The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

მეთოდური მითითებები მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამღლების კურსების ჩასატარებლად

მეთოდური მითითებები მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამღლების კურსების ჩასატარებლად


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: გვარამაძე ნინო, ხუროშვილი ანა
თემატური კატალოგი განათლება|სახელმძღვანელოები
საავტორო უფლებები: © წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი
თარიღი: 2005
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის საფუძვლების სწავლება საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი თბილისი 2005 წ. წიგნი მომზადდა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგატის იზაბელ ბურჟის ზოგადი ხელმძღვანელობით. შემდგენლები: ნინო გვარამაძე – პედაგოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი. ანა ხუროშვილი – პედაგოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი გამომცემლობა „სი-ჯი-ეს“, თბილისი, 0119, ა. წერეთლის პროსპექტი 118



1 გამოყენებული ლიტერატურა

▲ზევით დაბრუნება


1. „შეიცან თავი შენი“, დამხმარე სახელმძღვანელო VI კლასის მოსწავლეთათვის ქართულ ლიტერატურაში (გვარამაძე ნ., ხუროშვილი ა.). წჯსკ, თბილისი, 2004.

2. „შეიცან თავი შენი“, მეთოდური სახელმძღვანელო მასწავლებელთათვის (გვარამაძე ნ., ხუროშვილი ა.). წჯსკ, თბილისი, 2004.

3. „რაც მტრობას დაუნგრევია..., დამხმარე სახელმძღვანელო VII კლასის მოსწავლეთათვის ქართულ ლიტერატურაში, უცხოურ ენებში, გეოგრაფიასა და ისტორიაში (გვარამაძე ნ., ხუროშვილი ა.). წჯსკ, თბილისი, 2004.

4. „რაც მტრობას დაუნგრევია...“, მეთოდური სახელმძღვანელო მასწავლებელთათვის ქართულ ლიტერატურაში, უცხოურ ენებში, გეოგრაფიასა და ისტორიაში (გვარამაძე ნ., ხუროშვილი ა.). წჯსკ, თბილისი, 2004.

5. ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციები და მათი დამატებითი ოქმები. წჯსკ, თბილისი, 2003.

6. ფილოსოფიური ლექსიკონი. „საბჭოთა საქართველო“, თბილისი, 1987.

7. უცხო სიტყვათა ლექსიკონი - შემდგენელი მ.ჭაბაშვილი, „განათლება“, თბილისი, 1973.

8. უცხო სიტყვათა ლექსიკონი - შემდგენელი თეზელიშვილი ს., „განათლება“, თბილისი, 2005

9. თანამედროვე საერთაშორისო სამართალი. ლექსიკონი-ცნობარი (ალექსიძე ლ., გიორგაძე ლ., დავითაშვილი ზ., კვაჭაძე მ., კორკელია კ., პატარაია დ., ქურდაძე ი.) „თსუ გამომცემლობა“, თბილისი 2003.

10. Хегенхан Б., Олсон М. - „Теории научения“, „Питер“, Санкт-Петербург, 2004.

11. Astolfi J-P - „Le Paradoxe Pédagogique“, „Sciences Humaines“, 12, Fevrier-Mars 1996. p.p 8-12.

12. Verri P. - Dictionnaire du Droit International des Conflits Armés“, CICR, Genève, 1988.

2 წინასიტყვაობა

▲ზევით დაბრუნება


საქართველოში ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთ ძირითად მიზანს წარმოადგენს „...მოსწავლეთა ლიბერალურ და დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება, მოსწავლის მიერ ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოსა და გარემოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში ხელშეწყობა.“ (საქართველოს კანონი განათლების შესახებ. მუხლი 3-1. ბ).

1993 წელს, ჟენევის 1949 წლის კონვენციებსა და მათ 1977 წლის დამატებით ოქმებთან მიერთებით, საქართველომ ივალდებულა ცოდნის გავრცელება საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის1 (სჰს) შესახებ. ამ ვალდებულების განხორციელებაში საქართველოს 1995 წლიდან დახმარებას უწევს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი (წჯსკ), რომელიც, მის მიერ სკოლებში დანერგილი საგანმანათლებლო პროგრამის საშუალებით, ცდილობს აზიაროს მოზარდები სჰს-ის ფასეულობებს, ჩამოუყალიბოს მათ ჰუმანური დამოკიდებულება შეიარაღებული კონფლიქტების მსხვერპლთა მიმართ.

წინამდებარე ნაშრომი განკუთვნილია წჯსკ საგანმანათლებლო პროგრამით მომუშავე მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლების კურსების ხელმძღვანელთათვის. გარდა ამისა, იგი დახმარებას გაუწევს მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლების სხვადასხვა კურსების ხელმძღვანელებს, რომლებსაც განზრახული აქვთ გააცნონ მსმენელებს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის საფუძვლები და აქტიური სწავლების მეთოდები.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის საგანმანათლებლო პროგრამის მოკლე დახასიათება. პროგრამა მიზნად ისახავს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის (სჰს) საფუძვლებისა და წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობის გაცნობას მოსწავლეთათვის.

საქართველოს განათლების სამინისტროსთან შეთანხმებით 1996 წელს გამოიცა დამხმარე სახელმძღვანელო მე-6 კლასის მოსწავლეთათვის ქართულ ლიტერატურაში „შეიცან თავი შენი“, ხოლო 1999 წელს - დამხმარე სახელმძღვანელო მე-7 კლასის მოსწავლეთათვის „რაც მტრობას დაუნგრევია...“. ეს უკანასკნელი მოიცავს მასალას მშობლიური ლიტერატურის, უცხოური ენების, ისტორიისა და გეოგრაფიის გაკვეთილებისათვის.

არაქართულენოვან სკოლებში „შეიცან თავი შენი“ ისწავლება მე-8 კლასებში (იმ რაიონებში, სადაც ქართული ენის ცოდნის დონე მაღალია), სახელმწიფო ენის გაკვეთილებზე, ხოლო „რაც მტრობას დაუნგრევია...“ -ს ნათარგმნი და ადაპტირებული ვარიანტები მე-7 კლასებში (2000 წლიდან). ყველა სახელმძღვანელოს ახლავს მეთოდური მითითებები მასწავლებლებისათვის.

პროგრამის ავტორები აქტიურად თანამშრომლობენ საქართველოს განათლების სისტემის გარდაქმნისა და განმტკიცების პროგრამის ექსპერტებთან, რათა სჰს-ის საფუძვლები აისახოს რეფორმის დოკუმენტებში და ისწავლებოდეს რეფორმის განხორციელების შედეგადაც.

2001 წლიდან ტარდება გაღრმავებული კურსები (სკოლებში, მასწავლებელთა დახელოვნების ინსტიტუტებში) პროგრამით მომუშავე მასწავლებლებისათვის, რათა ამაღლდეს სჰს-ის საფუძვლების სწავლების ხარისხი. კურსებზე მასწავლებლები უფრო ღრმად ეცნობიან მასალის შინაარსსა და ინტერაქტიური სწავლების მეთოდებს.

ნაშრომის მიზანია, დაეხმაროს მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლების კურსების ხელმძღვანელებს, მწვრთნელებს მასწავლებელთათვის სჰს-ის საფუძვლების გაღრმავებული კურსის მიწოდებაში. შემოთავაზებული მასალა აპრობირებულია საქართველოს მრავალ რეგიონში.

წიგნის სტრუქტურა
წიგნი შეიცავს კურსის თეორიული და პრაქტიკული ნაწილების აღწერას.

კურსის თეორიული ნაწილი ითვალისწინებს შემდეგს:

- გაცნობა, მომზადების საჭიროების დაფიქსირება;
- „ახალი პედაგოგიკის“ ფსიქოლოგიური საფუძვლები და მისი არსი.
- წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობის გაცნობა;
- სჰს-ის ძირითადი დოკუმენტების გაცნობა;
- სახელმძღვანელოების გაცნობა;
- თეორიული ნაწილის შეფასება;

კურსის პრაქტიკულ ნაწილში მოცემულია:

- მითითებები მასწავლებელთათვის გაკვეთილის ჩატარების თაობაზე;
- გაკვეთილის განხილვის ტექნოლოგია.

ინტერაქტიური მეთოდების სწავლება გასდევს კურსის როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს.

მოცემული 9 დანართი წარმოადგენს დედანს, კურსების მონაწილეთათვის დასარიგებელი მასალის გასამრავლებლად.

ზოგადი რეკომენდაციები კურსების ხელმძღვანელებს

ა) კურსების მიზანია მასწავლებელმა:

- გაიცნოს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის საფუძვლები;
- გაიცნოს წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობა;
- გააცნობიეროს თავისი საგნის კავშირი შეთავაზებულ თემატიკასთან,
- გაითავისოს შეთავაზებული მეთოდიკა;
- დაინახოს შეთავაზებული მეთოდური ხერხების გამოყენების საშუალება სხვა საკითხების სწავლების დროს.

ბ) მსმენელთა რიცხვი - 10-25 მასწავლებელი.

გ) თეორიული ნაწილის სწავლება გათვალისწინებულია 5 დღის განმავლობაში 3-3 საათი. პრაქტიკული ნაწილი გულისხმობს თითოეული მონაწილის მიერ 3 გაკვეთილის ჩატარებას ხელმძღვანელის თანდასწრებით.

დ) სწავლების მოსალოდნელი შედეგებია:

ცოდნა

უნარ-ჩვევები

მასწავლებელმა უნდა იცოდეს წჯსკ
საგანმანათლებლო პროგრამის მიზანი.

მასწავლებელს უნდა შეეძლოს
პროგრამის წარდგენა
კოლეგებისთვის.

მასწავლებელი უნდა იცნობდეს წითელი
ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის
საერთაშორისო მოძრაობას.

მასწავლებელს უნდა შეეძლოს
მოძრაობის კომპონენტებისა და
პრინციპების დახასიათება.

მასწავლებელი უნდა იცნობდეს სჰს-ის
ძირითად საფუძვლებს.

მასწავლებელს უნდა შეეძლოს
თავისი საგნის სწავლებისას
კავშირის დანახვა (სადაც ეს
შესაძლებელია), სჰს-ის
საკითხებთან.

მასწავლებელი უნდა იცნობდეს წჯსკ
სახელმძღვანელოებში მოცემული
მასალის შინაარსსა და მასალის
მიწოდების ლოგიკას.

მასწავლებელს უნდა შეეძლოს წჯსკ
პროგრამით გათვალისწინებული
გაკვეთილების წარმატებით
ჩატარება.

მასწავლებელი უნდა იცნობდეს
მეთოდებსა და ხერხებს, რომელთა
საშუალებით ხდება წჯსკ პროგრამით
გათვალისწინებული მასალის
მიწოდება.

მასწავლებელს უნდა შეეძლოს
ინტერაქტიური მეთოდიკის
გამოყენება ნებისმიერ
გაკვეთილზე.

მომზადების შედეგად გაუმჯობესდება მასწავლებელთა მიერ ჩატარებული გაკვეთილების ხარისხი, როგორც აღნიშნული პროგრამით, ისე საერთოდ. გარდა ამისა, ეს კურსი წარმოადგენს მასწავლებელთა მწრთვნელების მომზადების პირველ ეტაპს.

ე) სასწავლო-თემატური გეგმა მასწავლებელთა კურსებისათვის

კურსების პროგრამით გათვალისწინებული თემები შემდეგნაირად ნაწილდება 18 საათზე.

საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის საფუძვლების სწავლებისათვის მასწავლებელთა მომზადების პროგრამა

1. წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობა (2სთ).

2. საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ძირითადი ფასეულობები (6სთ).

3. „ახალი პედაგოგიკის“ ფსიქოლოგიური საფუძვლები და მისი არსი (1სთ).

4. აქტიური სწავლების მეთოდიკა და მუშაობის ფორმები (6სთ).

5. პრაქტიკული მეცადინეობა - გაკვეთილების ჩატარება (3სთ).

შინაარსი

წჯ და წნ
საერთაშორისო
მოძრაობა

სჰს-ის
ძირითადი
ფასეულო-
ბები

„ახალი პედაგო
გიკის“ფილო-
სოფიური
საფუძვლები
და მისი არსი

აქტიური
სწავლების
მეთოდიკა
და მუშაობის
ფორმები

პრაქტი-
კული
მეცადი-
ნეობა

საათი

საათი

საათი

საათი

საათი

ნაწ. I

საორგანიზაციო
ეტაპი *

მომზადების
საჭიროების
დაფიქსირება

1

1

„ახალი
პედაგოგიკის“
ფსიქოლოგიური
საფუძვლები და
მისი არსი

1

ნაწ. II

წჯ და წნ
საერთაშორისო
მოძრაობა
(შექმნის სტორია,
კომპონენტები,
პრინციპები)

2

აქტიური
სწავლების
ზოგიერთი
მეთოდის
განხილვა

1

ნაწ. III

სჰს-ის ძირითადი
დოკუმენტები

3

ნაწ. IV

აქტიური
სწავლების
ზოგიერთი
მეთოდის
განხილვა

1

სახელმძღვანე-
ლოს „შეიცან თავი
შენი“ - ს განხილვა

1

1

ნაწ. V

სახელმძღვანე-
ლოს „რაც
მტრობას
დაუნგრევია...“ -ს
განხილვა

1

2

თეორიული
ნაწილის
შეფასება*

გაკვეთილი

3

ჯამი

2

6

1

6

3

ავტორები მადლობას უხდიან ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ მასალის აპრობაციაში.

_________________

*საორგანიზაციო ეტაპი და შეფასება იკავებს 10-10 წუთს.

1. საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი არის ნორმების ერთობლიობა, რომელიც გამიზნულია შეიარაღებული კონფლიქტის უარყოფითი შედეგების შესამცირებლად ჰუმანიტარული მოსაზრებებით. იგი იცავს იმათ, ვინც არ ან აღარ იღებენ მონაწილეობას საბრძოლო მოქმედებებში და აწესებს შეზღუდვებს ომის წარმოების მეთოდებსა და საშუალებებზე.

3 ნაწილი პირველი

▲ზევით დაბრუნება


მიზანი - მასწავლებელთა მოტივაციის ფორმირება.

მასალა - დანართი 1 (მონაწილეთა რიცხვის ტოლი რაოდენობით).

მეცადინეობის მსვლელობა

3.1 საორგანიზაციო ეტაპი

▲ზევით დაბრუნება


ა) გაცნობა

გაცნობა მეტად მნიშვნელოვანი მომენტია. გარდა იმისა, რომ წამყვანი და ჯგუფის წევრები ეცნობიან ერთმანეთს, ზოგიერთი მონაწილისათვის ეს უხერხულობის ან ზედმეტი მორიდებულობის დაძლევის საშუალებაც არის.

თუ მეცადინეობა ერთი სკოლის მასწავლებლებთან ტარდება (მონაწილეები ერთმანეთს იცნობენ), მაშინ საკმარისია წამყვანმა და თითოეულმა წევრმა თავი წარმოადგინონ (სახელი, გვარი, საგანი და ა.შ.).

თუ ჯგუფის წევრები ერთმანეთისთვის უცხონი არიან, წამყვანი სთხოვს მათ, დაიყონ წყვილებად, წარუდგინონ ერთმანეთს თავი და შემდეგ თითოეულმა თავისი მეწყვილე წარადგინოს. წარდგენა უნდა შეიცავდეს როგორც ფორმალურ (სახელი, გვარი, საგანი და ა.შ.), ისე 1-2 არაფორმალურ ინფორმაციასაც (ჰობბი, ყველაზე საყვარელი საჭმელი, ...).

წყვილების გასაცნობად საკმარისია 3-4 წუთი, ერთმანეთის წარსადგენად თითო მონაწილისათვის - თითო წუთი. თუ მონაწილეთა რაოდენობა კენტია, მაშინ კენტად დარჩენილი დაწყვილდება წამყვანთან.

ბ) შეკრების მიზანი

მონაწილეებს მოკლედ უნდა გაეცნოთ კურსის მიზანი. საკმარისია ითქვას, რომ კურსი გულისხმობს სახელმძღვანელოების „შეიცან თავი შენი“ და „რაც მტრობას დაუნგრევია...“ შინაარსის ღრმად გაცნობას და სწავლების ინტერაქტიური მეთოდების ათვისებას.

გ) ორგანიზაციული საკითხები:

მეცადინეობის ხანგრძლივობა;
მეცადინეობის დაწყების დრო;
კურსის თეორიული და პრაქტიკული ნაწილები;
დასწრების პირობები.

3.2 მომზადების საჭიროების დაფიქსირება

▲ზევით დაბრუნება


ა) კითხვარის შევსება და განხილვა

მასწავლებლებს ურიგდებათ კითხვარი (დანართი 1) და მის შესავსებად ეძლევათ 15 წუთი.

შენიშვნა. წამყვანი წინასწარ აფრთხილებს მასწავლებლებს იმის შესახებ, რომ პირველ დღეს, კითხვარის შევსებისას, არ უნდა გასცენ პასუხი მე-13 და მე-14 კითხვებს.

კითხვარში მოცემული საკითხები, ძირითადად, ეხება წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობასა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის საფუძვლებს, ანუ კურსის შინაარსს.

შევსებისას გაჩენილი კითხვები, ეჭვი პასუხის სისწორეში და რამდენიმე არასწორი პასუხი მიუთითებს შინაარსის სწავლისა და განმტკიცების აუცილებლობაზე. არ არის საჭირო შევსებული კითხვარების ცალ-ცალკე განხილვა. საკმარისია, წამყვანმა გააცნოს მონაწილეებს კითხვარის სწორი პასუხები. ამით დაფიქსირდება გადამზადების საჭიროება შინაარსის თვალსაზრისით.

ბ) დამოუკიდებელი სამუშაო - გაკვეთილის მომზადება

მეთოდიკის თვალსაზრისით მომზადების საჭიროების დაფიქსირებისათვის მონაწილეებს ეძლევათ შემდეგი

დავალება

გაერთიანდით საგნობრივ ჯგუფებში და თითოეულმა ჯგუფმა მოამზადეთ გაკვეთილი ნებისმიერ თემაზე. ჯგუფის ნამუშევარში უნდა აისახოს კლასი, რომლისთვისაც განკუთვნილია ეს გაკვეთილი, თემა, მიზანი, გაკვეთილის მსვლელობა და მეთოდები, რომლითაც მიიღწევა მიზანი.

მუშაობის დაწყებამდე წამყვანი განუმარტავს მონაწილეებს ჯგუფში მუშაობის წესებს:

  • ჯგუფი ისმენს ყველა მონაწილის აზრს;

  • ერთი მონაწილე აკეთებს ჩანაწერს;

  • ჯგუფი მუშაობს ისე, რომ ხელი არ შეეშალოს მუშაობაში დანარჩენ ჯგუფებს;

  • ჯგუფი ირჩევს წარმომადგენელს, რომელიც დანარჩენ აუდიტორიას წარუდგენს ნამუშევარს.

  • დავალება სრულდება წინასწარ განსაზღვრულ დროში.

ამ დავალების შესასრულებლად გათვალისწინებულია 30 წუთი.

გ) გაკვეთილების წარმოდგენა და განხილვა

თითოეულ ჯგუფს დავალების წარმოსადგენად ეძლევა 10 წუთი.

ყველა წარმომადგენლის მოსმენის შემდეგ წამყვანი სვამს კითხვას:

მოსმენილი გაკვეთილებიდან რომელზე გამოიკვეთა მასწავლებლის აქტივობა და რომელზე - მოსწავლის?

პასუხების მოსმენის შემდეგ წამყვანი საუბრობს მიზეზებზე, რომლებიც განაპირობებენ ინტერაქტიური მეთოდიკის გამოყენებას.

საორიენტაციოდ წამყვანს ვთავაზობთ ამ საუბრის მოკლე შინაარსს.

თანამედროვე მსოფლიოს განვითარებაში რამდენიმე მთავარი ტენდენცია შეიმჩნევა:

  • მსოფლიოს ეკონომიკური, კულტურული და პოლიტიკური კავშირების ინტენსიური განვითარება. ამ ფონზე საჭირო ხდება ეროვნული თავისებურებების, ინდივიდუალობის, თვითმყოფადობის შენარჩუნება.

  • ინფორმაციის მოზღვავება.

  • ცოდნის (ინფორმაციის) სწრაფად მოძველება. მაგალითად, საინჟინრო ან სამედიცინო განათლება ყოველ 5 წელიწადში განახლებას მოითხოვს.

  • ახალი ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების არსებობა.

  • სამსახურის პერსპექტივის ცვლა: ადამიანები მეტ პროფესიას ეუფლებიან და იცვლიან.

  • მოთხოვნილება განათლებულ კადრებზე: არაკვალიფიციურ პირთა მიერ შესრულებული სამუშაო არ ფასობს და არ მიიღება.

განვითარების ახალი ტენდენციები ახალ მოთხოვნებს აყენებს განათლების წინაშე:

  • კონკრეტული ამოცანის სწორად აღქმა და განსაზღვრა;

  • პრობლემის გადაჭრის რაციონალური გზის მოძებნა;

  • საკუთარი ცოდნის ეფექტურად წარმოჩენის უნარი;

  • სხვებთან კავშირის დამყარება და თანამშრომლობის უნარი.

ყოველივე ამის განხორციელებაში გადამწყვეტი როლი ეკისრება მასწავლებელს. ტრადიციულად, სასწავლო პროცესის ცენტრალური ფიგურა მასწავლებელია, იგი არის ცოდნის ძირითადი წყარო, ის სვამს ამოცანებს, წყვეტს პრობლემებს, აკეთებს დასკვნებს და ყველაფერს მზა სახით აწვდის მოსწავლეებს. ინტერაქტიური მეთოდებით მუშაობის პირობებში, მისი ფუნქცია „სოლისტისგან“ „თანაშემწედ“ იცვლება. განათლების ახალი მოდელის მიხედვით, მასწავლებელი გვევლინება როგორც მოსწავლის დამოუკიდებელი შემეცნებითი საქმიანობის ორგანიზატორი, მისი კონსულტანტი და თანაშემწე.

მასწავლებლის პროფესიული ცოდნა და უნარი მიმართული უნდა იყოს არა მარტო ცოდნის გადაცემასა და კონტროლზე, არამედ მოსწავლის საქმიანობის დიაგნოსტიკაზე, რათა დროულად აღმოაჩინოს სწავლის პროცესის შემაფერხებელი სირთულეები და დაეხმაროს მოსწავლეს მათ დაძლევაში. ასეთი როლი უფრო რთულია და საპასუხისმგებლო, ვიდრე ტრადიციული მასწავლებლობა.

3.3 „ახალი პედაგოგიკის“ ფსიქოლოგიური საფუძვლები და მისი არსი

▲ზევით დაბრუნება


წამყვანს საორიენტაციოდ ვთავაზობთ მასალას „ახალი პედაგოგიკის“ ფსიქოლოგიური საფუძვლების გასაცნობად.

ახალი სკოლა, აქტიური მეთოდიკა და მისი ფსიქოლოგიური საფუძვლები

დიდი ხანია, რაც კლასიკური პედაგოგიკის მოწინააღმდეგენი აღიარებენ პედაგოგიკას, დაფუძნებულს მოსწავლის უკეთ შეცნობაზე და ხაზს უსვამენ განათლებაში ურთიერთობის მნიშვნელობას. XX საუკუნის პედაგოგებმა ეს პრინციპები გააერთიანეს „ახალი სკოლის“ სახელით და მასში პრაქტიკულად გამოიყენეს აქტიური მეთოდები. იმავდროულად, ფსიქოლოგიის მნიშვნელოვან გამოკვლევებთან შერწყმამ შედეგად მოგვცა თანამედროვე პედაგოგიური მიმდინარეობები.

ტრადიციული მეთოდების მთავარი იდეა არის ცოდნის გადაცემა იმისაგან, ვინც იცის, იმისათვის, ვინც არ იცის. მოსწავლე სწავლების ფაზაში პრაქტიკულად პასიურია.

აქტიური მეთოდები დაფუძნებულია მოსწავლეთა საჭიროებასა და ინიციატივაზე. როჟე კუზინეს აზრით, „აქტიური მეთოდები არა სწავლების, არამედ სწავლის ინსტრუმენტია. ეს ინსტრუმენტი აუცილებლად უნდა მიეცეს ხელში მოსწავლეს.“

„ახალი სკოლის“ წინამორბედებად მიჩნეულნი არიან იან ამოს კომენსკი (1592-1671), ჟან-ჟაკ რუსო (1712-1778), იოჰან ჰაინრიხ პესტალოცი (1746-1827).

ნაშრომში „დიდი დიდაქტიკა, ანუ ყველას სწავლების უნივერსალური ხელოვნება“ (1632) კომენსკი გვირჩევს, მივცეთ საშუალება ბავშვს, აღმოაჩინოს, იკამათოს და თვითონ გააკეთოს. „განათლების გალილეად“ წოდებული კომენსკი არის კონსტრუქტივისტული ფსიქოლოგიის წინამორბედი და დიფერენცირებული პედაგოგიკის ფუძემდებელი.

ჟან-ჟაკ რუსოს „ემილი, ანუ განათლება“ ხშირად განიხილება, როგორც საგანმანათლებლო აზროვნების ფუძემდებლური შრომა. რუსო თვლის, რომ საზოგადოებაში ცხოვრება ამახინჯებს ადამიანის ბუნებრივ სიკეთეს, იგი უარყოფს თავის თანამედროვე ნორმებს დებულებებით:

- ბავშვი არ არის დაპატარავებული მოზრდილი და პატივი უნდა ვცეთ მისი განვითარების ეტაპებს.

- ბედნიერებისა და თავისუფლების პედაგოგიკა მიზნად ისახავს დაკმაყოფილებასა და თავისუფალ გამოხატვას. განათლების პირველი ეტაპი ბავშვს უნდა იცავდეს ნაკლისა და შეცდომისაგან, იმისათვის, რომ მან შეითვისოს ცოდნა და უნარ-ჩვევები.

პესტალოცი ცდილობდა პრაქტიკულად განეხორციელებინა რუსოს იდეები. ივერდონში (1805-1825) ის ცდიდა მის მეთოდებს. თავის თანამშრომლებთან ერთად მან მრავალმხრივი კვლევა აწარმოა: წერა-კითხვის სწავლება, მათემატიკის პედაგოგიკა, ელემენტარული ტანვარჯიში და მიდგომა ჩამორჩენილებისადმი.

ფსიქოლოგიის სამი მიმდინარეობა ბიჰევიორიზმი, განვითარების ფსიქოლოგია, კოგნიტივისტური ფსიქოლოგია ცენტრირებულია სწავლებაზე.

ბიჰევიორიზმი (ინგლისური სიტყვიდან behavior - ქცევა) ფართოდ დომინირებდა ფსიქოლოგიურ კვლევებში XX საუკუნის პირველ ნახევარში. ამ თეორიის თანახმად, სწავლა არის ქცევის მოდიფიკაცია, პროვოცირებული გარედან მიღებული სტიმულებით. ამ მიდგომის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ამერიკელმა ფსიქოლოგმა ბერრას ფრედერიკ სკინერმა (1904-1990). სწავლება შეიძლება მიღწეულ იქნეს წახალისების (კომპენსაციის) გამოყენებით, რასაც „დადებითი გაძლიერება“ ჰქვია (მაგ. კარგი ნიშანი) და დასჯით, „უარყოფითი გაძლიერებით“ (მაგ. ცუდი ნიშანი). ინდივიდი გუობს ქცევას, რომელიც მას დაეხმარება უარყოფითი გაძლიერების თავიდან აცილებაში და უზრდის დადებითი გაძლიერების მიღების შესაძლებლობას. ამ პრაქტიკას ჰქვია ოპერანტული „განპირობებულობა“. სკინერი აკრიტიკებდა ტრადიციულ მეთოდებს, დამყარებულს უარყოფით გაძლიერებაზე და საჭიროდ მიაჩნდა მათი შეცვლა დადებითი გაძლიერებით. მისი თეორია დაედო საფუძვლად პროგრამირებულ სწავლებას.

ბიჰევიორიზმის წიაღშივე წარმოიშვა და მის ძლიერ ოპოზიციას წარმოადგენდა ფორმის ფსიქოლოგია. ექსპერიმენტებმა დაადასტურა, რომ პრობლემის გადაწყვეტა არ შეიძლება უბრალო პირობითობით. ის გულისხმობს მოქმედებათა რთული სქემების გაგებას, რომლებიც დაკავშირებულია ერთმანეთთან. მაგალითად, ვონფჰანგ კიოლერი აკვირდებოდა, თუ როგორ სწავლობდნენ გალიაში მსხდომი შიმპანზეები გალიის გარედან ბანანის ჯოხით აღებას. ეს ხდებოდა მცდელობის შედეგად. ფიქრის ძალიან მოკლე ფაზას მოსდევდა გადაწყვეტის ერთბაშად მიხვედრა (insight1). მაქს ვერტჰაიმერი ამტკიცებდა, რომ სწავლა სკოლაში მოსაწყენია და არ ხდება „insight“-ის საშუალებით, ვინაიდან არ გულისხმობს შემოქმედებით მიდგომას.

განვითარების თეორია, ანუ კონსტრუქტივიზმი. მის ერთმნიშვნელოვან წარმომადგენლად ითვლება ჟან პიაჟე (1896-1986). ის ამტკიცებს, რომ ინტელექტუალური განვითარების გზაზე ბავშვი გაივლის შემდეგ სტადიებს:

- სენსომოტორული ინტელექტი (დაბადებიდან 2 წლამდე), ხასიათდება შეგრძნებებისა და მოძრაობის საშუალებით სივრცის, საგნებისა და არსებების აღმოჩენით;

- წინალოგიკური, ანუ სიმბოლური ინტელექტი (2-7,8), როცა ბავშვი იწყებს გონებრივი წარმოდგენის შემუშავებას. მას შეუძლია ითამაშოს წარმოსახვითი თამაშებით.

- ოპერატორული კონკრეტული ინტელექტი დამახასიათებელია 7-8 წლიდან 11-12 წლამდე. ამ ასაკში ბავშვი ითვისებს კონსერვაციის ფუნდამენტურ ცნებებს (წონა, მოცულობა): მას ესმის, რომ სითხის რაოდენობა იგივეა, თუ მას განიერი ჭურჭლიდან გადაასხამ ვიწროში (დონე აიწევს).

- ოპერატორული ფორმალური ინტელექტი (12 წლიდან) აბსტრაგირების უნარით ხასიათდება. ბავშვს შეუძლია იფიქროს პრობლემაზე წინასწარი ჰიპოთეზის წამოყენებით.

პიაჟეს აზრით, ეს თანმიმდევრობა განსაზღვრულია გენეტიკურად და, იმავდროულად, დამოკიდებულია სუბიექტის აქტივობაზე გარემოს მიმართ.

ინტელექტი შენდება კოგნიტიური2 სტრუქტურების გაწონასწორების პროცესის მეშვეობით, გარემოსაგან შუამავლობისა და იძულების საპასუხოდ. აქ ხორციელდება ორი ქმედება - ასიმილაცია და აკომოდაცია. ასიმილაცია არის ინდივიდის მოქმედება გარეშე საგნებზე მისი ცოდნიდან და მიდრეკილებებიდან გამომდინარე. აკომოდაცია არის გარემოს მოქმედება ინდივიდზე, რაც იწვევს აქტიურ შესწორებებს ინდივიდში.

ამ მიდგომას, დაფუძნებულს სუბიექტისა და გარემოს ურთიერთობაზე, ჰქვია „კონსტრუქტივიზმი“. პიაჟეს ნაშრომების პედაგოგიური თვალთახედვა ძალიან ახლოა ახალი სკოლის მიმდინარეობასთან.

კოგნიტივისტური ფსიქოლოგია განვითარდა XX საუკუნის 60-იანი წლებიდან. მან მნიშვნელოვნად შეასუსტა ბიჰევიორიზმი. ამ თეორიის მიმდევრები ცდილობენ გაერკვნენ, თუ რა ხდება „შავ ყუთში“, ადამიანის ფსიქიკაში. სუბიექტი არ კმაყოფილდება დამუშავებული მონაცემების ასიმილაციით; იგი მას გადაარჩევს და აძლევს ფორმას. გამოკვლევათა ამ პროგრამაში ჩართული არიან სხვადასხვა დისციპლინათა (ნეირომეცნიერება, ხელოვნური ინტელექტი, ლინგვისტიკა,....) სპეციალისტები. მრავალრიცხოვანია კოგნიტივისტური ფსიქოლოგიის მიერ გამოკვლეული უბნები.

1. აღქმა: ტვინი ახდენს მიღებული ინფორმაციის გადარჩევას. ეს ფილტრი აუცილებელია. ის ხაზს უსვამს განსხვავებას ყურებასა და დანახვას შორის, გაგონებასა და მოსმენას შორის.

2. მეხსიერება: ნაშრომებში ნაჩვენებია, რომ მეხსიერების „ქცევა“ მრავალწახნაგოვანია. განიხილება მოკლევადიანი და გრძელვადიანი მეხსიერება. მოკლევადიანი მეხსიერება, რომელიც თავიდან განიხილებოდა როგორც ინფორმაციის პასიურად დაგროვების ადგილი, სინამდვილეში საკმაოდ რთულია და ჰქვია სამუშაო მეხსიერება. განასხვავებენ ლექსიკურ მეხსიერებას (დაკავშირებულს „ზეპირად“-თან) და სემანტიკურს (რომელიც ეხება სიტყვების შინაარსს). ეს უკანასკნელი ბევრად უფრო მნიშვნელოვან როლს თამაშობს ვიდრე ლექსიკური.

3. წარმოდგენები: ჩვენ ვიქმნით წარმოდგენას გარე სამყაროს შესახებ წლების მანძილზე, შესაძლოა, ძალიან დაშორებულს რეალობისაგან. კვლევის ეს მიმდინარეობა აერთიანებს ფსიქოლოგიასა და სწავლება-სწავლას. სწავლა არის წარმოდგენის მოდიფიკაცია. სწავლება არის დახმარება წარმოდგენათა სისტემის ცვლილებაში. ზოგიერთი ავტორი თვლის, რომ ანგარიში უნდა გაეწიოს მოსწავლის წარმოდგენას, იმისათვის რომ ჭკვიანურად მოხდეს ახალი ინფორმაციით კონცეფციის შეცვლა.

4. პრობლემების გადაწყვეტა: კოგნიტივისტურმა ფსიქოლოგიამ აჩვენა, რომ პრობლემის გადაწყვეტისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნას ორი ტიპის სტრატეგია. პირველში - სუბიექტი იწყებს მისაღწევი მიზნიდან და გამოყოფს ქვემიზნებს. მეორეში - სუბიექტი, ნაცნობ სიტუაციასთან ანალოგიით, განსაზღვრავს მოქმედებათა გეგმას, შემდეგ უახლოვდება გადაწყვეტას მიმდევრობითი კორექციით.

პედაგოგიური მიმდინარეობები

ახალი სკოლის ძირითადი პედაგოგიური მიმდინარეობებია:

პროექტის პედაგოგიკა - პროექტი იძლევა იმ მიზნების გამოკვეთის საშუალებას, რომლისკენაც მიისწრაფვიან. აზრი ეძლევა იმ საქმიანობას, რომელსაც ამ მიზნის მისაღწევად ახორციელებენ. მასწავლებლის, მოსწავლის და დაწესებულების პროექტი ერთმანეთთან შესაბამისობაში უნდა იყოს. პედაგოგიკა მიზნების მიხედვით პირველმა ჩამოაყალიბა ბენჟამენ ბლუმმა.

პროექტის პედაგოგიკის ერთ-ერთ ფუძემდებლად ითვლება ჯონ დევეი (1859-1952)

დიფერენცირებული პედაგოგიკა - მოსწავლეთა შორის განსხვავებისა და სწავლების პროცესის სირთულის გათვალისწინებით იყენებს სხვადასხვა დიდაქტიკურ გზებს, მუშაობის ფორმებს, საშუალებებს და ითვალისწინებს თითოეულის განსაკუთრებულობას.

კოგნიტივისტური განათლება აერთიანებს ყველა მეთოდს, რომელიც ლოგიკური სავარჯიშოების საშუალებით ავითარებს ინტელექტუალურ პოტენციალს. ყველაზე ცნობილი მეთოდებია ანტუან დე ლა გარანდერის გონებრივი მართვა, ლოგიკური დასაბუთების ატელიე, მიალეს კუბები, რევენ ფერსტაინის ინსტრუმენტური გამდიდრების პროგრამა.

„ახალი სკოლა“ აერთიანებს პედაგოგ ნოვატორებს, რომლებიც ცდიდნენ და ნერგავდნენ ახალ მეთოდებს. მისი წარმომადგენლები არიან: მარია მონტესორი (1870-1952), ოვიდ დეკროლი (1871-1932), სელესტენ ფრენე (1896-1966), როჟე კუზინე (1881-1973) და სხვა.

  • საშინაო დავალება

წაიკითხეთ მე-4 მეცადინეობის დაწყებამდე:

- ყველა ტექსტი მოსწავლის წიგნიდან „შეიცან თავი შენი“;
- ნ. ლორთქიფანიძის „რაინდები“ მოსწავლის წიგნიდან „რაც მტრობას დაუნგრევია...“
- ლ. ტოლსტოის „ომი და მშვიდობის“ ნაწყვეტი მოსწავლის წიგნიდან „რაც მტრობას დაუნგრევია...“

ასე დაიზოგება დრო მე-4 მეცადინეობაზე.

წამყვანი სთხოვს მასწავლებლებს, ყოველი მეცადინეობის შემდეგ ჩაინიშნონ „რა ვიცოდი? რა ვისწავლე? რა მინდა ვიცოდე?“.

______________________

1 insight - რამეში წვდომის უნარი

2 cognitio - ცოდნა, შეცნობა

4 ნაწილი მეორე

▲ზევით დაბრუნება


მიზანი

- მსმენელები გაეცნონ წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობის შექმნის ისტორიას, კომპონენტებს, პრინციპებს.

- მსმენელები გაეცნონ აქტიური სწავლების მეთოდიკის ზოგიერთ ფორმას.

მასალა:

დანართი 2 (2-3 ჯგუფისთვის თითო)
დანართი 3 (მონაწილეთა რიცხვის ტოლი რაოდენობით).

მეცადინეობის მსვლელობა

4.1 წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობა (შექმნის ისტორია, კომპონენტები, პრინციპები)

▲ზევით დაბრუნება


ა) წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობის შექმნის ისტორია;

წამყვანი ხაზავს დაფაზე ცხრილს და სთავაზობს მსმენელებს მინიმალურ ინფორმაციას (ფაქტი და ადგილი). კითხვებზე პასუხის გაცემის გზით (თითოეულმა უნდა გასცეს სავარაუდო პასუხი და ყველა პასუხი ჩაიწერება ცხრილში). უნდა შეივსოს ცხრილის დანარჩენი ნაწილი (დრო, შედეგი, შემთხვევითი მოწმის ქმედება).

- როდის შეიძლება მომხდარიყო ეს ბრძოლა? რომელი საუკუნის რომელ ნახევარში?

- რა შედეგები შეიძლება მოჰყოლოდა მას?

- როგორი შეიძლება ყოფილიყო შემთხვევითი მოწმის ქმედება?

ფაქტი

ადგილი

დრო
საუკუნე,
ნახევარი)

შედეგი

შემთხვევითი
მოწმის
ქმედება

ავსტრიელთა
ბრძოლა
საფრანგეთისა
და იტალიის
არმიის
წინააღმდეგ

იტალიის
ჩრილოეთი,
სოლფერინოსთან

1.
2.
3.
4.
5.
6.

1.
2
3
4
5
6

პასუხების ჩაწერის შემდეგ წამყვანი მიუთითებს სწორ პასუხებზე, კითხულობს ტექსტს და აღადგენს სწორ შინაარსს.

ბრძოლა მოხდა 1859 წელს. სამედიცინო დახმარების გარეშე დატოვებული დაჭრილები იმდენად მძიმე სანახავი იყვნენ, რომ შემთხვევითმა მოწმემ, შვეიცარიელმა ბიზნესმენმა ანრი დიუნანმა, ადგილობრივ მოსახლეობას მოუხმო და მათთან ერთად დაიწყო დაჭრილთა დახმარება.

1861 წელს მან გამოაქვეყნა წიგნი „მოგონებები სოლფერინოზე“, სადაც აღწერა ომის საშინელებები და წამოაყენა ორი იდეა: პირველი - მშვიდობიან პერიოდში სხვადასხვა ქვეყანაში შეიქმნას ჯგუფები, რომლებიც მომზადდებიან დაჭრილთათვის დახმარების გასაწევად ომის დროს. მეორე - დაიდოს შეთანხმება სახელმწიფოებს შორის დაჭრილების დაცვაზე.

1863 წელს ა.დიუნანმა თავის ოთხ თანამემამულესთან ერთად შექმნა ორგანიზაცია, რომელსაც ეწოდა დაჭრილთა დახმარების კომიტეტი. ამ ორგანიზაციას შემდგომში ეწოდა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი.

ბ) მოძრაობის კომპონენტები

მსმენელები იყოფიან 3 ჯგუფად. მათ ეძლევათ სამუშაოდ თითო ტექსტი: წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი, წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ეროვნული საზოგადოებები, წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ეროვნული საზოგადოებების საერთაშორისო ფედერაცია. წამყვანი აცნობს მსმენელებს ჯგუფში მუშაობის წესებს. თუ ჯგუფი მრავალრიცხოვანია, მაშინ ორ-ორ ჯგუფს ეძლევა ერთი და იგივე ტექსტი.

დავალება I ჯგუფისთვის

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი

დაჭრილთა დახმარების კომიტეტს (დაარსდა 1863 წ.) შემდგომში ეწოდა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი (წჯსკ). ეს არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც მოქმედებს სხვადასხვა ქვეყანაში შეიარაღებული კონფლიქტის ზონაში კონფლიქტის დროს და უშუალოდ მის შემდეგ. ის ეხმარება კონფლიქტის მსხვერპლს. მისი მოქმედების ძირითადი მიმართულებებია:

- ჰუმანიტარული დახმარების გაწევა კონფლიქტისაგან დაზარალებულთათვის (საკვების, ტანსაცმლისა და მსუბუქი საშენი მასალის სახით);

- ოჯახური კავშირების აღდგენა კონფლიქტის გამო დაშორებულ ოჯახის წევრთა შორის;

- ტყვეებისა და კონფლიქტის გამო დაკავებულ პირთა მონახულება დაკავების ადგილებში და მათი პირობების შესწავლა;

- ცოდნის გავრცელება საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესახებ.

ორგანიზაციის ემბლემაა:

0x01 graphic

წაიკითხეთ ტექსტი.

- გაშიფრეთ წჯსკ-ის მოქმედების ყველა ძირითადი მიმართულება.
- დაასახელეთ 3 ქვეყანა, სადაც შეიძლება იყოს დღეს წჯსკ-ის დელეგაცია.
- დაასახელეთ 3 ქვეყანა, სადაც არ უნდა იყოს დღეს წჯსკ-ის დელეგაცია.
- წარმოადგინეთ ყოველივე ეს დანარჩენი მსმენელების წინაშე.

დავალება II ჯგუფისთვის

წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ეროვნული საზოგადოებები

დაჭრილთა დახმარების კომიტეტის დაარსების (1863 წ.) შემდეგ სხვადასხვა ქვეყანაში დაიწყო ჯგუფების შექმნა და მათი მომზადება ომის შემთხვევაში დაჭრილთათვის დახმარების გასაწევად. ამ ჯგუფების ბაზაზე ქვეყნებში შეიქმნა წითელი ჯვრის საზოგადოებები. ისინი მოქმედებენ საკუთარი ქვეყნის შიგნით. მათ თანდათან გააფართოეს მოღვაწეობის არეალი.

- შეიარაღებული კონფლიქტის დროს ეხმარებიან კონფლიქტისაგან დაზარალებულებს.

- სტიქიური უბედურების დროს დახმარებას უწევენ სტიქიისაგან დაზარალებულებს.

- მშვიდობიან დროს ეხმარებიან მარტოხელებს, ავადმყოფებს, გაჭირვებულებს.

- ორგანიზებას უწევენ პირველადი დახმარების კურსებს.

ეროვნული საზოგადოებების აღიარებული ემბლემებია:

0x01 graphic

ან
0x01 graphic

წაიკითხეთ ტექსტი.

- გაშიფრეთ ეროვნული საზოგადოების მოქმედების ყველა ძირითადი მიმართულება.

- დაასახელეთ 3 ქვეყანა, სადაც შეიძლება იყოს წითელი ჯვრის ან წითელი ნახევარმთვარის ეროვნული საზოგადოება.

- საიდან გაჩნდა ნახევარმთვარე?

- წარმოადგინეთ ყოველივე ეს დანარჩენი მსმენელების წინაშე.

III ჯგუფი

წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ეროვნული საზოგადოებების საერთაშორისო ფედერაცია

დაჭრილთა დახმარების კომიტეტის დაარსების (1863 წ) შემდეგ სხვადასხვა ქვეყანაში დაიწყო ჯგუფების შექმნა და მათი მომზადება ომის შემთხვევაში დაჭრილთათვის დახმარების გასაწევად. ამ ჯგუფების ბაზაზე ქვეყნებში შეიქმნა წითელი ჯვრის საზოგადოებები.

1919 წ. ეს საზოგადოებები გაერთიანდნენ წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებების საერთაშორისო ფედერაციაში.

წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ეროვნული საზოგადოებების საერთაშორისო ფედერაცია არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც მოქმედებს მთელ მსოფლიოში და დახმარებას უწევს:

- ეროვნულ საზოგადოებებს განვითარებაში;

- სტიქიური უბედურებებისაგან დაზარალებულებს;

- მოსახლეობას შიმშილობის დროს.

წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებების საერთაშორისო ფედერაციის ემბლემაა

0x01 graphic

წაიკითხეთ ტექსტი.

- გაშიფრეთ ეროვნული საზოგადოებების ფედერაციის მოქმედების ყველა ძირითადი მიმართულება.

- საიდან გაჩნდა ნახევარმთვარე?

- დაასახელეთ 3 ქვეყანა, სადაც შეიძლება იყოს ფედერაციის წარმომადგენლობა.

- წარმოადგინეთ ყოველივე ეს დანარჩენი მსმენელების წინაშე.

ჯგუფების მიერ წარმოდგენილი მასალა შეიძლება გამთლიანდეს დაფაზე დახაზულ ცხრილში (იხ. ცხრილი 1). ყველა ახალი კითხვა, დაკავშირებული მოძრაობის კომპონენტებთან, უნდა ჩაიწეროს ცხრილში და გაეცეს პასუხი.

0x01 graphic

ცხრილი 1

გ) მოძრაობის პრინციპები;

მონაწილეები იყოფიან წყვილებად, სამუშაოდ ეძლევათ ტექსტი.

წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობის 7 პრინციპი

წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობის მოღვაწეობა დაფუძნებულია შემდეგ პრინციპებზე:

ჰუმანურობა

პატივისცემა ადამიანის პიროვნების მიმართ.
წითელი ჯვარი შეიქმნა ბრძოლის ველზე
დაჭრილთათვის დახმარების აღმოსაჩენად. ის
განსაცდელში მყოფ ხალხს ეხმარება და მათ
სიცოცხლესა და ჯანმრთელობას იცავს.

მიუკერძოებლობა

არავითარი უპირატესობის მინიჭება. წითელი
ჯვარი არ განასხვავებს ხალხებს მათი რასის,
წარმომავლობის, სარწმუნოებისა და პოლიტიკური
მრწამსის მიხედვით. უპირველეს ყოვლისა ის
განსაცდელში მყოფ ადამიანებს უწევს დახმარებას.

ნეიტრალურობა

შეიარაღებულ კონფლიქტებში მონაწილეობისაგან
თავის შეკავება. წითელი ჯვარი არ მონაწილეობს
ომებში, კონფლიქტებში, პოლიტიკური, რასობრივი
და რელიგიური ხასიათის კამათში, რითაც
საყოველთაო ნდობას იმსახურებს.

დამოუკიდებლობა

თავისუფლად მოქმედება. წითელი ჯვარი თავის
საქმიანობას დამოუკიდებლად ეწევა და არავის არ
ექვემდებარება.

ნებაყოფილობითი
სამსახური

უანგაროდ დახმარება. წითელი ჯვარი
განსაცდელში მყოფ ხალხებს უსასყიდლოდ
ეხმარება. წითელი ჯვრის წევრები ხშირად რთულ
პირობებში მუშაობენ და სულგრძელობას იჩენენ.

ერთობა

ძალთა გაერთიანება მთელ ქვეყანაში. ქვეყანაში
შეიძლება წითელი ჯვრის მხოლოდ ერთი
საზოგადოება არსებობდეს, რომელიც თავის
მოღვაწეობას ამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე
ახორციელებს.

საყოველთაობა

ზრუნვა მსოფლიოს ყველა ხალხებზე, როცა მათ
თანადგომა ესაჭიროებათ. ყველა ეროვნული
საზოგადოება თანაბარი უფლებებით სარგებლობს.
ისინი ვალდებული არიან დახმარება გაუწიონ
ერთმანეთს

რამდენიმე წყვილს შეხვდება ერთი და იგივე დავალება.

წყვილებმა უნდა გასცენ პასუხი კითხვებზე (ფრჩხილებში მითითებულია სწორი პასუხები).

დავალება I წყვილისათვის

1) რომელია ამ პრინციპებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი? რატომ?
(ჰუმანურობა)

2) რომელია ამათგან ყველაზე მნიშვნელოვანი ომის დროს? რატომ?
(ნეიტრალურობა, მიუკერძოებლობა)

დავალება II წყვილისათვის

1) რომელია ამ პრინციპებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი? რატომ?
(ჰუმანურობა)

2) რომელი პრინციპი განსაზღვრავს შიგა ორგანიზაციულ მხარეს? რატომ?
(დამოუკიდებლობა, ერთობა)

დავალება III წყვილისათვის

1) რომელია ამ პრინციპებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი? რატომ?
(ჰუმანურობა)

2) რომელი პრინციპი უზრუნველყოფს ნებისმიერ გაჭირვებულთან მისვლას?
(ნებაყოფლობითი სამსახური, საყოველთაობა)

საუბარი გაიმართება ყველა კითხვის გარშემო.

დაფაზე შეიძლება გამოისახოს:

0x01 graphic

4.2 აქტიური სწავლების ზოგიერთი მეთოდის განხილვა

▲ზევით დაბრუნება


წამყვანი სთხოვს მონაწილეებს გაიხსენონ, რით დაიწყო იმ დღის მეცადინეობა და კომენტარს უკეთებს ყველა შესრულებულ დავალებას.

ა) სავარჯიშო მოძრაობის შექმნის ისტორიის შესახებ. მსმენელებს ქონდათ მინიმალური ინფორმაცია - ფაქტი და ადგილი. დანარჩენი მათ შეავსეს საკუთარი ვარაუდით. მიწოდებული მინიმალური ინფორმაცია გარკვეულ ჩარჩოებში აქცევს მონაწილეთა პასუხებს.

პირველი ვარაუდი იყო დრო; (რა მინიშნება ქონდათ?)
მეორე ვარაუდი იყო შედეგი; (რა მინიშნება ქონდათ?)
მესამე ვარაუდი იყო შემთხვევითი მოწმის მოქმედება. (რა მინიშნება ქონდათ?)

ყველა გამოთქმული ვარაუდი ეყრდნობოდა მსმენელთა წარმოდგენას.

წამყვანმა წაიკითხა გაგრძელება.

მას შეეძლო წაეკითხა (ან მსმენელთათვის მიეცა წასაკითხად) ტექსტი.

- რა განსხვავებაა ამ ორ გზას შორის და გააჩნია თუ არა რაიმე უპირატესობა რომელიმე მათგანს? მონაწილეები გამოთქვამენ აზრს ამის შესახებ.

გამოყენებული იყო კოგნიტიური ვარაუდის მეთოდი. ამ მეთოდის გამოყენება აღძრავს ცნობისმოყვარეობასა და ტექსტის ყურადღებით გაცნობის სურვილს. ეს შეიძლება გამოყენებულ იქნას მცირე ზომის ტექსტის გაცნობისას ლიტერატურაში, უცხო ენაში. უფრო კონკრეტულად - პაუზებით კითხვა: მასწავლებელი ტექსტს ყოფს ნაწილებად და პირველი ნაწილის წაკითხვის შემდეგ სთხოვს მონაწილეებს წარმოიდგინონ და უამბონ კლასს შესაძლო გაგრძელება. შემდეგ მიმდინარეობს მომდევნო ნაწილის კითხვა და მის შემდეგაც მოსწავლეები გამოთქვამენ ვარაუდს, თუ როგორ გაგრძელდება შინაარსი. ასეთი მუშაობა ამახვილებს მოსწავლეთა ყურადღებას შინაარსზე, ავითარებს პროგნოზირების უნარს, ხელს უწყობს საქმისადმი შემოქმედებითი მიდგომის უნარის განვითარებას.

ბ) მოძრაობის კომპონენტების გასაცნობად გამოყენებული იყო ჯგუფებში მუშაობის მეთოდი. მისი მეშვეობით მოსწავლეებს უვითარდებათ შემდეგი უნარ-ჩვევები: აზრის გამოთქმისა და მისი დასაბუთების, ერთმანეთის მოსმენისა და სხვისი აზრის პატივისცემის, კრიტიკული შეფასების, თანამშრომლობის, საერთო დასკვნამდე მისვლის. ხშირ შემთხვევაში ჯგუფური მუშაობით ხერხდება მოსწავლეთა მორცხვობის დაძლევაც. ჯგუფურ მუშაობას თავისი წესები აქვს. ჯგუფის წევრთა შერჩევა შესაძლებელია მოსწავლეთა სურვილის მიხედვით ან შემხვევითი შერჩევის გზით.

კომპონენტებზე მუშაობისას ყველა ჯგუფს ჰქონდა სხვადასხვა ტექსტი, რომელიც დაკვირვებით უნდა წაკითხულიყო, რათა შესაძლებელი გამხდარიყო კითხვებზე პასუხის გაცემა. ამ დავალების თითოეული კითხვა ითხოვს დაფიქრებას ტექსტში მოცემულ ინფორმაციაზე. გარდა ამისა, იბადება კითხვა, რომლის პასუხი ტექსტში არ არის (ნახევარმთვარე). მსგავსება და განსხვავება ტექსტებში იპყრობს სხვა ჯგუფების ყურადღებას და ყველა ჯგუფის ნამუშევარი მთლიანდება. ის, რომ ტექსტში არ არის პასუხი გაჩენილ კითხვაზე, ბადებს სწავლის, გაგების მოტივაციას. ამ მეთოდის გამოყენება, ზოგ შემთხვევაში, შეიძლება ისტორიის, გეოგრაფიის გაკვეთილებზე.

აუცილებელია, მოიძებნოს ფორმა მიღებული ინფორმაციის გამთლიანებისათვის. მიღებული ინფორმაციის ორგანიზებისათვის საზოგადოდ გამოიყენება ცხრილი (მაგ. ცხრილი 1), სქემა, წერითი დავალება, ნახატი, რუკის შედგენა.

ამას მოჰყვა მკითხველის რეაქციაზე დამყარებული კითხვების განხილვა.

პრინციპებზე მუშაობა მიმდინარეობდა წყვილებში. ტექსტი ყველას ქონდა ერთი და იგივე, კითხვები - საერთოც და განსხვავებულიც. ყველა შემთხვევაში ყველა პასუხი მოისმინება და ყველა პასუხი დასაბუთდება. წყვილებში მუშაობის პრინციპი იგივეა რაც ჯგუფში. მოსწავლეები ერთმანეთს უზიარებენ აზრს და ცდილობენ საერთო პასუხამდე მისვლას. ზოგ შემთხვევაში წყვილებისა და ჯგუფების ნამუშევრები შეიძლება გამოიკრას კედელზე.

ყოველ ჯერზე (განსაკუთრებით პირველ ხანებში) მასწავლებელმა უნდა გაუმეოროს მოსწავლეებს ჯგუფებსა და წყვილებში მუშაობის წესები. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელმა მკაფიოდ და გასაგებად ჩამოაყალიბოს დავალება.

წამყვანი სთხოვს მონაწილეებს დააკვირდნენ წამყვანის (მასწავლებლის) როლს.

წინააღმდეგობა გაუწიონ წინასწარ განსაზღვრული დასკვნების გამოტანის სურვილს, საკუთარი ცოდნის გამომჟღავნების სურვილს, ტექსტიდან გადახვევის მცდელობას.

დაფაზე ან დიდ ფურცელზე შესრულებული ჩანაწერი უნდა იყოს მკაფიო და იკითხებოდეს ოთახის ყველაზე დაშორებული წერტილიდან.

5 ნაწილი მესამე

▲ზევით დაბრუნება


5.1 საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ძირითადი დოკუმენტები

▲ზევით დაბრუნება


მიზანი

- მსმენელებისთვის ჟენევის კონვენციებისა და დამატებითი ოქმების ძირითადი დებულებების გაცნობა.

მასალა

დანართი 4, 5, 6, 7, 8 და 9 (მონაწილეთა რიცხვის ტოლი რაოდენობით)

მეცადინეობის მსვლელობა

ა) საუბარი სჰს-ის წარმოშობაზე

მსმენელებს მიეწოდებათ ინფორმაცია სჰს-ის წარმოშობის შესახებ.

ა. დიუნანის იდეა, მიღწეულიყო შეთანხმება სახელმწიფოებს შორის დაჭრილთა დაცვის თაობაზე, საფუძვლად დაედო ჟენევის I კონვენციას, რომელიც 1864 წელს შეიქმნა. ამ კონვენციის შექმნამ დასაბამი მისცა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ჩამოყალიბებას იურიდიულ დარგად.

სჰს არის საერთაშორისო სამართლის ნაწილი, რომელიც მოწოდებულია დაიცვას ომის მსხვერპლის სიცოცხლე და ღირსება და შეზღუდოს შეიარაღებული კონფლიქტით მიყენებული ტანჯვა.

სჰს-ის მრავალრიცხოვან წყაროებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს ოთხი კონვენცია და 1977 წლის ორი დამატებითი ოქმი.

მოცემული კურსი არ გულისხმობს ამ დოკუმენტთა დეტალურ შესწავლას, მაგრამ მათი გაცნობა (თუნდაც ზედაპირულ დონეზე) მეტად მნიშვნელოვანია. მასწავლებლებს შეექმნებათ წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რა უდევს საფუძვლად სახელმძღვანელოებს („შეიცან თავი შენი“ და „რაც მტრობას დაუნგრევია...“), რა სახისაა დოკუმენტის ტექსტი და რატომ არ შეიძლება მოსწავლეებისათვის მისი სწავლება ამ სახით. მონაწილეებს უნდა განემარტოთ, რომ მათ დაურიგდებათ არასრული ტექსტი. გარდა ამისა, ისინი მიიღებენ ლექსიკონს (დანართი 4), რაც გააადვილებს მათ მუშაობას.

ბ) მუშაობა I კონვენციის ძირითად დებულებებზე

1864 წელს ხელმოწერილი ჟენევის I კონვენცია შეივსო და დღეს 1949 წლის რედაქციით არის ძალაში.

ეს არის კონვენცია მოქმედ ჯარში დაჭრილთა და ავადმყოფთა მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ (დანართი 5)

მონაწილეები იყოფიან 3 ჯგუფად (ან წყვილად) და იწყებენ მუშაობას I კონვენციის შინაარსზე. ტექსტიდან გამომდინარე, მათ უნდა უპასუხონ დასმულ კითხვებს. სამუშაოდ ეძლევათ 30 წუთი.

დავალება I ჯგუფისათვის

წაიკითხეთ ტექსტი.

- დააფიქსირეთ, ვის და რას ეხება მოცემული კონვენცია (მიუთითეთ მუხლი).
- რის უფლება აქვთ დაჭრილებს? (მიუთითეთ მუხლი).
- რა არის აკრძალული დაჭრილების მიმართ? (მიუთითეთ მუხლი).
- რაზეა ლაპარაკი 47-ე მუხლში?

დავალება II ჯგუფისათვის

წაიკითხეთ ტექსტი.

- დააფიქსირეთ, ვის და რას ეხება მოცემული კონვენცია? (მიუთითეთ მუხლი).
- რა არის აკრძალული მიცვალებულების მიმართ? (მიუთითეთ მუხლი).
- რა უნდა გაკეთდეს მიცვალებულების მიმართ? (მიუთითეთ მუხლი).
- რაზეა ლაპარაკი 47-ე მუხლში?

დავალება III ჯგუფისათვის

წაიკითხეთ ტექსტი.

- დააფიქსირეთ, ვის და რას ეხება მოცემული კონვენცია (მიუთითეთ მუხლი).
- რა არის დაშვებული და აკრძალული სანიტარული პერსონალის მიმართ და ვინ უთანაბრდება მას? (მიუთითეთ მუხლი).
- რა არის დაშვებული და აკრძალული სანიტარული ტრანსპორტისა და შენობების მიმართ? (მიუთითეთ მუხლი).
- სად გამოიყენება ემბლემა და როგორ? (მიუთითეთ მუხლი).

პასუხები ჩაიწერება ცხრილში (იხ. ცხრილი 2).

0x01 graphic

გ) II კონვენციის გაცნობა

ჟენევის მეორე კონვენცია - „კონვენცია საზღვაო შეიარაღებულ ძალებში დაჭრილთა, ავადმყოფთა და ხომალდის კატასტროფაში მოყოლილ პირთა მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ მიღებულ იქნა 1899 წელს და დღეს ძალაშია 1949 წლის რედაქციით.

ამ კონვენციით გავრცელდა პირველი კონვენციის პრინციპები საზღვაო შეიარაღებულ ძალებში დაჭრილ, ავადმყოფ და ხომალდის კატასტროფაში მოყოლილ პირებზე.

მსმენელები II კონვენციის ტექსტზე არ მუშაობენ.

დ) მუშაობა III კონვენციის ძირითად დებულებებზე

1907 წ. განისაზღვრა ტყვის სტატუსი დაკავებისთანავე და დაზუსტდა მათდამი მოპყრობის თავისებურებები ტყვეობის განმავლობაში.

წამყვანი სვამს კითხვას:

- როგორ განმარტავთ სამხედრო ტყვეს?

ყველა შესაძლო პასუხის მოსმენის შემდეგ განმარტავს თვითონ (იხ. ლექსიკონი, დანართი 4).

შემდეგ დაფაზე წერს სიტყვას „ტყვე“ და მის გარშემო ყველა იმ სიტყვას, რომელიც ასოცირდება ტყვესთან. საჭიროების შემთხვევაში შეიძლება კითხვა დაკონკრეტდეს:

- რა შეიძლება იყოს აკრძალული ან დაშვებული ტყვის მიმართ?

კონვენცია სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის შესახებ დღეს ძალაშია 1949 წლის რედაქციით. მონაწილეებს ურიგდებათ ჟენევის III კონვენციის ტექსტი და ეძლევათ ინდივიდუალური

დავალება

წაიკითხეთ ტექსტი და დააფიქსირეთ ის პუნქტები, რომლებიც ემთხვევა დაფაზე დაწერილს, რომლებიც არასწორად წერია დაფაზე, რომლებიც არ წერია დაფაზე.

დავალების შესასრულებლად ეძლევათ 20 წუთი.

სასურველია, წამყვანმა მიუთითოს მსმენელებს კითხვის დროს რაიმე პირობითი ნიშნების გამოყენების შესაძლებლობის შესახებ. მაგალითად, მათ შეუძლიათ მინდორზე აღნიშნონ „+“-ით პუნქტები, რომლებიც ემთხვევა დაფაზე დაწერილს, „-„ ით რომელიც არასწორად წერია და „*“ ით რომლებიც არ წერია დაფაზე. ეს გაუადვილებს მათ პასუხის გაცემას.

ტექსტის წაკითხვის შემდეგ თითოეული მონაწილე გასცემს თითო პასუხს. დანარჩენს ამატებენ შემდეგ.

დაფაზე სწორი, არასწორი და გამოტოვებული დებულებები უნდა მოინიშნოს სხვადსხვა ფერით.

დავალება

მოიყვანეთ ტყვეებისადმი დამოკიდებულების მაგალითი.

მუშაობა ჟენევის IV კონვენციის ძირითად დებულებებზე.

კონვენცია სამოქალაქო მოსახლეობის დაცვის შესახებ მიღებულ იქნა 1949 წელს. მეორე მსოფლიო ომის სავალალო შედეგებმა საერთაშორისო საზოგადოებრიობის წინაშე დააყენა სამოქალაქო მოსახლეობის დაცვის აუცილებლობა.

წამყვანი სთავაზობს მონაწილეებს IV კონვენციის ტექსტს (კუპიურებით). ამ ტექსტში მოცემულია შემდეგი მუხლები: 15, 18, 19, 27, 28, 31, 32, 49, 50, 51, 53, 55, 56, 58, 64, 144, 146 147. მონაწილეებს უნაწილდებათ 1-2 მუხლი და ეძლევათ

დავალება
წაიკითხეთ მოცემული მუხლი და უპასუხეთ: რაზეა ლაპარაკი ამ მუხლში.

მონაწილეები გააცნობენ აუდიტორიას შესაბამისი მუხლების შინაარსს, რაც ჩაიწერება ცხრილში დაფაზე. განიმარტება უცნობი ტერმინები.

აღნიშნულ მუხლებში საუბარია შემდეგ საკითხებზე:

15. ნეიტრალიზებული ზონა.

18. სამოქალაქო საავადმყოფოს დაცვა.

19. სამოქალაქო საავადმყოფოს დაცვის შეწყვეტა.

27. პატივისცემა რელიგიისადმი, ჩვევებისადმი. ქალების პატივისცემა.

28. სამოქალაქო პირის არსებობა არ ნიშნავს სამხედრო ოპერაციის ჩაშლას.

31. ინფორმაციის ამოღება ძალით.

32. ძალადობა სამოქალაქო პირებზე.

49. დეპორტაციის აკრძალვა ტერიტორიაზე და ტერიტორიიდან. ევაკუაციის შესაძლებლობა.

50. ბავშვებზე ვალდებულება. მათი რეგისტრაცია. მათ სწავლა-განათლებაზე პასუხისმგებლობა. პრეფერენციალური ზომების მიღება 15 წლამდე ბავშვების, ორსული ქალების და 7 წლამდე ასაკის ბავშვთა დედების მიმართ.

51. მოწინააღმდეგის ჯარში იძულებით სამსახურის აკრძალვა. იძულებით მუშაობა დაშვებულია 18 წლის ზემოთ, სამართლიანი ანაზღაურებით, არასამხედრო დანიშნულებით.

53. ყველანაირი ქონების განადგურების აკრძალვა.

55. მოსახლეობის უზრუნველყოფა საკვებითა და სანიტარული მასალით.

56. სანიტარული და საავადმყოფო დაწესებულებების უზრუნველყოფა და ხელშეწყობა.

58. რელიგიური პირების სამსახურის ნებადართვა.

64. დაკავებულ ტერიტორიაზე სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძალაში ყოფნის შესახებ.

144. ცოდნის გავრცელება.

146. კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანა.

147. სერიოზული დარღვევები.

ვ) მუშაობა I დამატებითი ოქმის ძირითად დებულებებზე

1977 წელს საერთაშორისო დიპლომატიურ კონფერენციაზე ხელმოწერილი იქნა ჟენევის კონვენციების ორი დამატებითი ოქმი.

ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციების I დამატებითი ოქმი საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტების მსხვერპლთა დაცვის შესახებ

I დამატებით ოქმზე მუშაობა იწყება კითხვით:

- ოთხი კონვენციის გაცნობის შემდეგ, ხომ არ გგონიათ, რომ შეიძლება კიდევ ვინმე ან რამე იყოს დასაცავი?

სავარაუდო პასუხებია :

- ბუნება;

- კულტურული ფასეულობები;

- ჟურნალისტები,

- ...

წამყვანი აწვდის მონაწილეებს საკითხთა შემდეგ ჩამონათვალს და აკეთებს კომენტარს.

- იარაღის ახალი სახეები.

- მუხანათობის აკრძალვა.

- დანდობა. აკრძალულია ბრძანების გაცემა ნებისმიერის არ დანდობის შესახებ.

- პირები, რომლებიც ტოვებენ საჰაერო ხომალდებს არ უნდა იქცნენ შეტევის ობიექტებად მიწაზე დაშვებამდე.

- სამოქალაქო ობიექტების დაცვა.

- კულტურული ფასეულობებისა და საკულტო დანიშნულების ადგილების დაცვა.

- გადასარჩენად აუცილებელი ობიექტების დაცვა.

- გარემოს დაცვა.

- სახიფათო ძალის შემცველი ობიექტებისა და ნაგებობების დაცვა.

- ჟურნალისტების დაცვა.

- ცოდნის გავრცელება.

მონაწილეებს ურიგდებათ I დამატებითი ოქმის ტექსტი.

აუცილებელია, ხაზი გაესვას იმას, რომ ოთხივე კონვენცია და I დამატებითი ოქმი ეხება საერთაშორისო ხასიათის კონფლიქტებს.

ვ) ინფორმაცია II დამატებითი ოქმის შესახებ

არასაერთაშორისო კონფლიქტების დროს ძალაში შედის კონვენციების საერთო მე-3 მუხლი და II დამატებითი ოქმი.

ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციების II დამატებითი ოქმი არასაერთაშორისო ხასიათის შეიარაღებული კონფლიქტების მცხვერპლთა დაცვის შესახებ მიღებულ იქნა 1977 წელს.

ისევე, როგორც დანარჩენი დოკუმენტები, ეს ოქმიც მოწოდებულია, დაიცვას შეიარაღებული კონფლიქტის მსხვერპლთა სიცოცხლე და ღირსება.

შეჯამებისათვის ერთხელ კიდევ უნდა ჩამოყალიბდეს მსხვერპლთა კატეგორიები.

6 ნაწილი მეოთხე

▲ზევით დაბრუნება


მიზანი

- მსმენელები გაეცნონ აქტიური სწავლების მეთოდიკის ზოგიერთ ფორმას.

- მსმენელებმა დაინახონ კავშირი სჰს-ის ძრითად ფასეულობებსა და მშობლიური ლიტერატურის გაკვეთილებისათვის განკუთვნილ მასალას შორის.

მასალა

სახელმძღვანელოები „შეიცან თავი შენი“ და „რაც მტრობას დაუნგრევია...“ (მოსწავლის და მეთოდური).

მსვლელობა

6.1 აქტიური სწავლების ზოგიერთი მეთოდის განხილვა

▲ზევით დაბრუნება


მეცადინეობის ამ ნაწილში წამყვანი აცნობს მსმენელებს ზოგიერთ მეთოდს.

ა) გონებრივი იერიში (ბრეინსტორმინგი)

ჟენევის მესამე კონვენციაზე მუშაობისას გამოყენებული იყო გონებრივი იერიშის მეთოდი. ეს მეთოდი რამდენიმე ეტაპისაგან შედგება.

პირველ ეტაპზე ის აძლევს მოსწავლეებს საშუალებას, თავისუფლად გამოთქვან მოსაზრება ამა თუ იმ საკითხზე.

წამყვანს მოეთხოვება გარკვევით ჩამოაყალიბოს კითხვა, მიიღოს ყველა პასუხი, მოუწოდოს მოსწავლეებს კამათის, შეფასებისა და დაცინვისაგან თავის შეკავებისკენ.

მეორე ეტაპზე მოსწავლეები უფიქრდებიან მიღებულ პასუხებს, ან მსჯელობენ მათ შესახებ ჯგუფებში.

მესამე ეტაპზე ხდება პასუხების შეფასება მოსწავლეთა მიერ, პასუხების გარკვეულ სისტემაში მოყვანა.

ეს მეთოდი განსაკუთრებით საინტერესოა ახალი იდეების მისაღებად.

ბ) დისკუსია

დისკუსია ინტერაქტიური მეთოდიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხერხია. გარდა იმისა, რომ დისკუსიის დროს ვლინდება მოსწავლეთა დამოკიდებულება პრობლემისადმი, მათ უვითარდებათ ისეთი უნარ-ჩვევები, როგორიცაა: სხვისი აზრის აქტიური მოსმენა, პატივისცემა და გაზიარება, საკუთარი აზრის გამოთქმა და დასაბუთება. დისკუსიის სწორი წარმართვისათვის აუცილებელია მისი ორგანიზება და რეგულირება. მასწავლებელმა უნდა მოახერხოს ურთიერთპატივისცემისა და კეთილგანწყობის ატმოსფეროს შექმნა. იგი სთავაზობს მოსწავლეებს გარკვეული წესების დაცვას: აცადონ ერთმანეთს საუბარი, არ დასცინონ ერთმანეთს და სხვა. დისკუსიის დროს, მთავარი თემის გარდა, შეიძლება სხვა თემებიც გამოიკვეთოს.

გ) პროექტი

პროექტი არის ბავშვების მიერ სხვადასხვა თემაზე ჩატარებული კვლევა. ეს არის ორგანიზებული ქმედება კონკრეტული მიზნის მისაღწევად. მას აქვს რიგი ფუნქციებისა:

- მოტივაციური - მოსწავლე ხედავს თავისი ქმედების აზრს.

- დიდაქტიკური - მისი ცოდნა და უნარები გამოიყენება პროექტის განხორციელებაში.

- ეკონომიკური - მოსწავლე სწავლობს წინააღმდეგობების პროგნოზირებას, დროისა და რესურსების სწორ განაწილებას.

- სოციალური - პროექტი მიმდინარეობს სხვებთან თანამშრომლობაში.

- პოლიტიკური - კოლექტიურ საქმიანობაში მონაწილეობა სძენს მოსწავლეს საზოგადოებრივი ცხოვრების გარკვეულ გამოცდილებას.

პროექტს მოსწავლეთა ჯგუფი ახორციელებს. ამისათვის მასწავლებელმა წინასწარ უნდა შეარჩიოს თემა, მოსწავლეებთან ერთად განსაზღვროს შესრულების ვადები და მიანიშნოს მოსწავლეებს საინფორმაციო წყაროები.

პროექტზე მუშაობის დაწყებამდე უნდა განისაზღვროს: მიზანი, ამოცანები, ვისთვის სრულდება, ვინ ასრულებს, რა ვადებში, რა არის საჭირო.

დ) კითხვების დასმა და პასუხზე რეაგირება.

მასწავლებელი ხშირად უსვამს მოსწავლეებს ამა თუ იმ კითხვებს.

მსმენელების ყურადღება გამახვილდება ორი ტიპის კითხვაზე, დახურულსა და ღიაზე:

- დახურული, რომელიც მოითხოვს ზუსტ და ერთადერთ სწორ პასუხს;

- ღია, რომელიც მოითხოვს გავრცობილ პასუხს და შეიძლება რამდენიმე პასუხი იყოს სწორი ან სადავო.

კითხვის დასმის დროს აუცილებელია:

- კითხვა გასაგებად იყოს ჩამოყალიბებული;
- კითხვა არ შეიცავდეს პასუხს;
- ინტონაციაში არ იკითხებოდეს სასურველი პასუხი.

სასურველია, თავი ავარიდოთ ისეთი კითხვების დასმას, რომლებიც ითხოვენ პასუხს „დიახ“ ან „არა“.

კითხვაზე პასუხის გაცემის საშუალება ყველა მსურველს უნდა მიეცეს. სასურველია, რომ მასწავლებელმა არ გამოხატოს თავისი დამოკიდებულება (დადებითი ან უარყოფითი) პასუხის მიმართ, ვიდრე არ მოისმენს ყველა პასუხს. მძაფრი რეაგირება დაუშვებელია არასწორი პასუხის შემთხვევაში. კარგი იქნება, თუ მასწავლებელი მისცემს მოსწავლეებს საშუალებას ერთმანეთს დაუსაბუთონ თავიანთი პასუხის სისწორე და ბოლოს თვითონ გამოთქვამს აზრს. არ უნდა დაიტუქსოს მოსწავლე აგრესიული პასუხისთვისაც.

6.2 „შეიცან თავი შენი“ და „რაც მტრობას დაუნგრევია...“ სახელმძღვანელოების განხილვა

▲ზევით დაბრუნება


ა) შესავლის განხილვა

მსმენელებს ეძლევათ ინდივიდუალური

დავალება

წაიკითხეთ თქვენი საგნის შესაბამისი მეთოდური სახელმძღვანელოს შესავალი.

15 წუთის გასვლის შემდეგ, წიგნების გამოუყენებლად, მსმენელები პასუხს სცემენ წამყვანის მიერ დასმულ კითხვებზე. წამყვანი სვამს კითხვებს მე-7 კლასის მეთოდური სახელმძღვანელოს შესავლიდან.

წამყვანი აქცევს მსმენელთა ყურადრებას „შეიცან თავი შენი“ და „რაც მტრობას დაუნგრევია...“ სახელმძღვანელოებს შორის არსებულ სტრუქტურულ განსხვავებას.

მე-6 კლასის მოსწავლის სახელმძღვანელოში მოცემულია ტექსტი და დავალებები, რაც არ არის მეთოდურში. მეთოდურ სახელმძღვანელოში მოცემულია გაკვეთილის მსვლელობა, მითითებები მასწავლებლისათვის და კითხვები. ისინი ერთგვარად ავსებენ ერთმანეთს. ამოტომ, გაკვეთილის ჩასატარებლად მასწავლებელს (თვითონ) ორივე სჭირდება.

მე-7 კლასის მოსწავლის სახელმძღვანელოში არის ტექსტი და დავალებები, ხოლო მასწავლებლის მეთოდური სახელმძღვანელო მოიცავს როგოც მეთოდიკას, ისე მოსწავლის წიგნში შეტანილ მასალას. ამიტომ, მასწავლებლისთვის სამუშაოდ სრულიად საკმარისია მეთოდური სახელმძღვანელო.

წამყვანის რეკომენდაციით მსმენელები იყოფიან საგნობრივ ჯგუფებად (ან წყვილებად). თუ ჯგუფის შემადგენლობა საშუალებას იძლევა, სასურველია, იყოს ქართულის 2 ჯგუფი.

მათ ეძლევათ 1 საათი თავის საგანში მასალის (შინაარსისა და მეთოდიკის) გასაცნობად. ქართულის ერთ ჯგუფს ეძლევა ერთ-ერთი თემა მე-6 კლასის სახელმძღვანელოდან, მეორეს კი - მე-7 კლასის სახელმძღვანელოდან.

დავალება

წაიკითხეთ თქვენი საგნისათვის განკუთვნილი მასალა და გააცანით თქვენს კოლეგებს. ყურადღება მიაქციეთ თემის განვითარების ლოგიკას, კითხვებისა და დავალებების დანიშნულებას.

ჯგუფში შესრულებული ნამუშევრების განხილვა იწყება მე-6 კლასის თემით.

ბ) მშობლიური ლიტერატურის გაკვეთილებისათვის განკუთვნილი მასალის განხილვა

მე-6 კლასის სახელმძღვანელო, განსხვავებით მე-7-საგან, არ არის კონცენტრირებული მხოლოდ ომის თემატიკაზე. მასში შეტანილია ისეთი ნაწარმოებები, რომლებიც იძლევა მოსწავლეებთან თანადგომაზე, პასუხისმგებლობაზე, უანგარო დახმარებაზე საუბრის საშუალებას.

მაგალითისთვის მოვიყვანთ „ბიჭი და ძაღლის“ განხილვას.

ჯგუფის წარმომადგენელი კითხულობს მეთოდიკას და აკეთებს კომენტარს.

მოსწავლეთათვის სახლში წასაკითხად (წინა თემის ბოლოს) ტექსტის მიცემა, გეგმის შედგენა და დავალება 1 ემსახურება ტექსტის შინაარსის გაცნობას. მეორე გაკვეთილის კითხვები 1-7, დავალება 2 და კითხვები 8-14 ემსახურება ტექსტში წვდომას. კითხვა 15 და დავალება 3 მოსწავლეთა დამოკიდებულების გარკვევას, ხოლო დავალება 4 ამახვილებს ყურადღებას კანონის ცოდნის აუცილებლობაზე.

გარდა ამისა, მოთხრობის გაგრძელების მოფიქრება უვითარებს მოსწავლეებს ფანტაზიის უნარს.

თემის „ბიჭი და ძაღლი“ განვითარების ლოგიკა შემდეგია:

- ტექსტის გაცნობა;
- ტექსტში წვდომა;
- მოსწავლეთა დამოკიდებულების გამოვლენა;
- საუბარი კანონის შესახებ.

მე-6 კლასისთვის გათვალისწინებული ყველა თემა ამ ლოგიკით ვითარდება. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ხშირად მასწავლებელთა ყურადღების მიღმა რჩება შემაჯამებელი გაკვეთილი (მეთოდური სახელმძღვანელო, გვ.37), რაც დაუშვებელია.

მეორე ჯგუფის წარმომადგენელი მსმენელებს აცნობს მე-7 კლასის მასალას „რაინდები“. ის კითხულობს მეთოდიკას და აკეთებს კომენტარს.

დავალება 1 და პირველი წყვილი გაკვეთილებისა ემსახურება მოთხრობის შინაარსის დაფიქსირებას.

დავალება 2 და ჯგუფური დავალების ზოგიერთი კითხვა ემსახურება ტექსტში წვდომას, ხოლო კითხვები „რომელი საქციელი მიგაჩნიათ უფრო სწორად, ან უფრო ბუნებრივად?“ და „რომელ წესს შეცვლიდით?“ მოსწავლეთა დამოკიდებულების გამოვლენისთვისაა დასმული.

ბოლოს მოსწავლეები ეცნობიან სჰს-ის ნორმას.

თემის „რაინდები“ განვითარების ლოგიკა შემდეგია:

- ტექსტის გაცნობა;
- ტექსტში წვდომა;
- მოსწავლეთა დამოკიდებულების გამოვლენა;
- ნორმის გაცნობა.

7 ნაწილი მეხუთე

▲ზევით დაბრუნება


მიზანი

მსმენელებმა დაინახონ კავშირი სჰს-ის ძრითად ფასეულობებსა და უცხოური ენების, გეოგრაფიისა და ისტორიის გაკვეთილებისათვის განკუთვნილ მასალას შორის.

მასალა

სახელმძღვანელო „რაც მტრობას დაუნგრევია...“ (მოსწავლის და მეთოდური).
დანართი 1 (მონაწილეთა რიცხვის ტოლი რაოდენობით).

მსვლელობა

7.1 სახელმძღვანელოს „რაც მტრობას დაუნგრევია...“-ს განხილვა

▲ზევით დაბრუნება


საგნობრივ ჯგუფებში მეთოდური სახელმძღვანელოს წაკითხვისა და განხილვის შემდეგ მსმენელები აცნობენ ერთმანეთს თავისი საგნისთვის განკუთვნილი მასალის შინაარსსა და მეთოდიკას.

ა) რუსული ენის გაკვეთილებისათვის განკუთვნილი მასალის (ნაწყვეტი ლ.ტოლსტოის რომანიდან „ომი და მშვიდობა“) განხილვა.

ჯგუფის წარმომადგენელი კითხულობს მეთოდიკას და აკეთებს კომენტარს.

სიტუაცია 1 და პირველი გაკვეთილის კითხვები 1-7 ემსახურება მოსწავლეთა დამოკიდებულების გარკვევას საომარ სიტუაციაში სახლ-კარის დატოვების პრობლემის მიმართ.

ტექსტის კითხვითა და დავალება 1-ის ა) პუნქტის საშუალებით ხდება ლიტერატურული მაგალითის გაცნობა. ბ) პუნქტი და მეორე გაკვეთილის 1-3 კითხვები ეხმარება მოსწავლეებს დაჭრილებზე წარმოდგენის გააქტიურებაში. ტექსტის მეორე ნაწილი კვლავ მაგალითს წარმოადგენს, ხოლო კითხვები 5-8 და დავალებები 2-3 შინაარსში წვდომის საშუალებას იძლევა. ტექსტის მესამე ნაწილი ისევ მაგალითს წარმოადგენს და მესამე გაკვეთილის 1-4 კითხვა ტექსტში წვდომის საშუალებას იძლევა. მე-5 კითხვა, დავალება 5 და მეოთხე გაკვეთილის სიტუაცია 2 საშუალებას აძლევს მოსწავლეებს წარმოიდგინონ მოვლენათა განვითარების ყველა შესაძლო ვარიანტი.

ბოლოს, მოსწავლეები ეცნობიან ნორმას.

თემის „ომი და მშვიდობა“ განვითარების საერთო ლოგიკა შემდეგია:

- მოსწავლეთა დამოკიდებულების გამოვლენა;
- მაგალითის გაცნობა (ლიტერატურული ნაწარმოების სახით)
- ნორმის გაცნობა.

ყურადღება უნდა მიექცეს დავალება 5-ს. ამ დავალების შესრულებისას მოსწავლეებმა უნდა შეთხზან შინაარსის გაგრძელება. ეს იძლევა არა მარტო მოსწავლეთა ფანტაზიის განვითარების საშუალებას, არამედ გვატყობინებს, თუ რამდენად ღრმად ჩაწვდა მოსწავლე მოცემულ ნაწყვეტში აღწერილ სიტუაციას.

სიტუაცია 2-ის ინსცენირება, ცხადია, არ გულისხმობს მოსწავლეთა სამსახიობო ნიჭის გამოვლენას. აქ მნიშვნელოვანია, რამდენად არგუმენტირებული იქნება მსჯელობა. მოსწავლეებს წინასწარ უნდა განემარტოს დავალება და მიეცეს დრო მოფიქრებისათვის.

ბ) ინგლისური, ფრანგული, გერმანული ენების გაკვეთილებისათვის განკუთვნილი მასალის განხილვა

ეს მასალა, „წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობა“, სამივე ენისთვის იდენტურია და ინფორმაციულ ხასიათს ატარებს. მოსწავლეები, პრაქტიკულად, თვითონ ეცნობიან მას, თვითონ კითხულობენ და თარგმნიან. მასწავლებელი მხოლოდ ადევნებს თვალყურს და საჭიროებისამებრ უსწორებს გამოთქმას.

დიალოგებისა და ტექსტების კითხვა და დავალებები 1-3 ემსახურება ინფორმაციის მიწოდებას და ლექსიკური მარაგის გამდიდრებას.

დავალება 4 სავარჯიშოა ლექსიკაში.

დავალებები 5 და 6 წარმოადგენს ტესტს, რომელიც იძლევა საშუალებას, შემოწმდეს ინფორმაციის ათვისების დონე.

გ) გეოგრაფიის გაკვეთილებისათვის განკუთვნილი მასალის განხილვა

ჯგუფის წარმომადგენელი კითხულობს მეთოდიკას და აკეთებს კომენტარს.

გეოგრაფიაში წარმოდგენილია ორი დამოუკიდებელი თემა. პირველია „გარემოს შეცვლა ომის შედეგად“.

დავალება 1 ააქტიურებს მოსწავლეთა ცოდნასა და წარმოდგენას გარემოზე და ომის შედეგად მის შეცვლაზე.

დავალება 2 არის მაგალითი ომის შედეგად გარემოს დაზიანებისა.

კითხვა 1 და დავალება 2 მოსწავლეებს აძლევს საშუალებას, დაუფიქრდნენ, თუ როგორ შეიძლება აიცილონ თავიდან აღწერილი მდგომარეობა.

დავლება 4-ის საშუალებით ეცნობიან ნორმას.

მეორე თემაა „მოსახლეობის მიგრაცია“. საუბარი მეცადინეობის დასაწყისში, კითხვები 1-5 და დავალება 1 ააქტიურებენ მოსწავლეთა ცოდნასა და წარმოდგენას (თუნდაც არასწორს) მოსახლეობის მიგრაციაზე.

დავალება 2 ახდენს მათი წარმოდგენის კორექციას და განიხილება, როგორც მაგალითი. კითხვები 6 და 7 იძლევა მოცემული მაგალითის ღრმად გაგების საშუალებას.

კითხვები 8-10 აფიქრებს მოსწავლეებს მოსახლეობის მდგომარეობის შემსუბუქების შესაძლებლობაზე.

ბოლოს მოსწავლეები ეცნობიან ნორმას.

გეოგრაფიის გაკვეთილების განვითარების საერთო ლოგიკა შემდეგია:

- მოსწავლეთა დამოკიდებულების გამოვლენა;
- მაგალითის გაცნობა;
- ნორმის გაცნობა.

დ) ისტორიის გაკვეთილებისათვის განკუთვნილი მასალის განხილვა.

საქართველოს ისტორიის კურსში თემას „მშვიდობიანი მოსახლეობა და კულტურული ფასეულობები ომის დროს; სამხედრო ტყვეები“ ეთმობა 3 საათი. აქედან, მეთოდურ სახელმძღვანელოში მოცემულია გაკვეთილების დაწვრილებითი აღწერა პირველი ორი საათისათვის, ხოლო მესამე საათზე გათვალისწინებულია მთელი წლის პროგრამის თვალის გადავლება სჰს-ის თვალსაწიერიდან.

დავალება 1, კითხვები 1-8 პირველი გაკვეთილიდან და კითხვები 1-4 მეორე გაკვეთილიდან, ააქტიურებენ მოსწავლეთა წარმოდგენას აღნიშნული საკითხების შესახებ.

დავალებები 2 და 4 აცნობენ მოსწავლეებს ისტორიულ მაგალითებს. ხოლო დავალებების 3-სა დ 5-ის საშუალებით, ეცნობიან ნორმას.

აღნიშნული 2 გაკვეთილის განვითარების საერთო ლოგიკა შემდეგია:

- მოსწავლეთა დამოკიდებულების გამოვლენა;
- მაგალითის გაცნობა;
- ნორმის გაცნობა.

მსოფლიოს ისტორიის გაკვეთილი „ომის სამართლის განვითარების ფაქტორები შუა საუკუნეებში" წარმოადგენს "რაც მტრობას დაუნგრევია“-ს ბოლო გაკვეთილს. ის ერთგვარად შემაჯამებელია მთელი კურსისათვის. აქ ჯგუფური მუშაობის დროს ხდება შუა საუკუნეებში გავრცელებული სხვადასხვა წესის ანალიზი და ამ წესების მიმართ მოსწავლეთა დამოკიდებულების გამოვლენა. ამვე დროს, მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ სჰს-ის ნორმების განვითარებას.

ე) არაქართულენოვანი სკოლებისათვის განკუთვნილი სახელმძღვანელოების თავისებურებები

„რაც მტრობას დაუნგრევია...“ ნათარგმნი და ადაპტირებულია არაქართულენოვანი სკოლებისათვის. ამ სკოლების მასწავლებელთა კურსებზე დასწრების შემთხვევაში აუცილებელია განსხვავებული თემების განხილვა.

რუსულენოვან სკოლაში ქართული ენის გაკვეთილებისათვის განკუთვნილია „თავდადებული მღვდელი თევდორე“.

დავალება 1 ავლენს მოსწავლეთა დამოკიდებულებას პრობლემისადმი - ომში ყველაფერია დასაშვებია თუ არა.

ტექსტის კითხვა და კითხვები 1-4 ტექსტის გაცნობისთვისაა, ხოლო დავალება 2, პირველი გაკვეთილის კითხვები 8 და 9, დავალება 3, მეორე გაკვეთილის კითხვები 1-8 და დავალება 4 ნორმის გასაცნობადაა შეთავაზებული. ცხადია, გათვალისწინებულია მოსწავლეთა ენობრივი პრობლემები და მოყვანილია სიტყვათა განმარტებები. მასალის აგების ლოგიკა ისეთია, როგორც უმრავლეს შემთხვევაში:

- მოსწავლეთა დამოკიდებულების გამოვლენა;

- მაგალითის გაცნობა;

- ნორმის გაცნობა.

სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სკოლებში სახელმწიფო (ქართული) ენის გაკვეთილებისთვის განკუთვნილია ინფორმაციული ხასიათის მასალა „წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობა“, იგივე, რაც უცხოური ენის გაკვეთილებისათვის ქართულ და რუსულენოვან სკოლებში.

სომხურენოვან სკოლაში მშობლიური ლიტერატურის გაკვეთილებისათვის გათვალისწინებულია ნაწყვეტი ოვანეს თუმანიანის „დავით სასუნელი“-დან.

დავალებები 1-3 და კითხვა 1 ტექსტის გაცნობას ემსახურება. ჯგუფური მუშაობისას ხდება პრობლემის ანალიზი და მოსწავლეთა დამოკიდებულების გამოვლენა. ბოლოს, მოსწავლეები ეცნობიან ნორმას. ამ მასალის სწავლების ლოგიკა ისეთივეა, როგორც „რაინდების“ შემთხვევაში:

- ტექსტის გაცნობა;
- ტექსტში წვდომა;
- მოსწავლეთა დამოკიდებულების გამოვლენა;
- ნორმის გაცნობა.

აზერბაიჯანულენოვან სკოლაში მშობლიური ლიტერატურის გაკვეთილებისათვის გათვალისწინებულია ნაწყვეტი ნიზამის „ისკენდერ-ნამე“-დან.

ტექსტის წაკითხვა, კითხვა 1 და დავალება 1-ის ა)-დ) პუნქტები შინაარსის დასაფიქსირებლად არის გამოყენებული. კითხვები 2-7, დავალებები 2, 3 და მეორე გაკვეთილის კითხვები 1-3 და 5,8 ტექსტში წვდომას ემსახურება. დავალება 1-ის ე) პუნქტი, კითხვა 4 და დავალება 4 ავლენს მოსწავლეთა დამოკიდებულებას პრობლემისადმი და დავალებები 5-9 აცნობენ მათ ნორმას. ამ მასალის სწავლების ლოგიკა ისეთივეა, როგორც „რაინდების“ და „დავით სასუნელის“ შემთხვევაში:

- ტექსტის გაცნობა;

- ტექსტში წვდომა;

- მოსწავლეთა დამოკიდებულების გამოვლენა;

- ნორმის გაცნობა.

7.2 კურსის თეორიული ნაწილის შეფასება

▲ზევით დაბრუნება


კურსის თეორიული ნაწილის შესაფასებლად მსმენელებს ურიგდებათ კითხვარი (დანართი 1) და მის შესავსებად ეძლევათ 15 წუთი.

8 ნაწილი მეექვსე (პრაქტიკული)

▲ზევით დაბრუნება


შენიშვნა. წამყვანი წინასწარ აფრთხილებს მასწავლებლებს იმის შესახებ, რომ კითხვარის შევსებისას არ უნდა გასცენ პასუხი მე-11 და მე-12 კითხვებს.

მიზანი

მეთოდიკაში მიღებული ცოდნის გამოყენება

8.1 მითითებები მასწავლებელთათვის

▲ზევით დაბრუნება


ყველა მონაწილე მწვრთნელის თანდასწრებით ატარებს 3 გაკვეთილს ნებისმიერ თემაზე, ნებისმიერ კლასში, იმ მეთოდიკური ხერხების გამოყენებით, რომლებიც აითვისა თეორიულად.

მწვრთნელმა უნდა განუმარტოს მასწავლებლებს მისი გაკვეთილზე დასწრების მიზანი: ეს აძლევს მასწავლებელსა და მწვრთნელს საშუალებას, იმსჯელონ თეორიულად ნასწავლი ხერხის პრაქტიკაში სწორად გამოყენების შესახებ.

გაკვეთილზე დასწრება არის კურსის ნაწილი და არა მასწავლებლის ან მოსწავლეთა ცოდნის შემოწმება.

მსმენელებს უნდა განემარტოს, რომ ეს არ არის ღია გაკვეთილი და არავინ ელოდება მისგან სამოდელო გაკვეთილის ჩატარებას. ამიტომ გაკვეთილს ესწრება მხოლოდ მწვრთნელი.

გაკვეთილი ტარდება გეგმით გათვალისწინებულ თემაზე.

არ არის საჭირო ყველა (ან ბევრი) ხერხის გამოყენება. მნიშვნელოვანია ის, თუ რამდენად შედეგიანად იქნება ხერხი გამოყენებული.

8.2 მონაწილეთა მიერ ჩატარებული გაკვეთილის მოსმენა

▲ზევით დაბრუნება


გაკვეთილის მოსმენისას წამყვანმა უნდა მიაქციოს ყურადღება:

- როგორ ექცევა მასწავლებელი მოსწავლეებს (ხშირია შემთხვევები, როცა მასწავლებელი მიმართავს ბავშვებს გვარებით, ან უყვირის მათ. არ აცდის პასუხის მოფიქრებას, ან ტუქსავს არასწორი პასუხისთვის).

- როგორ არის ორგანიზებული კლასი (ზოგჯერ მასწავლებელი ჯგუფებად სვამს მოსწავლეებს და ამიტომ მათი ნაწილი ზურგით ზის მასწავლებლისა და დაფისკენ. დაფის მხარე თავისუფალი უნდა იყოს).

- რომელ ნასწავლ ხერხს იყენებს მასწავლებელი;

- რას ემსახურება ეს ხერხი.

- სწორად იყენებს მას თუ არა (ზოგ შემთხვევაში მასწავლებელი აძლევს დავალებას ჯგუფებს და არ უხსნის ჯგუფში მუშაობის წესებს).

- სათანადო ადგილზე და მიზნობრივად გამოიყენა ეს მეთოდი თუ არა (ზოგჯერ ჯგუფებში მუშაობა ფორმალურია. ან დავალება არ მოითხოვს ჯგუფურ მუშაობას, ან ერთი მოსწავლე ასრულებს ჯგუფის დავალებას).

- როგორ მოარგო მასწავლებელმა ესა თუ ის მეთოდი არსებულ რეალობას;

- როგორ სვამს მასწავლებელი კითხვას.

- როგორ რეაგირებს მასწავლებელი სწორ და არასწორ პასუხებზე.

- ვინ უფრო აქტიურია, მოსწავლე თუ მასწავლებელი.

- რა შეიძლებოდა ამ კონკრეტულ გაკვეთილზე გაკეთებულიყო სხვანაირად.

ყველა ამ პუნქტის მიხედვით წამყვანის მიერ კეთდება ჩანაწერი გაკვეთილის მსვლელობის დროს.

ჩანაწერში უნდა აღინიშნოს სკოლა, კლასი, საგანი, მასწავლებლის გვარი და თარიღი.

გაკვეთილის მოსმენის შემდეგ წამყვანი პირისპირ ხვდება მასწავლებელს და ესაუბრება მას. იგი კეთილგანწყობილი უნდა იყოს მასწავლებლის მიმართ, მხოლოდ მაშინ იმსახურებს მასწავლებლის ნდობას. კარგი იქნება, თუ ჯერ მასწავლებელი გამოთქვამს აზრს თავის გაკვეთილზე. საინტერესოა, რას გეგმავდა და რის განხორციელება მოახერხა, ეს თვითშეფასება სასარგებლოა.

კურსის წამყვანმა თავდაპირველად დადებითი მომენტები უნდა აღნიშნოს და შემდეგ მიუთითოს იმაზე, თუ რის შეცვლას ურჩევდა.

მწვრთნელმა ყურადღება უნდა მიაქციოს თავის განწყობასა და ტონს. მან კი არ უნდა გააკრიტიკოს მასწავლებელი, არამედ დაეხმაროს მას მუშაობის დახვეწაში.

მწვრთნელმა უნდა შეადაროს ერთი და იგივე მასწავლებლის მიერ ჩატარებული 1-ლი, მე-2 და მე-3 გაკვეთილები, დააფიქსიროს ცვლილება და უთხრას ამის შესახებ მასწავლებელს.

9 საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის განვითარება

▲ზევით დაბრუნება


საერთაშორისო ჰუმანიტარულმა სამართალმა იურიდიულ დარგად ჩამოყალიბება დაიწყო

1864 წლიდან, როდესაც ხელი მოეწერა ჟენევის I კონვენციას ბრძოლის ველზე დაჭრილ ჯარისკაცთა მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ.

1899 წ. - ხელმოწერილ იქნა კონვენცია, საზღვაო ბრძოლების პრინციპების შესახებ.

1907 წ - განისაზღვრა ტყვის სტატუსი დაკავებისთანავე და დაზუსტდა მათდამი მოპყრობის თავისებურებები ტყვეობის განმავლობაში.

1929 წ. - სრულყვეს და განავრცეს სამივე კონვენცია.

1949 წ. - დაემატა IV კონვენცია, მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის შესახებ და გადაისინჯა დანარჩენი სამი.

1977 წ. - ხელმოსაწერად მზად იყო I და II დამატებითი ოქმი.

I, II, III, IV კონვენციები და I დამატებითი ოქმი ძალაშია საერთაშორისო ხასიათის შეიარაღებული კონფლიქტების დროს.

II დამატებითი ოქმი ძალაშია არასაერთაშორისო ხასიათის შეიარაღებული კონფლიქტების დროს.

ეს არის სჰს-ის ძირითადი დოკუმენტები. გარდა ამისა, არსებობს რამდენიმე ათეული სხვა დოკუმენტი.

1954 წ. - კონვენცია სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში კულტურულ ფასეულობათა დაცვის შესახებ.

1972 წ. - კონვენცია ბაქტერიოლოგიური (ბიოლოგიური) იარაღის ტოქსინების წარმოების და დაგროვების აკრძალვისა და მათი მოსპობის შესახებ.

1977 წ. - კონვენცია გარემოზე ზემოქმედების საშუალებათა სამხედრო ან ნებისმიერი სხვა მტრული მიზნით გამოყენების აკრძალვის შესახებ.

და სხვა.

10 დანართი

▲ზევით დაბრუნება


10.1 დანართი 1. კითხვარი მასწავლებელთათვის

▲ზევით დაბრუნება


1. თქვენი გვარი, სახელი ---------------------------------------------------------

2. რომელ საგანს ასწავლით ----------------------------------------------------

3. რომელ ასაკობრივ ჯგუფს ეკუთვნით (აღნიშნეთ შესაბამისი კვადრატი)

30-მდე  30 - 40 

40 -50  50-ის ზემოთ 

4. გიმუშავიათ თუ არა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის
საგანმანათლებლო პროგრამით.
დიახ  არა 

5. აღნიშნეთ ის დებულებები, რომლებიც ასახავენ წითელი ჯვრისა და წითელი
ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობას (აღნიშნეთ შესაბამისი კვადრატი)

- წითელი ჯვარი ან წითელი ნახევარმთვარე ეხმარება და
იცავს გაჭირვებაში მყოფ ადამიანებს 

- წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო
მოძრაობა 3 ნაწილისაგან შედგება 

- წითელი ჯვარი ან წითელი ნახევარმთვარე არის რელიგიური
მოძრაობის ნაწილი 

- წითელი ჯვარი ან წითელი ნახევარმთვარე ახდენს გავლენას
ქვეყნის პოლიტიკაზე 

- წითელი ჯვრის ან წითელი ნახევარმთვარის
მომსახურებაში მთავარია პირველადი დახმარების გაწევა 

- წითელი ჯვარი ან წითელი ნახევარმთვარე არის გაეროს
ორგანიზაციის ნაწილი 

6. დაასახელეთ ომის მსხვერპლთა კატეგორიები

______________________________________________
______________________________________________
______________________________________________

7. გთხოვთ შესაბამის გრაფაში აღნიშნოთ, ჩამოთვლილი ქმედებებიდან, თქვენი აზრით, ომის მსვლელობისას რომელია ნებადართული და რომელი აკრძალული.

ქმედებები

ნებადართულია

აკრძალულია

არ ვიცი/მიჭირს
პასუხის გაცემა

მტრის მძევლად
აყვანა

მტრის მებრძოლების
ხელში ჩაგდება და
განიარაღება

მტრის დასახლებაში
სახლების ძარცვა

მტრის დასახლებიდან
მოსახლეობის
განდევნა

8. გთხოვთ შესაბამის გრაფაში აღნიშნოთ, თითოეულ დებულებაში აღწერილი ქმედება, ტყვეებთან მიმართებაში, ნებადართულია, არ არის ნებადართული, თუ სიტუაციაზეა დამოკიდებული.

ქმედებები

ნებადართულია

აკრძალულია

სიტუაციაზეა
დამოკიდებული

არ ვიცი/
მიჭირს
პასუხის
გაცემა

ავადმყოფებისათვის
სამედიცინო
დახ-
მარების გაწევა

წამება საჭირო
ინფირმაციის
მისა-
ღებად

საკვებისა და წყლის
შეუზღუდავი
მიწოდება

ოჯახთან მიმო
წერის უფლება

აიძულოთ გახდეს
თქვენი რელიგიის
მიმდევარი

მისცეთ სიარულის
ან ვარჯიშის საშუ-

ალება

ისეთ ციხეში გან-
თავსება, რომელიც
ახლოა ბრძოლის
აზთან

ცემა, თუკი მოწინა-
აღმდეგე ცემს თა-
ვის ტყვეებს

9. გთხოვთ შესაბამის გრაფაში აღნიშნოთ, თითოეულ დებულებას სრულიად ეთანხმებით, არ ეთანხმებით თუ სრულიად არ ეთანხმებით.

ქმედებები

სრულიად
ეთანხმებით

ეთანხმებით

არ
ეთანხმებით

სრულიად არ
ეთანხმებით

არ ვიცი/
მიჭირს პასუ-
ხის გაცემა

მოწინააღმდეგის
მშვიდობიან მო-
სახლეობაზე
არასოდეს არ
უნდა მიიტანო
იერიში

მოწინააღმდეგის
მშვიდობიან მო-
სახლეობაზე
იერიში უნდა
მიიტანო მხოლოდ
იმ შემთხვევაში,
თუკი მათ შორის
მებრძოლებიც
არიან

დაჭრილ
მშვიდობიან
მოსახლეობას
დახმარება უნდა
აღმოუჩინო იმ
შემთხვევაშიც კი,
თუ ის შენი
მტერია

მოწინააღმდეგის
დაჭრილ
მებრძოლებს
დახმარება უნდა
აღმოუჩინო

შვიდობიანი მო-
სახლეობის წარ-
მომადგენელთა
წამება დასაშვებია,
თუ მათგან
შეიძლება შეიტყო
მნიშვნელოვანი
ინფორმაცია

შესაძლებელია
მშვიდობიან
მოსახლეობაზე
იერიშის მიტანა,
თუ მოწინააღ-
მდეგეც იგივეს
აკეთებს

მშვიდობიან
მოსახლეობაზე
იერიშის მიტანა
დასაშვებია მხო-
ლოდ მაშინ, თუ
მათ შორის ბავ-
შვები არ არიან

10. ომის პირობებში ქცევის მიღებულ წესებს ჰქვია (აღნიშნეთ შესაბამისი კვადრატი)

- ჟენევის კონვენცია 

- საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი 

- კანონი ადამიანთა უფლებების შესახებ 

- ლტოლვილთა შესახებ საერთაშორისო კონვენცია 

11. რამდენად იცნობთ აქტიური სწავლების მეთოდიკას? (აღნიშნეთ შესაბამისი კვადრატი)

- არაფერი გამიგია მის შესახებ 

- მსმენია მის შესახებ 

- ვიცნობ 

- ვიცნობ და ვიყენებ 

12. იმ შემთხვევაში თუ იყენებთ, მუშაობის რა ფორმებს მიმართავთ?

____________________________________________________________________
____________________________________________________________________

13. მიგაჩნიათ თუ არა, რომ მიღებულ ცოდნას გამოიყენებთ მუშაობისას?

- არ გამოვიყენებ 

- მხოლოდ წითელი ჯვრის მასალის სწავლებისას 

- გამოვიყენებ სხვა გაკვეთილებზეც 

14. რა შენიშვნები, რჩევები ან სურვილები გაქვთ გავლილი კურსის ორგანიზატორებისთვის?

___________________________________________________________________________
___________________________________________________________________________

10.2 დანართი 2. წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობის კომპონენტები

▲ზევით დაბრუნება


I ჯგუფი

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი

დაჭრილთა დახმარების კომიტეტს (დაარსდა 1863 წ.) შემდგომში ეწოდა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი (წჯსკ). ეს არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც მოქმედებს სხვადასხვა ქვეყანაში შეიარაღებული კონფლიქტის ზონაში კონფლიქტის დროს და უშუალოდ მის შემდეგ. ის ეხმარება კონფლიქტის მსხვერპლს. მისი მოქმედების ძირითადი მიმართულებებია:

- ჰუმანიტარული დახმარების გაწევა კონფლიქტისაგან დაზარალებულთათვის (საკვების, ტანსაცმლისა და მსუბუქი საშენი მასალის სახით).

- სამედიცინო დახმარების გაწევა დაზარალებულთათვის.

- ოჯახური კავშირების აღდგენა კონფლიქტის გამო დაშორებულ ოჯახის წევრთა შორის.

- ტყვეებისა და კონფლიქტის გამო დაკავებულ პირთა მონახულება დაკავების ადგილებში და მათი პირობების შესწავლა.

ცოდნის გავრცელება საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესახებ.

ორგანიზაციის ემბლემაა:

0x01 graphic

წაიკითხეთ ტექსტი.

- გაშიფრეთ წჯსკ-ის მოქმედების ყველა ძირითადი მიმართულება.
- დაასახელეთ 3 ქვეყანა, სადაც შეიძლება იყოს დღეს წჯსკ-ის დელეგაცია.
- დაასახელეთ 3 ქვეყანა, სადაც არ უნდა იყოს დღეს წჯსკ-ის დელეგაცია.
- წარმოადგინეთ ყოველივე ეს დანარჩენი მსმენელების წინაშე.

II ჯგუფი

წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ეროვნული საზოგადოებები

დაჭრილთა დახმარების კომიტეტის დაარსების (1863წ.) შემდეგ სხვადასხვა ქვეყანაში დაიწყო ჯგუფების შექმნა და მათი მომზადება ომის შემთხვევაში დაჭრილთათვის დახმარების გასაწევად. ამ ჯგუფების ბაზაზე ქვეყნებში შეიქმნა წითელი ჯვრის საზოგადოებები. ისინი მოქმედებენ საკუთარი ქვეყნის შიგნით. მათ თანდათან გააფართოეს მოღვაწეობის არეალი.

  • შეიარაღებული კონფლიქტის დროს ეხმარებიან კონფლიქტისაგან დაზარალებულებს.

  • სტიქიური უბედურების დროს დახმარებას უწევენ სტიქიისაგან დაზარალებულებს.

  • მშვიდობიან დროს ეხმარებიან მარტოხელებს, ავადმყოფებს, გაჭირვებულებს.

  • ორგანიზებას უწევენ პირველადი დახმარების კურსებს.

ეროვნული საზოგადოებების ემბლემაა:

0x01 graphic

ან
0x01 graphic

წაიკითხეთ ტექსტი.

- გაშიფრეთ ეროვნული საზოგადოების მოქმედების ყველა ძირითადი მიმართულება.

- დაასახელეთ 3 ქვეყანა, სადაც შეიძლება იყოს წითელი ჯვრის ან წითელი ნახევარმთვარის ეროვნული საზოგადოება.
- საიდან გაჩნდა ნახევარმთვარე?
- წარმოადგინეთ ყოველივე ეს დანარჩენი მსმენელების წინაშე.

III ჯგუფი

წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ეროვნული საზოგადოებების საერთაშორისო ფედერაცია

დაჭრილთა დახმარების კომიტეტის დაარსების (1863 წ) შემდეგ სხვადასხვა ქვეყანაში დაიწყო ჯგუფების შექმნა და მათი მომზადება ომის შემთხვევაში დაჭრილთათვის დახმარების გასაწევად. ამ ჯგუფების ბაზაზე ქვეყნებში შეიქმნა წითელი ჯვრის საზოგადოებები.

1919 წ. ეს საზოგადოებები გაერთიანდნენ წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ეროვნული საზოგადოებების საერთაშორისო ფედერაციაში.

წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ეროვნული საზოგადოებების საერთაშორისო ფედერაცია არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც მოქმედებს მთელ მსოფლიოში და დახმარებას უწევს:

- ეროვნულ საზოგადოებებს განვითარებაში;
- სტიქიური უბედურებებისაგან დაზარალებულებს;
- მოსახლეობას შიმშილობის დროს.

წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებების საერთაშორისო ფედერაციის ემბლემაა

0x01 graphic

წაიკითხეთ ტექსტი.

- გაშიფრეთ ეროვნული საზოგადოებების ფედერაციის მოქმედების ყველა ძირითადი მიმართულება.
- საიდან გაჩნდა ნახევარმთვარე?
- დაასახელეთ 3 ქვეყანა, სადაც შეიძლება იყოს ფედერაციის წარმომადგენლობა.
- წარმოადგინეთ ყოველივე ეს დანარჩენი მსმენელების წინაშე.

10.3 დანართი 3 წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობის 7 პრინციპი

▲ზევით დაბრუნება


წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობის მოღვაწეობა დაფუძნებულია შემდეგ პრინციპებზე:

ჰუმანურობა

პატივისცემა ადამიანის პიროვნების მიმართ.
წითელი ჯვარი შეიქმნა ბრძოლის ველზე
დაჭრილთათვის დახმარების აღმოსაჩენად. ის
განსაცდელში მყოფ ხალხს ეხმარება და მათ
სიცოცხლესა და ჯანმრთელობას იცავს.

მიუკერძოებლობა

არავითარი უპირატესობის მინიჭება. წითელი
ჯვარი არ განასხვავებს ხალხებს მათი რასის,
წარმომავლობის, სარწმუნოებისა და
პოლიტიკური მრწამსის მიხედვით. უპირველეს
ყოვლისა ის განსაცდელში მყოფ ადამიანებს

უწევს დახმარებას.

ნეიტრალურობა

შეიარაღებულ კონფლიქტებში
მონაწილეობისაგან თავის შეკავება.
წითელი ჯვარი არ მონაწილეობს ომებში,
კონფლიქტებში, პოლიტიკური, რასობრივი და
რელიგიური ხასიათის კამათში, რითაც
საყოველთაო ნდობას იმსახურებს.

დამოუკიდებლობა

თავისუფლად მოქმედება. წითელი ჯვარი
თავის საქმიანობას დამოუკიდებლად ეწევა და
არავის ექვემდებარება.

ნებაყოფლობითი
სამსახური

უანგაროდ დახმარება. წითელი ჯვარი
განსაცდელში მყოფ ხალხებს უსასყიდლოდ
ეხმარება. წითელი ჯვრის წევრები ხშირად
რთულ პირობებში მუშაობენ და
სულგრძელობას იჩენენ.

ერთობა

ძალთა გაერთიანება მთელ ქვეყანაში.
ქვეყანაში შეიძლება წითელი ჯვრის
მხოლოდ ერთი საზოგადოება
არსებობდეს, რომელიც თავის მოღვაწეობას ამ
ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ახორციელებს.

საყოველთაობა

ზრუნვა მსოფლიოს ყველა ხალხებზე, როცა მათ
თანადგომა ესაჭიროებათ. ყველა ეროვნული
საზოგადოება თანაბარი უფლებებით
სარგებლობს. ისინი ვალდებული არიან
დახმარება გაუწიონ ერთმანეთს.

10.4 დანართი 4. ლექსიკონი

▲ზევით დაბრუნება


აკომოდაცია - (ლათ. accomodatio) შეწყობა, შეგუება.

ასიმილაცია - (ლათ. assimilatio დამსგავსება, გაიგივება) შეთვისება, დამსგავსება.

დეპორტაცია- (ლათ. deportatio) და დეპორტირება პირის იძულებითი გასახლება, გაძევება სხვა სახელმწიფოში.

ევაკუაცია - (ლათ. evacuatio დაცლა, დაცარიელება) - ორგანიზებული გამოყვანა ადამიანებისა, დაწესებულებებისა, გამოტანა ქონებისა, მოწყობილობისა და სხვა იმ ადგილიდან, სადაც რაიმე საფრთხეა მოსალოდნელი (უპირატესად საომარი მოქმედების დროს).

ვერაგობა - ვერაგობად ითვლება მოწინააღმდეგისათვის თავის მოჩვენება საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებით დაცულ პირად მისი ნდობის მოპოვების მიზნით.

ინტერნირება - უსაფრთხოების ზომა - საცხოვრებელი ადგილის იძულებით მიჩენა, რომელიც სახელმწიფომ შეიძლება გამოიყენოს შეიარაღებული კონფლიქტის დროს. აგრეთვე შესაძლებელია, რომ უცხოეთის მოქალაქეებმა ითხოვონ ნებაყოფლობით.

კომბატანტი - (ფრ. combattant მეომარი, მებრძოლი) საერთაშორისო სამართალში პირი, რომელიც მეომარი სახელმწიფოების სამხედრო ძალებში შედის და უშუალო მონაწილეობას ღებულობს სამხედრო მოქმედებებში; რეგულარული სამხედრო ძალების, პარტიზანული რაზმების და სხვ. სრული შემადგენლობა (სამედიცინო და სასულიერო პერსონალის გარდა).

მაღალი ხელშემკვრელი მხარეები - სახელმწიფოები, რომლებმაც სავალდებულოდ აღიარეს საერთაშორისო ხელშეკრულება

მფარველი სახელმწიფო - სახელმწიფო, რომელსაც ევალება ჟენევის კონვენციებით დაცულ პირთა ინტერესების დაცვა.

პრეფერენცია - (ლათ. praeferencia) მინიჭებული უპირატესობა, შეღავათი.

რეკვიზიცია - (ლათ. requisitio მოთხოვნა) კერძო პირთა ან საზოგადოებრივ ორგანიზაციათათვის სახელმწიფო ორგანოების მიერ (ომის დროს - აგრეთვე სამხედრო ხელისუფალთა მიერ) ქონების სამუდამო ან დროებითი ჩამორთმევა ანაზღაურებით.

რეპატრიაცია - იმ პირთა დაბრუნება სამშობლოში, რომლებიც სხვადასხვა იძულებითი გარემოების გამო სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ.

რეპრესალიები - საერთაშორისო ხასიათის შეიარაღებულ კონფლიქტში რეპრესალიები ეწოდება განსაკუთრებულ ქმედებას, რომელიც იძულებულს

ხდის მოწინააღმდეგეს დაიცვას შეიარაღებული კონფლიქტის წესები. (სჰს-ში აკრძალულია რეპრესალიები დაცვის ქვეშ მყოფ პირთა მიმართ).

სპორადული - (ძვ.-ბერძ. σπορα'ζ (σπορα'δικοζ) ცალკეული, ერთჯერადი), ერთეული, დროდადრო მომხდარი.

ტყვე - ნებისმიერი კომბატანტი, რომელიც შეიარაღებული საერთაშორისო ხასიათის კონფლიქტის პირობებში მოწინააღმდეგის ძალაუფლების ქვეშ ხვდება. ტყვის სტატუსი ენიჭება აგრეთვე: ა) არაოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობას, რომელიც მოწინააღმდეგის მოახლოებისას სტიქიურად, საკუთარი ნებით იღებს ხელში იარაღს ბრძოლის წარმოების მიზნით, მაგრამ ვერ ასწრებს რეგულარულ შენაერთებად ფორმირებას, თუ იგი ღიად ატარებს იარაღს და იცავს ომის კანონებსა და ჩვეულებებს; ბ) შეიარაღებული ძალების თანმდევი, მაგრამ უშუალოდ მის შემადგენლობაში არ მყოფი პირები; გ) კონფლიქტის მონაწილე მხარეთა სავაჭრო ფლოტის გემების და სამოქალაქო ავიაციის ეკიპაჟები.

შეიარაღებული ძალები - შედგებიან ყველა ორგანიზებული დაჯგუფებისაგან, რომლებიც პატივს სცემენ შეიარაღებული კონფლიქტების სამართალს და ყავთ მეთაური, პასუხისმგებელი მათ ქცევაზე. ამ ძალებში შედიან მებრძოლები, სანიტარული და რელიგიური სამსახურის წვრები.

10.5 დანართი 5. კონვენცია მოქმედ ჯარში დაჭრილთა და ავადმყოფთა მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ

▲ზევით დაბრუნება


1949 წლის 12 აგვისტო

თავი I
ზოგადი დებულებები

მუხლი 3. ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მიმდინარე არასაერთაშორისო ხასიათის შეიარაღებული კონფლიქტის დროს კონფლიქტის მონაწილე ყოველი მხარე ვალდებულია დაიცვას, სულ ცოტა, შემდეგი დებულებანი:

1. პირები, რომლებიც უშუალოდ არ მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში, შეიარაღებული ძალების წარმომადგენელთა ჩათვლით, რომლებმაც იარაღი დაყარეს, ან პირები, რომლებიც ავადმყოფობის, დაჭრის, დაკავების თუ რაიმე სხვა მიზეზის გამო მონაწილეობას აღარ ღებულობენ საომარ მოქმედებებში, ნებისმიერ შემთხვევაში უნდა სარგებლობდნენ ჰუმანური მოპყრობით რასის, კანის ფერის, რელიგიის ან რწმენის, სქესის, წარმომავლობის, ქონებრივი მდგომარეობის მიუხედავად ან სხვა ანალოგიურ კრიტერიუმებზე დაფუძნებული ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე.

ამ მიზნით, აკრძალულია და ყოველთვის და ყველგან აკრძალული იქნება ზემოაღნიშნულ პირთა მიმართ შემდეგი მოქმედებანი:

a) პირის სიცოცხლისა და ფიზიკური ხელშეუხებლობის სრულყოფა, კერძოდ, ნებისმიერი სახის მკვლელობა, დასახიჩრება, სასტიკი მოპყრობა, წამება ან ტანჯვა;

b) მძევლად აყვანა;

c) პირის ღირსების შელახვა, კერძოდ შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი მოპყრობა;

d) სათანადო წესით დაფუძნებული სასამართლოს მიერ, ცივილიზებული ერების მიერ აუცილებელი ხასიათის მქონედ აღიარებული სასამართლო გარანტიების დაცვით გამოტანილი წინასწარი გადაწყვეტილების გარეშე სამართალში მიცემა და სასჯელის აღსრულება.

2. დაჭრილები და ავადმყოფები უნდა შეაგროვონ და სათანადო დახმარება აღმოუჩინონ.

ისეთ მიუკერძოებელ ჰუმანიტარულ ორგანიზაციას, როგორიცაა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი, შეუძლია კონფლიქტის მონაწილე მხარეებს შესთავაზოს თავისი სამსახური.

გარდა ამისა, კონფლიქტის მონაწილე მხარეები უნდა ეცადონ, სპეციალური შეთანხმებების გზით აამოქმედონ ამ კონვენციის ყველა სხვა დებულება ან მათი ნაწილი.

ზემოაღნიშნულ დებულებათა გამოყენება არ ხელყოფს კონფლიქტის მონაწილე მხარეთა იურიდიულ სტატუსს.

თავი II
დაჭრილები და ავადმყოფები

მუხლი 12. შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობა და მომდევნო მუხლში მითითებული სხვა პირები, დაჭრის ან ავადმყოფობის შემთხვევაში, ყველა გარემოებაში უნდა სარგებლობდნენ მფარველობითა და დაცვით.

კონფლიქტის მონაწილე მხარე, რომლის ხელისუფლებაშიც იმყოფებიან ეს პირები, მათ უზრუნველყოფს ჰუმანური მოპყრობითა და მოვლით სქესის, რასის, ეროვნების, რელიგიის, პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად ან სხვა ანალოგიურ კრიტერიუმებზე დაფუძნებული ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე. მკაცრად იკრძალება მათი სიცოცხლისა და პიროვნების ხელყოფა, კერძოდ, მათი მოკვლა ან დახოცვა, წამება, მათზე ბიოლოგიური ექსპერიმენტების ჩატარება, წინასწარი განზრახვით სამედიცინო მომსახურებისა და მოვლის გარეშე მიტოვება, ასევე განზრახ პირობების შექმნა მათი დასნებოვანებისათვის.

სამედიცინო დახმარების აღმოჩენის თანამიმდევრობაში უპირატესობის მინიჭება მხოლოდ გადაუდებელი ხასიათის სამედიცინო მიზეზებით შეიძლება.

ქალებს მათი სქესისადმი შესაფერისი განსაკუთრებული პატივისცემით უნდა მოეპყრონ.

კონფლიქტის მონაწილე მხარე, რომელიც იძულებულია მოწინააღმდეგეს დაუტოვოს დაჭრილები და ავადმყოფები, მათი მოვლის ხელშესაწყობად ტოვებს თავისი სამედიცინო პერსონალისა და და ინვენტარის ნაწილს, რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნება საომარი მოთხოვნების გათვალისწინებით.

მუხლი 13. ეს კონვენცია გამოიყენება იმ დაჭრილებისა და ავადმყოფების მიმართ, რომლებიც შემდეგ კატეგორიებს მიეკუთვნებიან:

1. კონფლიქტის მონაწილე მხარის შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობა, ასევე ამ შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შემავალი სახალხო ლაშქრისა და მოხალისეთა რაზმების პირადი შემადგენლობა.

2. სხვა ლაშქრებისა და მოხალისეთა რაზმების პირადი შემადგენლობა, წინააღმდეგობის ორგანიზებული მოძრაობების პირადი შემადგენლობის ჩათვლით, რომლებიც კონფლიქტის მონაწილე მხარეს ეკუთვნიან და საკუთარ ტერიტორიაზე ან მის გარეთ მოქმედებენ, იმ შემთხვევაშიც, როცა ეს ტერიტორია ოკუპირებულია, იმ პირობით, რომ აღნიშნული ლაშქრები და რაზმები, წინააღმდეგობის ორგანიზებული მოძრაობების ჩათვლით, აკმაყოფილებენ შემდეგ მოთხოვნებს:

  1. მათ მეთაურობს პირი, რომელიც პასუხს აგებს ქვეშევრდომებზე;

  2. აქვთ განსაზღვრული, შორიდან გასარჩევი განმასხვავებელი ნიშანი;

  3. ღიად ატარებენ იარაღს;

  4. თავიანთი ოპერაციების განხორციელებისას იცავენ ომის კანონებსა და ჩვეულებებს.

3. რეგულარული შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობა, რომელიც იმ მთავრობის ან ხელისუფლების დაქვემდებარებულად თვლის თავს, რომელსაც არ ცნობს მისი დამატყვევებელი სახელმწიფო.

4. შეიარაღებული ძალების თანმდევი, მაგრამ უშუალოდ მის შემადგენლობაში არმყოფი პირები, როგორებიც არიან სამხედრო თვითმფრინავების ეკიპაჟის სამოქალაქო წევრები, სამხედრო კორესპონდენტები, მომმარაგებლები, შეიარაღებული ძალების საყოფაცხოვრებო მომსახურებისათვის პასუხისმგებელი სამუშაო ჯგუფებისა და სამსახურების წევრები, იმ პირობით, რომ მათ ამისათვის მიღებული აქვთ იმ შეიარაღებული ძალების ნებართვა, რომელსაც ისინი ახლავან.

5. კონფლიქტის მონაწილე მხარეთა სავაჭრო ფლოტის გემების ეკიპაჟის წევრები, კაპიტნების, ლოცმანებისა და იუნგების ჩათვლით, აგრეთვე სამოქალაქო ავიაციის ეკიპაჟი, რომლებიც საერთაშორისო სამართლის რაიმე სხვა დებულებათა ძალით, უფრო შეღავათიანი რეჟიმით არ სარგებლობენ.

6. არაოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობა, რომელიც მოწინააღმდეგის მოახლოებისას სტიქიურად იღებს ხელში იარაღს ბრძოლის წარმოების მიზნით, მაგრამ ვერ ასწრებს რეგულარულ შენაერთებად ფორმირებას, იმ პირობით რომ ღიად ატარებს იარაღს და იცავს ომის კანონებსა და ჩვეულებებს.

მუხლი 15. ნებისმიერ დროს, განსაკუთრებით ბრძოლის შემდეგ, კონფლიქტის მონაწილე მხარეებმა დაუყოვნებლივ უნდა მიიღონ ყველა შესაძლებელი ზომა დაჭრილთა და ავადმყოფთა მოსაძებნად და გამოსაყვანად, რათა დაიცვან ისინი გაძარცვისა და უდიერად მოპყრობისაგან, უზრუნველყონ მათი მოვლა, ასევე მოძებნონ გარდაცვლილები მათი გაძარცვის თავიდან ასაცილებლად.

ყოველთვის, როცა ამის შესაძლებლობა იქნება, დაიდება შეთანხმებები ზავის ან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, ან ადგილობრივი შეთანხმებები, რათა შესაძლებელი გახდეს ბრძოლის ველზე დარჩენილი დაჭრილების გამოყვანა, გაცვლა და ტრანსპორტირება.

კონფლიქტის მონაწილე მხარეებს შორის შეიძლება ასევე დაიდოს ადგილობრივი შეთანხმებები ალყაშემორტყმული ან გარემოცული ზონიდან დაჭრილთა და ავადმყოფთა გაყვანის ან გაცვლის შესახებ, აგრეთვე ამ ზონაში მიმავალი სამედიცინო და სასულიერო პერსონალისა და აღჭურვილობის შეშვების თაობაზე.

მუხლი 17. კონფლიქტის მონაწილე მხარეები აუცილებელ ზომებს მიიღებენ, რათა გარდაცვლილთა დასაფლავება ან კრემაცია მოხდეს რაც შეიძლება ინდივიდუალურად და მას წინ უძღოდეს საგულდაგულო, თუ შესაძლებელია, სამედიცინო გასინჯვა სიკვდილის კონსტატაციის, ვინაობის დადგენისა და ამის შესახებ შესაძლო ანგარიშის წარდგენის მიზნით. ორმაგი ამოსაცნობი მედალიონის ერთი ნაწილი ან თავად მედალიონი, თუ ის ორდინარულია, სხეულზე უნდა დარჩეს.

ცხედრების კრემაცია დასაშვებია მხოლოდ სამედიცინო ჰიგიენის განსაკუთრებული მოსაზრებებით ან მიცვალებულთა რელიგიურ მრწამსთან დაკავშირებული მოტივებით. კრემაციის შემთხვევაში, ამ უკანასკნელის შესახებ დაწვრილებით უნდა იყოს აღნიშნული, კრემაციის მიზეზების მითითებით, გარდაცვალების შესახებ აქტში ან მიცვალებულთა დამოწმებულ სიაში.

გარდა ამისა, კონფლიქტის მონაწილე მხარეებმა უნდა უზრუნველყონ მიცვალებულების ღირსეულად, შეძლებისამებრ მათი რელიგიური წესების დაცვით დაკრძალვა, მათი საფლავებისათვის პატივის მიგება, შეძლებისდაგვარად გარდაცვლილთა საფლავების ნაციონალური კუთვნილების მიხედვით თავმოყრა, მათი შესაბამისი მოვლა და იმგვარად აღნიშვნა, რომ ყოველთვის შეიძლებოდეს მათი მოძებნა. ამ მიზნით კონფლიქტის მონაწილე მხარეები საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე ქმნიან სასაფლაოთა რეგისტრაციის ოფიციალურ სამსახურს, რათა მომავალში შესაძლებელი გახდეს ექსჰუმაცია და უზრუნველყოფილ იქნას, საფლავების ადგილმდებარეობისდა მიუხედავად, ცხედართა ამოცნობა და სამშობლოში მათი შესაძლო გადასვენება. იგივე ეხება მიცვალებულთა ფერფლსაც, რომელსაც მიცვალებულთა სამშობლოს სურვილის მიხედვით სათანადო განკარგულების მიღებამდე ინახავს სასაფლაოთა რეგისტრაციის ოფიციალური სამსახური. (...)

მუხლი 18. სამხედრო ხელისუფლებას შეუძლია მოუწოდოს ადგილობრივ მოსახლეობას კაცთმოყვარეობისაკენ და სთხოვოს, მისი კონტროლით, ნებაყოფლობით გამოიყვანონ და მოუარონ დაჭრილებსა და ავადმყოფებს. იმ პირებს, რომლებიც ამ მოწოდებას გამოეხმაურებიან, მიეცემათ სათანადო დაცვა და შეღავათები. მოწინააღმდეგე მხარემ, ამ რაიონზე თავისი კონტროლის აღდგენის ან დამყარების შემთხვევაში, ამ პირებს ასეთივე დაცვა და შეღავათები უნდა მიანიჭოს.

სამხედრო ხელისუფლებამ მოსახლეობასა და საქველმოქმედო საზოგადოებებს უნდა მისცეს დაჭრილებისა და ავადმყოფების, ეროვნული კუთვნილებისდა მიუხედავად, საკუთარი ნებით შეგროვებისა და მოვლის ნებართვა, მოწინააღმდეგის შემოჭრის ან ოკუპაციის რაიონებშიც კი. სამოქალაქო მოსახლეობა პატივისცემით უნდა ეპყრობოდეს ამ დაჭრილებსა და ავადმყოფებს, კერძოდ, თავი შეიკავოს მათ მიმართ ძალადობის აქტების განხორციელებისაგან.

დაუშვებელია ვინმეს დევნა ან გასამართლება იმის გამო, რომ იგი უვლიდა დაჭრილებსა და ავადმყოფებს.

ამ მუხლის დებულებები ოკუპანტ სახელმწიფოს არ ათავისუფლებს დაჭრილებისა და ავადმყოფებისათვის მორალური და ფიზიკური ზრუნვის ვალდებულებისაგან.

თავი III
სამედიცინო ფორმირებები და დაწესებულებები

მუხლი 19. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება თავდასხმა მუდმივ სამედიცინო დაწესებულებებსა და სამედიცინო სამსახურის მოძრავ სამედიცინო ფორმირებებზე. ისინი კონფლიქტის მონაწილე მხარეების მხრიდან ყოველთვის მფარველობითა და დაცვით უნდა სარგებლობდნენ. მოწინააღმდეგის ხელში მოხვედრისას, ისინი განაგრძობენ ფუნქციონირებას მანამ, სანამ მათი ხელში ჩამგდები სახელმწიფო თავად არ უზრუნველყოფს აღნიშნულ დაწესებულებებსა და ფორმირებებში მყოფი დაჭრილებისა და ავადმყოფების სათანადო მოვლას.

პასუხისმგებელი ორგანოები იზრუნებენ იმაზე, რომ ზემოხსენებული სამედიცინო დაწესებულებები და ფორმირებები შეძლებისამებრ ისე განლაგდნენ, რომ მათ საფრთხე არ შეექმნათ სამხედრო ობიექტებზე თავდასხმის შემთხვევაში.

მუხლი 21. დაცვა, რომლითაც მუდმივი სამედიცინო დაწესებულებები და სამედიცინო სამსახურის მოძრავი სამედიცინო ფორმირებები სარგებლობენ, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება შეწყდეს, როდესაც ისინი, მათი ჰუმანიტარული ვალდებულებების ფარგლებს გარეთ, გამოიყენება მოწინააღმდეგისათვის ზიანის მისაყენებლად. ამასთანავე, დაცვა მხოლოდ შესაბამისი გაფრთხილების შემდეგ შეწყდება, რომელიც, ყველა საჭირო შემთხვევაში, გონივრულ ვადას აწესებს და მას შემდეგ, რაც ამგვარი გაფრთხილება შედეგს არ გამოიღებს.

მუხლი 23. მშვიდობიან პერიოდში მაღალ ხელშემკვრელ მხარეებს, ხოლო საომარი მოქმედებების დაწყების შემდგომ - კონფლიქტის მონაწილე მხარეებს შეუძლიათ თავის ტერიტორიაზე, ხოლო საჭიროების შემთხვევაში - ოკუპირებულ ტერიტორიაზეც შექმნან სამედიცინო ზონები და ადგილები, რომლებიც იმგვარად უნდა იქნენ მოწყობილი, რომ საომარი მოქმედებებისაგან დაიცვან დაჭრილები და ავადმყოფები, ასევე პერსონალი, რომელსაც ამ ზონებისა და ადგილების მოწყობა და მართვა, აგრეთვე მათში თავმოყრილ პირთა მოვლა აკისრიათ. (...)

თავი IV
პირადი შემადგენლობა

მუხლი 24. სამედიცინო პერსონალი, რომელიც დაჭრილთა და ავადმყოფთა მოძიების, შეგროვების, გადაყვანის ან მკურნალობის, ასევე დაავადებების თავიდან აცილების განსაკუთრებულ ფუნქციებს ასრულებს, აგრეთვე პერსონალი, რომელსაც გააჩნია სამედიცინო ფორმირებებისა და დაწესებულებების მართვის განსაკუთრებული დანიშნულება, ისევე როგორც შეიარაღებულ ძალებს მიკუთვნებული სასულიერო პირები, ყველა გარემოებაში პატივისცემითა და დაცვით სარგებლობს.

მუხლი 25. შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობა, რომელიც სპეციალურად არის მომზადებული იმსახუროს, საჭიროების შემთხვევაში, დამხმარე სანიტრებად ან მებარგულებად დაჭრილებისა და ავადმყოფების მოძიების, შეგროვების, გადაყვანის ან მკურნალობის მიზნით, თანაბარი პატივისცემითა და დაცვით სარგებლობს მის მიერ ამ მოვალეობათა განხორციელების მომენტში მოწინააღმდეგესთან შეხების მდგომარეობაში ან მის ხელისუფლებაში აღმოჩენის შემთხვევაში.

მუხლი 26. თავისი მთავრობის მიერ სათანადოდ აღიარებული და უფლებამოსილი წითელი ჯვრის ეროვნული საზოგადოებებისა და დახმარების სხვა ნებაყოფლობითი საზოგადოებების პირადი შემადგენლობა, რომელიც გამოიყენება 24-ე მუხლში მითითებული პირადი შემადგენლობის ფუნქციების განხორციელებისათვის, უთანაბრდება ზემოაღნიშნულ მუხლში მითითებულ პირად შემადგენლობას, სამხედრო კანონებისა და განკარგულებებისადმი დამორჩილების პირობით.

ყოველი მაღალი ხელშემკვრელი მხარე მშვიდობიან დროს ან საომარი მოქმედებების დაწყებისას ან მიმდინარეობისას, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ზემოაღნიშნულ საზოგადოებათა ფაქტობრივად გამოყენების დაწყებამდე, მეორე მხარეს აცნობებს იმ საზოგადოებების დასახელებას, რომელთაც ის, საკუთარი პასუხისმგებლობით, მიანიჭებს თავისი შეიარაღებული ძალების რეგულარული სამედიცინო სამსახურისთვის დახმარების გაწევის უფლებამოსილებას.

თავი V
შენობები და ქონება

მუხლი 33. შეიარაღებული ძალების მოძრავი სამედიცინო ფორმირებების ქონება, რომელიც მოწინააღმდეგის ხელში ჩავარდება, დაჭრილთა და ავადმყოფთა მოსავლელად იქნება დატოვებული.

მუდმივ სამედიცინო დაწესებულებათა შენობები, ქონება და საწყობები ომის კანონების მოქმედების ქვეშ რჩება, მაგრამ, სანამ არსებობს დაჭრილთა და ავადმყოფთა მოსავლელად მათი გამოყენების საჭიროება, ისინი არ უნდა გამოიყენონ სხვა დანიშნულებით. მიუხედავად ამისა, უკიდურესი სამხედრო აუცილებლობის შემთხვევაში, მოქმედი ჯარის ნაწილების მეთაურებს შეუძლიათ მათი გამოყენება იმ პირობით, რომ მათ წინასწარ უზრუნველყვეს დაწესებულებაში მყოფი დაჭრილებისა და ავადმყოფებისათვის სათანადო პირობები.

დაუშვებელია ამ მუხლში მითითებული ქონებისა და საწყობების წინასწარი განზრახვით განადგურება.

თავი VII
სამედიცინო ტრანსპორტი

მუხლი 35. ტრანსპორტი, რომელშიც არიან დაჭრილები და ავადმყოფები ან მოთავსებულია სამედიცინო აღჭურვილობა, ისეთივე მფარველობითა და დაცვით უნდა სარგებლობდეს, როგორითაც მოძრავი სამედიცინო ფორმირებები.

ასეთი ტრანსპორტი და გადასაყვანი საშუალებები, მოწინააღმდეგის ხელში ჩავარდნის შემთხვევაში, ომის კანონების მოქმედების სფეროში ექცევიან იმ პირობით, რომ მათი ხელში ჩამგდები კონფლიქტის მონაწილე მხარე ყველა გარემოებაში იზრუნებს იქ მყოფი დაჭრილებისა და ავადმყოფებისათვის. (...)

თავი VII
განმასხვავებელი ემბლემა

მუხლი 38. შვეიცარიისადმი პატივისცემის ნიშნად, თეთრ ფონზე წითელი ჯვრის ჰერალდიკური ნიშანი, შედგენილი ფედერალურ ფერთა პირიქითა განლაგებით, შენარჩუნებულია შეიარაღებული ძალების სამედიცინო სამსახურის ემბლემად და განმასხვავებელ ნიშნად.

მიუხედავად ამისა, იმ ქვეყნებთან მიმართებაში, რომლებიც განმასხვავებელი ნიშნის სახით წითელი ჯვრის ნაცვლად უკვე იყენებენ თეთრ ფონზე გამოსახულ წითელ ნახევარმთვარეს ან წითელ ლომსა და მზეს, ეს ემბლემები ასევე ცნობილია ამ კონვენციით.

მუხლი 39. ემბლემა კომპეტენტურ სამხედრო ხელისუფალთა კონტროლით, გამოსახული იქნება დროშებზე, სამკლაურებსა და სამედიცინო სამსახურის კუთვნილ ყველა ნივთზე.

თავი VIII
კონვენციის შესრულება

მუხლი 47. მაღალი ხელშემკვრელი მხარეები ვალდებულებას იღებენ, როგორც მშვიდობიან, ისე ომის დროსაც, რაც შეიძლება ფართოდ გაავრცელონ ამ კონვენციის ტექსტი თავიანთ ქვეყნებში და, კერძოდ, მისი სწავლება შეიტანონ სამხედრო და, შეძლებისამებრ, სამოქალაქო სასწავლო პროგრამებში, რათა მის პრინციპებს გაეცნოს მთელი მოსახლეობა და კერძოდ, მებრძოლი შეიარაღებული ძალები, სამედიცინო და სამხედრო სასულიერო პერსონალი.

კონვენცია საზღვაო შეიარაღებულ ძალებში დაჭრილთა, ავადმყოფთა და ხომალდის კატასტროფაში მოყოლილ პირთა მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ

1949 წლის 12 აგვისტო

(ტექსტს არ წარმოგიდგენთ)

10.6 დანართი 6. კონვენცია სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის შესახებ

▲ზევით დაბრუნება


1949 წლის 12 აგვისტო

კარი I
ზოგადი დებულებანი

მუხლი 3. ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მიმდინარე არასაერთაშორისო ხასიათის შეიარაღებული კონფლიქტის დროს კონფლიქტის მონაწილე ყოველი მხარე ვალდებულია დაიცვას, სულ ცოტა, შემდეგი დებულებანი:

პირები, რომლებიც უშუალოდ არ მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში, შეიარაღებული ძალების წარმომადგენელთა ჩათვლით, რომლებმაც იარაღი დაყარეს, ან პირები, რომლებიც ავადმყოფობის, დაჭრის, დაკავების თუ რაიმე სხვა მიზეზის გამო მონაწილეობას აღარ ღებულობენ საომარ მოქმედებებში, ნებისმიერ შემთხვევაში უნდა სარგებლობდნენ ჰუმანური მოპყრობით რასის, კანის ფერის, რელიგიის ან რწმენის, სქესის, წარმომავლობის, ქონებრივი მდგომარეობის მიუხედავად ან სხვა ანალოგიურ კრიტერიუმებზე დაფუძნებული ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე.

ამ მიზნით, აკრძალულია და ყოველთვის და ყველგან აკრძალული იქნება ზემოაღნიშნულ პირთა მიმართ შემდეგი მოქმედებანი:

  1. პირის სიცოცხლისა და ფიზიკური ხელშეუხებლობის სრულყოფა, კერძოდ, ნებისმიერი სახის მკვლელობა, დასახიჩრება, სასტიკი მოპყრობა, წამება ან ტანჯვა;

  2. მძევლად აყვანა;

  3. პირის ღირსების შელახვა, კერძოდ შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი მოპყრობა;

  4. სათანადო წესით დაფუძნებული სასამართლოს მიერ, ცივილიზებული ერების მიერ აუცილებელი ხასიათის მქონედ აღიარებული სასამართლო გარანტიების დაცვით გამოტანილი წინასწარი გადაწყვეტილების გარეშე სამართალში მიცემა და სასჯელის აღსრულება.

2. დაჭრილები და ავადმყოფები უნდა შეაგროვონ და სათანადო დახმარება აღმოუჩინონ.

ისეთ მიუკერძოებელ ჰუმანიტარულ ორგანიზაციას, როგორიცაა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი, შეუძლია კონფლიქტის მონაწილე მხარეებს შესთავაზოს თავისი სამსახური.

გარდა ამისა, კონფლიქტის მონაწილე მხარეები უნდა ეცადონ, სპეციალური შეთანხმებების გზით აამოქმედონ ამ კონვენციის ყველა სხვა დებულება ან მათი ნაწილი.

ზემოაღნიშნულ დებულებათა გამოყენება არ ხელყოფს კონფლიქტის მონაწილე მხარეთა იურიდიულ სტატუსს.

კარი II
სამხედრო ტყვეთა დაცვის შესახებ ზოგადი ხასიათის დებულებები

მუხლი 13. სამხედრო ტყვეებს ყოველთვის ჰუმანურად უნდა მოეპყრონ. აკრძალულია და ამ კონვენციის სერიოზულ დარღვევად ჩაითვლება დამატყვევებელი სახელმწიფოს მხრიდან ნებისმიერი არაკანონიერი მოქმედება ან უმოქმედობა, რამაც მის ხელისუფლებაში მყოფი ტყვის სიკვდილი შეიძლება გამოიწვიოს ან მის ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე შეუქმნას. კერძოდ, დაუშვებელია სამხედრო ტყვეთა დასახიჩრება ან მათზე ნებისმიერი სახის სამეცნიერო ან სამედიცინო ცდის ჩატარება, რომელიც მათი მკურნალობის მოსაზრებებით არ არის გამართლებული.

ამგვარადვე, სამხედრო ტყვეები ყოველთვის დაცული უნდა იყვნენ, განსაკუთრებით ძალადობისა და დაშინების ნებისმიერი აქტისაგან, შეურაცხყოფისა და ბრბოს ცნობისმოყვარეობისაგან.

აკრძალულია მათ მიმართ რეპრესალიების გამოყენება.

მუხლი 14. ნებისმიერ გარემოებაში სამხედრო ტყვეებს აქვთ მათი პიროვნებისა და ღირსების პატივისცემის უფლება.

ქალებს უნდა მოეპყრონ მათი სქესისადმი შესაფერისი პატივისცემით და ყველა შემთხვევაში, იმაზე ცუდად არა, ვიდრე მამაკაცებს.(....)

მუხლი 15. დამატყვევებელი სახელმწიფო ვალდებულია უფასოდ უზრუნველყოს სამხედრო ტყვეთა არსებობის პირობები და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესატყვისი სამედიცინო დახმარება.

მუხლი 16. ამ კონვენციის დებულებების გათვალისწინებით, რომლებიც წოდებას და სქესს შეეხება, დამატყვევებელი სახელმწიფო ყველა ტყვეს თანაბრად უნდა მოეპყროს, რასის, ეროვნების, აღმსარებლობის, პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად და ანალოგიურ კრიტერიუმებზე დაფუძნებული ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, გამონაკლისს წარმოადგენს პრივილეგირებული რეჟიმების არსებობა, რომლებიც ტყვეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის, ასაკის ან კვალიფიკაციის მიხედვით შეიძლება შემოიღონ.

კარი III
ტყვეობა
ნაწილი I
ტყვეობის დასაწყისი

მუხლი 17. ყოველი სამხედრო ტყვე დაკითხვისას ვალდებულია აცნობოს მხოლოდ თავისი გვარი, სახელი და წოდება, დაბადების წელი და პირადი ნომერი ან, მისი არქონის შემთხვევაში, სხვა თანაბარი მნიშვნელობის მქონე ინფორმაცია (...)

სამხედრო ტყვეთა დაკითხვა მათთვის გასაგებ ენაზე უნდა წარმოებდეს.

მუხლი 19. სამხედრო ტყვეები, მათი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ტყვედ ჩავარდნიდან უმოკლეს ვადაში უნდა იყვნენ ევაკუირებული ბანაკებში, რომლებიც საკმაოდ დაშორებულია სამხედრო მოქმედებათა ზონიდან (...)

ნაწილი II
სამხედრო ტყვეთა ინტერნირება
თავი II
სამხედრო ტყვეთა სათავსები, კვება და ტანსაცმელი

მუხლი 25. სამხედრო ტყვეთა ბანაკებში განთავსების პირობები არანაკლებ ხელსაყრელი უნდა იყოს, ვიდრე ის პირობები, რომლებითაც იმავე ადგილას განლაგებული დამატყვევებელი ქვეყნის ჯარები სარგებლობენ. ეს პირობები უნდა დადგინდეს სამხედრო ტყვეთა ჩვევებისა და ჩვეულებების გათვალისწინებით და არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს საზიანო მათი ჯანმრთელობისათვის.

კერძოდ ზემოაღნიშნული დებულებები გამოყენებული იქნება სამხედრო ტყვეების საძილე სათავსების მიმართ, როგორც ფართობის საერთო ზომისა და მინიმალური კუბატურის, ისე აღჭურვილობის და საძილე მოწყობილობების თვალსაზრისით.

სამხედრო ტყვეების ინდივიდუალური ან კოლექტიური მოხმარებისთვის განკუთვნილი სათავსები მთლიანად უნდა იყოს დაცული ნესტისაგან, საკმარისად უნდა თბებოდეს და ნათდებოდეს, განსაკუთრებით, სიბნელის დადგომასა და სინათლის ჩართვის დადგენილ საათს შორის დროის მონაკვეთში. მიღებული უნდა იყოს ყველა ხანძარსაწინააღმდეგო ზომა.

იმ ბანაკებში, სადაც მამაკაცებთან ერთად სამხედრო ტყვე ქალები იმყოფებიან, მათთვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს ცალკე საძილე სათავსები.

მუხლი 26. კვების ძირითადი დღიური რაციონი თავისი რაოდენობით, ხარისხით და მრავალფეროვნებით საკმარისი უნდა იყოს სამხედრო ტყვეთა ჯანმრთელობის ნორმალური მდგომარეობის შესანარჩუნებლად და მათი წონაში დაკლების ან არასაკმარის კვებასთან დაკავშირებული მოვლენების თავიდან ასაცილებლად. ანგარიში უნდა გაეწიოს სამხედრო ტყვეთათვის ჩვეულ კვების რეჟიმსაც. (...)

სამხედრო ტყვეები უნდა მოამარაგონ სასმელი წყლის საკმარისი რაოდენობით. თამბაქოს მოწევა ნებადართული უნდა იყოს. (...)

საკვების მიღებისათვის გამოყოფილი უნდა იყოს სათანადო სათავსები.

აკრძალულია კვებასთან დაკავშირებული ყოველგვარი კოლექტიური დისციპლინური სასჯელის დადება.

მუხლი 27. დამატყვევებელი სახელმწიფო სამხედრო ტყვეებს უზრუნველყოფს საკმარისი რაოდენობის ტანსაცმლით, თეთრეულით და ფეხსაცმლით, ამასთანავე, მან უნდა გაითვალისწინოს იმ ადგილის კლიმატური პირობები, სადაც იმყოფებიან სამხედრო ტყვეები. დამატყვევებელი სახელმწიფოს მიერ ხელში ჩაგდებული მოწინააღმდეგე მხარის საფორმო ტანსაცმლის გამოყენება შეიძლება სამხედრო ტყვეების შესამოსავად, თუ იგი კლიმატური პირობების შესაფერისი იქნება.

ამ ნივთების რეგულარულ შეცვლა-შეკეთებას უზრუნველყოფს დამატყვევებელი ქვეყანა. გარდა ამისა, მომუშავე სამხედრო ტყვეები შესაბამის ტანსაცმელს მიიღებენ ყველგან, სადაც ეს მათი სამუშაოს ხასიათის მიხედვით იქნება აუცილებელი.

თავი III
ჰიგიენა და სამედიცინო დახმარება

მუხლი 29. დამატყვევებელი სახელმწიფო ვალდებულია მიიღოს ჰიგიენის ყველა აუცილებელი ზომა, რომელიც საჭიროა ბანაკებში სისუფთავისა და ჯანმრთელობისათვის ხელსაყრელი მდგომარეობის შესაქმნელად, აგრეთვე ეპიდემიების გავრცელების თავიდან ასაცილებლად.

დღისით და ღამით სამხედრო ტყვეების განკარგულებაში იქნება საპირფარეშოები, რომლებიც აკმაყოფილებს ჰიგიენის ყველა მოთხოვნას. ყველა ბანაკში, სადაც სამხედრო ტყვე ქალები იმყოფებიან, მათთვის გამოყოფილი უნდა იყოს ცალკე საპირფარეშოები. აბანოებისა და საშხაპეების გარდა, რომლებიც ბანაკებში იქნება მოწყობილი, სამხედრო ტყვეები უზრუნველყოფილი იქნებიან სხეულის ყოველდღიური ჰიგიენის დაცვისა და თეთრეულის გარეცხვისათვის საკმარისი წყლით და საპნით; საამისოდ, მათთვის გამოყოფილი იქნება საჭირო სათავსები, საშუალებები და დრო.

მუხლი 32. დამატყვევებელ სახელმწიფოს შეუძლია, სამხედრო ტყვეებს, რომლებიც, მიუხედავად იმისა, რომ არ ეკუთვნიან თავიანთი შეიარაღებული ძალების სამედიცინო სამსახურს, მაგრამ არიან ექიმები, კბილის ექიმები, სანიტრები (ქალები და მამაკაცები), მოსთხოვონ თავიანთი სამედიცინო მოვალეობების აღსრულება იმ სამხედრო ტყვეთა სასარგებლოდ, რომლებიც იმავე სახელმწიფოს ეკუთვნიან, რომელსაც თავად ისინი. ასეთ შემთხვევაში ეს პირები კვლავაც სამხედრო ტყვეებად დარჩებიან, მაგრამ ისეთივე მოპყრობით ისარგებლებენ, როგორითაც დამატყვევებელი სახელმწიფოს მიერ დაკავებული შესაბამისი სამედიცინო პერსონალი. ისინი გათავისუფლდებიან 49-ე მუხლით გათვალისწინებული ნებისმიერი სხვა სამუშაოსაგან.

თავი IV
სამხედრო ტყვეებისათვის დახმარების გასაწევად დაკავებული სამედიცინო და სასულიერო პერსონალი

მუხლი 33. დამატყვევებელი სახელმწიფოს მიერ სამხედრო ტყვეთათვის დახმარების გასაწევად დაკავებული სამედიცინო და სასულიერო პერსონალი სამხედრო ტყვეებად არ უნდა ჩაითვალონ. მიუხედავად ამისა, ისინი, სულ მცირე, ამ კონვენციით მინიჭებული უპირატესობებითა და მფარველობით ისარგებლებენ; მათ შეექმნებათ სამხედრო ტყვეთათვის სამედიცინო და სასულიერო დახმარების გაწევისათვის აუცილებელი ყველა პირობა.

აღნიშნული პირები (...) პროფესიული ეთიკის შესატყვისად, განაგრძობენ თავიანთი სამედიცინო და სასულიერო მოვალეობების შესრულებას უპირატესად იმ შეიარაღებული ძალების სამხედრო ტყვეების მიმართ, რომელსაც თავად ეკუთვნიან. (...)

ნაწილი III
სამხედრო ტყვეთა დასაქმება

მუხლი 49. დამატყვევებელ სახელმწიფოს შეუძლია შრომისუნარიანი სამხედრო ტყვეების სამუშაო ძალის სახით გამოყენება მათი ასაკის, სქესის, სამხედრო წოდების, ასევე ფიზიკური მონაცემების გათვალისწინებით, რათა მათ შეინარჩუნონ კარგი ფიზიკური და მორალური მდგომარეობა.

დატყვევებულ უნტერ-ოფიცრებს შეიძლება მოეთხოვოს მხოლოდ სამუშაოს მიმდინარეობისადმი მეთვალყურეობა. უნტერ-ოფიცრებს, რომლებიც ასეთი სამუშაოსათვის არ გამოდგებიან, შეუძლიათ ითხოვონ მათთვის შესაფერისი სხვა სამუშაოს გამოყოფა, რომელიც მათთვის შეძლებისამებრ გამოიძებნება.

თუ ოფიცრები და მათთან გათანაბრებული პირები მათთვის შესაფერის სამუშაოს ითხოვენ, მათ იგი შეძლებისამებრ მიეცემათ. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მათი იძულებით მუშაობა.

მუხლი 52. არ შეიძლება სამხედრო ტყვის გამოყენება საშიშ და არაჯანსაღ სამუშაოზე, თუკი იგი საამისოდ ნებაყოფლობით არ აცხადებს თანხმობას.

არ შეიძლება რომელიმე სამხედრო ტყვის გამოყენება ისეთ სამუშაოზე, რომელიც დამატყვევებელი სახელმწიფოს სამხედრო მოსამსახურისთვის დამამცირებლად ითვლება.

საშიშ სამუშაოდ ჩაითვლება ნაღმების ან სხვა მსგავსი ჭურვების გაუვნებელყოფა.

ნაწილი V
სამხედრო ტყვეთა კავშირი გარე სამყაროსთან

მუხლი 69. მოხვდებიან რა სამხედრო ტყვეები დამატყვევებელი ქვეყნის ხელისუფლებაში, დამატყვევებელი სახელმწიფო სამხედრო ტყვეებს და, მფარველი სახელმწიფოს მეშვეობით, იმ სახელმწიფოს, რომელსაც ისინი ეკუთვნიან, დაუყონებლივ შეატყობინებს ამ ნაწილის დებულებათა შესასრულებლად მიღებულ ღონისძიებებს. ამასთანავე, დამატყვევებელი სახელმწიფო დაინტერესებულ მხარეებს აცნობებს ამ ღონისძიებების ნებისმიერ ცვლილებას.

მუხლი 70. ყოველ სამხედრო ტყვეს, დატყვევების მომენტიდან ან ბანაკში მიყვანიდან არა უგვიანეს ერთი კვირისა, მაშინაც კი, როცა ეს სატრანზიტო ბანაკია, აგრეთვე ავადმყოფობის ან ლაზარეთში ან სხვა ბანაკში გაგზავნის შემთხვევაში, შესაძლებლობა უნდა მიეცეს, ერთი მხრივ, თავის ოჯახს, მეორე მხრივ კი (...) სამხედრო ტყვეთა საქმეების ცენტრალურ სააგენტოს გაუგზავნოს საფოსტო ბარათი, (...). ამ საფოსტო ბარათით იგი აცნობებს ტყვედ ჩავარდნის ფაქტს, თავის ჯანმრთელობის მდგომარეობას და მისამართს. ეს ბარათები რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაიგზავნოს, დაუშვებელია მათი ნებისმიერი სახის დაყოვნება.

მუხლი 72. სამხედრო ტყვეებს ფოსტით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით შეუძლიათ, მიიღონ ინდივიდუალური ან კოლექტიური გზავნილები, რომლებშიც შეიძლება იყოს კვების პროდუქტები, ტანსაცმელი, მედიკამენტები, ასევე, მათი რელიგიური მოთხოვნილებების, განათლებისა და გართობისათვის საჭირო ნივთები, წიგნების, რელიგიური დანიშნულების ნივთების, სამეცნიერო მუშაობისთვის საჭირო აპარატურის, საგამოცდო მასალების, მუსიკალური ინსტრუმენტების, სპორტული ინვენტარისა და იმ მასალების ჩათვლით, რომლებიც სამხედრო ტყვეებს სწავლის ან შემოქმედებითი მოღვაწეობის გაგრძელების შესაძლებლობას აძლევს. (...)

კარი IV
ტყვეობის დასასრული
ნაწილი II
სამხედრო მოქმედებების დამთავრების შემდეგ სამხედრო ტყვეთა გათავისუფლება და რეპატრიაცია

მუხლი 118. სამხედრო ტყვეების გათავისუფლება და რეპატრიაცია მოხდება სამხედრო მოქმედებათა დამთავრებისთანავე. (...)

კარი VI
კონვენციის შესრულება
ნაწილი I
ზოგადი დებულებანი

მუხლი 127. ხელშემკვრელი მხარეები ვალდებულებას იღებენ, როგორც მშვიდობიან, ისე ომის დროსაც, რაც შეიძლება ფართოდ გაავრცელონ ამ კონვენციის ტექსტი თავიანთ ქვეყნებში, კერძოდ, მისი სწავლება ჩართონ სამხედრო და, თუ შესაძლებელია, სამოქალაქო განათლების სასწავლო პროგრამებში, რათა მის პრინციპებს გაეცნოს მთელი მათი შეიარაღებული ძალები და მთელი მოსახლეობა.

სამხედრო და სხვა ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომელთაც ომის დროს სამხედრო ტყვეებისათვის პასუხისმგებლობა აკისრიათ, უნდა ჰქონდეთ ამ კონვენციის ტექსტი და აუცილებლად უნდა იცნობდნენ მის დებულებებს.

10.7 დანართი 7. კონვენცია სამოქალაქო მოსახლეობის დაცვის შესახებ

▲ზევით დაბრუნება


1949 წლის 12 აგვისტო

კარი I
ზოგადი დებულებანი

მუხლი 3. ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მიმდინარე არასაერთაშორისო ხასიათის შეიარაღებული კონფლიქტის დროს კონფლიქტის მონაწილე ყოველი მხარე ვალდებულია დაიცვას, სულ ცოტა, შემდეგი დებულებანი:

1. პირები, რომლებიც უშუალოდ არ მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში, შეიარაღებული ძალების წარმომადგენელთა ჩათვლით, რომლებმაც იარაღი დაყარეს, ან პირები, რომლებიც ავადმყოფობის, დაჭრის, დაკავების თუ რაიმე სხვა მიზეზის გამო მონაწილეობას აღარ ღებულობენ საომარ მოქმედებებში, ნებისმიერ შემთხვევაში უნდა სარგებლობდნენ ჰუმანური მოპყრობით რასის, კანის ფერის, რელიგიის ან რწმენის, სქესის, წარმომავლობის, ქონებრივი მდგომარეობის მიუხედავად ან სხვა ანალოგიურ კრიტერიუმებზე დაფუძნებული ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე.

ამ მიზნით, აკრძალულია და ყოველთვის და ყველგან აკრძალული იქნება ზემოაღნიშნულ პირთა მიმართ შემდეგი მოქმედებანი:

  1. პირის სიცოცხლისა და ფიზიკური ხელშეუხებლობის სრულყოფა, კერძოდ, ნებისმიერი სახის მკვლელობა, დასახიჩრება, სასტიკი მოპყრობა, წამება ან ტანჯვა;

  2. მძევლად აყვანა;

  3. პირის ღირსების შელახვა, კერძოდ შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი მოპყრობა;

  4. სათანადო წესით დაფუძნებული სასამართლოს მიერ, ცივილიზებული ერების მიერ აუცილებელი ხასიათის მქონედ აღიარებული სასამართლო გარანტიების დაცვით გამოტანილი წინასწარი გადაწყვეტილების გარეშე სამართალში მიცემა და სასჯელის აღსრულება.

2. დაჭრილები და ავადმყოფები უნდა შეაგროვონ და სათანადო დახმარება

აღმოუჩინონ.

ისეთ მიუკერძოებელ ჰუმანიტარულ ორგანიზაციას, როგორიცაა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი, შეუძლია კონფლიქტის მონაწილე მხარეებს შესთავაზოს თავისი სამსახური.

გარდა ამისა, კონფლიქტის მონაწილე მხარეები უნდა ეცადონ, სპეციალური შეთანხმებების გზით აამოქმედონ ამ კონვენციის ყველა სხვა დებულება ან მათი ნაწილი.

ზემოაღნიშნულ დებულებათა გამოყენება არ ხელყოფს კონფლიქტის მონაწილე მხარეთა იურიდიულ სტატუსს.

კარი II
ზოგადი ხასიათის დებულებები ომის გარკვეული შედეგებისაგან სამოქალაქო მოსახლეობის დაცვის შესახებ

მუხლი 15. კონფლიქტის მონაწილე ყოველ მხარეს უშუალოდ ან ნეიტრალური სახელმწიფოს ან ჰუმანიტარული ორგანიზაციის მეშვეობით, შეუძლია მიმართოს მოწინააღმდეგე მხარეს წინადადებით, რათა საომარი მოქმედებების რაიონებში შეიქმნას ნეიტრალური ზონები, საომარ მოქმედებებთან დაკავშირებულ საფრთხეთაგან შემდეგი პირების დაცვისათვის:

  1. ავადმყოფი და დაჭრილი კომბატანტები და არაკომბატანტები;

  2. სამოქალაქო მოსახლეობა, რომელიც არ მონაწილეობს საომარ მოქმედებებში და ამ ზონებში ყოფნის დროს არ ასრულებს სამხედრო სახის რაიმე სამუშაოს. როგორც კი კონფლიქტის მონაწილე მხარეები შეთანხმდებიან ნეიტრალური ზონის ადგილსამყოფელის, ხელმძღვანელობის, მომარაგებისა და კონტროლის შესახებ, ისინი შეადგენენ წერილობით ხელშეკრულებას, რომელზეც ხელს მოაწერენ კონფლიქტის მონაწილე მხარეთა წარმომადგენლები. აღნიშნული შეთანხმებით დადგინდება ამ ზონის ნეიტრალიზაციის დასაწყისი და ხანგრძლივობა.

მუხლი 18. დაუშვებელია, დაჭრილების, ავადმყოფების, ინვალიდებისა და მშობიარეების დასახმარებლად ორგანიზებულ სამოქალაქო საავადმყოფოებზე თავდასხმის განხორციელება. კონფლიქტის მონაწილე მხარეების მხრიდან ისინი ყოველთვის პატივისცემითა და დაცვით უნდა სარგებლობდნენ.

კონფლიქტის მონაწილე სახელმწიფოები ყველა სამოქალაქო საავადმყოფოს უზრუნველყოფენ მოწმობით, რომელშიც აღნიშნული იქნება, რომ ეს სამოქალაქო საავადმყოფოები და მათ მიერ დაკავებული შენობები არ გამოიყენება ისეთი მიზნებისათვის, რომელთა გამოც მათ შეიძლება უარი ეთქვათ მე-19 მუხლით განსაზღვრულ დაცვაზე.

სამოქალაქო საავადმყოფოებს სახელმწიფოთა ნებართვით ექნებათ მოქმედ ჯარებში დაჭრილთა და ავადმყოფთა მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციის 38-ე მუხლში მითითებული ემბლემა.

კონფლიქტში მონაწილე მხარეები, რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნება საომარი მოქმედებებიდან გამომდინარე, მიიღებენ ყველა აუცილებელ ზომას, რათა ყოველგვარი აგრესიის თავიდან ასაცილებლად სამოქალაქო საავადმყოფოების აღმნიშვნელ განმასხვავებელ ნიშნებს მკაფიოდ ხედავდნენ მოწინააღმდეგის სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო ძალები.

იმ საშიშროების გათვალისწინებით, რომელიც სამხედრო ობიექტებთან ახლომდებარე საავადმყოფოებს ემუქრებათ, რეკომენდებულია მათი განლაგება ამ ობიექტებისაგან მოშორებულ ადგილებში.

მუხლი 19. დაცვა, რომლითაც სამოქალაქო საავადმყოფოები სარგებლობენ, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება შეწყდეს, თუ მათ, ჰუმანიტარული ვალდებულებების შესრულების გარდა, მოწინააღმდეგის წინააღმდეგ მიმართული მოქმედებების განხორციელებისთვისაც იყენებენ. თუმცა, დაცვა წყდება მხოლოდ შესაბამისი გაფრთხილების შემდეგ, რომელიც ყველა საჭირო შემთხვევაში აწესებს გონივრულ ვადას და მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამგვარმა გაფრთხილებამ შედეგი არ გამოიღო.

მტრის წინააღმდეგ მიმართულ მოქმედებად არ ჩაითვლება ამგვარ საავადმყოფოებში დაჭრილი ან ავადმყოფი სამხედრო მოსამსახურეების მკურნალობა ან მათთვის ჩამორთმეული იმ პირადი იარაღისა და საბრძოლო მასალების შენახვა, რომლებიც ჯერ არ ჩაუბარებიათ სათანადო ორგანოებისათვის.

კარი III
დაცვის ქვეშ მყოფ პირთა სტატუსი და მათთან მოპყრობა
ნაწილი I
კონფლიქტის მონაწილე მხარეების ტერიტორიებისა და ოკუპირებული ტერიტორიებისათვის საერთო დებულებანი

მუხლი 27. დაცვის ქვეშ მყოფ პირებს ნებისმიერ გარემოებაში აქვთ მათი პიროვნების, სინდისის, ოჯახური უფლებების, რელიგიური მრწამსისა და წესების, ჩვევებისა და ადათების პატივისცემის უფლება. მათ ყოველთვის ჰუმანურად მოეპყრობიან, კერძოდ დაიცავენ ძალადობის ნებისმიერი აქტისაგან, შეურაცხყოფისა და ბრბოს ცნობისმოყვარეობისაგან.

ქალებს დაიცავენ მათი ღირსების შეურაცხყოფისაგან, კერძოდ გაუპატიურებისაგან, იძულებითი პროსტიტუციის ან მათი ზნეობის ნებისმიერი სახის სხვა ხელყოფისაგან.

ჯანმრთელობასთან, ასაკსა და სქესთან დაკავშირებული დებულებების გათვალისწინებით, კონფლიქტის მონაწილე მხარე, რომლის ხელისუფლებაშიც არიან დაცვის ქვეშ მყოფი პირები, ყველა მათგანს ერთნაირად მოეპყრობა რასის, რელიგიურ ან პოლიტიკურ შეხედულებებზე დაფუძნებული ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე.

მაგრამ ამ პირთა მიმართ კონფლიქტის მონაწილე მხარეებს შეუძლიათ გამოიყენონ კონტროლის და უშიშროების უზრუნველყოფის ისეთი ღონისძიებები, რომლებიც საომარი მოქმედებების გამო შეიძლება აუცილებელი აღმოჩნდეს.

მუხლი 28. დაცვის ქვეშ მყოფი პირის ყოფნა რომელიმე პუნქტსა და რაიონში არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ამ ადგილებში საომარი ოპერაციების თავიდან აცილების საბაბად.

მუხლი 31. დაუშვებელია დაცვის ქვეშ მყოფ პირთა მიმართ ფიზიკური ან მორალური იძულების რაიმე ზომის გამოყენება, რაც მათგან ან მესამე პირისაგან ცნობის მიღებას ისახავს მიზნად.

მუხლი 32. მაღალი ხელშემკვრელი მხარეები სპეციალურად შეთანხმდებიან იმაზე, რომ მათ ეკრძალებათ ისეთი ზომების გატარება, რომელთაც მათ ხელისუფლებაში მყოფი დაცვის ქვეშ მყოფი პირებისათვის ფიზიკური ტანჯვის მიყენება ან მათი სიკვდილის გამოწვევა შეუძლიათ. ეს აკრძალვა ვრცელდება არა მხოლოდ მკვლელობაზე, წამებაზე, სხეულის დასახიჩრებაზე, სამედიცინო ან სამეცნიერო ცდებზე, რომლებიც დაცვის ქვეშ მყოფი პირის მკურნალობის მოთხოვნებით არ არის გამოწვეული, არამედ სამოქალაქო ან სამხედრო ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან ყოველგვარი სახის უხეში ძალადობის აქტებზეც.

ნაწილი III
ოკუპირებული ტერიტორიები

მუხლი 49. აკრძალულია ნებისმიერი მოტივით განპირობებული დაცვის ქვეშ მყოფი პირების იძულებითი გადაადგილება ან დეპორტირება ოკუპირებული ქვეყნიდან ოკუპანტი სახელმწიფოს ან ნებისმიერი სხვა ოკუპირებული თუ არაოკუპირებული ქვეყნის ტერიტორიაზე.

თუმცა ოკუპანტი სახელმწიფოსთვის შესაძლებელი იქნება გარკვეული ოკუპირებული რაიონის მთლიანი ან ნაწილობრივი ევაკუაცია, როცა ეს მოსახლეობის უსაფრთხოებისა ან განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი სამხედრო ხასიათის მოსაზრებებით იქნება განპირობებული. ასეთი ევაკუაციის დროს, დაცვის ქვეშ მყოფი პირების გადაყვანა დაშვებულია მხოლოდ ოკუპირებული ტერიტორიის სიღრმეში, იმ შემთხვევების გამოკლებით, როცა ეს პრაქტიკულად შეუძლებელია. ამგვარად ევაკუირებული მოსახლეობა საკუთარ საცხოვრებელ ადგილს დაუბრუნდება ამ რაიონში საომარი მოქმედებების დამთავრებისთანავე.

ოკუპანტმა სახელმწიფომ ასეთი გადაადგილებების ან ევაკუაციის განხორციელებისას დაცვის ქვეშ მყოფი პირები, შესაძლებლობის ფარგლებში, სათანადო სათავსებით უნდა უზრუნველყოს. ეს გადაადგილებები უსაფრთხოების, ჰიგიენის, ჯანმრთელობისა და კვების თვალსაზრისით დამაკმაყოფილებელ პირობებში უნდა განხორციელდეს. დაუშვებელია ერთი ოჯახის წევრთა განცალკევება.

გადაადგილებები და ევაკუაციები დაუყონებლივ უნდა ეცნობოს მფარველ სახელმწიფოს.

ოკუპანტმა სახელმწიფომ დაცვის ქვეშ მყოფი პირები განსაკუთრებულად სახიფათო რაიონში მხოლოდ მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და მნიშვნელოვანი საომარი ხასიათის მოსაზრებების გამო შეიძლება დააკავოს.

ოკუპანტ სახელმწიფოს არ შეუძლია თავისი სამოქალაქო მოსახლეობის ნაწილის დეპორტირება ან გადაყვანა მის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

მუხლი 50. ოკუპანტმა სახელმწიფომ ეროვნული და ადგილობრივი ხელისუფლების მეშვეობით დახმარება უნდა გაუწიოს ბავშვებზე ზრუნვით და მათი აღზრდით დასაქმებულ დაწესებულებებს მათი წარმატებით მუშაობის უზრუნველყოფისათვის.

მან ყველა აუცილებელი ზომა უნდა მიიღოს, რათა გაადვილდეს ბავშვების ვინაობის დადგენა, მათი ნათესაური კავშირების რეგისტრაცია. არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეიცვალოს ბავშვების სამოქალაქო მდგომარეობა, ისინი არ უნდა ჩაირიცხონ ოკუპანტ სახელმწიფოზე დამოკიდებულ ფორმირებებსა და ორგანიზაციებში.

თუ ადგილობრივ დაწესებულებებს არ შეუძლიათ ამ ფუნქციათა შესრულება, ოკუპანტმა სახელმწიფომ უნდა მიიღოს ზომები ობოლი ან ომის შედეგად მშობლებს დაცილებული ბავშვების მოვლისა და სწავლებისათვის, თუ მათზე ვერ ზრუნავენ ახლო ნათესავები ან მეგობრები; სწავლებას, შეძლებისამებრ, მათივე ეროვნების, რელიგიური მრწამსისა და მათ ენაზე მოლაპარაკე პირები უნდა უძღვებოდნენ.

... სპეციალური განყოფილება ყველა ზომას მიიღებს, რათა ზუსტად დადგინდეს მათი ვინაობა, როცა იგი რაიმე ეჭვს იწვევს. მათ ხელთ არსებული მონაცემები ბავშვის მშობლების და სხვა ახლო ნათესავების შესახებ ყოველთვის რეგისტრირებული უნდა იყოს.

ოკუპანტმა სახელმწიფომ არ უნდა გააძნელოს 15 წლამდე ასაკის ბავშვების, ორსული ქალებისა და 7 წლამდე ასაკის ბავშვების დედების მიმართ კვების, სამედიცინო მოვლისა და საომარი მოქმედებებისაგან დაცვის სფეროში ოკუპაციამდე მიღებული პრეფერენციალური ზომების განხორციელება.

მუხლი 51. ოკუპანტ სახელმწიფოს არ შეუძლია აიძულოს დაცვის ქვეშ მყოფი პირი იმსახუროს თავის შეიარაღებულ ძალებში ან დამხმარე ძალებში. ყოველგვარი ზეგავლენა ან პროპაგანდა ჯარში ნებაყოფლობით შესვლის შესახებ აკრძალულია;

ოკუპანტ სახელმწიფოს იძულებით სამუშაოებზე შეუძლია გაგზავნოს მხოლოდ 18 წელს გადაცილებული დაცვის ქვეშ მყოფი პირები. ისინი იგზავნებიან სამუშაოზე, რომელიც აუცილებელია საოკუპაციო ჯარის საჭიროებისათვის ან დაკავებული ადგილის მოსახლეობის კომუნალურ მომსახურეობასთან, საკვებით, საცხოვრებლით, ტანსაცმლით, ტრანსპორტით უზრუნველყოფასთან, ჯანმრთელობის დაცვასთანაა დაკავშირებული. არ შეიძლება დაცვის ქვეშ მყოფი პირების იძულება შეასრულონ ისეთი სამუშაო, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს საომარ ოპერაციებში მათი მონაწილეობა. ოკუპანტ სახელმწიფოს არ შეუძლია აღნიშნულ პირებს მოსთხოვოს ძალის გამოყენებით დაიცვან ნაგებობები, რომლებშიც ასრულებენ სამუშაოს.

სამუშაო სრულდება მხოლოდ ოკუპირებული ტერიტორიის ფარგლებში, სადაც იმყოფებიან ეს პირები. ყოველი მათგანი, შესაძლებლობის ფარგლებში, დატოვებული იქნება ჩვეულ სამუშაო ადგილზე. მუშაობა სამართლიანად იქნება ანაზღაურებული. იგი უნდა პასუხობდეს მომუშავეთა ფიზიკურ და ინტელექტუალურ შესაძლებლობებს. ოკუპირებულ ქვეყანაში მოქმედი კანონები სამუშაო პირობების და შრომის დაცვის შესახებ, კერძოდ, სამუშაო დღის ხანგრძლივობის, აღჭურვილობის, წინასწარი მომზადების, სამუშაოზე უბედური შემთხვევებისა და პროფესიონალური დაავადებების კომპენსაციის შესახებ გამოიყენება დაცვის ქვეშ მყოფი პირების მიმართაც, რომლებიც ასრულებენ ამ მუხლში მითითებულ სამუშაოებს.

იძულებით შრომით საქმიანობაში ჩაბმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა იწვევდეს მომუშავეთა მობილიზაციას სამხედრო ან ნახევრად სამხედრო ორგანიზაციებში.

მუხლი 53. აკრძალულია ოკუპანტი სახელმწიფოს მიერ კერძო პირების ან სახელმწიფოს, საზოგადოებრივი ან კოოპერაციული ორგანიზაციების ინდივიდუალურ ან კოლექტიურ საკუთრებაში მყოფი მოძრავი ან უძრავი ქონების განადგურება, რაც საომარი ოპერაციებისათვის აბსოლუტურ აუცილებლობას არ წარმოადგენს.

მუხლი 55. ოკუპანტმა სახელმწიფომ მის ხელთ არსებული ყველა საშუალებით უნდა უზრუნველყოს სამოქალაქო მოსახლეობა სურსათით და სამედიცინო მასალით. კერძოდ, იმ შემთხვევაში, როცა ოკუპირებული ტერიტორიის რესურსები არასაკმარისია, შემოიტანოს სურსათის მარაგი, სამედიცინო ქონება და სხვა საგნები.

ოკუპანტმა სახელმწიფომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული სურსათის მარაგის ან სხვა საგნების, ასევე სამედიცინო ქონების რეკვიზიცია მხოლოდ საოკუპაციო ჯარისა და ადმინისტრაციის სასარგებლოდ შეიძლება განახორციელოს, ოღონდ იმ პირობით, რომ გაითვალისწინებენ სამოქალაქო მოსახლეობის საჭიროებას. სხვა საერთაშორისო კონვენციათა დებულებების შესრულების პირობით, ოკუპანტმა სახელმწიფომ ყოველი რეკვიზიციის სამართლიანი ანაზღაურებისათვის საჭირო ზომები უნდა მიიღოს.

მფარველ სახელმწიფოს უფლება აქვს ნებისმიერ დროს, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე შეამოწმოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სურსათით და სამედიცინო მასალით მომარაგების მდგომარეობა, გადაუდებელი საომარი მოთხოვნებით გამოწვეული დროებითი შეზღუდვების გათვალისწინებით.

მუხლი 56. ოკუპანტი სახელმწიფო ვალდებულია მის ხელთ არსებული ყველა საშუალებით უზრუნველყოს და ეროვნული და ადგილობრივი ხელისუფლების ხელშეწყობით მხარი დაუჭიროს ოკუპირებულ ტერიტორიაზე სამედიცინო დაწესებულებების და საავადმყოფოების მუშაობას, ჯანდაცვას და საზოგადოებრივი ჰიგიენის დაცვას. ...

მუხლი 58. ოკუპანტი სახელმწიფო სასულიერო პირებს ნებას დართავს სულიერი დახმარება გაუწიონ ერთმორწმუნეებს.

ოკუპანტი სახელმწიფო მიიღებს რელიგიური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად საჭირო წიგნებისა და საგნების შემცველ ამანათებს და ხელს შეუწყობს მათ გავრცელებას ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

მუხლი 64. ოკუპირებული ტერიტორიების სისხლის სამართლის კანონმდებლობა ძალაში რჩება იმ გამონაკლისით რომ იგი შეიძლება გაუქმდეს ან შეჩერდეს ოკუპანტი სახელმწიფოს მიერ, როცა საფრთხეს უქმნის ამ სახელმწიფოს უშიშროებას ან ხელს უშლის ამ კონვენციის შესრულებას. ზემოაღნიშნული მოსაზრებისა და მართლმსაჯულების ეფექტიანად აღსრულების უზრუნველყოფის აუცილებლობის გათვალისწინებით, ოკუპირებული ტერიტორიის სასამართლო ორგანოები აგრძელებენ თავიანთი ფუნქციების აღსრულებას ამ კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა სამართალდარღვევის შემთხვევაში.

მიუხედავად ამისა, ოკუპანტ სახელმწიფოს შეუძლია ოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობა დაუქვემდებაროს დადგენილებების მოქმედებას, რომლებიც არსებითად აუცილებელია მის მიერ ამ კონვენციით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებისათვის, ტერიტორიის ნორმალური მართვისათვის და ოკუპანტი სახელმწიფოს საოკუპაციო ჯარების ან ადმინისტრაციის პირადი შემადგენლობისა და ქონების, ასევე, მათ მიერ გამოყენებული ობიექტების და საკომუნიკაციო ხაზების უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის.

კარი IV
კონვენციის შესრულება
ნაწილი I
ზოგადი დებულებანი

მუხლი 144. მაღალი ხელშემკვრელი მხარეები ვალდებულებას იღებენ როგორც მშვიდობიან, ისე საომარ დროს, რაც შეიძლება ფართოდ გაავრცელონ ამ კონვენციის ტექსტი თავიანთ ქვეყანაში, კერძოდ, მისი სწავლება შეიტანონ სამხედრო და, თუ შესაძლებელია, სამოქალაქო სასწავლო პროგრამებში, რათა მის პრინციპებს გაეცნოს მთელი მოსახლეობა.

სამოქალაქო, სამხედრო-საპოლიციო და სხვა ხელისუფლებას, რომელსაც შეიძლება დაეკისროს დაცვის ქვეშ მყოფი პირებისათვის პასუხისმგებლობა, ექნება კონვენციის ტექსტი და სპეციალურად გაეცნობა მის დებულებებს.

მუხლი 146. მაღალი ხელშემკვრელი მხარეები ვალდებულებას იღებენ შემოიღონ ისეთი კანონმდებლობა, რომელიც დააწესებს ეფექტურ სისხლისსამართლებრივ სასჯელებს მომდევნო მუხლში განსაზღვრული მძიმე დარღვევის ჩამდენი ან ასეთი დარღვევის ჩადენის ბრძანების გამცემი პირებისათვის.

ყოველი მაღალი ხელშემკვრელი მხარე ვალდებულია ეძებოს პირები, რომელთაც ასეთი მძიმე დარღვევების ჩადენა ან მათი ჩადენის ბრძანების გაცემა ედებათ ბრალად და, მათი მოქალაქეობის მიუხედავად, გადასცეს ისინი საკუთარ სასამართლოს. ამასთანავე, მას შეუძლია, საკუთარი სურვილით და თავისი კანონმდებლობის თანახმად, ამგვარი პირები სასამართლოს წინაშე წარსადგენად გადასცეს სხვა დაინტერესებულ მაღალ ხელშემკვრელ მხარეს, იმ შემთხვევაში, თუ მას მათი ბრალის დამადასტურებელი მტკიცებულებები მოეპოვება.

ყოველი მაღალი ხელშემკვრელი მხარე აუცილებელ ზომებს მიიღებს ამ კონვენციის დებულებების ყველა იმ სხვა საწინააღმდეგო ქმედების აღსაკვეთად, რომელიც არ წარმოადგენს მომდევნო მუხლში განსაზღვრულ მძიმე დარღვევას.

ყველა გარემოებაში ბრალდებული პირები ისარგებლებენ სათანადო სასამართლო გარანტიებით და დაცვის უფლებით. (...)

მუხლი 147. წინა მუხლში აღნიშნულ მძიმე დარღვევათა რიცხვს მიეკუთვნება დარღვევები, რომლებიც დაკავშირებულია ქვემოთ ჩამოთვლილ რომელიმე ქმედებასთან, იმ შემთხვევაში, თუ ისინი მიმართულია კონვენციის დაცვის ქვეშ მყოფი პირების ან ქონების წინააღმდეგ: წინასწარ განზრახვით მკვლელობა, წამება ან არაადამიანური მოპყრობა, ბიოლოგიური ექსპერიმენტების ჩათვლით, წინასწარი განზრახვით მძიმე ტანჯვის ან სერიოზული ზიანის მიყენება სხეულის ან ჯანმრთელობისათვის, ფართო მასშტაბით წარმოებული უკანონო, თვითნებური ნგრევა და ქონების მითვისება, რაც სამხედრო აუცილებლობით არ არის გამართლებული.

10.8 დანართი 8. ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციების I დამატებითი ოქმი საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტების მსხვერპლთა დაცვის შესახებ

▲ზევით დაბრუნება


ნაწილი III
ომის წარმოების მეთოდები და საშუალებები. კომბატანტების და სამხედრო ტყვეების სტატუსი
კარი I
ომის წარმოების მეთოდები და საშუალებები

მუხლი 35. ძირითადი ნორმები

1. ნებისმიერი შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევაში, არ არის შეუზღუდავი

მასში მონაწილე მხარეების მიერ ომის მეთოდებისა და საშუალებების არჩევის უფლება.

2. საომარი მოქმედებების დროს აკრძალულია ომის წარმოების მეთოდების გამოყენება, რომელთაც ჭარბი ზიანის მიყენება ან ტანჯვის გამოწვევა შეუძლიათ.

3. აკრძალულია ომის წარმოების ისეთი მეთოდებისა და საშუალებების გამოყენება, რომლებიც მიზნად ისახავს ან რომელთაგან მოსალოდნელია ბუნებრივი გარემოს ფართომასშტაბიანი, გრძელვადიანი და სერიოზული დაზიანება.

მუხლი 36. ახალი ტიპის იარაღი

მაღალმა ხელშემკვრელმა მხარემ ომის წარმოების ახალი იარაღის, მეთოდების ან

საშუალებების შესწავლის, შეძენის ან მიღებისას უნდა დაადგინოს, ეხება თუ არა მას ზოგიერთ ან ყველა გარემოებაში ამ ოქმითა ან მაღალი ხელშემკვრელი მხარის მიმართ მოქმედი საერთაშორისო სამართლის ნებისმიერი სხვა ნორმით გათვალისწინებული აკრძალვა.

მუხლი 37. ვერაგობის აკრძალვა

1. აკრძალულია მოწინააღმდეგის ვერაგულად მოკვლა, დაჭრა ან ტყვედ ჩაგდება. ვერაგობად ითვლება მოწინააღმდეგის ნდობის მოპოვება, მისთვის იმის შთაგონება, რომ უფლება აქვს დაცული იყოს ან რომ მას დაიცავენ შეიარაღებული კონფლიქტების დროს გამოყენებული საერთაშორისო სამართლის ნორმების თანახმად და ამით მოპოვებული ნდობის გაცრუება. ვერაგობის მაგალითია შემდეგი მოქმედებანი:

  1. დაზავების დროშით მოლაპარაკებების წარმოების სურვილის ან კაპიტულაციის სიმულირება;

  2. დაჭრის ან ავადმყოფობის შედეგად მწყობრიდან გამოსვლის სიმულირება;

  3. სამოქალაქო პირის ან არაკომბატანტის სტატუსის ფლობის სიმულირება გაეროს, ნეიტრალური სახელმწიფოების ან კონფლიქტის არამონაწილე სხვა სახელმწიფოების ნიშნების, ემბლემების ან საფორმო ტანსაცმლის გამოყენებით იმ სტატუსის ფლობის სიმულირება, რომელიც ითვალისწინებს მისი მფლობელის დაცვას.

2. საომარი ხრიკების გამოყენება არ იკრძალება. ხრიკად ითვლება მოწინააღმდეგის დასაბნევად ან შეცდომაში შესაყვანად ჩადენილი მოქმედებები, რომლებიც არ არღვევს შეიარაღებული კონფლიქტის დროს მოქმედი საერთაშორისო სამართლის რომელიმე ნორმას. ამასთან ისინი არ უნდა იყოს ვერაგული და არ უნდა შეარყიოს მოწინააღმდეგე მხარის რწმენა, რომ ამ სამართლის ძალით მას უფლება აქვს იყოს დაცული. ეშმაკობათა მაგალითია შემდეგი მოქმედებები: შენიღბვის, ხაფანგების, ცრუ ოპერაციებისა და დეზინფორმაციის გამოყენება.

მუხლი 38. აღიარებული ემბლემები

1. აკრძალულია წითელი ჯვრის, წითელი ნახევარმთვარის, წითელი ლომისა და მზის განმასხვავებელი ემბლემების ან კონვენციებითა და ამ ოქმით გათვალისწინებული სხვა ემბლემების, ნიშნების ან სიგნალების არადანიშნულებისამებრ გამოყენება. ასევე აკრძალულია შეიარაღებული კონფლიქტის დროს საყოველთაოდ აღიარებული სხვა დამცავი ემბლემების, ნიშნების და სიგნალების, დაზავების დროშების, კულტურული ფასეულობების დამცავი ემბლემების წინასწარი განზრახვით ბოროტად გამოყენება.

2. აკრძალულია გაეროს ემბლემის გამოყენება ამ ორგანიზაციის ნებართვის გარეშე.

მუხლი 39. ეროვნული ემბლემები

1. აკრძალულია შეიარაღებული კონფლიქტის დროს ნეიტრალური სახელმწიფოების ან კონფლიქტის არამონაწილე სახელმწიფოების დროშების, საომარი ემბლემების, სამხედრო წოდებათა განმასხვავებელი ნიშნების ან საფორმო ტანსაცმლის გამოყენება.

2. აკრძალულია მოწინააღმდეგე მხარის დროშების, სამხედრო ემბლემების, სამხედრო წოდებათა განმასხვავებელი ნიშნების გამოყენება თავდასხმის დროს ან საომარი მოქმედებების დასაფარავად, ხელშესაწყობად, დასაცავად ან დასაბრკოლებლად. (...)

მუხლი 40. შეწყალება

აკრძალულია ბრძანების გაცემა, რომ არავინ დარჩეს ცოცხალი, აგრეთვე ასეთი ბრძანებით დამუქრება ან საომარი მოქმედებების წარმართვა მის საფუძველზე.

მუხლი 41. გარანტიები წყობიდან გამოსული მოწინააღმდეგე მხარის პირებისათვის.

1. აკრძალულია თავდასხმა პირზე, რომელიც წყობიდან გამოსულ პირადაა აღიარებული ან მოცემულ მომენტში ასეთად უნდა იქნეს აღიარებული.

2. წყობიდან გამოსულად ითვლება ნებისმიერი პირი, რომელიც:

  1. მოწინააღმდეგე მხარის ხელისუფლებაში იმყოფება;

  2. აშკარად გამოთქვამს ტყვედ ჩაბარების სურვილს;

  3. უგონოდაა ან დაჭრის თუ ავადმყოფობის მიზეზით რაიმე სხვა სახითაა წყობიდან გამოსული, რის გამოც არ შეუძლია თავის დაცვა, ოღონდ იმ პირობით, რომ ყველა აღნიშნულ შემთხვევაში იგი თავს იკავებს მტრული მოქმედებებისაგან და არ ცდილობს გაქცევას. (...)

მუხლი 42. საჰაერო ხომალდებში მყოფი პირები

1. არც ერთ პირს, რომელიც პარაშუტით ტოვებს განსაცდელში მყოფ საჰაერო ხომალდს, მიწაზე დაშვების განმავლობაში თავს არ დაესხმიან.

2. პირს, რომელიც პარაშუტით ტოვებს განსაცდელში მყოფ საჰაერო ხომალდს, მოწინააღმდეგე მხარის კონტროლს დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე დაშვებისას თავდასხმამდე შესთავაზებენ ტყვედ დანებებას, თუკი არ გამოაშკარავდა, რომ იგი მტრულ მოქმედებას ახორციელებს.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული დაცვით არ სარგებლობენ საჰაერო-სადესანტო

ჯარები.

ნაწილი IV
სამოქალაქო მოსახლეობა
კარი I
სამხედრო მოქმედებათა შედეგებისაგან ზოგადი დაცვა
თავი I

ძირითადი ნორმა და გამოყენების სფერო

მუხლი 48. ძირითადი ნორმა

კონფლიქტის მონაწილე მხარის სამოქალაქო მოსახლეობისა და სამოქალაქო ობიექტების პატივისცემისა და დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, კონფლიქტის მონაწილე მხარეებმა ყოველთვის უნდა განასხვაონ სამოქალაქო მოსახლეობა და კომბატანტები, სამოქალაქო და სამხედრო ობიექტები და, შესაბამისად, თავიანთი მოქმედება წარმართონ მხოლოდ სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ.

თავი II
სამოქალაქო პირები და სამოქალაქო მოსახლეობა

მუხლი 51. სამოქალაქო მოსახლეობის დაცვა

1. სამოქალაქო მოსახლეობა და ცალკეული სამოქალაქო პირები სარგებლობენ სამხედრო ოპერაციების შედეგებისაგან ზოგადი დაცვით. (...)

2. სამოქალაქო მოსახლეობა და ცალკეული სამოქალაქო პირები არ უნდა გახდნენ თავდასხმის ობიექტები. აკრძალულია ძალადობის აქტი ან ძალადობის მუქარა, რომლის ძირითადი მიზანიც სამოქალაქო მოსახლეობის ტერორიზებაა.

3. სამოქალაქო პირები ამ კარით გათვალისწინებული დაცვით სარგებლობენ, გარდა იმ შემთხვევებისა და პერიოდისა, როცა ისინი უშუალოდ მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში.

4. აკრძალულია განურჩეველი ხასიათის თავდასხმები.

(...)

7. სამოქალაქო მოსახლეობის ან ცალკეული სამოქალაქო პირების ყოფნა ან გადაადგილება არ უნდა იქნეს გამოყენებული გარკვეული რაიონების ან პუნქტების საომარი მოქმედებებისაგან დასაცავად, კერძოდ, სამხედრო ობიექტების თავდასხმისაგან დაცვის ან საომარი მოქმედებების შენიღბვის, მათი ხელშეწყობის ან შეფერხების მიზნით. კონფლიქტის მონაწილე მხარეებმა სამოქალაქო მოსახლეობის ან ცალკეული სამოქალაქო პირების გადაადგილება არ უნდა წარმართონ თავდასხმებისაგან სამხედრო ობიექტების დაცვის ან დაფარვის მიზნით.

8. ამ აკრძალვების ნებისმიერი დარღვევა კონფლიქტის მონაწილე მხარეებს არ

ათავისუფლებს სამოქალაქო მოსახლეობისა და სამოქალაქო პირების მიმართ სამართლებრივი ვალდებულებებისაგან. (...)

თავი III
სამოქალაქო ობიექტები

მუხლი 52. სამოქალაქო ობიექტების ზოგადი დაცვა

1. სამოქალაქო ობიექტი არ უნდა იყოს თავდასხმის ან რეპრესალიის ობიექტი, სამოქალაქოა ყველა ობიექტი, რომელიც არ წარმოადგენს მე-2 პუნქტით განსაზღვრულ სამხედრო ობიექტს.

2. თავდასხმა მკაცრად უნდა შემოიფარგლოს სამხედრო ობიექტებით. სამხედროა ობიექტი, რომელსაც თავისი ხასიათის, განლაგების, დანიშნულების ან გამოყენების თვალსაზრისით ეფექტური წვლილი შეაქვს საომარ მოქმედებებში და რომლის სრული ან ნაწილობრივი განადგურება, დაკავება ან ნეიტრალიზება მოცემულ გარემოებებში საომარ უპირატესობას იძლევა.

3. როცა არსებობს ეჭვი, ხომ არ გამოიყენება სამოქალაქო ობიექტები, მაგალითად, ღვთისმსახურების ადგილები, საცხოვრებელი სახლი ან სხვა საცხოვრებელი ნაგებობები, სკოლა საომარი მოქმედებების ეფექტური მხარდაჭერისათვის, ითვლება, რომ ისინი მხოლოდ სამოქალაქო მიზნებისათვის გამოიყენება.

მუხლი 53. კულტურული ფასეულობებისა და ღვთისმსახურების ადგილების დაცვა

შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევაში (...) აკრძალულია:

  1. მტრული მოქმედების განხორციელება იმ ისტორიული ძეგლების, ხელოვნების ნიმუშების ან ღვთისმსახურების ადგილების მიმართ, რომლებიც ხალხთა კულტურულ ან სულიერ მემკვიდრეობას წარმოადგენს;

  2. ამგვარი ობიექტების გამოყენება სამხედრო მიღწევების მხარდასაჭერად;

  3. რეპრესალიების წარმოება ამგვარი ობიექტების მიმართ.

მუხლი 54. სამოქალაქო მოსახლეობის არსებობისათვის აუცილებელი ობიექტების დაცვა.

1. აკრძალულია სამოქალაქო მოსახლეობის დამშევის, როგორც ომის წარმოების მეთოდის, გამოყენება.

2. აკრძალულია სამოქალაქო მოსახლეობის საარსებოდ აუცილებელი ობიექტების - საკვების მარაგის, სურსათის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო რაიონების, ნათესების, საქონლის, სასმელი წყლის მოსამარაგებელი ნაგებობების განადგურება, გატანა, მწყობრიდან გამოყვანა, მათზე თავდასხმა იმ განზრახვით, რომ სამოქალაქო მოსახლეობამ ან მოწინააღმდეგე მხარემ ვერ შეძლოს მათი, როგორც საარსებო საშუალებების გამოყენება, განურჩევლად იმისა, თუ რა მოტივი ედო საფუძვლად ამგვარ მოქმედებას - სამოქალაქო მოსახლეობის დამშევა, მათი იძულებითი გადასახლება თუ რაიმე სხვა. (...)

მუხლი 55. ბუნებრივი გარემოს დაცვა

1. საომარი მოქმედებების დროს ორივე მხარე უნდა ზრუნავდეს ბუნებრივი გარემოს ფართო, მასშტაბური, ხანგრძლივი და სერიოზული დაზიანებისაგან დაცვაზე. ამგვარი დაცვა მოიცავს ომის წარმოების ისეთი მეთოდების და საშუალებების გამოყენების აკრძალვას, რომლებიც მიზნად ისახავს ან რომელთაგან მოსალოდნელია ამგვარი ზიანის მიყენება ბუნებრივი გარემოსათვის და შესაბამისად, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და არსებობის გადასარჩენად.

2. აკრძალულია ბუნებრივი გარემოსათვის ზიანის მიყენება რეპრესალიებით.

მუხლი 56. სახიფათო ძალის შემცველი დანადგარების და ნაგებობების დაცვა

  1. სახიფათო ძალის შემცველი დანადგარები და ნაგებობები, კერძოდ კაშხლები, და ატომური ელექტროსადგურები არ უნდა გახდეს თავდასხმის ობიექტი, მაშინაც კი, როცა ისინი სამხედრო ობიექტებია, თუკი თავდასხმა გამოიწვევს სახიფათო ძალების გამოთავისუფლებას და, შესაბამისად, მნიშვნელოვან მსხვერპლს სამოქალაქო მოსახლეობაში. თავდასხმის ობიექტი არ უნდა გახდეს ამ დანადგარებსა ან ობიექტებში, ან მათ მახლობლად განლაგებული სამხედრო ობიექტები, თუ ამგვარ თავდასხმას შეიძლება მოჰყვეს დანადგარებიდან ან ნაგებობებიდან სახიფათო ძალების გამოთავისუფლება და, შესაბამისად, მნიშვნელოვანი მსხვერპლი სამოქალაქო მოსახლეობაში.

  2. პირველ პუნქტში გათვალისწინებული თავდასხმებისაგან განსაკუთრებული დაცვა წყდება:

  1. კაშხლებისა და დამბების მიმართ, როცა მათ იყენებენ მათი ნორმალური ფუნქციონირებისაგან განსხვავებული სახით და საომარი ოპერაციების რეგულარული, არსებითი და უშუალო მხარდაჭერისთვის და თავდასხმა ამგვარი მხარდაჭერის შეწყვეტის ერთადერთი პრაქტიკულად შესაძლებელი საშუალებაა;

  2. ატომური ელექტროსადგურების მიმართ, თუ ისინი ელექტროენერგიას საომარი ოპერაციების რეგულარული, არსებითი და უშუალო მხარდაჭერისათვის გამოიმუშავებენ და თუ თავდასხმა ამგვარი მხარდაჭერის შეწყვეტის ერთადერთი პრაქტიკულად შესაძლებელი საშუალებაა;

  3. ამ დანადგარებში ან ნაგებობებში, ან მათ მახლობლად განლაგებული სხვა სამხედრო ობიექტების მიმართ, თუ ისინი საომარი ოპერაციების რეგულარული, არსებითი და უშუალო მხარდაჭერისათვის გამოიყენება და თუ თავდასხმა ამგვარი მხარდაჭერის შეწყვეტის ერთადერთი პრაქტიკულად შესაძლებელი საშუალებაა.

3. (...) თუ დაცვა წყდება ან პირველ პუნქტში მითითებულ რომელიმე დანადგარს, ნაგებობას ან სამხედრო ობიექტს თავს ესხმიან, მაშინ მიღებული იქნება უსაფრთხოების ყველა პრაქტიკული ღონისძიება, რათა არ მოხდეს სახიფათო ძალების გამოთავისუფლება. (...)

კარი III
კონფლიქტის მონაწილე მხარის ხელისუფლებაში მყოფ პირებთან მოპყრობა
თავი II
ღონისძიებები ქალებისა და ბავშვების დასაცავად

მუხლი 76. ქალების დაცვა

  1. ქალები განსაკუთრებული პატივისცემით სარგებლობენ და ისინი უზრუნველყოფილნი უნდა იყვნენ გაუპატიურების, იძულებითი პროსტიტუციისა და ნებისმიერი ფორმის უღირსი ხელყოფისაგან დაცვით.

  2. შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებული მიზეზების გამო დაპატიმრებული ან ინტერნირებული ფეხმძიმე ქალებისა და მცირეწლოვანი შვილების დედების საქმეები პირველ რიგში განიხილება.

  3. კონფლიქტის მონაწილე მხარეები შეეცდებიან, მაქსიმალური შესაძლებლობის ფარგლებში, უარი თქვან ფეხმძიმე ქალების ან მცირეწლოვანი შვილების დედებისათვის შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებული სამართალდარღვევებისათვის სასიკვდილო განაჩენის გამოტანაზე. ასეთი ქალების მიმართ გამოტანილი სასიკვდილო განაჩენი არ აღსრულდება.

მუხლი 77. ბავშვების დასაცავად მიღებული ღონისძიებები

  1. ბავშვები განსაკუთრებული პატივისცემითა და ნებისმიერი სახის უღირსი ხელყოფისაგან დაცვით სარგებლობენ. კონფლიქტის მონაწილე მხარეები უზრუნველყოფენ მათ დაცვას და დახმარებას, რომელიც მათი ასაკის ან რაიმე სხვა მიზეზის გამო აუცილებელი შეიძლება იყოს.

  2. კონფლიქტის მონაწილე მხარეები ყველა შესაძლებელ ღონეს იხმარენ, რათა 15 წლამდე ასაკის ბავშვებმა არ მიიღონ უშუალო მონაწილეობა საომარ მოქმედებებში, კერძოდ, მხარეები თავს შეიკავებენ შეიარაღებულ ძალებში მათი გაწვევისაგან. 15 წელს მიღწეული პირების გაწვევისას, რომელთაც ჯერ არ შესრულებიათ 18 წელი, კონფლიქტის მონაწილე მხარეები შეეცდებიან უპირატესობა მიანიჭონ შედარებით უფროსი ასაკის პირებს.

  3. როცა გამონაკლის შემთხვევაში, მე-2 პუნქტის დებულებათა მიუხედავად, 15 წლამდე ასაკის ბავშვები უშუალო მონაწილეობას იღებენ საომარ მოქმედებებში და მოწინააღმდეგის ხელში ხვდებიან, ისინი განაგრძობენ ამ მუხლით მინიჭებული განსაკუთრებული დაცვით სარგებლობას, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა ისინი სამხედრო ტყვეები.

  4. შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებული მიზეზების გამო დაპატიმრებულ, დაკავებულ ან ინტერნირებულ ბავშვებს მოზრდილთაგან განცალკევებით ათავსებენ. (...)

მუხლი 78. ბავშვების ევაკუაცია

1. კონფლიქტის მონაწილე არც ერთი მხარე არ მიიღებს უცხო სახელმწიფოში ბავშვების ევაკუაციასთან დაკავშირებულ ზომებს, თუკი ბავშვები არ არიან თავისი მოქალაქეები, ისეთი შემთხვევების გარდა, როცა საქმე ეხება ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობას ან მკურნალობასთან დაკავშირებულ გადაუდებელ მიზეზებს, ან, როდესაც ბავშვები ოკუპირებულ ტერიტორიაზე არ იმყოფებიან, მათ უსაფრთხოებისათვის აუცილებელია დროებითი ევაკუაცია. როცა შესაძლებელია მშობლების ან კანონიერი მზრუნველების მონახვა, საჭიროა ევაკუაციაზე მათი წერილობითი თანხმობა, თუ ასეთი პირების მონახვა არ ხერხდება, მაშინ ევაკუაციისათვის საჭიროა იმ პირთა თანხმობა, რომელთაც კანონის ან ჩვეულების ძალით ბავშვებზე ზრუნვის ძირითადი პასუხისმგებლობა ეკისრებათ. თითოეული ასეთი ევაკუაცია ხორციელდება მფარველი სახელმწიფოს ზედამხედველობით დაინტერესებულ მხარეებთან, ე.ი. ევაკუაციის განმახორციელებელ, ბავშვების მიმღებ და იმ მხარესთან შეთანხმებით, რომლის მოქალაქეებიც უნდა იყვნენ ევაკუირებული. ყველა შემთხვევაში, კონფლიქტის მონაწილე ყველა მხარე უსაფრთხოების ყველა შესაძლო პრაქტიკულ ზომას მიიღებს, რათა თავიდან იქნეს აცილებული ევაკუაციისათვის რაიმე საფრთხის შექმნა.

2. პირველი პუნქტის შესაბამისად ევაკუაციის განხორციელების ყველა შემთხვევაში, ევაკუაციაში ყოფნის მთელი დროის მანძილზე და მაქსიმალური შესაძლებლობის ფარგლებში შეუწყვეტლივ, უზრუნველყოფილი იქნება ყოველი ბავშვის სწავლება, რელიგიური და მორალური აღზრდის ჩათვლით, მისი მშობლების სურვილის თანახმად.

3. ამ მუხლის თანახმად ევაკუირებული ბავშვების თავიანთ ოჯახებსა და ქვეყნებში დაბრუნების გასაადვილებლად, ევაკუაციის განმახორციელებელი სახელმწიფოს, და როცა ეს მიზანშეწონილია, მიმღები სახელმწიფოს ხელისუფლების ორგანოები თითოეული ბავშვის სახელზე ავსებენ ბარათს სურათითურთ, რომელსაც აგზავნიან წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ცნობათა ცენტრალურ სააგენტოში. თითოეული ბარათი, როცა ეს შესაძლებელია და როცა ეს ბავშვისათვის ზიანის მიყენების რისკთან არ არის დაკავშირებული, უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

    1. ბავშვის გვარი (გვარები);

    2. ბავშვის სახელი (სახელები);

    3. ბავშვის სქესი;

    4. დაბადების ადგილი და თარიღი (თუ დაბადების თარიღი ცნობილი არ არის, მიახლოებითი ასაკი);

    5. მამის სრული სახელი;

    6. დედის სრული სახელი და, თუ ცნობილია, ქალიშვილობის გვარი;

    7. ბავშვის უახლოესი ნათესავები;

    8. ბავშვის ეროვნება;

    9. ბავშვის მშობლიური ენა და ენები, რომელზეც ლაპარაკობს;

    10. ბავშვის ოჯახის მისამართი;

    11. ბავშვის ნებისმიერი პირადი ნომერი;

    12. ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა;

    13. ბავშვის სისხლის ჯგუფი;

    14. ბავშვის განმასხვავებელი ნიშნები;

    15. ბავშვის პოვნის ადგილი და თარიღი;

    16. თავისი ქვეყნიდან ბავშვის გასვლის თარიღი და გასვლის ადგილის დასახელება;

    17. რელიგია, თუკი ასეთი აქვს;

    18. ბავშვის მისამართი მიმღებ ქვეყანაში;

    19. დაბრუნებამდე ბავშვის გარდაცვალების შემთხვევაში გარდაცვალების თარიღი, ადგილი; გარემოებები და დაკრძალვის ადგილი.

თავი III
ჟურნალისტები

მუხლი 79. ჟურნალისტთა დაცვის ღონისძიებები

1. შეიარაღებული კონფლიქტის რაიონში სახიფათო პროფესიულ მივლინებაში მყოფი ჟურნალისტები სამოქალაქო პირებად ითვლებიან. (...)

ნაწილი V
კონვენციების და ამ ოქმის შესრულება

მუხლი 83. გავრცელება

1. მაღალი ხელშემკვრელი მხარეები ვალდებულებას იღებენ როგორც მშვიდობიან, ისე შეიარაღებული კონფლიქტის დროს, რაც შეიძლება ფართოდ გაავრცელონ კონვენციები და ეს ოქმი თავიანთ ქვეყნებში, კერძოდ, შეიტანონ მათი სწავლება სამხედრო მომზადების პროგრამაში და ხელი შეუწყონ სამოქალაქო მოსახლეობის მიერ მათ შესწავლას, რათა ეს დოკუმენტები ცნობილი იყოს როგორც შეიარაღებული ძალების, ისე სამოქალაქო მოსახლეობისთვისაც.

2. ნებისმიერი სამხედრო და სამოქალაქო ხელისუფლების წარმომადგენელი, რომელსაც შეიარაღებული კონფლიქტების დროს კონვენციების და ამ ოქმის შესრულებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება, სრულად უნდა იცნობდეს მათ ტექსტებს.

10.9 დანართი 9. ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციების II დამატებითი ოქმი არასაერთაშორისო ხასიათის შეიარაღებული კონფლიქტების მსხვერპლთა დაცვის შესახებ

▲ზევით დაბრუნება


ნაწილი I
ამ ოქმის გამოყენების სფერო

მუხლი 1. გამოყენების ძირითადი სფერო

1. ეს ოქმი, რომელიც ავითარებს და ავსებს ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციებისათვის საერთო მე-3 მუხლს, არ ცვლის მისი გამოყენების არსებულ პირობებს და გამოიყენება ყველა შეიარაღებული კონფლიქტის დროს, რომელიც არ შედის ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციების საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტების მსხვერპლთა დაცვასთან დაკავშირებული დამატებითი ოქმის (I ოქმი) პირველი მუხლის მოქმედების სფეროში და რომელიც ხდება რომელიმე მაღალი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე შეიარაღებულ ძალებსა და ანტისამთავრობო შეიარაღებულ ძალებს ან სხვა ორგანიზებულ შეიარაღებულ ჯგუფებს შორის, რომლებიც, იმყოფებიან რა პასუხისმგებელი სარდლობის ქვეშ, ახორციელებენ კონტროლს ქვეყნის ტერიტორიის ნაწილზე, რაც საშუალებას აძლევს მათ განახორციელონ განუწყვეტელი და შეთანხმებული საომარი მოქმედებანი და გამოიყენონ ეს ოქმი.

2. ეს ოქმი არ გამოიყენება საშინაო წესრიგის დარღვევისა და შინა დაძაბულობის შემთხვევებში, როგორიცაა, მაგალითად, ძალმომრეობის ცალკეული და სპორადული აქტები ან ანალოგიური ხასიათის ძალმომრეობის აქტები, რამდენადაც ესენი არ წარმოადგენს შეიარაღებულ კონფლიქტს.

მუხლი 2. ცალკეულ პირთა მიმართ გამოყენების სფერო

1. მოცემული ოქმი გამოიყენება რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის ან აღმსარებლობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმომავლობის, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადების ან სხვა სტატუსის, ან სხვა კრიტერიუმის (შემდგომში „არაკეთილსასურველი განსხვავება“) საფუძველზე ნებისმიერი განსხვავების გარეშე ნებისმიერი პირისადმი, რომელსაც შეეხება პირველ მუხლში განსაზღვრული შეიარაღებული კონფლიქტი.

2. შეიარაღებული კონფლიქტის დასრულების შემდეგ ყველა პირი, რომელმაც განიცადა თავისუფლების შეზღუდვა ან აღკვეთა ამ კონფლიქტებთან დაკავშირებით, ასევე ის პირები, რომლებიც კონფლიქტის დასრულების შემდეგ განიცდიან თავისუფლების შეზღუდვას ან აღკვეთას იმავე მიზეზით, სარგებლობს მე-5 და მე-6 მუხლებში გათვალისწინებული დაცვით თავისუფლების ამგვარი შეზღუდვის ან აღკვეთის პერიოდის დასრულებამდე.

მუხლი 3. ჩაურევლობა

1. ეს ოქმი არ უნდა იქნეს განმარტებული ისე, თითქოს ის ხელყოფს სახელმწიფოს სუვერენიტეტს ან მთავრობის ვალდებულებას, ყველა კანონიერი საშუალებით დაიცვას სახელმწიფოს ეროვნული ერთიანობა და ტერიტორიული მთლიანობა.

2. ამ ოქმში არაფერი არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს იგი რაიმე მიზეზით ამართლებს პირდაპირ ან ფარულ ჩარევას შეიარაღებულ კონფლიქტში, ან მოლაპარაკებაში მონაწილე იმ მაღალი ხელშემკვრელი მხარის საშინაო ან საგარეო საქმეებში, რომლის ტერიტორიაზეც მიმდინარეობს ეს კონფლიქტი.

ნაწილი II
ჰუმანური მოპყრობა

მუხლი 4. ძირითადი გარანტიები

1. ყველა პირს, რომელიც არ მონაწილეობს ან აღარ მონაწილეობს საომარ მოქმედებებში, მიუხედავად იმისა, შეზღუდულია მისი თავისუფლება თუ არა, უფლება აქვს პატივი სცენ მის პიროვნულ ღირსებას, შეხედულებებს და რელიგიურ რწმენას; ნებისმიერ გარემოებაში მას ეპყრობიან ჰუმანურად და ყოველგვარი არაკეთილსასურველი განსხვავების გარეშე. აკრძალულია ბრძანების გაცემა, რომ არავინ დარჩეს ცოცხალი.

2. ...ნებისმიერ დროსა და ადგილზე აკრძალულია და მუდამ აკრძალული დარჩება პირველ პუნქტში მითითებული პირების მიმართ შემდეგი მოქმედებების ჩადენა:

    1. სიცოცხლის, ჯანმრთელობის, ფიზიკური და ფსიქიკური მდგომარეობის ხელყოფა, კერძოდ, მკვლელობა, ასევე ისეთი სასტიკი მოპყრობა, როგორიცაა წამება, დასახიჩრება, ან სხეულებრივი სასჯელის გამოყენება;

    2. კოლექტიური დასჯა;

    3. მძევალთა აყვანა ;

    4. ტერორიზმის აქტები;

    5. პიროვნული ღირსების შეურაცხყოფა, კერძოდ, დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი მოპყრობა, გაუპატიურება, პროსტიტუციის იძულება ან ნებისმიერი ფორმის უხამსი ხელყოფა;

    6. დამონება და მონებით ვაჭრობა, ყველა ფორმით;

    7. ძარცვა;

    8. ნებისმიერი ზემოაღნიშნული მოქმედების ჩადენის მუქარა.

3. ბავშვები უზრუნველყოფილი არიან აუცილებელი მზრუნველობითა და დახმარებით,
კერძოდ:

  1. ისინი იღებენ განათლებას, რელიგიური და ზნეობრივი აღზრდის ჩათვლით, მშობელთა სურვილის თანახმად ან, თუ მშობლები არა ჰყავთ, იმ პირთა სურვილით, რომელთაც აიღეს მათზე ზრუნვის ვალდებულება;

  2. ყველა ღონე ხმარდება დროებით განცალკევებული ოჯახების შეერთებას;

  3. არ შეიძლება შეიარაღებულ ძალებსა თუ ჯგუფებში თხუთმეტ წლამდე ასაკის ბავშვთა გაწვევა, მათ ეკრძალებათ საომარ მოქმედებაში მონაწილეობის მიღება;

  4. თხუთმეტი წლის ასაკამდე მიუღწეველი ბავშვები, რომლებიც, (c) ქვეპუნქტის მიუხედავად, უშუალო მონაწილეობას იღებენ საომარ მოქმედებებში და ტყვედ ვარდებიან, განაგრძობენ ამ მუხლით გათვალისწინებული განსაკუთრებული დაცვით სარგებლობას;

  5. აუცილებლობის შემთხვევაში და, რამდენადაც შესაძლებელია, მშობლების ან მზრუნველობისათვის კანონით ან ჩვეულებით პასუხისმგებელი პირების თანხმობით, მიიღება საომარი მოქმედების რაიონიდან უფრო უსაფრთხო რაიონში ბავშვების დროებითი ევაკუაციის ზომები, ამასთან, უზრუნველყოფილია იმ პირთა თანხლება, რომლებიც პასუხს აგებენ მათ უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე.

მუხლი 5. პირები, რომელთა თავისუფლება შეზღუდული იყო

1. მე-4 მუხლში მითითებული დებულებების დამატებით, იმ პირთა მიმართ, რომელთა თავისუფლებაც შეზღუდულია შეიარაღებული კონფლიქტის გამო, მიუხედავად იმისა, ინტერნირებული არიან ისინი თუ დაკავებული, დაცული უნდა იყოს, სულ ცოტა, შემდეგი დებულებანი:

  1. დაჭრილები და ავადმყოფები სარგებლობენ მოპყრობით მე-7 მუხლის დებულებათა შესაბამისად;

  2. ამ პუნქტში მითითებული პირები მიიღებენ სურსათსა და სასმელ წყალს იმავე რაოდენობით, როგორითაც ადგილობრივი სამოქალაქო მოსახლეობა, მათ უზრუნველყოფილი აქვთ პირობები ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და ჰიგიენის დასაცავად, დაცული არიან მკაცრი კლიმატური პირობებისაგან და შეიარაღებული კონფლიქტის საშიშროებებისაგან;

  3. მათ ნებადართული აქვთ მიიღონ ინდივიდუალური ან კოლექტიური დახმარება;

  4. მათ ნებადართული აქვთ აღასრულონ თავიანთი რელიგიური ადათ-წესები და, შესაბამისი თხოვნის საფუძველზე და როდესაც ეს მართებულია, მიიღონ სულიერი დახმარება სასულიერო პირთაგან, რომლებიც ასრულებენ რელიგიურ ფუნქციებს, მაგალითად, მღვდლებისაგან;

  5. სამუშაოს დაწყების შემთხვევაში ისინი უზრუნველყოფილი არიან იმგვარივე შრომის პირობებით და დაცვით, როგორითაც ადგილობრივი მოსახლეობა.

2. ისინი, ვისაც ეკისრება პირველ მუხლში მითითებული პირების ინტერნირების ან დაკავების პასუხისმგებლობა, მითითებულ პირთა მიმართ, შესაძლებლობის ფარგლებში, იცავენ შემდეგ დებულებებს:

  1. იმ შემთხვევის გარდა, როდესაც ერთად თავსდებიან ერთი ოჯახის წევრი ქალები და მამაკაცები, ქალები და მამაკაცები იმყოფებიან ცალ-ცალკე შენობებში და ქალები იმყოფებიან ქალთა უშუალო ზედამხედველობაში;

  2. მათ ნებადართული აქვთ გაგზავნონ ან მიიღონ წერილები და საფოსტო ბარათები, რომელთა რაოდენობა შეიძლება შეზღუდოს კომპეტენტურმა ხელისუფლებამ, თუ ამას აუცილებლად ჩათვლის;

  3. ინტერნირებული და დაკავებული პირების შეკრების ადგილები არ უნდა იყოს საომარ მოქმედებათა რაიონების ახლოს; უნდა მოხდეს პირველ პუნქტში მითითებულ პირთა ევაკუაცია, თუ შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად მათი ინტერნირების ან დაკავების ადგილებს საშიშროება ემუქრება, იმ პირობით რომ ევაკუაცია უნდა მოხდეს საკმარისად უსაფრთხო პირობებში.

  4. ისინი სარგებლობენ სამედიცინო დათვალიერების უფლებით;

  5. აკრძალულია მათი ფიზიკური ან ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ხელშეუხებლობისათვის ყოველგვარი ზიანის მიყენება რაიმე გაუმართლებელი მოქმედებით ან დაუდევრობით. შესაბამისად იკრძალება ამ მუხლში მითითებული პირებისათვის ისეთი სამედიცინო პროცედურების ჩატარება, რომლებიც გამოწვეული არაა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობით და რომლებიც არ შეესატყვისება საყოველთაოდ აღიარებულ იმ სამედიცინო ნორმებს, რომლებიც გამოიყენება თავისუფალ პირთა მიმართ სამედიცინო თვალსაზრისით ანალოგიურ შემთხვევებში.

3. პირები, რომლებზედაც არ ვრცელდება პირველი პუნქტის დებულებანი, მაგრამ რომელთა თავისუფლება იზღუდება შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებული ნებისმიერი მიზეზით, სარგებლობენ ჰუმანური მოპყრობით მე-4 მუხლისა და ამ მუხლის 1(a), (c), (d) და 2(b) ქვეპუნქტების შესაბამისად.

4. თუ მიიღება გადაწყვეტილება თავისუფლებააღკვეთილ პირთა გათავისუფლების შესახებ, ის, ვინც მიიღებს ამგვარ გადაწყვეტილებას, მიიღებს საჭირო ზომებს ამ პირთა უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის.

მუხლი 6. სისხლის სამართლის წესით დევნა

1. ეს მუხლი გამოიყენება შეიარაღებულ კონფლიქტებთან დაკავშირებული სისხლისსამართლებრივი დანაშაულების სასამართლო წესით დევნისას და დამნაშავეთა დასჯისათვის.

2. არ გამოიტანება არც ერთი სასამართლო გადაწყვეტილება და დამნაშავეს არ დაეკისრება სასჯელი, თუ ის გამოტანილი და განსაზღვრული არ არის მხოლოდ იმ სასამართლოს განაჩენის საფუძველზე, რომელიც უზრუნველყოფს დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის ძირითად გარანტიებს. (...)

ნაწილი III
დაჭრილები, ავადმყოფები და ხომალდის კატასტროფაში მოყოლილი პირები

მუხლი 7. დაცვა და მოვლა

1. ყველა დაჭრილი, ავადმყოფი და ხომალდის კატასტროფაში მოყოლილი პირი, მიუხედავად იმისა, მონაწილეობდა თუ არა საომარ მოქმედებაში, სარგებლობს პატივისცემითა და დაცვით.

2. ნებისმიერ გარემოებაში მათ ეპყრობიან ჰუმანურად და მაქსიმალურად შესაძლო ფარგლებში და უმოკლეს დროში უზრუნველყოფენ მათი მდგომარეობის შესატყვისი სამედიცინო დახმარებითა და მოვლით. მათ შორის არ უნდა არსებობდეს არავითარი განსხვავება, გარდა სამედიცინო მოსაზრებებით განპირობებულისა.

მუხლი 8. ძიება

ყოველ შემთხვევაში, როცა გარემოებები ამის შესაძლებლობას იძლევა, განსაკუთრებით კი ბრძოლის შემდეგ, მიღებული უნდა იყოს ყველა შესაძლო ზომა, რათა მოიძებნოს და შეგროვდეს დაჭრილები, ავადმყოფები, ხომალდის კატასტროფაში მოყოლილი პირები, ისინი დაცული უნდა იყვნენ გაძარცვისა და ცუდად მოპყრობისაგან, უზრუნველყოფილი იყოს მათი მოვლა, მოიძებნოს გარდაცვლილები და აღიკვეთოს მათი ძარცვა, ასევე უზრუნველყოფილ იქნეს მათი დაკრძალვა სათანადო წესების დაცვით.

მუხლი 9. სასულიერო და სამედიცინო პერსონალის დაცვა

1. სასულიერო და სამედიცინო პერსონალი სარგებლობს პატივისცემითა და დაცვით, მას ყოველმხრივ ეხმარებიან მოვალეობათა აღსრულებაში. ის არ უნდა აიძულონ შეასრულოს მის ჰუმანიტარულ მისიასთან შეუსაბამო საქმიანობა.

2. დაუშვებელია იმის მოთხოვნა, რომ სამედიცინო პერსონალმა თავიანთი ფუნქციების აღსრულებისას რომელიმე პირს რაიმე უპირატესობა მიანიჭოს, გარდა სამედიცინო ხასიათის მოსაზრებებით ნაკარნახევისა.

მუხლი 10. სამედიცინო ფუნქციების შემსრულებელ პირთა საერთო დაცვა

1. არც ერთ გარემოებაში არ შეიძლება რომელიმე პირის დასჯა სამედიცინო ეთიკასთან შესაბამისი სამედიცინო ფუნქციების შესრულებისათვის, მიუხედავად იმისა, რომელი პირის ინტერესებისათვის ასრულებს ამ ფუნქციებს.

2. პირები, რომლებიც ასრულებენ სამედიცინო ფუნქციებს, არ უნდა აიძულონ განახორციელონ მოქმედებები ან შეასრულონ სამუშაო, რომელიც არღვევს სამედიცინო ეთიკისა და დაჭრილთა და ავადმყოფთა ინტერესების დამცავ ნორმებს ან ამ ოქმის დებულებებს, ასევე ამ ნორმებითა და დებულებებით გათვალისწინებული მოქმედებების შეუსრულებლობა.

3. ეროვნული კანონმდებლობის გათვალისწინებით, პატივი უნდა ეცეს სამედიცინო ფუნქციების შემსრულებელ პირთა პროფესიულ ვალდებულებებს, რომლებიც დაკავშირებულია მათ მზრუნველობაში მყოფი დაჭრილებისა და ავადმყოფების შესახებ ინფორმაციის მიღებასთან.

4. ეროვნული კანონმდებლობის გათვალისწინებით, არც ერთი პირი, რომელიც ასრულებს სამედიცინო ფუნქციებს, არავითარი ფორმით არ უნდა დაისაჯოს მის მზრუნველობაში იმჟამად მყოფი ან უკვე ნამყოფი დაჭრილის ან ავადმყოფის შესახებ ინფორმაციის გაცემის უარისათვის.

მუხლი 11. სამედიცინო ფორმირებათა სამედიცინო-სატრანსპორტო საშუალებების დაცვა

1. სამედიცინო ფორმირებები და სამედიცინო-სატრანსპორტო საშუალებათა მომსახურე პერსონალი ნებისმიერ დროს სარგებლობს პატივისცემითა და დაცვით და არ შეიძლება მათზე თავდასხმა.

2. დაცვა, რომლითაც სარგებლობს სამედიცინო ფორმირებანი და სამედიცინო-სატრანსპორტო საშუალებათა მომსახურე პერსონალი, შეწყდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის გამოიყენება მტრული მოქმედებების განხორციელებისათვის, რომლებიც სცდება მათ ჰუმანიტარულ ფუნქციათა ფარგლებს. მაგრამ დაცვა შეწყდება მხოლოდ გაფრთხილების შემდგომ, რომელიც, საჭიროებისამებრ, ადგენს გონივრულ ვადას, და მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამგვარი გაფრთხილება მხედველობაში არ იქნა მიღებული.

მუხლი 12. განმასხვავებელი ემბლემა

შესაბამისი კომპეტენტური ხელისუფლების კონტროლით, გათვალისწინებულია

სამედიცინო ან სასულიერო პერსონალის, სამედიცინო ფორმირებებისა და სამედიცინო-სატრანსპორტო საშუალებების მიერ წითელი ჯვრის, წითელი ნახევარმთვარის, წითელი ლომისა და მზის ემბლემის ტარება ან თვალსაჩინო ადგილზე მოთავსება. ეს ემბლემა ნებისმიერ გარემოებებში სარგებლობს პატივისცემით. დაუშვებელია ემბლემის არადანიშნულებისამებრ გამოყენება.

ნაწილი IV
სამოქალაქო მოსახლეობა

მუხლი 13. სამოქალაქო მოსახლეობის დაცვა

1. სამოქალაქო მოსახლეობა და ცალკეული სამოქალაქო პირები სარგებლობენ ზოგადი დაცვით საფრთხისაგან, რომელიც სამხედრო ოპერაციებთან დაკავშირებით წარმოიშვება. ამ დაცვის განხორციელების მიზნით, ნებისმიერ გარემოებებში სრულდება მომდევნო ნორმები.

2. სამოქალაქო მოსახლეობა, ასევე ცალკეული სამოქალაქო პირები, არ უნდა იქცეს თავდასხმის ობიექტად. აკრძალულია ძალადობის აქტების ჩადენა ან ძალადობის მუქარა, რომელთა ძირითადი მიზანია სამოქალაქო მოსახლეობის ტერორიზება.

3. სამოქალაქო პირები სარგებლობენ ამ ნაწილით გათვალისწინებული დაცვით იმ პირობით და იმ დროის მანძილზე, თუ და სანამ ისინი უშუალო მონაწილეობას არ იღებენ საომარ მოქმედებებში.

მუხლი 14. სამოქალაქო მოსახლეობის საარსებოდ აუცილებელი ობიექტების დაცვა

აკრძალულია სამოქალაქო მოსახლეობის დამშევის, როგორც საომარი მოქმედებების წარმოების მეთოდის, გამოყენება. ამიტომ, აკრძალულია სამოქალაქო მოსახლეობის საარსებოდ აუცილებელი ობიექტების - საკვების მარაგის, სურსათის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო რაიონების, ნათესების, საქონლის, სასმელი წყლის მოსამარაგებელი ნაგებობების და სასმელი წყლის მარაგის, საირიგაციო ნაგებობების განადგურება, მათზე თავდასხმა, მათი გატანა ან მწყობრიდან გამოყვანა.

მუხლი 15. სახიფათო ძალის შემცველი დანადგარების და ნაგებობების დაცვა

სახიფათო ძალის შემცველი დანადგარები და ნაგებობები, კერძოდ კაშხლები, დამბები და ატომური ელექტროსადგურები არ უნდა გახდეს თავდასხმის ობიექტი, მაშინაც კი, როცა ისინი სამხედრო ობიექტებია, თუკი თავდასხმა გამოიწვევს სახიფათო ძალების გამოთავისუფლებას და, შესაბამისად, მნიშვნელოვან მსხვერპლს სამოქალაქო მოსახლეობაში.

მუხლი 16. კულტურული ფასეულობებისა და ღვთისმსახურების ადგილების დაცვა

შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევაში კულტურული ფასეულობების დაცვის შესახებ ჰააგის 1954 წლის 14 მაისის კონვენციისა და სხვა შესაბამისი საერთაშორისო დოკუმენტების დებულებებისათვის ზიანის მიყენების გარეშე, აკრძალულია მტრული მოქმედების განხორციელება იმ ისტორიული ძეგლების, ხელოვნების ნიმუშების ან ღვთისმსახურების ადგილების მიმართ, რომლებიც ხალხთა კულტურულ ან სულიერ მემკვიდრეობას წარმოადგენს, ასევე ამგვარი ობიექტების გამოყენება სამხედრო მიღწევების მხარდასაჭერად.

მუხლი 17. სამოქალაქო პირების იძულებითი გადაადგილების აკრძალვა

1. არ უნდა გაიცეს ბრძანება კონფლიქტთან დაკავშირებული მიზეზებით სამოქალაქო მოსახლეობის იძულებით გადაადგილების თაობაზე, თუ ამის აუცილებლობა გამოწვეული არ არის აღნიშნული სამოქალაქო პირების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მოთხოვნებით ან უკიდურესი სამხედრო აუცილებლობით. ამგვარი გადაყვანის აუცილებლობის დროს უნდა მიიღონ ყველა აუცილებელი ზომა, რათა უზრუნველყოფილ იქნეს სამოქალაქო მოსახლეობის მიღება თავშესაფრის, ჰიგიენის, ჯანმრთელობის უსაფრთხოებისა და კვების თვალსაზრისით დამაკმაყოფილებელ პირობებში.

2. არ შეიძლება სამოქალაქო პირების იძულება, დატოვოს თავისი ტერიტორია შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებული მიზეზებით.

მუხლი 18. დახმარების საზოგადოებები და დახმარების ოპერაციები

1. მაღალი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მყოფ დახმარების საზოგადოებებს, ისეთებს, როგორიცაა წითელი ჯვრის (წითელი ნახევარმთვარის, წითელი ლომისა და მზის) ორგანიზაციები, შეუძლიათ შესთავაზონ თავისი სამსახური, შეიარაღებული კონფლიქტის მსხვერპლთა დაცვასთან დაკავშირებული თავიანთი ტრადიციული ფუნქციების შესრულების მიზნით. სამოქალაქო მოსახლეობას, თავისი ინიციატივითაც კი, შეუძლია შესთავაზოს დაჭრილების, ავადმყოფების, ხომალდის კატასტროფაში მოყოლილი პირების შეგროვება და მოვლა.

2. თუ სამოქალაქო მოსახლეობა განიცდის უკიდურეს გაჭირვებას საარსებოდ აუცილებელი საშუალებების, როგორიცაა სურსათი და სამედიცინო მასალები, მიწოდების უკმარისობის გამო, დაინტერესებული მაღალი ხელშემკვრელი მხარის თანხმობით ტარდება მოსახლეობის დახმარების ოპერაციები, რომლებიც ჰუმანიტარულად მიუკერძოებელ ხასიათს ატარებს და ხორციელდება ყოველგვარი არაკეთილსასურველი განსხვავების გარეშე.

ნაწილი V
დასკვნითი დებულებები

მუხლი 19. გავრცელება.

ეს ოქმი უნდა გავრცელდეს რაც შეიძლება ფართოდ.