![]() |
ქვემო ქართლის მოსახლეობის ხედვა რეგიონში არსებული პრობლემების შესახებ |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
თემატური კატალოგი კვლევის ანგარიში|საია; CIPDD; saferworld |
საავტორო უფლებები: © მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი, © საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია |
თარიღი: 2010 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: კვლევის ანგარიში ნოემბერი 2010 პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ კვლევა დაგეგმა და ანგარიში მოამზადა მერაბ ცინდელიანმა. რედაქტორი: დავით ლოსაბერიძე. მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი ა. წერეთლის გამზირი 72 0154 თბილისი, საქართველო ტელ: +995 32 35 51 54 ფაქსი: +995 32 35 57 54 ელ-ფოსტა: info@cipdd.org ვებ-გვერდი: www.cipdd.org საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ჯ. კახიძის (ყოფილი კრილოვის) ქუჩა ½ 15 0102 თბილისი, საქართველო ტელ: 995 32) 936101 / 952353 ფაქსი: (995 32) 923211 ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge ვებ-გვერდი: www.gyla.ge Saferworld The Grayston Centre, 28 Charles Square London, N1 6HT, UK ტელ: +44 (0)20 7324 4646 ფაქსი: +44 (0)20 7324 4647 ელ-ფოსტა: general@saferworld.org.uk ვებ-გვერდი: www.saferworld.org.uk კომპანია №3015948 (ინგლისი და უელსი) საქველმოქმედო ორგანიზაცია №143843 |
![]() |
1 * * * |
▲ზევით დაბრუნება |
კვლევა დაიგეგმა მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და უსაფრთხო მსოფლიოს მიერ. იგი განხორციელდა ქვემო ქართლის რეგიონული კოორდინატორის მერაბ ცინდელიანისა და რეგიონის სამუშაო ჯგუფის (ჯონდო ადუაშვილი, ირმა ზურაბაშვილი, დიმიტრი ლაზარი, რუსტამ მაილოვი, ირმა მჭედლიძე, ლეილა სულეიმანოვა, საბინა ტალიბოვა, შორენა წიკლაური) მიერ 2010 წლის სექტემბერში. უსაფრთხო მსოფლიო (Saferworld) და შერიგების რესურსები (Conciliation Resources) ახორციელებენ ერთობლივ პროგრამას - 2008 წლის აგვისტოს კრიზისის შემდგომ შესაბამისი პირობების შექმნა, კონფლიქტის ეფექტურად თავიდან აცილებისა და ტრანსფორმაციის მიზნით. წინამდებარე კვლევა ამ პროგრამის ნაწილია; იგი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
კვლევაში გამოხატული შეხედულებები არ ასახავს მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და უსაფრთხო მსოფლიოს თვალსაზრისს.
![]() |
2 შესავალი |
▲ზევით დაბრუნება |
პროექტის - საქართველოს კონფლიქტების, უსაფრთხოების და მშვიდობის საკითხებზე ფართო და ინფორმაციული დიალოგის ხელშეწყობა - ფარგლებში ქვემო ქართლში 2010 წლის სექტემბერში ჩატარდა თვისობრივი სოციოლოგიური კვლევა ფოკუს-ჯგუფების მეთოდით. კვლევა ძირითად მიზნად ისახავდა, პროექტის ფარგლებში შეესწავლა მოსახლეობასთან მიმდინარე კონსულტაციების პროცესს მიღმა დარჩენილი ჯგუფების ხედვები რეგიონული პრობლემების შესახებ.1 კვლევამ საშუალება მოგვცა გადაგვემოწმებინა და შეგვევსო კონსულტაციების დროს მიღებული შედეგები, შეგვქმნოდა უფრო ფართო და ნათელი წარმოდგენა მიმდინარე პროექტის მნიშვნელოვან საკითხებზე.
კვლევა წარმოადგენს პროექტში ჩართულ საზოგადოების ჯგუფებთან დიალოგის პროცესის ორგანულ ნაწილს. იგი მიმდინარეობს ოთხ ეტაპად:
2008 წლის აგვისტოს ომის გამომწვევი მიზეზებისა და შედეგების განხილვა/გააზრება;
კონფლიქტთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც დამახასიათებელია სამიზნე რეგიონებისთვის, და მთავარი აქტორების დახასიათება;
სპეციფიკური რეკომენდაციების შემუშავება ამ რეგიონებისთვის, მათი მომავალი უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით;
ეროვნული დონის რეკომენდაციების ჩამოყალიბება კონფლიქტის თავიდან აცილებისა და სამომავლო მშვიდობის უზრუნველყოფისათვის.
პროექტის ფარგლებში კონსულტაციები მიმდინარეობს საქართველოს ოთხ რეგიონში და მოიცავს მოქალაქეთა საკმაოდ მრავალრიცხოვან ჯგუფებს; ამ პროცესის მიზანი არ არის მასშტაბური სოციოლოგიური კვლევა; მისაღწევია ღრმა და განგრძობადი დიალოგი, რათა მოხდეს:
პროექტში ჩართულ ადამიანებთან დიალოგის საფუძველზე საზოგადოებაში არსებული სხვადასხვა შეხედულების და მიდგომის გამოვლენა;
კონფლიქტთან დაკავშირებით დაბალანსებული და მიუკერძოებელი ინფორმაციის მიწოდება;
ახალი თვალით და უფრო ფართო ჭრილში საკითხების დანახვა;
სხვადასხვა რეგიონში არსებული ხედვების გაცნობა და ურთიერთგაზიარება.
პროგრამა ერთობლივად ხორციელდება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საქართველო), მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტისა (საქართველო) და უსაფრთხო მსოფლიოს (გაერთიანებული სამეფო) მიერ. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას კონფლიქტთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების გაანალიზებაში და ამ საკითხების მიმართ კონსტრუქციული როლის გაძლიერებაში.
წინამდებარე კვლევის ფარგლებში ჩატარდა 16 ფოკუს-ჯგუფი რეგიონის ისეთ ტერიტორიულ ერთეულებში და იმ ეთნიკურ ჯგუფებში, რომლებიც მიმდინარე პროექტის მსვლელობის დროს მოუცველი აღმოჩნდა:
დმანისის მუნიციპალიტეტის აზერბაიჯანული სოფელი (ამამლო)
დმანისის მუნიციპალიტეტის საზღვრისპირა სოფელი (ირგანჩაი)
ბოლნისის მუნიციპალიტეტის აზერბაიჯანული სოფელი (ქვემო ბოლნისი)
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სომხური სოფელი (სოფელი ბოლნისი)
თეთრიწყაროს აზერბაიჯანული მოსახლეობა (სოფ. ქოსალარი)
თეთრიწყაროს სომხური მოსახლეობა (სოფ. სამშვილდე)
მარნეულის მუნიციპალიტეტის ქართული სოფელი (თამარისი)
მარნეულის მუნიციპალიტეტის სომხური სოფელი (შაუმიანი)
მარნეულის მუნიციპალიტეტის ეთნიკურად შერეული სოფელი (ხოჯორნი)
მარნეულის სომხური საზღვრისპირა სოფელი (ახკერპი)
გარდაბნის მუნიციპალიტეტის აზერბაიჯანული სოფელი (ჯანდარა)
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საზღვრისპირა სოფელი (ვახტანგისი)
გარდაბნის მუნიციპალიტეტის შერეული სოფელი (კრწანისი)
კონსულტაციების დროს პრიორიტეტულად დასახელდა უსაფრთხოების პრობლემა, რაც უკავსირდებოდა სომეხი მესაზღვრეების განუკითხავ მოქმედებას სოფ. სადახლოს და სოფ. ტაზაქენდის მიმდებარე ტერიტორიებზე. ამან განსაზღვრა საზღვრისპირა სოფლებით დაინტერესება (ხოჯორმი, ირგანჩაი, ახკერპი, ვახტანგისი). ქვემო ქართლის ძირითად ჯგუფში საჭიროდ იქნა მიჩნეული რეგიონის სხვა საზღვრისპირა სოფლების მოსახლეობის გამოკითხვა.
კონსულტაციებში არ იყო ჩართული ქვემო ქართლის სომეხი მოსახლეობა. მათი ხედვების შესასწავლად ფოკუს-ფგუფები ჩატარდა სომხურენოვან მოსახლეობაში (სოფ. ბოლნისი, სოფ. სამშვილდე, შაუმიანი, სოფ. ახკერპი, გარდაბანი). კონსულტაციების პროცესში გამოიკვეთა თემთა შორის ინტეგრაციის ნაკლებობის/არარსებობის პრობლემა, რამაც გვიბოძა ფოკუს-ჯგუფის ჩატარება ეთნიკურად შერეულ სოფლებში (ხოჯორნი, კრწანისი). კვლევის ფარგლებში ფოკუს-ჯგუფები ჩატარდა დმანისის, ბოლნისის, თეთრიწყაროს, გარდაბნის მუნიციპალიტეტების ეთნიკურად აზერბაიჯანულ სოფლებში.
კვლევაში მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა ეთნიკური, ასაკობრივი, სოციალური ჯგუფის ქვემო ქართლში მცხოვრებმა ორასოცდაერთმა ადამიანმა.
რესპოდენტთა დიდი უმრავლესობა დისკუსიის პერიოდში გამოირჩეოდა აქტივობით, გამოხატავდნენ დაინტერესებას თითქმის ყველა საკითხისადმი. თითქმის ყველა ჯგუფში იყო ერთი-ორი პასიური წევრი, რომელიც მოდერატორის პირდაპირი მიმართვის გარეშე აქტივობას არ იჩენდა, მხოლოდ ეთანხმებოდა ან უარყოფდა უკვე გამოთქმულ მოსაზრებას. შეხვედრის დასაწყისში, ღია კითხვაზე - აღენიშნათ რეგიონში არსებული არსებული პრობლემები - როგორც წესი, იწყებდნენ ეკონომიკური და სოციალური საკითხებით. თემა რომელიც ყველა ჯგუფში აღნიშნეს და განიხილეს, უმუშევრობა იყო. შექმნილი პრობლემების სია ყველა ჯგუფში მსგავსია, მაგრამ სოციალური ჯგუფის მიკუთვნილობიდან გამომდინარე, აქცენტი კეთდებოდა საკუთარი ჯგუფის პრობლემებზე. მაგალითად, პენსიონერები სოციალური პროგრამების არასრულფასოვნებას და პენსიების სიმცირეს უჩიოდნენ, ახალგაზრდები აქცენტს აკეთებდნენ მათი თაობის ადამიანების დაუსაქმებლობასა და თვითრეალიზების გზების სიმწირე; სოფლის მოსახლეობა განიხილავდა სოფლის პრობლემებს და ინფრასტრუქტურას და ა.შ.
რაოდენობრივი სიმრავლით გამოირჩა ეთნიკურად აზერბაიჯანული ფოკუს-ჯგუფები 15-20 მონაწილით, სხვა ეთნიკურ და შერეულ ჯგუფებში მონაწილეთა რაოდენობა 9-იდან 14-ამდე მერყეობდა.
ყველა ჯგუფში ჩნდებოდა ინტერესი, რისთვის კეთდებოდა გამოკითხვა, თუ მიაღწევდა მათ მიერ გამოთქმული მოსაზრებები გადაწყვეტილების მიმღებებამდე. ერთ-ერთ ჯგუფში აღინიშნა, რომ გამოკითხვას ბევრი ატარებს, მაგრამ არაფერი იცვლება, პრობლემები პრობლემებად რჩება.
_________________
1. კონსულტაციების გასაცნობად იხილეთ: როგორ აღიქვამს საზოგადოება ქვემო ქართლში, სამეგრელოში, სამცხე-ჯავახეთსა და შიდა ქართლში 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის გამომწვევ მიზეზებს და შედეგებს, 1, თბილისი, ივნისი 2010.
![]() |
3 1. სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა.ზოგადი სურათი |
▲ზევით დაბრუნება |
მიმდინარე კვლევის პროცესში ყველა ფოკუს-ჯგუფში აღნიშნავდნენ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ ფონს. დასახელებული და განხილული პრობლემების უმრავლესობას განიხილავენ სოციალურ-ეკონომიკური ფონის მიზეზად ან შედეგად. უკმაყოფილება გამოითქვა სოციალური პოლიტიკის, სოციალური სამსახურების, ჯანდაცვის სამსახურების მიმართ. რაიონულ ცენტრებს მოშორებულ სოფლებში აწუხებთ ადგილობრივი მნიშვნელობის გზების გაუმართაობის პრობლემა; აღინიშნა სასმელი და სარწყავი წყლის ნაკლებობა და სიძვირე.
რეგიონში მძიმე ეკონომიკური ფონის ერთ-ერთ მიზეზად უმუშევრობის მაღალი დონე დასახელდა. დასაქმების შემთხვევაშიც ხელფასი იმდენად მცირეა, რომ ადამიანი იძულებულია, შემოსავლის სხვა წყაროები ეძებოს. ამავე დროს, შეუსაბამოდ მაღალია გადასახდები მიწაზე, წყალზე, ელექტროენერგიაზე, გაზზე.
„ბიუჯეტი უნდა შეივსოს ქარხნებიდან და ფაბრიკებიდან და არა ღარიბი ხალხის ჯიბეების ხარჯზე“.
ფოკუს-ჯგუფების მონაწილეთა აზრით, მძიმე სოციალური პირობების დროს მცირე ბიზნესს სახელმწიფომ შეღავათი უნდა გაუწიოს: უნდა მოიხსნას დიდი გადასახადები და არაადეკვატური ჯარიმები, უნდა გამარტივდეს და გაიაფდეს საბაჟო მომსახურება. ბანკის კრედიტის დახმარებით მცირე ბიზნესის წამოწყება შეუძლებელია მაღალი საპროცენტო განაკვეთის გამო. მით უმეტეს, რეგიონი აგრარულია და სოფლის მეურნეობაში ფულის ჩადება სარისკოა. ცალკე აღინიშნა აგრარული პრობლემები, რომლებიც განსაკუთრებით მძიმედ მოქმედებს რეგიონზე, რომლის მოსახლეობის ძირითადი შემოსავალი სოფლის მეურნეობაა.
ჩამოთვლილ პრობლემებს ემატება რეგიონისთვის დამახასიათებელი პრობლემები. 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ ქვემო ქართლის მოსახლეობას დაეკარგა პროდუქციის გასაღების დიდი ბაზარი; ახალი კი მოსაძიებელია. ვეღარ მიდიან რუსეთში სამუშაოდ (რეგიონში დიდი თანხა შემოდიოდა რუსეთში სამუშაოდ წასული პირებისაგან). ოჯახებს დამატებითი შემოსავლები დააკლდათ, გაიზარდა უმუშევრობა.
აღნიშნული პრობლემების ფონზე ბუნებრივია რეგიონიდან მოსახლეობის მიგრაციის მაღალი დონე, რაც ფოკუს-ჯგუფების მონაწილეთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ აღნიშნა.
![]() |
3.1 1. 1. ჯანდაცვა, პენსიები და სოციალური დახმარებები |
▲ზევით დაბრუნება |
ჯგუფებში ხშირად გამოთქვამდნენ უკმაყოფილებას ჯანდაცვის სისტემის მიმართ. აღნიშნავდნენ დაავადებათა სიხშირეს და ამის ფონზე მედიკამენტების სიძვირეს. მცირე ხელფასების და სოციალური დახმარების მიღების სირთულეების გამო რეგიონის მოსახლეობის უმრავლესობას მკურნალობაზე ხელი აღარ მიუწვდება. ამ თემაზე საუბრისას ყველა მონაწილე აღნიშნავს მედიკამენტების სიძვირეს.
„180 ლარი მაქვს ხელფასი. 105 ლარის წამლები ვიყიდე, რა ვქნა, ძვირია ყველაფერი“.
„ხელფასი დაბალია, ვერ მივდივარ ექიმთან“.
ზოგი ფოკუს-ჯგუფის მონაწილემ აღნიშნა, რომ მათ სოფელში აფთიაქი არ აქვთ. ზოგ სოფელში არის ამბულატორია, მაგრამ სათანადო კვალიფიკაციის ექიმი არა ჰყავთ, არც წამლები აქვთ. დასახლებებში, სადაც საავადმყოფოც აქვთ და ამბულატორიაც, უჩიოდნენ სამედიცინო მომსახურების სიძვირეს. მკურნალობა იმდენად ძვირია, რომ აზრი ეკარგება ექიმთან მისვლას. ზოგიერთ ჯგუფში ნახსენები იყო სამედიცინო პერსონალის დაბალი პროფესიული დონე.
ფოკუს-ჯგუფების საპენსიო ასაკის ყველა მონაწილე წუხილს გამოთქვამდა დაბალი პენსიის გამო. აღნიშნავდნენ, რომ პენსია მხოლოდ პურის საყიდლად ჰყოფნით.
„პენსიით ვერც წამალს ვყიდულობთ, ვერც გადასახადებს ვერ ვიხდით.“
მუშაობის სტაჟის მქონე კვლევის რამდენიმე მონაწილეს არასწორად მიაჩნია, რომ ორმოცი წლის სტაჟის მქონე ადამიანს პენსია იმდენივე აქვს, რამდენიც იმას, ვისაც საერთოდ არ უმუშავია.
ჯგუფების მონაწილეები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ სოციალური დახმარების პროგრამების მიმართ. მათი აზრით, ხშირად სოციალური დახმარება არასწორადაა გადანაწილებული; გართულებულია პოლისის მოხმარება. ბევრ ადამიანს მიზეზის განუმარტავად შეუწყვიტეს სოციალური დახმარება. სოციალური სამსახურები არ რეაგირებენ მოსახლეობის განცხადებებზე.
„არიან ინვალიდები, რომლებიც სოციალურ დახმარებას ვერ იღებენ. არიან ისეთები, რომლებიც სოციალურ დახმარებას დაუმსახურებლად იღებენ. ეს უსამართლობაა”.
მოსახლეობის აზრით, სოციალური აგენტები არასწორად ეუბნებიან უარს იმ ოჯახებს, რომლებიც საჭიროებენ დახმარებას. სიმდიდრეში უთვლიან ფანჯრებზე დაკიდულ ფარდას, ეზოში მდგარ ერთ მსხმოიარე ხეს, დიდი ხნის წინ შეძენილ ავეჯს, ოდესღაც აშენებულ სახლს. გამოკითხულთა დიდი ნაწილის მოსაზრებით, სოციალური მდგომარეობა იმდენად რთულია, რომ თითქმის ყველა მოსახლე საჭიროებს დახმარებას. მრავალი ოჯახი თავს არიდებს ბავშვების ყოლას სიღარიბის გამო. აუცილებელია ბავშვებზეც გამოიყოს დახმარება.
![]() |
3.2 1.2. რეგიონში უმუშევრობის მაღალი დონე |
▲ზევით დაბრუნება |
რეგიონში ერთ-ერთი აქტუალური პრობლემა უმუშევრობაა. ჩატარებული ფოკუს-ჯგუფების მიხედვით, ამ მხრივ, განსაკუთრებით მძიმე სურათი სოფლებშია. ერთ-ერთ აზერბაიჯანულ ჯგუფში აღინიშნა, რომ სწორედ უმუშევრობის შედეგია ამდენი სოციალურად დაუცველი ოჯახი; მარტო მათ სოფელში 80 ოჯახი იღებს დახმარებას სახელმწიფოსგან. გაჭირვებული ოჯახი ბევრად მეტია.
ბევრია ისეთი ოჯახი, რომლის არც ერთი წევრი არ მუშაობს. სოფელში სამუშაო ადგილები აღარაა, ერთი სკოლაღაა დარჩენილი. ერთ-ერთმა სოფლის მცხოვრებმა დანანებით აღნიშნა, რომ კოლმეურნეობა კარგი იყო, სოფლის მოსახლეობა საქმდებოდა. სამსახურის უქონლობის გამო სოფლის მოსახლეობა იძულებულია ივაჭროს თავის მიწის ნაკვეთში მოყვანილი პროდუქტით; ზოგმა პატარა სავაჭრო ჯიხური გახსნა და ამით ირჩენს თავს, მაგრამ ეს იმდენად მინიმალური შემოსავალია, რომ ურჩევნიათ სამსახური ჰქონდეთ. მათ მიერ წარმოებული პროდუქცია იაფია და დიდი შემოსავალი არასდროს მოაქვს.
სომხურ და ასირიულ ჯგუფებში აღნიშნეს, რომ მრავალი მათგანი ხელოსნობით, ბაღის მოვლით ირჩენს თავს, თუმცა ასეთი სახის სამუშაოც არასტაბილურია.
სამუშაო ადგილის გაჩენის შემთხვევაშიც დგება პრობლემა: ყველა კვალიფიციურ და გამოცდილ კადრს თხოულობს და ამდენი წლის უმუშევრობის ფონზე კვალიფიკაციაც დაკარგულია, ხოლო ახალგაზრდებს გამოცდილება არა აქვთ. უმრავლესობა ამბობს, რომ ნებისმიერი სამუშაოთი დაკავდებოდა და თავდაუზოგავად იმუშავებდა.
„მოსახლეობა მზადაა, 24 საათი იმუშაოს, ოღონდ სამსახური ჰქონდეთ.“
მრავალ ჯგუფში გამოიკვეთა უიმედობა სამსახურის შოვნასთან, სამუშაო ადგილების გაჩენასთან დაკავშირებით. მაგალითად, სომხურ ჯგუფში აღნიშნეს, რომ სამსახურში მიღება მხოლოდ ნაცნობობით ხდება და მათ არავინ დაასაქმებს. ასირიულ ჯგუფში რეგიონში შემოსული არავითარი ინვესტიციის იმედი არა აქვთ. აზერბაიჯანულ ჯგუფში მიაჩნიათ, რომ სამუშაო ადგილებზე საუბარი მხოლოდ ოცნების სფეროა და ხვალ და ზეგ ფაბრიკა-ქარხნებს რეგიონში არ გახსნიან.
გამოითქვა უკმაყოფილება ინვესტორთა მიმართ: მათი მთელი ყურადღება გადატანილია თბილისსა და ბათუმზე.
„ყველა ინვესტორი თბილისში და ბათუმში მიდის“.
ჯგუფების მონაწილეთა აზრით, რეგიონში უნდა შემოვიდნენ ისეთი ინვესტორები, რომლებიც ინვესტიციებს ფაბრიკა-ქარხნებში ჩადებენ. ეს მრავალ პრობლემას მოაგვარებდა: შეწყდებოდა მიგრაცია, ახალგაზრდობა დასაქმდებოდა, ოჯახები ეკონომიურად მომძლავრდებოდნენ. მრავალ ახალგაზრდას სურს ოჯახი შექმნას, მაგრამ ვერ დგამს ასეთ ნაბიჯს მომავლის შიშით. კარგი იქნებოდა, შაქრის გადამამუშავებელი ქარხანა გაეხსნათ: ნედლეული არის, დაითესებოდა უფრო მეტი ჭარხალი, ხალხიც დასაქმდებოდა. საბჭოთა პერიოდში რეგიონში სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი მრავალი საწარმო ფუნქციონირებდა, რომელიც შემდეგ გაიძარცვა და განადგურდა. ამჟამად მხოლოდ ერთი საწარმოა და ისიც არ მუშაობს სრული დატვირთვით.
„არაფერი არ გვინდა, ორი ქარხანა მაინც მუშაობდეს; ახალგაზრდობა დასაქმდება. ჩვენი ახალგაზრდობა ყველანაირ სამუშაოს შეასრულებს“.
ზოგიერთ აზერბაიჯანულ ჯგუფში გამოითქვა იმედი აზერბაიჯანელი ბიზნესმენების მიმართ, რომლებიც რეგიონში შემოდიან და გარკვეული სახის საქმიანობებს აფინანსებენ. ერთ-ერთ აზერბაიჯანულენოვან სოფელში ბაქოელი ბიზნესმენის დაფინანსებით შენდება რიტუალების სახლი. მოსახლეობა მშენებლობაზეც დასაქმდა და გახსნის შემდეგ რამდენიმე ადამიანი მაინც დასაქმდება. იგივე მოხდა სოფელში მეჩეთის მშენებლობის დროს.
ერთ-ერთმა მონაწილემ აღნიშნა, რომ უმუშევრობის ფონზე ოჯახებშიც მატულობს უკმაყოფილება. ფოკუს-ჯგუფების მონაწილეთა აზრით, უმუშევრობის პრობლემა მთავრობამ უნდა მოაგვაროს.
![]() |
3.3 1.3. აგრარულ სფეროში არსებული პრობლემები |
▲ზევით დაბრუნება |
ქვემო ქართლი აგრარული რეგიონია და სოფლის სამეურნეო პრობლემების პრიორიტეტულად დასახელება ბუნებრივია. ფოკუს-ჯგუფების მონაწილეთა თქმით, მიწის დამუშავებას, პოტენციურად, შემოსავალი უნდა მოჰქონდეს, მაგრამ ბევრია დამაბრკოლებელი ფაქტორი: სარწყავი წყლის, სათესლე მასალის უქონლობა, ცუდი მეტეოროლოგიური პირობები, ჩამორჩენილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა ან მისი უქონლობა, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, გასაღების ბაზრის არქონა. იმ სოფლებში, სადაც მესაქონლეობას მისდევენ, მწვავედ განიცდიან სათიბი მიწების ნაკლებობას. მიაჩნიათ, რომ მიწის შესასყიდად დაწესებული თანხა ძალიან ძვირია - 1050 ლარი ჰექტარი. მიწა იმათ დარჩება, ვისაც ფული აქვს.
ჯგუფების მრავალ მონაწილეს მიაჩნია, რომ მიწები არასწორადაა გადანაწილებული (თუმცა, როგორ უნდა გადანაწილდეს, ვერ ამბობენ). ხშირ შემთხვევაში მიწის მფლობელი ვერ ამუშავებს მიწას უსახსრობის გამო. ბევრგან ჭირს სარწყავი წყალი. აღნიშნავენ სარწყავი წყლის სიძვირეს. სახნავ-სათესი ტექნიკა ცოტაა და დაქირავება ძალიან ძვირია. მიაჩნიათ, რომ რეგიონში შემოტანილი შხამ-ქიმიკატები უხარისხოა და მოსავალს აფუჭებს.
პრობლემაა გასაღების ბაზარი. სოფლის მეურნეობის პროდუქციას ძალიან დაბალი ფასი აქვს და ზოგჯერ გაწეულ ხარჯს ძლივს ფარავს. მრავალი ფიქრობს, რომ სოფლის მეურნეობა შემოსავლის მიღების ყველაზე არასაიმედო გზაა.
„არ ღირს მიწაზე მუშაობა, ხარჯი მეტია, ვიდრე შემოსავალი”.
ყველა ფოკუს-ჯგუფში აღინიშნა, რომ აუცილებელია, სოფლის მეურნეობას სახელმწიფომ ხელი შეუწყოს გარკვეული პროგრამების გატარებით, ტექნიკის შესყიდვით, გადამამუშავებელი ქარხნების აშენებით. ამ დახმარების გარეშე სოფლის მოსახლეობა ვერ შეძლებს თავი გაართვას წამოჭრილ პრობლემებს.
![]() |
3.4 1.4. მიგრაცია |
▲ზევით დაბრუნება |
სოციალურ-ეკონომიური მძიმე ფონით გამოწვეული მიგრაცია პრობლემად დასახელდა ყველა ჯგუფში. გამოკითხულთა აზრით, მრავალ ადამიანს ოჯახის მძიმე ეკონომიური მდგომარეობა აიძულებს, სამუშაოს საძებნად საზღვარგარეთ წავიდეს. სომხურ ჯგუფებში აღინიშნა, რომ, მეტწილად, მათი ოჯახის წევრები სამუშაოდ რუსეთში ან სომხეთში მიდიან, ძალიან მცირე ნაწილი - თურქეთში. ხშირია შემთხვევა, როცა მთელი ოჯახი გადის საქართველოდან და აღარ ბრუნდება. საზღვარგარეთ სამუშაოს წამსვლელთა მოტივაციას აძლიერებს ის გარემოება, რომ მრავალი ოჯახი სამუშაოდ რუსეთში გადასული ნათესავის გამოგზავნილი სახსრების საშუალებით ცხოვრობს. ასირიულ ჯგუფში მიაჩნიათ, რომ ასეთი ოჯახების რაოდენობა 90%-ს აღწევს.
„ვისაც შვილები და ახლობლები რუსეთში ჰყავთ, იმათ არა უშავთ”.
„ყველაფერს რუსეთიდან გამოგზავნილი ფულით ვაკეთებთ”.
მიგრაციის ხელისშემწყობ ყველაზე აქტუალურ პრობლემად უმუშევრობა დასახელდა.
„ეს ყველას პრობლემაა. არ არის ქარხნები, ფაბრიკები. რომ იყოს, ყველა იმუშავებს და პრობლემაც მოიხსნება“.
„სამსახური თუ იქნება, აქედან არავინ არ გადასახლდება“.
მიგრაციის მაჩვენებელი დიდია ახალგაზრდებში. ახალგაზრდულ ჯგუფში მიაჩნიათ, რომ მათ არა აქვთ ნორმალური პირობები განვითარებისათვის, კულტურული ცხოვრებისათვის. იმის შანსი, რომ სამუშაო იშოვონ, ძალიან მცირეა. არ ხდება ახალგაზრდების თვითრეალიზება.
„მხოლოდ ცხოვრების ნორმალურ პირობებს ვითხოვთ. აქ არანაირი ადგილი არა გვაქვს, სადაც ახალგაზრდა დროის გატარებას შეძლებდა: მხოლოდ ჩაიხანაში ჯდომა და კარტის თამაში დილიდან საღამომდე. ბევრ ახალგაზრდას ამის გამოც უნდა წასვლა“.
ახალგაზრდების მიგრაცია განსაკუთრებით მწვავედ აღინიშნა ასირიულ ჯგუფში. 90 იანი წლებიდან დაიწყეს საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლა ახალგაზრდებმა და ამჟამად მხოლოდ ინვალიდები და მოხუცები არინ დარჩენილი ასირიულ თემში. შიშობენ, რომ ცოტა ხანში ქვემო ქართლში ასირიელები აღარ იქნებიან; აქედან წასული ყველა ახალგაზრდა თავს კომფორტულად გრძნობს და არც ერთი მათგანი აღარ დაბრუნდება რეგიონში.
მრავალი ახალგაზრდა რეგიონიდან სასწავლებლად წასვლას ცდილობს ერევანში და ბაქოში. საზღვარგარეთ სასწავლებლად წასული ახალგაზრდების უდიდესი ნაწილი ცდილობს დარჩეს სწავლების ადგილებში. აღინიშნა, რომ ამ მხრივ მდგომარეობა გაუმჯობესდა - არაქართულენოვან ახალგაზრდებს მიეცათ შანსი უმაღლესი განათლება საქართველოში მიიღონ, თან ქართულის სწავლებაშიც პროგრესი შეიმჩნევა.
შრომითი მიგრაციის გამო მრავალი ოჯახი გაყოფილია და დიდი ხნის განმავლობაში ოჯახის წევრები ერთმანეთს ვერ ხვდებიან.
„მრავალი ოჯახი გაიყო, ქმარი რუსეთშია საშოვარზე, ბავშვები ერევანში, დედა კი აქ არის“.
![]() |
3.5 1.5. ეთნიკური უმცირესობების მიერ სახელმწიფო ენის არცოდნა |
▲ზევით დაბრუნება |
რეგიონში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა დიდმა ნაწილმა არ იცის ქართული ენა. უკანასკნელ წლებში სახელმწიფოსა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ განხორციელდა პროექტები მოსახლეობისათვის ქართული ენის შესასწავლად. ეთნიკურ უმცირესობებში თანდათან გამოიკვეთა სახელმწიფო ენის შესწავლის სურვილი. მიუხედავად დადებითი ძვრებისა, პრობლემა რეგიონისთვის აქტუალურია.
„ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა ქართული ენის არცოდნაა. მოსახლეობის 80-90%-მა არ იცის სახელმწიფო ენა“.
ეთნიკური უმცირესობების ჯგუფებში აღნიშნეს, რომ ქართული ენა პრიოროიტეტული გახდა. გაჩნდა ენის შესწავლის აუცილებლობა. ამის გამო მრავალმა ეთნიკურად არაქართველმა ბავშვები ქართულ სკოლებში შეიყვანა. ყველა მათგანს მიაჩნია, რომ ახალგაზრდებისათვის აუცილებელია ქართული ენის შესწავლა. იმ ოჯახებმა, რომლებსაც საშუალება აქვთ, ბავშვებს კერძოდ დაუქირავეს ქართული ენის პედაგოგები.
„ჩვენმა ბავშვებმა აუცილებლად უნდა ისწავლონ ენა, თუ საქართველოში ცხოვრება უნდათ“.
„სახელმწიფო ენა ყველამ უნდა ისწავლოს“.
სახელმწიფო ენის ცოდნის მხრივ, განსაკუთრებით მძიმე სიტუაციაა სოფლის მოსახლეობაში. ქალაქური ტიპის დასახლებაში არაქართველებს ყოველდღიური შეხება აქვთ ქართველებთან, რაც აიოლებს ენის შესწავლას; სოფლის მოსახლეობას ქართულენოვან მოსახლეობასთან შეხება არ აქვს. ენის შესასწავლად აუცილებელია ყოველდღიური ურთიერთობა. სკოლებში ბავშვები სწავლობენ პროგრამით გათვალისწინებულ მასალას, მაგრამ როგორც რამდენიმე მონაწილემ აღნიშნა, ეს ძალიან ცოტაა. ზრდასრულთათვის იყო რამდენიმე პროგრამა ენის შესასწავლად. გამოითქვა კმაყოფილება ასეთი პროგრამების გამო. სამწუხაროდ, თანხების უქონლობის გამო ენის სწავლების კურსები ამჟამად შეჩერებულია. ფოკუს-ჯგუფის მონაწილეთა აზრით, აუცილებელია ქართული ენის შემსწავლელი ინტენსიური კურსების არსებობა ყველა სოფელში და რაიონულ ცენტრებში. გამოითქვა რამდენიმე მოსაზრება, რომელიც ხელს შეუწყობს ეთნიკურ უმცირესობებს ენის შესასწავლად:
ქართული ენის შესწავლა საბავშვო ბაღიდან უნდა იწყებოდეს;
ტელევიზია ინფორმაციას უნდა გადასცემდეს ქართულ ენაზე თარგმანის თანხლებით;
ქართული ენის შემსწავლელ კურსებზე პედაგოგი კვალიფიციური უნდა იყოს;
კურსები უნდა გახდეს ინტენსიური. კვირაში ერთი დღე მეცადინეობა ენის შესასწავლად საკმარისი არაა;
უნდა შეიქმნას სამუშაო ადგილები, სადაც ერთად იმუშავებენ სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენლები. ქართველებთან ურთიერთობისას მოხდება ენის შესწავლა;
უნდა ჩატარდეს ერთობლივი კულტურული ღონისძიებები, განსაკუთრებით, ახალგაზრდებისათვის. გარდა ენისშესწავლისა, ეს ინტეგრაციასაც შეუწყობს ხელს. ქართული ენა ხშირ შემთხვევაში იმიტომ არ იციან, რომ ქართველებთან არა აქვთ ურთიერთობა. შერეულ სოფლებში ხშირია შემთხვევა, როცა აზერბაიჯანელებმა სომხური ენა იციან და სომხებმა აზერბაიჯანული;
კარგია ეთნიკურად მრავალფეროვანი კლასების შექმნა სკოლებში.
შექმნილ რეალობას სომხურ ჯგუფში „ახალი ცხოვრება“ უწოდეს. ისაუბრეს ქართული ენის ცოდნის აუცილებლობის სირთულეებზე. მათი თქმით, თუ ქართული არ იცი, ადამიანად აღარ გთვლიან, არანაირი პერსპექტივა არ გაქვს, ყურადღებას აღარავინ გაქცევს. ქართველებს თუ ქართულად არ დაელაპარაკე, პასუხსაც არ გაგცემენ.
„თუ ქართული არ იცი, მეორეხარისხოვანი ადამიანი ხარ“.
ქართულენოვან ჯგუფებში გამოვლინდა გაღიზიანება ეთნიკური უმცირესობების მიერ ქართული ენის არცოდნის გამო. სახელმწიფო ენის ცოდნა სავალდებულო უნდა იყოს და ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს ის; მათი აზრით, ეთნიკურ უმცირესობებს არ მიაჩნიათ საჭიროდ ქართულის სწავლა. განსაკუთრებით საწყენია, აღნიშნეს მათ, რომ პარლამენტის დეპუტატმა არ იცის სახელმწიფო ენა, ეს სახელმწიფოს დამცირებაა.
![]() |
3.6 1.6. განათლების სფეროში არსებული პრობლემები |
▲ზევით დაბრუნება |
განათლების პრობლემებზე საუბრისას აქცენტი კეთდებოდა სახელმძღვანელოების სიძვირეზე; სავარაუდოდ, ეს გამოწვეული იყო შეხვედრების ჩატარების პერიოდით - სასკოლო სახელმძღვანელოების შესყიდვა სექტემბერში ხდება. ყველა ჯგუფში აღნიშნეს, რომ ბავშვმა შეიძლება ვერ ისწავლოს, რადგან მრავალ მშობელს საშუალება არა აქვს სახელმძღვანელოები შეიძინოს. უკმაყოფილება გამოითქვა ყოველწლიურად სახელმძღვანელოების ცვლილებასთან დაკავშირებით.
„უსამართლობაა ყოველ წელს სასწავლო წიგნები რომ იცვლება, ვიღაცას ფულს აკეთებინებენ“.
არაქართულენოვან ჯგუფებში აღინიშნა, რომ სურვილი აქვთ, ბავშვები ქართულ სკოლაში შეიყვანონ, მაგრამ თვითონ არ იციან ქართული და ბავშვს როგორ დაეხმარებიან მეცადინეობაში; კერძო მასწავლებლის აყვანა კი, სულ მცირე, 40 ლარი დაჯდება. რამდენიმე მონაწილემ აღნიშნა, რომ მიუხედავად მსგავსი პრობლემებისა, ბავშვები ქართულ სკოლაში დაჰყავთ. მაგალითად, ერთ აზერბაიჯანულენოვან სოფელში დევნილების ჩასახლების შემდეგ სკოლაში გაიხსნა ქართული სექტორი. მშობელმა მეხუთეკლასელი შვილი აზერბაიჯანული სექტორიდან ქართულზე გადაიყვანა.
ეთნიკურად არაქართულ ჯგუფებში სახელმწიფო ენის ნაკლებად ცოდნისა და სოციალური უპერსპექტივობის გამო ახალგაზრდების უმრავლესობას სწავლის გაგრძელების სურვილი დაკარგული აქვს. ხშირად მეათე-მეთერთმეტე კლასში წყვეტენ სწავლას და ცდილობენ სამუშაო მოძებნონ ან აქ, ან საზღვარგარეთ. აზერბაიჯანულ ჯგუფში აღინიშნა, რომ ხშირად ამ ასაკის გოგონები თხოვდებიან და სკოლას აღარ ამთავრებენ. ახალგაზრდებს სწავლის გაგრძელების სურვილს უსახსრობაც აკარგვინებს; მათ ოჯახებს ხელი არ მიუწვდებათ უმაღლესი განათლების მაღალ გადასახადზე.
ეთნიკურად არაქართველი ახალგაზრდები უმაღლესი განათლების მისაღებად, მეტწილად, ბაქოსა და ერევანში მიდიან. ფოკუსჯგუფების მონაწილეთა თქმით, ძალიან მცირე ნაწილი რჩება საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში. აღინიშნა, რომ ბაქოში ბევრად უფრო ძვირია განათლების მიღება ($5.000-8.000) ვიდრე თბილისში, მაგრამ იქ ნათესავებთან ცხოვრობენ და სხვა შეღავათებითაც სარგებლობენ. საზღვარგარეთ განათლებამიღებული ახალგაზრდები იშვიათად ბრუნდებიან საქართველოში.
„ვერ ხედავენ პერსპექტივას და აღარ ბრუნდებიან, და ასეთი ძალიან ბევრია”.
მოსალოდნელი იყო, რომ ფოკუს-ჯგუფის მონაწილეები აღნიშნავდნენ უმაღლეს სასწავლებლებში მისაღებ ეროვნულ გამოცდებზე ეთნიკური უმცირესობებისთვის დაშვებულ შეღავათებს, მაგრამ საუბარი მხოლოდ პრობლემებზე წარიმართა. აღნიშნეს, რომ სკოლებში სწავლების პროგრამები უვარგისია, ზოგადად, სწავლება დაბალ დონეზეა ან სრულიად არ მიმდინარეობს. არაქართულ სკოლებში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებს სახელმწიფო სოლიდურ დანამატს, ათას ლარამდე უხდის. ფოკუს-ჯგუფში აღინიშნა გაურკვევლობა იმასთან დაკავშირებით, რომ ამ პროგრამაში რეგიონის მასწავლებლები არ არიან ჩართული.
„მგონია, ამ პროგრამის ტრენერებმა თვითონ დაინაწილეს ქართული ენის საათები საქართველოს არაქართულ სკოლებში დანამატის მისაღებად”.
სოფლის სკოლებში, სადაც ცოტა ბავშვი სწავლობს, სავალალო მდგომარეობაა: შენობები სარემონტოა, სასკოლო ინვენტარი დაძველებული. ბავშვების ვაუჩერით შემოსული თანხები მასწავლებლებსაც არ ჰყოფნით ხელფასისთვის. დაბალია სწავლების და სწავლის მოტივაცია.
![]() |
4 2.უსაფრთხოება |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
4.1 2.1. საზღვრისპირა მოსახლეობის პრობლემები |
▲ზევით დაბრუნება |
ზღვრისპირა სოფლების პრობლემები გამოიკვეთა მარნეულის რაიონის სოფლებში ჩატარებულ ფოკუს-ჯგუფებში. ორივე სომხეთთან მოსაზღვრე სოფელში (ხოჯორნი - აზერბაიჯანელებით და სომხებით დასახლებული; ახკერპი - სომხური სოფელი) ძირითად პრობლემებს შორის დასახელდა სახელმწიფო საზღვრის დაუსრულებელი დემარკაცია. პრობლემები ექმნებათ ქართული სოფლის აზერბაიჯანელ და სომეხ მოსახლეობასაც. ჯგუფის მონაწილეების თქმით, საბჭოთა დროს საქართველოს კუთვნილი ტყე მიიტაცეს სომეხმა მესაზღვრეებმა. სოფელი ადრე ამ ტყიდან მარაგდებოდა შეშით; ამჟამად ის საქართველოს მოქალაქეებისათვის მიუწვდომელია. გარდა შეშისა, სოფლის მოსახლეობა ტყეში აგროვებდა სოკოს და კენკრა; ეს მათი შემოსავლის წყაროს შეადგენდა. დღეს ამის საშუალება აღარ არის. ეთნიკურად სომეხი მონაწილის თქმით, აღნიშნული პრობლემის კონტექსტში სომხეთის მესაზღვრეებისთვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს საქართველოს მოქალაქე სომეხია თუ აზერბაიჯანელი, სოფლის ყველა მოსახლე ერთნაირად ზარალდება.
საფრთხე ემუქრება სოფლის ნახირსაც. თუ საქონელი სომეხი მესაზღვრეების მიერ მითვისებულ ტერიტორიებზე შედის, ხდება საქონლის მიტაცება. ამასთან, მოსახლეობამ არ იცის, ზუსტად სად გადის მითვისებული ნაწილის საზღვარი.
სოფლის მოსახლეობის აზრით, სასწრაფოდ უნდა მოხდეს საზღვრის დემარკაცია. საზღვრის ხაზის უცოდინარობის გამო პრობლემები ექმნებათ ქართველ მესაზღვრეებთანაც; დაუდგენელი და აღუნიშნავი საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის გამო მათ დააკავეს სომხეთის მოქალაქე, რომელიც ნათესავების სანახავად მოდიოდა.
![]() |
4.2 2.2. ეთნიკური ურთიერთობები |
▲ზევით დაბრუნება |
კვლევის ფარგლებში ჩატარებული ფოკუს-ჯგუფების მიხედვით შეიძლება ვისაუბროთ ეთნიკური ჯგუფების დამოკიდებულებებსა და წარმოდგენებზე სხვა ეთნიკური ჯგუფების მიმართ. რეგიონისთვის თემა სენსიტიურია. ეთნიკური ურთიერთობები რეგიონის პრობლემად განიხილეს ხუთ ჯგუფში, თუმცა დანარჩენ ჯგუფებში სხვა საკითხის განხილვისასაც კეთდებოდა კომენტარები ეროვნულ კუთვნილებაზე. ეთნიკური საკითხი, სხვა პრობლემებთან შედარებით, უმნიშვნელოდ მიიჩნიეს ეთნიკურად აზერბაიჯანულ და შერეულ ჯგუფებში. არააზერბაიჯანულ ჯგუფებში მიაჩნიათ, რომ რეგიონის მოსახლეობიდან ყველაზე კარგ მდომარეობაში აზერბაიჯანლები არინ; მათ სამეურნეო მიწის ნაკვეთებიც ბევრი აქვთ და აზერბაიჯანის მთავრობაც ეხმარებათ.
ეთნიკური დამოკიდებულებების მიმართ განსხვავებაა არამარტო ეთნიკურ, არამედ ასაკობრივ ჯგუფებშიც. ამ პრობლემაზე, მეტწილად, სამოც წლამდე ასაკის მონაწილეები საუბრობენ. უფრო ხანდა ზმულები ფიქრობენ, რომ კონფლიქტი უფრო საყოფაცხოვრებო ნიადაგზე შეიძლება მოხდეს და არა ეთნიკურზე. მოჰყავთ ეთნოსებს შორის მეგობრობის მაგალითები (განსაკუთრებით, შერეულ ჯგუფებში). ისინი ამ მხრივ პრობლემად ახალგაზრდებს მიიჩნევენ და საჭიროდ თვლიან, სახელმწიფომ ახალგაზრდობის პრობლემას მეტი ყურადღება მიაქციოს.
ქართული ჯგუფი
კვლევაში მონაწილე ქართველთა აზრით, ქართული ჯგუფი ეგიონში შეიმჩნევა დაძაბულობა ეთნიკურ და რელიგიურ ნიადაგზე. პროვოკაციის შემთხვევაში შესაძლებელია კონფლიქტი დაიწყოს.
„აქ რომ ვიღაცამ რაღაც გააჩხაკუნოს, ერთად წამოვლენ და გადაგვივლიან, მით უმეტეს აქ“.
ქართულ ჯგუფში მიიჩნევენ, რომ აზერბაიჯანული მოსახლეობა ღიზიანდება ქრისტიანულ სიმბოლიკაზე, მაგალითად, ქუჩაში პირჯვარს რომ იწერენ. მათი აზრით, რეგიონში დიდ მიწის ნაკვეთებს ეთნიკურად აზერბაიჯანელები ფლობენ. თუ ქართულენოვან მოსახლეობას სახელმწიფომ ხელი არ შეუწყო, 50 წლის შემდეგ საქართველოში ქართველები იქნებიან უმცირესობაში. არა ქართული მოსახლეობა ყოველთვის ღიზიანდება რეგიონში ქართველების ჩამოსახლებით, ახალი ქართული დასახლებით.
„თამარაშენი რომ შენდებოდა, ოსები და რუსები ღიზიანდებოდნენ, პიწკზე იყვნენ“.
ჯგუფში აღნიშნეს, რომ განიცდიან უსამართლობის გრძნობას, რადგან კარგად იციან, თუ რა პრობლემები ექმნებათ ეთნიკურად ქართულ მოსახლეობას საინგილოში. აღინიშნა, რომ შერეული ჯგუფის შემთხვევაში ამ თემაზე არავინ არ ისაუბრებდა, ყველა ერთმანეთს მოერიდებოდა.
სომხური ჯგუფი
სომხურ ჯგუფებში ეთნიკური საკითხის მიმართ დამოკიდებულება არაერთგვაროვანი იყო; დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ პრობლემა არსებობს და სერიოზულია, მცირე ნაწილს მიაჩნია, რომ პრობლემა სერიოზულად არ დგას.
როგორც ერთ-ერთმა ეთნიკურად სომეხმა მონაწილემ აღნიშნა, გამსახურდიას პრეზიდენტობის შემდეგ სომხები აღარ გრძნობენ თავს ამ მიწის პატრონად. ისინი თვლიან, რომ ეთნიკურ დისკრიმინაციას განიცდიან - მიწებს აღარ აძლევენ; სომხებს პრობლემები ექმნებათ სამსახურის დაწყების დროს; სასკოლო სახელმძღვანელოებს აზერბაიჯანელ ბავშვებს უფასოდ ურიგებენ, სომხები ყიდულობენ; მათი ბედი არავის აინტერესებს და, თუ აინტერესებს, არაფერს აკეთებს; ადგილი აქვს სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტებსაც. სომხები უცხოდ გრძნობენ თავს; ბევრს წასვლა უნდა რეგიონიდან, საქართველოდან.
„მომეცით დოკუმენტები, იმავე წუთს წავალ რუსეთში“.
„ათასი დოლარიც რომ მქონდეს ხელფასი, მაინც წავალ“.
შერეული ჯგუფების მონაწილე სომხების თქმით, ეთნიკურ დისკრიმინაციას არ განიცდიან და კეთილმეზობლურად ცხოვრობენ აზერბაიჯანელებთან და ქართველებთან.
სომხურენოვან ჯგუფში აღინიშნა, რომ მუსლიმანურ-ქრისტიანული დაძაბულობა შეიმჩნევა. მუსლიმანებისთვის ადგილობრივი მოლები ლიდერები არიან.
ასირიული ჯგუფი
ასირიელების ჯგუფს მიაჩნია, რომ არავის მათი ბედი არ აინტერესებს, რეგიონის ეთნო-ჯგუფების განხილვისას მათ არასდროს არ ახსენებენ.
ქართველებთან ნაკლებად აქვთ ურთიერთობა, რადგანაც მეზობლად მხოლოდ აზერბაიჯანელები ცხოვრობენ. მათ დასახლებაში სახლებს და მიწას მხოლოდ აზერბაიჯანელები ყიდულობენ.
„ყველა აზერს უნდა, რომ ჩვენ აქედან წავიდეთ და ჩვენი სახლები იყიდონ“.
ჯგუფში აღნიშნეს ზოგიერთი ქართველის გამაღიზიანებელი ნაციონალისტური გამოთქმები.
ასირიელების ჯგუფში ითქვა, რომ, სამოცი წელია, აქ ცხოვრობენ და ყველაფერი გააკეთეს სახელმწიფოსთვის, სახელმწიფომ კი მათთვის არაფერი.
შერეული ჯგუფები (აზერბაიჯანელები, სომხები)
შერეულ ფოკუს-ჯგუფებში ყველა აღნიშნავდა, რომ არავითარი ეთნიკური დაძაბულობა მათ სოფლებში არ არსებობს. წლების განმავლობაში ეთნიკური ჯგუფები გვერდიგვერდ ცხოვრობენ. ხშირია შემთხვევები, როცა ერთმანეთის ენა, ტრადიციები იციან, მეგობრობენ. სომეხმა მონაწილემ აღნიშნა, რომ მათ კეთილმეზობლური ურთიერთობა არ გაუწყვეტიათ ყარაბაღის კონფლიქტის დროსაც. ასეთივე დამოკიდებულებაა აქვთ ერთმანეთთან ახლომდებარე განსხვავებულ მონოეთნიკურ სოფლებსაც.
სხვა ეთნოსის ენა უფროს თაობაში უფრო ხშირია, ვიდრე ახალგაზრდებში. მიუხედავად ამისა, მეგობრობის ტრადიციებს მომავალი თაობაც აგრძელებს.
![]() |
4.3 2.3. 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შედეგები |
▲ზევით დაბრუნება |
2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტში მოსახლეობის ძირითადი ნაწილი რუსეთს ადანაშაულებს. მიაჩნიათ, რომ საომარი მოქმედებები რუსეთის მხარემ გამოიწვია. ჯგუფის რამდენიმე მონაწილეს არ ჰქონდა გამოკვეთილი პოზიცია ამ საკითხთან მიმართებაში, მაგრამ მას შემდეგ, რაც ნახეს დოკუმენტური ფილმი აგვისტოს ომის შესახებ, მათთვის გასაგები გახდა, რომ აგრესორი სწორედ რუსეთი იყო.
გამოკითხულთა მცირე ნაწილი ამბობს, რომ არაფრით არ უნდა წასულიყო საქართველო „დიდი რუსეთის“ წინააღმდეგ. ასეთი ძლიერი ქვეყნის წინააღმდეგ ომი უაზრობაა და წინასწარ ვიყავით განწირულები დამარცხებისთვის. ეს უაზრო ომი იყო და მრავალი ახალგაზრდა შეეწირა.
ომის დღეებში მოსახლეობის მოქმედება, საფრთხის აღქმა განსხვავებული იყო ადგილმდებარეობის მიხედვით. დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებში აღნიშნეს, რომ თავს დაუცველად გრძნობდნენ. მიუხედავად ამისა, პანიკა არ შექმნილა. საზღვრისპირა მოსახლეობას ყურადღება საზღვარზე ჰქონდა გადატანილი; გააქტიურებული იყო რუსული სამხედრო ტექნიკა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სომხურ ჯგუფში აღნიშნეს, რომ ყველაზე მეტად ისინი ნერვიულობდნენ, რადგან გავრცელდა ჭორები, თითქოს სომხეთის საზღვრიდან რუსული ჯარები შემოვიდნენ და მათ სომხები ეხმარებოდნენ. ადგილობრივმა სომხებმა მტკივნეულად განიცადეს ეს ცრუ ბრალდება.
გარდაბნის სომხურ და ასირიულ თემში აღნიშნეს, რომ ომის დროს მშვიდად იყვნენ, მათ დაძაბულობა არ შეხებიათ. იგივე აღნიშნეს მარნეულის მუნიციპალიტეტის საზღვრისპირა შერეული სოფლის ჯგუფშიც. მათი აზრით, არც კონფლიქტის დროს შეცვლილა რაიმე მათ ცხოვრებაში და არც შემდეგ; რა პრობლემებიც მანამდე იყო, იგივე დარჩა.
გარდაბნის რაიონის საზღვრისპირა (აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვარი) სოფლის აზერბაიჯანულ ჯგუფში აღნიშნეს, რომ შიშის გრძნობა ომის დაწყებისთანავე გაჩნდა. მოსახლეობას სურდა აზერბაიჯანში გადასვლა კონფლიქტის დასრულებამდე. ამასთან, მრავალი ახალგაზრდა (რეზერვისტი) წავიდა საომარ მოქმედებებში ჩასაბმელად.
2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შედეგების შეფასებები ყველა ჯგუფში ერთმანეთის მსგავსია. უმეტესად, ყურადღებას ამახვილებენ გაუარესებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე, რაც აიხსნება რეგიონის მოსახლეობის შრომითი მიგრაციის შეწყვეტით.
„ომის შემდეგ ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა; სამუშაოდ ვეღარ მიდიან რუსეთში; იმატა უმუშევრობამ“.
რეგიონიდან მრავალი მიდიოდა რუსეთში სამუშაოს საძებნელად. ბევრი ოჯახის შემოსავალი რუსეთში სამუშაოდ წასული ოჯახის წევრის გამოგზავნილი ფული იყო. 2008 წლის ომის შემდეგ რეგიონში რუსეთიდან შემოსული ფინანსები შეწყდა და ამ ფაქტმა მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობაზე უარყოფითი გავლენა მოახდინა. გარდა ამისა, რუსეთის სახით დაიკარგა რეგიონში მოყვანილი სოფლის მეურნეობის პრო-უქციის გასაღების ბაზარი.
რუსეთთან გაწყვეტილმა ურთიერთობებმა მარტო ეკონომიკაზე არ იმოქმედა; ბევრ აქაურს ნათესავები ჰყავს რუსეთში. მიუხედავად დიდი სურვილისა, ახლო ნათესავები ვერ ხვდებიან ერთმანეთს, იკარგება ნათესაური კავშირები.
ფოკუს-ჯგუფების მონაწილეებმა 2008 წლის კონფლიქტის შედეგების განხილვისას ყურადღება გაამახვილეს მოსახლეობაში გაჩენილ შიშზე.
„ომზე არაფერსაც არ ვფიქრობ. უბრალოდ, მეშინია“.
მოსახლეობა დაძაბულია, ეშინიათ ომის განახლების. ყველა აღნიშნავს, რომ ომი არავის არ უნდა, რეგიონში მცხოვრები ყველა ეთნიკურ ჯგუფს მშვიდობა, ნორმალური ცხოვრება სურს.
გამოითქვა მოსაზრება, რომ რუსეთის დაშლამდე საქართველოში ყოველთვის იქნება ომის განახლების, არეულობის შიში.
ფოკუს-ჯგუფების მონაწილეთა აზრით, მშვიდობისათვის ყველამ უნდა იზრუნოს: მოსახლეობამ, სახელმწიფოს ლიდერებმა, საერთაშორისო ორგანიზაციებმა. ყველაზე მეტად მოსახლეობა ზარალდება და სახელმწიფოებმა უნდა მოახერხონ ამ პრობლემის მშვიდობიანი გადაწყვეტა. ექსპერტებმა, პოლიტიკოსებმა, საერთაშორისო ორგანიზაციებმა, სახელმწიფოს ლიდერებმა უნდა გაითვალისწინონ უბრალო ადამიანების, მოსახლეობის აზრი და გადაწყვეტილებები ამის გათვალისწინებით მიიღონ.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ჯგუფებში ყურადღება გაამახვილეს დევნილებზე. აღინიშნა, რომ მათ სოფლებში ჩასახლებულ დევნილებს ყოველმხრივ ეხმარება ადგილობრივი მოსახლეობა, არანაირი პრობლემა არ შექმნილა. მშვიდობიანი თანაცხოვრების დასასაბუთებლად აზერბაიჯანულ ჯგუფში მაგალითი მოიყვანეს: ადგილობრივი აზერბაიჯანელები დევნილ მოსახლეობას ქრისტიანულ დღესასწაულებს ულოცავენ.
![]() |
5 3. სხვა პრობლემები |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
5.1 3.1. სოფლის მოსახლეობის პრობლემები |
▲ზევით დაბრუნება |
ფოკუს-ჯგუფების მსვლელობის დროს სოფლის პრობლემები განსახილველ პრობლემად არ დასახელებულა, მაგრამ სხვა პრობლემების განხილვის პროცესში გამოჩნდა, რომ საკითხი ცალკე უნდა გამოვყოთ. სოფლის მოსახლეობასთან ჩატარებულ ყველა ფოკუს-ჯგუფში ასახელებდნენ ცუდი გზების პრობლემას. ზოგ სოფელში ცენტრალური გზა გაკეთდა, მაგრამ ამით მრავალწლიან პრობლემას არ ეშველა. უგზოობის გამო ძალიან ჭირს გადაადგილება. ყოფილა შემთხვევა, როცა რაიონული ცენტრიდან დაშორებულ სოფლებიდან საავადმყოფოში ვერ ჩაუსწრიათ და ბავშვი გზაში დაბადებულა. უჭირთ საქმიანობის წარმოება. გრუნტის გზის გამო სოფლებში კარგ ამინდშიც მტვერია, ხოლო წვიმაში - ტალახი. გზის პრობლემებთან ერთად აღნიშნეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის სიმცირე.
სარწყავი წყლის პრობლემაზე ზემოთ უკვე იყო საუბარი აგრარული პრობლემების განხილვისას. სოფლებში (და მუნიციპალურ ცენტრებში - მარნეული, გარდაბანი, თეთრიწყარო) მწვავედ დგას სასმელი წყლის პრობლემაც. ჭის გაკეთება ათასი ლარი ჯდება და ამის საშუალება მოსახლეობას არა აქვს.
მრავალ სოფელში არ არის არის საბავშვო ბაღი, რაც, ჯგუფის მონაწილეთა აზრით, ყველა სოფელში აუცილებელია. მშობლები სოფლის სამეურნეო სამუშაოებზე მინდვრებში რომ მიდიან, იძულებულნი არიან, ჩვილი ბავშვები დილის ექვს საათზე გააღვიძონ და სამუშაოზე წაიყვანონ. საბავშვო ბაღი რომ არსებობდეს, შესაძლებელი იქნებოდა ქართული ენა ესწავლებინათ იქ. მაშინ ბავშვები სკოლაში უფრო მომზადებულები მივიდოდნენ. რთული მდგომარეობაა ახალგაზრდებისთვის: არანაირი სპორტი, არანაირი გასართობი. ამიტომ სოფლის მოსახლე ახალგაზრდობა იძულებული ხდება, სოფლიდან წავიდეს. ახალგაზრდას სოფლად თვითრეალიზაციის არავითარი საშუალება არ ეძლევა.
![]() |
5.2 3.2. ინფორმაციის მიღების წყაროები |
▲ზევით დაბრუნება |
დიდი პრობლემაა ინფორმაციული ვაკუუმი.სოფლის მოსახლეობა არაა გარკვეული სხვადასხვა სახელმწიფო სამსახურის, ძალოვანი სტრუქტურის, მოსახლეობის უფლებებსა და მოვალეობებში. რამდენიმე სოფელში მოითხოვეს ბროშურები საპატრულო პოლიციის უფლებამოსილებათა შესახებ.
კითხვაზე, თუ საიდან იღებენ ინფორმაციას, ფოკუს-ჯგუფების მონაწილეების უდიდესი ნაწილი ასახელებს ტელევიზიის სხვადასხვა არხს. სომხურენოვანი მოსახლეობა სატელიტური ანტენების მეშვეობით, უმეტესად, სომხეთის ტელევიზიის არხებს უყურებს, აზერბაიჯანულენოვანი - აზერბაიჯანისას. რამდენიმე არაქართულენოვანი მონაწილე ქართული ტელევიზიის არხებსაც ასახელებს (ძირითადად იმედს, იშვიათად რუსთავი 2-ს და საზოგადოებრივ მაუწყებელს). ხსენებულ არხებს, უპირატესად, საინფორმაციო გადაცემის გამო უყურებენ.
სოფლის დასახლებებში აღნიშნეს, რომ საქარველოში მიმდინარე პროცესებს მეზობელი ქვეყნების ტელევიზიებიდან იგებენ. სომხურმა თემმა დაასახელა რუსული და სომხური არხები, აზერბაიჯანულმა - აზერბაიჯანული არხები. აღნიშნეს, რომ ისინი საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაციას მეზობელი ქვეყნების ტელევიზიების ინტერპრეტაციით იღებენ. დიდი მოთხოვნილებაა ქარული ტელევიზიის საინფორმაციო პროგრამების მიმართ. ერთ-ერთმა მონაწილემ აღნიშნა, რომ შეიძლება ინფორმაცია საქართველოსთვის მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ერთი წლის დაგვიანებით მიიღონ. ფოკუს-ჯგუფების რამდენიმე მონაწილემ აღნიშნა, რომ მედია მათთვის არ წარმოადგენს ინტერესის სფეროს; მიმდინარე გლობალური საკითხები მათ არ აინტერესებთ, ისინი ყოველდღიური საზრუნავით არიან დაკავებულნი. ინფორმაციის წყაროდ ხშირად სახელდება მეზობელი, მეგობარი, სოფლის თავშეყრის ადგილი.
![]() |
6 ზოგადი დასკვნა |
▲ზევით დაბრუნება |
კონსულტაციების მიმდინარეობისას მონაწილეებმა ადგილობრივი პრობლემები დაუკავშირეს რეგიონულს; მაგრამ ფოკუს-ჯგუფების მონაწილეებს ადგილობრივი პრობლემები არ დაუკავშირებიათ რეგიონულთან. ისინი აქტიურად განიხილავდნენ მათი ჯგუფისთვის მნიშვნელოვან პრობლემებს. მაგალითად, სოფლის მოსახლეობა განიხილავდა მათი სოფლის საჭირბოროტო საკითხებს, პენსიონერები აქცენტს აკეთებდნენ პენსიების სიმცირეზე და სოციალური პროგრამების გაუმართაობაზე და ა.შ.
მიუხედავად ამ განსხვავებისა, ფოკუს-ჯგუფებში მიღებული ძირითად პრობლემათა ჩამონათვალი კონსულტაციების პროცესში მიღებულ ძირითად რეგიონულ პრობლემათა ჩამონათვალის იდენტურია. ორივე შემთხვევაში სოციალურ-ეკონომიური სიტუაცია სახელდება მრავალი სხვა პრობლემის მიზეზად ან შედეგად. კონსულტაციების პროცესშიც და კვლევის მონაწილეების მიერაც აქტიურად განიხილებოდა უმუშევრობის მაღალი დონე, მიგრაცია, აგრარული პრობლემები, ეთნიკური უმცირესობის მიერ სახელმწიფო ენის არცოდნა, განათლების საკითხი. ჩამოთვლილი პრობლემების მიმართ სხვადასხვა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს იდენტური პოზიცია აქვთ. ქართული ჯგუფების მოსაზრებები სხვა ჯგუფებისგან განსხვავდება მიგრაციის და სახელმწიფო ენის ცოდნასთან დაკავშირებულ საკითხებში; მიგრაციას ქართულ ჯგუფებში ნაკლებად განიხილავდნენ, ხოლო ეთნიკური უმცირესობების მიერ სახელმწიფო ენის არცოდნას ამ ჯგუფებს აბრალებენ.
კვლევის მსვლელობისას ფოკუს-ჯგუფების ძირითადი ნაწილი ჩატარდა სოფლის მოსახლეობასთან. ამის გამო რეგიონის სოფლის პრობლემები გამოიკვეთა უფრო სრულყოფილად, ვიდრე კონსულტაციების პროცესში.
2008 წლის აგვისტოს ომის დღეებში მოსახლეობის მოქმედება, საფრთხის აღქმა განსხვავებული იყო ადგილმდებარეობის მიხედვით. რაც შეეხება ომის მიერ გამოწვეული შედეგების აღქმას, ეს უკანასკნელი რეგიონში ერთმანეთის მსგავსია: ყველა ეთნიკური უმცირესობის ჯგუფი აღნიშნავს რუსეთში შრომითი მიგრაციის შეწყვეტას და ამის გამო რეგიონის მოსახლეობის ეკონომიური მდგომარეობის გაუარესებას, აგრეთვე, რეგიონში წარმოებული პროდუქციის გასაღების ძირითადი ბაზრის დაკარგვას.
კვლევამ კონსულტაციების მსგავსად აჩვენა, რომ ეთნოსებს შორის დამოკიდებულების საკითხი რეგიონის მოსახლეობისთვის სენსიტიურია. მონოეთნიკურ ჯგუფებში ამ საკითხზე საუბარს ნაკლებად ერიდებიან. ქართული ჯგუფი საკმაოდ ღიად საუბრობს ეთნიკურ პრობლემებზე; აქ აღინიშნა, რომ შერეულ ფოკუს-ჯგუფში ამ საკითხს არ განიხილავდნენ. შერეულ ჯგუფებში მხოლოდ ეთნოსებს შორის მეგობრობაზე საუბრობდნენ.
კვლევამ აჩვენა, რომ კონსულტაციების დროს წარმოჩენილი საზღვრისპირა პრობლემები, რომლებიც აწუხებდა მარნეულის რაიონის ეთნიკურად აზერბაიჯანულ სოფლებს, ანალოგიურად აწუხებთ მარნეულის რაიონის საზღვრისპირა ეთნიკურად სომხურ და შერეულ სოფლებსაც. ამ სოფლებშიც ძირითად პრობლემად სომხეთთან საზღვრის დაუმთავრებელი დემარკაცია გამოჩნდა. სომხეთთან საზღვრის პრობლემა ჩანს მხოლოდ მარნეულის მუნიციპალიტეტის საზღვრისპირა სოფლებში. ეს პრობლემა არ აწუხებთ ბოლნისის და დმანისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას.
ინფორმაციის მიღების მხრივ რეგიონში არაფერი შეცვლილა 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ. არაქართულენოვანი მოსახლეობისთვის ინფორმაციის ძირითად მედიაწყაროდ კვლავ მეზობელი ქვეყნების ტელეარხები რჩება: აზერბაიჯანელებისთვის ბაქო და თურქეთი, სომხებისთვის - ერევანი და რუსეთი. არაქართულენოვანი მოსახლეობა საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაციას კვლავ სხვა ქვეყნების ტელეარხებით და ჭორების საშუალებით იღებს.
![]() |
7 * * * |
▲ზევით დაბრუნება |
მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი
მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი (CIPDD) დამოუკიდებელი, საჯარო პოლიტიკის საკითხებზე მომუშავე კვლევითი ცენტრია. ინსტიტუტი დაფუძნდა თბილისში 1992 წელს. CIPDD არის არასამთავრობო და არასამეწარმეო ორგანიზაცია. ინსტიტუტის კომპეტენცია განსაკუთრებით მაღალია ისეთ სფეროებში, როგორებიცაა: ეთნიკური და რელიგიური უმცირესობის პრობლემები და სამოქალაქო ინტეგრაცია, ადგილობრივი თვითმმართველობა, სამოქალაქო საზოგადოების განვითარება, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება, სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობები და უსაფრთხოების სექტორის რეფორმები. კავკასიური ინსტიტუტი ასრულებს კვლევით სამუშაოებს, ამზადებს და გამოსცემს სხვადასხვა პუბლიკაციას, აწყობს კონფერენციებს, მრგვალ მაგიდებს და საჯარო დისკუსიებს. ინსტიტუტი აგრეთვე ატარებს სასწავლო ტრენინგებს და სემინარებს.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) არის არასამეწარმეო იურიდიული პირი. ის საქმიანობს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე კონსტიტუციის, კანონმდებლობისა და საკუთარი წესდების შესაბამისად. ასოციაციის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმაა კავშირი. ასოციაციის მიზნებია:
იურისტთა შორის პროფესიული ეთიკის ნორმების დამკვიდრება
იურისტთა პროფესიული დაოსტატება და კვალიფიკაციის ამაღლება
ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა
საზოგადოებაში სამართალშეგნების დონის ამაღლება და კანონისადმი პატივისცემის დამკვიდრება
სამოქალაქო საზოგადოებისა და სამართლებრივი სახელმწიფოს ნორმალური ფუნქციობისათვის აუცილებელი სამართლებრივი ბაზის შექმნა
Saferworld
უსაფრთხო მსოფლიოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: კონფლიქტის პრევენცია და შემცირება; ასევე, უსაფრთხოების ერთობლივი მიდგომების შემუშავება. ჩვენ ვთანამშრომლობთ სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, რათა ხელი შევუწყოთ ეფექტური პოლიტიკის დამკვიდრებას ადვოკატირების, კვლევის და პოლიტიკის განვითარებით.