![]() |
მოგზაურობა დიდი ევროპის სამყაროში (სათავგადასავლო მოთხრობა) |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: ჟელეფი სოფი |
თემატური კატალოგი ლიტერატურა|საბავშვო ლიტერატურა |
საავტორო უფლებები: © ევროპის საბჭო |
თარიღი: 2008 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: მოემზადე კოსმოსური თავგადასავლისთვის დიდი ევროპის სამყაროში! ამ ფრიად საგანგებო მისიის მეშვეობით, შენ შეიცნობ ევროპის საბჭოს, დიდი ევროპის 47 წევრი ქვეყნისგან შემდგარ ორგანიზაციას. ევროპის საბჭოს საქმიანობის შესახებ უფრო მეტის გასაგებად, იხილე: www.coe.int იდეა და ორიგინალური ფრანგული ტექსტი: სოფი ჟელეფი შეიქმნა და გამოიცა ევროპის საბჭოს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების მიერ ილუსტრაცია: ორელი გილერი გრაფიკული დიზაინი: ჟულიეტ რობერი გამოცემულია ევროპის საბჭოს კომუნიკაციის დირექტორატის მიერ 2008 წლის ოქტომბერი 1. 47; 2. 800 მილიონი; 3. მართალია; 4. ადამიანის უფლებები; 5. ტყუილია; 6. მართალია, ჩვენ ყველანი განსხვავებულნი, მაგრამ უფლებებში თანასწორნი ვართ; 7. 200-ზე მეტი; 8. ტყუილია; 9. მართალია; 10. მდგრადი. |
![]() |
1 საგანგებო კოსმოსური მისია! |
▲ზევით დაბრუნება |
დღევანდელი გაკვეთილებიც დამთავრდა. შენ წყნარად მისეირნობ შინისაკენ, თან ფიქრობ ხვალისთვის მოსამზადებელ საშინაო დავალებაზე და რასაკვირველია იმაზეც, თუ როგორ იქცევდი თავს დილით სხვადასხვა თამაშით, ვიდრე სკოლაში წახვიდოდი
ვაი! უეცრად თავზე უცნაური რაღაც გეცემა! თუმცა უმტკივნეულოდ. პირიქით, გეცინება კიდეც, რადგან წარმოიდგენ, თითქოს ეს-ესაა დედამიწაზე მეტეორიტი ჩამოვარდა.
არა და, შენ სრულებით მართალი ხარ! იღებ ჩამოვარდნილ ნივთს, ყვითელი ვარსკვლავებით მოხატულ პაწაწინა ცისფერ ყუთს, მისი გახსნისას კი ჯადოსნური ხმა გეუბნება...
„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კოსმოსში, დიდი ევროპის სამყაროში...
ეს კი შენი მისიაა:
დიდი ევროპის ყველა ხალხში უნდა გაავრცელო ჯადოსნურ ყუთში
მოთავსებული მეტად მნიშვნელოვანი გზავნილი.
შედეგი კი დაუყოვნებლივ ამცნო შენს კოსმოსურ სადგურს,
ევროპის საბჭოს.
მაგრამ, სანამ ამ კოსმოსურ სადგურამდე მიაღწევდე და თავგადასავალს
წარმატებით დაასრულებდე, შენ, პირველყოვლისა, უნდა იმოგზაურო
რამდენიმე გალაქტიკაში და ამოხსნა ყველა თავსატეხი.
ყოველ გვერდზე დამალულია ამდაგვარი ოქროს ვარსკვლავი.
მხოლოდ მაშინ, როდესაც ცისფერ ყუთში შეაგროვებ 12 ვარსკვლავს,
გამჟღავნდება საიდუმლო გზავნილი. თუმცა, გაფრთხილდი!
და ერიდე მახეებს!
წარმატებებს გისურვებ თავგადასავალში. ახლა უკვე ყველაფერი შენზეა!
არ დაივიწყო, რომ წარმოადგენ შენს ქვეყანას და შესაძლოა,
მთელი დიდი ევროპის ყველა ბავშვსაც“.
მოულოდნელად, ცა უკიდეგანო გეჩვენება...
„გალაქტიკები“, „კოსმოსური სადგური“, „ევროპის საბჭო“,
„ოქროს ვარსკვლავები“, „დიდი ევროპა“... ეს დაუჯერებელია!
ამ სიტყვების მნიშვნელობა
ჯერჯერობით ამოუცნობია შენთვის,
თუმცა, მომდევნო გვერდები გაგიძღვება
დიდი ევროპის სამყაროში
მოგზაურობისას
იპოვე ამ გვერდზე დამალული
ოქროს ვარსკვლავი და...
გაფრინდი მე-20 გვერდზე
სხვა გალაქტიკაში!
![]() |
2 ითამაშე, და არ მოიტყუო!! |
▲ზევით დაბრუნება |
ამ გალაქტიკაში კოსმოსური
ხომალდები ასაფრენ ბილიკზეა
განლაგებული. შეჯიბრი მალე დაიწყება.
დროზე, აირჩიე შენი გუნდი! იცი ამ რბოლის,
ან,ზოგადად, სპორტის წესები?
სპორტი, უპირველეს ყოვლისა, თამაშია. თუმცა, ხანდახან ის ძალადობაში გადაიზრდება ხოლმე, ზოგჯერ ადამიანურ ტრაგედიაშიც კი, განსაკუთრებით სპორტულ მოედნებზე შეკრებილ მაყურებელთა შორის. ევროპის საბჭო, 1985 წელს მიღებული კონვენციით მაყურებელთა მხრიდან გამოვლენილი ძალადობის შესახებ, უარს უცხადებს ძალადობას!
სპორტი არის ყველასათვის: ბავშვებისთვის, დიდებისთვის, ხანში შესულებისთვის, ინვალიდებისთვის, უცხოელებისთვის, კაცებისა და ქალებისთვის. ზოგიერთ სპორტსმენს სურს, იყოს უფრო სწრაფი და მოწინავე - მაგრამ რის ფასად? ისინი ღებულობენ წამლებს, რომლებიც აზიანებს მათ ჯანმრთელობას. ევროპის საბჭო აწარმოებს კამპანიებს, რათა აღმოფხვრას დოპინგის მოხმარება სპორტში.
იპოვე ამ გვერდზე დამალული
ოქროს ვარსკვლავი და...
გაფრინდი მე-16 გვერდზე
სხვა გალაქტიკაში!
![]() |
3 უკან დედამიწაზე! |
▲ზევით დაბრუნება |
მცდარი სვლა! შენ კვლავ უკან, დედამიწაზე ეცემი!
თუმცა, ყველაფერი არ დაგიკარგავს; მარჯვნივ შეგიძლია იხილო დიდი ევროპის ყველა დროშა. უკვე ხომ არ შეგინიშნავს შენი ქვეყნის დროშა?
12 ოქროსფერი ვარსკვლავი ცისფერ ფონზე, ეს არის ევროპის დროშა. რიცხვი 12 შემთხვევით არ შერჩეულა. რამეზე ხომ არ მიგანიშნებს? იქნებ წლის 12 თვეზე?
იცი თუ არა, რომ წრე აღნიშნავს ერთობას, ყველა ქვეყნის ერთობას? ევროპის საბჭომ ეს დროშა შექმნა 1955 წელს; 1986 წელს კი იგი მიიღო ევროკავშირმაც, რომელიც დღეს 27 წევრს აერთიანებს.
1971 წელს, ევროპის საბჭომ აირჩია თავისი ჰიმნი, ევროპის ჰიმნი, „ხოტბა სიხარულს“ ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონიიდან. 1986 წელს იგივე ჰიმნი გაითავისა ევროკავშირმაც. დღეს ის მთელი ევროპის ჰიმნია.
იპოვე ამ გვერდზე დამალული
ოქროს ვარსკვლავი და...
გაფრინდი მე-2 გვერდზე
სხვა გალაქტიკაში!
![]() |
4 თვითმყოფადობა მრავალფეროვნების გზით |
▲ზევით დაბრუნება |
რა გასაოცარი გალაქტიკაა!
არც ერთი ვარსკვლავი არ არის ერთნაირი;
არც ერთი ხომალდი არ ჰგავს ერთმანეთს...
ასეთი გახლავთ თვითმყოფადობის
მეშვეობით მრავალფეროვნების საკვირველება!
ევროპა წააგავს სახეს, რომელიც იცვლება, მოძრაობს და გამოხატავს გრძნობებს. ისტორიის მანძილზე, ევროპაში საზღვრები ხშირად იცვლებოდა და ხალხიც უფრო და უფრო მეტს გადაადგილდებოდა ერთი ქვეყნიდან მეორეში. ყოველივე ეს კი ცვლიდა თანაფარდობას უმცირესობასა და უმრავლესობას შორის.
უმრავლესობა, უმცირესობა, რა ჯადოსნურია! შენ ცხოვრობ შენს ქვეყანაში და ითვლება, რომ მიეკუთვნები უმრავლესობას. ადამიანები სხვა ქვეყნიდან - რომლებიც ცოტანი არიან - მიეკუთვნებიან უმცირესობას. ახლა წარმოიდგინე, რომ ტოვებ შენს მშობლიურ ქვეყანას და საცხოვრებლად სხვაგან მიეშურები. თითქოს სასწაული მოხდაო, ახალ ქვეყანაში შენ უეცრად იქცევი უმცირესობის წარმომადგენელად.
შენ ან გოგონა ხარ, ან ბიჭი. სხვადასხვა კანის ფერი შეიძლება ჰქონდეთ ბავშვებსაც და უფროსებსაც. ზოგიერთს არ შეუძლია სიარული, არის ავად, ან უბრალოდ არ ფიქრობს ისე, როგორც შენ. მოკლედ, ჩვენ ყველანი ვართ განსხვავებულნი, მაგრამ ყველას, როგორც ადამიანებს, გვაქვს ერთნაირი უფლებები. ჩვენ ყველანი ვართ განსხვავებულნი, მაგრამ თანასწორნი!
რასიზმი ან შეუწყნარებლობა ნიშნავს, როდესაც ვერ ვეგუებით მას, ვინც ჩვენგან გარეგნულად განსხვავდება, ან ცხოვრობს განსხვავებულად. ეს, შესაძლოა, გამოიხატოს ძალადობით, ან უბრალო ხუმრობითაც კი უცხოელებისადმი. ჩვენ უნდა დავამარცხოთ რასიზმი, რადგან ის უსამართლოა და საშინელი ზიანის მოყენება შეუძლია.
თვითმყოფადობა მრავალფეროვნების გზით - ახლა ხომ გესმის ამ გალაქტიკის გზავნილი? სხვა თუ არაფერი, რომ არ არსებობდეს ათასგვარი კონტრასტი ევროპაში, მაშინ მას ევროპაც აღარ ერქმეოდა!
იპოვე ამ გვერდზე დამალული
ოქროს ვარსკვლავი და...
გაფრინდი 24-ე გვერდზე
სხვა გალაქტიკაში!
![]() |
5 აი შენი გალაქტიკაც, ბავშვების გალაქტიკა! |
▲ზევით დაბრუნება |
აქ ყველაფერი ისეთი პაწაწინაა,
ვარსკვლავებიც და პლანეტებიც.
ნეტავ, ბავშვების უფლებებიც ასეთივე მცირეა?
არ არსებობს მცირე უფლებები... მსგავსად უფროსებისა, შენ გაქვს ძირითადი უფლებები: შენ გჭირდება იკვებო, ჩაიცვა ტანსაცმელი, გქონდეს თავშესაფარი, ადამიანური სითბო და მოვლა. მაგრამ, ასევე გაქვს უფლება, ისწავლო, გამოხატო საკუთარი თავი და გაერთო კიდევაც.
...ან მცირე დაცვა! ბავშვები უფროსებზე მეტად უნდა იყვნენ დაცულნი ისეთი საზოგადოებრივი საფრთხეებისგან, როგორიცაა: იძულებითი შრომა, მონობა, სქესობრივი ძალადობა და ცუდი მოპყრობა, ნარკოტიკები, გატაცება და ექსპლუატაცია, ან ძალადობა ოჯახში.
ბავშვის მიმართ ძალადობა შეიძლება მოხდეს ყველგან: ქუჩაში, სკოლაში, საავადმყოფოში, მედიაში ან ინტერნეტში, დაკავების ადგილებში, ან სულაც სახლში. ბავშვი დაცულ უნდა იქნეს ყველგან. ეს უნდა იცოდეს ყველამ, შენი ჩათვლით.
უფროსის გალახვა? სწორი იქნება, ერთი უფროსი რომ მეორე ზრდასრულს სცემდეს მხოლოდ იმიტომ, რომ ის არ ეთანხმება მას, ან მიაჩნია, რომ მისი საქციელი არასწორია? რასაკვირველია არა! ასევე, ძალადობისა და დამცირების გარეშეც არსებობს ბავშვის აღზრდის მრავალი სხვა ხერხი. სწორედ ამიტომ, 2008 წლის ივნისში, ევროპის საბჭომ წამოიწყო საინფორმაციო კამპანია, რათა მოუწოდოს ყველას, უარი თქვას ცემაზე.
ევროპის საბჭო წაახალისებს ქვეყნებს, იმოქმედონ ბავშვთა უფლებებისთვის და აღმოფხვრან ძალადობა. 2005 წელს მან დაიწყო კამპანია სახელწოდებით:
ვაშენოთ ევროპა ბავშვებისათვის ბავშვებთან ერთად. www.coe.int/children
ამ კოსმოსური მისიის დასრულების შემდეგ, თუკი ისურვებ, გაიგო მეტი საკუთარ უფლებებზე და გახდე ინტერნეტის კარგი მომხმარებელი, შედი ველური ვებ-ტყეების ინტერნეტ-გვერდზე: www.wildwebwoods.org
იპოვე ამ გვერდზე დამალული
ოქროს ვარსკვლავი და...
გაფრინდი მე-8 გვერდზე
სხვა გალაქტიკაში!
![]() |
6 ადამიანის უფლებათა გალაქტიკა |
▲ზევით დაბრუნება |
ამ გალაქტიკაში ათასობით თანავარსკვლავედი გამოსახავს
სასწორის ფორმას, რაც სამართლიანობისა და უფლებების
კოსმოსური სიმბოლოა...
სკოლაში, ქუჩაში, სახლში - კოსმოსშიც კი! - არსებობს რაღაცეები, რაც დაშვებულია, ხოლო რაღაცეები აკრძალული. მაგრამ არსებობს, ასევე, უფლებები, რომელთაც ვერავინ წაგვართმევს. ასეთებია: სიცოცხლის, თავისუფლების, აზროვნების თავისუფლების, ოჯახის ყოლის, მუშაობის, სკოლაში სიარულის და დაცულობის უფლებები: ადამიანის უფლებები არის ერთად აღებული ყველა ეს და კიდევ მრავალი სხვა უფლება.
იმისათვის, რომ ადამიანის უფლებები ყველგან იყოს დაცული, ევროპის საბჭომ ჩამოაყალიბა რიგი წესებისა, რომლებიც ქვეყნებმა უნდა გაითვალისწინონ, რათა შეძლონ მის სივრცეში „გადაადგილება“. ეს წესები თავმოყრილია ტექსტში, რომელიც განსაზღვრავს ჩვენს, როგორც ადამიანების, უფლებებს. ეს გახლავთ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია.
რა არის კონვენცია? ეს არის წერილობითი შეთანხმება რამდენიმე ქვეყანას შორის. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია ევროპის საბჭოს ყველაზე მნიშვნელოვანი კონვენციაა.
თუკი ფიქრობ, რომ შენს უფლებათაგან რომელიმე დაირღვა, შეგიძლია მიმართო ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს. ჩვეულებრივი სასამართლოს მსგავსად, იგი განსაზღვრავს, დაირღვა თუ არა ადამიანის უფლებათა კონვენცია. ადამიანის უფლებები იზრდება, ისევე როგორც შენ. ჩვენ უკვე ვისაუბრეთ სიტყვის თავისუფლებაზე, სიცოცხლის დაცვაზე, წამების აღკვეთაზე.
მაგრამ ასევე არსებობს უფლებები სამსახურში: თანასწორობა ქალებსა და მამაკაცებს შორის, მიგრანტ მშრომელთა უფლებები და მათი დაცვა სამუშაო ადგილებს მიღმა, რათა დაიძლიოს სიღარიბე. იმისათვის, რათა მოიცვას ყველა ეს სფერო, ევროპის საბჭოს გააჩნია სხვა დოკუმენტი - ევროპის სოციალური ქარტია.
გაუგებარია, თუ რატომ უნდა იყვნენ მამაკაცები უფრო გავლენიანი ან ეპყრობოდნენ უკეთესად, ვიდრე ქალებს. ისტორიულად, ქალებს ხშირად განზე სწევდნენ ხოლმე. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად ევროპაში სქესთა შორის თანასწორობის საკითხი გაუმჯობესების გზას ადგას, მაინც ჯერ კიდევ შორია მის სრულ მიღწევამდე სამსახურსა თუ პოლიტიკაში. ქალები, ხშირ შემთხვევაში, არიან სიღარიბის, უმუშევრობისა და ძალადობის პირველი მსხვერპლი. ევროპის საბჭო ატარებს კამპანიებს, რათა უზრუნველყოს ერთნაირი უფლებები მამაკაცებისა და ქალებისათვის.
იპოვე ამ გვერდზე დამალული
ოქროს ვარსკვლავი და...
გაფრინდი მე-10 გვერდზე
სხვა გალაქტიკაში!
![]() |
7 კულტურა და ბუნება, ფასდაუდებელი საგანძური, რომელთა დაცვა გვმართებს |
▲ზევით დაბრუნება |
ახლა შენ შედიხარ უბრალოდ გასაოცარ გალაქტიკაში.
აქ, ვარსკვლავთა მტვრის თითოეული
ნამცეციც კი ფასდაუდებელი და განუმეორებელი,
თუმცა ამავე დროს მყიფეა.
არსებობს შორეული პლანეტები, სინათლის
წლებით დაშორებული ჩვენგან, რომლებიც არ
უნდა დავაზიანოთ. თუკი არ გაუფრთხილდები
მათ, ისინი, შესაძლოა, ყველანი ერთდროულად
გაქრნენ...
ევროპა საგანძურია თავისი კულტურითა და ბუნებით. წარსულის რაიმე ნიშანი, შენობა, გარდასულ დღეთა კვალი, ძველი ავეჯი, ოსტატობა, ლანდშაფტიც კი, კულტურული მემკვიდრეობის მაგალითებია, რომელთა დაცვისა და მათთან ჰარმონიული თანაცხოვრებისაკენ გვიბიძგებს ევროპის საბჭო.
შენ ოცნებობ, გაჰყვე ვიკინგების ნაკვალევს, იმოგზაურო აბრეშუმის გზაზე, ანა მოინახულო ადგილი, სადაც მოცარტი ცხოვრობდა. გზები ჩვენი სიმდიდრეა და ამიტომაც, ევროპის საბჭო აწყობს მოგზაურობებს სახელწოდებით კულტურული მარშრუტები, რათა ამგვარი ადგილები სამუდამოდ შეინახოს ჩვენს საერთო მეხსიერებაში.
ყოველ წელს, სექტემბრის რომელიმე კვირას, 30 000-ზე მეტი ძეგლი, მუზეუმი, ბიბლიოთეკა, სასახლე და კომპლექსი უფასოდ იღება მილიონობით ევროპელი დამთვალიერებლისთვის. სწორედ ევროპის საბჭომ წამოიწყო ევროპის მემკვიდრეობის დღეები.
ევროიმიჯთან ერთად, ევროპის საბჭო ასევე დახმარების ხელს უწვდის ფილმებს, რომლებიც ევროპაზე მოგვითხრობენ.
სამყაროში თუ დედამიწაზე, სიცოცხლის ფორმები შესაძლოა, სრულიად ბუნებრივად, აღმოცენდეს და შემდეგ გაქრეს. თუმცა, ადამიანის ქმედება ხანდახან ხელს უშლის ამ ევოლუციას. ევროპის საბჭო ცდილობს, დაიცვას ბუნება, ცხოველები, მცენარეები, მიწა, წყალი და ჰაერი. ამას ის აკეთებს ბერნის კონვენციის (1979წ.) მეშვეობით, დოკუმენტისა, რომლის რატიფიცირება განახორციელა 48 ქვეყანამ, ზოგიერთი აფრიკული ქვეყნის ჩათვლით. ეს მართებულია, რადგან ბუნება არ მთავრდება ევროპის საზღვრებთან!
რა მაგარია! კოსმოსში შენ მოგზაურობ ვარსკვლავებით, რომლებიც ენერგიას თავად გამოიმუშავებენ! ამიტომაცაა, რომ არ ანაგვიანებ გარემოს. თუკი ყველანი გაერთიანდებიან წყლისა და საწვავის გადასარჩენად და შეწყვეტენ ბევრის ყიდვას მხოლოდ იმისთვის, რომ შეინახონ და მერე გადაყარონ, ჩვენი პლანეტის სიცოცხლეც გახანგრძლივდება. ეს არის მდგრადი განვითარება, რასაც ევროპის საბჭო წაახალისებს მის წევრ ქვეყნებში.
იპოვე ამ გვერდზე დამალული
ოქროს ვარსკვლავი და...
აირჩიე სწორი გეზი სხვა გალაქტიკისაკენ
მე-6 ან მე-4 გვერდზე
![]() |
8 ევროპა კარგი ჯანმრთელობით |
▲ზევით დაბრუნება |
შენი კოსმოსური მისია წარმატებით მიიწევს წინ!
შეჩერდი ცოტა ხნით ამ გალაქტიკაში,
ის მოგვითხრობს ჩვენი ჯანმრთელობის შესახებ
სამწუხაროდ, ძალზედ ბევრ ბავშვსა და უფროსს არ სწყალობს ბედი, რომ საჭიროების შემთხვევაში, იმკურნალოს ან მიმართოს საავადმყოფოს. ევროპის საბჭო ეძიებს გზებს, რათა არავინ დარჩეს მისთვის აუცილებელი მკურნალობის გარეშე. მკურნალობა ყოველი ადამიანის უფლებაა!
როდესაც ავად ხდებით, გაძლევენ თუ არა აბს ან სითხეს, რომ მომჯობინდეთ? მაგრამ როგორ დავრწმუნდეთ, რომ ჩვენს მიერ მოხმარებული მედიკამენტები კარგი ხარისხისაა? ჩვენ უნდა ვუმადლოდეთ ევროპის საბჭოსა და მის ფარმაკოპეას, რომელიც იღწვის იმისათვის, რომ ნებისმიერი მედიკამენტი, იქნება ის უბრალო აბი თუ ყველაზე რთული სამკურნალო საშუალება, ვეტერინარული სფეროს ჩათვლითაც კი, შეესაბამებოდეს ხარისხის უმაღლეს სტანდარტს. ევროპის საბჭოს საქმიანობა მოიცავს, ასევე, ისეთ საკითხებს, როგორიცაა სისხლის გადასხმა და ორგანოთა გადანერგვა.
ნარკოტიკები მთელი ევროპისათვის პრობლემას წარმოადგენს. ევროპის საბჭო, მისი პომპიდუს ჯგუფით, 30 წელზე მეტია ებრძვის ნარკოტიკებით ვაჭრობასა და მოხმარებას ევროპაში და ეხმარება მის მსხვერპლთ.
გიყვარს ექსპერიმენტების ჩატარება? ასევე უყვარს სამედიცინო კვლევების სფეროსაც, მაგრამ ის, შესაძლოა, ძალზედ შორს წავიდეს და მოვლენებმა კაცობრიობისათვის სახიფათო სახე მიიღოს. ამიტომაც, ევროპის საბჭო აწესებს კანონებს მორალური ქცევისათვის, რასაც ბიოეთიკას უწოდებს.
იპოვე ამ გვერდზე დამალული
ოქროს ვარსკვლავი და...
აირჩიე სწორი გეზი სხვა გალაქტიკისაკენ
მე-12 ან 26-ე გვერდზე!
![]() |
9 მისია დასრულებულია! |
▲ზევით დაბრუნება |
გილოცავ! შენ წარმატებით იმოგზაურე დიდი ევროპის სამყაროს ყველა გალაქტიკაში! ახლა შეგიძლია, დაუბრუნდე შენს კოსმოსურ სადგურს, ევროპის საბჭოს.
შენს მიერ რუდუნებით შეგროვებული 12 ვარსკვლავი ნათლად კაშკაშებს. უეცრად, ყუთიდან ამოფრინდება წერილებისა და სიტყვების კორიანტელი. წინადადებები შენს წინ ლაგდებიან. შენ ვერ ხვდები გზავნილის შინაარსს, ნუთუ უცნობი ენაა? მაგრამ არა, მოიცადე... ტექსტი უკუღმაა დაწერილი!
იპოვე ჯადოსნური სარკე და შეძლებ მის ხმამაღლა წაკითხვას... (არ დაგავიწყდეს ხელის აწევა, ვიდრე სხვა მოსწავლეების წინაშე ლაპარაკს დაიწყებდე!)
დასასრული
ამიტომაც, მჯერა, რომ ევროპაც ჩემთან ერთად გაიზრდება.
შევუდგე სხვა კოსმოსურ მოგზაურობებს.
მე ნელ-ნელა გავიზრდები და რასაკვირველია, კიდევ მომეცემა საშუალება,
თანასწორნი, რომ გოგონებსა და ბიჭებს ყოველთვის უნდა გააჩნდეთ თანაბარი უფლებები.
მე აღმოვაჩინე, რომ ჩვენ ყველას შეგვიძლია ვიყოთ განსხვავებულნი და ამავე დროს,
საგანძური და ყველამ ვიგრძნოთ თავი ევროპელად, თუნდაც არ ვსაუბრობდეთ ერთ ენაზე.
მოგზაურობა და შეხვედრები საშუალებას გვაძლევს, ერთმანეთს გავუზიაროთ ეს
რომ ისინი გამქრალიყვნენ.
რომელიც ყოველ ადამიანშია: ეს არის მისი კულტურა. მე არ ვისურვებდი,
ბუნება, ლანდშაფტები, შენობები და ცხოველები და ასევე საგანძური,
მე აღმოვაჩინე დიდი ევროპის საგანძური:
და ჩვენც, ბავშვებსაც გვაქვს უფლებები, მსგავსად უფროსებისა.
არსებობს უფლებები, რომელთაც ვერავინ წაგვართმევს „ადამიანის უფლებები“
ევროპის საბჭო არის ორგანიზაცია ამ სამყაროს სამსახურში.
დიდი ევროპის 47 წევრ ქვეყანაში.
მე ვარ ერთ-ერთი იმ 800 მილიონ ევროპელთაგან, ვინც ცხოვრობს
![]() |
10 ეს არის ...დემოკრატიის გალაქტიკა |
▲ზევით დაბრუნება |
ეს გალაქტიკა სავსეა კოსმოსური ხომალდებით, ვარსკვლავებით, მეტეორიტებით, გასაოცარი კოსმოსური სადგურებით და ურიცხვი პლანეტებით... და მაინც, ჯერ არ მომხდარა არც ერთი აფეთქება ან შეტაკება. ალბათ გაინტერესებს, ვინ მართავს ამ გალაქტიკას ასე კარგად!
დემოკრატია არსებობს მაშინ, როცა ძალაუფლება თითოეულ მოქალაქეს ეკუთვნის. ისინი ირჩევენ მას, ვინც გახდება მათი ლიდერი. როცა გაიზრდები, გექნება საშუალება, მისცე ხმა, ან შესაძლოა, გახდე კანდიდატი, რათა წარმოადგინო სხვები. ევროპის საბჭო არის დემოკრატიის სადარაჯოზე მის 47 წევრ ქვეყანაში!
ევროპის საბჭო ნიშნავს წარმომადგენლებს, რათა მათ შეეძლოთ...
...გადაწყვეტა: ისინი აყალიბებენ მინისტრთა კომიტეტს;
...ბჭობა და დოკუმენტების მოწონება საპარლამენტო ასამბლეაში;
...მსჯელობა თითოეული ქვეყნის რეგიონების სასარგებლოდ ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესში.
ნებისმიერ დემოკრატიულ წყობილებაში, ყოველი პიროვნება უნდა იყოს თავისუფალი აზრის გამოხატვასა და ინფორმაციის მოძიებაში მედიის მეშვეობით - იქნება ეს გაზეთი, რადიო, ტელევიზია და ინტერნეტი. იდეები თავისუფლად უნდა მოძრაობდნენ საზღვრებს მიღმა. ევროპის საბჭო აქაც უზრუნველყოფს, რომ ქვეყნებმა არ შეზღუდონ ეს თავისუფლებები, რაც, მაგალითად, ნიშნავს იმას, რომ ჟურნალისტებს შეეძლოთ თავიანთი საქმიანობის შესრულება კრიზისის ან არჩევნების პერიოდშიც კი და რომ მედიას შეეძლოს, გააშუქოს განსხვავებული მოსაზრებები.
წარმოიდგინე, ვითომ ყოველი ევროპელი ყოველწლიურად 25 ევროცენტს ინახავს უზარმაზარ ყულაბაში. მარტივი გაანგარიშებით (ოჰ! ზეპირი ანგარიში რთულია! შეგიძლია ფურცელზე გამოიანგარიშო) მიიღებ წლიური ბიუჯეტის მიახლოებით ოდენობას, რაც საშუალებას აძლევს ევროპის საბჭოს, წარმართოს თავისი პროექტები. სინამდვილეში ოდნავ სხვაგვარად ხდება, ვინაიდან ყველა ქვეყანა განსხვავებულ თანხას გაიღებს, რაც დამოკიდებულია მათი მოსახლეობის რაოდენობასა და აგრეთვე, მათ სიმდიდრეზე. 25 ცენტი X 800 მილიონი ევროპელი=200 მილიონი ევრო, აი ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების საბჭოს ბიუჯეტი - ნამდვილი ყულაბა.
იპოვე ამ გვერდზე დამალული
ოქროს ვარსკვლავი და...
აირჩიე სწორი გეზი სხვა გალაქტიკისაკენ
22-ე, მე-6 ან მე-12 გვერდზე!
![]() |
11 ლაპარაკობ ევროპულად? |
▲ზევით დაბრუნება |
ამ გალაქტიკაში თითოეული ხმა უნიკალური ენაა!
ცვენისას, ვარსკვლავები ტოვებენ შენთვის ჯერ კიდევ
გაუგებარი წერილობითი გზავნილების კვალს...
შენ საუბრობ ერთ რომელიმე ენაზე, შესაძლოა რამდენიმეზე. ან იქნებ ოჯახში ერთ ენაზე ლაპარაკობ, სკოლაში კი სხვაზე? ასეა თუ ისე, ნათელია, იმისათვის რომ ევროპელებს გაუგო, უნდა ისწავლო წევრი ქვეყნების ენები, რადგან ევროპული, არ არის ენა.
ევროპა 200-ზე მეტი ენის საგანძურია. არსებობს ქვეყნის ოფიციალური ენა, რომელზეც, ჩვეულებრივ, მისი მოსახლეობის უმრავლესობა საუბრობს. ზოგიერთ ქევყანაში, ოფიციალურ ენასთან ერთად, ხალხი სხვა ენებზეც საუბრობს.
ყოველი ქვეყნის ისტორიაშია მნიშვნელოვანი თარიღები, ცნობილი ბრძოლები, ამიტომ, ევროპის საბჭო ხელს უწყობს სხვადასხვა ქვეყნის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ისტორიის სწავლისა და შესწავლის მეთოდების ურთიერთგაზიარებაში, ყველაზე მეტად ეს შეეხება მე-20 საუკუნის მძიმე ისტორიას, საუკუნისა, რომლის შესახებაც, შესაძლოა, აქამდე არაფერი იცოდი. ეს გულისხმობს ევროპის ისტორიათა გადმოცემას, რათა შეიქმნას საერთო მეხსიერება და ამგვარად გაეწიოს დახმარება ურთიერთგაგებას, შემწყნარებლობასა და მეგობრობას ხალხებს შორის...
იპოვე ამ გვერდზე დამალული
ოქროს ვარსკვლავი და...
აირჩიე სწორი გეზი სხვა გალაქტიკისაკენ
მე-14 ან მე-16 გვერდზე!
![]() |
12 როცა ახალგაზრდა გავხდები... |
▲ზევით დაბრუნება |
ყურადღებით დააკვირდი ამ გალაქტიკას. ის თითქოს
განუწყვეტლივ იზრდება და იზრდება. პლანეტები ისეთი
ნორჩები ჩანან! ისინი სულ
უფრო უახლოვდებიან ერთმანეთს.
შენ ჯერ ისევ ბავშვი ხარ, მაგრამ ერთ დღესაც, შესაძლოა გაგიჩნდეს სურვილი, წახვიდე და აღმოაჩინო ევროპა, მოინახულო სხვა ქვეყნები, ისწავლო ან იმუშაო! ევროპის საბჭო არა მხოლოდ ეხმარება ახალგაზრდა ევროპელებს მოგზაურობასა და ევროპის სხვა კულტურების აღმოჩენაში, არამედ, ხელს უწყობს ასევე მათ მონაწილეობას თავიანთი ქვეყნების პოლიტიკურ და დემოკრატიულ ცხოვრებაში.
მოგზაურობა ყველასათვის: ევროპის საბჭო და რკინიგზის საერთაშორისო კავშირი ფულს იხდიან ახალგაზრდობის გადაადგილების სოლიდარულ ფონდში, რათა დაეხმარონ ხელმოკლეებს. ეს ფული საშუალებას აძლევს ღარიბ ახალგაზრდებს, უფასოდ გაემგზავრონ ჯგუფურ მოგზაურობაში, რათა აღმოაჩინონ და უკეთ გაიგონ, თუ როგორ ცხოვრობს ხალხი სხვა ქვეყნებში.
ახალგაზრდა ევროპელებს შეუძლიათ, შეიკრიბონ ევროპის ახალგაზრდულ ცენტრში სტრასბურგსა (საფრანგეთი) და ბუდაპეშტში (უნგრეთი). ერთად, ისინი ფიქრობენ დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, უმცირესობების, კულტურათშორისი გაცვლებისა და ევროპაში მშვიდობის შესახებ უმთავრეს საკითხებზე. შემდგომში, ისინი ამ აზრებს უზიარებენ თავიანთ თანამემამულეებს, რომელთაც ვერ შეძლეს მოგზაურობაში მონაწილეობის მიღება.
იპოვე ამ გვერდზე დამალული
ოქროს ვარსკვლავი და...
აირჩიე სწორი გეზი სხვა გალაქტიკისაკენ
22-ე, მე-6 ან მე-14 გვერდზე!
![]() |
13 ევროპა არ არის პლანეტა! |
▲ზევით დაბრუნება |
ახლა კი დროა, დაუბრუნდე დედამიწას და გააცნობიერო,
რომ ევროპა არ არის პლანეტა!
დიდი ევროპა ინარჩუნებს მჭიდრო კავშირებს
მსოფლიოს სხვა მხარეებთან.
ევროპის საბჭო დაარსდა 1949 წლის 5 მაისს, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მცირე ხანში. სტრასბურგი (საფრანგეთი) არის მასპინძელი ქალაქი ევროპის საბჭოსათვის, რომელიც 47 წევრ ქვეყანას აერთიანებს! ეს არის დიდი ევროპა, ტერიტორია, სადაც 800 მილიონი ევროპელი ცხოვრობს.
ევროპის საბჭო, საერთაშორისო შეხვედრებისათვის, მასპინძლობს აგრეთვე დამკვირვებლებს მთელი მსოფლიოდან, სახელდობრ იაპონიიდან, კანადიდან და აშშდან. ზოგიერთი მისი კონვენცია ხელმოწერილია ევროპის მიღმა მდებარე ქვეყნების მიერაც.
დღეს არც ერთ ქვეყანას არ შეუძლია სხვათაგან მოწყვეტით ცხოვრება. შენ ყიდულობ საქონელს, დამზადებულს სხვა ქვეყანაში, მოგზაურობ, მშობლები მუშაობენ სხვა რეგიონებში, ევროპის გარეთაც კი, ოჯახის რომელიმე წევრი კი ცხოვრობს მსოფლიოს მეორე მხარეს. და აი ახლა, როცა დაბრუნდი კოსმოსში მოგზაურობიდან, შესაძლოა, შენც ფიქრობ, რომ არა მარტო ევროპის, არამედ უფრო მეტიც, მსოფლიოს მოქალაქე ხარ.
მაგრამ გაფრთხილდი! არ უნდა აგერიოს ერთმანეთში ევროპის საბჭო და ევროკავშირი. ევროკავშირი - სხვა კოსმოსური სადგური? - დაარსდა 1957 წელს და ამჟამად 27 წევრ ქვეყანას აერთიანებს.
იპოვე ამ გვერდზე დამალული მეთორმეტე ოქროს
ვარსკვლავი. თუკი რომელიმე მათგანი გაკლდება,
დაბრუნდი მე-20 გვერდზე, რათა დაასრულო მათი შეგროვება.
![]() |
14 ბოლო ნაბიჯი მისიის დასასრულებლად: |
▲ზევით დაბრუნება |
უპასუხე კოსმოსური ტესტის 10 შეკითხვას!
1. რამდენი ქვეყანაა ევროპის საბჭოს წევრი? ----------
2. დაახლოებით რამდენი ადამიანი ცხოვრობს დიდ ევროპაში?--------
3. დემოკრატია არის მაშინ, როდესაც ძალაუფლება, მთლიანობაში, მოქალაქეთა ხელშია,
----მართალია -----თუ ტყუილი?
4. რომელია ის უფლებები, რომლებიც არავის შეიძლება ჩამოერთვას?
|
|
5. ევროპის საბჭო ეწევა იგივე საქმიანობას, რასაც ევროკავშირი, -----
მართალია ---------თუ ტყუილი?
6. ყველა ევროპელი განსხვავებულია, ---------მართალია -------
თუ ტყუილი?
7. დაახლოებით რამდენ ენაზე საუბრობენ ევროპაში?
---27, --47, თუ --200-ზე მეტი?
8. ბავშვებს გააჩნიათ ნაკლები უფლებები, რადგან ისინი უფრო პატარები არიან, მართალია თუ ტყუილი?
9. გოგონებს და ბიჭებს გააჩნიათ ერთნაირი უფლებები, ----- მართალია
---- თუ ტყუილი?
10. დედამიწის დაცვის საქმეში წინსვლის მიღწევას ეწოდება
|
განვითარება (ჩაწერე გამოტოვებული სიტყვა).
გილოცავ,
შენ ყველა შეკითხვას უპასუხე!
უკანასკნელი სიურპრიზი
გელის მე-18 გვერდზე.