![]() |
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური ინტეგრაციის კონცეფცია |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
თემატური კატალოგი ადამიანის უფლებები |
საავტორო უფლებები: © კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის |
თარიღი: 2007 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: 2007 |
![]() |
1 * * * |
▲ზევით დაბრუნება |
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური ინტეგრაციის კონცეფცია მომზადდა ეროვნული სამუშაო ჯგუფის მიერ 2007 წელს და ის მიზნად ისახავდა შეზღუდული შესაძლებლობისადმი სახელმწიფოს ერთიანი პოლიტიკისა და ხედვის ფორმირებას, სახელმწიფო პრიორიტეტების გამოყოფას, თანაბარი პირობების შექმნისაკენ მიმართული სტრატეგიის მიღებასა და მის განხორციელებას.
კონცეფცია ეფუძნება ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების 1975 წლის დეკლარაციას და გაეროს 2006 წლის კონვენციას; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანაბარ შესაძლებლობათა უზრუნველყოფის სტანდარტულ წესებს (გაეროს რეზოლუცია 48/96, 1993წ).
კონცეფცია მოიცავს:
ინვალიდთა სოციალური ინტეგრაციის პრობლემების ანალიზს;
ინვალიდთა სოციალური ინტეგრაციის მიმართ ერთიან მიდგომას;
ინვალიდთა სოციალური ინტეგრაციის ძირითად სახელმწიფო პრიორიტეტებს.
კონცეფცია შეიქმნა პროექტის - თანაბარი პირობების შექმნის ხელშეწყობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის“ ფარგლებში. პარტნიორი - ფედერაცია „გადავარჩინოთ ბავშვები“ (Save the Children), მხარდამჭერი - აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID).
![]() |
2 წინასიტყვაობა |
▲ზევით დაბრუნება |
კანონი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შესახებ, რომელიც 1995 წელს იყო მიღებული, გარკვეულ დონეზე არეგულირებდა ინვალიდობასთან დაკავშირებულ ძირითად პრინციპებს, მაგრამ სრულად არ ასახავდა ქვეყანაში არსებულ პრობლემებს. ფაქტიურად ეს იყო დოკუმენტი, რომელშიც უფლებები ძალიან ზოგადად იყო დაფიქსირებულა და, არ შეიცავდა ინვალიდობის განმარტებას, რაც ვერ უზრუნველყოფდა მის ეფექტურობას.
დღის წესრიგში დადგა საჭიროება, რომ სახელმწიფოს მიეღო კონცეპტუალური დოკუმენტი ყოველივე ზემოდაღნიშნულის შესახებ. თუ რას ნიშნავს ინვალიდობა? როგორ უნდა მოხდეს მისი სწორი განმარტება? რა პრობლემებს წინაშე ვდგავართ? რა ტერმინოლოგიას უნდა ვხმარობდეთ, რათა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს, არ ექცეოდნენ, საზოგადოების მხრიდან, დისკრიმინაციულ გარემოში? და მრავალი სხვა.
სახელმწიფოს უნდა მოეხდინა აღიარება ქვეყანაში არსებული პრობლემებისა ინვალიდობის მქონე პირთა განათლების, დასაქმებისა, თუ პირობების გათანაბრების კუთხით, განემარტა რას ნიშნავს ინვალიდობა და დაესახა პრიორიტეტები.
„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა (ინვალიდთა) სოციალური ინტეგრაციის კონცეფციამ“, რომელიც 2008 წლის 2 დეკემბერს ერთი მოსმენით მიიღო საქართველოს პარლამენტმა, მოახდინა ამ ყოველივეს დარეგულირება: აქ არის აღიარებული პრობლემები, განმარტებულია ინვალიდობის მნიშვნელობა, დასახულია პრიორიტეტები და ყოველივე ამის მიხედვით არის განსაზღვრული პრობლემების და სოციალური ინტეგრაციისათვის აუცილებელი გადაჭრის გზები.
ფაქტობრივად ეს დოკუმენტი არის პირველი ოფიციალური დოკუმენტი, სადაც კონცეპტუალურ დონეზე აღაირებულია პრინციპები და სადაც სახელმწიფო ხმამაღლა და ოფიციალურიად ახდენს ყოველივე იმის დეკლარირებას, რაზეც ზემოდ გვქონდა საუბარი.
აღსანიშნავია ის დიდი დახმარება, რომელიც აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) და ფედერაციამ „გადავარჩინოთ ბავშვებმა“ (Save the Children) გასწიეს კონცეფციის შექმნასა და მიღებაში. ჩვენ, ფედერაცია „გადავარჩინოთ ბავშვებთან“ ერთად შევძელით შეგვექმნა მუშა ჯგუფი, რომელშიც ჩართული იყო ყველა არასამთვრობო და სამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ირიბად, თუ პირდაპირ ეხება ინვალიდობის თემას. შეძლებისდაგვარად გათვალისწინებული და შეჯერებული იქნა თითოეულის მოსაზრება და ეს დოკუმენტი, უმაღლეს დონეზე, ზუსტად ასახავს იმ სიტუაციას, რაც არსებობს დღეს ჩვენს ქვეყანაში ასეთი დოკუმენტის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან იქ განსაზღვრული სამოქმედო გეგმა ფაქტობრივად წინაპირობაა იმისა, რომ ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლობისათვის, დიალოგის გაღრმავებისა და ხედვების დაახლოებისთვის, შეიქმნება სასურველი გარემო. ფაქტობრივად ეს გვაძლევს შანს, ერთობლივად იქნეს შემუშავებული რამოდენიმე წლიანი სამოქმედო გეგმა და დაიწყოს მუშაობა საჭირო საკანონმდებლო ცვლილებებისა და ინიციატივების მომზადებისთვის, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების დაცვის საკითხებს და მათ სრულფასოვან ჩართულობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
„კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“
გამგეობის თავმჯდომარე
გიორგი ძნელაძე
ნებისმიერი საზოგადოება მაშინაა ძლიერი და ცივილიზებული, როცა მის წევრებს სრულად შეუძლიათ მათი შესაძლებლობების რეალიზაცია. როცა საქმე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს ეხება, მხოლოდ თანასწორობის უფლების აღიარება არაფერს ნიშნავს, რადგან საჭიროა არსებობდეს ისეთი გარემო, სადაც ნებისმიერ ადამიანს ექნება საშუალება, სრულად გამოავლინოს თავისი უნარი. ეს უნდა იყოს სახელმწიფოსა და საზოგადოების მთავარი საზრუნავი. ქვეყანა, რომელიც არ ზრუნავს თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფაზე, არ ქმნის ყველასთვის თანაბარ შესაძლებლობებს და ხელმისაწვდომ გარემოს, ვერ ჩაითვლება ცივილიზებულ, საკუთარ მოქალაქეებზე მზრუნველ სახელმწიფოდ.
საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვა და მათი სოციალური ინეტგრაციის მხარდაჭერა ძირითადად არასამთავრობო ორგანიზაციებს მუშაობას უკავშირდება. შეიძლება ითქვას, რომ ამ მიმართულებით ქვეყანაში გადადგმული ყველა ნაბიჯი სწორედ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მათი კოალიციების ადვოკატირებისა და ლობირების შედეგია. საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური ინტეგრაციის კონცეფციის შემუშავება და საქართველოს პარლამენტის მიერ ამ დოკუმენტის მიღებაც მათი დამსახურება და სერიოზული გამარჯვებაა.
იმედია, რომ ამ დოკუმენტის მიღებით საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური ინტეგრაციის საქმეში ახალი ეტაპი დაიწყება. ამასთან, ვიმედოვნებ, რომ კონცეფციას უახლოეს მომავალში მოჰყვება სამოქმედო გეგმა, რომლის განხორციელება შეცვლის ქვეყანაში არსებულ ვითარებას.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა სახალხო დამცველის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. სწორედ ამ მიზნით 2008 წლის სექტემბერში სახალხო დამცველის ოფისში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის ცენტრი დაარსდა.
საქართველოს სახალხო დამცველი
სოზარ სუბარი
სახელმწიფოს სოციალური პოლიტიკის ერთ-ერთი საკვანძო მიმართულება ინვალიდთა ინტეგრაცია და მათი მხარდაჭერაა.
წლების მანძილზე არ არსებობდა სახელმწიფოს ობიექტური, შეთანხმებული ხედვა ინვალიდობისა და ინვალიდობის მქონე ადამიანების მიმართ, იყო სერიოზული ხარვეზები ტერმინების, სოციალური თუ სხვა პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზების დასახვის კუთხით. არ ხდებოდა არსებული საკითხების საჯარო დეკლარირება, რის გამოც რთულდებოდა ეფექტური კოორდინაცია როგორც, სახელმწიფო სტრუქტურებს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის.
აღნიშნულმა პრობლემებმა გვიბიძგა შეგვექმნა სპეციალური დოკუმენტი, სადაც ჩამოყალიბდებოდა სახელმწიფოს დამოკიდებულება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პოლიტიკისადმი, დაისახებოდა მთავარი პრიორიტეტები, რათა მომხდარიყო ინვალიდთა სრულყოფილი ინტეგრაცია ერთიან სოციალურ და ფიზიკურ გარემოში.
საქართველოს პარლამენტმა საერთაშორისო ორგანიზაციების და დიპლომატიური მისიების, კერძოდ, ორგანიზაცია „გადავარჩინოთ ბავშვებისა“ და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დახმარებით შეიმუშავა აღნიშნული კონცეფცია, სადაც განსაზღვრულია ინვალიდობის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის მიზნები და სამოქმედო პრინციპები. კონცეფციის მიზანს, ასევე, წარმოადგენს ინვალიდებისთვის თანაბარი უფლებების და შესაძლებლობების უზრუნველყოფა და მათი სრულფასოვანი ადაპტაცია ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ, თუ კულტურულ პროცესებში.
დოკუმენტის შექმნაში აქტიურად იყო ჩართული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ულფებებისა და ინტერესების დაცვაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“, რომლის წარმომადგენლებიც საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური ინტეგრაციის კომიტეტის წევრებთან ერთად აქტიურად მუშაობდნენ კონცეფციის საბოლოო ვარიანტის შემუშავებისთვის და ეს იყო კარგი მაგალითი, თუ როგორ უნდა ხდებოდეს თანამშრომლობა სახელმწიფოსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის.
გამოვთქვამ იმედს, რომ: შეზრუდული შესაძლებლობის მქონე პირთა (ინვალიდთა) სოციალური ინტეგრაციის კონცეფცია“ იქცევა სახელმძღვანელოდ თითოეული დაინტერესებული პირისთვის და მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ინვალიდთა კეთილდღეობას ჩვენს ქვეყანაში.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე
გიგი წერეთელი
„საზოგადოებაში იმ აზრის გავრცელება, რომ სამართლებრივი უზრუნველყოფა არის ერთადერთი საჭიროება, მსოფლიოს ხალხთა მოტყუება იქნებოდა... რეალური პრობლემა კი სოციალური სტრუქტურის სრული ტრანსფორმირებაა.“
რენე კასინი ადამიანის უფლებების
უნივერსალური დეკლარაციის თანაავტორი
მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის შეფასებით, მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 10 %25 - 600 მილიონი ადამიანი შეზღუდული შესაძლებლობების მქონეა. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის სოციალური და ეკონომიკური თანასწორობის უზრუნველყოფა მნიშვნელოვან ზეგავლენას მოახდენს მსოფლიოს ქვეყნების ცხოვრებაზე.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან დაკავშირებით შემუშავებული საერთაშორისო ნორმების, სტანდარტების დანერგვისა და მათი უნარების განვითარების მიზნით დონორი ორგანიზაციებისა და საერთაშორისო თუ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები წარმატებებს აღწევენ საქართველოში პოლიტიკის ჩამოყალიბებისა და ინსტიტუციონალური უზრუნველყოფის დონეზე.
აშშ. საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტის „თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის“ ფარგლებში ორგანიზაცია „გადავარჩინოთ ბავშვები“ პარტნიორ ორგანიზაციასთან, „კოალიციასთან დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“ ერთად სამი წლის განმავლობაში ლობირებდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებს და ცდილობდა პოზიტიური ცვლილებების განხორციელებას.
აღნიშნული უფლების განსახორციელებლად დისკრიმინაციის გარეშე და თანაბარი შესაძლებლობების პრინციპზე დაყრდნობით ორგანიზაცია „გადავარჩინოთ ბავშვები“ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად მხარს უჭერს სახელმწიფო სტრუქტურებს, რომლებიც ცდილობენ ინტეგრირებული და ყოვლისმომცველი საზოგადოების ჩამოყალიბებას ყველა დონეზე, უწყვეტი სწავლების უზრუნველყოფას, რაც მიზნად ისახავს: (ა) ადამიანის პოტენციალის, ღირსებისა და თვითრწმენის სრულ განვითარებას, ადამიანის უფლებების, ფუნდამენტური თავისუფლებისა და კაცობრიობის მრავალფეროვნებისადმი პატივისცემის გაძლიერებას; (ბ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მიერ მათივე პიროვნების, ნიჭისა და შემოქმედებითი უნარების, ასევე ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობების განვითარებას, მათი პოტენციალის სრული რეალიზების მიზნით; (გ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის თავისუფალ საზოგადოებაში ეფექტური ჩართვისა და მონაწილეობის შესაძლებლობის უზრუნველყოფას.
აშშ. საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტის „თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის“ ფარგლებში ორგანიზაციას „გადავარჩინოთ ბავშვები“ აქვს სამომავლო გეგმები, რომლებიც მოიცავს თანამშრომლობას სამთავრობო სტრუქტურებთან და სხვა პარტნიორ ორგანიზაციებთან, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისათვის და მათი ოჯახებისათვის გამიზნული მომსახურებებისა და მხარდაჭერის ფარგლებისა და მასშტაბების გაზრდის მიზნით.
ტომ ვინსენტი
ორგანიზაცია „გადავარჩინოთ ბავშვები“
საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი
![]() |
3 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური ინტეგრაციის კონცეფცია |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
3.1 შესავალი |
▲ზევით დაბრუნება |
ეს კონცეფცია აყალიბებს ერთიან მიდგომას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური ინტეგრაციისადმი და არსებული პრობლემების ანალიზის საფუძველზე ადგენს ინვალიდობის სფეროში სახელმწიფოს ძირითად პრიორიტეტებს, იმ სახელმძღვანელო პრინციპებსა და სამოქმედო გეგმებს, რომლებსაც დაეფუძნება სახელმწიფო სტრატეგია და მის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური ინტეგრაციის კონცეფცია ეფუძნება: გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1948 წლის 10 დეკემბრის „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას“, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1975 წლის 9 დეკემბრის დეკლარაციას „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1993 წლის 20 დეკემბრის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის თანაბარ შესაძლებლობათა უზრუნველყოფის სტანდარტულ წესებს“ (რეზოლუცია 48/96); ამ კონცეფციაში აგრეთვე ასახულია „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 2006 წლის 13 დეკემბრის კონვენციის ძირითადი დებულებანი.
![]() |
3.2 თავი I ზოგადი მიმოხილვა |
▲ზევით დაბრუნება |
„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 2006 წლის 13 დეკემბრის კონვენციის თანახმად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს განეკუთვნებიან ადამიანები ხანგრძლივი ფიზიკური, ფსიქიკური, გონებრივი ან სენსომოტორული დარღვევით, რომელიც სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებისას შეიძლება ხელს უშლიდეს მათ სრულ, ეფექტიან და თანასწორ მონაწილეობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში.1
ტერმინი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი“ პირობითია. მისი ინტერპრეტაცია დამოკიდებულია აღნიშნულ პირთა არსებობის კონკრეტულ პირობებზე ან/და მათ მიმართ განსახორციელებელ ღონისძიებათა სახეებზე.
ცნება „ინვალიდობა“ საზოგადოების დამოკიდებულების, საზოგადოებრივი ინსტიტუტებისა და მატერიალური გარემოს ისეთი ერთობლიობაა, რომლის შედეგად სხვადასხვა ფიზიკური, ფსიქიკური, გონებრივი ან სენსომოტორული დარღვევის მქონე პირებს არ გააჩნიათ პიროვნული განვითარებისა და თვითრეალიზების თანაბარი შესაძლებლობები.
ცნება „დაავადება/დარღვევა“ სამედიცინო ხასიათისაა და აღწერს პირის ობიექტურ მდგომარეობას ბიოლოგიური ან ფიზიოლოგიური ნორმების მიმართ, ხოლო ცნება „ინვალიდობა“ აღნიშნული დაავადების/დარღვევის საფუძველზე აღმოცენებული სოციალური მოვლენაა და მისი ინტერპრეტაცია და საზღვრები იცვლება კონკრეტული სოციალური გარემოს შეცვლასთან ერთად. ამ ცნების ინტერპრეტაცია დამოკიდებულია აგრეთვე იმ კონკრეტულ პოლიტიკაზე ან ღონისძიებაზე, რომელიც ხორციელდება ადამიანთა ამ ჯგუფის მიმართ; შესაბამისად, როგორც წესი, სხვადასხვა დაწესებულება/ორგანიზაცია ეყრდნობა ინვალიდობის ცნების სხვადასხვა განმარტებას ან იდენტიფიკაციის კრიტერიუმებს.
ზემოაღნიშნული განმარტების შესაბამისად, ინვალიდობა, როგორც სოციალური მოვლენა და საზოგადოებრივი პოლიტიკის საგანი, მრავალასპექტიანია. დღემდე ინვალიდობა სახელმწიფო პოლიტიკის თვალსაზრისით განიხილება, როგორც სამედიცინო პრობლემა, რომლის იდენტიფიკაცია არის სოციალური დაცვის გარკვეული მექანიზმების ამოქმედების საფუძველი - ინვალიდობის პენსიისა და ზოგიერთი ფინანსური შეღავათის, აგრეთვე გარკვეული სამედიცინო მომსახურების მიღების შესაძლებლობა.
მნიშვნელოვანია აგრეთვე ინვალიდობის ისეთი ასპექტები, როგორებიცაა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რეაბილიტაცია, რათა ისინი უკეთ მოერგონ არსებულ გარემოს, და თვით ფიზიკური, კულტურული და სოციალური გარემოს შეცვლა, რათა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა შეძლონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვა, ისარგებლონ ყველა იმ შესაძლებლობით თუ მომსახურებით, რომელზედაც ხელი მიუწვდებათ საზოგადოების სხვა წევრებს.
ამგვარად, ინვალიდობასთან დაკავშირებული საკითხები უნდა განიხილებოდეს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის, დისკრიმინაციის აღმოფხვრის, სოციალური ხელმისაწვდომობისა და შესაძლებლობათა გათანაბრების თვალსაზრისით, ამისათვის კი საჭიროა არა მარტო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების სამართლებრივი უზრუნველყოფა, არამედ მიზანდასახული პოლიტიკის განხორციელებაც, ხოლო საჭიროების შემთხვევაში - პოზიტიური ქმედების პრინციპის ამოქმედება.
_____________________
1 „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი არის ადამიანი, რომელსაც დაავადების, ტრავმის, გონებრივი თუ ფიზიკური დეფექტის შედეგად დარღვეული აქვს ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციები ჯანმრთელობის მეტ-ნაკლებად მოშლის გამო, რაც განაპირობებს პროფესიული შრომის უნარის სრულ ან ნაწილობრივ დაკარგვას, ანდა ყოფა-ცხოვრების არსებით გაძნელებას.“
![]() |
3.3 თავი II სიტუაციური ანალიზი - პრობლემები |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს მოსახლეობის გარკვეული ნაწილის მიმართ, რომელსაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები შეადგენენ, აუცილებელია დაცული იქნეს ძირითადი უფლებები და პიროვნული ღირსებები, აღმოიფხვრას დისკრიმინაციის ფაქტები და შეიცვალოს მათი ფაქტობრივი მდგომარეობა.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უმრავლესობა მოკლებულია თვითრეალიზებისა და სრულფასოვანი ცხოვრების შესაძლებლობებს. ამის გამო ისინი თავს არ მიიჩნევენ საზოგადოების სრულუფლებიან და დამოუკიდებელ წევრებად, უვითარდებათ დახმარებაზე დამოკიდებულების სინდრომი, უინიციატივობა და პესიმიზმი. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ნაკლებად არიან ჩართული საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში, გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში. ეს კი იწვევს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსა და საზოგადოების სხვა წევრებს შორის გაუცხოებას, საზოგადოების ფრაგმენტაციას და დეჰუმანიზაციას.
სახელმწიფო იღებს მნიშვნელოვან ეკონომიკურ ზარალს, ვინაიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ვერ ერთვებიან ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებასა და შრომით ურთიერთობებში, ხოლო მათი საჭიროებების უზრუნველყოფის ტვირთს სრულად ინაწილებენ ოჯახი, საზოგადოება და სახელმწიფო, რაც შეუთავსებელია საზოგადოებრივი თანაცხოვრების აღიარებულ ნორმებთან.
ინვალიდობის სფეროში არსებობს შემდეგი ძირითადი პრობლემები:
ა) არასაკმარისია სახელმწიფო მხარდაჭერა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან დაკავშირებულ საკითხებში; ინვალიდობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობა ვერ უპასუხებს არსებულ მოთხოვნებს; სუსტია უწყებათა შორის კოორდინაცია; დაბალია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა აქტიურობა და მცირეა მათი რესურსები, ხოლო თავად ამ ორგანოებში საექსპერტო კადრების დეფიციტია;
ბ) მწირია ან/და არაადეკვატურია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და ინვალიდობის შესახებ ინფორმაცია. არ არსებობს ამ საკითხებზე სტატისტიკური მონაცემების შეგროვება-დამუშავების ერთიანი ბაზა;
გ) განუვითარებელია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან დაკავშირებით სახელმწიფო და კერძო სექტორების პარტნიორობა და თანამშრომლობა. არაეფექტიანია მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციათა სახელმწიფო დაფინანსების არსებული მექანიზმი;
დ) არაადეკვატურია ინვალიდობის ხარისხის შეფასების (სტატუსის მინიჭების) სისტემა;
ე) არ ხორციელდება ან/და სუსტია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან დაკავშირებული პროგრამების სახელმწიფო და საზოგადოებრივი მონიტორინგი;
ვ) დაბალია საერთაშორისო თანამშრომლობის დონე; არ ფუნქციონირებს ამ სფეროში არსებული საერთაშორისო კონვენციები და შესაბამისი ნორმები;
ზ) ინვალიდობის შესახებ საზოგადოებაში დამკვიდრებულია სტერეოტიპი, ინდიფერენტულობა და გაუთვითცნობიერებლობა. საზოგადოება მოუმზადებელია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური ხელმისაწვდომობისათვის და ინვალიდობის პრობლემის პრიორიტეტულ საკითხად აღქმისათვის;
თ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შორის განსაკუთრებით გავრცელებულია სიღარიბე და უმუშევრობა, შრომის ბაზარი დისკრიმინაციულია აღნიშნულ პირთა მიმართ;
ი) არ მოქმედებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის თანაბარ შესაძლებლობათა უზრუნველყოფის ხელშემწყობი ეკონომიკური მექანიზმები;
კ) დაბალია ადეკვატური პრევენციული, სარეაბილიტაციო და სამედიცინო მომსახურების, საპროთეზოორთოპედიული ნაკეთობების, სხვა სპეციალური მოწყობილობებისა და საშუალებების ხელმისაწვდომობა;
ლ) დაბალია ალტერნატიული და შინ მომსახურების ხელმისაწვდომობა და ხარისხი;
მ) აღინიშნება ინვალიდობის სფეროში მომუშავე სპეციალისტთა დეფიციტი, არ ხდება პედაგოგიური, სამედიცინო და სხვა პერსონალის სპეციალური მომზადება;
ნ) ძირითადად ხელმიუწვდომელია ინკლუზიური (სკოლამდელი, საშუალო, უმაღლესი და პროფესიული) განათლება, აგრეთვე პროფესიული გადამზადება და უწყვეტი განათლება;
ო) შეზღუდულია შემოქმედებითი თვითრეალიზების შესაძლებლობა და სრულფასოვანი ცხოვრების სხვა ელემენტების (სპორტი, კულტურა და გართობა) ხელმისაწვდომობა; განუვითარებელია პარაოლიმპიური მოძრაობა;
პ) არ არსებობს ხელმისაწვდომი ფიზიკური გარემო - არ არის დაცული შესაბამისი სამშენებლო ნორმები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს არ აქვთ სხვა ტექნიკური ინფრასტრუქტურით (ტრანსპორტითა და სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებით) სარგებლობის შესაძლებლობა, ზოგადად, შეზღუდულია აღნიშნულ პირთა მობილურობა და სოციალური ურთიერთობის შესაძლებლობა.
![]() |
3.4 თავი III მიზანი და ამოცანები |
▲ზევით დაბრუნება |
ინვალიდობის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის უმთავრესი მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უზრუნველყოფა თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, რაც გულისხმობს მათ სრულფასოვან ჩართვას ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროცესში, პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში. საზოგადოებრივი სიკეთე - ფიზიკური და კულტურული გარემო, საცხოვრებელი პირობები, ტრანსპორტი, სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურები, განათლება, დასაქმება, სპორტი და რეკრეაციის შესაძლებლობები - ყველასათვის ერთნაირად ხელმისაწვდომი უნდა იყოს.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ინვალიდობის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ამოცანებია:
ა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სრულფასოვანი ცხოვრების პირობების შექმნა, მათ მიმართ არსებული ფაქტობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრა ხელმისაწვდომი გარემოს1 შექმნის მიზნით;
ბ) შესაბამისი განათლების მიღების გზით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის რეაბილიტაციისა და აბილიტაციის პირობების შექმნა;
გ) საზოგადოების, გადაწყვეტილების მიმღებთა - ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, მასობრივი საინფორმაციო საშუალებებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენელთა დაინტერესება ინვალიდობის პრობლემებით და მათი მობილიზება.
_____________________
1. ხელმისაწვდომი გარემო - ფიზიკური, ინსტიტუციური და სოციალური პირობების ერთობლიობა, რომელიც აძლევს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს თანაბარ შესაძლებლობას, ისარგებლონ ყოველგვარი საზოგადოებრივი სიკეთით, რაც მოიცავს ნებისმიერ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე კულტურულ, სპორტულ, პოლიტიკურ ან სხვა ღონისძიებებში მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობის ხელმისაწვდომობას, აგრეთვე ნებისმიერი საინფორმაციო და საკომუნიკაციო არხებით სარგებლობის თანაბარ შესაძლებლობას.
![]() |
3.5 თავი IV ძირითადი სამოქმედო პრინციპები |
▲ზევით დაბრუნება |
ინვალიდობის სფეროში ძირითადი სამოქმედო პრინციპებია:
ა) უნდა გაუმჯობესდეს სახელმწიფო უწყებებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინტერესების წარმომადგენელ ორგანიზაციებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის კოორდინაცია და ინფორმაციის გაცვლა;
ბ) საჭიროა დიალოგი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან (ან/და მათ წარმომადგენლებთან), რათა მათ მონაწილეობა მიიღონ გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში; ხელი უნდა შეეწყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თვითორგანიზებას, მათ მიერ საკუთარი ინტერესების წარმოდგენას;
გ) ინვალიდობის სფეროში უნდა დაინერგოს საზოგადოებრივი მონიტორინგი იმ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უშუალო მონაწილეობით, რომლებსაც გაცნობიერებული აქვთ საკუთარი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის შესაძლებლობები;
დ) მიზანმიმართული სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების შედეგად მიღწეული უნდა იქნეს მდგრადი შედეგები წინასწარ დაგეგმილ ღონისძიებათა საფუძველზე;
ე) აუცილებელია ღონისძიებათა დაგეგმვა ფაქტებზე, მტკიცებულებებზე, სათანადო ინფორმაციასა და კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, უტყუარი ინფორმაციის მოპოვებისა და ანალიზის ორგანიზება;
ვ) უნდა განხორციელდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიზნობრივი პროგრამების ინტეგრირება საერთო-სახელმწიფო პროგრამებში;
ზ) ინვალიდობის სფეროში პროგრამები უნდა შემუშავდეს კატეგორიზაციის1 ეფექტიანი კრიტერიუმების საფუძველზე, კონკრეტული პოლიტიკის, ინდივიდუალური საჭიროებებისა და შესაბამისი რესურსებით უზრუნველყოფის გათვალისწინებით;
თ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის თანაბარ შესაძლებლობათა უზრუნველყოფის პროცესში აუცილებელია სოციალური სამართლიანობის დაცვა საზოგადოების სხვა წევრთა ინტერესების გათვალისწინებით;
ი) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის თანაბარ შესაძლებლობათა უზრუნველყოფის ყველა ღონისძიება განმტკიცებული უნდა იქნეს ეფექტიანი ეკონომიკური მექანიზმებით;
კ) ნებისმიერი ღონისძიების განხორციელებისას გათვალისწინებული და დაცული უნდა იქნეს გენდერული თანასწორობა, ბავშვთა უფლებები და ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებები და თავისუფლებები.
_____________________
1. კატეგორიზაცია - პროცესი, რომლის საშუალებითაც ხდება ადამიანების, საგნებისა თუ იდეების იდენტიფიკაცია და გამორჩევა. კატეგორიზაცია გულისხმობს გარკვეული მიზნით ინდივიდუალური ობიექტების კატეგორიებად დაჯგუფებას. კატეგორიების ჩამოყალიბება კი ხდება კონცეპტუალური აღწერის, განმასხვავებელი კრიტერიუმების ან თვისებების ტიპური ჩამონათვლის შემუშავების გზით, რის შემდეგაც ხდება ობიექტების კლასიფიკაცია შესაბამისი კრიტერიუმების მიხედვით. კატეგორიზაცია არის ფუნდამენტური ოპერაცია ყოველგვარი პოლიტიკის დაგეგმვისას ან განხორციელებისას, თუ იგი მიმართულია მოსახლეობის რომელიმე სპეციფიკური ჯგუფის ინტერესების დაცვისაკენ.
![]() |
3.6 თავი V ინვალიდობის სფეროში პრიორიტეტული მიმართულებები |
▲ზევით დაბრუნება |
ინვალიდობის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის მიზნისა და ამოცანების მისაღწევად საჭიროა გარკვეულ ღონისძიებათა თანამიმდევრული დაგეგმვა და განხორციელება, არსებული რესურსების ეფექტიანად გამოყენება. ამისათვის შეიძლება გამოიყოს შემდეგი პრიორიტეტული მიმართულებები:
ა) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვა;
ბ) ხელმისაწვდომი გარემოს შექმნა (არქიტექტურული, კომუნიკაციური და სხვა ბარიერების ადაპტაცია და ა.შ.);
გ) განათლება;
დ) დასაქმება;
ე) თვითრეალიზების (შემოქმედება, სპორტი) შესაძლებლობის შექმნა. ზემოაღნიშნულ პრიორიტეტულ მიმართულებათა ფარგლებში შესაძლებელია ისეთი მეორეული პრიორიტეტების განსაზღვრაც, როგორებიცაა: დაავადებათა პრევენციის საკითხები, სატრანსპორტო უსაფრთხოების გაზრდა, შრომის უსაფრთხოების ნორმების შემოღება და დაცვა და ა.შ.
ინვალიდობის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების მიზნით საჭიროა:
ა) მიზანმიმართული სახელმწიფო პოლიტიკისა და სპეციალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება აუცილებელია საკოორდინაციო ორგანოს ამოქმედება, უწყებათა შორის კოორდინაციისა და თანამშრომლობის უზრუნველყოფა; ინვალიდობის სფეროში სოციალური მოდელისა და ადამიანის უფლებათა დასაცავად შესაბამისი მიდგომების დანერგვა; ინვალიდობის კატეგორიზაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებების კომპლექსურობის, განსახორციელებელი პროგრამებისა და არსებული რესურსების გათვალისწინებით. აღნიშნულის დასაგეგმად და განსახორციელებლად საჭიროა ინვალიდობის შესახებ სრული ინფორმაციის არსებობა, მისი შეგროვებისა და ანალიზის სისტემის სრულყოფა, აგრეთვე აუცილებელია სოციალური პარტნიორობის წახალისება, ამ სფეროს დაფინანსების ახალი მექანიზმების მოძიება და დანერგვა;
ბ) პროფესიული კადრების მომზადება და გადამზადება
აუცილებელია ინვალიდობის სფეროში მომუშავე სხვადასხვა დარგის სპეციალისტთა მომზადება და გადამზადება;
გ) ადგილობრივი ხელისუფლებისა და კერძო სექტორის მხარდაჭერა
აუცილებელია სახელმწიფო და კერძო სექტორების პარტნიორობის გაღრმავება;
დ) ეკონომიკური საქმიანობა, თვითდასაქმება და პროფესიული გადამზადება
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმებაში უნდა აღმოიფხვრას დისკრიმინაციის ელემენტები და უნდა ამოქმედდეს მათი დასაქმების წახალისების მექანიზმები; აღნიშნულ პირთათვის ასევე უნდა შეიქმნას პროფესიული განათლების, გადამზადებისა და დასაქმების სისტემები; უნდა განხორციელდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თვითდასაქმებისა და მცირე ბიზნესში მონაწილეობის წახალისება და ხელშეწყობა;
ე) ცხოვრების პირობების გაუმჯობესება და სოციალური დაცვა
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებების წინასწარ შესწავლის საფუძველზე უნდა შემუშავდეს სპეციალური მიზნობრივი პროგრამები, რომელთა საშუალებითაც უნდა გაუმჯობესდეს აღნიშნულ პირთა ცხოვრების პირობები და სოციალური მდგომარეობა;
ვ) მკურნალობა და რეაბილიტაცია
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სამედიცინო და ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია ჯანმრთელობის დაცვის სფეროს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. იგი სცილდება ინვალიდობის თემას და, ამდენად, შესაბამის ჯანმრთელობის დაცვის სტრატეგიაში უნდა აისახოს. კერძოდ, აუცილებელია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის კვალიფიციური დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ხელმისაწვდომობა, სპეციალური პროგრამების, მათ შორის, ეფექტიანი სამედიცინო დაზღვევის მექანიზმისა და ვაუჩერების ამოქმედება, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული დაავადებების მკურნალობის ნუსხის რევიზია, აგრეთვე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საპროთეზო-ორთოპედიული ნაკეთობებით, სხვადასხვა სახის ხარისხიანი დამხმარე, სავარჯიშო თუ სარეაბილიტაციო მოწყობილობებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა;
ზ) მომსახურების ხელმისაწვდომობა
დეტალურად უნდა იქნეს შესწავლილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა არსებული და პოტენციური მომსახურების საჭიროებათა შესაძლებლობები;
თ) ინკლუზიური და სპეციალიზებული განათლება
აუცილებელია ინკლუზიური განათლების სისტემის გეგმაზომიერად განვითარება, რაც მოიცავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა ყველა კატეგორიას და გულისხმობს მომუშავე პერსონალის გადამზადებას და სასწავლებლების სათანადოდ აღჭურვას, ხოლო გარკვეული კატეგორიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინკლუზიის შეუძლებლობის შემთხვევაში - მათ ბინაზე ან დინსტანციური განათლებით უზრუნველყოფას;
ი) რეზიდენტული დაწესებულებები და დეინსტიტუციონალიზაცია
რადიკალურად უნდა გაუმჯობესდეს რეზიდენტულ დაწესებულებებში განთავსებულთა პირობები; უნდა ამოქმედდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დეინსტიტუციონალიზაციის გრძელვადიანი გეგმა, რომელიც დაეფუძნება ალტერნატიულ მოდელებს (ოჯახის ტიპის და ა.შ.) და არჩევანის თავისუფლების პრინციპს; აუცილებელია მშობლისა და მომვლელის, აგრეთვე მიმღები ოჯახის ეფექტიანი სოციალური მხარდაჭერა;
კ) ფიზიკური გარემოს ხელმისაწვდომობა
საზოგადოებრივი დანიშნულების ადგილებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის უნდა შეიქმნას ხელმისაწვდომი გარემო. უზრუნველყოფილ იქნეს ხელმისაწვდომი ფიზიკური გარემოს შექმნასთან დაკავშირებით არსებული საკანონმდებლო ნორმების აღსრულება;
ლ) საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა
აუცილებელია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინფორმაციული იზოლაციის დაძლევა არსებული ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციის საშუალებების ოპტიმალური გამოყენების უზრუნველყოფით, კერძოდ, სმენადაქვეითებულებისათვის ჟესტების/ნიშნების ენის გამოყენება მასობრივ ელექტრონულ საშუალებებსა და საზოგადოებრივ ადგილებში, უსინათლოებისათვის ბრაილის სისტემისა და მისი ანალოგების ფართოდ დანერგვა (წიგნებისა და ჟურნალ-გაზეთების ბეჭდვა და ა.შ.), დამოუკიდებლად გადაადგილების უნარშეზღუდულ პირთა გადაადგილების საშუალებებით (ავტომობილით, სავარძელ-ეტლით, საპროთეზო-ორთოპედიული ნაკეთობით) უზრუნველყოფა, აგრეთვე ინვალიდთა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვა, საზოგადოებრივ ღონისძიებებში მათი მონაწილეობის ხელშეწყობა, სპეციალური ღონისძიებების (სპორტული შეჯიბრებების) ორგანიზება, პარაოლიმპიური მოძრაობის ხელშეწყობა;
მ) საზოგადოების გაცნობიერება
ინვალიდობის საკითხის აქტუალობა ადეკვატურად უნდა აისახოს მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში, ყურადღება უნდა მიექცეს ინვალიდობასთან დაკავშირებით სწორი ტერმინოლოგიის გამოყენებას. საჭიროა აღნიშნულ საკითხზე საზოგადოებრივი და პროფესიული განხილვების, სემინარებისა და კონფერენციების ორგანიზება და მისი მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში გაშუქება.
![]() |
3.7 თავი VI სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელება და მონიტორინგი |
▲ზევით დაბრუნება |
1. სახელმწიფო სტრატეგიით დასახულ ამოცანათა გადასაწყვეტად საქართველოს მთავრობა - შესაბამისი სამინისტროები და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები შეიმუშავებენ პროგრამებს და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, აგრეთვე კერძო სექტორის მონაწილეობით განახორციელებენ მათ. ამ პროგრამების ფინანსურ და ტექნიკურ მხარდაჭერასა და უშუალო განხორციელებაში აქტიურად უნდა ჩაერთონ საერთაშორისო, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები (დაწესებულებები).
2. სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელებისათვის მიზანშეწონილია შეიქმნას საკორდინააციო საბჭო, რომლის ფუნქციები იქნება:
ა) ინვალიდობის სფეროში საქართველოს ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების კოორდინაცია;
ბ) ინვალიდობის სფეროში სახელმწიფო პროგრამების განხორციელების მონიტორინგი, შეფასება, ზედამხედველობა და კოორდინაცია;
გ) ინვალიდობის სფეროში საკანონმდებლო წინადადებებისა და საკანონმდებლო ინიციატივების განხილვა დადგენილი წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენის მიზნით.
3. საკოორდინაციო საბჭოს დებულებას შეიმუშავებს საქართველოს მთავრობა.
4. ინვალიდობის სფეროში სახელმწიფო პროგრამების წარმატებით განხორციელების მთავარი პირობაა სამოქმედო გეგმის შემუშავება, რომელშიც აისახება საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო სახსრები, აგრეთვე სხვა რესურსები.
5. სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების მონიტორინგის შედეგად ყოველწლიურად შეფასდება დასახულ ღონისძიებათა ქმედითობა და მოხდება სახელმწიფო სტრატეგიის გადახედვა-განახლება.
6. სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელებისა და მონიტორინგის პროცესში დიდი მნიშვნელობა ენიჭება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა (ან/და მათ წარმომადგენელთა), აგრეთვე საზოგადოების სხვა წევრთა მონაწილეობას და მათი საქმიანობის გამჭვირვალობას.