![]() |
შევაჩეროთ წამება |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
თემატური კატალოგი ადამიანის უფლებები |
წყარო: ISBN 99940-15-67-2 |
საავტორო უფლებები: © არასამთავრობო ორგანიზაცია ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის |
თარიღი: 2003 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: არასამთავრობო ორგანიზაცია ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის ; [შემდგ.: ნანა კაკაბაძე, გელა ნიკოლაიშვილი] - თბ., 2003 : ბაკურ სულაკაურის სტ. - 70გვ. ; 16სმ. - : [ფ.ა.] [MFN: 132365] თბილისი 2003 შევაჩეროთ წამება შემდგენლები: ნანა კაკაბაძე გელა ნიკოლაიშვილი გამოცემა დაფინანსებულია ევროკომისიის მიერ STOP TORTURE Compilers: Nana Kakabadze Gela Nikolaishvili Published with the support Evropean Commission დაიბეჭდა ბაკურ სულაკაურის სტამბაში Printed by ,,Bakur Sulakauri Publishing” |
![]() |
1 წამება და სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობა საქართველო: თეორია და პრაქტიკა |
▲ზევით დაბრუნება |
მე-20 საუკუნის ბოლო ოცწლეულში საქართველოში მიმდინარეობდა აქტიური მოძრაობა დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრებისათვის. 90-იანი წლებიდან ამ მისწრაფებებში საზოგადოება და დამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფლება ერთსულოვნად აფიქსირებდნენ იმის მზადყოფნას, რომ მაქსიმალურად მომხდარიყო საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია საერთაშორისო სტანდარტებთან, თუმცა, დამოუკიდებლობის თორმეტწლიანი ისტორიის მანძილზე ამ გზაზე მრავალი ობიექტური და სუბიექტური წინააღმდეგობის გადალახვა უხდებოდა ქვეყანას, რის გამოც ხშირად ხელისუფალთა მიერ დეკლარირებული დემოკრატიული მისწრაფებები მხოლოდ დეკლარაციებად რჩებოდა. ამიტომაც ამ პერიოდში ადამიანის უფლებათა დარღვევის დონე და მასშტაბები დამოუკიდებელ საქართველოში გაცილებით უფრო მაღალი იყო (და არის), ვიდრე ეს დასაშვებია სამართლებრივი სახელმწიფოსათვის. ამის მიზეზები ზოგადად ასე შეიძლება ჩამოვაყალიბოთ:
1. არსებული არაეფექტური სამართლებრივი ბაზა და ინკვიზიციური ტიპის საგამოძიებო და სასამართლო სისტემები, რომლებიც მოქალაქეებს უზღუდავენ საკუთარი უფლებების რეალიზაციის საშუალებას. მართალია, ბოლო წლებში გატარდა სასამართლო რეფორმა, მაგრამ მიუხედავად ამისა, საბჭოური მართლმსაჯულების მრავალი ნაკლი დღემდე მემკვიდრეობით გამოჰყვა ახალ სასამართლო სისტემას.
2. თითქმის ხელუხლებლად შემორჩენილი ტოტალიტარული რეჟიმის სამართლებრივი ინსტიტუტები, რომელთა საბრალდებო გადახრა კარგადაა ცნობილი და რომელთა შინაგანი ბუნება გათვლილია არა ზოგადად მოქალაქის, არამედ არსებული რეჟიმის დაცვაზე.
3. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტების შედარებითი სისუსტე, ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საზოგადოების განათლების არასაკმარისობა, გავრცელებული სტერეოტიპების ტრადიციების არსებობა.
4. სახელმწიფო მოხელეთა კორუმპირებულობა და მათი კომუნისტური მენტალიტეტი. ეს ყველაზე სავალალო შედეგებს იძლევა სამართალდამცავ და მართლმსაჯულების სისტემაში, სადაც ასეთ მოხელეებს უშუალო შეხება აქვთ ადამიანის ღირსებასთან, თავისუფლებასთან და სიცოცხლესთან.
5. ბიუროკრატიული აპარატის გადამეტებული უფლებები და ამ აპარატის მიმართ მოქალაქეთა ფაქტობრივი უუფლებობა. სახელმწიფო აპარატის სტრუქტურა მთლიანად ეფუძნება მოქალაქისა და ადმინისტრაციის უთანასწორობას. ახალმა, დემოკრატიულმა ზოგადმა ადმინისტრაციულმა კოდექსმა ჯერჯერობით პრაქტიკაში ვერ შეცვა ათწლეულების მანძილზე დამოკიდებული და ხალხის ძვალსა და რბილში გამჯდარი მოქალაქისა და ადმინისტრაციის უთანასწორობის ტრადიცია.
6. ფაქტობრივად უხელფასო ბიუროკრატიის არსებობა, რის გამოც სახელმწიფო მოხელე იძულებულია იკვებოს მოქალაქეთა ხარჯზე. ეს მოხელე ისეთ ეკონომიკურ პირობებშია ჩაყენებული, რომ ხშირად იძულებულია თავი ირჩინოს ხელისუფლების ბოროტად გამოყენებით.
7. საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების უკიდურესად დაბალი დონე.
საქართველოში დღეისათვის გავრცელებული ადამიანის დარღვევების ტიპებს შორის ერთ-ერთი ყველაზე საშიშია წამება და სასტიკი, არაჰუმანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობა. მართალია, მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ხდება სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენელთა მხრიდან მოქალაქეთა მიმართ ამგვარი მოპყრობის ფაქტების დაფიქსირება, მაგრამ იმ სახელმწიფოებში, სადაც არსებობს დემოკრატიული წესებით ცხოვრების დიდი ტრადიციები და ჩამოყალიბებული სამოქალქო საზოგადოება, ასეთი შემთხვევები ერთეულებია და გამონაკლისს წარმოადგენს, რადგან აქ მთელი საზოგადოება მობილიზებულია ადამიანის უფლებების დასაცავად, ეს კი ხელ-ფეხს უბორკავს ხელისუფლების ნებისმიერ წარმომადგენელს გადაამეტოს კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებას და მოქალაქის მიმართ გამოიყენოს ღირსების შემლახველი ან სასტიკი, არაადამიანური მოპყრობის მეთოდები. არადემოკრატიულ ან ახალი დემოკრატიის ქვეყნებში სამართალდამცველების მხრიდან ამ მეთოდით ურთიერთობა თავისუფლებაშეზღუდულ პირებთან დამკვიდრებული ტრადიციის ნაწილია და ამ ტრადიციის აღმოფხვრას ჯერ კიდევ დიდი დრო და ძალისხმევა სჭირდება. სამწუხაროდ, საქართველო ამ უკანასკნელ ქვეყანათა რიგს განეკუთვნება, რის გამოც ქვეყნის პრეზიდენტის მიერ ბოლო ხანს გაკეთებული განცხადებები საქართველოს წამებისაგან თავისუფალ ზონად გამოცხადების შესახებ მხოლოდ დეკლარაციად რჩება, რომლის ხორცშესხმა შეუძლებელია თვითონ პრეზიდენტისა და მისი სახელისუფლო გუნდის რეალური ძალისხმევის გარეშე. ამასთან, აუცილებელია სამოქალაქო საზოგადოებისგააქტიურება ამ მიმართულებით, რადგანაც ეს არის ის უმთავრესი ფაქტორი, რომელიც ხელისუფლებას აიძულებს კონკრეტული და რეალური ნაბიჯები გადადგას მოქალაქეთა წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტების მინიმუმამდე შემცირებისათვის. დღეისათვის კი საქართველოში ამ მხრივ საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა კერძოდ:
არცთუ იშვიათად ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც ხდება მოქალაქეთა უკანონო დაკავება, დაკავების დროის არაზუსტი დაფიქსირება, დაკავებულებს არ განემარტებათ მათი უფლებები, ირღვევა ადვოკატის დროულად დაშვებისა და ახლობლებთან დაკავშირების უფლება, საპროცესო წესების დარღვევით, უსაფუძვლოდ ხდება ჩხრეკა და ნარკოლოგიურ დისპანსერებში მოქალაქეების წარდგენა და ა.შ. ძალაზე მძიმე პირობებია წინასწარი დაკავების საკნებში, სადაც საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით საპყრობილეში გადაყვანამდე 72 საათის განმავლობაში ამყოფებენ დაკავებულ პირს (მართალია, შემდგომში საპყრობილეში გადაყვანილ პატიმრებსაც ცუდი პირობები ხვდებათ, მაგრამ ეს სხვა პრობლემაა, რადგან სწორედ პოლიციის წინასწარი დაკავების განყოფილებებში მდებარე საკნებში ხდება ყველაზე ხშირად დაკავებულებზე უკანონო ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზემოქმედებები). განვლილი 1 წლის განმავლობაში საქართველოში დაფიქსირებულია 300-ზე მეტი შემთხვევა, როდესაც დაკავებულები 72-საათიანი ვადის დარღვევით ან სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებებით გადაჰყავდათ წინასწარი დაკავების საკნებიდან საპყრობილეებში. სამწუხაროდ, ასეთი დარღვევები აღმოჩენილია საქართველოს პრაქტიკულად ყველა რეგიონსა და რაიონში (მეტ-ნაკლებად). ამასთან, ჩვენში არსებული წინასწარი დაკავების საკნების პირობებში 72-საათიანი უბრალოდ ყოფნაც კი (თუნდაც ყოველგვარი ფიზიკური ზემოქმედების გარეშე) უკვე წარმოადგენს დაკავებულის წამების ერთ-ერთ ფორმას. ბევრ ასეთ საკანში (ე.წ. KПЗ-ში) არც ფანჯარაა, არც სინათლე და არც სისუფთავე, ხოლო რაც შეეხება ლოგინს, იგი არცერთ წინასწარი დაკავების საკანში არ არსებობს და თუ ოჯახიდან მიტანილი ლეიბის ან საბნის გადაცემის საშუალება არ მისცა პოლიციამ, დაკავებული ხის ან ცემენტის იატაკზე ატარებს 72 საათს.
პოლიციელთა მუშაობაში არსებობს ,,გალევებისა“ და „გაპრვების“ კარგად დამუშავებული სისტემა. პოლიციელთა ენაზე მათი მნიშვნელობა ასეთია: გალევება - ეჭვმიტანილისგან ფულის აღება და დანაშაულის გაუფორმებლობა; გაპრავება - საქმისათვის მსვლელობის მიცემა, ანუ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა. დანაშაულის არგაფორმება (,,გალევება“) ხდება არა მხოლოდ ფულის აღების მიზნით, არამედ ,,ზემოდან“ დარეკილი ზარების მიზეზითაც, რაც ანგარების ერთ-ერთი ფორმაა. როდესაც გადაწყვეტილია, რომ სხვადასხვა მიზეზთა (ძალზე გახმაურებული, საქვეყნოდ ცნობილი საქმე, ოდიოზური დამნაშავე, ინტრიგანი და დაზარალებული და ა.შ.) გამო აუცილებელია საქმის ,,გაპრავება“ და ეჭვმიტანილის ,,სროკზე გაშვება“, საქმეში ერთვება წამების კარგად დამუშავებული მეთოდები, რათა მსხვერპლმა რაც შეიძლება მეტი სამხილი მისცეს გამოძიებას საკუთარი თავის ან სხვის წინააღმდეგ. კერძოდ, მსხვერპლს ურტყამენ ხელებზე, ტანზე, ფეხის გულებზე, რისთვისაც იყენებენ რეზინის ხელკეტს, სკამის საზურგეს, სპეციალურ დრეკად რკინას, რომელთა სხეულზე დარტყმების შედეგად სილურჯე თითქმის არ რჩება. წამების მეთოდები მრავალფეროვანია: ხელების შემორტყმა ყურებში, მსხვერპლის ჩაკეტვა სეიფში და გარედან ხელებით დარტყმები, მსხვერპლის გაშლილი ხელებით ჩამოკიდება და მისი ცემა (ე.წ. „ლასტოჩკა“), გაუპატიურება ან გაუპატიურების მუქარა. ცალკე უნდა აღინიშნოს დენის შეერთების აპრობირებული მეთოდი - როდესაც საველე ტელეფონს შეერთებული აქვს 250 კილოვატიანი კვების წყარო, საიდანაც გამოდის ორი შემაერთებელი მავთული და რაც უფრო მეტად ატრიალებენ ტელეფონის სახელურს, მით უფრო იმატებს დენი. ასეთ წამებას პრაქტიკულად ვერავინ უძლებს და მსხვერპლი მზად არის ნებისმიერ დოკუმენტზე მოაწეროს ხელი.
მართალია, პოლიციელები პრაქტიკულად არც ერთ ქვეყანაში არ უყვართ, მაგრამ დემოკრატიულ სახელმწიფოში მათ მიმართ საზოგადოება ნდობასა და პატივისცემას გამოხატავს, რადგან კანონის მიერ უფლებებით აღჭურვილი სამართალდამცავი ორგანოების გარდა არ არსებობს დამნაშავეობასთან ბრძოლის ორგანიზებული ლეგიტიმური სტრუქტურა. საქართველოში კი ზემოხსენებულ მიზეზთა გამო პოლიცია დისკრედიტირებულია და საზოგადოება მიიჩნევს, რომ სამართალდამცველი ორგანოები ხელისუფლების სიმშვიდესა და ინტერესებს იცავენ და არა ხალხისა.
მეორე მხრივ, სამართალდამცავ სტრუქტურებში დანერგილი სისტემა პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის პატიოსანი პოლიციელებისათვის კანონის სრული დაცვით მუშაობას. რიგითები და საშუალო რგოლის პოლიციელები მუდმივად განიცდიან მუშაობისათვის ელემენტარულად აუციელბელი პირობების დეფიციტს: მათ არ ჰყოფნით ან საერთოდ არ გააჩნიათ საჭირო რაოდენობის ფორმა, შეიარაღება, ავტომანქანები, საწვავი, კომპიუტერული ტექნიკა, ქაღალდი თუ საწერ-კალამი, ანუ სავალალო მდგომარეობშია მთელი მათი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. ამას ემატება საარსებო მინიმუმზე დაბალი ხელფასები და ხშირად მათი დაგვიანებაც. ამრიგად, კეთილსინდისიერი მუშაობისა და კანონის ზედმიწევნით დაცვისათვის სრულიად შეუსაბამო, არანორმალური და აუტანელი პირობებია შექმნილი თვით პოლიციელებისთვისაც. მაგალითად, პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთი თეთრიც არ არის გამოყოფილი წინასწარი დაკავების საკნებში განთავსებულ დაკავებულთა კვებისათვის, ანუ, კანონის მიხედვით, გამოდის, რომ იმ შემთხვევაში, თუ დაკავებულ პირს ოჯახიდან საკვების მიმტანი არა ჰყავს (ან სხვა ქალაქშია დაკავებული), პოლიციელმა 72 საათის განმავლობაში სრულად უნდა აშიმშილოს დაკავებული და ეს სავსებით კანონიერია.
ამავე დროს, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის და მოსახლეობის მხრიდან პოლიციისადმი ნდობის კატასტროფული დეფიციტის პირობებში ხშირად სამართალდამცველებს უბრალოდ არ შეუძლიათ ჩაეტიონ კანონით გათვალისწინებულ ვადებში (ეჭვმიტანილად ცნობამდე - დაკავებიდან 12 საათი, ბრალის წაყენებამდე - 48 საათი და ა.შ.) და წესიერი პოლიციელიც კი იძულებულია დაუშვას კანონიდან გადაცდომები დაკავების ვადის, ჩხრეკისას დამსწრეთა მოძებნის, მოწმეთა დაშინების თუ სხვა საკითხებში. რასაკვირველია, ეს არ ამართლებს კანონდამრღვევ პოლიციელს, მაგრამ სამართალდამცველთა მუშაობის არანორმალურ პირობებზე და საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგების აუცილებლობაზე ყურადღების გამახვილება პირველ რიგში საზოგადოების ინტერესების სფეროშია, რის გამოც ეს უნდა იყოს სამოქალაქო საზოგადოების ზრუნვის ერთ-ერთი პრიორიტეტი.
პოლიციის განყოფილებაში არსებულ მძიმე მდგომარეობას ხელს უწყობს სისტემის დახურულობა, მონიტორინგის განხორციელების სირთულეები და საზოგადოების გაუთვითცნობიერებლობა საკუთარ უფლებებსა და შესაძლებლობებში. პოლიციის განყოფილებებში დაკავებულთა წესების იმ ცალკეული ფაქტების წინააღმდეგ ბრძოლას, რომლებსაც პერიოდულად ააშკარავებენ ადვოკატები, არასამთავრობო ორგანიზაციები ან ჟურნალისტები, არა აქვს სისტემატიზებული და თანმიმდევრული ხასიათი, რის გამოც ასეთი ფაქტების აღმოფხვრის მიმართულებით ყველა ძალისხმევა მნიშვნელოვნად ვერ ცვლის გაბატონებულ მანკიერ სისტემას. საბჭოთა პერიოდიდან დამკვიდრებული ანტაგონისტური დამოკიდებულება სამართალდამცავ ორგანოებსა და საზოგადოებას შორის დღესაც გრძელდება. სამწუხაროდ, ხალხი პოლიციაში უფრო საფრთხის პოტენციურ მატარებელს ხედავს, ვიდრე მისი უფლებებისა და უსაფრთხოების დამცველი ინსტიტუტის წარმომადგენელს. ბევრი მოქალაქის აზრით, პიროვნების დაკავება პოლიციელთა მიერ ამ უკანასკნელთათვის წარმოადგენს ბიზნესის ერთგვარ სახეს და შემოსავლის მუდმივ წყაროს. ხალხის დიდი ნაწილი დარწმუნებულია, რომ პოლიციის განყოფილებებში ვინმეს მიყვანა და მისი დადანაშაულება სხვადასხვა სახის კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში ხშირად ფულის გამოძალვის მიზნით ხდება (წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიციელები მათ მიმართ ბრალის წაყენებითა და სისხლის სამართლის საქმის აღძვრით იმუქრებიან). ხშირად დიდი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რამდენად არის ესა თუ ის პირი გარეული რომელიმე დანაშაულში - ყველა შემთხვევაში შეიძლება მოწმეთა ,,შოვნა“ (ზოგჯერ ცრუ, ზოგჯერ - ნამდვილი მოწმეებისა), მტკიცებულებათა მოპოვება ან შექმნა და დაკავებულთაგან ,,აღიარების“ მიღება ინკვიზიციური მეთოდებით. ამის შემდეგ იწყება ვაჭრობა იმაზე, თუ ,,რა ღირს“ საქმის არ აღძვრა და დაკავებული პირის განთავისუფლება. ამას ხელს უწყობს ის სამწუხარო ფაქტი, რომ დაუწერელი წესის მიხედვით რიგითებისა და საშუალო რგოლების პოლიციელებისათვის უზენაეს კანონს წარმოადგენს არა საქართველოს კონსტიტუციით ან სხვა საკანონმდებლო აქტებით მინიჭებული უფლებები, არამედ უფროსის ზეპირი მითითებები და ბრძანებები. აღნიშნული დაუწერელი წესის მიხედვით კი დაკავებულისგან სასურველი ჩვენებების მიღება ნებადართულია ნბისმიერი უკანონო მეთოდით.ზოგჯერ ეს მეთოდები გამოიყენება საქმის გასახსნელად და სამსახურებრივი წინსვლისათვის, ხოლო ზოგჯერ - მტკიცებულებების მოსაპოვებლად ან შესაქმნელად იმ მიზნით, რომ შემდეგ მოხდეს დაკავებულისაგან ფულის გამოძალვა. გამოძალული ფულიდან ყველას (ოპერმუშაკს, ქვეგანყოფილების, განყოფილებისა და სამმართველოს ხელმძღვანელებს) თავისი წილი ეკუთვნის, რის გამოც ,,შავი საქმის“ უშუალო შემსრულებლებს აქვთ მათგან მფარველობის გარანტია. ბევრი (მათ შორის რიგითი პოლიციელებიც) დარწმუნებულია, რომ ასეთ საქმეებში გარეულები და მაშასადამე, მათი მფარველები შსს-ს უმაღლეს ინსტანციებშიც არიან. ასეთია მოქალაქეთა უმრავლესობაში გავრცელებული აზრი პოლიციის სისტემაში არსებული დაუწერელი კანონების შესახებ.
წინასწარი დაკავების საკნებში ადამიანის უფლებათა შელახვის ფაქტების გამოვლენა დიდ სირთულეს წარმოადგენს. მსხვერპლი თითქმის ყოველთვის დაშინებულია იმით, რომ ჩივილის შემთხვევაში პოლიცია გამომაჟღავნებს მის მიერ რეალურად ჩადენილ ან მასზე მიწერილ რომელიმე დანაშაულს, ან მომავალში მოხდება მისთვის ნარკოტიკის ან იარაღის ,,ჩადება“ (ეს არის მიზანში ამოღებული პიროვნების დაკავების ყველაზე გავრცელებული მეთოდი საქართველოში). როგორც წესი, ნებისმიერი მოქალაქე (თუნდაც გავლენიანი) ერიდება პოლიციასთან ურთიერთობის გაფუჭებას, რის გამოც არაერთი გამოვლენილი უკანონო დაკავების ფაქტიდან თითქმის არც ერთი არ ჰპოვებს შემდგომ საგამოძიებო თუ სასამართლო გაგრძელებას. სამართლიანობისათვის საჭიროა აღინიშნოს ისიც, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მოხდა პოლიციის წინასწარი დაკავების ადგილებში დაკავებულის მკვლელობის (პოლიციის ვერსიით - თვითმკვლელობის) მხოლოდ ერთი ფაქტი, მაშინ, როცა გასულ წლებში ამ ადგილებში გარდაცვლილთა თუ ფანჯრებიდან საეჭვო ვითარებაში გადმომხტართა (სავარაუდოდ, გადმოგდებულთა) რაოდენობა გაცილებით მეტი იყო. იგრძნობა დაკავებულთა წამების ფაქტების შემცირების გარკვეული ტენდენციაც, რადგან მას სისტემატური ხასიათი აღარა აქვს.ამის მიზეზი ძირითადა ჟურნალისტების და ადვოკატების, ადგილობრივი და საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაციების აქტიურობა და ხელისუფლებაზე ზეწოლაა, თუმცა, მდგომარეობის მნიშვნელოვან გამოსწორებაზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია. უბრალოდ, ოდნავ გაიზარდა პოლიციელთა მხრიდან ანგარიშგაწევის მასშტაბები ზემოთ დასახელებული პროფესიების წარმომადგენელთა მიმართ, რადგან მათ დაინახეს, რომ უფლებადამცველებს და ჟურნალისტებს შეუძლიათ გარკვეული უსიამოვნებები შეუქმნან მათ კანონსაწინააღმდეგო ქმედებების შემთხვევაში. ამის დამადასტურებლად გამოდგება კონკრეტული ფაქტები: 2002 წლის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ შს ორგანოებიდან დაითხოვეს 92 პოლიციელი (მათგან 12 - ხელმძღვანელი პირი), დაკავებული თანამდებობებიდან გაანთავისუფლეს 74 (მათ შორის - 33 ხელმძღვანელი პირი), ხოლო პროკურატურის ორგანოების მიერ პოლიციის 47 თანამშრომლის მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. 2003 წლის პირველ 8 თვეში შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ შს ორგანოებიდან დაითხოვეს 51 პოლიციელი (მათგან 9 - ხელმძღვანელი პირი), დაკავებული თანამდებობებიდან გაანთავისუფლეს 5 (მათ შორის - 1 ხელმძღვანელი პირი), ხოლო პროკურატურის ორგანოების მიერ პოლიციის 33 თანამშრომლის მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. გარდა ამისა, 2002 წელს სხვადასხვა სახის დისციპლინური სასჯელი დაედო პოლიციის 382 თანამშრომელს, ხოლო 2003 წლის პირველ 8 თვეში - 136 თანამშრომელს (ოფიციალური ინფორმაცია დასჯილი პოლიციელების კონკრეტული გვარების მითითებით მიღებულია შსს-ს გენერალური ინსპექციიდან).
საზოგადოებაში დამკვიდრებული აზრის მიხედვით, პოლიციელები რიგით მოქალაქეებზე უფრო ხშირად არღვევენ კანონს, რისი უმთავრესი მიზანიც ანგარებაა. ყველაზე ადვილია „ფულის შეწერა“ რეპუტაციაშელახული (ნასამართლევი) მოქალაქეებისათვის. მათთვის უპრობლემოდ შეიძლება ნარკოტიკის ან იარაღის „ჩადება“ ან გაუხსნელი საქმეების „აკიდება“, რადგან ამას ყველა ადვილად დაიჯერებს. ეს არის საქმის ხელოვნურად შექმნის გზით ფულის კეთების ადვილი გზა. ფულის გაკეთების ასევე კარგი საშუალებაა უნიშვნელო დანაშაულები - ავარია, მეზობლური დავები, ქუჩის ჩხუბი (ხულიგნობა) და ა.შ. ასეთი საქმეების არაღძვრისათვის პოლიციელთა თანხმობაა აუცილებელი, რაც უანგაროდ თითქმის არასოდეს ხდება. საერთოდ, ცნობილია, რომ საქართველოში შექმნილი კორუმპირებული გარემოს წყალობით დამნაშავეს არ უჭირს თავისუფლების ყიდვა. მოქალაქე (თუნდაც უნიშვნელო დამრღვევი) ფიქრობს, რომ უმჯობესია საწყის ეტაპზე გადაუხადოს ფული პოლიციას და სამართალდამცავი ორგანოებიდან დაიხსნას თავი, რადგან შემდგომში გამომძიებელთან, პროკურორთან და მოსამართლესთან ეს „უფრო ძვირი დაუჯდება“. ერთი სიტყვით, თუ ბევრი ფული გაქვს ან „პატრონი“ გყავს „ზევით“, ხშირად შეგიძლია ნებისმიერი დანაშაული ჩაიდინო და შემდეგ თავი დაიძვრინო, ან მინიმალური (სიმბოლური) სასჯელი მიიღო. ამიტომაცაა, რომ დღეს ძალიან ბევრი საზოგადოებისათვის საშიში პიროვნება, რეალური და პოტენციური დამნაშავე თავისუფლად დაიარება, ხოლო შემთხვევით, წონასწორობიდან გამოსვლით ან გარემოებათა ტრაგიკული დამთხვევის მიზეზით დანაშაულის ჩამდენი უფულო და „უპატრონო“ ჩვეულებრივი, არაკრიმინალური ტიპის უამრავი მოქალაქე მრავალწლიანი სასჯელებით თავისუფლების აღკვეთის ადგილებში იმყოფება.
წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპულმა კომიტეტმა საქართველოს მთავრობისადმი წარდგენილ მოხსენებაში (რომელიც ეხებოდა ამ კომიტეტის წარმომადგენელთა ვიზიტის შედეგებს საქართველოში) პირდაპირ მიუთითა: ,,კომიტეტი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოში ეჭვმიტანილ პირებს პოლიციის მიერ დაკავებისას და/ან პოლიციაში მათი ყოფნის პერიოდში (განსაკუთრებული დაკითხვის დროს) ემუქრებათ სერიოზული საფრთხე იმისა, რომ მათ მიმართ შეიძლება ადგილი ჰქონდეს არამართებულ და ზოგიერთ შემთხვევაში უხეშ ფიზიკურ მოპყრობას და ,,წამებას“. ამავე დროს მოხსენებაში კომიტეტი იძლევა კონკრეტულ რეკომენდაციებს მდგომარეობის გამოსწორებისათვის, თუმცა, სამწუხაროდ, მათი უმრავლესობა ჯერჯერობით გათვალისწინებული არ არის საქართველოს ხელისუფლების მიერ.
წამებისგან და ღირსებაშემლახველი მოპყრობისგან თავის დაცვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება მოქალაქეებისათვის არის იმ უფლებებისა და მოვალეობების ცოდნა, რომელიც განსაზღვრულია როგორც საერთაშორისო ნორმებით, ისე საქართველოს კანონმდებლობით. ამ ნორმათა ცოდნასა და მათი პრაქტიკაში გამოყენების გარეშე თითოეული მოქალაქე დაუცველი იქნება იმ სამართალდამცავი ჩინოვნიკების ძალმომრეობისაგან, რომლებიც აჭარბებენ საკუთარ უფლებამოსილებას და ცდილობენ შელახონ მოქალაქეთა კანონიერი უფლებები და ინტერესები. აღნიშნულ ნორმათა უკეთ გაცნობასა და გამოყენების მიზნით ქვემოთ გამოქვეყნებულია ამონაკრები საერთაშორისო და ადგილობრივი კანონმდებლობიდან, რომელთა შესრულება სავალდებულოა საქართველოს თითოეული სამართალდამცავისათვის.
![]() |
2 სამართალდამცავი თანამდებობის პირების ქცევის კოდექსი |
▲ზევით დაბრუნება |
(გაეროს გენერალური ასამბლეის 1979 წლის 17 დეკემბრის რეზოლუცია)
სამართალდამცავი თითოეული თანამდებობის პირი წარმოადგენს მთლიანად საზოგადოებას და პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია მის წინაშე. ამიტომ, სამართალდამცავი თანამდებობის პირების ქცევა უნდა იყოს მაქსიმალურად კონტროლირებადი საზოგადეოების მხრიდან, რაც შეიძლება განხორციელდეს საბჭოს, სამინისტროს, პროკურატურის, სასამართლოს, მოქალაქეთა ასოციაციის მიერ ან ამ ორგანოთა ნებისმიერი შერწყმით.
სამართალდამცავი თითოეული თანამდებობის პირი წარმოადგენს მართლმსაჯულების სისტემის ნაწილს, რის გამოც თითოეული თანამდებობის პირის ქცევა ზეგავლენას ახდენს მთელ სისტემაზე. მის ავტორიტეტზე.
სამართალდამცავი თითოეული თანამდებობის პირის ქვემოთ ჩამოყალიბებულ ნორმებს არ ექნბათ პრაქტიკული ღირებულება მანამ, სანამ მათი შინაარსი და მნიშვნებლობა სწავლების და მომზადების, აგრეთვე კონტროლის განხორციელების გზით არ იქცევა სამართალდამცავი თითოეული თანამდებობის პირის კრედოდ.
1. ტერმინი ,,სამართალდამცავი თითოეული თანამდებობის პირი“ მოიცავს ყველა დანიშვნით ან არჩევით თანამდებობის პირს, რომელიც აღჭურვილია პოლიციური ძალაუფლებით, განსაკუთრებით დაკავების ან დაპატიმრების ძალაუფლებით. იმ ქვეყნებში, სადაც პოლიციურ ძალაუფლებას აგრეთვე ახორციელებენ სამხედრო ძალაუფლებას აგრეთვე ახორციელებენ სამხედრო ხელისუფალნი ანდა სახელმწიფო უშიშროების ძალები, სამართალდამცავი თანამდებობის პირის ცნება მოიცავს ამ სამსახურების თანამდებობის პირებსაც.
2. თავიანთი მოვალეობის შესრულებისას, სამართალდამცავი თანამდებობის პირები პატივს სცემენ და იცავენ ადამიანის ღირსებას და მხარს უჭერენ და ხელს უწყობენ თითოეული ადამიანის უფლებებს, რომლებიც ჩამოყალიბებულია საერთაშორისო დეკლარაციებში და კონვენციებში.
3. სამართალდამცავ თანამდებობის პირებს შეუძლიათ გამოიყენონ ფიზიკური ძალა მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის მდგომარეობაში და იმ ზომით, რაც საჭიროა მათი მოვალეობის შესასრულებლად. უკიდურესი აუცილებლობის მდგომარეობად ჩაითვლება: ა) დანაშაულის აღკვეთა, ბ) სამართალდამრღვევის ან სამართალდარღვევაში ეჭვმიტანილის მართლზომიერი დაკავება ან გ) მათი დაკავებისას დახმარების აღმოცენდა.
სამართალდამცავ თანამდებობის პირებს შეუძლიათ გამოიყენონ შეიარაღებული ძალა ცეცხლსასროლი იარაღი) როგორც უკიდურესი ზომა. როგორც წესი, ცეცხლსასროლი იარაღი არ უნდა იქნეს გამოყენებული, გარდა ორი შემთხვევისა: ა) როდესაც სამართალდამრღვევი ან ეჭვმიტანილი სამართალდამრღვევი შეიარაღებულ წინააღმდეგობას უწევს ან სხვაგვარად საფრთხეს უქმნის სხვათა სიცოცხლეს და ბ) როდესაც სხვა ნაკლებ უკიდურესი ზომები არ არის საკმარისი მათ დასაშოშმინებლად და დასაკავებლად.
4. სამართალდამცავი თანამდებობის პირები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ საპატიმროში მოთავსებული პირის ჯანმრთელობის სრული დაცვა, კერძოდ, მიიღონ დაუყოვნებელი ზომები სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად, როდესაც ასეთს ითხოვენ. ამასთან, სამართალდამცავმა თანამდებობის პირებმა უნდა გაითვალისწინონ საპატიმროს სამედიცინო პერსონალის აზრი გარედან მათთან უშუალო ურთიერთობაში არმყოფი სამედიცინო პერსონალის მოწვევის შესახებ, კონსულტაციის მისაღებად ან სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად.
5. კანონი მთელი სიმკაცრით უნდა იქნას გამოყენებული ნებისმიერი იმ თანამდებობის პირის მიმართ, რომელიც მხილებული იქნება კორუფციაში, რადგანაც ხელისუფლება ვერ მოსთხოვს მოქალაქეებს კანინისადმი მორჩილებას, თუ მას არ შეუძლია უზრუნველყოს კანონის შესრულება მისივე წარმომადგენელთა მხრიდან.
6. სამართალდამცავი თანამდებობის პირები პატივს სცემენ კანონს და ამ კოდექსს. თუ ეროვნული კანონმდებლობა და პრაქტიკა ითვალისწინებენ უფრო მკაცრ წესებს, ვიდრე ამ კოდექსის დებულებები, მაშინ მოქმედებენ პირველნი.
7. სამართალდამცავი თანამდებობის პირები, რომლებიც ასრულებენ ამ კოდექსის დებულებებს, იმსახურებენ პატივისცემას, სრულ მხარდაჭერას და თანადგომას საზოგადოებისაგან და იმ სამართალდამცავი ორგანოებისაგან, რომლებშიც ისინი მსახურობენ.
![]() |
3 პრინციპების კრებული ყველა იმ პირის დასაცავად, რომლებიც ნებისმიერი ფორმით არიან დაკავებული ან დაპატიმრებული |
▲ზევით დაბრუნება |
(გაეროს გენერალური ასამბლეის 1988 წლის 9 დეკემბრის რეზოლუცია)
ნებისმიერი ფორმით დაკავებულ ან დაპატიმრებულ ყველა პირს უფლება აქვს მოექცნენ ჰუმანურად და ადამიანის პიროვნებისათვის დამახასიათებელი ღირსების პატივისცემით.
ნებისმიერი ფორმით პირის დაკავება ან დაპატიმრება და პიროვნების უფლებების ყოველგვარი შეზღუდვა, დაკავშირებული დაკავებასა და დაპატიმრებასთან, უნდა ხორციელდებოდეს დადგენილების საფუძველზე და ექვემდებარებოდეს სასამართლოს ან სხვა ორგანოს ეფექტურ კონტროლს.
სახელმწიფოებმა საკანონმდებლო წესით უნდა აკრძალონ თანამდებობის პირების მიერ პრინციპების ამ კრებულში ჩამოყალიბებული მოვალეობების შეუსრულებლობა, ასეთი ქმედებებისათვის დაადონ შესაბამისი სანქციები და ჩაატარონ მიუკერძოებელი გამოძიება მათ გამო არსებულ საჩივარზე.
ნებისმიერი თავისუფლებააღკვეთილი პირი დაუყოვნებლივ უნდა იქნას ინფორმირებული მისთვის გასაგებ ენაზე მისი უფლებების შესახებ მისი დაკავების ან დაპატიმრების მიზეზებისა და იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლია მათი განხორციელება, თანახმად ეროვნული კანონმდებლობისა.
ნებისმიერ თავისუფლებააღკვეთილ პირს უფლება აქვს დაუყოვნებლივ იქნას წარდგენილი მოსამართლის ან იმ თანამდებობის პირის წინაშე, რომელიც უფლებამოსილია განსაზღვროს მისი დაკავების ან დაპატიმრების კანონიერება და უფლება, რომ უკანონო დაკავების ან დაპატიმრების შემთხვევაში იგი დაუყოვნებლივ იქნას განთავისუფლებული.
ნებისმიერ პირს, რომელსაც ბრალი ედება სისხლის სამართლის დანაშაულში, უფლბა აქვს დაიცვას თავი დამოუკიდებლად ან მის მიერ შერჩეული ადვოკატის მეშვეობით. იმ შემთხვევაში, როდესაც პირი არ ფლობს საკმარის სახსრებს ადვოკატის დასაქირავებლად, ასეთი მომსახურება მას უნდა გაეწიოს უფასოდ.
ნებისმიერ თავისუფლებააღკვეთილ პირს უფლება აქვს მოითხოვოს კომპეტენტური ორგანოებისგან დაუყოვნებლივ აცნობონ მისთვის სასურველ პირს მისი დაკავების ან დაპატიმრების ადგილის შესახებ.
ნებისმიერ თავისუფლებააღკვეთილ პირს უფლება აქვს, რომ მისი თავისუფლების აღკვეთა არ იქნას გამოყენებული სამართალდამცავი ორგანოების მიერ აღიარების, თვითგათქმის ან სხვა პირის მიმართ ჩვენების იძულებისათვის.
ნებისმიერ თავისუფლებააღკვეთილ პირს უფლება აქვს, რომ ნებისმიერი დაკითხვის ხანგრძლივობა და შესვენება შეტანილ იქნას ოქმში.
ნებისმიერ თავისუფლებააღკვეთილ პირს უფლება აქვს, რომ მისი ან ადვოკატის შუამდგომლობა ან საჩივარი მის მიმართ მოპყრობის თაობაზე დაუყოვნებლივ წარედგინოს თავისუფლების აღკვეთის ადგილებზე პასუხისმგებელ ორგანოს და ზემდგომ ინსტანციას, და რომ ასეთი შუამდგომლობა და საჩივარი განხილულ იქნას ოპერატიულად და დაუსაბუთებელი დაყოვნების გარეშე გაეცეს მათ პასუხი, ხოლო შუამდგომლობის ან საჩივრის დაუკმაყოფილებლობის ან არამართალზომიერი დაყოვნების შემთხვევაში მიმართოს სასამართლოს ან სხვა ორგანოს. ნებისმიერ თავისუფლებააღკვეთილ პირს უფლება აქვს, რომ მიღებული იქნას ზომები თავისუფლების აღკვეთის პირობების გასაუმჯობესებლად.
ნებისმიერ თავისუფლებააღკვეთილ პირს, რომელსაც არასაკმარისად ესმის ან ლაპარაკობს სახელმწიფო ენაზე, უფლება აქვს, რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს მისთვის გასაგებ ენაზე თავის დაცვისათვის აუცილებელი ინფორმაცია და ისარგებლოს თარჯიმნის დახმარებით.
ნებისმიერ თავისუფლებააღკვეთილ პირს უფლება აქვს თავის ადვოკატთან კონსულტაციების ჩატარების აუცილებელი დროის და პირობების გამოყოფაზე დაუყოვნებლივ, სრული კონფიდენციალობის დაცვით.
ნებისმიერ თავისუფლებააღკვეთილ პირს უფლება აქვს, რათა იგი მოინახულონ ოჯახის წევრებმა, აწარმოოს მიმოწერა მათთან, ურთიერთობა ჰქონდეს გარე სამყაროსთან მხოლოდ იმ გონივრული შეზღუდვების დაშვებით, რაც გათვალისწინებულია ქვეყნის შიდა კანონმდებლობით.
ნებისმიერ თავისუფლებააღკვეთილ პირს უფლება აქვს, რომ დაკითხვისას მის მიმართ არ იქნას გამოყენებული ძალადობა, მუქარა ან მოკვლევის ისეთი მეთოდები, რომლებიც ზღუდავენ მის მიერ განსჯის შედეგად გადაწყვეტილების მიღების უნარს.
ნებისმიერ თავისუფლებააღკვეტილ პირს უნდა ნიეცეს დაკავებიდან უმოკლეს ვადაში სათანადო სამედიცინო შემოწმების გავლის საშუალება. შემდგომში აუცილებლობის წარმოშობისთანავე მას უნდა ჩაუტარდეს ასეთივე შემოწმება და უფასო მკურნალობა. ნებისმიერ თავისუფლებააღკვეთილ პირს ან მის ადვოკატს უფლება აქვთ მიმართონ სასამართლოს ან სხვა ორგანოს განმეორებითი სამედიცინო შემოწმების შესახებ. თავისუფლებააღკვეთილ პირის მიერ სამედიცინო შემოწმების ყოველი ფაქტი, ექიმის გვარი და ასეთი შემოწმების შედეგები სათანადო წესით ფიქსირდება ოქმში.
ნებისმიერ თავისუფლებააღკვეთილ პირს ან მის ადვოკატს უფლება აქვს ნებისმიერ დროს აღძრან შუამდგომლობა სასამართლო ან სხვა ორგანოს წინაშე მისი დაკავების ან დაპატიმრების კანონიერების შესახებ მისი განთავისუფლების მოთხოვნით. ასეთი განხილვა უნდა იყოს მარტივი და სწრაფი, აგრეთვე უფასო იმათთვის, ვინც შესაბამის სახსრებს არ ფლობს. ამასთან, ორგანო, რომელმაც დააკავა ან დააპატიმრა პირი, ვალდებულია დაყოვნების გარეშე წარუდგინოს იგი იმ ორგანოს, რომელიც განიხილავს საქმეს.
ზემოაღნიშნული პრინციპების შეუსრულებლობა მტკიცებულებების მოპოვების დროს, მიიღება მხედველობაში ამ მტკიცებულებათა დაშვებულობის საკითხის გადაწყვეტისას დაკავებულის ან დაპატიმრებულის მიმართ.
![]() |
4 კონვენცია წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობისა და სასჯელის წინააღმდეგ |
▲ზევით დაბრუნება |
(გაეროს გენერალური ასამბლეის 1984 წლის 10 დეკემბრის რეზოლუცია)
,,ამ კონვენციის მიზნებისათვის განსაზღვრება ,,წამება“ ნიშნავს ნებისმიერ მოქმედებას, რომლითაც რომელიმე პირს განზრახ აყენებენ ძლიერ ტკივილს ან ტანჯვას, ფიზიკურს თუ მორალურს, რათა მისგან ან მესამე პირისაგან მიიღონ ინფორმაცია ან აღიარება, დასაჯონ ეს პირი მის მიერ ან მესამე პირის მიერ ჩადენილი ან ისეთი მოქმედებისათვის, რომლის ჩადენაშიც იგი ეჭვმიტანილია, აგრეთვე დააშინონ ან აიძულონ იგი ან მესამე პირი, ან ნებისმიერი ხასიათის დისკრიმინაციაზე დაფუძნებული ნებისმიერი მიზეზით, როცა ასეთ ტკივილს ან ტანჯვას ამ პირს აყენებენ სახელმწიფო თანამდებობის ან სხვა ოფიციალური პირები, ან ხდება მათი წაქეზებით, ნებართვით თუ უსიტყვო თანხმობით. ამ განმარტებაში არ შედის ტკივილი ან ტანჯვა, რომელსაც ბუნებრივად განიცდის პირი კანონიერი სანქციის შედეგად ან თუ განუყოფელია ამ სანქციისაგან“.
,,ყოველი მონაწილე სახელმწიფო ახორციელებს ეფექტურ საკანონმდებლო, ადმინისტრაციულ, სასამართლო და სხვა ღონისძიებებს წამების აქტების თავიდან ასაცილებლად მის იურისდიქციას დაქვემდებარებულ ნებისმიერ ტერიტორიაზე.
არავითარი განსაკუთრებული გარემოება, იქნება ეს საომარი მდგომარეობა თუ ომის საფრთხე, არასტაბილური შინაპოლიტიკური ვითარება თუ ნებისმიერი სხვა საგანგებო სიტუაცია, არ ამართლებს წამებას.
ზემდგომი უფროსის ან სახელმწიფო ხელისუფლების ბრძანება არ ამართლებს წამებას“ (მუხლი 2).
,,ყოველი მონაწილე სახელმწიფო უზრუნველყოს, რომ სასწავლო მასალები და ინფორმაცია წამების აკრძალვის შესახებ სრულად იქნეს შეტანილი იმ სამართალგამოყენებითი ორგანოების - სამოქალქო თუ სამხედრო პერსონალის, სამედიცინო პერსონალის, სახელმწიფო თანამდებობის პირთა და სხვა იმ პირთა მომზადების პროგრამებში, რომლებსაც შეიძლება კავშირი ჰქონდეთ ნებისმიერი ფორმით დაპატიმრებული, დაკავებული ან საპყრობილეში მყოფი პირების პატიმრობაში ყოლასა თუ დაკითხვასთან ან მათდამი მოპყრობასთან;
ყოველ მონაწილე სახელმწიფოს ეს აკრძალვა შეაქვს იმ წესებსა და ინსტრუქციებში, რომლებიც ეხება ყოველი ასეთი პირის მოვალეობებსა და ფუნქციებს“ (მუხლი 10).
,,ყოველი მონაწილე სახელმწიფო უზრუნველყოფს, რომ მისმა კომპეტენტურმა ორგანოებმა სწრაფად და მიუკერძოებლად აწარმოონ გამოძიება, როცა არის საკმარისი საფუძველი ვარაუდისა, რომ წამებას ადგილი ჰქონდა მის იურისდიქციას დაქვემდებარებულ ნებისმიერ ტერიტორიაზე“ (მუხლი 12).
,,ნებისმიერი პირისათვის, რომელიც ამტკიცებს, რომ იგი აწამეს ამ სახელმწიფოს იურისდიქციას დაქვემდებარებულ ნებისმიერ ტერიტორიაზე, ყოველი მონაწილე სახელმწიფო უზრუნველყოფს უფლებას, რომ საჩივრით მიმართოს ამ სახელმწიფოს კომპეტენტურ ხელისუფალთ, რომლებმაც სწრაფად და მიუკერძოებლად უნდა განიხილონ ასეთი საჩივარი. ხორციელდება ღონისძიებანი, რათა უზრუნველყოფილი იყოს მოსარჩელისა და მოწმეების დაცვა ნებისმიერი ფორმის ცუდი მოპყრობისა ან დაშინებისაგან მის საჩივართან ან ნებისმიერი მოწმის ჩვენებებთან დაკავშირებით“ (მუხლი 13).
„ყოველი მონაწილე სახელმწიფო უზრუნველყოფს, რომ ნებისმიერი განცხადება, რომელიც პირმა გააკეთა ნებისმიერი განცხდება, რომელიც პირმა გააკეთა წამების დროს, არ გამოიყენებოდეს როგორც მტკიცებულება არავითარი სასამართლო განხილვის დროს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა იგი გამოიყენება იმ პირის წინააღმდეგ, რომელსაც ბრალად ედება ადამიანის წამება, როგორც მტკიცებულება იმისა, რომ ეს განცხადება გაკეთებული იყო“ (მუხლი 15).
„ყოველი მონაწილე სახელმწიფო ვალდებულებას კისრულობს თავის იურისდიქციას დაქვემდებარებულ ნებისმიერ ტერიტორიაზე თავიდან აიცილოს მოპყრობისა და სასჯელის სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი სხვა აქტები, რომლებიც არ შედის ამ კონვენციის პირველ მუხლში ჩამოყალიბებულ წამების განსაზღვრებაში, როცა ასეთ აქტებს ახორციელებს სახელმწიფო თანამდებობის პირი ან სხვა ოფიციალური პირი, ან ხდება მათი წაქეზებით, მათი ნებართვით ან უსიტყვო თანხმობით“ (მუხლი 16).
წამების კატეგორიულ აკრძალვასა და მის დაუშვებლობაზე საუბარია ყველა საერთაშორისო ფუძემდებლურ დოკუმენტში:1948 წლის გაეროს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში (,,არავის მიმართ არ უნდა იქნას გამოყენებული წამება ან სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობა და სასჯელი“, მუხლი 5), 1950 წლის ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპის კონვენციაში (,,არავინ შეიძლება გახდეს წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის მსხვერპლი“, მუხლი 3) და ა.შ.
![]() |
5 საქართველოს კანონმდებლობა პოლიციის უფლება-მოვალეობების შესახებ |
▲ზევით დაბრუნება |
,,ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია. დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება“ (საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 17).
დღესდღეობით საქართველოში მოქმედებს 1993 წლის 27 ივლისს მიღებული კანონი ,,პოლიციის შესახებ“ (შემდგომში მიღებული დამატებებითა და შესწორებებით).
ამ კანონის მიხედვით:
პოლიციის საქმიანობა ემყარება კანონიერების, პიროვნების პატივისა და ღირსების დაცვას, განურჩევლად სოციალური, ქონებრივი მდგომარეობისა, რასობრივი და ეროვნული კუთვნილებისა, სქესისა, ასაკისა, განათლებისა, ენისა და სარწმუნოებისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა.
აკრძალულია პოლიციაში პოლიტიკური ორგანიზაციის შექმნა და მასში მონაწილეობა (მუხლი 4).
პოლიციის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია:
ა) საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო - სამართლებრივი აქტები, ეს კანონი, საქართველოს კანონები, საქართველოს პარლამენტის, სახელმწიფოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ნორმატიული აქტები;
ბ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების კონსტიტუციები; კანონები, ხელისუფლების და მმართველობის უმაღლესი ორგანოების ნორმატიული აქტები, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას;
გ) ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ადგილობრივი ორგანოების გადაწყვეტილებები, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების კანონმდებლობას (მუხლი 3).
პოლიცია თავისი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას აწვდის სახელმწიფო ორგანოებს, საზოგადოებრივ გაერთიანებებს, შრომით კოლექტივებს, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებსა და მოქალაქეებს.
პოლიციას უფლება არა აქვს გაამჟღავნოს სახელმწიფო, სამსახურებრივი ან კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია, რომელიც ეხება მოქალაქის პირად ცხოვრებას, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა (მუხლი 5).
პოლიცია თავისი ამოცანების შესაბამისად მოვალეა:
* კომპეტენციის ფარგლებში აღმოუჩინოს მოქალაქეს სათანადო დახმარება;
* შესაძლებლობა მისცეს დაკავებულ ან დაპატიმრებულ პირს კანონის შესაბამისად განახორციელოს სამართლებრივი დაცვის უფლება, შეატყობინოს მის შესახებ ოჯახს, სამუშაო ან სასწავლო დაწესებულების ხელმძღვანელობას;
* სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიციის თანამშრომელი ვალდებულია ზუსტად დაიცვას მოქალაქის კანონიერი უფლებები. მოქალაქის უფლებები შეზღუდოს მხოლოდ კანონით დადგენილი წესით. მოქალაქის უფლების იძულებითი შეზღუდვის ყოველ ცალკეულ შემთხვევაში, პოლიციის თანამშრომელი წარუდგება მოქალაქეს, წარუდგენს პირადობის მოქმობას, განუმარტავს კონკრეტული შეზღუდვის გამოყენების საფუძველს და უფლებებს.
* პოლიციის თანამშრომელი ვალდებულია მოქალაქესთან ურთიერთობის დროს ზუსტად დაიცვას სამსახურებრივი ეთიკის ნორმები. თუ პოლიციის თანამშრომლის მოქმედებას, როდესაც იგი ზღუდავს მოქალაქის უფლებას, თან სდევს სიტყვები: ,,კანონის სახელით“, ყოველი მოქალაქე ვალდებულია დაემორჩილოს და შეასრულოს პოლიციის თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნა;
დ) დაადგინოს დანაშაულის და სხვა სამართალდარღვევების გამომწვევი მიზეზები და პირობები, მიიღოს ზომები მათ აღმოსაფხვრელად, ჩაატაროს სამართალდამრღვევ პიროვნებებთან ინდივიდუალურ - პროფილაქტიკური მუშაობა;
* გამოავლინოს, გახსნას და აღკვეთოს დანაშაული;
* მიიღოს და რეგისტრაციაში გაატაროს შემოსული ინფორმაცია დანაშაულის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის, საზოგადოებრივად საშიში სხვა ქმედების და უგზოუკვლოდ დაკარგულ პირთა შესახებ;
* სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით აღძრას სისხლის სამართლის საქმე, ჩაატაროს გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები, თუ არსებობს ისეთი დანაშაულის ნიშნები, რომლის გამოც წინასწარი გამოძიების წარმოება სავალდებულოა. გამოვლენილი დანაშაულის, დაწყებული წარმოების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს პროკურორს;
* დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება დანასაულის და სხვა სამართალდარღვევის შესახებ შემოსულ განცხადებებსა და შეტყობინებებზე;
* შეასრულოს პროკურორისა და გამომძიებლის წერილობითი დავალებები და მითითებები საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო მოქმედების შესახებ, დახმარება აღმოუჩინოს მათ საგამოძიებო მოქმედების წარმოებისას;
* მოძებნოს დანასაულის ჩამდენი პირი, რომელიც გამოძიებას და სასამართლოს ემალება, მოეძებნოს უგზო-უკვალოდ დაკარგული და სხვა პირები, რომელთა მოძებნაც მას კანონით ევალება;
* ჩაატაროს ტექნიკურ-კრიმინალისტიკური გამოკვლევები ოპერატიულ-სამძებრო მასალებსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე;
* მიიღოს გადაუდებელი ზომები ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნისას, ავარიის, კატასტროფის, ხანძრის, სტიქიური უბედურებისა და სხვა საგანგებო შემთხვევების დროს უმეთვალყუროდ დარჩენილი ქონების დასაცავად;
* საგანგებო წესების, სამხედრო ან საომარი მდგომარეობის შემოღების შემთხვევაში, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს დადგენილი რეჟიმის, ხოლო ეპიდემიებისა და ეპიზოოტიების დროს - საკარანტინო ღონისძიებების განხორციელებაში;
* გადაუდებელი დახმარება აღმოუჩინოს საზოგადოებრივად საშიში ქმედებისა და უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალებულს, უმწეო მდგომარეობაში, აგრეთვე ნარკოტიკული, ტოქსიკური ან ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფს, თუ მას დაკარგული აქვს დამოუკიდებლად გადაადგილების უნარი, ან შეუძლია საფრთხე შეუქმნას საკუთარ თავს ან გარშემო მყოფთ.
* აღასრულოს სასამართლოს, პროკურორის და გამომძიებლის გადაწყვეტილებები დაკავების ან დაპატიმრების შესახებ;
* უზრუნველყოს დაკავებული ან დაპატიმრებული პირის დაცვა და გადაყვანა საპატიმრო დაწესებულებაში;
* აღასრულოს მოსამართლის დადგენილებები ადმინისტრაციული დაპატიმრების შესახებ;
* დოკუმენტის, ნივთების ფასეულობებისა და სხვა ქონების დაცვა-შენახვა. მიიღოს ზომები კანონიერი მფლობელისთვის მათი გადაცემისთვის ან დადგენილი წესით რეალიზაციისთვის;
* განახორციელოს დაზარალებულის, მოწმისა და სისხლის სამართლის პროცესის სხვა მონაწილეების, მათი ოჯახის წევრების დაცვის ღონისძიებები, თუ მათი სიცოცხლე, ჯანმრთელობა ან ქონება საფრთხეშია;
* უზრუნველყოს მიტინგების, დემონსტრაციების, მოქალქეთა მშვიდობიანი მასობრივი ღონისძიებების მონაწილეთა უსაფრთხოება;
* თავისი კომპეტენციის ფარგლებში გააკონტროლოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ შეზღუდვების შესრულება, რომლებიც დაწესებული აქვთ: თავისუფლების აღკვეთის ადგილებიდან გათავისუფლებულ პირებს; თავისუფლების აღკვეთის ადგილებიდან შრომაში სავალდებულო ჩაბმით ვადაზე ადრე პირობით გათავისუფლებულ პირებს; პირებს, რომლებიც სასჯელის მოხდისგან პირობით არიან გათავისუფლებული; პირებს, რომელთაც გადაედოთ განაჩენის აღსრულება;
* წერილობით ან ზეპირად ოფიციალურად მოუხადოს ბოდიში მოქალაქეს, რომლის მიმართ პოლიციამ უკანონოდ გამოიყენა იძულების ღონისძიებები. მიიღოს კანონით გათვალისწინებული ზომები პოლიციის არამართლზომიერი მოქმედების შედეგად დაზარალებული მოქალაქის, ორგანიზაციის მორალური ან ქონებრივი რეაბილიტაციისთვის.
პოლიციის უფლებები:
* პოლიციას დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად უფლება აქვს;
* მოსთხოვოს მოქალაქეს დაიცვას მართლწესრიგი, ხოლო ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, მიიღოს კანონით გათვალისწინებული ზომები;
* შეამოწმოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი საბუთები, თუ არსებობს საკმარისი მონაცემები მის მიერ დანაშაულის ან ადმინისტრაციული გადაცდომის ჩადენის შესახებ;
* სისხლის სამართლის საქმის ან ადმინისტრაციული გადაცდომის მასალებთან დაკავშირებით პოლიციაში გამოიზახოს მოქალაქე, ჩამოართვას ახსნა-განმარტება, მოსთხოვოს საჭირო ცნობები და დოკუმენტები; კანონით დადგენილი წესით იძულებით წარადგინოს პოლიციაში მოქალაქე, თუ იგი არასაპატიო მიზეზით თავს არიდებს გამოცხადებას;
* შეადგინოს ოქმი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ და თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეუფარდოს დამრღვევს ადმინისტრაციული სასჯელი;
* წარადგინოს და პოლიციაში არაუმეტეს რვა საათისა, ამყოფოს სამართალდამრღვევი მისი პიროვნების დადგენისა და ნივთების დათვალიერების მიზნით, რის შესახებაც, კანონით დადგენილი წესით, დაუყოვნებლივ შეადგინოს სათანადო ოქმი;
* დადგენილი წესით ჩაატაროს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული საგამოძიებო და სხვა საპროცესო მოქმედება;
* დადგენილი წესით დააკავოს პირი, რომელსაც მიესაჯა პირობით თავისუფლების აღკვეთა შრომაში სავალდებულო ჩაბმით, ან პირი, რომელიც თავისუფლების აღკვეთის ადგილიდან პირობით გათავისუფლდა შრომაში სავალდებულო ჩაბმით და თვითნებურად მიატოვა სამუსაო ადგილი;
* სამედიცინო დაწესებულებაში წარადგინოს პირი, რომელიც ალკოჰოლური, ნარკოტიკული, ან ტოქსიკური სიმთვრალის შედეგად, საფრთხეს უქმნის საკუთარ თავს ან გარშემო მყოფთ; გაასინჯოს გამოსაფხიზლებლად მიყვანილი პირი, შეინახოს მისი ნივთები, დოკუმენტები, რის შესახებაც, შეადგინოს სათანადო ოქმი;
* კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს მატერიალურ ფასეულობათა დაცვა და დაცვის კონტროლი;
*დანაშაულის აღკვეთის, დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი პირის დაკავების ან ბრალდებულის დაპატიმრების მიზნით, ან იმ სემთხვევაში, როცა ადმიანის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, მობინადრეთა თანხმობის გარეშე დღე-ღამის ნაბისმიერ დროს შევიდეს ბინაში, დაწესებულების, საწარმოს, ორგანიზაციის და კერძო პირის კუთვნილ არასაცხოვრებელ სათავსში, მიწის ნაკვეთში (აუცილებლობის შემთხვევაში, ფიზიკური ძალის გამოყენებითაც), ექსტერიტორიული და სპეციალური სარეჟიმო სტატუსის მქონე არასაცხოვრებელი სათავსის და მიწის ნაკვეთის გარდა, რაც არა უგვიანეს 24 საათისა, წერილობით აცნობოს პროკურორს;
* აღკვეთის უკანონო მიტინგი, დემონსტრაცია, პიკეტირება და სხვაგვარი აქცია, აგრეთვე მიმდინარე მშვიდობიანი აქცია, თუ იგი საფრთხეს შეუქმნის, საზოგადოებრივ უშიშროებას, პიროვნების სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას და კანონით დაცულ სხვა უფლებებს;
* საზოგადოებრივი უსაფრთხოების, მოქალაქეთა სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ქონების დაცვის, ცალკეულ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მიზნით, ჩაკეტოს ან შეზღუდოს მოძრაობა გზებსა და ქუჩების მონაკვეთებზე;
* აკრძალოს სატრანსპორტო საშუალებების გამოყენება, თუ მათი კონსტრუქცია და ტექნიკური მდგომარეობა არ აკმაყოფილებს დადგენილ შემთხვევაში, გააჩეროს და დაათვალიეროს სატრანსპორტო საშუალებები, შეამოწმოს მძღოლის მართვის მოწმობა და სხვა საჭირო დოკუმენტები; მიიღოს ზომები სამართალდარღვევის აღსაკვეთად; მოაწესრიგოს საგზაო მოძრაობა, გააკონტროლოს საგზაო მოძრაობის წესების, ნორმატივებისა და სტანდარტების დაცვა, დადგენილი წესით ჩაატაროს ავტოსატრასპორტო საშუალებების ტექნიკური დათვალიერებ, აღრიცხოს და რეგისტრაციაში გაატაროს სატრანსპორტო საშუალება, გასცეს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მოწმობა;
* სატრანსპორტო საშუალების მართვას ჩამოაშოროს პირი, რომელსაც არა აქვს მართვის უფლების დამადასტურებელი მოწმობა, ან რომლის მიმართაც არსებობს საკმაო საფუძველი, რომ იგი ალკოჰოლური, ტოქსიკური, ან ნარკოტიკული სიმთვრალის მდგომარეობაშია; პოლიცია მოვალეა ადგილზე შეამოწმოს ეს პირი, და დაუყოვნებლივ წარადგინოს იგი სპეციალურ სამედიცინო დაწესებულებაში სიმთვრალის ხარისხის დასადგენად;
* საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებისას დანაშაულის შესახებ საკმაო მონაცემების არსებობის საფუძველზე საბაჟო სამსახურთან ერთად ჩაატაროს მოქალაქეთა პირადი და სატრანსპორტო საშუალებათა შემოწმება;
* სამხედრო პატრულის არყოფნის შემთხვევაში, დააკავოს სამხედრო მოსამსახურე საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და დანაშაულის ჩადენისათვის; გადასცეს დაკავებული სამხედრო მოსამსახურე და მოსაკვლევი მასალები სამხედრო კომენდატს, სამხედრო ნაწილის მეთაურს ან სამხედრო პროკურატურას;
* საგანგებო, სამხედრო ან საომარი მდგომარეობის პირობებში, აგრეთვე დამნაშავეთა და სამართალდამრღვევთა დაკავების მიზნით, პოლიცია დასახლებულ პუნქტებში, საგზაო მაგისტრალებზე და ტერიტორიულ წყლებში აწყობს რეიდებს; რეიდის დროს პოლიციას უფლება აქვს, კანონით დადგენილი წესით გააჩეროს პირი და სატრანსპორტო საშუალება (დიპლომატიური და საკონსულო წარმომადგენლების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სპეციალური ტრანსპორტის გარდა); მოსთხოვოს მოქალაქეს პირადობის დამადასტურებელი საბუთი, მართვის უფლების მოწმობა, სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური პასპორტი, საგზაო ფურცელი, ზედდებული; სისხლის სამართლის საპროცესო და ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლითა და წესით ჩაატაროს სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის შემოწმება და ჩხრეკა; მოქალაქის პირადი შემოწმება ან პირადი ჩხრეკა;
* მგზავრების პირადი დაცვის, დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი პირის, ბრალდებულის დაკავების ან დაპატიმრების მიზნით დადგენილი წესით შეაყოვნოს სარკინიგზო, საზღვაო ან საჰაერო ტრანსპორტის გასვლა არა უმეტეს 30 წუთისა;
* დანაშაულის გახსნისა და დამნაშავის დაკავების მიზნით, ისარგებლოს მოქალაქეთა დახმარებით (მუხლი 8).
ფიზიკური იძულების გამოყენება
პოლიციის თანამშრომელს უფლება აქვს გამოიყენოს ფიზიკური იძულება. მათ შორის ორთაბრძოლის სპეციალური ხერხები პირადი და მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვის უზრუნველსაყოფად, დანაშაულისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აღსაკვეთად, დამნაშავისა და ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის დასაკავებლად, თუ უძალადო მეთოდების გამოყენება ვერ უზრუნველყოფს პოლიციის თანამშრომლის მიერ კანონით დაკისრებული მოვალეობების შესრულებას (მუხლი11).
სპეციალური საშუალებების გამოყენება
1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, საზოგადოებრივი წესრიგისა და უშიშროების დაცვის, დანაშაულთან და საზოგადოებრივად საშიშ ქმედებებთან ბრძოლის მიზნით, პოლიციას უფლება აქვს, გამოიყენოს სპეციალური საშუალებები: ხელბორკილი ან შებორკვის სხვა საშუალება, რეზინის ხელკეტი, ცრემლსადენი გაზი, ფსიქოლოგიური ზემოქმედების შუქბგერითი მოწყობილობა, დაბრკოლების დამანგრეველი და ტრანსპორტის იძულებითი გაჩერების საშუალება, წყალსატყორცნი, ჯავშანმანქანა და სხვა სპეციალური სატრანსპორტო საშუალება, სპეციალური საღებავი. სასამსახურო ძაღლი და ცხენები, ელექტროშოკური მოწყობილობა;
* ხელბორკილი და შებორკვის სხვა საშუალება - დანაშაულის და საზოგადოებრივად საშიში ქმედების ცამდენი პირის მიმართ, რომელიც უძალიანდება ან შეიძლება გაუძალიანდეს პოლიციის თანამშრომელს, ან ცდილობს გაქცევას; დაკავებულის და დაპატიმრებულის ბადრაგირებისას, თუ პირს თავისი საშიში მოქმედებით სეუძლია ზიანი მიაყენოს თავის თავს და გარეშე პირს;
* რეზინის ხელკეტი - მოქალაქეზე, პოლიციის თანამშრომელზე და დაცულ ობიექტებზე თავდასხმის მოსაგერიებლად; დანაშაულის ჩამდენი, საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევი პირის დაკავებისას, თუ იგი ბოროტად არ ემორჩილება პოლიციის თანამშრომლის კანონიერ მოთხოვნას; საზოგადოებრივი წესრიგის მასობრივი და ჯგუფური დარღვევის აღსაკვეთად;
* ცრემლსადენი გაზი - მოქალაქეზე, პოლიციის თანამშრომელზე, დაცულ ობიექტებზე თავდასხმის მოსაგერიებლად; საზოგადოებრივი წესრიგის მასობრივი და ჯგუფური დარღვევის აღსაკვეთად; დანაშაულის, საზოგადოებრივად საშიში ქმედების ჩამდენი პირის დაკავებისას ან მისი იძულების მიზნით, რათა მან დატოვოს დაკავებული სატრანსპორტო საშუალება ან შენობა-ნაგებობა, სადაც თავს აფარებს;
* ფსიქოლოგიური ზემოქმედების შუქბგერი მოწყობილობა - სახელმწიფო და საზოგადოებრივ ობიექტებზე თავდასხმის მოსაგერიებლად, პოლიციის თანამშრომელზე და მოქალაქეზე თავდასხმის მოსაგერიებლად, შეიარაღებული წინაარმდეგობის გამწევი პირის დასაკავებლად, შენობა-ნაგებობიდან, მიწის ნაკვეთიდან, სატრანსპორტო საშუალებიდან შეჭრილი დამნაშავის ან საზოგადოებრივად საშიში ქმედების ჩამდენი პირის გამოსაძევებლად, მძევლების გასათავისუფლებლად;
* ტრანსპორტის იძულებითი გაჩერების საშუალება - სატრანსპორტო საშუალების იძულებით გასაჩერებლად, რომლის მძღოლმა არ შეასრულა პოლიციის თანამშრომლის მოთხოვნა გაჩერებულიყო;
* დაბრკოლების დამანგრეველი საშუალება - დანაშაულის ან საზოგადოებრივად საშიში ქმედების ჩამდენი პირის დაკავებისას, მძევლების გასათავისუფლებლად;
* წყალსატყორცნი და ჯავშანმანქანა - საზოგადოებრივი წესრიგის აღსაკვეთად; სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ობიექტებზე ჯგუფური თავდასხმის მოსაგერიებლად, სატრანსპორტო საშუალების იძულებით გასაჩერებლად, რომლის მძღოლმაც არ შეასრულა პოლიციის თანამშრომლის მოთხოვნა გაჩერებულიყო, შეიარაღებულ დამნაშავეთა დასაკავებლად;
* სპეციალურად საღებავი - დანაშაულის ჩამდენი პირის გამოსავლენად;
* სასამსახურო ძაღლი - დანაშაულის ან საზოგადოებრივად საშიში ქმედების ჩამდენი პირის დევნისას და დაკავებისას, დაკავებული ან დაპატიმრებული პირის ბადრაგირებისას, მოქალაქეზე ან პოლიციის თანამშრომელზე თავდასხმის მოსაგერიებლად;
* სასამსახურო ცხენი - დანაშაულის ან საზოგადოებრივად საშიში ქმედების ჩამდენი პირის დევნისას და დაკავებისას, საპატრულო სამსახურის შესრულებისას, საზოგადოებრივი წესრიგის მასობრივი დარღვევის აღსაკვეთად;
*ელექტროშოკური მოწყობილობა - მოქალაქეზე, პოლიციის თანამშრომელზე ან დაცულ ობიექტზე თავდასხმის მოსაგერიებლად.
2. პოლიციის თანამშრომელი ვალდებულია პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინოს ფიზიკური იძულების ან სპეციალური საშუალებების გამოყენების შედეგად პირის დაჭრის ან დაზიანების შესახებ უშუალო უფროსს და პროკურორს.
3. აკრძალულია ფიზიკური იძულების და სპეციალური საშუალებების გამოყენება ორსულობის, მცირეწლოვნების, ინვალიდობის, ხანდაზმულობის აშკარა ნიშნების მქონე პირთა მიმართ, იმ შემთხვევების გარდა, როცა ისინი შეიარაღებულ ან ჯგუფურ თავდასხმას ახდენენ, შეიარაღებულ წინააღმდეგობას უწევენ პოლიციას, რაც საფრთხეს უქმნის მოქალაქეთა და პოლიციის მუშაკთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, თუ სხვაგვარი ხერხებითა და საშუალებებით ასეთი თავდასხმის მოგერიება შეუძლებელია.
4. პოლიციის შეიარაღებაში არსებულ სპეციალურ საშუალებათა შენახვის, ტარებისა და გამოყენების წესი დგინდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ნორმატიული აქტებით.
5. პოლიციის თანამშრომელს ეკრძალება ისეთი ფიზიკური იძულების და სპეციალური საშუალების გამოყენება, რომელიც ადამიანის მძიმე დასახიჩრებას იწვევს, დაკავშირებულია გაუმართლებელ რისკთან ან იკრძალება საერთაშორისო კონვენციებითა და საერთაშორისო აქტებით (მუხლი 12).
![]() |
6 სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი (ძალაშია 1999 წლიდან) |
▲ზევით დაბრუნება |
1. მომკვლევი, გამომძიებელი, პროკურორი, მოსამართლე, დაწესებულებები, საწარმოები, ორგანიზაციები და სისხლის სამართლის პროცესის სხვა მონაწილენი ვალდებულნი არიან დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია, ეს კოდექსი და სხვა კანონები.
2. საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებისა და სასამართლო განხილვის წესი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ერთიანია და სავალდებულოა სისხლის სამართლის პროცესის ყველა მონაწილისათვის.
3. სისხლის სამართლის საპროცესო კანონის არაკონსტიტუციურად ცნობა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრეროგატივაა. ამ საკითხის გადასაწყვეტად სისხლის სამართალწარმოება სასამართლოში ჩერდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე.
4. კანონმდებლობაში ხარვეზების არსებობისას დასაშვებია სისხლის სამართლის საპროცესო კანონის ანალოგიით გამოყენება, თუ ამით არ ილახება ადამიანის უფლებები.
5. საქართველოს კონსტიტუციისა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის დარღვევა იწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას და უკანონო საპროცესო აქტის გაუქმებას.
6. კანონის დარღვევით მიღებულ მტკიცებულებას იურიდიული ძალა არა აქვს (მუხლი 7).
1. ბრალდებული უდანაშაულოდ ითვლება მანამ, სანამ მის მიერ დანაშაულის ჩადენა არ დამტკიცდება კანონით გათვალისწინებული წესით და არ დადგინდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით.
2. არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ბრალმდებელს ეკისრება. ბრალმდებელს უფლება აქვს უარი თქვას ბრალდებაზე.
3. დადგენილება ბრალდებულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა, გამამტყუნებელი განაჩენი და ყველა სხვა საპროცესო გადაწყვეტილება უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს.
4. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის სასარგებლოდ (მუხლი 10).
1. სასამართლო და თანამდებობის პირი, რომლებიც სისხლის სამართალწარმოებას ახორციელებენ, ვალდებულნი არიან ეჭვმიტანილი, ბრალდებული და განსასჯელი უზრუნველყონ დაცვის უფლებით, განუმარტონ მათი უფლებები, მისცენ შესაძლებლობა დაიცვან თავი კანონით ნებადართული ყველა საშუალებით, დაიცვან მათი უფლებები და თავისუფლებები.
2. დაცვის უფლებით უზრუნველყოფილ უნდა იქნეს პირი, რომლის მიმართაც წარმოებს საქმე სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოსაყენებლად, აგრეთვე მსჯავრდებული და გამარტლებული განაჩენის ან სხვა შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში.
3. სისხლის სასამართლოს საქმეში დამცველის ან კანონიერი წარმომადგენლის მონაწილეობა არ ართმევს დასაცავ პირს მის კუთვნილ უფლებებს (მუხლი 11).
1. ყოველ ადამიანს აქვს თავისუფლების, პირადი ხელშეუხებლობის, პატივისა და ღირსების დაცვის უფლება.
2. დაუშვებელია თავისუფლების შეზღუდვა კანონიერი საფუძვლისა და წესის გარეშე. დაკავებულსა თუ დაპატიმრების მიზეზი, საფუძველი და დანაშაული, რომლის ჩადენაშიც იგი ეჭვმიტანილია ან რომლის ჩადენაც მას ბრალად ედება.
3. დაუშვებელია 48 საათზე მეტი ხნით ეჭვმიტანილის დაკავება. პირის დაპატიმრება ან ექსპერტიზისათვის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსება შეიძლება მხოლოდ მოსამართლის ბრძანებით ან სასამართლოს განჩინებით (დადგენილებით). მოსამართლე, სასამართლო, პროკურორი, გამომძიებელი და მომკვლევი ვალდებულნი არიან დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ უკანონოდ დაკავებული, დაპატიმრებული თუ სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირი.
4. უკანონოდ და დაუსაბუთებლად თავისუფლებაშეზღუდულ პირს აქვს მისთვის მიყენებული ზიანის სრულად ანაზღაურების უფლება.
5. დაუშვებელია პროცესის მონაწილეთა თუ სხვა პირთა მიმართ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში, აგრეთვე მათი პატივისა და ღირსების შემლახავი მეთოდების გამოყენება.
6. საგამოძიებო თუ სასამართლო მოქმედება, რომელიც ეხება პიროვნების ხელშეუხებლობის, შეიძლება იძულებით ჩატარდეს მხოლოდ მაშინ, თუ ამას უშუალოდ კანონი ითვალისწინებს.
7. საგამოძიებო თუ სასამართლო მოქმედების ჩატარებისას აკრძალულია პიროვნების მიმართ მაძიებლობის, მუქარის, შანტაჟის, წამების, ფიზიკური თუ ფსიქიკური ძალადობის სხვა ხერხების გამოყენება. დაუშვებელია დაკავებულისა და დაპატიმრებულის მიმართ სამედიცინო ექსპერიმენტის ჩატარება, ძილის, წყლის, საკვების აკრძალვა ან ზღვრულ ნორმაზე მეტად შეზღუდვა, ისეთ პირობებში ჩაყენება, რომლებიც მავნე ზეგავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე და ლახავს მის ღირსებას (მუხლი 12).
1. არავის არა აქვს უფლება თვითნებურად და უკანონოდ ჩაერიოს სხვის პირად ცხოვრებაში. საცხოვრებელი ბინის ან სხვა მფლობელობის, მიმოწერის საფოსტო გზავნილის, პირადი ჩანაწერის, სატელეგრაფო შეტყობინების, სატელეფონო საუბრის, სხვა ტექნიკური საშუალებით გადაცემული ან მიღებული პირადი ხასიათის ინფორმაციის ხელშეუხებლობა გარანტირებულია კანონით.
2. საცხოვრებელი ბინის ან სხვა მფლობელობის დათვალიერება მფლობელ პირთა ნების საწინააღმდეგოდ, აგრეთვე ჩხრეკა, ამოღება, საფოსტო-სატელეგრაფო კორესპონდენციაზე, საფოსტო გზავნილზე ყადაღის დადება, მათი შემოწმება და ამოღება, ქონებაზე ყადაღის დადება და ქონების ჩამორთმევა შეიძლება მხოლოდ მოსამართლის ბრძანებით ან სასამართლოს განჩინებით (დადგენილებით). თუ არსებობს კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობა, საცხოვრებელი ბინის ან სხვა მფლობელობის დათვალიერება მფლობელ პირთა ნების საწინააღმდეგოდ, ჩხრეკა და ამოღება შეიძლება ჩატარდეს მოსამართლის ბრძანების გარეშე, მაგრამ მათი კანონიერება და დასაბუთებულობა უნდა შეამოწმოს მოსამართლემ მათ შესახებ მასალების წარდგენიდან არა უგვიანეს 24 საათისა, ამასთან, მოსამართლე წყვეტს აღნიშნული საპროცესო მოქმედებებით მიღებული მტკიცებულების დასაშვებობის საკითხს.
3. შემოწმების, ექსპერტიზის, სხვა საპროცესო მოქმედების ჩატარებისას არ უნდა გამჟღავნდეს ცნობები პირადი ცხოვრების შესახებ, ასევე პირადი ხასიათის ცნობები, რომელთა საიდუმლოდ დაცვაც პირს საჭიროდ მიაჩნია. მოკვლევის ორგანო, მომკვლევი, გამომძიებელი, პროკურორი, მოსამართლე, სასამარტლო საგამოძიებო თუ სასამართლო მოქმედების მონაწილეს ხელწერილს ჩამორთმევით აფრთხილებენ, არ გაამჟღავნოს აღნიშნული ცნობები.
4. პირს, რომელსაც ზიანი მიადგა მისი პირადი ცხოვრების შესახებ ცნობების უკანონო გამჟღავნებით, ზიანის სრულად ანაზღაურების უფლება აქვს.
5. პირადი მიმოწერა და პირადი სატელეგრაფო შეტყობინება შეიძლება გამოქვეყნდეს ღია სასამართლო სხდომაზე იმ პირის თანხმობით, რომელსაც იგი ეხება. თუ ასეთი თანხმობა არ არის, ის ქვეყნდება დახურულ სასამართლო სხდომაზე (მუხლი 13).
1. მომკვლევი, გამომძიებელი, პროკურორი, მოსამართლე, სასამართლო, რომლებიც მოქმედებენ სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, ვალდებულნი არიან დაადგინონ დანაშაული და მისი ჩამდენი პირი, ამ მიზნით ისინი უფლებამოსილნი არიან ჩაატარონ ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა საპროცესო მოქმედება როგორც საკუთარი ინიციატივით, ისე დაინტერესებული პირის შუამდგომლობით.
2. დანაშაულის გახსნისა და სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის მიზნით პიროვნების უფლებათა და თავისუფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
3. ამ კოდექსით დადგენილ შემთხვევებში პირად კანონიერ ინტერესს აქვს პრიორიტეტი დანაშაულის გახსნისა და დამნაშავის დასჯის საჯარო ინტერესთან შედარებით. პიროვნების კანონიერი ინტერესების დაცვა სისხლის სამართლის პროცესში საზოგადოების ინტერესებს ემსახურება.
4. მხარეებს უფლება აქვთ კანონით დადგენილ ფარგლებში და წესით თავისუფლად განკარგონ თავიანთი მატერიალურ-სამართლებრივი და საპროცესო უფლებები, გავლენა მოახდინონ სისხლის სამართლის საქმის აღძვრასა და გადაწყვეტაზე.
5. კერძო სისხლისსამართლებრივი დევნის საქმეებზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრა შეიძლება მხოლოდ დაზარალებულის საჩივრით, ხოლო მხარეთა შერიგების შემთხვევაში საქმე უნდა შეწყდეს.
6. ბრალმდებლის უარი ბრალდებაზე ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში იწვევს სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას ან 504-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში - გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.
7. თუ სამოქალაქო მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე, ან მხარეები მორიგდნენ, სასარჩელო წარმოება წყდება (მუხლი 14).
1. სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე.
2. ბრალდების, დაცვისა და საქმის გადაწყვეტის ფუნქციები გამოყოფილია ერთმანეთისაგან და არ შეიძლება დაეკისროს ერთსა და იმავე ორგანოს ან ერთსა და იმავე თანამდებობის პირს.
3. მხარეებს სრული თანასწორობის საფუძველზე უფლება აქვთ წარმოადგინონ მტკიცებულებანი, მონაწილეობა მიიღონ მათს გამოკვლევაში, განაცხადონ შუამდგომლობა და აცილება, გამოთქვან საკუთარი აზრი სისხლის სამართლის საქმის ნებისმიერ საკითხზე.
4. შეჯიბრობითობა წინასწარ გამოძიებაში უზრუნველყოფილია იმით, რომ: ბრალდების ფუნქცია ეკისრებათ პროკურორს, გამომძიებელს, საგამოძიებო ორგანოს უფროსს, მოკვლევის ორგანოს, მომკვლევს, აგრეთვე დაზარალებულს, სამოქალაქო მოსარჩლესა და მათ წარმომადგენლებს; დაცვის უფლება აქვთ ბრალდებულს, დამცველს, სამოქალაქო მოპასუხესა და მის წარმომადგენელს; ამ კოდექსითგათვალისწინებულ შემთხვევებში სასამართლოს ეკისრება კონტროლი ბრალდებასა და დაცვას შორის და წინასწარი გამოძიების დროს წარმოქმნილი კოლიზიების გადაწყვეტისადმი; დაწესებულია სასამართლო კონტროლი მომკვლევის, გამომძიებლისა და პროკურორის იმ საპროცესო მოქმედებისადმი, რომელიც დაკავშირებულია მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვასთან; ეჭვმიტანილს, ბრალდებულს, დამცველსა და პროცესის სხვა მონაწილეს ამ კოდექსით დადგენილ შემთხვევებში და წესით უფლება აქვთ სასამართლოში გაასაჩივრონ მომკვლევის, გამომძიებლის ან პროკურორის უარი შუამდგომლობის, საჩივრისა თუ განცხადების დაკმაყოფილებაზე.
5. სასამართლო არ არის სისხლისსამართლებრივი დევნის ორგანო, არ ასრულებს დაცვისა და ბრალდების ფუნქციას. სასამართლო ბრალდებისა და დაცვის მხარეებს უქმნის საჭირო პირობებს მტკიცებულებათა წარდგენისათვის, მათი ყოველმხრივი და სრული გამოკვლევისათვის.
6. სასამართლო შებოჭილი არ არის მხარეთა მოსაზრებებით (მუხლი 15).
1. მომკვლევი, გამომძიებელი, პროკურორი, მოსამართლე, სასამართლო ვალდებულნი არიან უტყუარად დაადგინონ, მოხდა თუ არა დანაშაული, ვინ ჩაიდინა იგი, და გაარკვიონ მტკიცების საგნის ყველა სხვა გარემოება სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით.
2. საქმის გარემოებათა გამოკვლევა უნდა იყოს ყოველმხრივი, ობიექტური და სრული. ერთიანი გულმოდგინებით უნდა გაირკვეს ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის როგორც მამხილებელი, ისე გამამართლებელი, აგრეთვე მათი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებებლი გარემოებანი.
3. ეჭვმიტანილის, ბრალდებულისა და დამცველის ყველა განცხადება და საჩივარი უდანაშაულობისა თუ ნაკლები ბრალის, დანაშაულში სხვა პირთა მონაწილეობის, დანაშაულის გამოძიების ან სასამართლოში საქმის განხილვის დროს კანონიერების სხვა დარღვევების თაობაზე გულდასმით უნდა შემოწმდეს (მუხლი 18).
1. არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. მომკვლევი, გამომძიებელი, პროკურორი, მოსამართლე, სასამართლო მტკიცებულებებს აფასებენ თავიანთი შინაგანი რწმენით.
2. მტკიცებულებათა შეფასება ხდება იმ მიზნით, რომ გაირკვეს: მათი დამოკიდებულება საქმისადმი (შესახებობა), დაცული იყო თუ არა საპროცესო კანონი მათი შეკრებისას (დასაშვებობა), მათი უტყუარობა და საკმარისობა დანაშაულის ჩადენის შესახებ დასკვნისათვის. მტკიცებულებათა შეფასება ხდება სისხლის სამართლის კანონისა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონის მოთხოვნათა დაცვით.
3. ბრალდებულის აღიარება, თუ ის არ დასტურდება სხვა მტკიცებულებებით, საკმარისი არ არის მის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ დასკვნისათვის. განაჩენი სეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას (მუხლი 19).
1. სისხლის სამართალწარმოების მონაწილემ, აგრეთვე სხვა პირმა და ორგანომ კანონით დადგენილი წესით შეიძლება გაასაჩივრონ იმ ორგანოს ან თანამდებობის პირის მოქმედება და გადაწყვეტილება, რომელიც პროცესს აწარმოებს.
2. ორგანოს, რომელიც პროცესს აწარმოებს, უფლება არა აქვს საჩივარი გამოიყენოს საჩივრის შემტანი პირის ან იმ პირის საზიანოდ, რომლის ინტერესების დასაცავადაც იგი იყო შეტანილი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სხვა პირმა ან ორგანომ შეიტანა საწინააღმდეგო ხასიათის საჩივარი, ანდა საჩივრის შემოწმებისას დადგინდა სხვა გარემოებები (მუხლი 21).
1. დანაშაულის ნიშნების არსებობისას სისხლის სამართლის საქმეს აღძრავს მოკვლევის ორგანო, გამომძიებელი, პროკურორიან მოსამართლე.
2. სისხლის სამართლის საქმის გამოძიება არ უნდა ტარდებოდეს ცალმხრივად, მხოლოდ გამამტყუნებელი მიმართულებით (მუხლი 22).
1. პროკურორი მოკვლევისას ზედამხედველობს კანონის ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებას. ამ ფუნქციის განხორციელებისას პროკურორი ვალდებულია შეამოწმოს;
ა) დაცულია თუ არა მოკვლევის ორგანოებში დანაშაულისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების შესახებ შემოსულ განცხადებათა და შეტყობინებათა რეგისტრაციისა და განხილვის, აგრეთვე მათ შესახებ ზომების მიღების კანონმდებლობით დადგენილი წესები;
ბ) მოკვლევის ორგანოების მიერ სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული მოქმედების ჩატარებისა და ამ საქმიანობის პროცესში მიღებულ გადაწყვეტილებათა კანონიერება.
2. სისხლისსამართლებრივი დევნის კონსტიტუციური ფუნქციის განხორციელების უზრუნველსაყოფად პროკურორი წინასწარი გამოძიების სტადიაზე ამ კოდექსისთ დადგენილი წესით ახორციელებს გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობას. პროკურორი უფლბამოსილია:
ა) აღძრას სისხლის სამართლის საქმე ან უარი თქვას მის აღძვრაზე;
ბ) საქმის გამოძიება დაავალოს მოკვლევის ან წინასწარი გამოძიების ორგანოს ან კონკრეტულ გამომძიებელს;
გ) მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაში ან თვითონ აწარმოოს გამოძიება სრული მოცულობით. თუ პროკურორი თვითონ აწარმოებს სისხლის სამართლის საქმის გამოძიებას, მაშინ იგი მოქმედებს 59-ე მუხლით გათვალისწინებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში;
დ) მოკვლევის ორგანოს, მომკვლევს, გამომძიებელს, საგამოძიებო ჯგუფის ხელმძღვანელს, საგამოძიებო ორგანოს უფროსს, ქვემდგომ პროკურორს მისცეს სავალდებულო მითითებები საგამოძიებო მოქმედების ჩატარების, საგამოძიებო ვერსიათა შემოწმების შესახებ და გამოძიების წარმოებისას წამოჭრილ სხვა საკითხებზე;
ე) მოითხოვოს სისხლის სამართლის საქმის ცალკეული მასალები ან სისხლის სამართლის საქმე მთლიანად;
ვ) შეამოწმოს სისხლის სამართლის საქმის აღძვრისა და მის აღძვრაზე უარის თქმის კანონიერება;
ზ) მოითხოვოს ცნობები სისხლის სამართლის საქმის მოძრაობის, გამოძიების ვადებისა და დაპატიმრებული ბრალდებულის შესახებ;
თ) გამოიტანოს დადგენილება პირის ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, წაუყენოს პირს ბრალდება, მიიღოს მონაწილეობა ბრალდებულის დაკითხვაში 284-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით;
ი) მიმართოს სასამართლოს შუამდგომლობით ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შერჩევის, მისი ვადის გაგრძელების ან აღკვეთის ღონისძიების შეცვლის, აგრეთვე ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების შესახებ მოსამართლის ბრძანების მისაღებად;
კ) გააუქმოს მომკვლევის, მოკვლევის ორგანოს, გამომძიებლის, საგამოძიებო ორგანოს უფროსის, ქვემდგომი პროკურორის უკანონო დადგენილებანი;
ლ) ჩამოართვას საქმე ერთ გამომძიებელს (მომკვლევს) და გადასცეს მეორეს საგამოძიებო ქვემდებარეობის შესახებ მოთხოვნათა დაცვით. საქართველოს გენერალურ პროკურორსა და მის მოადგილეს, აფხაზეთსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორებს თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე უფლება აქვთ, კანონიერი საფუძვლის არსებობისას, საგამოძიებო ქვემდებარეობის მიუხედავად, ამოიღონ ნებისმიერო საქმე, გადასცენ იგი გამოსაძიებლად პროკურატურის გამომძიებელს ან სხვა საგამოძიებო უწყებას;
მ) ჩამოაშოროს გამომძიებელი (მომკვლევი) საქმის შემდგომ გამოძიებას, თუ მან დაარღვია კანონი;
ნ) შეწყვიტოს ან შეაჩეროს სამაწთალწარმოება, თუ არსებობს კანონით დადგენილი საფუძვლები; დაამტკიცოს გამომძიებლის ან მოკვლევის ორგანოს დადგენილება საქმის შეწყვეტის შესახებ ამ კოდექსის 396-ე მუხლით გათვალისწინებული წესით;
ო) დაუბრუნოს გამომძიებელს საქმე დამატებითი გამოძიებისათვის;
პ) დაამტკიცოს საბრალდებო დასკვნა ან დადგენილება სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ და წარმართოს საქმე სასამართლოში;
ჟ) გადაწყვიტოს საჩივარი მოკვლევის ორგანოს, მომკვლევის, გამომძიებლის ან საგამოძიებო ორგანოს უფროსის მოქმედებისა და დადგენილების გამო, ხოლო მისი სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში საჭირო ახსნა-განმარტება მისცეს სასამართლოს;
რ) განახორციელოს ამ კოდექსით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებანი (მუხლი 56).
1. პროკურორი პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოდის როგორც სახელმწიფო ბრალმდებელი. მას ეკისრება ბრალდების მტკიცების მოვალეობა.
2. პროკურორი ვალდებულია უარი თქვას ბრალდებაზე მთლიანად ან ნაწილობრივ, თუ შეკრებილი მტკიცებულებანი არ ადასტურებენ ბრალდებას. ბრალდებაზე პროკურორის უარი დასაბუთებული უნდა იყოს.
3. პროკურორი ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს სასამართლო გამწესრიგებელ სხდომაში. ამასთან, მას უფლება აქვს განაცხადოს შუამდგომლობა და აცილება, წარმოადგინოს მტკიცებულებანი, მონაწილეობა მიიღოს მტკიცებულებათა დასაშვებობის საკითხის განხილვაში, საქმის შეწყვეტის, საქმის წარმოების შეჩერების, დამატებითი გამოძიებისათვის საქმის დაბრუნების, სასამართლოში საქმის წარმართვისა და სხვა საკითხების განხილვაში.
4. პირველი ინსტანციისა და სააპელაციო წარმოების სტადიებზე პროკურორი ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს საჯარო ბრალდების ყველა საქმის განხილვაში. იგი უფლებამოსილია: განაცხადოს შუამდგომლობა და აცილება; წარადგინოს მტკიცებულებანი და მონაწილეობა მიიღოს დაცვის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა გამოკვლევაში; გამოთქვას აზრი სასამართლო განხილვისას წამოჭრილ ყველა საკითხზე; მონაწილეობა მიიღოს მხარეთა კამათში და სასამართლოს გააცნოს თავისი პოზიცია ბრალდების დამტკიცების, ქმედების სისხლისსამართლებრივი კვალიფიკაციის, განსასჯელის შერაცხადობის, სასჯელის სახისა და ზომის დანიშვნის, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან განსასჯელის განთავისუფლების შესახებ.
5. დამცველი საქმეში მონაწილეობის მისაღებად დაიშვება ეჭვმიტანილის პირველ დაკითხვამდე, აგრეთვე პირველი და შემდგომი დაკითხვების დროს. დამცველის მონაწილეობა პირის ეჭვმიტანილის სახით დაკითხვისას სავალდებულოა 81-ე მუხლის ,,ა“, ,,ბ“, ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
6. პირის ეჭვმიტანილად დაკავების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება პროკურორს. პროკურორი უფლებამოსილია გაეცნოს სისხლის სამართლის საქმის მასალებს, დაკავებულის დაკითხვისა და მოკვლევის ორგანოს წამომადგენლის დასაბუთების მოსმენის გზით შეამოწმოს დაკავების კანონიერება და დასაბუთებულობა, გააუქმოს დადგენილება საქმის აღძვრის შესახებ, შეწყვიტოს სისხლის სამართლის საქმე და გაათავისუფლოს დაკავებული (მუხლი 72).
1. ეჭვმიტანილს უფლება აქვს:
ა) პოლიციის დაწესებულებაში ან მოკვლევის სხვა ორგანოში მისი მიყვანიდან არა უგვიანეს 12 საათისა ხელზე მიიღოს სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ დადგენილების ასლი, აგრეთვე მისი ეჭვმიტანილად ცნობისა და დაკავების შესახებ დადგენილების ასლი;
ბ) მისცეს ან არ მისცეს ჩვენება;
გ) ისარგებლოს დამცველის (არა უმეტეს სამისა) მომსახურებით მასთან შეთანხმებით, ანაზღაურებით ან ანაზღაურებისაგან სრული განთავისუფლებით მე-80 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
დ) პირისპირ შეხვდეს დამცველს მარტო, დღეში არა უმეტეს ერთი საათისა;
ე) მისი მონაწილეობით დაკითხვისა და საგამოძიებო მოქმედების ჩატარების დროს უფასოდ ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით, თუ მან არ იცის ან სათანადოდ არ იცის სამართალწარმოების ენა;
ვ) ეჭვმიტანილად ცნობის შემდეგ მოითხოვოს უფასო სამედიცინო შემოწმება და შესაბამისი წერილობითი დასკვნა, აგრეთვე სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესამოწმებლად, რაც დაუყოვნებლივ უნდა დაკმაყოფილდეს. ექსპერტიზის დანიშვნაზე უარი შეიძლება ერთჯერადად გასაჩივრდეს გამოძიების ადგილის მიხედვით რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, სადაც საჩივარი განიხილება მიღებიდან 24 საათის განმავლობაში;
ზ) განაცხადოს შუამდგომლობანი და აცილებანი;
თ) წარმოადგინოს მტკიცებულებანი;
ი) მონაწილეობა მიიღოს მისი ან დამცველის შუამდგომლობით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებაში;
კ) გაასაჩივროს მომკვლევის, მოკვლევის ორგანოს ან გამომძიებლის მოქმედებები და გადაწყვეტილებები პროკურორთან, ხოლო ამ კოდექსით დადგენილ შემთხვევებში-სასამართლოში;
ლ) ამ კოდექსის 138-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით შეატყობინოს ნათესავებსა და ახლობლებს დაკავების ადგილი ან ადგილსამყოფელი;
მ) მიიღოს ანაზღაურება ზიანისათვის, რომელიც მას მიადგა სისხლის სამართლის საქმის უკანონოდ და დაუსაბუთებლად აღძვრისა და დაკავების შედეგად;
ნ) მიიღოს მომკვლევისაგან ან გამომძიებლისაგან ამომწურავი განმარტება თავისი უფლებების შესახებ.
2. ეჭვმიტანილის მიერ თავისი უფლებების გამოუყენებლობა არ შეიძლება გაგებულ ან განმარტებულ იქნეს მისი დანაშაულის დამადასტურებელ მტკიცებულებად (მუხლი 73).
1. ეჭვმიტანილი ვალდებულია:
ა) გამოძახებისთანავე გამოცხადდეს პროცესის მწარმოებელ ორგანოში;
ბ) ხელი არ შეუშალოს ჭეშმარიტების დადგენას მტკიცებულებათა მოსპობით, ფალსიფიკაციით, მოწმეთა და დაზარალებულთა შეგულიანებით;
გ) ხელი არ შეუშალოს პროცესის მწარმოებელ ორგანოს ამ კოდექსით გათვალისწინებული შემოწმების, ექსპერტიზის, საექსპორტო გამოკვლევისათვის ნიმუშების აღების, ექსპერტიზისათვის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების, პირადი ჩხრეკისა და სხვა საპროცესო მოქმედებების ჩატარების შესახებ გამოტანილ კანონიერ დადგენილებათა შესრულებას.
2. თუ ეჭვმიტანილი არ შეასრულებს თავის საპროცესო მოვალეობებს, მის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს კანონით გათვალისწინებული სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ღონისძიება (მუხლი 74).
1. ბრალდებულად ითვლება პირი, რომლის მიმართაც გამოტანილია გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილება მისი ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ. დადგენილება უნდა შეიცავდეს იმ ქმედების აღწერას, რომლის ჩადენაც ბრალად ედება პირს, და მის სისხლისსამართლებრივ კვალიფიკაციას.
2. ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილების გამოტანა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც შესაძლებლობას იძლევა ალბათობის მაღალი ხარისხით დამტკიცდეს, რომ ამ პირმა დანაშაული ჩაიდინა.
3. ბრალდებულს, რომლის მიმართაც პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე წარმოებაში მიიღო და რომელიც სამართალში მისცა, ეწოდება განსასჯელი, ხოლო განსასჯელს, რომლის მიმართაც გამოტანილია განაჩენი, - მსაჯავრდებული ან გამართლებული.
4. დანაშაულის ერთი და იმავე შემთხვევის გამო პირი ბრალდებულად სისხლის სამართლის პასუხისგებასი შეიძლება მიცემული იყოს არა უმეტეს 24 თვისა, თუ ამ ვადის გასვლემდე მისთვის დანაშაულის სხვა შემთხვევის გამო არ წაუყენებიათ ახლაი ბრალდება. ასეთი ბრალდების წაყენებისას აღნისნული ვადის სინება წყდება და იგი გამოითვლება ახალი ბრალდების წაყენების დღიდან.
5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში არ ითვლება ის დრო, რომლის განმავლიბაშიც ბრალდებულის მიმართ შეუძლებელი იყო საგამოძიებო და სხვა საპროცესო მოქმედებების ჩატარება მისი ავადმყოფობის გამო (რაც დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი სამედიცინო დასკვნით), ანდა ემალებოდა გამოძიებას და მის მიმართ გამოცხადებული იყო ძებნა, ან თავს არიდებდა გამოძიებას ანდა მას იცავდა იმუნიტეტი, აგრეთვე პროკურორის მიერ საქმის სასამართლოში გაგზავნის დღიდან ბრალდებულის სამართალში მიცემამადე გასული დრო (მუხლი 75).
1. ბრალდებულს უფლება აქვს ყველა კანონიერი საშუალებითა და მეთოდით დაიცვას თავი წაყენებული ბრალდებისაგან, ჰქონდეს საკმაო დრო და შესაძლებლობა, რათა მოემზადოს დაცვისათვის.
2. ბრალდებულს აქვს ეჭვმიტანილის ყველა საპროცესო უფლება (73-ე მუხლი). ბრალდების წაყენებისას ბრალდებულს გადაეცემა მის მშობლიურ ან მისთვის გასაგებ ენაზე თარგმნილი ასლი დადგენილებისა ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ. მას უფლება აქვს შეიტანოს საჩივარი გამომძიებლისა და პროკურორის მოქმედებებზე, ნათესავებსა და ახლობლებს შეატყობინოს თავისი დაპატიმრების ამბავი, მიიღოს უკანონო და დაუსაბუთებელი დაპატიმრების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
3. ბრალდებულს უფლება აქვს აგრეთვე: ხელზე მიიღოს მისი ბრალდებულად დაკავების შესახებ დადგენილების ასლი, გაეცნოს დადგენილებას ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ და ექსპერტის დასკვნას, განახორციელოს ექსპერტიზის ჩატარებასთან დაკავშირებით კანონით დადგენილი უფლებები; გაეცნოს საქმეში არსებულ ყველა მტკიცებულებას, რომლებიც ადასტურებს მისთვის წაყენებულ ბრალდებას; მოითხოვოს დაპირისპირება იმ პირთან, რომელიც ამხელს მას დანაშაულის ჩადენაში; მოითხოვოს საგამოძიებო მოქმედების სავალდებულო ჩატარება და გამოითხოვოს მტკიცებულებანი, რომლებიც საჭიროა ბრალდების უარსაყოფად ან პასუხისმგებლობის შესამსუბუქებლად; წარუდგინოს გამომძიებელს, პროკურორსა და სასამართლოს კერძო გამოძიების მონაცემები, რომლებიც აუცილებლად უნდა დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს; წინასწარი გამოძიების დამთავრების, მათ შორის, საქმის შეწყვეტის დროს დამოუკიდებლად ან დამცველთან ერთად გაეცნოს საქმის მთელ მასალას, ამოიწეროს საქმიდან ყველა საჭირო ცნობა, გადაიღოს ასლები, გამოძიების შევსების თაობაზე განაცხადოს შუამდგომლობა, რომლის განხილვაც სავალდებულოა; უარი თქვას დამცველზე და თავი დაიცვას დამოუკიდებლად, გარდა 81-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა; არ დაეთანხმოს საქმის შეწყვეტას წინასწარი გამოძიების სტადიაზე და მოითხოვოს საქმის სასამართლო განხილვა; სასამართლოში მოითხოვოს მის მიმართ გამოყენებული სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ყველა ღონისძიების კადნიერებისა და დასაბუთებულობის შემოწმება; მონაწილეობა მიიღოს სამართალში მიცემასა და, ამასთან, სასამართლო განხილვაში და ისარგებლოს მხარის ყველა უფლებით; გამოვიდეს სასამართლო კამათში, თუ საქმეში არ მონაწილეობს დამცველი; გამოვიდეს საბოლოო სიტყვით; გაეცნოს სასამართლო სხდომის ოქმს და გამოთქვას მასზე შენიშვნები; გაასაჩივროს განაჩენი და სხვა სასამართლო გადაწყვეტილებანი; მიიღოს გასასაჩივრებელ გადაწყვეტილებათა ასლები; იცნობდეს საქმის გამო შეტანილ საჩივრებს და მათ შესახებ გამოთქვას საწინააღმდეგო მოსაზრებები; მონაწილეობა მიიღოს სააპელაციო და საკასაციო ინსტანციების სასამართლოთა სხდომებში და დაიცვას იქ თავისი ინტერესები დამოუკიდებლად ან დამცველის მეშვეობით; პროცესის მწარმოებელი ორგანოსაგან მიიღოს წერილობითი შეტყობინება თავისი უფლებების შესახებ და მათი განმარტება; დაკითხვის შესახებ შუამდგომლობის განცხადებიდან არა უგვიანეს ერთი კვირისა დაიკითხოს (მუხლი 76).
ბრალდებულს ეკისრება ისეთივე მოვალეობები, როგორიც ეჭვმიტანილს (74-ე მუხლი). თუ მან ბრალდების წაყენების მომენტიდან ისინი არ შეასრულა, ბრალდებულის მიმართ შეიძლება გამოუყენებელ იქნეს სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ღონისძიებები (მუხლი 77).
1. დამცველი არის პირი, რომელიც კანონით დადგენილი წესით იცავს ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის კანონიერ ინტერესებს და უწევს მათ კვალიფიცირებულ იურიდიულ დახმარებას.
2. დამცველად დაიშვება უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე პირი, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად უფლებამოსილია აწარმოოს საადავოკატო საქმიანობა.
3. ორგანოს, რომელიც პროცესს აწარმოებს, უფლება არა აქვს შეზღუდოს ეჭვმიტანილი და ბრალდებული დამცველის არჩევანში.
4. ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის თანხმობით, დაცვის განსახორციელებლად შეიძლება დაშვებულ იქნენ უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე ადვოკატურის სტაჟიორები.
5. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თანხმობით, დამცველებად შეიძლება დაშვებულ იქნენუცხოელი ადვოკატები.
6. ეჭვმიტანილს, ბრალდებულსა და განსასჯელს უფლება აქვთ მთელი პროცესის მანძილზე უარი თქვან დამცველის დანიშვნაზე ან დანიშნულ დამცველზე და მოიწვიონ დამცველი შეთანხმებით ან დაცვა დამოუკიდებლად განახორციელონ. ასეთი უარი დასაშვებია მხოლოდ თვით ეჭვმიტანილის, ბრალდებულისა და განსასჯელის ინიციატივით. ეჭვმიტანილს, ბრალდებულსა და განსასჯელს უფლება აქვთ შეცვალონ თავიანთი პოზიცია და კვლავ მოითხოვონ დამცველის დანიშვნა ან მოიწვიონ დამცველი შეთანხმებით. ეჭვმიტანილის, ბრალდებულისა და განსასჯელის მოთხოვნა საქმეში მონაწილე მათი დამცველის შეცვლისა და ახალი დამცველის მოწვევის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს, თუ შეცვლა მიზნად არ ისახავს პროცესის გაჭიანურებას ან პროცესის სხვა მონაწილისათვის ხელის შეშლას მის უფლებამოსილებათა განხორციელებაში (მუხლი 78).
ეჭვმიტანილს, ბრალდებულს, მათს ნათესავებს, სხვა პირებს შეუძლიათ ადვოკატთან დადონ შეთანხმება სისხლის სამართლის საქმეში მისი მონაწილეობის შესახებ. შეთანხმების პირობებს მხარეები განსაზღვრავენ. შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ დაცვა მიღებულად ითვლება და ადვოკატს უფლება არა აქვს უარი თქვას მასზე არასაპატიო მიზეზით (მუხლი 79).
1. ორგანო, რომელიც პროცესს აწარმოებს, ვალდებულია ეჭვმიტანილს, ბრალდებულსა და განსასჯელს მათი თანხმობით სახელმწიფოს ხარჯზე დაუნიშნოს დამცველი-ადვოკატი, თუ ისინი არასმქონენი არიან, რაც დასტურდება ადგილობრივი თვითმმართველობის ან მმართველობის ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტით. გადახდისუუნარობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში ეჭვმიტანილის, ბრალდებულისა და განსასჯელისათვის სახელმწიფოს ხარჯზე ადვოკატის მოწვევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პროცესის მწარმოებელი ორგანო.
2. დაცვა დანიშვნით ანაზღაურდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ანაზღაურების ოდენობა არ შეიძლება იყოს დადგენილ განაკვეთზე ნაკლები.
3. დაცვა დანიშვნით გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ეჭვმიტანილს ან ბრალდებულს არ მოუწვევია დამცველი შეთანხმებით.
4. სახელმწიფო ორგანოს, რომელიც პროცესს აწარმოებს, აგრეთვე ადვოკატთა კოლეგიასა და ადვოკატთა სხვა გაერთიანებას უფლება აქვთ ეჭვმიტანილი და ბრალდებული გაათავისუფლონ დაცვის საფასურისაგან სხვა შემთხვევაშიც, რომელიც ამ მუხლში არ არის აღნიშნული. პროცესის მწარმოებელი ორგანოს მიერ დამცველის საფასურის გადახდისგან განთავისუფლების შემთხვევაში სახელმწიფო კისრულობს მისი შრომის ანაზღაურების მთელ ხარჯებს (მუხლი 80).
ორაგანოს, რომელიც პროცესს აწარმოებს, უფლება არა აქვს მიიღოს ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, განსასჯელის, ხოლო თუ პირს ენიშნება სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიება - ამ პირის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის უარი დამცველის დანიშვნაზე, თუ:
ა) ეჭვმიტანილი, ბრალდებული ან განსასჯელი არასრულწლოვანია;
ბ) ეჭვმიტანილს, ბრალდებულს ან განსასჯელს აქვს ფიზიკური ან ფსიქიკური ნაკლი, რომელიც აძნელებს დაცვის უფლების განხორციელებას;
გ) ეჭვმიტანილმა, ბრალდებულმა ან განსასჯელმა არ იცის სამართალწარმოების ენა;
დ) ეჭვმიტანილს, ბრალდებულს ან განსასჯელს ჩადენილი აქვს ისეთი დანაშაული, რომლისთვისაც შეიძლება სასჯელად დაინიშნოს უვადო თავისუფლების აღკვეთა;
ე) პირი გაიგზავნა სტაციონარულ სასამართლო-ფსიქიატრიულ ექსპერტიზაზე;
ვ) ეჭვმიტანილთა, ბრალდებულთა ან განსასჯელთა ინტერესებს შორის არის წინააღმდეგობა და თუნდაც ერთ მათგანს ჰყავს დამცველი;
ზ) დაზარალებულის ან სამოქალაქო მოსარჩელის ინტერესებს იცავს მისი წარმომადგენელი (მუხლი 81).
სისხლის სამართლის საქმეში მონაწილეობისათვის დასაშვებად ადვოკატი პროცესის მწარმოებელ ორგანოს წარუდგენს ადვოკატთა კოლეგიის, ფირმის, ბიუროს ორდერსა და თავის მოწმობას (მუხლი 82).
1. ეჭვმიტანილსა და ბრალდებულს ეძლევათ დრო დამცველის ასარჩევად და მოსაწვევად.
2. თუ ეჭვმიტანილი ან ბრალდებული დაკავებულია, მას ეძლევა დრო არანაკლებ 3 საათისა, რათა შეარჩიოს და მოიწვიოს მისთვის სასურველი დამცველი. თუ ამ ვადაში ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის მიერ შერჩეული დამცველი ვერ გამოცხადდება, მომკვლევი, გამომძიებელი, პროკურორი ვალდებულნი არიან შესთავაზონ ეჭვმიტანილს და ბრალდებულს დამცველის დანიშვნა. ეჭვმიტანილს და ბრალდებულს, რომლებმაც უარი განაცხადეს დამცველის დანიშვნაზე, უფლება აქვთ მათ მიერ არჩეული დამცველის გამოცხადებამდე დაცვა დამოუკიდებლად განახორციელონ, თუ ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის დაკავებისას გამოვლინდა ამ კოდექსის 81-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, მომკვლევს, გამომძიებელს, პროკურორს უფლება არა აქვთ მიიღონ დაკავებული ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის უარი დამცველის დანიშვნაზე და ზემოაღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ დაუნიშნონ მათ დამცველი.
3. მომკვლევს, გამომძიებლის, პროკურორის, სასამართლოს მოთხოვნა დამცველის დანიშვნით გამოყოფის სესახებ სავალდებულოა იურიდიული კონსულტაციისა და ადვოკატთა სხვა გაერთიანებისათვის. დამცველი ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოცხადდეს დაკავებულის ან დაპატიმრებულის პირველ დაკითხვაზე, თუ მას ეს დროულად შეატყობინეს. დანარჩენ შემთხვევებში ადვოკატთა გაერთიანების ხელმძღვანელი ვალდებულია უზრუნველყოფს ადვოკატის გამოცხადება მოთხოვნაში მითითებულ ვადაში. არასაპატიო მიზეზით ამ მოთხოვნის შეუსრულებლობას მოსდევს ადვოკატთა გაერთიანებისა თუ კონკრეტული ადვოკატის მიმართ სასამართლო წესით მატერიალური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენება.
4. მომკვლევი, გამომძიებელი, პროკურორი ვალდებულნი არიან ეჭვმიტანილისა და ბრალდებულს განუმარტონ, რომ დამცველის მოსვლამდეც და მოსვლის შემდეგაც მათ უფლება აქვთ არ მისცენ ჩვენება.
5. თუ არჩეული ან დანიშნული დამცველი მონაწილეობას ვერ იღებს სისხლის სამართლის საქმეში ავადმყოფობის, გამგზავრების ან სხვა საპატიო მიზეზით, პროცესის მწარმოებელ ორგანოს უფლება აქვს გადადოს საგამოძიებო მოქმედების ჩატარება, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიეღო დამცველს, ან გადადოს სასამართლოგანხილვა, ოღონდ არა უმეტეს 10 დღისა. ამ ვადაში დამცველის გამოუცხადებლობისას გამომძიებელი, პროკურორი, სასამართლო ბრალდებულსა და განსასჯელს სთავაზობენ მოიწვიონ სხვა დამცველი, ხოლო უარის ან დადგენილ ვადში დამცველის გამოუცხადებლობის შემთხვევაში იძახებენ დამცველს დანიშვნით.
6. ორგანოს, რომელიც პროცესს აწარმოებს, უფლება არა აქვს რეკომენდაცია გაუწიოს კონკრეტულ დამცველს ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, მათი ნათესავებისა და ახლობლების წინაშე.
7. დამცველის შეცვლა არ დაიშვება, თუ შეცვლა მიზნად ისახავს სამართალწარმოების გაჭიანურებას და მისთვის ხელის შეშლას. დამცველის შეცვლაზე უარის თქმის შემთხვევაში მომკვლევს, გამომძიებელს, პროკურორის თანხმობით, გამოაქვთ მოტივირებული დადგენილება, რომელიც შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ პროკურორთან 5 დღის ვადაში. ზემდგომი პროკურორი ვალდებულია ასეთი საჩივარი განიხილოს მისი მიღებიდან არა უგვიანეს 72 საათისა და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. სასამართლოში საქმის განხილვისას იმავე შემთხვევაში მოსამართლეს (სასამართლოს) გამოაქვს დადგენილება (განჩინება) (მუხლი 83).
1. დამცველმა უნდა გამოიყენოს დაცვის ყველა კანონიერი საშუალება და ხერხი იმ გარემოებათა გამოსავლენად, რომლებიც ამართლებენ ეჭვმიტანილს ან ბრალდებულს, ანდა ამსუბუქებენ მის პასუხისმგებლობას, და უნდა გაუწიოს მას საჭირო იურიდიული დახმარება.
2. დამცველს უფლება არა აქვს იმოქმედოს ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის ინტერესების საზიანოდ.
3. დამცველს უფლება აქვს:
ა) იცოდეს ეჭვისა და ბრალდების არსი;
ბ) დაუბრკოლებლად შეხვდეს დასაცავ პირს მარტო და რაიმე მეთვალყურეობის გარეშე, აგრეთვე თავისუფლების შეზღუდვის ან თავისუფლების აღკვეთის ადგილის ადმინისტრაციისა და გამოძიების ორგანოს მხრივ შეხვედრის რაოდენობისა და ხანგრძლივობის შეუზღუდავად, გარდა 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
გ) მონაწილეობა მიიღოს ეჭვმიტანილისა თუ ბრალდებულის მონაწილეობით ან დაცვის შუამდგომლობით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებაში, დაუსვას შეკითხვები დასაკითხს, მოითხოვოს ოქმში იმ მონაცემების შეტანა, რომელიც უარყოფენ ბრალდებას ან ამსუბუქებენ ეჭვმიტანილისა თუ ბრალდებულის პასუხისმგებლობას;
დ) მონაწილეობა მიიღოს ბრალდებულისათვის ბრალდების წაყენებასა და მის დაკითხვებში;
ე) განუმარტოს ეჭვიმატანილსა და ბრალდებულს მათი უფლებები და ყურადღება მიაპყროს ამ უფლებათა დარღვევას;
ვ) შეკრიბოს დაცვისათვის საჭირო მონაცემები და ისინი მტკიცებულებათა სახით წარუდგინოს ორგანოს, რომელიც პროცესს აწარმოებს;
ზ) მოითხოვოს დაცვისათვის აუცილებელი საგამოძიებო მოქმედების ჩატარება;
თ) განაცხადოს აცილება;
ი) განაცხადოს შუამდგომლობა;
კ) საქმეში პირის ეჭვმიტანილად ცნობის მომენტიდან გაეცნოს მის ახსნა-განმარტებას, ეჭვმიტანილად ცნობისა და დაკავების დადგენილებებს, დაკითხვის ოქმს, აგრეთვე ამოიწეროს მათგან საჭირო ცნობები, რომლებიც უშუალოდ ეხება მისი დასაცავი პირის ინტერესებს;
ლ) გაეცნოს დადგენილებებსა და ოქმებს დაკავებისა და დაპატიმრების შესახებ, ყველა იმ საგამოძიებო მოქმედების ოქმს, რომელთა ჩატარებაშიც მონაწილეობდა ის ან მისი დასაცავი პირი, საქმის მასალებს, რომლებიც ადასტურებენ დაკავებისა და დაპატიმრების საჭიროებას, დადგენილებას ექსპერტიზის დანიშვნის შჱსახებ და ექსპერტიზის დასკვნას;
მ) გამოძიების დამთავრების შემდეგ, მათ შორის, საქმის შეწყვეტის დროს გაეცნოს საქმის მთელ მასალას, გააკეთოს ამონაწერები ამ მასალებიდან, მოითხოვოს ნებისმიერი საპროცესო აქტის ასლი;
ნ) გაასაჩივროს პროკურორთან, ხოლო საჩივრის უარყოფის შემთხვევაში - ზემდგომ პროკურორთან მომკვლევის, მოკვლევის ორგანოს, გამომძიებლის, პროკურორის მოქმედება და დადგენილება, რომლებიც, მისი აზრით, არღვევენ ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის დაცვის უფლებას;
ო) გამოვიდეს სასამართლოში მოკვლევის ორგანოს, მომკვლევის, გამომძიებლის, საგამოძიებო ორგანოს უფროსის, პროკურორის აქტებთან დაკავშირებით მის მიერ შეტანილი მისი საჩივრების განხილვისას;
პ) გაეცნოს საქმის მასალებსა და ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს სასამართლოში საქმის გადაცემის შემდეგ;
ჟ) იცოდეს მისი შუამდგომლობით საპროცესო მოქმედების ჩატარების, ასევე სასამართლო სხდომის გამართვის დრო და ადგილი;
რ) მონაწილეობა მიიღოს სასამართლოში საქმის განხილვის ყველა სტადიაზე და დაიცვას განსასჯელის უფლებები;
ს) მიიღოს ბრალდებულად სისხლის სამართლის პასდუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილების, ბრალდებულის სამართალში მიცემის შესახებ დადგენილების, საბრალდებო დასკვნის, განაჩენის, საქმის შეწყვეტის შესახებ განჩინების (დადგენილების) ასლები, აგრეთვე სააპელაციო და საკასაციო ინსტანციების სასამართლოების განაჩენის, დადგენილებისა და განჩინების ასლები, იმის მიუხედავად, რომ ეს ასლები გადაეცა ბრალდებულს (განსასჯელს);
ტ) გაასაჩივროს სასამართლოს განაჩენი და სხვა შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილებანი;
უ) საწინააღმდეგო მოსაზრებები გამოთქვას სასამართლოსა და ბრალდების მხარის მისი აზრით უკანონო მოქმედებებზე და მოითხოვს მათი შეტანა სასამართლოს სხდომის ოქმში;
ფ) მიიღოს მცოდნე პირთა წერილობითი მოსაზრებები და გამოიყენოს ისინი შუამდგომლობათა და საჩივართა დასაბუთებისათვის;
ქ) პირისათვის ბრალდების წაყენებისა და პირველი დაკითხვის შემდეგ გაეცნოს საქმის ყველა მასალას;
ღ) განახორციელოს ამ კოდექსით გათვალისწინებული სხვა უფლებები.
4. დამცველი ვალდებულია ხელი არ შეუშალოს სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას მტკიცებულებათა მოსპობით, ფალსიფიკაციით, დაზარალებულთა, მოწმეთა შეგულიანებათა და სხვა უკანონო მოქმედებით; დროულად გამოცხადდეს საპროცესო მოქმედების ჩატარების ადგილას და სასამართლოში; დაემორჩილოს სასამართლოს თავმჯდომარის კანონიერ განკარგულებებს; პატივი სცეს სასამართლოსა და ბრალდების მხარეს; დაიცვას წესრიგი სასამართლო სხდომის დარბაზში;
იმ შემთხვევაში, როდესაც დათქმულ დროს დამცველი არ ცხადდება საგამოძიებო ან საპროცესო მოქმედების ჩატარებაში მონაწილეობის მისაღებად, პროცესის მწარმოებელ ორგანოს უფლება აქვს მის გამოცხადებამდე მოიწვიოს დამცველი დანიშვნით (მუხლი 84).
1. ეჭვმიტანილის ჩვენება არის დაკითხვის ან სხვა საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას მის მიერ მიცემული ინფორმაცია, რომელიც უარყოფს ან ადასტურებს მის მიმართ არსებულ ეჭვს, აგრეთვე ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელობის მქონე მისთვის ცნობილი სხვა გარემოებების შესახებ.
2. ეჭვმიტანილს უფლება აქვს, მაგრამ ვალდებული არ არის მისცეს ჩვენება (მუხლი 114).
1. ბრალდებულის ჩვენება არის დაკითხვის ან სხვა საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას მის მიერ მიცემული ინფორმაცია, რომელიც უარყოფს ან ადასტურებს ბრალდებას, აგრეთვე ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელობის მქონე მისთვის ცნობილ სხვა გარემოებათა შესახებ.
2. ბრალდებულს უფლება აქვს, მაგრამ ვალდებული არ არის მისცეს ჩვენება.
3. ბრალდებულის მიერ უარის თქმა ჩვენების მიცემაზე ან ცრუ ჩვენების მიცემა არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს მისი ბრალის დამადასტურებელ მტკიცებულებად.
4. ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ბრალდებასა და გამამტყუნებელ სასამართლო განაჩენს, თუ ბრალის აღიარება დამტკიცებული არ არის საქმეზე შეკრებილ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით (მუხლი 115).
მოწმის ჩვენება არის შეტყობინება ფაქტობრივი მონაცემების შესახებ, რომელიც უნდა დადგინდეს სისხლის სამართლის საქმეზე. მოწმის შეტყობინება მტკიცებულება ვერ იქნება, თუ ის მოწოდებული ფაქტის წყაროს ვერ მიუთითებს, ან თუ დადგინდება, რომ მას ფსიქიკური ავადმყოფობის, ჭკუასუსტობის ან მცირეწლოვანების გამო არ შეუძლია სწორად აღიქვას, დაიხსომოს და აღადგინოს ფაქტები (მუხლი 117).
1. ეჭვმიტანილი, ბრალდებული, დაზარალებული ან მოწმე ჩვენებას აყალიბებს ზეპირად. ჩვენება შეაქვთ ოქმში, რომელსაც ხელს აწერენ ეს პირი და პროცესის მწარმოებელი თანამდებობის პირი. ოქმს უნდა დაერთოს ჩვენების ფონოგრამა.
2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულ პირებს უფლება აქვთ წერილობით ჩამოაყალიბონ თავიანთი ჩვენებები დაკითხვის ან სხვა საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას.
3. თუ ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულ დასაკითხ პირს უჭირს სიტყვიერად აღწეროს მოვლენა, რომლის თვითმხილველიც იგი იყო, მას შეუძლია თავისი ჩვენების შესაბამისი ნაწილი ჩამოაყალიბოს სხვა ნიშნობრივი ფორმით, სახელდობრ, ნახაზის, სქემის, ჩანახატის ან სხვა ამგვარი სახით (მუხლი 118).
ჩვენება შეიძლება მიღებულ იქნეს მხოლოდ ძალდაუტანებლად. ჩვენების მისაღებად ფიზიკური და ფსიქიკური იძულების, მოტყუების, დაპირების, შანტაჟის, დაყოლიების გამოყენება აკრძალულია. ასეთი ხერხით მიღებული მტკიცებულება დაუშვებელია (მუხლი 119).
1. მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ მუქარით, მოტყუებით, შანტაჟით ან სხვა უკანონოქმედებით პირის იძულება განმარტების ან ჩვენების მიცემისათვის, ანდა ექსპერტისა - დასკვნის მიცემისათვის, - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით ხუთ წლამდე.
2. იგივე ქმედება ჩადენილი:
ა) სისცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ან ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით;
ბ) დაზარალებულის წამებით, - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთახიდან ათ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით ხუთ წლამდე (მუხლი 335).