![]() |
მორწმუნე ადამიანები: სამართლიანი ადამიანები |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
თემატური კატალოგი რელიგია |
წყარო: ISBN 978-9941-0-3119-9 |
თარიღი: 2011 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: გამომცემლობა „გრიფონი“ თბილისი 2011 მთავარი რედაქტორი: დანუტ მანასტირეანუ ბიოგრაფიათა ავტორები: მარსელინ ბლაჯი - ნეტარი იერემია ვალახიიდან, წმ. ჯოვანი ბოსკო, ნეტარი სეფერინო ხიმენეს მალია, მამა დუმიტრუ სანდუ-მატეი, დედა ტერეზა კალკუტელი მარისელ ბულაი - წმ. ლავრენტი, წმ. მარტინ ტურელი, წმ. ფრანცისკ ასიზელი, წმ. დამიან დე ვოისტერი, ოსკარ რომერო ადინა პატრიკი - ნიკოლაუს ფონ ცინცენდორფი, ჯორჯ მიულერი, ევა ფონ ტიელე-ვინკლერი, დიტრიხ ბიონჰოფერი ნარსის სტუპკანუ - წმ. გრიგორი განმანათლებელი, წმ. ნიკოლოზი, წმ. ბასილი დიდი, წმ. სტილიანოსი პაფლაგონიისა, წმ. იოანე მოწყალე, წმ. იოანე კრონშტადტელი ქრისტიან ზაჰარია - უილიამ უილბერფორსი, ჟან ანრი დიუნანტი, ქეთრინ და უილიამ ბუთები, მარტინ ლუთერ კინგი, დესმონდ ტუტუ მონიკა ზაჰარია - წმ. ანასტასია, წმ. ილია მართალი, წმ. დმიტრი კლეპინინი, წმ. მარია სკობცოვა ზაზა აბაშიძე - წმ. ნინო, წმ. მეფე დავით IV აღმაშენებელი, წმ. მეფე თამარი, წმ. გაბრიელ ქიქოძე, წმ. მღვდელმთავარი გრიგოლი (ფერაძე) ჯემალ გამახარია - წმ. მღვდელმთავარი ალექსანდრე (ოქროპირიძე) წმ. მღვდელმთავარი კირიონ II (საძაგლიშვილი) თეოლოგიური რედაქტორები: კორნელ კადარი, კონსტანტინ ნაკლადი, დანუტ მანასტირეანუ ლიტერატურული რედაქტორი: ოვიდიუ ბისოგი ილუსტრაციები: ქრისტი ბანდი პროექტის ადმინისტრატორი: მონიკა ზაჰარია ქართული ვერსიის რედაქტორი: ნანა დანელია World Vision Georgia „წმ. ნიკოლოზის პროექტის“ ინიციატორია შარონ პაიტი, უორლდ ვიჟენ ინტერნაციონალის შუა აღმოსავლეთისა და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონების ადვოკატირების პროგრამის დირექტორი (http://meero.worldvision.org). პროექტი დაფინანსებულია ამავე ორგანიზაციის მიერ. © 2011 World Vision International. ყველა უფლება დაცულია. |
![]() |
1 * * * |
▲back to top |
„განკითხვის ჟამს მე შემეკითხებიან არა იმას,
თუ რამდენად სრულყოფილად ვახერხებდი
ასკეტიზმს ან რამდენჯერ ჩამიმუხლებია წმინდა
საკურთხეველთან, არამედ იმას, ვეხმარებოდი
თუ არა მშივრებს, ვაცმევდი თუ არა შიშვლებს,
ვნახულობდი თუ არა სნეულებსა და პატიმრებს
საპყრობილეებში. აი, რას შემეკითხებიან მე.“
წმ. მარია სკობცოვა
![]() |
2 წინასიტყვაობა |
▲back to top |
ყველა კულტურაში ყოველი მნიშვნელოვანი ისტორია იმ მამაცი და თავგანწირული ადამიანების მოღვაწეობის შედეგია, რომლებმაც ჯერ საკუთარი ცხოვრება შეცვალეს და შემდეგ ამით მრავალ სხვა გარშემომყოფ ადამიანსაც უბიძგეს ცხოვრების შეცვლისკენ.
მრავალსაუკუნოვანი ქრისტიანული ტრადიციის მანძილზე მრავალი ისტორია გადაეცემოდა თაობებიდან თაობებს, ანუ იმ ადამიანებს (ქალებს, მამაკაცებს, ახალგაზრდებს, მოხუცებს), რომლებმაც ღვთის ნების პრინციპებით იცხოვრეს. ეს ადამიანები თავიანთი ცხოვრებით ემსახურნენ კაცობრიობის იმ ნაწილს, რომლისთვისაც იესო ქრისტე მოევლინა ქვეყნად. ამ ადამიანების მაგალითები არა მარტო გვაიმედებენ ჩვენ, არამედ იმასაც გვიმტკიცებენ, რომ ჩვენთან არს ღმერთი, რომელიც ძალას გვმატებს. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენ შეგვიძლია მივმართოთ ჩვენი ცხოვრება უკეთესობისაკენ, და კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობითა და მონდომებით ვემსახუროთ ღმერთს!
წინამდებარე წიგნი წარმოადგენს ნაწილს უორლდ ვიჟენ ინტერნაციონალის იმ პროექტისა, რომელიც აღწერს ქრისტიან მორწმუნეთა ცხოვრებებს: ახასიათებს მათ, ვინც ემსახურებოდა სიმართლეს, სათნოებასა და მთელი კაცობრიობის ჰუმანურ მხარეს (ვგულისხმობთ ქრისტიანობის სხვადასხვა მიმდინარეობის წარმომადგენლებს), - როგორც კაცებსა და ქალებს, აგრეთვე იმ კათოლიკეებს, მართლმადიდებლებსა თუ პროტესტანტებს, რომლებმაც თავიანთი ცხოვრებითა და საქმიანობით პატივი სცეს უფლის შემდეგ სიტყვებს, ამოტვიფრულს ნაზარეთის სინაგოგაზე: „სული უფლისა, ღვთისა, ჩემზეა გადმოსული, რადგან მომავლინა მე უფალმა ღარიბების სანუგეშებლად, გულშემუსვრილთა განსაკურნებლად და უსამართლოდ დატყვევებულთა გასათავისუფლებლად. აგრეთვე მომავლინა მე გამოსაცხადებლად უფლისა წყალობისა წელიწადისა“ (ლუკა 4:18-19; ესაია 61:1-2).
ზემოხსენებულ წამოწყებას „წმ. ნიკოლოზის პროექტი“ დავარქვით, ვინაიდან სათნოებისა და სიმართლის შემწეობის მაგალითად ავირჩიეთ ქრისტიანი ეპისკოპოსი ნიკოლოზი (მირონ-ლუკიისა), რომელიც მე-3 - მე-4 საუკუნეებში მოღვაწეობდა.
ქრისტიანობის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე (ე. ი. დაწყებული პატრისტული პერიოდიდან შუა საუკუნეებამდე და თანამედროვეობამდე), მორწმუნენი, როგორც ქალები, ისე კაცები, ასხივოსნებდნენ თავიანთ შინაგან სულიერ ცხოვრებას ისეთი საქმეების კეთებითაც, როგორიცაა სოციალური სამართლიანობის მხარდაჭერა და ღარიბთა შემწეობა. ზოგიერთი მათგანი ან წმინდანად შერაცხეს, ან კურთხეულად აღიარეს, შესაბამისად თავიანთივე ქრისტიანული ტრადიციებისა.
წინამდებარე ტექსტები ძირითადად განკუთვნილია მოზარდთათვის. როგორც ისტორია ცხადყოფს, მრავალმა სულიერმა გმირმა თავისი არჩევანი, ეცხოვრა მოწამეობრივი ცხოვრებით, სწორედ ახალგაზრდობიდან გააკეთა და ამით ჩვეულებრივზე მეტი იტვირთა. ვიმედოვნებთ, რომ ნებისმიერი ასაკისა თუ წარმომავლობის ახალგაზრდა შესაძლებელია დაინტერესდეს ღვთის რწმენის სოციალური ასპექტებით. მარია სკობცოვა, როგორც სოციალური სამართლიანობის თანამედროვე მხარდამჭერი, ქრისტიანული პერსპექტივიდან მართებულად აღნიშნავს: „განკითხვის ჟამს მე შემეკითხებიან არა იმას, თუ რამდენად სრულყოფილად ვახერხებდი ასკეტიზმს ან რამდენჯერ ჩამიმუხლებია წმინდა საკურთხეველთან, არამედ იმას, ვეხმარებოდი თუ არა მშივრებს, ვაცმევდი თუ არა შიშვლებს, ვნახულობდი თუ არა სნეულებსა და პატიმრებს საპყრობილეებში. აი, რას შემეკითხებიან მე.“
დაე, ამ წიგნის ფურცლებიდან ვეზიაროთ ქრისტიანობას, როგორც ცხოვრების გზას, და არა როგორც მხოლოდ რიტუალს.
დანუტ მანასტირეანუ
![]() |
3 წმ. ლავრენტი († 258) წმინდანი, რომელიც ეკლესიის ქონებას უნაწილებდა ღარიბებს |
▲back to top |
ლავრენტი არის მესამე საუკუნის წმინდანი, რომელიც უსამართლობას ღარიბთა და ღატაკთა დახმარების გზით ებრძოდა. იგი ეკლესიაში შემოწირულობებით შემოსულ ქონებას სარჩოს სახით უნაწილებდა გაჭირვებულებს, რის გამოც აწამეს რომაელმა სახელმწიფო მოხელეებმა.
ისტორიული წყაროების თანახმად, წმ. ლავრენტი დაიბადა ჩრდილო-აღმოსავლეთ ესპანეთში, არაგონის პროვინციის ქალაქ ჰუესკაში.
სიმამაცემ და უნარიანობამ მას პაპ სიქსტუს II-ის ნდობა მოაპოვებინა. შედეგად მას დაევალა რომის საეკლესიო საზოგადოების ხელში არსებული ქონების ადმინისტრირებაც. ლავრენტი იყო დიაკვანი და სამაგალითო პიროვნება, რომელსაც ევალებოდა მღვდლებისა და ეპისკოპოსების დახმარება მრევლთან ურთიერთობის საკითხებში.
იერუსალიმში, ქრისტიანობის ადრეულ ხანაში, იყო მხოლოდ შვიდი დიაკვანი, რომელიც ქვრივთა ოჯახების, ობლებისა და ღარიბების დახმარებას განაგებდა. ამიტომ მოგვიანებით რომის ეკლესიამაც გადაწყვიტა მრავლად ჰყოლოდა დიაკვნები, არქიდიაკონი კი ლავრენტი გახდა. როგორც იერუსალიმში, დიაკვნები მორწმუნეებისგან შემოწირულობებს აგროვებდნენ და ღარიბებს ურიგებდნენ.
რომის ეკლესიისათვის დიდი გამოცდის ხანა დადგა. იმპერატორ ვალერიანის განკარგულების თანახმად, რომის ეპისკოპოსმა ლავრენტის უბრძანა ეკლესიის ხელთ არსებული მთელი შემოწირულობა სახელმწიფოსთვის მიეცა, ხოლო ბრძანების არშესრულების შემთხვევაში დაპატიმრებითა და სიკვდილით დასჯითაც კი დაემუქრა.
258 წელს იმპერატორმა ვალერიანმა გამოაცხადა, რომ ნებისმიერი ეპისკოპოსი, მღვდელი თუ სხვა საეკლესიო პირი დაპატიმრებულიყო და დასჯილიყო. პაპი ლეო დიდი (400-461), რომის ეკლესიის ისტორიაში მნიშვნელოვანი ფიგურა, შემდგომში წერდა: „უსასტიკესმა დამსჯელთა რაზმმა იმოქმედა ეკლესიის ამ მსახურის წინააღმდეგ და დევნიდა მას, როგორც წარმომადგენელს წმინდა საქმისა და პასუხისმგებელს ეკლესიის ქონების განკარგვაზე“.
დაპატიმრებამდე ოთხი დღით ადრე ლავრენტიმ მოახერხა ღარიბებისთვის ისე გაენაწილებინა ქონება, რომ ის ხელში არ ჩავარდნოდა რომის ხელისუფალთ. როდესაც იმპერატორმა უბრძანა, რომ ყოველივე, რაც ინფორმატორთა ცნობების მიხედვით ეკლესიას გააჩნდა, მისთვის ჩაებარებინა, ლავრენტიმ თავისთან მოიხმო ღარიბები, რომელსაც იგი შემოწირულობებით ეხმარებოდა. ღარიბები რომ მოვიდნენ, ლავრენტიმ უთხრა იმპერატორს: „აი, ესენი არიან ჩვენი სიმდიდრე! ისინი არასოდეს გაიწირებიან, მათ ყოველთვის მოაქვთ მოგება და ყველგან არიან!“ ეს წამებულის ბოლო სიტყვები იყო. იგი ნაკვერჩხალზე დაწვეს.
ლავრენტის სხეული დამარხეს ვია ტიბურტინას კატაკომბებში, რომში. დროთა განმავლობაში ლორენსის სახელზე მრავალი ტაძარი აიგო. ერთ-ერთი, მაგალითად, პომპეუსის თეატრის ნანგრევებთან პაპ დამასუს ინიციატივით აგებულა.
წმ. ლავრენტი, ანუ სან ლორენცო კათოლიკეებისა და მართლმადიდებლების მიერ 10 აგვისტოს მოიხსენიება. დასავლეთში მას პატივს მიაგებენ, როგორც დიაკვნების, აგრეთვე მზარეულებისა და მეხანძრეების მფარველ წმინდანს.
წმ. ლავრენტის ღვაწლი ქრისტიანებისათვის ღარიბთა სიყვარულის, მათთან თანადგომისა და შემოწირულობების განაწილებაზე პასუხისმგებლობის შესრულების ღირსეულ მაგალითს წარმოადგენს.
![]() |
4 წმ. ანასტასია († 304) მოწამლულთა მხსნელი და პატიმართა დამხმარე |
▲back to top |
ანასტასია არის წმინდანი, რომელმაც თავისი სიცოცხლე იმ ქრისტიან პატიმართა დახმარების საქმეს მიუძღვნა, რომლებიც თავიანთი მრწამსის გამო რომის იმპერიის პირობებში ციხეებში ისხდნენ.
იგი დაიბადა რომში მესამე საუკუნეში, როდესაც იმპერიას სათავეში ედგა დომიტიანე, იმპერატორი, ცნობილი ქრისტიანების სასტიკი დევნით. ანასტასია მდიდარი ოჯახიდან იყო წარმოშობით. თუმცა მამამისი წარმართობას მისდევდა, დედა ქრისტიანი ჰყავდა. ამიტომ ანასტასიამ შეძლო კარგი განათლება მიეღო ქრიზოგონუსისგან, გამოჩენილი ქრისტიანი სწავლულისგან.
დედის გარდაცვალების შემდეგ ანასტასიას მამამ გადაწყვიტა ქალიშვილი მისი სურვილის საწინააღმდეგოდ რომის ჯარისკაც პუბლიუსზე მიეთხოვებინა. გათხოვების შემდეგ ანასტასია თავისი საზოგადოებრივი მდგომარეობისთვის შეუფერებლად ჩაცმული ფარულად ნახულობდა ხოლმე რომის ციხეებში ქრისტიანული მრწამსის მიმდევარ პატიმრებს დახმარების მიზნით. მას ხშირად პატიმრებთან საკვები მიჰქონდა, მკურნალობდა მათ წამებისგან მიყენებულ ჭრილობებს და ლოცულობდა მათთვის.
მოგვიანებით ქმარმა, პუბლიუსმა, შეიტყო ანასტასიას ამ საიდუმლოს შესახებ და უბრძანა მას სახლიდან აღარ გასულიყო. ანასტასიამგააბა საიდუმლო მიმოწერა თავის მოხუც მასწავლებელთან ქრიზოგონუსთან, რომელიც ამხნევებდა მას. სწორედ მან უწინასწარმეტყველა ანასტასიას ქმრის ზღვაში დაღუპვა. ეს წინასწარმეტყველება მართლაც ახდა და გემი, რომელზეც პუბლიუსი იმყოფებოდა, ჩაიძირა. ამის შემდეგ ანასტასიამ შეძლო მთელი თავისი დარჩენილი ცხოვრება პატიმართა და ღარიბთა დახმარებისათვის მიეძღვნა.
თეოდოტასთან, სამშვილიან ახალგაზრდა ქვრივთან ერთად ანასტასია მოგზაურობდა ქალაქებში და ეხმარებოდა ქრისტიანული მრწამსის გამო დაპატიმრებულ ადამიანებს. იგი იყენებდა თავის სამედიცინო სიბრძნესა და ლოცვის ძალას და მკურნალობდა პატიმრებს, უმსუბუქებდა მათ ტანჯვას. ანასტასია განსაკუთრებით ცნობილი გახდა მოწამვლის შედეგად დაავადებული ადამიანების სიკვდილისაგან დახსნის უნარითაც.
ქრისტიანების მდევნელი დიოკლეტიანეს ბრძანებით ანასტასია და თეოდოტა სამივე შვილითურთ დააპატიმრეს. მათ უთხრეს, რომ გაათავისუფლებდნენ, თუ უარს იტყოდნენ ქრისტიანობაზე. ქალებმა უარი განაცხადეს რწმენის შეცვლაზე, და თეოდოტა შვილებთან ერთად კოცონზე ცოცხლად დაწვეს, ხოლო ანასტასიას შიმშილით სიკვდილი მიუსაჯეს. მაგრამ აღსანიშნავია, რომ მოშიმშილე ანასტასია 60 დღის შემდეგაც კი ცოცხალი იყო.
ამის შემდეგ რომის სასამართლომ განაჩენი შეცვალა და ბრძანა ანასტასია გემზე მოეთავსებინათ სხვა პატიმრებთან ერთად და გემი ჩაეძირათ. ისტორიული ცნობების მიხედვით, როდესაც რომაელი ჯარისკაცების მიერ ღია ზღვაში მიტოვებულმა გემმა ჩაძირვა დაიწყო, მასზე მყოფ ადამიანებს წმ. თეოდოტა გამოეცხადა და გემი ნაპირზე გაიყვანა. ამ საოცრების 120-მა მოწმემ ქრისტე იწამა. გემზე მყოფნი ქრისტიანებად გემზევე მოინათლნენ ანასტასიასა და ერთერთი ქრისტიანის სახელად ეუტიქიანეს მიერ. თუმცა მალე რომაელმა ჯარისკაცებმა მათ ისევ მიაგნეს და 120-ვე მორწმუნე ქალაქ .
![]() |
5 წმ. გრიგორი განმანათლებელი (250-325) სომეხთა განმანათლებელი, რომელიც აგებდა მონასტრებს და ეხმარებოდა ღარიბებს საკვებითა და თავშესაფრით |
▲back to top |
გრიგორი დაიბადა ვაგარშაფატში, სომხეთის ერთ-ერთი პროვნციის - არარატის - მთავარ ქალაქში. მისი ოჯახის წევრები ქრისტიანები არ იყვნენ, მაგრამ სათნოებითა და პატიოსნებით გამოირჩეოდნენ. მამამისი , ანაკი, ერთ-ერთი გავლენიანი მიწათმფლობელი იყო სპარსეთში. მას კავშირი ჰქონდა როგორც სპარსეთის მეფესთან არტაბანთან, აგრეთვე მის ძმასთან - სომხეთის მეფე კურსართან.
გრიგორის მამა პოლიტიკურ ინტრიგებს შეეწირა, ხოლო მისი ახალგაზრდა ვაჟიშვილები სხვადასხვა ადგილას გადაასახლეს. გრიგორი გაემგზავრა რომში, სადაც ის გაიზარდა. შემდგომ ის ცხოვრობდა კაპადოკიის ცეზარეაში, სადაც ეუფლებოდა ცოდნას იესო ქრისტეს ცხოვრების შესახებ. გრიგორი ცეზარეაში დაქორწინდა და ორი ვაჟიშვილი შეეძინა, ორტანი და აროსტანი, რომლებიც ბავშვობიდანვე დაადგნენ ღვთისმსახურების გზას.
რომში ცხოვრების დროს გრიგორი კურსარის შვილის, ტირიდატის, სამსახურში იდგა. როდესაც კურსარი გარდაიცვალა, გრიგორი ერთგულად ემსახურებოდა ტირიდატს, რომელიც მას ძალზე დაუახლოვდა. რამდენიმე წლის შემდეგ რომის იმპერატორის გავლენის მეოხებით სომხეთის მეფედ დანიშნულმა ტირიდატმა გრიგორი თავისთან მიიწვია.
აღსანიშნავია, რომ მეფე ტირიდატი თაყვანს სცემდა კერპებს, განსაკუთრებით კი ქალღმერთ არტემიდას. იგი ხშირად სთხოვდა გრიგორის მისთვის მიებაძა. გრიგორი ყოველთვის უარყოფდა კერპებს და აღიარებდა მხოლოდ იესო ქრისტეს, როგორც ღმერთის ერთადერთ ინკარნაციას. დროთა განმავლობაში ქრისტიანი გრიგორის მზარდმა უდრეკობამ განარისხა ტირიდატი, რომელმაც საბოლოოდ მისი სასტიკად დასჯა ბრძანა. მიუხედავად ტირიდატის სისასტიკისა, ღმერთმა სიკვდილისაგან იხსნა გრიგორი, რომელმაც არაადამიანურ ტანჯვას გაუძლო. მოგვიანებით სომხეთის მეფის ბრძანებით გრიგორი ქალაქ არტაქსატაში ჯურღმულში ჩააგდეს, სადაც მან 14 წელი გაატარა. ღვთის განგებით ერთი ქალაქელი ქვრივი მას ყოველდღიურად პურს უზიდავდა, რამაც გრიგორი სიკვდილს გადაარჩინა.
ერთხელ მეფე ტირიდატი მძიმედ დაავადდა და ექიმებიც კი ვეღარაფერს შველოდნენ. სასიკვდილოდ განწირულმა მეფემ გამოიძახა გრიგორი და პატიება და მისთვის ლოცვა სთხოვა. განიკურნა ტირიდატი და იწამა ღმერთი. იმ დროიდან იწყებს გრიგორი თავის სამოციქულო საქმიანობას და სთხოვს მეფეს ტაძრებისა და მონასტრების მშენებლობას, რათა დახმარება გაუწიოს უსახლკაროებსა და მშივრებს.
შემდგომ მეფემ არქიეპისკოპოს ლეონტიუსთან გააგზავნა გრიგორი, რათა ის ეპისკოპოსად ეკურთხებინათ. ეპისკოპოსად კურთხევის შემდეგ გრიგორიმ ქრისტიანად არა მარტო მეფე მონათლა, არამედ ერთდროულად ათასობით სომეხიც. ასე გახდა იგი სომეხთა განმანათლებელი.
სომხეთის სამოციქულო ეკლესიაში მას 30 სექტემბერს მოიხსენიებენ.
![]() |
6 წმ. ნიკოლოზი (III-IV საუკუნე) ბავშვთა, ობოლთა და უსამართლობით დაჩაგრულთა მოამაგე და ქრისტიანთათვის სიწმინდის მაგალითი |
▲back to top |
წმ. ნიკოლოზი უდავოდ ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წმინდანთაგანია მთელი ქრისტიანული სამყაროსი . თითქმის ყველა კულტურაში, რომელსაც კი ეკლესია შეხებია, წმ. ნიკოლოზი ცნობილია, როგორც მაგალითი შემწეობისა გაჭირვებულთათვის და ქრისტიანული სიყვარულისა ბავშვებისადმი.
იგი დაიბადა მესამე საუკუნის ბოლოს, ლუკიის ქალაქ პატარაში, რომელიც დღეს თურქეთშია. მას არ ჰქონია ბედნიერი ბავშვობა, რადგან მშობლები ადრე დაეღუპნენ. ნიკოლოზმა მიაშურა ერთ-ერთ მონასტერს ლუკიაში, ქალაქ მირონის მახლობლად. იქ ის ეუფლებოდა ცოდნას ღმერთისა და მისი უპირველესი მცნების შესახებ, რომელიც ღმრთისა და მოყვასის სიყვარულია. მან გაიღო უდიდესი ნაწილი სიმდიდრისა, რომელიც მას მემკვიდრეობით ერგო.
ცოდნა მის სიწმინდესა და სიბრძნეზე სწრაფად გავრცელდა და ნიკოლოზი ქალაქ მირონის ეპისკოპოსად იქნა არჩეული, რაც მას კიდევ უფრო მეტი ადამიანის დახმარების საშუალებას აძლევდა. მირონში ერთ ღარიბ კაცს სამი გასათხოვარი ქალიშვილი ჰყოლია. იმ დროს მზითევის ჩუქება საკმაოდ გავრცელებული ჩვეულება იყო. ზოგადად, რაც უფრო მნიშვნელოვანი იყო მზითევი, მით მეტი საშუალება ჰქონდათ ქალებს გათხოვების. იმის გამო, რომ ამ უიღბლო მირონელ კაცს თავისი ქალიშვილებისთვის საკმარისი მზითევი არ გააჩნდა, ადგილობრივი კანონით მას მოეთხოვებოდა მონებად გაეყიდა შვილები. მაგრამ წმ. ნიკოლოზმა გასათხოვარ ქალიშვილებს ფარულად, მათი მამის თანხმობის გარეშე, ოქროები გადასცა, რითაც მონობისაგან იხნა ისინი.
ნიკოლოზი ზედმიწევნით ასრულებდა ქრისტეს შემდეგ ქადაგებას: „გაეცი შენი ქონება, ანუ დაურიგე იგი ღარიბთ“. მან მთელი თავისი ავლადიდება ღარიბებსა და ავადმყოფებს გაუნაწილა. მას ბევრჯერ დაუცავს უდანაშაულოები თავისი სიცოცხლის ფასადაც კი. ამის გამო წმ. ნიკოლოზი განდევნილ და დაპატიმრებულ იქნა რომის იმპერატორ დიოკლეტიანეს მმართველობის წლებში.
იმხანად ქრისტიანობა აკრძალულ რელიგიას წარმოადგენდა. ქრისტიანები იდევნებოდნენ და ზოგჯერ სიკვდილითაც კი ისჯებოდნენ მხოლოდ იმის გამო, რომ ქრისტეს აღიარებდნენ. როდესაც რომის იმპერატორი გახდა კონსტანტინე და ქრისტიანობა მთელ იმპერიაში ოფიციალურ რელიგიად გამოცხადდა, წმ. ნიკოლოზი გაათავისუფლეს ციხიდან. იგი დაბრუნდა თავის მრევლთან ლუკიის მირონში, სადაც გაატარა მთელი დარჩენილი ცხოვრება ჩვენი წელთაღრიცხვის 342 წლამდე. მისი გარდაცვალების შემდეგ მის მიერ წახალისებული ადამიანები კვლავ აგრძელებდნენ ღარიბებისადმი ფარული დახმარების აღმოჩენას. მოგვიანებით კი მათ წმ. ნიკოლოზის საპატივცემულოდ ამის ტრადიციაც დაამკვიდრეს.
მიუხედავდ იმისა, რომ წმ. ნიკოლოზის გარდაცვალებიდან მრავალი საუკუნეა გასული, იგი კვლავაც ახსოვთ ქრისტიანებს, როგორც ბავშვების, ობლებისა და უსამართლოდ ჩაგრულთა შემწე. მას წმინდანად აღიარებენ როგორც მართლმადიდებლები, ისე კათოლიკეები და 6 დეკემბერს პროტესტანტებიც მიაგებენ პატივს. იგი მთელ ქრისტიანულ სამყაროში სიწმინდისა და მოყვასისადმი სიყვარულის ბრწყინვალე მაგალითს წარმოადგენს.
![]() |
7 წმ. ნინო († 335) წმინდა მოციქულთა სწორი, ავადმყოფთა და დავრდომილთა დამხმარე, ქართველთა განმანათლებელი |
▲back to top |
ნინო დაიბადა კაპადოკიაში ქრისტიანთა ოჯახში. მისი დედა სოსანა და მამა ზაბულონი, რომელიც სამხედრო პირი იყო, მონაზვნობის გზას დაადგნენ და იერუსალიმში გადასახლდნენ. 12 წლის ნინო აღსაზრდელად მიაბარეს მოხუც ქრისტიან ქალს სარა ნიაფორს, რომელიც ხშირად უამბობდა ნინოს მაცხოვრის მიწიერი ცხოვრების და მისი წამების და ჯვარცმის ამბავს. მისგანვე გაიგო ნინომ, თუ როგორ მოხვდა წარმართულ საქართველოში ქრისტეს კვართი. პატარა ნინო გულმხურვალედ ევედრებოდა ღვთისმშობელს, რომ საქართველოს ნახვისა და კვართის თაყვანისცემის საშუალება მისცემოდა. ღვთისმშობელმა მარიამმა შეისმინა ნინოს ვედრება, ერთხელ სიზმარში გამოეცხადა და უთხრა, რომ წასულიყო მის წილხვედრ ქვეყანაში და ექადაგა ქრისტეს სახარება. ღვთისმშობელმა ნინოს ვაზის ტოტებისგან შეკრული ჯვარი მისცა. გამოღვიძებულ ნინოს მართლაც აღმოაჩნდა ხელში ჯვარი, რომელიც მან თავისი თმით შეკრა. იერუსალიმიდან ნინო რომში ჩავიდა, ხოლო იქიდან მის მიერ ქრისტეს სჯულზე მოქცეულ რიფსიმესთან, გაიანესთან და სხვა ქალწულებთან ერთად სომხეთისკენ წამოვიდა, რადგან რომში ამ დროს ქრისტიანების მოძულე და მდევნელი დიოკლეტიანე მეფობდა. სომხეთში სიფსიმე და სხვა ქალწულები სომხეთის წარმართმა მეფემ არდატმა დააპატიმრა და აწამა. გადარჩა მხოლოდ ნინო, რომელიც მეგობრების შეპყრობის დროს ვარდის ბუჩქებში დაიმალა. ამის შემდეგ ნინო ფარავნის ტბის გზით საქართველოსკენ წამოვიდა. ქართლის დედაქალაქ მცხეთაში მას დახვდა კერპები და მათი თაყვანისმცემელი მეფე, მთავრები და მთელი მოსახლეობა. წმ. ნინო სამეფო ბაღის მცველის სახლში დასახლდა. დღედაღამ ლოცულობდა და შესთხოვდა უფალს ქართველთა მოქცევას ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე, ქადაგებდა და ასწავლიდა უფლის სახარებას, ეხმარებოდა ავადმყოფებს და დავრდომილებს. უშვილო ოჯახს წმ. ნინოს ლოცვით ღმერთმა შვილი მიმადლა. ერთხელ მძიმედ დაავადდა მეფე მირიანის მეუღლე დედოფალი ნანა. მას მკურნალები ვეღარ შველოდნენ, და მაშინ დედოფლის მსახურებმა წმ. ნინოს სთხოვეს დახმარება. წმ. ნინომ დედოფალი თავისთან მოიწვია, ილოცა მისთვის, ჯვარი გადასახა და განკურნა. ამის შემდეგ დედოფალმა იწამა ღმერთი. რამდენიმე თვის შემდეგ თავად მეფე მირიანს დაუბნელდა თვალთ ნადირობის დროს და ამაოდ უხმობდა და ევედრებოდა კერპებს თვალის ახელას. მაშინ მირიანმა წმ. ნინოს ღმერთს შეავედრა თავი და მყის დაუბრუნდა თვალის სინათლე. ამის შემდეგ მირიანმაც იწამა ქრისტე და განიზრახა ქვეყნის გაქრისტიანება, რაც წმ. მოციქულთა სწორ ნინოს შეწევნითა და ქადაგებით განახორციელა კიდეც.
წმ. ნინოს რჩევით მეფე მირიანმა ქრისტიანული ტაძარი ააგო იმ ადგილას, სადაც უფლის კვართი იყო დამარხული. წმ. ნინო ქართლის სხვა ადგილებშიც ქადაგებდა. ის დასნეულდა დაბა ბოდინში (ბოდბე) და იქვე მიაბარა თავისი სული ღმერთს. წმ. ნინო ბოდბეში დაკრძალეს და შემდგომ მის საფლავზე მეფე მირიანმა წმ. გიორგის სახელობის ტაძარი ააგო. წმ. ნინო ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ 14 იანვარს მოიხსენიება.
![]() |
8 წმ. ბასილი დიდი (330 - 379) საავადმყოფოების, სკოლების, გზაში დაკარგულთა, ობოლთა და მოხუცთა თავშესაფრების დამაარსებელი |
▲back to top |
წმ. ბასილი დაიბადა 330 წელს კაპადოკიის ცეზარეაში, რომელიც ქალაქია მცირე აზიაში. მისი ოჯახი მეტად სახელოვანია ქრისტიანულ ისტორიაში, რადგან, სულ მცირე, შვიდი წმინდანი წარმოშვა: წმ. მაკრინა უფროსი, ბასილის ბებია; მისი მამა, სახელგანთქმული მჭევრმეტყველი, წმ. ბასილი უფროსი; წმ. ემილია, მისი დედა; თვითონ წმ. ბასილი და მისი ძმები წმ. გრეგორი ნისისა და წმ. პეტრე სებასტისა; და მისი და - წმ. მაკრინა უმცროსი.
ახალგაზრდობიდანვე ბასილიმ საუკეთესო განათლება მიიღო. ის სწავლობდა კონსტანტინოპოლისა და ათენის ცნობილ სკოლებში და სახელი გაითქვა, როგორც ნიჭიერმა სწავლულმა და ადმინისტრატორმა, რის შემდეგაც მცირე ხნით იურიდიულ პრაქტიკას მიჰყო ხელი. დის გავლენით, რომელიც სიღარიბის აღმოფხვრას ემსახურებოდა, ბასილიმ ბერული ცხოვრება აირჩია და მთელი თავისი დრო ღარიბთა შემწეობის საქმეს მოახმარა.
370 წელს ბასილი ცეზარეის ეპისკოპოსად აირჩიეს. ეს თანამდებობა უადვილებდა მას შემწეობის საქმეებს. ამათგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი იყო ცნობილი „ბასილიადი“, რომელიც სხვადასხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობათა რთულ კომპლექსს წარმოადგენდა . იგი მოიცავდა არა მარტო ობოლთა, ქვრივთა, მოხუცთა და სხვა თავშესაფრებს, არამედ საავადმყოფოებს, აკადემიურ სკოლებს, სპეციალურ სასწავლებლებს, არაკვალიფიციური მუშახელის (მათ შორის, ყოფილი ქურდების) პროფესიული გადამზადების სკოლებსა და სასტუმროებს.
წმ. ბასილიმ თავისი ეკლესიის ირგვლივ პატარა ქალაქი ააშენა, რომელშიც უნუგეშოდ მიტოვებული არავინ რჩებოდა. იქ ბავშვებს ასწავლიდნენ დახელოვნებული მასწავლებლები, მოხუცებს თანაუგრძნობდნენ ბერები და მონაზვნები, ქვრივებს ეძლეოდათ ღირსეული სამსახურები ისე, რომ თვითონაც შეძლებოდათ დახმარებოდნენ სხვებს. გზად გამვლელ უცხოელებსა და უცნობებს შეეძლოთ მოეძიებინათ საკვები და უსაფრთხოდ გაეთენებინათ ღამე. ექიმები, ექთნები და სხვა დამხმარე მუშაკები იქვე, ყველასთან ერთად, ცხოვრობდნენ.
წმ. ბასილი დიდის „ბასილიადი“ იყო იდეალური სამყარო, სადაც სუფევდა სათნოება, ურთიერთდახმარება, მოყვასის სიყვარული და ღვთის თაყვანისცემის სურვილი. შიმშილობისა და გვალვის დროს ბასილის ადმინისტრაციულმა ნიჭმა უზრუნველყო იმდენი საკვების გავრცელება, რამდენიც საკმარისი იყო შემოგარენში ღარიბების სიცოცხლეთა შესანარჩუნებლად.
„ბასილიადი“ წარმოადგენს წმ. ბასილის სოციალური მოღვაწეობის მხოლოდ ნაწილს. მას შემდეგ, რაც ბასილიმ საფუძველი ჩაუყარა მონასტრების შენებით ჩვეულებრივ სამონასტრო ცხოვრებას , მან განაგრძო თავისი საქმე კიდევ უფრო მეტი საავადმყოფოს და ღარიბთა თავშესაფრის შენებით.
წმ. ბასილი დიდი გარდაიცვალა 379 წლის 1 იანვარს 49 წლის ასაკში. მისი ხსოვნა ეკლესიის მიერ ამავე დღეს აღინიშნება. წმ. ბასილის გარდაცვალების დღესთან დაკავშირებული გლოვა, ქრისტიანთა გარდა, მოიცავს ებრაელებსაც. ძალადობით აღსავსე მსოფლიოში, მაშინ, როდესაც ქრისტიანულ სამყაროში იყო განხეთქილება და კონფლიქტი, ბასილი არ უშინდებოდა პოლიტიკურ და სახელმწიფო ლიდერებს და ექომაგებოდა იმათ, ვისაც არ შეეძლო საკუთარი თავის დაცვა. დღესაც უმნიშვნელოვანესია მისი სიტყვები: „ჩვენ უნდა ვმუშაობდეთ არა იმ საკვებისათვის, რომელიც წარმავალია, არამედ იმ საკვებისათვის, რომელიც სამარადისოა. ასეთი საკვებია კეთება იმისა, რაც არის ღმერთის ნება. ნება კი ზეციერი მამისა არის დაპურება მშიერთა, დახმარება მწყურვალთა და ჩაცმა შიშველთა.“ წმ. ბასილის ცხოვრება არის მაგალითი არა ერთი კონკრეტული ქმედებით შემოფარგვლისა, არამედ სულიერი და სხვებზე, მეტადრე გაჭირვებულებსა და ღარიბებზე, კონცენტრირებული სავსე ცხოვრების.
![]() |
9 წმ. მარტინ ტურელი (316 - 397) დავრდომილთა და ღარიბთა ქომაგი |
▲back to top |
წმინდა მარტინმა თავისი ცხოვრება ღარიბთა და სნეულთა დახმარებას მიუძღვნა. ის დაიბადა 316 წელს პანონიის საბარიაში (თანამედროვე უნგრეთი), რომაელი მჭევრმეტყველის ოჯახში. მიუხედავად იმისა, რომ მისი მშობლები წარმართები იყვნენ, ის უკვე 10 წლიდან შეუერთდა კატეხუმენთა (მორწმუნენი, რომლებიც მოსანათლად ემზადებიან) რიგებს.
ვინაიდან იმპერატორის ბრძანების მიხედვით რომაელ ოფიცერთა ყველა ვაჟი სამხედრო სამსახურში უნდა მდგარიყო, მარტინი კავალერიას შეუერთდა და სამხედრო ფიცი დადო. სხვა ოფიცრებისაგან განსხვავებით, იგი დაკმაყოფილდა მხოლოდ ერთი მსახურით, რომელსაც საკუთარ ძმასავით ეპყრობოდა. იგი არ მონაწილეობდა მეგობარი ოფიცრების ღრეობებში და სულ მალე სახელი მოიხვეჭა, როგორც სათნო პიროვნებამ.
ერთმა კონკრეტულმა ინციდენტმა ყველა მისი თანამედროვე გააოცა: როდესაც მარტინი სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობდა საფრანგეთის ქალაქ გაულში, გზად მან განვლო ფრანგული ქალაქი ამიენსი და დაინახა მათხოვარი, რომელიც სიცივისგან კანკალებდა. ჯარისკაცებს საერთოდ არ მიუქცევიათ ყურადღება იმ ადამიანისათვის. მარტინმა კი ჩათვალა, რომ თვით ღმერთს შეეძლო დაეგეგმა ეს შეხვედრა, რათა მას სიკეთის გაკეთების საშუალება მისცემოდა. მან მახვილით შუაზე გაჭრა თავისი მოსასხამი და ნახევარი შიშველ მათხოვარს გადასცა. ისტორიული ცნობებით, იმავე ღამეს მარტინს იესო ქრისტე დაესიზმრა, რომელსაც ისევე ემოსა, როგორც მარტინის მიერ შემოსილ იმ ღარიბს. ქრისტე შემდეგნაირად მიმართვადა გარშემომყოფ ანგელოზებს: „მარტინმა, რომელიც მხოლოდ კატეხუმენია, თავისი ტანსაცმლით მე შემმოსა“.
18 წლის ასაკში მარტინმა დაასრულა თავისი სამხედრო კარიერა და ქრისტიანულად მოინათლა ეპისკოპოს ჰილარი პოიტიერსის მიერ. იმავე ეპისკოპოსმა მოგვიანებით მას მღვდლობაც შესთავაზა. მიუხედავად ასეთი შეთავაზებისა, მარტინმა თავისი ქრისტესმიერი ცხოვრების გზად მაინც ქადაგება, მარტივი ცხოვრების წესი, განმარტოება და ლოცვა არჩია.
მარტინის რეპუტაცია ისე გაიზარდა, რომ 371 წელს იგი ეპისკოპოსად მისი ნება-სურვილის გარეშე აირჩიეს. ერთხელ ადგილობრივმა ქრისტიანებმა სთხოვეს მარტინს ენახა სიკვდილის პირას მყოფი ავადმყოფი. მარტინი დათანხმდა. როდესაც გზაში იყვნენ, შეიარაღებული ადამიანების ჯგუფმა სთხოვა მარტინს წაჰყოლოდა მათ და დახმარებოდა. როგორც შემდეგ გაირკვა, ეს ადამიანები ქალაქ ტურის იმ ქრისტიანული საზოგადოებიდან იყვნენ გამოგზავნილნი, რომელსაც ეპისკოპოსი არ ჰყავდა და ამისათვის იგი შეერჩია. მარტინს უნუგეშოდ არ მიუტოვებია სულიერი მოძღვრის უყოლელი ადამიანების მოთხოვნა.
ეპისკოპოსად მოღვაწეობის განმავლობაში მარტინი უბრალოდ ცხოვრობდა, ექომაგებოდა ღარიბებსა და დავრდომილებს და არ ურიგდებოდა უსამართლობასა და ძალადობას. როდესაც გარემოება მოითხოვდა, მას შეეძლო შეპაექრებოდა თვით იმპერატორთ და დაერწმუნებინა ისინი, რომ იმ უსამართლო გადაწყვეტილებებისაგან შეეკავებინათ თავი, რომლებიც საფრთხეს უქმნიდნენ საზოგადოების დაუცველ და სუსტ ფენას. იგი გამოდიოდა ხოლმე იმ ჩაგრული პატიმრების სახელითაც კი, რომლებიც მის მსოფლმხედველურ საფუძვლებს არ ეთანხმებოდნენ.
გარდაცვალების შემდეგ მარტინი ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე სათაყვანებელ წმინდანად შეირაცხა. ყველაფერი, რაც აღწერს მარტინის ღირსეულ ცხოვრებას, შესანიშნავი მაგალითია ღარიბთა სიყვარულისა და დაჩაგრულთა შემწეობის. იგი წარმოადგენს ჯარისკაცთა, უპოვართა, უსამართლოდ დაჩაგრულთა მფარველ წმინდანს. მარტინს მართლმადიდებლური ეკლესია 11 ოქტომბერს მოიხსენიებს, ხოლო კათოლიკური ეკლესია - 11 ნოემბერს.
![]() |
10 წმ. სტილიანოსი პაფლაგონიისა (IV საუკუნე) ქრისტიან ოჯახთა და ახალშობილთა მფარველი |
▲back to top |
სტილიანოსი დაიბადა ადრიანოპოლისში, რომელიც მდებარეობს მცირე აზიის პაფლაგონიის პროვინციაში (თანამედროვე თურქეთი). ის ღარიბი ოჯახიდან იყო და მძიმე შრომა უწევდა თავის სარჩენად. მაგრამ ოჯახმა მას ჩაუნერგა სიყვარული ღმრთისადმი, რომელსაც იგი არასდროს მიუტოვებია გაჭირვების ჟამს.
წმ. სტილიანოსი მოღვაწეობდა ქრისტიანობის „ოქროს ხანაში“, რომლის დროსაც დასასრულს მიუახლოვდა რომაელთა მიერ ქრისტიანების დევნა, მოხდა რწმენის მცნებების სისტემიზაცია და ასკეტიზმის აყვავება. სტილიანოსი მიიზიდა განმარტოების იდეამ და საცხოვრებლად უდაბნოს მიაშურა. მაგრამ დიდმა სიყვარულმა სხვების მიმართ უკარნახა მას ჯერ გარშემომყოფთ დახმარებოდა და მხოლოდ ამის შემდეგ დაბრუნებულიყო უდაბნოს გამოქვაბულში განსასვენებლად და სალოცავად.
ერთ ღამეს სტილიანოსს ღმერთი გამოეცხადა ლოცვისას. მიუხედავად იმისა, რომ უცნობია, თუ ზუსტად რა მოხდა იმ ღამით, თვითმხილველები ირწმუნებიან, რომ მეორე დღეს სტილიანოსის სახე სათნოებასა და სიმშვიდეს ასხივებდა. როდესაც იგი ეცადა ავადმყოფი ბავშვის მის თავზე ხელის დადებით დამშვიდებას, მან ღმრთის ძალის გამოვლინება იგრძნო ხელში და ბავშვიც უეცრად განიკურნა. იმ დღიდან სტილიანოსი სხვა ადამიანების ტკივილს შორი მანძილიდანაც გრძნობდა. სტილიანოსის გამოქვაბული მნახველების ადგილად იქცა, სადაც განიკურნა მრავალი დაავადებული. ასეთი მოგზაურები და მნახველები ცნობილნი გახდნენ არა მხოლოდ სტილიანოსის მიერ განკურნებით, არამედ თავიანთი ძლიერი რწმენის გამოც.
მიუხედავად იმისა, რომ სტილიანოსს თავის დროზე საუკეთესო განათლება მიღებული არ ჰქონდა, იგი მაინც კარგ მასწავლებლად ითვლებოდა. ცნობილია, რომ მასთან მრავალ ოჯახს ჰყავდა სასწავლებლად მიბარებული თავისი შვილი , რადგან სწამდა, რომ სტილიანოსს მოსწავლეების ღმერთთან მიახლოება შეეძლო. შესაძლებელია, სწორედ სტილიანოსის სახელს უკავშირდებოდეს ისტორიაში ერთ-ერთი პირველი საბავშვო ბაღი, სადაც მშობლები ტოვებდნენ ხოლმე მცირეწლოვნებს.
ხშირად წმ. სტილიანოსი მოიხსენიება როგორც ახალშობილთა, ბავშვთა და, ზოგადად, ოჯახთა მფარველი წმინდანი. თანამედროვეთა გადმოცემით, იგი იყო მუდამ სიკეთის საქმნელად განწყობილი და მოყვასისადმი სიყვარულით აღსავსე. მისი სათნო ღიმილი საყოველთაოდ იყო ცნობილი, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც მოხუცდა.
წმ. სტილიანოსი მშვიდად გარდაიცვალა: მისი სახე ნათელს ასხივებდა, „როგორც მზე“. წმ. სტილიანოსს პატივს მიაგებენ, როგორც ახალგაზრდებისა და ქრისტიანი ოჯახების მფარველს. სტილიანოსის ცხოვრებამ, ლოცვამ და უზღვავმა სულიერმა ენერგიამ საკვირველებები მოახდინა და მრავალი დაავადებული ბავშვი განკურნა. იგი მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ 26 ნოემბერს მოიხსენიება.
![]() |
11 წმ. იოანე მოწყალე (550-619) ღარიბთა დამხმარე, რომელიც არიგებდა არა მხოლოდ თავის, არამედ ეკლესიის ქონებასაც |
▲back to top |
იოანე დაიბადა დაახლოებით 550 წელს კვიპროსის ქალაქ ამათოსში, კუნძულის მმართველის, ეპიფანიუსის ოჯახში. იოანეს გულუხვობამ უიღბლოთა და გაჭირვებულთა მიმართ, რომლებსაც იგი თავის „ბატონებს“, უწოდებდა, მას „მოწყალის“ სახელი მოუპოვა.
იოანე დაქორწინდა, მაგრამ მისი მეუღლე და შვილები გარდაიცვალნენ და ამის შემდეგ მან სარწმუნოებრივი ცხოვრება დაიწყო. იგი იყენებდა ყველა საშუალებას, რათა ყოველთვის, მცირედ თუ დიდად, დაესაჩუქრებინა ყოველი ღარიბი. მოგვიანებით, პატრიარქ თეოდორეს გარდაცვალების შემდეგ, ის ალექსანდრიის პატრიარქი გახდა. ის პატრიარქად 611 წელს აკურთხეს და გახდა მეხუთე პატრიარქი ალექსანდრიისა, სახელით იოანე.
იმ დროს ალექსანდრიის საპატრიარქოს დიდძალი ქონებრივი რესურსები გააჩნდა სავაჭრო საქმიანობიდან. იოანე გულუხვად განაგრძობდა ღარიბებისთვის არა მხოლოდ საპატრიარქოს, არამედ საკუთარი ქონების განაწილებასაც. ერთხელ, როცა მას მდიდრულად ნაქარგი საბანი მისცეს, მან მანამ ვერ დაიძინა, სანამ საბანი არ გაყიდა და ფული ღარიბებს არ დაურიგა. იყო ისეთი შემთხვევაც, როცა ერთმა ადამიანმა მის მიერ ღარიბთა მიმართ გამოჩენილი ხელუხვობის გამო აღფრთოვანებაც კი გამოხატა. ხოლო პატრიარქმა იოანემ უთხრა მას, რომ სათნოება მშვენიერი ახალგაზრდა ქალის სახით გამოეცხადა, რომელიც „უფლის უფროსი ქალიშვილი“ იყო და რომელმაც დაარწმუნა იგი გაეგრძელებინა კეთილი საქმე.
როგორც პატრიარქმა, იოანემ მრავალი მონა გაათავისუფლა და რეორგანიზება მოახდინა ზომა-წონის სისტემისა, რომლითაც უნდა ესარგებლათ ღარიბებს. მან აგრეთვე მოსპო კორუფცია და ათჯერ გაზარდა ალექსანდრიაში ეკლესიათა რაოდენობა. იგი არა მარტო პირადად ეხმარებოდა ცალკეულ ადამიანებს, არამედ ისეთ საქველმოქმედო აქციებსაც აწყობდა, რომლებიც ერთდროულად ათასობით ადამიანის დახმარებას ითვალისწინებდა. იოანეს ქველმოქმედება ხან ქრისტიანულ მიზანს ემსახურებოდა, ხან კიდევ ნებისმიერ მორწმუნეს, მიუხედავად მისი რელიგიური მიმდინარეობისა, კლასისა თუ ეროვნების. როდესაც მუსლიმანები იერუსალიმში შეიჭრნენ, პატრიარქი იოანე დიდძალი ფულით, ღვინით, სიმინდით, ზეთით, ტანსაცმლითა და საჭაპანო ტრანსპორტით დაეხმარა იქაურ მაცხოვრებლებს.
ზოგს წმ. იოანეს გულუხვობა გადაჭარბებულადაც კი მიაჩნდა. ერთხელ მის დამხმარეს ეჭვი გაუჩნდა, რომ იოანეს ვიღაცა ატყუებდა და სხვადასხვა ნიღბით შემოსილი მრავალჯერ სთხოვდა დახმარებას. როდესაც ამის შესახებ პატრიარქს მოახსენეს, მან უპასუხა, რომ ის ნიღბიანი ადამიანი შესაძლოა თვით ქრისტეს ნებით ყოფილიყო მოვლენილი. ამის შედეგად, პატრიარქსა და იმპერიის პრეფექტ ნიკიტას, მის ახლო მეგობარს, შორის სერიოზული უთანხმოება ჩამოვარდა. ნიკიტას სურდა, რომ ეკლესია უფრო მეტად დახმარებოდა იმპერატორ ჰერაკლიუსის მეთაურობით მუსლიმანთა წინააღმდეგ მებრძოლ ჯარს, და არა ღარიბებს. მაგრამ, როდესაც იოანემ სიმტკიცე გამოიჩინა, ნიკიტა იძულებული გახდა კონფლიქტი მობოდიშებით აღმოეფხვრა.
619 წელს, როდესაც მუსლიმანები ეგვიპტეში შეიჭრნენ, პატრიარქი იოანე იძულებული გახდა დაეტოვებინა ალექსანდრია. იგი დაუბრუნდა მშობლიურ კვიპროსს და მალევე გარდაიცვალა. სანამ გარდაიცვლებოდა, რამდენიმე წლის განმავლობაში შესთხოვდა თავის ერთ-ერთ მსახურს, რომ ყოველდღე შეეხსენებინა მისთვის შემდეგი სიტყვები: „ჩემო უფროსო, შენი საფლავი ჯერ ისევ დაუმთავრებელია. ილოცე და ბრძანე საფლავის დამთავრება, რადგან უცნობია საათი, როდესაც სიკვდილი გეწვევა“. მართლმადიდებელი ეკლესია წმ. იოანე მოწყალეს ყოველ 12 ნოემბერს მოიხსენიებს.
![]() |
12 წმ. მეფე დავით IV აღმაშენებელი (1073-1125) სნეულთა მომკითხავი და მომნახულებელი, ქვრივ-ობოლთა პატრონი |
▲back to top |
დავით IV აღმაშენებელი XII საუკუნის ქართველი მეფეა, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. დავითმა, როგორც დიდმა სახელმწიფო მოღვაწემ და უნიჭიერესმა მხედართმთავარმა, განსაკუთრებული ადგილი დაიკავა შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიაში - მის სახელთან არის დაკავშირებული ქვეყნიდან უცხოელი დამპყრობლების განდევნა (თურქ-სელჩუკების) და ქართული მიწების საბოლოო გაერთიანება ერთ ძლიერ სამეფოდ.
დავით IV სამეფო ტახტზე 1089 წელს 16 წლის ასაკში ავიდა. სამეფო მან მეტად მძიმე მდგომარეობაში ჩაიბარა - ქვეყნის დიდი ტერიტორია მტრებისგან იყო დაპყრობილი, მოსახლეობა მთებში იყო გახიზნული და ბაღ-ვენახები და პურის ყანები დამპყრობლებს საძოვრებად ჰქონდათ გადაქცეული; სამეფო ხელისუფლებას უპირისპირდებოდნენ ურჩი ფეოდალები (აზნაურები), რომლებიც ისედაც სუსტ სამეფო ხელისუფლებას კიდევ უფრო ასუსტებდნენ და ამით ძირს უთხრიდნენ ქვეყნის ძლიერებასაც. ყოველივე ამას დაერთო დავითის გამეფებამდე მომხდარი რამდენიმე ძლიერი მიწისძვრა, რომელსაც უამრავი ნაგებობა შეეწირა.
დავითმა თავიდანვე ენერგიულად მოჰკიდა ხელი ქვეყნის მართვას. მისი ყოველი ნაბიჯი გეგმაზომიერი და მიზანდასახული იყო. მისი მიზანი ქვეყანაში ძლიერი სამეფო ხელისუფლების შექმნა და სახელმწიფოს შიგნით არსებული სირთულეების დაძლევა იყო.
დავითი, თავად უაღრესად განათლებული ადამიანი, დიდად ზრუნავდა განათლებისა და მეცნიერების განვითარებაზე. ქუთაისთან ახლოს, გელათში, მის მიერ დაარსებულ მონასტერთან მან შექმნა აკადემია, რომელიც მალე იქცა ქართული კულტურის დიდ კერად.
მაგრამ დავითი არ იყო მხოლოდ ძლიერი მეფე ან მამაცი მეომარი. იგი იყო ქრისტიანული ზნეობის, კაცთმოყვარეობისა და ქველმოქმედების მაგალითიც. მემატიანეს, რომელიც აღწერს დავითის ცხოვრებას, აღნიშნული აქვს მისი განსაკუთრებული პიროვნული ღირსებები - უაღრესად გულუხვობა, მოწყალეობა და ქვრივ-ობლებსა და დავრდომილებზე მზრუნველობა. ვინ აღრიცხავს, - აღნიშნავს მემატიანე, - ღმერთის გარდა იმ სიკეთესა და მოწყალებას, რომენლიც გაუღია დავითს. დილით სავსე ქისის პატრონი, საღამოს ცარიელი ქისით ბრუნდებოდა „მხიარულსა სულითა და პირითა“, რომ შეძლო და იმ დღეს უპოვართ დაურიგა. მემატიანეს მოჰყავს მაგალითი, როდესაც მეფემ თავის მოძღვარს იოვანეს 24 ათასი დრაჰკანი მისცა გლახაკთათვის დასარიგებლად, და ესეც, მემატიანის მიხედვით, ერთი მცირე მაგალითია მრავალთაგან.
გელათის მონასტრის მახლობლად დავითმა ააშენა ქსენონი (დავრდომილთა თავშესაფარი, საავადმყოფო), სადაც შეკრიბა სხვადასხვა სენით შეპყრობილნი და დიდ მზრუნველობას იჩენდა მათდამი - ხშირად დადიოდა მოსაკითხად და მოსანახულებლად, ამხნევებდა, თავისი ხელით უმოწმებდა სამოსელსა და საგებელს, თითოეულს აძლევდა სამყოფ ოქროს.
დიდად ზრუნავდა დავით აღმაშენებელი ეკლესია-მონასტრებზე და სასულიერო პირებზე - თავის სამეფოში და მის გარეთაც უამრავ მონასტერს შესწირა ოქრო-ვერცხლი, ძვირფასი ქვები, ხატები და სხვა საეკლესიო ნივთები, სასულიერო პირები კი გაათავისუფლა ყოველგვარი გადასახადისაგან. ამავე დროს დავითი სხვა რელიგიის წარმომადგენლებსაც პატივისცემით ეპყრობოდა და მის სამეფოში მათაც თავისუფლად შეეძლოთ აღესრულებინათ თავისი ღვთისმსახურება.
დავითი გარდაიცვალა 1125 წლის იანვარში. დაკრძალეს მის მიერვე დაარსებულ გელათის მონასტერში.
დიდი პოლიტიკოსი, მამაცი მეომარი და სარდალი, ზნეკეთილი და კაცთმოყვარე მეფე დავითი საქართველოს ეკლესიამ წმინდანად შერაცხა, ხოლო მადლიერმა შთამომავლობამ მას „აღმაშენებელი“ უწოდა. ეკლესია მას 26 იანვარს აღნიშნავს.
![]() |
13 წმ. მეფე თამარი (1160-1210) ქვრივთა, ობოლთა და დავრდომილთა ნუგეშისმცემელი და შემწე |
▲back to top |
XI-XII საუკუნეები გამორჩეული ხანაა საქართველოს ისტორიაში. ეს ეპოქა საქართველოს „ოქროს ხანადაა“ მიჩნეული. საქართველოს სამეფომ ამ პერიოდში თავისი პოლიტიკური და სამხედრო ძლიერების მწვერვალს მიაღწია და დიდად განავითარა თავისი ეკონომიკა და კულტურა. ხშირად საქართველოს ისტორიის ამ პერიოდს „დავითის და თამარის ეპოქასაც“ უწოდებენ, რადგან ეს ორი მეფე სწორედ ამ პერიოდში მოღვაწეობდა და ქვეყნის წინსვლა-განვითარება მათ სახელებთანაა დაკავშირებული.
მეფე თამარი, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ერისა და ეკლესიის წინაშე დიდი დამსახურების, ეკლესიის კეთილმსახურებისა და სიქველისათვის წმინდანად შერაცხა, პირველი ქალი იყო საქართველოს სამეფო ტახტზე. თამარის მამას, მეფე გიორგი III-ს, ვაჟი არ ჰყავდა, ამიტომ მან ჯერ კიდევ თავის სიცოცხლეში 1178 წელს თანამოსაყდრედ (თანამეფედ) თამარი დაიყენა. 1184 წელს მეფე გიორგი გარდაიცვალა და თამარი ერთპიროვნული მმართველი გახდა „ნიკოფსიიდან დარუბანდამდე“ გადაჭიმული ქვეყნისა. დიდი პაპის დავით აღმაშენებლისგან განსხვავებით თამარს წილად ხვდა უკვე გაერთიანებული, ცენტრალიზებული, სამხედრო და ეკონომიკური თვალსაზრისით ძლიერი მონარქიის მართვა. მას არა მარტო უნდა შეენარჩუნებინა ის, რაც დაუტოვეს მამა-პაპამ - დავით IV, დემეტრე I და გიორგი III, არამედ კიდევ უფრო მეტად უნდა განემტკიცებია სამეფო ხელისუფლება და გაეძლიერებია სახელმწიფო. ეს არცთუ ადვილი საქმე იყო: დიდებულებმა, როგორც კი სამეფო ტახტზე ქალი იგულეს, მაშინვე წამოყვეს თავი და შეეცადნენ შეესუსტებინათ სამეფო ხელისუფლება. მეფობის დასაწყისში თამარი იძულებული გახდა ფეოდალური არისტოკრატიის წინაშე დათმობაზე წასულიყო და მათ ზოგიერთ სურვილს დაჰყოლოდა, მაგრამ ჟამთააღმწერლის სიტყვებით „დღითი დღე წარემატებოდეს საქმენი თამარისნი უმჯობესად“, მის დროს „იყო ყოველგან მშვიდობა, წარმატება, დღითიდღე შემატება სამეფოთა“ და იგი გახდა „გვირგვინი ყოველთა ხელმწიფეთა“. თამარის ისტორიკოსები მას უწოდებენ „მზეთა-მზე“-ს, „ღმერთისგან ღმერთ-ქმნილ“-ს და „შარავანდედთა შორის უმეტეს აღმობრწყინებულ“-ს. მართლაც, თამარ მეფის დროს აღმავლობის გზაზე მდგომი ქვეყანა კიდევ უფრო გაძლიერდა. თამარისდროინდელი საქართველოს საგარეო-პოლიტიკური კურსის წარმატებაზე ნათლად მეტყველებს ქართველი მეფის უშუალო ჩარევით შექმნილი ტრაპიზონის იმპერია, რომლის სათავეში მყოფი კომნენოსები საქართველოს სამეფო კარის ერთგულნი იყვნენ. თამარს ქართული მატიანეები ახასიათებენ, როგორც ღრმად მორწმუნე, დღენიადაგ მლოცველ მეფეს და ამავე დროს დიდ ქველმოქმედს და გაჭირვებულებზე მზრუნველს. მისი მეფობის დროის „სარწმუნოება განმტკიცდებოდა და წმიდანი ეკლესიანი შეიმკობოდეს მრავალფერთა მიერ სამკაულთა“.
თამარი იყო ქვრივთა, ობოლთა და დავრდომილთა „განმკითხავი“, ანუ მათზე მზრუნველი. სამეფოს მთელი შემოსავლის 10%25 („ყოვლისა ნაათალი“) მისი მეფობის დროს გლახაკთათვის გაიცემოდა. როგორც კი სახელმწიფო საქმეებისგან თავისუფლდებოდა, მაშინვე ხელსაქმეს მიეცემოდა - რთავდა ან კერავდა და საკუთარი ხელით ნაქსოვ-ნაკერს ხუცესებს და გლახაკებს ურიგებდა.
მეფე თამარი განსაკუთრებული სიყვარულით სარგებლობდა - მას უამრავი ლეგენდა და პოეტური ქმნილება მიეძღვნა. მწარედ იგლოვა ქვეყანამ მისი გარდაცვალება - „მოიწია მწუხარება დიდი და მიუთხრობელი ყოველთა მკვიდრთა საქართველოსათა“, - აღნიშნავს მემატიანე.
საქართველოს ეკლესიამ მეფე თამარი წმიდანად შერაცხა. მისი ხსენების დღეა 1 (14) მაისი.
![]() |
14 წმ. ფრანცისკ ასიზელი (1182 - 1226) ღარიბთა და დავრდომილთა მანუგეშებელი |
▲back to top |
ფრანცისკ ასიზელი არის მე-13 საუკუნის წმინდანი, რომელიც ცხოვრობდა ღარიბებთან ერთად და მკურნალობდა ავადმყოფებს. ის იმ ფრანცისკანული ორდენის დამფუძნებელია, რომელმაც ფართო გავლენა იქონია შუასაუკუნეების სასულიერო ცხოვრებაზე. იგი დაიბადა 1182 წელს იტალიის ქალაქ ასიზში, მდიდარი სოვდაგრის პიეტრო ბერნარდონეს ოჯახში.
ფრანცისკი სულიერად ძლიერი ახალგაზრდა იყო, რომელსაც სურვილი ჰქონდა მეომარი გამხდარიყო. მაშინ ქალაქ-სახელმწიფოები ასიზი და პერუჯა ერთმანეთს ეომებოდნენ და ფრანცისკიც საომრად გაეშურა. როცა ასიზი დამარცხდა, ფრანცისკი შეიპყრეს და ორი წელი ტყვედ ჰყავდათ.
ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ ფრანცისკმა გადაწყვიტა ღარიბების დასახმარებლად მამამისის სავაჭროებიდან ტანსაცმელი გამოეტანა ხოლმე. მამამისი, პიეტრო ბერნარდონე, შეაშფოთა ამ ამბავმა და შვილს გაუწყრა. მამა-შვილის ურთიერთობა იქამდე მივიდა, რომ მამამ საჩივარი გაუგზავნა ეპისკოპოსს, რომელმაც ფრანცისკი მამამისთან ერთად დაიბარა. ფრანცისკმა დაუბრუნა ფული მამას, ტანზე სამოსელი გაიხადა, დაალაგა ფეხებთან და თქვა: „დღეიდან მე ასე ვილოცებ: მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა...“. ეპისკოპოსმა ფრანცისკს უბრალო სამოსი მისცა, თავი რომ შეემოსა. იმ დღიდან ფრანცისკმა სულიერად გაითავისუფლა თავი, რათა ღარიბთა დახმარების გზით საჩუქარი ეძღვნა ქრისტესათვის. ზოგს ის შეშლილი ეგონა, თუმცა მისმა დიდმა სიყვარულმა ქრისტესადმი მრავალ სხვადასხვა ფენის ადამიანს გადააწყვეტინა მისი გზა, მისი ცხოვრების წესი გაეზიარებინა.
როცა ფრანცისკი და მისი მიმდევრები მრავალშვილიან ღარიბებს ხვდებოდნენ, რომლებსაც ოჯახის საქმეების გაძღოლა უჭირდათ, ეხმარებოდნენ მათ. ისინი ხშირად მუშაობდნენ მინდვრებში გლეხებთან ერთად და შრომის დროს მღეროდნენ ხოლმე მარტივ ჰიმნებს საკვების მოსაპოვებლად მათ ეცვათ თოკებით შეკრული საწვიმრები და ფეხშიშვლები დადიოდნენ.
ფრანცისკისთვის სიღარიბე მის „ქალბატონსა“ და დას წარმოადგენდა. იგი ხშირად ეწვეოდა ხოლმე საავადმყოფოებს, მკურნალობდა დაავადებულთ, ქუჩაში უღარიბესი სოციალური კლასის ენაზე ქადაგებდა და ყველას და-ძმებად მიიჩნევდა. იგი თავისი ხელით აგებდა მიტოვებულ ნანგრევებსა თუ სამლოცველოებს, აწესრიგებდა ეკლესიების შენობებს. იგი ერთი იმ იშვიათთაგანია, ვისი ცხოვრებაც მეტად ზედმიწევნითაა აღწერილი შუასაუკუნეების კონტექსტში. ის ყველას - „მეგობრებსა თუ მტრებს, ავაზაკებსა თუ მტარვალთ“ - სამართლიანობისა და შერიგებისკენ მოუწოდებდა.
ვიტორინაში, ასიზის შორიახლოს, ლეპროზორიუმი (კეთროვნების საავადმყოფო) მდებარეობდა. ლეპროზორიუმთან ჩავლისას ფრანცისკი ხშირად თვალს ხუჭავდა და ცხვირზე ხელს იფარებდა, რადგან ცუდ სუნს ძნელად ეგუებოდა. ერთხელ მას კეთროვანი მიუახლოვდა და დახმარება სთხოვა. ფრანცისკი კეთროვანს მიუახლოვდა, ფულით დაეხმარა და, მიუხედავად კეთრისა, კიდევაც აკოცა.
„როდესაც განვედი მათგან [მდიდართა წრე, სადაც ფრანცისკი აღიზარდა], რაც განვიცადე, იყო ის, რომ, მიუხედავად მწარე ცვლილებისა, მე შევუერთდი ტკბილ სულიერებას,“ - თქვა მან 1226 წლის 3 ოქტომბერს 45 წლის ასაკში გარდაცვალებიდან ერთი დღით ადრე.
ფრანცისკი წმინდანად გამოაცხადა პაპმა გრეგორი მეცხრემ 1228 წლის 16 ივლისს. კათოლიკეები მას ყოველ 17 სექტემბერს მოიხსენიებენ. იგი ფრინველთა, ცხოველთა, ეკოლოგიისა და სრულიად იტალიის მფარველი წმინდანია.
![]() |
15 ნეტარი იერემია ვალახიიდან (1556 - 1625) ექთნების, სნეულებისა და იმიგრანტების მფარველი წმინდანი |
▲back to top |
იერემია დაიბადა 1556 წლის 29 ივნისს, ჩრდილოეთ მოლდოვის ქალაქ სასკაში, მეტად ღვთისმოყვარე ოჯახში. ნათლობისას მას მიენიჭა სახელი იონი. იგი იყო უბრალო, სამართლიანი და ღვთისმოშიში ადამიანი.
ერთხელ მათხოვარმა მას უთხრა: „იონ, შენ გადაივლი მთებს და ჩახვალ იტალიაში. შემდეგ, როცა მოგზაურობას დაამთავრებ, ჩადგები დიდი ბატონის სამსახურში. შენ მას ემსახურები დიდი სიყვარულითა და აღტაცებით, რისთვისაც მრავალ მადლობას გადაგიხდიან“.
18 წლის იონი იტალიაში გაემართა, რათა რწმენაში გაძლიერებულიყო. დედამისი, მარგარეტა, კარგად ახასიათებდა კეთილ ადამიანებსა და წმინდა ბერებს შორეულ იტალიაში, რამაც აღაფრთოვანა იონი. 1578 წელს მან მიაღწია ნეაპოლს და შევიდა კაპუცინურ მონასტერში (კაპუცინები კათოლიკე ბერების ორდენია, რომელიც განშტოებაა წმ. ფრანცისკ ასიზელის მიერ დაარსებული ფრანცისკანული ორდენისა). სწორედ იქ დაირქვა მან რელიგიურ სახელად იერემია.
40 წლის განმაბლობაში ძმა იერემია დიდი სათნოებითა და თავგანწირვით თანაუგრძნობდა დავრდომილებს ნეაპოლში. იგი მეგობრობდა ყველასთან: როგორც პატარებთან, ისე დიდებთან, ღარიბებთან და მდიდრებთან, ჯანმრთელებთან და ავადმყოფებთან. თუ იგი ღარიბთა დახმარებით დაკავებული არ იყო, მაშინ კაცს ის შეიძლებოდა რომელიმე ავადმყოფის ან დავრდომილის სახლში სანუგეშებლად მისული ენახა.
ძმა სალვატორეს - ბერს, - რომელსაც ხელები და ფეხები დაზიანებული ჰქონდა, მოძრაობა არ ძალედვა. იერემიამ წამოაყენა იგი ლოგინიდან და ბანდა ისე, როგორც დედა ბავშვს. მანამდე სალვატორე ყოველდღე იხმობდა თავის ექთანს, სანამ მეორე ძმისგან საყვედური არ მიიღო. მაგრამ იერემიამ დაიცვა ძმა სალვატორე და თქვა: „საბრალო ადამიანი! მას ხომ არ ძალუძს თავის მოვლა. ის ხომ პატარა ბავშვივითაა!“. ცნობილია , რომ იერემია ხშირად იმეორებდა, ღმრთის შეწყალება და მადლი ღარიბთა და სნეულთა დახმარებით მიიღწევაო .
იერემიამ გაატარა ოთხნახევარი წელი მეორე დავრდომილი ბერის, ძმა მარტინის, მოვლაში. სხვას ვერავის შეეძლო მარტინს შეხებოდა, რადგან ის წყლულებით იყო დაფარული. მაგრამ იერემია მაინც სიხარულით ბანდა ხოლმე მარტინს დღეში რამდენჯერმე. ის მიიჩნევდა, რომ ღმერთს სურდა მისგან მარტინის ნუგეშცემა. როდესაც ის ბერის წყლულებს ეხებოდა, ამბობდა: „მე ვგრძნობდი ღმერთს ლოცვისას“. როდესაც ძმა მარტინი გარდაიცვალა, იერემია სინანულით მოთქვამდა: „საბრალო ძმა მარტინი! ის ხომ ჩემი განსახიერება იყო...“.
იერემია გარდაიცვალა 1625 წლის 5 მარტს ნეაპოლში. იგი ნეტარად შეირაცხა პაპ იოანე პავლე მეორის მიერ 1983 წლის 30 ოქტომბერს.
იგი ცნობილია, როგორც ნეტარი იერემია ვალახიიდან და მოიხსენიება კათოლიკური ეკლესიის მიერ ყოველ 8 მაისს.
![]() |
16 ნიკოლაუს ფონ ცინცენდორფი (1700-1760) ბოჰემიელი ქრისტიანი ლტოლვილების მფარველი, თანამედროვე მისიონერული მოძრაობის ინიციატორი |
▲back to top |
ნიკოლაუს ლუდვიგ ფონ ცინცენდორფი დაიბადა გერმანიის ქალაქ დრეზდენში, არისტოკრატულ ოჯახში. მამის გარდაცვალების შემდეგ ის ბებიასთან და დეიდასთან იზრდებოდა, რომლებმაც მას საკმაოდ მაღალხარისხოვანი განათლება მიაღებინეს.
ცინცენდორფი ბავშვობიდანვე ამჟღავნებდა სწრაფვას რელიგიური ცხოვრებისკენ. მოგვიანებით, თავისი ოჯახის გავლენით, მან შეისწავლა იურისპრუდენცია და დიპლომატიური კარიერისათვის ემზადებოდა. თუმცა აღსანიშნავია, რომ მას მაინც უფრო თეოლოგიური ლიტერატურა იტაცებდა. სწავლის დასრულების შემდეგ იგი დაბრუნდა დრეზდენში, სადაც ადვოკატად და მეფის იურიდიულ მრჩევლად მუშაობდა, რამაც ბევრ მოგზაურობაში შეუწყო ხელი. ერთ-ერთი ასეთი მოგზაურობისას ის ათვალიერებდა დიუსელდორფის ხელოვნების გალერეას, როდესაც მისი ყურადღება მიიპყრო სურათმა სახელწოდებით „Ecce homo“ (ლათინურად „აი ადამიანი!“), რომელიც იესო ქრისტეს წამებას ასახავდა. ნახატის ქვემოთ შემდეგი წარწერა ჩანდა: „შეხედეთ, რა მოვიმოქმედე მე თქვენთვის! რას გააკეთებთ თქვენ ჩემთვის?“. ცინცენდორფი დიდხანს აკვირდებოდა ამ ნახატსა და წარწერას, რომლებმაც დიდი გავლენა მოახდინეს მასზე. ამ გარემოებამ მნიშვნელოვნად განაპირობა მისი მომავალი.
ცინცენდორფს ბებიისაგან მემკვიდრეობით ერგო კარ-მიდამო, რომელიც მან გაუღო ბოჰემიელ და მორავიელ ლტოლვილებს - იმ დროს დევნილ უნიტას ფრატრუმის ეკლესიის (მორავიელთა საძმოს) წევრებს. ამ ახალ დასახლებას შემდგომ ჰერნჰუტი („მცველნი უფლისა“) დაერქვა.
ცინცენდორფმა თავი დაანება ოფიციალურ სამსახურს და ოჯახთან ერთად ჰერნჰუტში გადასახლდა, რათა დახმარებოდა დევნილ რელიგიურ უმცირესობებს.
ჰერნჰუტში გადასვლის მიუხედავად, ცინცენდორფს არ ჰქონია განზრახული ლუთერანული ეკლესიის მიტოვება, რადგან თვითონვე იყო ლუთერანი მღვდელი. თუმცა იგი მაინც შეეცადა განეხორციელებინა ზოგიერთი ტიპის რელიგიური რეფორმა, რაც მაშინ ქრისტიანული ტრადიციების შეთანხმებასა და შერიგებას უწყობდა ხელს. ჰერნჰუტში მრავალი ლტოლვილი ეწინააღმდეგებოდა თავისი დოგმატების ცვლილებას. როდესაც ლუთერანულმა ეკლესიამ ამის შესახებ შეიტყო, ჰერნჰუტზე თავისი გავლენის გავრცელება გადაწყვიტა.
ცინცენდორფი გადაასახლეს 10-ზე მეტი წლით. ამ დროის განმავლობაში იგი, როგორც მისიონერი, ევროპასა და ამერიკაში მოგზაურობდა. მორავიელთა საძმოს ეპისკოპოსთან დანიელ იაბლონსკისთან შეხვედრის შემდეგ ცინცენდორფი მორავიული ეკლესიის ეპისკოპოსად აირჩიეს.
1747 წელს ცინცენდორფს ჰერნჰუტში დაბრუნების უფლება მისცეს, სადაც მან ცხოვრების უკანასკნელი წლები გაატარა.
ცინცენდორფი ერთ-ერთი პირველ რელიგიურ მესვეურთაგანია, ვინც სიტყვა „ეკუმენიზმი“ შემოიტანა. ისტორიაში იგი რელიგიური თავისუფლების დამცველად დარჩა. აკეთებდა რა აქცენტს ლოცვასა და ბიბლიაზე, იგი ქადაგებდა „რელიგიას გულისას“, სადაც რწმენა და სიყვარული უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე დოგმატური სხვაობები. იგი იყო გულმხურვალე ქველმოქმედი და მონაწილე ქრისტიანული მისიისა. 1760 წელს, მის გარდაცვალებამდე, მორავიელებს ჰყავდათ 200-ზე მეტი მისიონერი, განაწილებული მთელ მსოფლიოში.
დღეს ნიკოლაუს ფონ ცინცენდორფი ცნობილია, როგორც სხადასხვა ქრისტიანული დოგმატის მიმდევართა მოძღვარი, რომელიც ქადაგებდა მშვიდობიანად თანაცხოვრებას და ქრისტეს რწმენის ცხოვრებაში განხორციელების პირად მაგალითს იძლეოდა. იგი ამერიკის ევანგელისტურ-ლუთერანული ეკლესიის მიერ 9 მაისს მოიხსენიება.
![]() |
17 უილიამ უილბერფორსი (1759-1833) სახელგანთქმული ბრიტანელი პოლიტიკოსი და სოციალური რეფორმატორი; ქრისტიანი ფილანთროპი და მონათმფლობელობის საწინააღმდეგო მოძრაობის ლიდერი |
▲back to top |
უილიამ უილბერფორსი დაიბადა 1759 წელს ჩრდილოეთ ინგლისის ქალაქ იორკშირში. 1780 წელს კემბრიჯში, წმ. იოანეს კოლეჯის დამთავრების შემდეგ, მან ხელი მიჰყო პოლიტიკურ კარიერას და დამოუკიდებლად შევიდა პარლამენტში.
მე-18 საუკუნეში ინგლისში მიმდინარე სულიერი გამოფხიზლების ჟამს უილბერფორსი შეუერთდა ევანგელისტურ ეკლესიას. ამის შემდეგ უილბერფორსი აქტიურად ერთვება სოციალური მასშტაბის სხვადასხვა კამპანიაში. მან დააარსა ისეთი ორგანიზაციები, როგორიცაა საზოგადოება კრიმინალის წინააღმდეგ, „ჩვეულებათა“ რეფორმაციის საზოგადოება, საქველმოქმედო სკოლები, ეკლესიის მისიონერული საზოგადოება და ცხოველთა მიმართ სისასტიკის გამოვლინებათა პრევენციის საზოგადოება. იგი აგრეთვე მხარს უჭერდა მისიონერ მოღვაწეებს ინდოეთში და მრავალმხრივ დახმარებას უწევდა გაჭირვებულებს.
პარლამენტის ახალგაზრდა წევრს, როგორც ქრისტიანს, სწამდა, რომ ღვთის წინაშე ყველა ერთია და აუცილებელია მონობის გაუქმება. უილბერფორსს მხარი დაუჭირა ანგლიკანური ეკლესიის მინისტრმა ჯონ ნიუტონმა, რომელიც წარსულში მონებით მოვაჭრე იყო. უილბერფორსმა ინდივიდუალური კრიზისი განიცადა მაშინ, როცა იგი პოლიტიკასა და ეკლესიას შორის არჩევნის წინაშე დადგა. თუმცა ნიუტონმა ორივეგან დარჩენა ურჩია და შეახსენა, რომ მას, როგორც პოლიტიკაში ჩართულ ქრისტიანს, მეტი სარგებლის მოტანა შეეძლო მსოფლიოს უკეთესობისაკენ შეცვლის მხრივ.
მე-18 საუკუნის დამდეგს ბრიტანული გემებით ატლანტის ოკეანის გადაღმა 3,415,000 აფრიკელი მონა გადაიყვანეს. აქედან 500,000 გარდაიცვალა გემზე არსებული ცუდი პირობების შედეგად (საკვების, ჰიგიენის, სამედიცინო მომსახურებისა და სხვა პრობლემების გამო).
1787 წელს უილბერფორსმა მონობის საწინააღმდეგო კამპანიების გამოჩენილ ხელმძღვანელთან ტომას კლარკსონთან და იურისტ გრენვილ შარპთან ერთად დააფუძნა ჯგუფი, რომელმაც სახელი გაითქვა, როგორც კლეპჰემის სექტამ. მათ შეაგროვეს არგუმენტები მონებით ვაჭრობის შესახებ არაჰუმანურ კანონში ცვლილებების შესატანად. 30-ზე მეტი წლის განმავლობაში მრავალი თანამედროვე ყაიდის ღონისძიება და კამპანია გატარდა, ორგანიზება გაუკეთდა პეტიციებს, ბოიკოტებს, სათანადო შეხვერდებსა და სახალხოდ სიტყვით გამოსვლებს. ჯგუფმა აგრეთვეშეადგინა ე.წ. მონებით ვაჭრობის გაუქმების კომიტეტი, საქვეყნო პროპაგანდა გაუწია საკუთარ იდეებს და სიტყვით გამოვიდა ბრიტანეთის პარლამენტში. მიუხედავად იმისა, რომ უილბერფორსის მხარდამჭერთა რიცხვმა სულ უფრო იმატა და მას პრემიერ მინისტრიც კი მიემხრო, მონობის შესახებ კანონში სათანადო ცვლილებების შეტანა მაინც მიუღწეველი დარჩა. თემთა პალატაში შეტანილი ნებისმიერი პეტიცია წინააღმდეგობაში მოდიოდა იმ ეკონომიკურ ინტერესთან, რომელიც მონათმფლობელობის გახანგრძლივებას ისახავდა მიზნად.
პირველი გამარჯვება მხოლოდ 1807 წელს იქნა მიღწეული, როცა ჩარლზ ჯეიმს ფოქსის მთავრობამ მთელ ბრიტანულ იურისდიქციაში მონებით ვაჭრობა გააუქმა. უილბერფორსს და მის მეგობრებს კიდევ 26 წლის გატარება მოუწიათ მონობის საწინააღმდეგო დოკუმენტური მასალების შეგროვებასა და წლიური პეტიციების ორგანიზებაში. ბოლოს, 1833 წელს, სიკვდილამდე სამი დღით ადრე, უილიამ უილბერფორსმა შეიტყო, რომ პარლამენტმა მიიღო კანონი მთელ ბრიტანეთის იმპერიაში მონათმფლობელობის გაუქმების შესახებ.
![]() |
18 წმ. ჯოვანი ბოსკო (1815-1888) ობოლთა დამცველი, ახალგაზრდების მფარველი წმინდანი და სელეზიანელთა ორდენის დამფუძნებელი |
▲back to top |
ჯოვანი ბოსკო დაიბადა იტალიის ქალაქ ბეჩში 1815 წლის 16 აგვისტოს. დედამისმა მარგარიტამ, რომელიც ოთხშვილიანი ქვრივი იყო, მას ხარისხიანი ჰუმანიტარული და ქრისტიანული განათლება მიაღებინა. დონ ბოსკო გახდა სახელი, რომლითაც ჯოვანის მისი ნაცნობები მოიხსენიებდნენ.
1841 წელს ტურინში მღვდლად კურთხევის შემდეგ ჯოვანი ბოსკომ მთავარ მიზნად დაისახა ისეთ ახალგაზრდათა განათლება, რომლებიც ღარიბები და უპატრონოები იყვნენ. ამრიგად, პირველი ადამიანი, რომელსაც დონ ბოსკო როგორც მღვდელი დაეხმარა და თავისთან სახლში წაიყვანა, იყო ობოლი ბავშვი.
დროთა განმავლობაში დონ ბოსკომ თავისი სახლის კარი მრავალ ისეთ მიტოვებულ ბავშვს გაუღო, რომლებსაც უსახლკარობის გამო დაპატიმრების საფრთხე ემუქრებოდა. მას უსახლკაროთათვის მეტი ფართობი ესაჭიროებოდა და ამიტომ ფერმა გამოძებნა, რომელიც გადააკეთა ღარიბთა და უსახლკაროთა თავშესაფრად. ყოველ დილით დონ ბოსკო ლიტურგიას ატარებდა თავშესაფარში მცხოვრები ადამიანებისათვის და საუზმობდა კიდეც მათთან ერთად. ჭამის შემდეგ ბიჭები ინაწილებდნენ ხოლმე საქმეებს: ზოგი ქარხანაში მიდიოდა მოხალისედ, ზოგი - სადურგლო თუ სამჭედლო საქმეზე, ზოგი კი გამყიდვლად ან კარისკაცად მუშაობდა.
იმ დროისთვის დამქირავებლები დაინტერესებულნი იყვნენ იაფი მუშახელით და ამიტომ ხშირად ქალებსა და ბავშვებს ქირაობდნენ. მაგალითად, 1844 წელს სულ 7184 ბავშვს ამუშავებდნენ იტალიაში მხოლოდ პიედმონტის რეგიონში. სამუშაო დღის ხანგრძლივობა დღეში 16-18 საათს შეადგენდა. იმ ბავშვებისთვის, რომლებიც თავშესაფრიდან გადიოდნენ, დონ ბოსკო მდიდრებისაგან შემოწირულობებს აგროვებდა და ამით ხელს უწყობდა მათ შემდგომ გადამზადებას, განათლებას და ზედმეტად სახიფათო სამუშაოებისთვის არიდებას. იგი მათზე ამბობდა, რომ „მიუხედავად იმისა, რომ ბავშვების სახეები შავია [შრომის გამო], მათი სულებია სპეტაკი!“.
თავისი დედის დახმარებით დონ ბოსკომ სალესში წმ. ფრანცისკის სახელობის ორატორია დააარსა - ადგილი, სადაც თავს იყრიდნენ საკვირაო შეხვედრებზე. აგრეთვე მან გახსნა ისეთი სკოლების მთელი კომპლექსი, რომლებშიაც ასწავლიდნენ სხვადასხვა ხელობას, სავაჭრო საქმესა და კლასიკურ საგნებს. ბავშვებისა და მოზრდილებისათვის შემოიღეს საღამო სასწავლო კურსები, რომლებიც ფუნქციონირებდნენ საქარხნო სამუშაო საათების შემდეგ.
ყოველდღიურად დონ ბოსკო სულ უფრო მეტ ბავშვს უღებდა ხოლმე თავშესაფრის კარს, რაზედაც დედა მას ზოგჯერ მიუგებდა: „შენ მუდამ სულ უფრო მეტი ბავშვის დახმარებაზე ზრუნავ, მაგრამ მე აღარ ვიცი, სად დავაბინაო ისინი“.
ერთხელ დონ ბოსკოს შემოხვდა პატარა მოტირალი ბიჭი, სახელად კარლიგო. „რა დაგემართა?“ - ჰკითხა დონ ბოსკომ. „დედაგარდამეცვალა, და არც კი ვიცი, სად წავიდე“. „ჩემთან წამოდი. მე მხოლოდ ღარიბი მღვდელი ვარ, მაგრამ თუ მცირედი პური მაინც მექნა, შენც გიწილადებ“.
დონ ბოსკო უქონელი ბავშვებისა და ახალგაზრდების დახმარებას მას შემდეგაც აგრძელებდა, რაც დააარსა სალეში წმ. ფრანცისკის საზოგადოება (სადაც მომავალი მღვდლები ეუფლებოდნენ ცოდნას სოციალურად დაუცველი ახალგაზრდების განათლებაზე) და მარიამ ქველმოქმედის ქალთა ორდენი (რომელიც ღარიბ გოგოებს ეხმარებოდა განათლების მიღებაში). ამ ორდენებმა მთლიანობაში გახსნეს 250 თავშესაფარი 130000-ზე მეტი ბავშვისათვის.
ჯოვანი ბოსკო გარდაიცვალა 1888 წლის 31 იანვარს და კანონიზებულ იქნა პაპ პიუს XI-ის მიერ 1934 წელს. იგი ახალგაზრდების მფარველი წმინდანია. მას მოიხსენიებენ კათოლიკურ ეკლესიაში 31 იანვარს.
![]() |
19 წმინდა მღვდელმთავარი ალექსანდრე (ოქროპირიძე) (1824-1907) დიდი ქველმოქმედი, მუდმივ მქნელი სიკეთისა |
▲back to top |
გამოჩენილი ქართველი სასულიერო მოღვაწე ეპისკოპოსი ალექსანდრე (ოქროპირიძე) დაიბადა 1824 წელს გორის მაზრის სოფ. დისევში იმავე სოფლის მღვდლის ოჯახში. მან სასულიერო განათლება მიიღო, ხოლო 1845 წლიდან ბერად აღიკვეცა. დიდია მისი ღვაწლი, როგორც მისიონერისა, რომელმაც ათასობით აფხაზი მოაქცია ქრისტეს რჯულზე; მანვე ჩაუყარა საფუძველი სწავლა-განათლების საქმეს აფხაზთა შორის. ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში ეწეოდა ის ქველმოქმედებას. ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდამ სოფ. ილორში საკუთარი სახსრებით სკოლა დაარსა, სადაც აფხაზ ბავშვებს თავადვე ასწავლიდა. აფხაზეთის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველად ყოფნის პერიოდში (1851-1856წწ.) მატერიალურად ეხმარებოდა მოსწავლეებს, ხოლო აღმოსავლეთის (ყირიმის) ომის წლებში (1853-1856წწ) სასწავლებლის შენახვასთან დაკავშირებული მთელი ხარჯები თავის თავზე აიღო. გარდა ამისა, ამ ომის დასრულებამდე ფინანსურ დახმარებას უწევდა სევასტოპოლის დაცვისას დაღუპულ ჯარისკაცთა დაობლებულ ოჯახებს.
1863 წელს აფხაზეთის ეპისკოპოსმა ალექსანდრემ თავისი სახსრებით ოჩამჩირეში სკოლა დააფუძნა; საკუთარ სახლში აღზარდა და სასულიერო განათლებას აზიარა აფხაზი ეროვნების ბავშვთა დიდი ჯგუფი, აღადგინა ეკლესია სოხუმში. XX საუკუნის 60-იან წლებში ეპ. ალექსანდრემ თბილისის სასულიერო სემინარიაში, ქალთა და ვაჟთა სასწავლებლებში, რამდენიმე სტიპენდია დაარსა, რისი წყალობითაც მრავალმა ქართველმა ახალგაზრდამ მიიღო განათლება. იგი ეხმარებოდა ყაზანის სასულიერო აკადემიის ღარიბ სტუდენტებსაც.
ეპისკოპოსი ალექსანდრე წევრი იყო მრავალი საქველმოქმედო ორგანიზაციისა, რომლებსაც ფინანსურ დახმარებას უწევდა. მათ შორის იყო კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოება, წითელი ჯვარი, უსინათლოთა სამზრუნველო, წყალში დახრჩობისაგან მხსნელი საზოგადოება, პირუტყვთა მფარველი საზოგადოება, ღარიბ მოსწავლეთა დამხმარე საზოგადოება, წმ. ანდრიას ძმობა, ყოვლად წმინდა ღვთისმშობლის ძმობა, ქართველთა შორის წერაკითხვის გამავრცელებელი საზოგადოება და ა.შ. მხოლოდ ამ ორგანიზაციების დახმარებით არ შემოიფარგლებოდა ყოვლად სამღვდელო ალექსანდრეს სულისა და გულისა სიუხვე. მისი სახსრებით მოხერხდა ქართული საეკლესიო გალობის ნიმუშების გადარჩენა, მათი ნოტებზე გადაღება და გამოცემა. ასევე, ეპისკოპოს ალექსანდრეს მიერ გაღებული თანხებით, ქართული მწერლობის სხვადასხვა მნიშვნელოვანი ნიმუში გამოიცა. იგი იყო ქართული ხუროთმოძღვრების უმნიშვნელოვანესი ძეგლებისა და ისტორიული მონასტრების განახლება-აღდგენის ერთ-ერთი მსხვილი დამფინანსებელი.
ეპისკოპოს ალექსანდრეს მრავალი სხვა კეთილი საქმე უკეთებია, რომელთა შესახებ ჭეშმარიტი ქველმოქმედი ხმამაღლა არ საუბრობდა; ის მისდევდა ბიბლიურ მცნებას: „ნუ ეცოდინება შენს მარცხენა ხელს, რას აკეთებს მარჯვენა, რათა შენი მოწყალება დაფარული დარჩეს, და მამამან შენმა, რომელიც ხედავს დაფარულს, მოგაგოს შენ ცხადად“ (მათე, 6, 2,-4).
საერო და საეკლესიო ხელისუფლებამ მეუფე ალექსანდრეს ღვაწლი არაერთი ჯილდოთი აღნიშნა. ყველაზე დიდი ჯილდო იყო მისთვის საკუთარი ხალხის უანგარო სიყვარული. 1907წ. 22 ნოემბერს ეპისკოპოსი ალექსანდრე (ოქროპირიძე) გარდაიცვალა. დაკრძალულია შიომღვიმის მონასტერში. 1995 წლის 17 სექტემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმ. სინოდის კრებამ თავისი განჩინებით ეპისკოპოსი ალექსანდრე წმინდანთა დასში შერაცხა და უწოდა „წმინდა მღვდელმთავარი ალექსანდრე“. მისი ხსენების დღედ დაწესდა 8 ნოემბერი.
![]() |
20 წმ. გაბრიელი (ქიქოძე) (1825-1896) მზრუნველი დაჩაგრულთა და უპოვართათვის, ღარიბთა განათლების მოამაგე |
▲back to top |
ეპისკოპოსი გაბრიელი XIX საუკუნის საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სასულიერო პირი იყო. იგი დაიბადა დასავლეთ საქართველოში, გურიის სოფელ ბახვში 1825 წლის 15 ნოემბერს მღვდელ მაქსიმე ქიქოძის ოჯახში. სწავლობდა თბილისის სასულიერო სასწავლებელსა და სემინარიაში, შემდეგ კი პეტერბურგის სასულიერო სემინარიასა (1845) და აკადემიაში (1849). საქართველოში დაბრუნების შემდეგ ის მასწავლებლობდა სასულიერო სემინარიასა და კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტში, თან სამეცნიერო მუშაობას ეწეოდა ფსიქოლოგიის დარგში. 1858 წელს პეტერბურგში გამოიცა მისი „ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები“, რომელმაც ფსიქოლოგიური მეცნიერების განვითარებაში ახალი ეტაპი შექმნა. ეს წიგნი წლების განმავლობაში მთელ რუსეთის იმპერიაში ფსიქოლოგიის ერთადერთ სახელმძღვანელოდ იყო მიჩნეული. 1856 წელს გაბრიელი (საერო სახელი გერასიმე) მღვდლად აკურთხეს. იმავე წელს 32 წლის მღვდელ გ. ქიქოძეს დიდი უბედურება დაატყდა თავს - ტრაგიკული შემთხვევის გამო დაეღუპა მეუღლე და შვილები. ამ ტრაგედიის შემდეგ მღვდელი გერასიმე ბერად აღიკვეცა და სახელად გაბრიელი ეწოდა. 1858 წელს გაბრიელი ეპისკოპოსად აკურთხეს. 1860 წლის ივლისში იგი იმერეთის ეპარქიის მმართველად დაინიშნა და აქ მღვდელმთავრობდა გარდაცვალებამდე - 1896 წლის 25 იანვრამდე.
მისი ქადაგებები ყოველთვის დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა მსმენელზე. ქადაგების მთავარი თემა ყოველთვის იყო ქრისტიანული სიყვარული, სათნოება, სიკეთე და მზრუნველობა დაჩაგრულთა და უპოვართათვის და იგი თავად იყო ყოველივე ამის მაგალითი. ქველმოქმედი და მოწყალე - აი, ამ ორი სახელით იცნობდა მას მთელი საქართველო. ობოლი და ქვრივი, ღარიბი და სნეული, ბრმა და ხეიბარი, ბერი თუ მღვდელი, ებრაელი თუ მაჰმადიანი - ყველანი თანაგრძნობას პოულობდნენ მასთან.
განსაკუთრებულ მზრუნველობას იჩენდა გაბრიელი მოსახლეობის სწავლა-განათლებისადმი. მისი თაოსნობით და ფინანსური დახმარებით დასავლეთ საქართველოში ასზე მეტი სამრევლო სკოლა და 70-ზე მეტი ბიბლიოთეკა გაიხსნა. მისივე ხელმძღვანელობით ქუთაისში 1890 წელს დაარსდა ქალთა სასწავლებელი, 1894 წელს კი სასულიერო სემინარია. არ დარჩენილა დასავლეთ საქართველოში სოფელი, ყველაზე მიუვალიც კი, რომელსაც გაბრიელი არ სტუმრებოდა და იქ წირვალოცვა არ ჩაეტარებინა ან არ ექადაგა. მის ამ მოგზაურობას არა მარტო ქრისტიანული რწმენის და ზნეობის განმტკიცებისთვის ჰქონდა დიდი მნიშვნელობა, არამედ განმანათლებლური დატვირთვაც.
ეპისკოპოსი გაბრიელი იყო გულუხვი შემწე ყველა გაჭირვებულისა. მისი დახმარებით და მხარდაჭერით უამრავმა ღარიბმა ახალგაზრდამ მიიღო განათლება, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ.
ეპისკოპოსი გაბრიელი ყოველთვის პატივისცემით ეპყრობოდა სხვა ეროვნებისა თუ რწმენის ადამიანებს, და იმავეს უნერგავდა მრევლსაც. ქრისტიანი კაცი, - ამბობდა გაბრიელი, - მოვალეა თვით მოსისხლე მტერსაც კი უყოს სიკეთე, ვინც არ უნდა იყოს იგი - „გინდა სხვა რწმენის კაცი, გინდა ურია და გინდა თათარი“.
წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახე, როგორც უანგარო პიროვნებისა და დიდი ქველმოქმედისა, კარგად ჩანს მისი ანდერძიდანაც. მთელი თავისი ქონება მან დაუტოვა ბახვის სკოლას, იმერეთის ეპარქიის სასულიერო წოდების ქვრივთა და ობოლთა სამზრუნველოს, ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის ღარიბ მოსწავლეებს, ქუთაისის საქალებო ინსტიტუტს, თბილისის სემინარიის ღარიბ სტუდენტებს.
ეპისკოპოსი გაბრიელი დაკრძალულია გელათის მონასტერში. მისი როგორც წმინდანის ხსენების დღეა 13 (26) დეკემბერი.
![]() |
21 წმ. დამიან დე ვოისტერი (1840-1889) ჰავაის კეთროვნების მისიონერი |
▲back to top |
წმ. დამიან დე ვოისტერი, რომელიც ცნობილია, როგორც მოციქული კეთროვნებისა, იყო მე-19 საუკუნის მისიონერი მღვდელი, რომელმაც თავი მიუძღვნა ჰავაის კუნძულ მოლოკაის კეთროვნების დახმარების საქმეს.
იგი დაიბადა 1840 წლის 3 იანვარს ბელგიის ქალაქ ტრემელოში ფერმერის მორწმუნე ოჯახში და მოინათლა, როგორც იოსები. მან საუკეთესო განათლება მიიღო და ბევრი მეგობარი ჰყავდა.
იოსებს სურდა თავისი ძმის ავგუსტინის გზას გაჰყოლოდა და მისიონერი მღვდელი გამხდარიყო. იგი 19 წლის ასაკში შეუერთდა „იესოსა და მარიამის წმინდა გულის“ მისიონერულ გაერთიანებას და სახელად დამიანი აიღო. ჯერ კიდევ მღვდელი არ იყო, როდესაც 138-დღიანი მოგზაურობის შემდეგ დამიანი ჰონოლულუში ჩავიდა. მღვდლად კურთხევის შემდეგ იგი სახარების მქადაგებლად გაიგზავნა აღმოსავლეთ ჰავაიში, რეგიონში, სადაც ადგილობრივი ცრურწმენები და კულტურული განსხვავებები მას უამრავ სიძნელეებს უქმნიდა. იქ მან ცხრა წელი დაჰყო და ხშირად გრძნობდა თავს იზოლირებულად.
ჰავაიში ბევრი დაავადება, მათ შორის კეთრი, იწირავდა ადგილობრივ მოსახლეობას. დაავადების გავრცელების შესაზღუდავად მთავრობამ ყველა კეთროვანი გააშორა თავის ოჯახს და კუნძულ მოლოკაიზე კარანტინში მოათავსა. 1873 წელს დამიანი იქ მოხალისედ გაემგზავრა, რათა ეთანაგრძნო კეთროვანთათვის და მოენახულებინა მათი 816 ოჯახი. სულ 8000 კეთროვანი იყო გადასახლებული მოლოკაიზე.
პირველი კეთროვანი, რომელიც დამიანმა ნახა, იყო მომაკვდავი ახალგაზრდა კაცი. ძნელად ასატანი სუნის მიუხედავად, მამა დამიანი ნახევარი საათის განმავლობაში ლოცულობდა ავადმყოფის საწოლთან. ასე გრძელდებოდა მთელი იმ 16 წლის მანძილზე, რომელიც მან კეთროვნებთან გაატარა.
მოლოკაის მეტსახელად „სიკვდილის კუნძულიც“ კი შეერქვა. დამიანის ჩასვლიდან მხოლოდ პირველ რვა თვეში კუნძულზე 183 სიკვდილი დაფიქსირდა. დამიანი ჭედავდა კუბოებს და თხრიდა საფლავებს. ის არწმუნებდა ხელისუფალთ, რომ აუცილებელი იყო ცხოვრებისეული პირობების გაუმჯობესებაზე, კვებასა და სამედიცინო მომსახურებაზე ზრუნვა. მან დააარსა სამლოცველოები, ააშენა თავშესაფრები, ჩამოაყალიბა მუსიკალური გუნდები და ეცადა მეტი წესრიგი და სიმშვიდე შეეტანა ქრონიკული და ხანგრძლივი გაჭირვების სიტუაციაში.
დამიანი უყვარდათ ადგილობრივებს და ის ცნობილი გახდა, როგორც მაკნა (მამა) კამიანო. ის არა მარტო კეთროვნების მღვდელი, არამედ მკურნალიც იყო. ის ატარებდა მათ საკუთარი ხელით, უხვევდა წყლულებს, უვლიდა.
ერთ დღეს მისმა ქადაგებებმა ახალი მიმართულება შეიძინა, როცა მან შემდეგნაირად მიმართა გაერთიანებას: „ჩვენ, კეთროვნები...“. ის წერდა: „კეთროვნებთან ერთად მეც გავხდი კეთროვანი, რათა შევიმეცნო ქრისტე“.
დამიანი კეთრით გარდაიცვალა 1889 წლის 15 აპრილს 49 წლის ასაკში. სიცოცხლის ბოლოს მას უვლიდნენ ის ბერები და მღვდლები, რომლებიც მასთან დახმარების მიზნით ჩავიდნენ. მისი ისტორია მთელი მსოფლიოსათვის გახდა ცნობილი. მაჰათმა განდიმ თქვა, რომ მამა დამიანეს მაგალითი შთააგონებდა მას ინდოეთში ცხოვრების გაუმჯობებისათვის წარმოებული კამპანიის განმავლობაში.
მამა დამიანის მოღვაწეობის შედეგად ჰუმანიტარულმა დახმარებამ მიაღწია კუნძულ მოლოკაიმდე და იქ მე-20 საუკუნის დამდეგს რამდენიმე ჰოსპიტალი და ბავშვთა სახლი ააშენეს.
დამიანი ნეტარად შეირაცხა პაპ იოანე პავლე II-ის მიერ 1995 წელს და კანონიზებულ იქნა პაპ ბენედიქტ XVI მიერ 2009 წლის 11 ოქტომბერს. იგი არის ჰავაის და შიდსით დაავადებულთა მფარველი წმინდანი. მას კათოლიკური ეკლესია 10 მაისს მოიხსენიებს.
![]() |
22 ჯორჯ მიულერი (1805-1898) ობოლთა მფარველი |
▲back to top |
გერმანიაში 1805 წელს დაბადებული ჯორჯ მიულერი „ობოლთა მამად“ არის ცნობილი, რადგან მთლიანობაში ის 10000-ზე მეტ ობოლ ბავშვს დაეხმარა. მისი დახმარება მოიცავდა თავშესაფრებს, განათლებასა და გაზიარებას იმ გამოცდილებისა, რომელიც აუცილებელია საზოგადოებაში ბავშვთა ინტეგრაციისთვის. რწმენა და ლოცვა განასახიერებდა მის ფილანთროპიულ საქმიანობას.
მიულერი უნივერსიტეტში ეუფლებოდა თეოლოგიას, რაც მამამისის სურვილიც იყო, მაგრამ მისი რელიგიურად მოქცევა მანამ არ მოხდა, სანამ 21 წლისა არ გახდა. სწავლის დამთავრების შემდეგ იგი ინგლისში გაემგზავრა, სადაც მისიონერულ საზოგადოებაში მქადაგებლად მუშაობდა. იგი არ იღებდა საფასურს მუშაობის სანაცვლოდ, რადგან მიაჩნდა, რომ ღმერთი ისედაც გაითვალისწინებდა მის ფინანსურ საჭიროებებს. 1834 წელს მიულერმა საკუთარი ინიციატივით დააარსა დაწესებულება „ბიბლიის შესწავლის ინსტიტუტი შინ და საზღვარგარეთ“, რომლის მიზანი იყო ბიბლიის გავრცელება და მისიონერიზმის მხარდაჭერა.
1835 წელს მან და მისმა მეუღლემ გახსნეს თავიანთი პირველი თავშესაფარი ობლებისათვის. ამ საქმის დაწყება მათ ლუთერანი პასტორის აუგუსტ ჰერმან ფრანკეს პირადმა მაგალითმა შთააგონა, როდესაც მან 128 წლის წინათ შემოწირულობებიდან მიღებული თანხით გერმანიაში უსახლკაროთა თავშესაფრები დააარსა.
როცა მიულერმა მუშაობა დაიწყო, მას არ გააჩნდა არც ფინანსური რესურსები და არც შენობები. მან ცოლთან ერთად სახლი იქირავა, რომელშიც უვლიდა და ასწავლიდა 30 ახალგაზრდა გოგოს. რვა თვის შემდეგ მან მეორე სახლი იქირავა, სადაც მეორე ობოლთა თავშესაფარი გახსნა 36 ბავშვისთვის. სულ მალე კი ამდენივე ბავშვისთვის ამ სიას მესამე სახლიც დაემატა.
ხანდახან ობოლი ბავშვები ისეთ ჟრიამულს ტეხდნენ, რომ მეზობლებს აწუხებდნენ, და მიულერმა უფრო შესაფერისი თავშესაფრების გამონახვა გადაწყვიტა. ის ლოცულობდა ამისთვის და შემდეგ ქალაქ ბრისტოლში 140 გოგოზე, 80 ბიჭზე და 80 პატარაზე გათვალისწინებული სახლის მშენებლობა დაიწყო. მოგვიანებით მან მას კიდევ ოთხი სახლი დაამატა, რომელთაგან თითოეული 450-მდე ობოლს იტევდა. 1870 წლამდე მიულერისეულმა თავშესაფრებმა სულ 2250 ობოლი ბავშვი დაასახლა და 112 თანამშრომელი დაიქირავა. მიულერმა თავშესაფრებში ბავშვთა განათლების ხარისხი ისე აამაღლა, რომ, ადგილობრივი კრიტიკოსების თქმით, იგი „ობლებს უფრო თამამებად ზრდიდა, ვიდრე ეს მათ მდგომარეობას რეალურად შეესაბამებოდა“.
მიულერი ხშირად აწყდებოდა ფინანსურ სიძნელეებს, რადგან ბავშვთა მოვლისა და განათლების ხარჯები აჭარბებდა მის ხელთ არსებულ რესურსებს. მაგრამ ის არასდროს ეფლობოდა ვალში. ერთხელ, როდესაც ფული მთლიანად გამოელია, მან დაიწყო ლოცვა იმაზე, რომ იქნებ ღმერთს ვინმე მდიდარ ლონდონელ ვაჭარშიმათთვის დახმარების სურვილი აღეძრა. ლოცვიდან მოკლე ხანში მან ფულადი ჩეკი მიიღო მდიდარი ადამიანისაგან. მიულერი საკუთარ რწმენასა და ლოცვას ბევრი სხვა სიტუაციიდანაც გამოუყვანია, ისინი ყოველთვის აგვარებინებდნენ ხოლმე მას მსგავს პრობლემებს.
სიცოცხლის ბოლო წლებში ჯორჯ მიულერმა, როგორც მისიონერმა, ეგვიპტეში, პალესტინაში, რუსეთში, ინდოეთსა და სხვა ქვეყნებში იმოგზაურა. ყველგან იგი ჰყვებოდა იმაზე, თუ როგორ ეხმაურებოდა ღმერთი ლოცვებს და მოუწოდებდა ადამიანებს, რომ ეხელმძღვანელათ მოყვასის სიყვარულის იდეით და ეკეთებინათ საქველმოქმედო საქმენი.
![]() |
23 წმ. ილია მართალი (1837-1907) სულიერი მამა ქართველი ერისა; მცველი კულტურისა და ქართული ცნობიერებისა |
▲back to top |
ილია ჭავჭავაძე, კანონიზებული, როგორც წმინდა ილია მართალი, 1987 წელს, იყო ცნობილი მწერალი, ჟურნალისტი და სამართალმცოდნე, რომელიც სათავეში ედგა ქართველი ერის განმათავისუფლებელ მოძრაობას მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში.
თავადი ილია ჭავჭავაძე დაიბადა საქართველოს ქალაქ ყვარელში, რომელიც მაშინ რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში იყო. იგი მესამე ბავშვი იყო წარჩინებული თავადების ოჯახში. პატრიოტიზმი, რაც მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი პრინციპი იყო, მან თავისი ორივე მშობლისგანაც შეითვისა: მამისაგან, რომელიც სამხედრო სამსახურში იმყოფებოდა, და დედისაგან, რომელიც კლასიკური ქართული ლიტერატურით იყო დაინტერესებული. იგი იზრდებოდა პოეზიისა და ისტორიის გარემოში, და დედა ხშირად უკითხავდა მოთხრობებს წინაპართა გმირული წარსულის შესახებ.
საშუალო სკოლაში სწავლის განმავლობაში, მშობლებისა და ძმის კონსტანტინეს გარდაცვალების შემდეგ, ილია ლექსებს წერდა და სულ უფრო ერთვებოდა ლიტერატურაში. 1857 წელს იგი ჩაირიცხა რუსეთის ქალაქ სანკტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. მას გამოუმუშავდა ჩვევა ხანგრძლივად დარჩენილიყო ხოლმე არქივებში და ეკვლია ისტორიული თვალსაზრისით საინტერესო ნაშრომები.
1861 წელს, სწავლის დამთავრების შემდეგ, სწორედ მაშინ, როდესაც საქართველოს ეროვნულ და კულტურულ იდენტურობას „რუსიფიკაციის“ საფრთხე დაემუქრა, ილია დაბრუნდა საქართველოში. მან შექმნა და განავითარა პოლიტიკური, სოციალური და კულტურული ცვლილებების ინტენსიური პროგრამა. დააარსა იმ დროისათვის ძალზე პოპულარული ორი პოლიტიკური გაზეთი, რომელსაც შეეძლო წვლილი შეეტანა ეროვნული თავისუფლების მოპოვების, თანამედროვე ქართული სახელმწიფოს შექმნისა და ავტოკეფალური (ანუ თვით-მმართველი) ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის აღდგენის საქმეებში. მიაჩნდა რა, რომ ქართულ ენაზე მეტყველება მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენდა ეროვნული თვითშემეცნების განვითარებაში, ილია ხელს უწყობდა ქართულ სკოლებში მშობლიურ ენაზე სწავლებასა და ქართული ლიტერატურის გავრცელებას. მან ქართველებისათვის დააფუძნა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება. აგრეთვე დააარსა არქივი, სადაც ინახებოდა ძველი ხელნაწერები, ისტორიული მნიშვნელობის ნივთები და ეროვნული ფოლკლორის ნიმუშები. მისი მოღვაწეობის ნაწილია კიდევ რამდენიმე სხვა კულტურული ორგანიზაციის დაარსება და თვალსაჩინო ნაწარმოებების თარგმნა ბრიტანული ლიტერატურიდან.
ილიას ცხოვრების სამი მთავარი პრინციპი „ენა, მამული და სარწმუნოება“ გახდა. ცხოვრებაში ამ პრინციპებით ხელმძღვანელობამ ილიას მრავალი მოწინააღმდეგე შესძინა, განსაკუთრებით მარქსისტებს შორის, რომლებიც, როგორც ათეისტები, საქართველოს სახელმწიფოდ ჩამოყალიბების მოწინააღმდეგეებიც იყვნენ. მიუხედავად ამისა, იგი მაინც წარმატებით ახორციელებდა რევოლუციური ქაოსისათვის დამახასიათებელი ძალადობის სახალხოდ გაკრიტიკებას.
1906 - 1907 წლებში ილია ჭავჭავაძე იყო რუსეთის სახელმწიფო დუმის წევრი. საქართველოში დაბრუნების შემდეგ იგი მოკლულ იქნა კრიმინალური ჯგუფის მიერ, როდესაც თავის მეუღლე ოლღასთან ერთად საკუთარ სახლში ბრუნდებოდა. ილიას მკვლელობის დეტალები დღემდე საიდუმლოებითაა მოცული.
საქართველოს საბჭოთა კავშირში შესვლის შემდეგ ილია ქართველი ხალხის თავისუფლების სიმბოლოდ იქცა. დღეს ის აღიქმება, როგორც ქართველი ერის სულიერი მამა. წმ. ილია მართალი ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ ყოველ 2 აგვისტოს მოიხსენიება.
![]() |
24 წმ. იოანე კრონშტადტელი (1829-1908) ურბანისტული მისიის ინიციატორი და „ფილანთროპიული ქალაქის დამაარსებელი“ |
▲back to top |
ივანე ილიას ძე სერგიევი, შემდგომ ცნობილი, როგორც წმ. იოანე კრონშტადტელი, დაიბადა 1829 წლის 19 ნოემბერს ჩრდილოეთ რუსეთის არხანგელსკის რეგიონის სოფელ სურაში. მისი მშობლები იყვნენ ილია მიხეილის ძე სერგიევი და ფეოდორა ვასილიევნა.
იოანემ ჯერ ადგილობრივი სასულიერო სკოლა დაამთავრა არხანგელსკში, შემდეგ კი თეოლოგიური სემინარია იმავე ქალაქში. მან მოიპოვა სტიპენდია სწავლის გასაგრძელებლად სანკტ-პეტერბურგის თეოლოგიურ აკადემიაში, რომელიც დაამთავრა 1855 წელს. იმავე წლის 12 ნოემბერს იგი ეკურთხა მღვდლად კრონშტადტში, წმ. ანდრიას სახელობის რელიგიურ სათვისტომოში. იქ მან 53 წელი იმსახურა და მთელი თავისი გული და სული მიუძღვნა მორწმუნე საზოგადოების კულტურულ და სულიერ ზრდას.
იოანემ თავიდანვე იცოდა იმ სიძნელეების შესახებ, რომელთა გადალახვაც მას თავისი მრავალწლოვანი სამღვდლო მისიის განმავლობაში მოუწევდა. მაგალითად, მას თითქმის 19 წელი დასჭირდა საქველმოქმედო შენობის შექმნისათვის საფუძვლის მოსამზადებლად. პირველი ნაბიჯი (1874 წელს) იყო რელიგიური სათვისტომოს ცენტრის (ადმინისტრაციული დაწესებულების) დაარსება, რომელიც გათვალისწინებული იყო ღარიბთა დასახმარებლად. შემდეგ მოეწყო პირველი ე.წ. „სახლი შრომის სიყვარულისა“, რომელიც გადაიქცა „ქალაქად ქალაქის შიგნით“. ის მოიცავდა სართავ ფაბრიკას და მამაკაცთა ქუდების მაწარმოებელ სახელოსნოებს, სადაც 7000-ზე მეტი ადამიანი მუშაობდა.
იოანეს დაწესებულებამ დააარსა უფასო სახალხო ბიბლიოთეკა, უფასო საბავშვო სკოლა (1903 წელს იქ 259 ბავშვი სწავლობდა), პროფესიული გადამზადების სკოლა სავაჭრო საქმიანობისთვის, სამკერვალო სკოლა გოგოებისთვის, ფეხსაცმლის კერვის შემსწავლელი კურსები, ხელოვნებათა შემსწავლელი სტუდია, საბავშვო ბიბლიოთეკა (1896 წლისათვის 2687 წიგნით) და საკვირაო სკოლა 150-ზე მეტი ახალგაზრდისთვის. საზოგადოებისთვის სახალხო ლექციები და კონფერენციები ეწყობოდა.
იოანე კრონშტადტელის „ფილანთროპიული ქალაქი“ მოიცავდა საქველმოქმედო საცხოვრებელ დაწესებულებებსაც: ობოლთა თავშესაფარს, ცენტრს სკოლამდელი ასაკის ბავშვების მოსავლელად, ბავშვებისათვის გათვალისწინებულ არდადეგების ცენტრს ქალაქგარეთ, ღარიბ ქალთა თავშესაფარს, მოგზაურთა ღამის თავშესაფარს.
გარდა ამისა, მამა იოანე მზრუნველობას იჩენდა სათვისტომოს წარმომადგენლების მიმართ. მან დააარსა უფასო სასადილო, სადაც ყოველდღიურად 400-დან 800-მდე ღარიბს შეეძლო ცხელი საკვების მიღება. იგივე დაწესებულება ღარიბებს ფულით, ტანსაცმლით, ფეხსაცმლითა და სხვა აუცილებელი საშუალებებით ეხმარებოდა. მოგვიანებით მნიშვნელოვანი სიახლე წმ. იოანეს მიერ ადმინისტრირებული „ფილანთროპიული ქალაქისათვის“ გახდა ის, რომ ქველმოქმედების განაწილებამ ზუსტი მიზანმიმართულებაც შეიძინა და დახმარების აღმოჩენამდე თითოეული ადამიანის საჭიროების საკმაოდ ზედმიწევნითი შეფასება ხდებოდა.
წმ. იოანე კრონშტდატელი 1908 წელს 79 წლის ასაკში გარდაიცვალა და რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი რელიგიური მოღვაწის ხსოვნა დატოვა. მან აჩვენა ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორაა შესაძლებელი მოყვასის დახმარება და ამ დახმარების მრავალმხრივ განვრცობა. წმ. იოანე კრონშტადტელი მოიხსენიება ყოველ 20 დეკემბერს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ.
![]() |
25 ჟან ანრი დიუნანტი (1828 - 1910) მწერალი, ფილანთროპი და სოციალური აქტივისტი; საერთაშორისო წითელი ჯვრის საზოგადოების დამფუძნებელი |
▲back to top |
ჟან ანრი დიუნანტი დაიბადა შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში მდიდარი ქრისტიანი რეფორმატორის ოჯახში, რომლისთვისაც საქველმოქმედო საქმიანობა ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა. მამამისი ობოლთა შემწეობით იყო დაკავებული, დედა კი ღარიბებს ეხმარებოდა.
28 წლის ასაკში, როცა ალჟირში მოგზაურობდა, ანრიმ ხორბლეულით ვაჭრობა წამოიწყო. როდესაც გაარკვია, რომ მისი უფლება ნაყიდ მიწაზე და ირიგაციაზე კანონში მკაფიოდ განსაზღვრული არ იყო, საკუთარი ინტერესების გამოსახატავად იგი პირდაპირ იმპერატორ ნაპოლეონ III-სთან მივიდა.
იდგა 1859 წელი, და ნაპოლეონს ომი ჰქონდა ავსტრიელ ფრანც იოზეფთან და აგებული ჰქონდა სამხედრო შტაბი იტალიის ქალაქ სოლფერინოში, სადაც კონფლიქტში მონაწილე არმიები საბრძოლველად ემზადებოდნენ. დიუნანტი საღამოს, ბრძოლის დამთავრების შემდეგ, ჩავიდა სოლფერინოში (1859 წლის 24 ივნისს) და დაინახა 38000 დაღუპული და სასიკვდილოდ გაწირული ადამიანი, მიტოვებული ბრძოლის ველზე. შეძრწუნებული ახალგაზრდა - ანრი ბრძოლის ველზე მიტოვებულთა დასახმარებლად მოწოდებით „ჩვენ ხომ ყველანი ძმები ვართ!“ საზოგადოების, განსაკუთრებით კი ქალებისა და ბავშვების მოგროვებას შეუდგა. ანრის გუნდებმა დახმარება აღმოუჩინეს დაჭრილებს, მიუხედავად იმისა, თუ რომელ მხარეს იბრძოდნენ ისინი. სამედიცინო ჯგუფებს აკლდათ მატერიალური რესურსი, მაგრამ დონაციებისა და დიუნანტის ხელმძღვანელობის წყალობით მათ მაინც გამოიჩინეს საჭირო ორგანიზაციული თვისებები და ბევრი ჯარისკაცი გადაარჩინეს.
დიუნანტმა ეს თავისი გამოცდილება აღწერა წიგნში („მოგონებანი სოლფერინოზე“, გამოცემულია 1862 წელს), რამაც ხელი შეუწყო ერთი წლის შემდეგ იმ კომიტეტის ჩამოყალიბებას, რომელიც მოგვიანებით საერთაშორისო წითელი ჯვრის სახელით გახდა ცნობილი. 1864 წელს დიუნანტის თაოსნობით 12 ქვეყანა პირველად შეიკრიბა ჟენევის კონვენციაზე ხელმოსაწერად. დიუნანტის მესვეურობით ჩამოყალიბდა ნეიტრალური ორგანიზაცია, რომელიც სამედიცინო დახმარებას აღმოუჩენდა საომარი კონფლიქტების შედეგად დაზარალებულებს, რამაც მნიშვნელოვნად შეცვალა მსოფლიო. ამისთვის მას 1901 წელს ნობელის მშვიდობის პრემია მიენიჭა.
მიუხედავად იმისა, რომ 1867 წელს დიუნანტის კომპანია გაკოტრდა, იგი მაინც აგრძელებდა ჰუმანიტარული იდეებისა და გეგმების მხარდაჭერას. მან მხარი დაუჭირა მსოფლიო განიარაღებას და ისეთი ტრიბუნალის დაარსებას, რომელიც საერთაშორისო კონფლიქტებში იშუამავლებდა. ის მუშაობდა საერთაშორისო ბიბლიოთეკის დასაარსებლად (იდეა, რომელიც შემდგომ SC-მ გაიზიარა). მან აგრეთვე მხარი დაუჭირა ებრაული სახელმწიფოს შექმნას პალესტინაში.
ჟან ანრი დიუნანტი რამდენიმე სენით იტანჯებოდა და სიცოცხლის ბოლო წლები შვეიცარიის ქალაქ ჰაიდენის საავადმყოფოში გაატარა. სიკვდილის წინ მან მთელი თავისი ქონება ჰოსპიტალში ღარიბთათვის „უფასო საწოლის“ მოწყობას შესწირა.
![]() |
26 ქეთრინ და უილიამ ბუთები (1829 -1890) (1829-1912) ჰუმანიტარული რელიგიური ორგანიზაციის „ხსნის არმიის“ დამფუძნებლები |
▲back to top |
ბრიტანელი ცოლ-ქმარი უილიამ და ქეთრინ ბუთები იყვნენ მეთოდისტი მისიონერები და ეხმარებოდნენ ღარიბ და მარგინალიზებულ ადამიანებს. მათ დააფუძნეს სამხედრო ყაიდაზე მოქცეული „ხსნის არმია“, რომელიც სადღეისოდ ერთ-ერთი გავრცელებული ჰუმანიტარული ორგანიზაციაა მთელ მსოფლიოში.
უილიამ ბუთი წარმომავლობით მდიდარი ოჯახიდან იყო, რომლის ბიზნესიც გაკოტრდა. ლომბარდის მოხელედ დასაქმების პერიოდში იგი საეკლესიო ცხოვრებას ეზიარა და ქალაქ ნოტინგემში ღარიბებისთვის ბიბლიის ქადაგება დაიწყო.
ხოლო ქეთრინ ბუთი გაიზარდა ოჯახში, რომელმაც მას სათანადო ქრისტიანული განათლება შეაძენინა. მას 12 წლის ასაკამდე ბიბლია რვაჯერ წაეკითხა. მოზარდობის პერიოდში იგი ჩართული იყო ალკოჰოლიზმის, აგრეთვე ოჯახური ძალადობისა და უსახლკარობის წინააღმდეგმოძრაობაში და აქვეყნებდა სტატიებს აღნიშნულ თემატიკაზე. როდესაც უილიამი და ქეთრინი დაქორწინდნენ, მათ პატარა ქორწილი გადაიხადეს, რათა ღარიბთა დასახმარებლად ფული დაეზოგათ.
ერთ ღამეს უძილობით შეპყრობილმა უილიამმა ქალაქში გაისეირნა, სადაც ტროტუარზე მძინარე ხალხი დაინახა. სახლში დაბრუნებისთანავე მან უთხრა მეუღლეს: „მე ჯოჯოხეთში ვიყავი!“. ამ ამბიდან მცირე ხნის შემდეგ მათ ახალი ორგანიზაცია დააარსეს, რომელსაც მოგვიანებით (1878) „ხსნის არმია“ უწოდეს.
ისინი ფიქრობდნენ, რომ სიღარიბე იმ ფასეულობებითა და პარადიგმებით იყო გამოწვეული, რომლითაც ადამიანები ცხოვრობდნენ, და სჯეროდათ, რომ ქრისტიანობას ამ მხრივ ბევრის შეცვლა ძალუძს. ამიტომ ბუთები ორიენტირებულნი იყვნენ ღარიბთა და მაშვრალთა თანაგრძნობაზე. უილიამი ქუჩებსა და ქალაქის იმ ადგილებში ქადაგებდა, სადაც მეტი იყო საზოგადოებრივი დაწესებულებები და მაღაზიები. ქეთრინი კი, მიუხედავად იმისა, რომ იმხანად ქალებზე სახალხო გამოსვლების კუთხით შეზღუდვები ვრცელდებოდა, სიტყვით გამოდიოდა ხოლმე ქალთა შეკრებებზე და ეხმარებოდა ღარიბ ახალგაზრდებსა და ალკოჰოლიზმით დაავადებულებს. ბუთებს გაჭირვებულების სიყვარულმა და იმ აზრის უარყოფამ, რომ თითქოს „ღარიბები იმსახურებენ თავიანთ ხვედრს“, მიაგნებინა ცხოვრებისეულ არჩევანს, რომელიც აღარ შეუცვლიათ, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად უილიამი სახლში მისთვის ნასროლი ქვებით ნავნები და დაკაწრული ბრუნდებოდა გაპარტახებულ ქუჩებში ქადაგებებიდან.
ერთხელ ქუჩაში სეირნობისას ქეთრინმა დაინახა ლოთი, რომელსაც პოლიციელი ციხეში მიათრევდა. გამვლელები იცინოდნენ. ქეთრინი კი მიუახლოვდა ლოთს და ცდილობდა ენუგეშებინა.
მოგვიანებით მან და უილიამმა დააფუძნეს საკონსულტაციო ცენტრი, რომელიც ეხმარებოდა ალკოჰოლით დაავადებულებს, ღარიბებს, უსახლკაროებს და იძიებდა ფულად თანხებს ქურდბაცაცებისა და ქუჩის პროსტიტუტების დასახმარებლად. მათ აგრეთვე ჩამოაყალიბეს პროგრამა „საკვები მილიონად“, რომელიც ღარიბებს პურითა და წვნიანით უმასპინძლდებოდა ერთი ცენტის ფასად ან უფასოდაც კი იმათ, ვისაც ფული საერთოდ არ გააჩნდა.
სიცოცხლის ბოლო დღეებში უილიამ ბუთს შეეკითხნენ, თუ რისი თქმა სურდა მას ხსნის არმიის ჯარისკაცებისათვის. პასუხად მან თქვა: „ისინი“, და ამით ხაზი გაუსვა იმას, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანი შეძლებისდაგვარად ყოველთვის უნდა თანაუგრძნობდეს გარშემომყოფთ.
![]() |
27 წმინდა მღვდელმოწამე კირიონ II (საძაგლიშვილი) (1855-1918) დიდი ქველმოქმედი, ეკლესია-მონასტრების განმაახლებელი, ახალგაზრდების სწავლა-განათლებისთვის მზრუნველი |
▲back to top |
წმინდა მღვდელმოწამე კირიონი (ერისკაცობაში გიორგი საძაგლიშვილი) დაიბადა 1855 წლის 10 ნოემბერს მღვდლის ოჯახში. მან ზედმიწევნითი სასულიერო განათლება მიიღო და აქტიურ სამეცნიერო-კვლევით მუშაობას ეწეოდა, გამოაქვეყნა საქართველოს ეკლესიის ისტორიისადმი მიძღვნილი წერილები. იმავდროულად იყო ათეულობით საეკლესიო-სამრევლო სკოლის დაარსების ინიციატორი.
1896 წელი გარდამტეხი აღმოჩნდა გიორგი საძაგლიშვილის ცხოვრებაში - 2 ნოემბერს ის ბერად აღიკვეცა კირიონის სახელით. ასეთი გადაწყვეტილების მიღება განაპირობა მცირეწლოვანი ვაჟიშვილისა და მეუღლის გარდაცვალებით გამოწვეულმა ოჯახურმა ტრაგედიამ და ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის ბრძოლის სურვილმა.
1917 წლის 25 მარტს ქართულმა ეკლესიამ ავტოკეფალია აღიდგინა. იმავე წლის 17 სექტემბერს სრულიად საქართველოს საეკლესიო კრებამ კირიონი კათოლიკოს პატრიარქად აირჩია.
კირიონი არა მხოლოდ გამოჩენილი მღვდელმთავარია, არამედ ბრწყინვალე მეცნიერი, ეროვნული მოღვაწე, ქველმოქმედი. დიდია მისი დამსახურება საქართველოში, აგრეთვე რუსეთში უნიკალური ქართული ხელნაწერების, ძველი ნაბეჭდი წიგნების, ქართული მონეტების, ხატების, ჯვრების, ალბომების შეძენა-შეგროვებაში, რაშიც სოლიდური თანხები დახარჯა. 1896 წელს კირიონმა მის მიერ აღმოჩენილი თუ საკუთარი სახსრებით შეძენილი ათობით ხელნაწერი გადასცა თბილისში არსებულ საეკლესიო მუზეუმს. მისი ინიციატივით არაერთი ქართული სკოლა მომარაგდა წიგნებით.
1911 წელს საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებას ეპ. კირიონმა სხვადასხვა ენაზე ნაბეჭდი 76 სახელწოდების წიგნი (89 ტომად), 116 ხელნაწერი წიგნი, მონეტების უმდიდრესი კოლექცია და მრავალი საარქეოლოგიო ნივთი შესწირა. 1912 წელს იმავე საზოგადოებას ქართულ, რუსულ, ინგლისურ, აფხაზურ, ოსურ ენებზე 129 სახელწოდების ნაბეჭდი წიგნი (206 ტომად) გადასცა. ფასდაუდებელია მათი მნიშვნელობა ქართული კულტურისთვის. კირიონის სახელს უკავშირდება მრავალი ისტორიული ძეგლის რესტავრაციაც. კირიონის საქველმოქმედო საქმიანობაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ზრუნვას ქართველი ახალგაზრდების სწავლა-განათლებისთვის. მისი ფინანსური ხელშეწყობით 400 ახალგაზრდას დაუმთავრებია ორიოლის სასულიერო სემინარია. კირიონის სტიპენდიით 15-მა ახალგაზრდამ მიიღო განათლება რუსეთისა და ევროპის უმაღლეს სასწავლებლებში, მან ნაწილობრივი ფინანსური დახმარება აღმოუჩინა კიდევ ათობით ახალგაზრდას (განურჩევლად ეროვნებისა) საქართველოდან. მათი რიგებიდან გამოვიდნენ ცნობილი სახელმწიფო და სასულიერო მოღვაწეები, გამოჩენილი მეცნიერები, მწერლები, ხელოვნებისა და კულტურის თვალსაჩინო წარმომადგენლები.
კირიონი საქველმოქმედო საქმიანობას რუსეთშიც ეწეოდა. რუსეთიაპონიის ომის წლებში (1904-1905წწ.) კირიონის თაოსნობით 67 ათასი ვერცხლის მანეთის ღირებულების ნივთები გადაეცა რუს მეომრებს, ასევე ქ. ორიოლში კირიონმა დაჭრილი მეომრებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო საავადმყოფო მოაწყო. შემდგომ იგი ეკლესიის დავრდომილ მსახურთა თავშესაფრად გადაკეთდა, რომლისთვისაც ეპ. კირიონს 10700 ვერცხლის მანეთი შეუწირავს. მადლიერ ადგილობრივ სამღვდელოებას ამ თავშესაფრისთვის კირიონის სახელი შეურქმევია.
1918 წლის 27 ივნისს ქვეყნის მტრებმა იგი სიცოცხლეს გამოასალმეს. საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წმინდა სინოდის 2002 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით კათოლიკოს-პატრიარქი კირიონ II წმინდანთა დასში შეირაცხა „წმინდა მღვდელმოწამე კირიონ II“-ის სახელით, ხსენების დღედ 27 ივნისი დაწესდა.
![]() |
28 ევა ფონ ტიელე-ვინკლერი (1866-1930) ლუთერანი ქალი დიაკვანი; დამაარსებელი „ფრიედენშორტისა“ (მშვიდობის სახლი) - მიტოვებულ ბავშვთა, სნეულთა და მოხუცთა თავშესაფრის |
▲back to top |
ევა ფონ ტიელე-ვინკლერი ცნობილია, როგორც დედა ევა. იგი დაიბადა 1866 წელს მდიდარ ოჯახში, რომელიც ფლობდა სასახლეს პოლონეთ-გერმანიის საზღვარზე.
ბავშვობიდანვე მას ჰქონდა მოწოდება დახმარებოდა ღარიბებსა და დავრდომილებს. მიუხედავად თავისი არისტოკრატიული წარმომავლობისა, ევა არასდროს თაკილობდა საჭმლის დამზადებასა და მის მიტანას ღარიბებისათვის. ერთხელ უსუფთაო პატარა მშიერი ბიჭი მივიდა სასახლესთან. ევამ დაბანა ის და აჩუქა რამდენიმე შარვალი, რომელიც თავისი ძველმანებით შეაკერვინა. როდესაც მამამისმა ეს გაიგო, გაუწყრა ევას და აუკრძალა როგორც სამზარეულოში შესვლა, ასევე ახლომდებარე სოფლებისმცხოვრებლებთან საუბარი. გულში კი ევას სულ უფრო უღრმავდებოდა ღმრთისადმი რწმენა.
19 წლის ასაკში ევა საექთნო საქმის შესასწავლად ბიელეფელდში წავიდა. სახლში დაბრუნებულს, უფლება მიეცა თავისთან მოეწვია რვა ახალგაზრდა გოგო და მათთვის ჭრა-კერვა ესწავლებინა. მისდამი მამის დამოკიდებულება ნელ-ნელა იმდენად შეიცვალა უკეთესობისკენ, რომ 1888 წელს მამამ მას საშობაოდ იმ სახლის გეგმა აჩუქა, რომელსაც შემდეგ ფრიედენშორტი (მშვიდობის სახლი) ეწოდა.
ახალი სახლის აშენებისთანავე დედა ევამ თავისი სოციალური მოღვაწეობა დაიწყო. ფრიედენშორტში ნუგეშსა და თავშესაფარს პოულობდნენ ავადმყოფი პატარები, მიტოვებული ბავშვები თუ მოხუცები და ოჯახურად დაუცველი ინვალიდები.
ევამ შემდგომი წლების განმავლობაში პასტორ ფრიდრიხ ფონ ბოდელშვინგის გავლენითა და მამამისის თანხმობით დააფუძნა ქალ დიაკვანთა საზოგადოება, რომლებსაც ის სოციალური დახმარებების აღმოჩენას ასწავლიდა. მალე ფრიედენშორტის პროექტი დამატებით ორი ახალი ნაგებობის მშენებლობით განივრცო, რომელთაგან ერთი გათვალისწინებული იყო უკურნებელი სენით დაავადებულთათვის, ხოლო მეორე - ბავშვებისთვის.
1910 წელს ევამ ქალაქ ბრესლაუში დააფუძნა თავისი პირველი ბავშვთა სახლი. უსახლკაროთა სახლის პროექტი იმდენად განვითარდა, რომ მთლიანობაში 40 შენობა მოიცვა. ევამ აგრეთვე დააფუძნა „სახლები ოჯახებისათვის“, რომლებშიც 10-15 სხვადასხვა ასაკის ბავშვი იმყოფებოდა და იღებდა განათლებას ოჯახის მსგავს პირობებში, ექთნების მეთვალყურეობით.
1910-დან 1923-მდე წლებში ამ სახლებში 14000-ზე მეტმა ბავშვმა პოვა თავშესაფარი. ქალ დიაკვანთა რაოდენობა 800-მდე გაიზარდა. ფრიედენშორტის პროექტს თავიდანვე ახასიათებდა რელიგიური განურჩევლობა, რაც ხელშემწყობ ფაქტორს წარმოადგენდა მისიის განვითარებისა და მუშაობისათვის.
ევა ფონ ტიელე-ვინკლერის ზრუნვა უნუგეშოდ მიტოვებულ პატიმრებზეც ვრცელდებოდა და გულისხმობდა როგორც ციხეში ვიზიტებს, ისე იმ თავშესაფრებს, რომლებშიაც ციხიდან გამოსულებს საზოგადოებასთან რეინტეგრაციაში ეხმარებოდნენ.
დედა ევა გარდაიცვალა 1930 წელს პოლონეთის ქალაქ მიეკოვიცში მას შემდეგ, რაც თავისი ცხოვრება მიუძღვნა ღარიბთა, ავადმყოფთა და უმწეოთა დახმარების საქმეს.
![]() |
29 ნეტარი სეფერინო ხიმენეს მალია (1861-1936) წამებული ბოშა, რომელიც სიკვდილით დაისაჯა უსამართლოდ დევნილი მღვდლის დაცვისათვის |
▲back to top |
სეფერინო ხიმენეს მალია, რომელსაც მოგვიანებით „ელ პელე“ ეწოდა, დაიბადა 1861 წლის 26 აგვისტოს ესპანეთის ქალაქ ბენავენ-დესეგრიაში. იგი კათოლიკედ მოინათლა, როდესაც მისი მშობლები ჯოვანი და ჯუზეპა ქალაქ ფრაგაში მოგზაურობდნენ. მან სხვა ბოშა ბავშვების მსგავსად ადრეული ასაკიდანვე მათხოვრობას მიჰყო ხელი.
ერთი მისი შთამომავალი იხსენებდა, რომ სეფერინოს „შეშინება ადვილი არასოდეს ყოფილა. მას შეეძლო უშიშრად გამკლავებოდა სიტუაციას საჭიროებისამებრ. მას უყვარდა ბოშათა კანონებით - ძალისა და სამართლიანობის მიხედვით - ცხოვრება“. იგი რასისტი არ ყოფილა. ის წარმოადგენდა ერთგვარ ხიდს ორ სამყაროს - მომთაბარე, მოგზაურ ბოშებსა და არამომთაბარე, ადგილობრივად მცხოვრებ ხალხს შორის. მას ჰქონდა თვისება აღმოეჩინა ორივე კულტურის საუკეთესო ასპექტები. გარდა ზემოაღნიშნულისა, ელ პელეს განსაკუთრებულად უყვარდა ბავშვები, მუდამ ეხმარებოდა ღარიბებსა და უმწეოებს, ნახულობდა ხოლმე მოხუცებსა და დაავადებულებს.
ელ პელემ ცოლი 18 წლის ასაკში მოიყვანა ბოშათა წესის მიხედვით. მას და მის მეუღლეს ტერეზას შვილები არ ეყოლათ, და ტერეზას დისშვილი პეპიტა იშვილეს. იგი 40 წლამდე მოგზაურთა ცხოვრებით ცხოვრობდა და ცხენებით ვაჭრობდა, რაც სრულებით არ უშლიდა ხელს იმაში, რომ პატიოსანი ადამიანი ყოფილიყო. 32-წლიანი ცოლქმრული ურთიერთობის შემდეგ 50 წლის ასაკში მან ტერეზასთან ერთად ქრისტიანული ქორწილიც გადაიხადა.
ერთ დღეს სეფერინომ ტუბერკულოზით დაავადებული კაცი ნახა, რომელიც მიწაზე უგონოდ ეგდო. დაავადებულს ყველა გვერდს უვლიდა, სეფერინომ კი შიში გადალახა და დაეხმარა გასაჭირში მყოფ ადამიანს.
იყო სხვა შემთხვევაც, როცა ახალგაზრდა დედა ბავშვს ძუძუს ვერ აწოვებდა. ელ პელე ყოველდღიურად უგზავნიდა ქალს ფულს, რათა მას რძე ეყიდა. ყველა, ვინც ცხენის არყოლის გამო საქონლის ბაზრამდე მიტანას ვერ ახერხებდა , დახმარებისათვის მას მიმართავდა. პასუხად კი ელ პელე ამბობდა: „წადი ჩემს თავლაში და აირჩიე ნებისმიერი ცხენი. შეგიძლია ფული მაშინ გადამიხადო, როდესაც გექნება ან თუნდაც სეზონური სამუშაოების დამთავრების შემდგომ“.
სეფერინო ხშირად ნახულობდა მოხუცებს და სნეულებს. ის ყოველდღე სახლებში აკითხავდა ხოლმე მძიმე ავადმყოფებს. იგი წარმოადგენდა წევრს წმ. ვინსენტ დე პოლის საზოგადოებისას, რომელიც ღარიბთა დამხმარე საქველმოქმედო ორგანიზაცია იყო.იქ იფარებდნენ და კვებავდნენ მათხოვრებს. იგი ესაუბრებოდა ბავშვებს იესოს შესახებ, საღამოობით კი ოჯახებს იწვევდა ხოლმე თავისთან და მუხლმოდრეკილი მათთან ერთად ლოცულობდა.
როდესაც ადამიანები ჩხუბობდნენ, სეფერინო ცდილობდა შეერიგებინა ისინი. მას ჰქონდა იმის უნარი, რომ მოწინააღმდეგენი ერთმანეთთან მოერიგებინა - როგორც ბოშები ერთმანეთთან, ისე ბოშები ადგილობრივებთან. ადამიანები ხშირად აკითხავდნენ მას და სთხოვდნენ კონფლიქტების მოგვარებას.
თავისი სიცოცხლის ბოლო წლებში ის ყოველდღიურად ლოცულობდა როგორც სახლში, ისე ქუჩაში, მოხუცებულთა სახლებსა თუ ციხეებში.
1936 წელს სეფერინო დააპატიმრეს და სიკვდილი მიუსაჯეს იმ მიზეზით, რომ იგი ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს ანტი-კათოლიკეთა მიერ დევნილ მღვდელს გამოესარჩლა . იმავე წლის 9 აგვისტოს იგი სიკვდილით დასაჯეს ქალაქ ბარბასტროში მდებარე სასაფლაოზე. სიკვდილის წინ ის გაიძახოდა: „სიცოცხლე მეუფე ქრისტეს!“.
1997 წლის 4 მაისს სეფერინო ხიმენეს მალია პაპ იოანე პავლე II-ის მიერ ნეტარად შეირაცხა. მას კათოლიკური ეკლესია 4 მაისს მოიხსენიებს.
![]() |
30 წმ. მღვდელმოწამე გრიგოლი (ფერაძე) (1899-1942) ქრისტიანობისათვის, სამშობლოსთვისა და მოყვასისათვის თავგანწირული |
▲back to top |
არქიმანდრიტი გრიგოლი (ფერაძე) არის XX საუკუნის მოწამე. მან საკუთარი სიცოცხლე გაწირა სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად.
გრიგოლ ფერაძე დაიბადა 1899 წლის აგვისტოში, კახეთში, სოფ. ბაკურციხეში, მღვდელ რომანოზ ფერაძის ოჯახში. სასულიერო განათლება გრიგოლმა მიიღო თბილისში - 1918 წელს მან დაამთავრა სასულიერო სემინარია და იმავე წელს ჩაირიცხა ახალგახსნილი თბილისის უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე ფილოსოფიის განხრით. 1922-1925 წლებში გრიგოლი თეოლოგიასა და აღმოსავლურ ენებს სწავლობდა ბერლინის უნივერსიტეტში, ხოლო 1926 წელს ბონის უნივერსიტეტში დაიცვა დოქტორის ხარისხი თემაზე „სამონასტრო საწყისების საკითხები საქართველოში“. 1927 წელი გრიგოლმა ინგლისში გაატარა, სადაც ეცნობოდა ბრიტანეთის მუზეუმსა და ოქსფორდის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დაცულ ეკლესიის მამათა თხზულებების უძველეს ხელნაწერებს. 1931 წელს ბერად აღიკვეცა და როგორც მღვდელმონაზონი პარიზის ქართულ ეკლესიაში მსახურობდა. 1932 წლიდან მისი ცხოვრება და მოღვაწეობა დაკავშირებულია პოლონეთთან - იგი გახდა ვარშავის მართლმადიდებლური სასულიერო სკოლის პროფესორი. მამა გრიგოლმა უაღრესად დიდი ამაგი დასდო ქართული ხელნაწერების მოძიებას სირიაში, ბულგარეთში, საბერძნეთში, ავსტრიაში, ინგლისში. მის კალამს ეკუთვნის არა ერთი და ორი სამეცნიერო ნაშრომი, რომლებშიც გაშუქებულია ღვთისმეტყველების და საქართველოს ეკლესიის ისტორიის ბევრი საკვანძო საკითხი. აღსანიშნავია, რომ ექვთიმე თაყაიშვილის მიერ გატანილი ქართული საგანძურის გადარჩენა გრიგოლ ფერაძის წყალობით მოხდა. საგანძურს ფაშისტების მხრიდან კონფისკაცია ემუქრებოდა. ექსპერტად მოწვეულმა გრიგოლ ფერაძემ, სიკვდილის საფრთხის მიუხედავად, დასკვნაში აღნიშნა, რომ ყველა ეს ნივთი არავითარ მატერიალურ ფასეულობას არ წარმოადგენდა და რომ მას მხოლოდ ეროვნული ღირებულება ჰქონდა. კონფისკაცია აღარ შედგა. გრიგოლ ფერაძემ პარიზში დააარსა წმ. ნინოს სახელობის ქართული ეკლესია. მის მიერვეა დაფუძნებული სამრევლო ქართული ჟურნალი „ჯვარი ვაზისა“.
1942 წლის მაისში გრიგოლ ფერაძე ვარშავაში გესტაპომ დააპატიმრა. დაპატიმრების მიზეზი გახდა ის, რომ მამა გრიგოლი ეხმარებოდა და იფარებდა ფაშისტებისგან დევნილ ებრაელებს.
გრიგოლ ფერაძე ჯერ ვარშავის პავიაკის ციხეში ჰყავდათ გამოკეტილი, ხოლო 1942 წლის ნოემბრის დამდეგს ოსვენციმში გადაიყვანეს. აქ 1942 წლის 6 დეკემბერს გრიგოლ ფერაძე გაზის კამერაში მოაკვდინეს. მისი ბოლო დღეებიც ისეთივე იყო, როგორც მთელი ცხოვრება - მაგალითი კაცთმოყვარეობისა. არქიმანდრიტმა გრიგოლმა თავს იდო სხვისი დანაშაული, გადაარჩინა მოყვასის სიცოცხლე, თავად კი მოწამეობრივი აღსასრული მიიღო.
წმ. გრიგოლ ფერაძის ხსენების დღეა 6 ნოემბერი.
![]() |
31 წმ. დმიტრი კლეპინინი (1904-1944) „მართალი ერებს შორის“, რომელმაც მრავალი ებრაელი გადაარჩინა სიკვდილს მეორე მსოფლიო ომის წლებში |
▲back to top |
დიმიტრი კლეპინინი იყო მღვდელი და საფრანგეთში მცხოვრები რუსი ემიგრანტი, რომელმაც მრავალი ებრაელი იხსნა სიკვდილისგან მეორე მსოფლიო ომის წლებში. იერუსალიმის იად ვაშემის ებრაულმა მემორიალმა 1984 წელს მას „მართალი არაებრაელის“ საპატიო წოდება მიანიჭა.
დიმიტრი დაიბადა რუსეთის ქალაქ პიატიგორსკში, სამშვილიან ოჯახში. მისი მამა არქიტექტორი იყო, ხოლო დედა საქველმოქმედო საქმიანობას ეწეოდა ღარიბთათვის. 1917 წლის ბოლშევიკური რევოლუციის შემდეგ კლეპინინის ოჯახმა რუსეთი დატოვა და ჯერ კონსტანტინოპოლში, შემდეგ კი იუგოსლავიაში გადასახლდა. როცა 19 წლის ასაკში დმიტრის ტრაგიკულ ვითარებაში დედა გარდაეცვალა, მან, როგორც ამას თვითვე აღნიშნავს, იპოვა იესო ქრისტე - ერთადერთი წყარო სინათლისა და ნუგეშის. მან 1925 წელს თეოლოგიურ დისციპლინათა შესწავლა დაიწყო პარიზში და შემდეგ სტიპენდია მიიღო ნიუ-იორკის პროტესტანტულ სემინარიაში სწავლის გასაგრძელებლად. ევროპაში დაბრუნებული, ის იუგოსლავიაში მუშაობდა, სანამ გადასახლდებოდა საფრანგეთში, სადაც ცოლი შეირთო და 1937 წელს მღვდლად ეკურთხა.
ორი წლის შემდეგ მან მღვდელმსახურად მუშაობა დაიწყო პარიზის ერთ-ერთ „სტუმართა სახლში“, რომელიც დაფუძნდა მისი თანამემამულის მარია სკობცოვას თაოსნობით. ნაცისტური ოკუპაციის წლებში იგი მონაწილეობდა „მართლმადიდებლური აქციის“ მოძრაობაში და მფარველობდა მრავალ ებრაულ ოჯახს, ტყვეებსა და ნაცისტების მიერ დევნილებს.
ებრაელები მივიდნენ მამა კლეპინინთან და სთხოვეს ნათლობის სერტიფიკატები, რათა ნაცისტებისაგან დაეცვათ თავი. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მათგანი სინამდვილეში არ ინათლებოდა ქრისტიანად, მამა კლეპინინი მაინც არ იშურებდა მათთვის სიცოცხლის შესანარჩუნებლად საჭირო ამ საბუთს.
კლეპინინი 1943 წელს ნაცისტებმა დააპატიმრეს და გესტაპომ დაჰკითხა. ოფიცრის შეკითხვას: „რომ გაგიშვათ, მიატოვებ თუ არა ებრაელებისათვის დახმარების გაწევას?“, მამა კლეპინინმა უპასუხა: „ვერ დაგპირდებით მაგას. მე ქრისტიანი ვარ და უნდა ვიქცეოდე ისე, როგორც ქრისტიანი“. როდესაც ოფიცერმა ბრაზით შესძახა: „ებრაელთა მოყვარულო!“, დმიტრიმ მშვიდად მოიხსნა კისრიდან ქრისტეს გამოსახულებიანი ჯვარი, დაანახვა იგი ოფიცერს და ჰკითხა: „იცნობ თუ არა ამ ებრაელს?“ ამაზე ოფიცერი განრისხდა და დაიყვირა: „შენ თვითონ გამოუტანე განაჩენი შენს თავს!“
დმიტრი იური სკობცოვთან, თავისი სულიერი დის მარია სკობცოვას ვაჟთან, ერთად დეპორტირებულ იქნა ჯერ გერმანიაში ბუხენვალდის საკონცენტრაციო ბანაკში, შემდეგ კი ბანაკში, რომელიც დორაში მდებარეობდა, სადაც ის 1944 წლის ზამთარში, იურის სიკვდილიდან ოთხი დღის შემდეგ, პნევმონიით გარდაიცვალა.
რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია მას 20 ივლისს მოიხსენიებს.
![]() |
32 წმ. მარია სკობცოვა (1891-1945) „საფრანგეთის დაუმორჩილებელთა“ მოძრაობის წევრი, ნაცისტების მიერ დევნილ ლტოლვილთა და ებრაელთა მფარველი |
▲back to top |
მარია სკობცოვა იყო პოეტი, მონაზონი და „საფრანგეთის დაუმორჩილებელთა“ მოძრაობის მონაწილე მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში. იგი თავშესაფრით ეხმარებოდა პარიზში გადასახლებულ რუს ემიგრანტებსა და ნაცისტების მიერ დევნილ ებრაელებს. ის დაიბადა წარჩინებულთა ოჯახში ლატვიაში (რომელიც რუსეთის იმპერიაში იყო) და მოინათლა, როგორც ელიზავეტა. განიცადა რა მამის გარდაცვალებით გამოწვეული მძიმე ტკივილი, იგი კითხულობდა, თუ რა იყო მისი ცხოვრების მიზანი, და პასუხებს რევოლუციური სოციალიზმის თეორიებში ეძებდა, მაგრამ ვერ პოულობდა. დამაკმაყოფილებელი პასუხი მან ქრისტიანობაში პოვა და გადაწყვიტა ესწავლა სანქტ-პეტერბურგის თეოლოგიურ ინსტიტუტში.
როცა 1917 წელს რუსეთის ხელისუფლების სათავეში ბოლშევიკური რეჟიმი მოვიდა, ელიზავეტა ემიგრაციაში გაემგზავრა საფრანგეთში. იქ მან მწარედ განიცადა თავის სამ შვილთაგან ერთის გარდაცვალება. 1930 წლიდან იგი აქტიურად ჩაება რუსი ქრისტიანი სტუდენტების მოძრაობაში და მათთან მუშაობა დაიწყო მდივნად. მან გაიცნო საფრანგეთში ემიგრირებული მრავალი რუსი და მათთვის დახმარების პროცესში საფუძველი ჩაუყარა საზოგადოებას, რომელშიც ემიგრანტებს თავშესაფრის, მზრუნველობისა და სულიერი მხარდაჭერის მიღება შეეძლოთ.
ელიზავეტა 1932 წელს მონაზვნად ეკურთხა და სახელად და მარია დაირქვა. მაგრამ სამონაზვნო მონასტერში ყოფნის ნაცვლად მან გადაწყვიტა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვა და აირჩია „ბერმონაზვნობა ერში“. მან დააარსა სტუმართა სახლი სასადილო ოთახითურთ, სამლოცველო და ოთახი კითხვისა და დისკუსიებისათვის. ვინაიდან სტუმრების რაოდენობამ შენობის ზომებს გადააჭარბა, სტუმართა სახლი განთავსდა ცნობილ რუე დე ლოურმელში, რომელშიც შესაძლებელი გახდა 100 სტუმრის მოწვევა და კვება. დროთა განმავლობაში სულ უფრო მეტი შენობის ქირაობა ხდებოდა როგორც ოჯახებისათვის, ისე მარტოხელათათვის. დამატებით ერთ-ერთი სოფლის ფერმაც სანატორიუმად გადაკეთდა.
და მარიას სახლი წარმოადგენდა არა მარტო გაჭირვებულებისათვის დახმარების ალაგს, არამედ კარგ ადგილს სადისკუსიოდაც. იქ რწმენასა და სოციალურ პრობლემებთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად პარიზში მცხოვრებ რუს ინტელექტუალთა ელიტა იკრიბებოდა . 1935 წელს ამ დისკუსიების შედეგად ჩამოყალიბდა მართლმადიდებლური აქციის მოძრაობა, რომელმაც მიზნად საზოგადოებრივ ცხოვრებაში ბიბლიური პრინციპების დანერგვა დაისახა.
პარიზის ნაცისტების მიერ ოკუპაციის დროს მარიამ თავის ვაჟთან იურისთან და დმიტრი კლეპინინთან ერთად, რომელიც მღვდლად მოღვაწეობდა რუე დე ლოურმელის სამლოცველოში, მრავალი ებრაელი შეიფარა, რომელთაც ან დაპატიმრება, ან კიდევ საკონცენტრაციო ბანაკები ემუქრებოდა. 1942 წლის ივლისში ათასობით ებრაელი შეკრიბეს სტადიონზე, საიდანაც ისინი საკონცენტრაციო ბანაკებში უნდა გაენაწილებინათ. მარიამ და ერთმა ადამიანმა, რომელიც მენაგვედ მუშაობდა, მრავალი ებრაელი ბავშვი გადაარჩინეს: ისინი სანაგვე ყუთებით გადაჰყავდათ. და მარიამ აგრეთვე დახმარება გაუწია მამა კლეპინინს იმ საქმეებში, რომლებიც ეხებოდა ებრაელებზე ქრისტიანული ნათლობის სერტიფიკატების დარიგებას. ასეთ შემთხვევებზე მარია ამბობდა: „მწამს, რომ კეთილი ქრისტე მომცემდა მე ასეთ ქაღალდს, თუ მსგავს მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდი. ამიტომ მეც ასე უნდა მოვიქცე ეკლესია ყოველთვის ცდილობდა გამოქომაგებოდა ბარბაროსობის მსხვერპლთ“.
1943 წელს ნაცისტებმა დააპატიმრეს მარია და დააბრალეს ე.წ. „ებრაელთმოყვარეობა“. რავენსბრიუკის საკონცენტრაციო ბანაკში გატარებული ორი წლის შემდეგ იგი გაზის კამერაში დაიღუპა, ომის დამთავრებამდე რამდენიმე კვირით ადრე. წმ. მარიას რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია 20 ივლისს მოიხსენიებს.
![]() |
33 დიტრიხ ბონჰიოფერი (1906-1945) ლუთერანი მღვდელი და თეოლოგი; ნაცისტური გერმანიის რეჟიმის მოწინააღმდეგე |
▲back to top |
დიტრიხ ბონჰიოფერი დღეს ჭეშმარიტად მიიჩნევა თანამედროვე მოწამედ. იგი იყო თეოლოგი, ლუთერანი მღვდელი და გერმანიაში ნაცისტური რეჟიმის მოწინააღმდეგე. ნაცისტების მიერ დევნილმა და ტყვეობაში მყოფმა, მან მრავალი წიგნი და წერილი დაწერა ცხოვრების ქრისტიანული წესის შესახებ, რაც, მისი აზრით, ახალ თაობაზე ყოველთვის შთამაგონებლად იმოქმედებდა. მიუხედავად იმისა, რომ თავისთვის ყოფნა ან გადასახლება შეეძლო, ბონჰიოფერმა თანამემამულეებთან ერთად მოღვაწეობისა და ნაციზმისადმი წინააღმდეგობის გაწევის სახიფათო გზა აირჩია.
ბონჰიოფერი დაიბადა 1906 წელს პოლონეთის ქალაქ ბრესლაუში, ცნობილი ფსიქიატრი მამისა და ერთობ განათლებული და მორწმუნე დედის ოჯახში. როცა ადოლფ ჰიტლერი 1933 წელს ძალაუფლებაში მოვიდა, ბევრმა ბონჰიოფერის ოჯახიდან აქტივიზმისა და ნაცისტების მიერ ჩაგრული ადამიანების მხარდაჭერა აირჩია. ქრისტიანების უმეტესობა კი კრიტიკის გარეშე ემორჩილებოდა საშინელ პოლიტიკურ რეალობას. ბონჰიოფერი უკმაყოფილებას ღიად გამოხატავდა და ხალხის ყურადღებას უსამართლო ლიდერის საშიშროებაზე მიმართავდა. იგი იყო ბეკენენდე ქირხეს (ეკლესია აღსარებისა, აღიარებისა) სახელწოდებით ცნობილი ქრისტიანული დაჯგუფების ერთ-ერთი მესვეური და ეწინააღმდეგებოდა ნაცისტურ დოქტრინასა და პრაქტიკას. ქადაგებებსა და სახალხო ლექციებზე იგი ამტკიცებდა, რომ ებრაელების მიმართ ნაცისტების ქცევა ადამიანთა თავისუფლების ხელყოფას წარმოადგენდა. უსამართლობამ იმ კოლეგებისადმი, რომლებიც „არიულ რასას“ არ ეკუთვნოდნენ, ბონჰიოფერში პროტესტი გამოიწვია; იგი არ დათანხმდა ბერლინის ერთ-ერთ სათვისტომოში მუშაობას და ლონდონს გაემგზავრა, სადაც გერმანულენოვან ეკლესიაში იმოღვაწა და მრავალ ქრისტიან და ებრაელ ემიგრანტს აღმოუჩინა დახმარება.
ბონჰიოფერის ზოგიერთი თანამედროვე აკრიტიკებდა მას იმისათვის, რომ თითქოს ის არ ებრძოდა ნაციზმს და თავს აფარებდა ინგლისს. თუმცა ბონჰიოფერი აგრძელებდა მოღვაწეობას საერთაშორისო დონეზე. დანიაში მიმდინარე ეკუმენისტურ კონფერენციაზე მშვიდობის საკითხების თაობაზე სიტყვით გამოსვლისას მან მსმენელები გააოცა, როდესაც თქვა: „ჩვენ უნდა ვიყოთ უფრო გამბედავები მშვიდობის მისაღწევად; სწორედ ეს არის უდიდესი თავგადასავალი!“
გერმანიაში დაბრუნების შემდეგ ის ორი წლის მანძილზე ასწავლიდა თეოლოგიას ფინკენვალდეს სემინარიაში. როდესაც ბეკენენდე ქირხე დახურეს, ბონჰიოფერმა გააგრძელა წერა და როგორც წინააღმდეგობის მოძრაობაში, ასევე ებრაელთა ჯგუფების გადარჩენაში მონაწილეობა.
1939 წელს ბონჰიოფერი ამერიკაში მიიწვიეს, რათა ლექციები წაეკითხა თეოლოგიურ სემინარიაში. იგი დათანხმდა, მაგრამ მალევე დაბრუნდა გერმანიაში და თქვა, რომ ირჩევს ომის სიძნელეებით აღსავსე გზის გავლას თავის თანამემამულეებთან ერთად. მან ეს გადაწყვეტილება მაშინ მიიღო, როცა ერთი წლის წინ გესტაპოს უკვე აკრძალული ჰქონდა მისთვის ბერლინში ყოფნა. 1940 წლის შემოდგომის შემდეგ მას აგრეთვე აკრძალული ჰქონდა სახალხოდ სიტყვით გამოსვლა.
მიუხედავად იმისა, რომ პაციფისტობა ბრალდებოდა, ბონჰიოფერს სჯეროდა, რომ უკეთესია ბოროტების დამარცხების აქტიური მცდელობა, ვიდრე შედეგების პასიურად ცქერა. იგი მონაწილეობდა 1943 წელს აბვერის (მაშინდელი გერმანიის სამხედრო დაზვერვა) წევრების მიერ მოწყობილ ჰიტლერის მკვლელობის მცდელობაში. ბონჰიოფერი დააპატიმრეს და ფლესენბურგის ციხეში ჩასვეს, რადგან ის ასრულებდა კურიერის როლს მცდელობის ორგანიზატორებსა და ბრიტანეთის მთავრობას შორის.
ომის დამთავრებამდე სამი კვირით ადრე დიტრიხ ბონჰიოფერი ჩამოახრჩვეს ჰიტლერის ბრძანებით.
![]() |
34 მამა დუმიტრუ სანდუ-მატეი (1913-1951) რომის კათოლიკე მღვდელი; ანტიკომუნისტი წამებული და ღარიბთა მოციქული |
▲back to top |
მე-20 საუკუნის პირველი ნახევარი გადატანილი ორი მსოფლიო ომის გამო დიდი ძნელბედობის ხანა იყო. დუმიტრუ სანდუ-მატეი დაიბადა 1913 წლის 28 ივლისს რუმინეთში, ბაკაუს რეგიონის ქალაქ სარატაში, მიწათმოქმედთა ოჯახში. ჩრდილო-აღმოავლეთ რუმინეთის ქალაქ იაშში სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ იგი ეკურთხა მღვდლად 1939 წელს. ქალაქ იაშში კათოლიკურ ეკლესიაში მოღვაწეობის დროსმისადმი ყველა სიყვარულსა და პატივისცემას გამოხატავდა.
მამა მატეიმ სახელი გაითქვა, როგორც „ღარიბთა მოციქულმა“. საზოგადოების ზოგიერთი წევრის გადმოცემით, მან მთელი თავისი ქონება ღარიბებს გაუნაწილა. თავის გულუხვობას იგი იმით ამართლებდა, რომ ღარიბებში ქრისტეს ჭვრეტდა.
მეორე მსოფლიო ომის წლებში იგი სულიერად ეხმარებოდა ფრონტზე მებრძოლ ჯარისკაცებს. ომის შემდეგ იგი იყო რელიგიური სამსახურის წარმომადგენელი დაჭრილი მეომრებისათვის საავადმყოფოებში და პასუხს აგებდა მშივრებისათვის საზღვარგარეთიდან შემოსული დახმარებების განაწილებაზე. მან აგრეთვე სასადილო აუშენა სტუდენტებს ქალაქ იაშში.
მას ტყვეებისთვის მოჰქონდა წამლები, ტანსაცმელი და საკვები. 1946 - 1948 წლებში იგი ბევრ გერმანელ ტყვეს დაეხმარა იაშის ბანაკებიდან და საავადმყოფოებიდან თავის დაღწევაში. მაშინ ბევრ ადამიანს სთხოვდნენ სახლებში ტყვეების დაბინავებას. მაგალითისთვის, ქალაქ იაშის მცხოვრებმა მიჰაი გეორგიუმ თქვა, რომ მამა მატეიმ არაერთხელ სთხოვა მას თავის სახლში ყოფილი გერმანელი ტყვეები დაებინავებინა. აგრეთვე იაშელმა დოქტორმა როზალია ლოსუბიმაც დაადასტურა ის, რომ მამა მატეის თხოვნით ის ხშირად მალავდა სახლში გერმანელ დეზერტირებს.
1939-დან 1944 წლამდე მამა მატეიმ გამოაქვეყნა რამდენიმე სტატია ისტორიაზე, სულიერებასა და რელიგიაზე. მისი წერილობითი მონათხრობი ფრონტიდან, სადაც ის სულიერად ეხმარებოდა სამხედრო ჰოსპიტალებში მყოფ დაჭრილებს, ამაღლებულად განაწყობს მკითხველს. მისი აზრით, მნიშვნელოვანი იყო პრესის, სემინარიების, სკოლებისა და ნებაყოფილობითი ასოციაციების როლი იმ ეპოქაში, რომელშიც ცხოვრება უწევდა. ერთ-ერთი მისი კამპანია ეხებოდა დაწყებითი სკოლების მასწავლებელთა როლის გაზრდას ახალგაზრდობის განათლებასა და სკოლების განვითარებაში.
როდესაც რუმინეთში კომუნისტური წყობილება დამყარდა, კომუნიზმის წინააღმდეგ მრავალი სტუდენტი დაირაზმა. მამა დუმიტრუ მათი მენტორი გახდა. ერთმა სტუდენტმა სახელად ლივიუ-კოკა მარგინეანუმ თქვა, რომ მღვდელი, რომელმაც შეძლო გამხდარიყო ჯგუფის მთავარი ფიგურა, აქტიურად ცდილობდა შეერჩია კომუნისტების ქმედებათა ოპონირებისათვის გამართლებული საშუალებები და გზები.
ხელისუფლების გამო მამა დუმიტრუ დიდხანს იმალებოდა სხვადასხვა ადგილას. საბოლოოდ, იგი ბუქარესტს გაემგზავრა, სადაც დააპატიმრეს. მას სამშობლოს მოღალატეობა დაედო ბრალად და სიკვდილი მიესაჯა. 1951 წლის 21 თებერვალს განაჩენი სისრულეში იქნა მოყვანილი ქალაქ ჯილავას საპყრობილეში.
მამა დუმიტრუ სანდუ-მატეის ხსოვნა ისტორიას დარჩა, როგორც არა მარტო ღარიბთა და ჩაგრულთა მოციქულის, არამედ თანამედროვე მოწამის, რომელმაც უყოყმანოდ გაწირა თავი უფლისა და მოყვასისათვის.
![]() |
35 მარტინ ლუთერ კინგი (1929-1968) ადამიანი, რომელსაც ჰქონდა ოცნება; რასობრივი სეგრეგაციის წინააღმდეგ მებრძოლი და ამერიკის ადამიანთა უფლებების დამცველი მოძრაობის ლიდერი |
▲back to top |
დოქტორი მარტინ ლუთერ კინგი წარმოადგენდა ამერიკაში რასობრივი სეგრეგაციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ოპონენტს. ის ქადაგებდა სოციალურ ცვლილებას პირდაპირი, მაგრამ არაძალადობრივი გზით.
ის დაიბადა ბაპტისტი მღვდლის ოჯახში, ჯორჯიის შტატის ქალაქ ატლანტაში. სწავლობდა თეოლოგიას და 1955 წელს, დაოჯახების შემდეგ, მოიპოვა თეოლოგიის დოქტორის ხარისხი.
1955 წლის 1 დეკემბერს მნიშვნელოვანი ინციდენტი მოხდა ალაბამას შტატის ქალაქ მონტგომერიში, სადაც დოქტორი კინგი მღვდლად მუშაობდა. შავკანიანმა მკერავმა ქალმა როზა პარკსმა, რომელიც შავკანიანთათვის ნებადართულ სკამზე იჯდა ავტობუსში, უარი უთხრა თეთრკანიან მამაკაცს მისთვის თავისი ადგილის დათმობაზე. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ მან დაარღვია ალაბამას რასობრივი სეგრეგაციის კანონი, და იგი დააპატიმრეს. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი ინციდენტები ხშირად ხდებოდა, ამჯერად შავკანიანთა საზოგადოების წარმომადგენლებმა თავიანთი ღირსებისა და უფლებების დაცვა გადაწყვიტეს და მონტგომერის ავტობუსს ბოიკოტი გამოუცხადეს.
მარტინ ლუთერ კინგი ბოიკოტის ლიდერად იქნა არჩეული და დასაბამი მისცა არაძალადობრივი ხასიათის პროტესტს. მაშინაც კი, როცა სახლი გადაუწვეს და ოჯახის წევრებსაც დაემუქრნენ, მან გამონახა საკუთარ თავში იმის ძალა, რომ ეთქვა თანამებრძოლთათვის: „ჩვენ ვერ მოვაგვარებთ პრობლემებს, თუ ძალადობას ძალადობით ვუპასუხებთ... ჩვენ ძალადობას ვუპასუხებთ მხოლოდ არაძალადობით. გავიხსენოთ იესოს სიტყვები: „მახვილით მოსული მახვილითვე განიგმირების“. იესო საუკუნეთა გადმოსახედიდან ჩვენ ახლა გვეუბნება: „გიყვარდეს მტერი შენი!“ ასევე უნდა ვცხოვრობდეთ ჩვენც“.
ამ პროტესტის პირდაპირ შედეგად ამერიკის უზენაესმა სასამართლომ ალაბამას კანონი რასობრივი სეგრეგაციის შესახებ არაკონსტიტუციურად ცნო (1956 წლის დეკემბერი), და იმავდროულად მონტგომერის ავტობუსებშიც გაუქმდა სეგრეგაცია-დაყოფა.
რამდენიმე შემდგომი წლის განმავლობაში დოქტორი კინგი ჩართული იყო სამხრეთის ქრისტიანი ლიდერების კონფერენციაში და არაძალადობის საკოორდინაციო სტუდენტური კომიტეტის მხარდაჭერის საქმეებში. ის აგრეთვე მონაწილეობდა ქალაქ ალბანის ადამიანთა უფლებების დაცვის მოძრაობაში და აწყობდა დემონსტრაციებს შავკანიანთა უფლებათა დასაცავად ალაბამას შტატის ქალაქ ბირმინგემში. ეს დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებით დასრულდა და მთელ მსოფლიოში პოვა გამოხმაურება. მომხდარს რამდენიმე სხვა დემონსტრაციაც დაემატა, რომელთაგან ერთ-ერთი, რომელიც ტარდებოდა ვაშინგტონში 1963 წლის მარტში, დამთავრდა დოქტორ კინგის ცნობილი გამოსვლით „მე მაქვს ოცნება“. ამ სიტყვამ, რომელიც ლინკოლნის მემორიალის კიბესთან წარმოითქვა, მას სახელი გაუთქვა, როგორც ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს ორატორს.
ჟურნალ „ტაიმმა“ კინგი 1963 წლის საუკეთესო მამაკაცად დაასახელა. კინგს მისმა ძალისხმევამ - მშვიდობიანი მეთოდებით უკეთესობისკენ შეეცვალა მსოფლიო - 1964 წელს საერთაშორისო აღიარება მოუტანა, როცა იგი გახდა ნობელის მშვიდობის პრემიის ყველაზე ახალგაზრდა ლაურეატი.
დოქტორი კინგი 1967 წლიდან სახალხოდ აკრიტიკებდა ამერიკის სამხედრო ინტერვენციას ვიეტნამში. მან აგრეთვე სახელი გაითქვა, როგორც ღარიბთა დახმარების კამპანიების ინიციატორმა. 1968 წლის 3 აპრილს, მის მკვლელობამდე ერთი დღით ადრე, დოქტორი კინგი მონაწილეობდა შავკანიანი მუშების გაფიცვაში ქალაქ მემფისში. იქ მან წარმოთქვა თავისი უკანასკნელი სიტყვა: „მე ვიყავი მთის მწვერვალზე“.
![]() |
36 ოსკარ რომერო (1917-1980) „ხმის უფლების არმქონეთა ხმა“; სოციალური და პოლიტიკური თანასწორობისათვის წამებული. |
▲back to top |
ოსკარ რომერო იყო მე-20 საუკუნის რომის კათოლიკე არქიეპისკოპოსი, რომელიც დაუღალავად მუშაობდა სოციალური სამართლიანობისა და ადამიანის ულებების დასაცავად.
იგი დაიბადა 1917 წლის 15 მარტს ელ-სალვადორის პატარა ქალაქ სიუდად ბარიოსში. ის გაიზარდა და ჩამოყალიბდა, როგორც „ხმა იმ ადამიანებისა, რომლებსაც წართმეული ჰქონდათ ხმის უფლება“.
იმ ხანებში ელ-სალვადორში არეულობა სუფევდა. მას შემდეგ, რაც 1828 წლიდან ყავის მოშენება განვითარდა, გლეხების შრომითი ექსპლუატაცია შედარებით მძიმე გახდა და მათი ხელფასებიც გაუფასურდა. ელ-სალვადორი თანდათანობით პოლიციური სახელმწიფო გახდა, სადაც უგულებელყოფილი იყო ადამიანის უფლებების პატივისცემა. გაღარიბებული, გაჭირვებული მოსახლეობა ხანგრძლივად ელოდა სამართალს, მაგრამ ნებისმიერს, ვინც სამართლიანობის შესახებ ხმას იღებდა, აპატიმრებდნენ ან კლავდნენ.
ასეთ გარემოში ოსკარი იმ სურვილით იზრდებოდა, რომ მღვდელი უნდოდა გამხდარიყო. 14 წლის ასაკში მან დატოვა მშობლიური ქალაქი და გაეშურა სან მიგუელში, სადაც შესაძლებლობა ექნებოდა თავის არჩევანს გაჰყოლოდა. რამდენიმე წლის შემდეგ მან დაასრულა რომის გრეგორიანული პონტიფიკური უნივერსიტეტი, სადაც 1943 წელს ხარისხი დაიცვა თეოლოგიაში.
ოსკარი მღვდლად ეკურთხა და დაბრუნდა სან-სალვადორში. 1977 წლის თებერვალში, როცა ელ-სალვადორი სოციალური და პოლიტიკური რეპრესიების რეჟიმში იმყოფებოდა, ოსკარ რომერო სანსალვადორის არქიეპისკოპოსი გახდა. ამას პოლიტიკურ მმართველობაში აჟიოტაჟი არ მოჰყოლია, რადგანაც ის მეტად მშვიდი ბუნების კაცი ეგონათ. არავის წარმოედგინა, რომ ის მთავრობის ან არმიის სახალხოდ კრიტიკას შეძლებდა.
ოსკარი სასულიერო მოღვაწეობასთან დაკავშირებულ საქმეებს დინჯად მიჰყვებოდა მანამ, სანამ ერთ ღამეს ყველაფერი უცებ არ შეიცვალა, როდესაც მისი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი, მამა რუტილიო გრანდე, მოკლეს. მან ლიტურგიაზე ტაძრის პირდაპირ შეკრებილი 100000 მსმენელის წინაშე მთავრობა გააკრიტიკა და ბრალი დასდო ელ-სალვადორის ლიდერებს უსამართლობასა და თავისი ხალხის წინააღმდეგ დანაშაულებრივ ქმედებებში. მან აგრეთვე დაგმო ყველა ის მნიშვნელოვანი დარღვევა, რომელიც არსებობდა ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ.
ქვეყნის პრეზიდენტისადმი გაგზავნილ წერილში რომერო ასე გამოხატავს მშვიდობის სურვილს: „მშვიდობა არ წარმოადგენს შიშისა და ტერორის პროდუქტს, არც სასაფლაოს სიჩუმეს, და არც შედეგს ძალადობრივი რეპრესიებისა. მშვიდობა წარმოადგენს საერთო კეთილდღეობაში ყველას მიერ შეტანილ უანგარო წვლილს. მშვიდობა არის დინამიზმი. მშვიდობა არის გულუხვობა. იგი არის უფლებაც და მოვალეობაც“.
რომეროს მიერ ელ-სალვადორში გახშირებული მკვლელობების კრიტიკამ და ძალადობის გმობამ იგი მის წინააღმდეგ რეპრესიის ობიექტად აქცია. 1980 წლის 24 მარტს არქიეპისკოპოსი ერთ-ერთი დღესასწაულის აღნიშვნის დროს სან-სალვადორის ტაძარში მოკლეს.
ადამიანური ღირსებისა და სამართლიანობისათვის მებრძოლთ დღესაც შთააგონებთ არქიეპისკოპოს რომეროს მამაცური ცხოვრებისა და გარდაცვალების მაგალითი. მიუხედავად იმისა, რომ მისი კანონიზაცია ჯერ არ მომხდარა, მას მაინც მოიხსენიებენ მისი გარდაცვალების დღეს სახალხოდ, როგორც წმ. რომეროს ამერიკისას.
![]() |
37 ნეტარი დედა ტერეზა კალკუტელი (1910-1997) ქველმოქმედ მისიონერთა ორდენის დამფუძნებელი; ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატე |
▲back to top |
აგნეს გონჯა ბოიაჯიუ, რომელიც ცნობილი გახდა, როგორც დედა ტერეზა კალკუტელი, დაიბადა 1910 წლის 26 აგვისტოს მაკედონიის (მაშინ ალბანეთის) ქალაქ სკოპიეში.
დედა ტერეზა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველა დროის ქალთაგანია. მას ყველაზე მეტად იცნობენ და უყვართ იმის გამო, რომ მან მთელი თავისი ცხოვრება გაჭირვებულების დახმარებას უძღვნა. ის უდიდეს ყურადღებას იჩენდა სნეულების (განსაკუთრებითკეთროვნების), უპატრონო ბავშვებისა და ღარიბების მიმართ.
დედა ტერეზა 18 წლის ასაკიდან გაწევრიანდა ლორეტოს სამონაზვნოში, შემდეგ კი ინდოეთის ქალაქ კალკუტაში გაემგზავრა, სადაც ეხმარებოდა ღარიბებს უღარიბესთა შორის - დავრდომილებს. მან დააფუძნა ქველმოქმედ მისიონერთა ორდენი, რომელიც დღეს თავის 200 ცენტრში ერთ მილიონზე მეტ ავადმყოფზე ზრუნავს. ორდენის 50 დასახლებაში კი 50000-ზე მეტი კეთროვანია დაბინავებული, რომელსაც მკურნალობა უტარდება.
სახედანაოჭებულმა დედა ტერეზამ თავის ცნობილ თეთრ ლურჯზოლიან ხალათში ფეხშიშველმა თუ სანდლებით მთელი მსოფლიო შემოიარა გაჭირვებულთა დასახმარებლად. თავისი ნუგეშისცემა დავრდომილთა და ღარიბთა მისამართით მან პირველად იმით გამოხატა, რომ დაეხმარა ქუჩაში მიგდებულ უმწეო ქალს, რომელსაც სიკვდილი ემუქრებოდა.
წლების შემდეგ ერთმა ამერიკელმა ჟურნალისტმა, რომელიც უყურებდა, თუ როგორ ჰბანდა ის წყლულებს ავადმყოფს, უთხრა მას, რომ „მილიონ დოლარადაც კი ვერ გააკეთებდა ამას“. დედა ტერეზამ მიუგო: „არც მე გავაკეთებდი ამას მილიონ დოლარად, მაგრამ ქრისტეს სიყვარულით ვაკეთებ, სიხარულითაც კი ვაკეთებ“.
ხშირად დედა ტერეზა სიცოცხლის დაცვას ემსახურებოდა. იგი აბორტისა და განქორწინების შესახებ კანონების წინააღმდეგი იყო, რომლებიც ბავშვთა ინტერესებს სწირავდნენ ზრდასრულთა ახირებებს. საზოგადოების გარკვეული ნაწილის აზრით, ეს მის პოპულარობას გარკვეულწილად ხელს უშლიდა.
მან 1994 წელს ქალაქ ვაშინგტონში ერთ-ერთ ამერიკელი საზოგადო მოღვაწეების შეკრებაზე განაცხადა, რომ აბორტის ლეგალიზება დღევანდელობის უმნიშვნელოვანეს პრობლემას წარმოადგენს: „ნუ კლავთ პატარა ბავშვებს! მე მივმართავ მთელი მსოფლიოს ყველა დედას: თუ თქვენ არ გსურთ გაზარდოთ თქვენივე ბავშვი, გადმომეცით ის მე და მე გავზრდი! ამიტომაც ვიშვილე მე უკვე 3000-ზე მეტი ბავშვი კალკუტაში“.
1979 წლის 10 დეკემბერს ოსლოში, ნობელის მშვიდობის პრემიის მიღების ცერემონიაზე მან თქვა: „ახლა, როცა არის ბავშვთა საერთაშორისო წელი, მე არდაბადებული ბავშვების სახელით მოგმართავთ თქვენ“. ხოლო, როდესაც ის გაესაუბრა ნორვეგიის მეფე ოლაფ VI-ს, მას ტირილით აღმოხდა: „თქვენო აღმატებულება, ვიმეორებ, აბორტი მკვლელობის ფორმაა!“.
თავისი მიღწევებისათვის დედა ტერეზას მრავალი ჯილდო აქვს მიღებული, განსაკუთრებით კი მშვიდობის განვითარების საქმეში.
იგი 1997 წლის 5 სექტემბერს გულის შეტევით გარდაიცვალა. 2003 წლის 19 ოქტომბერს დედა ტერეზა ნეტარად იქნა შერაცხული პაპ იოანე პავლე II-ის მიერ და კათოლიკური ეკლესიის მიერ 5 სექტემბერს მოიხსენიება.
![]() |
38 რიჩარდ ვურმბრანდტი (1909-2001) ლუთერანი პასტორი; კომუნისტური რეჟიმის მიერ დევნილ ქრისტიანთა დამცველი |
▲back to top |
რიჩარდ ვურმბრანდტმა გაითქვა სახელი, როგორც „პავლე მოციქულმა რკინის ფარდისა“. იგი იყო მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი მქადაგებელი, რომელიც დევნილ ქრისტიანთა უფლებების დასაცავად იღვწოდა.
ვურმბრანდტი დაიბადა 1909 წელს, რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში, ებრაელთა ოჯახში. ახალგაზრდობაში მას იზიდავდა კომუნისტური იდეოლოგია, თუმცა მოგვიანებით მიიჩნია, რომ მსგავსი დაპირებები სინამდვილეს ნაკლებად შეესაბამებოდნენ. ვურმბრანდტის ცხოვრება მას შემდეგ შეიცვალა, რაც ერთმა დურგალმა მას ბიბლია აჩუქა. სახარების კითხვამ და მორწმუნეებთან შეხვედრებმა იგი ქრისტიანულ სარწმუნოებაზე მოაქცია.
მეორე მსოფლიო ომის წლებში ვურმბრანდტი მისიონერულ სამუშაოს ფარულად ასრულებდა და ამით ბევრი ებრაელის გადარჩენას უწყობდა ხელს. აგრეთვე ის მრავალ ბომბსაფარში ქადაგებდა, და რამდენჯერმე დააპატიმრეს კიდეც.
ვურმბრანდტი მას შემდეგაც აგრძელებდა თავის მისიონერულ მოღვაწეობას, რაც რუმინეთის ხელისუფლების სათავეში კომუნისტები მოვიდნენ. მან ისიც იცოდა, რომ ხელისუფალთ მისი საქმიანობა არალეგალურად მიაჩნდათ. იგი კომუნისტების მიერ დაპატიმრებულ იქნა 1948 წლის თებერვალში. ციხის კამერაში მან სხვა სახელით მარტომ გაატარა რვა წელი; ამიტომ ხელისუფალთ ჯერ ქვეყნიდან გაქცეული ეგონათ. მოგვიანებით კი ყოფილ პატიმრებად შენიღბულმა რამდენიმე აგენტმა მისი ოჯახი დაარწმუნა, რომ თითქოს იგი ციხეში დაიღუპა. ვურმბრანდტი გაათავისუფლეს 1956 წელს, მაგრამ ორი წლის შემდეგ ისევ დააპატიმრეს, ამჯერად ექვსი წლით.
საბოლოოდ, პასტორი ვურმბრანდტი 1964 წელს ზოგადი ამნიისტიით გაათავისუფლეს და იგი ოჯახთან ერთად ამერიკაში გადასახლდა. ერთხელ ფილადელფიაში ვურმბრანდტი ვიეტნამში კომუნისტური რეჟიმის დამყარების მომხრე სახალხო დემონსტრაციას დაესწრო. მოულოდნელად დემონსტრაციის მიმდინარეობა შეაჩერა უცნობმა პიროვნებამ, რომელიც იძახდა, რომ სიტყვა ეთქმოდა. სიტყვით გამოსვლისას იგი ხალხს ნაიარევებზე უთითებდა, რომლებიც ჰქონდა მკერდსა და ზურგზე, როგორც იმ წამების კვალზე, რომელიც წარსულში გადაეტანა. შემდეგ კი უცნობმა, რომელიც ვურმბრანდტიაღმონდა, დაარწმუნა იქ მყოფნი იმაში, რომ მათ მხარი წამების მსხვერპლთათვის, და არა მწამებელთათვის, დაეჭირათ.
მოგვიანებით ვურმბრანდტმა თავისი წამების შესახებ ამერიკის სენატის შინაგანი უსაფრთხოების კომიტეტს მოახსენა, რის შემდეგაც მთელ მსოფლიოში კომუნისტური წყობილების ქვეყნებში ქრისტიანთა მიმართ უხეშად მოპყრობის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა ამერიკაში ყოფნის წლებში ვურმბრანდტმა დააარსა ორგანიზაცია „წამებულთა ხმა“, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით აგროვებდა და აშუქებდა მოვლენებს ქრისტიანთა დევნის შესახებ კომუნისტური თუ სხვა რეპრესიული რეჟიმების ქვეყნებში.
რიჩარდ ვურმბრანდტი გარდაიცვალა 2001 წელს. მისი მემკვიდრეობა - როგორც ქრისტიანობასთან დაკავშირებული შრომები, ისე მის მიერ დაწერილი წიგნები შეიძლება მისივე სიტყვებით აღიწეროს: „მხოლოდ ქრისტეს მიმდევრობაა, რამაც გადამატანინა ყველა ძნელბედობა ჩემს სულიერ თანამოძმეებთან ერთად. იესო არის ერთადერთი, ვინც ჩაგვინერგა რწმენა და მოგვცა ძალა გამარჯვებისათვის“.
![]() |
39 დესმონდ ტუტუ (დაიბადა 1931 წელს) აპარტეიდის წინააღმდეგ მებრძოლი სამხრეთ აფრიკაში; ერთა შემრიგებელი |
▲back to top |
დესმონდ ტუტუ დაიბადა სამხრეთ აფრიკაში. იგი წარმომავლობით ღარიბი ოჯახიდანაა. მთავრობის აპარტეიდული (დისკრიმინაციული) პოლიტიკის შედეგად შავკანიანებს აქ მეორეხარისხოვან ადამიანებად მოიაზრებდნენ და დანარჩენი საზოგადოებისგან განცალკევებულად აღიქვამდნენ. აპარტეიდულ სამხრეთ აფრიკაში შავკანიანებს მკაცრი რეჟიმის პირობებში გეტოებში აცხოვრებდნენ, სადაც მათ ერთადერთ ფუნქციად იაფ შრომას თვლიდნენ.
დესმონდი, მამამისის მსგავსად, მასწავლებელი გახდა. როდესაც კანონმა ფერადკანიანთა განათლების სტანდარტი კიდევ უფრო დაბლა დასწია, მან მიატოვა მასწავლებლობა და თავი თეოლოგიის სწავლას მიუძღვნა. იგი 1960 წელს ანგლიკანური ქრისტიანობის მიმდევარ მღვდლად ეკურთხა. რამდენიმე წელიწადში, როდესაც მან ინგლისურ ენაზე სწავლა დაამთავრა და მშობლიურ მიწაზე დაბრუნდა, სამხრეთ აფრიკა უკვე სამოქალაქო ომის ზღვარზე იდგა, და დესმონდ ტუტუმ მიიჩნია, რომ მოვიდა ცვლილებათა დრო. დროთა განმავლობაში მან სულ უფრო მნიშვნელოვანი საეკლესიო თანამდებობები დაიკავა. იგი იყო ლესოტოს ეპისკოპოსი, შემდეგ - სამხრეთ აფრიკის ეკლესიათა საბჭოს პირველი შავკანიანი გენერალური მდივანი, ბოლოს კი - კეიპტაუნის არქიეპისკოპოსი. თავისი თანამდებობით, მჭევრმეტყველებითა და აპარტეიდისადმი მტკიცე ოპონირებით არქიეპისკოპოსი ტუტუ საერთაშორისო საზოგადოების წინაშე დაჩაგრულთა ინტერესებს წარმოადგენდა და მოუწოდებდა ცვლილებებისაკენ არაძალადობრივი გზით.
არქიეპისკოპოს ტუტუს ბევრი იცნობდა, როგორც თავმდაბალ კაცს, რომელიც ბიბლიით, რწმენითა და სიმამაცით რეპრესიულ მთავრობას ეწინააღმდეგებოდა. მან მშვიდობისმყოფელის როლი იტვირთა სამხრეთ აფრიკის სისხლიან ქუჩებში და იმოღვაწა „სამართლიანი და რასობრივი სეგრეგაციისაგან თავისუფალი დემოკრატიული საზოგადოების მისაღწევად“.
სამთავრობო შენაერთების მიერ ქალაქ იოჰანესბურგში მოწყობილი სისხლისღვრების პერიოდში არქიეპისკოპოსი ტუტუ მარტო იდგა ნანგრევებად ქცეულ ქუჩებში და შემდეგი სიტყვებით ამხნევებდა ხალხს: „არ გძულდეთ; დაე, ყველამ ავირჩიოთ მშვიდობიანი გზა თავისუფლებისაკენ“.
მიუხედავად იმისა, რომ აპარტეიდი კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულად ჯერ კიდევ 1973 წელს შეფასდა, მისი გაუქმება მხოლოდ მაშინ მოხდა, როცა საერთაშორისო საზოგადოებამ არქიეპისკოპოს ტუტუს მოთხოვნების შედეგად სამხრეთ აფრიკას ეკონომიკური და პოლიტიკური სანქციები დაუწესა. ამის შემდეგ მას მეტსახელად „ბატონი სანქციებიც“ კი შეერქვა. 1984 წელს დესმონდ ტუტუს ნობელის მშვიდობის პრემია მიენიჭა მისი როლისათვის შავკანიანთა უფლებების დასაცავად ორგანიზებულ არაძალადობრივ კამპანიებში.
დესმონდ ტუტუ მნიშვნელოვან როლს აპარტეიდის გაუქმების შემდეგაც თამაშობდა. მაგალითად, მან იმუშავა სამართლიანობისა და შერიგების კომისიის თავმჯდომარედ, სადაც შემოიტანა მშვიდობის დამყარების ქრისტიანული სქემა მონანიებისა და პატიების გზით. მან თქვა: „ჩვენ არ უნდა ვიყოთ ზედაპირულები და არ უნდა გვავიწყდებოდეს წარსული, რადგანაც, თუ წარსულს არ დავივიწყებთ, იგი მუდამ გაგვამხნევებს ჩვენ. ნამდვილი შერიგება იაფფასიანი არასდროსაა, რადგან ის ხშირად ძვირად დაფასებულ მიტევებაზეა დამოკიდებული. მიტევება კი, თავის მხრივ, ეფუძნება ისეთ მონანიებას, რომელიც წარსული შეცდომების აღიარებისა და სიმართლის არჩევის შედეგია. მიტევება იმისა, რაც ჯერჯერობით შეუცნობელია, შეუძლებელიცაა“.
![]() |
40 ბოლოსიტყვაობა |
▲back to top |
„უფალი ხედავს და არ მოსწონს, რომ არ სუფევს სამართალი. ხედავს, რომ ირგვლივ არ გამოჩნდა კაციშვილი, და უკვირს, რომ არავინაა ქომაგი“. ესაია 59:16
სამართლიანობის განხორციელება
შეუშფოთებიხარ თუ არა ოდესმე ისეთ უსამართლობას, რომლის წინააღმდეგაც გინდოდა შეგძლებოდა შებრძოლება? გიცდია თუ არა ცოტა ხნით მაინც იმ „სიბნელეთა“ წინააღმდეგ ბრძოლა, რომლებიც ახასიათებდა შენს ქალაქს, ქვეყანას ან თუნდაც მსოფლიოს სხვა რომელიმე ნაწილს? ოდესმე შესწრებიხარ თუ არა სიკეთეზე ბოროტების ტრიუმფს და თუ გცოდნია, რომ შესაძლებელი იყო მომხდარის თავიდან აცილება? გიფიქრია თუ არა იმაზე, რომ ადამიანების ბოროტებით, შეასაძლოა, თვით ღმერთიც კი, განაწყენებული ყოფილიყო? მიგაჩნია თუ არა, რომ სიმართლისათვის ბრძოლა, რომელიც სიკეთის რწმენითაა შთაგონებული, შესაძლოა წარმოადგენდეს ნაწილს ღვთის ნებისა? ქრისტიანთ უკვე 2000 წელია სჯერათ, რომ ეს ასეა, და ღვთის სიყვარულით შთაგონებულნი, შეძლებისდაგვარად, სამყაროს უკეთესობისკენ ცვლიან.
თავს თუ სიკეთისა და ღმერთის სახელით შთააგონებ, ალბათ, შეუძლებელსაც კი შეძლებ. მაგალითად, როცა გვაქვს სურვილი აღვკვეთოთ სოციალური ძალადობა, განა ეს არ ნიშნავს, რომ გვაქვს რწმენა? როცა ჩვენ გვსურს კეთილი საქმეების ქმნა, იმავდროულად გვინდა, რომ გვიცავდეს ღმერთი. ადამიანი კეთილი ძალისხმევით, გამბედაობით, იმედითა და მოვლენების ზნეობრივ ჭრილში ხედვით, ალბათ, შეუძლებელს შეძლებს. სამყარო იხმობს ყველას, რომ ადამიანები განეწყონ ცვლილებისათვის.
როგორც ეს წიგნი მოგვითხრობს, ქრისტიანები ორი ათასწლეულის განმავლობაში ებრძოდნენ ბოროტებას, ჩაგვრას და უსამართლობას. მოყოლებული მრწამსის დასაწყისიდან დღემდე, ქრისტიანები პრაქტიკულადაც ახორციელებდნენ სამართალს, ცვლიდნენ რა საზოგადოებებს. საქმე ქრისტიანთა უსასრულოა, ისევე, როგორც განუზომელია ქრისტიან გმირთა ღვაწლის ფასი. ქრისტიანთა უდიდესი ღვაწლის შესაფასებლად, ალბათ, თუნდაც შემდეგი ჩამონათვალიც კი კმარა: რეპრესიების წლებში აღმოსავლეთ ევროპაში „იატაკქვეშა“ ეკლესიის მფარველობა; მონათა ვაჭრობის დასასრული 1800-იან წლებში; ბავშვთა შრომის გაუქმება „ოფლისმღვრელი შრომის“ ქარხნებში; ღარიბთათვის საავადმყოფოებისა და სკოლების დაარსება; ტირანიების წინააღმდეგ გალაშქრება.
თუმცა აღსანიშნავია, რომ ყოველივე ზემოაღნიშნული არცთუ ისე ძველი ისტორიაა. ჩვენ ცვლილებების ეპოქაში ვცხოვრობთ, როცა ქრისტიანები სულ უფრო მეტად მონაწილეობენ ადამიანური უფლებების დაცვისა და სოციალური რეფორმების პროცესებში. ალბათ, მსოფლიოსათვის და შენი სამოსახლოსათვის თუნდაც შემდეგი პრაქტიკული ამოცანების გადაჭრაზე იქნებოდა სასარგებლო ზრუნვა:
მაგალითად, პეტიციების ორგანიზება იმ 27 მილიონი ადამიანის მხარდასაჭერად, რომლებიც, ბავშვებისა და ახალგაზრდების ჩათვლით, გახდნენ ტრეფიკინგის, სექსუალური ექსპლუატაციისა და ძალადობრივი შრომის, ანუ ფაქტობრივად თანამედროვე მონათმფლობელობის მსხვერპლნი.
ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მხარდაჭერა, რომლებიც კონფლიქტს გამოექცნენ.
მოქალაქეთა თვითშეგნების ამაღლება, რათა მხარი დაუჭირონ სამართლიანობას და პროგრესს.
გალაშქრება კორუმპირებული მოძალადეების წინააღმდეგ.
გაბრძოლება ბავშვთა ორგანიზებული მათხოვრობის წინააღმდეგ და ბავშვებისთვის ცხოვრებისეული წესის უკეთეს ალტერნატივათა მოძიება.
შრომისუუნარო ბავშვთა დახმარება მათთვის სკოლების უზრუნველყოფითა და მარგინალიზაციისა თუ მარტოობის პრობლემების მოგვარებით.
ობოლი ბავშვების მფარველობა.
როგორც ბიბლია გვამცნობს, ნამდვილი რელიგია ათავისუფლებს უმიზეზოდ დატყვევებულთ და ჩაგრულთ, ამსხვრევს უსამართლო უღელთ და საპყრობილეების კარებს უღებს ტუსაღთ, რომელთაც უსამართლოდ სჯიდნენ.
ესაია 58:6: „განა ეს იმ მიზნით შიმშილობა არ არის, რომელიც მე ავირჩიე: რამეთუ შემემსუბუქებინა უსამართლობის ჯაჭვი, ერთმანეთისაგან გამეცალკევებინა არასაფუძვლიან უღელთა თოკნი, გამეთავისუფლებინა ჩაგრულნი და მომეშორებინა უღელი მათთვის?“
როგორც ახალი აღთქმა ქადაგებს, იესომ ასე ბრძანა: „სული უფლისა, ღვთისა, ჩემზეა გადმოსული, რადგან მამცნო მე უფალმა ღარიბთა სანუგეშებლად. მომავლინა ტყვეთათვის თავისუფლების გამოსაცხადებლად და ბრმათა თვალის ასახელად, ჩაგრულთა შესაბრალებლად და გამოსაცხადებლად უფლისა წყალობის წელიწადისა.“ (ლუკა 4:18)
სწორედ ცალკეული ადამიანების პრინციპული მოქმედება იწვევს ცვლილებებს და საზოგადოებისათვის დიდ მნიშვნელობას იძენს. ამ ადამიანთა მოღვაწეობა გვახსენებს ბიბლიის ნაწყვეტს, რომელიც გვეუბნება, რომ „მართალი რელიგია“ ემსახურება ღარიბთა შორის უღარიბესთ და ათავისუფლებს უსამართლოდ დატყვევებულებსაც. ვინაიდან დღეს ქრისტიანთა მიერ ქმნილ სიკეთეთა რაოდენობა მზარდია, მთელი მსოფლიო, მათ შორის მთავრობებიც, რეაგირებს და იკრიბება, რათა პოლიტიკა უკეთ წარიმართოს. სადღეისოდ ჯერ კიდევ ბევრია საკეთებელი ზოგადად, მსოფლიო მასშტაბებით, უსამართლობის შემცირებისა და ბიბლიის მიხედვით „უსამართლოდ დატყვევებულთა განთავისუფლების“ თვალსაზრისით.
თუ გსურს დგამდე ნაბიჯებს ქრისტიანული სულისკვეთების განვითარებისთვის, ჯერ ილოცე ღმრთის მიერ შეწევნისა და მფარველობისათვის. შენ არა ხარ შეზღუდული ასაკით, მნიშვნელობა არა აქვს, ახალგაზრდა ხარ თუ მხცოვანი. შენი მოღვაწეობა შეგიძლია თავდაპირველად პატარა საქმეებით დაიწყო და შემდეგ განაგრძო შენ ირგვლივ არსებული რეალობიდან გამომდინარე. აგრეთვე იფიქრე იმაზე, რომ შეისწავლო კანონმდებლობა, სოციალური დახმარების საქმე თუ საერთაშორისო განვითარების საკითხები. კარგია მონაწილეობდე ადგილობრივ საზოგადოებრივ ან ქრისტიანულ ორგანიზაციაში, რათა მეტად შეგეძლოს აკეთო კეთილი საქმე. ინფორმაციის მოსაძიებლად შეიძლება საინტერესო გახდეს რამდენიმე ქვემომოყვანილი ვებ-საიტი. კარგია კითხულობდე წიგნებს ქრისტიანული სიმართლის შესახებ, ისეთს, როგორიცაა, მაგალითად, ჰარი ჰაუგენის „კარგი ახალი ამბები უსამართლობის შესახებ“. გაესაუბრე ღვთის მსახურებს შენი ეკლესიიდან, მაგალითად, ისეთი ახალგაზრდული ჯგუფის ჩამოყალიბების შესახებ, რომელიც დაეხმარებოდა შენი ქალაქის მასშტაბით ყველაზე მეტად გაჭირვებაში მყოფთ.
სიკეთის კეთების შესაძლებლობანი, ალბათ, მხოლოდ შენივე წარმოსახვით თუ შეიძლება იყოს შეზღუდული. დადიოდე სიკეთის ქმნის გზით - ეს ნიშნავს გამოხატავდე შენს რწმენას და პირადი წვლილი შეგქონდეს მსოფლიოს გაუმჯობესებაში.
ვებ-საიტები:
World Vision International, Eastern Europe: http://meero.worldvision.org
International Justice Mission: www.ijm.org
Stop The Traffik: www.stopthetraffik.org
Human Rights Watch: www.hrw.org
Amnesty International: www.amnesty.org
International Crisis Group: www.crisisgroup.org
გაიხსენეთ შემდეგი ციტატა ფსალმუნისა 72: 12-14: „უფალი იხსნის ღარიბს, მღაღადებელს და ღატაკს, ვისაც არ ჰყავს შემწე. შეიწყნარებს დავრდომილს და ღარიბს, და ღარიბთა სულებს იხსნის. ვერაგობისა და ძალადობისგან დაიხსნის მათ სულებს, რადგანაც ძვირფასია მათი სისხლი მის თვალში“.
იფიქრე იმაზე, თუ როგორ უნდა გვესმოდეს ზემოაღნიშნული ციტატა, რომელიც გვამცნობს, რომ ღმერთს აქვს სურვილი თანაუგრძნოს სუსტთა და ჩაგრულთ.
ვინ არიან გაჭირვებულნი და ჩაგრულნი შენს ქალაქში?
ზემოაღნიშნულის მხრივ რა პრაქტიკული ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას შენ მიერ?
შარონ პაიტი