The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

გენდერული პრობლემატიკა საქართველოში

გენდერული პრობლემატიკა საქართველოში


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
თემატური კატალოგი გენდერი
წყარო: გენდერული პრობლემატიკა საქართველოში / ქალთა განათლ. და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი - თბ., 2002 - 277 გვ. ; 23 სმ. - : [ფ. ა.]   [MFN: 110435]
 
UDC:  796(479.22)
F 8.316/4 - ხელუხლებელი ფონდი

საავტორო უფლებები: © ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორსო ცენტრი
თარიღი: 2002
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორსო ცენტრი მადლობას ვუხდით ჰაინრიხ ბიოლის ფონდს ფინანსური შემწეობისათვის თბილისი 2002



1 * * *

▲ზევით დაბრუნება


1994 წელს საქართველოში დაარსდა ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი, რომელის ეწევა საზოგადოებრივ - საგანმანათლებლო მუშაობას ქალებისათვის. ცენტრის ძირითადი სამუშაო მიმართულებებია: პოლიტიკურ - საგანმანათლებლო მოღვაწეობა; ფსიქოლოგია და სექსუალობა; ქალთა თვითდამკვიდრებისათვის ხელის შეწყობა.

ცენტრი 1996 წლიდან ახორციელებს პროექტს ქ. ჰამბურგის ქალთა ფონდის (FAS) ფინანსური შემწეობით, რომელიც 1997 წლის ნოემბერში შეუერთდა ჰაინტიხ ბიოლის ფონდს (ბერლინი).

ორგანიზაციის ძირითადი მიზნებია:

საზოგადოების ყურადღების მიპყრობა ქალთა პრობლემებისადმი;

საქართველოში მცხოვრებ ქალთა ჩართვა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებასა და დემოკრატიული განვითარების პროცესში;

ქალთა პოლიტიკური თვითშეგნების ამაღლება;

ქალთა როლის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში;

ქალთა ეკონომიკური მდგომარეობის გაუჯობესება მათი კვალიფიკაციისა და განათლების დონის ამაღლებით;

თანამშრომლობა არასამთავრობო ორგანიზაციებთან როგორც რეგიონალურ, ისე საერთაშორისო დონეზე;

კონტაქტების დამყარება ქალთა საერთაშორისო მოძრაობასთან და სხვა ქვეყნების ქალების მიერ დაგროვილი გამოცდილების გამოყენება საქართველოში არსებული პრობლემების გადასაჭრელად.

გენდერული თანასწორობისათვის ბრძოლა; გენდერული უთანასწორობის კულტურული, სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური მიზეზების შესწავლა და ისეთი ფსიქოლოგიური, სქესობრივი თუ ფიზიკური ძლადობის მიზეზების განსაზღვრა, როგორიცაა ტრადიციული გენდერული როლები, სექსისტური და პატრიარქალური მიდგომები;

ისეთი ტაბუდადებული თემების გაშუქება, რმლებიც ხელს უწყობენ ძალადობას ქალებზე და მათი უფლებების დარღვევას;

საზოგადოების ცნობიერების ამაღლება გენდერულ საკითხებთან დაკავშირებით, რათა შეცვალოს ტრადიციული პტრიარქალური მიდგომები და გასაგები გახდეს, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ქალთა მონაწილეობას სოციალურ განვითარებაში;

ქალთა საგანმანათლებლო პროგრამების ხელშეწყობა, რაც გაზრდის მათი დასაქმების შესაძლებლობებს.

ცენტრის მუშაობის სპეციფიკა მდგომარეობს სემინარებისა და კონფერენციების ორგანიზებაში, რომლებშიც მონაწილეობენ როგორც სპეციალისტები საზოგადოებრივ მეცნიერებათა სფეროდან (ფსიქოლოგები, იურისტები, ეკონომისტები), ისე სახელმწიფო სტრუქტურებში მომუშავე პირები და ფართო საზოგადოებრიობის წარმომადგენლები. ჩატარებული მუშაობის შასახებ მოსახლეობას ინფორმაცია მიეწოდება მასმედიის საშალებით.

1996 წელს ცენტრმა დაუთმო თემას: ,,ადამიანის უფლებები - ქალთა უფლებებია“. განსაკუთრებული ყურადღება მიექცა ქალთა უფლებების ადგილს საქართვლოს კანონმდებლობაში. 1997 წლის განმავლობაში ცენტრი აგრძელებდა ქალთა უფლებების შესწავლას.

1998 - 1999 წწ. მიეძღვნა ქალთა უფლებების შესწავლას და ქვეყნის ცხოვრების სხვადასხვა სფეროს გამოკვლევას გენდერული თვალსაზრისით. 2000 - 2001 წწ. წამყვანი თემა კი იყო „ძალადობა ქალების მიმართ“. ქალთა უფლებები კვლავაც რჩებოდა ცენტრის მუშაობის პრიოტიტეტად.

2001 წელს ცენტრის სამუშაო მიმართულებებს შორის განსაკუთრებული ადგილი დაეთმო ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებთან თანამშრომლობას, რამაც საფუძველი ჩაუყარა ცენტრში (FBZ) ახალგაზრდული დებატ - კლუბის დაარსებას. ამ წამოწყების მიზანი იყო საზოგადოებაში არსებული მწვავე გენდერული პრობლემების განხილვა - ანალიზი ახალგაზრდებისა და ექსპერტების ერთობლივი ძალისხმევით.

ცენტრის ბაზაზე განხორციელდა არაერთი სოციოლოგიური გამოკვლევა, რომელთა მიზანს წარმოადგენდა ახალგაზრდების, კერძოდ, უფროსკლასელთა და სტუდენტთა დამოკიდებულების ანალიზი გენდერული ურთიერთობებისა და გენდერული ძალადობის შესწავლის საფუძველზე.

ცენტრი 2000 წლიდან მოყოლებული რეგულარულად ატარებს სემინარების ციკლს, რომელიც ეძღვნება ქალთა უფლებების დაცვის ძირითად საერთაშორისო მექანიზმებს. ამ ციკლის ერთ - ერთი მთავარი მიზანი საქართველოს რეგიონებში ქალთა უფლებების პრობლემის აქტუალიზაციაა.

უკანასკნელ პერიოდში ცენტრის მუშაობა ასევე შეეხო ქალის პრობლემების განხილვას რელიგიურ საკითხებთან კავშირში. ჩატარდა სემიანარები თემაზე ,,ქრისტიანობა და ქალის პრობლემები“, სადაც საუბარი იყო ქალის როლისა და ფუნქციის განსაზღვრაზე ქრისტეს მოძღვრების მიხედვით.

ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი აგრძელებს თავის საზოგადოებრივ - საგანმანათლებლო მუშაობას და მზადაა ითანამშრომლოს ყველასთან, ვინც იზიარებს მის მიზნებსა და ღირებულებებს საქართველოში არსებული გენდერული პრობლემების გადასაჭრელად.

წინამდებარე პუბლიკაციაში თავმოყრილია ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრში ჩატარებული სემინარების მასალები, რომლებიც შეეხება გენდერულ საკითხებს.

პუბლიკაციის მიზანია ხელი შეუწყოს გენდერის საკითხების პოპულარიზაციასა და საზოგადოების სენსიბილიზაციას ამ პრობლემასთან დაკავშირებით.

ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი მადლობას უხდის ჰაინრიხ ბიოლის ფონდის წინამდებარე პუბლიკაციის მომზადებისა და გამოცემისათვის საჭირო ფინანსური მხარდაჭერისათვის.

2 ქართველი ქალის ისტორიული როლი

▲ზევით დაბრუნება


კიტი მაჩაბელი

საქართველოს დღევანდელობა, მისი მომავალი ყოველი ქართველისაგან უდიდეს ძალისხმევას მოითხოვს, გვაიძულებს გავიაზროთ თითოეულის ადგილი ახალი, თავისუფალი ქვეყნის მშენებლობაში, სად უნდა ვეძიოთ სულიერი სიმტკიცე უამრავ გადაუდებელ პრობლემათა გადასაწყვეტად, რას უნდა დავეყრდნოთ მომავლის იმედის განსამტკიცებლად. უნებურად ვიყურებით წარსულისაკენ, რათა შორეული თუ ახლობელი ნამყოს მაგალითებში ვიპოვოთ ძალა ჩვენს წინაშე მდგომ ამოცანათა დასაძლევათ. სწორედ წარსულის სურათებში იკვეთება ქართველი ქალის განსაკუთრებული წვლილი ქვეყნის ისტორიაში, მის განვითარებასა და არაერთგზის სასწაულებრივ გადარჩენაში. განუზომელია ქალის დამსახურება საქართველოს ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე ქვეყნის წინაშე მდგარი ურთულესი პრობლემების გადაწყვეტაში. ისტორიული ფაქტებისა და მოვლენების ამგვარი შეხსენება და გააზრება დღევანდელი თვალთახედვით უთუოდ აუცილებელია, რათა ქართველი ქალის შეგნებაში აღდგეს საკუთარი ძალების რწმენა, საკუთარი მნიშვნელობის შეგრძნება, განმტკიცდეს ქართველი ქალის უსასრულო შესაძლებლობათა შეგნება.

ქალის როლის განსაკუთრებულობა ასახულია ქართულ ეთნოგრაფიულ სინამდვილეში, ქართულ ენაში. მოვიყვანთ სულ რამდენიმე მაგალითს: საქართველოს მთიანეთში დღესაც შემორჩნილია უძველეს ტრადიციათა გადმონაშთები. ერთ - ერთი ასეთთაგანია „ადგილის დედის“ რწმენა. ხალხს რწმენით, თითოეულ ადგილს - მთას, გორას, ხევს - ჰყავს თავისი ,,დედა“ (ივ. ჯავახიშვილი). ღრმა აზრია ჩაქსოვილი ქართულ სიტყვაში „დედამიწა“ - ღვთაების მნიშვნელობით (დღევანდელი მნიშვნელობის „დედამიწა“ ძველ ქართულში აღინიშნებოდა სიტყვით „ქუეყანა“). ხალხის მეტყველებაში შემორჩენილია ქალის განსაკუთრებულობის აღმნიშვნელი არაერთი სიტყვა: ,,გუთნისდედა“, „დიასახლისი“ (მეურნეობაში, მის წარმართვაში უპირატესობის აღმნიშვნელი), „დედაბოძი“ (სახლის მთავარი საყრდენის აღმნიშვნელი), „დედაქალაქი“, „დედააზრი“, „დედაარსი“ და სხვა. ქართველი ხალხის უძველეს რწმენაში შემორჩენილია მზის ქალღმერთის - დიდი დედის, ღმერთების დედის რწმენის კვალი.

ქართველთა მოქცევა, მათი გაქრისტიანებაც ქალთან არის დაკავშირებული. ქართველებს ქრისტიანობის მქადაგებლად, ქვეყნის განმანათლებლად, ახალი რწმენის გამავრცელებლად კაპადოკიელი ტყვე (მას როგორც უცხოტომელს ტყვეს უწოდებენ) ქალი ნინო, მოევლინათ. ქართულ ლიტერაში შემონახული შუშანიკის ამბავი ქართელთათვის ქალის სიმტკიცის სიმბოლოდ იქცა. მეხუთე საუკუნის თხზულების გმირი ქალის მოქმედება დღესაც ცოცხალ მაგალითად გვევლინება. ისტორიამ შემოგვინახა იმ ქართველ ქალთა სახელები, რომელთაც ღრმა კვალი დაამჩნიეს ქვეყნის ცხოვრებას, მის ბედიღბალს. მდგარი სული, სიმტკიცე, გონიერება, უსაზღვრო „ჭირთა თმენა“ თაობიდან თაობამდე სჩვეოდათ ჩვენს წინაპრებს. ჩვენთვის მათი თავგანწირვა მხოლოდ ისტორიული ფაქტების ნუსხა როდია, ეს დიდი ზნეობრივი გაკვეთილებია, რომელნიც ძალას უნდა გვმატებდნენ ჩვენს დღევანდელ პრობლემებთან გასამკლავებლად.

არ არსებობს ქვეყნის ცხოვრების არც ერთი სფერო, სადაც თავი არ გამოეჩინათ ქართველ ქალებს: პოლიტიკა, დიპლომატია, ხელოვნება, რელიგიური ცხოვრება. ყველგან ჩანს მათი ნამოღვაწარის კვალი. ზოგი რამ შემორჩა მატიანეებსა და საისტორიო საბუთების ფურცლებს, მაგრამ „დღემდე მოღწეული ცნობები მხოლოდ მცირედი ნაწილია ქართველ ქალთა ნამოღვაწარისა.

გავიხსენოთ ჩვენი ისტორიული წარსულიდან ზოგიერთი ფაქტი. პირველ რიგში უნდა დავასახელოთ მეშვიდე საუკუნის ქართული ქრისტიანული ხელოვნების უნიკალური ძეგლი - ქვასვეტი უსანეთიდან (ქართლი), რომელზედაც ამ შორეული ეპოქის საქართველოს ფეოდალური საზოგადოების მაღალი წრის ერთ-ერთი საგვარეულოს „საოჯახო პორტრეტია“ წარმოდგენილი. უსანეთის ქვასვეტი წარმოადგენს ადრექრისტიანული ხანის საქართველოში ფართოდ გავრცელებული ქვაჯვარების დიდმნიშვნელოვან ნიმუშს. ამგვარ ქვაჯვარებს მემორიალურ საკულტო ძეგლებს დიდებულები აღმართავდნენ ძველ საქართველოში, როგორც შესაწირავ და იმავდროულად საკუთარი სოციალური სტატუსის დამამტკიცებელ საბუთებს.

უსანეთის ქვასვეტი მრავალმხრივ არის საყურადღებო, მაგრამ ამჯერად ჩვენ შევჩერდებით მხოლოდ მის წახნაგებზე გამოსახულ რელიეფურ პორტრეტებზე. ერთ წახნაგზე მამაკაცთა პორტრეტებია წარმოდგენილი, მის საპირისპირო წახნაგზე კი ვერტიკალურად განთავსებულია ქალთა პორტრეტების წყება. ამ გამოსახულებებს გსანსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს თანმხლები წარწერები. წარწერები დაზიანებულია, მაგრამ ერთ-ერთ გამოსახულებასთან იკითხება სახელი „მარიამ“ მეორესთან კი - „დინარი“ თუ „ლიტავრი“. მდიდრულ საერო კოსტიუმებში გამოწყობილი მანდილოსნების მწკრივი ქართლის რომელიღაც დიდებული საგვარეულოს წევრებს ასახავს. ამის თქმის უფლებას გვაძლევს ის გარემოება, რომ ერთ-ერთი მამაკაცის გამოსახულებასთან კარგად იკითხება: „გრიგოლ ვიპატოსი“, რაც იმას მოწმობს, რომ ქვაჯვარი აღმართულია ბიზანტიური ტიტულის მქონე ქართლის წარჩინებული გვარის წარმომადგენლის მიერ.

ადრეული შუა საუკუნეების მიერ ქართული საკულტო ხელოვნების ძეგლზე ქვაჯვარის სვეტზე, რომელიც იმდროინდელ ქართლის სამეფოს სოციალურ-პოლიტიკური ცხოვრების ანარეკლს წარმოადგენს, ქალთა გამოსახულებების მოთავსება მამაკაცთა თანაბრად ნათელი დადასტურებაა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქართველი ქალის საპატიო მდგომარეობისა. ეს რომ უფრო ნათელი გახდეს, შეგახსენებთ, რომ გაცილებით უფრო გვიან ხანაში, მეცხრამეტე საუკუნეში, ქართველ დიდებულთა საგვარეულო ნუსხებსა და გენეალოგიურ საქმეებში ქალები საერთოდ აღარ ჩანან, რაც საზოგადოებრივ ცხოვრებაში არსებული პრაქტიკის ანარეკლი უნდა იყოს.

ქალი - მოღვაწე, ქალი შემოქმედი არც თუ იშვიათი იყო შუა საუკუნეების საქართველოს სიმანდვილეში. ძველ მატიანეებსა და ლაპიდარულ წარწერებში ქართველ ქალთა მოღვაწეობის მრავალი ფაქტია უკვდავყოფილი. საგანგებოდ უნდა აღინიშნოს ტაძრების აღმშენებელთა შორის ქალთა სახელების მოხსენიება:

თავისი ღვთისმოსაობითა და საქველმოქმედო საქმეებით გაითქვა სახელი მეფე ვახტანგ გორგასლის დედამ დედოფალმა საგდუხტმა (მე - 5 ს.), სამშვილდის სიონის ტაძრის მშენებელმა, რომლის შესახებ ,,ქართლის ცხოვრება“ მოგვითხრობს: ,,მაშინ საგდუხტ გულისხმა ყო და იცნა სჯული ჭეშმარიტი...ნათელიღო და იქნა მორწმუნე, და მან აღასენასიონი სამშვილდისა“.

მე-6 საუკუნის დასასრულს აგებული მცხეთის ჯვრის ტაძრის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში კარის თავზე (შიგნიდან) ჩადგმულ ფილაზე ამოკვეთილია ასომთავრული წარწერა, რომელშიც მოხსენებულია ტაძრის ამ ნაწილის მაშენებელი ვინმე თემესტია. როგორც ჩანს, ქართლის ერისმთავართა ოჯახის ამ წევრმა გაიღო თანხა ტაძრის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ქალებისათვის განკუთვნილი სამთავისის („საყოფელის“) ასაგებად.

მეათე საუკუნის რამდენიმე ტაძრის სამშენებლო წარწერებში ქალების სახელების მოხსენიებული: ვალეს ტაძრის აღმ. ფასადზე ასომთავრულ წარწერაში - კრავაი, ლიხის ჯვრის სამხრ. კარის თავზე - „ფაბრონია, თუალოის ასული“, ურბნისის სიონის შემწედ მოხსენებულია ვინმე შუშანა, თავის მეუღლესთან ქავთართან ერთად.

დავით აღმაშენებლის ასულს თამარს, შირვანის დედოფალს, აუშენებია თიღვის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია. იგი მოხსენებულია 1150 - 1152 წლების ტაძრის საქტიტორო წარწერაში.

კახთა მეფის ალაქსანდრეს (მე-15 ს.) დედა ნესტან-დარეჯანი იყო „მაშენებელი ეკლესიათა“. მის მიერ აღდგენილ მრავალ ეკლესიათა შორის, პირველ რიგში, უნდა დავასახელოთ ალავერდის დიდებული კათედრალი, რომელიც მან გუმბათიანად აღადგინა.

ისტორია გვიჩვენებს, რომ ქართველი ქალები განსაკუთრებული დიპლომატიური ნიჭით იყვნენ დაჯილდოებულნი. ჩვენამდე მოაღწია ქალთა მიერ წარმატებით შესრულებული არაერთი მისიის ამბავმა.

მე-11 საუკუნის დასაწყისში, საქართველოში ბიზანტიის მომძლავრებული აგრესიის დროს, მეფე ბაგრატ მეოთხის დედა მარიამ დედოფალი მოსალაპარაკებლად კონსტანტინოპოლს გაემგზავრა, „ძიებად მშვიდობისა და ერთობისა“, ბიზანტიის დედაქალაქში იგი შეხვდა ცნობილ ქართველ მოღვაწეს გიორგი მთაწმინდელს. ბიზანტიის კეისართან სამშვიდობო მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა და საქართველომ სასურველი მშვიდობა მოიპოვა. ბიზანტიიდან მარიამმა თავის ძეს საცოლე ჩამოუყვანა იმპერატორის ძმის ბასილის ასული ელენე და კეისრის ნაბოძები კურაპალატის ტიტულიც აახლა.

ინტერესმოკლებული არ უნდა იყოს იმის გახსენება, რომ ქართველთა მეფის ბაგრატ მეოთხის სილამაზით სახელგანთქმული ასული მარიამი, ბიზანტიის დედოფალი გახდა. იგი იყო მეუღლე ორი იმპერატორისა - მოქაელ VII დუკასი (1071-1078 წწ) და ნიკიფორე ბოტანიატისა (1078 - 1081 წწ.) ეს იყო უნიკალური შემთხვევა მეთერთმეტე საუკუნისათვის, როდესაც ბიზანტიის სამეფო ტახტზე კეისარს უცხოური წარმომავლობის მეფის ასული უმშვენებდა გვერდს. ფართოდ იყო ცნობილი მარიამ დედოფლის კულტურული მოღვაწეობა ბიზანტიაში. მისი მხარდაჭერით სარგებლობდნენ ბიზანტიელი მწერლები და მეცნიერები. მისი შეკვეთით უნდა შექმნილიყო ევსტრატე ნიკეელისა და თეოფილაქტე ოქრიდელის სამეცნიერო ტრაქტატები. პირველმა მათგანმა თავისი პოპულარული ნაშრომი კოსმოგრაფიის შესახებ მიუძღვნა მარიამ დედოფალს. აღსანიშანვია, რომ მარიამის სახე შემოგვინახა ხახულის ჭედური ტრიპტიქის კომპოზიციაში ჩართულმა მინანქარმა, რომელზეც მარიამი თავის მეუღლესთან, მიქაელ დუკასთან ერთად არის გამოსახული. კონსტანტინოპოლის სახელოსნოში დამზადებული ეს შესანიშნავი მინანქარი საქართველოში ალბათ თავად მარიამმა ჩამოიტანა, როდესაც 1072 წელს ჩამოვიდა მომაკვდავ მამასთან, ბაგრატ მეოთხესთან გამოსამშვიდობებლად.

ქალთა დიპლომატიური მოღვაწეობის იშვიათი მაგალითია თამარ მეფის დროს აჯანყებულ ფეოდალებთან ორი დიდგვაროვანი მანდილოსნის - კრავაი ჯაყელისა და ხვაშაქ ცოქალის მისია. მათ წარმატებით გაართვეს თავი დაკისრებულ საქმეს და საქართველოში შინა აშლილობა დაამშვიდეს.

მსოფლიო ისტორიაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს თამარ მეფის პიროვნება. ის რაც მისი მეფობის ჟამს გადახდა თავს საქართველოს და რა წარმატებებსაც მისი მეთაურობით მიაღწია ქვეყანამ, ნებისმიერ ვაჟკაც მბრძანებელსაც გაუჭირდებოდა. დავიწყოთ იმით, რომ მეფეთა-მეფე თამარი თავად შეეგებებოდა ხოლმე საომრად შეკრებილ ქართველთ ლაშქარს, ამოწმებდა მის მზადყოფნას. მემატიანე მოგვითხრობს, თუ როგორ მიაცილებდა იგი ბრძოლის ველზე მიმავალ მეომრებს (იხილნა აბჯრითა კეთილთა და პატიოსანთა და მოუწონა აბჯარი და ცხენ-კეთილობა მათნი“), როგორ ლოცავდა ლაშქარს და გადასცემდა მთავარსარდალს „დროშას სვიანად ხმარებულს გორგასლიანს და დავითიანს“. ძნელია მეფეთა-მეფის თამარის ყველა ძლევამოსილი ლაშქრობის ჩამოთვლა. ასეთივე წარმატებული და ღირსეული იყო მისი საგარეო პოლოტიკა, დიპლომატია, მაგრამ ყველაზე ნიშანდობლივი მაინც მისი საშინაო პოლიტიკა იყო. დავუკვირდეთ და ჩავუფიქრდეთ მემატიანის სტრიქონებს: „მის დროს მონასტერსა დალეწასა ვერვინ იკადრებდა, ქარავანს ვერვინ ძარცვავდა, ამერი და იმერი.“ ,,ქვეყანაში მპარავი, ავისმოქმედი აღარ იყო“... ,,და იყო მდიდრად ესე სამეფო, რომელ აზნაურის ყმანი მათთა სწორად იმოსებოდეს“ (ლაშა გიორგის ისტორიკოსი).

სარწმუნოებისათვის, ერისათვის თავდადების, მამულისა და რწმენის ერთგულების სიმბოლოა ყოველი ქართველისათვის ქეთევან დედოფლის ნათელი სახე. ,,გაუტეხელი სიმტკიცე“ უწოდა დედოფლის თავგანწირვას გერმანელმა მწერალმა ა. გრიფიუსმა.

საქართველოს ისტორიამ ნიჭიერ პოეტ ქალთა სახელებიც შემოგვინახა. მათ შორის არიან: მეფე ბაგრატ მეოთხის მეუღლე ბორენა დედოფალი (XI ს.). მეფეთა-მეფე თამარს მიაკუთვნებენ „იამბიკოს“, შამქორის ომში (1195 წ.) მოპოვებული გამარჯვების აღსანიშნავ პოეტურ ქმნილებას. ცნობილია ერეკლე მეორის თანამედროვე ქალი მანანა. მეფე ერეკლეს ასულები მარიამ, ქეთევან და თეკლე ბატონიშველები პოეტური და მუსიკალური ნიჭით იყვნენ დაჯილდოებულნი. ყველაზე უმცროსი ასული თეკლე ბაგრატიონი აქტიურად იყო ჩართული ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. საქართველოს განთავისუფლებისათვის მებრძოლთა თანაგრძნობისა და დახმარებისათვის იგი თავის ორ ვაჟთან ერთად კალუგაში იყო გადასახლებილი.

საქართველოს ისტორიაში ქალის მნიშვნელიბის დამადასტურებელი კიდევ მრავალი მაგალითის მოყვანა შეიძლება, მაგრამ ზემოაღნიშნული ფაქტები ალბათ საკმარისია იმის წარმოსადგენად, თუ რა წვლილი შეიტანეს ქართველმა ქალებმა ქვეყნის ცხოვრების სხვადასხვა სფეროში და რა დიდ ძალას წარმოადგენდა ქალის ფაქტორი საქართველოს ისტორიაში.

შეიძლება მოვიყვანოთ უამრავი მონაცემი თანამედროვე საქართველოს ცხოვრების სხვადასხვა დარგში ქართველ ქალთა წვლილისა, მათი როლისა ქვეყნის მატერიალურ და სულიერ ცხოვრებაში. აღვნიშნავთ მხოლოდ ჩვენთვის უკეთ ცნობილ შემოქმედებით და სამეცნიერო სფეროებს. ყველას კარგად მოეხსენება საქართველოს სახელოვან მეცნიერ ქალთა სახელები, მხატვარ, მოქანდაკე, ხუროთმოძღვარ ქალთა მიღწევები. განსაკუთრებული აღვნიშვნის ღირსია მსოფლიოს უდიდეს მოჭადრაკე ქალთა სახელები. მათი სწორუპოვარი წარმატებებიც ღრმა ისტორიულ ფესვებზეა აღმოცენებული.

ზემოთ მოყვანილი ისტორიული ექსკურსი ერთ კონკრეტულ, პრაქტიკიულ მიზანს ისახავს, აქცენტი ჩვენს დღევანდელობაზე უნდა გადავიტანოთ. საქართველოს ისტორია ხომ უსასრულო კატაკლიზმების, განსაცდელებისა და გამანადგურებელი თავდასხმების უსასრულო წყებაა. პარადოქსია, მაგრამ დღესაც, ოცდამეერთე საუკუნის მისადგომებთან, საქართველო კვლავ უმძიმესი განსაცდელის - ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაკარგვის წინაშე აღმოჩნდა. ქვეყნისათვის ამ უკიდურესად რთულ ვითარებაში, მშობლიური მიწის ნაწილის მოკვეთის შემზარავი პერსპექტივის წინაშე სწორი სამოქმედო გზის ძიებისას, აუცილებელია ისტორიულ ჭრილში გავიაზროთ ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა მხარე. ჩვენი დღევანდელობის ერთ - ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა ქალთა მდგომარეობა ქვეყანაში.

არ შევცდებით, თუ ვიტყვით, რომ საქართველოს უახლესი ისტორიის ყველა სირთულე უმძიმეს ტვირთად სწორედ ქალის მხრებს დააწვა, რადგან ნებისმიერი პროფესიის ქალი ორმაგი წნეხის ქვეშ აღმოჩნდა, ესენია: საკუთარ პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული პრობლემები და ოჯახის, შვილების მოვლა - პატრონობასთან დაკავშირებული, ხშირად თითქმის გადაულახავი სირთულეები. ამ თვალსაზრისით, თუკი რამეში დღეს შეიძლება დავინახოთ თანასწორუფლებიანობის პრინციპის გატარება - ეს არის უკიდურესი ეკონომიკური დაკნინებისა და გაჭირვების თანასწორუფლებიანობა ქალთა ყველა ფენისათვის, მცირედი გამონაკლისის გარდა. თუკი ამგვარი მდგომარეობა კიდევ დიდხანს გასტანს, ქვეყანა დაკარგავს მოსახლეობის არსებითი და უაღრესად მნიშვნელოვანი ნაწილის - ქალთა ინტელაქტუალური შესაძლებლობებისა და საზოგადოებრივი აქტიურობის გამოყენების შანსს და ამით აუნაზღაურებელი ზარალი მიადგება ქვეყნის მომავალს, მის განვითარებას.

დღეს საქართველოში ქალთა შემოქმედებითი პოტენციალის მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილია გამოყენებული. ამ მდგომარეობის შეცვლის აუცილებელი პირობაა ქვეყნის ეკონომიკის წინსვლა, ქალის მატერიალური მდგომარეიბის განმტკიცება. მთავრობამ, საზოგადოებამ, მეტი გულისხმიერება უნდა გამოიჩინოს ქალის მიმართ, უნდა შეიქმნას მისთვის შრომისა და შემოქმედებისათვის ნორმალური პირობები.

ქართველ ქალს დღითი დღე ახალი პრობლემები ემატება: შვილების განათლებასთან დაკავშირებული სიძნელეები (ფასიან სწავლაზე გადასვლასთან დაკავშირებით), მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა (ისევ ფასიან მკურნალობაზე გადასვლის სირთულეები), ახალგაზრდობის კატასტროფული ემიგრაცია საქართველოდან (სწავლისა და მუშაობის პრობლემის გადასაწყვეტად) და სხვა. ამ საკითხთა მოუგვარებლობა საბედისწერო იქნება ქვეყნის მომავლისათვის.

ჩვენ შემთხვევით როდი შევეხეთ ქალის როლს საქართველოს წარსულში, როდესაც მას ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში შეჰქონდა თავისი ღირსეული წვლილი. იგი საუკუნეთა განმავლობაში იღვწოდა თავისი ქვეყნისათვის, რითაც კი შეეძლო ემსახურებოდა მის მომავალს. ეს უნარი ქართველმა ქალმა დღემდე მოიტანა და მას ამჟამადაც უნდა მისცეს თავისი უკიდეგანო პოტენციის გამოვლენის ელემენტარული საშუალება. ქალი - მუშა, ქალი მეცნიერი, ქალი დიასახლისი, ქალი - შემოქმედი ქვეყნის დასაყრდენია, მისი მომავლის საფუძველია. ქართველმა ქალმა საუკუნეთა მანძილზე შეინარჩუნა თავისი შემოქმედებითი მუხტი. ამიტომ აუცილებელია, ქალის უშრეტი ენერგია, მისი იშვიათი აქტიური ბუნება კვლავაც გამოვიყენოთ ქვეყნის სასიკეთოთ.

3 ქალი და მწიგნობრობა ძველ საქართველოში

▲ზევით დაბრუნება


ნანა ხაზარაძე

ჩვენი დიდი წინაპრები (გრიგოლ ორბელიანი, ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ნიკო ნიკოლაძე, ვაჟა-ფშაველა, იაკობ გოგებაშვილი და არაერთი სხვა თვალსაჩინო მოღვაწე) ისტორიის ქარტეხილებში გამოვლილი საქართველოს გადარჩენის მრავალ ფაქტორთა შორის ქართველი ქალის ფაქტორის ფენომენზე არაერთ უცხოელ ავტორსაც (პიეტრო დელა ვალე, ჟან შარდენი, არქანჯელო ლამბერტი, კასტელი და სხვები) უმსჯელია.

წარმოდგენილი მცირე ნარკვევი ქართველი ქალის წიგნიერებასთან, მწიგნობრობასთან მიმართების რთული და მრავალმხრივ მნიშვნელოვანი პრობლემის ზოგად ხაზებში წარმოჩენის ცდას წარმოადგენს. ჩვენი მიზანია ეს პრობლემა ისტორიულ ჭრილში განვიხილოთ. ვფიქრობთ, სწორედ ამგვარი მიდგომა გვიჩვენებს, რომ ჩვენი ისტორიის თანამედროვე ეტაპზე ქალის მონაწილეობა მეცნიერების სხვადასხვა დარგში სავსებით კანონზომიერი მოვლენაა. იგი, სულ ცოტა, წინამორბედი თხუთმეტსაუკუნოვანი ისტორიითაა განპირობებული. საქმე ისაა, რომ ქართველ ქალს ჩვენმა უმძიმესმა ისტორიამ უძველესი დროიდანვე საზოგადოებრივი განვითარებისათვის არაერთ მნიშვნელოვან ფუნქციასთან ერთად მშობლიური ენის, დამწერლობის, ისტორიოგრაფიის, მშობლიური ლიტერატურის დამცველის, ქართული ხელნაწერების გამომხსნელის, გადამწერისა და შვილებისათვის წერა-კითხვისა და განათლების მომნიჭებლის საკმაოდ რთული როლი დააკისრა. ამ როლს იგი საუკუნეთა მანძილზე პირნათლად ასრულებდა.

ქართველ მოღვაწე ქალებს არაერთი საინტერესო წიგნი, მეცნიერული და მეცნიერულ-პოპულარული ნარკვევი მიუძღვნეს მ. ჯანაშვილმა, ე. თაყაიშვილმა, პ. ინგოროყვამ, ლ. ასათიანმა, კ. კეკელიძემ, ვ. ბერიძემ, ტ. რუხაძემ, ა. ბარამიძემ, ნ. ბერძენიშვილმა, გ. ჯიბლაძემ, თ. ჩიხლაძემ. ამ ბოლო დროს გამოცემული ი. ქაფიაშვილის მონოგრაფია (ძველი მწიგნობარი ქართველი ქალები, თბილისი, 1944 წ), რომელიც პირველწყაროების სისრულითა და სიახლით გამოირჩევა, 70 მწიგნობარი ქართველი ქალის პორტრეტს გვთავაზობს.

სადღეისოდ, არსებული წერილობითი წყაროებისა და ისტორიოგრაფიის საფუძველზე დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ქართველი ქალი საქართველოში ქართული დამწერლობის შემოღებისთანავე დაეუფლა წერა-კითხვას, მწიგნობრობას, საეკლესიო და საერო ლიტეატურას, პოეზიას, თარგმნის ხელოვნებას.

ამ თვალსაზრისით, რასაკვირველია, ნიშანდობლივია, რომ საქართველოს ქალის წიგნიერების შესახებ ყველაზე ადრეულ მოწმობას უკვე ჩვენამდე მოღწეულ პირველსავე ჰაგიოგრაფიულ თხზულება „შუშანიკის წამებაში“ ვხვდებით. იაკობ ცურტაველის თანახმად, როდესაც ქვემო ქართლის პიტიახშის ვარსქენის უზნეო საქციელით აღშფოთებულმა მისმა ქრისტიანმა მეუღლემ შუშანიკმა პროტესტის ნიშნად სასახლე მიატოვა და ტაძარს მიაშურა: „თანა წარიტანნა ევანგელე თვისი და წმინდანი იგი წიგნნი მოწამეთანი“, რომელთაც, სხვა საეკლესიო წიგნებთან ერთად, შემდგომი ექვსი წლის პატიმრობის მანძილზე კითხულობდა („რამეთუ ექვსი წელი ციხესა მას შინა აღასრულა და წესიერებითა საღმრთოთა ყვაოდა მარხვითა, მარადის მღვიძარებითა ზედგომითა, თაყვანისცემითა უწყინოდ და კითხვითა წიგნისაჲთა მოუწყინებლად“ (გვ.235) და უფრო ქვემოთ: „ხოლო წმინდამან შუშანიკ... დიდითა გულმოდგინებითა ხელთა აღიხვნა დავითნი და მცირეთა დღეთა შემდგომად ასერგასისნი იგი ფსალმუნნი დაისწავლნა, რომელთა იგი დღე და ღამე ზესკნელისა მის მეუფისა მიმართ სათნოსა მას გალობასა შესწირვიდა ცრემლით“ (გვ236)

დღეისთვის ძველი ქართველი ქალის განსწავლულობის დამადასტურებელი სხვადასხვა ხასიათის არაერთი მონაცემი არსებობს.

ამ თვალსაზრისით, უპირველეს ყოვლისა, უნდა გავიხსენოთ საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მდებარე დედათა მონასტრებში (იერუსალიმის ჯვრის მონასტერი, საბას ლავრა, სინას მთის დედათა მონასტერი კაპპათა, აგრეთვე, დელტაფი, დურთუფა და სხვაგან) მოღვაწე მწიგნობარი ქალები, რომელთაც დიდი ღვაწლი დასდეს ძველ ქართულ წერილობით ძეგლებს. საგულისხმოა, რომ იერუსალიმის დედათა მონასტერში ერთ-ერთი ასეთი მოღვაწე ქალის ეფროსინეს სახელს უკვე X ს-ის თხზულებაში, გიორგი მერჩულეს „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“ ვხვდებით.

მწიგნობარი ქალების სახელები ძირითადად ძველი ქართული ხელნაწერების ანდერძ-მინაწერებმა შემოგვინახეს. ანდერძ-მინაწერების შესწავლამ ცხადყო, რომ შუა საუკუნეების საქართველოში წერა-კითხვის მცოდნე არაერთი ქალი ცხოვრობდა. ასე, მაგალითად ერთ-ერთი ამგვარი ანდერძ-მინაწერი, რომელიც XII-XIV საუკუნეებით თარიღდება და დელტავის მონასტრის წინამძღვარ ქალს ეკუთვნის, გვამცნობს: ,,მე ცოდვილი და უღირსი ეკატერინე შტროჲსა ასული, ღირს ვქმენ აღწერად წმიდისა ამის“. XVI-ს-ში მცხოვრებმა სხვა ქალბატონებმა XIV-XVIსს-ის „კონდაკს“ (საეკლესიო საგალობელთა წიგნს) ამგვარი წარწერა გაუკეთდა: „ეს ხელნაწერი გადაწერილია თოფურიას ქალის (მიერ)-ო“. (საქართველოს სახელმწ. მუზეუმის ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, თბ., 1954, გვ. 369). „ცოდვილსა“ და ,“უღირსს“ მონაზონს რუთის (ასე უწოდებს იგი თავის თავს) რამდენიმე ხელნაწერი (კურთხევანი, თვენი, ხობის გულანი და სხვა) გადაუწერია (XVIს.); მანია ლიპარტიანს ერთი ხელნაწერი (ცაიშის გულანი) „გულსმოდგინებითა და ხელის წყალობითა დაუმზადებია, სამაგოეროდ, ლოცვანი „უცბად“ გადაუწერია, რისთვისაც ღმერთისათვის შეწყალება უთხოვია კიდეც (ი. ქაფიაშვილი, დასხ. ნაშრ., გვ 77-78) და სხვა. მაგალითების მოყვანა კიდევ შეგვეძლო, მაგრამ ესეც საკმარისია ზემოთ გამოთქმული მოსაზრების დასასაბუთებლად.

ძველ საქართველოში ქალის წიგნიერებაზე სხვა არაერთი მონაცემიც მეტყველებს. ამ თვალსაზრისით ძნელია გადაფასებულ იქნეს სამხრეთ საქართველოში მდებარე ვანის იგივე (ვაჰანის) ქვაბთა ეკლესიის კედლებზე მონაზონ ქალთა ხელით შესრულებული ჩვენამდე მოღწეული 50-მდე წარწერის მნიშვნელობაც. წარწერები XIV -XVI საუკუნეებით თარიღდება. ამ წარწერების პალეოგრაფიული, მხატვრულ-სტილისტური და შინაარსობრივი თვალსაზრისით შესწავლამ ცხადყო, რომ XIV -XV საუკუნეების საქართველოში ქალისათვის გამართული წერა-კითხვა, ქართული საერო მწერლობის შეხვედრების, ხალხური პოეზიის უნიკალური ქმნილებების ზეპირად ცოდნა, საკუთარი პოეტური ნიმუშების შექმნა, ნახატებით წარწერების მორთვა ჩვეულებრივ მოვლენას წარმოადგენდა. განსაკუთრებით საყურადლებო კი ისაა, რომ სწორედ ვანის ქვაბთა მონასტრის ეკლესიის კედლებზეა მკვლევართა მიერ ამოკითხული ,,ვეფხისტყაოსნის“ ორი სტროფი (1300 - 1301) და „როსტომიანის“ ერთი სტროფის ვარიანტები. პირველი XV ს-ით თარიღდება და ვინმე ანა რჩეულიშვილის ხელითაა შესრულებული, მეორე - XVI ს-ს პირველ ნახევარს განეკუთვნება. მისი ავტორი უცნობი მონაზონი ქალი - შაღაბანი სულთანია და ეს მაშინ, როდესაც „ვეფხისტყაოსნისა“ და „როსტომიანის“ თარიღიანი ხელნაწერების ყველაზე ადრეული ნიმუშები XVII საუკუნეს განეკუთვნებიან. არანაკლებ საგულისხმოა ისიც, რომ ამ წარწერების ავტორებად ხშირად ახალგაზრდა ქალები ჩანან. ასე, მაგალითად, პოეტმა მონაზონმა გულქანმა ეკლესიის კედელზე გულისტკივილით აღსავსე ასეთი წარწერა დაუტოვა შთამომავლობას: „...ქმარი მე ჯერ არ მედგა... ჩემსა ულამაზესი სულიერი დედამიწაზედა არა იარებოდა და არცა სხუა გამოსცა არც თუალად, არც ტანად, არც ზნითა, არც გონებითა“. წარწერას გარშემო ნახატები აქვს შემოვლებული (ნ.ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიის საკითხები, ტ.1, გვ. 119).

შემთხვევით არ უნდა იყოს ისიც, რომ უძველესი დროიდან საქართველოს ქალის ზრუნვის ერთ-ერთ მთავარ საგანს მაინდამაინც წიგნი წარმოადგენდა. ქართველი ქალები ტყვეობიდან არა მხოლოდ იხსნიდნენ ქართული მწიგნობრობის მნიშვნელოვან ძეგლებს, არამედ სანიმუშოდ უვლიდნენ კიდეც მათ: პოულობდნენ მაღალკვალიფიციურ გადამწერებს (მათ შორის ქალებსაც), ხელნაწერებისათვის უზრუნველყოფდნენ მაღალი ხარისხის საწერ მასალას, დიდ ყურადღებას აქცევდნენ განახლებული ხელნაწერი წიგნების გარეგნულ სახეს. როგორც წესი, საიმედო თავშესაფარსაც პოულობდნენ წიგნისათვის. ზემოთ უკვე ნახსენები ხელნაწერთა ანდერძ-მინაწერები ამ მხრივ პირველხარისხოვან წყაროს წარმოადგენენ.

ასე, მაგალითად, XVI ს-ის „მარხვანის“ ტექსტებზე XVII-XVIII საუკუნეების ხელით შესრულებულ შემდეგი შინაარსის მინაწერებს ვხვდებით: „ესე პატიოსანი მარხვანი ნამეტნავათ დაშლილი იყო. მე ცოდვით განფრიალებულმან მარიამ გავაკეთებინე, ცოდვათა ჩემთა მოსატევებლად“ (საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, თბ., 1954, გვ. 499)., ან „...ჩნ ციციშვილის ასულმან მარიამ ხელვყავით წიგნისა ამის კეთებად, რომელი უხმარქმნილიყო და შევაკაზმინეთ ჩვენდა წარსამართებლად (იქვე, გვ. 500). XV ს-ზატიკზე 1780 წელს შესრულებული ამგვარი მინაწერია დადასტურებული: „წმინდაო თევდორე, მოგიძღვენი წმინდა წიგნი მხევალთა და მსასოებელთა შენთა მე, ამილახვრის ასულმა და სძალმა მარიამ, ვიპოე ზატიკი ესე ჟამთა ვითარებისაგან დაკარგული და შენი შენდავე შემოგწირე“. ნუსხურით შესრულებულ ერთ-ერთ მინაწერში, რომელიც XVII ს-ით თარიღდება, მისი ავტორი ევედრება ღმერთს: „ამისა შემკაზმავსა (იგულისხმება XII-XIII სს. საეკლესიო კრებული ნ.ხ. დიასამიძისა ასულსა გულქანს ცოდვანი მისნი შეუნდვენ ღმერთმან“, ხოლო ამილახორის ასული გვამცნობს: „დავიხსენი მე ამილახორის ასულმა ქეთეონ ყოფილმან თუთასმა, პატიოსნისა ალისა მთავარმოწამისა საყდრისა პატიოსანი წიგნი უსჯულოთა ხელიდგან და შევსწირე სადედეს ალისა მთავარმოწამისა“.

მარიამ ქართლის დედოფალმა (XVII ს.) ტყვეობიდან რამდენიმე ხელნაწერი დაიხსნა პარხალის მრავალთავი, სვეტიცხოვლის ჟამნი, ს. ჭალის გულანი, ტბეთის ოთხთავი). პარხალის მრავალთავის ანდერძ-მინაწერში მარიამ დედოფალი გვაუწყებს: „ჩვენ, ხელმწიფემა პატრონმა დადიანის ასულმა დედოფალთ-დედოფალმა მარიამ ესე წიგნი ურუმთ ქვეყნიდან გამოვიხსენ და გავაახლე დაშლილი ჩემდა სადიდებლად და ცოდვათა ჩვენთა შესანდობლად“. ირკვევა, რომ ეს ხელნაწერი მარიამის ბრძანებით ტყავის ყდაში ჩაუსვამთ და შესანიშნავი ხარისხის პერგამენტზე გადაუწერიათ, რომლის დასამზადებლად 329 ხბოს ტყავი გამოუყენებიათ. ხელნაწერი კალიგრაფიული ხელოვნების შესანიშნავ ნიმუშს წარმოადგენს. არანაკლებ საინტერესოა ტბეთის სახარების XII-ს-ის ხელნაწერისათვის დროული მარიამისეული მინაწერიც: „პირო ღვთისაო, სახარებაო მომიხსენე დედოფალთ დედოფალი დადიანის ასული მარიამ ამ სოფელს მადღეგრძელე, მეორედ მოსვლას გამომიხსენ, რამეთუ აგარიანთ ხელიდამ გამოგიხსენ წამხდარი და ნაწერწაშლილი და ახლად დავაწერინე“ (იხ. ი. ქაფიაშვილი, დასახ. ნაშრ., გვ. 92)

ჩვენამდე XVI -XVII საუკუნეების არაერთი მწიგნობარ-მეცენატი ქალის სახელმა მოაღწია (პატრონი მზექალი (XVI ს.), თინათინ დედოფალი (XVIს.), ბატონიშვილი ქეთევან (XVIს.), ქეთევან დედოფალი (წამებული), ლელა ჯიბრიაშვილი (XVI-XVII ს ს.), რებელა მონაზონი (XVI-XVII სს.), თამარ დედოფალი, ვახტანგ I გურიელის მეუღლე (XVI ს.) და სხვები, მაგრამ მათ შორის კახეთის მეფის ალექსანდრე I- ის (1476 -1511) მეუღლეს ანა დედოფალს და ზემოთ უკვე ნახსენებ მარიამ დედოფალს, სრულიად განსაკუთრებული ადგილი უკავიათ. ერთმაც და მეორემაც დიდი ღვაწლი დასდო ჩვენი ერის საუნჯის ,,ქართლის ცხოვრების“ უძვირფასესი ნუსხების გადაწერას, რითაც ფაქტობრივად შემდგომი (XVIIIს.) საფუძველი ჩაეყარა საქართველოში ისტორიის როგორც დამოუკიდებელი სამეცნიერო დარგის ჩამოყალიბებას (აღნიშნული ნუსხები დღეს „ანასეულისა“ და „მარიამისეულის“ სახელით არის ცნობილი).

ქართველი ქალის წიგნიერებაზე სადღეისოდ არსებული სხვა მონაცემებიც მეტყველებენ. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენს ქალებისათვის მზითვად გატანებული წიგნების ნუსხები, რომლებიც XVII-XIX საუკუნეებით დარიღდება. საინტერესოა, რომ „მზითვის წიგნებში“ საეკლესიო ხასიათის ლიტერატურასთან ერთად ე.წ. „გარეშეს“ ანუ საერო შინაარსის წიგნებსაც მოიხსენიებენ, რაც ქართველი ქალის არა მხოლოდ განსწავლულობაზე, არამედ მისი ინტერესების მრავალმხრივობაზეც უნდა მიუთითებდეს. ასე, მაგალითად, 1634 წლით დათარიღებული ამგვარი წერილობითი ძეგლის თანახმად, ზემოთ უკვე მოხსენიებული მარიამ დედოფლისათვის მზითევად უბოძებიათ: „ერთი დავითნი, ერთი ჟამნი, ერთი დაუჯდომელი საკითხავი წიგნი, მეორე ყოვლადწმინდის სავედრებელი წიგნი“, ხოლო „გარეშეს წიგნებიდან“: „ერთი როსტომიანი და ერთი ვეფხისტყაოსანი“ (მ. იაშვილი, მასალები საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური ისტორიისათვის, მზითვის წიგნები, თბ., 1974, გვ. 9) 1667 წლით დათარიღებული მზითვის წიგნის მოწმობით, შაჰნავაზ მეფის ასულს მზითვად გაატანეს: „სახარება მოჭედილი და ოქროს მელნით დაწერილი ერთი, ყოვლადწმინდის მიცვალების წიგნი ერთი, წმინდის გიორგის წამების წიგნი ერთი, დაუჯდომელი ერთი, წმინდის მარინეს წიგნი ერთი“ და „გარეშეს წიგნებიდან“: „ვეფხისტყაოსანი წიგნი ერთი, ბაამანიანი წიგნი ერთი, დარეჯანიანი წიგნი ერთი“ (მ. იაშვილი, დასახ. ნაშრ. გვ. 17).

ჩვენთვის საინტერესო საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ინფორმაციის შემცველია ვახტანგ VI-ის ასული ანუკა ბატონიშვილის (1712 წ.), ქსნის ერისთავის ასულის ელენეს (1713), ხვარამზე წულუკიძის (1772-1775), აბაშიძის ქალის ანას (1800) წ.), მანუჩარ თუმანიშვილის ასულის ბარბარეს (1808), მაკრინეს (1814), უცნობი პირის ასულის რუსუდანის (1829 წ.) და სხვათა მზითვის წიგნები, სადაც ასევე არაერთი საეკლესიო და საერო ხელნაწერი თუ უფრო მოგვიანო საუკუნეებში სტამბურად გამოცემული წიგნია მოხსენიებული.

მაგრამ მეფე ერეკლე II-ის ნახევრის, ელისაბედ ბატონიშვილის მზითვის წიგნი (1765 წ.) მაინც განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. ამ დოკუმენტში 15 საეკლესიო („სახარება პატარა, მოჭედილი ვერცხლითა და დაფერილი, სახარება რუსული სტამბისა, სახარება ეტრატზე დაწერილი, მახარებლები დახატული, სამოციქულო სტამბისა, პარაკლიტონი სტამბისა, ნარხვანი სტამბისა, ზატიკი სტამბისა, სადღესასწაულო სტამბისა, ჟამნი კურთხევანიც სტამბისა, დაუჯდომელი ხუცური დახატული, დაბადება სტამბისა, ღვთისმეტყველება წმინდისა იოანე დამასკელისა სტამბისა, წიგნი ექვსთა დღეთა წმინდისა ვასილისა, წმინდისა ნანას ცხოვრება და 9 საერო (,,ქართლის ცხოვრება“ სრული, ქრონოღრაფი, რომელ არს ბერძენთ ცხოვრება, ლექსიკონი სრული, ქილილა და ვეფხისტყაოსანი, მეფის ნაბრძანები წიგნი „სარკე თქმულთა“, ლეილიანი და ზილიხალიანი, ვარდბულბულიანი და შამი ფარვანა, შემოდგომისა და გაზაფხულის გაუბნება, წმინდის სამების ქება) წიგნია დასახელებული. წიგნების ამ ორ ტრადიციულ რუბრიკას (საეკლესიო და გარეშეს) კიდევ 3 (ახალი) მოსდევს: „ანბად ქებაები სხვადასხვა“ (მაჯამა სრული ესე ყოველი ერთ წიგნად შეკრული ისპაანულის მუყაოთ მძიმედ დახატული ოქროს ვარაყითა და ჯავზლილი ოქროს ვარაყითა ირგვლივ); წიგნს გარეშეს ფილოსოფოსნი (ღრამატიკა და რიტორიკა, დილიკტიკა და კატეღორია, პორფირი), და ზღაპრის წიგნები შესაქცევი (სიბრძნე-სიცრუვის წიგნი, ვისრამიანის წიგნი და ჩარდავრიშიანი, მის ხელმწიფის ამბის წიგნი, ყარამანიანი) (მ. იაშვილი, დასახ. ნაშრ., გვ. 78).

ჩვენთვის საინტერესო საკითხთან დაკვშირებით ძალზე მნიშვნელოვან დამატებით ინფორმაციას ვპოულობთ XVIII ს.-ის იტალიელი მისიონერის დონ კრისტოფორო დე კასტელის, საქართველოში მაჟამად კარგან ცნობილ ალბომში მოთავსებულ ნახატებსა და მათთვის დართულ ავტორისეულ განარტებებში, რომელიც მან დასავლეთ საქართველოში (იმერეთი, გურია, სამეგრელო, აფხაზეთი) ყოფნისას, 1628-1654 წლებში შეასრულა (ალბომში 570 ნახატია, აქედან - 150 ქალის პორტრეტული გამოსახულების გადმოცემას ეძღვნება). საგულისხმოა, რომ ამ ალბომში რამდენიმე ქართველი ქალი სწორედ წერისა და ხატვის პროცესშია წარმოდგენილი, გრაგნილების, სქელტანიანი წიგნებისა, წერისა და ხატვისათვის აუცილებელი ატრიბუტების (ფრთიანი კალამი, ფანქრის სათლელი დანა, მოლბერტი, ფუნჯები) თანხლებით. ამ შინაარსისაა კერძოდ გურიელის ასულის დარინიკას, პოეტი ქალის ვომინიჯა ბერიძის, მხატვარი ქალის როდია მიქელაძისა და ქალთა სხვა პორტრეტები. ყურადღებას იმსახურებს ისიც, რომ ვომინიჯა ბერიძის პორტრეტს კასტელი ამგვარ განმარტებას ურთავს: „ჩვენი მწერალი იყო, როდესაც რაიმე მნიშვნელოვანი წერილის მიწერა გვინდოდა მეფესთან, დედოფალთან, აგრეთვე სხვასთანაც“ (გვ. 108). XIX ს.-ის საქართველოს ისტორიას ქართველ განსწავლულ მანდილოსანთა მთელი თანავარსკვლავედი ამშვენებს. მათი უბრალო ჩამოთვლაც კი ალბათ შორს წაგვიყვანდა. იმდროინდელმა ქალმა სავსებით სწორად გააცნობიერა ერის კულტურულ-საგანმანათლებლო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში თავისი როლის უდიდესი მნიშვნელობა. XIX ს.-ის ერთ-ერთი შესანიშნავი მოღვაწე ქალი „განდეგილად“ და „ქართველ ჟორჟ სანდად“ წოდებული, დომინიკა ერისთავი (1864-1924), საქართველოში ქალთა პირველი ორგანიზაციის (,,ქართველ ქალთა საზოგადოების“) დამაარსებელი წერდა კიდეც: „დედაკაცი საფუძველია ბედნიერებისა. იგი ბურჯია ოჯახის, საზოგადოების და ერისა. დედაკაცი ერთადერთი უტყუარი საზომია ერის სულიერი ძლიერებისა. რამდენად მთლიანი თავისუფალი პიროვნებაა დედაკაცი, იმდენად საღი პიროვნებაა... ყოველი დიდი შემოქმედებითი ნიჭი იქ წარმოიშობის, სადაც დედაკაცი მონა კი არ არის, არამედ თავისუფალ ადამიანი... მოსპეთ დედაკაცი, როგორც პიროვნება და მოისპობა თვით მშვენიერება“ (იხ. ნ. ჩიხლაძე, ღვაწლმოსილი ქართველი მანდილოსნები, თბ., 1976, გვ. 12).

იმდროინდელი ქართველები ქალები ნაყოფიერად თანამშრომლობდნენ ი. ჭავჭავაძესთან, ა. წერეთელთან, ი. მაჩაბელთან, ი. გოგებაშვილთან, ვაჟა-ფშაველასთან, ნ. ნიკოლაძესთან, ალ. ხახანაშვილთან და სხვებთან. ისინი მჭიდრო კონტაქტებს ამყარებდნენ ისეთ გამოცემებთან, როგორებიც იყო: „ივერია“, „კვალი“, „დროება“, „თეატრი და ცხოვრება“, „თემი“, „სახალხო გაზეთი“ და ა.შ. XIX ს-ის ქართველი ქალების თაოსნობით დაარსდა საყმაწვილო ჟურნალები (,,ჯეჯილი“, ,,ნაკადული“), სამკითხველოები, თეატრები, დაიბეჭდა მხატვრული, გასართობი და სასკოლო ლიტერატურა.

XIX ს-ის განსწავლულ ქალთა უმრავლესობა მშობლიური ქართული ენის გარდა შესანიშნავად ფლობდა რუსულსა და რამდენიმე ევროპულ ენას, ამ გარემოებამ ქალთა შორის მთარგმნელობითი საქმიანობის ფართოდ გაშლა განაპირობა. ასე, მაგალითად, ცნობილია, რომ დიმიტრი ყიფიანის ქალიშვილმა ელენემ (1855 -1890) ჟურნალ „ჯეჯილის“ რედაქტორ ანასტასია თუმანიშვილთან ერთად ე.წ. ქალთა მცირე წრე დაარსა, რომლის უმთავრეს მიზანს სწორედ ევროპული ენებიდან მხატვრული ლიტერატურის ქართულად თარგმნა წარმოადგენდა. ელენე ყიფიანის მიზანი სავსებით განხორციელდა, როდესაც 1874 წელს მკითხველმა მიიღო კრებული: „თარგმანი საამო საკითხავ თხზულებათა“. იგივე დანიშნულება ჰქონდა იმავე ელენე ყიფიანის მეცადინეობით, უფრო გვიან, 1894 წ. დაფუძნებულ ჟურნალს „ქართული ბიბლიოთეკა“, რომლის უკლებლივ ყველა ავტორი ქალი გახლდათ.

ქართველი ქალები დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ აგრეთვე ქართული ლიტერატურის შეხვედრების რუსულ ენაზე თარგმნის საქმესაც. ამ მხრივ ნაყოფიერი აღმოჩნდა სოფიო ამირეჯიბის (1847 -1906) მოღვაწეობა, რომელმაც ნ. ბარათაშვილის, გრ. ორბელიანის, ი. ჭავჭავაძის, ა. წერეთლის, რ. ერისთავისა და სხვა ქართველ პოეტთა თარგმნების სპეციალური კრებული მიუძღვნა („Сборник стихотворений Грузинских поэтов“), რომელიც, სამწუხაროდ, მხოლოდ მთარგმნელი ქალის გარდაცვალების შემდეგ, 1906 წელს გამოქვეყნდა, თვალსაჩინო ქართველი ისტორიკოსის ალ. ხახანაშვილის დიდი მეცადინეობით.

XIX ს-ის მოღვაწე ქართველი ქალები წლების მანძილზე მხარში ედგნენ წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას, საისტორიო და ეთნოგრაფიულ საზოგადოებებს, ი. ჭავჭავაძის სახელობის ფონდს, წარმართავდნენ ლიტერატურულ სალონებს და ა.შ. ცნობილია თუ რა დიდი ღვაწლი დასდეს აღნიშნულ საზოგადოებებს ცნობილი მრეწველის, დავით სარაჯიშვილის მეუღლემ ეკატერინე სარაჯიშვილმა, მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანმა და სხვა ქართველმა მანდილოსნებმა.

ეკატერინე სარაჯიშვილმა თავისი 5 მილიონად შეფასებული პირადი ქონების უდიდესი ნაწილი სწორედ ამ საზოგადოებებს უანდერძა. ასევე მოიქცა მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანიც, რომელმაც წერა-კითხვის გამავრცელებელ და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებებს თავის სიცოცხლეშივე გადასცა ოჯახის უძვირფასესი რელიქვიები (13 ძვირფასი ნივთი, მათ შორის „თეკლა ბატონიშვილისა და მამის ფერადი ნახატი. სურათები, თეკლა ბატონიშვილის ცხენის აღკაზმულობა, მისივე ვერცხლით მოჭედილი ქირმანშალის სარტყელი, ატენის სიონის ტაძარი, თავისი კარმიდამოთი“ და სხვა).

XIX ს-ის ქალები მხარში ედგნენ ახალგაზრდობას, ყოველ ღონეს ხმარობდნენ, რათა მათ საშუალო და უმაღლესი განათლება მიეღოთ. ქართველი ქალები სოფლად და ქალაქად აარსებდნენ საშუალო სკოლებს. ამ მხრივ მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანის მოღვაწეობა იმდროინდელი ქართველი ქალის ტიპიურ მაგალითს წარმოადგენს. ეს უმშვენიერესი მანდილოსანი წლების მანძილზე თავმჯდომარეობდა ქართველ ქალთა სასწავლებლის მზრუნველთა კომიტეტს, თბილისის ვაჟთა პროგიმნაზიის ხელმოკლე აღსაზრდელთა დამხმარეთა საზოგადოებას, სათავადაზნაურო სკოლის უფასო სასადილოს კომიტეტს, თბილისის მასწავლებელთა და აღმზრდელთა საზოგადოებას. მისივე თაოსნობით 1906 დაარსებულ ქალთა მეორე საფეხურის სასწავლებელს, 1907 წელს ქალთა კერძო პროგიმნაზიის სახელწოდება მიენიჭა. 1906 წელსვე მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანმა სოფ. ატენში თავისი ხარჯებით გახსნა სკოლა და თვითვე იკისრა ყოველ დღესასწაულზე მოსწავლეთათვის ფასიანი საჩუქრების გადაცემა (იხ .ნ. ჯავახიშვილი, მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანი, გაზ. „სამშობლო“ 1982 აგვისტო, №16, გვ.6).

თუ შევაჯამებთ ყოველივე ზემოაღნიშნულს, რომელსაც, რასაკვირველია, განსახილველი პრობლემის წარმოჩენის სისრულის პრეტენზია არ შეიძლება ჰქონდეს, იმ დასკვნამდე მივალთ, რომ საუკუნეთა სიღრმიდან XX საუკუნეში მოსული ქართველი ქალი სავსებით მზად იყო მეცნიერული კვლევა-ძიებისათვის. XX საუკუნემ, რომელიც ჩვენს თვალწინ იწურება, ეს დასკვნა სავსებით დაადასტურა.

ამჟამად საქართველოში არ არსებობოს მეცნიერების არც ერთი მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი დარგი, რომლის განვითარებაშიც ქართველ ქალს თავისი წვლილი არ ჰქონდს შეტანილი. დღეს ახალი ქართული სახელმწიფოს აღმშენებლობის ეპოქაში საქართველოს მეცნიერი მწიგნობარი ქალი კვლავ სწორადაა ორიენტირებული. იგი მთელ საზოგადოებასთან ერთად ეძებს კრიზისიდან გამოსვლის გზებს, ცდილობს გამონახოს მეცნიერული კვლევის ახალი პრიორიტეტები, ახალი მიმართულებები, ყოველ ღონეს ხმარობს, რათა აქტიურად ჩაერთოს საერთაშორისო პროგრამებში, მიიღოს ახალი იმპულსები.

4 ქართული კულტურის ზოგიერთი ორიენტაცია (ძალადობა და გენდერი)

▲ზევით დაბრუნება


ლალი სურმანიძე

ერთი საგნის მიმართ კრიტიკული აზროვნების
აკრძალვით განსჯის უნარი სხვა
სფეროებშიც სუსტდება და ამას საბოლოოდ
გონივრულობის შემცირებამდე მივყავართ.
ერიჰ ფრომი

შესავალი

საზოგადოების ცხოვრებაში ყველა მოვლენა ურთიერთდაკავშირებულია. ერთ სფეროში არსებული პრობლემა მოითხოვს მისი კავშირისა და მიმართებების ანალიზს საზოგადოების სხვა სფეროებთან, რადგან ის, როგორც წესი, ცარიელ ადგილზე და შემთხვევით არ ჩნდება - მას საყრდენი და საფუძველი ყოველთვის ეძებნება საზოგადოების ცხოვრების საბაზისო სისტემებში. სწორედ ამ პოზიციიდან გვინდა შევხედოთ გენდერული ძალადობის პრობლემას საქართველოში რადგან ვფიქრობთ, რომ მას არც თუ ცუდად უჭერს მხარს ჩვენივე ცხოვრების წესი, აღზდის სისტემა, პიროვნულობის გაგება და ის მოთხოვნები, რომლებსაც საზოგადოება, ჩვენი ჩვენი ტრადიციული მსოფლმხედველობა უყენებს ადამიანს.

ყოველდღიურ ცნობიერებას, რომლის შინაარსია ღირებულებები, შეფასებითი სისტემები, სტერეოტიპები, წარმოდგენები, ცრურწმენები თუ სხვა მსგავსი, მეცნიერულისაგან განსხვავებელი სპეციფიკური თავისებურება გააჩნია. ეს იმაში მდგომარეობს, რომ ყველა ეს წარმონაქმნი ადამიანს თუ ადამიანთა ჯგუფს ეძლევა მთლიანი სახით, სადაც მოვლენა და დამოკიდებულება მის მიმართ ერთმანეთისგან განუყოფელია. ამის გამო ჩვენი წარმოდგენები მოვლენებზე ძალზე შორსაა ობიექტური, მიუკერძოებელი თვალით დანახული სინამდვილისგან - ჩვენ ვრჩებით გარკვეული კლიშეების ტყვეობაში ზოგჯერ მოვლენათა შესახებ ინფორმაციის უკმარისობის, ზოგჯერ აზროვნებითი ინერციის, ზოგჯერ სულაც მოვლენის არაპრობლემატურობის (მაგალითად, ჩვენში რასიზმის არსებობოს შემთხვევაში), ზოგჯერ ჩვენივე მენტალური ხედვის კუთხის გაუაზრებლობისა თუ სხვა მსგავს მიზეზთა გამო. და ეს ვითარება გრძელდება მანამ, სანამ ცხოვრებისეული პრაქტიკა, ჩვენივე ყოველდღიურობა არ დაგვაყენებს იმ აუცილებლობის წინაშე, რომ წინანდებურად ცხოვრების გაგრძელება ნიშნავს სრულ უცვლელობას და, საბოლოოდ, უმოძრაობას.

საქართველოში ხშირად ჩვენს ქართველობას, ჩენი ტრადიციულობის სიკეთეს აფასებენ, როგორც a priori დადებით მოცემულობას; მაგრამ, სამწუხაროდ, ნაკლებად შეინიშნება იმის მოთხოვნილება, გასაგებად და ნათლად ჩამოაყალიბონ ეს ,,ტრადიციულობის სიკეთენი“ - ვიმეორებთ, ეს a priori მოცემულობად იგულისხმება. არადა, აშკარად ვეჯახებით იმ რელობას, რომ ჩვენი ,,ქართული“ წარმოდგენები ხშირად საკმაოდ არაადექვატურია შეცვლილ გარე სინამდვილესთან მიმართებაში.

მსგავს ვითარებასთან გვაქვს საქმე გენდერის პრობლემასთან დაკავშირებითაც. მავანნი მიიჩნევენ, რომ საქართველოში ქალის პრობლემა სულაც არ არსებობს, ასე ვთაქვათ, ,,გარედანაა შემოგდებული“ და ამდენად იქცა იგი პრობლემად; შესაბამისად, საქართველოში არ დგას გენდერული ძალადობის პრობლემაც - ამ სფეროში თუ რაიმე ხდება. ისეთი არაფერი, სათქმელად ღირდეს - ესეც „გარედანაა შეკვეთილი“ და დროის დაკარგვადაც არ ღირს - „ქალი და კაცი სად არ ჩხუბობენ?!

ამ და მსგავს მოსაზრებებთან დაკავშირებით გვსურს აღვნიშნოთ:

მსოფლიოში არ არსებობს საზოგადოება, სადაც არ არის ნარკომანია და პროსტიტუცია, დევიანტური ქცევა და საპყრობილე - ციხეები, უმცირესობების მიმართ დისკრიმინაცია (რაღაც ფორმით მაინც); ეთნიკური, კონფესიური, რასობრივი, სექსუალური თუ სხვ. მსოფლიოში ასევე არ არსებობს საზოგადოება, სადაც არ ვლინდება გენდერული ძალადობის ფაქტები. ჩვენ ,ქართველები, გამონაკლისი ვართ?!

ცხადია, ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი ყველგან ერთნაირი სიძლიერითაა და ერთნაირი ფორმით როდი ვლინდება - ამ გამოვლენას ყოველთვის ატყვია ,,მშობელი“ კულტურის (თუ საზოგადოების) სპეციფიკის დაღი. საქმე ის კი არაა, მაღალფარდოვნად ვიყვიროთ, ეს საყოვრლთაო პრობლემა ჩვენ არ გვეხება რადგან სხვაზე უკეთესები ვართო, არამედ, ის, რომ სერიოზულად დავფიქრდრთ იმაზე, ასეთ ,,უნივერსალებს“ რა კვებავს ჩვენში, რა უწყობს ხელს მისკენ ორიენტაციას ინდივიდშიც და საზოგადოებაშიც, ვიზრუნოთ იმაზე მაინც, რომ ჩვენივე მსოფლმხედველობით, გააზრებული პოზიციით წინააღმდეგობა გავუწიოთ ძალადობის ყოველგვარ გამოვლინებას ჩვენს ირგვლივ, და მათ შორის, გენდერული ძალადობის გამოვლინებასაც და ვფიქრობ მის ჩუმ, ფარულ მხარდაჭერასაც.

არსებობს გენდერული ძალადობის 3 ყველაზე ტიპიური ფორმა: ფიზიკური, სექსუალური და მორალური (ფსიქოლოგიური). როგორც ჩანს, ისინი, ვინც ამ პრობლემას საქართველოში მაინცდაიმაინც აქტიურად არ მიიჩნევენ, მასში, უპირველეს ყოვლისა და ძირითადად ფიზიკურ და სექსუალურ ძალადობას იაზრებენ (ან გულისხმობენ); მორალური (ფსიქოლოგიური) ძალადობა მაინცა და მაინც აქტიურად არ მიიჩნევა, რადგან ფიზიკურად შესაგრძნობი არაა - „ხომ არ გცემენ?!“

საქართველო უძველესი კულტურის ქვეყანაა, დატვირთული ტრადიციებითა და ქარტეხილებში გამომუშავებული ათასნაირი კომპენსატორული და ადაპტაციური მაქანიზმებით. ადამიანური თანაცხოვრება კონკრეტულ ისტორიულ ვითარებებში აუცილებლობით მოითხოვა ცხოვრების წესში გარკვეული მომენტების აქტუალიზებას, წინა პლანზე წამოწევას, ღირებულების გაძლიერებას. ერთ-ერთი ასეთი მომენტი იყო დედის კულტის ჩამოყალიბება, რამაც თავის დროზე საქართველოს, როგორც ეთნიკურ ავტონომიურ მოვლენას, უზარმაზარი სასმახური გაუწია და ოჯახის დედაქალის მხრებზეც გადმოატარა ჩვენი ისტორიის ძალზე მნიშვნელოვანი პერიპეტიები. ამის გამო ხშირდ საქართველოში მენტალურად „ქალი“ და „დედა“ გაიგივებულია. სწორედ დედაქალის ღირებულება უქმნიდა ქალობას შარავანდედს, და შესაბამისად, არსებითად უფუნქციოდ განიხილებოდა (დღესაც ჩემი კოლეგები კვლევით ადასტურებენ, რომ არასრულფასოვნების განცდის ყველაზე მეტი წილი მოდის რეპროდუქციის უნარდაკარგულ ქალებზე). ცხადია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მიმართება ქალისადმი ზოგადად პატივისცემას არ გულისხმობს, მაგრამ ეს პატივისცემა ტრადიციული საზოგადოებებისთვის მხოლოდ ტიპიური სისტემის ფარგლებშია და ემყარება სტატუსურ-ნათესაობით სისტემას: უფროს-უმცროსობა, გვარისადმი, სოციალური ფენისადმი კუთვნილება და ა.შ. საქართველოში ეს სისტემა ისევე ფუნქციობდა, როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, მათ, შორის, შუა საუკუნეების დროინდელ ქრისტიანულ ევროპაში, რომელსაც საქართველო, არსებითად, უნივერსალური კანონზომიერების თვალსაზრისით, ძალზე ენათესავება.

გენდერულ ძალადობას საქართველოში თავისი ფორმა აქვს. დაკანონებული ასიმეტრია ოპოზიციაში „ქალი-კაცი“, რაც ჩვეულებრივი მოვლენაა მასკულინურ-პატრიარქალურ საზოგადოებაში, საქართველოში მენტალურად გამაგრებულია - იგი მასკულინური ქვეყანაა სხვა ბევრი ქვეყნის მსგავსად. სოციალურად ქალის (დედაქალის) მაღალი ღირებულების გამო კულტურა თავისთავად ერთმნიშვნელოვნად არ აღიარებს მის მიმართ ფიზიკური ძალადობის დასაშვებობას, რაც გამოვლინდა კიდეც ფსიქოლოგ მ. კუჭუხიძის ძალადობასთან დაკავშირებულ კვლევაში: გამოკითხულთა 84%-ს ქალის ცემა დაუშვებლად მიაჩნია. ანალოგიური შედეგია უფროსკლასელთა გამოკითხვითაც: ცოლის ცემა დაუშვებლად მიიჩნია გამოკითხულთა 89%-მა. და ეს მონაცემი რეალობას ასახავს: ნორმატიული წარმოდგენები საქართველოში ფიზიკურ ძალადობას ქალის მიმართ არ უშვებს. ამიტომაც საქართველოში ხშირია ამგვარი შემთხვევების დამალვის ფაქტები - ეს ერთნაირად უხერხული და შეურაცხმყოფელია ქალისთვისაც, მამაკაცისთვისაც და ოჯახისთვისაც.

ოპოზიციაში ,,ქალი-კაცი“ არსებული ასიმეტრიულობა და იერარქიულობა ავტომატურად უშვებს აგრესიის განმუხტვის ობიექტად იერარქიულად დაბლა მდგომის ,,განტევების ვაცად“ ქცევას. ამდენად, ნორმატიული წარმოდგენა, ცხადია, ბოლომდე ვერ არეგულირებს კონკრეტულ ქმედებებში ფიზიკური ძალადობის განხორციელების შესაძლებლობას - ეს ხომ გენდერული ასიმეტრიით უკვე სანქცირებულია.

მაგრამ, საფიქრალია, რომ გენდერული ძალადობა ფსიქოლოგიურ პლანში თავისთავადაა კულტურულად სანქცირებული. აქ მხედველობაში გვაქვს ძალადობა არა მხოლოდ ქალების, არამედ მამაკაცების მიმართაც. კულტურა თავისი შინაგანი ორგანიზაციით, ფასეულობებით, ცხოვრების წესით ბიძგს აძლევს და კვებავს გარკვეულ მოვლენებს ისე, რომ შედეგები, ასე ვთქვათ, გასაჩივრებას არ ექვემდებარება - „ასეა და რა უნდა ქნა?“

ამასთან დაკავსირებით მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ზოგიერთი საკითხის წინ წამოწევა, რომელიც ცნობიერების კულტურით განსაზღვრულობა ეხება.

კულტურა და პიროვნება

გამოკვლევებით დადასტურდა, რომ ადამიანი სხვადასხვა კულტურულ გარემოში სტანდარტად, ნიმუშად მიიჩნევს სხვადასხვაგვარ „მე“-ს, რომელიც მისთვის დამახასიათებელ, სპეციფიკურ ქცევას წარმოშობს.

კულტურებს თავიანთი ფუნქციონირების სისტემა აქვთ. სოციალურ - ფსიქოლოგიურ პლანში იგი აისახება პიროვნებისა და სოციალური ჯგუფების ურთიერთმიმართებაში. ეს ურთიერთმიმართება სრულიად განსხვავებულია ინდივიდუალისტურ და კოლექტივისტურ კულტურებში და ვლინდება 2 მნიშვნელოვან მახასიათებელში - პიროვნების ტიპში და სოციალური ჯგუფის ზეგავლენაში პიროვნებაზე.

მეცნიერებმა კვლევის შედეგად დაადგინეს ორი კულტურულ-ფსიქოლოგიურად განსხვავებული პიროვნული ტიპის არსებობა და აღწერეს ტერმინებით - ე.წ. დამოუკიდებელი თვითობა (Self) და ურთიერთდამოკოდებული თვითობა (Self). ქართულში ადეკვატური ტერმინის ჯერ კიდევ დაუდგენლობის გამო შემდომში მათ ექვივალენტად ჩვენ გამოვიყენებთ ტერმინებს ,,დამოუკიდებელი მე“ (ინდივიდუალისტური ტიპი) და ,,ურთიერთდამოკიდებული მე“ (კოლექტივისტური ტიპი).

„მე“-ები (Self-ები) ერთმანეთისგან განსხვავდებიან 3 კომპონენტით: ინდივიდუალურით, კოლექტიურითა და საზოგადოებრივით. ინდივიდუალურით, კოლექტიურითა და საზოგადოებრივით. ინდივიდუალური მოიცავს ცოდნას საკუთარი თვისებების, მდგომარეობისა და ქცევების შესახებ („მე“ სუბიექტური ვარ, პატიოსანი ვარ, ჯიუტი ვარ); კოლექტიური არის რომელიმე კოლექტივის ცოდნა, აღიარებული შეხედულება „მე“-ს შესახებ (ოჯახი, თანამშრომლები, ტომი „ჩემი ოჯახი ფიქრობს, რომ მე“ და ა.შ.); საზოგადოებრივი „მე“ კი არის საზოგადოებრივი აზრის ცოდნა „მე“-ს შესახებ („ხალხი ფიქრობს, რომ მე სუბიექტური ვარ“). ინდივიდუალური „მე“, ამგვარად, „მე“-ს შეფასებაა თავისივე თავის მიერ; საზოგადოებრივი „მე“ შეესაბამება საზოგადიებრივი ერთიანობის მიერ „მე“-ს შეფასებას; კოლექტიური კი შეესაბამება „მე“-ს შეფასებას სპეციფიკური რეფერენტული ჯგუფების მიერ.

„მე“ (Self) განისაზღვრება, როგორც სუბიექტური კულტურის ელემენტი, რომელსაც იზიარებენ ამ კულტურის წევრები.

გაბატონებულ „მე“-ს უდიდესი მნიშვნელობა აქვს გარემოს შექმნაში. „მე“ ბატონდება სოციალიზაციის პროცესში აღზრდის კულტურულ მოდელებზე დაყრდნობით, და თავის მხრივ, აისახება სოციალურ ქცევაში. მეცნიერთა აზრით, „მე“ კულტურულად იცვლება და სხვადასხვა კულტურაში სხვადასხვაა; „მე“-ს სტრუქტურა წამყვანია და წარმართავს ქცევას იმით, რომ როგორც აქტიური აგენტი, იღებს ნიმუშებს, ინფორმატულ ღირებულებებს და ქმნის ქცევას. რაც უფრო მეტი მზა მოდელია, მით უფრო იოლია ქცევის დაქვემდებარება - დეტერმინირება; ერთნაირი დამოკიდებულებები ასევე წარმოშობს ერთნაირ ქცევებს.

საკუთარი ძალების იმედად მყოფი, თავის პატივისმცემელი და თავდაჯერებული ადამიანები უფრო ხშირად დამოუკიდებელ, ჯგუფის ნორმატულისგან განსხვავებულ, თავისებურ ქცევებს მიმართავენ. მაღალი სოციალური სტანდარტის (შელფ-მონიტორის) მიმდევარი ადამიანები სხვანაირი გრძნობების, მიმართებების მქონე და ქცევების განმხორციელებლები არიან, ვიდრე სტერეოტიპული ნიმუშების მიმდევრები. განსხვავებული ქცევითი ნიმუშები თავს ავლენს სოციალური მოტივაციის ყველა ასპექტში.

ინდივიდუალისტური კულტურისთვის დამახასიათებელი პიროვნებისგან განსხვავებით, რომელიც განიცდება დამოუკიდებელ, ავტონომიურ რეალობად მისი გარემომცველი სოციალური ჯგუფებისგან (ე.წ. „დამოუკიდებელი მე“) კოლექტივისტური პიროვნული ტიპი ხასიათდება თავისი ავტონომიურობის ძალზე დაბალი ხარისხით. ეს გამოიხატება იმაში, რომ პიროვნების დამოუკიდებელ ბირთვში, თავისთავადობის მთლიანობაში შეჭრილი ყველა რეფერენტული ჯგუფი, ბუნებრივია, თავისი ღირებულებებითა თუ წარმოდგენებით, საბოლოო ჯამში, მსოფლაღქმით. შედეგად მისი დამოუკიდებლობა პრაქტიკულად ძალზე შეზღუდულია, ხოლო ავტონომიურობა, შეიძლება ითქვას, ილუზორული.

სოციალური ჯგუფი ყველა კულტურაში ახდენს გავლენას პიროვნებაზე და მას პიროვნება ანგარიშს უწევს, მაგრამ ,,დამოუკიდებელ თვითობა“-ს (Self) და ,,ურთიერთდამოკიდებულ თვითობა“-ს (Self) შორის განსხვავება თავს აშკარად ავლენს იმაში, თუ რა ხარისხით იღებს იგი ამ ზეგავლენას, რამდენად მიზანშეწონილად მიიჩნევს საკუთარივე ჯანსაღი ფუნქციონირებისთვის ,,მნიშვნელოვან სხვათა“ ჩართულობას თავის ცხოვრებაში.

პიროვნების ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ფუნქცია ეკისრებათ რეფერენტულ ჯგუფებს. ასეთი ჯგუფები, ჩვეულებრივ, ნორმატულ და შეფასებით ფუნქციას ასრულებენ ინდივიდისთვის: ერთის მხრივ, ისინი ადგენენ ნორმატიული ქცევების ტიპს, მეორეს მხრივ, განსაზღვრავენ ქცევათა შფასების სისტემას და მათთან ერთად, მოლოდინებს, წარმოდგენებს, განწყობებს და სხვა. რეფერენტული ანუ წარმომადგენლობითი ჯგუფი პიროვნებისთვის ისეთ ადამიანთა სოციალური ერთობაა, რომელსაც იგი მიაკუთვნებს თავის თავს; ჯგუფები, ერთის მხრივ, ინდივიდის წარმომადგენლად გვევლინებიან, მეორე მხრივ, თვით ინდივიდიც, როგორც მათი ნაწილი, წარმოადგენს მათ. შიდა, რეფერენტული ჯგუფები არსებობს ყველა საზოგადოებაში.

ე.წ. მცირე სოციალურ ჯგუფებს, რომლებიც ძირითადად ოჯახის, ახლობელ-მეგობრების, კოლეგების, ნათესავების და სხვათა სახითაა წარმოდგენილი, ინდივიდუალისტურ და კოლექტივისტურ კულტურებში ინდივიდისთვის დატვირთვაც და ღირებულებაც სხვადასხვა აქვთ; განსხვავებულია კულტურების მიხედვით მისი მიმართებაც ამ ჯგუფთა წევრობის, მათი შეცვლისა და გარე ჯგუფებთან დამოკიდებულებისადმიც.

ინდივიდუალისტური კულტურებისგან განსხვავებით, სადაც ინდივიდი საკუთარი ნებით ირჩევს რომელიმე შიდა ჯგუფის წევრობას, სადაც მას ერთდროულად ბევრი შიდა ჯგუფის წევრობა შეუძლია, სადაც ის თავს უფლებას აძლევს, შიდა ჯგუფისადმი ერთგულება და ლოიალურობა მხოლოდ თავისი პირადი შეხედულებისამებრ არეგულიროს, სადაც მისთვის საზოგადოებრივი ,,მე“ ანუ დიდი სოციალური ერთობლიობის წარმომადგენლობა (მაგალითად, მსოფლიოს მოქალაქეობა) შეიძლება იყოს უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე მისი ოჯახური თუ გვაროვნული მიკუთვნებულობა, კოლექტივისტურ კულტურებში შიდა რეფერენტული ჯგუფების გავლენა გადამწყვეტია ინდივიდისთვის და წარმოადგენს კოლექტივისტური პიროვნების ცნობიერების შემქმნელ ბირთვს - იგი მისთვის სოციალურ-ნიშნური სისტემაა, რომელთან შესაბამისობაშიც მოჰყავს მთელი პირადი, შიდა ფსიქიკური ცხოვრება.

რეფერენტული ჯგუფები ინდივიდებისგან მოითხოვენ ჯგუფის ნორმებთან, განსაზღვრულ როლებთან და ღირებულებებთან შეგუებას. და როცა ინდივიდი ჯგუფის ნორმებს არღვევს, ჯგუფის წევრები იღებენ მტკივნეულ გადაწყვეტილებებს და ასეთ წევრებს რიცხავენ რეფერენტული ჯგუფიდან, რაც ემოციურად ძალზე მძიმედ განიცდება. სტაბილური შიდა ჯგუფი (ოჯახი, ნათესავები და ა.შ). უფლებამოსილია მოითხოვოს ინდივიდის პასუხი ქცევაზე, დააჯილდოვოს და გაკიცხის იგი, რაც ხშირ შემთხვევაში არასტაბილური ჯგუფისთვის დამახასიათებელი არ არის.1

შიდა ჯგუფის ზომაც კულტურის ფორმაზეა დამოკიდებული. კოლექტივისტურ კულტურებში ასეთი ჯგუფები უფრო მრავალრიცხოვანია (ოჯახი), ხოლო ინდივიდუალისტურში - უფრო მრავალრიცხოვანი („ხალხი, რომელიც იაზრებს და ეთანხმება ჩემთვის მნიშვნელოვან განწყობებს“). რაც უფრო მცირეა შიდა ჯგუფი (ოჯახი), მით უფრო მკაფიო ნორმები, ღირებულებები და სანქციები არსებობს, ნორმიდან გადახრაც უფრო შესამჩნევია და დასჯაც შესაძლებელი. ამდენად, შეკავშირების, ერთიანობის ხარისხიც ძალზე მაღალია, რაც „კოლექტიური მე“-ს გაბატონების გარანტს წარმოადგენს.

შიდა ჯგუფი, როცა ის მყარი და შეუღწევადია (ანუ ჩაკეტილია და მობილობს გართულებული), უდიდეს გავლენას ახდენს და განსაზღვრავს კიდეც სოციალურ ქცევას. კოლექტივისტურ კულტურაში სტანდარტული ქცევა შეესაბამება და ეყრდნობა ცოდნას იმის შესახებ, რომ აუცილებლად უნდა იმოქმედო შიდა ჯგუფის წარმატებისთვის და სიცოცხლისუნარიანობისთვის, განსხვავებით ინდივიდუალისტური კულტურისგან, სადაც ურთიერთქმედების საფუძველი პერსონალურობა და პირადი ურთიერთობაა.

სოციალური ქცევა კოლექტივისტურ კულტურაში, განსხვავებით ინდივიდუალისტური კულტურისგან, შიდა ჯგუფებში არსებული ნორმების ფუნქცია

აქედან მოდის შიდა ჯგუფის ფუნქციონირების თავისებურებები კოლექტივისტურ კულტურაში, მაგალითად, კოლექტივისტურ კულტურაში იგი უფრო ჰარმონიულია, ვიდრე ინდივიდუალისტურში. ეს ჰარმონიულობა ვლინდება შემდეგში:

1. პოზიტიური ურთიერთშეთანხმების ტენდენცია შიდა ჯგუფის წევრების ორიენტაციაში

2. კონფლიქტური სიტუაციების შესუსტებაზე ზრუნვა და ამიტომ მათი მინიმალური სიმცირე

3. საზოგადოების მხარდაჭერის განსაკუთრებული მნიშვნელობა

4. შიდა ჯგუფის წარმატებების განსაკუთრებით მაღალი ღირებულება.

შიდა ჯგუფური ურთიერთობების ჰარმონიულობასთან თანაარსებობასთან თანაარსებობს გართულებული ურთიერთობები გარე ჯგუფებთან. რაც უფრო კოლექტივისტურია კულტურა, მით უფრო დიდია განსხვავება შიდა და გარე ჯგუფების ურთიერთდამოკიდებულებასა და ურთიერთქმედებაში: შიდა და გარე ჯგუფების გამიჯვნა კოლექტივისტურ კულტურაში უფრო მკაცრია, ვიდრე ინდივიდუალისტურში. შიდა ჯგუფებს შორის ურთიერთდამოკიდებულება ჰარმონიული და შედარებით უკონფლიქტოა, ხოლო გარე ჯგუფებთან (შესაბამისად, გარე ჯგუფის წევრებთანაც) დამიკიდებულება კი - გაცილებით უფრო მანიპულატორული და ექსპლოატატორული. შიდა ჯგუფშიც შეიძლება იყოს ბევრი დარღვევა, ამოვარდნა (მაგალითად, რთული ურთიერთობა დედამთილთან კოლექტივისტურ კულტურებში საკმაოდ გავრცელებულია), მაგრამ მთლიანობაში აქ ურთიერთობები ნაკლებად კონფლიქტურია, ვიდრე ინდივიდუალისტურ კულტურაში. საურთიერთობო როლებიც შიდა ჯგუფის წევრებს შირის უფრო მშობლიური, მოწესრიგებული და ინტიმურია, ხოლო ურთიერთობები - უფრო ხანგრძლივი და მდგრადი.

თანამშრომლობაზე ორიენტაციაც კოლექტივისტურ კულტურებში უფრო გამოკვეთილია, მაგრამ არის ერთი მნიშვნელოვანი შტრიხი: ინდივიდუალისტურ კულტურებში თანამშრომლობა ორიენტირებულია საქმეზე, მაშინ, როცა კოლექტივისტურ კულტურებში იგი ორიენტირებულია ურთიერთობებზე. სწორედ ამიტომ, აქ თანამშრომლობაზე მიდიან მაშინაც, როცა იგი წამგებიანია.

ამრიგად, კოლექტივისტები კონცენტრირებულნი არიან შიდა ჯგუფის წევრების ქმედების შედეგეზე, აქვთ ამ რესურსების ჯგუფის წევრებთან განაწილების ტენდენცია. თავს გრძნობენ მათზე დამოკიდებულად და ჩართულნი არიან მათ ცხოვრებაში. ისინი ორიენტირებული არიან შიდაჯგუფურ ინტეგრაცაიაზე და დეორიენტირებული - შიდაჯგუფისგან დამოუკიდებლად ყოფნაზე. კოლექტივისტს შეგნებული (გაცნობიერებული აქვს, რომ შიდა ჯგუფის ნორმები უნივერსალური ღირებულებებია (ეთნოცენტრიზმის ერთ-ერთი ფორმა). იგი ავტომატურად ექვემდებარება შიდაჯგუფის ავტორიტეტებს, ხოლო კონკრეტულ ვითარებებში განწყობილი იბრძოლოს და მოკვდეს შიდა ჯგუფის განმთლიანებისთვის; და წინააღმდეგია ჰქონდეს რაიმე საერთო გარე ჯგუფებთან.

შიდა ჯგუფი ძლიერია მაშინ, როცა აქვს იმ ინდივიდთა დაჯილდოების რესურსები, რომლებიც იცავენ და ეგუებიან ჯგუფის ყველა მოთხევნას, და გააჩნია სანქციები ნონკონფორმისტების დასასჯელად; რესურსების უკიდურესი სიმწირის, სიღატაკის ზღვარზე ოჯახის ბაზისური სტრუქტურები და ნორმები არარელევანტური ხდება და არარეგულარული ქცევებით ხასიათდება.

„კოლექტიური მე“-ს ბატონობას განაპირობებს იმ ჯგუფთა სიმცირეც, რომელთა წევრადაც მიიჩნევს ინდივიდი თავს, რადგან ძლიერდება ინდივიდის მიჯაჭულობა ამ ჯგუფებზე - მისთვის ღირებულია თითოეული წევრი, შესაბამისად, გაცილებით უფრო ძლიერია მისი „კოლექტიური მე“.

კოლექტივისტური პიროვნებისთვის ჯგუფის შეჭრილობა მის ცნობიერებაში ტოტალურია. იგი განსაზღვრავს არა მხოლოდ ფასეულობათა სისტემას, არამედ ისეთი შედარებით აბსტარქტული და უნივერსალური სისტემების ფუნქციონირებასაც კი, როგორიც ფსიქიკური პროცესებია - კოლექტივისტური პიროვნებისთვის ყველა ინტერნალური (საკუთარი), ინტიმური წარმონაქმნი ცნობიერებაში ექვემდებარება კულტურული კონტექსტის მოთხოვნებს. იგი ვერ (ან არ) განიცდის თავის თავს ავტონომიურ, უნიკალურ რეალობად, მისი არსებობა არის მხოლოდ ჯგუფთან ერთად და ჯგუფში არსებობა - მის გარეშე იგი თავის თავს ვერ ხედავს, მუდმივად სოციალურ ერთიანობაშია და ძირითადში მისით განისაზღვრება. ,,სხვები იმ გარემოცვისა და სიტუაციის, კონტექსის ინტეგრალური ნაწილი ხდებიან, რომლებთანაც ადამიანი ურთიერთობს, ერგება და ასიმილირდება; სახლისგან, ოჯახისგან, მეგობრებისა და კოლეგებისაგან მოწყვეტილი იგი კარგავს თავისი მეობის განმსაზღვრელ სოცილაურ კავშირებს, ამიტომ ადამიანში განსაკუთრებით ღირებულია სემანტიკური კავშირები: „ისე უნდა მოვიქცე, როგორც ჩემგან ჩემი ოჯახი და მეგობრები ელიან“, ,,ვალდებული ვარ, ჩემს ჯგუფს ზვარაკად შევეწირო“, „მე ჰარმონიაში უნდა ვიყო ჩემს ჯგუფთან მაშინაც კი, როცა ეს ძალზე ძნელია“. ინდივიდი თავის თავს კოლექტივისტურ კულტურაში ნაკლებად მნიშვნელოვნად მიიჩნევს, ვიდრე ინდივიდუალისტურ გარემოში და შესაბამისი დევიზიც აქვს: „არც ერთი ჩვენგანი კუნძული არ არის“.

ასე რეალიზდება ადამიანის ფსიქიკის ერთ-ერთი ფუნდამენტური ტენდენცია - სხვებთან ერთად ყოფნა. ამ ტიპის ადამიანისთვის არაცნობიერად წარმმართველი სწორედ ეს მიზანია. ადამიანის შინაგანი სამყარო ინტერნალური ატრიბუტების - უნარების, აზრების, შეფასებების და პიროვნული ნიშნების ერთობლიობაა. კოლექტივისტის შემთხვევაში ეს ინტერნალური ანუ შინაგანი ატრიბუტები სიტუაციურად სპეციფიკურად გაიზრდება; ისინი ღირებულია არა თავისთავად, როგორც პიროვნული მახასიათებელი, არამედ რაიმე სოციალურ კონტექსტში, რომლის არსებითი მიზანია ურთიერთობა: ამ მიზნის მიღწევა დამოკიდბულია კონტექსტის ბუნებაზეც, ნაწილობრივ კი, ამ კონტექსტში სხვების ყოფნაზეც - ისინი მასში აქტიურად და განუწყვეტლივ მონაწილეობენ. ამიტომ სოციალური ცხოვრების მრავალ სფეროში ადამიანის აზრები, უნარები, მგრძნობელობა და სხვა. მისი დახასიათებისას მხოლოდ ,,მეორადი“, დამატებითი ინფორმაციაა - უფრო მნიშვნელოვანი და პირველადია ადამიანის სოციალურად ნიშნური მახასიათებლები.

განსხვავებულ კულტურულ გარემოში განსხვავებულია იდენტურობის ცნებაც.ინდივიდუალისტურ კულტურაში იგი ემყარება ინდივიდის ქმედითობას: რას წარმოვადგენ, რა შესაძლებლობები მაქვს, რა მიღწევებს ვფლობ; კოლექტივისტურში კი - ურთიერთობებს: „მე X-ის დედა ვარ“, „მე Yოჯახის წევრი ვარ“, „მე Z ჯგუფს ვეკუთვნი“. ამიტომ, ერთის მხრივ, პიროვნების მახასიათებლად გამოდის მისი რეფერენტული ჯგუფის სტატუსი თუ პრესტიჟი ამ უკანასკნელთა აღმწერი ნიშნებით: გვარიშვილობა - ოჯახიშვილობა, ეკონომიკური თუ სოციალური სტატუსი თანამდებობის, ძალაუფლების ზომის, სოციალური სტატუსის და პრესტიჟის მქონეთა მიმართ მისი დისტანცირებულობის აღნიშვნით - „მავანი ჩემი ნათესავია, ჩემი ძმის ახლობელია, მამიდაჩემის მეგობარია და მსგავსი;2 მეორეს მხრივ ჯგუფი აღწერს თავის თავს მასთან შეხების მქონე ინდივიდების სოციალური მიღწევებით - „ჩემს ამას და ამას ასეთი თანამდედობა აქვს“, „ცნობილი მეცნიერია“, „ძალიან მდიდარია“ და ა.შ.

ცხადია, რომ ჯგუფის ამგვარი ტოტალური შეჭრილობა ერთი ადამიანის ცნობიერებაში მთლიანად განსაზღვრავს მნიშვნელოვან თვითრეგულაციურ მექანიზმებსაც - მისი აქტივობის ძირითადი ორიენტაციაა, არ გაუცრუოს ჯგუფს მოლოდინები, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი, უბრალოდ, პიროვნულ სახეს დაკარგავს. ამიტომ მის აზროვნებაში გააქტიურებულია ჯგუფური სააზროვნო კლიშეები, გრძნობებში - მათი ჯგუფური მისაღებობა (წინაღმდეგ შემთხვევაში გრძნობა იხლიჩება, ამბივალენტური ხდება და ჩნდება ჯგუფის მოთხოვნის შესაბამისი პოლუსის გაძლიერების ტენდენცია.); ძალზე ხშირად თვით პიროვნებაც შინაგან მონაცემებს არეგულირებს ურთიერთობების მიზნიდან გამომდინარე, შესაბამისად, პიროვნული ავტონომია მეირადია და პრინციპულად ნაკლებად ღირებული; თუ მაინც ფასობს, მხოლოდ იმდენად, რამდენადაც, იგი ჯგუფის იდეალების მარეალიზებელია. ინდივიდის მოტივაციაც იმითია გაპირობებული, რად განიცდება მისთვის წარმატება - პირად მიღწევად თუ მისი რეფერენტული ჯგუფის მიღწევად. საქმიანობის ნებისმიერ სფეროში კოლექტივისტის მიღწევა არ განიცდება მის პირად გამარჯვებად, იგი უცილობლად უკავშირდება მის რეფერენტულ ჯგუფს და მთელი ჯგუფისთვის ნიშნურ მოვლენად იქცევა.

შინაგანი ატრიბუტების აღწერილი ნებაყოფლობითი კონტროლი ადამიანთა კულტურული იდეალის ბირთვია. პიროვნების მიერ კოლექტივისტურ კულტურასი დამოუკიდებელი ქცევის ჩახშობა ემყარება ურთიერთდამოკიდებულების მიმართების, „სხვებზე“ მიჯაჭვულობის ღირებულების ფუნდამენტურ უპირატესობას. კოლექტივისტის ეს ურთიერთდამოკიდებული „მე“, რა თქმა უნდა, გულისხმობს ინვარიანტული პიროვნული ატრიბუტების რეპრეზენტაციას, მაგრამ არსებითად იგი ნაკლებად მნიშვნელოვანია. ამის გამო დამოკიდებული „მე“-ს ორიენტირებულობა სხვებთან ურთიერთობაზე „არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს ადამიანის შინაგან მეობას“.

აღწერილი „ურთიერთდამოკიდებული მე“ საერთო აღმოჩნდა სრულიად განსხვავებული კულტურებისთვის. კოლექტივისტური კულტურების კვლევა ყველაზე მოდერნიზებულ სფეროებშიც კი ავლენს იმის ტენდენციას, რომ ადამიანები მოქმედებენ სხვების ნორმებისა თუ მოლოდინების, და არა ინტერნალური სურვილებისა თუ პიროვნული ატრიბუტების შესაბამისად. პრირიტეტულია ორიენტაცია კოლექტიურ კეთილდღეობაზე და სხვებით შინაგანად დაინტერესებულობაზე. ადამიანს ახასიათრბს ინტერპერსონალურ ურთიერთობათა რეგულირება შეთანხმერბით, სხვების მიმართ მგრძნობიარობით და საკუთარი ქცევის სხვებთან მიგუებით - იგი ერიდება ურთერთობების გაფუჭებას, ურთერთსიმპათია გულისხმობს ორმხრივ პატივისცემას და სხვათა გრძნობების გაზიარების უნარს, სხვათა მოთხოვნების პატივისცემას, როგორც ობიექტურ მორალურ ღირებულებებს; განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კერძო ურთიერთობათა მიბმა სხვებთან ურთიერთობასთან და ადამიანის ქცევის მოქნილობის მოთხოვნა ურთიერთობის ბუნების შესაბამისად,3 ასევე ურთიერთდამოკიდებულების წახალისება და ხელშეწყობა. მიკუთვნებულობისკენ სწრაფვა, ურთიერთმიჯაჭვულიბა, ეპათიურობა, პროვნული სივრცის დაპყრობისა და ორმხრივობის მუდმივი ინტერესი კოლექტივისტის მახასიათებლებია. იაპონიაში - წერს ცნობილი მკვლევარი ლებრა - კოშმარი არის მარცხი სხვებთან ურთიერთობის ნორმატული მიზნის მიღწევაში მაშინ, როცა ამერიკაში კოშმარი მარცხია სხვებისგან განსხვავებულობის მიღწევაში, ადამიანის უკიდურესი კონტროლირებულობა სხვათა მიერ, როცა იგი ვერ ახერხებს წინ აღუდგეს „სხვებს“, როცა არის „სხვებივით“.

კულტურების მიხედვით, თავისი მიზნებითა და პრინციპებით, ასევე განსხვავებულია აღზრდის მოდელიც. ინდივიდიალისტურ კულტურებში იგი ემყარება თვითრეალიზაციას, დამოუკიდებლობას, საკუთარი თავის პოვნას და თვითაქტუალიზაციას (ასეთი აღზრდის მოდელი ზრდის „ინდივიდუალური მე“-ს გაბატონების შანსს), ხოლო კოლექტივისტურ კულტურებში - კოლექტივის მნიშვნელობას, შესაბამისად, აღზრდის პრინციპები ემყარება მორჩილების, დამჯერობის, სანდოობისა და „წესიერად“ (ანუ წესის დაცვით) ქცევის მოთხოვნებს; ამგვარად, ესაა აღზრდის მოდელი, რომელიც ეფუძნება კონფორმიზმს, მორჩილებას და პატივისცემას. ასეთი მოდელი ითვალისწინებს დაჯილდოებას, რომელიც ხელს უწყობს საზოგადოებრივ წარმატებაში ჩართულობისა და მონაწილეობის სურვილს. რაც უფრო ხშირად აჯილდოებს ჯგუფი ინდივიდს (ემოციური მხარდაჭერა, შექება, სტატუსი, მომსახურება), მით უფრო ზრდის ვალდებულების განცდას ინდივიდში და ჯგუფის მიერ ნორმირებულ სოციალურ ქცევას სამაგალითოდ უხდის მასში გაერთიანებულ ყველა წევრს: „შენი ოჯახი და ნათესაობა პასუხისმგებელია თავის წევრებზე, რომელთა ქცევა ნიშნავს საერთო წარმატებას. ამიტომ იღვაწე შენი ჯგუფის ღირსებისთვის. იყავი ტრადიციების ერთგული, პატივი ეცი უფროსებს, ისწრაფე უკონფლიქტობისკენ, ჰარმონიისკენ და ადამიანის სახალხოდ ნუ შეარცხვენ. იცხოვრე კოლექტივში და ნუ წარმოიდგენ, რომ შენი საკუთარი მეობა სოციალური კონტექსტის გარეშე არსებობს“.

„კოლექტივისტური მე“ მკვიდრდება, მყარდება და მტკიცდება მაშინ, როცა შიდა ჯგუფი აჯილდოებს (შექება, მაღალი სტატუსის მონიჭება), როცა არის კონკურენცია და დაპირისპირება გარე ჯგუფებთან, როცა შიდა ჯგუფის მნიშვნელობის შეგრძნებას საფუძველი ეყრება აღზრდის პროცესში (ოჯახის, ნათესაური კავშირების, ხალხის აზრის მნიშვნელობის ხაზგასმა, სკოლებში პატრიოტული სიმღერების სწავლება), როდესაც შიდა ჯგუფს აქვს მკვეთრად განსხვავებული ნორმები და ღირებულებები სხვა, არასასურველი და განსხვავებული (არამსგავსი) ჯგუფებისგან; აზრი ასეთი განსხვავებულობის მნიშვნელობაზე ფეხს იკიდებს მაშინ, როცა საზოგადოება გაუნათლებელი და უწიგნურია, როცა გაუმჭვირვალეა საზოგადოებაში რესურსების განაწილება, ხოლო არსებობისთვის ბრძოლა - ერთადერთი მიზანი. საბოლოოდ, რაც უფრო მეტადაა ინდივიდი კოლექტივზე დამოკიდებული, მით უფრო მყარდება „კოლექტიური მე“.

ოჯახი, თანამშრომლები დიდ როლს თამაშობენ თანამედროვე ინდუსრტიულ საზოგადოებაშიც და განსაზღვრავენ ინდივიდის ქცევას, მაგრამ ჯგუფის გარეთ მოქმედებისას პიროვნება საკმაოდ თავისუფალია.

შესაბამისად, კოლექტივისტურ და ინდივიდუალისტურ კულტურაში განსხვავებულია საზოგადოებრივი „მე“-ც. ინდივიდუალისტურ კულტურაში უმაღლეს საზოგადოებრივ ღირებულებად მიჩნეულია დამოუკიდებლობა, ავტონომიურობა, თვითრეალიზაცია, ინდივიდუალური მიღწევები, ასევე მნიშვნელოვანია განსხვავებულობის, ორიგინალობის ფაქტორი (ჩაცმულობა, პოზიცია, მეტყველების მანერა); კოლექტივისტურ საზოგადოებაში იყო „მშვენიერი“, ნიშნავს ამართლებდე საზოგადოების მოლოდინებს“.

აღსანიშნავია, რომ ინდივიდის პირადი ცხოვრების რაც უფრო მეტ სფეროშია შეჭრილი შიდა ჯგუფი, მით უფრო ბატონობს კოლექტიური მე“.

კოლექტივიზმს აქვს რამდენიმე მახასიათებელი ნიშანი. ინდივიდუალიზმისგან განსხვავებით, რომლის განმსახღვრელ ატრიბუტებად მიჩნეულია შიდა ჯგუფისგან განცალკევება, ემოციური დამოუკიდებლობა და შეჯიბრი (კონკურენცია), კოლექტივიზმის მახასიათებლად მიიჩნევენ ოჯახურ ერთიანობას, და სოლიდარობას. გარდა ამისა, მეცნიერები გამოყოფენ კოლექტივიზმთან დაკავშირებულ მახასიათებელთა ჯგუფს, მათ შორის, აშკარა შიდა ჯგუფურ - გარე ჯგუფურ განსხვავაბებს; უფრო მიწერილ, ვიდრე მიღწეულ შიდა ჯგუფურ სტატუსს (პრესტიჟს); იერარქიულობას; შიდაჯგუფურ ჰარმონიას; დაბალ შემოქმედებითობას, მაღალ და უკეთეს სოციალურ მხარდაჭერას და სხვ.

კოლექტივიზმის ერთ - ერთ მახასიათებლად მიჩნეულია ძლიერი კონფორმისტული ტენდენციები. კონფორმიზმი და დაქვემდებარება - მორჩილება ასევე უნივერსალურია, მაგრამ სოციალიზაცია სხვადასხვა კულტირაში ქცევის სოციალური განსაზღვრულობის განსხვავებულ ხარისხს გულისხმობს.

ქორწინება - არჩევანი, გადაწყვეტილება, პასუხისმგებლობა

ქართული კულტურა კოლექტივისტური კულტურაა. როგორც აისახება საქართველოში კოლექტივიზმის უნივერსალური ორიენტაციები გენდერის პრობლემასთან მიმართებაში?

კონფორმოზმი ყველაზე უფრო პიროვნების ცნობიერი აქტივობის პლანში იჩენს თავს, და განსაკუთრებით იქ, სადაც საქმე ეხება არჩევანს, გადაწყვეტილების მიღებას და პასუხისმგებლობას. საინტერესო იქნება, რომ სწორედ ამ კუთხიდან შევხედოთ გენდერულ ურთიერთობებს საქართველოში, კერძოდ, საქორწინო პარტნიორის, ამორჩევას, გადაწყვეტილების მიღებასა და პასუხისმგებლობას, შესაბამისად, გენდერულ ძალადობის პრობლემასაც.

კოლექტივიზმი განაპირობებს შიდა ჯგუფების, მათი ღირებულებების ტოტალურ შეჭრას ცნობიერებაში ამით განსაზღვრავს პიროვნების თავისთავადობას. შთამომავლობის ფენომენის უზარმაზარი ღირებულება, მიჯაჭვულობა წარმომავლობასა და შიდა ჯგუფზე, ოპოზიცია „ჩვენ-სხვები“-ს არსებითობა, ორიენტაცია სტაბილურობასა და უცვლელობაზე, ჯგუფში ჰარმონიაზე არის კოლექტივისტური პიროვნების ცნობიერების ძირითადი მახასიათებლები. ჯგუფის ღირებულება უზარმაზარია, ხოლო გავლენა - უძლიერესი. ეს გავლენა განსაკუთრებით მკვეთრად შესაგრძნობია ინდივიდის აქტივობის ისეთ სფეროებში, რომელიც უშუალოდ მის პიროვნულ, ინდივიდუალურ ინტერესებთან მოდის შეხებაში. ასეთ ინტერესებს კი წარმოადგენს მისი მიმართებები (დამოკიდებულებები, შეფასებითი სისტემები, ხედვის კუთხე) საპირისპირო სქესთან, პროფესიის არჩევასთან და გჯუფურ კავშირებთან. სწორედ ამ სფეროებშია განსხვავება განსაკუთრებით რელიეფური ინდივიდუალისტისა და კოლექტივისტის ფსიქოლოგიურ ტიპებში. რამდენადაც ადამიანისთვის საპირისპირო სქესთან ურთიერთობა მისი არსებობის ერთ - ერთი ფუნდამენტური პოზიციაა, ეს შეჭრილობა მისი „მე“-ს ყველაზე ფაქიზ, მტკივნეულ და მნიშვნელოვან ასპექტს ეხება.4

როგორც ცნობილია, კოლექტივისტურ კულტურებში შიდა ჯგუფები აქტიურ მონაწილეობას ღებულობენ საქორწინო კავშირის შექმნაში - ეს ნორმაა და მიჩნეულია, რომ მათ ამის უფლება აქვთ, ამიტომ ითხოვენ კიდეც პიროვნებისგან ანგარიშგაწევას; პრაქიკულად, საქორწინო კავშირი გარიგებაა და ეს გარიგება მათ ინტერესებსაც უნდა აკმაყოფილებდეს. რამდენადაც კოლექტივისტური პიროვნების ცნობიერების შინაარსები, მისი ინტერნალური „მე“ დატვირთულია რეფერენტული ჯგუფების მნიშვნელადობით და, შესაბამისად, ადამიანის წარმატება ჯგუფების წარმატებაცაა, მისი ქორწინებაც ჯგუფის ღირსების საქმეა.

როგორ ვლინდება ეს კანონზომიერება საქართველოში ქორწინების აქტის შედგომისას?

პიროვნება a priori ღებულობს ჯგუფის მხარდაჭერის აუცილებლობას - ბუნებრივია, ჯგუფმა უკეთ იცის, ვინ ვის გამოადგება მეუღლედ. შესაბამისად, არჩევანის დროს რეფერენტული ჯგუფების ანგარიშის გაწევა ქართულ კულტურაში ნორმაა, მეტიც, პიროვნების თავისუფალი ნების ვერბალური აღიარების მიუხედავად, რეალურად შიდა რეფერენტული ჯგუფები გადამწყვეტ გავლენას ახდენენ პიროვნების არჩევანზე ქორწინების სფეროში. ეს გავლენა იმპლიციტურად იგულისხმება და გამართლებულად მიიჩნევა, რამდენადაც ეყრდნობა გარკვეულ ღირებულებებს; მათი მნიშვნელობა ინდივიდის ცნობიერი აქტივობის პლანში იჩენს თავს და განამტკიცებს კონფორმისტულ ორიენტაციას.

ქართულ კულტურაში ქორწინების სფეროში კონფორმიზმის საყრდენი გარკვეული ფაქტორებია:

1. ოჯახის, როგორც სოციალური ინსტიტუტის, მაღალი კულტურული ღირებულება, რაც პიროვნებას აქცევს პასუხისმგებლობის განსაკუთრებული წნეხის ქვეშ მთელი საზოგადოების, კერძოდ კი, მისი რეფერენტული ჯგუფების წინაშე - ეს აქტი, პირველ რიგში, სოციალური აქტია და არა პირადი; არსებული რეალობის გათვალისწინებით გარშემომყოფთა აზრზე დაყრდნობა ინდივიდს ეხმარება პირად ცხოვრებაში თავისი მომავლის შეუცდომლად განსაზღვრაში (კონფრომიზმის ე.წ. ინფორმატული ასპექტი).

2. ქორწინების აქტის მაღალი სოციალური ღირებულება და პასუხისმგებლობის წნეხი გადაწყვეტილების მისაღებად რეალური საფუძველია არაკომპეტენტურობის განცდისთვის, შესაბამისად, ყოყმანისთვის. ქართველთა მუდმივი სწრაფვა ჯგუფის მხარდაჭერისკენ, მათ შორის, ინტიმურ ურთიერთობებშიც რეალურ საფუძველს იძლევა იმ მოსაზრებისთვის, რო საქორწინო პარტნიორის არჩევისას იგი მაინცა და მაინც კომპეტენტურად თავს ვერ უნდა გრძნობდეს. არაკომპეტენტურობა კი ზრდის სხვათა ზეგავლების შანსს. ამ განცდას მუდმივად კვეებავს ოჯახის ფენომენის მაღალი ღირებულების და მნიშვნელადობის ხაზგასმა განსხვავებულ სიტუაციებში მთელი სიცოცხლის მანძილზე, რაც გეგმაზომიერად აძლიერებს „მნიშვნელოვან სხვათა“ ზეგავლენასაც (ეს გავლენა ასევე ძლიერდება ზრუნვით, ყურადღებით, დაცვით და ა.შ.).5 კონფორმულობას ზრდის ოჯახის სტატუსი, შეკრულობა და ერთსულოვნება, შესაბამისად, „ოჯახისშვილობის“ მაღალი ღირებულება, აგრეთვე „შვილის“ დაბალი სტატუსი ოჯახის სხვა წევრებთან შედარებით. ამიტომ ხშირად გაიგონებთ: „თქვენ შემირჩიეთ და მე ვნახავო“. საქართველოს ყველა კუთხეში ესაა გავრცელებული და მისაღები პოზიცია. ალტერნატიული ობიექტის მოუღებლობის ვითარებაში „ძიების“ პროცესი გრძელდება საყოველთაო კონსენსუსის მიღწევამდე. ინდივიდუალური არჩევანი არსებითად არჩევანი არაა - ესაა არჩევანი ჯგუფის მისაღებობაზე დაყრდნობით. ამიტომ ინდივიდი, როგორადაც არ უნდა ავლენდეს თავისუფალი არჩევანის მზაობას, რეალურ სიტუაციაში არსებითად მუდმივად ითვალისწინებს მის წინაშე მდგომ მოთხოვნებს.6

3. უცხო თვალის ძალზე მაღალი ღირებულება ქართულ კულტურაში. კონფორმისტს არ უყვარს განსხვავებულობა. იგი ცდილობს იყოს ისეთი,როგორც სხვები და საქართველოში ეს ღირებულება ფიქსირებულია ენობრივ კლიშეში: - „სხვაზე ნაკლები რით ხარ (ან ვარ)?. „სხვაზე ნაკლები...“-ს მნიშვნელადობის პირობებში კი ქორწინება ადამიანის „სხვა“-სთან მსგავსება - განსხვავების დემონსტრაციად იქცევა: მომავალი მეუღლე, საქორწინო პარტნიორი - ესაა ინდივიდის გაცხადებული პოზიცია „ხალხის თვალში“. ამიტომ ,,კარგი საქმროს (ან საცოლეს)“ კულტურული სემანტიკა ამ უკანასკნელის მიერ ღირებული სოციალური ნიშნების ფლობაა.7

კოლექტივისტური კულტურების ორიენტაცია უცვლელობაზე, სიმყარეზე, რაც ერთნაირად ვრცელდება საზოგადოების ცხოვრების ყველა სფეროზე და მათ შორის, პირადზეც. საქორწინო პარტნიორის ამორჩევაში იგი აისახება სიფრთხილის დაცვის (,,არ შეცდე“) ნორმატიულ მოთხოვნაში. „შეცდომის“ სემანტიკა მრავალფეროვან კონნოტაციას მოიცავს: არასტანდარტულობა (არატრადიციულობა) არჩევანში; სუბიექტის ინტერნალური მახასიათებლების (მაგალითად, გემოვნების) პრიორიტეტი კოლექტივის მოთხოვნებზე, რაც ეგოიზმად კვალიფიცირდება („არავისზე არ იფიქრა“, „ანგარიში არავის გაუწია“); შიდა ჯგუფური ურთიერთობების ფორმებისა და შინაარსების ხელუხლებლობის (უცვლელობის) შენარჩუნების, ჯგუფის (ოჯახისა და სანათესაოს) დახურულობისა და სტაბილურობის, მისი მხარდაჭერის არად ჩაგდება („ჩემგან - ჩვენგან ვერაფერს მიიღებს“ ან „ვერაფერს ეღირსება“ „ჩენს ოჯახს არ ეკადრებოდა“ და ა. შ); შესაბამისია ინდივიდის სამეტყველო კლიშეებიც: „რად მინდა ისეთი ქმარი (ცოლი), თუ არავის ენდომება“, „მამაჩემს (დედაჩემს) გული გაუსკდება“, „ოჯახში პრობლემები არ უნდა შეიქმნას“ და მსგავსი. „..არ შეცდე“ კატეგორიული იმპერატივია ქცევის სტანდარტის მისადევნებლად, რომლის უკან დგას ცვალებადი ქცევის კულტურული მიუღებლობა, მეტიც, ნორმის დარღვევა, რაც გარკვეულად, ისჯება კიდეც. შესაბამისად, სჯობს პასუხისმგებლობა სხვაზეც გადანაწილდეს - კოლექტიური პასუხისმგებლობა საქორწინო არჩევანში ოჯახის სტაბილურობისა და სტანდარტულად ფუნქციონირების შესაძლებლობის გარანტად მიიჩნევა.

ასიმეტრია - იერარქიულობა ოპოზიციაში „ქალი-კაცი“ თავისთავად განსაზღვრავს უფლებრივობოს ხარისხს, ამიტომ, ცხადია, არჩევნის უფლება, პირველ რიგში, იერარქიულად მაღლა მდგომისკენ ანუ მამაკაცისკენაა. და ეს საქართველოში იცის ყველამ - „ქალი იჯდეს, ბედს ელოდოსო“, ანუ როდის ამოირჩევს ვინმე. ,,ვის ირჩევენ?“

ტრადიციულად, ქალთან დაკავშირებულ პრობლემატიკაში მეცნიერება გამოყოფს 2 ძირითად ასპექტს: ეროტიზმს და რეპროდუქციას. მიზეზთა და მიზეზთა გამო რეპროდუქციის ასპექტი საუკუნეთა მანძილზე წამყვანი იყო არა მარტო საქართველოში, ხილო ეროტიზმის ასპექტი ქრისტიანულ ქვეყნებში ამ იდეოლოგიის შესაბამისად ფიგურირებდა, ყოველ შემთხვევაში, მისი წინა პლანზე წამოწევა უზნეობისა და ამორალურობის მაჩვენებლად მიიჩნეოდა. ამგვარად, საქართველოში ქალი, უპირველეს ყოვლისა, შვილების დედა, გვარის გამგრძელებელთა დამბადებელია.8 გენდერული ასიმეტრიით განპირობებული ეს „ბუნებრივი“ უპირატესობა, ქართულ კულტურაში, ცხადია, მამაკაცს შესაძლებლობას აძლევს ქალში და მასთან ქორწინებაში ორი, ზემოთ აღნიშნული ტრივიალური მისაგებლის გარდა (ეროტიზმი და რეპროდუქცია) კიდევ სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვანი რამ მოიპოვოს - საქორწინო გარიგება სიციალურადაც მომგებიანი გახადოს. მიზანი, რისკენაც იგი შეიძლება ისწრაფვოდეს (ეკონომიკური კეთილდღეობის მოპოვება - გაუმჯობესება, ძალაუფლება, რამე სოციალურად პრესტიჟული თუ უბრალოდ, „არ იყოს სხვაზე ნაკლები“, ან „სალაპარაკო რატომ მისცეს ხალხს“) - ინდივიდზეა დამოკიდებული.

სტატუსის და პრესტიჟის განსაკუთრებული ღირებულება ქართულ მენტალობაში („სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა“) კონკრეტულ პირობებში ქალის შემთხვევაშიც ანეიტრალებს გენდერული ასიმეტრიით განპირობებულ პოზიციურ სისუსტეს და მასაც აძლევს არჩევანის შესაძლებლობას - უარყოს მისი ოჯახის სოციალური სტატუსის (და შესაბამისად, საკუთარი) პრეტენზიებისთვის „შეუფერებელი“ კანდიდატურა, ან გარკვეულ ვითარებებში, გამოიყენოს ეს სტატუსური უპირატესობა „ოჯახის შექმნისთვის“ და ოჯახის ქალის უმნიშვნლოვანესი პრესიჟული სტსტუსი შეიძინოს.9

ქალთ სწრაფვა გათხოვილი ქალის სტატუსის შეძენისკენ პრაქტიკულად იმ უფლებების შეძენისკენ სწრაფვაცაა, რომელსაც შიდა ჯგუფის წევრობა ანიჭებს; ეს წევრიბა - „ცოლის“ სტატუსი, შვილების დედობასთან ერთად, ძალზე მნიშვნელოვანი საყრდენია მამაკაცთან ურთიერთობაში, რამდენადაც ინდივიდი (და მამაკაციც) კოლექტივისტურ კულტურაში, პირველ რიგში, რეფერენტული ჯგუფების წინაშე აგებს პასუხს თავისი ცხოვრების გამო და არა ერთ ადამიანის წინაშე. გათხოვილი ქალის სტატუსის მაღალი კულტურული ღირებულების ატმოსფეროში გაუთხოვარი ქალის მისამართით ამბობენ - „ალბათ წუნიაა, რაღაც უნდა დათმოსო; „დათმიბაში“, ჩვეულებრივ, რამე პრესტიჟული ნიშნით დაბლა მდგომს (ან უქონელს) გულისხმობენ (მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ თანაბარი სტატუსურ - პრესტიჟული სისტემის ფარგლებში იგი მამაკაცთან მიმართებაში კვლავ პასიური რჩება).

პრაგმატიზმი ქორწინებაში წამყვანი მოტივია სქესისგან განურჩევლად, ხშირად გაუცნობიერებელიც, რის ასახვაა ყოველდღიური სამეტყველო კლიშეები, თუნდაც ძალზე მომხიბლავ ობიექტთან მიმართებაში - „არ მაწყობს“, ,“ასეა საჭირო“, ოჯახს არ უნდა“ და მსგავსი. ადამიანისადმი მანიპულატორული მიდგომა გენდერულ ურთიერთობებში ფარულად, კონტექსტუალურად იგულისხმება - ჯგუფმა იცის, რა უნდოდა და რა უნდა უნდოდეს ადამიანს, რა სჯობს მისთვის!10

პრესტიჟული ქალისგან რაიმე ნიშნით უარყოფის შემთხვევაში არც თუ იშვიათად მიმართავენ (ადრეც და ახლაც არა მარტო საქართველოში) ქალზე ძალადობას მოტაცების სახით და მასთან სექსუალურ კონტაქტს (ძირითადად, ძალადობრივს). ტაბუირებული საქსუალობის პირობებში ქალის სქესობრივი სიწმინდის შებღალვა ტრაგიკულად აღიქმებოდა (და დღესაც ასევეა) ქალისა და მისი რეფერენტული მხრიდან.11

ამ სირცხვილის ქორწინებით დაფარვა ტრადიციულად მრავალ ქვეყანაშია მიღებული (ქრისტიანულშიც და მუსლუმანურშიც). ასეთი ძალადობრივი გზით მამაკაცი, შიდა ჯგუფის წავრად - „სიძედ“ გახდომისთანავე ხდებოდა პრესტიჟული და მაღალი სტატუსის მქონე ჯგუფის წევრი და მისი პრივილეგიების მოწილე.

უნდა ავღნიშნოთ, რომ ძალადობრივი სექსუალური კონტაქტის „მოტივს“ ქალებიც მშვენივრად იყენებდნენ იგივე პრინციპზე დაყრდნობით - ერთ შემთხვევაში სასურველი მამაკაცის დასაკუთრებისთვის, ორმხრივი ინტერესის შემთხვევაში - საკუთარივე შიდა ჯგუფის წინააღმდეგობის დასაძლევად. ორივე სქესის შემთხვევაში ძირითადი საყრდენია შიდა რეფერენტული ჯგუფის გადამწყვეტობა, გენდერული ასიმეტრიით გაპირობებული თავისებურებების გათვალისწინებით (თუმცა ქალთა მხრიდან მსგავსი ქმედებების ალბათობა შეზღუდულია ფემინურობის სტერეოტიპში ქალის პასიურობის ღირებულების გამო).12

ამგვარად, ქართულ კოლექტივისტურ კულტურაში, ინდივიდის ზოგადი კულტურული ორიენტაცია კარნახობს ქორწინებით სოციალური სტატუსისა და პრესტიჟის დაკმაყოფილებას; ასეთი ორიენტაცია კი ინდივიდის სქესისგან განურჩევლად) ცნობიერების, მისი „მე“-ს აუცილებელი შემადეგენელი კომპონენტია იმ ამარტივი მიზეზის გამო, რომ ადამიანის შინაგანი სამყარო ძალიან ,,ჰგავს“ მის გარემომცველ სოციალურ სინამდვილეს - ჯგუფური მახასიათებლების, პრესტიჟისასა და სტატუსის მაღალი ღირებულება კულტურულადაა აღიარებული და წახალისებული. შესაბამისად, ინდივიდის არჩევანი მომავალი მეუღლისა, საქორწინო პარტნიორისა, ითვალისწინებს ამ ვითარებას და ძირითად მახასიათებლად მის სოციალურ ატრიბუტაციებს იყენებს - მნიშვნელობა ენიჭება ინდივიდს, კულტურის ღირებულებების შესატყვის, სოციალურ - ნიშნურ მახასიათებლებს (წარმომავლობა, ჯგუფური კონტაქტები, განათლება, სოციალური ფეენა („წრე“), ეროვნება და მსგ., შესაბამისად, უკანა პლანზე გადადის რეალური, პიროვნული თავისებურებები და შეთავსებადობის ინდივიდუალური მახასიათებლები.13

ბუნებრივად ისმის საკითხი გრძნობათა როლის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში.14 მიუხედავად ერთმნიშვნელოვანი აზრისა სიყვარულის გადამწყვეტობის თაობაზე, ქართული კულტურა აქაც ორმაგ მიდგომას ამჟღავნებს.15

ჯგუფური არჩევანის სასარგებლო შეფასებითი სისტემების წამყვანობა, ცხადია, ასევე ეხება აფექტურ სფეროსაც. რამდენადაც კულტურა არ წაახალისებს ინდივიდუალისტურ არჩევანს, შესბამისად, ქორწინებაში წამყვანი მოტივი კონტექსტის მოტივებია და არა ემოციები. კოლექტივისტური პიროვნების ქცევის სპეციფიკა ისაა, რომ იგი საზრისს იძენს სპეციფიკურ ურთიერთობებში და სოციალურ სიტუაციაში - იგი მათზე დამოკიდებულიცაა და მათით დეტერმინირებულიც; მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აქტუალური ურთიერთობების ბუნებაა, ხოლო შინაგან ე.წ. ეგოფოკუსურ ემოციებს ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება.16 ლოგიკურია, რომ გრძნობის მოცემულობა ინტერპრეტირდებოდეს, როგორც საფრთხე, ხოლო მისი კვალიფიცირებისას ფრთხილობდნენ, რადგან იმთავითვეა მოცემული ბარიერი შიდა ჯგუფის მიმღებლობის სახით. ამ საფრთხის ნეიტრალიზაცია ხდება მაშინ, როცა მიმზიდეველი ობიექტი ჯგუფის მისაღებობის ფარგლებშია. არჩევანის გაკეთების მომენტში გრძნობის მოცემულობა, ძალზე ხშირად, პროვოცირებულია ჯგუფის მხარდაჭერით ან“ოჯახის შექმნის“ აუცილებლობა - დროულობით, პიროვნული გაცნობა (და მათ შორის გრძნობებიც) მომავლისთვისაა გადადებული - „მთავარია, ოჯახის შექმნა უნდოდეთ“. კონკრეტული ინდივიდის მისაღებობის უმთავრესი პირობა კი ,,ოჯახიშვილობა“ ანუ მისი შიდა ჯგუფური ღირებულებაა. მოთხოვნებიც მისი პიროვნული თვისებების მიმართ კოლექტივისტური კულტურის ღირებულებებიდან გამომდინარეობს: ზრდილობა,17 ოჯახზე ორიენტაცია, უკონფლიქტობა, რეფერენტული ჯგუფის ინტერესების პრიორიტეტი სხვა დანარჩენთან შედარებით, ჯგუფის პრესტიჟის შესაბამისი („შესაფერი“) სოციალური სტატუსი, ტრადიციული რიტუალური წესრიგის მიდევნების ორიენტაცია, ჯგუფის ჩაკეტილობაზე (ღირსებაზე) ზრუნვა „ჩვენ - სხვები“ ოპოზიციის ფარგლებში („ჩვენი ოჯახი...“) და სხვ.

კოლექტივისტის ფსიქოლოგიაში განსაკუთრებული შესწავლის საგანი გახდა ე.წ. Self - მონიტორი ანუ პასუხისმგებლობა, როგორც მისი თვითრეგულაციის ძირითადი მექანიზმი და მნიშვნელოვან სხვათა მოთხოვნებთან მისი ქცევების შესაბამისობის განსაზღვრელი და მაკონტროლებელი. კოლექტივისტის პასუხისმგებლობა გულისხმობს უძლიერეს თვითკონტროლს, რომლის მეშვეობითაც პიროვნება სხვადასხვა კონტიგენტს ეგუება; ფაქტიბრუვად, ესაა ,,ეფექტური შეგუების ბატონობა, რომელიც უსიტყვოდ იმართება ინტერპერსონალური მიმართებებით“.18 ქართულ კულტურულ კონტექსტში ინდივიდის ცნობიერებაზე შიდა ჯგუფების ინტერესთა და ღირებულებათა ძლიერი გავლნა, „უცხო თვალის“ წინაშე განსაკუთრებული მგრძნობიარობა ინდივიდის პასუხისმგებლობას აქტიური სოციალური სიტუაციის მოთხოვნებს უქვემდებარებს და წარმართავს მას ამ მოთხოვნათა მიღება - შეგუებისკენ. შესაბამისად, მისი კონტროლი მუდმივად მიმართულია მნიშვნელოვან „სხვებთან“ მორიგებაზე.

ზნეობრიობაც და მორალიც იგივე კანონზომიერებას ემორჩილება - ორივე მნიშვნელოვანია ჯგუფის ფარგლებში, „მნიშვნელოვან სხვათა“ გარემოცვაში; ჯგუფიდან გამოსვლისთანავე, გარე ობიექტის რეალური ღირსებების მიუხედავად, პასუხისმგებლობა პარტნიორის მიმართ იკლებს ან ქრება, Self მონიტორი შიდა, რეფერენტული ჯგუფების წინაშე ავალდებულებს და არა სამყაროს წინაშე, ჯგუფის გარეთ პასუხისმგებლობა კო მხოლოდ ინდივიდუალური ხედვისა და კეთილი ნების ფუნქცია ხდება.19

და ფსიქოლოგოური ძალადობა გამართლებულია. ოჯახის (შიდა ჯგუფის) ძლიერი წნეხის გამო ძალადობა შეიძლება გამოვლინდეს კონტაქტის გაწყვეტის აუცილებლობაშიც (ინდივიდუალური არჩევანის მოცემულობის შემთხვევაში), და არასასურველი კანდიდატის სასურველად ქცევაშიც (ეს ვითარება სამეტყველო ჟარგონზე აისახება იდიომაში „(მ)აწვებიან“); ეს „აუცილებლობა“ ერთნაირად ძალადობრივია როგორც ქალის, ისე მამაკაცის მიმართ, რადაგნ თავისთავად, არსებითია სტანდარტის, სტერეოტიპის მიდევნების და ჯგუფური კონტროლის და არა ინდივიდუალური არჩევანის პრინციპი; მეორის მხრივ, ასეთი არჩევანი სწორედ იმ ქალისა და კაცისთვისაა მისაღები, ვისზეც ხორციელდება ეს ფსიქოლოგიური ტერორი.

კონფრომისტული ორიენტაციაა ძირითადი საყრდენი იმ ვითარებაშიც, როცა სუბიექტის არჩევანი მის შიდა ჯგუფს არ აკმაყოფილებს. მსგავსი სიტუაციიდან რეფერენტული ჯგუფი ძალზე ხშირად გამოსავალს მიუღებელი კანდიდატურის მისაღებით სასწრაფოდ შეცვლაში ხედავს, და როგორც წესი, ყველა საშუალებით ცდილობს სუბიექტის დაყოლიებას (შესაბამისად, ძალადობს კიდეც მასზე). გენდერის სფეროში ჯგუფის მხრიდან ძალადობა უშუალო გამოხატულებას პოულობს არასასურველი კანდიდატურისგან „დაცვის“, მისგან (ამ შემთხვევაში პირობითად „მსხვერპლისგან“) ემოციურ და ფიზიკურ დაშორებაში, რაც დამორჩილების კლასიკური ფაქტორია - ასეთ შემთხვევაში ჯგუფის ზეგავლენა ფიზიკური სიახლოვისა და მისი ლეგიტიმური ავტორიტეტის გამო (ხოლო საქართველოში ოჯახს რომ ასეთი გააჩნია, უკამათოა) ძლიერდება, ხოლო ობიექტისა - სუსტდება. ამგვარ ძალადობას სუბიექტები სრულიად ბუნებრივად მიიჩნევენ და იშვიათად, რომ რეალური წინააღმდეგობა გასწიონ, რადგან ოჯახურ ურთიერთობებში ჰარმონიის შენარჩუნება პიროვნების არსებობის საყრდენია. ამიტომ ჯგუფი(ამ შემთხვევაში, ოჯახი), როგორც წესი, მიზანს აღწევს. მსგავს ვითარებასი საკმაოდ ხშირია სუბიექტის ავტონომიურობის „ქართული“ (ორმაგი) აღიარება: „თვითონ უნდა მოინდომოს, ჩვენ რა შეგვიძლია“. ძირითადა ეს ნიშნავს, რომ სუბიექტი საკუთარი ნებით დათანხმდეს ჯგუფის არჩევანს და „გაკოჭილი“ არ მიიყვანონ საქორწინო საკურთხეველთან. როცა ჯგუფი ასე იქცევა, თავისთავად გულისხმობს იმ უფლებებს, რომელიც სუბიექტზე აქვს, ამიტომაც ზეწოლა გამართლებულად მიიჩნევა.20 თავისი არჩევანის დასაცავად აღმდგარი ინდივიდი კვლავ კონფრომისტულ მოდელს მიმართავს. ესაა ჯგუფის განმათავისუფლებელი ზეგავლენა (კონფორმოზმის ე.წ. „ლიბერატული ეფექტი“), რაც ვლინდება ინდივიდის მიერ მოკავშირის ძებნაში შიდა ჯგუფში (ანუ ოჯახში, სანათესაოში, სამეგობროში და მსგ. „მეამბოხე“ ამ შემთხვევაშიც კონფრომისტად რჩება, რამდენადაც ჯგუფის მხარდაჭერას ეყრდნობა მისი ნაწილის სახით. მისთვის ღირებული ობიექტი, ცხადია, მაინც შეიძლება აღმოჩნდეს ძალადობის მსხვერპლი - ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, დაუჭერს ვინმე მხარს მის არჩევანს თუ არა. რეალობა არც თუ იშვიათად აჩვენებს, რომ როცა რეფერენტული ჯგუფების წნეხს (როგორც ჩანს, აწეული თვითშეფასების გამო) ინდივიდი იმთავითვე ან სათანადოდ ვერ ითვალისწინებს, ან ვერ იცნობიერებს, დასაშვები ხდება ურთიერთობის წყვეტა ორ ზრდასულ ადამიანს შორის არა მაინც და მაინც ინდივიდუალური პიროვნული მიმართებების გამო (მაგალითად, ურთიერთმიმართ ინტერესის დაკარგვის, ემოციური გაცივების თუ სხვა) - უბრაკოდ, „ასეა საჭირო“.

ამგვარი დახურული და მკვეთრი საზღვრების მქონე (,,ჩვენი ოჯახის სასკადრისი“) ჯგუფის უდიდესი მნიშვნელობის გამო მეზალიანსად განიხილება ნებისმიერი, შაბლონისგან გადახრილი არჩევანი, რომელიც კულტურაში ემოციურად ძალზე მწვავედ განიცდება შიდა ჯგუფის მიერ (მავანი „ოჯახმა არ მიიღო“, „მშობლებმა სახლში არ შეუშვეს“ , „მამა (დედა) ლოგინად ჩავარდა იმის გამო, რომ შვილმა „შეუფერებელი“ ირჩია“, „ოჯახს ანგარიში არ გაუწია“ და სხვ.) დამყოლობა - დამჯერობის ამ საყოველთაო აყვავებულობის ატმისფეროში, მშობელთა ავტორიტეტისა და ოჯახის ღირსების პრიორიტეტულ ორიენტაციაში, ყოველი კონკრეტული ადამიანი სქესისგან განურჩევლად, პრაქტიკულად მანიპულაციის საგნად და გაცვლითი საქონლის პოზიციაში აღმოჩნდება - მისი პიროვნული ღირებულება განისაზღვრება არა უშუალო პარტნიორის, არამედ მთელი სოციალური ჯგუფის მიერ. რაიმე კულტურულად ღირებული ნიშნით (მაგალითად, ეთნიკური წარმომავლობა, „სხვა“ სოციალური ჯგუფი, საქორწინო გამოცდილება, შვილების ყოლა და მსგავსი) „უთანაბრობის“ შემთხვევაში წარმოქმნილი კონფლიქტის დასაძლევად ინდივიდისთვის არსებობს ერთადერთი შესაძლებელი სწორი გზა - ჯგუფზე დაყოლა ანუ მორჩილება იმისთვის, რომ არ დაკარგოს ჯგუფის მხარდაჭერა და კვლავაც დაცული იყოს მისთ (კონფორმიზმის ნორმატული გავლენა); მსგავსი რამ საქართველოში ჩვეულებრივი ყოველდღიურობაა და აღიწერება ფორმულით: „ოჯახი იყო წინააღმდეგი და იმიტომ არ გაყვა (ან ითხოვა)“. ამგვარი მანიპულატორული მიდგომის საფუძველზე სუბიექტს, პრინციპულად, მხოლოდ კონტექსტური ღირებულება გააჩნია; მისი მოტივაციაც კულტურული ღირებულებების კონტექსტში ინტერპრეტირდება (მაგალითად, ადიულტერის ვითარებაში „წართმევის“ ნეგატიური სემანტიკის მქონე ინტერპრეტაციული შაბლონის აქტიური გამოყენება ოჯახური მთლიანობის დამრღვევის, „ზედმეტი მესამეს“ მიმართ).21 ამგვარად, არჩევანის მომენტში „ფხიზელი“ თვალი თან დაყვება ინდივიდს: ჯგუფის მხრიდან მხარდაჭერა, წახალისება და არჩევანის მოწონება ინდივიდის საბოლოო გადაწყვეტილების ქვაკუთხედია, ხოლო არჩეული ობიექტის ღირებულება - კონტექსტური. ამიტომ არჩევანი უბრალოდ ამორჩევას ან სხვებისგან გამორჩევას არ გულისხმობს - ნამდვილი არჩევანი ავტომატურად (იმპლიციტურად) ნიშნავს რეფერენტული ჯგუფისგან მისაღებობას. შესაბამისად, არსებითად საქორწინო გარიგების ძირითადი, გადამწყვეტი სუბიექტები ჯგუფებია და არა დამოუკიდებელი ინდივიდები (სამეტყველო კლიშე დასაოჯახებელთან მიმართებაში - „იმათ (ანუ ჯგუფს) ძალიან უნდათ“; „მძახლობის“ ინსტიტუტის ქმედითუნარიანობა და აქტიურობა ასევე ამითაა გაპირობებული).

ოჯახის შექმნის აქტით („ქალი პატრონს ჩაბარდა“ ან „ჩააბარეს“, ხოლო მამაკაცი - „ოჯახს მოეკიდა“) რეალიზებული ხდება კოლექტივისტურ კულტურის, შეიძლება ითქვას, ყველაზე უფრო ფუნდამენტური ორიენტაცია - ადამიანის დაცვა მარტოობისგან ახალი, კულტურულად მისაღები შიდა ჯგუფის, საკუთარი ოჯახის სახით (ამიტომ საქართველოში „ოჯახში აუცილებელია“ და ეს ღირებულება უკამათოა).22

კონფლიქტურ ვითარებაშიც ძირითადად ინდივიდები „დამცველად“ საკუთარ შიდა ჯგუფებს მიმართავენ, განსაკუთრებით ქალები (,“ცოლიც“ და ,,არაცოლიც“). ასეთ შემთხვევაში მამაკაცი ორმაგად პასუხისმგებელი ხდება - „საკუთარი“ შიდა ჯგუფისა (რადგან შიდა ჯგუფი ასევე ჯგუფთან და არა კონკრეტულ ინდივიდთან ამყარებს ურთიერთობას) და ,,მომჩივანი“ შიდა ჯგუფის წინაშე - ქალი ჩვეულებრივ ასე აღადგენს სამართლიანობას. ამიტომაცაა ოჯახური კონფლიქტის, მაგალითად, ადიულტერის შემთხვევაში , ქალის (ცოლის) ძირითადი არგუმენტი მეუღლის როლი და შიდა ჯგუფის სრულუფლებიანი წევრის უფლებებია ქმართანაც და „ზედმეტ მესამესთანაც“. ამ კლასიკური სამკუთხედის უმცირესობაში მყოფი წევრი კი, იმდენად, რამდენადაც მისი ავტონომიური, დამოუკიდებელი „მე“ პრაქტიკულად არ არსებობს, და შესაბამისად, არ არსებობსა არაფერი ამქვეყნად რეფერენტულ ჯგუფებზე უფრო მნიშვნელოვანი, თავადაც ანალოგიურ შეფასებით სისტემებს მიმართავს: მეუღლე რჩება ყველაზე მნიშვნელოვან ადამიანად მის ცხოვრებაში (განსაკუთრებული შემთხვევების გარდა), ხოლო „ახალი“ გრძნობის ობიექტი - საუკეთესო შემთხვევაში, დროებით გატაცებად, უარესში - მოძალადე, მაცდურ და უზნეო პირად, რომელმაც ხელჰყო ოჯახური ერთიანობის უმაღლესი ღირებულება. ამგვარად, ოჯახური კრიზისების ხსენებულ ვითარებაში ისტორიის ფინალი იმთავითვე პროგრამირებულია - „ოჯახი არ უნდა დაინგრეს“ და „ადამიანმა ცხოვრება არ უნდა გაირთულოს ან გაურთულოს სხვებს“. ჩვეულებრივ, ოჯახისთვის ასეთი „თავგანწირვის“ უკან დგას საკუთარ არსებობაზე პასუხისმგებლობისა და სიახლის შიში; უცვლელობის („შეჩვეული ჭირის“) ფილოსოფია, შესაბამისად, წარსულზე და არა მომავალზე ორიენტაცია. (შუასაუკუნეების მსოფლაღქმის მნიშვნელოვანი ელემენტი - „სიყვარული ისა სჯობს, რაც ძველია“ - გრ. ორბელიანი). ამიტომაც ოჯახური კონფლიქტების ვითარებაში კრიზისის დასაძლევად ძირითადი სემანტიკური კავშირები თავსიყრის ადაპტაცია - შეგუების ირგვლივ და ნორმატული იმპერატივის ფორმით მოიცემა („ოჯახი უნდა შეინარჩუნო).23

ამას ემატება პასუხისმგებლობის ის უზარმაზარი წნეხი, რომელსაც მასკულინური საზოგადოება ადებს მამაკაცს - პრაქტიკულად, იგი აგებს პასუხს ყველაფერზე ცხოვრებაში.24

პიროვნული ატრიბუტების კონტექტურომისა და უმნიშვნელობის გამო რეალურად იგნორირებულია შეთავსებადობის მნიშვნელოვანი მახასიათებლები, კულტურული პროგრამა დასაშვებად არ მიიჩნევს ქალის მიერ საპირისპირო სქესთან ურთიერთობის გამოცდილლების შეძენას - ამგვარი გამოცდილება მის ნაკლად კვალიფიცირდება; მეორეს მხრივ, მამაკაცს არსებითად ტოვებს „ცოლის“ და „ოჯახური ცხოვრების“ ჯგუფური ტრადიციული სტერეოტიპის ფარგლებში, რომელიც ახალს ან ახლებურს ნაკლებად ჰგუობს. საბოლოო ჯამში ორივე, ქალიც და კაციც, მზამზარეული, შესაბამისად, სექმატური და ილუზორული მოდელით მიდიან საოჯახო ჭაპანთან. კულტურული პროგრამირებულობა ორივე სქესს ერთნაირად უჩენს შანსს, რომ მეუღლესთან ბედნიერი შეთავსებადობის მისეული მცდელობა ამაო გამოდგეს. ამ ტრადიციულ მოდელში ყველაზე ნაკლებად ქალისა და მამაკაცის ადგილია - ეს ადგილი საერთო შვილებსა და ერთობლივ ეკონომიკაზე (ერიჰ ფრომის ტერმინით, „ერთობლივი საწარმო“) დაფუძნებულ ოჯახურ როლებს უჭირავს (უმნიშვნელო ცვლილებებით სოციალური ფენის მიხედვით);25 საკუთარი თავით კმაყოფილებას ჯგუფის მხარდაჭერისა და მისი იმედების გამართლების გამო მოსდევს რეალური ცხოვრება, კულტურულად პროგრამირებული რიტუალიზმი კი(რომელიც ძირითადად იერარქიული მოდელის ფარგლებში რეალიზდება), თავისთავად ხშირი განმეორადობის გამო წყვილის შეთავსებადობას ვერ უზრუნველყოფს. ზრუნვა - მომსახურების მოვალეობა თანდათან ჩაანაცვლებს ურთიერთობის შინაარსობრივ მხარეს და საბოლოოდ, ტრივიალურსა და უინტერესოს ხდის მას. ამიტომ, ფსიქოლოგიური ძალადობის ტიპიური გამოვლინებები (კრიტიკა, შენიშვნები, სიტყვიერი დამცირება, ურთიერთკბენა) საკმაოდ გავრცელებულია.

ყველაფერი ეს ერთნაირად ეხება ქალსაც და კაცსაც. და როცა ქართული ტრადიციების სიკეთეზე ვლაპარაკობთ, არ ვითვალისწინებთ, რომ კონფრომისტი თავისი შინაგანი ორიენტაციით თვითონაც მოძალადე ხდება. ეს ვითარება კი ოპოზიციაში „ქალი - კაცი“ თავისთავად პროვოცირდება იმ მესაკუთრული ორიენტაციის გამო, რომელიც ბუნებრივად თან ახლავს „ბატონობა - მორჩილების“ დაპირისპირების ზოგადფსიქოლოგიურ მექანიზმს, და რომელსაც იდეოლოგიურად ამაგრებს გენდერული ასიმეტრია (თუმცაკი იგი მთელ მსოფლიოში და, მათ შორის საქართველოშიც, სქესური სტრატიფიკაციის საყოველთაო ცვლილებებს ექვემდებარება).26 უცვლელობაზე, სიმყარეზე, პიროვნული თვისებების კონტექსტურ ღირებულებაზე („ცოლად - ქმრად გამოადგება'“) ორიენტირებული, ჯგუფის ერთიანობასა და დახურულობაზე მზრუნველი მსოფლაღქმა თავისთავად იწვევს ადამიანის მანიპულაციის, ზემოქმედების ობიექტად და არა მოქმედ სუბიექტად მოაზრების ტენდენციას.

რეალურად ძლზე მცირეა ის ფაქტორები, რომლებიც განიხილება სერიოზულ მიზეზად ოჯახის დაშლისთვის, რადგან „ოჯახის დანგრევა“ თავისთავად განიხილება არა მარტო ინდივიდის „აქ და ახლა“ მოცემულ კრიზისად, არამედ მისი პირადი ცხოვრების შემდგომში სრულ უპერსპექტივობად (განსაკუთრებით ქალისთვის - ერთხელ გაკეთებული არჩევანი ოჯახის შექმნასთან დაკავშირებით, ამ არჩევანის სამარადჟამო ერთგულებას კარნახობს, რაც არ უნდა მოხდეს მის თავს).27

ყოველივე ზემოთ აღწერილი პარადოქსული რეალობის წინაშე გვაყენებს: „ჩემი“ არჩევანი უცილობლად ჯგუფის მიერ გაზიარებული არჩევანია, „ჩემი“ გადაწყვეტილება - ჯგუფის მიერ სანქცირებული გადაწყვეტილებაა, პასუხისმგებლობა - არა „ჩემი“, არამედ ჯგუფური პასუხისმგებლობაა; თუ „გვაწყობს“ - გვიყვარს, თუ „არ გვაწყობს“ - არა; თუ მისაღებია - „მოგვწონს“, თუ არა - „დიდი არაფერია, მაგაზე უკეთესებიც არსებობენ“; თუ „ჩვენიანია“ - „ისეთი კარგია“, თუ „ჩვენიანი“ არაა - ,,არა უშავს რა“; წარმატებული მავანი - „ეგ ისეთი ოჯახიდანაა“, მეორე ასეთივე - „ნეტავ ვისი შვილია?“ და ასე დაუსრულებლად.

არც კაცი, არც ქალი მზად არაა პიროვნული, დამოუკიდებელი და რეფერენტული ჯგუფების ზეგავლენისგან თავისუფალი ურთიერთობებისთვის. ორივეს ქალსაც და კაცსაც - ზრდასულ ასაკშიც თან მიჰყვება ინტიმურ ურთიერთიბებში რეფერენტული ჯგუფების ინტერესები და კოლექტიური პასუხისმგებლობის აჩრდილი არა მარტო პირველადი სოციალიზაციის პროცესში ფიქსირებული („ქალი-კაცი“) მოდელის სახით, არამედ მარეგულირებელი მექანიზმის სახითაც; როგორი პიროვნული მიმართებაც არ უნდა გაჩნდეს წყვილში, ჯგუფი ფარულად და ნაგულისხმევად მონაწილეობს მათ ურთიერთობაში. ეს ვითარება ნორმალური მოვლენაა ისევ კულტურული ორიენტაციის გამო: ადამიანს არ ამზადებენ იმისთვის, რომ დამოუკიდებლად, მარტომ, საკუთარი პასუხისმგებლობით და არა სხვისგან მხარდაჭერის მუდმივი იმედითა და ჯგუფზე განაწილებული პასუხისმგებლობით იცხოვროს. კულტურა სრულიად არ ითვალისწინებს, მაგალითად, იმ ბუნებრივ და უაღრესად ნორმალურ მოვლენას, რომ ადამიანს უფლება აქვს, დაუშვას შეცდომა (თუმცა კი ამბობენ „უშეცდომო ღმერთიაო“), რომ იგი საზოგადოდ მთელი ცხოვრების მანძილძე ვითარდება, იცვლება, გადააფასებს წარმოდგენებს ღირებულებებს, ათვლის წერტილსა და ხედვის კუთხეს, ეცვლება გემოვნება, შეიძლება გაუჩნდეს უფრო ღრმა სულიერი მოთხოვნილებები, ერთი სიტყვით, ინდივიდი, სქესისგან განურჩევლად, არც დგას და ვერც იდგება ერთ ადგილზე.

ფსიქოთერაპევტები დამეთანხმებიან, რომ ოჯახური კონფლიქტების ვითარებაში, კოგნიტური სქემის კორექციისას, პრომლემების რიგში ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უჭირავს ფუნდამენტური და ნევროტული მიჯაჭვულობის კულტურულად გაპირობებული კავშირების გაწყვეტისა და პიროვნების სააზროვნო, შეფასებითი და ქცევითი მოდელების შეცვლა - გადახალისების პრობლემებს, ეს კი თავისთავად გულისხმობს მსოფლმხედველობრივი ელემენტების სერიოზულ კორექციასაც - საკუთარი „მე“-სა და შესაბამისად, სხვათა გადახედვის, შინაგანი გახსნის, ცვლილებისადმი ორიენტაციის ჩამოყალიბების გარეშე კონფლიქტი არ დაიძლევა. აღზრდის კონფრომისტული მოდელის კორექცია აუცილებელია იმისთვის, რომ ადამიანი მომზადებული დახვდეს ცხოვრებაში აუცილებლად მოსალოდნელ ცვლილებებს28

უნდა აღვნიშნოთ, რომ აქ საკითხი არ ეხება ოჯახის ღირებულებას. იგი შეიძლება საკმაოდ მაღალი იყოს ინდივიდუალისტურ კულტურაშიც, რადგან შესანიშნავი სოციალური სიტუაციაა და ძალზე ღირებული შიდა ჯგუფი ინდივიდის თვითრეალიზაციისთვის სქესისგან განურჩევლად. შემთხვევითი არაა, რომ ცნობილი ამერიკელი ფსიქოლოგისა და სოციოლოგის - მაიკლ არგაილის მონაცემებით, დაოჯახებული ადამიანები ინდივიდუალისტურ კულტურებშიც უფრო ბედნიერად განიცდიან თავის თავს, ვიდრე მარტოხელები და გაყრილები.

ჩვენს შემთხვევაში საუბარია იმაზე, რომ ოჯახის შექმნაც და შენარჩუნებაც ჩვენგან განსხვავებით, ინდივიდუალისტურ კულტურებში ემყარება ინდივიდუალური ხედვისა და მიზანშეწონილობის კრიტერიუმებს და არა ნორმატულ აუცილებლობას, რაც ოჯახის არსებობასაც და ქონასაც ხშირად თვითმიზნად გადააქცევს.

საქართველოში ოჯახის მხრიდან დიქტატი მიღებულია და რეალურად პროტესტი ძალზე იშვიათად ვლინდება.29 ქართულ კულტურაში ოჯახს აქვს ყველა ის ნიშანი, რაც ობიექტს კულტად აქცევს: მისი ზეამაღლება, სრული უპირატესობის რანგში აყვანა; წინააღმდეგობის გაწევის, მისი ინტერესებისა და მოთხოვნების უგულებელყოფისა და ანგარიშგაუწევლობის ნეგატიური შეფასება და არამც თუ წახალისება, დასჯაც კი: ოჯახური ერთიანობის ხელშეუხებლობა ისეთი კონფლიქტების შემთხვევებშიც, როცა პიროვნების ავტონომიურობისა და დამოუკიდებლობის, მისი ღირსების, ინტერესების დათმობა გარდაუვალია. ამიტომ არჩევანის გაკეთებისას მისი მოთხოვნების გათვალისწინება აუცილებლობაა, ხოლო კონფლიქტის, თუნდაც გადაუჭრელის შემთხვვაში კი მისი შენარჩუნება თვითმიზანი.

საქართველოში ოჯახის კულტია. ოჯახის კულტის ჩამოყალიბება, დედის კულტის მსგავსად, გაპირობებული უნდა იყოს საქართველოს ისტორიის პერიპეტიებით, როცა ასწლეულების მანძილზე ფსიქიკის ჩამოყალიბება თვითშენახვისა და დაცვის მიმართულებით ხდებოდა. ცხადია, ოჯახის, როგორც სოციალური ერთეულის განმტკიცება, მნიშვნელოვნად ეფუძნებოდა შუასაუკუნეობრივ ღირებულებებსა და აღქმის კატეგორიებს. ოჯახი, როგორც სოციალური ერთეული, სახელმწიფოს „მიკრომოდელია“. ქართული კულტურისთვის მისი დახურულობა, ერთიანობა და შინაგანი შეჭიდულობა ისტორიულად ეთნოსის თვითგადარჩენის უმნიშვნელოვანესი პირობა იყო. შესაბამისად, ოჯახის მნიშვნელადობა ადაპტიურია, ხოლო დღეს - კომპენსატორული. ოჯახის, როგორც უმნიშვნელოვანესი შიდა ჯგუფის ღირებულება განივრცობა სხვა შიდა ჯგუფებზეც (სისხლისმიერი ნათესავები, ოჯახის მეგობრები და ახლობლები, მეზობლები, კოლეგები და ა.შ.), რომლებსაც გარკვეულ ვითარებებში შეუძლიათ ოჯახის ჩანაცვლება (რიტუალურ დონეზე მაინც). შესაბამისად, ოჯახი შიდა ჯგუფის ღირებულების სიმბოლოა.30 კულტით დატვირთული ცნობიერება კი, თუნდაც ეს დედის და ოჯახის კულტი იყოს, თავისთავად იძენს კულტურული ცნიბიერების ნიშნებს.31 ორივე შემთხვევაში საქმე გვაქვს კულტურულ ნევროტიზმთან, რომელიც თრგუნავს პიროვნების თავისუფლებას და მას მოაქცევს დადგენილი ჩარჩოების ფარგლებში, წინასწარ აპროგრამებს მის ბიოგრაფიას და კრიზისების ვითარებაში პიროვნულ დონეზე გადალახვის ნაცვლად წაახალისებს უცვლელ შაბლონების გამოყენებას, შესაბამისად, განამტკიცებს უმოძრაობას, უცვლელობას, სიახლის, და საერთოდ, სიცოცხლის შიშს, რაც ერთგვაროვნებას და არა მრავალფეროვნებას ამკვიდრებს.

ქართული ენა გვასწავლის: ,,კარგი შვილი ოჯახს არ შეარცხვენს „კარგი შვილი დედის გულის ვარდიაო“, ,,დედის წინ რომ კვიცი ხტის, იმას მგელი შეჭამს“, „არ დაგავიწყდეს ვისი გორისა ხარ,“ „მშობლებზე მეტად არავის უყვარხარ“, „ყველაზე უკეთესი შვილისთვის მშობელს უნდა“ და საერთოდაც, ადამიანის ყველაზე დიდი ღირსებაა, ოყოს „კარგი შვილი“.

„ბოროტებაზე გადასვლა ხდება ნაბიჯ-ნაბიჯ, მისი კეთების ცნობიერი განზრახვის გარეშე“ (დ. მაიერსი). ქართული აღზრდის მოდელი ამკვიდრებს კონფრომიზმს, თავისი მოთხოვნებითა და მიზნებით „ოჯახიშვილობის“ ფოკუსირებულობა ინდივიდის ცნობიერებაში ამ მოთხოვნებსა და მიზნებს პერსონალურ მიზნებად გადააქცევს.32 ქართულ კულტურაში კარგი შვილის სემანტიკა მშობლებისთვის „ანგარიშის გაწევას“ მიიჩნევს ცხოვრებაში პრინციპულად ურყევ ფასეულობად. ამიტომაცაა, რომ დამჯერობა, მორჩილება და დამყოლობა, რაც ინდივიდს იოლად კონტროლირებადს ხდის, ადამიანის დადებით მახასიათებლად მიიჩნევა და წყალს ასხამს ინფანტილიზმს გაჭიანურების წისქვილზე.33 განა ვინმეს უკვირს საქართველოში სიმწიფეში შესული ქალებისა და კაცების მუდმივი ლტოლვა ოჯახის, ნათესავებისა თუ სამეგობრო წრის მხარდაჭერის ძიებისკენ თავის ინტიმურ ცხოვრებში კი?

მეცნიერული კვლევებით დასტურდება, რომ ურთიერთდამოკიდებული „მე“ ვითარდება ე.წ. ტოტალური ემოციურ-მატერიალური ურთიერთდამოკიდებულების „ოჯახურ მოდელში“ და კოლექტივისტური კულტურის ტიპიური მოვლენა მისთვის დამახასიათებელია. ქართულ კულტურაში ეკონომიკური, საყოფაცხოვრებო რიგის პრობლემების გვერდით, კონფრომიზმის დამკვიდრებაში ლომის წილი მოდის დამოუკიდებელი არსებობის უუნარობაზე, ოჯახისა და მშობლებისაგან დაცულ მდგომარეობაში პერმანენტული ყოფნის ცხოვრების წესზე, „ტოტალური“ ეკონომიკურ-ფსიქოლოგიური მიჯაჭვულობის ვითარებაში ოჯახური „თანამშრომლობის“ ტრადიციაზე, როცა ვერ წარმოუდგენიათ, რომ ყოველდღიურობაში ერთმანეთის ცხოვრების უკიდურესი გამჭვირვალების ტრადიცია უცილობლად იწვევს ადამიანის პიროვნულ სივრცეში და მის ინტერესებში შეჭრას, მათ წარმართვა-დაქვემდებარებას და კონტროლს.

ქართველები ამბობენ, „შეძახილმა ხე გაახმოო“. ეს „ჯგუფური“ შეძახილი არა მხოლოდ მარტოობის, პირადი პასუხისმგებლობის, დამოუკიდებლად არჩევანის გაკეთების შიშს „ახმობს“, არამედ ცოცხალი, მფეთქავ გრძნობასაც, რომელიც ყველა დროშიბდა ყველგან ადამიანის შემოქმედებით უნარებს აცოცხლებს, სამყაროს სხვა თვალით დაანახებს და შეაგრძნობინებს, სწრაფვას შეუცნობლისკენ, მოსინჯვისკენ, სიცოცხლის შეგრძნებისა და შეცნობისკენ თუნდაც შეცდომის ფასად (როლელიც მხოლოდ პიროვნებისეულია და არ შეიძლება იყოს ჯგუფის, რადგან ეს მისი ცხოვრებაა) ანუ კონფლიქტის რეალურად, შინაგანად დაძლევის, გადალახვის გზით, და არა თავის არიდებით და მუდმივი მხარდაჭერის ძიებით.34

ორი ადამიანის ურთიერთობა მხოლოდ მათი პიროვნული შეთავსებადობის საქმეა და მხოლოდ ამ საფუძველზე ურთიერთპატივისცემის, ურთიერთგაგების და ურთიერთმიმართ ნებაყოფილობით აღებული პასუხისმგებლობაა, და არა მნიშვნელოვან სხვათა მიერ მოწონებული, ნაკარნახევი და წახალისებული კავშირი, სადაც ურთიერთპატივისცემაც, ურთიერთგაგებაც, დაპროგრამებულია. ადამიაბს აქვს უფლება, დაუშვას შეცდომა, და ეს გამოცდილება მის სიმდიდრედ უნდა იქცეს და არა ტრაგედიად და ნევროზის წყაროდ. მხოლოდ ამგვარი მიდგომის საფუძველზე შეეძლება მას გადალახოს შიდა რეფერენტული ჯგუფის მოთხოვნებით შემოსაზღვრული სამყაროს სივიწროვე, წინ აღუდგეს შეზღუდული და დაპროგრამებული არჩევანის დიქტატს, შეიგრძნოს თავისი შინაგანი შესაძლებლობები, პასუხი აგოს თავის თავზე და მთელ სამყაროზე საკუთარი არჩევანითა და ნება-სურვილით.

საპირისპირო სქესთან ურთიერთობები, შეიძლება ითქვას, „მე“-სთან განსაკუთრებით ახლომდგომი და სიცოცხლისეულად მნიშვნელოვანი ასპექტია, რომელიც ისევე მოითხოვს პიროვნებისაგან შემოქმედებითობას და აქტიურ მოღვაწეობას, როგორც ადამიანური ცხოვრების სხა სფეროები.

ჩვენი ამოცანა ამჯერად იყო არა გენდერული ურთიერთობების ინდივიდუალურ-ფსიქოლოგიური ანალიზი, არამედ მათი განხილვა ქართული მენტალური ღირებულებების შუქზე და იმ ფონური ქვეტექსტის გამოვლენა, რომელიც ყოველი ერთეული ადამიანის ცნობიერების აუცილებელი შემადგენელია. ცხადია, ყველა განურჩევლად არ შეიძლება ერთნაირად გრძნობდეს, ერთნაირად აზროვნებდეს და ერთნაირი მოტივაცია ჰქონდეს: ჯერ ერთი, კულტურაში ერთდროულად რამდენიმე ტიპის ან კომბინირებული „მე“-ც შეიძლება არსებობდეს, მეორეც, მნიშვნელოვანია ინდივიდთა ასაკობრივი თავისებურებაც,35 მესამეც, პიროვნების შემოქმედებითი უნარები სწორედ საბლონურობას და სტანდარტულობას სძლევს ადამიანის ყოფიერების ნებისმიერ სფეროში, და მათ შორის, ქალისა და მამაკაცის ურთიერთობებშიც (რაც, სხვათა შორის, „სიყვარულის“ პატივმოყვარეობასა და სიმდიდრესთან ასოციაციების გადაწყვეტაშიც გამოიხატება). სტანდარტულისაგან გადახრილი ქცევა ყველა კულტურაში შესაძლებელი ხდომილებაა - ეს სისტემურობის მახასიათებელია და სწორედ ის გამონაკლისი, რომელიც წესს ადასტურებს. კოლექტივისტურ კულტურებს შორისაც არსებობს განსხვავებები გადახრების მიმართ ტოლერანტობის ხარისხში. ეს და უამრავი სხვა საკითხი ჯერ კიდევ ელოდება კვლევას ქართულ კულტურაში, რაც ძალზე მნიშვნელოვანია წმინდა მეცნიერული თვალსაზრისით.

ბოლოთქმა

სოციალურ ფსიქოლოგიაში სოციალური ზეგავლენის შეუფასებლობა ცნობილია ე.წ. ატრიბუციის ფუნდამენტური შეცდომის სახელით. როცა გენდერული ძალადობის სფეროში ცნობიერების კულტურით განსაზღვრულობაზე ვლაპარაკობთ, სწორედ ის გვაქვს მხედველობაში, რომ ადამიანის მოტივაციაზე განსჯისას ძალზე ხშირად ვდგებით ინტერპრეტაციული სირთულეების წინაშე, რადგან ქცევას ერთმნიშვნელოვნად მისი ინდივიდუალური თავისებურებების ფუნქციად მივიჩნევთ. მეცნიერება გვიდასტურებს, რომ სიტუაციების ზეგავლანით ადამიანი ცვლის თავის განწყობებს და წარმოქმნილ დისკომფორტს დაძლევს გარე სოციალური ფაქტორებთან ასიმილირებით და ადაპტაციით - ადამიანი ორიენტირებულია გარემოსთან უკონფლიქტო თანაარსებობაზე და ამიტომ თავისსავე განწყობებს ცვლის გარე წნეხების შეაბამისად. ცვლილებას არ განიცდის მხოლოდ ძალზე სიღრმისეული, ფუნდამენტური განწყობები - ისინი თვითონვე მიიგუებენ რეალობას.

კულტურული განწყობები და ორიენტაციები სიღრმისეული და ფუნდამენტალურია; არჩევანს განსაზღვრავს მიზანშეწონილობა, ხოლო მიზანშეწონილობა განსხვავებული ინდივიდუალისტურ და კოლექტივისტურ კულტურებში. ინდივიდუალისტურ კულტურებში იგი ემყარება პიროვნების თავისუფლებას, მისი ავტონომიურობის და ერთეულის პატივისცემის უმაღლეს ღირებულებას.

უნდა აღინიშნოს, რომ დღევანდელი გაგებით, ტრადიციულობა არ უპირისპირდება თანამედროვეობას „ურთიერთობით ორიენტაციებს ავტონომიასთან“; იგი ვითარდება ემოციური ურთიერთდამოკიდებულების ოჯახურ მოდელში“, სადაც მატერიალური მიჯაჭვულობა თაობათა შორის შესუსტებულია, რომ კაცობრიობა სწორედ ასეთ მოდელზე უნდა იყოს ორიენტირებული, რადგან იგი ყველაზე უკეთ აკმაყოფილებს ადამიანის ორ ბაზისურ მოთხოვნილებას - ავტონიმიურობას და ურთიერთობას.

კულტურულ კოლექტივიზმს ძლიერი კონტექსტური კომუნუკაცია და შესაბამისი კოგნიტური და ემოციური მდგომარეობები ახასიათებს. მიზანშეწონილობა კოლექტიურ კულტურებში მთლიანადაა განსაზღვრული ურთიერთობების ღირებულებრივი კონტექსტით იმდენად, რომ ზოგჯერ სხვათა მიზანი, ცნობიერებაში ძლიერი ფოკუსირებულობის გამო, პერსონალურ მიზნებად აღიქმება, თუმცა კი შესაძლოა ინდივიდის მიზნებისგან ძალიანაც განსხვავდებოდეს; სხვისი მიზნის ხელშეწყობისას ინდივიდის მიზანზე მასთან ურთიერთქმედებაში მყოფი პიროვნებები ზრუნავენ. ასეთი სხვებით გაშუალებული, ორმხრივი თანამშრომლობით ადამიანები პასიურად ცდილობენ თავიანთი მიზნის მიღწევას.

მაგრამ ეს ძალზე გულისხმიერი და თანამშრომლობითი ქმედებები ჩვეულებრივ მაშინ მჟღავნდება, როცა „სხვას“ კეთილ მიზნებში და ვალდებულებების ორმხრივ მხარდაჭერაში ენდობიან; ორიენტაცია „სხვებზე“ კი ძალზე შერჩევითია და ძირითადად „ჩვენ-ჯგუფის წევრებთან ხორციელდება (ოჯახის წევრები, ნათესავები, კოლეგები, მეზობლები.) „ცნობის“ ნიშნის ფუნქციას ჯგუფური მკურნალობა ასრულებს - კოლექტივისტისთვის „ჩვენ-სხვები“ ჯგუფის განსხვავება სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონეა და, შესაბამისად, ამ ნიშნის გარეშე ყველა „სხვას“ მიზანი, მოთხოვნილება თუ სურვილი უგულვებელყოფილია.

ქართულ კულტურაში შიდა ჯფუფის განსაკუთრებული სოციალური ნიშნურობის, და შესაბამისად, მასთან შეჭიდული მნიშვნელობების გამო ცნობიერების მართულობა ჯგუფური მიკუთვნებულობისა და ამ მიკუთვნებულობის ნიშნური ღირებულებით, ინდივიდუალურ პიროვნულ აქტივობას თან სდევს მოღვაწეობის ნებისმიერ სფეროში, პირველ რიგში კი იქ, სადაც ადამიანთან ინტერაქციული პროცესების გარეშე, უბრალოდ, საქმე ვერ გაკეთდბა. იმავდროულად, მსგავსი ორიენტაციები სრულიად ერთმნიშვნელოვნად განამტკიცებს, ამყარებს კონფორმიზმს, რომლის უკან, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, პასიურობა, გულგრილობა შიდა ჯგუფის საზღვრებს იქით („მე არ მეხება“ და ეს შეიძლება სახელმწიფოც იყოს), რაც თავისთავად ნიშნავს ნაბიჯის გადადგმას ბოროტებისაკენ.

ამდენად, ქართულ კულტურაში არა მარტო გენდერის სფეროში, გლობალურად დამოუკიდებელი, თავისუფალი პიროვნების პრობლემა, მისი, ჯგუფური ცნობიერებისაგან, ჯგუფის ინტერესებთან მიბმული ღირებულებებისაგან თავისუფალი „მე“-ს პრობლემა; და ასეთი პიროვნების დეფიციტი ერთნაირად პრობლემატურია საზოგადოების ფუნქციონირების ნებისმიერ სფეროში, რადგადნ შიდა ჯგუფური ინტერესებით მართალი ცნობიერების მქონე ინდივიდი ვერც ქვეყანას ააშენებს და ვერც ღია საზოგადოებას შექმნის, რომელსაც ჰარმონიული ურთიერთობები სჭირდება არა მხოლოდ შიდა ჯგუფის წევრებს შორის, არამედ საზოგადოების მრავალგვარ სოციალურ ჯგუფებს შორის; რომელიც პასუხისმგებლობას გრძნობს არა მხოლოდ შიდა ჯგუფის, არამედ ბევრი ისეთი, თუნდაც მისთვის არც ისე საინტერესო ჯგუფების წინაშე (მაგალითად, მათხოვრები, ხეიბრები, და სხვ); პიროვნება, რომელიც პატივს სცემს საკუთარ თავს, საკუთარ აზრს, საკუთარ გრძნობებს და ეშინია იყოს განსხვავებული თუნდაც „მნიშვნელოვან სხვათაგან“.

ე. ფრომი აღნიშნავდა, რომ კონკრეტულო სოციოეკონომიკური სტრუქტურის პირობებში ერთიანობისა და სოლიდარობის დამყარებისა და მხარდაჭერის ადექვატური ფორმის დამკვიდრება ნებისმიერი საზოგადოებისათვის უარსებითესი საკითხია. მეცნიერთა ერთი ნაწილის აზრით, შიდაჯგუფური ღირებულებების ყოველგვარი ნეგატიური შედეგი, მათ შორის კორუფციის ტენდენცია, კოლექტივისტური საზოგადოების მახასიათებელია. გვიჭირს დავეთანხმოთ საპირისპირო პოზიციაზე მდგომ მეცნიერთა აზრს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ეს ტენდენცია საზოგადოდ ადამიანთა კოლექტივიზმის კი არა, სხვა ფაქტორების - დაჯგუფებათა მსხვილი ფინანსური ინტერესების, კონკრეტულ პირთა სიხარბის და ა.შ. შედეგია. ვფიქრობთ, ერთი მეორეს არ გამორიცხავს. საქმე ისაა, რომ დაჯგუფებათა მსხვილი ფინანსური ინტერესების, კონკრეტულ პირთა სიხარბის და ა.შ. გვერდით, რომელიც ყველა ტიპის საზოგადოებაში შეიძლება არსებობდეს, არსებობს აღქმა-ქცევითი ორიენტაციების კულტურული განსაზღვრულობა, რომელიც ჯგუფურ მორალსა და ზნეობას აყენებს უფრო მაღლა, ვიდრე კანონს, როგორც სახელმწიფოს ფუნქციონირების უზენაეს საყრდენს - უკვე არსებობს „კანონი“, რომელიც მიმართულია ურთიერთობებში უკონფლიქტობის შენარჩუნების ფუნდამენტურ ღირებულებებსა და შიდა ჯგუფის გარე ჯგუფისაგან გამომყოფი საზღვრების ხელშეუხებლობის დაცვაზე. შიდა ჯგუფის საზღვრებს გარეთ კი პასუხისმგებლობა პიროვნებისთვის აღარაა აქტუალური, რადგან სწორედ შიდა ჯგუფში განმტკიცებულობაა მისი არსებობის ძირითადი საყრდენი. შესაბამისად, შიდა ჯგუფის სტრუქტურა, შინაგანი სისტემურობა განსაზღვრავს მის ქცევას კონკრეტულ სიტუაციაში და არა მისი პირადი შეხედულებები; ასეთის არსებობის შემთხვევაში კი ისინი მაინც მეორეხარისხოვანია ჯგუფისა და ჯგუფში ადგილის პრიორიტეტის გამო, აგრეთვე საკუთარი ერთეული ღირებულების ვერგანცდის, და შესაბამისად, ერთეული პასუხისმგებლობის უქონლობის გამო. გავრცელებული (და ჯერაც მეცნიერულად შეუმოწმებელი) აზრით, საქართველის „ინდივიდუალიზმი“, ჩვენი აზრით, ნონკონფორმიზმის გამოვლენას უფრო ჰგავს (მოსწრებული გამოთქმით - „არ არსებობს გამონაკლისი წესიდან, რომ თითოეულს სურს იყოს გამონაკლისი“). სწორედ ამიტომაც ხშირად გვესმის მავან კორუმპირებულთან მიმართებაში: „მშვენიერი პატიოსანი ადამიანი იყო და სისტემამ „ჩაითრიაო“. რეალურად კი ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო არ იქცევა იმისთვის იმ შიდა ჯგუფად, რომლის მოთხოვნებმაც უნდა წარმართოს მისი აქტივობა; საქართველოში სახელმწიფო სტრუქტურების ფუნქციონირება კვლავ ეყრდნობა ტრადიციულ, ოჯახურ-ნათესაურ და „ნაცნობთა“ შიდა ჯგუფების ფუნდამენტურ კოლექტივისტურ ღირებულებებს (სწორედ ამიტომაა „ჩაწყობა“ ჩვენში ცხოვრების წესი) და გუნდური თამაშის იმ წესის ნაცვლად, რომლებიც თანამშრომლობას საქმეზე ორიენტირებულად წარმართავენ, კვლავ ქმედითუნარიანად და პრიორიტეტულად რჩება გუნდური თამაშის ის წესები, რომლებიც ურთიერთობებში უკონფლიქტობის, შიდა და გარე ჯგუფებს შორის საზღვრების უცვლელად დაცვა- შენარჩუნებაზეა მიმართული.

„მნიშვნელოვან სხვათა“, „ხათრიანობის“ გადამეტებულად დიდ ღირებულებას ყოველგვარ სფეროსთან მიმართებაში, რომელიც ჯგუფის ან მისი წარმომადგენლის ლოიალურობას პრიორიტეტულობას გულისხმობს, კულტურის ტრადიციული „პროგრამირებულობის“ უკამათო უპირატესობის აღიარებას (რაც ძალზე ხშირად ეროვნულ თავისთავადობაში ერევათ), შედეგად მოჰყვება პიროვნული სახის ნიველირება, ხოლო ოპოზიცია „ჩვენ-სხვები“-ს განსაკუთრებული აქტუალობა აპროვოცირებს შეფასებითი სისტემების მიკერძოებულობას (საქართველოში ტყუილად კი არ ამბობენ - „ყვავს თავისი ბალახი ყველაზე ლამაზი ეგონაო“). ეს ძალზე მნიშვნელოვანი პრობლემაა ქართული კულტურისათვის, რადგან ის ადაპტიურ-კომპენსატორული პროგრამები თუ აღქმა-ქცევის მოდელები, რომლების ფუნქციურად გამართლებული იყო შუა საუკუნეებში ან თუნდა ტოტალიტარული რეჟიმის პირობებში, სრულიად უკმარისი და ფუნქციადაკარგულია დღეს, იმ ვითარებაში, როცა ჩვენი პიროვნული ჩაკეტილობისა და ამ ჩაკეტილობის ხარჯზე „ეროვნული თავისთავადობის“ გამოვლინებების ტკბობის ეპოქა დამთავრდა. დღეს, როცა საქართველოს ღია, დემოკრატიული და პიროვნების თავისუფლების აღიარებაზე დაფუძნებული სამყაროს ნაწილად გახდომა სურს, საღი აზრის პოზიციიდან, რეალისტური თვალით უნდა იყოს დანახული საზოგადოების წევრთა პიროვნული ავტონომიურობის პრობლემა და თეორიულ დისკუსიებში კი არა, ცხოვრებაში უნდა აღიარდეს მისი აუცილებლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენივე ფსიქოლოგია შეუწყობს ხელს ყველა სფეროში - ინსტიტუციონალურში თუ ინტიმურში, შიდა ჯგუფების, და საბოლოოდ, კლანის ბოგინს. პიროვნება კი უნდა ახერხებდეს ჯგუფური ინტერესების გამიჯვნას სხვა დანარჩენისაგან. პიროვნების თავისუფლების კაცობრიობისთვის ხელშეუხებელ ფასეულობაზეც რომ აღარაფერი ვთქვათ, ეს იმას ნიშნავს, რომ ჰუმანურობის ელემენტარულ გამოვლინებებშიც კი პიროვნების დონეზე გადაწყვეტილების მიღების უუნარობა კვლავ და კვლავ შეუქმნის ნოყიერ ნიადაგს საზოგადოების წევრთა საყოველთაო პასუხისმგებლობასა და, შესაბამისად, უცვლელობას.

საზოგადოების სიჯანსაღე ნიშნავს საზოგადოების ორიენტაციების სიჯანსაღეს, რასაც ადამიანები და არა თითო-ოროლა კაცი ამკვიდრებს. სწორედ ამიტომაა აქტუალური ისეთი ფასეულობების დამკვიდრებაზე ზრუნვა, რაც პიროვნებას საზოგადოებრივად პროდუქტიული აქტივობისკენ უბიძგებს და არა მხოლოდ საკუთარი შიდა რეფერენტული ჯგუფების ინტერესთა დაცვა-გატარებისკენ.. სხვაგვარად დღეს ყველა სფეროში გამეფებული ვიწრო მსოფლმხედველობრივი აღქმა შეიცვლება - ამას მხოლოდ ჯანსაღი პიროვნული ორიენტაცია და ნება შეიძლება დაუპირისპირდეს. და ეს ყველაფერი პიროვნების ავტონომიურობის, მისი პირადი თვალსაზრისის უფლების აღიარებით, ჯგუფზე ავადმყოფურ მიჯაჭვულობასა და მისგან უარის თქმის გაბედვით იწყება.

----------------------------

1. უნდა აღინიშნოს, რომ შიდა ჯგუფი, თავისი არსით, მაინცა და მაინც მცირერიცხოვან ადამიანთა ერთობას არ გულისხმობს. ოჯახი, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესი შიდა ჯგუფია, მაგრამ ტომი, თანამშრომელთა კოლექტივი, რელეგიური, ესთეტიკური და სამეცნიერო გაერთიანებებიც შეიძლება იქცეს ძალზე მნიშვნელოვნად და ფუნქციის მქონე რეფერენტულ ჯგუფად. როცა სახელმწიფოს ემუქრებიან, შეიძლება ისიც იქცეს შიდა ჯგუფად.

2. სხვათა შორის, აჭარაში, შემორჩენილია უძველესი ენობრივი კლიშე, რომელიც კონკრეტული პირის მითითებას არ საჭიროებს, თავისთავად გულისხმობს პირის რაიმე სახის ნათესაურ-სტატუსურ კავშირს მავანთან - „ჩვენთვის იგი“...

3. ჩვენს მიერ ჩატარებულ ექსპერიმენტულ გამოკვლევაში, რომელიც სტერეოტიპის კვლევას ეხებოდა ქართული ხალხური იდიომატური გამოთქმების ბაზაზე, პიროვნების შეფასების ერთ-ერთ წამყვან კრიტერიუმად გამოვლინდა პარამეტრი „მოქნილობა“.

4. ერთ-ერთი უკანასკნელი ოქროს-კულტურული კვლევის მონაცემებით, ორივე ტიპის კულტურაში „პასუხისმგებლობაზე“ უფრო ახლო დისტანციაზე, მამაკაცებისთვის აღმოჩნდა ქალი, ხოლო ქალებისათვის - მამაკაცი.

5. ფსიქიატრ ნ. მახაშვილის აზრით, „განსაკუთრებული შეფარული ძალადობის გამოვლენაა ზემზრუნველობა, როდესაც მშობელი საკუთარი ნების სრული თავმოხვევით მორალურ-ფსიქოლოგიურად „ახრჩობს“ შვილს. მისივე აზრით, ბოლო ათწლეულში თბილისში გავრცელებული საკუთარი დედის გინება პროტესტია ვაჟიშვილის პიროვნული სივრცეში მეტისმეტად „შეჭრილი“ დედის მიმართ.

6. უნდა აღინიშნოს, რომ კოლექტივისტებს, ინდივიდუალისტებთან შედარებით, დაბალი კოგნიტური სირთულე აქვთ თვითცნობიერების სფეროში - ისინი უფრო ცუდად იცნობენ თავიანთ თავს, ვიდრე სხვები, და საკუთარ თავზე წარმოდგენებიც სპეციფიკური და აქტუალური სოციალური კონტექსტის გათვალისწინებას, მასზე ფოკუსირებას ეყრდნობა. ქროსს-კულტურული გამოკვლევები ავლენს კოლექტივისტების უფრო დაბალ თვითშეგნებას ინდივიდუალისტებთან შედარებით; ასეთი შედარებითი მონაცემები, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ქართველებთან დაკავშირებით არ არსებობს - სპეციალური კვლევა ამ მიმართულებით არ ჩატარებულა; თუმცა სხვადასხვა გამოკვლევით მოპოვებულ მასალაზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ თვითშეფასება დაბალი არ არის; ნათქვამის არაპირდაპირ გასამაგრებლად მოვიშველიებთ კვლევას გენდერულ სტერეოტიპზე, რომელმაც გამოავლინა, რომ თვითშეფასების მიხედვით ქალთა და მამაკაცთა შორის დიდი სხვაობა არ არის - ორივე შეფასდა, როგორც ოდნავ დადებითი, ამასთან, გათხოვილ ქალთა ჯგუფში შეფასება უფრო მაღალია, ვიდრე მამაკაცებთან (ცხადია, ეს გათხოვილი ქალის სოციალური პრესტიჟულობითაა გაპირობებული, თუ გავითვალისწინებთ, რომ სხვა მონაცემები სწორედ ოჯახში მათ პრობლემურობას ასახავს); გენდერული ასიმეტრიის პირობებში მთლიანობაში, მამაკაცებთან იგი თავისთავად მაღალი უნდა იყოს. მკვლევართა დასკვნით, ქალებთან მიმართებაში „ხშირ შემთხვევაში საქმე გვაქვს არარეალისტურ (კომპენსატორულ) თვითშეფასებასთან, რომელიც ცხოვრების გამოცდას ძნელად უძლებს“. ვფიქრობთ, შედეგი იმისა, რომ პიროვნების შინაგანი გამოცდილება, შესაბამისად, თვითშეფასებაც ნაკლებად მოიცავს ინფორმაციას საკუთარ ინტერნალურ მონაცემებზე - ამ სფეროში პიროვნების კოგნიციები (ცოდნები) ძირითადად ოჯახზე მიჯაჭვულობის, ოჯახური თანაცხოვრების გამოცდილების, პროფესიულ (ან სწავლის) სფეროებში მიღწევების ხოლო აღქმა-შეფასებასა და ქცევაში კულტურულად წახალისებული შაბლონების შინაარსებითაა შექმნილი, ცვალებად სიტუაციებში კი საკუთარ თავზე ინფორმაცია ნაკლებია (გარდა ამისა, ჩვენი დაკვირვებით, ქართველები ნაკლებად მიდრეკილნი არიან თვითანალიზისკენ); აქედან გამომდინარე, საერთოდ საეჭვოა ქართველთა თვითშეფასების ადეკვატურობაც. ბ. თაგაურის მიერ ჩატარაბულმა კვლევამ გამოავლინა, რომ პრობლემურ სიტუაციებში ე.წ. კოგნიტური დისონანსი ანუ ფსიქოლოგიურად წინააღმდეგობრივ ცოდნათა შეუთავსებლობით გამოწვეული შფოთის შემცირება-გაქრობა ალტერნატიული ობიექტის არჩევის შემდეგ დამოკიდებულია თვითშეფასების დონეზე - რაც უფრო მაღალია თვითშეფასება, მით მეტად ხდება მიღებული გადაწყვეტილების განმტკიცება. შესაბამისად, არაადეკვაური თვითშეფასების პირობებში (რადგან ინდივიდი თავის თავს მხოლდ ჯგუფურ კონტექსტში ხედავს), უნდა არსებობდეს იმის ტენდენციაც, რომ ჯგუფზე დაყრდნობით მიღებული გადაწყვეტილება გაუქრობს „კოგნიტურ დისონანსს“. აქვე აღსანიშნავია კოლექტივისტის განსაკუთრებული Self - მონიტორი (პასუხისმგებლობა) - კოლექტივისტურ კულტურებში ხშირად ხალხი აკეთებს იმას, რასაც მისგან მოელიან, თუმცა სიამოვნებას ამისგან არ განიცდიან - აქტუალურია მხოლოდ მოვლენების განცდა.

7. ჩვენს მიერ ჩატარებული ექსპერიმენტული კვლევით ქართული ხალხური იდიომების გამოყენებით, ადამიანის შეფასების ერთ-ერთ წამყვან, იმპლიციტურად ნაგულისხმევ კრიტერიუმად გამოვლინდა პარამეტრი „თვითრეკლამა“.

8. ქალის ხატზე ქართულ მენტალობაში ლ. სურმანიძე „ქალი ქართულ მენტალიტეტში“.

9. გენდერული სტერეოტიპის კვლევის შედეგად მიღებული ერთ-ერთი დასვნა: ახლახან უფროსკლასელებთან ჩატარებული კვლევის მონაცემებით, ჩამონათვალში: „1. ოჯახის ქალი; 2. ქვრივი; 3. გაუთხოვარი (მარტოხელა); 4. განქორწინებული; 5. ყველა ერთნაირად;“ ყველაზე მეტ პატივისცემას საქართველოში იმსახურებს ოჯახის ქალი (94%).

10. აღნიშნული ვითარება საქართველოში აქტუალურიცაა და სიცოცხლისუნარიანიც, დღევანდელ ახალგაზრდობაში საქორწინო პარტნიორის ამორჩევისადმი ამგვარი მიდგომა, ძალზე საეჭვოა, რომ ახალშემოჭრილი პრაგმატიზმის გაფურჩქვნის შედეგი იყო - ასეთი მიდგომა მენტალურადაა ფიქსირებული. თბილისის სახ. უნივერსიტეტის სოციოლოგიის სპეციალობის სტუდენტების - ს. ჩაჩანიძის და ნ. გაბინაშვილის მიერ უნივერსიტეტის სტუდენტებთან ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ნორმატულ შემთხვევაში, შეკითხვაზე: „რა უნდა იყოს ოჯახის შექმნის საფუძველი?“, პასუხმა - „ცხოვრებაში წინსვლის პერსპექტივა მეუღლის მშობლიური გარემოს მეოხებით“ - 7 ვარიანტისგან შემდგარ ჩამონათვალში მე-7 პოზიცია დაიკავა, მაშინ, როცა რეალური ვითარების აღწერისას („რა არის“) ამ პასუხმა გადმოინაცვლა მე-3 პოზიციაზე.

11. სექსუალობისადმი დამოკიდებულებას ქართულ კკულტურაში მოგვიანებით შევეხებით. აქ კი აღვნიშნავთ, რომ უფროსკლასელთა გამოკითხვა ადასტურებს ქალწულებრივობის ტრადიციულად მაღალ ღირებულებას. მეტ ტოლერანტობას ამ თვალსაზრისით ქალის მიმართ, როგორც სჩანს მხოლოდ გარკვეულ სოციალურ ჯგუფებში აქვს ადგილი; თანაც, ისეთი გამონაკლისის ვითარებაშიც მცირე ჯგუფებზე კულტურული ორიენტაციის გამო, კონკრეტული სოციალური ჯგუფი ტოლერანტობას შიდა (და არა გარე) ჯგუფის წევრების მიმართ უნდა იჩენდეს. კულტურული კოლექტივიზმის ყველა სხვა ნიშანი - ორიენტაციები უცვლელობაზე, ჯგუფურ დახურულობაზე და ოჯახურ ერთიანობაზე, ურთიერთმიჯაჭვულობა, გარე ჯგუფთა ძნელად მიმღებლობა; შიდა ჯგუფის წევრთა მიწერილი და არა მიღწეული პრესტიჟულობა, უსაფრთხოებისკენ სწრაფვა, კონფორმულობა ერთიანი კულტურული ორიენტაცია უნდა იყოს ყველა სოციალური ჯგუფისათვის. ჩვენს მოსაზრებას ამგვარად უახლესი ქროსს-კულტურული კვლევებით გამოვლენილი ის იმპერიული ფაქტი, რომ კოლექტივისტურ კულტურებში ყველაზე მოდერნიზებულ სფეროებშიც კი ტრადიციული ორიენტაციები ძნელად ემორჩილება ცვალებადობას ქართულ კულტურაში ამგვარ ცვლილებათა ტრადიციები საკვლევია.

12. უფროსკლასელთა გამოკითხვის მონაცემებით, შეყვარებული გოგონას მხრიდან აქტიურობა მიუღებლად მიიჩნია გამოკითხულ გოგონათა 76%-მა. გარდა ამისა, „იდეალური ქალის“ ხატის ემპირიული კვლევის შედეგები ზრდასრულებთან და უფროსკლასელებთანაც მოწმობს, რომ დამოუკიდებლობა და აქტიურობა ის კრიტიკული განზომილებებია, რომლის მიხედვითაც მამაკაცები მნიშვნელოვნად განსხვავდებიან ქალებისაგან - მათთან აქტიურობა-დამოუკიდებლობას ყველაზე დაბალი რეიტინგი აქვს.

13. ეს ბუნებრივია ურთერთდამოკიდებული „მე“-ს ფსიქოლოგიური ტიპის შემთხვევაში, რომელიც სოციალური კონტექსტისადმი განსაკუთრებით მგრძნობიარეა და გულისხმობს ორიენტაციას კონკრეტული სიტუაციის პროგრამულ მნიშვნელობაზე (სხვების მოთხოვნათა, სიტუაციის კონვენციური მხრის, კონკრეტული ურთიერთობის ფორმისა და წესების აქცენტირება). ქართულ კულტურაში ძალზე ხშირად, ინდივიდუალურ-პიროვნული ატრიბუტები ზერელე, ზრდაპირული მახასიათებლებითაა ჩანაცვლებული (მაგალითად, „მე სიმღერა მიყვარს და ის კარგად მღერის“, „ტკბილეული მიყვარს და ის კარგად აცხობს“ და მსგავსი).

14. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ თუმცა ემოციათა უმრავლესობა განიხილება, როგორც უნივერსალურად განცდადი ბუნებრივი ადამიანური ფენომენი, თანამედროვე მეცნიერული გაგებით რეალურად ისინი განხილულ უნდა იქნეს სახელდების, შეფასებათა და მიდევნების ინტერპერსონალურ და კულტურულ პროდუქტებად. „ემოციური მნიშვნელობა სოციალური უფროა, ვიდრე ინდივიდუალური მიღწევა; იგი სოციალური ცხოვრების ერთობლივი პროდუქტია“.

15. კვლავ ერთი ემპირიული ფაქტი: გაბინაშვილისა და ჩაჩანიძის უკვე ნახსენებ გამოკითხვაში სიყვარულზე, როგორც ოჯახის შექმნის ნორმატიულ საფუძველზე მოვიდა პასუხთა 92%, ხოლო რეალურ ცხოვრებაში („რა არის“) მისი წილი განახევრდა - პასუხთა მხოლოდ 51% აღნიშნავს მას ქორწინების რეალურ საფუძველად.

16. კოლექტივისტურ კულტურებში ემოციების კვლევამ გამოავლინა, რომ ამ ტიპის გრძნობები (მაგალითად სიბრაზე) ინტერპერსონალური ურთიერთობების თანმხლებ მეორად შედეგად განიხილება, ქცევის რეგულატორის პრესტუჟული სტატუსი კი მათ არ ენიჭება, ეს ინტერპერსონალური კონტექსტის პრეროგატივაა. ამგვარად, ქართულ კულტურაშიც პარტნიორის კონტექსტუალური მისაღებობის შემთხვევაში, მაგალითად, პოზიტიური გრძნობა ინარჩუნებს თავის პირვანდელ სახეს (შესაძლოა უფრო კულტურულ-ნიშნური აზრით, ვიდრე რეალურად განცდადი მოცემულობით), ხოლო კონტექსტუალური მიუღებლობის შემთხვევაში (რადგან პიროვნებას ხელს უშლის განმტკიცებაში), ჯერ იხლიჩება და ამბივალენტური ხდება („მინდა-არ მინდა“), საბოლოოდ კი კულტურული კონტექსტისათვის მისაღებ პოლუსზე ჩნდება.

ქართულ კულტურაში ექსპერიმენტულადაცაა გამოვლენილი ტრადიციულ კოლექტივისტურ კულტურებში სოციალურ კონტექსტთან და მის ღირებულებებთან გრძნობის ძლიერი შეჭიდულობა. თსუ სოციოლოგიის სპეციალობის მაგისტრანტ, ნ. თვალაბეიშვილთან ერთად ჩატარებული ექსპერიმენტული კვლევის შედეგებით, რომელიც ეხებოდა ღირებულებათა სიღრმისეულ კულტურულ სემანტიკურ კავშირებს, 145 ყოველდღიური ცნების ბაზაზე შეიქმნა ღირებულებათა ერთიანი სემანტიკური სივრცე, რომელიც წარმოდგენილია კონკრეტული მნიშვნელობის მქონე სემანტიკური ვალებით (კლასტერებით). ცნება „სიყვარული“, ამ გამოკვლევის მონაცემებით, ერთიანდება დამოუკიდებელ სემანტიკურ ველში ცნებებთან „ერთგულება“, „სიმდრე“, „პატიოსნება“ და „ნაყოფიერება“. „ერთგულება“ და „ნაყოფიერება“ უნივერსალური სემანტიკური ასოციაციებებია სიყვარულთან, მაგრამ, ვფიქრობთ, საქართველოში გენდერული ურთიერთობების საფუძველში არსებული იმპლიციტური (ნაგულისხმევი) ორიენტაციები ვლინდება სოციალურად პრესტიჟული მნიშვნელადი „პატივმოყვარეობისა“ და „სიმდიდრის“ მოცემულობაში აღნიშნულ ეკოფოკუსურ ემოციასთან.

17. ზრდილობაზე, როგორც პიროვნულ მახასიათებელზე ქართულ მენტალობაში იხ. ქართული ეთნოსის მენტალიტეტის ფსიქოლოგიური კვლევა (ფოლკლორული ფიზიოლოგიზმების ბაზაზე).

18. კონტროლის ასეთი გაგება უპირისპირდება დასავლურ გაგებას, რომლის მიხედვითაც კონტროლის და თვითრეგულაციის ფუნქციაა შინაგანი ატრიბუტებისა და მნიშვნელობების გამოვლენა ადამიანის საზოგადოებრივი ქცევის, სოციალური სიტუაციის, მოკლედ, გარე სოციალური რეალობის შესაცვლელად.

19. შუა საუკუნეების მენტალობის ცნობილი მკვლევრის - ი. გურევიჩის მიხედვით, „მორალი... იმდენად ინდივიდის თვისება არაა, რამდენადაც თვისება, რომელიც გააჩნია მის ოჯახს, გვარს, სოციალურ ფენას. ინდივიდის უფლება-მოვალეობა ჯგუფის მიერ ინდივიდის შეფასებისგან განუყოფელია“. აქედან გამომდინარე, ინდივიდისთვის თავისი ქცევის შეფასების ძირითადი კრიტერიუმია შეფასება ჯგუფის მიერ („რას იტყვის ხალხი“), რომელიც კონკრეტულ შემთხვევაში შესაძლოა სულ არ ემთხვეოდეს მის ინდივიდუალურ, პირად მოსაზრებებს.

20. ი. გურევიჩის მიხედვით, კოლექტივისტურ საზოგადოებაში ინდივიდს აქვს გარკვეული ნება, მაგრამ იგი, პირველ რიგში, მიმართულია კოლექტივის მიერ დასმული მიზნის შესრულებაზე; ნების მეტნაკლები დამოუკიდებლობა ვლინდება იმ მიზნის მისაღწევი საშუალების ამორჩევაში, რომელიც ყველაზე უფრო შეესატყვისება კოლექტივის მოთხოვნებს, ჩვენს შემთხვევაში „საშუალება“ მისაღები კანდიდატურაა.

21. წართმევის სემანტიკა ნიშნავს სუბიექტის მიერ ობიექტზე ზემოქმედებას („წაართვა მან მას ის“), ხოლო ზემოქმედების ობიექტი წინადადებაში დამატების ფუნქციას ასრულებს; ორი სუბიექტის (ქალი-კაცი) ურთიერთქმედების ინტერპრეტაციისას მიმართება, „სუბიექტი - სუბიექტი“ დარღვეულია და შეცლილია მიმართებით - „სუბიექტი-ობიექტი“. ჩვეულებრივ, ეს ენობრივი შაბლონი გენდერული ასიმეტრიის პრინციპს არღვევს: „ქალიც“ და „კაციც“ ერთნაირად წართმევადია და გვევლინებიან მანიპულაციის ობიექტად, ხოლო „წამრთმევი“ - სქესისაგან დამოუკიდებლად, ერთნაირად აქტიურია; მეორეს მხრივ, საქართველოში მამაკაცის სექსუალობის მიმართ პერმისიულობა, ხოლო ქალისადმი - რეპრესიულობა განაპირობებს არა მარტო „წამრთმევი“, არამედ „წართმეული“ ქალის მიმართაც უფრო მეტ ნეგატივიზმს;. ამგვარი ინტერპრეტაციის იდეოლოგიური საფუძველი ქრისტიანული ღირებულებებია, რომელიც სქესთა ურთიერთობაში სჯულიერი ქორწინების გარდა არავითარ სხვა ფორმას დასაშვებად არ მიიჩნევს, ხოლო ქალს პასიურობის მოთხოვნას უყენებს.

22. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური ფსიქოლოგიის სპეციალობის სტუდენტების, თ. ლომთაძისა და თ. ჯალაღონიას მიერ 1997 წ. ჩატარებული კვლევის მიხედვით, 17-დან 50 წლამდე გამოკითხული რესპოდენტების 87%-მა კითხვაზე: „ოჯახის შექმნა აუცილებელია?“, დადებითად უპასუხა, ამასთან, 30 წლამდე და 30 წელს გადაცილებული რესპოდენტების პასუხებს შორის მნიშვნელოვანი სხვაობა არ არის.

23. სემანტიკური კავშირების უკვე ნახსენებ გამოკვლევაში, ცნებები „მომავალი“ და „წარსული“ ჩვენს ცპ-ებს ერთიან სემანტიკურ ველში ეძლევათ და ავლენენ წარსულზე ორიენტაციას. ეს ექსპერიმენტული ფაქტი ქართულ კულტურაში ქრისტიანული შუასაუკუნეობრივი იდეოლოგიის ღრმა ანარეკლია, რომელიც დროის სპეციფიკურ აღქმას განაპირობებდა. ამ იდეოლოგიით, ადამიანის ცხოვრება ორ პლანში მიმდინარეობს - ემპირიულად მიმდინარე მოვლენებში და ღვთის წინასწარმეტყველების განხორციელების პლანში. ისტორია გაგებულია როგორც ხსნის ისტორია პირველი ცოდვიდან მეორედ მოსვლამდე. ამიტომ წარსულს და მომავალს მეტი ღირებულება აქვს, ვიდრე აწმყოს, რადგან იგი ფუჭია და წარმავალი. შუა საუკუნეების ცნობიერება ორიენტირებული წარსულზე, საიდანაც იწყევა მომავალი. „ადამიანი არ ჩნდება დროის გრძნობით. ეს ცნებები მისთვის განისაზღვრება იმ კულტურით, რომელსაც ეკუთვნის“ (ა. გურევიჩი).; შემთხვევითი არაა, რომ რომ აღნიშნული ორი ცნება ერთ სემენტიკურ ველში მოხვდა, ხოლო დროის აღქმის მესამე მნიშვნელოვანი მოდუსი - „აწმყო“ დაუკავშირდა შიდა ჯგუფური ორიენტაციების სოციალურ მახასიათებლებს სრულიად სხვა სემანტიკურ ველში.

24. კვლავ ერთი ემპირიული ფაქტი: შეკითხვაზე „სად აქვს ყველაზე მეტი უფლება ქალს (კაცს)?“, პასუხად „ოჯახში“ ქალთა მიმართებაში აღინიშნა გამოკითხულ უფროსკლასელთა 41%-მა, ხოლო პასუხები „ოჯახსა და ყველგან“ კაცთან მიმართებაში - რესპოდენტთა 56%-მა; გამოკითხულთა დიდი უმრავლესობის აზრით, კაცი ოჯახით და სამსახურით ერთნაირად უნდა იყოს დაკავებული, ხოლო ქალი - „უფრო ოჯახით, ვიდრე სამსახურით“. ანალოგიური შედეგია უფროსებთანაც. ეს ტრივიალური მონაცემები არა მარტო გენდერული ასიმეტრიის ფაქტს აფიქსირებს უფლებებისა და მოვალეობების სფეროში, არამედ იმ ტრადიციულ, კულტურულად ნორმატიულ ორიენტაციასაც, რომ ძირითადი პასუხისმგებლობა ყველაფერზე, და მათ შორის, ოჯახზეც, პირველ რიგში დაეკისროს მამაკაცს.

25. შემთხვევითი არაა, რომ ოჯახი თემატიკის აღმწერ სემანტიკურ ველში ცნობები „ქალი“ - „კაცი“ არ მოხვდა. ეს ველი ძირითადად ოჯახურ როლებს აღწერს.

26. მე ვეთანხმები ჩემი კოლეგების ემპირიულ კვლევის მონაცემებზე დაფუძნებულ დასკვნას, რომ საქართველოში „საზოგადოებრივი აზრის გამოკვეთილი სექსიზმია“, რომ ქალთა დისკრემინაციის დაუშვებლობა ბევრ სფეროში განპირობებულია ამ დისკრიმინაციის გაუცნობიერებლობით. კონფორმიზმი, დაფუძნებული ტრადიციულ შუა საუკუნეების დროინდელ კოლექტივისტურ მსოფლმხედველობაზე, ამ გაუცნობიერებლობას ხელს უწყობს და ამყარებს.

27. მაგალითად, სექსუალური შეთავსებადობა. მ. კუჭუხიძის უკვე ნახსენებ კვლევაში რესპოდენტთა მიერ ცოლის მიმართ ქმრის აგრესიის 20 დასახელებული მიზეზიდან პასუხზე „პრობლემები საქსუალურ ცხოვრებაში“ მოვიდა პასუხთა 8,9%, ხოლო როგორც ქმრის მიმართ ცოლის აგრესიის მიზეზზე - პასუხთა 6,5%. უფროსკლასელების გამოკითხვის შედეგებით ამ ფაქტორს ოჯახის დაშლის მიზეზად ძალზე მცირე რაოდენობა ასახელებს და ჩამონათვალშიც ერთ-ერთ ბოლო ადგილს იკავებს, შესაბამისად, ცოლ-ქმრის ურთიერთობაში სექსუალური შეთავსებადობის მოთხოვნა პრაქტიკულად არ ფიგურირებს. ქართული მენტალობის არაეროტული ორიენტაცია ქალის ხატის ანალიზმაც გამოავლინა. ქართველი ქალის არაეროტულობაზე წერდა კ. კაპანელიც. თუმცა ამ კოლექტივისტურ კულტურებს ზოგადად ახასიათებთ ორიენტაცია ჰედონიზმზე, ქართულ კულტურაში იგი თავს ავლენს, როგორც სჩანს, უფრო გასტრონომიულ ტკბობაში, ვიდრე სექსუალურში. ცხადია, აქ საკითხი არ ეხება რეალურად ეროტიული განცდების არარსებობას - ლაპარაკია კულტურის ნორმატულ ორიენტაციაზე, რომელიც წყვილის შეთავსებადობის ამ უმნიშვნელოვანეს მახასიათებელს პრაქტიკულად უგულვებელყოფს და უქვემდებარებს და განიხილავს მას იდეოლოგიზებული წარმოდგენების კონტექსტში.

საერთოდ, სექსთან და ოჯახთან დაკავშირებული პრობლემების შესწავლა ქრისტიანული იდეოლოგიის ღრმა გავლენას უჩვენებს. სემანტიკური სივრცეების უკვე ნახსენები კვლევის მიხედვით, ოპოზიცია „ქალი-კაცი“ იმ სემანტიკური ველის ნაწილი, რომელიც პირობითად შეიძლება იწოდოს „სექსუალურად“. ექსპერიმენტის შედეგები ავლენს მოცემული სემანტიკური ველის ბანალულობას: იგი წარმოდგენილია „უბიწო“ (+ ნიშნით) და „უწმინდური“ (- ნიშნით) „გულისთქმათა“ აღმწერი ცნობებით; მაგალითად, „ჰომოსექსუალი-მეძავი-ლტოლვა“ და „სქესი-სქესობრივი კონტაქტი-ძალა-ფული“, ერთის მხრივ, და „ქალწულობა“, „წესის დაცვა“, „ღმერთის, რწმენა-რელიგია“, მეორეს მხრივ. ამავე სემანტიკური ველის ნაწილია ცნება „პასუხისმგებლობა“; აღნიშნული სემანტიკური ველის ანალიზი ავლენს, რომ ჩვენი ცდის პირებისთვის (ექსპერიმენტში მონაწილეობდნენ ორივე სქესის მხოლოდ ქართველი, ქართულენოვანი ახალგახრდები) ტრადიციული ინტერპრეტაციულ - შეფასებითი სისტემა სექსუალურ სფეროსთან მიმართებაში კვლავაც აქტუალურია და პასუხისმგებლობა (ცხადია, საზოგადოების, ანუ რეფერენტული შიდა ჯგუფის წინაშე), როგორც ჩანს, სწორედ მას უკავშირდება. ქრისტიანულ იდეოლოგიაზე დაფუძნებული ქართული კოლექტივისტური კულტურისათვის სექსუალური სფერო, „მრუშობისა“ და „მეძავობის“ სოციალური ნიშნურობით, რეპრესირებულობის განსაკუთრებულ წნეხს გულისხმობს და არა მარტო ქალებისათვის, არამედ მამაკაცებისთვისაც. ქალებთან მიმართებაში რეპრესია ეხება სექსუალური კონტაქტის თვით ფაქტს, ხოლო მამაკაცებთან მიმართებაში - ამგვარი კნტაქტის მისაღებობა-მიუღებლობას. ამ საყრდენი მნიშვნელობების გარდა მოცემულ სემანტიკურ ველში ერთიანდება ცნებები „სტანდარტულობა“ და „სტაბილურობა“, რაც მნიშვნელოვნად მიანიშნებს იმას, რომ ჩვენი ექსპერიმენტული ჯგუფისათვის სქესთა ურთიერთობებში სტაბილურობა მხოლოდ სტანდარტულობით ანუ უცვლელი შაბლონით მიიღწევა. ასეთ კონტექსტში ბუნებრივია ის ფაქტი, რომ აღნიშნულ სემანტიკურ ველში არ ფიგურირებს ცნება „სიყვარული“ - ეროტიული სიყვარული ქართულ კულტურაში ნორმატულად მიუღებელია (ამის შესახებ, იხ. კ. კაპანელის „ქართული სული ესთეტიკურ სახეებში“, აგრეთვე „ქალი ქარტულ მენტალიტეტში“).

სხვათა შორის, ქრისტიანული მცნებების მიდევნების ტენდენცა საკმაოდ ცნობიერად ეძლევათ ჩვენს მიერ გამოკითხულ ახალგაზრდა რესპოდენტებს სწორედ სქესთან დაკავშირებულ საკითხებში. მაგალითად, ს. ჩაჩანიძის და ნ. გაბინაშვილის უკვე ნახსენები კვლევის მონაცემებით, გამოკითხულ სტუდენტთა 46%-მა ქორწინებამდე სქესობრივი კავშირი დაუშვებლად მიიჩნია რელიგიური აკრძალვის გამო, ამასთან, ასეთ პასუხთა დიდი ნაწილი მამაკაცებს ეკუთვნით.

28. ერთი პარადოქსული ექსპერიმენტული ფაქტიც: ოჯახის თემატიკის აღმწერი სემანტიკური ველის ნაწილია ქვეჯგუფი, რომელიშიც შედის ცნებები „დაცინვა“ და „ტრადიცია“. ესაა 18-დან 25 წლამდე ასაკისცდისპირთა ჯგუფის მონაცემი. კომენტარი მკითხველისთვის მოგვინდია.

29. შემთხვევითი არაა, რომ „მორჩილება“, ჩვენი ექსპერიმენტის მონაცემების მიხედვით, სწორედ ოჯახის თემას უკავშირდება-მემკვიდრეობითობასა და შთამომავლობასთან ერთად ქმნის ქვეჯგუფს, რომელიც „მშობლობა - შვილობას“ (მასთან დაკავშირებულ სხვა სემანტიკური ერთეულებით) ერთიანი საყრდენი მნიშვნელობის ირგვლივ წარმოქმნილი დიდი სემანტიკური ველის ნაწილია.

30. ფსიქოლოგ გ. ნიჟარაძის მოსაზრებას ომის თაობაზე, რომ ქართული კულტურა მცირე ჯგუფებზე ორიენტირებული კოლექტივისტური კულტურაა, ადასტურებს ჩვენი ექსპერიმენტის მონაცემიც: ოპოზიცია „ჩვენ-სხვები“ გაერთიანდა სწორედ შიდა ჯგუფის სოციალურ მახასიათებლებთან - „პრესტიჟი-სტატუსი-აწმყო“, შესაბამისად, ამ ერთიან მნიშვნელობასთან მიზიდული აღმოჩნდა ცნებები „სირცხვილი-ბუნდოვანება“, რაც ბუნებრივია „სხვასთან“ დაპირისპირებაში. (აქ შეუძლებელია არ გავიხსენოთ ვახუშტი ბატონიშვილისეული დახასიათება ქართველებისა - „დიდების მოყუარენი“, „მოთაკილენი“, „სირცხვილის მადევარნი“). ამასთან, სოციოლოგ ჯ. ტერნერის სიტყვებით რომ ვთქვათ, „შენი ჯგუფის პოზიტიურად დახასიათების ტენდენცია იმისთვის არსებობს, რომ შენი თავი დაახასიათო პოზიტიურად“. შესაბამისად, ამ კონტექსტში აღნიშნული ცნებები „სხვაბთან“ დაპირისპირებას აჩვენებს. კონკრეტული შიდა ჯგუფის განმსაზღვრელი მიზანი კი ჩვენს ექსპერიმენტში აღმოჩნდა „განათლება“ (ექსპერიმენტი უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებზე ჩატარდა). ამ სემანტიკურ ველთან დაკავშირებით გამოვყოთ ცნება „პასიურობა“, რომლის კავშირი მოცემულ მნიშვნელობებთან შეიძლება აიხსნას კოლექტივისტურ კულტურაში სტატუსის და პრესტიჟის სპეციფიკით - ისინი უფრო მიწერილია და არა მიღწეული, მიღწევას, პირველ რიგში, განსაზღვრავს წარმომავლობითი ჯგუფის სოციალური „წონა“ და არა მხოლოდ პირის ინდივიდუალური მცდელობები.

31. ქართულ მენტალობაში დედის კულტის ანალიზი ავლენს, რომ ყოვლისმიმტევებელი და ალერსიანი დედა ზრდასრულ შვილთან მიმართებაშიც ჩნდება „გავლენის სფეროში“ - შვილის ცხოვრების გაძლიერებული კონტროლი, მითითებები, ზეწოლა, შვილის ქცევების, ნაცნობობის რეგლამენტაცია („ყურადღებიანი დედა“), განსაკუთრებული როლი საქორწინო პარტნიორის ამორჩევაში, მისი გემოვნებისა თუ წარმოდგენების გათვალისწინებით ხშირად ოჯახის შექმნისას უმნიშვნელოვანესი მოტივია; შედეგად, ურთიერთობა მეუღლის დედასთან (დედამთილი, სიდედრი) წყვილის ცხოვრებაში გადამწყვეტი ხდება. საერთოდ, ქალის ფენომენი ქართულ კულტურაში სპეციალურ ანალიზს საჭიროებს. კულტურაში ნორმატული მასკულინობის გვერდით, ემპირიული კვლევებით ვლინდება ძალზე სერიოზული ორიენტაციები ფემინურობის ძლიერი ნიშნით სხვადასხვა სფეროში, რაც, როგორც ჩანს, დედის კულტის ძლიერი ზეგავლენით შეიძლება აიხსნას. ხსენებული ექსპერიმენტული კვლევის შედეგებით, ოპოზიცია „მასკულინობა - ფემინურობა“ გაიყო და სხვადასხვა სემანტიკური კვლევის ნაწილად მოგვევლინა; ფემინურობა გაერთიანდა ოპოზიციასთან „ქალი-კაცი“ და როგორც სჩანს, ნიშნურია ქართული მენტალური კონტექსტის გათვალისწინებით: დედის კულტი იჭრებოდა მარეგულირებლად გენდერულ ურთიერთობებში, რასაც ხელს უწყობს სჯულიერი ქორწინების ნორმატიული და უკამათო უპირატესობა გენდერულ ურთიერთობებში. დედის როლური მოდელი ზოგადფსიქოლოგიური კანონზომიერებით განივრცობა მეუღლეზეც და შემდგომში იგი ხდება ამ გავლენის ჩამნაცვლებელი, ძალაუფლების ხელში ამღები. ამ მოსაზრებას განამტკიცებს სხვადასხვა გამოკითხვის შედეგებიც ოჯახში გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით. მაგალითად, გენდერული სტერეოტიპების კვლევით გამოვლინდა, რომ გადაწყვეტილების მიღებაშიორივე სქესი თითქმის თანაბრად მონაწილეობს. ეს მონაცემები მიუთითებს, რომ ნორმატიული მასკულინობის მიუხედავად, რეალურად ქალი საკმაო ზეგავლენის მქონეა ქართულ კულტურაში, და განსაკუთრებით, ოჯახურ ცხოვრებაში. აქ არ შეიძლება არ გავიხსენოთ, კ. კაპანელი რომლის აზრით, ქართველი ქალი თავის ბუნებით ამორძალია და არა ოჯახის სტანდარტული ფემინური სტერეოტიპის შესატყვისი იდეალის მარეალიზებელი.

32. კოლექტივისტის სპეციფიკა კი არის მუდმივი ჩართულობა, „სხვისი როლის აღება“, იმის ფიქრისა და განცდის სურვილი, რასაც სხვები გრძნობენ და ამ ინფორმაციის უთქმელად ათვისება: „სხვების“ ასეთი პასიური მონიტორინგის უარყოფის შანსის შემთხვევაში, კოლექტივისტები, ჩვეულებრივ, დიკსომფორტს გრძნობენ. ყოველივე ამის საფუძველზე კი მარტოობის ფუნდამენტური შიში, მზრუნველობის მოთხოვნილება და საკუთარ არსებობაზე დამოუკიდებელი პასუხისმგებლობისგან გაქცევაა.

33. თსუ სოციოლოგიური კათედრის ასპირანტის, ლ. წულაძის კვლევის მონაცემებით, რომელიც ეხებოდა ბავშვთა აღზრდის პროცესში სანქციათა სისტემებს, გამოვლინდა ამბივალენტური დამოკიდებულება სანქციების მიმართ: ერთის მხრივ, გამოკითხულ მშობელთა 49%-ის აზროთ, მშობელი მკაცრი და მომთხოვნი უნდა იყოს, ხოლო 51%-ის აზრით - ალერსიანი და დამთმობი; მეორეს მხრივ, სასურველი ქცევის ჩამოყალიბების სტრატეგიასთან დაკავშირებით „წახალისებას“ და „შექებას“ უპირატესობა მიანიჭა დედების 92%-მა და მამების 89%-მა, ხოლო ფიზიკური დასჯის სასტიკი წინააღმდეგი აღმოჩნდა დედების 67% და მამების 74%. ემპირიული კვლევით აღწერილი სურათი საპირისპიროა მენტალური ორიენტაციისა („მცემე და მასწავლეო“, „შვილი მტრად აღზარდე, მოყვარედ გამოგადგებაო“ და ა.შ.). ამგვარი ლმობიერება ხელს უწყობს არა მხოლოდ ჰარმონიული ურთეერთობების ჩამოყალიბებას მშობლებსა და შვილებს შორის, არამედ ძლიერი ემოციური მიჯაჭვულობის შექმნასაც, რაც კოლექტივისტური საზოგადოების კონტექსტში, სადაც ნორმატიულადაა აღიარებული ჯგუფის (ოჯახის, ახლობლების) პრიორიტეტი ინდივიდზე, აძლიერებს კონფორმიზმს. შემთხვევითი არაა, რომ იგივე კვლევის მონაცემებით, გამოკითხული დედების 38%-ის აზრით, სრულწლოვანმა მშობლებთან ერთად უნდა იცხოვროს, ხოლო 41%-ის აზრით, ახალგაზრდის ცალკე ცხოვრების ვითარებაშიც მშობლები მას აუცილებლად უნდა ეხმარებოდნენ. ამგვარად ქართული ცნობიერებისათვის შვილი მარადიულ ბავშვად რჩება და მშობლის მუდმივ მზრუნველობას საჭიროებს.

34. რ. მშვიდობაძისა და გ. ნიჟარაძის გამოკვლევის შედეგებით, 5 ძირითადი ქცევითი სტრატეგიიდან (განრიდება, კონკურენცია, შეგუება, კომპრომისი, თანამშრომლობა), რომელსაც ადამიანი ირჩევას პრობლემურ სიტუაციაში, ქართულ პოპულაციაში წამყვანი აღმოჩნდა „თავის არიდება“, გენდერის მიხედვით, ქალებში წამყვენი სტრატეგიაა „თავის არიდება“, ხოლო მამაკაცებში - „კომპრომისი“. ავტორთა დასკვნით „თუ გავითვალისწინებთ, რომ ნებისმიერ სტრატეგიაზე ზედმეტი ორიენტაცია გართულებების რისკის შემცველია, უნდა ვაღიაროთ, რომ რომელიმე სტრატეგიაზე ზედმეტი ორიენტაცია გართულებების რისკის შემცველია, უნდა ვაღიაროთ, რომ რომელიმე სტრატეგიაზე ზედმეტი ორიენტაცია არასასურველი ფაქტია, განსაკუთრებით მათზე, რომლებიც ხელს არ უწყობენ კონფლიქტის გადაჭრას“.

ანალოგიურ შედეგს იძლევა ფსიქოლოგ მ. მესტვირიშვილის მიერ ჩატარებული კვლევაც. ამ მონაცემებით კონფლიქტური სიტუაციების დაძლევის 3 სტრატეგიიდან (პრობლემის გადაჭრა, სოციალური მხარდაჭერის ძიება, თავის არიდება), ყველაზე ხშირად გამოყენებადია თავის არიდებისა და სოციალური მხარდაჭერის ძიების სტრატეგიები; ხოლო პრობლემისგან თავის არიდების სტრატეგია უნივერსალური აღმოჩნდა არა მხოლოდ სიხშირით, არამედ სტაბილურობითაც, ამასთან, იგი არ იცვლება ნებისმიერი ძალის კონფლიქტის პირობებშიც მათთან, ვისთვისაც ეს სტრატეგია მყარი პიროვნული მახასიათებელია; ისინი, ვინც დაძლევის სტრატეგიებს იცვლიან, საშუალო კონფლიქტის დროს გამოყენებადი სოციალური მხარდაჭერის ძიების სტრატეგიას კონფლიქტის გაძლიერების კვალდაკვალ ცვლიან პრობლემისათვის თავის არიდების სტრატეგიით. ვფიქრობთ, ეს მონაცემები კონფორმისტული ორიენტაციების კულტურული ღირებულების ლოგიკური შედეგის რეალური ასახვაა - ურთიერთმიჯაჭვულობისა და ოჯახისგან ფუნდამენტურად დაცულობის საყოველთაო ღირებულების ატმოსფეროში, პიროვნებას არა აქვს პრობლემის რეალური დაძლევის შინაგანი მზაობა ამოცანის გადაწყვეტით, და არა მისგან თავის არიდებით.

35. 21 წლამდე აღნიშნული ორიენტაციების დარღვევა უფრო შესაძლებელია პიროვნების ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებლობის გამო (გარკვეული წილი ამ ასაკში მოდის რომანტიზებულ წარმომადგენლებზე განსაკუთრებით საპირისპირო სქესთან მიმართებაში); შემდგომი ასაკობრივი ფაზების სპეციფიკა კი ისაა, რომ უფრო რეალისტური განწყობები იწყებს ფუნქციონირებას და გარემოსადმი ადაპტაციის პრობლემები უფრო აქტუალური ხდება.

ბიბლიოგრაფია

1. Triandis. H. C. Culture and social behavior. 1993.

2. Triandis. H. C. Individualism and collectivism. Westview Press.

Boulder, San-Francisko, Oxford. 1995.

3. Church, A. T. (1987), Personality, Researching Non Western Culture: The Philippines. Psychological Bulletin, V. 102, No. 2, 172-292.

4. Hofstede, G. (1980), Culture' s Consequences: International Differences in Work-Related Values, Newbury, Newbury, CA: Saqe.

5. Hofstede, G. (1983), The cultural Relativity of Organizational Practises

6. Marcus, H & Kitayama, S. (1991), Culture and the Self: Implications for Cognition, Emotion and Motivation. Psychological Review, 98, 224-153.

7. Morris, M. W. (1993), Culture and cause: American and Chinese Attributions in Phisical and Social Domains. Report presented to the Tenth General Meeting Of European Association of Experimental Social Psychology, Lisbon.

8. Shwartz, Sh. (1990), Individualizm Collectivizm: Critique and Proposed Refinements. Journal of Cross Cultural Psychology, V.21. No2, 139-157.

9. Triandis, H. C., Malpass, R. & Davidson, A. (1973), Psychology and Culture, Annual Reviwe of psychology, V. 24, 355-378.

10. Triandis, H. C., Bontempo, Betancourt, H., Bond, M., Leung K., Brenes A., R. Georgias, J., Hull, C. h., Maris, G., Setladi, B., Verma, J., Spangenberg, J., Touzard, H. & Montmollin, G. (1986), The Measurement of Ethic Aspects of Individualism and Collectivism Across Cultures. Australion Journal of Psychology, 38, 257-267.

11. Triandis, H. (1989), The Selfand Social Behavior in Different Cultural Contexts. Psychological Review, V. 96, No. 3, 506-520.

12. Robin Goodwin - Personal relationships across cultures. 1999

13. კ. კაპანელი, ქართული სული ესთეტიკურ სახეებში, თსუ, 1995წ.

14. ლ. სურმანიძე, ქართული ეთნოსის მენტალიტეტის ფსიქოლოგიური კვლევა (ფოლკლორული ფრაზეოლოგიების ბაზაზე). საკანდიდატო დისერტაცია, საქართველოს მეც. აკადემიის დ. უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტი, თბილისი, 1993.

16. ლ. სურმანიძე, ნ. თვალაბეიშვილი. ბაზისურ სოციალურ ნიშანთა სემანტიკური სივრცე ქართულ კულტურაში („ყოველდღიური ცნობები“) თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოციოლოგიის კათედრა, ხელნაწერი, 2000 წ.

17. რ. მშვილდაძე, გ. ნიჟარაძე. კონფლიქტის მოგვარების სტრატეგიები. კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრი, 2000 წ.

18. მ. მესტვირიშვილი. კონფლიქტის სიძლიერის გავლენა კრიზისული სიტუაციების დაძლევის სტრატეგიაზე. ქართული ფსიქოლოგიური ჟურნალი, 2000, №3 თბილისი.

19. ბ. თაბაგარი. კონფლიქტი, არჩევნები, გადაწყვეტილება. თბილისი, 1994.

20. გენდერული სტერეოტიპები და ქალთა დისკრემინაცია კვლევა საქართველოში, 1999 CWN.

21. ნ. მახაშვილი. აგრესიის ციკლი და ვიქტიმიზაცია ოჯახში. ძალადობა ქალის მიმართ ოჯახსა და საზოგადოებაში. ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი რესპუბლიკური კონფერენციის მასალები, თბილისი, 2000.

22. მ. კუჭუხიძე. გენდერული ძალადობა ემპირიული კვლევები, ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრის რესპუბლიკური კონფერენციის მასალები, თბილისი, 2000.

23. ლ. წულაძე. სანქციათა სისტემები ბავშვთა აღზრდის პროცესში. ჟურნალი მეცნიერება და ტექნიკა, №10 - 12 1999.

24. ნ. გაბინაშვილი, ს. ჩაჩანიძე. ახალგაზრდების პრობლემები ემპირიული კვლევა. თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოციოლოგიის კათედრა, ხელნაწერი. სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციის მასალები, თბილისი, 2000 წ.

25. უფროსკლასელთა ცნობიერების ორიენტაციები ძლადობის სფეროში ემპირიული, კვლევა ქლთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი, თბილისი, 2000.

26. Э.Фромм. Иметь или быть. Киев,1988

27. А. Я. Гуревичю Категории средневековой культуры, М. 1990

28. И. С. Конн. Введение в сексологию, М, 1990

29. М. Ангайл. Психология счастья, М, 1990.

5 კულტურა და გენდერი

▲ზევით დაბრუნება


ლიანა ანთელავა

საქართველოს ქალთა მოძრაობა მსოფლიო ფემინისტური მოძრაობის განუყოფელი ნაწილია. დღევანდელი საუბრის მიზანია გარკვეული წარმოდგენის შექმნა იმ სამეცნიერო წინაპირობაზე, რომლის ნაწილსაც წარმოადგენს მსოფლიო ფემინისტური აზრი და რომელსაც ეფუძნება ფემინისტური მოძრაობა.

უკანასკნელ დროს, მსოფლიო მეცნიერებაში აღინიშნება ინტენსიური ზრდა ინდივიდისა და საზოგადოების თანაცხოვრებისა და კულტურული რეგულაციის პრობლემისადმი. ეს დაკავშირებულია როგორც თანამედროვეობაში მიმდინარე სოციო-კულტურულ პროცესებთან, ასევე მრავალრიცხოვან ისტორიულ მოვლენებთან. მათგან აღსანიშნავია ისეთი ფაქტორები როგორიცაა: პიროვნებასა და სოციუმს შორის ურთიერთობათა სახეცვლილება, ადამიანის მიერ „კულტურული ადაპტაციის საშუალებების ძიება ტექნოლოგიურ სამყაროსა და ინფორმაციულ ცივილიზაციაში, ტრადიციული ცხოვრების წესის საფუძველთა ნგრევა და სამყაროს ტრადიციული ხატის გაქრობა, საერთაშორისო კულტურულ ცხოვრებაში „მესამე სამყაროს“ ხალხების ჩართვა, რეგიონალური სოციო-კულტურული პროცესების გლობალურში გადაზრდა, მულტიკულტურული, პოსტინდუსტრიული ცივილიზაციის ჩამოყალიბება; მასობრივი კულტურული ფენომენის გაჩენა-გავრცელება, მსოფლმხედველობაში არსებული ფილოსოფიურ პარადიგმათა ნგრევა და ახალი ფილოსოფური კონცეფციის ჩამოყალიბება, რომელიც კულტურას მიიჩნევს ცენტრალურ საზრისწარმოებულ ელემენტად და ადამიანური ყოფიერების საზრისმაწარმოებელ საწყისად, განიხილავს კულტურას აღებულს დინამიკაში და ამდენად, ღიას მომავლისადმი, მეცნიერების „ანთროპოლოგიურობის“ ზრდა მისი ინტერესების გადატანა კულტურის პროდუქტი ადამიანიდან - კულტურის შექმოქმედ ადამიანზე. ზემოთ ჩამოთვლილმა ფუნდამენტურმა ცვლილებებმა თანამედროვე სამეცნიერო აზროვნებასა და მსოფლმხედველობაში განაპირობა კულტურულ-ანთროპოლოგიურ მეცნიერებათა განვითარება, რომლებიც შეისწავლიან აღნიშნულ მოვლენებს.

ამდენად კულტურის ცნებამ დღეს ყოვლისმომცველი მნიშვნელობა შეიძინა - კულტურა, ადამიანური არსებობის მაკოორდინირებელი ფაქტორი; კულტურა - ადამიანთა შემოქმედების, ქცევისა და ურთიერთობების ისტორიულად განვითარებადი, ზებიოლოგიურ პროგრამათა სისტემა, რომელიც გვევლინება სოციალური ცხოვრების ყველა ძირითადი გამოვლინების პირობად. კულტურის ამგვარი ყოვლისმომცველი გაგებიდან ამომდინარე, ბუნებრივია მეცნიერებაში მომხდარი ძვრები და ცვლილებები ნებსმიერი საკითხის განხილვისა თუ შესწავლისას. აი ამ სააზროვნო პარადიგმის ბაზაზე ხდება ისეთ საკითხზე მსჯელობა, როგორიცაა ფემინისტური მოძრაობა. ჩვენი დღევანდელი მსჯელობის საგანს შეადგენს ცნება - ტერმინი გენდერი. (ინგლ. Gender - სქესი. უფრო ხშირად გულისხმობს გრამატიკულ სქესს). ეს ტერმინი იხმარება სოციალურ მეცნიერებებში ადამიანის სქესობრივი კუთვნილების სოციო-კულტურული ასპექტის აღსანიშნავად. გენდერი არის სქესობრივი განსხვავების სოციალური ორგანიზაცია; ანუ არის ქცევის კულტუროლოგიური მახასიათებელი, რომელიც დადგენილია საზოგადოებაში და შეესატყვისება მოცემულ სქესს კონკრეტულ კულტურულ დროსა და სივრცეში.

ინგლისურ ენაში Sexs-ი ნიშნავს სქესს, ხოლო Gender - შეიძლება განვიხილოთ როგორც „სოციო-სქესი“. ორივე ცნება გამოიყენება საზოგადოების ჰორიზონტალური სოციო-სქესობრივი სტრატიფიკაცისათვის და განსხვავდება ვერტიკალური - კლასობრივი, წოდებრივი და სხვ. სტრატიფიკაციისაგან.

Sexs-ი აღნიშნავს ბიოლოგიურ სქესს და აჯამებს ბიოლოგიური განსხვავებებს ქალსა და მამაკაცს შორის; გენდერი - სოციალური კონსტრუქციაა, რომელიც აღნიშნავს ქცევის თავისებურებებს და სოციალურ სტრატეგიას. ზოგიერთი მკვლევარი თვლის, რომ Sexs-ი და გენდერი ადამიანის ცხოვრების სხვადასხვა პოლუსზე იმყოფებიან. სქესი სასტარტო პოზიციაა რომლითაც ადამიანი იბადება; მას ბიოლოგიური ფაქტორები განაპირობებენ. ესენია: ჰორმონალური სისტემა, ბიო-ქიმიური პროცესების მიმდინარეობის თავისებურება, გინეკოლოგიური და ანატომიური განსხვავება და სხვ. გენდერი სხვაგვარი კონსტრუქციაა - ეს არის ადამიანის სქესობრივი კუთვნილების მიხედვით საზოგადოებაში მისი სოციალიზაციის ერთგვარი დასკვნითი კონსტრუქცია. სწორედ გენდერი და არა სქესი განსაზღვრავს ქალის და მამაკაცის ფსიქოლოგიურ ნიშნებს, შესაძლებლობებს, მოღვაწეობის სფეროს, პროფესიას, საქმიანობას და ემყარება აღზრდის სისტემას, ტრადიციას და წეს-ჩვეულებებს, სამართლებრივსა და ესთეტიკურ ნორმებს.

ამგვარად, ქალები და მამაკაცები თავიანთი საზოგადოების კულტურული პროდუქტები არიან. გენდერული განსხვავებების ფორმირებაში განმსაზღვრელ, გადამწყვეტ ფაქტორს წარმოადგენს კულტურა.

Гендер - это набор социальных ролей, это костюм маска. Смирительная рубашка мужчины и женщины играют свои неравные танцы- - ხატოვნად წერს გ. ლერნერი. გენდერულ განსხვავებათა სისტემა ექვემდებარება კულტურულ სტერეოტიპს. იგი გარკვეულად დაკავშირებულია ბიოლოგიურ განსხვავებასთან, მაგრამ მხოლოდ მასზე არ დაიყვანება.

сексуальное различие не может рассматриваться кроме как функцирование нашего знания о теле. Это знание не является «абсолютынм» и «чистым» ამიტომ მისი განხილვა დისკურსიულ კონტექსტთა ფართო ჯაჭვისგან მოწყვეტით, იზოლირებულად შეიძლება. სექსუალური განსხვავება არ არის ერთადერთი მიზეზი, რომლიდანაც საბოლოოდ შეიძლება ამოიზარდოს სოციალური ორიენტაცია.

აი, ასეთი ფემინისტური და სოციალური პრობლემების შემსწავლელ მეცნიერთა აზრით (ამ აზრთა ამონარიდი) ამ საკითხის თაობაზე; ანუ საზოგადოებაში გენდერულ როლებს განაპირობებს კულტურა. ამდენად ცხადია, რომ გენდერზე საუბარი იზოლირებულად, კულტურის ზოგადი საერთო კონტექსტიდან მოწყვეტით არ არის მიზანშეწონილი.

„ქალად არ იბადებიან, ქალად ხდებიან“ - ეს არის ცნობილი ფრანგი ფემინისტის, სიმონ დე ბოვუარის აზრი, რომელიც ფრთიან ფრაზად გადაიქცა ქალთა მოძრაობაში.

სიმონ დე ბოვუარი (1908-1986) ფრანგი მწერალი, ეგზისტენციალიზმის თეორეტიკოსი, პედაგოგი, გონკურის პრემიის ლაურეატი, რადიკალური ფემინიზმის ფუძემდებელი. მისი წვლილი ფასდაუდებელია ქალთა ემანსიპაციის გზაზე. დე ბოვუარის აზრით, ქალობა ნიშნავს არა იმდენად ბიოლოგიური კატეგორიის კუთვნილებას, რამდენადაც განსაკუთრებული სოციო-ფსიქიკური რეალობისადმი, „ქალურობისადმი“ მიკუთვნებას.

მამაკაცის მსოფლმხედველური მოდელის კონტექსტში, ქალი პირველ რიგში, განიხილება როგორც არსება, რომელიც განიზომება მის მამაკაცთან მიმართებაში, როგორც გარკვეული „განსხვავებულობა“, როგორც „სხვაობა“. ეს სიტუაცია ერთდროულად ქმნის როგორც ქალის „გასაგნებას“, მისი თავისუფლების დაკარგვის, ასე მამაკაცის გარკვეული სექსუალურ-ქცევისეული და კულტურული უპირატესობის გაჩენასაც. დე ბოვუარის აზრით ქალის მდგომარეობა საზოგადოებაში ხარისხობრივად განსხვავდება მთლიანად კაცობრიობის მდგომარეობისაგან. რადგან მამაკაცების მიერ ფორმირებულ სამყაროში ქალი („სხვა“, განსხვავებული) განწირულია ითამაშოს მეორე ნახევრის როლი. დე ბოვუარი თვლის, რომ არა იმდენად ბიოლოგიამ, რამდენადაც ტრადიციულმა ქალურმა ემოციურობამ და მისმა თვითშეფასებამ განსაზღვრა და განაპირობა საზოგადოებაში სოციალურ როლთა განაწილების ამგვარი ტიპი. მიუხედავად იმისა, რომ ისტორიული გამოცდილებით დემონსტრირებულია ცხოვრებისეული პოზიციების საკმაოდ ფართო სპექტრი, რომლებიც შეიძლებოდა ყოფილიყო ქალების მიერ დაკავებული. არც ერთი რევოლუცია, არც ერთი განმათავისუფლებელი დოქტრინა არ აღმოჩნდა ძლევამოსილი უზრუნველეყო სქესთა რეალური თანასწორობა. ქალის და მამაკაცის უცილობელი თანასწორობის მიღწევა არ შეიძლება იყოს ნაწილობრივ: ძალზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური დამოუკიდებლობა, შევსებული უნდა იყოს კულტურულ-ზნეობრივი გადატრიალებით. დე ბოვუარს მიაჩნდა, რომ მამაკაცთათვის დამახასიათებელი პრიორიტეტული სექსუალური ინსტინქტი, საბოლოო ჯამში ბიოლოგიური ენერგეტიკითა და ფსიქიკური მნიშვნელობით უთმობს ქალურ სიყვარულს, რომლის საზრისს წარმოადგენს ჰარმონიის დამყარება ერთი მხრივ, ქალურ ეროტიზმს და ნარცისიზმს, და მეორე მხრივ, შეყვარებული ქალების ღვთისმაძიებლობის მისტიკური ორიენტაციის განხორციელებას თავისი ტრფობის მიზეზში.

დე ბოვუარი თვლიდა, რომ სექსუალური განსხვავებულობა მუდამ იქონიებს გავლენას სქესთა შორის ურთიერთობაზე. უნივერსალური ადამიანური ბუნების აღიარება როგორც ქალში, ასევე მამაკაცში - უნდა წერმოადგენდეს იმ კულტურული გადატრიალების საფუძველს, რომელიც მისი აზრით მოიტანს ქალთა ჭეშმაროტ ემანსიპაციას.

ქალის ემანსიპაცია, დე ბოვუარის აზრით, ნიშნავს უარის თქმას იმაზე, რომ ქალი განიხილებოდეს მამაკაცთან მიმართებაში, იგი უნდა იყოს დამოუკიდებელი, მაშინ ქალი იარსებებს მამაკაცისათვის.

ქალის მხოლოდ თავისთავადი არსებობაა მნიშვნელოვანი, მამაკაცთან მიმართების გარეშე. როდესაც ორივე ერთმანეთს აღიარებს პიროვნულად, თოთოეული მათგანი მაინც დარჩება ერთმანეთისთვის „სხვა“, „განსხვავებული“. არ შეიძლება, რომ ქალი მუდამ რჩებოდეს კაცობრიობის მეორე ნახევრის როლში. ქალმა უნდა აღადგინოს თავისი ადამიანური ღირსება თავისი შემოქმედებითი თვითდამკვიდრების პროცესში. ისტორიულ პერსპექტივაში ქალს არ შეუძლია არ მოიპოვოს ჭეშმარიტი თავისუფლება და თაასწორობა.

სოცალიზაციის ადრეული აქტები ბავშობიდან იწყება. თამაშებით და სათამაშო სტრუქტურებით, ტანისამოსით და მისთანებით ბავშვი თავისი სქესის იდენტიფიკაციას აკეთებს. გოგონები ძირითადად თოჯინებით თამაშობენ სახლობანას, ექიმობანას და მასწავლებლობანას; ბიჭები კი - მანქანებით, იარაღით, კონსტრუქტორებით ერთობიან. ამაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს სოციალური გარემოც, რომელიც განაპირობებს „რაც ჯერ არს“ და რომელიც სხვადასხვა კულტურებში განსხვავებულია. თუმცა, არსებობს უნივერსალურიც, ასე, მაგალითად, მამაკაცური ასოცირდება ინიციატივასთან, აგრესიასთან, ავანტიურულ საწყისთან, ავტორიტაულობასთან, ბატონობაზე მითითებით, ლიდერობასთან, აზრებსა და ქმედებებში რაციონალურობასთან, თავის „მეს“ დამკვიდრებასთან - ეგოცენტრიზმსა და ეგოიზმთან. გარკვეული კულტურული სტერეოტიპების მქონე საზოგადოებისათვის ამგვარი თვისებების მატარებელი ქალი მიუღებელია და გაკიცხვასაც იმსახურებს. ქალის ქცევის ხაზი, როგორც წესი, დაკავშირებულია სირბილესთან, შემწყნარებლობასთან, ზრუნვასთან, პასუხისმგებლობასთან, არაძალადობასთან, თმენასთან, ალტრუიზმთან, ემოციურობასთან, დიალოგურობასთან, თანხმობისა და კომპრომისის ძიებასთან, რომლის ღირებულებებია სამართლიანობა, თანასწორობა, თავისუფლება, ტოლერანტობა და სხვ., თუმცა სწორედ ეს თვისებებია ჰუმანური იდეების, კაცობრიობის ჰუმანურობისკენ სწრაფვას რომ ასახავს.

გენდერულ ფორმირებას განაპირობებს სოციო-კულტურული ფონი. მამაკაცურობასა და ქალურობაზე წარმოდგენები სხვადასხვა კულტურებში განსხვავებულია. და სწორედ სოციო-კულტურული ვითარება ასვამს თავის დაღს კომუნიკაციური ქცევის ნორმებსა და ურთიერთობების ხასიათს ქალსა და მამაკაცს შორის. ეკონომიკურად მაღალგანვითარებად პროტესტანტულ ქვეყნებში ქალები მაღალგანვითარებულნი არიან და აქტიურად არიან ჩაბმულნი საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ასეთ ქვეყნებში (მაგ., სკანდინავია) გენდერული იდეოლოგია თანასწორობისაკენ იხრება ქალსა და მამაკაცს შოის. ამის საწინააღმდეგოდ ტრადიციულ კულტურებში, განსაკუთრებით მუსლიმანურში (პაკისტანი, ნიგერია, ინდოეთი და სხვ.) ქალის სტატუსი დაბალია და ქალის ქცევა საზოგადოებაში მკვეთრად არის რეგლამენტირებული. იმის მიხედვით, თუ რა ხასიათისაა სოციო-კულტურული ვითარება და საზოგადოების სახე, იცვლება გენდერული განსხვავების ხასიათიც.

ეთნოგრაფების მიერ დადგენილია, რომ გენდერული უთანასწორობა ძლიერდება შემგროვებლური პერიოდიდან (როცა ქალი კერასთან იყო, კაცი კი ნადირობდა) აგრარულ კულტურულ პერიოდამდე და მცირდება ინდუსტრიული კულტურისა და, განსაკუთრებით, ინფორმაციული საზოგადოებისაკენ. ეს მრუდი შეიძლება აღვნიშნოთ ლათინური გადმობრუნებული U ასოს სახით. ანუ მას ამობრუნებული წაგრძელებული ნალის ფორმა აქვს. სწორედ კულტურული წარმოდგენები განაპირობებდა იმ საზრისს, რომელიც ქმნიდა დამოუკიდებლობას გენდერული საკითხისადმი. ქალის ან ვაჟის დაბადება შეიძლება სხვადასხვაგვარად აღიქმებოდეს კულტურაში. არქაულ, განსაკუთრებით, შემგროვებლური ტიპის საზოგადოებებში ქალის დაბადებას ნაკლებ მიესალმებოდნენ, ვიდრე სამიწათმოქმედო კულტურებში, სადაც უკვე ჩნდება მონოგამული ოჯახები, სადაც ქალის შრომა (გვარის გაგრძელება, აღზრდა და სხვ.) უფრო მაღალ შეფასებას იმსახურებს. არსებობს ტრადიციები, რომლის ფარგლებშიც ბავშვებს კლავდნენ სქესობრივი კუთვნილების მიხედვით. მაგალითად იაპონიის ღრმა სოფლებში, თითქმის XX ს-ის დამდეგამდე არსებობდა ახალშობილი ბიჭების დახოცვის ტრადიცია, რადგან გოგონებისაგან განსხვავებით, არ შეიძლებოდა მათი სარფიანად გაყიდვა ან ქალაქში გათხოვება. ბედუინები და ესკიმოსები (კანადელი) კი იცილებდნენ ახალშობილ გოგონებს, რადგან თვლიდნენ, რომ გვარში მამაკაცები უნდა ჭარბობდეს ქალებს. დედობრივი ინსტინქტი კი ითრგუნებოდა ჯგუფური ინტერესებით და მითოლოგიური წარმოდგენებით.

ჩვენი დღევანდელი საუბარი თანმედროვეობის დახასიათებით დაიწყო. სწორედ თანამედროვეობა ბადებს სოციალურ საკითხთა განსაკუთრებულ სიმწვავეს და ამ პროცესმა კვლავ მწვავედ დააყენა საზოგადოებაში ქალის მდგომარეობის საკითხი.

ფემინიზმი - ანუ ქალთა საერთო მოძრაობა გამოდის სექსიზმის წინააღმდეგ ანუ სქესობრივი ნიშნით დისკრიმინაციის წინააღმდეგ, რომელიც გავრცელებულია თანამედროვე კულტურაში დისკრიმინაციის კიდე ორი არსებული ფორმის - რასიზმისა და ეიჯიზმის გვერდით.

ადამიანის სტატუსი საზოგადოებაში განისაზღვრება ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში მათი მონაწილეობით, საკუთრებაზე, შრომის იარაღებზე და შრომის პროდუქტზე კონტროლით, ხელისუფლების არსებულ სისტემებზე ზეგავლენით. ამ პარამეტრებთან მიმართებაში იკვეთება ქალის დამოუკიდებელი მდგომარეობა საზოგადოებაში, მისი მეორადი როლი.

თუ ჩავუღრმავდებით ფემინისტური მოძრაობის ისტორიას, ნათლად დავინახავთ, რომ მისი განვითარება ხდება საზოგადოების კულტურული განვითარების სხვადასხვა ეტაპებთან უშუალო მჭიდრო კავშირში. სახელდობრ, ქალთა მოძრაობის აქტივიზაცია ემთხვევა პოსტინდუსტრიულ ეპოქასა და პოსტმოდერნიზმს. ქალთა მოძრაობის აქტივიზაცია დღეს მიზნად ისახავს მამაკაცური ფსიქოლოგიის პრეტენზიის გამოაშკარავებას როგორც ქალთან შედარებით უპირატესი როლის მატარებლისა და ამასთან ერთად მთელი ტრადიციული კულტურის მხილება - გადასინჯვა, როგორც მხოლოდ მასკულინურისა და ამდენად ცალმხრივსა და არამართებულს.

ამდენად, ფემინისტური მოძრაობის უეჭველი დეტერმინატორი არის თანამედროვეობა. პიროვნების პრობლემა, რომელიც ესოდენ მნიშვნელოვანია პოსტსტრუქტურალიზმისათვის, განსაკუთრებით მწვავედ დადგა ფემინისტური შეგნებისათვის, რამდენედაც მან აქტუალურად, მწვავედ დაყენა ქალთა თვითშეგნების სპეციფიკის ძიების საკითხი. ქალური „მეს“, მისი აუდენტურობის საკითხი, როგორც საპირისპირო (ან დაპირისპირებული) მამაკაცურ „მესთან“, განხორციელებულია ტრადიციულ, ბურჟუაზიულ წარმოდგენებში, დასავლური ცივილიზაციის გაყინულ სტერეოტიპებსა და კლიშეებში. ამდენად ნათლად გამოიკვეთა, რომ თანამედროვეობამ განსაკუთრებით ცხადად წარმოაჩინა კაცობრიობის ნახევარი (კერძოდ ქალები) იმ საკითხებზე პასუხის გასაცემად, რომლებიც აქამდე ტრადიციული კულტურის დიქტატის პირობებში ნაკლები სიმწვავით იდგა მათ თვითშეგნებაში.

ტრადიციულ კულტურაში ჩამოყალიბებულია ის სოციალური კონსტრუქცია, რომლის მიხედვითაც პირუთვნელად ისეთი ადამიანური თვისებებით, როგორიცაა: თავისუფლება, აქტივობა, ახლის შექმნის უნარი, - ხასიათდებიან მხოლოდ ადამიანური არსებანი, რომელნიც არ ასრულებენ რეპროდუქციულ ფუნქციას. ქალი აქ არის მეორადი ან საერთოდ არარსებული. ასეთ კულტურაში „ადამიანი“ აღნიშნავს „მამაკაცს“. და ადამიანის ყველა ფილოსოფიურ განმარტებაში „პოლიტიკური ცხოველი“ (არისტოტელე), „პოლიტიკური არსება“ (გობსი), „თავისუფლების მფლობელი არსება“ (რუსო), „რაციონალური არსება“ (კანტი), „თავისუფალი ნების თვითდეტერმინაციის მფლობელი არსება“ (ფიხტე), და ა.შ., მოიაზრება მხოლოდ მამაკაცი. ქალი გამორიცხული იყო საზოგადოებრივი ცხოვრებიდან და მამაკაცის საწინააღმდეგო ნიშნების მატარებლად ითვლებოდა: რაციონალურობის, ემოციურობის, მგრძნობელობის, და სხვ. ტრადიციულად ქალის არსებობა განისაზღვრებოდა მთელი რიგი ნეგატიური მახასიათებლებით: ეს არის არასრულყოფილი, დამოკიდებული არსებობა, მამაკაცთან შედარებით უფრო დაბლა მდგომი, შეზღუდული და სუსტი, რომლის ცხოვრების საზრისია - ემსახუროს მამაკაცს და იყოს მისთვის სასარგებლო. ასეთი არსების სიცოცხლე სექსუალური სფეროსა და დედობრიობის გარეშე უაზრობაა და მეორეხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს ოჯახურ ცხოვრებაშიც კი, მას ძირითადად მომსახურეობის როლი არგუნეს. ეჭვქვეშაა დაყენებული ქალის აზროვნების უნარიანობა და მას უარი ეთქვა მოქალაქეობრივ სტატუსზე. აქედან გადაწყვეტილების მიღების ნებისმიერი სფერო, ისევე როგორც მემკვიდრეობის უფლება - მხოლოდ მამაკაცთა პრეროგატივაა. ჰეგელი სთავაზობდა საერთოდ არ ჩაეთვალათ ქალი ადამიანურ არსებად. ასეთი დაქვემდებერებული როლი დაფიქსირდა რელიგიურ აზრშიც. ქალი პრინციპულად მეორადი არსებაა, რადგან ადამის ნეკნისგან არის შექმნილი. ევა - არის სხვა და არა ადამი, ადამიანობის „ნეგატივი“. ქალი არის ცხოველი, რომელიც მოკლებულია მდგომარეობასა და მუდმივობას (ნეტარი ავგუსტინე). იგი „ჯოჯოხეთის კარიბჭეა“ (ტერტულიანე). იგი „არშემდგარი მამაკაცია“. (თომა აკვინელი). ამასთან ქრისტიანულ კულტურაში მას ამბივალენტობა ახასიათებს: ევა - სიბოროტის განსახიერებაა, პასუხისმგებელია ადამიანის დაცემაზე, ხოლო მარიამი - უცოდველობის სიმბოლოა, მუდმივი ქალურობის განსახიერება. ქრისტიანულ კულტურაში მამაკაცური დომინანტის საპასუხოდ ფემინისტური აზრი, ფემინისტურო მოძრაობა აყენებს საკითხს ახალი რელიგიის შექმნის თაობაზე როგორიცაა „ქალური სპირიტუალიზმი“, „სპირიტუალური ფემინიზმი“. ჩემი აზრით, ამ მხრივ უფრო სწორი ორიენტაცია იქნებოდა რელიგიური აზრის რევიზიაზე საკუთრივ სახარებიდან გამომდინარე, რადგან ქრისტიანული კულტურა იქმნებოდა ისე, რომ ქალთა გამოცდილება არ იყო გაზიარებული. ეს არის მხოლოდ მამაკაცთა რელიგია, მამაკაცთა გაგება იმ ამბისა, რაც ღმერთკაცმა იქადაგა ორივე სქესისთვის. ვფიქრობთ მნიშვნელოვანი იქნებოდა ქალური აზრის, ქალური თვალთახედვითახალი აღქმისგადააზრება. ცნობილია, რომ სახარებაში არ სებობს არცერთი ოდნავი მინიშნებაც კი ქალთა და მამაკაცთა არათანასწორობაზე (იხ. სტ. „ქალი სახარებაში“, . ანთელავა, სემინარები, რეფერატები, თბ. 2001.)

ქალთა ემანსიპაციის იდეა არ ახალია, ძველია. სქესთა თანასწორობაზე, მათ მსგავსებასა და კომპლემენტარულობაზე, თანასწორი აღზრდის აუცილებლობასა და განათლებაზე საუბრობდა ჯერ კიდევ კონდორსე ფრანგი ფილოსოფოსი და განმანათლებელი (1743-1794 წწ). მრავალი ფემინისტი ავტორი ამ საკითხის შესწავლაში უშუალო წინამორბედად თვლის დიდროს, რომელიც ადგენდა განსხვავებას და, ამავე დროს, ურთიერთშეთანხმებას სქესთა შორის. იგი განიხილავდა გენდერულ როლებს როგორც განსხვავებულთა ურთიერთდამატებულს, არა იდენტურს, არამედ ურთიერთშემავსებელს. მილი თავის ნაშროემბში ღიად საუბრობდა საზოგადოების მიერ ქალის რეპროდუქციულ ფუნქციის ექსპლუატაციის თაობაზე. პირველი ფემინისტი ქალების გაჩენა ტრადიციულად მე-18 ს-ს განეკუთვნება. მოგვიანებით მ. ვოლმონკრაფტი პირველად გამოვიდა რაციონალისტურ კულტურაში ქალთა ცხოვრებისეული გამოცდილების ჩართვის აუცილებლობის მოთხოვნით. იგი აღშფოთებას გამოთქვამდა ქალთა განათლების შესახებ იმ დროში და თვლიდა, რომ ადამიანის ღირსებაზე მსჯელობა არ შეიძლება შემოიფარგლებოდეს მისი სქესობრივი კუთვნილების მიხედვით.

ქალთა მოძრაობაში გამოყოფენ ორ ძირითად ეტაპს: პირველი: მე-19 საუკუნის შუა ხანებიდან 1960-იან წლამდე - ქალები იბრძოდნენ სქესთა შორის გენდერული თანასწორობისათვის, თანასწორი უფლებებისთვის, კერძოდ, საარჩევნო უფლებების მოპოვებისთვის (ე.წ. „სუფრაჟიზმი“). 1920-იანი წლებისათვის ამგვარი უფლებები მოპოვებულ იქნა მთელ რიგ ქვეყნებში: ფინეთში, ნირვეგიასა და დანიში, ბელგიაში, გერმანიაში, პოლონეთში, კანადაში, აშშ-ში და სხვ. ქალები ფორმალურად გათანასწორდა მამაკაცებთან რუსეთში 1917 წლის რევოლუციამდე.

ასეთმა წარმატებამ პოლიტიკურ ჭრილში გარკვეული დროით შეასუსტა ქალთა აქტივობა. 1960-იანი წლების ბოლოს და 1970-იანი წლების დასაწყისში ქალთა მოძრაობა კვლავ აღორძინდა ახალი ლოზუნგით: „თანასწორობა-განსხვავებაში“, ეს ნიშნავდა მოძრაობის გადასვლას მისი განვითარების ახალ ეტაპზე. ქალთა აღორძინების ეპიცენტრმა აშშ-ში გადაინაცვლა, სადაც ამ დროისათვის აღინიშნება დისკრიმინაციის სხვადასხვა ფორმების წინააღმდეგ მიმართული დემოკრატიული მოძრაობის აქტივიზაცია.

ქალთა მოძრაობა განსხვავებული ფორმები, გადაიქცა ქალთა განმათავისუფლებელ მოძრაობად (womens liberation), რომელშიც გამოიკვეთა ფემონისტური პოლიტიკის სამი ძირითადი მომართულება: ლიბერალური, რადიკალური და სოციალისტური. ქალთა მოძრაობის აქტივიზაციის ფაქტმა განაპირობა მთელი რიგი სერიოზული თეორიული სოციალურ-ფილოსოფიური პრობლემების დაყენება. ქალის ბუნებისა და ქალის ყოფიერების სპეციფიკა, ოჯახის ისტორიულ ფორმაში ქალის სოციალური როლი, კულტურის მიმართება ქალთა ისტორიული გამოცდილებისადმი.

ამ მოძრაობის აქტივიზაციის ერთ-ერთი შედეგი გახდა ქალთა საკითხისადმი მიძღვნილი აკადემიური გამოკვლევების შექმნა (womens studiens), რასაც მოჰყვა უნივერსიტეტებში ფაკულტეტების გახსნა, ცენტრებისა და პროგრამების შექმნა, რომლებიც სპეციალიზირდებიან ქალთა პრობლემებზე, 1975-1985 წწ. გაეროს მიერ გამოცხადდა „ქალთა ათწლეულად“.

ქართული კულტურული ტრადიცია მნიშვნელოვნად განსხვავდება ევროპულისაგან. მიუხედავად გარკვეულად მჭიდრო კონტაქტებისა ბერძნულ-ბიზანტიურ კულტურასთან, ქართული ტრადიცია მრავალ ასპექტში განსხვავებულია ამ უკანასკნელისაგანაც (მაგ. სახელმწიფოს და ეკლესიის ურთიერთობა, ბატონყმობის ფორმები და სხვ.). გენდერული ფენომენი ქართულ კულტურაში არ ავლენს იდენტურობას არც ერთი სხვა კულტურის ფენომენთან: იგი თვითმყოფადია და განსაკუთრებული. მთელი რიგი ლიტერატურული ანალიზით ვლინდება ქალის სოციალური მნიშვნელობა ქართულ საზოგადოებაში. ამის საბუთად საკმარისია დასახელდეს „შუშანიკის წამება“, „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“, „ვეფხისტყაოსანი“. წმინდა ნინო, თამარ მეფე, ქეთევან წამებული - მათი როლი ქართული კულტურის ისტორიაში ნათლად მეტყველებს გენდერული საკითხის არაორდინალურობაზე. იგი ბევრად ტოლერანტულია ყველა ცნობილ კულტურებთან შედარებით. ეს განსაკუთრებული ფენომენია, რომელიც თვალის ერთი გადავლებითაც ჩანს. მაგრამ როგორია ეს ფენომნი? მას საფუძვლიანი შეასწავლა და კვლევა სჭირდება.

ქართული კულტურისა და გენდერული საკითხის მეცნიერული კვლევის გარეშე ქართული ფემინისტური მოძრაობა არასდროს გახდება ორგანული ქართული საზოგადოებისათვის, რდაგან გარედან შემოტანილი ეს პრობლემა ყოველთვის უცხო იქნება ქართული კულტურული ტრადიციისათვის და ამდენად არაპოპულარული საზოგადოებაში.

6 ფემინიზმის მიმართულებები, ფემინისტური და გენდერული მოძრაობა

▲ზევით დაბრუნება


ნინო ჯავახიშვილი

მრავალფეროვანი ფემინიზმი

ფემინიზმზე და ქალთა მოძრაობაზე საუბრისას უნდა გავითვალისწინოთ ფემნიზმის, როგორც იდეოლოგიის თუ ფილოსოფიის მრავალფეროვნება და კომპლექსურობა, მისი მნიშვნელოვანი სახესხვაობები. ფემინიზმის ნაცვლად საქმე გვაქვს ფემინიზმებთან, რომლებიც განსხვავებულ და ხშირად ურთიერთსაპირისპირო მოსაზრებებს ეყრდნობიან. საერთოდ, რაც მათ გააჩნიათ, არის, ალბათ, ქალების დაქვემდებარებული პოზიციის წინააღმდეგ გამოსვლა და ამ დისკრიმინაციის საბოლოოდ დაძლევის მიზნით სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული წყობის შეცვლის მოთხოვნა (3).

ლიბერალური ფემინიზმი

  • ეყრდნობა დებულებას, რომ ქალთა ჩაგვრა და გენდერული უთანასწორობა არის სექსიზმისა და დისკრიმინაციის შედეგი, ანუ ქალებისა და მამაკაცებისათვის თანაბარი შესაძლებლობები არ არსებობს, ან მამაკაცებთან მათი თანასწორი შეჯიბრის გამართვას ხელს უშლის გარკვეული ბარიერები.

  • ლიბერალური ფემინიზმის აზრით, გენდერული უთანასწორობა შეიძლება შეიცვალოს კანონების, დამოკიდებულებების, პოლიტიკური ცვლილებით, აქცენტი კეთდება ქალთა უფლებებზე, ქალებს იგივე უფლებები უნდა ჰქონდეთ, რაც მამაკაცებს.

  • ლიბერალური ფემინიზმი არ მიისწრაფვის საზოგადოების ფუნდამენტური ცვლილებისაკენ, მას მხოლოდ ინსტიტუციური რეფორმების გატარებს სურს.

  • პოლიტიკასთან მიმართებაში, მისთვის მნიშვნელოვანია ქალთა თანაბარი წარმოდგენა პოლიტიკურ სტრუქტურებში. არსებულ არათანასწორ სიტუაციას ეს მიმდინარეობა იმით ხსნის, რომ ქალების საშინაო შრომა სათანადოდ არ ფასდება და მიიჩნევს, რომ ძალაუფლების ფორმალურ სრუქტურებზე ქალების უბრალო „დამატება“ არ არის საკმარისი მამაკაცების დროებითი შექმნილი პოლიტიკური ინსტიტუტების შესაცვლელად.

ლიბერალური ფემინისტების პირველი და უმთავრესი განაცხადი იმაში მდგომარეობს, რომ ლიბერალიზმის მიერ დანერგილი ფასეულობები თუ ნორმები - მაგ. ინდივიდუალური თავისუფლება, რაციონალური არჩევანის უფლება, სამართლიანი საზოგადოების კონცეფცია - იმთავითვე მიუწვდომელი იყო ქალებისათვის.

როგორც ცნობილია, ლიბერალური ფილოსოფია მნიშვნელოვნად ეფუძნება არსებობის საზოგადო და კერძო სფეროებად გაყოფას. საზოგადო სფერო მიცავს პოლიტიკურ ცხოვრებას; კერძოდ - პირადსა და ოჯახურს. ლიბერალური ფემინიზმის პოზიციიდან, ის თავისუფალი ინდივიდები, რომლებიც ცხოვრების ორივე სფეროში მოღვაწეობენ, მხოლოდ მამაკაცებია, ხოლო ქალები მოქცეულნი არიან პირად, ოჯახურ სფეროში და ამდენად მათთვის მიუწვდომელია ყველა ის პოლიტიკური თუ ლეგალური უფლება, რასაც ლიბერალიზმი ქადაგებს (9).

ლიბერალი ფემინისტები მნიშვნელოვნად ემყარებიან ფემინიზმის ცნობილ მოწოდებას - პირადი პოლიტიკურია - და მოითხოვენ თანასწორობისა და სამართლის პრინციპების შეტანას კერძო, პირად სფეოშიც. მათი მოთხოვნები ითვალისწინებს ოჯახის, როგორც ფუნდამენტური პოლიტიკური ინსტიტუტის, აღიარებას, სადაც ლიბერალური სამართალი ისევე უნდა ფუნქციონირებდეს, როგორც გარეთ, საზოგადო სფეროში. ლიბერალური სახელმწიფო მოქალაქეები საშინაო, ოჯახურ სფეროშიც იმავე სამართლით უნდა არსებობდნენ, როგორც გარეთ.

რადიკალური ფემინიზმი

  • განიხილავს ქალის ჩაგვრას, როგორც ყველაზე ფუნდამენტურს, საიდანაც ჩაგვრის სხვა სახეები გამომდინარეობს, ხოლო მის საფუძველს პატრიარქალურ სისტემაში ხედავს.

  • რადიკალური ფემინისტების აზრით, გაუფასურებულია ქალის სხეულთან დაკავშირებული მოქმედებები და გამოცდლება, სექსუალური ძალადობა არის ქალის სოციალური კონტროლის ფორმა პატრიარქატის პირობებში.

  • რადიკალური ფემინისტებს მიაჩნიათ, რომ გენდერული უთანასწორობა საზოგადოებაში ფუნდამენტური ცვლილებების შედეგად უნდა აღმოიფხვრას. ასეთი ცვლილება შეიძლება განხორციელდეს პატრიარქალური სისტემის გარეთ ალტერნატივების შექმნით, ან სისტემის შიგნიდან შეცვლით.

  • თუ ლიბერალური ფემინიზმი აქცენტს აკეთებს ქალთა თანაბარ შესაძლებლობებზე, რათა მამაკაცებისათვის განსაკუთრებული პრივილეგიები ქალებმაც მიიღონ, რადიკალური ფემინიზმი მოითხოვს მამაკაცების მიერ დადგენილი ნორმებისა და სექსუალური ძალადობისაგან ქალების თავისუფლებას და ავტონომიას.

  • პოლიტიკასთან მიმართებაში, ამ მიმდინარეობის წარმომადგენელთა აზრით, ქალებმა ფუნდამენტურად უნდა შეცვალონ პოლიტიკური ინსტიტუტები, შემოიტანონ რა ქალთა ღირებულებები და ქცევები.

რადიკალური, ან განსხვავების ფემინიზმისათვის მთავარ საკვლევ საკითხს ქალისა და მამაკაცის განსხვავება წარმოადგენ. ქალის მამაკაცთან გათანაბრების მოთხოვნა სწორედ ქალური საწყისის და ბუნების საბოლოოდ მოშლის და ქალების გამამაკაცურების, მათი მასკულინიზაციის ტოლფასია. განსხვავების ფემინისტებს ხშირად უტოპისტობაშიც ადანაშაულებენ, ვინაიდან მათი მოთხოვნა არსებული სოციალური ნორმებისა და ფასეულობების მთლიან გადაფასებას და „ქალურის“ „მამაკაცურზე“ წინ წამოწევას გულისხმობს.

რადიკალურ ფემინიზმში არ არსებობს ერთიანი თეორია, მის განვითარებასთან ერთად იდეოლოგია სულ უფრო და უფრო დიფერენცირებული ხდება. რადიკალური ფემინისტები სწავლობენ, თუ რომელი ინსტიტუტების გზით ხდება მამაკაცის დომინაცია. მამაკაცური კონტროლის ძირითად ხერხად ისინი სექსუალურ კონტროლს (ძალადობა, პორნოგრაფია, აბორტი, სტერილიზაცია) მიიჩნევენ. მაკკინონის აზრით, სექსუალობა ფემინიზმის ამ მიმდინარეობისათვის იგივეა, რაც შრომა მარქსიზმისათვის (5).

რადიკალურ ფემინიზმს აკრიტიკებენ იმის გამო, რომ ის ბიოლოგიურად დეტერმინირებულია, ცენტრში აყენებს ქალის ბიოლოგიას და მის აუცილებლობას უსვამს ხაზს, ბიოლოგიური თავისებურებებიდან გამოჰყავს ფსიქოლოგიური. ამავე დროს, მან დიდი გავლენა მოახდინა ფემინისტური თეორიისა და პრაქტიკის განვითარებაზე, მისი გავლენით მოხდა აქცენტის გადატანა ლიბერალიზმიდან, თანასწორობიდან - გენდერულად ნეიტრალური მიდგომიდან, სხვაობების თანასწორობაზე - გენდერულად მგრძნობიარე მიდგომაზე.

სოციალისტური ფემინიზმი

  • ემყარება სხვადასხვა მარქსისტულ სკოლას და რადიკალურ ფემინიზმს.

  • აქცენტს აკეთებს ეკონომიკურ ძალებზე, სააშკარაოზე გამოაქვს, თუ როგორ აყენებდნენ კაპიტალიზმი და პატრიარქალური გენდერული ურთიერთობები ქალებს ჩაგრულ პოზიციაში სამსახურსა და ოჯახში.

  • მოითხოვს კოლექტიურ პასუხისმგებლობას ყველა სფეროში, ოჯახის ჩათვლით.

  • მხარს უჭერს ცვლილებებს, რომლებიც ხელს უწყობს საშინაო საქმეების განაწილებას და თანაბარ მონაწილეობას შვილების აღზრდაში, რადგან ასეთი ცვლილება ქალს საშუალებას მისცემს მეტი მონაწილეობა მიღოს ანაზღაურებად სამუშაოსა და პოლიტიკურ სფეროში.

მარქსისტული, ანუ სოციალისტური ფემინიზმის წარმომადგენელია ჰარტმანი, მის წიგნში „უბედური ქორწინება“, განხილულია ფემინიზმისა და მარქსიზმის ურთიერთობა. თუ კლასიკური ფემინიზმი საშუალო კლასის თეთრკანიან ქალებზეა ფოკუსირებული, სოციალისტური - მუშა ქალზე, ანუ დაბალ ფენაზე.

ორთოდოქსული მარქსისტული ფემინიზმისათვის მთავარია არა პოლიტიკური ან ლეგალური თანასწორობა, არამედ მატერიალური. მარქსისტული ფემინიზმი, უხეშად რომ ითქვას, გენდერულ უთანასწორობას და ქალების ჩაგვრას პირდაპირ უკავშირებს პროდუქციის კაპიტალისტურ სისტემას და ამ სისტემაში შრომის სქესობრივ დანაწილებას (პროდუქციის სფერო მამაკაცებს და რეპროდუქციის ქალებს).

მარქსიზმის გავლენით ფემინიზმი მოითხოვდა, რომ სამუშაო უნდა იყოს ანაზღაურებადი. ქალი ორმაგად მუშაობს, მაგრამ მისი შრომა სათანადოდ ანაზღაურებული არ არის. რადგან საშინაო საქმე ქალის ექსპლოატაციის მთავარ ფორმად ითვლება. ქალმა ამისათვის ხელფასი მაინც უნდა მიიღოს და ქმრისაგან დამოუკიდებელი უნდა გახდეს. მათ 70-იან წლებში დაიწყეს მოძრაობა: „ხელფასი დიასახლისებს“. როდესაც თანამედროვე გამოკვლევებით ირკვევა, რომ ქალს მაინც დაბალი ანაზღაურება აქვს მამაკაცთან შედარებით, რომ მას ორმაგი დატვირთვა აქვს, ეს მარქსისტული მიდგომაა. გენდერული თანასწორობის მიღწევა XX ს-ის 70-80-იან წლებში საბჭოთა კავშირისა და ჩინეთის ოფიციალურ დოქტრინებს შეადგენდა, ჩინურმა რეჟიმმა სცადა ქალი გაფართოებული პატრიარქალური ოჯახისაგან გაეთავისუფლებინა და ნუკლეარული ჰარმონიული ოჯახის იდეალით შეეცვალა, თუმცა არავის ეპარებოდა ეჭვი იმაში, რომ შრომის განაწილება სქესის ნიშნით უნდა მომხდარიყო. საბჭოთა რეჟიმიც დადებითად უყურებდა იმას, რომ ოჯახის მოვლა და შვილების აღზრა მხოლოდ ქალის საქმე იყო.

სოციალისტური ფემინიზმი ასაბუთებს, რომ კაპიტალიზმი ქალს ეკონომიკურად ჩაგრავს, მაგრამ ამას ემატება პატრიარქალური ურთიერთობები, რომლებიც უშუალოდ ეკონომიკაზე არ არის დამოკიდებული, რადგან ასეთი საზოგადოება მანამდეც არსებობდა. ამიტომ არა მარტო კაპიტალიზმთან, არამედ პატრიარქალურ საზოგადოებასთან უნდა იბრძოლო. მარქსისტულ და სოციალისტურ ფემინიზს კონტრარგუმენტად უყენებენ იმასაც, რომ ეკონომიკური ჩაგვრა არ არის კაპიტალიზმის შექმნილი, ის მანამდეც არსებობდა. საერთოდ, მარქსისტული კონცეფცია, რომლისთვისაც ქალის ჩაგვრის ძირითადი ფაქტორი კაპიტალისტურ სისტემაში, კლასობრივ და საწარმოო ურთიერთობებშია, გარეგანი ფაქტორების თეორიად ითვლება.

ზემოთ ვნახეთ, რომ რადიკალური ფემინიზმი ზედმეტ აქცენტს აკეთებს გენდერულ სხვაობებზე, მარქსისტული ანუ სოციალისტური კი, პირიქით, საერთოდ ვერ ხედავს სხვაობას. გაჩნდა ახალი, შუალედური პოზიციის მქონე თეორიები, მაგალითად, ტრანსფორმაციული ფემინიზმი, რომლის მიხედვით, თუ პოლიტიკოსს აქვს გენდერული ცნობიერება, ის გენდერულ ლინზებს იყენებს, ხოლო ეს ცნობიერება უნდა შექმნას და განავითაროს ქალთა ორგანიზაციებმა და მათგან გამოსულმა პოლიტიკოსებმა. ანუ აქ მონაწილეობს სასწავლო და კვლევითი დაწესებულებებიც. გარდა ამისა, არსებობს ფსიქოანალიზური ფემინიზმიც, რომელიც მთლად მიმდინარეობად ვერ ჩამოყალიბდა.

პოსტკოლონიალური ან ფერადკანიან ქალთა ფემინიზმი

  • ფერადკანიან ქალთა გამოცდილებიდან წამოიშვა, ცნობილია ასევე, როგორც ანტირასისტული ან ანტიიმპერიალისტური ფემინიზმი.

  • ძირითადად ეკონომიკურ საკითხებს აკრიტიკებს, მაგრამ განსაკუთრებით აქცენტს აკეთებს მჩაგრავი ძალების ურთიერთქმედებაზე, კერძოდ, რასობრივ და ეროვნულზე. ამ მიმართულების წარმომადგენლები აანალიზებენ, თუ როგორ არის გადაჯაჭვული გენდერი, რასა, კლასი, ეროვნული და იმპერიალისტური იერარქიები, რაც განსაკუთრებით უთხრის ძირს მესამე სამყაროს ქალის ცხოვრებას.

  • მისი აზრით, სისტემატური ჩაგვრა ჩართულია გლობალურ სისტემებში, მაგალითად, მესამე სამყაროს ქალების ძლიერი ექსპლოატაცია წარმოებებში, სადაც ოფლმდენი სისტემა არსებოს, განვითარებად ქვეყნებში შექმნილია მრავალეროვანი კორპორაციების მიერ.

ეს მიმართულება ორმოციანი წლების მეორე ნახევარში გაჩნდა, მისმა წარმომადგენლებმა, ძირითადად ფერადკანიანმა ამერიკელმა ქალებმა, გააკრიტიკეს გაბატონებილი ფემინისტური დისკურსი, რომელიც ქალის გამოცდილებას საერთოობასა და ერთიანობაში, ანუ ქალურ უნივერსალიზმში მდგომარეობდა. გაჩნდა ეროვნული, ლოკალური და ეთნიკური ფემინიზმები.

პოსტმოდერნისტული ფემინიზმი

  • სერიოზულად უდგება ქალის ძალაუფლებას, ქალის ჩაგვრის და ქალის ბრძოლის საკითხებს, მაგრამ მიაჩნია, რომ ქალის და გენდერის გაგება გამარტივებულია.

  • პოსტმოდერნისტულ ფემინიზმს მიაჩნია, რომ ყოველი ადამიანი მეტია, ვიდრე ქალი და კაცი. ჩვენ ყველას გვაქვს რასა, კლასი, კულტურული მემკვიდრეობა, ასაკი, და სხვა მრავალი თვისება, რომლებითაც აიგება ჩვენი იდენტობა, ქალები და მამაკაცები ამ და სხვა მაჩვენებლებით განსხვავდებიან ერთმანეთისგან.

  • ამდენად, ქალების პოლიტიკაში მონაწილეობაზე საუბარი დიდი გამარტივებაა, რადგან ქალთა განსხვავებული ჯგუფები არსებობს.

  • ამიტომ, ქალები პოლიტიკაში ერთი ხმით ვერ ილაპარაკებენ, ყველგან უნდა ვაღიაროთ მათი განსხვავება.

პოსტმოდერნისტულ ფემინიზმისთვის მიუღებელია განსხვავების ფემინიზმის მიერ ქალების, როგორც განსხვავებული და მამაკაცებთან დაპირისპირებული ჯგუფის დეფინიცია და სქესთა შორის განსხვავებაზე ფოკუსი. პოსტმოდერნისტული ფემინიზმის მთავარ მიზანს სწორედ ისეთი დაპირისპირებების დეკონსტრუქცია წარმოადგენს, როგორიცაა მამაკაცი/ქალი (ან მამაკაცური-/ქლური) ან თანასწორობა/განსხვავება. ამის ნაცვლად, პოსტმოდერნისტული ფემინიზმი გენდერულის/სქესობრივი იდენტიფიკაციების არასტაბილურობაზე, მერყეობასა და ცვალებადობაზე აკეთებს აქცენტს (9).

ფემინიზმის ეს მიმდინარეობა გენდერის სოციალური კონსტრუირების თეორიას ეფუძნება. გენდერის, როგორც სოციალური კონსტრუქციის იდეა განხილულია კ. უესტის და დ. ზიმერმანის შრომაში „გენდერის შექმნა“ (8). გენდერის კეთება ნიშნავს, რომ სოციალიზაციის პროცესში ბიჭებსა და გოგონებს შორის იქმნება სხვაობები, რომლებიც არ არის ბუნებრივი, არსებითი და ბიოლოგიური. ინდივიდის გენდერული მიკუთვნებულობა ისაა, რასაც ის გამუდმებით აკეთებს სხვა ადამიანებთან ურთიერთქმედებისას. ეს თეორია ორ პოსტულატს ეყრდნობა.

  • გენდერი აიგება სოციალიზაციის გზით, შრომის განაწილებით, გენდერული როლების, ოჯახის, მასმედიის საშუალებების გზით.

  • გენდერი აიგება თვითონ ინდივიდის მიერ მათ ცნობიერებეში (გენდერული იდენტიფიკაცია), როდესაც ისინი საზოგადოების მიერ შეთავაზებულ და დაკანონებულ ნორმებსა და როლებს იღებენ და ერგებიან მათ (ტანსაცმელი, გარეგნობა, ქცევის მანერა და სხვ.).

როდესაც გენდერის სოციალური წარმოება კვლევის საგანი ხდება, ჩვეულებრივ სწავლობენ, როგორ აიგება გენდერი სოციალიზაციის ინსტიტუტების მეშვეობით. ძირითადი თემებია გენდერული როლები და სტერეოტიპები, გენდერული იდენტობა, გენდერული სტრატიფიკაციის და უთანასწორობის პრობლემები.

ტერეზა დე ლაურეტისის აზრით, გენდერი არის პროცესი, რომელიც სუბიექტს მისი სქესობრივი სხვაობების გზით აგებს, რომლებიც, თავის მხრივ, კავშირშია მის რასობრივ, ეთნიკურ, სოციალურ სხვაობებთან. გენდერის აგება სოციალურად ხდება, მისი აგების მექანიზმებს კი გენდერული ტექნოლოგიები უწოდეს. გენდერული ტექნოლოგიები არის დისკურსიული მექანიზმები, რომლებიც გენდერის წარმოების ფორმებს და სტადიებს იძლევა. გენდერული ტექნოლოგია აჩვენებს, როგორ ხდება სქესი იდეოლოგიური პროდუქტი (2).

პოსტმოდერნიზმის თეორიის მიხედვით არ არსებობს არც სტაბილური „მე“ და არც კოლექტიური იდენობა. ისინი მუდმივად აიგება, როგორც სოციალური ძალებს ფუნქცია. ფემინისტური თეორიის მიერ ფსიქოლოგიაში შეტანილი ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი არის გენდერის, როგორც სოციალური კონსტრუქტის გაგება. კონსტრუქტივისტები ამბობენ, რომ გენდერი არ წარმოადგენს ინდივიდის თვისებას, ის კონსტრუქტია, თუმცა, ეს კონსტრუქტი განსაზღვრავს განსაკუთრებულ, მხოლოდ ამ სქესისთვის დამახასიათებელ ქცევას. პიროვნებათშორისი ურთიერთობა აგებს და ამყარებს გენდერს და ამავე დროს, შეიძლება სრულიად დამოუკიდებელი იყოს ინდივიდის ბიოლოგიური სქესისაგან. ამ თვალსაზრისით შეიძლება ვიფიქროთ, რომ გენდერი უფრო ზმნაა, ვიდრე არსებითი სახელი. სოციალური ფსიქოლგიის ტრადიციული კვლევები ამ დებულების სასარგებლოდ მეტყველებს. ფემინისტური თეორიის წვლილის უნიკალობა იმაში მდგომარეობს, რომ ყურადღება ექცევა იმას, თუ რამდენად მსგავსად აგებს საზოგადოება დაბალი ძალაუფლების მქონე ჯგუფების მარგინალობას. მაგალითად, ისინი, ვინც კანის ფერის მიმართ პოლიტიკას სწავლობენ, არკვევენ, რომ სქესის მსგავსად, კანის ფერიც განსაზღვრავს ხელფასს, წარმატებას კარიერაში, როგორც ამგვარი მარგინალური ჯგუფების შიგნით, ასევე მათ გარეთაც. ბოლო დროს კი გაჩნდა კვლევები, რომელთა ავტორები ამტკიცებენ, რომ სქესიც სოციალურადაა კონსტრუირებული, აგებული (1).

მიუხედავად განსხვავებისა, პოსტმოდერნისტული ფემინიზმის თეორეტიკოსები ოთხ ძირითად მიმართულებას მისდევენ:

1. ისინი ცდილობენ ყველა სოციალური და ინსტიტუციური ურთიერთობის გენდერულად განპირობებული ბუნების გამოვლენას - ვინ რას აკეთებს, ვისთვის კეთდება ეს, რა ვართ და რა შეგვიძლია გავხდეთ.

2. მათი აზრით, გენდერული ურთიერთობები პრობლემურია და სოციალური ცხოვრების უთანასწორობის და წინააღმდეგობების სისტემაშია ჩართული - ოჯახი, განათლება, სოციალური დახმარება, პოლიტიკა, სამუშაო, დასვენება და კულტურა - სოციალურად არის აგებული გენდერის, კლასის, რასის და სექსუალობის ურთიერთობების გზით.

3. გენდერული ურთიერთობები არ არის რაღაც უცვლელი და ბუნებრივი, არამედ, ისტორიული და სოციო-კულტურული პროდუქტია, რეკონსტიტუციის საგანი. ფემინისტურ ანალიზს შეუძლია დაანგრიოს (დეკონსტრუირება) შეცდომები და მითები ქალთა უნარების შესახებ, გააფართოოს ცოდნა ქალთა ემპირიული რეალობის შესახებ, და ააგოს (კონსტრუირება მოახდინოს) ქალთა თეორიების შესახებ.

4. ისინი ღიად, პოლიტიკურად მოგვიწოდებენ სოციალური ცვლილებებისაკენ - პროტესტი განუცხადეს ყველაფერ იმას, რაც მათთვის ტრადიციულ რასობრივ, კლასობრივ, სექსუალურ და ძალაუფლების კონვენციებს წარმოადგენს, რომელთა ჩარჩოებში მამაკაცს ქალთან შედარებით უპირატესობა ენიჭება (3).

სოციალური თეორიების როლი ფემინიზმში

ფემინიზმის ყველა თეორია ემყარება სოციოლოგიაში გავრცელებულ თეორიებს და მიმდინარეობებს, მოკლედ განვიხილოთ თვითოეული მათგანი.

პოზიტივიზმის - დიურკჰეიმი და ვებერი - ერთ-ერთი მთავარი პრინციპია ობიექტური რეალობის შესწავლა. ამას არ ეთანხმება ფემინიზმი, რომლის აზრითაც, ადამიანები სუბიექტურნი არიან, ობიექტურ სამყაროს ვერ ხედავენ.

პარსონსი პოზიტივიზმის გამგრძელებელი და სტრუქტურული ფუნქციონალიზმის წარმომადგენელია. მისი სქესობრივ-როლური მიდგომა გულისხმობს, რომ მამაკაცს აქვს ინსტრუმენტული როლი, ხოლო ქალს - ექსპრესიული. 40-იან წლებში იგი წერდა, რომ ბიჭს და გოგოს განსხვავებული როლები აქვთ: გოგონა ოჯახში ხედავს, რას აკეთებს მისი დედა, ამიტომ მას ნორმატიული წარმოდგენა უჩნდება, ხოლო ბიჭი ვერ ხედავს, რას აკეთებს მამა, რადგან ის მთელი დღე გასულია სახლიდან, ამას მან სოციალიზაციის პროცესში მამის არდასწრების ფენომენი უწოდა. შემდეგში ეს როლური განსხვავება ნარჩუნდება. ჭაბუკთან წამყვანია ფიზიკური ძლიერება, ქალიშვილთან - ფიზიკური მიმზიდველობა. ოჯახში ქალს ექსპრესიული ფუნქცია ეკისრება, ხოლო მამაკაცს - ინსტრუმენტული. ანუ, ქალი ზრუნავს ოჯახზე, მის ფსიქოლოგიურ ბალანსს ინარჩუნებს, ემოციურ სამუშაოს ასრულებს, ხოლო მამაკაცი ოჯახსა და სხვა სოციალურ სისტემებს შორის ურთიერთობების რეგულაციას ახდენს. თავის ადრეულ შრომებში პარსონსი ძირითადად დიურკჰეიმისა და ვებერს ეყრდნობა, 50-იანი წლების შემდეგ იგი ცდილობს დიურკჰეიმისა და ფროიდის გაერთიანებას და ცვლის ფროიდისეულ პიროვნების სტრუქტურას. ფემინისტებმა პარსონსი თავდაპირველად ძალიან გააკრიტიკეს, შემდეგ საერთოდ დაივიწყეს თუმცა პიროვნულად პარსონსი თავის ასპირანტ ქალებს დიდად უწყობდა ხელს (6).

გენდერში არსებული სქესობრივ, როლური მიდგომა პარსონსის როლურ თეორიას ემყარება. პიროვნება იმ სოციალური სტატუსის პრიზმაში განიხილება, რომელიც მას უკავია. როლის მოქმედებას ამყარებს რეფერენტული ჯგუფი, რომელსაც სანქციები გააჩნია. თუ პიროვნება არასწორად იქცევა, მას სჯიან, თუ სწორად - ის გამართლებას იღებს. პარსონსის აზრით, ასეთი როლური დაყოფა არის საზოგადოების სტაბილურობის გარანტი, სხვა შემთხვევაში საზოგადოება დაინგრევა. ამ თეორიის საფუძველზე გაჩნდა ინტერესი სოციალიზაციის ინსტიტუტებისადმი - ესაა დედა, ოჯახი, მასწავლებელი, თანატოლები, მასმედია. ამ საკითხებს მრავალი კვლევა ეძღვნება, ამავე თეორიის საფუძველზე გაჩნდა კვლევების კიდევ ერთი ბლოკი, სადაც შეისწავლება სოციალიზაციის აგენტების დამოკიდებულება ბიჭებისა და გოგონების მიმართ, მასკულინობის და ფემინურობის მოდელების ათვისების გზები, სოციალიზაციის მოდელების შერევის შედეგები.

სქესობრივ-რგოლური თეორია რეფორმების პოლიტიკის პრინციპებს შეიცავს. თუ რგოლური მოლოდინებიდან გამომდინარე, ქალი არის დაქვემდებარებული და დამხმარე პირი, ხოლო ბუნებით იგი პასიურია, ეს მოლოდინები უნდა შევცვალოთ. თანამედროვე ფემინიზმმა (ძირითადად ლიბერალურმა) დიდი დრო დაუთმო ანტისექსისტური სასკოლო პროგრამების შექმნას, ანტიდისკრიმინაციული კანონების შემუშავებას, თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკის განვითარებას შრომის ბაზარზე. სქესობრივი როლების თეორია გენდერული ურთიერთობების ფორმების შინაგანი ფაქტორების თეორიაა (4).

დიურკჰეიმისა და პარსონსის მოდგომები წამყვანია სოციოლოგიაში (ისინი იყენებენ რაოდენობრივ მეთოდებს). ეს არის მაგისტრალური - mainstream სოციოლოგია, დანარჩენი მიდგომების გავლენა შედარებით სუსტია. ახლა მიდის ბრძოლა პოზიტივიზმსა და პოსტმოტივიზმს შორის, სადაც პოზიტივიზმში გავრცელებული რაოდენობრივის ნაცვლად, თვისობრივ მეთოდებს იყენებენ. მართალია, თვისობრივი მეთოდები არ არის ობიექტური, მაგრამ სოციოლოგს არც უნდა ჰქონდეს ამაზე პრეტენზია.

60-იანი წლების ბოლოს დასავლეთში, სოციალურ მეცნიერებებში მოხდა რევოლუცია, პარალელურად ამერიკაში სტუდენტური და ახალგაზრდული მოძრაობები მიმდინარეობდა, მათ შორის ქალთა მოძრაობაც, რომლის წევრთა უმეტესობა უნივერსიტეტებიდან მოვიდა. ამ რევოლუციის შედეგად სოციოლოგები მიუბრუნდნენ ფენომენოლოგიას, ე.ჰუსერლს, ანუ დაიწყეს ყოველდღიური ცხოვრების ფენომენების შესწავლა, რათა ამ გზით შეესწავლათ სოციალური წესრიგი. ამას ყოველდღიურობის სოციოლოგია ეწოდა, ეს ისაა, რასაც ავტომატურად ვაკეთებთ და მხოლოდ მაშინ ვაქცევთ ყურადღებას, როცა აღმოვაჩენთ, რომ რაღაც არაა წესრიგში (მაგ: წყალი არ მოდის). სოციოლოგიის ამოცანაა ამ ყოველდღიურობის აღწერა სხვადასხვა საზოგადოებაში. ამ მიდგომაში მთავარია ადამიანის, მისი ჯგუფის გამოცდილება, ანუ ეს მიკროსოციოლოგიური მიდგომაა (7).

ირვინგ ჰოფმანმა შემოიტანა ფენომენოლოგიური სოციოლოგია, ანუ დრამატურგიული ინტერაქციონიზმი. მისი ანალიზის მთავარი მეთოდი იყო დაკვირვება, საკვანძო კატეგორია კი - სოციალური სიტუაცია. ყოველდღიური ქცევა ხორციელდება კონკრეტულ სოციალურ სიტუაციაში, ადამიანი ურთიერთობებს სხვებთან, ახორციელებს ინტერაქციას, ამ სიტუაციაში ადამიანი გამოხატავს საკუთარ იდენტობას ჟესტებით, ტონით, ინტონაციით, არტიკულაციით, ჩაცმულობით და ა.შ., ამას იდენტიფიკაციური დისპლეის (გამოვლენის) მექანიზმები ეწოდება. ტერმინი დისპლეი მან ეტოლოგიიდან აიღო, როცა ცხოველი იღრინება, ეს დისპლეია, რომლითაც ის რისხვას გვიჩვენებს, იგივეა ადამიანებთანაც, უბრალოდ, აქ დისპლეის უფრო მეტი მექანიზმია. ჰოფმანმა თავის რამდენიმე შრომაში გენდერული დისპლეიც განიხილა, მათ შორის: „გენდერული დისპლეი“, „გენდერული რეკლამა“. ურთიერთმოქმედების პროცესში ადამიანები მიიჩნევენ, რომ ადამიანთა ბუნება, არის, გამოიხატება რაღაც ნიშნების, ანუ „ფორმალური კონვენციური აქტების“ გზით. ქალურობა და მამაკაცურობა პირველივე შეხედვით ჩანს ნებისმიერ სოციალურ სიტუაციაში და ინდივიდის ძირითად მახასიათებლად აღიქმება. „თუ გენდერი არის სქესის კულტურული კორელატი, მაშინ გენდერული დისპლეი ამ კორელატების კონვენციური გამოხატვაა“ - ამბობს ჰოფმანი (7). ჰოფმანისეული დისპლეი ცვლის პარსონსის როლურ თეორიას, ეს უფრო მეტია, ვიდრე როლი, რადგან უფრო ცვალებადია, უფრო დახვეწილია. გენდერული დისპლეი კონვენციურია და იმ სოციალური წესრიგის წარმოებას და კვლავწარმოებას უწყობს ხელს, რომელიც მოცემულ კულტურაში ქალურობის და მამაკაცურობის შესახებ არსებულ წარმოდგენებზეა დამყარებული. გენდერი ჰოფმანისთვის არის სოციალური ურთიერთობების შედეგი და ამავე დროს, მისი წყარო (7).

60-იან წლებში ფემინიზმმა დაიწყო ინგლისური ენის რეფორმა, მაგ: მხოლოდ he-ს ნაცვლად შემოიტანეს he/she, და სხვ. სუბიექტი შეცვალეს აგენტით და აქტორით, რადგან სუბიექტს აქვს კიდევ სხვა, დაქვემდებერებული კონოტაცია (subject- ქვეშევრდომი). გაჩნდა ფემინისტური კონსტრუქტივიზმი - ჯუდიტ ბატლერი და სხვები - რომლებიც ი. ჰოფმანის გარდა ეყრდნობიან სოციალურ კონსტრუქტივიზმს, კერძოდ, ბერგერისა და ლუკმანის იდეებს, რომლებიც გამოხატულია წიგნში - „რეალობის სოციალური კონსტრუირება“. მათი აზრით, სოციოლოგიის საგანი უნდა იყოს ადამიანის ცოდნა თავისი ყოველდღიური ცხოვრების შესახებ. სოციალური რეალობა ობიექტურია, რადგან ის არსებობს, ჩვენ მასში ვიმყოფებით, მაგრამ ამავე დროს, ის სუბიექტურიცაა, რადგან ჩვენი საკუთარი შეგვაქვს მასში. ამავე მიმდინარეობის ცნობილი წარმომადგენელია გარფუნკელი, მისი წიგნი „კვლევები ეთნო მეთოდოლოგიაში“ ყოველდღიურ ქცევას, რუტინას სწავლობს, მაგრამ ოდნავ განსხვავებული მიდგომით, ქცევას წარმოაჩენდა მისი რღვევის, ნგრევის პრიზმაში (თუ ადამიანს ეკითხები, როგორ არის, მან უნდა გიპასუხოს მოკლედ, ერთი-ორი სიტყვით და არა დეტალურად, ერთი საათის განმავლობაში). მანვე აღწერა აგნესის შემთხვევა, რომალსაც არ გააჩნია ქალური გამოცდილება და მოუწია ამის სწავლა. აგნესი დაბადებიდან 18 წლამდე ბიჭად იზრდებიოდა, ფიზიოლოგიითაც ბიჭი იყო, მაგრამ მან იდენტობა შეიცვალა და სათანადო ოპერაციის შედეგად ქალიშვილად გადაიქცა. აგნესმა სრულიად ახალი ცხოვრება დაიწყო, შეიცვალა სახელი, საცხოვრებელი ადგილი, გარემო, გარეგნობა, გაიჩინა სექსუალური პარტნიორი - მამაკაცი. მისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი იყო გამხდარიყო ნამდვილი ქალი, ისე მოქცეულიყო, რომ არავის შეპარვოდა ეჭვი მის სქესში. ამის გამო იგი გამუდმებით სწავლობდა იმას, რაც სხვებმა ისედაც იცოდნენ, ანუ იგი აგებდა თავის გენდერს. გარფუნკელი აანალიზებდა აგნესის მიერ განვლილ გზას. აქდა გამომდინარე, ფემინისტები ასკვნიან, რომ გენდერული ქცევა აიგება. (6)

სოციალური კონსტრუქტივიზმი არის გარფუნკელის ეთნომეთოდოლოგია და ჰოფმანის დრამატურგიული ინტერაქციონიზმი, რომლის მიხედვითაც გენდერი არის არა როლი, არამედ მუდმივი ქმნადობის, წარმოებისა და კვლავწარმოების პროდუქტი. ამ მიმართულების გენდერული მკვლევრების მთავარი კითხვაა - როგორ აიგება გენდერი? (ეს მიდგომა ძალიან დეტალურად პასუხობს კითხვას როგორ? მაგრამ არა კითხვას - რატომ?). სქესი არის სოციალური კონსტრუქტი, გენდერის სოციალურად აგების თეორია არსებითად განსახვავდება გენდერული სოციოლიზაციის თეორიისაგან, რომელიც პარსონსის სქესობრივ როლური მიდგომის ჩარჩოშია შემუშავებული. სოციალიზაციის სქესობრივ-როლური თეორია გულისხმობს, რომ კულტურულ-ნორმატიული სტანდარტების ათვისება დასწავლის და ინტერიორიზაციის გზით ხდება, ანუ პიროვნება აქ შედარებით პასიურია, ის აღიქვამს, სწავლობს, ითვისებს, მაგრამ არ ქმნის. გენდერის კონსტრუირების თეორია კი აქცენტს პიროვნებაზე აკეთებს, ის სუბიექტია და არა ობიექტი, ის ქმნის გენდერულ წესებს და ურთიერთობებს. ასეთი სუბიექტი სწავლობს, ითვისებს, მაგრამ ამავე დროს თავად ქმნის, ახორციელებს და ანგრევს კიდეც. ანუ, ასეთი მიდგომა ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო თეორიულ პლანში, არამედ იდეოლოგიის, პოლიტიკის, თეორიის პრაქტიკაში გადატანის თვალსაზრისითაც, რადგან ის გვეუბნება, რომ ცვლილებების გატარება აბსოლუტურად რეალურია, რომ ყველაფერი ჩვენს ხელშია, ჩვენ ვქმნით სოციალურ რეალობას და ჩვენვე შეგვიძლია გავანადგუროთ იგი. გენდერული ურთიერთობები, ერთის მხრივ, ობიექტურია, რადგან აღვიქვამთ, როგორც ჩვენგან დამოუკიდებელ არსებულს, მაგრამ, მეორეს მხრივ, სუბიექტურია, რადგან სოციალურად აიგება ჩვენს მიერ ყოველდღიურად, აქ და ამჟამად.

განვიხილოთ ფემინისტურ თეორიები იმისდა მიხედვით, თუ რა დამოკიდებულებას ამჟღავნებენ ისინი შემდეგი ოთხი საკითხისადმი:

1. რა არის გენდერული უთანასწორობის მიზეზი?

2. როგორია ქალი, მისი თვისებები?

3. როგორ შეიცველოს არსებული სოციალური წესრიგი.

4. რომელ სოციალურ ფენაზეა მიმართული მისი ძალისხმევა.

ლიბერალური ფემინიზმი

1. კანონმდებლობა, არათანაბარი უფლებები და დამატაბით არათანაბარი შესაძლებლობები, მაგალითად განათლების მიღება.

2. ქალი სრულფასოვანი ადამიანია და მამაკაცის თანასწორია.

3. უნდა შეიქმნას თანაბარი უფლებები.

4. მიმართულია განათლებულ თეთრკანიან ქალებზე.

ამ მიმართულებას ბევრი საერთო აქვს პარსონსთან და სქესობრივ-როლურ მიდგომასთან. ქალები როლების გამო იჩაგრებიან. ქალების როლები უნდა შევცვალოთ, მათ მუშაობის საშუალება უნდა მივცეთ.

რადიკალური ფემინიზმი (ჯულიეტ მიტჩელი)

1. პატრიარქატული სისტამა, რომელშიც ძალაუფლებრივი ურთიერთობები იერარქიულია.

2. ქალი ჩაგრულია, მაგრამ ისეთი უპირატესობებიც გააჩნია, რომელიც გაბატონებულ მამაკაცს არა აქვს.

3. ქალებმა უნდა შექმნან ავტონომიური სუბკულტურა - თეატრი, გამომცემლობა... ამით ებრძოლონ პატრიარქალურ სისტემას.

4. ახალგაზრდა თეთრკანიანი ქალი - სტუდენტი, ასპირანტი, რომელსაც აფრთხილებენ, რომ მისი კარიერა ბავშვის გაჩენისთანავე დამთავრდება

მარქსისტული ფემინიზმი

1. ეკონომიკური სისტემა.

2. ქალი არის იგივე პროლეტარი, მუშა, რადგან მსგავს მდგომარეობაშია.

3. უნდა შეიცვალოს ეკონომიკური სისტემა.

4. დაქირავებული მუშაკი.

ფსიქოანალიზური ფემინიზმი (ნენსი ჩოდოროვი)

1. ადრეულ ბავშვობაში ფსიქო-სექსუალური განვითარება ამყარებს დიხიტომიას.

2. ქალი დამოკიდებულია, პასიურია.

3. უნდა შეიცვალოს აღზრდა, რომ ადრეული სოციალიზაცია სწორად წავიდეს.

4. თეთრკანიანი, საშუალო ფენის, განათლებული ქალი.

სტკოლონიალური ფემინიზმი

1. ორმაგი ჩაგვრა, სადაც შვეულებრივ მჩაგვრელ მამაკაცს ემატება თეთრკანიანი ქალიც.

2. ქალი სხავადასხვაგვარია, ქალებს განსხვავებული გამოცდილება აქვთ.

3. უნდა შეიცვალოს ეკონომიკა, კანონმდებლობა პოზიტიური დისკრიმინაციის და აფირმატიული ქმედებების გზით.

4. ეთნიკური უმცირესობის ქალი, სხვადასხვა რასისი, მარგინალური ჯგუფების ქალები.

პოსტმოდერნისტული ფემინიზმი (ჯუდიტ ბატლერი)

1. ქალი და კაცი დამოუკიდებლად როდი არსებობენ, ისინი ჩნდებიან დისკურსში, რომელიც იერარქიულად ლაგდება.

2. ქალი სხვანაირია.

3. ეს დისკურსები უნდა დაინგრეს (დეკონსტრუირება).

4. თეთრკანიანი საშუალო ფენის, განათლებული ქალი.

ტერმინი „ფემინიზმი“ დასავლეთში ფართოდ გავრცელდა XIII საუკუნის ოთხმოციან წლებში, თუმცა მისი, როგორც მასობრივი მოძრაობის ჩამოყალიბება XIX საუკუნის ფენემოენია. ფემინიზმის იდეოლოგია/ფილოსოფიის განვითარების სამი ძირითადი ეტაპი (ე.წ. ტალღები) არსებობს. პირველი ლიბერალური XIX საუკუნის ბოლო - XX საუკუნის დასაწყისი - როდესაც მთავარი საზრუნავი ქალებისათვის თანაბარი სამოქალაქო უფლებების და არჩევნებში მონაწილეობის უფლების მოპოვება იყო; მეორე ტალღა, მარქსიზმი/სოციალიზმი ემთხვევა დასავლურ კულტურაში 1960-70-იან წლებში მიმდინარე ახალ სოციალურ მიმდინარეობებს; აქ პროტესტი ისევ სქესობრივ უთანასწორობაზეა მიმართული, მაგარამ აქცენტი უკვე არა მხოლოდ პოლიტიკურ უფლებებზე კეთდება, არამედ ისეთ ასპექტებზეც, როგორიცაა ოჯახი, სექსუალობა და შრომა; და მესამე ტალღა, ან მესამე თაობა, რომელსაც ხშირად მოიაზრებენ როგორც რადიკალურ, განსხვავების და აგრეთვე პოსტმოდერნისტული ფემინიზმის ერთობას - პოსტსტრუქტურალიზმი, დეკონსტრუქტივიზმი.

ფემინიზმის ეგრეთწოდებული პირველი ტალღა მთლიანად ლიბერალიზმის პრინციპებს ემყარება და ამოსავალ მოთხოვნად ქალთა თანასწორუფლებიანობას აყენებს. ლიბერალური ფემინიზმი პოსტმოდერნიზმის ეპოქაშიც განაგრძობს არსებობას და ფემინიზმის უმთავრეს ფორმად რჩება. ცნებები - ქალის უფლებები და გენდერული თანასწორობა სწორედ მათგან მოდის.

სიმონა დე ბოვუარი ეგალიტალური ფემინიზმის, ანუ ფემინიზმის მეორე ტალღის წარმომადგენელია, სადაც ქალი გამოდის, როგორც თავისუფალი, ავტონომიური, რომელსაც მამაკაცის თანაბარი შესაძლებლობები უნდა ჰქოდეს. ბოვუარის აზრით, ქალური და მამაკაცური ექზისტენცია ერთმანეთისაგან არ განსხვავდება, ამიტომ, საკმარისია მათ თანაბარი უფლებები მივანიჭოთ. სხვა ფემინისტები არ ეთანხმებიან მას. მათი აზრით, არსებობს ცალკე ქალური ექზისტენცია, რადგან თუ არ ვაღიარებთ, რომ ცალკე ქალური ეგზისტენცია არსებობს, ისევ მამაკაცებში გავითქვიფებით.

ფემინიზმის მეორე ტალღის წიაღში გაჩნდა ფემინისტური კრიტიკა, რომლის მიზანს წარმოადგენს არსებული გენდერული უსამართლობის ახსნა და მისი შეცვლის საშუალებების შემუშავება.

XX საუკუნის 70-იან წლებში ფემინიზმმა გააკრიტიკა სოციოლოგია. მისი ცენტრალური პუნქტი იმაში მდგომარეობდა, რომ მიღებული თეორიები არ ითვალისწინებს ქალის გამოცდილება და საჭიროა მათი რევიზია. ეს პერიოდი საერთოდ გამოირჩევა იმით, რომ ქალის ყოფაზე და მის მნიშვნელოვნებაზე კეთდება აქცენტი. ტრადიციული სოციოლოგიის ფემინისტური კრიტიკა მიუთითებდა, რომ:

  • სოციოლოგიაში მიღებული კვლევების თემები იგნორირებას უკეთებს ქალთა პრობლემებს.

  • სოციოლოგები აქცენტს აკეთებენ საზოგადოებრივ როლებსა და ქცევაზე და ყურადღებას არ აქცევენ იმ სფეროებს, სადაც განსაკუთრებით ჩანს და ვლინდება ქალის გამოცდილება

  • დასკვნებს სოციოლოგები აკეთებენ ზოგადად საზოგადოებაზე, ანუ მამაკაცზე

  • სოციოლოგები გენდერს არ ანიჭებენ სათანადო მნიშვნელობას.

ფემინისტური თეორიის ასეთი ანტიმამაკაცური პათოსი, ო. ვორონინას აზრით (2), იმითაა გამოწვეული, რომ მაშინ ჯერ კიდევ არ იყო სათანადოდ დამუშავებული სქესისა და გენდერის კატეგორიები, უმცა უკვე პირველ ფემინისტურ ტექსტებში ჩანდა სამყაროს გენდერული თვალსაზრისით შეფასების ტენდენცია, მაგალითად, სიმონა და ბოვუარის „ქალად არ იბადებიან, ქალი ხდებიან“, ან სულამიფ ფაიერსტოუნის „ქალისა და მამაკაცისათვის სხვადასხვა რეალობა არსებობს“, ან „თუ ბუნებამ ქალი მამაკაცისაგან განსხვავებულად შექმნა, საზოგადოებამ იგი ადამიანისაგან განსხვავებულად გახადა“.

დღეს უკვე საყოველთაოდაა მიღებული ქალისა და მამაკაცის გამოცდილების განსხვავებულობის ფაქტი. ალის ჟარდინი წერდა: „ფემინიზმი მისი ყველა განსხვავების და მიუხედავად, საბოლოო ჯამში მიიჩნევს, რომ ქალის ჭეშმარიტება, რეალობის გამოცდილება ყოველთვის განსხვავდება მამაკაცისაგან და მათი პროდუქცია და არტეფაქტები განსხვავებულად ფასდება და კანონმდებლობა პატრიარქატულ კულტურაში“.

80-იან წლებში დაიწყო ქალთა კვლევების ახალი ფაზა, რომელიც ქალის გამოცდილების პატრიარქატის ანალიზიდან გადავიდა გენდერული სისტემის ანალიზზე. აქცენტმა თანდათანობით გადაინაცვლა, თუ ადრე აანალიზებდნენ ქალის ფაქტორს და მამაკაცის დომინირებას, ახლა იკვლევენ როგორ აგებს და აწარმოებს გენდერი ყველა სოციალურ პროცესს და როგორ ახდენს ეს გავლენას ქალებსა და მამაკაცებზე.

ფემინიზმი გადაიზარდა გენდერში, თუ თავდაპირველად მსჯელობდნენ იმაზე, რომ ქალი დაჩაგრულია, შემდეგ მივიდნენ აზრამდე, რომ საჭიროა მსჯელობა საერთოდ სქესთა შორის ურთიერთობაზე, რომლებიც სქესთან მიკუთვნებულობით (რომელიც მიწერლია) განისაზღვრება. გენდერული სისტემა გაჩნდა ფემინისტური იდეოლოგიისა და სოციოლოგიის საფუძველზე. გენდერული სისტემის წარმომადგენლებს საზოგადოება ესმით, როგორც ორი, განსხვავებული კატეგორია. მათ შორის ურთიერთობა გამოიხატება დაპირსპირებაში, ძალაუფლების და ინტერესების კონფლიქტში. პატრიარქატი კი მამაკაცების ბატონობის სისტემაა, რომელიც ყველა საზოგადოებაში არსებობს. ტერმინი გენდერული სისტემა 1975 წელს შემოიტანა ანთროპოლოგმა გეილ რუბინმა. ტრეფიკინგისადმი მიძღვნილ მის ნაშრომში „საჩუქარი“, ლაპარაკია იმაზე, რომ საჩუქრის ჩუქება არის სოციალური შეთანხმების მთავარი მექანიზმი, განხილულია ის რიტუალები, როდესაც ქალს ჩუქნიან საჩუქრად, როგორც ყველაზე ძვირფასს, მაგრამ მაინც ობიექტს.

ავსტრალიელი ავტორის, კერნელის აზრით, გენდერულ მიდგომას აქვს თავისი, განსხვავებული ეპისტემოლოგია, ეძებს უთანასწორობის მიზეზებს. გენდერული სისტემა ვლინდება სამი სტრუქტურის - ეკონომიკური, პოლიტიკური, კატექსისის ჩარჩოში.

- ეკონომიკური - ყველანაირ ორგანიზაციაში არის შუშის ჭერის ფენომენი, როცა რაც უფრო მაღლა ავდივართ იერარქიაში, მით ნაკლებად გვხვდება ქალი, გარდა ამისა, არის შრომის ასიმეტრიული ანაზღაურება და სხვ.

- პოლიტიკა/ძალაუფლება - ვისაც მეტი რესურსი აქვს, ის თავის ნებას სხვას თავს ახვევს, აქ შედის ოჯახიც - ვის აქვს ოჯახში ძალაუფლება, ვინ იღებს გადაწყვეტილებას, ვინ ხარჯავს ფულს.

- კატექსისი - ეს არის ემოციური მუხტი, რომელიც დაკავშირებულია ვნებასთან (ფროიდი). ანუ, ემოციის, სურვილების, სექსუალური ლტოლვების სფეროშიც ქალი დამოკიდებულია მამაკაცზე.

ფემინიზმი პრაქტიკულად ძალაუფლების დინამიკის ცვლილების სინონიმად შეიძლება ჩაითვალოს, ხოლო განსხვავებული ფემინისტური მიმართულებები ამ ცვლილების განხორციელებისა და შედეგების მიღწევის გზებს განსხვავებულად სახავენ. ფემინიზმის სხვადასხვაგვარი განმარტება განსაზღვრავს გზას, რომლითაც უნდა მოხდეს ქალსა და მამაკაცს შორის რეალური თანასწორობის დამყარება.

ლიტერატურა

1. Р. Ангер, Трехстороннее зеркало: психологи, изучающие женщин глазами феминисток, Введение в гендерные исследования, часть II, Харьков, Санкт-Петербург, 2001

2. Воронина О. А. Основы гендерной теории и методологии, теория и методология гендерных исследований. Москва, 2001

3. Элиот П., Менделл Н., Феминистская теория: проблематизация женской субъективности. В: Введение в гендерные исследования, хрестоматия, часть II. Санкт-Петербург, 2001

Роберт Коннелл (1987), Современные подходы. В книге: Гендерные Вопросы, хрестоматия, 2000.

4. Темкина А., Женское движение второй волны: истоки, концептуализация и результаты. В: Введение в гендерные исследования, хрестоматия, часть I. Санкт-Петербург, 2001

5. Здравомыслова Е., Темкина А., социальное конструирование гендера: феминистская теория. В: Введение в гендерные исследования, хрестоматия, часть I. Санкт-Петербург, 2001

6. Здравомыслова Е., Темкина А., Феминистская критика эпистемологических оснований социологии: перспективы социологии гендерных отношений. В: Введение в гендерные исследования, хрестоматия, часть I. Санкт-Петербург, 2001

7. Кэндес Уэст, Дон Зиммерман (1991) Создание Гендера. В книге: Гендерные Вопросы, хрестоматия, 2000.

8. Diana Coole, Threads and Plaits or an Unfinished Project? Feminism(s) through the Twentieth Century. pp. 154-175. In: Freeden, Michael (2001), Reassessing Political Ideologies.

7 გენდერული კვლევები და ისტორიული მეცნიერება

▲ზევით დაბრუნება


მანანა ჯავახიშვილი

ისტორიულ მეცნიერებაში გენდერული მეთოდოლოგია უკანასკნელი სამი ათეული წლის წინ ჩამოყალიბდა. ახალმა ანალიტიკურმა მიდგომებმა ისტორიკოსებიც ჩააფიქრა თავიანთი კვლევის სფეროში გენდერული მეთოდოლოგიის შესაძლებლობათა პერსპექტივაზე. გენდერული მეთოდოლოგია გულისხმობს არა მარტო სოციალურ-ისტოიული მოვლენების ექსპერტიზას სქესის ფაქტორის გათვალისწინებით, არამედ სქესთა შორის სოციალური რეალობის შესწავლასაც ურთიერთობების საშუალებით, მისი ცვლილებებით დროსა და სივრცეში.

გენდერული მიდგომა ისტორიაში უარყოფს მითს ადამიანის საქციელის ბიოლოგიურ განსაზღვრულობაზე, რომ იგი სოციალურზე მნიშვნელოვანია. მამაკაცთა და ქალთა შორის არსებული განსხვავება განხილულია გენდერში სოციალურ როლებს შორის არსებულ განსხვავებათა მაგალითად. „მამაკაცურობა“ და „ქალურიბა“ სოციალურად კონსტრუირებულია.

ჰუმანიტარულ მეცნიერებებში გენდერული კონცეფცია XX ს-ის 60-იანი წლების ბოლო პერიოდის მოვლენებიდან იღებს სათავეს. 1960-იანი წლების ბოლოს იწყება ახალგაზრდული მოძრაობა - „1968 წლის სტუდენტური რევოლუცია“, რომელმაც ეჭვის ქვეშ დააყენა არსებულ ღირებულებათა სისტემა და უფროსი თაობების ორიენტირები. ასევე ძალიან დიდი როლი ითამაშა სექსუალურმა რევოლუციამ, რომელმაც ფართო მსჯელობის საგნად აქცია სქესთა პრობლემები და მრავალ ტაბუდადებულ თემაზე საჯაროდ საუბარი დანერგა. ფემინიზმის გამოცოცხლება კი მისმა „მეორე ტალღამ“ გამოიწვია. პირველი ტალღის ფემინისტები - ანუ ისინი, რომლებმაც XIX საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის დასაწყისში შექმნეს ქალთა ორგანიზაციები - გამოვიდნენ მამაკაცებთან თანაბარი უფლებების მოთხოვნით - განათლების მიღების, პოლიტიკურ ცხოვრბაში მონაწილეობის, შრომის თანაბარი ანაზღაურებისა და სხვა საკითხებში.

მაგრამ ლიბერალური ფემინიზმის იმედები, ქალთა საკითხის მხოლოდ სოციალურ ასპექტში გადაჭრაზე, მოჩვენებითი აღმოჩნდა. 60-იან წლებში ქალები მოითხოვდნენ საარჩევნო უფლებას, რომ თავად შეძლებოდათ პოლიტიკოსების არჩევა (ამ დროის ლოზუნგი იყო: „დემოკრატია ქალის გარეშე - დემოკრატია არ არის“), მიეღოთ განათლება და ემუშავათ - მაგრამ ამ უფლებებმა გაართულა ქალთა მდგომარეობა: ისინი მამაკაცთა კულტურაში მოხვდნენ და მამაკაცური თამაშის, კონკურენციის პირობები მიიღეს. ამიტომ მეორე ტალღის ფემინისტები (60-იანი წლების დასაწყისი) - აყენებენ თანასწორი უფლებების განხორციელების შესაძლებლობათა საკითხს. მათ ასევე დააყენეს კულტურის სიღრმისეული ცვლილებების საკითხი და მოითხოვეს არა მხოლოდ პოლიტიკოსების არჩევის უფლება, არამედ მეორე სქესის შეშვება სახელისუფლო ორგანოებში. 1968 წელს გავრცელდა ლოზუნგი - თუ ქალს უფლება აქვს სამოთხის ნახევარზე, მაშინ მას დედამიწაზე ძალაუფლების ნახევარზეც აქვს უფლება!

ფემინიზმის აღმავლობამ დიდი გავლენა იქონია ინტელექტუალურ სფეროზეც, მრავალი მეცნიერი იწყებს ქალის კვლევას - ოჯახში, საწარმოში, განათლების სისტემაში, ლიტერატურასა და ხელოვნებაში, მეცნიერებასა და პოლიტიკაში. საბოლოოდ ყალიბდება ახალი დისციპლინა - „Women's Studies - „ქალთა კვლევები“ ანუ „ქალთა შესწავლა“, ხოლო საბჭოთა მეცნიერებში მას ეწოდა სოციალური ფემინოლოგია - ქალის სტატუსის, მისი სოციალური და ფუნქციონალური როლის განსაზღვრა.

Women's Studies-ში ჩაებნენ ქალი-მეცნიერები. მათ გადაწყვიტეს „დაებრუნებინათ ქალები ისტორიისთვის“, პრინციპში, ხელახლა გადაეწერათ ისტორია ქალების გათვალისწინებით. ქალების ისტორიკისებისათვის ვირტუალურად „უხილავნი“ იყვნენ იმ აზრით, რომ მათი ყოველდღიური საქმიანობისა და ყველა დონეზე პოლიტიკური გავლენის მნიშვნელობა საზოგადოდ უგულვებელყოფილი იყო და სოციალური მობილობა განიხილებოდა მხოლოდ მამაკაცებთან მიმართებაში. ამრიგად, 70-იანი წლების ბოლოს და 80-იანი წლების დასაწყისში ჩამოყალიბდა ისტორიული ფემინოლოგია ანუ, „ქალთა ისტორია“. ფემინისტები შეისწავლიან ისტორიას „დროსა“ და „სივრცეში“ სქესებით გაშვალებულს, გეოგრაფიული, ეთნო-კულტურული და ქრონოლოგიური ფაქტორიების გათვალისწინებით. ამას ეწოდება „ისტორიული ფემინოლოგია“.

ისტორიული ფემინილოგია შეისწავლის რეალობის ცვლილებას „დროსა“ და „სივრცეში“ ქალთა სქესის მონაწილეობით. უფრო მარტივარ რომ ვთქვათ, ისტორიული ფემინოლოგიის საგანია „ქალები ისტორიაში“, ეს არის მათი სოციალური სტატუსისა და ფუნქციონალური როლების ცვლილებათა ისტორია, მეორე მხრივ კი ეს არის „ქალის ისტორია“ ანუ ქალის თვალით დანახული, ქალური გამოცდილების პოზიციიდან დაწერილი ისტორია.

ფემინოლოგები თვლიდნენ, რომ ქალები „უჩინარნი“ და „დაუნდობელნი“ გახდნენ თანამედროვე მამაკაცთა წყალობით. პირველად ამის შესახებ დაწერა პრინსტონის უნივერსიტეტის პროფესორმა, ნატალი დევისმა, სტატიაში „ქალი მწვერვალზე“ (1975). სწორედ მამაკაცები, რომელთა მთავარი ღირებულება კარიერაა და პოლიტიკასა და სამხედრო საქმეში თვითრეალიზაციიაა, არ უშვებდნენ ქალებს სახელმწიფო საქმეებთან. წიგნების მინიატურებზე, ხატებსა და ფრესკებზე აშკარად ჩანს, რომ ქალები უკანა პლანზე იყვნენ. ფემინოლოგებმა დაიწყეს ქალთა მონაწილეობის შესწავლა პოლიტიკურ ბრძოლებში, საზოგადოების ეკონომიკურ ცხოვრებაში, სოციუმის ინტელექტუალურ ტრანსფორმაციაში.

ჩვეულებრივი წარსულის აღწერისაგან „ქალთა ისტორიის“ გასარჩევად, შემოიღეს ახალი ტერმინი „history”-ზე დასამატებლად - “history” ანუ ქალის ისტორია. თუმცა ეს ტერმინი ვერ დამკვიდრდა. ამ პერიოდის კვლევათა ყველაზე დიდი მონაპოვარია ნაშრომი „ქალთა ისტორია დასავლეთში“, რომლის რედაქტორები იყვნენ ნ. დევისი, ჟ დიუბი, მ. პერო, ა. ფარჟი და სხვ. 1989 წელს ისტორიულ მეცნიერებათა XVII კონგრესზე ქლთა ისტორიის მესვეურებმა შექმნეს საკუთარი სამეცნიერო ასოციაცია - ქალთა ისტორიის შემსწავლელი საერთაშორისო ასოციაცია.

ისტორიულმა ფემინოლოგიამ მთავარ მიზანს მიაღწია - მან ქალი დაუბრუნა ისტორიას. დასავლეთში, ევროპასა და ამერიკაში გაჩნდა Women's Studies-ის სპეციალიზებული ფაკულტეტები.

ფემინოლოგიურმა კვლევებმა გვაჩვენა, რომ წარსულის ცოდნა სრული არ იყო, რამდენადაც არ იყო გათვალისწინებული ქალთა მსოფლაღქმა და მათი ღირებულებათა სისტემა, რომელიც დიდად განსხვავდებოდა მამაკაცებისაგან. ამ ფემინოლოგებმა დაიწყეს „ქალთა გამოცდილების“ შესწავლა. 70-იან ასევე ცხადი გახდა, რომ ინდუსტრიული საზოგადოების არსებობამდე იყო 2 შემაერთებელი სფერო - მამაკაცის ბატონობის სფერო (პოლიტიკა, დიპლომატიკა, სამხედრო საქმე) და ქალთა ბატონობის სფერო (სახლი, ოჯახი, საოჯახო მეურნეობა). ფემინოლოგებმა დაამტკიცეს, რომ ეს სფეროები არაა „სეპარატული“ არამედ „შემაერთებელი“ და საერთოდ მნიშვნელოვანი იყო ერთიანი საზოგადოების ფუნქციონირებისათვის.

ისტორიულმა ფემინოლოგიამ შემოიტანა შემდეგი თემები: „სიღარიბის ფემინიზაცია“, „უმუშევრობის ფემინურობა“, „საოჯახო საქმის პოლიტიკური ეკონომიკა“, „ქალის შრომის ისტორია. ამ კვლევებმა ეჭვის ქვეშ დააყენეს მრავალი მიღებული აზრი. ფემინისტ-არქეოლოგთა მონაცემების მიხედვით, ადრეკლასობრივ პერიოდში სწორედ ქალები იყვნენ საკვების მთავარი მომპოვებლნი (რადგან ნადირობა მხოლოდ 10-15%-ით აკმაყოფილებდა თემის კვების მოთხოვნილებას, ხოლო შემგროვებლობა, სტაბილური შემოსავლის წყარო, ქალის საქმე იყო).

ისტორიული ფემინოლოგიის წყალობით, გაჩნდა ახალი თემები, რომლებზეც მონოგრაფიებიც კი შეიქმნა, მაგალითად, „მოსამსახურეობის და გადიათა დაქირავების ისტორია“, „საოჯახო საქმის ისტორია“, „ქალის სხეულის ისტორია“ და სხვა.

ფრანგული სკოლა წარმომადგენლებმა შესწავლის საგნად აქციეს ყოველდღიური, კერძო ცხოვრება და დაამტკიცეს, რომ წარსულის აღდგენა მხოლოდ მნიშვნელოვანი ისტორიული ფაქტებით კი არა, ყოფითა და ოჯახების ისტორიის შესწავლითაც შეიძლება, ე.ი., იმ სფეროებით, სადაც ქალი უფრო მჭიდროდ იყო დაკავშირებული მამაკაცთან.

ისტორიულმა ფემინოლოგიამ რეაბლიტაცია გაუკეთა ფემინიზმს, როგორც პოლიტიკას, რომელსაც საფუძვლად თავისუფალი არჩევანის პრინციპი უდევს. მან აღიარა, რომ ქალის პიროვნული ჩამოყალიბების ფემინისტური იდეა მისი (ქალის) და აგრეთვე საზოგადოების სტერეოტიპებისაგან ემანსიპაციის საფუძველი იყო.

ისტორიულმა ფემინოლოგიამ Women's Studies-ის სპეციალისტებს დაანახა, თუ როგორ შეუძლია კულტურას იმოქმედოს ფემინისტური დისკურსის ჩამოყალიბებაზე. ამრიგად, ისტორიული ფემინოლოგიის დაბადების შედეგი იყო ქალთა სოციალური ცნობიერების გამოღვიძება, და პირველ რიგში, თავად მეცნიერ ქალებში. თუმცა „ქალის ისტორიიდან“ ისტორიული ფემინოლოგია ზოგჯერ „ქალთა დათრგუნვის ისტორიადაც“ იქცა, ხშირად გვხვდება მტკიცებები, რომ ქალი განსაკუთრებულია, რომ ქალის მიერ დაწერილი ისტორია უფრო ზუსტი და ობიექტურია, ვიდრე მამაკაცისა, ანუ გაჩნდა მიზოანდრინული ტენდენციები. ამის საპასუხოდ გაჩნდა „ჰომოსექსუალურობის ისტორია“, „მამაკაცთა და მამაკაცურობის ისტორია“ და სხვ. ამას შეეძლო ჩიხში მოექცია მეცნიერება, ამიტომ თავად ფემინოლოგებმა მოინდომეს ანდროლოგებთან საკუთარი ნაშრომების ინტეგრაცია.

განდერული მეთოდოლოგიის ადგილის განსაზღვრა ისტორიაში შეუძლებელია მთელი რიგი მოდერნისტული სციოლოგიური თეორიების გარეშე, მათ შორისაა - სტრუქტურული ფუნქციონალიზმის თეორია, რომელიც ამერიკელ სოციოლოგს დ. პარსონს ეკუთვნის, სოციალიზაციის თეორია, ეკუთვნის იმავე დ. პარსონსა და მის კლეგას ბეილს, ხოლო ი. ჰოფმანმა შექმნა დრამატურგიული ინტერაქციონალიზმის თეორია.

სოციალურ-კონსტრუქტივისტული კონცეფციები ენთუზიაზმით იქნა აღქმული ისტორიკოს-ფემინოლოგების მიერ: სოციალურმა დეტერმინიზმმა მათ საშუალება მისცა უარეყოთ ის, რასაც თოთქოს საღი აზრი მოითხოვდა - ყველაფერი სამყაროში იყოფა „მამაკცთა“ და „ქალთა“ სფეროებად. სოციალური კონსტრუქტივიზმის წარმომადგენლებმა დაამტკიცეს, რომ ქალის სტატუსი კი არ „მიეცემა“, არამედ „შეიძინება“. ქალსა და მამაკაცს შორის არსებული განსხვავება ბიოლოგიური წარმოშობით არ აიხსნება (ქალად არ იბადებიან, ქალად - ხდებიან). ისტორიკოს-ფემინოლოგთა წინაშე დგას ამოცანა - „გაეშიფრათ“ ეს კანონები და ინტერპრეტაციები სხვადასხვა ხალხებში სხვადასხვა დროს.

შეთანხმებათა კრებული, რომლითაც საზოგადოება ტრანსფორმირებას უკეთებს ბიოლოგიურს სოციალურში, ფილოსოფ-ფემინისტთა ნაშრომებში გენდერის სახელწოდებას იღებს. (სიტყვასიტყით „გენდერი“ - gender - ითარგმნება, როგორც „სქესი“) - ეს ტერმინი 1963 წელს დაამკვიდრა ფსიქოანალიტიკოსმა რობერტ სტოლერმა.

70-იანი წლების ბოლოდან „გენდერის“ გაგება უფრო ფართოდ იქნა გამოყენებული. მრავალმა ჰუმანიტარმა ტერმინი „გენდერი“ მიიღო (ჰოფმანის შემოთავაზებით) როგორც პიროვნებათშორისი ურთიერთობების სისტემა, რომლის მეშვეობითაც იქმნება, მტკიცდება და ყალიბდება წარმოდგენა მამაკაცსა და ქალზე, როგორც სოციალური რიგი კატეგორიებზე.

სწორედ აქედან მოდის ისტორიაში გენდერული მეთოდოლოგიის მთავარი საკითხი - გენდერის შექმნის რესურსების (ან წყაროების) საკითხი. ფემინოლოგ-კონსტრუქტივისტებმა დაამტკიცეს, რომ ისტორიაში გენდერის გაჩენა (სტერეოტიპები, ნორმები, იდენტურობა) უნივერსალური არ არის, არამედ კულტურულად დეტერმინირებულია: სხვადასხვა დინება პოლიტიკური ისტორიისა, სხვადსხვა რასები და სოციალური ჯგუფები სხვადსხვა ტრადიციებს ხედავენ „სქესის“ განსაზღვრაში. აქვე დაისვა კითხვა - რომელ ასაკში და როგორ ხდება გენდერული ცნობიერების ჩამოყალიბება?

80-იანი წლების დასაწყისში გენდერული კონცეფცია შეეჯახა ისტორიაში „ქალთა კვლევებს“. 1986 წელს ამერიკელმა მკვლევარმა ჯოან სკოტმა გამოაქვეყნა სტატია „გენდერი: ისტორიული ანალიზის მნიშვნელოვანი კატეგორია“. ჯ. სკოტი აღნიშნულ კატეგორიას განსაზღვრავს, როგორც სოციალური ურთიერთობების შემადგენელ ნაწილს, რომელიც დამყარებულია სქესთა შორის გაცნობიერებულ სხვაობაზე. ავტორი ხაზგასმით აღნისნავს, რომ თუმცა სქესობრივი სხვაობის გაცნობიერება და მასთან დაკავშირებული სოციალური სფეროები ყველა საუკუნეს ახასიათებს, გენდერული ხასიათის პრობლემა არ შეიძლება უკრიტიკოდ გადავიტანოთ ცალკეულ ისტორიულ ეპოქაზე. ამრიგად ტერმინი „გენდერის“ ხმარება შესაძლებელია მხოლოდ XIX-XX სს-ში და რა თქმა უნდა მომავალშიც.

„გენდერი“, როგორც სოციალური ურთიერთობების შემადგენელი ნაწილი, ჯ. სკოტის მიხედვით, ოთხ ურთიერთმოქმედ ელემენტს შეიცავს. ესენია:

1. სიმბოლოების და ხატების კომპლექსი, რომელიც ქალსა და მამაკაცს კულტურაში ახასიათებთ.

2. რელიგიური, პედაგოგიური, სამეცნიერო, სამართლებრივი, პოლიტიკური ნორმების კომპლექსი.

3. სოციალური ურთიერთობები და ინსტიტუტები, რომლებიც მათ აყალიბებენ (ოჯახი, ნათესაობა, სამუშაო ძალის ბაზარი, განათლების სისტემა, სახელმწიფოს მოწყობა).

4. თვითგამოხატვის პრობლემა, პიროვნების სუბიექტური თვითაღქმა და ცნობიერების ანუ სქესობრივი იდენტიფიკაციის პრობლემა, რადგან „გენდერი“ - ეს განსაკუთრებული ველია, რომელზეც ძალოვანი ურთიერთობები და კოლექტიური ილუზიები არტიკულირდება.

ჯ. სკოტმა საკითხი დასვა, რომ ბოლო მოეღოთ „მამაკაცთა და „ქალთა“ ისტორიის დაპირისპირებისათვის. შეხვედრის ადგილად მან მეცნიერებს შესთავაზა „გენდერული ისტორია“; იმისთვის გენდერის განსაზღვრება - ეს არის ურთიერთობებისა და ურთიერთქმედებების სისტემა, რომელიც წარმოადგენს საზოგადოების სტრატიფიკაციისა და იერარქიზაციის საფუძველს სქესის ნიშნით. ჯ. სკოტი თვლის, რომ ისტორიაში ერთსა და იმავე საკითხისადმი უნდა შემუშავდეს როგორც „მამაკაცის“, ასევე „ქალის“ თვალთახედვა. უნდა მოიძებნოს ამ ორ რაკურსში დანახულს შორის თანხვედრა და სხვაობა. ფამინოლოგთა წინაშე ახალი ეტაპის ამოცანები დაისვა.

სიტუაცია მხოლოდ 90-იანი წლების დასაწყისში შეიცვალა. ჰუმანიტარული ცოდნის სისტემაში მოხდა პარადიგმების ახალი ცვლილება: მოდერნისტული თეორიები პოსტმოდერნისტულით შეიცვალა, ხოლო სოციალური კონსტრუქტივიზმი საბოლოოდ იქნა დამარცხებული პოსტსტრუქტურალიზმით.

პოსტსტრუქტურალიზმი საფრანგეთს, კერძოდ, კი ჟაკ ლაკანს (1901-1981) უკავშირდება, რომელმაც დააყენა საკითხი „არაცნობიერის ენის“ პრობლემის შესახებ. მან სქესი განსაზღვრა, როგორც ნიშნებისა და გამოცდილების „მასკარადი“. მიშელ ფუკოს კი (1926-1984) ეკუთვნის ძალაუფლების კონცეფცია და მანვე შემოიტანა მეცნიერებაში „დისკურსი“ - მეტყველებითი ქცევა. ჟაკ დერიდა (დ. 1930) კი დეკონსტრუქციის თეორიისა და კულტუროლოგიის „სხვაგვარობას ფენომენის ავტორია.

პოსტსტრუქტურალისტებისათვის მთავარი იყო უარეყო კონსტრუქტივისტული ხედვა. მათ შემოიღეს ფაქიზი ურთიერთკავშირის პრინციპი, რომელიც სქემამდე არ უნდა გავამარტივოთ. განზოგადების ნაცვლად პოსტსტრუქტურიზმი აყენებს განსხვავებისა და მრავალმხრივობის იდეას, სტრუქტურაში არასტრუქტურულის პრობლემას, არატიპიურისა და ერთიანის. ისტორიული ანთროპოლოგია იცვლის ორიენტაციას და სწავლობს არა საერთოდ ყველას, არამედ ფილოსოფიას. ისტორიკოსებმა „ხელოვნებათა სინთეზზე“ დაიწყეს საუბარი. პოსტსტრუქტურალისტებმა საზოგადოება აიძულეს ეღიარებინათ გარესამყაროს პოლიცენტრიზმი და ისტორიისა და ობიექტის პლურალიზაცია. ისინი დარწმუნებულნი იყვნენ არა ერთი, არამედ მრავალი „ისტორიის“ არსებობაში. ამ პერიოდში ჩნდება „ზეპირი ისტორია“ - oral history, რომელიც არ ჰგავს ჩაწერილ ისტორიას. ფემინოლოგები ამ პერიოდში იმეორებდნენ, რომ აცოცხლებდნენ წარსულს არა რაღაც საერთო სურათს, არამედ რეალობას, რომელიც ქალის თვალით იყო განცდილი და მის მიერ ჩაწერილი.

ისტორიის წინაშე დაისვა კითხვები: ვინ შეადგინა ჩანაწერები, როგორი იყო აუდიტორია, ვისთვის იწერებოდა ესა თუ ის ამბავი? და როგორი ენით? ჰუმანიტარულ მეცნიერებებში ლაპარაკი დაიწყეს 2 პრაქტიკაზე (სიტყვიერი ანუ ვერბალური და არავერბალური) ან 2 ტიპის დისკურსზე (discursus - მსჯელობა). ასევე გაჩნდა უენო ენის გარეშე არსებული რეალობის საკითხი - მაგ, სხეული, ქცევა, მოქმედება და სხვ. ფილოსოფოს ფემინისტებმა ელენ სიკრუმ და ლუსი ირიგარემ შემოიღეს ქალური წერის ცნება - I'ecriture feminine - ანუ ქალური თვითრეპრეზენტაციის თავისებურება. „ქალური წერა“ გამოცხადდა იმ სამყაროდ, სადაც ქალი საკუთარ თავს პოულობს როგორც აწმყოში, ასევე წარსულში. ისტორიკისებმა დაადასტურეს, რომ ენის საშუალებით ქალი განდევნილი იყო ტექსტიდან, რომლებსაც მამაკაცები ადგენდნენ. „გენდერული ისტორიის“ მომხრეებმა ქალის უკან დაბრუნება - ისევ ენის საშუალებით გადაწყვიტეს. ისინი შეისწავლიდნენ „ქალური წერის“ თავისებურებებს - უფრო აფექტურსა და „დაუფარავად სუბიექტურს“.

ლიტერატურათმცოდნეობასა და ლინგვისტიკაში ტექსტოლოგიის ადგილი ნარატოლოგიამ დაიკავა, ხოლო მეცნიერებაში, საზოგადოებრივი აზრის ისტორია „ინტელექტუალურმა ისტორიამ“ შეცვალა. ამ მხრივ დიდი ღვაწლი მიუძღვის ფრანგ მეცნერს - რ. ბარტს. ინტელექტუალური ისტორია უპირისპირდება მოსაზრებას, რომ არსებობს „საშუალო ღერძი“, რომლის გარშემო ბრუნავს ყველა ინდივიდების ინტერესები. პირიქით, დაიწყო საშუალებათა მრავალფეროვნების ძიება, რომლითაც ინდივიდები თუ ჯგუფები გამოხატავენ თავიანთ წარმოდგენებს იმის შესახებ, რაც მათ გარშემოა.

ქალთა ქცევის წყაროები ისტორულად უფრო მეტად კონტროლირდებოდა, ვიდრე მამაკაცების ქცევა, ამრიგად, ქალის იძულების ისტორია - ძალადობის ისტორიაში ახალ სიტყვად მოგვევლინა.

დასავლეთში ჩამოყალიბდა გენდერული ისტორია, რომელმაც გააერთიანა ფემინოლოგია, ისტორიული ანდროლოგია, ჰომოსექსუალობის ისტორია და სქესთა შორისი ურთიერთობების ისტორიაც, გენდერული ისტორია ცდილობს აღიარების მოპოვებას.

გენდერული მეცნიერებების გამოყენება ისტორიაში წარსულის გაანალიზების საშუალებას იძლევა. იგი ხელს უწყობს ცელკეული ისტორიების სივიწროვის გადალახვას, რადგან მისი ფუნქცია კომპლემენტარული არ არის, იგი სინთეზურია. გენდერისტებმა მრავალი სქესი აღმოაჩინეს: ქალები, მამაკაცები, ბიოლოგიური კაცები, რომლებიც ქალებად თვლიან თავს, ქალები, რომლებიც მამაკაცებად თვლიან თავს; ბისექსუალები, ტრანსვეტიტები და სხვ. - აქედან გამომდინარე, წარმოიშვა პრობლემა მარგინალური სოციალური ჯგუფების ანალიზისა.

გენდერული მეთოდოლოგია მკვლევარს ახალ „კულტურულ ისტორიებში“ შეჰყავს - გენდერულად სიმბოლიზირებულ ისტორიებში, საუბრებში, აზრებში, ხელს უწყობს მამაკაცისა და ქალის „წერის მანერას“ (I'ecriture masculine et I'ecriture feminine) სკურპულოზურ ანალიზს. ახალი თაობის გენდერისტები არა მხოლოდ მამაკაცთა „დათრგუნვის“ და ქალთა „ბრძოლის დისკრიმინაციის წინააღმდეგ“ გამოდიან, არამედ ქალთა აღიარებისა და თანხმობის ფორმისა და თავისი ბუნებით განკუთვნილი სტატუსის მიმართ.

პ. ბურდიემ მეცნიერებაში შემოიტანა „სიმბოლური კაპიტალის“ ცნება - პრესტიჟი, ღირსება, კეთილი სახელი; ისტორიკოს - ფემინოლოგებმა და გენდერისტებმა აჩვენეს, რომ სხეული და სექსუალობა შეიძლება იყოს სიმბოლური კაპიტალის ელემენტი.

გენდერულ ისტორიაში საუბარი არაა წარსულის გარკვეული ნაწილის რეკონსტრუქციაზე, არამედ წარსულის ცხოვრების ღრმა და მრავალმხრივ ხედვაზე. ის ისტორიკოსები, რომლებიც იყენებენ გენდერულ მეთოდოლოგიას, ნათლად ავლენენ, თუ როგორ შესაბამისობასი იყო ძველ დროში ქალური გამოცდილება მამაკაცურთან და რა ხარისხით მოახდინა ამ ურთიერთობებმა გავლენა კულტურული სტერეოტიპის ჩამოყალიბებაზე.

ლიტერატურა

Histoires des femmes en Occident, sous la direction de N.Z. Devis, G. Duby, A. Farge, M. Perrot, I-VI, Paris, 1985-1991.

J. Scott, Cender: a Useful Category of Historical Analysis, American Historical Review, #5, 1986.

J. Scott, Gender and the Politics of History, New York, 1988.

L. Tuttle, Encyclopedia of Feminism. Ann Arbor, 1986.

Н. Пушкарева, Гендерная проблематика в исторических науках, Введение в Гендерные исследования, Харьков, 2001.

p. berki, istoria da socialuri Teoria, 2002.

6. პ. ბერკი, ისტორია და სოციალური თეორია, 2002

8 გენდერული ძალადობა კულტურის კონტექსტში

▲ზევით დაბრუნება


თამარ აბრამიშვილი

მოგესალმებით ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრის სახელით. მე თამარ აბრამიშვილი გახლავართ, ამ ცენტრის პრეზიდენტი.

ჩვენი ორგანიზაცია 1994 წელსაა რეგისტრირებული, მაგრამ ჯერ კიდევ დაფუძნებამდე, საინიციატივო ჯგუფმა რამდენიმე საინტერესო პროექტის განხორციელება მოასწრო. 1996 წლიდან ცენტრს ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ქ. ბერლინში არსებული ჰაინრიხ ბიოლის სახელობის ფონდი. ჩვენი პროექტის ძირითადი თემაა - ძალადობა საზოგადოებაში, მაგრამ ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ სამართლებრივი ბაზის შესწავლასა და საზოგადოებაში არსებული სპეციფიკურად ქალთა თუ სხვა აქტუალური პრობლემატიკის წარმოჩენაზე.

ჩვენ გენდერული ძალადობა გვაინტერესებს როგორც ძალადობის გამოვლინების ერთ-ერთი კერძო შემთხვევა და არა როგორც დამოუკიდებელი ფენომენი.

საზოგადოებაში არავითარი მოვლენა არ ხდება კულტურის კონტექსტიდან მოწყვეტით, დამოუკიდებლად იმ საზოგადოებრივი ტენდენციებისგან, რომელიც გაბატონებულია ჩვენს ირგვლივ სოციალურ სამყაროში. საზოგადოებრივ ცნობიერებაში ცვლილებების შეტანა შეუძლებელია მოხდეს კულტურისგან მოწყვეტით. ძალზე მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ახალგაზრდობის დამოკიდებულება გენდერული ძალადობის მიმართ. სწორედ ამ საკითხს ეძღვნება ჩვენი ამჟამინდელი მუშაობა. კერძოდ ვიკვლევთ გენდერული ძალადობის სფეროში თემას - „ცნობიერების ორიენტაციები უფროსკლასელებთან“, რომლის შედეგებსაც მომავალში კონფერენციაზე წარმოვადგენთ. შემდეგი ეტაპი გულისხმობს სტუდენტური ასაკის ახალგაზრდობის კვლევას ამავე მიმართულებით.

სემინარებზე ვეხებით პრობლემატურ საკითხს, თუ როგორ ყალიბდება პიროვნება ისეთ კულტურაში როგორიც ჩვენია, ვმსჯელობთ ტრადიციის ზეგავლენაზე პოროვნების ჩამოყალიბების პროცესში. ცენტრს თავის ამოცანად მიაჩნია ღია, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისათვის საჭირო პროცესესბის ხელშეწყობა.

საზოგადოების როგორც ერთიანი სისტემის სიჯანსაღე, პირველ რიგში, საზოგადოების ორიენტაციების სიჯანსაღეს ნიშნავს, რასაც ქმნის ადამიანთა ერთობლიობა და არა ცალკე, თითო-ოროლა ადამიანი. ფსიქოლოგიური და სოციალური მეცნიერებები გვისაბუთებენ, რომ ადამიანები, ჩვენი აზროვნებითი სტერეოტიპების საწინააღმდეგოდ, ინდივიდუალური განწყობების შესაბამისად კი არ მოქმედებენ, არამედ ცვლიან მათ სიტუაციის მოთხოვნათა შესაბამისად. სწორედ ამიტომაა აქტუალური ისეთი საზოგადოებრივი ორიენტაციებისა თუ ფასეულობების დამკვიდრებაზე ზრუნვა, რომლებიც პიროვნებას საზოგადოებრივად სასარგებლო აქტივობისაკენ უბიძგებენ და არა მხოლოდ საკუთარი „შიდა ჯგუფის“ ინტერესების დაცვა-გატარებისკენ. ასეთი ამოცანის წინაშე მდგომი პიროვნება კი უნდა ახერხებდეს შიდა ჯგუფის ინტერესების გამიჯვნას სხვა დანარჩენებისაგან. სახვაგვარად დღეს ყველა სფეროში გამეფებული ვიწრო მსოფლმხედველობრივი აღქმა ვერ შეიცვლება, მას შეიძლება დაუპირისპირდეს მხოლოდ ჯანსაღი პიროვნული ორიენტაცია და ნება. ეს ყველაფერი პიროვნების ავტონომიურობის, მისი ინდივიდუალური ხედვის აღიარებით, ჯგუფზე ავადმყოფურ მიჯაჭვულობასა და მისგან დაცულობაზე უარის თქმის გაბედვით იწყება.

დღეს, როცა საქართველოს ღია, დემოკრატიული და პიროვნების თავისუფლების აღიარებაზე დაფუძნებული სამყაროს ნაწილად გახდომა სურს, რეალისტური თვალით და საღი აზრის პოზიციიდან უნდა იქნეს დანახული საზოგადოების წევრთა პიროვნული ავტონომიურობის პრობლემა და არა სადღეგრძელოებსა და თეორიულ დისკურსებში. ცხოვრებაში უნდა იქნეს აღიარებული მისი აუცილებლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენივე ფსიქოლოგია შეუწყობს ხელს ყველა სფეროში ინსტიტუციონალურსა თუ ინტიმურში, შიდა ჯგუფის და საბოლოო ჯამში, კლანის ბოგინს. პიროვნების დონეზე გადაწყვეტილების მიღების უუნარობა, კვლავ და კვლავ შეუქმნის ნოყიერ ნიადაგს საზოგადოების წევრთა საყოველთაო პასიურობასა და, შესაბამისად, უცვლელობას.

ჩვენ ვართ კოლექტივისტური კულტურა, რომელსაც გააჩნია თავისი სპეციფიკური თვისებები. მას ნაკლებად ახასიათებს ცვლილებისადმი ორიენტაცია, მისი კომფორმულობა, დახურულობა, ნაკლები შემოქმედებითობა, სიახლის ძნელად მიღება, ასევე რეფერენტულ ჯგუფზე მიჯაჭვულობა. ამ მიჯაჭვულობის ფონზე ავლენს თავს გენდერული ძალადობა.

ჩვენს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე - „ძალადობა ოჯახში“, წარმოდგენილი იყო ფსიქოლოგ მარინა კუჭუხიძის მიერ ჩატარებული ემპირიული კვლევის შედეგები. წარმოდგენილი კვლევის მიზანი იყო ოჯახში ძალადობის შესახებ საზოგადოებრივი აზრის შესწავლა, ფიზიკური ძალადობის ისტორიების შეგროვება და ანალიზი. ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი ქალების აგრესიის თავისებურებების გამოკვლევა. საბედნიეროდ ჩვენს კულტურაში ფიზიკური ძალადობა ნორმალურად არ აღიქმება. გამოკითხულთა 84%-მა ეს დაუშვებლად ჩათვალა. მაგრამ, გამოკითხულთა უზარმაზარმა პროცენტმა აღიარა ამ ფაქტის არსებობა.

კვლევის შედეგებით გამოვლინდა, რომ საქართველოს დღევანდელბაში საკმაოდ გავრცელებულია ძალადობა ოჯახში. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ფიზიკური აგრესიის სიხშირე, რომელიც ცოლების მიმართ ვლინდება. ხშირია აგრეთვე, შვილების მიმართ ფიზიკური აგრესიის გამოვლენა. დამაფიქრებელია როგორც ოჯახში ქალის მიმართ ძალადობის სიხშირე, ისე ზოგიერთ ოჯახში გამოვლენილი ფიზიკური ძალადობის ინტენსივობა და განსაკუთრებით ბარბაროსული ხასიათი. ძალადობის მსხვერპლი ქალები მორალურად დათრგუნული ხდებიან, ამასთან დაქვეითებული წინააღმდეგობის გაწევის უნარი და მომატებული წყენისა და დანაშაულის განცდის მაჩვენებლები მათ დეპრესიულობაზე მიუთითებს.

ასეთი სიტუაცია ოჯახში განსაკუთრებით მძიმე და უარყოფით გავლენას ახდენს შვილებზე, რომლებიც მიეკუთვნებიან რისკ-ჯგუფს - თავად გახდნენ მოძალადენი, ამ ძალადობის მსხვერპლნი.

ჩვენში არსებული აღზრდის მოდელები ამკვიდრებენ პიროვნების ისეთ ღირებულებებსა და განწყობებს, რომლებიც ხელს უწყობენ ძალადობას და, მათ შორის, გენდერულ ძალადობას. პიროვნებას მისი გარემომცველი ჯგუფი (ოჯახი, ნათესავები, მეგობრები) მთელი ცხოვრების განმავლობაში კარნახობს, თუ რა უნდა აკეთოს მან. ჩვენი გამუდმებული ზრუნვით მას არ ვუტოვებთ დამოუკიდებლობის შესაძლებლობას და ვაყალიბებთ პასიურ, მორჩილ და კომფორმისტ ადამიანს. ამ შემთხვევაში პიროვნება იმდენადაა მოძალადე, რამდენადაც მისი გარემომცველი ჯგუფი ძალადობს მასზე. ეს არის ჩუმი ძალადობის ფორმა, რომელსაც ვერ ვაცნობიერებთ ან არ გვინდა ვაღიაროთ. ასეთი პიროვნება პასიური რჩება ძალადობის ფაქტის მიმართაც. ამის გაცნობიერებას ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს გენდერული ინტეგრაციის პროცესის ხელშესაწყობად. ჩვენი ორგანიზაციის ძირითადი ამოცანაც ესაა - გენდერული ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა იმ სემინარების, კონფერენციებისა თუ ტრენინგების საშუალებით, რომლებზეც ხდება გაცნობიერება იმისა, თუ რა უდევს საფუძვლად ძალადობას და, მათ შორის, გენდერულ ძალადობას ცხოვრების სხვადასხვა სფროში - პოლიტიკა იქნება ეს, ეკონომიკა თუ სხვა.

გენდერული კვლევები ფსიქოლოგიაში

ნინო ჯავახიშვილი

წინამდებარე ნაშრომში განხილულია გენდერის ფსიქოლოგიის ძირითადი პრინციპები და ყველაზე ცნობილ კვლევათა შედეგები.

ფილოსიფიის მეცნიერების მკვლევარმა, სანდრა ჰარდინგმა გენდერის შესწავლისას ფემინისტური მიდგომის შემდეგი კალასიფიკაცია შემოგვთავაზა:

  • ფემინიზმის პოზიცია - ქალები მნიშვნელოვნად განსხვავდებიან მამაკაცებისაგან, და ისინი ცალკე, დამოუკიდებლად უნდა შევისწავლოთ.

  • ფემინისტური ემპირიული მიდგომა - ქალები მნიშვნელოვნად განსხვავდებიან მამაკაცებისაგან, თუმცა შეიძლება ისინი არც განსხვავდებოდნენ მათგან. ამიტომ, მხოლოგ ზუსტ გაზომვებს შეუძლიათ აჩვენონ, რაშია მათ შორის განსხვავება და რაშია მსგავსება.

  • ფემინისტური კონსტრუქტივიზმი - ფემინური თვისებები აიგება და ცვალებადია, ამიტომ, მათი გაზომვის მცდელობას შეცდომებისაკენ მივყავართ.

ფსიქოლოგიაში განხორციელებული გენდერული კვლევების უმეტესობა თავისუფლად თავსდება ამ კლასიფიკაციაში (12).

ფემინიზმის პოზიციიდან განხორციელებული ფსიქოლოგიური კვლევებით (ლიპსი, ჰაიდი, მატლინი) ნათლად ვლინდება ფსიქოლოგი ქალების როლი ფსიქოლოგიის განვითარებაში. ამ კვლევების ავტორები ამტკიცებენ, რომ ქალის ფსიქოლოგია და ქალის გამოცდილება კაცობრიობის გამოცდილების ნახევარია. ისინი სწავლობენ ქალის ფსიქოლოგიასა და გამოცდილებას, რითიც პატრიარქატული ფსიქოლოგიის და საზოგადოებაში გამეფებული გენდერული უთანასწორობის შეცვლის პოლიტიკურ მიზნებსაც მისდევდნენ.

ფემინისტური ემპირიზმის წარმომადგენლების (მაკობი და ჯეკლინი) ნაშრომებში ნაკვლევია გენდერული სხვაობები და აგრეთვე ის ფაქტები, რომ ქალისა და მამაკაცის უნარებსა და თვისებებს შორის არც ისე დიდი სხვაობაა, თუმცა ეს მიდგომა ფემინისტებმა გააკრიტიკეს იმ თვალსაზრისით, რომ აქ გამოყენებული ტრადიციული ფსიქოლოგიური თეორია, მეთოდები და ანალიზი ვერ ითვალისწინებენ სპეციფიკურ ქალურ გამოცდილებას.

კონსტრუქტივიზმის წარმომადგენლები (ჰარე-მასტინი და მარესეკი, ჰოლვეი, კროუფორდი, ვეზეროლი) სწავლობდნენ გენდერს არა როგორც პროდუქტს ან შედეგს, არამედ იმ პროცესებს, რომელთა საშუალებითაც ის აიგება და რომელთა შედეგადაც იგი ჩნდება. გენდერული განსხვავება აღზრდითაა განპირობებული. ბიოლოგია სქესში სხვაობის მხოლოდ 5%-ს ხსნის, დანარჩენი 95% - აღზრდის შედეგია. აქ შესაბამისად თვისობრივი მეთოდები გამოიყენება: დისკურსის ანალიზი, ენის, როგორც რეალობის აგების საშუალების შესწავლა. გარდა ამისა, ამ მიდგომის წარმომადგენლები ინტერდისციპლინარულ კვლევებს ახორციელებენ პოლიტიკურ, კულტურულ, სოციოლოგიურ მეცნიერებებთან, ლიტერატურათმცოდნეობასთან ერთად და სოციალურად ორიენტირებული ფსიქლოგიის შექმნისკენ მიისწრაფიან.

სოციალური ფსიქოლოგებისაგან განსხვავებით, ფემინისტ მკვლევრებს უფრო მეტად აინტერესებდათ სოციოპოლიტიკური კონტექსტი, მაგალითად ფილიპ გოლდბერგმა პირველმა აჩვენა სოციალური მიკერძოება ფემინისტების მიმართ. მის კვლევაში ჩანს, რომ ნაკლებად მიმზიდველი გარეგნობის მქონე ქალები, აღიქმებიან როგორც ფემინისტები, თუმცა სინამდვილეში ფემინისტებსა და არაფემინისტებს შორის გარეგნული განსხვავება არ არსებობს. ამ კვლევამ დიდი გამოხმაურება ჰპოვა და შემდგომში მრავალჯერ განმეორდა, აღმოჩნდა, რომ მსგავსი დამოკიდებულებაა სოციოპოლიტიკური დევიაციის ნებისმიერი სხვა ფორმისადმიც. ზოგიერთ სიტუაციაში ეს დებულებები მამაკაცებსაც შეგვიძლია მივუყენოთ.

ბოლოდროინდელ კვლევებში გაჩნდა კიდევ ორი მიმართულება, ერთი, თვითონ ქალებს შორის სხვაობების კვლევა (ფსიქიკურად ჯანმრთელი და ავადმყოფი სხვადასხვა ეროვნების, ჰომოსექსუალისტი ქალები) და მეორე - მამაკაცების მასკულინურობის კვლევა. ფემინისტურად ორიენტირებული ფსიქოლოგიის წიაღში გამოყენებული მეთოდები და კონცეფციები მამაკაცების შესწავლაზე გადააქვთ. აქ შეისწავლება მამაკაცის სხეულის, მასკულინურობის, იდენტიფიკაციის, ჰომოსექსუალიზმის პრობლემები.

ქალის ფსიქოლოგიის ადრეული კვლევები სტატუსისა და ძალაუფლების საკითხებს ეხებოდა და განიხილებოდა ის სოციალური მექანიზმები, რომლებიც ქცევაში გენდერულ განსხვავებას აკონტროლებს. მაგალითად, ის ქალები, რომლებიც ძალაუფლების მამაკაცურ ფორმებს იყენებდნენ, აღიქმებოდნენ როგორც უფრო ცივები და აგრესიულები, ვიდრე მამაკაცები, მაგრამ არა როგორც უფრო კომპეტენტურები. გარდა ამისა, ქალებიც და მამაკაცებიც ერთნაირად რიცხავდნენ ჯგუფიდან კომპეტენტურ ქალს, ვიდრე მამაკაცს და იღებდნენ ჯგუფში არაკომპეტენტურ ქალს, ვიდრე ასეთივე მამაკაცს. მაგრამ დაშვება იმისა, რომ ძალაუფლების „ძალადობა“ მხოლოდ მამაკაცებს ახასიათებთ, არასწორია, რადგან მათთან ერთად ამას ახორციელებს, ან ყოველ შემთხვევაში, პასიურად ეთანხმება ასეთ უთანასწორო მდგომარეობას ქალების დიდი ნაწილი (8).

ლინდა ფიდელმა ორიგინალური კვლევით აჩვენა ქალთა დისკრიმინაცია ფსიქოლოგიაში. ის კათედრის გამგეებს ახალგაზრდა სპეციალისტების CV-ებს უგზავნიდა და თხოვდა ეპასუხათ, ვის შეარჩევდნენ თანამშრომლებად და რა თანამდებობას და შესაბამისად ხელფასს შესთავაზებდნენ მათ. აღმოჩნდა, რომ ყველა ამ თვალსაზრისით უპირატესობა ენიჭებოდა მამაკაცებს, ეს კვლევა იმდენად მნიშვნელოვნად ჩაითვალა, რომ ცნობილ ჟურნალ “merican Psycologist-შიც“ გამოქვეყნდა. ჩვენი მხრიდან დავძენთ, რომ ასეთი დასკვნის გაკეთება ოდნავ პრეტენზიულია. საქართველოში, მაგალითად ფსიქოლოგებს შორის აშკარად ცოტაა მამაკაცი და შესაძლოა ამგვარი შედეგების ერთ-ერთი მიზეზი ესეც ყოფილიყო. ამიტომ, სწორი იქნებოდა, თუ მსგავსი გამოკითხვა შედარების მიზნით, ვთქვათ, მეტალურგებსაც ჩაუტარდებოდათ.

ერიკა აპფელბაუმის გამოკვლულია ერთ-ერთი ბოლოდროინდელ შრომაში პოლიტიკოსი ლიდერი ქალები. აღმოჩნდა, რომ საფრანგეთისა და ნორვეგიის ლიდერი ქალები დიდად განსხვავდებიან ერთმანეთისგან იმ თვალსაზრისით, რომ ფრანგები აღიქვამენ საკუთარ თავს, როგორც უფრო არადაკანონებულს და პარტნიორისაგან გაუცხოებულს, ვიდრე ნორვეგიელები. ავტორი ამას ნაწილობრივ სექსუალური ურთიერთობების იდეოლოგიის კულტურული ჩარჩოებით ხსნის, თუმცა დასძენს, რომ ახალგაზრდა ფრანგი ლიდერი ქალები უფრო უახლოვდებიან ნორვეგიულ „მოდელს“. თანამედროვე კვლევების მონაცემები სულ უფრო და უფრო ადასტურებს, რომ ურიდიული თანასწორობა ყოველთვის არ ქმნის სოციალურს.

დასავლურ ფსიქოლოგიაში არსებობს აზრი, რომ ვუნდტიდან მოყოლებული XX საუკუნის 60-იან წლებამდე ფსიქოლოგია იყო მეცნიერება მამაკაცთა შესახებ და მას მამაკაცებივე ავითარებდნენ. მაგრამ, მას შემდეგ სიტუაცია ძირფესვიანად შეიცვალა, თავდაპირველად გენდერული კვლევები ინდივიდუალური სხვაობების კვლევის ჩარჩოებში მიმდინარეობდა, შემდეგ ფემინურობა-მასკულინობა გაიგებოდა, როგორც პიროვნების უმთავრესი თვისებები, თანაც, სოციალიზაციის გარემოდან განიხილებოდა ოჯახი. აღსანიშნავია 70-იან წლებში სანდრა ბემის კონცეფცია და მეთოდი, რომლის საშუალებით მან აჩვენა, რომ მასკულინობა და ფემინურობა ორი დამოუკიდებელი, მაგრამ არა დაპირისპირებული კონსტრუქტია. შემდგომში სოციალური კონსტრუქტივიზმის გავლენით, გენდერი სულ უფრო მეტად და მეტად გაიგებოდა, როგორც სოციალური კატეგორია, პროცესი და სტატიკური თვისება. გენდერულმა კვლევებმა პიროვნებათშორისი ურთიერთობები, სოციალიზაციის პრობლემები და სხვ (12). განვიხილოთ გენდერის ფსიქოლოგიაში განხორციელებული კვლევების ყველაზე ცნობილი და გავრცელებული შედეგები, რომლებიც თემატურადაა დაჯგუფებული:

სქესი (გენდერი) და თავის ტვინი

მრავალმა გამოკვლევამ აჩვენა, ბიჭებს უფრო მეტად აქვთ განვითარებული სივრცითი აზროვნება, მათ უფრო უადვილდებათ სივრცეში ორიენტაცია, ვიდრე გოგონებს, სამაგიეროდ, გოგონები უკეთ აზროვნებენ, ვერბალურად. როგორც ჩანს, ონტოგენეზში გოგნებს უფრო უვითარდებათ მარცხენა ნახევარსფერო და აზროვნების ანალიტიკური სტილი, ხოლო ბიჭებს - მარჯვენა ნახევარსფერო და ხატებით აზროვნება. 7-8 წლისათვის ბიჭები უკეთ ხსნიან შესრულების, ხოლო გოგონები ვერბალურ დავალებებს. მაგრამ, უკანასკნელი მონაცემების მიხედვით, ეს სხვაობა იშლება, განსაკუთრებით განათლებულ საზოგადოებაში.

ამ ფაქტის საინტერესო ახსნას გვთავაზობს ვ. გეოდაკიანი, რომლის კონცეფციის თანახმად, არსებობს ევოლუციის ორი ასპექტი: გენეტიკური, როდესაც ინფორმაცია გადაეცემა თაობიდან თაობას და ამგვარად ხდება მისი შენახვა-შენარჩუნება და ეკოლოგიური, როდესაც ინფორმაციას ვიღებთ გარემოდან და ხდება ახლის აღქმა, ცლილებების შემოტანა. სქესები სპეციალიზირდებიან ამ ორი პრინციპის მიხედვით და ამგვარად ავსებენ ერთმანეთს. გენეტიკური ინფორმაციის შენახვის და გადაცემის ამოცანას ასრულებს ქალთა სქესი, ხოლო ცვლილებებისას - მამაკაცთა. ევოლუციურ განვითარებაში ნებისმიერი ცვლილება ორ ფაზას გაივლის - ძიებისა და შენარჩუნების. პირველ ფაზაში უპირატესობა მამაკაცებს აქვთ, ხოლო მეორეში - ქალებს. ამით აიხსნება ქალების უკეთესი მაჩვენებლები ვერბალურ ტესტებზე, ხოლო მამაკაცებისა - სივრცითზე.

გენდერული განსხვავებები კოგნიტურ სფეროში

ექსპერიმენტულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ქალები უკეთ ასრულებენ ისეთ დავალებებს, სადაც საჭიროა ინფორმაციის სწრაფად აღდგენა, ხოლო მამაკაცები კი, სადაც საჭიროა ინფორმაციის გონებაში გადამუშავება. მანქანის ტარების სწავლებისას ქალი უკეთ ითვისებს, თუ მას ვერბალურად უხსნიან, ხოლო მამაკაცი, თუ ვიზუალურად.

ამ მოვლენების ახსნის ორი მოდელი არსებობს - ბიოლოგიური, რომელიც ამტკიცებს, რომ ქალებსა და მამაკაცებს შორის სხვაობა გამოწვეულია მათი გენეტიკით, აღნაგობით, ჰარმონიებით, და სოციოკულტურული, რომელიც ამტკიცებს, რომ სხვაობა გამოწვეულია აღზრდით, იმ სოციალური გარემოთი, რომელშიც იმყოფებიან ქალები და მამაკაცები. აქვე უნდა აღინიშნოს, ისიც, რომ კვლევათა უმეტესობა ჩატარებულია განვითარებული ქვეყნების მოსახლეობაში და დამატებით კიდევ საჭიროებს კროს-კულტურული კვლევების მონაცემებს.

სხვაობები ზეპირ და წერით მეტყველებაში - ქალის საუბარი არ არის იმპერატიული, ის არაკომფლიქტურია, სხვებს თავის აზრებს არ ახვევს თავს. ქალის ნაწერი არის თავისუფალი თვითგამოხატვა, მამაკაცისა შემტევი - ამტკიცებს ჯულია კრისტევა. ქალი საუბარში ხშირად ხმარობს კითხვებს - არა?, ხომ ასეა?, იყენებს უფრო რბილ ფრაზებს. რიგი მკვლევარებისა თვლის, რომ ისინი არ არიან დარწმუნებული საკუთარ თავში, ხოლო სხვების აზრით, ქალი იწვევს მსმენელს, რომ ის მას საუბარში ჩაერთოს, მამაკაცთა მეტყველება კი უფრო ავტორიტარულია.

გენდერი და ემოცია

საყოველთაოდაა გავრცელებული აზრი, რომ ქალი უფრო ემოციურია, ვიდრე მამაკაცი. პოლ რიკერმა, რომელიც ნარატიული მეთოდის წამყვან სპეციალისტად ითვლება, ნარატივების გზით გამოიკვლია ქალთა და მამაკაცთა სოციალური მეხსიერება და დაასკვნა, რომ კაცების მონათხრობი უფრო ლოგიკური და რაციონალურია, ხოლო ქალების - უფრო ემოციური. ბიჰევიორისტებს მიაჩნიათ, რომ ქალის ემოციურობამ შეიძლება ძალიან ცუდი შედეგები მოგვცეს, მათ შორის ბავშვების აღზრდისას. რაოდენ პარადოქსალურადაც არ უნდა გვეჩვენოს, მსგავსი მოტივები თანამედროვე სოციობიოლოგიურ თეორიებშიც გვხვდება. რა თქმა უნდა, ემოციებს ორივე სქესის წარმომადგენელი განიცდის და ავლენს, უბრალოდ ისინი განსხვავებულ ემოციებს ავლენენ, მამაკაცები - რისხვას, სიძულვილს, რომელიც დომინანტურ პოზიციას გამოხატავს, ხოლო ქალები - თანაგრძნობას, სიხარულს, დარდს, რომელიც უფრო დაქვემდებარებულ პოზიციას გამოხატავს. გოგონები უფრო მეტად საუბრობენ სისუსტის გამომხატველ ემოციებზე, ხოლო ბიჭები - სიძლიერის.

ცალკე მსჯელობის საგანი გახდა აგრესია. ითვლება, რომ მამაკაცები უფრო აგრესიულები არიან, ვიდრე ქალები, მაგრამ აღმოჩნდა, რომ აგრესიის მრავალი ფორმა არსებობს და ამ თვალსაზრისით, ქალები უფრო მეტად გამოხატავენ ვერბალურ აგრესიას, ხოლო მამაკაცები - ფიზიკურს, ანუ მამაკაცი მოქმედებაზე გადადის, მისთვის ადვილია დაარტყას ვინმეს, ხოლო ქალი სიტყვიერად მიაყენებს შეურაცხყოფას, ცუდად იჭორავებს აგრესიის ობიექტზე, შეეცდება რეპუტაცია გაუფუჭოს მას და სხვ. ანუ, მამაკაცები აგრესიის უფრო პირდაპირ ფორმებს ირჩევენ, ხოლო ქალები - ირიბს.

გენდერული სტერეოტიპები, განწყობები, წინასწარდამოკიდებულება.

გენდერული სტერეოტიპები გაიგება, როგორც ქალსა და მამაკაცს შორის განსხვავების შესახებ არსებული მყარი წარმოდგენები მოცემული საზოგადოებისათვის მოცემულ პერიოდში.

გენდერული სტერეოტიპები ფუნქციონირებს როგორც ინდივიდის, ასევე საზოგადოების დონეზე, ამიტომ, ისინი დისციპლინათშორისი ბუნებისაა. ინდივიდის დონეზე ამ საკითხებს იკვლევს ფსიქოლოგია და ფილოსოფია, ხოლო სოციალურ დონეზე - სოციოლოგია, დემოგრაფია, ეკონომიკა.

მართალია, გენდერული სტერეოტიპები სხვადასხვა კულტურაში განსხვავებულია, მაგრამ მათ შორის მაინც ბევრი საერთოა. ძირითადად ითვლება, რომ მამაკაცი არის აგრესიული, ავტოკრატული, ძლიერი, დამოუკიდებელი, გამომგონებელი, ჭკვიანი, უხეში, ხოლო ქალი - ემოციური, მეოცნებე, მგრძნობიარე, ცრუმორწმუნე და მორჩილი. ამასთან, განვითარებულ ქვეყნებში გენდერული თანასწორობა მაინც უფრო მაღალია, ვიდრე ნაკლებად განვითარებულებში.

აღმოჩნდა, რომ გენდერული სტერეოტიპები რასობრივზე ძლიერია. კეიდოსა და ტიმ ემსვეილერის გამოკვლევებში ეს კარგად გამოვლინდა. ისინი ცდის პირებს აჩვენებდნენ მკვლევარის (ქალის ან მამაკაცის) წარმატებულ შედეგებს და ეკითხებოდნენ, რამ გამოიწვია მისი წარმატება: პირადმა მონაცემებმა თუ ბედ-იღბალმა. თუ ავტორი მამაკაცი იყო, მის წარმატებას უფრო პირად თვისებებს მიაწერდნენ, ხოლო თუ ქალი - ბედს. ალბათ ამავე სტერეოტიპებითაა გამოწვეული ისიც, რომ მოტივაციურ სფეროში ქალს წარმატების შიში აქვს, და თუ იგი წარმატებას აღწევს, ამისათვის ბოდიშს იხდის და თავს იმართლებს.

გენდერული სტერეოტიპები მაღალი სიცოცხლიუნერიანობით გამოირჩევიან, მათი კვლავწარმოება ხდება სოციალიზაციის ინსტიტუტების მიერ - ოჯახი, თანატოლები, სკოლა, საინფორმაციო საშუალებები. ჰაფიზოვას და კოროლიოვას მიერ ივანოვოში ჩატარებული გამოკითხვის შედეგად აღმოჩნდა, რომ გენდერული სტერეოტიპები კონსტრუირების მთავარ მექანიზმად რესპოდენტები ასახელებენ ოჯახს (45.3%), შემდეგ ეროვნულ ტრადიციებს - 10.9%, საზოგადოებრივ აზრს - 8.6%, სკოლას და მასმედიას - 4.5% (9).

ცნობილი სოციოლოგის და ფემინისტის, კეროლ გილიგანის მონაცემებით, ამერიკელი ქალები ყიდულობენ საჩუქრების და მისალოცი ბარათების უმეტეს ნაწილს, უფრო ხშირად იღებენ თანხებს ქველმოქმედებისათვის და უფრო ხშირად იღიმიან, ვიდრე მამაკაცები (10). პიროვნული თვისებების კვლევის ერთი ყველაზე გავრცელებული უახლესი ტესტის (იგივე) მონაცემების მიხედვით, მამაკაცებს მეტად ახასიათებთ ექსტრავერსია - დომინანტურობა და მძაფრი შეგრძნებების ძიება, ხოლო ქალებს - სიყვარული და ზრუნვა. უილიამსის და ბესტის (1990) გენდერული სტერეოტიპების კვლევამ 300 გავრცელებული ზედსართავის გამოყენებით აჩვენა, რომ კაცები არიან აგრესიულები, დომინანტურები და მოხერხებულები, ხოლო ქალები - სენტიმენტალურები, ნაზები და გულჩვილები (14).

გენდერული სტერეოტიპების სიცოცხლისუნარიანობა საქართველოშიც ძალიან მაღალია. ამაზე მეტყველებს ქართველი სპეციალისტების მიერ ჩატარებული სოციოლოგიური თუ ფსიქოლოგიური გამოკვლევები. ავტორთა დიდი ჯგუფის მიერ ჩატარებულ გამოკვლევაში დადასტურდა ქალთა დისკრიმინაციის არსებობა მთელ რიგ სფეროებში, განსაკუთრებით ოჯახში, რის ერთ-ერთ უმთავრეს მიზეზად სახელდება საზოგადოებრივი ნორმები და ტრადიციები (3).

საქართველოში გენდერული თვისებების კვლევა 1998-1999 წლებში განახორციელა მ. კუჭუხიძემ. (6). აღმოჩნდა, რომ მამაკაცისათვის დამახასიათებელი ისეთი თვისებები, როგორიცაა: ლოგიკური, ამტანი, გამგები, კომპეტენტური, დამოუკიდებელი, ჭკვიანი, ქალმა რესპოდენტებმა ქალისათვის დამახასიათებლად მიიჩნიეს, ხოლო მამაკაცმა რესპოდენტებმა ტიპიურ ქალურ თვისებებად მიიჩნიეს შემდეგი: მომხიბლავი, ნაზი, სიმპატიური. გარდა ამისა, შედეგების ანალიზის საფუძველზე ავტორი ასკვნის, რომ მამაკაცებს თავიანთი როლის შენარჩუნება სურთ, განსხვავებით ქალებისაგან, რომლებიც ტრადიციული როლის შეცვლისაკენ არიან მიმართულნი. კიდევ ერთი გამოკვლევა: გენდერული თვისებები ქართული შერჩევის მაგალითზე“ 2000 წელს ჩატარდა, ავტორი ნინო ჯავახიშვილი (17). კვლევის მიზანი იყო ქალთა და მამაკაცთა თვსებების განსაზღვრა. შედეგად მივიღეთ თვისებების ორი ჩამონათვალი - მამაკაცის 26 და ქალის 30 თვისება. ამ თვისებებიდან 10 სხვადასხვა ხარისხით საერთო იყო ორივე სქესისათვის. ეს თვისებებია: განათლებული, საკუთარ თავში დარწმუნებული, უხეში, ჭკვიანი, ნერვიული, ერთგული, ამაყი, შრომისმოყვარე, მიმზიდველი, სექსუალური. 1998 წელს ჩვენი კოლეგების (შ. აბზიანიძე, ნ. ქაჯაია) მიერ ჩატარებულ გამოკვლევაში გამოიყო ქალისათვის დამახასიათებელი 52, ხოლო მამაკაცისათვის - 50 თვისება. მათგან ხუთი საერთო თვისებად დასახელდა: ამაყი, ზრდილობიანი, მხიარული, მორიდებული, დაუზარელი. შედეგების მიხედვით, შეიძლება ითქვას, რომ დროთა განმავლობაში სტერეოტიპები გარკვეულწილად იცვლება, ანუ ქალისა და მამაკაცისათვის თვისებების მიწერაში ზღვარი თანდათანობით იშლება (1).

პირობითად შეიძლება გენდერული სტერეოტიპების ორი დონე გამოვყოთ: გენდერული იდენტობა და გენდერული როლები.

ფსიქოლოგთა მონაცემებით, გენდერული იდენტობა ყალიბდება 5-7 წლის ასაკში, რასაც მოსდევს მისი განვითარება და შინაარსობრივი შევსება, გენდერული იდენტიფიკაციის დარღვევა ბიჭებში ბევრად მეტია, 6 6:1, ი. კონის აზრით, ეს არაა გასაკვირი, რადგან მამაკაცები უფრო სუსტები არიან.

გენდერული როლები, მათი წარმოშობა და განვითარება, მათი მახასიათებლები განიხილება სხვადასხვა ფსიქოლოგიური და სოციოლოგიური თეორიის პოზიციიდან, რადგან გენდერული როლების ერთიანი თეორია ჯერჯერობით არ არსებობს. სოციალური ფსიქოლოგიაში როლი არის ნორმების ნაკრები, რომელიც განსაზღვრავს, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ადამიანები მოცემულ სოციალურ პოზიციაში. სოციალური როლების ერთ-ერთი სახეა გენდერული როლები - ქცევის ნიმუშების ნაკრები (ნორმები) ქალებისა და მამაკაცებისათვის.

მარგარეტ მიდი წიგნში „სქესი და ტემპერამენტი“ აკრიტიკებს დებულებას, რომ ქალები და მამაკაცები დაბადებიდანვე განკუთვნილნი არიან შესაბამისი როლებისათვის. ახალ გვინეაში ქალებიც და მამაკაცებიც ერთნაირ როლებს ასრულებდნენ. ერთ-ერთ ტომში ეს იყო ბავშვების აღზრდა, ხოლო სხვაგან - აგრესიული და საომარი მოქმედებები. კიდევ ერთ ტომში ქალები იჭერდნენ თევზს და ვაჭრობდნენ, ხოლო მამაკაცები საზეიმო ცერემონიებს მართავდნენ. ახალ გვინეაში არ არსებობს ტიპობრივი ქალური ან მამაკაცური როლი (15). დასავლურ და არა მარტო დასავლურ საზოგადოებებში გამეფებული ტრადიციული გენდერული როლები ხელს უშლის პიროვნების და მასში არსებული პოტენციალის განვითარებას. ამ მიდგომის საფუძველზე გაჩნდა სანდრა ბემის ანდროგინობის კონცეფცია, რომლის მიხედვითაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გააჩნდეს როგორც ფემინური, ასევე მასკულინური თვისებები. მან შეიმუშავა სპეციალური კითხვარი, რომლის მიხედვითაც ქალები და მამაკაცები ოთხ ჯგუფად იყოფა - მასკულინური, ფემინური, ანდროგინული (მაღალი მასკულინობა და ფემინურობა ერთად) და არადიფერენცირებული (დაბალი მასკულინობა და ფემინურობა).

ჰოფსტედეს (მას სხვა ბევრი მეცნიერიც ეთანხმება), აზრით, გენდერული როლები კულტურითაა განსაზღვრული. არსებობს მასკულინური და ფემინური კულტურები, მასკულინურ კულტურას ახასიათებს ძალაუფლების, მატერიალური ღირებულებების და წარმომადგენლობითობის დაფასება, ხოლო ფემინისტურ კულტურაში მთავარია ადამიანი, მისი აღზრდა. მასკულინური კულტურა ზრუნავს რაოდენობაზე, ხოლო ფემინური - ხარისხზე. კროს-კულტურული მონაცემებით, მასკულინური კულტურის მაცხოვრებლებს გააჩნიათ მიღწევის უფრო მაღალი მოტივაცია, ცხოვრების არსს შრომაში ხედავენ და ხანგრძლივი და დაძაბული მუშაობის უნარი აქვთ. გარდა ამისა, სხვა კვლევებმა აჩვენა, რომ ამერიკელები დამოუკიდებლობას უფრო აფასებენ, ვიდრე მორჩილებას, ხოლო იაპონელები დამოუკიდებლობას უფრო მეტად მამაკაცებთან აფასებენ. რადიკალურად ფემინური კულტურებში (დანია, ნორვეგია, შვეცია, ფინეთი) ოჯახში პარიტეტული ურთიერთობებია, ხოლო მკვეთრად მასკულინურ კულტურებში (საბერძნეთი, იაპონია, მექსიკა) ოჯახში იერარქიული ურთიერთობებია, მამა აქ ავტორიტარული ფიგურაა და ძალაუფლება არათანაბრადაა განაწილებული. ნანა ბერიკაშვილის აზრით, (2) სუფთა ფემინური კულტურა არ არსებობს, შეგვიძლია ვისაუბროთ მხოლოდ ანდროგენულ კულტურაზე. ლალი სურმანიძის თბილისში ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის მიხედვით, (ავტორები - ნ. გაბინაშვილი, ს. ჩაჩანიძე, თ. ბასილაშვილი) ოჯახში კაცის უფლებრივი უპირატესობა ნორმად ითვლება, ქალის როლი დაქვემდებარებულია, ანუ საქმე გვაქვს მასკულინურ კულტურასთან (4).

გენდერული როლები კულტურის გარდა ისტორიულ ეპოქაზეცაა დამოკიდებული. ადრე ეს როლები თითქმის პოლარული ჩანდა, ახლა კი უახლოვდება ერთმანეთს. 1967 წელს ამერიკელ სტუდენტთა 57% დაეთანხმა იმას, რომ ქალის საქმიანობა სახლითა და ოჯახით უნდა შემოიფარგლოს, 1994 წელს კი უკვე - 25%.

ივანოვოში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით (11), თუ ოჯახში კარიერას მამაკაცი მისდევს, ბუნებრივია, რომ ქალი მას ყველა პირობას უნდა უქმნიდეს ამისათვის, ხოლო ქალის მიერ კარიერის კეთება რუსული სინამდვილისათვის არ არის ტიპობრივი და მისთვის ხელის შეწყობაზეც შესაბამისად არავინ საუბრობს, - ამბობენ გამოკითხვის ავტორები, ჰაფიზოვა და კოროლიოვა. გამოკითხულთა 69.5%-ს მიაჩნია, რომ თუ ქალი პოლიტიკით იქნა დაკავებული, ოჯახის ინტერესები შეირყევა, ხოლო თუ იგივეს მამაკაცი გააკეთებს, მაშინ მხოლოდ 11.2%-ის აზრით, იზარალებს ოჯახის ინტერესები. ამავე გამოკითხვის სხვა მონაცემების მიხედვით დასტურდება ქალის ტრადიციული როლი ოჯახში, თუმცა საშინაო საქმეების ერთობლივი კეთების ტრადიცია მატულობს.

საქართველოში 1998 წელს განხორციელებულ კვლევაში „გენდერული როლები ოჯახსა და სახელმწიფოში გარდამავალი პერიოდის საქართველოში“ (ნინო ჯავახიშვილი, ირინა ბრეგვაძე) იგივე საკითხი იხილებოდა, ოღონდ განსხვავებული მეთოდით. ეს იყო ინტერვიუები ექსპერტებთან - ფსიქოლოგებთან (მათი უმეტესობა ფსიქოთერაპიითაა დაკავებული) და პოლიტიკოსებთან პარტიების ლიდერები, პარლამენტის წევრები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები). ექსპერტებმა განიხილეს ქალთა და მამაკაცთა ფსიქოლოგიური თვისებები, მათი ფუნქციები და როლი ოჯახსა და პოლიტიკაში. აზრთა სხავადასხვაობის მიუხედავად, გამოიკვეთა ზოგადი სურათი: საქართველოში მაინც შენარჩუნებული და ოჯახში დღესაც მოქმედებს ტრადიციული ურთიერთობები. მაშინ კი, როცა ქალი რეალური ლიდერია, ოჯახის უფროსად მამაკაცი ითვლება. სასურველია, რომ მამაკაცის როლი ოჯახში გაიზარდოს და მან მეტი მონაწილეობა მიიღოს შვილების აღზრდასა და საოჯახო საკითხების მოგვარებაში. რაც შეეხება სახელმწიფოს დონეს, აქ მდგომარეობა პირიქითაა - ქალის როლი მცირეა სახელმწიფო პოლიტიკისა თუ ნებისმიერ სახელმწიფო დონის დაწესებულებაში, თუმცა ქალებს შესწევთ პოლიტიკაში წარმატებული მონაწილეობის, მნიშვნელოვანი და სერიოზული გადაწყვეტილებების მიღების უნარი, მით უმეტეს, რომ, ქალ ექსპერტთა აზრით, ქალს პოლიტიკაში ბევრი დადებითი მომენტის შეტანა შეუძლია. ეს არის ტოლერანტობა, მშვიდობისაკენ სწრაფვა, სხვისი პოზიციის უკეთ გაგება. ამდენად, დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ქალის როლი ოჯახში უნდა შემცირდეს, ხოლო სახელმწიფოში, პირიქით, გაიზარდოს (15).

გენდერული როლების ქართულ შერჩევაზე 1999 წელს განხორციელებულ (ნინო ჯავახიშვილი) გამოკვლევაში „ქალისა და მამაკაცის პროფესიები საქართველოში“ ნაცადია თანამედროვე საზოგადოების შეხედულებს გარკვევა პროფესიების გენდერული განაწილებისადმი. კვლევა ორ საფეხურად ჩატარდა. პირველი საფეხური: 100 შემთხვევიდან შერჩეულ ცდის პირს თხოვეს დაესახელებინა პროფესიები, ჩამონათვალი გაიცხრილა სიხშირეების მიხედვით და საბოლოოდ მივიღეთ 33 პროფესიისაგან შემდგარი სია. მეორე საფეხური: მიღებული სია დაურიგდა 145 შემთხვევითად შერჩეულ ცდის პირს, რომლებსაც სთხოვეს განესაზღვრათ, ქალის პროფესია იყო ეს თუ მამაკაცის. შედეგად მივიღეთ ქალის და მამაკაცის პროფესიათა სია, რომელიც მის ტრადიციულ განაწილებას ინარჩუნებს, თუმცა, ჩანს პროფესიათა დაახლოვება, ქალები სულ უფრო მეტ და მეტ მამაკაცურ პროფესიას ითვისებენ (16). ამასვე ადასტურებს საქართველოში ჩატარებული სხვა კვლევები. ერთი მათგანი ბათუმში ჩატარდა ბათუმის უნივერსიტეტის 230 სტუდენტზე. დასახელდა მრავალი პროფესია და საქმიანობა, როგორც საერთო ორივე სქესისათვის, აგრეთვე ისეთებიც, რომლებიც ტრადიციულად მამაკაცურად ითვლებოდა (5). 2000 წელს თბილისში 200 რესპოდენტზე ჩატარებული კვლევის შედეგად ავტორი - მზია წერეთელი ასკვნის, რომ ჩვენს საზოგადოებაში და განსაკუთრებით კი ქალებში დღეს მიმდინარეობს ტრადიციული როლების რღვევის პროცესი. ამას ადასტურებს ქალების მიერ თავისი თავისადმი მიწერილი აქტიური, მმართველი, გადაწყვეტილების მიმღები სოციალური როლი ოჯახურ სფეროში და აგრეთვე, ქალისა და მამაკაცის როლის გათანაბრების ტრადიცია, რომელიც, მართალია, სუსტად, მაგრამ მაინც გამოიკვეთა ცდის პირთა მიერ პირადი აზრის გამოთქმისას (7).

გენდერი და მორალი

ფსიქოლოგიაში მორალის ერთ-ერთი პირველი და წამყვანი მკვლევარი იყო ჟან პიაჟე, რომლის თეორიასა და კვლევაზე დაყრდნობით კოლბერგმა შექმნა მორალის განვითარების ცნობილი თეორია. მისმა მოდელმა შემდგომში ფსიქოლოგების კრიტიკა დაიმსახურა, მათ შორის ქალი და ფემინისტი ფსიქოლოგებისაც.

კოლბერგს აინტერესებდა მოზარდის არა იმდენად ზნეობრივი მხარე, რამდენადაც მორალური მსჯელობის ფორმირების პროცესი. ამიტომ, მან მორალის განვითარების კვლევის მეთოდად ინტერვიუ აირჩია, ხოლო მასალად - 10 მორალური დილემა, სადაც კანონისადმი დაუმორჩილებლობა კონფლიქტში შედიოდა ადამიანის მოთხოვნილებასთან. მაგალითად მოგვყავს უკვე კლასიკური ჰანსის თავგადასავალი.

ერთ-ერთ ევროპულ ქვეყანაში კიბოს განსაკუთრებული ფორმით კვდება ქალი. ამავე დროს არსებობს წამალი, რომელიც ექიმების აზრით მას გადაარჩენს. ეს წამალი, რომლის შემადგენლობასი შედის რადიუმი, სულ ახლახან აღმოაჩინა ერთ-ერთმა ქალაქის მცხოვრებმა ფარმაცევტმა. ფარმაცევტი ერთი დოზისათვის ითხოვს 10-ჯერ მატ თანხას, ვიდრე მის დამზადებაში დაეხარჯა. ავადმყოფი ქალის ქმარმა, ჰანსმა ყველაფერი გააკეთა ფულის შესაგროვებლად, მაგრამ მხოლოდ ნახევარი თანხის შეგროვება მოახერხა. მაშინ ის სთხოვს ფარმაცევტს ან ფასი დაუკლოს, ან დააგროვოს დანარჩენი თანხის გადახდა. ფარმაცევტი უარით ისტუმრებს: „მე აღმოვაჩინე ეს წამალი და მსურს ჩემი აღმოჩენიდან ბევრი ფული მოვიგო“. სასოწარკვეთილი ჰანსი იმ ღამესვე გადაწყვეტს გატეხოს აფთიაქი და მოიპაროს წამალი. მართალია თუ არა ჰანსი? რატომ?

გამოკითხულთა პასუხების შესწავლისას კოლბერგმა გამოჰყო სამი დონე და ექვსი სტადია:

I დონე - მორალამდელი (პრეკონვენციული) (4-დან 10 წლამდე). ამ დონეზე საქციელი განისაზღვრება გარეგანი გარემოებებით და სხვათა თვალსაზრისის გათვალისწინება არ ხდება.

I სტადია - ორიენტაცია დასჯასა და მორჩილებაზე (მოტივაცია - დასჯის თავიდან აცილება). მსჯელობა მიმდინარეობს ამა თუ იმ საქციელით გამოწვეული დასჯა-დაჯილდოების პრინციპის მიხედვით.

II სტადია - გულუბრყვილო ინსტრუმენტური ჰედონიზმი (სიამოვნება), წახალისება. ადამიანი საკუთარ საქციელზე მსჯელობს იმ სარგებლის საფუძველზე, რომელიც შეიძლება მისგან მიიღოს.

II დონე - კონვენციური (10-დან-13-წლამდა). საყოველთაოდ მიღებული ნორმებისადმი შესაბამისობის ეთიკა. ადამიანი, რომელიც ამ დონეზე იმყოფება, არ სცდება განსაზღვრული როლის ფარგლებს, ორიენტირებას ახდენს სხვა ადამიანების პრინციპებზე.

III სტადია - გაურბის გარშემომყოფთა გაკიცხვას. მსჯელობა ეფუძნება იმას, მიიღებს თუ არა საქციელი სხვათა გამართლებას.

IV სტადია - კანონისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა.

III დონე - პოსტკონსერვაციული (13 წლის ზემოთ). ადამიანი მორალზე საკუთარი კრიტერიუმებიდან გამომდინარე მსჯელობს. ჭეშმარიტი მორალი მხოლოდ ამ დონეზე მიიღწევა.

V სტადია - პატივისცემის მოპოვება საზოგადოებაში. საქციელის გამართლება ეფუძნება დემოკრატიულად მიღებული გადაწვეტილების ან ადამიანთა უფლებების პატივისცემას.

VI სატდია - შეცდომების გამო თვითგაკიცხვის თავიდან აცილება - ქცევის ინდივიდუალური პრინციპების ეთიკა. საქციელი კვალიფიცირდება როგორც სწორი თუ ის სინდისითაა ნაკარნახევი, მიუხედავად იმისა, რას ამბობს კანონი და ადამიანი.

იმისთვის, რომ ბავშვმა ზნეობრივი განვითარების რომელიმე დონეს მიაღწიოს, უნდა გაიაროს წინა საფეხურები, კოლბერგის ეს თეორია ყველა კულტურაზე ვრცელდება. მკვლევარი მიუთითებს, რომ ადამიანთა უდიდესი ნაწილი III დონეს ვერ აღწევს. ამერიკაში ჩატარებული გამოკვლევებით კი 72% აღწევდა II დონეს.

კეროლ გილიგანმა ყურადღება მიაქცია იმას, რომ კოლბერგი მხოლოდ მამრობითი სქესის წარმომადგენლებს სწავლობდა (19-16 წლის 72 ბიჭი), ამიტომ მისი მოდელი მამაკაცებისათვის იყო გათვლილი და ქალები მესამე სტადიასაც კი ვერ აღწევდნენ, მაშინ როცა მამრობითი სქესის საშუალო რესპოდენტი მეოთხე სტადიას მიეკუთვნებოდა.

კ. გილიგანის აზრით, ქალის მორალური მსჯელობა კაცის მორალურ მსჯელობაზე ნაკლები არ არის. ქალები მორალურ პრობლემებს სხვა კუთხიდან აცნობიერებენ. კაცები ზნეობას აფასებენ სამართლიანობით - წესების, კანონების დაცვით. ქალებისთვის კი მთვარია კონკრეტული ადამიანის წინაშე პასუხისმგებლობა და არა აბსტრაქტული პრინციპები. შეიძლება ითქვას, ქალები და კაცები სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობენ. საილუსტრაციოდ მას მოჰყავს ბიბლიური სიუჟეტები: აბრაამის მიერ შვლის მსხვერპლშეწირვის მცდელობა და სოლომონის სასამართლოზე დედის მიერ შვილის სხვისთვის დათმობა მისი გადარჩენის მიზნით.

ნენსი ჩოდოროვი და კეროლ გილიგანი წერდნენ, რომ ქალის მორალი არ არის შეჯიბრის მორალი, ის თანამშრომლობაზეა ორიენტირებული. კ. გილიგანი მივიდა იმ დასკვნემდე, რომ კაცების მოტივაცია ორიენტირებულია სამართლიანობაზე, ქალების კი - გარემომცველთა ყურადღებასა და ურთიერთობაზე. თვით მოტივაციის განსხავევბულობა კი სოციალური გამოცდილებით არის გამოწვეული.

კაცების და ქალების განსხვავებულობის გათვალისწინებით გილიგანმა შემოგვთავაზა მორალური მსჯელობის დონეების კოლბერგისაგან განსხვავებული კრიტერიუმები. ქალი საქციელზე მსჯელობისას ხელმძღვანელობს არა პრინციპებით, არამედ იმ პიროვნების წარმოდგენით, რომელმაც ჩიდინა ესა თუ ის საქციელი. ამიტომ ის „კეთილად“ თვლის ადამიანს, რომელიც სხვებზე ზრუნავს, და ეგოისტად მას, ვინც თავისი საქციელით სხვებს აყენებს ზიანს. გილიგანის თანახმად, ქალებთან მორალის განვითარება გადის 3 დონეს, რომელთა შორისაც არის გარდამავალი სტადიები:

I დონე: მორალამდელი.

I ტიპი: დასჯისა დამორჩილებისადმი ორიენტაცია (მოტივაცია: დასჯის თავიდან აცილება).

II ტიპი: გულუბრყვილო ინსტრუმენტული ჰედონიზმი (მოტივაცია: დაიმსახუროს წაქეზება).

II დონე: საერთო ნორმების შესაბამისი ეთიკა.

III ტიპი: კარგი ადამიანის ეთიკა, რომელსაც კარგი ურთიერთობა აქვს სხვაბთან და აღელვებს მათი დამოკიდებულება (მოტივაცია: თავიდან აიცილოს გაკიცხვა).

IV ეტაპი: ხელისუფლების მხარდაჭერის ეთიკა (მოტივაცია: მხარი დაუჭიროს კანონს, წესრიგს და საზოგადოებრივ ინტერესებს).

III დონე: მორალური პრინციპების თვითგამომუშავებული ეთიკა.

V ტიპი: დემოკრატიულად აღქმული კანონების ეთიკა (მოტივაცია: ინდივიდების ან საზოგადოების პატივისცემის მოპოვება).

VI ტიპი: ქცევის ინდივიდუალური პრიციპების ეთიკა (მოტივაცია: თავიდან აიცილოს თვითგაკიცხვა შეცდომების გამო).

I დონეზე მყოფი ქალები პირადული ინტერესებით არიან დაკავებულნი, მაგრამ ისინი აცნობიერებენ განსხვავებას თავიანთ სურვილებსა (ეგოიზმი) და იმათ შორის, რისი გაკეთებაც უხდებათ (პასუხისმგებლობა) პირველ გარდამავალ სტადიაზე ეგოიზმს საკუთარი თავის უკანა პლანზე დაყენების ტენდენცია ცვლის. ქალი ჯერ კიდევ თავის კეთილდღეობაზე ზრუნავს, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებისას ინტერესებს უფრო ითვალისწინებს.

II დონე: თავგანწირვა. სოციალური ნორმები, რომელთაც მიჰყვება ქალი, აიძულებს მას თავისი სურვილის დაკმაყოფილებაზე მხოლოდ სხვისი მოთხოვნილების დაკმაყოფილების შემდეგ გადავიდეს. ეს „კარგი დედის“ როლია, როცა ქალი იძულებულია მოიქცეს სხვისი მოლოდინის მიხედვით და იგრძნოს პასუხისმგებლობა მათ საქციელზე.

მეორე გარდამავალ სტადიაზე ქალი ადის თვითპატივისცემის დონეზე. უფრო მეტად იღებს მხედველობაში საკუთარ მოთხოვნილებებს. იგი ცდილობს შეათავსოს თავისი პირადი სურვილების დაკმაყოფილება სხვა ადამიანების მოთხოვნებთან. რომლებზეც პასუხისმგებლობას მაინც გრძნობს.

III დონე: თვითპატივისცემა. ამ დონეზე ქალი ხვდება, რომ მხოლოდ მას შეუძლია გააკეთოს არჩევანი, რომელიც ეხება მის პირად ცხოვრებას, თუ ის არ აყენებს ზიანს სხვას, ვინც მასთან ოჯახურად ან სოციალურადაა დაკავშირებული. III დონეს იშვიათი ქალი აღქევს. ეს არის უნივერსალური პერსპექტივის ეთიკა, როცა ქალი თავის თავს არ მიიჩნევს სუსტ არსებად, როცა აცნობიერებს, რომ შეუძლია თავისით მიიღოს გადაწყვეტილება.

ჩვენი კვლევა (2002 წ.) კოლბერგსა და გილიგანს შორის დაპირისპირების ერთგვარი შემოწმება იყო. გვაინტერესებდა, არის თუ არა განსხვავება ქალისა და მამაკაცის მორალურ განვითარებას შორის და თუ არსებობს ეს განსხვავება, რამდენად დიდია იგი. კვლევა ჩატარდა თბილისის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებზე, რომელთა საერთო რაოდენობა 158-ია. სტუდენტები სხვადასხვა ფაკულტეტებიდან იყვნენ, ბიჭები და გოგონებითითქმის თანაბრად, გამოკითხულთა უმრავლესობა 18 წლისაა. შედეგები:

I დონეზე არის გამოკითხულთა 10,2% (5,1% - ქალი, 5,1% - მამაკაცი), აქედან

პირველ სტადიაზე არიან 6,1% (1,02% - ქალი, 5,1% - მამაკაცი),

მეორე სტადიაზე - 4, 1% (ყველა ქალი)

გამოკითხულთა უმრავლესობა, 64,3% (35,7% - ქალი. 28,5% - მამაკაცი), მოთავსდა მორალური განვითარების II დონეზე, აქედან

მესამე სტადიაზე - 56,1% (28,5% - ქალი, 27,5% - მამაკაცი),

მეოთხე სტადიაზე - დანარჩენი 8,2% (7,1% ქალი, 1,02% - მამაკაცი).

III დოეზე - 25,5% (11,2% ქალი, 14,2% - მამაკაცი, აქედან

მეხუთე სტადიაზე - 10,2%-ია (5,1% - ქალი, 5,1% - მამაკაცი), ხოლო

მეექვსეზე - 15,3% (6,1% - ქალი, 9,1% - მამაკაცი).

შედეგები მიუთითებს, რომ ჩვენი შერჩევისათვის, ქალებისა და მამაკაცების მორალური განვითარების დონე არ განსხვავდება ერთმანეთისგან. ანუ, გოგონებიც მორალური განვითარების იმავე სტადიაზე დგანან, რომელზეც ბიჭები. აქ შეიძლება გამოითქვას ორი ვარაუდი, ერთი, რომ გოგონების მორალიც ისეთივე გახდა, როგორც ბიჭების, მეორე, რომ გალიგანი არ იყო სწორი.

ამრიგად, განხილული მასალის საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ გაჩნდა ფსიქოლოგიის განსაკუთრებული განხრა - ფემინისტური ფსიქოლოგია, რომელიც შეისწავლის ქალს, მის შინაგან მსგავსებას და სხვაობას, მის ერთ-ერთ მთავარ ამოცანას წარმოადგენს გენდერული სტერეოტიპების და საზოგადოებაში ქალის პატრიარქალური მდგომარეობის შეცვლა.

ლიტერატურა

1. აბზიანიძე შ., ქაჯაია ნ., სქესობრივი დიმორფიზმის ფსიქოლოგიური ნიშნები. ახალგაზრდა მეცნიერთა შრომები. ფსიქოლოგია. თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1998.

2. ბერიკაშვილი ნ., ფემინური და მასკულინური კულტურების სოციოლოგურ - ფსიქოლოგიური მახასიათებლები. კრებული „ინტელექტი“, 1998.

3. ბერიკაშვილი ნ., ბერიკაშვილი თ., არუთინოვა ლ., ციხისთავი ნ., ბერიკაშვილი დ., გენდერული სტერეოტიპები და ქალთა ფარული დისკრიმინაციის კვლევა საქართველოში, 1999.

4. გაბინაშვილი ნ., ჩაჩანიძე ს., ბასილაშვილი თ., სტუდენტთა ზოგიერთი პროგრამის სოციოლოგიური შესწავლა (რეზიუმე), გენდერული კვლევები საქართველოში, თბილისი, 2001.

5. კეჭაყმაძე რ., სქესთა შორის განსხვავებათა კვლევა პროფესიებისა და საქმიანობისადმი დამოკიდებულების მიხედვით (რეზიუმე), გენდერული კვლევები საქართველოში, თბილისი. 2001.

6. კუჭუხიძე მ., გენდერული სტერეოტიპები დღევანდელ საქართველოში.

7. წერეთელი მ., ქალტა უფელბები მათი ღირებულების თვალსაზრისით, თბილისი, 2000.

8. Р. Ангер, Трехстороннее зеркало: психологи, изучающие женщин глазами феминисток, Введение в гендерные исследования, часть II, Харьков, Санкт-Петербург, 2001

9. Н. Б. Гафизова, Т. В. Королева, Гендерные стереотипы в современной провинциальной семьи (на примере Ивановской области), „Женщина в российском обществе“, 2001.

10. Гендерная Социализация, сб. Введение в гендерные исследования, Москва, 2000

11. Е. Здравомыслова, А. Темкина, Социальная конструкция гендера и гендерная система в России. В книге: Гендерные Вопросы, хрестоматия, 2000.

12. Е. Иванова, Гендерные исследования в психологии, Введение в гендерные исследования, часть I, Харьков, Санкт-Петербург, 2001

13. А. В. Либин, Дифференциальная психология: на пересечении европейских, российских и американских традиций. Москва, "Смысл", 1999

14. М. Мид, Культура и мир детства, Москва, 1988.

15. Javakhishivli N., Bregvadze I., Women Roles at a State and Family Levels; In: Exploring Gender Issues in the Caucasus Workshop Materials; 2000

16. Javakhishivli N., Male and Female Professions in Georgia (summary); In: International Journal of Psychology; 2000.

17. Javakhishivli N., Gender Specific Characteristics on Georgian Sample (summary); In: Abstracts of VII European Congress of Psychology, 2001.

9 ქალის საკითხი ქრისტიანული მოძღვრების მიხედვით

▲ზევით დაბრუნება


მანანა ჯავახიშვილი

„უკვე აღარ ასებობს... არც მამრი და რაც დედრი,
ვინაიდან თქვენ ყველანი ერთი ხართ ქრისტე იესოში“.
(გალატელთა, 4:28).

ამა თუ იმ საზოგადოების კულტურის დონე ყველაზე მეტად ქალის მდგომარეობით ხასიათდება. ამ მხრივ საინტერესოა ქრისტიანული საზოგადოების შეხედულება ქალთა მოვალეობებსა და უფლებებზე.

XIX საუკუნის ფრანგი უტოპისტი შარლ ფურიე (1772 - 1837) ამბობდა: „ქალის განთავისუფლების დონე ბუნებრივი საზომია ამა თუ იმ საზოგადოების მიერ მიღწეული თავისუფლებისთვის საერთოდ“.

ქრისტიანული მოძღვრება ებრაელთა სწავლისა და ფილოსოფიის ნაზავია, ორივეს კი ძველ აღმოსავლურ კულტურაში აქვს სათავე. საგულისხმოა, რომ ებრაელ მამაკაცთა დილის ლოცვა ასეთი იყო: „დიდება შენდა, ღმერთო ჩემო, მეუფეო და მფლობელო ქვეყნისაო, რამეთუ დედაკაცად არ გამაჩინე მე“. ამიტომაც ებრაელთა სალოცავ ტაძარსი ქალებს განსაკუთრებული განყოფილება ეთმობოდათ.

ბიბლიამ, ბერძნულ-რომაული კულტურული სამყაროსაგან განსხვავებით, ქალი დინამიკაში აჩვენა, თანაც უფრო მეტად დროში და ნაკლებად სივრცეში.

სახარებაში ვკითხულობთ: „როცა იესო ბეთლემში იყო, სიმონ კეთროვანის სახლში, და ნადიმად იჯდა, მოვიდა დედაკაცი, რომელსაც ალებასტრონით ჰქონდა სუფთა ნელსაცხებელი, ძვირად ღირებული ნარდისა, გატეხა მან ალებასტრონი და თავზე მოასხა მას“ (მარკ., 14, 3). ეს იყო ქალის მიერ უფლისადმი სიყვარულისა და სამსახურის პირველი გამოხატულება. ქალი უკეთ მოიქცეოდა თუ ნელსაცხებელს ღარიბთა სასარგებლოდ მოიხმარდა. მაგრამ იესო იცავს მას: „მოეშვით მაგას, რატომ არცხვენთ? მაგან ხომ სიკეთე მიყო. ვინაიდან ღარიბნი მუდამ თქვენთანა გყავთ და, თუკი მოისურვებთ, შეგიძლიათ სიკეთე უყოთ მათ. მე კი მუდამ არ გეყოლებით. მან ის გააკეთა, რაც შეეძლო: წინასწარ სცხო ჩემს სხეულს დასამარხავად.“) მარ., 14, 6-8). ე. ი. ქალი ისე მოიქცა, როგორც გულმა უკარნახა.

ქრისტიანობის გავრცელების პირველ საუკუნეებში ქალები უფალს უანგაროდ, სულის მონდომებით ემსახურებოდნენ. ესენი იყვნენ: მარიამ მაგდალინელი, სუსანა, იოანა, - ჰეროდეს მნე, ქოზას ცოლი და სხვები (ლუკა, 8:2-3). თავად უფალიც სარგებლობდა ქალთა სტუმართმოყვარეობითა და დახმარებით: ეს იყო მოციქულ პეტრეს სიდედრთან (მარკ., 1,31), რომელიც ციებ-ცხელებისგან განკურნა, შემდგეომ კი მარიამთან და მართასთან (ლუკა, 11, 38-42). ქალები იესოს პირველი მიმდევრები და მოწაფეები იყვნენ. ჯვარცმამდე უფალი სწორედ ქალებმა გააცილეს და უფლის აღდგომის პირველი მოწმეებიც სწორედ ქალები იყვნენ.

ქრისტიანობის ჩასხვეის პირველ საუკუნეშივე ვლინდება ქალთა აქტივობა საეკლესიო ცხოვრებაში. ამ პერიოდის დასავლეთ ევროპა იცნობს ე.წ. ქალწულობით გატაცებას, ანუ ახალგაზრდა ქალიშვილები თავს უფელს სწირავდნენ, მას სამუდამო ერთგულებას ეფიცებოდნენ. III საუკუნეში ამგვარი კატეგორიის ქალწულებს „უფლისადმი შეწირულებს“ (virgins sacratae) უწოდებდნენ. ისინი მისტიკურ ქორწინებაში იყვნენ თავად უფალთან. საკუთარ სახლებში ჩაკეტილნი, მთელ დღეს ლოცვასა და ხელით შრომაში ატარებდნენ. III საუკუნეში წმ. ანტონის და აფუძნებს „პართენონს“ (ეს სიტყვა ბერძნულად „ქალწულს ნიშნავს), სადაც თავს უყრის ახალგაზრდა ქალიშვილებს (დაახ. 280 წელს). ამ პერიოდში ქვრივი ქალები უარს ამბობენ შემდგომ ქორწინებაზე. ამრიგად, ქალწულობის ქადაგება რომის იმპერიის დედაქალაქის ქალიშვილებს შორის III საუკუნის ბოლოს განსაკუთრებით პოპულარული გახდა.

პირველად ქალწულობის აღქმა IV საუკუნეში (წმ. ამბროსის და) მიიღო. წმ. ამბროსი მილანის ეპისკოპოსი გახდა და ხალხში ქალწულობის აღქმის დაცვის ქადაგება დაიწყო, იგივე ქადაგება ნეტარი იერონიმეც (347-420წწ). მალე უქორწინების ქადაგება იმდენად ფართოდ გავრცელდა, რომ საზოგადოებისათვის საშიშიც კი გაზდა. განგრის საეკლესიო კრება (IV ს.) ანათემით დაემუქრა მათ, ვინც ქორწინებას უარყოფითად უყურებდა. კრებამ მოუწოდა გათხოვილ ქალებს ქმრები არ მიეტოვებინათ იმ მოსაზრებით, რომ ცოლ-ქმრული ცხოვრება ცოდვა იყო; ასევე ქალწულებს არ უნდა ეფიქრათ, რომ ზნეობრივად გათხოვილ ქალებზე მაღლა იდგნენ. აღნიშნული საეკლესიო კრების მე-13 კანონით, ქალებს ეკრძალებოდათ მამაკაცის ტანსაცმლის ტარება. სხვა საეკლესიო კრებები დასავლეთ საქრისტიანოში კრძალავდა მონასტერში დაქორწინებულთა მიღებას მეუღლის ნებართვის გარეშე და ასევე ქალთა მიერ ქალწულობის აღქმის დადებას სრულწლოვანებამდე. სარაგოსის საეკლესიო კრებამ (381 წ.) სრულწლოვანება 40 წლით განისაზღვრა, ხოლო კართაგენის III საეკლესიო კრებამ (397 წ.) - 25 წლით. წმ. ბასილი დიდი თვლიდა, რომ ამგვარი გადაწყვეტილება მხოლოდ ხანგრძლივი განსჯის შედეგად უნდა მიეღოთ.

ქრისტიანთა დევნის პერიოდში ქალებმა დიდი სიმამაცე გამოავლინეს. ისინი დადიოდნენ ციხეებსა და საპატიმროებში წამებული ქრისტიანების დასამშვიდებლად, თანაგრძნობის გამოსახატავად. ცნობილი ისტორიკოსი ევსები კესარიელი ამ პერიოდს შემდეგნაირად აღწერს: „ქალები, მამაკაცების მსგავსად, შესანიშმნავად ფლობდნენ უფლის სიტყვას; მათ ისეთივე ბრძოლები გადაიტანეს, როგორიც მამაკაცებმა და ისეთივე გამარჯვების გვირგვინებით დაჯილდოვდნენ. ისინი უმალ სიცოცხლეს დათმობდნენ, ვიდრე ცოდვებსა და სირცხვილს დაემონებოდნენ“.

ქრისტიანულ თემებს მზრუნველობის ობიექტად ქვრივი ქალები ჰყავდათ. პავლე მოციქული განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებდა მათ მდგომარეობაზე. იგი ყველას მოუწოდებდა ეზრუნათ ასეთ ქალებზე და თემისათვის არ გადაებარებინათ ისინი. ჩანს, რომ ქრისტიანულ თემებში ქვრივებზე მზრუნველობა ერთ რომელიმე ქვრივ ქალს ევალებოდა. პავლე მოციქული მიუთითებდა, რომ ასეთი ქალი 60 წელზე ახალგაზრდა არ უნდა ყოფილიყო, „ერთი ქმრის ნაცოლარი, ცნობილი კარგი საქმეებით, თუ მას გამოუზრდია შვილები, უმასპინძლია მწირთათვის, ფეხები უბანია წმინდათათვის, დახმარებია გაჭირვებულებს და მიჰყოლია ყოველგვარ კეთილ საქმეს“ (I ტომ., 5, 9-10).

თუმცა ამაგვარი ქვრივის ფუნქციები ბოლომდე ნათელი არ არის. მოგვიანებით ამ ინსტიტუტმა განვითარება ვერ ჰპოვა, მაგრამ ამგვარი ქვრივის არსებობა მიგვანიშნებს, რომ პირველ ქრისტიანებში თემის ორგანიზაციული მოწყობისა ძიების პროცესი მიმდინარეობდა.

პირველად ქრისტიანულ თემებში პროსვიტერისა და ეპისკოპოსის თანამდებობები გაჩნდა. გარდა ამისა, უფრო დაბალი რანგის მომსახურე პერსონალიც ჩნდება - დიაკვანი. დიაკვანი ქალიც შეიძლება ყოფილიყო. რომაელთა ეპისტოლეში იხსენიება „და ფიბე, რომელიც არის კენქრელთა ეკლესიის მსახური“; პლინიუს უმცროსი იმპერატორ ტრაიანესადმი მიწერილ წერილში საუბრობს რა მონა-დიაკოპნესას დაკითხვაზე. I ტიმოთესადმი ეპისტოლეში საუბარია ეპისკოპოსის მოვალეობებზე და აქვე ნათქვამია, რომ დიაკვნები უცოდველნი უნდა იყვნენ. დიაკვნები და დიაკვანი ქალები საზიარო ტრაპეზს ემსახურებოდნენ.

VII საუკუნეში კონსტანტინეპოლში 40-მდე დიაკვანი ქალი იყო, ამ თანამდებობამ ფორმალურად XIII საუკუნემდე იარსება. ამ ინსტიტუტის დაცემა ქალთა მონასტრების გაჩენამ გამოიწვია, ქალთა დიაკონატი საჭირო აღარ იყო.

ქალებს განსაზღვრული ადგილი ჰქონდათ გამოყოფილი ეკლესიაში. თავდაპირველად ყველაზე წინ ტაძარში ქვრივი ქალები იდგნენ, შემდგომში დიაკვანი ქალები, მათ უკან გათხოვილი ქალები, ყველაზე უკან კი ქალიშვილები. ბავშვები დედებს ახლდნენ ამ ტაძრის წინა ნაწილში მათთვის ცალკე გამოყოფილ ადგილას იდგნენ, სადაც მათ დიაკვანი ქალები აკონტროლებდნენ. თუ ეკლესიაში უცხო ქალბატონები მოვიდოდნენ, დიაკვანი ქალები მათ, როგორც სტუმრებს, საპატიო ადგილს უთმობდნენ. ხშირად ახალგაზრდა გოგონები დგებოდნენ, რათა საჭიროების შემთხვევაში ადგილი დაეთმოთ მოხუცებული ქალებისათვის. ევქარისტიის დაწყებამდე დიაკვან ქალებს ეკლესიიდან უნდა გამოეშვათ ყველა მოუნათლავი და ტაძრის ქალთა ნაწილთან უნდა დამდგარიყვნენ. დიაკვან ქალებს რწმენის საკითხში გაძლიერების დავალება არ ეძლეოდათ, ისინი ძირითადად ეპისკოპოსებს ეხმარებოდნენ. ეს განსაკუთრებით ქალთა ნათლობისას ხდებოდა.

ცნობილია, რომ სირიაში ქალებმა ნათლობაც თავის თავზე აიღეს. ქალთა საეკლესიო მსახურება აღმოსავლეთ საქრისტიანოში უფრო მეტად იყო გავრცელებული, ვიდრე დასავლეთში. მაგრამ აღმოსავლეთში III ს-ში ქვრივებს საოჯახო ლოცვებით ზღუდავდნენ.

ეკლესიის მამა, ქრისტიანობის აპოლოგეტი კვანტუს ტერტულიანე (დაახ. 155-220) წერდა: „ჰოი, დედაკაცო, შენ უნდა ხვიდოდე მუდამ მწუხარე, ძონძებში გახვეული და სინანულისაგან თვალზე ცრემლშეუმშრალი, რათა ამით დაგვავიწყო, რომ შენ ჩააგდე ცოდვაში კაცთა ნათესავი! დედაკაცო, ჯოჯოხეთის კარები ხარ შენ!“

მოგვიანებით აშკარად იკვეთება ქალთა უფლებების შეზღუდვა და მათდამი დამოკიდებულების შეცვლა. ქრისტიანული სასულიერო წოდების ქადაგებით, ქალი უწმინდურია, მაცდური, რომელმაც ბოროტება დათესა ქვეყნად და დაღუპა ადამიანი.

ქრისტიანთა პირველ მსოფლიო საეკლესიო კრებაზე ნიკეაში 325 წელს ერთ-ერთ საკითხად განიხილეს ქალის ადამიანობის პრობლემა. მაკონის საეკლესიო კრებაზე (Vს.) სადავო შეიქმნა სულის არსებობა ქალის პიროვნებაში, რაც ერთი ხმის უმრავლესობით დადებითად გადაწყდა. ამავე საუკუნის დასასრულს (585წ.) გალიის ეპისკოპოსებმა ქ. მესონში სპეციალური საეკლესიო კრება მოიწვიეს, რომელზეც განიხილეს საკითხი: ქალი ადამიანური არსებაა, თუ ცხოველთა სამყაროს მიეკუთვნება, რომელსაც უკვდავი სული არ გააჩნია?

ამდენად, ქალის უფლებების შეზღუდვა ქრისტიანობის ჩასახვის შემდგომ პერიოდში გაიზარდა, რაც საეკლესიო ორგანიზაციის დაინსტიტუციონალური მყარი სისტემის, ოფიციალური დოქტრინალური იდეოლოგიის ჩამოყალიბებასთან ერთად მოხდა.

კათოლიკური თეოლოგიის მამამთავარი - თომა აქვინელი (1227-1274) აღვიშნავდა: „ქალი - სწრაფად მზარდი ღვარძლია, არასრული ადამიანი, რომლის სხეული მხოლოდ იმიტომ ვითარდება და ძლიერდება სწრაფად, რომ მცირე ღირებულებისაა და ბუნებაც ნაკლებ ყურადღებას აქცევს მას. ქალი მხოლოდ იმისთვის ჩნდება, რომ მორჩილი იქნეს და ატაროს უღელი ბატონის და მასწავლებლის, რადგან ბუნებამ მამაკაცს ყოველმხრივ უპირატესობა მიანიჭა და ბატონობისათვის გააჩინე იგი"

XI ს-ის პოეტმა მარბოდ რენელმა ბიბლური ტრადიციისა და ანტიკური მაგალითების მოშველიებით, ქალი „ყველაზე საშიშ მახედ“ გამოაცხადა და შურიან, ქარაფშუტა, ხარბ, გაუმაძღარ არსებად მონათლა, რომლსაც სული მისდის ღვინოზე და, ყველა სიკეთესთან ერთად, ავხორცი და ყბედია. ქალი „ტკბილი ბოროტებაა“, რომელიც მართავს სამყაროს, - ასაკვნის პოეტი.

როგორც მართლმადიდებლურ, ასევე კათოლიკურ სამყაროში ქალი არ შეიძლებოდა მღვდელი ყოფილიყო.

წოდების მემკვიდრეობით მიღება ქალსაც შეეძლო, მაგრამ ინგლისელი ბარონესები და აბატისები არასოდეს დასწრებიან პარლამენტის სხდომას. თუ მამას ვაჟებიც ჰყავდა, გათხოვილი ქალიშვილი, მზითვის გარდა, ვერაფერს მიიღებდა, ხოლო მის გაუთხოვარ, ჯერ ისევ მამის სახლში მცხოვრებ დებს, უმნიშვნელო თანხა ეძლეოდათ - დასამარხად თუ მონასტერში აღსაკვეცად.

XII ს-ში ქვრივებმა და დედისერთა ქალიშვილებმა მოიპოვეს უფლება, თავიანთი ქმრებისა თუ მამების მემკვიდრეები გამხდარიყვნენ, მაგრამ მანამდე გერმანულ კანონმდებლობას დაუშვებლად მიაჩნდა ქალისთვის მემკვიდრეობით მიწის გადაცემა. მაშინაც და შემდგომშიც ქალები იშვიათად სარგებლობდნენ ანდერძის დატოვების უფლებით.

XIV ს-ის შუა ხანებში ინგლისურ პარლამენტს ამ თვალსაზრისით ქალი ყმასთან ყავდა გაიგივებული. ქალი ამ დროისათვის ფეოდის მოსაპოვებელი იარაღი იყო და მეტი არაფერი: როცა ადრე შუასაუკუნეების დროინდელი ლიტერატურის გმირი ქალისათვის იბრძვის და ამ ბრძოლაში ათასგვარ გმირობას იჩენს, მის მიზანს თავად ქალი კი არ წარმოადგენს, არამდე ის მიწები და სიმდიდრე, რომელთა ხელში ჩაგდებაც მას ამ ქალის მეშვეობით შეუძლია.

განსაკუთრებით მკაცრად ეპყრობოდა კანონი რაიმე დანაშაულში მხილებულ ქალებს. XIV ს-ის ინგლისში ქმრის მოკვლისათვის ქალს კოცონზე სწვავდნენ, საფრანგეთსა და გერმანიაში კი ცოცხლად მარხავდნენ.

ქრისტიანობა, რაკი ქმარს შეუფარავად აცხადებდა ოჯახის უფროსად, ხოლო პირველყოფილ ცოდვას მთლანად ქალს აბრალებდა, ამით კიდევ უფრო უწყობდა ხელს ამგვარი შეხედულების გავრცელებას.

რაც შეეხება თავად ეკლესიას, კათოლიკური ეკლესია ქორწინების არსსაც და აზრსაც უპირველეს ყოვლისა, კაცთა მოდგმის გაგრძელებაში ხედავდა. XIII ს-ის უდიდეს ღვთისმეტყველს თომა აქვინელს სქესობრივი ლტოლვა იმიტომ მიაჩნდა ცოდვად, რომ ადამიანს ჭეშმარიტი სიყვარულის გზიდან აცდენდა, ღვთის სიყვარულს ავიწყებდა. ამდენად, ქორწინება მხოლოდ ახალი თაობის შექმნით თუღა შეიძლებოდა ყოფილიყო გამართლებული. სწორედ ამიტომ მუცლის მოსაშლელი ნებისმიერი საშუალების გამოყენება ჯადიქრობად ითვლებოდა და ხანდახან კაცის კვლის მომკვდინებელ ცოდვასაც კი უთანაბრდებოდა.

მიუხედავად ამისა, დასავლეთ ევროპაში განსაკუთრებით განვითარდა მარიამ ღვთისმშობლის კულტი.

ქალის კულტი განსაკუთრებული ძალით ღვთისმშობელი მარიამისადმი ქრისტიანული მითოლოგიის პირველი ქალბატონისადმი თაყვანისცემაში გამოიხატა. მარიამის, „ახალი ევას პატივისცემა განსაკუთრებით XI საუკუნიდან ძლიერდება. 1140 წელს დაწესებულ იქნა უმანკო ჩასახვის დღესასწაული. ამგვარი მარიოლატრიის (მარიამის კულტი) წინააღმდეგ ბევრი ღვთისმეტყველი ილაშქრებდა, მათ შორის ბერნარ კლერვოსელიც (1090-1153), მაგრამ ღვთისმშობლისადმი ხალხის მოწიწება შეუნელებლად იზრდებოდა. მარიამს, უპირველეს ყოვლისა, ხალხი თავის მოსარჩლედ თვლიდა. გვიბერ ნიჟანელი იმასაც კი განმარტავდა, თუ რა დიდი გავლენის მოხდენა შეეძლო მას შემქმნელზე, როგორც შექმნილი სამყაროს ნმაწილს: ის ხომ ღმერთის დედააო, ამბობდა გვიბერი, - დედა კი არ თხოულობს - ბრძანებსო. ამიტომაც უსმენს ქრისტე და, არა მარტო უსმენს, ყურადაც იღებს ხოლმე დედის სიტყვებსო. ყაჩაღი რომ ყაჩაღია, არც იმის ლოცვა-ვედრებას ტოვებს თურმე მარიამი განუკითხავს, როგორც ერთ ფაბლიოშია მოთხრობილი. მარიამს სახრჩობელაზე აყვანილი ყაჩაღისათვის ხელი შეუშველებია და დახრჩობას გადაურჩენია; ხოლო როცა ჯალათს ხმალი შეუმართავს, ხმალიც აურიდებია იმისათვის. ქომაგის კულტთან, იმ კულტთან, რომელშიც ნათლად გამოსჭვივის წარმართული ხალხური მოტივები, მარადიული ქალური საწყისისადმი თაყვანისცემაა შერწყმული. ღვთისმშობლის კულტი მჭიდროდ უკავშირდება დედის, შემოქმედის კულტს და ამდენად, ნაყოფიერების და სიცოცხლის წარმართულ ღვთაებებს მოგვაგონებს, მათ ერთგვარ ჩანაცვლებას წარმოადგენს.

მარიოლატრიის ლოგიკური გვირგვინი იყო 1854 წელს მარიამ ღვთისმშობლის უცოდველი ჩასახვის დადგომად გამოცხადება.

ევა ებრაულად „ცხოვრებას“ ნიშნავს, ხოლო არამეულად და ფინიკიურად „გველს“ ან „გველისებრ ქალღმერთს“. თუმცა ეს ფაქტი მიუთითებს ქალღმერთისადმი ორმაგ დამოკიდებულებას ქრისტიანობაში.

ამრიგად, ქრისტიანულ მოძღვრებაში ქალისადმი დამოკიდებულება ცალმხრივი არ არის, იგი ერთგვარად ამბიველენტურია. ერთი მხრივ, არსებობს ღვთისმშობლის კულტი და მეორე მხრივ, ქალი, რომელმაც ადამს სამოთხე დააკარგვინა და ცოდვილი გახადა, მაცდურია.

გამოყენებული ლიტერატურა

1. ახალი აღქმა და ფსალმუნები, სტოქჰოლმი, 1991.

2. მ. ჯავახიშვილი, ქალები ქრისტიანულ რელიგიაში, „გენდერი და კულტურა“, თბილისი, 1995.

3. Эл. Гольтц, Служение женщин в христианской церкви, Сергиев Посад, 1907.

4. Дж. Робертсон, И. Герцог, История христианской церкви, т. I, СПб, 1891.

5. А. Донини, У истоков христианства, М.,1989.

6. Я. А. Ленцман, Проиsхождение христианства, М., 1986.

7. А. Б. Ранович, Первоисточники по истории раннего христианства, М..1990.

8. M. Parisse, Les nonnes au Moyen Age, Le Puy, 1983.

9. Vauchez, Religion et société dans l'Occident médiéval, Turin, 1980.

10. Vauchez, La spiritualité du Moyen Age, Paris, 1994.

11. Richard E. History of German Civilization, New York, 1911

12. P. R. Gaussin, Les cohortes du Christ, 1985.

10 ქალთა სტატუსი და ოჯახური ცხოვრების პრინციპი

▲ზევით დაბრუნება


ლიანა ანთელავა

საქართველოში მოქმედი საკანონმდებლო და კანონმქვემდებარე ნორმატიული აქტების თანახმად, ქალი და მამაკაცი ოჯახსა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში თანასწორუფლებიანია. საქართველოს კანონმდებლობა ქალთა უფლებების შესახებ ეფუძნება საქართველოს კანსტიტუციას, საერთაშორისო ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აქედან გამომდინარე, საქართველოში სამართლებრივადაა აღიარებული გენდერული თანასწორობა.

საყოველთაოდაა აღიარებული, რომ გენდერული „როლები“ კულტურის პროდუქტია. ქართულ, ისევე როგორც სხვა ნებისმიერ ტრადიციულ საზოგადოებაში, ქალისა და მამაკაცის ფუნქციები დიფერენცირებულია და „დაკანონებული“. ქართული კულტურისათვის დამახასიათებელი გენდერული თავისებურებები შეიძლება შემდეგნაირად ჩამოყალიბდეს: საზოგადოების მასკულინობა, სექსუალური სფეროს ტაბუირება, დედობის კულტი, ქალის ძლიერი გავლენა ყოველდღიურ ცხოვრებაში. ეს ორი უკანასკნელი ბადებს ქალის მდგომარეობისადმი არაერთმნიშვნელოვან დამოკიდებულებას. კერძოდ, ქმნის გარკვეულ ილუზიას გენდერულ ასიმერტიასთან დაკავშირებით. სწორედ აქედან გამომდინარეობს სექსიზმი (გენდერული დისკრიმინაციის) შენიღბული ფორმა. ქართულ კულტურაში ქალთა დისკრიმინაციის შენიღბული სახით არსებობა განპირობებულია პატრიარქალურ მენტალობაზე დაყრდნობილი საზოგადოებრივი ურთიერთობებით, ქალის მიერ ამ საკითხის გაუცნობიერებლობით.

კულტურილოგიურმა გამოკვლევებმა და ფსიქოლოგების მიერ სხვადასხვა სოციოლოგიურ ჯგუფებში ჩატარებულმა კვლევებმა (ტესტირება) ცხადყვეს საქართველოში ქალის დისკრიმინირებული მდგომარეობა. გაბატონებული ტრადიციული წარმოდგენების ტყვეობაში მყოფი საზოგადოება ამ პრობლემას არააქტუალურად (!) მიიჩნევს. საქართველოს პატრიარქალური მასკულინური ქვეყანაა და ამ თვალთახედვის მატარებელნი არიან ქალებიც. ამდენად, თავად ქალების აზრითაც, მათზე ძალადობა ბუნებრივი, ნორმალური მოვლენაა. მათი უმრავლესობის აზრით, „ქალის ადგილი სახლშია“ „ქალს დიასახლისობა უფრო შვენის“ ვიდრე სამსახურში მამაკაცთან თანასწორობისკენ სწრაფვა. ოჯახური ცხოვრების ძირითადი ტვირთი ქალს მხრებზე აწევს. ამ პრობლემისაგან განთავისუფლებული მამაკაცი მთელ თავის ენერგიას საზოგადოებრივ საქმიანობას ანდობს.

ტრადიციულ პატრიარქალურ საზოგადოებაში გენდერული დისკრიმინაციის შენიღბული სახით არსებობის პირობებში, როდესაც დისკრიმინაციის ობიექტს გაცნობიერებული არ აქვს საკუთარი სტატუსი, დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად (ან თუნდაც ამ პრაქტიკის დასარეგულირებლად) არსებული კანონმდებლობის მოქმედებას ძალზე შეზღუდული ეფექტი აქვს.

საქართველოში არსებული ქალისა და მამაკაცის ქცევის წესზე არსებული განსხვავებული კულტურული წარმოდგენები პატრიარქალურ მსოფლმხედველობაზე მეტყველებს. ზნეობის ორმაგი სტანდარტი ჩვენთან გენდერული უთანასწორობის პირდაპირი მანიშნებელია. საქართველოში სახეზეა გენდერული უთანასწორობა როგორც მორალურ, ასევე სოციალურ და ეკონომიკურ სფეროებში.

ქალთა დისკრიმინაცია იწყება ოჯახიდან, ე.ი. ერთი მამაკაცის მიერ ერთი ქალის დაჩაგვრით და შემდეგ ვრცელდება საზოგადოებრივი ცხოვრების სხვა როლებზე, მაგალითად: მამაკაცის უპირატესობით უმაღლესი სასაწვლებლების ზოგიერთ ფაკულტეტზე მოხვედრისას, განსაკუთრებით მაღალ ანაზღაურებად და ხელმძღვანელ თანამდებობებზე სამსახურში აყვენისას. ოჯახში ქალი მემკვიდრედ არ მოიაზრება, ამიტომ მას უჭირს ეკონომიკური საქმიანობის დაწყება. ქალთა ეკონომიკურ მდგომარეობას განსაზღვრავს მამაკაცების მათდამი დამოკიდებულება როგორც ოჯახში (რადგან კაცის ეკონომიკური სტატუსი ხშირად უფრო მაღალია), ასევე სამსახურში სადაც მისი (ქალის) კარიერა ან შრომის მაღალი ანაზღაურება პრაქტიკულად ყოველთვის მამაკაცთა ადმინისტრაციაზეა დამოკიდებული.

განათლების სისტემა საქართველოში ტრადიციულ-პატრიაქალურ ღირებულებებს ემყარება, იგი ერთსახოვანია. მასში ჩადებული არ არის გენდერული როლებისადმი დამოკიდებულება, იგი ერთმნიშვნელოვნად მასკულინურია.

საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოს ყველა სხვა ქვეყანაში, გენდერული დისკრიმინაცია და ამასთან გენდერული ძალადობა, რომლის ობიექტი, როგორც წესი, ქალია, ჩვეულებრივ, ტრივიალურ მოვლენად მოიაზრება.

სოციალური კვლევა ცხადყოფს, რომ საქართველოში ოჯახური ძალადობა (ცემა, მუქარა, ლანძღვა-გინება) ჩვეულებრივი ფაქტია. ძალადობა არსებობს როგორც ფიზიკური, ასევე სექსუალურ და მორალურ სფეროში. მორალური ძალადობა ოჯახში კონტროლის სახით ჩაცმაზე, გარეგნობაზე, დროის ხარჯვაზე (ქალის დრო მეტად კონტროლირებადია, ვიდრე კაცის), ან უბრალოდ არსებული ტრადიციების მიმართ „არაერთგულების მხილებით“ ვლინდება. ქალი არის სექსუალური ძალადობის ან სექსუალური იძულების მსხვერპლი (როდესაც იგი ეკონომიკურად და სოციალურად დამოკიდებულია მამაკაცზე), იგი ხშირად იძულებული მონაწილეობდეს მისთვის არასასურველ სექსუალურ ურთიერთობებში.

ზოგჯერ (ან ხშირად) ძნელია მკაფიო მიჯნის დადგენა ფიზიკურ ძალადობასა და სექსუალურ იძულებას შორის. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ყოველი სოციალური ფენის ქალი ერთნაირ მდგომარეობაშია, როცა საქმე ეხება ოჯახურ ძალადობას (ფიზიკურ, მორალურ, სექსუალურს), რომელიც მის მიმართ ვლინდება ფიზიკურად მასზე ძლიერი სქესის მხრიდან.

საქართველოში ოჯახური ცხოვრების პრინციპი მყარ პატრიარქალურ წარმოდგენებს ემყარება: ქალი დედა, ქალი დიასახლისი, რომელსაც მკაფიოდ ჩამოყალიბებული ოჯახური ვალდებულებები აკისრია. კაცი ამ ვალდებულებებისაგან თავისუფალია. ქალის და მამაკაცის სოციალური ფუნქციები მკაცრადაა გამიჯნული. ეს ფუნქციები ხშირად იძულებითია და ემყარება მორალურ (ფსიქოლოგიურ) ძალადობას. ამის გამო ქალის როლი სოციალურ ცხოვრებაში დაბალია.

აივ/ინფექცია შიდსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიული პროგრამის შეუსაბამობისას აუცილებლად გათვალისწინებული უნდა იყოს კულტურულ-გენდერული ასპექტი. ამ საკითხის გაცნობიერება და მათი გათვალისწინება ხლს შეუწყობს მიღებული პროგრამის ეფექტურად განხორციელებას.

კულტურული, ეკონომიკური და ბიოლოგიური ფაქტორების ერთობლიობა ქალს მამაკაცზე მეტად დაუცველს ხდის სექსუალური გზით შიდსით ინფექცირებისაგან.

ყოფითი (ოჯახური) ძალადობა ზღუდავს ქალის შესაძლებლობებს გააკონტროლოს აივ/ინფექცია შიდსით დაავადების რისკი. ქალს არ შეუძლია მოსთხოვოს მეუღლეს პრეზერვატივის გამოყენება ან საერთოდ უარი თქვას სექსზე (მაშინაც კი, როდესაც მისი მეუღლე არ არის ერთგული და შეიძლება დაავადებული იყოს). ამას ხელს უშლის ქალის დაქვემდებარებული მდგომარეობა, ხშირად გამყარებული ძალადობის ამა თუ იმ ფორმით.

საზოგადოებაში, სადაც გენდერული ძალადობა ჩვეულებრივი მოვლენაა, ადვილი წარმოსადგენია თუ რა მდგომარეობაში იმყოფება ქალი, რომელიც დაკავებულია სექს-ინდუსტრიაში. ლოგიკურია, რომ აივ/ინფექცის შიდსის გავრცელების ყველაზე მაღალ რისკ-ჯგუფს განეკუთვნებიან ის ქალები, რომლებიც ამ ბიზნესში არიან ჩაბმულნი.

უდიდეს ყურადღებას მოითხოვს მეძავი ქალების პრობლემა. ეს არ არის ლოკალურად დახურული სოციალური ჯგუფი (ნარკომანებისაგან განსხვავებით), არამედ პირიქით, იგი ღიაა, მათ „კლიენტურას“ ურთიერთობა შეიძლება ჰქონდეს როგორც ცოლთან ასევე სხვა სოციალური ჯგუფების წარმომადგენლებთან, რაც მოასწავებს ინფექციის გავრცელებას მაღალი რიკის ჯგუფიდან შედარებით დაბალი რიკის ჯგუფებში ანუ საზოგადოების ფართო ფენებში. მაღალი რისკის ამ ჯგუფში რისკ-ფაქტორი პირდაპირპროპორციულია გენდერული ასიმეტრიისა.

ბიბლიოგრაფია

1. სემინარები რეფერატები. თბილისი, 2000

2. ქართული კულტურის ზოგიერთი ორიენტაცია (სემინარების ციკლი), თბილისი, 2000

3. ქალი და ძალადობა (კონვენციის მასალები), თბილისი, 30.10.2000.

4. უფროსკლასელთა გენდერული ორიენტაციები ძალადობის სფეროში. (კონფერენციის მასალები), თბილისი. 20.12. 2000.

5. საინფორმაციო-საკონსულტაციო სამედიცინო ფსიქოლოგიური ცენტრი „თანადგომა“. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის მასალები, 7.12.2000.

6. Насилие против женщин в семье и обществе. Международный женский центр просвещения и информации. (Материалы международной конференции. Тбилиси, 2000),

7. Роль женщины в развитии общества. Международный женский центр просвещения и информации. Тбилиси, 2000, 14 (Материалы семинара, проведенного в Рустави)

8. Доклад о развитии глобальной эпидемии ВИЧ/СПИДа. Июнь, 2000, ЮНЭЙДС

11 ქალის პრობლემის ზოგიერთი ასპექტი

▲ზევით დაბრუნება


ლალი სურმანიძე

(ქართველი ქალის დამოკიდებულება სოციალური სტატუსისა და პროფესიის მიმართ)

დღევანდელ პიობებში ქალის პრობლემა მთელ მსოფლიოში განსაკუთრებით აქტუალური გახდა. კაცობრიობის მთელი ისტორიის მანძილზე კულტურათა დიდი უმრავლესობა, მასკულინური ორიენტაციის გამო, აკანონებდა ასიმეტიულობას ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაში. ქალი მიჩნეული იყო არსებად, რომლის ძირითადი დანიშნულება შთამომავლობის გაგრძელებაა. მისი პიროვნების თვითრეალიზაციის სფეროც ამის მიხედვით იყო შემოფარგლული: ქალის ადგილი მიიჩნეოდა ოჯახში, ხოლო მის მოვალეობად - შვილების აღზრდა, მამაკაცისადმი მორჩილება და დაქვემდებარებულობა.

თანამედროვე ეპოქაში ქალის მთელი ენერგეტიკული პოტენციალი, იქნება ეს ინტელექტუალური, ემოციური თუ ქმედითი, ახლებურად იქნა გააზრებული. მასში დაინახეს შეკავებული თუ დათრგუნული შესაძლებლობები, რომელთაც ჯერ თავიანთი არხი არ უპოვიათ. სწორედ ამგვარ ახლებურ ხედვას მოჰყვა სქესობრივი სტრატიფიკაციის ცვლილების სახელწოდებით ცნობილი პროცესები, რომლებიც განსაკუთრებით გააქტიურდა მეოცე საუკუნეში მთელ მსოფლიოში.

1. სქესთა სტრატიფიკაცია, როგორც სოციალური მოვლენა

სქესობრივ სტრატიფიკაციას უწოდებენ სქესობრივ როლთა იერარქიულად ორგანიზებულ სისტემას.

სქესთა ურთიერთობა რთული სოციალური მოვლენაა და ყოველთვის იწვევს იდეოლოგიურ პრობლემატიკას. ერთ მხარეს დგენან ტრადიციული სქესობრივი მორალის დამცველები, რომელთა აზრით, ყოველგვარი გადახრა ტრადიციული წარმოდგენებიდან ნიშნავს რეგრესს და კულტურის დაღუპვასაც კი. ისინი ხშირად ერთიანდებიან ყოველგვარი სიახლისა თუ განახლების წინააღმდეგ. კვლევები ადასტურებს, რომ ამ ადამიანთა პირადი და სოციალურ დემოგრაფიული მახასიათებლები მნიშვნელობის მქონეა, ვიდრე განათლების დონე, განსაკუთრბით კი ის პირობები, რომლებშიც გაიარა მათმა ბავშვობამ და სიყმაწვილემ. ჩვეულებრივ, შეთვისებული ცხოვრებისეული განწყობები ძნელად იცვლება, ეს განსაკუთრებით ითქმის პრინციპულად კონსერვატიული განწყობების შესახებ.

მეორე თვალსაზრისის მიხედვით, რეპრესიული სქესობრივი მორალი, რომელსაც ადამიანი ბავშვობიდენვე ითვისებს, ართმევს მას შინაგან თავისუფლებას და ხელს უშლის მისი შემოქმედებითი პოტენციალის გახსნას არა მხოლოდ სექსუალურ, არამედ მოღვაწეობის ყოველგვარ სფეროში.

სქესობრივი სტრატიფიკაციის ტრადიციული სისტემის მსხვრევა თანამედროვე ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ზოგადი ტენდენციაა. მასთანაა დაკავშირებული მასკულინური და ფემინური სტერეოტიპების ცვლილება-გადაფასება, რაც ვლინდება მამაკაცურ და ქალურ სოციალურ როლებს შორის პოლარიზაციის მკვეთრ შესუსტებაში. რომელთა სქესობრივმა განაწილებამ დაკარგა ოდინდელი სიმკაცრე და ნორმატიულობა. უშუალოდ მამაკაცური და უშუალოდ ქალური საქმიანობების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა, სოციალურ როლთა უმრავლესობის დიფერენცირება საერთოდ სწავლა-განათლება მამაკაცთა და ქალთა ფსიქოლოგიასა და ქცევით ნორმებში განსხვავებულობის მნიშვნელოვან ნიველირებას ახდენს.

რა თქმა უნდა, ეს ტენდენციები აბსოლუტური არაა. ჯერ კიდევ არსებობს უმთავრსო მამაკაცური და უმთავრესი ქალური პროპორციები, შენარჩუნებულია მამაკაცურ და ქალურ როლებს შორის განსხვავებულობა ოჯახში და ა.შ. მაგრამ სქეს-როლური განსხვავებულობანი სულ უფრო ხშირად აღიქმება არა როგორც „ბუნებრივი კანონი“, არამედ როგორც ემპირიული ფაქტი, ან ისეთი ინდივიდუალური განსხვავებულობის შედეგი, რომელიც უშუალოდ სქესთან არაა დაკავშირებული. როგორადაც არ უნდა განსხვავდებოდეს მამაკაცთა და ქალთა სოციალური ფუნქციები, მათი ურთიერთობები თანდათან ხდება არა იერარქიულად ურთიერთდაქვემდებარებული, არამედ თანაბარუფლებიანი.

როლთა სქესობრივი დანაწილების ზოგადი პერსპექტივები დღეს მწვავე კამათს იქვევს. მრავალი მეცნიერის აზრით, სქესობრივი სტრატიფიკაციის შეცვლასთან ერთად, სადაც მამაკაცს წამყვანი პოზიცია უჭირავს, გაქრება სქესობრივი როლების ყოველგვარი დიფერენცირებულობა. მაგრამ ის, რომ ორივე სქესის რეალური შესაძლებლობები შეუდარებლად უფრო პალსტიკური და ფართოა, ვიდრე აქამდე მიაჩნდათ, ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ შრომის სქესობრივი დანაწილება ყოველგვარ ბუნებრივ საფუძველსაა მოკლებული. განსაკუთრებით ეს ეხება შთამომავლობის გაგრძელებასა და ბავშვთა აღზრდას. თანამედროვე კულტურის ძირითადი ტენდენცია ესაა ორიენტაცია ინდივიდუალობის განვითარებაზე ყოველგვარი წინასწარაღებული სტანდარტისაგან დამოუკიდებლად.

სქესობრივი სტრატიფიკაციის ტრადიციული სისტემის მსხვრევა იწვევს ცვლილებებს მასკულინობა-ფემინურობის კულტურულ სტერეოტიპებშიც. უპირველეს ყოვლისა, ისინი ნაკლებად მკვეთრი და პოლარული ხდება. სოციალური როლების მსგავსად, ბევრი ადამიანური თვისების დიფერენციაციაც შეუძლია სქესის მიხედვით. გარდა ამისა, მკურნალობის და ფემინურობის იდეალები დღეს, როგორც არასდროს, წინააღმდეგობრივია. ჯერ ერთი, ტრადიციული თვისებები მათში გადახლართულია თანამედროვე თვისებებთან. მეორეც, ისინი ადრინდელზე უფრო სისხლსავსედ ითვალისწინებენ ინდივიდუალური ვარიაციების მრავალფეროვნებას. მესამეც, რაც ძალზე მნიშვნელოვანია, ისინი ასახავენ არა მხოლოდ მამაკაცურ, არამედ ქალურ თვალსაზრისსაც.

„მარად ქალურის“ იდეალი (ნაზი, ლამაზი, რბილი, ალერსიანი, იმავდროულად პასიური და დამოუკიდებელი), მამაკაცს შესაძლებლობას აძლევს ქალთან მიმართებაში თავი იგრძნოს ძლიერად, ენერგიულად და წარმატებულად.

ეს ფემინური თვისებები ძალზე ფასობს და ქალურობის მამაკაცური გაგების ბირთვს წარმოადგენს. მაგრამ ქალთა თვითცნობიერებაში ახალი თვისებები გაჩნდა.

II. მამაკაცს რომ გაუთანაბრდეს, ქალი უნდა იყოს ჭკვიანი, ენერგიული, წინდახედული, ე.ი. იმ თვისებებს უნდა ფლობდეს, რომელიც ადრე მამაკაცის მონოპოლიად მიიჩნეოდა. მამაკაცისთვის ასეთ ქალთან ურთიერთობა უფრო საინტერესოა, მაგრამ, ამავდროულად, რთულიცაა. სხვადასხვა როლში ქალი გამოიყურება და თავსაც გრძნობს სხვადასხვანაირად, მოითხოვს სხვადასხვაგვარ დამოკიდებულებას. ეს ქმნის გარკვეულ სოციალურ-ფსიქოლოგიურ სირთულეებს. თუ იდეალური მამაკაცის ხატს პრაქტიკულად ორივე სქესის წარმომადგენლები აღწერენ, იდეალური ქალის აღწერაში არსებითი განსხვავებაა: ქალები თავიანთ იდეალს თითქმის ყველა დადებით მასკულინურ თვისებას მიაწერენ მაშინ, როცა მამაკაცები ქალურობას უფრო ტრადიციულად უყურებენ.

პოლიარიზაციის შესუსტება და მასკულინურ-ფემინური ხატის შინაგანი წინააღმდეგობრიობა საზოგადოებას აიძულებს, უფრო მომთბენი იყოს ამ საკითხში ინდივიდუალური ვარიაციების მიმართ. პატრიარქალური საზოგადოება ქალს, რომელიც პროფესიულ ინტერესებს სამზარეულოზე მაღლა აყენებს, ანომალიად მიიჩნევს; მაგრამ ძალზე მნიშვნელოვანია ის, რომ ადამიანთა სტერეოტიპიზაციის შესუსტება სქესის მიხედვით აფართოებს მათი ინდივიდუალური თვითგამოხატვის შესაძლებლობებს, ამით კი იგებს საზოგადოებაც და პიროვნებაც. იმავდროულად, ეს პროცესი ქმნის ერთგვარ ნორმატიულ განუსაზღვრელობას, რაც ბევრ ადამიანში გაღიზიანებასა და შფოთს იწვევს. ეს ნათლად ვლინდება კამათში მამკაცთა „ფემინიზაციის“ და ქალთა „მასკულინიზაციის“ თაობაზე.

სოციალური ძვრების მეორე რიგი ეხება ოჯახურ ურთიერთობებს, რომელსაც ჩვენ აქ არ შევეხებით.

აღნიშნული პროცესესბი მატ-ნაკლები სიმკვეთრით იჩენს თავს ყველგან, მთელ მსოფლიოში, და, მათ შორის, საქართველოშიც.

დღეს, როცა საქართველოში მიმდინარეობს ძირეული ცვლილებები საზოგადოების ცხოვრების ყველა სფეროში, სქესთა შორის ურთიერთობები მნიშვნელოვან კონტურებს იძენს, რადგან მათგან გამომდინარეობს ბევრი მნიშვნელოვანი პრობლემის მოგვარება. უპირველეს ყოვლისა, ეს ეხება ოჯახს, შვილების აღზრდას, მომავლის პერსპექტივებს და განსაკუთრებით, ქალის გამყარებას, მის მიმართ ტრადიციული მასკულინური დამოკიდებულებების შეცვლას, მისი ადგილის ახლებურ გააზრებას საზოგადოებაში.

2. რამდენიმე შტრიხი ქალის პორტრეტისათვის ქართულ მენტალიტეტში

ყველა კულტურას აქვს თავისი წარმოდგენების სისტემა სამყაროზე, ბედზე, ისტორიაზე, მათ შორის, სქესთა ურთიერთობაზე. ეს წარმოდგენები ყალიბდება მთელი მისი არსებობის მანძილზე და მოიცემა მენტალიტეტის შინაარსის სახით. მენტალიტეტი თავის თავში მოიცავს ფსიქიკას როგორც ცნობიერ, ისე არაცნობიერ პლასტებშიც.

მენტალიტეტის ჩამოყალიბებაში განსაკუთრებულ როლს ასრულებს ის რელიგიური წარმოდგენები, რმლებსაც აღიარებს და მისდევს მოცემული კულტურა; რელიგიური მსოფლმხედველობა წარმოადგენს ერთგვარ ზნეობრივ ნორმას, ზნეობრივი პრინციპების ერთიანობას, რომელიც საფუძვლად ედება საზოგადოების არსებობის სხვადასხვა სფეროს და განსაზღვრავს მისი ცხოვრების წესს, დაწყებული სამართლებრივი სფეროთი, დამთავრებული ყოველდღიურობით. შესაბამისად, კულტურული მენტალიტეტი მოიაზრებს გარკვეულ ცრურწმენებსაც და სტერეოტიპებსაც, დამახასიათებელს ამ კულტურის მატარებელი ხალხისათვის.

მენტალიტეტი აქვს ეპოქასაც. ისტორიულად ამ ეპოქათა კვალი რჩება კონკრეტული ხალხის ფსიქიკაში და, შესაბამისად, აისახება მის მენტალიტეტშიც.

საქართველომ თავის ისტორიის მანძილზე ორი ასეთი ეპოქა გამოიარა - არქაული და ქრისტიანული. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით დიდი წვლილის მქონეა თავისი ხასიათისა და ზეგავლენის გამო. ამიტომ ქართველი ქალის პრობლემასთან დაკავშირებით შეუძლებელია იმ ძირითადი ღირებულებებით ორიენტაციებისა და წარმოდგენების გვერდის ავლა, რომელიც საქართველოში არსებობდა ქალთან მიმართებაში. ეს ტრადიციული წარმოდგენები მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ ისინი აყალიბებენ თვით ქალის დამოკიდებულებასაც როგორც თავისი ფუნქციისა და დანიშნულების მიმართ, ისე საკუთარი პიროვნული შესაძლებლობებისა და უნარების მიმართაც. ამიტომ ქალის პრობლემასთან დაკავშირებით შეუძლებელია არ შევეხოთ მის სახეს ქართულ მენტალიტეტში.

როგორც აღინიშნა ქალის შესახებ წარმოდგენები ყალიბდებოდა მთელი ისტორიის მანძილზე. არქაული ეპოქა ქართველთა ისტორიაში ქრისტიანულ ეპოქასთან მოვიდა დედის უძლიერესი კულტით, რაზეც მიანიშნებს მითოლოგიური, ენობრივი, ეთნოგრაფიული და სხვა მონაცემები.

ქრისატიანულმა ეპოქამ ჩამოაყალიბა და განამტკიცა ზოგადი ქრისტიანული მსოფლმხედველობისათვის ტიპური ასიმეტრიული (იერარქიული) მიმართულება ქალსა და მამაკაცს შორის. ქალის სტერეოტიპი შეესაბამება ქრისტიანული კულტურისათვის ტიპურ „მარად ქალურის“ საყოველთაო სტერეოტიპს - ქალი ნაზი, უმწეო, უსუსური, და ქმრის მორჩილი უნდა იყოს. მის ძირითად დანიშნულებად მიჩნეულია შვილების გაჩენა-აღზრდა და ოჯახის მოვლა.

მაგრამ საქართველოს ისტორიაში განსაკუთრებული მატრამვირებელი მოვლენებისა და სხვა ვითარების გამო ქალი, და განსაკუთრებით, ოჯახის დედა, იქცა სოციალურად ძალზე მნიშველოვან ფენომენად. ქალს დაეკისრა მნიშვნელოვანი ფუნქცია, ოჯახის მოვლა-პატრონობა და გაძღოლა. ერთი მხრივ, ქართული ქრისტიანობა მას ოჯახში რწმენის დანერგვის ბურჯად მიიჩნევდა, რაც ძალზე მნიშვნელოვანი იყო არაქრისტიანი ხალხებით გარშემოჯარული საქართველოსათვის, ხოლო ისტორიულად ქართველებისათვის ქრისტიანობა ეთნიკური იდენტობის მნიშვნელობის მნიშვნელოვან ელემენტად იქცა; მეორე მხრივ, გამუდმებული სისხლისმღვრელი ბრძოლების ვითარებაში მამაკაცი ძალზე ხშირად ან მტერს ებრძოდა, ან მტრის ლაშქარში იმყოფებოდა და შორეულ გზებს გასდგომოდა. ასეთ ვითარებაში ქალი (ოჯახის დედა) უძღვებოდა მეურნეობასაც, შვილების აღზრდასაც და მოხუცთა მოვლა-პატრონობასაც. ბუნებრივია საქართველოში ოჯახის დედა განსაკუთრებულ პატივისცემას იმსახურებდა და მას გარკვეული სოციალური ღირებულება ჰქონდა საზოგადოებაში. შესაბამისად, ქალისათვის ოჯახის ქონა (ქრისტიანულ-იუდეური კულტურებისათვის დამახასიათებელი რეპრესიული მორალის პირობებში სექსუალური ცხოვრების მიმართ) წარმოადგენდა არა მხოლოდ სქესობრივი დაკმაყოფილების შესაძლებლობას, არამედ თავის სოციალურ ღირებულებად განცდის პირობასაც.

ქალის შესახებ ქართველთა წარმოდგენებს უნდა მიემატოს კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ვითარება. კერძოდ, სპეციფიკურობა მისი დედობრივი ფუნქციისა. როგორც აღინიშნა, ერის გამრავლება, მშობლის ძირითად ფუნქციადაა მიჩნეული და ეს ასპექტი განსაკუთრებით ღირებულია მცირერიცხოვანი, მტერთან გამუდმებულ სისხლისმღვრელ ბრძოლაში ჩაბმული ქართველებისათვის. ასევე მნიშვნელოვანი ფუნქცია შეიძინა დედა ქალმა, როგორც შვილის აღმზრდელმა. ზემოთ აღნიშნული ვითარების გამო, ქალი შეითავსებდა მამკაცის ფუნქციას, მისი ხშირად არყოფნისას არა მხოლოდ როგორც ოჯახის წამყვანი (და პატრონი), არამედ როგორც აღმზრდელიც. ამის გამო გაძლიერდა აღზრდაში ე.წ. დედის ხაზი, რომელიც გულისხმობს ყოვლისმპატიებლობას და მიმტევებლობას შვილის მიმართ, განსაკუთრებულ ემოციურ კავშირს შვილთან, დედა-შვილობის სიმბიოზურ მიჯაჭვულობას, მაგრამ, იმავდროულად, დედის მიერ მამის ხაზისათვის დამახასიათებელი ელემენტების - პასუხისმგებლობის, სამართლიანობის, პრინციპულობის, კანონის დაცვის შეტანას აღზრდაში. ასეთ პირობებში დედამ ქართველთა მენტალიტეტში შეიძინა განსაკუთრებული ღირებულება და ჩაოყალიბდა კულტად.

ამგვარად ქართული მენტალობისათვის ქალი, უპირველეს ყოვლისა, დედაა. მისი დანიშნულება ერის გამრავლება და შვილების აღზრდაა სამშობლოს ერთგულ პატრიოტებად. თვითრეალიზაციის სხვა, არადედური მოღვაწეობის სფეროებს ქართული მენტალობა დიდ ღირებულებებს ანიჭებს. მენტალური წარმოდგენები შენარჩუნებულია თანამედროვე ქართველებთანაც. მათი ყოველდღიური ცხოვრების შინაარსებს წარმოადგენს მენტალური წარმომავლობის მქონე წარმოდგენები, მათ შორის ცრურწმენებიც, სტერეოტიპებიც და განწყობებიც, რომლებიც, ხშირ შემთხვევაში, თანამედროვე შეცვლილ ვითარებაში ქალის უნარებისა და შესაძლებლობების განვითარების შემაფერხებელ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს.

მეორე მხრივ, პრობლემაა თვით ქალთა დამოკიდებულება საკუთარი თავისა და შესაძლებლობების მიმართ. ჩვეულებრივ, ასეთ დროს თავს იჩენს საუკუნეობით ჩამოყალიბებული წარმოდგენებით გამოწვეული აზროვნების ინერცია, აგრეთვე ტენდენცია, უარი თქვას საკუთარი ძალებითა და რესურსებით დაიმკვიდროს თავი პიროვნულად და გამოვიდეს მიჯაჭვულობის ჩარჩოებიდან, გადაიტანოს თავისი ურთიერთობანი მამაკაცთან (ქმართან, სექსუალურ პარტნიორთან) სხვა, თვისობრივად ახალ სიბრტყეში და არა დაქვემდებარებული სტატუსით, არამედ თანაბარუფლებიანი თანამშრომლობითი ორიენტაციებით შექმნას ეს ურთიერთობები. აღნიშნული წარმოადგენს სქესობრივი სტერეოტიპების რღვევის თანმხლებ მოვლენას და მას ადგილი აქვს სქესობრივი სტრატიფიკაციის ცვლილების პროცესში.

ოჯახური ფუნქციებით (მეუღლე, დედა) ქალის შემოფარგვლის საწინააღმდეგო აზრი, პირველ რიგში, თავს იჩენს ქალის მიერ მისი სოციალური სტატუსისა და პროფესიული ზრდის დამოკიდებულების შეცვლაში. ორივე მომენტი - სოციალური სტატუსის მოპოვება და პროფესიონალიზმისაკენ (ამ პროფესიის ქონისაკენ) ორიენტაცია იმის მაჩვენებელია, რომ ქალი აღარ კმაყოფილდება დედისა და მეუღლის მინიჭებული ულებებით და ცდილობს პიროვნული დამოუკიდებლობის ძალზედ მნიშვნელოვანი ატრიბუტების მოპოვებას.

3. სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგები

ქალთა ზოგიერთი პრობლემის შესწავლას მიეძღვნა სოციოლოგიური კვლევა, რომელიც ჩატარდა 1998 წლის იანვარში.

გამოკითხული იქნა 17-დან 50 წლამდე ასაკის 300 ქალი. გამოკითხვა ჩატარდა ანკეტირების მეთოდით; რესპოდენტებს მიეცათ 4 შეკითხვა: ქალის დანიშნულების შესახებ, გათხოვების აუცილებლობის შესახებ, ქალისთვის სოციალური სტატუსისა და პროფესიის ქონის აუცილებლობის შესახებ.

მონაცემთა ანალიზმა უჩვენა, რომ პასუხები ხშირ შემთხვევაში განსხვავებული ასაკობრივი ჭრილის მიხედვით, კერძოდ, აღმოჩნდა, რომ 17-30 და 30-45 წალის ასაკობრივ ჯგუფთა მონაცემები ზოგიერთ შემთხვევაში მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან.

აღმოჩნდა, რომ ქალის დანიშნულებად რესპოდენტები პირველ რიგში მიიჩნევდნენ დედობას (ერის გამრავლება, შთამომავლობის მოცემა, ახალი სიცოცხლის დასაბამი). ასეთი პასუხი იქნა მიღებული გამოკითხულთა 42%-ისაგან. რესპოდენტთა 13%-მა ქალის დანიშნულებად დაასახელა ოჯახის ქონა (კერის მფარველი, სიმშვიდის და ურთიერთგაგების ხელშეწყობა ოჯახში, ოჯახის მოვლა); 7%-მა აღნიშნა შვილების აღზრდა (ღირსეული ქართველების აღზრდა, საღი თაობის აღზრდა და მსგავსი). დანარჩენ პასუხებად დასახელდა „ქალობა, „მამაკაცის პარტნიორობა“, „სიყვარული“, „მამაკაცის გართობა“, „სათნოება“ და ა.შ.

როგორც გამოვლინდა, ქალის ფუნქციური დანიშნულება, გამოკითხულ რესპოდენტთა წამოდგენით, კვლავ მენტალურ ღირებულებითი ორიენტაციის ჩარჩოშია.

შეკითხვაზე: - „ქალი აუცილებლად უნდა გათხოვდეს?“ გამოკითხულ რესპოდენტთა 67%-მა უპასუხა დადებითად, 25%-მა უარყოფითად, 8%-მა განსაზღვრული პოზიცია არ გამოავლინა. ამ შემთხვევაშიც გამოვლინდა გარკვეული ვარიაციები. კერძოდ, 30-50 წლამდე რესპოდენტების უმრავლესობა ამ შეკითხვაზე დადებით პასუხს იძლევა (76%) მაშინ, როცა 17-30 ასაკობრივი ჯგუფის მონაცემებით დადებით პასუხთა ნაკლებ რაოდენობას აჩვენებს (50%). ამ მონაცემის მიხედვით, ახალგაზდებთან თავს იჩენს ქალის გათხოვების აუცილებლობის ორიენტაციის რღვევის ტენდენცია.

ამის გარდა, მონაცემთა მათემატიკური დამუშავებით გამოვლინდა მნიშვნელოვანი კავშირი ქალის დანიშნულებასა და გათხოვების აუცილებლობას შორის: ვინც ქალის დანიშნულებად პირველ კითხვაზე დედობა მიიჩნია, მეორე კითხვაზე გათხოვების აუცილებლობა აღნიშნა. მაშასადამე, ყოველდღიური ცნობიერება ჯერ კიდევ მკვეთრად აკავშირებს ამ ორ მოვლენას ერთმანეთთან და მიიჩნევს, რომ ქალს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ოჯახი, წინააღმდეგ შემთხვევაში ის დედა ვერ გახდება. პარადოქსია, მაგრამ მათ ქალის ძირითად დანიშნულებად დედობა მიაჩნიათ.

ამგვარად, ამ ორი კითხვის მონაცემთა თანახმად, ჩვენი კულტურა ემყარება ქალის ტრადიციულ როლურ სტერეოტიპებს.

რესპოდენტთა აზრით, ქალს სოციალური სტატუსი უნდა ჰქონდეს. ამ პასუხს იძლევა გამოკითხულთა 78% (დანარჩენი პასუხებიდან დიდი ნაწილი მოვიდა განუსაზღვრელ პოზიციაზე, ხოლო უარყოფითმა პასუხმა შეადგინა პასუხთა 1%). კიდევ უფრო საინტერესო ვითარება გამოავლინა შეკითხვამ: „პროფესიის ქონა და პროფესიონალიზმი საჭიროა ქალისათვის?“ რესპოდენტთა 94%-მა უპასუხა „დიახ“ 2%-მა“ - „არა“, 4%-მა - „არ ვიცი“. ამასთან, უფრო მეტი დადებითი პასუხი იყო პირველ 17-30 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში (98%).

ამგვარად, მოცემული გამოკითხვის შედეგების მიხედვით შეიძლება ითქვას, რომ ქართველი ქალის ყოველდღიური ცნობიერება ქალის ფუნქციად მიიჩნევს მენტალურად ორიენტირებულ წარმოდგენებს და პატრიარქალური იდეალების ამსახველია.

გამოკითხვის შედეგბის მიხედვით, ფემინური სტერეოტიპის ცვლილებების ტენდენცია აისახა გამოკითხულ ქალთა წარმოდგენაში ქალის სოციალური სტატუსისა პროფესიული თვითდადგინების შესახებ. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ეს ორი უკანასკნელი ქალთა პიროვნული თავისუფლების მოპოვების გზაზე უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან მხოლოდ მატერიალური დამოუკიდებლობა ჯერ კიდევ არაა საკმარისი ქალის პიროვნული თავისუფლებისათვის. ამ გზაზე მას არა მხოლოდ საზოგადოებრივი სატერეოტიპების წინააღმდეგ ბრძოლა, არამედ საკუთარი ტრადიციული ორიენტაციებისა და განწყობების ცვლილება, საკუთარ თავში ფსიქოლოგიური სიმყარის მოპოვება და ისეთი რეალური განთავისუფლება სჭირდება, რომელიც მას ქმედითუნარიანს გახდის და შესაძლებლობას მისცემს აამოქმედოს თავისი ენერგეტიკული პოტენციალი. ამ მიზნის მისაღწევად მას, პირველ რიგში, საკუთარ თავთან გამკლავება სჭირდება.

კულტურის სფეროს ანალიზი გენდერული თვალსაზრისით

ლიკა ნადარაია: დღეს აქ შევიკრიბეთ, დემოკრატიული განვითარების ერთ-ერთ შემაფერხებელ ფაქტორზე სასაუბროდ. ესაა სექსიზმი, რომელსაც ქართულ კულტურაში საფუძვლად უდევს გენდერული უთანასწორობის პრობლემა.რა არის გენდერი, რა კავშირშია იგი ძალაუფლებასთან? ეს იგივე კატეგორიაა, რაც კლასი, რასა. განვიხილოთ ასეთი მაგალითი: თუ სამართლიანად მივიჩნევთ სტერეოტიპს, რომ ქალის საქმე სამზარეულო და დიასახლისობაა, ხოლო მამაკაცისა - ინტელექტუალური შრომა, ამით დავაფიქსირებთ ქალზე მამაკაცის დომინანტობას, რადგან ინტელექტუალური შრომა უფრო ღირებული და უკეთანაზღაურებადია, ვიდრე საშინაო შრომა და ა,შ. ეროვნულ თუ რელიგიურ სტერეოტიპებში ჩადებული მექანიზმების გამოსავლენად აუცილებელია დაწვრილებით გაანალიზდეს ეს სტერეოტიპები. სექსიზმი ისეთივე წყლულია ჩვენი ახლადმშენებარე დემოკრატიის სხეულზე, როგორც კორუფცია, საგადასახადო თუ საბაჟო სისტემების არასრულფასოვნება და ა.შ. თუ ჩვენი საქართველოს მოქალაქეების ინტერესია მოვახდინოთ გარღვევა თავისუფლებასა და დემოკრატიისაკენ, ავუწყოთ ფეხი თანამედროვე მსოფლიოს, თავი გავითავისუფლოთ გაცვეთილი სტერეოტიპებისგან, განვახლდეთ და თითოეულ პიროვნებას საშუალება მივცეთ საქართველოს მზის ქვეშ თავი დაცულად იგრძნოს, გახსნას თავისი თვითმყოფადი პოტენციალი, მაშინ აუცილებელია კრიტიკული თვალით გადავხედოთ ჩვენს მემკვიდრეობას გენდერული თვალსაზრისით, ობიექტურად შევაფასოთ დღევანდელი მდგომარეობა და დავგეგმოთ სამომავლო სტრატეგია.

საჭიროა გავაცნობიეროთ ქართლ კულტურაში ტრადიციულად მოქმედი სქესობრივი დისკრიმინაციის მექანიზმები, სექსიზმის საფუძვლები, რომლებიც აფერხებენ ჰუმანიზაციის პროცესს და შეუძლებელს ხდიან ჩვენს ქვეყანაში ნამდვილი დემოკრატიის დამკვიდრებას. მიგვაჩნია, რომ ყველა პროგრესული ადამიანის მოქალაქეობრივ ვალდებულებას წარმოადგენს მისთვის მისაწვდომი ფორმით ზემოქმედება მოახდინოს ეროვნულ ცნობიერებაზე და სააშკარაოზე გამოიტანოს სიმახინჯის ხარისხში აყვანილი სქესობრივი დაქვემდებარება. ყველა აქ მყოფს ვთხოვ, არ დაიშუროს თავისი შესაძლებლობა და აქტიურად ჩაერთოს ჩვენს დღევანდელ დისკუსიაში. პირველ რიგში სიტყვას მხატვრებს გადავცემ, რადგან მათ ერთ-ერთმა პირველებმა გაილაშქრეს სექსიზმის წინააღმდეგ.

მედე წულაია - ხელოვნებათმცოდნე: დღევანდელი შეხვედრისათვის მზადებისას გამიჩნდა აზრი, რომ განგვეხილა და პარალელები გაგვევლო იმ პროცესებს შორის, რომელიც განვითარდა როგორც საზოგადოებაში, ასევე ხელოვნებაში, კერძოდ, XX საუკუნის 80-90-იანი წლების მემარცხენე მხატვრების შემოქმედებაში. ვინაიდან თემამ - გენდერის პრობლემები, რომელსაც ჩვენი დღევანდელი შეხვედრა ეხება, გარკვეული ასახვა პოვა სწორედ ამ შემოქმედთა ცალკეულ ნამუშევრებში. ეს ნემუშევრები გამოირჩევიან გამომსახველობის ხერხების მრავალფეროვნებით, პოზიციის გამოხატვის სიმძაფრით და პირდაპირობით. ჩემი აზრით, არც შეიძლებოდა სხვაგვარად ყოფილიყო, ვინაიდან რაღაც ეტაპზე ქალთა თავისუფლებისათვის ბრძოლა ურღვევი ჯაჭვითაა დაკავშირებული პიროვნების თავისუფლებისათვის ბრძოლასთან. ეს ერთიანი პროცესია დავასთან, თუ არა შემოქმედთან ვინც მთელი თავისი არსითა და ცხოვრების წესით უპირისპირდება არსებულ სტერეოტიპებს, უნდა ვეძებოთ საყრდენი და თანამოაზრე სხვადასხვა უფლებების მოპოვებისათვის ბრძოლის პროცესში. უფრო მეტიც, ხელოვნება, როგორც წესი, ინტუიტიურად ყოველთვის წინ უსწრებს საზოგადოების განვითარების პროცესს და ასახავს იმ მოთხოვნილებებს, რომლებიც ამ პროცესში ჩნდება. ამ შემთხვევაში საზოგადოების დემოკრატიზაციის პროცესმა, პიროვნების, ინდივიდის პერსონოფიცირების აუცილებლობამ მიგვიყვანა სწორედ იმ წერტილთან, როდესაც თითოეული, ცალკეული ადამიანის უფლებები და მოთხოვნილებები ფასეული ხდება მთელი საზოგადოებისათვის, მითუმეტეს ისეთი მწვავე პრობლემა, როგორიცაა საქართველოს რეალობაში ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაში სექსიზმის გამოვლენა.

ჩვენ შევეცადეთ რამდენიმე ქართველი მხატვრის ნამუშევრის მაგალითზე შეგვექმნა იმის ერთგვარი სურათი, თუ როგორ აისახა სექსიზმის პრობლემები ქართულ ხელოვნებაში, კერძოდ - მხატვრობაში უკანასკნელი 8-10 წლის განმავლობაში. ეს მხატვრები სისტემატურად იფინებიან როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ და გვევლინებიან ჩვენს საზოგადოებაში ახალი ესთეტიკური აზროვნებისა და გემოვნების ერთგვარ გამტარებლად. ამ შემთხვევაში, არ შევუდგებით აღნიშნული ნამუშევრების მხატვრული ღირებლების დეტალურად განხილვას. ჩვენს მიზანს არ წარმოადგენს ამ კუთხით კვლევა, ამ კონტექსტში ჩვენი ინტერესის საგან წარმოადგენს ამ ნამუშევრებში ჩადებული არსი-იდეა, პოზიცია.

1. დავიწყოთ ამჟამად საფრანგეთში, კერძოდ, პარიზში მცხოვრები მხატვრის შალვა ხახანაშვილის ნამუშევრების ჩვენებით, რომლებიც შესრულებულია 1996-97 წლებში. პირველ შემთხვევაში ესაა ფოტო-ობიექტი „ქართლის დედა“ (ზომა 100 X 170სმ. მასალა ციბახრომი. ნამუშევარი გამოფენილი იყო 1997 წელს ქ. ბერლინში).

ფოტოზე ცოცხალი შიშველი ქალის სახით გამოსახულია „ქართვლის დედა“, იგი ჰორიზონტალურ მდგომარეობაშია და ბინტით აქვს შეხვეული სახე, ხმალი, ხელები, თავისი სხეულის გარკვეული ნაწილი, ანუ ყველაფერი ის, რაც ასე არსებითია თბილისის სიმბოლოს - „ქართლის დედისათვის“. ხმალი, რომლითაც ის მტერს ხვდება, თასი, რომლითაც მოყვარეს უმასპინძლდება და გაყინული თუთიის სახე, რომლითაც ერთსაც ხვდება და მეორესაც.

მეორე შემთხვევაში წარმოდგენილი უკვე ფეხზე მდგარი ქარტვლის დედა, რომელსაც აგრეთვე შეხვეული აქვს სახე და სხეული (წელს ქვემოთ). იგი ინტიმური სითხით, კერძოთ საკუთარი რძით ავსებს ჭურჭელს. აქ მხატვარი სიცოცხლეს აძლევს „ქანდაკების“ თუთიის ძუძუებს და ახალ ფუნქციას ანიჭებს მათ.

ინგრევა სტერეოტიპი, კვარცხლბეკზე აყვანილი ქართვლის დედა-სიმბოლო, მაგალითი ყველა ქართველი ქალისათვის, სათაყვანო კერპი მამაკაცებისათვის. მხატვარი ამით საზოგადოებას ათავისუფლებს ქალის იმ ჩარჩოებისაგან, რომელიც მას ხელოვნურად შეუქმნა არსებულმა საზოგადოებრივმა მორალმა.

2. ძალიან საინტერესო ფოტო-მხატვრის გურამ წიბახაშვილის ნამუშევრები - „ზარდახშა“ და „ძველი ფოტოსურათი“ (1998 წელი - პარიზი, იუნესკოს საგამოფენო დარბაზე, გამოფენა „ტრანსფორმაცია“).

პირველ შემთხვევაში წარმოდგენილია მოხუცი ქალის ხელები, რომელსაც ზარდახშა უჭირავს. ზარდახშა ახდილია, ხოლო შიგ წარმოდგენილია ქალის სხეულის ბიოგრაფია. ბიპოგრაფია, რომელიც თვით საკუთარი პატრონისთვისაც კი სამუდამოდ ჩაკეტილი და უცხოა.

მეორე შემთხვევაში ფოტოზე ვხედავთ ძალიან სექსუალურ ახალგაზრდა ქალს, რომელსაც ინტიმური ადგილი აქვს დაფარული ძველი ფოტოსურათით, სადაც წარმოდგენილია პატარა გოგონას გამოსახულება. აქ ხაზგასმულია, ერთი მხრივ, შიშველი, დაუფარავი სექსუალობა, ხოლო, მეორე მხრივ, ქალის ყველაზე სათუთი ფუნქცია - სიცოცხლის გაგრძელება.

წსრმოგიდგენთ მხატვარ ოლეგ ტიმჩენკოს ნამუშევრებს - 1. „მაყვალა“ ობიექტი. წარმოდგენილია კინოს აფიშა („ცხელი სამიზნე“), ორი მონიტორი, ვიდეო კასეტა. 1993 წ., შვეიცარია. აქ ვხედავთ სიმარტოვეს, ჩაკეტილობას, სასოწარკვეთას. ნამუშევარი ერთგვარი გროტესკითაა შესრულებული. მხატვარი აცოცხლებს აფიშას, მაგრამ ეს მხოლოდ დროებითი მოვლენაა.

მეორე შემთხვევაში ვხედავთ უფრო დეტექტიურ სიუჟეტს („უსათაურო“ - ფოტო, ხე, ქაღალდის ვარდი - 1990 წ. მხატვარ ვილფგან ფლაცის კოლექცის). აქაა საშიშროება, მკვლელობა, კრიმინალი, ეშაფოტი და მხატვრის მიერ ნაჩუქარი ქაღალდის წითელი ვარდი - სიყვარულისა და სილამაზის სიმბოლო.

აქვე წარმოგიდგენთ, ჩემი აზრით, მხატვრის ყველაზე უფრო სკანდალურ ნამუშევარს, ეს არის „XX საუკუნის ხატი“, (1996წ., თბილისი, ეროვნული გალერეა). ხელით მოხატული სააღდგომო კვეცხები, წითელი ხავერდი, ხელოვნური მარგალიტი, პორნოგრაფიული ჟურნალი. ერტი უკიდურესობიდან მეორეში გადავარდა, ჩიხტიკოპიდან მეძავის უნიფორმამდე, რომელიც ისევე კერპი ხდება. მხატვარი შოკის მეთოდს მიმართავს და აღწევს კიდეც მიზანს.

მხატვარი კოკა რამიშვილი - ობიექტი სამი ნაწილისაგანაა შესრულებული „sex“. წარმოდგენილია სამი ბალიში, რომლებზეც თითოეული ასო ცალ-ცალკეა ამოქარგული. აღსანიშნავია, რომ ნაქარგები მონაზვნების ხელითაა შესრულებული. მხატვარს უკანა პლანზე აქვს გადატანილი ფორმა, წინა პლანზე წევს შინაარსს, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს ხატთან მზგავსებას.

მის მეორე ნამუშევარში ქალი წიგნის სახითაა წარმოდგენილი. ესააა ნიუტონის ფოტოს გრაფიკული ასლი. აქ მხატვარი ქალის წარმოდგენას უკვე როგორც შემეცნების, მუდმივი ძიებისა და მოძრაობის სიმბოლოს.

0x01 graphic

1. ო. ტიმჩენკო - „მაყვალა“. ვიდეო ინსტალაცია. 1993წ. შვეიცარია. ბაზელი. „ბელ“ გალერეა.

2. ო. ტიმჩენკო. „XX საუკუნის ხატი“, 1996 წ., თბილისი, ეროვნული გალერეა.

3. ო. ტიმჩენკო. „უსათაურო“. კოლაჟი. 1990 წ. მიუნხენი. ვოლფგან ფლაცი. კერძო კოლექცია.

4. შ ხახანაშვილი „ქართვლის დედა“. 1996 წ. ბერლინი. „იფა“ გალერეა.

5. შ. ხახანაშვილი „ქათვლის დედა“. ციბახრომი. 1996 წ. ბერლინი. „იფა“ გალერეა.

6. ი. ზაუტაშვილი „შეეხეთ ყველაფერს ჩემი გულის გარდა“. 1996. წ. თბილისი. ეროვნული გალერეა.

7. ი. ზაუტაშვილი. „უსათაურო“. 1998 წ. პარიზი. იუნესკო.

0x01 graphic

1. ქ. კაპანაძე. „ციფრების ეროტიკა“. ნიკელი. სარკე. შუშა. 1998 წ. ინგლისი. „შეფილდი.

2. ქ. კაპანაძე. „ციფრების ეროტიკა“. ნიკელი. სარკე. 1998 წ. ინგლისი. „შეფილდი.

3. ქ. კაპანაძე. „ციფრების ეროტიკა“. ნიკელი. სარკე.. 1998 წ. ინგლისი. „შეფილდი.

4. ქ. კაპანაძე. „ციფრების ეროტიკა“. ნიკელი. სარკე. 1998 წ. ინგლისი. „შეფილდი.

5. გ. წიბახაშვილი „ძველი ფოტოსურათი“. 1998 წ. პარიზი. იუნესკო. გამოფენა „ტრანსფორმაცია“

6. გ. წიბახაშვილი. „ზარდახშა“. 1998 წ. პარიზი. იუნესკო. გამოფენა „ტრანსფორმაცია

მხატვარი ილია ზაუტაშვილი „შეეხეთ ყველაფერს ჩემი გულის გარდა“ (ბერლინი, 1996 წ.), ფოტოზეა კოლბა, ხელოვნური გული. ქალი თავის სხეულს იყენებს როგორც ფარს, რათა თავი დაიცვას მოსალოდნელი აგრესიისაგან. სრული გაუცხოება, გაორება. აქ იმ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, როდესაც სურვილი და ქმედება ერთმანეთს არ ემთხვევა, როდესაც ქალს არჩევანის უფლება არა აქვს.

მეორე ნამუშევარში ქალი წარმოდგენილია როგორც გასტრონომიული მოთხოვნილების საგანი. მაგიდაზე აწყვია ყავის ჭიქა, ვისკი, თეფშები. საჭმლის ნაცვლად - ქალის ქვედა საცვალი. მხატვარი ყოველგვარი შენიღბვის გარეშე გვიჩვენებს რეალურ სურათს.

დაბოლოს, ერთადერთი მხატვარი ქალი, რომელსაც დღეს წარმოგვიდგენთ გახლავთ ქეთი კაპანაძე. ნამუშევარს ჰქვია „ციფრების ეროტიკა“ (1991 წელი, ინგლისი, „შეფილდი“, ნიკელი, სარკე, შუშა). იგი შედგება რვა ნაწილისაგან. შესრულებულია 50 ციფრისაგან. მამაკაცი მხატვრებისაგან განსხვავებით, რომელთა ასახვის ობიექტს ქალი წარმოადგენს, აქ მხატვრის ასახვის საგანი მამაკაცის სხვადასხვა ფორმისა და ზომის ფალოსია. ხაზგასმულია ლოგოსის, შემეცნებისა და კატეგორიზაციის იარაღი, მასკულინური საწყისი. ციფრები, რომლების განლაგეულია ფალოსის ფორმით, კიდევ ერთხელ მიუთითებს შემეცნების ოფიციალურად გაბატონებული და დამკვიდრებული ხერხებისა და მეთოდების მასკულინურ საწყისზე. იგივე შეიძლება ითქვას მასალაზეც. გამოყენებულია ლითონი, სარკე, შუშა. ყოველივე ის, რაც ემოციურ სიმშრალეს და გრძნობადობის სრულ გამოდევნას უსვამს ხაზს.

თუ გადავხედავთ ზემოთ ჩამოთვლილ და განხილულ ნამუშევრებს, კარგად დავინახავთ, თუ რამდენად აუცილებელია სექსიზმზე საუბარი, რადგანაც არაფერია ისეთი დამანგრეველი საზოგადოებრივი მორალისათვის, როგორც შენიღბული და დაფარული პრობლემები, პრობლემები, რომლებზეც ხმამაღლა არავინ საუბრობს. ხმამაღლა საუბარს კი ყველა საზოგადოებაში ცალკეული პიროვნებები იწყებენ, ამ შემთხვევაში - მხატვრები, შემოქმედთა სახით.

ეთი კაპანაძე - ქალი XX საუკუნეში იქცა ეროტიკულ სიმბოლოდ და იგი პირდაპირ ეროტიკასთან ასოცირდება, რასაც ვერ ვიტყვით მამაკაცზე. მამაკაცი აღიქმება ჯერ როგორც პიროვნება და მხოლოდ შემდეგ როგორც ეროტიკული ობიექტი. ამ შემთხვევაში მე მინდოდა სხეულისათვის მომეცილებინა ეროტიკა, და ეს გამეკეთებინა მამაკაცის სხეულის ეროტიკულ ნაწილთან დაკავშირებით.აქ ქვეშეცნეულად იყო ნიკელი, სარკე, რომელიც უკუაგდებს სითბოს, გრძნობადობას და ციფრებს, რაც ჩვეულებრივ ერიტოკას არ უკავშირდება.

მანანა გიგიბერია - მინდა ვიცოდე რატომ დაინტერესდნენ მამაკაცი მხატვრები ამ პრობლემატიკით, რატომ გაჩნდა ეს პრობლემა მათ შემოქმედებაში?

ლიკა ნადარია - ქალის პრობლემა, პრობლემაა მამაკაცისთვისაც. ქალის ობიექტად ქცევა, ქალის სულიერი საწყისის ჩაქრობა, ისევე მტკივნეულად განიცდება მამაკაცის მიერ, როგორც თვით ქალის მიერ და ჩვენი მხატვრები სწორედ მგრძნობიარე მამაკაცთა რიცხვს მიეკუთვნებიან.

ნანა დევდარიანი - ვფიქრობ, დადგა დრო, როცა ქართულ საზოგადოებას შოკის გზით უნდა გააგებინო რაღაც.

განვიხილოთ, თუ შეიძლება ასე ითქვას, საპროგრამო ნამუშევარი - ეს არის „XX საუკუნის ხატი“. ეს როდი ნიშნავს, რომ დანარჩენები ნაკლებად საინტერესოა. ამ ნამუშევარში მხატვარი შოკის მეთოდით ზემოქმედებას ახდენს დამთვალიერებელზე. სანამ იმას, რაც ყოველდღიურად შეტევას ახორციელებს შენს ფსიქიკაზე, არ დაარქმევ რელიგიური სემანტიკიდან გამომდინარე ძალიან მკვეთრ სახელს - მაგალითად „ხატს“, მანამდე საზოგადოება ვერ ხედავს თუ რა სჭირს, რა ხდება მის გარშემო. ეს არ არის ახალი თემა, მთელი დასავლეთის პროგრესული საზოგადოება ლაპარაკობს იმაზე, რომ ხდება სექსიზმის ძალადობისა და პორნოგრაფიის პროპაგანდა და, რომ ქალი მუდმივად არის ამის ობიექტი - არა მარტო ეროტიკული ობიექტი, არამედ - ძალადობის განხორციელების ობიექტი.

ალბათ, როგორც სახვით ხელოვნებაში დადგა შოკის მომენტი, ისე მთლიანად ჩვენი საზოგადოებისათვის დადგა შოკურ მდგომარეობაში ჩაყენების დრო.

თქვენ კარგად იცით, რომ ჩვენში ქალთა მოძრაობა ჩუმად, წყნარად, უპრეტენზიოდ იწყება, კოწიწდება. ეს პროცესი 5 თუ 6 წელი გრძელდებოდა.

ამჟამად კი დადასტურდა, რომ თურმე ქალი როგორც პრობლემა, ჩვენს საზოგადოებაშიც არსებობს. თუ დღეიდანვე არ გადავედით ამ შოკურ ეფექტზე, ჩვენი მუშაობა შედეგიანი არ იქნება.

ვინაიდან დღეს ეს შეხვედრა შედგა, იქნებ იმის შესახებაც ვთქვათ, რომ ჩვენმა ქალთა ორგანიზაციის გაერთიანებამ დააფუძნა გენდერული კვლევის ცენტრი, რომლის ხელმძღვანელობა ვთხოვეთ ლიკა ნადარაიას, ამ საქმეში ჩართულია ლალი სურმანიძე და კიდევ რამდენიმე საინტერესო პიროვნება და, რაც მე განსაკუთრებით მახარებს - მამაკაცები. გენდერული კვლევის ეს ცენტრი გააგრძელებს მუშაობას ამ მიმართულებით და ვფიქრობ, რეგულარულად უნდა გავმართოთ დისკუსიები ამ საკითხებზე.

ელზა ზურაბიანი - მე ექიმი გახლავართ და მიმაჩნია, რომ სექსის პრობლემა მთელ მსოფლიოში კატასტროფული სიმწვავით დგას, მაგრამ ეს არაა მხოლოდ სოციალური პრობლემა ეს, უპირველეს ყოვლისა, ბიოლოგიური პრობლემაა.

ლიკა ნადარაია - ჩანს, რომ თქვენ ექიმი ბრძანდებით და სწორედ ბიოლოგიურ საფუძველს თვლით პირველადად, ვიდრე სოციალურს. მე როგორც ფსიქოლოგმა, შემიძლია ამ შემთხვევაში საეჭვოდ მივიჩნიო ბიოლოგიურის პრიორიტეტი. ადამიანი სოციალური არსებაა. ის გარემოს ცვლილებების მიხედვით იცლის თავის არსსაც. სხვა შემთხვევაში მას გადარჩენის შანსი ექნებოდა. ადამიანი კონსტანტური, ბიოლოგიური არსება რომ იყოს, რომელიც გარემოს მიმართ უცვლელია, მაშინ განვითარებაზე ლაპარაკიც კი ზედმეტი იქნებოდა. დღესდღეობით მიმდინარე სოციალურმა ძვრებმა, რომლებიც დემოკრატიზაციის პროცესთანაა დაკავშიებული, წინა პლანზე წამოსწია ინდივიდუალური და არა ჯგუფური ფასეულობები. აქედან გამომდინარე, ადამიანს საშუალება მიეცა მეტად გახსნას თავისი შინაგანი პოტენციალი. ეს დღევანდელობის მოთხოვნაა და არა ბიოლოგიური კრიზისი.

მამანა გოგიბერიძე - ჩვენ უცბათ გავაკეთეთ აღმოჩენები, ყველაფერი გავამჟღავნეთ, გავხსენით. ვიღაცისთვის ეს ძალიან ორგანულია, ძალიან ნორმალური, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც ამას ვერ იგებენ. როცა საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა არ იცის რაღაც, ეს მაშინ ნეგატიურ რეაქციას იწვევს. სექსიზმზე საუბარი, სწავლება საჭიროა, მაგრამ ამან არ უნდა მიიღოს ძალადობის ხასიათი იმ ადამიანების მიმართ, ვისთვისაც ეს პრობლემები უცხოა.

ლიკა ნადარია - თუ საქართველოში, 5 მილიონიან ქვეყანაში, სექსიზმზე ლაპარაკობს ვინმე, ეს არის ალბათ ათი ადამიანი და ნუთუ ათი ადამიანის ხმა უკვე ძალადობის საფრთხეს შეიძლება შეიცავდეს?!

ნანა დევდარიანი - ჩვენთან მართლაც შეიძლება ათმა ადამიანმა იცოდეს, თუ რას ნიშნავს სიტყვა „სექსიზმი“. ადამიანი, რომელიც ამ სიტყვას ისმენს, ვერ ხვდება რაზეა ლაპარაკი და მასში პროტესტი ჩნდება. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ საჭიროა არარსებობდეს კვლევის ცენტრი, რომელიც ადამიანებს ელემენტალურ ცოდნას მისცემს, რათა მათ გაიგონ, თუ რაზეა საუბარი, შეუფარდონ ეს ცოდნა თავიანთ შეხედულებებს და, შემდეგ, თუ მას რა მიიღებენ, ეს მათი პიროვნული თვისებების ერთ-ერთი გამოხატულება იქნება. ნუ მიიღებენ, თუ ასე სურთ, მაგრამ ხომ უნდა ხვდებოდნენ, რაზეა ლაპარაკი?

ნანა ჩაჩუა - ჩვენი კულტურისათვის ეროტიკა არ არის უცხო. გავიხსენოთ ბიბლიიდან „ქებათა-ქება სოლომონისა“: დავუკვირდეთ ქართულ ყოფასა და ლიტერატურას: მაგალითად მოვიყვან, გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების იმ ეპიზოდს, სადაც მეფისა და „სიძვის დიაცის“ სიყვარულია ღწერილი. ამდენად, ეროტიკა არ არის შოკი. ის არსებობს ქართულ ტრადიციაში, უბრალოდ საჭიროა მისი გაგრძელება.

დიმიტრი ნადირაშვილი - „XX საუკუნის ხატი“ ანალიზის ობიექტი გახდა. რა არის ხატი? ეს არის სახე, ღიმილი და პიროვნულობა, მაგრამ ამ ნამუშევარში გამოსახული იყო ქალი როგორც სექს-ავტომატი, რომელსაც არა აქვს სახე, ღიმილი, ბუნება, არაფერი პიროვნული არ გააჩნია.

ჩვენს საზოგადოებაში ქალებისათვის ნამდვილად პრობლემაა თუ როგორ იყოს ქალი ერთსა და იმავე დროს სექსუალური, გენის მატარებელიც, თანაც პიროვნული. ეს ძალზე რთულია.

ნანა დევდარიანი - ძალით კი არ უნდა შევქმნათ შოკი, ეს დაუშვებელია, მაგრამ ამ შოკისათვის მზად უნდა ვიყოთ და იგი უნდა გადავლახოთ. საზოგადოების დიდი უმრავლესობისათვის ამ თემაზე საუბარი გამაოგნებელია და თუ თავს არ გამოვუტყდით, ის ეროვნული ტრადიციები, რომლებზეც აქ სრულიად მართებულად იყო საუბარი, სადღაც წარსულში დარჩა. ამიტომ უნდა გახსოვდეს ის, რაც გქონდა, გადავლახოთ ეს შოკი და გადავიდეთ ხარისხობრივად სხვა მდგომარეობაში.

გიორგი მაისურაძე - ეს შოკი გამოწვეულია რაღაც სრულიად ახალი მოულოდნელობის გამო, რაც ბუნებრივი და ცნობილი მდგომარეობაა.

ვერც 1000 და თუნდაც 10000 ადამიანი ვერ მოახერხებს რაიმე სიახლე მოახვიოს თვით 5 მილიონ ადამიანს, თუკი კულტურაში ამის წინაპირობა უკვე მომზადებული არ არის. თუ თვითდაცვის ტრადიციული მექანიზმები, რომლებიც ნებისმიერი კულტურის დამახასიათებელი და განუყრელი თვისებაა, ვეღარ იცავენ და ფაქტობრივად ხელს უწყობენ ამ სიახლის შემოსვლას, ეს უკვე იმაზე მეტყველებს, რომ ეს მექანიზმები წყობიდან არის გამოსული.

ფაქტობრივად, როდესაც მზადყოფნაზე გვაქვს საუბარი, ისევ და ისევ ხდება მცდელობები ძველი, წყობიდან გამოსული მექანიზმების რეანიმაციისა, მაგრამ რადგან ამ მექანიზმების ქმედითუნარიანობა დაკარგულია, მათი გაქრობა არავითარ ტრაგედიას არ წარმოადგენს.

ლალი სურმანიძე - ფსიქოთერაპევტთა წინაშე აშკარად დგას სექსუალური და სქესობრივი ურთიერთობის პრობლემები. ეს მარტო ქალების პრობლემა როდია. თავად მამაკაცებისთვისაც პრობლემაა ახალი ტიპის საზოგადოებაში ადგილის პოვნა. საუბარი იმის თაობაზე, შეიძლება თუ არა ამაზე მსჯელობა, მე მგონი უადგილოა, ვინაიდან სექსის პრობლემები უნივერსალური პრობლემებია. საჭიროა მათი გააზრება და გაცნობიერება ამის გარეშე შეუძლებელია თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბება, ხოლო ეს თავისუფალი პიროვნებები როგორი ტიპის ურთიერთობებს აირჩევენ ტრადიციულს თუ არა - ეს მათი საქმეა.

დეგი ბაკმანი (ამერიკელი ფსიქოლოგი) - ძალზე მოხარული ვარ, რომ მომეცა ამ შეხვედრაზე დასწრების შესაძლებლობა. სამწუხაროდ, ქართულად ვერ ვლაპარაკობ, ამიტომ არ შემეძლო გამეგო ყველა ის ნიუანსი, რომელსაც განიხილავდით. მაგრამ იმ ინტენსიურობის მიხედვით, რომლითაც თქვენ ამაზე მსჯელობდით, გასაგებია, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს თქვენთვის. ჩვენთან აშშ-შიც ძალიან ბევრი რამაა გასაკეთებელი ქალებსა და მამაკაცებს შორის თანასწორობის მისაღწევად. მაგრამ ცვლილებები ამ მხრივ მართლაც მოხდა და უნდა აღინიშნოს, რომ ეს ცვლილებები ასეთი შეხვედრებიდან იწყება.

ქალთა თანასწორობის საკითხში განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიმაჩნია თანასწორობა შრომასა და შრომის განაწილების საკითხებში, რადგან ეს თანასწორობა უკავშირდება ძალაუფლებას, კონტროლის საკითხებსა და ფულს. თქვენ უნდა გქონდეთ იმის შესაძლებლობა, რომ დამოუკიდებელნი იყოთ და იმ შემთხვევაში თუ გადაწყვეტთ, რომ არ გათხოვდეთ ან დაქვრივდით და ა.შ., უნდა შეგეძლოთ თქვენი თავის რჩენა. თუ მაგალითად თქვენ ქალი, და ასევე მამაკაცი, ერთნაირ სამუშაოს მიიღებთ, გექნებათ თუ არა თანასწორი შესაძლებლობები, გადაგიხდიან თუ არა თანასწორ გასამრჯელოს და დაცული იქნებით თუ არა სექსუალური შევიწროებისგან? ამერიკაში ამ სფეროებში გარკვეულ პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ - არა ასპროცენტიანს.

მინდა რამდენიმე კომენტარი გავაკეთო ბიოლოგიურსა და სოციალურს შორის დამოკიდებულებების შესახებ. როგორც ფსიქოლოგი, მე ვფიქრობ, რომ ორივე ეს ფაქტორი ძალზე მნიშვნელოვანი და ურთიერთ გადაჯაჭვულია. აქ ერთ მაგალითს მოგიყვანთ ბიოლოგიურის მნიშვნელობისა, მაგალითს, რომელმაც ძალიან გამაკვირვა.

გულუბრყვილოდ, ნაკლებ როლს ვანიჭებდი მამაკაცებისათვის სექსის მნიშვნელობას. ვმუშაობ ნიუ-იორკის ვეტერანთა საავადმყოფოში, იქ 20-დან 90 წლამდე მამაკაცები მკურნალობენ. მოხუცი მამაკაცებისათვის, რომლებსაც დიაბეტი, გულის პრობლემები ან კიბო აქვთ, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ისინი იმპოტენტები გახდნენ და არ შეუძლიათ ჰქონდეთ სექსი. ჩვენს ფსიქოთერაპიულ შეხვედრებზე ძალიან დიდი დრო სწორედ ამ საკითხს ეთმობოდა. ახლა კი ამერიკაში დაიწყო ახალი სექსუალური რევოლუცია იმის გამო, რომ გამოვიდა ახალი წამალი „ვიაგრა“. ამ აბის მიღებიდან 4 საათის განმავლობაში მამაკაცი იმპოტენტი არ იქნება. წარმოიდგინეთ, რა შედეგი აქვს ამას. ჩემი 80 წლის პაციენტები, რომლებიც დიაბეტით არიან დაავადებულები, იმპოტენციაზე უკვე აღარ ნერვიულობენ. ამერიკის მედიცინამ გააკეთა ის, რაც ფსიქოთერაპიის ასწლეულების განვითარებამ ვერ მოახერხა.

დაინტერესებული ვარ აგრეთვე, ქალსა და მამაკაცს შორის ვერბალური, სიტყვიერი კომუნიკაციის სფეროთი. შინ თუ სამუშაოზე მამაკაცები და ქალები სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობენ. ქალები ლაპარაკობენ რბილად და თავაზიანად, რაც ხშირად აღიქმება როგორც სისუსტის ნიშანი. ხშირად ამბობენ, რომ საქმიან შეხვედრებზე ქალები უფრო მეტს ლაპარაკობენ, ვიდრე მამაკაცები, მაგრამ ჩატარებული გამოკვლევით აღმოჩნდა, რომ მამაკაცები ქალებზე მეტს ლაპარაკობენ, თანაც - მათზე ხმამაღლა და თავდაჯერებულად.

ლიკა ნადარაია - სამწუხაროდ მხოლოდ სლაიდების ჩვენება შევძელით. არადა გვინდოდა ის ვიდეომასალაც წარმოგვედგინა, რომელშიც ორი მოდელიორის ქეთი მესხისა და გელა კუპრეიშვილის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენება იყო ასახული.

რით იყო ნიშანდობლივი?

ამ მასალაში ხაზგასმული იყო ტრადიციულად ქალური და მამაკაცური როლებისადმი დაპირისპირება. ქალის ჩაცმულობა, სიარული იყო აქტიური, ენერგიული, აგრესიული, შემტევი.

მამაკაცის მოდელებში კი - პირიქით, ხაზგასმული იყო ესთეტიზმი, ექსპრესიულობა.

საქმე ისაა, რომ გარკვეულმა სტერეოტიპებმა ადამიანის ბუნება აიძულეს მხოლოდ ცალმხრივად გახსნილიყო. მამაკაცებში ჩაკლული იყო ასევე ფუნდამენტური და არსებითი მოთხოვნილება ესთეტიზმი, სიფაქიზე, ემოციური სამყაროს სიმდიდრე, ქალში კი ის ენერგია, ის ძალისხმევა, რომელიც ასევე მისი ნაწილია. კარლ იუნგის სწავლებით ის, რაც რეალიზაციას ვერ პოულობს, გადადის ქვეცნობიერებაში და იქიდან იწყება მართვა. დღესდღეობით მე ვხედავ იმის შესაძლებლობას, რომ ადამიანმა მოახერხოს თავისი ინდივიდუალური მონაცემების ფართოდ, მთელის სპექტრით გამოვლენა. კეთდება სტერეოტიპების მოშლის მცდელობები, რაც ჩანს მხატვრობაში, ყოველდღიურ ჩაცმულობაში, ყოფაში, ინიციატივის გამოვლენაში. დღეს ძალიან ბევრია ქალი, რომელიც ილტვის საზოგადო ასპარეზისაკენ. მეორე საკითხია, რამდენად დიდ წინააღმდეგობას ხვდებიან ეს ქალები, მაგრამ ის, რომ ინიციატივა არსებობს, თუნდაც ის ფაქტი რომ სოკოებივით ჩნდებიან ქალთა ორგანიზაციები, უკვე ძალიან ნიშანდობლივია.

გიგა ზედანია - მაგრამ საკმარისი როდია ბინარული ოპოზიციის მხოლოდ გადაბრუნება. საჭიროა მთლიანი სისტემის დეფორმირება, რათა შესაძლებელ როლურ მოდელთა რიცხვი არ იზღუდებოდეს ორით, იმ შემთხვევაშიც კი როდესაც ამ ორს შორის თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა არსებობს.

გიორგი მაისურაძე - ასეთი ტიპის აქციაში კულტურის სფეროში ხდება გადაბრუნება მოცემული სქესობრივი როლების ბინარული ოპოზიციისა, რომელიც გულისხმობს სქესთა სტრუქტურირებას. XX საუკუნის მეორე ნახევარი იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ ამ დროს საეჭვო გახდა სქესთა ასეთი ფუნქციონალური დაყოფა.

ბინარული ოპოზიცია, რომელიც სტრუქტურის შემადგენელი ნაწილია და საერთოდ სტრუქტურირება არის ძალადობის პირველი აქტი; სწორედ სტრუქტურის ჩამოყალიბებიდან შეიძლება დავიწყოთ ძალადობის გენეალოგია.

ლიკა ნადარაია - რით შეიძლება შევცვალოთ სტრუქტურა?

გიორგი მაისურაძე - XX საუკუნის 70-იან წლებში, სტრუქტურის საწინააღმდეგოდ შემოდის ტერმინი - „რიზომა”, რომელიც არ გულისხმობს მკაცრად დადგენილ ცენტრირებულ ფორმებს. საინტერესო პროცესებს აქვს ადგილი ამ მხრივ ხელოვნებაში, განსაკუთრებით კი მოდაში. 60-იან წლებში კოკო შანელმა ბინარული ოპოზიციის წევრებს შეუცვალა ადგილები - ქალი გამოიყვანა, სტერეოტიპულად თუ შევხედავთ, მამაკაცის ჩაცმულობით და, შესაბამისად, მამაკაცს შეუცვალა ტრადიციული ტანსაცმელი. დღეს უკვე სხვა ეტაპზე ვიმყოფებით: ჟან პოლ გოტიესა და კელვინ კლაინისათვის აღარ არსებობს არანაირი ოპოზიცია. “უნისექსი” აღარ გულისხმობს ბინარული სისტემის არსებობას.

და კიდევ ერთი შენიშვნა მოდის შესახებ. პოდიუმის გაჩენა ნიშნავს სიამოვნების ობიექტის კონკრეტიზაციასა და ხელმისაწვდომად ქცევას. პირველ რიგში პოდიუმზე, რა თქმა უნდა, ქალი დგება - რათა მამაკაცმა მისი სხეულის თვალიერებით მიიღოს სიამოვნება. მაგრამ დღეს სიტუაცია შეიცვალა, პოდიუმზე გამოჩნდა მამაკაცი როგორც ვუაიერისტული ტკბობის ობიექტი.

ლაშა ბაქრაძე - საქართველოში ქალთა მოძრაობასთან დაკავშირებული თემატიკა სრულიად შეუსწავლელია. საინტერესო იქნებოდა თანამედროვე თვალსაზრისით რომ გამოგვეკვლია, თუ როგორ არის წარმოდგენილი ქალის პრობლემები, მაგალითად, საუკუნის დასაწყისის ქართულ მწერლობაში. როცა ძველ გაზეთებს ვკითხულობთ, ვხედავთ, რომ არსებობდა ქალთა ორგანიზაციები ქუთაისში, ბათუმში, თბილისში. მაგრამ არავინ იცის რას აკეთებდნენ ქალთა ამ ორგანიზაციებში, რა თემები იყო მაშინ აქტუალური. ეს საბედისწერო შეცდომებია. საჭიროა გავიხედოთ არა მხოლოდ დასავლეთისაკენ, არამედ ვიცოდეთ რა ხდებოდა ჩვენთანაც.

გიორგი მაისურაძე - აუცილებლად დასაწერია ქართული სექსუალობის ისტორია. აქ საკმაოდ სერიოზული და საინტერესო მასალები გველოდება. მაგალითად დავით აღმაშენებლის მეფობის დროს ჰომოსექსუალიზმის პრობლემა იმდენად აქტუალური იყო და იმდენად მასშტაბური სახე მიიღო, რომ საგანგებო მუხლის შედგენა გახდა საჭირო. რუის-ურბნისის კრება აფიქსირებს ჰომოსექსუალიზმის გავრცელებას და, რაც აღსანიშნავია, განიხილავს მას როგორც უცხო ქვეყნების მიერ “შემოგდებულს”. შეიძლება ითქვას, რომ შუა საუკუნეების ქართულ ტექსტებში ვხვდებით ისეთსავე სტერეოტიპებს, რომლებსაც დღესაც დომინანტური როლი გააჩნიათ.

ლაშა ბაქრაძე - შუა საუკუნეებში ერთი და იგივე მდგომარეობა იყო აქაც და დასავლეთშიც. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ დღესდღეობით ეს ასე არაა. ფაქტია, რომ ჩამორჩენილები ვართ. მაგრამ რაც არ უნდა ჩავიკეტოთ, ინფორმაცია მაინც შემოდის ტელევიზის, რეკლამების სახით. შინაგანად ჩვენ შებოჭილები ვართ, მაგრამ გარე სამყარო აღარ არის ასეთი. რუის-ურბნისის კრების დროს ყველგან ისეთივე მდგომარეობა იყო, როგორც საქართველოში. ყოველივე ეს შინაგან დისკომფორტს არ იწვევდა. ჩვენს დღევანდელ ვითარებაში საშინელ შინაგან დისკომფორტს აქვს ადგილი. იმისათვის, რომ მოხდეს ნორმალური გადასვლა თანამედროვე დონეზე, საჭიროა ამის შესახებ გაიმართოს ფართო საზოგადოებრივი დისკუსია. სხვაგვარად ეს შინაგანი შებოჭილობა იწვევს აგრესიას, რომელსაც ძალიან ცუდ შედეგებამდე მიჰყავს ჩვენი საზოგადოება.

ზაზა შათირიშვილი - ძალზე საგულისხმოა გიორგი ნათქვამი “შემოგდებასთან” დაკავშირებით. ეს სექსუალურ პრობლემატიკასთან კავშირში იყო ნათქვამი. მაგრამ ეთნოკონფლიქტებზე მსჯელობისას ზუსტად ასეთივე გამონათქვამებით ვსარგებლობთ, რომ ეს ყველაფერი „შემოგდებულია”, რომ ხელოვნურად იქმნება და ა.შ. აქედან საინტერესო დასკვნა გამომდინარეობს - პოლიტიკა წასულია იმ ადგილიდან, სადაც უნდა იყოს პოლიტიკა; სექსი წასულია იმ ადგილიდან, სადაც უნდა იყოს სექსი. მოხდა სექსის პოლიტიზაცია და პოლიტიკის სექსუალიზაცია. ენა, რომელსაც ჩვენ სექსის შესახებ მსჯელობისას ვხმარობთ, იგივეობრივია ენისა, რომლითაც ჩვენ პოლიტიკურ მოვლენებზე ვსაუბრობთ.

მანანა გიგიბერია - მაინტერესებს, რა არის ტრადიცია?

ნანა ხაზარაძე - ტრადიცია ნიშნავს “გადავცემ”, მეტს არაფერს.

ემზარ ჯგერენაია - ტრადიცია გულისხმობს ისეთ რაღაცას, რაც შემდგომში გააგრძელებს სიცოცხლეს, რაც სიცოცხლისუნარიანია. იმაზე უნდა დავფიქრდეთ, რა შევქმენით ისეთი, რისი გადაცემაც შეგვიძლია.

რუსუდან ფხაკაძე - ჩემი პრაქტიკა მარწმუნებს, რომ, სამწუხაროდ, ქალები თვითონ უშლიან ხელს გენდერული საკითხების დაყენებას და ამ მიმართულებით პოზიტიური ნაბიჯების გადადგმას. კერძოდ, გამოკითხვისას აღმოჩნდება ხოლმე, რომ მამაკაცთა დამოკიდებულება ფემინიზმის მიმართ დადებითია, ქალებისა კი - უარყოფითი.

ნანა დევდარიანი - XX საუკუნის დასაწყისში, როცა საქართველოში დასავლური განათლება შემოდიოდა და ამისათვის საზოგადოება უფრო გახსნილი იყო, ძირითადად ისმებოდა ქალის სოციალური და პოლიტიკური პრობლემები. გენდერულ პრობლემებზე, სექსიზმზე ლაპარაკიც არ იყო.

ჩვენ ვმსჯელობთ ტრადიციებზე. სულხან-საბა ორბელიანი ჩვენი ტრადიციების ერთ-ერთი დამფასებელი და ღრმაეროვნული სულისკვეთების მწერალია და მას თავის „ქართულ ლექსიკონში“ ანუ „სიტყვის კონაში“ ის სიტყვა, რომელსაც ჩვენ არ ვხმარობთ და ტაბუდადებულია, ასე აქვს განმარტებული: „კაცთაგან ქალის დამდაბლება“. სულხან-საბა ორბელიანი, რომ თავისი დროისათვის მოწინავე აზროვნების პიროვნება იყო და არ იყო ჩაკეტილი, ეს ყველასათვის ცნობილია. და მაინც ასეთ განმარტებას გვაძლევს. ე.ი. თავისთავად ასეთი დამოკიდებულება ძალზე ძლიერია. ამიტომ, შეუძლებელია, რომ რასაც ჩვენს მენტალიტეტში ასე ღრმად აქვს ფესვები გადგმული, უცებ შეიცვალოს და ჩვენ ყველამ გავიღვიძოთ გენდერულად თანასწორ საზოგადოებაში.

პირადად მე, საკმაოდ გაბედული ადამიანი ვარ. რა მიშლიდა ხელს 5 წლის წინ მესაუბრა სექსიზმზე, გენდერულ პრობლემებზე? მაგრამ მაშინ საზოგადოება ამისათვის მზად არ იყო. დღეს საზოგადოება ამის მოსმენისათვის უკვე მზად არის. ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ თუ რა სტრატეგიით მივდივართ. მთავარი არის ის, რომ უნდა გამოვიყენოთ ძველი მემკვიდრეობა, ავიღოთ იქიდან პოზიტიური.

გიორგი მაისურაძე - განვიხილოთ ქართველ მოქანდაკეთა ნამუშევრები. XX საუკუნის 60-იანელ ავტორთა მიერ შექმნილ მამაკაცისა და ქალის ფიგურებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავება არსებობს. მკვეთრად ესმევა ხაზი მამაკაცის სექსუალობას - დავით აღმაშენებლის ქანდაკება რომ გავაანალიზოთ - ესაა სექს-ბომბის, ჰოლივუდის კინოვარსკვლავის ფიგურა. ამავე დროს შეიმჩნევა ავტორთა მაქსიმალურად დესტრუქციული დამოკიდებულება ქალის მიმართ. მე აქ ესთეტიკაზე არა მაქვს მსჯელობა - „ქართვლის დედა“, „ქეთევან წამებული“, ქართველი ქალის გოგი ოჩიაურისეული ქანდაკება სრულიად განსხვავებული ესთეტიკური ღირებულების ობიექტებია. მინდა ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ ეს არის ქალზე ძალადობის დემონსტრირება.

ლიკა ნადარაია - დაბალი თვითშეფასება არ აძლევს ქალს სიახლის მიღების შესაძლებლობას. მამაკაცები ბევრად უფრო ადვილად იღებენ სიახლეს იდეის დონეზე, ვიდრე ქალები, რისი საფუძველიც ქალის დაბალი თვითშეფასებაა, საკმარისია ქალმა არასწორი გაბედული ნაბიჯი გადადგას, რომ იგი სოციალურ იზოლაციაში ხვდება.

გიორგი მაისურაძე - ერთ მაგალითს მოვიყვან პოლიტიკის სფეროდან. მოქალაქეთა კავშირის წევრი ვიყავი და მახსოვს ამ კავშირის სხდომები. არც ერთი ქალის გამოსვლას, დარბაზი დადებითად არ შეხვედრია, რაც არ უნდა საინტერესოდ ესაუბრა ქალს, მისი გამოსვლა მამაკაცებში პროტესტის რეაქციას იწვევდა - განა შეიძლება, რომ ქალი მე, მამაკაცს ტრიბუნის სიმაღლიდან მელაპარაკებოდეს?

ნანა ხაზარაძე - თუ ქართულ ეთნოგრაფიულ მასალებს დავაკვირდებით, საინტერესო შედეგებამდე მივალთ. მაგალითად, ავიღოთ წყლის მოხვნის რიტუალი. აქ სქესობრივი აქტი იგულისხმება, მაგრამ ქართველი ამ სიტყვას არ ხმარობს - ის ტაბუდადებულია. ასეთი კულტურა შექმნეს ჩვენმა წინაპრებმა. ასე ჩამოყალიბდა ქართველი ეთნოსი. ახლა თქვენ გინდათ, რომ ერთ მშვენიერ დღეს, რაკი ამერიკაში, ჰოლანდიაში სხვანაირადაა, ჩვენც მათ მივბაძოთ? მე ამის წინააღმდეგი ვარ. თუ საზოგადოება ასე განვითარდება, მაშინ ჩვენ ძალიან ბევრ ეთნიკურ თვისებას დავკარგავთ და მე არ ვიცი ეს საჭიროა, თუ არა.

ნანა დევდარიანი - რა რელიგიაა ქრისტიანობა და კერძოდ მართლთლმადიდებლობა? ეს არის ტანჯვაზე აგებული რელიგია. დამყარებული თვითდათრგუნვაზე, მოთმენაზე, კათარზისზე. თუ ჩვენ ეს რელიგიური თავისებურება არ გავითვალისწინეთ, არასოდეს გვეცოდინება გენდერული უთანასწორობის ფესვები. ამას სერიოზული ანალიზი სჭირდება და არა ლოზუნგების დონეზე დარჩენა.

თითოეულ ჩვენთაგანს აქვს თავისი მოსაზრება, მიმართულება. საჭიროა სემინარების სერიების დაგეგმვა, სადაც მოხდება აზრების ურთიერთგაცვლა და მივალთ კონკრეტულ პროგრამამდე. დღეს ჩვენ შევეცადეთ უფრო ნათლად განგვემარტა ეს საკითხი.

თამარ აბრამიშვილი - დიდი მადლობა ყველა თქვენთაგანს მობრძანებისათვის. დიდი მადლობა მონაწილეობისათვის. საკითხები, რომლებიც დღეს მსჯელობის საგნად იქცა, ვფიქრობ, იმსახურებს ყურადღებას. დღეს საქართვლოში მრავალი საზოგადოებრივი ორგანიზაციაა და თუ ყველა თავის წვლილს შეიტანს ამ საკითხისათვის ნათელის მოფენაში, ამას უდავოდ სასიკეთო შედეგი ექნება მთელი საზოგადოებისათვის.

12 გენდერული პრობლემა საქართველოს განათლების სფეროში

▲ზევით დაბრუნება


ლიკა ნადარაია.
გიორგი მაისურაძე

განათლების სფერო საქართველოს საზოგადოებრივი ცხოვრების ალბათ იმ იშვიათ სფეროთაგანია, სადაც ქალის დისკრიმინაციის პრობლემა ნაკლებად მწვავედ და მანიფესტირებულად დგას. ამ თვალსაზრისით საკმაოდ კარგი მემკვიდრეობა გაგვაჩნია. ყოფილი საბჭოთა კავშირის მასშტაბით ქართველი ქალები შთამბეჭდავად ლიდერობდნენ განათლების, პროფესიონალიზმისა და კვალიფიკაციის საერთო დონით. მოსახლეობის 1989 წლის აღწერის მონაცემებით საქართველოში ყოველ 1000 ქალზე საშუალოდ მოდიოდა უმაღლესი განათლების მქონე - 204 და დაუმთავრებელი უმაღლესი განათლებისა და საშუალო-სპეციალური განათლების მქონე - 261 ქალი, მაშინ, როდესაც ანალოგიური მაჩვენებლები მამაკაცთათვის შეადგენდა 194-ს და 229-ს. აღსანიშნავია, რომ ყოველი 1000 ქალიდან საშუალოდ 842-ს ჰქონდა უმაღლესი განათლება ან დაუმთავრებელი უმაღლესი, საშუალო-სპეციალური ან საშუალო განათლება. დაწყებითი განათლების მქონე და განათლების არმქონე ქალთა ხვედრითი წილი ქალთა 5%25-საც არ წარმოადგენდა (“ქალთა დასაქმების საკითხები”, თბილისი, 1998 წ.)

მსგავსი მონაცემები იკვეთება დღესაც. სოციოლოგიური გამოკვლევები გვიჩვენებენ, რომ იშვიათი გამონაკლისის გარდა (გურია, იმერეთი, მცხეთა-თიანეთი, სამცხე-ჯავახეთი):

ა) ქალთა განათლების დონე უფრო მაღალია.

ბ) ქალთა განათლების დონე გაიზარდა ისევე, როგორც მამაკაცთა.

გ) ქალებს უფრო სურთ მიიღონ განათლება, ვიდრე მამაკაცებს.

დ) განათლების შესაძლებლობა ორივე სქესისათვის ერთნაირად გაიზარდა (UNDP-Social Psychological Research on State ob Woman in Georgia, Tbilisi, 1998 წ.).

საქართველოს დღევანდელი საკანონმდებლო ბაზაც და სახელმწიფო პოლიტიკაც კარგ ნიადაგს წარმოადგენს განათლების სისტემის განვითარებისათვის. 1997 წლისს ივნისში შემუშავდა კანონი განათლების შესახებ, რომლის თანახმადაც სახელმწიფო ვალდებულია ყველას შეუქმნას განათლების მიღებისათვის თანაბარი პირობები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.

სახელმწიფო უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროგრამების საერთაშორისო ნორმებთან და სტანდარტებთან შესატყვისობას.

სკოლამდელი განათლება უზრუნველყოფილია სახელმწიფოს მიერ. დაწყებითი განათლება აუცილებელია. საბაზისო განათლებას უზრუნველყოფს სახელმწიფო. მოქალაქეებს შეუძლიათ ასევე მიიღონ სახელმწიფო დაწესებულებებში საშუალო, პროფესიული და უმაღლესი განათლება გარკვეული წესის შესაბამისად და გარკვეულ ფარგლებში.

და მაინც, საზოგადოებრივ ასპარეზზე და განსაკუთრებით მმართველობით სტრუქტურებში აღინიშნება ქალთა მკვეთრი ნაკლებობა. მიუხედავად გოგონების სიჭარბისა უმაღლეს სკოლებში, არ ხდება ამ ინტელექტუალური პოტენციალის სათანადო გამოყენება.

ამ ფაქტის ერთ-ერთი მიზეზი თავად განათლების სისტემის არასრულფასოვნებაში უნდა ვეძებოთ. საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში არ არის დამუშავებული სპეციალური აღმზრდელობითი და საგანმანათლებლო პროგრამები, რომელთა მიზანიც ოჯახსა და საზოგადოებაში ქალის როლის გარშემო არსებული ნეგატიური სტერეოტიპების გადალახვაა. დღის წესრიგში არ დგას სახელმძღვანელოების გადახალისების საკითხიც, რომლის მიზანიც იქნება მათი გაწმენდა სქესობრივი სტერეოტიპებისაგან. მიჩნეულია, რომ ეს პრობლემა ქვეყნისათვის არ არის ტიპობრივი. დისკრიმინაციის პრობლემის იგნორირებას საქართველოში „ქალის კულტის“ არსებობის არგუმენტით ცდილობენ, თუმცა ზედაპირული დაკვირვებაც კი ცხადყოფს, რომ ეს არა ქალის, არამედ „დედის კულტია“ და ქალის ერთადერთ, ძირეულ ფუნქციად მოიაზრება მომავალი თაობის კვლავწარმოება და აღზრდა.

აქედან გამომდინარე, აღზრდასთან დაკავშირებული პროფესიები ქალის პრეროგატივადაა მიჩნეული. დაწყებით და საშუალო საგანმანათლებლო სისტემებში მამაკაცთა და ქალთა შორის ოჯახურ მოვალეობათა განაწილებისას ასევე დარღვეულია გენდერული ბალანსი.

ჩვენს მიერ ჩატარებულმა განათლების სფეროს კვლევის შედეგებმა თვალსაჩინოდ დაგვანახა ეს პრობლემა და დღის წესრიგში ამ მიმართულებით მუშაობის აუცილებლობის პრობლემა დააყენა.

თბილისის 10 გამოკვლეულ სკოლაში ქალი მასწავლებელი იყო 685, მამაკაცი - 70 (შეფარდება 1-10-თან); კლასის დამრიგებელი ქალი - 380, მამაკაცი - 7 (შეფარდება 1-54-თან) დაწყებითი კლასების მასწავლებელთაგან ცხრა სკოლაში 187 ქალზე არც ერთი მამაკაცი არ მოდიოდა. მხოლოდ ერთ (23-ე) სკოლაში იყო 7 მამაკაცი დაწყებითი სკოლის მასწავლებლად. სკოლების დირექციებშიც ქალები ჭარბობდნენ - 9 სკოლის დირექტორი და 37 მოადგილე ქალი აღმოჩნდა. სკოლის დირექტორის თანამდებობაზე მამაკაცი იყო მხოლოდ 1, მოადგილის თანამდებობაზე - 8. საგანმანათლებლო სისტემის მმართველობის ზედა რგოლებში თანდათანობით მატულობს მამაკაცთა რიცხვი. გამოკითხულ 6 რაიონის განათლების განყოფილების უფროსთაგან 4 აღმოჩნდა მამაკაცი და 2 ქალი. განათლების ამ განყოფილებების შტატის საერთო რაოდენობიდან 60 ქალი იყო და 15 მამაკაცი (შეფარდებით 1-4-თან). რაც შეეხება განათლების სამინისტროს, რომლის შტატის საერთო რაოდენობაც 127-ია - 56 იყო ქალი და 61 მამაკაცი. მინისტრი და მისი 4 მოადგილე მამაკაცები არიან, მხოლოდ 1 მოადგილეა ქალი. აღწერილი სურათი იმდენად თვალსაჩინოა, რომ შემდგომ კომენტარს არ საჭიროებს.

მასწავლებლის პროფესიასთან დაკავშირებით არსებული სტერეოტიპების გამოსავლენად შემდეგი გამოკითხვა ჩავატარეთ:

რომელი სქესის პროფესიად წარმოგიდგენიათ მასწავლებლობა?

ვინ უნდა იყოს სკოლის დირექტორი?

ვინ უნდა იყოს კლასის ხელმძღვანელი?

ვინ წარმოგიდგენიათ ჰუმანიტარული საგნების (ენა, ლიტერატურა, ისტორია და ა.შ.) მასწავლებლად?

ვინ წარმოგიდგენიათ საბუნებისმეტყველო საგნების (ფიზიკა, ქიმია, მათემატიკა და ა.შ.) მასწავლებლად?

ვინ წარმოგიდგენიათ დაწყებითი კლასების მასწავლებლად?

რომელი სქესის მასწავლებელია უფრო მკაცრი?

რომელი სქესის მასწავლებელია უფრო სამართლიანი?

რომელი სქესის მასწავლებელთან უფრო გიადვილდებათ ურთიერთობა?

რომელი სქესის მასწავლებელთან უფრო ხშირია კონფლიქტი?

ეს 10 კითხვა შევავსებინეთ 583 მოსწავლეს და 116 მასწავლებელს. აქედან ქალებისა და გოგონების საერთო რაოდენობა იყო 402, ამათგან მასწავლებელი იყო 93, ხოლო მოსწავლე - 309; გამოკითხულ მამაკაცთა საერთო რაოდენობა უდრიდა 297-ს, სადაც 23 მასწავლებელი იყო და 274 - მოსწავლე.

კითხვაზე, თუ რომელი სქესის პროფესიად წარმოუდგენიათ მასწავლებლობა, თითქმის ყველა ჯგუფში ერთნაირი პასუხი მივიღეთ.

ნეიტრალური პასუხი იყო 66,7 შემთხვევაში. ქალს უკავშირებდა მასწავლებლის პროფესიას 27,5%25 და მხოლოდ 5,4%25 მიიჩნევდა მასწავლებლის პროფესიას მამაკაცის პრეროგატივად.

კითხვაზე თუ „ვინ უნდა იყოს სკოლის დირექტორი?“ ასევე ერთმნიშვნელოვანი პასუხი მივიღეთ ყველა ჯგუფში: გამოკითხულთა 55,8%25-მა მამაკაცს მიანიჭა უპირატესობა, 34,2%25-მა ნეიტრალური პასუხი მოგვცა ამ კითხვაზე და მხოლოდ 10%25-მა ჩათვალა, რომ სკოლის დირექტორობა ქალის ფუნქციაა.

სტერეოტიპული პასუხი მივიღეთ მესამე კითხვაზეც - 65,8 შემთხვევაში კლასის ხელმძღვანელის ფუნქცია მიანიჭეს ქალს. ოდნავ ნაკლები მაჩვენებელი ჰქონდა პედაგოგთა ჯგუფს - 51.7%25. 25.5%25-მა (მასწავლებლების ჯგუფში 40,5%25) უპირატესობა არ მიანიჭა არც ერთ სქესს, ხოლო 8,7%25-მა მამაკაცს დაუკავშირა კლასის ხელმძღვანელობა. მკვეთრი სტერეოტიპების არსებობა დადგინდა არა მხოლოდ განათლების სისტემის იერარქიასთან მიმართებაში, არამედ ჰუმანიტარული და საბუნებისმეტყველო საგნების განსაზღვრისასაც. კითხვაზე თუ ვინ წარმოუდგენიათ ჰუმანიტარული საგნების მასწავლებლად, გამოკითხულთა 59,2%25-მა აღიარა ქალი. გამონაკლისს წარმოადგენდა პედაგოგთა ჯგუფი - აქ მხოლოდ 44,0%25-მა მიაკუთვნა ჰუმანიტარული პროფესიები ქალს. 52,6%25-მა მნიშვნელოვნად არ ჩათვალა სქესობრივი მომენტი. ამის საპირისპიროდ მოსწავლეთა მხოლოდ 28,8%25-მა უპასუხა ამ კითხვაზე ნეიტრალურად.

ოდნავ ნაკლები სტერეოტიპულობა გამოვლინდა საბუნებისმეტყველო საგნებთან მიმართებაში. კითხვაზე თუ „ვინ წარმოუდგენიათ საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებლად?” - 48,5%25-მა აღიარა მამაკაცი. მაშინ, როდესაც ქალის ქმედების სფეროდ ეს საგნები მხოლოდ 20,6%25-მა ჩათვალა. საგულისხმოა, რომ ამ კითხვაზე ნეიტრალური პასუხი უმთავრესად აღინიშნა მასწავლებლების ჯგუფში (41,4%25, მაშინ როდესაც მოსწავლეებთან 28,8%25-ია).

რაც შეეხება დაწყებითი კლასის მასწავლებლის სქესს, სტერეოტიპულობა აქ ყველაზე მაღალი აღმოჩნდა. გამოკითხულთა 93,7%25-მა ერთმნიშვნელოვნად დაუკავშირა დაწყებითი კლასის მასწავლებლობა ქალს. მასწავლებლის სქესთან გარკვეული პიროვნული თვისებების დაკავშირებისას როგორიცაა სიმკაცრე, სამართლიანობა - გამოკითხულებმა ნაკლები სტერეოტიპულობა გამოავლინეს. მეშვიდე კითხვაზე პასუხები თანაბრად განაწილდა, ხოლო მერვე კითხვაზე აღინიშნა ნეიტრალური პასუხების დიდი რაოდენობა, უპირატესობა კი მაინც მამაკაც მასწავლებელს მიენიჭა.

პასუხების სიხშირეთა თითქმის თანაბარი განაწილება მივიღეთ მეცხრე შეკითხვაზე - „რომელი სქესის მასწავლებელთან უფრო გიადვილდებათ ურთიერთობა?“ აღსანიშნავია, რომ განსხვავება გამოვლინდა ბიჭებისა და გოგონების პასუხებს შორის. ბიჭები უფრო ადვილად საურთიერთოდ ქალ მასწავლებელს ასახელებენ (44,3%25 ქალი, 15,2%25 მამაკაცი; 40,5%25 ნეიტრალური პასუხი), გოგონები მამაკაც მასწავლებელს ანიჭებენ ამ მხრივ უპირატესობას (24,6%25 ქალი; 39,4%25 მამაკაცი, 28,3%25 ნეიტრალური პასუხი).

გოგონებიცა და ბიჭებიც უფრო კონფლიქტურად ქალ მასწავლებლებს თვლიან. ამისი ახსნა, როგორც თავად მოვლენაში, ასევე ქალი მასწავლებლის ფსიქოლოგიურ და სოციალურ სიახლოვეში შეიძლება ვეძებოთ, რაც კონფლიქტს უფრო ბუნებრივსა და შესაძლებელს ხდის. ცნობილია, რომ სოციალური დისტანცია კონფლიქტის შესაძლებლობასაც ამცირებს. უნდა ვიფიქროთ, რომ რადგან მამაკაცი ნაკლებ ბუნებრივად აღიქმება მასწავლებლის როლში, მამაკაც მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის სოციალური დისტანცია უფრო დიდია, რაც კონფლქტების სიხშირეს ამცირებს.

ჩატარებულმა გამოკითხვამ და მიღებული მონაცემების ანალიზმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ჩვენში განათლების სფერო ჯერ კიდევ ტრადიციულ მარწუხებშია მომწყვდეული. ისევე, როგორც ოჯახში, სასკოლო აღზრდის საქმეშიც მამაკაცთა წვლილი დრამატულად მცირეა. ამ სფეროში გამეფებული სტერეოტიპების სიმტკიცე ეჭვგარეშეა - მომავალი თაობის აღზრდა ძირითადად აღიქმება ქალის ბუნებრივ დანიშნულებად და არა სოციალურ როლად, რომელიც ერთნაირად შეიძლება იტვირთოს ქალმაც და მამაკაცმაც. ყოველივე ეს იწვევს გენდერული ბალანსის დარღვევას, რაც მტკივნეულად ვლინდება მომავალ თაობათა ფორმირებაში. აუცილებელია გენდერის საჭიროების შესახებ პროგრამების შემუშავება მასწავლებელთათვის, რომელნიც პასუხს აგებენ ამ საკითხების გავრცელებასა და წარმართვაზე. ასევე მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისათვის ხელის შეწყობა, რაც გენდერის თანასწორობას ამკვიდრებს.

მიუხედავად იმისა, რომ დასაქმების სფეროში დისკრიმინაცია არ დაიშვება და შრომის კოდექსის თანახმად სამსახურებრივი წინსვლა მხოლოდ კვალიფიკაციასთან და დამსახურებასთან არის კავშირში და არა სქესობრივ ნიშანთან, აქაც სტერეოტიპები განსაზღვრავენ რეალურ სიტუაციას. მიუხედავად საგანმანათლებლო სისტემაში ქალთა პრივალირებისა, მათი წარმომადგენლობა მმართელობის ზედა ეშელონში მკვეთრად კლებულობს. საგულისხმოა და გასათვალისწინებელი, რომ ამას ადგილი აქვს განათლების სისტემაში, სადაც დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და სქესობრივი სტერეოტიპების რღვევის ფუნდამენტი უნდა იდებოდეს.

13 რა არის ძალადობა?

▲ზევით დაბრუნება


ნანა ბერიკაშვილი

სინონიმები: აგრესია, სასტიკი მოპყრობა, შეურაცხოფა, იძულება, ხელყოფა, წამება, მუქარა.

რა არის ძალადობა და ვის მიმართ ხორცილდება იგი?

ძალადობა არის ყოველგვარი ქმედება ან სიტყვა, რომელსაც შეუძლია ადამიანი შეურაცხჰყოს, ზიანი მოუტანოს მას ან შეულახოს კანონით მინიჭებული უფლებები.

ძალადობის დღოს ითრგუნება ადამიანის ნება, შელახულია მისი ხელშეუხებლობა, ღირსება, და თავისუფლება. ესენი კი ადამიანის განუყოფელი უფლებებია.

რა თქმა უნდა, ძალადობა შეიძლება განხორციელდეს არა მარტო ადამიანის მიმართ. ძალადობის მსხვერპლი ხშირად დაუცველი ცხოველიც ხდება. სასტიკი მოპყრობა განსაკუთრებით საზარელია მაშინ, როდესაც მას სუსტი და დაუცველი არსებების მიმართ სჩადიან. როგორც წესი, სწორედ ასეც ხდება.

ვინ ახორცილელებს ძალადობას?

ძალადობას შეიძლება ახორციელებდეს ერთი ადამიანი, ადამიანთა ჯგუფი ან მთელი საზოგადოება. მათი ძალადობრივი ქცევა შეიძლება ეხებოდეს მეორე ადამიანს ან სხვა ჯგუფს.

ადამიანის უფლებების თვალსაზრისით ყოველგვარი ძალადობა დაუშვებელია. მას კრძალავს და სჯის კანონი.

მიუხედავად ამისა, ჩვენს გარშემო მაინც ბევრია ძალადობა. ძლიერი ძალადობს სუსტზე; უფროსი-უმცროსზე; მაღალი სოციალური მდგომარეობის მქონე თანამდებობის პირი ან მდიდარი ძალადობს დაუცველზე და ღარიბზე.

ძალადობას ასევე სჩადის ადამიანი, რომელმაც არ იცის, რომ ძალადობა ცუდია; ან არ იცის, რომ ის, რასაც ის სჩადის - ძალადობაა.

ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, ვერკვეოდეთ, თუ რა არის ძალადობა.

რა არის გენდერული ძალადობა?

ხშირად ძალადობას სქესისმიერი ხასიათი აქვს. რას ნიშნავს ეს?

  • გოგონა სკოლიდან გამოსვლისას ხშირად ხვდება ვაჟს, რომელიც თავიდან ფეხებამდე ათვალიერებს მას, თითქოს აშიშვლებს, ხან დაუსტვენს ან რაიმე უწმაწურ სიტყვებს მიადევნებს სხვების გასაგონად. გოგონა საშინლად სწუხს და შეურაცხყოფილად გრძნობს თავს. ლამის სკოლაში აღარ იაროს.

  • ბიჭი თავის შეყვარებულს უშლის სხვებთან იმეგობროს, უწყობს ეჭვიანობის სცენებს, ემუქრება, რომ მასზე ცუდს იტყვის;

  • მეზობლებს ხშირად ესმით მამაკაცის ყვირილი, უშვერი სიტყვები და საგნების ლეწვის ხმა, რომელიც მეზობლად მცხოვრები ცოლ-ქმრის ბინიდან გამოდის.

  • მაღალანაზღაურებად სამსახურში უფროსი თანამშრომელ ქალებთან სექსუალურად შეფერილ ხუმრობებს ხმარობს, დროს რომ მოიხელთებს ხელებს უცაცუნებს და უხერხულ შეთავაზებებს უკეთებს. თანამშრომლებს სამსახურის დაკარგვის ეშინიათ და ამაზე არსად არ ლაპარაკობენ.

  • ავღანეთში, რელიგიური წესის თანახმად, ქალი არ უნდა გამოჩნდეს საზოგადოებრივ ადგილებში. თუ იგი დაარღვევს ქცევის წესებს, საზოგადოებას, გარეშე პირებს, სხვა მამაკაცებს უფლება აქვსთ ქვებით ჩაქოლონ იგი, რასაც ხშირად მიმართავენ კიდეც.

  • ზოგიერთ საზოგადოებაში გავრცელებული პრაქტიკაა ქალის მოტაცება მისი ცოლად შერთვის მიზნით.

როგორც უკვე ვთქვით, უფრო მოსალოდნელია, რომ ძლიერი ძალადობდეს სუსტზე; ის, ვისაც საზოგადოებაში უფრო მაღალი მდგომარეობა აქვს - უფრო დაბალი მდგომარეობის მქონეზე; უფროსი - უმცროსზე; აგრესიული - ნაკლებ აგრესიულზე; ადამიანები ძალადობენ იმაზე, ვინც მათზეა დამოკიდებული და მათ გარეშე არსებობა გაუჭირდება.

ჩვენს საზოგადოებაში, როგორც წესი, პირველს (ანუ ძლიერს, უფროსს, მაღალი მდგომარეობის მქონეს, დამოუკიდებელს და ა.შ.) მამაკაცი წარმოადგენს, ხოლო მეორეს - ქალი. თუმცა იშვიათად, ხდება პირიქით. როდესაც მამაკაცი ქალის მიმართ ძალადობრივ ქცევას ახორციელებს, იმის გამო რომ ის ქალია, ამას გენდერული ძალადობა ეწოდება. გენდერი ინგლისური სიტყვაა და ნიშნავს სქესს - ქალებს, კაცებს, ბიჭებს, გოგონებს. ოღონდ, როდესაც სქესი აღნიშნავს მათ შორის არსებულ ბიოლოგიურ განსხვავებას; გენდერი - იმ განსხვავებებს განსაზღვრავს, რომლებიც ადამიანთა საზოადოებამ ამა თუ იმ სქესს მიაწერა. ეს არის ის, თუ როგორები გვგონია ქალები და მამაკაცები, რას ვუწოდებთ ქალურობას და მამაკაცურობას, რა გვგონია რომ უნდა აკეთონ ქალებმა და კაცებმა...

რას ეფუძნება გენდერული ძალადობა: განსაკუთრბული უფლებები, ორმაგი მორალი, აღზრდა, ტრადიციები.

ჩვენს გარშემო ხშირად გაიგონებთ ასეთ აზრებს, რომ კაცი უფრო თავისუფალი, უფრო დამოუკიდებელი უნდა იყოს. მისთვის ნებადართულია აგრესიის გამოხატვა, მან უნდა აკონტროლოს სიტუაცია, მართოს ქალები, მამაკაცმა უნდა გადაწვიტოს რისი უფლება აქვს ქალს და რისი არა, თქვას გადამწყვეტი სიტყვა, მოითხოვოს მორჩილება და დასაჯოს „ურჩი“ - მოკლედ, ისარგებლოს განსაკუთრებული უფლებებით.

ჩვენს საზოგადოებაში უკვე გავრცელებულია აზრი, რომ მამაკაცს აქვს უფლება და მისთვის სასურველიცაა ადრიდანვე მიიღოს სქესობრივი გამოცდილება; ქალი კი გათხოვებამდე ქალწული უნდა იყოს და არავითარი სქესობრივი გამოცდილება არ უნდა გააჩნდეს. ცოლ-ქმრულ ცხოვრებაში ღალატი ზოგადად დაუშვებელია, მაგარმ ქალი ასეთი საქციელისათვის გაცილებით უფრო ძლიერ იკიცხება და ისჯება ვიდრე მამაკაცი.

საზოგადოებაში გაბატონებულ მაგვარ შეხედულებას ორმაგი მორალი ან ქცევის ორმაგი სტანდარტი ეწოდება. ორმაგი მორალით ერთს (მაგალითად საზოგადოების ერთ რომელიმე ჯგუფს) განსაკუთრებული, პრივილეგირებული უფლებები აქვს მეორესთან შედარებით. მაგრამ, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით, ჩვენი კონსტიტუციით, მრავალი სხვა სამართლებრივი დოკუმენტით და, რაც მთავარია უბრალო ადამიანური სამართლიანობის წესით, „ყველა ადამიანი თავისუფალი და თანასწორია თავისი ღირსებით და უფლებებით განურჩევლად რაიმე განსხვავებისა, მათ შორის სქესისა“.

ამიტომ, არ არსებობს და არც შეიძლება არსებობდეს არავითარი განსაკუთრებული უფლებები მამაკაცებისა და ვაჟებისათვის.

სწორედ ამ განსაკუთრებული უფლებებიდან გამომდინარე ასევე დაუშვებელია რაიმე ძალადობა. არადა, მშობლები მრავალ შემთხვევაში ბიჭებს ისე ზრდიან, რომ მათგან მომავალი მოძალადეები გამოიყვანონ. მათ არ უშლიან იყვნენ აგრესიულები; პირიქით, აქეზებენ კიდეც პირველობისაკენ; შთააგონებენ მათ, რომ სიბრალული და ნაზი გრძნობები არ არის ბიჭის საქმე; რომ შეუძლიათ გამოხატონ ბრაზი და იყვირონ; შთააგონებენ, რომ გოგოებზე უკეთესები არიან, ეს ყველაფერი ქალების მიმართ გენდერული ძალადობის მშვენიერი საფუძველია!

გოგონებს კი ამის საპირისპიროდ ასწავლიან, რომ უნდა დაუთმონ ვაჟებს, არ გამოიჩინონ ზედმეტი ინიციატივა, არ გამოხატონ თავიანთი უკმაყოფილება უთანასწორობის მიმართ, იყვნენ პასიურები. გოგონას შთაგონებული აქვს, რომ ბიჭზე რაღაცით ნაკლებია.

ძალიან დიდი ზიანის მომტანია გოგონესათვის ის აზრი, რომ თუ მას ერჩიან და ცუდად ექცევიან, დანაშაული საკუთარ თავშივე უნდა ეძებოს. ხომ გაგიგონიათ „კარგი ცხენი მათრახს არ დაირტყამსო“? სწორედ ამ მორალს უნერგავს ხშირად გოგონებს - თუ მას ცუდად მოექცნენ, თუ მას სექსუალური შეუაცხყოფა მიაყენეს, და ზოგადად თუ რაიმე სახის ძალადობის მსხვერპლი გახდა - ეს მისივე ბრალია. ესეც გენდერული ძალადობის კარგი საფუძველია. ასე რომ ბიჭებისაგან ასე მოძალადეები გამოდიან, ხოლო გოგონებისაგნ ძალადობის მსხვერპლები.

რჩევები გოგონებს

ქალებისა და მამაკაცების უფლებები და, შესაბამისა, გოგონებისა და ბიჭების უფლებები თანაბარია. ყოველგვარი განსხვავების ხაზგასმა უკანონო და უზნეოა. თუ თქვენ ძალადობის მოწმე ხართ ან ძალადობას იტანთ, თქვენც თქვენც მოძალადის თანამონაწილე ხებით.

ძალადობა, ეს ის შემთხვევაა, რომლის დაფარვა და მოძალადის გამართლება დაუშვებელია. ეს ძალადობის მომატებას და გამრავლებას გამოიწვევს.

თუ თქვენზე ვინმე ძალადობს, თქვენი ბრალი როდია. ეს მისი ბრალია. თქვენ გაქვთ უფლება ეძებოთ თქვენთვის შველა, და სასჯელი მოძალადისათვის.

ვის მივმაროთ?

ძალადობის შემთხვევაში შეგვიძლია მხარდაჭერა ვეძებოთ მეგობრებთან, მშობლებთან, სხვა ნათესავებთან და მასწავლებლებთან. კარგია, თუ დახმარებისათვის პროფესიონალს მივმართავთ, მაგალითად სკოლის ფსიქოლოგს. თუ ძალადობა განსაკუთრებით საშიშია, აქ პოლიცია უნდა ჩაერიოს. დღეს საქართველოში ფსიქოლოგიურ დახმარებას მრავალი პუნქტი და ნდობის ტელეფონები, ზოგიერთები კი სპეციალურად გოგონებისათვისაა განკუთვნილი მათ მისამართები და ტელეფონის ნომრებს ამ სტატიის ბოლოში იხილავთ.

ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ძალადობის ფაქტი არ დაიფაროს და გამოაშკარავდეს! თუ ჩვენზე ძალადობენ ეს ჩვენი სირცხვილი კი არ არის, ეს მოძალადის სირცხვილია და უფრო მეტიც - მისი დანაშაულია. ამიტომ ერთი მხრივ თუ ჩვენ დაცვა გვჭირდება, მეორე მხრივ, მოძალადის მიმართაც აუცილებლად უნდა გატარდეს ზომები, რათა ძალადობა შეწყდეს და აღარ განმეორდეს.

სამწუხაროდ, საკმაოდ გავრცელებულია აზრი, რომ ძალადობა უნდა დამალო, არ „დააბეზღო“, მოუთმინო, სადამდეც შეგიძლია. ეს აზრი მცდარია და მავნეა. ძალადობას ბოლო მხოლოდ მისი მხილების შემდეგ მოეღება, ხოლო თუ ზოგიერთი ადამიანი ასე ფიქრობს, ეს მათი ზნეობრივი ნაკლია. მათ არ გააჩნიათ არც სამართლიანობის გრძნობა, არც თანადგომა და სიბრალული და არც იმის უნარი, რომ მოვლენებს თავისი სახელები დაარქვან. ამის გარდა, ეს მათ მიერ ადამიანის უფლებების და კანონების ელემენტალურ უცოდინარობაზე მეტყველებს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ასევე გავრცელებული აზრი, რომ თუ ჩვენზე ძალადონას აქვს ადგილი, ეს ჩვენივე ბრალია, თითქოსდა ჩვენ გამოვიწვიეთ ეს ძალადობა და ამიტომ ჩვენ თვითონ უნდა შევცვალოთ ქცევა. ასეთი აზრები ცნობილია „მსხვერპლის დადანაშაულები“ ფენომენის სახელით. ეს აზრი ასევე მცდარია. არ არსებობს ადამიანი, რომელსაც სურდეს შეურაცხყოფილი, დამცირებული ან დაზარალებული იყოს. ხოლო შესაცვლელი, მოძალადის ქცევა და საზოგადოების ამგვარი მავნე შეხედულებებია.

სად ვხვდებით ძალადობას?

გენდერულ ძალადობას, ანუ ძალადობას ქალ-ვაჟის ურთიერთობაში შეიძლება ადგილი ჰქონდეს როგორც ქუჩაში, ასევე ნაცნობების წრეში, როგორც უცნობებს, ასევე შეყვარებულებს შორის, სკოლაში, და თქვენ წარმოიდგინეთ, ოჯახშიც კი.

ყოველთვის ადვილი როდია იმის გამოცნობა და დარწმუნებით ცოდნა, თუ რაში მდგომარეობს ძალადობა, ამასობაში კი ძალადობა კიდევ უფრო მძიმდება. ამიტომ ადრევე უნდა შევიცნოთ ძალადობრივი ქცევა და სწორი გზები ვიპოვოთ მის შესაჩერებლად. გასარკვევად შეიძლება ფსიქოლოგიურ დახმარებასაც მივმართოთ. აი, მაგალითები იმისა, თუ რა ფორმით შეიძლება განხორციელდეს ძალადობა ქალ-ვაჟის ურთიერთობაში.

ალადობა გონებაზე: როცა ერთი ადამიანი ყოველთვის აკონტროლებს მეორეს, აბრალებს იმას, რასაც თვითონვე სჩადის, არ აძლევს სხვა მეგობრების ყოლის უფლებას, მოითხოვს, რომ მეორემ მას სიყვარული დაუმტკიცოს მისთვის არასასურველი საშუალებით, ატყუებს, რომ უყვარს, რათა აიძულოს სქესობრივ ურთიერთობაში შევიდეს მასთან.

ძალადობა გრძნობებზე: ერთი ადამიანის მიერ მეორის დამცირება, საზოგადოების წინაშე შერცხვენა, პარტნიორის აზრის და გრძნობების გაუთველისწინებლობა, დევნა, თვალთვალი, ეჭვიანობა და მესაკუთრეობა, მეორე ადამიანის რეპუტაციის შელახვა, დადანაშაულება საკუთარ უღირს ქცევაში და ა.შ.

სიტყვიერი ძალადობა: ყვირილი, გინება, მეორესთვის სიტყვის გაწყვეტინება.

სქესობრივი ძალადობა: არასასურველი შეხება, ბინძური სიტყვები, სექსის დაძალება, იმის არგაგონება, რომ გეუბნებიან „არა“-ს, გაუპატიურება, ვინმეს დაფეხმძიმება მისი ნების გარეშე.

ფიზიკური ძალადობა: სილის გაწვნა, დევნა, დარტყმა, ცემა, ხრჩობა, იარაღის გამოყენება, ნივთების სროლა და მტვრევა მეორეს დასანახად, სხვის შესაშინებლად მანქანის გადაჭარბებული სიჩქარით ტარება, ალკოჰოლის ან ნარკოტიკების დაძალება.

სექსუალური აგრესია სკოლაში

სკოლის ბოლო წლები ემთხვევა მოზარდთა სქესობრივი მომწიფების პერიოდს. ამ ასაკში ბიჭებსაც და გოგონებსაც ერთმანეთის მიმართ ინტერესი ემატებათ. მაგრამ ზოგჯერ ეს ინტერესი აგრესიულ ფორმას იღებს. ხშირია შეურაცხყოფები.

შემჩნეულია, რომ ბიჭი სექსუალურ შეურაცხყოფას მიმართავს სხვების დასანახად. ამ ქცევით ბიჭი გარდა სექსუალური ინტერესისა, თავის ძალაუფლებასაც უჩვენებს გოგნას. ის ამკვიდრებს, რომ „ამიერიდან ის არის მთავარი ქალ-ვაჟის ურთიერთობაში“.

როდესაც ასეთ სექსუალურ ძალადობას ადგილი აქვს სკოლაში და მისი მოწმენი მასწავლებლები და თანატოლების არიან, ამას იშვიათად მოჰყვება ხოლმე რეაგირება. თუ კი მოჰყვება, ხშირად ისევ გოგონას დაადანაშაულებან: ასე რატომ იქცეოდა? ... ასე რატომ თქვა? ... ალბათ თვითონ უნდოდა ... სხვებს რატომ არ უკეთებენ იგივეს და სხვა.

ხომ გახსოვს ამას რა ქვია? დიახ, მსხვერპლის დადანაშაულება.

სხვების გაჩუმება ძალადობის დროს ბიჭებს ასწავლის, რომ მათი (ბიჭების, მამაკაცების) უპირატესობის წარმოჩენა ასეთი ფორმითაც კი მისაღებია. ზოგჯერ სხვები ამას იუმორითაც უყურებენ, თითქოს რაღაც სასაცილო ხდებაო.

ბიჭებში საკმაოდ გავრცელდა ისეთი ხუმრობები, რომლებიც ამცირებს და აკნინებს გოგონებს. ესეც უპირატესობის მოპოვების განსაკუთრებული მეთოდია. გაიხსენეთ გამოთქმები ქალების-გოგონების ისტერიულობაზე, უჭკუობაზე, სიმხდალეზე ან მსუბუქ ყოფაქცევაზე...

რჩევები გოგონებს

აგრძნობინეთ ვაჟებს, რომ კატეგორიულად უარყოფთ ასეთ დამოკიდებულებას;

არ გაიცინოთ ქალის დამამცირებელ ხუმრობებზე, განსაკუთრებით, როცა ეს სხვა გოგონას ან ქალს ეხება. ჩვენ პასუხს ვაგებთ ერთმანეთზე. გაკვირვებით შეხედეთ ხუმრობის ავტორს, ისე, რომ უხერხულობა გაჩნდეს და მეორე სხვა გოგონას ჰკითხოთ: ნეტავი რისი თქმა უნდოდა? გოგონებს ხშირად ჰგონიათ, რომ სექსუალური შეუარცხყოფით, ბიჭები მათ მიმართ სიყვარულს ან მოწონებას გამოხატავენ. ამიტომ პატიობენ და არის შემთხვევები, რომ ამით ამაყობენ კიდევაც.

როგორ გავარჩიოთ მოწონებაა ეს თუ არა?

მოვწონვარ/ვუყვარვარ როცა არის: ურთიერობა, პასუხისმგებლობა, მეგობრობა, გულახდილობა, გაზიარება, პატივისცემა, ზრუნვა, ნდობა.

არ მოვწონვარ/არ ვუყვარვარ როცა არის: მუქარა, ძალის გამოყენება, მესაკუთრული გრძნობა, ეჭვიანობა, შიში, აკვიატება, ძალადობა.

რჩევები გოგონებს:

ნუ დადგებით მოძალადი მხარეს. უჩვენეთ თქვენი მხარდაჭერა ძალადობის მსხვერპლს.

უჩენეთ სხვებს, რომ თქვენი მეგობრის დამცირება თქვენთვის მიუღებელია.

სასკოლო ძალადობის შემთხვევა ნუ მოგერიდებათ ჩართოთ მოზრდილი - მასწავლებელი ან მშობელი.

შეუწყვეთ ხელი მეგობრებს ღიად ილაპარაკონ ისეთ გრძნობებზე და ქცევებზე, რომლებიც მათ შეურაცხყოფთ.

გენდერული ძალადობის ტრადიციული ფორმები

მოტაცებაქართულად

ადამიანის მოტაცება მძიმე დანაშაულია. მაგრამ როდესაც საქმე ვაჟის მიერ ქალის მოტაცებას ეხება, ეს თითქოს დანაშაულადაც არ ითვლება. აღარ აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე, ოჯახები ხშირად მოილაპარაკებენ და საქმეს მიჩქმალავენ ან ახალგაზრდებს ძალადობის საფუძველზე ოჯახს შეაქმნევინებენ. ამით ყველა კმაყოფილია და არავის აინტერესებს დაზარალებულის მდგომარეობა, გრძნობები. არადა, შეიძლება ადგილი ჰქონდეს მრავალგზის ძალადობას: მოტაცებას, გაუპატიურებას, ძალით დაქორწინებას ანუ ფიზიკურ ხელყოფას და ღირსების და თავისუფლების შელახვას. მსხვერპლი ანუ დაზარალებული უსუსურია. იგი ხშირად ძალიან ახალგაზრდაა იმისთვის, რომ თავი დაიცვას და წინ აღუდგეს მის მიმართ განხორციელებულ ამდენ უსამართლობას. მას თავი დამნაშავეც კი ჰგონია, რაც მასზე ძალადობით ჩაიდინეს. იგი მორჩილად იღებს სხვათა გადაწყვეტილებას და... შესაძლოა მთელი ცხოვრება უბედურიც იყოს.

ამ მოვლენაში დიდი მნიშვნელობა აქვს ჯერ კიდევ შემორჩენილ, ტრადიციულ წარმოდგენებს ქალისა და მამაკაცის ადგილზე და, შესაბამისად, უფლებებზე. ქალი ამ წარმოდგენებში ობიექტია ან „საქონელი“, რომლის ბედსაც მამაკაცი ან ზოგადად სხვები წყვეტენ. ეს საქონელი ქორწინებამდე შეუხებელი უნდა იყოს, თორემ „გაფუჭებულად“ ჩაითვლება. გაფუჭებულ საქონელს ფასი არა აქვს. გოგონა კი არც ობიექტია და არც საქონელი. ის სრულუფლებიანი პიროვნებაა, რომელსაც აქვს უფლება თვითონ გადაწყვიტოს თავისი ბედი. უფრო მეტიც, მოითხოვოს პასუხისმგებლობა მასზე განხორციელებული დანაშაულისათვის.

მოტაცება, იგივე ორმაგი მორალის გამოხატულებაა. ჩვენი საზოგადოების გარკვეული ნაწილი ზედმეტად მომთმენია ამ ძალადობის მიმართ და ძალზე მოუთმენელი ქალწულობის დაკარგვის მიმართ. ამიტომ, ვაჟები თითქმის დარწმუნებულნი არიან თავიანთი ქცევის სისწორეში და შემდგომ დაუსჯელობაში. გოგონას კი ეშინია, რომ მას ახლობლებიც კი აღარ მიიღებენ, თუმცა ის დამნაშავე კი არა, მსხვერპლია.

ხშირ შემთხვევაში, გოგონებ საკუთარი მშობლების იმედიც არა აქვთ. მათ ჰგონიათ, რომ მშობელს ურჩევნია ოჯახის სახელის „სისუფთავე“ შეინარჩუნოს, არ უღალატოს „ტრადიციას“, რომ მათ აღარ ეყვარებათ შვილი, რომელმაც „ქალწულობა“ დაკარგა. ზოგჯერ მართლაც ასეა, მაგრამ უფრო ხშირად მოტაცების მსხვერპლი უფრო ვარაუდობს ამას, ვიდრე დანამდვილებით იცის.

რჩევები გოგონებს

გამოხატეთ კატეგორიული პროტესტი მოტაცების მიმართ. სხვა გოგონებთან ერთად თქვენ შეგიძლიათ მოტაცების მიუღებლობა დანერგოთ. სადაც კი შეხვდებით, ამხილეთ ორმაგი მორალი. მოიშველიეთ ადამიანის უფლებები და ქალთა უფლებები. თუ თქვენი ახლობელი მოიტაცეს, ურჩიეთ დაელაპარაკოს მშობლებს. შეიძლება მათ არ იცოდნენ ერთმანეთის ნამდვილი გრძნობები და ფიქრები.

არავინ არ არის მოვალე შეეგუოს მძიმე ხვედრს. თქვენ საუკეთესო მომავლის ღირსები ხართ.

არ ენდოთ მოძალადეს. ის ვინც ძალადობა ერთხელ გამოიყენა მიზნის მისაღწევად, სხვა დროსაც მიმართავს მას.

მოტაცებული გოგონა არ უნდა ელოდეს, რომ მას ახალ სახლში ანგარიშს გაუწევენ. მან ხომ თავისი ნება ყველაზე მნიშვნელოვან საკითხშიც დათმო, მაშ დანარჩენშიც დათმობა მოუწევს.

ვის შეგვიძლია მივმართოთ გენდერული ძალადობის შემთხვევაში:

  • ბავშვთა და მოზარდთა უფლებების დარღვევის შემთხვევაში - ოპერატიული რეაგირების სამსახურს, ტელ. 950996, 11-6 სთ-მდე (შაბათ-კვირის გარდა).

  • ქალთა საკონსულტაციო ცენტრს - „სახლი“, ტელ. 227591 (შაბათ-კვირის გარდა).

  • „საფარს“ - ძალადობის მსხვერპლთათვის, ანონიმური სატელეფონო ხაზი: 979233.

  • ფსიქო-სოციალური დახმარების ცენტრს - „ნდობა“, ტელ. 989335.

  • ნდობის ტელეფონის საყმაწვილო არხს: 951396.

14 საზოგადოების დამოკიდებულება სექსუალური უმცირესობების მიმართ

▲ზევით დაბრუნება


ლიკა წულაძე

ჰომოსექსუალიზმი ფართოდ გავრცელებული მოვლენაა. სხვადასხვა მონაცემის მიხედვით, გამოკვეთილად ჰომოსექსუალური ორიენტაციისაა 1-2%25-დან 5-6%25-მდე მამაკაცი და 3-4-%25-მდე ქალი.

ჰომოსექსულიზმსა და მის მიმართ დამოკიდებულებას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ნებისმიერი კულტურის სქესობრივი და სექსუალური სიმბოლიზმის სისტემაში. ეს თემა მნიშვნელოვანია ფსიქიატრიაში, სექსოლოგიაში, მაგრამ ისიც აღსანიშნავია, რომ იგი ფართოდაა წარმოდგენილი მხატვრულ ლიტერატურასა და ხელოვნებაში. სირცხვილის გამო ამ ფაქტის მიჩქმალვა მხოლოდ საზოგადოების დეზორიენტაციას უწყობს ხელს.

ჰომოსექსუალიზმის ბუნებისა და ამგვარი ორიენტაციის ჩამოყალიბების შესწავლაზე მეცნიერების მრავალი სფერო მუშაობდა და მუშაობს. იმავდროულად, მდიდარ მასალას იძლევა სხვადასხვა საზოგადოებათა ეთნოგრაფიული და ისტორიულ-რელიგიური მსოფლმხედველობის შესწავლა. ასეთი კულტურული მიდგომა ძალზედ ნაყოფიერი გამოდგა თვით ჰომოსექსუალიზმის შესწავლისთვისაც.

ძველ საბერძნეთში არსებითი სახელი „ჰომოსექსუალი“ არ არსებობდა. არსებობდა მხოლოდ შესაბამისი ზედსართავი სახელები, რომლითაც ხდებოდა არა ინდივიდების, არამედ მათი ეროტიკული უპირატესობებისა და ქცევების დიფერენცირება. შუა საუკუნეებში ცნება „სოდომია“ მრავალმნიშვნელოვანი სემანტიკის მქონე იყო და ასევე აღნიშნავდა არა ადამიანს, არამედ აკრძალული ქცევების ტიპს, რომელთანაც რაიმე განსაკუთრებული სოციალური ან ფსიქოლოგიური იდენტურობა არ ასოცირდებოდა.

XIX ს-ის სამედიცინო ლიტერატურაში პრობლემა სხვაგვარად დაისვა: სიტყვა „ჰომოსექსუალი“ აღნიშნავდა არა მხოლოდ განსაკუთრებულ ფსიქოფიზიოლოგიურ მდგომარეობას, დაავადებას, არამედ ცხოვრების გარკვეულ სტილსაც, ადამიანური გვარის ნაირსახეობას, რომელიც ყველა ძირითადი მახასიათებლით განსხვავდება სხვა ადამიანებისგან.

მრავალი თეორია არსებობდა ამ მოვლენის ასახსნელად. ზოგიერთი მოსაზრებით, სექსუალური ლტოლვა საკუთარი სქესის წარმომადგენლების მიმართ თანდაყოლილი მორალური და ფიზიკური სიმახინჯეა, გადაგვარებულობის შედეგია, რომელიც სასქესო ასოს ფორმაშიც კი ვლინდება. ამ მოვლენასთან საბრძოლველად საჭიროა დამსჯელი ზომები თვით კასტრაციის ჩათვლით. სხვა მოსაზრებით, ეს ხალხი არანორმალური ემბრიონალური განვითარების მსხვერპლია. ზოგიერთი წარმოდგენით კი ჰომოსექსუალიზმი სქესობრივი გრძნობის თანდაყოლილი ცვლილებაა.

ამგვარი თეორიული კამათი ჰომოსექსუალიზმის მიზეზებზე მეოცე საუკუნემდე გაგრძელდა. მრავალმა ფსიქიატრმა ჰომოსექსუალები გარკვეული ჯიშის „მესამე რასად“, განვითარების შუალედურ სტადიად, ინტერსექსუალურ მდგომარეობად მიიჩნია, როცა ერთი სქესის სხეულებრივი თვისებები ერწყმის მეორე სქესის სექსუალურ ან ემოციურ მახასიათებლებს. ბევრი სპეციალისტი, იმ მოსაზრების საფუძველზე, რომ ჰომოსექსუალიზმი თანდაყოლილია და მკურნალობას არ ემორჩილება, შეუპოვრად იბრძოდა იმისათვის, რომ მათი სამართლებრივი დევნა შეწყვეტილიყო.

ამ მოსაზრების მიმდევრები მაინც აწყდებოდნენ გადაულახავ პრობლემებს, კერძოდ იმ ფაქტს, რომ ჰომოსექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანების გვერდით, რომლებიც ასეთ ორიენტაციას ინარჩუნებენ მთელი ცხოვრების მანძილზე, არსებობენ ადამიანები, რომელთა ჰეტერო- და ჰომოსექსუალური გატაცებები მონაცვლეობენ და ცვლიან ურთიერთს. შესაბამისად, მის გაგებაში გაჩნდა ფსიქოანალიტიკური ორიენტაციაც, რომლის მიხედვითაც ჰომოსექსუალიზმი ფსიქიკური დავადებაა არა ამ სიტყვის ჩვეულებრივი გაგებით, იგი პიროვნების ფორმირების დროს ადრეული ბავშვობის ხანაში განსაკუთრებული პირობების შედეგია და მისი გადაკეთება შემდგომ შეუძლებელია.

შემდგომი კვლევა-ძიება წარიმართა ამ მოვლენის გავრცელებულობის შესასწავლად. აღმოჩნდა, რომ ჰომოსექსუალური ქცევა ბევრად უფრო გავრცელებულია, ვიდრე ამას ვარაუდობდნენ. გამოკითხულ მამაკაცთა 48%25-მა მიუთითა ასეთ გამოცდილებაზე მის ცხოვრებაში; გამოკითხულ ქალთა 28%25-მა აღნიშნა, რომ თუნდაც ერთხელ განუცდია ეროტიული გრძნობა სხვა ქალის მიმართ, მათ შორის 19%25-ს ერთხელ მაინც ჰქონია ფაქტობრივი ჰომოსექსუალური კონტაქტი. ამ გამოკვლევის დასკვნების მიხედვით, ჰეტერო- და ჰომოსექსუალური ინდივიდები ერთმანეთისგან განსხვავდებიან არა ფუნდამენტურად, არამედ ჰეტერო- და ჰომოსექსუალური გამოცდილების მიხედვით. ამასთან, საკუთრივ ჰომოსექსუალური ქცევის ორიენტაციის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს სოციალური პირობები, მათ შორის, ამ ადამიანთა სოციალურ- ფსიქოლოგიური დისკრიმინაცია (სტიგმატიზაცია) და ოსტაკიზმი, რომელსაც საზოგადოება მიმართავს „მხილებულთა“ მიმართ, თუნდაც ეს ერთი შემთხვევა იყოს.

უნდა აღინიშნოს, რომ ქალურ სექსუალობას თავისი სპეციფიკა აქვს. კერძოდ, იგი უფრო დიფუზურია. ამიტომ, ჰომოეროტიკული ელფერი და მოტივები ქალთა პიროვნებათაშორისო მიჯაჭვულობებში ხშირად გაუცნობიერებელი და შეუმჩნეველი რჩება. რამდენადაც გოგონებში სინაზის, მოხვევის, კოცნის გამოვლინება სრულებით არაა ტაბუდადებული, მათი პოტენციური ეროტიული ობერტონების უმრავლესობას ვერც ამჩნევენ.

ბიჭებში ეროტიკული გრძნობები უფრო ადრე იღვიძებს, ვიდრე გოგონებში. მათი სქესობრივი როლი არა მარტო უშვებს, არამედ მოითხოვს კიდეც სექსუალობის გამოკვეთილ გამოვლენას. ამიტომ ისინი უფრო ადრე იწყებენ სქესობრივ ცხოვრებას, ვიდრე გოგონები. გოგონებს ფსიქოსექსუალური ცნობიერებაც უფრო გვიან უყალიბდებათ, ვიდრე ბიჭებს: მათი პირველი გატაცება, როგორც წესი, მასზე ბევრად უფროსი ქალია და განიცდება როგორც მეგობრობის მოთხოვნილება. ჰომოსექსუალურ კონტაქტს ჩვეულებრივ წინ უსწრებს ჰეტეროსექსუალური კავშირები. არსებული გამოკვლევების მიხედვით, ასეა ქალთა 55%25-თან და მამაკაცთა მხოლოდ 19%25-თან. ამგვარად, ჰომოსექსუალური იდენტიფიკაციაც ქალებთან და მამაკაცებთან სხვადასხვაგვარია. ამ პროცესის ხანგრძლივობა ვარიირებს სოციალური პირობების (საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპების, განწყობების), აგრეთვე ინდივიდუალური თავისებურებების მიხედვით.

აღმოჩნდა, რომ არსებობს კავშირი პუბერტატამდელ ჰომოსექსუალურ აქტივობასა და მომწიფებული ადამიანის შემდგომ სექსუალურ ქცევას შორის. გამოკვლევების მიხედვით, რაც უფრო მაღალია პიროვნების პუბერტატამდელი ჰომოსექსუალურობა - კონტაქტებისა და პარტნიორების რაოდენობა, მით უფრო ალბათურია მოზრდილის ჰომოსექსუალური ქცევა. ისიც აღსანიშნავია, რომ ჰომოსექსუალური მამაკაცების ბავშვობა, ქალებთან შედარებით, უფრო “სექსუალურად “ გამოიყურება.

ჰომოსექსუალობის პრობლემასთან შეხებისას მნიშვნელოვანია სოციოკულტურული კონტექსტი. აქ დგას რამდენიმე ავტონომიური საკითხი: რამდენადაა გავრცელებული ასეთი ქცევა, როგორი განწყობებია მათ მიმართ საზოგადოებაში, რა მნიშვნელობა მიეწერება მას. ეს მონაცემები ურთიერთმიმართებაშია კონკრეტულ კულტურაში მომთმენობასთან სექსუალურ სფეროში, ოჯახის სტრუქტურასთან, აღზრდაში სქესთა სეგრეგაციის ხარისხთან და სხვ. დამოკიდებულება ჰომოსექსუალიზმის მიმართ შესაბამისობაშია მოცემული კულტურისთვის დამახასიათებელ სექსუალური შფოთის ხარისხთან, ე.ი. რაც უფრო მეტ შიშსა და შფოთს იწვევს ადამიანებში სექსუალობა, როგორც ასეთი, მით უფრო მტრულია დამოკიდებულება ჰომოსექსუალიზმის მიმართ. გარდა ამისა, ეს დამოკიდებულება განსაზღვრულია აგრეთვე მთელი რიგი კონკრეტულ- იდეოლოგიური ფაქტორებითაც.

ბერძნულ-რომაული ცივილიზაციისაგან განსხვავებით, ქრისტიანობა, იუდაიზმის მსგავსად, ყოველთვის კიცხავდა ჰომოსექსუალობას. ამის მიუხედავად, ბიბლიაშიც და ადრეულ ქრისტიანობაშიც ამ თემას ნაკლები ყურადღება ეთმობოდა. სოდომისა და გომორის დანგრევის ბიბლიური ისტორიიდან მოდის ცნება “სოდომია” და “სოდომური ცოდვა”. ჰომოსექსუალიზმის წინააღმდეგ არსებობდა საკანონმდებლო აქტებიც. მაგალითად, პაპი გრიგოლ III-ის კანონი ითვალისწინებდა ლესბოსელობის განო მონანიებასა და დასჯას 160 დღის განმავლობაში, ხოლო მამათმავლობის გამო - ერთი წლის განმავლობაში. მკვეთრად იმატა მთლიანად რელიგიურობისა და სხვადასხვა არატოლერანტული დამოკიდებულების მატებასთან ერთად შფოთმა და რეპრესიებმა. რაც დაკავშირებული იყო ქალაქური კულტურისა და ეკლესიის იდეოლოგიური მონოპოლიის გაძლიერებასთან. “სოდომია” სულ უფრო ხშირად იგივდებოდა ერესთან და მიეწერებოდა სხვაგვარად მოაზროვნეებს.

ჰომოსექსუალიზმის მიღება-მიუღებლობის ხარისხის გარდა, არსებითია ის, თუ როგორ იყო სიმბოლირებული ჰომოსექსუალიზმი. მისი მიუღებლობა ნიშნავს, რომ იგი მიიჩნევა დევიაციად - ნორმიდან გადახრად. ამ გადახრაში იგულისხმება სხვადასხვა რამ - სიმახინჯე, ცოდვა, ერესი, დანაშაული, დაავადება, უვნებელი ინდივიდუალური აბერაცია და სხვ. ყოველ ასეთ განსაზღვრებას შეესატყვისება განსაკუთრებული ორიენტაცია და სოციალური ქცევის სტრატეგია.

ასევე მრავალფეროვანია ჰომოსექსუალიზმის „მიღების“ ფორმებიც. ზოგ საზოგადოებაში ჰომოსექსუალური კონტაქტები დაშვებულია ადამიანთა გარკვეული კატეგორიისათვის ან სიტუაციურად, ან როგორც რაღაც დროებითი, იძულებითი და არაარსებითი; სხვებში იგი დასაშვებია მხოლოდ ზოგიერთი რიტუალის ფარგლებში, მაგალითად, ინიციაციის შემთხვევაში; მესამეში მას მიიჩნევენ რაიმე მეტ-ნაკლებად ხანგრძლივი სოციალური პროცესის აუცილებელ ასპექტად, მაგალითად, მოზარდების სპეციფიკური სტილი, რომელსაც განსაკუთრებული სოციალური როლი - იდენტურობა შეესაბამება. შესაბამისად ვარიირებს ინდივიდუალური მოტივაციაც.

საზოგადოებათა უმრავლესობაში სექსუალობა მიჩნეულია ინტიმურ საქმედ და უშუალო დაკვირვებას არ ექვემდებარება. კულტურის მიერ მიუღებელი ქცევები ხშირად იჩქმალება ან ამცირებენ მისი გავრცელებულობის ხარისხს, სექსუალობის ზოგიერთ ასპექტზე კი საერთოდ არ ლაპარაკობენ. ამგვარ თემებს მიეკუთვნება ჰომოსექსუალიზმი და მასტურბაცია. ასეთ დროს ისმის საკითხი: მართლაც არავინ იცის მათ შესახებ, თუ გარკვეული რელიგიური თუ მორალური აკრძალვების გამო ჩქმალავენ მათ?

კულტუროლოგიური მონაცემებით ასევე ვლინდება, რომ სექსუალური მოტივაციისა და ქცევის ფენომენოლოგიის გაგება შეუძლებელია მოსახლეობის ტრადიციული სექსუალური კულტურის გათვალისწინების გარეშე.

საქართველო ქრისტიანული ქვეყანაა. ეს აღმსარებლობა ჩვენში IVს-ში (337წ.) სახელმწიფო რელიგიად იქცა და ქართველი ხალხი შესაბამისად მისდევდა და აღიარებდა ყოველგვარ ქრისტიანულ დოგმას, მათ შორის, იმ დისპოზიციებსაც, რომელიც სქესობრივი ცხოვრების მიმართ არსებობდა.

ქართული კულტურის სხვადასხვა მხარის ანალიზი უჩვენებს, რომ იგი ისევე, როგორც სხვა იუდაურ-ქრისტიანული კულტურების დიდი უმრავლესობა, სექსუალობის მიმართ რეპრესიულ კულტურათა რიგს განეკუთვნება. აქ ნაკლებად ვლინდება რაიმეგვარი თავისუფლება სექსუალურ სფეროსთან მიმართებაში. ეთნოგრაფიული მასალის მონაცემები ცხადყოფენ, რომ საქართველოში არაა შენარჩუნებული არც ერთი რიტუალი, სადაც ქალი და კაცი „სექსუალურად თამაშობს“, თუმცა ასეთი რიტუალები შენარჩუნებულია ბევრ სხვა ქრისტიანულ ქვეყანაში. საქართველოში ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაში ასიმეტრია და იერარქიულობა არსებობდა, რომელიც ზღუდავდა სექსუალურ ცხოვრებას ორივე სქესისათვის, განსაკუთრებით კი - ქალისთვის.

ცნობილია, რომ ის კულტურები, რომლებშიც ქალს მნიშვნელოვანი სოციალური ფუნქცია გააჩნია, მისი სექსუალობის ძლიერ რეგლამენტაციას ახდენენ. საქართველოში ქალის სოციალური ფუნქცია, როგორც დედისა, ძალზე მნიშვნელოვანი იყო იმ ისტორიული ბედისა და მძიმე კატაკლიზმების გამო, რომელიც მუდმივად აკისრებდა მას ოჯახში რეალური წამყვანი ფუნქციების შესრულებას, პირველ რიგში, აღმზრდელისა და ოჯახის მომვლელ-პატრონისა. გამუდმებული ომების გამო მამაკაცის ხშირი არყოფნის ვითარებაში მას უზარმაზარი პასუხისმგებლობა დააწვა. გარდა ამისა, საქართველოში ცნობილია მებრძოლი ქალის ტიპიც, რომელიც იარაღით ხელში მამაკაცის მხარდამხარ იბრძოდა მტრების წინააღმდეგ. ამგვარად, ისტორიულად ქალი საქართველოში დიდი ღირებულების მქონეა სოციალური თვალსაზრისით, რაც შესაბამისად, მისი სექსუალური ცხოვრების მკაცრ რეგლამენტაციას გულისხმობს.

ეს რეგლამენტაცია აისახა ქართულ კულტურაში ფემინურობის სტერეოტიპშიც. აქაც ისევე, როგორც შუა საუკუნეების დროინდელი ქრისტიანული ქვეყნების უმრავლესობაში, ქალის ორგვარი ხატია: ამაღლებული, წმინდა, რაც, უპირველეს ყოვლისა, მის ასექსუალობას გულისხმობს, და მდაბალი, მიწიერი, მაცდური - ცოდვისკენ წამბიძგებელი, რაც მოიაზრებს მასში კულტურის თვალსაზრისით ეროტიზმის სიჭარბეს. ქალის სექსუალური ცხოვრება შემოფარგლულია მხოლოდ მისი საქორწინო ურთიერთობით, არავითარი ქორწინებისგარეშე სქესობრივი ურთიერთობები დასაშვები არ არის, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი ზნეობრივ-მორალური სახე ილახება. ქალის ძირითად დანიშნულებად და ადგილად მიჩნეულია შვილების აღზრდა და ოჯახის მოვლა. მისი სულიერი სისპეტაკე და ამაღლებულობა გაიგივებულია სექსუალურ ხელშეუხებლობასთან ან დედობრივი ასპექტის წარმმართველ მოტივაციურ ორიენტაციასთან. შესაბამისად, კულტურის თვალსაზრისით ქალში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ღირსებას წარმოადგენს მის მიერ ყოველგვარ ეროტიულობაზე უარის თქმა, თუ იგი სჯულიერი ქორწინების ფარგლებში არ მოიცემა.

ამგვარი ვითარებაა მასკულინობისა და, ზოგადად, პატრიარქალური მსოფლმხედველობის ბატონობის ფონზე. მამაკაცი მიჩნეულია აქტიურ, საზოგადოებისა და სამყაროს ძირითად წარმმართველ ძალად, ოჯახისა და სახელმწიფოს მთავარ საყრდენად. ამ მომენტის ხაზგასმა მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც მასკულინურობის კულტის პირობებში ჰომოსექსუალიზმის პრობლემა განსაკუთრებულ კონტურს იძენს.

შეიძლება ითქვას, რომ საქართველო ის ქვეყანაა, სადაც ჰომოსექსუალიზმის პრობლემაზე საუბარს ყოველთვის ერიდებოდნენ ან მასზე მხოლოდ ჩურჩულით საუბრობდნენ. საქმე ისაა, რომ შუა საუკუნეების დროინდელი ქრისტიანული ქვეყნების მსგავსად, აქაც ჰომოსექსუალიზმი სოდომურ ცოდვას წარმოადგენდა. ჩვეულებრივ ყოფაში იგი ისტორიულად ნაკლებად იჩენს თავს (ყოველ შემთხვევაში, ისტორიოგრაფია ერისკაცების ცხოვრების აღწერისას ამ საკითხზე არაფერს ამბობს, თუ არ ჩავთვლით “სოდომური ცოდვების “ მოხსენიებას, რაც ბევრგვარი ცოდვის აღმნიშვნელია); მსგავსი ფაქტები უფრო მონასტრების ცხოვრებაშია აღნიშნული. ჰომოსექსუალიზმი, რომელიც ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, მხოლოდ ბერთა სავანეებში დასტურდება (რა სიხშირით, ეს ცალკე შესწავლის საგანია), მიჩნეული იყო ღვთის გმობად, უზარმაზარ ცოდვად და ისჯებოდა. იმავდროულად, საზოგადოებაში ამ თემაზე საუბარი, შეიძლება ითქვას, ტაბუდადებული იყო და ასევე რჩება დღემდე. ძირითადად ეს ეხება მამაკაცთა ჰომოსექსუალიზმს.

იგივეს ვერ ვიტყოდით ჩვენში ლესბოსური ურთიერთობების თაობაზე. მათ შესახებ თითქმის არავითარი მონაცემები არ არსებობს არც ეთნოგრაფიაში და არც ისტორიოგრაფიაში. ამ თემას საერთოდ არ ეხება ქართული ისტორიოგრაფია. შესაბამისად, საქართველოში ამგვარი ურთიერთობების ტრადიციაზეც ძნელია საუბარი. ნათქვამი, ცხადია, არ ნიშნავს, რომ მსგავს ფაქტებს ჩვენში ადგილი არ ჰქონდა, რამდენადაც არ არსებობს კულტურა, სადაც ჰომოსექსუალიზმი, როგორც მოვლენა, არ არსებობდეს. აქ მხოლოდ აღვნიშნავთ, რომ ჰომოსექსუალიზმი საერთოდ, და განსაკუთრებით ლესბოსური ურთიერთობები, ერთ-ერთი ყველაზე უფრო ტაბუდადებული თემაა საქართველოში და მასზე ფაქტობრივი ინფორმაციის მოპოვება რეალურ ყოფაში საკმაო სირთულეებთანაა დაკავშირებული.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვამ დაადასტურა ტრადიციული წარმოდგენებისა და განწყობების დღეგრძელობა.

გამოკითხვა ჩატარდა თბილისში. კითხვარი, რომელიც შედგებოდა 5 კითხვისაგან, შეავსო 430-მა ადამიანმა, მათ შორის 250-მა ქალმა და 180-მა მამაკაცმა. გამოკითხულები გაიყო ორ ასაკობრივ ჯგუფად: 17-დან 30 წლამდე და 30-დან 50 წლამდე.

რესპონდეტებს მიეცათ შემდეგი კითხვები:

1. როგორია თქვენი დამოკიდებულება ჰომოსექსუალური ურთიერთობების მიმართ?

2. საჭიროა თუ არა ხმამაღლა საუბარი (მასმედიის საშუალებებით, სპეციალურ სემინარებზე და ა.შ.) ჰომოსექსუალურ ურთიერთობებზე?

3. თქვენი აზრით, რას წარმოადგენს ლესბოსური ურთიერთობები?

4. ლესბოსური ურთიერთობების მქონე ქალებს შეიძლება ჰქონდეთ თავიანთი ორგანიზაცია?

5. თქვენის აზრით, განსაზღვრავს თუ არა სექსუალური ორიენტაცია პიროვნების ტიპს?

მონაცემების ანალიზმა უჩვენა, რომ მთლიანობაში იკვეთება საკმაოდ მკვეთრი ნეგატივიზმი ჰომოსექსუალური ურთიერთობების მიმართ. კერძოდ, გამოკითხული რესპონდენტების 84%25 პირველ კითხვაზე ავლენს უარყოფით დამოკიდებულებას, 14%25-ნეიტრალურს, 2%25-დადებითს. ამასთან, ქალები მამაკაცებთან შედარებით ნაკლებად მომთმენნი აღმოჩდნენ ამ ფაქტის მიმართ (ქალები-89%25, მამაკაცები-78%25). ასევე ნაკლებად მომთმენნი აღმოჩდნენ მეორე ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლები (97%25 და 48%25).

ჰომოსექსუალურ ურთიერთობებზე ხმამაღლა საუბარი საჭიროდ არ მიაჩნია გამოკითხულთა 34%25-ს, პასუხის გაცემა გაუჭირდა 49%25-ს, და მხოლოდ 17%25-მა ჩათვალა იგი საჭიროდ. ამ კითხვაზე უარყოფითი პასუხი გასცა მამაკაცთა 78%25-მა და ქალთა 45%25-მა, ხოლო ყველაზე მეტი ტოლერანტობა გამოავლინეს 17-დან 25 წლამდე ასაკის რესპონდენტებმა. მათგან 25%25-მა ამ თემაზე საუბარი მისაღებად მიიჩნია განსხვავებით უფროსების ჯგუფისგან, რომელთაგანაც 67%25-მა ამ კითხვაზე უპასუხა, რომ ამაზე საუბარი საჭიროდ არ მიაჩნია.

ლესბოსური ურთიერთობები დაავადებად მიიჩნია გამოკითხულთა 40%25-მა, სიმახინჯედ - 34%25-მა, ცოდვად - 20%25-მა და მხოლოდ 1%25-მა დროებით მოვლენად. ამასთან, ქალთა 77%25-ს იგი სიმახინჯედ მიაჩნია მაშინ, როცა მამაკაცთა 52%25 მას დაავადებად თვლის. უნდა აღინიშნოს, რომ ზოგადად ჰომოსექსუალიზმის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულების მიუხედავად, მამაკაცები ქალთა ჰომოსექსუალიზმის მიმართ უფრო ტოლერანტულნი აღმოჩნდნენ, ვიდრე ქალები. ახალგაზრდათა უმრავლესობისთვის ლესბოსური ურთიერთობები არ წარმოადგენს დანაშაულს (3-%25), მათ იგი ძირითადად სიმახინჯედ, ცოდვად და დაავადებად მიაჩნიათ (36%25, 32%25, და 28%25).

ამ ურთიერთობების მქონე ქალთა ორგანიზაციის არსებობის თაობაზე გამოკითხულთა მხოლოდ 1%25-მა გასცა დადებითი პასუხი; ამასთან, ქალთაგან არც ერთი დადებითი პასუხი არ მიგვიღია, მამაკაცთაგან კი მხოლოდ 2%25-მა მიიჩნია ეს დასაშვებად. ასეთი პასუხი ლოგიკურია ზოგადი ნეგატიური განწყობის ფონზე. ყველა ჯგუფის პასუხი აჩვენებს გამოკვეთილ უარყოფით დამოკიდებულებას ამ ტიპის ორგანიზაციების არსებობის ფაქტის მიმართ - ქალთა 79%25, მამაკაცთა 80%25, ახალგაზრდათა 72%25, 30-დან 50 წლამდე ასაკის რესპონდენტთა 87%25.

რესპონდენტთა აზრით, სექსუალური ორიენტაცია განსაზღვრავს პიროვნების ტიპს. ასეთი პასუხი გასცა გამოკითხულთა 79%25-მა. ახალგაზრდების მონაცემებით კი ვლინდება, რომ მათი უმრავლესობა სხვაგვარი აზრისაა - ამ კითხვაზე უარყოფითი პასუხი გასცა 10%25-მა, თუმცა ყველა ჯგუფში გამოკითხულთა უმრავლესობა სექსუალურ ორიენტაციას პიროვნების ტიპს უკავშირებს.

ამგვარად, შეიძლება ითქვას, რომ ქართული კულტურისათვის ტრადიციული ნეგატივიზმი სექსუალური გადახრების მიმართ ჩატარებულ გამოკითხვაში სრულად გამოვლინდა. მთლიანობაში ნეგატიურადაა მიჩნეული ყოველგვარი ჰომოსექსუალური ურთიერთობა და, მათ შორის, ლესბოსურიც. რესპონდენტებმა უარყოფითი დამოკიდებულება გამოავლინეს არა მხოლოდ თვით ამ მოვლენის მიმართ, არამედ საზოგადოებაში ამ თემაზე ლაპარაკისა თუ ასეთ პირთა ორგანიზაციული გაფორმების მიმართაც.

ქართველთა ფსიქიკის ძირითადი ორიეტაციები უკანასკნელ დრომდე ინარჩუნებდა შუასაუკუნეობრივი და ტოტალიტარული აზროვნების წესის, ღირებულების, წარმოდგენის, ზოგადად მსოფლმხედველობის ტენდენციებს; ეს ეხება სექსუალურ ცხოვრებასთან მის დამოკიდებულებებსაც. ბევრ წარმოდგენას, სტერეოტიპებს, განწყობებს, ცრურწმენებს, რაც ჩვეულებრივ, ყოველდღიური ცნობიერების შინაარსებია, შუასაუკუნეობრივი მსოფლმხედველობრივი სისტემის ღრმა დაღი ადევს.

საზოგადოების ჰუმანიზაციის პროცესი გულისხმობს ტოლერანტობის გაძლიერებას ყოველგვარი უმცირესობების, მათ შორის სექსუალური უმცირესობების მიმართაც. ამ მიზნის მისაღწევად კი ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს საგანმანათლებლო მუშაობის გაძლიერება და არსებული დრომოჭმული წარმოდგენებისა და სტერეოტიპების შეცვლა უფრო მომთმენი და ჰუმანურ პრინციპებზე დაყრდნობილი მსოფლმხედველობით.

15 გენდერული ინტეგრაციითა და განათლებით საქართველოში ჰარმონიული საზოგადოების შექმნისკენ

▲ზევით დაბრუნება


თამარ აბრამიშვილი

ნება მიბოძეთ მოგახსენოთ, რომ ზოგადად გენდერული თემატიკა და პრობლემებისადმი გენდერული კუთხით მიდგომა, შედარებით ახალი ფენომენია საქართველოს დღევანდელი საზოგადოების ცხოვრებაში. მიუხედავად დემოკრატიის გარკვეული ელემენტების დამკვიდრებისა ქალის როლი საზოგადოებაში, ოჯახური და სოციალური ურთიერთობები, მეტწილად კვლავ დრომოჭმული წარმოდგენებით რეგულირდება. ჩვენს საზოგადოებრიობას ჯერ კიდევ არა აქვს გაცნობიერებული გენდერის, როგორც „სოციალური სქესის“ მნიშვნელობა.

ამისი ერთ-ერთი მიზეზი კი გახლავთ ის, რომ საქართველოში ქალის ტრადიციული როლის გადაფასება ერთობ ნელა მიმდინარეობს, რაც სოციოლოგიური გამოკვლევებითაც დასტურდება.

გარდამავალი პერიოდი საქართველოსათვის მეტად რთული და მტკივნეული გამოდგა. სამოქალაქო და ეთნიკური ომების მძიმე შედეგები, ლტოლვილთა და იძულებით ადგილნაცვალთა დიდი რაოდენობა უმწვავესი სოციალურ-ეკონომიკური კრიზისის პირობებში, მძიმე ტვირთად დააწვა მოსახლეობას და, განსაკუთრებით ქალებს, რომლებსაც თვითონ მოუწიათ საკუთარი უფლებებისათვის ბრძოლა და ახალ პირობებში თვითდამკვიდრების გზების ძიება.

ქალთა მოძრაობა საქართველოში სულ რამდენიმე წლის წინათ დაიწყო. გარკვეულწილად, ეს იყო პასუხი გენდერულ უსამართლობასა და დისკრიმინაციაზე. დღეისათვის ქალთა მოძრაობამ უკვე მოიპოვა გარკვეული აღიარება. საზოგადოებამ და ხელისუფლებამ თანდათანობით დაიწყეს იმის გაცნობიერება, რომ არსებობს სპეციფიკური ქალთა პრობლემები, რომელთაგან ბევრი ძალზე აქტუალურია და მხოლოდ სახელმწიფო სტრუქტურების მიერ ვერ გადაწყდება.

სახელმწიფოს მხრივ ქალთა პრობლემების აქტუალობის გაცნობიერების გამოხატულებად შეიძლება ჩაითვალოს საქართველოს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის 1999 წლის ბრძანებულებები: „საქართველოში ქალთა უფლებების დაცვის განმტკიცების ღონისძიებათა შესახებ“ და „ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის გეგმა - 2000-2002 წლები”.

საქართველო მიუერთდა „ქალის დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ კონვენციას“. საქართველოს ახალი სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, რომელიც 1997 წელს იქნა მიღებული ქალი და მამაკაცი ოჯახში თანასწორია.

სამწუხაროდ, ამ სახელმწიფო აქტების განხორციელება სრულად ვერ ხერხდება, უფრო მეტიც, ხშირად ხდება მათი სრული იგნორირება, განსაკუთრებით - პროვინციებში. საქმე კი ის არის, რომ საქართველოში საზოგადოებრივი და ოჯახური ურთიერთობები კვლავ ტრადიციული, ფეოდალურ-პატრიარქალური წარმოდგენებით რეგულირდება. ეს გამოწვეულია იმით, რომ ცვლილებები საზოგადოებრივ ცნობიერებაში, მათ შორის ქალის ტრადიციული როლის გადაფასებაც, ძალიან ნელა მიმდინარეობს.

შედეგად, დღეს საქართველოში ქალები უკიდურესად დაუცველნი არიან სოციალური, ეკონომიკური და მორალური კუთხით. ისინი სულ უფრო ხშირად ხდებიან სხვადასხვა სახის ძალადობის მსხვერპლნი. არ ხდება ქალთა შემოქმედებითი და შრომითი პოტენციალის გამოყენება.

ნება მიბოძეთ წარმოგიდგინოთ ფრიად ნიშანდობლივი მონაცემები:

1999 წელს საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოსცა პირველი ქართული გენდერული სტატისტიკის კრებული - „ქალი და მამაკაცი საქართველოში“. კრებულის მონაცემებით საქართველოს 4,5 მლნ. მოსახლეობის 52,2%25-ს ქალები შეადგენენ, მამაკაცები - 47,8%25-ია. ოფიციალური მონაცემებით ქვეყანაში დასაქმებულია ქალების 49,1%25, ხოლო მამაკაცთა - 63,6%25. ამავე კრებულის მონაცემებით - 1998 წელს 1980 წელთან შედარებით ქვეყანაში შობადობა 36%25-ით დაეცა.

საგულისხმოა ქალთა წარმომადგენლობის მაჩვენებლები სახელისუფლებო ორგანოებში: პარლამენტში - 6-7%25; აღმასრულებელ ხელისუფლებაში - 2-3%25; ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში - 11%25; სასამართლო ხელისუფლების ორგანოებში - 50%25 და არასამთავრობო სექტორში - 40-50%25. აღსანიშნავია, რომ სასამართლო ორგანოებში ქალთა შედარებით მაღალი წარმომადგენლობა შესაძლებელი გახდა მხოლოდ სასამართლო რეფორმის შედეგად, რომლის დროსაც მოსამართლეები საერთაშორისო მონიტორინგის წესით ჩატარებული კონკურსით შეირჩნენ და მათი გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის ალბათობა ნულის ტოლი იყო. ის ფაქტი, რომ ქალები ნაკლებად მოდიან პოლიტიკაში, გამოწვეულია ქვეყანაში არსებული ტრადიციული წარმოდგენებით, რომლის მიხედვითაც, პოლიტიკა ქალისათვის შესაფერისი საქმიანობა არ არის და გადაწყვეტილებათა მიღება მხოლოდ მამაკაცთა პრეროგატივაა.

ძალადობა საქართველოში გენდერული დისკრიმინაციის ყველაზე გავრცელებული ფორმაა. გასულ წელს ჩატარებული პილოტაჟური გამოკითხვისას აღმოჩნდა, რომ რესპონდენტი ქალების მიერ გაყრის გამომწვევ მიზეზად ყველაზე ხშირად დასახელდა: ფიზიკური ძალადობა - 95,7%25, ლოთობა - 62,8%25, ღალატი - 61,42%25, მორალური ძალადობა - 38%25; საგულისხმოა, რომ ფიზიკური და მორალური ძალადობა საზოგადოებისათვის, ჯერ კიდევ ტაბუირებულ თემად არის მიჩნეული. მდგომარეობას ამძიმებს ორმაგი სტანდარტებისა და ძველი სტერეოტიპების არსებობა გენდერული საკითხებისადმი. იმავე გამოკითხვისას კითხვაზე - უნდა იყოს თუ არა ქალი ისეთივე თავისუფალი სექსუალურ საკითხებში როგორც მამაკაცი, გამოკითხულთა 52%25-მა უარყოფითი, ხოლო 48%25-მა - დადებითი პოზიცია დააფიქსირა.

ახლახან ჩატარდა გამოკვლევა თბილისის სკოლებში (გამოიკითხა 500 გოგონა და ვაჟი, VIII-X კლასები), რომლის მიზანიც იყო უფროსკლასელთა ცნობიერების ორიენტაციების გარკვევა გენდერული ძალადობისა და სექსისტური ტენდენციების სფეროში. ამჟამად მიმდინარეობს მონაცემთა ანალიზი, მაგრამ წინასწარი მონაცემებიც კი ფრიად საგულისხმოა. გამოვლინდა ქართული კულტურის ტიპობრივი ორიენტაციები გენდერთა ურთიერთმიმართების საკითხებში: კერძოდ, დედობის კულტი, სექსუალური სფეროს ტაბუირებულობა, ნორმატიული საზოგადოებრივი მასკულინურობა. თუმცა, ამავე დროს, გამოიკვეთა ქალის ძლიერი გავლენა რეალურ ყოფაში.

ცალკე საკითხია ინვალიდი ქალების პრობლემა, ისევ და ისევ კულტურული ტრადიციებიდან და პატრიარქალური სტერეოტიპებიდან გამომდინარე. ფიზიკურად შეზღუდული ქალები ამავე მდგომარეობაში მყოფ მამაკაცებთან შედარებით, აშკარა გენდერულ დისკრიმინაციას განიცდიან. ისინი პრაქტიკულად არ იღებენ მონაწილეობას პოლიტიკურ, ეკონომიკურსა თუ კულტურულ ცხოვრებაში. ეკონომიკური უმწეობის გარდა, ამისი მიზეზი საზოგადოების მხრიდან არაჰუმანური დამოკიდებულება, მათი დაუსაქმებლობა და განათლებისადმი ხელმიუწვდომლობაა. საზოგადოებისაგან გაუცხოება და მთლიანად სხვაზე დამოკიდებულება, ხშირად ინვალიდი ქალების ღრმა დეპრესიის მიზეზი ხდება. ყოველივე ამას საზოგადოებაში არსებული გენდერული ასიმეტრია უდევს საფუძვლად. საგულისხმოა, რომ ბევრ ოჯახს ინვალიდი ქალის ყოლა სამარცხვინოდაც მიაჩნია. ინვალიდი ქალების ოჯახში დისკრიმინაციის მაგალითები უამრავია.

„საქართველოს ინვალიდ ქალთა საერთაშორისო ასოციაციის“ მიერ ფიზიკურად შეზღუდულ ქალთა (18-45 წლის ასაკი) გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ სადღეისოდ ინვალიდ ქალთათვის უმაღლესი განათლების მიღება დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული და მათ უმრავლესობას უმაღლესი განათლება 1991 წლამდე აქვთ მიღებული. გამოკითხულ ინვალიდ ქალთა 91%25-ს არ გააჩნია სამუშაო და მხოლოდ 8-9%25-ია დასაქმებული. და ეს მაშინ, როდესაც მათ მნიშვნელოვან ნაწილს ძირითადი პროფესიის გარდა მეორე სპეციალობაც აქვს ათვისებული, 32%25 მზადაა კიდევ ერთი სპეციალობა აითვისოს, ხოლო 77%25-მა იცის უცხო ენა. ამ მაგალითიდანაც კი ცხადად სჩანს, თუ რა მაღალი პოტენციალის მქონეა საქართველოში ინვალიდი ქალი და რამდენად დისკრიმინირებულია იგი შრომის ბაზარზე.

სახელმწიფოს მხრიდან ქალის მიმართ ადგილი აქვს მანკიერ პროტექციონისტულ დამოკიდებულებას. მაგალითად, ქალს ეკრძალება ღამით მუშაობა ან მუშაობა მადნეულის საბადოებზე, რადგან მიჩნეულია, რომ ასეთი სამუშაოები მავნეა ქალის ორგანიზმისათვის. ამის გამო, შრომის ბაზრის მთელი სეგმენტები ქალისათვის ხელმიუწვდომელი ხდება იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ქალს აწყობს იქ მუშაობა. სახელმწიფოსათვის უფრო ადვილია შეუზღუდოს ქალს ასეთ ადგილებში მუშაობა, ვიდრე იზრუნოს მისთვის იქ სათანადო შრომის პირობების შექმნასა და უსაფრთხოებაზე.

ქალი დისკრმინირებულია ისეთ სფეროში, როგორიცაა სესხების გაცემა მცირე ბიზნესისათვის. მაგალითად, ევროკავშირის „ტასის-ის“ პროგრამამ „მცირე სესხები სასოფლო-სამეურნეო სექტორში“ 2000 სესხი გასცა მამაკაცებზე, და მხოლოდ ერთი - ქალზე.

გენდერული დისკრიმინაცია, მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ პრობებთან ერთად, ხელს უწყობს ქალთა კრიმინალიზაციას. საქართველოს ქალები გამორჩენის მიზნით ებმებიან ნარკობიზნესში, ქალებისა და ბავშვების ტრეფიკინგში. 2000 წელს საქართველოში გამოავლინეს 20 ნარკოკურიერი ქალი, აგრეთვე, ბავშვთა ტრაფიკინგში ჩართული ქალები, მათ შორის, სამშობიარო სახლების თანამშრომელი ექიმები. თუ ქვეყანაში არსებულ გენდერულ პრობლემატიკას დროული და ეფექტური გადაწყვეტა არ მოეძებნა, ეს უარყოფითი ტენდენცია შეიძლება გაიზარდოს.

ქალის სტატუსი საქართველოში, გენდერული ანალიზი, ფასეულობათა ახალი სისტემა და დედობაზე საქართველოს ქალთა შეხედულებების ტრანსფორმაცია, ოჯახის დაგეგმარება, დემოგრაფიული კრიზისი, გენდერული ასიმეტრია კულტურის, ეკონომიკის, დასაქმების, პოლიტიკისა და განათლების სფეროებში; გენდერული სოციოლოგია და მისი მეთოდოლოგიის დანერგვა საქართველოში, ეს არის მხოლოდ მცირე ჩამონათვალი იმ გენდერული პრობლემებისა, რომლებიც ღრმა კვლევასა და გადაწყვეტას მოითხოვს.

ექსპერტთა აზრით, საქართველოში მცხოვრები ქალებისათვის, მათ შორის, მარტოხელა და მრავალშვილიანი დედებისათვის, ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემას მათი უფლებების, საზოგადოებაში მათი როლის შესახებ ინფორმაციის მიწოდება წარმოადგენს.

ჩვენში პრაქტიკულად არ არის სანდო გენდერული სტატისტიკა, სახეზე გვაქვს საზოგადოების გენდერული განათლების აშკარა დეფიციტი. ამის ერთ-ერთი მაგალითია თუნდაც ის, რომ მასმედია სათანადო ყურადღებას არ უთმობს გენდერულ საკითხებს, არ აშუქებს იმ წვლილს, რომელიც ქალებს შეჰქონდათ და შეაქვთ სოციუმის განვითარებაში.

საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფონდების მიერ, ბოლო წლებში გამოყოფილ იქნა გარკვეული ფინანსური სახსრები საქართველოში გენდერული კვლევების, ამ საკითხებზე საზოგადოების ინფორმირებისა და ამ სფეროში პრაქტიკული საქმიანობის სტიმულირებისათვის. 1999 წელს საქართველოს 16 ლიდერი ქალი გაიგზავნა აშშ-ში ტრენინგზე. მაგრამ ეს აშკარად არასაკმარისია. საჭიროა, შეიქმნას გენდერულ საკითხებზე განათლებისა და ტრენინგის მუდმივმოქმედი კურსები, სადაც ქალებთან ერთად მამაკაცებიც მიიღებენ მონაწილეობას, რაც გახდებოდა გენდერული ასიმეტრიის დაძლევის ერთ-ერთი წინაპირობა. Gგარდა ამისა, აუცილებელია მჭიდრო ურთიერთკავშირის დამყარება საერთაშორისო ქალთა მოძრაობასთან და გენდერული კვლევის ცენტრებთან, რათა მათ მიერ დაგროვილი გამოცდილების გაზიარების საფუძველზე, შევძლოთ გენდერულ საკითხებზე არსებული ინფორმაციული ვაკუუმის შევსება.

სახელმწიფოს მწირ ბიუჯეტს ამ ეტაპზე არ შეუძლია ამ საკითხზე ზრუნვა, კერძო სექტორი, სამწუხაროდ, ჯერჯერობით არ იჩენს ინტერესს ამ სფეროსადმი, ხოლო ადგილობრივი მესამე სექტორის საშუალებები მეტად შეზღუდულია. ამის გამო, საერთაშორისო დონორთა აქტიური დახმარება საქართველოში არსებულ გენდერულ პრობლემათა გადასაწყვეტად ფრიად საშური საქმეა.

ვიმედოვნებთ, რომ მომავალში გენდერული განათლების ფართოდ დანერგვისა და გენდერული თემატიკის პოპულარიზაციით ამ პრობლემატიკის მიმართ ინტერესი მნიშვნელოვნად გაიზრდება როგორც სახელმწიფო სტრუქტურების, ასევე კერძო სექტორის მხრიდანაც.

გენდერული ინტეგრაციის პროცესების ხელშეწყობა შესაძლებელია გენდერულ საკითხებზე პერმანენტული საგანმანათლებლო მუშაობით, პრეს-კონფერენციებით, სემინარებით, სადაც მოხდება გაცნობიერება იმისა, თუ რა უდევს საფუძვლად ძალადობას და, მათ შორის, გენდერულ ძალადობას ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. ამ ღონისძიებების შედეგად თანდათანობით მოხდება ძველი სტერეოტიპების მსხვრევა, ქალთა და მამაკაცთა ძალისხმევის გაერთიანება ღია საზოგადოების შექმნისათვის, რომლის ამოსავალ დებულებად პიროვნების თავისუფლების პრინციპი იქნება აღიარებული.

16 ქალი სახარებაში (ქალის როლი და ფუნქცია სახარების მიხედვით)

▲ზევით დაბრუნება


ლიანა ანთელავა

კაცობრიობა უკვე ორი ათასი წელია ცდილობს ჩასწვდეს სახარების უკიდეგანო სიღრმეს, იპოვოს მასში პასუხები მარადიულ შეკითხვებზე.

სახარებასთან მიმართებაში გენდერული საკითხის დასმა (ტრადიციული ცნობიერებისათვის ქალის თემა უმნიშვნელოა და გაუგებარიც კი, მწვავე და აქტუალური ფემინისტური მსოფლმხედველობისათვის), ქალის როლსა და ფუნქციაზე მსჯელობა შესაძლოა მკრეხელობად ჟღერდეს მავანთათვის, ხოლო სხვათათვის ამ „ახალგაზრდა“ პრობლემის (ქალთა მოძრაობას მსოფლიო ისტორიისათვის არც ისე დიდი ხნის წარსული აქვს) განხილვა იმ მარადიული უსასრულობის ფონზე რასაც სახარება ჰქვია, ძალზე საინტერესოდ წარმოსდგება.

სახარება ღვთის სიტყვად შემოვიდა საკაცობრიო ისტორიაში თავისი გაუგონარი პარადოქსულობითა და არაადამიანური სითამამით. მის მიხედვით წმ. მარიამ ღვთისმშობელი არაჩვეულებრივი ქალია „კურთხეული დედათა შორის“, - უფლის რჩეულია, „მომადლებულია და მასთანაა უფალი“. მარიამმა „მადლი ჰპოვა ღმერთთან“ და წმინდა საიდუმლოს თანამონაწილე გახდა: სასწაულებრივად შვა ძე თვისი იესო. იესო, რომელიც ღვთის სასუფევლის სახარებლად მოუვლინა უფალმა კაცთა მოდგმას.

იესო ნაზარეთელმა დედაკაცისადმი ჯერ არგაგონილი დამოკიდებულება თვისი ქადაგების დასაწყისშივე გამოავლინა. მის პირველ მიმდევართა და მოსწავლეთა შორის თავიდანვე იყვნენ ქალებიც. მახარობელი ლუკა გვაუწყებს:

„1. ამის შემდეგ დადიოდა [იესო] ქალაქიდან ქალაქში, დაბიდან დაბაში, ქადაგებდა და ახარებდა ღვთის სასუფეველს. და თორმეტიც მასთან იყო.

2. ასევე ზოგი დედაკაციც [. . .] რომელნიც ემსახურებოდნენ მას თავიანთი ქონებით“. (ლუკა, 8,1-2).

მათ შორის იყვნენ მარიამ მაგდალინელი, იოანა, სუსანა და ბევრი სხვა, - მოგვითხრობს ევანგელისტი. წმინდა წიგნის ფურცლებზე ქალები ჩვეულებრივ ფიგურირებენ, მამაკაცთაგან განურჩევლად და ეს არნახული სითამამე სწორედ რომ ღვთიური ძალით არის ნასაზრდოები. რამდენად გაუგონრად ჟღერდა იესოს ქალისადმი დამოკიდებულება იმ კულტურულ ეპოქაში, სადაც ქალი ადამიანად არ მოიაზრებოდა, გამოსჭვივის თავად მახარობელთა დამოკიდებულებაში ამ საკითხისადმი. ხშირად ავტორი თავის გაოცებასაც არ მალავს იესოს საქციელით, ან გვიხატავს მასწავლებლის ამა თუ იმ სიტყვით გაოგნებულ მოსწავლეებს. ასეთია იოანეს სახარებაში მონათხრობი ეპიზოდი იესოსა და სამარიელი დედაკაცის შესახებ: „ამ დროს მოვიდნენ მისი მოწაფეები და გაუკვირდათ, რომ იგი დედაკაცთან საუბრობდა, მაგრამ არც ერთს არ უთქვამს: რას ეძიებ ან რას ელაპარაკებიო მას“ (იოანე, 4,27).

რამდენად ძნელადგასაგებია ადამიანისათვის სახარებაში ნაუბარი ნათლად ვლინდება დღესაც, როდესაც წმინდა წიგნი თითქმის ორი ათას წელს ითვლის და მის ირგვლივ კაცობრიობა გაუთავებლად დავობს. ადვილი წარმოსადგენია რამდენად გაუგებარი იყო ქალისადმი იესოს დამოკიდებულება იმ ეპოქაში თუ გავიხსენებთ, რომ ქრისტიანობამდელ სამყაროში ქალს ადამიანად არ თვლიდნენ არც აღმოსავლეთში, არც საბერძნეთში, არც იუდეაში. სოკრატე ქალს გონებაჩლუნგ, მომაბეზრებელ არსებად მიიჩნევდა; ბუდა თავის მოწაფეებს ქალისაკენ გახედვასაც კი უკრძალავდა; ძველი იუდეველები ტრადიციულად დედაკაცებისაგან განცალკევებით ლოცულობდნენ სინაგოგებში, რაბინები მათ უკრძალავდნენ საკვირაო სკოლების დასწრებას. სახარებამდელ ეპოქაში ქალები უმთავრესად მონები იყვნენ, მათი ცხოვრება ქანცგამწყვეტი შრომით და სახლზე ზრუნვით შემოიფარგლებოდა. შემთხვევითი არ არის, რომ იუდეველთა ერთ-ერთ ლოცვაში იყო ასეთი სიტყვები: „მადლობას გიხდი უფალო, რომ ქალად არ გამაჩინე“.

მაცხოვრის მოვლინებამ მთლიანად შეცვალა სამყარო, დაანგრია ტრადიციული ხედვა, კაცობრიობას შესთავაზა მანამდე არგაგონილი იდეა ერთიანობისა, რადიკალურად გადაატრიალა ქალის ხვედრიც. ამიერიდან ქალის ადგილი არაა მხოლოდ ოჯახურ კერასთან, ის მაცხოვრის თანმხლებია, მისი თანამოაზრე, მიმდევარი და მოწაფე - ანუ სრულფასოვანი ადამიანი.

სახარებაში ნაუწყები საყოველთაო ერთიანობა უფალში, რომელიც იესო ნაზარეთელმა ახარა კაცობრიობას, გაუგონარი და ძნელად გასაგები აღმოჩნდა ადამიანთათვის. პავლე მოციქული ასე განუმარტავს გალატელებს მაცხოვრის მიერ ნაუწყებს: „უკვე აღარ არსებობს არც იუდეველი და ბერძენი, არც მონა და არც თავისუფალი, არც მამრი, არც მდედრი, ვინაიდან თქვენ ყველანი ერთნი ხართ ქრისტე იესოში“ (გალ., 3.28).

აქედან ნათლად ჩანს, რომ ერთიანობა უფალში როგორც ეროვნულ, ისე გენდერულ თანასწორობას მოიაზრებს.

სახარების არაერთ ეპიზოდშია აღწერილი იესოს მიერ დედაკაცთა განკურნება, დაწყებული სიმონ-პეტრეს სიდედრის მორჩენით: „იესო მივიდა პეტრეს სახლში და ნახა მისი სიდედრი მწოლიარე, ცხელებით შეპყრობილი, შეეხო მის ხელს და ცხელებამ გაუარა ქალს, იგი წამოდგა და ემსახურა მათ“ (მათე, 8,14,15). ასე ლაკონურად აღწერს ამ ამბავს მათე მახარობელი. ძალიან ცოცხლად არის აღწერილი იაროსის ქალიშვილის გაცოცხლება მაცხოვრის მიერ: „და აჰა მოვიდა კაცი სახელად იაროსი, რომელიც სინაგოგის მთავარი იყო, დაემხო იესოს ფეხთით და ევედრებოდა შინ გაჰყოლოდა“. (ლუკა, 8.41). „...ჩემი ქალიშვილი წეღან მოკვდა, მაგრამ მოდი შენი ხელი დაადე და გაცოცხლდება“ (მათე 9.18). „...ის შევიდა ხელი მოჰკიდა ხელზე და წამოდგა გოგონა“. (მათ., 9.25).

სახარების არაერთ ეპიზოდშია აღწერილი ქალების უნარი სულიერი ცხოვრებისა, მათი უზარმაზარი რწმენის ძალა და სულიერი სიღრმე.

„ერთმა ქალმა, რომელსაც თორმეტი წელიწადი იყო რაც სისხლის დენა სჭირდა, მრავალი ტანჯვა ჰქონდა გადატანილი მრავალი მკურნალისაგან და რაც რამ გააჩნდა, ყველაფერი დახარჯა, მაგრამ ვერაფერმა უშველა, უარეს დღეში ჩავარდა“. (მარკ., 5.25,26) „მოისმინა იესოზე, ხალხში ზურგს უკნიდან მოუარა და შეეხო მის სამოსელს“. (მარკ. 5.27) „რადგან ამბობდა: მის სამოსელსაც რომ შევეხო, განვიკურნებიო“ (მარკ. 5.28) „და იმწამსვე დაიშრიტა მისი სისხლის წყარო და სხეულში იგრძნო, რომ განიკურნა სატკივარისაგან“ (მარკ., 5.29) „მან კი [იესომ] უთხრა: „ასულო შენმა რწმენამ გიხსნა, წადი მშვიდობით და მორჩენილი ხარ შენი სენისაგან“. (მარკ., 5.34).

„იესოს მიერ ქანანელი დედაკაცის ქალიშვილის განკურნება“ კიდევ ერთხელ გვიჩვენებს მაცხოვარს, როგორც საყოველთაო მხსნელს, რომელიც დახმარების ხელს უწვდის ნებისმიერ ადამიანს, რომელმაც ირწმუნა იგი. „და აჰა, ქანანელი დედაკაცი გამოვიდა იმ ადგილებიდან და შეჰღაღადა მას: „შემიწყალე მე, უფალო, ძეო დავითისა, ჩემი ქალიშვილი ეშმაკეულია“ (მათე, 15.22). იესომ უპასუხა, რომ იგი მოვლენილი იყო „მხოლოდ ისრაელის სახლის დაღუპულ ცხვრებთან“. ქალმა თაყვანი სცა და კვლავ სთხოვა: «მიშველე უფალოო!“ მაცხოვარმა ბრძანა: „არ არის კარგი რომ შვილებს წაართვა პური და ძაღლებს გადაუგდო“, დედაკაცმა კი მიუგო: „დიახ უფალო, მაგრამ ძაღლებიც ხომ ჭამენ ნამცეცებს, მათი ბატონების სუფრიდან რომ ცვივა“. აქ ჩანს ამ ქანანელი ქალის ქალის უსაზღვრო თავმდაბლობა, იგი თავისუფალია ამპარტავნების, ყოველგვარი ამბიციისაგან (მათ შორის ეროვნული). ქალში მჟღავნდება ქრისტიანულ მცნებათა ფართო სპექტრი: თავმდაბლობა, სათნოება, გულწრფელობა და ამასთან მასში ვლინდება საოცარი შეუპოვრობა. ამის უნარს მას უსაზღვრო რწმენა აძლევს და შედეგმაც არ დააყოვნა: „მაშინ მიუგო იესომ პასუხად: „ჰოი, დედაკაცო! დიდია შენი რწმენა, მოგეცეს, როგორც შენ გსურს“ და იმავ საათში განიკურნა მისი ქალიშვილი. აქ ჩანს, რომ ღვთის მადლს არა აქვს არც ეროვნული, არც სქესობრივი საზღვარი, იესო ქრისტე უფლის წინაშე საყოველთაო თანასწორობას ქადაგებს. მთავარი მხოლოდ რწმენაა, ვისაც სჯერა მას მიეზღვება.

იოანე მახარობელი მოგვითხრობს იესოსა და სამარიელი დედაკაცის შეხვედრაზე: მგზავრობით გატანჯული მაცხოვარი ჩამოჯდა ჭასთან, რომელიც ქალაქ სიქართან მდებარეობს და იაკობის ჭად არის ცნობილი. სამარიიდან მოვიდა დედაკაცი წყლის ამოსაღებად, რომელსაც იესომ უთხრა: „წყალი დამალევინე“. ქალმა უპასუხა: „როგორ მთხოვ შენ, იუდეველი, სამარიელ დედაკაცს დამალევინეო? რადგან იუდეველებს არა აქვთ ურთიერთობა სამარიელებთან“. (იოან. 4.9).

„მიუგო იესომ და უთხრა მას: “შენ რომ იცოდე ღვთის ნიჭი და ის, ვინც გეუბნება, წყალი დამალევინეო, მაშინ შენ თვითონ სთხოვდი მას და ისიც მოგცემდა ცოცხალ წყალს (იოანე, 4.10)“.

ამ სიტყვებიდან ნათლად ჩანს მაცხოვრის მზადყოფნა მისცეს ცოცხალი წყალი დედაკაცს და თანაც სამარიელს. მთავარია გქონდეს ღვთის ნიჭი და გამოიცნო მასში ძე ღვთისა, ესე იგი შეიცნო ღვთის სიტყვა, გამოარჩიო ის ადამიანის სიტყვისაგან - აი ეს არის მთავარი.

„მიუგო იესომ და უთხრა მას: „ყველას ამ წყლის მსმელს, კვლავ მოსწყურდება“ (იოანე, 4.13).

14. „ხოლო ვინც დალევს წყლიდან, რომელსაც მე მივცემ მას, საუკუნოდ არ მოსწყურდება. რადგან წყალი, რომელსაც მე მივცემ, მასში გადაიქცევა წყლის წყაროდ, რომელიც საუკუნო სიცოცხლედ იდინებს“.

„ღმერთი არის სული და მისი თაყვანისმცემელნი თაყვანს უნდა სცემდნენ სულითა და ჭეშმარიტებით (იოანე, 4.24“)“.

25. უთხრა დედაკაცმა: „ვიცი რომ მოდის მესია, რომელსაც ჰქვია ქრისტე. ის რომ მოვა, ყველაფერს გაგვიცხადებს“. (იოანე, 4.25).

26. უთხრა მას იესომ: „მე ვარ, რომელიც გელაპარაკება შენ“. (იოანე, 4.26).

როგორც ვხედავთ, მაცხოვარი სამარიელ დედაკაცს ესაუბრება მისი მოძღვრების უმნიშვნელოვანეს საკითხებზე: მარადიული სიცოცხლის წყაროზე, ასწავლის, რომ ღმერთი სულია, ამცნობს, რომ იგი მესიაა. ამგვარ საკითხებზე საუბარი არაიუდეველთან და თანაც ქალთან გაუგონარ მკრეხელობად ჟღერს მწიგნობართა და რჯულის კანონის სხვა დამცველთა თვალში და, ამავე დროს, თავისთავად მეტყველებს ქრისტეს ქადაგების უჩვეულო, გაუგონარ სიახლეზე, მის უსაზღვრობასა და საყოველთაოობაზე.

არნახულ ამბავს მოგვითხრობს იოანე მახარობელი. გასაკვირია ამგვარ საკითხებზე ქალთან საუბარი („მოწაფეებიც გაკვირვებულნი არიან“), მაგრამ კიდევ უფრო უცნაური და გაუგონარი წინ არის „ბევრმა იმ ქალაქში მცხოვრებმა სამარიელმა ირწმუნა იგი იმ დედაკაცის სიტყვებით“ (იოან., 4.39). ესე იგი, დედაკაცს არა მხოლოდ ყველაფერი ესმის, ყველაფერს გრძნობს, არამედ მზადაა გაყვეს უფალს, ის ეწაფება სიცოცხლის წყაროს; ე.ი. ქალებსაც მამაკაცებისაგან განურჩევლად აქვთ მომადლებული ნიჭი რწმენისა - აი, რაზე მეტყველებს ეს ეპიზოდი. უფლის ძალამ არ იცის არანაირი საზღვრები და მით უმეტეს გენდერული.

იესო ქრისტეს მოწოდება ერთნაირად ეხება ადამიანს მთლიანად. ქალი სახარებაში წარმოდგენილია მამაკაცის თანასწორუფლებიან, სრულფასოვან ქმნილებად. თუმცა იგი თავის სქესიდან გამომდინარე, ზოგიერთი ისეთი თვისებების მატარებელია, რომელიც გამოარჩევს მას მამაკაცისაგან. სახარებაში აღწერილია ეპიზოდები, სადაც ქალის ბუნების სპეციფიკით განპირობებული ნიშნების მეშვეობით ქალი ხშირად ინტუიციურად გრძნობს იმას, რაც მამაკაცის თვალისა და გონებისათვის დაფარული რჩება; ინტუიციურად არღვევს ტრადიციას, რაშიც მამაკაცს ხელს უშლის უფრო განვითარებული ლოგიკური აზროვნება.

სწორედ ამაზე მიგვანიშნებს ოთხ თავში მოთხრობილი ამბავი მარიამისა, ლაზარესა და მართას დისა.

(იოანე, 12.3) „მარიამმა აიღო ერთი ლიტრა სუფთა, ძვირფასი ნარდის ნელსაცხებელი, ფეხებზე სცხო იესოს და საკუთარი თმით შეუმშრალა ფეხები. საცხი ნელსაცხებლის სურნელით აივსო“.

(მათე, 26.8.) „მოწაფეებმა რომ დაინახეს ბრაზი მოუვიდათ და თქვეს: “ასე ფუჭად რატომ დახარჯეო?”

9. ვინაიდან შეიძლებოდა ამ ნელსაცხებლის გაყიდვა კარგ ფასად და ღარიბებისათვის დარიგება.

10. ხოლო იესო მიუხვდა და უთხრა მათ: „რატომ აწბილებთ ამ დედაკაცს? მან ხომ კეთილი საქმე გამიკეთა“.

11. ვინაიდან ღარიბნი მუდამ თქვენთან გყავთ, მე კი მუდამ არ გეყოლებით.

12. ეს ნელსაცხებელი რომ დაასხა ჩემს სხეულს, მე მომამზადა.

13. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: სადაც კი იქადაგებენ ამ სახარებას მთელ წუთისოფელში, იტყვიან რაც მან გააკეთა, მისსავე მოსაგონებლად.

მარიამმა ინტუიციურად იგრძნო იესოს ჯვარცმა და ამიტომ მოამზადა მისი სხეული (ძველ იუდეაში ცხედარს ზეთსა და ნელსაცხებლებს უსვამდნენ და ასე ამზადებდნენ დასამარხავად).

მაცხოვარი ხშირად გვევლინება დედაკაცის დამცველად, როგორც ქომაგი ყოველთა დაჩაგრულთა. იგი იცავს ქალს კულტურაში გაბატონებული ტრადიციული უსამართლობისაგან. ეს ჩანს იოანეს მიერ აღწერილ ეპიზოდში „იესოს მიერ მრუში დედაკაცის მიტევება“. მოსეს რჯულის (ანუ ებრაელთა კანონის) მიხედვით მრუშობაში წასწრებული ქალი უნდა ჩაექოლათ. „თქვენს შორის ვინც უცოდველია, პირველად იმან ესროლოს ქვა“ (იოან, 8.7). ასე მიმართა მაცხოვარმა მწიგნობრებს და ფარისევლებს, რომლებიც მზად იყვნენ მრუში დედაკაცის ჩასაქოლად. ამ სიტყვების შემდეგ ფარისევლები სინდისმხილებულები ჩუმად გაიკრიფნენ. „დედაკაცო სად არიან შენი ბრალმდებელნი? არავინ დაგდო მსჯავრი?“ იკითხა იესომ. „არავინ უფალო!“ „არც მე გდებ მსჯავრს, წადი და ამიერიდან ნუღარ სცოდავ“.

აქ იკვეთება აბსოლუტურად ახალი, განსხვავებული დამოკიდებულება გენდერული საკითხისადმი; ტრადიციული ხედვის არნახული, გაუგონარი დარღვევა: იესო ილაშქრებს სახარებამდელ სამყაროში გაბატონებული ორმაგი სტანდარტის წინააღმდეგ, რომელიც განსჯიდა ქალს მრუშობისათვის და იგივეს არ სთხოვდა მამაკაცს. ამასთან, ამ ეპიზოდში კვლავ გამოკვეთილია ქალის ინტუიციური ხედვა. მრუში დედაკაცი ამოიცნობს იესოში უფალს, მესიას, ანუ ხედავს იმას, რასაც არ იჯერებენ მწიგნობრები და ფარისეველნი. ქალი ინტუიციურად შეიგრძნობს მასში ღმერთს. ღირებული და მნიშვნელოვანი კი სწორედ ეს არის!

„ვინც ღვთისაგან არის, ის ისმენს ღვთის სიტყვას”. მიმართავს იესო იუდეველებს. “ჩემი სიტყვა ვერ ეტევა თქვენში”, (იონ., 8.37) „ღმერთი რომ თქვენი მამა იყოს, გეყვარებოდით, ვინაიდან ღმერთისაგან გამოვედი და მოვედი”. (იონ., 8.42) „რატომ არ გესმით ჩემი ნათქვამ? იმიტომ, რომ არ შეგიძლიათ ჩემი სიტყვის მოსმენა”. (იონ., 8.43). „ვინც ღმერთისაგან არის, ღმერთის სიტყვებს ისმენს. თქვენ კი იმიტომ არ ისმენთ, რომ ღმერთისაგან არ ხართ” (იონ., 8.47). ის მრუში დედაკაცი კი ღვთისაგანაა, რადგან ესმის უფლის სიტყვა - აი ეს არის ახალი, მანამდე გაუგონარი ჭეშმარიტება, სიტყვა უფლისა არავითარ ადამიანურ ლოგიკას არ ემორჩილება, ამიტომაა ძნელად გასაგები და მისაღები. აქ მხოლოდ ღვთიური ლოგიკა მუშაობს, მის შეგრძნებას კი რწმენა და სიყვარული ესაჭიროება.

იესო ქრისტე ილაშქრებს ცოლის მიტოვების წინააღმდეგ. აქ კვლავ იკითხება პროტესტი მამაკაცთა პრივილეგიების მიმართ. მაცხოვარი კვლავ ქალის მხარეზეა, მას ესარჩლება; ცოლის მიტოვების აკრძალვით იგი სწორედ ქალის უფლებების დაცვას ვარაუდობს. ის ახსენებს ფარისევლებსა და მწიგნობრებს, რომ შემოქმედის იდეის თანახმად ქალი და მამაკაცი ერთ მთლიანად არის ნავარაუდები, მთლიანი ადამიანის ორი ნახევარია: „ნუთუ არ წაგიკითხავთ რომ შემოქმედმა დასაბამიდან მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი?“

(მათე, 19.5.) „და თქვა: ამიტომ მიატოვებს კაცი მამას და დედას, მიეწებება თვის ცოლს და ორნი იქნებიან ერთ ხორცად.

6. ამრიგად, ისინი უკვე ორნი კი აღარ არიან, არამედ ერთი ხორცი, ამიტომ ვინც ღმერთმა შეაუღლა, კაცი ნუ დააშორებს მათ“.

7. უთხრეს მას: „აბა მოსემ რატომ დადო მცნებად გაყრილობის მოწმობის მიცემა და გაშვება“?

8. უთხრა მათ: „მოსემ თქვენი გულქვაობის გამო მოგცათ თქვენი ცოლების გაშვების ნება, დასაბამიდან კი ასე არ ყოფილა.

9. მაგრამ მე გეუბნებით თქვენ: „ვინც თავის ცოლს გაუშვებს სიძვის მიზეზის გარეშე და სხვას შეირთავს, მრუშობს“.

სახარებაშიც ადამიანი ერთ მთლიანად მოიაზრება ქალი და მამაკაცი ერთი მთელის ორი ნაწილია, ორი ნახევარი და მხოლოდ ორივე ერთად შეადგენს ერთ მთელს - ადამიანს. მაცხოვრის მოწოდება: „ვისაც უნდა რომ მომყვეს, უარყოს თვისი თავი, აიღოს თავისი ჯვარი და გამომყვეს“ (მათე, 16.24). - ურთულესი გამოცდაა ადამიანთა მოდგმისა და იგი ერთნაირად ეხება ქალსაც და მამაკაცს, ადამიანს ეხება მთლიანს; ადამიანთა მოდგმის წინაშე დაყენებული ურთულესი ამოცანების გადასაჭრელად მაცხოვარი მიმართავს მთელ ადამიანს: „ვინც არ აიღებს თვის ჯვარს და არ გამომყვება, არ არის ჩემი ღირსი“. (მათე, 10.38), ღირსი არ არის კაცი და ქალი განურჩევლად.

ამასთან სახარება, როგორც სულის უფაქიზესი გამოხატვა უყურადღებო არ არის გენდერული როლების მიმართ. ის ცოცხლად გვიხატავს ქალის ბუნებისათვის დამახასიათებელ ზოგიერთ შესანიშნავ თვისებას, რომლებსაც ქალები ამჟღავნებენ. „სასაზღვრო” (კრიტიკულ, ექსტრემალურ) სიტუაციებში ისინი იჩენენ უმაგალითო გმირობას, უფლის ერთგულებას, უშიშობას. ისინი ავლენენ გასაოცარ სიმტკიცეს რწმენაში. როცა დადგა ჟამი განსაცდელისა, მაცხოვარი სწორედ ქალებმა არ მიატოვეს, ისინი გოლგოთაზე გაყვნენ თავის მასწავლებელს მისი ჯვარცმის ჟამს: „იქ იყო აგრეთვე შორით მზირალი მრავალი დედაკაცი, რომლებიც გალილეიდან გამოჰყვნენ იესოს და ემსახურებოდნენ მას. მათ შორის იყნენ მარიამ მაგდალელი, იაკობისა და იოსების დედა მარიამი, და ზებედეს ძეთა დედა“. (მათე, 27.56).

ქალებმა მიაცილეს მაცხოვარი დაკრძალვის ადგილამდე: „იქვე იყვნენ მარიამ მაგდალელი და სხვა მარიამი, რომლებიც სამარხის წინ ისხდნენ“. (მათე, 27.61); სწორედ მათ პირველებს ეუწყათ აღდგომის საიდუმლო, ქალებმა პირველებმა შეიტყვეს უფლის სასწაულებრივი აღდგომის შესახებ: “შაბათი რომ გავიდა შვიდეულის პირველი დღის განთიადზე მოვიდნენ სამარხის სანახავად მარიამ მაგდალელი და სხვა მარიამი (მათე, 28.1). „ანგელოზმა კი მიმართა დედაკაცებს და უთხრა: „ნუ გეშინიათ, ვიცი რომ ჯვარცმულ იესოს ეძებთ, აქ არ არის, ვინაიდან აღდგა, როგორც თქვა, მოდით ნახეთ ადგილი, სადაც იწვა“ (მათე, 28.5,6) და პირველად სწორედ ქალებს გამოეცხადა მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვარი: „და აჰა, იესო შეხვდა მათ და უთხრა: გიხაროდეთ! ისინი მოვიდნენ, ფეხებზე მოეხვივნენ და თაყვანი სცეს მას“. (მათე, 28.9).

ახალი აღთქმის მიხედვით ქალი მაცხოვრის სახარებას მთელი მისი არსებით ეწაფება.

აღსანიშნავია, რომ ქალის თემა ევანგელეში არასდროს ჩნდება სუფთა სახით, ერთმნიშვნელოვნად, ეს საკითხი ყოველთვის სამართლიანობისა და თანასწორობის თემასთანაა დაკავშირებული და ერთიან ქარგაშია ჩაქსოვილი. მისი სწორხაზოვანი გამორჩევა უფალში ერთიანობის საერთო კონტექსტიდან შეუძლებელია. ეს არ არის ცალკე საკითხი, არამედ ადამიანურ პრობლემათა მთლიანი ჯაჭვის ერთი რგოლია, რომელიც უშუალოდ არის მიბმული სხვებზე. ყველა ამ საკითხზე კი პასუხი ერთია: მაცხოვარი კაცობრიობას საყოველთაო თანასწორობის, სამართლიანობის მაუწყებლად, მახარობლად მოევლინა, მან ჯვარცმით გამოისყიდა ადამიანის პირველყოფილი ცოდვა და აღუდგინა მას (ადამიანს მთლიანად - ქალსა და კაცს, როგორც ერთ მთელს) დაკარგული ერთიანობა ღმერთთან.

ოთხთავში, თვალის ზედაპირული გადავლებისთანავე, ნათლად იკითხება გენდერული საკითხისადმი დამოკიდებულება. სხვაგვარად რომ ითქვას - ეს საკითხი სახარებაში არც დგას, ის არ არსებობს: ადამიანი ხომ მხოლოდ მაშინ არის მთელი, როდესაც მისი ორი ნახევარი (ორი სქესი) ერთ მთლიანს შეადგენს. ამრიგად, ქალის როლი და ფუნქცია, სახარების მიხედვით იგივეა, რაც ადამიანის როლი და ფუნქცია საერთოდ. ეს არის ზესვლა! ადამიანის ცხოვრების მიზანია მარადიული სიცოცხლის მოპოვება, ღვთის სასუფევლის დამკვიდრება. ამ მიზანს ექვემდებარება ადამიანის ყველა დანარჩენი ფუქნქცია: სოციალური, მორალურ-ზნეობრივი, კულტურული და სხვ.

მესია იესო კაცობრიობას ცოდვათა გამოსახსნელად მოუვლინა უფალმა, მის მიერ ადამიანთათვის ცოდვის მიტევებამ, ქალი აღადგინა ადამიანურ უფლებებში და გაუხსნა მას გზა ღვთის სასუფევლისაკენ. ამაში გამოვლინდა მაცხოვრის ნება დაუბრუნოს ადამიანს დაკარგული სიმთელე, რადგან გენდერული მთლიანობის გარეშე შეუძლებელია ადამიანური სრულფასოვნება.

სახარებაში ნაუწყებია, რომ თანასწორობისა და სამართლიანობის მახარებელმა იესომ დაუბრუნა ქალს წართმეული ადამიანური ღირსება, დაუბრუნა უფლება ჰქონდეს სულიერი ცხოვრება და ამით აღადგინა მისი სოციალური უფლებები, დაუბრუნა საზოგადოებრივი ფუნქცია; იესო ქრისტემ აღამაღლა ქალი.

ევანგელემ დაანგრია ჯებირები, რომლებიც თიშავდა ხალხს და მოუწოდა ყველას ვინც ქრისტიანია: „და შეიმოსეთ ახალი, რომელიც განახლებულია შემეცნებით მისი შემოქმედის ხატისამებრ, სადაც არ არის არც ბერძენი, არც იუდეველი, არც წინადაცვეთა, არც წინდაუცვეთლობა, არ არის ბარბაროსი, სკვითი, მონა და თავისუფალი, არამედ ქრისტეა ყოველივე და ყოველივეში“ (კოლ., 3.10-11). რაც იმას ნიშნავს, რომ ღმერთში გაერთიანებულ ადამიანებს არ აქვთ არც ეროვნული, არც რასობრივი არც სქესობრივი და არც რაიმე სხვა გარეგნული თვისობრიობით გაპირობებული საზღვრები და ზღუდეები.

მოციქულთა საქმეების წიგნში ვკითხულობთ, რომ მაცხოვრის წასვლის შემდეგაც მოსწავლეები არ არღვევენ მის ნებას და ეკლესიად შეკრებილნი კვლავაც ქალებთან ერთად ლოცულობენ. პირველ საუკუნეებში ქალთა აქტივობა ქრისტიანულ თემებში, მათი თანასწორუფლებიანობა გრძელდება. მაგრამ, თანდათანობით ეს ტრადიცია იკარგება, როგორც ბევრ სხვა რასმე - კაცობრიობა ივიწყებს ქრისტეს ქადაგებას; და კვლავ თავს იჩენს ქალის დაკნინება, მისი დათრგუნვა - დამონება, ჩაგვრა და უუფლებობა. ეს ვლინდება როგორც ადრე, ისე გვიან შუასაუკუნეებში როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ ქრისტიანობაში (ანუ კათოლიციზმშიც და მართლმადიდებლობაშიც).

რა შეიძლება ამაზე ითქვას ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ? ეს სახარებამდელი მსოფლმხედველობის რეციდივებია.

როგორც ჩანს, ორი ათასი წელი ძალზე მცირე დროა იმ მასშტაბის ინფორმაციის დასაძლევად, რაც ახალ აღთქმაშია ჩადებული; ძალზე მცირე დროა იმისათვის, რომ კაცობრიობამ დაძლიოს იმ ამოცანათა თუნდაც ნაწილი, რომელიც მის წინაშე ღმერთკაცმა დააყენა; ეს ამოცანები ჭეშმარიტად ამოუწურავი და აბსოლუტურია. ამათ გადასაჭრელად ორი ათასი წელი საკმარისი არ აღმოჩნდა. ამიტომაც, ქრისტიანობამდელი ცნობიერების რეციდივები ჯერ კიდევ ძალზე ხშირია ქრისტიანობაში, ქრისტიანთა შორის.

დღეს კაცობრიობა შედის იმ ისტორიულ ეპოქაში, როდესაც სახარებაში ნაუწყები სიტყვა უფლისა თავის ახალ ღირებულებას იძენს. იწყება, თითქოს უკვე ძალზე ძველისა და ამავე დროს მარად ახლის ხელახალი გადააზრება. ამიტომაც, ჩვენი დროის ისეთი აქტუალური საკითხი, როგორიცაა გენდერული თემა თავის ძირებს ამ მარადიულ წიგნში ეძებს.

17 ქალი, ოჯახი, ტრადიცია და კანონი საქართველოში

▲ზევით დაბრუნება


გაფრინდაშვილი ლელა

როგორც ყველა პატრიარქალურ კულტურაში, საქართველოშიც ოჯახი ცენტრალური ღირებულებაა. ოჯახის წარმოშობაზე მსჯელობისას უნდა ვისაუბროთ მის ისტორიულ ფორმებზე, საჭიროა აგრეთვე ისტორიული, ისტორიოგრაფიული, ეთნოგრაფიული, სამათლებრივი და ლიტერატურული წყაროების შედარებითი ანალიზი. ამისი აუცილებლობა კი იმითაა გამოწვეული, რომ ოჯახმა, როგორც სოციალურმა ინსტიტუტმა, საკმაოდ რთული და მრავალფეროვანი გზა განვლო საქართველოს მთელი ისტორიის მანძილზე.

მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან იწყება საოჯახო ყოფის მეცნიერული შესწავლა ისტორიკოსთა, ეთნოგრაფთა და სოციოლოგთა მიერ. კავკასიის ეთნოგრაფიული მასალა საშუალებას გვაძლევს ვისაუბროთ დიდი ოჯახის თავდაპირველ სახეობაზე - საოჯახო თემზე, რომლის ძირითადი თავისებურება, მრავალრიცხოვანი ნათესაური გაერთიანებების ერთ სახლში ცხოვრებაა. „ვიდრე შინაურ მეურნეობაში ქალი მეთაურობს (სანამ მიწის მოქმედება სუსტადაა განვითარებული, იგი ქალის საქმიანობის სფეროა), დიდი ოჯახის მეთაურადაც ქალი რჩება. ზოგჯერ ეს მდგომარეობა მატრიარქატად ანუ დედამთავრობად ყალიბდება. მაგრამ მეურნეობაში მამაკაცის როლის გაძლიერებამ (მეჯოგეობა და ფართო მიწისმოქმედება მისი საქმიანობის სფეროა) სოციალურ ცხოვრებაშიც უპირატესობა საბოლოოდ მამაკაცს არგუნა. ყალიბდება ე.წ. პატრიარქატი ანუ მამამთავრობა, რომელიც სხვადასხვა ტომში, რა თქმა უნდა, სხვადასხვანაირია“ (ს. ჯანაშია).

ინდივიდუალური ოჯახის წარმოშობა იწყება მას შემდეგ, რაც საოჯახო-თემური საკუთრების წარმომადგენლები ცდილობენ გამოეყონ დიდ ოჯახს და ერთპიროვნული, საკუთარი ქონების მოხვეჭით ინტერესდებიან. კერძო საკუთრება აუცილებლად უკავშირდება ინდივიდუალური ოჯახის საოჯახო საკუთრებას, სადაც ერთპიროვნული კერძო მესაკუთრის უფლება მოპოვებული აქვს ერთ პიროვნებას - ოჯახის უფროსს.

დიდი ოჯახის გაყოფისას ოჯახის წევრების უფლებები არ იყო თანაბარი. ეთნოგრაფი რუსუდან ხარაძე ძალიან საინტერესოდ აღწერს ამ უთანასწორობას:

1. გასათხოვარ ქალს ოჯახის ქონებაში (გაყოფის დროს) წილი არა ჰქონდა. ის გათხოვებამდე რომელიმე ძმასთან რჩებოდა. მის ერთადერთ საკუთრებას დედისგან მოყოლილი ქონება შეადგენდა.

2. უშვილოდ დარჩენილი ოჯახის რძალი, ქვრივი, რომელიმე ძმასთან რჩებოდა. მას აძლევდნენ ყანას, რათა თავი ერჩინა, მაგრამ თუ ქმრის ოჯახიდან წასვლას მოინდომებდა, მაშინ მას არაფერი ერგებოდა (უფრო ადრე ქვრივი თავის მაზლზე თხოვდებოდა - ლევირატი).

3. ქვრივი - შვილიანი ქალი, თავის ვაჟთან რჩებოდა, ხოლო ეს უკანასკნელი სრულ საძმო ქონებას იღებდა. თუ ქვრივს ქალიშვილი ჰყავდა, მაშინ იგი გადადიოდა მაზლთან.

4. უფროსი ვაჟი ცოტა მეტ წილს იღებდა: მაგალითად, ერთი ყანით მეტს.

ოჯახის გაყრა, ინდივიდუალური ოჯახის ფორმირება არ არის ერთჯერადი პროცესი. საქართველოს ყველა სუბკულტურას იგი არც შეხებია. გვიანფეოდალური ხანის (XVII-XVIII სს.) საქართველოში ჩატარებული სტატისტიკური აღწერები ადასტურებენ, რომ კომლში შედის რამდენიმე „თავი“ ანუ ოჯახი, რომლის უფროსს მამაკაცი წარმოადგენს. ამ ცნობარებიდან საინტერესოა ის გარემოება, რომ ოჯახის შემადგენლობის აღწერისას გათვალისწინებულია მხოლოდ მამრობითი სქესის წარმომადგენლები, არსად ოჯახის სრული აღწერა არ გვხვდება. აღრეწისას ქალებისა და ბავშვების სახელები, მათი რაოდენობა სავსებით უგულებელყოფილია. კომლი, რომელიც რამდენიმე ,,თავს” აერთიანებდა, წარმოადგენდა დიდ ოჯახს, ხოლო ერთი ,,თავისაგან” შემდგარი კომლი - ინდივიდუალურ ოჯახს.

ოჯახის სტრუქტურაზე საუბრისას საჭიროა გავარკვიოთ, თუ როგორი იყო ოჯახის ეკონომიკური მოდელი და რა ადგილი ეჭირა მასში ქალს.

საქართველოში საოჯახო ქონების სამი ძირითადი სახეობა არსებობდა: ,,მამული” (ოჯახის სამემკვიდრეო ქონება) ,,,დედული” (ქალის მიერ მოტანილი ქონება) და ,,მონაგები” (საერთო გარჯით შექმნილი ქონება). შვილები თავიანთი მშობლების ქონებას მხოლოდ მათი გარდაცვალების შემდეგ იყოფდნენ. ვაჟები მამისეულ საკუთრებას ინაწილებდნენ, ხოლო გოგონებს დედის ნამზითვიდან თუ ერგებოდათ რაიმე. გათხოვილ ანუ მზითვიან ქალს მშობლების მემკვიდრეობიდან წილი არ ერგებოდა. გაუთხოვარ ქალსაც მხოლოდ იმ შემთხვევაში ენიჭებოდა ქონებაზე მემკვიდრეობის უფლება, თუ საგვარეულოდან არც ერთი წევრი არ იყო დარჩენილი, ვისაც ქონების დამკვიდრების უფლება ჰქონდა. მზითვში კი იგულისხმებოდა მხოლოდ მოძრავი ქონება. VIII-XIII საუკუნეებში მზითვის გაცემის მტკიცე წესი არსებობდა, მაგრამ ამ წესის წარმომავლობაზე ისტორიკოსებსაც და ეთნოგრაფებსაც უჭირთ საუბარი. ისტორიული დოკუმენტები ცხადყოფენ, რომ ქორწინებისას ქალის მიერ მზითვის მოტანა არ იყო მიღებული ყველა სუბკულტურასა და სოციალურ ჯგუფში. ივ. ჯავახიშვილს ამის დამადასტურებლად მოჰყავს გიორგი VIII-ის პასუხი ბიზანტიის მეფისათვის, რომელიც გიორგის ქალიშვილს თხოვდა ცოლად: „ჩვენი ქვეყნის ზნე-ჩვეულების თანახმად საქმროს მოაქვს საცოლისათვის ქონება და არა საცოლეს - საქმროსათვის. ამიტომ მე ჩემს ასულს მზითვს ვერ გამოვატან, მაგრამ სხვაფრივ ქონებრივად უზრუნველვყოფო“. ეს აზრი ადასტურებს ოჯახურ ქონებაში ქმრის უპირატეს ქონებრივ ვალდებულებებს. ამისი მაგალითია სყიდვითი ქორწინება.

სყიდვითი ქორწინება, ქორწინების ერთ-ერთი ადრინდელი სახეა საქართველოში. ისტორიული, ლიტერატურული, ეთნოგრაფიული მასალები ადასტურებენ, რომ იგი ჩვენში XVII-XIX საუკუნეებშიც არსებობდა და გულისხმობდა საქმროს მატერიალურ ვალდებულებას საცოლის მიმართ. საქართველოს მთაში (სვანეთი, ხევი) არსებობდა ორჯერადი გადასახადი (სავალდებულო).

რაც შეეხება ქორწინების ისტორიულ ფორმებს, საქართველოში არსებობდა: 1. ენდოგამია, რომელიც უშვებს გარკვეული საზოგადოებრივი ჯგუფის შიგნით ქორწინებას. 2. ეგზოგამია, რომელიც კრძალავს გარკვეული საზოგადოებრივი ჯგუფის შიგნით ქორწინებას. 3. მცირეწლოვანთა დანიშვნა, რომელიც ფართოდაა გავრცელებული საქართველოს მთაში და ეიჯიზმის ნათელ მაგალითს წარმოადგენს. რომელიმე ოჯახი დაბადებიდანვე რძლად ნიშნავდა ქალს. ბატონყმობის დროს ამ წესმა პრაქტიკული ღირებულებაც შეიძინა. ფრანგი მოგზაური ჟ. შარდენი აღნიშნავს, თუ როგორ ბოროტად იყენებდნენ ბატონები თავიანთ მდგომარეობას და ხშირად ამწარებდნენ გლეხებს ქალების მოტაცება-გაყიდვის შემაძრწუნებელი შემთხვევებით: „ამისთანა შემთხვევების ეშინიათ საქართველოში და ამიტომ ცდილობენ, ვისაც ლამაზი ქალები ჰყავთ, რაც შეიძლება ადრე გაათხოვონ. მეტადრე ღარიბი ხალხი ადრე ათხოვებს ქალებს და ხანდისხან აკვანში ნიშნავს. ამას იმიტომ სჩადიან - მებატონეებმა არ მოსტაცონ გასაყიდად. თუ ქალი, რაც უნდა პატარა იყოს, გათხოვილია ან დანიშნული, მებატონეები მოკრძალებით ექცევიან. ადვილად ვეღარა ბედავენ მოაშორონ ქალი თავის ოჯახს“.

მცირეწლოვანთა დანიშვნის შესახებ ძალიან საინტერესო მასალა არსებობს. რაჭაში ქალის სახლში ვაჟის დედ-მამა ძღვენით მიდიოდა. სადედამთილოს ჰქონდა თვალედი ბეჭედი, ვერცხლის ღილი და თავშალი - „ბურსეულად“ წოდებული. ამას იგი სარძლოს აკვანზე ჩამოჰკიდებდა, მერე გაიშლებოდა სუფრა და ლოცავდნენ დანიშნულებს. აკვანში დანიშვნა მალე „მოციქულობით“ შეიცვალა. ი. გრიშაშვილს მოჰყავს თბილისში გავრცელებული ანდაზა: „ქალს ქუდი ესროლე, თუ არ წაიქცა, გასათხოვრად მომწიფებულიაო“. ალბათ ამიტომ ძალიან ხშირი იყო, როცა სრულიად ნორჩ გოგონას, ჯერედ მოუშუშებელს და წელგაუმაგრებელს, ოთხმოცი წლის ბეხრეკზე ათხოვებდნენ“.

1. საქართველოში საკმაოდ გავრცელებული იყო ქალის მოტაცება, როგორც ქორწინების ერთ-ერთი ფორმა. ქართული სამართალი ებრძოდა მას როგორც დრომოჭმულ ჩვეულებას. X-XI საუკუნეებში საქორწინო კავშირის დამყარება უკვე მშობლების მოლაპარაკების გზით ხდებოდა, მაგრამ მოტაცებამ (წაგვრითი ქორწინება) ძალიან დიდხანს შეინარჩუნა თავი. XX საუკუნეში იგი გარკვეული სიმბიოზი იყო. ერთი მხრივ, უფროსი თაობის ავტორიტარიზმის წინააღმდეგ პროტესტი და, მეორე მხრივ, რომანტიკული სასიყვარულო თავგადასავალი. თუმცა, ძალიან ბევრი ტრაგედია მოჰყოლია ასეთ ვოლუნტარიზმს: თუ მშობლებს არ მოსწონდათ შვილების არჩევანი, ისინი იწყებდნენ აქტიურ ბრძოლას მათ დასაცილებლად. განსაკუთრებით მძიმე დღეში იყვნენ გოგონები, რომლებიც თავიანთი ნების საწინააღმდეგოდ მოიტაცეს: ხშირ შემთხვევაში მათ მშობლები არ თანაუგრძნობდნენ და საზოგადოებრივი აზრის გავლენით გოგონები იძულებულნი იყვნენ ბედს შეჰგუებოდნენ.

2. საეკლესიო ქორწინება ანუ ჯვრისწერა - როგორც ქორწინების სახე, ქრისტიანობის დროინდელია. თუმცა საზოგადოებრივი ურთიერთობების ადრინდელ საფეხურზე წარმოქმნილი წეს-ჩვეულებანიც ხანგრძლივად ინარჩუნებენ არსებობას ახალ საზოგადოებრივ გარემოში. ამიტომაც, საეკლესიო ქორწინებისა და ჯვრისწერის წესებს ქართველები ზოგჯერ არ ასრულებდნენ.

3. რეგისტრირებული ქორწინება სოციალიზმის პირმშოა, რომელმაც დიდი ცვლილებები ვერ შეიტანა ქორწინების ადრინდელ ფორმებში. იგი უფრო სავალდებულო წესი იყო, ვიდრე სასურველი.

ოჯახთან მიმართებაში საინტერესოა სქესობრივი ურთიერთობის ნორმების თავისებურებათა განხილვა. პატრიარქალური კულტურა მამაკაცს უფრო მეტ სექსუალურ თავისუფლებას ანიჭებს, ქალი კი ამ მხრივ უფრო შეზღუდულია. ქართული საეკლესიო სამართალი კრძალავდა და აქტიურად ერეოდა ქართველთა საოჯახო ცხოვრებაში, თუ ისინი არღვევდნენ სექსუალური ურთიერთობის ქრისტიანულ ნორმებს.

შუა საუკუნეების საქართველოში მეფეს შეეძლო რამდენჯერმე დაქორწინებულიყო არა მხოლოდ დაქვრივების შემდეგ, არამედ ცოლის სიცოცხლეშივე. განსაკუთრებით ხშირი იყო მეორე ცოლის შერთვა პირველის უშვილობის შემთხვევაში. უშვილო ქალი შეიძლებოდა დაეთხოვათ. „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“ მოცემულია ადარნერსეს თავგადასავალი, რომელმაც თავისი ცოლი დაითხოვა და სასახლეში სიძვის დიაცი მოიყვანა. გრიგოლ ხანძთელი დაუპირისპირდა ადარნერსესაც და მის რჩეულსაც, მან არ შეინდო ქალი, რადგან ,,უსამართლოდ განიშორა სიცრუვითა სიძვისაითა სარწმუნოი ცოლი თვსი“... ამიტომ მას ბოროტებისათვის ყოველი სატანჯველი მიეგოსო უწინასწარმეტყველა მეფეს გრიგოლ ხანძთელმა.

ქართული ეკლესია იცავდა მონოგამიურ ოჯახს, მაგრამ მისთვის ქრისტიანული დოგმები უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე კონკრეტული ადამიანი. აშოტ კურაპალატი ისეთი თავზარდაცემულია საყვარელ ქალთან განშორებით, რომ ამბობს: „ნეტარ მას კაცსა, ვინ არღარა ცოცხალ არს!“

ძალიან ხშირი იყო, როცა სახლში ხასად მოყვანილი ქალი მეფეს შეუყვარდებოდა ხოლმე. ასე მოხდა ულუ დავითის შემთხვევაში. მან ალთუნი მხოლოდ მაშინ დაითხოვა, როცა ქალს გოგონა შეეძინა. დემეტრე მეორეს ერთდროულად სამი ცოლი ჰყავდა. ამის გამო მემატიანე სასტიკად კიცხავს მას და ამბობს: „აღერია წარმართთა და ისწავნა საქმენი მათნი“. მრავალცოლიანობა „წარმართულ“ (გარედან შეთვისებული, უცხო) წეს-ჩვეულებად ითვლებოდა. კათალიკოსი ნიკოლოზი დაუპირისპირდა დიმიტრი II-ს და როცა ვერაფერი გააწყო, წავიდა კათალიკოსობიდან.

ქართული სამართალი ებრძოდა ადიულტერსაც, მაგრამ განსაკუთრებით მკაცრი იყო მოღალატე ცოლის მიმართ, შედარებით ლმობიერი - ქმრის მიერ ხარჭის ყოლის შემთხვევაში. ღალატიც და მრავალცოლიანობაც კანონსაწინააღმდეგო ქმედებებია, ხოლო კანონიერ მეუღლესთან ერთად ხასასთან თანაცხოვრების უფლება დროებით ხასიათს ატარებდა და განპირობებეული იყო მემკვიდრე ვაჟიშვილის ყოლის აუცილებლობით.

თავად-აზნაურთა მიერ ყმათა ქალების ხასად აყვანა და მერე უკანონო შვილებით მათი მიტოვება, საკმაოდ გავრცელებული იყო ბატონყმობის პერიოდში. ასეთი უკანონო შვილებით სავსე იყო ქართლი, იმერეთი. „ასეთ შვილებს დედებისაგან სომხები ყიდულობდნენ, სომხურად ნათლავდნენ, ასეთი ქართველ-სომხებით სავსეა მთელი საქართველო... 1820 წელს ავლაბარში, მთაწმინდასა და მეიდნისაკენ, მრავალი იყო საკახპოები, სადაც ძირითადად ბატონისაგან დაღუპული ქალები იყვნენ (ზ. ჭიჭინაძე, „საქართველოს ბატონ-ყმობის ფაქტიური მასალები“).

ქართული სამართალიც და ტრადიციული წარმოდგენებიც მკაცრად უპირისპირდებოდნენ ქორწინების გარეშე სქესობრივი კავშირის ფაქტებს: „სვანეთში ქორწინების გარეშე ბავშვის გაჩენისათვის თემი დამნაშავე ქალის მშობლებს ან მის მეურვეებს ან ნათესავებს ჯარიმად წაართმევდა ხოლმე ერთ დღიურ სახნავ-სათიბს ან ტყეს, რაც სამუდამოდ იქცეოდა თემის საკუთრებად და საზოგადოებრივი შემოსავლის წყაროდ. ისჯებოდა, აგრეთვე „სისხლის შერევაც“. საკმაოდ მკაცრი იყო აღმოსავლეთ საქართველოს მთაც. წაწლობის ღამის შემდეგ დაფეხმძიმება უპატიებელი ცოდვა იყო და დიდი სირცხვილი - ვაჟისათვის, ამიტომ იგი ყველანაირად ცდილობდა მუცელი მოეშალა ქალისათვის. სექსუალურ ურთიერთობებს ძირითადად ჰქონდა რეპროდუქციული ფუნქცია და შიდასაოჯახო საქმე იყო, ამიტომ მასთან დაკავშირებული პრობლემატიკა არასდროს ხდებოდა საზოგადოების განხილვის საგანი. ყველა ადამიანი, ვინც პირველ ადგილზე დააყენებდა თავის გრძნობას, სიყვარულს, ამით დაუპირისპირდებოდა საზოგადოებრივ აზრს და გაიკიცხებოდა კიდეც. 1810-1860 წლებში ცნობილი გახდა „აზნაურთა ქალების საქმე“ ანუ ხშირი იყო აზნაურთა ქალიშვილების გლეხ ვაჟებზე გათხოვება, რისთვისაც მათ მშობლები საბოლოოდ მოიკვეთდნენ და მზითევსაც არ აძლევდნენ. 1890 წელს კასპის მემემულემ, თავადმა ამილახვარმა, თავისი ნაყმევი ქალი შეირთო, რის გამოც ნათესავები აუმხედრდნენ: „თვითონ კი ვაჭრის ქალებს ითხოვენ ფულის გულისათვის, ის არაფერი და მე რომ ჩემი ყმის და ჩემივე ტომის ქალი შევირთე, მგონი ამით არაფერი დამიშავებია“.

ჩვენი ისტორიკოსები არანაირ უარყოფით შეფასებას არ აძლევენ მეფეთა მრავალცოლიანობას, მაშინ როცა კიცხავენ ქალებს, რომლებსაც რამდენიმე ქმარი ჰყავდათ. „ისტორიაში შენახულია მაგალითები ისეთი მანკიერებისა, რომელიც შეჰზარავს ზნეობაში აღზრდილ ადამიანს, როგორათაც რუსუდანმა, თამარის უღირსმა შვილმა და ნესტან-დარეჯანმა, რომელმაც XVII საუკუნეში შეძრა მთელი იმერეთი საზიზღარი ყოფა-ქცევითა“ (დ.ბაქრაძე).

ქართული ფეოდალურ-პატრიარქალური ნორმებით ოჯახურ ცხოვრებაში ჩაკეტილი ქალი კაპიტალისტურმა ურთიერთობებმა და, შემდგომ სოციალისტურმა თანასწორობის იდეამ ცოტათი გამოიყვანა საზოგადოებრივ ასპარეზზე, მაგრამ ქალები ძირითადად მათი საოჯახო საქმიანობის მსგავს სფეროებს მოედვნენ, რადგან გადაწყვეტილებათა მიღების მექანიზმებთან კვლავ მამაკაცები არიან.

დღევანდელი ქართული საზოგადოების ფასადი თითქოს დემოკრატიულია, მაგრამ ოჯახური და საზოგადოებრივი ურთიერთობები კვლავ ტრადიციული, ფეოდალურ-პატრიარქალური წარმოდგენებით რეგულირდება. ამის ძირითადი მიზეზი კი არის ის, რომ ცვლილებები საზოგადოებრივ ცნობიერებაში გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ყოფიერებაში. დიდი სამუშაო ტარდება საზოგადოებრივი აზრისა და სამართლებრივი მექანიზმების სფეროებში.

ქალის ტრადიციული როლის გადაფასებაც ძალიან ნელა მიმდინარეობს. ამ პროცესს ხელს ვერ უწყობს მასმედიაც, ამიტომ, ისევ ქალთა მოძრაობის წარმომადგენლები და ქალთა პრობლემებით დაინტერესებული ადამიანები თუ გადადგამენ ქმედით ნაბიჯებს. ჩვენ ვხელმძღვანელობთ „ქალის დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ კონვენციით“, პრეზიდენტ ე. შევარდნაძის ბრძანებულებებით: 1. ,,საქართველოში ქალთა უფლებების დაცვის განმტკიცების ღონისძიებათა შესახებ” (¹511, 1999) 2. ,,ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის გეგმა - 2000 -2002 წლები” (¹64, 2000). ეს სამი დოკუმენტი სავსებით საკმარისია იმისათვის, რომ პრობლემით დაინტერესებულ ადამიანებს მუშაობის ორიენტირი ჰქონდეთ.

18 შიდსი და ძალადობა საქართველოში

▲ზევით დაბრუნება


იზა ბოდოკია

საქართველოში შიდსის პირველი შემთხვევა 1989 წელს იქნა გამოვლენილი, თუმცა შიდსზე გამოკვლევების ჩატარება ჯერ კიდევ 1985 წელს დაიწყო. სადღეისოდ (15 აპრილის მონაცემებით) საქართველოში ოფიციალურად 113 აივ-ინფიცირებულია რეგისტრირებული. ეს ციფრები არ ასახავს ინფექციის გავრცელების რეალურ სურათს. როგორც უცხოელი ექსპერტები ვარაუდობენ, საქართველოში დღეისათვის რეალურად, სულ მცირე, 2000 აივ-ინფიცირებული და შიდსით დაავადებული მაინც იქნება. უფრო მეტიც, ბოლო ორი წლის განმავლობაში გამოიკვეთა აივ-ინფექციის შემთხვევათა მატების ტენდენცია. თუ 1998 წელს გამოვლენილ იქნა 25 აივ-ინფიცირებული, 1999 წელს - 34, მიმდინარე წელს უკვე 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. და ეს მოხდა მძიმე ეკონომიკური პირობების გამო, უაღრესად შეზღუდული გამოკვლევების ფონზე, რაც აივ-ინფექციის მატების ტენდენციის მხოლოდ შემსუბუქებული სურათის დაფიქსირების შესაძლებლობას იძლევა.

საქართველოში, ისევე როგორც ყოფილი საბჭოთა სივრცის სხვა ქვეყნებში, შიდსის გავრცელების უპირველეს რისკ-ფაქტორს ინტრავენური ნარკომანია წარმოადგენს. გამოვლენილ აივ-ინფიცირებულთა 67%25 ინტრავენური ნარკომანია. შემდეგ რისკ-ფაქტორს დაუცველი სქესობრივი კავშირები წარმოადგენს. ამასთან შიდსის ვირუსით დაინფიცირების შემთხვევები დაფიქსირებულია როგორც ჰეტერო (25%25), ისე ჰომოსექსუალური (94,3%25) კავშირების დროს, რაც საქართველოში უსაფრთხო სექსის პრინციპების ნაკლებ პოპულარობაზე მიუთითებს. შიდსის ვირუსით დაინფიცირების შემთხვევების 2,6%25-ში ინფიცირების მიზეზი შიდსზე შეუმოწმებელი სისხლის გადასხმა გახდა. ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა ართულებს სამედიცინო დაწესებულებებში აივ-ინფექციის გადაცემის პროფილაქტიკის ზომების სრულმასშტაბიან გატარებას.

სამწუხაროდ, საქართველოში შიდსის შესახებ მოსახლეობის, მათ შორის, სამედიცინო პერსონალის ცოდნის დონე დაბალია. შიდსი დღევანდელი საზოგადოებისათვის ჯერ კიდევ ბოლომდე გაუთვითცნობიერებელი პრობლემაა. ეს კი, თავის მხრივ, იწვევს შიდსის ვირუსით ინფიცირებულებისა და დაავადებულების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას, რაც მათ მიმართ გამოვლენილი აგრესიით, მუქარით და ცილისწამებით გამოიხატება. ყოველივე ეს საქართველოს კანონმდებლობის მიერ, ძალადობის მუხლით განიხილება და ისჯება.

განსაკუთრებით საშიშია ამ დამოკიდებულების გამოვლინება სამედიცინო დაწესებულებებში, სადაც შიდსის ვირუსით ინფიცირებულები იძულებული არიან დამალონ თავიანთი სტატუსი, რადგან პერსონალი უარს აცხადებს მათ სამედიცინო მომსახურებაზე. მართალია შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრი მაქსიმალურად ცდილობს ინფიცირებულთა და დაავადებულთა სამედიცინო დახმარებას, მაგრამ ვინაიდან ცენტრს არ გააჩნია ქირურგიული, გინეკოლოგიური და სტომატოლოგიური განყოფილებები, გასაგებია, რომ იგი ამ სახის მომსახურებას დაავადებულებს ვერ გაუწევს. ამ მიზეზით ისინი სხვა სამედიცინო დაწესებულებებს აკითხავენ, სადაც მათ დახმარებაზე უარს ეუბნებიან იმ მოტივით, რომ ისინი შიდსის ვირუსით ინფიცირებულნი არიან. დაავადებულები იძულებული ხდებიან დამალონ თავიანთი ინფიცირება და რეალური საფრთხის წინაშე დააყენონ ექიმებიც და მათი პაციენტებიც. საქართველოში ამგვარი შემთხვევები მცირე როდია. მაგალითად, შიდსის ცენტრის ერთ-ერთ ინფიცირებულს დასჭირდა რამდენიმე მტკივნეული კარიესული კბილის დაბჟენა. ჩვენი ექიმის თანხლებითაც კი, რომელმაც მოკლე ინსტრუქტაჟი ჩაუტარა კლინიკის სტომატოლოგებს, მათ არ სურდათ არანაირი მანიპულაციის ჩატარება. ბოლოს ერთ-ერთმა ექიმმა - ქირურგმა გადაწყვიტა ,,დახმარება” - თუ პაციენტი დათანხმდებოდა კბილების ექსტრაქციაზე, შემდეგ გამოყენებულ ხელსაწყოს, უბრალოდ გადააგდებდნენ და პრობლემაც, მათი აზრით, მოიხსნებოდა. ამ პირობამ ინფიცირებულის აგრესია გამოიწვია. მან გადაწყვიტა მიეკითხა სხვა სტომატოლოგიური კლინიკისათვის ისე, როგორც ჯანმრთელ პაციენტს და შედეგებზე მთელ პასუხისმგებლობას იხსნიდა. მსგავს სამწუხარო შემთხვევას ადგილი ჰქონდა ქირურგიულ განყოფილებაშიც, სადაც ქირურგებმა უარი თქვეს ინფიცირებულის ოპერაციულ დახმარებაზე. შიდსის ცენტრის ექიმებს ფსიქოლოგიური სამსახურის ჩარევა დასჭირდათ, რომ ინფიცირებულს თავის განზრახვაზე ხელი აეღო. თუმცა აქვე უნდა გავითვალისწინოთ, რომ შიდსის ცენტრი ან „შიდსით დაავადებულთა დახმარების ფონდი“ ბოლომდე ვერ აკონტროლებს ინფიცირებულთა ქცევებს.

თავისთავად ის ფაქტი, რომ ექიმი ან ექთანი უარს აცხადებს პაციენტის დახმარებაზე, ცივილური საზოგადოებისათვის მიუღებელია, მით უფრო, რომ ეს ძირითადად გამოწვეულია დაავადების შესახებ განათლების დაბალი დონით. ამიტომ საზოგადოების ამ კატეგორიას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს. აუცილებელია მათთვის თემატური ლექცია-სემინარების ჩატარება, ამასთან საჭიროა კვალიფიკაციის ამაღლების კურსებისათვის დამუშავდეს სპეციალური პროგრამები, რათა თავიდან იქნეს აცილებული ინფორმაციის ნაკლებობით გამოწვეული არასწორი დამოკიდებულების ჩამოყალიბება შიდსის ვირუსით ინფიცირებული პირების მიმართ და ამ დამოკიდებულებით გამოწვეული აგრესია და ძალადობა.

რაც შეეხება საზოგადოების დარჩენილ ნაწილს, მათი ძირითადი მოთხოვნა შიდსის ვირუსით ინფიცირებული და დაავადებული პირების მიმართ ის არის, რომ მოხდეს სამსახურებიდან თუ სასწავლო დაწესებულებებიდან მათი დათხოვნა, რადგან მიაჩნიათ, რომ აუცილებელია მათი საზოგადოებისაგან იზოლაცია. ამგვარი დამოკიდებულება, თავისთავად, იწვევს უკუაგრესიას როგორც დაავადებულთა, ასევე მათი გარემოცვის მხრიდან, რომლებიც, მიუხედავად იმისა, რომ არ არიან დაავადებულნი, გარკვეულ ზეწოლას მაინც განიცდიან. მაგალითად, დასავლეთ საქართველოში მოხდა რამდენიმე ფაქტი, როდესაც შიდსით დაავადებულ პირთა სახლები დაწვეს და სრულიად ჯანმრთელი პირები, მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი ინფიცირებულთა ოჯახის წევრები იყვნენ, ღია ცის ქვეშ დარჩნენ. ეს უხეში ძალადობაა.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს აგრესიის გამოვლინება ციხეებსა თუ კოლონიებში. სადღეისოდ საქართველოში, შიდსის ვირუსით ინფიცირებულ პირთა მცირე რაოდენობის გამო, არ არის გამოყოფილი ცალკე საპატიმრო, როგორც, მაგალითად, ტუბერკულოზით დავადებულთათვის. ამის გამო, შიდსის ვირუსით ინფიცირებული პატიმრები ხშირად ძალადობის მსხვერპლნი ხდებიან. შიდსის ცენტრი და „შიდსით დაავადებულთა დახმარების ფონდი“ იძულებული გახდნენ, ეთხოვათ სასჯელთა აღმასრულებელი დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის მოეხდინათ ინფიცირებული პატიმრების გადაყვანა ციხის საავადმყოფოში, რადგან მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. სამწუხაროდ, აგრესიას ვერ ავცდით ვერც სამედიცინო დაწესებულებაში. საავადმყოფოში გამოიყო ერთი პალატა, რომელიც იზოლირებული იყო სხვა პალატებისგან; იგი იკეტებოდა ორმაგი კარებით და ჰყავდა დაცვა. გარკვეული პერიოდის შემდეგ ინფიცირებულმა პატიმრებმა მოიხადეს პატიმრობის ვადა და ციხიდან განთავისუფლდნენ, მაგრამ ერთ პატარა ოთახში 5 ადამიანის თანაცხოვრებამ, ჯანმრთელი საზოგადოების მხრიდან არაადამიანურმა დამოკიდებულებამ მათი გაბოროტება გამოიწვია და ისინი საზოგადოებისათვის უკვე საშიში გახდნენ.

საზოგადოების ამგვარი ძალადობის გამო, შიდსის ვირუსით ინფიცირებულთა და დაავადებულთა აზროვნება შიშით შეზღუდულია. ისინი გაურბიან საზოგადოებას, ცდილობენ იყვნენ მარტო, არავის გაუმხილონ თავიანთი ავადმყოფობის შესახებ, რათა არ დაკარგონ მეგობრები, ახლობელი ადამიანები და ის კავშირები, რომლებიც მათთვის დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე გუშინ. მათთვის ყოველგვარ მოვლენას თან სდევს სიკვდილის მოახლოების შიში, დათვლილი დღეების განაწილების პრინციპი მათ არ აძლევთ საშუალებას იცხოვრონ უშუალოდ და თავისუფლად. საზოგადოების ნაწილს არ სჯერა, რომ ინფიცირებულმა შესაძლოა არ იცოდეს თავისი ინფიცირების შესახებ იმ დროს, როცა ის სჩადის ისეთ საქციელს, რითაც სხვა პიროვნებას დაინფიცირების საფრთხეს უქმნის. და ცილს სწამებენ, რომ ინფიცირებული შეგნებულად, განზრახ სჩადის დანაშაულს. მსგავს შემთხვევებში ურთიერთობების გარკვევა ხშირად ძალადობაში გადაიზრდება ხოლმე. დაავადებულებს დაკარგული აქვთ მომავლის რწმენა და ცდილობენ რაც შეიძლება მეტი დასტყუონ ცხოვრებას. მათთვის ვნება და დროსტარება ცხოვრების წესად იქცევა. ამას ისიც ემატება, რომ ყოველ ადამიანში განსაკუთრებულად ამჩნევენ ჯანმრთელ ორგანიზმს, ქვეცნობიერად უჩნდებათ შურის გრძნობა, მიმართავენ ძალადობის უკიდურეს ფორმას - აავადებენ საზოგადოების ჯანმრთელ ნაწილს. ისინი თავისუფლად შედიან სქესობრივ კონტაქტში მეუღლეებთან თუ შემთხვევით პარტნიორებთან, ნარკოტიკების ჯგუფურად გამოყენების დროს ხმარობენ ე.წ. „მეგობრობის შპრიცს“. (შიდსის ცენტრში რეგისტრირებული შემთხვევებიდან ძმებს შორის საერთო შპრიცის გამოყენებით შიდსის ვირუსის გადაცემა მოხდა ხუთ შემთხვევაში, მეგობრებს შორის - შვიდ შემთხვევაში). ინფიცირებული პირები მონაწილეობენ დღემდე შემორჩენილ ძმადნაფიცობის რიტუალში, როდესაც თითს გაიჭრიან, სისხლის წვეთებს შეურევენ ერთმანეთს, და ამ დროს „ავიწყდებათ“, რომ საზოგადოებისათვის საშიშია მათთან ამგვარი ურთიერთობები.

პრობლემა გაცილებით მწვავედ წარმოჩნდება, თუ გავითვალისწინებთ რა დიდი ზიანი მოაქვს ოჯახებისათვის შიდსს. ძვირფასი ადამიანის დაკარგვით გამოწვეული უარყოფითი ემოციების გარდა, მნიშვნელოვანია ინფიცირებულ მეუღლეებთან თუ მათი ოჯახის წევრებთან ურთიერთობის საკითხები. ძირითადად ძალადობის მსხვერპლნი ხდებიან ქალები, რომლებიც სოციალურად დაუცველნი არიან და, მთელი რიგი გარემო პირობების გამო, არ შეუძლიათ ინფიცირებისაგან თავის დაცვა. შიდსის ცენტრში რეგისტრირებული შემთხვევებიდან მეუღლეებს შორის შიდსის ვირუსის გადაცემა დაფიქსირდა რვა შემთხვევაში, აქედან, ძალადობის მსხვერპლთაგან ხუთი ქალი აღმოჩნდა. გამოვლინდა შემთხვევა, როდესაც ქმარი მოითხოვდა მეუღლისგან ბავშვის გაჩენას, მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა ინფიცირებული ახალშობილის დაბადების მაღალი ალბათობა.

აქვე უნდა აღინიშნოს დამოკიდებულება შიდსის ვირუსით ინფიცირებულთა და დაავადებულთა შვილების მიმართ, რომლებიც, მართალია, ჯანმრთელნი არიან, მაგრამ თავიანთი მშობლების გამო ფსიქოლოგიურ ზეწოლას განიცდიან. ეს იწვევს მათ კონფლიქტს როგორც საზოგადოების, ასევე მშობლების მიმართ. ამიტომ, მათთან განსაკუთრებული მიდგომაა საჭირო. სასურველია ტრენინგების ჩატარება მათთვის, ვინც აპირებს ოჯახის შექმნას ან უკვე შექმნა იგი, რადგან ოჯახი ის ადგილია, სადაც მოზარდები ღებულობენ საზოგადოებაში ქცევის პრაქტიკას. იმ ოჯახების წევრები, რომელთა კავშირები დამყარებულია სიყვარულსა და ურთიერთნდობაზე, გულახდილობაზე, შეძლებენ ინფექციისგან თავის დაცვას. ასეთი ოჯახები იქნებიან გულისხმიერნი და მზრუნველნი შიდსის ვირუსით ინფიცირებულთა და დაავადებულთა მიმართ. საგანმანათლებლო ღონისძიებებით უნდა დავარწმუნოთ საზოგადოება, რომ ოჯახს, ტრადიციულსა თუ არატრადიციულს, შეუძლია შეაჩეროს შიდსის გავრცელება, თუ დაარწმუნებს ოჯახის წევრებს, რომ გაათვითცნობიერონ შიდსთან დაკავშირებული ფაქტები და გაითავისონ უსაფრთხო ქცევები. თუ ოჯახის რომელიმე წევრი დაავადდა შიდსით, თავად ოჯახია თანაგრძნობისა და თანადგომის საუკეთესო წყარო.

ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ახალგაზრდები მეტი ინტერესითა და ნდობით ეკიდებიან მათ, ვინც მათსავე ასაკობრივ და სოციალურ წრეს ეკუთვნის, მათ ინტერესებს იზიარებს. ცხოვრებისეულ საკითხებზე მშობლებისა და პედაგოგების ინფორმაციას ხშირად უპირისპირდება ქუჩაში, ეზოში, მეგობრების წრეში მოპოვებული ინფორმაცია, სამწუხაროდ, ზოგჯერ არაკორექტული და, რიგ შემთხვევაში, ზიანის მომტანიც კი. ამიტომ მიზანშეწონილია საქართველოშიც ფართოდ დაინერგოს აღიარებული პროფილაქტიკური მეთოდი - Peer-education - თანატოლთა ან თანასწორთა განათლება (თანასწორის მიერ თანასწორის სწავლება, როდესაც შიდსის საპროფილაქტიკო ღონისძიებების შესახებ ნარკომანი ინფორმაციას აწვდის ნარკომანს, მეძავი - მეძავს, მოზარდი - მოზარდს და ა.შ.). Peer განათლებას დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია მთლიანად საზოგადოებაზე და, პირველ რიგში, ახალგაზრდობაზე. როგორც მსოფლიო გამოცდილებამ აჩვენა, მისი დანერგვის ეფექტურობა ბევრად აჭარბებს მოლოდინს. არაფორმალური დიალოგებისა თუ ორგანიზებული სემინარების საშუალებით იზრდება ცოდნა და გამოცდილება არა მარტო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, როგორებიცაა შიდსი და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, არამედ დამოკიდებულება შიდსის ვირუსით ინფიცირებულთა და დაავადებულთა მიმართ. Peer განმანათლებლების საქმიანობა შეთავსებული უნდა იყოს შიდსზე სხვა საგანმანათლებლო პროგრამებთან. განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება ამ მხრივ მასობრივ საინფორმაციო საშუალებებს, როგორებიცაა: ტელევიზია, რადიო და პრესა. აუცილებელია, რომ ინფორმაციის მოპოვების ყველა წყაროს შორის მიღწეულ იქნას ჰარმონია, რის გარეშეც Peer განმანათლებლის საქმიანობა ნაკლებ ეფექტური იქნება.

პირველ რიგში აუცილებელია სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სპეციალური კურსის დანერგვა, რადგან მოზრდილი ადამიანის ჩვევების შეცვლა, პრაქტიკულად, უკვე შეუძლებელია. შიდსის შესახებ ინფორმაცია ახალგაზრდებს ბავშვობიდანვე უნდა მივაწოდოთ. ასევე მნიშვნელოვანია სამედიცინო დაწესებულებებში საგანმანათლებლო ღონისძიებების გატარება. სამწუხაროდ, სადღეისოდ ჩვენს ხელთ არსებული თანხები მხოლოდ საგანმანათლებლო ღონისძიებების ეპიზოდურად ჩატარების შესაძლებლობას გვაძლევს, რის გამოც მათი ეფექტურობა მცირეა. მხოლოდ ფართომასშტაბიანი, მიზანმიმართული საგანმანათლებლო ღონისძიებებით გახდება შესაძლებელი საქართველოში შიდსით დაავადებული პირების მიმართ დღეისათვის არსებული დამოკიდებულების გამოსწორება - აუცილებელია, რომ მათ მიმართ საზოგადოებამ გამოიჩინოს ყურადღება, თანადგომა, რომ მათ თავი იგრძნონ საზოგადოების სრულყოფილ წევრებად. მიგვაჩნია, რომ ზემოთ მოყვანილი ყველა შემთხვევა ძალადობით დასრულდება, თუ დროულად არ მივიღებთ სათანადო რეკომენდაციებს განვითარებული ქვეყნების შესაბამისი გამოცდილებების გათვალისწინებით.

19 ქართველი ქალები საზოგადოებრივ ასპარეზზე: წარსული, აწმყო, პერსპექტივები

▲ზევით დაბრუნება


გაფრინდაშვილი ლელა

ნებისმირი დაკვირვებული ადამიანი შეამჩნევს, რომ დღევანდელ საქართველოში ქალები დიდი საზოგადოებრივი აქტიურობით არ გამოირჩევიან; განსაკუთრებით პოლიტიკაში არ ისმის მათი ხმა.

როცა საზოგადოებრივ აქტიურობაზე ვლაპარაკობთ, ვგულისხმობთ მწყობრი, ახლებური შეხედულებებისათვის მებრძოლი ქალების აქტივობას, რომლებიც კრიტიკულად აანალიზებენ თანამედროვე პრობლემებს და თამამად აცხადებენ, რომ მათი მიზეზები წარსულშიც უნდა ვეძებოთ, აწმყოშიც უნდა შევამჩნიოთ.

ჩვენი ისტორია მდიდარი როდია ისეთი ქალებით, რომლებიც ძალაუფლების სათავეში იდგნენ და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების სადავეები ეპყრათ. მემატიანეები ბევრს მოგვითხრობენ თამარ მეფეზე, მაგრამ იმ მექანიზმზე, რომელიც სტრატეგიული საკითხების განხილვისას მუშაობდა ანუ იმაზე, თუ როგორი იყო თამარის წილი ამ საქმეში, ძალზე ცოტა ვიცით. აღნიშნავენ მის გულმოწყალე და თავმდაბალ ბუნებას, ხასიათის სიმტკიცეს, სიდინჯეს, დიპლომატიურ ნიჭსაც, რომლის წყალობითაც მან: ,,სამეფო განუხეთქლად დაიცვა, ყოველივე შეიტკბნა და მშვიდობა ყო ყოველთათუის”.

თამარის შემდგომი პერიოდის მმართველი ქალები - რუსუდანი, დარეჯან დედოფალი, ქეთევან დედოფალი - არ წარმოადგენდნენ მნიშვნელოვან პოლიტიკურ ფიგურებს, თუმცა ქეთევანის გმირული თავდადება სარწმუნოებისათვის დიდ ზნეობრივ დატვირთვას ატარებს.

გიორგი სააკაძის შემდგომ პერიოდში, როსტომ მეფის (როსტომ ხანის) მეუღლე მარიამი ცნობილია როგორც ქართული კულტურის აქტიური მოღვაწე. მის სახელთანაა დაკავშირებული სვეტიცხოვლის აღდგენა, მისი შეკვეთით გადაიწერა ,,ქართლის ცხოვრება”.

1832 წლის შეთქმულებაში ქალებიც მონაწილეობდნენ: თამარ ბატონიშვილი (ერეკლეს ძის იულონის ასული), ფარნაოზ ბატონიშვილის ასული სალომე, მართა ალექსი-მესხიშვილი, მელანია თარხნიშვილი - მრჩეველ მელნიკოვის მეუღლე, მაგრამ არც ერთ მათგანს არ ჰქონდა მნიშვნელოვანი ფუნქცია და არც რაიმე გავლენა მოუხდენია შეთქმულთა, ძირითადად მამაკაცებით შედგენილ ჯგუფზე.

მეცხრამეტე საუკუნიდან კომუნისტური მმართველობის დამყარებამდე, ქალები ჩაბმულნი იყვნენ საზოგადოებრივი ცხოვრების ისეთ სფეროებში, რომლებიც ოჯახური ცხოვრების გაგრძელებას წარმოადგენდნენ ან ძალიან ჰგავდნენ მას; ეს იყო აღმზრდელობითი, პედაგოგიური საქმიანობა. მარიამ ვახტანგის ასულ ორბელიანის მფარველობით აღიზარდნენ: კიტა აბაშიძე, ივანე ჯავახიშვილი. მისი ხელშეწყობით უამრავი ახალგაზრდა სწავლობდა საზღვარგარეთ, რუსეთში. მან დიდძალი სახსრები ჩადო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების საქმეში.

განათლების სფეროში მოღვაწე ქალბატონთაგან ცნობილია - კნეინა ნინო ქობულაშვილი, რომლის ფინანსური დახმარებით დაარსდა ჟურნალი „ნაკადული“, ჟურნალ „ჯეჯილის“ რედაქტორი - ანასტასია წერეთელი, მარიამ ყაუხჩიშვილი - ქუთაისის პროგიმნაზიის დამაარსებელი, რომელიც საკუთარი სკოლის კედლებში გარდაიცვალა. „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაშიც“ მრავლად იყვნენ ქალები: მარიამ დადიანი (შალვა დადიანის და) სოხუმში მოღვაწეობდა; ელენე ბახტაძემ (ილია ხონელის და) ხონში დააარსა პროგიმნაზია; ნოტიო ლოლუას შესახებ, რომელიც ფოთის კერძო სამკერვალო სკოლას ხელმძღვანელობდა, მისი თანამედროვე წერს: „მრავალი წელი განაგრძობდა [ის] ახალგაზრდა პატრიოტი ქალების - მომავალი ქართველი დედების აღზრდას“.

ამ პატარა ისტორიული ექსკურსით იმისი თქმა გვსურს, რომ:

1. ისტორიულად, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა მაღალი სოციალური წარმომავლობის ქალების პრეროგატივა იყო.

2. ქალთა საზოგადოებრივი მოღვაწეობა თვისობრივად არ განსხვავდებოდა მათი საოჯახო საქმიანობისაგან.

3. ჩვენი კულტურა მასკულინურია, ამიტომ ისტორიკოსთა, ისტორიოგრაფთა და მემატიანეთა ყურადღება ძირითადად მამაკაცებზეა კონცენტრირებული. სწორედ ესაა იმისი მიზეზი, რომ ძალზე მწირი ინფორმაცია მოგვეპოვება როგორც მაღალი, ისე დაბალი სოციალური ფენების წარმომადგენელ ქალებზე.

სოციალიზმმა, თითქოს, ქალებს საშუალება მისცა მიეღოთ განათლება, ჩართულიყვნენ საზოგადოებრივ საქმიანობაში, მაგრამ ერთეული შემთხვევები იყო რაიონების, ქალაქების პირველ პირებად ქალების დანიშვნისა. ქალები იყვნენ პოლიტბიუროების წევრები, ქალაქკომის და რაიკომის მეორე და მესამე მდივნები, თუმცა, გადაწყვეტილების მიღების სადავეები პირველ მდივნებს - მამაკაცებს ეპყრათ. სოციალისტური შრომის გმირობას და შრომის წითელი დროშის ორდენს უფრო ხშირად მამაკაცები ღებულობდნენ, ვიდრე ქალები.

სოციალიზმის იდეოლოგები მიიჩნევდნენ, რომ ქალთა საკითხი ეკონომიკური საკითხია და სანამ ქალის ეკონომიკური სტატუსი არ ამაღლდება, იგი ვერ გახდება საზოგადოებრივად აქტიური. რუსეთის რევოლუციის მოღვაწე - „მუშა ქალთა ურთიერთდახმარების საზოგადოების“ ხელმძღვანელი - ალექსანდრა კოლონტაი წერდა: „დედაკაცის მდგომარეობა, მისი უფლებები და მნიშვნელობა საზოგადოებაში განისაზღვრება მისი როლით სახალხო მეურნეობაში“; „არა თანასწორუფლებიანობა, არამედ დედაკაცთა ძალების მიზანშეწონილი გამოყენება, დედაკაცების ინტერესების დაცვით, როგორც დედობის მატარებლისა“. სოციალისტების აზრით, ქალი მაქსიმალურად უნდა განთავისუფლდეს ოჯახური ცხოვრების სირთულეებისაგან. ქალს ხელი უნდა შეეწყოს იმაში, რომ მან თავისი ენერგია „ნათელი კომუნიზმის“ მშენებლობასაც მოახმაროს.

დღევანდელი მსოფლიო, რომელიც ცენტრალურ ღირებულებად ადამიანს აცხადებს, თამამად ლაპარაკობს ქალის დისკრიმინაციის ყველა ფორმაზე და ცდილობს იპოვოს ის ძირები, რომლებიც ამ დისკრიმინაციას უდევს საფუძვლად. ხშირად, ძალადობა ნიშნავს მენტალურ ძალადობას, რომლითაც მკაცრად შემოისაზღვრება ქალების ფუნქციები და როლები.

ის ფაქტი, რომ ქალები ნაკლებად მოდიან პოლიტიკაში არ არის მხოლოდ მათი ბრალი. ის, რომ მათ არ სურთ პოლიტიკაში მოსვლა, გამოწვეულია საზოგადოებაში ობიექტურად არსებული (თუმცა ყოვლად არაობიექტური) ტრადიციული წარმოდგენებით. ამ წარმოდგენების მიხედვით, პოლიტიკა ქალისათვის შესაფერისი საქმიანობა არ არის; პოლიტიკა, მნიშვნელოვან გადაწყვეტილებათა მიღება - მამაკაცების პრეროგატივაა. სწორედ ამ სტერეოტიპული წარმოდგენის გამო არ მოდიან ქალები პოლიტიკაში და სწორედ ამიტომ არ სურთ მათ ამ სფეროში მოღვაწეობა.

ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა მონაწილეობის ნათელი სურათი მოგვცა 1999 წლის მოწვევის პარლამენტის არჩევნებმა.

პროპორციული სისტემით არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 39 პარტიამ და ბლოკმა. აქედან, მხოლოდ 4 პარტიის ლიდერია ქალი. ეს პარტიებია: ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (ირინა სარიშვილი-ჭანტურია); პოლიტიკური გაერთიანება „ქალთა დაცვის კავშირი“ (ნარგიზ გვალია); პოლიტიკური კავშირი „ქეთევან წამებულის საზოგადოება“ (იზოლდა ჭილაძე); „ილია ჭავჭავაძის საზოგადოება“ (თამარ ჩხეიძე).

იმისათვის, რომ ნათლად წარმოვიდგინოთ არა მარტო ქალთა რაოდენობრივი წარმომადგენლობა სხვადასხვა პარტიებში, არამედ ისიც, თუ პარლამენტში მოხვედრის რა შანსი ჰქონდათ მათ, გთავაზობთ სიას, რომელიც გვიჩვენებს ქალთა ადგილებს პარტიულ სიებში.

საქართველოს მოქალაქეთა კავშირი

6. ბურჯანაძე ნინო

18. თევდორაძე ელენე

20. გიგინეიშვილი მანანა

32.შელია გულნარა

34. ხოფერია ნინო

39. აბაშიძე დალი

49. მოლოდინი მარინა

61. ნინოშვილი თამარ

64. ბიჭიაშვილი ნანული

67. სიმონიძე მაია

ბლოკი ,,საქართველოს აღორძინება

9. დევდარიანი ნანა

27. ჩხეიძე ნატო

43. პატარქალიშვილი ნათელა

44. ნადირაძე მაია

ლეიბორისტული (შრომის) პარტია

34. მგელიაშვილი თინა

40. ლომიავა ნანა

59. სხულუხია ნათელა

ეროვნულ-დემოკრატიული ალიანსი - III გზა

1. სარიშვილი-ჭანტურია ირინე

43. ინჯია ლეილა

სახალხო პარტია - დიდგორი

8. ბაღდავაძე მარიამ

42. ცინდელიანი ლია

მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს

12. ჩიხრაძე ფიქრია

ამ ქალბატონებიდან, მხოლოდ 17 მოხვდა პარლამენტში: 11 - საქართველოს მოქალაქეთა კავშირიდან; 4 - ბლოკიდან „აღორძინება“; 1 „მრეწველობა გადაარჩენს საქართველომ“ გაიყვანა. მათ რიცხვს დაემატა პარლამენტარი აფხაზეთიდან - ადა მარშანია.

მაჟორიტარ კანდიდატთა სიაში, 679 კანდიდატიდან 619 - მამაკაცი იყო, ხოლო 60 - ქალი, რომელთაგანაც მხოლოდ 3 მოხვდა პარლამენტში; 2 მათგანი საქართველოს მოქალაქეთა კავშირის წარდგენით, ერთი კი - „საქართველოს აღორძინების“. არ გასულა არც ერთი დამოუკიდებელი კანდიდატი ქალი.

პარლამენტში მოხვედრილ ქალბატონთაგან - 7 პირველად გახდა დეპუტატი, საერთოდ კი, პარლამენტი 1/3-ით განახლდა.

წინასაარჩევნო მარათონში არ ჩანდა ინტერესთა ჯგუფების აქტიურობა, მათი მცდელობა დიალოგი დაეწყოთ პოლიტიკურ პარტიებთან. ამ მხრივ სამაგალითოა ქალთა საინიციატივო ჯგუფის აქცია. ამ ჯგუფმა კითხვარი გაუგზავნა პოლიტიკურ პარტიებს. კითხვარი ასახავდა ქალთა პრობლემების ცალკეულ ასპექტებს, რომლებზეც პარტიებს თავიანთი შეხედულება უნდა გამოეთქვათ. 28 პარტიიდან 13-თან შედგა დიალოგი.

რაც შეეხება პოლიტიკური პარტიების პროგრამებს, მათში ბევრია ლაპარაკი ეკონომიკურ, სოციალურ პრობლემებზე ზოგადად, მაგრამ არაფერია ნათქვამი ქალთა მოძრაობისათვის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე როგორებიც არის: დემოგრაფია, მიგრაცია, თამბაქო, ნარკოტიკები და აბორტები თინეიჯერებში, თრეფიქინგი, საგანმანათლებლო რეფორმა (თვისობრივი) და, რაც მთავარია, კანონების გენდერული ანალიზი.

საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ქალთა პრობლემატიკის წინ წამოსაწევად, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაშიც უნდა იმუშაონ რათა მომავალ არჩევნებს უფრო მომზადებულნი შევხვდეთ და მოვიზიდოთ ქალები პოლიტიკაში.

20 ძალადობა ოჯახში

▲ზევით დაბრუნება


ქეთი გაფრინდაშვილი
რუსუდან ფხაკაძე

ოჯახი, როგორც ერთ-ერთი სოციალური წარმონაქმნი, რომელსაც თავისი დანიშნულება და, შესაბამისად, ღირებულებაც აქვს, მოწოდებულია უზრუნველყოს ადამიანთა შორის ინტიმური კავშირის სოციალიზებული ფორმა. ოჯახი ადამიანთა შორის სიყვარულის მაინსტიტუირებელი ერთეულია. ფაქტობრივად, ოჯახის შექმნის საფუძველი შეიძლება იყოს საკუთრებითი ინტერესები, მარტოობისაგან თავის დაღწევის სურვილიც, მოდგმის გაჩენისადმი ლტოლვაც, საზოგადოებისა და სოციალური ერთობების წინაშე მოვალეობის გრძნობაც. ოჯახის შექმნა დაკავშირებულია საერთო ინტერესებთან და ღირებულებებთან. სადაც ისინი არ არსებობენ, ან ძალას კარგავენ, ოჯახიც ინგრევა. ემოციურ მოთხოვნათა კანონიერი დაკმაყოფილების უზრუნველყოფა ოჯახის ერთ-ერთი ფუნქციაა.

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ოჯახში ხშირია კონფლიქტები და დანაშაულობანი. ოჯახი, სამსახურისაგან განსხვავებით, პიროვნებასთან კავშირშია არა ერთი რომელიმე შეზღუდული ასპექტით. პიროვნებას ოჯახი განიხილავს როგორც „მთლიანს“, ე. ი. მოიცავს მისი ცხოვრების ყველა სფეროს. უთანხმოება, რომელიც შეიძლება მოხდეს მუსიკის სხვადასხვა მიმართულებაზე კამათის დროს კოლეგებს შორის, სხვაგვარ ემოციურ დატვირთვას იწვევს ოჯახში. ცოლქმრული ცხოვრების თანმხლები კოფლიქტების ალბათობა უფრო ხშირ შემთხვევაში პარტნიორების გამო ხდება. პარადოქსია ის, რომ ქალებზე ძალადობენ ის მამაკაცები, რომლებიც, როგორც წესი, მათი სიყვარულის ობიექტი და ემოციური და ფინანსური მხარდამჭერები არიან.

ოჯახში ძალადობის ფორმებია: ფიზიკური ძალადობა (ცემა), სექსუალური ძალადობა, მუქარა, ემოციური ძალადობა (სისტემატური ყვირილი, გინება), საზოგადოებისაგან იზოლაცია, რაიმე ქმედების აკრძალვა მუქარით, დაშინება და ა.შ.

ოჯახში ძალადობის მსხვერპლნი (პირობითად ასე ვუწოდოთ მათ) შეიძლება იყვნენ ქალები, ბავშვები, ინვალიდები, მოხუცები და, იშვიათად, მამაკაცები. ყველაზე გავრცელებული ფორმაა ქმრის ძალადობა ცოლზე და მშობლების ძალადობა შვილებზე. ცოლზე ძალადობის უამრავ მაგალითს ვაწყდებით ძველ ხელნაწერებში, ძველი რომის იმპერიის, შუა საუკუნეებისა და თანამედროვე ცხოვრების აღწერებში. 1970 წლამდე კრიმინოლოგები და საზოგადოება თითქმის სრულიად უარყოფდნენ ქმრების ცოლებზე ძალადობის ფაქტებს. ქართულ სინამდვილეში ქალის ან ბავშვის ქუჩაში სასტიკად ცემა აღშფოთებასა და რისხვას იმსახურებს საზოგადოების მხრიდან, მაგრამ თუ იგივე ხდება ოჯახში, ეს, ჯერ ერთი, საზოგადოების თვალისგან დაფარულია, მეორეც, საზოგადოება ამას უყურებს როგორც ოჯახის საქმეს. ოჯახი ხელშეუხებელია და მის საქმეებში ჩარევა ცუდ ტონად ითვლება. უმეტეს შემთხვევებში ცოლები, მით უფრო ბავშვები, არ ჩივიან სასამართლოში. ფიზიკური ძალადობა თვალნათლივ ჩანს, ხოლო ემოციური და მორალური ძალადობა უფრო დაფარულია. მოვიყვანთ რამდენიმე მაგალითს. შეიძლება ეს მაგალითები თქვენთვის ტიპობრივი და ნაცნობი იყოს.

ქალს, რომელსაც ორი შვილი ჰყავს, სცემს ქმარი (ნასვამ მდგომარეობაში ეჭვიანობის ნიადაგზე), ცოლი ძალიან განიცდის, რომ ეს ბავშვების თვალწინ ხდება. ქმარს ვერ ვცილდები, - ამბობს იგი, - რა ვუყო ბავშვებს, უმამოდ ხომ არ დავტოვებ, როგორ ვარჩინო და რა ვაჭამო მათ?

დედა სასტიკად სცემს შვილს (მიზეზი მრავალნაირია: ცუდი მოსწრება, ცუდი ქცევა და ა.შ. ), ეს მას აღზრდის კარგ მეთოდად მიაჩნია: მეორედ ვეღარ გაბედავს ცუდ საქციელს, - ამბობს ის. ბავშვი ყოველი ცემის შემდეგ, ჯერ ერთი, სასტიკად შეურაცხყოფილია, მეორეც, ცემამ შეიძლება მისი მოზარდი ორგანიზმის სერიოზული დაზიანება გამოიწვიოს. ბევრმა მშობელმა ალბათ ისიც კი არ იცის, რომ ბავშვის სასტიკად ცემა კრიმინალია და ისჯება კანონით. ბავშვები სხვებზე არიან დამოკიდებულნი. ოჯახმა უნდა უზრუნველყოს ბავშვის ჯანმრთელად აღზრდისა და განვითარების შესაბამისი გარემო. ზემოთმოყვანილი ორივე მაგალითი ვერაფერი გარემოა ბავშვის ჰარმონიული განვითარებისათვის. ბავშვებისათვის თანაბრად ზიანის მომტანია დედის ცემა და გინება ან თავად მათი ცემა, მათდამი გამოვლენილი სისასტიკე ან ცუდადმოპყრობა. მეუღლეებს შორის ფსიქოლოგიურ აგრესიას თან ახლავს ისეთი შეურაცხყოფა, როგორიცაა: მუდმივი კრიტიკა იმის თაობაზე, თუ რა მსუქანი, შეუხედავი და ზარმაცია მეუღლე, ანდა როგორი უუნარო და უსაქმურია იგი. ამ მიმართულებით სისტემატურ ფსიქიკურ ზეწოლას კი თავისი დიდი დამაჯერებელი გავლენა აქვს. ეს მძიმე ფსიქიკური ჭრილობაა პიროვნებისათვის, ხანდახან შეუხორცებელიც და არანაკლებ მტკივნეულია, ვიდრე სილის გარტყმა ან სხვა ფიზიკური შეურაცხყოფა. ყოველივე ამან შეიძლება მასში საკუთარი ღირსების გრძნობის დაკარგვაც კი გამოიწვიოს.

ძალადობასთან დაკავშირებით არსებობს მითები და სინამდვილე.

ქვეყანაში არსებული ეკონომიკური კრიზისი, ლოთობა, უმუშევრობა და მძიმე ბავშვობა ვერ ამართლებს ძალადობას.

მითი იმის შესახებ, რომ ქალები თავად იმსახურებენ ცემას ქმრისადმი დაუმორჩილებლობის გამო, თავისთავად შემზარავია. ცოლი ადამიანია, ის არ არის ნივთი ან კუთვნილება. ამდენად, ოჯახში ძალადობა დიდი სოციალური პრობლემაა, მისი ფესვები გენდერულ სტერეოტიპებშია გადგმული. არათუ ადამიანი, ძაღლიც კი არ იმსახურებს სასტიკ მოპყრობასა და ცემას, და თუ საზოგადოება იმსჯელებს ზემონათქვამი მითის მიხედვით, მოძალადე ყოველთვის იპოვის თავისი მოქმედების გამართლებას.

ასევე შემზარავია მითი იმის შესახებ, რომ ქალების უმეტესობა მაზოხისტია, ძალზე სიამოვნებს ქმრისაგან ცემა და მას აღიქვამს როგორც სიყვარულის ნიშანს. არსებობს ათასი მიზეზი, რის გამოც ქალი ვერ მიდის ქმრისგან: უბინაობა, ბავშვების რჩენის პრობლემა, ფინანსური დაბრკოლება და ა.შ. და ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ის მაზოხისტია.

სახელმწიფო არ უზრუნველყოფს პიროვნების დაცვას ამ მიმართულებით, რამდენადაც სახელმწიფო და პოლიცია თვლიან, რომ ოჯახის პრობლემები თავად ოჯახმა უნდა გადაწყვიტოს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ძალადობა ოჯახში არ არის მოხსენიებული ცალკე პუნქტად და საერთო დანაშაულის კატეგორიაშია მოქცეული. არც ისაა გამორიცხული, რომ ზოგიერთი ცოლის ცემას ძალზე ბუნებრივ ოჯახურ მოვლენად თვლის.

რას ნიშნავს ძალადობა? ეს მარტო ფიზიკური ძალადობა როდია, არამედ ესაა პიროვნების შეურაცხყოფა და მისი აბუჩად აგდება; ძალადობა გულისხმობს სამ კომპონენტს: მსხვერპლი, დამნაშავე და თვით ქმედება. თავისი ხასიათისა და შედეგების გათვალისწინებით იგი ხშირად მოიაზრება კრიმინალად. მაგრამ ოჯახში ძალადობის სხვა სახის ძალადობისაგან ერთ-ერთი ძირითადი განმასხვავებელი ნიშანი არის ის, რომ იგი ოჯახის ფარგლებს საერთოდ არ სცილდება. სამართალდამცავი ორგანოებისათვის ძალადობის მხოლოდ 10%25-ია ცნობილი, რადგან ნათესავები ხშირად მალავენ ასეთ ფაქტებს. ეს კი ძალზე სახიფათოა, რადგან ისინი მოძალადეს ახალი ძალადობისაკენ უბიძგებენ.

არსებობს ძალადობის კიდევ ერთი განსაკუთრებული ფორმა - მენტალური ძალადობა, რასაც ხშირ შემთხვევაში (საქართველოს პირობებში) მიმართავენ მშობლები შვილების მიმართ. ბავშვის პიროვნულობა კი ითრგუნება იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ იგი თავისი მშობლების შვილია და უნდა გაითავისოს მშობლების აზრი. მშობლები არ აღიარებენ ადამიანის უფლებებს შვილების მიმართ. მაგალითად, შვილი დაქორწინდა და არ სურს მშობლებთან ერთად ცხოვრება (ეს შვილის მხრიდან, რასაკვირველია, არ ნიშნავს, რომ მისი მშობლები აუტანლები არიან და მათთან ვერ გაძლებს, უბრალოდ, ადამიანის უფლებაა იცხოვროს ისე, როგორც თავად თვლის მისაღებად). როგორ იღებენ ამას მშობლები? აქ იწყება მთელი ტრაგედია. უნდა დაიშალოს ბინა (რომელიც წვალებით ააშენეს მშობლებმა), ჩნდება ეჭვი, რომ მას მშობლებს მეუღლე ურჩევნია და ასე უხდის იგი მშობლებს სამაგიეროს იმ ამაგისათვის, მთელი ცხოვრება მის აღზრდას რომ შეალიეს. ასე გრძელდება უსასრულოდ. არსებობს ერთი უბრალო ჭეშმარიტება, როცა ადამიანი სრულწლოვანია და დამოუკიდებლად არსებობა შეუძლია, მას აქვს ადამიანური უფლება იცხოვროს ისე (რასაკვირველია, მორალისა და კანონის ფარგლებში), როგორც თვითონ თვლის საჭიროდ. მშობლების სურვილის გაუთვალისწინებლობა სრულიადაც არ ნიშნავს იმას, რომ შვილი უარს ამბობს თავის წმინდა მოვალეობაზე, იზრუნოს მშობლებზე, მითუმეტეს, თუ ისინი მოხუცები არიან და განსაკუთრებულ მზრუნველობას საჭიროებენ. ამისთვის თანაცხოვრება სულაც არ არის საჭირო.

საქართველოში, უფრო მეტად კი პერიფერიებში, ჯერ კიდევ არსებობს ქალის მოტაცების ტრადიცია, რაც თავისთავად კრიმინალია და ისჯება კანონით. მაგრამ ამ შემთხვევაში საზოგადოებრივი აზრი ამბობს თავის სიტყვას, - თუ ოჯახსა და საზოგადოებას მიაჩნია, რომ „მონატაცები“ ქალის ოჯახში მობრუნება მასაც და ოჯახსაც „ჩრდილს“ აყენებს, მაშინ ქალზე ხდება მორალური იძულება - არ დაბრუნდეს შინ და ბედს დაემორჩილოს. დაახლოებით იგივე მდგომარეობაა მაშინაც, როცა ახალგაზრდა ქალს ქმართან გაყრა სურს. ქმარგაცილებული ქალი რამდენადმე ათვალწუნებულია და სწორედ საზოგადოების მხრიდან მენტალური ძალადობა აიძულებს მას ბედს შეეგუოს. ოჯახში დანაშაული ხშირ შემთხვევაში არ მიდის სასამართლომდე. აი, მაგალითად, ქმარმა სცემა ცოლს, დაულურჯა თვალი. მეორე დღეს იგი საგულდაგულოდ იტყუება, როგორ დაეტაკა კედელზე გამოშვერილ რკინას და სხვ. ასეთი მაგალითების მოტანა გაუთავებლად შეიძლება.

ინვალიდები ის სოციალური ფენაა, რომელიც ძალადობისაგან ყველაზე დაუცველია მორალურადაც და ფიზიკურადაც. ხშირია შემთხვევები, როცა თავად დედა ინვალიდ შვილს, იმ მოტივით, რომ დაიცვას პირმშო თანატოლთა და თვით მოზრდილთა დაცინვისაგან, არ უშვებს სკოლაში, საზოგადოებაში. ამით იგი მორალურადაც და ემოციურადაც ძალადობს შვილზე. ძალადობის ნებისმიერ ფორმას გამანადგურებელი შედეგები მოაქვს პიროვნებისათვის.

ძალადობის ფსიქოლოგიური ეფექტებია:

დეპრესია,

დაკარგული ღირსება,

უბედურება,

შიში,

შფოთი,

ნევროზულობა,

პრობლემები,

უმიზეზო სიბრაზე და აგრესიულობა,

სრული გულგრილობა ყველაფრისადმი,

ალკოჰოლიზმი და ნარკომანია.

ცუდი გავლენა ცხოვრების შემდეგ სფეროებზე:

სექსუალურ ცხოვრებაზე,

ბავშვების აღზრდაზე,

ადამიანების მიმართ დამოკიდებულებაზე,

ყველა ადამიანს, რომელიც ძალადობის მსხვერპლია, უნდა ახსოვდეს:

- ის არ არის მარტო!

- ის არ არის დაწყვევლილი და უბედური!

- ის აუცილებლად მიიღებს დახმარებასა და მხარდაჭერას!

- და, რაც ყველაზე მთავარია, ადამიანი (სრულწლოვანი) თავად უნდა აღუდგეს წინ ყოველგვარ ძალადობას, არავის შეალახვინოს ღვთის მიერ ბოძებული უფლება, იყოს ბედნიერი, იცხოვროს შიშისა და ცრემლების გარეშე.

ძალადობა ოჯახში და ადამიანის უფლებები

ადამიანის უფლებები მხოლოდ კანონების კრებული არ არის. ეს - ფასეულობათა სისტემაა, რომელიც უზრუნველყოფს თითოეული ადამიანის (იქნება ეს ქალი, მამაკაცი, ბავშვი, მოხუცი, ინვალიდი) ერთადერთობისა და უნიკალურობის აღიარებას. ადამიანის უფლებების დაცვა მშვიდობისა და სამართლიანობის საფუძველია.

ქალის უფლებები ადამიანის უფლებების განუყრელი ნაწილია იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ქალიც ადამიანია. თავისთავად ცხადია, ეს ჭეშმარიტებაა, მაგრამ სწორედ ქალის უფლებების შელახვა - გაუპატიურება ომების დროს, რომლებიც კაცობრიობის არსებობის მთელი ისტორიის მანძილზე ხდებოდა, ეკონომიკური ექსპლუატაცია, რელიგიურ და კულტურულ ნიადაგზე ქალის თავისუფლებების შეზღუდვა, ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებული პრობლემების გვერდის ავლა სახელმწიფო ორგანოების მიერ - გვაფიქრებინებს, რომ მრავალი არ აღიქვამს ამას, როგორც ჭეშმარიტებას.

ოჯახი ის ინსტიტუტია, სადაც, ერთი მხრივ, შეიძლება პიროვნებაზე პოზიტიური ზრუნვისა და დაცვის პროცესი განვითარდეს და, მეორე მხრივ, შეილახოს ადამიანის უფლებები, ადგილი ჰქონდეს ძალადობას ოჯახის წევრების მიმართ.

წარმოვადგენთ ზოგიერთი გადაწყვეტილების სიას, რომელიც შეუძლიათ გაითვალისწინონ ქალებმა ან გოგონებმა ოჯახში:

- ვისთან იცხოვრონ და როგორი ორგანიზაცია გაუკეთონ ოჯახურ ცხოვრებას.

- გათხოვდნენ თუ არა.

- ვის გაჰყვნენ ცოლად.

- გააჩინონ თუ არა შვილი კანონიერი ქორწინების გარეშე (რეპროდუქციის უფლება).

- რამდენი შვილი გააჩინონ.

- გასცილდნენ თუ არა ქმარს და რა ვითარებაში.

- ფლობდნენ თუ არა საკუთრებას და განკარგონ იგი თავისი სურვილის შესაბამისად.

ზემოჩამოთვლილი გადაწყვეტილებების მიღებისას საერთაშორისო კონვენციები იცავენ ქალის უფლებას. თუმცა პრაქტიკაში, სოციალური ინსტიტუტები (ოჯახის ჩათვლით), მასობრივი საინფორმაციო საშუალებები, კულტურული და რელიგიური ჯგუფები, ხანდახან სახელმწიფოც, პირდაპირ ან ირიბად ზღუდავენ ქალის არჩევანს.

პირდაპირი შეზღუდვებია:

- კანონები ან ჩვეულებები, რომლებიც უკრძალავს ქალს თავისი ნებით გათხოვდეს სხვა ეროვნების ადამიანზე.

- ქორწინებისა და განქორწინების პრაქტიკა, რომელიც ზღუდავს ქალის უფლებებს საკუთრებაზე, მის კონტროლს ან მემკვიდრეობის მიღებას.

- ქორწინების გარეშე შვილის გაჩენის უფლების შეზღუდვა (აქ დომინირებს საზოგადოებრივი აზრი).

შეიძლება ითქვას, რომ ამ მხრივ ჩვენს ქვეყანაში საქმე ცუდად არ არის.

რაც შეეხება ირიბ შეზღუდვებს, სახელმწიფოს შეუძლია შეღავათების გაზრდით ხელი შეუწყოს ქალს ჰყავდეს მრავალი შვილი ანუ დიდი ოჯახი, ხოლო მათი შეზღუდვით, ასეთივე წარმატებით შეუძლია ხელი შეუწყოს ქალს ჰყავდეს პატარა ოჯახი.

ირიბი შეზღუდვების მეორე მაგალითია - სახელმწიფოს კონტროლი შობადობაზე, აბორტებსა და სქესობრივ აღზრდაზე, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ზემოქმედება.

საქორწინო სტატუსი და საკუთრება

საკუთრებასთან მიმართებით, ქალები თითქმის მთელ მსოფლიოში განიცდიან ორმაგ დისკრიმინაციას: პირველ რიგში, როგორც ქალები, ხოლო შემდეგ, როგორც გათხოვილი ქალები. საკუთრების მფლობელებად ითვლებიან მათი მამები, ქმრები, ძმები. გაუთხოვარი ქალის უფლება საკუთრებაზე კონტროლირდება ტრადიციულად მამების ან ძმების მიერ. ტერმინი „ოჯახის უფროსი“ მრავალ ქვეყანაშია მიღებული. სოციოლოგიურ გამოკვლევებსა და საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის დროს მამაკაცი ავტომატურად ითვლება ოჯახის უფროსად, ე. ი. მთავარ ფიგურად ოჯახის შენახვის, გადაწყვეტილებების მიღებასა და ქონების განკარგვის საქმეში.

ზემოთ ჩამოთვლილი ძალადობის ყველა ფორმა ეწინააღმდეგება გაეროს 1948 წლის ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციას (პუნტები: 1, 3, 5, 12, 28) და გაეროს გენერალური ასამბლეის ,,ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის“ კონვენციას (1979 წლის 18 დეკემბერი, პუნქტი 16), ,,ქალის მიმართ ძალადობის ყველა ფორმის აღმოფხვრის დეკლარაციას“ (რეზოლუცია, რომელიც მიღებულ იქნა გენერალური ასამბლეის მიერ მესამე კომიტეტის მოხსენების შემდეგ). ამ დეკლარაციაში განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს პირველი და მეორე პუნქტები:

პუნქტი 1.

მოცემული დეკლარაციის მიზნებისათვის ტერმინი ,,ქალის მიმართ ძალადობა“ მოიცავს ნებისმიერი ძალადობის აქტს ჩადენილს სქესის ნიშნის საფუძველზე, რომელიც აყენებს ან შეიძლება მიაყენოს ფიზიკურ, სექსუალურ ან მორალურ ზარალს ან ტანჯვას ქალებს, ანდა მუქარას, რომელიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ აქტებს, იძულებას ან თავისუფლების თვითნებურ შეზღუდვას საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში.

პუნქტი 2.

მოიცავს ფიზიკურ, სექსუალურ ან ფსიქიკურ ძალადობას, რომელსაც ადგილი აქვს ოჯახში ცემის, სექსუალური იძულების ჩათვლით. ძალადობას, რომელიც აზიანებს ქალის სასქესო ორგანოებს და სხვა ტრადიციული ძალადობის სახეებს, რომლებიც მორალურ ან ფიზიკურ ზიანს აყენებენ ქალებს. ძალადობა, რომელიც დაკავშირებულია ექსპლუატაციასთან.

დეკლარაცია მიღებულია 1993 წლის 20 დეკემბერს 85-ე პლენარულ სხდომაზე.

ოჯახში ძალადობის, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევის განხილვის მოწინააღმდეგენი ამტკიცებენ, რომ ამ შემთხვევაში არ ირღვევა ადამიანის უფლებები. ისინი ადამიანის უფლებებს მოიაზრებენ მხოლოდ სახელმწიფოსა და პიროვნების ურთიერთობაში და არა პირად ცხოვრებაში. გამოდის, რომ ომების დროს ქალებზე ძალადობა ხდება ადამიანის უფლებების დარღვევის სფეროში, ხოლო ოჯახში ძალადობის ფაქტები კი მათი ყურადღების მიღმა რჩება, რადგან მოძალადედ ითვლება პიროვნება და არა სახელმწიფო.

დღეს მთელი ცივილიზებული სამყარო ოჯახში ძალადობას ადამიანის უფლებების დარღვევად თვლის. ეს მიღწეულია დიდი ბრძოლის შედეგად. გაერომ, სხვა საზოგადოებრივმა და სახელმწიფო ორგანიზაციებმა ცნეს ადამიანის უფლებად ცნეს, რომ მან იცხოვროს ძალადობის (მათ შორის, ოჯახშიც) გარეშე.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ამ მხრივ ეტაპობრივად გადადგა შემდეგი ნაბიჯები:

ვენის დეკლარაციის მოქმედების პროგრამაში ჩართული იყო თავი ,,ქალებზე ძალადობის შესახებ“ (ადამიანის უფლებებზე საერთაშორისო კონფერენციის ანგარიში, 1993);

1993 წელს გაერომ მიიღო სპეციალური დეკლარაცია ქალის მიმართ ყოველგვარი ძალადობის აღმოფხვრის შესახებ;

1994 წ. გაერომ დანიშნა სპეციალური მომხსენებელი ქალის მიმართ გამოვლენილი ძალადობის ფაქტების შესახებ (ფაქტების შეგროვება და ინფორმაციის დამუშავება);

ქალის, როგორც ადამიანის უფლებებია:

სიცოცხლის უფლება;

თანასწორობის უფლება;

პირადი თავისუფლებასა და უსაფრთხოების უფლება;

კანონის მხრიდან თანასწორი დაცვის უფლება;

ყველა სახის დისკრიმინაციისაგან დაცვის უფლება;

ჯანმრთელობის უფლება;

შრომით ურთიერთობებში თანასწორობის უფლება;

მის მიმართ სასტიკი და დამამცირებელი მოქმედებების, დასჯისა და შეურაცხყოფის გარეშე ცხოვრების უფლება;

აქვე გვინდა მოვიყვანოთ ,,ქალის მიმართ ძალადობის ყველა ფორმის აღმოფხვრის დეკლარაციის“ განმარტებები:

დეკლარაცია ითხოვს:

ტერმინის - „ძალადობა ქალზე“ მკაფიო და მრავალმხრივ განსაზღვრებას;

მკაფიო კანონმდებლობას, რომელიც ქალს ძალადობისაგან იცავს;

სახელმწიფოს მხრიდან თავისი მოვალეობების მიზანმიმართულ და თანმიმდევრულ შესრულებას;

ძალადობის აღმოფხვრის საქმეში საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერას.

დეკლარაცია სიტყვა ,,ძალადობას“ ფართო გაგებას ანიჭებს. მნიშვნელობა არ აქვს სად იქნება ის ჩადენილი, ,,სახალხოდ“ თუ „ოჯახში“

დეკლარაციაში ლაპარაკია სახელმწიფოს მხრიდან ორი სახის ვალდებულებაზე, ესენია:

პასუხისმგებლობა ძალადობაზე, რომელიც ჩადენილია სახელმწიფო ხელისუფლების მხრიდან;

პასუხისმგებლობა ძალადობის აქტზე, რომელსაც სჩადის კერძო პირი და რომელზეც სახელმწიფო სათანადო რეაგირებას არ ახდენს.

სახელმწიფოები გაფრთხილებულები არიან, რომ არ შეიძლება უმოქმედობა კულტურის, ტრადიციებისა და რელიგიების მიმართ.

დეკლარაციაში ხაზგასმულია, რომ სახელმწიფოები ვალდებულნი არიან ბიუჯეტში გამოყონ გარკვეული თანხა ქალზე ძალადობის აღმოსაფხვრელად.

ვინაიდან მხოლოდ დასჯა პრობლემას არ წყვეტს, დეკლარაცია გაეროს წევრ სახელმწიფოებს რეკომენდაციას აძლევს ხელი შეუწყონ პრობლემით დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობას, შეიმუშაონ შესაბამისი საკანონმდებლო აქტები.

სახელმწიფოები ვალდებულნი არიან მოამზადონ სწავლების სპეციალური კურსი, სასკოლო განათლების სისტემაში შეიტანონ შესატყვისი ცვლილებები.

ძალადობა ოჯახში და კანონი

ადამიანისა და მისი უფლებების უზენაესობა და წარუვალობა აღიარებულია მთელი ცივილიზებული მსოფლიოს მიერ. საერთაშორისო კონვენციებით, ცალკეული ქვეყნების კონსტიტუციებითა და ნორმატიული აქტებით უზრუნველყოფილია პიროვნების უფლებათა დაცვა.

ძალადობა ძალზე მრავლისმომცველი ცნებაა და რამდენიმე ასპექტს აერთიანებს - ფსიქოლოგიურს, იურიდიულსა და სოციალურს. იურისპრუდენციაში მიღებული ზოგადი განმარტება ასეთია: ძალადობა მოიცავს უკანონო ქმედებათა ყველა სახეს, გამოხატულს მუქარით ან ქმედებით, რომელსაც შედეგად მოჰყვება ქონების დაზიანება ან განადგურება, ანდა პიროვნების შეურაცხყოფა ან სიკვდილი. ოჯახი სახელმწიფოს საფუძველია, იგი არის სახელმწიფო სახელმწიფოში, ანუ გარკვეული მიკროსისტემა. მაკრო და მიკრო სისტემებს შორის გასაოცარი შინაგანი კანონზომიერება არსებობს, ერთის მდგომარეობა და კეთილდღეობა განსაზღვრავს მეორის მდგომარეობასა და კეთილდღეობას, და პირუკუ. ამდენად, ძალადობის განმარტება ოჯახზეც ვრცელდება, ოღონდ მოქმედების შემცირებული მასშტაბით.

ამერიკასა და ევროპის ქვეყნებში დიდი ყურადღება ეთმობა „ოჯახისა და ძალადობის“ პრობლემის სხვადასხვა კუთხით, სხვადასხვა დონეზე შესწავლას. ტარდება გამოკითხვები, დგება სტატისტიკა, ტიპობრივ მაგალითებზე დაყრდნობით იკვეთება ზოგადი სურათი, მუშავდება დამცავი მექანიზმები, რომელთა მიზანი ოჯახის ნებისმიერი წევრის მიმართ ძალადობის ამა თუ იმ ფორმის გამოვლინების აღკვეთაა. სამწუხაროდ, ჩვენთან ამ მიმართულებით კვლევა თითქმის არ მიმდინარეობს. ოჯახური პრობლემების კომპლექსური შესწავლა აუცილებელი და გადაუდებელია. საჭიროა მეცნიერთა და საზოგადოების საერთო ძალისხმევა. წაყრუების, სირაქლემის პოზაში დარჩენის შემთხვევაში გამოუსწორებელი შედეგების პირისპირ აღმოვჩნდებით, „ხვალ“ შეიძლება გვიან იყოს. თუმცა, დღევანდელი ეკონომიკური შეჭირვების ფონზე, ამის განხორციელება მრავალ სირთულესთან არის დაკავშირებული. არადა, სწორედ მატერიალური სიდუხჭირე ქმნის ძალადობის ესკალაციისათვის ნოყიერ ნიადაგს.

ოჯახის წევრების - მეუღლეების, მშობლებისა და შვილების, სხვა ნათესავების ურთიერთობას, მათ უფლება-მოვალეობებს განსაზღვრავს და აწესრიგებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თავი - „საოჯახო სამართალი“. ძალადობის გარკვეულ ფორმათა გამოვლინება, ოჯახი იქნება მისი ასპარეზი თუ ქუჩა, სისხლის სამართლის კომპეტენციაა. ოჯახის წევრთა ურთიერთობამ შეიძლება ისეთი ხასიათი მიიღოს, რომელსაც სისხლის სამართალი არეგულირებს. ოჯახის წევრის დისკრიმინაცია - იქნება ეს ფსიქიკური ზეწოლა თუ ფიზიკური ძალადობა, პიროვნების წინააღმდეგ მიმართული მძიმე დანაშაულია; ადამიანი, უპირველესად არის არა ოჯახის შემადგენელი ნაწილი, არამედ პიროვნება. მისი სიცოცხლის, ჯანმრთელობის, თავისუფლებისა და ღირსების ხელყოფა პიროვნების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულია და ითვალისწინებს სამართლებრივ პასუხისმგებლობას.

საქართველოს სამოქალაქო სამართლის მიხედვით, ოჯახი ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია, რომელიც რეგისტრირებულია სახელმწიფო ორგანოში, რამდენადაც, სამართლებრივი თვალსაზრისით, მხოლოდ ასეთი რეგისტრაცია წარმოშობს მეუღლეთა შორის გარკვეულ უფლებებსა და მოვალეობებს. სამოქალაქო სამართლის 1152-ე მუხლით აღიარებულია მეუღლეთა თანასწორუფლებიანობა და განმარტებულია, რომ საოჯახო ურთიერთობებში მეუღლეები სარგებლობენ თანაბარი პირადი და ქონებრივი უფლებებით და ეკისრებათ თანაბარი მოვალეობები. სხვა უფლებებთან ერთად, მათ აქვთ საოჯახო საკითხების ერთობლივად გადაწყვეტის, საქმიანობისა და საცხოვრებელი ადგილის (თუ ამით არ ილახება ოჯახის საერთო ინტერესი) თავისუფლად არჩევის, თანასაკუთრებაში არსებული ქონების ურთიერთშეთანხმებით მართვისა და განკარგვის უფლება. რაიმე პირდაპირი ან არაპირდაპირი უპირატესობის მინიჭება სოციალური ან ქონებრივი მდგომარეობით ან სქესის ნიშნით წარმოადგენს დისკრიმინაციას, რაც დაუშვებელია და იკრძალება კანონით.

როგორც აღვნიშნეთ, საოჯახო სამართალი აწესრიგებს აგრეთვე შვილების, მშობლებისა და სხვა ნათესავების უფლება-მოვალეობებს.

არსებობს ძალადობის სხვადასხვა სახე. იგი შეიძლება იყოს ფიზიკური, ფსიქიკური ან მატერიალური (ეს უკანასკნელი გულისხმობს, რომ ოჯახის ერთი წევრი არსებობის ძირითად საშუალებებს მეორისაგან იღებს, მაგ.: შრომის უნარს მოკლებული შვილები ან მშობლები, ცხოვრების სახსარმოკლებული ერთ-ერთი მეუღლე). ძალადობის ობიექტი შეიძლება იყოს ოჯახის ნებისმიერი წევრი. ასეთებად, როგორც კვლევა ნათელყოფს, ყველაზე ხშირად არასრულწლოვანები, მოხუცები ან ინვალიდები გვევლინებიან.

საქართველოში ქალი, უპირველესად, აღიქმება როგორც დედა და ოჯახის მომვლელი. ოჯახსა თუ საზოგადოებრივ საქმიანობაში თანასწორუფლებიანობის მისაღწევად აუცილებელია გადაისინჯოს ქალისა და მამაკაცის ტრადიციული როლი, დაიმსხვრეს სტერეოტიპები, რომლებიც ეფუძნება ერთ-ერთი სქესის არასრულფასოვნების ან უპირატესობის იდეას.

საქართველოში ხშირია შემთხვევები, როცა ოჯახის რომელიმე წევრი, ძირითადად ქმარი, ზღუდავს ქალის ამა თუ იმ ქმედებას (შინიდან გასვლა, ჩაცმულობა და სხვ.) ან ცოლს უკრძალავს საზოგადოებრივ საქმიანობას. ამ უკანასკნელით იგნორირებულია ადამიანის შრომის უფლება, რაც შეიძლება ჩაითვალოს სამოქალაქო სამართალდარღვევად.

ოჯახში შეიძლება ადგილი ჰქონდეს ძალადობის სხვადასხვა ფორმის გამოვლინებას, რაც ისჯება სისხლის სამართლის კოდექსით: მუქარა, ცემა, წამება, გაუპატიურება და ა.შ.

შეურაცხყოფა არის პიროვნების პატივისა და ღირსების განზრახ დამცირება, გამოხატული უწესო ფორმით. შეურაცხყოფის დროს დამნაშავე აკნინებს სხვის პატივსა და ღირსებას სიტყვიერი ძალადობის მეშვეობით (გინება, სალანძღავი სიტყვა), რაც შეეხება პირის ზნეობრივ თუ გონებრივ თვისებებს, ფიზიკურ თავისებურებას თუ საქმიანობას, მნიშვნელობა არა აქვს, შეესაბამება თუ არა ნათქვამი სინამდვილეს.

მუქარა პიროვნების ფსიქიკაზე ზემოქმედებას ახდენს. ეს უკანასკნელი შეიძლება იყოს პასიური, ამასთან, შეიძლება მოგვევლინოს მოქმედების გარკვეულ საშუალებად და გადაიზარდოს სხვა დანაშაულში, თუ მუქარის მიზანია აიძულოს პირი ჩაიდინოს რაიმე მოქმედება. მუქარა არღვევს პიროვნების სულიერ წონასწორობას, ხელყოფს მისი სულიერი სიმშვიდისა და უშიშროების გრძნობას. ისეთი მუქარა, რომელიც რეალური განხორციელების საფრთხის შთაბეჭდილებას უქმნის პიროვნებას, კანონით ისჯება.

სამწუხაროდ, არცთუ იშვიათია შემთხვევები, როცა ოჯახურ კონფლიქტებს თან სდევს მისი წევრების ცემა და წამება. ფიზიკური ძალადობის ეს აქტები ისჯება სისხლის სამართლის 116-ე მუხლით, რომელიც ორი ნაწილისაგან შედგება: პირველი - ცემა და სხვაგვარი ძალადობა (სილის გაწნა, ხელ-ფეხის შებოჭვა, კისრის ან სხვა ორგანოს გადაგრეხა და ა.შ.), რამაც დაზარალებულს ფიზიკური ტკივილი მიაყენა და მეორე - სისტემატური ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რომელსაც წამების ხასიათი აქვს.

ცემად ითვლება ქმედება, როცა დამნაშავე დაზარალებულს ურტყამს რამდენჯერმე. სისტემატური ცემა ან ძალადობა, რომელსაც წამების ხასიათი აქვს, მათ არაერთგზისობას გულისხმობს. არსებითია ის გარემოება, რომ გვაქვს მოქმედების გამეორების არა მექანიკური ჯამი, არამედ შინაგანი კავშირი - განმეორების ტენდენცია. ასეთ ქმედებებს შეიძლება პიროვნების სიკვდილი ან სხეულის დაზიანება მოჰყვეს. ამ შემთხვევაში სისხლის სამართალი დანაშაულს შესაბამის კვალიფიკაციას აძლევს. მთვრალმა რეციდივისტმა ა.-მ სასტიკად სცემა თავის ცოლს - გახურებულ უთოს ადებდა სხეულზე. ქალი კი სამართალდამცავ ორგანოებს ქმრის განთავისუფლებას სთხოვდა: როცა ციხიდან გამოვა, ვერ დავაჯერებ, რომ მე არ გამიყიდიაო (გახსენდებათ, ალბათ, ინგასა და კუკარაჩას დიალოგი), თან ისიც ადარდებდა, სამი შვილი როგორ ვარჩინოო. ამგვარად, ოჯახში შეიძლება ადგილი აქვს რომელიმე წევრის მიმართ ძალადობას, მაგრამ ხშირად ხდება ფაქტის დაფარვა-მიჩქმალვა, დანაშაულის გაუცხადებლობა. მიზეზები მრავალგვარია: სოციალური, მატერიალურად დამოკიდებული მდგომარეობა, შიშის სინდრომი (რასაც დამცავი მექანიზმების ფაქტობრივი არარსებობა განაპირობებს), უკიდურესი ჩამორჩენილობა, დრომოჭმული ტრადიციები, მცდარი წარმოდგენები მორალზე („რას იტყვის ხალხი“), ან, ელემენტარულად, საკუთარი უფლებების არცოდნა. ერთ-ერთი ლექტორი აუდიტორიის ძლიერი სქესის წარმომადგენლებს ურჩევდა, იურისტი ქალი ცოლად არ მოეყვანათ, რადგან მხოლოდ მათ იციან, რომ მეუღლესთან იძულებითი სქესობრივი კავშირის დაჭერა სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებსო.

ქალზე ძალადობის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ფორმა გაუპატიურებაა. ქალის ნებისა და თანხმობის გარეშე მასთან სქესობრივი კავშირის დაჭერა ფიზიკური ძალის გამოყენებით ან მუქარით სისხლის სამართლის დანაშაულია. კანონი არ ითვალისწინებს, რა დამოკიდებულებაში იმყოფებიან დამნაშავე და დაზარალებული (შესაძლოა, ისინი კანონიერ ქორწინებაში მყოფი ცოლ-ქმარიც იყვნენ); მთავარი ის არის, რომ კონკრეტულ მომენტში ქალთან სქესობრივი კავშირის დასაჭერად მიმართავენ ძალმომრეობას. ძალმომრეობის ეს ფორმა ლახავს ქალის სქესობრივ თავისუფლებას, შეურაცხყოფს მის პიროვნულ ღირსებას. ხშირად სასტიკმა მოპყრობამ ან პიროვნული ღირსების დამცირებამ შესაძლოა ადამიანი თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის მცდელობამდე მიიყვანოს. კანონი ამ შემთხვევაში სასტიკი მოპყრობისა და პიროვნული ღირსების შელახვის ერთეულ შემთხვევას არ სჯერდება.

საგულისხმოა ის, რომ ბავშვის უფლებების საერთაშორისო კონვენციით აღიარებულია ნებისმიერ შემთხვევაში ბავშვის ინტერესების პრიმატი და უპირატესობა ოჯახის სხვა წევრების ინტერესებთან შედარებით.

ოჯახში ხშირი კონფლიქტები, რომელთა თანადამსწრენი არიან ბავშვები, ბუნებრივია, ზეგავლენას ახდენს მოზარდის ფსიქიკასა და შემდგომში მის ნორმალურ, სრულფასოვან პიროვნებად ჩამოყალიბებაზე. ასეთ ოჯახში მცხოვრები ბავშვი კრიმინალური ცხოვრების წესს ნორმად აღიქვამს. მშობელთა მხრიდან სათანადო გავლენის ნაკლებობა ან გადაჭარბებული სიმკაცრე (რასაც განათლების სისტემაში არსებული რეპრესიული მექანიზმიც ერთვის) ერთიანად მავნეა მოზარდისათვის. მშობლის უფლების ბოროტად გამოყენება - ბავშვის ამა თუ იმ ფორმით დამცირება, მასზე ძალადობა - სასტიკი მოპყრობა, მუქარა უარყოფითად მოქმედებს არასრულწლოვანის ფსიქიკაზე, რასაც გამოუსწორებელი შედეგი შეიძლება მოჰყვეს. მშობლისაგან მუქარა ან ღირსების შელახვა, მითუმეტეს, თუ ამას სისტემატური ხასიათი აქვს ძალზე ხშირად ბავშვებს უკიდურესი ნაბიჯის გადადგმისაკენ უბიძგებს (შინიდან გაპარვა, სხვა ქალაქში გაქცევა, თვითმკვლელობა). ბუნებრივია, იზრდება მათ მიერ დანაშაულის ჩადენის ალბათობაც. სამწუხაროდ, ზოგჯერ დანაშაული იმდენად მძიმეა, რომ კანონი თვით არასრულწლოვანისთვისაც კი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს (მკვლელობა, გაუპატიურება, ყაჩაღობა).

ბავშვის უფლების უხეში დარღვევაა, როცა მშობელი სისტემატურად და შეგნებულად არიდებს თავს შვილის აღზრდის მოვალეობის შესრულებას, მავნე ზეგავლენას ახდენს მასზე თავისი ამორალური ქცევით, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ იგი ქრონიკული ალკოჰოლიკი ან ნარკომანია.

სამოქალაქო კოდექსით აგრეთვე განსაზღვრულია შვილების მოვალეობანი მშობლების მიმართ. სრულწლოვან შრომისუნარიან შვილებს ევალებათ შრომისუუნარო მშობელთა რჩენა, მათი საკვებით, საჭირო მედიკამენტებითა და ა.შ. უზრუნველყოფა (იმ შემთხვევების გარდა, როცა მშობლები თავს არიდებდნენ თავიანთი მოვალეობების შესრულებას ან ჩამორთმეული აქვთ მშობლის უფლება). თუ შვილი, მატერიალური მდგომარეობის ან სხვა მიზეზის გამო, იხსნის იურიდიულ პასუხისმგებლობას იზრუნოს მშობელზე და მიმართავს მოხუცებულთა თავშესაფარს, ამ დროს აუცილებელია მშობლის ნებაყოფლობითი თანხმობაც, ყოველგვარი მუქარა ან იძულება აღიქმება ძალადობად.

ძალადობა ოჯახში - სოციალური და ფსიქოლოგიური ასპექტი

ოჯახში ძალადობის ფსიქოლოგიური და სოციალური შედეგების გაანალიზებისას ძალზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება რელიგიის, კულტურის, ტრადიციისა და ჩვეულებების გათვალისწინებას. ძალადობა ქალზე და, საერთოდ, ძალადობის ფენომენი ქართულ კულტურაში ტრადიციით რამდენადმე დაცულია. ქართულ ოჯახში ქალი დაქვემდებარებულია და მისი სოციალური სივრცე ერთხელ და სამუდამოდ დადგენილია. ამდენად, საზოგადოება ხშირად უპასუხოდ ტოვებს ძალადობის ფაქტებს, რომლებიც დროთა განმავლობაში სხვადასხვა ფორმით თავად საზოგადოებას უბრუნდება. ტრადიციულად ოჯახი ხელშეუხებელია და მის საქმეებში ჩარევა ცუდ ტონად ითვლება. თითქმის არავინ უჩივის ქმარს სასამართლოში ცემის ან სექსუალური ძალადობისათვის, სჯობს მოიტყუო, რომ თავი მიარტყი კედელში გამოშვერილ საგანს და თვალიც ამიტომ გაქვს „დალურჯებული“. ტყუილს განაპირობებს შემდეგი ფსიქოლოგიური ფაქტორები: არავის სიამოვნებს გააგებინოს საზოგადოებას, თუ როგორ სცემს და ამცირებს ქმარი, თანაც, გამორიცხული არ არის საზოგადოების მხრიდან ასეთი რეაქცია: „ხედავთ, სადამდე მიიყვანა ქმარი? სცემს კიდეც,“ ან კიდევ: - „ვინ არის ეს სულელი, რატომ არ ტოვებს ასეთ ქმარს?“ უამრავი ასეთი მაგალითის მოყვანა შეიძლება. მოკლედ, ქალს უჭირს დატოვოს ქმარი, ბავშვების, ახლობლების, ეკონომიკური გაჭირვებისა და სხვა ფაქტორების გამო ამჯობინებს მოითმინოს - სჯობს არ დაინგრეს ოჯახი. თუმცა, ოჯახის დანგრევა ძალზე ცუდი ფაქტია, მაგრამ როცა ქმარი გაუთავებლად ამცირებს ცოლს, სცემს და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს მას (ნასვამი იყო, ცუდი ბავშვობა ჰქონდა, ვერ უძლებს ეკონომიკურ კრიზისს და ნერვები არ ჰყოფნის - თითიდან გამოწოვილი არგუმენტებია ძალადობის გასამართლებლად), ნუთუ შეიძლება ასეთი ოჯახი „დაუნგრეველ“ ოჯახად ჩაითვალოს? წარმოიდგინეთ ასეთ ოჯახში ბავშვების მდგომარეობა, ისინი ხომ ყოველი ასეთი სცენის შემდეგ „ინგრევიან“; შიში, შეურაცხყოფა, დეპრესია, საკუთარი ღირსების დაკარგვა, უბედურება, ნევროზები, სიბრაზე, აგრესია - აი, რა ახლავს თან ძალადობას ოჯახში. ბავშვებისათვის, რომლებიც ასეთ ოჯახში იზრდებიან, ძალადობა ურთიერთობის ფორმა ხდება არა მარტო ოჯახის წევრებთან, არამედ ყველა გარშემომყოფთანაც. ალბათ, ბევრი გულჩათხრობილი, სევდიანი, აგრესიული, გაბოროტებული ბავშვი გინახავთ. ოჯახში, სადაც ძალადობენ ქალზე, ძალადობენ ბავშვებზეც. ისინი ძალადობის დავიწყებული მსხვერპლნი არიან. ყოველთვის მამაკაცი როდია მოძალადე, მოძალადეები არიან ქალებიც. ამისათვის განსაკუთრებით ნოყიერი ნიადაგი შექმნა ეკონომიკურმა კრიზისმა. მამაკაცის ტრადიციული ფუნქცია - ოჯახის რჩენა, საფუძველგამოცლილი აღმოჩნდა. ამ შემთხვევაში ადგილი აქვს ქალის მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის ესკალაციას (წყევლა, გაუთავებელი სკანდალი, არგუმენტი: „ბავშვები შიმშილით კვდებიან“ და ა.შ.). ამ დროსაც ბავშვები ძალადობის დავიწყებული მსხვერპლნი არიან. დამცირებული პიროვნება (ქმარი ან ცოლი) აგრესიული ხდება და ეს აგრესია სხვადასხვა არხით - პირდაპირით ან ირიბით, მიდის ბავშვებთან. მივმართოთ მეცნიერებას: დანაშაულის სოციოლოგიაში დიდი ხანია ცნობილია, რომ მშობლების ურთიერთობის ფორმა ძალიან ხშირად პირდაპირ კავშირშია კრიმინალთან, რასაც ასეთ ოჯახში გაზრდილი ბავშვები სჩადიან. პიროვნების ჩამოყალიბების კლასიკური თეორია გვასწავლის: ბავშვის ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია ორივე მშობელი - დედა, მამა და ჰარმონიული ურთიერთობები ოჯახში. მეოცე საუკუნის შუა ხანებში გავლენა მოიპოვა ორმა სოციოლოგიურმა თეორიამ; ჩარლზ ქუულის და შემდეგ ჰერბერტ მიდის თეორიის თანახმად, ადამიანები თავიანთ ცნობიერებას ავითარებენ იმის გავლენით, თუ რამდენად იღებენ და სჯერათ მათ ,,სხვების მრავალმნიშვნელოვნება“. ეს თვითაღქმა განაპირობებს პიროვნების ქმედებას. ოჯახი არის პირველი სივრცე, რომელიც მოქმედებს, როგორც „სხვების მრავალმნიშვნელოვნება“ და თუ მშობლების სოციალურ როლს შვილი მემკვიდრეობით იღებს როგორც დანაშაულებრივს, მაშინ მისი დანაშაულებრივი ქმედება მომავალში გარდაუვალია. იმ ოჯახებში, სადაც ძალადობა და დამცირება ურთიერთობის ჩვეულებრივი ფორმაა, ბავშვებს ფიზიკურად (ცემა) სჯიან, რაც თავისთავად მძიმე შედეგებს იწვევს - შიშს, გაბოროტებას, აგრესიას. ამდენად, როგორც ვხედავთ, ძალადობა ოჯახში საკმაოდ მტკივნეული სოციალური და ფსიქოლოგიური პრობლემაა. პლატონი ამბობდა: ,,ბავშვის მოქალაქედ აღზრდა ძუძუს წოვიდან იწყებაო“. საინტერესოა ოჯახში ურთიერთობების პეტერსონისეული მოდელი: მძიმე ატმოსფერო ოჯახში (გინება, ძალადობა და ურთიერთდამცირება მშობლებს შორის), ქცევის პრობლემები (მაგალითად, ძალადობა სხვების მიმართ და განუვითარებელი სოციალური ჩვევები), თანატოლებისგან მოწყვეტა, დაბალი თვითშეფასება, ცუდი მოსწრება, გაიგივება იმ თანატოლებთან, რომლებსაც ოჯახში ზუსტად იგივე მდგომარეობა აქვთ და მოსალოდნელ დანაშაულებრივ ჯგუფში გაერთიანება.

იმის გასარკვევად, თუ რამდენად თვლის საზოგადოება ოჯახში ძალადობას სოციალურ პრობლემად, ორგანიზაციამ - ,,ქალები დემოკრატიისათვის“, ჩაატარა მცირე გამოკითხვა შემდეგი კითხვარის მიხედვით:

თვლით თუ არა ოჯახში ძალადობას (ცემა, შეურაცხყოფა, გინება, მუქარა, საზოგადოებისაგან იზოლაცია, ფინანსური კონტროლი) საერთო სოციალურ პრობლემად?

არა, დიახ, არ ვიცი.
(გაუსვით ხაზი)

გამოკითხული იყო 80 რესპონდენტი, 40 თბილისში, 40 - იმერეთის რეგიონში.

გამოკითხულთა 80 %25-მა ხაზი გაუსვა პასუხს - „არ ვიცი“. 17%25-მა პასუხს - „დიახ“, ხოლო 3%25-მა პასუხს - „არა“. ამ მცირე გამოკითხვამაც კი ცხადყო, თუ როგორ ვერ იღებს საზოგადოება თავის თავზე პასუხისმგებლობას ოჯახში ძალადობის ნებისმიერ გამოვლინებაზე. არ იცის, თუ რამდენად არის ეს მისი პრობლემა. იმერეთის რეგიონში უშუალო შეხვედრების და საუბრის დროს გამოვლინდა რესპონდენტების ერთსულოვანი აზრი - „თუკი ქალს სცემენ, მაშასადამე მან ეს დაიმსახურა“.

ჭეშმარიტება კი ისაა, რომ თავად მოძალადე კარგავს თვითკონტროლს შინაგანი მიზეზების გამო, და არა იმიტომ, რომ ქალია დამნაშავე. ისიც აღმოჩნდა, რომ ძალადობის მსხვერპლთ საზოგადოება გარკვეული ანტიპათიით უყურებს, მოძალადეს კი - არა. აზრი იმის შესახებ, რომ ცემის ან შეურაცხყოფის ინსპირირებას თავად ქალები იწვევენ, ძალიან მყარია.

პრობლემა საკმაოდ მძიმე და მტკივნეულია. მის აღმოსაფხვრელად არსებობს მხოლოდ ერთადერთი საშუალება - საზოგადოების თითოეულმა წევრმა უნდა გააცნობიეროს, რომ ძალადობა ოჯახში არის არა მარტო ოჯახის, არამედ მთელი საზოგადოების პრობლემა და ბავშვთა პირველი სოციალიზაცია სწორედ ოჯახში ხდება. ყველა ადამიანი შექმნილია ღვთის მიერ მინიჭებული უფლებით, იცხოვროს შიშის გარეშე და იყოს ბედნიერი. ყველა ჯანსაღი აზროვნების ადამიანს სურს ჰარმონიულ საზოგადოებაში ცხოვრება. ოჯახები ძალადობის გარეშე, ჯანსაღი და ჰარმონიული საზოგადოების საწინდარია.

21 ძალადობა ოჯახში

▲ზევით დაბრუნება


ია მერკვილაძე

ქალსა და მამაკაცს შორის თანასწორობის საკითხი აისახებოდა ქართული საზოგადოების მთელი ისტორიის მანძილზე, როგორც ქართულ ფოლკლორში, ისე კლასიკურ ლიტერატურაში, იურიდიულსა და სხვა ისტორიულ დოკუმენტებში.

ქართულ ოჯახში დიდ ბედნიერებად ითვლებოდა და ითვლება ვაჟის დაბადება. ზოგიერთი ერის ზეპირსიტყვიერებაში, მათ შორის ქართულშიც, ასეთი გამოთქმა დამკვიდრდა: ,,ქალი თუ ვაჟი?“ ასე მაშინ კითხულობენ, როცა სურთ გაიგონ - ცუდად არის საქმე თუ კარგად. ეს აზრი მკვეთრადაა გამოხატული ერთ სომხურ ანდაზაში: „ერთი ბრმა ვაჟიშვილი შვიდ ჯანმრთელ ქალიშვილზე უკეთესია“. ამავე დროს, ვაჟები მთელი ქონების მემკვიდრეებად ითვლებოდნენ. ყოველივე ეს საკმაოდ ძლიერი ცხოვრებისეული არგუმენტი იყო იმისათვის, რომ ერთი ქართული ანდაზისა არ იყოს - ,,ქალი სხვათა სახლის ყორედ“ მიეჩნიათ, ხოლო ვაჟი - ოჯახის ბურჯად და გამგრძელებლად. ამავე დროს, ვაჟის მიერ ოჯახში ცოლის მოყვანით ოჯახის მატერიალური კეთილდღეობა იზრდებოდა და ოჯახს დამხმარე სამუშაო ძალაც ემატებოდა. როგორც წესი, მზითვის გარეშე „უფულოდ ქალს ხელს არავინ მოჰკიდებდა”. ამიტომ მზითვის მომზადება საკმაოდ დიდი ტვირთი იყო და მშობლები ქალიშვილის შეძენისთანავე იჭერდნენ თადარიგს. ამას ქართული ანდაზაც ადასტურებს: ,,ქალი წლისაო, მზითევი ათი წლისაო“.

ფეოდალურ საქართველოში, ისევე როგორც მთელ ქრისტიანულ სამყაროში, სამართლის მიხედვით განქორწინება აკრძალული იყო. მაგრამ ქართული სამართლის ძეგლების მიხედვით, კანონი ზოგ შემთხვევაში განქორწინებას მაინც დასაშვებად თვლიდა (ქმრის ღალატის, მამაკაცის იმპოტენციის დროს), ხოლო ოჯახის მიტოვების შემთხვევაში, ორივე სქესის მეუღლე ისჯებოდა.

ქალის როლი ტრადიციულ ქართულ ოჯახში მისი უმთავრესი სოციალური ფუნქციით - ახალი თაობის კვლავწარმოებითა და საოჯახო შრომით განისაზღვრებოდა. შუა საუკუნეების ფეოდალურ საქართველოში შობადობა და სიკვდილიანობა მაქსიმალურ დონეს აღწევდა. მთელი სიცოცხლის განმავლობაში ქალის მიერ ნაშობ შვილთა რაოდენობა, ფაქტობრივად, მის ფიზიოლოგიურ შესაძლებლობებს უთანაბრდებოდა, თუმცა, ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები კარგად ნაცნობი და ფართოდ გავრცელებული იყო საქართველოში.

როგორც წესი, ქართულ ოჯახებში კიდევ ერთი შვილის ყოლის სურვილი ვაჟის, და არა ქალის, შეძენითაა განპირობებული. ოფიციალური მონაცემებით, 1997 წელს საქართველოში - 18 ათასი აბორტი გაკეთდა, ხოლო სხვა საავტორო გამოკვლევებით - 200 ათასი. სოციალურ-ეკონომიკური და სხვა ფაქტორების გარდა, ჩანასახის ხელოვნურად მოშორების „არგუმენტს“ ბავშვის სქესის ადრეული „დიაგნოსტირებაც“ წარმოადგენს.

სტატისტიკის მიხედვით საქართველოს მოსახლეობის 87%25 სიღარიბეში ცხოვრობს. მათგან 75%25-ის ხელფასი საარსებო მინიმუმზე უფრო დაბალია და 42%25-მა თეორიულად ვერ უნდა შეძლოს არსებობა იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი თავიანთი შემოსავლების 100%25-ს საკვებზე დახარჯავენ. უკიდურესი სიდუხჭირე, ეკონომიკის ტოტალური კოლაფსი, ადამიანის შემოქმედებითი პოტენციალის რეალიზაციის შეუძლებლობა ოჯახს, როგორც მრავალასპექტოვან ფენომენს, პერმანენტული ფრუსტრაციის მდგომარეობაში აყენებს. ტრავმირებული საზოგადოებისათვის სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული ძალადობა ოჯახში არეკლილი ძალადობის შედეგების ერთგვარი რეზერვუარია.

საქართველოს სოციალური პოლიტიკის ერთგვარი სავიზიტო ბარათია ინვალიდი ქალების მდგომარეობა. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ხშირად ფიზიკური თუ სხვა შეზღუდულობის მქონე ადამიანი არა მარტო სახელმწიფოსათვის, არამედ ოჯახისთვისაც ,,ზედმეტ” პრობლემას წარმოადგენს. ხშირად ისინი ძალადობის ისეთი ფორმების სამიზნეები ხდებიან, როგორიც არის წუწუნი, დამადლება, ზემეურვეობა, გაუთავებელი კრიტიკა, მუდმივი კონტროლი, დაშინება, ცნობიერებით მანიპულირება, სიტყვიერი შეურაცხყოფა და ა.შ. იქმნება ერთგვარი მანკიერი წრე, რომელიც ოჯახის წევრს - სისხლსა და ხორცს გადააქცევს არასრულფასოვან ობიექტად, მსხვერპლად, რომელიც სხვათა კმაყოფაზეა.

დისკრიმინაციის აშკარა გამოხატულებაა 12 ლარის ოდენობის პენსია, რომელიც კუპონების არსებობის დროიდან შემორჩენილი პურის საფასურის კომპენსაციას წარმოადგენს. საგულისხმოა, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საქართველოს ინვალიდ ქალთა საერთაშორისო ასოციაციამ” ჩაატარა სოციოლოგიური გამოკვლევა (400 რესპონდენტი). შეკითხვაზე - „განიცდიან თუ არა ინვალიდები დისკრიმინაციას?“ - ინვალიდების მხოლოდ 1%25-მა უპასუხა: „ხშირად“, 37%25-მა - „იშვიათად“, დანარჩენმა - „არა“. ისინი შეგუებულნი არიან თავიანთ სასოწარკვეთილ მდგომრეობას და ასეთ პირობებში დისკრიმინაციის აღქმა არ ხდება.

ქალთა უმრავლესობამ არ იცის ახალი სამოქალაქო კოდექსისა და ამ კოდექსით დაცული მათი უფლებების შესახებ. ქალთა უმრავლესობას წარმოდგენა არა აქვს, რომ მათ კანონით მინიჭებული უფლებით შეუძლიათ გააპროტესტონ მეუღლის მიერ მიღებული ერთპიროვნული გადაწყვეტილებანი. უამრავი მაგალითი არსებობს იმისა, რომ მამაკაცები თავიანთი ვალების გამო ჰყიდიან ბინას და თანაცხოვრების განმავლობაში შეძენილ ქონებას ცოლებთან მოთათბირების გარეშე, ან აიძულებენ ცოლებს მათ დაეთანხმონ. ამის შედეგად, ქალები და ბავშვები უსახლკაროდ რჩებიან ან ცხოვრებენ არაადამიანურ პირობებში.

სახალხო დამცველის ოფისის მონაცემებით 1999 წელს დაფიქსირდა მეუღლის მიერ მეუღლის მკვლელობის 9 ფაქტი და მამაკაცის მიერ ცოლის ფიზიკური შეურაცხყოფის 4 ფაქტი. ეს უკანასკნელი მონაცემები არანაიარად არ ასახავენ რეალურ მდგომარეობას, რასაც მოწმობს ფსიქოლოგიური დახმარების სფეროში მომუშავე სპეციალისტების (ნდობის ტელეფონები, ცხელი ხაზი და სხვა) სტატისტიკური მონაცემები. ჭეშმარიტება კი ის არის, რომ 15 ოჯახიდან ერთში მაინც არის ძალადობის ფაქტები და იგი იშვიათადაა იზოლირებული, შემთხვევითი ქმედება. უმეტესად იგი ციკლურ, განმეორებად ხასიათს ატარებს. ძალადობა შესაძლოა ყველა ოჯახში შეგვხვდეს - მიუხედავად ეკონომიკური შეძლებისა, განათლების დონისა და ეროვნული თუ რელიგიური განსხვავებულობისა. სერიოზულ მეცნიერულ კვლევასა და საფუძვლიან ფსიქოლოგიურ შესწავლას საჭიროებს სოციოლოგიური კვლევის მონაცემები (ავტორი ,,ინვალიდთა დახმარების კავშირი”) იმის თაობაზე, რომ შეინიშნება მართლმადიდებელ ქრისტიანთა ურთიერთობების მკვეთრი გაუარესება საკუთარი ოჯახის წევრებთან მათი დაინვალიდების შემდეგ, ათეისტებთან და სხვა რელიგიის წარმომადგენლებთან შედარებით, რაც ძალზე უცნაური ფაქტია.

პრობლემა, რომელიც ჯერ კიდევ სრულიად არ არის ასახული კანონმდებლობაში, არის ძალადობა ოჯახში, თუმცა სამართლებრივი აქტები ისეთ დებულებასაც კი შეიცავენ, როგორიცაა „თვითმკვლელობამდე მიყვანა“. ამგვარი საკანონმდებლო მუხლები ძირითადად ფორმალურად, ქაღალდზე არსებობენ. როგორც წესი, ოჯახში განხორციელებული ძალადობის შესახებ გაცხადება არ ხდება, რის შედეგადაც, ეს სფერო არ არის შესწავლილი კომპეტენტური სპეციალისტებისა და ექსპერტების მიერ.

ბუნებრივია, რომ როცა ოჯახზე და მის დაცვაზეა საუბარი, საკმარისი არ არის დაქორწინებისას მხარეთათათვის თანაბარი უფლებების მინიჭება. ოჯახის სიცოცხლისუნარიანობისათვის არანაკლებ მნიშვნელოვანია ნათესავების, მეგობრებისა თუ თანამშრომლების მიერ შექმნილი ატმოსფერო, რჩევა-დარიგებები, კორექტულობა და კეთილმოსურნეობა.

ხშირად ოჯახში უთანხმოების საბაბს ფინანსური არასტაბილურობა და ,,მარჩენალის” როლის არატრადიციული გადანაწილება იწვევს. ხშირად ეს ფაქტი აგრესიის ,,დაბალ ღობეზე” პროეცირებისა და ზერელე თუ ღრმა კონფლიქტების მიზეზი ხდება.

სამწუხაროდ, სახელმწიფო ბიუჯეტი და ფისკალური პოლიტიკა გამორიცხავს ადრე არსებულ საბიუჯეტო და საგადასახადო პრივილეგიებს. მაგალითად, 1997 წლიდან სახელმწიფოს მიერ გაუქმებულ იქნა დახმარება, რომელიც მარტოხელა და მრავალშვილიან დედებს ეძლეოდათ, თუმცა, 1998 წლიდან მარტოხელა დედები სარგებლობენ უფასო სამედიცინო მომსახურებით და განთავისუფლებულნი არიან საშემოსავლო გადასახადისაგან, მაგრამ ესეც ფორმალურ ხასიათს ატარებს.

უკანასკნელ წლებში, მნიშვნელოვნად შემცირდა სკოლამდელ დაწესებულებათა რაოდენობა. დაიხურა ასეთი 559 დაწესებულება. განათლების სამინისტროს მონაცემებით 1997-98 სასწავლო წლისათვის 4800 ბავშვმა მიატოვა სკოლა. აღძრულია 10-მდე სისხლის სამართლის საქმე იმ მშობლების წინააღმდეგ, რომლებმაც შვილები სკოლიდან გამოიყვანეს და მათხოვრობისაკენ უბიძგეს. არასამთავრობო ორგანიზაცია „ბავშვი და გარემოს“ მონაცემებით დღეისათვის მარტო თბილისში 25000-მდე მიუასაფარი ბავშვია. როგორც წესი, მათ ჰყავთ ერთი ან ორივე მშობელი, მაგრამ სხვადასხვა ეკონომიკური, სოციალური თუ ფსიქოლოგიური პრობლემის გამო, ისინი ქუჩის ბინადრებად გადაიქცნენ. ზოგი გამოექცა ოჯახში არსებულ აუტანელ ატმოსფეროს (ნარკომანი, ალკოჰოლიკი, მეძავი ან ფიზიკურად, ფსიქიკურად დაავადებული, სექსუალური პერვერსიის მქონე ოჯახის წევრი), ზოგიც - მშობელმა ცემით გამოაგდო სახლიდან ,,საშოვარზე”. დაფიქსირებულია დედისა თუ მამის მიერ ბავშვის, მცირეწლოვანი შვილის უმოწყალოდ ცემის ფაქტები, როდესაც პატარებს ოჯახში ყოველდღე 10 ლარზე მეტი შემოსავალი ვერ „შემოაქვთ“. ასეთი ფაქტების გვერდით, ვფიქრობთ, აქტუალურობას კარგავს ძალადობის ისეთი შენიღბული ფორმების ჩამოთვლა, როგორებიცაა მშობლების საკუთარი აუხდენელი ოცნებების („სასურველი“ პროფესია, „იდეალური“ მეუღლე „სწორად“ ქცევის წესები და ა.შ.) პროეცირება შვილებზე.

ცნობილია ისეთი ფაქტებიც, როცა დედამ შვილი ინტერნატიდან გამოიყვანა და როგორც საგანი, მეზობელს „ათხოვა” სამათხოვროდ. „ქუჩის ბავშვების” კონტინგენტს შეადგენენ წვრილმანი ქურდები, ორივე სქესის მეძავები „წებოზე მოკაიფე“ ტოქსიკომანები, ორგანიზებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებებში ჩათრეული მოზარდები. ხშირად თავად სამართალდამცავები, პოლიციელები ართმევენ მათ მათხოვრობით ნაშოვნ ფულს „საკუთარი ბიზნესის“ საქონელს - საღეჭ რეზინს, ცელოფნის პარკებს, საწერ კალმებს... ამავე დროს, მათ არბევენ რესტორნებთან, სასადილოებთან და მათი თავშეყრის სხვა ადგილებთან.

,,მაწანწალა ბავშვები” ძირითადად კანისა და ვენერიული სნეულებებით ავადდებიან: მუნი, ტილები, ფსორიაზი, სიფილისი, გონორეა... ბავშვებს აღენიშნებათ ღრმა პედაგოგიური ჩამორჩენილობა და ასოციალურობის სხვადასხვა სიმპტომები.

საკმაოდ მძიმე სურათს ქმნის ის ოჯახური გარემო, რომელშიც ეს ბავშვები „იზრდებიან“. როგორც წესი, მათი მშობლები უმუშევრები არიან და საზოგადოების უღარიბეს ფენას განეკუთვნებიან. უმრავლესობა (დედები) მეუღლეებთან ოფიციალურად თუ არაოფიციალურად განქორწინებული ქალბატონები გახლავთ, რომლებიც „გამოექცნენ“ თავიანთ მოძალადე ან ტუბერკულოზით თუ სხვა დაავადებებით დასნებოვნებულ ქმრებს. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ქალები ძალზე ხშირად თავიანთი ოჯახის უბედურებას, მეუღლისაგან მიყენებულ შეურეცხყოფას თუ მიტოვებას, მიაწერენ ე.წ. „ჯადოს“. საკუთარი ოჯახის ნგრევის მიზეზად კი ასახელებენ: ქმრის არჩევანს „ფულიანი ქალის, საყვარლის“ სასარგებლოდ; რუსეთში თუ სხვა ქვეყანაში „საშოვარზე“ წასული კაცის „გულის გადასხვაფერებას“; ქმრის ნათესავების „უმიზეზო სიძულვილს“ და ა.შ.

ერთ-ერთი თავშეყრის ადგილას, საზოგადოებრივ ტუალეტთან თავს იყრიან „ქუჩის ბავშვების“ დედები. მათ შორის არიან ფეხმძიმეებიც, რომლებიც დილიდან საღამომდე ძირს, მიწაზე სხედან და სამათხოვროდ თუ „ათასი წვრილმანით“ მოვაჭრე შვილებს ელოდებიან „მოგების“ ჩასაბარებლად...

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ქალთა უფლებები დაცულია სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული ნორმებით, რომლებიც მოიცავს ფეხმძიმე ქალების, დედათა და ბავშვთა, არასრულწლოვანთა უფლებებს და ქალის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებების აღკვეთას.

საქართველო შეუერთდა სხვადასხვა საერთაშორისო დეკლარაციას თუ კონვენციას, რომლებიც ადამიანის უფლებებზეა ორიენტირებული. რეალურად კი სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი ფუნდამენტური არსი - ოჯახი, ფაქტობრივად, დაუცველია, იმყოფება პერმანენტული ეკონომიკური, სოციალური თუ კულტურული კრიზისის ტყვეობაში, რითაც იგი ძალადობის სხვადასხვა ფორმის აკომოდაციას ახდენს.

22 ქალთა სექსუალობის პრობლემები და მათი გადაწყვეტის გზები

▲ზევით დაბრუნება


რუსუდან ფხაკაძე

თანამედროვე სექსოლოგია მრავალწახნაგოვანი დისციპლინაა. იგი მოიცავს ბიო-სამედიცინო, სოციო-კულტურულ და ფსიქოლოგიურ-პედაგოგიურ გამოკვლევებს. ყველა ეს გამოკვლევა ურთიერთდაკავშირებულია და ამ კავშირის გარეშე შეუძლებელია სრული წარმოდგენის შექმნა სექსოლოგიაზე.

სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ჩვენს ქვეყანაში სექსოლოგიის შემადგენელ არსებით ელემენტებზე გამოკვლევები პრაქტიკულად არ არსებობს. ასე მაგ., არ არის ცნობილი სოციოლოგიური გამოკვლევები სექსუალური ფსიქოლოგიის კუთხით. თვითონ ფსიქოლოგია სქესობრივი განსხვავებულობის მხრითაც არ იპყრობს ჯეროვან ყურადღებას, არ აღინიშნება სისტემატური გამოკითხვები სექსუალური ქცევების მიხედვით. ეს ფაქტი, ჩვენი აზრით, იმდენად საკითხის არაპრაქტიკულობაზე კი არ მიუთითებს, რამდენადაც იმაზე, რომ სექსუალური საკითხების შესწავლისას ვაწყდებით ფრიად რთულ პრობლემებს, რომლებიც მხოლოდ ახლახან გახდა მეცნიერული შესწავლის საგანი და, გარდა ამისა, მრავალ ადამიანს აქვს საკუთარი ყოფითი, ხშირად ძალიან კატეგორიული მსჯელობაც სექსუალური საკითხის შესწავლის თაობაზე.

ჩვენს მიზანს აღარ წარმოადგენს სექსოლოგიის ისტორიული განვითარების მიმოხილვა, ეს ძალიან შორს წაგვყყვანდა. უბრალოდ ჩვენი, ფსიქოლოგიური კუთხიდან აღვნიშნავთ, რომ თვითონ ფროიდისათვისაც სექსოლოგია, უპირატესად, წარმოადგენდს სექსოპათოლოგიას, ანუ პათოლოგიუღი სექსუალური გადახრების კვლევის სფეროს, რაც შეეხება „ნორმალურ“ სექსუალურ ქცევას, ის ჯერ კიდევ არ არის გაცნობიერებული როგორც პრობლემატური და, მითუმეტეს, როგორც ისეთი, ახსნას რომ მოითხოვს. აქედქნ გამომთინარე, თვითონ ნორმალური სექსუალური ქცევის ანუ მისი მოდელის დადგუნა ხდებადა მხოლდ ანომალიებზე დქკვირვებით ან ამ ანომალიების ვარიაციების გზით, რომელიც გვხვდებოდა კლინიკური პრაქთიკის ყოფაში. ამგვარად, ყმისათვის, რომ დარღვეულიყო ეს მოჯადოებული წრე, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ნორმის ახსნა ხდება მხოლოდ პათოლოგიის შედეგად, ხოლო თვითონ პათოლოგია კი განისაზღვრება ნაგულისხმევი ნორმით, თუმცა ამ საკითხშიც ასევე სარწმუნოდ არაფერია ცნობილი, სექსოლოგია უნდა გამოსულიყო კლინიკის ფარგლებს გარეთ და მომხდარიყო ნორმალური, ჩვეულებრივი ადამიანების ქცევების, ფიზიოლოგიისა და მოტივაციების შესწავლა მათ ცხოვრებისეულ პირობებში. სექსუალური საკითხის პრობლემატურობა მხოლოდ ამ კუთხით არ ამოიწურება, არამედ კიდევ გულისხმობს ერთ მნიშვნელოვან ასპექტს, რომელიც ეხება ნორმის საკითხს - კერძოდ, რა სახის ნორმაზეა ლაპარაკი? არსებობს მორალური, ფიზიოლოგიური თუ ფსიქოლოგიური ნორმები, ეს სხვადასხვა სფეროს ნორმები შეიძლება თანხვდებოდეს ერთმანეთს ან არა. ეს, როგორც ვთქვით, სხვადასხვა სიბრტყის ნორმები შეიძლება იყოს, ვინაიდან მათ ათვლის სხვადასხვა წერტილები გააჩნიათ. ასე მაგ., - სექსუალური ცხოვრების ინტენსიურობა გაიზომება სხვანაირად, ვიდრე მიღებული დაკმაყოფილების ხარისხი და ა.შ. სამწუხაროდ, თვითონ მსჯელობებშიც, რომლებიც ეხება „ნორმალურ“ და „არანორმალურ“ სექსუალობის გამოვლენას, ეს ცნებები ხშირად არ ზუსტდება.

რაც არ უნდა სპეციფიკურად მოგვეჩვენოს სექსუალური პრობლემები, ისინი ყოველთვის მჭიდროდ არიან დაკავშირებული საზოგადოებრივ აზრთან და სოციალური მოქმედების საერთო ტენდენციებთან. სექსუალური პრობლემების შესახებ რეფორმისტული მოძრაობა, როგორც ცნობილია, ჯერ კიდევ საუკუნის დასაწყისში დაიწყო, კერძოდ, 1921 წელს ხირშფელდმა ბერლინში მოაწყო პირველი საერთაშორისო კონგრესი სექსუალური რეფორმების თაობაზე, ხოლო 1928 წელს კოპენჰაგენში ჩამოყალიბებულ იქნა სექსუალური რეფორმების მსოფლიო ლიგა, რომლის პირველი პრეზიდენტები იყვნენ ელისი, ფორელი და ხირშფელდი და, გვინდა აღვნიშნოთ, რომ მათ მიერ წამოყენებულ პროგრესულ მოთხოვნებს არანაირად არ დაუკარგავთ აქტუალობა, რადგან მონაწილენი მოითხოვდნენ პოლიტიკურ, ეკონომიკურსა და სექსუალურ თანასწორობას ქალებსა და მამაკაცებს შორის, ქორწინებისა და გაყრის საკითხებში ეკლესიის გავლენისაგან განთავისუფლებას, ისეთი საკითხების წინ წამოწევას, როგორიცაა სექსუალური განათლების განვითარება, კონტრაცეფციებისა და აბორტების წინააღმდეგ მიმართული კანონების შეცვლა, გაუთხოვარი დედებისა და არაკანონიერ ბავშვთა უფლებების დაცვა ა.შ.

30-იან წლებში „სექსუალური რეფორმების“ მოძრაობა დაიჩრდილა უფრო მნიშვნელოვანი და დრამატული სოციალური პროცესებით (მსოფლიო ომი, ეკონომიკური კრიზისი, მთელ რიგ ქვეყნებში ფაშისტური დიქტატურის დამყარება, ახალი მსოფლიო ომის მოახლოება). ასე რომ 70-იანი წლების დასაწყისამდე სექსუალობისადმი ყურადღება ძირითადად გამოიხატებოდა პოპულარული წიგნების გამოცემით. ბოლო წლებში ამ საკითხით დაკავდნენ პროფესიონალი ისტორიკოსები, რომელთა გამოკვლევები მჭიდროდ უკავშირდება ოჯახისა და ქორწინების ისტორიას, ასევე ხელახლა დაიწყო ეროტიკული ხელოვნების ისტორიისა და ლიტერატურის შესწავლა.

მოკლედ, არ დარჩენილა საზოგადოებრივი თუ ჰუმანიტარული მეცნიერების არც ერთი დარგი, რომელსაც სექსუალობის განსაზღვრული ასპექტი არ შეესწავლა, მაგრამ, როგორც აღვნიშნეთ, სირთულეები ამ საკითხში ზომაზე მეტია.

მთელ რიგ საზოგადოებებში, კერძოდ ქრისტიანული მორალის მქონე და მასკულინური ტრადიციების მქონე ქვეყნებში (მათ შორის საქართველოშიც), სექსუალობა ითვლება ინტიმურ საკითხად და უშუალო დაკვირვებას არ ექვემდებარება. ეს აიძულებს მკვლევრებს მიმართონ დამატებით წყაროებს (მითოლოგიას, ხელოვნებას, წეს-ჩვეულებებს და ა.შ.). ასე მაგალითად, ქართულ კულტურაში ქალის სახე დაკავშირებულია არა მის სექსუალობასთან, არამედ მის როლთან. კერძოდ, საქართველოში უძველესი დროიდან არსებობს ქალის კულტი, მაგრამ საინტერესოა ის, რომ ესაა არა ქალის - როგორც სექსუალური ობიექტის, არამედ დედის კულტი. განსაკუთრებულ პატივისცემას საზოგადოების მხრიდან იმსახურებდა სწორედ დედა და არა უბრალოდ ქალი. მიუხედავად იმისა, რომ შუა საუკუნეებისათვის დამახასიათებელი რაინდული გალანტურობის მოთხოვნა პატივისცემის გამომხატველ რიტუალს ერთნაირად ასრულებინებდა მამაკაცს ყველა ქალის წინაშე, საზოგადოების დამოკიდებულება ზოგადად ქალის მიმართ სულაც არაა სახარბიელო - ქალი აქაც, ისევე როგორც სხვა შუა საუკუნეების დროინდელ ქრისტიანულ ქვეყნებში, საკმაოდ დაბეჩავებულად და უუფლებოდ გამოიყურება. მაგალითად, ივანე ჯავახიშვილი მიუთითებდა, რომ თუმცა საოჯახო სამართალი ერთნაირად სჯიდა მეუღლეთა წყვილიდან რომელიმეს ღალატს, საერო სამართალი, საზოგადოდ ქალის ღალატს ბევრად მკაცრად ეპყრობოდა, ვიდრე კაცისასო. ამდენად, მიუხედავად ერთგვარი პროგრესისა ქალისადმი დამოკიდებულებაში, „ქართულ ფეოდალურ კანონმდებლობაში ქალის უფლებრივი მდგომარეობის სხვადასხვა ასპექტის ერთიანობაში გააზრება, რა თქმა უნდა, ქალის ფენომენს მაინც დაჩაგრულად, მამაკაცზე დაბლა მდგომ არსებად წარმოგვიდგენს“. ამიტომ ბუნებრივია, რომ „...ქალის სამოქმედო ასპარეზი უკიდურესად შეზღუდულია. ამიტომ, ერთეულები თუ ახერხებენ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ასპარეზზე თავიანთი ნიჭისა და უნარის გამოჩენას“. ასეთ პირობებში ერთადერთი რეალური სიტუაცია, რომელშიც ქალს თვითრეალიზაციის შესაძლებლობა ჰქონდა - იყო ოჯახი, სადაც იგი წარმოადგენდა ვიღაცის მეუღლეს ან დედას, აქედან გამომდინარე, ქართველი ქალისათვის ოჯახის ქონა იყო არა მხოლოდ პირადი ბედნიერების, არამედ იმავდროულად საზოგადოებრივი ასპარეზიც, ვინაიდან მისი მეობის თვითრეალიზაციის სფეროები ძლიერ შეზღუდული იყო და მხოლოდ ოჯახი წარმოადგენდა ქალის თვითრეალიზაციის ძირითად ადგილს. მაგრამ ქალს არ შეუძლია თავისი საქმე და საკუთარი ინტერესები არ იქონიოს, ამიტომ იწყება ტრაგედია მის სულიერ სამყაროში. დღეს იგი შურს იძიებს იმისთვის, რომ იგი შეკრეს, შებოჭეს, სული შეუხუთეს. მას თავისი ღირსების აღგენა სურს, სურს თანასწორობა და თავისუფლება ერთი მხრივ, ხოლო, მეორე მხრივ, სიყვარულში - კერძოდ კი სექსუალურობაში ვლინდება მისი მეორე ასპექტი, კერძოდ, თუ ერთი მხრივ, ქალი მთელი თავისი არსებით მიისწრაფვის ნივთიერი და სულიერი დამოუკიდებლობისაკენ, მეორე მხრივ, იგი ისევ ძველებურად, პირვანდებულად მზად არის მისცეს თავისი თავი სხვას, ე.ი. მზად არის თავისი პიროვნება, სულიერი დამოუკიდებლობა ჩააბაროს იმას, ვინც უყვარს, ვისაც შეჰყურებს. ვფიქრობთ, ამგვარი წინააღმდეგობებით არის სავსე ქართველი ქალის მენტალიტეტი. და ამდენად, სექსუალური საკითხი წარმოადგენს სერიოზულ პრობლემას ქალისა და მამაკაცის თანასწორუფლებიანობის მიღწევის გზაზე. რადგან წინააღმდეგობებს ადგილი აქვს როგორც ქალის სულიერ სამყაროში, ასევე საზოგადოების მხრიდანაც, ე.ი. ქალი ორმაგი წინააღმდეგობის რკალშია მოქცეული შიგნიდანაც და გარედანაც. როგორც აღვნიშნეთ „გარეგნულში“ ვგულისხმობთ საზოგადოების იმ სტრუქტურას, სადაც დაშვებულია სქესთა შორის „ორნაირი მორალი“ - მამაკაცს სრული თავისუფლება აქვს მინიჭებული, ხოლო ქალისაგან მოითხოვენ მორალის მკაცრ დაცვას. ჩვენი წინასწარი გამოკვლევებიც ეხება როგორც სექსუალობის მიმართ ზოგადი დამოკიდებულების კვლევას, ასევე ქალისა და მამაკაცის თანასწორუფლებიანობის საკითხის კვლევასაც, ისეთ ინტიმურ სფეროში, რომელსაც სექსუალობა ჰქვია და, თუ რატომ მაინცდამაინც ამ კუთხით, ეს ზემოთ უკვე გვქონდა მოხსენიებული.

რაც შეეხება საზოგადოების მხრიდან ქალის სექსუალურ ობიექტად აღქმის საკითხს, იგი ხანგრძლივი კულტურული ისტორიითაა განპირობებული. ერთი მხრივ, მამაკაცები ცოლში ხედავენ მხოლოდ სექსუალურ ობიექტს, რადგან ცოლი მიეკუთვნება სხვა გვარს ან საზოგადოებას, იგი აუცილებლად საეჭვო ერთგულების მქონედ, ან კი უფრო მეტიც, მტრულად აღიქმება. ქალები დახასიათებულნი არიან როგორც უცხო, საშიში არსებები, ხშირად კი - როგორც ჯადოქრები. მაგ., პაპუასები ახალი გვინეადან პირდაპირ ამბობდნენ, რომ ისინი „ქორწინდებიან თავიანთ მტრებზე“, სხვა გვარის ცოლი ყოველთვის რჩება უცხო ადამიანად, საფრთხის მატარებლად, მაგრამ, მეორე მხრივ, კაცი ხედავს ქალში დედას, დას ან ქალიშვილს, რადგან ისინი არ წარმოადგენენ სექსუალურ ობიექტებს, ეს ქალები მათთვის აღიქმებიან როგორც ახლობელი, მეგობრული. გასაშუალებული სტერეოტიპი ქალისა აუცილებლად წარმოიქმნება ამ ორივე როლური სისტემისაგან და ამიტომაც გარდაუვალია მათი ურთიერთდაპირისპირებულობა.

უფრო რთულადაა საქმე ქალებში, ისინიც ახდენენ მამაკაცის კატეგორიზაციას მათთან სექსუალური უეთიერთობის შესაძლებლობა-არშესაძლებლობის პრინციპის მიხედვით. მამაკაცი, რომელთანაც ქალს შეუძლია ჰქონდეს სექსუალური კავშირი, მისი რეალური თუ პოტენციური ქმარი, მის თვალში, წარმოადგენს სახიფათო, უცხო ძალას, რომელიც ეშმაკურად უნდა მართო, გამოიყენო საკუთარი უფლებები საჭმლის გაკეთებასა და განაწილებაში და ხანდახან, საკუთარ სექსუალურ შესაძლებლობებშიც. ამის საწინააღმდეგოდ, მამაკაცები, რომელთანაც დაუშვებელია სქესობრივი კავშირი - ძმა, მამა, ვაჟიშვილი, მოიაზრება როგორც მეგობრული საწყისი, დახმარებისა და თანადგომის შესაძლო წყარო. სექსუალური დიფერენცირების ამგვარი შეფარდებითობა ,,ბიოლოგიური“ და „სოციალური“ ფაქტორებით მოითხოვს სერიოზულ ისტორიულ შესწავლას, რომელიც შეეხება ქალებისა და მამაკაცების მონაწილეობას საზოგადოებრივი საქმიანობის სხვადასხვა სფეროში (მატერიალური წარმოება, ბავშვთა აღზრდა, სოციალური მართვა, სულიერი ცხოვრება), მათ შესაძლებლობებს, რომლებიც შეეხება გადაწყვეტილების მიღების პასუხისმგებლობას ამა თუ იმ ცხოვრებისეულ სფეროში, რაც ასევე ჩვენი კვლევის მომავალ მიზნებს წარმოადგენს.

რაც შეეხება სექსუალური საკითხის კვლევას ჩვენს კულტურაში, ჩატარებულმა გამოკითხვამ დაგვიდასტურა ამ საკითხის ფართო სამსჯავროზე გამოტანის მიუღებლობა. მიუხედავად იმისა, რომ გამოკითხვა ანონიმური იყო და არ იყო საჭირო სახელისა და გვარის აღნიშვნა, გულახდილობის კოეფიციენტი მაინც ძლიერ დაბალი იყო. გაცემული პასუხები იყო ერთგვაროვანი ანუ სტერეოტიპული, შაბლონური. ისინი შეესატყვისებოდა ზოგადად მიღებულ აზრს და არა საკუთარი პიროვნული დამოკიდებულების გამოხატვას. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ზოგად მიმართულებას, რომ სტერეოტიპები არ წარმოადგენენ რაიმე „ბუნებრივს“, არამედ თვითონ საზოგადოება ქმნის მათ. კერძოდ, მორალური აკრძალვების გამო, ქალები ვერ პასუხობდნენ ისეთ კითხვებზე, რომლებიც უშუალოდ მათი ინტიმური ცხოვრების სფეროს ეხებოდა, მაგრამ თავისუფლად პასუხობდნენ ზოგადი ხასიათის კითხვებს. კითხვები დაჯგუფებული იყო 5 ბლოკად, თითოეული ბლოკი ეხებოდა სექსუალობას სხვადასხვა პარამეტრით, კერძოდ:

I ბლოკი იკვლევდა სექსის მიმართ დამოკიდებულებას ზოგადად - კერძოდ, რა არის საერთოდ სექსი - ყოველდღიური, ჩვეულებრივი მოვლენა, რომელსაც ადგილი აქვს ქალის ცხოვრებაში, თუ რაიმე უჩვეულო, დღესასწაულის მსგავსი მოვლენა?

II ბლოკი ავლენდა სექსის მიმართ ქალთა კონკრეტულ დამოკიდებულებას, კერძოდ, რას წარმოადგენს სექსი მათ ცხოვრებაში: იძულებით რიტუალს, ჯანმრთელობის შენარჩუნების ერთ-ერთ პირობას, მუდმივი უსიამოვნების წყაროს, სიამოვნების წყაროს, სრულფასოვან ქალად თავის განცდის საშუალებას, ძალადობას, რომელსაც კანონიერად ახორციელებენ ქალზე, თუ იმას, რაც სჭირდება მას (ქალს), მაგრამ მუდმივად უკრძალავს საზოგადოება.

III ბლოკი იკვლევდა სექსუალური პარტნიორების რაოდენობას 0-იდან NNN რიცხვის ჩათვლით, ასევე, კმაყოფილნი არიან თუ არა თავიანთი სექსუალური პარტნიორით გამოკითხულნი, რა განაპირობებს მათ დაუკმაყოფილებლობას (როცა პასუხი წინა კითხვაზე ნეგატიურია), ჩამოთვლილია უამრავი მახასიათებელი, რომელთაგანაც ერთ-ერთს უნდა გაესვას ხაზი, ნიშნად თანხმობისა.

IV ბლოკი ეხებოდა მათ ინდივიდუალურ მოქმედებას სექსუალური კონტაქტების დროს, კერძოდ, რამდენად თავისუფალნი არიან სექსუალური კონტაქტის დროს და რამდენად თავისუფლად გამოხატავენ თავიანთ სურვილს პარტნიორთან და ასევე უნდა გაეცათ პასუხი კითხვაზე, თუ რამდენად სასურველი სექსუალური პარტნიორები არიან ქართველი მამაკაცები.

V ბლოკი ითვალისწინებდა მათი დამოკიდებულების გამოვლენას ზოგადად ქალის სტერეოტიპისა და უფლებრივი მდგომარეობის მიმართ, კერძოდ, ეხებოდა ამ საკითხებს შემდეგი კითხვით: - „აუცილებელია თე არა ქალისათვის ოჯახი სექსუალური ურთიერთობისათვის?“ და მეორე - „უნდა ცხოვრობდეს თუ არა ქალი მამაკაცის მსგავსად თავისუფალი სექსუალური ცხოვრებით?“ და სწორედ ამ კითხვაზე პასუხის გაცემის შედეგად მათ ეძლეოდათ ერთადერთი ღია კითხვა, სადაც პასუხი კი არ უნდა აერჩიათ ჩამოთვლილი პუნქტებიდან, არამედ უნდა დაეწერათ პასუხები, თუ რატომ უნდა ან არ უნდა ცხოვრობდეს ქალი ისევე, როგორც მამაკაცი, თავისუფალი სექსუალური ცხოვრებით.

როგორც აღვნიშნეთ, მიღებული პასუხები იყო სტერეოტიპული, ყოველი ბლოკის პუნქტებიდან ამორჩეული იყო ყველაზე მისაღები პასუხები, ისეთი პასუხები, რომლებიც შეესატყვისებოდა საზოგადოებრივ აზრს და არა საკუთარი გამოცდილებით მიღებულს.

უმრავლესობისათვის სექსი წარმოადგენს ჩვეულებრივ, ყოფით მოვლენას, განიცდება, როგორც სიამოვნების წყარო, სრულფასოვან ქალად განცდის საშუალება, მხოლოდ 2%25-ისათვის 100 გათხოვილი ქალიდან სექსი წარმოადგენს ძალადობას, რომელსაც მასზე კანონიერად ახორციელებენ; სექსუალური პარტნიორების რაოდენობად 60%25 1-ს ასახელებს; როგორც წესი, თუ ჰყავთ მუდმივი პარტნიორი (თუ ქვრივი ან გაყრილი არ არის), მოსწონთ და სრულიად დაკმაყოფილებულნი არიან მისით. ასევე სრულიად თავისუფალნი არიან სექსუალური კონტაქტის დროს და თავისუფლად გამოხატავენ თავიანთ სექსუალურ სურვილებს და, ასევე, სასურველი სექსუალური პარტნიორები არიან ქართველი მამაკაცები, თუმცა ფსიქოთერაპევტის კაბინეტში ან ნდობის ტელეფონზე მიღებული ინფორმაციებით სულ სხვაგვარ დამოკიდებულებას ავლენენ ქართველი მამაკაცების მიმართ, რომელთა არაკორექტული ქცევები დიდ სულიერ ტკივილს იწვევს მათ პიროვნებაში. მაგრამ მიუხედავად ასეთი სურათისა, ყურადსაღები შედეგი მივიღეთ ქალისა და მამაკაცის სექსუალობის თანასწორობის გამომჟღავნებისას, რაც ყველაზე მეტად წარმოადგენდა ჩვენი მუშაობის ინტერესს და სწორედ ამიტომაც იყო სრული თავისუფლება მიცემული ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად. მათ კითხვაზე - უნდა ცხოვრობდეს თუ არა ქალი ისევე, როგორც მამაკაცი, თავისუფალი სექსუალური ცხოვრებით? უნდა გაეცათ პასუხი „დიახ“ ან „არა“, მაგრამ ორივე შემთხვევაში შემდეგ უნდა ეპასუხათ კითხვაზე „რატომ?“, რითაც უნდა გამოეხატათ თავიანთი დამოკიდებულება. აღმოჩნდა, რომ გამოკვლეული 100 ქალიდან (გათხოვილი, გაყრილი, ქვრივი)

„დიახ“ - დადებითი პასუხი მოგვცა 52%25-მა;

„არა“ - უარყოფითი - 40%25-მა;

„არ ვიცი“ - ნეიტრალური - 18%25-მა (არ იცის, კითხვაზე ვერ პასუხობს). აღსანიშნავია, რომ რესპოდენტებად გამოყენებულ იქნენ 24-იდან 42 წლამდე ქალები, ხოლო კითხვაზე, თუ რატომ ფიქრობენ ასე, - აქ სრულყოფილი, დადებითი პასუხი 62%25-იდან მხოლოდ 10%25-მა მოგვცა. კერძოდ, მხოლოდ 10%25-მა აღნიშნა ის ფაქტი, რომ ქალი როგორც ყველა სხვა სფეროში, ასევე სექსშიც, ისეთივე თანაბარი უფლებებით უნდა სარგებლობდეს, როგორც მამაკაცი. ხოლო დანარჩენმა 50%25-მა, მიუხედავად იმისა, რომ აღიარა თანასწორობა, ვერ გასცა კითხვაზე პასუხი, თუ რატომ მიაჩნიათ ასე. რაც შეეხება 40%25-ს, რომელიც თვლის რომ ქალი არ უნდა ცხოვრობდეს ისე, როგორც მამაკაცი - თავისუფალი სექსუალური ცხოვრებით, ისინი პირდაპირ აღიარებდნენ მამაკაცის პრივილეგირებულ მდგომარეობას სხვადასხვა აზრებით. კერძოდ, - „ქალს არ შეეფერება ისეთი საქციელი, როგორიც მამაკაცს“, „ქართული ტრადიციების გამო ქალს არ შეშვენის თავაშვებულობა“, „ქალს არა აქვს ყველაფრის უფლება“, „ქალი იღებს, კაცი კი გასცემს“, „ქალისათვის აუცილებელია პარტნიორის მიმართ გრძნობა, მამაკაცებს კი გრძნობის გარეშეც შეუძლიათ ურთიერთობა“. უმრავლესობა კი ასევე ვერ ასაბუთებს თავის უარყოფით პასუხს. რაც შეეხებოდა დარჩენილ 18%25, ისინი კითხვას საერთოდ ვერ პასუხობდენ - ვერც „ჰო-სა“ და ვერც „არა“-ს მიმართულებით. ეს ფაქტი გვაფიქრებინებს იმას, რომ მათ არც არასდროს უფიქრიათ ამ საკითხებზე და მომავალი სამუშაოებიც სწორედ მათი თვითცნობიერების ამაღლების პრობლემებს შეეხება. ამის გამო, აქტუალურად მიგვაჩნია ქალთა საკითხების ინტენსიური გაშუქება როგორც მასმედიის, ასევე საზოგადოებრივი ღონისძიებების გზით, რათა უკეთ გამოიკვეთოს და გახმაურდეს ქალთა პრობლემები და მათ შორის, რასაკვირველია, ქალთა უფლებრივი მდგომარეობის სფერო, თუნდაც ისეთ ტაბუირებულ საკითხთან მიმართებაში, როგორიცაა სექსუალურობა ქალებში და მასთან დაკავშირებული სირთულეები არა ფიზიოლოგიური, არამედ სოციალური კუთხით, ანუ რამდენად უწყობს ხელს ან წინ აღუდგება საზოგადოება ამ საკითხის მოგვარებას.

ამრიგად, ჩვენმა პილოტაჟურმა გამოკვლევებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ის ფაქტი, რომ, მიუხედავად ქალთა სტატუსის საგრძნობი გაუმჯობესებისა, ადგილი აქვს სირთულეებს, რომლებიც დაკავშირებულია, ჯერ ერთი, ქალების აქტიურ დისკრიმინაციასთან მამაკაცების მხრიდან, რომელთაც სურთ შეინარჩუნონ თავანთი პრივილეგიები, ძალაუფლება და სიმდიდრე და, მეორეც, იმასთან, რომ - ქალთა და მამაკაცთა არათანასწორუფლებიანობას ღრმა ფესვები აქვს გადგმული სოციალურ სტრუქტურათა უმრავლესობაში. ამ მხრივ გამონაკლისს არც ჩვენი მენტალიტეტი წარმოადგენს, რადგან, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თვითონ ქალებშია ის წინააღმდეგობა, რომელიც, ერთი მხრივ, ისწრაფვის თანასწორუფლებიანობისაკენ, ხოლო, მეორე მხრივ, თვითონვე ამუხრუჭებს და ხელს უწყობს მასკულინური კულტურის შენარჩუნებას, გამომდინარე მრავალსაუკუნოვანი ტრადიციებიდან. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, სავსებით სამართლიანად მიგვაჩნია შემდეგი ზომების მიღება და გატარება, რათა დაძლეულ იქნეს ის სირთულეები, რომელთაც ადგილი აქვთ ქალთა თვითცნობიერების ამაღლების პროცესში.

1. სოციალიზაციის ხატების შეცვლა, რომლებიც განაწყობს ქალებს თავიანთი დაქვემდებარებული მდგომარეობის მიმართ;

2. ქმარი - მამის დამოკიდებულების შეცვლა თავიანთი ვალდებულებების მიმართ, მათი მონაწილეობის გაზრდა ბავშვების აღზრდის საკითხში;

3. სასწავლო პროგრამებისა და სამუშაო გრაფიკის მოქნილობის ამაღლება, რაც საშუალებას მისცემს მშობლებს შეათავსონ თავიანთი საქმიანობა ოჯახურ საქმესთან;

4. ახალი შესაძლებლობების გამონახვა, რომლებიც შეეხება ბავშვთა პროფესიული დახმარების მიღებას, სხვადასხვა ფენის გათვალისწინებით;

5. გახმაურება ქალთა დისკრიმინაციის ყოველგვარი გამოვლენისა.

ამრიგად, ყველა სხვა მოვლენასთან ერთად, სექსუალური არათანასწორუფლებიანობა წარმოადგენს ნაწილს უფრო ფართო საზოგადოებრივი მოწყობილობის სისტემისა და იმისათვის, რომ ეს მოვლენა შესამჩნევად შეიცვალოს, უნდა შეიცვალოს თვითონ სისტემა.

23 აგრესიის ციკლი და ვიქტიმიზაცია ოჯახში

▲ზევით დაბრუნება


ნინო მახაშვილი

ამ სტატიით შევეცდებით ვაჩვენოთ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ოჯახში ძალადობის პრობლემის გამოკვლევა და მასთან გამკლავების გზების დასახვა. ოჯახში ძალადობის ფენომენი მხოლოდ ერთი ოჯახის პრობლემა, იზოლირებული მოვლენა როდია, არამედ მას აქვს ტენდენცია სხვა ადამიანებზე ზემოქმედებისა და განვრცობის, რასაც შეიძლება აგრესიის, ძალადობის ციკლი ვუწოდოთ.

აგრესიის ციკლს პირობითად შეიძლება ორი „განზომილება“ მოვუნახოთ. პირველი - „ჰორიზონტალური“, შეგვიძლია განვიხილოთ როგორც პიროვნების, ოჯახისა და საზოგადოების ურთიერთგანმაპირობებელი ზემოქმედების ციკლი. მეორე, „ვერტიკალური ღერძი“ - დროითი, მემკვიდრეობითია და გულისხმობს აგრესიული იმპულსებისა და ტენდენციების თაობიდან თაობაზე შთამომავლობით გადაცემას, რაც ცნობიერი თუ არაცნობიერი მექანიზმებით ხორციელდება.

პირველი მოდელი აღწერს აგრესიის მოძრაობის პროცესს ინდივიდიდან გარეთ და, პირიქით, სოციალური გარემოდან - პიროვნებისაკენ. აქ შეიძლება გამოიკვეთოს სხვადასხვა ფაქტორები: ინტრაპიროვნული, ინტერპიროვნული, აგრესია - განპირობებული სოციალური სიტუაციით და, აგრეთვე, კულტუროლოგიურ-ტრადიციული თავისებურებებით.

პიროვნული აგრესია გამოწვეულია ინტრაპიროვნული კონფლიქტებით, საკუთარი ღირსების დაბალი გრძნობით, დასწავლით, ინდივიდის პოტენციალის არარეალიზებულობით, ხასიათობრივი აქცენტუაციით და ა.შ. ამრიგად, ადამიანი ატარებს აგრესიულ მუხტს, რომელიც ხშირად არ ცნობიერდება, ხანდახან ხასიათის ნაწილად ითვლება და შეიძლება „უმიზეზოდ“ იჩინოს თავი, რადგან შიდა ინსტინქტებითა და კონფლიქტებით იკვებება. გაუცნობიერებელი შინაგანი აგრესიულობის მაგალითად გამოგვადგება მითოლოგიური ჰერაკლეს სახე. ბერძნულ მითებში აღწერილია, რომ ერთხელ, მსხვერპლთშეწირვის დროს, ჰერაკლე, რომელსაც ძალიან უყვარდა საკუთარი ცოლ-შვილი, ყოვლად უმიზეზოდ გაშმაგდა, არ უწყოდა რას აკეთებდა და ამ მდგომარეობაში ყოფნისას დახოცა ისინი. შემდეგ, როდესაც გონება დაუბრუნდა, მძიმე სინანულსა და სადარდებელში ჩავარდა, წავიდა დელფოს ორაკულთან და, მისი მისნობის თანახმად, მსახურად დაუდგა მეფე ევრისფეის. აქედან იწყება ჰერაკლეს გმირობანი, რაშიც შეგვიძლია დავინახოთ აგრესიული ენერგიის პოზიტიურ კალაპოტში მოქცევის შესაძლებლობა, გაუცნობიერებელი და დამანგრეველი ენერგიის კონსტრუქციული ტრანსფორმირება. ამ მაგალითით კარგად ილუსტრირდება დებულება, რომ აგრესიულ ენერგიას თავისთავად უარყოფითი მუხტი არ აქვს, ის ნეიტრალური ენერგიაა და მისი გარდაქმნა ადამიანზეა დამოკიდებული.

ინტერპიროვნულ დონეზე კონფლიქტის მიზეზი არა მხოლოდ შინაგანი - თანდაყოლილი ან დასწავლილი აგრესიულობაა, არამედ ადამიანის უუნარობა - სტრესული ან ფრუსტრაციის გამომწვევი სიტუაცია აგრესიისა და ძალადობის გარეშე მოაგვაროს. აგრესიულობა შეიძლება მოგვევლინოს ერთადერთ რეაქციად მიზნის მისაღწევად და უკმაყოფილების, დისკომფორტის, ტკივილისა თუ შიშის განცდებთან გასამკლავებლად. ამგვარი ქცევის საილუსტრაციოდ მოვიშველიებთ სხვა მითოლოგიურ პერსონაჟს - მედეას, რომელიც ეჭვიანობისა და შურისძიების განცდებით შეპყრობილი, აგრესიას საკუთარ შვილებზე გადაიტანს და კლავს მათ. მართლაც, საკმაოდ ხშირად განუტვირთავი აგრესიული იმპულსები შედარებით უწყინარ არსებებზე გადაიტანება ხოლმე და, უმეტესად, ბავშვებზე განიტვირთება.

ინტერპიროვნული აგრესიის ხლართებში ხშირად ოჯახის რამდენიმე წევრია ხოლმე გაბმული და არა მხოლოდ „კლასიკური“ წყვილები: ცოლ-ქმარი, რძალ-დედამთილი, გერი-დედინაცვალი (მამინაცვალი). აგრესია და ძალადობა გამოიყენება სიტუაციის და ადამიანების გასაკონტროლირებლად და სამანიპულაციოდ. მას ხშირად დომინირების და ძალაუფლების წყურვილი იწვევს, საკუთარი არარეალიზებული მოთხოვნილებების ჰიპერკომპენსირების მცდელობა - მეუღლესთან, შვილთან და ა.შ. განსაკუთრებით შეფარული ძალადობის გამოვლენაა ზემზრუნველობა, როდესაც მშობელი საკუთარი ნების სრული თავსმოხვევით მორალურ-ფსიქოლოგიურად „ახრჩობს“ და „აპარალიზებს” შვილს (სხვათა შორის, ამ მხრივ ნიშანდობლივია ბოლო ათწლეულში თბილისში გავრცელებული საკუთარი დედის გინება, რაც, სიმბოლურად შეგვიძლია განვიხილოთ როგორც პროტესტი ვაჟიშვილის პიროვნულ სივრცეში მეტისმეტად „შეჭრილი“ დედის მიმართ).

სიტუაციას აღრმავებს სოციალუ-ეკონომიკური მიზეზები - უმუშევრობა, სიდუხჭირე. სტრესების, დაძაბულობის, ფრუსტრაციის ფონზე იზრდება აგრესიული მუხტიც და, ხშირად, ოჯახი მისი განტვირთვის ერთადერთ ასპარეზად გადაიქცევა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღევანდელი ჩვენი ტრავმირებული საზოგადოება თავად ატარებს ერთდროულად მსხვერპლი-აგრესორის ნიშნებსა და იმპულსებს.

შეიძლება ითქვას, რომ კულტურულ-ტრადიციული ქარგა გარკვეულწილად ხელს უწყობს ამ მუხტის გაღვივებას. ხშირად არასწორად გაგებული „მაგარი ხელის“, „შვილის მტრად გაზრდის“ და სხვა კონცეფციები აყალიბებს შესაბამის შეხედულებებს, ქცევებსა და განწყობას.

ძალადობისა და ვიქტიმიზაციის ამგვარი ველი, სამწუხაროდ, ტვირთავს ჩვენს შვილებსაც. აგრესიის ციკლის პირობითად „ვერტიკალურ“ მოდელში განვიხილოთ ძალადობისა და ტრავმის პატერნების ტრანსგენერაციული გადაცემის ზოგიერთი ასპექტი:

წარმოვიდგინოთ ბავშვი, რომელიც ოჯახური ძალადობის პირდაპირი თუ არაპირდაპირი აგრესიის მსხვერპლია. მძიმე ოჯახური კონფლიქტების - ჩხუბის, დამცირების, შეურაცხყოფის შემდეგ ბავშვს თან სდევს სასოწარკვეთის, სირცხვილის, ბრაზის, ხშირად სიძულვილისა და შურისძიების გრძნობები. ბავშვი გაორებულია, მისი განცდები ამბივალენტურია: იგი მერყეობს უარყოფით ემოციებსა და ოჯახის წევრის მიმართ სიყვარულის განცდებს შორის. ეს გაორება კიდევ უფრო მეტ შინაგან დაბნეულობას, გაუგებრობას, დაურწმუნებლობასა და სტრესს იწვევს ბავშვში.

ამგვარ ტრავმატულ გამოცდილებასთან გამკლავების ინდივიდუალური გზები სხვადასხვაა, მაგრამ აქ შევჩერდებით საკმაოდ უნივერსალურ დაცვით მექანიზმზე, რომელსაც აგრესორთან იდენტიფიკაცია და მსხვერპლი-აგრესორის ტიპის ქცევის ჩამოყალიბება მოსდევს. აგრესორთან, მოძალადესთან იდენტიფიკაცია ბავშვს საშუალებას აძლევს გაუმკლავდეს ძლიერი შფოთვის გამომწვევ ობიექტს - მისი ატრიბუტიკის ასიმილაციით ის ცდილობს დაჩაგრული, უმწეო პოზიციიდან თავის დაღწევას და პასიური როლიდან აქტიურ, აგრესიულ, შემტევ როლზე გადასვლას. ტრავმული გამოცდილების ამგვარი ტრანსფორმაცია ბავშვის განვითარების ნორმალური სტადიაა, მაგრამ ამ დამცავი მექანიზმის ხშირი „ამოქმედება“, რაც ოჯახის არაჰარმონიული კლიმატით შეიძლება იყოს გამოწვეული, განამტკიცებს და სტერეოტიპულს ხდის მას; ნიღაბი, რომლის უკანაც შეშინებული ბავშვი იმალება ხოლმე, გამუდმებული ხმარებისაგან თითქოს „შეესისხლხორცება“, შეეზრდება მას და სამყაროსთან ურთიერთქმედების უსაფრთხო სახე ხდება.

ცხადია, ბავშვის აგრესიულობას სხვა ფაქტორებიც კვებავს. ბავშვი ძალადობას სწავლობს მიბაძვისა და მაგალითის ძალითაც. მას საკუთარ ქცევით რეპერტუარში იოლად შეაქვს როლური მოდელისათვის დამახასიათებელი აგრესიული ელემენტები. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ჩვენს სინამდვილეში აგრესია ხშირად ჯილდოვდება, რომ „ძალას“ საზოგადოება ანგარიშს უწევს და აგრესიულობის გარეშე საეჭვოა ლიდერი გახდე, გასაგებია, თუ რატომ არის მომგებიანი მოზარდი ადამიანისათვის აგრესორის როლის „აღება“ - როგორც ცნობიერად, ასევე არაცნობიერად. ადვილი შესაძლებელია, რომ ძალმომრეობა მისთვის სამყაროსთან ურთიერთობის ერთადერთი და რიგიდული ფორმა გახდეს.

ასევე შესაძლებელია ბავშვში მეორე უკიდურესობის - მსხვერპლობის განცდის, ვიქტიმურობის ჩამოყალიბება. საკმაოდ ხშირად, ძალადობასთან დაკავშირებული ტრავმის შესამსუბუქებლად, ბავშვი „ირჩევს“ უმწეო, უსუსურ პოზიციას და „უარს ამბობს“ აგრესიული იმპულსების პროეცირებაზე ანუ გარეთ გადატანაზე. ხდება ამ იმპულსების საკუთარ თავზე ინტროეცირება, რაც ბრალეულობის და დამნაშავეობის განცდებს აღვიძებს და განამტკიცებს, აყალიბებს ვიქტიმურ მიმართებას ცხოვრებასთან. შესაძლოა, ეს ადრეულ ასაკში მოხდეს, შეიძლება - მოზარდის განვითარების გარკვეულ ეტაპზე, როდესაც ის გააცნობიერებს საზოგადოებრივ ლიმიტებსა და აკრძალვებს და მოახერხებს აგრესიული ტენდენციების „მიმართულების“ შეცვლას. კვლავაც აღსანიშნავია ბავშვისათვის მნიშვნელოვანი როლური მოდელის (მშობელი თუ სხვა ოჯახის წევრი) მახასიათებლები ამ ქცევის განსამტკიცებლად.

მსხვერპლობის განცდა გულისხმობს უუნარობის, შეუსაბამობის, სირცხვილის შეგრძნებას, პასუხისმგებლობის ვერ აღებას საკუთარ ცხოვრებაზე, პასიური ცხოვრების სტილს, ხშირად, საკუთარი დაჩაგრულობითა და უმწეობით მანიპულირებას. აგრესორისათვის მსხვერპლი იდეალური პარტნიორია, ისინი „ეფექტურად“ ერგებიან ერთმანეთს. საკმაოდ ხშირად, ეს ორივე როლი ბავშვში ერთდროულად არსებობს და სიტუაციის შესაბამისად აქტუალიზირდება. გამოკვლევებით დასტურდება, რომ, უმეტესად, მსხვერპლთა საერთო პიროვნული მახასიათებელნი ჰგავს მოძალადეთა საერთო პიროვნულ მახასიათებლებს.

ამრიგად, ოჯახის ტრავმა, ადამიანთა ქცევის ტიპები და ურთიერთქმედების ასპექტები - ცნობიერად თუ არაცნობიერად - გადაეცემა მათ შვილებს, რომლებიც შესაძლოა მოდიფიცირებული სახით ატარებდნენ ამ მემკვიდრეობას - აგრესორის ან უსუსური ვიქტიმის ნიშნებს და ავტომატურად იმეორებდნენ არაეფექტურ ქცევით პატერნებს. თავის მხრივ, შემდეგ, ისინი ზეგავლენას ახდენენ საკუთარ შვილებზე, აძლევენ მათ „მაგალითებს“ და მწარე გამოცდილებას უმიზეზო რისხვის და ძალადობის გამოვლინებებისა თუ ბრალეულობის განცდის და უმწეობის ამსახველი ქცევისა. ამგვარი მემკვიდრეობისაგან განთავისუფლება, აგრესიის ციკლიდან თავის დაღწევა კი ადამიანისაგან შემდგომში დიდ ძალისხმევასა და სულისკვეთებას მოითხოვს.

24 სახელმწიფო პოლიტიკა გენდერულ და ქალთა პრობლემების სფეროში

▲ზევით დაბრუნება


ლელა ხომერიკი

მრავალი ქვეყანა აღიარებს, რომ არსებობს გენდერული და ქალთა პრობლემები, რომელთა გადაჭრაც მოითხოვს კონკრეტული სტრატეგიების შემუშავებასა და სპეციალური ზომების განხორციელებას.

პეკინში გამართულ ქალთა მსოფლიო კონფერენციაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ცხოვრების ყველა სფეროში გენდერული უთანასწორობის პრობლემის გადასაჭრელად აუცილებელია კომპლექსური და მიზანმიმართული პოლიტიკის გატარება. ამ შეხვედრის ერთ-ერთ საკვანძო მოთხოვნას წარმოადგენდა მთავრობების მიერ ეროვნული სტრატეგიებისა და პროგრამების შემუშავება.

ქალთა და გენდერული საკითხების მოგვარებისადმი მიმართული სახელმწიფო პროგრამები სხვადასხვაგვარი და მრავალფეროვანია, მაგრამ თუ ძალიან განვაზოგადებთ შესაძლებელია გამოვყოთ მსგავსი შემადგენელი ნაწილები, როგორიცაა:

  • სრულყოფილი გედერული სტატისტიკის წარმოება.

  • პრობლემების ყოველმხრივი სამეცნიერო შესწავლა.

  • სტატისტიკური მონაცემებისა და კვლევის შედეგების ფართოდ გავრცელება, საინფორმაციო კამპანიების მოწყობა, საზოგადოების ცოდნის ამაღლება ქალთა და გენდერული საკითხების სფეროში.

  • სტატისტიკურ მონაცემებსა და კვლევებზე დაყრდნობით გენდერული და ქალთა საკითხების მოგვარების ეროვნული სტრატეგიის შემუშავება.

  • საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავება კანონმდებლობის შემდგომი დახვეწის მიზნით.

  • სახელმწიფო პროგრამით დასახული ღონისძიებების ინსტიტუციონალური საფუძვლის შექმნა და განვითარება (სოციალური სამსახურები, კრიზისული ცენტრები, მონიტორინგის სამსახურები).

  • თანასწორობის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო სტრუქტურის შექმნა (მაგალითად, საბერძნეთის თანასწორობის ბიურო, პორტუგალიის თანასწორობისა და ქალთა უფლებების კომისია)

  • ქალთა მონაცემთა ბაზების შექმნა (1974 წელს ირლანდიის მთავრობამ შექმნა კვალიფიციურ ქალთა მონაცემების ბაზა, რისი მეშვეობითაც ხდება სახელმწიფო სამსახურისათვის შესაბამისი კანდიდატურების მოძიება. 1995 წელს ნიდერლანდის მთავრობამ დააარსა ორგანიზაცია „თოპლინკი“, რომლის მიზანიც არის შექმნას კვალიფიციურ ქალთა მონაცემების ბაზა, რომელიც დაეხმარება სახელმწიფო სააგენტოებს, პარტიებს, კერძო კომპანიებს მოძებნონ შესაბამისი კვალიფიკაციის ქალები).

როგორც წესი, ქალთა მდგომარეობის გაუმჯობესებისაკენ მიმართული სახელმწიფო პროგრამები აუცილებლად მოიცავს შემდეგ საკითხებს:

  • დედებისა და ოჯახის დახმარება (რა ხასიათისა და მოცულობისაა ამგვარი პროგრამები, როგორია მათი დაფინანსება).

  • მარტოხელა მშობლებისა და მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება.

  • ოჯახური ძალადობა და ძალადობა ქალის მიმართ (როგორია კანონმდებლობა, არსებობს თუ არა დახმარების სამსახურები, რა ხარისხისა და მოცულობის მომსახურების გაწევა შეუძლიათ მათ, როგორია სამართალდამცავ ორგანოებში ძალადობის შემთხვევებზე რეაგირებისა და სასამართლო საქმეების წარმოების ხარისხი, ტარდება თუ არა პრევენციული ზომები).

  • გადაწყვეტილების პროცესში ქალთა მონაწილეობის გაზრდის უზრუნველყოფა.

  • თრეფიკინგი.

  • როსტიტუცია.

  • ჯანდაცვის პროგრამები (ორსულთა, ახალშობილთა და მშობიარეთა, ბავშვთა ჯანდაცვა, რეპროდუქციული ჯანმრთელობა, კონტრაცეფციისა და მათ შორის, აბორტის საკითხები, ქალურ ორგანოთა დაავადებები (მათ შორის, სიმსივნური)).

გენდერული თანასწორობის ხელშემწყობი კანონმდებლობა და სახელწიფო სტრუქტურები

გერმანია/ზაარის მხარის მაგალითი

1996 წლის ზაარის მხარის ლანდთაგმა (სამხარეო პარლამენტმა) მიიღო კანონი ქალთა და მამაკაცთა თანასწორუფლებიანობის განხორციელების შესახებ. კანონის მიზანია გენდერული თანასწორუფლებიანობის რეალურად განხორციელება საჯარო დაწესებულებებში, რაც გულისხმობს ნებისმიერ ფუნქციურ და საშემოსავლო დონეზე ქალთა წარმომადგენლობის არსებული სიმცირის მოშლას და სამსახურეობრივი და ოჯახურ-მზრუნველობითი მოვალეობების შეთანხმებას. ოჯახური მოვალეობა გულისხმობს მცირწლოვანი ბავშვების აღზრდას და ოჯახის იმ წევრებზე ზრუნვას, რომლებიც მოვლას საჭიროებენ.

კანონით საჯარო დაწესებულებებს ევალება:

  • გენდერული სტატისტიკის წარმოება, რომელიც მოიცავს შემდეგ კატეგორიებს: ქალებისა და მამაკაცების მიერ დაკავებული სრული და არასრული შტატები სატარიფო თანრიგების მიხედვით, შრომის ანაზღაურება, შვებულებების რაოდენობა და ხანგრძლივობა, პროფესიული განათლების მიმღებთა რაოდენობა სქესთა მიხედვით. ეს სტატისტიკა უნდა ქვეყნდებოდეს დაწესებულებაში და აგრეთვე, უნდა გადაეცეს სტატისტიკის დეპარტამენტსა და ქალთა, სამუშაოს, ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს. შედეგები სამხარეო დონეზე უნდა გაანალიზდეს და გამოქვეყნდეს სულ მცირე სამ წელიწადში ერთხელ.

  • ქალთა თანასწორუფლებიანი განვითარების გეგმის შემუშავება. თითოეულმა სამსახურმა უნდა წარადგინოს სამწლიანი გეგმა ქალთა წარმომადგენლობის სიმცირის აღსაკვეთად. გეგმა უნდა მოიცავდეს მეტწილად მამაკაცებით დაკომპლექტებული სამუშაო ადგილების იმგვარად შეცვლას, რომ მათი დაკავება ქალებმაც შესძლონ.

  • სამუშაო დროის მოდელების გამოცდა პროფესიული და საოჯახო მოვალეობების შეთავსებისათვის. იმ პირებს, რომლებიც ზრუნავენ ოჯახის წევრებზე შეუძლიათ გარკვეული ხნით მოითხოვონ არასრული სამუშაო დრო (დღიური, კვირეული, თვიური ან წლიური).

  • ღონისძიებების გატარება სექსუალური გადაკიდების წინააღმდეგ.

  • ქალთა რწმუნებულები. საჯარო სამსახურებმა უნდა დააწესონ ქალთა რწმუნებულის თანამდებობა, რომელიც კონსულტაციას გაუწევს და დაეხმარება თანასწორუფლებიანობის რეალურად დამკვიდრებაში როგორც მთლიანობაში სამსახურს, ისე თანამშრომლებსაც. ქალთა რწმუნებულს ირჩევენ მდედრობითი სქესის თანამშრომლები სამი წლის ვადით. ქალთა მუნიციპალური რწმუნებული მონაწილეობას იღებს ყველა გეგმის, ღონისძიების, პროექტის შემუშავება-შეფასებაში, რომლებმაც გავლენა შეიძლება მოახდინოს იმ მუნიციპალიტეტეში მცხოვრები ქალების ცხოვრებაზე.

ზაარის მხარეში არსებობს ქალთა, სამუშაოს, ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტრო. საარბრიუკენის მერიაში შექმნილია ქალთა განყოფილება, რომლის მოვალეობაცაა თვალი ადევნოს ადგილობრივი ხელისუფლების მიერ მიღებულ ნებისმიერ დოკუმენტს, განვითარების გეგმას, ბიუჯეტს, მოახდინოს გენდერული ანალიზი და შეიმუშაოს რეკომენდაციები ისეთ დებულებებზე, რომლებიც არ ითვალისწინებენ ან ეწინააღმდეგებიან ქალთა ინტერესებს.

ბელგია

პოლიტიკური წარმომადგენლობის დაბალანსებისათვის ბელგიაში შემუშავდა კანონი, რომლის თანახმადაც პოლიტიკური პარტიების კანდიდატთა სიებში დაშვებული იყო თითოეული სქესის წარმომადგენელთა მაქსიმუმ 2/3. კანონი ყველა საარჩევნო დონეს მოიცავს.

საფრანგეთი

2000 წელს საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის მიერ მიღებული კანონი „ქალებსა და მამაკაცებს შორის პარიტეტის შესახებ“ ქალისა და მამაკაცის სოციალური პოზიციების დაბალანსებისაკენ მიმართული ერთ-ერთი უახლესი კანონია. კანონის მიზანია ყველა არჩევით თანამდებობაზე ქალისა და მამაკაცის პარიტეტული, ანუ აბსოლუტურად თანაბარი (50/50-ზე) წარმომადგენლობის მიღწევა.

ლიტვა

1998 წელს ლიტვამ მიიღო კანონი ქალებისა და კაცების თანაბარი შესაძლებლობების შესახებ და დააწესა თანაბარი შესაძლებლობების კონტროლიორის სამსახური. ეს იყო პოსტსაბჭოთა სივრცეში ამგვარი ხასიათის კანონის მიღების პირველი შემთხვევა.

კანონის მოქმედების სფერო მოიცავს სასწავლო, სამეცნიერო დაწესებულებებს, სახელმწიფო მართვის ორგანოებს და საკუთრების ნებისმიერი ფორმის დაწესებულებებს.

თანაბარი შესაძლებლობების კონტროლიორი განიხილავს საჩივრებს გენდერული დისკრიმინაციისა და სექსუალური გადაკიდების შესახებ. კონტროლიორს შეუძლია შემთხვევის შესწავლის შემდეგ დააწესოს ადმინისტრაციული ჯარიმა ან სასამართლოს გადასცეს საქმე. ფულადი ჯარიმები მიდის სახელმწიფოს ბიუჯეტში და არა დაზარალებულ პირთან. კონტროლიორი გამოძიებებს აწარმოებს თავისი ინიციატივითაც, ასევე მონიტორინგს უწევს დისკრიმინაციული ხასიათის განცხადებებს პრესაში, შეიმუშავებს წინადადებებს კანონმდებლობის დახვეწის მიზნით.

კანონის მიღებისა და კონტროლიორის სამსახურის გაჩენის შემდეგ ლატვიის პრესაში შემცირდა დისკრიმინაციული ხასიათის განცხადებები. 2000-2001 წლებში, ანუ ფუნქციონირების პირველ წელს ქალისა და მამაკაცის თანაბარი შესაძლებლობების კონტროლიორის სამსახურმა განიხილა 47 განცხადება. საჩივრების რიცხვი იზრდება და ლიტვის რიგითი მოქალაქეები უფრო ხშირად მიმართავენ თანაბარი შესაძლებლობების კონტროლიორს.

ესტონეთი

ესტონეთმა 2000 წელს ხელი მოაწერა ევროპის საბჭოს სოციალურ ქარტიას (Social Charter of Council of Europe). ესტონეთს ჰყავს თავისი წარმომადგენელი ევროპის საბჭოს ქალისა და მამაკაცის თანასწორობის კომიტეტში (Steering Committee for Equality Between Women and Men).

ევროპის საბჭომ მიიღო დაახლოებით 20 დოკუმენტი, გენდერული თანასწორობის პოლიტიკის გასავითარებლად ევროპის სახელმწიფოებში. ესტონეთმა დაიწყო თავისი კანონმდებლობისა და ევროპის საბჭოს კანონმდებლობის შედარებითი ანალიზი. გამოჩნდა მნიშვნელოვანი განსვლები თანასწორობის ევროპულ სტანდარტებსა და ესტონეთის კანონმდებლობას შორის. ესტონეთმა აიღო ვალდებულება მიიღოს გენდერული თანასწორობის აქტი. გენდერული თანასწორობის კანონის მიღება იქნება ერთ-ერთი წინაპირობა ესტონეთის მიერთებისა ევროპის კავშირისადმი. თანასწორობის კანონმა უნდა შექმნას სამართლებრივი ბაზისი გენდერული თანასწორობისადმი მიმართული საქმიანობების სახელმწიფო დონეზე წარსამართავად.

სახელმწიფო პოლიტიკა ოჯახური ძალადობის სფეროში კანადის მაგალითი

კანადა მოწინავე ქვეყანაა ოჯახური ძალადობის სფეროში ეფექტური სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების თვალსაზრისით. კანადაში კარგად არის დამუშავებული ფედერალური და რეგიონალური კანონები ოჯახური ძალადობის შესახებ და ასევე, არსებობს ეფექტური სოციალური პროგრამები ადგილობრივ დონეზე. შექმნილია ძალადობასთან ბრძოლის ეროვნული სტრატეგიის შემმუშავებელი კომისია. 1988 წლიდან მოქმედებს ოჯახური ძალადობის სამთავრობო პროგრამა.

ფედერალური დონე

საკითხის შესწავლა. ქალის წინააღმდეგ ძალადობის პრობლემის კვლევა კანადაში 20 წელზე მეტი ხანია რაც მიმდინარეობს. 1991-93 წწ. ჩატარდა მსხვილმასშტაბიანი გამოკითხვა, რომელმაც მთელი ქვეყანა მოიცვა. შეიკრიბა მონაცემები ოჯახური ძალადობის პრობლემის ბუნებისა და მასშტაბის გასარკვევად. არსებობს ოჯახური ძალადობის შემსწავლელი 5 ცნობილი კვლევითი ცენტრი, რომლებიც ფინანსირდება ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის დეპარტამენტისა და კანადის სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების სამეცნიერო საბჭოს მიერ. ეს ცენტრები უზრუნველყოფენ პარტნიორულ ურთიერთობებსა და ურთიერთთანამშრომლობას ოჯახური ძალადობის საკითხზე მომუშავე მეცნიერებს, პედაგოგებს, პრაქტიკოსებს, პოლიტიკოსებსა და ქვეყნის მასშტაბით მოქმედ 600-ზე მეტ არასამთავრობო ორგანიზაციას შორის.

კანონმდებლობა. სპეციალური ცალკე ფედერალური კანონი ოჯახური ძალადობის შესახებ არ არსებობს. მაგრამ 1994 წლიდან მოყოლებული სისხლის სამართლის კოდექსში შედის შესწორებები, რომლებიც ითვალისწინებენ სამართლებრივი ზომების სისტემის შექმნას ქალების, ბავშვებისა და ხანდაზმულთა ძალადობისაგან დასაცავად.

პროგრამები. 1997/98 წწ. ოჯახური ძალადობის შესამცირებლად მიმართულმა ფედერალურმა ფინანსირებამ შეადგინა 30,7 მლნ. დოლარი, ეს თანხა ხმარდება თავშესაფრების შენახვასა და ასევე, პროფილაქტიკურ მუშაობას.

კანადის მთავრობის საქმიანობა წარმოადგენს ოჯახური ძალადობის საკითხთან დაკავშირებული სახელმწიფო პოლიტიკის განვითარების ახალ საფეხურს. ამ პრობლემაზე მუშაობა ინტეგრირებულია ისეთი სტრუქტურების მიმდინარე პროგრამებში, როგორიცაა ჯანდაცვის დეპარტამენტი, პოლიცია, ქალთა საქმეების სამინისტრო, იუსტიციის სამინისტრო, სტატისტიკის სამმართველო, მშენებლობისა და უძრავი ქონების სამინისტრო, მოქალაქეობისა და იმიგრაციის სამინისტრო.

სახელმწიფო პროგრამა მრავალ მიმართულებიანია:

ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს საქმიანობას მსხვერპლთათვის სამედიცინო დახმარების გასაუმჯობესებლად:

  • სპეციალური სწავლების ორგანიზება სამედიცინო პერსონალისათვის (სემინარების ჩატარება და კურსების მოწყობა სამედიცინო სასწავლებლებთან და ექიმებისა და ექთნების ასოციაციებთან თანამშრომლობით).

კვლევის განხორციელება „ჯანდაცვა და ძალადობა ქალის წინააღმდეგ“ (ძალადობის გავლენის შესწავლა მსხვერპლთა ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე).

ძალადობის მსხვერპლებთან მოპყრობისას ქცევის წესების შემუშავება ექიმებისათვის.

  • სახელმძღვანელოს მომზადება ექთნებისათვის, რომლებიც დახმარებას გაუწევენ ოჯახური ძალადობით დაზარალებულთ.

  • გენერალური პროკურატურისა და იუსტიციის სამინისტროს განსახორციელებელ საქმიანობაში შედის:

  • შესწორებების მომზადება პარლამენტში წარსადგენად კანონმდებლობის დახვეწის მიზნით.

  • პოლიციელთა, პროკურორთა, საპატრულო სამსახურებისა და პენიტენციალური სისტემის მუშაკთა ტრენინგი.

  • სპეციალური ინსტრუქციის შემუშავება პოლიციელებისათვის, თუ როგორ იმოქმედონ ოჯახური ძალადობის შემთხვევებში.

  • საინფორმაციო მასალების შემუშავება პოლიციელებისათვის, იმის შესახებ თუ როგორ აღმოუჩინონ დახმარება ძალადობით დაზარალებულებს.

  • სახელმძღვანელოს მომზადება სოციალური მუშაკებისათვის.

რეგიონალური დონე

ცალკეულ პროვინციებს შემუშავებული აქვთ სპეციალური რეგიონალური კანონები ოჯახური ძალადობის საკითხზე. მაგ. ალბერტის პროვინციამ 1998 წელს მიიღო ოჯახური ძალადობისაგან დაცვის აქტი, რომელიც ითვალისწინებს ოჯახის ყველა წევრის (ქალების, მამაკაცების, ბავშვების, ხანშიშესულების) დაცვას ძალადობისაგან. 1995 წელს სასკაჩევანის პროვინციამ მიიღო აქტი ოჯახური ძალადობის მხვერპლთა შესახებ. აქტი ითვალისწინებს სპეციალური ორდერების გაცემას, რომელიც იძლევა პოლიციის მხრიდან დაუყოვნებელი ჩარევის უფლებას და ავალებს პოლიციას თვალყური ადევნოს კრიზისულ ოჯახებს და დაიცვას მისი წევრები მოძალადისაგან.

რეგიონებში მოქმედებს სხვადასხვაგვარი პროგრამები, განსაკუთრებით დიდი ყურადღება ექცევა პრევენციული ზომების მიღებას. ტარდება საინფორმაციო კამპანიები, მოზარდებისათვის შემუშავებულია საინფორმაციო პაკეტი ძალადობის შესახებ აუცილებელი ინფორმაციის მისაღებად.

ონტარიოს პროვინციაში ტარდება ყოველწლიური ტრენინგი იმ პროკურორებისათვის, ვინც სპეციალიზდებიან ოჯახური ძალადობის საქმეებზე. წარმატებით მოქმედებს აგრეთვე პროგრამა „მოწმე - მსხვერპლი“, რომელიც ითვალისწინებს იმ მოწმეების დახმარებას, რომლებიც თვითონაც დაზარალდნენ. ამ მოწმეების უმრავლესობა ქალები და ბავშვები არიან.

მანიტობას პროვინციაში მოძალადეებისათვის შემუშავებულია 3 ტიპის პროგრამა:

  • ჯგუფური თერაპიის 24 საათიანი მეცადინეობები.

  • 84 საათიანი ინტენსიური თერაპიის პროგრამა (მათთვის, ვისაც პირობითი სასჯელი აქვს).

  • 300 საათიანი პროგრამა მსჯავრდადებულებისათვის.

არსებობს ასევე ინდივიდუალური კონსულტაციების პროგრამები.

მოქმედებს ქალთა დაცვის პროგრამები (The Womn's Advocacy Program), რომელთა ფარგლებშიც ხდება ქალთა დახმარება სამართალდამცავ სისტემასთან ურთიერთობის ნებისმიერ საფეხურზე.

ერთ-ერთ პროვინციაში შექმნილია ოჯახური ძალადობის სასამართლო, ქალების, ბავშვებისა და ხანდაზმულთა წინააღმდეგ ძალადობის შემთხვევების მეტი ყურადღებითა და პროფესიონალურად განხილვისათვის. მოსამართლეებსა და პროკურორებს სპეციალური სწავლება აქვთ გავლილი და სასამართლო ძალზე წარმატებულად მუშაობს. ონტარიოში ოჯახური ძალადობის ორგვარი სასამართლო მოქმედებს, ერთი, რომელიც შედარებით იოლ შემთხვევებს განიხილავს (როდესაც ოჯახის წევრებს სურთ შემდგომში ერთად ცხოვრების გაგრძელება) და მეორე, რომელსაც სერიოზულ საქმეებთან აქვს საქმე. ასეთმა სპეციალიზაციამ მართლმსაჯულების ხარისხი მკვეთრად გააუმჯობესა.

დიდ ქალაქებში, მაგალითად ტორონტოში მოქმედებს ოჯახურ ძლადობაზე დაუყოვნებელი რეაგირების სისტემა (Domestic Violence Emergency Response). ამ სისტემის დამნერგავები არიან კანადის უსაფრთხოების სამსახური, ტორონტოს პოლიცია და მსხვერპლთა დახმარების სამსახურები.

სისტემა მუშაობს 24 საათიან რეჟიმში. ძალადობის მსხვერპლები უსასყიდლოდ არიან უზრუნველყოფილი პორტატიული სასიგნალო აპარატურით, რაც მათ საშუალებას აძლევთ საშიშროების შემთხვევაში სასწრაფოდ გამოიძახონ პოლიციის თანამშრომელი. რისკ-ჯგუფის განსაზღვრას ახდენენ ადგილობრივი სოციალური სამსახურები.

თავშესაფრები. კანადაში ამჟამად მოქმედებს მხსვერპლთა თავშესაფრების ქსელი, რომელშიც გაერთიანებულია 470 დაწესებულება. თავშესაფრები არის როგორც ქალაქებში, ისე სასოფლო რაიონებში.

თავშესაფრების დაფინანსების 82%25 მოდის ფედერალური სახსრებიდან, დანარჩენს რეგიონისა და მუნიციპალური სახსრები შეადგენს. 30 მლნ. დოლარი შემოდის არასამთავრობო წყაროებიდან (შემოწირულობები, საქველმოქმედო ლატარიები, გრანტები).

90-იან წლებში კანადის მთავრობამ გაითვალისწინა ძალადობასთან ბრძოლის ეროვნული სტრატეგიის შემმუშავებელი კომისიის რეკომენდაციები და გააფართოვა მუშაობა ისეთ ჯგუფებთან, რომლებისთვისაც ნაკლებად მისაწვდომი იყო კრიზისული ცენტრების მომსახურება. ასეთი ჯგუფებია: სოფლად მცხოვრები ქალები, ეთნიკური უმცირესობები, ემიგრანტები, ინვალიდები.

ლიტერატურა:

1. С. Айвазова, Гендерное равенство в контексте прав человека, Москва, 2001.

2. Т. Забилина, Е. Исраелян, Н. Шведова, Канада и проблемы насилия в семье: Двадцать лет борьбы, насилие и социальные изменения, часть 1-2, Ассоциация нет насилию, Москва, 2000.

3. Д. Марцинкявинене, Р. Праспалядскене, Гендерная политика в Литовской Республике, матерялы конференции „Гендерная политика и Медия“, Алма-Ата, 2001.

4. Gender Roles in Estonia, Materials of conference „Gender Politics and Mass media“, Alma-Ata, 2001. Gender Roles in Estonia, Materials of conference „Gender Politics and Mass media“, Alma-Ata, 2001.

5. ხვიჩია ხ., ქალი და პოლიტიკა ან როგორ გავზარდოთ ქალთა წარმომადგენლობა პოლიტიკაში - „ქალები და ადგილობრივი თვითმმართველობა“, კონფერენციის მასალები, ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი, თბილისი, 2001.

25 ქალი და ქრისტიანული ტრადიცია (დასავლური ქრისტიანული ტრადიციის მაგალითზე) ნაწილი პირველი

▲ზევით დაბრუნება


მანანა ჯავახიშვილი

როგორი დამოკიდებულება ყალიბდება ქრისტიანულ ტრადიციაში ქალის საზოგადოებაში დამკვიდრებული ადგილისა და როლისადმი? როგორ მოთხოვნებს უყენებს ქალს ქრისტიანული საზოგადოება, რა ეკრძალება და რა არის ნებადართული ქალისათვის, რა უფლებებით სარგებლობს იგი? როგორია ქრისტიანი ქალის ქცევის ნორმები? ამ კითხვებზე პასუხი გაცემა მარტივად არ ხერხდება. ამიტომაც გადავწყვიტეთ განგვეხილა ქრისტიანულ საზოგადოებაში დამკვიდრებული ქორწინების მოდელი, კერძოდ, ქორწინების იდეალი ქრისტიანულ ტრადიციაში (დასავლური ქრისტიანული ტრადიციის მაგალითზე). ამ მხრივ XII საუკუნე გარდატეხის ეპოქად ითვლება. ამ პერიოდში ეკლესია ქორწინებას აერთიანებს ძირითად საეკლესიო საიდუმლოებებში და საერო და სასულიერო წოდების წარმომადგენლებს შორის მრავალსაუკუნოვანი კამათის შედეგად იკვეთება იდეალური ცოლ-ქმრობის ე.წ. კომპრომისული ვარიანტი.

განვიხილოთ ქალისადმი დამოკიდებულება ქორწინების ინსტიტუტის საეკლესიო კონცეფციის ჩამოყალიბების მაგალითზე. ერთი შეხედვით ეს სურათი კომპლექსურია: ეკლესიას ამ საკითხისადმი ერთგვაროვანი დამოკიდებულება არ ჰქონია; მართლაც, თეორია ნელი ტემპით ყალიბდებოდა და, საუკუნეების მანძილზე, ურთიერთგამომრიცხავი ტექსტები ერთმანეთის მიყოლებით თანმიმდევრულ პლასტებად განთავსდა. ამ თეორიას მაინც ერთი ფუნდამენტი აქვს: წმინდა წერილი ანუ ბიბლიური სწავლება.

ჩვენთვის საინტერესო პრობლემის განხილვა, ბუნებრივია, ბიბლიიდან უნდა დავიწყოთ, კერძოდ, ძველი აღთქმიდან, დაბადების წიგნიდან.

შემოქმედმა ადამის მოდგმაში ორი სქესი გამოჰყო და მათი კავშირი ივარაუდა. მაგრამ, უფალმა იმავდროულად შექმნა ორი არათანასწორუფლებიანი სქესი („გავუჩენ შემწეს, მის შესაფერს“.) თავდაპირველად იყო მამაკაცი, უფლის ხატად შექმნილი, ხოლო ევას სხეული მისი ნეკნიდან შეიქმნა, რაც ქალს მამაკაცზე დაბალა აყენებდა. ეს ორი სხეული კი უნდა შეერთდეს: „ამიტომაც მიატოვებს კაცი დედ-მამას და მიეწებება თავის დედაკაცს, რათა ერთხორცად იქცნენ“ ანუ მათ ქორწინება აკავშირებთ.

ქორწინება მამაკაცსა და ქალს შორის უთანასწორობას როდი სპობს, პირიქით, აღრმავებს: ქალი სუსტი არსებაა და მასზე მამაკაცი ბატონდება. ცოდვითდაცემის შემდეგ ქალი დამატებით სასჯელს იმსახურებს, კერძოდ, მამაკაცი ქალზე ბატონობს და ეს უკანასკნელი სამშობიარო ტკივილებით იტანჯება. პეტრე და პავლე ამ საკითხში ერთმანეთს ეთანხმებიან და ქალებს უმეორებენ: „იყავით მორჩილნი“ (პეტრე, I, III, 1; ეფესელთა, V, 21; კოლოსელთა, III, 18).

ქორწინება სწორედ ამ არათანასწორუფლებიანობის დაკანონებაა: ქმარმა ცოლი უნდა მართოს, კაცი ქალზე ბატონობს, მას იგი უნდა „უყვარდეს, ხოლო ქალი მამაკაცს პატივს უნდა სცემდეს. მაგრამ გაგებით მოეკიდეთ ამ „ნაზ“ არსებას“ (პეტრე, I); ისევე გიყვარდეთ თქვენი ცოლები, „როგორც საკუთარი სხეული“; „ცოლის მოყვარეს თავისი თავი უყვარს“ (ეფესელთა,'5).

წმ. პავლე ამტკიცებს: ქალები „უნდა ემორჩილებოდნენ თავიანთ ქმრებს, როგორც უფალს; მართლაც, ქმარია თავისი ცოლის უფროსი, როგორც ქრისტეა ეკლესიის თავი. ქმრებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები, როგორც ქრისტეს უყვარდა ეკლესია.“ იგი განუყრელობის აღთქმას უფრო მეტ სიმკაცრეს ანიჭებს. პავლე ბრძანებს: „ცოლი ნუ გაეყრება ქმარს, მაგრამ, თუ გაეყრება, აღარ გათხოვდეს, ანდა შეურიგდეს ქმარს; და ნურც ქმარი მიატოვებს ცოლს.“ (I კორ., VII, 10, 11).

ადამიანმა მუდმივად უნდა იფიქროს ამქვეყნიური ცხოვრების წარმავალობაზე, აქედან გამომდინარე, „კარგი იქნება, რომ კაცი არ გაეკაროს ქალს“ (I კორ., VII, I). „უჯობთ, თუ ისე იქნებიან, როგორც მე ვარ“, ეუბნება პავლე დაუქორწინებლებს (VII, 8); ქვრივი ქალი „უფრო ბედნიერი იქნება, თუკი ისე დარჩება, როგორც მე ვურჩევ“ (40); „ვინც არ ათხოვებს თავის ქალწულს, კიდევ უფრო უკეთ იქცევა.“ (38); „აწინდელი გაჭირვების გამო, კაცისთვის უმჯობესია, თუ იქნება ასე“ (26). რა თქმა უნდა, ქრისტიანულ ტრადიაციაში ქორწინება აკრძალული არ არის. მაგრამ იგი აღიქმება, როგორც ერთი ბოროტებათაგანი. ეს არის „ნებართვა“ (6) მიღებული ,,სიძვის თავიდან ასაცილებლად“ (2) იმათთვის, ვინც „თავს ვერ შეიკავებს“. „დე, იქორწინონ, ვინაიდან ქორწინება სჯობს გახელებას“ (8), რომ სატანამ „არ გაცდუნოთ თქვენი თავშეუკავებლობის გამო“ (5).

ამგვარი შეხედულებების მემკვიდრენი იყვნენ ლათინური ეკლესიის მამები. წმ. იერონიმეს ეჭვი არ ეპარება, რომ ადამი და ევა სამოთხეში უმწიკვლონი იყვნენ. მათი დაწყევლილი სხეულები მხოლოდ ცოდვითდაცემის შემდეგ შეერთდნენ. ამგვარად, ნებისმიერი ქორწინება დაწყევლილია. გრიგოლ დიდი ძალიან ახლოსაა იერონიმეს მოსაზრებასთან და მისი გავლენაც შეუდარებლად ძლიერია. გრიგოლისათვის საზოგადოება „სასულიერო პირების“ მეთაურობით, რომლებიც მას მიუძღვებიან, ორ ნაწილად იყოფა: ელიტა, „კეთილგონიერთა“ ჯგუფი, რომლებიც ხორცის ცდუნებას ეწინააღმდეგება და უვარგისნი, „შეუღლებულები“, მამაკაცები და ქალები, რომლებიც დაქორწინდნენ. მაგრამ ქორწინება სამუდმოდ გასვრილია სიამოვნებით. დაქორწინება შეცდომაა. საზღვარი კეთილსა და ბოროტს შორის „მეუღლეებსა“ და „კეთილგონიერებს“ შორის გადის.

ამ თვალსაზრისით ნეტარი ავგუსტინე ნაკლებად მკაცრია. იგი თვლიდა, რომ ადამიანის ბუნებაში მიმდინარეობს მუდმივი ბრძოლა გონებით მართულ სურვილსა და სექსუალურ ლტოლვას შორის. როდესაც იგი დაბადების ტექსტს უღრმავდება, ადამში, წმ. ამბროსის მსგავსად, ადამიანის სულიერი მდგომარეობის ნაწილს ხედავს, ევაში კი გრძნობას, ემოციას. ეშმაკმა იზეიმა, როდესაც ხორცს სულის დასუსტების ნება მისცა. როგორც იერონიმე და გრიგოლი, ავგუსტინეც „მეუღლეებს“ კეთილგონიერთა დაბლა, აყენებს, ღირებულებათა იერარქიის ყველაზე დაბალ საფეხურზე აყენებს. მიუხედავად ამისა, იგი თვლის, რომ მამაკაცი ქორწინებით აღწევს თავს სიძვას. სქესობრივი აქტის ეს ცოდვა, რომელიც მომაკვდინებელია სიძვაში, ქორწინებაში საპატიოა. ქორწინებაში სიკეთეც არის. ქორწინება კარგია, რადგან იგი ადამიანებს ამრავლებს და ამგვარად სამოთხის ხელახლა მოპოვების საშუალებას იძლევა, დაცემულ ანგელოზებს რჩეულებით ცვლის; ქორწინება განსაკუთრებით კარგია, რადგან გრძნობის ანუ ქალის ემოციის შეზღუდვის საშუალებაა. სამოთხეში, წერს ნეტარი ავგუსტინე, ბოროტება დაუძლეველი სურვილიდან მოდის, „სულის იმ ნაწილიდან, რომელიც გონებას უნდა დაექვემდებაროს, როგორც ქალი თავის მეუღლეს.“ ქორწინებით უნდა აღდგეს თავდაპირველი იერარქია, სულის ბატონობა სხეულზე. რა თქმა უნდა, იმ პირობით, რომ მეუღლეს ადამის სისუსტე აღარ ექნება და რომ იგი თავად იბატონებს თავის ცოლზე.

შემონახულია ლუდოვიკო ღვთისმოსავის დროინდელი, IX საუკუნის ეპისკოპოსთა ჩანაწერი, რომელიც რვა შემოთავაზებას შეიცავს. აი ისინიც:

1. „საერო პირებმა უნდა იცოდნენ, რომ ქორწინება უფლის დადგენილია“ (დაბადების წიგნზე დაყრდნობით, ქორწინების ინსტიტუტი სიწმინდედ არის გამოცხადებული).

2. „ქორწინება მემკვიდრეების ყოლის სურვილი უნდა იყოს და არა ავხორცობა“ (აქ ეყრდნობიან წმ. ავგუსტინეს: ,,გამრავლება ამართლებს ქორწინებას“).

3. „ქორწილამდე ქალწულობა დაცული უნდა იყოს“.

4. „მათ, ვისაც ცოლები ჰყავთ, საყვარლები აღარ უნდა ჰყავდეთ“ (მაგრამ, ცხადია, რომ მამაკაცებს, რომლებსაც ცოლები არ ჰყავთ, შეუძლიათ ისინი იყოლიონ).

5. „საერო პირებმა უნდა იცოდნენ, რომ ცოლი უნდა უყვარდეთ კეთილგონივრულად და პატივი უნდა სცენ მათ, როგორც სუსტ არსებებს“.

6. „სქესობრივი აქტი მეუღლესთან ტკბობის გამო კი არ უნდა შედგეს, არამედ გამრავლებისათვის, კაცებმა თავი უნდა შეიკავონ ფეხმძიმე ცოლთან“.

7. „უფალმა ბრძანა, სიძვის მიზეზით ცოლი არ უნდა გააგდო, უნდა აიტანო; და ის, ვინც გააგდებს მეუღლეს სიძვისთვის და სხვას შეირთავს, უფლის სიტყვით, მოღალატეა“.

8. „ქრისტიანებმა არ უნდა დაუშვან ინცესტი“.

საქორწინო მორალი, რომელსაც მღვდლები საერო პირებს, „დიდებულებს“ ასწავლიან, არის მამაკაცის მორალი, იქადაგება მამაკაცებისთვის, ერთადერთ პასუხისმგებელთათვის. ეს მორალი სამ აღთქმას ეყრდნობა: მონოგამიას1, ეგზოგამიას2, სურვილის დათრგუნვას. დაბოლოს, ქორწინების ცერემონიალამდე ქალწულად დარჩენის აუცილებლობას, ცოლის სიყვარულს, მის პატივისცემასა და გამრავლებას.

იონა ორლეანელი საკუთარ თავს ეკითხება ქორწინების ღირებულებებზე. ნეტარი ავგუსტინეს მსგავსად, იგი ამ ღირებულებებში მეგობრობასაც გულისხმობს. მეგობრობა ანუ ერთგულება, კარგ ქვეშევრდომთა ეს ღირსება სახელმწიფოს ძლიერებას უზრუნველყოფს. მეგობრობიდან ქორწინებაზე, სიყვარულზე გადადის, ქორწინებაში უფალსა და შექმნილ სამყაროს შორის მისტიკური კავშირის ხატს აღიარებს. მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ ეს კავშირი აგრეთვე პოლიტიკური წესრიგის საყრდენიცაა.

ქრისტიანობის ისტორიის ამ პერიოდში თეოლოგიური განსჯა უშუალოდ ლიტურგიიდან მოდიოდა. ამიტომაც თეოლოგიური წიაღსვლა სიუხვით აღინიშნებოდა ნათლობის, ევქარისტიის, მონანიების მიმართ. რაც შეეხება ქორწინებას, რადგან არ არსებობდა საქორწინო ლიტურგია, ეს საკითხი სრულიად უმნიშვნელო იყო ეკლესიისთვის. თანამედროვენი ვერ თანხმდებოდნენ ამ ღირებულებაზე; მაგრამ ისინი მაინც მიისწრაფოდნენ ამ სიცარიელის შესავსებად, დაობდნენ, მსჯელობდნენ და სურდათ წარმოედგინათ „მისტიკური“ ქორწინების საკუთარი კონცეფცია.

ნაწილი მეორე

„ქორწინების რიტუალი იმისათვის დაწესდა, რომ
ქალსა და მამაკაცს შორის არსებული განსხვავება გაამყაროს“
(. დიუბი).

კაროლინგთა ეპოქის საფრანგეთში ქორწინების ინსტიტუტი საკრალურისგან ჯერ კიდევ შორს იყო. მაგრამ, რამდენადაც იგი სახალხო მშვიდობის ძირითადი საყრდენი გახლდათ და რადგანაც სახელმწიფოს სტრუქტურები მჭიდროდ უკავშირდებოდა სასულიერო წოდებას, ეკლესიის მმართველები უფრო მეტად ზრუნავდნენ ქორწინების საკრალიზაციისთვის, ვიდრე მათი წინა თაობა. თუმცა რიტუალის გარეგანი იერსახე საერო რჩებოდა, მაგრამ მასში თანდათან აღწევდა საეკლესიო მორალი. სასულიერო პირები ხელს უწყობდნენ ქორწინების ღირებულებათა განდიდებას, ორ მოთხოვნაზე ამახვილებდნენ ყურადღებას. ერთი მხრივ, „ერთი ცოლის ევანგელისტური კანონზე“, ანუ ეწინააღმდეგებოდნენ ცოლის გამოცვლას, მეორე მხრივ, მკაცრად აიკრძალა ბიძაშვილზე ქორწინება ნათესაობის მეშვიდე მუხლამდე. შვიდი მუხლის გათვალისწინებით სანათესაოდან მრავალი ადამიანი ქორწინების მიღმა რჩებოდა და ამიტომაც თითქმის შეუძლებელი იყო ამგვარი აკრძალვის დაცვა.

შუა საუკუნეების ევროპაში მძაფრად იდგა ქალის მოტაცების საკითხიც. მეფე ისევე უნდა დადევნებოდა ქალის მომტაცებლებს, როგორც დევნიდა მკვლელებს ქურდებსა და დამნაშავეებს., ფეოდალურ ხანაში, ოთხი სისხლის სამართლის საქმიდან ერთ-ერთია მოტაცება - კაროლინგური სამეფო სამართლის პირდაპირი მემკვიდრე. სუვერენს, ეპისკოპოსთა მხარდაჭერით, უნდა განეშორებინა წყვილები, რომლებმაც მშვიდობიანად მოცემული წესების მიხედვით ვერ შეძლეს ჩამოყალიბება. ამგვარი კავშირები ქორწინებად არ ითვლებოდა. საჭირო იყო მოტაცებული ქალის უკან დაბრუნება და იმისთვის გადაცემა, ვისაც ძალით გამოგლიჯეს, რათა სოციალური ქსოვილი არ დარღვეულიყო.

IX საუკუნის მცირერიცხოვან ტექსტებში ხშირად ვხვდებით მოტაცების ფაქტებს. ფეოდალურ საზოგადოებაში ქვრივი ქალები, მონაზვნები, ქალწულები, დანიშნული თუ დაუნიშნავები ქალიშვილები, ცოლები ახალგაზრდა მამაკაცთა მიერ მონადირებულ ნადავლად აღიქმებიან.

829 წლის რაპორტში, რომელიც ეპისკოპოსებმა ლუდოვიკო ღვთისმოსავს წარუდგინეს, საუბარია იმაზე, რომ მეუღლეებს ერთნაირი სტატუსი ჰქონოდათ. იმავე წელს, მონოგამიის მიმართ პრინციპულნი ფრანკი ეპისკოპოსები ამტკიცებენ, რომ ერთ მამაკაცს ერთი პარტნიორი უნდა ჰყავდეს. ისინი ასევე მიმტევებელნი იყვნენ საყვარლობისადმი, ქორწინების არარსებობის შემთხვევაში. ეპისკოპოსები საზოგადოების გარდაქმნას არ ისახავდნენ მიზნად. თუმცა ეს გაორება უპირატესობას მოკლებული არ იყო: იგი საშუალებას იძლეოდა მოქნილი წესები მიეღოთ. საკმარისია პაპ ლეონ I-ის წერილის კანონიკური ტექსტის მოყვანა: „საყვარლის გაგდების შემდეგ დაქორწინებული კაცი, სინამდვილეში არ ქორწინდება: რადგანაც ეს არ არის სრულფასოვანი ქორწინება (...). ამ მამაკაცთან დაკავშირებული ქალი (juncta- კავშირი) მისი ცოლი არ არის (uxor)“.

კარლოს დიდს ორი ქალიშვილი ჰყავდა. მან ისინი სახლში გამოკეტა და არ გაათხოვა, სამეფო მემკვიდრეობის პრეტენდენტთა გამრავლების შიშით; კარლოსს უკანონო შვილიშვილები შეეძინა, რომლებიც კანონიერი ქორწინებიდან შობილი შვილიშვილებისაგან განსხვავებით უუფლებონი იყვნენ. რაც შეეხება თავად კარლოს დიდს, ოთხი კანონიერი ქორწინების გარდა (პირველი ცოლი მალევე გაუშვა, დანარჩენები კი ერთმანეთის მიყოლებით გარდაიცვალნენ). მას კიდევ სულ მცირე ექვსი კავშირი ჰქონდა.

ისევე, როგორც მღვდლებისათვის საეროთათვის ქორწინების ფუნქცია გამრავლება იყო. ქალი სახლში იმისათვის მიჰყავდათ, რომ მას მემკვიდრეები ეშვა. შარლ მელოტის თანამედროვე დიდებული ქალბატონი ასწავლის თავის ვაჟს ლოცვას, უხსნის, თუ ვისთვის უნდა იგალობის ფსალმუნები: „ილოცე - ეუბნება მას დედა, მამაშენის მშობლებისათვის, რომ მათ თავიანთი ქონება კანონიერ მემკვიდრეს დაუტოვონ“. - აქ ნათლად იკვეთება კავშირი წინაპართა მეხსიერებასა და მამულის გადაცემაში: ილოცე მამაშენის მშობლებისათვის, რადგანაც მამაშენმა მათგან მიიღო ის, რამაც შენ უნდა მდიდარი და დიადი გაგხადოს. თუ „ვინ იყვნენ ისინი, რა ერქვათ, შენ ამას ამ წიგნის ბოლოს დაწერილს ნახავ“. იგივე თხზულების X წიგნში ჩამოთვლილია ეს პირები. ისინი არიან მამის მხრიდან პაპა და ბებია, ასევე ბიძები და დეიდები. სხვა ნათესავები ანუ ქალის წინაპრები არ იხსენიებიან, ქალის სანათესაო ხაზი არ ჩანს, ქალი თავის ვაჟს საკუთარ წინაპრებზე არაფერს ეუბნება.

ქალის ინტეგრაცია მამაკაცის ოჯახში ხანდახან იქამდეც კი მიდიოდა, რომ მას სახელსაც კი უცვლიდნენ (ამ პერიოდში არ არსებობდა ოჯახის გვარი, ზედწოდება გადადიოდა თაობიდან თაობაზე): ამგვარად, მატილდა გადაიქცა ბლანშად ან როზად. იმისათვის, რომ ამ ქალს თავისი როლი შეესრულებინა ოჯახში, სახლი კანონიერი ბავშვებით დაესახლებინა, მისი სხეული იყო საჭირო. შობადობისას, მისი წინაპრების სისხლი სამუდამოდ უერთდებოდა მისი ქმრის წინაპრების სისხლს. ოჯახს უფლება ეძლეოდა ცოლისათვის სახელი შეეცვალა, ქალი ოჯახში შესვლის შემდეგ, ქმრის სანათესაოს მიეკუთვნებოდა. საქორწილო ცერემონიალით სქესთა შეუღლებასა და ორი სისხლის შერევას ხანგრძლივი მოლაპარაკებები უძღოდა წინ.

ოჯახში ასეთი სიფრთხილის შემოყვანილი ქალი მეუღლეს მაინც საეჭვოდ ეჩვენებოდა. მამაკაცებს ცოლ-ქმრობაში ისე ეჭირათ თავი, როგორც მკაცრ, სერიოზული სიფხიზლის მომთხოვნ ბრძოლაში.

ქორწინების პრაქტიკის ქრისტიანიზაცია, ჩანს, უფრო მარტივი იყო საზოგადოების დაბალ ფენაში, იმ ადამიანებში, რომლებიც ღარიბნი იყვნენ, ვინც არაფერს ფლობდა, ყველა დაკაბალებულში, რომლებსაც საკუთარ სხეულზეც კი არ გააჩნდათ უფლება. ხალხში, რომელზეც ჩვენ ცოტა რამ ვიცით, ქორწინება უფრო ადვილად ხდებოდა საერო დაწყვილების ფორმით, თანაცხოვრებით. ის ინვენტარი, რომელიც IX საუკუნით თარიღდება, გლეხობას დიდ დომენში ცოლ-ქმრულ კელიაში მჯდომარეს წარმოგვიდგენს. აქ საქორწინო კავშირების გაბმა მეპატრონეთა ინტერესებს ემსახურებოდა: ეს კავშირი დამოკიდებულების დაფიქსირებას, ლენური მორჩილების დამკვიდრებას ემსახურებოდა; იგი ხელს უწყობდა მათ გამრავლებას, ანუ დომენის კაპიტალის გაზრდას. ამ დონის საზოგადოებაში, ქორწინების ქრისტიანიზაცია გამრავლების კავშირებს ამყარებდა. იგი საზოგადოებას მაშინ აწუხებდა, თუ კეთილშობილთა სასახლეების ცხოვრების სტილს ხელს უშლიდა, დასუსტებით ემუქრებოდა მას. ამიტომ კონფლიქტი, რომელიც IX საუკუნეში ორ მორალს შორის წარმოიშვა, სოციალური პირამიდის მწვერვალზე აღმოჩნდა, რომელმაც სასულიერო პირები მეფეებსა და ყველაზე დიდებულ სენიორებს დაუპირისპირა.

ამ პერიოდშივე რეიმსის ეპისკოპოსი ჰინკმარი წერს „გაყრის ტრაქტატს“: „კანონიერად დამყარებული ქორწინება არავითარი მიზეზის გამო არ უნდა დაირღვეს, ეს დასაშვებია მხოლოდ მაშინ, თუ მეუღლეები სულიერად დაშორდებიან ერთმანეთს საუბარი (როდესაც ქმარი და ცოლი გადაწყვეტენ მონასტერში ერთად წასვლას), ან თუ ფიზიკური სიძვა აშკარა აღიარებით ან ღია მტკიცებითაა გამოხატული (...). ამ შემთხვევების გარდა, მამაკაცმა თავისი მეუღლე უნდა შეინარჩუნოს“ მაშინაც კი, თუ ქალი ფიცხი3, აუტანელი მიგერა, ცუდი ქცევის4, გარყვნილი, გაუმაძღარი5, ხარბი6 და ამქვეყნიურ სიამოვნებებზე დახარბებულია. „და თუ ქმარი შორდება მოღალატე ცოლს, მან ცოლი აღარ უნდა მოიყვანოს“.

კომპიენის სასახლეში, მოხუცებული შარლ მელოტის გვერდით, ფილოსოფოსი იოანე სკოტ ერიუგენა ქრისტეს მეორედ მოსვლაზე ოცნებობს. იგი თვლის, რომ ნათელთან ზიარებისათვის ზურგი უნდა აქციო ხილულ სამყაროს, უნდა გათავისუფლდე საკუთარი სიმძიმისაგან ანუ სხეულისაგან. თავის ტრაქტატში „ბუნების დაყოფისათვის“, იგი განიხილავს ადამს ედემის ბაღში, კაცს თავდაპირველ სრულყოფაში, რომლის ცოდვაც მალე გამოვლინდება. იოანე სკოტი არ გამორიცხავს, რომ ადამისა და ევას სხეულებმა სამოთხეში შეერთება შეძლეს, მაგრამ იგი თვლის, რომ ადამმა ეს შეძლო „სხეულისა და სულის სიმშვიდეში, ისე, რომ ქალწულობა არ დაერღვია, ქმარმა შესძლო ქალთან ცხოვრება“. იოანე სკოტი ამგვარად წარმოიდგენს ადამიანური მოდგმის გამრავლებას სიამოვნების გარეშე. აქ იგი ავგუსტინესეულ ხაზს არ შორდება და უფრო შორსაც მიდის, როდესაც აცხადებს, რომ „აღდგომის დროს სქესი აღარ იარსებებს, ხოლო ბუნება გაერთიანდება“. ბუნების წიაღში მიმდინარე გარდატეხა სქესებს აშორებს; სამყაროს დასასრული ორსქესიანობას მოსპობს; უფრო ზუსტად ის მოსპობს ქალურობას: ნათლის გადმოდინებისას ბოლო მოეღება არასრულყოფილებას, ამ ქალურ ლაქას შესაქმის სიწმინდეზე. იოანე სკოტი აცხადებს: „მხოლოდ კაცი იქნება ისეთი, როგორიც ცოდვით დაცემამდე იყო“. მისი ფიქრების მიღმა პირველადი ჰერმაფროდიტის ხატი იკვეთება.

კაროლინგური წესის დაცემის ხანაში, მონასტიციზმის ტალღა ნელ-ნელა იზრდება. X საუკუნის ბოლო ხანებში, სენ-ბენუა-სურ-ლუარის აბატი აბონი, სოციალურ იერარქიასა და სულიერი სრულყოფის დონეს ერთმანეთს უთანასწორებს, რომელთა საფეხურებსაც იგი სქესობრივი კავშირების გამორიცხვით აყალიბებს. კარგი ბერები მხოლოდ კეთილგონიერნი როდი არიან, ისინი ქალწულები, უცოდველები არიან, რამდენადაც იმ ამალაში, რომელსაც კაცობრიობა სულის ხსნისაკენ მიჰყავს, მათ პირველი ადგილი უჭირავთ, ისინი, ვინც მათ უკან მიჰყვებიან მათვე უნდა ბაძავდნენ. რაც შეეხებათ შერისხულ კაცებსა და ქალებს, რომლებმაც დაქორწინება გადაწყვიტეს, ისინი ისე შორს არიან, პროცესიის ბოლოში, რომ ძნელად თუ გავარჩევთ, რომელი მათგანი ცოდავს. ქორწინება მაინც ბოროტების კუთვნილებაა. კვლავ მოვუსმინოთ, წმინდა იერონიმეს სიტყვებს: „ის, ვისაც ძალიან უყვარს თავისი ცოლი, მისივე მოღალატეა“. ,,თუ სურთ სიკეთეს მიაღწიონ, მეუღლეები ერთმანეთს უნდა დაშორდნენ“.

სასულიერო პირები, რომლებიც მოუწოდებდნენ ხალხს იარაღის დაყრას, მარხვას, ამავე დროს სექსუალური ვნებების დაოკებასაც ქადაგებდნენ. ზეციური მრისხანების ასაცილებლად, უფალსა და ადამიანებს შორის კავშირის აღსადგენად, აუცილებელი იყო სულიერი განწმენდა, ასკეტური ცხოვრების წესის დაცვა.

ქორწინება, როგორც საეკლესიო საიდუმლოება, კათოლიკურმა ეკლესიამ აღიარა XII საუკუნის დასასრულს, საბოლოოდ იგი XIV საუკუნეში დაკანონდა, ხოლო ოფიციალური სანქცია XVI საუკუნეში ტრინიდადის საეკლესიო კრებაზე მიიღო. შუა საუკუნეების ლათინურ ეკლესიაში მრავალი აზრი არსებობდა ქორწინების საკრალიზაციაზე, თუმცა ერთი კი ცხადია, ქალი ამ პერიოდში მეორე პლანზე იდგა, მას ერთგვარი უნდობლობითაც უყურებდენ და მრავალ შეზღუდვას უწესებდენ, ქმრის მორჩილებისაკენ მოუწოდებდენ და მისგან მხოლოდ დედობის ფუნქციის შესრულებას მოითხოვდენ.

---------------------

1. მონოგამია - ერთქორწინება

2. ეგზოგამია - ჩვეულება, რომლის მიხედვითაც აკრძალულია ქორწინება ერთი ა იმავე გვარის ან თემის წარმომადგენლებს შორის

3. inracunda

4. mal is moribus

5. uxuriosa

6. gulosa

გამოყენებული ლიტერატურა:

1. G. Duby, Le Checvalier, la femme et le pretre. La mariage dans la France féodale, Paris, 1981.

2. H. Fossier, L'enfance de l'Europe; Aspects économiques et sociaux, Paris, 1982.

3. Histoire de la Famille, Paris, 1986. t.I.

4. D. Herlihy, Medieval Household, 1985.

5. P. Toubert, ,,La théorie du mariage chez les moralistes carolingiens'', Il matrimonio nella societa alto medioevale, Spolete, 1977.

6. G. Dumézil, Mariages indo-européens, Paris, 1979.

7. Regula Pastoralis, III, 27, PL 77, 102.

26 ქალთა მონაწილეობა საქართველოს პოლიტიკურ პარტიებში

▲ზევით დაბრუნება


ლელა ხომერიკი
შორენა მურუსიძე

2002 წლის თებერვალ-მარტში ქალთა ინფორმაციისა და განათლების საერთაშორისო ცენტრმა სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრთან თანამშრომლობით პოლიტიკურ ორგანიზაციებში ქალის როლის შესწავლის მიზნით განახორციელა საქართველოს პოლიტიკური პარტიების გამოკითხვა. გამოსაკითხად შეირჩა ის ძირითადი პარტიები, რომლებიც შედარებით მნიშვნელოვან როლს ასრულებენ პოლიტიკურ ცხოვრებაში, ამას დაემატა ის პარტიული ორგანიზაციები, რომლებსაც ქალები ხელმძღვანელობენ (ქალთა დაცვის კავშირი, ილია ჭავჭავაძის საზოგადოება, ქეთევან წამებულის საზოგადოება).

საქართველოს პოლიტიკურ პარტიებში ქალთა მონაწილეობის სურათის დადგენას პირველად სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი 1995 წელს შეეცადა პარტიების ცნობარზე მუშაობისას. ამ კუთხით პოლიტიკური პარტიები საქართველოში მანამდე არ იყო შესწავლილი.

73 პოლიტიკური ორგანიზაციის გამოკითხვის შედეგად შემდეგი სურათი გამოიკვეთა:

  • პოლიტიკური პარტიების წევრთა საერთო რაოდენობაში ქალები საშუალოდ 28%25- შეადგენდნენ.

  • პარტიების მმართველ ორგანოებში ქალთა მონაწილეობის პროცენტი ბევრად ნაკლები იყო და მხოლოდ 9%25- შეადგენდა.

პოლიტიკურ პარტიათა პროგრამებში ქალთა და გენდერულ საკითხებს თითქმის არანაირი ყურადღება არ ეთმობოდა. ზოგიერთმა პარტიამაღიარა, რომ არ მიაჩნია საჭიროდ ქალთა პრობლემების ცალკე გამოყოფა. ცალკეულმა პარტიებმა კი განაცხადეს, რომ თავიანთ პროგრამებში ითვალისწინებენ ქალთა პრობლემატიკას და კერძოდ დაასახელეს შემდეგი საკითხები: ქალთა უფლებების დაცვა, ქალთა სამუშაო პირობების გაუმჯობესება, ქალთა დასაქმება, მრავალშვილიან, მარტოხელა და ჩვილბავშვიან დედათა ხელშეწყობა. ქალებთან დაკავშირებული პრობლემებიდან ძირითადად წამოწეული იყო ქალის, როგორც დედის ხელშეწყობის საკითხი.

აღსანიშნავია, რომ 1995 წლის გამოკითხვისას პარტიები წევრ ქალთა მიახლოებით რიცხვს ასახელებდნენ. ერთის მხრივ, ეს გამოწვეული იყო ზოგადად პარტიის წევრთა აღრიცხვიანობის სისტემის არასრულყოფილებით, მეორეს მხრივ, კი იმით რომ გენდერული სტატისტიკა არცერთ პარტიაში არ წარმოებს.

ამ თვალსაზრისით, იგივე სურათია 2002 წელსაც. პარტიებს უჭირთ როგორც წევრთა საერთო რიცხვის დასახელება, ისე მათგან ქალთა რაოდენობის გამოყოფაც. აღსანიშნავია, რომ პარტიებისაგან ინფორმაციის მისაღებად დიდი ძალისხმევის გაწევაა საჭირო. პარტიათა უმეტესობაში ინტერვიუერს რამდენჯერმე უხდებოდა მისვლა, რაც ზოგჯერ პარტიების ორგანიზაციული მოწყობის ნაკლები ეფექტურობით იყო გამოწვეული, ზოგ შემთხვევაში კი იმით, რომ პარტიებს არ სურდათ ინფორმაციის გაცემა.

საბოლოოდ, 2002 წლის გამოკითხვამ აჩვენა:

  • ქალები პოლიტიკური პარტიების წევრთა საშუალოდ 29,9%25-ს შეადგენენ.

  • პარტიათა მმართველ ორგანოებში ქალები 11%25-ით არიან წარმოდგენილი.

პოლიტიკური პარტიების წევრ ქალთა რიცხვი არ შეცვლილა და როგორც 1995 წელს, ისე 2002 წელსაც წევრთა საერთო რაოდენობის დაახლოებით 1/3-ს შეადგენს. პარტიათა მმართველ ორგანოებში ქალთა მონაწილეობამ უმნიშვნელოდ მოიმატა და 11%25 გახდა.

პარტიებში ქალთა როლის გამოკვეთისათვის საინტერესო მასალას იძლევა პარტიათა საარჩევნო სიები. 2002 წლის თბილისის საკრებულოს არჩევნებისათვის წარდგენილ პარტიულ სიებში ქალთა წარმომადგენლობის სურათი შემდეგნაირად გამოიყურება:

ბლოკი ,,აღორძინება XXI”

კანდიდატთა სიაში ქალები შეადგენენ 20%25-ს.

პირველ ათეულში ქალი არ არის.

საარჩევნო სიაში ქალი პირველად ჩნდება შემდეგ პოზიციებზე: #16-18-20.

მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს

კანდიდატთა სიაში ქალები შეადგენენ 27%25-ს.

პირველ ათეულში ქალი არ არის.

საარჩევნო სიაში ქალი პირველად ჩნდება შემდეგ პოზიციებზე: №19-20.

საქართველოს ლეიბორისტული პარტია

კანდიდატთა სიაში ქალები შეადგენენ 22%25-ს.

პირველ ათეულში 1 ქალია - №10.

საარჩევნო სიაში ქალი ჩნდება შემდეგ პოზიციებზე: №16-18-20.

ეროვნულ-დემოკრატიული პარტია

კანდიდატთა სიაში ქალები შეადგენენ 26%25-ს.

პირველ ათეულში 1 ქალია - №1.

საარჩევნო სიაში ქალი ჩნდება შემდეგ პოზიციებზე: №16-18-20.

სახალხო პარტია - ტრადიციონალისტები

კანდიდატთა სიაში ქალები შეადგენენ 27%25-ს.

პირველ ათეულში ქალი არ არის.

საარჩევნო სიაში ქალი პირველად ჩნდება შემდეგ პოზიციებზე : №14-18.

ერთიანი კომუნისტური პარტია

კანდიდატთა სიაში ქალები შეადგენენ 21%25-ს.

პირველ ათეულში 1 ქალია - №1.

საარჩევნო სიაში ქალი ჩნდება შემდეგ პოზიციებზე: №7-19.

მწვანეთა პარტია

კანდიდატთა სიაში ქალები შეადგენენ 40%25-ს.

პირველ ათეულში 4 ქალია - №5-6-7-9.

მერაბ კოსტავას საზოგადოება

კანდიდატთა სიაში ქალები შეადგენენ 32%25-ს.

პირველ ათეულში 2 ქალია - №6-9.

საარჩევნო სიაში ქალი ჩნდება შემდეგ პოზიციებზე №20.

საქართველოს ჰელსინკის კავშირი - ეროვნული აღორძინება - ეროვნული ფორუმი

კანდიდატთა სიაში ქალები შეადგენენ 36%25-ს.

პირველ ათეულში 2 ქალია - №3-4.

საარჩევნო სიაში ქალი ჩნდება შემდეგ პოზიციებზე: №26-72.

ნაციონალისტები

კანდიდატთა სიაში ქალები შეადგენენ 37%25-ს.

პირველ ათეულში ქალი არ არის.

საარჩევნო სიაში ქალი პირველად ჩნდება შემდეგ პოზიციებზე: №11-20.

ბლოკისაქართველოს ეროვნული ერთიანობის პარტია

კანდიდატთა სიაში ქალები შეადგენენ 51%25-ს.

პირველ ათეულში 4 ქალია - №6-7-9-10.

პოლიტიკური კავშირი თანადგომა

კანდიდატთა სიაში ქალები შეადგენენ 45%25-ს.

პირველ ათეულში 1 ქალია - №9.

საარჩევნო სიაში ქალი ჩნდება შემდეგ პოზიციებზე: №15-23.

ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატიული ფრონტი

კანდიდატთა სიაში ქალები შეადგენენ 1,3%25-ს.

პირველ ათეულში 1 ქალია - №7.

საარჩევნო სიაში ქალი ჩნდება შემდეგ პოზიციებზე: №20-24.

ქრისტიან-კონსერვატიული ჯგუფი - . ჟვანიას გუნდი

კანდიდატთა სიაში ქალები შეადგენენ 36%25-ს.

პირველ ათეულში 1 ქალია - №3.

საარჩევნო სიაში ქალი ჩნდება შემდეგ პოზიციებზე: №23-24-29.

ახალი მემარჯვენეები

კანდიდატთა სიაში ქალები შეადგენენ 22%25-ს.

პირველ ათეულში 3 ქალია - №2-7-10.

საარჩევნო სიაში ქალი ჩნდება შემდეგ პოზიციებზე: №13-18.

სოციალისტური პარტია

კანდიდატთა სიაში ქალები შეადგენენ 29%25-ს.

პირველ ათეულში 2 ქალია - №1-2.

საარჩევნო სიაში ქალი ჩნდება შემდეგ პოზიციებზე: №2-15-18.

თბილისის საკრებულოს არჩევნებისათვის წარდგენილ პარტიულ სიებში ქალთა მონაწილეობის პროცენტი ძირითადად მერყეობს 20-დან 35-მდე. ქალ კანდიდატთა ყველაზე დაბალი პროცენტია „ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატიული ფრონტის“ საარჩევნო სიაში 1,3%25. გვხდება გენდერულად საკმაოდ დაბალანსებული სიებიც, რომლებშიც ქალთა რაოდენობა 35%25-ს აღემატება: ქრისტიან-კონსერვატიული ჯგუფი - ზ. ჟვანიას გუნდი (36%25), საქართველოს ჰელსინკის კავშირი - ეროვნული აღორძინება - ეროვნული ფორუმი (36%25), ნაციონალისტები (37%25) ,,,მწვანეთა პარტია” (40%25), პოლიტიკური კავშირი „თანადგომა“ (45%25), ბლოკი „საქართველოს ეროვნული ერთიანობის პარტია“ (51%25).

კანდიდატ ქალთა რიცხვი საარჩევნო სიების პირველ ათეულში მკვეთრად კლებულობს. 4 პარტიას საერთოდ არ ჰყავს პირველ ათეულში ქალი კანდიდატი. 6 პარტიის საარჩევნო სიის პირველ ათეულში მხოლოდ თითო კანდიდატი ქალი მოხვდა. ქალები პირველ ნომრად წარმოდგენილი არიან მხოლოდ 3 პარტიაში. სასიამოვნო გამონაკლისია სოციალისტური პარტია, რომლის საარჩევნო სიის როგორც პირველ, ისე მეორე ნომრად ქალი კანდიდატია დასახელებული.

საერთო ჯამში პარტიათა საარჩევნო სიების პირველ ათეულებში კანდიდატი ქალების რიცხვი მხოლოდ 15%25-ს შეადგენს, რაც აისახა კიდეც არჩევნების შედეგებზე: 2002 წლის 2 ივნისს არჩეულ თბილისის საკრებულოში დეპუტატ ქალთა რიცხვი 10%25-ია, ანუ 49 დეპუტატიდან მხოლოდ 5 ქალია:

  • ნონა გაფრინდაშვილი (ახალი მემარჯვენეები).

  • მზია თოთლაძე (ახალი მემარჯვენეები).

  • ელენე თევდორაძე (ქრისტიან-კონსერვატიული პარტია - ზ. ჟვანიას გუნდი)

  • თინათინ მგელიაშვილი (ლეიბორისტული პარტია).

  • ნანული ქაჩიბაია (ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატიული ფრონტი).

უნდა აღინიშნოს, რომ 1998 წელს არჩეულ თბილისის საკრებულოში ქალი დეპუტატები მხოლოდ 12,7%25-ით იყვნენ წარმოდგენილნი.

27 ქალი და პოლიტიკა

▲ზევით დაბრუნება


ლელა ხომერიკი

მიუხედავად იმისა, რომ მრავალ ქვეყანაში ქალმა წარმატებას მიაღწია განათლების, სამართლის, ეკონომიკის, სპორტისა თუ ხელოვნების სფეროებში, პოლიტიკურ არენაზე ისინი მაინც ცოტანი არიან. თუმცა მეოცე საუკუნის ბოლოსათვის ქვეყნების 95 პროცენტში ქალებს მოპოვებული ჰქონდათ საარჩევნო უფლებები, მაგრამ, მიუხედავად ამისა, 1998 წლისათვის მსოფლიო მასშტაბით ქალი ლიდერი ჰყავდა პარტიების მხოლოდ 11%25-ს, ხოლო პარლამენტარი ქალები მსოფლიო პარლამენტართა რიცხვის 11,4%25-ს შეადგენდნენ1.

გამოჰყოფენ პოლიტიკაში ქალთა როლის გაზრდის ხელისშემშლელ პოლიტიკურ, სოციო-ეკონომიკურ, იდეოლოგიურ და ფსიქოლოგიურ (სოციო-კულტურულ) მიზეზებს.

ქალების პოლიტიკაში მონაწილეობის დამაბრკოლებელი მიზეზი უამრავია:

  • პოლიტიკური ცხოვრება და სახელმწიფო სტრუქტურები მასკულინური მოდელისაა;

  • პოლიტიკურ არენაზე მამაკაცები დომინირებენ; ისინი განსაზღვრავენ პოლიტიკური თამაშის წესებს და პოლიტიკოსის შეფასების სტანდარტებს;

  • პოლიტიკური ცხოვრება და მუშაობის რეჟიმი ორგანიზებულია მამაკაცური ნორმებისა და მამაკაცის ცხოვრების სტილის შესაბამისად;

  • პოლიტიკა დაფუძნებულია „გამარჯვება-დამარცხებისა“ და შეჯიბრისა და კონფრონტაციის მოდელზე და არა ურთიერთპატივისცემაზე, თანამშრომლობასა და კონსენსუსის მიღწევაზე;

  • ასეთი ზედმეტად მამაკაცური პოლიტიკა აღიქმება ჭუჭყიან საქმედ და ქალებს არ სურთ ასეთ გარემოში მოხვედრა;

  • კანდიდატ ქალებს პარტიების მხრიდან ნაკლები მხარდაჭერა აქვთ, მათ შორის, ფინანსურიც.

კვოტები ქალთა პოლიტიკური წარმომადგენლობის გასაზრდელად

რადგან პოლიტიკაში ქალთა რიცხვი ნელა იზრდება, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში პოლიტიკაში გენდერული ბალანსის მისაღწევად ქალები მოითხოვენ ეფექტური მეთოდების გამოყენებას. კვოტა ერთ-ერთი ასეთი ეფექტური მექანიზმია, რომელიც საშუალებას იძლევა ნახტომისებურად გავზარდოთ პოლიტიკოს ქალთა რაოდენობა. ამიტომ გენდერული თანასწორობის ბევრი მომხრე კვოტებს იმედით უყურებს. ამავე დროს კვოტების სისტემა ბადებს ბევრ სერიოზულ კითხვას და ხშირად, ძალიან სერიოზულ წინააღმდეგობას აწყდება. რა არის ქვოტების განხორციელების საუკეთესო გზა? რა არგუმენტები არსებობს კვოტების დასაცავად და მის საწინააღმდეგოდ?

რა არის კვოტა?

კვოტების იდეის საფუძველია, გადალახოს პოლიტიკისაგან ქალების იზოლირების არსებული მდგომარეობა და ჩართოს ქალები პოლიტიკურ პროცესში.

კვოტების სისტემა ქალების პოლიტიკაში ჩართვის პასუხისმგებლობას აკისრებს არა ცალკეულ ქალებს, არამედ იმ სტრუქტურას, რომელიც აკონტროლებს პოლიტიკაში რეკრუტირების პროცესს.

კვოტა წარმოადგენს დროებით ღონისძიებას, რომელიც მანამდე მოქმედებს, სანამ პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის ბარიერები დაიძლევა.

კვოტები შეიძლება იყოს სახელმწიფო კანონმდებლობით განსაზღვრული, ანდა შეიძლება იყოს შიდა პარტიული, ანუ პოლიტიკური პარტიების მიერ იყოს დაწესებული.

სახელმწიფო კანონმდებლობით განსაზღვრული კვოტების განხორციელება (ე.წ. რეზერვირებული ადგილები) შედარებით იოლი განსახორციელებელია დანიშვნით ადგილებზე, ვიდრე არჩევითზე, რადგანაც არჩევნების დროს კვოტების სისტემა ეხება დემოკრატიული პროცესის საფუძვლებს და შეიძლება შეეჯახოს ამომრჩეველთა მიერ არჩევანის თავისუფლად განხორციელების იდეას, თუმცაღა კანდიდატების ნომინაციის პროცესზე ამომრჩევლების მეტნაკლები გავლენის მიუხედავად, საარჩევნო სისტემების უმრავლესობაში კანდიდატების შერჩევა-დასახელების პრეროგატივა პოლიტიკური პარტიების ხელშია.

სხვადასხვა ქვეყანაში კონსტიტუციით ან ეროვნული კანონმდებლობით განსაზღვრული კვოტები

უგანდა

39 ოლქიდან ქალებისთვის განკუთვნილია თითო საპარლამენტო ადგილი.

არგენტინა

საარჩევნო კანონით არჩევითი პოსტების 30%25 ქალი კანდიდატებისთვისაა განკუთვნილი.

ბრაზილია

არჩევით ადგილებზე 20%25 კვოტა ქალებისათვისაა განკუთვნილი.

ინდოეთი

ადგილობრივ მუნიციპალურ ორგანოებში 33%25 გამოყოფილია ქალებისათვის.

ნეპალი

კონსტიტუციისა და საარჩევნო კანონის მიხედვით ყოველი პოლიტიკური პარტიიდან კანდიდატების 5%25 ქალი უნდა იყოს.

ბანგლადეში

330 საპარლამენტო ადგილიდან 30 ქალებისთვისაა განკუთვნილი.

ერიტრია

105-იდან 10 ადგილი ქალებისთვისაა განკუთვნილი.

ტანზანია

255-იდან 15 ადგილი ქალებისთვისაა განკუთვნილი.

გარკვეული სახის კვოტები მოქმედებს ასევე ბელგიაში, იტალიასა და ნამიბიაში.

რეზერვირებული ადგილების საწინააღმდეგოა ის არგუმენტი, რომ ზოგიერთ ქვეყანაში, სადაც დემოკრატიული სისტემა არ არის სრულყოფილი, ხელისუფლებას შეუძლია კვოტების სისტემა თავის სასარგებლოდ გამოიყენოს. სპეციალურად შერჩეული ქალებით მიიღოს თავისი მორჩილი ჯგუფი და თანაც თავი მოიწონოს პოლიტიკაში ქალთა დაწინაურებისათვის ხელშეწყობით.

ქალთა მოძრაობის მხრიდან რეზერვირებული ადგილების კრიტიკა (მით უფრო თუ ასეთი ადგილების რიცხვი 1/3-ს არ აღემატება ან ამაზე მცირეა) ეფუძნება არგუმენტს, რომ ასეთი სისტემა აფერხებს ქალთა რიცხვის ზრდას მას შემდეგ, როცა მოთხოვნა შესრულებულია.

კვოტა ავადმყოფობის წამალია, მაგრამ მას გვერდითი მოვლენებიც აქვს. კვოტას შეუძლია გამოიწვიოს ერთგვარი ზედა ზღვრის დაწესება ქალთა მონაწილეობისათვის. მას ასევე შეუძლია დააბრკოლოს პოლიტიკური კულტურის ავტომატური განვითარება“.

კრისტინ პინტა, ინტერ-საპარლამენტო კავშირი

კვოტები პოლიტიკურ პარტიებში

კვოტირების ეფექტური და წარმატებული ნიმუშია შიდა პარტიული კვოტები. ასეთი კვოტები გამოიყენება ჩრდილოეთის ქვეყნებში, სადაც ქალთა წარმომადგენლობა პოლიტიკაში ყველაზე მაღალია (1998 წლის მონაცემებით შვედეთის პარლამენტში ქალები შეადგენდენ 40%25-ს, ნორვეგიაში 38%25-ს, ფინეთსა და დანიაში 34%25-ს).

არც კონსტიტუცია და არც საარჩევნო კანონი არ აწესებს ქალთა მაღალი წარმომადგენლობის აუცილეობლობას. პოლიტიკაში ქალთა რიცხვის გაზრდა უკავშირდება ქალთა სექციებისა და ქალთა ორგანიზაციების ზეწოლას პოლიტიკურ პარტიებზე. ასეთი მოთხოვნის საპასუხოდ, რათა არ დაეკარგა ისეთ ამომრჩეველთა მხარდაჭერა, რომელთა სიმპათიაც გენდერულად დაბალანსებული პარტიების მხარეს იხრებოდა, ზოგიერთმა პარტიამ გადაწყვიტა გენდერული კვოტების სისტემა შემოეღო პარტიის შიგნით. 1970-80 წლებში კვოტები შემოიღეს მემარცხენე პარტიებმა. ცენტრისტული და მემარჯვენე პარტიების უმეტესობას ასეთი ღონისძიებები იმხანად არალიბერალურად მიაჩნდათ.

1983 წლის ნორვეგიის ლეიბორისტულმა პარტიამ გადაწყვიტა, რომ: „ყველა არჩევნებზე თითოეული სქესის კანდიდატები უნდა წარმოადგენდნენ მინიმუმ 40%25-ს“.

1988 წელს დანიის სოციალ დემოკრატიულმა პარტიამ განაცხადა: „თითოეულ სქესს უფლება აქვს წარმოადგენდეს სულ მცირე 40%25-ს პარტიის კანდიდატთა სიაში ადგილობრივი და რეგიონალური არჩევნებისათვის. თუ არ იქნა თითოეული სქესის კანდიდატების საკმარისი რაოდენობა, ეს უფლება სრულად ვერ განხორციელდება“. ეს წესი 1996 წელს გაუქმდა.

1994 წელს შვედეთის სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ შემოიღო პრინციპი:
„სიაში ყოველი მეორე ქალი უნდა იყოს“.

პარტიები კვოტებს იყენებენ არა მხოლოდ სხვადასხვა დონის არჩევნების დროს, არამედ შიდაპარტიული სტრუქტურებისა და ხელმძღვანელობის არჩევისთვისაც.

სკანდინავიის ქვეყნებში კვოტების შემოღებას ორი ძირითადი წინააღმდეგობა ჰქონდა: ხანდახან ძნელია ქალი კანდიდატების სათანადო რიცხვის მოძიება, მეორეც, ხშირად პრობლემატურია პარტიის ინკუმბენტი მამაკაცი წევრების გვერდით გაწევა ქალის დასაწინაურებლად. შვედეთსა და დანიაში ადგილობრივ არჩევნებში ინკუმბენტების 2/3-ს ხელახლა ირჩევენ. მათი უმეტესობა მამაკაცია და ცხადია, ისინი ეწინააღმდეგებოდნენ ქალებისათვის კვოტების შემოღებას, რადგანაც ეშინოდათ ადგილების დაკარგვისა.

ამ ტიპის კონფლიქტების შესამცირებლად პარტიები იყენებენ შემდეგ სტრატეგიას:

დანიის სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ, როდესაც შიდა პარტიულ პოსტებზე 40%25-იანი კვოტა დააწესა, ისე გაზარდა კომიტეტის წევრთა რიცხვი, რომ მამაკაც წევრებს არ დაუკარგავთ თავიანთი ადგილები. ასევე, თუ მანამდე პარტიის ხელმძღვანელს ერთი მოადგილე ჰყავდა, დაამატეს კიდევ ერთი - მოადგილის პოსტი, რომელზედაც ქალი აირჩიეს.

გერმანია

80-იან წლებში თითქმის ყველა პარტიამ დაუჭირა მხარი საკანონმდებლო ორგანოებში ქალთა მონაწილეობის გაზრდისათვის მიზანმიმართული საქმიანობის განხორციელებას. შესაბამისად. ქალთა რიცხვი ბუნდესტაგში გაიზარდა 10%25-დან (1983 წ.) 20%25-მდე (1990 წ.), 1997 წ. გახდა 26,6%25. სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ მიიღო 40%25-იანი დროებითი კვოტები.

დიდი ბრიტანეთი

ბრიტანეთში ქალები დიდი ხნის მანძილზე მხარს უჭერდნენ კონსერვატიულ პარტიას და ითვლებოდნენ კონსერვატორთა „საიდუმლო იარაღად“. 1990 წლებში კონსერვატიული პარტია მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქალთა მდგომარეობაში მომხდარი რადიკალური ცვლილებების შემდეგ, მას ერთხელ და სამუდამოდ არ ჰქონდა გარანტირებული ქალი ამომრჩევლების მხარდაჭერა. პარტიამ დაიწყო ქალების მიმართ პოზიტიური დეკლარაციებისა და საქმიანობის განხორციელება. 1992 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პარტიის თავმჯდომარემ ნ. ფაულერმა მოუწოდა თავის პარტიას პარლამენტის შემდგომი არჩევნებისათვის წარედგინა არანაკლებ 100 ქალი კანდიდატისა. მართალია, ეს მიზანი ბოლომდე ვერ იქნა მიიღწეული, მაგრამ 1997 წლის არჩევნებზე კონსერვატორებმა წარადგინეს 67 კანდიდატი ქალი.

ლეიბორისტული პარტიისათვის, რომელიც 18 წლის განმავლობაში (1979-დან 1997 წლამდე) ოპოზიციაში იყო, ქალთა დაწინაურება პარტიაში ამომრჩეველთა შორის მხარდაჭერის გაზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზა აღმოჩნდა. პარტიამ შეიცვალა თავისი „მამაკაცური“ იმიჯი და 80-იანი წლების ბოლოს შეიმუშავა გენდერული კვოტირების ფართო პროგრამა. დაწესდა 40%25-იანი გენდერული კვოტა პარტიის ყველა არჩევითი ორგანოსათვის და დაისახა გეგმა, რათა საპარლამენტო ფრაქციაში ქალთა რიცხვს მიეღწია 50%25-თვის. ამ ბოლო დებულების შესრულებას მრავალი სიძნელე ახლდა, რადგანაც ბრიტანეთში მოქმედებს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა, ერთმანდატიანი ოლქებიდან აირჩევა თითო დეპუტატი. გენდერული დემოკრატიის გაფართოება იყო ნაწილი პარტიის ზოგადი მოდერნიზაციისა და დემოკრატიზაციისა, რამაც ხელი შეუწყო ლეიბორისტების გამარჯვებას.

საფრანგეთი

საფრანგეთში პოლიტიკური ორგანიზაციებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს სახელმწიფო ფინანსირებას. 1999 წელს სახელმწიფო დოტაციამ შეადგინა პოლიტიკური სუბიექტების მთელი შემოსავლის 51 პროცენტი.

2000 წელს ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მისაღწევად მიღებული კანონით გათვალისწინებულია შემდეგი: თუ პარტიის მიერ წარდგენილი ქალი და მამაკაცი კანდიდატების რიცხვი 2%25-ზე მეტად განსხვავდება, მაშინ სახელმწიფო დახმარება მცირდება ამ განსხვავების ნახევრით. მაგალითად, თუ პარტიამ წარადგინა 60%25 მამაკაცი კანდიდატი, ხოლო 40%25 ქალი, განსხვავება 20%25-ის ტოლი იქნება და მაშინ პარტიას სახელმწიფო დახმარება შეუმცირდება 10%25-ით.

გენდერული კვოტირების დადებითი მხარეები და სიძნელეები

კვოტების წარმატებულ სისტემას მოსდევს:

  • პარტიების მიერ აქტიური პოლიტიკის გატარება კვალიფიციური კანდიდატი ქალების მოსაზიდად.

  • ქალებს საშუალება ეძლევათ გავლენა მოახდინონ გადაწყვეტილების მიღების პროცესზე;

  • პოლიტიკაში ჩნდება ქალთა კრიტიკული მასა, რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს პოლიტიკურ ნორმებსა და კულტურაზე.

კვოტების განხორციელებას პარტიისათვის შემდეგი დადებითი მხარეები აქვს:

  • პარტიას ემატება ახალი რესურსი, იზრდება პარტიაში აქტიური წევრი ქალების რიცხვი;

  • პარტია უკეთ მუშაობს ამომრჩეველ ქალებთან, შესაბამისად იზრება პარტიის მხარდამჭერ ქალთა რიცხვი.

კვოტების შემოღებას თან სდევს სიძნელეები:

  • კვოტების შემოღება იმისთვისაა საჭირო, რომ ქალთა რაოდენობა გაზარდოს, მაგრამ თუ ქალები უკვე გარკვეულ ძალას არ ფლობენ, კვოტების შემოღებას ვერ მიაღწევენ, რადგან, როგორც წესი, კვოტების დაწესება გააფთრებულ წინააღმდეგობას აწყდება.

კვოტების ეფექტურად ასამუშავებლად აუცილებელია კანდიდატი ქალების მოზიდვა. პოლიტიკურ საქმიანობაში უკვე ჩართული ქალების დათანხმება ზედა პოზიციებზე წასაწევად არ წარმოადგენს რთულ საქმეს. უფრო ძნელია ქალების პირველადი დაინტერესება პოლიტიკაში მონაწილეობის მისაღებად ადგილობრივ დონეზე.

  • გამოცდილება გვიჩვენებს, რომ სამი არჩევნები მაინც არის საჭირო, რათა კვოტების სისტემა სრულყოფილად ამუშავდეს.

  • კვოტების ბევრ მომხრეს ჰგონია, რომ კამათი და კონფლიქტი კვოტების გარშემო დროებითი მოვლენაა და მის მიღებასთან ერთად შეწყდება, მაგრამ გამოცდილება ადასტურებს, რომ ამგვარი დებატები შემდეგშიც გრძელდება.

პოლიტიკაში ქალთა წარმომადგენლობის წარმატებული გაზრდა.ნორვეგიის მაგალითი

1969 წელს ნორვეგიის პარლამენტში ქალები მხოლოდ 9%25-ით იყვნენ წარმოდგენილი. 1970 წელს ადგილობრივ თვითმმრთველობაში იყო 17%25 ქალი, 1975 წელს მათი რიცხვი 25%25 გახდა, 1983 წელს კი 33%25. როგორ და რატომ მიაღწიეს ნორვეგიელმა ქალებმა უჩვეულოდ მაღალ წარმომადგენლობას პოლიტიკაში? ქალთა პოლიტიკაში წინსვლის რა ხელშემწყობი სოციალური და პოლიტიკური წინაპირობები არსებობდა იქ?

ისტორიული და კულტურული ფაქტორები:

  • ისტორიულად ნორვეგიაში ძლიერია თანასწორობისა და სოციალური სამართლიანობის ღირებულებები. ნორვეგიელთა რწმენით, სახელმწიფო უნდა ასრულებდეს ეკონომიკური და სოციალური განსხვავებების გამათანაბრებელ როლს და ეხმარებოდეს იმ ჯგუფებს, რომელთაც ნაკლებად მიუწვდებათ ხელი საზოგადოებრივ რესურსებზე. ამ პირობებში, ქალთა მიერ სქესთაშორის თანასწორობის მოთხოვნები ლეგიტიმურად აღიქმება.

  • ნორვეგიული საზოგადოება ტრადიციულად ძალზე ორგანიზებულია. აქ არსებობს სხვადასხვა ტიპის მრავალი ასოციაცია, რომელიც უზრუნველყოფს მონაწილეობის მაღალ ხარისხს. ქალები წარმოდგენილი იყვნენ ყველა ტიპის საზოგადოებებში, აგრეთვე ქალთა ორგანიზაციებში, როგორიცაა დიასახლისების და სოფლად მცხოვრებ ქალთა ასოციაციები, საქველმოქმედო სააგენტოები. საზოგადოებრივ ორგანიზაციებში საქმიანობამ ქალებს განუვითარა პოლიტიკაში მონაწილეობისათვის საჭირო უნარ-ჩვევები: საჯარო სიტყვის წარმოთქმა, შეხვედრების გამართვა, ლობინგი.

  • ზოგადად, მაღალია პოლიტიკური აქტივობის დონე.

  • ნორვეგიაში საარჩევნო და პარტიული სისტემა შედარებით ღია და მონაწილეობითია.

ნორვეგიაში პოლიტიკურ პარტიათა ფართო სპექტრია რადიკალური მემარცხენეებიდან მემარჯვენეებამდე. პოლიტიკური პარტიების სისტემა დემოკრატიული, ღია და მონაწილეობითია. არჩევნები ხდება პროპორციული სისტემით. პარტიის საარჩევნო სიები დგება ღია შეხვედრებზე და პარტიის ნებისმიერ წევრს შეუძლია დაასახელოს კანდიდატურა. არჩევნები ტარდება პროპორციული სისტემით. საერთოდ პროპორციული სისტემის დროს ქალები უფრო ადვილად მოდიან პოლიტიკაში, რადგანც მაჟორიტარული სისტემის დროს, როდესაც ერთ ადგილზე მხოლოდ ერთი კანდიდატი უნდა შეირჩეს, ქალებს როგორც წესი უჭირთ უპირატესობის მოპოვება.

გარდა პროპორციული სისტემისა, ნორვეგიაში საარჩევნო კანონით ამომრჩევლებს დამატებითი მექანიზმები აქვთ იმის გასაკონტროლებლად თუ ვის ირჩევენ. ამომრჩეველს შეუძლია საარჩევნო ბიულეტენში არა მარტო გადახაზოს გვარები, არამედ ჩაუმატოს ახალი კანდიდატის გვარი (მართალია ეს წესი შემდეგში ნაწილობრივ შეიცვალა, მაგრამ რაღაც ეტაპზე მნიშვნელოვანი როლი შეასრულა პოლიტიკურ პოსტებზე ქალების რიცხვის გაზრდაში).

მრავალ ქვეყანაში ქალების პოლიტიკაში წინსვლას უმთავრესად ფინანსური დაბრკოლება ეღობება წინ. ნორვეგიაში საარჩევნო კამპანია ძირითადად ადმინისტრაციისა და თვით პარტიების მიერ ფინანსდება. ამიტომ კანდიდატებს დიდი ფინანსური დანახარჯების გაღება არ უხდებათ, რაც უადვილებს ქალებს პოლიტიკაში ჩართვას.

ნორვეგიის სახელისუფლებო სისტემა სამდონიანია: ეროვნული, საოლქო და მუნიციპალური დონეები. ტიპობრივი პოლიტიკური კარიერა გულისხმობს ამ დონეების მეთოდურ გავლას. დრამატული აღმასვლა პოლიტიკაში პრაქტიკულად შეუძლებელია. თითქოსდა ისე ჩანს, რომ ამან პოლიტიკაში ახალი ჯგუფების გამოჩენას ხელი უნდა შეუშალოს, მაგრამ სინამდვილეში პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ასეთი სისტემა საშუალებას აძლევს პოლიტიკოს ქალებს თანდათანობით მისაღები და ლეგიტიმური გახდნენ.

50-იანი წლების ბოლოს და განსაკუთრებით 60-იან წლებში სკანდინავიის ყველა ქვეყანაში ფართო დისკუსია გაჩაღდა გენდერული როლებისა და თანასწორობის შესახებ. მომზადდა ოფიციალური ანგარიშები ნორვეგიაში ქალთა სტატუსის შესახებ, 1959 წელს დაარსდა თანაბარი ანაზღაურების საბჭო. მეცნიერებმა და აქტივისტებმა პოპულარიზაცია გაუწიეს სქესთა შორის თანასწორობის იდეას. ამგვარად, 60-იანი წლების შუა ხანებში ხელსაყრელი კლიმატი ჩამოყალიბდა ქალთა აქციებისათვის.

1967 წლის პოლიტიკური კამპანია. ქალთა მობილიზაციის პირველი მნიშვნელოვანი აქცია პოლიტიკაში ქალის როლის ასამაღლებლად ნორვეგია ორგანიზებული იყო 1967 წლის ადგილობრივი არჩევნებისათვის. აქციას ხელმძღვანელობდა ქალთა ეროვნული საბჭო. ეს საბჭო გახლდათ ქოლგა ორგანიზაცია, რომელიც შედგებოდა ქალთა ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების ქალთა სექციების წარმომადგენლებისაგან. საბჭოს საქმიანობის ძირითადი მიმართულება იყო პოლიტიკურ პარტიებთან მუშაობა საარჩევნო სიებში კანდიდატი ქალების რიცხვის გასაზრდელად. ასევე მიდიოდა მუშაობა იმისათვის, რომ ქალი კანდიდატები მოხვედრილიყვნენ სიის ზედა ნაწილში, რათა ჰქონოდათ გამარჯვების შანსი. ამის პარალელურად, მიდოდა ფართო სარეკლამო კამპანია ქალების არჩევის იდეის პოპულარიზაციისათვის.

შემუშავებული სტრატეგია შემდეგი ნაბიჯებისაგან შედგებოდა:

  • შესაფერისი კანდიდატურების მოძიება;

  • მათი საკუთარ ძალებში დარწმუნება და დათანხმება საარჩევნო ბრძოლისათვის;

  • პარტიებთან მუშაობა, მათი დარწმუნება რომ ამა თუ იმ კანდიდატი ქალის ჩართვა სიაში კარგი იდეაა და პარტიას ბევრ ხმას მოუტანს;

  • სიაში შეყვანის შემდეგ თვალყურის დევნება და მუშაობა იმ მიმართულებით, რომ ქალი კანდიდატები სიაში პერსპექტიულ პოზიციებზე მოხვედრილიყვნენ;

  • დასკვნითი ნაბიჯი იყო მედიისა და საჯარო ფორუმების საშუალებით ელექტორატთან მუშაობა, ქალი კანდიდატებისათვის მხარდაჭერის მისაღწევად.

1967 წლის აქციებმა საგრძნობი შედეგი მოიტანეს, ქალთა რიცხვი ადგილობრივ თვითმმართველობაში გაორმაგდა და 5%25-დან 12%25-მდე გაიზარდა.

მაგრამ პოლიტიკაში ქალები ისევ მცირე ჯგუფად რჩებოდნენ. 1971 წელს ორგანიზებულ იქნა მეორე მნიშვნელოვანი აქცია. ამჯერად ისტაბლიშმენტის ქალებს შეუერთდნენ ახალი ფემინისტები, რომლებიც 1970 წელს ნორვეგიაში ძალზე გააქტიურდნენ.

1971 წელი ისედაც პოლიტიკურად აქტიური წელი იყო ნორვეგიის ისტორიაში. ქვეყანაში გაჩაღდა ცხარე დებატები ევროპის ეკონომიკურ თანამეგობრობაში გაწევრიანების გარშემო. 1972 წ. ამ საკითხზე რეფერენდუმი ჩატარდა. დებატებმა მრავალი ქალის პოლიტიზირება მოახდინა. მემარცხენე თუ მემარჯვენე შეხედულებების მრავალი ქალი პოლიტიკურად აქტიური გახდა სწორედ ამ დებატების დროს. ის ქალები, რომლებიც ყველაზე მეტად ჩანდნენ საზოგადოებრივ ასპარეზზე, მოახლოებულ ადგილობრივ არჩევნებში ლოგიკური კანდიდატები გახდნენ.

ამ არჩევნების დროსაც გამოყენებულ იქნა ის ტაქტიკა, რაც 1967 წლის არჩევნებში, თანაც დაემატა ამომრჩევლებთან მუშაობა ბიულეტენის შევსებასთან დაკავშირებით. ამომრჩევლებს უნდა გადაეხაზათ ყველა მამაკაცი კანდიდატი, რათა ქალ კანდიდატს რომელიც არ იყო სიის მოწინავე პოზიციაზე, არჩევნებში გამარჯვების შანსი მისცემოდა. საარჩევნო კანონი იძლეოდა კანდიდატის ჩამატების შესაძლებლობასაც.

ისტაბლიშმენტის ქალები და ახალი ფემინისტები პარალელურად მუშაოდნენ. ახალი ფემინისტები თავიანთი გამოსვლებით ქმნიდნენ ხელსაყრელ საზოგადოებრივ კლიმატს ქალების პოლიტიკაში წინსვლისათვის, ხოლო ისტაბლიშმენტის ქალები ასრულებდნენ ინსტრუმენტულ სამუშაოს (კანდიდატების შერჩევა, პარტიების დათანხმება, ამომრჩევლებთან მუშაობა).

1971 წლის არჩევნების შედეგებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. სამ დიდ მუნიციპალიტეტში ასკერში, ოსლოსა და ტრონჰეიმში ქალებმა გადააბიჯეს 50%25-იან ბარიერს (ტრონჰეიმში 20%25-დან 54%25-ს მიაღწიეს, ასკერში 26%25-დან 57%25-ს, ოსლოში 28%25-დან 56%25-ს). 6 მუნიციპალიტეტში ქალთა რიცხვმა 40%25-ზე მეტს მიაღწია.

ასეთი წარმატების შემდეგ ქალებმა გარკვეული უკუსვლა განიცადეს. ძალიან ბევრი ქალი კანდიდატი არ ელოდა ასეთ წარმატებას და არ ჰქონდა იმედი, რომ არჩეული იქნებოდა. პოლიტიკური ცხოვრებისა და საოჯახო პასუხისმგებლობების შეთავსების სიძნელეებმა ბევრს გადააფიქრებინა შემდეგ არჩევნებში მონაწილეობის მიღება. პოლიტიკოსმა კაცებმა ქალებს ბრალი დასდეს „არადემოკრატიული ტაქტიკის“ გამოყენებაში და შეცვალეს საარჩევნო კანონის ის ნაწილი, რომელიც ნებას აძლევდა ამომრჩევლებს ჩაემატებინათ ბიულეტენში ახალი კანდიდატები. მამაკაცებმა 1975 წლის არჩევნებში ქალი კანდიდატების წინააღმდეგ გამოიყენეს ბიულტენიდან გვარების ამოშლის ის ტაქტიკა, რომელიც ქალებმა განავითარეს 1971 წლის არჩევნებში.

ამ გამოცდილების შემდეგ დაისახა ქალთა მობილიზაციის ახალი ტაქტიკა, რომელიც ფოკუსირებული იყო არა ბიულეტენებით მანიპულირებაზე, არამედ მიმართული იყო პარტიულ სიებში ქალი კანდიდატების რიცხვის მაქსიმალური გაზრდისაკენ.

ფორმალურმა ქალთა ორგანიზაციებმა და ახალმა ფემინისტებმა უფრო მჭიდრო ალიანსი შექმნეს. ახალი ფემინისტების ერთ-ერთი წარმომადგენელი იხსენებს: „70-იანი წლების მეორე ნახევრამდე ახალი ფემინისტები არ ვეწინააღმდეგებოდით უფრო მეტი ქალის არჩევას პოლიტიკურ პოსტებზე, მაგრამ საჭიროდ არ ვთვლიდით მუშაობას პოლიტიკურ სისტემასთან. ჩვენ ვცდილობდით გაგვეზარდა ქალთა თვითშეგნება, რათა კი არ გვეთანამშრომლა ქალების შემზღუდავ სისტემასთან, არამედ შეგვეცვალა იგი. იმ ხანებში ჩვენ ვფიქრობდით, რომ უნდა შეგვეცვალა ის გარედან და არა შიგნიდან. 1975 წლის შემდეგ ჩვენ მივხვდით, რომ თუ გვსურს ცვლილებების განხოციელება, საჭირო იყო ქალებს მოეპოვებინათ ძალაუფლება არსებულ სისტემაში“.

1977 წლის საპარლამენტო არჩევნებისა და 1979 წლის მუნიციპალური არჩევნების წინ ქალებმა ახალი კამპანიები გამართეს. ჩამოყალიბდა ე.წ. „400-ის კოალიცია“, მასში შედიოდნენ ქალები ყველა პოლიტიკური პარტიიდან, ქალთა ორგანიზაციებისა და ახალი ფემინისტების წარმომადგენლები. ამ ქალებს შორის მრავალ საკითხში უთანხომოება სუფედვდა, მაგალითად, მემარჯვენეები აბორტის წინააღმდეგნი იყვნენ, ხოლო მემარცხენეები მომხრენი, მაგრამ მათ აერთიანებდათ ერთი რამ, უნდოდათ ყველა პოლიტიკურ პოზიციაზე 50%25 ქალი ყოფილიყო.

კოალიცია ორი მიმართულებით მუშაობდა:

  • საარჩევნო სიებში უფრო მეტი ქალი კანდიდატის ჩასმა;

  • ქალთა პოლიტიკური დღის წესრიგის შემუშავება, ანუ შემუშავება ქალებისათვის მისაღები პოლიტიკისა ცხოვრების სხვადასხვა სფეროში, როგორიცაა: განათლება, ეკონომიკა, სამართლებრივი სისტემა, ხელოვნება, რელიგია.

ქალთა პოლიტიკური ხედვების შესამუშავებლად კოალიციაში შეიქმნა კომიტეტები.

პარტიებზე ზეწოლის შედეგად მიაღწიეს იმას, რომ პარტიებმა დაიწყეს დათანხმება გენდერული კვოტის შემოღებაზე. 1976 წლისათვის 2 პარტია დაეთანხმა გენდერულ კვოტას. ლიბერალები და მემარცხენე სოციალისტები. 1979 წელს მათ შეუერთდა ლეიბორისტული პარტია.

ბევრი რამ სცენის მიღმა განვითარდა. მრავალ პარტიულ, პროფკავშირულ და მეწარმე ლიდერ ქალს არ სურდა იდენტიფიკაცია რადიკალურ ფემინისტებთან, მაგრამ თანაუგრძნობდნენ კოალიციას და ფაქტობრივად იყვნენ მისი წევრები ისე, რომ არ აკეთებდნენ ამის აფიშირებას.

კოალიცია მოქმედებდა 18 თვე და საგრძნობ წარმატებებს მიაღწია. პარლამენტში ქალთა რიცხვმა 16%25-იდან 24%25-მდე აიწია. პარლამენტის დღის წესრიგში ქალთა საკითხები პერმანენტულად ხვდებოდა. 1980-იანი წლების დასაწყისისათვის ცხრავე პარტიამ ჩართო თავის პროგრამებში ქალთა მოთხოვნები.

1979 წელს ქალთა ორგანიზაციებმა და ახალმა ფემინისტებმა ჩამოაყალიბეს კომიტეტი და დროებითი სამდივნო. ისევე როგორც ადრე, მუშაობის ძირითადი მიმართულებები იყო:

  • უფრო მეტი ქალის ჩართვა პარტიათა საარჩევნო სიებში.

  • ზეწოლა პარტიებზე ქალთა მოთხოვნების პროგრამებში ჩასართავად.

  • მუშაობა ელექტორატთან კანდიდატი ქალების მხარდაჭერის გასაძლიერებლად.

ამგვარი კამპანიები 80-იან წლებშიც გაგრძელდა, მაგრამ ასეთი მიზანდასახულობითა და ინტენსივობით არა. ქალთა მოძრაობა ისე ძლიერი აღარ იყო. დიდი ნაწილი მისი აქტივისტებისა შევიდა პოლიტიკურ პარტიებში, პროფკავშირებში, სახელმწიფო ადმინისტრაციაში. მიუხედავად ამისა, ქალთა წარმომადგენლობის ზრდა პოლიტიკაში გაგრძელდა და კულმინაციას მიაღწია გრო ჰარლემ ბრუნდტლანდის მმართველ კაბინეტის დროს, 1987 წელს - ეს იყო მსოფლიო რეკორდი, ქალები შეადგენდნენ სოციალ-დემოკრატიული პარტიის მიერ შედგენილი მმართველი კაბინეტის 44%25-ს.

---------------------

1. ქალთა წარმომადგენლობა პარლამენტში შეადგენს 7,2%25-ს, ადგილობრივ თვითმმართველობაში 14%25-ს, შედარებით მნიშვნელოვანი პოლიტიკური პარტიებიდან ქალი ლიდერი ჰყავს მხოლოდ ერთ პარტიას

გამოყენებული ლიტერატურა

1. Jill M. Bystydzienski, Women in Politics in Norway/Women and Politics, Vol. 8, Haworth Press, Inc. 1988).

2. Jill M. Bystydzienski, Women in Electoral Politics, Praeger, 1995.

3. Women in Parliament: Beyond Numbers, International Institute for democracy and Electoral Assistance, 1998.

4. Н. М. Степанова, Опыт использования гендерных квот в странах Западной Европы, Женщина в обществе, мифы и реалии, москва, 2001.

5. Г. А. Антонос, Государственное финансирование политических партий и предвыборных кампаний во Франции, «Журнал о выборах», ЦИК Российской Федерации, №2, 2002.

28 ქრისტიანული (მართლმადიდებლური) ქორწინების დაბრკოლებები გარემოებები და განქორწინებულთა უფლება-მოვალეობები დეკანოზ ციპინის წიგნის „საეკლესიო სამართლის“ მიხედვით

▲ზევით დაბრუნება


ნინო ტარყაშვილი

მართლმადიდებლური ეკლესიის კანონიკური კრებულები სარგებლობენ ქორწინების განსაზღვრებით, რომელიც რომაელ იურისტს მოდესტინფსს (III ს.) ეკუთვნის: „ქორწინება წარმოადგენს მამაკაცისა და ქალის კავშირს, მათი ცხოვრების ერთობას, მათ თანამონაწილეობას ღვთაებრივ კაცობრივ სამართალში“ ქრისტიანულმა ეკლესიამ ქორწინების განმარტება რომაული კანონებიდან ისესხა და მას წმინდა წერილზე დაყრდნობით, ქრისტიანული გააზრება მისცა. ბუნებრივია, დადგინდა კიდეც ის აუცილებელი წესები რომელთა აღსრულების შემთხვევაშიც ქმედითუნარიანად ითვლებოდა. ასევე დაწესდა გარკვეული აკრძალვებიც. ქორწინების ამკრძალავი გარემოებები შეიძლება ყოფილიყო აფსოლუტური და პირობითი. აბსოლუტური აკრძალვაა: როცა პიროვნებას ეკრძალება ქორწინება სხვა ნებისმიერ ადამიანთან. პირობითი აკრძალვა კი კრძალავს ორი კონკრეტული პიროვნების ქორწინებას.

ქორწინების დამაბრკოლებელი აბსოლუტური გარემოებანი.

1. ქრისტიანული ქორწინება მონოგამურია, ამდენად პიროვნებას, რომელიც ქორწინებაშია, არ შეუძლია იქორწინოს ახალი ქორწინებით.

2. მოციქულთა 26-ე კანონი საეკლესიო მსახურებაზე დადგინების შემდეგ დაქორწინების ნებას რთავს მხოლოდ მკითხველებსა და მგალობლებს. ტრულის კრების მე-6 კანონის თანახმად, დაქორწინება ეკრძალებათ არა მხოლოდ მღვდელმსახურთ, არამედ იარიდიაკონთაც, ამასთან, წმ. ბასილი დიდის მე-6 და ტრულის კრების მე-3 კანონებში ერთხმად განაჩინებენ ხელდასმის შემდგომ აღსრულებულ სამღვდელო პირთა ქორწინებების არაკანონიერ ქორწინებებად შერაცხვას.

აღნიშნული საეკლესიო კანონები იმპერატორ იუსტინიანეს დროს განმტკიცებულ იქნა სამოქალქო კანონებით. 530 წლის 18 ოქტომბერს მიღებულ დადგენილებაში აღნიშნულია: „განვაწესებთ, რომ ქორწინებები, რომლებიც არ დაიშვება საეკლესიო კანონებით, აკრძალულ იქნეს ჩვენი კანონებითაც, რათა ამგვარი კანონის საწინააღმდეგო ქორწინებაში შობილი ბავშვები მიჩნეული არ იქნენ ქორწინებაში შობილად“ (კოდ. ექს., 13,45). იუსტინიანეს კანონს ძალა უნდა დაეკარგა იმპერატორ ლევ ფილოსოფოსის 79-ე ნოველის შემოღებით, რომლის თანახმადაც ხელდასმის შემდგომ დაქორწინებული სასულიერო პირი კარგავდა სამღვდელო ხარისხს, მაგრამ არ განვარდებოდა საეკლესიო დასიდან და მთლიანად არ იყო გამოყენებული საეკლესიო მომსახურებათაგან, კერძოდ მათგან, რომელთა აღსრულებასაც არ აფერხებდა მეორე ქორწინებულობა. XII საუკუნის საეკლესიო კანონისტების მოწმობით, მათ დროს მოქმედებაში იყო ლევ ფილოსოფოსის და არა იუსტინიანეს კანონი, თუმცა თავად კანონისტები იცავდნენ იმ აზრს, რომ სასულიერო პირის ნებისმიერ არაკანონიერ ქორწინებას, მისი მღვდელმსახურებიდან გადაყენების შემდეგაც კი არ შეიძლებოდა კანონიერი ძალა მისცემოდა და მოქმედად ჩათვლილიყო, რადგანაც თანახმად ბერძნულ-რომაული სამართლის ნორმებისა, ის, რაც დასაწყისშივე არაკანონიერი იყო, ვერ შეიძენდა კანონიერ ძალას, ხელისშემშლელ გარემოებასთან გარიგების შემთხვევაშიც. ბალსამონის მტკიცებით, სამღვდელო პირთა ქორწინება არც მაშინ შეიძლება ჩაითვალის კანონიერად, თუკი მათ მას შემდეგ იქორწინეს, რაც განომოსეს სასულიერო შესამოსელი (წმ. ბასილი დიდი 44-ე კანონის განმარტება).

3. ქალკედონის კრების მე-16, ტრულის კრების 44-ე, კონსტანტინეპოლის ორმაგი კრების მე-5, წმ. ბასილი დიდის მე-18 და მე-19 კანონების თანახმად, ბერებსა და მონაზვნებს აღქმის დადების შემდეგ ეკრძალებათ ქორწინება.

ეკლესიის წევრს, რომელიც უქორწინობის აღქმას დებს, შესაბამისად საეკლესიო კანონებისა, არ შეუძლია დაქორწინება, ვინაიდან, ქალწულებისა და უქორწინებლობის აღქმა ეკლესიის მიერ ზეციურ სიძეზე - ქრისტეზე დაწინდვასთან არის გაიგივებული. ანკფირიის კრების მე-19 კანონი უქორწინებლობის აღქმის დამრღვევებს მეორედ ქორწინებულებთან ათანასწორებს და ადებთ მათ მეორედ ქორწინებულთა ეპიტიმიას. უფრო მკაცრად უყურებს ქალწულების აღთქმის დარღვევას წმ. ბასილი დიდი. იგი მას მრუშობად მიიჩნევს და ისეთივე ეპიტიმიით განკანონებას განაწესებს, როგორითაც მრუშობის შემთხვევაში.

შემონაზვნებულთა ქორწინებას განკანონების მუქარითვე კრძალავენ ბიზანტიის სამოქალაქო კანონები. თუმცა IV ს-მდე ბერ-მონაზონთა ქორწინება რღვევას არ ექვემდებარებოდა წმ. ეპისკოპოსი კვიპრიანე კართაგენელი (III ს.) წერდა: „რომელთაც თვით ქრისტეს მიუძღვნეს, დაე აღქმისამებრ წმინდად და უბიწოდ ვიდოდნენ, თვინიერ ყოვლისა ყალბობისა და მხნედ ელოდონ გვირგვინსა ქალწულებისათვის“.

4. ქვრივობა მესამე ქრწინების შემდეგ, შესაბამისად საეკლესიო კანონებისა, ქორწინებისათვის. კონსტანტინეპოლის პატრიარქის ნიკოლოზ (901-907, 912-925 წწ.) დროს გამოცემული „ერთობის ტომოსის“ (920 წ.) თანახმად: „არავინ არ უნდა გაკადნიერდეს მეოთხედ ქორწინებისთვის“. ხოლო თუკი ასეთი ქორწინება შესრულდება, ის მოქმედად არ უნდა ჩაითვალოს.

რაც შეეხება მესამედ ქორწინებას, წმ. ბასილი დიდის 50-ე კანონის თანახმად: „მესამედ დაქორწინება კანონის მიხედვით, არ არსებობს, ამის გამო მესამე ქორწინება, კანონის მიხედვით, არ შედგება. ასეთებს ვთვლით ეკლესიის ლაქად და ბიწად, მაგრამ საერთო სახალხო განსჯის საგნად არ ვაქცევთ, რადგან ისინი უკეთ იქცევიან, ვიდრე აშკარა სიძვის მოქმედნი“.

5. წინა ქორწინების დარღვევაში ბრალეულობა წარმოადგენს ქორწინების დამაბრკოლებელ გარემოებას. მრუშობა დადანაშაულებულს, რომლის მიზეზითაც დაირღვა პირველი ქორწინება, არ შეუძლია თვითონ დაქორწინდეს.

6. ქორწინების დამაბრკოლებელ აბსოლუტურ გარემოებას წარმოადგენს აგრეთვე ცოლ-ქმრული თანაცხოვრებისთვის ფიზიკური და სულიერი უუნარობა.

7. დაქორწინების მსურველთათვის დაწესებულია გარკვეული ასაკობრივი საზღვრები. ლევ ისავრიელისა და კონსტანტინე კოპრონიმოსის „ეკლოგიაში“ დასაქორწინებლად მამაკაცისთვის მიღებულია - 15, ქალისთვის - 13 წელი. ბარდი მაკედონიანის „პროხიდონში“ ეს ასაკი შემცირებულია ერთი წლით - შესაბამისად 14 და 12.

8. ქორწინებისთვის საქმროსა და ცოლისთვის მშობლების მხრიდან თანხმობის არარსებობა ქორწინების აბსოლუტურ დამაბრკოლებელ გარემოებად გვევლინება. წმ. ბასილი დიდი 38-ე კანონის თანახმად: „ქალები, რომლებიც მათი მამების თანხმობის გარეშე მიეცემიან ვინმეს, შერაცხილნი არიან სიძვის მოქმედად. ხოლო მშობლებთან შერიგების შემდეგ ამ საქმის გამოსწორება შესაძლებლად არის მიჩნეული. მაგრამ ისინი არ იქნებიან ზიარებაზე შეწყნარებულნი, სანამ არ განიკითხებიან სამი წლით“. როგორც ვხედავთ, კანონები ითვალისწინებენ ქორწინებისადმი სერიოზული და გონივრული დამოკიდებულების აუცილებლობას, ვინაიდან მშობლები, რომელთაც დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება გააჩნიათ და შვილებზე ღვთისგან დაკისრებული პასუხისმგებლობის მტვირთველნი არიან, მუდამ თავიანთი შვილების კეთილდღეობის დაცვისათვის მზრუნველობენ. მოსკოვის მიტროპოლიტი ფილარეტი აღნიშნავდა: „მრავლადაა ცნობილი შემთხვევები, როცა მშობელთა ძალაუფლების შეუძღუდველობა არაკეთილსასურველი აღმოჩნდება და ხელის შემშლელი მიზეზი ხდება ხოლმე ქორწინებისათვის, ზოგჯერ კი თავად ამ ძალაუფლების შესუსტებას მოაქვს ზიანი“.

ქორწინების დამაპრკოლებელი პირობითი გარემოებანი

I. ქორწინების დამაბრკოლებელ აბსოლუტურ გარემოებათა გარდა არსებობენ ე.წ. პირობითი ხელის შემშლელი გარემოებანი, რომლებიც კრძალავენ გარკვეულ პირთა ქორწინებას, მათ შორის სისხლისმიერი ან სულიერი ნათესაური კავშირის არსებობის მიზეზით.

II. საქმროსა და საცოლეს შორის ახლო სისხლიმიერი ნათესაობის არ არსებობა ქორწინების აუცილებელ პირობას წარმოადგენს. ეს ეხება არა მხოლოდ კანონიერ ქორწინებაში შობილ, არამედ უკანონო შვილებსაც. სისხლისმიერი ნათესაური კავშირი იზომება ხარისხებით. ხარისხების დადგენა კი შობის რიცხვის მიხედვით წარმოებს: მამასა და შვილს, დედასა და შვილს შორის სისხლისმიერი ნათესაობის ერთი ხარისხია, ბაბუასა და შვილიშვილს შორის ორი ხარისხია, ბიძასა და ძმისწულს შორის - სამი. ერთიმეორის მიმდევრობით ხარისხის რიგი წარმოშობს ნათესაურ ხაზს, ანუ შტოს. არსებობს პირდაპირი და გვერდითი ნათესაური შტოები. პირდაპირი შტო აღმავლად ითვლება, როდესაც მოცემული პირიდან წინაპრებისაკენ მიდის, ხოლო დაღმავალი, როცა წინაპრებიდან შთამომავლობისკენაა მიმართული. ერთი წინაპრიდან გამომავლი ორი პირდაპირი შტო დაკავშირებული გვერდით შტოებთან (მაგ. ძმისწული ან დისწული და ბიძა, ბიძაშვილები და ბიძაშვილის შვილები).

სისხლისმიერი ნათესაური კავშირის ხარისხი განისაზღვრება შობადობის იმ რიცხვის დადგენით, რომელიც ორ პიროვნებას აკავშირებს: მამის ან დედის ბიძაშვილის შვილის კავშირებს მე-6 ხარისხის ნათესაობა და ა.შ.

ახლო სისხლისმიერი ნათესაობის არსებობა ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებად იყო მიჩნეული ყველა ცივილიზებულ ხალხში. მაგ: მოსეს რჯული ქორწინებას კრძალავს სისხლისმიერი გვერდითი ნათესაობის მე-3 ხარისხამდე (ლევ., 18,7-17; 20,27). რომაელებში აღმავალი და დაღმავალი ხაზებით სისხლისმიერი ნათესაური კავშირის მქონე პირებს შორის ქორწინება მკაცრად იყო აკრძალული. აკრძალული იყო აგრეთვე იმ გვერდითი ხაზით მონათესავეთა დაქორწინებაც, რომლებიც საერთო წინაპრიდან ნათესაობითი ხარისხის სხვადსახვა რიცხვით იყვნენ დაშორებულნი. მაგ.: ბიძა და ძმისწული ან დისწული გოგონა.

ქრისტიანულ ეკლესიაში მკაცრად იკრძალებოდა ქორწინება სისხლისმიერი ნათესაობის პირდაპირი შტოთი დაკავშირებულ პირებს შორის. მოციქულთა მე-19 კანონი განაწესებს: „იმას, ვინც შეირთავს ცოლად ორ დას, ან ცოლის დას, არა აქვს უფლება სამღვდლო გახდეს“. მაშასადამე, ძველ ეკლესიაში დაუშვებელი იყო გვერდითი ხაზით მე-3 ხარისხის ნათესავებს შორის ქორწინება.

II. ქორწინების დამაბრკოლებელ გარემოებას შეადგენს ე.წ. მოყვრობაც, რომელიც ორი გვარის დაახლოების შედეგად აღმოცენდება მათი წევრების დაქორწინების საფუძველზე. მოყვრობა უტოლდება სისხლისმიერ ნათესაობას, რადგან ცოლი და ქმარი უკვე ერთ სხეულს შეადგენენ. მოყვრებია სიმამრი და სიძე, დედამთილი და რძალი, მამინაცვალი და გერი, ცოლისძმა და სიძე. მოყვრობის ხარისხის განსაზღვრისათვის ერთად განალაგებენ ორივე საგვარეულო შტოს ხაზებს. ამასთან, ცოლ-ქმარს შორის, რომლებიც ამ ორ შტოს აკავშირებენ ერთმანეთთან, ნათესაობის ხარისხი არ არსებობს. ამგვარად, სიდედრი და სიძე მიეკუთვნებიან მოყვრობის პირველ ხარისხს, რძალი და მაზლი - მერე ხარისხს, ქმრის დისწული ან ძმისწული მოყვრობის მეექვსე ხარისხს, ცოლის ბიძაშვილი და ქმრის დედა - მეშვიდე ხარისხს. ამგვარი მოყვრობა ორგვარიანად იწოდება. საეკლესიო სამართალმა იცის სამგვარიანი მოყვრობაც, ე.ი. როცა ორი ქორწინების შედეგად ერთდება სამი გვარი. მაგალითად, მამრობითი სქესის კონკრეტულ პირსა და მისი ცოლს შორის არსებობს მეორე ხარისხი სამგვარიანი მოყვრობისა; ამ პირსა და მისი სიმამრის მეორე ცოლს (არა მისი ცოლის მეორე დედას) შორის კი პიველი ხარისხის სამგვარიანი მოყვრობისა.

ტრულის კრებამ აკრძალა ქორწინება არა მხოლოდ იმ პირთა შორის, რომლებიც მეოთხე ხარისხის ნათესავებს წარმოადგენენ, არამედ გვერდითი მოყვრობის მეოთხე ხარისხით დაახლოებულ პირთა შორისაც: „თუ ვინმე იქორწინებს მამის ძმისწულზე, ან მამა და ვაჟიშვილი იქორწინებენ დედასა და ასულთან, ან ორი და ქორწინებს ვაჟიშვილთან და მამასთან, ან ორი ძმა შეირთავს დედასა და ასულს, ან ორი ძმა ორ დას, განკანონებული იყვნენ ისინი შვიდი წლით უზიარებლობით. რა თქმა უნდა, უწესო ქორწინების დაუყოვნებლივ დარღვევის შემდეგ“ (კანონი 54).

ქორწინების დამაბრკოლებელ მოვლენად გვევლინება აგრეთვე სულიერი ნათესაური კავშირის არსებობა. სულიერი ნათეაობის წარმოშობას საფუძვლად უდევს ნათლობის ემბაზიდან ახალნათელღებულის მირქმა. მას შემდეგ, რაც პრაქტიკაში დამკვიდრდა ნათლობის მიმრქმელის ყოლის ტრადიცია, იმპერატორმა იუსტინიანემ აკრძალა ქორწინება მიმრქმელისა და მირქმულ პირს შორის. ამ აკრძალვას მან მოტივად დაუდო შემდეგი: „არაფერს ძალუძს იმგვარი ძალით აღძრას დამაბრკოლებელი გარემოება ქორწინებისათვის, როგორც აღნიშნულს“. ტრულის კრების მამებმა 53-ე კანონით აკრძალეს ქორწინება მიმრქმელსა და მის მიერ მირქმული ყმის მშობლებს შორის. ხოლო „ბაზილიკაში“ სულიერ ნათესაურ კავშირში მყოფთა ქორწინების აკრძალვა მესამე ხარისხამდე ვრცელდება: მიმრქმელმა ცოლად არ უნდა შეირთოს მის მიერ მირქმული პირი, რადგან იგი მისი ასულია, ასევე არ უნდა შეირთოს მისგან მირქმულის დედა და შვილი. ჩამოთვლილ პირებზე არ შეიძლება იქორწინოს მიმრქმელის ძემ.

IV. ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოება თავს იჩენს ე.წ. სამოქალაქო ნათესაური კავშირის არსებობის დროს - კერძოდ, შვილად აყვანისას. რომსა და ბიზანტიაში ბავშვს, რომელიც შვილად აყვანის გზით შედიოდა ოჯახში, აღარ შეეძლო მშობელ პირთა ახლო ნათესავებთან დაქორწინება.

V. საქმროსა და საცოლეს შორის ურთიერთთანხმობა აუცილებელ პირობას წარმოადგენს ქორწინების კანონიერებისა და ქმედითუნარიანობისათვის. ჯვრისწერის საიდულო ლოცვით წესში შეტანილია კითხვები იმის შესახებ, ქორწინდებიან თუ არა ისინი თავისუფალი ნებით. ამიტომ იძულებით აღსრულებული ქორწინებები უმოქმედოდაა მიღებული. ამასთან ქორწინების დამაბრკოლებელ გარემოებად მიჩნეულია არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ ზნეობრივი ზეწოლაც, მაგალითად მუქარა, შანტაჟი.

ქორწინების ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა რელიგიის ერთიანობა. ძველი ქრისტიანი მწერლები და ეკლესიის მამები (ტერტულიანე, წმ. კვიპრიანე, ნეტარი თეოდორიტე, ნეტარი ავგუსტინე) წმ. პავლე მოციქულის სიტყვებში: „ნუ იქნებით თანა-მეუღლე ურწმუნოთა, რამეთუ არ მოყურება არს სამართლისა დ უშჯულოებისა, ანუ რა ზიარება არს ნათლისა და ბნელისა?“ - ჭვრეტენ მოციქულის მიმართების მართლმორწმუნეთა და არამართლმორწმუნეთა შორის ქორწინების ფაქტთან. ტერტულიანე წარმართთან ქორწინებით კავშირს სიძვად სახელდებოდა და სამართლიანად მიიჩნევდა წარმართთან დაქორწინებული ქრისტიანის ზიარებისგან დაყენებას.

ამგვარად, ჩვენს მიერ განხილული ქორწინების დამაბრკოლებელ გარემოებათაგან ერთნი აბსოლუტურ ხასიათს ატარებენ. მეორენი - პირობითს. როგორც დალმატელი ეპისკოპოსი ნიკოდიმოსი (მილაში) წერდა, „პირობითი გარემოებებით განსაზღვრული უკანონობის შემთხვევაში ქორწინება შეიძლება შემდგომ კანონიერადაც იქნეს მიჩნეული. თუკი მისი აღსრულების მომენტში ისეთ დამაბრკოლებელ გარემოებებს ჰქონდა ადგილი, რომელთა თავიდან აცილებაც ქორწინების საფუძვლების რღვევის გარეშეა შესაძლებელი. აღნიშნულ მოვლენას ადგილი აქვს: 1) როცა ქორწინება კანონით დადგენილ ასაკამდეა აღსრულებული, მაგრამ ცოლ-ქმარს უკვე შეუსრულდა საქორწილო ასაკი. 2) როცა ქორწინებისას ერთ-ერთი უუნარო იყო მეუღლეთა ურთიერთმოვალეობების შესრულებისათვის, მაგრამ მერე განიკურნა. 3) როდესაც ქორწინება აღსრულდა შეუღლებულ წყვილთაგან ერთ-ერთის გონებრივი არასიჯანსაღის პირობებში, მაგრამ შემდგომ გამოჯამრთელდა და სრული გონებით განაცხადა თანხმობა ქორწინებაზე.

ჩვენს დროში ეკლესიური ქორწინება მოკლებულია სამოქალაქო იურიდიულ ძალას. პრაქტიკაში დამკვიდრებული ჩვეულების თანახმად, მღვდელი ჯვრისწერის საიდუმლოს მხოლოდ მას შემდეგ აღასრულებს, როცა სამოქალაქო ქორწინება გაფორმდება მმაჩის ბიუროში. მართლმადიდებელი ეკლესია ოჯახის შექმნის საწყის მომენტად სამოქალაქო ქორწინებას აღიარებს.

მეუღლეთა ურთიერთმოველეობანი

ახალი ქრისტიანული ოჯახი, რომელიც ქორწინების ეკლესიური გზით კურთხევის შემდეგ იქმნება, მეუღლეთა ურთიერთმიმართებაზეა დაფუძნებული. კორინთელთა მიმართ პირველ ეპისტოლეში წმ. მოციქული პავლე წერს: „ცოლსა ქმარი იგი თანანადებსა პატივსა მისცემდინ, ეგრეცა ცოლი - ქმარსა. ხოლო თვისთა ხორცთა ზედა არა უფალ არს, არამედ ქმარი, ეგრეთცა ქმარიცა თვისათა ხორცთა ზედა არა უფალ არს, არამედ ცოლი.“ ცოლ-ქმარი მოვალეა უყვარდეთ ერთმანეთი და დაიმარხონ „საწოლშეუგინებელი“. მეუღლეობრივი ერთგულების დაცვა როგორც ქმრის, ისე ცოლის მხრიდან მათ აუცილებელ მოვალეობას შეადგენს. „არა იმრუშო“ ნათქვამია ჯერ კიდევ მოსეს რჯულში. ხოლო უფალი იესო ქრისტე უცხო დედაკაცის მიმართ გულისთქმასაც კი ცოდვად განიხილავს და კიცხავს მას: „გესმა, რამეთუ ითქვა: არა იმრუშო, ხოლო მე გეტყვი თქვენ, რამეთუ ყოველი რომელი ხედვიდეს დედაკაცსა გულისა - თქუმად მას, მუნვე იმრუშო მის თანა გულსა შინა თვისსა. (მათე, 5, 27-28). ქორწინების სამართლებრივ შედეგებს განეკუთვნება აგრეთვე ერთად ცხოვრების ვალდებულება, საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრაში უპირატესობა, რასაკვირველია, მამაკაცს ეკუთვნის, როგორც ოჯახის თავს. ერთად ცხოვრების ვალდებულება არ უნდა გავიგოთ, როგორც უდავო აკრძალვა ყოველგვარი დროებითი განშორებისა, მაგრამ თუკი დროებითი განშორება ერთ-ერთი მეუღლეთაგანის სამოქალაქო, სამსახურებრივი და სხვა რაიმე მოვალეობით არ არის გამოწვეული, ოჯახურ სიმშვიდეს ემუქრება და ქორწინება რღვევამდეც კი მიჰყავს, მაშინ ის გაკიცხვას იმსახურებს. მიუხედავად ზემოთქმულისა, ამგვარი განშორება დატევებულ მხარეს არ აძლევს განქორწინების უფლებას, თუკი დასაბუთებული არ იქნება, რომ მასთან მეუღლის დაშორების მიზეზი მრუშობის ცოდვასთან არის დაკავშირებული. თვით უცნობელი გაუჩინარებაც კი ქმრისა გამორიცხავს ცოლის მეორედ ქორწინების კანონიერებას. წმ. ბასილი დიდი 31-ე კანონის თანახმად „თუ დედაკაცი, რომლის ქმარი შორ გზაზე წავა და უკვალოდ გაქრება, შეირთავს სხვა ქმარს მანამ, სანამ გაიგებს პირველი ქმრის სიკვდილის ამბავს სარწმუნოდ, არის მრუში.“

ცოლი და ქმარი თანაზიარად მფლობელნი არიან ოჯახის ქონება-საკუთრებისა, მაგრამ მეუღლეთა ქონებრივ უფლებებს არეგულირებს არა საეკლესიო, არამედ სამოქალაქო სამართალი.

ცოლ-ქმარს თანაბარი მოვალეობანი აკისრიათ, თუმცა ეს თანაფარდობა არც თუ მთლად პროპორციულია. საღმრთო სწავლების თანახმად, ოჯახის თავი ქმარია. წმ. პავლე მოციქული ასწავლის: „თავ დედაკაცისა - ქმარ“... (1 კინი, 11,3). „ცოლნი დაემორჩილენით თვისთა ქმართა, ვითარცა იგი სათნო არს უფლისა. ქმართა გიყვარდეთ ცოლნი თვისნი და ნუ გამწარდებით მათ მიმართ“. (კოლ., 3, 18-19). „ესრეთ ჯერ არს ქმართა ცოლთა თვისთა სიყვარული, ვითარცა ხორცთა თვისთა, რამეთუ რომელსა უყვარდეს ცოლი თვისი, თავი თვისი უყვარს“.

„მოძღვრებად დედათა არა უბძანებ, არცა მთავრობად ქმრისა, არამედ რათა იყონ იგი მყუდროებით. რამეთუ ადამ პირველად დაიბადა და მერმე ევა. და ადამ არცა სცდა, ხოლო დედაკაცი იგი სცდა და სჯულსა გარდაჰხდა. არამედ ცხონდებიან შვილთა სხმისაგან, უკეთუ ეგნენ სარწმუნოებით და სიყვარულით და სიწმინდით ღირსებასა ზედა“ (I ტომ., 2, 12-15).

წმინდა წერილის სწავლების საფუძველზე ქმარს მინიჭებული აქვს ოჯახის მართვის უფლება, მაგარმ იგი არ უნდა მიმართავდეს მკაცრსა და სასტიკ ზომებს, არამედ თავისი ქმედება კეთილი სიტყვისა და მაგალითის საშუალებით უნდა წარმართოს, ცოლი მოვალეა ყოველივეში დაემორჩილოს ქმარს, თუკი იგი არ ითხოვს მისგან ღვთის მცნებებისა და მისი ზნეობრივი კანონების საწინააღმდეგო რაიმეს, რადგან ასეთ შემთხვევაში ღვთის მორჩილება მეტადრე სამართლიანის, ვიდრე კაცისა (საქმე, 4, 19).

რუსეთის იმპერიის კანონებით ცოლს, რომელიც წარმომავლობითა და მდგომარეობით ქმარზე მაღლა დგას, ქმარი საკუთარი უფლებებისა და უპირატესობების თანაბარს ხდიდა. წოდებრივი უფლებებით ქმარზე აღმატებული ცოლი კი ინარჩუნებდა თავის პრივილეგიებს და ქმარს არ გადასცემდა მათ. ჩვენს სინამდვილეში ამ ნორმებს დაკარგული აქვთ თავიანთი მნიშვნელობა, რადგანაც დღეს ყოველგვარი წოდებრივი კვალიფიკაცია და მასთან დაკავშირებული პრივილეგიები გაუქმებულია.

ქალის როლი საზოგადოების განვითარებაში
(რუსთავში გამართული სემინარის ჩანაწერი, 2000.)

თამარ აბრამიშვილი - თემა, რომელიც დღეს სადისკუსიოდ ავირჩიეთ, რამდენიმე აზრობრივ ფენას შეიცავს: პირველ რიგში, საჭიროა დღის სინათლეზე იქნეს გამოტანილი ის მნიშვნელოვანი წვლილი, რომელიც ქალებს შეჰქონდათ და შეაქვთ სოციუმის განვითარებაში. მეორე მხრივ, ასევე წმინდა ფუნქციონალურ მიდგომას რომ მივმართოთ, აუცილებელია იმის გაცნობიერება, რომ ქალის ამჟამინდელი სტატუსი საქართველოში არ შეესატყვისება დღევანდელ მოთხოვნებს, რაც აფერხებს საზოგადოების შემდგომ განვითარებას. ყველა ის პრიზმა, რომელშიც გარდაიტეხება ეს პრობლემატიკა, იქნება ეს პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური თუ კულტურული, ნათლად ავლენს ქალის სტატუსის მასშტაბური ცვლილების აუცილებლობას. სწორედ ეს არის ჩვენი დღევანდელი შეხვედრის მთავარი მიზანი.

ლიკა ნადარაია - წარმოგიდგენით იმ დოკუმენტს, რომელიც დარბაზში დარიგდა. ესაა კონვენცია „ქალის დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ” - ქალის სტატუსის შეფასების სახელმძღვანელო. სწორედ ამ კონვენციის მუხლების თანახმად იქნა წელს წარდგენილი როგორც სახელმწიფო, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიში გაეროში. ეს ტექსტი შესაძლებლობას მოგცემთ შეიქმნათ სრული, ობიექტური სურათი იმის შესახებ, თუ რა ხდება დღეს საქართველოში ამ მიმართულებით - არსებობს თუ არა ჩვენთან ქალთა დისკრიმინაცია? დასაწყისში ეს პრობლემატური საკითხი იყო. არსებობდა სრულიად ნეგატივისტური დამოკიდებულება იმ პოზიციის მიმართ, რომ საქართველოში ქალთა დისკრიმინაცია არსებობს და ხდებოდა მე-12 საუკუნის სიტუაციის მოშველიება იმისათვის, რომ უგულებელყოფილიყო ეს ფაქტი. ამიტომ, საჭიროა დავსვათ კითხვა: რას ნიშნავს დისკრიმინაცია? რას ნიშნავს თანასწორობა? რას ნიშნავს უფლება? კონვენციის რატიფიცირება? რა მოვალეობებს კისრულობს ამის შედეგად სახელმწიფო? ამ წარდგენილი ანგარიშების შედეგად წელს გაერომ შეიმუშავა რეკომენდაციები იმის შესახებ, თუ რა უნდა განხორციელდეს შემდგომი ოთხი წლის მანძილზე საქართველოში, რათა გაუმჯობესდეს მდგომარეობა. ამას მაშინვე მოჰყვა პრეზიდენტის ბრძანებულება, რომელიც თქვენს დოკუმენტში არის წარმოდგენილი.

იმისათვის რომ გავაანალიზო განვითარების ეხ ხაზი - როგორ მივიდა საზოგადოება ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ კონვენციამდე - ცოტა ადრეული პერიოდიდან - საფრანგეთის რევოლუციის პერიოდიდან დავიწყებ საუბარს. საფრანგეთის რევოლუციის დროს, როდესაც ყმები განთავისუფლდნენ, ადამიანმა შეიძინა გარკვეული პოლიტიკური უფლებები - გადაადგილების უფლება, საკუთრების უფლება. ქალები აღმოჩნდნენ იმათ რიცხვში, რომელთაც ეს უფლებები არ მისცეს. ამაზე ქალებმა, პირველად მსოფლიო ისტორიის მანძილზე, გამოთქვეს პროტესტი და დაიწერა ქალთა უფლებათა პირველი დეკლარაცია. მისი ავტორი იყო ქალბატონი მარკიზა დე გიზი. ამან გამოიწვია საოცარი აღშფოთება, იმდენად ძლიერი, რომ ამ ქალბატონს თავიც კი მოჰკვეთეს.

ეს იყო ქალთა პირველი მოძრაობა, პირველი ფემინისტური მოძრაობა და აქედან წამოვიდა სიტყვა „ფემინიზმი“: ლათ. Femina - ქალს ნიშნავს. ქალთა გამოსვლას მამაკაცებთან უფლებრივი გათანაბრების მიზნით დაერქვა ფემინიზმი. აქედან იღებს სათავეს ფემინიზმი. ამიტომ, როცა ამბობენ „ჩვენ ქალთა უფლებებს ვიცავთ, მაგრამ ფემინისტები არა ვართო“ - ეს აბსურდია. თავისთავად, „ქალის უფლებები“ და „ფემინიზმი“ ფარავენ ერთმანეთს, ორი იდენტური ცნებაა.

ნაპოლეონმა სისხლში ჩაახშო ქალთა მოძრაობა და ქალი ისევ სრულიად უუფლებო დარჩა: ქალს - მამაკაცი მეურვის გარეშე არც ქონების განგების უფლება ჰქონდა, არც ქორწინებაში შესვლისა და არც პოლიტიკური უფლებები გააჩნდა.

სადღაც მე-19 საუკუნის 60-იან წლებში აგორდა პროტესტის შემდგომი ტალღა. ეს იყო ქალთა მოძრაობა სუფრაჟისტული მოძრაობის სახით და პროტესტის გრძნობა პერიოდულად იფეთქებდა ხოლმე. განსაკუთრებით ეკონომიკური კრიზისები იყო ამის სტიმული, რადგან ეკონომიკური კრიზისის, ისევე როგორც ნებისმიერი კრიზისის პერიოდში, საზოგადოების მთელი ტვირთი ქალის მხრებს აწვება. ამის მშვენიერი მაგალითია დღევანდელი მდგომარეობა საქართველოში. ყველაზე დიდი საზღაური იმისა, რაც ჩვენ დაგვემართა, საბოლოო ჯამში ქალებმა გადაიხადეს, იტვირთეს. ასე ხდება ყველგან და ყოველთვის. ისტორიის ანალიზი გვიჩვენებს, რომ ნებისმიერი კრიზისის პერიოდში ქალი ხდება ძირითადი გამწევი ძალა.

ქალთა საკითხთან დაკავშირებით, ოქტომბრის რევოლუცია და საბჭოთა პერიოდი ძალზე დიდი წინწადგმული ნაბიჯი იყო. 1917 წ. მომხდარი ეს ცვლილება იმდენად ავანგარდული იყო, რომ საზოგადოება ამისათვის არც კი აღმოჩნდა მზად. მაგალითად, საქართველოში ქალთა უფლებები, იქნებოდა ეს ქალის პოლიტიკური, ჯანმრთელობისა თუ განათლების უფლებები, თითქოს მეხივით დაეცა ერს და არანაირი შინაგანი იმპულსი ჯერ არ იყო მომწიფებული იმისათვის, რომ ეს უფლებები თვითონ ქალებს მოეპოვებინათ. ამიტომ არის მთელ ამ ყოფილ საბჭოთა ბლოკში, დღესდღეობით, ქალთა მოძრაობა ძალზე პასიური. - ის უფლებები, რომელთათვისაც დანარჩენმა მსოფლიომ თანმიმდევრულად, მეთოდურად, ეტაპობრივად იბრძოლა და რეალურად, თავისით მოიპოვა, პოსტსაბჭოურ ქვეყნებს თითქმის ხელოვნურად მიეცა და, ამიტომაც, ხელოვნურადვე დარჩა. მაგრამ, არ შეიძლება არ აღვნიშნოთ, რომ დღესდღეობით, ჩვენში ქალთა მდგომარეობის სტანდარტი მაინც ძალზე მაღალია. მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ ქალთა განათლება საქართველოში. საქართველო კომუნისტების პერიოდშიც ლიდერი იყო ქალთა განათლების თვალსაზრისით და, დღესდღეობითაც, ჯერ კიდევ ინერციით, შენარჩუნებულია ეს ლიდერობა. ყოველ ათას ქალზე 842 უმაღლესი განათლებითაა, როცა ყოველ 1000 მამაკაცზე მხოლოდ 560-ია განათლებული იმავე მონაცემებით. მაგრამ სამწუხარო ის არის, რომ ჩვენი პატრიარქალური საზოგადოების ფარგლებში მაინც ვერ ხდება ბოლომდე ქალის ინტელექტუალური რეალიზება. თუ გადავხედავთ ჩვენს დღევანდელ პოლიტიკურ, მმართველ თუ ნებისმიერი გადაწყვეტილების მიმღებ სტრუქტურებს, დავინახავთ, რომ ქალთა წარმომადგენლობა იქ ძალზე მცირეა. პარლამენტში დღეს მხოლოდ 15 ქალია. ეს დეპუტატთა საერთო რაოდენობის 6%25-იც არ არის. ეს სავალალო მდგომარეობაა, როცა გაგვაჩნია ასეთი ინტელექტუალური პოტენციალი. ქვეყანაში არსებობს რაღაც დამამუხრუჭებელი მექანიზმი, რომელიც ხელს უშლის ქალის შესაძლებლობების ბოლომდე რეალიზაციას.

ქალთა მოძრაობამ, ყველაზე დიდი კრიზისის - მეორე მსოფლიო ომის, შემდეგ იფეთქა. 1947 წ. გაეროში შეიქმნა ქალის სტატუსის განყოფილება, რომელმაც მეთოდურად დაიწყო მუშაობა იმის შესასწავლად, თუ რა მდგომარეობაში იმყოფებიან ქალები მთელს მსოფლიოში, და ძალზე სწრაფად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქალთა მიმართ დისკრიმინაცია აუწერელ და დაუშვებელ მასშტაბებს აღწევს. გაერომ დაიწყო გარკვეული დოკუმენტებისა და ვალდებულებების შემუშავება თავის წევრ სახელმწიფოებისადმი. დასაწყისში ეს დეკლარაციების სახეს ატარებდა. მაგალითად, ქალის უფლებათა დეკლარაცია შემუშავებულ იქნა მხოლოდ 1967 წელს. მანამდე არსებობდა ქალის პოლიტიკური უფლებების, ქალის მოქალაქეობრივი უფლებებისა და ამ ტიპის სხვა დეკლარაციები. 1967 წ. შეიქმნა ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის დეკლარაცია და მხოლოდ 1979 წ. მოხდა მისი გაფორმება კონვენციის სახით. კონვენციასა და დეკლარაციას შორის სწორედ ის განსხვავებაა, რომ კონვენციას მიერთებული სახელმწიფო ვალდებულია კონვენციის ნორმები განახორციელოს საკუთარ ქვეყანაში. დასაწყისში კონვენციას მიუერთდა დაახლოებით 20 სახელმწიფო, ხოლო დღესდღეობით მიერთებულია 196 სახელმწიფო (მათ რიცხვშია საქართველოც). სწორედ მიმდინარე წელს წარადგინა საქართველომ თავისი პირველი ანგარიში გაეროში. სახელმწიფო ვალდებულია ასეთი ანგარიში წარადგინოს ყოველ 4 წელიწადში ერთხელ. მაინც რა მდგომარეობაა ქვეყანაში ამ სფეროში? აღმოჩნდა, რომ საკმაოდ სავალალო მდგომარეობა გვაქვს. განსაკუთრებით ეს ეხება ჯანმრთელობის დაცვას და განათლების სისტემას, რომელიც აბსოლუტურად ერთგვაროვანია, რაც დაუშვებელია როგორც ბიჭებისთვის, ასევე გოგონებისთვისაც. განათლების სისტემის განხილვისას, დამახასიათებლ ფაქტს წავაწყდებით: ქვედა რგოლები სულ ქალებითაა შედგენილი, მაგრამ თანდათანობით, განყოფილების გამგეებისა და დირექტორების დონეზე, მამაკაცები იწყებენ დომინირებას; მინისტრი და მინისტრის ოთხივე მოადგილე მამაკაცია.

ლელა ხომერიკი - ჯანდაცვის სფეროშიც ასეა - რაც უფრო ზემოთ ავდივართ, მით უფრო კლებულობს ქალთა რიცხვი. ქვედა რგოლებში - ექთნების, სანიტრების დონეზე - ქალები ჭარბობენ, ექიმების დონეზე - მამაკაცები, სამინისტროშიც, რა თქმა უნდა - მამაკაცები.

ლიკა ნადარაია - ამის მიზეზი მაინც ეკონომიკაა. რასაკვირველია, ისტორიულადაც მოგვდევს, მაგრამ ეს არ არის მაინცდამაინც მამაკაცური შოვინიზმის ბრალი. მიზეზი ეკონომიკაა, რომლის სადავეებიც (პოლიტიკურ სადავეებთან ერთად), როგორც წესი, მამაკაცებს უპყრიათ.

სწორედ ამას წინათ ვსაუბრობდით ქალთა ორგანიზაციების შეკრებაზე იმის შესახებ, თუ რატომ ვერაფრით ვერ ვიპოვეთ ისეთი ქალი პოლიტიკოსები, რომლებიც დაინტერესებული იქნებიან ქალთა პრობლემატიკით. ქალი პოლიტიკოსი, რომელმაც მეტ-ნაკლებად რაღაც დონეს მიაღწია, გაურბის ქალთა საკითხს. ამისი მშვენიერი მაგალითია - ირინა სარიშვილი. ამას წინათ, პოლიტიკურ პარტიებს დავურიგეთ კითხვარი, აპირებენ თუ არა ისეთი კანონების მიღებას, როგორებიცაა: ანტიდისკრიმინაციული კანონი, ქალთა ქვეყნიდან გაყვანის და სექსუალური ექსპლუატაციის წინააღმდეგ კანონი. ეს ჩვენთვის ძალზე მტკივნეული საკითხებია, ვინაიდან საქართველოდანაც გაჰყავთ ქალები და იმიტომაც, რომ საქართველო გამოიყენება, როგორც სატრანზიტო ქვეყანა. ქალით ვაჭრობა, იარაღითა და ნარკოტიკებით ვაჭრობის შემდეგ, მსოფლიოში მესამე ადგილზეა. ამას უკან უდგანან ყველაზე ძლიერი კრიმინალური კლანები. საქართველო ამ შემთხვევაში გამოიყენება როგორც სატრანზიტო პუნქტი. უკრაინიდან, რუსეთიდან ხდება ქალების შემოყვანა და განაწილება. ერთ დღეში აძლევენ პასპორტებს და გაჰყავთ. ეს ინტერპოლის ცნობებია. არასამთავრობო ორგანიზაცია ამას ვერანაირად ვერ დაძლევს, თუ არ ჩაერთო სახელმწიფო და თვითონ სახელმწუფო სტრუქტურებმა არ იმუშავეს ამაზე. უნდა შემუშავდეს კანონი, რომლის მეშვეობითაც ეს სტრუქტურები იმუშავებენ. ამ მიზეზით, ჩვენ დავაგზავნეთ კითხვარები სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებში, რომ გაგვეგო, დაუჭერდნენ თუ არა მხარს ამის ლობინგს. ძალიან ბევრმა პარტიამ მხარი დაგვიჭირა. რატომღაც სარიშვილამდე ვერ მივაღწიეთ. ქალი ლიდერები თითქოს გაურბიან ქალთა პრობლემატიკას. იმისათვის, რომ თავიანთი მაღალი სტატუსი შეინარჩუნონ, თვლიან, რომ საჭიროა არ ჰქონდეთ გათავისებული ქალთა პრობლემატიკა. აუცილებელია ისეთი ლიდერი ქალების გამოყვანა პოლიტიკურ ასპარეზზე, რომლებიც სწორედ ქალთა პრობლემებით იქნებიან დაინტერესებულნი, რადგან ამ პროლემების უკან კიდევ ბევრი სხვა საკითხი დგას - ბავშვთა პრობლემა, სოციალური უზრუნველყოფის პრობლემა. მსოფლიო პრაქტიკამ აჩვენა, რომ იმ სახელმწიფოებმა, რომლებმაც მოიპოვეს მეტ-ნაკლები თანასწორობა, შვედეთი იქნება ეს თუ სკანდინავიის სხვა ქვეყნები, ამ მდგომარეობას მიაღწიეს ოცწლიანი მიზანდასახული, ძალიან მშვიდი, არაექსტრემისტული მუშაობის შედეგად. ნებისმიერ სტრუქტურაში, თითქმის 50%25 კონტინგენტისა იქ ქალია. ძალიან ბევრი ქალაქის მერი ქალია, ვინაიდან აღმოჩნდა, რომ ქალაქის პრობლემებს, თურმე, ბევრად უკეთესად ქალი აგვარებს, გარკვეული ფსიქოლოგიური და სექსუალური თავისებურებების შედეგად. თურმე ქალაქის მერობა სწორედ იდეალური ქალური ფუნქციაა. სამწუხაროა, რომ საქართველოში არც ერთი ქალაქის მერი არ არის ქალი.

ახლა იმაზე მინდა ვთქვა ორიოდე სიტყვა, თუ რა ცნებებს ეფუძნება ზემოთ ნახსენები კონვენცია. კონვენცია მოითხოვს, რომ არსებობდეს სქესთა შორის თანასწორობა. მაგრამ რა არის ეს თანასწორობა? ჩვენ გაზრდილები ვართ თანასწორობის იმ მოდელზე, რომელიც იგივეობას გულისხმობს, ანუ, რომ ქალი და მამაკაცი არის იგივე. ქალი და მამაკაცი არავითარ შემთხვევაში არ არის იგივე არც თავისი ბიოსექსუალური, არც რეპროდუქციული და არც გენდერული თავისებურებით.

უნდა გავითვალისწინოთ აგრეთვე ის სოციალური როლები, რომლებიც ქალს აკისრია. პატარა გოგონას ბავშვობიდანვე ვასწავლით: ის რომ დედა ხარ - მთავარია და ის რომ მასწავლებელი - მეორადი. ბიჭს კი ნებისმიერი აქტიური დამპყრობლური ქმედებისაკენ მოვუწოდებთ. გოგონას ვასწავლით პასიურობას, მორჩილებას, რათა რაც შეიძლება უფრო ადვილადკონტროლირებადი იყოს.

თავისთავად, ქალი და მამაკაცი ერთმანეთისაგან განსხვავდებიან ბიოლოგიურად და გენდერულად და მხოლოდ იმისი დეკლარირება, რომ ქალი და მამაკაცი თანასწორნი არიან, არაფერს შეცვლის; სტანდარტი დარჩება მამაკაცური და ქალი ყოველთვის დაიჩაგრება, როგორც დღევანდელი, ან წარსული დისკრიმინაციის მსხვერპლი.

თანასწორობის ცნებაზე კიდევ ერთს დავუმატებდი: თუ ჩვენ ვამბობთ იმას, რომ ქალი და მამაკაცი არ არიან იგივენი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქალი უნდა დარჩეს ისევ თავის იზოლირებულ სამყაროში - არ რეალიზდეს, არ ისარგებლოს თავისი ადამიანური უფლებებითა და თავისუფლებებით, და იყოს იმ ტრადიციულ როლში, რომლითაც მოიყვანა ის ისტორიამ დღემდე. არ გამოვიდეს საზოგადო ასპარეზზე და იყოს იმ ჩარჩოებში, რა ჩარჩოებშიც იმყოფება. ეს უკანასკნელი მიდგომა არის სწორედ დისკრიმინაციის საფუძველი. ამ მიდგომით გამოდის, რომ ქალი ვერანაირად ვერ ისარგებლებს თავისი ადამიანური მონაპოვრით. მაგრამ სახელმწიფო ვალდებულია, თავის თითოეულ მოქალაქეს შეუქმნას ეს შესაძლებლობა.

ლელა ხომერიკი - კრიზისულ პერიოდში სახელმწიფოს ქალის ეკონომიკური აქტივობა დასჭირდა; ქალი ამომრჩეველია - ქალი უნდა მივიდეს და ბიულეტენი ჩააგდოს, ანუ მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება. საზოგადოება ქალს ისეთ მოვალეობებს აკისრებს, რომ ამ მოვალეობების შესრულება მისი უფლებების გაფართოების გარეშე შეუძლებელია. თუ ქალს უფლებებს არ გავუფართოვებთ, ის თავის მივალეობას ვერ შეასრულებს. ამ შემთხვევაში საზოგადოებამ ქალს ეს მოვალეობები არც უნდა დააკისროს. მაგრამ საზოგადოების განვითარება შეუძლებელია, თუ ეს მოვალეობები ქალს არ დაეკისრა. თუ ჩვენ გვინდა, რომ ქალმა შეასრულოს თავისი მოქალაქეობრივი მოვალეობა, ოჯახის წინაშე მოვალეობა, რომ ოჯახში ფულის შემომტანიც იყოს, მაშინ ამ მოვალეობას რომ ვუზრდით, უფლებაც უნდა გავუზარდოთ. მაგრამ ჩვენ ვართ შუალედურ ეტაპზე - მოვალეობას ვზრდით და უფლებას არ ვაძლევთ, ამიტომ ქალი განსაკუთრებით კრიზისულ მდგომაეობაშია.

ლიკა ნადარაია - სახელმწიფოს მხრიდან ქალის მიმართ ადგილი აქვს პროტექციონალისტურ დამოკიდებულებას. ამ პროტექციონალისტურ დამოკიდებულებას ხშირად ურევენ სწორ, კორექციულ დამოკიდებულებაში. მაგალითად, ქალს ეკრძალება ღამით მუშაობა. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო იღებს ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, ვინაიდან ღამით მუშაობა არ არის უსაფრთხო. ქალს ეკრძალება მადნეულის მოპოვება, რადგან მიჩნეულია, რომ მადნეულის მოპოვება მავნეა ქალის ორგანიზმისათვის.

ყოველივე ეს, საბოლოო ჯამში, ძალიან ცუდად უბრუნდება ისევ ქალს, რადგან, ამის გამო, შრომის ბაზარი კიდევ უფრო მიუწვდომელი ხდება მისთვის. ქალის უფლებები კიდევ უფრო იზღუდება. ხომ შეიძლება, რომ ქალს ხელს აძლევდეს ღამით მუშაობა? ხომ შეიძლება, რომ ეს ერთადერთი დრო იყოს, როცა მას შეუძლია იმუშაოს? გამოდის, რომ ამ შემთხვევაში სახელმწიფო ზღუდავს ქალს.

სწორი დამოკიდებულება ცნობილია კორექციული დამოკიდებულების სახელით. თუ ღამით მუშაობა საშიშია ქალისათვის, მაშინ საჭიროა ქალს მოემსახუროს ტრანსპორტი, საჭიროა უსაფრთხოების ნორმების გაუმჯობესება და არა ქალის ხარჯზე საკითხის გადაწყვეტა. თუ მადნეული მავნეა, მაშინ უსაფრთხოების ზომები მივიღოთ - და არა ქალი გამოვრიცხოთ ეკონომიკის იმ სფეროებიდან, სადაც მოღვაწეობა მისთვის უსაფრთხო არ არის. იმიტომ რომ, თავისთავად, დისკრიმინაცია სწორედ ეს შეზღუდვაა. რატომღაც დისკრიმინაცია ძალადობასთანაა გაიგივებული. ძალადობა სრულიად არ არის დისკრიმინაცია. ითვლება რომ, რუსეთთან შედარებით, ჩვენთან თითქოს დისკრიმინაცია არ არსებობს. რასაკვირველია, რუსეთთან შედარებით ნაკლებია ქალის ხელყოფა, მაგრამ ეს აბსოლუტურად არ ნიშნავს, რომ ჩვენ ოჯახში ძალადობა არა გვაქვს. ჩვენი ქართული ოჯახები ტიპიური იერარქიული ოჯახებია, სადაც ძალიან მაღალია ძალადობის კოეფიციენტი. ძალადობა მხოლოდ და მხოლოდ ფიზიკურ ძალადობას არ გულისხმობს. არსებობს ფსიქოლოგიური ძალადობა. არსებობს ქმედების შეზღუდვა. არსებობს მანიპულაციის სხვადასხვაგვარი სახეები. ეს ყველა ძალადობის ფორმებია, ოღონდ სხვადასხვანაირად რეალიზებული. საჭიროა გაცნობიერდეს ის მდგომარეობა, რაც რეალურად გაგვაჩნია. ჩვენ ვცხოვრობთ მძაფრად პატრიარქალურ ქვეყანაში, ქვეყანაში, სადაც ისტორიულად პატრიარქალური მოდელი მოქმედებს. გადავხედოთ ნებისმიერ სფეროს, გინდ პოლიტიკურს, გინდ ეკონომიკურს. 100 ყველაზე მასშტაბურად გაცემული სესხიდან, არც ერთი არ არის გაცემული ქალზე; არც ერთი ბანკის მმართველი არ არის ქალი. იქ, სადაც ეკონომიკური სადავეებია, ქალთა წარმომადგენლობა ნულოვანია.

ქეთევან სეფიაშვილი - ძალიან საინტერესო თემას მივადექით. მინდა მოგახსენოთ ჩემი სუბიექტური აზრი: ხომ არ ფიქრობთ, რომ ქალები ნაკლებად სტაბილურები ვართ? და ეს იმიტომ, რომ დედები ვართ... თავად მეც რაღაც რომ მქონდეს გადასაწყვეტი, მიუხედავად იმისა, რომ ქალთა უფლებების დამცველი ვარ, მაინც მამაკაცს მივანდობდი საქმის გადაწყვეტას. რატომ?

ქალისათვის, რომელიც არის დედა და შვილი ჰყავს ავად, არ არსებობს არანაირი მექანიზმი იმისთვის, რომ, მაგალითად, ძიძას გამოუძახოს და დაწყნარებულმა გააგრძელოს საქმიანობა. როცა ოჯახში რაიმე კრიტიკული სიტუაციაა - მთელ ტვირთს ისევ ქალი იღებს. გაუგებარია, თუ რატომ გვქვია სუსტი სქესის წარმომადგენლები, როცა ყველა რთული მომენტის დროს ოჯახში, ყველაზე მეტი დატვირთვა აქვს ქალს.

ყველაზე მთავარი, ალბათ, დედობის მომენტია. არასტაბილურები ვართ, როცა გვყავს შვილი. არასტაბილურები ვართ, როცა დედობისთვის ვემზადებით. ეს მეტ სტაბილურობას ანიჭებს მამაკაცს - მას შეუძლია დატოვოს სახლში შვილი 40 გრადუსი ტემპერატურით და წავიდეს თავისი სამსახურეობრივი მოვალეობის შესასრულებლად. დედა ამას ვერ ახერხებს.

მონაწილე დარბაზიდან - რომც მოახერხოს კიდეც, ასეთი დედები არ გვინდა!

ლიკა ნადარაია - და ასეთი მამები გვაწყობს, არა!?

მონაწილე დარბაზიდან - გვაწყობს თუ არ გვაწყობს, ეს მეორე საკითხია, მაგრამ დედამაც რომ მიანებოს შვილს თავი… იქნებ ეს არის სწორედ ხელისშემშლელი ფაქტორი ...

ლიკა ნადარაია - აქ დროის ფაქტორიც მოქმედებს - ქალი სამჯერ მეტ დროს ხარჯავს სოჯახო საქმიანობაზე, ვიდრე მამაკაცი. ესეც ხომ არის გარკვეულად შეზღუდული რესურსი, ესეც გარკვეული ბერკეტია. სხვა ბერკეტებიც არსებობს. პირველ რიგში, სწორედ აქ, ოჯახში უნდა მოხდეს ცვლილება, რაც შეეხება იმავე შრომის სწორ განაწილებას; და აღარ უნდა ერქვას დაბალანაზღაურებადს ან სრულიად შეუფასებელ შრომას - ქალის საქმე.

მონაწილე დარბაზიდან - ეს მაინც ეკონომიკასთან არის დაკავშირებული.

ლიკა ნადარაია - რასაკვირველია. სანამ მაღალღირებულოვან ტექნოლოგიასთან დაკავშირებულ საქმიანობას კაცის საქმის სახელი ერქმევა, მანამდე ყოველთვის იარსებებს ეს უთანასწორობა და ყოველთვის ჩვენ, ქალები ვიქნებით ეკონომიკურად დაქვემდებარებულ მდგომარეობაში. გარდა ამისა, რასაკვირველია, სახელმწიფო ვალდებულია, რომ რაღაც დამხმარე მექანიზმები აამუშაოს. იქნება ეს ბაგა-ბაღები, ძიძები, თუ რაიმე სხვა. არსებობს განათლების სისტემის პრობლემაც - ბავშვებს მცირე ასაკიდანვე არ უნდა მიეწოდებოდეს ამდენი სტერეოტიპული ინფორმაცია. არადა, სახელმძღვანელოები გატენილია ამ სტერეოტიპებით. ამას რევიზია სჭირდება. ამას სჭირდება გადამუშავება, გადახალისება, სპეციალური, ვთქვათ, საოჯახო ეთიკის კურსები და სხვა.

ქეთევან სეფიაშვილი - რამდენი ლიტერატურაც არ უნდა მოგვაწოდოთ, ჩვენ მაინც ინსტინქტებით ვმოქმედებთ, და როდესაც ჩვენი ანაზღაურება მიზერულია და მოვალეობები კი ბევრი გვაკისრია, პრიორიტეტი მაინც დედობაა; ეს არც ერთი ლიტერატურით, არც ერთი ლექციით არ შეიცვლება. ერთადერთი გამოსავალი ალბათ ისაა, რომ ქალთა ანაზღაურებაში მოხდეს რაღაც ცვლილება. ეს მას, როგორც დედას, მიეხმარება საკითხის მოგვარებაში. თუ ჩემი ანაზღაურება, ძალიან პრიმიტიულად რომ მოგახსენოთ, იქნება იმდენად მაღალი, რომ მამაკაცისგან, მეუღლისგან დამოუკიდებლად ძიძის აყვანაც შემეძლება და გამოძახებაც, მაშინ მე თვითონ მოვერევი ჩემს პრობლემას.

ლიკა ნადარაია - მაგრამ არანაირად მეუღლე არ უნდა ჩავრთოთ ამ საქმიანობაში!

ნინო ყარალაშვილი - მამაკაცი თავისთავად ჩაირთვება. ძალიან მომეწონა რაც თქვენ ბრძანეთ, იმიტომ რომ ეს ქალებისთვის მართლაც დიდი პრობლემაა, მაგრამ ჩვენ ჩიხში შევედით. განა სახელმწიფოს ან საზოგადოებას ხელს აძლევს მისთვის ეკონომიკურად არამომგებიანი შტატის დასაქმება?

ლიკა ნადარაია - მაშინ რატომღა ინება სახელმწიფომ და რატიფიცირება გაუწია კონვენციას? საქმე ისაა, რომ ამ კონვენციის თანახმად სახელმწიფო იღებს ამ ვალდებულებას; სახელმწიფო ვალდებულია მეტი გადაიხადოს, აიყვანოს უფრო ძვირიანი შტატი, მიმართოს სპეციალურ კორექციულ მეთოდებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მსოფლიო ბანკი სხვა შემთხვევაში მას არ დააფინანსებს.

მონაწილე დარბაზიდან - ჩემზე, როგორც მენეჯერზე რომ იყოს დამოკიდებული არჩევანი, თუკი ერთსა და იმავე სამუშაოს სრულფასოვნად შემისრულებს დაბალ ანაზღაურებაზე მომუშავე პიროვნება, მე რა თქმა უნდა, სწორედ მას ავიყვან.

ლიკა ნადარაია - მაგრამ სახელმწიფო ვალდებულია არა მხოლოდ სახელმწიფო სტრუქტურებზე განახორციელოს ზემოქმედება, არამედ ყველა კერძო სტრუქტურაზეც, რომელიც ამ სახელმწიფოში არსებობს. ჩვენ მხოლოდ დღეს ვიწყებთ ლაპარაკს იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებიც დასავლეთში დაახლოებით 70-იან წლებში საკანონმდებლო სისტემაში შეიტანეს. ვთქვათ, თქვენ გაქვთ ფირმა, დამოუკიდებელი ხართ; მაგრამ თუ თქვენ შრომის კანონს არღვევთ იმითი, რომ გყავთ მხოლოდ ერთი სქესის წარმომადგენლები იქ, სადაც არის ალტერნატიული შესაძლებლობა, ან თქვენ ქალს იწუნებთ სრულიად დაუმსახურებლად, მხოლოდ და მხოლოდ მისი სქესობრივი ნიშნის გამო, მაშინ კანონით ისჯებით, შეიძლება დაკარგოთ ლიცენზია და დაგიხურონ ფირმა. აქედან გამომდინარე - ისევე, როგორც შავკანიანს შეუძლია იჩივლოს იმ შემთხვევაში, თუ ის დაიწუნეს მხოლოდ კანის ფერის გამო, ქალსაც შეუძლია იგივე გააკეთოს. რასაკვირველია, ქალი უფრო ძვირი ჯდება. ამიტომაც ხდება, რომ ძალიან ბევრ დაწესებულებაში ქალის დაქირავებას გაურბიან. ძვირი ჯდება მისი შენახვაც, თუნდაც იგივე მისი დეკრეტი, მაგრამ სახელმწიფო ვალდებულია, ვინაიდან იგი უკვე მიერთებულია საერთაშორისო ნორმებს.

ლელა ხომერიკი - სახელმწიფო აღიარებს რომ ქალი დედაა და ეს ფუნქცია ისევე ღირებულია, როგორც ნებისმიერი სხვა საქმიანობა. სკანდინავიის ერთ-ერთ ქვეყანაში არის ასეთი პრეცენდენტი: ქალის მიერ გაკეთებული სახლის საქმე ფულად არის შეფასებული, ქალი დიასახლისობაში იღებს ხელფასს. დიასახლისობა ისეთივე შრომაა, როგორიც სახელმწიფო სამსახურში. იყოს დიასახლისი და მთელი თავისი ენერგია დაუთმოს სახლის საქმეს - ეს ქალის არჩევანია. მას ხომ შეუძლია იმუშაოს სადმე და ძიძას გადაუხადოს ის ფული, რასაც იღებს.

ბევრს უნდა დიასახლისობა და ამაში ცუდი არაფერია. მისი შრომა შეფასდება და ქმარი ვერ ეტყვის, მე გარჩენო.

ნანა ლომიძე - ჩემმა ერთმა მეგობარმა, ჟურნალისტმა მამაკაცმა, დეკრეტული შვებულება აიღო, რადგან ჩათვალა, რომ უნდა იყოს სახლში და უვლიდეს ახლადდაბადებულ ბავშვს. ერთ-ერთი ტელეკომპანიის წამყვანი 40 დღის შემდეგ გავიდა სამსახურში, აიყვანა ძიძა, რომელსაც ეხმარება მეუღლე, რადგან მეტი შემოსავალი ქალს შემოაქვს. რა თქმა უნდა, მამაკაციც არის დაკავებული თავის საქმიანობით, მაგრამ ოჯახურ საქმეს ორივენი ინაწილებენ. იდეალური ვარიანტი ის იქნება, რომ სახელმწიფოში არსებული კანონმდებლობა კარგად იცოდეს ყველამ. ისე, როგორც ამას ადგილი აქვს სკანდინავიის სახელმწიფოებში, რომლებმაც ცხოვრების უმაღლეს დონეს მიაღწიეს.

ლიკა ნადარაია - და ასევე საზოგადოებრივი განვითარების უმაღლეს დონესაც მიაღწიეს. არასწორია, როდესაც ყველაფერი დაჰყავთ ეკონომიკაზე. მართალია, ეკონომიკა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, მაგრამ ყველაფრის რედუქცია ეკონომიკაზე არ შეიძლება. იმიტომ, რომ მაგალითად, განა ამერიკის შეერთებულ შტატებში უფრო დაბალია ეკონომიკური განვითარება? მაგრამ ამერიკა არის ერთ-ერთი ის ქვეყანა, რომელსაც კონვენცია რატიფიცირებულიც კი არა აქვს. მხოლოდ კალიფორნიის შტატმა მიიღო ის, როგორც შიდა კანონი, შტატის კანონი, მაგრამ კონვენცია რატიფიცირებული არ არის. კუვეიტი მდიდარი ქვეყანაა, მაგრამ განა შეიძლება იქ ქალთა უფლებებზე ვილაპარაკოთ? საქმე გვაქვს საზოგადოების და ცნობიერების განვითარებასთან. რაც შეეხება რელიგიურ ფაქტორს, ასეთ სურათს ვაწყდებით: ქალთა მოძრაობა ყველაზე აქტიური ისლამურსა და აფრიკულ ქვეყნებშია. მესამე სამყარო დღეს იმ ფემინიზმით ცოცხლობს, ქუჩის ფემინიზმი რომ ჰქვია, თავისი გამოსვლებითა და აქტიური სიცოცხლით. ეს იმიტომ, რომ ქალებს მძიმე ტვირთი აწევთ. ისინი იბრძვიან შარიათის წინააღმდეგ, ნამდვილად იბრძვიან იმისათვის, რომ მათი მდგომარეობა გაუმჯობესდეს, კი არ გაურბიან ამ საკითხს.

ლელა ხომერიკი - განა მთელი დასავლური დემოკრატია ქრისტიანობას არ ემყარება? სწორედ აქ შეიძლება რაღაცას ხელი ისე მოვჭიდოთ, რომ ეს არ მოვიდეს წინააღმდეგობაში ეკლესიასთან.განა ქრისტიანობა თანასწორობა არ არის? პირველად ინდივიდუალიზმი აქედან არ წამოვიდა? მთელი დასავლური დემოკრატია ხომ სწორედ ქრისტიანულ კულტურაში ჩაისახა. ძირში ქრისტიანობა თანასწორობის და, მათ შორის, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის წინააღმდეგი ვერ იქნება, ეს რაღაც ინსტიტუციონალიზაციაა.

ლიკა ნადარაია - და თანაც შუასაუკუნოვანი ინსტიტუციონალიზაცია, რომელმაც თავისი დრო მოჭამა. დღეს ქართული ეკლესია ისეთივე რეფორმის წინაშე დგას, როგორიც მთლიანად საზოგადოებაშიც უნდა განხორციელდეს. კათოლიკურმა ეკლესიამ ყველაზე ადრე იგრძნო ფემინისტური აზროვნება. თანდათანობითი ნაბიჯები გადადგა იმისკენ, რომ ქალის სტატუსი აემაღლებინა საკუთარ სტრუქტურაში. პროტესტანტები იქამდეც კი მივიდნენ, რომ ქალები წირვას უძღვებიან.

ლელა ხომერიკი - ზოგადად, როცა ვსაუბრობთ ადამიანის უფლებებზე, ვერ ვიტყვით, რომ ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ საქართველოში იდეალური მდგომარეობა არსებობს. ადამიანის უფლებები რომ დაცული უნდა იქნეს, ეს საკამათო არ არის, მაგრამ ქალთა უფლებები ხშირად საკამათო ხდება. ეს ფაქიზი პრობლემაა. საჭიროა სწორი არგუმენტები, რაზეც მასმედიამ, იმავე საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა უნდა იმუშაონ. ქალთა აქტივობაა საჭირო. იქმნება ქალის ახალი იმიჯი. ქალი არის საზოგადოებრივად აქტიური. შეიძლება მისი საქმიანობა გმირობის ტოლფასი იყოს. მარტო კანონებით ლაპარაკი არ იქნება საკმარისი, თუ არ ვაჩვენებთ ჩვენს სახეს, რომ ჩვენ, ქალები ამას უბრალოდ ვიმსახურებთ. რა თქმა უნდა, კანონიც უნდა დაგვიდგეს გვერდში.

ამასთან, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ქალთა სტატუსის აწევის პროცესი ძალიან კომპლექსურია. ქალის ეკონომიკური სტატუსის აწევა ხდება სხვადასხვა საშუალებებით. არსებობს სპეციალური სესხები, უამრავ ქვეყანაში დაარსდა ქალთა ბანკები. ამ პროგრამაზე ჩვენც ვმუშაობდით. გავაკეთეთ ანგარიში - „ქალი და სესხები საქართველოში“. არსებობს „ტასისის“ პროგრამა - მცირე სასოფლო-სამეურნეო სესხები. მისმა კოორდინატორმა გვითხრა, რომ ქალზე მხოლოდ ერთი სესხი გაიცა და დანარჩენი 2000 სესხი მამაკაცებზეა გაცემულიო. მისი აზრით, მცირე სესხების გაცემა უფრო ქალებზეა გამართლებული, გამომდინარე იქიდან, რომ ქალი უფრო ფრთხილია, უკეთესად განკარგავს ამ სესხს, უფრო მიზნობრივად ხარჯავს, ვიდრე მამაკაცი. თანაც კაცები უფრო ცუდი დამბრუნებლები არიან. ბევრ ქვეყანაში ამართლებს ის პრინციპი, რომ ქალი დამბრუნებელი უფრო მაღალი პროცენტია. კარგი დამბრუნებელია ისეთი ოჯახი, სადაც ქალი და მამაკაცი თანაბრად იღებენ გადაწყვეტილებას. ცხადია, უკეთ მოეწყობა ცხოვრება იმ სახელმწიფოში, სადაც ქალი და მამაკაცი ერთად იღებენ გადაწყვეტილებას და არა ისეთში, დღევანდელი დისბალანსი რომ არსებობს: მხოლოდ 15 დეპუტატი ქალია პარლამენტში. გამოდის, რომ ქალების ისეთ პრობლემებზე, როგორიცაა - ჯანდაცვის პრობლემა, ბაგა-ბაღების დაფინასება ან აბორტებთან დაკავშირებული საკითხები, კონტრაცეპტივების დანერგვა, მამაკაცებმა უნდა იმსჯელონ. ლოგიკურია ვიკითხოთ მაგალითად, ასეთ საკითხებზე - აბორტი სჯობს, თუ ქალმა თავი კონტრაცეპტივებით უნდა დაიცვას? და ა.შ. რატომ უნდა იმსჯელოს მამაკაცების პარლამენტმა? მამაკაცები ჩაწვდებინ უკეთ თუ - ქალები ქალთა სპეციფიკურ პრობლემებს?

ლიკა ნადარაია - წმინდა პატრიარქალური სტრუქტურების კიდევ ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანი კორუფციაა. აღმოჩნდა, რომ კორუფციასთან ბრძოლის ერთ-ერთი მეთოდი არის ამ სფეროში დიდი რაოდენობით ქალების დასაქმება; არა ერთის და ორის, არამედ 50%25-ის. ამის მაგალითია კოლუმბია, რომელიც ერთ-ერთი მაფიოზური ქვეყანაა თავისი სტრუქტურით, კიდევ უფრო ჩამძიმებული, ვიდრე საქართველო. იქ კლანური სისტემები მუშაობს, თანაც ამას ემატება ნარკობიზნესი და სხვა და სხვა. 80-იან წლებში იქ აზვირთდა ქალთა მოძრაობის ძალიან დიდი ტალღა და 10 წლის მანძილზე დიდი რაოდენობით შეიყვანეს ქალები საპარლამენტო, მმართველობით და პოლიციურ სტრუქტურებშიც კი, ეს იმით აიხსნება რომ, როგორც წესი, პოლიციაც ერთვება მაფიოზურ სტრუქტურებში და ერთ-ერთ გამანეიტრალებელ და კორუფციის შემამცირებელ ზომად თვლიან მრავალი ქალის დასაქმებას მსგავს სტრუქტურებში.

ლელა ხომერიკი - სხვათა შორის, არსებობს პრეზიდენტის დადგენლება, რომელიც პირდაპირ პასუხობს გაეროს რეკომენდაციებს და, ამიტომ, შეიძლება ითქვას, ძალიან მოწინავეა ეს დადგენილება.

ლიკა ნადარაია - ერთადერთი საშიშროება იმაში მდგომარეობს, რომ ეს დადგენილება ისევ უმოქმედოდ არ დაიდოს.

მონაწილე დარბაზიდან - ერთი პარალელი მინდა გავავლო. არის ასეთი მოძრაობა, რომელიც საფრანგეთში დაიწყო, შემდეგ ამერიკაში გადავიდა. ეს გახლავთ, დედის რძის შემცვლელი პროდუქტების მარკეტინგის კოდექსი. იგი შემუშავებულ იქნა აშშ-ში დადგენილების სახით, მაგრამ კანონის სახით ვერ იქნა მიღებული. რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო ეს კანონი. ეს, შეიძლება ითქვას, მსოფლიოში ერთ-ერთი ძალიან ცივილური კანონია, რომელიც ებრძვის ძლიერ კლანებს - დიდ ქარხნებსა და მწარმოებლებს, გიგანტებს, რომლებიც აწარმოებენ დედის რძის შემცვლელ პროდუქციას. მათთან ბრძოლა კანონების დონეზე აშშ-იც კი ძალიან გაუჭირდათ, ვინაიდან, ეს არის ძალიან მდიდარი ნესტლეს ფირმა და მდიდარ ხალხთან ბრძოლა, მიგეხსენებათ, ძალიან ძნელია, თუნდაც სამთავრობო დონეზე. უნდა შეიქმნას გარკვეული საკანონმდებლო ბაზა, რომელიც აკრძალავს დედის რძის შემცველი პროდუქციის რეკლამირებას, ანუ მარკეტინგს გააჩნია თავისი კოდექსი - რა შემთხვევაში შეიძლება, რა დოზით შეიძლება იდოს დედის რძის შემცველი პროდუქცია დახლზე. ეს კანონი საქართველოში ნამდვილად კანონის სახით მიიღო პარლამენტმა. იმდენად კარგი დადგენილებაა მიღებული, რომ, როგორც ჩანს, ჩვენს პრეზიდენტს გათავისებული ჰქონდა დედის რძით კვების აუცილებლობა. ეს კარგად, არგუმენტირებულად არის ეს ჩამოყალიბებული კანონში.

თამარ აბრამიშვილი - პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ეს დახვეწილი კანონმდებლობა ცალკეა და რეალობა - ცალკე, ანუ ეს კანონი არ მუშაობს. ალბათ, საზოგადოების აქტივობაც იმისათვის არის საჭირო, რომ ეს შესანიშნავი დადგენილებები რეალიზაციაში მოვიდეს ანუ ამოქმედდეს.

ლიკა ნადარაია - მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ ჯერ არ გვაქვს ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობები, არ გაგვაჩნია სპეციფიური კანონმდებლობა ძალადობისათვის ოჯახში; არ გვაქვს ტრეფიკინგისა და ქალთა გაყვანის კანონები. ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა იმას გააკეთებდა, რომ ეკონომიკის ის სფეროები, სადაც ძირითადად ქალები არიან დასაქმებული, არ იქნებოდა ასეთი დაბალანაზღაურებადი. ეს კი მოაწესრიგებდა შრომით ბაზარს. დღესდღეობით, საქმე თითქოს ისეა, ვითომ ქალი ზუსტად იმავე ხელფასს იღებდეს, რასაც მამაკაცი. თითქოსდა ეს კომუნისტური ინერცია ისევ მუშაობს, მაგრამ სინამდვილეში ის ეკონომიკის სფეროები, რომლებშიც ქალები არიან დასაქმებული, გაცილებით ნაკლებანაზღაურებადია. ეს კანონები, მექანიზმები ჩვენ გვჭირდება, რომ შემდეგ მათი თანდათანობითი განხორციელება მოხდეს.

ლელა ხომერიკი - გამოსულია წიგნი ,,ვინ ვინ არის საქართველოში”, რომელშიც შესულია 2000 ბიოგრაფია იმ მოქალაქეებისა, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ჩვენი ქვეყნის სოციალურ, პოლიტიკურ, კულტურულსა თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. 2000 ბიოგრაფიიდან, ალბათ, ნახევარი მაინც უნდა ყოფილიყო ქალი, რადგან ისეთი სფეროები იყო არჩეული: კულტურა, სპორტი, საზოგადოებრივი ცხოვრება; ჩემდა სამწუხაროდ, დავითვალე და მხოლოდ 134 ქალია შესული ცნობარში ანუ 6%25. დამეთანხმებით, რომ ეს ძალიან მცირე რიცხვია.

ლიკა ნადარაია - რამდენიმე სიტყვა მინდა ვთქვა იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება საზღვარგარეთ, და, განსაკუთრებით, აშშ-ში იმ ქალ კანდიდატებთან დაკავშირებით, რომლებიც პოლიტიკურად აქტიურები ხდებიან თანდათანობით. როგორც უკვე ვთქვი, შეერთებულ შტატებში არ არსებობს ქვოტირება და სახელმწიფო, ევროპის ქვეყნებისაგან განსხვავებით, არანაირ ვალდებულებებს არ იღებს თუნდაც იმავე გენდერული წონასწორობის შესანარჩუნებლად. იქ რატიფიცირებულიც კი არაა ის კონვენცია, რომელზედაც 175 ქვეყანაა მიერთებული, მათ შორის, ლათინურ-ამერიკული და აფრიკული ქვეყნები. მიუხედავად ამისა, შეერთებულ შტატებში ქალი პოლიტიკოსების კარგი მაჩვენებელია. ჯერ-ერთი, თავიდანვე დაიწყო იმით, რომ შეერთებულ შტატებში უმდიდრესი ქალები ცხოვრობენ. ეს იმან გამოიწვია, რომ ამერიკაში თავიდანვე ამთვისებლები ჩადიოდნენ და თავიდანვე აქტიურ ქალთა კონტინგენტი შეიქმნა. ამის გამო, შეერთებულ შტატებში ქალის ეკონომიკური სტატუსი ბევრად უფრო მაღალი იყო, ვიდრე ევროპაში. გარდა ამისა, თუ ევროპაში რეგულაციას აკეთებს სახელმწიფო სტრუქტურა, აშშ-ში რეგულირება ქვედა ფენებიდან ხდება. ვთქვათ, რომელიმე ქალი იყრის კენჭს კალიფორნიის შტატში. იქმნება ქსელები მთელ აშშ-ში და ქვედა ქსელი იწყებს ამ ქალი კანდიდატის ფინანსურ, თუ მორალურ მხარდაჭერას. ამ გზით ხდება პოლიტიკურ ასპარეზზე მათი ინტერესების გამტარი ადამიანების წამოწევა. ძალიან კარგი იქნება, თუ საქართველოშიც (გარდა იმისა, რომ ჩვენი ხმამაღალი გამოსვლებით ვაიძულებთ სახელმწიფოს ის ვალდებულებები შეასრულოს, რაც აიღო ქალთა მიმართ კონვენციის რატიფიცირების შედეგად) იარსებებს მიზანმიმართული შიდა დინებები, რომლებიც მხარს დაუჭერენ ამ პრობლემების შემდგომ აქტივაციას.

ჩვენს წინაშე ორი ბარიერია: პირველი - მამაკაცური შოვინიზმი, რომელიც არ უშვებს ქალს ზედა სიმაღლეებზე და მეორე - ეკონომიკური ბერკეტი. ჩვენთვის ახალი როდია, რომ ბევრი თანამდებობა ქვეყანაში იყიდება. ამ ეკონომიკურ ბარიერს გარკვეული ძალა უნდა დაუპირისპირდეს და ეს ძალა უნდა იყოს საზოგადოებრივი მხარდაჭერის მატარებელი.

მონაწილე დარბაზიდან - ყველაზე მეტად რაც მაწუხებს, ქუჩის ბავშვები არიან. მე მაქვს პროგრამა, რომელიც ქუჩის ბავშვების პრობლემებზეა გამიზნული. მინდა, ამ ბავშვებს მიეცეთ საშუალება, რომ მათ თავი სრულფასოვან მოქალაქეებად იგრძნონ. 15 ბავშვის პატრონობას ვახერხებ. იქნებ მომეხმაროთ, რომ ქუჩის ბავშვებთან დაკავშირებით პროექტის დაფინანსება ავიღო. მომაწოდოთ რაიმე ინფორმაცია.

თამარ აბრამიშვილი - აქტიურობის გარეშე არაფერი არ კეთდება. ჩვენ აქ სამ სხვადასხვა ორგანიზაციას წარმოვადგენთ. ეს არის ჩვენი კოოპერაცია და ვაკეთებთ ამ კონკრეტულ ღონისძებას. მერწმუნეთ, ეს სფერო მართლაც საოცარი შესაძლებლობების სფეროა. თუ შენ ორგანიზატორი ხარ, შეიძლება ან ახალი საქმე დაიწყო ან, ამ ინტერესის საფუძველზე, შეუერთდე სხვას, ვისაც უკვე აწყობილი აქვს საქმე და შენი ინიციატივა შეიტანო, შენი პროექტი შეიტანო. მაგალითად, ჩემს ორგანიზაციას აქვს კონკრეტული საგანმანათლებლო პროექტი. სისხლხორცეულად ვარ დაინტერესებული აქტიური ხალხის ხელშესაწყობად. თუ შეუძლია თვითონ უხელმძღვანელოს და თუ ვინმეს, მაგალითად, არ უნდა ყველაფრის თავიდან დაწყება და სურს საკუთარი პროექტით შემოვიდეს ჩვენს ორგანიზაციაში, დიდი ინტერესით განვიხილავთ მის პროექტს.

ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაციის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმის გაგება, თუ როგორ უნდა განხორციელდეს დაფინანსების მოპოვება. იქნებ ორგანიზება გავუკეთოთ ისეთი ტიპის ტრენინგებს, რომლებიც სწორედ ამ ცოდნის ათვისებისაკენ იქნება მიმართული? შარშან, მაგალითად, 16 ლიდერი ქალი იყო გაგზავნილი აშშ-ში ტრენინგებზე, მათ შორის მეც ვიყავი. ვეცნობოდით სხვადასხვა პროექტებს, ქალთა პრობლემატიკასთან დაკავშირებულ ქალთა ორგანიზაციებს, თუ როგორ ვითარდებიან ისინი და რა პრინციპების მიხედვით მუშაობენ. შესანიშნავ მოდელად გამოდგებოდა ოჯახის დაგეგმარების ორგანიზაცია ვერმუდტის შტატში. გამაოგნა ამ არასამთავრობო ორგანიზაციის მუშაობის სტილმა და მასშტაბმა. შესანიშნავად ჰქონდათ სტრუქტურა აწყობილი. „ფანდრეიზინგით” იყო დაკავებული სპეციალური ჯგუფი, რომელიც იმაზე მუშაობდა, რომ ამ ორგანიზაციას ფული ჰქონოდა. საჭიროა, ეს ყველაფერი იცოდე: როგორი სტრუქტურის ორგანიზაცია არის საჭირო, ვის რა ფუნქცია უნდა დაეკისროს იმისათვის, რომ ამ ორგანიზაციამ იარსებოს, განვითარდეს. მესამე სექტორი თვითდაფინანსების ფანტასტიური შესაძლებლობაა და, რაც მთავარია, ისეთი საქმის კეთებისა, რომელიც მართლა საშურია შენთვის, საზოგადოებისთვის, შენი ქვეყნისთვის. ამ დროს მორალურ კმაყოფილებასაც ღებულობ და თან შეზღუდულიც არა ხარ.

ლელა ხომერიკი - მინდა შევაჯამო ჩვენი მუშაობა, რომელიც პირადად ჩემთვის ძალიან სასიამოვნო და ბევრის მომცემი იყო. გამოვთქვამ იმედს, რომ ჩვენი კონტაქტები შენარჩუნდება. დიდი მადლობა.

29 ქალის მენტალიტეტის ჩამოყალიბების ფსიქოლოგიური საფუძვლები

▲ზევით დაბრუნება


ნონა ჭიჭინაძე

უდიდესი დიდ ადამიანებში არის დედობრივი,
მამა ყოველთვის შემთხვევითობაა
ფრ. ნიცშე

წმინდა იოანე ამბობს:

,,სიტყვა იგი იყო ღმერთთან“
(იოანე I,1)

ის იყო მთლად ერთნაირად,
როდესაც ღმერთმა ადამიანები შექმნა,
მაშინ ქალი კაცის გვერდიდან შეიქმნა,
რათა მისი სწორი ყოფილიყო
მაისტერ ეკჰარტი

ქალთა მოძრაობა ძირითადად ორიენტირებულია მამაკაცთა სოციალური ქცევის სტანდარტებზე. აღნიშნული მოძრაობის წარმომადგენლები თვლიან, რომ თანასწორობა ქალს აძლევს თავისუფალი თვითგამოხატვის საშუალებას. საკუთარი ცხოვრების სტილის შერჩევა და მისი მასკულინური საზოგადოების ცნობიერებასთან შესაბამისობაში მოყვანა ქალებს საშუალებას მისცემს დაამკვიდრონ ქალური, ჰუმანისტური იდეალები, შექმნან საზოგადოება, რომელიც არ იქნება დაფუძნებული ძალადობაზე, ქალსა და მამაკაცს შორის აიგება ახალი ურთიერთობები, რომელთა საფუძველიც იქნება ურთიერთგანსხვავებულობის, თანასწორობისა და ინდივიდუალობის აღიარება.

ქალთა მენტალიტეტზე მსჯელობისას, აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს კულტურათა შორის სხვაობა, თუმცა სიღრმისეული ფსიქოლოგიური მექანიზმები, რამაც განაპირობა მასკულინური საზოგადოების ჩამოყალიბება, საერთოა მთელი ჩვენი ცივილიზაციისათვის. განსხვავებული კულტურები განაპირობებენ განსხვავებული ფსიქოლოგიური დაცვითი მექანიზმების შექმნას.

მთელი ჩვენი ცივილიზაცია არის მასკულინური ცივილიზაცია. სახელმწიფო, კანონი, მორალი, რელიგია და მეცნიერება - ყოველივე მამაკაცების შექმნილია, ქალებს კი დამამცირებელი მდგომარეობა უკავიათ. „ხელოვნება, პატრიოტიზმი, მორალი და საერთოდ სოციალური იდეები - სამართლიანობა, ობიექტური სამეცნიერო თეორიები, ენერგია და სიცოცხლის სიღრმე, თავისი არსით და შინაარსით, ეკუთვნის მთელ კაცობრიობას“ (გეორგ ზიმელი), მაგრამ თავისი ისტორიული შინაარსით ისინი მამაკაცურნი არიან. თუ ყველა ამ ღირებულებას განვიხილავთ როგორც აბსოლუტურს და ერთადერთი სიტყვით - „ობიექტურობით“ განვსაზღვრავთ, აღმოვაჩენთ, რომ კაცობრიობის ისტორიაში გადამწყვეტს წარმოადგენს თანაფარდობა, როგორიცაა - „ობიექტური - მამაკაცური“. ზოგიერთ ენაში კაცობრიობა და მამაკაცი გაიგივებულია, მათ შორის ქართულ ენაშიც (კაც-ობრიობა, მამა-კაცი). საქართველოში ქალის როლი ისტორიის მანძილზე მეტად მნიშვნელოვანი იყო. მიმდინარეობდა მუდმივი ბრძოლა ერის გადარჩენისათვის, რაშიც ქალებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ, ჩართულნი იყვნენ სოციალურ ინსტიტუტებში, მინიჭებული ჰქონდათ უფლება, თუ როგორ დახვედროდნენ მტერ-მოყვარეს (ქართველი დედა ხელში ფიალით - მოყვრისათვის და ხანჯლით - მტრისათვის). ასევე მნიშვნელოვანია ენობრივი თვალსაზრისით სიტყვათა ჯგუფები, რომლებიც წყვილს აღნიშნავენ, პირველად ყოველთვის აღნიშნულია ქალური საწყისი: დედ-მამა, ქალ-ვაჟი, და-ძმა, დედა-სამშობლო, დედა-ბოძი, დედ-მამიშვილი, დედალ-მამალი და ა.შ., მაგრამ აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ რამდენიმე გამონაკლისის გარდა პრიორიტეტულს წარმოადგენს სიტყვა - „დედა”. რას შეიძლება ნიშნავდეს ეს ფსიქოლოგიური თვალსაზრისით? დედობის მიმართ რთული დამოკიდებულებაა. ზოგიერთი თვლის, რომ აქ არანაირი პრობლემა არაა, ქალთმოძულე მამაკაცებიც კი პატივს სცემენ დედობას გარკვეულ საზღვრებში. დედა საწყისს აძლევს ახალ სიცოცხლეს, კვებავს მას. სწორედ ქალის ეს სტიქიური ძალა აღაფრთოვანებს მამაკაცს. ქალური საწყისის, როგორც სიცოცხლის საწყისის, აღიარება, დედისათვის უპირატესობის მინიჭება, არის ქართული კულტურის ერთ-ერთი დამახასიათებელი მოვლენა, რადგან დედა გაიგივებულია ღვთისმშობელთან. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ესაა „ქალწულის კულტი“ - რაც აბსოლუტურად გამორიცხავს სექსუალურობას. ფსიქოანალიტიკური თვალსაზრისით, მამაკაცებს გარკვეული შიში აქვთ ქალების მიმართ, რისი სიღრმეებიც ძევს სექსში; მამაკაცს ეშინია რა ქალის სექსუალური მიმზიდველობისა, საკუთარი ვნებისა და სურვილების დაკმაყოფილების მიზნით ქალი ყოველთვის მონურ მდგომარეობაში უნდა ჰყავდეს. შიში, რომელსაც იწვევს ქალი, როგორც სექსუალური არსება, დაკავშირებულია კასტრაციის შიშთან, ესაა ფსიქოგენური წარმოშობის შფოთვა, რომელიც საფუძველს იღებს ძველ, ბავშვობისდროინდელ შიშში, მისი ანატომიურ-ფსიქოლოგიური შინაარსი იმაშია, რომ მამაკაცმა თავისი სასქესო ორგანო აქტის დროს უნდა შეიყვანოს ქალის სხეულში და დატოვოს იქ სპერმა. მამაკაცური ინტერპრეტაციით, იგი უარს ამბობს თავის ცხოვრებისეულ ძალაზე ქალის სასარგებლოდ. კოიტუსის შემდეგ ერექციის შეწყვეტა ანალოგიურად შეფასებულია, როგორც ქალის მიერ მამაკაცის შესუსტების დამადასტურებელი ფაქტი.

ჩვენს მასკულინურ ცივილიზაციაში შემოქმედების სხვადასხვა სფეროში უმნიშვნელო მიღწევებს „ქალურს“ უწოდებენ, ხოლო თუ ქალებს აქვთ ძალზე მნიშვნელოვანი მიღწევები, ამას „მამაკაცური“ ეწოდება. საინტერესოა, ხომ არ წარმოადგენს ეს უპირატესობა მხოლოდ ძალის საფუძველზე აღმოცენებულ უპირატესობას, რომელსაც ცივილიზებულობასთან არანაირი კავშირი არ გააჩნია?

როგორც ნებისმიერი მეცნიერება და ღირებულებები, ასევე ქალის ფსიგოლოგიაც განიხილება მამაკაცის თვალსაზრისით. გამოდიან რა საკუთარი უპირატესი მდგომარეობიდან, მამაკაცები თავიანთ სუბიექტურ, აფექტურ დამოკიდებულებას ქალებისადმი ობიექტურობას მიაწერენ.

უნდა აღინიშნოს კიდევ ერთი მნიშველოვანი მომენტი; ქალები მართლაც ეგუებიან მამაკაცთა სურვილებს და ასეთ ადაპტაციას იღებენ როგორც მათ ჭეშმარიტ, ბუნებრივ მდგომარეობას. მათი თვითაღქმა ისეთია, როგორადაც მათ მამაკაცები აღიქვამენ, არაცნობიერად ისინი ღებულობენ მამაკაცთა ნაკარნახევ აზრს. ქალების არსებობის ფორმა, სტილი, აზროვნება, მოქმედება მამაკაცურ საზომთან არის შეგუებული. ეს ფაქტი ნათელს ხდის, თუ რამდენად ძნელი და რთულია ცალკეული ქალისა და მამაკაცისათვის ამისაგან განთავისუფლება. ყოველივე თქმულიდან გამომდინარე, ქალის ჭეშმარიტი ბუნება, მისი ფსიქოლოგია დამახინჯებულად არის შესწავლილი. განსხვავება ქალსა და მამაკაცს შორის, უთანასწორობა და ის ფარული აგრესია, რომელსაც მამაკაცები ავლენენ ქალების მიმართ, განსაზღვრავს იმ განსხვავებას ცნობიერებაში, მენტალიტეტში, რაც ქალს განსაკუთრებულად დათრგუნულ, დამორჩილებულ მდგომარებაში ამყოფებს. აუცილებლად მიგვაჩნია განვიხილოთ ფსიქოანალიტიკური თვალსაზრისი იმის შესახებ, თუ რა მექანიზმები განსაზღვრავენ ასეთ განსხვავებას, რა განაპირობებს ქალის მენტალიტეტს.

პირველ რიგში გაოცებას იწვევს ის ფაქტი, რომ ფსიქოანალიზის მიხედვით, სხვათა შორის, განსხვავება დამყარებულია მხოლოდ გენიტალიური აგებულების განსხვავებაზე და არანაირად არ ექცევა ყურადღება იმ მნიშვნელოვან როლურ სხვაობას, რომელიც არსებობს ქალსა და მამაკაცს შორის. ქალი შთამომავლობის გამგრძელებლის რაკურსით საერთოდ არ განიხილება.

მამაკაცური თვალსაზრისი დედობის კონცეფციის შესახებ კარგად გამოჩნდა ფერენცის თეორიაში. იგი აღნიშნავს, რომ ფსიქოსექსუალური კონფლიქტის საწყისი პერიოდი ქალისათვის სამწუხაროდ მთავრდება - მამრი, როგორც გამარჯვებული თავს ახვევს ქალს დედობის სიმძიმეს. სოციალური ბრძოლის თვალსაზრისით დედობა მართლაც შეიძლება განვიხილოთ როგორც სიმძიმე. მეტად საეჭვოა, რომ ასეთი სიმძიმე ყოფილიყო იმ პერიოდში, როდესაც ადამიანი ბუნებასთან ახლოს იყო.

ბავშვობასა და მოზრდილობაში ბევრი ქალი ხშირად იტანჯება თავისი სქესობრივი კუთვნილების გამო. ქალის მენტალიტეტის სპეციფიურობა, რომლის საფუძველსაც წარმოადგენს პროტესტი საკუთარი ქალობისადმი - საფუძველს ბავშვობის დროინდელ ოცნებაში ჰპოვებს - ჰქონდეს ფალოსი. საკუთარი საწყისი განსხვავებულობის იდეა იძლევა კასტრაციის შესახებ პასიური ფანტაზიის საფუძველს, აქტიურ ფანტაზიაში კი ყალიბდება შურისმაძიებლური დამოკიდებულება მამაკაცისადმი, რომელიც პრივილეგირებულ მდგომარეობაში იმყოფება. საკითხი ასე დგება: რეალურად კასტრაციის კომპლექსი, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს როგორც ნევროზი, ასევე საშიშროება შეუქმნას ჯანმრთელი ხასიათის ჩამოაყალიბებას და მთლიანად განსაზღვროს კიდეც ქალის შემდგომი ბედ-იღბალი, ეფუძნება თუ არა დაუკმაყოფილებელ სურვილს ჰქონდეს ფალოსი? - აქ ცალსახად პასუხის გაცემა გარკვეულ სიძნელეებთან არის დაკავშირებული (ამ საკითხებზე ჩვენ არ შევჩერდებით, იგი გადის ჩვენი ინტერესების სფეროდან).” ,,შური ფალოსისადმი“ ფსიქოანალიზის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დებულებაა. მისი წარმოშობის მიზეზი ბიოლოგიურია და არა სოციალური. სოციალური უთანასწორობის განცდა ქალს უჩნდება, როგორც ფალოსისადმი შურის რაციონალიზაცია.

დედობა, არა მარტო ბიოლოგიურად და ფიზიოლოგიურად, სოციალურადაც არის ქალის მნიშვნელოვანი უპირატესობა. არაცნობიერ დონეზე აღნიშნული უპირატესობა მამაკაცის ფსიქიკაშია მოცემული, რაც გამოიხატება ბიჭუნების ძლიერ შურში დედობისადმი, მაგრამ აღნიშნული პრობლემა რატომღაც სათანადო დონეზე არ განიხილება. საინტერესოა, რა ხდება ამ მხრივ არაცნობიერში? კ. ჰორნის მიხედვით, ხდება დედობისადმი სწრაფვის ინტელექტუალიზაცია, რაც გამოიხატება დედობის გაუფასურებაში. მამაკაცების შურს სუბლიმაციის უფრო მეტი საშუალება აქვს, ვიდრე გოგონების შურს ფალოსისადმი. სწორედ ეს შურია მთავარი მამოძრავებელი ძალა, რაც აიძულებს მამაკაცს შექმნას კულტურის ღირებულებები, შესაძლოა დავუშვათ, რომ მამაკაცის სწრაფვა შემოქმედების ნებისმიერ სფეროში გააკეთოს რაღაც, გამოწვეულია იმ განცდით, რომ მამაკაცი შედარებით უმნიშვნელო როლს ასრულებს ცოცხალი არსების შექმნაში და ეს ფაქტი მუდმივად უბიძგებს მას ზეკომპენსაციისაკენ - სხვა მიღწევებისაკენ.

იბადება კითხვა - რატომ არ უჩნდებათ ქალებს შესაბამისი იმპულსი ფალოსისადმი შურის საკომპენსაციოდ? აქ შესაძლოა იყოს ორი პასუხი: ერთი, რომ ქალების შურის განცდა ბევრად უფრო უმნიშვნელოა, ან კომპენსაცია ხდება შედარებით ნაკლები წარმატებით, რაღაც სხვა გზებით. ჩვენ ვხედავთ, რომ მამაკაცებს უფრო ძლიერი მოთხოვნილება აქვთ დააქვეითონ ქალთა შეფასება, ვიდრე ქალებს - იგივე მომენტი. ქალის შურის განცდა ფალოსისადმი, როგორც წესი, გადაიზრდება სწრაფვაში იყოლიოს ქმარი და შვილი და, შესაძლოა, სწორედ აღნიშნული ფაქტი იწვევს სუბლიმაციის საჭირო სტიმულირების ძალის დაქვეითებას. ფსიქოანალიზის თვალსაზრისით, ქალის მენტალიტეტის ჩამოყალიბებაში მეტად მნიშვნელოვან როლს ასრულებს ანატომიური განსხვავება ქალსა და მამაკაცს შორის, რომელიც ბავშვობის ასაკში ღებულობს მნიშვნელოვან ფსიქოლოგიურ დატვირთვას, რის ერთ-ერთ მიზეზსაც წარმოადგენს ფაქტი, რომ გოგონებს არ შეუძლიათ დაათვალიერონ თავისი სასქესო ორგანოები და ამიტომ არანაირი ინფორმაცია არ გააჩნიათ საკუთარი გენიტალიების შესახებ, სწორედ ეს ფაქტორი იწვევს იმ მნიშვნელოვან დაურწმუნებლობის განცდას, სწორედ ეს დაწოლა არის ხშირად მიზეზი იმისა, თუ რატომ ეძებს გოგონა თავშესაფარს მამაკაცის როლში. ფსიქოანალიზის მიხედვით, ტიპური მოტივი მამაკაცის როლისაკენ წასვლისა ძევს ოიდიპოსის კომპლექსში, მოგვიანებით კი ასეთი მოტივების განმტკიცება ხდება საზოგადოებაში ქალის შრომის რეალური დისკრიმინაციით. უნდა ვაღიაროთ, რომ ქალის სწრაფვა იყოს მამაკაცური, წარმოადგენს არაცნობიერი მოტივების რაციონალიზაციის შესანიშნავ წყაროს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქალის ასეთი დისკრიმინაცია არის ჩვენი რეალობის ნაწილი და იგი უფრო მეტად ძლიერია, ვიდრე ამას ქალთა უმეტესობა აცნობიერებს.

გეორგ ზიმელის აზრით, ისტორიულად სქესთა შორის ურთიერთობა შეიძლება უხეშად აღწერილ იქნეს, როგორც ურთიერთობა მონასა და ბატონს შორის, სადაც აუცილებელი არაა ბატონს ყოველთვის ახსოვდეს, რომ ბატონია (და ესაა ერთ-ერთი უპირატესობა), ხოლო მონა ვერასოდეს დაივიწყებს, რომ მონაა.

ჩვენს მასკულინურ ცივილიზაციაში ქალისათვის ბევრად უფრო ძნელია სუბლიმაციის მიღწევა, რომელიც დაუკმაყოფილებს მას რეალურ ბუნებას, რადგან, ჩვეულებრივ, ყველა სახის პროფესია მხოლოდ მამაკაცებზეა გათვლილი. ეს ფაქტი უფრო აღრმავებს ქალის არასრულფასოვნების განცდას, რადგან მას არ შეეძლო მიეღწია იმისათვის, რასაც მამაკაცები აღწევდნენ და ქალი თვლიდა, რომ ესაა მისი დისკრიმინაციის რეალური საფუძველი. პრინციპში, ქალის მენტალიტეტის შესახებ ობიექტური პოზიციის შექმნა ძალზე ძნელია, რადგან ძირითადი გამოკვლევები შესრულებულია მამაკაცების მიერ, მათი სუბიექტური პოზიციიდან, რომელსაც ისინი ობიექტურად თვლიან. როგორც წესი, ცნობიერების დონეზე მამაკაცებს ქალების მიმართ აქვთ პოზიტიური დამოკიდებულება, პატივს სცემენ ქალს, მაგრამ შინაგანად ისინი მაინც უნდობლობას ავლენენ. საინტერესოა განვიხილოთ ქალის მიმართ დამოკიდებულება ისტორიული თვალსაზრისით. სხვადასხვა კულტურაში ეს განხილული უნდა იქნას არასექსუალურ დონეზე, რადგან ასეთი ტიპის ურთიერთობებში ვლინდება მამაკაცის მიერ ქალის შეფასება.

მაგ., ადამი და ევა. ებრაული კულტურა ჭეშმარიტად პატრიარქალურია, სადაც არც ერთი ღვთაება არ არის მდედრობითი სქესის. ასევე, მათი ტრადიციების მიხედვით, მამაკაცს ნებისმიერ დროს შეუძლია ოჯახის დანგრევა და ცოლის სახლიდან გაგდება. ამ ფონზე ჩვენთვის ალბათ გასაგები ხდება მამაკაცური სუბიექტურობა ადამისა და ევას ისტორიის მიმართ. ქალის უნარი - მისცეს საწყისი სიცოცხლეს - ნაწილობრივ უარყოფილი და ნაწილობრივ გაუფასურებულია. ევა შექმნილია ნეკნისაგან და მასზე გადმოსულია წყევლა დაბადოს შთამომავლობა ტანჯვა-წამებით. მეორეც, ქალი ხასიათდება როგორც შემცდენელი, რომელმაც მამაკაცი უბედურებაში ჩააგდო. ორივე ეს ელემენტი, რომლის საფუძველიც არის, ერთი მხრივ, შურიანი წყენა და, მეორე მხრივ, შფოთვა - უარყოფით ზეგავლენას ახდენს ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაზე. მოკლედ განვიხილოთ თითოეული მათგანი: მამაკაცის შფოთვის საფუძველი სექსში ძევს. მამაკაცს ეშინია რა ქალის სექსუალური მიმზიდველობისა, ცდილობს ყოველთვის მონურ მდგომარეობაში ჰყავდეს იგი. ამის დამადასტურებელია ის ფაქტიც, რომ ასაკოვან ქალებს ყოველთვის პატივს სცემენ იმ კულტურებშიც კი, სადაც ახალგაზრდა ქალების ეშინიათ და ძირითადად თრგუნავენ. ზოგიერთ პირველყოფილ კულტურაში მოხუც ქალებს ხშირად გადამწყვეტი ხმაც კი აქვთ ტომისათვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას, აქვთ ძალაუფლება და პატივცემული პირები არიან, მაგრამ ყველა პირველყოფილ კულტურაში სქესობრივი სიმწიფის პერიოდში ქალი ტაბუდადებულია. აფრიკული ტომების დიდ ნაწილში ქალი ითვლება საიდუმლოებით მოცულ არსებად, რომელსაც კავშირი აქვს სულებთან, აქვს მაგიური ძალა და შესაძლებლობა გამოიყენოს ასეთი ძალა მამაკაცის საწინააღმდეგოდ. მამაკაცმა უნდა დაიცვას თავი ქალის ძალაუფლებისაგან და ამის საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს მისი დამორჩილება. ასე მაგ., არაბები ქალს არ უშვებენ მექაში რელიგიურ დღესასწაულებზე, რათა გამორიცხონ ფამილარული დამოკიდებულება ქალსა და მბრძანებელს (მამაკაცს) შორის. ასეთივე ტიპის ტრადიციას ვხვდებით შუა საუკუნეებში, სადაც არსებობს ღვთისმშობლის, როგორც ქალწულის კულტი. ესაა თაყვანისცემა „სუფთა დედობისა“, რაც აბსოლუტურად გამორიცხავს სექსუალობას. ამავე დროს, ასეთი კულტის გვერდით არსებობს ე.წ. „ჯადოქრების ცეცხლზე დაწვის“ ინსტიტუტი, ესაა სექსუალურად მომხიბვლელი ქალების დაუნდობელი განადგურება. აქ კვლავ ჩნდება თავისებური შიში - ჯადოქარი ყოველთვის დაკავშირებულია ეშმაკთან.

ჩვენს დროში, როდესაც მამაკაცურმა აგრესიულობამ ჰუმანური ფორმა მიიღო, ქალების კოცონზე დაწვა ფიგურალურად ხდება. თავყრილობებზე ხშირად ქალის მიმართ გამოითქმება ბევრი სასიამოვნო რამ, მაგრამ იქვე აუცილებლად აღინიშნება:- რა სამწუხაროა, რომ ღმერთმა ქალი არ შექმნა მამაკაცის თანასწორად. ქალი, როგორც გახსნილად აცხადებენ აღმოსავლეთში, მეორეხარისხოვანი არსებაა. იგი შესაძლოა გამოყენებული იქნეს წარმოებაში, მაგრამ სამწუხაროდ, მას არ გააჩნია შემოქმედებითი უნარი.

საკმაოდ რთულია მამაკაცის დამოკიდებულება დედობის მიმართ. სხვადასხვა რელიგიაში დედა-ღმერთქალი - ღვთაებაა ნაყოფიერებისა, ისევე როგორც თავად დედამიწა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ქალის ეს სტიქიური ძალა - მისცეს საწყისი და კვებოს ახალი სიცოცხლე - აღაფრთოვანებს მამაკაცს და აი, სწორედ აქედან იწყება პრობლემები; მამაკაცის ბუნებას არ შეესაბამება აღფრთოვანდეს რაიმეთი და არ გაბოროტდეს იმის გამო, რომ მსგავსი უნარი თვითონ მას არ გააჩნია. ასე რომ, როგორც უკვე ითქვა, მამაკაცის წუთიერი მონაწილეობა ახალი სიცოცხლის ჩასახვის აქტში მისთვის ხდება უდიდესი სტიმული, რათა შექმნას რაიმე ახალი, აქამდე არარსებული და იგი ქმნის ისეთ რაღაცეებს, რითიც შეუძლია იამაყოს. ესაა სახელმწიფო, რელიგია, ხელოვნება, მეცნიერება და ძირითადად მის ქმნილებებსა და ჩვენს ცივილიზაციას აქვს მასკულინური ბუნება. აქამდე ჩვენი მსჯელობა ძირითადად ეხებოდა წყენის საკითხებს, მის წარმომშობ მიზეზებს მამაკაცში და, შესაბამისად, ქალის დათრგუნვის საფუძველს. ახლა რამოდენიმე სიტყვა შიშის ფენომენის წარმოშობის შესახებ.

მამაკაცის შიში ქალის მიმართ მიმართულია ქალისადმი, როგორც სექსუალური არსებისადმი. აღნიშნულ საკითხზე ზემოთ ვისაუბრეთ. საინტერესოა დედისადმი დამოკიდებულება როგორც ანატომიური, ასევე ეთნოლოგიური მონაცემების თვალსაზრისით. დედისადმი დამოკიდებულება პირდაპირ ასოცირდება სიკვდილის შიშთან. მიღებულად ითვლება, რომ სიკვდილისადმი სწრაფვა ესაა სწრაფვა შეუერთდეს დედას. აფრიკულ ზღაპრებში სწორედ ქალს მოაქვს ამ სამყაროში სიკვდილი. ჩანს, რომ კაცობრიობა შეპყრობილია აზრით - ,,ის ვინც იძლევა სიცოცხლეს, მასვე მიაქვს იგი უკან“.

ქალისადმი მამაკაცის შიშის ერთ-ერთ ასპექტს წარმოადგენს იმ შესაძლებლობის დაშვება, რომ სექსუალურად მამაკაცი უფრო მეტად არის დამოკიდებული ქალზე, რადგან ქალის სექსუალური ენერგიის დიდი ნაწილი ხმარდება რეპროდუქციის ფუნქციას და შესაძლოა, მამაკაცი ცხოვრებისეულად დაინტერესებულია იმაში, რომ ქალი მუდმივად ჰყავდეს დამოკიდებულ მდგომარეობაში.

ეს სამი ფაქტორი: შიში, წყენა და ქალზე სექსუალური დამოკიდებულება, ფსიქოლოგიური ბუნებისაა და წარმოადგენს იმ მამაკაცურ ფაქტორებს, რომლებიც განსაზღვრავენ ქალსა და მამაკაცს შორის ძალაუფლებისათვის ბრძოლას.

სიყვარული ის გრძნობაა, რომელიც აკავშირებს ორი სქესის წარმომადგენელს და დროებით არღვევს არსებულ ანტაგონიზმს, რადგან ეს განცდა ადამიანებს ბედნიერების შანსს აძლევს. ჩვენ არ გვინდა დავინახოთ ის დამანგრეველი ძალა, რომელიც მუდმივად მუშაობს ბედნიერების შანსის განადგურებაზე, ამიტომ ადამიანები სქესთა შორის სიყვარულის განცდას უფრო მკვეთრად ხედავენ, ვიდრე სიძულვილს რომელიც ფარულად, არაცნობიერად არსებობს.

დაბოლოს, პრაქტიკული თვალსაზრისით, არსებობს თუ არა იმის შანსი, რომ შემცირებულ იქნეს სქესთა შორის უნდობლობის განცდა. სტანდარტული პასუხის გაცემა ალბათ ძნელი იქნება, მაგრამ ფსიქოანალიზის მიხედვით არსებობს ამისი შესაძლებლობა. ვნების სიძლიერისა და მისი მოთოკვის შიში, რომელიც სასიყვარულო ურთიერთობებში არსებობს სქესთა შორის და, აქედან გამომდინარე, კონფლიქტი თვითგაცემასა და თვითშენარჩუნებას შორის, „მე”-ს და „შენ”-ს შორის, აბსოლუტურად ბუნებრივი მოვლენაა და მას მეტად დიდი მნიშვნელობა აქვს. იგივე შეიძლება ითქვას ბავშვობის დროინდელი გადაუწყვეტელი კონფლიქტების შესახებ, რომლებიც ვლინდება სქესთა შორის უნდობლობაში. ასეთი კონფლიქტები შესაძლოა იყოს სხვადასხვა ინტენსივობის და სხვადასხვაგვარი ტიპისა და სიღრმის კვალი დატოვოს პიროვნებაში. ფსიქოანალიზს აქვს შესაძლებლობა, კრიტიკულ შემთხვევებში გამოასწოროს სქესთა შორის ურთიერთობა, ასევე აქვს შესაძლებლობა ზეგავლენა მოახდინოს ბავშვობის პერიოდის ფსიქოლოგიურ კლიმატზე და შემდგომში თავიდან ააცილოს ადამიანს მძაფრი კონფლიქტების განვითარება. ანალიზი იძლევა საშუალებას აიხსნას ძალაუფლებისათვის ბრძოლის საფუძვლად მყოფი ფარული მოტივები. ასე რომ, ფსიქოანალიზის შესაძლებლობანი საკმაოდ ფართოა და საიმედო.

ზოგიერთი ტერმინის განმარტება

დაცვითი მექანიზმები - „მე“-ს ძალებით გამომუშავებული ფსიქიკური დაცვის სპეციალური ფორმა, რომელიც მოწოდებულია დაიცვას პიროვნების „მე“.

კომპლექსი - პიროვნების აფექტურად შეფერადებული აზრების, ინტერესებისა და განწყობების ზემოქმედება აქტუალურ ფსიქიკურ ცხოვრებაზე. როგორც წესი, ხორციელდება არაცნობიერ დონეზე. ყალიბდება ადრეულ ბავშვობაში და განაპირობებს შემდგომი ფსიქიკური ცხოვრების მნიშვნელოვან კანონზომიერებებს.

კასტრაციის კომპლექსი - უყალიბდება ბავშვს და მჭიდროდ არის დაკავშირებული ბავშვობის დროინდელ სექსუალურ განვითარებასთან (ბავშვთა სექსუალური კვლევები და ბავშვთა სექსუალური თეორიები). კასტრაციის კომპლექსი ვაჟებში ყალიბდება ონანიზმთან დაკავშირებული რეალური ან ფარული საშიშროების სახით - დაკარგონ თავიანთი სასქესო ორგანო - როგორც სასჯელი ონანიზმისათვის.

გოგონებთან კასტრაციის კომპლექსი ვლინდება სქესთა შორის განსხვავების აღმოჩენის შემდეგ. ამ პერიოდში გაუდიფერენცირებელია შიშისა და შურის გრძნობები მამაკაცის სასქესო ორგანოსადმი და უკავშირდება სექსუალურ ფანტაზიებს.

ლიბიდო - ფსიქოანალიზის ერთ-ერთი საკვანძო ცნება. დასაწყისში ითვლებოდა ფსიქიკურ ენერგიად, რომელიც ინდივიდის ყოველგვარი სექსუალური გამოვლენის საფუძველს წარმოადგენს. გამოყენებული იყო როგორც სქესობრივი ლტოლვის სინონიმი. მოგვიანებით ფროიდი ამ ცნებას იყენებდა როგორც სიცოცხლისადმი ლტოლვის (ეროსი) სინონიმს.

ოიდიპოსის კომპლექსი - ბავშვისათვის დამახასიათებელი დამოკიდებულება მშობლებისადმი, რომელიც ყალიბდება სექსუალური განვითარების ფალიკურ ფაზაზე (3-4 წ.). ბიჭებში ესაა დედისადმი სიყვარული და ინცესტის სურვილი, ამავე დროს მამისადმი ეჭვიანობა და ზიზღი, ვითარდება მამის, როგორც მოწინააღმდეგის მოშორების სურვილი. როგორც წესი, ოიდიპოსის კომპლექსი პოზიტიურად ახასიათებთ, მაგრამ შესაძლოა განვითარდეს აგრეთვე ნეგატიურიც - სიყვარული მამისადმი და სიძულვილი დედისადმი. ხანდახან, ორივე ფორმა შერწყმულია და მშობლებისადმი აღმოცენდება ამბივალენტური დამოკიდებულება. გოგონებთან ანალოგიური კომპლექსი - მამის სიყვარული და სიძულვილი დედისადმი, ისევე, როგორც შებრუნებული ვარიანტი იწოდება ელექტრას კომპლექსად.

ინცესტი - სექსუალური ურთიერთობა სისხლით ნათესავებთან.

სუბლიმაცია - ენერგიის გადატანა სექსუალური ლტოლვებიდან, პირდაპირი მიზნიდან მიღებულ იქნეს დაკმაყოფილება და გაგრძელდეს შთამომავლობა, არასექსუალური - სოციალური მიზნებისაკენ.

აციონალიზაცია - არის ერთ-ერთი ფსიქოლოგიური დაცვითი მექანიზმი, რაც გამოიხატება საკუთარი არაცნობიერი სურვილების გონიერ (რაციონალურ) ახსნაში. მაგ., ადამიანს შესაძლოა ეშინოდეს ქუჩაში გასვლის, მაგრამ მოიმიზეზოს წვიმა, რის გამოც არ გადის. რეალური მიზეზი ამ შემთხვევაში არის შიში, თუმცა წვიმა შეიძლება მოდიოდეს და ეს ჭეშმარიტი მიზეზიც იყოს.

30 სექსიზმის ცნება. სექსიზმის აქტუალური პრობლემები

▲ზევით დაბრუნება


ლალი სურმანიძე

არსებობს სექსიზმის მრავალნაირი განსაზღვრება, რომლებიც არსებითად არ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. თითოეული ეს ცნება, უბრალოდ, გამოკვეთს ამა თუ იმ მნიშვნელოვან მომენტს. რაც შეეხება სქესის ნიშნით დისკრიმინაციას, იგი არსობრივი და, შესაბამისად, საერთოა თითოეული განსაზღვრებისათვის. მოგვყავს რამდენიმე განმარტება. სექსიზმი არის:

1. ინდივიდუალური მიკერძოებული განწყობები და დისკრიმინაციული ქცევა ამა თუ იმ სქესის წარმომადგენელთა მიმართ.

2. ინსტიტუციონალური პრაქტიკა (ცრურწმენებითაც რომ არ იყოს მოტივირებული), რომელიც იმაში გამოიხატება, რომ ამა თუ იმ სქესის წარმომადგენლებს თავს ახვევენ დაქვემდებარებულ მდგომარეობას.

3. უპირატესობები და მოქმედებები, რომლებიც აშკარად ან შენიღბულად ახდენენ ქალთა და მამაკაცთა დისკრიმინაციას მათი სქესის ან გენდერის საფუძველზე.

4. მამაკაცთა ან ძირითადად ქალთა ანგარიშგაუწევლობა, რომელიც ხორციელდება დაწესებულებებსა და სოციალურ ურთიერთობებში.

სექსიზმის ცნებაში მნიშვნელოვანი ასპექტია სექსისტური განწყობები ან მოქმედებები. ასეთად მიჩნეულია ისეთი განწყობები ან მოქმედებები, რომლებსაც მამაკაცების ან ქალების მიმართ გამოკვეთილად დისკრიმინაციული ხასიათი აქვთ სქესის ფაქტორის საფუძველზე.

ამგვარად, სექსიზმის ცნება უშუალოდ უკავშირდება დისკრიმინაციას სქესის ნიშნის მიხედვით, რომელიც უმრავლეს საზოგადოებაში განიხილება მამაკაცების უპირატესობის აღიარებად ქალების საზიანოდ. მიჩნეულია, რომ სქესის ნიშნით დისკრიმინაცია ინსტიტუციონალიზებულია და შეიძლება გაუტოლდეს რასობრივ დისკრიმინაციას. სქესზე დაყრდნობილი იდეოლოგია ემსახურება დისკრიმინაციული პრაქტიკის განმტკიცებას, მის ლეგიტიმურად ქცევას და ნორმად გარდაქმნას.

ძალზე მნიშვნელოვანია ის ვითარება, რომ სქესობრივი დისკრიმინაცია შეიძლება იყოს როგორც შეუნიღბავი, ისე შენიღბული. სწორედ ეს ხდება ხშირად იმისი მიზეზი, რომ დისკრიმინაციული პრაქტიკის რეგულირებისათვის შემუშავებულ კანონმდებლობას შეზღუდული ეფექტი აქვს.

ქალთა და მამაკაცთა უთანასწორობის პრობლემებზე აქტიური საუბარი ძირითადად XIX საუკუნეში დაიწყო, მაგრამ ეს პრობლემა შესწავლის საგანად იქცა XX საუკუნეში. მის დამუშავებაში განსაკუთრებული როლი ითამაშეს მეცნიერმა ქალებმა. მკვლევართა ამ მცდელობებს მოჰყვა ნაირგვარი ფემინისტური კონცეფციის შექმნა, რომლებშიც განხილულია სექსიზმის უარსებითესი პრობლემები - მისი არსი, წარმომავლობა, ფუნქციონირების მექანიზმები და სხვ. ეს კონცეფციები თანხვდებიან ერთმანეთს ქალთა ჩაგვრის აღიარებისა და მასთან დაპირისპირების აუცილებელობის საკითხში, მაგრამ აზრთა სხვადასხვაობაა სექსიზმის გამომწვევი მიზეზების თაობაზე. უნდა აღინიშნოს, რომ ნაირგვარი კონცეფცია კი არ გამორიცხავს ერთმანეთს, არამედ გამოკვეთს განსხვავებულ მიზეზობრივ ფაქტორებს, რაც, თავის მხრივ, სამოქმედოდ სხვადასხვაგვარი რეკომენდაციის შესაძლებლობას იძლევა. აქ შევეხებით მკვლევართა მიერ წამოწეულ ძირითად საკითხებს.

სხვადასხვა კულტურაში არსებული განწყობებისა და ქცევების მნიშვნელოვანი მრავალფეროვნება ამტკიცებს, რომ გენდერული როლები კულტურის პროდუქტია. სოციალური სქესი უფრო საზოგადოებითაა ფორმირებული, ვიდრე ბიოლოგიურად, თუმცა კი ბიოლოგიას დიდი მნიშვნელობა აქვს. სქესი და პიროვნება სოციალიზაციისა და სოციალური სტრუქტურების უბრალო პროდუქტი კი არაა, არამედ ყალიბდება ქვეცნობიერში არსებული რთული ფსიქოლოგიური პატერნებისა და ემოციური რეაქციების შედეგად.

XX ს-ის სამოციან წლებში გამოსულ ერთ-ერთ პირველ წიგნში „სექსუალური პოლიტიკა“ კეიტ მიდილერი დისკრიმინაციის მიზეზად განიხილავს პატრიარქატს, ანუ მამაკაცების ბატონობას ქალებზე. ამ თვალსაზრისის მიხედვით, პატრიარქატი „ძალაუფლებით შექმნილი ურთიერთობებია“, სადაც ადამიანთა ერთი ჯგუფი (ქალები) მართული და კონტროლირებულია ადამიანთა მეორე ჯგუფით (მამაკაცები). მათ შორის უთანასწორობა კაპიტალიზმამდეც არსებობდა და დღესაც აგრძელებს არსებობას კაპიტალისტურ კულტურებსა და ეკონომიკაში. კაპიტალიზმში ქალის ექსპლუატაცია იმიტომ ხდება, რომ იგი მამაკაცების მიერ შექმნილი წყობაა. პატრიარქალური მიმართებები მოქმედებს, როგორც მათ მიერ შექმნილი კასტური სისტემა.

ფრანგი სოციოლოგი კრისტინ დელფი სქესს განსაზღვრავს, როგორც „კლასს“ თავის თავში. კონფლიქტში მყოფი კლასების მსგავსად, ქალთა სოციალური, ეკონომიური და პოლიტიკური ინტერესებიც, „როგორც კლასისა“, წინააღმდეგობაში იმყოფება მამაკაცთა, „როგორც კლასის“ ინტერესებთან. თუმცა მამაკაცები ერთნაირ ძალაუფლებასა და გავლენას არ ფლობენ (სოციალური ფენისადმი, რასისადმი მიკუთვნებულობის თუ წარმომავლობის მიხედვით), მაგრამ ყველა იზიარებს პატრიარქალურ წარმოდგენებს. საზოგადოებაში მამაკაცთა გაბატონებული მდგომარეობის გამო ყოველი მათგანი იგებს რაღაცას და პრივილეგირებულია განსაკუთრებით იმ საზოგადოებაში, სადაც მამრობითი სქესისადმი მიკუთვნებულობა განსაკუთრებით ფასობს. ქალთან მიმართებაში ისინი სოლიდარულები არიან და ხელს უწყობენ მამაკაცთა ინტერესებს ქალთა ინტერესების ხარჯზე მაშინაც კი, როცა ქალი მის სოციალურ ფენას ან რასას ეკუთვნის. მაგალითად, მამაკაცთა პროფკავშირების, სამუშაოთა მიმცემების და საერთოდ, მამაკაცური ხელისუფლების ურთიერთშეთანხმების საფუძველზე სამარადისო ნაპრალი ქალთა და მამაკაცთა ანაზღაურებას შორის ნარჩუნდება.

აქვე აღნიშნავენ იმასაც, რომ ზოგიერთ ქალს (მაგალითად, საშუალო კლასის წარმომადგენელს ან თეთრკანიანს) უფრო იოლად შეუძლია ეკონომიკურ რესურსებში თუ საზოგადოებრივი ძალაუფლების სტრუქტურებში შეღწევა, ვიდრე მამაკაცთა გარკვეულ კატეგორიას. მაგრამ კვლავინდებურად რეალობად რჩება ქალთა მატერიალური მდგომარეობის მიბმულობა მამაკაცების მხრიდან მათდამი დამოკიდებულებაზე, ქორწინებაში მათ „დამჯერ“ და „კარგ ქცევაზე“ და „ტრადიციულად“ ქალური საქმიანობის შემსრულებლობაზე. სამსახურში წინსვლა და კარგად ანაზღაურებადი სამუშაოს მოპოვებაც ძირითადად მამაკაცურ ადმინისტრაციაზეა დამოკიდებული.

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქალის მიმართ ძალადობას. სექსიზმის მკვლევრები აღნიშნავენ, რომ ყველა ჯურის ქალი ერთნაირ მდგომარეობაშია, როცა საქმე ეხება ძალადობას შინ, ან ფიზიკურ თავდასხმას. რადიკალური ფემინიზმის კონცეფცია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ უთანასწორობა ქალთა და მამაკაცთა შორის იწყება არა დიდ საზოგადოებაში, არამედ ახლო პირად ურთიერთობებში, სექსუალურ პარტნიორობაში, ოჯახებში და საოჯახო მეურნეობაში. ეს პირადი ურთიერთობები „პოლიტიკური“ ურთიერთობებიცაა, რადგანაც სქესისადმი მიკუთვნებულობით განპირობებულ ძალაუფლებას ეყრდნობა. კულტურის, მართვისა და ორგანიზაციის ყველა სფეროში ამგვარი უთანაბრობის აღიარება-მიღება და გაძლიერება უფრო ღია საზოგადოებებშიც ხდება. რელიგია, სამართალი, ტრადიციები, განათლება, მასმედიის საშუალებები - ყველაფერი პატრიარქალური მიმართებების, იდეებისა და ძალაუფლების ასახვაა, რომლებიც თავიდან ერთეულ ქალზე ერთეული მამაკაცის ბატონობიდან აღმოცენდება, რის პროეცირებაც შემდგომ უფრო ღია საზოგადოებაზე ხდება. თუმცა კი ზოგჯერ ძალაუფლება ქალთა ინტერესებსაც ასახავს; მაგრამ ისინი, ვისაც პატრიარქალური მიმართებები ხელს აძლევს, პრივილეგიებზე უომრად ძნელად ამბობენ უარს, განსაკუთრებით კი ოჯახში, პირად და საზოგადოებრივ ურთიერთობებში.

გენდერული უთანასწორობის პრობლემების განხილვისას დიდი ყურადღება ეთმობა სექსუალობის მნიშვნელობისა და ძალადობის გამოყენების საკითხებს. იგივე რადიკალური ფემინიზმის თვალთახედვით, ქალთა სექსუალობის პატრიარქალური განსაზღვრებები გამოიყენება მათ სამართავად და მამაკაცთა „საკუთრებაში“ მათ შესანარჩუნებლად. ქალებისგან ელოდებიან მამაკაცისთვის „მისაწვდომობას“, მათ კუთვნილებაში ყოფნის დაუძლეველ სურვილს, მამაკაცთა სექსუალური მოთხოვნილებების ანგარიშგაწევას, სექსუალურ მომხიბვლელობაზე მამაკაცთა წარმოდგენების შესაბამისად ჩაცმასა და ქცევას. მიუხედავად კულტურული განსხვავებულობისა, მამაკაცის გემოვნების მიხედვით ქალის სექსუალობის განსაზღვრის პრინციპი თითქმის უნივერსალურია.

კულტურების მიხედვით განსხვავდება აგრეთვე ქალთა მიმართ ძალადობისა და სექსუალური აგრესიის ფორმებიც, მაგრამ უნივერსალურია მისი გავრცელებულობა - იგი ყველგან ჩვეულებრივი მოვლენაა. ქალის მიმართ აგრესია მამაკაცის ბატონობის დაუფარავი ასახვაა - ასე გამოწვეული შიშის მეშვეობით ქალს „ადგილზე სვამენ“ მაშინ, როცა ყველა სხვა მეთოდი (ეკონომიკური მიჯაჭვულობა, „აზრზე მოყვანა“) არაეფექტურია; ქალი აშკარა ბუნტსაც რომ არ აწყობდეს, პატრიარქალური თუ ჰეტეროსექსუალური ურთიერთობებისგან თავის დაღწევას რომც არ ცდილობდეს, მაინც არსებობს მამაკაცის მხრიდან ძალადობის ან სექსუალური შეურაცხყოფის მუქარაც და ალბათობაც - ეს ამ ურთიერთობათა ტიპური მახასიათებელია. პატრიარქალურ ურთიერთობებზე აწყობილ საზოგადოებებში ქალი, როგორც წესი, სისტემატური დისკრიმინაციის ობიექტია სოციალური ცხოვრების ყველა - კერძო თუ საჯარო სფეროში.

უნდა აღინიშნოს, რომ ჩაგვრის ფორმები ყოველთვის უშუალოდ მამაკაცთა ბატონობას არ უკავშირდება (რაც, სხვათა შორის, მოგვიანებით რადიკალური ფემინიზმის წარმომადგენლებმაც აღიარეს). ჩაგვრის მრავალგვარი ფორმა განპირობებულია საზოგადოებასა და სქესთა ურთიერთობებში არსებული რთული და ხშირად წინააღმდეგობრივი მიმართებებით. მრავალი მკვლევარი მიესალმება ცალკეული მიღებული ქცევებისა და პრივილეგიების წინააღმდეგ მამაკაცის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ქალთა ჩაგვრისა და უთანასწორობის მიზეზად, უპირველეს ყოვლისა, მამაკაცთა ძალაუფლებასა და მათ კონსოლიდაციას მიიჩნევენ.

ამ ძირითად მოსაზრებებზე დაყრდნობით დაიწყო ქალთა დისკრიმინაციაზე წარმოდგენების უფრო საფუძვლიანი დამუშავება. ფერადკანიანმა მკვლევრებმა განსაკუთრებით წამოსწიეს წინ კულტურული სპეციფიკის პრობლემები და, აქედან გამომდინარე, დასვეს კულტურათა მიხედვით ქალთა დისკრიმინაციის მრავალგვარი გამოვლინების მნიშვნელობის საკითხი განსხვავებით მათი თეთრკანიანი კოლეგებისგან, რომლებიც აქცენტს პატრიარქალურ მიმართებებზე აკეთებდნენ. ამ მიმართულების (ე.წ. „შავი ფემინიზმი“) თანახმად, დასავლური თეორიები ეთნოცენტრისტულია; ისინი გაზვიადებულად განაზოგადებენ საკუთარ კულტურულ თუ სუბიექტურ გამოცდილებას იმ ვარაუდით, რომ იგი უნივერსალური და მსოფლიოს ყველა ქალისთვის აქტუალურია. ოდრი ლორდის აზრით, „ქალთა ჩაგვრამ არ იცის არც ეროვნული, არც რასობრივი საზღვრები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იგი ერთნაირია ყველგან. ასევე არ არსებობს საზღვრები ჩვენი უძველესი ცრურწმენებისთვისაც, რადგან დური ურთიერთობების მიღმა კვლავინდებურად რასიზმია“. რასიზმის პრობლემები იარსებებს მანამ, სანამ რასიზმი ფესვგადგმულია ძალაუფლების ინსტიტუტებში.

სოციალური განსხვავებების კუთხით „შავებმა“ პირველად აჩვენეს, როგორ იკვეთება სხვადასხვა სახის დისკრიმინაციით გამოწვეული უთანასწორობის მრავალგვარი ფორმა. სწორედ მათ გაუსვეს ხაზი კულტურულ მომენტს, კერძოდ იმას, რომ განსხვავებები მამაკაცებსა და ქალებს შორის განპირობებულია არა მხოლოდ მათ შორის ბიოლოგიური განსხვავებებით, არამედ ქალთა და მამაკაცთა ქცევების შესახებ განსხვავებული კულტურული წარმოდგენებით.

ლიბერალური ფემინისტი ენ უოკლი მიიჩნევს, რომ რადგან სქესობრივი როლები თანდაყოლილი არაა და სოციალიზაციის შედეგია, პრაქტიკულ საქმიანობასა და საზოგადოების ცხოვრებაში ქალთა აქტიური ჩართულობის შესაბამისად შესაძლებელია მათი შეცვლაც და მოდიფიცირებაც.

XX ს-ის 70-80-იან წლებში ფემინისტები (განსაკუთრებით მარქსისტი და სოციალ-ფემინისტები) აქტიურად მუშაობდნენ ქალთა ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაზე და განსაკუთრებით ამახვილებდნენ ყურადღებას ანაზღაურებაზე, აგრეთვე საშინაო (საოჯახო) და ბავშვების მოვლასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე. მათმა მცდელობებმა ის შედეგი გამოიღო, რომ სექსიზმის ზოგიერთი ძალზე აშკარა და უშუალო ფაქტი კრიტიკისა და საყოველთაო საზოგადოებრივი შესწავლის საგანი გახდა.

განსაკუთრებული აღმავლობით ხასიათდება 70-80-იანი წლები, როცა სექსიზმის პრობლემათა შესწავლა დაიწყეს მეცნიერული ემპირიული კვლევებით. კვლევაში ჩაებნენ სოციოლოგები, ფსიქოლოგები და ანთროპოლოგები. ამ მიმართულების სათავეშივე გაჩნდა მნიშვნელოვანი პრობლემები, რომლებიც ეხებოდა: 1. საკვლევ პრობლემათა პრიორიტეტულობას და 2. მიღებულ მონაცემთა ინტერპრეტაციის სიძნელეებს. მაგალითად, 70-იან წლებში ბევრ თეორეტიკოსს აწუხებდა გენდერული განსხვავებულობის სფეროში გამოვლენილი ფაქტების ინტერპრეტაციისას იმის შესაძლებლობა, რომ მოხდება სტერეოტიპების გამარტივება, რაც წარმოშობს სერიოზულ პრობლემებს: ერთი მხრივ, სტერეოტიპთა შენარჩუნება არსებული მასკულინური საზოგადოების ინტერესებშია - სტერეოტიპები ცვლილებას ან კორექციას ძალზე ხშირად სწორედ იმიტომ არ ექვემდებარებიან, რომ ისინი სოციალური სოლიდარობის განცდის საფუძველს წარმოადგენენ; მეორე მხრივ, არსებობს საფრთხე, რომ გენდერული განსხვავებების გადაჭარბებული ხაზგასმა გადაიქცეს „ქალების საწინააღმდეგო იარაღად“. გამოკვლევის დროს ძირითადად ყურადღებას იმ ჯგუფს უთმობენ, რომელსაც სტანდარტისგან გადახრად მიიჩნევენ, სტანდარტად კი, ჩვეულებრივ, მამაკაცთა ქცევას და წარმოდგენებს ღებულობენ, ე.ი. მათ შეადარებენ და მიიღებენ „განსხვავებულს“; აქედან კი ერთი ნაბიჯია „გადახრამდე“ და ბოლოს - „ნაკლამდე“.

80-იან წლებში მკვლევრებმა, რომლებიც მანამდე „სქესთა თანასწორობის შესახებ წარმოდგენების გაღრმავებას“ გაბერილი სტერეოტიპების უკუგდებით და მსგავსების მომენტების წინ წამოწევით ცდილობდნენ, აქცენტი გენდერულ განსხვავებულობაზე გადაიტანეს, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე „არსებითი, უზოგადესი“ ქცევითი მოდელები.

ბოლო პერიოდში დიდ ინტერესს იჩენენ ქალთა და მამაკაცთა სასიცოცხლო შანსებს შორის განსხვავების მიმართ. სწავლობენ გენდერულ თანაფარდობას საქმიანობის სხვადასხვა სფეროში და დისბალანსის გამომწვევ მიზეზებს.

გამოკვეთილი სქესობრივი დაყოფა ვლინდება იმ საქმიანობათა სახეობებშიც, რომლითაც დაკავებული არიან ქალები და მამაკაცები. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში სამუშაო ძალის თითქმის 2/3 10 პროფესიაზე მოდის მაშინ, როცა მამაკაცთა სამუშაო ძალა უფრო თანაბრადაა განაწილებული. ამასთან, ქალები, როგორც წესი, პროფესიულ იერარქიაში უფრო დაბლა იმყოფებიან. მაგალითად, კანტორის მოსამსახურეთა დაახლოებით 3/4 ქალებია, უფრო მაღალი დონის პროფესიონალთა შორის კი ქალთა და მამაკაცთა თანაფარდობა არის 1:11; ქალებს უფრო დაბალი პოზიციები უჭირავთ ცალკეულ პროფესიულ ჯგუფებშიც: მაგალითად, თუ 70-იანი წლების შუა ხანებში რიგითი მასწავლებლების 90%25-ს ქალები შეადგენდნენ, ¾ „უფროს მასწავლებელთა“ შორის მათი რაოდენობა მხოლოდ 57%25 იყო. ბუნებრივია, რომ ქალთა დამცრობილი მდგომარეობა მათ ხელფასზეც აისახება. 1978 წ. იგივე ბრიტანეთში კვირის შემოსავლის მიხედვით ქალები ღებულობდნენ მამაკაცთა საშუალო კვირის შემოსავლის 70%25-ს სახელმწიფო სექტორში და მხოლოდ 58%25-ს - კერძო სექტორში. 80-იან წლებში ეს სხვაობა შემცირდა.

შრომის სქესობრივი დანაწილება გამოწვეულია გარკვეული მიზეზებით. ჩამოვთვლით რამდენიმეს:

1. განსხვავებები განათლების მიღების შესაძლებლობებში. რაც უფრო მაღალია განათლების დონე, მით უფრო ნაკლებია ამ დონეზე წარმოდგენილი ქალების რივხვი. ამ სფეროში სქესური დისბალანსის ერთ-ერთ ცნობილ თავისებურებად მიიჩნევა ის, რომ ქალები მიდრეკილი არიან აირჩიონ განათლების სახე თავიანთი ინტერესების შესაბამისად დისციპლინათა შეზღუდული წრის ფარგლებში, ამასთან, თავს არიდებენ ზუსტ მეცნიერებებსა და ტექნიკურ დისციპლინებს. შემდგომში მათი ასეთი არჩევანი თავს იჩენს ქალისთვის მისაწვდომი კარიერის ტიპში.

2. არაკეთილისმყოფელი პროფესიონალური სიტუაცია დაკავშირებულია ოჯახში ქალის რეალურ ან პოტენციურ როლთანაც, რამდენადაც საოჯახო საქმიანობის ძირითადი ტვირთი მის მხრებზეა.

3. შემკვეთებიც და მომუშავე მამაკაცებიც იმ აზრს იზიარებენ, რომ „ქალის ადგილი სახლშია“.

4. თვით ქალთა სოციალიზაცია ხდება მათივე საკუთარი სტერეოტიპის შესაბამისად, რომლის თანახმადაც ქალებს ოჯახის დიასახლისობა უფრო შეშვენით, ვიდრე სამსახურში მამაკაცთან თანასწორობისკენ სწრაფვა.

ბევრი მოვლენის მსგავსად, სექსუალური უთანასწორობა წარმოადგენს საზოგადოებრივი მოწყობის უფრო ფართო სისტემის ნაწილს, ამიტომ სექსიზმის შესაცვლელად ამ სისტემის ცვლილებაა საჭირო.

თანამედროვე ეტაპი ხასიათდება სექსიზმის შესუსტების ტენდენციით. ამ ვითარებას დიდად შეუწყო ხელი (განსაკუთრებით დასავლურ სამყაროში) ქალთა მოძრაობამ მათ სამუშაოზე მიღებასა და ანაზღაურებასთან დაკავშირებით. დღეს ქალები უფრო აქტიურად არიან ჩართული კონკურენციაში. სექსუალურ როლთა სტერეოტიპები ნაკლებად მყარი გახდა, სხვათა შორის, იმ გამოკვლევათა წყალობითაც, რომლებმაც გამოავლინა, რომ ყველა ადამიანს ახასიათებს მამრულ და მდედრულ თვისებათა შერწყმა. საგრძნობია ცვლილებები ენობრივ კლიშეებშიც. ამის მიუხედავად, გენდერის სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ „ენაში ზოგიერთი ცვლილება და განათლებასა და სასწავლო პროგრამებში დადებითი შესწორებების მცირერიცხოვანი ფაქტი, კიდევ საკითხავია, მიგვიყვანს თუ არა დაკანონებული უთანასწორობის საზოგადოების გაქრობამდე, სადაც მამაკაცთა ძალაუფლება (გავლენის მონოპოლიზირებისა და რესურსებზე კონტროლის უფლების მქონე) ჯიუტად ეწინააღმდეგება ყველაფერს, რაც სცილდება ზერელე - ზედაპირული ცვლილებების ჩარჩოს“.

განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სკოლებში სექსისტური ტენდენციების წინააღმდეგ ბრძოლას. შემეცნებითი ინფორმაციის მიწოდება-სწავლების გარდა სკოლები ემსახურება იმასაც, რომ შესაბამისი გარემოს მეშვეობით აღიარონ, გააძლიერონ და დაიცვან გაბატონებული ღირებულებები, ის წახალისება-დასჯები და პოზიციები, რომლებსაც ეყრდნობა ურთიერთობები. ყველამ იცის, რომ სკოლები ხელს უწყობს სოციალურ კონტროლს, მაგრამ არც კი უშვებენ, რომ ბავშვები მორალურ ღირებულებებსა და სქესურ როლებს ისევე ითვისებენ, როგორც სასწავლო საგნებს - ბავშვთა დაყოფა სქესის მიხედვით სხვადასხვა საქმიანობის შესასწავლად, ან მათ მიმართ განსხვავებული მოთხოვნები მიჩნეულია შენიღბულ მომზადებად ზრდასრულ ასაკში სქესური როლების შესასრულებლად.

გენდერის სპეციალისტთა აზრით, ტრადიციულ იდეებზე ზემოქმედება შესაძლებელია „შიგნიდან საზოგადოების შეცვლის საშუალებებითაც“, რაც ხელს შეუწყობს საზოგადოებრივ საქმიანობაში ქალთა რაოდენობის გაზრდას და მისცემს მათ გავლენიანი საზოგადოებრივი პოზიციების დაკავების შესაძლებლობას. ასეთ საშუალებებად მიჩნეულია:

1. ბავშვის აღზრდის მეთოდები, განათლება, მასმედიის საშუალებების „ფემინიზირებისკენ“ სწრაფვა.

2. მთავრობაზე წნეხი იმ მიზნით, რომ მიიღონ ისეთი კანონმდებლობა, რომელიც უკანონოდ აღიარებს სქესობრივ დისკრიმინაციას.

3. სკოლებსა და სხვა სამუშაო ადგილებში თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკის დაცვა და ისეთი საკანონმდებლო სტრუქტურის შემუშავების მოთხოვნა, რომელიც არ დაუშვებდა ქალთა ჩაგვრასა და შეურაცხყოფას;

4. ქალთა საზოგადოებრივი სტატუსის ამაღლება და იმ ბარიერთა აღიარება, რომლებიც ხელს უშლის ქალს ზოგიერთი პროფესიის შეძენასა და ტრადიციულად მამაკაცური საქმიანობის შესრულებაში.

ქალის სტატუსის მნიშვნელოვანი გაუმჯობესების მიუხედავად, არსებობს წინააღმდეგობის მრავალგვარი წყაროც. ეს წინააღმდეგობა, პირველ რიგში, დაკავშირებულია ქალთა აქტიურ დისკრიმინაციასთან იმ მამაკაცთა მხრიდან, ვინც ცდილობს თავისი პრივილეგიების, ძალაუფლებისა და სიმდიდრის შენარჩუნებას. მეორეც, მამაკაცთა და ქალთა შორის უთანასწორობა ღრმადაა ფესვგადგმული მრავალ სოციალურ სტრუქტურაში.

თანამედროვე ეტაპზე სექსიზმის დასაძლევად შემდეგი გზები მიაჩნიათ:

სოციალიზაციის იმ ნიმუშთა ცვლილება, რომლებიც ქალებს თავიანთი დაქვემდებარებული მდგომარეობის შეგუებისადმი განაწყობენ.

მამებისა და ქმრების დამოკიდებულების შეცვლა ოჯახური მოვალეობებისადმი და ბავშვის აღზრდაში მათი მონაწილეობის გაძლიერება.

სასწავლებელთა მუშაობაში ისეთი გრაფიკების დამკვიდრება, რომლებიც ქალს სწავლისა და გადაუდებელი საოჯახო საქმიანობის ურთიერთშეთავსების შესაძლებლობას მისცემს.

იმ კანონთა და დადგენილებათა გაუქმება, რომლებიც პირდაპირ თუ მოვლით უშვებენ ქალთა დისკრიმინაციას.

მამაკაცთა და ქალთა სტატუსი საზოგადოებაში მუდმივად იცვლება და მოსალოდნელია, რომ ეს ტენდენცია შენარჩუნდება - მას განსაზღვრავს ეკონომიკურ, საკანონმდებლო და ყოფით დონეზე ცვლილებათა აუცილებლობა. იზრდება იმ მამაკაცთა რიცხვიც, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებენ სექსუალური როლების დიფერენციაციის არსებულ პრინციპებს. ღირებულებათა ასეთი გადაფასება თანამედროვე ეტაპზე ღრმა აზრს იძენს.

31 სქესობრივი და გენდერული ძალადობა შეიარაღებული კონფლიქტების დროს

▲ზევით დაბრუნება


თამარ თომაშვილი

რა არის სქესობრივი და გენდერული ძალადობა

დღესდღეობით, ნაკლებად ლაპარაკობენ იმ სქესობრივი ხასიათის ძალადობაზე, რომელსაც ადგილი აქვს შეიარაღებული კონფლიქტების დროს; რა იგულისხმება ამ ფრაზაში? საუბარია ისეთ დანაშაულებზე როგორიც არის გაუპატიურება, იძულებითი ორსულობა, სქესობრივი მონობა (სქესობრივ მორჩილებაში ყოლა), პროსტიტუციის იძულება, იძულებითი სტერილიზაცია და სხვა სახის სქესობრივი ძალადობა.

სქესობრივი და გენდერული ძალადობის ფაქტები კაცობრიობის ისტორიის განუყოფელი ნაწილია. თითქმის ყოველ ომს, დარბევასა და არეულობას თან სდევდა ქალთა მასობრვი გაუპატიურების ფაქტები. ჯერ კიდევ უძველეს ხანაში ბერძნები გაუპატიურების ფაქტს ომიანობის ერთ-ერთ ატრიბუტად მიიჩნევდნენ. ავიღოთ თუნდაც ტროას ომი, რომელიც მშვენიერი ელენეს გამო დაიწყო და ათი წელი გაგრძელდა. ტროას აღებას, თან მოჰყვა მოსახლეობის დარბევა და ქალების გაუპატიურება. საბინელი ქალების გაუპატიურების ეპიზოდი კი რომის დაარსების ერთ-ერთ წინაპირობად მიიჩნევა.

საუკუნეთა მანძილზე ომის კანონები იცვლებოდა. მასთან ერთად შეიცვალა ქალის მიმართ დამოკიდებულებაც და დროთა განმავლობაში ომიანობისას გაუპატიურების ფაქტი დანაშაულად იქნა აღიარებული. ჯერ კიდევ ახალი წელთაღრიცხვით 546 წელს რომის დამორჩილებისას გამოჩენილმა სარდალმა ტორტილამ ბრძანება გასცა, რომლის თანახმადაც მეომრებს სასტიკად ეკრძალებოდათ რომაელი ქალების გაუპატიურება. მოგვიანებით, 1385 წელს ინგლისის მეფემ რიჩარდ მეორემ ომის კანონებში აღნიშნა, რომ „ყოველი ჯარისკაცი, რომელიც ძალას იხმარდა ქალის მიმართ, სიკვდილით დაისჯებოდა.” მიუხედავად ამისა, საუკუნეების მანძილზე ძალადობისა და გაუპატიურების ფაქტები თან ახლდა ყოველ ომსა და შეიარაღებულ კონფლიტს. გამონაკლისს არც პირველი და მეორე მსოფლიო ომები წარმოადგენდა.

სამართლებრივი ასპექტები

90-იან წლებამდე ომის დროს სქესობრივი ძალადობა, მცირეოდენი გამონაკლისების გარდა, მეტწილად დაუნახავი იყო. როგორც წესი, მსგავსი ხასიათის ფაქტები პირად საქმედ მიიჩნეოდა, უარეს შემთხვევაში კი - ომის გარდაუვალ შედეგად: იმ აუცილებელ ჯილდოდ, რომელიც მებრძოლ მამაკაცებს უნდა მიეღოთ. ამერიკის სამოქალაქო ომის დროს მიღებულ იქნა ლიბერის კოდექსი, რომელიც გაერთიანების არმიის საქმიანობას არეგულირებდა. იმ დროს ლიბერის კოდექსის თანახმად გაუპატიურება ყველაზე მძიმე დანაშაულს წარმოადგენდა. მას შემდეგ ჰააგის 1907წ. კონვენციასა და ჟენევის კონვენციებში გაუპატიურება დახასიათებულ იქნა როგორც დანაშაული „ოჯახის ღირსებისა და უფლების წინააღმდეგ” ან „პირადი ღირსების წინააღმდეგ მიმართული საზარელი ქმედება”. ჟენევის მეოთხე კონვენციის თანახმად გაუპატიურება წარმოადგენს ქალის ღირსების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს. მიუხედავად ზემოაღნიშნული ხელშეკრულებებისა, გაუპატიურება არ მიიჩნეოდა ძალადობის სახედ და არც იმ მძიმე დანაშაულთა სიაში მოხვდა, რომელთაგანაც კაცობრიობის დაცვა საერთაშორისო საზოგადოების საზრუნავი უნდა ყოფილიყო. 1977 წელს გამოიცა ჟენევის ორი დამატებითი ოქმი, სადაც საუბარია „გაუპატიურების, იძულებით პროსტიტუციასა და სხვა სახის აკრძალულ შეურაცხყოფაზე“ და ისინი შეფასებულია როგორც „შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი მოპყრობის“ სახეები. მსგავსი ხასიათის ახსნა-განმარტება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ ფაქტს, რომ დანაშაული მიმართულია მამაკაცის, ერის ან ეთნიკური ჯგუფის ღირსების წინააღმდეგ. მსხვერპლი ქალები კი უმეტეს შემთხვევაში წარმოადგენენ შეურაცხყოფის ობიექტს, სხვათა საკუთრებას, რომელსაც შესაძლებელია მართლაც სჭირდება დაცვა, მაგრამ თავად ისინი - ქალები არ წარმოადგენენ უფლებათა სუბიექტს.

ამ იდეის უკეთ წარმოსაჩენად განვიხილოთ ორი მაგალითი. პირველ შემთხვევას ადგილი ჰქონდა 50 წელზე მეტი ხნის წინ, ხოლო მეორე შემთხვევა ამ ცოტა ხნის წინ განვითარდა.

მეორე მსოფლიო ომი და მისი შედეგები

ფაშიზმის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს დამახასიათებელ თვისებას წარმოადგენდა გარკვეული ფასეულობების გაბუქება (არიული რასის იდეა) და საზოგადოებაში მამრობითი სქესის წარმომადგენლების უპირატესობის დამკვიდრება. ჯერ კიდევ ნიცშემ გამოთქვა მოსაზრება, რომლის თანახმად „მამაკაცები ომისათვის უნდა გაიწვრთნან, ქალთა მოვალეობა კი მეომართა გამრავლება და აღზრდაა“. გასაკვირი არ არის ის ფაქტი, რომ „გაუპატიურების იდეოლოგია“ მშვენივრად შეერწყა ჰიტლერის სამომავლო გეგმებს. განსაკუთრებულ დამცირებასა და ჩაგვრას განიცდიდნენ ებრაელი ქალები. პირველი მასობრივი გაუპატიურების ფაქტები სპონტანურ ხასიათს ატარებდნენ. მაგალითად, 1938 წლის 9 ნოემბერს ქალაქ მიუნხენში ადგილი ჰქონდა ებრაელების დარბევასა და ებრაელი ქალების მასობრივი გაუპატიურების ფაქტს. ამ ღამეს ისტორიკოსები „გაწმენდის ღამედ“ (Kristallnacht) მოიხსენიებენ. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მოკავშირე ბანაკის ჯარისკაცები მსგავსი ხასიათის საქციელისაგან შორს იდგნენ. ბერლინის დაცემასთან ერთად, ქალაქში დაიწყო მასობრივი გაუპატიურებისა და სქესობრივი ძალადობის ფაქტები, რომლებშიც მონაწილეობდნენ რუსი ჯარისკაცები. ამავე დროს, ევროპისაგან სრულიად მოშორებით, აღმოსავლეთ აზიაში, ომის მეორე ფრონტზე იაპონია ნაცისტების მსგავს თეორიას იყენებდა საკუთარი უპირატესობის დასამტკიცებლად. ამ თეორიის თანახმად „ამომავალი მზის - მიწის“ შვილები უმაღლესი რასის წარმომადგენლები იყვნენ და მათ უნდა დამორჩილებოდა ყველა სხვა „მდაბიო ერი“, რომელშიც მოიაზრებოდნენ ჩინელები, ინდონეზიელები და ა.შ.

მეორე მსოფლიო ომს მოჰყვა ისეთი უნივერსალური ორგანიზაციის შექმნა, როგორიცაა გაერთიანებული ერების ორგანიზაცია. შეიქმნა ნიურნბერგისა და ტოკიოს სამხედრო ტრიბუნალები, რომელთაც დაევალათ მეორე მსოფლიო ომის დროს ჩადენილი დანაშაულების გამოძიება და დამნაშავეთა გასამართლება.

ნიურნბერგის ტრიბუნალი 1945 წელს შეიქმნა და მიზნად ისახავდა ევროპაში ჩადენილი ომის დანაშაულებისა და ადამიანობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების გამოძიებას. სამწუხაროდ, ტრიბუნალზე არც ერთხელ არ ითქვა ხმამაღლა იმ მასობრივი გაუპატიურებისა და სქესობრივი ძალადობის ფაქტების შესახებ, რომლებიც ასე მრავლად იყო.

სექსუალური მონობა: კომფორტის ქალები (Comfort Women)

მეორე მაგალითი შეეხება მეორე მსოფლიო ომის დროს აღმოსავლეთ აზიაში მომხდარ შემთხვევას: ტოკიოს ტრიბუნალმა იგნორირება გაუკეთა იმ 200 000-ზე მეტი ახალგაზრდა ქალის ბედს, რომლებიც სექსუალურ მონობაში იმყოფებოდნენ. ეგრეთ წოდებული კომფორტის ქალები იძულებულნი იყვნენ საჯარისო ნაწილებს გაჰყოლოდნენ ომში და მრავალჯერადი გაუპატიურების მსხვერპლი გამხდარიყვნენ. ზოგჯერ მსხვერპლს დღეში ორმოცჯერ აუპატიურებდნენ, მათი მცირე ნაწილი იაპონელ სამხედროებს მონების მსგავსად შინ მიჰყავდათ და სექსუალური ურთიერთობის გარდა საოჯახო საქმესაც აიძულებდნენ. ამ ფაქტების გამოაშკარავება XX საუკუნის 90-იან წლებში დაიწყო, როდესაც მსხვერპლმა ქალებმა სიმართლის თქმა გადაწყვიტეს.

დღემდე გაუგებარია თუ რატომ სდუმდა საერთაშორისო საზოგადოება ამ უპრეცენდენტო შემთხვევის შესახებ, რომელმაც ათასობით ქალის სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეიწირა. ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასარკვევი იმდროინდელი ბნელი საქმეების შესახებ და მემატიანეებს ბევრი რამ აქვთ გასაკეთებელი. მრავალი ჯარისკაცი, რომელიც მოკავშირეთა მხარეს ომობდა, მოიხსენიებდა იმ შეშინებულ ქალებს, რომლებიც სხვადასხვა კუნძულებზე იმალებოდნენ იაპონიის მიდამოებში. მრავალი მათგანი ფსიქიკურად შეშლილი გახლდათ, მრავალიც მასობრივი გაუპატიურების შედეგად დაორსულდა და თავს აფარებდა ტყეებს, რათა მომდევნო ჯარისკაცის მსხვერპლი არ გამხდარიყო. არც თუ ისე დიდი ხნის წინ ავსტრალიის სამხედრო არქივების გამოძიების შედეგად ქალთა საერთაშორისო ორგანიზაციებმა აღმოაჩინეს დოკუმენტები, რომელთა თანახმადაც მოკავშირეთა ბანაკმა იცოდა მსგავს სექსუალურ მონობაში მყოფი ქალების არსებობის შესახებ, რომლებიც საკუთარი ნების გარეშე არაერთჯერადი სქესობრივი ძალადობის მსხვერპლი იყვნენ. ჩატარდა იაპონელი ტყვეების, ამერიკელი ჯარისკაცებისა და მსხვერპლი ქალების სპეციალური გამოკითხვა. ეს ინფორმაცია შემდგომში დოკუმენტირებულ იქნა. თავად იაპონიის ისტორიულ არქივებში აღმოჩენილ იქნა დოკუმენტები კომფორტის ქალების შესახებ, რომელთა თანახმადაც კომფორტის ქალების სისტემის ამოქმედება იაპონიის ჯარში დაიწყო 1932 წელს და კულმინაციას მიაღწია მეორე მსოფლიო ომის დროს. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ამ სისტემის გაკონტროლება ხდებოდა უმაღლესი ხელისუფლების თანხმობის საფუძველზე.

კომფორტის ქალების შექმნა დაკავშირებული იყო ოთხი სამხედრო მოთხოვნის დაკმაყოფილებასთან: ჯარისკაცთა სექსუალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, რათა მათ განეგრძოთ თავიანთი სამხედრო სამსახური; დაპყრობილი მოსახლეობის წევრების გაუპატიურებისა და მათი ანტაგონისტური დამოკიდებულების თავიდან აცილება; სამხედრო ნაწილებს შორის სქესობრივი კავშირით გადამდები დაავადებების ფაქტების მინიმიზაცია; მასობრივი გაუპატიურების ფაქტებზე საერთაშორისო საზოგადოების გამოხმაურების თავიდან აცილება, როგორც ეს მოხდა ნანკინგში მომხდარი მასობრივი გაუპატიურების დროს. ერთი სიტყვით, ქალი აღიქმებოდა ომის დროს მოგებულ „ნადავლად“.

შესაძლებელია სწორედ ამ მოსაზრების გამო ქალთა მასობრივი გაუპატიურების ფაქტი არასოდეს არ გასამართლებულა ტოკიოს ტრიბუნალზე. იმდროინდელი საზოგადოების აზრით არსებობდა ეგრეთ წოდებული „კომფორტის შენობები“ და არა გაუპატიურების ბანაკები, მეძავი ქალები და არა სექსუალური მონები, ამორალურობა და არა მსხვერპლი ქალები.

ნებით ამ პრობლემის იგნორირება, სექსუალური მონობისათვის დამნაშავეთა პასუხისმგებლობაში მიცემა უშუალოდაა დაკავშირებული პატრიარქალურ კულტურაში სექსუალური ძალადობის პრივატიზაციასთან. მასმედია და სამართალდამცავები დუმდნენ გაუპატიურების ფაქტებზე, რომელიც ომის იარაღად გამოიყენებოდა, სანამ არ გამოაშკარავდა ეთნიკური წმენდის მიზნით ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიაზე განხორციელებული მასობრივი გაუპატიურების ფაქტები. საბედნიეროდ გაუპატიურების ფაქტები აღარ ითვლება პირად საქმედ, არამედ საზოგადოებრივი და პოლიტიკური საკითხია. გაუპატიურების ფაქტმა მიიპყრო საზოგადოების ყურადღება, რადგანაც იგი გენოციდისა და ეთნიკური წმენდის სახეს უფრო წარმოადგენდა, ვიდრე უშუალოდ ქალის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს. ეჭვს გარეშეა, რომ გაუპატიურების ომის დანაშაულად აღიარებამ შეცვალა მისდამი საზოგადოების მიდგომა. თუმცა, აქაც ბლომად არის მინუსები, გაუპატიურების ამ სახით აღქმამ სხვანაირი დახასიათება მისცა ქალის როგორც „ომის ნადავლის“ საგნად განსაზღვრებას.

გაუპატიურება და გენოციდი რუანდაში: დაუნახაობა და ისტორიის გამეორება

სქესობრივი ძალადობის დანაშაულების დაუსჯელობა მხოლოდ გასული წლების პრობლემატიკა როდია. გენოციდისა და სხვა მძიმე დანაშაულთა ფაქტებმა იმრავლა რუანდაშიც, და ეს მაშინ, როდესაც იუგოსლავიაში მიმდინარე პროცესები საერთაშორისო საზოგადოების საზრუნავი გახდა. იმ დროისათვის იუგოსლავიის ტრიბუნალის წესდებამ აღიარა, რომ გაუპატიურება წარმოადგენს კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს. მიუხედავად ამ ფაქტისა, მასმედია და დამკვირვებლები სდუმდნენ იმ მასობრივი გაუპატიურების ფაქტების შესახებ, რომელთაც რუანდაში ჰქონდა დგილი. პირველად ხმა აღიმაღლა ბელგიელმა ექიმმა, რომელმაც გამოაქვეყნა ინფორმაცია იმ ქალთა შესახებ, რომლებიც გაუპატიურების შედეგად დაორსულდნენ და შვილები შეეძინათ. მალევე გამოძიებაში ჩაერთო ორი მძლავრი არასაერთაშორისო ორგანიზაცია: „აფრიკელთა უფლებები“ და ქალთა უფლებებზე მომუშავე „Humn Rights' Watch -ის“ ჯგუფი.

მიუხედავად იმისა, რომ რუანდის ტრიბუნალის წესდების თანახმად გაუპატიურება წარმოადგენდა კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს, ისეთივეს, როგორც ომის დანაშაულია, რამდენიმე წლის მანძილზე რეალურად მაინც არც ერთი პირი არ იქნა გასამართლებული. პირველი განსასჯელი მსგავსი ხასიათის დანაშაულებისათვის გახლდათ ჟან პოლ აკაესუ - დაბა ტაბის მმართველი. საზოგადოებისათვის მისაღები იყო იმის თქმა, რომ გენოციდი მოიცავს მკვლელობის მაგრამ არა გაუპატიურების ფაქტებს. საერთო აზრი შემდეგნაირი იყო: ის ქალები ღმერთის მადლიერნი უნდა იყვნენ, რომ მხოლოდ გააუპატიურეს და ცოცხლები გადარჩნენ. „ტრიბუნალის გამომძიებლებს შორის არსებობდა წარმოდგენა, რომ გაუპატიურება უფრო „ნაკლები“ ანდა „შემთხვევითი“ დანაშაულია, რომლის გამოსაძიებლადაც დროის დაკარგვა არ ღირს“. როდესაც პროკურორი პირველად წარსდგა სასამართლოს წინაშე, მას ხელთ არ გააჩნდა რაიმე სერიოზული ნივთმტკიცებულება, რადგანაც მსხვერპლ ქალებს ეშინოდათ აკაესუს წინააღმდეგ გამოსვლა. საქმის მოგების ალბათობაც საკმაოდ მცირე იყო.

ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა როდესაც მოსამართლე ნავანეტემ პილეიმ (ის ერთადერთი ქალი მოსამართლე გახლდათ რუანდის ტრიბუნალზე) მოითხოვა ორი მოწმე ქალის უშუალო გამოცხადება სასამართლოზე, რათა ამ ქალბატონებს სხვა დანაშაულებთან ერთად დაემოწმებინათ მასობრივი გაუპატიურების ფაქტები, რომელსაც ადგილი ჰქონდა დაბა ტაბაში. პირველი მოწმის თანახმად სამმა ჯარისკაცმა გააუპატიურა მისი ექვსი წლის ქალიშვილი. ქალბატონმა ასევე იცოდა იმ რამდენიმე ახალგაზრდა გოგონას შესახებ, რომლებიც გააუპატიურეს მსჯავრდებულის ხელმძღვანელობის ქვეშ მყოფი დაბის სამმართველოში. მეორე მოწმე ქალმა აღიარა, რომ თავად გახლდათ გაუპატიურების მსხვერპლი და ასევე მნახველი და მოწმე იყო ტუტსის ეთნიკური ჯგუფის ქალების გაუპატიურების ფაქტებისა. ქალმა განაცხადა, რომ მსჯავრდებული აკაესუ ხშირად ესწრებოდა მსგავსი გაუპატიურების ფაქტებს და საშუალება ჰქონდა ყოველივე შეეჩერებინა.

კონფიდენციალური წყაროებიდან მალევე ცნობილი გახდა, რომ პროკურორები არასაკმარის დროსა და მონდომებას უთმობდნენ ამ საქმეს. არასაერთაშორისო ხასიათის ორგანიზაციებმა უკმაყოფილების წერილები გაუგზავნეს პროკურორებსა და მოსამართლეებს. რის საფუძველზეც პროკურორმა გარკვეული შესწორება შეიტანა ბრალდებაში, მათ შორის გაუპატიურებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ბრალდების თანახმად აკაესუ არამარტო ესწრებოდა მსგავსი ხასიათის შეხვედრებს, არამედ სიტყვებითაც ამხნევებდა მოძალადეებს. ამის შემდეგ ხუთი ქალბატონი დათანხმდა წარმდგარიყო სასამართლოს წინაშე და მოწმედ გამოსულიყო გაუპატიურებისა და იძულებითი სიშიშვლის ფაქტების შესახებ. სასამართლომ გადაწყვიტა, რომ აკაესუმ იცოდა სქესობრივი ძალადობის ფაქტების შესახებ, რომელსაც ადგილი ჰქონდა მისი მმართველობის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე და არაფერი გააკეთა, რათა თავიდან აეცილებინა დანაშაული. უფრო მეტიც, რიგ შემთხვევაში, მსგავსი ხასიათის ძალადობას ადგილი ჰქონდა სწორედ მისი ბრძანების ან წახალისების საფუძველზე.

აკაესუ პირველად გაასამართლეს გენოციდის ისეთი სახის ჩადენისათვის, რომელიც მოიცავდა გაუპატიურებასა და სქესობრივ ძალადობას. პირველად იქნა მოცემული გაუპატიურების ფართო სამართლებრივი განმარტება, რაც მოიაზრებდა სექსუალური ხასიათის ფიზიკურ კავშირს და არა უშუალოდ „პენისის შეღწევას ქალის ვაგინაში“. სასამართლომ ასევე აღიარა, რომ იძულებითი სიშიშვლე წარმოადგენს არაადამიანურ მოპყრობას, გაუპატიურება კი წამების სახეს.

აკაესუს საქმე ძალზედ მნიშვნელოვანია, რადგანაც იგი ხსნის თუ რატომ არის გაუპატიურება და სქესობრივი ძალადობა „გენოციდის სახე, ისევე როგორც ყველა სხვა სახის ქმედება, რაც მიზნად ისახავდა გარკვეული ჯგუფის მთლიანად ან ნაწილობრივ განადგურებას“. სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად ეს დანაშაულები არა მარტო იწვევდა ქალის სერიოზულ ფიზიკურ და გონებრივ დასახიჩრებას, არამედ წარმოადგენდა „განადგურების პროცესის განუყოფელ ნაწილს, რაც უშუალოდ მიმართული იყო ტუტსის ეთნიკური ჯგუფის ქალების წინააღმდეგ და მიზნად ისახავდა მათ და მთლიანად ტუტსის ჯგუფის განადგურებას - ეროვნული სულის და ცხოვრების სურვილის ჩაკვლას, ისევე როგორც თავად სიცოცხლისა“. იგი ძალზე ახლოს დგას მკვლელობასთან, რადგანაც მსგავსი ფაქტები ხშირად მთავრდებოდა ქალთა სიკვდილით.

რაც არ უნდა ირონიულად ჟღერდეს, ტრიბუნალზე გენოციდის დამამტკიცებელი ერთ-ერთი ყველზე ძლიერი ნივთმტკიცებულებები გაუპატიურებისა და სქესობრივი ძალადობის მბრალდებელ პროკურორს გააჩნდა.

აღსანიშნავია კიდევ ერთი ფაქტი. აკაესუს საქმის განხილვისას სასამართლომ ხაზი გაუსვა იმ ფაქტსაც რომ იძულებითი ორსულობის შედეგად ტუტსის საზოგადოებაში წარმოიშვა მტრის შთამომავლობა, რამაც გავლენა იქონია ეთნოსის კომპოზიციაზე. გაუპატიურებას საკმაოდ დიდი პოტენციალი გააჩნია, თუკი გავითვალისწინებთ მის შედეგებს: ქალის უნაყოფობის გამოწვევას, ფსიქოლოგიურ ტრავმას, კულტურულ ასპექტებს, რამაც შეიძლება ქალის რეპროდუქციული შესაძლებლობები შეზღუდოს. გაუპატიურება ასევე შეიძლება დაკვალიფიცირდეს, როგორც შობადობის შემამცირებელი საშუალება.

მართალია, აკაესუს შემთხვევაში გაუპატიურების პირვანდელ მიზანს წარმოადგენდა ქალისათვის ფიზიკური და ფსიქიკური ზიანის მიყენება, მეორადი მიზანი კი საზოგადოების გავითარებაზე გავლენის მოხდენა იყო.

ყოფილი იუგოსლავიის სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალი

აკაესუს საქმე ისტორიული პროცესის მხოლოდ ნაწილია. ამ მხრივ პირველი ნაბიჯები გადადგა ყოფილი იუგოსლავიის სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალმა. ქალთა უფლებებისათვის მებრძოლმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა მხარი დაუჭირეს ქალი მოსამართლეების რაოდენობის გაზრდის ფაქტს საერთაშორისო სასამართლოში. ქალი მოსამართლეების როლი იუგოსლავიის ტრიბუნალის საქმიანობისას გადამწყვეტი გახლდათ, ისევე როგორც მოსამართლე ნაფანეტემ პილეისა რუანდის ტრიბუნალში. თავდაპირველად ორი ქალი მოსამართლის წყალობით (მოსამართლე გაბრიელ კირკ მაკდონალდი და მოსამართლე ელისაბეტ ოდიო-ბენიტო) მიღებულ იქნა ნივთმტკიცებულებისა და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებული წესი №96, რომელიც მიზნად ისახავდა მოწმეთა და მსხვერპლთა წინააღმდეგ შეურაცხყოფისა და დისკრიმინაციის თავიდან აცილებას. კერძოდ, მტკიცებულებად გამოიყენებოდა ქალის პირვანდელი მოწმობა. ასევე შემოღებულ იქნა მთელი რიგი დამცავი მექანიზმები, რომელთა გამოყენების საშუალებაც მოწმეს და მსხვერპლს ჰქონდათ უშუალოდ სასამართლო წარმოების დროს. შეიქმნა სპეციალური ორგანო, რომელიც ზრუნავს და იცავს მოწმეებსა და მსხვერპლს.

იურისპრუდენციის თვალსაზრისით უზარმაზარი რევოლუცია მოხდა თავად პროკურორთა ოფისში. ძალზედ დიდი როლი ითამაშა მოსამართლე რიჩარდ გოლდსტოუნმა. პირველ რიგში მან მოითხოვა გენდერულ საკითხებთან დაკავშირებით ექსპერტის დანიშვნა, რომელიც დაეხმარებოდა პროკურორთა ოფისს. გენდერულ საკითხებთან დაკავშირებული იურიდიული მრჩეველი გახდა პატრიცია ვისეურ სელერსი.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ იუგოსლავიის ტრიბუნალის წესდებაში გაუპატიურება მოხსენიებულია, როგორც კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, მაგრამ იგი არ არის ნახსენები წესდების მე-2 მუხლში, სადაც ჩამოთვლილია ომის კანონების ყველაზე მძიმე დარღვევები. მაგალითად, ტადიჯის საქმეში (Tadic Case) ერთ-ერთი ბრალდება სწორედ გაუპატიურება გახლდათ, მაგრამ რა სახითა და ფორმულით, ეს უკვე სულ სხვა საქმეა. არსებობდა იმისი წინაპირობა, რომ სქესობრივი ძალადობა გაიგივებული გახდებოდა წამებასთან, და აღარ ჩაითვლებოდა დამამცირებელ მოპყრობად ან განზრახ ტანჯვის მიყენების ფაქტად. ტადიჯის საქმის მაგალითზე წამება ძალზე ზოგადად გამოიყენებოდა და სასამართლომ წამებად მხოლოდ მამაკაცთა წინააღმდეგ მიმართული სექსუალური ხასიათის დასახიჩრება მიიჩნია. მამაკაცთა წინააღმდეგ მიმართული სქესობრივი ძალადობის ეს მაგალითი მაშინვე აიტაცეს მასმედიის წარმომადგენლებმა. ქალთა გაუპატიურების ფაქტს კი მსგავსი გამოხმაურება არ მოჰყოლია. სამწუხაროდ ტადიჯის საქმის შემთხვევაში გაუპატიურების ბრალდების მოწმემ უარი თქვა სასამართლოს წინაშე გამოსვლაზე, რადგანაც მას სრული დაცვის გარანტია ესაჭიროებოდა, თუმცა მოსამართლე გოლდსტოუნმა ყველაფერი იღონა რათა გენდერული ხასიათის საკითხებს მნიშვნელოვანი ადგილი დაეკავებინა ტრიბუნალში.

მეორე მაგალითი შეეხება ფურუნჯიცას საქმეს (Furundzija Case). ანტონ ფურუნჯიცას ბრალად ედებოდა ერთი კონკრეტული პატიმარი ქალის გაუპატიურება/წამება დაკითხვის დროს. სასამართლომ აღიარა, რომ დაკითხვის დროს გაუპატიურება წარმოადგენს „მსხვერპლის დასჯის, დაშინების, ძალადობისა და დამცირების საშუალებას, ინფორმაციის მიღების ან აღსარების მიზნით, თავად მსხვერპლისაგან ან მესამე პირისაგან“. მოგვიანებით მსგავსი ხასიათის ბრალდება წარუდგიენს რამდენიმე კაცსაც სელიბიცის საქმეშიც. სასამართლომ განიხილა მრავალი შემთხვევა, რის საფუძველზეც დაასკვნა, რომ გაუპატიურება იწვევს მძიმე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ტანჯვას, და რომ შეიარაღებული კონფლიქტების შემთხვევაში, როდესაც გაუპატიურებას აქვს ადგილი ოფიციოზის თანხმობის ან ცოდნის დროს, ეს დანაშაული აკმაყოფილებს წამების ელემენტებს. კერძოდ, ის მოიცავს „მსხვერპლის დასჯას, მის წინააღმდეგ ძალადობას, დისკრიმინაციას და დაშინებას“.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო: გენდერული სამართლის კოდიფიცირება

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შექმნასთან ერთად ქალთა უფლებების დამცავ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს საშუალება მიეცათ დადებითი როლი ეთამაშათ გენდერული საკითხების პროგრესირებისათვის. ქალთა მოძრაობას ორი ძირითადი მიზანი ამოძრავებდა. პირველ რიგში სქესობრივი დანაშაულების კოდიფიცირება დანაშაულთა რიგებში. მეორე კი - მათი ინკორპორირება საერთაშორისო ჩვეულებით სამართლში, რომელსაც ტრიბუნალები და სასამართლოები აღიარებენ ისეთი დანაშაულების გვერდით, როგორიც არის წამება, დამონება, გენოციდი და არაადამიანური მოპყრობა.

მაინც რა იგულისხმება სიტყვაში „გენდერი“? სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუსში (წესდებაში) გენდერი შემდეგნაირად არის განსაზღვრული: „წესდების მიზნებისათვის, ტერმინი „გენდერი“ აღნიშნავს ორ სქესს საზოგადოების კონტექსტის გათვალისწინებით - მამრობითი და მდედრობითი. ტერმინს „გენდერი“ არ გააჩნია სხვა შინაარსობრივი დატვირთვა გარდა ზემოთ აღნიშნულისა“.

ორი სქესის განსაზღვრა ასახავს ვატიკანისა და ისლამისტური ქვეყნების ინტერესებს. რაც შეეხება სიტყვებს „საზოგადოების კონტექსტი“ მასში მოიაზრება გენდერის სოციოლოგიური და სოციალური ასპექტი.

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტებისა, ქალთა ორგანიზაციებმა რამდენიმე მოთხოვნა წარუდგინეს საერთაშორისო საზოგადოებას; პირველ რიგში უნდა შეცვლილიყო გადაწყვეტილების მიმღებთა არჩევის სისტემა. იდეის თანახმად, საჭირო იქნებოდა ორმაგი სტანდარტის შემოტანა კანდიდატების არჩევისას: გენდერული და ბიოლოგიური სტანდარტისა. ესე იგი მოსამართლეთა შორის უნდა იყვნენ გენდერის ექსპერტები, ხოლო მთლიანად სასამართლოში დაცული უნდა იყოს ქალისა და მამაკაცის ბალანსი. ეს რა თქმა უნდა არ გულისხმობს იმას, რომ მამაკაცი არ შეიძლება იყოს ექსპერტი გენდერულ საკითხებში.

იუგოსლავიისა და რუანდის ტრიბუნალების შექმნამ შესაძლებლობა მოგვცა გარკვეულწილად დაგვენახა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში არსებული მინუსები. მაგალითად, პროკურორის ვალდებულებას წარმოადგენს სქესობრივი და გენდერული ძალადობის ფაქტების გამოძიება. სასამართლოს ფართო უფლებამოსილება გააჩნია დაიცვას და დახმარება გაუწიოს მოწმეებსა და მსხვერპლს. სამართლიანი სამართალწარმოების პრინციპი ითვალისწინებს, როგორც მსხვერპლის ასევე განსასჯელის უფლებებს. შესაბამისად მსხვერპლს აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს სამართალწარმოებაში უშუალოდ ან იურიდიული წარმომადგენლის მეშვეობით, იმდენად რამდენადაც ეს შეეხო მის ინტერესებს. შემდგომში კი გააჩნია რეპარაციის, მათ შორის რესტიტუციის, კომპენსაციისა და რეაბილიტაციის მოთხოვნის უფლება.

დასკვნა

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შექმნა რევოლუციური ნაბიჯია როგორც საერთაშორისო სისხლის სამართალში, ასევე გენდერულ საკითხებში. სასამართლო არამარტო პასუხისმგებლობის მექანიზმია, არამედ ის აყალიბებს გენდერული სამართლიანობის ზოგად ნორმებს. რა თქმა უნდა გენდერული საკითხების ინკორპორირება რომის წესდებაში ავტომატურად არ გამოიწვევს საზოგადოების მიდგომის შეცვლას. ქალები უმცირესობათა ჯგუფების მსგავსად ვერ დასხდებიან გულხელდაკრეფილები: სისტემა თავად ვერაფერს შეცვლის თუ არ მოხდა დროული რეაგირება.

პატრიარქალური კულტურის შეცვლის პროცესი და ქალთა თანასწორობის მიღწევა უზარმაზარ ძალებსა და ენერგიას მოითხოვს. რაც შეეხება ქალთა წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებს, საუბედუროდ დიდი განსხვავება როდია ომსა და ყოველდღიურ ცხოვრებას შორის. კონფლიქტურ სიტუაციებში წამებისა და გაუპატიურების ფაქტს ბევრი საერთო ელემენტი გააჩნია ქორწინებაში მყოფი ქალის გაუპატიურებისა და ოჯახური ძალადობის ფაქტთან. ზოგიერთ სახელმწიფოში ქორწინებაში მყოფი ქალების გაუპატიურების ფაქტები საკმაოდ დიდია. მათ დასაცავად კი არანაირი მექანიზმი არ არსებობს. მოქმედი მექანიზმების შემუშავება და ამოქმედება ყოველი ჩვენთაგანის ვალია.