The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

შესაძლებლობათა შეზღუდვის ისტორია

შესაძლებლობათა შეზღუდვის ისტორია


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: იონათამიშვილი რატი
თემატური კატალოგი ადამიანის უფლებები
საავტორო უფლებები: © კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის
თარიღი: 2007
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: თბილისი 2007 რატი იონათამიშვილი ავტორი და რედაქტორი კობა ნადირაძე კონსლუტანტი ირაკლი ხარაძე ყდის დიზაინი ეს პუბლიკაცია გამოიცა ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) დახმარებით. ფედერაცია „გადავარჩინოთ ბავშვების“ და კოალიციის დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მიერ. გამოხატული მოსაზრებები შესაძლოა არ იქნას გაზიარებული USAID-ის მიერ This publication was made possible through support provided by the US Agency for International Development (USAID). The opinion expressed those of Save the Children and Coalition for Independent Living do not necessarily reflect the views of USAID.



1 * * *

▲ზევით დაბრუნება


„შესაძლებლობათა შეზღუდვის ისტორია“ წარმოადგენს წიგნს, რომელშიც ასახულია ინვალიდობის ტრადიციული და თანამედროვე მიდგომები, არის საუბარი დამოუკიდებელი ცხოვრების ფილოსოფიის მნიშვნელობაზე და განხილულია ჩვენს რეალობაში არსებული სტერეოტიპებისა და ცრუ-წარმოდგენების წარმოშობის საფუძვლები. ეს არის პირველი წიგნი, რომელიც იბეჭდება მსგავს საკითხებზე და საინტერესოა როგორც დაინტერესებული, ასევე უბრალო მკითხველისათვის, ვინაიდან აცნობს მათ თანამედროვე ხედვას და მიდგომებს და ხელს უწყობს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.

2 შესაძლებლობათა შეზღუდვის ისტორია

▲ზევით დაბრუნება


რიჩარდ რეიზერი
პედაგოგებისათვის განკუთვნილი დამხმარე მასალებიდან
All Equal All Different

საზოგადოების დამოკიდებულებას შესაძლებლობათა შეზღუდვისადმი (ინვალიდობისადმი) საკმაოდ დიდი და ხანგრძლივი ისტორია აქვს. ის ცრუ-წარმოდგენები და სტერეოტიპები, ჩვენს რეალობაშიც უხვად რომ არსებობენ, საუკუნეების მანძილზე იქმნებოდნენ და ყალიბდებოდნენ.

ამ თემის საფუძვლიანი შესწავლა ძალიან მნიშვნელოვანია. ისტორიის ზუსტი ცოდნისა და ანალიზის შემთხვევაში, ჩვენ მეტი შანსი გვეძლევა შევცვალოთ და ავამაღლოთ საზოგადოების ცნობიერება, გავხადოთ იგი გაცილებით უფრო ცივილური და ობიექტური. თითოეულმა ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენი სამყარო დაფუძნებულია მრავალფეროვნების პრინციპზე და იყო განსხვავებული არ ნიშნავს - იყო უცხო და უცნობი.

მოცემულ მასალაში ჩვენ გვექნება საუბარი იმ მიდგომებზე, რომელიც არსებობდა შესაძლებლობათა შეზღუდვის გარშემო ანტიკურ სამყაროდან დაწყებული ჩვენი რეალობით დამთავრებული. ჩვენ აგრეთვე ვისაუბრებთ ინვალიდობის ტრადიციულ და თანამედროვე მიდგომებზე, რომელსაც სხვანაირად სამედიცინო და სოციალურ მოდელებს ვუწოდებთ და დამოუკიდებელი ცხოვრების ფილოსოფიაზე.

ნებისმიერი კულტურა თავის თავში ასახავდა იმ მსოფლხედვას, რომელიც მის შემქმნელ ხალხს გააჩნდა ამა თუ იმ საკითხისა და მოვლენის მიმართ. გამონაკლისი არც შესაძლებლობათა შეზღუდვის თემაა.

ანტიკური სამყარო ქადაგებდა „მშვენიერი სხეულის“ კულტს... აქ გამეფებული იყო მოსაზრება - ლამაზ სხეულში ლამაზი სულია, ამიტომ ერთგვარი „სკულპტურული ხედვა“ ჩვეულებრივ, ყოველდღიურ ცხოვრებაშიც დამკვიდრებული იყო. ძველ საბერძნეთში და რომში რაიმე სახის ფიზიკური განსხვავება უკვე დიდ ცოდვად და ნაკლად ითვლებოდა. ამიტომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები განიცდიდნენ უმწვავეს დისკრიმინაციას და ყველასაგან გარიყულ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ.

ამ მხრივ საინტერესოა ის ტრადიცია, რომელიც ერთ-ერთ ძველ ბერძნულ პოლისში - სპარტაში არსებობდა. აქ ფიზიკური შეზღუდულობით დაბადებული ბავშვი იმთავითვე იწირებოდა სიკვდილისათვის, ვინაიდან მას დაბადებისთანავე უფსკრულ „აპოთეტში“ აკვდინებდნენ. ამ ტრადიციით სპარტანელები საკუთარი „რასის “ სიჯანსაღეზე ზრუნავდნენ, თუმცა ამან ვერ უზრუნველყო მისი ბედნიერი მომავალი და სპარტა საკუთარი მოქალაქის ღალატის შედეგად დაეცა...

ძველი რომის კოლიზეუმში არა ერთი შემზარავი სანახაობა იმართებოდა... მათ შორის იყო ინვალიდობის მქონე ადამიანების შიშველ შუბებზე გდება, უსინათლო გლადიატორების შერკინებანი, ქალებსა და ჩია ტანის ადამიანებს შორის ორთაბრძოლების გამართვა და სხვა.

უნდა ითქვას რომ მსგავსი მიდგომები, არც შუა საუკუნეების ევროპაში შეცვლილა, რაც განსაკუთრებით ინკვიზიციის აღამვლობის ხანაში იგრძნობოდა. ამ დროს გამოიცა წიგნი, რომელსაც ერქვა დიდი ნადირობა ალქაჯებზე (Malleus Maleficarum სხვანაირად ალქაჯების ჩაქუჩი 1480-1680..), იგი მითითებული დროის განმავლობაში 70-ჯერ 14 სხვადასხვა ენაზე გამოიცა. ეს წიგნი ხსნიდა, თუ როგორ უნდა გაარჩიოს ადამიანმა ალქაჯი ფიზიკური და გონებრივი არასრულფასოვნების ნიშნების ხარჯზე და მიდიოდა სასტიკი ანგარიშსწორება. ყველაზე სამწუხარო კი ის იყო, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან და იმ ადამიანებთან ერთად, ვინც თავს წინასწარმეტყველად აცხადებდა, ისჯებოდნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ფლობდნენ მკურნალობის სხვადასხვა საიდუმლოს და ჯადოსნობასთან სინამდვილეში არანაირი კავშირი არ გააჩნდათ.

ინკვიზიციის ეპოქაში ევროპის მასშტაბით ჯადოსნობის ბრალდებით სიკვდილით 8 მილიონიდან 20 მილიონამდე ადამიანი დაისაჯა. მათი უმეტესობა ქალი იყო. მათ შორის ძალიან ბევრი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი გახლდათ.

ინვალიდობის მქონე ადამიანები „განტევების ვაცებად“ გამოჰყავდათმაშინაც კი, როცა ხოლერისა და შავი ჭირის ეპიდემია ვრცელდებოდა. ისინი ცხადდებოდნენ „ბოროტებასთან წილ-ნაყარ არსებებად“ და მათი დასჯა, ხალხის აზრით, ეპიდემიისგან განთავისუფლებას მოასწავებდა.

მარტინ ლუთერმა (პროტესტანტიზმის მთავარი პატრიარქი და დამფუძნებელი) ფიზიკური შეზღუდულობით დაბადებულ ბავშვებზე საუბრისას თქვა: წაიყვანეთ გონებასუსტი ბავშვი მდინარესთან და ჩაძირეთ იგი

16-ე საუკუნის ჰოლანდიაში კეთრით დაავადებული ადამიანები ითვლებოდნენ ცოდვილებად და მთელ მათ ქონებას სახელმწიფო კონფისკაციას უხდენდა. თუკი ადამიანი, რომელსაც „ასე ეტყობოდა სახეზე ცოდვა, მორჩილ და უპრეტენზიო ცხოვრებას აირჩევდა, მაშინ ითვლებოდა, რომ მას სიკვდილის შემდეგ სამოთხე ელოდა.

ინვალიდობის მქონე პირები ისტორიულად დაცინვის ობიექტად მიაჩნდა არისტოკრატიასაც. მეფის და წარჩინებული ფეოდალების კარზე მყოფი ჯამბაზები, როგორც წესი, სხვადასხვა ფორმის ინვალიდობას ფლობდნენ.

მსგავსი დამოკიდებულება შემდეგ ასწლეულებშიც არ შეცვლილა. 18-ე და 19-ე საუკუნეებში ძალიან პოპულარული იყო თეატრალური სანახობები, სადაც მთავარი დატვირთვა სხვადასხვა სახის ფიზიკური დარღვეულობის მქონე ადამიანებზე მოდიოდა. მაგალითად, ცნობილი იყო ე.წ. „სულელების გემები“, რომლებიც მოგზაურობდნენ პორტიდან პორტში და საზოგადოებას ისეთ თეატრალურ წარმოდგენებს სთავაზობდნენ, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები სასაცილო მდგომარეობაში გამოყავდათ. მსგავსი სანახაოებები დიდი პოპულარობით სარგებლობდა და პრიმიტიული ნომრები გვარიანად ართობდა იმ დროინდელ პუბლიკას. მაგრამ ეს ტურნეები დიდ ხანს არ გრძელდებოდა, და როცა ნელდებოდა მაყურებლის ინტერესი, გემის პატრონები „სულელებს“ სანაპიროზე საკუთარი ბედის ამარა ტოვებდნენ. მათზე კი, ცხადია, არავინ ზრუნავდა.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს არ წყალობდა არც ევროპული მწერლობა, ხალხური ზეპირსიტყვიერება და ეპოსი. აქ ხშირად უარყოფით პერსონაჟებად კოჭლი, ცალთვალა, ან კუზიანი გმირები გვევლინებიან, როგორიც ვთქვათ ჯადოქარი ქალის სახეა ძმები გრიმების ზღაპრებიდან („გენზელი და გრეტელი“, „ფიფქია და შვიდი ჯუჯა“ და სხვა), ანრ.ლ. სტივენსონისა და ჯ. მ. ბარის ცნობილი მეკობრე- პერსონაჟები: ცალფეხა ჯონ სილვერი, უსინათლო პიუ („განძთა კუნძული“) და კაპიტანი კაუჭი („პიტერ პენი“). მსგავსი პერსონაჟები კიდევ ძალიან უხვად გვხვდება ევროპულ მწერლობასა და ზეპირსიტყვიერებაში, ამ ყოველივეს უარყოფითი მხარე კი ის გახლავთ, რომ როდესაც ბავშვი წაიკითხავს მსგავს ზღაპრებს, მაგალითად „გენზელს და გრეტელს“ და გავა ქუჩაში, იმ მოხუცებულის ხილვისას, რომელსაც სიარული უჭირს, აუცილებლად გაახსენდება ბოროტი ალქაჯი ზემოთთქმული ზღაპრიდან, რაც ცრუ-წარმოდგენების შექმნის საფუძველს მისცემს.

ამიტომ არის აუცილებელი, რომ მსგავსი ზღაპარებისა და ისტორიების გაცნობის პარალელურად ბავშვებისთვის ხდებოდეს სათანადო ახსნა რეალობისა, რომ მათ კარგად იცოდნენ - ფიზიკური ნაკლოვანება სრულიად არ ასახავს ადამიანის ზნეობრივ სიმაღლეს, და სიკეთე, პირველ რიგში, სულიერი სილამაზეა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ხელს შევუწყობთ ბავშვებში იმ სტერეოტიპების დამკვიდრებას, რომელთა შეცვლაც აუცილებელია თანამედროვე და ღირსეული სამოქალაქო საზოგადოების შექმნისთვის და რის წინააღმდეგაც ასე აქტიურად ვიბრძვით დღესაც.

XX საუკუნიდან განსაკუთრებით პოპულარული იყო მოძღვრება, რომელიც ევგენიკის (ბრძენ, ეუგენეს - „კარგი გვარი“) სახელით არის ცნობილი. ეს მოძღვრება „ჯანსაღ გენს“ უწევდა პროპაგანდას და გმობდა ყოველგვარ ფიზიკურ, თუ მენტალურ შეზღუდულობას. სამწუხაროდ ამ მიმდინარეობას ბევრი გამოჩენილი მოღვაწეც უჭერდა მხარს. მათ შორის იყვნენ ცნობილი მწერლები: დ. ჰ. ლოურენსი, ჰ. უელსი, ო. ჰეკსლი და ცნობილი პოლიტიკოსი უინსტონ ჩერჩილი, რომელმაც 1913 წელს, როცა ჯერ კიდევ დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრი იყო და ლორდთა პალატაში განიხილებოდა კანონი გონებრივი ჩამორჩენილობის შესახებ, ოფიციალურ მოხსენებაში განაცხადა: გონებასუსტი ადამიანები წარმოადგენენ საშიშროებას რასისთვის. საზოგადოებამ უნდა მოიშოროს ისინი და სასურველია ეს მიმდინარე წლის ბოლომდე მოხდეს.

გონებრივი ჩამორჩენილობის კანონის ამოქმედებისშემდეგ,სპეციალურ დაწესებულებებში, მოთავსებულ იქნა სამეფო კარის ორი წევრიც, ერთი მათგანი დედა-დედოფლის ბიძა იყო, რომლის ისტორიაზეც მოგვიანებით BBC - მ გადაიღო ფილმი „დაკარგული უფლისწული “ (რეჟ. სტივენ პოლიაკოვი).

ნაცისტური რეჟიმის დამყარებას გერმანიაში,როგორც ცნობილია,გაუგონარი სისასტიკე და რეპრესიები მოჰყვა. ყოველივე ეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსაც შეეხო, ვინაიდან „არიული რასის“ შექმნისკენ მიმართული პროპაგანდა საკუთარი მოდგმის უპირატესობაზე ქადაგებდა,ფიზიკურ შეზღუდულობას „კანონგარეშედ“ აცხადებდა და დევნიდა. მესამე რაიხის იდეოლოგიისათვის დამახასიათებელი იყო შემდეგი ფრაზა: მოკალი სიბრალულის გამო. ამიტომ ნაცისტურ გერმანიაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები განიცდიდნენ სასტიკ დევნას და დამცირებას. ამას ემატებოდა ის პროპაგანდისტული ფილმები, სადაც ინვალიდობის მქონე ადამიანები საკუთარი ფიზიკური ნაკლოვანების გამო სახელმწიფო დამნაშავეებად ყავდათ გამოყვანილი. ერთ-ერთ ასეთ ფილმს „Ich Klage“, რომელიც 1941 წელს დადგა რეჟისორმა ვოლფგანგ ლიბენაინერმა, ვენეციის კინოფესტივალზე უმაღლესი ჯილდოც მიენიჭა და უკვე 1945 წელს იგი 13,5 მილიონ ადამიანს ქონდა ნანახი (თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ საკმაოდ დიდი ნაწილი არ იზიარებდა ამ ფილმის კონცეფციას და შიშის გამო შედიოდა კინო-სეანსზე).

1939-40 წლებში 140 000 ფიზიკური და მენტალური შეფერხების მქონე ადამიანი შეეწირა გერმანელი ექიმების ექსპერიმენტებს. მსხვერპლი იქნებოდა გაცილებით უფრო დიდი, რომ არა ის ამბოხება, რომელსაც მიუნხენის არქიეპისკოპოსის - ჰალენის თაოსნობით ქონდა ადგილი 1940 წელს, თუმცა ამის შემდგომ მთავრობა მსგავს ექსპერიმენტებს, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების ფიზიკური განადგურებისა და ტანჯვის ხარჯზე ხორციელდებოდა მაინც ატარებდა, ოღონდ ახლა ეს გასაიდუმლოებულ ვითარებაში ხდებოდა. ინვალიდობის მქონე ბავშვების ფიზიკური განადგურება გრძელდებოდა 1945 წლამდე და სამწუხაროდ 100 000-ზე მეტი ბავშვი დაიღუპა ნაცისტი ექიმების ხელებით. ასეთი გამანადგურებელი პროგრამები იგეგმებოდა ბერილინში, ტიერგარდენის №4, სადაც მდებარეობდა მათი ცენტრალური შენობა. ამიტომ ეს პროგრამები დღეს ცნობილია „T4“-ის სახელწოდებით.

20-ე საუკუნიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა თავად დაიწყეს საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლა და დროთა განმავლობაში საკმაოდ დიდ წარმატებებს მიაღწიეს. მსგავსი მოძრაობები თავდაპირველად პირველი მსოფლიო ომის შემდეგ მოედო ევროპასა და ამერიკას, რომლის დროსაც ომის ვეტერანები, რომლებმაც შესაძლებლობათა შეზღუდვა საომარი ოპერაციების დროს შეიძინეს, მოითხოვდნენ სამუშაო ადგილებსა და საკუთარი უფლებების დაცვას. მათ შექმნეს პირველი საზოგადოებრივი გაერთიანებები და ორგანიზაციები.

ინვალიდობა მსოფლიოს სრულიად ახალი თვალით დაანახა ედ რობერტსმა და აშშ-ში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციამ „შესაძლებლობათა შეზღუდვის მსოფლიო ინსტიტუტმა“, რის შემდეგაც დაინერგა ფაქტიურად „დაუმოკიდებელი ცხოვრების ფილოსოფიის“ იდეოლოგია, რომლის ძირითადი ღირებულებანი და კონცეფცია ნებისიმიერი ინვალიდობის მქონე პირისთვის დღემდე არ კარგავს აქტუალობას და უმნიშვნელოვანესია.

მაშინ ამ მოძრაობის მთავარმა აქტივისტებმა - ედ რობერტსმა და მისმა მეგობრებმა საკუთარი მაგალითით აჩვენეს ამერიკის საზოგადოებასა და მთელ მსოფლიოს, რომ ადამიანი, რომელიც ფლობს შესაძლებლობათა შეზღუდვის თუნდაც ყველაზე მძიმე ფორმას, შეიძლება არ დაიკარგოს, მიაღწიოს ძალიან ბევრს და საკუთარი ცხოვრებით დაეხმაროს ათასობით ადამიანს, მათი ყოფა გახადოს უკეთესი და გააუმჯობესოს თავისუფლების ხარისხი. ამისთვის კი საკუთარი დაუდგრომლობისა და მიზანდასახულობის გარდა აუცილებელია რომ მათთვის იქმნებოდეს განვითრებისთვის სასურველი გარემო-პირობები.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები დღესაც განაგრძობენ ბრძოლას საკუთარი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად და ცდილობენ ყველა აუცილებელი პირობის შექმნას იმისათვის, რომ შესაძლებლობათა შეზღუდვის გამო არ ილახებოდეს ინვალიდობის მქონე პირთა ღირსება, არ იზღუდებოდეს მათი ნიჭიერება, პოტენციალი და საზოგადოების თითოეულ წევრს განვითარებისათვის თანაბარი პირობები და სასტარტო პოზიციები ექმნებოდეს.

3 შესაძლებლობათა შეზღუდვის ისტორია საქართველოში

▲ზევით დაბრუნება


საქართველოში შესაძლებლობათა შეზღუდვას საკმაოდ საინტერესო ისტორია აქვს. აქ ადამიანების დამოკიდებულება ინვალიდობისადმი არ ყოფილა ერთაზროვანი. ჩვენ ქართული ფოლკლორისა და ზეპირსიტყივერების ანალიზის საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, თუ რასთან ასოცირდებოდა ინვალიდობა საქართველოში და როგორი დამოკიდებულება გააჩნდათ შესაძლებლობათა შეზღუდვისადმი ქართველებს.

უძველესი დროიდან ომში სხეულის დაზიანება საგმირო საქმედ აღიქმებოდა. ამიტომ ასეთ მეომბრებს ხალხი გმირებად თვლიდა და მათ განსაკუთრებულ პატივს მიაგებდა. ომიდან უვნებლად დაბრუნება სასირცხვილო საქმედაც კი ითვლებოდა. ამავე დროს ხალხში ფრიად გავრცელებული იყო თქმა: „ერთი გიჟი ყველა სოფელს უნდა ყავდეს“ და მართლაც, თითქმის ყველა სოფელში არსებობდა ისეთი ადამიანი, რომელიც გონებრივ ჩამორჩენას ფლობდა და მთელი სოფლისთვის გართობის საგანს წარმოადგენდა. მსგავსი პერსონაჟები ჭაბუა ამირეჯიბისა და კონსტანტინე გამსახურდიას ნაწარმოებებშიც გვხვდება.

ქართულ ზღაპრებში ინვალიდობას როგორც ბოროტ, ასევე კეთილ არსებებს მიაწერდნენ. მაგ. უარყოფითი პერსონაჟებიდან შეგვიძლია გამოვარჩიოთ ზღაპრული დევები, რომლებიც ხშირად გონებრივად ჩამორჩენილები და თვალნაკლულები იყვნენ. გადმოცემის მიხედვით,კოჭლი იყო ცხოველთა მფარველი ძველქართული ღვთაება ოჩოპინტრე, ხოლო ტყის ღვთაება ოჩოკოჩს არ შეეძლო საუბარი, ამიტომ მისი შეძახილი „ვოო“ ყველა შემხვედრ პირს თავზარს სცემდა. ქართული ზღაპრის ძალიან საინტერესო პერსონაჟია ცეროდენაც, რომელიც განსაკუთრებული სიყვარულით ბავშვებში სარგებლობს. ცეროდენა ტანმორჩილზე კიდევ უფრო პატარა არსებაა, თუმცა მის გმირობას, მოხერხებულებას და სიმამაცეს საზღვარი არ გააჩნია.

მეგრულ მითოლოგიაში ცნობილია ტყის ულამაზესი ქალღმერთი ტყაში-მაფა, რომელსაც ბევრი მკვლევარი ნადირობის სვანურ ქალღმერთთან დალისთან აიგივებს, თუმცა, როგორც ცნობილია, ტყაში-მაფა, დალის განგანსხვავებით, ადამიანებთან სიტყვიერ კონტაქტში არ შედიოდა და მხოლოდ ხელებით საუბრებოდა.

ქართული მითოსის ძალიან საინტერესოა პერსონაჟია წვიმა-სეტყვისა და ჭექა-ქუხილის ღვთაება ელია, რომელიც ხალხური წარმოდგენით ცაზე ეტლით დაგრიალება, ბრმა არის და ამიტომ ზოგჯერ იქ მოავლენს წვიმასა და სეტყვას, სადაც ადამიანები მას არ ელიან. ამიტომ ცაზე ღრუბელი რომ გამოჩნდებოდა, სოფლის მოსახლეობა ატეხავდა ხოლმე ზარების რეკვასა და ბუკის რტყმას, ელია გაიგონებს, მიხვდება სოფელია და გაგვეცლებაო. ნიშანდობლივია ისიც, რომ ელია კეთილ ღვთაებად ყავდა ხალხს წარმოდგენილი და მას უსინათლობა არ უშლიდა ხელს ხალხის საყვარელ ღვთაებად ყოფილიყო. ამის დასტურია ისიც, რომ მოგვიანებით, ქრისტიანობის შემოღების შემდეგ, ელიას წარმართული კულტი ცად ამაღლებულ ბიბლიურ წინასწარმეტყველ ელიას, იგივე ილიას კულტს შეერწყა და ქრისტიანობის შემდეგაც იმართებოდა საქართველოში ელიაობა. რომელიც სწორედაც რომ წარმართულ ამინდის ღვთაებას ეძღვნებოდა და სახალხო ზეიმის ფორმა გააჩნდა.

ინვალიდობის თემა ძალიან საინტერესოდ იშლება ქართულ მწერლობაშიც. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნი ნოდარ დუმბაძის შემოქმედებაა, სადაც ისინი, როგორც წესი, დადებით და ყველასათვის მისაბაძ გმირებად გვევლინებიან. ილიკო და ილარიონი ყველა მკითხველისათვის უსაყვარლესი პერსონაჟები არიან, ორივე მათგანს ერთი თვალი „შუში“ ქონდა. განსაკუთრებულია ხატიას სახეც მოთხრობიდან „მე ვხედავ მზეს“. ფაქტიურად ამ მოთხრობაში გატარებულია ის ღირებულებები და იდეალები, რომლის დანერგვაც დღეს ინკლუზიური განათლების მიხედვით გვიხდება, რაც ძალიან საამაყოა. იგივე რომანში გვხვდება ბეჟანის ძალიან საინტერესო სახე, რომელიც მოთხრობაში ერთგულების, სიკეთისა და მეგობრობის განსახიერებაა. ძალიან საინტერესოდ იშლება მოთხრობაში აგრეთვე „მზის ხედვის“ მოტივი. ხატია მხოლოდ მზეს და სოსოიას ხედავს, რაც სიმბოლურად სიყვარულისა და სიცოცხლის ნიჭის გამომხატველია მოთხრობაში და მიგვანიშნებს იმაზე, რომ არ ფლობდე მხედველობას, სულაც არ ნიშნავს - არ ხედავდე სინათლესა და ჭეშმარიტებას.

კონსტანტინე გამსახურდიას რომანში „მთვარის მოტაცება“ არის ძალიან საინტერესო პერსონაჟი - ლუკაია ლაბახუა. ლუკაია სამასხარაოდ და დასაცინად გაეხადა მთელ სოფელს, მხოლოდ თარაშ ემხვარი და თამარ შარვაშიძე ექცევიან მას, როგორც კარგ ადამიანს. თვით ტარიელ შარვაშიძეც კი, რომელსაც ლუკაიაზე ერთგული კაცი არ ყოლია, არ არის მის მიმართ კეთილგანწყობილი. არადა, ლუკაია ლაბახუა სინამდვილეში უაღრესად კეთილი, დიდსულოვანი და ფილოსოფიურად მოაზროვნე პერსონაჟია, რაც კარგად ჩანს იმ ეპიზოდიდან, როცა იგი სამრეკლოს ბნელი თაღის ქვეშ რეკავს ზარებს.

ჭაბუა ამირეჯიბის „დათა თუთაშხიაში“ უკვე პირველ გვერდზე გვხვდება ისეთი ფრაზა, რომელსაც დღესაც ხშირად შეხვდებით ინვალიდობის მქონე პირთა უფლებების დამცველთა მიერ გამართულ ფორუმებსა თუ ღონისძიებებზე: ორ ადამიანს იქნებ თანაბარი შესაძლებლობები, ოღონდ სხვადასხვაგვარი ზნეობა ჰქონდეს. აქ ფაქტიურად უკვე იმაზეა სასუბარი, რომ ყველა ადამიანს შესაძლებლობა თანაბარი უნდა ქონდეს, ხოლო ინტერესები და ზნეობრივი პრინციპები ყოველთვის განსხვავებული იქნება.

რომანში ხშირად გვხვდება ისეთი პერსონაჟები, რომლებიც სხვადასხვა ფორმის ინვალიდობას ფლობენ და არიან როგორც დადებითი, ასევე ოდიოზური პირები. მაგალითად, კოჭლ კაკო თაბაგარისა და ქონდრისკაც ზებოს სახით ავტორს უარყოფითი გმირები ყავს წარმოჩენილი, ხოლო.უსინათლო მოხუცის მორდეხის სახით დაუვიწყარო პერსონაჟი შექმნა. ფაქტიურად, მთელ რომანში ეს არისერთადერთი კაცი, ვისაც რომანის მთავარი გმირი დათა თუთაშია ბოლომდე ენდობა და მისი ნაამბობი ყოველთვის აინტერესებს. მორდეხი მთელ რომანში სიბრძნით გამორჩეული და დიდსულოვანი პერსონაჟია, რომელიც გამოჩენისთანავე იგებს მკითხველის გულს.

4 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებათა დამცველი მოძრაობა საქართველოში

▲ზევით დაბრუნება


ინვალიდობის მქონე პირთა მდგომარეობა საბჭოთა ხელისუფლების დროს კიდევ უფრო დამძიმდა საქართველოში. ამ დროს პოპულარული იყო ლოზუნდი: ჩვენთან ინვალიდები არ ცხოვრობენ, რაც ცხადია, რეალობას არ ასახავდა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ელემენტარული ინტერესების დაკმაყოფილების საშუალებაც არ ეძლეოდათ. ამ დროს არანაირი ყურადღება არ ექცეოდა მათ ფიზიკურ და ინტელექტუალურ პოტენციალს და ყველას ერთი და იმავე ტიპის პრიმიტიულ სამუშაოს სთავაზობდნენ. ყველა ინვალიდობის ფორმის მიხედვით ნაწილდებოდა და საზოგადოებისგან იზოლაციაში ამყოფებდნენ.

საქართველოში ინვალიდობის მქონე პირთა უფლებათა დამცველი მოძრაობა 80-იანი წლებიდან დაიწყო. მართალია, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში არსებობდა სმენადობისა და მხედველობის არმქონეთა არასამთავრობო ორგანიზაციები, მაგრამ მათი ფუნქცია მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა თანამედროვე არასამთავრობო ორგანიზაციების მიზნებისა და ამოცანებისგან.

პირველი შეზღუდული შესაძლებლობათა მქონე პირების არასამთავრობო ორგანიზაცია 1989 წელს „ღვთის შვილთა კავშირის“ სახით შეიქმნა. 1994 წელს კი უკვე ფუნქციონირებდა 20-მდე მსგავსი არასამთავრობო ორგანიზაცია.

1996 წელს უკვე არსებობდა რამოდენიმე ათეული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლევიც მიმართული იყვნენ ინტერესებისა და უფლეების დაცვისკენ. სწორედ აქედან დაიწყო სამოქალაქო სექტორის აქტიურობა საზოგადოებრივ ასპარეზზე. მათ წინა პლანზე წამოსწიეს ყველა ის საჭირბოროტო საკითხი, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს აწუხებდათ და შეეცადნენ თავისი ძალებითა და რესურსებით ამ საკითხების გადაჭრას. ინვალიდობის მქონე პირთა არასამთავრობო ორგანიზაციების დამსახურებაა ისიც, რომსახელმწიფო სტრუქტურები დაინტერესდნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მდგომარეობით და პრობლემებით. სწორედ ეს აქტიურობა გახდა იმის მიზეზი, რომ 1995 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო, ჩვენი აზრით, შესანიშნავი კანონი „შეზღუდული შესაძლელბობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“.

1998 წლის დასაწყისში „ინვალიდთა ლიგის“ თაოსნობით შეიქმნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა არასამთავრობო ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭო, რომელშიც გაერთიანდა შესაძლებლობათა შეზღუდვის სფეროში მომუშავე 21 ორგანიზაცია და რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის ეწოდა. ეს იყო მნიშვნელოვანი მოვლენა, რადგან კოალიციამ თავის თავში გააერთიანა ინვალიდობის თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები და უმთავრეს მიზნად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების დაცვა, მათი ინტეგრაცია, სამედიცინო და სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობა დაისახა.

თუკი აქამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და მათი ოჯახის წევრები კონკრეტული ინვალიდობის ფორმის მიხედვით ერთიანდებოდნენ და სახელმწიფოსგან ძირითადად, სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესებას ითხოვდნენ, ამიერიდან უკვე სამოქალაქო უფლებები და ინტერესები გახდა უმთავრესი დაცვის საგანი, რაც უფლებათადამცველ სამოქალაქო მოძრაობას სრულიად ახალ საფეხურზე წევდა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ინსტიტუტების როლი, შესაძლებლობათა შეზღუდვის მქონე პირთა უფლებების დაცვის საქმეში, ძალზედ დიდია. ამის დასტური არის ის პარტნიორული პროექტი, რომელსაც ამჟამად ფედერაცია გადავარჩინოთ ბავშვები (Save the Children) და საზოგადოებრივი ორგანიზაციების კოალიცია „დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“ ამერიკის განვითარების სააგენტოს (USAID) ხელშეწყობით ახორციელებენ და რომელსაც - „თანაბარი შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის“ ჰქვია.

5 შესაძლებლობათა შეზღუდვის სოციალური და სამედიცინო მოდელები

▲ზევით დაბრუნება


დღეს შესაძლებლობათა შეზღუდვის ორი მიდგომა არსებობს მსოფლიოში - ტრადიციული (სამედიცინო) და თანამედროვე (სოციალური) მიდგომები. პირველი მოდელი ძირითადად ეფუძნება იმ ტრადიციებს, რომელიც ინვალიდობისა და ინვალიდობის მქონე პირების მიმართ გააჩნდა საზოგადოებას უძველესი დროიდან, ხოლო თანამედროვე ხედვა მნიშვნელოვნად მიჯნავს დიაგნოზს ინვალიდობისგან და აქცენტს გარემოსა და საზოგადოებრივი აზრის შეცვლაზე აკეთებს.

ინვალიდობის ტრადიციული მიდგომის დროს აქცენტი ადამიანის ფიზიკურ შეზღუდულობასა და ნაკლოვანებაზე კეთდება, ინვალიდობა, როგორც პრობლემა, განიხილება სამედიცინო ჭრილში და ამიტომ, შესაძლებლობათა შეზღუდვის მქონე პირის პოტენციალსა და შესაძლებლობებს სათანადო ყურადღება არ ექცევა, რაც საბოლოო ჯამში მისი უფლებებისა და ინტერესების დაცვას ვერ უზრუნველყოს და ამყოფებს დისკრიმინაციულ გარემოში.

რა ხდის ადამიანს ინვალიდად? - ამ კითხვაზე სამედიცინო და სოციალური მიდგომით მოაზროვნე ადამიანები სრულიად განსხვავებულ პასუხს გაგვცემენ:

ტრადიციული მიდგომის თანახმად: ინვალიდობის მქონე არის ადამიანი, რომელიც - ვერ დადის, ვერ საუბრობს, ვერ ხედავს; რომელსაც სჭირდება მუდმივი და განსაკუთრებული დახმარება; რომელსაც არ შეუძლია საკუთარი ძალისხმევით სურვილებისა და ინტერესების დაკმაყოფილება... და შესაბამისად, ასეთი ხედვის შემთხვევაში, ხაზგასხმა ხდება მხოლოდ იმაზე, თუ რა „არ შეუძლია“ ადამიანს, ხოლო ყურადღბა იმას, თუ „რა შეუძლია“ მას, საერთოდ არ ექცევა.

ამგვარი მიდგომები და ხედვები კიდევ უფრო ღრმად ნერგავენ იმ ცრუწარმოდგენებსა და სტერეოტიპებს, რომლებიც ქმნიან დისკრიმინაციულ გარემოს და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს გარიყულ მდგომარეობაში ამყოფებენ.

თანამედროვე მოდელის მიხედვით მოაზროვნე ადამიანისთვის კი ინვალიდობა ნიშნავს: სახელმწიფო სტრუქტურებისა და ინსტიტუტების, გარემოსა და საზოგადოებრივი აზრის ისეთ ერთობლიობას, რომლის დროსაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანის თავისუფლების კოეფიციენტი ძალიან დაბალია. როდესაც მას არ შეუძლია დამოუკიდებლად მოახდინოს გარემოში გადაადგილება; როდესაც შესაძლებლობათა შეზღუდვის მქონე ადამიანს არ შეუძლია მიიღოს სასურველი განათლება და დასაქმდეს არა საკუთარი ინტელექტუალური შესაძლებლობათა, არამედ გარემოს კეთილმოუწყებლობის გამო. როცა საზოგადოებრივი აზრი კი არ იცავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანს ხელოვნურად და არაობიექტურად შექმნილი დაბრკოლებებისგან, არამედ პირიქით, ამყოფებს მას გაუსაძლის პირობებში და იზოლაციაში.

აქედან გამომდინარე, ინვალიდობა, როგორც პრობლემა ძალიან მწვავედ არსებობს, მაგრამ იმისათვის, რომ გადაიჭრას ეს საკითხები, ადამიანი კი არ უნდა შევცვალოთ და მოვარგოთ გარემოს (ყველაზე საიტერესო და კურიოზული ის არის, რომ სამედიცინო მოდელი თავად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანს განიხილავს პრობლემად), არამედ პირიქით, უნდა შევცვალოთ, ანუ კეთილმოვაწყოთ გარემო და მოვახდინოთ საზოგადოებრივი აზრის ამაღლება (ანუ ადამიანი შეუძლებელია პრობლემა იყოს, პრობლემა მხოლოდ ის გარემოა, რომელშიც ის ცხოვრობს).

თუ ორ ადამიანს არ შეუძლია ერთნაირი სიიოლით გადალახოს კიბე, მაშინ საჭიროა დაშენდეს ბილიკი, სადაც ნებისმიერი ადამიანი თავისუფლად შეძლებს გადაადგილებას. თუ ადამიანს დაქვეითებული აქვს მხედველობა, ან სმენადობა, საჭიროა არსებობდეს ისეთი დამხმარე საშუალებები, რაც უზრუნველყოს მის ჩართულობას, დაეხმარება მას ადაპტაციაში და შესაბამისად იგი აღარ იგრძნობს თავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად, ვინაიდან, როგორც აღინიშნა, ადამიანს ინვალიდობას სინამდვილეში ფიზიკური დარღვეულობის ნაცვლად - დამაბრკოლებელი ფაქტორები ძენენ.

ჩვენ უნდა მოვახდინოთ მკაცრი გამიჯვნა ფიზიკურ დარღვეულობასა და იმ სოციალურ სტატუსს შორის, რომელსაც „ინვალიდობა“ ჰქვია... როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ფიზიკურ დარღვეულობაზე, ვგულისხმობთ კონკრეტული ადამიანის ამა თუ იმ ორგანოს, ან სხეულის ნაწილს, რომელიც შეზღუდულია და არა თავად პიროვნებას, ან მის უნარებსა და შესაძლებლობას, რომელიც შეიძლება ამოუწურავი და უსაზღვროც იყოს. საჭიროა მხოლოდ ის, რომ ყველა ადამიანს განვითარებისთვის თანაბარი პირობები და შესაძლებლობები შეექმნეს, რომ თითოეული ადამიანი საკუთარი ორგანოს, ან სხეულის რომელიმე ნაწილის დაზიანებისა და შეფერხებული განვითარების გამო არ ჩამოსცილდეს საზოგადოებაში მიმდინარე პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ პროცესებს და მუდამ გრძნობდეს თავს საზოგადოების სრულფასოვან წევრად.

სოციალური მოდელი ასკვნის, რომ ინვალიდობის მქონე ადამიანები ისევე, როგორც სხვა ყველა დანარჩენი, მუდმივად ყოველთვის როდი საჭიროებენ სამედიცინო დახმარებას, რის გამოც არ შეიძლება ისინი განხილულ იქნენ, როგორც სამედიცინო მოხმარების მუდმივი ობიექტნი.

სოციალური მოდელი შემუშავებულ იქნა, როგორც პარადიგმა, რომელსაც უნდა წარმოედგინა არსებული პრობლემის ახლებური აღქმა და არათუ კონკურენცია გაეწია სამედიცინო მოდელისათვის, არამედ მთლიანად შეეცვალა იგი. ამიტომ ის იმთავითვე მიმართულ იქნა ისეთ დაბრკოლებათა წინააღმდეგ, რის გამოც ინვალიდები იმყოფებიან იზოლაციაში და არა აქვთ საშუალება, გახდნენ საზოგადოების სრულუფლებიანი და სრულფასოვანი წევრები.

უნდა აღინიშნოს, რომ სოციალური მოდელის სრული მიღების გარეშე, შეუძლებელი იქნებოდა ინვალიდობის მქონე ადამიანებისთვის მსოფლიო პროგრამის ამოქმედება, რომელიც 1981 წელს მიიღო გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ გენერალურ ასსამბლეაზე. ამ პროგრამამ „დაამოწმა, რომ ინვალიდობის მქონე ადამიანებს უნდა ჰქონდეთ ისეთივე საშუალება და ბერკეტები ცხოვრების დონის ამაღლებისთვის, რაც ყველა სხვა მოქალაქეს გააჩნია. უნდა მოხდეს მათი საფუძვლიანი მოთხოვნების დაცვა პოლიტიკურ, სოციალურ და კულტურულ სექტორებში. ამასთანავე, ამ პროგრამაში პირველად განისაზღვრა ინვალიდობის გაგება, როგორც საურთიერთობოფუნქცია ინვალიდობის მქონე ადამიანებსა და მათ ირგვლივ არსებულ სამყაროს შორის.“

ჩვენ კიდევ დიდი მუშაობა მოგვიწევს, სანამ აბსოლუტურად განვთავისუფლდებით სამედიცინო მოდელის მარწუხებიდან. მიუხედავად იმისა, რომ სოციალური მოდელის არსებობა უკვე 20 წელზე მეტს ითვლის და მისი ძირითადი დებულებანი არა ერთი ქვეყნის ხელისუფლებამ მოისმინა და მიიღო, მაინც არავის მოუხდენია ძლიერი და ეფექტური ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის მიღება, რომელიც დაეხმარებოდა ინვალიდობის მქონე პირებს თვითდამკვიდრებაში. საზოგადოების აზრი ამ სფეროში საკმაოდ ნელა იცვლება, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები ისევ განიცდიან დისკრიმინაციას და აწყდებიან უამრავ დამამცირებელ ფაქტორებს. მათ დღემდე ისე უყურებენ, როგოც „ქველმოქმედების ობიექტს“ და საზოგადოების დიდ ნაწილს უჭირს იმის წარმოდგენა, რომ ინვალიდობის მქონე პირები სინამდვილეში სულაც არ განსხვავდებიან ე.წ .„ჩვეულებრივ ადამიანებისგან“ და ისინი ნამდვილად არ არიან საზოგადოების მეორე და მესამეხარისხოვანი წევრები. თუ ამ სიტუაციის შეცვლა შესაძლებელია, მაშინ მთავარი სიტყვა აქ ისევ ინვალიდობის მქონე პირებმა უნდა თქვან, ვინაიდან მათ მიზანმიმართულ ქმედებებსა და აქტივობებს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.

6 დამოუკიდებელი ცხოვრების ფილოსოფია

▲ზევით დაბრუნება


გასული საუკუნის 60-იან წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში ინვალიდობის სრულიად განსხვავებულ ხედვას ჩაეყარა საფუძველი. ამ ხედვას შემდგომში „დამოუკიდებელი ცხოვრების ფილოსოფია“ ეწოდა, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ინვალიდობისადმი ახალი იდეოლოგიისა და მიდგომების დამკვიდრებას. თამამად შეიძლება ითქვას, რომ „დამოუკიდებელი ცხოვრების ფილოსოფია“ მსოფლიო საზოგადოებას დაეხმარა შესაძლებლობათა შეზღუდვა სრულიად ახალი კუთხით დაენახა და გაეცნო.

მაშინ ამერიკაში საფუძველს იკიდებდა ინვალიდობის მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების დაცვაზე მიმართული მოძრაობა, რომელსაც სათავეში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდები: ედ რობერტსი, ჯუდი ქიუმანი, ვაიდ ბლენკი და ჯასტინ დარტი ედგნენ. სწორედაც რომ ედ რობერტსმა და მისმა მეგობრებმა შეცვალეს მაშინდელი სამყარო და მსოფლიო საზოგადოებას დაუმტკიცეს, თუ რამდენად ამოუწურავია ადამიანის შესაძლებლობა. მათ მიზანმიმართული მოქმედებებისა და პირადი აქტივობის ხარჯზე დისკრიმინაციულ გარემოშიც შეძლეს საკუთარი სათქმელის დაფიქსირება და თვითდამკვიდრება, რითაც დაეხმარნენ ძალიან ბევრ ინვალიდობის მქონე ადამიანს, რათა ნაკლებად დისკრიმინაციულ გარემოში ეცხოვრათ.

მსოფლხედვა, რომელიც გააჩნდათ მათ, იყო ძალიან მარტივი და ორიგინალური: „დამოუკიდებელი ცხოვრების ფილოსოფია უფრო ფსიქოლოგიური ფაქტორია, ვიდრე მატერილური საგანი“ ამბობდა ედ რობერტსი. სამყაროში არსებობს დამოკიდებულებათა ჯაჭვი, რომელიც სინამდვილეში ადამიანისათვის თავისუფლების უსაფრთხოებას ქმნის. ჩვენ ყველანი გარკვეულწილად ვართ ერთმანეთზე დამოკიდებულნი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამით ჩვენი თავისუფლება იზღუდება! პირიქით, ჩვენი პროფესიული ცოდნით ხელს ვუწყობთ ერთმანეთის დამოუკიდებლობის კოეფიციენტის ზრდას და იყო დამოუკიდებელი ნიშნავს - სხვის დამოუკიდებლობასაც უწყობდე ხელს! „დამოუკიდებელი ცხოვრების ფილოსოფია“ ახდენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ამოუწურავი პოტენციალის პროპაგანდას და იცავს მათ უფლებებს.

სამყაროში, სადაც თითოეული ადამიანი დამოკიდებულია როგორც საკუთარ, ასევე სხვის ნიჭიერებასა და ცოდნაზე, ცხოვრება უფრო ადვილი და კომფორტული ხდება. მაგალითად: ნებისმიერი ჩვენთაგანი დამოკიდებულია ენერგეტიკოსებზე და ენერგო სისტემის მწყობრიდან გამოსვლამ, შესაძლოა ჩვენი ქმედითუნარიანობის პარალიზებაც გამოიწვიოს; თითოეული ადამიანი დამოკიდებულია კბილის პასტის, შამპონისა და სხვა ჰიგიენური საშუალებების მწარმოებლებზე, რისი მოკლების შემთხვევაშიც ჩვენი შემართება შესაძლოა საკმაოდ დაეცეს და სხვა ადამიანებთან ურთიერთობისას გარკვეული დისკომფორტი ვიგრძნოთ. ასე შეიძლება უსასრულობდამდე გაგრძელდეს. რეალობა კი ერთია: „არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ გააჩნდეს რაიმეს ნიჭი და მისი სწორად განვითარება ჩვენი ცხოვრების კეთილდღეობაზე პირდაპირ აისახება. ამიტომ ჩვენ არ გვაქვს უფლება ცრუ-წარმოდგენებისა და სტერეოტიპების საფუძველზე ვინმეს ვრიყავდეთ და ვერ ვაფასებდეთ “. კბილის ჯაგრისი, ფეხსაცმელი, სამოსი და სხვა მსგავსი ნივთები არიან ჩვენი დამხმარე საშუალებანი, რომლებიც გვივითარებენ თავისუფლების შეგრძნებას, გვმატებენ თვითდაჯერებულობას და გვიქმნიან იმ კომფორტს, რომლის გარეშეც ცხოვრება ვერ წარმოგვიდგენია. ასეა ინვალიდობის მქონე ადამიანის შემთხვევაშიც, განსხვავება კი მხოლოდ ის შეიძლება იყოს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანს სხვაზე მეტი დამხმარე საშუალებების საჭიროება გააჩნდეს. მაგალითად ადამიანს, რომელიც ვერ დადის, სჭირდება ეტლი, რაც მისთვის დაახლოებით იგივე დატვირთვას ატარებს, რასაც ფეხსაცმელი ინვალიდობის არ-მქონე ადამიანისთვის. სმენადაქვეითებულ ადამიანს სჭირება სპეციალური სასმენი აპარატები და ა.შ.

რაც მთავარია, თანამედროვე ტექნოლოგიები და მიღწევები იძლევიან იმის საშუალებას, რომ მათი გათვალისწინებისა და დანერგვის შემთხვევაში, ინვალიდობის მქონე პირთა თავისუფლების კოეფიციენტმა მკვეთრად აიწიოს და გაუთანაბრდეს საზოგადოების დანარჩენი წევრების თავისუფლების კოეფიციენტს. გარემოს კეთილმოწყობა, სამოქალაქო ტრანსპორტისა და საკომუნიკაციო საშუალებების ათვისება, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების დამხმარე საშუალებებით (ეტლი, ხელჯოხი, ბრაილის შრიფტი, სასმენი აპარატები და სხვა) მომარაგება - მაქსიმალურად ხსნიან ინვალიდობის პრობლემურობას და ინვალიდობის მქონე პირს საზოგადოების სრულუფლებიან და სრულფასოვან წევრად ქცევის საშუალებას აძლევენ.