The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიამონიტორინგის შედეგები

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიამონიტორინგის შედეგები


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
თემატური კატალოგი მონიტორინგის ანგარიში
საავტორო უფლებები: © UNDP Georgia 2013
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: გამოცემულია ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით „პროფესიონალური მედია არჩევნებისთვის“ პროექტის ფარგლებში. წინამდებარე გამოცემაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შეიძლება არ ასახავდეს ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) თვალსაზრისს. Published with assistance from the European Union and the United Nations Development Programme (UNDP) in Georgia under the project “Professional Media for Elections”. The contents of this publication are those of the authors and do not necessarily represent the views of the European Union and UNDP. www.mediamonitor.ge Copyright © UNDP Georgia 2013 All right reserved Manufactured in Georgia საავტორო უფლებები დაცულია გამოცემულია საქართველოში



1 შესავალი

▲ზევით დაბრუნება


2012 წელს საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების ფართომასშტაბიანი მედიამონიტორინგი ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით განხორციელდა. კვლევა ნაწილია მიმდინარე პროექტისა „პროფესიონალური მედია არჩევნებისთვის“, რომლის ერთ-ერთი მიზანია არჩევნების პერიოდში პროფესიონალური, მიუკერძოებელი და დაბალანსებული მედიაგაშუქების ხელშეწყობა მონიტორინგის გზით.

ქართული ტელე, რადიო, ბეჭდური და ონლაინ მედიასაშუალებების რაოდენობრივ და თვისებრივ მონიტორინგს

ახორციელებდნენ ავტორიტეტული სლოვაკური ორგანიზაცია „მემო 98”-ის მიერ გაწვრთნილი ქართული სამოქალაქო ორგანიზაციები:

  • კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) - სატელევიზიო არხების მონიტორინგი

  • ინტერნიუსი-საქართველო - რადიოსაშუალებების მონიტორინგი

  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) - ბეჭდური მედიის მონიტორინგი

  • სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი - ონლაინ მედიის მონიტორინგი

2 მეთოდოლოგია და ანალიზი

▲ზევით დაბრუნება


მონიტორინგის პროცესში ორგანიზაციები ხელმძღვანელობდნენ მსოფლიოს 35-ზე მეტ ქვეყანაში აპრობირებული მეთოდოლოგიით, რომელიც შედგება კვლევის ორი ძირითადი ნაწილისგან - რაოდენობრივი და თვისებრივი ანალიზისგან. რაოდენობრივ კომპონენტში შედის: სუბიექტებისთვის დათმობილი დრო/ფართობი, პირდაპირი და ირიბი საუბარი და გაშუქების ტონი. თვისებრივი მონიტორინგის კომპონენტები კი არის: ბალანსი, სიზუსტე, ფაქტებზე დაფუძნებული გაშუქება, კადრებით და მუსიკით მანიპულირება, ჟურნალისტის/სტატიის ენა და სხვა.

დაკვირვება ხდებოდა კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტების გაშუქებაზე, რომელთა ჩამონათვალი თან ერთვის წარმოდგენილ ანგარიშებს (დანართი 1).

საბოლოო ანგარიშების შედეგები გაანალიზებულია ოთხი პერიოდის მიხედვით:

  • 11 მაისი - 5 სექტემბერი, მონიტორინგის დაწყებიდან საარჩევნო სუბიექტების დარეგისტრირებამდე;

  • 6 სექტემბერი - 1 ოქტომბერი, საარჩევნო სუბიექტების დარეგისტრირებიდან არჩევნებამდე;

  • 2 ოქტომბერი - 20 ოქტომბერი, არჩევნებიდან ახალი მთავრობის დამტკიცებამდე;

  • 21 ოქტომბერი - 30 ნოემბერი, ახალი მთავრობის დამტკიცებიდან მონიტორინგის ბოლომდე.

საბოლოო შემაჯამებელი ანგარიშები აღწერს ძირითად ტენდენციებს. მონიტორინგის შუალედური ანგარიშები დეტალური მეთოდოლოგიით, ანალიზითა და მაგალითებით შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე www.mediamonitor.ge.

3 სატელევიზიო არხების მონიტორინგის შედეგები

▲ზევით დაბრუნება


3.1 საინფორმაციო გამოშვებები

▲ზევით დაბრუნება


11 მაისი - 30 ნოემბერი, 2012

2012 წლის 11 მაისიდან 30 ნოემბრის ჩათვლით კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC) განახორციელა რამდენიმე სატელევიზიო არხის საღამოს მთავარი საინფორმაციო გამოშვებების მონიტორინგი, რომელიც დაყოფილი იყო ოთხ ეტაპად: 11 მაისი - 5 სექტემბერი1, 6 სექტემბერი - 1 ოქტომბერი, 2 - 21 ოქტომბერი, 22 ოქტომბერი - 30 ნოემბერი. წინამდებარე ანგარიშში წარმოდგენილია შემდეგი სატელევიზიო არხების მონიტორინგის შედეგები: საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი, რუსთავი 2, იმედი, მაესტრო, კავკასია, მეცხრე არხი, რეალ ტვ.

აღსანიშნავია, რომ არჩევნების შემდეგ დაკვირვების ქვეშ მყოფი ორი არხის საინფორმაციო გამოშვებებმა შეწყვიტა მაუწყებლობა. რეალ ტვ-ის საინფორმაციო გამოშვებები 8 ოქტომბრის, ხოლო იმედის - 17 ოქტომბრის შემდეგ ეთერში აღარ გასულა.

ტელევიზიების საღამოს მთავარი საინფორმაციო გამოშვებების მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა შემდეგი ძირითადი მიგნებები:

  • მონიტორინგის დასაწყისში ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, როგორც პარტია, თითქმის არ შუქდებოდა. არჩევნების მოახლოებასთან ერთად, მმართველი პარტიის გაშუქებამ საგრძნობლად იმატა. ამის პარალელურად, მაისიდან მოყოლებული ძალიან დიდი დრო ეთმობოდა პრეზიდენტს. თუმცა, არჩევნების შემდეგ პრეზიდენტის გაშუქებამ მნიშვნელოვნად იკლო.

  • არჩევნების შემდეგ, 2-21 ოქტომბერის პერიოდში, კოალიცია ქართულ ოცნებას ყველა არხზე სუბიექტებისთვის დათმობილი დროის 42-დან 64 პროცენტამდე დაეთმო, რაც მონიტორინგის პერიოდში ძალიან მაღალი მაჩვენებელია. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა კი, დათმობილი დროის მიხედვით მეორე ადგილას დგას (13-დან 19 პროცენტამდე). აქვე აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში ყველა არხზე ჭარბობდა ნეიტრალური ტონი ძირითადი სუბიექტების მიმართ.

  • ოქტომბრის მეორე ნახევრიდან, ახალი პარლამენტისა და მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ, ტელეარხებზე ყველაზე მეტი დრო სუბიექტ მთავრობას ეთმობოდა.

  • მაისიდან ოქტომბრამდე პერიოდში იმედსა და რუსთავი 2-ზე გაშუქებული სუბიექტების ჩამონათვალი, აგრეთვე, მათთვის განაწილებული დრო და გაშუქების ტონი ერთმანეთის მსგავსი იყო.

  • საერთო ჯამში, არჩევნებამდე სუბიექტების გაშუქების ტონის ტენდენცია ასეთი იყო: პირველ არხსა და კავკასიაზე სუბიექტები, ძირითადად, ნეიტრალურად შუქდებოდა; რუსთავი 2-ზე, იმედსა და რეალ ტვ-ზე შეინიშნებოდა სახელისუფლებო სუბიექტების დადებითი და კოალიცია ქართული ოცნების უარყოფითი გაშუქება; მაესტროსა და მეცხრე არხზე კი სახელისუფლებო სუბიექტები შედარებით უარყოფითად შუქდებოდა.

  • არჩევნების შემდეგ საგრძნობლად იკლო მონიტორინგის სუბიექტების რაოდენობამ საინფორმაციო გამოშვებებში. თუ არჩევნებამდე შუქდებოდა თითქმის ყველა სუბიექტი, ოქტომბრიდან დრო, ძირითადად, მხოლოდ სამ მათგანს ეთმობოდა - კოალიცია ქართულ ოცნებას, მთავრობას და ერთიან ნაციონალურ მოძრაობას. სექტემბრის მეორე ნახევრიდან მონიტორინგის დასრულებამდე ყველა არხზე შენარჩუნდა და კიდევ უფრო გამძაფრდა მანამდე არსებული ძირითადი ტენდენციები.

პირველი არხი

11 მაისიდან 30 ნოემბრამდე პერიოდში პირველი არხის საღამოს მთავარ საინფორმაციო გამოშვებებში მონიტორინგის სუბიექტებს ჯამში 76 საათი და 18 წუთი დაეთმო. საინტერესოა, რომ, სხვა არხებთან შედარებით, მაისიდან ოქტომბრამდე პირველი არხი გამოირჩეოდა მონიტორინგის სუბიექტების სიმრავლით. დაკვირვების ქვეშ მყოფი სუბიექტების უმეტესობა თითქმის ყოველთვის შუქდებოდა საღამოს მოამბეში, განსაკუთრებით, სექტემბერში, როცა არჩევნებში მონაწილე ყველა პარტია იყო წარმოდგენილი საინფორმაციო ეთერში. არჩევნების შემდეგ გაშუქებული სუბიექტების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. ასევე, თუ არჩევნებამდე სუბიექტებისთვის დათმობილი დრო საკმაოდ თანაბრად ნაწილდებოდა, არჩევნების შემდეგ სურათი მკვეთრად შეიცვალა (იხ. დიაგრამა Time 3.1).

დიაგრამა Time 3.1

0x01 graphic

ამასთან, აღსანიშნავია, რომ, დათმობილი დროის მიხედვით, კოალიცია ქართული ოცნება ოქტომბრამდე პერიოდში პირველ ადგილზე იდგა. პრეზიდენტი მხოლოდ მაისიდან სექტემბრამდე პერიოდში იყო პირველ სამეულში და აქტიურად შუქდებოდა. სექტემბრიდან კი მისი გაშუქების წილმა საგრძნობლად იკლო. ერთიან ნაციონალურ მოძრაობას კი პირიქით, პირველ პერიოდში შედარებით ნაკლები დრო ეთმობოდა, სექტემბრიდან კი ყოველთვის პირველ სამეულში ხვდებოდა.

პირდაპირი და ირიბი საუბრის განაწილება რაიმე ტენდენციის გამოყოფის საშუალებას არ იძლევა. ოთხივე პერიოდში სუბიექტებს პირდაპირი და ირიბი საუბრის, დაახლოებით, თანაბარი წილი ჰქონდათ.

პირველ არხზე ოთხივე პერიოდში ჭარბობდა სუბიექტების ნეიტრალური ტონით გაშუქება. თუმცა, სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა ტენდენცია გამოიკვეთა. 19 ივნისიდან 5 სექტემბრამდე პერიოდში პრეზიდენტი, მისთვის დათმობილი დროის ნახევარზე მეტში, დადებითი ტონით გაშუქდა. პრეზიდენტის დადებითად წარმოჩენა შეიმჩნეოდა თავად ჟურნალისტის ტონშიც (32%25) (იხ. დიაგრამები Tone 1.1 და JTone 1.1). სექტემბერში დადებითი გაშუქების წილი თითქმის ყველა სუბიექტს ჰქონდა. უარყოფითი გაშუქების შედარებით დიდი წილი ხვდა მთავრობას და პრეზიდენტს, რაც, ძირითადად, სექტემბრის ბოლოს გამოქვეყნებული ციხის კადრებით აიხსნება. ახალი პარლამენტისა და ახალი მთავრობის დაკომპლექტების შემდეგ პირველ არხზე სამი ძირითადი სუბიექტი: მთავრობა, კოალიცია ქართული ოცნება და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, სხვა პერიოდებთან შედარებით, მეტწილად, უარყოფითად გაშუქდა. საინტერესოა, რომ იმავე პერიოდში პრეზიდენტს 30 პროცენტიანი დადებითი გაშუქება ჰქონდა. მონიტორინგის პე- რიოდში პირველ არხზე გასული სიუჟეტების სათაურები ნეიტრალური და აღწერილობითი ხასიათის იყო.

მონიტორინგის მთელი პერიოდის მანძილზე პირველი არხის სიუჟეტები, უმეტესად, ნეიტრალურ შთაბეჭდილებას ტოვებდა. თუმცა, მონიტორინგის დასაწყისში შეინიშნებოდა დადებითი შინაარსის სიუჟეტები პრეზიდენტისა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების მიმართ, რაც, ძირითადად, სუბიექტების პირდაპირ საუბარსა და ნაჩვენებ კადრებში ვლინდებოდა. პრეზიდენტის დადებითი გაშუქება ივნისიდან სექტემბრამდე 56 პროცენტს შეადგენდა სექტემბრის მეორე ნახევარში, ასევე, შეინიშნებოდა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერების ოჯახებისა და ცხოვრების შესახებ მომზადებული დადებითი სიუჟეტები რუბრიკიდან „პოლიტიკოსები პოლიტიკის მიღმა“. მაისიდან სექტემბრის პირველ ნახევრამდე პერიოდში შედარებით უფრო იშვიათად გვხვდება უარყოფითი შინაარსის სიუჟეტები. თუმცა, სექტემბრის გადაცემებში მეტი უარყოფითი სიუჟეტი გავიდა მთავრობასა და პრეზიდენტზე. ამ პერიოდს დაემთხვა პატიმრების წამების ამსახველი ვიდეოების გავრცელება 18 სექტემბერს. იმ დღეს პირველ არხზე მოამბესაერთოდ არ გასულა. ამ დროს პირდაპირ ეთერში პოლიტიკურ პარტიებს შორის წინასაარჩევნო დებატები მიმდინარეობდა. შესაბამისად, პირველ არხს იმდღევანდელ საღამოს ეთერში ეს მოვლენები არ გაუშუქებია. მომდევნო დღეებში ამ თემასთან დაკავშირებით მომზადდა სიუჟეტები, საიდანაც უარყოფითი შთაბეჭდილება რჩებოდა მთავრობის წარმომადგენლებზე და მას, ძირითადად, რესპონდენტების საუბარი ქმნიდა.

დიაგრამა Tone 1.1

0x01 graphic

დიაგრამა JTone 1.1

0x01 graphic

არჩევნების შემდეგ 22 ოქტომბრამდე ჭარბობდა ნეიტრალური ხასიათის სიუჟეტები და იშვიათი იყო დადებითი გაშუქება. უარყოფით საერთო შთაბეჭდილებას ქმნიდა არჩევნების შემდგომ დღეებში გასული სიუჟეტები, სადაც კოალიცია ქართული ოცნების წარმომადგენლები ფიგურირებდნენ და ნაჩვენები იყო კოალიციის წევრთა მიერ საარჩევნო კომისიისთვის ხელის შეშლის, კომისიის წარმომადგენლებზე ზეწოლისა და მათი ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტები.

ნოემბერში პირველ არხზე გახშირდა უარყოფითი შინაარსის სიუჟეტები, რომელთა უმეტესობა ახალ მთავრობას, პრემიერ-მინისტრს, კოალიცია ქართულ ოცნებას და ადგილობრივ თვითმმართველობას ეხებოდა, დადებითი შინაარსის სიუჟეტები კი შედარებით იშვიათად გვხვდებოდა მონიტორინგის აღნიშნულ პერიოდში და, ისინი ძირითადად, საქართველოს პრეზიდენტს ეძღვნებოდა.

სიუჟეტში წარმოდგენილი რესპონდენტების მხრივ, პირველ არხზე სიუჟეტები, ძირითადად, დაბალანსებულია და წარმოდგენილია სხვადასხვა მოსაზრება გაშუქებული საკითხის გარშემო. თუმცა, ხანდახან შეიმჩნეოდა სიუჟეტები, სადაც სრული სურათის შესაქმნელად საჭირო იყო მეორე მხარის კომენტარებიც.

პირველ არხზე გასულ სიუჟეტებში ჟურნალისტის მიერ მოწოდებული ინფორმაცია თითქმის ყოველთვის გამყარებული იყო ფაქტებით (რესპონდენტის კომენტარი, კადრები, ინფორმაციის წყარო). იშვიათია სიუჟეტები, სადაც ჟურნალისტის დასკვნა არ შეესაბამებოდა წარმოდგენილ მასალას. ასეთი შემთხვევები უფრო მეტად ფიქსირდებოდა მაის-ივნისის პერიოდში.

საარჩევნო კამპანიის ფარგლებში საზოგადოებრივმა მაუწყებელმა საინფორმაციო გადაცემებში დაიწყო პირდაპირი ჩართვები მოწვეულ პოლიტიკოსებთან, ძირითადად, ოპოზიციური პარტიების წევრებთან. ოქტომბრიდან ნოემბრის ბოლომდე პირდაპირ ჩართვებში მოწვეული იყვნენ როგორც კოალიცია ქართული ოცნების, ასევე, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები. ჟურნალისტი ზომიერად მომთხოვნი იყო სტუმრებისადმი და, უმეტესწილად, აცდიდა მათ აზრის ბოლომდე გამოთქმას.

რუსთავი 2

მონიტორინგის პერიოდში რუსთავი 2-ის საღამოს მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში მონიტორინგის სუბიექტებს ჯამში 94 საათი და 50 წუთი დაეთმო. არჩევნებამდე ტელეარხზე სუბიექტების გაშუქება უფრო მრავალფეროვანი იყო, ვიდრე არჩევნების შემდეგ. თუმცა, ყველა პერიოდში, დათმობილი დროის მიხედვით, პირველ ხუთეულში ერთიდაიგივე სუბიექტები ხვდებოდნენ. საინტერესოა, რომ მონიტორინგის ოთხი პერიოდის განმავლობაში პრეზიდენტის გაშუქებამ ნელ-ნელა იკლო. თუ მაისიდან სექტემბრამდე მას, დათმობილი დროის მიხედვით, პირველი ადგილი ეჭირა (24 პროცენტი), ოქტომბერ-ნოემბრის პერიოდში მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა. კოალიცია ქართული ოცნება ყველა პერიოდში ან პირველ, ან მეორე ადგილზე იყო. რაც შეეხება დროის გადანაწილებას სუბიექტებს შორის, რუსთავი 2-ზე დრო მეტნაკლებად თანაბრადაა განაწილებული. ეს არ ეხება ოქტომბრის პერიოდს, როცა ყველა არხზე კოალიცია ქართულ ოცნებას 40 პროცენტზე მეტი დრო დაეთმო, დანარჩენ სუბიექტებს კი 20 პროცენტზე ნაკლები.

პირდაპირი და ირიბი საუბარი მაისიდან ოქტომბრამდე პერიოდში ასე გადანაწილდა: პრეზიდენტის საკმაოდ ხშირი და ვრცელი გაშუქებისას პირდაპირი საუბრის წილი 70 პროცენტს აღემატებოდა. ამასთან, პირველ პერიოდში (11 მაისი - 5 სექტემბერი) პრეზიდენტს დაეთმო თითქმის 12 საათი და, აქედან, 73 პროცენტი (8 საათნახევარი) მისი პირდაპირი საუბარი იყო (იხ. დიაგრამები Speech 1.2 და Speech 2.2). კოალიცია ქართული ოცნების გაშუქებისას პირდაპირი-ირიბი საუბრის განაწილება, ძირითადად, თანაბარი იყო, თუმცა პირველ პერიოდში, სხვა სუბიექტებთან შედარებით, ნაკლები ჰქონდა პირდაპირი საუბარი (41%25).

დიაგრამა Speech 1.2

0x01 graphic

დიაგრამა Speech 2.2

0x01 graphic

სუბიექტების გაშუქების ტონის თვალსაზრისით, მონიტორინგის მთელი პერიოდი შეიძლება გაიყოს ორად - მაისიდან არჩევნებამდე და ოქტომბრის დასაწყისიდან ნოემბრის ბოლომდე. მაისიდან სექტემბრის ბოლომდე პერიოდში კოალიცია ქართული ოცნება დათმობილი დროის თითქმის ნახევრის განმავლობაში უარყოფითად შუქდებოდა. პრეზიდენტს დადებითი ტონის გამორჩეულად დიდი წილი ჰქონდა: 19 ივნისიდან 5 სექტემბრამდე - 79 პროცენტი, ხოლო სექტემბრის განმავლობაში - 69 პროცენტი. მიუხედავად იმისა, რომ სექტემბრის პერიოდს დაემთხვა ციხეებში წამების კადრების გამოქვეყნება, რის გამოც რიგ არხებზე მთავრობისა და პრეზიდენტის უარყოფითი გაშუქების წილი გაიზარდა, რუსთავი 2 ზე სურათი არ შეცვლილა. დადებითი ტონის შედარებით დიდი წილი დაფიქსირდა მთავრობის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის მიმართაც. ყველა ეს ტენდენცია მეორდება ჟურნალისტის ტონშიც (იხ. დიაგრამები Tone 1.2 და Tone 2.2)

დიაგრამა Tone 1.2

0x01 graphic

დიაგრამა Tone 2.2

0x01 graphic

რადიკალურად განსხვავებული სურათია ოქტომბერსა და ნოემბერში. სუბიექტების გაშუქება, უმეტესად, ნეიტრალურად ხდებოდა. მცირე უარყოფითი ტონი შეინიშნებოდა ძირითადი სუბიექტების მიმართ. რაც შეეხება პრეზიდენტს, მას შედარებით ნაკლები დრო ეთმობოდა, მაგრამ დათმობილი დროის 30 პროცენტზე მეტის განმავლობაში დადებითად იყო წარმოდგენილი (იხ. დიაგრამა Tone 4.2).

რუსთავი 2-ზე სიუჟეტების სათაურები, უმეტესად, ინფორმაციული და ნეიტრალურია. სათაურებში ზოგჯერ შეიმჩნეოდა მინიშნება უარყოფითი ან დადებითი ტონისკენ. თუმცა, მკვეთრად დადებითი ან უარყოფითი ტონის სათაურები თითქმის არ დაფიქსირებულა.

არჩევნებამდე გამოიკვეთა ტენდენცია, რომ სიუჟეტები, რომლებიც საერთო შთაბეჭდილებით დადებითი იყო, ეხებოდა, უმეტესად, პრეზიდენტს, მთავრობას, ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა და ქრისტიან-დემოკრატიულმოძრაობას. სიუჟეტებში პრეზიდენტის შესახებ ხშირად ისმოდა ტაში, სკანდირება და ზოგჯერ გამოყენებული იყო პოზიტიური ხასიათის მუსიკა, რაც დადებით ფონს ქმნიდა. რაც შეეხება უარყოფით სიუჟეტებს, ისინი, უმეტესად, კოალიცია ქართულ ოცნებას ეხებოდა. სიუჟეტებში ზოგჯერ გვხვდებოდა კადრებით მანიპულირების შემთხვევები, რაც ამძაფრებდა საერთო შთაბეჭდილებას.

დიაგრამა Tone 4.2

0x01 graphic

აღსანიშნავია, რომ სექტემბრის მეორე ნახევარში პატიმრების წამების ამსახველი კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით, რუსთავი 2-ზე მომზადებულ სიუჟეტებში ძირითადი აქცენტი იყო არა თვითონ წამების ფაქტებზე, არამედ კოალიცია ქართული ოცნების წევრების მიერ შემუშავებულ სქემაზე და მოქმედი ხელისუფლების მყისიერ რეაქციაზე, რაც უარყოფითად წარმოაჩენდა კოალიციას და დადებითად - ხელისუფლებას. ამას ემატებოდა დადებითი სიუჟეტები პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის აქტივობების შესახებ. კოალიცია ქართული ოცნების შესახებ უარყოფით სიუჟეტებს კიდევ უფრო ამძაფრებდა აქცენტი გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერებზე, სადაც ხაზი ესმებოდა კოალიციის წევრების მიერ ერთმანეთზე უარყოფითად საუბარს და მათ კავშირებს ე. წ. „კანონიერ ქურდებთან“.

არჩევნების შემდეგ, ოქტომბრის პირველ ნახევარში, რუსთავი 2-ზე იმატა ნეიტრალურმა სიუჟეტებმა. ოქტომბრის ბოლოდან კი ისევ გამოიკვეთა უარყოფითი შინაარსის სიუჟეტები ახალ მთავრობაზე, პრემიერ-მინისტრსა და კოალიცია ქართულ ოცნებაზე. სუბიექტების მიმართ დადებით და უარყოფით შთაბეჭდილებას ხშირად ამძაფრებდა ჟურნალისტის ტექსტი.

აღსანიშნავია, რომ 1 ოქტომბერს არჩევნების დღისადმი მიძღვნილი ვრცელი საინფორმაციო გამოშვების განმავლობაში 4-ჯერ გაიმეორეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლის, ჩიორა თაქთაქიშვილის განცხადება, რომ ნაციონალური მოძრაობა „მყარი უმრავლესობით“ იმარჯვებს, რაც მცდარ წარმოდგენას უქმნიდა მაყურებელს და დადებით შთაბეჭდილებას ტოვებდა პარტიაზე.

რუსთავი 2-ზე დაფიქსირდა სიუჟეტები, სადაც ჟურნალისტის დასკვნა არ შეესაბამებოდა სიუჟეტში წარმოდგენილ მასალას და გადმოცემული ინფორმაცია საკმარისად არ იყო გამყარებული ფაქტებით. ეს შემთხვევები განსაკუთრებით ხშირი იყო მაისიდან სექტემბრამდე პერიოდში.

რაც შეეხება სხვადასხვა მხარისა და მოსაზრების წარმოჩჩენას, მონიტორინგის მთელ პერიოდში სიუჟეტები, უმეტესად, დაბალანსებული იყო. თუმცა სიუჟეტებში კოალიცია ქართული ოცნების შესახებ შეინიშნებოდა კოალიციის წევრთა კომენტარების სიმცირე. ასევე, განსხვავებული მოსაზრებების ნაკლებობაა ხელისუფლების შესახებ მომზადებულ დადებით სიუჟეტებში. წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში იმატა ისეთმა სიუჟეტებმა, სადაც რთული იყო ბალანსზე საუბარი, რადგანაც გაშუქებული იყო ერთი კონკრეტული პარტიის/სუბიექტის წინასაარჩევნო აქტივობა.

აგვისტოდან რუსთავი 2-მა საინფორმაციო გადაცემაში დაიწყო პირდაპირი ჩართვები, სადაც იწვევდნენ ერთ ან რამდენიმე პოლიტიკოსს როგორც სახელისუფლებო, ასევე, ოპოზიციური პარტიებიდან. ასეთ ჩართვებს საკმაოდ დიდი დრო ეთმობოდა, ზოგჯერ 42 წუთიც კი. დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც ჟურნალისტი მეტად მომთხოვნი იყო ზოგი სტუმრისადმი, უმეტესად, ოპოზიციური პარტიებიდან და ნაკლებ ოპონირებას უწევდა სახელისუფლებო სუბიექტებს.

იმედი

მონიტორინგის პერიოდში იმედზე საღამოს მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში მონიტორინგის სუბიექტებს ჯამში 74 საათი და 40 წუთი დაეთმო. აღსანიშნავია, რომ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის მფლობელობაში ტელევიზიის დაბრუნების შემდეგ, 17 ოქტომბრიდან იმედის საინფორმაციო გამოშვებამ მაუწყებლობა შეწყვიტა, ამიტომ ამ არხის მონიტორინგის მეოთხე პერიოდის შედეგები ანგარიშში მოცემული არ არის.

მაისიდან არჩევნებამდე პერიოდში იმედზე გამოიკვეთა 5 სუბიექტი, რომლებსაც ყველაზე მეტი დრო დაეთმო: პრეზიდენტი, მთავრობა, კოალიცია ქართული ოცნება, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა. თუმცა, პროცენტული განაწილება სხვადასხვაგვარია. პრეზიდენტი და კოალიცია ქართული ოცნება ყოველთვის პირველ სამეულში არიან, მათ შორის, არჩევნების შემდგომ პერიოდშიც. თუმცა ოქტომბერში, ისევე, როგორც სხვა არხებზე, ძირითადად, კოალიცია ქართული ოცნება შუქდებოდა. იმედზე მას დროის 64 პროცენტი დაეთმო.

არჩევნებამდე პერიოდში იმედზე, სხვა ძირითად სუბიექტებთან შედარებით, პრეზიდენტს პირდაპირი საუბრის ყველაზე მაღალი წილი ჰქონდა - 70 პროცენტზე მეტი, ხოლო კოალიცია ქართულ ოცნებას - ყველაზე დაბალი, 45 პროცენტი ან ნაკლები. დანარჩენ სუბიექტებს პირდაპირი საუბრის წილი, უმეტესად, 50 პროცენტზე მეტი ჰქონდათ.

სურათი გაშუქების ტონის მიხედვით არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება. მაისიდან ოქტომბრამდე კოალიცია ქართულ ოცნებას უარყოფითი გაშუქების წილი ყველაზე მაღალი ჰქონდა (19 ივნისი-5 სექტემბერი - 40%25, 6 სექტემბერი - 1 ოქტომბერი - 55%25), პრეზიდენტს, მთავრობას, ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა და ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას კი - დადებითი გაშუქების საკმაოდ დიდი წილი. ცალკე აღსანიშნავია პრეზიდენტი, რომელიც მაისიდან-სექტემბრამდე დათმობილი დროის 78 პროცენტის განმავლობაში დადებითად იყო წარმოჩენილი. სექტემბერში დადებითი გაშუქების წილი 68 პროცენტი იყო. ეს ტენდენციები ჟურნალისტის ტონშიც აშკარად გამოიკვეთა (იხ. დიაგრამა JTone 2.3). აქვე აღსანიშნავია, რომ სექტემბრის მეორე ნახევარში, ციხის კადრების გამოქვეყნების შემდეგ, რიგ არხებზე ხელისუფლების წარმომადგენლების უარყოფითი გაშუქების წილმა იმატა. თუმცა, იმედზე ეს ტენდენცია არ შეინიშნებოდა.მონიტორინგის პერიოდში იმედზე გასულ სიუჟეტებს ხშირად ჰქონდა არანეიტრალური სათაურები. სიუჟეტებში, რომლებიც კოალიცია ქართულ ოცნებას ეხებოდა, თითქმის ყოველთვის უარყოფითი ტონის დასათაურება შეინიშნებოდა.

დიაგრამა JTone 2.3

0x01 graphic

დადებითი შინაარსის სათაურები კი, ძირითადად, პრეზიდენტის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და წინა ხელისუფლების წარმომადგენლების შესახებ მომზადებულ სიუჟეტებს ჰქონდა. შესაბამისად, სიუჟეტების უმრავლესობა უარყოფით შთაბეჭდილებას ქმნიდა კოალიცია ქართულ ოცნებაზე. მთელი მონიტორინგის მანძილზე ხაზგასმული იყო მისი წევრების კავშირი რუსეთთან და ქურდულ სამყაროსთან, მათი წარსული, შევარდნაძის დროინდელ მთავრობასთან თანამშრომლობა და კოალიციის არაერთსულოვნება. ასეთ სიუჟეტებში ხშირი იყო კადრებითა და მუსიკით მანიპულირება უარყოფითი შთაბეჭდილების გასამძაფრებლად.

პრეზიდენტსა და ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე, მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში, კეთდებოდა სიუჟეტები, სადაც აქტიურად შუქდებოდა პარტიის წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიებები და ეს სუბიექტები საკმაოდ დადებითად იყვნენ წარმოჩენილი. აღსანიშნავია, რომ სიუჟეტები პრეზიდენტის ვიზიტებზე სხვადასხვა რეგიონში დაამომრჩევლებთან შეხვედრებზე ერთმანეთს ჰგავდა. აჩვენებდნენ პრეზიდენტის ვრცელ გამოსვლებს, ბევრ ხალხს გაღიმებული სახეებითა და პარტიული ატრიბუტიკით, ისმოდა ტაში და სკანდირება, მადლობები და დადებითი შინაარსის შემცველი რეპლიკები. როგორც დადებით, ასევე, უარყოფით შთაბეჭდილებას აძლიერებდა ჟურნალისტების მიკერძოებული ტექსტები.

ეს ტენდენცია არჩევნების წინ კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა მაშინაც კი, როდესაც გამოქვეყნდა პატიმრების წამების ამსახველი ვიდეომასალა. ამ თემასთან დაკავშირებულ სიუჟეტებში აქცენტი კეთდებოდა შსს-ს მიერ გახსნილ დანაშაულებრივ სქემაზე, რაც გულისხმობდა ამ ვიდეოების დაკვეთას კოალიციასთან დაკავშირებული პირების მიერ, აგრეთვე, ასახული იყო, როგორ ცდილობდა პრეზიდენტი და მთავრობა მდგომარეობის გამოსწორებას. თუმცა ზოგიერთ სიუჟეტში ხელისუფლების წარმომადგენლები შედარებით უარყოფითადაც წარმოჩინდნენ, უმეტესად, რესპონდენტების საუბრის ხარჯზე.

საინტერესოა, რომ ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის შესახებ გასული მასალებიც წააგავდა პრეზიდენტსა და მთავრობაზე მომზადებულ დადებით სიუჟეტებს, განსაკუთრებით, ივლისიდან, როცა ქრისტიან-დემოკრატებმა აქტიური წინასაარჩევნო კამპანია წამოიწყეს, რაც იმედზე საკმაოდ ვრცლად შუქდებოდა.

წარმოდგენილი რესპონდენტების მიხედვით, სიუჟეტები მეტნაკლებად დაბალანსებულია. აგვისტოდან ოქტომბრამდე ჭარბობდა სიუჟეტები, რომელთა შეფასება ბალანსის მხრივ რთულია, რადგან გაშუქებულია სხვადასხვა პარტიის წინასაარჩევნო შეხვედრები ამომრჩეველთან. ამასთან, დაუბალანსებელი სიუჟეტების უმეტესობაში იგრძნობოდა კოალიცია ქართული ოცნების წარმომადგენლების კომენტარების საჭიროება.

მონიტორინგის პირველ პერიოდში ადგილი ჰქონდა შეუსაბამობას ჟურნალისტის დასკვნასა და სიუჟეტში წარმოდგენილ ფაქტებს შორის.

აგვისტოს მეორე ნახევარში პირველი არხისა და რუსთავი 2-ის მსგავსად, იმედმა საინფორმაციო გამოშვებებში დაიწყო პირდაპირი ჩართვები, რომლებსაც საკმაოდ დიდი დრო ეთმობოდა, დაახლოებით, 15-25 წუთი. პირდაპირი ჩართვის სტუმრები, უმეტესად, იყვნენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, კოალიცია ქართული ოცნებისა და ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის წარმომადგენლები. ჟურნალისტის შეკითხვები სტუმრებისადმი, უმეტესად, ნაკლებად მომთხოვნი იყო, თუმცა მეტი სიმკაცრე და ზოგჯერ ირონიული დამოკიდებულებაც შეინიშნებოდა კოალიცია ქართული ოცნების წარმომადგენლების მიმართ, განსაკუთრებით, სექტემბერში.

მაესტრო

11 მაისიდან 30 ნოემბრამდე პერიოდში მაესტროზე საღამოს მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში მონიტორინგის სუბიექტებს ჯამში 52 საათი და 24 წუთი დაეთმო. მონიტორინგის ყველა პერიოდში დათმობილი დროის მიხედვით კოალიცია ქართული ოცნება პირველ ადგილზე დგას. 22 ოქტომბრიდან ნოემბრის ბოლომდე კი პირველი ადგილი ახალმა მთავრობამ დაიკავა. მთელი 7 თვის განმავლობაში დათმობილი დროის სხვადასხვანაირი გადანაწილებით პირველ ოთხეულში ყოველთვის არიან: კოალიცია ქართული ოცნება, მთავრობა, პრეზიდენტი და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. ისევე როგორც სხვა არხებზე, მაესტროზეც 2-21 ოქტომბრის პერიოდში კოალიცია ქართულ ოცნებას განსაკუთრებით დიდი დრო დაეთმო - 47 პროცენტი, სხვა სუბიექტებს კი მხოლოდ 17 პროცენტი ან ნაკლები.

მაესტროზე პირდაპირი და ირიბი საუბრის დრო სუბიექტებს, ძირითადად, თანაბრად აქვთ გადანაწილებული და პირდაპირი საუბრის წილი თითქმის ყოველთვის ნახევარზე ნაკლებია. აღსანიშნავია სექტემბრის პერიოდის შედეგები, სადაც პრეზიდენტს დათმობილი დროის 67 პროცენტის განმავლობაში პირდაპირი საუბარი დაუფიქსირდა, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია და მაესტროზე იშვიათად გვხვდება (იხ. დიაგრამა Speech 2.4).

მონიტორინგის ოთხივე პერიოდში მაესტროზე ძირითადი სუბიექტების უარყოფითი გაშუქება შეინიშნებოდა. თუმცა, სხვა არხებისგან განსხვავებით, ასეთი გაშუქება უფრო კრიტიკული ხასიათისა იყო. აღსანიშნავია, რომ უარყოფითი გაშუქების უფრო მეტი წილი პრეზიდენტს, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას და მთავრობას დაუფიქსირდა. დადებითი ტონი მაესტროზე უფრო ნაკლებად გვხვდებოდა. თუმცა, სექტემბერში ოთხი ძირითადი სუბიექტი უარყოფითთან ერთად დადებითადაც აქტიურად გაშუქდა (იხ. დიაგრამა Tone 2.4). უარყოფითი ტონი პროპორციულად აისახება ჟურნალისტის ტექსტში, რასაც ვერ ვიტყვით დადებითზე. ახალი პარლამენტისა და მთავრობის დაკომპლექტების შემდეგ უარყოფითად შუქდებოდნენ იგივე სუბიექტები, რაც მანამდე, მათ შორის, ახალი მთავრობაც (იხ. დიაგრამა Tone 4.4).

დიაგრამა Speech 2.4

0x01 graphic

დიაგრამა Tone 2.4

0x01 graphic

დიაგრამა Tone 4.4

0x01 graphic

მაესტროზე წარმოდგენილ სიუჟეტებს, უმეტესად, აღწერილობითი და ნეიტრალური სათაურები ჰქონდა. თუმცა, მთავრობის, პრეზიდენტის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შესახებ მომზადებულ მასალებს ერთვის კრიტიკული შინაარსის მქონე სათაურები, რაც უარყოფით შთაბეჭდილებას ტოვებს ამ სუბიექტებზე. არჩევნების შემდეგ ამ ტენდენციამ ნელ-ნელა იკლო.

საერთო ჯამში, მაესტროს სიუჟეტების უმეტესობა ნეიტრალურ საერთო შთაბეჭდილებას ქმნიდა სუბიექტებზე. თუმცა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, პრეზიდენტის, მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენ- ლების გაშუქებისას შეინიშნებოდა უარყოფითი ტონი, ოღონდ უფრო მეტად კრიტიკულ ჭრილში. აქვე აღსანიშნავია, რომ, ხშირად უარყოფითი შთაბეჭდილება იქმნებოდა რესპონდენტების კომენტარებით და უფრო ნაკლებად - ჟურ- ნალისტის ტექსტებით და კადრებით. ამ ტენდენციამ იმატა უშუალოდ არჩევნების წინა პერიოდში, განსაკუთრებით, პატიმრების წამების ამსახველი კადრების გამოქვეყნების შემდეგ. სექტემბრის ბოლოს გასული სიუჟეტების უმეტესობა კრიტიკული და უარყოფითი შინაარსის შემცველი იყო მთავრობისა და ხელისუფლების მიმართ. არჩევნების შემდეგ ეს ტენდენცია გაგრძელდა და ახალი მთავრობის არჩევის შემდეგაც გადიოდა სიუჟეტები, სადაც ძველი მთავრობის წარმომადგენლები უარყოფითად იყვნენ წარმოჩინებული.

მაისიდან 1 ოქტომბრამდე პერიოდში მაესტროზე იყო სიუჟეტები, სადაც პრეზიდენტი დადებითად იყო წარმოდგენილი. რამდენჯერმე საკმაოდ ვრცლად გაშუქდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო კამპანია. მაესტროზე სიუჟეტები, მათში წარმოდგენილი რესპონდენტებითა და განს

ხვავებული მოსაზრებებით, ძირითად შემ- თხვევებში, დაბალანსებული იყო. თუმცა, აღსანიშნავია, რომ დაუბალანსებელი სიუჟეტები, უმეტესად, ისეთ საკითხებს ეხება, სადაც აშკარაა ხელისუფლების და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების კომენტარის საჭიროება. თუმცა, ჟურნალისტი ხშირად აღნიშნავს, რომ რესპონდენტებთან დაკავშირება სცადეს, მაგრამ კომენტარის მიღება ვერ მოხერხდა.

მონიტორინგის პერიოდში შეუსაბამობა ჟურნალისტის დასკვნასა და სიუჟეტში წარმოდგენილ მასალას შორის ძალიან იშვიათი იყო. ასევე იშვიათად გვხვდებოდა კადრებით მანიპულირებისა და ამ ხერხით სიუჟეტის შინაარსის დამძიმების შემთხვევები.

კავკასია

კავკასიის საღამოს მთავარ საინფორმაციო გამოშვებებში მონიტორინგის პერიოდში სუბიექტებს ჯამში 50 საათი და 17 წუთი დაეთმო. მონიტორინგის ოთხივე პერიოდში დათმობილი დროის მიხედვით საკმაოდ დიდი (10-დან 30 პროცენტამდე) განსხვავება იყო პირველ ადგილზე მდგომ სუბიექტსა და დანარჩენ სუბიექტებს შორის. პირველ სამ პერიოდში, მაისიდან 21 ოქტომბრამდე, ეს სუბიექტი კოალიცია ქართული ოცნება იყო, ახალი მთავრობის დაკომპლექტების შემდეგ კი პირველ ადგილზე მთავრობამ გადაინაცვლა. მონიტორინგის ოთხივე პერიოდში დათმობილი დროის მიხედვით პირველ ოთხეულში ყოველთვის შედიოდნენ: კოალიცია ქართული ოცნება, მთავრობა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და პრეზიდენტი დროის სხვადასხვაგვარი განაწილებით. ასევე აღსანიშნავია, რომ მონიტორინგის სამ პერიოდში ადგილობრივი არასამთავრობოები დათმობილი დროის მიხედვით მეხუთე ადგილს იკავებდნენ.

რაც შეეხება პირდაპირი და ირიბი საუბრის განაწილებას, 21 ოქტომბრამდე ე.წ. ძველ მთავრობას სხვა სუბიექტებთან შედარებით ყოველთვის დაბალი ჰქონდა პირდაპირი საუბრის წილი (მაქსიმუმ 36%25), ოქტომბრის ბოლოდან კი მთავრობის პირდაპირი საუბრის წილი გაიზარდა და პირდაპირი და ირიბი საუბრის განაწილება თითქმის გათანაბრდა. არჩევნების მოახლოებასთან ერთად, იზრდებოდა პრეზიდენტის პირდაპირი საუბრის წილი და მაქსიმუმ 57%25-ს მიაღწია, არჩევნების შემდეგ კი იკლო და ბოლო პერიოდში 35 პროცენტამდე ჩამოვიდა. კოალიცია ქართული ოცნება, რომელიც დათმობილი დროის მიხედვით მონიტორინგის პერიოდში, უმეტესად, პირველ ადგილზე იდგა, პირდაპირი და ირიბი საუბრის განაწილების მხრივ თითქმის ყოველთვის თანაბრად შუქდებოდა. მონიტორინგის პირველ პერიოდში პირდაპირი და ირიბი საუბრის წილი ზუსტად თანაბარი აქვს (50%25-50%25) ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, თუმცა, მომდევნო პერიოდში, მაგ., სექტემბერსა და ოქტომბერში მისი პირდაპირი საუბარი უკვე 40 პროცენტზე ნაკლებია.

კავკასიის საინფორმაციო გამოშვება, ძირითადად, გამოირჩეოდა სუბიექტების ნეიტრალური გაშუქებით. თუმცა, ოთხივე პერიოდში იმ სუბიექტებს, რომლებსაც ყველაზე მეტი დრო დაეთმო, ყოველთვის ჰქონდათ უარყოფითიგაშუქების გარკვეული წილი, დადებითი ტონი შედარებით ნაკლებად გვხვდებოდა. ამ მხრივ აღსანიშნავია პრეზიდენტი, რომელსაც არჩევნებამდე ორივე პერიოდში 25 პროცენტზე მეტი დადებითი ტონი ჰქონდა, ძირითადად, კადრებისა და პირდაპირი საუბრის ხარჯზე. დადებითი და უარყოფითი ტონით გაშუქების სიმრავლე განსაკუთრებით შეინიშნება სექტემბერში, უშუალოდ არჩევნების წინა პერიოდში (იხ. დიაგრამა Tone 2.5). ჟურნალისტის ტონზე დაკვირვება ოთხივე პერიოდში უფრო მეტად ნეიტრალურ სურათს ქმნის, თუმცა, ძირითად ტენდენციებს იმეორებს.

დიაგრამა Tone 2.5

0x01 graphic

მონიტორინგის მთელი პერიოდის განმავლობაში კავკასიაზე სიუჟეტებს სათაურები არ ჰქონდა. ასევე, უმეტეს შემთხვევაში, სიუჟეტებში წარმოდგენილ რესპონდენტებს არ ეწერებოდა ვინაობა.

მონიტორინგის მთელ მანძილზე სიუჟეტებში სუბიექტებზე, ძირითადად, ნეიტრალური ზოგადი შთაბეჭდილება რჩება. თუმცა, ბევრია სიუჟეტი, სადაც საერთო შთაბეჭდილება ამა თუ იმ სუბიექტზე უფრო დადებითისკენ ან უფრო უარყოფითისკენ იხრება. ამ მხრივ აღსანიშნავია, რომ ზოგადი შთაბეჭდილების უარყოფითისკენ გადახრა უფრო მეტად შეინიშნებოდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, ძველი მთავრობის, პრეზიდენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მიმართ. ამ შთაბეჭდილებას, უმეტესად, ქმნიდა სიუჟეტებში წარმოდგენილი რესპონდენტების კომენტარები. თუმცა, წინასაარჩევნოდ იყო სიუჟეტები, სადაც პრეზიდენტზე დადებითი შთაბეჭდილება რჩებოდა რეგიონებში მისი ვიზიტებისა და ღონისძიებების გაშუქების დროს. ზოგადად, დადებითი შთაბეჭდილებისკენ გადახრა იშვიათი იყო და, ძირითადად, კოალიცია ქართული ოცნებისა და ბიძინა ივანიშვილის მიმართ შეინიშნებოდა. არჩევნების მოახლოებასთან ერთად ამ ტენდენციებმა იმატა.

ყოფილი ხელისუფლების უარყოფითად წარმოჩენის შემთხვევები არჩევნების შემდეგაც დაფიქსირდა. ნოემბერში, ასევე, შედარებით მცირე რაოდენობით გამოვლინდა უარყოფითი შინაარსის სიუჟეტები კოალიცია ქართული ოცნების, ბიძინა ივანიშვილისა და ახალი ხელისუფლების მიმართ. ამ შთაბეჭდილებას ხშირად სიუჟეტებში წარმოდგენილი რესპონდენტების კომენტარები ქმნის.

სიუჟეტებში გამოყენებული წყაროებისა და წარმოდგენილ აზრთა სხვადასხვაობის მხრივ, კავკასიაზე მონიტორინგის პერიოდში სიუჟეტები მეტნაკლებად დაბალანსებულია. თუმცა, არის შემთხვევები, როცა სიუჟეტები მხოლოდ ერთ წყაროს ეფუძნება. დაუბალანსებელ სიუჟეტებში ხშირად იგრძნობა მთავრობის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და ზოგჯერ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების კომენტარების ნაკლებობა. სხვა არხების მსგავსად, აგვისტოს მეორე ნახევრიდან კავკასიაზეც გვხვდება ისეთი სიუჟეტები საარჩევნო კამპანიის შესახებ, სადაც რთულია რაიმე ბალანსზე საუბარი.

სიუჟეტები, უმეტესად, გამყარებულია კადრებითა და რესპონდენტების კომენტარებით. შეუსაბამობა ჟურნალისტის დასკვნასა და სიუჟეტში წარმოდგენილ მასალას შორის ხშირი არ იყო და, შესაბამისად, ტენდენციის ხასიათი არ ჰქონდა, მაგრამ მონიტორინგის პერიოდში მაინც გვხვდებოდა.

მეცხრე არხი

11 მაისიდან 30 ნოემბრამდე პერიოდში მეცხრე არხის საღამოს მთავარ საინფორმაციო გამოშვებებში მონიტორინგის სუბიექტებს ჯამში 42 საათი და 17 წუთი დაეთმო. მაისიდან ოქტომბრამდე ყველაზე დიდი დრო ეთმობოდა კოალიცია ქართულ ოცნებას. ამასთან, სექტემბერ-ოქტომბრის პერიოდში ამ სუბიექტისთვის დათმობილი დრო 37 პროცენტი და მეტი იყო. მონიტორინგის თითქმის ყველა პერიოდში დათმობილი დროის მიხედვით მინიმუმ 20-პროცენტიანი სხვაობაა პირველ ადგილზე მდგომ სუბიექტსა და დანარჩენ სუბიექტებს შორის. მხოლოდ პირველ პერიოდში, მაისიდან 5 სექტემბრამდე დათმობილი დროის მიხედვით პირველ და მეორე ადგილზე მდგომ სუბიექტებს (კოალიცია ქართულ ოცნებასა და მთავრობას) დროის მსგავსი განაწილება ჰქონდათ, ხოლო მესამე და მეოთხე ადგილზე მყოფთ (ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა და პრეზიდენტს) - ასევე, მსგავსი განაწილება (14 და 12 პროცენტი). ახალი პარლამენტისა და მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ მეცხრე არხზე ყველაზე მეტი დრო (43%25) მთავრობას დაეთმო.

ძირითად სუბიექტებს შორის პირდაპირი და ირიბი საუბრის განაწილება საკმაოდ არათანაბარი იყო. განსაკუთრებით აღსანიშნავია სუბიექტი მთავრობა მაისიდან 21 ოქტომბრამდე პერიოდში, რადგანაც მისი პირდაპირი საუბრის წილი ყოველთვის 21 პროცენტი ან ნაკლები იყო. ასევე, შედარებით ნაკლები პირდაპირი საუბრის წილი აქვს ერთიან ნაციონალურ მოძრაობას (მაქსიმუმ 37%25). მონიტორინგის პერიოდში პრეზიდენტს პირდაპირი საუბრის წილი, ასევე, შედარებით დაბალი აქვს (მაქსიმუმ 37%25). მხოლოდ სექტემბერში, არჩევნების წინა პერიოდში, პრეზიდენტის პირდაპირი და ირიბი საუბრის განაწილება თითქმის თანაბარი გახდა. ხოლო არჩევნების შემდეგ ამ მაჩვენებელმა 24 პროცენტამდე დაიწია.

მეცხრე არხი გამოირჩეოდა უარყოფითი გაშუქების მაღალი მაჩვენებლებით სახელისუფლებო სუბიექტების მიმართ (მთავრობა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, პრეზიდენტი და ადგილობრივი თვითმმართველობა). სუბიექტების მიმართ უარყოფითი ტონი ჟურნალისტის მხრიდანაც ძალიან ხშირად ფიქსირდებოდა. ამასთან, უარყოფითი ტონი პროცენტულად ხშირად უფრო მეტი იყო, ვიდრე ნეიტრალურის, დადებითი ტონი კი თითქმის არ გვხვდებოდა. მხოლოდ არჩევნების წინ, 6 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე, კოალიცია ქართული ოცნება იყო ერთადერთი სუბიექტირომელსაც 30-პროცენტიანი დადებითი გაშუქება ჰქონდა. თანაც მას ამ პერიოდში ყველაზე მეტი დრო დაეთმო (3 საათზე მეტი). აღსანიშნავია, რომ ამავე პერიოდში პრეზიდენტსა და ერთიან ნაციონალურ მოძრაობასაც დადებითი ტონი დაუფიქსირდა (14%25 და 16%25) იმ განსხვავებით, რომ ამ სუბიექტების დადებითი გაშუქება არ აისახა ჟურნალისტის ტონში, ხოლო კოალიცია ქართულ ოცნებას სიუჟეტის ავტორიც დადებით ტონში მოიხსენიებდა (იხ. დიაგრამები Tone 2.6 და JTone 2.6).

დიაგრამა Tone 2.6

0x01 graphic

დიაგრამა JTone 2.6

0x01 graphic

მონიტორინგის დასაწყისში მეცხრე არხზე სიუჟეტებს, უმეტესად, ინფორმაციული ხასიათის სათაურები ჰქონდა. თუმცა, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, კრიტიკული და ირონიული შინაარსის სათაურებმა, პრეზიდენტისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიმართ, იმატა. არჩევნების შემდეგაც, ოქტომბერ-ნოემბერში არც თუ ისე იშვიათად გვხვდებოდა უარყოფითი სათაურები ძველი მთავრობის წევრთა შესახებ მომზადებულ სიუჟეტებში. ასევე, მთელი მონიტორინგის განმავლობაში შეინიშნებოდა დადებითი შინაარსის სათაურები სიუჟეტებში, რომლებიც, ძირითადად, კოალიცია ქართულ ოცნებასა და ახალ მთავრობას ეხებოდა.

ზოგად შთაბეჭდილებაზე დაკვირვების შედეგად, გამოიკვეთა ტენდენცია, რომ მეცხრე არხის სიუჟეტებში პრეზიდენტი, მთავრობისა და ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენელი და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, უმეტეს შემთხვევებში, უარყოფით კონტექსტში არიან გაშუქებული, რასაც განაპირობებს როგორც რესპონდენტების კომენტარები, ასევე, საერთო კონტექსტი და ჟურნალისტის ტექსტი. სექტემბრის მეორე ნახევარში იმატა ამ სუბიექტების უარყოფითად წარმოჩენამ, განსაკუთრებით, პატიმრების წამების კადრების გამოქვეყნების შემდეგ. 19, 20 და 21 სექტემბრის გამოშვებები თითქმის მთლიანად ეხებოდა წამების ფაქტებთან დაკავშირებულ თემებს.

დადებითი საერთო შთაბეჭდილება შედარებით იშვიათად გვხვდებოდა, თითქმის ყოველთვის კოალიცია ქართულ ოცნებასთან. უშუალოდ არჩევნების წინა პერიოდში აქტიურად შუქდებოდა კოალიციის აქციები, შეკრებები და გამოსვლები. ასეთ სიუჟეტებში ჩანდა ბევრი ხალხი დროშებით, მაისურებით ან პარტიის სხვა ატრიბუტიკით, ისმოდა სკანდირება და ოვაციები, ყველა რესპონდენტი ყოველთვის დადებითად საუბრობდა კოალიციაზე. აღსანიშნავია, რომ მეცხრე არხზე მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანის მიმიკა და ინტონაცია სიუჟეტის შესავალშივე დადებით ან უარყოფით შთაბეჭდილებას ტოვებდა ამა თუ იმ სუბიექტზე.

ასევე აღსანიშნავია, რომ მთელი მონიტორინგის მანძილზე რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, როცა პრეზიდენტი დადებითად იყო წარმოდგენილი. ასეთ შემთხვევებში თავად მიხეილ სააკაშვილის საუბარი განაპირობებდა სიუჟე- ტების საერთო დადებით შთაბეჭდილებას.

სხვადასხვა მოსაზრება სიუჟეტებში მეტნაკლებად დაბალანსებული იყო. თუმცა, აღსანიშნავია, რომ დაუბალანსებელ მასალებში, უმეტეს შემთხვევებში, არ იყო წარმოდგენილი მთავრობის, სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელთა კომენტარები. ასევე, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, გვხვდებოდა ისეთი სიუჟეტები, სადაც მოკლედაა გაშუქებული პარტიების წინასაარჩევნო ღონისძიებები და რთულია ბალანსის შეფასება.

მონიტორინგის ყველა პერიოდში გამოიკვეთა, რომ მეცხრე არხზე ჟურნალისტის ნათქვამი და სიუჟეტში წარმოდგენილი მასალა ერთმანეთს არ შეესაბამებოდა. ასევე დაფიქსირდა, რომ ზოგჯერ ჟურნალისტის ვარაუდი მოცემული იყო როგორც ფაქტი, რაც კონკრეტულ შემთხვევებში ამძიმებდა სურათს და მცდარ შთაბეჭდილებას უქმნიდა მაყურებელს.

რეალ ტვ

მონიტორინგის პერიოდში რეალ ტვ-ზე საღამოს მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში მონიტორინგის სუბიექტებს ჯამში 49 საათი და 44 წუთი დაეთმო. აღსანიშნავია, რომ არჩევნებიდან 1 კვირის შემდეგ რეალ ტვ-ის საინფორმაციო გამოშვებამ მაუწყებლობა შეწყვიტა, ამიტომ მონიტორინგის მესამე პერიოდის შედეგები მხოლოდ 2-5 ოქტომბრის მონაცემებს მოიცავს, ხოლო მეოთხე პერიოდის შედეგები, შესაბამისად, ანგარიშში საერთოდ არ არის ასახული.

მონიტორინგის ყველა პერიოდში რეალ ტვ-ზე დათმობილი დროის მიხედვით პირველ ადგილზე დგას კოალიცია ქართული ოცნება და საკმაოდ დიდი სხვაობით უსწრებს სხვა სუბიექტებს. კოალიცია ქართული ოცნებისთვის დათმობილი დროის მაჩვენებელი მინიმუმ 37 და მაქსიმუმ 52 პროცენტია. არჩევნებამდე პერიოდში მეორე და მესამე ადგილზეა პრეზიდენტი და მთავრობა თითქმის ერთნაირი პროცენტული მაჩვენებლებით (22-23%25 და 15-12%25) (იხ. დიაგრამები Time 1.7 და Time 2.7).

დიაგრამა Time 1.7

0x01 graphic

დიაგრამა Time 2.7

0x01 graphic

დიაგრამა Speech 2.7

0x01 graphic

არჩევნებამდე ორივე პერიოდში ძალიან დიდი განსხვავებაა კოალიცია ქართული ოცნებისა და პრეზიდენტის, ასევე, ნაციონალური მოძრაობის პირდაპირი საუბრის მაჩვენებლებს შორის. არჩევნების წინ პრეზიდენტს 80 პროცენტი პირდაპირი საუბარი ჰქონდა (დათმობილი 3 საათიდან) და ერთიან ნაციონალურ მოძრაობას 72 პროცენტი (საათნახევრიდან), ხოლო კოალიცია ქართული ოცნების პირდაპირ საუბარს მისთვის დათმობილი თითქმის 5 საათიდან მხოლოდ 40 პროცენტი უჭირავს. რაც შეეხება მთავრობას, არჩევნებამდე პერიოდებში, პირდაპირი და ირიბი საუბრის განაწილება თითქმის თანაბარი ჰქონდა (იხ. დიაგრამა Speech 2.7).

გაშუქების ტონის მიხედვით, რეალ ტვ-ზე, სხვა არხებთან შედარებით, განსხვავებული სურათია. არჩევნებამდე პერიოდებში ყველაზე დიდი უარყოფითი ტონის მაჩვენებელი ჰქონდა კოალიცია ქართულ ოცნებას (69%25 და 74%25) და ძალიან მაღალი იყო პრეზიდენტის დადებითი ტონის წილი (72%25 და 76%25). ასევე, დადებითად, და თანაც, საკმაოდ ინტენსიურად, შუქდებოდა მთავრობა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ რეალ ტვ-ზე ჟურნალისტის ტონის პროცენტული მაჩვენებლები (ტექსტები და სიუჟეტებში ნაჩვენები კადრები) იმეორებს ზოგადი ტონის სურათს და, ზოგ შემთხვევაში, მასზე მეტია (იხ. დიაგრამები Tone 2.7 და JTone 2.7).

დიაგრამა Tone 2.7

0x01 graphic

დიაგრამა JTone 2.7

0x01 graphic

რეალ ტვ-ზე სიუჟეტებს, უმეტესად, მოკლე, არანეიტრალური სათაურები ჰქონდა. უარყოფითი შინაარსის სათაურები, ძირითადად, კოალიცია ქართული ოცნების წარმომადგენლებს ეხებოდა, ხოლო დადებითი - პრეზიდენტსა და ნაციონალურ მოძრაობას. რეალ ტვ-ზე იშვიათი იყო ნეიტრალური საერთო შთაბეჭდილების მქონე სიუჟეტები. დადებითი სიუჟეტების უმეტესობა ეხებოდა პრეზიდენტს, მთავრობას, ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა და თბილისის მერს. აქვე აღსანიშნავია, რომ ტელეარხზე ძალიან დიდი დრო ეთმობოდა ბიძინა ივანიშვილისა და კოალიცია ქართული ოცნების გაშუქებას დასაერთო შთაბეჭდილება ყოველთვის მკვეთრად უარყოფითი რჩებოდა. ხშირი იყო მონტაჟი, კადრებითა და მუსიკით მანიპულირება, ოპოზიციის წარმომადგენლების ირონიული და ცინიკური ეპითეტებით მოხსენიება. შთაბეჭდილებას ხშირად ამძაფრებდა ჟურნალისტის ტექსტი. არჩევნების მოახლოებასთან ერთად ეს ტენდენციები უფრო გაძლიერდა. ხოლო არჩევნების შემდეგ ნეიტრალურმა სიუჟეტებმა იმატა. მართალია, კოალიცია ქართული ოცნების შესახებ უარყოფითი სიუჟეტები კვლავაც იყო, მაგრამ აღარ შეინიშნებოდა ჟურნალისტის ისეთი მკვეთრად უარყოფითი ტექსტი, როგორც მანამდე. რაც შეეხება პრეზიდენტსა და მთავრობას, მათ შესახებ რამდენიმე დადებითი სიუჟეტი ამ პერიოდშიც გავიდა, მაგრამ გაშუქების სტილში აქაც მნიშვნელოვანი ცვლილება დაფიქსირდა.

პატიმრების წამების ამსახველი ვიდეომასალა რეალ ტვ-მ, რუსთავი 2-ისა და იმედის მსგავსად, უფრო მეტად გააშუქა, როგორც კოალიცია ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული სქემის ნაწილი და ხაზი გაუსვა მთავრობისა და ხელისუფლების რეაქციას მიმდინარე მოვლენებზე.

რეალ ტვ-ზე სიუჟეტები ხან დაბალანსებული იყო, ხან - არა. ამასთან, დაუბალანსებელი სიუჟეტების უმეტესობა განპირობებული იყო კოალიცია ქართული ოცნების წარმომადგენლების კომენტარების ნაკლებობით. ასევე აღსანიშნავია, რომ გვხვდებოდა არა მხოლოდ დაუბალანსებელი სიუჟეტები, სადაც სხვადასხვა მხარის კომენტარების ნაკლებობა იგრძნობოდა, არამედ სიუჟეტები, სადაც რესპონდენტების მიკუთვნების მხრივ ბალანსი დაცული იყო, მაგრამ არ იყო წარმოდგენილი აზრთა მრავალფეროვნება.

მონიტორინგის მთელ პერიოდში რეალ ტვ-ზე ფიქსირდებოდა შეუსაბამობა ჟურნალისტის დასკვნასა და სიუჟეტში ნაჩვენებ კომენტარებსა თუ კადრებს შორის. ამასთან, ხშირი იყო კადრებითა და მუსიკით მანიპულირების მძაფრი შემთხვევები.

სექტემბრიდან პირველი არხის, რუსთავი 2-ისა და იმედის მსგავსად, რეალ ტვ-მ საინფორმაციო გამოშვებაში დაიწ- ყო პირდაპირი ჩართვები. ამ ჩართვებში მონაწილეობას იღებდნენ სახელისუფლებო და ოპოზიციური პარტიების წევრები, კოალიცია ქართული ოცნების წარმომადგენელთა გარდა.

დასკვნა

მონიტორინგის დაწყებისთანავე გამოვლინდა ორი ძირითადი სუბიექტი (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და კოალიცია ქართული ოცნება), რომელსაც ყველა არხი არჩევნების მთავარ მონაწილეებად მიიჩნევდა და ყველაზე მეტ დროს უთმობდა.

მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ არჩევნების პერიოდში სატელევიზიო მედია საკმაოდ პოლარიზებული იყო. გამოვლინდა არხები, რომლებიც მთავარ საინფორმაციო გამოშვებებში, უფრო მეტად, ხელისუფლების დადებითად წარმოჩენაზე აკეთებდნენ აქცენტს; ასეთი იყო რუსთავი 2, იმედი და რეალ ტვ. ხელისუფლებას კრიტიკულად და უარყოფითად წარმოადგენდნენ მაესტრო და მე-9 არხი. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მაესტროს კრიტიკა მოვლენების გაშუქებისას რამდენიმე მხარესა და რესპონდენტების კომენტარებს ეფუძნებოდა, მე-9 არხზე კი კრიტიკასთან ერთად ყოფილი ხელისუფლების უარყოფითი წარდგენა ხდებოდა, ხშირად ჟურნალისტის ტექსტებისა და სიუჟეტების საერთო კონტექსტის ხარჯზე. პირველი არხისა და კავკასიის მთავარი საინფორმაციო გამოშვებები კი, ძირითადად, ნაკლებად მიკერძოებული იყო. თუმცა, ივნისიდან სექტემბრამდე პერიოდში პირველ არხზე შედარებით თვალში საცემი იყო პრეზიდენტის დადებითი წარმოჩენა.

არჩევნებში კოალიცია ქართული ოცნების გამარჯვების შემდეგ საინფორმაციო გამოშვებებში შეინიშნებოდა ცვლილებები სუბიექტების გაშუქებაში. სიუჟეტებში საგრძნობლად იკლო მონიტორინგის სუბიექტების რაოდენობამ. თუ არჩევნებამდე თითქმის ყველა სუბიექტი შუქდებოდა, ოქტომბრის დასაწყისიდან დრო, ძირითადად, სამ სუბიექტს ეთმობოდა: კოალიცია ქართულ ოცნებას, მთავრობასა და ერთიან ნაციონალურ მოძრაობას. არჩევნებიდან ახალი პარლამენტის პირველ სხდომამდე იმატა ნეიტრალურმა ტონმა ყველა სუბიექტის მიმართ. თუმცა, პარლამენტის შეკრების შემდეგ საინფორმაციო გადაცემებში არჩევნებამდე გამოვლენილი ყველა ტენდენცია გაგრძელდა.

ძირითად სუბიექტებთან დამოკიდებულებიდან გამომდინარე, იყო შემთხვევები, როდესაც მონიტორინგის პერიოდში მომხდარი ფაქტები და მოვლენები სხვადასხვა არხზე განსხვავებულად შუქდებოდა. ზოგჯერ ისიც კი რთული დასა- დგენი იყო, რომელი არხის მიერ გადმოცემული ინფორმაცია შეესაბამებოდა სიმართლეს, რადგან ხშირი იყო კადრებითა და მუსიკით მანიპულირება, მონტაჟის გზით მოვლენების განსხვავებული ინტერპრეტაცია და მცდარი შთაბეჭდილების შექმნა ჟურნალისტის ტექსტებით.

__________________

1. ამ პერიოდისთვის სუბიექტების გაშუქების ტონი დათვლილია 19 ივნისიდან მეთოდოლოგიაში შეტანილი ცვლილებების გამო.

3.2 თოქშოუების მონიტორინგის შედეგები

▲ზევით დაბრუნება


9 ივლისი - 30 ნოემბერი 2012

2012 წლის 9 ივლისიდან 30 ნოემბრის ჩათვლით კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC) საარჩევნო მონიტორინგი ჩაუტარა ოთხ სატელევიზიო არხზე (პირველი არხი, მაესტრო, კავკასია, მეცხრე არხი) პრაიმტაიმის დროს გასულ ყველა თოქშოუს, რომლებიც პოლიტიკურ თემებს ეძღვნებოდა.1 თოქშოუების მონიტორინგი მოიცავდა მხოლოდ თვისებრივ კომპონენტს. ჟურნალისტებზე დაკვირვება ხდებოდა სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით: როგორი იყო მათი როლი და ჩართულობა, როგორ წარმართავდნენ პროცესს - უბრალოდ, მოდერატორები იყვნენ, თუ ცდილობდნენ საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას, რამდენად თანაბარ პირობებში აყენებდნენ სტუმრებს. მონიტორინგი, აგრეთვე, აკვირდებოდა თოქშოუებში სიძულვილის ენის (შეურაცხმყოფელი ან დამამცირებელი ფრაზებისა და განცხადებების) გამოყენებას ჟურნალისტების მიერ და მათ რეაგირებას სტუმრების არაკორექტულ გამონათქვამებზე.

მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა შემდეგი ძირითადი მიგნებები:

  • პოლიტიკური თოქშოუების სპექტრი პირველ არხზე, მაესტროზე, კავკასიასა და მეცხრე არხზე ძალიან მრავალფეროვანი იყო როგორც შინაარსით, ასევე, ფორმატით.

  • ძირითადად, თოქშოუებით არხის ზოგადი პოლიტიკა ტარდებოდა და საინფორმაციო გამოშვებებისა და თოქშოუების მონიტორინგის შედეგები მსგავს ტენდენციებს აღწერდა. თუმცა, ზოგჯერ, მაგ., კავკასიაზე საღამოს მთავარი საინფორმაციო გამოშვება საკმაოდ დაბალანსებული იყო, თოქშოუებში კი გარკვეული ტენდენციურობა მჟღავნდებოდა ყოფილი ხელისუფლების საწინააღმდეგოდ.

  • პოლიტიკური ბალანსის მხრივ, მონიტორინგის პერიოდში თოქშოუების ნაწილს დაცული ჰქონდა ბალანსი მიწვეულ სტუმრებს შორის. ანუ გადაცემებში მონაწილეობდნენ როგორც ყოფილი ხელისუფლებისა და ნაციონალური მოძრაობის, ასევე, კოალიცია ქართული ოცნებისა და ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები. ასე იყო დაბალანსებული დიალოგი და აქცენტები პირველ არხზე, პოლიტმეტრი და არგუმენტები მაესტროზე. კავკასიის თოქშოუებშიც ორივე მხარე იყო წარმოდგენილი, თუმცა ჭარბობდნენ კოალიციის წარმომადგენლები ან მათდამი ლოიალურად განწყობილი პირები. ხოლო მაესტროს გადაცემებში სუბიექტური აზრი და ჩვენ, აგრეთვე მეცხრე არხის სამივე თოქშოუში - კონსილიუმი, მთავარი კითხვა და ახალკაცის მატრიცა - არ მონაწილეობდა წინა ხელისუფლებისა და ნაციონალური მოძრაობის მხარე.

  • არჩევნებამდე, განსაკუთრებით, სექტემბერში თოქშოუების წამყვანები უფრო მეტად აფიქსირებდნენ საკუთარ მოსაზრებას, ხოლო არჩევნების შემდეგ უფრო მოდერატორები გახდნენ.

  • სიძულვილის ენა და არაეთიკური გამონათქვამები ყველაზე ხშირად და მწვავე ფორმით გამოვლინდა კავკასიის თოქშოუებში დავით აქუბარდიასა და ალექსანდრე ელისაშვილის, ხოლო მაესტროს სუბიექტურ აზრში - შალვა რამიშვილის მიერ.

პირველი არხი

პირველ არხზე მონიტორინგს დაექვემდებარა ორი გადაცემა: დიალოგი დავით პაიჭაძესთან და აქცენტები ეკა კვესიტაძესთან ერთად. ორივე შოუში მიწვეული იყვნენ როგორც მმართველი გუნდისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები, ასევე, ოპოზიციის წარმომადგენლები, ახალი ხელისუფლების წევრები და ექსპერტები. ორივე ჟურნალისტი საკმაოდ აქტიურად იყო ჩართული გადაცემაში, ცდილობდნენ, ამომწურავი პასუხების მიღებას დასმულ კითხვებზე და, ძირითადად, აძლევდნენ სტუმრებს საშუალებას, დაეფიქსირებინათ თავისი აზრი. ორივე ჟურნალისტზე შეიძლება ითქვას, რომ ხშირად, სტუმრების პოლიტიკურ კუთვნილებასთან ერთად, მათი დამოკიდებულებაც საგრძნობლად იცვლებოდა. ეს დასმულ კითხვებში, ირონიულ დამოკიდებულებასა და რეპლიკებში ჩანდა. ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებს წამყვანები უფრო აქტიურ ოპონირებას უწევდნენ და ხშირად ეძიებოდნენ, ხოლო ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს ნაკლებად ეკამათებოდნენ და მათთან არც მომთხოვნი ტონით გამოირჩეოდნენ. თოქშოუები ყოველთვის ზომიერ და კორექტულ ფარგლებში მიმდინარეობდა და, შესაბამისად, არაკორექტულ გამონათქვამებსა და სიძულვილის ენის გამოყენებას ადგილი არ ჰქონდა არც წამყვანებისა და არც სტუმრების მხრიდან.

დიალოგი დავით პაიჭაძესთან

დიალოგი დავით პაიჭაძესთან კვირაში სამჯერ გადის პირველ არხზე, ყოველ სამშაბათს, ოთხშაბათსა და ხუთშაბათს, 22:00 სთ-ზე. ოქტომბრამდე თოქშოუ, ჩვეულებრივ, კვირაში ორჯერ გადიოდა, თუმცა შუა ოქტომბრიდან ერთი გადაცემა დაემატა. სტუდიაში, ჩვეულებრივ, ორი, იშვიათად კი ერთი ან სამი სტუმარი იყო მიწვეული. თითოეული თოქშოუს ხანგრძლივობა, საშუალოდ, 1 საათი იყო.

თემების თვალსაზრისით გადაცემები მრავალფეროვანი იყო. სტუდიაში განხილებოდა შემდეგი საკითხები:

  • არჩევნები (წინასაარჩევნო პერიოდი, არჩევნების შედეგები, საარჩევნო უბანზე ფოტო ვიდეო გადაღების აკრძალვა)

  • მაესტროს სატელიტური თეფშების დაყადაღება

  • ეკლესიის როლი პოლიტიკაში

  • სოციოლოგიური კვლევები (NDI, IRI)

  • მედია

  • ლაფანყურის ინციდენტი

  • ციხეში მომხდარი მოვლენები და პატიმართა წამება

  • მართლმსაჯულება და სასამართლოები

  • სხვადასხვა სამინისტროში არსებული მდგომარეობა და სამომავლო გეგმები

  • ახალი პარლამენტი

  • პოლიტიკური „რევანშიზმი” (ბაჩო ახალაიას და გიორგი კალანდაძის დაკავება)

  • სახალხო დამცველის საკითხი

  • ცვლილებები მთავრობაში

  • კულტურის პოლიტიკა და ამ სფეროში მიმდინარე მოვლენები

  • არსებული და სამომავლო პოლიტიკა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ

  • საქართველოს საგარეო ურთიერთობები და სხვა.

მონიტორინგის პერიოდში გასულ გადაცემებში მიწვეული იყვნენ როგორც ოპოზიციის, ასევე, ძველი და ახალი მმართველი გუნდის წევრები, ექსპერტები, მთავრობის წევრები, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სახალხო დამცველობის კანდიდატები, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ცესკოს თავმჯდომარე, საზოგადო მოღვაწეები, მედიის წარმომადგენლები და სხვა.

მთლიანობაში უნდა ითქვას, რომ თოქშოუ დიალოგი საკმაოდ დაბალანსებული გადაცემაა. თითქმის ყოველთვისაა დაცული პოლიტიკური ბალანსი მიწვეულ სტუმრებს შორის და მთავარ თემებზე საუბრისას ორი განსხვავებული პოზიცია ისმის.

თავად ჟურნალისტი ყოველთვის აქტიურად იყო ჩართული გადაცემის პროცესში და საკმაოდ ბევრ კითხვასაც სვამდა. ცდილობდა, მიეღო ამომწურავი ინფორმაცია სტუმრებისგან და იძლეოდა ვრცელ, მაგრამ განმარტებით შეკითხვებს, რათა მიეცა ცალსახა პასუხის გაცემის შესაძლებლობა. პაიჭაძე, ძირითადად, მოდერატორის როლს ასრულებდა და მაქსიმალურად ცდილობდა, თავი შეეკავებინა თავისი პოზიციის დაფიქსირებისგან. ამავე დროს, ოპონირებას უწევდა სტუმრებს. ხშირად მის კითხვებს საკმაოდ დიდი შესავალი უძღოდა, გარკვეულწილად, რიტორიკული. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტის აქტიურობის დონე და მის მიერ დასმული კითხვების ხასიათი განსხვავდებოდა მიწვეული სტუმრების მიხედვით. თუ მისი პოზიცია სტუმრისას არ ემთხვეოდა, პაიჭაძე უფრო მომთხოვნი ხდებოდა და აქტიურ დებატებს მართავდა, ამჟღავნებდა მეტ კრიტიკას, ირონიას და სარკაზმს. იყო შემთხვევა, როდესაც წამყვანმა რესპონდენტს ფაქტიურად არ მისცა საუბრის საშუალება.

მართალია, წამყვანი ღიად არ აფიქსირებდა თავის პოზიციას, თუმცა არჩევნებამდე იგი გამოკვეთილად კრიტიკული იყო სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების მიმართ. ასევე, იჩენდა სკეპტიციზმს და კრიტიკულობასიმ არასამთავრობო ორგანიზაციებისადმი, რომლებიც აქტიურად აკრიტიკებდნენ ნაციონალურ მოძრაობას და მათ წინასაარჩევნო გარემოში „მოღვაწეობას“ უწუნებდნენ. თუმცა, პაიჭაძე მათ აზრის დაფიქსირებაში ხელს არ უშლიდა. წამყვანის კრიტიკულობა არ შეცვლილა არჩევნების შემდეგაც, უკვე სახელისუფლებო პარტიის მიმართ. ქართული ოცნების წარმომადგენლებს წამყვანი უკვე მთავრობის წევრების ამპლუაში აკრიტიკებდა და პასუხებს ითხოვდა მწვავე კითხვებზე მაშინ, როდესაც მათი ოპონენტებისადმი ასეთი სიმკაცრე კვლავაც არ გამოუჩენია.

დიალოგი ყოველთვის ზომიერ და კორექტულ ფარგლებში მიმდინარეობდა და, შესაბამისად, არაკორექტული გამონათქვამები და სიძულვილის ენის გამოყენება არ ყოფილა არც ჟურნალისტის და არც სტუმრების მხრიდან. გადაცემაში საუბარი ყოველთვის წინასწარ დაანონსებულ თემებზე მიმდინარეობდა და თემიდან გადაცდენის შემთხვევებს ადგილი არ ჰქონია. აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტი ყოველთვის ასახელებდა გადმოცემული ინფორმაციის კონკრეტულ წყაროს.

აქცენტები ეკა კვესიტაძესთან ერთად

აქცენტები პირველი არხის თოქშოუა, რომლის წამყვანიც ეკა კვესიტაძეა. გადაცემა ეთერში ყოველ სამშაბათსა და პარასკევს, 22:00 სთ-ზე გადის. აღსანიშნავია, რომ 14 ოქტომბრამდე გადაცემა კვირაში მხოლოდ ერთხელ, კვირა დღეს გადიოდა, ხოლო ოქტომბრის ბოლოდან მონიტორინგის დასრულებამდე კვირაში ორჯერ გავიდა ეთერში. აქცენტებში, ჩვეულებრივ, რამდენიმე სტუმარს იწვევენ, ხშირია პირდაპირი ჩართვებიც. მთლიანობაში გადაცემა, საშუალოდ, საათნახევარს გრძელდება. მონიტორინგის პერიოდში აქცენტებში განიხილეს შემდეგი თემები:

  • არჩევნები (წინასაარჩევნო კამპანია, წინასაარჩევნო გარემოს შეჯამება)

  • მთავრობის გეგმა კახეთში სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად

  • ლაფანყურის სპეცოპერაცია

  • სახელმწიფოს დაზღვევის პროგრამა

  • ბიძინა ივანიშვილისა და მისი გუნდის პოლიტიკური გეგმები

  • პატიმრების წამება ციხეებში

  • სახალხო დამცველის არჩევა

  • რელიგიური დაპირისპირება სოფელ ნიგვზიანში

  • რუსთავის საპყრობილეში არსებული პრობლემები

  • 2013 წლის ბიუჯეტი

  • უკანონო მოსმენები და ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებები

  • პოლიტიკური პატიმრები და პოლიტიკური დევნილის სტატუსი

  • ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტის გადადება

  • საქართველო-რუსეთის ურთიერთობები

  • საერთაშორისო პრესის კრიტიკა და საქართველოს საერთაშორისო იმიჯი

  • საპრეზიდენტო არჩევნები ამერიკაში და სხვა.

მონიტორინგის პერიოდში თოქშოუში საკითხის გარშემო თითქმის ყოველთვის წარმოდგენილი იყო ორივე მხარე:

როგორც მმართველი გუნდის, ისე, ოპოზიციის წევრები, ექსპერტები, მთავრობის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მედიის წარმომადგენლები, სახალხო დამცველის კანდიდატები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსის ყოფილი წევრები, სტუდენტები და სხვა. მიწვეულ ოპოზიციურ პარტიებს შორის ჭარბობდა კოალიცია ქართული ოცნება. არჩევნების შემდგომ პერიოდში ოპოზიცია წარმოდგენილი იყო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სახით.

თოქშოუში, უმეტესად, ისმოდა განსხვავებული მოსაზრებები განხილულ საკითხებთან დაკავშირებით. ხშირად იმართებოდა ცხარე დისკუსიები და წამყვანი აქტიურად ეკამათებოდა მიწვეულ სტუმრებს, მიუხედავად მათი პოლიტიკური კუთვნილებისა. მისი კითხვები საკმაოდ მწვავე იყო და, ხშირად, დაჟინებით ცდილობდა, მეტი ინფორმაცია მიეღო რესპონდენტისგან.

ძირითად შემთხვევებში, ჟურნალისტი აცდიდა სტუმრებს აზრის გამოთქმას. თუმცა, იყო შემთხვევები, როდესაც ის აქტიურად ეკამათებოდა სტუმარს და ეს უკანასკნელი ვერ ახერხებდა აზრის დასრულებას.

ჟურნალისტი ცდილობდა, მოერგო, უბრალოდ, მოდერატორის როლი, მაგრამ, ზოგ შემთხვევაში, პირდაპირ თუ ირიბად იგრძნობოდა, რომ წამყვანი არ იყო ბოლომდე ობიექტური. იგი მეტად კრიტიკული და მომთხოვნი ჩანდა ახალიმთავრობისა და კოალიცია ქართული ოცნების მიმართ და ნაკლებ კრიტიკული - ყოფილი ხელისუფლებისადმი. მისი პოზიცია გამოიხატებოდა შეკითხვებში, რომლებიც ყველა სტუმრისთვის თანაბრად მწვავე არ იყო, მის ოპონირებაში ზოგ სტუმართან, რიტორიკულ კითხვებში, მიმიკებსა და ირონიული ტონით საუბარში.

აქცენტების წამყვანი არ იყენებდა სიძულვილის ენას. ეს არც გადაცემის სტუმრების მხრიდან დაფიქსირებულა. ეკა კვესიტაძე ხშირად ასახელებდა გადმოცემული ინფორმაციის წყაროს და ცდილობდა, ესაუბრა ფაქტებზე დაყრდნობით.

მაესტრო

მაესტროზე მონიტორინგი ჩაუტარდა შემდეგ 5 თოქშოუს: სუბიექტური აზრი - შალვა რამიშვილისა და დიანა ტრაპაიძის ავტორობით, პოლიტმეტრი, რომელსაც ნინო ჟიჟილაშვილი უძღვება, არგუმენტები და კვირის არგუმენტები თეა სიჭინავასთან ერთად და ჩვენ, რომელიც თამარ ჩიქოვანს მიჰყავს. ჩამოთვლილთაგან პირველი ოთხი ყოველდღიურად გადიოდა მაესტროს ეთერში, გადაცემა ჩვენ კი - მხოლოდ კვირაში ერთხელ. სუბიექტურ აზრში წამყვანები უფრო ხშირად აფიქსირებდნენ საკუთარ აზრს და სტუმრებს არათანაბარ მდგომარეობაში აყენებდნენ. სტუმართა უმეტესობაც კოალიცია ქართული ოცნებისა და ახალი ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილ ადამიანები იყვნენ. პოლიტმეტრსა და (კვირის) არგუმენტებში კი წამყვანები უფრო მეტად მოდერატორის როლს ასრულებდნენ, გადაცემაში სხვადასხვა მხარის წარმომადგენლებს იწვევდნენ და განსხვავებული მოსაზრებები გამოითქმებოდა. რაც შეეხება გადაცემას ჩვენ, მონიტორინგის პერიოდში მას არავინ სტუმრობდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან და ყოფილი ხელისუფლებიდან. ჟურნალისტი და სტუმრები ხშირად ერთსა და იმავე პოზიციას იზიარებდნენ, რაც, უმეტესად, ყოფილი ხელისუფლებისადმი კრიტიკულ დამოკიდებულებაში გამოიხატებოდა. თუმცა, თავის შეფასებებსა და კრიტიკაში თამარ ჩიქოვანი რადიკალური არ იყო და მისი კომენტარები უფრო შენიშვნებისა და რეკომენდაციების ხასიათს ატარებდა.

სუბიექტური აზრი

სუბიექტური აზრი ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით ყოველდღე გადის საღამოს ეთერში. თოქშოუ ორი ნაწილისგან შედგება. მონიტორინგის პერიოდში წამყვანები იყვნენ შალვა რამიშვილი და დიანა ტრაპაიძე. პირველ ნაწილს ჰყავს თანაწამყვანი და გადაცემა დიალოგის რეჟიმში მიმდინარეობს. ხოლო, მეორე ნაწილში სტუმარია მიწვეული. მონიტორინგის პერიოდში გასულ გადაცემებში განიხილეს შემდეგი თემები:

  • არჩევნები (წინასაარჩევნო პერიოდი, საარჩევნო კამპანია, არჩევნების დღე, შედეგები, საერთაშორისო შეფასებები)

  • კარალეთში მომხდარი ინციდენტი

  • სტიქია კახეთში

  • აგვისტოს ომი

  • ლაფანყურის ინციდენტი

  • პატიმართა წამება ციხეებში და სტუდენტური პროტესტი

  • ფარული აუდიოჩანაწერები და სხვა კომპრომატები

  • მედია (Must carry და Must offer, მედიის თავისუფლება, ცვლილებები მეცხრე არხზე, ტელეკომპანია პიკის დახურვა)

  • ახალი მთავრობა, ახალი პარლამენტი

  • ყოფილი ხელისუფლება

  • სახალხო დამცველის საკითხი

  • სხვადასხვა პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხები

  • ცვლილებები სასჯელაღსრულების სისტემაში, მასობრივი ამნისტია

  • დაპატიმრებები არჩევნების შემდეგ (ბაჩო ახალაია)

  • დევნილების პრობლემები

  • განათლების სისტემა

  • საგარეო ურთიერთობები (ნატოსთან ურთიერთობა, რუსეთთან ურთიერთობა) და სხვა.

მთელი მონიტორინგის პერიოდში გადაცემას არავინ სტუმრობდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და ძველი ხელისუფლებიდან. ეს ტენდენცია შეინიშნებოდა არჩევნებამდეც და არჩევნების შემდეგაც. არჩევნებამდე გადაცემაში ნაკლებად იყო წარმოდგენილი, კოალიცია ქართული ოცნების გარდა, სხვა ოპოზიციური პარტიები. არჩევნების შემდეგ კი, პრაქტიკულად, ოპოზიცია არ ყოფილა წარმოდგენილი.

წამმყვანების ტენდენციურობა არა ერთ ასპექტში გამოვლინდა. გადაცემაში, ძირითადად, ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებს ან ყოფილი მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს იწვევდნენ, რომლებსაც წამყვანები არ უწევდნენ ოპონირებას. ისინი თავად იყვნენ აქტიურად ჩართულები მოვლენების შეფასებაში და, თოქშოუს სათაურის შესაბამისად, სუბიექტურ ანალიზს აკეთებდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ გადაცემაში მთავარი თემა წინასწარ იყო ხოლმე დაანონსებული, ერთ კონკრეტულ თემაზე საუბარი თითქმის არასდროს არ მიმდინარეობდა. წამყვანებიც და მათი სტუმრებიც რამდენიმე თემას განიხილავდნენ. იყო შემთხვევები, როდესაც გადაცემის მთავარი თემა იმ დღეს განვითარებული მოვლენების გამო იცვლებოდა. საუბარი, უმეტეს შემთხვევაში, ეხებოდა უფრო ფართო საკითხებს, ვიდრე ერთ კონკრეტულ შემთხვევას და ამიტომ ხშირად რთული ხდებოდა ერთი კონკრეტული თემის გამოყოფა. აქვე აღსანიშნავია, რომ მონიტორინგის მანძილზე, საკმაოდ ხშირად, გადაცემის თემა დაანონსებული საერთოდ არ იყო.

გადაცემის პირველ ბლოკში, სადაც თანაწამყვანთან ერთად საუბრობდნენ ჟურნალისტები, საუბარი, ხშირად, უფრო მშვიდად და დისკუსიების გარეშე მიმდინარეობდა. დიანა ტრაპაიძე თითქმის არ ერთვებოდა საუბარში და შეკითხვასაც არ სვამდა. აქ უფრო შალვა რამიშვილი აქტიურობდა. გადაცემაში დისკუსიებისა და დებატების წამომწყები, ძირითადად, სწორედ შალვა რამიშვილი იყო. იგი გადაცემაში ყოველთვის აქტიურობდა და მუდმივად აფიქსირებდა საკუთარ აზრს, განსაკუთრებით, თანაწამყვანის ბლოკში. აღსანიშნავია, რომ რამიშვილის მხრიდან წინასაარჩევნო პერიოდში ადგილი ჰქონდა აგიტაციას, სხვადასხვა სახის მოწოდებებსა თუ პიარ-კამპანიას, რაც, ძირითადად, მის მონოლოგებში იკვეთებოდა. ჟურნალისტი ღიად ამბობდა, რომ ის არის მხარე, ივანიშვილის მხარდამჭერი და ყოველთვის აკრიტიკებდა მიხეილ სააკაშვილს.

გადაცემის მეორე ბლოკში რამიშვილი იმდენად აღარ აფიქსირებდა თავის აზრს. მიწვეულ სტუმარს საშუალებას აძლევდა, თავისი აზრი გამოეთქვა და ამომწურავი პასუხი გაეცა დასმულ შეკითხვებზე. თუმცა, იყო შემთხვევები, როდესაც ტრაპაიძის დასმულ შეკითხვაზე, სტუმრის ნაცვლად, რამიშვილი პასუხობდა.

რაც შეეხება დიანა ტრაპაიძეს, ფორმატიდან გამომდინარე, ის უფრო მოდერატორის ფუნქციას ასრულებდა. მისი როლი, ძირითადად, კითხვების დასმით შემოიფარგლებოდა. თუმცა, მისი პოზიცია, ძირითადად, მის რიტორიკულ კითხვებში იკვეთებოდა. ტრაპაიძე უფრო ცდილობდა ჟურნალისტური სტანდარტების დაცვას და თავს იკავებდა საკუთარი მოსაზრებების დაფიქსირებისგან. იყო შემთხვევები, როდესაც იგი რამიშვილს უდანაშაულობის პრეზუმფციას ახსენებდა და კორექტულობისკენ მოუწოდებდა.

აღსანიშნავია, რომ მონიტორინგის პერიოდში დიანა ტრაპაიძე სხვადასხვა დროს სხვადასხვანაირად იქცეოდა. მაგალითად, ივლისში გასულ გადაცემებში იგი ძალიან პასიური იყო. აგვისტოს ბოლოდან არჩევნებამდე კი გააქტიურდა, უფრო ღიად მსჯელობდა ამა თუ იმ საკითხზე, აფიქსირებდა საკუთარ პოლიტიკურ პოზიციას და კითხვებსაც უფრო მეტს სვამდა. არჩევნების შემდგომ კი კვლავ მოდერატორის როლი შეითავსა.

დიანა ტრაპაიძე, შალვა რამიშვილისგან განსხვავებით, ცდილობდა, თითქმის ყველა შემთხვევაში მოეშველიებინა გარკვეული სახის დოკუმენტაცია და, აქედან გამომდინარე, გაევრცელებინა კონკრეტული ინფორმაცია ან დაესვა კითხვა. გადაცემებში, რომლებშიც მხოლოდ დიანა ტრაპაიძე იყო წამყვანი, ვნებათაღელვა ნაკლები იყო. შედარებით მშვიდი იყო შალვა რამიშვილიც, როდესაც მარტო უძღვებოდა გადაცემას.

წამყვანების კითხვები შედარებით ლმობიერი ჩანდა ქართული ოცნების წარმომადგენლების ან მათი მხარდამჭერებისადმი. ხოლო ამ პარტიისადმი არაკეთილგანწყობილი ადამიანების მიმართ წამყვანები მომეტებულ კრიტიკულობას იჩენდნენ. ეს, მეტწილად, შალვა რამიშვილს ეხება.

წამყვანები არ უწევდნენ ოპონირებას გადაცემის სტუმრებს, რომლებიც მათ მსგავს პოზიციას აფიქსირებდნენ და არც განსხვავებულ მოსაზრებებს აცნობდნენ მათ. ისინი, ძირითადად, ეთანხმებოდნენ სტუდიაში თქმულს და სტუმრის კრიტიკულ გამოსვლას გარკვეული მაგალითებითაც კი ამყარებდნენ.

გადაცემაში თითქმის არ გვხდება სიძულვილის ენის გამოყენება. თუმცა, შალვა რამიშვილი ხშირად იყენებს არაეთიკურ და არაკორექტულ სიტყვებსა და გამოთქმებს. ასეთი შემთხვევები განსაკუთრებით მრავლად იყო ციხეში პატიმრების წამებისთვის მიძღვნილ გადაცემაში.

პოლიტმეტრი

პოლიტმეტრი, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, ყოველდღე გადის მაესტროს საღამოს ეთერში და მისი წამყვანია ნინო ჟიჟილაშვილი. მონიტორინგის პერიოდში თოქშოუში განიხილებოდა შემდეგი თემები:

  • არჩევნები (წინასაარჩევნო გარემო, საარჩევნო სიები, შედეგები)

  • პრეზიდენტის გამოსვლები

  • მაესტროს დაყადაღებული ანტენები

  • ქართუ ბანკის დაყადაღება

  • კარალეთის ინციდენტი

  • სტიქია კახეთში

  • ლაფანყურის ინციდენტი

  • მედია (Must-carry, Must-offer, ზეწოლა მედიაზე, ცვლილებები მეცხრე არხზე)

  • სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება

  • პატიმრების წამება ციხეებში და საპროტესტო აქციები

  • გავრცელებული ფარული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების შეფასება

  • პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის შეხვედრა

  • ახალი მთავრობის სამომავლო გეგმები

  • პარლამენტის პირველი სხდომა

  • ცვლილებები პენიტენციარულ სისტემაში

  • მაღალჩინოსნების დაპატიმრებები და სხვა.

მონიტორინგის პერიოდში პოლიტმეტრის სტუმრებს შორის იყვნენ როგორც მთავრობისა და უმრავლესობის, ასევე, ხელისუფლებისა და უმცირესობის წევრები და სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. პოლიტიკოსების გარდა, გადაცემას სტუმრობდნენ: ექსპერტები, სახალხო დამცველობის კანდიდატები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები, ბიზნესმენები, საზოგადო მოღვაწეები და სხვა.

თოქშოუ ყოველთვის ეხმიანებოდა არსებულ მომენტში პოლიტიკურად აქტიურ მოვლენებს. ჟიჟილაშვილი ცდილობდა, განსახილველ საკითხზე სამსჯელოდ სტუდიაში მოეწვია კომპეტენტური ადამიანები. სტუმრები ისე იყვნენ შერჩეული, რომ გადაცემაში წარმოდგენილიყო განსხვავებული მხარეები და, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, საზოგადოებას გაეგო ყველა არსებული მოსაზრება. თუ გადაცემაში არ იყო განსხვავებული აზრის მქონე სტუმარი, ჟურნალისტი ყოველთვის აღნიშნავდა, რომ მას უარი უთხრეს თოქშოუში მონაწილეობაზე. ასეთი შემთხვევები, ძირითადად, ნაციონალური მოძრაობის წევრების მხრიდან ფიქსირდებოდა.

გადაცემაში ხშირად იმართებოდა ცხარე დებატები საინტერესო საკითხებზე და ისმოდა განსხვავებული პოზიციები. მთლიანობაში შეიძლება ითქვას, რომ პოლიტმეტრში, პოლიტიკურად ერთ-ერთ ყველაზე დაბალანსებულ გადაცემაში, ჟურნალისტი, ძირითადად, მოდერატორის როლს ასრულებდა, თითქმის არასდროს აფიქსირებდა საკუთარ პოზიციებს და ობიექტური იყო. ჟიჟილაშვილი ყოველთვის ცდილობდა, ოპონირება გაეწია სტუმრებისთვის, მიუხედავად მათი პოლიტიკური კუთვნილებისა.

ჟურნალისტი ყოველთვის აქტიურად ერთვებოდა გადაცემის პროცესში, ინტენსიურად უსვამდა სტუმრებს კითხვებს და საშუალებას აძლევდა მათ, ბოლომდე გამოეხატათ საკუთარი პოზიცია ამა თუ იმ საკითხზე. დებატების დროს წამყვანი ობიექტურად ცდილობდა, ოპონენტებისთვის წარედგინა ერთმანეთის არგუმენტები და მათგანაც მოესმინა საპირისპირო მოსაზრებები. ცდილობდა, ამომწურავი პასუხები მიეღო დასმულ შეკითხვებზე და, ხშირად, ამის გამო, რამდენჯერმე უმეორებდა კითხვას. სვამდა როგორც მწვავე, ისე, შედარებით ლმობიერ კითხვებსაც. თუმცა, საერთო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ ჟურნალისტის კითხვები უფრო მწვავე იყო, ვიდრე ლმობიერი. გადაცემაში სტუმრები თანაბარ მდგომარეობაში იყვნენ.

პირველ ბლოკში, სადაც ჟურნალისტი პირისპირ ზის რესპონდენტთან, ის ყოველთვის ჩართული იყო მასთან დიალოგში, იყო მომთხოვნიც და საკუთარი პოზიციის დაფიქსირების გარეშე უწევდა ოპონირებას, მიუხედავად სტუმრის პოლიტიკური შეხედულებებისა. მეორე ბლოკში, სადაც დისკუსიის რეჟიმში მიდის გადაცემა, უფრო ნაკლებად ერთვებოდა საუბარში, მოწინააღმდეგე მხარეებს აძლევდა საშუალებას, ერთმანეთისთვის ეპასუხათ და, უმეტესად, არ ავლენდა მხარდაჭერას რომელიმე მათგანის მიმართ.ჟურნალისტი ძალიან იშვიათად აფიქსირებდა საკუთარ მოსაზრებას. ძირითადად, არჩევნებამდე, ჟურნალისტებზე ზეწოლის, მაესტროს თეფშების დაყადაღებისა და ციხეში პატიმრების წამების თემების განხილვის დროს. უმეტესი თემების განხილვისას ჟიჟილაშვილი ინარჩუნებდა ნეიტრალურ პოზიციას. მონიტორინგის ბოლო პერიოდში ხანდახან შეიმჩნეოდა მისი კეთილგანწყობა ახალი მთავრობის მიმართ.

სიძულვილის ენას ან არაკორექტულ გამონათქვამებს წამყვანი არასოდეს იყენებდა. მეტიც, სტუმარს ყოველთვის შენიშვნას აძლევდა, თუ ისინი არაეთიკურად საუბრობდნენ. იყო შემთხვევები, როდესაც მსგავს სიტუაციაში ჟურნალისტმა სტუმრებს მიკროფონებიც კი გამოურთო.

ჟიჟილაშვილს არც ერთი ინფორმაცია არ გაუვრცელებია შესაბამისი წყაროს მითითების გარეშე და რესპონდენტებსაც იგივეს სთხოვდა. იგი ყოველთვს სვამდა დამატებით კითხვებს ინფორმაციის წყაროს დასაზუსტებლად.

არგუმენტები

არგუმენტები მაესტროს თოქშოუა, რომლის წამყვანია თეა სიჭინავა. ძირითადად, არგუმენტები დებატების ფორმატით გადის და სტუდიაში ორი სტუმარია მიწვეული. მონიტორინგის პერიოდში გადაცემას დაემატა ყოველკვირეული

გამოშვება კვირის არგუმენტები, სადაც სტუდიაში რამდენიმე სტუმარს იწვევენ და, ამასთანავე, იქ მყოფი აუდიტორიაც აქტიურადაა ჩართული თოქშოუში. არგუმენტებისა და კვირის არგუმენტების თითოეულ გადაცემას საშუალოდ 40-50 წუთი ეთმობა.

მონიტორინგის პერიოდში თოქშოუში საკმაოდ მრავალფეროვანი თემები განიხილებოდა:

  • არჩევნები (წინასაარჩევნო გარემო, არჩევნების შედეგები, ეგზიტპოლები)

  • მაესტროს ანტენების დაყადაღება

  • კარალეთის ინციდენტი

  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო ქცევის დეკლარაცია

  • სტიქია კახეთში

  • ბიძინა ივანიშვილის მიერ საქართველოს ბიუჯეტში გადარიცხული 80 მლნ ლარი

  • მედია (ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, Must-carry, Must-offer, TV9-ის ჟურნალისტების დევნა)

  • აგვისტოს ომი

  • ჯარიმებისა და ყადაღების სერია

  • ლაფანყურის ინციდენტი

  • საზოგადოების პოლარიზება

  • ციხეებში პატიმრების წამება

  • საპროტესტო აქციები

  • ფარული ჩანაწერები ქართული ოცნების წინააღმდეგ

  • ახალი მთავრობის გუნდი

  • კონტროლის პალატის უკანონო ქმედებები

  • სახალხო დამცველის არჩევის საკითხი

  • მდგომარეობა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში

  • სოციალური დახმარებების გაუქმება

  • ყოფილი მაღალჩინოსნების დაპატიმრება და სხვა.

არჩევნებამდეც და მას შემდეგაც, არგუმენტები და კვირის არგუმენტები სტუმრების მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა და პოლიტიკური ბალანსი, ხშირ შემთხვევაში, დაცული იყო. გადაცემას სტუმრობდნენ როგორც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, ასევე, კოალიცია ქართული ოცნების, ძველი და ახალი მთავრობისა და სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. თოქშოუს სტუმრები, ასევე, იყვნენ: ექსპერტები, მედიის, არასამთავრობო ორგანი- ზაციების, ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები, სახალხო დამცველის კანდიდატები, სტუდენტები, საზოგადო მოღვაწეები და სხვა.

აღსანიშნავია, რომ მონიტორინგის დასაწყისში არგუმენტებში ბალანსი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის თითქმის თანაბარი იყო. არჩევნების მოახლოებასთან ერთად, გახშირდა ქართული ოცნების წარმომადგენლებისა და მათდამი კეთილგანწყობილი პირების სტუმრობა. არჩევნების შემდეგ თოქშოუში კიდევ უფრო მეტი იყო კოალიციისა და ახალი ხელისუფლების წარმომადგენელთა რიცხვი. თუმცა, წამყვანი ყოველთვის აღნიშნავდა, რომგადაცემაში სტუმრობაზე უარს ეუბნებოდნენ ნაციონალური მოძრაობიდან და ყოფილი ხელისუფლების სხვადასხვა სტრუქტურიდან.

მთლიანობაში არგუმენტები და კვირის არგუმენტები ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან, მიუხედავად იმისა, რომ ორივე თოქშოუს ერთიდაიგივე წამყვანი ჰყავს. ეს განსხვავება იგრძნობა არა მხოლოდ ფორმატში, არამედ ჟურნალისტის ქცევაში თოქშოუების მსვლელობისას. კვირის არგუმენტებში თეა სიჭინავა მხოლოდ მოდერატორია და გადაცემა დებატების ფორმატში, ინტენსიური კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს წამყვანსა და სტუმრებს, ასევე, ექსპერტებსა და დარბაზს შორის.

მართალია, არგუმენტებში თეა სიჭინავა ცდილობდა, ყოფილიყო დაბალანსებული და ღიად არ გამოეხატა თავისი მოსაზრებები, მაგრამ მისი პოზიცია, რიგ შემთხვევებში, მაინც იკვეთებოდა მის შეკითხვებში, კომენტარებსა და არავერბალურ გამოხატვაში. შეიმჩნევა ერთი ტენდენცია: არჩევნებამდე პერიოდში ჟურნალისტის კითხვები უფრო მწვავე იყო ნაციონალური მოძრაობის წევრებისა და მათდამი ლოიალურად განწყობილი პირებისადმი, ვიდრე ოპოზიციის წარმომადგენლებისადმი. არჩევნების შემდეგ კი ეს ტენდენცია შემცირდა და წამყვანიც უფრო დაბალანსებული გახდა, მათ შორის, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების მიმართაც. აგრეთვე, ჟურნალისტი არჩევნებამდე პერიოდში უფრო ხშირად გამოთქვამდა საკუთარ მოსაზრებებს და აფიქსირებდა პოზიციას, რაც ძალიან შემცირდა არჩევნების შემდეგ.

თეა სიჭინავა ყოველთვის აქტიურად იყო ჩართული გადაცემაში, ხშირად ჩაძიებით ეკითხებოდა სტუმრებს და განსხვავებული პოზიციიდან უწევდა მათ ოპონირებას. თუმცა, ეს ოპონირება და მწვავე კითხვები ძველი ხელისუფლების წარმომადგენლების (ნაციონალური მოძრაობა) ან მათი მხარდამჭერების მიმართ უფრო შეინიშნებოდა. ჟურნალისტი სრულიად ნეიტრალური იყო ისეთ გადაცემებში, სადაც სამოქალაქო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ჰყავდა სტუმრად.

წამყვანს სიძულვილის ენა არ გამოუყენებია. მის გადაცემებში რამდენჯერმე დაფიქსირდა შემთხვევა, როცა სტუმრები არაკორექტული და შეურაცხმყოფელი გამოთქმებით მოიხსენიებდნენ სხვა პოლიტიკურ სუბიექტებს. ამაზე წამყვანს ზოგჯერ ჰქონდა რეაქცია და მოუწოდებდა სტუმარს, თავი შეეკავებინა, ზოგჯერ კი ყურადღებას არ აქცევდა ამას.

აღსანიშნავია, რომ თეა სიჭინავა თოქშოუს მსვლელობისას ძალიან მიმიკური იყო და ხშირად მიმართავდა არავერბალურ ენას საკუთარი უარყოფითი დამოკიდებულების უფრო მძაფრად გადმოსაცემად. მისი დამოკიდებულება იგრძნობა, ასევე, საუბრის სარკასტულ ტონსა და რიტორიკულ კითხვებში ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების მიმართ.

ჩვენ

ჩვენ მაესტროზე შაბათს, 23:00 სთ-ზე გადის ეთერში და მისი წამყვანია თამარ ჩიქოვანი. თითოეულ გადაცემას მხოლოდ ერთი სტუმარი ჰყავს.

მონიტორინგის პერიოდში გადაცემაში განხილულია შემდეგი თემები:

  • არჩევნები (საარჩევნო სიები, არჩევნების გაყალბება)

  • საქართველოში არსებული სოციალური და პოლიტიკური პრობლემები

  • რუსეთი და ტერიტორიული კონფლიქტები

  • სოციოლოგიური კვლევები

  • მდგომარეობა ქართულ ციხეებში

  • მომავალი პოლიტიკური ვითარების ანალიზი

  • სამართალი და სამართლიანობის აღდგენა

  • ახალი მთავრობის დაპირებები და მათი რეალისტურობა

  • საქართველოს კონსტიტუცია

  • ხელოვნება და საზოგადოება

  • დანაშაული და სასჯელი (მდგომარეობა ციხეებში) და სხვა.

მონიტორინგის პერიოდში გასულ გადაცემებს არავინ სწვევია ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან და ყოფილი ხელისუფლებიდან. თოქშოუს სტუმრობდნენ კოალიცია ქართული ოცნებისა და ცალკეული ოპოზიციური პარტიების წევრები. თუმცცა, გადაცემის სტუმრებს შორის ჭარბობდნენ ექსპერტები, ჟურნალისტები, საზოგადო მოღვაწეები და იურისტები.

ჩვენ მიმდინარეობს დიალოგის ფორმატში, სადაც წამყვანი მშვიდ და მყუდრო გარემოში საუბრობს გადაცემის სტუმრებთან. გადაცემაში საუბრის დროს უფრო აქტუალური საკითხების განზოგადებახდება, ვიდრე კონკრეტულ ფაქტზე მსჯელობა. შესაბამისად, ის უფრო ანალიტიკური და ინფორმაციულია, ვიდრე აქტიური.

წამყვანი ნაკლებად აფიქსირებდა თავის სუბიექტურ აზრს. თუმცა, მისი პოზიციები იკვეთებოდა მის კითხვებში, რომლებიც გარკვეული დოზით რიტორიკასაც შეიცავდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მისი შეფასებები არ იყო რადიკალური და უფრო შენიშვნების ან რეკომენდაციების ხასიათს ატარებდა. ჟურნალისტის დამოკიდებულება ამა თუ იმ საკითხთან მიმართებაში ზოგჯერ ჩანდა არავერბალური ენის გამოყენების დროს: მიმიკა, ჟესტები და სხვა. არჩევნებამდე წამყვანის დამოკიდებულებაში იგრძნობოდა მეტი კრიტიკა ყოფილი ხელისუფლებისა და ნაციონალური მოძრაობის მიმართ და შედარებით ლოიალური დამოკიდებულება კოალიცია ქართული ოცნებისადმი. არჩევნების შემდეგ ეს ტენდენცია იმდენად თვალში საცემი აღარ იყო.

წამყვანი უფრო ნაკლებად ერთვებოდა გადაცემაში და სტუმრებს საუბარს არ აწყვეტინებდა. სტუმრების მიმართ ჟურნალისტი საკმაო კეთილგანწყობას იჩენდა. ხშირ შემთხვევაში, ისინი ერთ აზრს იზიარებდნენ განხილულ თემაზე. ჩიქოვანი, ძირითადად, არ ცდილობდა, ოპონირება გაეწია სტუმრისთვის და წარედგინა მისგან განსხვავებული პოზიცია.

ზოგჯერ გადაცემაში შეინიშნებოდა თემიდან გადახვევა. თამარ ჩიქოვანი მოზომილ შეფასებებს აკეთებდა, არ გამოუყენებია სიძულვილის ენა, შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი ფრაზები და არაკორექტული გამოთქმები.

კავკასია

კავკასიაზე მონიტორინგი ჩაუტარდა სამ თოქშოუს. ესენია: სტუდია სპექტრი, წამყვანი დავით აქუბარდია, ბარიერი, წამყვანები ალექსანდრე ელისაშვილი და ნინო ჯანგირაშვილი და ცხელი ხაზი, რომელსაც მონაცვლეობით სხვადასხვა წამყვანი ჰყავს: ალექსანდრე ელისაშვილი, ზვიად ქორიძე და ნათია ორველაშვილი.

სტუდია სპექტრი უფრო თავისუფალი ფორმატის თოქშოუა, სადაც საუბარი ძალიან „შინაურულად“ მიმდინარეობს წამყვანსა და სტუმარს შორის. დავით აქუბარდიას გადაცემის სტუმრები, ძირითადად, მისთვის მისაღებ მოსაზრებებს გამოთქვამენ და წამყვანიც ეთანხმება მათ. აქუბარდია ხშირად აფიქსირებს საკუთარ მოსაზრებებს, რომლებიც ხშირად არაეთიკური და სიძულვილის ენის შემცველია, განსაკუთრებით, როცა საუბარია პრეზიდენტზე, ყოფილ მინისტრებსა და ნაციონალურ მოძრაობაზე. მეორე მხრივ, აქუბარდია არ მალავს კეთილგანწყობას ახალი მთავრობის მიმართ.

ბარიერში ერთი შეხედვით ბალანსი დაცულია, რადგან ყოველთვის წარმოდგენილია ორი სხვადასხვა მხარე. თუმცა, ელისაშვილის ტენდენციურობა ძალიან თვალში საცემია. ის, ყოველთვის ცალსახად აკრიტიკებს ნაციონალურ მოძრაობას და ე.წ. ძველ ხელისუფლებას, ქართული ოცნების წარმომადგენლებს კი კრიტიკულ კითხვებს ხშირად არ უსვამს, ღიად გამოხატავს საკუთარ კრიტიკულ და ბევრჯერ არაკორექტულ შეფასებებს ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. განსხვავებულია ის გადაცემები, რომლებიც ნინო ჯანგირაშვილს მიჰყავს. მისი ეთერი უფრო მშვიდად და დინამიკურად მიდის. ჟურნალისტი აქტიურადაა ჩართული გადაცემაში, მაგრამ ცდილობს, უფრო მეტად მოდერატორის როლი შეასრულოს.

ცხელი ხაზის ის გადაცემები, სადაც წამყვანი ალექსანდრე ელისაშვილია, ბარიერის მსგავსი ტენდენციებით მიმდინარეობს. ხოლო თოქშოუს დანარჩენი წამყვანები: ნათია ორველაშვილი, ზვიად ქორიძე და მერაბ მეტრეველი, უმეტესად, მოდერატორის როლს ასულებენ და თავის შეხედულებებს აშკარად არ აფიქსირებენ.

სტუდია სპექტრი

სტუდია სპექტრი კავკასიაზე ყოველდღე გადის და მისი წამყვანია დავით აქუბარდია. თოქშოუ 2-3 ნაწილისგან შედგება და სტუდიაში რამდენიმე სტუმარია მიწვეული.

მონიტორინგის პერიოდში სტუდია სპექტრი შეეხო შემდეგ თემებს:

  • არჩევნები (წინასაარჩევნო გარემო, ცესკო, შედეგები, დარღვევები საარჩევნო უბნებზე, საერთაშორისო შეფასებები)

  • პარტიების დაჯარიმება ქსნის კოლონიასა და გლდანის ციხეში მომხდარი მოვლენები

  • NDI-ის კვლევები

  • კოალიცია ქართული ოცნება (ვიზიტები რეგიონებში, აქციები)

  • კარალეთის ინციდენტი

  • სოფლის მეურნეობა

  • სტიქია კახეთში

  • აგვისტოს ომი

  • ადამიანის უფლებები

  • მედია (მაესტროს დაყადაღებული ანტენები)

  • პატიმრების წამება ციხეებში და სტუდენტური აქციები

  • პარლამენტის პირველი სხდომა

  • ხელისუფლების გადაბარება

  • ახალი მთავრობის პრიორიტეტები და პერსპექტივები

  • „ორხელისუფლებიანობა“ საქართველოში

  • სახალხო დამცველის არჩევა

  • მართლმსაჯულება და სასამართლო სისტემა და სხვა.

მონიტორინგის პერიოდში მიწვეულ პოლიტიკურ პარტიებს შორის არჩევნებამდე და მის შემდეგაც ჭარბობდა კოალიცია ქართული ოცნება. შედარებით იშვიათად სტუმრობდნენ გადაცემას ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და სხვა ოპოზიციური პარტიების წევრები. სტუმრებს შორის, ასევე, იყვნენ: ექსპერტები, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სახალხო დამცველობის კანდიდატები, საზოგადო მოღვაწეები, სტუდენტები და სხვა.

გადაცემის ფორმატი უფრო მეტად თავისუფალია. საუბარი საკმაოდ „შინაურულად“ მიმდინარეობდა. ჟურნალისტის და რესპონდენტის დიალოგი მიდიოდა არა კითხვა-პასუხის რეჟიმში, არამედ ორივე მხარე, უბრალოდ, საუბრობდა საკუთარ შეხედულებებზე. აქუბარდია თითქმის არასოდეს სვამდა კითხვებს, ის და მიწვეულისტუმარი ცვლიდნენ აზრებს და ერთმანეთს უზიარებდნენ საკუთარ მოსაზრებებს. თოქშოუში საუბარი, ძირითადად, სხვადასხვა თემაზე მიმდინარეობდა. ჟურნალისტი წინასწარ არ აანონსებდა განსახილველ თემას, თუმცა მათი უმეტესობა ყოფილი ხელისუფლებისა და სამთავრობო გუნდის კრიტიკას ეთმობოდა.

არჩევნებამდე გადაცემის სტუმრები, ძირითადად, ან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები იყვნენ, ან ის პირები სამოქალაქო და არასამთავრობო სექტორიდან, რომლებიც არალოიალურად იყვნენ განწყობილი ხელისუფლების მიმართ. აქუბარდია ხშირად ამბობდა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებსაც იწვევდა სტუდიაში, მაგრამ ისინი არ მოდიოდნენ დებატებზე.

სტუმრების მიმართ ჟურნალისტის დამოკიდებულება ცალსახად კეთილგანწყობილი იყო და ამას ხშირად ხმამაღლაც აღნიშნავდა. იდენტური იყო მათი პოზიციებიც და პოლიტიკური ხედვებიც. შესაბამისად, ის ოპონირებას არ უწევდა სტუმრებს განსხვავებული პოზიციიდან და განსხვავებულ შეხედულებებს არ აფიქსირებდა. პირიქით, სტუმრებიც და ჟურნალისტიც გამუდმებით ეთანხმებოდნენ ერთმანეთს.

ჟურნალისტის ჩართულობა გადაცემაში დამოკიდებული იყო მიწვეულ სტუმარზე და მის აქტიურობაზე. ზოჯერ გადაცემებში ჟურნალისტი თითქმის არ ერთვებოდა და მხოლოდ სტუმარი საუბრობდა და იყო პირიქითაც, როდესაც აქუბარდია საუბარს არ აცდიდა სტუდიაში მიწვეულს და მეტწილად თავად საუბრობდა.

თუ სტუმრის აზრები სავსებით ემთხვეოდა წამყვანის აზრებს, მაშინ იგი აცდიდა სტუმარს ბოლომდე დაესრულებინა სიტყვა, თუმცა საუბარს მაინც აწყვეტინებდა, რათა საკუთარი მოსაზრებები ჩაერთო. თუ სტუმრის მოსაზრებები წამყვანს არ მოსწონდა და არ ეთანხმებოდა მას, ხშირად აწყვეტინებდა და საუბარს არ აცდიდა, არც აზრის გამოთქმას ამთავრებინებდა.

ზოგადი შეფასებით, გადაცემა ძალიან ტენდენციურია. ჟურნალისტი მთელი გადაცემის მანძილზე ყოველთვის, მონიტორინგის ყველა პერიოდში ღიად აფიქსირებდა საკუთარ უარყოფით დამოკიდებულებას ყოფილი ხელისუფლების მიმართ. ხშირად იყენებდა სიძულვილი ენას და იყო არაკორექტული ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და მთავრობისადმი. ხშირად იყენებდა ისეთ სიტყვებსა და ეპითეტებს, როგორებიცაა: „კრეტინი“, „ჩმორი“, „იდიოტი“, „ვანიჩკა“, „საბჭოთა ხელისუფლება“, „კანტორა“, „მადამ მოგელაძე“, „რიჟა ბაზარი“ და ა.შ. აქუბარდია არც სტუმრებს მოუწოდებს, რომ არ გამოიყენონ უცენზურო და შეურაცხმყოფელი გამონათქვამები სხვების მიმართ. მეტიც, იგი ეთანხმება სტუმარს და ხშირად იმავეს იმეორებს. აღსანიშნავია, რომ უცენზურო გამონათქვამებს ასევე ხშირად იყენებენ მაყურებლები, რომლებიც სტუდიაში რეკავენ.

ციხის სკანდალის შემდეგ ჟურნალისტი საკუთარ შეფასებებში უფრო რადიკალური გახდა და ერთიორად გაიზარდა მისი მხრიდან მსგავსი შინაარსის განცხადებები. თუმცა, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს აქუბარდიას საქციელი, როდესაც მან პირდაპირ ეთერში შეაგინა როლანდ ახალაიას.

მეორე მხრივ, აქუბარდია ძალზე კეთილგანწყობილი იყო კოალიცია ქართული ოცნებისა და ბიძინა ივანიშვილისადმი და არც მალავდა ამას. ივანიშვილის განცხადებებს „პატრიოტულს“ და „გონივრულს“ უწოდებდა.

მონიტორინგის ბოლო ეტაპზე (ანუ არჩევნების შემდგომ პერიოდში) დავით აქუბარდია უფრო ხშირად უსვამდა კითხვებს მიწვეულ სტუმრებს. ასევე, შესამჩნევია, რომ იგი კრიტიკულ შეფასებებს აკეთებდა კოალიცია ქართული ოცნების მისამართითაც. დღის მანძილზე განვითარებული მოვლენებიდან თუ რაიმეთი უკმაყოფილო იყო, ამას ღიად ამბობდა და არც რჩევა-დარიგებებს იშურებდა.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ დავით აქუბარდია არასოდეს ასახელებს გადაცემაში მის მიერ გაცხადებული ინფორმაციის კონკრეტულ წყაროს. ხშირად ის არა მარტო გადაუმოწმებელ ინფორმაციას გვაწვდის, არამედ შემთხვევით გაგონილ ამბებს ყვება ინფორმაციის სახით.

ბარიერი

ბარიერი ყოველ სამშაბათსა და პარასკევს, 22:30 სთ-ზე გადის კავკასიის ეთერში და მისი წამყვანები მონაცვლეობით არიან ალექსანდრე ელისაშვილი და ნინო ჯანგირაშვილი. გადაცემას დებატების ფორმატი აქვს, სტუდიაში მიწვეულია რამდენიმე სტუმარი, რომლებიც ორ სხვადასხვა მხარეს წარმოადგენენ.

ბარიერში მონიტორინგის განმავლობაში განიხილეს შემდეგი თემები:

  • არჩევნები (წინასაარჩევნო პერიოდი, შედეგები, ცესკო)

  • ბიძინა ივანიშვილის ქონების დაყადაღება

  • კარალეთის ინციდენტი

  • ბიძინა ივანიშვილისა და ხელისუფლების ურთიერთობები

  • მაესტროს თეფშების დაყადაღება

  • მედია (ჟურნალისტების დევნა, წინასაარჩევნო მედიაგარემო)

  • ლაფანყურის ინციდენტი

  • პატიმართა წამება ციხეებში

  • ურთიერთობა ძველსა და ახალ ხელისუფლებას შორის

  • ახალი პოლიტიკური რეალობა (ახალი მთავრობა, ახალი პარლამენტი)

  • ამნისტია

  • არჩევნების შემდეგ მომხდარი დაპატიმრებები და სხვა.

მონიტორინგის პერიოდში ბარიერში მიწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ როგორც კოალიცია ქართული ოცნების, ასევე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და სხვა ოპოზიციური პარტიების წევრები. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მათ შორის ქართული ოცნების წევრები ჭარბობდნენ. ბარიერს, აგრეთვე, სტუმრობდნენ: მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები, სახალხო დამცველობის კანდიდატები, უფლებადამცველები, სა- ზოგადო მოღვაწეები და სხვა.

ბარიერი ყოველთვის ეხმიანება ქვეყანაში განვითარებულ აქტუალურ მოვლენებს. გადაცემა დებატების სტილისაა, სადაც ორი მხარეა მიწვეული და ბალანსი დაცულია. თუმცა, მონიტორინგის მანძილზე ხშირი იყო გადაცემები, სადაც ყველა სტუმარი ერთ მხარეს წარმოადგენდა. ასეთ დროს თემის განხილვაც ცალმხრივად მიმდინარეობდა.

როდესაც თოქშოუს ალექსანდრე ელისაშვილი უძღვებოდა, გადაცემა უფრო ტენდენციური იყო. ჟურნალისტი, ძირითადად, აქტიურობდა გადაცემის მსვლელობისას, ხშირად ღიად აფიქსირებდა საკუთარ პოზიციას სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით: „უმრავლესობაზე ვისაუბროთ, ჩემი საყვარელი თემაა მათი კრიტიკა“. ჟურნალისტი სვამდა კითხვებს და წარმართავდა დებატებს მიწვეულ სტუმრებს შორის. აღსანიშნავია, რომ ამ დებატებში, ხშირად, თავადჟურნალისტიც აქტიურ მონაწილეობას იღებდა. სტუმრებს შორის ჭარბობდნენ არჩევნებამდელი ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ადამიანები. ჟურნალისტი არ ზღუდავდა თავის სტუმრებს, ყოველთვის აძლევდა საშუალებას, ვრცლად ესაუბრათ განსახილველი თემის გარშემო. კითხვები, ძირითადად, მწვავე არ იყო და ელისაშვილი აკონტროლებდა, რომ ყველა სტუმარს მისცემოდა დასმულ კითხვებზე პასუხების გაცემის საშუალება. აღსანიშნავია, რომ წამყვანი კითხვის დასმასთან ერთად, თავიდანვე აფიქსირებდა თავის პოზიციას.

თუ გადაცემაში დაცული იყო ბალანსი, ჟურნალისტი იმ სტუმარს, რომელსაც მისგან განსხვავებული პოზიცია ჰქონდა, მეტ ოპონირებას უწევდა, ვიდრე სხვებს. ასეთ შემთხვევაში კითხვას რამდენჯერმე იმეორებდა და ხშირად ჩაეძიებოდა ხოლმე რესპონდენტს. ადვილი შესამჩნევია, რომ ჟურნალისტი სააკაშვილის ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილი სტუმრების მიმართ მომთხოვნი და კრიტიკული იყო.

ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ალექსანდრე ელისაშვილი მხოლოდ მოდერატორი არ იყო გადაცემის პროცესში და ყოველთვის ღიად აცხადებდა საკუთარ პოზიციას მთავარ თემებთან დაკავშირებით. ხშირად შედიოდა დებატებში სტუმრებთან და იცავდა საკუთარ არგუმენტებს, გამოთქვამდა შეშფოთებას, აღშფოთებას და აკრიტიკებდა ყოფილ ხელისუფლებას.

განსაკუთრებით ემოციური იყო წამყვანი არჩევნების წინ, ციხეში პატიმრების წამების ამსახველი ვიდეომასალის გამოქვეყნების შემდეგ. ხშირად იყენებდა სიტყვებს „სადისტი“ და „მკვლელი“ კონკრეტული პირების მიმართ.

გადაცემა ბარიერში გამართული ცხარე დებატების დროს, ხშირი იყო არა იმდენად სიძულვილის ენის გამოყენების, არამედ არაკორექტული გამოთქმების შემთხვევები, როგორც ჟურნალისტის, ისე, სტუმრების მხრიდანაც.

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ წამყვანის კრიტიკული განწყობა ნაციონალური მოძრაობის მიმართ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ შესუსტდა, თუმცა ეს არ მომხდარა ახალი მთავრობის კრიტიკის ფონზე. პირიქით, წინა ხელისუფლების შეცდომების წამოჭრის პარალელურად, შეინიშნება ახალი ხელისუფლების დადებით კონტექსტში მოხსენიების ტენდენცია.

ელისაშვილი ხშირად არ ასახელებდა მის მიერ გამჟღავნებული ინფორმაციის წყაროს. საუბრობდა საკუთარ მოსაზრებებზე დაყრდნობით და ყვებოდა დაუზუსტებელ ფაქტებს.

ზოგჯერ ბარიერს უძღვებოდა ნინო ჯანგირაშვილი. მონიტორინგის ბოლო პერიოდში კვირაში ერთხელ გადაცემა მას მიჰყავდა. ჯანგირაშვილი ყველა სტუმარს აძლევდა აზრის დაფიქსირების საშუალებას. ცდილობდა, არ დაეშვა სტუმრებს შორის მწვავე დისკუსიები და დებატები და გადაცემას დინამიკურად ჩაევლო. ჟურნალისტი დიდ ინტერესს იჩენდა თემისადმი და ყურადღებით უსმენდა სტუმრებს. იყო შემთხვევბი, როდესაც წამყვანი იზიარებდა სტუმრების პოზიციას, არც ოპონირებას უწევდა მათ და არც განსხვავებულ აზრს აფიქსირებდა. თუმცა, ასევე, გვხვდება შემთხვევები, როდესაც ჯანგირაშვილი ძალიან აქტიურად წარმოადგენდა სტუმრებისგან განსხვავებულ პოზიციას და სტუდიაში არმყოფი მხარის შეხედულებებს იცავდა. თუმცა, ბოლომდე ობიექტურობას ვერ ინარჩუნებდა და მაინც გამოთქვამდა საკუთარ მოსაზრებას, რომელიც ყოფილი ხელისუფლების წინააღმდეგ იყო მიმართული.

ბარიერში ორივე ჟურნალისტი ყოველთვის აღნიშნავდა, როდესაც რომელიმე მხარე არ იყო წარმოდგენილი და განმარტავდა ამის მიზეზს.

ცხელი ხაზი

კავკასიის თოქშოუ ცხელი ხაზი ორშაბათს, ოთხშაბათსა და ხუთშაბათს, 22:30 სთ-ზე გადის ეთერში და მისი წამყვანები მონაცვლეობით არიან: ალექსანდრე ელისაშვილი, ზვიად ქორიძე და ნათია ორველაშვილი. მონიტორინგის პერიოდში რამდენჯერმე გადაცემის თანაწამყვანები იყვნენ მერაბ მეტრეველი და დაჩი გრძელიშვილი. ჩვეულებრივ, გადაცემაში ერთი ან ორი სტუმარია. გადაცემის პირველი ნაწილი მთლიანად ეთმობა მაყურებლებისგან ზარების მიღებას. თოქშოუ, საშუალოდ, 1 საათს გრძელდება.

ცხელი ხაზი თავის გადაცემებში შეეხო შემდეგ თემებსა და საკითხებს:

  • არჩევნები (წინასაარჩევნო გარემო, ეგზიტპოლების შედეგები, გაყალბება)

  • საქართველოს პენიტენციარული სისტემა სტიქია კახეთში

  • პოლიტიკური პარტიების ქცევის წესები

  • სამოქალაქო ომის ალბათობა

  • ლაფანყურის ინციდენტი

  • პატიმრების წამება ციხეში

  • ფარული ჩანაწერები - კომპრომატების ომი

  • ახალი მთავრობა და სამომავლო გეგმები

  • ბიზნესისა და სახელმწიფოს ურთიერთობები

  • მართლმსაჯულების სისტემის პრობლემები

  • კომუნალური ტარიფების შემცირების რეალისტურობა

  • მასშტაბური გაფიცვები

  • ყოფილი ჩინოვნიკების დაკავება

  • მასობრივი ამნისტია

  • უკანონო მოსმენები

  • პოლიტიკა ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში და სხვა.

ცხელ ხაზში მიწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ როგორც ახალი მთავრობისა და კოალიცია ქართული ოცნების, ასევე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და სხვა ოპოზიციური გუნდების წარმომადგენლები. შესაბამისად, გადაცემაში, უმეტეს შემთხვევაში, წარმოდგენილი იყო ორი მხარე და განსხვავებული პოზიციები, რის გამოც, გადაცემას ხშირად დებატების ხასიათი ჰქონდა. თუმცა, მათ შორის ჭარბობდნენ ახალი მმართველი გუნდისა და ახალი ხელისუფლების წევრები. თოქშოუს სხვა სტუმრებს შორის იყვნენ: ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები, უფლებადამცველები, საზოგადო მოღვაწეები და სხვა.

გადაცემის წამყვანები განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან. მათი შეხედულებები, ძირითადად, გადაცემის პირველ ნაწილში ვლინდებოდა, სადაც ახალი ამბების გაცნობასთან ერთად, აფასებდნენ მოვლენებს და საკუთარ მოსაზრებებს გამოთქვამდნენ. ალექსანდრე ელისაშვილი ღიად აფიქსირებდა საკუთარ შეხედულებებს და აქტიურად კამათობდა იმ სტუმრებთან, ვისი აზრიც მისთვის მიუღებელი იყო. ამას ვერ ვიტყვით ნათია ორველაშვილსა და ზვიად ქორიძეზე, რომლებიც ცდილობდნენ ობიექტურად წაეყვანათ გადაცემა. თუმცა, ნათია ორველაშვილის ელისაშვილთან ტანდემის დროს ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც ნათიაც იზიარებდა ელისაშვილის ირონიას. ზვიად ქორიძისა და ნათია ორველაშვილის ერთობლივი მუშაობის დროს მსგავსი შემთხვევები ნაკლები იყო. მერაბ მეტრეველიც ნაკლებად გამოირჩეოდა სუბიექტური აზრების დაფიქსირებით, თუმცა, გარკვეული შეხედულებები სხვადასხვა საკითხის მიმართ მაინც ვლინდებოდა მის რიტორიკულ კითხვებსა თუ რეპლიკებში. დაჩი გრძელიშვილიც ზოგჯერ აფიქსირებდა საკუთარ მოსაზრებებს რიტორიკული კითხვების დასმის დროს.

გადაცემის წამყვანების, განსაკუთრებით, ალექსანდრე ელისაშვილის მხრიდან საკმაოდ მწვავე იყო კრიტიკა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიმართ წინასაარჩევნო პერიოდში. გადაცემაში მაშინდელი ოპოზიციის წარმომადგენლები აქტიურად აკრიტიკებდნენ ხელისუფლებას, ცდილობდნენ მათ დადანაშაულებას და, ხშირ შემთხვევაში, წამყვანების მხრიდან ოპონირებას არ აწყდებოდნენ.

არჩევნების შემდგომ პერიოდში მომრავლდა ისეთი შემთხვევები, როდესაც ზვიად ქორიძე და ნათია ორველაშვილი შედარებით მომთხოვნები გახდნენ ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებისადმი და ცდილობდნენ ქვეყანაში არსებული სხვადასხვა პრობლემის მოგვარების გზებზე მათგან ინფორმაციის მიღებას. მერაბ მეტრეველმა რამდენჯერმე დასვა შეკითხვები, რომლებიც საზოგადოების ინტერესიდან გამომდინარეობდა. ელისაშვილის დამოკიდებულება ნაციონალური მოძრაობის მიმართ არ შეცვლილა.

წამყვანების კითხვები ნეიტრალური იყო ქართული ოცნების წარმომადგენლებისა და ნაციონალური მოძრაობისადმი კრიტიკულად განწყობილი ადამიანების მიმართ. ხოლო ყოფილი ხელისუფლების წევრებსა და მათდამი ლოიალურად განწყობილ პირებს წამყვანები უფრო კრიტიკულ შეკითხვებს უსვამდნენ და მეტ ოპონირებასაც უწევდნენ. მიუხედავად ამისა, სტუმრები ყველა შემთხვევაში აფიქსირებდნენ საკუთარ მოსაზრებას და ჟურნალისტები დაბრკოლებებს არ უქმნიდნენ.

წამყვანებიდან მხოლოდ ალექსანდრე ელისაშვილი იყენებდა არაკორექტულ გამოთქმებს, ლანძღავდა კონკრეტულ ადამიანებს და აფიქსირებდა თავის პირად უარყოფით დამოკიდებულებებს. ელისაშვილის ირონიაც ხშირად ფონად გასდევდა მთლიანად გადაცემას.გადაცემაში თემიდან გადახვევა, უმეტესად, მხოლოდ ალექსანდრე ელისაშვილის მიერ ფიქსირდებოდა. ასევე, იგი ხშირად არ ასახელებდა ინფორმაციის წყაროს.

მეცხრე არხი

მეცხრე არხზე მონიტორინგი შეეხო სამ გადაცემას: ახალკაცის მატრიცა, კონსილიუმი ვასილ მაღლაფერიძესთან და ეკა ბერიძის მთავარი კითხვა. სამივე თოქშოუ ყოველ სამუშაო დღეს გადიოდა ეთერში. აღსანიშნავია, რომ მეცხრე არხზე მონიტორინგის ქვეშ მყოფ არც ერთ თოქშოუს არ სტუმრობდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ან ყოფილი მთავრობის წარმომადგენელი. სამივე შემთხვევაში სტუმრები, ძირითადად, კოალიცია ქართული ოცნებისა და ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილი ადამიანები იყვნენ. შესაბამისად, მონიტორინგის პერიოდში ამ არხზე პოლიტიკური ბალანსი დაცული არ იყო და გადაცემაში სტუმრად არ ჰყოლიათ ფუნდამენტურად განსხვავებული პოზიციისა და შეხედულებების მქონე პოლიტიკოსები და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები. ამასთან, გადაცემის წამყვანები თითქმის არასოდეს განმარტავდნენ, თუ რა მიზეზით არ ჰყავდათ ისინი სტუმრად - რესპონდენტები არ თანხმდებოდნენ მიწვევას, თუ რამე სხვა მიზეზი არსებობდა.

ახალკაცის მატრიცა

მეცხრე არხის თოქშოუ მატრიცა, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, ყოველდღე გადის ეთერში საღამოს 7 საათზე და მისი წამყვანია გიორგი ახალკაცი. ჩვეულებრივ, მატრიცა ორ-სამ ნაწილადაა დაყოფილი, რომელიც ერთ კონკრეტულ თემას ეძღვნება და თითოეეულში მხოლოდ ერთი სტუმარია წარმოდგენილი. თოქშოუს საშუალოდ 40-45 წუთი ეთმობა.

მონიტორინგის პერიოდში გასული გადაცემები ეხებოდა შემდეგ თემებს:

  • არჩევნები (წინასაარჩევნო გარემო, დარღვევები, ამორჩეველთა მოსყიდვა)

  • ბიძინა ივანიშვილის განცხადებები

  • „მეტი სარგებელი ხალხს“ (ნაციონალური მოძრაობის დაპირებები)

  • ძველი და ახალი ხელისუფლება

  • 2013 წლის ბიუჯეტი

  • ხელისუფლება და საპატრიარქო

  • ახალი მთავრობის პოლიტიკური კურსი

  • პატიმართა წამება ციხეებში

  • „კომპრომატების ომი“

  • მაღალჩინოსნების დაპატიმრებები

  • საყოველთაო ამნისტია

  • სასამართლო სისტემა

  • სახალხო დამცველის კანდიდატები

  • პოლიტიკური კვლევები და მათი შედეგები

  • ლაფანყურის ინციდენტი

  • აგვისტოს ომი

  • ნარკოკანონმდებლობა საქართველოში

  • მედია (Must Carry, მედიის როლი არჩევნებში, ჟურნალისტების დევნა) და სხვა.

მონიტორინგის მთელი პერიოდის განმავლობაში მატრიცაში ნაკლებად შეიმჩნეოდა სტუმრების მრავალფეროვნება. თოქშოუში არავინ ყოფილა წარმოდგენილი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ან ყოფილი მთავრობიდან. არჩევნების შემდეგ გასულ გადაცემებშიც ნაკლებად ჩანდა ოპოზიცია. არჩევნებამდე თოქშოუში მიწვეულ ოპოზიციურ პარტიებს შორის ჭარბობდნენ კოალიცია ქართული ოცნების წარმომადგენლები. შესაბამისად, გადაცემაში, უმეტესად, წარმოდგენილი იყო მხოლოდ ერთი მხარე და ნაკლებად ხდებოდა საკითხის განსხვავებული პოზიციიდან წარმოჩენა. არჩევნებამდე წამყვანი გადაცემაში, ძირითადად, კოალიცია ქართული ოცნების წარმომადგენლებს იწვევდა და მათთან ერთად აკრიტიკიებდა მაშინდელ ხელისუფლებასა და მმართველ გუნდს. ეს, განსაკუთრებით, შეინიშნებოდა უშუალოდ არჩევნების წინა პერიოდში, პატიმრების წამების ვიდეოკადრების გამოქვეყნების შემდეგ. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კრიტიკა არჩევნების შემდეგაც გაგრძელდა. რაც შეეხება კოალიციას, მატრიცაში 1 ოქტომბრამდე ქართული ოცნების კრიტიკა, ფაქტობრივად, არ ყოფილა. თუმცა, წამყვანი შედარებით მკაცრიგახდა ახალი მმართველი გუნდის მიმართ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ და ახალი მინისტრებისგან საკმაოდ აქტიურად ითხოვდა სამოქმედო გეგმების სქემებსა და ინფორმაციას სხვადასხვა ცვლილების შესახებ.

მატრიცის წამყვანი, ხშირ შემთხვევაში, არ იყო უბრალოდ მოდერატორი. მის შეკითხვებსა და მსჯელობაში იკვეთებოდა მისი პოზიცია: უარყოფითი დამოკიდებულება ერთიანი ნაციონალური მოძრაობისადმი და ლოიალური მიდგომა ბიძინა ივანიშვილისა და კოალიციის მიმართ. წამყვანსა და გადაცემაში მიწვეულ სტუმრებს შორის ხშირად შეინიშნებოდა პოზიციების თანხმობა. აქედან გამომდინარე, წამყვანი ნაკლებად უწევდა ოპონირებას სტუმრებს, არ აწყვეტინებდა საუბარს და უთმობდა საკმაო დროს აზრის გამოსათქმელად. მისი კითხვებიც, უმეტეს შემთხვევაში, არ იყო კრიტიკული; იგი უფრო მოვლენების შეფასებას ითხოვდა. სტუმრები თანაბარ მდგომარეობაში იყვნენ, ვინაიდან სტუდიაში, საკითხებთან დაკავშირებით, ყოველთვის ფიგურირებდა ერთი აზრი, რომელსაც, ხშირ შემთხვევაში, ჟურნალისტი იზიარებდა.

მიუხედავად ასეთი ტენდენციისა, გიორგი ახალკაცი ზოგ გადაცემაში მთლიანად პასუხობდა ჟურნალისტურ სტანდარტებს და თავისი შეხედულებების დაფიქსირებისგან თავს იკავებდა, ცდილობდა სიღრმისეული ინფორმაციის მოპო- ვებას და პრობლემის რამდენიმე განსხვავებული კუთხით წარმოჩენას. ასეთი გადაცემები უფრო მეტად არჩევნების შემდეგ გავიდა.

წამყვანის მხრიდან სიძულვილის ენა არ შეინიშნებოდა. თუმცა, ზოგჯერ, არჩევნების წინა პერიოდში, მის მიმიკებში იგრძნობოდა ირონია ნაციონალური მოძრაობისა და ყოფილი მთავრობის მიმართ.

კონსილიუმი ვასილ მაღლაფერიძეთან

მონიტორინგის პერიოდში კონსილიუმი, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, ყოველდღე, 20:00 სთ-ზე გადიოდა ეთერში და მისი წამყვანი იყო ვასილ მაღლაფერიძე. გადაცემა რამდენიმე ნაწილისგან, ე.წ. სეგმენტისგან შედგებოდა. ჩვეულებრივ, გადაცემას ერთი, ორი ან სამი რესპონდენტი სტუმრობდა. მონიტორინგის პერიოდში გასული გადაცემები ეხებოდა შემდეგ საკითხებს:

  • არჩევნები (წინასაარჩევნო გარემო და კამპანია, ეგზიტპოლები, გაყალბება, საერთაშორისო გამოხმაურება)

  • კოალიცია ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილი

  • პრეზიდენტი და საქართველოს ხელისუფლება

  • პოლიტიკა ქართულ შოუ-ბიზნესში

  • პატიმართა წამება ციხეებში და სტუდენტური პროტესტი (პოლიტიკური პასუხისმგებლობა)

  • ახალი მინისტრთა კაბინეტი

  • სოციოლოგიური კვლევები

  • ეთნიკური უმცირესობები

  • ყინწვისის საქმე

  • აგვისტოს ომი

  • ქართული სპორტი

  • ნარკომანია და კანონმდებლობა

  • არქიტექტურა კანონმდებლობის გარეშე

  • აზარტული თამაშების ბიზნესის აკრძალვის მოთხოვნა

  • ადამიანის უფლებები

  • ახალი სასამართლოს კონცეფცია და სხვა.

კონსილიუმის თავდაპირველი ფორმატი გულისხმობდა პპოლიტიკურ გადაცემას პოლიტიკოსების გარეშე, თუმცა, ეს ფორმატი არაერთხელ დაირღვა. თავიდან გადაცემაში, ძირითადად, ექსპერტებს, საზოგადო მოღვაწეებსა და სხვა ცნობილ ადამიანებს იწვევდნენ, თუმცა არჩევნების მოახლოებასთან ერთად იმატა კოალიცია ქართული ოცნების წევრების სტუმრობამ. არჩევნებამდე გადაცემაში არ ყოფილან ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები. ძალიან იშვიათად იწვევდნენ სხვა ოპოზიციური პარტიების წევრებსაც.

არჩევნების შემდეგ, გარკვეულწილად, შეიცვალა გადაცემის ფორმატი და რამდენჯერმე საეთერო დრო დაეთმო ყოფილ თანამდებობის პირებს, რომლებიც საუბრობდნენ სააკაშვილის ხელისუფლების მიერ მათზე განხორციელებულ ზეწოლაზე და მიყენებულ მორალურ თუ მატერიალურ ზიანზე.

ხშირი იყო გადაცემები, სადაც თემებიც აპოლიტიკური იყო. თუმცა, მაშინაც კი, გადაცემის ბოლოს ყოველთვის ჩნდებოდა და იკვეთებოდა გადაცემის პოლიტიკური ქვეტექსტი. ხშირად, ეს ნაციონალური მოძრაობისა და სააკაშვილის ხელისუფლების კრიტიკა იყო.

გადაცემის ფორმატი არ შეცვლილა არჩევნების შემდეგაც. 1 ოქტომბრის შემდეგ წამყვანი ცდილობდა, გადაცემა არ ყოფილიყო პოლიტიკური თოქშოუ. თუმცა, მის მიერ შერჩეული თემები ზოგჯერ პირდაპირ, ზოგჯერ კი ირიბად უკავშირდებოდა პოლიტიკას. თავად წამყვანიც აფიქსირებდა თავის პოლიტიკურ შეხედულებებს. არჩევნების შემდეგ წამყვანი ზოგიერთ შენიშვნასა თუ რეკომენდაციას ახალი ხელისუფლების მიმართაც გამოთქვამდა.

წამყვანი საკმაოდ აქტიურად იყო ჩართული გადაცემაში. იგი არ იყო, უბრალოდ, მოდერატორი, ხშირად ერეოდა სტუმრების საუბარში და აფიქსირებდა საკუთარ მოსაზრებებსა და შეხედულებებს. მის კითხვებსა და მონოლოგებშიც ხშირად იკვეთებოდა მისი პირადი შეხედულებები, უარყოფითი და კრიტიკული დამოკიდებულება ნაციონალური მოძრაობისა და პრეზიდენტის მიმართ და დადებითი განწყობა ქართული ოცნებისა და ბიძინა ივანიშვილის მიმართ. მაღლაფერიძე, როგორც წესი, არ ცდილობდა სტუმრის პოზიციისგან განსხვავებული მოსაზრების წარმოდგენას. იგი, ძირითადად, სტუმრებთან ერთად მსჯელობდა სხვადასხვა საკითხზე, აფიქსირებდა თავის პოზიციას, ეთანხმებოდა გადაცემის სტუმრებს და თითქმის არასდროს არ შედიოდა მათთან პოლემიკაში. ამასთან, როგორც უკვე აღინიშნა, სტუმრების უმრავლესობა არალოიალურად იყო განწყობილი ყოფილი ხელისუფლების მიმართ და არ გააჩნდა პრინციპულად განსხვავებული პოზიცია. შესაბამისად, გადაცემაში თითქმის არასოდეს არ იყო წარმოდგენილი განსხვავებული პოზიციები განხილული თემის გარშემო.

გადაცემაში სტუმრები ყოველთვის თანაბარ მდგომარეობაში იყვნენ. წამყვანი ცდილობდა, თანაბარი დრო დაეთმო მათთვის და ყველას მისცემოდა აზრის გამოთქმის საშუალება. თუმცა, ხშირად ჟურნალისტის საუბრისა და სტუმრისთვის დათმობილი დრო თანაბარი იყო. ზოგჯერ ჟურნალისტის დრო აღემატებოდა კიდეც სტუმრისას. ამას, გარკვეულწილად, ისიც იწვევდა, რომ ჟურნალისტი ყოველ კითხვას, რომელიც უნდა დაესვა, უკეთებდა ვრცელ შესავალს, სადაც საკუთარ პოზიციას აფიქსირებდა.

აღსანიშნავია წამყვანის ხშირი ირონიული ტონი მის მიერ გამოთქმულ აზრებსა და დასმულ კითხვებში. უმეტესად, ირონია ყოფილი ხელისუფლების მისამართით გამოითქმებოდა. ირონიული და ცინიკური ფონი მთელ გადაცემას მიჰყვებოდა. ამას კიდევ უფრო ამძაფრებდა თოქშოუს სხვადასხვა ბლოკის სათაურები. მიუხედავად ირონიული ფონისა, სიძულვილის ენა კონსილიუმში არ ფიქსირდება.

ეკა ბერიძის მთავარი კითხვა

მეცხრე არხის თოქშოუ მთავარი კითხვა, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, ყოველდღე გადის 22:00 სთ-ზე და მისი წამყვანია ეკა ბერიძე. ჩვეულებრივ, მთავარი კითხვა ორ ნაწილადაა გაყოფილი, ორივე ერთ კონკრეტულ თემას ეძღვნება და თითოეულში მხოლოდ ერთი სტუმარია. გადაცემას, საშუალოდ, 40 წუთი ეთმობა.

მონიტორინგის პერიოდში გასული გადაცემები ეხებოდა შემდეგ თემებს:

  • არჩევნები (სიები, წინასაარჩევნო გარემო, შედეგები, ემიგრანტების მონაწილეობა არჩევნებში, ეგზიტპოლები, ფოტო და ვიდეო გადაღების შეზღუდვა)

  • კოალიცია ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილი

  • ქართუ ბანკის, ელიტ ბურჯის და კახი კალაძის ქონების დაყადაღება

  • ლაფანყურის ინციდენტი

  • მედიაგარემო

  • საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები

  • ეკლესიის როლი პოლიტიკაში

  • პატიმრების წამება ციხეში

  • ფარული ვიდეო და აუდიო ჩანაწერები

  • ახალი მინისტრთა კაბინეტი

  • პრეზიდენტისა და ბიძინა ივანიშვილის სამუშაო ჯგუფების შეხვედრა

  • განათლების და მეცნიერების სისტემის რეფორმები

  • უმრავლესობის და უმცირესობის ურთიერთობა ახალ პარლამენტში

  • ტელეკომპანია იმედში მიმდინარე ცვლილებები 2006 წლის კოდორის სპეცოპერაციის დეტალები

  • საკონსტიტუციო ცვლილებები

  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მომავალი სავარაუდო გეგმა

  • პოლიტპატიმრების სია

  • მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები

  • საგარეო ურთიერთობები (რუსეთთან ურთიერთობა) და სხვა.

მთავარ კითხვაში მიწვეული სტუმრები, არჩევნებამდე და მის შემდეგაც, ძირითადად, კოალიცია ქართულ ოცნებასა და ახალ მთავრობას წარმოადგენდნენ. მონიტორინგის მთელი პერიოდის განმავლობაში გადაცემას პრაქტიკულად არავინ სტუმრობდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ან ყოფილი ხელისუფლებიდან. რაც შეეხება მთავარი კითხვის სხვა სტუმრებს, ესენი იყვნენ: ექსპერტები, საზოგადო მოღვაწეები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები, იურისტები, სტუდენტები და სხვა.

აქედან გამომდინარე, გადაცემაში, უმეტესად, წარმოდგენილი იყო მხოლოდ ერთი პოზიცია. სტუმრების უმრავლესობა მხოლოდ ერთი პარტიის, ქართული ოცნების წარმომადგენელი ან მისდამი ლოიალურად განწყობილი პირი იყო. წამყვანი არ განმარტავდა, თუ რატომ არ იყვნენ გადაცემაში, მაგალითად, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები. მიწვეული სტუმრების მხრიდან ხშირად ისმოდა ძველი სახელისუფლებო გუნდის და მათი პოლიტიკის კრიტიკა და შედარებით ლოიალური დამოკიდებულება კოალიცია ქართული ოცნების მიმართ.

ჟურნალისტი, ძირითად შემთხვევაში, მოდერატორი იყო და მის მიერ ღიად და მკაფიოდ არ იკვეთებოდა საკუთარი აზრი. თუმცა, ხშირად, შეკითხვის ფორმულირებით და იმით, რომ ოპონირებას არ უწევდა სტუმრების უმეტესობას, საკუთარ დამოკიდებულებასაც ამჟღავნებდა. არჩევნებამდე ის უფრო მეტად ერთვებოდა დიალოგში რომელიმე შედარებით უფრო პროსახელისუფლებო პოზიციის გამტარებელ სტუმართან და ნაკლებად აქტიურობდა, მაგალითად, ბიძინა ივანიშვილის, ეკა ბესელიასა და ქართული ოცნების სხვა წარმომადგენლების სტუმრობის დროს. ის მათ მხოლოდ რამდენიმე კითხვით მიმართავდა და ეთერს უთმობდა სასაუბროდ.

ზოგადად, არჩევნებამდე ჟურნალისტი შედარებით აქტიური იყო თოქშოუს მსვლელობისას, არჩევნების მოახლოებასთან ერთად და არჩევნების შემდეგ კი ძალიან პასიური გახდა და, ძირითადად, ეთერს სტუმრებს უთმობდა.

სტუმრები თანაბარ მდგომარეობაში იყვნენ დათმობილი დროისა და კითხვების სიმწვავის მიხედვით. ჟურნალისტის კითხვები საშუალო სიმწვავის იყო. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ გადაცემას არ სტუმრობდნენ განსხვავებული პოზიციის მქონე ადამიანები, რთულია მათი შეფასება, რადგან არ არის შედარების საშუალება. სხვა მხრივ, წამყვანი სვამდა, უმეტესად, ყველა კითხვას, რაც განხილული საკითხის გარშემო არსებობდა.

სიძულვილის ენა არ გამოყენებულა არც ჟურნალისტის და არც მიწვეული სტუმრების მხრიდან. საუბარი, როგორც წესი, ძალიან ზომიერ და კორექტულ ფარგლებში მიმდინარეობდა. გადაცემაში წინასწარ დაანონსებული თემიდან გადახვევას ადგილი არ ჰქონია. ასევე, ჟურნალისტი ყოველთვის ასახელებდა ამა თუ იმ ინფორმაციის წყაროს.

დასკვნა

მონიტორინგის ქვეშ მყოფ არხებზე, პრაიმტაიმის დროს გასულ პოლიტიკურ თოქშოუებში, საკმაოდ განსხვავებული სურათი გამოიკვეთა. გვხვდება რომელიმე პოლიტიკური მხარისადმი უფრო მეტად მიკერძოებული გადაცემები და წამყვანები და შედარებით უფრო ობიექტური გადაცემები, სადაც წამყვანები ცდილობენ, მოდერატორის როლით შემოიფარგლონ და საკუთარი მოსაზრებების გამოთქმისგან თავი შეიკავონ. ზოგადად, თოქშოუების სპექტრი საკმაოდ მრავალფეროვანია თავისი შინაარსითა და ფორმატით, ამიტომ რთული და ზოგჯერ შეუძლებელიც კია მათი ერთმანეთთან შედარება.

ძირითადად, თოქშოუ კონკრეტული არხის ზოგადი პოლიტიკის გამტარებელია. თუმცა ზოგიერთ არხზე გასული საავტორო გადაცემები საკმაოდ დაბალანსებული და ნეიტრალურია საინფორმაციო გადაცემებში გამოვლენილ ტენდენციებთან შედარებით; ზოგჯერ კი - პირიქით, დაუბალანსებელი და მიკერძოებული. მაგალითად, კავკასიაზე საღამოს მთავარი საინფორმაციო გამოშვებები საკმაოდ დაბალანსებულ სურათს ქმნის, ხოლო ამ არხის პოლიტიკურ თოქშოუებში, განსაკუთრებით კი სპექტრში, იკვეთება მხოლოდ ყოფილი ხელისუფლების საწინააღმდეგო და კოალიცია ქართული ოცნების სასარგებლო განწყობა და ფიქსირდება წამყვანის პირადი მოსაზრებები.

წამყვანების პოზიციის მიუხედავად, საინტერესოა, თოქშოუებში სტუმრების პოლიტიკური კუთვნილების ბალანსზე დაკვირვება. მეცხრე არხის არც ერთ თოქშოუში, ასევე, არც მაესტროს სუბიექტურ აზრსა და არც გადაცემაში ჩვენ მონიტორინგის პერიოდში სტუმრად არ ჰყოლიათ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ან ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელი. ცალკე გამოსაყოფია თოქშოუ ჩვენ, საკმაოდ განსხვავებული ფორმატის გადაცემა, რომელსაც ხშირად სტუმრობდნენ არა პოლიტიკოსები, არამედ ექსპერტები და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები. რაც შეეხება სტუმრების პოლიტიკური კუთვნილების მიხედვით დაბალანსებულ გადაცემებს, ასეთებია დიალოგი და აქცენტები პირველ არხზე, პოლიტმეტრი და არგუმენტები მაესტროზე. კავკასიის სამივე თოქშოუში სტუმრად ჰყავდათ როგორც კოალიცია ქართული ოცნების, ასევე, ნაციონალური მოძრაობისა და ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები ან მათდამი ლოიალურად განწყობილი პირები, თუმცა, კოალიციის მხარე უფრო ჭარბობდა.

აქედან გამომდინარე, ზოგიერთი თოქშოუ ამომრჩევლისთვის ინფორმაციის მიწოდებასა და განსხვავებული მოსაზრებების მაყურებლამდე მიტანას ემსახურებოდა, ზოგიერთი კი გამიზნული იყო არჩევნებში მონაწილე კონკრეტული მხარის ან პიროვნების დისკრედიტაციისკენ.

საინტერესოა, რომ ისევე, როგორც საინფორმაციო გამოშვებებში, თოქშოუებშიც, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, გახშირდა წამყვანებისგან საკუთარი პოზიციის დაფიქსირება, განსაკუთრებით, სექტემბრის მეორე ნახევარში, როცა პატიმრების წამების თემა თოქშოუებში ვრცლად გაიშალა. თუმცა, არჩევნების შემდეგ ვნებათაღელვა შედარებით ჩაცხრა და თოქშოუების ნაწილი სტუმრებისთვის არა დებატების, არამედ, უბრალოდ, აზრის დაფიქსირების საშუალებად იქცა.

თოქშოუების წამყვანების მხრიდან სიძულვილის ენის გამოყენება ბევრ გადაცემაში არ შეინიშნება. სიძულვილის ენის ან შეურაცხმყოფელი და არაეთიკური გამონათქვამების შემთხვევები განსაკუთრებით ხშირად ისმოდა კავკასიის თოქშოუებში დავით აქუბარდიასა და ალექსანდრე ელისაშვილისგან, ხოლო მაესტროს სუბიექტურ აზრში შალვა რამიშვილისგან.

_____________________

1. მონიტორინგის პერიოდში რუსთავი 2-ზე, იმედსა და რეალ ტვ-ზე პრაიმტაიმის დროს არ გადიოდა პოლიტიკური თოქშოუები. შესაბამისად, თოქშოუების მონიტორინგში არ მოხვდა ყველა ის არხი, რომელიც საინფორმაციო გამოშვებების საარჩევნო მონიტორინგის დაკვირვების ქვეშ იყო.

4 რადიოსადგურების მონიტორინგის შედეგები

▲ზევით დაბრუნება


ინტერნიუსი-საქართველო

11 მაისი - 26 ნოემბერი, 2012

2012 წლის 11 მაისიდან 26 ნოემბრის ჩათვლით, ინტერნიუს-საქართველომ განახორციელა 12 რადიოსადგურის საღამოს საინფორმაციო გამოშვებების მონიტორინგი, ესენია: რადიო-1 (საზოგადოებრივი მაუწყებელი), ფორტუნა, ცხელი შოკოლადი, თავისუფლება, იმედი, უცნობი, პალიტრა, აფხაზეთის ხმა, მწვანე ტალღა, ჰერეთი, ათინათი, ძველი ქალაქი.

მონიტორინგი ოთხ ეტაპად ჩატარდა: 11 მაისი - 5 სექტემბერი (მონიტორინგის დაწყებიდან საარჩევნო სუბიექტების დარეგისტრირებამდე), 6 სექტემბერი - 1 ოქტომბერი (საარჩევნო სუბიექტების დარეგისტრირებიდან არჩევნებამდე), 2 ოქტომბერი - 20 ოქტომბერი (არჩევნებიდან ახალი მთავრობის დამტკიცებამდე) და 21 ოქტომბერი - 26 ნოემბერი (ახალი მთავრობის დამტკიცებიდან პროექტის ბოლომდე). უნდა აღინიშნოს, რომ მონიტორინგის განმავლობაში თითქმის ყველა რადიოში მსგავსი ტენდენციები გამოიკვეთა. შემაჯამებელი შედეგების თანახმად, გამოვლინდა შემდეგი ძირითადი მიგნებები:

  • საღამოს საინფორმაციო გამოშვებების მონიტორინგმა ნათლად აჩვენა, რომ რადიო საკმაოდ დაბალანსებული და მიუკერძოებელი მედიასეგმენტია;

  • რადიოების საღამოს საინფორმაციო გამოშვებები მონიტორინგის სუბიექტების პირდაპირი გაშუქების ნაკლებობით ხასიათდება. რესპონდენტების შეფასებებს რადიოსადგურების დიდი ნაწილი პერიფრაზებით გვაწვდის ან თავად ჟურნალისტები კითხულობენ ციტატებს (იხ. დიაგრამა 1);

დიაგრამა 1.

0x01 graphic

  • რადიოსადგურების უმეტესი ნაწილი მოკლე საინფორმაციო გამოშვებებით შემოიფარგლება და, ხშირ შემთხვევაში, მსმენელს არ აქვს ამომწურავი და ანალიტიკური ინფორმაციის მიღების საშუალება;

  • საინფორმაციო გამოშვებების ჟურნალისტები ნაკლებად აკეთებენ შეფასებებს სიუჟეტში გაშუქებულ თემებზე ან კონკრეტულ სუბიექტზე და, უმეტესად, ფაქტების გადმოცემით შემოიფარგლებიან. მონიტორინგის პერიოდში, რამდენიმე შემთხვევის გამოკლებით, ადგილი არ ჰქონია ჟურნალისტური სტანდარტების დარღვევას, სიძულვილის ენის გამოყენებას ან მიკერძოებულ გაშუქებას. აღნიშნული ტენდენცია თანაბრად ვრცელდება თორმეტივე რადიოზე;

  • მონიტორინგის შედეგების თანახმად, რადიოები ორ კატეგორიად იყოფა: შედარებით მრავალფეროვანი გაშუქებით (სიუჟეტები, პირდაპირი გაშუქება, ხმიანი სინქრონები, პირდაპირი ჩართვები) გამორჩეული რადიოარხები: ჰერეთი, თავისუფლება, ძველი ქალაქი, ათინათი, მწვანე ტალღა, პალიტრა და ის რადიოები, რომლებიც „ნიუსის“ სტილის, „რა, სად, როდის“ ტიპის გაშუქებით და ირიბი საუბრის გამოყენების სიხშირით ხასიათდება: რადიო 1, იმედი, უცნობი, აფხაზეთის ხმა, ფორტუნა, ცხელი შოკოლადი;

  • რადიოების საერთო მახასიათებელია ის, რომ სინქრონებში ნაკლებად ისმის თავად რესპონდენტების ხმები. ნაცვლად იმისა, რომ ციტატები გამოსვლებიდან მსმენელებს უშუალოდ განცხადების ავტორებისგან მოასმენინონ, საინფორმაციო გამოშვების ჟურნალისტები თავად კითხულობენ მათ;

  • უცნობი ერთადერთი რადიოა, რომლის საინფორმაციო გამოშვების წამყვანები ციტატის წაკითხვამდე იყენებენ წარდგენის შემდეგ მეთოდს: „ციტატის დასაწყისი/დასასრული“. დანარჩენ რადიოებში ციტატების წარდგენის მსგავსი სტილის არარსებობის გამო (ეს, განსაკუთრებით, ეხება რადიოებს, სადაც ხმოვანი სინქრონების ნაკლებობაა და ჟურნალისტები თავად კითხულობენ რესპონდენტების მიერ გაკეთებულ განცხადებებს) ხშირად რთულია ჟურნალისტის ტექსტისა და ციტატის გამიჯვნა. იქმნება შთაბეჭდილება, რომ რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის მიერ გაკეთებული განცხადება არის ფაქტი ან ჟურნალისტის მოსაზრება;

  • რადიოების საინფორმაციო გამოშვებებისთვის დამახასიათებელი ასეთი სტილი - ჟურნალისტების მიერ ამბების პერიფრაზებით გადმოცემა - ხშირად ქმნის ფაქტისა და სხვის მიერ გაკეთებული შეფასების გამიჯვნის სირთულეს. მსგავსი მიდგომა მედიასაშუალების მხრიდან ფარული პროპაგანდის საფრთხეს შეიცავს;

  • აღსანიშნავია, რომ რადიოების საღამოს საინფორმაციო გამოშვებების საშუალო ხანგრძლივობა 3-7 წუთია (გამონაკლისია რადიო თავისუფლება - 1 საათი). რიგი რადიოებისა ახერხებს რამდენიმეწუთიან გადაცემაში გაუშვას სიუჟეტები, პირდაპირი ჩართვები და სინქრონები რესპონდენტების ხმებით. ეს კი ნიშნავს, რომ 3-7 წუთი საკმარისი დროა მსმენელებისთვის გაცილებით სიღრმისეული გაშუქების მისაწოდებლად;

  • რადიოებში პოლიტიკური სუბიექტების გაშუქების ინტენსივობა მეტწილად ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან არის დაკავშირებული. მაის-ნოემბრის პერიოდში ასეთ მოვლენებს მიეკუთვნებოდა: სამთავრობო გადაადგილებები, სტიქიური უბედურება, ფარული ჩანაწერების გამოქვეყნება, ციხის სკანდალი და არჩევნები;

  • ხშირ შემთხვევაში, ჟურნალისტების მიერ გამოყენებული ტონი ნეიტრალური იყო (იხ. დიაგრამა 2), თუმცა მონიტორინგის პერიოდში დაფიქსირდა ჟურნალისტების მიერ სუბიექტების ნეგატიურ და პოზიტიურ ტონში გაშუქების შემთხვევებიც. უფრო ზუსტად კი, იგულისხმება არა მიკერძოებული გაშუქება, არამედ ნეგატიური და ზოგადად კრიტიკული შინაარსის შემცველი შეფასებების პერიფრაზირება და ფაქტების ინტერპრეტაცია, რა დროსაც გაშუქების წყაროდ ჟურნალისტი მიიჩნეოდა;

დიაგრამა 2.

0x01 graphic

მონიტორინგის ყველა ეტაპზე ნეიტრალურ ტონში გაშუქება ჭარბობდა (იხ. დიაგრამა 3), თუმცა მონიტორინგის მეორე პერიოდში (6 სექტემბერი - 1 ოქტომბერი), რომელიც პატიმრების წამების ამსახველი ფარული ჩანაწერების გამოქვეყნებას და ციხის სკანდალს დაემთხვა, განსაკუთრებულად დიდი დოზით შეინიშნებოდა ნეგატიური ტონი. ასეთი ტონი კონკრეტული სუბიექტის მიმართ გამოიყენებოდა ციტირების ან ერთი სუბიექტის მიერ მეორეზე საუბრის შემთხვევაში;

დიაგრამა 3.

0x01 graphic

აღსანიშნავია, რომ ხელისუფლება მონიტორინგის ერთადერთი სუბიექტია, რომელიც, უმეტესად, ნეგატიურ ტონში შუქდებოდა;

ნეიტრალურ ტონთან შედარებით, ნაკლებად გამოიყენებოდა პოზიტიური ტონი. ხშირ შემთხვევაში, ეს ერთი სუბიექტის მიერ თავისივე ან ცალკეული პოლიტიკური ჯგუფის პოლიტიკური აქტივობის და მიღწეული შედეგების თაობაზე გაკეთებულ შეფასებებში გვხვდებოდა. პოზიტიური ტონი ყველაზე ხშირად პრეზიდენტის, მთავრობის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და კოალიცია ქართული ოცნების მიმართ გამოიყენებოდა;

რადიო იმედი და რადიო 1 განსაკუთრებით დიდ დროს უთმობდნენ პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო საქმიანობების გაშუქებას. ამასთან, დროის განაწილება კვალიფიციურ პოლიტიკურ პარტიებსა და ძირითად აქტორებზე მეტწილად თანაბარი იყო;

რადიოები პალიტრა, თავისუფლება, მწვანე ტალღა და რეგიონული რადიოები ათინათი, ძველი ქალაქი და ჰერეთი ყველაზე ხშირად გვთავაზობდნენ პირდაპირ ჩართვებს;

რეგიონული რადიოები ჰერეთი, ათინათი და ძველი ქალაქი გამოირჩეოდნენ თემატური მრავალფეროვნებით და დიდ ყურადღებას უთმობდნენ როგორც მასშტაბურ მოვლენებს, ისე, ლოკალურ სოციალურ პრობლემებსაც. რეგიონული რადიოები გამოირჩეოდნენ სუბიექტების პირდაპირი გაშუქების, თავად რესპონდენტების ხმოვანი სინქრონებისა და სიუჟეტების სიხშირით;

არჩევნების მოახლოებასთან ერთად, სულ უფრო რთული იყო ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, მთავრობასა და პარლამენტს შორის ზღვარის გავლება. მონიტორინგის გუნდი განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებდა კონტექსტს, რათა განესაზღვრა, ამ სიუჟეტში კონკრეტული სუბიექტი პარტიას წარმოადგენდა თუ მთავრობას;

მაის-ნოემბრის პერიოდში, დათმობილი დროის თვალსაზრისით, პირველ ადგილზე კოალიცია ქართული ოცნება იყო, რომელსაც, როგორც წესი (სხვადასხვა მიმდევრობით), ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, მთავრობა და პრეზიდენტი მოსდევდნენ; ერთადერთი გამონაკლისი რადიო 1-ია, რომელიც ყველაზე დიდ საეთერო დროს უშუალოდ პოლიტიკურ პარტიებს უთმობდა (იხ. დიაგრამა 5);

კოალიცია ქართულ ოცნებასა და ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან შედარებით, დანარჩენ პოლიტიკურ პარტიებს ნაკლები საეთერო დრო ეთმობოდათ. ხშირ შემთხვევაში, გარკვეულ რადიოსადგურებზე კონკრეტულ სამონიტორინგო პერიოდში ყველა სხვა პარტიისთვის დათმობილი დრო, ჯამში მთლიანი დროის 5%25-საც ვერ აღწევდა (იხ. დიაგრამა 4).

დიაგრამა 4.

0x01 graphic

„რადიო 1“

მონიტორინგის პერიოდში რადიო 1-ის სიუჟეტები, ძირითადად, აღწერილობითი შინაარსის იყო და მოკლე, „რა, სად, როდის“ ტიპის ინფორმაციას აწვდიდა მსმენელს. საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიო ერთადერთია, სადაც, დათმობილი დროის თვალსაზრისით, კოალიცია ქართულ ოცნებასა და ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად, სხვა პოლიტიკური პარტიებიც ლიდერობდნენ (ახალი მემარჯვენეები, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა, ლეიბორისტული პარტია, თავისუფალი საქართველო) (იხ. დიაგრამა 5)

დიაგრამა 5.

0x01 graphic

მონიტორინგის პერიოდში ადგილი არ ჰქონია ჟურნალისტური სტანდარტების დარღვევას ან მიკერძოებულ გაშუქებას. თუმცა აღსანიშნავია, რომ რადიო 1-ის საღამოს საინფორმაციო გამოშვებებში, პრაქტიკულად, არასოდეს ისმოდა რესპონდენტების ხმები და მათ, უმეტესად, ირიბად აშუქებდნენ (იხ. დიაგრამა 6). ჟურნალისტები ინფორმაციას ციტატების წაკითხვით ან პერიფრაზით აწვდიდნენ მსმენელს.

დიაგრამა 6.

0x01 graphic

საინფორმაციო გამოშვებებში, ასევე, შესამჩნევი იყო პოლიტიკური პარტიებისთვის საეთერო დროის არითმეტიკული სიზუსტით დანაწილების მცდელობა, თუმცა შინაარსობრივად სიუჟეტებში, ხშირ შემთხვევაში, მშრალი ინფორმაცია გადმოიცემოდა და არ იყო ანალიტიკური ინფორმაციის მიღების საშუალება. დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც გაშუქებისას ნათლად შეინიშნებოდა ხელოვნური დაბალანსების მცდელობა.

რადიო „ფორტუნა“

მონიტორინგის პერიოდში რადიო ფორტუნა ამზადებდა 5-წუთიან საინფორმაციო გამოშვებებს, სადაც დღის ამბებს მოკლედ მიმოიხილავდა. ფორტუნა რადიოების იმ კატეგორიას მიეკუთვნება, სადაც გაშუქება „ნიუსის“ ხასიათისაადა მსმენელს „რა, სად, როდის“ ტიპის ინფორმაცია მიეწოდება.

მიუხედავად იმისა, რომ რადიო საკმაოდ დაბალანსებულია და მონიტორინგის პერიოდში არ ყოფილა მიკერძოებული გაშუქება, თვალში საცემია ერთი ტენდენცია - ირიბი საუბრის გამოყენების მაღალი ხარისხი. ამასთან, წამყვანები არასოდეს აფრთხილებენ მსმენელს ციტატის კითხვის დაწყების შესახებ და რადიოების უმეტესობის მსგავსად, ხშირად რთულდება ფაქტის, ჟურნალისტის ტექსტისა და ციტატის გამიჯვნა.

რადიო ფორტუნა ყველაზე დიდ საეთერო დროს კოალიცია ქართულ ოცნებას, მთავრობას, პრეზიდენტსა და ერთიან ნაციონალურ მოძრაობას უთმობდა, სადაც გაშუქების ტონი, ძირითადად, ნეიტრალური იყო. მთლიანობაში რადიო ფორტუნა არ გამოირჩეოდა რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის მიმართ ტენდენციური დამოკიდებულებით.

რადიო „ცხელი შოკოლადი“

აღნიშნული რადიო საკმაოდ მცირე დროს უთმობდა პოლიტიკური სუბიექტების გაშუქებას. ეს ტენდენცია თვალში საცემი იყო მონიტორინგის პირველივე პერიოდიდან. დათმობილი დროის მიხედვით, ცხელი შოკოლადის ეთერში კოალიცია ქართული ოცნება, მთავრობა, პრეზიდენტი და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ლიდერობდნენ, თუმცა საუბრის ფორმა, უმეტესად, ირიბი იყო, ტონი კი - ნეიტრალური. მიუხედავად იმისა, რომ რადიოში მიკერძოებული გაშუქების შემთხვევას არ ჰქონია ადგილი, ჟურნალისტების მიერ პერიფრაზირებისა და ციტატების კითხვისას, რთული იყო ხოლმე ფაქტის, ციტატისა და ჟურნალისტის ტექსტის გარჩევა.

რადიო „თავისუფლება“

რადიო თავისუფლებამ, გადაცემის ხანგრძლივობიდან გამომდინარე, პოლიტიკურ სუბიექტებს ყველაზე დიდი დრო დაუთმო. დათმობილი დროის მიხედვით აქაც, ისევე როგორც სხვა რადიოების უმეტესობაში, კოალიცია ქართული ოცნება, მთავრობა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ლიდერობდნენ. აღსანიშნავია, რომ სხვა პარტიებისთვის დათმობილი დროის ჯამი, ხშირად, სუბიექტებისთვის სრულად დათმობილი დროის მხოლოდ 5%25-ს შეადგენდა ხოლმე.

რადიო თავისუფლების საღამოს საინფორმაციო გამოშვებებში საუბრის ირიბი ფორმა ჭარბობდა. რაც შეეხება გაშუქების ტონს, ის, მეტწილად, ნეიტრალური იყო (იხ. დიაგრამა 3), თუმცა წინასაარჩევნო პერიოდში მომხდარმა მოვლენებმა (ფარული აუდიოჩანაწერები, ციხის სკანდალი) ნეგატიური ტონის წილის ზრდა გამოიწვია (იხ. დიაგრამა 7). ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ეს არა ჟურნალისტური სტანდარტების დარღვევის და მიკერძოებული გაშუქების, არამედ ნეგატიური და ზოგადად კრიტიკული შინაარსის მქონე შეფასებების მატების ხარჯზე მოხდა, რასაც ჟურნალისტები რესპონდენტების სინქრონებით, ციტატების კითხვით ან პერიფრაზებით გვაწვდიდნენ (იხ. დიაგრამა 2).

დიაგრამა 7.

0x01 graphic

მონიტორინგის პერიოდში რადიო თავისუფლება აშუქებდა როგორც დედაქალაქში განვითარებულ მოვლენებს, ისე, ადგილობრივი თვითმმართველობების ამბებს.

რადიო თავისუფლების სიუჟეტები, როგორც წესი, დაბალანსებული იყო, თუმცა გამოვლინდა მიკერძოებული გაშუქების ერთი შემთხვევა. საუბარია 17 ივნისის გამოშვებაში ოზურგეთიდან განხორციელებულ პირდაპირ ჩართვაზე, სადაც ჟურნალისტმა კოალიცია ქართული ოცნების აქცია ძალიან პოზიტიურ ჭრილში და მიკერძოებულად გააშუქა.

რადიო „იმედი“

რადიო იმედის მონიტორინგი სხვა რადიოებზე ადრე შეწყდა (16 ოქტომბერს). ეს ორგანიზაციის მფლობელის გამოცვლით და, რეორგანიზაციის გამო, რადიოს შეჩერებით იყო გამოწვეული.

თუმცა 11 მაისი - 16 ოქტომბრის მონიტორინგმა აჩვენა, რომ იმედი თითქმის თანაბრად აშუქებდა მთავრობას, კოალიცია ქართულ ოცნებასა და პრეზიდენტს.

იმედი რადიოების იმ კატეგორიას მიეკუთვნება, სადაც მოვლენების გაშუქება „რა, სად, როდის“ რეჟიმში მიმდინარეობდა. რადიო იმედი განსაკუთრებით დიდ დროს უთმობდა პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო საქმიანობების გაშუქებას. ამასთან, კვალიფიციურ პოლიტიკურ პარტიებსა და ძირითად აქტორებზე დრო, მეტწილად, თანაბრად იყო განაწილებული. თუმცა გაშუქება ხშირად არ იძლეოდა საფუძვლიანი ანალიზის მიღების საშუალებას.

უმეტესი რადიოების მსგავსად, იმედისთვისაც რესპონდენტების სინქრონების ნაკლებობა და რესპონდენტების ირიბად გაშუქება იყო დამახასიათებელი.

რადიო „უცნობი“

უცნობის 5-წუთიან საინფორმაციო გამოშვებებში ყველაზე დიდი საეთერო დრო კოალიცია ქართულ ოცნებას, მთავრობას, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, პრეზიდენტსა და ხელისუფლებას ეთმობოდა (იხ. დიაგრამა 4). ამ რადიოში გვხვდებოდა როგორც პირდაპირი, ისე, ირიბი გაშუქების მაგალითები, თუმცა ირიბი გაშუქება მაინც ყველაზე ხშირად გამოიყენებოდა. გაშუქების ტონი, უმეტესად, ნეიტრალური იყო, თუმცა არჩევნების მოახლოებასთან ერთად სურათი ოდნავ უფრო ჭრელი გახდა.

მონიტორინგის პერიოდში უცნობის ეთერში ნაკლებად ისმოდა სინქრონები რესპონდენტების ხმებით. საინფორმაციო გამოშვების ჟურნალისტები რესპონდენტების სინქრონების გაშვების ნაცვლად, ხშირად თავად კითხულობდნენ ციტატებს მათი გამოსვლებიდან.

თუმცა, დანარჩენი რადიოებისგან განსხვავებით, უცნობი ერთადერთი რადიოა, რომლის საინფორმაციო გამოშვების წამყვანები ციტატის წაკითხვამდე იყენებენ წარდგენის შემდეგ მეთოდს: „ციტატის დასაწყისი/დასასრული“. აღსანიშნავია, რომ ეს მიდგომა ჟურნალისტის ტექსტის, ციტატისა და ფაქტის გამიჯვნის და, ასევე, ფარული აგიტაციის თავიდან არიდების საშუალებას იძლევა.

რადიო „პალიტრა“

მონიტორინგის პერიოდში პალიტრა საკმაოდ დიდ დროს უთმობდა პოლიტიკური სუბიექტების გაშუქებას. ჯამში ყველაზე დიდი დრო რადიოს ეთერში კოალიცია ქართულ ოცნებას, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, პრეზიდენტსა და მთავრობას დაეთმო.

ირიბი და პირდაპირი საუბრის თვალსაზრისით, რადიო პალიტრაში შედარებით მრავალფეროვანი სურათი იყო, თუმცა, მიუხედავად ამისა, ირიბი საუბარი კვლავაც ყველაზე ხშირად გამოიყენებოდა (იხ. დიაგრამა 4). გამომდინარე იქიდან, რომ საინფორმაციო გამოშვებებში ინფორმაციის უმეტეს ნაწილს გადაცემის წამყვანი პერიფრაზებით ან ციტატების წაკითხვით გადმოსცემდა, რთული იყო ჟურნალისტის ტექსტსა და სხვის მიერ გაკეთებულ შეფასებას შორის მკვეთრი ზღვარის გავლება.

საკმაოდ ჭრელი სურათი დაიდო გაშუქების ტონთან მიმართებაშიც. ადგილი ჰქონდა როგორც პოზიტიურ და ნეიტრალურ, ისე, ნეგატიურ გაშუქებას. მონიტორინგის პერიოდში, ყველაზე ხშირად, რადიო ნეგატიურ ტონში მთავრობას, პრეზიდენტს, ხელისუფლებასა და კოალიცია ქართულ ოცნებას აშუქებდა.

რადიო „აფხაზეთის ხმა“

აფხაზეთის ხმა რადიოების იმ კატეგორიას განეკუთვნება, რომელიც მოკლე „ნიუსური“ გამოშვებებით ხასიათდება და სადაც მონიტორინგის პერიოდში ნაკლებად გვხვდებოდა სიუჟეტები, პირდაპირი ჩართვები და კომენტარები რესპონდენტების ხმებით. ჟურნალისტები პერიფრაზებით და ციტატების წაკითხვით შემოიფარგლებოდნენ.

დათმობილი დროის თვალსაზრისით, აფხაზეთის ხმაზე კოალიცია ქართული ოცნება ლიდერობს ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა და მთავრობასთან ერთად.

ირიბი და პირდაპირი საუბრის კუთხით, აფხაზეთის ხმის საღამოს გამოშვებებში ირიბი საუბარი ჭარბობდა. მონიტორინგის პერიოდში გაშუქების ტონი, უმეტესად, ნეიტრალური იყო. რაც შეეხება უშუალოდ ჟურნალისტებს, მათი ტონი გაშუქებისას,

პრაქტიკულად, 99%25-ის შემთხვევაში ნეიტრალური იყო.

რადიო „მწვანე ტალღა“

მონიტორინგის პერიოდში რადიო მწვანე ტალღა საკმაოდ დაბალანსებული გაშუქებით ხასიათდებოდა. გამოშვებებში იყო პირდაპირი ჩართვები და, ასევე, ისმოდა კომენტარები თავად რესპონდენტებისგან. შესაბამისად, ზოგიერთ რადიოსთან შედარებით, მაღალი იყო პირდაპირი გაშუქების წილი. თუმცა მთლიანობაში ირიბი გაშუქება მაინც ჭარბობდა.

საბოლოო შედეგების თანახმად, ყველაზე დიდი საეთერო დრო ჯამში კოალიცია ქართულ ოცნებას, ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა და პრეზიდენტს დაეთმო.

არჩევნების შემდეგ, სხვა რადიოების მსგავსად, აქაც იკლო გაშუქებული სუბიექტების რაოდენობამ. მაგალითად, მონიტორინგის ბოლო ეტაპზე (21 ოქტომბერი - 26 ნოემბერი), რომელსაც მაღალჩინოსანთა დაკავებები დაემთხვა, კოალიცია ქართული ოცნებისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გარდა, სხვა პოლიტიკური პარტიების საქმიანობა საერთოდ არ გაშუქებულა. აღნიშნულ საანგარიშო პერიოდში საინფორმაციო გამოშვებების დიდი ნაწილი მაღალჩინოსანთა დაკავებების საკითხებს დაეთმო, თუმცა რეპორტაჟებში, როგორც წესი, ორივე მხარე იყო წარმოდგენილი. მიკერძოებულ გაშუქებას მონიტორინგის არც ერთ ეტაპზე არ ჰქონია ადგილი.

რადიო „ათინათი“

სხვა რეგიონული რადიოსადგურების მსგავსად, რადიო ათინათიც დიდ ყურადღებას უთმობდა უშუალოდ რეგიონში განვითარებულ მოვლენებს. წინასაარჩევნო პროცესების პარალელურად ათინათი ინტენსიურად აშუქებდა პოლიტიკური პარტიების რეგიონულ აქტივობებსა და საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობას. ჯამში დათმობილი დროის თვალსაზრისით, რადიომ ყველაზე დიდი საეთერო დრო კოალიცია ქართულ ოცნებას, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, მთავრობასა და ახალ მემარჯვენეებს დაუთმო.

ასევე, შედარებით დიდი იყო პირდაპირი საუბრის წილი, რაც რეგიონული რადიოების მახასიათებლად იქცა.

საინფორმაციო გამოშვებების ჟურნალისტები ნაკლებად აკეთებდნენ შეფასებებს სიუჟეტში გაშუქებულ თემებზე ან კონკრეტულ სუბიექტებზე და, უმეტესად, ფაქტების გადმოცემით შემოიფარგლებოდნენ. მონიტორინგის პერიოდში ადგილი არ ჰქონია ჟურნალისტური სტანდარტების დარღვევას, სიძულვილის ენის გამოყენებას ან მიკერძოებულ

გაშუქებას.

რადიო „ჰერეთი“

რადიო ჰერეთი მონიტორინგის დასაწყისიდანვე გამოირჩეოდა თემატური მრავალფეროვნებით. საარჩევნო კამპანიის პარალელურად, რადიო დიდ ყურადღებას უთმობდა ადგილობრივ სიახლეებს, რეგიონსა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში განვითარებულ პროცესებს. შესაბამისად, ჰერეთმა მონიტორინგის სუბიექტებიდან ყველაზე დიდი დრო კოალიცია ქართულ ოცნებას, პრეზიდენტს, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას და ადგილობრივ თვითმმართველობას დაუთმო.

რადიოების უმეტესობისგან განსხვავებით, ჰერეთის ეთერში ხშირი იყო მონიტორინგის სუბიექტების მხრიდან პირდაპირი საუბარი. გაშუქების ტონი, უმეტეს შემთხვევაში, ნეიტრალური იყო, თუმცა დაფიქსირდა ნეგატიურ და პოზიტიურ ტონში გაშუქების შემთხვევებიც.

თემატური მრავალფეროვნების გარდა, ჰერეთისთვის დამახასიათებელი იყო ანალიტიკური სიუჟეტების სიმრავლე, პირდაპირი ჩართვები და სინქრონები რესპონდენტების ხმებით. ამასთან, რადიო ჰერეთმა დიდი დრო დაუთმო ფარული ჩანაწერების თემას და ორჯერ გაუშვა ლუკა კურტანიძის ფარული აუდიოჩანაწერი, სადაც ამ უკანასკნელმა რამდენჯერმე გამოიყენა სიძულვილის ენის შემცველი შეფასება.

რადიო „ძველი ქალაქი“

მონიტორინგის პერიოდში ძველი ქალაქი საკმაოდ დაბალანსებული გამოშვებებით ხასიათდებოდა. რადიო დიდ საეთერო დროს უთმობდა როგორც მასშტაბურ მოვლენებს, ასევე, ლოკალურ სოციალურ პრობლემებსაც. ჯამში ყველაზე დიდი დრო კოალიცია ქართულ ოცნებას, ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა და მთავრობას დაეთმო. ძველი ქალაქი, ასევე, გამოირჩეოდა სუბიექტების პირდაპირი გაშუქების, რესპონდენტების ხმოვანი სინქრონებისა და სიუჟეტების სიხშირით.

ძველი ქალაქის საინფორმაციო გამოშვებების ჟურნალისტები ნაკლებად აფასებდნენ სიუჟეტში გაშუქებულ თემებს ან კონკრეტულ სუბიექტებს და ფაქტების გადმოცემით შემოიფარგლებოდნენ.

დასკვნა

საღამოს საინფორმაციო გამოშვებების შვიდთვიანი მონიტორინგი საშუალებას გვაძლევს დავასკვნათ, რომ მედიის სხვა საშუალებებთან შედარებით, რადიო ყველაზე დაბალანსებული და მიუკერძოებელი სეგმენტია.

თუმცა, როგორც მონიტორინგის მსვლელობისას გამოიკვეთა, ამ პოზიტიურ ფაქტს მეორე მხარეც აღმოაჩნდა, რაც რადიოს საინფორმაციო გამოშვებების ზედაპირული, „რა, სად, როდის“ ტიპის გაშუქებით და სიუჟეტების ნაკლებობით გამოიხატა.

მსმენელს, როგორც წესი, არ ეძლეოდა სინქრონების მოსმენის საშუალება რესპონდენტების ხმებით. რადიოების უმეტესობა შეფასებებს პერიფრაზებით გადმოსცემდა ან თავად ჟურნალისტები კითხულობდნენ ციტატებს. მართალია, რადიოების საინფორმაციო გამოშვებების ჟურნალისტები თავად ნაკლებად აფასებდნენ სიუჟეტში გაშუქებულ თემებს ან კონკრეტულ სუბიექტებს და, უმეტესად, ფაქტების გადმოცემით შემოიფარგლებოდნენ, თუმცა გაშუქების ზედაპირულობა და ხმოვანი სინქრონების ნაკლებობა მაინც შესამჩნევი იყო.

აღსანიშნავია, რომ მონიტორინგის პერიოდში, რამდენიმე შემთხვევის გამოკლებით, ადგილი არ ჰქონია ჟურნალისტური სტანდარტების დარღვევას, სიძულვილის ენის გამოყენებას ან მიკერძოებულ გაშუქებას.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიგნება რადიოების საინფორმაციო გამოშვებების მსვლელობისას ჟურნალისტის ტექსტისა და ციტატის გამიჯვნის სირთულეს ეხება. მონიტორინგის პერიოდში ხშირად რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის მიერ გაკეთებული განცხადება ისე იყო მოწოდებული, რომ იქმნებოდა შთაბეჭდილება, თითქოს ეს იყო ფაქტი ან ჟურნალისტის მოსაზრება. უცნობი ერთადერთი რადიოა, რომლის საინფორმაციო გამოშვების წამყვანები ციტატის წაკითხვამდე და შემდგომ იყენებენ წარდგენის შემდეგ მეთოდს: „ციტატის დასაწყისი/დასასრული“. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული სტილი დანარჩენი რადიოების ყოველდღიური მუშაობის ნაწილად იქცეს, რადგან ეს მედიასაშუალებებს ფარული პროპაგანდის საფრთხის თავიდან არიდების საშუალებას მისცემს.

არგუმენტს მოკლებულია გავრცელებული აზრი, რომ რადიოების საინფორმაციო გამოშვებების „რა, სად, როდის“ ტიპის გაშუქებას, სიუჟეტებისა და ხმიანი სინქრონების ნაკლებობას გამოშვებების ხანმოკლეობა განაპირობებს. ამ აზრის მცდარობას მონიტორინგის შედეგებიც ადასტურებს. რადიოების საღამოს საინფორმაციო გამოშვებების საშუალო ხანგრძლივობა 3-7 წუთია (გამონაკლისია რადიო თავისუფლება - 1 საათი). მონიტორინგით დადგინდა, რომ რიგი რადიოებისა ახერხებს რამდენიმეწუთიან გადაცემაში გაუშვას სიუჟეტები, პირდაპირი ჩართვები და სინქრონები რესპონდენტების ხმებით. ამდენად, შესაძლებელია ჩავთვალოთ, რომ 3-7 წუთი საკმარისი დროა მსმენელისთვის გაცილებით სიღრმისეული გაშუქების მისაწოდებლად. რადიოსადგურები უნდა ეცადონ, გაცილებით მრავალფეროვანი გახადონ საინფორმაციო გადაცემები.

რადიოების საინფორმაციო სამსახურების მიუკერძოებელი და დაბალანსებული პოლიტიკა ცალსახად მისასალმებელია. თუმცა ზემოთ აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინება დაეხმარება რადიოსეგმენტს მოსახლეობაში სანდოობის გამყარებასა და ინფორმაციის კიდევ უფრო მნიშვნელოვან წყაროდ გადაქცევაში.

5 ბეჭდური მედიის მონიტორინგის შედეგები

▲ზევით დაბრუნება


11 მაისი - 30 ნოემბერი, 2012

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) 11 მაისიდან 30 ნოემბრის ჩათვლით განახორციელა ბეჭდური მედიის მონიტორინგი პოლიტიკური სუბიექტების გაშუქების კუთხით. მონიტორინგი განხორციელდა ოთხ ეტაპად: 11 მაისიდან 5 სექტემბრამდე; 6 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე; 2 ოქტომბრიდან 20 ოქტომბრამდე; 21 ოქტომბრიდან 30 ნოემბრამდე. დაკვირვება მოხდა 10 ბეჭდურ გამოცემაზე: ყოველდღიური გაზეთები - რეზონანსი, 24 საათი, ყოველკვირეული გაზეთები - კვირის პალიტრა, კვირის ქრონიკა, ალია, ასავალ- დასავალი და ყოველკვირეული ჟურნალები - ტაბულა, გზა, თბილისელები, სარკე. ჟურნალმა ტაბულამ აგვისტოში ერთი თვით შეისვენა, ხოლო ნოემბრიდან ყოველთვიურ გამოცემად გადაკეთდა.

ძირითადი მიგნებები

  • მთლიანი მონიტორინგის პერიოდში ყველაზე აქტიურად გაშუქებული სუბიექტი თითქმის ყველა გამოცემაში იყო კოალიცია ქართული ოცნება. მისი გაშუქების ტონზე გავლენა არ მოუხდენია არჩევნების ჩატარებას. მის მიმართ ნეიტრალური ტონი ჭარბობდა როგორც არჩევნებამდე, ისე არჩევნების შემდგომ პერიოდშიც (იხ. დიაგრამა 1, 2). ასევე აქტიურად აშუქებდნენ: პრეზიდენტს, მთავრობასა და ერთიან ნაციონალურ მოძრაობას. მონიტორინგის ოთხივე პერიოდში შედარებით ნაკლები ყურადღება დაეთმო არჩევნებში მონაწილე სხვა პოლიტიკურ პარტიებს. მათთვის დათმობილი ფართობი მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება როგორც კოალიციისთვის, ისე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის დათმობილ ფართობებს თითქმის ყველა გამოცემაში.

  • სხვადასხვა გამოცემაში სუბიექტი მთავრობის გაშუქების ტონზე გავლენა იქონია მთავრობის შემადგენლობის ცვლილებამ (იხ. დიაგრამები 3, 4), ხოლო პრეზიდენტის მიმართ ნეგატიური ტონი ჭარბობს როგორც არჩევნებამდე, ისე, არჩევნების შემდეგ (იხ. დიაგრამები 5, 6).

დიაგრამა 1.

0x01 graphic

  • არაეთიკური გამოთქმებისა და სიძულვილის ენის შემთხვევები გამოვლინდა გამოცემებში: ალია, კვირის ქრონიკა და ასავალ-დასავალი. დაფიქსირდა ადამიანთა პირადი ინფორმაციის უნებართვოდ გამოქვეყნების შემთხვევები და პოლიტიკოსთა პირდაპირი დადანაშაულება კონკრეტულ კანონდარღვევებში უტყუარი მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე. ამ გამოცემებში სიძულვილის ენის გამოყენების შემთხვევები განსაკუთრებით ჭარბად გამოვლინდა ციხეში ადამიანთა წამების კადრების გამოქვეყნების შემდეგ.

დიაგრამა 2.

0x01 graphic

დიაგრამა 3.

0x01 graphic

დიაგრამა 4.

0x01 graphic

  • ნეგატიური განწყობის გამოსავლენად, ლექსიკური საშუალებების გარდა, აქტიურად გამოიყენებოდა ილუსტრაციებიც.

  • ალიაში, ასავალ-დასავალსა და კვირის ქრონიკაში ხელისუფლების ცვლილების მიუხედავად, არჩევნების შემდეგაც გაგრძელდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და მისი წარმომადგენლების კრიტიკა. განსაკუთრებული სიძულვილი ვლინდებოდა ქვეყნის პირველი პირის მიმართ მთელი 7 თვის განმავლობაში.

  • გაზეთები რეზონანსი, 24 საათი, კვირის პალიტრა და ჟურნალი ტაბულა ცდილობდნენ მრავალმხრივ და ჟურნალისტური სტანდარტების დაცვით გაეშუქებინათ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები.

  • ცალკეულ გამოცემებში ძნელია საავტორო სვეტისა და სტატიის ერთმანეთისგან გამიჯვნა.

  • პოლიტიკოსებსა და პოლიტიკურ მოვლენებზე ირონიითა და ნეგატიური ტონით წერდნენ საავტორო რუბრიკებში არა მხოლოდ გაზეთები, არამედ ყოველკვირეული ჟურნალებიც. წინასაარჩევნო პერიოდში მცირედით იმატა პირადი ინტერვიუების რაოდენობამ სხვადასხვა პოლიტიკურ ლიდერთან.

ყოველდღიური გამოცემები

რეზონანსი

სუბიექტებისთვის ფართობის გადანაწილების მიხედვით თითქმის ერთნაირი ტენდენციაა მონიტორინგის დაწყებიდან ახალი მთავრობის დამტკიცებამდე. არჩევნებამდე მონიტორინგის მთელი პერიოდი (11 მაისი - 1 ოქტომბერი), ასევე, არჩევნების შემდგომ პარლამენტის ამოქმედებამდე (2 ოქტომბერი - 21 ოქტომბერი) ყველაზე მეტი ფართობი ეთმობოდა კოალიცია ქართულ ოცნებას და მას მოსდევდნენ ე.წ. სახელისუფლებო სუბიექტები: მთავრობა, პარლამენტი, პრეზიდენტი და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. ფართობის გადანაწილება შეიცვალა მხოლოდ მთავრობის დამტკიცების შემდეგ (22 ოქტომბერი - 30 ნოემბერი), რადგან კოალიციის იმ წევრებს, რომლებიც აქტიურობდნენ წინასაარჩევნოდ, სტატუსი შეეცვალათ და მათთვის დათმობილი ფართობი პარტიის ნაცვლად სუბიექტ მთავრობაზე გადავიდა. შესაბამისად, მთავრობის დამტკიცების შემდეგ, ყველაზე მეტი ფართობი სუბიექტებს შორის სწორედ მთავრობას დაეთმო.

რეზონანსში სუბიექტების მიმართ ნეიტრალური ტონი ჭარბობს. ფიქსირდება ნეგატიური ტონიც. თვალში საცემია პოზიტიური ტონის სიმწირე. ეს ტენდენცია ნარჩუნდება მონიტორინგის მთელ პერიოდში ჟურნალისტის ტონის მონაცემების ცალკე დათვლის შემდეგაც. აღსანიშნავია, რომ პოლიტიკოსების მიმართ გამოთქმული კრიტიკული მოსაზრებები არასდროს სცილდებოდა ეთიკის ნორმებს. ეს შედეგი გამოვლინდა თვისებრივი ანალიზის დროს, ჟურნალისტის/ სტატიის ენაზე დაკვირვებისას.

რეზონანსი, ასევე, ცდილობდა, მკითხველისთვის გადამოწმებული ინფორმაცია და მრავალმხრივ გაშუქებული ფაქტი მიეწოდებინა. თვალში საცემია გაზეთის მცდელობა, რომ გამოქვეყნებული მასალა აკმაყოფილებდეს ძირითად ჟურნალისტურ სტანდარტებს, თუმცა მონიტორინგის 7 თვის განმავლობაში მათგან გადაცდომა მაინც დაფიქსირდა. გამოცემაში გამოქვეყნებული საავტორო სვეტები ყოველთვის გამიჯნულია ჟურნალისტური ნამუშევრებისგან, რასაც შეიძლება პოზიტიური შეფასება მიეცეს, ვინაიდან ასეთ დროს ორაზროვნება თავიდანაა აცილებული და მკითხველმა თავიდანვე იცის, რომ წარმოდგენილ მასალაში კონკრეტული პირის ნააზრევს გაეცნობა.

24 საათი

24 საათში 7-თვიანი მონიტორინგის პერიოდში ძირითად ტენდენციად გამოვლინდა ნეიტრალური ტონი სუბიექტების მიმართ, თუმცა უშუალოდ წინასაარჩევნო პერიოდში იმატა პოზიტიურმა ტონმა პოლიტიკური პარტიებისადმი. ეს შეიძლება, უკავშირდებოდეს იმ ფაქტს, რომ დროის იმ მონაკვეთში ყველა პოლიტიკური პარტია წინასაარჩევნო კამპანიას აწარმოებდა და მათი შეხვედრების გაშუქებისას პოზიტიური ტონი ვლინდებოდა თავად პოლიტიკური სუბიექტების მხრიდან საკუთარი პოლიტიკური ორგანიზაციების მიმართ.

სტატიებში საკითხთან დაკავშირებით პოზიციათა სიმრავლე თითქმის ყოველთვის შეიმჩნევა და სტატიას ყოველთვის ორზე მეტი წყარო ჰყავს.

აღსანიშნავია, რომ 24 საათს ყურადღების მიღმა არ დაუტოვებია ამ თვეების განმავლობაში მომხდარი არცერთი მნიშვნელოვანი მოვლენა. მაგრამ აქვე უნდა ითქვას, რომ 24 საათი ფაქტების მიწოდებით შემოიფარგლება და საკითხის სიღრმისეულ ანალიზს არ სთავაზობს მკითხველს. პროექტის მიმდინარეობის პერიოდში გამოცემამ მხოლოდ რამდენიმე ანალიტიკური სტატია გამოაქვეყნა. გარდა ამისა, გაზეთში არც საავტორო სვეტი გვხვდება.

ყოველკვირეული გამოცემები

ალია

გაზეთ ალიაში წინასაარჩევნო პერიოდში თითქმის თანაბარი ინტენსივობით შუქდებოდა კოალიცია ქართული ოცნება და ძველი ხელისუფლება (მთავრობა, პარლამენტი და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა), ასევე, პრეზიდენტი. არჩევნების შემდგომ პერიოდში კი, კოალიციის ნაცვლად, უფრო აქტიურად შუქდებოდა ახალი მინისტრთა კაბინეტი და მისი საქმიანობა, თუმცა არანაკლები ყურადღება ეთმობოდა ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა და პრეზიდენტს. გამოცემა გამოირჩევა კრიტიკული დამოკიდებულებით თითქმის ყველა პოლიტიკური სუბიექტისადმი. ამ გამოცემაში პოზიტიური ტონი ძალიან მწირია როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ისე, არჩევნების შემდეგაც. ნეგატიური ტონის სიჭარბე კი თვალშისაცემია ძველი ხელისუფლებისა და პრეზიდენტის მიმართ. ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და ძველი ხელისუფლების მიმართ ყურადღება და ნეგატიური ტონი არ შემცირებულა ხელისუფლების ცვლილების შემდეგაც.

უარყოფითი დამოკიდებულება სუბიექტების მიმართ ვლინდებოდა არა მხოლოდ რესპონდენტების, არამედ თავად ჟურნალისტების მხრიდანაც. ნეგატიური განწყობის გამოსახატავად სტატიების ავტორები მხოლოდ კრიტიკით არ შემოიფარგლებოდნენ და არაეთიკურ გამოთქმებსაც იშველიებდნენ, რაც შესაძლებელია სიძულვილის ენის გამოყენებად შეფასდეს. 7 თვის განმავლობაში, ალიაში დაფიქსირდა არაერთი შეურაცხმყოფელი გამონათქვამი ამა თუ იმ პოლიტიკოსის მიმართ. ლექსიკური საშუალებების გარდა, უარყოფითი დამოკიდებულების დასაფიქსირებლად, ილუსტრაციებიც გამოიყენებოდა.

თვისებრივი ანალიზის კუთხით, საყურადღებოა, რომ ალიაში გამოქვეყნებული ინფორმაცია ზოგჯერ მკითხველისთვის უცნობ წყაროს ეყრდნობა. ასეთი წყარო ჟურნალისტის მიერ მოხსენიებულია, როგორც „სანდო“ ან ანონიმური. ამ დროს არ ჩანს ჟურნალისტის მცდელობა, გადაამოწმოს მიღებული ინფორმაცია სხვა საჯარო წყაროსთან. გაურკვეველი წყაროებისგან მიღებული დაუზუსტებელი მასალის გავრცელება, გარკვეულწილად, ხელს უწყობს საზოგადოებაში ჭორების გავრცელებასაც, რადგან ასეთი ფორმით მიღებული ინფორმაცია მკითხველს მეტი ინტერპრეტაციის საშუალებას აძლევს.

კვირის პალიტრა

გაზეთი კვირის პალიტრა მკითხველებს სთავაზობს მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შესახებ როგორც მოკლე ახალ ამბებს, ისე, მათ ანალიზს და საავტორო სვეტებს, სადაც ჟურნალისტები სუბიექტურ შეფასებას აძლევენ მომხდარ ფაქტებს. სხვადასხვა ტიპის პუბლიკაციები მკვეთრად არის გამიჯნული ერთმანეთისგან, რაც მკითხველს უმარტივებს არჩევანის საშუალებას.

მონიტორინგის სუბიექტების გაშუქების მხრივ, კვირის პალიტრამ არჩევნების შემდეგ წინასაარჩევნო პერიოდისგან განსხვავებული შედეგები წარმოადგინა. კერძოდ, თუ არჩევნებამდე ყველაზე აქტიურად კოალიცია ქართული ოცნება შუქდებოდა, უშუალოდ არჩევნების მომდევნო დღეებში - პრეზიდენტი და ცესკო, ახალი მთავრობის დამტკიცების შემდეგ გამოცემის ყურადღების ცენტრში ახალი მინისტრთა კაბინეტი აღმოჩნდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ცესკოსთვის არჩევნების შემდეგ დღეებში დათმობილი ფართობის მნიშვნელოვანი ნაწილი საარჩევნო კომისიის სარეკლამო განცხადებებზე მოდის.

სუბიექტების გაშუქების ტონის თვალსაზრისით, კვირის პალიტრა არ გამოირჩევა რომელიმე მათგანის პოზიტიურად მოხსენიებით. ასეთი ტონი დაფიქსირდა ახალი მთავრობის მიმართ, თუმცა ჟურნალისტის ტონის ცალკე გამოყოფის შემდეგ გამოვლინდა, რომ მთავრობაზე პოზიტიურად სხვა სუბიექტები ან თავად მთავრობის წევრები საუბრობდნენ. სხვა შემთხვევებში პოლიტიკოსების მიმართ ტონი ან ნეიტრალურია, ან ნეგატიური. აღსანიშნავია, რომ არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგაც ნეგატიური ტონის ყველაზე დიდი წილი პრეზიდენტზე და მთავრობის ძველ შემადგენლობაზე, ასევე, ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე მოდის.

მონიტორინგის პროცესში მასალის თვისებრივი ანალიზის შედეგად შესაძლებელია ითქვას, რომ კვირის პალიტრის ჟურნალისტები ცდილობდნენ, დაეცვათ ჟურნალისტური სტანდარტები როგორც არჩევნებამდე, ისე, მას შემდეგ. მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ გამოცემაში მონიტორინგის პერიოდში დაიბეჭდა სტატიები, სადაც შეინიშნებოდა წყაროთა სიმწირე.

სტატიის ენა კვირის პალიტრაში ნეიტრალურია, ზოგჯერ კი ჟურნალისტი კრიტიკული ტონით წერს ამა თუ იმ მოვლენასა ან ფაქტზე.

კვირის ქრონიკა

კვირის ქრონიკაში წინასაარჩევნო პერიოდში ყველაზე აქტიურად შუქდებოდა კოალიცია ქართული ოცნება. ყველა აქციის თაობაზე, რომელსაც ეს პოლიტიკური ორგანიზაცია რეგიონებში აწყობდა, გაზეთი ვრცელ რეპორტაჟს ამზადებდა. არჩევნების თარიღის გამოცხადებამდე, ამ გამოცემამ რამდენიმე გვერდიანი ინტერვიუ გამოაქვეყნა ბიძინა ივანიშვილთან, რამაც მნიშვნელოვნად იმოქმედა კოალიციისთვის დათმობილი ფართობის საერთო სიდიდეზე. მონიტორინგის პერიოდში ასეთი ვრცელი ინტერვიუ სხვა არც ერთ პოლიტიკურ ლიდერთან, რომელიც მონიტორინგის სუბიექტს წარმოადგენდა, არ გამოქვეყნებულა. კვირის ქრონიკის ფურცლებზე ასევე აქტიურად შუქდებოდა პრეზიდენტი და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, თუმცა, კოალიცია ქართული ოცნებისგან განსხვავებით, მათ მიმართ ტონი მკვეთრად განსხვავებული იყო. თუ კოალიცია ქართული ოცნება, უმეტეს შემთხვევაში, ნეიტრალურად, ზოგჯერ კი პოზიტიურად შუქდებოდა, პრეზიდენტისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიმართ დომინანტური იყო ნეგატიური ტონი მონიტორინგის ყველა მონაკვეთში, როგორც წინასაარჩევნო, ისე, პოსტსაარჩევნო პერიოდში. სხვა პოლიტიკური ორგანიზაციები გამოცემაში, მეტწილად, ნეიტრალურ კონტექსტში გვხვდებოდა.

თვისებრივი მახასიათებლების მიხედვით, საყურადღებოა, რომ გამოცემა ხშირად მიმართავდა ანონიმურ და „სანდო“ წყაროებს გარკვეული ინფორმაციის გასავრცელებლად. ასეთი ფორმით მოწოდებული მასალა, ძირითადად, სკანდალურია, თუმცა სხვა იდენტიფიცირებულ წყაროსთან ინფორმაციის გადამოწმება არ ან ვერ ხდება, რის გამოც დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებასთან გვაქვს საქმე.

კვირის ქრონიკაში ჟურნალისტის/სტატიის ენა საკმაოდ ხშირად არაეთიკურია. დაფიქსირდა სიძულვილის ენის გამოყენების შემთხვევებიც როგორც რესპონდენტების, ისე, ჟურნალისტების მხრიდან.

გამოცემაში ცალკეული სტატიების წყარო მხოლოდ ჟურნალისტები არიან და, რიგ შემთხვევებში, სტატია ძალიან ჰგავს საავტორო სვეტს, თუმცა იმის გამო, რომ არსად ეს მითითებული არ არის, ვერ მოხერხდა მონიტორინგის პროცესში მათი გამიჯვნა და შესაბამისი კრიტერიუმებით შეფასება.

გაზეთში არა ერთი სტატია გამოქვეყნდა, რომელიც მხოლოდ ცალმხრივად აშუქებს მომხდარ ფაქტს, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჟურნალისტი თითქმის ყოველთვის აფიქსირებს გამოცემის მზადყოფნას, სივრცე დაუთმოს საკითხთან დაკავშირებულ სხვა მხარესაც.

ასავალ-დასავალი

ასავალ-დასავალში მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში ყველაზე მეტი ფართობი კოალიცია ქართულ ოცნებას დაეთმო. არჩევნების შემდეგაც ეს პარტია უფრო აქტიურად შუქდებოდა, ვიდრე სხვა სუბიექტები, ხოლო ახალი მთავრობის დამტკიცების შემდეგ გამოცემა ყველაზე მეტ ყურადღებას სუბიექტ მთავრობას უთმობდა. მონიტორინგის სუბიექტებისთვის დათმობილი ფართობის მნიშვნელოვანი ნაწილი მოდის პრეზიდენტზე, ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა და ყოფილ მთავრობაზე.

სუბიექტების გაშუქების ტონის თვალსაზრისით, თვალში საცემია კოალიცია ქართული ოცნების პოზიტიური, ხოლო პრეზიდენტისა და ძველი ხელისუფლების ნეგატიური ტონით გაშუქების სიჭარბე. ტონების ამგვარად განაწილების ტენდენცია ვლინდება როგორც საერთო, ისე ჟურნალისტის ტონის დიაგრამებზე.

თვისებრივი ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ ჟურნალისტის/სტატიის ენა ხშირად არაეთიკურია, განსაკუთრებით, პრეზიდენტისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელთა მიმართ.

არჩევნების წინ არა ერთხელ დააფიქსირა სხვადასხვა ჟურნალისტმა, რომ კოალიციის ხელისუფლებაში მოსვლა იყო ქვეყნის გადარჩენის შანსი. მას შემდეგ კი, რაც არჩევნების გზით ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვალა, ასავალ- დასავალი აქტიურად მოითხოვს, გასამართლდეს და ქვეყანაში აიკრძალოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა.

ასავალ-დასავალში გამოქვეყნებული სტატიების ნაწილში ინფორმაციის წყარო მხოლოდ ჟურნალისტია და ფაქტებიც გადაუმოწმებელია. ამგვარი პუბლიკაციები ხშირად საავტორო სვეტს ჰგავს, თუმცა რადგანაც არსად ასეთი მითითება არ არის გაკეთებული, ისინი ისე ფასდება, როგორც სხვა ჟურნალისტური ნამუშევარი.

გარდა ზემოაღნიშნულისა, ასავალ-დასავალი ხშირად იყენებს ანონიმურ წყაროს, რომლისგან მიღებული ინფორმაციის გადამოწმება სხვა იდენტიფიცირებულ წყაროსთან არ ან ვერ ხდება. ზოგჯერ კი სკანდალურ ინფორმაციას წყაროს მითითების გარეშე აქვეყნებს, რაც, გარკვეულწილად, ხელს უწყობს დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებას.

ყოველკვირეული ჟურნალები

ტაბულა

მონიტორინგის სუბიექტებს შორის ტაბულაში ყველაზე აქტიურად შუქდებოდა კოალიცია ქართული ოცნება, ხოლო ახალი მთავრობის დამტკიცების შემდეგ კი - მთავრობა. არანაკლები ყურადღება დაუთმო გამოცემამ პრეზიდენტს. სხვა პოლიტიკურ პარტიებს შორის წინასაარჩევნო პერიოდში ჟურნალმა გააშუქა: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, სახალხო კრება, ლეიბორისტული პარტია, ახალი მემარჯვენეები და ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა.

ტონის თვალსაზრისით ტაბულა გამოირჩევა ნეიტრალური ტონის სიჭარბით. ცალკეული სუბიექტების, კერძოდ, ძველი მთავრობის, ახალი მთავრობისა და კოალიცია ქართული ოცნების მიმართ სხვადასხვა პერიოდში დაფიქსირდა პოზიტიური ტონიც, თუმცა ჟურნალისტის ტონის ცალკე გამოყოფამ აჩვენა, რომ ასეთი მიდგომა ჟურნალისტებს არ ეკუთვნოდათ, არამედ სხვა წყაროებს: პოლიტიკოსებს, საავტორო სვეტების ავტორებს ან ექსპერტებს.

ტაბულა ანალიტიკური სტატიებისა და საავტორო სვეტების სიმრავლით გამოირჩევა. ჟურნალისტები სტატიებში ცდილობენ, დაიცვან სტანდარტები, მრავალმხრივ გააშუქონ და გააანალიზონ სხვადასხვა პოლიტიკური მოვლენა.

ამ ჟურნალში არ გვხვდება არაეთიკური გამოთქმები. ჟურნალისტებისგან ნეგატიური ტონი, ძირითადად, საავტორო სვეტებში მჟღავნდება. ეს ტენდენცია დაფიქსირდა არჩევნებამდეც და შენარჩუნდა შემდეგაც.

აღსანიშნავია, რომ გამოცემა მონიტორინგის დასაწყისში ყოველკვირეული იყო, აგვისტოში ერთთვიანი შესვენება გამოაცხადა, ხოლო ნოემბრიდან ყოველთვიურ გამოცემაზე გადავიდა.

თბილისელები

ჟურნალი თბილისელები, სუბიექტებისთვის დათმობილი ფართობის მიხედვით, თითქმის ყველა პერიოდში, სხვა გამოცემებისგან განსხვავებულ შედეგებს აჩვენებს. წინასაარჩევნოდ ყველაზე მეტი ფართობი ეთმობოდა ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას, ხოლო არჩევნების შემდეგ ყველაზე აქტიურად, სხვა გამოცემების მსგავსად, კოალიცია ქართული ოცნება, შემდეგ კი მთავრობა გაშუქდა.

ტონი სუბიექტების მიმართ, მეტწილად, ნეგატიურია, რაც ჟურნალისტის ტონის განცალკევებით ანალიზის შემდეგაც ფიქსირდება. ნეგატიური ტონი, ძირითადად, მოდის საავტორო რუბრიკა „კვირის პრესზე“, რომელშიც ავტორი იუმორით და ირონიით წერს კვირის პოლიტიკურ მოვლენებზე. სუბიექტების მიმართ დადებითი ტონი პირადი ინტერვიუების შედეგად ვლინდება, თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თავად ჟურნალისტის ტონი ასეთ სტატიებში ნეიტრალურია.

ვინაიდან რუბრიკა „კვირის პრესი“ საავტოროა, ის სტანდარტული თვისებრივი კრიტერიუმებით ვერ შეფასდა.

გზა

ჟურნალ გზაში მასალები პოლიტიკაზე, ძირითადად, საავტორო რუბრიკა „პროვოკატორში“ ქვეყნდება. ჟურნალისტი ირონიით წერს მიმდინარე მოვლენებზე, აკრიტიკებს როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებს, ისე, ოპოზიციას. გამოცემაში ყველაზე ხშირად, არჩევნებამდეც და არჩევნების შემდეგაც სუბიექტებს შორის კოალიცია ქართული ოცნება შუქდებოდა, თუმცა არანაკლები ფართობი ეთმობოდა სხვებსაც, კერძოდ, ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა და პრეზიდენტს.

წინასაარჩევნო პერიოდში ტონი კოალიციის მიმართ ნეიტრალური იყო, ხოლო სახელისუფლებო სუბიექტების (პრეზიდენტი, მთავრობა, ხელისუფლება) მიმართ ჭარბობდა ნეგატიური ტონი. არჩევნების შემდგომ პერიოდში ნეგატიური ტონი ჭარბად შენარჩუნდა მხოლოდ პრეზიდენტის შემთხვევაში, ყველა სხვა სუბიექტის მიმართ, ძირითადად, ნეიტრალური ტონი დაფიქსირდა.

ჟურნალისტის ტონის მხრივ აღსანიშნავია, რომ პოზიტიური ტონი მათი მხრიდან არცერთი სუბიექტის მიმართ არ გამოვლენილა.

სარკე

სარკეში პოლიტიკურ თემებზე მწირი მასალა ქვეყნდება, თუმცა გამოცემა პოლიტიკოსებს არაპოლიტიკური კუთხით წარმოაჩენს, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანია წინასაარჩევნო პერიოდში.

სუბიექტებს შორის სარკეში ყველაზე ხშირად კოალიცია ქართული ოცნება შუქდებოდა როგორც არჩევნებამდე, ისე, არჩევნების შემდგომ პერიოდშიც. ახალი მთავრობის დამტკიცების შემდეგ ყველაზე მეტი ფართობი სწორედ მას დაეთმო. კოალიციის გარდა, არანაკლები ყურადღება დაეთმო პრეზიდენტს, პარლამენტს და ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, პირველ პერიოდში (11 მაისი - 5 სექტემბერი) კი - ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობასაც.

ტონი კოალიცია ქართული ოცნების მიმართ, ძირითადად, ნეიტრალური იყო, თუმცა დაფიქსირდა პოზიტიური ტონის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელიც, რაც უკავშირდება პირად ინტერვიუებს, რომელიც გამოცემამ კოალიციის სხვადასხვა წევრთან ჩაწერა.

სხვა სუბიექტებთან მიმართებაში ტონი სხვადასხვა პერიოდში განსხვავებული იყო. მაგალითად, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის მიმართ არჩევნებამდე ფიქსირდებოდა პოზიტიური ტონი, თუმცა არჩევნების შემდეგ მას საერთოდ აღარ დაეთმო ფართობი. პრეზიდენტის მიმართ არჩევნებამდე ნეიტრალური ტონი ჭარბობდა, ხოლო უშუალოდ არჩევნების შემდგომ დღეებში იმატა ნეგატიურმა ტონმა. აქვე უნდა ითქვას, რომ აღნიშნული ნეგატიური ტონი ავტორს არ ეკუთვნოდა, რაც დადასტურდა ჟურნალისტის ტონის მონაცემების განცალკევებით დათვლის შედეგად. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიმართ არჩევნებამდე ნეიტრალური ტონი იყო დომინანტური, არჩევნების შემდგომ პერიოდში კი პოზიტიურმა ტონმა იმატა.

ჟურნალ სარკის ჟურნალისტები ცდილობენ, მრავალმხრივ გააშუქონ მოვლენები, თუმცა 7-თვიანი მონიტორინგის პერიოდში გამოქვეყნდა სტატიები, სადაც ფაქტები არ იყო გადამოწმებული და არც წყაროთა სიმრავლე შეინიშნებოდა.

დასკვნა

2012 წლის პრესის მონიტორინგმა გამოავლინა, რომ 7 თვის დაკვირვების ქვეშ არსებული ქართული ბეჭდური გამოცემები მკითხველს საშუალებას აძლევს, გაეცნოს მრავალფეროვან ინფორმაციას და განსხვავებულ ხედვებს სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. გამოცემებს უყურადღებოდ არ დაუტოვებიათ ქვეყანაში მომხდარი თითქმის არცერთი მნიშვნელოვანი მოვლენა.

რაოდენობრივი ანალიზის მიხედვით, თითქმის ყველა მედიასაშუალება არათანაბრად აშუქებდა არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უშუალოდ წინასაარჩევნო პერიოდში, როცა ამომრჩეველს უნდა მიეწოდოს მაქსიმალურად ამომწურავი ინფორმაცია თითოეული კანდიდატისა და არჩევნებში მონაწილე პარტიების პროგრამების შესახებ, რათა მან შეძლოს ინფორმირებული არჩევანის გაკეთება.

თვისებრივი დაკვირვების თვალსაზრისით, ყველაზე საყურადღებოა არაეთიკური ლექსიკა, რომელსაც ჟურნალისტები იყენებდნენ პოლიტიკური სუბიექტების მიმართ. მკითხველის სწორად ინფორმირებულობას, ასევე, ხელს უშლიდა გადაუმოწმებელი, დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელება, რისი არა ერთი ფაქტი გამოვლინდა სხვადასხვა ბეჭდურ გამოცემაში.

ვინაიდან წინასაარჩევნოდ მედიასაშუალებების როლი ამომრჩევლის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაში ძალიან დიდია, სასურველია, ბეჭდურმა გამოცემებმა მიუკერძოებლად გადმოსცენ ფაქტები და მეტი ყურადღება დაუთმონ მათ ხელთ არსებული ინფორმაციის დაზუსტებას.

დიაგრამა 5.

0x01 graphic

დიაგრამა 6.

0x01 graphic

6 ონლაინ მედიის მონიტორინგის შედეგები

▲ზევით დაბრუნება


16 ივლისი - 30 ნოემბერი, 2012

სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტმა 2012 წლის 16 ივლისიდან 30 ნოემბრის ჩათვლით 12 საინფორმაციო პორტალის მონიტორინგი განახორციელა. ონლაინ მედიის მონიტორინგი განხორციელდა ოთხ ეტაპად: 16 ივლისიდან 5 სექტემბრამდე; 6 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე; 2 ოქტომბრიდან 20 ოქტომბრამდე; 21 ოქტომბრიდან 30 ნოემბრამდე. მონიტორინგისთვის შეირჩა შემდეგი ვებ-გვერდები: netgazeti.ge, droni.ge, internet.ge (ვებ-გვერდი დაიხურა 7 ნოემბერს), liberali.ge, news.ge, presa.ge, civil.ge, tabula.ge, tribuna.ge (ვებ-გვერდი დაიხურა 29 აგვისტოს), onlinenews.ge (29 აგვისტოდან), for.ge, dfwatch.net, palitratv.ge.

მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა შემდეგი ძირითადი მიგნებები:

  • მონიტორინგის პერიოდში ონლაინ მედიამ აქტიურად გააშუქა როგორც პოლიტიკურ პარტიათა წინასაარჩევნო კამპანია, ასევე, არჩევნების დღეც და მას შემდეგ განვითარებული მოვლენებიც.

  • ონლაინ მედიაში ყველაზე ინტენსიურად შუქდებოდა მთავრობის, პრეზიდენტის, ნაციონალური მოძრაობისა და კოალიცია ქართული ოცნების საქმიანობა.

  • რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ვებგვერდები ახალ ამბებს მეტნაკლებად მიუკერძოებლად და დაბალანსებულად აშუქებდნენ.

  • ეთიკური ნორმებისა და ჟურნალისტური სტანდარტების დარღვევის ხშირი შემთხვევები დაფიქსირდა მხოლოდ droni.ge-ზე, for.ge-სა და presa.ge-ზე;

  • სხვა ვებგვერდები მეტ-ნაკლებად იცავდნენ ჟურნალისტურ სტანდარტებს.

  • არჩევნების დღე და მას შემდეგ განვითარებული მოვლენები ყველა შერჩეულმა ვებგვერდმა ინტენსიურად გააშუქა.

  • არჩევნების დღიდან ახალი პარლამენტის დამტკიცებამდე (1-21 ოქტომბერი) ყველა ვებგვერდზე საგრძნობლად გაიზარდა ნეიტრალური ტონის პროცენტული მაჩვენებელი საარჩევნო სუბიექტების მიმართ.

  • არჩევნების შემდგომ პერიოდში ვებგვერდებზე გაშუქებული სუბიექტების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა;

  • თითქმის საერთოდ აღარ შუქდებოდა არჩევნებში დამარცხებული პოლიტიკური პარტიები, მაგალითად, ახალი მემარჯვენეები, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა, ლეიბორისტული პარტია, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია და ა.შ.

  • არჩევნების შემდგომ პერიოდში ვებგვერდების გაშუქების რაკურსი შეიცვალა და, პარტიების გაშუქების ნაცვლად, ონლაინ მედიამ მთავრობის აქტივობების გაშუქებაზე გადაიტანა მეტი ყურადღება. შედეგად, განსხვავებით მონიტორინგის სხვა პერიოდებისგან, არჩევნების შემდეგ, დანარჩენ სუბიექტებთან შედარებით, ყველაზე ხშირად, სწორედ მთავრობა შუქდებოდა.

  • ჟურნალისტური სტანდარტების დარღვევის ყველაზე გავრცელებული ფორმა იყო ჟურნალისტის სუბიექტური მსჯელობა, კომენტარისა და თვალსაზრისის გამიჯვნის ან ფაქტების სიზუსტის დეფიციტი. ხშირ შემთხვევაში, შეინიშნებოდა წყაროთა ბალანსის არარსებობაც.

  • მონიტორინგის პერიოდში რამდენიმე ვებგვერდზე გამოიკვეთა საჯარო პირების მიერ სოციალურ ქსელებში გაკეთებული განცხადებების სტატიის წყაროდ გამოყენების ტენდენცია. აღნიშნული განცხადებები ხშირ შემთხვევაში არ იყო საჯარო მნიშვნელობის მქონე და კონკრეტული საჯარო პირის „თავგადასავალს“, პირად საკითხს ეხებოდა. შეინიშნებოდა ფაქტებისა და მოსაზრებების გამიჯვნის პრობლემაც, როდესაც კონკრეტული საჯარო თუ არასაჯარო პირის ე.წ. Facebook სტატუსი ვებგვერდმა გამოიყენა როგორც ოფიციალური მოსაზრება. სოციალური ქსელებისა და კონკრეტულად Facebook-ის ე.წ. „სტატუსებზე“ დაყრდნობით მომზადებული სტატიებით განსაკუთრებით გამოირჩეოდა news.ge.

netgazeti.ge

მონიტორინგის პერიოდში netgazeti.ge-ზე, ძირითადად, განთავსებული იყო ანალიტიკური ხასიათის სტატიები, გვხვდებოდა ნიუსები და პრესრელიზებიც. ახალი ამბების მიმოხილვას, უმეტეს შემთხვევაში, ახლდა ჟურნალისტისა და რესპონდენტთა კომენტარები. სტატიებში, ძირითადად, მოვლენები სიღრმისეულად იყო გადმოცემული. რედაქცია მრავალმხრივად აშუქებდა აქტუალურ საკითხებს. მასალებში დაცული იყო ჟურნალისტური ეთიკა, ბალანსი და შეინიშნებოდა წყაროების სიმრავლე. netgazeti.ge ცდილობდა, არ გამოეყენებინა გადაუმოწმებელი ინფორმაცია. საიტზე წარმოჩენილი იყო განსხვავებული პოზიციები. ჟურნალისტების კრიტიკული სტატიები ეთიკურ ნორმებს არ სცდებოდა და არგუმენტირებულ მსჯელობას ეფუძნებოდა. მთლიანობაში საიტის რედაქცია ცდილობდა ინფორმაციის დროულად მოწოდებას და მოვლენების ანალიზს.

წინასაარჩევნო პერიოდში netgazeti.ge-ს რედაქცია წამყვანი პოლიტიკური პარტიების საარჩევნო პროგრამას აქტიურად აშუქებდა, მაგ: „სოფლის მეურნეობა - რეალური პრიორიტეტი თუ საარჩევნო პიარ-სტრატეგია?“ (8 სექტემბერი). საიტზე მოვლენები ამომწურავად და დაბალანსებულად იყო მოწოდებული.

netgazeti.ge-მ ადეკვატურად ასახა ციხის კადრების გავრცელება და შემდგომი მოვლენები. რედაქციას უყურადღებოდ არ დაუტოვებია ამ საკითხის გარშემო არსებული მთავარი და მეორეხარისხოვანი ინფორმაცია. ვებგვერდზე ამ პერიოდში შეიმჩნეოდა საინფორმაციო მასალების რაოდენობის მკვეთრი ზრდა. netgazeti.ge-ს ჟურნალისტების ყურადღების ცენტრში იყო მოქცეული პატიმრების მდგომარეობა და საზოგადოებრივი პროტესტი. ეს თემატიკა ობიექტურად და თანმიმდევრულად შუქდებოდა.

ვებგვერდმა ნეიტრალურად და დაბალანსებულად გააშუქა არჩევნების დღე, ხშირად სტატიაში მოცემული ფაქტები ვიდეომასალებით იყო გამყარებული.

ახალი მთავრობის დამტკიცების შემდგომ პერიოდში netgazeti.ge-ზე იმატა ახალი მთავრობის მიმართ კრიტიკულმა დამოკიდებულებამ. მიუხედავად ამისა, მასალებში არაეთიკური გამონათქვამები და დაუბალანსებელი ინფორმაცია არ გვხვდებოდა.

netgazeti.ge-ზე მონიტორინგის პირველ პერიოდში, მოცულობის თვალსაზრისით, კოალიცია ,ქართული ოცნება ლიდერობდა, ძირითადად ნეიტრალური ტონით. არჩევნების შემდეგ კოალიცია მოცულობის მიხედვით კვლავ აქტიურად იყო გაშუქებული და კვლავაც ნეიტრალურ ტონში. თუმცა, ნეგატიური ტონი წინა პერიოდებთან შედარებით გაიზარდა ამ პარტიის წევრთა, უკვე როგორც ახალი მთავრობის წარმომადგენელთა, მიმართ. რაც შეეხება ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, ნეგატიური ტონი მათ მიმართ მეტი იყო ხელისუფლებაში ყოფნისას, შემდგომ პერიოდში იკლო ამ მაჩვენებელმა, თუმცა მთლიანობაში მაინც მაღალი იყო მათკენ მიმართული კრიტიკა.

საიტზე სათაურები ნეიტრალური, აღწერილობითი შინაარსის იყო და ადეკვატურად გადმოსცემდა სტატიის ძირითად აზრს. ხშირად სტატიებს არ ახლდა ვიზუალური მასალა და მხოლოდ ტექსტები იყო მოცემული. თუმცა, ილუსტრირების შემთხვევაში, საიტი იყენებდა ნეიტრალური ხასიათის ფოტო და ვიდეომასალას.

საიტზე განთავსებული მასალები, უმეტეს შემთხვევებში, ეყრდნობოდა ფაქტებს, მთავარი თემები კონსტრუქციულად და დაბალანსებულად იყო წარმოჩენილი. ჟურნალისტები მაქსიმალურად ცდილობდნენ, გამოეყენებინათ მრავალი წყარო და წარმოეჩინათ განსხვავებული პოზიციები. მათი კრიტიკა ხშირად დაფუძნებული იყო არგუმენტირებულ მსჯელობაზე.

droni.ge

მონიტორინგის პერიოდში droni.ge-ზე, ძირითადად, გვხვდებოდა შეფასებითი ხასიათის სტატიები, სადაც თვალში საცემი იყო ჟურნალისტების ტენდენციურობა. იშვიათად ქვეყნდებოდა საინფორმაციო სტატიები და მასალების რაოდენობაც მწირი იყო. ვებგვერდი სრულფასოვნად არ ასახავდა მიმდინარე მოვლენებს. მონიტორინგის პერიოდში droni.ge-ზე სისტემატურად ირღვეოდა ჟურნალისტური სტანდარტები; გამოვლინდა შერჩევითი დამოკიდებულება ფაქტების მიმართ, ჟურნალისტების მიერ სიძულვილის ენის გამოყენება, ცინიკური ილუსტრაციების განთავსება ვიზუალურ მასალაში, აგრესიული სათაურები და სუბიექტივიზმი. საიტზე წყაროების სიმცირე და ფაქტების გადაუმოწმებლობა მონიტორინგის მთლიან პერიოდს ახასიათებდა. ხშირად გვხვდებოდა მასალები, რომლებიც მთლიანად ეყრდნობოდა სოციალურ ქსელებში არაოფიციალური პირების მიერ განთავსებულ სტატუსებს. ბოლო პერიოდში კი მსგავსი რუბრიკებიც გაჩნდა, მაგ.: „დღის ფეისბუქფოტო” (4 ნოემბერი). საიტი ცდილობდა კოალიცია ქართული ოცნების გაიგივებას რუსეთთან, რაც არ იყო გამყარებული არგუმენტებით და მხოლოდ ჟურნალისტის სუბიექტურ აზრს წარმოადგენდა. ამ საიტს მკვეთრად გამოხატული დამოკიდებულებები ჰქონდა პოლიტიკური სუბიექტების გაშუქებისას, კერძოდ: პოზიტიური - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის და ნეგატიური - კოალიცია ქართული ოცნების მიმართ (იხ. დიაგრამა 1).

დიაგრამა 1.

0x01 graphic

წინასაარჩევნო პერიოდი განსაკუთრებით გამოირჩეოდა დაუბალანსებელი მასალით. ჭარბობდა ნეგატიური ტონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ (ცინიკური და არაეთიკური ფოტომასალითა და სათაურებით). რედაქცია სუბიექტურად არჩევდა და განიხილავდა ფაქტებს მაშინდელი ოპოზიციის შესახებ, ხოლო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო კამპანიას მთლიანად ნეიტრალურ ან პოზიტიურ ტონში აშუქებდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ციხეში ძალადობის კადრების გავრცელების შემდეგ, droni.ge, ძირითადად, ყურადღებას ამახვილებდა ხელისუფლების მიერ გატარებულ ადმინისტრაციულ ღონისძიებებზე და განცხადებებზე. საიტზე თითქმის არ ჩანდა ინფორმაცია საპროტესტო აქციებისა თუ პატიმართა მდგომარეობის შესახებ.

არჩევნების დღეს საიტზე შეიმჩნეოდა ინფორმაციული მასალის რაოდენობის მატება. საიტის რედაქცია ფაქტების მოწოდებასა და აქცენტების დასმაში ტენდენციური იყო, თუმცა არჩევნების დღეს და შემდგომ ხანმოკლე პერიოდში მისთვის დამახასიათებელი ტენდენციურობა არ შეიმჩნეოდა.

ახალი მთავრობის არჩევის შემდგომ პერიოდში, სტატიის მოცულობის თვალსაზრისით droni.ge-ზე სხვადასხვა ზომის მასალები გვხვდებოდა, ძირითადად, ისევ შეფასებითი ხასიათის. უნდა აღვნიშნოთ, რომ სტატიები არ იყო გამყარებული ფაქტებით, რესპონდენტების არგუმენტებით და ხშირად ანონიმურ წყაროს ეყრდნობოდა. მონიტორინგის ბოლო პერიოდში გამოიკვეთა ცვლილება ჟურნალისტების ტონში: არჩევნების დღეებში ჟურნალისტების დროებით შერბილებული ტონი კოალიცია ქართული ოცნების მიმართ ისევ არაეთიკური და აგრესიული ტონით შეიცვალა.

მთლიანი მონიტორინგის პერიოდში droni.ge-ზე მთავარი სუბიექტი კოალიცია ქართული ოცნება იყო, რომელიც, ძირითადად, ნეგატიური ტონით შუქდებოდა. არჩევნების შემდეგ მკვეთრად გაიზარდა ნეგატიური ტონი კოალიცია ქართული ოცნების, როგორც მთავრობის მიმართ. რაც შეეხება პრეზიდენტსა და ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, მათ მიმართ, მეტწილად, ნეიტრალური და პოზიტიური ტონი ჭარბობს მთელი მონიტორინგის განმავლობაში.

მთლიანი მონიტორინგის პერიოდში ხშირად გვხვდებოდა სათაურებად გამოტანილი რესპონდენტთა ციტატები ან ჟურნალისტთა შეფასებები. რედაქცია არაკორექტულ და შეურაცხმყოფელ სათაურებს, ძირითადად, კოალიცია ქართული ოცნების მიმართ იყენებდა, მაგ: „ოცნებები ხურდაში“ (22 ნოემბერი); „დაუკარით ოსური, ბიძინაა მოსული!..“ (14 სექტემბერი).

მონიტორინგის პერიოდში, ვებგვერდი ხშირად იყენებდა ვიზუალურ მასალად ფოტოს ან ვიდეოს. არაეთიკური ფოტოები განთავსებული იყო კოალიცია ქართულ ოცნების შესახებ დაწერილ სტატიებში. ასევე, საიტზე ჭარბობდა დაუბალანსებელი ინფორმაცია, ცალმხრივად და გადაუმოწმებლად იყო მოწოდებული ფაქტები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში მთელი სტატიის მსჯელობის საგანი ხდებოდა და მკითხველი შეცდომაში შეჰყავდა.

მონიტორინგის პერიოდში droni.ge-ს ჟურნალისტების დასკვნები აშკარა ტენდენციურობით გამოირჩეოდა. მისთვის დამახასიათებელი იყო აგრესიული და ცინიკური ტონი კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტების მიმართ, რის გამოც საიტი ჟურნალისტური ეთიკისა და პრინციპების დარღვევის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი გახდა.

internet.ge

მონიტორინგის პერიოდში ვებგვერდზე ჭარბობდა მოკლე საინფორმაციო შეტყობინებები, ოფიციალური სტრუქტურების პრესრელიზები და მცირე ზომის სტატიები. იშვიათად გვხვდებოდა ანალიტიკური ტიპის სტატია. Internet. ge გამოირჩეოდა თემატური მრავალფეროვნებით საარჩევნო სუბიექტებთან დაკავშირებით, მაგ.: მაჟორიტარების წარდგენა, წინასაარჩევნო შეხვედრები, ცესკოს ინიციატივები, არასამთავრობოთა აქტივობები.

რაოდენობრივი მონაცემების შეჯამების შედეგად ვებგვერდზე გამოიკვეთა ორი საარჩევნო პოლიტიკური სუბიექტი: ნაციონალური მოძრაობა და კოალიცია ქართული ოცნება. დანარჩენი სუბიექტები საკმაოდ დაბალი პროცენტული მაჩვენებლით იყო წარმოდგენილი. ჟურნალისტთა მიერ წინასაარჩევნო პერიოდში გამოიყენებოდა, ძირითადად, ნეიტრალური ტონი (იხ. დიაგრამა 5), თუმცა იყო რამდენიმე გამონაკლისიც - აქციებისა და მოსახლეობასთან შეხვედრების გაშუქებისას ქართული ოცნების ლიდერების მიმართ ჟურნალისტის მიერ დაფიქსირდა ნეგატიური ტონი. არჩენების შემდგომ პერიოდში კი ნეგატიური ტონი მკვეთრად გაიზარდა ახალი მთავრობის მიმართ. ნეიტრალურ ტონში ინტენსიურად შუქდებოდა პრეზიდენტი.

დიაგრამა 5.

0x01 graphic

ციხეში პატიმართა წამების კადრების გავრცელებისას, 18-22 სექტემბერს, ინფორმაციები გაშუქდა მხოლოდ ოფიციალური სტრუქტურების მიერ მოწოდებული პრესრელიზების მიხედვით, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა შეფასებები არ დაფიქსირებულა. მხოლოდ 20 სექტემბერს გავრცელდა ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომელიც საზოგადოებას სიმშვიდისკენ მოუწოდებდა. მომდევნო დღეებში კი ვებგვერდზე ინტენსიურად ვრცელდებოდა პრეზიდენტის მიმართვები და ოფიციალური სტრუქტურების განცხადებები.

Internet.ge-ზე არჩევნების დღის გაშუქება ინფორმაციული ტიპის იყო. ვებგვერდი შემოიფარგლებოდა ცესკოდან მოკლე ინფორმაციების მოწოდებით. რეგიონებიდან გვაწვდიდა ნიუსებს ამომრჩეველთა აქტივობაზე, პარტიის ლიდერებსა და მათ მიერ გაკეთებულ არჩევანზე. უნდა აღინიშნოს, რომ არჩევნების დღეს, საღამოს საათებში, ვებგვერდზე შეიმჩნეოდა მკვეთრად გამოხატული ნეგატიური ტონი ოპოზიციური პარტიების მიმართ.

ხშირად გვხვდებოდა კოალიცია ქართული ოცნების მისამართით გამოთქმული ბრალდებებიც როგორც არჩევნების დღეს, ასევე, მომდევნო დღეებშიც. ამ ფაქტების გადამოწმება წყაროებთან არ ხდებოდა.

არჩევნების შემდგომ პერიოდში ინფორმაციები ახალი მთავრობის დაკომპლექტების შესახებ საკმაოდ დიდი ინტენსივობით შუქდებოდა. ასევე, ნაციონალური მოძრაობის აქტივობებიც, მათი შეფასებები და კომენტარები მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ამ პერიოდში ვებგვერდზე გახშირდა ნეგატიური ტონი ახალი მთავრობის წევრთა მიმართ.

liberali.ge

liberali.ge-ს საიტზე მონიტორინგი ხორციელდებოდა ახალი ამბების და სტატიების ბლოკში. ვებგვერდის ჟურნალისტები ცდილობდნენ, მრავალმხრივ და ამომწურავად გაეშუქებინათ მიმდინარე აქტუალური მოვლენები და დაეცვათ ჟურნალისტური სტანდარტი.

სტატიები ფაქტებზე დაყრდნობით არის აგებული და ჰყავს ერთზე მეტი წყარო. საიტზე წარმოჩენილია განსხვავებული პოზიციები. სტატიები დაცლილია სუბიექტურობისგან, მკვეთრად არის გამიჯნული ფაქტი და კომენტარი. ჟურნალისტების კრიტიკული სტატიები ეთიკურ ნორმებს არ სცდება და არგუმენტირებულ მსჯელობას ეფუძნება. ლიბერალის ჟურნალისტები ახალი ამბების ბლოკში ინფორმაციებს ხშირად გვაწვდიან მოვლენათა ეპიცენტრიდან. საიტის რედაქცია მონიტორინგის მეორე ნახევარში განსაკუთრებით ცდილობდა ინფორმაციის დროულად მოწოდებას და მოვლენების ანალიზს.

liberali.ge-ს ვებგვერდზე მონიტორინგის პერიოდში თითქმის თანაბარი მოცულობა დაეთმო მონიტორინგის სუბიექტებს შორის კოალიცია ქართულ ოცნებას, ნაციონალურ მოძრაობას და მთავრობის ძველ და ახალ შემადგენლობას, ასევე, ცენტრალურ სააარჩევნო კომისიას. თუმცა ყველაზე აქტიურად მაინც სუბიექტი კოალიცია ქართული ოცნება გაშუქდა.

liberali.ge-ს სტატიებში, ჟურნალისტის ტონის მონაცემების შეჯამების შედეგად, გამოიკვეთა, რომ ისინი მასალებს მხოლოდ ნეიტრალური ტონით ამზადებენ. განსხვავებული ტონი გვაქვს მხოლოდ იქ, სადაც თავად რესპონდენტები და ციტატების ავტორები საუბრობენ. ასეთ შემთხვევებში, იკვეთება უმეტესად ნეგატიური და იშვიათად პოზიტიური ტონი.

საიტზე ფოტომასალაც და სათაურებიც, უმეტესად, ნეიტრალური შინაარსის და აღწერილობითი ხასიათისაა. ხშირად ვხვდებით ფოტოკოლაჟს სხვადასხვა საინტერესო მოვლენის შესახებ, რაც საკმაოდ ამომწურავ ინფორმაციას აწვდის მკითხველს.

ახალი ამბების ბლოკში, ძირითადად, ნიუსის ტიპის მასალებს ვხვდებით. წინასაარჩევნო პერიოდის დასაწყისში თემატიკა საკმაოდ ერთფეროვანი იყო. liberali.ge მკითხველს აწვდიდა ინფორმაციას საარჩევნო სუბიექტების წინასაარჩევნო კამპანიის შესახებ. თუმცა გამოიკვეთა ერთი წამყვანი თემა - საარჩევნო დარღვევები (ხელისუფლების მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივი ხარჯვა, ამომრჩევლებზე ზეწოლის ფაქტები და ა.შ.). მონიტორინგის ამ პერიოდში საარჩევნო სუბიექტების პროგრამების განხილვა და სიღრმისეული ანალიზი არ გვხვდება.

არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ვებგვერდმა განსხვავებული მუშაობის რეჟიმი აირჩია და უფრო მრავალფეროვანი გახდა. ეს ტენდენცია გაგრძელდა არჩევნების დღესაც და მომდევნო დღეების განმავლობაშიც შენარჩუნდა. იმატა ინფორმაციებმა ცესკოს და არასამთავრობო ორგანიზაციათა აქტივობებზე, პარტიათა რეიტინგებზე, საერთაშორისო დამკვირვებლებსა და ამომრჩეველთა სიებზე. ძირითადი აქცენტების გადატანა მოხდა საარჩევნო საკითხებზე, დარღვევებზე და არჩევნების შესაძლო გაყალბებაზე.

სექტემბრის ბოლო დღეებში (18-22 სექტმბერი), ციხეში პატიმართა წამების შესახებ გამოქვეყნებული კადრების შემდეგ, საიტზე გააქტიურდა ინფორმაციები ციხეებში არსებულ მდგომარეობაზე. სასჯელაღსრულებით სისტემაში მიმდინარე პროცესების გაშუქებისას გავრცელდა ისეთი მასალებიც, რომლებიც საჭიროებდა დამატებით დაზუსტებას.

არჩევნების დღეს, 1 ოქტომბერს, ვებგვერდი გადავიდა მუშაობის საგანგებო რეჟიმზე. liberali.ge არჩევნებს ინტენსიურად აშუქებდა, კორესპონდენტები მივლენილი ჰყავდა რამდენიმე რეგიონში და დღის განმავლობაში მრავალფეროვან ინფორმაციას ავრცელებდა პირდაპირ საარჩევნო უბნებიდან. დღის ბოლოს, შემაჯამებელ სტატიაში სრულყოფილად და ამომწურავად იყო გაშუქებული დღის განმავლობაში მიმდინარე მოვლენები.

ახალი მთავრობის დაკომპლექტების შემდეგ მნიშვნელოვანი ცვლილება გამოიკვეთა რესპონდენტებთან დაკავშირებით - სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლების კომენტარები (მინისტრი, მინისტრის მოადგილე) უფრო ხშირად გვხვდებოდა, ვიდრე წინასაარჩევნო პერიოდში. ლიბერალის ჟურნალისტები დიდ ყურადღებას უთმობდნენ კოალიცია ქართული ოცნების საარჩევნო პროგრამის ცალკეული პუნქტების განხილვას ექსპერტების მეშვეობით - განათლების საკითხები, ამნისტიის შესახებ კანონპროექტი, ტარიფების განახევრების საკითხი და ა.შ.

სტატიის ენის თვალსაზრისით საიტზე არსად გვხვდებოდა არაეთიკური ან დისკრიმინაციული ტერმინები. თვისებრივმა მონიტორინგმა აჩვენა, რომ ჟურნალისტები, მეტწილად, მრავალმხრივად აშუქებდნენ ამა თუ იმ საკითხს. რიგ შემთხვევებისაში ჩანს, რომ სტატიის ავტორი ინფორმაციას იღებს სხვადასხვა წყაროსგან. მონიტორინგის პერიოდის მეორე ნახევარი გამოირჩეოდა სუბიექტების სიმრავლით. liberali.ge-ს ჟურნალისტები, სხვა ვებგვერდებთან შედარებით, მკვეთრად განსხვავებული კუთხით გვაწვდიდნენ ინფორმაციებს, ხოლო დღის განმავლობაში მიმდინარე აქტუალურ მოვლენას ხშირად მოჰყვებოდა შემაჯამებელი სტატია დღის ბოლოს, რაც მკითხველს მოვლენის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიღების საშუალებას აძლევდა.

news.ge

news.ge საინფორმაციო სააგენტოს ტიპის ვებგვერდია, სადაც ინფორმაცია სხვადასხვა რუბრიკაში იყრის თავს. შესაბამისად, მონიტორინგის პერიოდში, ძირითადად, ვხვდებოდით მოკლე, ინფორმაციული ტიპის სტატიებს, რომლებშიც იშვიათად იყო წარმოჩენილი ანალიზი/მიმოხილვა. რადგან ვებგვერდი ახალი ამბების სააგენტოს სტილში მუშაობს, ფაქტებსა და მოვლენებზე დამყარებული გაშუქება არსებითი ტენდენცია იყო. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ დროის გარკვეულ მონაკვეთში გამოიკვეთა ისეთი სტატიების სიმრავლე, რომლებსაც ჟურნალისტები სოციალურ ქსელ Facebook-ში ამა თუ იმ პირების „სტატუსებზე“ დაყრდნობით ამზადებდნენ და, შესაბამისად, ინფორმაცია გადამოწმებული არ იყო. ასევე, მონიტორინგის განმავლობაში ვხვდებოდით კონკრეტულ მაგალითებს, სადაც ფაქტების სიზუსტე ან/და მათი ინტერპრეტაცია სადავო შეიძლებოდა ყოფილიყო.

მონიტორინგის ბოლო ეტაპისთვის ვებგვერდზე სუბიექტების გაშუქების სიხშირეთა თანაფარდობა მკვეთრად განსხვავდება მონიტორინგის საწყის ეტაპზე არსებული სურათისგან. მონიტორინგის საწყის ეტაპზე გაშუქების მთლიანი მოცულობა, ძირითადად, ორ პოლიტიკურ ძალას, ქართულ ოცნებასა და ერთიან ნაციონალურ მოძრაობას შორის ნაწილდებოდა. საერთო გაშუქების მხოლოდ მცირე ნაწილს იკავებდა მთავრობა, პარლამენტი და პრეზიდენტი, ისევე, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობა. მონიტორინგის დასასრულს კი გაშუქების საერთო მოცულობაში ყველაზე დიდ წილს მთავრობა იკავებს, ხოლო შემდეგ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და ქართული ოცნება მცირეოდენი პროცენტული სხვაობით. ეს ტენდენცია მარტივად ასახსნელია, გამომდინარე იქიდან, რომ წინასაარჩევნოდ მთელი ძალისხმევა პარტიული აქტივობებისკენ იყო მიმართული, ხოლო არჩევნების შემდეგ ყურადღება ახალი მთავრობის დამტკიცებასა და შემდეგ უკვე მის მუშაობაზე იქნა გადატანილი.

რაც შეეხება გაშუქების ტონს, მონიტორინგის განმავლობაში პერიოდულად შეინიშნებოდა უარყოფითი ტონის ზრდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიმართ, რაც დიდწილად განპირობებული იყო ჯერ წინასაარჩევნოდ ციხის კადრების გავრცელების, ხოლო ახალი მთავრობის დამტკიცების შემდეგ რიგ მაღალჩინოსანთა დაჭერისა და მათ წინააღმდეგ მიცემული ჩვენებების გაშუქებით. სუბიექტ მთავრობის მიმართ, რომელიც ყველაზე ხშირად გაშუქდა მონიტორინგის ბოლო პერიოდში, უმეტესწილად, ნეიტრალური ტონი დაფიქსირდა.

პატიმართა წამების სკანდალური კადრების გავრცელების შემდეგ, ჟურნალისტის ტონი ხელისუფლების მიმართ მკვეთრად ნეგატიური არ გამხდარა (რაც, ხშირად, აშკარად შეინიშნებოდა სხვა ვებგვერდებზე). აღსანიშნავია, რომ პირველივე სტატიაში, რომელიც ამ თემას მიეძღვნა, უფრო მეტი აქცენტი გაკეთდა შსს-ს მიერ თავდაპირველად გამოქვეყნებულ ვიდეომასალაზე, ვიდრე, მოგვიანებით ტელეკომპანიების მიერ გავრცელებულ კადრებზე.

არჩევნების დღეს ვებგვერდმა მოვლენები ფართოდ გააშუქა. სხვა დღეებთან შედარებით, თვალში საცემი იყო სტატიების სიხშირე. განსაკუთრებული ყურადღება საარჩევნო დარღვევებს დაეთმო. აღსანიშნავია, რომ ავტორები უფრო მეტად ნაციონალური მოძრაობის ან ქართული ოცნების მიერ განცხადებულ დარღვევებზე აპელირებდნენ და არა სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ აღმოჩენილ ფაქტებზე.

დარღვევების მხრივ, შეინიშნებოდა გაშუქების თავდაცვითი სტილი ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ. მაგალითად, საარჩევო დარღვევებთან დაკავშირებულ ზოგ სტატიაში წარმოდგენილი იყო მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის მხარე, რომელიც ამტკიცებდა საკუთარ სიმართლეს და არსად იყო ნახსენები არც თავად ფაქტი, რამაც ე.წ. „თავის მართლება“ გახადა საჭირო და არც საპირისპირო აზრი.

არჩევნების შემდგომ პერიოდში, მაშინ, როდესაც დაიწყო ხელისუფლების გადაბარების პროცესი, საგრძნობლად იმატა ქართული ოცნების გაშუქების სიხშირემ. გაშუქების ტონი, ძირითადად, ნეიტრალური იყო. მთავრობის საბოლოოდ დამტკიცების შემდეგ კი, ყველაზე ხშირად ახალი მთავრობა შუქდებოდა, უმეტესად, ნეიტრალურ ტონში. ზოგადად, ვებგვერდზე განთავსებულ სტატიებში, ძირითადად, დაცულია ფაქტების სიზუსტე, მაგრამ არცთუ იშვიათად ირღვევა წყაროთა ბალანსი. მართალია, ზოგიერთ სტატიას მეორე მხარის კომენტარი სხვა, მოგვიანებით განთავსებულ მასალაში მოჰყვება, მაგრამ ეს, სიტუაციას ბევრად ვერ ცვლის, ვინაიდან მკითხველი კონკრეტულ ამბავზე სხვადასხვა მხარის მოსაზრებებს მომდევნო სტატიებში ძებნას, როგორც წესი, ვერ დაუწყებს.

presa.ge

საიტზე მონიტორინგის პერიოდში გვხვდებოდა როგორც ახალი ამბების მიმოხილვა, ასევე, ინტერვიუები და ანალიტიკური ტიპის სტატიებიც. შედარებით ხშირად თავსდებოდა ვრცელი სტატიები, გაჯერებული ჟურნალისტთა მსჯელობებითა და მოსაზრებებით. ყველაზე მეტი მოცულობა ეთმობოდა კოალიცია ქართულ ოცნებას და მის ლიდერს. ქართული ოცნების მიმართ, უმეტეს შემთხვევებში, ნეგატიური ტონი ფიქსირდებოდა (იხ. დიაგრამა 3). არჩევნების შემდგომ პერიოდში კი მკვეთრი კრიტიკა დაფიქსირდა ახალი მთავრობის მისამართით.

დიაგრამა 3.

0x01 graphic

ამ ვებგვერდის ჟურნალისტები, რიგ შემთხვევებში, იყენებენ არაეთიკურ გამოთქმებს. ძირითადად, ქართული ოცნების ორი ლიდერის - ბიძინა ივანიშვილის და კახი კალაძის მისამართით. presa.ge ღიად გამოხატავდა უარყოფით დამოკიდებულებას კოალიცია ქართული ოცნების მიმართ. ვებგვერდი გამოირჩეოდა ჟურნალისტური სტანდარტებისა და ეთიკის ნორმების უხეში დარღვევით.

ჟურანალისტის ტონი მკვეთრად ნეგატიურია სამი სუბიექტის მიმართ: ქართული ოცნება, დემოკრატიული მოძრაობა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები. ადგილობრივ არასამთავრობოებში იგულისხმება ის ორგანიზაციები, რომლებიც, ჟურნალისტის მოსაზრებით, დაკავშირებული იყვნენ კოალიცია ქართულ ოცნებასთან. დანარჩენ სუბიექტებთან მიმართებაში ჟურნალისტის ტონი, ძირითადად, ნეიტრალურია.

პოზიტიური ტონი ფიქსირდებოდა მხოლოდ პარტია ნაციონალურ მოძრაობის და პრეზიდენტის გაშუქებისას. წინასაარჩევნო პერიოდში, ციხეში წამების კადრების გავრცელების შემდეგ, მთავრობის მიმართ დაფიქსირდა ნეგატიური ტონი, რაც, ძირითადად, გამოწვეული იყო ოპოზიციის წარმომადგენელთა კომენტარებითა და შეფასებებით.

არჩევნების შემდგომ პერიოდში უარყოფითი ტონი ქართული ოცნების და ახალი მთავრობის მიმართ გამოვლინდა. ვებგვერდი ილუსტრაციების თვალსაზრისით საკმაოდ მრავალფეროვანი იყო. ქართულ ოცნებასთან დაკავშირებულ ყველა ფოტოს, რომლებიც თავად ნეიტრალური ხასიათის იყო, ყოველთვის ახლდა უარყოფითი კომენტარი. იგივეს ვერ ვიტყვით სხვა სუბიექტებთან დაკავშირებით, მათი ფოტოები და თანდართული კომენტარები მხოლოდ ნეიტრალური ტონის შემცველი იყო.

სტატიების სათაურები, სადაც კოალიცია ქართული ოცნების შესახებ არის საუბარი, უმეტესად, ნეგატიური ხასიათისაა, შეიცავს ირონიასა და შეურაცხმყოფელ ანალოგიებს, მეტაფორებს ქართული ოცნების მისამართით.

მონიტორინგის პერიოდში გამოვლინდა, რომ presa.ge-ს ყველა სხვა სუბიექტი აინტერესებდა მხოლოდ ქართულ ოცნებასთან მიმართებაში. ხშირად გვხვდებოდა ინტერვიუები სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებთან, რომლებიც, ძირითადად, აფიქსირებდნენ ნეგატიურ განწყობას კოალიცია ქართული ოცნების და ბიძინა ივანიშვილის მიმართ, მაგ.: ლეიბორისტები, ახალი მემარჯვენეები, თავად ქართული ოცნების ლიდერებთან ინტერვიუ კი იშვიათად გვხვდებოდა.

18-22 სექტემბერს, პატიმართა წამების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ, ინფორმაციები ვებგვერდზე გაშუქდა მხოლოდ ოფიციალური სტრუქტურების მხრიდან მოწოდებული პრესრელიზების მიხედვით. იყო რამდენიმე ნეგატიური ხასიათის მასალაც, სადაც ოპოზიციის ლიდერები საუბრობდნენ, მაგრამ ძირითადი აქცენტი სტატიებში კეთდებოდა ციხეში არსებული სიტუაციის სწრაფ გამოსწორებასა და სამთავრობო ცვლილებებზე.

presa.ge-მ 1 ოქტომბრის არჩევნები გააშუქა საკმაოდ მიკერძოებულად, საიტი შემოიფარგლებოდა მხოლოდ რამდენიმე რეგიონის ინფორმაციით და ავრცელებდა დაუდასტურებელ ცნობებს ქართული ოცნების მაჟორიტარების დამარცხების შესახებ.

არჩევნების შემდგომ პერიოდში საიტზე ახალი მთავრობის მიმართ გაჩნდა მკვეთრი კრიტიკა, ხოლო ნაციონალური მოძრაობის და პრეზიდენტის მიმართ იმატა პოზიტიური ტონის შემცველმა სტატიებმა. ასევე, იმატა ინფორმაციებმა საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშების შესახებ.

თვისებრივი ანალიზის მიხედვით, presa.ge-ზე სიძულვილის ენის გამოყენების შემთხვევები საკმაოდ ხშირად ვლინდებოდა ჟურნალისტების მიერ. სტატიის ენა ხშირად იყო არაეთიკური, გვხვდებოდა დისკრიმინაციული ტერმინოლოგიაც, ირღვეოდა უდანაშაულობის პრეზუმფცია. სხვადასხვა ჟურნალისტის მიერ მომზადებული სტატიების არაკორექტული ეპითეტები ხშირად ემთხვეოდა ერთმანეთს.

civil.ge

მონიტორინგის პერიოდში civil.ge-ზე ქვეყნდებოდა როგორც მოკლე, საინფორმაციო ხასიათის სტატიები, ასევე, შედარებით ვრცელი, ანალიტიკური სახის წერილები. უმეტეს შემთხვევაში, civil.ge-ს სტატიები წარმოადგენს ახალი ამბების მიმოხილვას, რასაც თან ერთვის ჟურნალისტისა და რესპონდენტთა კომენტარები. რიგ შემთხვევებში, civil.ge გვთავაზობს მხოლოდ მშრალ, მოკლე ინფორმაციას მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ მთელი ქვეყნის მასშტაბით. მისი სტატიები ჟურნალისტური სტანდარტებისა და ეთიკის ნორმების დაცვით, მაღალი პროფესიონალური დონით არის მომზადებული. ვებგვერდი გამოირჩევა საკითხების დაბალანსებული და მიუკერძოებელი გაშუქებით. აქ მიუკერძოებლად და პროფესიულად გაშუქდა როგორც წინასაარჩევნო პერიოდი, ასევე, საპარლამენტო არჩევნები და მას შემდეგ განვითარებული მოვლენები.

მონიტორინგის პერიოდში civil.ge ყველაზე ინტენსიურად მთავრობის, კოალიცია ქართული ოცნების, პრეზიდენტისა და გაერთიანებული ნაციონალური მოძრაობის საქმიანობას აშუქებდა. უნდა აღინიშნოს, რომ ვებგვერდი საკმაოდ დიდ ყურადღებას უთმობდა, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქმიანობის გაშუქებას. სუბიექტებს civil.ge, უმეტესწილად, ნეიტრალურ ტონში აშუქებდა და ადგილი არ ჰქონია რომელიმე მათგანის მიმართ გამოკვეთილად უარყოფითი ან დადებითი ტონით გაშუქებას (იხ. დიაგრამა 4). თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ სექტემბრის მეორე ნახევრიდან გაიზარდა ხელისუფლების მიმართ უარყოფითი ტონის მაჩვენებელი, რაც, ძირითადად, განაპირობა ციხეებში პატიმართა წამების ამსახველი კადრების გავრცელებამ. ამ პერიოდში ხელისუფლების მიმართ უარყოფით ტონში საუბრობდა რესპონდენტთა უმეტესობა. აქვე უნდა ითქვას, რომ civil.ge-ზე ჟურნალისტთა ტონი, უმეტესად, ნეიტრალურია და ამა თუ იმ სუბიექტისადმი დადებითი ან უარყოფითი ტონი, ძირითადად, ფიქსირდებოდა რესპონდენტთა მხრიდან.

civil.ge-ზე გამოქვეყნებული სტატიების სათაურები, უმეტესად, ნეიტრალურ ტონს ატარებდა. მონიტორინგის პერიოდში თითქმის არ ყოფილა შემთხვევა, რომ სტატიის სათაურს გამოეხატოს ტენდენციური დამოკიდებულება რომელიმე სუბიექტისადმი ან დისკრიმინაციული და არაეთიკური სახის ტერმინები ყოფილიყო ნახმარი.

civil.ge-ს სტატიებში წყაროთა ბალანსი, უმეტესად, მაღალ დონეზეა დაცული. მონიტორინგის პერიოდში თითქმის არ შეგვხვედრია სტატია, რომელშიც მოცემული იქნებოდა რომელიმე კონკრეტული სუბიექტის ცალმხრივი კრიტიკა. civil.ge-ს სტატიები, მეტწილად, სანდო ინფორმაციაზე დაყრდნობით მზადდებოდა. მონიტორინგის პერიოდში არ ყოფილა შემთხვევა, რომ რაიმე მნიშვნელოვანი მოვლენის შესახებ ინფორმაცია ანონიმური ან საეჭვო წყაროების მიერ ყოფილიყო მოწოდებული. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ მონიტორინგის პერიოდში ვებგვერდზე გამოქვეყნდა არაერთი სტატია, რომელშიც ამომწურავი ინფორმაცია იყო წარმოდგენილი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ. უნდა აღინიშნოს, რომ civil.ge-მ აქტიურად და მიუკერძოებლად გააშუქა მონიტორინგის პერიოდში მომხდარი ყველა განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენა.

დიაგრამა 4.

0x01 graphic

განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ მონიტორინგის პერიოდში civil.ge-ზე საერთოდ არ შეგვხვედრია ჟურნალისტის მიერ ეთიკური ნორმების დარღვევები და არც დისკრიმინაციული ტერმინოლოგიის ან ე.წ. სიძულვილის ენის გამოყენების შემთხვევები.

დაკვირვების შედეგად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ civil.ge-ს სტატიები გამოირჩეოდა უმაღლესი პროფესიონალური და ეთიკური სტანდარტების დაცვით. ასევე, მის სტატიებში ყოველთვის შეიმჩნეოდა ჟურნალისტის თავშეკავებული მსჯელობა ამა თუ იმ სუბიექტზე; რა თქმა უნდა, იყო ჟურნალისტის მხრიდან კონკრეტული მოვლენის ან პიროვნების კრიტიკა, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს ყოველთვის კონკრეტული ფაქტებიდან გამომდინარეობდა, არ იყო გადამეტებული ან ამა თუ იმ პიროვნების შეურაცხმყოფელი.

tabula.ge

მონიტორინგის პერიოდში tabula.ge-ზე განთავსებული მასალების უმრავლესობა საინფორმაციო და ნეიტრალური შინაარსის იყო. თუმცა, დღის წესრიგისა და აქცენტების საშუალებით, სახელისუფლებო ძალების მიმართ გარკვეული სიმპათიები მაინც შეიმჩნეოდა. ახალი ამბების განყოფილებაში იშვიათად გვხვდებოდა შეფასებითი და ანალიტიკური სტატიები. მონიტორინგის პერიოდში საიტზე მასალები ერთ წყაროს, რომელიმე ოფიციალურ განცხადებას ეყრდნობოდა და მეორე მხარე იშვიათად იყო წარმოდგენილი.

წინასაარჩევნო პროცესის პირველ ფაზაში მკვეთრად იგრძნობოდა ჟურნალისტთა მიკერძოებული დამოკიდებულებები ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიმართ. წინა საარჩევნო პერიოდის მეორე ფაზაში რედაქცია უფრო მეტად ცდილობდა ნეიტრალური ტონის დაცვას, თუმცა, მთავარი თემების თანაბარი გაშუქების პარალელურად, უნდა აღინიშნოს სტატიებში გამოკვეთილი აქცენტები, რომელიც ხელისუფლების საქმიანობის პოზიტიური კუთხით წარმოჩენას უწყობდა ხელს. ეს, ერთი შეხედვით, შეუმჩნეველი ფორმაა ხელისუფლების პოზიციების გასამყარებლად და მკაფიოდ არ იკვეთება რაოდენობრივ კვლევაში.

პატიმართა წამების ამსახველი კადრების გავრცელება tabula.ge-ს დღის წესრიგს არ დასტყობია. განსაკუთრებული ცვლილებები არ შეიმჩნევა სტატიების რაოდენობის და მოცულობის თვალსაზრისით. თუ გადავხედავთ 18-22 სექტემბრის tabula.ge-ზე განთავსებულ მასალებს, დავინახავთ, რომ ჭარბობს ხელისუფლების და საერთაშორისო ორგანიზაციების განცხადებები, სადაც სიტყვები „სასწრაფო გამოძიება“ არის მთელი შინაარსის გამომხატველი. ამ პერიოდში ინფორმაციის ნაკლებობა შეიმჩნეოდა გამოთქმული საზოგადოებრივი პროტესტის შესახებ. აქციები შუქდება მოკლე საინფორმაციო ფორმით, არის ხელისუფლების მიმართ კრიტიკული სტატიებიც. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში tabula.ge-ზე გამოქვეყნდა რამდენიმე სტატია, რომელიც რუსეთის შემოჭრის საშიშროებაზე მიუთითებდა.აქვე შეიძლება მოვიყვანოთ მაგალითი, სადაც ჟურნალისტი ცდილობს, ძველ დროზე გაამახვილოს ყურადღება და ამით შეასუსტოს საზოგადოების რეაქცია, რაც მოჰყვა ციხეში ძალადობის ამსახველ კადრებს.

არჩევნების დღეს შეიმჩნევა სტატიების რაოდენობის მატება. რედაქცია ცდილობდა, ნეიტრალურად და მრავალფეროვნად დაეფარა მოვლენები, თუმცა მაინც იკვეთება რედაქციის პოზიტიური დამოკიდებულება ერთიანი ნაციონალური მოძრაობისადმი. ზოგად სურათთან შედარებით, რედაქცია ამ პერიოდში უფრო ნეიტრალურია. სტატიები ინფორმაციული ხასიათისაა, თუმცა გვხვდება ანალიტიკური მასალებიც. ვიზუალური მასალა იშვიათად არის მოწოდებული სტატიებთან ერთად.

ახალი ხელისუფლების დამტკიცების შემდეგ tabula.ge მთლიანად საინფორმაციო ხასიათის მასალებზე გადავიდა და ნეიტრალურად აშუქებდა მოვლენებს.

წინასაარჩევნო პერიოდში, რაოდენობრივი თვალსაზრისით, კოალიცია ქართულ ოცნებას ყველაზე მეტი პროცენტული მაჩვენებელი ჰქონდა და, ხშირ შემთხვევებში, უარყოფითი ტონით მოიხსენიებოდა. არჩევნების შემდგომ პერიოდში მაქსიმალური მაჩვენებელი მოცულობის მიხედვით ახალ მთავრობას ჰქონდა. მონიტორინგის ამ მონაკვეთში ნეგატიური ტონი იშვიათად ფიქსირდება.

მთლიანი მონიტორინგის პროცესში სათაურები ნეიტრალური და ინფორმაციული ხასიათის იყო და ზუსტად გამოხატავდა მოცემული მასალის შინაარსს. სტატიები მოკლედ და ნეიტრალურ ტონში იწერებოდა. tabula.ge-ს მასალებს წყაროების სიმრავლე არ ახასიათებდა, ჟურნალისტები, ძირითადად, ოფიციალურ განცხადებებს ეყრდნობოდნენ და იშვიათად წარმოაჩენდნენ მოვლენის შესახებ საპირისპირო აზრს. უნდა აღინიშნოს, რომ tabula.ge-ს სტატიებში ყოველთვის დაცული იყო ჟურნალისტური ეთიკის ნორმები. ზოგ შემთხვევებში ჟურნალისტთა მსჯელობა შეიცავდა კრიტიკას ამა თუ იმ სუბიექტის მიმართ, თუმცა ეს კრიტიკა არ სცდებოდა ჟურნალისტური ეთიკის ნორმებს.

onlinenews.ge

მთლიანი მონიტორინგის პერიოდში onlinenews.ge მოკლე და ნეიტრალური ხასიათის სტატიებით შემოიფარგლებოდა. თითქმის ყველა სტატიას ახლდა ნეიტრალური ფოტო. საიტი, ძირითადად, საიფორმაციო სააგენტოს სტილში მუშაობდა, პრესრელიზებსა და ოფიციალურ განცხადებებზე დაყრდნობით უკომენტაროდ ავრცელებდა ინფორმაციებს. არ შეიმჩნეოდა ნეგატიური ტონი და არაეთიკური დამოკიდებულება. იყო შემთხვევები, როდესაც რედაქციამ სრულფასოვნად არ ასახა მოვლენები (მაგ.: ციხის კადრების გავრცელება), რაშიც ერთგვარი ტენდენციურობა გამოამჟღავნა.

წინასაარჩევნო პერიოდში განსაკუთრებით აშკარა იყო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიმართ ვებგვერდის რედაქციის დადებითი დამოკიდებულება. ამ პერიოდში ვებგვერდის ძირითად სუბიექტად ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გვევლინებოდა, ძირითადად, დადებით ან ნეიტრალურ ტონში. თუმცა მის მიმართ მცირე რაოდენობის კრიტიკული მასალაც გვხვდებოდა.

onlinenews.ge-ს ციხის კადრების თემა სრულფასოვნად არ გაუშუქებია. საიტზე მცირე დოზით იყო მოწოდებული ინფორმაცია აქციების და პატიმრების შესახებ. ამ პერიოდში ისევ ჭარბობდა მთავრობის პოზიცია, რომელიც აქცენტს აკეთებდა სახელმწიფოს ჩარევის შედეგად გატარებულ ცვლილებებზე.

onlinenews.ge-ზე დაბალანსებულად და მრავალფეროვნად შუქდებოდა არჩევნების პროცესი. ამ პერიოდში არ არის დარღვეული ეთიკური ნორმები. ჟურნალისტები ნეიტრალურ ტონს ინარჩუნებენ. არ გამოვლენილა სიძულვილის ენა. მონიტორინგის პერიოდში ძველ მთავრობას და ერთიან ნაციონალურ მოძრაობას მთლიანობაში მეტი მოცულობით ეთმობოდა დრო საიტზე, ვიდრე სხვა სუბიექტებს. არჩევნებამდე, ძირითადად, ნეიტრალური ტონით შუქდებოდა კვლევის სუბიექტების უმრავლესობა. არჩევნების შემდგომ პერიოდში შესამჩნევი გახდა ცვლილებები. კერძოდ: ახალ მთავრობას - კოალიცია ქართული ოცნებას მეტი მოცულობითი დრო დაეთმო და, ძირითადად, ნეიტრალურ ტონში გაშუქდა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ რაოდენობრივ კვლევაში კოალიციის მიმართ ნეგატიური ტონიც იკვეთება.

onlinenews.ge ცდილობდა დაბალანსებულად გადმოეცა ინფორმაცია, თუმცა ხშირ შემთხვევაში ჭარბობდა სტატიები ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შესახებ. სათაური და ვიზუალური მასალა, ძირითადად, შეესაბამებოდა ინფორმაციის შინაარსს. ჟურნალისტები მშრალად გადმოსცემდნენ ოფიციალურ ინფორმაციას და არ ცდილობდნენ, ეჩვენებინათ სტატიის სხვა სუბიექტების მოსაზრებები.

for.ge

ამ ვებგვერდზე განთავსებული სტატიები, ძირითადად, მოცულობითი, ანალიტიკური ან შეფასებითი ტიპისაა. მონიტორინგის პერიოდში ხშირად გვხვდებოდა თარგმნილი სტატიებიც, რომლებიც ვებგვერდზე www.foreignpress.ge-დან ხვდება. ეს სტატიები ნათარგმნია სხვადასხვა რესპექტაბელური უცხოური გამოცემიდან და ეხმაურება საქართველოში მიმდინარე აქტუალურ მოვლენებს. ვებგვერდზე ხშირია ინტერვიუებიც. მონიტორინგის მთელი პერიოდის განმავლობაში ვებგვერდზე ყოველთვის შეინიშნებოდა ნაციონალური მოძრაობის მეტი კრიტიკა და მეტი ლოიალობა ქართული ოცნების მიმართ (იხ. დიაგრამა 2). თუმცა, ახალი მთავრობის დამტკიცების შემდეგ, შეიძლება ითქვას, რომ მმართველი გუნდის მიმართ კრიტიკამ იმატა, მაგრამ ამის პარალელურად არ შემცირებულა ნაციონალური მოძრაობის მიმართ კრიტიკული გაშუქების ტონი. აღსანიშნავია, რომ მონიტორინგის განმავლობაში ვებგვერდზე განთავსებულ სტატიებში ხშირად ფიქსირდებოდა დისკრიმინაციული ტერმინოლოგია სტატიის ავტორთა მხრიდან.

დიაგრამა 2.

0x01 graphic

განსხვავებით სხვა ვებგვერდებისგან, რომლებიც ახალ პოლიტიკურ რეალობაში მთავრობის აქტივობებს პარტიების საქმიანობაზე მეტად აშუქებდნენ, for.ge-მ თითქმის უცვლელად შეინარჩუნა გაშუქების დინამიკა და მონიტორინგის დასასრულს კვლავაც ისეთივე სიხშირით აშუქებდა ქართულ ოცნებას და ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, როგორც მონიტორინგის საწყის ეტაპზე.

სტატიების ტონის მიხედვით შეფასებისას ჩანს, რომ ნაციონალური მოძრაობა ხშირ შემთხვევებში უარყოფით ტონში შუქდებოდა. იშვიათად ფიქსირდებოდა ჟურნალისტის დადებითი ტონი რომელიმე სუბიექტის გაშუქებისას, თუმცა ნეგატიური ტონი ხშირად შეინიშნებოდა, უფრო მეტად მთავრობის, პრეზიდენტისა და ხელისუფლების მიმართ.

არჩევნების დღეს ინტერნეტგამოცემა სკანდალური განცხადებებით გამოირჩეოდა და ტრადიციულად კრიტიკული იყო ხელისუფლების მიმართ. ვებგვერდი განსაკუთრებულ აქცენტს რეგიონებში მომხდარ საარჩევნო დარღვევებზე აკეთებდა და ცდილობდა, ამ მხრივ ექსკლუზიური ყოფილიყო, ეყრდნობოდა რა საკუთარ კორესპონდენტებს. for.ge-მ ეგზიტპოლების შედეგები არჩევნების დღეს არ გააშუქა და აღნიშნული შედეგების შესახებ ინფორმაცია ვებგვერდზე მხოლოდ 2 ოქტომბერს გამოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ არჩევნებამდე ნეგატიური გაშუქების ტონი ვებგვერდზე ქართულ ოცნებას ხშირად უცხოური გამოცემების თარგმნილი სტატიების ხარჯზე უგროვდებოდა. თუმცა, არჩევნების და, განსაკუთრებით, ახალი მთავრობის დამტკიცების შემდეგ, სტატიებში ხშირად შეინიშნებოდა ნეგატიური, გარკვეულწილად, იმედგაცრუებული ტონი უშუალოდ სტატიების ავტორთა მხრიდან. ასეთი ტონი, ძირითადად, იმ შემთხვევებში ფიქსირდება, როდესაც საუბარია გარკვეულ მოლოდინებზე, რომლებიც არსებობდა ახალი მთავრობის მიმართ, თუმცა ამ მხრივ წინ გადადგმულ ნაბიჯებს სტატიის ავტორები ჯერ ვერ ხედავენ.

for.ge ზე გამოქვეყნებულ სტატიებში იშვიათად ფიქსირდება წყაროთა ბალანსი, თუმცა მხედველობაში მისაღებია ისიც, რომ ვებგვერდზე ხშირია ინტერვიუები და ნათარგმნი სტატიები. საკმაოდ ბევრია სტატია, სადაც ადვილი შესაძლებელია, მკითხველმა ეჭვი შეიტანოს ფაქტების სიზუსტეში. ასევე, ხშირად სტატიის ავტორები ეყრდნობიან ანონიმურ წყაროებს, რომელთა სანდოობა მკითხველისთვის საეჭვო შეიძლება იყოს.

მონიტორინგის მთელი პერიოდის განმავლობაში შეგვხვდა არა ერთი ვიზუალური მასალა, ფოტომონტაჟი, რომელიც ზოგჯერ შეურაცხმყოფელი და კომიკური ქვეტექსტების შემცველია, უფრო ხშირად ნაციონალური მოძრაობის მიმართ. for.ge-ს სტატიების უმრავლესობაში შესამჩნევია შესაბამისობის პრობლემა. სტატიები ხშირად დაფუძნებულია არა ფაქტებზე, არამედ ავტორის ვარაუდებზე. შესაბამისად, გამოტანილი დასკვნებიც ვარაუდებს ეფუძნება და ამდენად არადამაჯერებელია. მეტწილად ჟურნალისტი გვევლინება მხარედ და ეს განსაკუთრებით კარგად იკვეთება ინტერვიუს ტიპის სტატიებში.

ვებგვერდზე განთავსებული სტატიები, უმრავლეს შემთხვევაში, გამოირჩევა ჟურნალისტის ენის შეუსაბამობით, უფრო მეტად, კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მიმართ.

ასევე, არაერთხელ შეგვხვდა სტატია, სადაც ზოგჯერ გამოკვეთილად, ზოგჯერ შეფარულად, მაგრამ მაინც იგრძნობოდა დისკრიმინაციული დამოკიდებულება კონკრეტული ეროვნული უმცირესობის მიმართ.

dfwatch.net

dfwatch.net გამოირჩევა სტატიების მრავალფეროვნებით; გარდა პოლიტიკური პარტიებისა, ვებგვერდი საკმაოდ დიდ ყურადღებას უთმობს საერთაშორისო ორგანიზაციების, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქმიანობის გაშუქებას. ასევე, საკმაოდ დიდი ყურადღება ეთმობა მედიის პრობლემებს, მაგალითად must carry-ს განხილვას და ტელეკომპანია მაესტროს ანტენების დაყადაღებას. dfwatch. net საკმაოდ დაბალანსებულია და მონიტორინგის პერიოდში საერთოდ არ ჰქონია ადგილი ჟურნალისტური სტანდარტების უხეშ დარღვევას. ვებგვერდი საარჩევნო სუბიექტებს, უმეტესწილად, ნეიტრალური ტონით აშუქებს. მართალია, რიგ შემთხვევებში შეიმჩნევა ხელისუფლების მიმართ კრიტიკული განწყობა, თუმცა ეს კრიტიკა ყოველთვის კორექტულია.

მონიტორინგის პერიოდში dfwatch.net ყველაზე ინტენსიურად მთავრობისა და კოალიცია ქართული ოცნების საქმიანობას აშუქებდა. ასევე, როგორც უკვე აღვნიშნეთ, დიდი ყურადღება ეთმობოდა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. ვებგვერდი საარჩევნო სუბიექტებს, უმეტესწილად, ნეიტრალურ ტონში აშუქებდა, თუმცა პერიოდულად შეინიშნებოდა ხელისუფლებისა და ნაციონალური მოძრაობის მიმართ უარყოფითი ტონის მაღალი პროცენტული მაჩვენებელი.

dfwatch.net-ზე მონიტორინგის პერიოდში, უმეტესად, გვხვდებოდა საშუალო ზომის სტატიები, რომლებშიც, ძირითადად, მიმოხილული იყო ახალი ამბები, რასაც ერთვოდა ჟურნალისტისა და რესპონდენტთა კომენტარები. dfwatch. net-ზე გამოქვეყნებული სტატიების სათაურები, უმეტეს შემთხვევაში, ნეიტრალურ ტონს ატარებდა. სტატიებს ხშირად არ ახლდა ფოტომასალა; ხოლო თუ ფოტო ერთვოდა, ის ყოველთვის ნეიტრალური ხასიათის იყო და არ გამოხატავდა რედაქციის დადებით ან უარყოფით დამოკიდებულებას რომელიმე სუბიექტის მიმართ. თუმცა იყო შემთხვევებიც, როდესაც სტატიების სათაურები ნეგატიურ ტონს შეიცავდა ხელისუფლების მიმართ. მონიტორინგის პერიოდში dfwatch.net-ზე არ დაფიქსირებულა არც ერთი სათაური, რომელშიც ოპოზიციური ძალები უარყოფითი ტონით იქნებოდა მოხსენიებული.

უნდა აღინიშნოს, რომ dfwatch.net-ზე საკმაოდ მაღალ პროფესიულ დონეზე იყო დაცული გაშუქების ბალანსი. დაკვირვების შედეგად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ არ შეინიშნებოდა რაიმე სახის მიკერძოებულობა ან ჟურნალისტური სტანდარტების დარღვევა. ასევე, აღსანიშნავია, რომ მონიტორინგის პერიოდში საერთოდ არ ჰქონია ადგილი ჟურნალისტური ეთიკის ნორმების დარღვევას, მაგალითად, დისკრიმინაციულ ტერმინოლოგიას, ე.წ. სიძულვილის ენის გამოყენებას ან ამა თუ იმ სუბიექტის გადამეტებულ კრიტიკას. თუმცა, განსაკუთრებით უნდა გამოვყოთ 1 ოქტომბერს გამოქვეყნებული სტატია, რომელიც კახეთში 10 თვის ჩვილის გარდაცვალებას ეხება. ამ სტატიაში უხეშად არის დარღვეული წყაროთა ბალანსი, რადგან რესპონდენტები თავიანთ კომენტარებში უაღრესად მძიმე დანაშაულს აბრალებენ ნაციონალური მოძრაობის წევრებს და არ არის წარმოდგენილი მეორე მხარე, რომელსაც ასეთ მძიმე ბრალდებებზე პასუხის გაცემის საშუალება უნდა მისცემოდა.

უნდა აიღინიშნოს, რომ dfwatch.net-მა აქტიურად და მიუკერძოებლად გააშუქა მონიტორინგის პერიოდში მომხდარი ყველა განსაკუთრებული მნიშვნელობის ამბავი, როგორებიცაა: პატიმართა წამების კადრების გავრცელება და მას შემდგომ განვითარებული მოვლენები, საპარლამენტო არჩევნების პროცესი, ახალი პარლამენტის შეკრება და ა.შ. დაკვირვების შედეგად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ dfwatch.net მოვლენებს მეტნაკლებად მიუკერძოებლად აშუქებს. თუ რამდენიმე გამონაკლისს არ ჩავთვლით, ამ ვებგვერდის სტატიები, უმეტეს შემთხვევაში, მაღალ პროფესიულ დონეზეა მომზადებული. მონიტორინგის პერიოდში თითქმის არ ჰქონია ადგილი ჟურნალისტური სტანდარტებისა და ეთიკური ნორმების უხეშ დარღვევებს. dfwatch.net-მა საკმაოდ მიუკერძოებლად და პროფესიულად გააშუქა როგორც წინასაარჩევნო პერიოდი, ასევე, საპარლამენტო არჩევნები და არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენები.

palitratv.ge

ვებპორტალი სხვა მედიასაშუალებებისგან განსხვავდება იმით, რომ ათავსებს მოკლე, ძირითადად, ინფორმაციული ტიპის ვიდეოებს, რომლებიც ერთი ან რამდენიმე მხარის კომენტარს შეიცავს. უფრო ხშირად, ვიდეოები ბრიფინგის/ პრესკონფერენციის ჩანაწერებია.

მონიტორინგის მთელი პერიოდის განმავლობაში ვებგვერდის კონტენტი გამოირჩეოდა მრავალფეროვნებით და ასახავდა როგორც სახელისუფლებო, ისე, ოპოზიციურ მოსაზრებათა სპექტრს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ხშირად ვებგვერდზე განთავსებული მასალა არის სხვა ტელევიზიის პროდუქტი (მეცხრე არხი, მაესტრო, რუსთავი-2 და ა.შ.).

palitratv.ge-ზე, სხვა ვებგვერდებისგან განსხვავებით, მონიტორინგის მთელი პერიოდის განმავლობაში არ დაფიქსირდა ერთი გამოკვეთილი ტენდენცია გაშუქების სიხშირის თვალსაზრისით. თუკი მონიტორინგის ერთ მონაკვეთზე ყველაზე მეტი მოცულობა ეთმობოდა ქართულ ოცნებას, მეორე მონაკვეთის მიმდინარეობისას ასეთი სუბიექტი მთავრობა იყო და ა.შ. აღნიშნული იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ მედიასაშუალებას არ აქვს წინასწარ ჩამოყალიბებული აზრი რომელიმე მხარის მიმართ და, უბრალოდ, მიჰყვება მოვლენებს, ცდილობს, შეძლებისდაგვარად, ობიექტურად მიაწოდოს მასალა საკუთარ მომხმარებელს.

მონიტორინგის სუბიექტები ვებგვერდზე, ძირითადად, ნეიტრალურ ტონში შუქდებოდა. სუბიექტი, რომელიც ყველაზე ნაკლებად შუქდებოდა ნეიტრალური ტონით, იყო მთავრობა (იხ. დიაგრამა 6). ჟურნალისტის ტონის მონაცემების შეჯამებისას სუბიექტების მიმართ ნეგატიური ტონი პერიოდულად ვიდეომასალის ავტორების მხრიდანაც დაფიქსირდა. აქაც ნეგატიურ ტონს უფრო ხშირად მთავრობის მიმართ ვხვდებოდით. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ არჩევნების ჩატარებისა და ახალი მთავრობის არჩევის შემდეგ ნეგატიური ტონი მთავრობის მიმართ მკვეთრად შემცირდა, მაგრამ გაიზარდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიმართ.

დიაგრამა 6.

0x01 graphic

საინფორმაციო პორტალი არჩევნების დღეს აქტიურად აშუქებდა. განსაკუთრებით მრავლად გვხვდებოდა ვებგვერდზე ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების მიერ ამომრჩეველთა აღრიცხვის ამსახველი ვიდეოები.

ასევე, განთავსდა ვიდეოები სხვა ტიპის დარღვევების შესახებ, როგორიცაა ნაციონალური მოძრაობის სიმბოლიკის ტარება და ეკრანზე ამგვარად გამოჩენა არჩევნების დღეს. მრავლად იყო წარმოდგენილი ოფიციალური პირების (მიხეილ სააკაშვილი, ბიძინა ივანიშვილი, ილია II, კახი კალაძე, ვანო მერაბიშვილი, სალომე ზურაბიშვილი და ა.შ.) მიერ ხმის მიცემისას გაკეთებული განცხადებების ვიდეოები. საინტერესოა, რომ ვებგვერდმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო საქართველოში მიმდინარე არჩევნების გაშუქებას უცხოურ მედიაში და, ამასთან დაკავშირებით, რამდენიმე ვიდეო განათავსა.

palitratv.ge-მ ყურადღების გარეშე არ დატოვა მიხეილ სააკაშვილის ვიზიტები რეგიონში არჩევნების დღეს და ამ ვიზიტების ამსახველი ვიდეოც გაავრცელა.

ამასთან, ვებგვერდმა პირველ ოქტომბერს განათავსა ეგზიტპოლების შედეგები, ქართული ოცნების გამარჯვების ზეიმისა და ხაშურში საარჩევნო უბანზე სპეცრაზმის შეჭრის ამსახველი კადრები და ამ ფაქტებთან დაკავშირებული კომენტარები.

რაც შეეხება არჩევნების შემდგომ პერიოდს, ვებგვერდზე განთავსდა ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის ამსახველი ვიდეოები, ახალი მთავრობის დამტკიცებისა და მინისტრების მიერ უფლებამოსილების გადაბარების პროცედურები. ვებგვერდს არ გამორჩა არც სოციალურად დაუცველთა საპროტესტო აქციები თბილისის მერიასთან და არც საჩივრები/განცხადებები, რომელთა მეშვეობით კონკრეტული პირები წინა ხელისუფლებას რაიმე დანაშაულში ამხელდნენ.

ზოგადად, მონიტორინგის პერიოდში თითქმის არ შეგვხვედრია მასალა, რომელზეც შეიძლება ითქვას, რომ დაუბალანსებელია. თუმცა, მაინც გვხვდება ვიდეომასალები, სადაც არა მხოლოდ სასურველი, არამედ აუცილებელი იქნებოდა ბალანსის დაცვა და მეორე მხარის პოზიციის დაფიქსირება ინფორმაციის მეტი დამაჯერებლობისთვის.

რამდენადაც ვებპორტალზე, ძირითადად, იდება ინფორმაციული ტიპის მოკლე ვიდეომასალები, რომლებშიც მინიმალურია ანალიზის/მიმოხილვის/შეფასების ხვედრითი წილი, იმდენად მათში შესაბამისობის პრობლემა ხშირად არ დგება.

ვებგვერდზე წარმოდგენილი მასალების აბსოლუტური უმრავლესობა ფაქტებზეა დაფუძნებული. არსად გვხვდება ეფექტებზე გათვლილი და სპეციალურად დამონტაჟებული მასალა.

დასკვნა

ქართულმა ონლაინ მედიამ საკმაოდ აქტიურად გააშუქა როგორც წინასაარჩევნო პერიოდი, ასევე, საპარლამენტო არჩევნების დღე და მას შემდეგ განვითარებული მოვლენები. უნდა აღინიშნოს, რომ, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ქართულ ონლაინ მედიაში არ შეიმჩნეოდა პოლარიზაცია და ვებგვერდების უმეტესობა მიმდინარე მოვლენებს მეტნაკლებად მიუკერძოებლად აშუქებდა.

ჟურნალისტური სტანდარტებისა და ეთიკური ნორმების დარღვევა, ხშირად, გამოიხატებოდა იმით, რომ ძნელი იყო თავად ჟურნალისტთა მოსაზრებებისა და ფაქტების გამიჯვნა. ასევე, გვხვდებოდა შემთხვევები, როდესაც ჟურნალისტის ტექსტი შეიცავდა შეურაცხმყოფელ გამოთქმებს ამა თუ იმ საარჩევნო სუბიექტის მიმართ. რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ვებგვერდებზე საარჩევნო სუბიექტები უმეტესწილად ნეიტრალურ ტონში შუქდებოდა. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ არჩევნების დღიდან ახალი მთავრობის დამტკიცების დღემდე ყველა შერჩეულ ვებგვერდზე საგრძნობლად გაიზარდა ნეიტრალური ტონის მაჩვენებელი (იმ ვებგვერდებზეც კი, რომლებიც, ჩვეულებრივ, დადებითი ან უარყოფითი ტონის მაღალი მაჩვენებლებით გამოირჩეოდა). არჩევნების დღის შემდეგ ვებგვერდებზე შეიცვალა ზოგიერთი საარჩევნო სუბიექტის გაშუქების სიხშირეც - თითქმის საერთოდ აღარ შუქდებოდა ის პოლიტიკური პარტიები, რომლებმაც არჩევნებში ვერ გადალახეს მინიმალური პროცენტული ზღვარი და, შესაბამისად, ვერ მოხვდნენ პარლამენტში.

მონიტორინგის შედეგად შეგვიძლია დავასკვათ, რომ ქართული ონლაინ მედიის მთავარი პრობლემებია: ფაქტებისა და ჟურნალისტთა მოსაზრებების აღრევა, ეთიკური ნორმების დარღვევა და, ზოგ შემთხვევაში, ჟურნალისტთა ღია და აშკარა მიკერძოებულობა ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის მიმართ.

7 დანართი 1 - მონიტორინგის სუბიექტები

▲ზევით დაბრუნება


  1. პარლამენტი (სპიკერი, ვიცე-სპიკერები, პარლამენტის წევრები, კომიტეტები, აპარატი);

  2. პრეზიდენტი (პრეზიდენტის ადმინისტრაცია, მრჩევლები, პრეს-სპიკერი);

  3. მთავრობა (პრემიერ-მინისტრი, მინისტრები, მინისტრის მოადგილეები, გუბერნატორები);

  4. ხელისუფლება (სპეციფიკაციის გარეშე ანუ, როდესაც დაუკონკრეტებლად ახსენებენ);

  5. ადგილობრივი თვითმმართველობა (მერები, საკრებულოების და გამგეობების თავმჯდომარეები);

  6. ცენტრალური საარჩევნო კომისია;

  7. ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები (არჩევნების კონტექსტში);

  8. საერთაშორისო ორგანიზაციები (არჩევნების კონტექსტში);

  9. არჩევნების დამკვირვებლები;

  10. გაერთიანებული ნაციონალური მოძრაობა;

  11. ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო;

  12. კოალიცია ქართული ოცნება;

  13. თავისუფალი დემოკრატები;

  14. ეროვნული ფორუმი;

  15. საქართველოს რესპუბლიკური პარტია;

  16. საქართველოს კონსერვატიული პარტია;

  17. ხალხის პარტია;

  18. საქართველოს გზა;

  19. თავისუფალი საქართველო;

  20. ახალი მემარჯვენეები;

  21. დემოკრატიული მოძრაობა- ერთიანი საქართველოსთვის;

  22. ეროვნულ-დემოკრატიული პარტია;

  23. ლეიბორისტული პარტია;

  24. მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს;

  25. საქართველოს დემოკრატიული პარტია;

  26. ქართული დასი;

  27. ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა;

  28. ევროპელი დემოკრატები;

  29. ამომრჩეველთა ლიგა;

  30. სახალხო კრება;

  31. ოპოზიცია (სპეციფიკაციის გარეშე ანუ, როდესაც დაუკონკრეტებლად ახსენებენ);

  32. კონტროლის პალატა/სახელმწიფო აუდიტის სამსახური (არჩევნების კონტექსტში);

  33. ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისია („სია“).