The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

მესამე სექტორი და პოლიტიკური პარტიები

მესამე სექტორი და პოლიტიკური პარტიები


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: დევდარიანი ზვიად, პაიჭაძე დავით, სუბარი სოზარ, არეშიძე გია, ლოსაბერიძე დავით, ხაინდრავა ივლიანე, აფციაური რამაზ, ქემბლი ქეროლაინ, ფლეტჩერი ლანსელოტ
თემატური კატალოგი მესამე სექტორი|დისკუსიები, კონფერენციები, მონიტორინგი, ანგარიშები, მიმოხილვები
საავტორო უფლებები: © მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი
თარიღი: 2004
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: დისკუსიები კავკასიურ ინსტიტუტში №4(10), სამოქალაქო ინტერესების დაცვის პროგრამა. თბილისი 2003. სერიის რედაქტორი დავით ლოსაბერიძე გამოცემა განხორციელდა აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და ორგანიზაცია გადავარჩინოთ ბავშვები (Save the Children) შორის დადებული N114-A-00-02-00140-00 თანამშრომლობის შეთანხმების ფარგლებში. ავტორთა მოსაზრებები შეიძლება არ გამოხატავდეს USAID-ისა ან Save the Children-ის შეხედულებებს. The Third Sector and Political Parties – David Losaberidze (ed.), Caucasus Institute for Peace, Democracy and Development, 2003 This publication was made possible through support provided by the US Agency for International Development (USAID) under the terms of Cooperative Agreement No. 114-A-00-02-00140-00 between USAID and Save the Children. The opinions expressed herein are those of the authors and do not necessarily reflect the views of USAID or Save the Children. გამომცემელი – მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი თბილისი, მერაბ ალექსიძის 1, ტელ. 334081, ფაქსი 334163



1 შესავალი

▲ზევით დაბრუნება


ეს ბროშურა მომზადდა საჯარო დისკუსიის საფუძველზე, რომელიც 2003 წლის 27 სექტემბერს ჩაატარა კავკასიურმა ინსტიტუტმა სამოქალაქო ინტერესების დაცვის პროგრამის ფარგლებში და რომელიც რიგით მეოთხეა არასამთავრობო ორგანიზაციების წინაშე მდგარი პრობლემებისადმი მიძღვნილ დისკუსიათა ციკლიდან.

პროგრამა დაფინანსებულია აშშ საერთაშორისი განვითარების სააგენტოს მიერ. მისი მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში მესამე სექტორის შემდგომ განვითარებას, მისი საქმიანობის (მართვა, ფინანსები, საზოგადოებასთან ურთიერთობა, სამოქალაქო ინტერესების დაცვა) ხარისხობრივ გაუმჯობესებას და მდგრადი განვითარებისათვის აუცილებელი პირობების ჩამოყალიბებას.

პროგრამას ახორციელებს კოალიცია, რომლის შემადგენლობაშიც შედიან:

  • ამერიკული ორგანიზაცია Save the Children - Georgia,

  • ექვსი ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია:

  • მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი,

  • პარტნიორები-საქართველო,

  • სამოქალაქო განვითარების ცენტრი „ალტერნატივა“,

  • სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი,

  • საქართველოს გაეროს ასოციაცია,

  • საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი.

ამას გარდა, პროგრამა ითვალისწინებს არასამთავრობო ორგანიზაციათა ფართო სპექტრის ჩართვას იმპლემენტაციის პროცესში და მათ ტექნიკურ და ფინანსურ ხელშეწყობას.

* * *

დისკუსიის თემას წარმოადგენდა არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პოლიტიკურ პარტიებს შორის ურთიერთობის საკითხი.

დისკუსიაზე განხილულ იქნა პოლიტიკურ პარტიებსა და მესამე სექტორს შორის არსებული ურთიერთობები, რაც განსაკუთრებით აქტუალური ხდება წინასაარჩევნო პერიოდში და საზოგადოებაში უკვე იქცა სპეკულაციის საგნად.

აღნიშნული თემის არჩევა განაპირობა იმ გარემოებამ, რომ სამოქალაქო ინტერესების დაცვის პროგრამა მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს საზოგადოებაში არასამთავრობო ორგანიზაციების იმიჯის ზრდის პრობლემას. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მთელი რიგი აქტივობები, რომელიც მესამე სექტორის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას ისახავს მიზნად.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ თბილისში მოქმედი მსხვილი ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დონორთა წარმომადგენლები.

ბროშურის მომზადების პროცესში მოხსენებები უფრო აკადემიური სტილით იქნა წარმოდგენილი, ამავე დროს ჩვენ არ შეგვიცვლია კამათის მონაწილეთა გამოსვლები, რათა შენარჩუნებულიყო ის განწყობა, რომელიც შეხვედრისას სუფევდა. კავკასიური ინსტიტუტის სახელით დიდ მადლობას ვუხდით როგორც ძირითად მომხსენებლებს, ისე დისკუსიის ყველა მონაწილეს.

2 ძირითადი გამომსვლელები

▲ზევით დაბრუნება


2.1 ზვიად დევდარიანი

▲ზევით დაბრუნება


შემთხვევითი არ არის, რომ შეხვედრის ორგანიზატორების მხრიდან პოლიტიკურ პარტიებსა და მესამე სექტორს შორის არსებული ურთიერთიერთობების შესახებ დისკუსია სწორედ წინასაარჩევნო პერიოდს დაუკავშირდა. ეს ურთიერთობები ყველაზე დიდი აქტივობით სწორედ არჩევნების პერიოდში გამოირჩევა და ამ ურთიერთობათა თანმდევი პრობლემებიც ყველაზე ნათლად ამ პროცესში ვლინდება.

პოზიციები სამოქალაქო სექტორს შიგნით

როდესაც პოლიტიკურ და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის არსებულ ურთიერთობებზე ვსაუბრობთ, ჩემთვის განსაკუთრებულ ინტერესს სწორედ ის ნაწილი იკავებს, რომელიც თვით სამოქალაქო ინტიტუტებს შორის არსებულ დიალოგს უკავშირდება. დისკუსიას თემაზე - შესაძლებელია თუ არა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს პოლიტიკური სიმპათიები გააჩნდეთ, რომლის აქტიური გამომხატველები და გამტარებლები იქნებიან? პოლიტიკური პროცესებისადმი როგორი მიმართებაა არასამთავრობო ორგანიზაციებისაგან სასურველი - ნეიტრალობა თუ აქტიური მონაწილეობა? საერთოდ, არსებობს თუ არა ერთიანი მიდგომა, მოდელი, რომელიც შესაძლებელი იქნებოდა განგვეზოგადებინა და სექტორის ქცევის საზომად გვექცია პოლიტიკურ პარტიებთან ურთიერთობის კუთხით? ვეჭვობ, ამ საკითხებზე ცალსახა პასუხები გაგვაჩნდეს; არასამთავრობო სექტორი არ არის ერთიანი ორგანიზმი. მისი ქაოსური ხასიათიდან გამომდინარე, დასმულ შეკითხვებზე უცილობლად აზრთა სხვადასხვაობას ექნება ადგილი.

არასამთავრობო ორგანიზაციების გარკვეული ნაწილი წინა, სხვადასხვა დონის არჩევნების დროს ნეიტრალურები იყვნენ საარჩევნო პროცესთან მიმართებაში (აქტიურ მონაწილეობას არ იღებდნენ საარჩევნო თემაზე დისკუსიებში, კანონმდებლობის შემუშავებაში, მონიტორინგში, სამოქალაქო განათლებაში). შესაბამისად, ნაკლები შეხება ჰქონდათ პოლიტიკურ პარტიებთან და სხვადასხვა საარჩევნო სუბიექტთან. იგივე გრძელდებოდა ნაკლებად აქტიურ და ემოციურ - არჩევნებს შორის პერიოდშიც. ისინი, ახდენდნენ რა სხვადასხვა სფეროს სპეციალიზაციას, ნეიტრალიტეტს სწორედ საკუთარი გრძელვადიანი სტრატეგიების განხორციელებისათვის უსაფრთხოების შექმნას უკავშირებდნენ. რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი საფრთხე მათთვის მიზნობრივი ჯგუფების (საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის) თვალში შელახული ავტორიტეტი შეიძლება გამხდარიყო, რაც შეიძლება მოჰყოლოდა არჩევნების პროცესში მათ მიერ პოზიციების აქტიურ გამოხატვასა და დაცვას. ამგვარი პოზიცია უკავშირდებოდა დონორების პოლიტიკასაც, რომელთა უმეტესობას გულზე არ ეხატება პოლიტიკურად აქტიური სამოქალაქო ინსტიტუტები. უნდა აღინიშნოს, რომ ნეიტრალურობისაკენ მსწრაფი განწყობის არსებობა დამოკიდებული არ იყო იმაზე, თუ განვითარების რა საფეხურზე იდგა ორგანიზაცია. ყველაზე ნათლად პოზიციათა განსხვავება სწორედ განვითარებულ ორგანიზაციებში იგრძნობოდა.

ამის პარალელურად, ბუნებრივია, საკმაოდ აქტიურად მუშაობდა ორგანიზაციათა მეორე ჯგუფი, რომლებიც აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ საარჩევნო დისკუსიებში, ჩართული იყვნენ პოლიტიკურ პარტიებთან მოლაპარაკებებში. სინამდვილეში, არასამთავრობოების ნაწილსა და პოლიტიკურ პარტიებს შორის დგებოდა გარიგებები „დემოკრატიული ღირებულებების“ დაცვის დაპირებებისა თუ ამ ღირებულებათა განხორციელების რეალური მექანიზმების „გამოსაცინცლად“.

დღეს პოზიციების გადახედვა იგრძნობა სექტორის ორივე ნაწილში. შესაძლებელია, ყველა ორგანიზაცია დღემდე ვერ თანხმდება პოლიტიკურ პარტიებთან ურთიერთობის, საარჩევნო პროცესებში მონაწილეობის ინსტრუმენტებში, თუმცა იგრძნობა, რომ „ყოფილი ნეიტრალები“ მზად არიან მეტ რისკზე წავიდნენ. ამის განმაპირობებლად უდავოდ საზოგადოებაში არსებული განწყობის ცვლილება მესახება, რომელიც შეუძლებელია სამოქალაქო ინსტიტუტებისთვის „ტონის მიმცემი“ არ გამხდარიყო. ამას დაემატა დონორთა ნაწილის პოლიტიკის გააქტიურება. ისინი მეტ მზაობას გამოთქვამენ მხარი დაუჭირონ ქვეყანაში დემოკრატიული ფასეულობების დაცვის უფრო გაბედულ და რისკიან სტრატეგიებს.

რაც შეეხება ორგანიზაციებს, რომლებიც პოლიტიკურ პარტიებთან აქტიურად ურთიერთობდნენ, კიდევ უფრო აქტიურდებიან. მათი ნაწილი აქტიური სამობილიზაციო-საპროტესტო საქმიანობით კავდება და საზოგადოებას არწმუნებს შეწყვიტოს მოთმენა და გახდეს საარჩევნო უფლების აქტიური გამომყენებელი. მეორე ნაწილი კი თავად მიდის პოლიტიკაში და საზოგადოებას მოუწოდებს ხმის მისაცემად. ბუნებრივია, ამ ორ ჯგუფს შორის ყველაზე აქტიურია დისკუსია პოლიტიკურ ორგანიზაციებთან ურთიერთობის ინსტრუმენტების ირგვლივ და ნებისმიერი განვითარება ამ კუთხით მნიშვნელოვანწილად ამ დიალოგს უკავშირდება.

გარდა ამ ორი ჯგუფისა, სექტორში არსებობენ ორგანიზაციები, რომლებსაც სპეციფიკის მიხედვით განსხვავებული პოზიციები უჭირავთ:

საქველმოქმედო, არასამთავრობო, არაპოლიტიკური ორგანიზაციები - ამ სამ პუნქტს ვიყენებ მათ გასამიჯნავად იმ საქველმოქმედო ორგანიზაციებისგან, რომლებიც პოლიტიკური პარტიების რეკლამაზეც არ ამბობენ უარს.

კვლევითი ინსტიტუტები, რომლებიც თავიანთი სპეციფიკით მთელ ამ პროცესს კვლევის ობიექტის თვალით უყურებენ.

ორგანიზაციები, რომლებიც ჯერ კიდევ ფრთხილობენ (შესაძლებელია ინერციით) და მზად არიან, მიზნობრივ ჯგუფებში რეიტინგი დარტყმის ქვეშ დააყენონ, ვინაიდან უფრო მეტ საფრთხეს ხედავენ გაურკვეველ ახლო მომავალში.

„სამთავრობო არასამთავრობო“ (ვაერთიანებ სახელისუფლო და ოპოზიციურს) ორგანიზაციები, რომელთა პოზიცია ცალსახად გამოხატული და დეკლარირებულია.

აქ დახატული სურათი ალბათ საკმაოდ ფრაგმენტულია, თუმცა, ნაწილობრივ სცემს პასუხს ჩემ მიერ დასაწყისში დასმულ რამდენიმე საკითხს. ფაქტობრივი ვითარების ანალიზი გვაჩვენებს, რომ არ არსებობენ მუდმივად „შეურიგებელნი“, „ნეიტრალურნი“, „სამოქალაქონი“ და ა.შ. ამას ორი ფაქტორი განსაზღვრავს: საზოგადოებრივი განწყობა და დონორების პოზიცია (რომლებსაც მხოლოდ ფინანსური უზრუნველყოფა არ უკავშირდება და მნიშვნელოვანი პოლიტიკური პოზიციის გამომხატველნი არიან).

როდესაც საუბარია არასამთავრობოების პოლიტიზირებულობის დოზის შესახებ, ჩემი ხედვისთვის მნიშვნელოვანია, რომ არასამთავრობოები, რომლებიც მუშაობენ განსაკუთრებით არჩევნებისა და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე, მაქსიმალურად ინარჩუნებდნენ დამოუკიდებლობას და მიუკერძოებლობას. ვფიქრობ, საზოგადოება სწორედ ამას მოელის მათგან.

გარდა ამისა, როდესაც ვსაუბრობთ არასამთავრობოების პოლიტიკური აქტიურობის შესახებ, ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ ისინი უპირველესად სიმართლეს და კანონის უზენაესობის პრინციპს ემსახურებოდნენ. ამ შემთხვევაში გამოირიცხება ამ ორგანიზაციათა მიმართ - ხშირად ბრმა - ბრალდება, რომ ისინი პოლიტიკურ ორგანიზაციებთან უსამართლო გარიგებებს აწარმოებენ. არასამთავრობო ორგანიზაციები მხარდაჭერას უნდა გამოხატავდნენ იმ პოლიტიკური ძალების მიმართ, რომლებიც კონკრეტულ შემთხვევაში იქნებიან სამართლიანნი, ქვეყნის ინტერესების გამტარებლები და კანონის იარაღით აღჭურვილნი. ანუ, სექტორი უნდა მოგვევლინოს არა პოლიტიკური ძალების დამცველთა როლში, არამედ დემოკრატიული ღირებულებებისა და ადამიანის უფლებების დამცველთა რანგში. თუ აქ ინტერესთა თანხვედრა მოხდა, მიმდინარე გადაწყვეტილების ძალით უნდა განისაზღვროს, ამ ღირებულებების ინტერესიდან გამომდინარე, რომელ პოლიტიკურ ძალებთან იქნება თანამშრომლობა მისაღები.

ის ორგანიზაციები კი, რომლებიც პირდაპირ არიან დაკავშირებულნი პოლიტიკურ ორგანიზაციებთან, ვფიქრობ, ღიად უნდა აცხადებდნენ ამის შესახებ. მათი მხრიდან, ნათლად გამოხატული პოზიცია დისკუსიის საგანი უნდა იყოს სექტორისთვის, საზოგადოებისთვის, რაც მათ შესაბამისი დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას მისცემს. არც დასავლური დემოკრატიებისთვის არის უცხო მათთან არსებული ფონდების საშუალებით ცალკეული სამოქალაქო ინიციატივების ფინანსური თუ პოლიტიკური მხარდაჭერა. ჩემი აზრით, ამგვარი მექანიზმი ბევრად უფრო გამჭვირვალესა და გასაგებს გახდიდა სექტორის შიგნით არსებულ ურთიერთობებსაც და სექტორსა და პოლიტიკურ პარტიებს შორის არსებულ დამოკიდებულებებს.

პოლიტიკური პარტიებისა
და არასამთავრობო ორგანიზაციების ურთიერთობა

პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო სექტორის ურთიერთობის ხასიათის განსაზღვრისთვის ისიც გასათვალისწინებელია, რომ ამ ორგანიზაციათა ასაკი ერთ ათეულ წელზე ცოტა მეტს ითვლის. 90-იანი წლების დასაწყისში, ერთი მხრივ, არასამთავრობო ორგანიზაციათა და მეორე მხრივ, „დემოკრატიული ღირებულებების მატარებელი და დამცველი“ პოლიტიკური ლიდერების ერთი ჯგუფი აშშ-ებისა და დასავლური დემოკრატიების პოლიტიკური და ფინანსური მხარდაჭერის სუბიექტები გახდნენ. მნიშვნელოვანწილად, სწორედ აშშ მთავრობის გავლენით (განათლება, გამოცდილების გაზიარება, ფინანსური უზრუნველყოფა) ლიდერები იქცნენ არასამთავრობო და პოლიტიკურ ორგანიზაციებად, რომლებიც ბოლო დრომდე აგრძელებენ ინსტიტუციონალურ განვითარებას და აყალიბებენ სამოქმედო არეალსა და სტრატეგიულ მიმართულებებს. უამრავი დადებითის პარალელურად ამ პროცესს უარყოფითი ხაზიც გაჰყვა. 90-იანი წლებისთვის დამახასიათებელი დიალოგი სამოქალაქო ინტიტუტებისა და პოლიტიკურ ლიდერებს შორის ქვეყნის განვითარების სტრატეგიაზე, ორგანიზაციული განვითარების პარალელურად, დაიკარგა და „დემოკრატიული ქვეყნის მშენებლებს“ შორის დაიწყო გამყინვარება, გაუცხოება და უნდობლობა.

90-იანი წლების შუახანებში ხელისუფლება, მისი მმართველი პარტია (მოქალაქეთა კავშირი), საკუთარი პოზიციების გამყარებით იყო დაკავებული. ომის შემდგომი ჭრილობების მოშუშება, კომუნისტური ნომენკლატურის დაბრუნება, კორუფციის არნახული აყვავება, „ქართული ეკონომიკური სასწაულის“ მითის გაქრობა, ადამიანის უფლებათა მასობრივი დარღვევები, არჩევნების ტოტალური გაყალბება თითქოს გადაუჭრელ მოთხოვნებს უყენებდა მმართველ პარტიას (ალბათ ვინმე დაუნახაობაში დამდებს ბრალს და იტყვის, რომ იყო გამარჯვებებიც). მას დასავლელი პარტნიორების თვალში დემოკრატიის შელახული ავტორიტეტის ამაღლებაევალებოდა. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლით, სიტყვის თავისუფლების პრინციპების დაცვით დაწყებული (ქმედების პრინციპი: ჯერ არღვევდა და შემდეგ იცავდა), საზოგადოებასთან ხელისუფლების გამჭვირვალე ურთიერთობების აუცილებლობის ქადაგებით დამთავრებული, მმართველმა პარტიამ არაერთი საშუალება სინჯა. ეს პერიოდი, სინამდვილეში, ერთპარტიული პერიოდის გაგრძელებას წარმოადგენდა (თუ არ ჩავთვლით „აღორძინებას“ აჭარაში).

ამ დროს არასამთავრობო სექტორიც იზოლირებულად ვითარდება. ყალიბდება ორგანიზაციულად, არკვევს სამოქმედო სფეროებს და პერიოდული დემარშებითა და აქტივობებით (ძირითადად, ადამიანის უფლებების სფეროში) იქმნის ხელისუფლების მოწინააღმდეგეთა, ალტერნატიული პოზიციის მქონეთა იმიჯს. თუმცა, ამის პარალელურად ძლიერდება ნეიტრალური, სხვადასხვა სფეროში საქმის მკეთებელი ორგანიზაციები და მრავლდება არაფრის მკეთებელი ორგანიზაციები.

სექტორის რაოდენობრივი ზრდა, მათი ცალკეული გახმაურებული საქმეები (ძირითადად, ადამიანის უფლებათა დაცვის ფაქტები) მმართველმა პარტიამ საქართველოში დემოკრატიის განმსაზღვრელ ფაქტორად „შერაცხა“ და დასავლურ დემოკრატიებს თავი მოაწონა. სხვათა შორის, ამ დროს ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ არასამთავრობო ორგანიზაციების განვითარების პროგრამაში მიწვევდნენ კომისიის წევრად. მინდა გავიხსენო, ყველა პროექტის დასაბუთება სწორედ მსგავსი სიტყვებით იწყებოდა „როგორც თქვენთვის ცნობილია, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლები ქვეყნის დემოკრატიულობის განმსაზღვრელი ფაქტორია“. დღევანდელი გადასახედიდან ჩემთვის ესეც იმის საერთო „ფსიქოზის“ შემადგენელი ნაწილი იყო, რომლის გამოყენებას სახელისუფლო პარტია არა მარტო დასავლური დემოკრატიების მოსახიბლად, არამედ თვით სექტორის სადავეების ხელში ჩასაგდებად ცდილობდა. ამისთვის საფუძველი ისინჯებოდა „შეურიგებელ“ არასამთავრობოებთან, „ნეიტრალურებთან“, თუმცა მათთან წარუმატებელი ურთიერთობების ფონზე ახალ საშუალებას მიმართეს - საკუთარი არასამთავრობოების, ე.წ. „გონგოების“ დაფუძნება. 1998-1999 წლებში არჩევნების წინა პერიოდში ამან არნახული მასშტაბები მიიღო, რისი გამოხატულებაც იყო არასამთავრობო ორგანიზაციების მასობრივი რეგისტრირება და რამდენიმე კოალიციის ჩამოყალიბება: კონგრესი, რომლის უკან იმჟამინდელი სახელმწიფო მინისტრის ვაჟა ლორთქიფანიძის სილუეტი იკვეთებოდა და კოალიცია, რომლის სათავეშიც ლევან მამალაძე გამოიკვეთა საპატიო პრეზიდენტის რანგში. ბუნებრივია, ორივე პოლიტიკურ ფიგურას საკუთარი პოლიტიკური იმიჯისა და პოზიციების გასამყარებლად ესაჭიროებოდა ამგვარი გაერთიანებები. ეს იყო იმის მიზეზი, რომ ორივე გაერთიანების „სტარტი“ და „ფინიში“ ერთად იყო განლაგებული სამოქმედო ბილიკზე.

მთელ ამ პროცესს, ბუნებრივია, არ შეიძლებოდა გავლენა არ მოეხდინა რეალური სამოქალაქო ინსტიტუტების დამოკიდებულებაზე, რაც აისახა არაერთ დისკუსიაში, გამოსვლაში, სტატიაში, დონორების შესარჩევი კომისიების დამოკიდებულებებში პროექტების შერჩევისას. პარალელურად ხელისუფლების მიერ, რომელმაც არასამთავრობო ორგანიზაციებში დაინახა რა უფრო მეტი საფრთხე, ვიდრე - „სარგებელი“, ამუშავდა იგივე მანქანა, რომელიც რამდენიმე ხნის წინ ქების სიტყვებს არ იშურებდა ამ ორგანიზაციათა მიმართ. ამ პერიოდიდან დაიწყო საზოგადოებრივი ფონის მომზადება არასამთავრობოების იმიჯის შესალახად, რათა მეორე ეტაპზე სექტორის კონტროლის მათთვის უფრო მოქნილი ინსტრუმენტები აემოქმედებინათ. არასამთავრობოები იქცნენ ანტისახელმწიფოებრივ ინსტიტუტებად, რომლებიც „გრანტიჭამიები არიან“, „არ ზრუნავენ ეროვნულ ღირებულებებზე და პროპაგანდას უწევენ უცხოურ ფასეულობებს“. ამის დასამტკიცებლად აქტიურად იყენებდნენ კონკრეტული შემთხვევების PR-ს - რელიგიის თავისუფლების დაცვის შემთხვევებს, ეროვნების პირადობის მოწმობებსა და პასპორტებში ჩაწერის დისკუსიის პროცესს და სხვა. ამ ფონზე ფინანსთა სამინისტრომ მუშაობა დაიწყო გრანტების შესახებ კანონზე. უშიშროების სამინისტროში მუშაობა დაიწყეს სპეციალურ კანონზე, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ დილეტანტური ჩანდა, შინაარსობრივი თვალსაზრისით მისი არსებობაც უკვე სასინჯი ქვის ფუნქციას ატარებდა.

ეს პროცესი უკვე ახალი სახელისუფლო პოლიტიკური ელიტის მიერ ხორციელდებოდა, რომლის რიგებიც დატოვებული ჰქონდათ „დასავლურ ღირებულებებზე ორიენტირებულ“ პოლიტიკურ ჯგუფებს.

ახალი ჯგუფებისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა არასამთავრობო ორგანიზაციებთან კავშირი, ვინაიდან მათში დასაყრდენი დაინახეს. დასაყრდენი - იდეოლოგიური თვალსაზრისით და იმავდროულად საკუთარი ინტერესების ლობირებისა და საზოგადოებრივი ნდობის მოპოვების თვალსაზრისით. ინტერესთა ამგვარი თანხევედრა, ბუნებრივია, სახელისუფლო პოლიტიკური ძალების აგრესიას იწვევს და სწორედ ამის გამო ეს უკანასკნელნი აბსოლუტურ უნდობლობას გამოხატავენ არასამთავრობოების პოლიტიკურად აქტიური ნებისმიერი ინიციატივის მიმართ. არადა, „დასავლურ ღირებულებებზე ორინტირებულ“ პოლიტიკურ ლიდერებთან თანამშრომლობას სერიოზული საფუძველი გააჩნია: 1999 წელს პარლამენტმა მიიღო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, რომლის მესამე თავი - ინფორმაციის თავისუფლება - რევოლუციურ გარღვევად ითვლება პოსტსაბჭოთა სივრცის მასშტაბითაც კი. შთამბეჭდავი იყო 2001 წლის შემოდგომისინიციატივაც: ცსკო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებით დაეკომპლექტებინათ. ვფიქრობ, ამ ინიციატივისთვის თვით სექტორიც არ იყო მზად, ვინაიდან განვითარებულ ორგანიზაციებში ამ ინიციატივისთვის მზადების პარალელურად მაინც მიდიოდა მსჯელობა, თუ რამდენად ღირდა ამ ინიციატივაზე წასვლა და რა რისკის მატარებელი იყო იგი. ინიციატივა არ განხორციელდა უმთავრესად იმ მიზეზის გამო, რომ ე.წ. დემოკრატიული ძალები გამოდგნენ იმდენად დემოკრატიულები, რომ უარი ეთქვათ არჩევნების გაყალბებაზე. დღეს თანამშრომლობის ახალი კონტურები იკვეთება ამ ჯგუფებს შორის: წინასაარჩევნო შეხვედრები, არჩევნებისშემდგომ პრიორიტეტებზე დისკუსია, არასამთავრობოებიდან წასული „მესიჯების“ გაგებისთვის მზაობა და, რაც განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს, სექტორის ცალკეული ლიდერების გადაწყვეტილება ხელისუფლებაში მოსვლასთან დაკავშირებით. ბუნებრივია, ის პირები, რომლებიც საზოგადოებაში დადებითი რეპუტაციით სარგებლობენ და სერიოზული პროფესიონალებიც არიან, ახალი პოლიტიკური ჯგუფებისთვის სასურველ ადამიანურ რესურსებად იქცნენ. და თუ დღემდე მხოლოდ პარტიებს შორის მოძრავ ფიგურებს ვადევნებდით თვალს, დღეს ახალი ხალხის პრეზენტაციის პერსპექტივა გაჩნდა პოლიტიკური სივრცეში, რომლის გამოყენებაც „დემოკრატიულ ღირებულებებზე ორიენტირებული“ ჯგუფებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელ ფაქტორად იქცა. დღეს სექტორიდან პოლიტიკაში მიდის ის ხალხი, ვინც მუშაობდა თვითმმართველობის, არჩევნების საკითხებზე, ეკონომიკურ პლატფორმებზე, კანონებზე, რომლებსაც პარლამენტი იღებდა. ვფიქრობ, ესეც სექტორის განვითარების დონემ განაპირობა.

ძირითად პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო სექტორის ურთიერთობებში არსებული პრობლემები ზემოთ მოხმობილი პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო სექტორის ურთიერთობის ისტორიის ანალიზი საშუალებას გვაძლევს გამოვიტანოთ დასკვნები ურთიერთობაში არსებული პრობლემების შესახებ.

პრობლემები სამი სახისაა: 1. პოლიტიკურ პარტიების სივრცეში, 2. არასამთავრობო სექტორში და 3. საერთო პრობლემები.

1. ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემად პოლიტიკური პარტიების განვითარების არსებული დონე გვესახება. აშკარაა, რომ თვით მათთვის საბოლოოდ გარკვეული არ არის პოლიტიკურ პარტიათა პოლიტიკური ორიენტაცია. ამაზე მეტყველებს მათი სახელწოდებები, გაურკვეველი კოალიციები, სადაც მემარჯვენეები, ცენტრისტები და მემარცხენეები ერთიანი იდეოლოგიის გარეშე ერთიანდებიან საკანონმდებლო ორგანოში მოხვედრის მიზნით. თემის გაგრძელებაა პოლიტიკურ პარტიათა მოქმედების პოლიტიკური პლატფორმების განუვითარელობა. სამწუხაროდ, დღემდე პოილტიკური კამპანიები ფიგურებზე უფრო ითვლება, ვიდრე გრძელვადიან სამოქმედო გეგმებზე. ასეთ პირობებში საკმაოდ რთულია არასამთავრობო ორგანიზაციათა მხრიდან სტაბილური თანამშრომლობის სტრატეგიის დასახვა და განხორციელება. თვალშისაცემია პოლიტიკური ძალადობა - განსაკუთრებით წინასაარჩევნო პროცესში გამეფებული მეთოდები, რომელიც ძალის დემონსტრირებისა და დაშინების გზით ელექტორატის მოპოვებაზე, ან პირდაპირ საარჩევნო ყუთებთან მიმავალი გზების დაუფლებაზეა ორიენტირებული. მაშინ, როდესაც არასამთავრობოები სამართლიან არჩევნებს ქადაგებენ და დამოუკიდებელ სადამკვირვებლო ინსტიტუტად გვევლინებიან, პოლიტიკურ პარტიათა ამგვარი ქმედებანი, ბუნებრივია, ურთიერთობებს ასუსტებენ. 2002 წლის არჩევნებმა მოსახლეობასა და არასამთავრობო ორგანიზაციებსაც დაანახეს, რომ „ყველა აყალბებს“. ალბათ ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმედგაცრუება იყო, როდესაც მოქალაქეთა კავშირიდან წამოსულმა „დემოკრატიულ ღირებულებებზე ორიენტირებულმა“ ჯგუფებმა არანაკლები სიჩაუქე გამოიჩინეს ამ საქმეში (თუმცა, ბუნებრივია მათი გამარჯვებები მხოლოდ გაყალბებას არ უნდა დაუკავშირდეს - მათ საზოგადოებრივი მხარდაჭერაც გააჩნდათ). მოსახლეობის განწყობა - საზოგადოებრივი ცხოვრების მართვაში მთავრობის უალტერნატივობის შესახებ პოლიტიკურ ძალებს უბიძგებს მეტი ყურადღება სწორედ შედეგს (ხელისუფლებაში მოსვლას) დაუთმონ, რისთვისაც ნებისმიერი მეთოდისთვის მზად არიან. ამ ფონზე ნაკლები დრო სწორედ მიზნის მიღწევის დემოკრატიულ პროცესზე (დისკუსიაზე, პლატფორმების განხილვაზე, სამოქალაქო ინტიტუტებთან ურთიერთობაზე) იხარჯება და ძირითადი დრო „შავ PR“-სა და ძალადობას ეთმობა.

2. ძირითადი პრობლემა უნდობლობაა. წარსულმა გამოცდილებამ, უდავოდ, დაღი დაასვა არასამთავრობო ორგანიზაციების განწყობას თანამშრომლობისათვის. როგორც წესი, ისინი უფრო მკაცრნი და მომთხოვნი არიან, ეს ტონი კი სადისკუსიოდ, პლატფორმების განსახილველად, საერთოეროვნული სტრატეგიების შესამუშავებლად ნაკლებად გამოსადეგია.

3. ამ ნაწილში ორ ძირითად პრობლემას გამოვყოფ: ა) ფინანსური უზრუნველყოფის პრობლემა ორივე მხარისთვის. ეს ის საკითხია, რომელიც პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო სექტორს მეტ-ნაკლები დოზით აწუხებს. პოლიტიკურ პარტიებში წევრების შენატანები მიზერულია, რის გამოც დაფინანსების ერთადერთ საშუალებად ბიზნესი რჩება. ეს იწვევს წარმატებულ ბიზნესმენთა სხვადასხვა პოილტიკურ ძალებთან ერთად მოსვლას ხელისუფლებაში (რისი ავკარგიანობაც ცალკე თემაა), ან სხვა ოპერაციებს, რაც პოლიტიკურ პარტიათა ფინანსურ გაუმჭვირვალობასთან პირდაპირ კავშირშია. არასამთავრობო ორგანიზაციათა დამოკიდებულება დონორების მიმართ ებმის მათ მუდმივ შიშს არასტაბილურობის გამო, შესაბამისად, ეს საშიშროებას უქმნის ხედვის, სტრატეგიის სტაბილურობას და სხვა ოპერაციებს, რაც უკვე არასამთავრობო ორგანიზაციათა ფინანსურ გაუმჭვირვალობასთანაა პირდაპირ კავშირში. ბ) მეორე პრობლემად ორივე მხარის რეგიონული ქსელის სისუსტე მესახება. პოლიტიკური პარტიების შემთხვევაში მისი გამოცოცხლება არჩევნებს უკავშირდება. არასამთავრობოების შემთხვევაში კი მხოლოდ ცალკეულ ქალაქსა თუ რაიონში (თელავი, გორი, ქუთაისი, ოზურგეთი, ზუგდიდი და კიდევ რამდენიმე) მოხერხდა რიცხვობრივად და ხარიხობრივად სექტორის მეტ-ნაკლებად სერიოზული ბაზების შექმნა. ორივე მხარეს არსებული ეს პრობლემა ადგილობრივი მედიის სისუსტის ფონზე ადგილობრივ მოხელეთა უმართაობისა და უსამართლობის იდეალურ საფუძველს ქმნის.

ბუნებრივია, რომ პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო სექტორის ურთიერთობებში არსებული პრობლემები შეიძლებოდა სხვა კლასიფიკაციითა თუ იდეური რგოლებითაც წარმოდგენილიყო. მე ვფიქრობ, შევეხე იმ ძირითად პრობლემებს, რომელთა აღმოფხვრაც მხარეთა ეფექტური თანამშრომლობის საფუძვლებს შექმნიდა. 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიული და სამართლიანი გზით ჩატარებამ შესაძლებელია გადამწყვეტი როლი ითამაშოს. სამართლიანი არჩევნების გზით მოსულ ახალ საპარლამენტო ციკლში პარალელურად წარიმართება პოლიტიკურ პარტიათა განვითარების ახალი ეტაპი, ახალ დონეზე ავა სამოქალაქო ინსტიტუტების განვითარება, რაც მათი ურთიერთობის უფრო ეფექტურ მექანიზმებს აამოქმედებს.

2.2 დათო პაიჭაძე

▲ზევით დაბრუნება


განსახილველი საკითხის შემოთავაზებისას ბატონი დავით ლოსაბერიძე აღნიშნავდა, რომ პოლიტიკურ პარტიებსა და მესამე სექტორს შორის არსებული ურთიერთობები განსაკუთრებით აქტუალური ხდება წინასაარჩევნო პერიოდში და საზოგადოებაში უკვე იქცა სპეკულაციის საგნად.

მე პირიქით მგონია: წინასაარჩევნო პერიოდში ამ ურთიერთობებს სწორედ რომ აკლდება აქტუალობა. პარტიები ცდილობენ, ამ პერიოდში იცხოვრონ ცნობილი დევიზით: „პარტია და ხალხი ერთიანია“. ესაა დრო, როცა პოლიტიკური კლასი თითქმის არ საჭიროებს გამაშუალებელს საზოგადოებასთან შეხებისას, არჩევს დაამყაროს პირდაპირი კონტაქტი და თუ მაინც ურთიერთობს მესამე სექტორთან, მხოლოდ იმისთვის, რომ განასახიეროს კავშირი მოქალაქეთა მეტ-ნაკლებად აქტიურ ნაწილთან, დაიხმაროს ისინი საარჩევნო მიზნების მისაღწევად. უკეთეს შემთხვევაში, მესამე სექტორი პოლიტიკურისათვის „საბაზო კლუბის“ ფუნქციას ასრულებს. ბოლო დროს ხშირია, ერთი მხრივ, პოლიტიკური ჯგუფებისა თუ ლიდერების, ხოლო მეორე მხრივ, არაპოლიტიკური და არაკომერციული გაერთიანებების წარმომადგენელთა ერთობლივი პრეს-კონფერენციები ან საზოგადოების წინაშე წარდგომის სხვა ფორმები. პოლიტიკური კლასის თითოეული „წონიანი“, „რეიტინგიანი“ სეგმენტი ცდილობს „თავისი“ მესამე სექტორი იყოლიოს. მაგალითად, გაერთიანებულ დემოკრატებს გვერდით უდგანან ქალები, რომლებიც გენდერული მგრძნობიარობის იდეებს ავითარებენ. ნაციონალურ მოძრაობას მხარში ედგა „ვაკის გონივრული განვითარების ასოციაცია“, რომელმაც ახლა ახალი მემარჯვენეებისაკენ გაიწია. ქალთა რომელიღაც ორგანიზაცია მხარს უჭერს ჯუმბერ პატიაშვილსა და „ერთობას“. აღარაფერს ვიტყვი ქართლის ცოცხალი დედების ფორმალურ ინსტიტუტზე - „საქართველოს ქალებზე მშვიდობისა და დემოკრატიისათვის“. ქალთა ორგანიზაციებს, როგორც პოლიტიკური ჯგუფების თანამგრძნობებსა და მხარდამჭერებს, მხოლოდ მაგალითისთვის შევეხე. ასეთი მაგალითის მოყვანა სხვა ორგანიზაციებზე დაყრდნობითაც შეიძლება. ვთქვათ, იგივე „ახალი მემარჯვენეები“ და „ნატო და საქართველო“. ამ არასამთავრობო ორგანიზაციაზე დაკვირვების შედეგად მრჩება შთაბეჭდილება, რომ ის, უწინარესად, „ახლების“ ერთ-ერთი სამარკო ნიშანია და შემდეგ უკვე რაღაცის მაქნისი ორგანიზაცია.

საკმარისია, პოლიტიკურმა კლასმა არასამთავრობო ორგანიზაციაში დაინახოს საფრთხე მისი ინტერესების რეალიზების გზაზე, რომ ყოველგვარი ლაპარაკი მესამე სექტორთან თანამშრომლობაზე დავიწყებას ეძლევა. შეგახსენებთ, თითქმის ყველა პოლიტიკურმა პარტიამ ერთსულოვანი ბოიკოტიგამოუცხადა საზოგადოება „სამართლიან არჩევნებს“, როცა წამოიჭრა საკითხი, რომ არჩევნებზე ხმების პარალელური დათვლა სწორედ ამ ორგანიზაციას უნდა განეხორციელებინა. მოტივი იყო უნდობლობა, რადგან ბოიკოტისტთა მტკიცებით, „სამართლიანი არჩევნები“ მიკერძოებული იქნებოდა ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ.

მოკლედ, შეიძლება ითქვას, რომ პოლიტიკოსები მესამე სექტორს მეტ-ნაკლებად ადეკვატურად აღიქვამენ ანუ არ აღიქვამენ მას მთლიანობად, სამოქალაქო ერთობად, რომელიც თუნდაც უზოგადეს საერთო ღირებულებებს, სამოქმედო (და შემდეგ უკვე ეთიკურ) პრინციპებს ეფუძნება. თუ ეს პრობლემაა, მაშინ ამ სიტყვას აქ არ ვანიჭებ მაინცდამაინც დასაძლევი სირთულის მნიშვნელობას. წინასაარჩევნო პერიოდში კი, მესამე სექტორი, სინტაქსურ ტერმინოლოგიას თუ მოვიშველიებთ, უბრალო ან ირიბი დამატებაა პოლიტიკური სექტორისათვის. შეიძლება, ზოგიერთი პოლიტიკური პარტია (მეტიც, მოქალაქეთა საგრძნობი ნაწილიც) მესამე სექტორს არა სექტორად (თუნდაც არასრულფასოვან სექტორად), არამედ უფრო სექტად მიიჩნევდეს, ჩვენში ამ სიტყვით გამოხატული შინაარსისათვის დამახასიათებელი ყველა ატრიბუტით: ფინანსდება უცხოეთიდან, ამ დაფინანსების სანაცვლოდ აღიარებს არაეროვნულ, მიუღებელ ფასეულობებს, უპირისპირდება და ძირს უთხრის ჩვენს ტრადიციებს, მისი საქმიანობა და პათოსი უცნობი ან გაუგებარია მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის და ა.შ.

საქართველოში პოლიტიკური პარტიებისა და მესამე სექტორის ურთიერთობაზე როცა ვლაპარაკობთ, ვერ ავცდებით მსჯელობას, კონკრეტულად რომელ პოლიტიკურ პარტიებთან ურთიერთობას ეხება ეს ლაპარაკი. მეორე მხრივ, საკითხავია, რა ორგანიზაციებს მოიცავს მესამე სექტორის ის ნაწილი, რომელიც პოლიტიკურ პარტიებთან ურთიერთობას ესწრაფვის ან საჭიროებს.

მოდით, თვალის ერთი გადავლებით გავიხსენოთ ის პოზიტიური წვლილი, რაც მესამე სექტორმა შეიტანა ქვეყნის დემოკრატიზაციის მცდლობაში, თუნდაც, მხოლოდ ნორმატიული აქტებისა და სხვა დოკუმენტების დონეზე: კანონი გრანტების შესახებ (დაბეგვრის შეღავათიანი რეჟიმი, რამაც ალბათ მოიზიდა დონორები და ხელი შეუწყო არასამთავრობო სექტორის რაოდენობრივ ზრდას); მესამე თავი ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში, რომელიც აქტიური მოქალაქეების ხელში, ავად თუ კარგად, მოქმედებს; ანტიკორუფციული პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები, რომელმაც დაინტერესებულ მოქალაქეებს ჩამოუყალიბა და გაუცნობიერა ის, რაც თითქოს ყველამ ისედაც იცის... პროგრესული კანონმდებლობის პარლამენტში „გათრევა“ მოხერხდა სავსებით კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფთან თანამშრომლობის შედეგად, რასაც შემდეგ, ალბათ, პრეზიდენტის ნებაც შეერთო. ეს პოლიტიკური ჯგუფი, იმხანად მოქალაქეთა კავშირის რეფორმატორებად წოდებული ფრთა, აღმოჩნდა პოლიტიკოსთა ერთადერთი კრებული, რომელთან ურთიერთქმედებაც პროდუქტიული გამოდგა არა მხოლოდ მესამე სექტორის, არამედ საზოგადოებისთვისაც. ამ ჯგუფის ხელისუფლებიდან ჩამოცილებისა და რღვევის შემდეგ მესამე სექტორმა. შესაძლოა, შეინარჩუნა მათთან თანამშრომლობის სურვილი თუ სულისკვეთება, მაგრამ არანაირ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაში ეს არ ასახულა. მესამე სექტორის ნაწილმა, იმის ნიშნადაც, რომ მხოლოდ ყოფილ რეფორმატორებთან არ ჰქონდა „კუდი გადაბმული“, სცადა „განახლებულ“ ხელისუფლებასთან თანამშრომლობაც, მაგრამ ეს მცდელობა საწყის სტადიასა და კეთილი განზრახვების დეკლარირებას არ გასცილებია. მე მგონი, წარსულის გაკვეთილებზე ხანგრძლივად სწავლა საჭირო არ არის და შეიძლება კატეგორიულადაც დავასკვნათ, რომ პოლიტიკური კლასის იმ სეგმენტთან, რომელზეც ვრცელდება პრეზიდენტ შევარდნაძის გავლენა, მესამე სექტორის თანამშრომლობას დემოკრატიულ, სამოქალაქო ინიციატივათა რეალიზებისათვის აზრი არა აქვს. მეტიც, სახელისუფლებო ბლოკის სახელით გაერთიანებული ძალებისა და პიროვნებების უმრავლესობა მესამე სექტორის კლასობრივი მტერია.

ერთი დასკვნაც: მესამე სექტორისა და პოლიტიკურ პარტიათა ურთიერთობაზე წარსულის გათვალისწინებით როცა ვლაპარაკობთ, უფრო მესამე სექტორისა და ხელისუფლების ურთიერთობაზე ლაპარაკი გამოგვდის. აქამდე მესამე სექტორის მიზნების მისაღწევად სწორედ ხელისუფლებასთან ურთიერთქმედება და ხელისუფლების ნების გამოვლენა იყო საჭირო. მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში ასეთი ნების მქონე ადამიანები თითქმის აღარ დარჩა, იკლო მესამე სექტორის საქმიანობის ეფექტმაც. არც ისე დიდი ხანი გავიდა იმ დღიდან, როცა მესამე სექტორის თვალსაჩინო წარმომადგენლები ასეთი დისკუსიისას სექტორის კრიზისზე ლაპარაკობდნენ. ვფიქრობ, მესამე სექტორი ცდილობს ამ კრიზისის გადალახვას. ეს მცდელობა ვლინდება ორ ტენდენციაში: 1. მიმართავს ძალისხმევას სექტორის საქმიანობით ახალი ადამიანების, განსაკუთრებით, ახალგაზრდების დასაინტერესებლად და 2. ცდილობს წაახალისოს სამოქალაქო აქტივობა რეგიონებში.

ხელისუფლებაზე ხელის ჩაქნევის შემდეგ მესამე სექტორი ახალი ამოცანის წინაშე დგას: მან უნდა ააგოს ურთიერთობა პოლიტიკურ პარტიებთან. მე ახლა დავუპირისპირდები ჩემსავე მტკიცებას, რომ წინასაარჩევნო პერიოდში სექტორისა და პარტიების ურთიერთობის საკითხი აქტუალობას მოკლებულია. დიახ, ამ პერიოდში პარტიებს უფრო მომხმარებლური დამოკიდებულება აქვთ მესამე სექტორისადმი, მაგრამ უკანასკნელისათვის იგივე დროითი მონაკვეთი, არჩევნების დღე და მოკლე პერიოდი შემდგომ - პოლიტიკურ პარტიათა ტესტირების ხანაა. სექტორისა და პარტიების დეკლარირებული ინტერესი ამ პერიოდში ერთმანეთს ემთხვევა, მათ ერთი მოკლევადიანი ამოცანა აქვთ - არჩევნების სამართლიანად და თავისუფლად ჩატარება. რატომღაც ეჭვი არავის შეაქვს იმაში, რომ ასეთი არჩევნების შედეგად ხელისუფლება თუ არ დამარცხდება და გამოიცვლება, საფუძვლიანად შეირყევა მაინც. მესამე სექტორი ხედავს, რომ მისი ინტერესების გარკვეული ნაწილის რეალიზება, ამდენად, თავად სექტორის ცხოველმოქმედება შესაძლებელია მხოლოდ ხელისუფლებასთან საზოგადო სიკეთისკენ მიმართული თანამშრომლობის შედეგად. ამას ხედავენ დონორებიც და მათი ბოლოდროინდელი პოლიტიკა, შემწეობა აღმოუჩინონ სამოქალაქო სექტორს ნორმალური საარჩევნო პროცესის ხელშესაწყობად, გახლავთ მცდელობა, საქართველოს მესამე სექტორმა დაიბრუნოს ხელისუფლებასთან ურთიერთობის შესაძლებლობა. ვაზუსტებ, ეს არ არის მცდელობა და სურვილი, მაინცდამაინც იგივე ხალხი ვიხილოთ ხელისუფლებაში, ვისაც იქ ყოფნისას მესამე სექტორთან ურთიერთობის გამოცდილება დაუგროვდა.

მესამე სექტორი, პარტიებისა და მოქალაქეების ნაწილი, გარკვეული ალბათობით, მოკავშირეები იქნებიან არჩევნების დღეს. ეს არის გამონაკლისი შემთხვევა, როცა მესამე სექტორს ძალიან ცხადად აქვს წარმოდგენილი პარტიებთან ურთიერთობის მიზანი, რომელიც შეიძლება საზოგადო სარგებლის მომტანიც აღმოჩნდეს. გამონაკლისია იმიტომ, რომ სხვა საფუძველზე პოლიტიკურ პარტიებთან მესამე სექტორის ურთიერთობა ჯერ აუგებელია. ბოლო, ვთქვათ, წელიწადნახევრის მანძილზე, კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების თანამშრომლობის საზოგადოებისთვის სასარგებლო შედეგებს მე ან ვერ ვიხსენებ ან არ ვიცი. ეს არ ნიშნავს, რომ სკეპტიკურად ვუყურებ ასეთ თანამშრომლობას. მგონია, რომ მესამე სექტორი უფრო ირჯება პარტიებთან ურთიერთობის ფორმათა საძიებლად თუ დასახვეწად. პოლიტიკური პარტიები ამ მხრივ მეტ გულგრილობას იჩენენ. დარწმუნებული ვარ, არჩევნების შემდეგ ამ ურთიერთობებში სიცხადე იმატებს, მით უმეტეს მაშინ, თუ არჩევნების „სწორად“ ჩასატარებლად მესამე სექტორის მიერ გაღებული ძალისხმევა „ცუდად არ ჩაივლის“ და პოლიტიკურ სექტორს სამოქალაქოსადმი ინტერესი უფრო გაუღვივდება.

ზემოთ ტესტირება ვახსენე: მოგეხსენებათ, მესამე სექტორი ამზადებს ათპუნქტიან ტექსტს, სათაურით „ათი ნაბიჯი დემოკრატიისაკენ“. ეს არის ერთგვარი გამოწვევა, უკეთ, მიწვევა პარტიებისათვის - რამდენად გაიზიარებენ ისინი მესამე სექტორის შეთავაზებულ პრინციპებს. ამთავითვე შეიძლება გამოცნობა, ვინ დაინტერესდება მეტ-ნაკლებად რეიტინგიანი საარჩევნო სუბიექტებიდან ამ „ათი ნაბიჯით“: გაერთიანებული დემოკრატები, ახლები, ნაციონალური მოძრაობა და ნუ გამოვრიცხავთ ლეიბორისტებსაც. არანაკლებ საინტერესოა, რომელი ორგანიზაციები გამოიჩენენ ინტერესს მესამესექტორიდან. რაც უნდა იყოს, პოლიტიკურ პარტიებთან ურთიერთობის საკითხზე ყურადღებას ამახვილებს მესამე სექტორის მხოლოდ ნაწილი - შესაძლოა, ძალიან აქტიური, სამოქალაქო ღირებულებების ყველაზე მეტად განმასახიერებელი ნაწილი, მოკლედ, მესამე სექტორის მარილი, მაგრამ ის მაინც ვერ გაწვდება, ვერ აუვა პოლიტიკურ პარტიებთან ურთიერთობის მთელ სისავსეს. მას შეუძლია, გაწვდეს თავის წილ ურთიერთობებს და გააფართოოს მათი არეალი. მაგრამ მხოლოდ ის ვერ დააწესებს პარტიებთან ურთიერთობის კანონებს. და შეიძლება ვერ აღმოჩნდეს ყველაზე სასურველი პარტნიორი პარტიებისთვის.

დასასრულ, შევეცდები შევაჯამო აქ დასმულ კითხვათა პასუხები; პოლიტიკური პარტიებისა და მესამე სექტორის ურთიერთობათა ერთი პრობლემა არის უთანასწორო დამოკიდებულება ერთმანეთისადმი, რასაც ურთიერთუნდობლობაც ერთვის. ნდობის გაჩენა და ურთიერთობებში გათანასწორება მოსალოდნელია, თუ საპარლამენტო არჩევნები ასე თუ ისე ნორმალურად ჩატარდა მოქალაქეთა გამიზნული და პროდუქტიული აქტივობის თანხლებით. ეს დამსახურება, ვინც უნდა მიიწეროს, ნათელი იქნება, რომ გარკვეულწილად სამოქალაქო სექტორის მუშაობის შედეგიცაა. მეორე პრობლემა გახლავთ პარტიებისა და მესამე სექტორის ჩამოუყალიბებელი ურთიერთობები. მათთვის უფრო მკაფიო ფორმისა და გასაგები შინაარსის მისანიჭებლად მესამე სექტორი ცდილობს იმუშაოს - ვთქვათ, წერილობით გამოხატოს პრინციპები, რომელსაც შეიძლება დაეფუძნოს ეს ურთიერთობები. პასუხის გაცემამდე პარტიები, ვფიქრობ, დაელოდებიან მესამე სექტორის ძალისა და გავლენის დამადასტურებელ ახალ მტკიცებულებებს. უამისოდ პოზიტიურ ძვრებს ამ ურთიერთობებში მე არ ველი.

2.3 სოზარ სუბარი

▲ზევით დაბრუნება


ლავდიკიის ეკლესიის ანგელოზს მისწერე...
ვიცი შენი საქმენი: შენ არც ცივი ხარ,
არც ცხელი; , ნეტა ან ცივი იყო ან ცხელი!
მაგრამ რაკი ნელ-თბილი ხარ,
არც ცივი და არც ცხელი, ამიტომ ამოგანთხევ ჩემი პირიდან.“
გამოცხ., 3, 14-16.

საკითხი, ჩემი აზრით, ძალიან აქტუალურია, რადგან რაც არ უნდა ვეცადოთ, პოლიტიკას ვერც ავცდებით და არც უნდა ავცდეთ. პირადად მე თავიდანვე გამოვხატავ ჩემს განწყობას, რომ განზე დგომა და იმის მცდელობა, რომ სრული „ნეიტრალიტეტი“ დავიცვათ, სულაც არ მგონია გამართლებული. ჩემს განწყობას ალბათ ყველაზე კარგად გამოხატავს იოანეს გამოცხადების ის სიტყვები, რომლებიც ეპიგრაფად წავუმძღვარე ამ მოხსენებას და რომლებიც თავიდან არ მშორდებოდა ამ თემაზე ფიქრის დროს. დღემდე რატომღაც ამგვარი „ნელ-თბილობა“ მესამე სექტორში ერთადერთ მისაღებ და კარგ ტონად იყო მიჩნეული, იმდენად, რომ მისი გავლენისგან თავის დაღწევა არ იყო ადვილი. შესაბამისად, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ყველა ერიდებოდა ღიად გამოემჟღავნებინა თავისი სიმპათია თუ მხარდაჭერა რომელიმე პარტიის, პოლიტიკური ლიდერისა თუ პოლიტიკოსთა ჯგუფის მიმართ.

პოლიტიკური პარტიების მიმართ საქართველოს მესამე სექტორის ტრადიციული დამოკიდებულება ასე შეიძლება გამოიხატოს: პოლიტიკა ბინძური საქმეა, ამდენად, პოლიტიკაში ჩარევა ან რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფთან თუ პოლიტიკოსთან თანამშრომლობა ამ სიბინძურეში გარევის ტოლფასია. შესაბამისად, საკუთარი „უბიწოების“ შესანარჩუნებლად ამ ორ სექტორს შორის რაც შეიძლება ღრმა უფსკრული უნდა ყოფილიყო. გავიხსენებ დავით ლოსაბერიძის ნათქვამ სიტყვებს პირველ შეხვედრაზე, რომელიც მესამე სექტორის ეთიკის საკითხებს მიეძღვნა: „მესამე სექტორში მაღალია პოლიტიკური ანგაჟირების ხარისხი. ამა თუ იმ არასამთავრობო ორგანიზაციას ხშირად წამოაძახებენ ამა თუ იმ პარტიის მიმართ განსაკუთრებულ ინტერესებს. ამ მხრივ სახარბიელოდ ნამდვილად არ გვაქვს საქმე.“

სიტყვა „არასახარბიელოდ“ ზუსტად გამოხატავს იმ დამოკიდებულებას, რაზეც მე ზემოთ ვილაპარაკე. არადა, თუკი რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ან კონკრეტული ადამიანი, რომელიც ამ სექტორში მოღვაწეობს, მხარს უჭერს რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფს, რა არის ამაში მიუღებელი ან რატომ უნდა მოქმედებდეს ეს მთელი სექტორის იმიჯზე? ცხადია, აქ ცალკე უნდა გამოიყოს ე.წ. „სამთავრობო არასამთავრობოები“; რომლებიც არა მხოლოდ თანამშრომლობენ პოლიტიკურ ძალებთან, არამედ სწორედ ამ პოლიტიკური ძალებისა თუ ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლების მიერ არიან შექმნილი და დაფინანსებული. ამის მაგალითად პირველ რიგში ყველა ჩვენგანს ახსენდება ეგრეთწოდებული „მამალაძის არასამთავრობოთა ალიანსი“, რადგან ეს არის ზემოთქმულის ყველაზე მკაფიო მაგალითი: ყველამ იცის, რომ ეს ალიანსი ქვემო ქართლის აწ უკვე ყოფილმა გუბერნატორმა ლევან მამალაძემ შექმნა, დააფინანსა და დღემდე შესაბამის მხარდაჭერასაც იღებდა მათგან. ცხადია, როცა ვამბობ, რომ არ ვეთანხმები დავით ლოსაბერიძეს, მე არ ვგულისხმობ ანგაჟირებულობის ამ ხარისხს, უბრალოდ, ვლაპარაკობ მოქალაქეობრივი პოზიციის ქონაზე და ამ პოზიციის გამოხატვაზე, რაც შეიძლება რომელიმე პოლიტიკური ჯგუფისადმი ღია მხარდაჭერაშიც გამოჩნდეს.

თავისთავად, საკუთარი „უბიწოებით“ კეკლუცობას აქვს გარკვეული მიზეზები, რომელთაგან შეიძლება ყველა ვერ ჩამოვთვალო, მაგრამ რამდენიმე მათგანი, რაც გამახსენდება, შეიძლება ვახსენო. მთავარი მიზეზი ალბათ ის არის, რომ ბოლო 10-15 წლის განმავლობაში, გარკვეულწილად, ყველა პოლიტიკური ძალის დისკრედიტაცია მოხდა. შესაბამისად, მესამე სექტორშიც გაჩნდა შიში, რომ არ მომხდარიყო მათი იდენტიფიცირება რომელიმე მათგანთან. თუმცა, საბოლოო ჯამში, არა მგონია, რომ ამგვარ პოლიტიკას მესამე სექტორისთვის სასარგებლო შედეგი გამოეღო: თუ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებს გადავხედავთ, ადვილად დავრწმუნდებით, რომ მესამე სექტორს სულაც არა აქვს პოლიტიკურ პარტიებზე მაღალი რეიტინგი. ჩვენს სინამდვილეში, პრაქტიკულად, ერთადერთი შანსი არსებობს, რომ „ვიღაცისტის“ იარლიყს გაექცე - თუკი საერთოდ განზე გადგები და არაფერში ჩაერევი. ანუ, ქართული ანდაზა რომ გავიხსენოთ, თუკი მგლის შიშით ცხვარს გაწყვეტ, ცხადია, რომ მგელი შენს ცხვარს ვერაფერს დააკლებს, მაგრამ არც ის სიკეთეები გექნება, რაც ცხვრის ყოლას მოსდევს.

მეორე მიზეზი, როგორც ჩანს, დონორების პოზიცია იყო, თუმცა, მე ამ სფეროში ნაკლებად ვარ ჩახედული.

სამაგიეროდ, არის კიდევ ერთი, შედარებით სუბიექტური მიზეზი, რაც, ჩემი აზრით, არანაკლებ გავლენას ახდენდა მესამე სექტორის პოზიციაზე. სექტორში რატომღაც ჩამოყალიბდა ერთგვარი „კლანური“ დამოკიდებულება, როცა მისი წევრების ერთი ნაწილი, ასე ვთქვათ, დაწინაურებული „არასამთავრობოები“ თავს რაღაც ცალკე კასტად თუ სექტად განიხილავდნენ. ამ კასტის შიგნით ერთიანობის შენარჩუნება, ერთიანი პოზიციის ქონა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს ამოცანად იყო მიჩნეული. ისიც ცხადია, რომ რაც უნდა „ნეიტრალური“ და „მიუმხრობლური“ ყოფილიყო სექტორის გარეგნული პოზიცია, მის თითოეულ წევრს პოზიციაც ჰქონდა და შინაგანი სიმპათია-ანტიპათიაც. მე მეჩვენება, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც სიმპათია-ანტიპათიაზე ხმამაღლა გამომჟღავნებას ყველა ერიდებოდა, სწორედ ამ ერთიანობის შენარჩუნება იყო, რადგან ცხადია, რომ ეს სიმპათია-ანტიპათიები ხშირად არ ემთხვეოდა ერთმანეთს.

ზოგჯერ ასეთი მიდგომა საკმაო უხერხულობებსაც ქმნიდა. გავიხსენებ 2002 წლის ადგილობრივი არჩევნების წინა პერიოდს, რადგან მაშინდელი მოვლენები ძალიან ჰგავს დღევანდელს, უფრო ზუსტად კი გუშინ, 26 სექტემბერს ბოლნისსა და სენაკში დატრიალებულ ამბებს. მაშინაც და დღესაც ხელისუფლება ფიზიკური ძალადობითა და იარაღის გამოყენებით ცდილობდა აღეკვეთა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების პოლიტიკური აქტივობა. განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ 2002 წელს ხელისუფლება შედარებით ფარულ მეთოდებს იყენებდა: თუკი დღეს პოლიცია თავად მონაწილეობს დარბევებში, მაშინ ამას ვითომ ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი შეიარაღებული ბანდიტური ჯგუფები აკეთებდნენ. ამასთან, 2002 წელს ხელისუფლება სასამართლოს გზით ცდილობდა, არჩევნებში მონაწილეობის საშუალება არ მიეცა ოპოზიციური პარტიებისთვის, კერძოდ, მაშინ ოპოზიციაში ახლად გადასული ზურაბ ჟვანიასთვის.

ამის გამო რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ გადაწყვიტა, სექტორის სახელით გაეკეთებინა განცხადება, რომელშიც დაგმობილი იქნებოდა ხელისუფლების მოქმედება. ამ გადაწყვეტილებას არასამთავრობო ორგანიზაციების მეორე ნაწილის აღშფოთება მოჰყვა. მოტივი ასეთი იყო - თუ ჩვენ ამ განცხადებას გავაკეთებთ, ეს ნიშნავს, რომ ზურაბ ჟვანიას და მიხეილ სააკაშვილის დაკვეთას ვასრულებთო. არადა, იმ პერიოდში სწორედ ეს ორი პარტია იდევნებოდა ხელისუფლების მხრიდან და ბუნებრივი იქნებოდა, რომ მესამე სექტორს სწორედ მათ დასაცავად ამოეღო ხმა. საბოლოოდ, განცხადების ტექსტი მკვეთრად გადამუშავდა და შერბილდა. მიზეზი შემდეგი იყო: ზოგიერთ მესამე სექტორელს გულწრფელად ეშინოდა, „ვიღაცისტის“ ტიტული არ მომაკერონო, ზოგს პიროვნულად არ უნდოდა, რომ დასახელებული ორი პოლიტიკოსისთვის დაეჭირა მხარი და საკუთარ პოზიციას ისევ „ნეიტრალიტეტით“ ნიღბავდა, არასამთავრობოთა მესამე ნაწილი კი პირველ ორთან დაპირისპირებას მოერიდა და ამჯობინა მიღებული ყოფილიყო შედარებით ნეიტრალური დოკუმენტი, რომელსაც რაც შეიძლება მეტი ხელმომწერი ეყოლებდა.

ამავე კონტექსტში კიდევ ერთ შემთხვევას გავიხსენებ: 1999 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კავკასიურმა ინსტიტუტმა გამართა მორიგი დისკუსია, სადაც დამსწრეთა უმრავლესობა, ძირითადად მესამესექტორელები, მკაცრად აკრიტიკებდა თავისუფლების ინსტიტუტს იმის გამო, რომ ამ ინსტიტუტის წევრები ღიად უჭერდნენ მხარს მიხეილ სააკაშვილს ვაკის მაჟორიტარულ არჩევნებში. მახსოვს, რომ მაშინ მკვეთრად ვიცავდი ინსტიტუტის პოზიციას და მიმაჩნდა, რომ ისინი სწორად მოიქცნენ (აქვე ვიტყვი, რომ იმ დროს მე თავისუფლების ინსტიტუტში ჯერ კიდევ არ ვმუშაობდი). ჩემი შეხედულება არც დღეს შემიცვლია და ვიტყვი რატომაც: მესამე სექტორის ამოცანა არ არის მხოლოდ რაღაც იდეების გენერირება და ამ იდეების კარგად მიტანა საზოგადოებამდე. თუ არ მოხდება ამ იდეების დანერგვა, მაშინ ერთადერთი შედეგი იქნება კარგი იდეებით დონორების „დაბოლება“ და გრანტების აღება, აქიდან კი სარგებელს ვერც ქვეყანა მიიღებს და, საბოლოოდ, ვერც სექტორი, რადგან უამრავი შეუსრულებელი იდეა და ამ იდეებზე მხოლოდ ლამაზად ლაპარაკი თავად სექტორის დისკრედიტაციას გამოიწვევს.

ხშირად ვამბობთ, რომ მესამე სექტორი გარკვეული იდეების, გარკვეული ღირებულებების გარშემო არის გაერთიანებული. თუმცა, რაც არ უნდა კარგი და სასიცოცხლოდ აუცილებელი იყოს ეს იდეები და ღირებულებები, მათი დანერგვის გზა პოლიტიკაზე და პოლიტიკოსებზე გადის. შესაბამისად, თუ მათი განხორციელება ჩვენთვის მნიშვნელოვანია, უნდა გაფართოვდეს კონტაქტები პოლიტიკოსებთან. მეტიც, მე მიმაჩნია, საჭიროების შემთხვევაში ეს კონტაქტები ღია მხარდაჭერასა თუ ღია კონფრონტაციაშიც შეიძლება გადაიზარდოს, რადგან მხოლოდ იდეებისა თუ კანონპროექტების ლობირებას იშვიათად მოაქვს სასურველი შედეგი.

ერთ მაგალითს გავიხსენებ: თავისუფლების ინსტიტუტმა მოამზადა კანონპროექტი „სიტყვისა და პრესის თავისუფლების შესახებ“. ეს უკანასკნელი 1999 წელს მეორე მოწვევის პარლამენტმა პირველი წაკითხვით მიიღო, რის შემდეგაც პოლიტიკოსებმა იგრძნეს საფრთხე და მას აღარ მიბრუნებიან. ამასობაში კანონპროექტი განიხილეს ევროსაბჭოსა და არასამთავრობო ორგანიზაცია „ცენზურის საწინააღმდეგო საერთაშორისო ცენტრის - მე-19 მუხლის“ ექსპერტებმა. პროექტმა მოწონება დაიმსახურა, იგი გადამუშავდა მათი შენიშვნების გათვალისწინებით, რის შემდეგაც სასტუმრო „მარიოტში“ მოხდა მისი პრეზენტაცია. პარლამენტში წარმოდგენილმა ყველა პოლიტიკურმა ძალამ ხელი მოაწერა ერთობლივ დეკლარაციას, რომელშიც პირობა დადეს, რომ მხარს დაუჭერდნენ ამ პროექტში წარმოდგენილ დებულებებსა და ღირებულებებს და 2002 წლის საშემოდგომო სესიაზე მიიღებდნენ შესაბამის კანონს. მოხდა პირიქით: შემოდგომაზე საკითხი არც კი განიხილეს, 2003 წლის საგაზაფხულო სესიაზე კი მიიღეს სრულიად საპირისპირო კანონი - სისხლის სამართლის კოდექსში პირველი წაკითხვით შევიდა შესწორება, რომლითაც ცილისწამებისთვის სასჯელი 5 წლამდე გაიზარდა, ხოლო ამავე კოდექსს ახალი მუხლი - შეურაცხყოფა დაემატა.

კიდევ ერთ მაგალითს გავიხსენებ, ოღონდ ამ შემთხვევაში ბატონი ზურაბ ჭიაბერაშვილის ციტირებას მოვახდენ. როგორც ზურამ თქვა და მეც ვეთანხმები, კავკასიურ ინსტიტუტს საქართველოს სტრატეგიული განვითარების იმდენი გეგმა აქვს დაწერილი, ბარემ ორ-სამ სამინისტროს ეყოფოდა. მაგრამ, ორი ამდენი გეგმაც რომ დაეწერა, თუ ეს გეგმები არ განხორციელდება, ყველაფერი „წერე-იკითხემდე“ დადის. საბოლოოდ, ერთადერთი შედეგი გრანტის აღება და მისი დახარჯვაა, რადგან რეალურად არაფერი იცვლება და თვით საზოგადოებრივ აზრზეც კი ვერ ვახდენთ ზემოქმედებას. ამის მაგალითისთვის შორს წასვლა არ გვჭირდება: ყველაზე მტკივნეულ საკითხში - აღმსარებლობის თავისუფლებას ვგულისხმობ - საზოგადოებრივ აზრს ქმნის არა მესამე სექტორი, არამედ გურამ შარაძე, ჯონდი ბაღათურია და მათებურად მოაზროვნე ხალხი. ამ სფეროში მესამე სექტორის როლი, საბოლოოდ, მასმედიამ განსაზღვრა და მას ტელედებატებში განსხვავებული აზრის დაფიქსირების საპატიო მოვალეობა დაუტოვა.

მესამე სექტორმაც, მას შემდეგ, რაც შეეგუა, რომ ამ მოედანზე ბრძოლა წააგო, შედარებით შეარბილა პოზიცია და ზოგჯერ ერთგვარად კაპიტულანტური პოზიციაც კი დაიკავა. ამის ნიშანი იყო, თუნდაც, 2003 წლის სექტემბერში დატრიალებული მოვლენები, როცა საქართველოს საპატრიარქომ და სტუდენტებმა კათოლიკურ ეკლესიასთან ხელშეკრულების დადების წინააღმდეგ გაილაშქრეს. ამ მოვლენასთან დაკავშირებით მესამე სექტორის გამოსვლები - ყველას არ ვგულისხმობ - აღარ იყო ისეთი „წვეტიანი“, როგორიც სხვა დროს არის ხოლმე. აქედან გამომდინარე, რჩება შთაბეჭდილება, რომ მესამე სექტორი უფრო მეტად დაემორჩილა გარემოს ზეგავლენას, ვიდრე - პირიქით.

ამ ორ მაგალითზე დაყრდნობით ვიტყვი, რისი თქმაც მინდა: რაც უნდა დიალოგი ვაწარმოოთ, ვთქვათ, აღორძინების ბლოკთან და რაც უნდა დეკლარაციაზე მოვაწერინოთ ხელი, სიტყვის თავისუფლება მისთვის მაინც მიუღებელი იქნება და მასთან ამ თემაზე დიალოგს აზრი არა აქვს! ასევე არა აქვს აზრი იმ ხელისუფლებასთან დიალოგს აღმსარებლობის თავისუფლებაზე, რომლის საარჩევნო სიაშიც გურამ შარაძეს საპატიო ადგილი უკავია!

რა თქმა უნდა, არც ის არის ადვილი, რომ აღმსარებლობის თავისუფლებაზე ელაპარაკო ნაციონალურ მოძრაობასა თუ გაერთიანებულ დემოკრატებს, მაგრამ მათთან დიალოგი შესაძლებელია და იმის იმედიც შეიძლება ვიქონიოთ, რომ ამ დიალოგს რაიმე შედეგი მოჰყვება.

მთლიანობაში, მეჩვენება, რომ მესამე სექტორის „იზოლაციონისტური“ პოზიცია წამგებიანი აღმოჩნდა როგორც ამ სექტორისთვის, ისე იმ პოლიტიკოსებისთვის, რომლებიც შედარებით დემოკრატიულ პლატფორმაზე დგანან და დემოკრატიულ ღირებულებებს იზიარებენ. მეტიც, ამგვარმა იზოლაციონიზმმა შეიძლება ხელიც კი შეუწყო იმას, რომ დემოკრატმა პოლიტიკოსებმა ადვილად დათმეს პოზიციები ზოგიერთ სფეროში, განსაკუთრებით - აღმსარებლობის თავისუფლებასთან დაკავშირებით. მესამე სექტორთან გაჩენილმა უფსკრულმა მათ უფრო გაუადვილა ისეთ ზნეობრივ კომპრომისებზე წასვლა, როგორიცაა თბილისის პოლიციის ყოფილ უფროსთან, სოსო ალავიძესთან მოკავშირეობა - კაცთან, რომელმაც ადამიანების წამებით გაითქვა სახელი. არადა, ასე მგონია, რომ მესამე სექტორთან სიახლოვემ შეიძლება ზოგჯერ მაინც აიძულოს პოლიტიკოსები, თავი შეიკავონ ასეთი ნაბიჯებისგან.

მე მგონია, დადგა დრო, როცა მესამე სექტორმა უნდა დაძლიოს „მიუმხრობლობის“ კომპლექსი და ღიად უნდა დააფიქსიროს თავისი სიმპათიაც და ანტიპათიაც. თანაც, სულაც არ არის აუცილებელი, რომ მესამე სექტორი ან თუნდაც მისი ელიტა ამ შემთხვევაში ერთსულოვანი იყოს. ცხადია, არიან არასამთავრობო ორგანიზაციები, ვისაც, მათი მანდატიდან გამომდინარე, აუცილებლად უნდა ჰქონდეთ მიუმხრობელი და ნეიტრალური პოზიცია - ასეთია, მაგალითად, სამართლიანი არჩევნები. ცხადია ისიც, რომ კონკრეტულ ადამიანებს შეიძლება ბუნებრივად ჰქონდეთ ასეთი პოზიცია - სრული გულგრილობა ან სრული ანტიპათია ყველას მიმართ, მაგრამ ეს არ შეიძლება იქცეს მთელი სექტორის პოზად და ერთადერთ „კარგ ტონად“. ჩემს დამოკიდებულებას კი ისევ იოანე მახარებლის სიტყვებით დავამთავრებ - ადამიანი ან ცივი უნდა იყოს, ან ცხელი, უპოზიციობა და ნელ-თბილობა პირადად ჩემთვის ყველაზე ნაკლებად არის მისაღები.

2.4 გია არეშიძე

▲ზევით დაბრუნება


ცნობილია, რომ დემოკრატიული მთავრობის (ქართული კანონმდებლობისა და ჩვენში გავრცელებული იურიდიული თუ საზოგადოებრივი მავნე პრაქტიკისგან განსხვავებით, მთავრობა აქაც და შემდგომშიც ყველგან ნიშნავს ხელისუფლებას და არა მხოლოდ მის აღმასრულებელ შტოს) ავკარგიანობა და წარმატება დამოკიდებულია სიახლოვის იმ ხარისხზე, რომელიც არსებობს მთავრობის გარემოცვასა და ე.წ. „სამოქალაქო საზოგადოების“ იდეალებს შორის. ალექსი დე ტოკვილის მიხედვით დემოკრატიული მთავრობა კი არ სუსტდება, არამედ ძლიერდება, როდესაც მის წინაშეა ძლიერი და ენერგიული სამოქალაქო კომუნა.

ნებისმიერი ინსტიტუტის, მათ შორის სამოქალაქო და პოლიტიკური ასოციაციების, ეფექტურობა სიღრმისეულადაა განპირობებული ისტორიითა და სოციალური კონტექსტით. ეფექტური და პასუხისმგებლური ინსტიტუტების არსებობა და ფუნქციონირება დამოკიდებულია მათ მიერ გაზიარებულ ღირებულებებზე და მათი საქმიანობის შედეგად გამომუშავებულ ჩვევებზე.

ტოკვილი ხაზგასმით აღნიშნავს დემოკრატიული მთავრობის მეტად მნიშვნელოვან ნიშან-თვისებას - „სამოქალაქო და პოლიტიკური ასოციაციების თავისუფლების არსებობას ან არსებობის სურვილს“. ეს თავისუფლება წარმართავს ორ უმთავრეს კონცეფციას: ასოციაციებისას და კერძოსას. პირველში იგულისხმება პოლიტიკური და სამოქალაქო გაერთიანებები. კერძო, პიროვნულ კონცეფციაში იგულისხმება „სწორად გააზრებული კერძო (ეგოისტური) ინტერესის“ იდეა, რომელიც უზრუნველყოფს პოზიტიურ ეფექტს მთავრობისა და მთლიანად საზოგადოებისათვის.

სამოქალაქო გაერთიანება-ასოციაციები წარმოიქმნება ერთად მომუშავე ადამიანთა საქმიანი ურთიერთობებისა და ინდუსტრიული შეთანხმება-ვალდებულებებიდან. ასეთი გაერთიანებებისადმი მისწრაფება მათი საერთო ინტერესის ბუნებრივი გამოვლენაა. თვით ასოციაციებიც დემოკრატიული რეჟიმის ბუნების გამოვლინებაა. ასეთ რეჟიმში ადამიანი დამოუკიდებელია და მხოლოდ სხვებთან ასოცირებით შეუძლია საკუთარი დაუპირისპიროს საჯაროს. ასოციაციები იცავენ ადამიანთა მცირერიცხოვანი ჯგუფების (უმცირესობები) უფლებებს უმრავლესობის ტირანიისაგან. ამგვარი შედარებით მცირემასშტაბური სამოქალაქო ასოციაციები გზას უკვალავენ პოლიტიკურ გაერთიანებებს, რომლებიც სამოქალაქოებთან შედარებით უფრო დიდ, მაღალ მიზნებს ისახავენ და უფრო მრავალრიცხოვანნიც არიან; აქ პრაქტიკულად შეიძლება გაერკვე იმაში, თუ რამდენად ფასეულია ურთიერთდახმარება და ურთიერთმხარდაჭერა თუნდაც უფრო „ნაკლებადმნიშვნელოვან“ სამოქალაქო საქმეებში. შესაბამისად, პოლიტიკურ ასოციაციებში ვითარდება და იხვეწება ის ურთიერთობები, რომლებიც შემდგომ საჯარო-სამოქალაქო მიზნებისთვისაა უპრიანი.

ტოკვილი გამოყოფს პოლიტიკურ ასოციაციებს დემოკრატიულ მთავრობასთან მიმართებაში, ვინაიდან, მისი აზრით, „დემოკრატიულ ქვეყნებში პოლიტიკური ასოციაციები, მხოლოდ იმ გავლენიან ადამიანთა გაერთიანებებია, რომლებიც სახელმწიფოს მმართველობისკენ მიილტვიან“. აქედან გამომდინარე, თუ პოლიტიკური გაერთიანებები სწორადაა ორიენტირებული, მთავრობის საქმიანობაც სწორად, ე.ი. დემოკრატიულად წარიმართება და vice versa. ამასთან, კერძო საქმიანობის თავისუფლების საყოველთაო სურვილი ბადებს იმის ინტერესს, რომ არსებობდეს სტაბილური, ეფექტური მთავრობა.

„სწორად გააზრებული კერძო ინტერესის“ დოქტრინის ბაზისი ასეთია: კერძო ინტერესთა ხელშეუვალობა გარანტირებულია იმით, რომ საჯარო ინტერესთა უსაფრთხოება „კარგი“ მთავრობის მიერ იქნება უზრუნველყოფილი. შედეგად, ადამიანი აცნობიერებს, რომ ასოცირებული წევრებისათვის გაწეული სამსახურით საკუთარ თავს, საკუთარ ეგოისტურ-კერძო ინტერესებს ემსახურება.

თუმცა, ეს დოქტრინა სავსებით თვალსაჩინო არაა. პლატონის მიხედვით საჯარო ინტერესი მოქალაქემ ეგოისტურ, კერძო ინტერესზე მაღლა უნდა დააყენოს, ოღონდ ეს მხოლოდ სამართლიანი პოლიტიკური რეჟიმის დროს არის შესაძლებელი. დემოკრატია ვერ ჩაითვლება სამართლიან რეჟიმად, თუნდაც იმიტომ, რომ, მისი დეფინიციიდან გამომდინარე, რეალურ დემოკრატიულ რეჟიმში დარღვეულია სოკრატისეული პოლიტიკური სამართლიანობის პრინციპი „one man, one art“. ასეთი ლოგიკით, „სწორად გააზრებული კერძო ინტერესის“ დოქტრინა „კეთილშობილი სიცრუეა“. ცხადია, თუ სიცრუე სამართლიანისათვისაც კი საჭიროა, მით უფრო აუცილებელი გახლავთ არასამართლიანი რეჟიმისათვის. მოკლედ, დემოკრატიას სჭირდება ეს დოქტრინა და მასების განათლება, რათა მათ დაინახონ ამ დოქტრინისეული „ჭეშმარიტება“, როგორც საჯარო, ასევე კერძო ინტერესის ერთდროული სარგებელისათვის.

რობერტ პატნემის წიგნი Making Democracy Work: Civil Tradition in Modern Italy, რომელიც სოციალური კონტექსტისა და სამოქალაქო ინსტიტუტების ისტორიული და დღევანდელი რეალიების კვლევის მცდელობაა იტალიის მაგალითზე, ტოკვილის შეხედულებათა მართებულობის თანამედროვე, თანაც ემპირიული დასაბუთებაა. პატნემი გვიჩვენებს, რომ ჩრდილო იტალიის განვითარებული „სამოქალაქო საზოგადოებები“ განაპირობებენ ეფექტური და პასუხისმგებლური რეგიონალური მთავრობების არსებობას, მაშინ როდესაც სამხრეთ იტალიაში „სამოქლაქო საზოგადოებებს“ „რესპუბლიკური ღირებულებები“ ნაკლებად გააჩნიათ და შესაბამისად განუვითარებლებია. ამის გამო სამხრეთის ლოკალური მთავრობები არც ეფექტურობით გამოირჩევიან და არც პასუხისმგებლობის ხარისხით.

სამოქალაქო საზოგადოება თვითმიზანი არ უნდა იყოს. ცხადია, საზოგადოებისათვის თვითმიზნური მისი არც ერთი ნაწილი, არც „მესამე სექტორი“, ანუ სამოქალაქო გაერთიანებები, და არც „პოლიტიკური ასოციაციები“, ე.ი. პოლიტიკური პარტიები, ვერ იქნება. პირველი საჭიროა, როგორც უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი ფასეულობის, „რესპუბლიკური ღირებულებების“, ხორცშესასხმელად და შემდგომში მათ განსავითარებელად. ამასთან, იგი საჭიროა სამოქალაქო საზოგადოების მეორე ნაწილის, პოლიტიკური ასოციაციების (პარტიების), შექმნისა და განვითარებისათვის. ეს კი, თავის მხრივ, აუცილებელია საზოგადოების მთავარი მიზნის მისაღწევად, „კარგი“, ე.ი. დემოკრატიული მთავრობის არსებობისა და ფუნქციონირებისათვის.

საბედნიეროდ, საქართველოში ისეთი არვინ მეგულება და, სავარაუდოდ, ჯერ-ჯერობით ისეთ დონეზე არავინ „უბერავს“, რომ ამტკიცოს, ჩვენში „რესპუბლიკური ღირებულებებია“ ხორცშესხმული ან კარგი მთავრობა გვყავსო. სამწუხაროდ, შეიძლება ითქვას, რომ „კარგი მთავრობის“ შესაძლებლობას ჩვენი მოსახლეობის უმეტესი ნაწილი მომავალშიც და/ან საერთოდაც გამორიცხავს. ამის გამო და, ყველაფერი ზემოთმოხსენებულიდან გამომდინარე, ჩვენში მესამე სექტორისა და პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებით უამრავი პრობლემა დაგროვდა. ამ საკითხის აქტუალობა იმდენად აშკარაა, რომ ამაზე საუბარი სრულიად ზედმეტია. უფრო მეტიც, ვინაიდან დემოკრატია სრულიადაც არ გახლავთ რაიმე კარგის, კერძოდ, „კარგი“ მთავრობის ავტომატურად უზრუნველმყოფი რეჟიმი, პარტიებისა და ე.წ. „მესამე სექტორის“ საკითხის ფარდობითი აქტუალობის უნივერსალურობა ნებისმიერი დემოკრატიისათვის სრულიად აშკარაა.

სამაგიეროდ, ფრიად გამართლებულია საუბარი აღნიშნულ პრობლემებსა და მათი მოგვარების სავარაუდო გზების შესახებ. ამისათვის გამოვიყენოთ ზემოთმოყვანილი ლოგიკა, რომლის მართებულობა, როგორც ვნახეთ ემპირულადაც საბუთდება.

  • დემოკრატიული მთავრობის თვისებაა უზრუნველყოფდეს ასოციაციების თავისუფლებას ან სურდეს მისი არსებობა. ასეთი რამ არც არსებობს და არც არსებობდა. საქართველოს მთავრობას დღესაც ცოტა ვინმე თუ უწოდებს დემოკრატიულს. ცხადია, ჩვენი პოლიტიკური რეჟიმი, მაშასადამე, მთავრობა თავისი არსით არ იყო დემოკრატიული მაშინაც, როდესაც „მესამე სექტორის“ პირველი ნიშნები გაჩნდა. ე.ი. ასოციაციების არსებობის თავისუფლება არ არსებობდა დაარც მთავრობას არ შეიძლება ჰქონოდა ასეთი თავისუფლების არსებობის სურვილი, რადგან არაფერი მიგვანიშნებს, რომ მას რეალურად გააჩნდა დემოკრატიულობის სურვილი. მეტიც, საქართველოს კონსტიტუცია (რომელიც მიუხედავად კონსტიტუციის მომზადების პროცესში ჩვენი თუ უცხოელი „სპეციალისტების“ „უხვი“ მონაწილეობისა, გავრცელებული თვალსაზრისით, მთავრობის კაბინეტებში შეიქმნა) სრულიად საწინააღმდეგოზე მეტყველებს. იგი ფორმით პროდემოკრატიულია და შინაარსით აბსურდული, მასში წარმომადგენლობითი და კანონშემოქმედებითი ორგანოს - პარლამენტის ფუნქციები ფრიად შეზღუდულია, დარღვეულია check and balance პრინციპის ფორმაც და გონიც, აშკარაა აღმასრულებელი ხელისუფლების დაუშვებელი უპირატესობა. დემოკრატიისათვის ხალხია მთავარი და ხალხის წარმომადგენელი ხელისუფლების შტოთა შორის - პარლამენტი. უნდა ითქვას, რომ წლების განმავლობაში არსებობდა გარკვეული სიახლოვე, პარლამენტის ზოგიერთ ლიდერსა და ერთგვარ გარემოცვას შორის, რომელიც მესამე სექტორს თუ არ მოიცავს მთლიანად (დრო იყო მოიცავდა), მის აღიარებულ ბირთვს უეჭველად წარმოადგენს. ქვემოთ შევეცდები იმის გარკვევას, თუ რა იდეალების მატარებელი შეიძლება იყოს ეს გარემოცვა.

  • ასოციაციები, როგორც ერთად მომუშავე ადამიანების საქმიანი და ინდუსტრიული ურთიერთობით გაჩენილი გაერთიანების ინტერესის ბუნებრივი გამოვლინება უმუშევრობა ჩვენი მოსახლეობის ყველაზე დიდი პრობლემაა დღეს. რეალური შეფასებებით ქართული ეკონომიკის 70% მეტი არაფორმალურია. იმის მტკიცება, რომ არაფორმალური ესწრაფვის რაიმე ლეგალურ ინსტიტუციონალიზაციას, აბსურდია. უფრო უარესი იყო მდგომარეობა ამ თვალსაზრისით ადრე. ასოციაციათა წარმოქმნის ეს რესურსი (ჯანსაღი რესურსი) აშკარად მწირია და რაიმე შესამჩნევი და/ან ღირებული წვლილი ვერ შეაქვს ვერც მესამე სექტორში და ვერც პარტიებში. თუმცა, ეს მცირე წვლილი რეალურად გამოხატულია იშვიათი გამონაკლისების სახით.

  • სწორად გააზრებული კერძო ინტერესი“ - „რესპუბლიკური ღირებულებები“, როგორც პოზიტიური ეფექტის მომტანი ფასეულობა ჩვენში არსებობს „მესამე სექტორიც“ და პოლიტიკური პარტიებიც. ვინაიდან პრობლემებზე ვსაუბრობთ, გავიხსენოთ, რომ გაერთიანებების ეფექტურობა ღრმადაა განპირობებული ისტორიული და სოციალური კონტექსტით, აგრეთვე იმ ფასეულობებით, რომლებსაც ისინი იზიარებენ დამათი საქმიანობის პროცესში გამომუშავებული ჩვევებით. ვინაიდან ამგვარი ისტორიულ-სოციალური კონტექსტი ჩვენში არ არსებობდა, შევეცადოთ გავერკვეთ, თუ შექმნილ ვითარებაში რა ღირებულებებს შეიძლება იზიარებდეს მესამე სექტორისა და პოლიტიკური პარტიების არსებითი ნაწილი და რა თეორიული და პრაქტიკული ჩვევები შეიძლება გამოემუშავებინათ მათ.

ცხადია, იბადება კითხვა: თუ „ზევით“ არც ადრე სურდათ და არც ამჟამად, ხოლო „ქვევით“ ერთად ან არ მუშაობენ, ან არაფორმალურ ეკონომიკაში მუშაობის გამო ასეთი ინტერესი არ გააჩნიათ და პუბლიკის სამოქალაქო კულტურა უმდაბლესია, საერთოდ ვის აინტერესებს და რა განაპირობებს ჩვენში არსებული ასოციაციების (განსაკუთრებით მესამე სექტორს) არსებობას? მავანმა რომც ამტკიცოს, რომ „ზევით“ მყოფ კომუნისტებს, სუკის აგენტებს თუ რუსული ტიპის დერჟავის სხვა არაინსტიტუციონირებულ მოტრფიალეებს თავისუფლების არსებობა სწყურიათო, კაციშვილი არც დაიჯერებს და ოფიციალურ გიჟადაც იქნება შესარაცხი. სამაგიეროდ, არსებობდა დიდი სურვილი ე.წ. დასავლეთისათვის, განსაკუთრებით, ამერიკისათვის თავი მოეწონებინათ ფსევდოდემოკრატიულობით. ამის გამო საქართველოს მთავრობამ გარეგნულად ხელი არ შეუშალა ამერიკისა და ევროპის ქვეყნების თავისუფალ ასოციაციათა თავისუფლების სურვილის რეალიზაციას ჩვენს ქვეყანაში. ვინაიდან ამ საკითხთან, როგორც დემოკრატიული რეფორმების ნაწილთან, იყო და არის დაწყვილებული დასავლეთის მიერ საქართველოს, როგორც ქვეყნისა, თუ უშუალოდ მისი მთავრობისადმი გაწეული დახმარების მასშტაბის საკითხი. ფსევდოდემოკრატიული მთავრობა ამ პროცესს შეუზღუდავად, კონტროლისა და რეგულირების გარეშე ხომ ვერ დატოვებდა, ანუ ასოციაციათა არსებობის რეალურ თავისუფლებას ხომ არ დაუშვებდა. ამ საქმის პატრონობა (კონტროლი) ვინმესათვის უნდა ჩაებარებინა. ჩვენში მრავალი მიზეზით თავიდან ამ საქმისათვის პარლამენტი აირჩიეს. ცხადია, ეს კონტროლი პარლამენტის სპიკერისა და მისი გარემოცვის ე.წ. „რეფორმატორების“ ხელში აღმოჩნდა, ვინაიდან იმდროინდელი პარლამენტი ერთმნიშვნელოვნად იმართებოდა მთავრობასთან შეზრდილი პარტიით - მოქალაქეთა კავშირით (უფრო სწორედ სსრკ კომპარტიის მცირე ანალოგით, მთავრობა-პარტიით) და პარტიის ლიდერის, პარლამენტის სპიკერის, სრულიად არადემოკრატიული, მძიმე ხელით. მაშინ, როცა მოქკავშირის ერთი ნაწილი სასახლეებს იშენებდა და მხოლოდ სიმდიდრის დაგროვებაზე ფიქრობდა, „რეფორმატორული“ ფრთა და მათი ლიდერი „მესამე სექტორზეც“ „ზრუნავდა“. პოლიტიკური ვითარება დაეხმარა მათ შეექმნათ „მესამე სექტორული“ კაპიტალი, რომელიც დღეს მათი პოლიტიკური კაპიტალის ნაწილია. ამაშითავისთავად ცუდი არაფერი იქნებოდა, ეს რომ დონორების უმრავლესობის პოლიტიკურად ნეიტრალური ქვეყნისათვის ან ზოგ შემთხვევებში მთელი პოლიტიკური სპექტრისათვის გამიზნული რესურსით არ იყოს განხორციელებული. გავრცელებული შეხედულებით, ე.წ. ყოფილი „რეფორმატორები“ დასავლეთთან თითქოს უფრო ახლო დგანან, ვიდრე მთავრობის მეორე ნაწილი, მაგრამ ეს ნაკლები იმდენად უსასრულოდ მცირეა, საერთო დაშორება უსასრულოდ დიდი და განსხვავება იმდენად ფორმალური, ამასთან მხოლოდ მაკიაველურ ბაზისზე დაფუძნებული, რომ მასზე ყურადღების გამახვილება არ ღირს. შეიძლება ითქვას, რომ, თუ მთავრობის არარეფორმატორულმა ნაწილმა საერთაშორისო დახმარების დიდი ნაწილი საკუთარ, კერძო აქტივად და კაპიტალად აქცია, „რეფორმატორებმა“ „მესამე სექტორისათვის“ გამიზნული თანხები გარდაქმნეს საკუთარ პოლიტიკურ კაპიტალად. ამ „ზრუნვის“ კონტრიბუციაა სექტორის პრობლემათა ნაწილი, მაგ.: „რესპუბლიკური ღირებულებების“ დეფიციტი, „ელიტარული“ ჯგუფის დიდი ნაწილის კლანურობა, „ელიტის“ და სექტორის ნაწილის მიერ საკუთარი თავის დემოკრატიულობის მონოპოლისტებად მიჩნევა და მადლიერების გამოხატვა საერთო „კორპორატიული“ ინტერესის დაცვით, აქტიური პოლიტიკური მხარდაჭერისათვის პროექტების, ზოგ შემთხვევებში კი მთლიანად ფონდების გამოყენება, ფონდების გამგეობათა „ჩვენებით“ დაკომპლექტება და ა.შ. ყველაფერი ის, რაც მესამე სექტორის კორუფციას წარმოადგენს, ამ სიტყვის ანტიკურ-კლასიკური (ავადმყოფობა, ხრწნა, როგორც უსამართლობა, უფრო მარტივად კანონისა და წესების მიმართ არათანაბრობა) და არა თანამედროვე, ე.ი. მხოლოდ მექრთამეობაზე დაყვანილი გაგებით. მართალია, სექტორს მოქალაქეთა კავშირის „ქოლგა“ აღარ აქვს გადაფარებული და, ამ თვალსაზრისით, ეს პროექტი დამთავრდა, მაგრამ არ დამთავრებულა კორუფცია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ, მართალია, სექტორი ფრიად სტრუქტურირებული და დიფერენცირებულია, მაგრამ ნაწილის ავადმყოფობა, მთელის ავადმყოფობაცაა.

„დასავლეთის“ „ტრანზიციული“ პარადიგმით საკმარისი იყო პოსტსაბჭოთა ქვეყნებში კერძო საკუთრების, „დასავლური ტიპის“ კანონმდებლობის და ინსტიტუტების შექმნა, რომ დემოკრატია თავისით ამუშავდებოდა. ამ პარადიგმის კრიზისი ჩვენში ხომ ცხადია და „დასავლეთშიც“ ბევრმა გააცნობიერა.

საბჭოთა რეჟიმის დემოკრატიულად გარდაქმნის ესოდენ მექანიკურმა კონცეფციამ, საერთაშორისო ორგანიზაციების, დონორთა ოპერატორების - ჩვენში მოქმედი სააგენტოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ბიუროკრატთა და ადგილობრივი კომუნისტური ბიუროკრატიის გამოცდილებისა და ჩვევების „ურთიერთგამამდიდრებელმა“ ურთიერთობამ, არსებულმა არაშესატყვისმა გარემომ, რა თქმა უნდა, ნეგატიური როლი ითამაშა ჩვენში არსებული მესამე სექტორისა და პოლიტიკური პარტიების, ამ ძირითადად ხელოვნური პროდუქტების, შექმნისა და განვითარების საქმეში.

ის გარემოება, რომ დონორები ეხმარებიან მთლიანად ქვეყანას, დასავლურ ტრანზიციულ პარადიგმასთან ერთად, ქმნის ილუზიას, ვითომცდა, მესამე სექტორი დემოკრატიისათვის თვითმიზანია, ხოლო მისი შექმნა და განვითარება თვითმიზანურ პროცესს წარმოადგენს. ეს გარემოება ხელს უწყობს ჩვენი არასამთავრობოების და პოლიტიკური პარტიების ურთიერთკავშირის დამალვას და აგრეთვე იმ არარეალურ თვალსაზრისს, თითქოს მესამე სექტორი პოლიტიკისაგან სრულიად იზოლირებული უნდა იყოს. სამწუხაროდ, ჩვენი მესამე სექტორი, რომ ნამდვილად იმყოფება თვითმიზნურობის მცდარი თვალსაზრისის ტყვეობაში, ნათლად დასტურდება სამოქალაქო ინტერესების დაცვის პროგრამით წარმართულ კავკასიური ინსტიტუტის დისკუსიებზე. ეს სერიოზული პრობლემაა სექტორის განვითარებისათვის. თავისთავად საინტერესოა პარტიზანობის დამალვის თვალთმაქცობა და თვითმიზნურობის დაჯერების ასეთი ერთდროულობა. ზემოთქმული ეჭვს ქვეშ აყენებს ზოგიერთი მომხსენებლის მტკიცებას სექტორში თავმოყრილი ძალის ინტელექტუალური სერიოზულობის შესახებ, თუმცა, ისიც ცხადია, რომ უკანასკნელი რესურსი ის სიდიდეა, რომელიც ხშირად შედარების მეშვეობით ფასდება.

აშკარაა, რომ სექტორი დასაწყისიდანვე თანამშრომლობს პარტიებთან და ხშირად მთავრობასთან. ამ უკანასკნელთან უფლებათა დამცველებმა და ანალიტიკურმა ცენტრებმა უფრო მჭიდროდ და ღიად რომ ითანამშრომლონ, აჯობებს, რა თქმა უნდა, არა დონორთა საპროექტო თანხების არამიზნობრივი ხარჯვით. ამასთან, უნდა განვასხვავოთ პარტიზანული ორგანიზაციები, რომლებიც ინსტიტუციურად თანამშრომლობენ პოლიტიკურ პარტიებთან, აგრეთვე ორგანიზაციები, რომლებიც არაფორმალური, ჩრდილოვანი პარტიული ორგანიზაციებია და სხვები. ერთია, პარტიზანული არასამთავრობო ორგანიზაცია და სხვაა ორგანიზაციის წევრების პოლიტიკური სიმპათია-ანტიპათიები. კარგია, თუ ამ განსხვავებას დონორთა ოპერატორებიც მიაქცევენ ყურადღებას, ისევე როგორც საკუთარი უცხოელი კონტრაქტორების პარტიზანობას. ყველაფერ ამას ჩვენი და ოპერატორების მეტი ტრანსპარანტულობა წაადგებოდა. ამ უკანასკნელთა გამჭვირვალობა გასაზრდელია როგორც ჩვენში, ისე მათ სამშობლოში. მიუხედავად სექტორის არაერთგვაროვნებისა, არც ეთიკის კოდექსი დაგვიშავებს რასმე.

ცხადია, არის წარმატებები და მიღწევებიც. სექტორი არსებობს, იცვლება, შეაქვს გარკვეული (ე.ი. გაურკვეველი) წვლილი ლიბერალურ პროცესში. თუმცა, ეს მის ნებისმიერ, თუნდაც „ელიტარულ“ წარმომადგენლებზე არ ვრცელდება. ვეთანხმები გია ნოდიას, რომ არის რაოდენობრივი, გავლენისადა ორგანიზაციული ზრდა. ვითარდება სექტორის დონეზე თანამშრომლობაც. ამავე დროს, კავკასიური ინსტიტუტის მიმდინარე დისკუსიების შედარება ადრეულებთან იმის ილუსტრაციაცაა, რომ დისკუსიის ხარისხი, სამწუხაროდ, არ მაღლდება, არც მონაწილეთა წრე ფართოვდება მაინცადამაინც, მით უმეტეს ხარისხის თვალსაზრისით.

პოლიტიკური პარტიების მდგომარეობა თუ უარესი არა, უკეთესი არაფრით არ არის. მართალია, ჩვენთან გაჩნდა, ჩამოყალიბდა და რაღაც დონემდე განვითარდა თითქოს დამოუკიდებელი ბიზნესი. მაგრამ იგი არც სრულად დამოუკიდებელია და არც თავისუფალი. არასამართლებრივ გარემოში მთავრობას ყოველთვის შეუძლია მნიშვნელოვანი ზარალის მიყენების რეალური საფრთხის შექმნა, მით უმეტეს, რომ კორუფციული კანონმდებლობის და მისი კორუფციული იმპლემენტირების გამო ფორმალურ ბიზნესს არაფორმალური ნაწილიც გააჩნია, ე.ი. „ცოდვილია“. ფინანსური სექტორის თითქმის სრული კონტროლის ხარჯზე მთავრობას საკმარისი ბერკეტები გააჩნია პოლიტიკური პარტიების დაფინანსების წყაროების სრული თუ არა, მეტად მკაცრი ზედამხედველობისა და კონტროლისათვის, რაც პარტიათა დაფინანსების, მათი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მნიშვნელოვან, ზოგ შემთხვევებში მთლიან შეზღუდვას იწვევს. საბედნიეროდ, არის იშვიათი გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც ბიზნესი მიდის ასეთ რისკზეც და ზარალზეც. ეს იმედისმომცემია. რა თქმა უნდა, რჩება წყაროები ქვეყნის გარეთ. გარეთ არსებული კერძო რესურსის ნაწილობრივი კონტროლი მთავრობის მიერ თეორიულად შესაძლებელია, რაც ვერ გაკონტროლდება და ვერ გადაიკეტება დღევანდელ პირობებში. ეს ის რესურსია, რომელსაც სხვა ქვეყნის მთავრობა გაიღებს. მართალია, მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ იგი უფრო მძიმე გახლდათ, როცა პარტიები მოქალაქეთა კავშირს ჰყავდა შთანთქმული. ახლა პოლიტიკური სპექტრის მაგვარი რამ მაინც მივიღეთ. ასე რომ, ერთგვარი, ოდნავი წინსვლა აქაც თვალსაჩინოა, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით.

ასეთ პირობებში სერიოზული და მთლიანად დამოუკიდებელი ოპოზიციური პარტიების ფუნქციონირება მეტისმეტად გართულებულია. რაც უფრო მაღალია მათი მუშაობის ხარისხი, რეიტინგი და სახელისუფლებო პრეტენზია, მით უფრო შეიზღუდება მათი თავისუფლება და დამოუკიდებლობა,.

რა ვქნათ? დაველოდოთ:

  • როდის გამოცვლიან ასეთი პარტიები ხელისუფლებას?

  • ან როდის მიხვდებიან, რომ პოლიტიკური რეჟიმის გამოცვლა უმაღლესი ხელისუფლების მათი პარტიის წევრებით და „ჩვენებით“ დაკომპლექტებაში არ მდგომარეობს?

  • ან როდის გააცნობიერებენ, რომ კონსტიტუცია და, შესაბამისად, მთელი კანონმდებლობარეჟიმის არასამართლიანობისა და კორუფციულობის უპირველესი მიზეზია?

  • როდის გაიაზრებენ, რომ კანონის უზენაესობისათვის ბრძოლა მაშინაა გამართლებული, როდესაც კანონმდებლობა სამართლიანია, ხოლო კორუფციული კანომდებლობის აღსრულება-იმპლემენტაციისათვის ბრძოლა კი კორუფციის გავრცელებას ნიშნავს?

  • როდის მიხვდება საზოგადოება, რომ გამოსავალი აღზრდასა და განათლებაშია?

  • ან როდის გაიაზრებს ვინმე, როგორი განათლებაა ჩვენთვის საშური, რათა მოვახერხოთ ლიბერალური-დემოკრატიის აშენება?

ყველაფერი ამის და სხვა მრავალის ჯერ გაცნობიერება და მერე საზოგადოებაში გავრცელება, ბევრი რამის უშუალო განხორციელება ჩვენი საკეთებელია. მხოლოდ ამ საკითხებზე სერიოზული მუშაობით დავძლევთ მესამე სექტორში, პოლიტიკურ პარტიებსა და ქვეყანაში არსებულ პრობლემებს. საქმე უამრავია და უდიდეს ძალისხმევასაც საჭიროებს. წინაღმდეგ შემთხვევაში ვერ მივაღწევთ ასოციაციათა თავისუფლების არსებობას, სამოქალაქო ღირებულებებს, ვერ მივიღებთ მოქალაქეს, ლიბერალურ დემოკრატიას და მუდმივად „რა ვქნათ?“ „რა ვიღონო?“ გვექნება საკითხავი.

3 დისკუსია:

▲ზევით დაბრუნება


დავით ლოსაბერიძე - ვიწყებთ სემინარის მნიშვნელოვან ნაწილს - დისკუსიას.

გამოიკვეთა საერთო აზრი, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების პოლიტიკური ანგაჟირება ან მიკერძოება არ არის ცუდი, თუ ამის განცხადება პირდაპირ ხდება. დავეთანხმები გამომსვლელებს, რომ ეს ადრე სირცხვილად ითვლებოდა. სოზარმა აღნიშნა, რომ 90-იანი წლების ბოლოსათვის მოხდა ე.წ. არასმთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების ერთგვარ კასტად ჩამოყალიბება იმის მსგავსად, როგორც არსებობდა სამთავრობო მოხელეთა კასტა, პოლიციელთა კასტა და ა.შ. არასმთავრობოები გამოჩნდნენ როგორც „კარგი ტიპები“, რომლებიც იღებენ დასავლეთის დახმარებას და არ არიან დამოკიდებულნი უკვე a priori ცუდად აღიარებულ ხელისუფლებაზე. ისინი ასევე უფრო მაღლა დგანან მოსახლეობაზე, რომელიც გაუთვითცნობიერებლად ჩადის შეცდომებს. თუმცა, ბოლო ხანებში შეიმჩნევა ტენდენცია ამ სტერეოტიპის დანგრევისა. ამის გამო გაჩნდა საჭიროება იმისა, რომ მოხდეს თვითრეგულაცია, ერთიან წესებზე შეთანხმება, რომელსაც ყველა გაიზიარებდა. ამ გაზიარებულ ღირებულებებზე უარის თქმა არ შეიძლება. თუმცა, იმის შესახებ, რომ სექტორი არ არის ერთსახა და ერთფეროვანი, მის სხვადასხვა წარმომადგენელს შეიძლება განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდეს. ასევე აშკარა ხდება, რომ სექტორი თანდათან იაზრებს იმ პრობლემებს, რომელიც მის წინაშე დგას. აქ საუბარი არ არის მხოლოდ ფინანსების მოძიებაზე, არამედ დღის წესრიგში დგება დაფიქრება და ზრუნვა, როგორც ორგანიზაციულ სტრუქტურაზე, ასევე იმაზე, რომ მოძიებული იქნას ადეკვატური შრომით რესურსები. არასამთავრობო სექტორი, როგორც რაღაც პრინციპებს დამყარებული მრავალმხრივი ინტერესების მქონე სტრუქტურა, უკვე სახეზეა. დღის წესრიგში დგება ამ მდგომარეობის გაფორმება. თუმცა ამის გააზრება ხდება ნელა, და ჩვენი დღევანდელი შეხვედრა სწორედ ამ დაყოვნების მიმანიშნებელია. როდესაც საუბარი იყო ეთიკის კოდექსზე ან საინფორმაციო ბაზებზე, არ ველოდით აუდიტორიის სიმრავლეს, რადგანაც ვფიქრობდით, რომ ამ საკითხით დაინტერესებული მხოლოდ მცირე ჯგუფი იქნებოდა, მაგრამ დიდი ენთუზიაზმი არც ამ საყოველთაო პრობლების განხილვის ცდას მოჰყოლია, რაც ჩვენი დღევანდელი შეხვედრის საგანს წარმოადგენს. დისკუსიის პირველ ნახევარში პირველი დაპირისპირება შემდეგი საკითხის გარშემო წამოიჭრა, უნდა დაუჭიროს თუ არა მხარი არასამლოდ და მხოლოდ ის ორგანიზაციები, რომლებიც უფლებების დაცვაზე მუშაობენ, არამედ ეს ის ორგანიზაციებია, რომელთა ფუნქციაც სოციალურ თემებზე, ეკონომიკურ საკითხებზე მუშაობაა და ა.შ. ამ ტიპის გაერთიანებები არ დგას ასე ახლოს პოლიტიკურ თემებთან, თუმცა, ისინიც თნამშრომლობენ როგორც ხელისუფლებასთან, ისე პოლიტიკურ პარტიებთან. ჩემთვის სამწუხაროა, რომ სექტორში დაიკარგა შეჯერებული აზრი. სოზარმა თქვა, რომ არაა აუცილებელი ერთი აზრი გვქონდეს; მაგრამ შეჯერებული მოქმედებები, წარმოდგენები, თუნდაც ინფორმაციის გაცვლა, ჩემი აზრით, აუცილებელია. ალბათ ამანაც განაპირობა, რომ უკანასკნელ ხანს სექტორის მოქმედებები საკმაოდ არაკოორდინირებული და არაურთიერთგაზიარებულია. არა მგონია, აუცილბელი იყოს, სექტორმა საერთო პლატფორმა ჩამოაყალიბოს, მაგრამ კარგი იქნებოდა, რომ მეტი კოორდინაცია იყოს სექტორის წარმომადგენლებს შორის, თუნდაც ისეთ კონკრეტულ საკითხებზე, როგორიცაა არჩევნებისა და პარტიების მიმართებები. მინდა შევეხო კიდევ ერთ თემას - სექტორის ნელ-თბილობასთან დაკავშირებით. ჩემი აზრით, იყო პერიოდი, როდესაც სექტორისაგან აბსოლუტური ნეიტრალურობა მოითხოვებოდა. შემდეგ დადგა ხანა, როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დონორების მხრიდან წამოვიდა ქართულარასამთავრობოთა პოლიტიკურ ცხოვრებაში უფრო აქტიურად ჩართვის და ამ უკანასკნელზე ზეგავლენას მოთხოვნა. ჩემთვის ეს ტენდენცია ძალიან სასიხარულოა და ვთვლი, რომ ამ შემთხვევაში სექტორი უნდა იყოს უფრო მეტად აქტიური, ამასთან ერთგულება და აქტიურობა უფრო ღირებულებებთან მიმართებაში უნდა იყოს გამოხატული. მიუღებელია, როდესაც ორგანიზაცია მხოლოდ ერთი მიმართულიების, ერთი ძალის ან ერთი პარტიის შეხედულებებს იზიარებს და არ აკრიტიკებს იმ არასწორ ქმედებებს, რომელსაც ეს პარტია ჩადის. ჩემთვის ნეიტრალურობა არის ის, რომ აქტიურად აკრიტიკებდე პოლიტიკურ პროცესებს, მაგრამ ნეიტრალურობას ინარჩუნებდე, ღიად აფიქსირებდე იმ ფაქტებს და შეცდომებს, რომელიც შენ მიერ აღიარებულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება. რაც შეეხება არასამთავრობოთა და პარტიების ურთიერთობას, ჩემი აზრით, ეს ცუდი არ არის; ცუდია მაშინ, როდესაც იგი დაფარულია და ამის შესახებ საზოგადოება ინფორმირებული არ არის. ყველას აქვს უფლება, საკუთარი შეხედულება ჰქონდეს ამა თუ იმ პარტიაზე, ჩვენ ამის შესახებ აქამდე ღია საუბარი არა გვქონია, თუმცა ყველამ ყველაფერი ვიცით კულუარული საუბრების ხარჯზე. სექტორის განვითარების შემდეგ ეტაპზე მან, ვინც მონაწილეობს ასეთ საქმიანობაში, ღიად უნდა განაცხადოს ამის შესახებ, ესსაკმაოდ გავრცელებული პრაქტიკაა ევროპის ქვეყნებში.

ივლიანე ხაინდრავა - პოლიტიკური პარტიების შექმნა საქართველოში რამდენიმე ტალღად განხორციელდა.

  • პირველი - 70-80-იანი წლების დასაწყისში, იატაქვეშეთში და მას ტალღას ვერც ვუწოდებთ.

  • მეორე და სერიოზული - ეს არის 1988-92 წელი, როდესაც უამრავი პოლიტიკური ორგანიზაცია შეიქმნა.

  • შემდეგი - 90-იანების შუაწელი - აღორძინება, ლეიბორისტული და სოციალისტური პარტიები.

  • მერე 90-იანების ბოლო და ახალი ათასწლეულის დასაწყისი - მრეწველები, ახალი მემარჯვენეები, ნაციონალები და დემოკრატები. ბუმი ნამდვილად იყო 1988-92 წლებში, მაგრამ მაშინ შექმნილ პარტიათა უმეტესობა ან უკვალოდ გაქრა, ან რაღაც ძალიან მცირე კვალი დატოვა.

არასამთავრობო ორგანიზაციების შექმნას ბუმის ხასიათი არც ერთ პერიოდში არ ჰქონია, თუმცა, რეალურად, როცა პოლიტიკური ორგანიზაციების შექმნის ბუმი მთავრდება, იწყება არასამთავრობოების ჩამოყალიბების პროცესი. ამ პროცესში ჩადებულია პრინციპი „мы не они и они не мы“, ანუერთგვარი გამიჯვნა იმისა, რომ პარტიები პოლიტიკაა და ჩვენ კი არა ვართ პოლიტიკა (მიუხედავად იმისა, რომ ამ სექტორშიც იყვნენ ადამიანები, რომელთაც ჰქონდათ პოლიტიკური ამბიციები და ამის გამოყენებას ფიქრობდნენ კიდეც). 1992 წელი იყო ერთგვარი წყალგამყოფი: 1992 წელს მთავრდება პოლიტიკური ბუმი და ამის შემდეგ იწყება ეს პროცესი. საქართველოში ეს ურთიერთგამიჯვნა აღნიშნული პრინციპით მიმდინარეობდა. მაგალითისათვის აღვნიშნავ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა საოცრად უმნიშვნელო როლი შეასრულეს საკონსტიტუციო პროცესში, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ დადო თავისი პროექტი, თუმცა, ფაქტობრივად, საკონსტიტუციო პროცესმა მესამე სექტორის რაიმე სერიოზული მონაწილეობის გარეშე ჩაიარა, რაც იმის მიმანიშნებელია, რომ ეს გამიჯვნა უკვე არსებობდა. ასევე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ დასავლეთის დონორების მიერ მიზნების დეკლარირება და მათი მონაწილეობა ამ საქმეში აბსოლუტურად არაადეკვატური იყო. იმთავითვე არსებობდა მინიშნება - არ გაეკაროთ პოლიტიკოსებს, თუ გინდათ, გრანტი მიიღოთ. ეს იყო, ჩემი აზრით, დანაშაულზე უარესი, უმძიმესი სტრატეგიული შეცდომა, იმიტომ რომ სრულიად ნათელი იყო, რომ ამ ვითარებაში საქართველო დემოკრატიის მიმართულებით ან წავიდოდა ანარ წავიდოდა. დემოკრატიის პროცესს ამ ქვეყანაში საკმაოდ მწირი ერთიანი დემოკრატიული რესურსი გააჩნდა, რომელიც შედგებოდა დემოკრატიული ორიენტაციის პოლიტიკური ჯგუფებისგან (პარტიებსაც ვერ ვუწოდებ), ან აქა-იქ განთესილი ინდივიდებისაგან და დამოუკიდებელი მასმედიისაგან. ბიზნეს სფეროს ვერ ვეხები, რადგან იქ არსებული მდგომარეობა ცხადია, თუმცა, ყველამ ვიცით, რომ კერძო მესაკუთრეობა, კონკურენცია და ბიზნესი აუცილებელია წარმატებისათვის. ამ სამი შემადგენელი ნაწილის ერთმანეთისაგან იზოლირება, ხანდახან ბუნებრივად, ხანდახან ხელოვნურადაც, იყო დიდი შეცდომა. ცალ-ცალკე ისინი უფრო სუსტები და მგრძნობიარენი იყვნენ და ვერ ურთიერთობდნენ საიმისოდ, რომ მეტ-ნაკლებად კონსოლიდირებული დემოკრატიული პროცესი განვითარებულიყო ქვეყანაში. დონორები მუშაობდნენ არასამთავრობთან, ვიღაც მუშაობდა მასმედიასთან და, ვთქვათ, NDI და რესპუბლიკური ინსტიტუტი მუშაობდნენ პოლიტიკურ პარტიებთან და ათწლეულის მანძილებზე ქმნიდნენ აღორძინებასა და მოქალაქეთა კავშირს. შედეგად რაც მივიღეთ, დღეს ყველამ კარგად იცის - ერთი ის არის, რომ აღორძინებაში თარგამაძისა და გელბახიანის ადგილი ბაკურიამ და ბრეგაძემ დაიკავეს. ეს ალბათ ძალიან დიდი მიღწევაა. ხოლო მოქალაქეთა კავშირს რაც მოუვიდა, დავინახეთ. მივიღეთ დონორთა აღნიშნული სტრატეგიის სრული კრახი: რაც მივიღეთ პოლიტიკაში, ვხედავთ; თავისუფალი მედიის მაგივრად მივიღეთ თავისუფლად გაყიდული მედია, ანუ მედია, რომელიც თავისუფლად იყიდება; ხოლო არასამთვარობო სექტორის სახით ჩვენ მივიღეთ სერიოზული ინტელექტუალური პოტენციალის მქონე, პრინციპში მაინც კასტა, რომელიც ჯერ მთლიანად არის დამოკიდებული დასავლურ დახმარებაზე, რომელიც არ სჭირდება მთავრობას, რომელიც გამიჯნულია პოლიტიკური პარტიებისაგან და რომელზედაც არავითარი მოთხოვნილება არ არის საზოგადოებაში (ან პრევალირებს შარაძისეული წარმოდგენა არასამთავრობო სექტორზე). აი, სადამდე მივედით, რაღა თქმა უნდა, უპირველესად ჩვენი გამოისობით, და შემდეგ ბრძნული დასავლური სტრატეგიის შედეგად. მოდით, გავიხსენოთ, რომ 1997-1999 წლებში გვყავდა არასამთავრობოების მიერ დასახელებული წლის ადამიანები, ჯერ იყო ჟვანია, მერე სააკაშვილი, სად არინ ეხლა ჟვანია-სააკაშვილი, ვხედავთ.

მაგალითად სინქტანკის (ანალიტიკური ცენტრის) მსგავს არასამთავრობო ორგანიზაციას როგორ შეიძლება არ ჰქონდეს კავშირი პოლიტიკურ პარტიასთან. ბოლოსდაბოლოს, ვინ არის მისი პროდუქციის მომხმარებელი, ბოლოსდაბოლოს, წერა-კითხვის უცოდინარ ხელისუფლებას ეს არ სჭირდება, ის ვერ გაიგებს; მაგრამ პარტიებში არიან ადამიანები, რომელთაც შეიძლება რაღაც გაიგონ და შეიძლება გამოაცხადონ, რომ ამ გზით აპირებენ წასვლას. როგორ შეიძლება, რომ ეს კონტაქტი მაინც არ არსებობდეს - ეს ჩემთვის გაუგებარია. შეიძლება რაღაცა ტიპი ორგანიზაციები არსებობდეს - აპოლიტიკური ორგანიზაციები, რომელთაც რაღაც სპეციფიკური საქმიანობა აქვთ ამორჩეული, თუმცა, ჩემთვის ესეც წარმოუდგენელია. ვთქვათ, ეკოლოგიური ტიპის ორგანიზაცია a priori ნათელია, რომ ოპოზიციაში უნდა იყოს ხელისუფლებასთან. გერმანიაშიც კი, სადაც ამდენი წელია მწვანეები არიან ხელისუფლებაში, კონფლიქტი მაინც სახეზეა. შეუძლებელია ამისათვის გვერდის ავლა. ჩვენ ახლა შევედით ფაზაში, რომდესაც ბევრი რამ არის გადასააზრებელი, ეს გვეხება ჩვენც ამ ქვეყნის შიგნით და ჩვენს პარტნიორებსაც ქვეყნის გარეთ. სამწუხაროდ, პარტნიორებისა თუ დონორებისაგან მე არ მახსოვს აღიარება, რომ რომელიღაცა პროგრამა ჩავარდა, რომ, მაგალითად, საჭირო ხალხი არ იყო მოზიდული. ნუთუ ყველა პროექტი ამ ხნის განმავლობაში წარმატებული იყო, წინ წაგვწია და ა.შ. დღეისათვის ამის გადააზრება არა ნულოვანი დონიდან, არამედ გაცილებით უფრო წამხდარ დონეზე გვიხდება. არასამთავრობო სექტორმა წინ წამოიწია, ის პარლამენტს ჯობია - ეს ასეც უნდა იყოს, ვინ თქვა, რომ ქვეყნის ინტელექტუალური რესურსები პარლამენტში უნდა იყოს თავმოყრილი? გამოჩნდნენ მშვენიერი, სერიოზული ექსპერტები. შევადაროთ ისინი მოქმედ პოლიტიკოსებს. შეფარდება მათსა და მოქმედ უწიგნურ, ბინძურ პოლიტიკოსებს შორის არის 1:50 საუკეთესო შემთხვევაში. ამ ექსპერტებზე მოთხოვნილება არის მხოლოდ მათთვის, ვინც წაიკითხავს და დაინტერესებულია საქართველოში განვითარებული პროცესის შეფასებით; ასევე შესაძლებელია, რომ ქართველმა ექსპერტმა დისკუსია მოუგოს ფუკუიამას, მაგრამ, აბა, საზოგადოებრივ ფართო დონეზე, ამ ქვეყნის პრობლემატიკის პრიზმით შევხედოთ სიტუაციას? მე მგონია, რომ მდგომარეობა საგანგაშოა, არა მხოლოდ იმ პოლიტიკის თვალსაზრისით, რომელსაც ვხედავთ (არჩევნების შემდეგ ვერაფერსაც ვერ მივიღებთ). მედიის თაობაზე უკვე ვთქვი. ერთობა არასამთავრობოებისა სახეზეა - ვიკრიბებით, ვუზიარებთ აზრს ერთმანეთს, ქვებს არ ვესვრით, კორპორატიული სოლიდარობა აქაც არის, მაგრამ მერე რა? ამიტომ სიტუაციის გააზრება, ამ მიმართულებით დისკუსიების გაღრმავება და შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავლის ძებნა, ჩემი აზრით, დღის წესრიგში უნდა დადგეს, და თან არსებული რესურსების მაქსიმალური ამოქმედებით.

გია არეშიძე - ეს საკითხი ახალი არ არის. ძველმა ბერძნებმა ამ საკითხს უპასუხეს - გარემო თუ პიროვნება. ორივე; აქ არის მჭიდრო ურთიერთკავშირი: გარემოც აყალიბებს ტიპებს და ტიპებიც აყალიბებენ გარემოს. რეჟიმი აყალიბებს ადამიანს და მერე უკვე ამ რეჟიმის წიაღში იბადება ადამიანი, რომელიც სხვა რეჟიმს აყალიბებს. ჩვენს შემთხვევაში საქმე სხვაგვარადაა. ჩვენში ასეთი წიაღი არ იყო. თუ იყო კიდევაც უცხო ტიპები, ისინი კონტექსტიდან ამოვარდნილები იყვნენ და არავითარი მატერიალური რესურსი იმისათვის, რომ მათ ეს გაეკეთებინათ, არ არსებობდა. ამდენად, ჩვენში გარემო არსებობდა იმგვარი, როგორიც სურდათ დონორებს. კრახი თუ სახეზეა, პასუხისმგებლობა დონორი ქვეყნების მთავრობებზე კი არ უნდა გავრცელდეს, არამედ ამ მთავრობების ოპერატორებზე და იმ ფონდებზე, რომლებიც დონორების თანხების ოპერირებას ახდენდნენ. ჩვენთან გამიჯნულია არასამთავრობო სფერო, პოლიტიკური პარტიები და ბიზნესი. მაგრამ ეს გამიჯვნა არა მხოლოდ სააგენტოების ბრალია, ეს პროცესი ადრეა დაწყებული. ჰეგელმა პირველმა გამოიყენა სამოქალაქო საზოგადოების ცნება. იქიდან მოდის ეს ყველაფერი, ანტიკურ ხანაში არავინ მოიაზრებდა ამგვარ სამოქალაქო საზოგადოებას. რომ ვნახოთ თომა აქვინელი, მასთან ყველა მოქალაქე პოლიტიკაშია ჩაბმული; და საერთოდაც: პოლიტიკა ბერძნული სიტყვაა და საზოგადოებას ნიშნავს პირდაპირი მნიშვნელობით, ანუ ქალაქს და საზოგადოებას ერთად. მაგრამ მას შემდეგ, გინდა პოსტმოდერნიზმი დაარქვით ამას და გინდა მოდერნიზმი, პოლიტიკა არის რაღაც, რასაც პოლიტიკური პარტიები აკეთებენ, იმავე ქართველი სოციალური დარგის მეცნიერის აზრითაც. მათივე აზრით, სამოქალაქო სექტორში რაც არის, ის პოლიტიკასთნ კავშირში არ უნდა იყოს, და ეკონომიკა კიდევ ცალკეა. ეს ხომ აბსურდია, ეს ხომ ყველაფერი გადაბმულია, არაფერი არ შეიცვალა 2500 წლის მანძილზე. ნებისმიერი მოქალაქე პოლიტიკაშია ჩაბმული. როგორ შეიძლება სოციალურ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები პოლიტიკასთან დამოუკიდებლად განვიხილოთ? სოციალური საკითხი პოლიტიკური საკითხი არ არის? აბა, გეოფიზიკური საკითხია? მახსენდება შემთხვევა, როცა მორიგ განცხადება-მიმართვას ვწერდით „ჯიპაში“, მქონდა ჩემი შენიშვნები. ჯანრი კაშიამ გამომიყვანა და მითხრა, რატომ აკეთებ ამ შენიშვნებს, ეს ხომ არ არის პოლიტიკური განცხადება - ამიტომ მნიშვნელობა არა აქვსო. აბა, როგორი განცხადებაა-მეთქი? ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ ეს ყველაფერი პოლიტიკაა და რომ მესამე სექტორს აქვს პოლიტიკური მიზნები. პოლიტიკური მიზანია ის, რომ გზა გაუკაფოს პოლიტიკური პარტიებს, რომლებიც იქნებიან სწორი, იმიტომ რომ მასში სწორი ადამინები იქნებიან წარმოადგენილნი, რომლებიც მერე მოიყვანენ კარგ მათავრობას. აი, ეს არის მიზანი. როდესაც წარმოვიდგენთ, რომ რაღაც თვითმიზანი გვაქვს, მივიღებთ არსებულ სურათს. ეს ჩვენი ბრალია, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენში შესაბამისი გარემო არ იყო და არ იყო მთავრობა, რომელსაც ამ თავისუფლების სურვილი ექნებოდა. ასე რომ, ჩვენთან გამორიცხულიც კი იყო მესამე სექტორის განვითარება და ეს მოხდა მხოლოდ იმ დონორების სურვილით, მეგობარი ქვეყნების სურვილით, რომლებიც პროექტებს ახორცილებდნენ საქართველოში. შემდგომში ეს დამახინჯდა ოპერატორების გამო და მივიღეთ კრახი. ამ კრახშიც ზემოხსენებული პოლიტიკური პროექტის დიდი წვლილია. რაც შეეხება ჩვენს ორგანიზაციას, სასაცილო არ არის, რომ ჩვენს ორგანიზაციას ვინმემ დააბრალოს ახლებთან თანამშრომლობა, პარტიზანობა? ჩვენ მაშინ, როდესაც დავარსდით (2000 წელს), განვაცხადეთ, რომ ვართ კონსერვატორული მემარჯვენე ორიენტაციის სინქტანკი. ჩვენდა სასიკეთოდ გაჩნდა პარტია, რომელიც დეკლარაციის დონეზე აღიარებს იმავე იდეოლოგიას. რა თქმა უნდა, ჩვენს პროდუქტს ის მოიხმარს და აიღებს. აბა, როგორ გგონიათ, როცა ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველო უსაფრთხოების თვალსაზრისით აშშ-ს უნდა გაჰყვეს და არა ევროპას, - ამ აზრს ვინ მიიღებს. ჟვანია და დემოკრატები? მათი მთელი საერთაშორისო კაპიტალი არის ევროპაში. ეს ნიშნავს იმას, რომ რახან ჩვენი პროდუქტი წაიღო გარკვეულმა პარტიამ, ჩვენ პარტიზანები ვართ? ჩვენს მთავრობას კი ამ დროს აინტერესებს, როგორ გაერთიანდეს რუსეთთან ანდა მუსულმანების საერთაშროისო ორგანიზაციაში, რომელსაც რუსეთი ებრძვის. მე ვამბობ, რომ ეს ყველაფერი ეხმარება პოლიტიკურ მიზნებს, საერთოდ არსებობს პოლიტიკური მიზნებისათვის. ეს არის მოქალაქის შექმნის ინსტრუმენტი და მოქალაქის შექმნა პოლიტიკური საკითხია.

რამაზ აფციაური - რას გულისხმობთ მოქალაქის შექმნაში? სამოქალაქო განათლებას?

გია არეშიძე - არა მარტო. ადამიანი არის ეგოისტი და მისი პირადი ინტერესი არის ეგოისტური; აქ საუბარია ლიბერალიზმზე, რომელიც არის ნეგატიური ფილოსოფია, რომელსაც არ აქვს გამოკვეთილი იდეა - აქ ყველა იდეა არის სრულფასოვანი. დემოკრატია + ლიბერალიზმი თავისთავად დიდ საშიშროებას წარმოადგენს. ეს საშიშროება რომ არსებობს, ჩვენ ვნახეთ ფაშიზმისა და კომუნიზმის მაგალითზე. ეს ყველაფერი ლიბერალიზმის ტალღებია და სწორედ ამიტომაა საშიში. როგორი ადამიანის ჩამოყალიბებაა საჭირო? სწორედ ისეთი ადამიანისა, რომელსაც ესმის, რომ სამოქალაქო და პოლიტკურ გაერთიანებებში სწავლობს ამას. სხვისი ინტერესისა და სხვაზე ზრუნვით რომ საკუთარ კერძო ინტერესს იცავს, ამას სწავლობს სწორედ სამოქალაქო პოლიტიკური გაეთიანებებით. ამას თუ ჩასწვდი, მერე მხოლოდ შენს კერძო ინტერესზე აღარ ზრუნავ, არამედ გესმის, რომ საერთო ინტერესის დაცვაა საჭირო. სამოქალაქო-პოლიტიკური გაერთიანებები კი ამ მიდგომების საფუძველზე ცდილობენ, კარგი მთავრობა იყოლიონ, რათა მთლიანად საზოგადოებრივი ინტერესის დაცვა მოხდეს. კარგ მთვრობასაც ესმის, რომ ის მაშინ არის კარგი, როცა ის საზოგადოებისთვისაა კარგი. არასამთავრობო ორგანიზაციების ფუნქცია არის ერთადერთი (რამდენად აქვთ ეს დონორებს ანდა დონორების ოპერტორებს შეგნებული, მე სულაც არ მაინტერესებს): პოლიტიკური მიზნებისათვის მოქალაქის ანდა ორგანიზაციის შექმნა, რომელიც მერე თვითონ ქმნის მთვრობას, ხოლო ეს უკანასკნელი მერე ყველაფერზე ზრუნავს და ზრუნავს სწორად. მე ვამტკიცებ, რომ არ შეიძლებოდა ამ კრიზისში არ მოვხვედრილიყავით იმიტომ, რომ იმ პოლიტიკურმა პროექტმა და იმ პიროვნებებმა, რომლებიც კურირებდნენ მესამე სექტორს, შექმნეს აბსოლუტურად კორუმპირებული, არასწორი რეჟიმი. რას ვგულისხმობ ამაში? პოლიტიკური რეჟიმი გაწერილია კანონმდებლობაში, მაგალითად, ბიზნეს კასაც ესმის, რომ სამოქალაქო და პოლიტკურ გაერთიანებებში სწავლობს ამას. სხვისი ინტერესისა და სხვაზე ზრუნვით რომ საკუთარ კერძო ინტერესს იცავს, ამას სწავლობს სწორედ სამოქალაქო პოლიტიკური გაეთიანებებით. ამას თუ ჩასწვდი, მერე მხოლოდ შენს კერძო ინტერესზე აღარ ზრუნავ, არამედ გესმის, რომ საერთო ინტერესის დაცვაა საჭირო. სამოქალაქო-პოლიტიკური გაერთიანებები კი ამ მიდგომების საფუძველზე ცდილობენ, კარგი მთავრობა იყოლიონ, რათა მთლიანად საზოგადოებრივი ინტერესის დაცვა მოხდეს. კარგ მთვრობასაც ესმის, რომ ის მაშინ არის კარგი, როცა ის საზოგადოებისთვისაა კარგი. არასამთავრობო ორგანიზაციების ფუნქცია არის ერთადერთი (რამდენად აქვთ ეს დონორებს ანდა დონორების ოპერტორებს შეგნებული, მე სულაც არ მაინტერესებს): პოლიტიკური მიზნებისათვის მოქალაქის ანდა ორგანიზაციის შექმნა, რომელიც მერე თვითონ ქმნის მთვრობას, ხოლო ეს უკანასკნელი მერე ყველაფერზე ზრუნავს და ზრუნავს სწორად. მე ვამტკიცებ, რომ არ შეიძლებოდა ამ კრიზისში არ მოვხვედრილიყავით იმიტომ, რომ იმ პოლიტიკურმა პროექტმა და იმ პიროვნებებმა, რომლებიც კურირებდნენ მესამე სექტორს, შექმნეს აბსოლუტურად კორუმპირებული, არასწორი რეჟიმი. რას ვგულისხმობ ამაში? პოლიტიკური რეჟიმი გაწერილია კანონმდებლობაში, მაგალითად, ბიზნეს კანონდმდებლობა სრულიად გამორიცხავს არაკორუმპირებულ და ფორმალურ ეკონომიკას. ეს არის კორუფცია. კორუფცია მხოლოდ მექრთამეობა არ არის; კორუფციაა ის, რომ თვითონ რეჟიმია გახრწნილი არასწორი პოლიტიკური თავლსაზრისით და ის მერე იწვევს საზოგადოების გახრწნას.

სოზარ სუბარი - და ასეთ რეჟიმშია არასამთავრობოები მოწოდებული, რომ გზა გაუკაფონ პოლიტიკურ პარტიებს?

გია არეშიძე - არა; მე ვამბობდი იმას, თუ საერთოდ მოდერნულ სახელმწიფოში რა არის არასამთავრობო სექტორის როლი და ფუნქცია. როგორც აღვნიშნე, ასეთი მიზანი ორია: შექმნას მოქალაქე და გზა გაუკაფოს პოლიტიკურ პარტიებს. ჩვენთან თუ ეს არ ხდება, ეს არის რეჟიმის ბრალი. მაგალითად, USAID და ევროგაერთიანება ჩვენს მთავრობასთან ურთიერთობს და, ცხადია, მთავრობას ეკითხებოდა, ვის და როგორ დავეხმაროთო, საით გინდათ, რომ ეს წარვმართოთ და როგორო? აქედან დაწესდა ეს კონტროლი; მათ ამ კონტროლის მეშვეობით ბერკეტები ჩაიგდეს ხელში. ორივე მხარე - ჩვენი და ჩვენი მეგობარი ქვეყნების ბიუროკრატია - შეხვდა ერთმანეთს. ვისაც შესწავლილი აქვს ეს საკითხები, იმან იცის, რომ აშშ ადმინისტრაციას - განსაკუთრებით რესპუბლიკურს - დიდი პრობლემები ექმნება. ა. ადმინისტრაცია ცდილობს, რომ მემარცხენე იდეოლოგიის მქონე სააგენტოებს, სახელმწიფო დეპარტამენტს და USAID-ს, თავისი იდეოლოგია გაატარებინოს, მაგრამ 4 წელი ამას არ ყოფნის. ამას უნდა 8 წელი მაინც სჭირდება. ორივე ბიუროკრატიამ ერთმანეთის გამდიდრებით შეგვიქმნა ეს კრიზისი, რომელშიც ჩვენ ახლა ვიმყოფებით. რაზე იყვნენ ისინი ორიენტირებულნი? ჩვენს მხარეს იდეოლოგია არ ჰქონდა, მეგობრები სოციალისტურები იყვენენ; ისინი სხვის ფულს ანიავებდნენ და ხარჯავდნენ. მივიღეთ რა? მოქმედება მოქმედებისათვის - ჩვენთან მარტო იმიტომ იმართებოდა მესამე სექტორის ღონისძიებები, რომ მხოლოდ ჩატარებულიყო. ამიტომაც არ წერენ, რომ რამე პროექტი ჩაუვარდათ. თორემ ჩაუვარდათ, კონტრაქტორებს შეუწყვიტეს დაფინანსება და მერე იგივენი მოიყვანეს მეორე უმნიშვენლოვანეს პროექტში - ეს არ არის პრობლემა? ბარენცის ჯგუფი, რომელიც გაგდებული იყო საქართველოდან და რომლის წინა პროექტიც შეწყდა, დღეს ყველაზე დიდი პროექტის განმახორციელებელია. ჩვენც ამას აყოლილები ვართ. ამიტომაა, რომ ხუთი წლის მანძილზე არაფერი არ იცვლება. იმავე დონეზეა დისკუსიები: არც სიღრმე იზრდება და არც ხარისხი.

დათო პაიჭაძე - ეგება ის მოთხოვნა, რომ არასამთავრობოები არდაკავშირებოდნენ პოლიტიკურ პარტიებს, მომდინარეობდა იქედან, რომ გაზრდილიყო არასამთავრობოების რიცხვი, ებარტყა. გარდა ამისა, პოლიტიკოსებს არასოდეს ჰქონიათ მაღალი ავტორიტეტი და არ ყოფილან მისაბაძი ხალხი. და სწორედ რომ გაჩენილიყო საზოგადოებაში ალტერნატიული აქტივობა, საჭირო იყო ფორმალური დაშორება პოლიტიკური სექტორისაგან. ამ შემთხვევაში გამოდის, რომ ცოტა დაგვიანდა იმ ფაზის დასრულება, რაც ხელს უწყობდა მესამე სექტორის ცალკე ფორმირებას. ალბათ ამან შეუწყო კიდევაც ხელი მესამე სექტორის მეტისმეტად მაღალ თვითშეფასებას. ცხადია, არც ერთ ჩვენგანს არ უთქვამს, რომ საძრახისია მესამე სექტორისა და პოლიტიკური პარტიების კავშირი, არავის წინაშე თავის გამართლება მესამე სექტორს არ სჭირდება, თუმცა, მაინც ვერ გავიზიარებ, ბატონო გია, თქვენს აზრს, რომ მესამე სექტორის მთავარი მიზანი/ფუნქცია - ეს არის პოლიტიკური პარტიებისათვის გზის გაკაფვა; რატომღაც მგონია, რომ, ვთქვათ, აშშ-ში მესამე სექტორის წარმომადგენლები არსებობენ საზოგადო სიკეთისათვის და აუცილებელი არ არის ეს პარტიებთან ჩახუტების გზით ხდებოდეს.

გია არეშიძე - რატომ არის ეს ასე? იმიტომ, რომ საზოგადო სიკეთე მათ მოცილებული ჰგონიათ პოლიტიკისაგან, ანუ ვუბრუნდებითიმას, რაზედაც ჩვენ ვსაუბრობდით ადრე. ჩვენს სოციალურ საკითხებზე მომუშავე NGO-ებსაც ჰგონიათ, რომ პოლიტიკას არ აკეთებენ. აქ, უბრალოდ, სიტყვების თამაშია.

რამაზ აფციაური - მე მგონი, ზედმეტად გადავედით განვლილი გზის კრიტიკაზე - ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი იქნებოდა იმაზე საუბარი, თუ როგორ უნდა შევხვდეთ იმ ცვლილებებს, რომელსაც მოგვიტანს ეს საპარლამენტო არჩევნები და როგორ შეიძლება გააგრძელოს სექტორმა თავისი ფუნქციის შესრულება, თუნდაც პოლიტიკურ პარტიებთან მიმართებაში. წინა დისკუსიების თემებს საკმაოდ კარგი შედეგები ჰქონდა, მაგალითად, NGO-ს ეთიკის კოდექსის შესახებ დისკუსიიდან ჩამოყალიბდა ჯგუფი, რომელიც მუშაობს ამ ეთიკურ კოდექსზე. ასევე სამოქალაქო ინტერესების დაცვის პროგრამის ფარგლებში ჩამოყალიბდა პროგრამა არასამთავრობოების საქმიანობის საზოგადოებისათვის უფრო ფართოდ გაცნობის მიზნით. ნამდვილად ვერ დავეთანხმები იმ შეფასებას, რაც გამოთქმული იყო აქ და ვთვლი, რომ 2002 წელს არასამთავრობო სექტორმა ძალიან ბევრი ცვლილება დააფიქსირა, თუნდაც ის, რომ ბევრი ახალი კადრი გაზარდა პოლიტიკისათვის და სხვანაირი ურთიერთობები ჩამოაყალიბდა პოლიტიკურ პარტიებთან. იმედი მაქვს, რომ არასამთავრობო სექტორის ინტერესების სფეროშიშემდგომშიც დარჩება დემოკრატიულობის პრინციპების დაცვა, ადამიანის უფლებების დაცვა და ა.შ. აქედან გამომდინარე, მინდოდა გვეთქვა, თუ რა უნდა გაკეთდეს სექტორში, ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ვითანამშრომლოთ პოლიტიკურ პარტიებთან, ჩვენ არ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ შევცვალოთ კანონმდებლობა; ეს შეიძლება გააკეთოს პარლამენტმა, ხელისუფლებამ და ჩვენ ისინი უნდა გამოვიყენოთ ამის გასაკეთებლად. ამიტომ პოლიტიკურ პარტიებთან მუშაობა აუცილებელია; უბრალოდ, საუბარი იყო იმაზე, როგორ გადავიდეთ ურთიერთოებების შემდეგ ეტაპზე.

სოზარ სუბარი - რა არის შემდეგი ეტაპი, ეს არ ვიცით. მაგალითად, რაღაცის ლობირება როცა გინდა, სადამდე ხარ თავისუფალი? გაქვს უფლება, რომ ვისაც მხარს უჭერ, იმასთან იყო პოლიტიკაშიც?

რამაზ აფციაური - სამწუხაროდ, ამდენი ხნის განმალობაში სექტორმა დაკარგა ურთიერთობა საზოგადოებასთან. მან ძალიან გარკვეული ურთიერთოებები დაამყარა პოლიტიკურ ძალებთან, მათ შორის ოპოზიციასთან, ხელისუფლებასთან, მაგრამ ვერ განავითარა ეს ურთიერთობები საზოგადოებასთან, ვერ მოიპოვა მათი მხარდაჭერა. ამაზე ის კვლევის შედგებიც მოწმობს, რომელიც ჩატარდა NGO იმიჯის შესახებ. ალაბათ შემდეგი სამუშაოები უნდა წარიმართოს იქეთკენ, რომ სექტორი რეალურად გავიდეს საზოგადოებაში, მოიპოვოს მისი მხადაჭერა და საზოგადოების მეშვეობით შეძლოს გავლენა მოახდინოს ხელისუფლებაზე, პოლიტიკურ პარტიებზე და ა.შ. ყოველ შემთხვევაში, მარტო ჩვენი ძალებით ამის გაკეთება ვერ მოხერხდება. მაგალითისათვის, დაიწყო 10 ნაბიჯის განხილვა - ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც სხვადასხვანაირი შეხედულების ორგანიზაციები ჩაებნენ ამ განხილვაში. შედეგად მომზადდა რაღაც. იმედი მაქვს, რომ ის ცვლილებები, რომლებიც სხვადასხვა ორგანიზაციიდან წამოვიდა, შესული იქნება ამ დოკუმენტში და სექტორი საერთო აზრს ჩამოაყალიბებს. აქამდე ერთ-ერთი დიდი პრობლემა იყო ის, რომ თვითონ არასამთავრობო ორგანიზაციები ერთმანეთს არ ვუთმობდით და კომპრომისებზე არ მივდიოდით, მაგრამ ახლა, როგორც ეტყობა, ესეც უნდა ვისწავლოთ, როგორ ვითანამშრომლოთ, რომ მეტი გავლენა მოვახდინოთ პოლიტიკურ პროცესებზე დემოკრატიული განვითარების, ადამიანის უფლებების დაცვის, სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროცესში.

გია არეშიძე - ევროპასაც ჰგონია, რომ უსაფრთხოებაზე ზრუნვა არ სჭირდება, როცა აშშ-ის ქოლგის ქვეშაა. სოროსი, როცა ფონდს აყალიბებდა თბილისში, აცხადებდა, რომ აბსოლუტურად აპოლიტიკური ოპრგანიზაცია ვარო. დღეს რა ხდება? დღეს ხომ ის პოლიტიკური ფონდია?

ქეროლაინ ქემბლი - აქ მხოლოდ დამკვირვებლად ვარ და არ ვაპირებდი დისკუსიაში ჩაბმას, მაგრამ საკმაოდ საინტერესო მოსაზრებები გამოითქვა და მსურს კომენტარები მოგაწოდოთ და ამავე დროს დაგეხმაროთ ტერმინოლოგიის დაზუსტებაში. მთავარია, როგორ ვხმარობთ ტერმინოლოგიას. როგორც ვხედავ, არასამთავრობო სექტორისა და პოლიტიკური პარტიების თქვენეული ახსნა განსხვავდება იმისაგან, თუ მე როგორ მესმის დემოკრატია ჩემს ქვეყენაში. თქვენთან არასამთავორბო სექტორი განიხილება იმდენად ფართო გაგებით, რომ პრაქტიკულად ყველაფერს, რაც არ ასოცირდება ბიზნესთან, პოლიტიკურ პარტიებთან ან მთავრობასთან, არასამთავრობო სექტორს ეძახით. ჩემს ქვეყანაში კი ბევრი სხვა მრავალი ორგანიზაციაა, კლუბია, ასოციაციაა, რომლებსაც ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებს ვუწოდებთ. ხალხს შეუძლია შექმნას ყველა სახის ორგანიზაცია, რომელსაც შეეძლება დაიცვას ნებისმიერი ინტერესი და ამაში არანაირი შეზღუდვა არ არსებობს. გვაქვს მხოლოდ ორგანიზაციების ერთი ჯგუფი გარკვეული შეზღუდვებით, და ეს შეზღუდვები უკავშირდება საგადასახადო კანონს. ეს იმიტომ, რომ, თუ გინდა გადასახადებისაგან იყო განთავისუფლებული, არ უნდა მიეკუთვნებოდე რომელიმე პოლიტიკურ დაჯგუფებას, არ უნდა იყო პარტიზანი. გიამ ასევე აღნიშნა სხვა საკითხიც, თუ როგორია საერთაშორისო ორგანიზაციების გავლენა საქართველოში განვითარებულ პროცესებზე. რამდენად გსურთ, რომ სხვა სახელმწიფომ მოიპოვოს გავლენა იმაზე, რაზედაც თქვენ იღებთ გადაწყვეტილებას? გასარკვევია, რამდენად გინდათ, რომ თქვენთან იყოს ორგანიზაციები, რომლებიც სხვა სახელმწიფოს გავლენის ქვეშ იმყოფებიან და ამავე დროს რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან იქნებიან გაიგივებულნი. ჩემი ორგანიზაცია დაფინანსებას იღებს აშშ მთავრობისაგან. როდესაც მე ვიღებ გადაწყვეტილებას, ვინ დავაფინანსო სხვა სახელმწიფოში, არ მინდა, რომ ეს ორგანიზაცია ქართულ პოლიტიკაში რომელიმე მხარეს წარმოადგენდეს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერი ორგანიზაციები არ უნდა შეიქმნას. ქართული პოზიციიდან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ არც ქართველებს არ უნდა მოსწონდეთ უცხო ქვეყნის დახმარება იმ ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც პარტიზანულ მდგომარეობას იკავებენ. და კიდევ, არ უნდა ავურიოთ პოლიტიკა იმ საკითხებთან, რითაც არასამთავრობოები დაკავებულნი არიან. ანუ რას ვეძახით ნეიტრალიტეტს? იმიტომ რომ ნეიტრალობა პარტიზანულობის დროს განსხვავებული უნდა იყოს რაღაც გარკვეული საკითხის მიმართ ნეიტრალურობისაგან. ევროპის კავშირი დაინტერესებულია ადამიანის უფლებების დაცვით საქართველოში, ხოლო აშშ დაინტერესებულია რელიგიის თავისუფლებით. ამ შემთხვევაში ჩვენი დაფინანსება წავა იმ ორგანიზაციებისადმი, რომლებიც დაიცავენ ამ პრინციპებს. ივლიანემ აღნიშნა და მეც ვეთანხმები, რომ წარმოუდგენელია დემოკრატიული მთავრობა ბევრი სხვა ორგანიზაციისა და სამოქალაქო ჯგუფის მონაწილეობის გარეშე. ხალხისათვის მეტად მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკაში მოქალაქეების მონაწილეობის დაცვა მოხდეს. კიდევ ერთი საკითხი, რაც აქ ჩემგან განსხვავებულად ესმით - ეს არის პოლიტიკური პარტიების განსაზღვრება. ჩემს ქვეყანაში ხალხი ქმნის პარტიების კლუბებს, ასოციაციებს და ეს ატარებს მასიურ ხასიათს. ჩვენ ვმუშაობთ ერთად, რათა შევქმნათ სამოქალაქო ორგანიზაციების კოალიცია, რომლებიც ანტიკორუფციულ საკიხებზე მუშაობენ და გავააქტიუროთ მათი საქმიანობა, უპირველეს ყოვლისა, ინფორმაციის გაცვლის გზით. ამ წარმოდგენილ საერთაშორისო მოქმედების გეგმას წარმატებით განხორციელება არ უწერია, თუ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება უფრო აქტიური არ აღმოჩნდება, ვიდრე მისი მთავრობა. ამ საერთაშორისო გეგმაში მონაწილეობენ: ევროპის გაერთიანება, ევროპის საბჭო, ეუთო, მსოფლიო ბანკი და უყურებენ, თუ რას იტყვის სამოქალაქო საზოგადოება განსხვავებულს მთავრობისაგან. კოალიცია ხვდება პოლიტიკურ ფრაქციებს იმ მიზნით, რომ ჰკითხოს პოლიტიკოსებს, თუ რას ფიქრობენ ამ საკითხების გარშემო. ეს ყველაფერი ხორციელდება ევროპის საბჭოს პროგრამის ფარგლებში, რომელიც გულისხმობს პოლიტიკური პარტიების მონიტორინგს მიმდინარე მოვლენების მიმართ. სამწუხაროა, რომ პოლიტიკური ფრაქციები დღეს აქ არ არიან, რადგან ამის მსგავსი ურთიერთობები სამოქალაქო სექტორსა და პოლიტიკურ პარტიებს შორის ძალიან მნიშვნელოვანია.

გია არეშიძე - დიდი მადლობა მინდა მოვახსენო ქეროლაინს, რადგანაც მეტად საინტერესო მოსაზრებები გამოთქვა. მე ყოველთვის ხაზს ვუსვამდი, რომ არა დონორები, არამედ სააგენტოები ქმნიან პრობელემებს. ვერ მოხდა იმის განმარტება, თუ რას ვგულისხმობდი. რა თქმა უნდა, სააგენტოები მთავრობას წარმოადგენენ, რადგან მათ მთავრობა უხდის ფულს. აშშ მთავრობა უნდა იყოს ნეიტრალური შიგა პოლიტიკური პროცესების მიმართ, არ უნდა დაუჭიროს მხარი რომელიმე ჯგუფს. აშშ, ისევე როგორც ევროპის ქვეყნები, ეხმარება საქართველოს და ხალხს და არა რაღაც დაჯგუფებებს შიგნით. მაგრამ მე ასევე ვთქვი: ეს სააგენტოები ხშირად თვითონ ამ მთავრობისპოლიტიკას ეწინააღმდეგებიან, რა თქმა უნდა, არადეკლარირებულად. აქ ლაპარაკია შიდა წინააღმდეგობაზე, პიროვნული მომენტებზე და ა.შ. საქმე ისაა, რომ ეს დეკლარირებული ნეიტრალიტეტი, პიროვნული მომენტებიდან და ამ მრავალწლიანი ურთიერთობებიდან გამომდინარე, სრულ პარტიზანობად გადაიქცა. ჯერ ერთი, გადავიდეთ ოპრატორებზე; ერთ-ერთი ოპერატორი, რომელიც მთავრობას ჰყავს, ეს არის NDI, ანუ ასევე არასამთავრობო, მაგრამ აშშ-ის არასამთავრობო ორგანიზაცია. აქ ეს ინსტიტუტი აქტიურად არის წარმოდგენილი და თნამშრომლებიც აქტიური ჰყავა. ეს, რა თქმა უნდა, პარტიზანული ინსტიტუტია იმ თვალსაზრისით, რომ პარტიზანული იდეოლოგიები გააჩნიათ. ჩემი გულისტკივილიც ისაა, რომ, რა თქმა უნდა, არც აშშ მთავრობას, USAID-ის სახით, არ უთქვამს NDI-თვის - შენ მარტო ერთი პოლიტიკურ მიმდინარეობას და ერთ იდეოლოგიას დაუჭირე მხარიო. წლების განმავლობაში, ვინც ფულს ღებულობდა საქართველოში, სწორედ ამ წყაროდან იყო. თანაც ამ ოპერატორების არც მონიტორინგი და არც კონტროლი არ წარმოებდა, რომ ნეიტრალობისაკენ გადაექაჩათ, ამაზეა ლაპარაკი. რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიებს, არ არსებობს დიდი განსხვავება პოლიტიკურ პარტიებსა და სამოქლაქო ორგანიზაციებს შორის; ისინი იმავე ტიპის გაერთიანებებია, ოღონდ პარტიები უფრო მრავალრიცხოვანია. კიდევ არსებობს ამგვარი განსხვავებები, თორემ შინაარსით ისინი ერთნაირები არიან.

ლანსელოტ ფლეტჩერი - მე მინდა ვისაუბრო საკითხზე, რომელიც, ვიმედოვნებ, დაგეხმარებათ უკეთესად გაერკვეთ სიტუაციაში და იპოვით ის, რაც, ჩემი აზრით, აკლია ამ დისკუსიას. მე თვითონ ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის პრეზიდენტი ვარ აშშ-ში, და ამავე დროს ძალიან აქტიური ვიყავი პარტიზანულ პოლიტიკაში, ვხელმძღვანელობდი წინასაარჩევნო კამპანიებს, როგორც სხვა პოლიტიკოსებისათვის, ასევე ვაწარმოებდი საკუთარ კამპანიას. რაც შეეხება იმას, რაც თქვენთვის შეიძლება მნიშვნელოვანი და საინტერესო იყოს, ეს ალბათ ისაა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დემოკრატიულ საზოგადოებაში მოქალაქეების მხრიდან პოლიტიკური დისკუსიის წარმართვა და მასში მონაწილეობა. თუ ჩვენ ამას შევხედავთ როგორც აუცილებლობას და გადავხედავთ იმას, თუ რას გვაძლევს ისტორია მას შემდეგ, რაც ხალხი დემოკრატიულ სახელმწიფო მართვაზე საუბრობს, ადვილი შესამჩნევია, რომ არსებობს უზარმაზარი მანძილი სახელმწიფო ხელისუფლების ოფიციალურ წარმომადგენლებს და ხალხს შორის. მსოფლიოს სახელმწიფოების უმრავლესობაში, და მათ შორის იმ სახელმწიფოშიც, რომელსაც მე წარმოვადგენ, ოფიციალური კონსტიტუციური სტრუქტურა არ არის სრულყოფილი და არ გულისხმობს მედიატორი სტრუქტურების შექმნას, როგორც ამას ზოგიერთი სოციოლოგი უწოდებს. მედიატორმა უნდა წარმართოს დიალოგი ხელისუფლებასა და მოსახლეობის მცირე ჯგუფებს, ინდივიდებს შორის. ისტორიულად პოლიტიკური პარტები დროებითი წარმონაქმნები არიან, რათა გარკვეული დანიშნულება შეასრულონ და შეავსონ სივრცე მთავრობასა და მოქალაქეებს შორის. ასევ უნდა აღინიშნოს, რომ პოლიტიკური პარტიების არსებობა, გარკვეულწილად, ოფიციალურად აისახება თქვენს კონსტიტუციურ სისტემაში, როგორიცაა, მაგალითად, წარმომადგენლობითი სისტემა პარლამენტში, ისევე როგორც აშშ-ში ოფიციალურად დანიშნული მთავარი ამომრჩევლის სისტემა და ა.შ. თუმცა, პოლიტიკური პარიტები მხოლოდ ამ დონით არიან ოფიციალურად აღიარებულნი. გამონაკლისს საკმაოდ მძიმე სუართი წარმოადგენს, რომლის გამოცდილებაც თქვენ უკვე გქონდათ, როდესაც ერთპარტიულ სახელმიწფოში ცხოვრობდით, სადაც მხოლოდ ერთი პარტია ხდება მთავრობის იარაღი. მნიშვნელოვანია ის, რომ ორივე მხარე, როგორც არასამთავრობო სექტორი, ისე პოლიტიკური პარტიები სხვადასხვა გზაზე იმყოფებიან, სხვადასხვანაირად ახერხებენ დროებითადაპტაციას სიტუაციასთან, რომ საკუთარი დანიშნულება შეასრულონ, მოახერხონ და შეავსონ სივრცე მთავრობასა და ხალხს შორის. როგორც ყოველთვის ხდება, პოლიტიკური პარტიები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, თუ ვინ მართავს, არასამთავრობოები კი ასრულებენ სამუშაოს ხალხისათვის, ან ეხმარებიან ხალხის აზრის ჩამოყალიბებას სახელმწიფო პოლიტიკაზე. მომავლისათვის ალბათ გამოსადეგი იქნება თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოში თქვენ გაქვთ ექსტრემალური შემთხვევა (შეიძლება სხვაგანაც იყოს, მაგრამ არა ამგვარად მძლავრად გამოვლენილი), როდესაც პოლიტიკური პარტიები თავად არიან ძალიან მძიმე პირობებში. პოლიტიკური პარტიები წარმოადგენენ პრინციპების ერთობლიობას, ანდა ინტერეს ჯგუფების დამცვლებად გვევლინებიან. აღმოჩნდა რომ საქართველოში თითქმის ყველა პოლიტიკური პარტია წარმოადგენს ცნობილი პიროვნების გარშემო გაერთიანებულ დაჯგუფებებს. რომ ვუპასუხოთ კითხვას, რასაც მიეძღვნა დღევანდელი დისკუსია, ანუ თუ რა ურთიერთობები უნდა იყოს არასამთავრობოებსა და პოლიტიკურ პარტიებს შორის, მე მგონია, ჯერ უნდა გავაცნობიეროთ პოლიტიკური პარტიების პათოლოგიურობა. არასამთავრობოების მხრიდან ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო საკითხი, რაზედაც შეიძლება იმუშაონ არის ის, რომ ხელი შეუწყონ უკეთესი, დღევანდელისაგან განსხვავებული პოლიტიკური პარტიების შექმნას - ამ პარტიებმა უნდა მისცენ საშუალება მოსახლეობას გამოხატონ საკუთარი აზრი არჩევნების დროს და არა ისე, როგორც ეს დღეს ხდება.

ზვიად დევდარიანი - როდესაც ვამბობთ, რომ არასამთავრობო სექტორი განვითარების უფრო მაღალ დონეზე ავიდა, ეს არ ნიშნავს, რომ მათ უფრო უკეთესი პირობები აქვთ, უბრალოდ, არსებობს მახასიათებლები, რომლებიც ამას განსაზღვრავს. გამოიკვეთა, რომ იქმნება ახალი ტიპის ორგანიზაციები, რაც მანამდე დონორთა, თუ თვითონ ადგილობრივი მოთხოვნების გათვალისწინებით არ არსებობდნენ ან იზოლირებულად ვითარდებოდნენ. ახლა იქმნება ახალი ორგანიზაციები, რომლებიც პარტიების წიაღიდან მოდიან, ან საკმაოდ ახლოს ურთიერთქმედებენ პოლიტიკურ ორგანიზაციებთან. ხომ არ გვეფიქრა იმაზე, რომ კანონმდებლობაშიც შეიძლება რაღაც ცვლილებები შეგვეტანა, რომელიც სტატუსით გამოყოფდა ახალი ტიპის ორგანიზაციებს. შესაძლებელია ჩვენი შიში უკავშირდებოდეს საზოგადოებრივ იმიჯსაც, ანუ, ვთქვათ, ჩვენ ვერ მივდივართ ან არ მივდივართ პოლიტიკურ პარტიებთან, ზოგი კი საკმაოდ ახლოს მიდის ურთიერთობის თვალსაზრისით. როგორც აქ უკვე ითქვა, საზღვარგარეთ არსებობს კლუბები ან სხვა რაიმე წარმონაქმნები, რომლებიც შეიძლება პარტიებთან არსებობდნენ და ეს ასახული იყოს მათ იურიდიულ სტატუსში და დასახელებაშიც. როდესაც გამოვთქვამთ სურვილს, რომ ასეთმა ორგანიზაციებმა განაცხადონ ამის შესახებ და ეს პროცესი იყოს უფრო გამჭვირვალე, ვიმედოვნებთ, რომ კანონმდებლობაში შევა ცვლილებები და ასეთი ორგანიზაციები იურიდიულადაც გამოიკვეთება. მინდოდა მეთქვა კიდევ ნეიტრალიტეტის შესახებ. არასამთავრობო სექტორი, თავისი ხედვიდან გამომდინარე, უნდა იყოს შეძლებისდაგვარად დამოუკიდებელი. ვფიქრობ, რომ ჩვენი ძირითადი სამოქმედო იარაღი უნდა იყოს ღირებულებების დაცვა; თუ ჩვენ დღეს გამოვედით რაღაც განცხადებით და მხარდაჭერა გამოვხატეთ ან დავგმეთ კონკრეტული აქცია, რაც რომელიმე პარტიის წინააღმდეგ იყო გამოყენებული, სულაც არ ნიშნავს, რომ, თუ ისინი ხვალ იმავეს თვითონ გააკეთებენ, მათ ჩვენ არ გავაკრიტიკებთ. ჩვენ ამოვდივართ კანონის უზენაესობის პრინციპიდან, დემოკრატიული ღირებულებების დაცვიდან და ამიტომ ვამბობ, რომ კონკრეტულ ორგანიზაციასთან მიბმულობის შემთხვევაში ჩვენ შეიძლება აღმოვჩნდეთ არა ღირებულებების დამცველი, არამედ კონკრეტული პოლიტიკური პარტიისა და პოლიტიკური პლატფორმის იდეოლოგიის გამტარებლები. ჩემი აზრით, ნეიტრალიტეტი ნიშნავს იმას, რომ ვიყოთ მიბმულები არა ერთ რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან, არამედ ვიყოთ ღირებულებების და კანონის უზენაესობის პრინციპების დამცველები და გამტარებლები.

დათო პაიჭაძე - ერთ საკითხზე მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო - შეიძლება გულუბრყვილოდ მოგეჩვენოთ, შეიძლება ცინიკურადაც, თუმცა ფაქტია, რომ არსებობს არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მხოლოდ უცხოური დონორების იმედად არიან, და ასევე არსებობს არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთაც ვერ წვდება ამ დონორების ფინანსები და ისინი იძულებულები არიან მიმართონ ქართულ რეალობაში არსებულ რაღაც ერთეულებს, იქნება ეს პოლიტიკური ერთეულები თუ ბიზნეს ერთეული. თითო-ოროლა გამონაკლისის გარდა, მე არ მინახავს ქართული ბიზნესის მიერ არასამთავრობო სექტორისათვის ლეგალურად გაღებული ფული. ამიტომ კიდევ ვიმეორებ, საძრახისი ღია ურთიერთობებში არაფერია, იმიტომ, რომ თემას გვკარნახობს ცხოვრება. ბევრია არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელთაც საარსებო ფული სჭირდებათ და ამითაც შეიძლება იყოს მოტივირებული პოლიტიკურ პარტიასთან მისვლა.

4 შეჯამება

▲ზევით დაბრუნება


დავით ლოსაბერიძე - დისკუსიაზე განხილული იყო არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის წარმართვაში დასავლეთის დონორების როლი და შემდეგ სახელმწიფოსთან ურთიერთობა. როგორი სიტუაციაა დღეისათვის ამ მიმართულებით?

ისმის კითხვა - რამ გამოიწვია არასამთავრობო სექტორის ამგვარი აღმავლობა და გაფართოება საქართველოში ბევრი მეზობელი ქვეყნისაგან განსხვავებით? საქართველო არ არის გამონაკლისი, მაგ, კამბოჯას, ფილიპინებს, ეთიოპიას ჰყავს ასეთივე ძლიერი მესამე სექტორი. შეიძლება ვთქვათ, რომ ეს გამოიწვია ერთგვარად შეუმდგარი, სუსტი სახლმწიფოს პირობებში საზოგადოების რაღაც ჯგუფის თვითგადარჩენის ან თვითრეალიზაციის სურვილმა. კრიზისს, რომელიც 90-იანი წლების დასაწყისში დადგა საქართველოში და რომლის პირველი გამოხატულებაც იყო ეროვნული (ხშირად ეთნოცენტრისტული) იდეალების მსხვრევა და იმედგაცრუება, მოჰყვა ის, რომ დემოკრატიის სახელით მოსულმა ძალამ ასევე კრიმინალიზაცია განიცადა და საბოლოოდ მივიღეთ ფენა საზოგადოებისა, რომელიც ფიქრობდა ამ საკითხებზე, მაგრამ მისმა მსოფლმხედველობამ ყოველ მხრივ კრახი განიცადა. ეს არ იყო ზრუნვა ერთ და ორ ადამიანზე, არამედ ზოგადად ფენაზე.

რა ფენაა ეს?

ამას არ შეიძლება დავარქვათ ინტელექტუალთა ფენა. გავიხსენოთ კლასიკური დაპირისპირება: ინტელიგენცია და ინტელექტუალები. თუ ამ მხრიდან შევხედავთ საკითხს, დავინახავთ, ერთი მხრივ, ინტელიგენციას (რუსული ტიპის ვარიანტი), რომელიც ყოველთვის a priori წინააღმდეგია ხელისუფლებისა, ამასთან პასიური და უმოქმედოა, ხოლო, მეორე მხრივ, ინტელექტუალების სტრატას (დასავლური გაგებით), რომლებიც თანამშრომლობენ ხელისუფლებასთან და ჩართულნი არიან პოლიტიკის ფორმირების პროცესში.

ჩვენთან ინტელიგენციას გამოეყო ინტელიგენტების ფენა, რომელმაც ფიზიკური გადარჩენისა და თვითრეალიზაციის ერთადერთი საშუალება გამონახა. ანუ ადამიანი, რომელსაც არ სურდა წასულიყო კორუმპირებულ სისტემაში, არ სურდა წასულიყო ყაჩაღად და არ სურდა წასულიყო პოლიტიკაში (სწორად თუ მცდარად, ამას აქ მნიშვნელობა რა აქვს), ამასთან მიაჩნდა, რომ ვერ იქნებოდა კონკურენტუნარიანი ბიზნესში - მიაშურა პატარა, არასამთავრობო ნიშას.

პირველ ხანებში, 1996 წლამდე, მიმდინარეობდა არასამთავრობო სექტორის ფორმირების პერიოდი, როდესაც ხდება „არასამთავრობოს“ ცნებისგაგება. სექტორი ჯერ კიდევ არ არის კლანად ჩამოყალიბებული; არ არსებობს ერთიანი, კორპორატიული აზროვნებაც. თუმცა, არიან ვიღაც „კაი ტიპები“, რომლებიც წერენ და აკეთებენ „კარგ რაღაცეებს“ და, რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, ამ საქმეში ფულსაც იღებენ.

მეორე ეტაპი დადგა უკვე შედარებითი სტაბილიზაციის ფონზე, როდესაც იწყება ერთგვარი „ოაზისური პერიოდი“. არასამთავრობოებმა დაიმკვიდრეს თავისი ადგილი, როგორც სექტორმა სხვა სექტორებთან (სახელმწიფო, ბიზნესი) სტრუქტურებთან მიმართებაში. ეს არის არასამთავრობო ორგანიზაციათა გამრავლების ხანა - იქმნება მრავალი არასამთავრობო ორგანიზაცია, ქაღალდზე მაინც, და ოაზისური პერიოდია იმ მნიშვნელობით, როდესაც მთავრობა არ ერევა შენს საქმეში და შენც არ ერევი მთავრობის საქმიანობაში. პოლიტიკური ძალები მოქმედებენ დამოუკიდებლად და ჩვენ სამუშაოს ვასრულებთ მხოლოდ დონორებისათვის. იგივე ტრენინგები, რომელიც საზოგადოებისაკენ უნდა იყოს მიმართული, უმეტესწილად დონორებისათვის ეწყობოდა. საქმიანობის პროდუქტი კი საკმაოდ ძნელად ვრცელდებოდა თავად არასამთავრობო ორგანიზაციების წრეშიც კი.

მესამე პერიოდი (XX-XXI სს მიჯნა) დადგა, როდესაც სექტორს გაუჩნდა საკუთარი ამბიცია. მთავრობის მხრიდან არასამთავრობოებზე დაიწყო გაძლიერებული შეტევა, რადგან ხელისუფლებამ დაინახა მის წინააღმდეგ მიმართული გარკვეული საფრთხე. დღეისათვის ფართოდ განიხილება საზოგადოებაში სექტორის წინააღმდეგ მიმართული მოქმედებები, მაგალითად, თავისუფლების ინსტიტუტის წინააღმდეგ მომხდარ ინციდენტს აშუქებს ყველა სატელევიზიო არხი და ა.შ.

იცვლება თავად სექტორის შიდა სტრუქტურები, სექტორი აღარ არის მონოლითური, ერთიანი; ეს არ არის მხოლოდ გრანტებზე, ან რაღაც ზოგად დეკლარაციაზე მიბმული ორგანიზმი. ჩნდება ინტერესთა ჯგუფები თვითონ სექტორში, რაც მისასალმებელი მოვლენაა, ასევე ჩნდება პოლიტიკურად უფრო ანგაჟირებული და მიკერძოებული ინსტიტუტებიც, ამაზეც იყო საუბარი და არც ამაშია ცუდი არაფერი. ჩნდება ასევე ნეიტრალური ინსტიტუტები, რომლებსაც მოვლენების დამოუკიდებელი შეფასების პრეტენზია აქვთ და ესეც დადებითი მოვლენაა.

ხშირად გაისმის კითხვა ხელისფულების მხრიდან - რას იტყვიან არასამთავრობო ორგანიზაციები? ეს იმის მსგავსია, რომ ვიკითხო - ყველა პოლიტიკური პარტია რას ფიქრობს ამა თუ იმ კონკრეტულ საკითხზე? ფაქტია, რომ მესამე სექტორში ფორმირდება განსხვავებული ინტერესებისა და მიზნების მქონე ჯგუფები.

  • უპირველეს ყოვლისა, მანდატიდან გამომდინარე პოლიტიკური ნეიტრალიტეტის მქონე სუბიექტები, იგივე სამართლიანი არჩევნების მიერ განხორციელებული მიუკერძოებელი დაკვირვება (სამწუხაროდ, პარტიების ნაწილს არ სჯერა, რომ ის მიუკერძოებელია).

  • ცალკე ჯგუფს ქმნიან ორგანიზაციები, რომლებიც გვერდზე დგანან, სინქ-ტანკი ან პოლიტიკის შემქმნელი ცენტრები. მათ შეიძლება ითანამშრომლონ ზოგადად პოლიტიკურ სპექტრთან ან მის ცალკეულ სეგმენტთან.

  • არსებობს აგრეთვე მესამე ტიპი ორგანიზაციებისა, რომელიც შეიძლება არ იყოს პოლიტიკური თამაშში ჩაბმული, და არც ნეიტრალური დამკვირვებელი ან მკვლევარი, არამედ სათემო-საზოგადოებაზე მიმართული ინტერესებით საზრდოობდეს; მას არ უნდა მოვთხოვოთ, რომ გინდა თუ არა, ვინმესთან იყოს, ან ნეიტრალიტეტის დეკლარაცია განაცხადოს.

დგება დრო, როცა სექტორი თანდათან დაიშლება და ჩვენ მოგვწონს თუ არა, უნდა ვაღიაროთ, რომ ეს ბუნებრივი პროცესია. მოხდება გადაჯგუფებები. რამდენად წამოვლენ ჩვენი პოტენციური პარტნიორები, პოლიტიკური ძალები, საზოგადოება, სახელმწიფო, ანუ სტეიქჰოლდერები, რაღაც ურთიერთობებზე, თუნდაც, დაპირისპირებაზე და რა ფორმით მოხდება ეს - წინასწარ ვერ ვიტყვით; ეს კია, ხელისუფლებასთან ურთიერთობაში ტენდენცია ჯერჯერობით დაპირისპირებისაკენ მიდის.

და ბოლოს, ალბათ დამეთანხმებით, რომ, მიუხედავად ქვეყანაში გამეფებული ნიჰილიზმისა, საზოგდოებაში მაინც გაჩნდა მოთხოვნილება ინფორმაციაზე, ბროშურებზე. მიუხედავად იმისა, რომ ზოგადი ხედვები ჩვენგან შორს არ გადის და ჩვენსავე წვენში იხარშება, და ეს დისკუსიაც უფრო სექტორის შიდა სარგებლობისათვისაა გათვლილი, ეს უკანასკნელი ბიძგს მისცემს დაინტერესებულ პირებს, ამ საკითხებზე დაფიქრდეს და განავითაროს თავისი მოსაზრებები. ერთხელ ლევან ბერძენიშვილმა თქვა, რომ მთელი სამოქალაქო საზოგადოება ერთ დარბაზში ვსხედვართო; ეს სულ 200-მდე კაცს ეხებოდა. მე იმედი მაქვს, რომ სურათი მალე შეიცვლება, ვინაიდან იცვლება ჩვენი საზოგადოება ზოგადად. მე დიდი ოპტიმიზმით არ ვუყურებ მომავალ საპარლამენტო არჩევნებს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, საზოგადოება ბევრად აქტიურად შეეცდება თავისი ინტერესების დაცვას. თუ ეს ასე მოხდა, მაშინ ყველა ჩვენგანს შეიძლება გაუჩნდეს ჩვენ წინაშე არსებული პრობლემების დაძლევის იმედი.

ამით ჩვენი დისკუსია დასრულდა. დიდი მადლობა მობრძანებისათვის.

5 Summary

▲ზევით დაბრუნება


On September 27, 2003, the Caucasus Institute for Peace, Democracy and Development hosted an open discussion participated by representatives of non-governmental organizations. The discussion was the fourth event in a series of meetings been under the progress in the framework of Citizen's Advocate! Program. The topic of the discussion was dedicated to the relationship between political parties and non-governmental organizations operating in Georgia.

The invited guests assessed the relationships between political parties and non-governmental organizations. Participants came to the agreement that the urgency of the topic often increases during the pre-election campaign and usually serves as a matter of speculation in Georgia.

The suggestions made on the meeting can be summarized as follows:

  • Starting from the beginning of 90s, the NGO development process was characterized with its non-partizan approach, and complete refusal of the idea to participate in the country's political processes. Based on the existed reality the NGO sector mostly was busy to evaluate ongoing events and negatively respond to the possibility of cooperation with anyone from political forces;

  • The mentioned attitudes mainly were determined by the Donor's policies, that did not encourage NGO to cooperate with the political parties;

  • Along with the sectoral development, in mid 90s interests of Georgian NGOs diversified. The meaningful part of non-governmental organizations became supporters of certain political forces. Meanwhile, the sectoral influence was strengthened in the current political processes.

  • As to the sector is not cohesive, each member can choose freely whether to consider itself belonging to certain political forces or keep neutrality. This should depend on the acknowledged goals and framework of the activities of a given NGO.