარმოადგენს სამიზნეს. თქვენი მოთხოვნების დაკმაყოფილება მერს შეუძლია და არა საზოგადოებას.

11. დროში კარგად უნდა იყოს განაწილებული.

საკითხზე კონცენტრირებულ კამპანიას გააჩნია დასაწყისი, შუა სტადია და დასასრული. თქვენ უნდა გქონდეთ მიახლოებითი წარმოდგენა თარიღებზე, რომლებზეც ეს სამი სტადია გადანაწილდება. სასურველია, თქვენი კამპანია არ დაამთხვიოთ საზოგადოებრივ დღესასწაულებს ან შვებულებების სეზონს, თუ, რა თქმა უნდა, კონკრეტული დღესასწაულების სიმბოლური დატვირთვის გამოყენება თქვენს უშუალო მიზნებში არ შედის. მაშინაც კი, როდესაც თქვენს კამპანია არ უკავშირდება არჩევნებს, საარჩევნო კალენდრის გათვალისწინება მაინც სასურველია, რადგან კამპანიას წარმატების ბევრად მეტი შანსი აქვს არჩევნების წინა პერიოდში, ვიდრე მის შემდეგ.

12. არ უნდა იწვევდეს თქვენი ჯგუფის დაყოფას.

თავი აარიდეთ ისეთ საკითხებს, რომლებიც თქვენი ორგანიზაციის წევრების გახლეჩას გამოიწვევს. არ დაუპირისპიროთ ერთმანეთს მეზობლები, ახალგაზრდები და ასაკოვნები, სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენლები. არ დაკმაყოფილდეთ იმით, რომ თქვენი უბნის ნარკოტიკების გამსაღებელს სხვა უბანში განდევნით. ეცადეთ, გრძელვადიანი პერსპექტივა გქონდეთ; დაფიქრდით, ვისი მოზიდვა გინდათ ორგანიზაციაში და განსაჯეთ, მოცემული საკითხი ამაში ხელს შეგიწყობთ თუ, პირიქით, შეგიშლით.

13. უნდა პასუხობდეს ჯგუფში არსებული რესურსებისა და ლიდერების გამოყენების შესაძლებლობას.

კამპანიამ ჯგუფის წევრებს მრავალფეროვანი და კონკრეტული როლები უნდა შესთავაზოს.

14. უნდა შეიცავდეს სამომავლო კამპანიების შესაძლებლობას.

კამპანიას, რომელიც მომსახურე პერსონალისთვის სამედიცინო დაზღვევის გაცემას ისახავს მიზნად, ჯანმრთელობის და/ან პერსონალის სხვა უფლებების დაცვის კამპანიასთან მივყავართ. მეორე მხრივ, კამპანიას, რომელიც მაწანწალა ძაღლების დაჭერას და დახოცვას მოითხოვს, როგორც წესი, ისევ მაწანწალა ძაღლების დაჭერასთან მივყავართ. ადამიანებს, რომლებსაც ჯანმრთელობის დაზღვევის ყიდვის საშუალება არ აქვთ, როგორც წესი, სხვა საერთო ეკონომიკური პრობლემებიც გააჩნიათ; მაგრამ ადამიანებს, რომლებსაც მხოლოდ მაწანწალა ძაღლების სიძულვილი აერთიანებთ, შეიძლება სხვა არაფერი ჰქონდეთ საერთო. მომავალი კამპანიების შესაძლებლობებზე ფიქრის პარალელურად ეცადეთ, გააანალიზოთ ის ჩვევები და კონტაქტები, რომლებსაც ჯგუფი უკვე დაგეგმილი კამპანიით შეიძენს და მომავალშიც გამოიყენებს.

15. უნდა შეეძლოს დაფინანსების მოზიდვა.

მნიშვნელოვანია იმის განსაზღვრაც, რამდენად შეძლებენ და მოისურვებენ ჯგუფის წევრები კამპანიის დაფინანსებაში წვლილის შეტანას. აგრეთვე ეცადეთ, თვალი ადევნოთ ფონდების სამყაროში პრიორიტეტულ საკითხებს.

16. უნდა ემთხვეოდეს თქვენს ზოგად ღირებულებებს და ფასეულობებს.

საკითხი, რომლის გამოც კამპანიის წარმართვას გადაწყვეტთ, თქვენი ზოგადი ღირებულებებისა და ფასეულობების ამსახველი უნდა იყოს. მაგალითად, ცხადია, რომ ყოველ ჩვენგანს სურს კრიმინალის შემთხვევების შემცირება. მაგრამ არის თუ არა პოლიციის რიგებისა და ციხეების რაოდენობის მასობრივი ზრდა ის მიმართულება, საითაც გვინდა, რომ ჩვენი საზოგადოება განვითარდეს?

ამ ზოგადი პირობების გათვალისწინებასთან ერთად მნიშვნელოვანია თქვენი ორგანიზაციის სპეციფიკურობისა და ხასიათის გათვალისწინებაც. მაგალითად, თუ თქვენს უბანში ეთნიკური უმცირესობის მჭიდრო დასახლება არსებობს და ისინი არ არიან სათანადოდ წარმოდგენილი თქვენს ორგანიზაციაში, საკითხის განსაზღვრის დამატებითი პირობა შეიძლება ის მნიშვნელობა გახდეს, რომელსაც საკითხი ამ ეთნიკური უმცირესობისთვის ატარებს.

3.2 3.2. სტრატეგიის შემუშავება

▲back to top


კამპანიის სტრატეგიის შემუშავებისას მნიშვნელოვანია “სტრატეგიისა” და “ტაქტიკის” ერთმანეთისგან გამიჯვნა. “ტაქტიკა” კამპანიაში გამოყენებულ კონკრეტულ ქმედებებს ნიშნავს: პეტიციების გავრცელებას, წერილების წერას, საპროტესტო აქციის ორგანიზებას. “სტრატეგია” უფრო ფართო ცნებაა. სტრატეგიის დასახვა თქვენი ამჟამინდელი სიტუაციის, დასახული მიზნებისა და მათი მიღწევის გზების ერთობლივად გააზრებას ნიშნავს. ეფექტიანი სტრატეგიის დასახვა ცხრა ძირითადი საკითხის გააზრებას მოიცავს:

1. მიზნები: რის მიღწევა გინდათ?

ნებისმიერი კამპანია მიზნების გააზრებით უნდა დაიწყოს. მნიშვნელოვანია მიზნების ერთმანეთისგან გამოყოფა: რა მოკლევადიან, შუალედურ და გრძელვადიან მიზნებს ემსახურება თქვენი კამპანიაჱ მიზნები შინაარსობრივ საკითხებს ეხება (მაგალითად, კანონმდებლობის შეცვლას) თუ პროცესის დაწყებას ან გაძლიერებას (მაგალითად, კამპანიის მონაწილეთა შორის სოლიდარობისა და მჭიდრო თანამშრომლობის დამყარებას)? ეს მიზნები თავიდანვე მკვეთრად უნდა განისაზღვროს, რათა შესაძლებელი გახდეს მათ მისაღწევად კონკრეტული ქმედებების განხორციელება და ამაში ხალხის ჩართვა.

2. აუდიტორია: ვის შეუძლია მიზნების მიღწევაში დაგეხმაროთ?

რომელი პირებისთვის ან ორგანიზაციებისთვის გინდათ ხმის მიწვდენა? ეს შეიძლება იყვნენ როგორც ზემოთ ხსენებული „გადაწყვეტილების მიმღებები”, მაგ., კანონმდებლები (რადგან მათ თქვენი მიზნების განხორციელების ფორმალური უფლება და საშუალება გააჩნიათ), ისე მედიის წარმომადგენლები და ამომრჩევლები (ვინაიდან მათ ფორმალური ძალაუფლების მქონე პირებზე გავლენის მოხდენა შეუძლიათ). ორივე შემთხვევაში საჭიროა კამპანიის ძირითადი აუდიტორიის წინასწარი განსაზღვრა და იმ ფორმების გააზრება, რითაც მათთან დაკავშირებას და მათზე ზეწოლის მოხდენას შესძლებთ.

3. გზავნილი: რა უნდა გაიგონოს აუდიტორიამ?

ამ განსხვავებულ აუდიტორიებთან ურთიერთობა მკაფიო და დამაჯერებელი გზავნილების, ანუ მესიჟების, შედგენას მოითხოვს. ეს გზავნილები ყოველთვის მართალ და რეალურ მოვლენებზე იქნება დაფუძნებული; მაგრამ მათი მიწოდების ფორმა შეიცვლება კონკრეტული აუდიტორიიდან გამომდინარე. უმეტეს შემთხვევებში გზავნილები ორ ძირითად კომპონენტს უნდა შეიცავდეს: მტკიცებას, რომ, რასაც თქვენ მოითხოვთ, სწორი და მართებულია; და აუდიტორიის ინტერესების გათვალისწინებას.

4. წარმგზავნელები: ვინგაახმოვანებს მესიებს?

ერთსა და იმავე გზავნილს სრულიად განსხვავებული გავლენის მოხდენა შეუძლია იმის გათვალისწინებით, თუ ვინ ახდენს მის „გაჟღერებას“. რიგ შემთხვევაში ეს „ექსპერტებია“, ვის მიმართაც საზოგადოება ფორმალური ნდობით არის გამწყობილი. სხვა დროს შესაძლოა „ჩვეულებრივი ხმების“ გამოყენება დაგვჭირდეს - ადამიანების, რომლებიც უშუალოდ საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით ისაუბრებენ. ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გავიაზროთ, თუ რის გაკეთება შეგვიძლია იმისთვის, რომ ეს „წარმგზავნელები“ ინფორმირებულები და დაცულები იყვნენ.

5. მიწოდების ფორმები: როგორ მივაწვდინოთ ხმა უდიტორიას?

გზავნილების, ანუ მესიჯების, აუდიტორიისთვის მიწოდების მრავალფეროვანი ფორმები არსებობს. ეს შეიძლება იყოს „დარბაისლური” მეთოდები (მაგ., ლობირება); ან რადიკალური ფორმები (მაგ., პირდაპირი ქმედება). ის, თუ რომელი ფორმა იქნება ეფექტიანი, კონკრეტული სიტუაციის სპეციფიკურობაზეა დამოკიდებული. მთავარია, არსებული ფორმები შევაფასოთ და სწორად გამოვიყენოთ. ბევრ შემთხვევაში მათი შეთავსებით გამოყენება შეიძლება წარმატების საწინდარი გახდეს.

6. რესურსები: რა გვაქვს?

ეფექტიანი კამპანია თქვენს ხელთ არსებული რესურსების სრულ გააზრებას მოითხოვს. ეს შეიცავს წარსულში მოპოვებული გამოცდილების გაანალიზებას, კონტაქტების გამოყენებას, ჯგუფის წევრებისა და კამპანიაში ჩართული სხვა პირების შესაძლებლობების გათვალისწინებას, თქვენს ხელთ არსებული ინფორმაციის შეჯამებას. მოკლედ რომ ითქვას, კამპანიას ნულიდან არ იწყებთ; თქვენი საწყისი წერტილი უკვე არსებული რესურსების გამოყენებაა.

7. გარღვევები: რა უნდა განავითაროთ?

რესურსების გააზრების შემდეგ საჭიროა არსებული გარღვევების გაანალიზება. დაუკვირდით, რა გაკლიათ და როგორ შეგიძლიათ დანაკლისის შევსება. იქნებ უფრო მეტი კონტაქტების დამყარება ან მეტი ინფორმაციის მოპოვება გჭირდებათ; ან მეტი ადამიანების მოზიდვა კამპანიაში ჩასართავად.

8. პირველი ნაბიები: როგორ დავიწყოთ?

როგორ “დავძრათ” სტრატეგია ეფექტური ფორმით? რა არის ჩვენი პოტენციური მოკლევადიანი მიზნები ან პროექტები, რომლებიც მოიზიდავს ადამიანებს, გამოკვეთს უფრო ფართო სამომავლო სამუშაოს და შემდეგი ნაბიჯის საწინდარს შექმნის?

9. შეფასება: როგორ განვსაზღვროთ, ეფექტიანი თუ არა კამპანია?

სტრატეგია კამპანიის პროცესშივე უნდა დაექვემდებაროს შეფასებას. გაიაზრეთ, აკმაყოფილებს თუ არა პრაქტიკაში განხორციელებული სტრატეგია ზემოთ მოყვანილ პირობებს (მაგ., გვყავს თუ არა სწორი აუდიტორია; ვახერხებთ თუ არა მათთვის ხმის მიწვდენას და ა.შ.). შესაძლოა, პრაქტიკამ დაგანახოთ, რომ თავდაპირველად დასახული სტრატეგიის გარკვეული ელემენტები ეფექტიანი არ აღმოჩნდება. ასეთ შემთხვევებში საჭიროა ამ ელემენტების უარყოფა და ეფექტიანი ასპექტების გაძლიერება.

3.3 3.3. ტაქტიკის არჩევა

▲back to top


ტაქტიკა იმ კონკრეტულ ნაბიჯებს მოიცავს, რომლებიც მთლიანი გეგმისა და სტრატეგიის განხორციელებას ემსახურება. ტაქტიკის მეშვეობით თქვენ უშუალოდ ახდენთ გავლენას თქვენს სამიზნე აუდიტორიაზე და გადაწყვეტილების მიმღებებზე.

კამპანიის დაგეგმვისას ტაქტიკა ბოლო სტადიაზე უნდა შემუშავდეს, რათა თავიდან აიცილოთ ხშირად დაშვებული შეცდომა - საკითხის დაკონკრეტებისთანავე ტაქტიკის არჩევაზე გადასვლა (მაგ., მოდი, ყველანი წავიდეთ ოქრუაშვილის ოფისთან, თან ოქროს თევზიანი აკვარიუმი წავიღოთ და პლაკატი - „რაც ბრწყინავს, ყველაფერი ოქრო არ არის”). ტაქტიკა ფართო სტრატეგიისგან განცალკევებით არასოდეს არ უნდა გაიაზროთ.

ნებისმიერ ტაქტიკას უნდა გააჩნდეს:

- შემსრულებელი;
- სამიზნე აუდიტორია და კონკრეტული „გადაწყვეტილების მიმღები“;
- მიზეზი, რატომაც „გადაწყვეტილების მიმღებს“ არ აძლევს ხელს ეს კამპანია და მზად არის, კამპანიის შესაწყვეტად დათმობაზე წამოვიდეს.

სხვადასხვა ტაქტიკას განსხვავებული ორგანიზაციული სიმძლავრე და გამოცდილება სჭირდება. ამიტომ გარკვეული ტაქტიკა კამპანიის დასაწყისშია ეფექტიანი, სხვა კი მოგვიანებით, როდესაც კამპანიას უკვე გარკვეული ძალა გააჩნია. ტაქტიკის არჩევა და ურთიერთშეფარდება კონკრეტული კამპანიის სპეციფიკური მოთხოვნებიდან უნდა გამომდინარეობდეს. ამასთან, არჩეული ტაქტიკა სიამოვნებას უნდა ანიჭებდეს კამპანიის ორგანიზატორებს და მონაწილეებს. ის მხოლოდ სიმბოლური მნიშვნელობის მატარებელი არ უნდა იყოს და მთლიანი სტრატეგიის ორგანულ და გააზრებულ ნაწილს უნდა წარმოადგენდეს. კამპანიის ორგანიზატორების მიერ ერთ-ერთი ყველაზე ხშირად ჩადენილი შეცდომა მხოლოდ ტაქტიკაზე კონცენტრირებაა მთლიანი სტრატეგიის გააზრების ნაცვლად.

სასურველია, თქვენ მიერ არჩეული ტაქტიკა ხუთ ძირითად პირობას აკმაყოფილებდეს:

1. უნდა იყოს კამპანიის მიზნებზე, უშუალოდ გადაწყვეტილების მიმღებსა და თქვენს აუდიტორიაზე მიმართული. ეს უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ტაქტიკის განსაზღვრისას.

2. უნდა ჰქონდეს კონკრეტული მოთხოვნა და ამ მოთხოვნის მიღმა რეალური ძალის დემონსტრირებას უნდა ახდენდეს. ყველაზე სუსტი ტაქტიკა ის არის, რომელსაც არც უშუალო სამიზნე (გადაწყვეტილების მიმღები) გააჩნია და არც კონკრეტული მოთხოვნა. მაგალითად, ანთებული სანთლებით ხელში გადაშენების გზაზე მდგარი ცხოველის ჯიშის გადარჩენის სახელით გამართული თავშეყრა, რომელიც კონკრეტულად არავისგან მოითხოვს რაიმე ქმედების განხორციელებას (ასეთი ზოგადი მოქმედება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება იყოს ეფექტიანი, თუ თქვენ ათეულობით ათასი ადამიანის მოზიდვას შეძლებთ. ამან შესაძლოა რომელიმე პოლიტიკოსს უბიძგოს საკუთარი რეიტინგის ასამაღლებლად ცხოველის ამ ჯიშის გადარჩენისთვის რაიმე ზომის მიღებისკენ).

3. უნდა იყოს როგორც თქვენი ორგანიზაციული მიზნების, ისე უშუალოდ კამპანიის მიზნების შესატყვისი. სხვა სიტყვებით, ტაქტიკა უნდა დაგეხმაროთ როგორც ორგანიზაციის გაძლიერებაში, ისე კონკრეტული კამპანიის წარმატებით ჩატარებაში. მაგალითად, როგორც ცნობილია, „ბოსტონური ჩაის სმის“ აქციამ მოახდინა გადასახადების პრობლემის აქცენტირება, მაგრამ ორგანიზაციის შექმნაში არანაირი როლი არ შეუსრულებია. ვინაიდან არალეგალური იყო, ამ აქციამ არც ერთ ჯგუფს არაფერი შემატა. მას შემდეგ ბევრმა ორგანიზაციამ გამოიყენა „ჩაის სმის“ ტაქტიკა რაიმეს წყალში გადაგდების გზით; მაგრამ ახლა, როგორც წესი, ამ აქციებზე მედიასაც პატიჟებენ და აქციის მომწყობი ორგანიზაციაც ღიად ასახელებს ვინაობას. ეს ნიშნავს, რომ დროთა განმავლობაში ამ ტაქტიკის გამოყენების პრაქტიკა უფრო ეფექტიანი გახდა.

4. ტაქტიკა უცნობი უნდა იყოს თქვენი კამპანიის სამიზნე „გადაწყვეტილების მიმღებისათვის“.

მაგალითად, ერთ-ერთი სასტუმროს ახალმა მფლობელმა თანამშრომლები სამსახურიდან დაითხოვა და პროფესიულ კავშირებთან დადებული კონტრაქტი უგულებელყო. თანამშრომლებმა დახმარებისთვის რელიგიურ მუშათა კოალიციას მიმართეს. კოალიციამ ისეთი ტაქტიკა აირჩია, რომელიც ნამდვილად უცხო და მოლოდნელი იყო სასტუმროს მენეჯმენტისათვის: ისინი მოვიდნენ და სასტუმროს ვესტიბიულში კოლექტიური ლოცვა დაიწყეს. ოთხდღიანი ლოცვის შემდეგ მათ სასტუმროს მენეჯერი შეხვდა და ჰკითხა, შეწყვეტდა თუ არა კავშირის კონტრაქტის დაცვა კოლექტიურ ლოცვს. კოალიციამ გაიმარჯვა - სამსახურიდან დათხოვნილი თანამშრომლები თავიანთ პოსტებზე აღადგინეს.

5. ტაქტიკა არ უნდა იყოს უცხო თქვენი ჯგუფის წევრებისთვის. ისინი ტაქტიკის განხორციელების პროცესში თავს კომფორტულად უნდა გრძნობდნენ. ერთმა სამოქალაქო ორგანიზაციამ რამდენიმე ასეული წევრი მოიყვანა შეხვედრაზე ეკლესიაში, საიდანაც ისინი ერთ-ერთი ოფიციალური პირის ოფისისკენ უნდა დაძრულიყვნენ. მაგრამ ოფისისკენ ერთობლივი სვლის იდეა წევრებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. ეს მათში „საპროტესტო აქციის” ასოციაციას იწვევდა. მათ ეკლესიის დატოვებაზე უარი განაცხადეს. შეხვედრის ორგანიზატორებს უკეთ რომ სცოდნოდათ წევრთა შეხედულებები, შესაძლოა, მათ ოფისისკენ ერთობლივი სვლის მოთხოვნის ნაცვლად ის ოფიციალური პირი მოეყვანათ ეკლესიაში წევრებთან შესახვედრად.

მომდევნო ქვეთავები ტაქტიკის ყველაზე ხშირად გამოყენებულ ფორმებს გაგაცნობთ. ესენია: პეტიციები, წერილების წერის კამპანია, ოფიციალურ პირთან შეხვედრა, სატელეფონო კამპანია, მედიის გამოყენება, საგანმანათლებლო აქციები, დემონსტრაციების მოწყობა და შემოქმედებითი აქციები.

3.4 3.4. პეტიციები

▲back to top


საზოგადოებრივი აქტივობის დაწყების შემდეგ ალბათ ძალიან მალე გაიცნობთ პოლიტიკოსს, რომელიც გეტყვით: „ნუ მომიტანთ პეტიციებს. მირჩევნია, მივიღო ერთი ან ორი კარგად გააზრებული, სპონტანური ხელნაწერი წერილი, ვიდრე ორგანიზებული ჯგუფის მიერ გაკეთებული განცხადება თუნდაც ათასი ხელმოწერით“. ასეთია რეალობა. სინამდვილეში, პოლიტიკოსებს თავის ჭკუაზე უნდათ მოქმედება და არც ხელმოწერების, არც ხელნაწერი წერილების და არც ორგანიზებული ჯგუფების დანახვა არ სურთ. და, რა თქმა უნდა, მათ ურჩევნიათ, რომ თქვენ ერთ ან ორ მოაზროვნე ადამიანს დაელაპარაკოთ ათასების ნაცვლად.

სწორად გამოყენებული პეტიციები შეიძლება მძლავრ იარაღად იქცეს; ხელმოწერების შეგროვება კი ორგანიზაციის შემდგომი გაძლიერების საწინდარია. ყველაზე მძლავრია ის პეტიციები და წერილები, რომლებშიც ათასობით ადამიანი თქვენი კამპანიის მხარდაჭერას გამოხატავს და თქვენი მოთხოვნების შემსრულებელ პოლიტიკოსს ხმის მიცემას ჰპირდება, განსაკუთრებით მაშინ, თუ ამ პეტიციას ადამიანების დიდი ჯგუფი მედიის თანხლებით წარადგენს. ბევრად ნაკლებად ეფექტიანია პეტიციები, რომლებიც უბრალოდ ფოსტით ეგზავნება პოლიტიკოსს.

პეტიციების ძალა შემდეგ პირობებშია:

1. ხელმომწერთა რაოდენობაში;

2. დროისა და სივრცის სტრატეგიულ მნიშვნელობაში;

3. ორგანიზებულ შემდგომ ქმედებებში.

ამასთან:

ხელმოწერებს, რომლებიც მთელი რაიონის მასშტაბით გროვდება და რომლებიც შემდგომში საკანონმდებლო ჩინოვნიკს ეგზავნება, არცთუ ისე დიდი გავლენის მოხდენა შეუძლიათ, თუ მათი რიცხვი მართლა ძალიან დიდი არ არის. ხელმოწერებს, რომლებიც ისეთ უბანში გროვდება, სადაც კონკრეტულმა დეპუტატმა მცირედი განსხვავებით მოიპოვა გამარჯვება, დიდი გავლენის მოხდენა შეუძლიათ ამ დეპუტატის ქმედებებზე.

ხელმოწერებს ბევრად მეტი გავლენის მოხდენა შეუძლიათ არჩეულ ოფიციალურ პირზე, ვიდრე დანიშნულზე (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დანიშნული პირი მომავალში აპირებს, კენჭი იყაროს; ან მისი უშუალოდ დამნიშნავი პირია არჩეული).

ხელმოწერებს, რომლებიც სერვისის ან მაღაზიის მფლობელს წარედგინებათ, დიდი გავლენის მოხდენა შეუძლიათ იმ შემთხვევაში, თუ ისინი უშუალოდ კლიენტებს ეკუთვნით.

არჩევნებამდე ერთი თვით ადრე წარმოდგენილ პეტიციებს ბევრად მეტი ძალა აქვთ, ვიდრე არჩევნებიდან ერთი თვის შემდეგ - თუნდაც ორჯერ მეტი ხელმოწერა იყოს შეგროვებული.

ნებისმიერი ოფიციალური პირი, ვისაც პეტიცია წარედგინება, ინფორმირებული იყოს უნდა, რომ ხელმომწერები კარგად ორგანიზებული ჯგუფის წევრები არიან, და რომ ისინი აუცილებლად შეიტყობენ პეტიციაზე ოფიციალური პირის რეაგირების შედეგებს.

რამდენიმე რჩევა პეტიციის შედგენისთვის:

სათქმელი მოკლედ და მარტივად ჩამოაყალიბეთ. რამდენიმე წინადადება და შემდეგ ორი ან სამი ძირითადი პუნქტის ჩამონათვალი სრულიად საკმარისია. მთავარია, პეტიცია ადვილი აღსაქმელი გახადოთ. არ არის საჭირო ყველა დეტალის დაწვრილებით ახსნა. ეს შეიძლება ცალკე წერილში გააკეთოთ.

ერთ გვერდზე ნუ შეიტანთ ათი ხელმოწერის გრაფაზე მეტს. ეს თქვენს პეტიციას ვიზუალურად „გაასქელებს“, აგრეთვე შესაძლებელს გახდის ყველა ხელმომწერის საკონტაქტო დეტალების ადვილად გარჩევას.

ვინც პეტიციაზე ხელს მოგიწერთ, შეეკითხეთ, ისურვებენ თუ არა კამპანიაში მოხალისედ მუშაობას. ჩაიწერეთ მათი ტელეფონის ნომრები და იმეილი (მზად იყავით, რომ რეალურად ალბათ ათიდან ერთი ადამიანი მოვა კამპანიაში მონაწილეობის მისაღებად). ეცადეთ, ყველას მიაწოდოთ ინფორმაცია ბუკლეტის სახით. შეგიძლიათ, მცირე ფინანსური დახმარებაც ითხოვოთ.

ხაზი გაუსვით რაოდენობას და არა საკითხის შინაარსს. თქვენ ხელმომწერების რიცხვის გაზრდით ხართ დაინტერესებული; ნუ დაკარგავთ დროს ერთი ადამიანის საკითხში „განათლების“ მცდელობით.

ხელმოწერების შეგროვებისას ჯგუფურად იარეთ. ასე საქმე უფრო სახალისო იქნება. ორგანიზებული პეტიციების დღე ბევრად უკეთესია, ვიდრე ყველასგან ხელმოწერების ინდივიდუალური შეგროვების მოთხოვნა მათ უბნებში. შეგიძლიათ, ერთმანეთს დათქმულ ადგილას შეხვდეთ, მოკლედ მოილაპარაკოთ დღის გეგმაზე, განსაზღვრული დროით წახვიდეთ ხელმოწერების შესაგროვებლად და შემდეგ უკან დაბრუნდეთ ყავის დასალევად და ერთმანეთისთვის გამოცდილების გასაზიარებლად.

არასოდეს გაგზავნოთ ან გადასცეთ ხელმოწერილი პეტიციები ქსეროასლების თქვენთან დატოვების გარეშე. ხელმოწერები შემდგომი ქმედებებისა და სატელეფონო ზარებისთვის დაგჭირდებათ. ერთი და იგივე პეტიცია შეიძლება სხვა დროს და გადაწყვეტილების სხვა მიმღებზე გავლენის მოსახდენადაც გამოიყენოთ.

3.5 3.5. წერილების წერის კამპანია

▲back to top


წერილების წერის ტაქტიკას და პეტიციების ძალას ერთი და იგივე წყარო განაპირობებს. ოღონდ ინდივიდუალური წერილის დაწერა კამპანიის მონაწილეთაგან მეტ დროს და ენერგიას მოითხოვს, ვიდრე პეტიციაზე ხელის მოწერა. თუ ოფიციალურ პირთან შეხვედრაზე მიდიხართ, მანამდე ორგანიზება გაუკეთეთ რამდენიმე ათეული წერილის დაწერას. წერილების ნახევარი შეხვედრამდე რამდენიმე კვირით ადრე ფოსტით გაგზავნეთ, დანარჩენი შეხვედრაზე თან წაიღეთ. ეს ყოველთვის შთამბეჭდავია ხოლმე. მაგრამ გახსოვდეთ, რომ ოფიციალურმა პირმა შესაძლოა თქვენთან შეხვედრამდე თქვენი მხარდამჭერებისგან მიღებულ წერილებს უპასუხოს, ან წერილების ავტორები გაიცნოს. ამით შესაძლებელია, მას თქვენთან საკამათო არგუმენტები დაუგროვდეს.

თუ კამპანიის მოცემულ ეტაპზე აუდიტორია მშვიდ და წყნარ გარემოში გისმენთ, პეტიციაზე ხელის მოწერის ნაცვლად უმჯობესია, მათ წერილების დაწერის თხოვნით მიმართოთ. წერილების დაწერას ყველგან შეძლებთ, იქნება ეს ჯგუფური შეკრება თუ გაკვეთილის ან ლექციის დასასრული. წერილების საწერ სივრცედ ხმაურიანი ქუჩაც კი შეგიძლიათ გამოიყენოთ, თუ ქუჩის კუთხეში მაგიდას დადგამთ. შესაძლებელია, წერილის ტექსტი სტანდარტული და წინასწარ დაბეჭდილი იყოს და ადამიანებს მათზე უბრალოდ ხელის მოწერა სთხოვოთ (რასაც პეტიციების მსგავსი გავლენა ექნება). მაგრამ ინდივიდუალური, ხელნაწერი წერილები ავტორისგან საკითხით ბევრად მეტ დაინტერესებას გამოხატავს.

რამდენიმე რჩევა წერილების წერისთვის: მიმართეთ უშუალოდ თქვენი კამპანიის მთავარ სამიზნეს - გადაწყვეტილების მიმღებს - და წერილი სწორი ტიტულით დაიწყეთ (ბ-ნო, ქ-ნო, პატივცემულო ქალაქის მერო და ა.შ.).

შეადგინეთ ლაკონური და ზრდილობიანი წერილის ტექსტი. ბევრი ეფექტური წერილი მხოლოდ 4 ან 5 წინადადებისგან შედგება. თუ შესაძლებელია, წერილის დასაწყისში ადრესატ დეპუტატს ან ოფიციალურ პირს ბოლოდროინდელი ქმედების (გამოსვლის და ა.შ.) გამო მადლობა გადაუხადეთ.

იყავით მაქსიმალურად კონკრეტული. განსაზღვრეთ ის საკანონმდებლო ინიციატივა ან სხვა რაიმე საკითხი, რომლის შესახებაც მიმართავთ ადრესატს და ახსენით, რატომ გინდათ, რომ მან ამ ინიციატივას მხარი დაუჭიროს ან არ დაუჭიროს.

თქვენ თვითონ დაწერეთ წერილი და მოაწერეთ ხელი. გახსოვდეთ, ადამიანების შეხედულებებზე მხოლოდ მშრალი, სტანდარტული ან მეცნიერულად დასაბუთებული ფაქტები არ ახდენს გავლენას; ამა თუ იმ პრობლემით შეწუხებული ადამიანის ინდივიდუალურ გამოცდილებას და დაკვირვებებსაც შეუძლია ნებისმიერ ჩვენგანზე ზემოქმედება. წერილში საკითხი თქვენი პირადი პერსპექტივიდან აღწერეთ.

როგორც წერილს, ისე კონვერტს თქვენი მისამართი დააწერეთ. შესაძლებელია, თქვენმა ადრესატმა გიპასუხოთ. თქვენი მისამართი დეპუტატს ან სხვა ოფიციალურ პირს თქვენი, როგორც ამომრჩევლის, შესახებ აწვდის ინფორმაციას (საცხოვრებელი უბნის მიხედვით) და გამოხმაურების შესაძლებლობას აძლევს.

გთავაზობთ ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი უნივერსიტეტის სტუდენტების რჩევებს წერილების წერის კამპანიის ორგანიზებისთვის:

წერილების წერის კამპანიას ჩვენ დაახლოებით ერთი თვით ადრე ვგეგმავთ, მას შემდეგ, რაც ჩვენი ჯგუფი მოცემულ საკითხზე ინფორმაციის მოკვლევას დაასრულებს. წერილების წერისთვის განკუთვნილ მაგიდას სამი დღის განმავლობაში ვდგამთ, ძირითადად ერთი და იმავე კვირის ორშაბათს, სამშაბათს და ოთხშაბათს. მაგიდასთან ყოველდღე დაახლოებით ოთხ საათს ვატარებთ და ამ საათებს იმ დროს ვამთხვევთ, როდესაც უნივერსიტეტის შენობაში ყველაზე მეტი სტუდენტია.

მაგიდაზე ყოველთვის გვიწყვია ბევრი ქაღალდი, კალამი, კონვერტი, წერილის სავარაუდო ტექსტი (რომელიც მხოლოდ ერთ ან ორ აბზაცს შეადგენს) და ჩვენი სამიზნე გადაწყვეტილების მიმღებების (დეპუტატების, ოფიციალური პირების, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის) სია. ფაქტებს დიდი ფორმატის პლაკატებზე ვწერთ და ამ პლაკატებს- წერილის სავარაუდო ტექსტთან ერთად - კედლებზე ვაკრავთ ყურადღების მისაქცევად. მთავარია, ვერავინ შეძლოს მაგიდასთან ჩავლა კედელზე გაკრული პლაკატების შემჩნევის გარეშე.

მაგიდის უკან ყოველთვის ორი მოხალისე დგას, რომლებიც მასალებს არიგებენ და გამვლელების კითხვებს პასუხობენ. ეს მოხალისეები წერილების წერის კამპანიის მშვიდ და ორგანიზებულ ვითარებაში ჩატარებას უწყობენ ხელს.

ჩვენი ჯგუფის მინიმუმ ორი ან სამი წარმომადგენელი მაგიდის წინ დგას და ხალხს ესაუბრება. ეს მოხალისეები გადამწყვეტ როლს ასრულებენ იმაში, რომ კამპანიამ ბევრი წერილის შეგროვება შეძლოს. თუ ხალხს წერილის დაწერას უშუალოდ არ სთხოვთ, ისინი ალბათ არც შეგეკითხებიან, თუ რა ხდება. მათი დაინტერესების გზა კონტაქტის პირდაპირი დამყარებაა. მიუახლოვდით გამვლელებს, გაუღიმეთ, მოკლედ აუხსენით სიტუაცია და შეეკითხეთ, ისურვებენ თუ არა ერთი ან ორი წუთის გამოყოფას წერილის დასაწერად. ჩვენ ყველა გამვლელს ინდივიდუალურად ვუხსნით, რომ მათ წერილს დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებაში.

დაბოლოს, წერილების წერის კამპანიის მსვლელობისას შეეცადეთ, არ დასხდეთ. კამპანიის ორგანიზატორები ენერგიით სავსე უნდა იყვნენ, მხოლოდ მაშინ შეძლებენ ისინი სხვა ადამიანებში დაინტერესების გამოწვევას.

3.6 3.6. ოფიციალურ პირთან შეხვედრა

▲back to top


ოფიციალურ პირებთან პირისპირ შეხვედრა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ტაქტიკაა. ასეთ შეხვედრებზე თხუთმეტიდან ოცდახუთ მხარდამჭერამდე შეგიძლიათ მიიყვანოთ. თუ შესაძლებელია, შეხვედრაზე წაიღეთ წინასწარ მომზადებული წერილები და პეტიციები - ამით მხარდამჭერთა უფრო მაღალი რაოდენობის დემონსტრირებას მოახდენთ. შეხვედრები, როგორც წესი, ოფიციალური პირის ოფისში ეწყობა. მიუხედავად იმისა, რომ არჩეულ ოფიციალურ პირთა უმრავლესობას არ უყვარს ასეთი შეხვედრები, თუ აჩვენებთ, რომ თქვენს კამპანიას ბევრი მხარდამჭერი ჰყავს, ისინი იძულებული იქნებიან, შეხვედრაზე დაგთანხმდნენ.

გაითვალისწინეთ, რომ ოფიციალური პირები ყველაზე ხშირად ასეთი, სიცრუეზე დამყარებული, არგუმენტებით შეეცდებიან თავიდან მოგიშორონ: „მე თვითონ ვაპირებდი იმის გაკეთებას, რასაც თქვენ ითხოვთ ჩემგან; მაგრამ იმის გამო, რომ ასე იქცევით, ამას აღარ გავაკეთებ”.

„ჩემზე ზეწოლა არასოდეს ახდენს გავლენას. მე მუდამ თვითონ ვწყვეტ, როგორ მოვიქცე“.

„რაში გჭირდებათ ჩემზე ზეწოლის მოხდენა მე ხომ თქვენიანი, თქვენი მეგობარი ვარ“.

„მე არ შემიძლია, თქვენი ინტერესების/მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის პარლამენტს ბიუჯეტიდან თანხების გამოყოფა ვთხოვო. ამისთვის კომპეტენტური (მაგ., სამედიცინო, უფლებადამცველი და ა.შ.) ორგანიზაციები არსებობს“.

რამდენიმე რჩევა ოფიციალურ პირებთან შეხვედრების ორგანიზებისთვის:

შეხვედრის დროის დასანიშნად დაურეკეთ ოფიციალური პირის მდივანს. უთხარით, რა საკითხის (ან საკითხების) განხილვა გსურთ შეხვედრაზე და აუცილებლად ახსენეთ შეხვედრაზე მიმსვლელი ადამიანების რაოდენობა. თუ დიდი ჯგუფით მიდიხართ, შესაძლებელია, ოფიციალური პირის ოფისმა ვერ დაგიტიოთ და შეხვედრისთვის სპეციალური ოთახის გამოყოფა გახდეს საჭირო. გახსოვდეთ, რომ შეხვედრებზე მასობრივი წარმომადგენლობით გამოცხადება ნამდვილად არ არის აუცილებელი, მცირე ჯგუფით მისვლა სავსებით ნორმალურია.

გახსოვდეთ, რომ არჩეულ პირებთან პირისპირ შეხვედრა შესაძლოა უფრო ეფექტური იყოს, ვიდრე დანიშნულებთან.

როდესაც ოფიციალურ პირთან შესახვედრად ჯგუფის შედგენას დაიწყებთ, შეეცადეთ, ის ერთი მხრივ მრავალფეროვანი წარმომადგენლობით და მეორე მხრივ ნაცნობი ადამიანებით დააბალანსოთ. გააანალიზეთ, რას შეუძლია ოფიციალურ პირზე გავლენის მოხდენა. მაგალითად, თუ მას გამოკვეთილი რელიგიური მრწამსი აქვს, შეეცადეთ, შეხვედრაზე მისი რელიგიის წარმომადგენელი სასულიერო პირი წაიყვანოთ. ამასთან, გახსოვდეთ, რომ შეხვედრაზე წარდგენილი ჯგუფი ერთსა და იმავე პროგრამას უნდა იზიარებდეს; ჯგუფში ნუ ჩართავთ ისეთ ადამიანებს, ვისაც არ იცნობთ.

ჯგუფში გამოყავით ერთი ადამიანი, რომელიც თქვენს მოთხოვნებს წარადგენს და ჯგუფის კიდევ ერთ ან ორ წარმომადგენელს მისცემს მოკლე სიტყვას. ჯგუფის დანარჩენი წევრები ოფიციალურ პირს უნდა წარუდგინოთ და თქვათ, თუ რომელ ორგანიზაციას ან ინტერესთა ჯგუფს წარმოადგენს თითოეული მათგანი.

მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ექსპერტის პოზიციაში ყოფნას არავინ მოგთხოვთ, აუცილებელია, შეხვედრაზე კარგად მომზადებულები მიხვიდეთ. იმისათვის, რომ თავიდან აიცილოთ კამათი და გარჩევა, ძალიან კარგად უნდა იცნობდეთ შეხვედრაზე გარჩეული კანონმდებლობის ძირითად პუნქტებს. წინასწარ მოამზადეთ ის რამდენიმე პუნქტი, რომლებიც მნიშვნელოვანია თქვენ მიერ განხილული საკითხისთვის.

ეცადეთ, ოფიციალურ პირს სპეციფიკური მოთხოვნით მიმართოთ და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა მოსთხოვოთ (მაგ., მოცემული კანონმდებლობის მხარდაჭერა). შესაძლებელია, თქვენ ერთბაშად რამდენიმე საკითხის დასმა შეგეძლოთ, მაგრამ თქვენი შეხვედრა ბევრად უფრო ეფექტიან იქნება, თუ ერთ ან ორ ძირითად საკითხზე გააკეთებთ აქცენტს.

თუ უშუალოდ ოფიციალურ პირთან ვერ ახერხებთ მოცემულ ეტაპზე შეხვედრას, შეგიძლიათ მის მრჩეველს (ან მოადგილეს) შეხვდეთ. ეს ადამიანები, როგორც წესი, კარგად ინფორმირებულები არიან და შეუძლიათ თქვენი მოთხოვნების თავიანთ უფროსებამდე რჩევის სახით მიტანა.

შესაძლებელია, ოფიციალურმა პირმა (ან მისმა მრჩეველმა/მოადგილემ) შეხვედრისთვის მხოლოდ რამდენიმე წუთი გამოგიყოთ, ამიტომ ეცადეთ, სათქმელი რაც შეიძლება მოკლედ თქვათ და მაქსიმალურად დაეყრდნოთ თქვენ მიერ წინასწარ მომზადებულ ძირითად პუნქტებს. თუ მეტი დრო გექნებათ, შეგიძლიათ, საკითხი გაშალოთ და მის შესახებ ოფოციალური პირის მოსაზრებებიც მოისმინოთ.

შეეცადეთ, ოფიციალურ პირთან კონკრეტულ შეთანხმებას მიაღწიოთ. თუ ეს არ ხერხდება, მას კიდევ შეხვდით.

შეხვედრის შემდეგ ოფიციალურ პირთან კონტაქტი გააგრძელეთ. თუ შეხვედრამ კარგად ჩაიარა, მას ბარათი გაუგზავნეთ და მადლობა გადაუხადეთ. თუ მან დამატებითი ინფორმაციის და მასალების მიწოდება გთხოვათ, მოკლე დროში გაუგზავნეთ. თუ ოფიციალური პირი კონკრეტული ქმედებების გატარებას დაგპირდათ, თვალი ადევნეთ, როგორ შეასრულებს ამას.

3.7 3.7. სატელეფონო კამპანია

▲back to top


ზოგ შემთხვევაში სიტუაცია გადაუდებელ რეაგირებას მოითხოვს და წერილების წერისთვის ან ოფიციალურ პირებთან შეხვედრისთვის დრო არ რჩება. ასეთ დროს სატელეფონო კამპანიის წარმართვაა შესაძლებელი. სატელეფონო კამპანია შესაძლებლობას მოგცემთ, პირადად და უშუალოდ გამოხატოთ თქვენი აზრი.

რამდენიმე რჩევა სატელეფონო კამპანიის ორგანიზებისთვის:

დაუკავშირდით თქვენთვის საჭირო ოფიციალურ პირს ოფისში.

წარადგინეთ საკუთარი თავი და თქვენი ორგანიზაცია (სკოლის ან უნივერსიტეტის სახელი, საინიციატივო ჯგუფი, არასამთავრობო ორგანიზაცია და ა.შ.)

მოითხოვეთ თქვენთვის საჭირო ოფიციალურ პირთან უშუალოდ საუბარი. თუ ეს არ ხერხდება, მაშინ შეიძლება, მის მოადგილესთან სცადოთ დაკავშირება. მაგრამ თუ არც ეს გამოვა, მდივანს თქვენი ტელეფონის ნომერი, სახელი და მისამართი დაუტოვეთ და სთხოვეთ, მათთან მოგვიანებით დაგაკავშიროთ.

თუ თქვენი კამპანია ბევრი სატელეფონო ზარის ორგანიზებას გულისხმობს, მაშინ უმჯობესია, ეს ზარები არა უშუალოდ ოფიციალურმა პირმა, არამედ მისმა მდივანმა მიიღოს, ვინაიდან ზედმეტად ბევრი ზარის მიღებამ შესაძლოა თქვენთვის საჭირო ოფიციალურ პირზე ნეგატიური გავლენა იქონიოს და თანამშრომლობა გაართულოს. დატოვეთ მდივანთან შეტყობინებები და სთხოვეთ, უფროსს გადასცეს, ხოლო უშუალოდ უფროსს შეიძლება რამდენიმე თქვენგანი დაუკავშირდეს და უთხრას, რომ მოცემული საკითხის შესახებ ბევრი შეტყობინებაა დატოვებული მდივანთან.

შეტყობინებები მაქსიმალურად მოკლე უნდა იყოს. როგორც ეფექტიანი წერილების წერის შემთხვევაში, აქაც აუცილებელია კონკრეტული და ჩამოყალიბებული მოთხოვნის ქონა.

მზად იყავით საკითხის ირგვლივ ინფორმაციის გასაცემად - ეს, შესაძლოა, მოგთხოვონ. სატელეფონო კამპანიის დაწყებამდე დაუკავშირდით იმ (არასამთავრობო) ორგანიზაციებს, რომლებიც თქვენთვის საინტერესო საკითხზე მუშაობენ და მოიპოვეთ ინფორმაცია.

სატელეფონო ქსელი

სატელეფონო ზარების შთამბეჭდავი რაოდენობის მიღწევაში აქტივისტებისგან შემდგარი ქსელის ჩამოყალიბება დაგეხმარებათ, რომელიც ხის განტოტების პრინციპით იმოქმედებს. ქსელის თითოეული წევრი პირადად ურეკავს ოფიციალურ პირს და ერთსა და იმავე მოსაზრებას გადასცემს. ასეთი ქსელი განსაკუთრებით ეფექტურია მაშინ, როდესაც დეპუტატი ან ოფიციალური პირი, რომელსაც ურეკავთ, საკანონმდებლო ან დადგენილების მიღების პროცესში მონაწილეობს და მოცემულ საკითხზე საზოგადოებრივი აზრი აინტერესებს.

სატელეფონო ქსელი ასე შეიძლება შეიქმნას:

1. აირჩიეთ კოორდინატორი, რომელიც ქსელის შენარჩუნებაზე და საჭირო დროს მის გააქტიურებაზე იზრუნებს. სატელეფონო კამპანიის დაწყებისას ეს პიროვნება რამდენიმე წევრს დაუკავშირდება, რომლებიც, თავის მხრივ, კიდევ სხვა მონაწილეებს გადასცემენ ინფორმაციას.

2. შეადგინეთ თქვენი ორგანიზაციის წევრებისა და სატელეფონო კამპანიის პოტენციური მონაწილეების ტელეფონის ნომრების სია.

3. შეარჩიეთ ქსელის რამდენიმე წევრი და 10 მონაწილესთან დაკავშირება დაავალეთ.

4. გადაეცით მათ დასაკავშირებელი წევრების ტელეფონები.

5. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გზავნილი, რომელსაც ავრცელებთ, მოკლედ და მკაფიოდ იყოს ჩამოყალიბებული. ეს გზავნილი ჯერ ქსელში ვრცელდება, შემდეგ კი ქსელის წევრები და კამპანიის მონაწილეები მას ოფიციალურ პირს გადასცემენ. ამდენად, ის გასაგებად და მარტივად ჩამოყალიბებული უნდა იყოს, რომ კამპანიის ყველა მონაწილემ მისი ჩაწერა და შემდეგ სწორად გამეორება შეძლოს.

6. შეინარჩუნეთ და ხშირად ამუშავეთ სატელეფონო ქსელი. შეეცადეთ, ორგანიზება გაუკეთოთ იმას, რომ კამპანიის დაწყებისა და ქსელის გააქტიურების დროს გზავნილის მიმღებმა ბოლო მონაწილემ ქსელის კოორდინატორს დაურეკოს და შეატყობინოს, რომ ქსელის მთლიანი ინფორმირება და ამოქმედება მოხერხდა.

სატელეფონო ქსელის ამუშავების მაგალითი:

კოორდინატორი ქსელის სამ წევრს ურეკავს;

თითოეული წევრი, თავის მხრივ, 5 მონაწილეს უკავშირდება და ყოველ მეხუთეს (მთლიანობაში სამ წევრს) გზავნილის შემდგომ გავრცელებას სთხოვს (უკვე 18 მონაწილეა ინფორმირებული);

სამივე წევრი კიდევ 5 მონაწილეს უკავშირდება და ყოველ მეხუთეს (მთლიანობაში ისევ სამ წევრს) გზავნილის შემდგომ გავრცელებას სთხოვს (უკვე 33 მონაწილეა ინფორმირებული);

სამივე წევრი კიდევ 5 მონაწილეს უკავშირდება (მთლიანობაში ქსელის 48 მონაწილეა ინფორმირებული).

3.8 3.8. მედიის გამოყენება

▲back to top


მასობრივი კომუნიკაციის საშუალებების სწორი და ეფექტური გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია ორგანიზებისა და კამპანიის წარმატებულად წარმართვისთვის. მედიის გამოყენება თქვენი ორგანიზაციის გაძლიერებას შეუწყობს ხელს; ეს აგრეთვე ერთ-ერთი ეფექტიანი გზაა თქვენს სამიზნე პირზე, ანუ გადაწყვეტილების მიმღებზე, გავლენის მოსახდენად და ზეწოლის გასაძლიერებლად. ცხადია, ამაში ის არ იგულისხმება, რომ მედიაში ყოველი გამოჩენის დროს კონკრეტული გადაწყვეტილების მიმღების სახელი უნდა დასახელდეს. ზეწოლა შეიძლება მოცემულ საკითხზე შემუშავებული სამეცნიერო ან სხვა სახის დასკვნის გამოქვეყნებამაც გააძლიეროს, რომელიც კამპანიის სამიზნე პირს უშუალოდ არ დაასახელებს, მაგრამ მის პოზიციას მცდარად და უსამართლოდ წარმოაჩენს.

მედიასთან მუშაობა მთლიანი სტრატეგიის ნაწილი უნდა იყოს და მაშინ უნდა გამოიყენოთ, როდესაც ის მაქსიმალურად ეფექტური იქნება. ზოგ შემთხვევაში აქტივისტების ჯგუფები მედიასთან კამპანიის დასაწყისშივე იწყებენ თანამშრომლობას - მაგალითად, როდესაც საქმე საკანონმდებლო ინიციატივას ეხება და ფართო მხარდაჭერის მოპოვებას საჭიროებს. სხვა შემთხვევებში - მაგალითად, კონკრეტული პოლიტიკური ძალის ან ოფიციალური პირის დისკრედიტაციის მიზნით მედიის გამოყენება კამპანიის შუალედურ ფაზაში იგეგმება, როდესაც ამისთვის საკმარისი ინფორმაცია და გამოცდილება არსებობს. ყველა შემთხვევაში მედიასთან თქვენი ურთიერთობა გააზრებული და დაგეგმილი უნდა იყოს.

ნებისმიერი დიდი კორპორაციის მსგავსად როგორც სამაუწყებლო, ისე ბეჭდვით მედიას ხშირად ორი ძირითადი მიზანი აქვს; მათ სურთ ფულის კეთება და ისეთი პოლიტიკური კლიმატის ხელშეწყობა, რომელიც კიდევ უფრო მეტი ფულის შეუფერხებლად გაკეთების საშუალებას მისცემს. მედიას ხშირად რეკლამის შემომტანი მსხვილი კომპანიების ინტერესებიც ამოძრავებს. ეს კომპანიები, და საკუთრივ მედიაც, იმ კონკრეტული პოლიტიკური პირების კარიერაზე არიან დამოკიდებული, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო მათ მფარველობენ. ცხადია, მედია არ წარმოადგენს ყოველდღიური ცხოვრების იმ ობიექტურ და მიუკერძოებელ “გამშუქებელს”, როგორადაც ის ხშირად თავის გასაღებას ცდილობს. მედიის ფორმების უმეტესობა კონკრეტულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტერესებს ატარებს. მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, მედია მაინც შეიძლება თქვენს სასარგებლოდ გამოიყენოთ. ყველაზე ადვილი იქნება, რომ მედიასთან თანამშრომლობის არ- ან ვერდამყარება მედიის პოლიტიკურ ან კორპორაციულ კონტროლს დავაბრალოთ. ამით თავი მხოლოდ მაშინ შეიძლება გაიმართლოთ, როდესაც ჯურნალისტებთან და რეპორტიორებთან ურთიერთობის დამყარება ყველა საჭირო მეთოდით სცადეთ, მაგრამ თქვენი კამპანია მაინც არ შუქდება მედიაში.

აქტივისტებსა და საინიციატივო ჯგუფებს შეუძლიათ, კამპანიის მედიაში ეფექტურ გაშუქებას მიაღწიონ, და ისინი ხშირად აღწევენ კიდეც ამას. მთავარი, რაც უნდა გახსოვდეთ, ის არის, რომ მედიას ერთი ძირითადი ინტერესი - აუდიტორიის გაზრდა - ამოძრავებს. თუ თქვენი ქმედება გაზეთების გაყიდვას ან უფრო მეტი მაყურებლის/მსმენელის მოზიდვას გამოიწვევს და ამავდროულად მედიის კერძო ინტერესებს არ ემუქრება, თქვენი კამპანიის საქმიანობა აუცილებლად გაშუქდება მედიის მიერ.

ძირითადი, რაც მედიასთან მუშაობის დროს უნდა გაითვალისწინოთ, შემდეგია:

შეადგინეთ „მედიის სია“, რომელშიც ჟურნალისტების სახელი, ტელეფონი, მისამართი, ელექტრონული ფოსტა და ფაქსის ნომერი იქნება შეტანილი. შეეცადეთ, სიაში რაც შეიძლება მრავალფეროვანი მედიის წარმომადგენლები შეიყვანოთ (სამაუწყებლო, ბეჭდვითი, საზოგადოებრივი, სახელმწიფო, კერძო და ა.შ.). თუ დიდ ქალაქში ცხოვრობთ, იქ ალბათ მედიის სააგენტოები იარსებებს; ისინიც შეიყვანეთ სიაში. დაგეგმილი აქციის შესახებ მოკლე განცხადება (იხ. ქვემოთ) მედიას აქციამდე სამიოდე დღით ადრე მიაწოდეთ; აქციის წინა დღეს მედიის წარმომადგენლებს უშუალოდ დაუკავშირდით.

პირადად შეხვდით ჟურნალისტებს, ტოკ-შოუებისა და სხვა გადაცემების წამყვანებს, დიჯეებს და გაზეთების რედაქტორებს. დაამყარეთ და შეინარჩუნეთ მათთან ურთიერთობა, და გაიგეთ მათი ინტერესები.

თვალი ადევნეთ ახალ ამბებს, გადაცემებს და სტატიებს. დაუკავშირდით ავტორებს და გამოთქვით თქვენი აზრი. მათ მუშაობაზე დაკვირვება საშუალებას მოგცემთ, სწორად განსაზღვროთ, ვინ დაინტერესდება თქვენ მიერ წარმოებული კონკრეტული კამპანიით.

მზად იყავით ჟურნალისტებისთვის ფაქტების, ლაკონური ინფორმაციის, ციტატების, ისტორიული ინფორმაციის გადასაცემათ. თუ საშუალება გაქვთ, მათ „ექსკლუზიური ინფორმაცია” შესთავაზეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ მიერ გაკეთებული რეპორტაჟი მოცემულ თემას პირველი გააჟღერებს მედიაში.

რაც შეიძლება სწრაფად მოახდინოთ რეაგირება ჟურნალისტის სატელეფონო ზარზე ან იმეილზე.

გამოიყენეთ მედიასთან ურთიერთობის ყველა უფასო საშუალება: მისწერეთ წერილები გაზეთების რედაქტორებს, დაუკავშირდით რადიოსადგურებს და ტელევიზიებს.

მედიის გამოყენების გზები

ნებისმიერმა ორგანიზაციამ მედიის ყურადღება რამდენიმე გზით შეიძლება მიიპყროს -ეს კონკრეტული საკითხისა და კონკრეტული სტრატეგიის მიხედვით უნდა განსაზღვროთ. როდესაც თქვენი ორგანიზაცია საკითხზე ორიენტირებული კამპანიის დაგეგმვას დაიწყებს, მოიფიქრეთ, რა გზით გამოიყენოთ მედია იმისათვის, რომ კამპანია წარმატებულად განახორციელოთ, გააძლიეროთ თქვენი ორგანიზაცია და ორგანიზაციის წევრებს შორის ლიდერები გამოყოთ.

მედიამოვლენები

და საინიციატივო ჯგუფები ხშირად გეგმავენ და აწყობენ სპეციალურად მედიისთვის განკუთვნილ ქმედებებს/მოვლენებს. სხვა შემთხვევებში მედიის წარმომადგენლებს აქციების ან სხვა შეხვედრების გასაშუქებლად პატიჟებენ, სადაც გადაწყვეტილების მიმღების მიმართ კონკრეტული მოთხოვნები იქნება გამოთქმული. როგორი ტიპისაც არ უნდა იყოს, მედიამოვლენები ყოველთვის დაგეხმარებათ თქვენი ორგანიზაციისა და მისი პოზიციის ფართო საზოგადოებისთვის გაცნობაში.

მეტი ინფორმაცია მედიამოვლენების შესახებ იხილეთ ქვემოთ მოცემულ ქვეთავში “რამდენიმე რჩევა მედიასთან მუშაობისთვის“.

პრესკონფერენციები

პრესკონფერენციები ერთ-ერთი ეფექტური „მოვლენაა“, რომელიც მედიამ შეიძლება გააშუქოს. მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ პრესკონფერენციაზე მედიის წარმომადგენლების მოყვანა შეიძლება გაგიჭირდეთ, თუ ნამდვილად მნიშვნელოვან ახალ ამბავს ან რაიმე ცნობილი მოვლენის თანამდევ საინტერესო ამბავს არ სთავაზობთ. პრესკონფერენციის წარმატება შეიძლება გამომსვლელების პიროვნებამაც განსაზღვროს, თუკი ისინი საზოგადოებისთვის ნაცნობი და ცნობილი ადამიანები არიან. კონფერენციის ფორმატი საშუალებას გაძლევთ, მედიას არა მხოლოდ სწრაფი ინფორმაცია შესთავაზოთ, არამედ მისი საშუალებით საზოგადოებას წარუდგინოთ კვლევები, რომლებიც მოცემული პრობლემის დეტალურ ანალიზს ან ვიზუალურ მასალას მოიცავენ.

შეეცადეთ პრესკონფერენციაზე მხოლოდ რამდენიმე ძირითადი გამომსვლელი იყოს, და არ შეეხოთ სამ საკითხზე მეტს. საკითხის არსი პირველმა და მთავარმა გამომსვლელმა ჩამოაყალიბოს, შემდეგ დანარჩენი გამომსვლელები წარადგინოს. თუ პოლიტიკური მოსაზრებების გამო დამატებითი ადამიანების დასწრება გესაჭიროებათ, სთხოვეთ მათ, გამომსვლელების უკან დადგნენ ფოტოსურათებზე და ვიდეომასალაში გამოჩენის მიზნით.

პრესრელიზების მომზადება

პრესრელიზი ამბის ან მოვლენის მთლიან და ამომწურავ გადმოცემას ემსახურება. ის, როგორც წესი, ორი გვერდისგან შედგება და ახალი ამბის მონათხრობის ფორმატშია დაწერილი. ზოგიერთმა გაზეთმა თქვენი პრესრელიზი შეიძლება უცვლელი სახითაც კი დაბეჭდოს. ბევრი ორგანიზაცია ამგვარ პრესრელიზებს ყოველთვიურად უშვებს, ვინაიდან მედიაში მოხვედრის გარდა, ამ გზით ჟურნალისტებს მუდმივად ახსენებს ორგანიზაციის არსებობის ფაქტს. ამის შედეგად ჟურნალისტებმა იციან, რომ მოცემულ საკითხზე კომენტარის მოსაპოვებლად შესაძლებელია ორგანიზაციის წარმომადგენლებთან დაკავშირება.

პრესრელიზის სავარაუდო სტრუქტურა ასეთია:

პირველი პარაგრაფი საკითხს წარადგენს. ის ერთიდან სამ წინადადებას მოიცავს და ძირითად შეკითხვებს - ვინ? რა? როდის? სად? რატომ? და როგორ? პასუხობს. პირველმა პარაგრაფმა რედაქტორის ყურადღების მიპყრობა უნდა შეძლოს.

მეორე პარაგრაფი წარდგინებიდან დეტალურ ინფორმირებაზე გადასვლის ერთგვარი ხიდის ფუნქციას ასრულებს.

მესამე პარაგრაფი ტექსტის ძირითადი ნაწილი უნდა იყოს. წარდგინებაში მოცემული ინფორმაცია აქ დეტალურად უნდა ახსნათ. გამოიყენეთ ციტატები, ფაქტები, რომლებიც პირველ პარაგრაფში არ შევიდა, და ზოგადი ინფორმაცია თქვენი ორგანიზაციის შესახებ.

ყურადღების მიპყრობის მიზნით დაურთეთ ფოტო.

პრესრელიზის რედაქციაში გაგზავნის შემდეგ რედაქტორს ტელეფონით დაუკავშირდით ან რედაქციაში მიდით. ამან შეიძლება თქვენ მიმართ რედაქტორის ინტერესი გაზარდოს.

პრესრელიზი ბლანკზე დაბეჭდეთ. სტრიქონებს შორის ერთნახევარი ხაზი გამოტოვეთ და გვერდებზე ფართო ცარიელი ადგილები დატოვეთ. გვერდის თავში საკონტაქტო პირის სახელი და კოორდინატები მოათავსეთ, აღნიშნეთ თარიღი და დაურთეთ მოკლე სათაური. თუ პრესრელიზი ერთ გვერდზე მეტს მოიცავს, არ დაგავიწყდეთ გვერდების დანომვრა. რელიზი ნაცნობ ჟურნალისტს ან რედაქტორს ფაქსით ან იმეილით გაუგზავნეთ.

ინტერვიუები და ტოკ-შოუები

როგორც რადიო, ისე სატელევიზიო ტოკ-შოუები ყოველთვის ეძებენ საინტერესო და ახალ პერსპექტივებს, ადამიანებს და საკითხებს. გაიცანით ასეთი გადაცემების პროდიუსერები და მათი ასისტენტები, თუნდაც მხოლოდ ტელეფონით. თუ საინტერესო სტუმრებს გაუგზავნით და საინტერესო მასალებს გადასცემთ, შესაძლებელია, ასეთ გადაცემებში რეგულარულად მიგიწვიონ ხოლმე. შეეცადეთ, ისეთი ურთიერთობა დაამყაროთ მათთან, რომ თუ მიმდინარე საკითხებზე „მოქალაქეების” ან „არასამთავრობო სექტორის” მოსაზრება დასჭირდებათ, თქვენ დაგიკავშირდნენ. ხშირად მედიას ამა თუ იმ საკითხის მიმართება აინტერესებს „ადამიანების ინტერესებთან”; ესეც ხელსაყრელი მომენტი იქნება იმისათვის, რომ თქვენი თავი წარმოაჩინოთ.

(მთავარ) რედაქტორებთან გაგზავნილი წერილები

(მთავარ) რედაქტორებთან გაგზავნილი წერილები ადგილობრივ პრესაში თქვენს მოსაზრებას წარმოაჩენს და შეიძლება იმ სტატიების კონტრარგუმენტი იყოს, რომელთაც თქვენ არ ეთანხმებით. მათ ფართო აუდიტორია კითხულობს, მათ შორის არჩეული ოფიციალური პირები და გადაწყვეტილების სხვა მიმღებები. პრესაში გამოქვეყნებული წერილებით აგრეთვე ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ მოცემულ საკითხს ფართო მხარდაჭერა გააჩნია.

წერილები კამპანიის მსვლელობისას თქვენი ორგანიზაციის ლიდერებთან ერთად დაწერეთ. ეს მეთოდი განსაკუთრებით აქტუალურია თქვენი ორგანიზაციის ან კამპანიის/საკითხის შესახებ გამოქვეყნებული სტატიების საპასუხოდ. შეეცადეთ, თქვენი წერილი მაქსიმალურად მოკლე იყოს, რომ რედაქტორებმა რაიმე არ ამოჭრან.

იყავით პირდაპირი. წერილში ერთი (ან მაქსიმუმ ორი) მოსაზრება გამოთქვით. გახსოვდეთ, რომ წერილებს ხშირად ამოკლებენ, ამიტომ მოსაზრება მოკლედ და გასაგებად ჩამოაყალიბეთ პირველივე პარაგრაფში. შეეცადეთ წერილის პირველივე ფრაზიდან მიიპყროთ მკითხველის ყურადღება.

იყავით დროული. უპასუხეთ კონკრეტულ სტატიას, რომელიც მოცემულ გაზეთში გამოქვეყნდა, ან კონკრეტულ მოვლენას, რომელიც ახლო წარსულში მოხდა. მოიყვანეთ იმ სტატიის სათაური, ავტორი და გამოქვეყნების დღე, რომელსაც ეთანხმებით ან არ ეთანხმებით.

მოიყვანეთ არგუმენტირებული ფაქტები. თუ საკითხი, რომელსაც ეხებით, საკამათოა, შეგიძლიათ, წერილს სხვა საბუთებიც დაურთოთ. მაგრამ ნურც ზედმეტად ბევრი მასალით დატვირთავთ რედაქტორს. უარყავით ან დაეთანხმეთ კონკრეტულ მოსაზრებებს, დაუმატეთ ის ფაქტები, რომლებიც იგნორირებული იყო, მაგრამ მოერიდეთ რედაქტორებისა და ჟურნალისტების შეურაცხყოფას.

გაითვალისწინეთ თქვენი აუდიტორია. შეეცადეთ, წერილი პროფესიონალის პოზიციიდან დაწეროთ - გახსოვდეთ, რომ მეგობარს არ სწერთ. გაითვალისწინეთ ის აუდიტორია, რომელიც გაზეთს კითხულობს. არ გამოიყენოთ ზედმეტად ბევრი ტექნიკური ტერმინი - წერილი დამაჯერებელი და ადვილად გასაგები უნდა იყოს ყველა მკითხველისთვის.

სოციალური რეკლამა

სოციალური რეკლამა ეფექტური გზაა საზოგადოების ინფორმირებისთვის ადამიანისა და სამოქალაქო უფლებების შესახებ. მედიის ბევრი ფორმა სოციალურ რეკლამას უფასოდ ათავსებს ეთერში. დაუკავშირდით ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებს და სოციალური რეკლამის განთავსების ზუსტი პირობები გაიგეთ. შეიძლება მათ რეკლამის შექმნაში დახმარებაც კი შემოგთავაზონ.

სოციალური რეკლამა ფართო აუდიტორიაზეა გათვლილი. მან მნიშვნელოვანი და ყურადსაღები ამბის შთაბეჭდილება უნდა მოახდინოს.

შეეცადეთ, რეკლამა ადვილად დასამახსოვრებელი იყოს.

მსმენელს/მაყურებელს მიაწოდეთ თქვენს ორგანიზაციასთან დასაკავშირებელი კოორდინატები: ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის და ვებგვერდის მისამართები. მზად იყავით სატელეფონო ზარების გაზრდილი რაოდენობის მისაღებად.

გამოიყენეთ ზუსტი ფაქტები, თარიღები და სახელები. უპასუხეთ შეკითხვებს: ვინ? რა? რატომ? როდის? სად? და როგორ?

ჩაწერამდე ტექსტი ხმამაღლა წაიკითხეთ და დარწმუნდით, რომ ადვილად და უპრობლემოდ იკითხება.

გაითვალისწინეთ და ჩაეტიეთ დროის განსაზღვრულ ლიმიტში.

როდესაც თქვენი სოციალური რეკლამა ეთერში მოხვდება, რედაქტორს (ან წამყვანს) დაუკავშირდით და მადლობა გადაუხადეთ.

რამდენიმე რჩევა მედიასთან მუშაობისთვის

ამ ქვეთავში მოცემული რჩევები დაგეხმარებათ როგორც მედიამოვლენებისა და პრესკონფერენციების დაგეგმვაში, ისე მედიის ყურადღების მიპყრობაში სხვა ქმედებების დროს. ეცადეთ, მკაფიოდ განასხვაოთ ერთმანეთისგან სხვადასხვა მოვლენებისა თუ ქმედებების მედიასთან მიმართება. მედიამოვლენები და პრესკონფერენციები საგანგებოდ მედიისთვის იმართება; მათ აუდიტორიას მედიის წარმომადგენლები შედგენენ, მიზანი კი მედიაში გაშუქებაა. თუ საგანგებოდ მედიისთვის გამართული მოვლენა მედიის მიერ არ გაშუქდება, მაშინ ის ყველანაირ აზრს კარგავს. სხვა სახის მოვლენებს, მაგალითად, საპროტესტო აქციებს, პიკეტებს, რალის და/ან დონორებისთვის გამართულ პიკნიკს მედიისგან დამოუკიდებელი ფუნქცია გააჩნიათ, რომელიც მედიაში გაშუქებით შეიძლება მხოლოდ გაიზარდოს და გაძლიერდეს.

ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ საგანგებოდ მედიისთვის გამართული მოვლენა მხოლოდ თქვენი ჯგუფის წარმომადგენლების მიერ განცხადების გაკეთებით შეიძლება შემოიფარგლოს. ყოველთვის უკეთესია, თუ მოვლენაში თქვენი გადაწყვეტილების მიმღების ჩართვას შეძლებთ _ მაგალითად, მისი ოფისის წინ აქციის გამართვით და შემდეგ პეტიციებით ან მოთხოვნებით უშუალოდ მასთან (ან მის მდივანთან) შესვლით. როგორც წესი, ამ ეტაპზე გამარჯვებას არ უნდა ელოდეთ. ეს გზა უფრო გადაწყვეტილების მიმღებზე ზეწოლის გაძლიერებაში დაგეხმარებათ, ვინაიდან საჯაროდ ამხელთ მის არასწორ, უსამართლო ან არაპოპულარულ პოზიციას/ნაბიჯს.

მედიამოვლენის დაგეგმვა მკვეთრი ფრაზის მოფიქრებით დაიწყეთ, რომელსაც თქვენი აქციის ერთგვარ სათაურად გამოიყენებთ. მკაფიოდ ჩამოაყალიბეთ თქვენი მოთხოვნა და აუდიტორიას დასკვნების გაკეთების საშუალება მიეცით.

მედიის წარმომადგენლებს დაგეგმილი აქციის თაობაზე მოკლე განცხადებით შეატყობინეთ. უპასუხეთ ძირითად შეკითხვებს: ვინ? რა? სად? როდის? და რატომ? დასაწყისშივე აღნიშნეთ, რომ მედიის წარმომადგენლებს აქციაზე ფოტო - და ვიდეოგადაღების საშუალება ექნებათ. აქტივისტები ხშირად შეცდომას უშვებენ და ამ ტექსტში ზედმეტად ბევრ ინფორმაციას ათავსებენ ხოლმე. ყოფილა შემთხვევები, როდესაც ჯგუფი რაიმე კვლევის შედეგების გამოსაცხადებელ აქციას აწყობდა და კვლევის მთელ ტექსტს წინასწარ ურიგებდა მედიას. თუ აქციაზე მოსვლამდე ჟურნალისტებს სიუჟეტის გაკეთებისთვის ან სტატიის დაწერისთვის საკმარის ინფორმაციას მიაწვდით, შეგიძლიათ, ივარაუდოთ, რომ ისინი აქციაზე მართლაც არ გამოცხადდებიან. მათ შეიძლება თქვენ მიერ წერილობით მიწოდებული ინფორმაცია -თქვენი კომენტარებისა და ვიზუალური მხარის გარეშე - მოსაწყენადაც ჩათვალონ და საერთოდ არ გააშუქონ. ასე რომ, ეცადეთ, განცხადება მოკლე და მკაფიო იყოს და დამატებითი ინფორმაციის მოპოვების სურვილს აღძრავდეს.

შეეცადეთ, თქვენ მიერ დაგეგმილ და ჩატარებულ აქციას ღირებული ახალი ამბის მნიშვნელობა მისცეთ. თუ პრეზიდენტი, როკ-ვარსკვლავი ან მაფიის ბოსი არ ხართ, მხოლოდ თქვენი მოსაზრების გამოთქმის აქტი არ შეიძლება ახალ ამბავად ჩაითვალოს. მედიამოვლენას მხოლოდ იმის გამო ვერ მოაწყობთ, რომ ხალხს ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. თქვენი უკმაყოფილების შესახებ მოუთხროთ. ასეთი მოვლენა ახალი ამბავი უნდა იყოს, ე.ი. ერთ-ერთ შემდეგ პუნქტს უნდა აკმაყოფილებდეს: ადამიანების დიდი რაოდენობა ესწრება და მონაწილეობს აქციაში. მედიის თვალსაზრისით, თუ მოვლენამ ამდენი ხალხი ისე დააინტერესა, რომ ისინი უშუალოდ გამოცხადდნენ, მაშინ კიდევ უფრო ბევრი ადამიანი წაიკითხავს მის შესახებ.

თქვენი აქცია „ახალი ამბების მომხდენ”, ცნობილ პიროვნებას მიჰყავს. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ე.წ. „ცნობილი სახეების” ხშირმა გამოყენებამ შეიძლება თქვენი ორგანიზაციის შიგნით ლიდერების გამოკვეთას შეუშალოს ხელი. თქვენ დაინტერესებული უნდა იყოთ ორგანიზაციის ლიდერების ადგილობრივ „ცნობილ სახეებად” ქცევაში, რომლებიც უშუალოდ მოიზიდავენ მედიას. ამდენად, აქციის წამყვანებად ცნობილი ადამიანების გარედან დაპატიჟება თქვენთვის იშვიათი პრაქტიკა უნდა გახდეს.

აქციის წამყვანები

აცხადებენ ახალი ქმედების დასაწყისს, - მაგ., „ჩვენ ქალაქის მერის გადაყენებისთვის ხელოწერების შეგროვებას ვიწყებთ”. რეალური გადაყენების საფრთხის შექმნის შესაძლებლობა თქვენს აქციას ახალი ამბებისთვის შესაფერის მოვლენად აქცევს. ეს ასე არ იქნებოდა, თქვენ რომ უბრალოდ ამდგარიყავით და გეთქვათ: „ჩვენი აზრით, მერი უნდა გადადგეს”.

მიმდინარე და ნაცნობ ამბავს ახალი ინფორმაცია ემატება. მაგალითად, აქციაზე ცხადდება, რომ სამშენებლო კომპანია, რომელიც ქრთამის მიცემაშია მხილებული, ცნობილ პოლიტიკოსს ეკუთვნის. აქციაზე ყველასთვის მოულოდნელი ინფორმაციის გამოცხადება ახალი ამბის შექმნის ერთ-ერთი მეთოდია.

ახალი ამბავი შეგიძლიათ ძველი ან მიმდინარე პრობლემის ახლებური გადაწყვეტითაც შექმნათ.

თქვენ მიერ ორგანიზებული აქცია ბევრად ადვილად მოხვდება საინფორმაციო გამოშვებებში, თუ საკითხი, რომელსაც აქცია ეძღვნება, ქვეყანაში მომდინარე მოვლენას უკავშირდება, მაგალითად, თუ თქვენი აქცია იმ დღეს პარლამენტში განხილულ საკითხს ეძღვნება. ასეთ შემთხვევებში შეეცადეთ, აქცია პარლამენტის სხდომის დროის გათვალისწინებით დაგეგმოთ, რომ მედიის წარმომადგენლებმა ამ ორი მოვლენის გაშუქება და ერთმანეთთან დაკავშირება შეძლონ.

იზრუნეთ აქციის ვიზუალურ მხარეზე. დღეს არა მხოლოდ სამაუწყებლო, არამედ ბეჭდვითი მედიაც მნიშვნელოვნად არის ორიენტირებული ვიზუალურ მხარეზე. ეცადეთ, გაიაზროთ, როგორ გამოჩნდება თქვენი აქცია. მედიას არ უყვარს „მოლაპარაკე თავები“, ასე რომ, აქცია შენობის გარეთ გამართეთ და შეეცადეთ, მედიას საინტერესო „სურათები“ და ადამიანები შესთავაზოთ. მაშინაც კი, როდესაც სტატიას ფოტო არ ახლავს, ტექსტის ნაწილი ჟურნალისტის მიერ აქციაზე ნანახი სცენები იქნება. შეეცადეთ, რომ თქვენი ორგანიზაციის სახელწოდების აღმნიშვნელი ნიშნები ყველგან იყოს. გამომსვლელების ფონად პლაკატები გამოიტანეთ. აქციაზე მოსულ ადამიანებს პლაკატებისა და ლოზუნგების დაჭერა სთხოვეთ. ურიგო არ იქნება, თუ თქვენი ორგანიზაცია მუდმივი დანიშნულების პლაკატის შექმნაზე იზრუნებს, რომელიც თქვენი სახელისა და, თუ შესაძლებელია, ლოგოს გამომხატველი იქნება და რომელსაც ყველა აქციაზე სცენის ან მაგიდის თავზე აღმართავთ. გამომსვლელებს ასევე შეუძლიათ თქვენი ორგანიზაციის გამომხატველი სამაგრების ან ღილების გაკეთება. თუ ასეთები არ მოგეპოვებათ, ორგანიზაციის სახელი ქაღალდის ფურცლებზე დაწერეთ და წარმომადგენლებს გაუკეთეთ, რათა ისინი ადვილი შესამჩნევი იყვნენ კამერების მიერ. ეფექტურ ვიზუალურ მხარეს წარმოადგენს აგრეთვე დიდი ზომის ლოზუნგი ან მთავარი მოსაზრების საილუსტრაციო ცხრილი. რაც არ უნდა აირჩიოთ, გახსოვდეთ, რომ ვიზუალური გაფორმება ფოტოზე დაფიქსირების ფუნქციას ემსახურება - ის არ შეიძლება დროში გაწელილი პროცესი იყოს. პრესკონფერენციის ან აქციის დაწყებამდე თვალები დახუჭეთ და წარმოიდგინეთ, რომ კამერა გაქვთ. დარწმუნდით, რომ თქვენ მიერ დაგეგმილი მოვლენის ვიზუალური მხარე ეფექტურია: მკაფიოდ წარმოაჩენს აქციის შინაარსს და დასამახსოვრებელს ხდის თქვენი ორგანიზაციის სახელწოდებას.

შეიმუშავეთ „ხმოვანი ციტატა“, რომელიც მთელი აქციის თანმდევი ფრაზა იქნება და ვიზუალურ მხარეშიც აისახება. ეს ციტატა ყველა გამომსვლელმა უნდა გამოიყენოს.

დაეხმარეთ ჟურნალისტებს. როგორც ნებისმიერი ჩვენგანი, ჟურნალისტები ხშირად დაღლილები ან სამუშაოთი უკმაყოფილონი არიან. მიაწოდეთ მათ მკაფიოდ ჩამოყალიბებული ინფორმაცია და შეეცადეთ, რომ ამ ინფორმაციას მშრალი ფაქტების ნაცვლად გარკვეული ამბის ფორმა ჰქონდეს. ეს მედიის წარმომადგენლებს თქვენი აქციის გაშუქებას გაუადვილებს.

იცნობდეთ მედიის წარმომადგენლებს. ჟურნალისტებთან და რედაქტორებთან პირადი ურთიერთობების დამყარება რამდენიმე ასპექტის გამო არის თქვენს ინტერესებში. შეეცადეთ, გაიგოთ, ვინ აშუქებს თქვენს თემატიკას და პირადად გაიცნოთ ის. პატივი ეცით ჟურნალისტების პატიოსნებას და პროფესიას. გახსოვდეთ, რომ მათ უშუალოდ ახალი ამბების გაშუქება ევალებათ და არა ხელოვნურად დადგმული მოვლენებისა, რომელსაც თქვენ მხოლოდ მედიაში გაშუქებისთვის აწყობთ. მაშინაც კი, როდესაც ჟურნალისტებთან ახლო ურთიერთობა გაქვთ, გახსოვდეთ, რომ არაფერი არ შეიძლება საიდუმლოდ დარჩეს. თუ არ გსურთ, რომ რაიმე დაიბეჭდოს, არ თქვათ; თუ არ გსურთ, რომ რაიმე ტელევიზიით გადაიცეს, არ გააკეთოთ. ჩვენ, როგორც წესი, ვთვლით, რომ ინფორმაციას ჟურნალისტებს ჩვენ ვაწვდით. მაგრამ თუ მეგობრული ურთიერთობების დამყარებას შეძლებთ და ჟურნალისტებს თქვენი დახმარება მოუნდებათ, ისინი ინფორმაციის შესანიშნავ წყაროდ გადაიქცევიან თქვენთვის. გახსოვდეთ ასევე, რომ პირადი ურთიერთობის დამყარების შემთხვევაში ჟურნალისტები, რომლებიც თქვენს თემატიკას რეგულარულად აშუქებენ, ხშირად მოგაკითხავენ ხოლმე კომენტარისთვის.

ინფორმაციაში ჩართეთ „ადამიანის პერსპექტივა“. ადამიანებზე რადიოაქტიური ნარჩენების გავლენის კვლევა შეიძლება მოსაწყენად ჟღერდეს, მაგრამ ნარჩენებთან ახლოს მცხოვრები ოჯახის განცხადებით საკითხს ადამიანური პერსპექტივა და გამოცდილება დაემატება. ასეთი „ადამიანის პერსპექტივა“, სასურველია, ყველა მედიამოვლენას გააჩნდეს, სადაც ჩვეულებრივი ადამიანები თავიანთ უშუალო გამოცდილებას მოჰყვებიან. მოვლენა, რომელზეც მხოლოდ ექსპერტები ან პოლიტიკოსები ლაპარაკობენ, შეიძლება მედიამ გააშუქოს, მაგრამ სავარაუდოდ მოსაწყენი და ზედმეტად ოფიციალური გამოვა.

გაითვალისწინეთ გამართლების მნიშვნელობა. როგორც ყოველთვის, კარგ ან ცუდ ბედს მედიამოვლენების ორგანიზებაშიც დიდი მნიშვნელობა აქვს. შესაძლოა, თქვენ მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი ახალი ამბავი ან შესანიშნავად დაგეგმილი აქცია გქონდეთ, მაგრამ თუ ქვეყანაში მიწისძვრა მოხდება ან პრეზიდენტის ირგვლივ რაიმე სკანდალი აგორდება, იმ დღეს მედია თქვენ არ გაგაშუქებთ. მეორე მხრივ, შესაძლოა, თქვენი აქცია არაფრით გამორჩეულ დღეს დაემთხვეს და საღამოს საინფორმაციო გამოშვებების ვარსკვლავად იქცეთ. ეს კანონზომიერია.

აქცია მუდმივად აკონტროლეთ. იმისათვის, რომ პროფესიონალურად გამოიყურებოდეთ, არ არის საჭირო საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი იყოთ. გამოყავით მაგიდა მედიის წარმომადგენლებისთვის, სადაც ისინი მონაცემებს დატოვებენ (თქვენ კი ამას მედიის სიას დაუმატებთ). დაარიგეთ მედიისთვის განკუთვნილი საქაღალდეები, რომლებშიც უშუალოდ ამ მოვლენისთვის მომზადებული თქვენი განცხადება და თქვენი ორგანიზაციისა და საკითხის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იქნება მოთავსებული. გამოყავით ერთ-ერთი წევრი, რომელიც მედიის წარმომადგენლებს შეხვდება და აქციაზე გამომსვლელებს გააცნობს. დაარიგეთ გამომსვლელების სახელების სია (იმ შემთხვევაში, თუ ისინი სხვა ორგანიზაციას წარმოადგენენ, მიუთითეთ მისი სახელწოდება).

გაითვალისწინეთ ჟურნალისტების მუშაობის სტილი. ზოგიერთ კარგ ჟურნალისტს წერა ბევრად უკეთ ეხერხება, ვიდრე უშუალო ურთიერთობა. არ განაწყენდეთ, თუკი ისინი ლაპარაკს შეგაწყვეტინებენ და ახალ შეკითხვას დაგისვამენ.

შექმენით მედიისთვის საინტერესო ვებგვერდი. რაც უფრო აქტიური იქნება თქვენი ორგანიზაცია, მით უფრო მეტი ჟურნალისტი ნახავს თქვენს ვებგვერდს ორგანიზაციის ისტორიისა და ქმედებების გასაცნობად. ვებ-გვერდი მედიასთან თქვენი მუშაობის ზოგადი სტრატეგიის აუცილებელი კომპონენტია.

თავი აარიდეთ სასამართლოში ჩივილის შესაძლებლობას. ყველაზე მარტივი, რაც შეიძლება გააკეთოთ იმისათვის, რომ არ გიჩივლონ, ფრაზების „ვიღაცის მიხედვით“, „როგორც ამბობენ” გამოყენებაა მაშინ, როდესაც იცით, რომ მართალს ამბობთ, მაგრამ ისიც იცით, რომ ამის დამტკიცება რთული იქნება. არასოდეს თქვათ ისეთი რამ, რაც შეიძლება არასწორი ან ჭორი იყოს.

გამომსვლელების მომზადება მედიამოვლენებისთვის როგორც წესი, ადამიანებს უყვართ, როდესაც მათი სახელი პრესაში იბეჭდება; და განსაკუთრებით სიამოვნებთ, როდესაც საკუთარ ფოტოსურათებს ან გამოსახულებას ხედავენ გაზეთებსა თუ ტელევიზორში. აქტივისტებს და ლიდერებს საკუთარი თავის მედიაში წარმოჩენის მსგავსად არაფერი ანიჭებთ თავდაჯერებულობასა და ღირებული საქმის კეთების განცდას. მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, თუ ვინ იძლევა ინტერვიუებს და ვის უღებენ მედიის წარმომადგენლები ფოტოსურათებს. მედიის წინაშე თქვენი ორგანიზაციის ლიდერები უნდა წარდგნენ ხოლმე - ადამიანები, რომლებიც რეალურ საქმეს აკეთებენ და მხოლოდ გამართული ლაპარაკის ნიჭით არ გამოირჩევიან. მედიის წინაშე ნუ გამოიყვანთ ისეთ „მოხალისეებს“, რომლებიც კამპანიაში არც ისე ბევრ საქმეს აკეთებენ.

შესაძლებელია, ზოგიერთ ლიდერს თავდაპირველად ერიდებოდეს ან რცხვენოდეს მედიის წინაშე გამოსვლა. ასეთ შემთხვევებში მათ საკუთარ თავზე მუშაობა და ვარჯიში მოუწევთ, შესაძლებელია, ვიდეოკამერის წინაშეც. გახსოვდეთ, რომ თითქმის ყველა პიროვნებას, ვისაც კარგად გამოსდის მედიასთან ურთიერთობა, თავდაპირველად რცხვენოდა და ეშინოდა ამის. აქციის დაწყებამდე სასურველია, გამომსვლელებთან რეპეტიცია გაიაროთ. რომელიმე თქვენგანმა ჟურნალისტის როლი ითამაშოს და გამომსვლელს შეკითხვები დაუსვას. ჩამოაყალიბეთ მოკლე და მკაფიო პასუხები, რომლებშიც აქციის მთავარ ლოზუნგებს და საკითხებს გაიმეორებთ. მედიის წინაშე გამომსვლელებს აუხსენით, რომ ისინი ორგანიზაციის სახელით ილაპარაკებენ და, შესაბამისად, მხოლოდ ორგანიზაციის პოზიცია უნდა „გაახმოვანონ“. თუ მათთვის ეს პოზიცია ბოლომდე მისაღები არ არის, მაშინ გამომსვლელის ფუნქციაზე უარი უნდა თქვან. რეპეტიციის დროს შეეცადეთ, ყველა მოსალოდნელი შეკითხვა დასვათ, რომ გამომსვლელებმა წინასწარ შეძლონ მათზე პასუხების ჩამოყალიბება. მაგრამ ისიც გახსოვდეთ, რომ არ არის აუცილებელი, გამომსვლელმა ყველა შეკითხვას გასცეს ამომწურავი პასუხი. თუ კონკრეტულ შეკითხვაზე პასუხი არ აქვთ, დასაშვებია, ასე უპასუხონ: „არ ვიცი, ამ საკითხის თაობაზე მოგვიანებით გაგცემთ პასუხს“; ან „ჩვენს

ორგანიზაციას ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერ არ შეუმუშავებია პოზიცია“.

სასურველია, თუ ლიდერების პასუხები აქციის ძირითად საკითხებზე კონცენტრირებული დარჩება ისეთ შემთხვევებშიც, როცა ჟურნალისტის შეკითხვა სხვა მიმართულებით არის დასმული. ყველა მზად უნდა იყოს, რომ პასუხებში ორგანიზაციის სახელწოდება იყოს ნახსენები. შეკითხვაზე „რატომ ხართ აქ“ ორგანიზაციის ყველა გამომსვლელმა უნდა უპასუხოს: (მაგ.) „მრავალფეროვანი საქართველო“ დღეს აქ იმისთვის არის, რომ...“ ორგანიზაციის სახელწოდების ხშირი ხსენება ამცირებს იმის შესაძლებლობას, რომ აქციის შესახებ სტატიებსა თუ სიუჟეტებში თქვენ „ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციად“ მოგიხსენიონ.

3.9 3.9. საგანმანათლებლო აქციები

▲back to top


არაფორმალური ლექციები და საუბრები კამპანიის ერთ-ერთ ფორმად ყველაზე აქტიურად 1960-იანი წლების ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოიყენებოდა, როდესაც ეკლესიებსა თუ კლუბებში შეკრებილი ახალგაზრდები ჰოვარდ თურმანისა და მარტინ ლუთერ კინგ-უმცროსისგან რასობრივი დისკრიმინაციის საკითხებსა და რასიზმის წინააღმდეგ ორგანიზების გზებს სწავლობდნენ. ეს, შეიძლება ითქვას, გასულ საუკუნეში განხორციელებული ყველაზე წარმატებული არაფორმალური ლექციების ციკლი იყო. ეს ფორმა თქვენც შეგიძლიათ გამოიყენოთ.

განსაზღვრეთ, რის გაკეთება გსურთ. ეს თქვენს აუდიტორიაზე და თქვენი აქციის მასშტაბურობაზე იქნება დამოკიდებული. შეგიძლიათ, აჩვენოთ ფილმი, მოიწვიოთ გამომსვლელი, მოაწყოთ სტუდენტებისა და ლექტორების ფორუმი, ჩაატაროთ ვორკშოპი კონკრეტული საკითხისა თუ მეთოდის ირგვლივ. თქვენ ამ ყველაფრის ერთად განხორციელებაც და მოვლენისთვის კონფერენციის დარქმევაც შეგიძლიათ. ზოგიერთი სტუდენტური დაჯგუფება ორი ნაწილისგან შემდგარ საგანმანათლებლო აქციებს აწყობს: ჯერ ფილმს უჩვენებს, შემდეგ კი ინტერაქტიურ სემინარს აწყობს აქტივიზმის პრაქტიკის შესახებ.

დაჯავშნეთ ოთახი, შეიპირეთ გამომსვლელები (იქონიეთ ალტერნატიული გეგმა იმ შემთხვევისთვის, თუ გამომსვლელები არ გამოცხადდებიან), შეამოწმეთ, რომ თქვენი აქცია კონცერტს, ფეხბურთის მატჩს ან სხვა რაიმე პოპულარულ მოვლენას არ ემთხვეოდეს, მოიძიეთ ვიზუალური მასალის აპარატურა (ტელევიზორი, ვიდეო), მოამზადეთ ან იშოვეთ საგანმანათლებლო ბროშურები და მოიმარაგეთ სასმელი და საკვები.

ლექციის თუ სემინარის შესახებ ინფორმაცია ფართოდ გაავრცელეთ. თქვენი საგანმანათლებლო აქცია აზრს დაკარგავს, თუ მსმენელების მოყვანას ვერ შეძლებთ. სკოლებში, ინსტიტუტებში, უნივერსიტეტებში თუ სხვა ახალგაზრდულ დაწესებულებებში გააკარით პლაკატები საგანმანათლებლო აქციის შესახებ. თუ ამის საშუალება არ გაქვთ, შეგიძლიათ ინფორმაცია დაფებზე ცარცით დაწეროთ. შეატყობინეთ მეგობრებს და ამხანაგებს; დაესწარით სხვა აქციებს და პოტენციურად დაინტერესებულ ადამიანებს თქვენ მიერ დაგეგმილი მოვლენის შესახებ უთხარით.

ლექცია თუ სემინარი წინასწარ დაგეგმეთ და შეეცადეთ, რომ მხიარული და ინტერაქტიური იყოს. მოიფიქრეთ სახალისო დასაწყისი, რომ აუდიტორიამ თავიდანვე კარგად იგრძნოს თავი.

საგანმანათლებლო აქციის დასრულების შემდეგ შეეცადეთ, მას გაგრძელება მისცეთ. დამსწრე აუდიტორიას საკონტაქტო მონაცემები გამოართვით და შემდგომი ნაბიჯების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეთ. შეეცადეთ, მათ მყისიერი ქმედების საშუალებაც მისცეთ, მაგალითად, საგანმანათლებლო აქციაზე გარჩეულ საკითხთან დაკავშირებულ წერილების წერის კამპანიაში ჩართვა შესთავაზეთ.

საგანმანათლებლო აქციების ეფექტური ფორმებია აგრეთვე არაფორმალური დებატებისა თუ დისკუსიების მოწყობა. ეს ახალგაზრდებს საკამათო საკითხებზე საკუთარი პოზიციის გამოვლენას ასწავლის და გამოხატვის თავისუფლების უფლების გამოყენებაში დაეხმარება. ამისათვის უნივერსიტეტის კაფე, ბაღი ან სხვა საერთო სივრცე შეგიძლიათ გამოიყენოთ. შეეცადეთ, დისკუსიებში მრავალფეროვანი და განსხვავებული ხმები ჩართოთ. მოიწვიეთ სხვადასხვა ინტერესების, მისწრაფებებისა თუ შეხედულებების მქონე ადამიანები. გახსოვდეთ, რომ ასეთ შემთხვევებში აუცილებელია პრობლემის მკაფიოდ დასმა; წინააღმდეგ შემთხვევაში დისკუსია შესაძლოა უკონტროლო და ზოგადი გამოვიდეს. გაითვალისწინეთ, რომ ასეთი შეკრებები ხმაურიანი იქნება და დარწმუნდით, რომ ამით ხელს არავის უშლით.

3.10 3.10. დემონსტრაციების მოწყობა

▲back to top


ახალგაზრდებს მასობრივი დემონსტრაციების ორგანიზებასა და ჩატარებაში მნიშვნელოვანი როლის თამაში შეუძლიათ. დასავლეთის ქვეყნების უნივერსიტეტებში თითქმის ყოველდღიურად იმართება შედარებით მცირემასშტაბიანი სტუდენტური აქციები. დემონსტრაციის ფორმა იმის მიხედვით უნდა განსაზღვროთ, თუ რა არის თქვენი მთავარი მიზანი - რაიმეს ემხრობით თუ პროტესტს გამოხატავთ. დემონსტრაციის ძირითადი ფორმები კი შემდეგია:

სანთლები: როგორც წესი, ეს ფორმა წყნარი საღამოს დემონსტრაციისას გამოიყენება, რომელიც, თავის მხრივ, დაღუპული ადამიანების ან რაიმე ტრაგიკული მოვლენის ხსოვნას ეძღვნება.

მჯდომარე აქცია: ეს ფორმა საზოგადოებრივი ან კერძო სივრცის დაკავებას გულისხმობს - რომელიც, როგორც წესი, გადაწყვეტილების მიმღების ოფისია ხოლმე. აქციის მონაწილეები მოთხოვნით გამოდიან და სივრცეს მანამდე არ ტოვებენ, სანამ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება ან მის შესახებ მოლაპარაკებები არ დაიწყება.

მსვლელობა: ეს ფორმა გულისხმობს ჯგუფს, რომლის წევრებსაც პლაკატები მოაქვთ და ხმამაღალი შეძახილებით მოდიან. მსვლელობა კონკრეტულ ადგილას იწყება და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ადგილას მთავრდება. იგი მიზნად გზავნილის საზოგადოებამდე და გადაწყვეტილების მიმღებებამდე მიტანას ისახავს.

პიკეტირება: აქ იგულისხმება ჯგუფი, რომელიც კონკრეტული შენობის ან ოფისის ირგვლივ მოძრაობს და შიგნით მყოფ ადამიანებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევს კონკრეტული მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე ან მოლაპარაკებების დაწყებამდე.

დემონსტრაციის ყველა ფორმა წინასწარ ჩატარებულ დიდ სამუშაოს - დაგეგმვას, ადმინისტრირებას და ორგანიზებას - მოითხოვს. დემონსტრაცია ყოველთვის ფართო სტრატეგიის ერთ-ერთი კომპონენტი უნდა იყოს.

რამდენიმე რჩევა დემონსტრაციების ორგანიზებისთვის:

ჩამოაყალიბეთ ორგანიზატორების ბირთვი. კამპანიის მონაწილეებს კონკრეტული ფუნქციები მიანიჭეთ, როგორიცაა მედიასთან ურთიერთობა, ინფორმაციის გავრცელება, ნებართვების კოორდინირება თუ სხვ.

იზრუნეთ დემონსტრაციაზე მოსული ხალხის რიცხვზე. ეს მნიშვნელოვანი საკითხია, ვინაიდან საზოგადოებაც და მედიაც თქვენ მიერ მობილიზებული ადამიანების რიცხვს თქვენი კამპანიის პოპულარობასთან აიგივებს. შეიმუშავეთ დემონსტრაციის შესახებ ინფორმაციის გავრცელების გეგმა და შეეცადეთ მაქსიმალურად ბევრი ადამიანი მოიზიდოთ.

მოიპოვეთ ნებართვები. გაარკვიეთ, გესაჭიროებათ თუ არა ოფიციალური ნებართვა თქვენ მიერ არჩეულ ადგილას დემონსტრაციის გასამართავად და შეეცადეთ მის მოპოვებას. ეს თავიდან აგაცილებთ უნებართვობის საბაბით დემონსტრაციის დაშლის შესაძლებლობას. თუ თქვენი აქცია დაპატიმრების რისკს გულისხმობს, დემონსტრაციაზე გამოცდილი იურისტები მოიწვიეთ დამკვირვებლებად. იცოდეთ თქვენი უფლებები და მოვალეობები.

მოიმარაგეთ საჭირო აღჭურვილობა. დარწმუნდით, რომ ყველაფერი გაქვთ, რაც შეიძლება დაგჭირდეთ (მიკროფონები, მეგაფონები, პლაკატები, ბროშურები, საწვიმარი გადასაფარებლები და პირველი სამედიცინო დახმარების საგნები).

თან იქონიეთ მედიისთვის განკუთვნილი ინფორმაცია. ერთად მოათავსეთ ფაქტების მონაცემები, თქვენი ჯგუფის მიერ მთავარი რედაქტორებისთვის მიწერილი წერილები, პრესრელიზები და თქვენ მიერ დასმული საკითხის გადაჭრის რეკომენდირებული გზები.

მოიფიქრეთ ლოზუნგები და შეძახილები. შეადგინეთ ადვილად დასამახსოვრებელი ლოზუნგი და დემონსტრაციაზე ხმამაღლა იყვირეთ. გახსოვდეთ: თქვენი ლოზუნგი თვითმიზნურად აგრესიულად და ზედმეტად გამომწვევად არ უნდა ჟღერდეს, ვინაიდან ეს ხალხის გაუცხოვებას გამოიწვევს. თქვენი მთავარი მიზანი კი მათი ინფორმირება და მხარდაჭერის მოპოვებაა.

შეადგინეთ პლაკატები და ბაირაღები. შეეცადეთ, ისინი მაქსიმალურად მკაფიო იყოს და რაც შეიძლება დიდი ასოებით ეწეროს. ქუჩაში გამვლელების უმეტესობას არც სურვილი ექნება და არც დრო იმისათვის, რომ დემონსტრანტებს უშუალოდ გამოელაპარაკოს. ამიტომ მათი ყურადღება სწორედ პლაკატებით უნდა მიიპყროთ.

გააკეთებინეთ და გამოიყენეთ დიდი თოჯინები. ადამიანის ზომის თოჯინებს თქვენ მიერ დასმული საკითხის კიდევ უფრო მწვავედ წარმოჩენა და მედიისთვის შესანიშნავი ვიზუალური მასალის მიწოდება შეუძლიათ. შეეცადეთ, გამოიყენოთ ისინი.

შეკრიბეთ გამომსვლელები. შეადგინეთ დემონსტრაციაზე გამომსვლელი ადამიანების მრავალფეროვანი ჯგუფი. სხვებთან ერთად ამ ჯგუფში, ეცადეთ, აუცილებლად შეიყვანოთ ადამიანები, რომლებზეც თქვენ მიერ დასმული საკითხი უშუალო გავლენას ახდენს. შეეცადეთ, გამომსვლელები სხვადასხვა სოციალურ, ასაკობრივ თუ ეთნიკურ ჯგუფს ეკუთვნოდნენ. თითოეულ გამომსვლელს დროის მოკლე რეგლამენტი დაუწესეთ, ვინაიდან ეს დემონსტრაციაა და არა საგანმანათლებლო აქცია.

გაითვალისწინეთ დროის ფაქტორი. დემონსტრაცია ისეთ დროს დაამთხვიეთ, როდესაც გადაწყვეტილების მიმღებები ახლოს იქნებიან, მაგალითად, შეკრებაზე ან სხდომაზე.

გაითვალისწინეთ ამინდი. თუ დემონსტრაცია ღია ცის ქვეშ ეწყობა, შესაძლებელია, წვიმამ შეგიშალოთ ხელი. სასურველია, ასეთი შემთხვევებისთვის ან რაიმე სივრცე გაგაჩნდეთ, ან დარიგებულ ბროშურებზე დაწეროთ წვიმის გამო გადადებული დემონსტრაციის ხელახალი გამართვის თარიღი.

მაქსიმალურად ეცადეთ, ჩანდეთ. დემონსტრაცია ისეთ ადგილას გამართეთ, სადაც დიდი მოძრაობა იქნება (როგორც მანქანების, ისე ფეხით მოსიარულეების).

3.11 3.11. შემოქმედებითი აქციები

▲back to top


ჩვენი დღევანდელი ცხოვრება მუდმივ სტრესსა და დროის ნაკლებობას უკავშირდება, რაც საკმაოდ ართულებს თქვენი კამპანიისადმი ადამიანების ყურადღების მოპოვებას. შემოქმედებითი აქციების მოწყობა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზაა არა მარტო ყურადღების მიქცევისთვის, არამედ ადამიანების ინფორმირებისთვის ამა თუ იმ საკითხზე.

შემოქმედებითი აქციების მოწყობისას, სასურველია, შემდეგი რჩევები გაითვალისწინოთ:

აქცია კონკრეტულ მიზანს ან საკითხს მიუძღვენით.

აუცილებელი არ არის, თეატრალიზებული სანახაობა მოაწყოთ. შეგიძლიათ, დიდი ზომის პლაკატი ან სხვა ვიზუალური ნივთი მოამზადოთ და ამ პროცესს შემოქმედებითად მიუდგეთ.

გაეცანით ისტორიას - სამოქალაქო უფლებებისთვის ბრძოლას (მარტინ ლუთერ კინგ-უმცროსი), არაძალადობრივ აქციებს (განდი), აპართეიდის წინააღმდეგ მიმართულ აქციებს (სამხრეთი აფრიკა) და სხვა. შეისწავლეთ წარსულში გამოყენებული მეთოდები და გაითვალისწინეთ როგორც მათი წარმატება, ისე სირთულეები.

გთავაზობთ შემოქმედებითი აქციის რამდენიმე მაგალითს:

100 სკამი

შეერთებული შტატების მოსახლეობას შორის ეკონომიკური მდგომარეობის უთანასწორობის დემონსტრირებისთვის ერთ-ერთმა ჯგუფმა აქცია მოაწყო. უნივერსიტეტის ეზოში, ხალხმრავალ ადგილას, 100 სკამი დადგეს; ათი ადამიანი 70 სკამზე წამოწვა, დანარჩენი 90 კი 30 სკამზე ცდილობდა მოთავსებას. ამით ჯგუფს სტატისტიკური მონაცემების ჩვენება სურდა, რომლის მიხედვითაც, ამერიკის მოსახლეობის 10 პროცენტი სიმდიდრის 70 პროცენტს ფლობდა, როდესაც ყველა დანარჩენს (90 პროცენტს) მხოლოდ 30 პროცენტი გააჩნდა.

შეგიძლიათ, ეს მოდელი შეცვალოთ და ასის მაგივრად ათი სკამი და ათი მონაწილე გამოიყენოთ; ან იმავე მოდელით სხვა სტატისტიკური მონაცემები გადმოსცეთ.

ადამიანების დიაგრამა

ერთ კუთხეში ასი აქტივისტი დგას, მეორეში კი მხოლოდ ერთი. პლაკატი ან აქციაზე გამომსვლელი აქტივისტი გვიხსნის, რომ ასი ადამიანი მინისტრის ხელფასის სიმბოლოა, ხოლო ერთი - პენსიონერის შემოსავლის.

ინტერაქტიური თეატრი

მოიფიქრეთ მოკლე, ხუთწუთიანი სკეტჩი რაიმე საკითხზე (მაგალითად, შიმშილზე, უსახლკარობაზე, შეუწყნარებლობაზე, ქსენოფობიაზე). შეეცადეთ, სკეტჩი პროვოკაციული იყოს. აუდიტორიას სკეტჩი მთლიანად აჩვენეთ. მერე თავიდან დაიწყეთ და მაყურებელს საშუალება მიეცით, ნებისმიერ მომენტში გაგაჩეროთ. ის, ვინც სკეტჩს გააჩერებს, მისი მონაწილე ხდება და შინაარსს უცვლის. აქციის ბოლოს დისკუსია გამართეთ და სკეტჩის წარმოდგენილი ვარიანტები გააანალიზეთ.

პარტიზანული თეატრი

მოიფიქრეთ დადგმა, რომელიც თქვენს საკითხს დრამატულად წარმოაჩენს, და „წარმოდგენა“ მოულოდნელ ადგილას მოაწყვეთ. 1980-იან წლებში ეს მეთოდი შეერთებულ შტატებში ხშირად გამოიყენებოდა და სადამსჯელო რაზმების მიერ ცენტრალურ ამერიკაში განხორციელებული ადამიანების გატაცებებისა და მკვლელობების წინააღმდეგ პროტესტის გამოხატვას ისახავდა მიზნად. სტუდენტები „გატაცების” ინსცენირებას უნივერსიტეტის კაფეებში აწყობდნენ და სცენის დასრულების შემდეგ აუდიტორიას მის მნიშვნელობას უხსნიდნენ. ამ სანახაობამ ბევრი სტუდენტი ჩართო ცენტრალური ამერიკის სოლიდარობის მოძრაობაში.

4 გამოყენებული მასალები

▲back to top


1. Ackerman, Peter and Kruegler, Christopher (1994) Strategic Nonviolent Conflict: The Dynamics of People Power in the Twentieth Century, Westport: Praeger

2. Bobo, Kim, Kendall, Jackie and Max, Steve (1991/2001) Organizing for Social Change: Midwest academy Manual for activists, Santa ana: Seven Locks Press

3. Helvey, Robert (2004) On Strategic Nonviolent Conflict: Thinking about the Fundamentals, 2004, Boston: The albert Einstein Institution

4. Miller, Chris (2005) Understanding Strategic Nonviolent Struggle: Case analysis of the Georgian “Rose Revolution”, unpublished paper.

5. Sharp, Gene (1973/2000) The Politics of Nonviolent action, Boston: Porter Sargent Publishers

6. Just add Consciousness: a Guide to Social activism, document created by Oxfam, Campus Outreach Opportunity, and Bread for the World, at http://www.oxfamamerica.org/newsandpublications/publications/fast_materials/add_consciousness

7. „Political Power“ http://en.wikipedia.org/wiki/Political-power

8. Materials provided by CANVAS, Centre for applied Non Violent action and Strategies, Belgrade, at http://www.canvasopedia.org