![]() |
ქართული საზოგადოება და ევროპული ღირებულებები |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
თემატური კატალოგი ევროინტეგრაცია |
წყარო: ISBN: 978-9941-0-1047-7 |
საავტორო უფლებები: © კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი Centrer for Training and Conultancy |
თარიღი: 2006 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: რედაქტორ-შემდგენელთა ჯგუფი: ირმა ალფენიძე პაატა პაპავა ზაზა შათირიშვილი თბილისი 2007 სტილისტი ზაზა შათირიშვილი კორექტორი ია ღადუა მხატვარი და ტექნიკური რედაქტორი პაატა პაპავა დამკაბადონებელი ზურაბ მოდებაძე. შინაარსი: ბუნების, ჭვრეტისა და ერთის შესახებ/პლოტინი; მცირე შენიშვნა სულიერი ვარჯიშებისა და სულიერი ვარჯიშების შესახებ/ზაზა შათირიშვილი; სულიერი ვარჯიშები და ანტიკური ფილოსოფია/პიერ ადო; რისთვისაა საჭირო სულიერი ვარჯიშები?/პიერ დიუმულენი; მოცალეობა და მონობა/ლევან ტატიშვილი; Vita Activa vs. Vita Contemplativa/კახა კაციტაძე; აპოკატასტასისი/ჟან დანიელუ; ფილოსოფოსობა, როგორც სიკვდილისთვის მზადება/მიშელ დე მონტენი და სხვ. 2006 №1 |
![]() |
1 * * * |
▲back to top |
იდეათა ისტორია შემეცნების ამოუწურავი სფეროა, რომელიც უშურველად გვთავაზობს აღმოჩენებსა და საჩუქრებს. ერთ-ერთი ამგვარი აღმოჩენა ისაა, რომ ბევრი დღევანდელი ღირებულება გაცილებით უფრო ნორჩია, ვიდრე ჩვენ აქამდე წარმოგვედგინა... - შემწყნარებლობის იდეა, ... თავისუფლებისა და ადამიანის უფლებათა ცნებები, გენიოსის იდეა, რომელიც თავისი დაუდგრომელი ბუნებით ნებისმიერ პირობითობას უპირისპირდება... - ყოველივე ეს შედეგია იმ უზარმაზარი ძვრებისა, რომელიც ევროპელი ადამიანის აზროვნებამ XVIII საუკუნეში განიცადა. ამ ძვრათა შედეგები თანამედროვე ცხოვრების ყველა სფეროს განსაზღვრავს.
აისაია ბერლინი
![]() |
2 წინათქმა |
▲back to top |
მკითხველის წინაშე წარმოდგენილია ევროპულ ღირებულებათა და იდეათა თანამედროვე ქართულ ინტელექტუალურ კონტექსტში რეცეპციის გარკვეული ცდა. კრებულის ავტორები არ იფარგლებიან მხოლოდ ერთი რომელიმე ინტელექტუალური სფეროთი და ევროპული ღირებულებებისა და იდეების მთლიან სივრცეს განიხილავენ კულტურითა თუ განათლებით დაწყებული და პოლიტიკით დამთავრებული.
შენიშვნის სახით უნდა ითქვას, რომ წინამდებარე კრებული ხანგრძლივი, თითქმის ერთი წლის მუშაობის შედეგია. მუშაობა ამ შემთხვევაში გულისხმობს არა ოდენ ცალკეულ ნაშრომთა შექმნის პროცესს, არამედ იმ განსჯასა და დისკუსიებს, რაც თითოეული სტატიის განხილვას თან ახლდა.
თანამედროვე ევროპული ღირებულებები მეყსეულად და ცარიელ ადგილას არ გაჩენილა. ამიტომაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება როგორც ევროპულ იდეათა ისტორიის გაშუქებას, ისე იმ ინტელექტუალური პრაქსისის შესწავლას, რაც დაკავშირებულია ამ იდეათა თუ ღირებულებათა წარმოქმნასა და მათ ამჟამინდელ ფუნქციონირებასთან.
საქართველო დღეს ევროკავშირისაკენ მიისწრაფვის და ახალი ევროპის სრულუფლებიან წევრად გახდომა სურს. ევროპა, თავის მხრივ, ახალ სამეზობლო პროგრამას გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, ჩვენ წინაშე სერიოზული ამოცანაა გავიაზროთ, რას გვთავაზობს ევროპა, რა გამოწვევებს გვიყენებს დღევანდელობა, რომელშიც ხვალინდელი დღის ანარეკლიც მოჩანს.
სწორედ ამ საკითხებზე მსჯელობიდან წარმოიშვა მოცემული კრებული, რომელიც, ამავე დროს, განვითარების სახლის (CTC კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი) ახალ ინიციატივას უკავშირდება: CTC-ის კვლევისა და ინფორმაციის განყოფილების ბაზაზე დაიწყო სემინარების, დისკუსიებისა და კვლევების ახალი ციკლი, რომელიც ევროპულ ძიებათა სახელწოდებით ერთიანდება.
ამავე დროს, ეს ინიციატივა გამოცემათა მთელ ციკლსა თუ სერიას გულისხმობს ამავე სახელწოდებით ევროპული ძიებანი. მოცემული კრებული ევროპულ ძიებათა სერიის პირველი გამოცემაა. მისი ელექტრონული ვერსია იხ. შემდეგ გვერდზე: http://ctc.wanex.net/?l=1&i=16. ამავე ვებგვერდზე განთავსდება წლის განმავლობაში ჩატარებულ სემინართა და დისკუსიათა ამსახველი მთელი მასალა.
რედაქცია
![]() |
3 ქართული საზოგადოება და თანამედროვე გამოწვევები |
▲back to top |
![]() |
3.1 პოსტინდუსტრიული საზოგადოების ინფორმაციული მაჩვენებლები |
▲back to top |
კახა კაციტაძე
ამ წერილში წამოჭრილი საკითხები და პრობლემები, ალბათ, ჯერ კიდევ კარგა ხანს არ დადგება საქართველოს წინაშე. მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც საჭიროდ ჩავთვალეთ პოსტინდუსტრიულ საზოგადოებაზე საუბარი, რადგან არაფერი უფრო საშიში არ არის, ვიდრე ჩამორჩენა თანამედროვე მსოფლიო პროცესებისგან, მით უფრო, აზრისმიერი, გონებისმიერი ჩამორჩენა. ამასთანავე, როგორც დღევანდელი პოლიტიკური პროცესები ამტკიცებენ, საზოგადოებრივი მოვლენების წინასწარი განჭვრეტის გარეშე შეუძლებელია სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება და შესაბამისი მოქმედება.
დღევანდელი სოციოლოგების კლასიფიკაციით კაცობრიობის ისტორია, ტექნოლოგიებისა და ცხოვრებაზე მათი გავლენის თვალსაზრისით, სამ აგრარულ, ინდუსტრიულ და პოსტინდუსტრიულ ტალღად შეიძლება დაიყოს. პირველი ტალღა უკავშირება იმ აგრარულ ძვრას, რომელმაც, დაახლოებით ათი ათასი წლის წინათ, ძირეულად შეცვალა კაცობრიობის ცხოვრების წესი და “ნეოლითურ რევოლუციად” მოინათლა. ამ პერიოდში განხორციელდა მოხეტიალედან მკვიდრ ცხოვრებაზე გადასვლა. მოხეტიალე ტომები შეცვალეს თემებმა, რომლებიც დედამიწის გარკვეულ მონაკვეთებზე დამკვიდრდნენ. განხორციელდა მსოფლმხედველობრივ-კულტურული განვითარება, ჩამოყალიბდა აზროვნების მითოსური წესი, ხოლო მოგვიანებით შეიქმნა დამწერლობა, რამაც შესაძლებელი გახადა ინფორმაციის დაფიქსირება და დროსა და სივრცეში მისი გადაცემა.
აგრარული საზოგადოების თავისებურებები
პირველი საზოგადოებები, ამ სიტყვის ზუსტი გაგებით, ძველ აღმოსავლეთში ჩაისახა. ძველი აღმოსავლეთის საზოგადოება აგრარული იყო, ანუ მისი არსებობა სოფლის მეურნეობას ემყარებოდა. სოფლის მეურნეობისათვის საჭირო საფუძველს კი დიდი მდინარეები ქმნიდნენ. მაგრამ მდინარეები მხოლოდ კეთილისმყოფელნი როდი იყვნენ ადამიანისათვის. წყალდიდობისას შეიძლებოდა, რომ ადამიანთა მიერ ათწლეულების განმავლობაში გაწეული შრომის შედეგები იავარქმნილიყო. ამიტომ ადამიანის სამსახურში საბოლოოდ ჩასაყენებლად მდინარეთა „მოთვინიერება” იყო საჭირო, რაც ირიგაციული ნაგებობების, ანუ არხებისა და დამბების აშენებით მიიღწეოდა. მათი როლი ძველ აღმოსავლეთში იმდენად დიდია, რომ ზოგიერთი მკვლევარი ამ არეალში სახელმწიფოს წარმოშობას, უპირველეს ყოვლისა, საირიგაციო ნაგებობების შენებისათვის აუცილებელი ადამიანური თუ მატერიალური რესურსების თავმოყრის საჭიროებით ხსნის. ეს თვალსაზრისი, რასაკვირველია, გადაჭარბებულია, მაგრამ ჭეშმარიტების მარცვალსაც შეიცავს. უეჭველია, რომ ამ ნაგებობათა გარეშე ძველი აღმოსავლეთი ვერ იქნებოდა ის, რაც იყო.
ძველ აღმოსავლეთში კულტურის აგრარულმა ხასიათმა განაპირობა სოფლის მეურნეობის დომინირება მეურნეობის სხვა სფეროებზე. მაგრამ როგორი იყო ეს სოფლის მეურნეობა? იგი ექსტენსიურ ხასიათს ატარებდა. ექსტენსიური ხასიათის სოფლის მეურნეობა ინტენსიურს უპირისპირდება. მათ შორის განსხვავების გასატარებლად ასეთი მაგალითი შეიძლება მოვიყვანოთ: ვთქვათ, ოჯახს თავის გამოსაკვებად სჭირდება ერთი ჰექტარი მიწა, რომელსაც იგი გულმოდგინედ ამუშავებს. მაგრამ ოჯახი გაიზარდა და ამ ერთი ჰექტრიდან მოწეული მოსავალი უკვე აღარ ყოფნის. მოსავლიანობის გაზრდის ორი გზა არსებობს: შეიძლება მოსავალი დავთესოთ არა ერთ ჰექტარზე, არამედ - ორზე და ამით მივაღწიოთ სოფლის მეურნეობის პროდუქციის გაორმაგებას. მაგრამ არსებობს მეორე გზაც: აგრონომიული ცოდნის გამოყენებით გამოვიყვანოთ საჭირო პროდუქციის ახალი ჯიში, რომელიც ორჯერ მეტ მოსავალს მოგვცემს, ვიდრე ის, რომელსაც აქამდე ვიყენებდით. პირველ გზას ექსტენსიურს უწოდებენ, მეორეს - ინტენსიურს. პირველ შემთხვევაში ზრდა რაოდენობრივი მაჩვენებლების (ჩვენს შემთხვევაში დამუშავებული მიწის ფართობის) ხარჯზე მიიღწევა, ხოლო მეორე შემთხვევაში - თვისებრივი მაჩვენებლების (ჩვენი მაგალითის მიხედვით - მოსავლიანობის) ზრდის ხარჯზე. ბუნებრივია, რომ ძველ აღმოსავლეთში, აგრონომიული ცოდნის არასაკმარისი განვითარების პირობებში, პროდუქციის ზრდა ექსტენსიური მეთოდებით მიიღწეოდა.
არ უნდა ვიფიქროთ, თითქოს ირიგაციის გამოყენებაზე დამყარებული მიწათმოქმედება თავიდანვე მოიცავდა ძველი აღმოსავლეთის დიდი სახელმწიფოების მთელ ტერიტორიებს. თავდაპირველად ირიგაციის ლოკალურ ქსელებს ქმნიდნენ, მაგრამ მეურნეობის ექსტენსიური ხასიათიდან გამომდინარე, სულ ახალ და ახალ მიწებს ითვისებდნენ, რასაც, საბოლოოდ, ადგილობრივი სისტემების გაზრდა-გაფართოება და ერთიანი ქსელის შექმნა მოსდევდა. ყოველივე ეს, თავის მხრივ, სათანადოდ აისახებოდა პოლიტიკურ სისტემაზეც.
როგორც უკვე აღინიშნა, ძველი აღმოსავლეთის ქვეყნების მეურნეობა უპირატესად აგრარული იყო და ნატურალურ ხასიათს ატარებდა, ანუ ემყარებოდა საქონლის უშუალო გაცვლას საქონელზე ფულადი მიმოქცევის განვითარებული სისტემის გარეშე. მეურნეობის სასოფლოსამეურნეო ხასიათი, რასაკვირველია, არ გამორიცხავდა ხელოსნობისა და ვაჭრობის განვითარების გარკვეულ დონეს. თუმცა ვაჭრობის და ხელოსნობის პროდუქციის მოხმარების და, შესაბამისად, გასაღების ძირითადი არეალი იყო ქალაქების მიმდებარე სასოფლო დასახლებები, რომელთა მოსახლეობა სოფლის მეურნეობის პროდუქციას ცვლიდა მისთვის აუცილებელ ხელოსნობის პროდუქციაზე. განუვითარებელი იყო და მასობრივ ხასიათს არ ატარებდა საერთაშორისო ვაჭრობა. იგი, ძირითადად, ფუფუნების ნივთების ექსპორტით შემოიფარგლებოდა. თუმცა ძველი აღმოსავლეთის ვაჭრებს საკმაოდ დიდი თვალსაწიერი გააჩნდათ და თავიანთი სამშობლოდან საკმაოდ მოშორებულ ადგილებში მიმოდიოდნენ (სხვათაშორის, ქართული სიტყვა „ვაჭარი” პართიულიდან არის დასესხებული, ე. ი. საქართველოში ვაჭრობა ჯერ კიდევ პართიის ეპოქაში არსებობდა).
რამდენადაც ძველი აღმოსავლური ცივილიზაციები აგრარულ ხასიათს ატარებდნენ, თანაც განუვითარებელი ფულადი სისტემის პირობებში, ცხადია, რომ მათში ეკონომიკის ბაზისი, სიმდიდრის და კეთილდღეობის წყარო მიწის მფლობელობა იყო. ამავე დროს მიწა გამოდიოდა მალიმიტირებელი, ანუ ისეთი ფაქტორის როლში, რომელიც ხელს უშლიდა საზოგადოების განვითარებას. ექსტენსიური მეურნეობის პირობებში მიწის ახალი მასივების მიერთებაც კი თავის თავად არ იძლეოდა იმის გარანტიას, რომ ამ მიერთებულ მიწას ეფექტიანად აითვისებდნენ. მიწა კი ძველ აღმოსავლეთში ყოველთვის არასაკმარისი იყო.
ინდუსტრიული საზოგადოება
დაახლოებით XV-XVI საუკუნიდან დედამიწის ერთ მონაკვეთზე, დასავლეთ ევროპაში, იწყება გადასვლა ინდუსტრიულ საზოგადოებაზე. ვითარდება მანუფაქტურული წარმოება, აქცენტი სოფლის მეურნეობიდან მრეწველობაზე გადადის. ცოტა მოგვიანებით კი - მანქანური მრეწველობა იმარჯვებს. ინდუსტრიის განვითარებამ მოითხოვა შრომის ორგანიზაციის უფრო მაღალი დონე, ვიდრე ამას აგრარულ საზოგადოებასა და მის თანმხლებ ხელოსნობაში ვხვდებით. ინდუსტრიულ საზოგადოებაში ადგილი აქვს წარმოების საშუალებების იმგვარ განვითარებას, როდესაც გაცილებით ნაკლები დანახარჯებით ხდება დიდი ეფექტის მქონე შედეგების მიღწევა. ეს, თავის მხრივ, საჭიროებს რესურსების უფრო რაციონალურ განლაგებას, საშუალებების არჩევის და აზროვნების თავისუფლების ბევრად მაღალ დონეს.
ინდუსტრიულ საზოგადოებაზე გადასვლა ემთხვევა ახალი დროის მეცნიერების და მასთან მჭიდროდ დაკავშირებულ მექანიკურ პრინციპებზე დამყარებული ტექნოლოგიების წარმოშობას; ინდუსტრიული საზოგადოება, განსხვავებით ტრადიციული აგრარულისაგან, შეუდარებლად მეტ სარგებელს ნახულობს დაგროვილ ცოდნა თაგან. ფრენსის ბეკონის გამონათქვამი: „ცოდნა ძალაა” სამყაროულ მოვლენათა პასიურად მჭვრეტელი ბრძენის ანტიკურშუასაუკუნეობრივი იდეალის უარყოფაა. მეცნიერების და ტექნოლოგიების მიღწევათა მხარდაჭერა უკვე XVII საუკუნიდან ოფიციალურ პოლიტიკად იქცა, რასაც მათი ინსტიტუციონალიზაცია მოჰყვა.
ამგვარმა ცვლილებებმა მოითხოვა უარის თქმა კადრების შერჩევის იმ პრინციპზე, რომელიც გვარიშვილობასა და ნათესაობას ემყარებოდა. ინდუსტრიული განვითარების ლოგიკა მოითხოვს, მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი კარიერის არაპროფესიული ელემენტები. ეკონომიკური, ტექნიკური, კულტურული და პოლიტიკური მართვის პროცესებისათვის ოპტიმალურად მიიჩნევა არა გარეგანი ჩარევა, არამედ პროცესების მართვა მათი შინაგანი კანონზომიერებების შეცნობის საფუძველზე.
ინდუსტრიულ საზოგადოებას, აგრარულთან შედარებით, გამოარჩევს თვითორგანიზაციის გაცილებით მაღალი დონე, რაც გულისხმობს მისი რესურსების უფრო რაციონალურად და კონცენტრირებულად მობილიზებასა და გამოყენებას. ინდუსტრიული საზოგადოების არსებობის საწყის ეტაპზე დაგროვებასა და ინვესტირებას გაცილებით უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ვიდრე პროდუქციის მოხმარებას (გავიხსენოთ გობსეკი, ადრეული ინდუსტრიული ერის ამსახველი ლიტერატურის კლასიკური პერსონაჟი). საზოგადოების ორგანიზაციის უფრო მაღალმა დონემ მოითხოვა მეტნაკლებად განვითარებული ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბება და რესურსების დაგროვება.
რასაკვირველია, ინდუსტრიულ საზოგადოებაზე გადასვლა სრულიადაც არ ნიშნავდა აგრარულ სექტორზე უარის თქმას. ეს უკანასკნელი არათუ შენარჩუნებულია, არამედ მანქანური ტექნიკის დანერგვის წყალობით ძალზე ინტენსიურად ვითარდება. იგივე ითქმის სავაჭრო სექტორზეც. ჯერ დიდი იალქნიანი გემების, ხოლო შემდეგ ორთქლის ხომალდის და რკინიგზების გაჩენა მნიშვნელოვნად ამცირებს სავაჭრო ტვირთის გადაზიდვის დროს და საგრძნობლად ზრდის გადასაზიდ მასას. ხელოსნობის სფერო კი თანდათანობით მომსახურების სფეროდ გადაიქცევა. ინდუსტრიულ საზოგადოებაში მოსახლეობის სოციალური წილი თანაბრდება, ხოლო შემდეგ - განუხრელად იზრდება ქალაქის სასარგებლოდ.
საქართველო და ჰოლანდია, ანუ რატომ ვერ მივაღწიეთ ქართველებმა განვითარების ინდუსტრიულ დონეს
აქ იბადება ყველა ქართველისათვის უაღრესად აქტუალური, დამაინტრიგებელი და პასუხგაუცემელი კითხვა: რატომ ვერ მოახერხა საქართველომ განვითარების ინდუსტრიულ დონეზე გადასვლა, რაც არა მხოლოდ ჩვენი განვითარების, არამედ უსაფრთხოების გარანტიც უნდა ყოფილიყო? ჩვენი დეგრადაციის მიზეზად, როგორც წესი, საგარეო ფაქტორებს მიიჩნევენ: თემურლენგის შემოსევებს, უზუნჰასანის ლაშქრობებს, ბიზანტიის დაცემას. აგრეთვე იმას, რომ მტერი რიცხობრივად თუ ტექნიკური აღჭურვილობით გვჭარბობდა. კარგი, რიცხობრიობის გათვალისწინება კიდევ შეიძლება, მაგრამ განა ამითვე აიხსნება ჩვენი ჩამორჩენა ტექნიკურ აღჭურვილობასა და ტაქტიკაში (სხვათაშორის, უნდა აღინიშნოს, რომ ინდუსტრიული ერის გარიჟრაჟზე მსოფლიოში საუკეთესო არმიები დიდ ერებს, ინგლისელებს, ფრანგებს ან ესპანელებს კი არ ჰყავდათ, არამედ ჰოლანდიელებსა და შვედებს)? რიცხოვანებაზე მითითება საქმეს არ შველის. რამდენჯერ აღემატებოდნენ ესპანელები ჰოლანდიელებს ნიდერლანდის რევოლუციის ხანაში? და ვინ გაიმარჯვა? არც გეოგრაფიული თვალსაზრისით იყნენ ნიდერლანდები უკეთეს მდგომარეობაში - ბოლოსდაბოლოს მთებიც კი არ ჰქონდათ, რომ მათთვის შეეფარებინათ თავი! ზოგჯერ ქართველების მარცხს ჩვენი და მომთაბარული ცხოვრების წესების განსხვავებით ხსნიან, თითქოს ჩვენ უფრო კულტურულები ვიყავით და ამიტომ ვმარცხდებოდითო. მაგრამ განა ესპანელთა და ჰოლანდიელთა ცხოვრების ფორმა ნაკლებად განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან? იქნებ ესპანელებს სისასტიკე აკლდათ? მაშ, რა ვუყოთ მათ მოქმედებას ამერიკაში? არა, საქმე რაღაც სხვაშია. სადღაც სხვაგანაა ძაღლის თავი დამარხული.
საინტერესოა, რა მოხდებოდა, უფრო ხელსაყრელ გეოპოლიტიკურ გარემოში რომ გვეცხოვრა და ევროპასთან კავშირისათვის მხოლოდ კონსტანტინოპოლზე არ ვყოფილიყავით დამოკიდებული ან თუნდაც თემურლენგსა და ოსმალებს ჩვენზე ხელი არ მოწდომოდათ. ეტყობა არც არაფერი, ალბათ ისევე განვიცდიდით დეგრადაციას, როგორც აგრარულმა ესპანეთმა და პორტუგალიამ განიცადეს ინდუსტრიული ინგლისის და ჰოლანდიის აღზევების ფონზე.
სწორედ ჰოლანდიის ისტორიის ერთი ეტაპის შესწავლა ქმნის სათანადო საფუძველს ჩვენი ისტორიის ზოგიერთი სტერეოტიპის გადასინჯვისათვის. მაგრამ საკითხავია: მაინც როგორ მოახერხეს ჰოლანდიელებმა თავიანთი რესურსების იმგვარი მობილიზება, რომ სამკვდროსასიცოცხლო ბრძოლაში გაიმარჯვეს და რატომ დავმარცხდით ჩვენ? ან იქნებ ქართველები, როგორც ერი, მართლა არ ვვარგივართ? - სისულელეა! ერთადერთი, რაც საკუთარ თავს შეიძლება ვუსაყვედუროთ, ის არის, რომ ვერ შევქმენით იმგვარი სოციოკულტურული სისტემა, რომელიც დაგვიცავდა, ჩვენსავე უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა. მაგრამ რატომ ვერ შევქმენით?
ერთი რამ ახლავეა ცხადი. ჰოლანდიელებს პოლიტიკურ ორგანიზაციაში ჰქონდათ რაღაც ისეთი, რაც ჩვენ არ გვქონდა და ამ რაღაცამ ლამის ყველაფერი განსაზღვრა. მათი საზოგადოება სამოქალაქო ხასიათისა იყო. „სამოქალაქო”, უზოგადესი აზრით, გულისხმობს ისეთ სოციუმს, რომლის ცხოვრებაშიც გადამწყვეტ როლს ქალაქი და, შესაბამისად, ინდუსტრია თამაშობს. ამისგან განსხვავებით, შუა საუკუნეების სოციუმი უპირატესად აგრარული იყო, სადაც
გადამწყვეტი მნიშვნელობა სასოფლო თემს ენიჭებოდა. მაგრამ „სამოქალაქო” მხოლოდ ამას როდი ნიშნავს. ეს უკანასკნელი გულისხმობს მმართველობის გარკვეულ წესს, რომელიც ხელმძღვანელ პირთა არჩევითობას და ანგარიშვალდებულებას ითვალისწინებს. ამას გარდა „სამოქალაქო“ ზემოთ ნახმარი მნიშვნელობით ისიცაა, რაც სამხედროს ან, უფრო ზუსტად - სამხედროფეოდალურს უპირისპირდება.
მაგრამ რატომ გაჩნდა ამგვარი სამოქალაქო, ანუ ბურჟუაზიული („ბურჟუაზიული” ხომ ქართულად სწორედ სამოქალაქოს ნიშნავს და მეტს არაფერს) სისტემა ჰოლანდიაში და არა ჩვენთან? ეროვნული ხასიათების განსხვავებაზე მითითება გულუბრყვილობაა. XIV საუკუნის ჰოლანდიელის ეთნოფსიქოლოგია დიდად არ განსხვადება იმავე ეპოქის ქართველისაგან (ვისაც არ სჯერა, წაიკითხოს დიდი ჰოლანდიელი კულტუროლოგის ჰოიზინგას ნაშრომი „შუა საუკუნეების შემოდგომა“). მაშასადამე, მიზეზი სოციოკულტურულ სისტემაში უნდა ვეძიოთ, რაც სამყაროსადმი გარკვეულ მიმართებას გულისხმობს. იმ სოციოკულტურული სისტემის არსი, რომელიც ჰოლანდიაში შეიქმნა, ერთი სიტყვით შეიძლება გამოიხატოს: შ რ ო მ ა.
შრომა და წარმოება არ გულისხმობს მხოლოდ საქონლის მასობრივ წარმოებას სათანადო ფინანსური საშუალებების (კაპიტალის) მოზიდვის გზით და მისი შემდგომი რეალიზაციის მიზნით. შრომის არსი უფრო ძირეულია და გულისხმობს საკუთარი თავისადმი ახალი მოთხოვნების წარდგენას და ორგანიზაციის ახალ კულტურას. საბოლოო ჯამში ეს იგივეა, რაც საკუთარი თავის ხელახლა ჩამოყალიბება. უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, შრომა ამგვარი თვითჩამოყალიბების უწყვეტი პროცესია. შემთხვევითი არ არის, რომ გერმანული ფილოსოფია, სახელდობრ ჰეგელი, ორ ტერმინს - Arbeit (შრომა) და Bildung (ჩამოყალიბება, სახის მიცემა, განათლება) - ორგანულ მთლიანობაში იაზრებს. რასაც სხვას ხედავენ შრომაში (ბურჟუა ექსპლუატატორებს და რაღაც ასეთებს), მაცთურიდან, უკაცრავად, მარქსიდან მოდის.
თეზისი, რომ ჰოლანდიელები საკუთარ თავზე, ისევე როგორც გარე სამყაროზე მიმართული შრომის წყალობით ჩამოყალიბდნენ იმ ერად, რომელმაც თავისი გაიტანა, სულაც არ ნიშნავს, თითქოს ჩვენი წინაპრები ზარმაცები იყვნენ. უბრალოდ სხვადასხვა ეპოქაში შრომას (ისევე როგორც ბრძოლას ან გართობას) სრულიად სხვადასხვა ფუნქციონალური დატვირთვა ჰქონდა. შუა საუკუნეების სოციოკულტურულ სისტემაში ის ნიშნავდა თავისი თავისათვის ან სხვისთვის გარჯას, რომლის ძირითადი ფუნქცია კვლავწარმოებით ამოიწურებოდა. მაშინ, როდესაც ახალ დროში იგი გულისხმობს საკუთარ თავზე შრომასაც, აგრეთვე, საკუთარ თავსა და გარე სამყაროს შორის ურთიერთობის განუწყვეტლად, კვლავ და კვლავ ჩამოყალიბებას. სწორედ ამიტომ შეიძლებოდა, რომ ჩვენი წინაპრები სულაც არ ყოფილიყვნენ ზარმაცნი (ბოლოსდაბოლოს ვაზის ხუთასი თუ სამასი ჯიში ხომ მაინც გამოიყვანეს), მაგრამ ჩვენს სოციოკულტურულ სისტემაში შრომას არ ჰქონდა ისეთი ფუნქცია, როგორიც დასავლეთში.
მაგრამ როგორ მოახერხეს ჰოლანდიელებმა შრომის იმგვარი ორგანიზაცია, რომ გაცდენოდნენ უბრალო კვლავწარმოების ფარგლებს? ჯერ ერთი იმით, რომ შექმნეს თვითმმართველობა; ეროვნულ ცხოვრებაში გადამწყვეტი როლის თამაში იწყეს ქალაქებმა (მათი ფუნქციონირების წესი ძირეულად განსხვავდებოდა შუა საუკუნეების ქალაქებისაგან). ჰოლანდიელებმა განავითარეს საფინანსო ურთიერთობანი, კრედიტი, რენტა, გარდაქმნეს ვაჭრობის სისტემა; ძირეულად შეიცვალა ვაჭრის სოციალური სტატუსი, რასაც ვაჭრობის საპატიო ხელობად გადაქცევა მოჰყვა. განვითარდა მრეწველობის ახალი დარგები, მაგალითად, სამთომომპოვებელი, მეტალურგიული. ძირეულად შეიცვალა სოფლის მეურნეობაც. თავისუფალი გლეხის მიერ წარმოებული პროდუქტი გამიზნული აღარ იყო მხოლოდ საკუთარი (და მით უფრო სიუზერენის) უშუალო მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. მიწათმოქმედებამ სავაჭრო ხასიათი მიიღო და ექსპორტზე იყო ორიენტირებული. ამას შედეგად ის მოჰყვა, რომ გლეხთა ნაცვლად ფერმერთა კლასი ჩამოყალიბდა. შეიქმნა წარმოების ახალი ორგანიზაციული ფორმა: მანუფაქტურა, რამაც შეუდარებლად გაზარდა შრომის ნაყოფიერება. ამ პერიოდში ჩამოყალიბდა შრომის ის კულტურა, რომელსაც ჩვენ, ქართველები, „გერმანულს“ ვუწოდებთ. თუმცა ეთნიკური მომენტი აქ არაფერ შუაშია, XIII საუკუნის გერმანელები არაფრით იყვნენ უფრო მეტად მშრომელები ვიდრე, მაგალითისათვის, მათი ეპოქის იტალიელები (ღმერთმანი, პირუკუ იყო). აქ არსებითია არა ეთნოსი, არამედ ახალი სოციოკულტურული სისტემა.
ახალ სისტემაში ძირეულად იცვლება ურთიერთობები ადამიანებს შორის. ვერტიკალურ ურთიერთობებს ჰორიზონტალური ცვლის. ამასთან, ახალი სისტემა ისეა ორგანიზებული, რომ აყალიბებს ცენტრალისტური პარტიკულარული ტენდენციების გონივრულ ბალანსს. ასე რომ, პარტიკულარიზმი და ცალკეულ პირთა თვითნებობა ჩვენი ისტორიის მთავარ უბედურებად რომ მიგვაჩნია, გენეტიკურად კი არ ძევს ქართველთა ფსიქოლოგიაში, არამედ სოციოკულტურული სისტემის ხასიათითაა განპირობებული. გააქრეთ ეს სისტემა და მედიდურობა-თვითნებობას საქართველოში თანამშრომლობა შეცვლის. მაგრამ ჩვენთან ხომ ფარნავაზიდან სააკაშვილამდე მუდამ ერთი სისტემა იყო, არის და იქნება - ვერტიკალურად ორგანიზებული - „ფეოდალური“.
პოსტინდუსტრიული საზოგადოების არსი
XX საუკუნის მეორე ნახევრიდან მსოფლიოს რიგ ქვეყნებში ხდება გადასვლა მეორე ტალღის ცხოვრების წესიდან მესამე ტალღაზე. ყალიბდება პოსტინდუსტრიული საზოგადოება. ეს უკანასკნელი, ძირითადად, ინფორმაციულ და ტელეკომუნიკაციურ საშუალებებს ემყარება. ამასთან, პოსტინდუსტრიულ საზოგადოებაზე ლაპარაკისას უნდა გვახსოვდეს, რომ მისი დახასიათებისათვის იმდენად ტექნოლოგიების მაღალი დონის აღნიშვნა კი არ არის არსებითი, რამდენადაც ის ზეგავლენა, რომელსაც ეს ტექნოლოგიები ახდენენ საზოგადოების ცხოვრებაზე.
XX საუკუნის მეორე ნახევრიდან მოყოლებული, სოციალურ და მართვის სისტემებთან დაკავშირებულ მეცნიერებათა განვითარებამ შესაძლებელი გახადა ორგანიზებულ სიმრავლეთა მართვის თეორიის შექმნა, იმ პროცესთა ანალიზი, რომლებიც დაკავშირებულია ცვლადთა დიდი რაოდენობის მქონე სიმრავლეებთან. პოსტინდუსტრიული საზოგადოების ეფექტური მართვისათვის აუცილებელია ფლობა ისეთი სისტემებისა, რომელთა ფუნქციონირება მილიონობით ადამიანის მოქმედებათა კოორდინაციას მოითხოვს. შემთხვევითი არ არის, რომ პოსტინდუსტრიულ საზოგადოებაზე გადასვლა ემთხვევა ისეთი მეცნიერებების შექმნასა და სწრაფ განვითარებას, როგორებიცაა კიბერნეტიკა, ინფორმატიკა, გადაწყვეტილებების მიღების თეორია და სხვა მისთანანი. ეს მეცნიერებები იკვლევენ სხვადასხვა სახის ორგანიზებულ სიმრავლეებს, აანალიზებენ მათში მიმდინარე პროცესებს და ცდილობენ უზრუნველყონ სხვადასხვა ალტერნატივებს შორის ოპტიმალურის შერჩევა. ისინი ახერხებენ რაციონალური მომენტების გამოყოფას თვით უკიდურესი განუსაზღვრელობის პირობებშიც კი.
ორგანიზებულ სიმრავლეთა მართვის ახალი მეთოდები საშუალებას იძლევა განხორციელდეს ის, რასაც ცნობილი ფუტუროლოგი და სოციოლოგი დენიელ ბელი ინტელექტუალურ ტექნოლოგიებს უწოდებს. ეს ტექნოლოგიები საშუალებას იძლევა, ინტუიციური მსჯელობები ალგორითმებით ჩავანაცვლოთ. ეს უკანასკნელნი შეიძლება მატერიალიზებულ იქნენ გამომთვლელ მანქანებში, კომპიუტერულ პროგრამებში ანდა ინსტრუქციათა იმგვარ პაკეტებში, რომელნიც მათემატიკურ, სტატისტიკურ ან სხვა სახის ფორმულებს ემყარება.
ყოველივე აქედან გამომდინარე, პოსტინდუსტრიულ საზოგადოებას ახასიათებს საზოგადოების პროგრამირების იმგვარი ხარისხი, რომელსაც ძალუძს ინდუსტრიულზე შეუდარებლად უფრო მაღალ დონეზე მოახდინოს რესურსების მობილიზება. პოსტინდუსტრიულ ერაში საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში ინერგება მართვის დიდი ცენტრალიზებული სისტემები. ასეთი სისტემები მოიცავენ ინფორმაციას მოხმარების, ჯანდაცვის, მეცნიერების, განათლების და ა.შ. შესახებ.
დ. ბელი მიიჩნევს, რომ პოსტინდუსტრიული საზოგადოებისათვის დამახასიათებელია სამი არსებითი ნიშანი: ა) ინდუსტრიული საზოგადოებიდან სერვისულ საზოგადოებაზე გადასვლა. ეს ნიშნავს იმას, რომ მრეწველობაზე დიდი როლი მომსახურებას ენიჭება. ისევე, როგორც საერთო ეროვნული პროდუქტის წილში, ინდუსტრიულ საზოგადოებაზე გადასვლისასთანდათან იზრდებოდა მრეწველობის წილი და მცირდებოდა სოფლის მეურნეობისა. პოსტინდუსტრიულ დონეზე გადასვლისას თანდათანობით მცირდება საწარმოო პროდუქციის წილი და იზრდება მოხმარების და საინფორმაციო უზრუნველყოფის წილი; ბ) თეორიული ცოდნის კოდიფიცირების გადამწყვეტი მნიშვნელობა ტექნოლოგიური ინოვაციებისათვის. ეს გულისხმობს, რომ ტექნიკური პროგრესი შესაძლებელია მხოლოდ თეორიული ცოდნის უმაღლესი განვითარების პირობებში; გ) ინტელექტუალური ტექნოლოგიების ქცევა სისტემური ანალიზის და გადაწყვეტილებების მიღების ძირითად ელემენტად. აქ, ცხადია, ლაპარაკია არა მხოლოდ საქართული საზოგადოება და თანამედროვე გამოწვევები საბუნებისმეტყველო, არამედ პოლიტოლოგიურ, სოციოლოგიურ და სხვა შესაბამის ტექნოლოგიებზე.
გარკვეული აზრით ყოველი საზოგადოება ემყარებოდა თეორიულ ცოდნას. მაგრამ პოსტინდუსტრიულ საზოგადოებაში ამგვარი ცოდნა ახალ განზომილებას იძენს. ხდება ტექნიკისა და მეცნიერების ძირეული შერწყმა და მათ საფუძველზე ტექნოლოგიის ფენომენის წარმოშობა. ეს არ ნიშნავს ტექნიკური განვითარების უბრალოდ ახალი დონის მიღწევას, არამედ ინფორმაციული მომსახურების თვისებრივად ახალი ფორმის გამოძებნას. კომპიუტერიზებული ინფორმაციული კარტოთეკების შექმნამ შესაძლებელი გახადა ახალი ტიპის მომსახურებანი, სპეციალიზებული ინფორმაციული სიების გაყიდვა საბაზრო მოხმარებისათვის. ამის ერთერთი ყველასათვის ნაცნობი მაგალითია თვითმფრინავის ბილეთების კომპიუტერიზებული განაწილება, რომლის გარეშეც თანამედროვე ავიაინდუსტრია ფაქტობრივად გაჩერდებოდა. ამ სისტემამ ავიაკომპანიებს საშუალება მისცა, შემოსავალი მიეღოთ არა სამუშაო ძალის შემცირების, არამედ შრომის უფრო ეფექტური ორგანიზების და რესურსების უკეთესად მობილიზების ხარჯზე.
მაგრამ პოსტინდუსტრიული საზოგადოება არ ამოიწურება მხოლოდ ეფექტური კარტოთეკების შექმნითა და ექსპლუატაციით. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ღირებულების წყაროდ გვევლინება არა იმდენად ფიზიკური შრომა (როგორც ამას ინდუსტრიულ საზოგადოებაში ჰქონდა ადგილი), არამედ ინფორმაცია. დ. ბელის აზრით: „...როგორც შრომა და კაპიტალი“ იყო ინდუსტრიული საზოგადოების ძირითადი ცვლადები, ისე ცოდნა და ინფორმაცია იქცევიან პოსტინდუსტრიული საზოგადოების ძირითად ცვლადებად. აქედან გამომდინარე, პოსტინდუსტრიულ საზოგადოებაში არსებითად იცვლება დამატებული ღირებულების ფუნქცია.
„დამატებულ ღირებულებას“, ჩვეულებრივ, მოიხმარენ ხოლმე რომელიმე პროდუქტის მიმართ, რომლის საბოლოო ფასი აღემატება იმ მასალის საწყის ფასს, რომლისგანაც ნივთია დამზადებული. ასეთი ღირებულება შეიძლება შეიქმნას არა მხოლოდ ფიზიკური შრომის, არამედ ინფორმაციის მეშვეობითაც. უდაბნომ, თუ მას მივუყენებთ სათანადო ინფორმაციას მშრალი ნიადაგის პირობებში მეურნეობის წარმოების შესახებ, შეიძლება დიდი მოსავალი მოგვცეს; მუშის კვალიფიკაციის ამაღლება შეიძლება ბევრად მომგებიანი იყოს, ვიდრე მისი სამუშაო დროის გახანგრძლივება; თუ თავისუფალ კაპიტალს დროზე მივუყენებთ საჭირო ინფორმაციას, ის ხელსაყრელ ინვესტიციად იქცევა და ა.შ.
პოსტინდუსტრიული საზოგადოების ქვაკუთხედს წარმოადგენს ინფორმაციაზე ორიენტირებული ეკონომიკა, რომელიც ინფორმაციაზე საკუთრებას ემყარება. ინფორმაციულ საკუთრებას და მის ექსპლუატაციას მიწაზე, ნედლეულზე და წარმოების საშუალებებზე საკუთრებასთან შედარებით რიგი სპეციფიკური ნიშნები ახასიათებს. ამ სპეციფიკას ინფორმაციული საკუთრების ინტენსიური ხასიათი განსაზღვრავს. თუ მე მაქვს ექსტენსიური საკუთრება, ვთქვათ ჰექტარი მიწა, და მის ნახევარს გავყიდი, საკუთრებაში მხოლოდ ნახევარი ჰექტარი დამრჩება. ხოლო თუ მაქვს გარკვეული ინფორმაცია და მის ნახევარს გავყიდი, საკუთრებაში ისევ მთელი ინფორმაცია მრჩება. აქედან გამომდინარე, ზოგიერთი მკვლევარი ასკვნის, რომ ინდუსტრიული საზოგადოებისათვის დამახასიათებელი კონკურენცია პოსტინდუსტრიულ საზოგადოებაში თანამშრომლობით იცვლება ან, ყოველ შემთხვევაში, თვისებრივად ახალ სახეს იღებს. როგორც ინდუსტრიულ საზოგადოებას მრეწველობის განახლებისთვის გამუდმებით სჭირდებოდა წარმოების საშუალებების წარმოება, ასევე პოსტინდუსტრიულ საზოგადოებას გამუდმებით სჭირდება ახალი ინფორმაციების შეგროვება და ინფორმაციული საშუალებების მიყენება არსებულ ინფორმაციაზე ამ უკანასკნელის უფრო ეფექტურად გამოყენების მიზნით. ეს კი, თავის მხრივ, მოითხოვს ინფორმაციის დაგროვების, შენახვის და გადამუშავების სულ ახალი და ახალი სისტემების შექმნას.
ამერიკელი სოციოლოგი მ. პორატი პოსტინდუსტრიულ ეკონომიკაში ინფორმაციულ სექტორს ორ ქვესექტორად ჰყოფს: 1. „პირველადი ინფორმაციული სექტორი“, რომელიც მოიცავს იმ ფორმებს, რომლებიც ბაზრისათვის აწარმოებს ინფორმაციულ საქონელს და მომსახურებას; 2. “მეორადი ინფორმაციული სექტორი”, რომელიც მოიცავს მომსახურებას სამთავრობო სისტემების და იმ კერძო ფირმების, რომელნიც ინფორმატიკულ ტექნიკას და ინფორმაციას შინაგანი სამთავრობო, კერძო კორპორაციული მოხმარებისათვის აწარმოებენ. უკვე 1967 წლისათვის ინფორმაციულ მომსახურებათა წილი მომსახურების საერთო ოდენობის 46%-ს აღწევდა, აქედან 25% პირველ სექტორზე მოდიოდა, ხოლო 21% - მეორეზე.
პოსტინდუსტრიულ საზოგადოებაში განსაკუთრებით დიდია როლი ინფორმაციული სექტორის იმ თანამშრომლებისა, რომლებიც კოორდინაციას უწევენ ინფორმაციის სხვა სექტორის თანამშრომელთა საქმიანობას, მაგალითად, მენეჯერების, ორგანიზების საკითხთა სპეციალისტების და ა.შ. ისინი პოსტინდუსტრიული საზოგადოების ყველაზე მაღალშემოსავლიან პირთა რიცხვში შედიან და ქმნიან სიმდიდრეს ინფორმაციის მიყენებით არსებულ ორგანიზაციულ თუ საწარმოო სისტემებზე. მენეჯერს უნდა შეეძლოს არა მხოლოდ დარგებზე მომუშავე მუშაკების ჩართვა ერთ სისტემაში, არამედ სხვა სპეციალისტებისაც: ფინანსური ოპერაციების, პროფკავშირებთან და საზოგადოებრიობასთან ურთიერთობის, დაგეგმვის და პროგნოზირების, დიზაინის, ენერგიის დაზოგვის და ა.შ. მეტაინფორმაციული სექტორის თანამშრომლების განსაკუთრებული როლი პოსტინდუსტრიული საზოგადოების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია. პოსტინდუსტრიულ საზოგადოებაში ეკონომიკა თანდათანობით იღებს სერვისულ ხასიათს. დღესდღეობით ეროვნული შემოსავლის წარმოებისას და სამუშაო ადგილების უზრუნველყოფისას განუხრელად იზრდება მომსახურების სექტორის წილი. მრეწველობა ეროვნულ შემოსავალში წილითა და დასაქმებულთა რაოდენობით პირველ ადგილს თანდათანობით სერვისს უთმობს. ზოგიერთი ექსპერტის აზრით, სამიოდე ათწლეულის შემდეგ მრეწველობის სფეროში მუშახელის სულ 10-15% იქნება დასაქმებული. იმის დარად, როგორც აშშის აგრარულ სექტორში ერთი ფერმერი რამდენიმე ათეული ადამიანის გამოსაკვებად საკმარის პროდუქციას აწარმოებს, სამრეწველო საწარმოს ერთი მუშის მიერ წარმოებული საქონელი ათობით ადამიანს დააკმაყოფილებს.
ჯერ კიდევ ინდუსტრიული ერის გარიჟრაჟზე დიდმა ფრანგმა ფილოსოფოსმა რენე დეკარტმა წამოაყენა იდეა იმგვარი მეცნიერებისა, რომლის თეორიული მიღწევები უშუალოდ შეიძლება მიმართულიყო პრაქტიკული შედეგების მიღებაზე. ამის მიუხედავად, მთელი ინდუსტრიული მეცნიერება უმთავრესად გამოცდილებიდან ამოდიოდა და თეორიული განზოგადებებისაკენ ისწრაფოდა. პოსტინდუსტრიულ საზოგადოებაში სვლა პირუკუ ხდება: ფუნდამენტური მეცნიერებებიდან პრაქტიკისაკენ. მაგალითად, თუ XIX საუკუნეში თერმოდინამიკას საფუძვლად ორთქლის მანქანაზე დაყენებული ცდები დაედო, XX საუკუნეში ტრანზისტორის გამოგონება შედეგი იყო მყარი სხეულების ფიზიკის განვითარებისა, მეცნიერებისა, რომელიც ტრანზისტორის გამოგონებამდე ათწლეულებით ადრე შეიქმნა.
პოსტინდუსტრიული საზოგადოების შემდეგი მახასიათებელია მასში მიმდინარე ცვლილებების პერმანენტული ფორსირება. ახალი ტექნოლოგიების გამოგონებასა და დანერგვას თან სდევს კიდევ უფრო ახალ გამოგონებათა დაჩქარება. ამის შედეგად, თუ ინდუსტრიულ საზოგადოებაში ტექნოლოგიურ პროგრესს ბაზარი „მიათრევდა“, პოსტინდუსტრიულ საზოგადოებაში პირიქით - ტექნოლოგიები „უბიძგებენ“ ბაზარს. ცნობილ ფრანგ ფილოსოფოსს კლოდ ლევისტროსს ეკუთვნის საზოგადოებების კლასიფიკაცია „ცივად“ და „ცხელად“. „ცივი“ ისეთი საზოგადოებაა, რომელიც არ ესწრაფვის არავითარ ინოვაციას, არავითარ ცვლილებას. მაგალითად, ავსტრალიელი აბორიგენები უარს ამბობდნენ ბუმერანგის აეროდინამიკული ფორმის გაუმჯობესებაზე. ამის მიზეზი ის იყო, რომ ბუმერანგი წინაპრებმა ასეთად შეგვიქმნეს და მისი ფორმის შეცვლის ვერავითარ აუცილებლობას ვერ ვხედავთო. ამის საპირისპიროდ, ინდუსტრიული საზოგადოება უკვე „ცხელი“ საზოგადოებაა, ხოლო პოსტინდუსტრიულს, ამ გაგებით, ალბათ „მდუღარე“ უნდა ვუწოდოთ.
პოსტინდუსტრიული ეკონომიკის ზოგადი დახასიათება
პოსტინდუსტრიული საზოგადოების შემდეგ სპეციფიკას შეადგენს ის, რომ მასში ეკონომიკის მალიმიტირებელ როლს ინფორმაცია ასრულებს. მალიმიტირებლად ითვლება ფაქტორი, რომელიც ზღუდავს მეურნეობის უმთავრესი დარგების განვითარების პერსპექტივებს. მაგალითად, აგრარულ საზოგადოებაში ძირითადი დარგი სოფლის მეურნეობა იყო, ხოლო მალიმიტირებლის როლში, ჩვეულებრივ, ნაყოფიერი მიწების ნაკლებობა გამოდიოდა. ინდუსტრიული საზოგადოება ორიენტირებული იყო საქონლის დამზადებაზე, ხოლო ძირითად მალიმიტირებელ ფაქტორად ხშირად კაპიტალის უქონლობა გვევლინებოდა. პოსტინდუსტრიულ საზოგადოებაში მეურნეობრიობის საფუძვლად იქცევა წარმოება იმგვარი ინფორმაციისა, რომელიც მნიშვნელოვნად ზრდის ყველა სხვა დარგის (სოფლის მეურნეობა, მრეწველობა, ენერგეტიკა და ა.შ.) ეფექტურობას. ამიტომ ასეთი ინფორმაციის უქონლობა მნიშვნელოვნად აფერხებს მეურნეობის ძირითადი დარგების განვითარებას.
ბევრი დღევანდელი განვითარებული სახელმწიფოსათვის მალიმიტირებელი ფაქტორის როლში გამოდის ენერგია. ამიტომ ენერგორესურსების (უპირველეს ყოვლისა, ნავთობის) ფლობა უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ ფაქტორად იქცევა. მაგრამ ინფორმაციის მალიმიტირებელი ხასიათი მაინც მთელი თავით აღემატება ენერგიის წყაროებისას. ბოლოსდაბოლოს, სათანადო ინფორმაციის არსებობის პირობებში შესაძლებელია ტრადიციული რესურსების ახალი ფორმებით ათვისება, მათი შემცველობის სინთეზირება ან სულაც ენერგიის ახალი წყაროების გამოძებნა. ამიტომ პოსტინდუსტრიულ საზოგადოებაში მიწა, შრომა და კაპიტალი აღარ არის მალიმიტირებელი ფაქტორები, ენერგორესურსები - შეფარდებით მალიმიტირებელი ფაქტორია, ხოლო ცოდნა - უმთავრესი მალიმიტირებელი ფაქტორი. ამიტომ ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენა თანდათანობით ინფორმაციის მწარმოებელთა ხელში გადადის.
ინფორმაცია ღირებულებას ქმნის, უპირველეს ყოვლისა მაშინ, როდესაც მას უშუალოდ ყიდიან. ინფორმაციის გაყიდვა ხშირად პატენტის გაყიდვის სახეს იღებს. ზოგჯერ პატენტის ქონა უფრო მომგებიანია, ვიდრე მთელი ქარხნისა.1
მრეწველობის ის დარგები, რომელთა ინფორმაციული ბაზა თანამედროვე ცოდნის უმაღლეს დონეზე დგას, მთელი თავით უსწრებს სხვა დარგებს. მათ შეუძლიათ წარმოება ისეთი საქონლისა, რომელიც თვითონვე უქმნის ბაზარს საკუთარ თავს (მაგალითად, პარფიუმერულ ან ელექტრონულ მრეწველობაში) ან იმდენად ზრდიან შრომის ნაყოფიერებას, რომ უკან იტოვებენ კონკურენტებს.
პოსტინდუსტრიულ საზოგადოებაზე გადასვლას უმნიშვნელოვანესი ძვრები მოსდევს საბანკოსაკრედიტო და, საერთოდ, ფინანსურ სფეროში. პოსტინდუსტრიული საზოგადოება კრედიტს ემყარება. საქმიანი გარიგებები ხდება არა ერთი ხელიდან მეორეში ნაღდი ფულის ან ოქროს გადაცემით, არამედ ერთი ანგარიშიდან მეორეზე საფინანსო ინფორმაციის გადაცემით. უმრავლეს პოსტინდუსტრიულ სახელმწიფოებში საგადასახდელო ოპერაციები საკრედიტო ბარათებით ან საბანკო ორდერებით ხორციელდება. თვით სახელმწიფო თავის საბიუჯეტო ოპერაციებს, როგორც წესი, ახორციელებს ისეთი საკრედიტო საშუალებებით, რომლებიც თავისი ფასით აღემატება სახელმწიფოს ოქროს მარაგს. საკრედიტო ბარათების გამოყენება არნახულ მასშტაბს აღწევს. აშშში მიღწეული ტექნოლოგიები საშუალებას იძლევა, საბანკო ოპერაციები განხორციელდეს ორმხრივი სატელევიზიო კავშირის გამოყენებით.
ყოველივე ზემოთქმული საშუალებას იძლევა, პოსტინდუსტრიული საზოგადოების მეურნეობრიობის წესი დახასიათდეს, როგორც მოქნილი წარმოება. ინდუსტრიული საზოგადოების განვითარების უკანასკნელ ეტაპზე, ე.წ. მასობრივი მოხმარების საზოგადოებაში, ახალ პროდუქციაზე მოთხოვნილების ზრდასთან ერთად, კონკურენციის საფუძვლად იქცევა არა შეფარდებითი მწარმოებლურობა, არამედ შეფარდებითი ფასი. ინდუსტრიულ საზოგადოებაში წარმატება არა იმდენად ნოვატორს შეიძლება ხვდეს წილად, რამდენადაც მას, ვინც უფრო იაფფასიან პროდუქციას გამოუშვებს. ასეთი მეურნეობრიობა მოითხოვს მსხვილი მასშტაბის, პროდუქციის მასობრივად მწარმოებელ ფაბრიკა-ქარხნებს, რასაც, თავის მხრივ, მოსდევს როგორც ტექნოლოგიის, ისე პროდუქციის სტანდარტიზაცია. წარმოების ტექნოლოგიის საკმარისად სტანდარტიზაციის შემდეგ მასობრივი წარმოება უფრო იაფფასიანი მუშახელის და ნედლეულის მქონე ქვეყანაში გადააქვთ. ინფორმაციულინტენსიური ტექნოლოგიები “არბილებს” მასობრივი წარმოების ტექნოლოგიურად მკაცრ ჩარჩოებს. თუ ფასის მინიმალიზებაზე მიმართული სტანდარტული მიდგომა მოითხოვს მაღალსპეციალიზებული მანქანების განვითარებას, მანქანებისა, რომელთაც უზარმაზარი რაოდენობით შეუძლია აწარმოოს ერთი და მხოლოდ ერთი პროდუქტი, მანქანათა შემდეგი თაობა მოახერხებს კონკურენტუნარიანობის მიღწევას შინაგანი მოქნილობის ხარჯზე. ასეთი ქარხანა შეიძლება შედგებოდეს შედარებით უნივერსალური დანიშნულების მქონე ჩარხებისაგან, რომელთაც რობოტები ემსახურება და კომპიუტერები აკონტროლებს. ასეთი წარმოების საშუალებებს ავტომატიზებული პროცესის ფარგლებში შეუძლია ფართო სპექტრის დეტალების დამზადება.
მასობრივი წარმოების ტექნოლოგიიდან მოქნილი წარმოების ტექნოლოგიაზე გადასვლას მოსდევს მასობრივი მოხმარების საზოგადოებიდან თვისებრივი ცხოვრების საზოგადოებაზე გადასვლა. სოციოლოგი ე. ეთციონი აღწერს საზოგადოებას, რომელიც მისი წევრების მოთხოვნილებებს აკმაყოფილებს არა იმდენად მოხმარების პროდუქტების რაოდენობრივი მატებით, რამდენადაც ადამიანის საკუთარ თავთან, სხვა ადამიანებთან და ბუნებასთან ჰარმონიული თანაცხოვრების მიღწევით. თვისებრივი საზოგადოება უზრუნველყოფს თვისებრივ ცვლილებებს ერთ სულზე შემოსავალში, რაც იმით გამოიხატება, რომ შემოსავლის ზრდა აღწევს ისეთ ზღვარს, როდესაც არსებობს საშუალება თვისებრივი პარამეტრების მქონე პროდუქციის შეძენისა. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სოციოლოგებსა და ფუტუროლოგებს არა აქვთ ერთნაირი აზრი თვისებრივი ცხოვრებისა და მასობრივი მოხმარების საზოგადოებათა შორის მსგავსებაგანსხვავებაზე. ამასთან, ყველა თანხმდება იმაზე, რომ პოსტინდუსტრიული საზოგადოების შემდგომ განვითარებასთან ერთად განუხრელად გაიზრდება სერვისში (ამ სიტყვის უფართოესი გაგებით) დასაქმებულ ადამიანთა წილი. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ პოსტინდუსტრიული საზოგადოების სერვისი პრინციპულად განსხვავებულია ინდუსტრიულ საზოგადოებაში არსებული სერვისისაგან. ამ უკანასკნელის სერვისის ძირითად ნაწილს შეადგენენ სხვადასხვა სახის მოსამსახურეები, აგრეთვე, წვრილი ვაჭრების და ხელოსნების ზოგიერთი ჯგუფი. ყველა ესენი თავიანთი საქმიანობისათვის არ საჭიროებდნენ განსაკუთრებულ კვალიფიკაციას, თუ, რასაკვირველია, განსაკუთრებულ კვალიფიკაციად არ მივიჩნევთ იმას, რომ მეწაღეს უნდა ჰქონოდა ფეხსაცმლის შესაკერად საჭირო ჩვევები, ხოლო მესაათეს - საათის შესაკეთებლად საჭირო. მაშინ, როდესაც პოსტინდუსტრიულ საზოგადოებაში სერვისის სფეროში დაკავებული მუშაკისათვის აუცილებელია კვალიფიკაცია, ხოლო ზოგჯერ - მეტაკვალიფიკაციაც კი.
ინფრასტრუქტურა და ურბანისტიკა
პოსტინდუსტრიულ საზოგადოებაში ადეკვატურ ცვლილებებს განიცდის ინფრასტრუქტურაც. ეს ტერმინი გულისხმობს სხვადასხვა არხების სისტემას, რომელიც საზოგადოების წევრებს საშუალებას აძლევს, გაცვალონ მატერიალური და სულიერი ფასეულობები. ამ არხების ორგანიზება, ფინანსირება, ექსპლუატაცია და მართვა, ჩვეულებრივ, მთავრობის კომპეტენციაში შედის. ინფრასტრუქტურის პირველ ისტორიულ სისტემას ტრანსპორტი წარმოადგენდა. გზები და გადაადგილების საშუალებები ერთიანობაში კრავდა საზოგადოების ლოკალურ მონაკვეთებს და ახორციელებდა ადამიანების და საქონლის გადანაცვლებას. მეორე ინფრასტრუქტურული სისტემა ენერგეტიკის სფეროს მოიცავდა: წყალს, ორთქლს, ნახშირს, ნავთობს. მესამე ინფრასტრუქტურას შეადგენს კომუნიკაციის საშუალებები: ფოსტა, გაზეთი, ტელეფონი, ტელეგრაფი, რადიო, ტელევიზია, კომპიუტერიზებული სისტემები და ა.შ.
უახლოეს ათწლეულში სწორედ მესამე ინფრასტრუქტურაშია მოსალოდნელი უმნიშვნელოვანესი ცვლილებები. ეს ცვლილებები ალბათ განხორციელდება ტელეფონის, კომპიუტერის, ფაქსის, საკაბელო ტელევიზიის და ვიდეოდისკური ტექნოლოგიის შემდგომი შერწყმის პარალელურად.
ინფრასტრუქტურულმა ცვლილებებმა სათანადო ზეგავლენა უნდა მოახდინონ მოსახლეობის განლაგებაზე. ეს გავლენა, პირველ რიგში, ალბათ ქალაქთგანლაგებას შეეხება. აგრარულ საზოგადოებაში ქალაქები ყალიბდებოდა ხელსაყრელ ადგილებზე, სახმელეთო სავაჭრო გზების გაყოლებით, მდინარეთა შესართავებთან, საზღვაო სანაპიროებზე. ინდუსტრიულ ეპოქებში ქალაქები იქმნებოდა რესურსების ბაზების სიახლოვეს (ვთქვათ, რურის ქალაქების ზონა გერმანიაში). ინდუსტრიული განვითარების მაღალ დონეზე გადასვლის პარალელურად დედაქალაქები, როგორც წესი, იქცევიან ფინანსურ ცენტრებად და მართვის კომპლექსების ადგილსამყოფელად.
რესურსულ ბაზას, ეკონომიკურგეოგრაფიული თვალსაზრისით, ქალაქების განლაგებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა ბოლო 70-80 წლის განმავლობაში. თუმცა ამ მონაკვეთის დასასრულს თანდათანობით იწყება ვითარების შეცვლა. მაგალითად, ომის შემდეგ აშშ-ის ეკონომიკურგეოგრაფიული რუკა ძირითადად შიდაპოლიტიკური ფაქტორების გავლენით იცვლებოდა და არა რესურსულით. ამას განაპირობებდა ის, რომ ახალი საავიაციო, სარაკეტო და კოსმოსური კომპლექსები ძირითადად სამთავრობო კონტრაქტების საფუძველზე იგებოდნენ და გადაწყვეტილებას - სად განელაგებინათ ისინი: ტექსასში, კალიფორნიაში თუ აშშის ჩრდილოაღმოსავლეთში - პოლიტიკური მოსაზრებების გათვალისწინებით იღებდნენ. ავიასატრანსპორტო გადაზიდვების განვითარებასთან ერთად, შეიქმნა გიგანტური საკვანძო “ავიაქალაქები”: ჰიუსტონი, დენვერი, ატლანტა და დალასი, რომლებიც სწრაფად გადაიქცნენ რეგიონალურ ცენტრებად და თავის გარშემო შემოიკრიბეს სამრეწველო და კომერციული საქმიანობა. ტელეკომუნიკაციების ახალი საშუალებების განვითარებასთან ერთად, მოსალოდნელია რესურსულ ბაზებთან ქალაქის სიახლოვის მნიშვნელობის შემცირება (მაგრამ არა გაქრობა). კორპორაციებს შტაბბინები ხშირად გადააქვთ გარეუბნებში. კვლევითი ლაბორატორიების, ახალი უნივერსიტეტების და დიდი სამეცნიერო ცენტრების განლაგება უკვე ნაკლებად არის დამოკიდებული რესურსების ბაზებთან სიახლოვეზე. ისინი უფრო განათლების ან დიდი პოლიტიკის ცენტრების და იმ ქალაქების სიახლოვეს კონცენტრირდებიან, სადაც გაბატონებულია ცხოვრების უფრო თავისუფალი წესი.
ფუტუროლოგები სხვადასხვა შეხედულებისანი არიან ქალაქების განვითარებაზე პოსტინდუსტრიულ ეპოქაში. ბ. ფ. სკინერი მიიჩნევს, რომ განვითარებული კომუნიკაციების ეპოქაში დღევანდელი მოუქნელი და ძნელად სამართი ქალაქები ადგილს დაუთმობენ პატარ-პატარა ქალაქთა ქსელებს. ვარაუდობენ, რომ შეიქმნება ე.წ. ხაზოვანი ქალაქები, რომელთაც არ ექნებათ ტრადიციული ცენტრალური მოედნები და სავაჭრო ცენტრები. ფ. ჯორჯი უფრო შორსაც მიდის და ვარაუდობს ხაზოვან ქალაქთა გლობალური ქსელის შექმნას ერთი მხრივ ევროპიდან ციმბირისაკენ, ხოლო მეორე მხრივ, ევროპიდან მცირე აზიის გავლით (ე. ი. საქართველოს უშუალო სიახლოვეს) ინდოეთისა და შორეული აღმოსავლეთისაკენ.
იგივე ფ. ჯორჯი არ გამორიცხავს, აგრეთვე, დაბრუნებას ცხოვრების მცირე „გვაროვნული“ ფორმებისაკენ: „აუცილებელია მოთხოვნილება „მთელი სამყაროსადმი“ შერწყმულ იქნეს ოჯახური ტიპის კამერულ თანამეგობრობასთან. რამდენად შენარჩუნდება დიდი საქმიანი კორპორაციები, ცალკე საკითხია. ბუნებრივია, ასევე დარჩება მათი ზომის პრობლემა. დიდი ეკონომიკური ერთეულები უნდა ფუნქციონირებდეს მცირეების გვერდიგვერდ. პირველნი იმუშავებენ მარკეტინგის მოთხოვნილებებზე, ხოლო მეორენი დააკმაყოფილებენ შრომის სასიცოცხლო მოთხოვნილებას“, - წერს იგი.
რასაკვირველია, ფუტუროლოგები შორეული მომავლის პერსპექტივის პროგნოზირებას ცდილობენ, მაგრამ მათ მიერ გამოყოფილ ტენდენციებს ასევე სჭირდება ყურადღების მიქცევა. ბუნებრივია, რომ ტექნოლოგიური განვითარება სოფელსაც შეეხება. მომავლის სოფელი ეკოლოგიურად უფრო დაბალანსებული იქნება, სახლების გასათბობად მოიხმარება ენერგიის არატრადიციული საშუალებანი. გაიზრდება სახლის ფარგლებში მომუშავეთა რიცხვი, ამასთან, სოფლები ბევრად უფრო თვითუზრუნველყოფილი იქნება, ვიდრე ოდესმე.
დაგეგმვა პოსტინდუსტრიულ საზოგადოებაში
პოსტინდუსტრიულ საზოგადოებაში მნიშვნელოვანწილად იცვლება დაგეგმვის როლი და ფუნქციები. იმის მიუხედავად, რომ წამყვან სექტორად კერძო რჩება, არსებობს ეროვნული დაგეგმვის სხვადასხვა ფორმები.
ეროვნული დაგეგმვის ერთერთ ნაირსახეობად შეგვიძლია მივიჩნიოთ ინფორმაციის სფეროში მაკოორდინებელი მოქმედებების განხორციელება. თითქმის ყველა დიდი კორპორაცია ამუშავებს ხუთწლიან, ზოგჯერ ათწლიან გეგმებსაც კი, ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა პროდუქცია, კაპიტალდაბანდებები, სამუშაო ძალის საჭირო ოდენობა, ახალი ნაგებობების აუცილებლობა და ა.შ. სახელმწიფო საინფორმაციო კომპიუტერიზებული სისტემების შექმნის შემთხვევაში შესაძლებელი გახდება ყველა ამ სახის ინფორმაციის თავმოყრა და მის საფუძველზე სახელმწიფო და კორპორაციული პოლიტიკის კორექტირება.
ეროვნული დაგეგმვის სხვაგვარი სახეობა გამოიყენეს ფრანგმა სოციალისტებმა ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. ამ მოდელს ინდუქტიურ დაგეგმვას უწოდებენ. ინდუქტიური დაგეგმვისას რამდენიმე ათასი დარგობრივი კომიტეტი დაგეგმვის კომისარიატის მეშვეობით ახდენს თავისი ეკონომიკური მოღვაწეობის გეგმების კოორდინირებას. კოორდინირება ხორციელდება იმგვარი სამთავრობო გადაწყვეტილებების მიღების საფუძველზე, რომელნიც მიმართულია ამა თუ იმ დარგის სტიმულირებაზე საკრედიტო პოლიტიკის მეშვეობით.
დაგეგმვის შემდეგ ნაირსახეობას წარმოადგენს ეროვნული მიზნების განსაზღვრა. მაგალითად, საბინაო მშენებლობის ან ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით დგება სტრატეგიული გეგმები, შემდეგ კი თვალყურს უწესებენ შემუშავებულ მიზანთა განხორციელების ტემპებს. საჭიროების შემთხვევაში ხდება ამ ტემპების დაჩქარება გადასახადების შემცირებით, კრედიტების გაფართოებით ან სხვა საშუალებებით.
განსაკუთრებულ სიტუაციებში ხორციელდება ე.წ. დირექტიული დაგეგმვა. ამ შემთხვევაში ადგილი აქვს პრიორიტეტული მიზნების განსაზღვრას. მთავრობა პრიორიტეტების საფუძველზე ანაწილებს მასალებსა და სამუშაო ძალას შესაბამის საწარმოებს შორის. ამ დროს არა იმდენად მთლიანად ეკონომიკის დაგეგმვა ხორციელდება, რამდენადაც გადამწყვეტი სექტორების მკაცრი კონტროლი.
რასაკვირველია, შესაძლებელია დასახელებული ვარიანტების სხვადასხვაგვარი კომბინაციები. ეროვნული ფორმის არჩევა პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღებ პირთა კომპეტენციაში შედის. ამასთან, როგორც დ. ბელი წერს: „შემუშავების პროცესში მყოფ კომპიუტერებსა და საკომუნიკაციო სისტემებს ხელეწიფებათ განახორციელონ ასეთი დაგეგმვა, მაგრამ ერთობ რთულ საკითხად რჩება ამგვარი დაგეგმვის შესაბამისობა ინდივიდუალურ თავისუფლებებთან“.
ცოდნა და განათლება პოსტინდუსტრიულ საზოგადოებაში
პოსტინდუსტრიული საზოგადოება მოითხოვს განათლების სისტემის განსაკუთრებულ ორგანიზაციას. სწავლების, როგორც კვალიფიკაციის მიცემის ცნება იცვლება განათლების, როგორც მეტაკვალიფიკაციის ჩამოყალიბების ცნებით. კვალიფიკაცია გულისხმობს სწავლების შედეგად ჩამოყალიბებული ჩვევების უბრალო გამოყენებას, ხოლო მეტაკვალიფიკაცია - იმგვარ ცოდნას, რომელიც ახალი ინფორმაციის მოძებნის, სელექციის და ათვისების შესაძლებლობას იძლევა.
მეტაკვალიფიკაცია არ ამოიწურება მხოლოდ იმ ჯგუფით, რომელსაც, ტრადიციულად, ინტელიგენციას უწოდებენ. მაგალითად, სოფლის მეურნეობის მუშაკს უნდა ჰქონდეს არა მხოლოდ სოფლის მეურნეობისათვის საჭირო ტრადიციული ჩვევები, ე. ი. კვალიფიკაცია, არამედ მეტაკვალიფიკაციაც. ფერმერს ინფორმაცია უნდა ჰქონდეს არა მხოლოდ სასუქებზე და ჰიბრიდულ თესლებზე, ვეტერინარულ საშუალებებსა და პესტიციდებზე, კომბაინსა და ტრაქტორზე, არამედ უნდა შეეძლოს აღრიცხვა და კონტროლი, თვალყურის დევნება ახალი ტექნოლოგიებისა და ბიოტექნოლოგიებისათვის, ამ სფეროში მისთვის საინტერესო ინფორმაციის სელექცია, კომპიუტერის მოხმარება. ფერმერმა თავისი მეტაკვალიფიკაციით უნდა იცოდეს, ვის და როდის მიმართოს: იურისტს, ვეტერინარს, მომარაგების აგენტს და ა.შ. ერთი სიტყვით, სოფლის მეურნეობაც ემყარება საჭირო ინფორმაციის მიღების, შეგროვებისა და დამუშავების უნარს.
ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ პოსტინდუსტრიულ საზოგადოებაში დიდ მნიშვნელობას იძენს მეცნიერების ის არატრადიციული დარგები, რომლებიც, უპირატესად, მეტაკვალიფიკაციისათვის არის გამიზნული. ლაპარაკია ისეთ მეცნიერებებზე, როგორებიცაა: მართვის სისტემების ორგანიზაცია, მართვის სოციალური ფსიქოლოგია, გადაწყვეტილებების მიღებისა და თამაშის თეორიები და სხვ.
პოსტინდუსტრიულ საზოგადოებაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სამეცნიეროკვლევით და საცდელკონსტრუქციულ სამუშაოებს (სკსკს). ცნობილი ექსპერტის ტ. სტოუნერის აზრით, „ინდუსტრიული საზოგადოების პოსტინდუსტრიულზე მწყობრი გადასვლის საუკეთესო სტრატეგია განათლებისა და სამეცნიერო-კვლევითი, საცდელ-კონსტრუქციული გამოკვლევების ფართომასშტაბიანი დანერგვაა... სკსკს სისტემა მიმართული უნდა იყოს იმ სიმდიდრის შექმნაზე, რომელიც ემსახურება ეკონომიკის საზოგადოებრივი სექტორის განვითარებას“.
პოსტინდუსტრიულ საზოგადოებაში მომხდარმა ცვლილებებმა თავისი დაღი დაასვეს ინდივიდის სპეციფიკის გაგებას. გარდა ახალი ტიპის განათლებისა და მეტაკვალიფიკაციისა პოსტინდუსტრიულ საზოგადოებაში პიროვნებას მოეთხოვება ხატებით, სიმბოლოებითა და აბსტრაქციებით ოპერირების უნარი, ლოგიკური აზროვნება და იდეების ნათლად გამოხატვა. ინდუსტრიული საზოგადოება აწინაურებდა ისეთ ადამიანებს, რომლებსაც ახასიათებდათ სიზუსტე, პედანტურობა, ერთიანი ცენტრალური ხელისუფლებისადმი დაქვემდებარების უნარი, იმის კარგად ცოდნა, თუ როგორ ფუნქციონირებს ბიუროკრატიული აპარატი, მექანიკურ და ერთგვაროვან სამუშაოებთან შეგუების უნარი და ა.შ. მესამე ტალღის, ე. ი. პოსტინდუსტრიულ საზოგადოებას აქვს ინდივიდუალური თვისებების დაფასების ისეთი კრიტერიუმები, რომლებიც ყოველთვის არ ემთხვევა ინდუსტრიული საზოგადოების კრიტერიუმებს. უკვე ითქვა, რომ მესამე ტალღის საზოგადოება ადამიანში აფასებს შემეცნებით უნარებსა და განათლებას. ამას გარდა, პოსტინდუსტრიულ საზოგადოებაში ფასდებიან ადამიანები, რომელთაც ახასიათებთ:
● ცვლილებებთან სწრაფად შეგუების უნარი;
● მოქნილობა - მათ ერთსა და იმავე დროს შეუძლიათ რამდენიმე ბოსთან მუშაობა და თუ საჭიროა, თავადაც გასწევენ ხელმძღვანელობას;
● ცნობისმოყვარეობა - მათ აინტერესებთ, რა ხდება და სურთ, გავლენა მოახდინონ მიმდინარე პროცესებზე;
● უნარი, შეინარჩუნონ თავდაჭერა გაურკვევლობის პირობებში;
● ერთი სპეციალობისათვის სამუდამოდ გამომუშავებული ჩვევა, ამავე დროს, რამდენიმე სფეროში მუშაობის გამოცდილება და ერთი სფეროდან მეორეში იდეების გადატანის უნარიც შესწევთ;
● შეუძლიათ, შეასრულონ შემრიგებლისა და შუამავლის როლი და აქვთ კრიტიკულ სიტუაციაში მოქმედების ჩვევა. შეუძლიათ, მოუსმინონ ორივე მხარეს და განსხვავებული პოზიციები მისაღები ფორმით ჩამოაყალიბონ;
● უნარი, დაიწყონ ახალი საქმე; იყვნენ აღმსრულებლები;
● ისინი „რეალისტურად“ მეოცნებენი არიან, აქვთ განვითარებული წარმოსახვა და, რაც მთავარია, მომავალზე უფრო არიან ორიენტირებულნი, ვიდრე წარსულზე.
პოსტინდუსტრიული საზოგადოება ასევე დააფასებს უცხო ენების ცოდნას, განსხვავებულ კულტურათა გაგებისა და მათთან შეგუების უნარს. თანაც ყოველივე ამას ექნება არა მხოლოდ თეორიული მნიშვნელობა, არამედ უფრო პრაქტიკული. მაგალითად, იაპონელებთან საქმის წარმატებით დაჭერისათვის აუცილებელია მათი კულტურის რიგ თავისებურებებში კარგად გარკვევა.
ძნელი არ არის იმის დანახვა, რომ ზემოთ ჩამოთვლილ თვისებათა უმრავლესობა ჩადებულია ქართველთა ეროვნულ ხასიათში. არ არის გამორიცხული, რომ ჩვენი ეროვნული ხასიათის ზოგიერთი ჩვევა, რომელიც ხელს გვიშლიდა ინდუსტრიული განვითარების ეტაპზე, სასარგებლოც კი აღმოჩნდეს პოსტინდუსტრიულ საზოგადოებაში. საყურადღებოა, რომ ჩვენი მსგავსი ხასიათის და მენტალიტეტის მქონე იტალიელებმა ძალიან დიდ წარმატებას მიაღწიეს პოსტინდუსტრიულ ეტაპზე. ამიტომ საჭიროა იმგვარი სტაბილური პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სტრუქტურების შექმნა, რომლებიც ჩვენი ხასიათის ამ თვისებების პოზიტიურად წარმართვის საშუალებას მოგვცემს.
განვითარებულ პოსტინდუსტრიულ საზოგადოებაში სახელმწიფო ძლიერებას მეტად აღარ განსაზღვრავს მხოლოდ სამხედრო ძალა ანდა ენერგორესურსების ფლობა. უმთავრეს ეროვნულ სიმდიდრედ იქცევა ზემოთ ჩამოთვლილი უნარებით დაჯილდოებულ ადამიანთა რაოდენობა. იაპონიის ან შვეიცარიის სიმდიდრის მთავარი წყარო ბუნებრივ რესურსებს კი არ ემყარება, არამედ მათ მოქალაქეთა დაოსტატებას, განათლებასა და სამუშაო დისციპლინას. ყოველივე ზემოთქმული აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ.
პოსტინდუსტრიული საზოგადოება და გლობალიზაცია
პოსტინდუსტრიულ საზოგადოებას ტრანსნაციონალური, უფრო ზუსტად, პლანეტარული ხასიათი აქვს. ამასთან, საქმე ტრანსნაციონალურ კორპორაციათა ექსპანსიურ ბუნებაში კი არ არის, არამედ თავად პოსტინდუსტრიული საზოგადოების ფუნქციონირების წესში. თუ XIX საუკუნის ინგლისში ორთქლმავლების წარმოება მთლიანად ერთ ქალაქში - ლიდსში - იყო კონცენტრირებული (ლიდსში წარმოებულ ორთქლმავლებს ევროპის ყველა ტრასაზე შეხვდებოდით), „ჯენერალ მოტორსის“ უახლესი მოდელი რვა ქვეყანაში იწყობა კიდევ უფრო მეტ ქვეყანაში დამზადებული ნაწილებისაგან. გლობალური ინფორმაციული სისტემების შექმნის გარდა ეკონომიკის პლანეტარიზაციას ხელს უწყობს ტრანსპორტის და კავშირის სისტემების გაიაფება. დღესდღეობით სატრანსპორტო ხარჯები საბოლოოდ პროდუქტის ფასის მხოლოდ რამდენიმე პროცენტს შეადგენს, რაც ხელს უწყობს მრეწველობის შრომატევადი დარგების გადატანას უფრო იაფი მუშახელის მქონე ქვეყნებში. გარდა ამისა, ინფორმაციის საერთაშორისო სისტემების შექმნა სულ უფრო და უფრო ფართო მასშტაბით მოითხოვს ინტერნაციონალურ თანამშრომლობას. ამიტომ ამგვარი თანამშრომლობა ვინმეს ნებისაგან დამოუკიდებლად, ადრე თუ გვიან, ალბათ მთელ დედამიწას მოიცავს.
რასაკვირველია, მსოფლიო ისტორია სავსეა სხვადასხვა ქვეყნებისა და კონტინენტების თანდათანობითი დაახლოების მაგალითებით და, ამ თვალსაზრისით, მთელი მსოფლიო ისტორია არის სხვადასხვა ქვეყნებისა და ხალხების მიერ გლობალური დაახლოების კუთხით გადადგმული ნელი და სწრაფი ნაბიჯების ერთგვარი ნაკრები. არშემდგარი „გლობალიზაციის“ მაგალითებად შეგვიძლია დავასახელოთ ელინიზმის ან ჯვაროსნული ლაშქრობების ეპოქა. მაგრამ ამგვარი დაახლოების ტემპები რევოლუციურად სწრაფად მხოლოდ ორჯერ განხორციელდა.
პირველ შემთხვევაში XIX და XX ს-ების მიჯნაზე მსოფლიო შევიდა აქტიური ურთიერთობების ფაზაში იმის საფუძველზე, რომ ვაჭრობამ და ინვესტიციებმა ორთქლმავლის, ტელეფონის და კონვეიერის წყალობით გლობალური მასშტაბით დაიწყო გავრცელება. გლობალიზაციის პირველი ტალღის ისეთმა თეორეტიკოსებმა, როგორებიც იყვნენ რ. როზლენი და ჯ. ბრაიტი, მრავალი ეკონომისტისა და მეწარმისათვის დამაჯერებლად დაასაბუთეს ის გარემოება, რომ თავისუფალი ვაჭრობა აუცილებლად გამოიწვევდა მსოფლიო ეკონომიკურ ზრდას. ურთიერთდამოკიდებულებაზე დამყარებული არნახული კეთილდღეობის ნიადაგზე ხალხები დაივიწყებენ უთანხმოებას. ბრიტანეთი მთელი თავისი საზღვაო, ინდუსტრიული და ფინანსური ძლევამოსილებით იდგა გლობალიზაციის ამ პირველი ტალღის გარანტად, ახორციელებდა რა საქონლის გადაზიდვას და მთავარ არტერიებზე კონტროლს. ეს არტერიები იყო ზღვები და ოკეანეები. ბრიტანეთი უზრუნველყოფდა საერთაშორისო ფინანსური გაანგარიშებების სტაბილურობას ფუნტი სტერლინგის და ინგლისის ბანკის საშუალებით.
კონფლიქტებისაკენ მიდრეკილ მსოფლიო გარემოზე გლობალიზაციის კეთილისმყოფელი გავლენის იდეამ ყველაზე დამაჯერებელი გამოხატულება პოვა ნორმან ეინჯელის წიგნში „დიდი ილუზია“ (1909). იქ (ხუთი წლით ადრე პირველ მსოფლიო ომამდე) ავტორმა მოიყვანა არგუმენტები იმის სასარგებლოდ, რომ შეუძლებელი იყო გლობალური კონფლიქტების წარმოქმნა მსოფლიოში ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულების მომენტების ჩამოყალიბების გამო - 1914 წლამდე ბრიტანეთი და გერმანია (ძირითადი საგარეო პოლიტიკური ანტაგონისტები) თავისი მნიშვნელობით ერთმანეთის მეორე სავაჭრო პარტნიორები იყვნენ. ეს იმ დროს, როცა ბრიტანეთის და გერმანიის საგარეო ვაჭრობაზე მოდიოდა შესაბამისად მთლიანი ეროვნული პროდუქტის 52% და 38%. მაგრამ 1914 წლის აგვისტოში ერების გლობალური დაახლოების გარდაუვალობის წინასწარმეტყველებამ წარმოაჩინა მთელი თავისი უსუსურება. პირველმა მსოფლიო ომმა შეაჩერა ერების ეკონომიკურ-საინფორმაციო-კომუნიკაციური დაახლოების პროცესი ყველაზე საშინელი მეთოდით. გლობალიზაციის სარგებლობებმა ადგილი დაუთმო გეოპოლიტიკას, სტრატეგიულ გათვლებს, ისტორიულ აღრიცხვას, შელახულ სიამაყეს, დამოკიდებულების წინაშე შიშს. მაგალითისათვის, რუსეთის მთავრობამ საჭიროდ ჩათვალა მიეთითებინა რუსეთის მთავარ მონოპოლისტზე მის საგარეო ვაჭრობაში - გერმანიაზე - სავაჭრო დამოკიდებულების დამღუპველობაზე (გერმანიაზე მოდიოდა რუსეთის საგარეო ვაჭრობის 50%).
გლობალიზაციის ხელმეორედ დაბადება (აღორძინება) დაიწყო 70-იანი წლების ბოლოს. ეს მოხდა პოსტინდუსტრიული პარადიგმის გამარჯვებასთან ერთად, ინფორმატიკაში, ტელეკომუნიკაციებისა და დიგიტალიზაციაში გლობალური რადიუსის მქონე საშუალებების სრულყოფაში არაჩვეულებრივი რევოლუციის შედეგად. უკანასკნელი ოცდაათი წლის მანძილზე რეაქტიულმა ავიაციამ დააახლოვა ყველა კონტინენტი, ხოლო კომპიუტერების საერთო რაოდენობის სიმძლავრე ორმაგდებოდა საშუალოდ თვრამეტ თვეში ერთხელ. დაწყებული 1991 წლიდან ინფორმაციის მოცულობა დისკის თითოეულ სანტიმეტრზე იზრდებოდა დაახლოებით 60%-ით წელიწადში. მთელ ამ გარემოებათა და სრულყოფათა შედეგად ინფორმაციის გადატანის ღირებულება დრამატულად შემცირდა და ამჟამად ინფორმაციის უზარმაზარი მოცულობანი შესაძლებელია გადატანილი იყოს ტელეფონის, ოპტიკური კაბელის და რადიო სიგნალის საშუალებით დედამიწის ნებისმიერ წერტილში, რაც რევოლუციურად ზემოქმედებს ეკონომიკურ ზრდაზე.
აშკარად გამოიკვეთა გლობალიზაციური პროცესების ახალი ხასიათი. მაგალითად, ბრიტანული კონცერნი „იუნილეკერი“, რომელსაც 75 ქვეყანაში 500 დაქვემდებარებული კომპანია აქვს ან აშშ-ში ბაზირებული „ექსონი“, რომლის შემოსავლების 75% მოდის არა აშშ-ზე, ნაციონალურ კომპანიებად მხოლოდ პირობითად შეიძლება მივიჩნიოთ. ტრანსნაციონალურმა კორპორაციებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა დაიწყეს ეროვნული საზღვრების აქამდე არნახული სიიოლით გადალახვა. ერთი პოლიტოლოგის თქმით, იქმნება სიტუაცია, როდესაც „ვერც ნაციონალური მთავრობები და ვერც ადგილობრივი ხელისუფლებები ვერ შეძლებენ საკუთარი ძალებით იმ პრობლემების მოგვარებას, რომელიც შექმნა მზარდმა ურთიერ თდამოკიდებულებამ“.
დადგება გლობალიზაციის მეორე, თანამედროვე, ეტაპი. XXI ს-ის დასაწყისისათვის შემუშავებულია შეთანხმება ინფორმაციული ტექნოლოგიების შესახებ, დადებულია მრავალი ხელშეკრულება ტელეკომუნიკაციებისა და ფინანსური მომსახურებების თაობაზე, მიღწეულია შეთანხმებები, რომელთაც საფუძველი დაუდეს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის შექმნას (და მის რიგებში ისეთი მანამდე რეგლამენტირებული სასაქონლო გაცვლებისაგან განზე გამდგარი ქვეყნების მიღებას, როგორიც ჩინეთია). მთავარი ის არის, რომ ბევრი ქვეყნის სტრატეგია - დაწყებული ისეთი გიგანტიდან, როგორიც აშშ-ია - გახდა მოხსნა იმ ბარიერებისა, რომლებიც ხელს უშლიდნენ კაპიტალის და სავაჭრო ნაკადების გადაადგილებას. მთელმა რიგმა ქვეყნებმა („აზიურმა ვეფხვებმა“ - მაგალითად, სამხრეთ კორეამ ან სინგაპურმა) აჩვენეს არაჩვეულებრივი ნიჭი იმისა, რომ შესაძლებელია მაღალი ტექნოლოგიებისა და იაფი მუშახელის ურთიერთქმედების ეფექტიანად შეხამება, რასაც გაადვილებული ურთიერთგაცვლის პირობებში მივყავართ სწრაფ ეკონომიკურ ზრდასთან. მაშასადამე, ეკონომიკური თვალსაზრისით, ჩრდილოეთ ატლანტიკის გვერდით დადგა აღმოსავლეთი აზია.
ამასთან, დღევანდელი გლობალიზაცია, განსხვავებით მისი ადრინდელი ნაირსახეობებისაგან, პოსტინდუსტრიულ პარადიგმას ემყარება. სწორედ ესაა მისი ძალა. ინდუსტრიული ეპოქის რესურსები არ აღმოჩნდა საკმარისი მთელი დედამიწის გლობალური მოცვისათვის და იმისათვის, რომ ადამიანების, ინფორმაციის და საქონლის გაცვლა საჭირო ტემპით განეხორციელებინა. ასეთი რამ მხოლოდ პოსტინდუსტრიულ ეპოქაში გახდა შესაძლებელი.
ექსპერტების ნაწილის აზრით, გლობალიზაცია არის პროცესი, რომელიც განპირობებულია საბაზრო და არა სახელმწიფოებრივი ძალებით. იმისათვის, რომ მოიზიდონ კაპიტალი და იფიქრონ კეთილდღეობაზე, ასევე ისარგებლონ საკუთარ ეკონომიკაზე თანამედროვე და მომავლის ტექნოლოგიების გავლენის ნაყოფით, სახელმწიფოებმა თავი უნდა მოიქციონ დაბალანსებული ბიუჯეტის, ეკონომიკის პრივატიზაციის, ინვესტიციების და საბაზრო ნაკადების ღიაობის, ვალუტის სტაბილურობის „ოქროს კორსეტში“. გლობალიზაცია ნიშნავს ცხოვრების ჰომოგენიზაციას: ფასები, პროდუქტები, ჯანდაცვის დონე და ხარისხი, შემოსავლების დონე, პროცენტიანი საბანკო განაკვეთები მსოფლიო დონეზე თანდათან თანაბრდება. გლობალიზაცია ცვლის არა მარტო მსოფლიოს ეკონომიკურ პროცესებს, არამედ მის სტრუქტურასაც. ძალას იკრებს კაცობრიობაზე არნახული გავლენის მქონე პროცესი, რომელიც ტრანსკონტინენტური და რეგიონთაშორისი ნაკადების გენერირებას ახდენს, რის შედეგადაც იქმნება გლობალური მასშტაბის ურთიერთდამოკიდებულება. რამდენად კარგია ამგვარი უნიფიკაცია და რამდენად შეესაბამება იგი ადამიანური ყოფიერების ფუნდამენტურ ტენდენციებს - სულ სხვა საკითხია.
პოსტინდუსტრიული საზოგადოების მომავალი, გლობალიზაციის გამოწვევები და საქართველო
გლობალიზაციის მთავარი ნიშანი ღიაობაა, რომელიც ახასიათებს მსოფლიო საზოგადოების ახალ მდგომარეობას - ახალ მსოფლიო წესრიგს. შიდა ბაზრის ზრდა დამოკიდებული ხდება საზღვარგარეთ ბაზრის ზრდაზე. ეს კრედო პრეზიდენტმა კლინტონმა ჩამოაყალიბა 1996 წელს ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში გამოსვლისას: „ბლოკები, ბარიერები, საზღვრები, რომლებიც განასახიერებდნენ ჩვენი მშობლების და მათი მშობლების დროინდელ მსოფლიოს, ქრება ახალი ტექნოლოგიების მეშვეობით...“
შესაძლოა, მსოფლიოს ყველაზე დიდი პრობლემა იყოს გლობალიზაციის შეთავსება ვესტერნიზაციასთან. ვესტერნიზაცია გულისხმობს ეროვნული ცხოვრების გადაყვანას დასავლურ რელსებზე. ეს უაღრესად მტკივნეული პროცესია, რასაც, სხვა რომ არაფერი, ისლამურ სამყაროში მიმდინარე პროცესები აჩვენებს. თუმცა, ვეჭვობთ, რომ დღის წესრიგში დგება შედარებით ფართო პრობლემა - მოდერნიზაცია. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩამოყალიბდა ორი სახის მიდგომა.
პირველი გამომდინარეობს იქიდან, რომ გლობალიზაცია უფრო ფართო პროცესია, ვიდრე ვესტერნიზაცია და, ყველა გაგებით, ემთხვევა მოდერნიზაციის პროცესს. ამ თვალსაზრისს ემხრობიან ა. ჰიდენსი, რ. რობერტსი, მ. ოლბოროუ, უ. კონოლი. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა საკმაოდ დამაჯერებლად აჩვენეს მოდერნიზაციული შესაძლებლობები იმ საზოგადოებაშიც კი, სადაც ვესტერნიზაცია არ შეხებია საზოგადოების ძირეულ საფუძვლებსა და ტრადიციებს. აღმოსავლეთი აზიის მაგალითი აჩვენებს, რომ ინდუსტრიალიზაცია ბევრ შემთხვევაში შესაძლებელია ვესტერნიზაციის გარეშე.
მეორე მიდგომა: გლობალიზაცია წარმოადგენს, უბრალოდ, დასავლური მოდერნიზმის გლობალურ დიფუზიას, განვრცობას, ანუ გაფართოებულ ვესტერნიზაციას - დასავლური კაპიტალისა და დასავლური ინსტიტუტების გავრცელებას (განვრცობას) - ამ აზრს ავითარებს ს. ამინისა და ლ. ბენტონის თეორიები. გილპინი, მაგალითად, მსოფლიო ინტერნაციონალიზაციას უყურებს, როგორც, უბრალოდ, გაფართოებადი ამერიკული მსოფლიო წესრიგის პროდუქტს. ა. კალინიკოსი და რიგი მკვლევარებისა თანამედროვე პროცესებში ხედავენ დასავლური იმპერიალიზმის ახალ ფაზას, სადაც ეროვნული მთავრობები იქცნენ მონოპოლისტური კაპიტალის აგენტებად. ამერიკელი თეორეტიკოსის ნ. გლეიზერის აზრით, გლობალიზაცია არის მსოფლიო მასშტაბით დასავლეთის მიერ რეგულირებადი იმ ინფორმაციის და გართობის საშუალებების „გავრცელება, რომლებიც შესაბამის ეფექტს ახდენს ფასეულობებზე იმ ადგილებისა, სადაც ეს ინფორმაცია აღწევს...“
ევოლუციური მიდგომის მომხრეები, რომელთაც სათავეში უდგანან პირველი სიდიდის თეორეტიკოსი ჯ. როზენაუ და ა. ჰიდენსი, გლობალიზაციის თანამედროვე ფორმას მიიჩნევენ ისტორიულად უპრეცედენტო მოვლენად და მას უყურებენ, როგორც არაშეჯერებადს პირველ მსოფლიო ომამდე პერიოდთან შედარებით. ეს მიმდინარეობა სახელმწიფოებისა და საზოგადოებებისაგან მოითხოვს თანდათანობით ადაპტაციას იმ უფრო ურთიერთდამოკიდებულ და, ამავე დროს, ძალზე არასტაბილურ მსოფლიოსთან, რომელსაც ახასიათებს გარდაუვალი სოციალური და პოლიტიკური ცვლილებები და რომელთა ერთიანობაც შეადგენს თანამედროვე საზოგადოებებისა და მსოფლიო წესრიგის განვითარების არსს. გლობალიზაცია არის მსოფლიოს ტრანსფორმაციის უდიდესი ძალა, რომელიც პასუხს აგებს საზოგადოებებისა და ეკონომიკების ევოლუციაზე, ასევე მართვის ფორმებისა და მსოფლიო წესრიგის ცვლილებებზე. იგი თანდათანობით ანგრევს სამამულოსა და უცხოურის გაგებას და განსხვავებას საშინაო და საგარეო პრობლემებს შორის. ჯ. როზენაუ მიუთითებს ტრადიციულ საზოგადოებაში ახალი პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სივრცის შექმნაზე, რომელსაც მაკროდონეზე უნდა შეეწყონ სახელმწიფოები, ხოლო ადგილობრივ დონეზე - ლოკალური საზოგადოებები.
მაგრამ ევოლუციური მიდგომის მომხრეები (რადიკალებისაგან განსხვავებით) უარს ამბობენ, განსაზღვრონ მიმართულება იმ პროცესისა, რომელმაც მოიცვა მსოფლიო და რომლის არსსაც წარმოადგენს მოულოდნელი ცვლილებები, ხოლო მისი მთავარი თვისებაა ახალი წინააღმდეგობების წარმოქმნა.
მათ შეგნებაში გლობალიზაცია ასოცირდება ახალი მსოფლიო სტრატიფიკაციის ჩამოყალიბებასთან, როდესაც ზოგიერთი ქვეყანა თანდათან, მაგრამ მყარად შევა „ტაიფუნის თვალში“ - მსოფლიო განვითარების ცენტრში, მაშინ, როდესაც სხვა ქვეყნები უიმედოდ მარგინალიზდებიან. მაგრამ სხვადასხვა ქვეყნებს შორის „დაშორების“, „განხეთქილების“ მიუხედავად, არ მოხდება სახელმწიფოების დაყოფაკლასიფიკაცია სისტემით: „პირველი“ და „მეორე“ სამყარო. მსოფლიო უფრო რთული იქნება.
მოხდება თვით ცნებების „ძალის“ და „ძლიერების“ რადიკალური ცვლილება. სუვერენული სახელმწიფოები შეინარჩუნებენ საკუთარ ტერიტორიაზე გავლენას (ხელისუფლებას), მაგრამ ნაციონალური სუვერენიტეტის პარალელურად გაფართოვდება საერთაშორისო ორგანიზაციების გავლენის ზონაც.
ბუნებრივია, რომ გლობალიზაცია უსერიოზულეს პრობლემებს წამოჭრის ქართველი ერის წინაშე. ისტორიული გამოცდილება გვეუბნება, რომ „პროტოგლობალიზაციები“ საქართველოსათვის სიკეთის მომტანი იყო. ელინიზმს იბერიის სამეფოს შექმნა მოჰყვა, ჯვაროსნულ ლაშქრობებს - ჩვენი სახელმწიფოებრიობის გაძლიერება და კულტურის არნახული აყვავება. ამიტომ ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ აზრი, თითქოს გლობალიზაცია ჩვენი თვითმყოფადობის დაკარგვას და კულტურულ გათქვეფას მოიტანს, არასწორია (ბოლოსდაბოლოს, იაპონიისა და სამხრეთ კორეის მაგალითი მაინც არ გვქონდეს თვალწინ). პრობლემა გლობალიზაცია კი არ არის, არამედ - ჩვენი უუნარობა, შევიმუშაოთ სტრატეგია, თუ როგორ შევხვდეთ გლობალიზაციას. გლობალიზაცია, ცხადია, გამოწვევაა, მაგრამ - ისეთი გამოწვევა, რომელიც სწორი პოლიტიკის შემთხვევაში სიკეთედ იქცევა (სხვა საქმეა, რომ ასეთი პოლიტიკა არა გვაქვს). ცხადია, გლობალიზაცია გამოწვევაა, ვინაიდან, როგორც ცნობილი რუსი პოლიტიკოსი და ეკონომისტი გ. იავლინსკი ამტკიცებს, მის შედეგად 2050 წლისათვის აღარ იარსებებენ განვითარებული და განვითარებადი ქვეყნები. იარსებებენ მხოლოდ განვითარებული ქვეყნები და ისინი, ვისაც სამარადისოდ განუვითარებლობა არგუნა ბედმა, უფრო მეტად კი - საკუთარმა ბედოვლათობამ. საქართველოს აქვს შანსი, პოსტინდუსტრიული პარადიგმა და გლობალიზაცია გამოიყენოს იმისათვის, რათა მოხვდეს „ოქროს მილიარდში“, ანუ მსოფლიოს განვითარებულ ერებს შორის. მაგრამ თუ ხელისუფლებაც და ერიც ბედოვლათობას გამოიჩენს, იგივე პროცესი ისტორიის სანაგვეზე მოგვისვრის.
გავრცელებულია აზრი, რომ პოსტინდუსტრიული პარადიგმის რეალიზება ჩვენთან „ზემოდან“ უნდა განხორციელდეს. ის თითქოს უნდა გაატაროს ბრძენმა ავტოკრატორმა ხელისუფლებამ, რომელმაც, „ბნელი მასისგან“ განსხვავებით, იცის, რა არის პოსტინდუსტრიული საზოგადოება, გლობალიზაცია და მოდერნიზაცია. მაგალითისათვის ჩილე, სამხრეთ კორეა და ტაივანი მოჰყავთ. არაფერია უფრო აბსურდული, ვიდრე ეს მტკიცება. მეტიც, მას პირდაპირ მივყავართ ისტორიის სანაგვისაკენ. საქმე ისაა, რომ პოსტინდუსტრიული პარადიგმა მხოლოდ დემოკრატიის პირობებში ხორციელდება, ვინაიდან ინფორმაციის თავისუფალი ფლობა და გამოყენება, რაც პოსტინდუსტრიული პარადიგმის საფუძველია, მხოლოდ დემოკრატიის პირობებშია შესაძლებელი. ამ მტკიცების ავტორებს ავიწყდებათ, რომ ჩილემაც, სამხრეთ კორეამაც და ტაივანმაც, ავტორიტარული პოლიტიკური რეჟიმის პირობებში განახორციელეს არა პოსტინდუსტრიული, არამედ ინდუსტრიული მოდერნიზაცია. და როგორც კი მათი განვითარება ლოგიკურად მივიდა პოსტინდუსტრიულ დონეზე, ყველა მათგანში დემოკრატია დამყარდა.
ასე რომ, საქართველოში ან იქნება რეალური დემოკრატია ხელისუფლებების რეალური დანაწევრებით, რეალური თვითმმართველობით, რეალურად თავისუფალი სასამართლოთი, მედიით და ბიზნესით, ან გავაკეთებთ ნახტომს უფსკრულში. და თუ ეს უკანასკნელი „გმირობა“ ჩავიდინეთ, მოდით, ეს საკუთარ თავს დავაბრალოთ და არა პოსტინდუსტრიალიზაციას, გლობალიზაციას, რუსეთს, ამერიკას ან, საერთოდ, უცხოპლანეტელებს.
_______________________
1. საინტერესოა, რომ პატენტების გაცემის მხრივ მსოფლიო ლიდერები არიან იაპონია და შვეიცარია. ზოგჯერ წლის განმავლობაში იაპონიაში უფრო მეტი პატენტი გაიცემოდა, ვიდრე ერთად აღებულ აშშ-ში, სსრკ-ში და ევროპის თანამეგობრობის ქვეყნებში.
![]() |
3.2 დემოკრატიზაცია, როგორც დემოკრატიის განვითარების ალტერნატივა |
▲back to top |
მარინა მუსხელიშვილი
საზოგადოების განვითარებას შეიძლება სხვადასხვა ფორმა და მიზანი ჰქონდეს. ზოგჯერ მას შეიძლება ერთი გაცხადებული მიზანი გააჩნდეს და საზოგადოებას ისინი მართავდნენ, ვინც ამ მიზნისკენ მიმავალი გზა უკეთესად იციან. სხვა შემთხვევაში, ერთი გაცხადებული მიზანი შეიძლება არც იყოს. ასეთ დროს განვითარება ინდივიდუალური პროექტების ჯამია, ხოლო პოლიტიკური მმართველობა ამ პროექტების წარმომადგენლობის საფუძველზე ფორმირდება. პირველ შემთხვევაში განვითარება „ჩაკეტილია“: საზოგადოებას აქვს განვითარების ერთი დომინანტური იდეოლოგია, რომლის ლეგიტიმაცია მხოლოდ უალტერნატივო შეიძლება იყოს (თუ რა მიზეზით წარმოიშვა ასეთი უალტერნატივობა, ამას არა აქვს მნიშვნელობა, ეს არ არის მაინცდამაინც ისტორიციზმი, რომლის შესახებაც წერს კარლ პოპერი).1 ასეთ შემთხვევაში მმართველები არიან მცოდნენი, ექსპერტები, წინასწარმეტყველები, რომლებიც უფრო უკეთ ერკვევიან განვითარების მიზნებში, ვიდრე თავისი თანამოქალაქეების მისწრაფებებში. მეორე შემთხვევაში საერთო განვითარება არის ღია და არასწორხაზოვანი, ის ხან ერთ მხარეს იხრება, ხან მეორე მხარეს, იმის მიხედვით, თუ როგორი ინდივიდუალური მიზანსწრაფვები და ინტერესები ახდენენ მასზე გადამწყვეტ გავლენას (შესაძლოა, საკმაოდ ხანგრძლივს). ძალაუფლება პოლიტიკოსთა ხელშია, მოსახლეობის გარკვეული (შესაძლოა, ძალიან დიდი) ნაწილის მიმართ მათ წარმომადგენლობითი ფუნქცია აქვს. განვითარების მიმართულებას, საზოგადოების სრული სოლიდარობის მიღწევის შემთხვევაშიც კი, ნაწილობრივი ლეგიტიმურობა ახასიათებს და ის შეიძლება გადაისინჯოს. პირველ შემთხვევაში საზოგადოების ცალკეული წევრი განვითარების მიმართულების განსაზღვრაში არავითარ როლს არ თამაშობს. უკეთეს შემთხვევაში, მას შეუძლია აზრი გამოთქვას მის მეთოდზე ან მიღწევის ხარისხზე. მეორე შემთხვევაში მას ძალუძს ზემოქმედება მოახდინოს როგორც ერთზე, ასევე მეორეზე. პირველ შემთხვევაში იდეოლოგია საზოგადოებას წარმართავს მისი ხელმძღვანელობის ხელით, მეორე შემთხვევაში საზოგადოება მრავალრიცხოვან იდეოლოგიებს თავად წარმოქმნის და პოლიტიკასაც თვითონვე კარნახობს ხელისუფლებას.
უეჭველია, რომ განვითარების პირველი გზა ტოტალიტარულ რეჟიმებს მოგვაგონებს, ხოლო მეორე - ლიბერალურ დემოკრატიებს. მაგრამ ყველაფერი ასე მარტივი არ არის. მოცემული სტატიის მიზანია აჩვენოს, რომ განვითარების პირველი გზა შეიძლება საკმაოდ წარმატებით განხორციელდეს ფორმალურად არატოტალიტარულ რეჟიმებშიც, რომლებსაც პრეტენზია აქვთ დემოკრატიის სტატუსზე. მეტიც, „დემოკრატიზაცია“ - როგორც დემოკრატიების განვითარების მეთოდი და განვითარების საშუალება - თანამედროვე სამყაროში მნიშვნელოვანწილად შეესატყვისება განვითარების სწორედ პირველ და არა მეორე პროექტს.
წინამდებარე სტატიაში ჩვენ არ შევეცდებით დემოკრატიზაციის მიზნებისა და იდეალების გაუფასურებას (ისინი, როგორც ჩანს, თავისი არსებით მოცემული კონტექსტისთვის უმნიშვნელოა). სტატია ამ მიზნების მიღწევის მეთოდებზეა მიმართული. მარშალ მაკლუენი წერდა, რომ „კომუნიკაციის საშუალება არის უწყება“ (the message), და „უწყების შინაარსი ხორცის ნაჭერია, რომელსაც ჩვენი გონების მცველ ძაღლს უგდებენ, რათა მისი სიფხიზლე მოადუნონ“.2 კომუნიკაციის პროცესის სტრუქტურა, რომელიც დემოკრატიზაციის დომინანტურ ერთგანზომილებიან იდეოლოგიას წარმოშობს, სწორედ ისაა, რასაც აქ განვიხილავთ. ჩვენ განვასხვავებთ დემოკრატიზაციას, როგორც უწყების შინაარსსა და დემოკრატიზაციას, როგორც პოლიტიკური კომუნიკაციის მეთოდს (საშუალებას).
1. სუბსტანციური და პროცედურული დემოკრატიები
უკანასკნელი 1520 წელი ჩვენ დემოკრატიზაციის პროცესში ვიმყოფებით. თუ რა არის დემოკრატია, ამაზე ყოველ ინდივიდს საკუთარი პასუხი აქვს. პოლიტიკური კომუნიკაციის პროცესში მისი მონაწილენი განსაზღვრავენ იმ მრავალგვარ მნიშვნელობასა და შინაარსს, რომლებიც მათ ახასიათებს და მოცემულ ცნებასთანაა ასოცირებული, ხოლო შემდეგ მათ საფუძველზე აშენებენ თავიანთ პოლიტიკურ ურთიერთობებს. და თუკი დემოკრატიას, როგორც ორსახა იანუსს, აქვს ისეთი თვისებები, რომლებიც სხვადასხვა ინდივიდისთვის სხვადასხვაგვარად მომხიბლავია, მაშინ თითოეულს ამ სახეთაგან ეყოლება თავისი თაყვანისმცემელი, რომელიც მთელთან მის ასოცირებას შეეცდება.
მთელის განსაზღვრისათვის თანასწორ კონკურენციას მაშინ აქვს ადგილი, როდესაც „დემოკრატია“ საზოგადოების შიგნით არსებული ბაზრის იდეებისა და ცნებების პროდუქტი და კონცეპტია. მაგრამ იმის გამო, რომ ჩვენთვის დემოკრატია არის მიბაძვის გარეგანი ობიექტი, აქ მისი აზრობრივი დატვირთვა წარმოიქმნება არა იმდენად საზოგადოების შინაგანი კომუნიკაციიდან, არამედ ის მნიშვნელოვანწილად გარედან შემოდის დიდი დამახინჯებით. ეს უკანასკნელი გარემოება კი აიხსნება მსგავსი კომუნიკაციის ასიმეტრიულობით. გარეშე შინაარსი გარკვეულ პრიორიტეტს იძენს შინაგან მნიშვნელობასთან შედარებით, იმის გამო, რომ ჩვენ მასზე დიდი გავლენა არა გვაქვს (კომუნიკაცია ცალმხრივია). ამგვარი დამახინჯება შეიძლება დავინახოთ მრავალ კონცეპტზე დაყრდნობით, რომლებიც დემოკრატიას უკავშირდება, მაგრამ აქ ჩვენ ვისარგებლებთ და ქვემოთ განვსაზღვრავთ მათ „იანუს-დემოკრატიის“ მხოლოდ ორი სახით: მისი პროცედურული და სუბსტანციური გაგებით.
პროცედურული მიდგომა დემოკრატიზაციის რეალიზაციას ეძიებს არა პოლიტიკური განვითარების მიზნით, არამედ მის მეთოდებში აქცენტს აკეთებს პოლიტიკურ თანასწორობაზე ისეთი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რომლებიც წინასწარ არ არის განსაზღვრული. „...კანონისა და დემოკრატიის წმინდა პროცედურული თეორია...ნიშნავს იმას, რომ /პოლიტიკური/ პროცესის შედეგების შეფასება ხდება მხოლოდ იმ პროცედურიდან გამომდინარე, რომლიდანაც ისინი წარმოიქმნა“.3 სუბსტანციური (არსობრივი) მიდგომა აფასებს არა მარტო პროცედურას, არამედ შედეგსაც. ის ეყრდნობა დემოკრატიის არსის, როგორც ინსტიტუციონალური პოლიტიკური რეჟიმის მკაფიო განსაზღვრებას, რომელიც დემოკრატიის მშენებლობისა და პოლიტიკური განვითარების მიზანსა და ამოცანას წარმოადგენს. „...მხოლოდ არსობრივი პრინციპების მეშვეობით, რომლებიც პროცესისაგან დამოუკიდებლად შეიძლება იყოს განსაზღვრული, შესაძლებელია, საჭიროების შემთხვევაში, ვამტკიცოთ, რომ „ის, რაც უმრავლესობამ თუნდაც სრულყოფილი პროცესის პირობებში დაადგინა, არასწორია“.4
ამგვარი აზრთა სხვადასხვაობა, თუნდაც ნაკლებად თეორეტიზებული ფორმით, არსებით როლს თამაშობს საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. ამგვარად, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ორი განსხვავებული პასუხი შემდეგ კითხვაზე: შეიძლება თუ არა მივიჩნიოთ, რომ დემოკრატიამ გაიმარჯვა, თუ არჩევნები სამართლიანად ჩატარდა, მაგრამ უმრავლესობამ ხმა მისცა შევარდნაძის პარტიას? უფრო თეორეტიზებული ფორმით აზრთა ამგვარი სხვადასხვაობა აქტუალურია დემოკრატიის დასავლურ თეორიებში. პირველი მიდგომა პრევალირებს განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებში არსებული სისტემების თანამედროვე კრიტიკაში, ხოლო მეორე - პრაქტიკული დემოკრატიზაციის შესწავლის დროს6 ახალ დემოკრატიებსა და არადემოკრატიებში. ამგვარი ფილოსოფიური განსხვავება აისახება იმ მეთოდოლოგიებში, რომლებიც ერთსა და მეორე შემთხვევაშიც გამოიყენება. პირველი მიდგომა სარგებლობს უფრო მეტად ინსტიტუციონალური მეთოდებით, კომპარატივისტიკით და გვთავაზობს ინსტიტუციონალურ სტრატეგიებს. მეორე მიდგომა იყენებს პოლიტიკისა და სამართლის თეორიას, დისკურსიულ მეთოდებს და გვთავაზობს უფრო მეტად კონცეფციებს, ვიდრე ინსტიტუტებს. მეორე მიდგომა ემყარება ცოდნას, პირველი - გაგებას.
დემოკრატიზაციისადმი სუბსტანციური მიდგომა ამტკიცებს, რომ დემოკრატიული პოლიტიკური ინსტიტუტების შექმნა არის კიდევაც დემოკრატიის მშენებლობა:
In a substantive vieu of constitutional democracy, the question of a given regime's democratic character depends only on what its fundamental or constitutive laws prescribe and not at all on how they came to prescribe it... On the procedural view, in contrast, the regime is not democratic, no matter the democratic nicety of its fundamentallegal prescriptive content, unless the country's people at all time retain appropriate joint control over the content too.2 |
კონსტიტუციური დემოკრატიის სუბსტანციური ხედვის თანახმად, ამა თუ იმ რეჟიმის დემოკრატიული ხასიათი დამოკიდებულია მხოლოდ იმაზე, თუ რას აწესებენ მისი ფუძემდებლური თუ მაკონსტიტუირებელი კანონები, ხოლო ის, თუ რა გზით მივდივართ ამ წესებამდე, საერთოდ უგულებელყოფილია... პროცედურული თვალთახედვის თანახმად კი, პირიქით - რეჟიმი არ ითვლება დემოკრატიულად, თუ ქვეყნის მოსახლეობა მუდმივად არ ახორციელებს სათანადო შეთანხმებულ კონტროლს ფუძემდებლურ კანონთა პრესკრიპციულ შინაარსზე - იმის მიუხედავად, თუ თვითონ ეს შინაარსი რამდენად დემოკრატიულად გამოიყურება.
ის შეიძლება დავახასიათოთ, როგორც „ნეოინსტიტუციონალიზმის იდეოლოგია“. ნეოლიბერალიზმი არის იდეოლოგია, რომელიც ამტკიცებს შემდეგს: “მოახდინეთ ეკონომიკის რეფორმა ლიბერალური, საბაზრო ინსტიტუტების საფუძველზე და თქვენ მიიღებთ აყვავებულ ეკონომიკას“. პოლიტიკური სისტემის მიმართ მისადაგებისას ნეოინსტიტუციონალიზმი, აგრეთვე, ამტკიცებს შემდეგს: „დააკანონეთ კონსტიტუციონალური ლიბერალური დემოკრატიის ფორმალური ინსტიტუტები და თქვენ მიიღებთ აყვავებულ დემოკრატიას“. არც ერთ და არც მეორე მიდგომას სრულიად არ აინტერესებს ის, თუ რის საფუძველზე და როგორ ახდენს მოცემული საზოგადოება ასეთი ინსტიტუტების ლეგიტიმაციას. მოცემული საზოგადოებისთვის ამ ინსტიტუტების მნიშვნელობა დემოკრატიზაციის ინტერესებისა და ნეოლიბერალური ეკონომიკური ტრანსფორმაციის საზღვრებს მიღმა ძევს.
ჩვენი პირველი დებულების თანახმად, არადემოკრატიულ ან ნახევრადდემოკრატიულ ქვეყნებში, კერძოდ, საქართველოში, დემოკრატიზაციის პროცესში სუბსტანციური მიდგომის აბსოლუტური პრევალირება პოლიტიკური სისტემის განმსაზღვრელ ფაქტორს წარმოადგენს. ეს პოლიტიკური სისტემა ფორმალურად ჰგავს დასავლურ დემოკრატიებს, მაგრამ დასავლეთის ნიმუშებისგან განსხვავდება თავისი არსით, პრაქტიკითა და განვითარების პერსპექტივებით. ასეთ ქვეყნებს შეუძლიათ მიიღონ დემოკრატიული პოლიტიკური სისტემა და, ამავე დროს, არ ჰქონდეთ დემოკრატია პროცედურული გაგებით. სუბსტანციური მიდგომა, ცალმხრიობიდან გამომდინარე, იდეოლოგიას წარმოადგენს. ამიტომ მას შეუძლია წარმოშვას (და ის წარმოშობს კიდეც) კორუფციას, რომელიც ფარავს უფსკრულს ფორმალურ ინსტიტუტებსა და რეალურ ცხოვრებას შორის. ის წარმოქმნის პოლიტიკურ ინსტიტუტებს, რომლებიც ხშირად კორუმპირებულია იმ თვალსაზრისით, რომ თავისი რეალური შინაარსით, ფუნქციონირებითა და კონსოლიდაციით ისინი არსებითად განსხვავდებიან ჩაფიქრებული ნიმუშისაგან. პროცედურული მიდგომა ადასტურებს, რომ დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირება, მნიშვნელობა და მდგრადობა დამოკიდებულია მათი მიღების პროცედურასა და იმ მნიშვნელობებზე, რომლებიც მათ მიღების პროცესში მიენიჭა. ასეთი მიდგომის გაუთვალისწინებლად შეუძლებელია მივუახლოვდეთ რეალურად ფუნქციონირებად დემოკრატიას.
2. დემოკრატიზაციის თეორიის გავლენა
დემოკრატიის სუბსტანცია (არსება) ორგვარად შეიძლება განისაზღვროს იმის მიხედვით, დემოკრატიის იდეალზე, თუ ამ იდეალზე ორიენტირებული პოლიტიკური რეჟიმების კონკრეტულ ფორმებზე ვლაპარაკობთ. პირველ შემთხვევაში მსჯელობენ დემოკრატიის პრინციპებსა და ღირებულებებზე, ისეთებზე, როგორიცაა პოლიტიკური თანასწორობა ან აზრის თავისუფალი გამოთქმა. მეორე შემთხვევაში ლაპარაკია კონკრეტულ საკანონმდებლო ნორმებზე, რომლებსაც უნდა იცავდეს პოლიტიკური რეჟიმი, იმისათვის, რომ შესაძლებელი იყოს მისი დემოკრატიად მიჩნევა.1
წინა პარაგრაფში ჩვენ ცოტა „ჩირქი მოვცხეთ“ დემოკრატიის სუბსტანციურ გაგებას, როცა დემოკრატიზაციის პროცესში მის აბსოლუტურ პრევალირებას პროცედურულ კომპონენტზე ვუწოდეთ „ძირითადი პრობლემა“. სინამდვილეში პრობლემა მარტო ის კი არ არის, რომ პროცედურას მცირე ყურადღება ეთმობა, არამედ ისიც, რომ დემოკრატიზაცია ემყარება დემოკრატიის ისეთ სუბსტანციურ გაგებას, რომელიც დემოკრატიის იდეალებითა და ღირებულებებით კი არ ოპერირებს, არამედ დასავლური დემოკრატიების კონკრეტული საკანონმდებლო ნორმებით (ფორმალური ინსტიტუტებით).
დემოკრატიზაციის თეორიას საფუძვლად უდევს დემოკრატიის „შუმპეტერისეული“ განსაზღვრება, რაც ნიშნავს, რომ ეს არის პოლიტიკური რეჟიმი ინსტიტუტების მეტნაკლებად განსაზღვრული ჩამონათვალით, როგორიც არის თავისუფალი, თანასწორი არჩევნები, პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებები და თავისუფლების ნაირსახეობები, შესაძლოა, აგრეთვე, კანონის წარმმართველობა. ინსტიტუტების ზუსტი ჩამონათვალი შეიძლება განსხვავდებოდეს ავტორიდან ავტორამდე, ის შეიძლება კამათსა და უთანხმოებას იწვევდეს, მაგრამ პრინციპი ერთი რჩება. ამგვარად, დემოკრატიის მშენებლობა „დემოკრატიზაციის“ ფორმით მდგომარეობს უფლებათა და თავისუფლების ნაირსახეობათა გარკვეული ჩამონათვალის ინსტიტუციონალიზაციაში, სამართლებრივი წესრიგის დამყარებასა და, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, თანამდებობათა არჩევითობის სისტემაში.
ამგვარი გაგება „დემოკრატიზაციას“ არსებითად აქცევს მხოლოდ და მხოლოდ „ელიტისტურ“ პროცესად. ეს, პირველ რიგში, იმიტომ ხდება, რომ შეზღუდულია საზოგადოების გავლენა პოლიტიკურ დისკურსზე. ინსტიტუტების განხილვაში მონაწილეობის მიღება (ინტერესებისა და ფასეულობებისგან განსხვავებით) არის სპეციალისტების, პოლიტიკოსებისა და პროფესიონალების ხვედრი. დემოკრატიზაციის ამგვარი დისკურსი თავიდან არ არის მასობრივი: მასებს მას ში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ როგორც მობილიზაციის, მანიპულაციისა და კენჭისყრის მონაწილეებს.
დემოკრატიის შუმპეტერული მოდელი ელიტისტურად მიიჩნევა იქაც, სადაც ის წარმოიქმნა - ლიბერალური დასავლეთის დემოკრატიებში. მაგრამ დასავლეთის შუმპეტერისეული დემოკრატიის „ელიტიზმი“ და შუმპეტერისეული ინსტიტუციების კონსოლიდაციაზე დაფუძნებული დემოკრატიზაციის „ელიტიზმი“ ელიტიზმის ორი სხვადასხვა შემთხვევაა. ამის მიზეზი ის არის, რომ პირველ და მეორე შემთხვევაში „ელიტების“ როლს სხვადასხვა აქტიორი ასრულებს. დასავლეთის ნორმატიული გაგებით, დემოკრატია პოლიტიკური პროცესია, რომელშიც ექსპერტებსა და სპეციალისტებს მნიშვნელოვანი, მაგრამ შეზღუდული როლი ეკისრებათ. საზოგადოება თავად განსაზღვრავს საკუთარი განვითარების მიმართულებას, როცა ის უპასუხებს კითხვას „საით?“ და ამ მიმართულებას ირჩევს პოლიტიკური ლიდერების პოლიტიკური მმართველობის ნების დემოკრატიული ლეგიტიმაციით. ექსპერტები (ე. ი. მცოდნე ადამიანები) პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე გავლენას იმის ხარჯზე მოიპოვებენ, რომ უპასუხებენ კითხვას „როგორ?“, ანუ რა გზით, როგორი მეთოდებით შეიძლება დასახული მიზნის მიღწევა. ექსპერტების როლი მიზნის განსაზღვრაში მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი, სხვაგვარად დემოკრატია მერიტოკრატიად გადაიქცევა, რაც თანამედროვე დასავლური დემოკრატიების ერთერთი დაავადებაც არის და პროცედურული დემოკრატიის დამცველების კრიტიკის საგანს წარმოადგენს.
დემოკრატიზაცია, ამ პროცესის სუბსტანციური გაგებით, ექსპერტებს (ცოდნის ნაირსახეობებს) პოლიტიკურ როლს არგუნებს და მათ ცენტრალურ მნიშვნელობას ანიჭებს პასუხის გაცემისას შეკითხვაზე „საით?“. მათი გავლენით დემოკრატიული ინსტიტუტების შუმპეტერისეული ჩამონათვალი იძენს დემოკრატიის არსის, და არა დემოკრატიის მექანიზმის, მნიშვნელობას. ამგვარად, იზღუდება ის პოტენციურად ღია სივრცე, რომელიც ერის მომავალი განვითარების განსაზღვრისათვის გამიზნულ პოლიტიკური ბრძოლის შესაძლო ვარიანტულ ველს გააჩნდა. განვითარების მიზნები ლეგიტიმაციას იძენს ცოდნის და არა პოლიტიკური გადაწყვეტილების საფუძველზე. საზოგადოება დაიყვანება სტატისტის როლამდე, რომელიც მას ობიექტურად წინასწარ განსაზღვრულ განვითარებაში ენიჭება, ნაცვლად იმისა, რომ თავისი მომავლის შემოქმედის როლი შეასრულოს. ასეთი სახით პოლიტიკური განვითარების პროცესი დახურული ხდება ამ პროცესის პოპერისეული გაგებით და მას უტოპიური სოციალური ინჟინერიის ელემენტები ერთვის. პოსტსაბჭოთა სივრცისათვის, რომელმაც მრავალი ათწლეული გაატარა პოლიტიკური ლეგიტიმაციისა და მმართველობის სწორედ ასეთი საშუალების პირობებში, მოცემულ მიდგომაში ახალი არაფერი არ არის, გარდა იმისა, რომ განვითარების მიზანი შეიცვალა: კომუნიზმის ნაცვლად გვაქვს დემოკრატია, ხოლო მარქსიზმ-ლენინიზმის სპეციალისტების ნაცვლად გვყავს დემოკრატიზაციის სპეციალისტები.
ამგვარად, ჩვენი მეორე დებულების თანახმად, დემოკრატიის არსის (სუბსტანციის) დამცირების შედეგად (ემპირიულად ჩამოთვლადი) ფორმალური ინსტიტუტების ჩამონათვალამდე საზოგადოება გადადის ექსპერტიტექნოკრატების ხელში, რომლებსაც არ გააჩნიათ რეპრეზენტატიური ხასიათი და არ შეუძლიათ პროცედურული დემოკრატიის განხორციელება თუნდაც ელიტარულ-რეპრეზენტაციურ დონეზე.
3. წინასწარმეტყველება, რომელიც საკუთარ თავს ქმნის
როგორც უკვე ითქვა, დემოკრატიზაცია, დემოკრატიის შენებისაგან განსხვავებით, ორიენტირებულია გარეგან განზომილებად ნიმუშებზე. ამიტომ ის დახურული ტელეოლოგიური პროექტის იდეოლოგიურ სახეს იღებს. ამ პროცესში ჩართულია მთელი საზოგადოება, რომელიც განფენილია დროში, თუმცა - სასრულში. რაც უფრო მეტი ექსპერტული „ცოდნა“ და მაღალი ხარისხის ტექნოკრატიული გადაწყვეტილება იქნება გამოყენებული დასახული მიზნის მისაღწევად, მით უფრო სწრაფად იქნება ის მიღწეული. „წინასწარმეტყველება“, რომელიც მოცემულია თავად პროცესის სახელწოდებაში - „დემოკრატიზაცია“, დემოკრატიის მიღწევა „საკუთარი თავის შემოქმედი ხდება.
საზოგადოებრივი მეცნიერებანი საზოგადოებაში პოლიტიკურ როლს იმიტომ თამაშობენ, რომ მომავლის ცოდნა, რომლის პროგნოზსაც ისინი ყოველ მოცემულ მომენტში იძლევიან, თავად ამ მომავალს ცვლის და პროცესის მონაწილეების რაციონალურ სტრატეგიებზე გავლენას ახდენს. „წინასწარმეტყველება, რომელიც თავის თავს ქმნის“ - ეს არის მოვლენები, რომლებიც არ მოხდებოდა, ნაწინასწარმეტყველები რომ არ ყოფილიყო. წინასწარმეტყველებას, რომელიც თავის თავს ქმნის, უკუეფექტიც შეიძლება ჰქონდეს: ნაწინასწარმეტყველები მოვლენები შეიძლება სწორედ იმიტომ არ მოხდეს, რომ ისინი იწინასწარმეტყველეს. ასეთი წინასწარმეტყველების ყველაზე ცნობილი მაგალითია მარქსისტული კლასობრივი ბრძოლა, რომელმაც მეოცე საუკუნის ისტორია შეცვალა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საზოგადოება, რომელმაც თავისი მომავლის შესახებ რაღაც იცის, უფრო სხვაგვარად ვითარდება, ვიდრე ის, რომლისთვისაც მომავალი უცნობია.
დემოკრატიის გაგებისადმი სუბსტანციური მიდგომის სიძლიერე პროცედურულთან შედარებით განუყოფელია დემოკრატიზაციის, როგორც ისტორიულად განპირობებული პროცესის თავისებურებისგან, რომელიც თითქოს გარდაუვალია. ასეთი გაგების შემთხვევაში ის გამოხატულად იძენს პოპერისეულ ისტორიცისტულ ხასიათს (აქვე აღვნიშნავთ, რომ ეს ხდება პროცესის დროში განფენილობის ფონზე, ე. ი. დემოკრატიზაცია ასეთი გაგებით არის არა გარდაქმნების პაკეტი, რომლებიც იწყება და სრულდება ორსამ წელიწადში, არამედ დროში გაცილებით უფრო გაჭიმული პროცესი). ამ გაგებას, რომელიც პერიფერიულ ქვეყნებში დემოკრატიის მშენებლობის პრაქტიკულ პოლიტიკაში დომინირებს, განსაკუთრებით დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს. ის რეკურსიულად განსაზღვრავს ბევრ მოვლენას, იწვევს ეფექტს „წინასწარმეტყველებისა, რომელიც საკუთარ თავს ქმნის“, ზოგჯერ შებრუნებული ნიშნით. პოლიტიკური ურთიერთქმედების პროცედურა დასახული მიზნის დიქტატს ექვემდებარება. პოლიტიკური პროცესის რაციონალურად მოქმედი მონაწილეები ამას წარმატების მიღწევის მიზნით ითვალისწინებენ. პრაქტიკოსი პოლიტიკოსები თავიანთ ქმედებებს ხშირად უსადაგებენ ნაკარნახებ იმედებს, ისინი თავისი ინტერესებისათვის ექსპლუატაციას უწევენ დემოკრატიზაციას, როგორც პოლიტიკურ პარადიგმას. ამავე დროს, თავად ეს იდეა თუ იდეოლოგია რეკურსიულად გავლენას ახდენს მსოფლიო განვითარებაზე. ეს ის ცოდნაა, რომელიც ახალ რეალობას ქმნის, ხოლო ახალი რეალობა სრულიად არ ემთხვევა იმას, რაც ნაწინასწარმეტყველები იყო.
ისევე, როგორც კომუნიზმის მარქსისტულმა თეორიამ შეცვალა მეოცე საუკუნის პოლიტიკის სახე თავისთავად, თავისი არტიკულირებული არსებობით, ასევე დემოკრატიზაციის, როგორც ისტორიის დასასრულის თეორიამ, შეცვალა პოსტსაბჭოთა სივრცის მრავალი ქვეყნის (და არამარტო მათი) ისტორია. თუმცა, იმ მომენტიდან, როდესაც წარმოიშვა დემოკრატიული ტრანზიტების თეორია, ხოლო ფუკუიამა გამოხატავდა მოარულ იდეას ისტორიის დასასრულის შესახებ ლიბერალური დემოკრატიის სახით, კაცობრიობა უნდა მიმხვდარიყო, რომ ეს სწორედ ის არის, რაც არასოდეს იქნება; არ იქნება სწორედ იმიტომ, რომ მისი ფორმულირება უკვე მოხდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის საზოგადოებები, რომლებმაც საკუთარი თავის შესახებ იციან, რომ ისინი დემოკრატიზაციის პროცესში იმყოფებიან, სრულიად სხვა საზოგადოებებია, ვიდრე ისინი, რომლებმაც თავიანთი მომავალი კი არ იციან, არამედ უბრალოდ აშენებენ იმას, რაც სურთ, რომ ჰქონდეთ. ამიტომ ის, რასაც ისინი ქმნიან, შეიძლება არც იყოს ცუდი რამ, მაგრამ ეს ის აღარ იქნება, რასაც მათ უწინასწარმეტყველებდნენ.
ამასთანავე, საქმე ის კი არაა, რომ პოტენციურმა დიქტატორებმა იციან, რისი უნდა ეშინოდეთ და ისინი თავიანთი დიქტატურების დაცვის მეთოდებს გამოიმუშავებენ. ამის ანალოგიურად, ლიბერალური დემოკრატიები გამოიმუშავებენ სოციალური პოლიტიკის მე თოდებს იმისათვის, რომ თავი დაიცვან ძალაუფლებაზე პროლეტარიატის იმ პრეტენზიებისგან, რომლებიც კომუნიზმის თეორიის შედეგად წარმოიშვა. საქმე ის არის, რომ პოტენციური დიქტატორები სრულ ოპორტუნიზმს ავლენენ და დემოკრატიისათვის პირველ მებრძოლებად იქცევიან. ისინი თავად დემოკრატიის სახეს ცვლიან სრულიად ახალი მიმართულებით. პოლიტიკურად თანასწორი პროცედურებისგან დღევანდელი განდგომა ყოველთვის შეიძლება აიხსნას მომავალში წარმატების მიღწევის აუცილებლობით.
ერთ-ერთ ნაშრომში ჯორჯ სოროსი ამტკიცებდა, რომ იმ წინასწარმეტყველების პრინციპების გათვალისწინება, რომელიც თავის თავს ქმნის, მას კაპიტალის დაგროვებაში დაეხმარა და ხელი შეუწყო, კონკურენტებისათვის მომავლის წინასწარმეტყველების საქმეში მოეგო. სოროსმა იცოდა, რომ კონკურენტები ერკვევიან ბაზრის პროგნოზებში და ითვალისწინებდა, რომ ეს პროგნოზები არასდროს აღსრულდება. დაახლოებით იგივე დაემართა დემოკრატიას საქართველოში, ოღონდ შებრუნებული ეფექტებით. საქართველოში ე.წ. ღია საზოგადოების განვითარების ისტორია, რომელიც ვარდების რევოლუციით დამთავრდა, არის ისტორია იმის შესახებ, როგორ წამოეგო თავად სოროსი იმავე ანკესზე, რის შედეგადაც ღია საზოგადოების ნაცვლად მან ხელი ახალი დახურული პარადიგმის განვითარებას შეუწყო. მან ცუდად გაუგო თავის მასწავლებელს პოპერს და საბოლოო ჯამში ის გააკეთა, რისი წინააღმდეგიც იყო პოპერი: თავად გამოვიდა წინასწარმეტყველი-პოლიტიკოსის როლში. თავდაპირველად მან პროცედურული მიდგომის გამოყენება სცადა. ის იძულებული იყო, დაყრდნობოდა კომუნიკაციების იმ საშუალებებს, რომლებიც არასიმეტრიულია ამ მიდგომასთან მიმართებაში (ამის შესახებ იხ. ქვემოთ). ამის შედეგად მის მიერ გამოყენებული კომუნიკაციის საშუალებები (საერთაშორისო ფონდები და ენ-ჯი-ო) თავად იქცა შეტყობინებად - უწყებად; მათ პოლიტიკური ფუნქცია შეიძინეს.
შეიძლება გამოითქვას საწინააღმდეგო აზრიც, რომლის თანახმად დემოკრატია წარმოადგენს უალტერნატივო პრიორიტეტს განვითარებული დემოკრატიებისთვისაც. ამ ქვეყნების მოქალაქეები, რომლებიც თავიანთ სისტემებს აკრიტიკებენ, ამოდიან იმავე ღირებულებებიდან და პრინციპებიდან, რომლებიც დემოკრატიას უდევს საფუძვლად. მაგრამ წინასწარმეტყველება, რომელიც თავის თავს ქმნის, განსხვავდება დემოკრატიულ იდეალებზე ორიენტაციის ღირებულებებისაგან იმით, რომ ამ წინასწარმეტყველებას აქვს კონკრეტული ფაქტობრივი ორიენტირები, რომლებიც ნეოინსტიტუციონალიზმმა წარმოშვა. დემოკრატიის მშენებლობა დომინანტური პარადიგმის მოდელით - ეს არ არის იგივე, რაც ოცნება, უკეთესად მივუახლოვდეთ დემოკრატიის იდეალებს პოლიტიკური სისტემის სრულყოფის გზით. დემოკრატიზაცია მხოლოდ იმ შემთხვევაში იქცევა წინასწარმეტყველებად, რომელიც თავის თავს ქმნის, თუ განსაზღვრება იმისა, რაც არის დემოკრატია და ამ ნიმუშისკენ შემდგომი წინსვლაც მოცემული საზოგადოების კომპეტენციის ფარგლებს მიღმაა (შესაძლოა, მისი პერიფერიულობის გამო).
კონკრეტული ინსტიტუტების, როგორც განვითარების ორიენტირისა და მიბაძვის ნიმუშის, შემოღება დემოკრატიზაციის იდეოლოგიის წარმოშობის აუცილებელი კომპონენტია, რაც მოვლენათა განვითარებაზე ახდენს გავლენას. ის მეორე პლანზე მოაქცევს ამ ინსტიტუტების ღირებულებით არაერთგვაროვან მნიშვნელობას, უგულებელყოფს შინაგან წინააღმდეგობას. ეს უკანასკნელი ახასიათებს დასავლეთში არსებულ ინსტიტუტთა ერთობლიობას, რომლებიც ლიბერალური კონსტიტუციური დემოკრატიის საფუძველს წარმოადგენენ. ამგვარად, ხდება უგულებელყოფა ამ ინსტიტუტების დისკურსიული მნიშვნელობისა, რომელიც შეიძლება არაერთმნიშვნელოვანი ყოფილიყო სხვადასხვა ვითარებაში. დასავლეთის პოლიტიკური ინსტიტუტების ღიაობა, რომელთა ფარდობითი ღიაობა საყოველთაოდ არის აღიარებული, „იხურება“, როგორც კი ისინი იძენენ „მნიშვნელობის“ და არა „პროცედურის“ შინაარსობრივ დატვირთვას.
დემოკრატიზაციამ „იცის“ იმ მიზნების შესახებ, რომლებსაც უნდა მიაღწიოს და დემოკრატიის ინსტიტუტებს განიხილავს, როგორც ასეთებს და არა როგორც საზოგადოებაში არსებული კონტექსტუალური წინააღმდეგობების გადაწყვეტის საშუალებას. ამის შედეგად ხდება საზოგადოების მისადაგება მომავალი ინსტიტუტებისადმი და არა პირიქით. ამ თვალსაზრისით ის შეესაბამება უტოპიური განვითარების პოპერულ გეგმას „ეტაპობრივი ინჟინერიის“ საპირისპიროდ. ეს არის ჩვენი მესამე დებულება.
4. დემოკრატიზაცია, როგორც გლობალიზაცია
როდესაც ვამტკიცებთ, რომ დემოკრატიზაცია თავისი არსით განსხვავდება დემოკრატიის მშენებლობისგან, ისიც უნდა მივუთითოთ, რაში მდგომარეობს ამგვარი განსხვავების მიზეზები; რატომ არ შეიძლება ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის საქართველო, გავაკეთოთ იგივე, რასაც თავის დროზე დასავლეთის დემოკრატიები აკეთებდნენ. ჩვენ დავიმოწმეთ მაკლუენი და მივუთითეთ ერთერთ ყველაზე უფრო არსებით კონტექსტზე, რომელიც ამ განსხვავების ხასიათს ცხადყოფს. ამგვარ კონტექსტს წარმოადგენს გლობალიზაცია. გლობალური კომუნიკაცია ქმნის იმ არასიმეტრიულ (გარეგნულად) კონტექსტს, რომელშიც დემოკრატიის მშენებლობა დემოკრატიზაციის ნიშნებს იძენს. გლობალიზაციის მიმართ პერიფერიული პროცესები განიცდის გარეშე გავლენებს, რომლებიც გამორიცხავს ძველი დემოკრატიების ისტორიული გამოცდილების გამეორებას.
ნებისმიერი საზოგადოების განვითარება ხდება ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით, რომლებიც ერთმანეთზე გავლენას ახდენს, მაგრამ, ამავე დროს, შედარებით დამოუკიდებელია. ასეთია, მაგალითად, ეკონომიკის განვითარება, კულტურული ცვლილებები და ა.შ. ამგვარი ცვლილებები ნაწილობრივ სტიქიურად და წინასწარ მოუმზადებლად მიმდინარეობს, ხშირად კი ისინი დაგეგმილია და იმართება. ამ დროს მნიშვნელოვანი ის არის, რომ დაგეგმილი და წარმართული ცვლილებები უნდა შეესაბამებოდეს რეალურ და არა წარმოსახვით გამოწვევებს; წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი სარგებლობას არ მოიტანს და განვითარებას ავნებს კიდეც.
წარმოვიდგინოთ ისეთი სიტუაცია, როდესაც საზოგადოება „ხედავს“ გამოწვევის ნაწილს, დგამს ნაბიჯებს მათზე საპასუხოდ და ვერ ამჩნევს სხვა ნაწილს, რომელიც არანაკლებ პრობლემატურია. ის საშუალებას აძლევს მოვლენებს, რომლებიც ამ გამოწვევების შედეგია, სტიქიურად განვითარდეს. ასე, ნეოლიბერალური პოლიტიკა შეიძლება მიმართული იყოს ეკონომიკური პროდუქტიულობის ზრდასა და ეკონომიკური მაჩვენებლების მომატებაზე. ამასთანავე, მას შეიძლება უყურადღებოდ დარჩეს ის, რომ ამ დროს იზრდება ეკონომიკური უთანასწორობაც. რაღაც მომენტში უთანასწორობის ზრდამ შეიძლება ისეთი საშიში სოციალური ფორმები მიიღოს, რომ ეკონომიკის შემდგომი ზრდა შეუძლებელი გახდეს (მაგალითად, მოსახლეობის გაღარიბებული ფენები შვილებს განათლებას ვერ მისცემენ, რის შედეგადაც ეკონომიკა დაკარგავს კვალიფიციურ საწარმოო ძალას). თუ ასეთ ვითარებაში მმართველობა და საზოგადოება ძლიერ იდეოლოგიზირებულია, მაშინ ის შეიძლება მიისწრაფოდეს ნეოლიბერალური პოლიტიკის, როგორც ეკონომიკის განვითარების ერთადერთი სწორი ფორმის, კიდევ უფრო მეტად გაძლიერებისკენ. ამასთანავე, მან შეიძლება კვლავაც უგულებელყოს სოციალური პრობლემები მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ღარიბთა საპროტესტო გამოსვლებს ის აღიქვამს, როგორც რეაქციულს (რასაც შეჩერება სჭირდება) და არა როგორც დემოკრატიული პროცესის ნაწილს. ქვემოდან მომდინარე „შეტყობინება“ იმის შესახებ შეიძლება იმიტომ იყოს უგულებელყოფილი, რომ შეტყობინების არხი (კომუნიკაციის საშუალება) - პროცედურული დემოკრატია - მეტისმეტად სუსტი აღმოჩნდეს დომინანტურ იდეოლოგიასთან შედარებით.
თავის დროზე ევროპაში კომუნიზმის აჩრდილმა დაიწყო სიარული. ის მიანიშნებდა, რომ კაპიტალიზმისა და ლიბერალიზმის მიღწევებს საზოგადოების ყველა ფენა თანაბრად არ მიესალმებოდა. მაშინ ეს შეტყობინება არა თუ გაიგზავნა, არამედ ის გაიგეს კიდეც. დემოკრატიული კომუნიკაციის არხი არა თუ დასუსტდა, არამედ გაძლიერდა მისი უწყვეტი მუშაობის მიზნით: მეოცე საუკუნეში პოლიტიკური უფლებები და თავისუფლება მასობრივი გახდა.
რა თქმა უნდა, ძნელია არ დავინახოთ, მხედველობიდან გამოგვრჩეს, უგულებელვყოთ ეკონომიკური უთანასწორობები, რომლებიც კაპიტალიზმმა წარმოშვა. ამასთანავე, ისინი (მათი მოწესრიგების მექანიზმები) უკვე დიდი ხანია კარგად არის ინტეგრირებული თანამედროვე დემოკრატიების პროცესუალურ მოდელებში. მაგრამ გლობალიზაციის განვითარება წარმოშობს ახალ უთანასწორობებსა და წინააღმდეგობებს, რომლებიც არანაკლებად მწვავეა, ვიდრე მათი კაპიტალისტური წინამორბედები, რომლებიც ჯერ კიდევ იმყოფებიან არაარტიკულირებად სფეროში და, ამასთანავე, არ ექვემდებარებიან მოწესრიგებას პროცედურული დემოკრატიის ფარგლებში. თუმცა მათი არდანახვა ან მათი მიჩნევა უბრალოდ რეაქციულ გამონახტომებად მხოლოდ ღრმად იდეოლოგიზირებულ ადამიანებს შეუძლიათ. ახალ უთანასწორობათა შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რაც სოციალურკულტურულ იდენტურობებთან არის დაკავშირებული. კომუნიკაციის ლიბერალიზაციამ, ახალ - გლობალურ ინფორმაციულკომუნიკაციურ სივრცეში შესვლამ, საქართველოში, რუსულის ნაცვლად, გამოიწვია ახალი „პრესტიჟული“ ენის - ინგლისურის - წარმოშობა. გაჩნდა ცოდნის, სიმბოლოებისა და ჩვევების კომპლექსი, რომლებიც ამ ენაზე დამყარებულ საინფორმაციო სფეროს უკავშირდება. სამუშაოს შოვნა, მაღალი ანაზღაურება, პრესტიჟი, თანამდებობა და სხვა ახლა უშუალოდ უკავშირდება ინგლისურის ცოდნასა და შესაბამის ინფორმატიულკომუნიკაციურ სფეროში ჩართვას. პოლიტიკური და ინფორმაციული კოდების გლობალიზებული სამყარო ხელმისაწვდომია მოსახლეობის მხოლოდ ნაწილისთვის, რომელმაც თანდათანობით (ხოლო შემდეგ უცბად - რევოლუციის შედეგად) მაღალი პოლიტიკური კლასის ადგილი („ნიშა“) დაიკავა, მაშინ, როდესაც მთელს დანარჩენ მოსახლეობას ჯერ არ მიუღია უკანასკნელი წლების გარდაქმნებისგან უშუალო მოგება. პირიქით, ეკონომიკურად და სოციალურად „სხვა მოსახლეობა“ დროთა ვითარებაში არა მარტო სულ უფრო წაგებული ხდება, არამედ თავისი იდენტურობით „მეორეხარისხოვან“ ადამიანთა რიგში გადადის.
ისეთი „ჯადოსნური“ სიტყვები, როგორებიც არის დემოკრატია,სამოქალაქო საზოგადოება, ევროპა და სხვა, მოცემულ შემთხვევაში დაკავშირებული აღმოჩნდა არა მთელ საზოგადოებასთან, არამედ მის ნაწილთნ. ამის შედეგად მათი შინაარსობრივი დატვირთვის თანაბარი განხილვა გართულდა. საზოგადოების ერთი და იგივე ფენები აღმოჩნდა გლობალიზაციის, ასევე დემოკრატიზაციის ავანგარდში. ამდენად, დემოკრატიის „არსება“ გახდა „სწავლებადი“ და არა „ჩამოყალიბებადი“. ის დაკავშირებულია ცოდნასთან და არა გაგებასთან. კომუნიკაციის არხი (გლობალიზაცია) და შეტყობინება, რომელიც ამ არხით გადაიცემა (დემოკრატია), აირია.
ამგვარი დებულება გარკვეული გაგებით მარქსისტულად ჟღერს: თავის დროზე მარქსიც ამტკიცებდა, რომ ბურჟუაზია უნივერსალური ღირებულებების სახით თავის ვიწრო კლასობრივ ინტერესებს იცავს. მიუხედავად ამისა, ლიბერალურმა დემოკრატიებმა გაუძლეს ამ კრიტიკას, ხოლო კლასობრივი ექსპლუატაციის თეორიამ დროის გამოცდას ვერ გაუძლო. ეს დებულება შეიძლება კიდევ უფრო მარქსისტული გავხადოთ, თუ წარმოქმნილ წინააღმდეგობებს დავუკავშირებთ არა გლობალიზაციას, არამედ ახალი ეკონომიკური ბაზისის განვითარებას: პოსტინდუსტრიულ, ინფორმატიულ ეკონომიკას, რომელიც წარმოქმნის ახალ ზედნაშენს და ახალ კლასობრივ დაყოფას. შეიძლება გამწვავების უკიდურეს ზომამდე მივიდეთ და განვაცხადოთ, რომ ახალი წარმოების ახალი ეკონომიკური საშუალებები, რომლებიც ახალ ეკონომიკურ ბაზისს ახასიათებს, არის არა მიწა, კაპიტალი ან სხვა მატერიალური რესურსები, არამედ ცოდნა და ჩვევები, და თუ იმავდროულად მოსახლეობის ის ფენები, რომლებსაც უკეთესად მიესვლება ამ რესურსებთან (რომლებიც თავისი არსებით დასავლურია) და რომლებიც ახალ მმართველ კლასს წარმოქმნიან, მთელ დანარჩენ მოსახლეობას მარგინალებად აქცევენ.
უდავოა, რომ ჩვენს საზოგადოებაში ასეთი შეხედულებები დაფარულად (ასეთი ფორმით არაარტიკულირებულად) მხურვალე გამო ძახილსა და მრავალ მომხრეს პოვებს. ამიტომ ისინი მინიმუმ განხილვასა და რეფლექსიას იმსახურებენ. მაგრამ შეკითხვა, რომელიც მოცემული სტატიის კონტექსტში უნდა დავსვათ, სხვა არის: შეუძლია თუ არა ჩვენს პოლიტიკურ სისტემას „დემოკრატიზაციის“ მეშვეობით გადახარშოს ახალი გლობალური წინააღმდეგობები და უთანასწორობანი ისე, როგორც ეს გააკეთეს ლიბერალურმა დემოკრატიებმა ეკონომიკურ უთანასწორობასთან დაკავშირებით?
დემოკრატიის უნარი, გაუმკლავდეს კონფლიქტებს, რომლებიც სხვადასხვა ტიპის უთანასწორობის შედეგადაა გაჩენილი, ძლიერი არგუმენტია „სუბსტანციურისტების“ სასარგებლოდ: მათი აზრით, დემოკრატიული ინსტიტუტები თავისთავად არ შეიძლება საბოლოო ჯამში გამოყენებულ იქნეს მხოლოდ მათ მიერ, ვინც მათ პროპაგანდა გაუწია. ის, რომ მათი ჩამოყალიბება მოხდა, ეს განვითარების მხოლოდ პირველ ეტაპზეა მნიშვნელოვანი. შემდგომში ეს არაარსებითი ხდება. ელოდეთ ამ ინსტიტუტების კონსოლიდაციას და თქვენი დემოკრატიზაცია დემოკრატიის ნაყოფს მოიტანს. თქვენი შვილები დემოკრატიის პერიოდში იცხოვრებენ.
მაგრამ უთანასწორობებს, რომლებსაც გლობალიზაცია წარმოშობს, ერთი ახალი თავისებურება აქვს, რომელიც წინამორბედი კონფლიქტებისთვის არ არის დამახასიათებელი. ისინი ჩნდება არა ერთი საზოგადოების ფარგლებში, არამედ მსოფლიო მასშტაბით. ამიტომ არჩევნების დემოკრატიული ინსტიტუტი არ არის პროცედურულად სწორი პასუხი ამ გამოწვევაზე; მაგალითად, ამერიკის პრეზიდენტს მხოლოდ ამერიკელები ირჩევენ, ხოლო მსოფლიო ბანკის ექსპერტებს საერთოდ არავინ ირჩევს. არსებითად, საერთაშორისო ინსტიტუტები ვერ იქნება დემოკრატიული და უთანასწორობანი, რომლებიც მათ ფუნქციონირებას უკავშირდება, რეპრეზენტაციის გზით არ გადაიჭრება. მართალია, ეს ინსტიტუტები მიმართულია დემოკრატიისა და განვითარების ხელშესაწყობად, მაგრამ მათ თავისი არსით მაინც მხოლოდ სუბსტანციური ცვლილებებისთვის ხელშეწყობა შეუძლიათ; თავისი არსებობის ფაქტით ისინი უკვე არღვევენ პოლიტიკური პროცესის მონაწილეთა პროცედურულ თანასწორობას.
ასე მაგალითად, მესამე სამყაროს ქვეყანაში გენდერული თანასწორობის დამყარება ორი სხვადასხვა გზით შეიძლება: ერთი გზაა დავწეროთ საკონსტიტუციო კანონი თანასწორობის უნივერსალური სტანდარტების შესაბამისად, რომლებიც ადამიანის ლიბერალურ უფლებებშია ჩადებული და საზოგადოებას მისი შესრულება ვაიძულოთ. მეორე გზა ასეთია: შევქმნათ პირობები იმისათვის, რომ კაცებმა და ქალებმა კანონის მიღებაში პროცედურულად თანაბარი მონაწილეობა მიიღონ და საშუალება მივცეთ მათ, აწარმოონ ის, რასაც ერთობლივად მიიჩნევენ მიზანშეწონილად. შედეგები ერთსა და მეორე შემთხვევაში შეიძლება ძლიერ განსხვავდებოდეს, განსაკუთრებით ისლამურ საზოგადოებაში. „თანასწორობა“ პირველ და მეორე შემთხვევაში არსებითად განსხვავებული იქნება: პირველ შემთხვევაში მისი ლეგიტიმაცია არსს დაემყარება, ხოლო მეორე შემთხვევაში - პროცედურას. დასავლური ლიბერალური დემოკრატიები ყოველთვის ამ დილემის წინაშე იდგნენ. მათ ახასიათებს თავისი შინაგანი უთანასწორობების გადაწყვეტა, რაც მათ კიდევაც ანიჭებს ღია და დინამიკურ ხასიათს. ამასთანავე, იქ თანასწორობის ლეგიტიმაცია ყოველთვის ხელს უწყობდა ყველაზე სუსტ მხარეს, რაც საშუალებას იძლეოდა გადალახულიყო წინააღმდეგობა არსსა და პროცედურას შორის. მესამე მსოფლიოს ქვეყანა სხვა ვითარებაში იმყოფება: მისთვის დილემა დაკავშირებულია არა მარტო თანასწორობის სხვადასხვა გაგებასთან, რომელიც საზოგადოების შიგნით არსებობს, არამედ იმასთანაც, რომ თანასწორობის ლეგიტიმაცია დემოკრატიზაციის დროშის ქვეშ უძლიერეს მხარეს უკავშირდება, ანუ პოლიტიკურ დელეგიტიმაციასა და იმათ მარგინალიზაციას, ვისთვისაც უნდა შემოღებულიყო თანასწორობა. ამავე დროს, სხვაობის გადალახვა არსსა და პროცედურას შორის საკმაოდ რთულდება. და თუ პროცედურული თანასწორობის გაძლიერებას მოაქვს პოლიტიკური დივიდენდები უთანასწორობის უსუსტესი მხარისთვის, მაშინ პარადოქსულია, რომ სუბსტანციური თანასწორობის დაცვა უძლიერესთა სასარგებლოდ ხდება.
დემოკრატიის მხარდაჭერის პროცესის ამ კრიტიკაზე ორი სხვადასხვა პასუხი შეიძლება მოვისმინოთ. პირველი პასუხი ასეთია: შევწყვიტოთ დემოკრატიის განვითარებისთვის საერთაშორისო ხელშეწყობა. მეორე პასუხი: გავაძლიეროთ ეს ხელშეწყობა და მივმართოთ ის უფრო პროცედურული მიზნებისაკენ. პირველი პასუხის განხილვა მივანდოთ რადიკალურ ანტიგლობალისტებს („ძირს სოროსი“) და შევჩერდეთ მეორეზე.
უთანასწორობები, რომლებიც გლობალიზაციას უკავშირდება, არსებობს და იარსებებს იმისგან დამოუკიდებლად, მოქმედებს თუ არა საერთაშორისო ფონდები და ორგანიზაციები. საერთაშორისო ფონდების (გლობალური სამოქალაქო საზოგადოება) მუშაობის ერთერთი მთავარი მიღწევა არის არსებითად არა ის, რასაც ისინი დემოკრატიზაციის ქვეყნებისათვის აკეთებენ, არამედ ის, რასაც ისინი თავიანთი ქვეყნებისათვის აკეთებენ, როდესაც ეხმარებიან მათ იმ პრობლემების რეფლექსურად გააზრებაში, რომელთა შესახებ იყო მოცემულ სტატიაში ლაპარაკი. ამ პრობლემათა გაგება დიდი ხანია აღარ არის ახალი ბევრი ევროპული ფონდისთვის, რომლებიც ცდილობენ გაკვალონ ახალი მიდგომა თანასწორობის პროცედურული ასპექტის მხარდასაჭერად. გლობალური, მაგრამ ანტიგლობალისტური - ასეთია ის საერთაშორისო, მსოფლიო სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ცდილობს წარმოიქმნას წარსული წლების გამოცდილების გათვალისწინებითა და საკუთარი როლის გაცნობიერების საფუძველზე.
ის პრობლემა, რომ ეს ჯერ კიდევ არის კომუნიკაციის ცალმხრივი, არასიმეტრიული არხი და შეტყობინების შინაარსის ცვლილება, არ ცვლის იმას, რომ თავად კომუნიკაციის არხი რჩება ისტორიულად ახალ პოლიტიკურ ინსტიტუტად, რომელსაც ინოვაციისა და მოღვაწეობის ახალი ფორმების ძიების შედეგად ჯერ კიდევ მოუწევს ტრანსფორმირება ისეთ ინსტიტუტად, რომელიც თავისი დანიშნულების შესაბამისი იქნება.
______________________
1. Simon Chambers, Can Procedural Democracy be Radical? in: The Political, ed. by David Ingram, Blackwell publishers, 2002, p. 176.
2. ibid.
3. ის, რაც ხდებოდა განვითარებულ დემოკრატიებში, შევადაროთ იმას, რაც ხდება მრავალ „ახალ“ დემოკრატიაში და მთელ მსოფლიოში დემოკრატიზაციის პროცესში. ისტორიულ პროცესებს, რომლებსაც ადგილი ჰქონდა დასავლეთის ქვეყნებში, ტერმინოლოგიის მოხერხებულობის მიზნით, ჩვენ ვუწოდებთ „დემოკრატიის განვითარებას“, ხოლო იმას, რაც ხდება, კერძოდ, საქართველოში - „დემოკრატიზაციას“. პირველი პროცესისაგან განსხვავებით, მეორე წარმოადგენს პოლიტიკურ ტრანსფორმაციას, რომელიც განიცდის „დემოკრატიზაციის“ (ან ნეოინსტიტუციონალიზმის) ძლიერ გავლენას. ამ უკანასკნელს საფუძვლად უდევს შემდეგი პრინციპი: როგორიც არ უნდა იყოს საზოგადოება თავისი ეკონომიკური და სოციალურკულტურული კონტექსტის თვალსაზრისით, მასში შესაძლებელია დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირება მათი წარმოქმნის ამა თუ იმ ხარისხის ალბათობით, კონსოლიდირებით და მდგრადობით. დემოკრატიზაციის თეორია განიხილავს მხოლოდ დემოკრატიის ინსტიტუტებს, მათ წარმოშობასა და განვითარებას. საზოგადოების დანარჩენი სისტემები მათთან არის ურთიერთდაკავშირებული, მათ შეუძლიათ მათი თავისებურებები განაპირობონ, თუმცა ეს კავშირები უფრო კორელატურია, ვიდრე სიღრმისეული.
4. Michelman, in: Simon Chambers, Can Prcedural Democracy be Radical? in: The Political, ed. by David Ingram, Blackwell publishers, 2002, p. 181.
![]() |
3.3 ადგილი და ალაგი: კომუნალური თანასწორობიდან პლებსის დემოკრატიამდე |
▲back to top |
ირაკლი მჭედლიშვილი
პოლიტი ეწოდების მოქალაქესა მუნ შინა მკვიდრსა.
სულხან-საბა, „ლექსიკონი ქართული“
შეიძლება ის თაობა, რომელიც კომუნალური ცხოვრების წესს მართლაც მოესწრო, უკვე გადაშენების პირზეა (ან მავანს უნდა, რომ ასე იყოს), მაგრამ რატომღაც ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ისინიც, ვინც ქვეყანას უფრო გვიან მოევლინა, ვიწრო სათავსოებისა და საერთო სამზარეულოების ოხშივარით გამძაფრებულ სწრაფვას პრივილეგირებულკომფორტულ ზედა ფენაში „გაჭრისა,“ მაინც პავლოვის პირობითი რეფლექსივით ატარებენ.
სინამდვილეში აქ, როგორც ჩანს, თავს ისევ ადამიანური „ნაკლოვანი ბუნება“ ავლენს და ზედაპირული მსგავსებაც, ეტყობა, ამ საფუძვლიდან მოდის. ანალოგია ერთადერთია, რასაც ენა და კულტურა გვთავაზობს, თორემ საქმე ზოგადადამიანური სენის გამოვლენის ძველი რომაულისგან საკმაოდ განსხვავებულ მოვლენასთან, კერძოდ, - ქართულ სინამდვილესთან გვაქვს. არც საბჭოთა დროის „კომუნალური ყოფა“ ყოფილა რომაული სამოქალაქო ცხოვრების წესის იდენტური (ლათ. Commune-დან, რაც საზოგადოებრივ, საერთო ქონებას ნიშნავდა) და არც სიტყვა პლებსი ესადაგება სრულად იმ წარმონაქმნს, რასაც ჩვენი ამოძრავებული, საშოვარზე გამოსული მასა ქმნის.
მართალია, ცოტა არ იყოს საეჭვოდ ჟღერს ჟან-ჟაკ რუსოს მოსაზრება - ის, ვინც პირველად შემოღობა მიწა და განაცხადა - „ეს ჩემია!“ - თაღლითი და მატყუარააო, მაგრამ, მეორე მხრივ, ძნელია მას არ დაეთანხმო, რომ სამოქალაქო საზოგადოებას საფუძველი სწორედ ამ „თაღლითობამ“ ჩაუყარა. თუმცა ჩვენი ბოლო ათწლეულების გამოცდილება რუსოს მოსაზრების პირველი ნაწილის უეჭველი გაზიარების ცდუნებისაკენაც გვიბიძგებს.
რომ არა გუშინდელ „თანასწორ უქონელთა“ დღევანდელი ზღვარდაუდებელი სიხარბე, შეიძლება გვერწმუნა, რომ რუსოსეული „ბედნიერი საზოგადოებისკენ“ დაბრუნების უმნიშვნელოვანესი პირობა მართლაც კერძო საკუთრების უარყოფაა. თუ მმართველი ელიტის მცირერიცხოვან წრეს მხედველობაში არ მივიღებთ, საბჭოთა საზოგადოება ქონებრივი ცენზის მიხედვით ცივილიზაციის უკუსვლის რუსოს ოცნების ხორცშესხმასთან ძალზე ახლოს იდგა. მაგრამ, როგორც ჩანს, „მაცდური“ არა ქონებრივ ბიწსა თუ უბიწოებაში, არამედ სხვაგანაა ჩასახლებული...
ზოგი იტყვის, თავი დავანებოთ ამ უცხო ტერმინების, უცხო ენისა და აზროვნების „ნაგლეჯების ფრიალს“, ჩვენ ჩვენი კულტურა და ტრადიცია გვაქვს და იმას ვენდოთო. მართალიც იქნება, ოღონდ იმ გაგებით, რომ ის საფუძვლები, რაც დასავლური ტიპის ცივილიზაციას აპირობებს, „უცხო ხილი“ არც ჩვენი წინაპრებისათვის ყოფილა. დიდი ხანია „გაცხადდა“ ის, რომ ადამიანურ მანკიერ ბუნებას ბიწიერებისაგან ეთიკური ნორმა იცავს. ეს ნორმა კვლავაც ერთადერთია, რაც მატერიალური მომხვეჭელობის უკიდეგანო სწრაფვას ზღუდავს და მას საერთო სარგებლობის, აღმშენებლობის კალაპოტში აგდებს.
ხანმოკლე ადამიანურ ცხოვრებას ყოფის წარმავალეფემერული დონიდან მყარ და შორსმავალ ღირებულებათა სფეროსკენ სწორედ ზნეობრივი მისწრაფება წარმართავს. დასტურისათვის ისევ ენას უნდა მივმართოთ. სულხანსაბას ეპიგრაფად გამოტანილი განმარტების შინაარსზე ქვემოთ იქნება საუბარი, აქ კი ყურადღება ამ გამონათქვამის ერთ, ბოლო სიტყვაზე შევაჩეროთ: მკვიდრი - ნ. მკჳდრი. ამ უკანასკნელს კი ასეთი განმარტება აქვს - დანიადაგებული. თვით „დანიადაგებულის“ ძირეულ სიტყვას, ნიადაგს, საბა ასე განმარტავს: „მარადის მყოფი, ნ. სანიადაგო (ანუ სამარადისოდ სახმარი)“.
როგორც ვხედავთ, სიტყვა „ნიადაგის“ პირველადი მნიშვნელობა მარადის (ნიადაგ) მყოფობას გულისხმობს და სავარაუდოა, რომ თანამედროვე ქართულ ენაში ამ სიტყვის დამკვიდრებული მნიშვნელობა - მიწის ნაყოფიერი ფენა, ჰუმუსი (ლათ. ჰუმუს), მეორადი წარმოშობისაა, ხოლო გადატანითი მნიშვნელობა - რისამე საფუძველი, საყრდენი, ბაზისი ან პირობა კი დაკავშირებული სწორედ ადრეულ გააზრებასთან არის.
აქედან ნათელი ხდება, რომ სიტყვა „ნიადაგის“ კონოტაცია მრავლისმომცველია, რომ მიწის ნაყოფიერი ფენა არა ნებისმიერი, მათ შორის ბუნებრივი, არამედ სწორედ ის გარემოა, სადაც მარადი კვლავწარმოება ხდება. ამას კი, სხვა სიტყვებით, კულტურული სივრცე ან კულტურული ველი ჰქვია. თვით ლათინური სიტყვა კულტურაც (cultura) ხომ აგროკულტურიდან (agri-cultura) მოდის და პარალელიზმი ამ შემთხვევაში ქართული აზრის საკაცობრიო ცივილიზაციურ საფუძვლებთან თანაზიარობას უნდა მიგვითითებდეს.
სწორედ თანაზიარობას, რადგან ნასესხობისა და წაბაძვის შემთხვევითობისაგან მას ის ორგანული სისტემურობა განასხვავებს, რომელიც იმავე სულხანსაბას ლექსიკონში აშკარად ვლინდება. ამ შემთხვევაში, იმ სათქმელის გათვალისწინებით, რისთვისაც ეს წერილი იწერება, ყურადღება სისტემური ერთიანობის მხოლოდ ერთ, ცალკეულ მაგალითზე უნდა გავამახვილოთ. კერძოდ, თუ ნიადაგი მიწის ის ნაწილია, სადაც მუდმივი კვლავწარმოება ხდება, მაშინ ენაში კულტურულ და არაკულტურულ გარემოთა განსხვავებული გააზრებაც აუცილებლად უნდა აისახებოდეს. ადგილისა და ალაგის საბასეულ განმარტებებში ეს მომენტი ძალზე კარგად ვლინდება:
ალაგი ეწოდების, სადა კაცი დაჯდეს ანუ დადგეს, ანუ დაიდვას რამე; ხოლო ადგილი ქვეყანისა ნაკვეთთა ანუ მცირესა რასმე სახლთა აღსაშენებელთა ანუ დაბათა და სახლებთა და სავენაჴე და მისთანათა ადგილი.
ესე იგი, ნიადაგი ადგილია, სადაც ადამიანი სამუდამოდ (სანიადაგოდ) ეფუძნება (მკვიდრდება), ხოლო ალაგი - სადაც მიმდინარე, ამწუთიერი სურვილებისა და მოთხოვნილებების დაკმაყოფილება ხდება. და ეს ყველაფერი სწორედ ეთიკური საწყისიდან მოდის - მართალია, ამ ქვეყანაზე ყველაფერი წარმავალია, მაგრამ ადამიანის სამოღვაწეო ორიენტირი მხოლოდ მარადიულთან მიმართებით მოიაზრება და დგინდება.
და ახლა თუ ეპიგრაფად გამოტანილ განმარტებას დავუბრუნდებით, შეიძლება დანამდვილებით ითქვას, რომ საბასეულ განმარტებაში სიტყვა „მკვიდრი“ არა ბინადრობის ცენზს, არამედ ცხოვრების იმ წესს გულისხმობს, რომელიც „სანიადაგოდ“ მოსულ ადამიანს, პოლიტს საშოვარზე გამოსული მომპოვებლისაგან განასხვავებს. ხოლო თვით უცხო, ბერძნული წარმოშობის სიტყვა „პოლიტი“ (ქალაქ-სახელმწიფოს დასახელებიდან, „პოლისიდან“ და, ალბათ, არისტოტელეს სახელმწიფო წყობიდან - „პოლიტეა“) ჩვენს დღევანდელ პრობლემურ სიტუაციას ძალზე მოხერხებულად ესადაგება. და აქ მხოლოდ მიმდინარე, კონიუნქტურული მომენტი, ანუ ის, რომ ბოლო ხანს ჩვენში პოლიტის სინონიმს, სიტყვა „მოქალაქეს“ ყავლი გაუვიდა, არ იგულისხმება...
პლებეიც მოქალაქეა, ოღონდ პოლიტისგან განსხვავებით მოქალაქეობა მისთვის არა ღირსება-მოვალეობის, ანუ მკვიდრობის, არამედ ადვილი ხელმისაწვდომობის, იოლი მოპოვების საშუალებაა... ამიტომაც, ზემოთ ნათქვამის გათვალისწინებით შეიძლება ითქვას: პოლიტი „ადგილის კაცია“, ხოლო პლებეი - „ალაგის ადამიანი“.
პოლიტი რუდუნებით ქმნის, ზრუნავს, აწესრიგებს, აფართოებს და საჭიროების შემთხვევაში თავგანწირვით იცავს იმ ადგილს, სადაც მკვიდრობს. პლებეის მიზანი არა შექმნა, არამედ იმ ადგილას, უფრო სწორად, იმ ალაგას მოხვედრაა, სადაც უფრო ხელსაყრელ ვითარებაში აღმოჩნდება. ის მხოლოდ იღებს, ისაკუთრებს იმას, რისთვისაც არ უშრომია, რაც არ დაუმსახურებია. ტრადიცია მის თვის ცარიელი სიტყვაა, კულტურულ გარემოს მისთვის მხოლოდ უტილიტარული მნიშვნელობა აქვს, ისტორია მისგან აქ და ამ წუთში იწყება. ის ფეხმსუბუქი, სულსწრაფი და წინამასწარაა, იგი მცირედი სარფიანობის გამო („პური და სანახაობა“) სარისკო ავანტიურებში ადვილად ებმება - აქტიურად მონაწილეობს პოლიტიკურ ინტრიგებში, გადატრიალებებსა და რევოლუციებში. მაგრამ არ იცავს თავის გარემოს. პირიქით, საშიშროების შემთხვევაში ანდა პროტესტის ნიშნად, ზოგჯერ ტოვებს კიდევაც ქალაქს, „სამკვიდროს“ (ცნობილია პლებსის რომიდან წასვლის, სეცესიოს შემთხვევები, ხოლო პლებსის ზეობის ხანაში რომს დაქირავებული ჯარი ჰყავდა). პოლიტი - ტრადიცია, ადგილის მარადიულობასთან წილნაყარი სულისკვეთებაა, პლებეი - ალაგთა მომგებიანობა, კონიუნქტურა და პრივილეგიაა.
ყველაფერი ჩამოთვლილი ისტორიის კრიზისულ პერიოდებში სხვადახვა რეგიონსა და კულტურაში სხვადასხვა სახელით ვლინდება: ოხლოკრატია, ბრბოს მოძალება, მასათა აჯანყება, ნუვორიშთა თუ მედროვეთა ზეობა, „მდაბიოთა გააზნაურება“, სნობიზმი და ა.შ. და ა.შ.
და ალბათ, ეს რეგულარული ხასიათი იძლევა საბაბს იმისა, რომ ზოგი მოაზროვნე თუ ინტელექტუალური დოქტრინა ასეთი ტიპის პერიოდებს ობიექტურ მოვლენად მიიჩნევს. ამას კი, საბოლოოდ, საზოგადოებრივი მთლიანობის იმგვარ წარმოდგენამდე მივყავართ, სადაც ყოველგვარი სუბიექტური, ადამიანური ნება და, შესაბამისად, ზნეობრივი ნორმა აზრს კარგავს. ასეთი მიდგომა, როგორც ჩანს, პასუხისმგებლობის თავიდან აცილების ან ინტელექტუალური უმწეობის შენიღბვის მცდელობაა - ერთგვარი თავის მართლება, ალიბია იმათთვის, ვინც „სანიადაგო“ ღირებულებები დაივიწყა...
ალბათ ამ საკითხზე ყურადღების გამახვილება არ ეღირებოდა, რომ არა „ისტორიული ალიბის“ (იგულისხმება „ისტორიულმატერიალისტურის“) კიდევ ერთი ახალი „ობიექტური ტენდენცია“, ე.წ. გლობალიზაცია, რომელიც ისტორიულქრონოლოგიური კანონზომიერების ბოლო გამოვლენაა (ქრონოლოგიური პროვინციალიზმი). „დიალექტიკურ მეთოდზე“ აღზრდილ ზოგიერთ მოღვაწეს ავიწყდება, რომ ამგვარ ვითარებას ნეგატიურთან ერთად პოზიტიური მომენტიც უნდა ახლდეს (თუნდაც იმიტომ, რომ ნეგატიური თვითკმარი არ არის, ის უარყოფითი რაღაც სხვასთან მიმართებაშია, იმ „სხვასთან“, რომლის გარეშე უარყოფა აზრს კარგავს...). თავი დავანებოთ დადებითისა და უარყოფითის ბალანსის კვლევას, აღვნიშნოთ მხოლოდ, რომ პოზიტიური, ანუ ის, რაც იმედის მომცემი შეიძლება იყოს, ისევ და ისევ ღირებულებათა „სანიადაგო“ კონტექსტში შეიძლება იყოს მოძიებული.
„კარი ბედნიერებისაკენ შიგნიდან იღება,“ - ამბობს კირკეგორი და ჩვენი სვლის გეზიც სწორედ ამ ორიენტირს უნდა მიჰყვეს. ეს ასეა, რადგან მუდმივი თავისმართლების, ალიბთა ალიბის დაუსრულებელ განმეორებადი ველის ჯოჯოხეთური დუბელასაგან თავის დასაღწევი მყარი მოსაჭიდის ან საყრდენის მოძიება სხვაგან, გარდა პიროვნულ ზნეობრივი განზომილებისა, ვერც ოდესმე მოხერხებულა და არც ახლა შეიძლება მოხერხდეს...
მაღალფარდოვანი სიტყვებია?! მართალია, ნამდვილად ასეა. მაღალფარდოვანი სიტყვები კი მალე ცვდებიან! განსაკუთრებით მაშინ, როცა სარბიელზე მასა გამოდის და ყველაფრის თავის თავზე მოზომვა-მორგებას იწყებს. პლებეისათვის (სნობისათვის) სიტყვაც პრივილეგირებულობის ნიშანია და ამიტომაც მასის კაცი თავგამოდებით იწყებს ენობრივ სივრცეში „ცურვას“. და რადგან ნიშანი მის თვის ნახევრად მისტიკური კოდია, იმ ალაგის კარის გასაღებია, სადაც ყველაზე მეტი პრივილეგია „იშოვება“, ის გამორჩეულ, განსაკუთრებით უცხო წარმომავლობის სიტყვებს, გაგების მცდელობის გარეშე ეტანება.
შედეგად ვიღებთ ენობრივკულტურულ სივრცეს, სადაც სიტყვათა, ცნებათა შერყვნის შედეგად ღვლარჭნილი ფუჭსიტყვაობის პროვინციალიზმი ზეობს (მსგავსად პლებსისა, ზოგს სიტყვა პროვინციალიზმიც აღიზიანებს. ასეთებს შეიძლება შევახსენოთ თამაზ ჭილაძის შესანიშნავი განმარტება: „პროვინცია პიროვნების სამშობლოა, ხოლო პროვინციალიზმი - ბრბოსი“). ასეთი ვითარება საბოლოოდ ან ენათა აღრევის, „ბაბილონის გოდოლის“ სინდრომით ან ყოვლისმცოდნე და ყოვლისშემძლე ბელადის მოვლინებით მთავრდება. თუ ჩვენს საჯარო სივრცეს, მასმედიასა და კომუნიკაციის სხვა საშუალებებს გადავხედავთ, ადვილად დავრწმუნდებით, რომ ამ გზას ვადგავართ...
ჩვენ მხოლოდ ის სიტყვები გვაქვს, რაც გვაქვს, სხვა ძნელად „საშოვარია“, მით უფრო, რომ ამ საქმეში („შოვნის საქმეში“) დიდ რიცხვთა, მასის კანონი კონკურენციისათვის ადგილს აღარ ტოვებს. ჰოდა, გვინდა თუ არ გვინდა, იმ იმედით, რომ ვიღაცას მაინც დააფიქრებს, „ყავლგასულ“ სიტყვებსა და ცნებებს მოვიხმობთ იმის გასაგებად, თუ რა გვჭირს და რა გვემართება?!... და თუ ასეთი მიდგომა ვიღაცას გამორჩეულობის პრეტენზიად მიაჩნია, ჯობს დამშვიდდეს - გარდა ქილიკის, ლანძღვაგინებისა და ლაფის სროლისა, ეს პოზიცია სხვას, სახარბიელოს, არაფერს იზიდავს. თუმცა, როგორც ჩანს, „ჩანაცვლების“ მოქნილი მექანიზმი ამ პოზიციას, ამ ადგილს, ეპატაჟური თვითგვემის, მაზოხისტური პოპულიზმის მიმდევართა სახეირო ალაგადაც აქცევს...
და კიდევ, ბევრს სიტყვები, „მასა“, „პლებსი“... ყურსა ჭრის და აღიზიანებს - აქაოდა, ხალხის ბრბოდ მოხსენიება თავხედობა და უზნეობააო. მართლაც, შეიძლება ამ სიტყვებს შეურაცხმყოფელი ელფერი თან სდევს, მაგრამ ისინი აქ არა შეფასების, არამედ აღწერის მიზნით მოიხმობა. „კომუნალური ეგალიტარიზმიდან (თანასწორობიდან)“ დემოკრატიულ, სამოქალაქო საზოგადოებაზე წინასწარი შემზადების, ზნეობრივ-კონცეპტუალურად გააზრებული საყრდენების გარეშე გადასვლას გაურკვეველი ვითარება მოჰყვა. სიტყვა „პლებსიც“ სწორედ ამგვარ სოციალურად გაურკვეველ და არასტრატიფიცირებულ წარმონაქმნს მიესადაგება. პლებსი არა მხოლოდ მდაბიოთა, უპოვართა, უვიცთა და უბირთა ერთობაა, არამედ ისეთი ნაზავია, სადაც ყველანაირი ადამიანური მასალაა ათქვეფილი.
ისტორიულ, ძველი რომის პლებსს მიწათმოქმედებთან, ხელოსნებთან და ვაჭრებთან ერთად ექიმები, მხატვრები, მასწავლებლები და ე.წ. ლუმპენპროლეტარიატი შეადგენდა. მიუხედავად ფორმალურ-უფლებრივი თანასწორობისა, პლებსი დამოკიდებული მთლიანად ხელისუფლებაზე (პატრიციებზე) იყო. ასე რომ, პარალელიზმი აშკარაა, სოციალურად თანასწორ, მაგრამ უქონელ მოქალაქეთა ერთობა, რომლის უფლებრივყოფითი მდგომარეობის მდგრადობას მართვის საბჭოთა სისტემა უზრუნველყოფდა, ამ უკანასკნელის რღვევის შედეგად პლებსის მდგომარეობაში ჩავარდა. დიახ! ჩვენ ყველა პლებსს შევადგენთ, ჩვენდა უნებურად პლებეები გავხდით - ყველანი!
ხოლო „პატრიციების“ (ქვეყნის მამების) ადგილი ფორმალურად ცარიელი დარჩა. გარდამავალი პერიოდის ეროვნულპატრიოტული ლოზუნგების უკან ან მათთან ერთად ყოველთვის სწორედ ამ „ცარიელი ადგილის“ დაკავების მოტივი არსებობდა. და რადგან ეს ადგილი ლეგიტიმურად (კანონიერად) არავის ეკუთვნოდა, სარბიელზე ის ხალხი გამოჩნდა, რომლის მობილურობა ან ალაგთა მიმოცვლის უნარი ადრეც მაღალი იყო.
ამ სულსწრაფ და ელფერის მარდად ცვალებად ხალხს საზოგადოების ჭკუადალაგებული ნაწილი კონკურენციას ვერ გაუწევდა (და ალბათ ჯერ კიდევ ვერ გაუწევს, რადგან ასეთ ადამიანთა საგრძნობლად შეთხელებული ფენა ვერ ხვდება, რომ უკვე პლებსის ნაწილია). ტერმინი „კონკურენციაც“ ლათინური წარმომავლობისაა და მისი ძირეული სიტყვის, con-curre-ს პირველი მნიშვნელობა ჯგუფურ ქმედებას, ხალხის ფორუმსა ან/და სხვა საჯარო ადგილას შექუჩებასა და შესაბამის შეხლაშემოხლას გულისხმობს. „ადამიანი მასის“ ცხოველმოსილობა მაღალი სწორედ ამიტომ არის - ის მარტო არასდროს მოქმედებს, თავისნაირებთან ერთად ყოველთვის რაღაც დინების ან ვიღაცის მომხრეთა ალაგას დგას.
თანამედროვე, „დალაგებულ“ საზოგადოებებში კონკურენციას კანონითა და ინსტიტუციებით შემოფარგლული, სრულიად გარკვეული ველი აქვს დათმობილი. სხვანაირად არც იქნებოდა, რადგან მის ჩამოყალიბებას საფუძველი თავის დროზე არაკონკურენტუნარიან, წამგებიან პოზიციაზე ჯიუტად მდგომ პიროვნებათა ძალისხმევა უდევს. ისეთი პიროვნებებისა, რომელთა მოღვაწეობის სულისკვეთება ლუთერის სიტყვებით შეიძლება გადმოიცეს: „აქა ვდგავარ და სხვანაირად არ ძალმიძს“ (ენობრივი ასოციაცია ქართულში: „ფეხიც არ მოუცვლია“, ან სიჯიუტის სინონიმი - „ფეხმიდგმული“ ილიასთან...).
სწორედ ამგვარ ადამიანთა ძალისხმევამ და სულისკვეთებამ შექმნა ისეთი საზოგადოებრივი სივრცე, სადაც კონკურენციის მექანიზმი პოლიტიკური და ეკონომიკური სფეროების ინტენსიურ ფუნქციონირებას განაპირობებს. მაგრამ პირობასა და, შესაბამისად, შემზღუდავ „ჩარჩოს“ ან/და საფუძველს ამგვარი სოციალური ორგანიზმისა სწორედ ის ღირებულებები უქმნიან, რომელთა „ტარება-ფლობა“ მხოლოდ სუვერენულ პიროვნებას შეუძლია...
ამიტომაც ამგვარი პიროვნებების არარსებობის შემთხვევაში ან გარდამავალ, იმ პირობებში, როცა კონკურენცია „უპატრონო ადგილს“ ალაგად აქცევს, საზოგადოებრივ არენაზე კოლექტიური პიროვნება, „ადამიანი მასა“ გამოდის. მმართველ ელიტაში, სადაც პასუხისმგებლობას ყოველთვის პრივილეგიაც ახლავს, ასეთ დროს მხოლოდ უკანასკნელის, პრივილეგიის ფლობის „შემძლე“ ხალხი ხვდება. და რადგან „ალაგის კაცის“ ცნობიერების „ტოპოლოგიას“ არა სანიადაგო კვანძები, არამედ მოპოვებისა და თვითგადარჩენის ვიტალური იმპულსები ქმნიან, სოციალური ორგანიზმის ყოველ „შეშფოთებას“ ასეთი კაცი მხოლოდ ინსტინქტით „ნასაზრდოები“ ქმედებით უპასუხებს.
ამიტომაც, თუ არნოლდ ტოინბის მოვიშველიებთ, გამოწვევას, რომელიც ყოველ ახალ დროსა და ვითარებას მოაქვს, ასეთი მმართველი ელიტა ან საერთოდ უგულებელყოფს, ან, უკეთეს შემთხვევაში, მხოლოდ სწორხაზოვანი ანალოგიით უპასუხებს - გამოსავალს უკუსვლით, მაშველი „ქრონოლოგიური ძაფის“ გასწვრივ ეძებს. შედეგი ორივე შემთხვევაში კატასტროფულია - ძალაუფლებას ხელთ კვლავ შემდგომი „მასის კაცი“ იგდებს, ან ხელისუფლებაში, იგივე არნოლდ ტოინბის თეორიით, უცხო, „დამპყრობი“ მოდის.
ასე რომ, აქტუალურ გამოწვევათა საპასუხო გადაწყვეტილებების მიღება კვლავ დაგროვილ პრობლემურ კითხვათა გადაჭრაპასუხზეა დამოკიდებული - გვყავს კი მმართველი ელიტა? და თუ გვყავს, როგორია იგი?
1. ინტელიგენცია და ინტელექტუალები. საბჭოური განსაზღვრებით „ინტელიგენცია“ გონებრივი შრომით დაკავებულ ადამიანთა სოციალურ ფენას ან ჯგუფს ეწოდებოდა. წამყვან ან ძალაუფლების სუბიექტად კი იმ სახელმწიფოში მშრომელთა, მუშათა და გლეხთა კლასი ცხადდებოდა. მაგრამ წარმმართველი ძალის, კომპარტიის აპარატს, რომელიც ძალაუფლებას რეალურად ფლობდა, მაინც ინტელიგენცია ავსებდა. ესე იგი, ელიტას, მმართველ ელიტას, საბჭოთა სისტემაში ინტელიგენცია ქმნიდა.
არ შეიძლება ითქვას, რომ ასეთი მდგომარეობა საღ აზრს ეფუძნებოდა, მაგრამ არც უაზრობიდან მოდიოდა. ბოლშევიკებს განსაკუთრებულად ორიგინალური არაფერი გამოუგონიათ, ისინი რუსული იმპერიის შეუთავსებლის ძალითა და მზაკვრობით შეთავსების ქიმერულ პოლიტიკას ღირსეულად აგრძელებდნენ. მართალია, თვით სიტყვა ინტელიგენცია უცხოური, დასავლური წარმოშობისაა (ლათ. intelligens - მცოდნე, გამგები, კეთილგონიერი), მაგრამ იმ წარმონაქმნს, რომელსაც ეს სახელი დაერქვა, დასავლურ ტრადიციასთან საერთო ცოტა ჰქონდა.
ტერმინ „ინტელიგენციის“ მოხმარების სიხშირე დასავლურ კულტურულ სივრცეში ძალზე დაბალია. ასე იმიტომ ხდება, რომ ამ სიტყვას მხოლოდ ზოგადი, აბსტრაქტული დატვირთვა აქვს. იმ იშვიათ შემთხვევებში, როცა ამ ტერმინს მიმართავენ, მის მიღმა არა კონკრეტული სოციალური ფენა ან ჯგუფი, არამედ ინტელექტუალთა წარმოსახვითკრებსითი ერთობა იგულისხმება. თვით ინტელექტუალი კი, ისტორიული ხედვით, იგივე ბიურგერი ან ბურჟუაა, ანუ მოქალაქეა (გერმანული bürger-იცა და ფრანგული bourgeois-ც მოქალაქეს ნიშნავს), იგი ჩვეულებრივი მესაკუთრეა, მატერიალურთან ერთად ცოდნით, ინტელექტუალურ საკუთრებასაც ფლობს და თანამედროვე საშუალო ფენის წარმომადგენელია.
მართალია, ახალევროპული გარდაქმნები ერთი შეხედვით თითქოს „წყვეტით“, რევოლუციური გზებით განხორციელდა, მაგრამ თვით „მესამე წოდება“, რომელმაც დასაბამი ახალ სოციალურ წარმონაქმნს, თავისუფალ მოქალაქეს (ბიურგერს, ბურჟუას) მისცა, გარდაქმნისწინა ევროპული საზოგადოების სრულიად ორგანული ნაწილი იყო. ევროპისგან განსხვავებით იმ პერიოდის რუსეთში მოქალაქე კი არა, წერაკითხვის მცოდნეც ძნელად მოიძებნებოდა. ამიტომაც პროცესს, რომელიც რუსეთში პეტრე დიდის რეფორმებით იწყება და რომელსაც ტოინბი „ვესტერნიზაციას“ უწოდებს, ხელოვნურად, მანიფესტებითა და „უკაზებით“ შექმნილი, დაჩქარებულად განათლებამიღებულ მოხელეთა ფენა ახორციელებდა.
სახელმწიფო აპარატის (მმართველობასთან ერთად წარმოებისა და სამხედრო საქმის) ევროპულ ყაიდაზე გადაწყობის მიზნით წარმოქმნილ ამ თითქოსდა ევროპიზირებულ ფენას ფუნქციური კორელაცია არა დასავლური, არამედ აღმოსავლური მმართველობის სისტემასთან აქვს. რუსული ინტელექტუალური ფენა, რომელიც დასაბამს პეტრეს რეფორმებიდან იღებს, მიბმულ-დამოკიდებული მთლიანად ხელისუფლებაზე იყო.
შუა საუკუნეებში სახელმწიფოს წმინდა აპარატული მართვის პირველი პრეცედენტი არაბებმა შექმნეს. არაბული იმპერიის, ხალიფატის, მართვის სტრუქტურას საფუძველი (მოდელი) უდაბნოში მომთაბარე ხალხის ტომობრივმა წყობამ მისცა. ხალიფატის ყველა მცხოვრები უმაღლეს მმართველს, ხალიფას, თანაბრად მორჩილებდა (ან ემონებოდა). აქ წარმომავლობითი წარჩინება არ არსებობდა (გამონაკლისს მხოლოდ წინასწარმეტყველის, მუჰამედის, შთამომავალნი წარმოადგენდნენ).
ადამ მეცს ხალიფატის საზოგადოებრივი წყობის დასახასიათებლად ერთი ჩანაწერი მოაქვს, სადაც აბასიდების კარის მოხელე ხალიფატის მოსახლეობას კლასებად ყოფს. ხალიფასა და ვეზირების გარდა აქ არიან წარჩინებულნი, რომლებიც სიმდიდრემ აღამაღლა და საშუალო ფენა, რომელიც წარჩინებულებთან მიღებული ცოდნის წყალობით არის გათანაბრებული. „დანარჩენი ადამიანები კი ჭუჭყიანი ქაფია, დაჭაობებული ნაკადული და მდაბალი ქმნილებაა. ყოველი მათგანი მხოლოდ საჭმელსა და ძილზე ფიქრობს”.
ესე იგი, - ასკვნის მეცი - „წარჩინებულად ადამიანს იმ დროს ფული და პოლიტიკური წარმატება - ორი უკიდურესად ვულგარული რამ აქცევდა“ (სხვათაშორის, სიტყვა „ვულგარული“, რომელიც ლათინური სიტყვიდან, ვულგარიტას - ხალხი, მასა - მომდინარეობს, მნიშვნელობით „პლებეურთან“ ძალზე ახლოსაა...). მიღწეული მაღალი მდგომარეობის შენარჩუნება კი დამოკიდებული მხოლოდ ხალიფას (ან მმართველის) წყალობაზე იყო. ამიტომაც ღვთისმეტყველნი, იურისტები, ლიტერატორები, მეცნიერები და სხვა განათლებული ადამიანები, რომელთაც თავის რჩენა მხოლოდ სახელმწიფო აპარატში სამუშაოს მიღებით შეეძლოთ, თანამდებობაზე არყოფნის შემთხვევაში „დანარჩენი ადამიანებისაგან“ თითქმის არ განსხვავდებოდნენ. უსაქმოდ დარჩენილი თანამდებობის მაძიებელნი, როგორც მეცი გადმოგვცემს, ან ქალაქის ქუჩებში დაეხეტებოდნენ და ბრბოს „ტვინს ურევდნენ“, ან პროვინციებში შფოთსა და განხეთქილებას თესდნენ.
მკაცრად ცენტრალიზებულმა აპარატულმა მართვამ, რომელიც სწორედ ტომობრივ-მხედრული სიმარტივის გამო ხალიფატის აღმავალ, დაპყრობის პერიოდში ძალზე ეფექტური აღმოჩნდა, საბოლოოდ არაბული იმპერიის სტაბილური არსებობა ვერ განაპირობა. ხალიფატის დასუსტება და დაშლა მეტწილად ბიუროკრატიული მართვის არაეფექტურობამ და, შესაბამისად, მოხელეთა კორუმპირებულობამ განაპირობა.
როგორც ჩანს, არაბული აპარატული მართვის მოდელი საფუძვლად აღმოსავლეთ რომის იმპერიის ბიზანტიად ტრანსფორმირებასაც დაედო. შემოსევებისა და ომების შედეგად დასუსტებული და დაპატარავებული აღმოსავლეთ რომის იმპერია სხვადასხვა რჯულის ბარბაროსთა მოძალებას გარდა საომარი დაპირისპირებისა, ეფექტური მართვითაც უნდა გამკლავებოდა. შემთხვევითი არ უნდა იყოს ისიც, რომ რეფორმა სწორედ ხატთმებრძოლმა იმპერატორებმა გაატარეს (VII საუკუნის მეორე ნახევრიდან).
უმეტესი ტერიტორიებისა, რომლებსაც იმ დროის აღმოსავლეთ რომის იმპერია (ფორმალურად თუ ნომინალურად) ფლობდა, ყოფილი ელინისტური სამყაროს ნაწილს შეადგენდა და ამიტომაც აქ, ამ სივრცეში, აღმოსავლურ და ანტიკურბერძნულ კულტურათა ურთიერთმორგების პირველი (არც ისე წარმატებული) გამოცდილება უკვე არსებობდა. ამას გარდა, დისონანსი რომაულ კულტურასა და სახელმწიფო მართვის სისტემაში შემოჭრილ, ახლად დასახლებულ ტომებსაც შემოჰქონდათ.
ასე რომ, აღმოსავლური ცენტრალიზებული (დესპოტური) მართვის სისტემისაკენ გადახრა სრულიად ლოგიკური იყო - რეგიონებში სახელმწიფო მოხელეთა დანიშვნამ, თემურმა მმართველობამ, ადგილობრივი (მათ შორის შემოჭრილი, ბარბაროსული) მოსახლეობიდან როგორც გადასახადების აკრეფა, ასევე ჯარის შევსების პრობლემის გადაჭრაც უზრუნველყო.
მეორე მხრივ, უმეტესი მოსახლეობისათვის უცხო ინსტიტუციის, ეკლესიის, წინააღმდეგ ხატთმებრძოლეობის დროშის ქვეშ წარმართულმა შეტევამ იდეოლოგიურთან ერთად პრაგმატული შედეგიც მოიტანა - მონასტრებსა და ეკლესიებს ხატებთან და წმინდა ნაწილებთან ერთად მამულებიც ჩამოერთვა. ამას კი ეკლესიის როლისა და ადგილის შესუსტება და მისი „მიწაზე ღვთის მონაცვლე“ იმპერატორისადმი სრული დაქვემდებარება მოჰყვა.
ცენტრალიზებული მართვის აპარატულმა სისტემამ პირველ ხანებში ბიზანტიას, ისევე როგორც თავის დროზე არაბულ იმპერიას, წარმატებები მოუტანა - X საუკუნისათვის არა მარტო არაბული ექსპანსიის შეჩერება, არამედ აღმოსავლეთ რომის იმპერიის ტერიტორიების თითქმის მთლიანი დაბრუნებაც მოხერხდა. მაგრამ შემდგომ პერიოდში, XII საუკუნისათვის, აშკარა გახდა, რომ ორი განსხვავებული პრინციპის ერთობლიობაზე დაფუძნებული აპარატულბიუროკრატიული სახელმწიფო წყობა თანადროულ მოთხოვნებს (გამოწვევებს) ვერ უპასუხებდა. ასეთ მდგომარეობას კი ბიზანტიის იმპერიის კრახი სრულიად კანონზომიერად უნდა მოეტანა...
არაბული ხალიფატის დასუსტება და დაშლა, რა თქმა უნდა, იმავე მართვის აპარატული სისტემის სიჩლუნგის შედეგია. მაგრამ ზედაპირული მსგავსების მიუხედავად, საქმე ორ - არსობრივად განსხვავებულ მოვლენასთან გვაქვს. არაბული სახელმწიფო წყობა სოციალური ორგანიზაციის ტომობრივ პრინციპს შეესაბამებოდა. თვით ფორმას, ანუ სახელმწიფო მმართველობის სტრუქტურას, მეორადი მნიშვნელობა ჰქონდა - ის მხოლოდ მმართველის, ბელადის ხელშეუხებელი ავტორიტეტის განმტკიცებასა და ნების გატარებას ემსახურებოდა. თვით ეს პრინციპი კი არაბული ყოფის ექსტრემალური მოთხოვნილებებიდან მომდინარეობდა - არაბეთის ნახევარკუნძულის მკაცრ საცხოვრებელ პირობებში გადარჩენა სწორედ ერთიანობით, ბელადისადმი სრული დაქვემდებარებით შეიძლებოდა... და თუ ამგვარი ხასიათის ერთიანობამ არაბებს ექსპანსიის დროს (ე. ი. ისევ ექსტრემალურ პირობებში) წარმატება მოუტანა, შემდგომში, უზარმაზარი იმპერიის, ანუ კულტურულ ცივილიზაციური წარმონაქმნის მართვისათვის - შეუსაბამო აღმოჩნდა.
ბიზანტიაში კი რეფორმის შედეგად სოციალური ორგანიზაციის ორი განსხვავებული პრინციპის შერწყმა მოხდა. იუსტინიანეს კანონმდებლობა, რომელიც კურიალურ (ანუ მოქალაქეთა და საშუალო მიწათმფლობელთა) მმართველობას აკანონებდა, ახალ პირობებში ოფიციალური კანონებითა და ნახევრად ოფიციალური ინსტრუქციებით ნელ-ნელა შეიცვალა. მიღებული სახელმწიფო წყობა ფაქტობრივად ტრადიციულ აღმოსავლურ ერთმმართველობას უახლოვდებოდა და გვიანრომაულთან კავშირს მხოლოდ ზედაპირულად, ნომინალურად ინარჩუნებდა.
რომის სენატიდან გენეტიკურად მომდინარე სინკლიტი ბასილევსის (იმპერატორის) შეუზღუდავი ძალაუფლების მორჩილ იარაღად იქცა. ხოლო შედეგად მიღებულ საზოგადოებრივ წყობას ისტორიოგრაფები ზოგჯერ „ვერტიკალური სოციალური მობილურობის“ ეპითეტითაც ახასიათებენ. გადაადგილებები მართლაც საოცარი სისწრაფით, აღმოსავლური მმართველობის მსგავსად ხდებოდა - გუშინდელი მაღალი თანამდებობის მოხელე მონარქის ბრძანებით დღეს შეიძლება მდაბიო გამხდარიყო, ხოლო ენერგიული, გამჭრიახი და პირმოთნე მდაბიო კი, პირიქით, ბასილევსის ნებით უზომოდ ამაღლებულიყო...
ბიზანტიური იერარქიული სისტემა, სადაც არსებობდა წოდება თა და ტიტულთა ოთხი (სულ კი, ქვედონეების გათვალისწინებით - თვრამეტი) დონე, რომელიც მემკვიდრეობით არ გადაეცემოდათ, დასავლური ფეოდალური იერარქიის მხოლოდ დეკორატიული ანალოგია. სიუზერენსა და ვასალს შორის უფლებამოვალეობის გამოკვეთილი ურთიერთმიმართება, ანუ კლასიკური ფეოდალიზმი, ბიზანტიაში ვერ ჩამოყალიბდა. მხედრებისა და მოხელეების დაპირისპირებაში, ანუ „სტრატიგოსთა და ბიუროკრატთა ომში“, გამარჯვება უკანასკნელს, ბიუროკრატიას ერგო (მაშინაც კი, როცა ხელისუფლება სტრატიგოსთა ხელში გადადიოდა, მართვას მაინც კვლავ ბიუროკრატიული აპარატი ახორციელებდა).
მაგრამ თუ კულტურულ-ცივილიზაციური ფორმა მხოლოდ ილუზორულ ფუნქციას ატარებს, მაშინ შიდა, ქმნად კანონზომიერებას მართვის მრავალმხრივ ქმედებაზე გათვლილი სისტემა მნიშვნელოვან, უმარტივესი დონის, რეალურად მოქმედ (პრიმიტიულ, ტომობრივკლანური თანაცხოვრების) პიროვნულ ურთიერთობამდე დაჰყავს. ბიზანტიაშიც, მისი არსებობის ბოლო პერიოდში, მოხელეთა და გავლენიან პიროვნებათა წრეში მსგავსი რამ მოხდა: ნებისმიერი წინსვლა, ქონებრივი თუ იერარქიული, მხოლოდ არაოფიციალური კავშირებით, „ფილია“-თი, ანუ მეგობრობისა და კეთილგანწყობის წყალობით მიიღწეოდა (ძველბერძნულად Φιλοζ - „მეგობარია“).
ხოლო თვით იმპერატორთა ნებით იმავე პერიოდში უზარმაზარი ძალაუფლება და გავლენა იერარქიული მართვის სტრუქტურის გვერდის ავლითა და განსაკუთრებული უფლებამოსილების ფორმით ხშირად მედროვეთა ხელში ხვდებოდა. ასეთი პატივის „ღირსი“, როგორც წესი, მონარქისათვის უვნებელი საჭურისები ხდებოდნენ... ამიტომაც ბიზანტიის დაცემა სულაც არ უნდა იყოს გასაკვირი ან მხოლოდ სხვებზე გადასაბრალებელი.
როგორც ჩანს, რუსეთმა ბიზანტიური მართვის თავისებურებანი მემკვიდრეობით, ქიმერულ სიმბოლოსთან, აღმოსავლეთითა და დასავლეთით ერთდროულად მზირალ ორთავიან არწივთან ერთად მიიღო ხოლო ბერ-მონაზონ ფილოფეის მიერ XVI საუკუნეში ჩამოყალიბებული დევიზი: „მოსკოვი მესამე რომია, მეოთხე კი არ იარსებებს!“ - შემდგომი პერიოდის რუსეთის სახელმწიფოს (კომუნისტურის ჩათვლით) არსის განმსაზღვრელ იდეად დარჩა.
ამ, როგორც ბერდიაევი მიიჩნევს, აღმოსავლური სულიერი სტრუქტურის მქონე ხალხის კულტურის ჩამოყალიბება ლათინური დასავლეთის უცხო ტრადიციებთან მუდმივ დაპირისპირებაში ხდებოდა. ბიზანტიის დაცემისა და თავისი სამეფოს ერთადერთ მართლმადიდებლურ სახელმწიფოდ გამოცხადების შემდეგ რელიგიური და ნაციონალური აქ, მოსკოვის სამეფოში, იმდენად შეეზარდა ერთმანეთს, რომ თვით ბერძნული ეკლესიაც კი, რომლისაგანაც გადმოიღეს მართლმადიდებლობა, არაჭეშმარიტად, ზიანის მომტანად ცხადდებოდა. ხოლო ბიზანტიური მართვის მოდელის ადრეულ რუსულ თვითმპყრობელურ ტენდენციასთან მორგება კი სწორედ დესპოტური მომენტის თანაზიარობით აიხსნება - მონარქი აქაც რელიგიური ლიდერის ფუნქციას ითავსებდა (ივანე მრისხანეს აზრით, მეფის მოვალეობა არა მარტო სახელმწიფოს მართვა, არამედ სულების გადარჩენაცაა...).
მაგრამ თავის თავზე „ცენტრირებული“ რუსული მესიანისტური იდეის მთლიანობას საშიშროებას სწორედ ბიზანტიური მოდელის ორმაგი ბუნება უქმნიდა. ეს მომენტი აშკარად მაშინ გამოვლინდა, როცა პეტრე დიდმა ქიმერაარწივის დასავლეთისკენ მზირალი თავის მიმართულებით „სარკმელის გაჭრა“ და რუსეთის სამეფოს დასავლური ტიპის იმპერიად გარდაქმნა განიზრახა. განხეთქილება (раскол) რომელიც ამ დროს წარმოიშვა, არა მარტო რელიგიური სივრცის (новообрядчество-старообрядчество), არამედ რუსული სოციალური სფეროსა და კულტურის მთელი შემდგომი პერიოდის თანმდევი და დამახასიათებელი ფაქტორი გახდა.
განათლებული ფენა, რომელიც პეტრეს რეფორმების შედეგად წარმოიშვა სწორედ იმიტომ, რომ ზემოდან, ძალისმიერად, უზენაესი ნებით იყო „ჩანერგილი“, განხეთქილების ელემენტს თავიდანვე ატარებდა. XIX საუკუნის დასაწყისისათვის ეს ფენა საკმაოდ მაღალი კულტურის ადამიანებს მოიცავდა, მაგრამ შესაბამისი კულტურული ნიადაგი რუსეთში მაინც არ არსებობდა. ძირითადი მასა იმდროინდელი რუსული თავადაზნაურობისა და „ჩინოვნიკებისა“ უმეცარი იყო - მათი ყოველგვარ მაღალ მიზნებს მოკლებული ცხოვრება უაზრობასა და მცონარეობაში მიედინებოდა. იმ დროის განათლებულ და კულტურულ ადამიანთა მდგომარეობის წარმოდგენა გრიბოედოვის „ვაი ჭკუისაგან“ (Горе от ума-ს) პერსონაჟის, ჩაცკის, სახის მიხედვით შეიძლება. ტრადიციული წოდებრივი წრიდან „ამოვარდნილ“ ამ მარტოხელა ადამიანებს სამოქმედოდ მხოლოდ სააზროვნო სფერო რჩებოდათ (იდეური დაპირისპირება „დასავლეთელებსა“ და „სლავოფილებს“ შორის), ხოლო აქტიურ სოციალურ ქმედებათა შეუძლებლობამ პოლიტიკური მისწრაფების ლიტერატურის სფეროში გადატანა განაპირობა. XIX საუკუნის რუსული კულტურის „ოქროს ხანა“ (პუშკინი, ლერმონტოვი, ტურგენევი...) სწორედ ამგვარი ვითარების შედეგია.
თვითმპყრობელურ წყობასთან კრიტიკული დამოკიდებულება და რუსული ხალხური წიაღიდან სრული მოწყვეტა კულტურული ფენის უნიადაგო, გაურკვეველ მდგომარეობას განაპირობებდა და მათი ინტელიგენციის წინამორბედად მიჩნევა სწორედ ამ მიმართებით შეიძლება. გვიანდელი გამონათქვამიც - „ჭეშმარიტი ინტელიგენტი“ - ერთგვარი სუროგატული კონსტრუქციაა, რომელსაც, ჩანაფიქრით, საუკუნის პირველი ნახევრის კულტურული ფენის მეორე ნახევარში წარმოჩენილ ინტელიგენციასთან ერთიანობისა და მემკვიდრეობითობის იერი უნდა შეენარჩუნებინა. კულტურული ფენა, რა თქმა უნდა, XIX საუკუნის მეორე ნახევარშიც არსებობდა (თუნდაც ე.წ. ვერცხლის საუკუნის თაობა), მაგრამ ამ დროისათვის ეს ფენა გამოირჩეოდა უკვე არა წოდებრივი ნიშნით, არამედ იმ სტაბილური მდგომარეობით, რომელსაც პროფესიული საქმიანობა იძლეოდა. სწორედ ამიტომ ნაპრალი მათსა და იმპერიის მოსახლე გაუნათლებელსა და ჭრელ მასას შორის ძალზე ღრმა იყო. ცნობილი გამონათქვამი: „რუსეთი ჭაობია, რომელიც ინტელიგენციის თხელი აპკით არის დაფარული“, ამ ფენის არაორგანულობასა და მისი მდგომარეობის სიმყიფეს გამოხატავდა. მაგრამ თვით ამ კულტურული ფენის „ინტელიგენციად“ მოხსენიება ქიმერული ინვერსიის შედეგია - ამ კულტურულ მოვლენას ძალზე ცოტა ჰქონდა საერთო იმ წარმონაქმნთან, რასაც ინტელიგენცია ან, უფრო სწორად, „რევოლუციური ინტელიგენცია“ ეწოდებოდა.
საქმე ის არის, რომ თავდაპირველად პეტრე დიდის რეფორმების შედეგად წარმოქმნილ კულტურულ ადამიანთა მცირერიცხოვან ფენას მხოლოდ ერთი წოდების, თავად-აზნაურობის წარმომადგენლები შეადგენდნენ (განათლებამიღებული მდაბიოებიც თავადაზნაურობას ერწყმოდნენ). ამიტომაც, მიუხედავად ხელისუფლების მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებისა, ქონებრივ-სოციალური ცენზი მათ იმპერიის ცენტრისაგან მოშორებით, პროვინციებსა და მამულებში უხიფათო ცხოვრებისა და მოღვაწეობის პირობას უქმნიდა („ზაპადნიკი“ თუ „სლავოფილი“ „ბარინები“ გართობასთან ერთად ლიტერატურულ მოღვაწეობას უმეტესად თავიანთ მამულებში ეწეოდნენ).
შემდგომ პერიოდში, საუკუნის მეორე ნახევრისათვის, იმპერიის მოდერნიზაციის ტემპის ზრდასთან ერთად, განათლების მიღების შესაძლებლობა ჯერ სასულიერო წოდების ოჯახებიდან, შემდგომ კი „მეშჩანთა“ (მდაბიოთა) და გლეხთა წრიდან გამოსულ ადამიანებსაც მიეცათ (განსაკუთრებით, ბატონყმობის გაუქმების შემდეგ). ასეთ ადამიანთა რაოდენობა უკვე იმდენად გაიზარდა და, ამასთან, მათი სოციალური მდგომარეობაც იმდენად განსაკუთრებული იყო, რომ დანარჩენი მოსახლეობისაგან გამომაცალკევებელი დასახელების აუცილებლობა თავისთავად გაჩნდა. სწორედ ამ დროს შემოვიდა ტერმინი „ინტელიგენცია“, რომელსაც ჩანაფიქრით, ერთი მხრივ, ახალი სოციალური წარმონაქმნის ფუნქციური როლი და, მეორე მხრივ, წინა კულტურულ ფენასთან უწყვეტ-გარდამავალი კავშირი უნდა მიენიშნებინა.
მაგრამ სინამდვილეში, როგორც ხშირად ხდება რუსეთში, კვლავ პარადოქსული სიტუაცია შეიქმნა. მთლიანად ხელისუფლების ნებაზე დამოკიდებული ეს ახალი სოციალური წარმონაქმნი, მოწყდა რა ჩვეულ, სახალხო ნიადაგს, სრულიად გარიყულსა და გაუცხოებულ მდგომარეობაში (პლებსურ სიტუაციაში) აღმოჩნდა. შედეგად, დასავლური ტიპის განათლების საწყისებს ნაზიარებ ამ ტიპის ადამიანთა პროზელიტური ენთუზიაზმი ისევ განსაკუთრებულად რუსული გზების ძიებაში გაიხარჯა. წარმოიქმნა ისეთი ახალი რუსული ცნობიერება, სადაც ტრადიციულმა ქსენოფობიამ და მესიანიზმმა რელიგიურის ნაცვლად სოციალური ელფერი მიიღო, ხოლო „რასკოლნიკური“ ტენდენცია რევოლუციურ აღტყინებად გარდაისახა.
ეს ახალი ტიპის ადამიანები პირველად ფრანგი მოგზაურის, მარკიზ დე კიუსტინის მახვილმა თვალმა შეამჩნია და მათი აგრესიულ-შოვინისტური განწყობის აღწერა კიდეც დაგვიტოვა (1840 წლის მოგზაურობის შთაბეჭდილებანი, რომელიც შევიდა წიგნში - „ნიკოლოზ I-ის რუსეთი“, იმდენად ზუსტი და სახასიათოა, რომ რუსული ინტელიგენციის ყოველი შემდგომი თაობა თავს მოვალედ თვლიდა, გამაბათილებელი პასუხი დაეწერა). საუკუნის მეორე ნახევარში გენიალურმა რუსმა მწერალმა დოსტოევსკიმ თავისი რომანი „ეშმაკეულნი“ (Бесы) სწორედ ამ მოვლენას მიუძღვნა. დიაგნოზი, რომელიც მწერალმა დასვა, ერთ სიტყვაში - „უდღეურნი“ (недосиженные) - შეიძლება ჩაეტიოს. დაბოღმილ ადამიანთა ამ ტიპის მარტივი და ტოტალიტარული ხასიათის შეზღუდული თვალსაწიერი, გარდამავალი და გაურკვეველი სოციალური როლი და, შესაბამისად, პიროვნული შეუმდგარობა (უდღეურობა) ხელს იმ გამანადგურებელი მუხტის დაგროვებას უწყობდა, რომელსაც აპოკალიფსური კატასტროფა შეიძლება მოჰყოლოდა...
დოსტოევსკის რომანიგაფრთხილება, როგორც ჩანს, საკმარისი არ აღმოჩნდა, თორემ რომ შეესმინათ, ეს ფენა უფრო მკვეთრ და ხატოვან, ლამის გრძნობად უშუალობამდე დასულ შეფასებას ხომ გადაურჩებოდა?! საერთაშორისო პროლეტარიატის დიდი ბელადი ჩვეული პოლემიკური გაცხარებით ამტკიცებდა, ინტელიგენცია ერის ტვინი კი არა, ექსკრიმენტიაო (დედანში და ვლადიმერ ლენინის ნაშრომთა გამოცემებში ამ უცხო წარმოშობისა და მეცნიერული იერის ტერმინის ნაცვლად უბრალო რუსული სიტყვა говно ფიგურირებს).
„უდღეურთა კასტის“ ექსტრემისტულმა განწყობამ და შესაბამისმა ტერორისტულმა ქმედებამ XX საუკუნის დასაწყისისათვის უკვე იმდენად შეარყია იმპერია, რომ ისედაც თხელმა და ნაძალადევად შექმნილმა კულტურულმა ზედაპირმა რევოლუციის მასაზრდოებელი ჭაობის მყრალი, მომწამლავი აირი ვეღარ შეაკავა... ასეთი ოხშივარით გაჯერებულ გარემოში მყოფ ლიბერალ ინტელექტუალთა „ცხვირაბზეკილი“ პოზა, რევოლუციის თეორეტიკოსისა და პრაქტიკოსის, ვლადიმერ ულიანოვის აზრით, რა თქმა უნდა, ღალატის ტოლფასი იყო (რევოლუციური აზროვნება სამყაროს შეცვლას სწრაფი და ერთჯერადი აქტებით იმედოვნებს, ამიტომაც მიდგომა მარტივი და ტოტალიტარულია: „ვინც ჩვენთან არ არის - ჩვენი მტერია!“). ჰოდა, რა გასაკვირია, რომ ის ფენა, რომელიც ლენინმა ასე ხატოვნად „შეამკო“ და უეჭველია, ინტელიგენციაში იგი სწორედ ლიბერალ ინტელექტუალებს გულისხმობდა, რევოლუციის, ანუ ბოლშევიკური გადატრიალების პირველივე დღეებიდან პროლეტარიატის დიქტატურის ლოზუნგით გაჩაღებულ ტერორს ემსხვერპლა.
ხოლო თვით იმ პლებსურ წარმონაქმნს, კვინტესენციურ ფენას, რომელმაც დასაბამი ინტელიგენციის ფენომენს (ან ფანტომს) ნამდვილად მისცა, უკვე ლენინის მემკვიდრემ, იოსებ ჯუღაშვილმა „მოუარა“. ამ ბოლშევიკური ბელადის გენიალური სიცხადის ტვინმა და ბიზანტიურად მომართულმა აზროვნებამ ალღო რუსული მმართველობის თავისებურებას, როგორც ჩანს, ყველაზე კარგად აუღო. უპირველესად, იგი მიხვდა, რომ რევოლუცია, რომელსაც მთელი პლეადა მარქსისტი თეორეტიკოსებისა მსოფლიოისტორიულ პროცესს უკავშირებდა, სინამდვილეში არსობრივად წმინდა რუსული მოვლენა იყო და, ამიტომაც, ახალი სახელმწიფო სისტემა კვლავ ტრადიციულ და ნაცად, რუსული დესპოტური მართვის აპარატს უნდა დაფუძნებოდა.
ინტელიგენციის დანიშნულება კი რუსულ სივრცეში არა იმდენად კულტურული, არამედ და პირველ რიგში, იმ ფუნქციური აუცილებლობით განისაზღვრებოდა, რომელიც სწორედ მმართველობითი სისტემის მოთხოვნილებიდან მომდინარეობდა. სტალინმა ეს კარგად იცოდა, იმდენად კარგად, რომ რუსული აპარატული მართვის სუსტი მხარეების გათვალისწინებაც შეძლო.
თვითმპყრობელურ-იმპერიული გამოცდილება ცხადყოფდა, რომ სისტემის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი, განსწავლული ელემენტის (ინტელიგენციის) მუდმივი კვლავწარმოება შესაბამისი ფენის მორჩილებისა და კონტროლის ქვეშ ყოფნის აუცილებელი პირობა იყო. მაგრამ გაურკვეველი და არასტაბილური სოციალური მდგომარეობა, ნაჩქარევი და ფრაგმენტული განსწავლულობა, რომელიც ასეთ კვლავწარმოებას მოსდევდა, ხელს დესტრუქციული ცნობიერების ადამიანთა მომრავლებასაც უწყობდა. ასეთ ადამიანებში დაგროვილი გაუწონასწორებელი ფსიქიკური ენერგია პროცესის ინიციატორს, ხელისუფლებას, ექსტრემისტულ-რევოლუციური ფორმით „უბრუნდებოდა“...
სტალინი ჯერ კიდევ სამოქალაქო ომის დროს მიხვდა, რომ „ყველაფერს კადრები წყვეტენ“. ჰოდა, კადრების სტალინური როტაცია (კრემლიდან „გულაგ-“ამდე გრადაციული სპექტრით), ანუ „წმენდა“ ეფექტური სწორედ ტრადიციული რუსული მმართველობითი სისტემის გამოცდილების გათვალისწინებისა და მასში „ინოვაციური ელემენტის“ შეტანის გამო გახდა. მეფის რუსეთში „ბედის ანაბარა“ მიტოვებულ ფენას, ინტელიგენციას, ახალ ქვეყანაში მან, სტალინმა, „სტაბილური სტატუსი“ შესძინა. არა, კლასამდე ეს წვრილბურჟუაზიული წარმონაქმნი ვერ ამაღლდებოდა, მოწინავე, პროლეტარული ცნობიერება მისთვის მიუწვდომელი იყო. არც სოციალურ ფენად დატოვება ივარგებდა, ვაითუ... აი, შრე (прослойка), არც მიწიერი და არც ციური პოზიცია კი სრულიად მისაღები უნდა ყოფილიყო.
ასეთი სენდვიჩური დისპოზიცია, მუშათა და გლეხთა კლასებს შორის გაურკვეველი ფორმის შრის სახით განთავსება, ინტელიგენციას არამყარ, მუდმივი მიმოცვლის პირობებთან ერთად მუდმივი ფსიქიკური დაძაბულობის, დანაშაულის კომპლექსის განცდის მდგომარეობაშიც ამყოფებდა. ეს კი წარმოშობილი დესტრუქციული ნერვიული ენერგიის არა ხელისუფლების წინააღმდეგ, როგორც მეფის რუსეთში, არამედ თვით ფენის შიგნით წარმართვის (კანალიზირების) შესაძლებლობას იძლეოდა.
პერიოდულად განმეორებადი სტალინური წმენდები დამნაშავე თა (კლასობრივ მტერთა, მავნებელთა, აგენტთა და ა.შ.) სწორედ ამ ფენაში გამოვლენის საბაბით ტარდებოდა და ამავე ფენის წარმომადგენელთა დიადი მიზნის, ნათელი მომავლისაკენ სვლის „მართლმორწმუნე“ ენთუზიაზმს ეფუძნებოდა. მართალია, ეს ენთუზიაზმი საკმაოდ მალე საყოველთაო შიშმა შეცვალა, მაგრამ ამას მნიშვნელობა აღარ ჰქონდა - აშვებული ურჩხულის, ტოტალიტარული მანქანის „კვებისათვის“ აუცილებელი მუდმივი მსხვერპლშეწირვა იმ რიტუალად იქცა, რომელიც უსიტყვო მორჩილებისათვის საჭირო მოკრძალებასა და ძრწოლას ბადებდა...
მაგრამ ასეთი სისტემა, ასეთი წყობა ვერც თავისთავად (ერთგვარი „ავტოპილოტის“ რეჟიმში) მუშაობს და ვერც დიდხანს ძლებს - სტალინის გარდაცვალებას სწორედ ამ ისტორიული კანონზომიერების დამადასტურებელი პროცესის დაწყება მოჰყვა... იმის მტკიცება, რომ სტალინის „მემკვიდრეები“ უფრო ლიბერალურნი და კაცთმოყვარენი იყვნენ, არამართებული იქნებოდა - ნიკიტა ხრუშჩოვის კარიერა სწორედ სტალინურ რეპრესიებში უშუალო და აქტიური მონაწილეობის წყალობით შედგა. ხოლო მისი „ღვაწლი“ 1956 წელს თბილისსა და 1962 წელს ნოვოჩერკასკში მშვიდობიანი მიტინგების დაშლის (ანუ დახვრეტის) აქციაში იმას ადასტურებს, რომ „ფერიცვალება“ ამ ბოლშევიკურ ლიდერს არც სტალინის ამ ქვეყნიდან წასვლის შემდეგ განუცდია.
უნდა ვივარაუდოთ, რომ რეჟიმის შერბილება და შესუსტება მრავალწლიანი დაძაბულობის მოდუნებით შეცვლის წმინდა ადამიანური ხასიათის სწრაფვის გასაგებსა და აუცილებლად გასათვალისწინებელ ფაქტორთან ერთად მეტწილად, პარტიულ ლიდერთა და ბიუროკრატთა შეზღუდულმა თვალსაწიერმა, „იდეოლოგიურმა სიბეცემ“ განაპირობა.
ის ფაქტი, რომ გარე სამყაროსაგან სრულიად იზოლირებულ, „რკინის ფარდით“ შემოსაზღვრულ საბჭოთა ქვეყნის დახურულ სივრცეში მძლავრად მოქმედი რეპრესიულიდეოლოგიური მანქანა რიგითი ადამიანის ისედაც შეზღუდულ თვალსაწიერს „საჭირო მიმართულებით“, უტოპიური ორიენტირებისაკენ წარმართავდა, უცნაური და გაუგონარი სულაც არ არის - მსგავსი რამ სხვაგანაც ხდებოდა და სხვა დროშიც მომხდარა... დღევანდელი გადასახედიდან გასაკვირად სხვა რამ შეიძლება მოგვეჩვენოს - ათეული წლების განმავლობაში სახელმწიფოს მმართველობის უმაღლეს ეშელონში მყოფ ადამიანებს, რომლებიც თავადაც ტრიალებდნენ იმ სამზარეულო ში, სადაც საზოგადო მოხმარების იდეოლოგიური კერძი-ფიქცია მზადდებოდა, რიგითი საბჭოთა მოქალაქის სადარი მენტალური დონე რატომ უნდა ჰქონოდათ?!
სინამდვილეში ამ ფაქტს, საერთოდ კი - მოვლენას, რომელიც ცალკეულ, თითქოსდა შემთხვევით ხდომილებათა დონესაა ამოფარებული, მარტივი ახსნა აქვს. საკმარისია საბჭოთა იდეოლოგიის მიერ დამკვიდრებული ინვერსიული კონტექსტიდან გასვლა და ყველაფერს თავისი ადგილი მიეცემა -სტალინმა მარქსიზმლენინიზმის მიერ ნაქადაგები პროლეტარიატის საკაცობრიო მისიის განმახორციელებელი ქვეყანა კი არა, ტრადიციული რუსული იმპერიის „წითლად შეფერილი“ ახალი ვარიანტი შეაკოწიწა (სხვათა შორის, ეს მოვლენა ყველაზე კარგად და ყველაზე ადრე ემიგრაციაში მყოფმა სტალინის მტრებმა, რუსმა მონარქისტებმა გაიგეს და ავტორისა თუ შემქმნელის ღვაწლსაც სათანადო პატივი მათვე მიაგეს). ჰოდა, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ რუსულ იმპერიულ მართვაში აღმოსავლური მორჩილების ელემენტი შეფარულად თუ აშკარად ყოველთვის არსებობდა, მაშინ პარტიულ ელიტაში, რბილად რომ ვთქვათ, ორდინარულ ადამიანთა მოხვედრა სრულიად გასაგები გახდება...
ათასობით პარტიული ფუნქციონერისაგან რაიმე განსაკუთრებული პიროვნული მონაცემებით არც ნიკიტა ხრუშჩოვი და არც ლეონიდ ბრეჟნევი გამოირჩეოდნენ. ხოლო მათი ცოდნისა და განათლების დონე კი, გამოთქმის „სახაზინო“, ბიუროკრატიულ-ფორმალურ სტილს რომ მივმართოთ, საშუალო სტატისტიკური საბჭოთა მოქალაქისას არ აღემატებოდა. ის ფაქტი, რომ სტალინის შემდეგ სწორედ ასეთი ადამიანები მოხვდნენ უზარმაზარი ქვეყნის სათავეში, იმის მაჩვენებელია, რომ ქვეყანას, სადაც ათეული წლების განმავლობაში ტოტალიტარული მართვის სისტემა ბატონობდა, აღმოსავლური ტრადიციის მსგავსად, მხოლოდ ერთი, ისეთი ლიდერი, ბელადი ან მამა-მარჩენალი შეიძლება ჰყოლოდა, რომელიც სხვა დანარჩენთ, ყველას, უმაღლესი მოხელიდან რიგით მოქალაქემდე, თანაბარ მორჩილებაში, მასის მდგომარეობაში ამყოფებდა...
თუმცა მიუხედავად გარემო-პირობებისა და ინტელექტუალურ მონაცემთა მსგავსებისა, ამ ორი პარტიული ლიდერის პიროვნულ მისწრაფებათა ხასიათი და მოღვაწეობის სტილი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული იყო. ბრეჟნევი ტიპიური, რუსები რომ იტყვიან, „აპარატჩიკი“ იყო, მისი „ობივატელური“ განწყობის დასახასიათებლად ერთი ფილმის გმირის ცნობილი ფრაზა შეიძლება მოვიშველიოთ: „ნუ იქნება ოღონდ ბუნტი!“ ბრეჟნევის მაგალითი საუკუნეებში გამოცდილი ბიუროკრატიული მართვის „უკვდავ“ ხასიათს მკაფიოდ ავლენს - „აპარატი ყოველთვის თავის თავზე მუშაობს“, ის კანონიერების დაცვის, მაღალი მიზნებისა და აღმშენებლობის, ანუ ქვეყნის სამსახურში მხოლოდ იძულებით (ან ბელადის, ან საზოგადოების), მუდმივმოქმედი ნების წყალობით დგება...
ნიკიტა ხრუშჩოვი კი „უდღეურთა მოდგმის“ იმ ნაწილს ეკუთვნოდა, რომელთა პლებეურმესიანისტური აღტყინება ბოლშევიკურ ორთოდოქსიას რწმენის საგნად სწორედ მეცნიერულუნივერსალური იერის გამო იღებს. მას სწამდა, რომ მარქსისტულ-ლენინური უტოპია განხორციელებადია; სჯეროდა, რომ სტალინის ბარბაროსულმა ნებამ, „პიროვნების კულტმა“ მეცნიერულად დასაბუთებული პროცესის სვლის გამრუდება გამოიწვია და რომ სწორ დოქტრინასთან დაბრუნების შემთხვევაში განვითარების ობიექტური კანონზომიერება ჯერ საბჭოთა ხალხსა და შემდეგ მთელ კაცობრიობას სასურველ, ბედნიერ მიზანთან მიიყვანდა (მისი ვარაუდით, საბჭოთა საზოგადოებას 80-იანი წლებისათვის უკვე კომუნისტურ ფორმაციაში უნდა ეცხოვრა).
ჰოდა, საზოგადოებისა და, საერთოდ, კაცობრიობის განვითარების „ობიექტურ კანონზომიერებას“ მინდობილი კომუნისტი ლიდერი, ნიკიტა ხრუშჩოვი, ეჭვს ყველაზე სწორი მსოფლმხედველობით „შეიარაღებულ“, თუ იდეურ პოზიციაზე მდგომ საბჭოთა ინტელიგენციის „მართლმორწმუნეობაში“ როგორ შეიტანდა?! არადა, ამ თავის დროზე დასავლური კულტურული სივრციდან ნასესხებ და რუსულ სინამდვილეში ჩანერგილ წარმონაქმნს, ზნისა და ბუნების თანახმად, ერთი ანდაზისა არ იყოს, თვალი სხვა მხარეს უნდა ჭეროდა...
ე.წ. დათბობის პერიოდი, რომელიც ხრუშჩოვის მმართველობას მოჰყვა, პირველ რიგში, სწორედ იმ რეპრესიულწმენდითი მექანიზმის შეჩერების შედეგია, რომელიც იქამდე ციხებანაკების ქსელის „ციმბირული სუსხით“ მთელ იმპერიასა და თავისუფალ აზროვნებასაც დამზრალ მდგომარეობაში ამყოფებდა. საბჭოთა ინტელიგენციაც, როგორც კი სულის მოთქმის საშუალება მიეცა, ფიქრსა და მზრუნველობას კვლავ თავისი ძირეული, კულტურული ფუნქციის შესრულებაზე იწყებს. ხოლო ამავე ფენის ერთი ნაწილის ტრადიციულად სახასიათო დესტრუქციული მუხტი, რასკოლნიკურ-რევოლუციურის ნაცვლად, დისიდენტურ სახეს იღებს. ასეთი მდგომარეობა ნიკიტა ხრუშჩოვის გადაყენების შემდგომ, ბრეჟნევის მმართველობის ხანასაც და საბჭოთა სახელმწიფოს არსებობის ბოლო პერიოდსაც გადასწვდა...
ქართული ინტელიგენციაც, რა თქმა უნდა, იმავე „ქვაბში იხარშებოდა”, მის არსებობასაც იგივე, იმპერიული მართვის აუცილებლობა განსაზღვრავდა. თუმცა, ამასთან, ეს წარმონაქმნი განსაკუთრებულ, ეროვნულ სახეს ყოველთვის ინარჩუნებდა და ეს თითქოს ზედაპირული, ეგზოტიკური იერის გამორჩეულობა სინამდვილეში უფრო ღრმა და ფართო კულტურული საფუძვლებიდან მომდინარეობდა... ამ საფუძვლის „გამოჩხრეკვით“ გარკვევა კი არა თავისთავად და თვითკმარ, არამედ მხოლოდ ზოგადსაკაცობრიო კონტექსტშია შესაძლებელი...
2. აბელურ და კაენურ ტრადიციათა კონფლიქტი. „აჰა, მაგდებ დღეს მიწის პირისაგან და უნდა მივეფარო შენს სახეს; დევნილი და მიუსაფარი ვიქნები ამქვეყნად და ყოველ შემხვედრს შეეძლება ჩემი მოკვლა“ ( დაბ. IV, 14). კვლავდაკვლავ ისმის ჩივილი, რადგან სასჯელი, რომელიც კაენმა ძმის მკვლელობის გამო დაიმსახურა, მის შთამომავალთ ათასწლეულების განმავლობაში თან სდევს. და უეჭველია, რომ წმინდა წერილის ტექსტში ძმათამკვლელობის ადამიანურ ცოდვაში ის დაპირისპირებაც იგულისხმება, რომელიც კაცობრიობასთან ასევე ათასწლეულების განმავლობაში სდევს.
აბელისა და კაენის სახით ერთმანეთს ადამიანთა ორი ტიპი, ან კულტურათა ორი ძირეული ფორმა დაუპირისპირდა და ბიბლიური ამბავიც ამ მოვლენას სიმბოლურად გვამცნობს. დაცემის შემდეგ სამოთხიდან გამოძევებულ ადამსა და მის მოდგმას ღმერთმა საარსებოდ ისეთი დაწყევლილი მიწა დაუწესა, სადაც მხოლოდ ძეძვი და ეკალი აღმოცენდება. უნდა ვიგულისხმოთ, რომ კაენი განწესებას: „...და მინდვრის ბალახი იყოს შენი საზრდო” ( დაბ. III, 18), არ დასჯერდა და მიწის დამუშავება დაიწყო.
აქედან მოყოლებული, მიწის ზედაპირის ფუნქციური ერთგვაროვნება დაირღვა, ველზე ისეთი ადგილი გაჩნდა, სადაც მხოლოდ ადამიანის საზრდო მოიპოვებოდა. მესაქონლე აბელს ეს სიახლე, საძოვარზე აკრძალული ადგილის გამოჩენა, რა თქმა უნდა, არ მოეწონებოდა... და მოვლილი ნაკვეთის გაპარტახება არც კაენს უნდა მოსწონებოდა ... კონფლიქტის გადაჭრის მცდელობა - „უთხრა კაენმა თავის ძმას, აბელს: გავიდეთ ველად“ (დაბ. IV, 8) - ტრაგიკულად დასრულდა, ველმა ორივე ვერ დაიტია...
და ეს, კაცობრიობის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი, ბიბლიის მიერ სიმბოლურად მოთხრობილი, თითქოს მხოლოდ კერძო, ყოფი თი საფუძვლის მქონე დაპირისპირება კვლავ გრძელდება, რადგან არსებობას კულტურათა საფუძვლებში განაგრძობს. ბოლო საუკუნეებში დამკვიდრებულმა ცივილიზაციის ცალსახა განვითარების მეცნიერულმა ხედვამ ამ დაპირისპირების გადაჭრა კი არა, მხოლოდ დროებითი მიჩქმალვა, შენიღბვა შეძლო. პრობლემის კონცეპტუალურ გაგებასა და შესაბამისი კონსტრუქციული გზების ძიებას, ინერციისა თუ სხვა, პრაგმატულ მოსაზრებათა გამო სათანადო ყურადღება, როგორც უკანასკნელი მოვლენები ცხადყოფს, არც დღეს ექცევა...
ჟან ჟაკ რუსო ცდებოდა, როცა ამბობდა, რომ იმას, ვინც მიწის ნაკვეთი პირველმა შემოღობა და დაისაკუთრა, სხვებმა დაუჯერეს და ღობე არ მოარღვიესო. არღვევდნენ და მერე როგორ! აბელისა და კაენის დრამატული დაპირისპირება კაცობრიობის ისტორიაში უშუალოდაც, და უფრო მეტად ფარული სახით, მრავალჯერ განმეორებულა. კულტურათა საფუძვლებში გადასული „ველისა და მინდვრის“ კონფლიქტის მუხტი საზოგადოებებსა და ცივილიზაციებს შორის დაპირისპირებათა და დაძაბულობათა გაღვივების მუდმივმოქმედ წყაროდ იქცა და ახლაც ასეთად რჩება.
რუსოს ნეგატიური დამოკიდებულება ყველაფერი იმის, მათ შორის, კულტურისა და მეცნიერების მიმართ, რაც, მისი აზრით, სახელმწიფოს წარმოშობასა და შესაბამისი უთანასწორობის ჩამოყალიბებას უკავშირდება, ეტყობა, მაინც იმ ეპოქისათვის სახასიათო ხედვით (ასპექტით) იყო განპირობებული. განმანათლებლობის შემდგომ და მასთან ერთად, გერმანული კლასიკური ფილოსოფიაც კაცობრიობის განვითარებას ერთიან და ცალსახა ისტორიული პროცესის სახით წარმოიდგენდა, რაც, საბოლოო ანგარიშით, ხელს ევროპოცენტრისტული ტენდენციის დამკვიდრებას უწყობდა.
ამგვარი ხედვით საკაცობრიო ცივილიზაცია ისეთ აღმავალ ერთიანობადაა წარმოჩენილი, სადაც ევროპული დონე უმაღლეს საფეხურად მიიჩნევა, ხოლო ყველა დანარჩენი - იმავე პროცესის წინა ან განვითარებაშეჩერებულ საფეხურად აღიქმება. მართალია, მთელი XX საუკუნის განმავლობაში ასეთი ისტორიულ-ევოლუციური ხედვა საფუძვლიანად შეირყა (შპენგლერი, ორტეგა-ი-გასეტი, ტოინბი, ჰანტინგტონი, ბიუკენენი...), მაგრამ ბოლო დროის მაღალი ტექნოლოგიებით განპირობებული მსოფლიოს „შემჭიდროების” სულ უფრო ყოვლისმომცველი და გამჭოლი პროცესი ისეთ გლობალურ სინამდვილეს ქმნის, სადაც ერთიან, საკაცობრიო ცივილიზაციაში ყოფნის შეგრძნება კიდევ უფრო მძაფრ ელფერს იძენს..
არადა, ბოლო ათწლეულების დესტრუქციულ და კატასტროფულ მოვლენათა რიგი ჰარმონიული ერთიანობისაკენ სვლის შთაბეჭდილებას სულაც არ ტოვებს. ბიპოლარული მსოფლიოს დაშლის დაწყებიდან ჩავლილი დროც საკმარისია იმისათვის, რომ გლობალურ უწესრიგობათა და პერმანენტულ „შეშფოთებათა“ მიზეზები უფრო შორს, ძირეულ საფუძვლებში ვეძიოთ. ხოლო საფუძვლების გადახედვისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ისიც, რომ განვითარების ევოლუციური ხედვა ევროპული ცივილიზაციის სვლის მხოლოდ ზედაპირულქრონოლოგიური სურათის სქემატური წარმოდგენაა და რომ, თვით ამ ცივილიზაციისა და, მით უფრო, სხვა სახის ცივილიზაციათა ჩამოყალიბებას ისეთი კულტურული ფაქტორიც განაპირობებდა, რომელიც საყოველთაოდ მიღებულ სწორხაზოვან, აღმავალი განვითარების კონცეფციას მთლად ვერ ეთანადება.
ზემოთ, შესავალში, უკვე აღინიშნა, რომ თანამედროვე შეხედულებით ცივილიზაციის წარმოშობა მიწათმოქმედების შემოსვლას თან, ანუ მომთაბარე ცხოვრების ბინადრობის, მკვიდრობის წესით შეცვლის პროცესის დაწყებასთან არის დაკავშირებული. ისტორიულ მოვლენათა რიგი ამ მოსაზრების უტყუარ, ლოგიკურ დასაბუთებას იძლევა, მაგრამ, იმავდროულად, იგივე რიგი სიღრმისეულ, ქრონოლოგიურხაზოვანი დინების მიღმა არსებულ, თანამდევ კულტურულ ხდომილებებს ვერ ამჩნევს.
მართალია, კულტურის ცნება დასაბამს სწორედ მიწათმოქმედების შემოსვლიდან იღებს, მაგრამ უკუქმედებით იგი უფრო ადრეულ მოვლენებზეც განივრცობა. ცხოვრების წესი, რომლის ჩამოყალიბებასაც ადამიანმა ათასეული წლები მოანდომა (ცხოველთა მოშინაურება, მათი მოვლა და მართვა, გარემოსთან ადაპტაცია და ა.შ.) სწორედ კულტურაა, რადგან ადამიანის ძალისხმევითა და მონდომებით არის შექმნილი. ამასთან, კულტურის ეს ტიპი, რომელიც დღესაც „ცოცხლობს“, განსაკუთრებული ცნობიერების, „აბელური ტიპის“ ადამიანსა და შესაბამის სოციალურ ერთობას აყალიბებს. და ამიტომაც, კულტუროლოგიური კვლევა ქრონოლოგიური სწორხაზოვნებიდან მომდინარე მონაცვლეობასთან ერთად და ზოგჯერ მის ნაცვლად, ძირეულ დაყოფა-დიფერენცირებასაც უნდა ითვალისწინებდეს.
ბიბლიის მიხედვით, კაენი მიწათმოქმედია, ხოლო აბელი - მწყემსი, მეჯოგეა. სიმბოლურად ეს ადამიანთა ის ორი ტიპია, რომელიც თანამედროვე კაცობრიობის დასაბამიდან, ანუ მას შემდეგ არსებობს, რაც ბინადარმა ტომებმა ხელი მიწის დამუშავებას, ხოლო მომთაბარეებმა მეჯოგეობას მიჰყვეს. ორივე ტიპს საკუთარი ცხოვრების წესისა და საქმიანობიდან მომდინარე განსაკუთრებული წესჩვეულება და ტრადიცია ჩამოუყალიბდა.
მიწათმოქმედი ხალხი, ბუნებრივია, სწორედ იმის გამო, რომ ბინადრობის, მკვიდრობის წესს მისდევს, საბოლოოდ ქალაქების შექმნამდე მიდის (საგულისხმოა, რომ ბიბლია პირველი ქალაქის შემქმნელად კაენს მოიხსენიებს). ეს უკვე ბინადრობის მეორე ფაზაა, რომელიც პირველთან შედარებით დაფუძნებისა და სივრცითი „შემჭიდროების“ უფრო მაღალი ხარისხით გამოირჩევა. საერთოდ კი ბინადარ ხალხთა არსებობა და საქმიანობა დროის ნიშნით ხასიათდება: სივრცის მკაცრად შემოსაზღვრულ არეში ფიქსირებულნი თავიანთ ქმედებას ისინი უსასრულო ხანგრძლივობად წარმოდგენილი დროის კონტინუუმში მოიაზრებენ (ქართული სიტყვაც ადგილი, რომელსაც სანიადაგო მკვიდრობა შეესაბამება, სწორედ ამგვარი მიმართებიდან უნდა მომდინარეობდეს).
მომთაბარე და მეჯოგე ხალხი კი პირიქით - არაფერს ხანგრძლივს არ ქმნის და არც მომავალს „ეპოტინება“. სამაგიეროდ, სივრცე მათთვის სულ ახალი და ახალი, შეუზღუდავ შესაძლებლობათა არეა (ქართულში აქაც დროებითი სადგომის შესაბამისი სიტყვა ალაგი გვაქვს). ასე რომ, კაენის სიმბოლიზმს შეესაბამება შეკუმშვის პრინციპი, რომელიც წარმოდგენილია დროითი ხანგრძლიობის მიხედვით, ხოლო აბელისას - გაშლის, ანუ განვრცობის პრინციპი, რომელიც სივრცითი განზომილებით ხასიათდება. სხვანაირად, „კაენის მოდგმის” ტრადიციას, კულტურას, შეიძლება ინტენსიური (ლათ. intensio დაძაბვა, გაძლიერება) ეწოდოს, ხოლო აბელისას - ექსტენსიური (ლათ. extensivus - გაჭიმვა, დაგრძელება, გაფართოება).
ძირეულ, დროსივრცით მიმართებათა შესაბამისად, ორივე კულტურა განსხვავებულ სიმბოლოებს, რიტუალებსა და ტრადიციებს წარმოშობს. მიწათმოქმედი ხალხი იმის გამო, რომ მეტწილად საქმე ფიქსირებულ, უძრავ ობიექტებთან, ნივთიერ საგნებთან აქვს, ვიზუალურ სიმბოლოებს, ხატებს ქმნის. არსობრივი მნიშვნელობის მიხედვით, ვიზუალური ხატი სივრცით ფორმამდე, გეომეტრიულ სქემამდე დაიყვანება. მომთაბარე ან მეჯოგე ხალხისათვის ყველაფერი, რაც მათ გარკვეულ ადგილს მიაბამს, მათ შორის ხატიც, აკრძალულია. ამიტომაც ისინი მუდმივი გადაადგილების მდგომარეობისათვის ერთადერთ შესატყვისს, ხმოვან სიმბოლოებს, ქმნიან.
მაგრამ ხედვით (ვიზუალურ) აღქმას მიმართება სივრცესთან, ხოლო სმენითს (აუდიოს) - დროსთან აქვს. ასე რომ, მგრძნობელობით დონეზე ძირითადი პრინციპების ერთგვარი შებრუნება ხდება: კაენურ-მიწათმოქმედი, ანუ ინტენსიური კულტურის ხალხი, რომელ თა არსებობა დროით ხანგრძლიობას ექვემდებარება, პლასტიკურ, ანუ სივრცით ფორმებს ქმნიან (არქიტექტურა, სკულპტურა, ფერწერა), ხოლო, აბელურ-მეჯოგე, ექსტენსიური კულტურის ხალხი, პირიქით, დროში განფენადს - ფონეტიკურს (მუსიკა, პოეზია).
აღნიშნული ძირეული განსხვავება ასევე განსხვავებულ მსოფლაღქმასა და შესაბამის მენტალურ-სოციალურ გარემოს აყალიბებს. კაენურ, ინტენსიურ კულტურებში მოწესრიგების პრინციპი სივრცესთან ერთად, როგორც წესი, ადამიანურ ერთობაზეც განივრცობა - ინდივიდატომად განცალკევებული ადამიანები გარკვეულ, დროის თანმიმდევრობაში გარდამავალ სოციალურ (იერარქიულ) და სტრუქტურულ მთლიანობაში ერთიანდებიან. აბელური ტიპის ხალხი კი უსაზღვრო და ერთგვაროვანი განვრცობის ტენდენციის თანახმად, უფრო კოლექტიურ ქმედებაზე ორიენტირებულ და მორჩილებაში თანასწორ, ეგალიტარული ტიპის (პატრიარქალურ ან ტომობრივად თანასწორ) სოციალურ ერთობებს ქმნიან.
ზემოთ გამოთქმულ ყოველ მოსაზრებას მხოლოდ თეორიული ხასიათი აქვს. პრაქტიკა, ცხოვრება, ისტორია, როგორც წესი, გაცილებით უფრო მრავალფეროვანი და მდიდარია. თეორიული ჰიპოთეზებიცა და მარტივი კონცეპტებიც სწორედ სინამდვილის ხდომილებათა ურთულესი „წნულის“ უკან გარკვეული საზრისის ან კანონზომიერების აღმოსაჩენად იქმნება. წმინდა სახით ხსენებული ექსტენსიური ან ინტენსიური კულტურები (ცივილიზაციები) არ გვხვდება, მით უფრო მას შემდეგ, რაც კაცობრიობამ, ძალზე უმნიშვნელო ნაწილის გამოკლებით, მკვიდრობის ცხოვრების წესი აირჩია. და სწორედ ეს მოვლენა ბადებს ილუზორულ ხედვას - თუ ცხოვრების წესი თითქმის ყველგან ერთნაირია, მაშინ კულტურაც, ცივილიზაციაც მეტნაკლებად ერთნაირი და ჰომოგენური უნდა იყოს.
მიამიტური ირონიითა და ერთგვარი ნიშნის მოგებით შეიძლება ითქვას -როგორც ჩანს, ყოფიერება ცნობიერებას ყოველთვის არ განსაზღვრავს... მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიომ კარგა ხანია თითქოს უნიფიცირებული პოლიტიკური ფორმები აირჩია (სახელმწიფოთა დასაზღვრა, მართვის სისტემა, საერთაშორისო სამართალი და ა.შ.), ყოველ ცალკეულ ქვეყანაში იმას, რასაც რეალობას ან ცხოვრებისეულ სინამდვილეს უწოდებენ, მკაფიოდ ჩამოყალიბებულ (რაციონალურად გაწერილ) ნორმებთან ერთად და ზოგჯერ მათ ნაცვლადაც, ის ფენომენი განსაზღვრავს, რასაც ტრადიციას უწოდებენ.
სიტყვა „ტრადიციას“ მაინცდამაინც ერთგვაროვანი მნიშვნელობა არც ადრე ჰქონია, მას შემდეგ კი, რაც „ველურობისა და ბარბაროსობის“ კორექტულ სინონიმად იქცა, მისი ტერმინული გამოკვეთილობა ხომ სულ გაფერმკრთალდა. ეს სიტყვა თითქმის ყველაფერს ესადაგება, რასაც ადამიანი ოდესმე შეხებია - პრიმიტიული წეს-ჩვეულებიდან უმაღლეს სულიერ და რელიგიურ განცდამდე. და რადგან, როგორც ზემოთ ითქვა, თეორიული კონცეფციები ცხოვრებაში წმინდა სახით იშვიათად ხორციელდება, ამიტომაც ყოველ კულტურაში ძირეული, აბელური ან კაენური, ტენდენციის ტრადიციის სახელით მოხსენიება უფრო მართებული იქნება.
ნებისმიერ კულტურაში ცივილიზაციის ეს ორი დასაბამისეული ტენდენცია (ან ტრადიცია) ერთდროულად არსებობს. განსხვავებას სხვადასხვა სოციალურ თუ ეროვნულ ორგანიზმებს შორის ამ ორიდან ერთ-ერთის პრევალირება განაპირობებს. ამასთან, ეს პრევალირება საუკუნეებში გამოტარებული ერთერთი ტენდენციის მდგრადი თანაობით ხასიათდება - ყოველი ცივილიზაციის ან კულტურის ტიპი სწორედ ამ ნიშნის მიხედვით განისაზღვრება. თუმცა თვით კულტურის შიგნით განმაპირობებელი ტრადიცია ყოველთვის დომინირებადი არ არის.
მაგალითად, აბელური ტრადიციის ზეობის კლასიკურ გამოვლენას, არაბული ისლამური სახელმწიფოს (ხალიფატის) შექმნას სრულიად საპირისპირო, კულტურის ინტენსიური განვითარების პერიოდიც ჰქონდა. IX-X საუკუნეებში არაბულმა კულტურამ ისეთ მაღალ დონეს მიაღწია (ფილოსოფია, ასტრონომია, მედიცინა, ალქიმია, მათემატიკა და სხვ.), რომ ზოგჯერ ამ პერიოდს „მუსლიმურ რენესანსსაც“ უწოდებენ. ელინისტურ სივრცეში, რომელიც ხალიფატის საზღვრებში მოექცა, ანტიკურბერძნული კულტურის შეჭრა და დიფუზია უკვე თითქმის ათასი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამ კულტურის პირველწყაროების (ძირითადად არისტოტელეს ნაშრომების) ათვისებისა და გათავისების მცდელობამ არაბული კულტურის განვითარება ინტენსიურ კალაპოტში თავისთავად ჩააგდო. საბოლოოდ კი ეს პროცესი, რა თქმა უნდა, ჯერ შენელდა და მერე შეჩერდა, რადგან ძირეულ, ექსტენსიურ ტრადიციას დაუპირისპირდა.
ხოლო მეორე მხრივ, იმავე ინტენსიურკაენური ტრადიციის კლასიკური გამოვლენა, ანტიკურელინური პოლისური კულტურა, ბალკანეთის ნახევარკუნძულიდან წინა აზიაში ძალისმიერი გადატანის შედეგად ექსტენსიურ ტიპში გარდაისახა (ალექსანდრე მაკედონელის იმპერია). თუმცა ეს მაგალითი საპირისპირო პოზიციიდან განხილვისას უფრო იმის დადასტურებას წარმოადგენს, რომ ახლო აღმოსავლური არეალის მენტალურსოციალურ ტრადიციას ძალზე მყარი ფესვები აქვს.
და სწორედ ფესვებიდან მომდინარეობის კუთხით ხედვას ან ზემოთ ჩამოყალიბებული თვალსაზრისის მიხედვით ცივილიზაციის სვლისათვის თვალის მიყოლებას პარადოქსულ, ისტორიული ხასიათის ხდომილებათა საწინააღმდეგო დასკვნამდე მივყავართ. როგორც ცნობილია, ძველი სამყაროს პირველი სამიწათმოქმედო ტრადიციები სწორედ ამ რეგიონში ჩაისახა. და თუ ზემოთ გამოთქმული კონცეფცია სწორია, თუ დაფუძნება, მიწის დამუშავება კაენურ ტრადიციას წარმოშობს, მაშინ ყოველი ცივილიზაცია, რომელიც ამ რეგიონში ჩამოყალიბდა, უპირატესად ინტენსიური ტრადიციის მატარებელი უნდა ყოფილიყო.
სინამდვილეში ტრადიცია, რომელიც ამ რეგიონს ახასიათებს, როგორც ისტორიული წარსული და დღევანდელობა გვიჩვენებს, ექსტენსიური ხასიათისაა. და ეს სრულიად ლოგიკურია, რადგან, როგორც ძველი წყაროები ადასტურებენ, ამ არეალში სამიწათმოქმედო კულტურის ჩამოყალიბებამდე და მას შემდეგაც, მომთაბარე და მეჯოგე ტომთა გაცხოველებული მიმოსვლა მიმდინარეობდა. ბუნებრივია, ხალხთა მიმოქცევის მბორგავ ოკეანეში წარმოშობილი სამიწათმოქმედო კუნძულები (შუამდინარეთის ნაყოფიერი მიწები მთელი ამ რეგიონის ძალზე მცირე ნაწილია) დამოუკიდებლად და თავისთავად ვერ განვითარდებოდა.
როგორც ჩანს, პირველი ცივილიზაციების ჩამოყალიბებასა და, საერთოდ, ამ რეგიონში სამიწათმოქმედო კულტურის გადარჩენას ეკონომიკური მიზეზები აქვს (მარქსისტული ხედვა, პოლიტეკონომია აქ ამართლებს. ისე კი, ამ მოძღვრების ექსტენსიურ ტრადიციასთან მიმართების კვლევა საინტერესო უნდა იყოს...). სავარაუდოა, რომ საველე-საომარი წრთობის ტომებმა პერმანენტულად განმეორებად, მაგრამ გამაპარტახებელ შემოსევებს ნაყოფიერი სამიწათმოქმედო რეგიონების მუდმივი შემოსავლის წყაროდ გადაქცევა არჩიეს (ან იმის ვარაუდიც შეიძლება, რომ ამ რეგიონში მეჯოგეობისა და მიწათმოქმედების სრული გამიჯვნა ჯერ დასრულებული არ იყო). შრომის ორგანიზაციის ის კოოპერაციუ-ლკოლექტიური ფორმა, რომელიც ამ ცივილიზაციებში არსებობდა (თუნდაც სარწყავი სისტემები), მხოლოდ აბელურექსტენსიური ტრადიციის ხალხს შეეძლო შეექმნა.
მომთაბარე ტომების წვლილს უძველეს ცივილიზაციათა შექმნაში მრავალი ისტორიული წყარო და მკვლევარი ადასტურებს - ამ რეგიონში არსებული ყველა ექსტენსიური ტიპის სახელმწიფო წარმონაქმნი დასაბამს სემიტური თუ არიული წარმოშობის მომთაბარე ტომებთან ურთიერთობის შედეგად იღებს (დღეისათვის გაურკვეველი მხოლოდ შუმერების წარმომავლობაა მესოპოტამიის შემდგომ სახელმწიფოებს არაბეთის ნახევარკუნძულიდან გამოსული - აკადები, არამეები, ქალდეები - სემიტური ტომები ქმნიდნენ. ამას გარდა, იმავე არეალში და ეგვიპტეშიც ჩვ. წ. ა.-მდე II ათასწლეუში არიული ტომების, არიების, ანუ გიკსოსების, მძლავრი მიგრაციაც აღინიშნება). ასე რომ, მაკედონელის ლაშქრობიდან დაწყებულ დასავლური ინტენსიური კულტურის ექსპანსიას აქ, ამ რეგიონში, ათასწლეულებში ჩამოყალიბებული ღრმა ექსტენსიური ტრადიცია დახვდა.
კაენური, სამიწათმოქმედო ტრადიცია, რომელიც ინტენსიფიკაციასა და ლოკალიზაციას თავისთავად გულისხმობს, ბუნებრივია, სწორედ იქ განვითარდებოდა, სადაც გარემო შედარებით მშვიდი არსებობის პირობებს ქმნიდა. ამგვარი ვითარება მხოლოდ ძველი სამყაროს ცენტრიდან მოშორებით, პერიფერიულ რეგიონებში, ძნელად მისადგომ, მთაგორიან ადგილებსა და ხმელთაშუა ზღვის კუნძულებზე შეიძლება ყოფილიყო. ანტიკურ-ბერძნული პოლისური ცივილიზაციაც სწორედ ამგვარ არეალზე დაფუძნებული ტრადიციის განვითარების შედეგია.
ბერძენი ბარბაროსების, აქაელების, ბალკანეთის ნახევარკუნძულზე შეჭრის შემდეგ ადგილობრივმა ტომებმა (პელასგებმა) სრული ასიმილაცია განიცადეს. თუმცა, მეორე მხრივ, მიკენური ცივილიზაცია, რომელიც ამ შემოჭრის შემდეგ პელოპონესზე დამკვიდრდა, საწინააღმდეგო პროცესის, თვით ბარბაროსთა კულტურული ასიმილაციის შედეგია. მინოსურ კულტურას, რომელიც ამ რეგიონში ბერძნების შეჭრამდე ბატონობდა, ძალზე განმხოლოებული, ლოკალური ხასიათი ჰქონდა (კუნძული კრეტა და მსგავსი მატერიკული ფრაგმენტები). მიკენური კულტურა, ერთი მხრივ, წინა, ამ რეგიონში უკვე არსებული კულტურის გაგრძელებას წარმოადგენდა, ხოლო, მეორე მხრივ, აქაელთა ჯერ კიდევ შერჩენილი ექსტენსიური ტენდენციის გამოვლენის შედეგიც იყო.
ბალკანეთის ნახევარკუნძულის საკმაოდ ვრცელ ტერიტორიაზე მიკენური კულტურა (ან ცივილიზაცია) სწორედ ამ ტენდენციის წყალობით განივრცო. მიკენური ტიპის სასახლეები და მათ გარშემო არსებული დასახლებანი (მიკენი, ტირინფო, პილოსი, ათენი, თესალია...) საბერძნეთის საკმაოდ ვრცელ ტერიტორიაზე, შეიძლება ითქვას, ერთგვარ ცივილიზაციურ ქსელს ქმნიდნენ. და ეს, როგორც ჰომეროსი უწოდებს, ოქროუხვი და ძლევამოსილი ცივილიზაცია ყველაზე დიდი საომარი წარმატების შემდეგ, ტროაზე გამარჯვებიდან სულ მოკლე ხანში დაემხო.
ჩვ.წ.ა.-მდე XIII საუკუნის ბოლოს დაწყებულმა ჩრდილოეთ და ჩრდილოდასავლეთ ბალკანეთიდან შემოჭრილ ბარბაროს ბერძენთა დორიული ტომების შემოსევამ მიკენური კულტურის დონე უკან თითქმის ათასი წლით დაწია. ამ დაცემის ეპოქაში, როგორც ვარაუდობენ ჩვ.წ.ა.-მდე VIII საუკუნეში მცხოვრები ჰომეროსი წინა, „ილიადის“ გმირთა ხანას, „ოქროს საუკუნედ“ ამიტომაც მოიხსენიებდა. მაგრამ როგორც ბერძნების მაგალითიდან ჩანს, ინტენსიური კულტურის ფესვებს შესაფერის, სტაბილური განვითარების პირობებში ახალი, ცხოველმყოფელი ყლორტების გამოტანა ყოველთვის შეუძლია - კლასიკური ანტიკურბერძნული კულტურა და ცივილიზაცია, რომელიც დაცემის დორიულ პერიოდს მოჰყვა, წინა, მიკენური კულტურის „აღორძინებად“ შეიძლება იყოს მიჩნეული.
და აქ ხაზი ბერძნების ისტორიაში გამოვლენილ ერთ საინტერესო და საგულისხმო მომენტს უნდა გაესვას. ბალკანეთის ნახევარკუნძულზე შემოსვლის შემდეგ აქაელებმა ძლევამოსილი მიკენური ცივილიზაციის ჩამოყალიბებას დაახლოებით შვიდი საუკუნე მოანდომეს. დაცემის დასაწყისს, რომელიც დორიელთა შემოსვლას მოჰყვა და კლასიკურ, პოლისური ცივილიზაციის ჩამოყალიბების პერიოდს, დროის თითქმის იმავე ხანგრძლიობის მონაკვეთი ყოფს. ეს მაგალითი იმის თვალსაჩინო გამოვლენაა, თუ რა მძიმე და ხანგრძლივი პროცესია საჭირო იმისათვის, რომ ძირეული ტრადიციის ერთი ფორმა (ამ შემთხვევაში - აბელური) მეორეზე (კაენურში, ანუ ინტენსიურზე) გადაეწყოს.
ახლო აღმოსავლური რეგიონის კულტურული ტრადიციის წინა დასკვნის გათვალისწინებით განხილვისას აშკარა ხდება, რომ იმ რეგიონში, სადაც რამდენიმე ათასწლეულის განმავლობაში მომთაბარე და მეჯოგე მოდგმის ხალხთა პერმანენტული (უწყვეტი) გადაადგილება მიმდინარეობდა, მიწათმოქმედებაზე დაფუძნებულ კულტურას თვითგანვითარების საშუალებას, ანუ ხელშეუხებლობის პირობასა და საჭირო დროს არავინ მისცემდა. თუმცა ეს მოსაზრება გაგებული ისე არ უნდა იყოს, თითქოს აქ, ამ არეალში, ცივილიზაცია არ განვითარდა, ან პრიმიტიულ, საწყის აბელური ცხოვრების წესს ვერ გაცდა.
არადა, ცივილიზაციის ცალსახა განვითარების კონცეფციის მიხედვით, რომელიც ინერციისა თუ გაუაზრებლობის გამო ჩვეულ შეხედულებებში, როგორც წესი, აშკარა ან ფარული სახით დღესაც მონაწილეობს, სწორედ ასეთი დასკვნა შეიძლება გაკეთდეს. მართლაც, თუ ცივილიზაცია (თანაც ერთიანი, ანუ თანამედროვე, დასავლური) მიწათმოქმედთა დაფუძნებიდან იღებს სათავეს, მაშინ ლოგიკურია, რომ განვითარების დროსივრცითი ხაზი ან ვექტორი მიმართული მესოპოტამიიდან, და საერთოდ ამ რეგიონიდან, ევროპისაკენ უნდა იყოს. ასეთი ხედვით, გასაგებია, რომ დასაწყისი, ანუ ათვლის წერტილი ყოველთვის წარსულში იქნება და, შესაბამისად, ამ რეგიონის დღევანდელ მდგომარეობასაც ცივილიზაციის წინადღედ მიჩნევით მარტივი ახსნა ეძლევა.
მაგრამ ლოგიკა იმიტომაცაა ლოგიკა, რომ ძალმოსილი ორივე მხარეს არის. იმავე ვექტორის უკუმიმართულებით მკაცრ და ცალსახა განვრცობას უაზრობამდე მივყავართ - იქ, სადაც მიწათმოქმედებაზე დაფუძნებული ინტენსიური ცხოვრების წესი არ ჩამოყალიბდა, ცივილიზაცია საერთოდ არ უნდა არსებობდეს... ჰოდა, უაზრობისგან თავის დასაღწევად ისღა დაგვრჩენია, სრულიად გარკვევით აღვნიშნოთ, რომ ახლო აღმოსავლეთის რეგიონებში ათასწლეულების წინ გაორებული ძირეული ტრადიციის ექსტენსიური შტოს შესაბამისი ცივილიზაცია ჩამოყალიბდა. ამ ტიპის ცივილიზაციამ, რა თქმა უნდა, შეითავსა ან მოირგო ინტენსიური ცხოვრების წესის მიღწევები, მაგრამ ისე, რომ ძირეული, ექსტენსიური (აბელური) ტრადიციის პრიორიტეტი არ დარღვეულა.
არაბული უნივერსალური სახელმწიფოს, ხალიფატის, გეოგრაფიული მოხაზულობა, ტოინბის დაკვირვებით, ათასი წლით დაშორებული აქამენიდური ირანის შემოსაზღვრას თითქმის ზუსტად იმეორებდა. ხოლო აქამენიდური ირანი, თავის მხრივ, ასირიელთა დაწყებული საქმის გამგრძელებელი იყო, ასირიელები - ბაბილონელებისა და ა. შ. ამ რიგის დამაკავშირებელ, გამჭოლ ღერძს სწორედ ძირეული, ათასწლეულებში გარდამავალი ტრადიცია წარმოადგენდა. და თუ დღეს ჩამოთვლილის მსგავსი წარმონაქმნი, უნივერსალური სახელმწიფო ახლო აღმოსავლეთში აღარ არსებობს, ეს აღნიშნული ტრადიციის მოშლას სულაც არ გულისხმობს. კულტურა, მენტალობა, სოციალური გარემო ან, თუ გნებავთ, მსოფლაღქმა აქ ათასწლეულების განმავლობაში უპირატესად აბელური ტიპისა იყო და დღესაც ასეთად რჩება...
ანტიკურბერძნული პოლისური ცივილიზაციის წარმოშობამ გზა იმ დროისათვის სრულიად ახალ მიმართულებას გაუხსნა. თუ წინა, ხმელთაშუა ზღვის რეგიონში გაბნეული ინტენსიურ-სამიწათმოქმედო კულტურები, ლოკალიზაციის არსობრივ პრინციპს ვერ სცილდებოდნენ, ბერძნებმა საკმაოდ ვრცელი რეგიონის სისტემური მოცვის პრეცედენტი შექმნეს. ძირეულ ელემენტს, ანუ ატომს ამ სისტემისა, ბერძნული ქალაქი, პოლისი, წარმოადგენდა. პოლისი ტაძრებისა და სასახლეების გარშემო გაშენებული დასახლებისგან, ადრეული ქალაქისგან განსხვავებული წყობის წარმონაქმნი იყო.
და აქ კოსმოსური წესრიგისა და ჰარმონიის ხსენება შეიძლება განბნევის, გადახვევისა თუ აბსტრაქტული თემის ნაძალადევად შემოტანის მცდელობად იყოს მიჩნეული. ჩვენს სააზროვნო ტრადიციაში მიწისა და ცის ოპოზიციას ფესვი ღრმადა აქვს გამჯდარი. ანტიკური პერიოდის ბერძნული აზროვნება კი სწორედ ასეთი დაპირისპირების მორიგების მცდელობაა. დაშვება იმისა, რომ სამყარო ერთიანია და ეს ის პუნქტია, საიდანაც ბერძნული აზროვნება, ფილოსოფია იწყება, ინტენსიფიკაციის პროცესის კანონზომიერი გაგრძელებაა.
„თაღლითი“, როგორც რუსო უწოდებს, ანუ კაენი, მიწის შემოღობვის აქტით არა მხოლოდ ძმას (თანამოძმეებს) დაუპირისპირდა, არამედ ახალი „ცოდვის“ გამოსყიდვის, ხელუხლებელი ბუნების შელახვის, სამყაროს ქმნადობაში შეტანილი საკუთარი წვლილის გამართლების აუცილებლობის წინაშეც დადგა. ალბათ, სწორედ შემოსაზღვრული ნაკვეთისა და უსაზღვრო ველის ერთიან მთლიანობად წარმოდგენის (ან გაერთიანების) აუცილებლობა დაედო საბაბად სამყაროს ძველ ბერძნულ მეტაფიზიკურკოსმოსურ დასაბუთებას.
პითაგორელი ფილოლაოსი, რომლის ნაშრომების მიხედვითაც პლატონმა თავისი კოსმოსური ესთეტიკა (დიალოგი „ტიმეოსი“) შექმნა, ამტკიცებდა: „ბუნება და სამყაროს წყობა შედგენილი უსაზღვროსა და განმსაზღვრელის მიერ არის, ასევე - მთელი სამყარო და ყველაფერი, რაც მასში არის“ (დიოგენე,VIII, 7, 85). ხოლო იმის თვალსაჩინოდ წარმოსადგენად, რომ სამყაროს წყობა და ყველაფერი, რაც მასშია, საზღვრისა და უსაზღვროს შეერთების შედეგად არის შექმნილი, ფილოლაოსს სწორედ „სამიწათმოქმედო“ მაგალითი მოაქვს. მინდორზე, ფილოლაოსის დაკვირვებით, ერთდროულად და ერთად მიწის სამგვარი ნაწილი არსებობს: ერთი, რომელიც საზღვრებისაგან შედგება, მეორე - საზღვრებისაგან და შემოუსაზღვრავი ნაკვეთებისაგან შემდგარი, რომლებიც ერთდროულად საზღვრავენ და არ საზღვრავენ, ხოლო მესამე - შემოუსაზღვრავი სივრცე.
მართალია, ამ ორ, ერთმანეთთან არც იგივეობით და არც მსგავსებით დაკავშირებულ საწყისს - „საზღვარსა და უსაზღვროს“ - პითაგორელთა აზრით (ზოგადად კი ანტიკური მსოფლხედვით) კოსმოსური ჰარმონია აერთიანებს, მაგრამ ეს შეხედულება მხოლოდ „ციდან მოტანილი“ არ ყოფილა. რეალურ ადამიანურ საზღვრებში, ანუ ფსიქიკაში, ბუნების უსაზღვრო და შლეგი ძალების ანარეკლის არსებობას ჯერ კიდევ წინა, დიონისურ-ორფეოსული (ორგიაზმული) ტრადიცია უშვებდა. პრაგმატულ სფეროში, სამიწათმოქმედო და ყოფით ტრადიციაში კი უსაზღვროს შემოსაზღვრის გეომეტრიული გადაწყვეტის ათასწლოვანი გამოცდილებაც არსებობდა.
და სწორედ ამიტომ კაენური ტრადიციის კულტურაში, როგორც ზემოთ აღინიშნა, დაფუძნებიდან მომდინარე დასაზღვრის, ანუ ფორმის მიცემის პრინციპი სოციალური ურთიერთობის სფეროსაც უნდა შეხებოდა. ის ფაქტი, რომ სიტყვა „კოსმოსი“ (κωσμοζ) თავდაპირველად ადამიანთა კანონზომიერ განლაგებას (მეომართა წყობას) აღნიშნავდა და ცის თაღს მხოლოდ შემდგომ მიესადაგა, სწორედ გამოთქმულ მოსაზრებას უნდა ადასტურებდეს.
ამიტომ ფილოლაოსის მიერ მოტანილი - მინდორზე საზღვრისა და უსაზღვროს შეთავსების მაგალითი არა შემთხვევითი, არამედ სწორედ არსობრივი ტრადიციიდან მომდინარეა. და ახლა თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ანტიკური პერიოდის ბერძნების წარმოდგენით სფერული ფორმის კოსმოსს, ჰარმონიის კანონის თანახმად, მიწაზე წრე შეესაბამება, მაშინ მიწის ნაკვეთების განლაგებაც მთლიანობაში ციკლურ (κικλοζ ბერძნულად „წრე“) ფორმას უნდა ქმნიდეს. სამიწათმოქმედო ნაკვეთებით გარსშემორტყმული ანტიკური ქალაქი, ანუ პოლისი, სწორედ ამ მოდელის რეალურ ხორცშესხმას წარმოადგენდა.
ბერძნების წარმოდგენით, თუ ადამიანი ცვლის ბუნებრივ გარემოს, საზღვრავს და აცალკევებს მის გარკვეულ ნაწილებს, მაშინ დედამიწის დასახლებული არეალი, ანუ ოიკუმენა სფერული ცის თაღის კოსმოსურ ჰარმონიას მხოლოდ აღნიშნული პოლისური კონფიგურაციით უნდა მორგებოდა. ამასთან, იმავე ჰარმონიის კანონიდან გამომდინარე, წრიული პრინციპით აგებული ან ნაკვეთთა რგოლით შემოფარგლული პოლისის შიდა საწყისი, ანუ ცენტრი, გარე რგოლებთან (მათ შორის შემოუსაზღვრავ, ანუ აქტუალური უსასრულობის პრინციპის მიხედვით ისევ რგოლურ ფორმასთან) პროპორციულ დამოკიდებულებაში უნდა ყოფილიყო.
ასეთ ადგილს პოლისში აგორა წარმოადგენდა. ხოსე ორტეგაიგასეტი ერთგან აგორას ბლითის (რუსები бублик-ს რომ უწოდებენ) ცარიელ ხვრელს ადარებს. და ამ ხუმრობანარევ შედარებაში „სიმართლის ნატამალი“ ნამდვილად არის - აგორა არა მარტო წრიული დასახლების „ჩანასახური“ საწყისია, არამედ და იმავდროულად, შემოუსაზღვრავის პირველადი შემოსაზღვრის „კვალიც“ არის და ამის გამო პოლისის გარეთ დარჩენილ უსაზღვრო არესთან სიმბოლურ-პროპორციული მიმართების მატარებელიცაა.
აგორა ის ადგილია, სადაც, მიუხედავად სიცარიელისა, ინტენსიფიკაციის პროცესს სივრცული შემჭიდროების ხარისხი უკიდურესად მაღალ დონემდე მიჰყავს. ეს მომენტი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ინტენსიურ და ექსტენსიურ ტრადიციათა დაპირისპირების წინა ტოპოლოგიური შესატყვისი ველიმინდორი (ან ნაკვეთი) ველიაგორათი შეიძლება შეიცვალოს, რადგან ამ მეორე წყვილის კონტრასტი უფრო მკვეთრი, თვალშისაცემი და, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, უფრო დამახასიათებელიცაა.
ამას გარდა აგორას, ამ „ცარიელ ხვრელს“ ერთგვარი, „შავი ხვრელის“ მსგავსი თვისებაც შეიძლება მიეწეროს. მას თითქოს ყველაფრის მიზიდვის უნარი აქვს - ადამიანებისაც და იმისაც, რაც ადამიანს შეუქმნია. მიმოცვლისა და შეხვედრის ადგილად ყოფნის ეს ფუნქცია მეტად მნიშვნელოვანია, რადგან აგორას, თანამედროვე გაგებით, ადრეული ან პირველი „საჯარო ველიც“ კი შეიძლება ეწოდოს. აქ საგნობრივთან ერთად (აგორაცა და რომაული ფორუმიც უპირველესად საბაზრო მოედნებია) კონცეპტუალური და სიმბოლური გაცვლაც ხდებოდა. კაცობრიობა აგორასაგან დავალებული პოლიტიკურ დემოკრატიული ფორმების გარდა იმ კონცეფციებითა და იდეებითაც არის, რომელიც, მამარდაშვილისეული კალამბური რომ მოვიხმოთ, აგორაზე გორვით ჩამოყალიბდა...
როგორი ძლიერიც არ უნდა ყოფილიყო „აგორას ველი“, ინტენსიური კულტურის კრისტალიზაციის პოლისური არეალი ტრადიციულ ლოკალური მოცვის ფარგლებს მაინც ვერ სცდებოდა. ანტიკურ-ბერძნული კულტურა შეეცადა, მთელ ოიკუმენას ცივილიზაციური სისტემის, ანუ ისევ კოსმოსური ანალოგიიდან მომდინარე „პოლისური ბადის“ საშუალებით გასწვდომოდა. მაგრამ ბალკანეთის ნახევარკუნძულის გარდა ცალკეული პოლისური წარმონაქმნები, კოლონიებისა და სავაჭრო ფაქტორიების სახით, დასავლეთით მხოლოდ აპენინის ნახევარკუნძულსა და სიცილიაზე, ხოლო აღმოსავლეთით მცირე აზიასა და უმნიშვნელო რაოდენობით შავი ზღვის სანაპიროზე დაარსდა.
პოლისური ცივილიზაციის განვრცობის შემდგომ მცდელობას, ალექსანდრე მაკედონელის შეჭრას ახლო აღმოსავლეთში, მართალია, საბაბად აქამენიდური ირანის დასავლეთით მიმართული აგრესია დაედო, მაგრამ სამხედრო-პოლიტიკურთან ერთად ამ ქმედებას კაენური ტრადიციის კულტურის ფართომასშტაბიანი ექსპანსიის მიზანიც ჰქონდა. ელინიზმის ეპოქა, რომელიც ამ ორი, ანტიკურელინური და აღმოსავლური, ტრადიციის „შეხვედრას“ მოჰყვა, შეიძლება ითქვას, უფრო კომპრომისულეკლექტიკურ მორიგებას გულისხმობდა, ვიდრე რომელიმე ტრადიციის დომინირებას.
საბოლოოდ კი ალექსანდრე მაკედონელის იმპერიის ან, უფრო სწორად, მისი დაშლის შედეგად წარმოშობილი სახელმწიფო წარმონაქმნების პოლიტიკური სისტემა კვლავ ადგილობრივ, აღმოსავლურ, ანუ ექსტენსიური ტიპის, ტრადიციას დაეფუძნა; ხოლო პოლისური ცივილიზაციის, ანუ კაენურ-ინტენსიური, ტრადიციის ტარებისა და განვრცობის ფუნქცია ამ ელინისტურ პერიოდში რომმა იკისრა.
რომაული სახელმწიფო, პირველ რიგში, სწორედ კაენურინტენსიური ტრადიციის განვრცობის შედეგია და ელინური პოლისური ცივილიზაციის მემკვიდრედ მისი მიჩნევა მხოლოდ ამ ფაქტორის გათვალისწინების შემდეგ შეიძლება. მართალია, ზოგი მკვლევარი ან კონცეფცია რომაულ კულტურას მეორეულად, ანტიკურ-ბერძნულის სახეცვლილებად მიიჩნევს, მაგრამ ასეთი მიდგომა, ეტყობა, მაინც ანალოგიურობიდან მომდინარე აბერაციის ან ცთომის შედეგია.
რომაული არქიტექტურაც, ქანდაკებაც, თეატრიცა და ფილოსოფიაც, რა თქმა უნდა, ელინურიდან მომდინარეობს. ამასთან ერთად, რომაულ პანთეონში შესული ლათინიზირებული ბერძნული ღვთაებანი ორი კულტურის ერთიანობისა და მათ შორის გარდამავალი კავშირის არსებობის შთაბეჭდილებას კიდევ უფრო დამაჯერებელ იერს აძლევს. მაგრამ ეს ყველაფერი გვიანდელი რესპუბლიკისა და იმპერიის სწორედ მიზანმიმართული მორგება-ჩართვის პოლიტიკის შედეგია. თავდაპირველად კი რომულუსის მიერ დაფუძნებული დასახლება, გადმოცემისა და ლეგენდის მიხედვით, სწორედ ბერძნებთან დაპირისპირებული ქალაქის (კულტურის) - ტროას - მემკვიდრედ ცხადდებოდა (ძმები რემუსი და რომულუსი ტროადან გამოსული გმირის, ენეოსის, შთამომავლებად მიიჩნევიან).
თუ რომაული ლეგენდის ქრონოლოგიას დავუჯერებთ, რომ რომი მართლაც ჩვ.წ.ა.-მდე 753 წელს დაარსდა, მაშინ გამოდის, რომ ბერძნულ-ელინური ცივილიზაცია არა შორიახლო, მეზობლად, არა მხოლოდ ზღვის მეორე მხარეს ან კუნძულ სიცილიაზე, არამედ უშუალო სიახლოვეში, თვით ნახევარკუნძულზეც თანაარსებობდა. ისტორიული წყაროები გვამცნობენ, რომ ადრეულშიც და განსაკუთრებით კი კლასიკურ ეპოქაში, იტალიის ტერიტორიაზე მრავალ ბერძნულ ფაქტორიასთან ერთად ელინური ცივილიზაციის უაღრესად მნიშვნელოვანი ცენტრებიც არსებობდა (პითაგორიზმი, ელეელები). ასე რომ, როგორც ჩანს, რომი თავიდან ელინური ცივილიზაციის ალტერნატიული წარმონაქმნის ფუნქციას ასრულებდა.
თუმცა საკაცობრიო ისტორია მრავალი მსგავსი მაგალითით მდიდარია, მაინც საოცარია, რომ გამალებული დაახლოება ან რომის ელინიზაცია მხოლოდ ჩვ. წ.მდე II საუკუნიდან, ანუ მას შემდეგ დაიწყო, რაც რომმა საბერძნეთი საბოლოოდ დაიპყრო. „პირქუშ ლაციუმში ხელოვნებათა შეტანით დატყვევებულმა საბერძნეთმა უკმეხი დამპყრობი თავად დაატყვევა“ - ჰორაციუსის ეს გამონათქვამი, რა თქმა უნდა, პოეტური ჰიპერბოლიზაციის მაგალითია. სინამდვილეში რომაული ცივილიზაციის საფუძვლებს ან საყრდენებს ცვლილება არ განუცდია, ძირითადი ღირებულებანი (ღვთაებათა და წინაპართა თაყვანისცემა, სამართალი, სამოქალაქო ღირსება და სხვა) ადრეული რომიდან იმპერიის ბოლო დღეებამდე, ყოფით დონეზე თუ არა, ოფიციალურად მაინც ერთნაირად დომინირებდნენ.
მართალია, ელინურმა ხელოვნებამ რომის იერ-სახე ძალზე თვალშისაცემად შეცვალა, მაგრამ იმ დროს და უფრო გვიანაც რომაულ სივრცეს კვალს აღმოსავლური კულტურაც ამჩნევდა (თუნდაც, ვთქვათ, პომპეის კედლის მხატვრობა, რომელიც ეგვიპტური ზეგავლენის მაგალითია). და საერთოდ, ელინური კულტურა (ძირითადად ხელოვნება და ფილოსოფია) მაინც უფრო რომაული საზოგადოების ზედა ფენაში იყო მიღებული. ისტორიული წყაროები ცხადყოფს, რომ მოსახლეობის ან მოქალაქეთა მნიშვნელოვან ნაწილში აღმოსავლეთიდან შემოსული სხვადასხვა რელიგიური კულტისა თუ წესჩვეულების გავრცელება უკვე გვიანი რესპუბლიკის პერიოდიდან იწყება. იმპერიის დაცემის წინა წლებში კი, როგორც ცნობილია, ამ ტენდენციამ „მასობრივი ეპიდემიის“ სახე მიიღო...
და ასეთი მდგომარეობის, ასეთი „აღრევის“ მხოლოდ იმპერიის არეალში მოხვედრილ მრავალ კულტურათა შორის მიმდინარე ურთიერთდიფუზიისა თუ ურთიერთმორგების თავისთავადი, სპონტანური პროცესით ახსნის მცდელობა არასაკმარისთან ერთად არადამაჯერებელიც უნდა იყოს. არსობრივი წვდომისთვის საგულისხმო მინიშნებას ან ბიძგს არც უკვე ძალზე ზოგადი, საყოველთაოდ მიღებულ მტკიცებად (ინგლისელები რომ იტყვიან, common sense-ად) ქცეული აბელურ და კაენურ ან ინტენსიურ და ექსტენსიურ კულტურათა დაპირისპირების კონსტატაცია მოგვცემს. ხსენებულ კონტექსტში ელინურ პოლისურ ცივილიზაციასაც და რომაულ „უნივერსალურ სახელმწიფოსაც“ ერთნაირი, ცნებით-ნომინაციურად უძრავი და ხისტი განსაზღვრება - ადგილი ეძლევა.
არადა, ზემოთ უკვე აღინიშნა, რომ კაენურმა ტრადიციამ ხმელთაშუა ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში ცივილიზაციის ორი პრეცენდენტი შექმნა. მიუხედავად იმისა, რომ ორივე მათგანი ამავე რეგიონში არსებულ უფრო ძველ, აბელური ტრადიციის აღმოსავლურ ცივილიზაციებს უპირისპირდებოდა, თითოეულის არსებობა განპირობებული იყო საერთო ტრადიციის განსხვავებული მსოფლგანცდითი განაზრებით.
ტრანსცენდენტურისკენ, კოსმოსური ჰარმონიისაკენ მიმართულმა ელინურმა აზროვნებამ დასაზღვრის ან ფორმირების პრინციპს დამატებითი განზომილება და შესაბამისი სიმწყობრე შესძინა. რომაელები კი „ბრტყელ“ განზომილებაში დარჩნენ, დასაზღვრის არსობრივად ინტენსიური პრინციპით უსაზღვროს, ანუ ექსტენსიურის მოცვა განიზრახეს. ან, სხვანაირად, რომაელები სამყაროს გრძნობადი აღქმის, მითოსური ცნობიერების იმ დონეს ვერ გასცდნენ, სადაც, გაუგებართან და მოუაზრებელთან „შეყრა“ ან/და შეუთავსებლის შეთავსების ყოველი მცდელობა, როგორც საკაცობრიო კულტურის ისტორია ცხადყოფს, ფარულ საიდუმლოთა განმასახიერებელ ქიმერულ არსებათა „გამოხმობით“ მთავრდებოდა.
ქიმერას კი, როგორც ცნობილია, საკუთარი ცხოველმყოფელი ენერგიის გამომუშავება არ შეუძლია, მისი არსებობა მთლიანად მასობრივი ემოციის, ძრწუნვის ფსიქოენერგეტიკაზეა დამოკიდებული. იქამდე, ვიდრე რომაული სახელმწიფოს სივრცეში მონათესავე, კაენური ტრადიციის ხალხი თუ თემები ერთვებოდნენ, ორსახოვანი იანუსის სიმბოლო მიმდინარე სასაზღვრო მიჯნათა თავშეყრაგან ჭოლვის პროცესს საკმაოდ კარგად ერგებოდა. მას შემდეგ კი, რაც ამ სივრცეში განსხვავებული, აბელური ტრადიციის ხალხის ჩართვა დაიწყო, უნივერსალური სახელმწიფოს რომაულმა მოდელმა, კომპიტალური (ლათ. compitum - გზაჯვარედინი, მებოძირი) თემის პრინციპმა ადრეული ორგანულობა დაკარგა.
რომაულ სივრცეში აბელური ტრადიციის ხალხის ჩართვას წინაპართა თუ გმირთა სულით გაჯერებულ ძირეულ ღირებულებათა „ადამიანური“ ზემოქმედების მუხტის თანდათან შემცირებაც მოჰყვა. ორსახოვანი ღვთაების სიმბოლიზმმა პატივისცემა-მოწიწების ნაცვლად ძალდატანებისა და ძრწოლა-შიშის ქიმერული ელფერი შეიძინა. სასიცოცხლოშემოქმედებითი ორგანული ბმებიდან „გამოთავისუფლებული“ სულიერი ენერგია დესტრუქციულში გარდაისახა. შედეგად, ამგვარ გარემოში ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა „ახალი ერთობის“, პლებსის, გაუწონასწორებელი მისწრაფებანი რომს მუდმივი დაძაბულობის, ხან ჩაგრულისა და ხანაც მჩაგვრელის ტერორის ვითარებაში ამყოფებდა... ამიტომაც, შეიძლება ითქვას, რომ ვანდალებზე ადრე რომს შიდა ბარბაროსი, პლებსი, შეესია...
დასასრულ, ალბათ უნდა აღინიშნოს, რომ რომაულმა ცივილიზაციამ უმნიშვნელოვანეს მიღწევებთან ერთად ცთომათა სამაგალითო გამოცდილებაც დაგვიტოვა. ბარბაროსთა შემოსევის შედეგად რომის დაცემის ისტორიული ფაქტის საბურველს მიღმა სწორედ დღეისთვისაც აქტუალური მნიშვნელობის ცთომის მაგალითი დევს: კულტურულ ტრადიციათა, ღირებულებათა „შეხვედრა“ გზათა ან მიჯნათა შეყრის ანალოგიური არ არის. ფსიქოემოციური „ფესვების“ მქონე ფენომენები საცნაურნი ან გაზიარებულნი მხოლოდ გვერდიგვერდ განლაგებით ან დისტანციის (თუნდაც გლობალური) გადალახვით არ ხდება. ან, სხვა სიტყვებით, ღირებულებათა რაგინდ მჭიდრო განთავსება ერთიანი შემკრები ზეგანზომილების გარეშე ალაგის ეფემერულობას ვერ გასცდება, სანიადაგო ადგილად ვერ იქცევა...
და კიდევ, შესაძლო შემოდავების ასაცილებლად: დიახ, ელინები, ასე ვთქვათ, გავიდნენ ზეგანზომილებაში; დიახ, მართალია, რომ ამ გასვლამ მათი ცივილიზაცია მაინც ვერ გადაარჩინა... მაგრამ ეს შემთხვევა რომაულისაგან სრულიად განსხვავებულია - ელინები არა აღმოსავლურის ან რომაულის მსგავს „უნივერსალურ სახელმწიფოს“ აშენებდნენ, არამედ კოსმოსური ჰარმონიის შესატყვის ზესახელმწიფოებრივი ცივილიზაციის შექმნას ცდილობდნენ. და ამ მცდელობის წარუმატებლობის მიზეზი, ან ელინთა „დანაშაული“ ის არის, რომ მათი „მოცალეობითი“ განაზრება-ჭვრეტა ტრანსცენდენციულში გასვლით თანადროულ მსოფლიოს, თანადროული კაცობრიობის შესაძლებლობათა დონეს ძალზე დაშორდა. რამდენიმე საუკუნის შემდეგ ქრისტიანულ კულტურაში ელინური მეტაფიზიკის კვლავ აღდგომა სწორედ გამოთქმული მოსაზრების დასტური უნდა იყოს... მაგრამ ამ და სხვა საკითხების შესახებ საუბარი შემდეგ, მომავალ წერილში გაგრძელდება...
![]() |
3.4 რეიტინგის დიქტატურა |
▲back to top |
ნანა ზარდიაშვილი
ვთქვათ, რომ განათლების წყურვილი უსაზღვროა, მაგრამ ხომ განათლდი, გეყოფა - ზედმეტი რაღა საჭიროა!
ფიოდორ დოსტოევსკი, დანაშაული და სასჯელი
როგორ იწყება ჩემი დღე? გაღვიძებისთანავე ძილის წინ ბალიშის ქვეშ შენახულ დისტანციური მართვის პულტს ვიღებ და ტელევიზორს ვრთავ. როგორ მთავრდება ჩემი დღე? იმავე დისტანციური მართვის პულტზე ავტომატური გამორთვის რეჟიმს ვაყენებ და ტელევიზორის გუგუნის თანხლებით ვიძინებ. ზუსტად ასევე იქცევიან ჩემი შვილებიც. ჩვენი ცხოვრების soundtrack-ი ის ხმებია, რომელიც ტელეეკრანიდან ისმის, ეფექტურად ახშობს შფოთიან აზრებს და არა მხოლოდ შფოთიანს. ამბობენ, რომ მოზარდი თავისი ცხოვრების 35-40%-ს ტელეეკრანთან ატარებს, ზრდასრული ადამიანი - 0,25%-ს. გამოვითვალე, რომ უკვე 12 წელი უწყვეტად, ფეხმოუცვლელად ტელეეკრანთან გავატარე და შემეშინდა.
* * *
კარგად მახსოვს ჩვენი პირველი შეხვედრა - ჩემმა მეზობლებმა, აირაპეტოვებმა, ტელევიზორი იყიდეს. საღამოობით ეზოს ბავშვები მათთან მულტფილმების საყურებლად დავდიოდით. მერე ჩვენც გაგვიჩნდა ერთი ბეწო, ვერცხლისფერი „ზარია“. პირადად ჩემთვის სწორედ მაშინ დაიწყო ერა, რომელსაც ახლა საინფორმაციოს უწოდებენ. იმ დროს ტელევიზია შეზღუდული დროით მაუწყებლობდა, თავისი პროგრამის უდიდეს წილს საინფორმაციო გამოშვებებსა და მრეწველობაზე, სოფლის მეურნეობაზე, სოციალისტურ შეჯიბრებებზე გადაცემებს უთმობდა. იყო რამდენიმე საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის ყურებაც ღირდა და რომელიც გვიყვარდა, კიდევ ფილმები და მორჩა. ამიტომ დრო ბევრი გვქონდა და ამ თავისუფალ დროს ყველა თავისებურად ვატარებდით: ზოგი ეზოში თამაშობდა, ზოგი სტუმრად დადიოდა, ზოგი მშვენიერ საუბრებში მონაწილეობდა, ზოგიც წიგნს კითხულობდა.
საბჭოთა ტელევიზიის უმთავრესი ფუნქცია ყველასთვის გასაგები იყო: ის ერთ საქონელს - განვითარებულ სოციალიზმს - უწევდა რეკლამას. ეთერში მხოლოდ ერთი, ცენტრალური, საკავშირო და ერთიც რესპუბლიკური ტელევიზია გადიოდა. არ არსებობდა არავითარი სატელევიზიო ბაზარი, კონკურენცია და, შესაბამისად, არავინ იცოდა სიტყვა რეიტინგი. მახსოვს, როგორი ინტერესით ვისმენდი ამბებს იმაზე, რომ ამერიკაში უამრავი არხი აქვთ - 60 და რომელსაც გინდა, იმას შეხედავ. ისიც მახსოვს, როგორ მინდოდა მენახა თუნდაც ერთი უცხოური გადაცემა, თვალი შემევლო რომელიმე პროგრამისთვის, რომელსაც ჯადოსნური სიტყვა „შოუ“ ერქვა.
მერე მე ტელეჟურნალისტი გავხდი და ტელევიზიაში დავიწყე მუშაობა. უკვე „პერესტროიკის“ დროს ე.წ. ცენტრალურმა ტელევიზიამ დასავლური ტელეარხების შესახებ სატელევიზიო ციკლი წამოიწყო. მაშინ ვუყურე პირველად გასართობ „თოქ-შოუს“ - მოხუცი ქალები თავის ახალგაზრდა ქმრებთან ქორწინებისა და თანაცხოვრების დეტალებზე ლაპარაკობდნენ. ამ დეტალებმა, ცხარე დისკუსიამ „არაფერზე“ ისე გამაოცა... მომეჩვენა, რომ ეს ყველაფერი აბსურდულობით სულაც არ ჩამოუვარდებოდა არც „ვრემიას“ და არც „ნა სტრაჟე იუჟნიხ რუბეჟეის“. ვერაფრით გავიგე, რატომ უნდა მესმინა ამ მოხუცი ქალებისათვის... „სხვა კულტურაა“ - დავიმშვიდე თავი და რადგან უკვე ვიცოდი, რომ სხვა კულტურისა და განსხვავებულობისთვის პატივი უნდა მეცა, ამიტომ მეც ავდექი და პატივი ვეცი.
გავიდა დრო. ჩვენ განვითარებული სოციალიზმის შენებას თავი მივანებეთ და ღია, სამოქალაქო, სამართლებრივი საზოგადოების შენება დავიწყეთ. ცენზურა შეწყდა, სიტყვა გათავისუფლდა, გაჩნდა თავისუფალი ბაზარი და კონკურენცია. მასობრივი კომუნიკაციების საშუალებებმა სრულიად ახალი ფუნქციები შეიძინეს. მე კი ისევ ტელევიზიაში ვმუშაობდი და ვცდილობდი, დროის სულისთვის არ მე ღალატა. ყველა ციკლში, რომლის ავტორიც ვიყავი, ნოვაციას და ნოვატორებს, რეფორმებსა და რეფორმატორებს ვაქებდი. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, თანადროულობისადმი ადეკვატურობა მაინც მაკლდა. სულ ვოცნებობდი ერთიორი ისეთი საგანმანათლებლო ციკლი წამომეწყო, რომელიც მასობრივ მაყურებელს არ გაითვალისწინებდა და მცირე, სპეციფიკურ სამიზნე ჯგუფზე იქნებოდა გათვლილი. მით უფრო, რომ არხი, რომელზეც ვმუშაობდი, საგანმანათლებლო მაუწყებლობას თავის უმთავრეს პრიორიტეტად ასახელებდა. მაგრამ მე და ჩემს ძველმოდურ მისწრაფებებს წინ ობიექტური გარემოებები ეღობებოდა. ამ გარემოებას რეიტინგი ერქვა, ის რეიტინგი, რომელიც ცოტა ხნის წინ სულაც არ არსებობდა და რომელიც ახლა ყველაფრის საზომად იქცა. Excel-ის ცხრილებში ჩამოწიკწიკებულ პროცენტულ მაჩვენებლებს ვერავითარ კონტრარგუმენტს ვერ დაუპირისპირებდი - საქართველოს მოსახლეობას ჭკვიანური გადაცემები არ სჭირდებოდა. სოციოლოგები გვიმტკიცებდნენ, რომ მონაცემები სწორი მეთოდოლოგიით ითვლებოდა და სავსებით რეპრეზენტატიული იყო. არ დაფიქრებულხართ, რა ძალა აქვთ რიცხვებს? თვალის ტუში, რომელიც წამწამების სისქეს 20%-ს მატებს; შამპუნი, რომელიც 34%-ით ამცირებს ქერტლის წარმოქმნის საშიშროებას; კრემი, რომელიც 97%-ით სპობს ცელულიტს და პარტია, რომელმაც ხმების 99% მოიპოვა. რიცხვები, რიცხვები, რიცხვები... ნუთუ ნუმეროლოგია კვლავ აქტუალურია? ყოველ შემთხვევაში მე, როგორც პროფანი, ქვევიდან ზევით შევყურებ ჩვენი დროის მაგებს, სოციოლოგებსა და მარკეტოლოგებს, მათ იდუმალ მანიპულაციებს და იძულებული ვარ ვირწმუნო ის, რაშიც მარწმუნებენ.
თანამედროვე ტელევიზიაში ყველაზე „მაგარ“ პროფესიონალად ის ითვლება, ვინც შეძლებს მაქსიმალურად „დიდი სეგმენტის დაფარვას“, ყველაზე ფართო „სამიზნე ჯგუფის“ გულის მოგებას, ანუ მაყურებელთა ყველაზე დიდი პროცენტის მოხიბვლას. თენდება, ტელევიზიებში „პროფესიონალები“ მიდიან და დაღამებამდე ცდილობენ მასობრივი მაყურებლის სურვილის ამოცნობას, მისთვის სიამოვნების მინიჭებას. ტელეჟურნალისტის პროფესიონალიზმი, მისი ადეკვატურობა, დროსთან შესაბამისობა სწორედ ამ უნარით ფასდება და იზომება. მიზეზი მარტივია, ტელევიზიის შემოსავალი დღეს რეკლამაზეა დამოკიდებული, რეკლამას კი მხოლოდ იმ პროექტებში დებენ, რომელსაც ყველაზე დიდი აუდიტორია ჰყავს. ყველაზე დიდი აუდიტორია კი მასობრივია, ანუ მასაა.
მასა იგივეა, რაც რიგითი ადამიანი. ჩვენი დროის თავისებურება ისაა, რომ რიგითი ადამიანი სულაც არ იტყუებს თავს საკუთარი „რიგითობის“ თაობაზე, პირიქით, უშიშრად იბრძვის რიგითად ყოფნის უფლებისთვის, ყველას და ყველაფერს ამ რიგითობას აწონებს. როგორც ამერიკელები იტყოდნენ - გამორჩეულობა ცუდი ტონია. მასა ანადგურებს ყველაფერს განსხვავებულს, პიროვნულს, საუკეთესოს. მას, ვინც სხვებისგან გამოირჩევა, ვინც თავისებურად ფიქრობს, განდევნის საფრთხე ემუქრება. სამყარო ყოველთვის მასისა და დამოუკიდებელი უმცირესობის არაერთგვაროვან ერთიანობას წარმოადგენდა. დღეს მთელი სამყარო მასად იქცა. ხოსე ორტეგა-ი-გასეტი, მასების ამბოხი. |
როცა ახალგაზრდა ვიყავი, მასობრივი კომუნიკაციის საშუალებათა მთავარი დამკვეთი და მომხმარებელი კომპარტია იყო, ახლა - მასობრივი, ანუ რიგითი მაყურებელი და, მისი შემყურე, რეკლამის მომცემი/დამკვეთი. მასობრივი მაყურებლის ნება კი პროცენტებით გამოითქმება.
მასა რეფერენტი არ არის, რადგან წარმოდგენის რიგს აღარ განეკუთვნება. ის არ გამოხატავს თავს - მას ზონდირებას უკეთებენ. ის არ რეფლექსირებს - მას ტესტირებას უტარებენ.
ჟან ბოდრიარი, მდუმარე უმრავლესობის ჩრდილში |
ზონდირებისა და ტესტირების შედეგები კი ასეთია: მასას ნებავს იუმორისტული გადაცემა 35%-ით უფრო მეტად, ვიდრე რაიმე სხვა, საინფორმაციო გამოშვებები - 21%-ით უფრო ძალიან, ვიდრე რაიმე სხვა, ხოლო საგანმანათლებლო - მხოლოდ 3%-ით უნდა, ან კიდევ უფრო ნაკლებად და სულ უფრო ნაკლებად. მისი სურვილი იმპერატიულია, უპირობოდ შესასრულებელი. და თუ წინათ შეიძლებოდა ცენზურისთვის გვერდი აგევლო, მოგეტყუებინა, რიგით, იმავე მასობრივ მაყურებელს, ვერაფერს მოუხერხებ. და მე მივხვდი, რომ ტელევიზიამ და სატელევიზიო ბაზარმა განახორციელა ის, რაც ასე მოეწონებოდა ლენინს: მუდმივმოქმედი და უწყვეტი „პროლეტარიატის დიქტატურა“. ალბათ ცხადია, რომ როდესაც ვამბობ სიტყვა „პროლეტარიატს“, სულაც არ ვგულისხმობ იმ ადამიანებს, ვინც მძიმე შრომით შოულობს ლუკმაპურს. უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ უმრავლესობამ უმცირესობა სასტიკად დაამარცხა. მე კი ასე მიხაროდა ლიბერალური დემოკრატიის „დადგომა“, რადგან ვიცოდი, რომ ლიბერალიზმი უმცირესობას უმრავლესობის დიქტატისგან იცავს.
ლიბერალიზმი, და დღეს ეს აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, დიდსულოვნების ზეობაა: ეს ის უფლებაა, რომელსაც უმრავლესობა უმცირესობას უთმობს, დედამიწაზე ოდესმე გაჟღერებულ შეძახილთა შორის ეს შეძახილი ყველაზე კეთილშობილურია. მან გვაუწყა, რომ ამიერიდან მტრის არსებობას, რაც მთავარია, ჩვენზე სუსტი მტრის არსებობას, ვეგუებით. არავინ ელოდა, რომ კაცობრიობა ასეთ ნაბიჯს გადადგამდა, ასეთ ლამაზს, ასეთ პარადოქსულს, ასეთ ნატიფს, ასეთ აკრობატულს, ასეთ არაბუნებრივს. ხოსე ორტეგა-ი-გასეტი, მასების ამბოხი |
მართლაც, ეს ყველაფერი ძალზე პარადოქსულია, ყოველ შემთხვევაში, ემთვის: თუ დემოკრატია და თავისუფალი ბაზარი განუყოფელი ნებებია, ხოლო ავისუფალი ბაზრის პირობებში მომხმარებელი „ისტორიის მთავარი მოქმედი გმირია“ (ჟან ბოდრიარი, მდუმარე უმრავლესობის ჩრდილში), რადგან ის დამკვეთი და კლიენტია, ხოლო მომხმარებელი მასობრივი ცნებაა, მაშინ როგორღა იცავს ლიბერალიზმი უმცირესობას უმრავლესობისგან? შეხედეთ კინო - და ტელეინდუსტრიას, ზოგადად პროცესს, რომელსაც კულტურულს ვუწოდებთ, რეიტინგით მართულს, მასზე უპირობოდ დამოკიდებულს, მისი სურვილის მორჩილს.
ყოველთვის მიაჩნდათ, რომ მასები ინფორმაციის მასობრივ საშუალებათა გავლენას განიცდის... მაგრამ კომუნიკაციის პროცესის ასეთი გამარტივებული გაგებისას ვერ ვამჩნევთ მთავარს: მასა ბევრად უფრო ძლიერი მედიუმია, ვიდრე ყველა მასობრივი ინფორმაციის საშუალება ერთად აღებული და შესაბამისად ისინი კი არ იმორჩილებენ მასებს, პირიქით, მასები ნთქავენ და იპყრობენ მას, ან, ყოველ შემთხვევაში, მორჩილებას გაურბიან. არსებობს არა ორი, არამედ მხოლოდ ერთი დინამიკა - დინამიკა მასისა და ამავე დროს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა. Mass(age) is message.
ჟან ბოდრიარი, მდუმარე უმრავლესობის ჩრდილში |
ვიცი, რომ ბანალურ შეკითხვებს ვსვამ, მაგრამ გეფიცებით, მე უბრალოდ ათასჯერ გაგონილს კი არ ვიმეორებ, ყველა ეს კითხვა კიდევ ერთხელ თავისთავად დაიბადა ჩემში, როგორც კონკრეტული, ხელშესახები გამოცდილების პროდუქტი.
სურვილის გენერატორი
მიგიქცევიათ ყურადღება, როგორია „სარეკლამო ჭრები“ არჩევნების დროს? მიახლოებით ასეთი:
● სარეკლამო ტიხარი
● „Always“-ის სარეკლამო რგოლი
● „Head and shoulders“-ის სარეკლამო რგოლი
● პოლიტიკური პარტიის სარეკლამო რგოლი
● სხვა პოლიტიკური პარტიის სარეკლამო რგოლი
● კბილის პასტის სარეკლამო რგოლი და ა.შ.
● სარეკლამო ტიხარი
ზუსტად ამ ლოგიკითვეა განლაგებული ბანერები ქუჩაში - ერთზე ჭურჭლის სარეცხ საშუალებას გვაწონებენ, მეორეზე - პოლიტიკურ პარტიას, ანუ ღირებულებებს, იდეოლოგიას, კრედოს. საქონელი და იდეოლოგია ერთ სიბრტყეში მოექცა. სწორედ მას შემდეგ, რაც ეს თვალნათელი ილუსტრაცია დავინახე, მივხვდი, რას გულისხმობენ, როდესაც ამბობენ, რომ დღეს პოლიტიკამ ყველა სადავე ეკონომიკას გადააბარა, ხოლო ზედნაშენი და ბაზისი გაერთიანდა. სამყარო ორად გაიყო: საქონლად და მომხმარებლად. მაყურებელი მომხმარებელია, ამიტომ ტელევიზიაში მთავარი რეკლამა და ანონსია, რადგან ანონსიც რეკლამაა, ოღონდ შიდა რეკლამა, კონკრეტული ტელეკომპანიის პროდუქციის რეკლამა. არ ვიცი, რამდენადა აქვთ გაცნობიერებული ეს ქართული ტელეკომპანიების ხელმძღვანელებს, მაგრამ ცხადია, რომ თითქმის ყველა არხის სამაუწყებლო ბადეში ანონსს და რეკლამას ცენტრალური ადგილი უკავია, ხოლო გადაცემებს და ფილმებს მათი თანმდევი მოვლენის, უმნიშვნელო დამატების როლი აქვთ დაკისრებული. შეიძლება დაამოკლო ფილმი, სარეკლამო ჭრის დროს გადაახვიო, მთავარია, ანონსი და რეკლამა გავიდეს სრულად. მე თვითონ, ჩემი ხელით ვაკეთებდი ამას, როცა პროგრამების დირექციაში ვმუშაობდი. ვიცოდი, რომ ანონსის გამოტოვებას არავინ მაპატიებდა, რაც შეეხება ფილმს, მით უფრო სამეცნიერო ხასიათ „ბაში-აჩუკის“ იმდენად შემოკლებული ისას, მისი დამახინჯებისა და დამოკლებისთვის არაფერი მელოდა. ამას წინათვერსია ვიხილეთ, რომ ფილმის დემონსტრირების შემდეგ მეგობრის შვილიშვილს კიდევ დიდხანს ვუყვებოდი ბაშიაჩუკის თავგადასავალს, ვავსებდი ლაკუნებს, რომლებიც სარეკლამო ჭრებმა „შეჭამა“.
არსებობს მოსაზრება, რომ მედიის თეორია ჯერ არ შექმნილა, მაგრამ ტელეჟურნალისტიკის ფაკულტეტებზე ამ არარსებულ თეორიას მაინც ასწავლიან. ყველა სახელმძღვანელოში, რაღა თქმა უნდა, ჩამოთვლილია ზოგადად მასობრივი კომუნიკაციის საშუალებების და მათ შორის ტელევიზიის ფუნქციებიც. როგორც წესი, ამ ფუნქციებს მედიის თეორეტიკოსები ასე განსაზღვრავენ: საინფორმაციო, საკომუნიკაციო, კულტურულ-საგანმანათლებლო, რეკრეაციული (გართობა, დასვენება), იდეოლოგიური და ა.შ. მე კი მგონია, დღეს ტელევიზიას მხოლოდ ერთი ფუნქცია აქვს - ეს სურვილის გენერირებაა. მე უნდა ვუყურო ტელევიზორს იმისთვის, რომ მომინდეს: „Always“-ის ყიდვა მაშინაც კი, როცა ფერტილურ ასაკში აღარ ვარ, „Head and shoulders“-ის შეძენა, მიუხედავად იმისა, რომ არასდროს მქონია ქერტლი, პარტიისთვის ხმის მიცემა, მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცი, რა უნდა ამ პარტიას და გარდა ამისა, უნდა მომინდეს იმ გადაცემის ყურება, რომლის ანონსიც ვნახე იმისთვის, რომ მერე მისი ყურებისას ვნახო სარეკლამო ჭრა და ისევ მომინდეს ყველაფერი ის, რაც უნდა მომინდეს.
ტელეჟურნალისტი
„თანამედროვეობას ტელევიზორის ეკრანიდან ვიცნობ, შუა საუკუნეებს - უშუალოდ“ - ასე ხსნის უმბერტო ეკო თავის გატაცებას შუა საუკუნეებით. როდესაც ეს სიტყვები წავიკითხე, მივხვდი, რომ უმბერტო ეკოსგან განსხვავებით, მე ყველაფერს მხოლოდ ტელევიზორის ეკრანიდან ვიცნობ, აბსოლუტურად ყველაფერს. მაგალითად, ზაფხულის მზიანი საღამოს მყუდროებას მხოლოდ სატელევიზიო კადრის მეშვეობით შევიგრძნობ. თუ ასეთ მშვენიერ საღამოში უშუალოდ მოვხვდი, მე მას უბრალოდ ვერ ვხედავ. ის კი არადა, აღმოვაჩინე, რომ ამ ბოლო დროს ყნოსვა საერთოდ დავკარგე და მივხვდი რატომაც: ეს ფუნქცია ტელემაყურებელს ჯერჯერობით არ სჭირდება. მადლობა ღმერთს, რომ მესმის და, რაც მთავარია, ვხედავ.
ეკრანზე აღბეჭდილი რეალობა ის გარემოა, რომელშიც ვცხოვრობ. მაგრამ მას ხომ ვიღაც ქმნის. ვიღაც, ვინც არჩევს შესაბამის ფაქტებს, მოვლენებს, ადამიანებს და მისთვის სასურველი თანმიმდევრობით ალაგებს. მათ შეუძლიათ სრულიად უმნიშვნელო ფაქტი მთავარ მოვლენად აქციონ, ხოლო ყველაზე მნიშვნელოვანი ისე მიჩქმალონ, რომ ვერავინ შეამჩნიოს. ეს ადამიანები ტელევიზიებში მუშაობენ და სამყაროს სურათს ქმნიან. მე მათი თვალით ვხედავ და მათი პირით ვლაპარაკობ. და მიუხედავად იმისა, რომ მათ პროფესიებს სხვადასხვა სახელი ჰქვია, მოდით, არეულობის თავიდან ასაცილებლად ყველას ტელეჟურნალისტები ან, უბრალოდ ჟურნალისტები ვუწოდოთ, მით უფრო, რომ ჟურნალისტი მაინც პროცესის ცენტრალური პერსონაჟია - ის, ვინც ისმის და ჩანს.
ჟურნალისტი მართლაც ძლევამოსილი ფიგურაა, ისაა, ვისაც შეკითხვის დასმის უფლება აქვს. ჰკითხეთ ფსიქოლოგებს, ასეთი უფლება ბევრს არ ეძლევა. შვილის ოთახში გაუფრთხილებლად შევარდნილ მშობელს „აქვს უფლება“ დასვას შეკითხვა: „რას აკეთებდი?“ და ეჭვით შეხედოს ტელეეკრანს, სადაც სულ რამდენიმე წამის წინ აშკარად ჩანდა ვულგარული ეროტიკული ფილმის კადრები; ცოლს „აქვს უფლება“ ღამით გვიან დაბრუნებულ ქმარს მკაცრად ჰკითხოს: „აქამდე სად იყავი?“; მასწავლებელს „აქვს უფლება“ მოსწავლეს უთხრას: „რატომ არ მოამზადე გაკვეთილი?“; ჟურნალისტს „აქვს უფლება“ დასვას ნებისმიერი შეკითხვა. ეს უფლება მათ ჩვენ, ან რაღაც გაუგებარმა ძალამ გადასცა. საბრალო რესპოდენტმა კი მოღალატე ქმრის, ზარმაცი მოსწავლისა და გარყვნილი მოზარდის მსგავსად დასმულ შეკითხვაზე უნდა უპასუხოს, უფრო სწორად, პასუხი უნდა აგოს. განა შეკითხვის დასმის უფლება ავტორიტარული უფლება არ არის?
სულ რაღაც 150-200 წლის წინ ამ ავტორიტარულ უფლებას და, საერთოდ, მისი სახელით ლაპარაკის უფლებას საზოგადოება განსაკუთრებულ ადამიანებს ანიჭებდა: „ივერიაში“, „ცისკარში“, „დროებაში“ „ძაან მაგარი“ ჟურნალისტები იბეჭდებოდნენ: ილია ჭავჭავაძე, ნიკო ნიკოლაძე, ვაჟაფშაველა, აკაკი წერეთელი... ისინი წარმოადგენდნენ ქართულ საზოგადოებას, რიგითი და არარიგითი ქართველიც მათი მეშვეობით, მათი პირით ლაპარაკობდა.
გავიდა დრო და მასმედიის საშუალებების რაოდენობამ უთვალავს მიაღწია. ისინი გამოდიან ყოველდღე, დღეში ორჯერ, საათში სამჯერ. ტელევიზია კი პერპეტუუმ-მობილედ იქცა, ის არ ჩერდება, ის მუდმივად მაუწყებლობს და ის ბევრია. წარმოიდგინეთ, სადაა იმდენი ვაჟაფშაველა, ილია ჭავჭავაძე და აკაკი წერეთელი, რომ ყველა ტელევიზიის საშტატო შემადგენლობა შეავსოს? გარდა ამისა, არავის გაუზომია ჩვენი კლასიკოსების პუბლიკაციების რეიტინგი. ეჭვი მაქვს, რომ მონაცემები არცთუ სახარბიელო იქნებოდა. არადა, როგორც გავარკვიეთ, მაღალი რეიტინგი ჟურნალისტის პროფესიონალიზმის მთავარი საზომია. რა უნდა იცოდეს დღეს ქართველმა ტელეჟურნალისტმა იმისთვის, რომ მაყურებლის მოწონება დაიმსახუროს, რა უნდა შეეძლოს?
1. სხაპა-სხუპით ლაპარაკი.
2.სუფლიორიდან ტექსტის სხარტად წაკითხვა.
3.ინტერვიუებს შორის ერთი ციცქნა გადასასვლელი ტექსტების ჩასმა
4.რესპოდენტზე თავდასხმა
5.მიკროფონით ხელში დეფილირება
...და მეტი, მგონი, არც არაფერი. ამას წინათ სამსახური დავკარგე და როცა ახლის მოძიება დავიწყე, ბევრმა ჩემმა ნაცნობმა თანაგრძნობით მკითხა: „წერა იცი? აი, მაგალითად, შეგიძლია საინფორმაციო ბუკლეტი მოამზადო?“ სრულიად ლოგიკური შეკითხვაა, მე ხომ ტელეჟურნალისტი ვარ. ტელევიზიაში კი მთავარი გამოსახულება, იმიჯი, კადრია - კადრები წყვეტენ ველაფერს! სიტყვას დაქვემდებარებული როლი აქვს, მით უფრო, დაწერილ სიტყვას. თუ ვინმე დაკანონებული ბალანსის დარღვევას გადაწყვეტს, მას აუცილებლად არაპროფესიონალიზმში ამხელენ: „რა არის ეს - რადიოა?“
,,... ჩვენი ცივილიზაცია image-oriented-ად იქცა, ის ვიზუალურ ხატზეა ორიენტირებული, ეს კი წიგნიერებას აკნინებს“. უმბერტო ეკო, გუტენბერგიდან ინტერნეტამდე |
იქნებ ამიტომაა ასეთი გულგრილი ჩვენი საზოგადოება კარგი ტექსტისადმი, იქნებ ამიტომ ვეღარ გამოარჩევს მათ ცუდთაგან, იქნებ ეს დალტონიზმი სწორედ ტელეეკრანმა გამოუმუშავა?
არ უნდა დავაპირისპიროთ ვიზუალური და ვერბალური კომუნიკაცია, უბრალოდ, ორივე უნდა სრულვყოთ. შუა საუკუნეებში ვიზუალური კომუნიკაცია ხალხისთვის წერილობითზე უფრო მნიშვნელოვანი იყო. შარტრის ტაძარი თავისი კულტურული მნიშვნელობით სულაც არ ჩამოუვარდებოდა სამყაროს წერილობით ხატსურათს. ტაძარი თავისი დროის ტელევიზორი იყო. განსხვავება ისაა, რომ, შუა საუკუნეების ტელეპროგრამების მთავარ რედაქტორს კარგი წიგნები უყვარდა, მდიდარი ფანტაზია ჰქონდა და საზოგადოების კეთილდღეობისთვის ირჯებოდა. უმბერტო ეკო, გუტენბერგიდან ინტერნეტამდე |
მაგრამ თუ ტელევიზიის უმთავრესი ფუნქცია სურვილის გენერირებაა, ხოლო წარმატების საზომი მასობრივი მაყურებლის კეთილგანწყობა, მაშინ რაღა საჭიროა მდიდარი ფანტაზია და კარგი წიგნების სიყვარული? პირიქით, რაც უფრო მეტად წააგავს ჟურნალისტი თავის მაყურებელს, რაც უფრო მსგავსია აუდიტორიისა და ჟურნალისტის თვალთახედვა, გემოვნება, მით უფრო ზუსტად, უფრო ადეკვატურად შეასრულებს ის თავის მოვალეობებს და ამისთვის არავითარი სოციოლოგიური და მარკეტინგული კვლევა აღარ დასჭირდება: „Сам себе фокус-группа“. შუა საუკუნეების ტელერედაქტორის ნამუშევარი ერთადერთობით ფასობდა, ჩვენი დროის ტელეჟურნალისტისა კი - ტირაჟითა და მასობრიობით.
TAKE IT EASY
რაც აღარ ვმუშაობ, უამრავი დრო მაქვს და ტელევიზორს მთელი დღე ვუყურებ - საათში ერთხელ ქართული ახალი ამბები, დანარჩენ დროს უცხოური გადაცემები, უფრო ხშირად რუსული, რადგან ინგლისური ცუდად ვიცი, ხოლო გერმანული და იტალიური საერთოდ არ მესმის.
დღე საშინელი დილის გადაცემებით იწყება, რუსული პროგრამები მთლიანად მომხმარებლის ინტერესებზეა გადართული, ქართულები თითქოს უფრო მრავალფეროვნებას იჩემებენ... ყველა ერთად კი ოპტიმისტური, რიტმული და ხალისიანია. მე ასეთ ინტენსიურ მხიარულებას ვერ ვუძლებ და ბალანსისთვის დილიდანვე კინოარხებზე შემაშინებელ ტრილერებს დავეძებ. დილის გადაცემებს სერიალებისა და საინფორმაციო გამოშვებების ერთფეროვანი ნაკადი მოსდევს. აი, სარეკლამო ჭრამ მყუდროება დამირღვია, მე პულტს ვიღებ და სხვა არხს ვაფარებ თავს. არავითარი განსხვავება, შემდეგ რეკლამამდე აქ დავრჩები, ეს გადაცემა ხომ ტყუპისცალივით წააგავს წინამორბედს. ახლა უკვე 60 არხი მეცა მაქვს, მაგრამ ეს მრავალფეროვნება იმ წარსულ, საბჭოთა ერთფეროვნებაზე უფრო მონოტონურია - სხვადასხვა სათაურები, ერთი და იგივე შინაარსი. ვსხედვართ მე და დრო ტელევიზორთან, მე იმას ვკლავ, ის კი - მე. გამოსახულება დახტის, დარბის, ყველაფერი დაკლიპული, დაჩეხილი და დისკრეტულია. თავბრუდამხვევი ტემპი თანამედროვე ტელევიზიის წარმატებისთვის გადამწყვეტია.
არ ვიცი, რამდენადაა შემოწმებული მოსაზრება, რომლის თანახმადაც, ყოველ 5 წუთში ადამიანის ყურადღება დუნდება და მას დასვენება ესაჭიროება. ყოველ შემთხვევაში, „მაგარი” პროფესიონალები ამ მოსაზრებას უპირობოდ იზიარებენ: სატელევიზიო გადაცემა ტემპიანი უნდა იყოს, კალეიდოსკოპური, სწრაფი. სინელე მიუტევებელი ცოდვაა. დაჭერი, დაჩეხე, გაწყვიტე, გატიხრე, გადაფარე, გაახმოვანე, დაკლიპე, თორემ მაყურებელს ყურადღება მოუდუნდება და გადაგრთავს. „დაკლიპულობის” ხარისხი ადასტურებს შენს პროგრესულობას, თანამედროვეობას. არ დატოვო ერთი და იგივე კადრი 30 წამზე დიდხანს, თორემ დავიღუპებით.
ეპოქის სული სიმსუბუქესა და სისწრაფეს გვავალდებულებს. „სად დაიკარგა მშვენიერი, სერიოზული საუბარი?” - კითხულობს მუდმივად ჩემი მეგობარი. მშვენიერი საუბარი, რომელიც საკუთარ ლოგიკას მიჰყვება და რომლის დროსაც სიტყვა აზრთან ერთად იბადება, ტემპს აგდებს, ამიტომ ძველმოდურია. წამყვანმაც და რესპოდენტმაც სწრაფად უნდა ილაპარაკონ, ნუ მოვეკიდებით ზედმეტად სერიოზულად სიტყვებს, მათ მაინც არავინ უსმენს.
საგანმანათლებლო პროგრამებიც ამავე მიდგომით მზადდება. ძველ ეგვიპტეზე ფილმს მოჩვენებების შესახებ ფილმი ცვლის. მაყურებელი ორივეს ერთნაირი სერიოზულობით აღიქვამს და მოჩვენებები ისეთივე რეალობად მიაჩნია, როგორიც ოდესღაც იყო ეგვიპტე. მით უფრო, რომ ორივე უხვადაა ილუსტრირებული რეკონსტრუქციით, დადგმითი სცენებით. საერთოდ, დოკუმენტურ და სამეცნიერო პოპულარულ ფილმებში რეკონსტრუქციას ცენტრალური ადგილი ეთმობა. რეკონსტრუქცია სანახაობრივია, ინფორმაციის მონელებას აადვილებს, ამსუბუქებს. როგორც ჩემი მეორე მეგობარი ამბობს, ბოლოჟამის ერთიერთი ნიშანი ისიცაა, რომ დოკუმენტური კინო მხატვრულად გარდაიქმნა, ხოლო მხატვრული - დოკუმენტურად. ასე შეძენილი ცოდნა ტემპფაილს ჰგავს, როგორც კი ძირითად ფაილს დახურავ, ისიც მყისიერად ქრება.
მათი (მასების) დარწმუნება შინაარსის ან თუნდაც შეტყობინების კოდის მნიშვნელობაში ვერაფრით მოხერხდა. მასებს გზავნილს სთავაზობენ, მათ კი მხოლოდ ნიშნები აინტერესებთ, რადგან სიმბოლოთა თამაში ჭრის თვალს, სტერეოტიპებს ემონებიან და აღიქვამენ მხოლოდ იმას, რაც სანახაობრივია. ყველაფერი უკუღმა ტრიალდება. იმის ნაცვლად, რომ მასა ენერგიად გარდაიქმნას, ინფორმაცია მასის კვლავწარმოქმნის მიზეზი ხდება. ჟან ბოდრიარი, მდუმარე უმრავლესობის ჩრდილში |
გახსოვთ, როგორ ცდილობდა ლიზა სიმპსონი თავის თანატოლებში პოპულარობა მოეპოვებინა? მიუტევებელი ცოდვასავით მალავდა იმას, რომ წიგნები უყვარდა და ირწმუნებოდა, რომ ყველაფერი, რაც კი იცის, ტელევიზორით ისწავლა. მხოლოდ ასეთ ცოდნას აპატიებდნენ თანატოლები - მსუბუქს, მარტივს, შემეცნებით-გასართობს.
დროდადრო თითქმის ყველა სოლიდური არხი ცდილობს თავის ბადეში ერთიორი ინტელექტუალური გადაცემა განათავსოს. ასეთ გადაცემებს შინაურობაში „საიმიჯოს” უწოდებენ. მათი მეშვეობით ტელევიზიის ყველა სახელმძღვანელოში დაფიქსირებულ კულტურულ საგანმანათლებლო ფუნქციას უხდიან ხარკს და თავსაც იმშვიდებენ - ჩვენ კი ვიცით, რა არის საჭირო, მაგრამ რა ვქნათ, მასას ასეთი გადაცემები არ მოსწონს.
მაგრამ იქნებ ისეა, როგორც ბოდრიარი ამბობს - მოთხოვნილება კი არ წარმოქმნის საქონელს, არამედ წარმოების მანქანა - მოთხოვნილებას. ჩვენ კი, ტელეჟურნალისტები და მაყურებელი, ერთი და იმავე პროცესის ობიექტებიცა ვართ და სუბიექტებიც.
* * *
წინათ მხოლოდ ერთი ტელევიზორი გვქონდა და დისტანციური მართვის პულტისთვის სისხლის მღვრელი ომები იმართებოდა. გამარჯვებული აბსოლუტურ ძალაუფლებას ფლობდა, დამარცხებულები მას შურითა და ბოღმით შევყურებდით. ახლა ჩვენ ყველას საკუთარი ტელევიზორი გვაქვს. ის, რომელიც ყველაზე დიდია, დედაბოძივით სასტუმრო ოთახის ცენტრში დგას. გავიღვიძებთ, ერთმანეთს დუნედ მივესალმებით და მერე მთელი დღე ჩვენ ჩვენს ეკრანებს შევყურებთ: ბიჭს მულტფილმები და ბოევიკები უყვარს, გოგოს - MTV, მე - პოლიტიკა და საინფორმაციო გამოშვებები. რა გვაქვს საერთო?! არაფერი - სხვადასხვა სამიზნე ჯგუფს განვეკუთვნებით.
ტელევიზია იმის გარანტიაა, რომ ადამიანები ერთმანეთს აღარ ელაპარაკებიან, საბოლოოდ იზოლირებულნი, ისინი პირისპირ დარჩნენ სიტყვასთან, რომელიც მუდამ უპასუხოდ დარჩება. ჟან ბოდრიარი, მასმედიის რეკვიემი |
თაროებზე კარგი, ჭკვიანური წიგნები დევს. ყოველდღე ერთმანეთს ვპირდებით, რომ ხვალ რომელიმეს გადავშლით და წავიკითხავთ. მაგრამ მაცდუნებელი პულტი მარტივ, მსუბუქ, იოლ სანახაობას გვთავაზობს და ჩვენც ამ ცდუნებას ვნებდებით. წიგნის დრო აღარ გვრჩება... და საერთოდ, აღარაფრის დრო არ გვრჩება, რადგან კარგა ხანია დროის მაგივრად ქრონომეტრაჟში ვცხოვრობთ.
![]() |
4 ტრიბუნა |
▲back to top |
![]() |
4.1 გლობალისტური ტენდენციების ზეგავლენა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაზე, ანუ მემარცხენე-კონსერვატიული დისკურსი |
▲back to top |
გიორგი ლორთქიფანიძე
(ლიტერატურული პამფლეტი)
ავს თუ ავი არ ვუწოდო, კარგს სახელი რა დავარქო?
დავით გურამიშვილი, დავითიანი
მოგეხსენებათ, ქართველთა მოდგმის ერთი ძველი ხალხური სიბრძნე ასე ჟღერს: მართლის მთქმელს ცხენი შეკაზმული უნდა ჰყავდესო. ეს პრაგმატული სიბრძნე, რა თქმა უნდა, ზოგადსაკაცობრიო ხასიათისაა, მაგრამ ხომ გულისხმობდა მასში ჩაქსოვილი ირონია გარდასულ დროთა უზოგადესი გამოწვევების პირისპირ ეულად დარჩენილი ინდივიდის ღირსებაზე ზრუნვას, ხომ აღვივებდა მასში - თუნდაც გაქცევის იმედით - ჭეშმარიტების მოძიების განცდას? დიახაც, რომ გულისხმობდა და აღვივებდა.
ასე იყო, მაგრამ ასე აღარ არის. გლობალიზაციის ეპოქამ ამ პარადიგმაში შენიშვნები შეიტანა, უკანდახევისთვის გამოსადეგი ბილიკები ერთბაშად გადარაზა და შეპარვით ირონიულ აზრთა თავისუფალი ჭიდილი - ინტელექტუალური ძალადობით, ინდივიდი - ერით, ერი - უტყვი სამოქალაქო მასით, ხოლო ეპოქალური მნიშვნელობის გამოწვევებზე ადეკვატური პასუხი - გათითო-კაცებულ მსხვერპლთა ავტომატიზმამდე მისული რეფლექსიით შეცვალა. ღირსება, თვითგვემა, სინდისი, ზნეობა - ეს არქაული, არაპრაგმატული კატეგორიები თითქოს საბოლოოდ გამორიცხულ-გაძევებულნი არიან თანამედროვეობის ესთეტურ-ეთიკური სათვალავიდან. მართლაც, მშობლიური პლანეტის ნეომალთუსიანური იდეებით გაძეძგილი, ეკოლოგიურად დაბინძურებული, რესურსებისა და სივრცის მზარდი დეფიციტით დაღდასმული ცოცხალი სხეული დღეს არათუ სიმართლის მაძიებელი ინდივიდებითა და მათ მიერ შეკაზმული ჯიშიანი ცხენებით, უფრორე ნაირ-ნაირი ერებისა და კონფესიების წვრილმანი და ეგოისტური ინტერესებითაა დახუნძლული, უჭირს მულტიკულტურული ტვირთის ზიდვა, განიხილავს მას, როგორც ღვთის რისხვას და - მოსალოდნელი სასჯელის შესამსუბუქებლად - გასული საუკუნის დემოკრატიულ პრინციპებს ახალ ტოტალიტარულ დეკორაციას ისე ბუნებრივად უსადაგებს, რომ იესოს დროინდელ ფარისევლებსაც კი შეშურდებოდათ.
თუნდაც მარტო ის რად ღირს, რომ დღესაც ეროვნული თუ კონფესიური თვითმყოფადობის სახელით დედამიწის გეოპოლიტიკური ზედაპირი ძველებურად რელიგიურ-იდეოლოგიური დაპირისპირების ქარცეცხლშია გახვეული - ოღონდ გაცილებით უარეს ეკონომიკურ და დემოგრაფიულ პირობებში, ვიდრე წინათ. ოდესღაც საბაზისოდ მიჩნეულ ღირებულებათა საერთო გაუფასურებას, მათ გამოფიტვასა და გაუბრალოებას ბოლო არ უჩანს. საუკუნოვანი დრამატიზმით აღსავსე კლასიკური სიუჟეტები მიმდინარე ეპოქამ უკეთეს შემთხვევებში გაუკუღმართებულ კომერციულ რიმეიკებად, უარესში კი იაფფასიან კომიქსებად გარდასახა. რომეოს თავგანწირვა, ოტელოს ეჭვიანობა, მატეო ფალკონეს კლდესავით უტეხი სიჯიუტე თუ ანა კარენინას სუიციდალური იმპულსები თანამედროვე სვინგერებს სასაცილოდ აღარ ყოფნით. მატერიალურმა ცნობიერებამ იდეალური ყოფიერება ბეჭებზე დასცა, ხოლო ცივმა კომპიუტერულმა ინტელექტუალიზმმა ჯერ წალეკა, შემდეგ კი გადახნა ტრადიციული აზროვნების დიდი მწვანე ველი. ამა ქვეყნის ძლიერთა ყოფითმა პომპეზურობამ იდეურად გამოშიგნა და მიწას თან გაასწორა ლუზერებისა და აუტსაიდერების - სინამდვილეში კი ნატიფი და სუსტი ინტელიგენტების - ოდესღაც მიმზიდველი ეგალიტარული საყოფაცხოვრებო ინსტინქტები. ბუნებრივი სკეპტიციზმი უსაზღვრო და საყოველთაო ცინიზმში გადაიზარდა, სამაგიეროდ, ოსვენციმის, წმინდა ინკვიზიციისა და ტოტალიტარული ცენზურის გამოცდილება საბოლოოდ ჩამოიწერა, არქივს ჩაბარდა, თან კი წარმატებით გაიცვალა გონებანაკლული კამიკაძე-ტერორისტების ფეთქებად არტ-აქციებზე, კონფესიური ეთნოგენოციდის რეციდივებსა და ანგაჟირებული ელექტრონული მედიის თავზეხელაღებულ დიქტატზე. მეოცე საუკუნეში ჯერ ნაციზმის, შემდეგ კი კომუნიზმის გლობალური იდეოლოგიების ისტორიულმა მარცხმა არნახულად წაახალისა არანაკლებ გლობალისტური დემოკრატია. საბჭოთა კავშირის დაშლამ და ვარშავის პაქტის გაუქმებამ ჩვეული საფრთხეები გააქრო, სიმშვიდე დაუბრუნა ევროპელებსა და ამერიკელებს.
ნელ-ნელა თითქოს ყველაფერი ისე ლაგდებოდა, როგორც საჭიროა, მაგრამ ეშმაკს, თურმე, არ სძინებია. მილენიუმმა უკვალოდ მაინც არ ჩაიარა და მეტისმეტად თავდაჯერებული გლობალისტებისა და ნეოლიბერალების ჭკუის სასწავლებლად 11 სექტემბრის პოსტ-რემოდერნისტული მიზანსცენისთვის პირობები შეამზადა. „ტყუპების” ტრაგედიის ფილოსოფიური მნიშვნელობის მიჩქმალვა ჩვეული პოლიტკორექტულობის ფარგლებში შეუძლებელი აღმოჩნდა. ტრადიციული მედიაგარემო თითქოს გადაიღალა ნევრასტენიული ტყუილების ერთმანეთზე გაუთავებელი აგორებით, ამიტომ უახლესი თაობის პოლიტიკოსებმა, მედია-მაგნატებმა, მათ მიერ დაქირავებულმა ინტელექტუალებმა და თვალებციმციმა ტელედიქტორებმა ვინმე ალ. მაკედონელის მიერ აპრობირებულ ხერხს მიმართეს და გეოპოლიტიკური კვანძის გახსნას მისი გადაჭრა ამჯობინეს: ნიუ-იორკის ცენტრში აზვირთული სამშენებლო ნაგვის გორას ერაყში მასობრივი განადგურების იარაღის არარსებული მთები დაუპირისპირეს, ახლო აღმოსავლეთის ერთ ზედმეტად თავმომწონე დიქტატორს საერთაშორისო სამართლის ნორმები თავზე გადაახიეს, დედამიწა - თავისი მოწინავე კაცობრიობით - პოლიეთილენის გიგანტურ პარკში შეფუთეს და თავი ერთიანი საინფორმაციო მარყუჟით წაუკრეს. არც ამას ჩაუვლია უკვალოდ.
კომუნისტური ალტერნატივისა და ფაშისტური ევგენიკის ტყვეობიდან საბოლოოდ გამოთავისუფლებულმა XXI საუკუნის homo sapiens-მა (უფრო სწორად, მისმა დასავლურმა ნაირსახეობამ) კიდევ უფრო განიმტკიცა იმის თვითრწმენა, რომ სიცოცხლე თუმცა მშვენიერი, მაგრამ უაღრესად ხანმოკლეა და თხემით ტერფამდე სტანდარტული ჰედონიზმის ჭაობში ჩაეფლო. ასე რომ, ტოტალიტარიზმი უკვდავი აღმოჩნდა. თუკი მეოცე საუკუნემ მხოლოდ დააჩქარა მეცხრამეტეში დაწყებული პროცესები, ოცდამეერთეში ასეთი პირი უჩანს - უკვე დემოკრატიის სახელით მოგვიწევს საღ და დამოუკიდებელ ინდივიდუალურ აზროვნებაზე ხელის აღება. ამის შედეგად მასობრივმა ადამიანმა - როგორც ინფორმაციული ჰალუცინოგენებით გაპიპინებულმა და მუდმივ ნარკოტიკულ ტრანსში ჩავარდნილმა ბიოლოგიურმა სუბიექტმა - საბოლოოდ გული უნდა აიყაროს საკუთარი ისტორიულ-გენეტიკური კოდის ხელოვნური გაკეთილშობილების მიამიტურ და ყოვლად უსარგებლო მცდელობებზე. ყოველ შემთხვევაში, დღეის გადასახედიდან (ზეგ შეიძლება რამე შეიცვალოს) ბიოლოგიური კლონირება სოციალური თვალსაზრისით მკვდრადშობილ აღმოჩენად, მიშელ უელბეკი კი ლიტერატურიდან ფუტუროლოგიაში კომერციული წარმატების მისაღწევად შეჭრილ უმწეო კონკისტადორად წარმოგვიდგება (იმედი ვიქონიოთ, რომ კაცობრიობის სრულ და საბოლოო სქესობრივ გადაგვარებას ჰედონისტი მანდილოსნები არ დაუშვებენ და მომავლის მამაკაცს სპეციფიკური ზოოპარკის ბინადრის, სამუზეუმო ექსპონატის ან, უკეთეს შემთხვევაში, პიკანტურ გეიკლუბში „ადამი და ადამი” დაკავებული პერსონალის სამწუხარო ხვედრს ააცილებენ). ერთი სიტყვით, მიუხედავად საყოველთაოდ გავრცელებული პლანეტარული თვალთმაქცობისა, მულტიკულტურულ სოციუმში მშვიდობიანი თანაარსებობისა და უსაზღვრო ლიბერალიზმის საამო და სათნო პრინციპების ძალისმიერი ჩანერგვა მაინც ვერ ხერხდება - ერაყი, ირანი, ავღანეთი, კოსოვო, ყარაბაღი, აფხაზეთი, დარფური, რუანდა. მეტიც: ცივილიზებული საფრანგეთის, გერმანიისა და ინგლისის ისლამური გეტოები ამის თვალნათელი მაგალითებია. მოკლედ, გასული საუკუნის ტრადიციული ატლანტიზმით გაჟღენთილი ევრობიუროკრატიული მუხრუჭები ცვდება, ვნებიანი დიპლომატიური რევერანსების ხანა წარსულს ბარდება, ხოლო გლობალისტური სულისკვეთება ანტიგლობალიზმის წვრილწვრილ ნაღმებზე მოხშირებულ აფეთქებებს ვეღარ აუდის.
ასეა, ძაბვის გაუთავებელ ზრდას ადრე თუ გვიან აუცილებლად ელვისებური განტვირთვა მოსდევს. არასახარბიელო პროგნოზი კი ასეთია: ქსენოფობიური, მისტიკური და სოციალურ-რასისტული ცრურწმენებით გადატვირთულ ურთიერთობათა დაკემსილი ძაფი ერთხელაც გამაყრუებელი ტკაცანით გასკდება და ჩვენს ანტაგონისტურ მულტიკონფესიონალურ სამყაროში საბოლოოდ მაინც ყველაფერს დაერქმევა თავისი უმარტივესი სახელი: ყველას ომი ყველას წინააღმდეგ. წყვეტა წყვეტისა და სისხლი სისხლის წილ! - სავარაუდოდ სწორედ ეს გახდება XXI საუკუნის ცივილიზაციური ჩიხის ყველაზე პოპულარული და ერთობ უნუგეშო სლოგანი. რას იზამ, ადამიანი, ყველაზე მდიდარი და გულგრილიც კი, მაინც უბადრუკი, სუსტი და საცოდავი არსებაა - ამიტომაა, სულ გაქცევასა და გადარჩენაზე რომ მიურბის თვალი. რა გასაკვირია, თუ მავანი გამოსავალს - როგორც ყოველთვის - მრავალსახიერი ქარიზმული აფერისტების მხრიდან უმარტივესი რეცეპტების გამოწერაში ეძებს და ზოგჯერ პოულობს კიდეც. ამასობაში კი კოსმოსური შერკინების უსასრულო ასპარეზი, თვით უსულო მეტაგალაქტიკა, სადაც საუკუნის ხანგრძლივობა ჩვენებური მიკროწამის ტოლია, პარალელები ერთმანეთს კვეთს, ხოლო გამრუდებული სინათლე ვარსკვლავიდან ვარსკვლავამდე კუს ნაბიჯებით ვრცელდება - ოლიმპიური სიმშვიდით შესცქერის და ურიგდება იმას, რომ სადღაც მიყრუებულ დასაკარგავში მიტოვებული მისი ერთი მუწუკი - თვალით უხილავი გონიერი ჭიანჭველების საცოდავი პანოპტიკუმი - გაუთავებელი მილიტარიზაციის, პასიონარული ომებისა და ეთნოცენტრული კონფლიქტების კერად (გამრუდებულ სულიერებაზე რომ არაფერი ვთქვათ) ჩამოყალიბებულა.
კოსმოგონიური ზღვარი მიკროსა და მაკროს, კლასიკასა და კიჩს, დიადსა და სასაცილოს შორის ამ კერაში გვარიანად მორღვეულია; და ის გარემოება, რომ მსგავსი სამგანზომილებიანი მუწუკები მეტაგალაქტიკის ტანზე, ალბათ, ტრილიონობითაა ამოსული, სულაც არ უშლის მის წიაღში აღმოცენებული მიკროსკოპული სულიერი კოლონიის თვითმარქვია ქურუმებს - მიმდინარე ისტორიული ეპოქის რაღაც უუმცირეს ეტაპზე ერებისა და სახელმწიფოების პროცედურულად განმტკიცებულ პოლიტიკურ თუ იდეურ ლიდერებს - ხანდახან (არა ყველგან და ყოველთვის) ბანალური სარეკლამო აგენტების როლშიც მოევლინონ დედამიწის ბინადართ (გავიხსენოთ, თუნდაც, გადამდგარი გორბაჩოვის მიერ იტალიური პიცის რეკლამირება, სააკაშვილის ღვინოები, ბერლუსკონის მრავალმხრივი მედიაბიზნესი, დე ვილპენის წარუმატებელი კანონშემოქმედება, ბზეჟინსკის მიერ გეოპოლიტიკურ სუპერმარკეტში გლობალისტური საჭადრაკო ინვენტარით გაწყობილი დახლი, ფუკუიამას ინტელექტუალური ოინები კაცობრიობის ისტორიის დასრულებასთან დაკავშირებით და სხვ.). სარეკლამო აგენტი თავისებური პროფესიაა, წარმატების მისაღწევად მან კონკურენტის ჩამოცილების პარალელურად კლიენტურას პროდუქტი უნდა შეუსაღოს, არ დაუშვას მისი ჩაწოლა და, აბა, განა გასაკვირია, თუკი გლობალიზაციის ეპოქის მოქურუმო კომედიანტები მრევლისგან საორჭოფო კითხვების დასმას პირდაპირ თუ ვერ კრძალავენ, მათთვის პასუხის გაცემას ოსტატურად თავს არიდებენ ან აგვიანებენ მაინც?! მრავლისმეტყველი წაყრუების ხელოვნების ზედმიწევნით ფლობა ხომ მათი პროფესიიდან მომდინარეობს. მეტნაკლებად წარმატებულმა ქურუმებმა იციან, გრძნობენ მაინც, რომ ხანგრძლივი გალაქტიკური ისტორიის ნებისმიერ მონაკვეთზე აღმოცენებულ სამგანზომილებიან მიკროკოლონიაში კრიტიკულად მოაზროვნეთა კრიტიკული მასა (ბოდიში ტავტოლოგიისთვის) არავითარ შემთხვევაში არ უნდა შედგეს (თუ შედგა, მყისიერად განქურუმება მოუწევთ სხვა, უფრო ნიჭიერი და ცინიკური სარეკლამო აგენტების სასარგებლოდ). სიმართლის გახმოვანების მორალური პრობლემა მათ წინაშე, საერთოდ, კარგა ხანია აღარ დგას - თუნდაც მშობლიურ კოლონიას მთელ თავის ბინადრებიანად წარღვნა ემუქრებოდეს. სამაგიეროდ, შინაგანი დისკომფორტი დამარცხებული, ხოლო საყვარელი ცხენი (მანქანა, იახტა, ვერტმფრენი, თვითმფრინავი, კოსმოსური ხომალდი) არათუ შეკაზმული, არამედ მოვლილი, დანაყრებული და კომფორტულად მოსვენებულია ძვირფას პერსონალურ თავლაში (მოასწრებენ თუ არა მის გამოყენებას, სხვა საკითხია). ამდენად, სარეკლამო აგენტისა და თავმომწონე ქურუმის ჰიბრიდი გლობალიზაციის წილხვედრ კაცობრიობას დღეს სწორედ ამგვარი სინთეტიური კენტავრის სახით წარმოუდგება. სავარაუდოა, რომ მომავალ ერთიან მულტიკულტურულ გარემოში კაცობრიობის თვითმარქვია ელიტას - მის კონფორმისტულ უდიდებულესობას - ცხოველქმედების ერთადერთი რეალური და ფრიად ჰედონისტური სტიმულიღა შერჩება: მორიგი მსუყე ენერგეტიკული ულუფის გარანტირებული მოლოდინი შედარებით გლობალიზებულ სამყაროში.
მაგრამ ყოველდღიურობას არაფერი აქვს საერთო არც თვალუწვდენელ მეტაგალაქტიკურ საზომებთან, არც მუცლით მეზღაპრე კენტავრების მოსალოდნელ დეგრადაციასთან და არც უსულგულო და ამპარტავან აბსტრაქტულ ჭეშმარიტებასთან. პროკლამირებული გლობალიზმისა და ლატენტური ანტიგლობალიზმის დაპირისპირების ხანაში მინიმალურად დასაშვებ მოთხოვნათა სიმრავლე საშუალოდ „გაპოპსებული” ადამიანისგან გამრავლების ტაბულის ცოდნასა და ფეხმარდი ცხენის შეკაზმვას თუ არა, კალკულატორის მოხმარებისა და მსუბუქი ავტომანქანის დაქოქვის უნარჩვევებს მაინც შეიცავს. ასეთი ინდივიდისთვის სამყაროს უსასრულობა არა იმდენად მეტაგალაქტიკურ სივრცეებთან და გლობალიზაციურ პროცესებთან - უფრო მშობლიური მწვანე პლანეტის ბედთან, მისი პარალელებითა და მერიდიანებით დასერილ კონტინენტებთან, მეტიც - პირადი მიკროკოსმის ელემენტარულ ნაწილაკებთან: ქვეყანასთან, ქალაქთან, სოფელთან, ზოგჯერ უბანთან, ქუჩასთან, ეზოსთან, განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში - რბილ სავარძელთან, საყვარელ ტელევიზორთან და საკუთარ განუმეორებელ ლოგინთანაც კი ასოცირდება. ამ უბრალო გარემოებას ყველაზე ამბიციურად განწყობილმა რომანტიკოსმაც კი ანგარიში უნდა გაუწიოს - სხვანაირად მის ამბიციას დაკმაყოფილება არასდროს უწერია, ხოლო ოცნების უშრეტი ძალით აზვირთებული საუკეთესო ლოგიკური კონსტრუქციების მაგივრად ხელში შერჩება ოდენ ფერფლი, ფიქცია, ფიქრი მღაღადებლისა უდაბნოსა შინა. უკბილო რომანტიკოსი საქურუმოდ კი არა, უკეთეს შემთხვევაში საერთო დამცინავი იგნორაციისთვის, უარესში კი თანამემამულე თა ზიზღიანი შეფურთხებებისთვისაა - სიფათში შელაწუნებებსა და ზურგში დამიზნებულ ტყვიებზე რომ არაფერი ვთქვათ - განწირული. საქმიანი პატრიოტიზმი, ყველაზე ჰუმანურიც კი, ძნელად იტანს ზოგადსაკაცობრიო „მანილოვშჩინისა” და მექანიცისტური ინტელექტუალიზმის საბურველში გახვეულ დეზერტირობას. გლობალიზაცია - ჯერჯერობით მაინც - უნივერსალური ინდულგენცია როდია და ეროვნული ინტერესების დაცვაზე ხელის აღებას სულაც არ გულისხმობს. მართალია, ყველანი ერთ ქვაბში ვიხარშებით და გლობალიზაციის მძლავრ დინებას ნაფოტივით აყოლილი საქართველო საერთო წესიდან გამონაკლისი ვერ გახდება, მაგრამ ისიც გავითვალისწინოთ, რომ გლობალ-ენთუზიასტების ოცნების კოშკის - პლანეტარული ლიბერალურ-დემოკრატიული „მითლანდიის” - პროექტი სინამდვილეში ჯერ მხოლოდ პირველი მონახაზების დონეზე თუა გაწერილი.
ამიტომაა, რომ გლობალიზაციის მსუბუქ მარწუხებშიც კი აქა-იქ წამოიჩიტება - ხან რეალურად, ხანაც ვირტუალურად, - წინა ეპოქებიდან ურცხვად გადმოყოლილი იმგვარი ტიპის საჭირბოროტო კი თხვები, რომელთა გადამისამართება აქტუალური პოლიტიკური მოვლენებისკენ ერთგვარად ტაბუდადებულიც კია; მიჩნეულია, რომ ერის მიერ პასუხი ასეთ კითხვებზე ერთხელ და სამუდამოდაა გაცემული და გამოხატული რეფერენდუმების, პლებისციტების, მიტინგებისა და სხვა მასობრივ-დემოკრატიული სანახაობითი პროცედურების მიერ. მართლაც, განა უხერხული არაა კოლაბორაციონიზმის მორევში გადავეშვათ და გლობალიზაციის სახელით ინტელექტუალური განსჯის ობიექტად ვაქციოთ - სინამდვილეში კი ეჭვი შევიტანოთ - ისეთ საბაზისო ღირებულებებში, როგორებიცაა, მაგალითისთვის, არჩეული უმრავლესობის მიერ ქვეყნის მართვა, ეროვნული დამოუკიდებლობა, სახელმწიფო სუვერენიტეტი, კერძო საკუთრების ხელშეუხებლობა ანდა ლიბერალური დემოკრატია? რაღა შორს, 90-იანი წლების მიტინგებში, ვეძიოთ სიმართლე, გავიხსენოთ თუნდაც უკანასკნელ ხანს სხვადასხვა ინტერვიუებსა თუ საერთაშორისო ფორუმებზე გაცხადებული ბურჯანაძისეული „Это выбор нации” ზოგადად მედასავლეთეობაზე, ან ცხონებული ჟვანიას ლეგენდარული „I'm georgian, therefore I'm european“ - კონკრეტულად ევროპელობაზე.
მაგრამ შეიცავდნენ კი ხელისუფალთა ეს სხარტი გამონათქვამები საკუთარ თავში ჭეშმარიტებას, და თუ შეიცავდნენ - რა ზომით: მთლიან ჭეშმარიტებას თუ ოდენ მის მარცვალს? რა, მედასავლეთეობა მაინცდამაინც თავისუფლების იდეის საუკეთესო გამოვლინებაა, ხოლო ანტიგლობალიზმი - უსათუოდ დასაგმობი ფენომენი? ან იქნებ ყოფითი პირობების გაუმჯობესების მიზნით მოწინავე ერთა მძლეთამძლე კავშირში გაერთიანებისკენ ლტოლვა, ფიქრი მულტიკულტურულ სამყაროსთან სულიერი შერწყმის ხელსაყრელ პირობებზე, ეკონომიკური ინტეგრაციისადმი მიდრეკილება, ჯიბეძლიერი უცხოელი პატრონის მათრობელა კულტისადმი ტრფობა, პოლიტიკური შემგუებლობაც კი - თავისთავად შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის უტყუარ ნიშნებს? იქნებ ევრო ეროვნული ვალუტაა? ან რუსული ლიტერატურაა კრაზანის ბუდე? ნუთუ ერის დემოკრატიული მომავალი მართლაც თავსებადია ინტელექტუალურ ძალადობასთან, გულისამრევ სოციალურ უთანასწორობასთან, ყელში ამოსულ ბელადომანიასთან, აზროვნების შეზღუდვასთან, შიშთან, თვითცენზურასთან, უპასუხისმგებლო აკრძალვებთან?
მაგრამ განა კრიტიკული აზროვნება ცივილიზაციის დასაბამიდან არ უბიძგებდა “გონიერი საჭიანჭველეთის” ამბიციურ ქურუმებს ტაბუებისა და დოგმების რღვევისკენ - წინსვლის სახელით არ ტვირთავდა უბრალო მოკვდავების გაღიზიანებულ გონებას ქურუმების გმირული საქციელის ნათელი მაგალითებით, არ აქეზებდა სწავლულებს თანადროული საზოგადოების მატერიალური და სულიერი განვითარებისთვის აუცილებელი და მიმზიდველი მეცნიერულ-ფილოსოფიური არგუმენტაციის მოძიებისკენ? და განა ჩვენი სამშობლო იმ ერთდროულად უუმცირესი და ვეება სამგანზომილებიანი კოლონიის ელემენტარული შემადგენელი ნაწილაკი არაა? შევახსენებ ყველას, რომ არსებობს, არავის გაუუქმებია, უზოგადესი „მუდმივი” კი თხვები: რა? როგორ? რისთვის? - რაც მიმდინარე ქართულ ცხოვრებასთან, გნებავთ, ქართულ პოლიტიკასთან მიმართებაში შეიძლება ასეც გაიშიფროს: რა არის ჩვენი საბოლოო მიზანი, რა გვინდა თანამედროვე საქართველოს მოქალაქეებს, რითი ვაპირებთ, რომ დავხვდეთ გლობალიზაციის თანმდევ „შთანთქმით” საფრთხეებს - ვამჩნევთ კი საერთოდ მათ?
აქ უამრავი კონკრეტული - დიდი და პატარა - საკითხია. გლობალიზაციის საწყისმა ეტაპმა ხომ შეიწირა უკვე ქართული ფეხბურთი, თბილისის ზოგიერთი უბნის არქიტექტურული იერსახე, „კომუნისტური” ქართული ლიმონათი და ლაღიძის წყალი, მოელის თუ არა იგივე ბედი ბორჯომსა და ვაზს - ჩვენთვის უფრო კულტურული, ვიდრე ეკონომიკური ყაიდის ფენომენებს? რას დაემსგავსება საბოლოოდ ჩვენი უმაღლესი სკოლა? ანდა რაა „თურქი-მესხების” მოსალოდნელი ჩამოსახლება - ისტორიული სამართლიანობის აღდგენის გულწრფელი მცდელობა, გაუაზრებელი და სახიფათო პოპულიზმი, თუ ევროსაბჭოსთან „სამარიაჟო” თემა? გვაქვს კი ქართველებს ერთიანი ეროვნული და სამოქალაქო ღირებულებანი, თუ ყოველივე გაითქვიფა - ერთხელ და სამუდამოდ - უამრავი კერძო თუ ჯგუფური კომპონენტებით შეზავებულ მატერიალისტურ კოქტეილში? როგორ, რანაირი მანქანებით ვაპირებთ მივაღწიოთ აღთქმულ მიზანს და არსებობს კი მართლაც ასეთი მიზანი ბუნებაში? დაბოლოს: რა საჭიროა ამდენი ჯახირი, რისთვის ვეწამეთ, მხოლოდ კინეტიკური ეფექტებისთვის და საკუთარი ფერის მოპოვებისთვის მსოფლიო რუკაზე (თუმცა ეს ცოტა როდია)? ნუთუ შესაძლებელია ერის გეოპოლიტიკური მნიშვნელობა მარტოოდენ გეოგრაფიულ ატლასში სახელმწიფო სიმბოლიკის აღნიშვნით, საკუთარ ტერიტორიაზე მილსადენების გატარებითა და მსოფლიო ტელესივრცეში ამა თუ იმ პოლიტიკური ლიდერის ბრტყელბრტყელი ფრაზებით შემოიფარგლოს? ბოლოს და ბოლოს, ხომ არსებობს არც მთლად დაუსაბუთებელი მოარული მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ქართველები დღემდე არა თავგანწირვამ და მტერზე ხმლით შესკდომამ (თუმცა იყო ჩვენს ისტორიაშიც დიდგორი), არამედ ეროვნული ელიტების ლაბილობამ, მოქნილობამ და უპრინციპობამ (სხვანაირად თუ გნებავთ - დამპყრობლის სისუსტეებზე პარაზიტიზმმა) მოგვიტანა (თუმცა იყვნენ, იყვნენ ჩვენს წარსულში ქეთევან დედოფალიც და ცოტნე დადიანიც, მაგრამ საერთო ისტორიულ ამინდს მაინც სააკაძეები ქმნიდნენ). სხვა თუ არაფერი, პეტენს აპატია ნახევარმა საფრანგეთმა, ბენეშს კი - მთელმა ჩეხოსლოვაკიამ ჰიტლერის წინაშე და ჩოქება და კაპიტულაცია, ამის ფასადაა პარიზი და პრაღა რომ გადაურჩნენ მიწასთან გასწორებას და ჩვენ, ქართველები, ვისი ტიკი-ტომარა ვართ ასეთები და ვის დავკარგივართ დუნიაზე? რა, თავდახრა არ გვეკადრება?
გულწრფელად გაგანდობთ, რომ მე, როგორც ამ ოპუსის ავტორს, სულაც არ მეხატება გულზე ტრადიციული „მუდმივი” კი თხვების ესოდენ პროვოკაციულ, მომლაშო-მომწარო ელფერის მქონე კონტექსტში დასმა, მაგრამ არც მათი ხელისა და ფიქრის ერთი მოსმით მიუსავლეთის უკუნეთში გაგზავნა მიმაჩნია გამართლებულად. პირიქით, უარყოფითად მოტივირებული პასუხების მტკიცე და ხარისხიანი იდეოლოგიური ქვითკირით გამყარებას ვინატრებდი, ამის უცილობელ პირობას კი უწინარესად ჩემს ქვეყანაში სათანადო ინტელექტუალურპოლიტიკური ამინდის შექმნაში ვხედავ (საგარეო ზეწოლის როლის დაკნინება, რა თქმა უნდა, დაუშვებელია, მაგრამ შიდაეროვნული ეფექტების გარე ფაქტორებით გადაფარვა მაინც გაუმართლებლად მიმაჩნია, მით უმეტეს, რომ ქვეყნის ფარგლებს გარეთ ხელი ნაკლებად მიგვიწვდება). ჭეშმარიტი ხიფათი, როგორც ყოველთვის, ეშმაკისეული დეტალების ფორმალიზაციის სიბრტყეში ძევს. ისტორიული მაგალითების მეტი რაა ქვეყანაზე? ბოლოს და ბოლოს, „ფრანციცულად” გამომცხვარი სისხლიანი ტირანების, პოლ პოტისა (სალოთ სარის) და მისი გუნდის - ე.წ. „წითელი ქჰმერების” - მიერ გასული საუკუნის 70-იან წლებში თამამი სოციალური ექსპერიმენტის პოლიგონად გამოყენებულ „დემოკრატიულ” კამპუჩიასაც კი თითქოს გააჩნდა სუვერენული სახელმწიფოსთვის დამახასიათებელი ყველა ფორმალური ნიშანი, მაგრამ, აბა, რა თავში უნდა იხალოს ვინმემ იმგვარი სუვერენიტეტი, რომელიც სისხლის ტბებთან, ფაშისტურ ვივისექციას თან (ბიჭები ერთ მილიონამდე აპირებდნენ ქვეყნის მოსახლეობის დაყვანას), კაციჭამია ნიანგების ფერმებთან, საკუთარი ერის გენოციდთან და კაცობრიობის წინაშე უპატიებელ, არაადამიანურ დანაშაულებთან იქნება გაიგივებული? ჰოდა, გვაქვს კი დღევანდელ ქართველობას განვითარების მსგავსი სცენარის საწინააღმდეგო ურყევი შიდაპოლიტიკური (სასურველ საგარეოზე რომ არაფერი ვთქვათ) გარანტიები, ნებელობა ან სათანადო საზოგადოებრივი იმუნიტეტი? ვართ მზად კი ვაღიაროთ, რომ გლობალიზაციის ეპოქაშიც კი დამოუკიდებლობის განმტკიცებასა და შენარჩუნებას, ქუჩაში დროშების ქნევისა და ყელყელაობის გარდა, მყარი ინტელექტუალური არგუმენტებიც ესაჭიროება?
ზემოხსენებული „მუდმივი” კითხვები - რათა ანაქრონიზმების ალბათობა თავიდან ავიცილოთ - სწორედ თანამედროვე, რევოლუციური საქართველოს პოლიტიკურ კონტექსტში ითხოვს პასუხს. იქ, სადაც კონიუნქტურას აყოლილი ქარიზმული ქურუმები თუ სარეკლამო აგენტები, ამა თუ იმ საპატიო მიზეზით, საჭირბოროტო კი თხვებზე პასუხის პატიოსნად გაცემას თავს არიდებენ, მათი ვერბალური დამუნათების ტვირთი ისევ ინტელექტუალურად ალალმა მკვლევარებმა უნდა ზიდონ. მე მგონი, მორალური თვალსაზრისით ეს სავსებით გამართლებული პოზიციაა.
ამ პოზიციის დასაცავად კი, ალბათ, ღირს გონება და მეხსიერება დავიძაბოთ და მეტაგალაქტიკის „ჭიანჭველეთიდან” დღევანდელ, „რევოლუციურ - ჯერ არნახულ” საქართველოში გადმოვინაცვლოთ. ანუ იმ ქვეყანაში, სადაც „ვარდების” ხავერდოვანი რევოლუციის მოკლე ჩართვით აგიზგიზებული მოდერნიზაციის პროცესი 2003 წლის დაუვიწყარ ნოემბერში ჯერ ექს-ქურუმის, პრეზიდენტ შევარდნაძის მიერ ტრიბუნაზე მიტოვებული მწვანე ჩაის ექსპროპრიაციით დაიწყო, მერე სასწრაფოდ პოლიტგამოფენებისთვის განკუთვნილი საექსპორტო სასაქონლო „ბრენდებით” შეიმოსა და შემდგომ გარკვეულწილად განვითარდა კიდეც.
ნუ დავიზარებთ იმის აღნიშვნას, რომ ნოემბრის გადატრიალება, კლასიკური ტიპის რევოლუციური მიწისძვრებისგან განსხვავებით, სხვა თუ არაფერი, იმით მაინცაა ალალ მკვლევართათვის საინტერესო, რომ მან ხელისუფლების სათავეში „რატომაც არას” პრინციპზე აღზრდილი გოგო-ბიჭების თაობა მოიყვანა. რატომ „რატომაც არას”? თუნდაც იმიტომ, რომ თბილისის სპორტის სასახლეში პირველკურსელებთან გამართულ დიდ შეხვედრაზე ქვეყნის რევოლუციურმა პრეზიდენტმა სწორედ ასე ბრძანა: „როცა მეუბნებიან, რომ ამის თუ იმის გაკეთება შეუძლებელია, მე და ჩემი მეგობრები ვამბობთ: რატომაც არა? - და ყველაფერი მშვენივრად გამოგვდის”. ის სეფესიტყვა მართლაც რომ საგულისხმო იყო, ვინაიდან ერთდროულად ორ პროპაგანდისტულ თეზას - „რატომაც არას” პარასტუდენტური თაობისადმი ხოტბის შესხმასა და საკუთარი იდეალიზმის ხაზგასმას მოიცავდა. საზოგადოდ, ნეიტრალურ დამკვირვებელს უნებურად ისეთი შთაბეჭდილება შეიძლება შეექმნას (იქნებ მცდარიც), თითქოს თანამედროვე საქართველოს ქარიზმული ლიდერისთვის ერთი მისწრებაა, რომ მსმენელთა აუდიტორია ოცი წლისა და ნაკლების გოგო-ბიჭებისგან შედგებოდეს. მართლაც, ხომ შესაძლებელია, რომ ასაკით უფროსებს რაღაც უხერხული კითხვები დაებადოთ, უწვერულვაშო ყმაწვილების გარემოცვაში კი ზედმეტი ციფრებისა და ფიციმტკიცის გარეშეც იოლად გადიხარ კაცი ფონს. საკმარისია დასჭექო და რაც შეიძლება ომახიანად გალანძღო შენი წინამორბედი (მერე რა, თუ ადრე ის შენი მამა-მარჩენალი იყო), გაუთავებლად იმეორო, რომ შენი და შენი გუნდის ხელისუფლებაში მოსვლით ქვეყანას, როგორც იქნა, დაადგა საშველი და წარმატება გარანტირებულია. ნუ დავუკარგავთ, ახალმა ქურუმმა პიარი და რეკლამა, იცოცხლე, კარგი იცის, მაგრამ, მოდით, ნურც იმას დავივიწყებთ, რომ პიარსა და რეალობას შორის არსებულ ბუნებრივ ნაპრალში კრიტიკულად განწყობილი დამკვირვებელი ერთ ღრმა გრანდ კანიონს მაინც დაატევს, ჯვრის უღელტეხილზე რომ არაფერი ვთქვათ. ეგაა ოღონდ, რომ ეგეთი დამკვირვებლები თვლითაა, ხოლო ნაპრალის სიღრმის მეტნაკლებად სწორად შეფასებისთვის მინიმალურ პოლიტიკურ გამოცდილებას მაინც უნდა ფლობდე, რაც ესოდენ აკლიათ სამშობლოს სიყვარულით გულანთებულ ყმაწვილებს. სხვათა შორის, დღევანდელი საქართველო შესანიშნავი ილუსტრაციაა იმისა, თუ რა ემართება ტრადიციულ სახელმწიფო სტრუქტურებს, თუნდაც ცოდვებით დამძიმებულებსა და ნაკლებად ეფექტიანებს, როდესაც მათში დასაქმებული ხავსმოკიდებული ჩინოსნების მაგივრობა „არაფორმალური” სამოქალაქო სექტორის ამბიციურ პირმშოთ უწევთ. „ვარდების რევოლუციას” ბუნებრივად მოჰყვა, რაც სავსებით მოსალოდნელი იყო, კორუმპირებული ადმინისტრაციული აპარატის გენერალური წმენდა. დაგვიანებულმა სამართალმა თითქოს პური ჭამაო და პოლიტსანაგვეზე გადაბარგებულ ბევრ „ძველ” ფუნქციონერს რევოლუციაში მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციებში („კმარა”, „თავისუფლების ინსტიტუტი” და სხვ.) ფეხადგმული და მოჰუნვეიბინო აქტივისტი ჩაენაცვლა, ბოლოს და ბოლოს, რევოლუციას მათი კარიერული მისწრაფებებიც ხომ უნდა დაეკმაყოფილებინა. დიალექტიკის კანონების კვალობაზე იმდენმა ფრიად სიმპათიურმა „ენ-ჯი-ომ” ისე მოულოდნელად გამოაჩინა კლანჭები და ბრჭყალები, რომ გაცოცხლების შანსი მიეცა ჯერ კიდევ მარადმწვანე სტუდენტობის ხანაში მივიწყებულ მარქსისტულ თეზას ყოფიერების პირველადობისა და ცნობიერების მეორეულობის შესახებ.
„ვარდების რევოლუციამ” არათუ მიანიჭა ქართული საზოგადოების სამოქალაქო - არსებითად კი ოპოზიციურ - სექტორს მისთვის არადამახასიათებელი სახელისუფლებო ფუნქციები, არამედ შეპარვით დაასნებოვნა კიდეც მავანი, ოდესღაც უწყინარი და პროგრესულად მოაზროვნე „ენჯიოშნიკი”, ძალმომრეობისა და დაუსჯელობის სინდრომის ძნელადგანკურნებადი ფორმით. ასე მაგალითად, ერთერთმა ყველაზე გავლენიანმა „ენ-ჯი-ომ” საქართველოში - განთქმულმა „თავისუფლების ინსტიტუტმა” - ქვეყნის რევოლუციურ პარლამენტში სრულიად კანონიერ საფუძველზე მიავლინა რამდენიმე ყველაზე თვალსაჩინო და პოლიტიკურად მომზადებული თავისი წარმომადგენელი, რომლებმაც საკუთარი ნიჭის, მარიფათისა თუ მიზანსწრაფულობის წყალობით სულ მალე - სინამდვილეს თვალს თუ გავუსწორებთ - საქართველოს არაოფიციალური, „ჩრდილოვანი” პარლამენტისა და მთავრობის როლის შესრულება იკისრეს, ვინაიდან სწორად განსაზღვრეს სახელისუფლებო დარტყმის მთავარი მიმართულება - იდეოლოგია.1 რა ვიცი, როგორც ოპოზიციონერები და ყოფილი რეჟიმის თავგადაკლული კრიტიკოსები, მსგავსი ორგანიზაციები, შესაძლოა, სამაგალითოდ ართმევდნენ თავს ნაკისრ ვალდებულებებს, მაგრამ სახელისუფლებო ინვერსიის ცთუნებებს ისინი აშკარად ვეღარ უძლებენ. საუბედუროდ, ბევრი მათგანი უმეცრების უხილავ მახეში აღმოჩნდა გაბმული და ახლა ძირითად იარაღად ცინიზმს იყენებს - ამით კი საკუთარი ამბიციური არაკომპეტენტურობის გადაფარვას ცდილობს. მათი აქტივისტები გრძნობენ, რომ მუდმივ მინიშნებებს ფართო საზოგადოებრივ მხარდაჭერაზე კარგა ხანია ყავლი გაუვიდა, სიტუაცია ქვეყანაში შეიცვალა და ამ ფონზე (განსაკუთრებით შალვა რამიშვილის გასამართლებისა და გირგვლიანის გახმაურებული მკვლელობის შემდეგ) სავსებით კონსტრუქციული კრიტიკის ატანაც კი უჭირთ. მერე კიდევ ამ ყბადაღებული პოლიტიკური გრანტების თემა, ამასთან დაკავშირებული ტყუილმართალი, გაუთავებელი ჭორები...
კი, ბატონო, სრული სიმართლეა, რომ მიხეილ სააკაშვილი ერის ბელადად ქართველმა ხალხმა დიდი უმრავლესობით აირჩია, მაგრამ ეს ხომ ნეგატიური, საპროტესტო არჩევანი უფრო იყო - ისე ამოუვიდა პრაქტიკულად ყველას ყელში შევარდნაძის უნიათო და კორუმპირებული რეჟიმი. სააკაშვილის ხელისუფლების პირდაპირმა საგარეო სახელფასო დაფინანსებამ (ასე დაუფარავად ამ ტიპის დაფინანსებით მანამდე პალესტინის ავტონომიის ადმინისტრაცია თუ დაიკვეხნიდა, მაგრამ იქ ხომ რადიკალურად განსხვავებული ვითარებაა) წინა პლანზე საქართველოს გეოპოლიტიკური განვითარების კონსპიროლოგიური ვერსიები წამოწია. ძალზე სამწუხაროა, მაგრამ პირადად ჯორჯ სოროსის მხრიდან საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევისა და საქართველოს ახალ ხელისუფალთა „ყიდვის” ფაქტოლოგიურ მხარეს აწი ოდნავ ობიექტური დამკვირვებელიც კი ვეღარ უგულებელყოფს - მას ამის საშუალებას თავად სოროსი არ მისცემს, ამ თემაზე იმდენი საჯარო განცხადება აქვს გაკეთებული. ჰოდა, რაღაც ანგარიში ხომ უნდა გაეწიოს საზოგადოებაში ფეხმოკიდებულ აზრს ან, თუ გნებავთ, მოარულ ეჭვს იმის თაობაზე, რომ ბატონი სოროსი არა იმდენად სამაგალითო ქველმოქმედი, კეთილშობილი მეცენატი და მსოფლიო დემოკრატიის გულმხურვალე ადეპტია, არამედ მესიანური იდეებით შეპყრობილი ჰომო პოლიტიკუსი (თუნდაც კეთილმოსურნე), რომელიც საქართველოს ტიპის ფორმალურად სუვერენულ სახელმწიფოებს, თურმე, თავისი პირმშო „ღია საზოგადოების” კონცეფციიდან ლოგიკურად გამომდინარე, პოლიტიკური ექსპერიმენტებისა და სოციოკულტურული ვნებების გავრცელების ხელოვნურ არეალად განიხილავს. რა ვიცი, იქნებ ეს ყველაფერი ტყუილია და არამარტო სოროსშია საქმე, ან იქნებ მართლაც სწორედ საქართველოსმაგვარ მცირემიწიან პოლიგონებზე შალაშინდება გლობალისტური ცივილიზაციის განვითარების სამერმისო სქემები და, საზოგადოდ, იქნებ სიდუხჭირით დათრგუნვილ ყოველ უმწეო ქვეყანაზე თითო სოროსი მაინც არსებობს. ლამაზი, მერე რა, რომ დაუსაბუთებელი, შეთქმულების თეორიაა, არა? (არადა ისტორიის ნისლი ბევრ უცნაურობას ფარავს, მარტო თითქმის უძლეველი ტამპლიერების „განკულაკება” რად ღირს, ანდა რას არ იტევს კიდევ მეცნიერული კონსპიროლოგია შუა საუკუნეებიდან დღემდე მოყოლებული?). ამიტომ საგრანტო დაფინანსების ყბადაღებულ თემას, ჩემი მოკრძალებული აზრით, უხილავი იდეოლოგიური ყადაღა უნდა აეხსნას და სათქმელიც უნდა ითქვას, თანაც - მშვიდი, ობიექტივისტური, და არა მარგინალური, მყვირალა პოლიტიკური ოპოზიციის თვის დამახასიათებელი ისტერიული ფორმით. ოჰ, ეს გრანტები და გრანტიჭამიები... ხომ უნდა გაირკვეს, ბოლოს და ბოლოს, ამ ფენომენის მორალური მხარე (ფინანსური თუ გარკვეულია); კერძოდ, რა იყო, რა არის და უნდა (ან არ უნდა) იყოს დასაშვები ამ თვალსაზრისით? მაშინ, როდესაც შენი საკუთარი „დემოკრატიული” სახელმწიფო თავის ძირითად ფუნქციებს არ (ან ვერ) ასრულებს, სინამდვილეში კი მოქალაქეების ბედი ფეხზე ჰკიდია და უმუშევრობის ზრდას ლიბერალური მემარჯვენეობის პრინციპების მიმართ თავისი ერთგულებით ხსნის, რა გზა დარჩენია ამ მოქალაქეს, მით უმეტეს, თუ იგი არა ბიზნესმენი და ჩინოვნიკი, არამედ, ვთქვათ, მეცნიერი ან მსახიობია, მით უფრო - ახალგაზრდა, ამბიციური და ხალასი ენერგიით აღსავსე? რითია ასეთ პირობებში უცხოელი კერძო ინვესტორისგან, თუნდაც პოლიტიკურად ანგაჟირებულისგან, აღებული ფული რომელიმე „კეთილი” ადგილობრივი ოლიგარქისგან დანიშნულ სტიპენდიაზე უარესი? არაფრით. საერთოდ, რა პრინციპული განსხვავებაა დაფინანსების ამ ორ წყაროს შორის? არავითარი - არც ერთია ბიუჯეტში ასახული და არც მეორე, სოციალური სამართლიანობა კი ორივე შემთხვევაში ანტისოციალური სუბიექტივიზმითაა ჩანაცვლებული. პირწავარდნილ დემაგოგიას, უმაქნის მორალიზატორობასა და თავის მოტყუებას რომ შევეშვათ, საგრანტო დაფინანსების შემოსვლის პირველადი ისტორიული ფონი ხომ მაინც უნდა წარმოვიდგინოთ კარგად, გავიხსენოთ სიბნელე, სიცივე და უსახსრობა ნაომარ და გაღლეტილ საქართველოში. ქვეყანა, რომელშიც ცოდნა და წესიერება აღარ ფასობდა - ერთი მხრივ, და სიკვდილს გადარჩენილი, გონებაგახსნილი, უცხო ენებთან და წიგნიერებასთან არცთუ მწყრალად მყოფი ახალგაზრდების მთელი წყება - მეორე მხრივ. მერე და რა არჩევანი ჰქონდათ? მობერებული მშობლების კისრებზე და სამთავრობო კუპონებზე შიმშილიანი ჯდომა? აბა, ეგ რა არჩევანია? მებრძოლ ახალგაზრდა კაცს (თუ ქალს) უთუოდ რაღაც სხვაში უნდა მოეძებნა გამოსავალი - ემიგრაციაში, იარაღის ტრიალში, ქურდობაში, კრიმინალით დაბინძურებულ ბიზნესში, პოლიტიკაში, არც სამთავრობო კორუფციაში თანამონაწილეობა უნდა ეთაკილა, თავად განსაჯეთ... აქეთ კი, მეორე ნაპირზე, ნელ-ნელა ფესვმომაგრებულ არასამთავრობო სექტორში შედარებით მაღალანაზღაურებადი და სუფთა საქმიანობა ეგულებოდა. ყველა ეს არჩევანი ტენდენციების სახით თანაარსებობდა და დღემდე თანაარსებობს საქართველოში, ვითარდება კიდეც. ეგაა მხოლოდ, რომ საგარეო დაფინანსების მიღებას რაც შეეხება, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მთავრობის მიმართ მოთხოვნები მაინც განსხვავებულია ყოველ შემთხვევაში, ასე უნდა იყოს.2
დავუბრუნდეთ „რევოლუციურს - ჯერ არნახულს”.
ამერიკას ნამდვილად არ აღმოვაჩენ, თუკი ერთხელაც აღვნიშნავ, რომ ყველანაირი რევოლუცია - ყველაზე ხავერდოვანი, ხელოვნური და კოლბაში გამოყვანილიც კი - მაინც საკუთრების ხელახალ და მტკივნეულ გადანაწილებასთანაა დაკავშირებული. ამასთან, კლასიკური სისხლიანი რევოლუციებისგან განსხვავებით, გლობალიზაციის ეპოქის „ფერადი” („ვარდების” ქართული, „ნარინჯისფერი” უკრაინული და ა.შ.) რევოლუციები ხელს უწყობენ საკუთრების გადანაწილებას ადრე უკვე ჩამოყალიბებულ ელიტებს შორის, რევოლუციური მასების მატერიალურ ინტერესებს კი, ფაქტობრივად, უგულებელყოფენ. ასე რომ, ასეთი რევოლუციები შინაარსობრივად „მემარჯვენე”, ფორმით კი - „მემარცხენე” ხასიათისაა. ამრიგად, „ფერადი” რევოლუციების სახით, საქმე გაორებული ბუნების ფენომენთან გვაქვს. მაგრამ ამ ტიპის რევოლუციებიც, მსგავსად კლასიკური ანალოგებისა, როგორც წესი, ორი განსხვავებული სცენარით ვითარდება: ან - პოსტრევოლუციური საზოგადოების ლპობა-დაჭაობებასთან მიბმული თერმიდორული გადაგვარება, ან - შოკური თერაპიის გამოყენება იმავე საზოგადოების სწრაფი და მეტად მტკივნეული მოდერნიზაციის მიზნით (მაგრამ ისიც შესაძლებელია, რომ ორივე სცენარი არასიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდეს და საზოგადოებამ გამოსავალი კონტრრევოლუციაში ეძებოს). სხვა ამბავია, რომ ერთობ კარიკატურული, დადგმული, ხელოვნური იერის მქონე „ფერადი” რევოლუციები, და იქნებ სწორედ ამაში ვლინდება გარკვეული ისტორიული კანონზომიერება, საჯარო ლანძღვაგინებისა და წივილკივილის თანხლებით სასამართლო დევნის ხიფათისგან ათავისუფლებენ შესაბამისი ქვეყნების უკვე ყოფილ, გადამდგარ უმაღლეს ხელმძღვანელებს (შევადაროთ ერთმანეთს ლუდოვიკო კაპეტისა და ედუარდ შევარდნაძის, ნიკოლოზ რომანოვისა და ლეონიდე კუჩმას, თუნდაც იმრენადისა და ასკარ აკაევის ბედი). საქმე ისაა, რომ ფსიქოსოციალური თვალსაზრისით ისინი რევოლუციონერებისთვის მაინც ახლობელი და გასაგები პერსონაჟები არიან. ამიტომ, უკეთეს შემთხვევაში, შვილობილები მათ თავს ანებებენ, უარესში - კი ემიგრაციაში წასვლას აიძულებენ, მაგრამ უსახსროდ და ბედის ანაბარა თითქმის არასდროს ტოვებენ.
მაგრამ, ბატონებო, საკითხავია, თუ რატომ მაინცადამაინც ჩვენ - საქართველო? ნუთუ ესეც მიმდინარე გლობალიზაციის იმპერატიული მოთხოვნა იყო? ჩვენ ხომ ზუსტად ისევე, როგორც საბჭოთა კავშირის რღვევის პერიოდში, საკლასო ოთახის წინა რიგში ჩამწკრივებული თითით საჩვენებელი „პირველი მოსწავლეები” აღმოვჩნდით. ფაქტია, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში „ვარდების” რევოლუცია წინ უსწრებდა ფორთოხლის წვენის დამკვრელურ დაწურვას კიევის მაიდანზე, ტიტების ცვენას ყირგიზეთში, შეუმწვარი ქაბაბების დარიგებას ბაქოში, კარტოფილის უმად ხარშვის ჩავარდნილ მცდელობას ბელოვეჟის მიუსაფარ ტყეებში...
ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად და ზოგადი სურათის უკეთ წარმოსადგენად მოგვიწევს საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაძიებაც და იმის აღიარებაც, რომ სტრატეგიული თვალსაზრისით საქართველო გლობალიზმის ეპოქაშიც რჩება სამხრეთკავკასიური თავსატეხის ძირითად კვანძად, მის რეგიონალურ პოლუსად, სადაც იკვეთებოდა და იკვეთება უამრავი საგარეო ინტერესი.
ეგაა ოღონდ, რომ სტრატეგია - სტრატეგიად, მაგრამ ჩვენ, თანამედროვე ქართველებს, ჩვენივე სასიცოცხლო ინტერესებიდან გამომდინარე, პრაქტიკულად ამოგვეწურა „კეთილი ტყუილების” ტაქტიკური რესურსი. აღარ გვიღირს, თუნდაც ყველაზე მიმზიდველი და წარმატებული სარეკლამო აგენტების ხათრით, ჩვენი სამშობლოს იმაზე უკეთ წარმოჩინება, ვიდრე სინამდვილეშია. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ თვალწინ ფეხადგმული ახალგაზრდა ავტოკრატია ნელ-ნელა კლასიკურ დიქტატურაში გადაიზრდება და მერე გვიანღა იქნება თითზე კბენანი. ასეთ დროს კეთილ ტყუილს ისევ მწარე სიმართლე სჯობს. ხდება ისეც, როგორ არ ხდება, როცა თქმითაც დაშავდების, გინდა კერძო, გინდა სახელმწიფო ცხოვრებაში. მაგალითად, ჭორის დონეზე ვიცით, თითქოს თვით ჩერჩილმაც კი გაწირა კოვენტრის მოსახლეობა გერინგის ავიაციის დაბომბვისთვის, რათა არ „ჩაეგდო” ინფორმაციის მეტად ღირებული და კარგად შენიღბული წყარო ნაცისტური გერმანიის უმაღლეს სარდლობაში (ცნობილია, რომ სახელმწიფო ცნობიერების მატარებელი უბადლო ინგლისელი ჯენტლმენები ერიდებიან საკუთარი ისტორიული არქივების ხელყოფას და მსგავსს არაფერს დაგიდასტურებენ, მაგრამ არც ისაა გამორიცხული, რომ სწორედ ასე ყოფილიყო!). ჩვენს ცალკე აღებულ ქართულ სინამდვილეშიც ადრე, ყოფილი პრეზიდენტის დროს, მდაბალ ტყუილს - და სულაც არა კეთილს - ხშირად მეტი სარგებლის მოტანა შეეძლო, ვიდრე - სიმართლეს. ეს უკანასკნელი ისე გაუფასურდა, რომ ფეხმარდი ცხენების შეკაზმვით სიმართლის პირში მთქმელებიც კი აღარ იწუხებდნენ თავს. ძირამდე ჩამომპალი რეჟიმი ორგანულად ვერ იტანდა სიმართლეს - ვერც მწარესა და ვერც ტკბილს, ქვეყნის აღმშენებლობისთვის აუცილებელი პოზიტიური იარაღის როლში (არადა, შევარდნაძის პოსტკომკავშირული ადმინისტრაციის უმაღლესი ეშელონი უფრო მგრძნობიარე რომ აღმოჩენილიყო ბუნუელის „ბურჟუაზიის მოკრძალებულ ხიბლში” ჩაქსოვილი კულტუროლოგიური ინვექტივების მიმართ და პოლიტიკურ პრიორიტეტად არა საკუთარი ჯიბის უტიფარი გასქელება, არამედ ქვეყანაში საშუალო კლასის ჩამოყალიბება დაესახა, იქნებ მომდევნო წლებში საქართველოს აერიდებინა კიდეც თავი ფსევდოლიბერალური ტოტალიტარიზმის ფერადფერადი იმპულსების შემოტევებისგან). გლობალიზაციის განთიადზე ცივი ომის გმირი (თუ ანტიგმირი) და ყველაზე დიდი ფარისეველი საქართველოს ისტორიაში - პრეზიდენტი შევარდნაძე - ქვეყანას კორუფციული გარიგებებისა და კომპრომატების საშუალებით მართავდა, მაგრამ მის ქმედებებში ჭეშმარიტი იდეალიზმის ნასახიც კი არ შეინიშნებოდა. იმ იდეალიზმისა, რომელიც მისმა მემკვიდრემ უდიდეს იდეოლოგიურ სიკეთედ გამოაცხადა. რა ვქნა, იქნებ არც უნდა ვამახვილებდე ამ წვრილმანზე ყურადღებას, მაგრამ მრავალსაუკუნოვანი ისტორიული პრაქტიკა ნათლად მეტყველებს, რომ ამგვარი იდეალიზმი - მით უფრო პომპეზური და უგემოვნო, - მასობრივი გამოლენჩების ხანაში, ხატოვნად რომ ითქვას, ისევე ბუნებრივადაა მომართული თავისუფალი ინდივიდის ნების დასათრგუნად, ვით კომპასის ისარი - ჩრდილოეთი პოლუსისკენ, და სანამ ზედმეტად კატეგორიულმა და მორაინდო იდეალისტებმა, გნებავთ, ლიბერალური სიწმინდეების სამარადჟამოდ დანერგვისა და, გნებავთ, სახელმწიფოს ტერიტორიალური მთლიანობის აღდგენის სახელით, მილიონობით ადამიანს არ გადაუარეს (ეს კი პატარა ქვეყნისთვის, ალბათ დამეთანხმებით, არც ისე ცოტაა), უთქმელობას მაინც თქმა სჯობს.
მაგრამ თქმაც არის და თქმაც. ერთი მხრივ, ახალბედა, ბოლომდე არშემდგარი სახელმწიფო წარმონაქმნის ისტორიული მოდერნიზაციის გარდაუვალი პროცესის თანმდევი უამრავი პროვინციული სისულელისა და გადახრის (ეს კიდევ რბილადაა ნათქვამი) წარმოჩენისას ჟამთააღმწერელმა გონი და ობიექტურობა არ უნდა დაკარგოს, ხოლო, მეორე მხრივ, მას ყოველწამს თავს ახსენებენ საყოველთაოდ აღიარებული მაქსიმები, ისეთები, როგორც: „იარე სიმართლით”, „წვეთწვეთ გამოიდევნე შენგნით მონა” ან „ადამიანებო - იყავით ფხიზლად” უნებურად კისერი არ წაიმტვრიო ბოღმიან პასკვილიანტობასა და კეთილგანწყობილ კრიტიკას შორის გადებულ უხილავ ბორდიურზე, არ დაკარგო ჯანსაღი სკეპტიციზმის მართებული დოზის შერჩევის უნარი, თანაც კიდევ თვით სიმართლე არ დააზიანო - სულაც არ გახლავთ იოლი საქმე. ე.წ. „სახელმწიფო ინტერესმა”, მით უფრო, არასწორად გაგებულმა, რაღაც მომენტში შეიძლება მოითხოვოს ერთი რამ, ზოგჯერ არასაკმარისად ადეკვატური, ხოლო ამბიციურმა საავტორო თვალთახედვამ, ფაქტებისა და ტენდენციების ობიექტური ანალიზის პირობიდან გამომდინარე, - სრულიად სხვა და საპირისპირისო. მოთხოვნათა შორის კონფლიქტი სავსებით მოსალოდნელია, კომპრომისის მიღწევა - გართულებული, და ნებისმიერი ჟამთააღმწერელი, მიუხედავად მისი რასობრივი, ეროვნული თუ კონფესიური კუთვნილებისა, ასეთ დროს მძიმე არჩევნის წინაშე დგება. მაგრამ თუკი ერთ გახმაურებულ ნაწარმოებში ალეგორიული ფორმით წარმოჩინებულ სიბრძნეს დავესესხებით (ბულგაკოვის „ოსტატსა და მარგარიტას” ვგულისხმობ) და გავიხსენებთ, თუ რა მწარედ ისჯება სცენიდან უნიჭო ტყუილების ფრქვევისთვის თეატრალურ სამყაროში ცნობილი კონფერანსიე (რომანის ერთერთი გმირი), ალბათ, მოვერიდებით ანალოგიურ საქციელსა და პლებსის საჯიჯგნად საკუთარი თავის გაწირვას. შევთანხმდეთ, რომ საქართველოში დატრიალებული რევოლუციური ქარბორბალას შეფასებისას გასათვალისწინებელია ორი საყოველთაოდ ცხადი, პრაქტიკულად აქსიომური გარემოება: პირველი, - ნოემბრის გადატრიალებამ „თეთრი მელას” - ედუარდ შევარდნაძის - ადგილზე მოიყვანა ოდესღაც ოპოზიციური, ამჟამად კი მმართველი პოლიტიკური ძალის - ნაციონალური მოძრაობის - ქარიზმული ლიდერი, მსოფლმხედველური თვალსაზრისით ჯიშიანი პროამერიკელი მიხეილ სააკაშვილი. მეორე - ამ ძირეულ სახელისუფლებო ცვლილებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა აშშ-ის იმდროინდელმა ელჩმა საქართველოში რიჩარდ მაილსმა. დანარჩენი დეტალებისა და ნიუანსების ახსნაგანმარტება მთლიანად პუბლიცისტის ხელშია. სამწუხაროდ, ტრადიციული პუბლიცისტიკა რევოლუციური მოვლენების ასახვისას გარკვეულ ტექნიკურ სირთულეებს აწყდება ხოლმე. დროის მონაკვეთმა დაწერიდან გამოქვეყნებამდე იმდენი შეიძლება დაიტიოს, რომ... აი, მაგალითად: დაწერს პუბლიცისტი X უტყუარ ფაქტებზე დაყრდნობით, რომ რომელიღაც პრობლემურ სახელმწიფოში ყველას თვალწინ ყალიბდება, ვთქვათ, სამხედრო დიქტატურა. იმუშავა კაცმა, გააკეთა გარკვეული დასკვნები, სათანადო ანალიტიკური რეკომენდაციებით მიმართა საზოგადოებას, წავიდა რედაქციაში, მაგრამ რად გინდა - სანამ მისი ტვინის ნაჟური დღის სინათლეს იხილავდეს, იმ პრობლემურ ქვეყანაში ან გადატრიალება ხდება, ან მშრომელი მასების ამბოხება, ან ახალგაზრდა მაიორები „ბეტეერებით” გადაუვლიან ძველგაზრდა გენერლებს... ერთი სიტყვით, ათასი რამაა მოსალოდნელი და ყველაფერი შეიძლება მოხდეს. საგარეო კეთილგანწყობიდან (ან მისი დეფიციტიდან) გამომდინარე, საკმაოდ დიდი და ღირსეული ქვეყნების ხელისუფალნიც კი განიცდიან ზოგჯერ - თანაც ყოველგვარი საერთო-სახალხო არჩევნების გარეშე - გასაოცარ მეტამორფოზას. საზოგადოდ, წარუმატებელი ხელისუფლება შეიძლება შეიცვალოს მშვიდობიანად, საგარეო ძალასთან სამხედრო კონფლიქტში მარცხის შედეგად, როგორც ოდესღაც საბერძნეთში ან არგენტინაში; ან უბოდიშოდ, ძალის გამოყენებით, თუ წასასვლელი მთავრობა ზედმეტად ჯიუტობს, გაწირული ლიდერი კი სავარძელს ეპოტინება, სისხლის ტბორებში დაცურავს და სადისტურად ექაჩება მიუსავლეთში მილიონობით უდანაშაულო და არსებითად აპოლიტიკურ ადამიანს - როგორც ოდესღაც დემოკრატიულ კამბოჯაში, თალიბურ ავღანეთსა ან იდი ამინის ტირანიის ფეხქვეშ გათელილ უგანდაში. სამოქალაქო დაპირისპირების ბადეში გახვეული სახელმწიფოს მეთაური ვერ იქნება დაზღვეული ვერც იძულებითი ტერიტორიული დათმობებისგან და ვერც ჰააგის სამსჯავროზე წაბრძანებისგან - როგორც სერბეთში. იგი შესაძლებელია საკუთარი მეგალომანიის მსხვერპლი გახდეს და სიცოცხლე ცივ ყაზარმაში დაასრულოს - როგორც რუმინეთში. მაგრამ მასვე ძალუძს დროულად ჭკუა იხმაროს, „ჩაძიროს” ყველაზე ოდიოზური პოლიტიკური ფიგურები საკუთარი გარემოცვიდან, უარი თქვას ოფიციალურ რეგალიებზე, კერძო პირის სტატუსით დაკმაყოფილდეს, მემუარების წერით გაერთოს და მშვიდად მოყუჩდეს მშობლიური ქალაქგარე თის კეთილმოწყობილ რეზიდენციაში - როგორც საქართველოში. მოკლედ, პუბლიცისტი მუდმივად დროის წნეხის ქვეშაა მოყოლილი, თანაც მუშაობის პროცესში არც ის უნდა ავიწყდებოდეს, რომ ფუკუიამასა და ჰანტინგტონის კლასიკად აღიარებული ნიმუშები მაინც გასაგები ენით დაწერილი ესეებია და არა - სამეცნიერო ტერმინოლოგიით გადატვირთული ტრაქტატები.
აბა, წარმოიდგინეთ: რაოდენ მყვირალა იარლიყის მიკერება შეუძლია რევოლუციურ საქართველოში ამჟამად მიმდინარე პროცესებისთვის რომელიმე ნამეტნავად ინტრიგან პუბლიცისტს. მაგალითად, ასეთის - გარეწრების აღლუმი. მაგრამ ინტრიგანიც კი უნდა ხვდებოდეს, რომ ეს იარლიყი გაუმართლებელი და იაფფასიანი „დეჟა ვიუ” იქნებოდა მხოლოდ. გარეწრები ხომ ყოველთვის ბლომად იყვნენ და არიან, ყველა ეპოქაში სწორედ მათ „მიჰყავთ სტოსი”. ასე თია თვით ისტორიის ბუნება და ამ ბუნების ნებითაა, რომ ყველაზე იდეალისტი ხელისუფალიც კი ზუსტად იმ ზომით ირყვნება, რა ზომითაც მას ამის უფლებას მისი სავარძლის გარშემო ატუზული გარემოცვა აძლევს. სხვა მხრივ კი ფორმა ყოველთვის მზადაა დაჩრდილოს შინაარსი.
ჩვენთანაც, საქართველოში, „ვარდების რევოლუციის” შედეგად პირველ ყოვლისა მკვეთრად შეიცვალა ფორმა. როგორც ჩანს, გლობალიზაციის ისტორიულად საწყის ეტაპზე დადგენილი გეოპოლიტიკური პარამეტრების უკეთ დაცვის მოთხოვნამ დღის წესრიგში საქართველოში ჩამოყალიბებული „მოქკავშირული” პარადიგმის განახლების საკითხი დასვა და შევარდნაძის დახავსებული რეჟიმისთვის გველივით კანის გამოცვლა სწორედ ასეთი ფერისცვალების წინაპირობა აღმოჩნდა - ამაში ნამდვილად შემიძლია დავეთანხმო პატივცემულ და არაპატივცემულ ოპოზიციას. აქ ხომ არც უვარგისი ოლიგარქიული წყობა შეცვლილა და არც საზოგადოების მენტალობა - ჩვენ ირგვლივ და ზევით, ძირითადად, ისევ ის ადამიანები არიან, რომელთაც თვალი შევარდნაძის დროს შეეჩვია, ეროვნული ბურჟუაზია კი როგორი უპრინციპო და კომპრადორული სულის მატარებელიც იყო, ისეთსავედ დარჩა. შეიცვალა დიახაც ფორმა, როგორც რაღაც ბოლომდე ამოუცნობი და ბუნდოვანი სიღრმისეული ცვლილებების გარეგნული გამოხატულება. იგი მკვეთრად გაახალგაზრდავდა. დღევანდელი საქართველოსთვის ასაკით ორმოც წელს გადაცილებული დეპუტატი, მინისტრი, თუნდაც სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი - უკვე ლამის რარიტეტია. სამაგიეროდ, ოცდახუთიოცდაათი წლისა და რეალურ უმაღლეს განათლებას მოკლებული (რომელიღაც მოდურ ამერიკულ თუ ევროპულ კოლეჯში ხანმოკლე კურსების ჩამთავრება სიტუაციას არ ცვლის) მაღალი რანგის ჩინოსანი სავსებით ჩვეულებრივი მოვლენაა. ამგვარი ტიპის „სახელმწიფო მოღვაწის” სახეზე დროდადრო გამოჩეკილი ნაძალადევი ღიმილი, როგორც წესი, მხოლოდ ნიღაბია, რომლის ქვეშ ქვეყნის პირველი პირისადმი აღმატებული ლოიალობის გრძნობა იმალება. მთავარი ერთგულებაა, თორემ შრომით წიგნაკში ჩანაწერი ნებისმიერი შეიძლება იყოს, თანაც ასეთი წიგნაკი ხშირად არც არსებობს ბუნებაში. ასეთი ტიპის უწყებრივი ხელმძღვანელის კომპეტენტურობის დონეს მნიშვნელობა არა აქვს, განსაზღვრების თანახმად, ხოლო გულის სიღრმეში - განსაკუთრებით მძიმე კლინიკის გარდა - მან თვითონაც შესანიშნავად უწყის თავისი ჭეშმარიტი ფასი. რეჟიმის მიერ კანის რევოლუციურად გამოცვლამ არათუ გზა გაუხსნა ადრე მიუღწევადი სახელისუფლებო ჰიმალაებისკენ ახალი თაობის ამბიციურ და ენერგიულ ახალგაზრდებს, არამედ დაარწმუნა ისინი (იმედია, დროებით) ცხოვრებისეული გამოცდილების სრულ უმაქნისობაში. ბოლოს და ბოლოს, მათი ქცევითი პრინციპები ხომ საქართველოსთვის ლამის გაუსაძლის 90-იან წლებში ყალიბდებოდა, როდესაც „ჩვენ მერე გინდაც წარღვნას წაუღია ყველაფერი” მაქსიმაში ჩაქსოვილი ჭეშმარიტება არათუ რომელიღაც გუშინდელმა ბარტყმა, მრავალმა ჭკუადამჯდარმა და პატივცემულმა ადამიანმა ირწმუნა. ამიტომაც სახელისუფლებო სადავეების „ძველგაზრდებიდან” ასაკით უმცროსებისთვის ხმაურიანი გადაცემა - „ვარდების რევოლუციის” სახელწოდებით ისტორიაში კი სწორედ ეს პროცედურა შევიდა - შესაძლებელია განვიხილოთ, როგორც წარმატებული შურისძიების მცდელობა და ბუნებრივი რეაქცია „ძველგაზრდების” უთვალავ ზნეობრივ კომპრომისზე ავბედით 90იანებში. „ვარდების რევოლუციის” საფუძველში ჩაიდო არა კორუმპირებული საზოგადოების რადიკალური უარყოფის სურვილი (თუმცა ამაზე ძალიან ბევრს ლაპარაკობენ და კიდევ მეტს ილაპარაკებენ), არამედ - პოსტსაბჭოთა „დემოკრატიით” საერთო განხიბლვა და მოსახლეობის უმრავლესობის თითქმის ფიზიოლოგიური ზიზღი აწ გადამდგარი პრეზიდენტის პიროვნების მიმართ. ახალგაზრდულმა გადატრიალებამ თავზე დაამხო პოსტსაბჭოთა ქართველ ფუნქციონერებს სახელმწიფო მართვის მათ მიერ დაკანონებული კორუმპირებული სტრუქტურა და წესები. გამარჯვებულებმა მოახერხეს სხვადასხვა ტიპის აუტსაიდერების, რევანშისტების, ცხოვრებისგან უღვთოდ გაწირული, დაჩაგრული ადამიანების მობილიზება და ელექტორალული გაერთიანება, მათი მთვლემარე ოცნებების რეანიმირება; რევოლუციის შემდეგ კი დაურთეს ყველაფერ ამას პოლიტიკური ყოფაქცევის სრულიად ახლებური, ეიფორიული სტილი, რომელიც - სხვა სიკეთესთან ერთად - გულისხმობს მოსახლეობის ოფლითა და წვალებით მოპოვებული საბიუჯეტო სახსრების მხოლოდ საკუთარი თვალთახედვის მიხედვით განკარგვას. შევარდნაძის მმართველობის უიღბლო ეპილოგში, როდესაც ბიუჯეტი თვიდან თვემდე შაგრენის ტყავივით იკუმშებოდა და უბრალო ხალხამდე თითქმის აღარაფერი აღწევდა, პალიატიური კანონიერების ფარგლებში მაინც სრულდებოდა ერთგვარი საპარლამენტო დეკორუმი, რასაც, თუ არა ვცდები, ბიუჯეტისმ ფორმალური სეკვესტრი მოჰყვებოდა ხოლმე. გადატრიალების შემდეგ კი ახალგაზრდა უზურპატორებმა - საკუთარი შეფასებით კი სამშობლოს მხსნელებმა - საერთოდ უკუაგდეს დაჩამიჩებული ბურჟუაზიული კანონიერება. ძველი „მაყუთჩიკების” განკულაკებისა და საბაჟო-საგადასახადო ადმინისტრირების გამკაცრების შედეგად ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის გაზრდა რევოლუციის პირველ წლებში განიხილებოდა როგორც მშვენიერი საბაბი ვიწრო მმართველი ჯგუფის, უფრორე კასტის, ფსევდო-სახელმწიფოებრივი „ხუშტურებისა” და „ხოშების” მაქსიმალურად დაკმაყოფილებისთვის (არა მხოლოდ ეს, რა თქმა უნდა, მაგრამ ესეც). რასაც დასთეს, იმასვე მოიმკი, და სავსებით შეგნებული მაქვს, რომ ჩემი თაობის ძირითადი ნაწილი ახლა მათ შორისაა, ვინც ადრე დათესილს იმკის, მაგრამ მაინც არაა სასიამოვნო, როდესაც მომდევნო თაობების ცხოვრების აზრი, არსი და სულიერი იმპერატივი გამოხატვას უპირველესად, როგორც ჩანს, ვიღაც-ვიღაცებისთვის მოგების ზემაღალი ნორმის უზრუნველყოფის მიზნით, თანამოქალაქეთა თვალის ახვევასა და გამუდმებული პიარკამპანიების აგორებაში პოვებს. მაინც საკითხავია - ნუთუ ეს ყველაფერი გავლენიანი გლობალიზატორების პირდაპირი და უხეში შეკვეთაა, თუ მათაც ისევე „ვეხუტებით”, „ვაბამთ” და „ვაბოლებთ”, როგორც ჩვენი მამები და პაპები (რეპრესირებულებს, ცხადია, არ ვგულისხმობ) „ეხუტებოდნენ”, „აბამდნენ” და „აბოლებდნენ” უძრაობის დალოცვილ ხანაში კრემლში მოკალათებულ გერონტოკრატებს? ამაზე დამაჯერებელი პასუხი არ გამაჩნია. ეჭვს ისიც იწვევს, რომ დასავლური მსოფლმხედველობის უნივერსალური და აღიარებული კატეგორიები: „ტრანსპარენტობა”, „ღიაობა”, „ამომრჩეველთა წინაშე პასუხისმგებლობა” დღეს განიხილება როგორც... ვცდილობ რაც შეიძლება დელიკატური ვიყო, მაგრამ... როგორც ადამიანის კერძო, ინტიმური ცხოვრებისადმი გარკვეული უპატივცემულობა - როდესაც „ტრანსპარენტობაში” საზოგადოებრივი ტუალეტის „კაბინკაში” ხის ძველი კარის ახალი შუშის კარით შეცვლის საჯარო რიტუალი იგულისხმება. ალბათ, სწორედ ამას თუ უწოდებენ ჩვენი ჭაბუკი რეფორმატორები იდეალიზმს. არსობრივად კი ხელისუფლებაში მოსული ახალგაზრდული კასტის საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოღვაწეობა ერთიანი კარგად დაგეგმილი დაზვერვითი ოპერაციის შთაბეჭდილებას ტოვებს. ამ ოპერაციის კომპონენტებია: ჯარის გადაიარაღება, ასფალტის გადაგება ქალაქის მთავარ ქუჩებზე, ოფიციალური პირების უცხოური ვოიაჟების ირაციონალური და სრულიად გაუმართლებელი სიხშირე, ნაირნაირ ბიზნესებში ვულგარული რეკეტისა და შანტაჟის საშუალებით ჩართვა, სამუშაო ადგილების განუწყვეტელი და აშკარად ანტიკონსტიტუციური გაუქმება-შემცირება საბიუჯეტო სფეროში, ქვეყანაში ფინანსური პოლიციის გავლენის გაზრდის მიზნით კომპრომატებით უმოწყალო მანიპულირება და ა.შ. ყოველივე ზემოთქმული (და ბევრი კიდევ სხვაც) ამ ოპერაციის მხოლოდ მცირე და თვალში საცემი ელემენტებია. ხელისუფალთა ყველა ეს ქმედება - როგორც მეტნაკლებად მისაღები და გამართლებული, ისე საეჭვო და მსუბუქი ადამიანური შეზიზღების მომგვრელი მაინც - ობიექტურად მოითხოვს ნიჭიერ პროპაგანდისტულ დემაგოგიას როგორც ანგაჟირებული უცხოელი დამკვირვებლების გულის მოსალბობად, ისე საკუთარი მოსახლეობის დასაშოშმინებლად. ისე კი, რა კორუფციასა და ფინანსურ დარღვევებზე შეიძლება სერიოზულად მსჯელობა, როცა შრომისუნარიან მამაკაცთა დიდი უმრავლესობის ლეგალური შემოსავლები ვერ აღწევს საცხოვრებელ მინიმუმს, ხოლო მასობრივი უმუშევრობით გამოწვეულ ფსიქოსოციალურ პრობლემებს მიაქვს ქვეყანა, პარალელურად კი სხვადასხვა არასაბიუჯეტო ფონდები (მათ შორის, საპრეზიდენტოც), ვინ იცის, საით მიმართავენ აკუმულირებულ სახსრებს. ბუნებრივია, რომ ასეთ პირობებში ფორმა, მართლაც, გვარიანად ჯაბნის შინაარსს, და ძველი, დამსკდარი ფასადების ჭრელა-ჭრულა ფერებში გადაღებვა (რაც, თავისთავად, შესაძლებელია სახალისოც იყოს და მისასალმებელიც) პრიორიტეტად ითვლება ჩანთხლეული სალიფტო მეურნეობისა თუ ჩაჟანგებული საკომუნიკაციო ქსელების აუცილებელ, მაგრამ ძვირადღირებულ რემონტთან შედარებით. ისე, ჟამთააღმწერი აქაც ფრთხილად უნდა იყოს: ბოლოს და ბოლოს, რომელმა ინტრიგანმა მოიგონა, თითქოს ასფალტის დაგება და ფასადების განახლება ცუდია? მეც მანდა ვარ - სულაც არაა ცუდი. სხვა ამბავია, რომ ელემენტარული ლოგიკის თანახმად, გამათხოვრებული, ვალებში ჩავარდნილი ქვეყანა, რომლის მოსახლეობის ნახევარზე მეტი უმარტივესი ყოფითი პრობლემების გადაწყვეტას ვერ აუდის, უნდა ერიდებოდეს გაუმართლებელ ხარჯებს. მაგრამ „ვარდების რევოლუციის” შემდგომ სახელმწიფო პრიორიტეტების განსაზღვრა მთლიანად მმართველი კასტის ხელში მოექცა და რა გასაკვირია, თუკი სახელისუფლებო ვერტიკალი საკუთარი წინასაარჩევნო დაპირებების მიმართ გულმავიწყობამ, ერთგვარმა „ალცჰაიმერის პოლიტიკურმა სინდრომმა” მოიცვა. თანაც მმართველობის ამ ერთობ თავზეხელაღებულ სტილს გლადიატორობის წარუშლელი დაღიც ადევს. რას არ შეხვდები აქ კაცი! ჭკუამახვილი იდეოლოგიური და პოლიციური პროვოკაციების დაგეგმვას ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ, სხარტ და მოქნილ სამთავრობო „კარუსელებს”, თვალგულწარმტაც როკ-კონცერტებს ქუჩებსა და მოედნებზე, ქანდაკებების ქალაქის ერთი უბნიდან მეორეში წოწიალს, „შაბათობებისა” და საზაფხულო-საველე ახალგაზრდული ბანაკების გამართვას, სუსტი საპარლამენტო ოპოზიციის ცინიკურ იგნორირებას და ა.შ. ამასთან, ქვეყანაში მინიმუმ ორი მეტნაკლებად ხელშესახები რეფორმა ხორციელდება: პოლიციური და განათლებამეცნიერების. პირველის შედეგები უფრო თვალნათელი და დადებითია. მართალია, ადამიანის უფლებათა დარღვევის შემთხვევები როგორც ციხეში, ისე ციხის გარეთ, გახშირებულია, მაგრამ სამაგიეროდ ქვეყანაში სტატუსურად ამოიძირკვა ტრადიციული მექრთამე ავტოინსპექცია და შეიქმნა შედარებით ცივილიზებული და ძვირადღირებული (ავტომანქანები, საწვავსაპოხი, მობილური კავშირი და სხვ.) საპატრულო სამსახური. პოლიციური რეფორმა, მიუხედავად ყველა სირთულისა, იდეოლოგიურად მაინც უფრო მომწიფებული იყო, რამეთუ შევარდნაძის პოლიციას ისედაც აღარავინ ენდობოდა, იმდენ ბინძურ საქმეში (ადამიანების გატაცებები გამოსყიდვის მიზნით, გაუხსნელი მკვლელობები, კორუფციული გარიგებები და სხვ.) აღმოჩნდნენ გარეული პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნები. საგანმანათლებლო რეფორმა კი - გლობალიზატორთა მზარდი მოთხოვნების გათვალისწინებით - გაცილებით უფრო სათუთია, თანაც აქ კრიმინალთან შეხება ნაკლებად გვაქვს.
დღეის ვითარებით განათლებისა და მეცნიერების რეფორმამ - განსაკუთრებით „ერთიანი ეროვნული გამოცდის” პროექტის თვალშისაცემი წარმატების შემდეგ - უკვე მიაღწია ე.წ. შეუქცევადობის წერტილს, თუმცა საზოგადოება მაინც დაბნეულია, ვინაიდან მისაღები გამოცდების კორუფციის ტყვეობიდან გამოხსნა - ეს უეჭველად კარგია, მაგრამ, ამასთან, რეფორმის ფარგლებში მკვეთრად იკვეცება სამეცნიერო შტატები და, ამრიგად, პასუხგაუცემელია ძირითადი კითხვა: რა უნდა ქნას სტუდენტმა უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, ქვეყანა დატოვოს? ანუ მართლა რეფორმაა ეს, თუ დაცინვა და თვალებში ნაცრის შეყრა? საზოგადოდ, მყარი ძველებური შენობის დანგრევა - მით უმეტეს, თუ ბინადრები გამოსახლებული არ არიან - და მის ადგილას ცათამბჯენის აღმართვა იოლი როდია. თანაც ეს აღმშენებლობა მართლა გულით უნდა მოიწადინო. საგამოცდო ციებცხელება იქეთ იყოს, მაგრამ განათლებისა და მეცნიერების უცვლელ მინისტრს (ბ-ნი კახა ლომაია), როგორ ჩანს, ამას გარდა დაკისრებული აქვს ორი საკმაოდ დელიკატური საქმის მოგვარება: ქვეყნის მთავარი უნივერსიტეტიდან (ივ. ჯავახიშვილის სახელობისა) პოლიტიკურად არასაიმედო „ძველი” პროფესურის გაძევება და მეცნიერებათა აკადემიის კარდინალური სახეცვლილება, რაც დღეს აკადემიის პრეზიდიუმის როლის დაკნინებაში, მეცნიერების ფინანსური მართვის ბერკეტების მითვისებასა და ტრადიციული სამეცნიერო ინსტიტუტების ფაქტობრივ მოშლაში გამოიხატა. საზოგადოდ, მეცნიერებათა აკადემიის სისტემაში კარგა ხანია, რაც სკანდალური ვითარება შეიქმნა. აკადემიის ყოფილმა პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა თავხელიძემ, პოპულარულ ყოველკვირეულში კომპრომატების შემცველი წერილის გამოქვეყნებისთანავე ფეხი დაჰკრა და გაიქცა მეზობელ რუსეთში (აკადემიის პრეზიდენტის გაქცევა ისტორიული პარადოქსებისა თუ ბუფონადის სფეროს უფრო განეკუთვნება - სადღაც სიმენონსა და დიურენმატს შორისაა), კოლეგებმა კი ვითომც არაფერიო, ისე უჩუმრად აირჩიეს ახალი პრეზიდენტი - მიდი და ენდე აკადემიკოსებს ამის მერე! ერთი სიტყვით, განათლების სამინისტროს რეფორმატორებმა მოხდენილი ჰუკების მიზანმიმართული გამოყენებით მოახერხეს აკადემიური პროფესურის ნოკდაუნში ჩაგდება, თუმცა ვაჭრობა დაინტერესებულ ჯგუფებს შორის გრძელდება და ყველაფერი წინაა. საზოგადოდ, ამ რეფორმის შესაძლო წარმატება (თუ წარუმატებლობა) ძალაუნებურად უკავშირდება ჩვენში საბჭოთა დროიდან შემორჩენილი (ე.წ. შრომითი) ინტელიგენციის ისტორიულ ბედს (სწორედ ინტელიგენციისა და არა შოუბიზნეს თან ასე თუ ისე დაკავშირებული შემოქმედი ელიტარებისა და გლობალიზაციასთან წილნაყარი „ენჯიოშნიკი” ინტელექტუალებისა, რომელთაც არათუ გააჩნიათ ინტელიგენტობის პრეტენზია, არამედ ხშირად სალანძღავ კონტექსტშიაც კი მოიხსენებენ ამ ცნებას). არადა, ინტელიგენციის სოციალური როლი დღევანდელ საქართველოში გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს. მენტალური თვალსაზრისით ეს ფორმით ეროვნული, შინაარსით კი საბჭოური, „ნაფტალინმოყრილი” სტრატი თუ ფენა (ახალ რუსეთშიც ასეა) სოციალურ რეზერვუარში „ჩაპრესილი” მუდმივად მინავლებული საწვავი მასალაა, რომელსაც კოლოსალურ პოლიტიკურ გულუბრყვილობასთან ერთად სწრაფად აალების იმანენტური თვისება თუ ინსტინქტი ახასიათებს - მისი ამ უნარის გარეშე ჩვენს უახლეს ისტორიას ნამდვილად მოაკლდებოდა ეშხი და პეწი. ამიტომ, „შრომითი ინტელიგენციის” თემით მანიპულირება სიღრმისეული პოლიტიკური პროცესების რეალური მენეჯერებისთვის საკმაოდ დიდი ცთუნებაა. აქ კიდევ ერთი ხიფათია მოსალოდნელი. „სოროსრეფორმა” მეცნიერების სფეროში ობიექტურად ტოვებს უსამსახუროდ უამრავ განათლებულ ადამიანს და - ამ პარამეტრის მიხედვით - ძალაუნებურად ემსგავსება 60-იანი წლების ჩინურ „კულტურულ რევოლუციას” თავისი ჰუნვეიბინური ექსცესებით. ანალოგია სავსებით თვალშისაცემია. მართლაც, იქაც და აქაც ძველი, ავტორიტეტული კადრების სამუშაო ადგილებიდან გაყრა და საზოგადოებრივი აზრის სრული იგნორაცია; იქ - კამპანია ჯერ ლიუ შაოცისა, შემდეგ კი ლინ ბიაოს წინააღმდეგ, აქ კი საბჭოთა მეცნიერული სკოლების ყველა ბრუნვაში ტრიალი, ეგაა ოღონდ, რომ პერსონალიებია შეცვლილი: კომუნისტი მაოს ნაცვლად არენაზე გლობალური ჰუმანისტი ჯორჯ სოროსი მოქმედებს. მერე კი, მოსალოდნელ პერსპექტივას რომ წარმოიდგენ კაცი, უმალ ამოგიტივტივდება მეხსიერებაში სენის სანაპიროს მიდამოებში დაფრთიანებული ორი განთქმული პოლი: ჟანპოლ სარტრი - განსწავლული მწერალი და ინტელექტუალი, რომელსაც თავისკენ მემარცხენეებიც ექაჩებიან და მემარჯვენეებიც, და პოლ პოტი - ინტელექტუალი მოწოდებითა და პირველადი ბიოგრაფიული ანამნეზით (ორმოცდაათიანი წლების პარიზი, სორბონაში ფეხადგმული ქჰმერი სტუდენტების პატრიოტული წრე, საფრანგეთის კომპარტიის ტროცკისტული ფრთა, მემარცხენე პრესასთან თანამშრომლობა და ა.შ.). რას იზამ, თავის დროზე ორივე პოლი სრულიად გულწრფელი სერიოზულობით დაეჭიდა თავისუფლების უსაშველო ტვირთს და პირველი მათგანი, როგორც ამბობენ, მეორეს უკიდეგანო სოციალურ სითამამეს სულაც არ ამადლიდა... სავსებით შესაძლებელია (ვერ გამოვრიცხავთ), რომ პლანეტარული ძალები, რომელთა ქმედებები ჩვენში ყოვლისშემძლე ბ-ნი სოროსის სახელს უკავშირდება, პატარა, კოხტა და, რასაკვირველია, დემოკრატიულ საქართველოს მომავალში ბანანის თუ არა, მანდარინის ქვეყნის ბედს მაინც უმზადებენ. ჰოდა, რა ჯანდაბადაა მაშინ საჭირო აქ მრავალდარგობრივი უნივერსიტეტებისა და საბჭოთა ტიპის მულტიფუნქციონალური აკადემიის შენახვა? ჭეშმარიტი მეცნიერება დღეს საერთაშორისო კლასის სამეცნიერო ცენტრებში ვითარდება, ფინანსური რესურსები შეზღუდულია, ხოლო ძველმანებში გამოწყობილი ეროვნული წარმოშობის მეცნიერები - განსაკუთრებით ასაკში შესულნი - შარაგზაზე მოდებული და დროზე მისახვეტი მტვერია, მეტი არაფერი... მოდით, გამოვძერწოთ პოსტსაბჭოთა საქართველოდან რაღაც განვითარებული კენიის მაგვარი, ხოლო კენიის მიწაზე არავითარ აკადემიებს - თვით მეცნიერებზე რომ არაფერი ვთქვათ - არასოდეს გაუჭაჭანებია, სამაგიეროდ იქ იყო და დღესაც არსებობს სახელმწიფო დაცვის კარგად ეკიპირებული პოლიციური ნაწილები. იდეოლოგიური კუთხით აქ ყველაფერი სრულიად გასაგები და თოთო ბავშვის ცრემლივით გამჭვირვალეა. ვინაიდან საბჭოთა ხელისუფლებისგან საქართველოს - განვითარებადი კენიისგან განსხვავებით - მემკვიდრეობით ერგო შედარებით მოწინავე მეცნიერება და ტექნიკა მთელი თავისი უნივერსიტეტებით, აკადემიებით, ინსტიტუტებითა და დიპლომირებული სპეციალისტების აშკარად გაბერილი კონტინგენტით, - ჰკა მაგათ სუყველას. გამოვაცხადოთ ყველაფერი ეს კოლონიური ეპოქის გადმონაშთად, სოციალიზმის რელიქტად, და წინ - კენიისკენ! შესაძლებელია, საქართველოსთვის - მისი მოსახლეობის ტემპერამენტის, ისტორიული ამბიციებისა და ფსიქოლოგიური თავისებურებების გათვალისწინებით - საუკეთესო ვარიანტი სწორედ ტრადიციული დემოკრატიული ინსტიტუტების (კონსტიტუცია, არჩევნები და ა.შ.) საფარქვეშ მოქმედი ავტოკრატიული, სერვისულ-ეგზოტიკური ტიპის ნახევრადმონარქიის დაფუძნებაა. აქაური ბუნება ზედგამოჭრილია მცირე ტურისტული სამოთხის შესაქმნელად: ამისთვის საკმარისია ინვესტიციების მოზიდვა და აფხაზური პრობლემის მშვიდობიანად მოგვარება - მთავრობა კი ისედაც იღლიაში გვეყოლება ამოდებული. გლობალიზაციური დემოკრატიის ეპოქაში - და ყოველთვის ასეც იყო სინამდვილეში - მუსიკას უკვეთავს სწორედ ის, ვინც იხდის. შეიძლება შემედავონ, თითქოს ნამეტანი გავუტიე ე.წ. „სამეცნიერო კონსპიროლოგიის” მიმართულებით, მაგრამ კაცობრიობის ისტორიას ოდნავ თუ იცნობ, კონსპიროლოგიურ თეორიებს ხელის ერთი მოსმით ვერ გააცამტვერებ, უფრო სოლიდური არგუმენტებია საჭირო. ბოლოს და ბოლოს, გასული საუკუნის 70-იანი წლების ისტორიას ვინმე ლიჩო ჯელისა და მისი მასონური ლოჟის P-2-ის მიერ იტალიაში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაც ახსოვს. ძალიან ახლოს იყვნენ წარმატებასთან. ეგეც კონსპიროლოგიაა? საყოველთაოდაა ცნობილი, რომ თანამედროვე ნეომალთუსიანელობამ უკვე მოასწრო „ოქროს მილიარდის” საკმაოდ მწყობრ კონცეფციად ჩამოყალიბება, რომელიც სერიოზულად განიხილება ბევრი თვალსაჩინო სოციოლოგის, დემოგრაფისა და პოლიტოლოგის მიერ. ეს „კაცთმოყვარე” კონცეფცია არათუ იდეოლოგიურად აღვივებს პლანეტარულ უთანასწორობას და ამართლებს, ასე ვთქვათ, სხვადასხვა ღირებულების „მილიარდების” არსებობას დედამიწაზე, არამედ წყალს ასხამს გლობალიზატორთა იმ (იმედია, არასაუკეთესო) ფრთის წისქვილზე, რომელიც პლანეტაზე შექმნილი და მილიარდობით ადამიანისთვის ყოვლად გაუსაძლისი სოციალურეკონომიკური გარემოს საბოლოო „გაყინვას” ესწრაფვის. გასაგებია, რომ ამ მეტისმეტად „ჰუმანური” თეორიის პრაქტიკული განხორციელება შეუძლებელია რაღაც ზოგადსაკაცობრიო მასშტაბის მკაცრი იურიდიული მატრიცის შემუშავების გარეშე, მატრიცისა, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ დააკანონებდა სხვადასხვა „მილიარდებისთვის” მიჩენილ ადგილს კაცობრიობის სოციალურ იერარქიაში. ამგვარი პერსპექტივა პირადად მე გულზე სულაც არ მეხატება, მაგრამ პლანეტარული რესურსების თანდათანობითი ამოწურვის კვალობაზე შორეულ მომავალში პირმცინარე და კეთილგანწობილი „დემოკრატიული ჰიტლერიზმის” გამარჯვების სრული გამორიცხვა, ალბათ, შეუძლებელია. სხვათა შორის, ჩვენს ახალგაზრდა ხელისუფალთა მხრიდან ზოგიერთ ტრადიციულ ეროვნულ ფასეულობაზე, ერთი შეხედვით, გაუმართლებელი ზეწოლა, შეიძლება გამოწვეული იყოს მათი სრულიად გულწრფელი სურვილით - როგორმე მოასწრონ და მოგვიპოვონ უძვირფასესი ბილეთი „ოქროს მილიარდისთვის” განკუთვნილ მატარებელზე.
ნარკვევის დასკვნით ნაწილში, ალბათ, გამართლებულია გლობალიზაციის საწყისი ეტაპის კვალდაკვალ საქართველოში შექმნილი პოლიტიკური რეჟიმის ერთგვარი დახასიათება. ავტორის სუბიექტური შთაბეჭდილებით, დღეს ჩემს თანამოქალაქეებს - იდეალისტებსაც და ურწმუნო თომებსაც - დემოკრატიულ ფასადს ამოფარებული ავტოკრატიული რეჟიმის ჩამოყალიბების ხანაში უწევთ ცხოვრება. ამ რეჟიმის თვალშისაცემი ნიშნებია (მხოლოდ ზოგიერთი): ა) ეკონომიკაში - ფსევდოლიბერალური ცენტრალიზმის პრაქტიკისა და მემარჯვენელიბერალური საბაზრო თეორიების შეხამების საკმაოდ აბსურდული მცდელობები (რად ღირს თუნდაც მთავრობის ეკონომიკური ბლოკის ხელმძღვანელის, ბ-ნ კახა ბენდუქიძის მიერ შეთხზული აფორიზმი: „ქვეყანაში იყიდება ყველაფერი, სინდისის გარდა”. სინდისის გაყიდვაზე რა მოგახსენოთ, მაგრამ მდინარეები და წყალსატევები, მგონი, მართლაც გაყიდვის პირასაა უკვე, სხარტი მემარჯვენე „ბენდუქიზმებით” მონუსხული ქართველი ხალხი კი ჯერჯერობით სამარცხვინო დუმილსა და გაუგებარ სიმშვიდეს ინარჩუნებს); ძველი და ახალი ეკონომიკური კლანების ერთობ ცინიკური და სხვადასხვა იურიდიული ფანდებითა და სანელებლებით შეკაზმული ურთიერთშეზრდა; ბ) პოლიტიკურ ფილოსოფიაში - იდეალისტური ყაიდის რიტორიკით შელამაზებული რადიკალური პრაგმატიზმი; გ) პროპაგანდაში - პოლიტიკური ოპონენტების დელეგიტიმაცია; გამუდმებული, ლამის პარანოიდული მცდელობები საბჭოთა ეპოქაში ჩამოყალიბებული თაობებიდან „მტრის ხატის” გამოძერწვისა, საკუთრივ დემოკრატიის მასზე გაუთავებელი მსჯელობებით ჩანაცვლება; დ) სახელმწიფო მართვაში - სახელისუფლებო უმწიფრობის აშკარად გამოხატული სინდრომი, სუბიექტივიზმი და ვოლუნტარიზმი (რამეს ხომ არ გაგონებთ?), მმართველობისთვის აუცილებელი პროფესიული კრიტერიუმების მკვეთრი დაქვეითება; ე) საგარეო პოლიტიკაში - ამერიკაში, ნაკლებად ევროპაში, შეთხზული პოლიტიკური კონცეფციების (ზოგჯერ შინაგანად წინააღმდეგობრივი) მოთხოვნების მიმართ ექსტატიკური მორჩილება, რამაც თითქოს უნდა გაგვიადვილოს დასავლური წყაროებიდან ფინანსური და სამხედრო-ტექნიკური დახმარების მიღება, გარკვეულწილად დაგვიცვას დიდი ჩრდილოელი მეზობლის აგრესიული ნაბიჯებისგან და უზრუნველყოს ქვეყნის უსაფრთხოება (ობიექტურობა მოითხოვს აღვნიშნოთ, რომ ახალმა რუსეთმა თავისი ქმედებებით - ხან გაუაზრებელით, ხანაც გააზრებულად არამეგობრულით - თავადვე ჩამოიშორა საქართველო, უბიძგა მას ამერიკისკენ და, ჩემი აზრით, ისტორიული დრო იმისთვის, რომ საქართველოს პოლიტიკურმა ელიტამ შეძლოს ძველი პოზიციების დაბრუნება რუსეთის ავანსცენაზე, უკვე ჩავლილია - თუმცა, შესაძლოა, ვცდებოდე კიდეც); ვ) შიდა პოლიტიკაში - პარლამენტის ფუნქციონალური როლის დაკნინება, პოლიციური ინსტიტუციის სახელმწიფო წყობის ხერხემლის რანგში აყვანა, კერძო სატელეფონო საუბრების (ამბობენ!) გახშირებული მოსმენების პრაქტიკის დამკვიდრება, ადამიანის კონსტიტუციურ უფლებათა დაცვისადმი ნიჰილისტური დამოკიდებულება; ზ) საპროცესო სამართლის სფეროში - უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის ფაქტობრივი უგულებელყოფა, პროკურატურის გავლენის ჰიპერტროფირებული ზრდა, სახელისუფლებო შეკვეთების უსიტყვო შესრულება სასამართლოების მხრიდან, საერთო განუკითხაობა. ზოგადი სურათი კი ასე გამოიყურება: დემოკრატია, თავისი მოსაბეზრებელი პრინციპებით, ნაკლებად მნიშვნელოვანია, მთავარი კი სწორი საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის შენარჩუნება და აშშ-ის რეგიონალური ინტერესების (გეოგრაფიული სიახლოვე ზედმეტად ისლამურ ირანთან, კასპიური ნავთობის ტრანზიტი და ა.შ.) ზუსტი გათვალისწინებაა. ყოველივე ამას კი თან ერთვის ნოვატორული ხასიათის ფსიქოსოციალური ჩანაფიქრი - თაობათა დამკვრელური ცვლა მოდერნიზაციის სახელით, რეალური სოციალიზმის ეპოქაში აღზრდილი, დაკაცებული და ოდესღაც წარმატებული ადამიანების გამოდევნა აქტიური ცხოვრების სფეროდან, რაც ჩაფიქრებული ფუტუროლოგიური ექსპერიმენტის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი გახლავთ.
ბოლოს, გლობალიზაციიდან მომდინარე შესაძლო რეგიონალური საფრთხეების უკეთ წარმოსაჩენად შევეცდები მკითხველი ერთი წარმოსახვითი მიზანსცენით გავახალისო. მოგეხსენებათ, პოლიტოლოგებს ძალიან უყვართ სხვადასხვა კონფერენციებში მონაწილეობა და წარმოვიდგინოთ, თუ როგორ პედანტურად იმზადებს ერთ-ერთი ასეთი კონფერენციის ტრადიციული coffee-ებრეიკის დროს პორცია „ჩიბოს” რომელიღაც პოლიტოლოგიური მეტრი (ცხადია, ყოფილი მარქსისტი), როგორ იკვლევს იგი, ყავით სავსე ჭიქით ხელში, გზას სადღაც დარბაზის ბოლოში დალანდული თავისუფალი სკამისკენ და საბოლოოდ იმკვიდრებს კიდეც ადგილს სანუკვარ მაგიდასთან. იქ ჩვენი პოლიტოლოგი ჯერ ოდნავ შეიხსნის ყელსაბამს, მერე შვებით ამოისუნთქავს, პირველი, ყველაზე გემრიელი და ცხელი ყლუპის შემდეგ, თვალსაც წყალს დაალევინებს და მეზობელ სკამზე აღმოაჩენს ნაცნობსა და კოლეგას, ასეთსავე პოლიტოლოგსა და ყავის მოყვარულს (ოღონდ დაუვარცხნელსა და ყელსაბამის გარეშე). ყლუპს ყლუპი მოსდევს, მაგრამ კოლეგები მაინცდამაინც უბრად ხომ არ უნდა იყვნენ ერთმანეთში, ამიტომ პირველი პოლიტოლოგი ინიციატივას გამოიჩენს და მეზობელს პროფესიულ თემაზე საუბარს გაუბამს, გაანდობს, რომ ყველაფერი შესაძლებელია უარესადაც კი გამოსულიყო, მაგალითად, ისე, როგორც ოდესღაც კამბოჯაში ან ამჟამად თურქმენეთში, საქართველო კი - რაც არ უნდა თქვან - მაინც ლოიალური, განათლებული ქვეყანაა და ქართველებმა უმადურობა არ უნდა გამოვიჩინოთ, მით უმეტეს, რომ დაგეგმილი ექსპერიმენტი აქ სავსებით ნორმალურად მიმდინარეობს. „რომელი ექსპერიმენტი?” - ზრდილობიანად იკი თხავს თმააწეწილი კოლეგა. „როგორ თუ რომელი?” ხომ უნდა გავარკვიოთ, თუ რისი მომტანია პოლიტიკური თაობების სწრაფი ცვლა ცალკე აღებულ პატარა ქვეყანაში, ამით ხომ მას განვითარების ახალი იმპულსი ენიჭება, თანაც ძველი სტრატეგიული კურსის შენარჩუნების პირობებში, ეგ კი უაღრესად აქტუალური საკითხია. თან დაუკვირდით, განა რუსები იკისრებდნენ ამგვარი სოციალური მოდელირების დაფინანსებას? ვერ ქაჩავენ, ჩვენ კი... მერე რა, რომ ცოტა მართლაც წააგავს „კულტურულ რევოლუციას”, ოღონდ დემოკრატიულს, დიდი მაოს მაგივრად კი მოედანზე მწვრთნელმა ცივილიზებული მისიონერი ჯორჯ სოროსი გამოიყვანა”. „მოთამაშე მწვრთნელის ამპლუაში ხომ არა?” - ცოტას „წაუიაზვებს“ მეზობელი. „გინდაც ასე იყოს, მერე რა? ეპოქა შეიცვალა, მეგობარო. ახლა, დიდი ამბავი, თუ ჩვენს პატარა ქვეყანას კრიტიკოსები ხან პოლიგონს, ხან კი საბავშვო ბაღს შეადარებენ. არა უშავს, კრიტიკასაც გავუძლებთ და მიზანსაც მივაღწევთ. სიმართლე ჩვენს მხარესაა. სხვა თუ არაფერი, განა საინტერესო არაა, თუ რითი დამთავრდება ყოველივე ეს?” უყელსაბამო პოლიტოლოგი კი ოდნავ ჩაფიქრდება, ჩუმად ჩაახველებს და იტყვის: „ძვირფასო კოლეგა, ბრედბერის ერთი გენიალური მოთხრობა თუ გახსოვთ? აი, ის, რომელშიც აღწერილია, თუ როგორ იპყრობენ მარსის მკვიდრნი დედამიწას, ოღონდ, გეთაყვა, უელსის კლასიკურ რომანში არ აგერიოთ”. „რაღაც არ მახსენდება. იქნებ მოასწროთ და შინაარსი მოკლედ მომიყვეთ, სანამ ყავა ბოლომდე არ დაგვილევია”. „სიუჟეტი პატარა ამერიკულ ქალაქში ვითარდება. მარსის მკვიდრნი დიდხანს ემზადებოდნენ ომისთვის, მაგრამ კაცობრიობა ფხიზლად იყო და წლების განმავლობაში თავს კარგად იცავდა. მაგრამ ბოლოს ერთ გამჭრიახ მარსელს თავში მოსდის შესანიშნავი იდეა - იდეა ადამიანთა მოდგმის პატარა ნაშიერების დაბრიყვებისა და გადმობირებისა. ხომ გაგიგიათ: ციხე შიგნიდან ტყდებაო. მოკლედ, ბოროტმა მარსელებმა ტროას ცხენის როლი, ფაქტობრივად, კაცობრიობის მომავალ თაობას, უმწეო ბალღებს დააკისრეს. ანუ მათ, ვისაც გამოუცდელობის გამო უზომოდ უყვარს ყოველნაირი ბრჭყვიალა ბიჟუტერია და, ასაკიდან გამომდინარე, ბუნებრივადაა მიდრეკილი გართობისა და ყოველდღიური ტრამპა-ცუმპისკენ. მოთხრობაში იმ მარსელმა ბავშვები ძალზე იოლად დაიყოლია. რაღა ბევრი გავაგრძელო, თან ყავაც გამოგვლევია... დედამიწაზე შეჭრის ოპერაცია უსწრაფესად ხორციელდება. ერთ მშვენიერ დილას კეთილი მარსელი ძიას მიერ აგდებული ბაჭაჭყანები სხარტად იწყებენ მისი ბრძანებების შესრულებას და მობეზრებულ მშობლებს - ვინც მათ კბილის გახეხვას, პირის დაბანასა და სწავლა-განათლებას აიძულებდა - ერთიანი გეგმის მიხედვით აცამტვერებენ. თუ ხვდებით, რატომ და რისთვის, ძვირფასო კოლეგავ? ვერა? მაშინ გეტყვით: დედამიწის მარსელებისთვის ხონჩით მისართმევად. აბა, ფეშქაშ...“
მოკრძალებულად შეგახსენებთ, რომ ეს ნარკვევი უზოგადესი ხასიათის ერთი ხალხური სიბრძნით დავიწყე. ზედმეტ პათეტიკურობაში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ როგორ მოგწონთ ამ პატარა, ხელოვნურ მიზანსცენაში კოდირებული ანტიხალხური სიბრძნე?
სიბრძნეა კი?
___________________________
1. სხვათაშორის, „თავისუფლების ინსტიტუტის” ზოგიერთ აქტივისტს - განსაკუთრებით „ფერადი” რევოლუციური ღირებულებების ექსპორტის დაუღალავ მცდელობაში შემჩნეულთ, - ზოგჯერ მეოცე საუკუნის რევოლუციონერთა კერპს, ჩე გევარასაც, კი ადარებენ ხოლმე. ეს შედარება - მეთოდოლოგიის თვალსაზრისით - იქნებ სამართლიანიც კი ყოფილიყო, რომ არა ერთი, ჩემი აზრით, უმნიშვნელოვანესი გარემოება: ჩე გევარა და მისი კომუნისტი თანამოაზრეები ეთაყვანებოდნენ სოციალურ სამართლიანობას მის ყველაზე ეგალიტარულ ფორმაში და ყველა, მათ შორის, უსასტიკესი ხერხით ებრძოდნენ ბობოლებსა და კაპიტალისტებს. ქართველი „ჩე გევარები” კი დემოკრატიული ლიბერალიზმის სახელით რეალურად უპირისპირდებიან ღარიბებსა და ჩაგრულებს, ემხრობიან რა სოციალური უსამართლობის ინსტიტუციურ დაკანონებას. „კმარა”, თავის დროშაზე გამოსახული გევარასეული მუშტით, სინამდვილეში ანტიბიუროკრატიული „კეთილშობილი ოლიგარქიატის” დამრტყმელი ძალაა, ხოლო ქართველი „ჩე გევარა” კი - ოქსიუმორონი, სრული უაზრობა.
2. ამასთან დაკავშირებით უნდა გავიხსენო: „ვარდების რევოლუციის” შემდეგ, 2004 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, რომელიც „ნაცმოძრაობის” ტრიუმფით დამთავრდა, ტელეკომპანია „იმედზე” მორიგი პოლიტდისკუსია გაიმართა, რომელშიც მეც, როგორც სოცპარტიის ერთერთ „სახეს”, მომიწია მონაწილეობა. დისკუსიის ერთი ნაწილი მაშინაც საგარეო დაფინანსებას შეეხო, კერძოდ, პრეზიდენტისა და მისი მინისტრების სახელფასო ანაზღაურების სოროსის ფონდისა და სხვა არასახელმწიფო წყაროებიდან გადახდის წესს (თუ უწესობას). მე კი ვიცოდი (ახლაც ვიცი), რომ ასე არ ვარგა, არ შეიძლება და ამ გზით პრობლემები ექმნება ნებისმიერ ხელისუფლებას, მაგრამ ბიჭი ხარ და გაიტანე შენი აზრი, როცა აუდიტორიაში ამ თემაზე ლაპარაკს თითქმის არავინ მიიჩნევს საჭიროდ და ხელსაც აქტიურად გიშლიან. მაინც ვიხელთე დრო, ჩავიგდე მიკროფონი და წამოვწიე ეს საკითხი, შევეკითხე ცხონებულ პრემიერ ჟვანიას: „ბატონო ზურაბ! ნუთუ თქვენ, სუვერენული დემოკრატიული ქვეყნის მთავრობის ხელმძღვანელს, არ გეუხერხულებათ, როდესაც სხდომას ატარებთ და იცით, რომ თქვენი კოლეგები ხელფასს არა სახელმწიფოსგან, არამედ უცხოელი კერძო პირისგან იღებენ? საერთოდ, ასეთ შემთხვევაში რა დამოუკიდებლობაზეა ლაპარაკი?” ბატონი ჟვანია პასუხს არ გაექცა: მე უფრო ის მეუხერხულებაო, რომ პენსიონრებს ფული წავართვა და ამ ფულით მინისტრებს ხელფასი მოვუმატოო. მაშინ ამით თემა ამოიწურა, მაგრამ მერე, როდესაც ჟვანიას სიტყვებს ჩავუფიქრდი, მივხვდი, რომ გარკვეულ შინაგან დისკომფორტს მაინც განიცდიდა (შეიძლება ისე, რომ საკუთარ თავს არც კი უმხელდა) ეს ჭკვიანი კაცი (ზედმეტი ჭკუისგან რაც დაემართა, ყველამ ვიცით). აბა, დაუკვირდით: უფრო ის მეუხერხულებაო - ე. ი. მაინც ეუხერხულებოდა. კეთილი საქმეების კი არავის ეუხერხულება, მით უმეტეს, მოქმედსა და პიარის ფასის კარგად მცოდნე გამოცდილ პოლიტიკოსებს.
![]() |
5 განვითარების ევროპული დისკურსი |
▲back to top |
![]() |
5.1 გასავითარებელი დახმარება - კონცეფციები და მცდარი წარმოდგენები |
▲back to top |
იან ვორისეკი
საგარეო დახმარებების პრაქტიკა უკვე საუკუნეზე მეტია რაც არსებობს, მაგრამ ტერმინი - „გასავითარებელი დახმარება” შედარებით ახალია და დროთა განმავლობაში მისი მნიშვნელობა იცვლება. დღესაც კი ეს ტერმინი საკმაოდ განსხვავებული მნიშვნელობებით გამოიყენება იმის მიხედვით, თუ ვინ და როგორ იყენებს.
ამ საკითხის უკეთ გასააზრებლად გთავაზობთ მოკლე ისტორიულ ექსკურსს.
ეს ყველაფერი წინა საუკუნეების გზაგასაყარზე დაიწყო, როდესაც კოლონიზატორებმა ადგილობრივ მოსახლეობას სხვადასხვა ტიპის დახმარებები შესთავაზეს. იმ დროისათვის ფრანგი, ბრიტანელი და სხვა კოლონიზატორები, ძირითადად, დაინტერესებული იყვნენ იმით, რომ რაც შეიძლება მეტი ბუნებრივი რესურსი დაესაკუთრებინათ და მათ მიერ გაკეთებული ინვესტიციებიც პირველ რიგში ამ მიზანს ემსახურებოდა - სხვადასხვა ინფრასტრუქტურის, მაგალითად, ნავსადგურების მშენებლობას, ადმინისტრაციის დაფუძნებას, და სხვ. ამასთანავე, მისიონერების მეშვეობით ისინი ცდილობდნენ „ადგილობრივ პრიმიტიულ კულტურებში ცივილიზაციის” შეტანას. მისიონერების დიდი ნაწილი რელიგიის წარმომადგენელი იყო, რომლებიც სოციალური ინფრასტრუქტურის დაფუძნებასთან ერთად (მაგ. სკოლები, საავადმყოფოები) ადგილობრივ მოსახლეობაში ქრისტიანობისა და საკუთარი საგანმანათლებლო სისტემის პოპულარიზაციას ეწეოდნენ.
მხოლოდ 1940-იანი წლების ბოლოს განვითარების დახმარებამ უფრო სტრუქტურიზებული ხასიათი მიიღო და ის აღარ ფოკუსირდებოდა მხოლოდ საკუთარი ინტერესების მსახურზე ან მხოლოდ ქრისტიანობაზე მოქცევაზე, არამედ, საზოგადოდ, მთელ მოსახლეობაზე დაიწყო აქცენტების გადატანა და ასეთი ახლებური მიდგომა ბრიტანული, ფრანგული და ჰოლანდიური კოლონიური სისტემის ნაწილად იქცა. პორტუგალიელმა კოლონიზატორებმა ამ მხრივ ნაკლები ვლილებები განიცადეს. მას შემდეგ, რაც 50-იანებში ბრიტანელებმა, ხოლო 60-ანებში - ფრანგებმა თავიანთი კოლონიები დატოვეს, იქ ადამიანური და ფინანსური რესურსების მხრივ ვაკუუმი გაჩნდა. თუმცა ეს დრო ცივი ომის პერიოდს დაემთხვა, როდესაც ასპარეზზე ორი დიდი მოთამაშე გამოვიდა: შეერთებული შტატები და აღმოსავლეთ ევროპის ბლოკი, რომლებიც მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარებების გაწევისას მხოლოდ პოლიტიკური მოსაზრებებით ხელმძღვანელობდნენ. ამ პროცესში ჩაერთვნენ, აგრეთვე, დასავლეთი ევროპის ქვეყნებიც, რომელთა მოტივაციაც შედარებით მრავალფეროვანი იყო - პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური სოლიდარობა, დანაშაულის გრძნობა კოლონიური წარსულის გამო. ხშირ შემთხვევაში გასავითარებელი დახმარება ქვეყნის რამდენიმე ინტერესის შერწყმით იყო ნაკარნახევი. ზემოთქმულიდან გამომდინარე, ზოგადი ტერმინი - გასავითარებელი დახმარება - სხვადასხვა მიდგომებსა და საქმიანობებს შეიძლება მოიცავდეს. აღმოსავლეთ ევროპაში 1990-იანებში კომუნისტური სისტემის დაშლამ დიდი ცვლილებები გამოიწვია გასავითარებელი დახმარების კონცეპტში. კერძოდ, თუ 1950-იანებში საბჭოთა კავშირის მიერ გაწეული დახმარება შტატების მიერ გაწეული დახმარების მესამედს შეადგენდა, საუკუნის დასასრულისთვის ეს თანაფარდობა 3%-მდე შემცირდა, ხოლო დღეს თითქმის ნულამდე დავიდა.
იმ პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანი იყო გარედან თავსმოხვეული დახმარების და, აგრეთვე, ტერმინ „გასავითარებელი დახმარების” შეცვლა ტერმინ „განვითარების თანამშრომლობით”, რომელსაც უნდა აესახა უფრო დაბალანსებული მიდგომა, რომელიც გულისხმობდა დახმარების მიმღები ქვეყნის აქტიურ მონაწილეობას. დისკუსიის გასამარტივებლად ტრადიციული ტერმინი „გასავითარებელი დახმარება” გამოყენებულ იქნება მრავალფეროვანი საერთაშორისო, არასამხედრო ტიპის, დახმარების ასახვისათვის.
1996-1997 წლების განმავლობაში დახმარების პროცესში ჩართული საზოგადოებრიობა იძულებული გახდა ანგარიში გაეწია ისეთი ნიშვნელოვანი მოვლენისთვის, როგორიცაა გლობალიზაცია. ეს კი იშნავდა საბაზრო რინციპებისკენ რეორიენტაციას, თუნდაც გასავითარებელი ახმარების სფეროში.
თუმცა ასეთმა ცალმხრივმა ეკონომიკურმა მიდგომამ ბევრ ქვეყანაში ოციალური სტრუქტურებისა და სერვისების რღვევა და სოციალური კმაყოფილება გამოიწვია. უფსკრული დასავლეთსა და სამხრეთს შორის კიდევ უფრო გაფართოვდა. ეს აღიარებულ იქნა მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ და ამის შედეგად ახალი სტრატეგია ამოქმედდა: „სიღარიბის დაძლევის პროგრამა”. მიუხედავად იმისა, რომ გასავითარებელი დახმარების სფეროში ჯერ კიდევ თავისუფალი ბაზრის ეკონომიკური პრინციპები დომინირებს, პროექტებს სოციალური განზომილებები დაემატა და დახმარების მიმღებ ქვეყნებს ნება დართეს, განვითარების საკუთარი სტრატეგიები შეემუშავებინათ. ეს სტრატეგია სიღარიბის დაძლევის განსაზღვრულ მიმართულებებში უნდა თავსდებოდეს. გასავითარებელი დახმარების უახლეს კონცეფციას წარმოადგენს გაეროს მიერ შემუშავებული „ათასწლეულის განვითარების მიზნები”, რომელიც დროში მკაფიოდ გაწერილ მიზნებს გულისხმობს 2015 წლისთვის სიღარიბის განახევრებას. თუმცა ამ კეთილშობილურ მიზანს ყველა ერთნაირი ენთუზიაზმით არ უჭერს მხარს. ამ მხრივ შეერთებული შტატების გამორჩევა შეიძლება, რადგან მოქმედი პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია ჯერ კიდევ ამტკიცებს, რომ სიღარიბის დაძლევის უმთავრეს ინსტრუმენტს ვაჭრობა წარმოადგენს ე.წ. გაჟონვის ან განაწილების ეფექტის მეშვეობით.
დახმარების მიწოდების გზები დონორი ქვეყნების გამოცდილებისა და შეხედულებების მიხედვით ორ ძირითად მიმართულებად იყოფა: სოციალური დაცვა (განათლება ჯანდაცვაში, ადამიანის უფლებების დაცვა, უმცირესობების დაცვა, კონფლიქტების პრევენცია და მოგვარება) ან ეკონომიკური დახმარება (ვაჭრობა, ინვესტიციები, ვალების შემსუბუქება).
ამასთანავე, არსებობს მზარდი კონსენსუსი იმის თაობაზე, რომ ქვეყნები განსხვავდებიან საკუთარი მდგომარეობითა და პოტენციალით (რესურსებით) და ამიტომ მათ მიმართ განსხვავებული მიდგომები უნდა იქნეს გამოყენებული. ოთხმოციან წლებში ზოგიერთმა დონორმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ქვეყნები ორ ნაწილად - „იმედის მომცემი” და „უიმედოდ” გაეყოთ. იმედის მომცემებმა უნდა მიიღონ გასავითარებელი დახმარება, ხოლო უიმედოებმა - შემწეობები, რათა გადარჩნენ. ასეთ ქვეყნებში (ძირითადად აფრიკაში) ნებისმიერი სახის ინვესტიცია განიხილებოდა, როგორც რესურსების ფლანგვა. ასეთი რადიკალური თვალსაზრისი მალევე იქნა უარყოფილი. როდესაც გლობალიზაცია განვითარებად ქვეყნებსაც შეეხო, შემდეგი სურათი მივიღეთ: ზოგიერთ ქვეყანას აღმოაჩნდა საკმარისი საფუძველი იმისთვის, რომ „შეჯიბრებაში” ჩართულიყო, ზოგიერთი კი ჩამორჩა. ზოგიერთებმა თავიდანვე აღმოაჩინეს, რომ ეს პროცესი მდიდრებსა და ღარიბებს შორის არსებულ უთანასწორობას კიდევ უფრო აღრმავებს. სხვა სიტყვებით, ზოგიერთმა ქვეყანამ მოახერხა, რომ „მატარებელში ადგილი დაეკავებინა” გამგზავრებამდე, ზოგი რკინიგზის სადგურში დარჩა, ხოლო სხვა, ვინც „მატარებელს მოახტა”, გვიან მიხვდა, რომ კარები უკვე დაკეტილი იყო და ახლა ასე არიან ჩამოკიდებულნი და ყველანაირად ცდილობენ, რომ არ ჩამოვარდნენ მატარებლიდან.
უფრო ტექნიკური ტერმინებით, პირველებს უწოდებენ „ინტეგრაციულ ქვეყნებს”, რომელთა უპირველეს მაგალითს წარმოადგენენ აღმოსავლეთი ევროპის, სამხრეთაღმოსავლეთი აზიისა და ლათინური ამერიკის ზოგიერთი ქვეყანა. მეორე ჯგუფს „მარგინალიზირებულ ქვეყნებად” მოიხსენიებენ და მათში მოიაზრებენ ბევრ აფრიკულ, ცენტრალური აზიისა და ლათინური ამერიკის ქვეყანას. მესამე ჯგუფს განეკუთვნებიან ისეთი ქვეყნები, სადაც ინტეგრაციასა და მარგინალიზაციას ერთდროულად აქვს ადგილი. მათთვის ერთი, განსაზღვრული სახელი ჯერ არ არის შერჩეული და ამიტომ სხვადასხვანაირად მოიხსენიებენ, მაგ. „დეზინტეგრაციული ქვეყნები”, „შერეული ქვეყნები”, თუმცა ვერც ერთი ეს განსაზღვრება ამ ქვეყნებში შექმნილ სიტუაციას კარგად ვერ გამოხატავს. ასეთი ქვეყნებია: ინდოეთი, ჩინეთი და ეგვიპტე, სადაც უთანასწორობა აშკარა და მზარდია. იგივე ტენდენციები შეიმჩნევა რუსეთშიც, თუმცა მისი ბუნებრივი სიმდიდრის გამო ის განვითარებადი ქვეყნების რიგს არ მიეკუთვნება.
გასავითარებელი დახმარების მიზნები
ტერმინის - გასავითარებელი დახმარება - მნიშვნელობა მხოლოდ ისტორიული მიზეზების გამო კი არ იცვლება, არამედ იმ მიზნებიდან და მიდგომებიდან გამომდინარე, რომლებსაც ის ისახავს.
ზოგჯერ აქცენტი ეკონომიკურ განვითარებაზე კეთდება, როგორც ძირითად გამწევ ძალაზე. ამ დროს მთავარ სამიზნეს ვაჭრობის ფინანსური სისტემის განვითარება და კორუფციის შემცირება წარმოადგენს. აზროვნების ასეთი მოდელის მთავარ შედეგს სტრუქტურული ცვლილებების პოლიტიკა წარმოადგენს.
თანდათანობით ყველა აცნობიერებს და აღიარებს იმას, რომ ეკონომიკური პარამეტრების გაუმჯობესებაზე უფრო მნიშვნელოვანი ასპექტებიც არსებობს. მაგ. ზოგიერთი განვითარების ოფიციალური დახმარების (Official Development Assistance (ODA) მიმართულება მიზნად ისახავს ქვეყნისთვის ეკონომიკური და სოციალური განვითარების უკეთესი შესაძლებლობების შექმნას დახმარების უფრო ფართო სპექტრის მიწოდებით, მათ შორის, ჯანდაცვისა და განათლების სფეროებში.
ალბათ, ყველაზე უფრო ყოვლისმომცველი მიდგომაა სიღარიბის შემცირება, რადგან ეს მხოლოდ ფიზიკურ გადარჩენას კი არ გულისხმობს, არამედ სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებასაც - კეთილდღეობის შეგრძნებას, თავმოყვარეობის გრძნობისა და სტატუსის ამაღლებას.
ბოლოს, არსებობს კიდევ ერთი ინტერესი, რომელიც აუცილებლად უნდა მივიღოთ მხედველობაში, ეს არის განსაზღვრული ეკონომიკური და პოლიტიკური ბერკეტების დაუფლება - არაპირდაპირი იქნება ის თუ ისეთივე აშკარა და დაუფარავი, როგორც ეს ცივი ომის დროს ხდებოდა, როცა დასავლეთისა და აღმოსავლეთის გაერთიანებები პოლიტიკურად მათთან დაახლოებულ ქვეყნებსა და პოტენციურ პარტნიორებს ინვესტირებას სთავაზობდნენ. ზოგიერთი ქვეყნის შემთხვევაში, და საქართველო სწორედ ასეთ ქვეყნებს მიეკუთვნება, ამგვარი გეოპოლიტიკური ინტერესი ჯერ კიდევ მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
კონცეპტები და ტერმინები
როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, განვითარების დახმარების კონცეპტი დროისა და პირველადი მიზნების შესაბამისად იცვლებოდა.
ყოველივე ეს კარგად ხსნის გასავითარებელი განვითარების შესახებ სხვადასხვა წარმოდგენის (დამახინჯებული წარმოდგენების) არსებობას.
საზოგადოდ, გასავითარებელი დახმარება გულისხმობს ორმხრივ ან მრავალმხრივ დახმარებას ტექნიკური (კომპიუტერული აღჭურვილობა და პერსონალი) და ფინანსური საშუალებებით მთელი ქვეყნის დონეზე სახელმწიფო ან კერძო ფონდების გამოყენებით. ამიტომ ამ სტატიაში ჩვენ ვსაუბრობთ მთლიანად ქვეყნისთვის და არა ცალკეული საჯარო დაწესებულების, ვთქვათ, სამინისტროსთვის ან არასამთავრობო ორგანიზაციისთვის გაწეულ დახმარებაზე.
ტექნიკური დახმარება, სამხრეთი-სამხრეთის გაცვლითი პროგრამების ჩათვლით ასახავს მატერიალურ დახმარებას, მაგალითად, სამედიცინო აღჭურვილობით უზრუნველყოფას და, აგრეთვე, ცოდნის გადაცემას ტრენინგებისა და პირადი დახმარების მეშვეობით. ცოდნის გადაცემაში მონაწილეობენ უცხოელი ექსპერტები და მოხალისეები და ეს, ძირითადად, გულისხმობს კონსულტაციებს, მოკლევადიან დავალებებს, ზოგჯერ კი რამდენიმეწლიან კონტრაქტებს, როგორც ეს ხშირად ხდება ე.წ. „განვითარების მოსამსახურეების” შემთხვევაში. სამხრეთი-სამხრეთის (ან აღმოსავლეთი-აღმოსავლეთის) გაცვლითი პროექტები ძირითადად გულისხმობს გაცვლით ვიზიტებს ორ ორგანიზაციას ან საჯარო დაწესებულებებს შორის სამხრეთში (აფრიკა, აზია, ლათინური ამერიკა) და აღმოსავლეთში (აღმოსავლეთი ევროპა), რათა ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიარონ (როგორც წარმატებული, ასევე წარუმატებელი).
წმინდა ფინანსური დახმარება, როგორიცაა ბიუჯეტის სუბსიდირება - ძალიან პოპულარულია დასავლეთის ქვეყნებში, განსაკუთრებით კი - სკანდინავიის სახელმწიფოებსა და ჰოლანდიაში. ეს არის ფულის შეთანხმებული ოდენობა, რომელიც პირდაპირ გადაერიცხება მიმღებ ქვეყანას ბიუჯეტის „შესავსებად”. ხშირად ეს მიდგომა დიდი საგარეო ვალის მქონე ქვეყნებთან მიმართებაში გამოიყენება.
(სამართლიანი) ვაჭრობა - სავაჭრო ბარიერების შემცირება და „განვითარებადი ქვეყნებისთვის” მეტი შესაძლებლობების მიცემა, რათა დასავლეთის ბაზრებზე ექსპორტის ხარჯზე მიაღწიონ განვითარებას. ამ მიდგომას შეერთებული შტატები და მათ შორის პრეზიდენტი ბუში პრიორიტეტულად მიიჩნევენ.
ამ მიდგომასთან ახლოს დგას ბიზნესინვესტიციების წახალისება, განსაკუთრებით კი, “ინტეგრაციულ ქვეყნებში”, ანუ იმ ქვეყნებში, სადაც არსებობს კვალიფიციური მუშახელი, ბაზისური სამართლებრივი პირობები და კონტროლირებადი კორუფცია, რაც შესაძლებელს ხდის განვითარებასა და თანამედროვე ბიზნესის წარმოებას. ამის თვალსაჩინო მაგალითს ჩინეთსა და ინდოეთში მიმდინარე განვითარების პროცესები წარმოადგენს.
„შეღავათიანი” სესხები და ვალის შემსუბუქება, უპირველეს ყოვლისა, ,,მარგინალიზებული” და დიდ ვალებში ჩაფლული ქვეყნებისთვის არის გამიზნული, ისეთი, როგორებიცაა აფრიკისა და რიგ შემთხვევებში სამხრეთ ამერიკის ქვეყნები. შეღავათიანი სესხები გამოეყოფათ ხოლმე სამხრეთული ქვეყნების მთავრობებს. სესხის შეღავათიანი პირობები ნიშნავს ან დაბალ პროცენტს, ან გადახდის გრძელვადიან სქემას (ან ორივეს ერთად). ბევრი ამტკიცებს, რომ ამ შემთხვევაში შეუძლებელია ვილაპარაკოთ „გასავითარებელ დახმარებაზე”, რადგან ეს უფრო „გადაუდებელ შემწეობას” ან „ნუგეშისცემას” წააგავს, რამეთუ უმრავლეს შემთხვევაში ამ ტიპის დახმარებები სამიზნე ქვეყნის ეკონომიკის გადარჩენის სტრატეგიას ემსახურება.
ვაშინგტონში არსებული გლობალური განვითარების ცენტრი კიდევ უფრო შორს წავიდა და რამდენიმე ელემენტის კომბინირებით ე.წ. განვითარების ვალდებულების ინდექსი (Commitment to Development Index-CDI) შეიმუშავა. ეს ინდექსი შედგება 6 ელემენტისგან და მათი საშუალებით შესაძლებელია დონორი ქვეყნების შეფასება:
ტრადიციული გასავითარებელი დახმარება;
ვაჭრობა;
ინვესტიცია;
საემიგრაციო პოლიტიკა;
ზრუნვა გარემოს დაცვაზე;
სამშვიდობო სამხედრო ოპერაციები (სტაბილურობის დაცვა).
ეს ინდექსი მრავალმხრივ არის საინტერესო.
წმინდა მონეტარული თვალსაზრისით იაპონია და შეერთებული შტატები ლიდერობენ, ამ ინდექსის მიხედვით კი ძალიან ბევრ ქვეყანას ჩამორჩებიან, ხოლო ლიდერის პოზიცია დანიასა და ჰოლანდიას უკავიათ.
ამ ინდექსი (CDI) დახმარებით აგრეთვე შესაძლებელი გახდა ერთი შეხედვით დაუსრულებელი დებატების დამთავრება იმის თაობაზე, თუ რომელი მიდგომაა უკეთესი. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა ქვეყანამ დახმარების ერთნაირი პაკეტი უნდა მიიღოს. მაგალითად, „ინტეგრირებადი” ქვეყნებისათვის საჭიროა სრულიად განსხვავებული დახმარება, ვიდრე „მარგინალიზებული” ან ე.წ. „შერეული” ქვეყნებისთვის.
გასავითარებელი დახმარების კონცეპტის უკეთ გასაგებად მოდით განვიხილოთ, თუ რას ნიშნავს ჰუმანიტარული დახმარება და შემწეობის დახმარება (რომელსაც ზოგჯერ გადაუდებელ დახმარებასაც უწოდებენ).
შემწეობის დახმარებას ვერ განვიხილავთ, როგორც გასავითარებელ დახმარებას, რადგან მას სრულიად განსხვავებული მიზნები აქვს: გადარჩენა და კრიზისული მდგომარეობიდან გამოყვანა ბუნებრივი ან ადამიანების მიერ გამოწვეული უბედურებების შემდეგ ისე თი ძირითადი საშუალებების (მასლოუს პირამიდის პირველი დონე) მიწოდების გზით, როგორიცაა - საკვები, თავშესაფარი, სამედიცინო საშუალებები, კომუნიკაცია, ინფრასტრუქტურა. სრულიად განსხვავებული მიდგომებია საჭირო, როდესაც სახელისუფლო სტრუქტურები ვერ აკონტროლებენ სიტუაციას ან საერთოდ აღარ არსებობენ, როგორც, მაგალითად, სამოქალაქო ომების დროს ხდება ხოლმე. ამიტომ ხშირად შემწეობის დახმარება ადგილობრივი ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად მიეწოდება ქვეყანას, რაც გასავითარებელი დახმარების შემთხვევაში მიუღებელია. ძირითადი განსხვავება ისაა, რომ შემწეობის დახმარებისგან განსხვავებით, გასავითარებელი დახმარება არა „ცალმხრივ”, არამედ „ორმხრივ მოძრაობას” გულისხმობს, რაც დახმარების მიმღები ქვეყნის აქტიურ მონაწილეობას ნიშნავს.
ჰუმანიტარული დახმარება წარმოადგენს სპეციფიკური დახმარების ფორმას, განსაზღვრული მარგინალიზებული ან განსაკუთრებულად მძიმე მდგომარეობაში მყოფი მოსახლეობისთვის. ის, ძირითადად, პირველადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას გულისხმობს და ეს შეიძლება იყოს საკვები, სამედიცინო საშუალებები, თავშესაფარი, სატრანსპორტო საშუალებები და სხვ. ეს არის ცალმხრივი მიდგომა და სამიზნე ჯგუფი მეტნაკლებად პასიური მიმღების როლში გვევლინება. ამიტომ, პირდაპირ რომ ვთქვათ, ეს არ არის „ჭეშმარიტად” გასავითარებელი დახმარება, რომელიც ქვეყნის განვითარებასა და მოსახლეობის გაძლიერებას ისახავს მიზნად. თუმცა ის შეიძლება იყოს გასავითარებელი დახმარების ნაწილი. შემწეობის დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია ფართომასშტაბიანი სამაშველო ღონისძიების საჭიროების დროს, განსაკუთრებით იქამდე, განვითარების ვიდრე გასავითარებელი დახმარება შემოვიდოდეს ქვეყანაში. ამ სიტუაციას „გარდამავალ პერიოდად” მოიხსენიებენ და მისი ხანგრძლივობა დამოკიდებულია ადგილობრივ გარემოებებსა და ქვეყანაში სიტუაციის გამოსწორების ტემპზე.
არასწორი წარმოდგენები საერთაშორისო დახმარებაზე
გასავითარებელი დახმარების შესახებ რამდენნაირი მნიშვნელობაც არსებობს, თითქმის იმდენივე არასწორი ან დამახინჯებული გაგებაც გვხვდება, ხოლო ზოგი მათგანი მითოსურ ხასიათსაც ატარებს. ქვემოთ ჩამოთვლილია მათგან ყველაზე გავრცელებულები, თუმცა ეს სია შეიძლება კიდევ გაგრძელდეს.
დახმარებას ღირებულება არ გააჩნია
მიუხედავად იმისა, რომ ბევრს სჯერა მითი იმის შესახებ, რომ განვითარების დახმარება კონკრეტულად არავის კუთვნილება არა არის, სინამდვილეში ის არასდროს ყოფილა (და არც იქნება) მომწოდებლისა და მისი ინტერესისაგან აბსოლუტურად დამოუკიდებელი. დახმარების მიზეზები განსხვავებულია, ისევე როგორც პირობები და მიმღები ქვეყნის შერჩევის მექანიზმები. ეს გასაგებია და მისაღებიც, თუ ეს ინტერესები არ ეწინააღმდეგება მიმღები ქვეყნის ინტერესებს. თუმცა ყოველთვის ასე როდი ხდება. არის შემთხვევები, როდესაც მიმღებმა ქვეყანამ უნდა გადაწყვიტოს, უარი თქვას თუ არა დახმარებაზე, რომელიც თითქმის არანაირი სარგებლის მომტანი არ იქნება. რადგანაც ღარიბი ქვეყნების უმრავლესობას არ ჰყავს ძლიერი ხელისუფლება და არა აქვს ჩამოყალიბებული პოლიტიკა, სადაც გამოკვეთილი იქნებოდა პრიორიტეტები, საბოლოო გადაწყვეტილებებს დონორი ქვეყნები ან საერთაშორისო ორგანიზაციები იღებენ. ამის თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს მსოფლიო ბანკის სამარცხვინო სტრუქტურული პოლიტიკა. ზოგჯერ გადაწყვეტილების მიღებისას კორუფციაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ორივე შემთხვევაში შედეგები სავალალოა.
ჭეშმარიტი პარტნიორობა
კიდევ ერთი გავრცელებული მითია ე.წ. ჭეშმარიტი პარტნიორობა. მომწოდებელ და მიმღებ მხარეებს შორის საფუძველშივე ჩადებული უთანასწორობის მომენტები „ჭეშმარიტ თანამშრომლობას” შეუძლებელს ხდის. მიმღები ქვეყნების დამოკიდებული მდგომარეობა დონორებს საბოლოო სიტყვის თქმის საშუალებას აძლევს. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ორმხრივი სასარგებლო ურთიერთობა შეუძლებელია. ამისათვის აუცილებელია, რომ თანამშრომლობა ურთიერთპატივისცემას ეფუძნებოდეს. სამწუხაროდ, იმ დონორებსაც კი, რომლებიც სიტყვა „პარტნიორობას” იყენებენ, ყოველ მეორე წინადადებაში ავიწყდებათ ადამიანური ურთიერთობების ერთერთი ძირითადი ინგრედიენტი - სხვა ადამიანისა და მისი აზრის პატივისცემა.
დონორებს შორის კოორდინაცია და თანამშრომლობა
მიუხედავად იმისა, რომ განვითარების დახმარება მსოფლიო მას შტაბის ფენომენად იქცა, ჯერ კიდევ აქტუალურია დონორების თანამშრომლობისა და კოორდინაციის თემა. მაშინ, როცა შემწეობის დახმარების დროს ადგილობრივი მაკოორდინირებელი ორგანოს სისუსტის ან არარსებობის გამო მაინც არსებობს გარკვეული თანამშრომლობა (უნდა არსებობდეს კიდეც) დონორებს შორის, გასავითარებელი დახმარების დროს ეს პრობლემა ჯერ კიდევ მოუგვარებელია. დონორების ნებისმიერ კონფერენციაზე ან ქვეყნის დახმარების პროგრამების ანგარიშის მოსმენისას ისმის მოწოდებები დონორთა თანამშრომლებისაკენ თუ არა, სულ მცირე კოორდინაციისაკენ მაინც. საკუთარი ინტერესების გათვალისწინება და თანამშრომლობის მიმართ ნეგატიური განწყობა ჯერ კიდევ მნიშვნელოვნად აფერხებს განვითარების დახმარების ეფექტურობასა და ეფექტიანობას.
თვალსაჩინოებისთვის მოვიყვანთ კონკრეტულ მაგალითს: რამდენიმე წლის წინ ჰოლანდიის მთავრობამ ოთხ ძირითად ჰოლანდიურ დონორ ორგანიზაციას ურთიერთთანამშრომლობა აუკრძალა. ისინი იძულებული გახდნენ (და ახლაც არიან), რომ ერთმანეთთან ურთიერთობისას საბაზრო შეჯიბრებითობის პრინციპებით ეხელმძღვანელათ. ასეთმა გადაწყვეტილებამ დაბნეულობა, ხარჯების გადაფარვა და კონტრპროდუქტიულობა გამოიწვია.
ყველაზე ღარიბების დახმარება
ბევრი პროექტისა და პროგრამის ძირითადი მიზანი ყველაზე გაჭირვებულთა დახმარებაა. აგმ (ათასწლეულის განვითარების მიზნები) უმთავრეს მიზნად სიღარიბის დაძლევას ისახავს. თუმცა ყველაზე მეტად გაჭირვებულებისთვის და მარგინალიზებული ჯგუფებისთვის დახმარების მიწოდების მცდელობები ჯერჯერობით წარუმატებელია. ასეთი ჯგუფებისთვის დახმარების მიწოდება განსაკუთრებით რთულია და ამისათვის სულ რამდენიმე მექანიზმი არსებობს. მათ ამისათვის სრულიად დამსახურებულად ნობელის პრემიაც კი მიიღეს. თუმცა ეს შეიძლება დაგვიანებულიც აღმოჩნდეს სხვების დასარწმუნებლად იმაში, რომ მათ მაგალითს მიბაძონ.
საზოგადოდ, უნდა ითქვას, რომ სახელმწიფო პოლიტიკაში, პროგრამაში ან სისტემაში ასეთი წარმატებული მიდგომების დანერგვის მცდელობებმა წარუმატებლად ჩაიარეს, რადგან ამ პროცესებში უშუალოდ გაჭირვებული მოსახლეობის ჩართვა გაძნელებულია, ხოლო ხელისუფლების წარმომადგენლები დიდ ინტერესს არ იჩენენ. ამის საუკეთესო მაგალითს წარმოადგენენ ინვალიდები, ფსიქიატრიულის პაციენტები და მიტოვებული მოხუცები. განვითარების ოფიციალური დახმარების (ODA), განვითარების თანამშრომლობის ან სხვა უფრო საინტერესო სახელის მქონე ორგანიზაციების მიერ გამოყოფილი დახმარება ამ ადამიანებამდე ვერ აღწევს. ისინი მხოლოდ ჰუმანიტარული დახმარების ან ადგილობრივი NGO-ების იმედად არიან დარჩენილნი.
„ერთი თარგი ყველას ერგება”, ანუ ასლების კეთების მიდგომა
მყარი მითი იმის შესახებ, რომ ერთი მოდელი ყველა სიტუაციას ერგება, დღემდე არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ უკვე ათწლეულებია, რაც დადასტურდა, რომ ასეთი მიდგომა არაეფექტურია და კონტრპროდუქტიული. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ პრობლემები შეიძლება ერთი სტანდარტული მოდელით მოგვარდეს. უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება. ერთერთი ყველაზე სამარცხვინო მაგალითი დაკავშირებულია გაეროს ბავშვთა დაცვის პროგრამასთან (UNICEF), რომელმაც შემოიღო ე.წ. „გზა ჯანმრთელობის ბარათებისაკენ” (Road to Health Card), რომლის მეშვეობითაც მოხდებოდა დაბადებიდან 5 წლამდე ბავშვების რეგულარული აწონვა და ამის მეშვეობით კვებითი უკმარისობების დროული დადგენა. დასავლეთის ქვეყნებში ბავშვის საშუალო წონა (3500 გრამი) სტანდარტად იქნა მიჩნეული. შედეგად, აზიური ქვეყნების უმრავლესობაში კვებითი უკმარისობის უამრავი შემთხვევა გამოვლინდა, რადგან საშუალო წონა განსაზღვრულ სტანდარტზე დაბალი ჰქონდათ. ეს შეცდომა მხოლოდ მას შემდეგ გამოსწორდა, როცა მიხვდნენ, რომ რასობრივი სხვაობის გამო აზიელი ბავშვების საშუალო წონა იყო არა 3500, არამედ 3000 გრამი.
ჯანდაცვის ისეთი სისტემების იმპორტირებამ, რომლებიც ქვეყნის მაღალ ეკონომიკურ მაჩვენებლებსა და პაციენტის განსაზღვრულ ქცევას ეფუძნებოდა, ჯანდაცვის რეფორმების წარუმატებლობა გამოიწვია და ზოგადად მდგომარეობის გაუმჯობესების ნაცვლად (რაც რეფორმების უპირველეს მიზანს უნდა წარმოადგენდეს) მდგომარეობა დაამძიმა (მაგალითად პოსტსაბჭოთა სივრცეში). ასეთი შეცდომები მხოლოდ განვითარების დახმარების სექტორისთვის არ არის დამახასიათებელი, მათგან არც კომერციული სექტორია დაზღვეული. მაგალითად, ერთერთ ქართულ ბანკში როდესაც გადაწყვიტეს, რომ კლიენტზე უფრო მეტად ორიენტირებული გამხდარიყვნენ, ამან ბანკის სუსტი სქესის წარმომადგენლებს გარკვეული უსიამოვნება მოუტანა: როდესაც ისინი კლიენტებს ღიმილით ეკითხებოდნენ - „რით შემიძლია გემსახუროთ?”, ეს კლიენტებს არასწორად ესმოდათ და გარკვეული დროის შემდეგ საკუთარ მისამართებს სთავაზობდნენ.
განაწილების ეფექტი
(ვაჭრობა, საბიუჯეტო დახმარება)
მიუხედავად იმისა, რომ არანაირი დამადასტურებელი ფაქტები არ არსებობს იმისა, რომ ქვეყანაში ზოგადი ეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესება ავტომატურად იწვევს ღარიბებისთვის სიტუაციის გაუმჯობესებას (მდიდრების სიმდიდრის გარკვეული ნაწილი ღარიბებამდეც აღწევს), ამ მითს აქტიურად უჭერენ მხარს ისინი, რომლებიც ფიქრობენ, რომ ეკონომიკის გაძლიერება მთლიანი მოსახლეობის და მათ შორის უკიდურესად ღარიბების პირობების გაუმჯობესებას გამოიწვევს. ასეთი რწმენის უპირველეს გამოვლინებად შეერთებული შტატები გვევლინება, რომელსაც უფროსი ასაკის მომხრეები საქართველოშიც ჰყავს, მაგ. „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს”.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, გასაკვირი არ უნდა იყოს, თუ განვითარების დახმარებას გარკვეული იმედგაცრუება ახლავს თან, მით უმეტეს, როცა თვით დონორებსაც კი სრულიად განსხვავებულად ესმით ეს პროცესი, ხოლო დახმარების მიმღებ ქვეყნებში კი ზოგჯერ წარმოუდგენლად დამახინჯებულად აღიქვამენ მას.
ამის გამოსწორების ერთადერთი გზა იმაში მდგომარეობს, რომ ყველა ერთად შეთანხმდეს თუ რას გულისხმობენ „გასავითარებელ დახმარებაში”, „განვითარების თანამშრომლობაში” ან სხვა მსგავს ტერმინში. ეს სტატიაც ამ კუთხით გარკვეულ მცდელობას წარმოადგენს და პირობითად შეიძლება „მინიგასავითარებელი დახმარება” დავარქვათ.
![]() |
5.2 ინტერვიუ ჰოვარდ ნიკოლასთან |
▲back to top |
ინტერვიუ ჰოვარდ ნიკოლასთან1
კითხვა: მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, დეკოლონიზებული ქვეყნების ეკონომიკური აღორძინების დისკურსით, ეკონომიკა განვითარების სფეროს პოლიტიკის და პრაქტიკის ფოკუსში იმყოფება. იმ დროიდან მოყოლებული განვითარებადი ქვეყნების2 ეკონომიკური წარუმატებლობის მიზეზები და, შესაბამისად, რეკომენდაციები იცვლება, თუმცა, წარმატება არც ერთს არ მოუტანია. რით შეიძლება ეს აიხსნას?
პასუხი: განვითარების სფეროში მოღვაწე პოლიტიკოსებისა და მეცნიერების უმრავლესობა განვითარებული ქვეყნების მიერ კონტროლირებული ან ამ ქვეყნების წარმომადგენელია. შესაბამისად, მასში გაბატონებული აზროვნება უფრო ამ ქვეყნების ინტერესებსა და საჭიროებებს ასახავს, ვიდრე განვითარებადი ქვეყნებისას. უფრო ზუსტად, ამ აზროვნების მიზანია შრომის საერთაშორისო დანაწილება3 განამტკიცოს, რაც საფუძველშივე განვითარებული ქვეყნების სარგებელზეა მიმართული. ვინაიდან გლობალური ეკონომიკა დროთა განმავლობაში იცვლება, მასთან ერთად კი - განვითარებული ქვეყნების საჭიროებები და ინტერესები, განვითარების სფეროში გაბატონებული აზროვნების მიმართულებაც იცვლება.
განვითარების სფეროში არსებული ასეთი აზროვნების მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ განაცხადი ეკონომიკური სპეციალიზაციისა და თავისუფალი ვაჭრობის სარგებლიანობის შესახებ. ეკონომისტები დიდი ხანია ამტკიცებენ, რომ ყველა ქვეყანას, განსაკუთრებით კი განვითარებადს, შეუძლია იხეიროს სპეციალიზაციისა და თავისუფალი ვაჭრობისგან, იმ შემთხვევაშიც კი, როცა რომელიმე ერთი ქვეყანა აბსოლუტურად გაიმარჯვებს კონკურენციულ ბრძოლაში მეორეზე და ყველა საქონელს თავად აწარმოებს. ამ არგუმენტაციის
ყველაზე ადრეული გადმოცემა ხდება რიკარდოს შედარებითი უპირატესობის დოქტრინაში, რომელიც ქვეყნების სპეციალიზაციის მოდელებს მათ მიერ სხვადასხვა საქონლის წარმოებაში ხარჯების „შედარებითი” ან „შეფარდებითი” უპირატესობის საფუძველზე განიხილავს. ამ თეორიის თანამედროვე ვერსია, ე.წ. ჰეკშეროლინ სამუელსონის (ჰ-ო-ს) თეორია გვირჩევს, რომ ქვეყნებმა უნდა მოახდინონ სპეციალიზაცია მათი „ხარჯების ბუნებრივი უპირატესობის” შესაბამისად. ხსენებული ბუნებრივ ხარჯთა უპირატესობები თითქოს ბუნებრივი ფაქტორების სიუხვით უნდა იყოს განპირობებული. შესაბამისად, ქვეყნებმა უნდა მოახდინონ სპეციალიზაცია ისეთი საქონლის წარმოებასა და ექსპორტში, რომელიც შედარებით მეტად მოიცავს ბუნებრივად უხვად არსებული წარმოების ფაქტორს. ვინაიდან განვითარებად ქვეყნებში შედარებით უხვია სამუშაო ძალა და მიწა და შედარებით მწირი - კაპიტალი (და ტექნოლოგია), ამდენად, ეს ქვეყნები უნდა სპეციალიზდნენ ხსენებული საწარმოო ფაქტორების უფრო ინტესიურად მომხმარებელი საქონლის წარმოებასა და ექსპორტში, ანუ სოფლის მეურნეობის, ნედლეულსა და, შესაძლებელია, შრომითინტენსიურ მრეწველობაში. შედეგად, განვითარებული ქვეყნები უნდა სპეციალიზდნენ კაპიტალ-და ტექნოლოგია ინტენსიური პროდუქციის წარმოებასა და ექსპორტზე, რადგან წარმოების ეს ფაქტორები მათში შედარებით უხვად მოიპოვება. ამგვარად, დოქტრინა ამტკიცებს, რომ ასეთი სპეციალიზაციის საფუძველზე ხსენებულ ქვეყნებს შორის შემდგარი გაცვლა უნდა იყოს ორივესთვის მომგებიანი და წარმოების ფაქტორებზე ერთნაირი ამონაგები უნდა მოიტანოს. ცალკე აღნიშვნის ღირსია ის, რომ ეს უკანასკნელი, ამავე დროს, ნიშნავს, რომ სამუშაო ძალის განვითარებადიდან განვითარებულში მიგრაციის არანაირი მიზეზი არ უნდა არსებობდეს, რადგან ხელფასის დონე, საბოლოოდ, განვითარებად ქვეყნებშიც გაიზრდება.
ცხადია და საყოველთაოდ ცნობილი შედარებითი უპირატესობის თეორიისთვის დამახასიათებელი რიგი თეორიული პრობლემებისა მის ორივე, რიკარდოსეულ და ჰ-ო-ს, ვერსიაში. ყველაზე მნიშვნელოვანი ამასთან დაკავშირებით არის მისი დაშვებების არარეალისტურობა. პირველ რიგში, შედარებითი ხარჯების ზოგადი თეორიის (ანუ თანამედროვე ჰ-ო-ს თეორიისა და მისი რიკარდოსეული წინამორბედის) დაშვებით, ყველა ქვეყანას, არსებითად, შეუძლია ყველა სახის საქონლის წარმოება, შესაბამისად, საერთაშორისო ფასების შეფარდებითი კოეფიციენტის მოძრაობა საზღვრულია. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ განვითარებად ქვეყანას არ შეუძლია მისაღებ ფასში გარკვეული საქონლის იმპორტირება, მას უნდა შეეძლოს ამ პროდუქციის, თუმცაღა შედარებით მაღალი ხარჯებით, წარმოება ადგილზე. ასეთ ვითარებაში წარმოების ადგილობრივი ხარჯები ადგენენ ამ ქვეყნებში ფასების მოძრაობის ზღვარს - მათი ზრდა მხოლოდ იმ დონემდეა შესაძლებელი, რამდენიც დაჯდებოდა იმპორტი. თუმცა სიტუაციაში, სადაც განვითარებადი ქვეყნები სპეციალიზდებიან მხოლოდ ერთ ან რამდენიმე საქონელზე და არ გააჩნიათ შესაძლებლობა, აწარმოონ იმპორტირებული საქონლის უმეტესობა, არსებითად, მათი პოზიციები საკმაოდ სუსტია, მით უმეტეს, თუ სავაჭრო მოლაპარაკება გაცილებით მრავალფეროვანი პროდუქციის ბაზის მქონე ქვეყანასთან მიმდინარეობს. მსგავს სიტუაციაში ვერ მტკიცდება სპეციალიზაციისგან და საერთაშორისო ვაჭრობისგან უსათუო სარგებლის არსებობა ორივე ქვეყნისთვის.
მეორეც, საყოველთაოდ ცნობილია შეფარდებითი ხარჯების თეორიის დაშვება ვაჭრობაში ჩართული ყველა ქვეყნისთვის წარმოების ხარჯების უცვლელი ან კლებადი ბუნების შესახებ. აქედან გამომდინარეობს, რომ თუ განვითარებადი ქვეყნების მრეწველობის უმეტესი ნაწილისთვის ხარჯების კლება ჩვეულებრივი პრაქტიკაა, რაც სიმართლეს შეესაბამება კიდეც (განსაკუთრებით მათი განვითარების ადრეული ეტაპისთვის), ჩნდება მრეწველობის ამ დარგების წახალისების მძლავრი არგუმენტი, ანუ ე.წ. ჩვილი წარმოების4 დასაბუთების მყარი საფუძველი იქმნება. ემპირიული კვლევის უმეტესობა აჩვენებს კიდეც, რომ განვითარების ადრეულ ეტაპზე წარმოების უმეტესი ნაწილისთვის ხარჯების კლება დამახასიათებელია ყველა ქვეყნისთვის, განვითარებადს რომ თავი დავანებოთ.
მესამე, ჰ-ო-ს თეორიის მიხედვით, კაპიტალი და ტექნოლოგია არის ქვეყნების ბუნებრივი და არა შეძენილი დოვლათი. ფაქტობრივად კი, როგორც საყოველთაოდ ცნობილია, კაპიტალის დაგროვება და ტექნოლოგიური შესაძლებლობები არის განვითარების პროცესის შედეგი და, შესაბამისად, არ წარმოადგენს ბუნებრივ მოცემულობას. ამდენად, დინამიკურ გარემოში მყოფ განვითარებად ქვეყნებს არანაირი საჭიროება არა აქვთ შრომით და ბუნებრივ რესურსებ ინტენსიურ პროდუქციაზე სპეციალიზაცია მოახდინონ.
გავიმეორებ, რომ ზემოთ მოყვანილი თეორიული პრობლემები საყოველთაოდ ცნობილი, თუმცაღა ხშირად იგნორირებულია განვითარებული ქვეყნების აკადემიკოსების ტრადიციულ სწავლებებში.
ამას მივყავართ კითხვამდე: თუ არსებობს ქვეყანა, რომელიც ფაქტობრივად წარმატებული იყო თეორიის მიერ რეკომენდირებული სპეციალიზაციის და ვაჭრობის ლიბერალიზაციის პოლიტიკის განხორციელებაში? ამაზე საპასუხოდ დღეისთვის განვითარებული ქვეყნებისთვის თვალის გადავლება საკმარისია იმის ნათელსაყოფად, რომ არც ერთ მათგანს რეალურად არ განუხორციელებია ასეთი სპეციალიზაცია პლუს ვაჭრობის ლიბერალიზაციის სტრატეგია. მე-19 საუკუნეში ბრიტანეთის მაშინ დომინირებადი ინდუსტრიული ძალის რეკომენდაციებს ამ სტრატეგიის გამოყენების შესახებ იმდროინდელმა განვითარებადმა ქვეყნებმა, როგორებიც იყო აშშ, გერმანია და საფრანგეთი, სრული იგნორირება გაუკეთეს და აგრესიული ექსპორტის წახალისების და იმპორტის ჩანაცვლების სტრატეგიების განხორციელებას მიჰყვეს ხელი. საყურადღებო ფაქტია, რომ აშშის მთავრობა იცავდა და ეხმარებოდა საკუთარი წარმოების დარგების უმრავლესობას ბრიტანეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებთან კონკურენციულ ბრძოლაში. ასევე ფაქტია, რომ ბრიტანეთი, მე-19 საუკუნეში თავისუფალი ვაჭრობის უდიდესი მომხრე, საკუთარი ინდუსტრიის ბაზას იცავდა ინდოეთიდან იაფი მანუფაქტურის (ტანსაცმლისა და ტექსტილის ნაწარმის) იმპორტისაგან. მართლაც, ბრიტანეთმა ისე შორს შეტოპა, რომ ინდოეთში ბიზნესს აუკრძალა ტანსაცმლისა და ტექსტილის ყველა იმ ნაწარმის წარმოება, რომლებიც რაიმე სახით კონკურენციას უწევდა ბრიტანულ პროდუქციას. უფრო ახლო წარსულში ვაკვირდებით აშშ-ისა და ევროპული მთავრობების მიერ კოლოსალური სუბსიდიების გაცემას საკუთარი სოფლის მეურნეობის სექტორების თვის, რომლის ჯამიც შოკირებად წლიურ თანხას - 300 მილიარდ
ევროს (ევროპაში) და 270 მილიარდ ევროს (აშშ-ში) შეადგენს. სოფლის მეურნეობისთვის გაწეული ევროპული სუბსიდიები ევროკავ შირის ბიუჯეტის ნახევარს აღემატება. უფრო მეტიც, 1960-იან წლებში მიმდინარე ტარიფებსა და ვაჭრობასა და ტარიფებზე გენერალური შეთანხმების (GATT) საწყისი რაუნდიდან მოყოლებული, აშშ და ჟინებულად ითხოვდა, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქცია, ტანსაცმელი და ტექსტილის ნაწარმი ლიბერალიზაციის დღის წესრიგში არ შესულიყო, მიუხედავად მათი ლიბერალიზაციის აღიარებული უმაღლესი მნიშვნელობისა განვითარებადი ქვეყნებისთვის. ეს პროდუქცია GATT-ის დღის წესრიგში მხოლოდ მის ბოლო, ე.წ. ურუგვაის რაუნდში, შევიდა და მხოლოდ მას შემდეგ, რაც აშშმა და ევროპამ მოახდინეს საკუთარი სოფლის მეურნეობის სექტორებისადმი დახმარების ინსტიტუციონალიზაცია (მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის5 პოლიტიკის მეშვეობით განვითარებად ქვეყნებში სოფლის მეურნეობისთვის საშინაო დახმარების რღვევის პარალელურად) და ტანსაცმლის წარმოების უმეტესი ნაწილის განვითარებად ქვეყნებში გადატანა. მოკლედ, ვაჭრობის ლიბერალიზაციის პრაქტიკას განვითარებულ ქვეყნებში ყველაფერი შეიძლება დავარქვათ ვაჭრობის ლიბერალიზაციის გარდა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, დასკვნა ცხადია: ვაჭრობის ლიბერალიზაცია არის ის, რასაც მდიდარი ქვეყნები ცდილობენ თავს მოახვიონ თავის სავაჭრო პარტნიორებს და შესაძლო კონკურენტებს საკუთარი ინტერესების დასაცავად. ეს ინტერესები, ძირითადად, განვითარებადი ქვეყნების სოფლის მეურნეობის, ნედლეულისა და იაფი მრეწველობის მწარმოებლებად დაფიქსირებაა. ამ სახის საქონლის ბუნება, ისევე როგორც მისით ვაჭრობის მმართველი გლობალური ინსტიტუციური სტრუქტურები, იმას მოასწავებს, რომ განვითარებულ ქვეყნებს ხელეწიფებათ საკუთარი ფასების კარნახი. ამდენად, გასაკვირი არ არის, რომ ვაჭრობის ლიბერალიზაციის პრაქტიკაში განმახორციელებელი განვითარებული ქვეყნები (მაგ. აფრიკის, ლათინული ამერიკისა და აღმოსავლეთ აზიის ბევრი ქვეყანა) იმაზე უარეს მდგომარეობაში არიან დღეს, ვიდრე ლიბერალიზაციამდე იყვნენ, მაშინ, როცა აღმოსავლეთ აზიის ქვეყნები და ჩინეთი, რომლებმაც ექსპორტის სტიმულირებაზე ორიენტირებული აგრესიული ინდუსტრიალიზაციის სტრატეგია გაატარეს, სწრაფ ზრდას განიცდიან.
კითხვა: პარსონსისა და ვებერის დროიდან მოყოლებული, დასავლეთში განვითარების სფეროში მიმდინარე დომინანტური ანალიზი განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებში დაგროვილი მატერიალური დოვლათის განსხვავებულ დონეებს განსხვავებული ფასეულობებისა და სოციალური ორგანიზაციის ფორმების არსებობით ხსნის. თქვენი აზრით, რა არის განვითარების დონეებს შორის განსხვავების მიზეზი? რატომ არის ზოგი ქვეყანა ღარიბი და ზოგი კი მდიდარი დღეს?
პასუხი: ამ კითხვებიდან პირველზე საპასუხოდ უნდა ვთქვა, რომ შემოსავლის დონეებს შორის განსხვავების ფუნდამენტური მიზეზი არის შრომის გლობალური დანაწილება და გლობალურ ეკონომიკურ სისტემაში ამ ქვეყნების როლი. ამჟამად განვითარებადი ქვეყნები ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის მიხედვით დაახლოებით იმ დონეზე არიან, როგორზეც იყვნენ დღეს განვითარებული ქვეყნები მათ კოლონიზაციამდე (სადღაც მე-15 საუკუნის ბოლოსკენ). კოლონიზაციით დაიწყო დღევანდელი განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკების ნგრევისა და დღევანდელი განვითარებული ქვეყნების საჭიროებებისადმი მათი მისადაგების პროცესი, რამაც ამ ქვეყნების ეკონომიკა დააკნინა, დაამახინჯა რა მათი ზრდის პოტენციალი. კერძოდ, კოლონიური ბატონობის ქვეშ მყოფი განვითარებადი ქვეყნები გარდაიქმნენ ნედლეულისა და იაფი სასოფლო-სამეურნეო ის მიმწოდებლებად მომხმარებლებისთვის კოლონიზატორ ქვეყნებში და მონური ან კაბალურ პირობებში მყოფი სამუშაო ძალის - პლანტაციებისთვის, რომლის მფლობელებიც განვითარებული ქვეყნებიდან იყვნენ. ამავე დროს, ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ინდოეთი, საწყის ეტაპზე მყოფი ინდუსტრიალიზაციის პროცესიც მოიშალა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იმ დროისთვის ინდოეთი ბრიტანეთზე გაცილებით დაწინაურებული იყო ტანსაცმლისა და ტექსტილის ტექნოლოგიითა და ნოუჰაუთი, მაშინ როცა ბრიტანეთი ამ პროდუქციის ბაზაზე ინდუსტრიალიზაციას მხოლოდ მე-18 საუკუნის დასასრულსა და მე-19 საუკუნის დასაწყისში ავითარებდა. სწორედ იმ დროისთვის ინდოელი მეწარმეების ბრიტანელებზე ამ ხარჯთუპირატესობის შედეგად მოხდა ინდური ტანსაცმლის ბრიტანეთში მძლავრი შედინება. ბრიტანელი მეწარმეების ხმაურიანი პროტესტის საპასუხოდ ბრიტანეთის მთავრობამ ჯერ მაღალი ტარიფები და კვოტები დააწესა ინდური ტანსაცმლისა და ტექსტილის იმპორტზე, შემდეგ კი, როგორც ადრე აღვნიშნე, მთლიანად აუკრძალა ინდოელ მეწარმეებს იმ ნაწარმის გამოშვება, რომელიც კონკურენციას უწევდა ბრიტანულს. როგორც ასევე აღვნიშნე, ადრე, ბრიტანული ხელისუფლების ეს ქმედება მათ მიერ ევროპელი და ჩრდილოეთ ამერიკელი ინდუსტრიული კონკურენტებისთვის თავისუფალი ვაჭრობის დოქტრინის ქადაგების ფონზე მიმდინარეობდა.
მე-20 საუკუნეში, კოლონიზაციის დამთავრების შემდეგ, ყოფილმა კოლონიებმა განაგრძეს შრომის საერთაშორისო დანაწილებაში დაქვემდებარებული როლის თამაში. ეს ქვეყნები დღესაც იაფი ნედლეულის და სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიმწოდებლები არიან. მაგრამ ახლა მათი უმეტესობა დამატებით იაფ სამრეწველო პროდუქციას აწვდის განვითარებული ქვეყნების ბაზრებს. ამასთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ კოლონიებსა და განვითარებული ქვეყნების საბრძანებლოებში მონებისა და კაბალური პირობებით დაქირავებული სამუშაო ძალის აყვანის ნაცვლად, როგორც ეს კოლონიურ პერიოდში ხდებოდა, თანამედროვეობაში განვითარებული ქვეყნის მეწარმეები გადააადგილებენ საწარმოო პროცესის იმ ნაწილს, რომელიც იაფ სამუშაო ძალას მოითხოვს ამ ძალის ადგილსამყოფელში - განვითარებულ ქვეყნებში. შრომის გლობალური დანაწილების ამგვარი სახით შენარჩუნება ეკონომიკური კონტროლის, საერთაშორისო ინსტიტუციური სტრუქტურების, იდეოლოგიების, დისფუნქციური ადგილობრივი ელიტების, პოლიტიკური კონტროლისა და, როცა აუცილებელია, პირდაპირი და არაპირდაპირი სამხედრო ინტერვენციების კომბინაციით ხდება.
ეკონომიკური კონტროლი ტიპიურად ვალში მყოფი განვითარებადი ქვეყნებისა და/ან ორმხრივი და მრავალმხრივი დახმარების განვითარების ნაკადების6 ფორმას იღებს. პერკინსის შთამბეჭდავი წიგნი აჩვენებს, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის უმეტესი ნაწილის განმავლობაში აშშ აშკარად ცდილობდა ქვეყნების ვალში ჩაგდებას მათი ეკონომიკური პოლიტიკის მართვის სადავეების მოსაპოვებლად.7 მრავალი წლის განმავლობაში განხორციელებული უთვალავი კვლევა გვაწვდის დეტალებს, თუ როგორ ხდებოდა განვითარებული ქვეყნების მიერ უცხოური დახმარების გამოყენება განვითარებადი ქვეყნების საკუთარ პირობებზე დასათანხმებლად.
ძირითადი საერთაშორისო ინსტიტუციური სტრუქტურები, რომლებიც შრომის არსებულ საერთაშორისო დანაწილების სტატუს კვოს ინარჩუნებენ, მოიცავს სსფ-ს, მბ-ს და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას (შემდგომში მსო). ეს ორგანიზაციები განვითარებული ქვეყნების მიერ იმართებიან და მათი ინტერესებით ნაკარნახევ პოლიტიკას ატარებენ. ამ კონტექსტში მხოლოდ იმის აღნიშვნაც საკმარისია, რომ მბის პრეზიდენტის დანიშვნის უფლება მხოლოდ აშშ-ის პრეზიდენტს აქვს და სსფ-ის აღმასრულებელ დირექტორს ევროპელები წარადგენენ მასზე მხოლოდ აშშ-ის მიერ ვეტოს დადების უფლების პირობებში, ან ის, რომ მსოი-ს ხელმძღვანელების უმეტესობა ამ პოსტიდან წასვლის შემდეგ დაუფარავად შეუერთდა ერთი განვითარებული ქვეყნის ბიზნესანალიტიკურ კვლევით ცენტრს.8
შრომის არსებული დანაწილების მხარდამჭერი იდეოლოგიები უმეტესწილად ეკონომიკურია. როგორც წესი, ისინი ეხება განვითარებული ქვეყნების მიერ რეკომენდებულ ეკონომიკურ სტრატეგიებს. ეს იდეოლოგიები, ჩვეულებრივ, შეთავაზებულია „მეცნიერული თეორიის” სახით მაღალი კლასის „მეცნიერთაგან” და ანგაჟირებულია მრავალრიცხოვანი მხარდამჭერი სტატიებითა და წიგნებით. ხდება განვითარებული ქვეყნების მეცნიერთა წახალისება განვითარებად ქვეყნებში თავისი შეტყობინების გასავრცელებლად კონსულტაციებისა და გამოსვლების სახით. განვითარებადი ქვეყნების სტუდენტებს ეძლევათ სასწავლო დაფინანსება ამ „თეორიების” შესასწავლად და მათ პრაქტიკაში გასატარებლად საკუთარ ქვეყანაში დაბრუნებისთანავე, იმის გაუცნობიერებლად, რომ ეს თეორიები იმ აყვავებას უთხრიან ძირს, რომლისთვისაც თითქოს გამიზნულნი არიან. განვითარებად ქვეყნებში მოსახმარად განვითარებულ ქვეყნებში შექმნილი იდეოლოგიის კარგ მაგალითს წარმოადგენს ე.წ. თავისუფალი ვაჭრობის თეორია და მასთან ასოცირებული შედარებითი უპირატესობის დოქტრინა, რომელიც ადრე ვახსენე. ამ თეორიის დედააზრი, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ისაა, რომ ყველა ქვეყანას შეუძლია იხეიროს სპეციალიზაციიდან (რისი წარმოებაც გამოსდით) და ერთმანეთთან თავისუფალი ვაჭრობიდან. აქედან პოლიტიკური დასკვნა, რომ მთავრობები არ უნდა ეცადონ საკუთარი ექსპორტი წაახალისონ ან უცხოური იმპორტი შეაფერხონ. მიუხედავად იმისა, რომ საყოველთაოდ ცნობილია ამ თეორიის რამდენიმე საბედისწერო ხარვეზი და ისიც, რომ იგი არასოდეს ყოფილა წარმატებული ეკონომიკის მახასიათებელი, იგი ისწავლება, როგორც ვაჭრობის საფუძველი უმეტეს სტანდარტულ სასწავლო მასალებში და გამოიყენება (სხვა მსგავს საეჭვო „თეორიებთან” ერთად) საერთაშორისო ეკონომიკური ინსტიტუტების უმრავლესობის მიერ საკუთარი პოლიტიკის დასასაბუთებლად. სხვა მაგალითები საფინანსო სექტორის და კაპიტალის ანგარიშის ლიბერალიზაციის, საჯარო საწარმოების პრივატიზაციის, ეკონომიკური მომსახურების გაკომერციულების, ინტელექტუალური საკუთრების უფლებების და სხვა თეორიებია.
დისფუნქციური ელიტების წახალისება გულისხმობს მბ-ისა და სსფ-ის მსგავსი ინსტიტუტების მიერ რეკომენდებული პოლიტიკისა და სტრატეგიების შედეგად ისეთი ელიტების განვითარების ხელშეწყობას განვითარებად ქვეყნებში, რომლებიც ინდუსტრიალიზაციასა და ეკონომიკურ ზრდას აფერხებენ. ეს ელიტები, ძირითადად, შედგება საფინანსო სექტორსა და ვაჭრობაში მოქმედი პირებისგან და რენტისმაძიებელი9 სამთავრობო ოფიციალური პირებისაგან. პირველი ორი აიხსნება მბსა და სსფს მიერ ფინანსური სექტორის საქმიანობის მანიაკალური წახალისებითა და გარდამავალ ეკონომიკებში საპროცენტო განაკვეთის ზრდით, ხოლო უკანასკნელი წარმოადგენს ამ ორი ინსტიტუტის მიერ მაკროეკონომიკური სტაბილიზაციის პოლიტიკის არგუმენტების საფარქვეშ საჯარო მოხელეების ხელფასსა და პირობებზე თანმიმდევრული თავდასხმის გარდაუვალ შედეგს. კიდევ ერთ დისფუნქციურ ელიტას, რომლის ზრდაც შეინიშნება განვითარებად ქვეყნებში განვითარებულის ხელშესახები დახმარების შედეგად, თავდაცვის სამსახურებია.
განვითარებული ქვეყნების განვითარებადზე პოლიტიკური გავლენის ვარჯიში, ჩვეულებრივ, იმ პოლიტიკოსების მხარდაჭერის მეშვეობით ხდება, რომლებიც ცნობილნი არიან განვითარებული ქვეყნების ინტერესების მიმართ მეგობრული განწყობით, მიუხედავად იმისა, რომელ სისტემას ეკუთვნიან - დემოკრატიულს თუ არადემოკრატიულს. ბუნებრივია, სადაც ყველაფერი კრახს განიცდის, როგორც უახლეს წარსულში მოხდა ერაყსა და ავღანეთში, პირდაპირი სამხედრო ვარიანტის გამოყენება ხდება.
განვითარებული ქვეყნებისთვის უმნიშვნელოვანესია შრომის საერთაშორისო დანაწილებაში მიკუთვნებული როლიდან განვითარებადი ქვეყნების თავდაღწევის პრევენცია. უმთავრესად ეს ნიშნავს იმ ეროვნული კაპიტალისტური განვითარების სტრატეგიებისთვის წინააღმდეგობის გაწევას, რომელიც განხორციელდა უახლეს წარსულში აღმოსავლეთ აზიისა და ჩინეთის ეკონომიკებში. ამას მივყავართ კითხვამდე - რატომ ვითარდება ზოგი ქვეყანა მაშინ, როცა ზოგი სიღარიბეში სულს ღაფავს? პასუხი მარტივია: ის ქვეყნები, რომლებიც განვითარდნენ, შრომის საერთაშორისო დანაწილებაში მიკუთვნებული როლისგან გათავისუფლდნენ და დაიწყეს კონკურენტუნარიანი კაპიტალისტური ეკონომიკის შენება. ფართოდ არ არის ცნობილი, რომ დღევანდელი განვითარებული ქვეყნების დოვლათისთვის მთავარ საფრთხედ, ფაქტობრივად, აღქმულია განვითარებადი ქვეყნების ეროვნული კაპიტალისტური განვითარება, რომელშიც ამ ქვეყნების ინდუსტრიები აღარ ემსახურება განვითარებული ქვეყნების ინტერესებს, არამედ კონკურენციას უწევს მათ მათსავე ბაზრებზე, აწარმოებენ რა იმავე საქონელს, რასაც განვითარებული ქვეყნები.
ეს გარკვეულწილად პარადოქსულად მოგეჩვენებათ, რადგან განვითარებული ქვეყნები და მათ მიერ კონტროლირებადი საერთაშორისო ეკონომიკური ინსტიტუტები (როგორიცაა მბ, სსფ და მსო) თითქოს განვითარებადი ქვეყნების კაპიტალისტური განვითარების წახალისებით არიან დაკავებული. რეალურად კი მათი მიზანი არის (და ყოველთვის იყო) საკუთარი ინტერესების დაცვა. ეს ნიშნავს განვითარებად ქვეყნებში დამახინჯებული კაპიტალისტური განვითარების ხელშეწყობას; ისეთის, რომელიც არ უქმნის საფრთხეს განვითარებულ ქვეყნებს ეროვნულ საკუთრებაში მყოფი ბიზნესით, რომელსაც შეუძლია მათ ბიზნესს გაუწიოს კონკურენცია გლობალურ ბაზარზე. ეს უკანასკნელი ფაქტი საკმაოდ ცხადი ხდება იმის გაცნობიერების შემდეგ, რომ არც ერთ განვითარებად ქვეყანას, რომელიც მბისა და სსფის ყურადღების ქვეშ მოექცა და „დახმარება” მიიღო, არ განუცდია ეკონომიკური ზრდის მდგრადი სწრაფი ტემპი, ყოველი შემთხვევაში - არა ამ ორი ორგანიზაციის რეკომენდაციების გათვალისწინების შედეგად. „შიდა სამზარეულოში” ჩახედულმა, მბის ყოფილმა მთავარმა ეკონომისტმა იოზეფ სტიგლიცმა არაერთხელ აღნიშნა, რომ მხოლოდ ის ქვეყნები იყვნენ წარმატებულები, რომლებმაც არ მისდიეს ამ ორი ინსტიტუტის „რჩევას” და დახმარებას. სტიგლიცმა ასევე აღნიშნა, რომ 1990-იან წლებში აშშ-ის მთავრობა აქტიურად აქეზებდა სსფ-ს რუსეთის მიერ აშშ-ისთვის ეკონომიკური საფრთხის გაწევის ყველა საფუძველი მოესპო. სტიგლიცის მიერ საჯარო განაცხადიდან ცხადია დასკვნა: სსფ-ის მიზანი იყო პრეზიდენტ ელცინის დროინდელი რუსეთის კაპიტალისტური განვითარების განადგურება. რასაკვირველია, ამ ინსტიტუტის მიერ რუსეთისთვის ადვოკატირებული პოლიტიკის უფრო ყურადღებიანი კვლევა აჩვენებს, რომ ისინი განვითარებადი ქვეყნების უმეტესობისთვის, გარდამავალი ეკონომიკების უმეტესობის ჩათვლით, რეკომენდაციების მსგავსია, რასაც კიდევ დავუბრუნდები. კიდევ ერთი არგუმენტი იმის დასადასტურებლად, რომ განვითარებულმა ქვეყნებმა აქტიურად სცადეს ეროვნული კაპიტალისტური განვითარების ბლოკირება, გამოდის მარკ კურტისის საფუძვლიანი კვლევის შედეგად გამოცემული წიგნიდან „ტყუილის ქსელი: ბრიტანეთის ნამდვილი როლი მსოფლიოში”.1 ამ წიგნში კურტისი საგარეო საქმეთა სამინისტროს დოკუმენტებს იმის საჩვენებლად იყენებს, რომ ბრიტანეთის გავლენიანი წრეების აღქმაში მათი თავდაცვის რეალურ საფრთხეს ეროვნული კაპიტალისტური რეჟიმების განვითარება წარმოადგენდა და არა, ვთქვათ, კომუნისტური ან სოციალისტური რეჟიმები. ფაქტობრივად, ეროვნულ კაპიტალისტურ მთავრობებზე თავდასხმები ხშირად კომუნიზმის საფრთხით იყო გამართლებული. კურტისს ბრიტანეთის ამ ორპირობის არაერთი მაგალითი მოჰყავს.
კითხვა. დღევანდელ დღეს განვითარების სფეროში მიმდინარე დისკურსი უმეტესად სიღარიბის გარშემო ტრიალებს, მისი უკიდურესი ფორმების მსოფლიოში განახევრებაც კი არის მიზნად დასახული 2015 წლისთვის. ამისათვის ჯეფრი საქსი, გაეროს გენერალური მდივნის კოფი ანანის სპეციალური მრჩეველი და გაეროს მილენიუმის პროექტის დირექტორი, ახალი მეთოდის შემოღებას ლობირებს, რომელსაც ის კლინიკურ ეკონომიკას უწოდებს. საქსი უარს აცხადებს სიღარიბის ადამიანების სიზარმაცითა და მთავრობების კორუმპირებულობით ახსნაზე და მოუწოდებს „გეოგრაფიული იზოლაციის, დაავადებებისა და ბუნებრივი კატასტროფების გადაწყვეტადი პრობლემების” მოგვარებისკენ სოფლის მეურნეობის წახალისებით, საბაზისო ჯანდაცვის გაუმჯობესებით, პირველად და პროფესიულ განათლებაში ინვესტირებით, სუფთა წყლისა და სანიტარული პირობებისა და სოფლებში ელექტროენერგიის უზრუნველყოფით. როგორ ფიქრობთ, შეძლებს ეს, როგორც ის უწოდებს, 5 დიდი ინტერვენცია სიღარიბის მანკიერი წრის გარღვევას?
პასუხი. სიღარიბის დაძლევის სტრატეგიები, რომელთა პირველად და უმთავრეს ფოკუსს არ შეადგენს სწრაფი ეკონომიკური ზრდის წახალისება, სინამდვილეში ვერასოდეს შეძლებენ სიღარიბის დაძლევას მდგრადი სახით. უარესი, მათ შეიძლება გააღრმავონ კიდეც სიღარიბე გრძელვადიან პერსპექტივაში პოლიტიკოსებისა და სხვების რეალური ამოცანის გადაჭრაზე ყურადღების გაფანტვის შედეგად. ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია განვითარებად ქვეყნებში ეკონომიკური ზრდისა და სიღარიბის აღმოფხვრის სტრატეგიებზე ხშირად შემხვედრი გაუგებრობის ახსნა. ხშირად მოისმენთ, რომ მბის და სსფისა და მათთან დაკავშირებული ორმხრივი დახმარების პროცესების პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ისინი ეკონომიკურ ზრდას ასტიმულირებენ სიღარიბის დაძლევის ხარჯზე. თუმცა ზემოთ ხსენებულიდან ნათელი უნდა იყოს, რომ ამ სტრატეგიებსა და პროცესებს ძალიან ცოტა ესაქმებათ ეკონომიკური ზრდის წახალისებასთან. ამგვარად, ისინი არა მარტო ნაკლებად არიან დაინტერესებული სიღარიბის დაძლევით, არამედ ეკონომიკური ზრდის წახალისების ნაკლები ინტერესი აქვთ. სწრაფი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა და, შესაბამისად, სიღარიბის მდგრადი შემცირება შესაძლებელია მხოლოდ აგრესიული ეროვნული კაპიტალისტური განვითარების პროცესის შედეგად მივიღოთ, რომლის მიზანია მრეწველობის სფეროში დასაქმებული იმ კომპანიების წახალისება, რომლებიც ჯიქურად შეებრძოლებიან კონკურენციულ ასპარეზზე განვითარებული ქვეყნების კომპანიებს მათსავე ბაზრებზე. სწორედ ამიტომ, გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ სიღარიბის უდიდეს შემცირებას უახლოეს წარსულში ადგილი ჰქონდა აღმოსავლეთ აზიასა და ჩინეთში, მსოფლიოს უსწრაფესად განვითარებად ნაწილში, მაშინ, როცა მსოფლიოს იმ ნაწილში, რომელიც განვითარებული ქვეყნებისა და მათი გლობალური ეკონომიკური ინსტიტუტების ყურადღების ცენტრშია, სიღარიბე სულ უფრო ღრმავდება.
ახლა მივუბრუნდეთ სხვა მნიშვნელოვან საკითხს, რომ ზრდის პროცესების წარმატებით დაძვრის შემდეგ განვითარებადმა ქვეყნებმა უნდა უზრუნველყონ ამ პროცესის ეკონომიკური სარგებლის მნიშვნელოვანი წილის გადატანა მოსახლეობის უმრავლესობის საცხოვრებელი სტანდარტების ამაღლებაში. ცნობილია, რომ ამის ჩაგდებას შეუძლია თავად ზრდის პროცესი საფრთხეში ჩააგდოს სოციალური და პოლიტიკური დეფორმირების გამო. ამდენად, ეკონომიკური ზრდის ნაყოფის გადანაწილების მხოლოდ საბაზრო ძალების ამარა დატოვება არ შეიძლება. სახელმწიფოს სჭირდება ამ პროცესში აქტიური ჩართვა. თუმცა, და ესეც მნიშვნელოვანია, ამ პროცესმა არ უნდა დააზარალოს ეკონომიკური ზრდა. ეს იმიტომ, რომ სიღარიბის მდგრადი დაძლევა მდგრადი ეკონომიკური ზრდის პროცესის გარეშე შეუძლებელია. არ უნდა დავივიწყოთ, რომ განვითარებადი ქვეყნების უმრავლესობაში არსებულ საშინელ სიღარიბეს სწორედ დინამიკური ზრდის პროცესის არარსებობა უდევს საფუძვლად.
კითხვა. უკვე მეორე ათწლეულია, რაც „სოციალისტური ბლოკი” დაიშალა და ახლად აღმოცენებულ ქვეყნებს გარდამავალ მდგომარეობაში მყოფნი ეწოდათ. ამასობაში მათში მიმდინარე ცვლილებები გაანალიზებულ იქნა მბის არაერთ კვლევაში, ტრანზიტულობის (გარდამავლობის) ფენომენის შესასწავლად შეიქმნა ახალი ინსტიტუტები, შემუშავდა სპეციფიკური ინდიკატორები და მათ მიხედვით ქვეყნების რანჟირებაც კი მოხდა. მაგალითისთვის, მბისა და სსფ-ის მიერ ა.წ. 12 სექტემბერს გამოცემული ანგარიშის მიხედვით სახელწოდებით „ბიზნესის წარმოება 2006-ში: დსთ-ის ეკონომიკები რეფორმის ტემპს ავითარებენ”, საქართველო რეფორმების განხორციელების მხრივ რეგიონში პირველ, ხოლო მსოფლიოში მეორე ადგილზე დასახელდა. რას ფიქრობთ, რა ეკონომიკური პერსპექტივები აქვთ საქართველოს მსგავს ქვეყნებს?
პასუხი. ამ კითხვაზე პასუხის წინასიტყვაობაში უნდა ვაღიარო, რომ საქართველოს ეკონომიკის ექსპერტი არ ვარ. ამდენად, გთავაზობთ კითხვაზე პასუხი ყოფილი საბჭოთა ბლოკისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში (რომელთაც ხშირად „ტრანზიტულ ეკონომიკებად” მოიხსენიებენ) მიმდინარე ზოგადი რეფორმების ჭრილში გავცე. მთავარი საკითხი, რასაც მინდა ამ დროს შევეხო, არის ის, რომ უფრო კაპიტალისტურ გზაზე ქვეყნის გადამყვან რეფორმებს აქვთ ქვეყნისთვის სარგებლის მოტანის პოტენციალი ეკონომიკური ზრდისა და აყვავების წახალისების სახით. თუმცა ისინი არ უნდა გავაიგივოთ გარდამავალ პერიოდში მყოფი ან თუნდაც, საზოგადოდ, განვითარებადი ქვეყნებისთვის მბისა და სსფის მიერ რეკომენდებულ ე.წ. პროსაბაზრო რეფორმებთან. ეს იმიტომ, რომ როგორც ადრე ვახსენე, ამ ინსტიტუტების მიერ რეკომენდებული რეფორმები თავისი არსით კაპიტალისტური განვითარების წახალისებას კი არ ემსახურებიან, არამედ განვითარებული ქვეყნების სასარგებლოდ მათ გლობალურ ეკონომიკაში ინტეგრაციას. ამის გასაგებად განვიხილოთ გარდავამალი ეკონომიკისთვის საჯაროდ გაცხადებული დღემდე არსებული რეკომენდაციები.
პირველი, რასაც შევამჩნევთ, არის ის, რომ მბისა და სსფის მიერ მართულიდან საბაზრო ეკონომიკაზე ადრეულ გარდამავალ პერიოდში თითქმის არ ხდება ზრდაზე ორიენტირებული ეკონომიკური სტრატეგიების, განსაკუთრებით აღმოსავლეთ აზიისა და ჩინეთის ეკონომიკების მიერ განხორციელებული ექსპორტზე ორიენტირებული მრეწველობის მსგავსი პროცესების წახალისება. ამის ნაცვლად გარდამავალ ეკონომიკებში ამ ინსტიტუტების პირველადი ფოკუსია მაკროეკონომიკური სტაბილიზაცია ან, უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ინფლაციის გაკონტროლება. ამის ერთი უშუალო შედეგია საპროცენტო განაკვეთის სწრაფი ზრდა და ამით სასწორის გადახრა ინდუსტრიული საქმიანობისგან მიღებული მოგებიდან ფინანსურ ან გასესხებასთან დაკავშირებულზე. მრავალ გარდამავალ ეკონომიკაში პირველ წლებში მთავრობის ვალის საპროცენტო განაკვეთი დოლარზე გაანგარიშებით წლიურ 30%-მდე ავარდა. ეს ნიშნავს, რომ მრეწველობა კერძო დაფინანსების ეფექტურ შიმშილს განიცდიდა. ამავე დროს, იმავე დაუსაბუთებელი მარკოეკონომიკური სტაბილიზაციის ინტერესებში საწყის ეტაპზე მოხდა ვალუტის გაცვლის კურსების დაფიქსირება, რამაც გარდამავალ ინფლაციურ გარემოში მათი მასობრივი და სწრაფი რევალვაცია გამოიწვია. ამან უფრო მეტად დააზიანა ინდუსტრიული სექტორი, განსაკუთრებით მისი ექსპორტზე ორიენტირებული ნაწილი. შესაბამისად, მოხდა ფართო დეინდუსტრიალიზაცია, რაც, მცდარად ბრალდება ყოფილი საბჭოთა სისტემის მოძველებულ პროდუქციულ და ტექნოლოგიური ბაზას. ცხადია, რომ ამ უკანასკნელსაც მიუძღვის წილი, მაგრამ არნახულმა საპროცენტო განაკვეთმა და საოცრად გადაფასებულმა ვალუტის გაცვლის კურსმა ვითარების დამძიმებაში ლომის წვლილი შეიტანა.
გარდამავალ ეკონომიკებში ეკონომიკური კატასტროფის აგორების დროს სსფისა და მბის (და ევროპის განვითარების ბანკის) მიერ წახალისებული პოლიტიკა მოიცავდა საბითუმო ფასების ლიბერალიზაციას, ფართომასშტაბიან პრივატიზაციას, სახელმწიფო დაქვემდებარებაში მყოფი მსხვილი სამრეწველო დაწესებულებების დაშლას და ვაჭრობისა და კაპიტალის მოძრაობის ლიბერალიზაციას. სექტორის დონეზე ყურადღება ეთმობოდა ფინანსურ სექტორს, ნედლეულის ამოღებას, ექსპორტზე ორიენტირებულ სოფლის მეურნეობას, უცხოურ შენატანზე დამოკიდებულ სამრეწველო პროდუქციას და ზოგიერთი (ფინანსურის გარდა) მომსახურების დარგის განვითარებას, მაგალითად ტურიზმის. აქ, ალბათ, მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ საბჭოთა რესპუბლიკების უმრავლესობა წახალისებულ იქნა განევითარებინათ ნედლეულის წარმოება, მაშინ, როცა ყოფილი სოციალისტური აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში - უცხოურ, განსაკუთრებით ევროპულ შენატანზე დამოკიდებული მრეწველობაა. ასევე საყურადღებოა სამუშაო შესაძლებლობების მონგრევის შედეგად გარდამავალი ეკონომიკებიდან განვითარებულში გამდინარე სამუშაო ძალა დაბალკვალიფიცირებული შრომატევადი დავალებების შესასრულებლად, რომლებსაც დროთა განმავლობაში განვითარებული ქვეყნების მუშაკები სულ უფრო ნაკლებად თანხმდებიან, ყოველ შემთხვევაში იმ ანაზღაურებით, რაც მათზე გაიცემა. მბ-ისა და სსფ-ის მიერ არ მომხდარა გარდამავალ ეკონომიკებში არც ერთი პროდუქციის წარმოების წახალისება, რომლებიც კონკურენციას გაუწევდა განვითარებულში ნაწარმოებს. მართლაც, ნათელია, რომ პოტენციურად საშიში მრეწველობა ჩუმად, და ზოგჯერ არც ისე ჩუმად, იქნა მოშლილი.
ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ გარდამავალ ქვეყნებში მიმდინარე მბ-ისა და სსფ-ის მიერ ნაქები ეკონომიკური რეფორმები არ არის იმ ტიპის, რომ მომავალში ნებისმიერს ამ ქვეყნებიდან წარმატებულს გახდის. სინამდვილეში ამ ორი ინსტიტუტის მიერ გარდამავალ ეკონომიკაში მიმდინარე რეფორმის მოწონება ე.წ. სასიკვდილო კოცნაა. საკმარისია მხოლოდ იმის გახსენება, რა ენთუზიაზმით გამოეხმაურა ორივე ორგანიზაცია რუსეთში კაპიტალის ანგარიშის და ფინანსური ბაზრის ლიბერალიზაციას რუბლის კრახის წინ, ან მათ მიერ არგენტინის მიერ 1990-იან წლებში განხორციელებული ეკონომიკური სტრატეგიის არაკვალიფიციური მხარდაჭერა, რამაც გამოიწვია გვიანდელ 1990-იან წლებში მასობრივი ეკონომიკური კრიზისი.
ინტერვიუს უძღვებოდა ირმა ალფენიძე
____________________
1. ჰოვარდ ნიკოლასი არის ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, ისტ ანგლიის უნივერსიტეტის (University of E. Anglia) ასოცირებული პროფესორი. მისი კვლევის სფეროა: გლობალური ეკონომიკა, ფინანსური ბაზარი განვითარებად ქვეყნებში, ნეოკლასიკური ეკონომიკის ალტერნატივები. ეწევა აქტიურ საკონსულტაციო საქმიანობას სიღარიბის აღმოფხვრის საკითხებზე.
2. ტერმინი განვითარებული და განვითარებადი ქვეყნები ამ ტექსტში, გავრცელებული ინტერპრეტაციის კვალდაკვალ, გულისხმობს ინდუსტრიულად მეტად და ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებს. შესაბამისად, პირველ ჯგუფს მიეკუთვნება აშშ, კანადა, ევროპის ქვეყნები, იაპონია და ავსტრალია, მეორე ჯგუფს კი - ყველა დანარჩენი (მთარგ).
3. ტერმინი შრომის საერთაშორისო დანაწილება ეხება განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებში შრომის ძალის სპეციალიზაციას შრომითი-ნტენსიურ და კაპიტალინტენსიურ წარმოებაზე, რომელიც ისტორიულად ასოცირდება ვაჭრობის ზრდასთან, კაპიტალის კვლავწარმოებასა და ინდუსტრიალიზაციის პროცესებთან (მთარგ).
4. წარმოების ამა თუ იმ დარგის მიმართ პროტექციული პოლიტიკის გატარება (მთარგ.)
5. ამის შემდეგ მს და სსფ (მთარგ.)
6. ორმხრივი და მრავალმხრივი დახმარების ნაკადებში (bilateral and multilateral aid flows) იგულისხმება ორ ან რამდენიმე ქვეყანას შორის დადებული მოლაპარაკება დაფინანსების სქემის შესახებ (უფრო ხშირად სესხის სახით). (მთარგმ.)
7. ჯ. პერკინსი (2004) „ეკონომიკური მკვლელის აღიარება”, სან-ფრანსისკო: ბერეტ კოლერის გამომცემლობა. Perkins, J (2004) „Confessions of an Economic Hitman“, San Francisco: BerretKoehler Pub. Inc 3 იგივე think tank ინგლისურად (მთარგმ.)
8. რენტის ძიება არის ტერმინი, რომელიც გამოიყენება კორუფციული ბუნების საქციელის დასახასიათებლად (მთარგ.)
9. „Web of Deceit: Britain's Real Role in the World”
![]() |
6 ქართული კულტურა და განათლების ევროპული იდეა |
▲back to top |
![]() |
6.1 ნაციონალიზმი და განათლება |
▲back to top |
ზაზა ფირალიშვილი
შესაძლოა, ვინმესთვის მოულოდნელი ან მიუღებელიც კი იყოს, მაგრამ, ვფიქრობ, როდესაც განათლებაზე ვსაუბრობთ, საკითხი, უპირველესად, ახალი ქართული ნაციონალიზმის რაგვარობაზე უნდა დაისვას: რას შეიძლება ნიშნავდეს ქართული ნაციონალიზმი დღეს, აქ და ახლა, იმ სამყაროში, რომელშიც აღმოვჩნდით?
ვფიქრობ, ყველაზე მოკლე და, იმავდროულად, ზოგადი პასუხი ამ კითხვაზე შემდეგი იქნებოდა: ეს ნიშნავს, რომ ჩვენი საზოგადოება და თითოეული ჩვენგანი ადეკვატური უნდა იყოს იმ სამყაროსი, რომელშიც ვართ. ამ რაკურსში განათლება ნაციონალიზმის ინსტრუმენტად იქცევა. ეს უფრო ცხადი გახდება, თუ ერთხელ კიდევ გავიხსენებთ, რომ ნაციონალიზმი ნიშნავს არა იმ კარიკატურულ ნაციონალ-ფეტიშიზმს, რომელიც საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ახდენდა ჩვენი სასიცოცხლო ძალების პარალიზებას და ერთგვარი ისტორიული კუნსტკამერის ექსპონატებად გვაქცევდა ყველას, არამედ სურვილს, რომ ჩვენ, როგორც კოლექტიურმა პერსონამ, განაცხადი გავაკეთოთ, რომ ჩვენ აქ და ახლა ვარსებობთ, რომ ჩვენს არსებობას ღირსება აქვს და რომ აქ, ჩვენი კულტურის სხეულში შესაძლებელია რაღაც ძალზე მნიშვნელოვანი დაიბადოს. ნაციონალიზმი ხომ ღირსეული არსებობის ნების მანიფესტირებაა და არა წარსულის სხეულზე პარაზიტირება. ბოლშევიზმი სწორედ ამ უკანასკნელად აქცევდა რუსულ იმპერიაში მოქცეული ხალხების “ნაციონალიზმებს” და ამით ახდენდა მათი ისტორიული ძალების პარალიზებას. ერთი მხრივ, ეს თითქოს ნაციონალიზმი იყო, მაგრამ ისტორიულად უნაყოფო და ხელთუპყარი. ნაციონალიზმი აქ და ახლა ყოფნის ნებაა და განათლების სისტემაც სწორედ ამგვარი ნაციონალიზმის უპირველესი იარაღია. განათლება სწორედ საზოგადოების ისტორიულ იარაღად ესმოდათ ნაპოლეონის ოკუპაციის დროინდელ პრუსიელებს, მეიძის ან მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ეპოქების იაპონელებს, თანამედროვე ჩინელებს თუ კორეელებს.
პრეტერისტული ნაციონალ-ფეტიშიზმი საკუთარ თავს აიძულებს, რომ მხოლოდ ერთხელ და სამუდამოდ დადგენილ ისტორიულ ფორმებში იარსებოს და გამუდმებით იგლოვოს წარსულის გამო. არადა, თითქოს ცხადი უნდა იყოს, რომ თუკი რაიმე ბოროტება არსებობს ამქვეყნად, პირველ რიგში, ეს არის სულიერების დაკონსერვების სურვილი და ამაზე ჯერ კიდევ სახარებაშია ლაპარაკი. რაც უფრო დიდია ამგვარი დაკონსერვებისაკენ მისწრაფება, მით მეტია საზოგადოების არაადეკვატურობის ხარისხი და მით უფრი ცხადია, რომ ამგვარი საზოგადოება ვერ გაუძლებს ისტორიულ გამოცდას.
განვლილმა ორმა ათეულმა წელმა ნათლად დაგვანახა, თუ რაოდენ დიდია ჩვენი საზოგადოების არაადეკვატურობის ხარისხი და ამაში ლომის წილი სწორედ მანკიერ განათლების სისტემას მიუძღვის. განათლება, როგორც საბჭოთა სინამდვილესთან ღირსეული ადაპტაციის გზა, უზნეოც იყო და აბსურდულიც. უფრო მეტიც, საბჭოთა სინამდვილე თავისი ისტორიული ექსპერიმენტის მიზეზით თავად იყო სრულიად არაადეკვატური და შობდა პერსონებს, რომლებიც, როგორც მერაბ მამარდაშვილი ამბობდა, „იქ არ არიან, სადაც არიან”. ამ სინამდვილეში ქართული ინტელექტუალური ელიტის მიერ შემუშავებულ იქნა განათლების არადეკლარირებული და არაფორმალური კონცეფცია, რომელიც განსაკუთრებით ინტენსიურად 80-იან წლებში ამუშავდა. იგი უმთავრეს ამოცანად პერსონის კულტურის დაკონსერვებული ფორმებით აღჭურვას მიიჩნევდა. ამით კულტურაც უნდა გადარჩენილიყო და პერსონაც, როგორც მისი აგენტი და მაშინ ამაში ლოგიკაც იყო და გამართლებაც.
ამასთან, მეორე მხრივ, ამ ტენდენციამ განათლების იდეის ცენტრში ეთნოგენეტიკური ნარატივების მოძალება გამოიწვია. ისტორიული და ფილოლოგიური ცოდნა ზოგადად განათლების სინონიმად იქცა. თავად განათლებამ კი, ამგვარი ცალგანზომილებიანობის გამო, ერთგვარი ტრაიბალური ინიციაციის ელფერი მიიღო - ამ გამოთქმას ყოველგვარი ირონიის გარეშე ვიყენებ. იგი, პირველ რიგში, ნიშნავდა პერსონის ინკორპორაციას კულტურის გახევებულ ფორმებში. ცალკე საუბრის თემაა, თუ რა საბედისწერო შედეგი იქონია ამან ჩვენს ბედზე დამოუკიდებლობის მოპოვების პირველი წლების განმავლობაში. პოლიტიკური და საზოგადოებრივი ქცევის არქეტიპები მთლიანად ისტორიულფილოლოგიური იმპერატივებით აღმოჩნდა კონსტრუირებული. თუკი მანამ ამის საშუალებას ბოლშევიკი იდეოლოგები არ გვაძლევდნენ, 80-იანი წლებიდან ჩვენი სასკოლო პროგრამები, ყოველგვარი საღი აზრის საწინააღმდეგოდ, გადაივსო კულტურის დაკონსერვებული პროდუქტებით. ყველანი ვცდილობდით არა იმას, რომ როგორც ისტორიული პერსონა, ერთიანი საკომუნიკაციო სივრცის თანამონაწილენი გავმხდარიყავით, არამედ, ჩვენდა უნებურად, ვქმნიდით ერთგვარ უტოპიურ ინტელექტუალურ გარემოს, რომელსაც თავისი დრო და თავისი სივრცე ჰქონდა.
სხვაგვარად თუ ვიტყვით, ჩვენ დავადექით გზას, რომელსაც ძალზე ხშირად ადგებიან ხოლმე მცირე ერები: განათლების სისტემას უპირატესად ვიშველიებდით როგორც ინსტრუმენტს იმისა, რომ ისტორიაში ახლად დაბრუნებულებს საკუთარი ღირსება და ღირებულება დაგვედასტურებინა და თითქმის უგულებელყოფილ იქნა ის ამოცანა, რომელიც უკვე ვახსენეთ: პერსონისა და საზოგადოების ადეკვატურობის ამოცანა.
დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ სიტუაცია კიდევ უფრო გართულდა: საქართველოს ისტორიის ერთსა და იმავე პროგრამას ხშირად ერთი და იმავე სახელმძღვანელოებით ახალგაზრდები ერთნაირად სწავლობდნენ სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში. უფრო მეტიც, გამოიცა სახელმძღვანელოები, რომლებშიც მათემატიკურ კანონზომიერებათა ინტერპრეტაცია ისტორიული ფაქტებით თუ კულტურის ძეგლთა არქიტექტურის მეშვეობით ხდებოდა. ისტორიკოსები და ფილოლოგები ნაციონალური რელიგიის ერთგვარ ქურუმებად უფრო გაიაზრებოდნენ, ვიდრე განმანათლებლებად. უნდა გამოვტყდეთ, რომ განათლების სისტემა ხშირად ძალზე უცნაური მეტაფიზიკური ტვირთის ქვეშ აღმოჩნდა მოქცეული.
და ეს გაგრძელდა მანამ, სანამ თანდათან არ დავიწყეთ იმის გააზრება, რომ იქ არა ვართ, სადაც ვართ და რომ სამყარო ულმობელია იმ ყველა საზოგადოების მიმართ, რომელსაც ზღვარი ვერ გაუვლია მავანთა ნაციონალუტოპიურ ფანტაზიებსა და სინამდვილეს შორის.
ცხადია, კულტურული იდენტობის უზრუნველყოფა განათლების ნებისმიერი სისტემის ერთერთი აუცილებელი მიზანია, უფრო მეტიც - ფუნდამენტური მიზანი. ჩვენ კი იგი, ბევრწილად, პათეტიკური ნაციონალიზმის სუბსტანციით მოქსოვილ იმ ინტელექტუალურ საცობად ვაქციეთ, რომელმაც ამდენი არგუმენტი მისცა ულტრა-ლიბერალური და პრაგმატული განათლების მომხრეებს. ეს იყო აშკარა ჩიხი. ამგვარ კონცეფციას ესაჭიროებოდა არა პიროვნება, არამედ ეგზოტიკური ნიღაბი, რომელიც სრულუფლებიანად ჩაერთვებოდა იმ ფსევდოეპიკურ და ყალბი პათეტიკით გაჟღენთილ სპექტაკლში, რომელიც მავანი იდეოლოგებისათვის „ეროვნულის” სინონიმი იყო. განათლების, როგორც კულტურული იდენტობის უზრუნველმყოფი ფენომენის, ფუნქცია ჰიპერტროფირებულ იქნა და გადაფარა ყველა სხვა ფუნქცია.
განათლების სისტემას ბრმად მინდობილი ტიპიური მოწაფე მოკლებული აღმოჩნდა იმ ლინგვისტიკას, რომელიც მას ამ უტოპიური ინტელექტუალური გარემოს ფარგლებს გარეთ საკომუნიკაციო სივრცის მონაწილედ გახდიდა. იგი ნაკლებად სიტუაციური, ქმედითი და ადეკვატური იყო. არადა, არაადეკვატური და, შესაბამისად, აფუნქციური პერსონა უბედურებაა საკუთარი თავისთვისაც და გარემომცველებისთვისაც.
ამით ჩვენ გამოვკვეთეთ განათლების სისტემის მეორე შესაძლო ფუნქცია: ეს არის პერსონისა და საზოგადოების უნარი, სრულფასოვნად მიიღონ მონაწილეობა იმ საკომუნიკაციო სივრცეში, რომელიც თანამედროვე სამყაროს რაობას განსაზღვრავს. სწორედ ეს აკლდა ჩვენს განათლების სისტემას და თავდაპირველი ჩანაფიქრის თანახმად, განათლების რეფორმა სწორედ ამ დისბალანსის წინააღმდეგ იყო მიმართული და ამ წერილის ავტორიც მთლიანად უჭერდა მას მხარს.
ყოველგვარი პედაგოგიკის კულტურული იდენტობის უზრუნველყოფაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი ამოცანა ხომ პერსონაში (და, შედეგად, მთელ საზოგადოებაში) სხვა პერსონებთან (და, მაშასადამე, მთელ დანარჩენ სამყაროსთან) საკომუნიკაციო სივრცის ფორმირების უნარის განვითარებაა. მოწაფეს უნდა შევთავაზოთ ერთგვარი ფორმალიზებული ინტელექტუალური გარემო, რომელშიც სხვებთან ერთად შეძლებს მოძრაობას და რომლებიც არ იქნება მხოლოდ ჰერმეტულ მთლიანობად გაგებული ნაციონალური კულტურის ნაყოფი. პერსონა უნდა ეზიაროს იმ პარადიგმებს, რომლებიც მას ფუნქციონალურსა და კომუნიკაბელურს გახდის. ეს არის ელემენტარული განათლების საფეხური (ნუ ავურევთ მას დაწყებით განათლებაში), თუ შეიძლება ითქვას, განათლების აუცილებელი მინიმუმი.
სამართლებრივ ნორმას ხშირად განსაზღვრავენ, როგორც ზნეობის მინიმუმს. იგი არ არის თავად ზნეობა, იგი ზნეობის ის მინიმუმია, რომელიც ადამიანთა თანაცხოვრებისათვის არის აუცილებელი. იგი, თუ შეიძლება ითქვას, ფორმალიზებული ზნეობის გარემოა. ამის ანალოგიურად, განათლების მინიმუმი არ არის თავად განათლება. იგი, სამართლებრივი ნორმის მსგავსად, განათლების იმ მინიმუმს გამოხატავს, რომელიც გარდუვალია საზოგადოებისათვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, კულტურაც, ზნეობაცა და რელიგიაც კი იმ დესტრუქციული პოტენციალის მსხვერპლად შეიძლება იქცეს, რომელიც ჰერმეტულობისა და თვითდაკონსერვებისადმი ექსკლუზივისტურ მისწრაფებაში იმალება. ამიტომაც შეიძლება ვთქვათ, რომ კანონიცა და ცოდნაც (განათლების მინიმუმის აზრით) ჩვენი თანაარსებობის ფორმალური გარდუვალობანია და ერთიანი საკომუნიკაციო სივრცის შექმნის თაობაზე ერთგვარი სოციალური კონვენციის პროდუქტებს წარმოადგენს.
ვერ ვიტყვი, რომ განათლების რეფორმის ეს წანამძღვარი არამართლზომიერია.
უფრო მეტიც, მას ჩვენი ინტელექტუალური ცხოვრება უნდა გამოეყვანა იმ კარჩაკეტილობიდან, რომლის ხედვითაც ე.წ. კოსმოპოლიტური მეცნიერებები (ფიზიკა, მათემატიკა, სოციოლოგია და სხვანი) არაეროვნულ ფენომენებად გაიაზრებოდა და წამოჭრილ კითხვებზე პასუხებს ისტორიასა და ლიტერატურაში ვეძებდით.
მერაბ მამარდაშვილი ფიზიკის ინსტიტუტში ერთერთი გამოსვლისას საუბრობდა იმაზე, თუ გონების სიზარმაცე როგორ შობს ამალგამებს, ანუ იმ სიტუაციაზე, როდესაც რაღაც სიცხადეს, დაფიქრების გარეშე, მეორე აზრთან ერთად იღებ. მაგალითად, თუ ვინმეს დავეთანხმეთ, რომ საზოგადოება არააგრესიული უნდა იყოს სექსუალური უმცირესობების მიმართ, მაშინ ამალგამის ძალით იმაზეც უნდა დათანხმდე, რომ ჰომოსექსუალისტებს პატივი უნდა სცე და საჯაროდაც უნდა გამოხატო ეს; თუ დათანხმდი, რომ რელიგიური უმცირესობები არ უნდა დევნო, მაშინ მართლმადიდებელი ეკლესიის რღვევაზეც უნდა იზრუნო; თუ აღიარებ, რომ ქართული სულიერების საფუძველი მართლმადიდებელი ქრისტიანობაა, მაშინ ამას ისიც უნდა დაუმატო, რომ ყველა სხვა აღმსარებლობა ნებისმიერი ხერხით უნდა განიდევნოს; თუ აღიარებ, რომ გენდერული თანასწორობა სიკეთეა, ისიც უნდა აღიარო, რომ უფალი „მამა ღმერთად” არ უნდა მოიხსენიებოდეს (ამის მაგალითები უკვე არსებობს სხვადასხვა ეკლესიებში). ეს ის ინტელექტუალური მახეა, რომელშიც მაშინვე აღმოჩნდები, როგორც კი ფიქრს დაანებებ თავს, როგორც კი სწორხაზოვან ლოგიკას გაჰყვები, რომ თუ დასავლური კულტურული და პოლიტიკური ორიენტაცია გაქვს, „ქოქოლა დააყარას” ჟანრში უნდა აგინო რუსეთს.
მსგავსი ამალგამები ჩვენს წყევლად იქცა ბოლო ოცი წლის განმავლობაში. საქართველოში ხომ უყვართ ფართო მონასმები და, შესაბამისად, იოლად ექცევიან ამალგამათა ტყვეობაში. უნდა ვაღიაროთ, რომ განათლების რეფორმაც მის მახეში აღმოჩნდა, ყოველ შემთხვევაში, მისკენ მიექანება: თუ ცხადია, რომ ნაციონალ-ფეტიშიზმითა და ნაციონალმისტიციზმით დასნეულებული განათლების სისტემა ისტორიულად იმპოტენტ საზოგადოებას აყალიბებს, ისიც უნდა მიიღო, რომ მისგან კულტურული იდენტობის უზრუნველყოფის ყველა ნიშანი უნდა განიდევნოს, უარყოფილი უნდა იქნეს ის პარადიგმები, რომელთა წყალობითაც ჩვენ ქართველები გვქვია და არა სხვა ვინმე. თუ ცხადია, რომ უნდა გამოვიდეთ უუნარო ეგზოტიკური ნიღბების მდგომარეობიდან და თანამედროვე სამყაროს ადეკვატურნი გავხდეთ, მაშინ უარი უნდა ვთქვათ ყველაფერ იმაზე, რაც განგვასხვავებს საშუალო ყოველდღიური ამერიკელისაგან, შვედისაგან და სხვ. და თუ პირველ ეტაპზე განათლების რეფორმა ასე თუ ისე ინარჩუნებდა წონასწორობას ამ ორ პოლუსს შორის, ყოველ შემთხვევაში, დეკლარირების დონეზე მაინც, საუკეთესო ქართული ტრადიციისამებრ დღეს გაჩნდა საშიშროება, რომ ინიციატივას ხელში იგდებენ ისინი, ვინც ყველაზე იოლად ექცევა ამ უკვე ახალი ამალგამების ტყვეობაში.
და საქმე მხოლოდ განათლების სისტემას არ შეეხება. სულ რამდენიმე წლის წინ ჩვენში პოპულარული იყო თეორიები, რომელთა თანახმადაც ტრადიციული ღირებულებები ლიბერალური და დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრებას უშლიდა ხელს. ვფიქრობ, მავანთა დეკონსტრუქტივისტული მედიტაციები, რომლებითაც გაივსო ჩვენი მასმედია და რომლებიც მრავალრიცხოვანი სემინარებისა და ვორკშოფების მთავარი თემა იყო, სწორედ ამ საქმეს ემსახურებოდა. გაჩნდნენ ადამიანები, რომლებიც არაჩვეულებრივად ხალისით კისრულობდნენ ეროვნული კულტურის სხეულის ლპობის ბაცილათა როლს.1 თვალსა და ხელს შუა იზრდებოდა ახალი ამალგამის მახეში მოქცეულთა, ერთგვარ ჰომო ენჯიოტიკუსთა რაოდენობა. ულტრალიბერალური ნეომარქსიზმი ხომ აბსტრაქტული ადამიანის აბსტრაქტული უფლებების ლინგვისტიკაშია ჩაჭერილი და ისტერიულად იშორებს თავიდან ყველაფერს, რამაც შეიძლება ეჭვი გაუჩინოს.
ცხადია, ტრადიციული ღირებულებები, მართლაც, შეიძლება დაუპირისპირდეს სამოქალაქო ღირებულებებს, მაგრამ ეს სრულიადაც არ შეიძლება იმას ნიშნავდეს, ვიზრუნოთ, რომ გამოსავალი კულტურის თვითმკვლელობაში დავინახოთ. არადა, ჩვენში არიან ადამიანები, ვინც ცდილობს, რომ ლიბერალური და დემოკრატიული ღირებულებების სახელით კულტურული სუიციდის გზით წაიყვანონ საზოგადოება. საამისო ინსტრუმენტად ფსიქოანალიზს იყენებენ ის ადამიანები, რომლებიც, როგორც მგონია, თავად იყვნენ და არიან ყოვლად ბანალური ოიდიპალურობის გამოხატულებანი. მათთვის ქართული სულიერება ლიბერალური და დემოკრატიული აღმშენებლობის დამყოლ და უნებისყოფო მასალად უნდა ქცეულიყო და არა პირიქით, როგორც მანამდე გვეგონა ყველას: ქართულ სულიერებას დემოკრატია უნდა მოემარჯვებინა, როგორც თავისი ისტორიული და თანამედროვე გარემოებების ადეკვატური იარაღი. დღევანდელ სამყაროში ხომ მხოლოდ დემოკრატია იძლევა ეროვნული ძალების მობილიზების საშუალებას.
არადა, ჩვენ ყველას გვეგონა, რომ თავისუფლების ხანა დგებოდა, რომ ლაპარაკი იყო ქართული სულიერების გაღვიძებაზე ბოლშევიკური შებოჭილობისაგან, როდესაც ამ სულიერების იმიტირება ხდებოდა გიგანტური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლებით ან მავანთა ნაციონალუტოპიური მედიტაციებით. დღეს კი გვიწევს აღიარება, რომ ამალგამის ძალით განათლების იდეალად იქცა საშუალო-ყოველდღიური დასავლელის რაღაც უცნაური ხატება.
გავიხსენოთ ფილმი „პური და შოკოლადი”. იქ არის ცნობილი მეტაფორა: საქათმეში გამოკეტილი იტალიელები შურით ადევნებენ თვალს შვეიცარიელი ახალგაზრდების ლაღ ცხოვრებას. ჩვენში ხშირად ახსენებენ ხოლმე მას. იგი, მავანთა აზრით, არაჩვეულებრივად შეესაბამება ქართული სულიერების დღევანდელ მდგომარეობას. მაგრამ იმავე ფილმში არის მეორე მეტაფორაც, სახელდობრ, თმაშეღებილი იტალიელის მეტაფორა. ფილმის მთავარი გმირი თმას იღებავს, რათა შვეიცარიელებს დაემსგავსოს და მათი სამყაროს თანამონაწილე გახდეს. სამწუხაროდ, ძალზე სერიოზულია ეჭვი, რომ განათლების რეფორმა მიზნად მსგავსი თმაშეღებილი იტალიელების ტირაჟირების გზით მიდის.
შევეცადოთ, პრობლემას სხვა მხრიდანაც შევხედოთ. პედაგოგის მიზანი კონკრეტულია: მან უნდა მოძებნოს სწავლების ის ფორმები, რომლებიც კონკრეტულ მოწაფეს კონკრეტულ ინტელექტუალურ ვითარებასთან დიალოგის რეჟიმში მოაქცევს. იმთავითვე ცხადია, რომ ეს არ გახლავთ ერთი პირის მიერ მეორისათვის ინფორმაციის გადაცემის უბრალო პროცესი. ნებისმიერი, თუნდაც ერთი შეხედვით უმნიშვნელო მასალის მიწოდება ნიშნავს, რომ მიმღებში ინტელექტის ადეკვატურმა მდგომარეობამ უნდა გაიღვიძოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს არ იქნება ცოცხალი პროცესი. მაქს შელერი განათლებას სულის ახალ მდგომარეობას უწოდებს და ამით მან სრულიად ზუსტად გამოკვეთა ნებისმიერი პედაგოგიკის უმთავრესი ამოცანა. მოწაფეში უნდა გაცოცხლდეს სულიერი დინამიკის ის განზომილებები, რომლებიც აქამდე თვლემდნენ. მან „ახალი სამშობლო”, რაც იგივეა, ახალი სულის საყუდარი უნდა მოიპოვოს, უფრო სწორად, ძველი სამშობლო ახალ ნათელში, ახალ განზომილებებში უნდა წარსდგეს. რა დარგთანაც არ უნდა გვქონდეს საქმე, იქნება ეს ფიზიკა, მათემატიკა თუ ფილოსოფია, ნებისმიერ მათგანთან ზიარება სწორედ ახალი საყუდარის მოპოვების აქტია. ამდენად, განათლება ამ სიტყვის ერთდროულად უზოგადესი და, იმავდროულად, ძალიან კონკრეტული აზრით, ინიციაციის აქტს წარმოადგენს. მისი გზით პედაგოგი მოსწავლეს უნდა დაეხმაროს, რომ თავისი არსებობის ახალ ფაზას ეზიაროს.
ვფიქრობ, ეს არ არის იდეალისტი პედაგოგის ოცნებები. თუ კარგად გავიხსენებთ საკუთარ წარსულს, ყოველი ახალი მათემატიკური თეორემა თუ ყოველი ახალი კარგი ლექსი სწორედ ახალი ნათლის პოტენციას ხსნიდა ჩვენში. ამის შემდგომ უკვე შეუძლებელი იყო სულის ძველ სამშობლოს მივბრუნებოდით. აქ არ არის ლაპარაკი სამშობლოს დაკარგვაზე, ლაპარაკია მის პერმანენტულ რეკონსტრუირებაზე იმ გამოწვევათა შესაბამისად, რომელთა წინაშეც სამყარო გვაყენებს.
თუ პედაგოგმა ვერ მიაღწია მოწაფის დაყენებას ამ გზაზე, ტყუილად მომცდარა. ამიტომაც უწევს მას ბრძოლა სულის გახევებულობასთან, ათასგვარ ინტელექტუალურ ჩვევებთან, კოლექტიურ ნორმებთან და ასე შემდეგ (ამიტომაც არის დაკავშირებული მისტიკური ინიციაციები რიტუალურ სიკვდილთან) და შეუძლია მშვიდად იყოს, თუკი გზად შემდგარი მოწაფე უკვე დამოუკიდებლად იწყებს მოძრაობას. სხვაგვარად თუ ვიტყვით, პერსონა თავისი თავისუფლების ხარისხს უკვე აღიქვამს, როგორც იარაღს, როგორც ინსტრუმენტს იმისა, რომ დაამსხვრიოს ის, რამაც მკვდარი ინტელექტუალური ფორმებით შეიძლება აავსოს მისი ცნობიერება და, მეორე მხრივ, რითაც ახალი პერსპექტივები შეიძლება გაიხსნას სვლის გზაზე.
ცხადია და კამათს არ უნდა იწვევდეს, რომ კულტურული იდენტობის, როგორც საფუძვლის გარეშე ეს ამოცანა შეუსრულებელია, რადგან სწორედ ის უზრუნველყოფს მოწაფეს იმ მეტაფიზიკური წანამძღვრებით, რომლებიც უნდა ამუშავდეს კიდეც ადამიანში. ესეც ადეკვატურობას გულისხმობს, ოღონდ სხვა რიგისას: იგულისხმება, რომ თანამედროვე სამყაროს ადეკვატურმა კულტურულმა სხეულმა პიროვნება უნდა უზრუნველყოს თავისუფალი ფუნქციონირებისათვის აუცილებელი წანამძღვრებით. კულტურა არ არის მხოლოდ ეგზოტიკა. იგი, პირველ რიგში, არის ის, რაც საშუალო ყოველდღიურობის მახის საფრთხისაგან ათავისუფლებს პერსონას და რომელიღაც საყოველთაოდ მნიშვნელოვანი ნარატივის წევრად აქცევს. კულტურა პერსონას საკუთარი თავისა და საკუთარი გარემოცვის მნიშვნელობას უდასტურებს და ამით საკუთრივ ადამიანურ სახეს აძლევს მას.
სამწუხაროდ, განათლება დღეს ნაციონალ-ფეტიშიზმსა და ნეომარქსისტულ ულტრალიბერალიზმს შორის იდეოლოგიური დაპირისპირების კონტექსტში აღმოჩნდა მოქცეული, რომლის თანახმადაც განათლება ან ისევ და ისევ ტრაიბალური ინიციაციის ფუნქციისა უნდა იყოს, ან კულტურული იდენტობის შენარჩუნების ფუნქცია რადიკალურად უნდა იქნეს განდევნილი განათლების სისტემიდან (ეს არის დღევანდელი საუნივერსიტეტო ბატალიების ერთერთი უმნიშვნელოვანესი მოტივიც) და რამდენადაც ეს მეორე ტენდენცია დღეს უფრო ძლიერია, ყველაფერი მიდის იქით, რომ მივიღოთ ახალი დისბალანსი და, ძნელი არ არის განსაზღვრა იმისა, თუ რას მოგვცემს იგი: მოგვცემს სოციალურ ატომს, რომელიც სოციალურად ფუნქციური იქნება, აღჭურვილი იქნება იმ სოციალური ლინგვისტიკით, რომლებიც მისი სოციალიზაციის მაღალ ხარისხს უზრუნველყოფენ, მაგრამ მთელი მისი ფუნქციონალობა სოციალურ ატომად ყოფნით ამოიწურება. სოციალური აღმოჩნდება ერთადერთ განზომილებად, რომელშიც მან შეიძლება იმოძრაოს მაშინაც კი, როდესაც მასში უძირითადესი ეგზისტენციალური კი თხვები გაჩნდება სიკვდილისა და სიცოცხლის, სამყაროსთან და სხვა ადამიანებთან შეხვედრის, ბედისა და სხვათა შესახებ. სხვაგვარად თუ ვიტყვით, მივიღებთ სოციალური თვალსაზრისით ფუნქციურ, მაგრამ ექზისტენციალური თვალსაზრისით კასტრირებულ პერსონასა და, შესაბამისად, საზოგადოებას, როდესაც ამ ვითარებაში ცნობიერების სხვაგვარი მდგომარეობის მოპოვების ამოცანა იმთავითვე გამოირიცხება. უფრო მეტიც, ნებისმიერი რამ, რაც ვულგარულ სოციალურ პრაგმატიზმს შეიძლება დაუპირისპირდეს, საშიშროებად აღიქმება და განიდევნება. ესეც სუიციდის ფორმაა, უფრო სწორად, ეს ის ვითარებაა, როდესაც სუიციდი უკვე აღსრულებულად ითვლება.
ბოლოს, რეფორმა ჩვენ იმისთვის გვჭირდება, რომ ჩვენ გადავრჩეთ, სწორედ რომ ჩვენ - ის ხალხი, რომელსაც უშვია პრეცედენტები - როგორც ტრაიბალური ჰერმეტულობისაგან, ისე სნობური თვითუარყოფისაგან - თავისუფლებისა და სწორედ ამ ბედნიერ მომენტებში წარმდგარა სამყაროს წინაშე, როგორც ღირსეული და მნიშვნელოვანი. ერთია საზოგადოების ისტორიული ადაპტაციის ამოცანა და სხვაა მცდელობა, რომ ეს საზოგადოება სასწრაფოდ იქნეს მოქცეული მისთვის არაადეკვატურ და უცხო ფორმებში. ეს არის ძალიან ფრთხილად გასავლელი გზა, რომელზეც ერთნაირად უნდა გადაილახოს კონსერვატიზმიცა და სნობური კულტურული ნიჰილიზმიც.
თუკი რაიმე უნდა დაანგრიოს განათლების რეფორმამ, პირველ რიგში, ეს უნდა იყოს ის კონსერვატიზმი, რომელიც საბჭოთა წლების განმავლობაში ჩვენთვის გადარჩენის ერთადერთი გზა იყო, დღეს კი ჩვენვე გვბორკავს. ამოცანა უნდა იყოს არა კულტურის ხელყოფა, არამედ იმ კვაზიკულტურული ფორმებისა, რომლებითაც ათწლეულების განმავლობაში სამყაროს ვიყავით მორგებულები, დაძლევა ნაციონალუტოპიური სიზმრებისა და ფანტაზიების იმ სისტემისა, რომელიც მაშინ ხსნა იყო ჩვენთვის, რადგან სხვაგვარად ვერ გავუძლებდით ისტორიულ წნეხს, დღეს კი ჩვენივე ძალების პარალიზებას ახდენს.
ამასთან, ცხადია, არ უნდა დავუშვათ, რომ ქართული განათლების სისტემა იმდენად დაიცალოს ცენტრალური ქართული პარადიგმებისაგან, რომ იგი მოემსახუროს არა ჩვენი ისტორიული ადაპტაციის პროცესს, არა იმას, რომ ჩვენ ღირსეული თანამონაწილეები გავხდეთ ერთიანი კაცობრიული ცხოვრებისა, არამედ იმას, რომ სასწრაფოდ დავემსგავსოთ შვედს, ამერიკელს, ნორვეგიელს, მოკლედ, დასავლელის იმ აბსტრაქტულ ხატებას, რომელიც ბუნებაში არსად არ არსებობს და თუკი არსებობს, უბედურებაა.
განათლების პრობლემა კულტურული ლინგვისტიკის პრობლემაა. განათლების რეფორმამ უნდა უზრუნველყოს, რომ ჩვენმა მომავალმა თაობამ იმავე ენაზე იმეტყველოს, რა ენაზეც მეტყველებს მთელი სამყარო, მაგრამ უნდა იმეტყველოს, როგორც საკუთარი კულტურის შვილმა და არა როგორც ანონიმურმა და უფესვებო არსებამ.
ვფიქრობ, ნაციონალიზმი განათლებაში დღეს სწორედ ამას უნდა ნიშნავდეს.
____________________
1. ერთ-ერთ მსგავს თავყრილობაზე ერთმა ახალგაზრდა კაცმა ვაჟა-ფშაველა სკატოლანგიით დაავადებულად მოიხსენია (სკატოლანგია - ფსიქიკური დაავადება, რომლის დროსაც ავადმყოფი განავლის ჭამით იკმაყოფილებს სქესობრივ ლტოლვას). თავი დავანებოთ იმას, თუ რამდენად სამართლიანი ან ზნეობრივია ამგვარი განცხადება. ყურადღება მივაპყროთ იმას, რომ საქმე ისევ და ისევ ტიპიურ ამალგამასთან გვაქვს: თუკი ტრადიციული ღირებულებები ხელს უშლის დემოკრატიის დამკვიდრებას, მაშინ მისი ყველა ფორპოსტი უნდა დაინგრეს, მათ შორის, ვაჟას ავტორიტეტიც.
![]() |
6.2 უნივერსიტეტის იდეა: ორი პარადიგმა |
▲back to top |
ზაზა შათირიშვილი
ნაციონალური უნივერსიტეტი ევროპაში XIX საუკუნის დასაწყის ში ჩნდება (სიმბოლურ თარიღად 1810 წელს ბერლინის უნივერსიტეტის დაფუძნება შეიძლება მივიჩნიოთ). ნაციონალური უნივერსიტეტი გულისხმობს ნაციონალური კულტურისა და ნაციონალური განათლების კონცეპტებს. ნაციონალური კულტურა საეკლესიო კანონის მიბაძვით ქმნის საკუთარ ნაციონალურ კანონს, რომელიც წმინდანთა ნაცვლად ნაციონალურ გმირებს, ნაციონალურ მწერლებს, ხელოვნების წარმომადგენლებს, ფილოსოფოსებსა და ხანდახან „ნაციონალურ” წმინდანებსაც კი მოიცავს (მაგალითისათვის, იოანა არკელი - ჟანა დ'არკი).
ნაციონალური კანონის ცენტრს, ძირითადად, ლიტერატურა და ფილოსოფია აყალიბებს. კერძოდ, XIX საუკუნის გერმანიაში კანონის ცენტრი ფილოსოფია იყო, ხოლო ინგლისში - ლიტერატურა. ნაციონალური კულტურის ამ თავისებურებებიდან გამომდინარე, ინგლისური უნივერსიტეტის კონცეფცია ლიტერატორმა მეთიუ არნოლდმა განსაზღვრა, ხოლო გერმანულისა - ენათმეცნიერმა და ფილოსოფოსმა ვილჰელმ ფონ ჰუმბოლდტმა. აქედან - XIX საუკუნის უნივერსიტეტის ორი ტიპი: უფრო ფილოსოფიაზე ორიენტირებული - გერმანული და უფრო ლიტერატურაცენტრული - ინგლისური (იხ. ბილ რიდინგსის მონოგრაფია უნივერსიტეტი ნანგრევებში).
ნაციონალური უნივერსიტეტი იმ ადგილს წარმოადგენს, სადაც ცოდნა გადაიცემა - ცოდნა ამ შემთხვევაში ნიშნავს ნაციონალური კანონის შესწავლას, გარკვეულწილად, მის ფორმირებას, ტრანსლაციასა და რევიზიას. უნივერსიტეტის ნაციონალური ტიპი II მსოფლიო ომამდე, ფაქტობრივად, უალტერნატივოა. II მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, XX საუკუნის 60-იანი წლების ბოლომდე, ნაციონალური უნივერსიტეტის იდეა სერიოზულ კრიზისს განიცდის. ამ კრიზისის კულმინაციას 1968-74 წლების „სტუდენტური რევოლუციები” წარმოადგენს. კრიზისი მთავრდება უნივერსიტეტის ახალი ტიპის გამოკვეთით, რომელსაც შეიძლება პოსტნაციონალური უნივერსიტეტი ვუწოდოთ. დღეს, XXI საუკუნის დამდეგისათვის, უნივერსიტეტის ეს ტიპი, ფაქტობრივად, საბოლოოდ ჩამოყალიბდა.
რა განსხვავებაა ნაციონალურსა და პოსტნაციონალურ უნივერსიტეტებს შორის? უპირველეს ყოვლისა, რაღა თქმა უნდა, ის, რომ ახალ უნივერსიტეტში ნაციონალური კანონი, ფაქტობრივად, აღარ არსებობს (მაგალითისათვის, ანგლოამერიკულ და გერმანულ უნივერსიტეტებში, თუმცა ჯერჯერობით ნარჩუნდება საფრანგეთში. იხ. ამის შესახებ ჯეისონ დიუელის საყურადღებო სტატია: ლიტერატურის განსაზღვრება). აქედან გამომდინარე, ცოდნის სტატუსი გაუგებარი, ხოლო მისი გადაცემა - სულ უფრო და უფრო პრობლემური ხდება. ნაციონალური კანონის რადიკალურმა რევიზიამ, უფრო ზუსტად, მისმა მოშლამ, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მარგინალიზაცია გამოიწვია, ხოლო ლიტერატურულ კვლევა-ძიებათა ველი იმდენად გაიდღაბნა, რომ თითქმის ყველა და ყველაფერი მოიცვა. ფილოლოგია პრივილეგირებული მეცნიერებიდან მეორეხარისხოვან დისციპლინად იქცა, ხოლო ისტორიამ კვლევის პირდაპირი ობიექტი დაკარგა.
მაგრამ პოსტნაციონალური უნივერსიტეტის მთავარი ნიშანი მაინც ისაა, რომ მისი ფუნქცია უკვე აღარ არის „განათლებული ადამიანის” ფორმირება, დღეს უნივერსიტეტი გვაწვდის არა განათლებულ, არამედ „უნარჩვევების მქონე” ინდივიდს, რომელსაც ძალუძს საბაზრო კონიუნქტურის გამოცნობა. აქ მთავარი ის როდია, რომ „ცოდნა” წარმოადგენს „პროდუქტს,” რომელიც კარგად უნდა გაიყიდოს - მთავარი პროდუქტი უკვე თავად ადამიანია. სწორედ ის უნდა გაიყიდოს წარმატებულად და ამა თუ იმ უნივერსიტეტის ბრენდად იქცეს.
ნაციონალური უნივერსიტეტი „განათლებული ადამიანის” ფორმირებით იყო დაკავებული. განათლებული ადამიანი კი ისაა, ვინც იცის ნაციონალური კულტურა და ამ კულტურის სათავეები - მისი ანტიკური და ქრისტიანული წყაროები. „განათლებულმა ადამიანმა” იცის საკუთარი კულტურის გენეზისი და სტრუქტურა. რაც შეეხება „უნარჩვევების მქონე ადამიანს”, მან იცის როგორ „მიაწოდოს” საკუთარი თავი დამქირავებელს. მას აქვს არა იმდენად ერუდიცია, რამდენადაც „კრიტიკული აზროვნება” - „კრიტიკული აზროვნება” ნიშნავს არა იმდენად საკუთრივ „აზროვნებას”, რამდენადაც გარკვეული საკითხებისადმი (მაგალითად, რაღაც ფაქტებისადმი) ჩამოყალიბებულ დამოკიდებულებას ან ამ დამოკიდებულების ადეკვატურად ჩამოყალიბების უნარს.
იმისათვის, რათა ჩვენი საუბარი მეტისმეტად აბსტრაქტული არ აღმოჩნდეს, მოვიყვან ორ მაგალითს, უფრო ზუსტად, ერთმანეთს შევადარებ ლიტერატურის ორ მკვლევარს - ერნსტ რობერტ კურციუსსა (1886-1956, ბონის უნივერსიტეტის რომანული ფილოლოგიის კათედრის ხელმძღვანელი) და ედუარდ საიდს (1935-2003, კოლუმბიის უნივერსიტეტის ინგლისური ლიტერატურისა და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის დეპარტამენტის პროფესორი), როგორც ორი განსხვავებული ეპისტემეს წარმომადგენელსა და რეპრეზენტატორს.
უპირველეს ყოვლისა, დავიწყებ იმით, თუ რატომ არის ეს ანალოგია ლეგიტიმური. ორივე მათგანმა მოღვაწეობა დაიწყო, როგორც კონკრეტული ლიტერატურის სპეციალისტმა - კურციუსი რომანისტი იყო, კერძოდ, ფრანგული ლიტერატურის სპეციალისტი, ხოლო საიდი - ანგლისტი. ორივემ სახელი, ძირითადად, ერთი წიგნით გაითქვა - კურციუსის შემთხვევაში ეს იყო ევროპული ლიტერატურა და ლათინური საშუალო საუკუნეები (1948 წ.), ხოლო საიდის შემთხვევაში - ორიენტალიზმი (1978 წ.). თავთავიანთ ოპუს მაგნუმში ორივე გაცდა კვლევის საკუთარ სპეციალურ ველს - რომანისტ ფილოლოგთან ერთად კურციუსი მოგვევლინა როგორც კლასიკოსი ფილოლოგი, მედიევისტი და გერმანისტი, ხოლო საიდი - არა ოდენ როგორც ანგლისტი, არამედ როგორც რომანისტი, ორიენტალისტი და ფილოლოგიის ისტორიკოსი. ამავე დროს, ორივე მონოგრაფია კულტურისა და იდეების ისტორიასაც მოიცავს.
მაგრამ სწორედ ამგვარ ფონზე კონტრასტი კიდევ უფრო საგრძნობია - კურციუსის მიზანი გერმანული ლიტერატურისა და ნაციონალური კულტურის კონტექსტის ჩვენებაა. ეს კონტექსტი კი ევროპული ლიტერატურაა, რომელიც შეუძლებელია გავიგოთ ლათინური შუა საუკუნეების გარეშე. მაშასადამე, მოცემული ნაშრომი ნაციონალური კულტურის გენეზისისა და სტრუქტურის კვლევის მაგალითია. მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იმ ლიტერატურული და კულტურული ტრადიციის უწყვეტობის ჩვენებაა, რომელიც ანტიკურობიდან იღებს სათავეს. სწორედ ამ ტრადიციაში მოიაზრებს კურციუსი საკუთარ ნაციონალურ კულტურასა და ლიტერატურას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წიგნი ეძღვნება აბი ვარბურგს (გუსტავ გრებერთან ერთად), რომლის სახელგანთქმული ინსტიტუტისა და ბიბლიოთეკის მიზანი სწორედ ევროპული კულტურული ტრადიციის უწყვეტობის ჩვენება და მისი კვლევაძიება იყო (აბი ვარბურგთან ერთად უნდა დავასახელოთ „ვარბურგის სკოლისა” და ვარბურგის ინსტიტუტის ისეთი წარმომადგენლები, როგორებიც იყვნენ ერვინ პანოფსკი, ფრიც ზაქსლი, ერნსტ გომბრიხი და სხვ.). აქვე უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ კურციუსის მონოგრაფია, გარკვეულწილად, იყო პასუხი იმ „ახლო” კონტექსტზე, რომელშიც მკვლევარს ცხოვრება და მოღვაწეობა უხდებოდა - მან წიგნზე მუშაობა ნაცისტების ხელისუფლებაში მოსვლისა და განათლების შესაბამისი რეფორმების შემდეგ დაიწყო.
ედუარდ საიდის მონოგრაფიის მიზანი პრინციპულად განსხვავებულია. წიგნი მიმართულია ევროპული ორიენტალისტური დისციპლინისა (თუ დისციპლინათა მთელი კომპლექსის) და ორიენტალიზმის, როგორც იდეოლოგიის, წინააღმდეგ. მეცნიერის აზრით, ორიენტალიზმი არაბული სამყაროს მიმართ იმავე როლს ასრულებს, რასაც ანტისემიტიზმი - ებრაელთა მიმართ. საყურადღებო ისაა, რომ საიდის კრიტიკისა და „დეკონსტრუქციის” ობიექტი აღმოსავლეთმცოდნეობა და |აღმოსავლური ფილოლოგიაა”, რომელიც მისთვის სხვა არაფერია, თუ არა დასავლური იმპერიალიზმის გამოხატულება - ფილოლოგები და კოლონიზატორები ერთი მედლის ორ მხარეს წარმოადგენენ. მკვლევარი ცდილობს, აჩვენოს ორიენტალიზმის, როგორც კონცეპტისა და დისციპლინის აღმნიშვნელი ტერმინის, რეპრესიული შინაარსი, რომელიც მალავს „დასავლელი ადამიანის” უპირატესობას. ამასთან ერთად, მონოგრაფიის მიზანი იმის ჩვენებაცაა, რომ არ არსებობს ნეიტრალური ფილოლოგია, რომ, ერთი შეხედვით, სრულიად „უვნებელი” აკადემიური მუშაობა პოლიტიკურ ანგაჟირებულობასა და რეპრესიას მალავს. მაგრამ, ალბათ, ყველაზე უფრო სიმპტომური საიდის ნააზრევში ტექსტოლოგიისა და ფილოლოგიის, აგრეთვე აღმოსავლური ენების ცოდნის მნიშვნელობის ძალიან დაბალი შეფასებაა. როგორც ინგლისელი აღმოსავლეთმცოდნე ბერნარდ ლუისი აღნიშნავს (იხ. მისი ნაშრომი ისლამი და დასავლეთი, თავი VI - „აღმოსავლეთმცოდნეობის პრობლემები”, რომელიც საიდის მოსაზრებათა პროფესიულად მომაკვდინებელ კრიტიკას შეიცავს), „ტექსტოლოგიისა და ფილოლოგიის ამგვარმა კრიტიკამ პირველ რიგში ისინი შეაგულიანა და დააიმედა, ვისაც სურდა კარიერა აღმოსავლეთის შესწავლით შეექმნა, მაგრამ ვერ შეძლო ან არ სურდა აღმოსავლურ ენათა შესწავლა მათი სირთულის გამო”.
მაგრამ საიდის მონოგრაფიის მთავარი პათოსი, ესაა - რესენტიმენტი ამბოხი ევროპული კულტურისა და ტრადიციის წინააღმდეგ. თავის მომდევნო წიგნებში (სამყარო, ტექსტი, კრიტიკოსი, კულტურა და იმპერიალიზმი) ის შეუფარავად ადანაშაულებს ევროპელ ფილოლოგებსა და ლიტერატურათმცოდნეებს (ძირითადად, გერმანული ფილოლოგიური სკოლის წარმომადგენლებს) ერიხ აუერბახსა თუ ლეო შპიტცერს, ერნსტ რობერტ კურციუსსა თუ კარლ ფოსლერს ევროპოცენტრიზმსა და იმპერიალიზმში, რომ მათ იერარქიულად მოაწყვეს შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის კვლევა თა ველი, სადაც ცენტრალური პოზიცია „რომანულ სამყაროსა” და დანტეს უკავია.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გამომწვევ მიზეზებზე საუბარი შორს წაგვიყვანდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მაინც უნდა აღინიშნოს შემდეგი: კურციუსისა და საიდის მიდგომათა შორის არსებული უფსკრული სულაც არ არის ამ მკვლევართა ინდივიდუალურ განსხვავებათა შედეგი - სხვა „პარალელური ბიოგრაფიების” შემთხვევაშიც კონტრასტი ანალოგიური იქნებოდა (მაგალითისათვის, აუერბახი და სტივენ გრინბლატი, შპიტცერი და ჯეფრი ჰარტმანი, კეტე ჰამბურგერი და ჰომი ბაბა).
საქმე ისაა, რომ ჩვენ წინაშეა ჰუმანიტარულ ეპისტემეთა მკვეთრი („რევოლუციური”) ცვლა - XX საუკუნის 60-იანი წლების ბოლოს გამოიკვეთა ის, რაც, საბოლოოდ, XXI საუკუნის დასაწყისში გაფორმდა ახალი პოსტნაციონალური და პოსტკულტურული ეპისტემეს სახით (უნდა აღინიშნოს, რომ ამ ეპისტემეს ჩამოყალიბებაში გადამწყვეტი როლი მიშელ ფუკომ, ჟაკ დერიდამ, ჟანფრანსუა ლიოტარმა, პოლ დე მანმა და სხვ. ითამაშეს). როგორც იგივე ბერნარდ ლუისი შენიშნავს, ამ ეპისტემეს ძირითადი დოგმები შემდეგია: „არ არსებობს ერთი ჭეშმარიტება (ხოლო თუ არსებობს, ის მაინც მიუღწეველია), არ არსებობს ნეიტრალური ცოდნა - ნებისმიერი ცოდნა ტენდენციურია, ხოლო ნებისმიერი დისკურსი სხვადასხვა ძალთა ურთიერთმიმართებების შედეგს წარმოადგენს. ფაქტობრივი სიზუსტე სულაც არაა მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანი ოდენ მიმართებაა - ანუ მკვლევარის მოტივები და მიზანი - თუ რა მიმართება აქვს ცოდნას თან მას, ვინც ცოდნას იყენებს”.
თანამედროვე საუნივერსიტეტო სივრცე სწორედ ამ შეხედულებათა განხორციელების ადგილია.
![]() |
6.3 რიტუალი და აღზრდა ქართველ მთიელთა ტრადიციულ ყოფაში |
▲back to top |
მარინა კანდელაკი
ქართველ მთიელთა ტრადიციულ საზოგადოებაში ბავშვის აღზრდას პრიორიტეტული ადგილი ეკავა. აღზრდა, ანუ ყველა ის გარეგანი გავლენა, რაც დაბადების შემდეგ ემატება ინდივიდის თანდაყოლილ ბუნებას, მთლიანად საოჯახო გარემოცვით იყო განპირობებული. მემკვიდრეობითი და შეძენილი, ბიოლოგიური და სოციალური, თანდაყოლილი და შესწავლილი, ანუ ოპოზიცია: ბუნებააღზრდა - უნივერსალურია ადამიანთა მოდგმისთვის. ტრადიციაზე დაფუძნებულ სოციალურ გარემოში ხსენებული ანტითეზის ურიცხვ ელემენტს შორის მთის რეგიონის ტრადიციულ ყოფაში აღზრდისათვის განკუთვნილი საშუალებები თვალშისაცემი თავისებურებებით იყო აღბეჭდილი. ეს თავისებურებები განპირობებული იყო მთიელთა ფასეულობითი კრიტერიუმებით, რომელთა შესახებ ქვემოთ ვილაპარაკებთ.
ვეცდები, კონკრეტული ეთნოგრაფიული მასალის საფუძველზე ვაჩვენო საქართველოს მთიანი კუთხეების (სვანეთი, ხევსურეთი, ფშავი, თუშეთი, მთიულეთი) რიტუალის როლი და მნიშვნელობა ახალგაზრდა თაობის აღზრდაში. მინდა, წარმოვაჩინო მთიელთა მიერ რიტუალის ვიზუალურად აღქმის შინაარსი, რომელიც ჩადებულია თაობიდან თაობაში გადაცემადი რიტუალური ქმედებების ბუნებაში. ჩვენ ვისაუბრებთ აღზრდის ერთ კონკრეტულ ასპექტზე: ბავშვობის ასაკიდან ვიზუალურად გაცნობიერების აპრობირებულ მეთოდზე, რომელიც განსაკუთრებით ქმედითია ზეპირ გადმოცემებსა და სიმბოლოებით გაჟღენთილ ტრადიციულ საზოგადოებაში. XX-ს. I მეოთხედის ჩათვლით, ამგვარი რიტუალური ქმედებებით იყო გამსჭვალული საქართველოს მთიან რეგიონში მოქმედი ყველა სასიცოცხლო სოციალურ-რელიგიური უჯრედი: ოჯახი, ტერიტორიალური თემი, ხევი. ცნობილია, რომ ყველა ოჯახის მცირეწლოვანი და სიყრმისეული ასაკის ბავშვი უშუალოდ მონაწილეობდა რელიგიურ-სადღესასწაულო ცერემონიალებში. ამგვარი მონაწილეობა განსაზღვრავდა მთის კუთხეებისთვის დამახასიათებელ შრომის შეზღუდვებსაც, როგორც ასაკობრივი, ასევე სქესობრივი პრინციპით: კაცი (აგრეთვე ვაჟი) კაცების საქმეს ასრულებდა, ქალი (ასევე გოგონა) - ქალისას. ყოველივე ამას ბავშვი იმთავითვე ითვისებდა და ზღვარგადაუცილებლად ასრულებდა თავის საქმეს მთის მკაცრ ბუნებრივ პირობებში. მთისთვის დამახასიათებელი იყო ცხოვრების მშვიდი, რეგლამენტირებული და განმეორებადი რიტმი, რასაც მთლიანობაში მთიელთა ცხოვრების წესიც განაპირობებდა: მცირე დასახლებები, მცირე სოფლების ურთიერთობა, მცირე მიწიანობა და მრავალი სანადირო ადგილი, პატარა საკარმიდამო ბოსტნები, სარჩოსანოვაგის მოპოვების სირთულეები. ყოველივე ეს მთიელთა აწყობილი, მოწესრიგებული ცხოვრების საფუძველი იყო, რომელსაც არღვევდა ხოლმე სოფლად თუ მის გარეთ მომხდარი არაორდინარული ამბები (გარდაცვალება, ქორწილი, ვაჟის დაბადება, მკვლელობა, მეზობელი კავკასიელი ტომების ხშირი მტაცებლური თავდასხმები და სხვა) და მთიელებს მშვიდი ცხოვრების კალაპოტიდან აგდებდა. მათი ოჯახები ასეთი შემთხვევებისთვის მუდმივ მზადყოფნაში იყვნენ. არაორდინარული შემთხვევა, სოფლად ან მის გარეთ მომხდარი, უმალ ვრცელდებოდა და მისი გადამოწმება აზრად არავის მოსდიოდა: საქართველოს მთისთვის უცხო იყო ტყუილის ან ჭორის გავრცელება; ნდობა მთიელთა ტრადიციული ყოფის გამოკვეთილი თვისება იყო. ახალგაზრდა მთიელები ბავშვობიდან ითვისებდნენ სტუმარმასპინძლობის ურყევ ტრადიციას. მთიელისთვის, როგორი გაჭირვებულიც უნდა ყოფილიყო, სტუმარი მუდამ ღვთისა იყო. ღამის გათევა, სტუმრის გამასპინძლება, საუკეთესო სასმელის მირთმევა - რაც კი რამ მოიპოვებოდა სახლში, ყველაფერს სტუმარს მიართმევდნენ ხოლმე. შემდეგ მას აუცილებლად სოფლის ბოლომდე მიაცილებდნენ. მასპინძლის ოჯახის საპატიო და აუცილებელი მოვალეობა იყო, საპასუხო ვიზიტით სწვეოდა თავის სტუმარს.
გამუდმებული თავდასხმები კავკასიელი ტომების მხრიდან და, ამის საპირისპიროდ, მათთან კეთილმეზობლური ურთიერთობა არაერთი გადმოცემის (ანდრეზის) საფუძველი გახდა. ზეპირგადმოცემის ნიმუშებს სისტემატურად მოუთხრობდნენ ახალგაზრდებს. ეს იყო მთის ისტორიის სიღრმისეული გაკვეთილები, რომლებიც წარმოადგენდნენ ახალგაზრდების აღზრდის, მათი სულისკვეთების ჩამოყალიბების ძირითად სტიმულს. სისხლმესისხლეობის მყარი ტრადიცია, რომლის რთულ რიტუალს მთიელი ახალგაზრდა ყრმობიდანვე ეცნობოდა, მასში აყალიბებდა და შემდგომში აღასრულებინებდა შეურყეველ მცნებას: „სისხლი სისხლისა წილ“, რაც მისი ცხოვრებისეული მორალისა და რწმენის, სამართლიანობისა და უსამართლობის პრინციპს წარმოადგენდა.
მთიელთა გმირული ისტორიული წარსულის შესახებ მრავალი მონათხრობი, მამაპაპათაგან ზეპირად თქმული გმირული ლეგენდა თუ ხალხური ლექსი ახალგაზრდებში განამტკიცებდა თავისი კუთხის დიდ სიყვარულსა და მის უღალატობას. მაგალითად, XX-ს. 50-იან წლებამდე, 34 თაობის რეტროსპექტივაში, ვერ დავაფიქსირე მთის მძიმე პირობებიდან ბარში საცხოვრებლად ნებაყოფლობით ჩამოსახლების შემთხვევა. ამგვარი სულისკვეთებით იზრდებოდა მთიელთა ახალგაზრდობა XXს.-ის 60-იან წლებამდე, როცა მოხდა მთის იძულებითი დაცარიელება და, სამწუხაროდ, მთიანი რეგიონის მოსახლეობის სრული ტრანსფორმაცია.
დავუბრუნდეთ ჩვენს თემას: რიტუალის მნიშვნელობას მთიელ თა ახალგაზრდა თაობის აღზრდისა და მისი განსწავლის საქმეში. თემა ვრცელია, ამიტომ მხოლოდ რამდენიმე მაგალითზე შევაჩერებ ყურადღებას.
I მაგალითი არის სვანთა ყოფიდან. ის შეეხება სვანებში გავრცელებულ რიტუალურ წესს, რომელიც ოჯახში სრულდებოდა. მას XX ს. დამდეგსაც არ ჰქონდა დაკარგული თავისი აზრი და მნიშვნელობა. ის ჩვენთვის ცნობილი გახდა სვანების ტრადიციული ყოფის თვითმხილველის ალი დავითიანის ხელნაწერებიდან, რომლებიც ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ხელნაწერთა არქივშია დაცული. მათი გამოცემა, სამწუხაროდ, დღემდე ვერ მოხერხდა. მასალა XX ს. 30-იან წლებშია ჩაწერილი.
საქმე ეხება სვანების ტრადიციულ ყოფაში შემონახულ ლუხორ/ლეხორ წესს. სიტყვა მომდინარეობს „ხორ“ ძირიდან, რაც სვანურად შესაწირავებისა და შემწირველების ერთიანობას აღნიშნავს. ამჯერად ხერგიანების ლუხორზე შევაჩერებთ ყურადღებას.
მოქმედება ხდება ლახამულას თემში, რომელიც XX საუკუნის დამდეგისათვის ორი სოფლისგან შედგებოდა და 120 კომლს აჭარბებდა. ლახამულას ხევს ეკავა ენგურის ხეობის მონაკვეთი, გაუკაცრიელებული და ტყედ ქცეული. ხეობას მიჰყვებოდა ბილიკი, რომელიც სამეგრელოს უკავშირდებოდა, ამ გზაზე დადიოდნენ ლახამულელნი და ზურგით ტვირთი გადაჰქონდათ. ხშირად მათ თავს ესხმოდნენ გარეული ღორები, ეშვებით უხევდნენ ტომრებს, სიმინდს აყრევინებდნენ და მგზავრების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნიდნენ. აღნიშნულ ფონზე მიმდინარე ამბების მთავარი მოქმედი პირი იყო ხერგიანი, ლახამულაში განთქმული ტვირთმზიდავი. ის უშვილო იყო და ოჯახს სხვა მუშახელი, გარდა თავად ცოლქ-მრისა, არა ჰყოლია. მიუხედავად ამისა, ხერგიანს მომჭირნე მეუღლის, თამრულის დახმარებით ოჯახი მაინც გამართული ჰქონდა. გადმოცემის თანახმად, ხერგიანს ასზე მეტი ტვირთი გადაუტანია ლახამულადან ორი დღის სავალზე ორ-ორ მარჩილად (XIX ს. სვანური ფულის ერთეული). ცოლ-ქმარს ეს მარჩილები შენახული ჰქონია „დიდი ლუხორის“ გადასახდელად, რათა სააქაოს „ქონებიანი“ ცხოვრება საიქიოში განეგრძოთ. ეს იმედი ეფუძნებოდა სვანებში მკვიდრად მოარულ რწმენას, რომ სააქაოში ყოფნის დროს შესაძლებელია ქონების საიქიოში „გადატანა“. ამის აღსრულებისთვის საჭირო იყო ლუხორის წესის შესრულება ზეიმით, ღვთაებისადმი ხარების შეწირვით და წესის ამგების სახელზე მათი კურთხევით სალუხორო სუფრაზე. სანაცვლოდ მასპინძელი ყველას უნდა დაელოცა. ხერგიანი ამ წესს საკუთარი ნებასურვილით ასრულებდა, ამიტომ მას „სალხინო ლუხორი“ ეწოდებოდა. ხოლო თუ ლუხორს ავადმყოფის მოსარჩენად მართავდნენ, მას „იძულებით გადახდილს“ უწოდებდნენ. ამჯერად ხერგიანების შესახებ ვსაუბრობთ და საქმე პირველი ტიპის რიტუალს ეხება. სალუხორო პური, არაყი, ყველი ცალცალკე ჰქონდათ მომარაგებული. მელუხორე ოჯახი შესაწირავ ხარებს იალაღებზე ასუქებდა, მათი მოპარვის არ ეშინოდა: ქურდი მათ ღვთაებათა შიშით ვერ გაეკარებოდა. ხალხს ღრმად სწამდა, რომ წმ. გიორგი მპარავს საგანგებოდ დასჯიდა საშვილიშვილოდ შესახელებული (ე. ი. ვინმეს სახელზე შესაწირი) ხარების შეხებისათვის. სვანთა რწმენის თანახმად, ღვთაებათა სახელზე შეწირული ხარების ხორცი სამზეოში მყოფთათვის იყო განკუთვნილი, ხოლო საიქიოში ისინი ამ შემთხვევაში კვლავ ხერგიანს და მის მეუღლეს ხორცშესხმულნი დახვდებოდნენ. ეს იდეა შეურყევლად ქმედითი იყო ყველა მელუხორისთვის. ასე გათენდებოდა ხერგიანის ლუხორის გადახდის დღეც. სამზადისი, რომელშიც მონაწილეობდა
სანათესაოსამეზობლო თუ სათემოსახევო გარემოცვა, სქესის, ასაკის, სოციალური თუ ეკონომიკური მდგომარეობის განურჩევლად, სრულ მზადყოფნაში ხვდებოდა რიტუალს. საკურთხს კალოში აწყობდნენ. ხარების მარხილებზე გაწყობილ გამხმარ და გაჭიმულ ტყავებზე დადებდნენ გამომცხვარ პურებს, გოდრებით დგამდნენ მოხარშულ ხორცს, პურის საცხობი გობებით - ყველს, აგრეთვე, გოდრებით - მოხარშულ შეკმაზულ ლობიოს. საკურთხს მიუსხდებოდნენ ხერგიანი მეუღლითურთ, ორივე შეძლებისდაგვარად მორთულმოკაზმულნი. სალუხორო სუფრასთან ოთხი წყვილი ცოლქმარი იჯდა: ხერგიანი ცოლითურთ და კიდევ სამი წყვილი, ოჯახის წევრი. შეწირული იყო რვა ხარი ოთხ ცოლქმარზე და ერთიც წმ. გიორგის სახელზე. იქვე რიგრიგად ეწყო ამ ცხრა ხარის თავი და რქებზე წყვილწყვილი სანთელი ენთო. სალუხორო სუფრას არაფერი აკლდა, ფულიც ეწყო, განძეულსამკაულიც. ხერგიანს თავისი მოოქროვილი თოფი მკერდთან ჰქონდა მიდებული. ბაპის (სოფლის მღვდლის) მიერ სუფრის კურთხევის შემდეგ წვეულებმა ცოლ-ქმარს მიულოცეს ბედნიერი დღე. ბევრმა სვანმა ინატრა მათი ბედი - საიქიოში რვა ხარის ყოლა, თუმცა იმ დღეს ბევრი ცოლქმარი ერია, რომლებსაც ორსამჯერ ჰქონდათ ლუხორი გადახდილი და მათი ღრმა რწმენით, მათ მეტი ხარიც ჰყავდათ საიქიოში. სუფრა სავსე იყო სანოვაგით, ბევრი ვაშლი ეწყო, თითო ვაშლში თითო მარჩილი (ვერცხლის ფული) ესო. ეს მარჩილები ხერგიანმა ლახამულადან ყვაჰამდე ტვირთის ჩატანაში მიიღო. საკურთხის კურთხევის შემდეგ ვერცხლიანი ვაშლები ხალხში გადაყარეს და ყველამ, ბავშვების ჩათვლით, იხელთა, რამდენიც შეეძლო. ასე მძიმე ტვირთის ზიდვით მოპოვებული ფული ვაშლებს გადააყოლეს, ხალხში გააბნიეს, ხერგიანი კი დაიმედებული დარჩა საიქიოში დამშვიდებული მომავლით. შემდეგ მან ტრადიციული სასმისი დადგა რამდენიმე ადგილას ღია ცის ქვეშ. აქ გრძელ სუფრაზე არყით სავსე გობები იდგა, მოხარშულ ვერძს ოხშივარი ასდიოდა და ფერდში დანა ესო, გვერდით ეწყო დაჭრილი პური. დალევას მოწადინებული გობთან მიდიოდა, თუ ის „წვერულვაშიანი იყო“, მას გაისწორებდა, ხელებს ზურგზე დაიწყობდა, გობს დაეწაფებოდა, ნებისმიერად მოსვამდა, შემდეგ ხორცის ლუკმას მოითლიდა, პურს მიატანდა და სუფრას გაეცლებოდა, რათა სხვებისთვის დაეთმო ადგილი. როცა წვეულთა დაჯდომა მოთავდებოდა, მეპურენი (აუცილებლად მამაკაცები) დაწნული საკიდლებით პურს მოიტანდნენ, ხოლო დედაკაცები თითო კაცზე ორ-ორ პურს დადებდნენ. მეპურეებს „მეღერღილეები“ მოჰყვებოდნენ. ისინი სამნი იყვნენ, ორ მათგანს საცხობი გობი ეკავა, მესამე კი მოზელილ და შეკმაზულ ლობიოს ან ცერცვს იღებდა პეშვით და მოხდენილად დებდა მეინახეთა პურებზე. მეღერღილეებს მოსდევდნენ მეყველეები, შემდეგ - მეხორცენი, ერთ მათგანს მოკლე შამფურზე აცმული მოხარშული ხორცით სავსე საკიდელი ეკავა, მეორე კაცი მწვადებს არიგებდა, თითო მეინახეზე თითოს. წესის თანახმად, ხარების შეწირვის დღეს გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო, რომელი ხარისგან გაეცათ ნედლი მწვადები სოფლის ბავშვებისთვის. ყველაფერი ზუსტად იყო გათვლილი. მეხორცეებს მეთაფლენი, ანუ მესარაჯენი მოჰყვებოდნენ და თითოეულ მეინახეზე სავსე გობიდან თითო ღრმა კოვზ გაწურულ თაფლს ან ოთხკუთხად დაჭრილ ფიჭიანი სარაჯის ნაჭრებს ჩამოარიგებდნენ. სალუხორო სუფრის თავში მჯდომი მოხუცი დიდი თასით ლოცავდა ხერგიანს და მის ოჯახს, ის შესთხოვდა სვანთა ღმერთებს ცოლქმრის სააქაოში ბედნიერ ცხოვრებას და საიქიოში შეწირული ხარების ბალნამდე, პურის ლუკმამდე და არყის წვეთამდე შემწირველთა სულის სასარგებლოდ გამოდგომას. ამის შემდეგ სუფრის თავი გამოაცხადებდა მასპინძლის თხოვნას: ეჭამათ, ესვათ და მოელხინათ. მისი დალოცვა ასე სრულდებოდა: „კარგო ხევო და ხევს გარეშენო, ვინც გაახარეთ ხერგიანის ოჯახი, მშვიდობა და ბედნიერება მოგცემოდეთ. ოჯახი რომ გაახარეთ, გაგახაროთ სვანეთის ღმერთებმა და თუ ვინმეს გულში ხინჯი აქვს სხვის მიმართ, დღეს დაივიწყოს და მტრობის გადახდა შემდგომისთვის გადასდოს“. სუფრაზე სმაჭამის არავითარი დაძალება არ ყოფილა. ყოველი დამსწრეთაგანი აუცილებლად შესვამდა და გვერდით მყოფს დაულოცავდა არყიან სასმისს. სოფლის ქალებს გოდრებით მიჰქონდათ რაიმე მიზეზის გამო იქ არმყოფი თავისი ოჯახის წევრების ულუფა, აგრეთვე ახალგარდაცვლილთა და მგზავრობაში მყოფ მამაკაცთა ულუფა. არაყს ბოთლებით ანაწილებდნენ. გაცემა სავალდებულო იყო, ამ ვალდებულებას ტრადიცია ედგა სადარაჯოზე. ლუხორის გადამხდელი ცოლქმარი ჩამოივლიდა წვეულთა რიგებს, კაცი - კაცებისას, ქალი - ქალთა მწკრივს და ისინი ერთიანად სთხოვდნენ ეჭამათ და ესვათ. თხოვნა გულწრფელი იყო: საიქიო ამბავი ხდებოდა და ცოლქმარი დარწმუნებული იყო, რომ ოჯახის ეს მძიმე დანახარჯი მას იმქვეყნად გამოადგებოდა და შეწირული არ დაიკარგებოდა.
თანმიმდევრობით გავყვეთ რიტუალს. წესისამებრ, წმ. გიორგისადმი ჰიმნს აღავლენდნენ, ოთხჯერ ჩამოაყოლებდნენ არაყს და მეხუთე შემოვლაზე თაფლნარევ ღვინოს (რანგს) გამოიტანდნენ. ის მეტად საამო იყო ქალებისა და ბავშვებისთვის. ღვინის ჩამომსხმელები (მეწდეები) საჯაროდ გამოაცხადებდნენ, რომ რანგს მანზავიანი (თაფლის ჭირი, ანუ უვარგისი თაფლი) არ ერია. (ამ დეტალს ყურადღება იმიტომ ექცეოდა, რომ ადრე ჩატარებულ ლუხორში აღმოჩნდა შეცდომით შერეული თაფლი, რის შედეგადაც, ხალხის მოტყუების გამო, ხევმა თაფლის გამყიდველი შერისხა). ეს ფაქტი საჯაროდ იქნა გაცხადებული ხერგიანის ლუხორში, როგორც ერთგვარი პროფილაქტიკური ზომა. ლუხორში საჭმელ-სასმელის სიუხვე ხევს არ უკვირდა. ეს მამაპაპათაგან მომდინარე წესი იყო. გვიან საღამოს ხალხი დაშლას იწყებდა, ოჯახი ახლაც წესს არ არღვევდა: ოთხ სასმის არაყს დაიკავებდა ოთხ გასასვლელ ადგილას და ყოველ წამსვლელს არაყზე ეპატიჟებოდა. მასპინძელი მოხარული რჩებოდა, რომ სტუმარს საიქიოში ცხოვრება დაუტკბებოდა. მოგვიანებით იგივე სტუმარი მასპინძლად დაუხვდებოდა დღევანდელ მასპინძელს. ხერგიანის ლუხორს არა მარტო მისი სოფლის, არამედ მთელი ხევის მოსახლეობა დაესწრო და ხარების ხორცის დანაწილების მოზიარე გახდა. შეწირული ხარების ნაწილი სოფელს ერგო, შიგნეულობა და მუცლის ქონი ოჯახებში განაწილდა, მწვადები სოფლის ბავშვებსა და ორსულ ქალებს არგუნეს. შეწირული ხარების თავების წილით მახლობლები ასარგებლეს. წმიდა გიორგის სახელზე გაპიროვნებული ხარის შიგნეულობა (ფაშვ-ნაწლავი), დანარჩენი ხარების შიგნეულობისგან განსხვავებით, არ გაცემულა: პურის ცხობისას ის ოჯახში მოხარშეს და ცხობაში დამხმარეებსაც უწილადეს საოჯახო პურობის დროს.
ამრიგად, ზემოთ განხილული ლუხორის რიტუალი წმ. გიორგის სახელს უკავშირდებოდა. რიტუალის დანიშნულება ოჯახისთვის სვანეთის ხევსოფლისაგან დალოცვა იყო. ამიტომ სალაღობო ლუხორს ოჯახი დიდი ზარზეიმით იხდიდა, ხარების დიდ რიცხვს სწირავდა სახელის მოსახვეჭად თემსა თუ ხევში. სვანეთში მსგავსი საზეიმო ლუხორი ორი ახსოვთ. ერთი შედგა ბალსზემო მულახში, ქურდიანების ოჯახში, სადაც 23 ხარი შეუწირავთ, მეორე კი ვიბლიანების ოჯახში, სადაც 25 ხარი შესწირეს და ორით მეტი დაკლეს ოჯახის მეტი სახელისათვის. ლუხორის ცერემონიალში მთელი საზოგადოება ერთად მონაწილეობდა, როგორც უფროსი, ისე საშუალო და უმცროსი თაობა. ყველასთვის გაცხადებული იყო რიტუალის ძირითადი მახასიათებელი: დაგროვილი ქონების გახარჯვა და საზოგადოებაში პრესტიჟის, სახელის მოპოვება.
სისრულისთვის აღვნიშნავ, რომ სალუხორო ხარების რიცხვი ხუთიდან იწყებოდა, ნაკლების შეწირვას ლუხორს არ უწოდებდნენ. რვა ხარიდან დაწყებული და მეტის შეწირვა უფრო სალაღობო-სალხინო ლუხორზე იცოდნენ (ზემოთ მოყვანილი მაგალითი). ლუხორის წყვილწყვილი ხარები უფრო ცოლქმარს გულისხმობდნენ, კენტი ხარი კი საღვთოდ იყო მიჩნეული და მისი შეწირვა მხოლოდ ღმერთების, უმთავრესად პატრონღმერთების სახელს უკავშირდებოდა. ლუხორის გადამხდელი იმდენ წყვილ ხარს შესწირავდა ხოლმე, რამდენი წყვილი ცოლქმარიც იყო. აღთქმულის შესრულებას წინ ვერაფერი დაუდგებოდა. სწამდათ, რომ შეუსრულებლობას არც ოჯახი, არც თემსოფელი თუ ხევი აპატიებდა, თუმცა თავად აღთქმა ბოლომდე ნებაყოფლობითი იყო. შესაწირავი ხარის ასაკის უმდაბლესი ზღვარი ოთხი წლით განისაზღვრებოდა.
ზემოთ ლუხორის მეორე ვარიანტიც, ანუ „იძულებითი ლუხორიც“ ვახსენე. თხრობის სისრულისთვის დავუმატებ, რომ ხარების შესახელებას აქაც კურთხევა მოსდევდა. მას ბაპი იმათ სახელზე ატარებდა, ვისი შესახელებულიც იყვნენ შესაწირი ხარები.
ცოლის ან ქმრის გარდაცვალების შემთხვევაში ცოცხლად მყოფ მეუღლეს ხელში ანთებული სანთელი ეკავა, მეორე ხელი კი ხარის რქაზე ედო, ვიდრე მღვდელი ლოცვას დაასრულებდა. ამ ცერემონიის დროს, მელუხორეს თუ რაიმე განძი გააჩნდა, იმით მორთულმოკაზმული უნდა მდგარიყო. ხშირად იყო, რომ მელუხორე ქალები ამ მიზნით სამკაულს ითხოვდნენ კიდეც. რიტუალის ჩატარების დღეს, წესისამებრ, ოქტომბრის პირველ კვირა დღეს მიიჩნევდნენ, მას ლახორის მზის დღეს უწოდებდნენ, ის მთვარის განახლებას უკავშირდებოდა. უტილიტარული მომენტიც დიდ როლს ასრულებდა: ხარების შეწირვას შემოდგომაზე ამჯობინებდნენ, რომ „ხორცი არ დამჭლევდესო“. სოფლის მამაკაცობა ლუხორის რიტუალის ჩატარებამდე რამდენიმე დღით ადრე თავს იყრიდა რომელიმე ოჯახში. ხარებს თითო ჭიქა არყით დაათრობდნენ ხოლმე და ერთბაშად მოაკვდინებდნენ. მხოლოდ საღვთოდ შესაწირი ხარი სარიტუალოდ დათქმულ დღეს უნდა დაეკლათ. თავდაპირველად ქონს ამოიღებდნენ, ფაშვ-ნაწლავს იქვე მდგომ სოფლის ქალებს ჩააბარებდნენ გასარეცხად. შიგნეულს მოჰყვებოდა ფილტვებისა და გულღვიძლის გამოღება. ფილტვი ოჯახის დედაკაცს ეძლეოდა, ღვიძლს კი ნაღველს მოაშორებდნენ და სალოცავისთვის სუფთა ადგილზე შამფურზე აცმულს დადებდნენ. ბარკალგვერდებს ამოიღებდნენ და გავის ჩაღრმავებაში დაგუბებულ თბილ სისხლს სოფლის ახალგაზრდა ვაჟკაცები დაეწაფებოდნენ.
ახლა თავი მოვუყაროთ ყოველივე ზემოთქმულს და განვსაზღვროთ, რისი დანახვა და აღქმა შეეძლო თუნდაც ამ ერთ რიტუალში მონაწილე ახალგაზრდას, რა გამოცდილებასა და ცოდნას იღებდა ის მასში უშუალო მონაწილეობით ან ზეპირი გადმოცემის მოსმენის შედეგად.
ლუხორის კულტის გადამხდელად ცალკეული ოჯახი ითვლებოდა, ფაქტობრივად კი მის თანაზიარად მთელი სოფელი, ხშირად ხევი გამოდიოდა. სვანთა განმარტებით, ცალკეულ სოფელს საერთო ხელი სჭირდებოდა როგორც ლხინში, ისე ჭირში. ლუხორის დღე მთელი ხეობის დღედ მიიჩნეოდა, მეზობელსტუმრები დიდიან-პატარიანად კულტის თანამონაწილენი ხდებოდნენ, რაც კიდევ უფრო განამტკიცებდა პიროვნების, ოჯახის, სოფლისა და ხევის ურთიერთკავშირს. აღნიშნული გარემოება თვალსაჩინოდ აისახებოდა სოციალურ სიმბოლურ აქტებში, რომლებიც ყველა ტრადიციულ საზოგადოებას ახასიათებს. ჩვენს კონტექსტში მხედველობაში მაქვს სამსხვერპლო ხარების ხორცის ხევის ყველა წევრზე განაწილებაგარიგების წესი. მოწილედ ითვლებოდა ორივე სქესისა და ყველა ასაკის წარმომადგენელი, ხოლო ვინც რიტუალს რაიმე მიზეზით ვერ ესწრებოდა, მათი კუთვნილი წილი სახლში ეგზავნებოდათ. ალბათ, დროულია გავიხსენოთ მეცნიერულად დადგენილი ფაქტი: უძველეს საზოგადოებებში საკუთრებისა და განაწილების მთავარ ობიექტს საკვები წარმოადგენდა. სწორედ საკვების განაწილების სფეროში იყო შენარჩუნებული განაწილების ყველაზე არქაული ფორმები. სვანეთის ტრადიციულ საზოგადოებაში, სადაც ქონებრივი უთანასწორობა ყველა გამომდინარე შედეგით სახეზეა, ხალხური ტრადიციებისა და რელიგიური რიტუალების დონეზე XIX ს. დამლევისა და XX ს. დასაწყისში მნიშვნელოვანწილად არსებობას განაგრძობდა განაწილების გამათანაბრებელი ნორმები, სქესობრივასაკობრივი ტრადიციული ნორმების მკაცრი პირობების დაცვით. თქმული არ ნიშნავს პარალელს არქაულ სამყაროსთან. ეს არის სვანთა ყოფაში დამოწმებული განაწილების უძველესი წესი, რომელიც სამყაროს ხედვის ერთიანი სისტემის „მატერიალური შრეა“. ლუხორის წესი, მისი რიტუალი თავისი მიზანდასახულობით ამჟღავნებდა ცალკეული ოჯახის სამეზობლოსთან (სოფლის სხვა ოჯახებთან, ხევთან) ერთობისკენ მიმართულ ტენდენციას. რაც შეეხება ვიზუალურ მხარეს, კერძოდ, ხარის მოკვდინების რიტუალის საოჯახო წამოწყების გადაზრდას ასოფლოსახევო წესში, აგრეთვე საოჯახო-სასოფლო-სახევო ტრაპეზში სამსხვერპლო ხარების ხორცის თანაბრად განაწილების პრინციპს, ყოველივე ეს ხაზგასმით აჩვენებდა დამსწრეთაგან ყველა თაობის წარმომადგენელს, რომ მთის ძალა ერთობაშია. ასე ეზიარებოდნენ ისინი მთის ერთერთ მთავარ ფასეულობას.
ერთ არსებით დეტალს დავაკვირდეთ: პატრონუფლის ხარი, რომელიც ლუხორის დღეს მას ეწირებოდა, მთელი ლუხორის საღვთო ღირსებას უთანასწორდებოდა. მისი გულ-ღვიძლი საყდარში ან ხევის სამლოცველო ადგილზე მიჰქონდათ და იქ საზეიმო ვითარებაში სოფლის ბაპი სწირავდა მას მელუხორე ოჯახის სასარგებლოდ. ეს უკანასკნელი კი ცდილობდა, მისი ოჯახი ბევრს დაელოცა. დასახარჯი სახევოდ იყო მომზადებული. მეზობლები კულტის თანამონაწილენი ხდებოდნენ, რაც ოჯახისა და ხევის წევრთა ერთობას განამტკიცებდა.
რიტუალური სუფრისთვის სამზადისი, რომელიც რამდენიმე დღეს გრძელდებოდა, სქესობრივი პრინციპით ხორციელდებოდა. პურის ცხობა მთლიანად ქალებს ჰქონდათ მინდობილი. ამ საქმეში მათი ქალიშვილებიც პატარაობიდანვე მონაწილეობდნენ. ყოველი სარიტუალო პური ცალ-ცალკე იყო გაციებული. ასობით პური ოც-ოცად იყო დაწყობილი. თითო კაცისთვის ორ-ორი იყო განკუთვნილი. საერთო რაოდენობა ხშირად ათასს გაცილებით აღემატებოდა, „რომ ოჯახს ნაკლი არ განეცადა და სირცხვილში არ ჩავარდნილიყო“. ოთხ-ხუთ დღეში ამდენი პურის გამოცხობას მრავალი ხელი სჭირდებოდა. ხევის თვალში ეს ქალების სავალდებულო საქმედ იყო მიჩნეული. დასახმარებლად ყველას თავისიანი მოჰყავდა.
მთავარია, რომ სოფელი ყოველმხრივ დაუმადლებლად ეხმარებოდა ოჯახს. როცა სახევო მნიშვნელობის დღეებისათვის ცალკეულ ოჯახს თუ პიროვნებას არ შესწევდა ძალა ყველაფერი თვითონ გაეკეთებინა, სხვისი დახმარება აუცილებელი იყო. სხვაც უშურველად მზად იყო, დახმარება გაეწია ან გადაეხადა, რითიც იყო დავალებული ან მომავალში იქნებოდა და თავადაც მეზობლის დახმარება დასჭირდებოდა. ამგვარად, შრომით ანაზღაურებული შრომის ვალის (ან ავანსის) განაღდება ორივე მხარის განწყობას ამაგრებდა.
ყოველივეს ხედავდნენ ახალგაზრდები, მთის ფასეულობათა სულისკვეთებით იმსჭვალებოდნენ და სწავლობდნენ, რომ ძალა ერთობაშია.
ზემოთ განხილულ სოციალურ-რელიგიურ წესს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მთიელთა ფასეულობების განსაზღვრისათვის. რწმენის ძალას შვილებს დაბადებიდანვე უნერგავდნენ. ბავშვის რწმენის ფაქტორს აღზრდაში მნიშვნელოვანი როლი ენიჭებოდა. მთის ბინადარ სვანებს მიწა ისე ცოტა ჰქონდათ, რომ წლიური სარჩო ვერ მოჰყავდათ, რამდენიც არ უნდა ემუშავა მთელ ოჯახს. მაგრამ სალოცავს სიღარიბესთან არაფერი ესაქმებოდა. რასაც სალოცავს აღუთქვამდნენ, უპირობოდ უნდა შეესრულებინათ. სვანის მენტალიტეტი იმთავითვე რწმენით, სალოცავის პატივისცემით, მსხვერპლშეწირვის აუცილებლობით იყო დამუხტული. ოჯახის სრულად ამოწყვეტის შემთხვევაში ლუხორს არავინ გადაიხდიდა და ღვთაების სარისხავიც არავინ რჩებოდა. XIX ს. და XX ს. დამდეგისათვის სვანთა ყოფაში ლუხორის რიტუალში მონაწილეობა, მასთან უშუალოდ შეხება თუ მოხუცებისგან მის შესახებ უამრავი ნაამბობის მოსმენა, ახალგაზრდებში ქმნიდა მყარ საფუძველს იმისათვის, რომ მათ უკეთესად გაეცნობიერებინათ სიკვდილისადმი მთიელთა დამოკიდებულება. სიკვდილი კი კოლექტიური ცნობიერების ერთერთი ძირეული პარამეტრია. ის სამყაროს ხედვის კომპონენტია, რომელიც კონკრეტული საზოგადოების ცნობიერებაში გარკვეულ პერიოდში არსებობს. მთიელის რიტუალური აღზრდის საშუალებით ახალგაზრდას უადვილდებოდა ადამიანთა სიცოცხლისა და მისი ფასეულობების არსში გარკვევა (შუა საუკუნეების დასავლეთ ევროპის მასალის კვლევაში ამგვარი საკითხებისადმი სიღრმისეული მიდგომით საფრანგეთის „ანალების“ სკოლის წარმომადგენლები გამოირჩევიან).
ტრადიციული ხალხური მენტალობის დონეზე აღქმული ფასეულობები ეხმარებოდა ახალგაზრდობას, უკეთესად გაეცნობიერებინა წინაპართა შეხედულება სიმდიდრეზე, მის დაგროვებასა და დახარჯვაზე. ლუხორის რიტუალის ჩატარება მოხვეჭილი ქონების გახარჯვისა და საიქიოში მისი გადატანის საწინდარი იყო. რიტუალის მთავარ შემსრულებლებს ეს მორალურ კმაყოფილებას ანიჭებდა, რადგან ისინი საიქიო ცხოვრებისათვის ზრუნავდნენ. მათ სარწმუნოდ მიაჩნდათ საზოგადოების აზრი. ლუხორის რიტუალის დამკვირვებელს, დამსწრესა თუ მის შესახებ მონათხრობის მსმენელს შესაძლებლობა ეძლეოდა, სიკვდილსიცოცხლისადმი ხალხური დამოკიდებულების რიტუალური გამოხატულების მიღმა მისი შინაარსი ამოეკითხა. ეს საზოგადოებრივი ცნობიერების ის სფეროა, რომელიც გარეშე თვალისათვის ხშირად ბინდით არის მოცული. მთავარი მიზანი რიტუალში ნათლად იყო ილუსტრირებული. ეს იყო დაგროვილი ქონების საჯაროდ გახარჯვის დემონსტრირება, რაც არის „ქონების დაძვრის“ ნიმუში ტრადიციულ საზოგადოებაში, ანუ ქონების დაგროვება მისი გახარჯვის მიზნით. ახალგაზრდობისათვის ეს ისევ და ისევ იყო ნათელყოფა მთიელთა სულიერი პრინციპისა, რომელიც ასე შეიძლება გამოითქვას: „ვაგროვებვხარჯავ, რათა დანაგროვი იმქვეყნად მივიტანო“. ნიშანდობლივი იყო ისიც, რომ ამგვარი განწყობით გამსჭვალული იყო როგორც მთის კვალობაზე შეძლებული, ისე მასზე მატერიალურად ნაკლებად უზრუნველყოფილი ოჯახი.
მთიელ ახალგაზრდებს მცირეწლოვანი ასაკიდან აჩვევდნენ და ვიზუალურად აჩვენებდნენ ცხოვრებისეულ პრობლემებს, ცდილობდნენ, მათში ადამიანური ღირსება განმტკიცებულიყო და საზოგადოების თვალში მათი პრესტიჟი ამაღლებულიყო. ლუხორის რიტუალი სწორედ აღნიშნულ კონტექსტში უნდა იქნეს გაგებული. მოცემული რიტუალი თავისი ძალიან ღრმა ემოციური კონტექსტით ახალგაზრდებისათვის იყო სრულიად კონკრეტული მონათხრობი მთიელთა პრობლემების შესახებ, ასევე, მოწოდება საზოგადოებაში ადამიანური ღირსებისა და პრესტიჟის განმტკიცებისკენ.
აღსანიშნავია, რომ სამზეოსა (ამქვეყნის) და შავეთის (იმქვეყნის) ხალხურ გაგებაში წაშლილია ზღვარი ტრადიციული საზოგადოების სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენელს შორის. ადამიანის სოციალური მდგომარეობა და ასაკი, საქმიანობის სახეობა თუ სულიერი მდგომარეობა, განსხვავებული ზნეობრივი თვისებები - ყოველივე ეს გათანაბრებული იყო სიკვდილთან დაკავშირებული მენტალობის თვალსაზრისით. სიკვდილი ჩვეულებრივ მოვლენად აღიქმებოდა და შიშს არ იწვევდა. ის აღიქმებოდა, როგორც ბუნებრივი გარდაუვალობა, როგორც სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ. სიკვდილი იყო გარდაცვალება და არა უბედურება, ის არ გაიაზრებოდა როგორც ინდივიდუალური აქტი: რიტუალურ ქმედებებში გამოსჭვივის ინდივიდის სოციუმთან ურყევი კავშირი. მთიელთა რწმენის თანახმად, სიკვდილ-სიცოცხლის, სამზეო-შავეთის ზღვარი გარდაუვალ უფსკრულს არ წარმოადგენდა. სიკვდილის მიმართ მთიელთა დამოკიდებულებას განსაზღვრავდა ადამიანთა სულისკვეთება, სულიერება, იდეა, და არა ამ საზოგადოების, მისი შემადგენელი ოჯახების სოციალურე-კონომიკური მდგომარეობა. სიკვდილის წინაშე ღარიბი თუ შეძლებული ერთნაირად თანასწორი იყო. მსგავსი დამოკიდებულება სიკვდილისადმი ახასიათებდა ადრეული შუა საუკუნეების ევროპულ ყოფას: სიკვდილი ჩვეულებრივ, ბუნებრივ მოვლენად აღიქმებოდა და მას „მოშინაურებულ სიკვდილს“ უწოდებდნენ (ფ. არიესი).
სვანურ ლუხორში ჩანს ადამიანების შინაგანი სამყარო, მათი ცნობიერების მიმართულება. რიტუალი იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ ყველა დამსწრე მისი თანამონაწილე ხდებოდა. რიტუალი მიანიშნებს სულიერ ფასეულობათა უდავო პრიორიტეტზე მატერიალურთან მიმართებაში. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ განხილული რიტუალი, ისევე როგორც არაერთი სხვა რიტუალი, ხალხური გაგებით ბედნიერების მომტანი წესი იყო. ამ დროს აუცილებელი იყო, რომ ყველა მოწვეულს მასპინძლები დაელოცა. ხარების მოკვდინება და მსხვერპლშეწირვაში მათი სიმრავლე მელუხორის სახელის მოხვეჭისათვის გამიზნული ქმედება იყო, რაც ოჯახს სახელსაც უხვეჭდა.
ახალგაზრდა სვანი ხედავდა და შეისისხლხორცებდა იმ ფაქტს, რომ უფროსი თაობა უყოყმანოდ მისდევდა ქონება-სიმდიდრის (საქონელი, პური, არაყი, ლობიო, ასევე ფული და სხვა) დაგროვებას. მისდევდა იმიტომ, რომ შეესრულებინა რწმენით შთაგონებული და არა იძულებითი სოციალური აქტი. ეს მთიელთა მენტალიტეტის არსებითი მომენტია: ტრადიცია მას ქონება-სიმდიდრის წარმავალობასა და საზოგადოებრივი პრესტიჟის უპირატესობას შთააგონებდა. ამიტომ იყო, რომ უმძიმესი შრომით დაგროვილი მატერიალური დოვლათი რწმენასა და სულიერ კეთილდღეობას ეწირებოდა. ასეთ საფასურად მოიხვეჭებოდა სახელი და პირადი ავტორიტეტი საზოგადოების წევრთა შორის. ხანდაზმული სვანები ამის შესახებ მოუთხრობდნენ და ამას თვალნათლივ აჩვენებდნენ ახალგაზრდებს, ასწავლიდნენ იმ უდავო ჭეშმარიტებას, რომ ორიენტაცია აღებული იყო სახელოვან ყოფნაზე სააქაოში და ასევე უზრუნველყოფაზე საიქიო ცხოვრებაში გარდაცვალების შემდეგ. ამგვარი რწმენა შესაბამისი რიტუალით აუცილებლად საჯაროდ უნდა გაცხადებულიყო სოციუმის წინაშე, სადაც სულისთქმა ვიზუალურად იქნებოდა ნათელყოფილი. სწორედ ამ მიზნით გახარჯავდა მთიელი თავის, ხშირად მწარე შრომის ფასად მოპოვებულ ქონებას. მის არდაუნჯებასა და საჯაროდ დახარჯვას წარმართავდა მთიელის გონებაში ჩაბუდებული და ტრადიციით შემაგრებული მძლავრი იმპულსი და რწმენა იმისა, რომ „რასაცა გასცემ, შენია“.
ახალგაზრდა თაობა იზრდებოდა და განიმსჭვალებოდა აზრით, რომ მთიელთა უპირველესი ფასეულობა მორალური ხასიათის ღირებულებაა, ხოლო სიმდიდრე, როგორც მატერიალური ფასეულობა, ხშირად უკანა პლანზეა მოქცეული და გაუფასურებულია. უნდა აღვნიშნოთ, რომ ყველა ტრადიციულ საზოგადოებაში ფასეულობათა შკალაზე სწორედ ხსენებული კატეგორიები პირველობენ. ამ შემთხვევაში ქართველ მთიელებს თავისი წვლილი და ორიგინალობა შეაქვთ საერთო საკაცობრიო კულტურაში.
სიმდიდრის, როგორც მატერიალური ფასეულობის, მეორე პლანზე გადატანას მრავალი რამ ადასტურებს. მთიელთა თვალსაზრისით, მდიდარი კაცი ნაკლებად სანდოა, ხოლო „კარგი ხელი“ მდიდარზე უფრო ღარიბს აქვს. გარდა ამისა, ტრადიციის თანახმად, „ძლიერი“ და „მდიდარი“ არაადეკვატური ცნებებია. მაგალითად, სვანეთში „ძლიერ გვარად“ ასაკოვან მამაკაცთა სიმრავლით გამორჩეულ გვარს მოიხსენიებდნენ, როგორც პრიორიტეტულს.
სვანების ყოფაში დამოწმებული ლუხორის რიტუალის ანალოგიურად შეიძლება მივიჩნიოთ 1847 წლით დათარიღებული ხელნაწერის მონაცემები, რომლებიც თუშეთს შეეხება (შედგენილია სოფ. ენისელის მღვდლის ირ. ელიოსიძის მიერ, ს.პეტერბურგის აღმოსავლეთმცოდნეობის არქივის ფონდი, რუს. ენაზე). ანალოგიური ვითარება გვაქვს მთიულეთშიც, სადაც დამოწმებულია ხალხური გააზრება განძისა (რ. თოფჩიშვილი, მთიულეთის ექსპ. მასალები, 1982) და მისი მიწაში ჩაფლვა გამოყენების გარეშე, ანუ მისი მატერიალური ღირებულების გაუფასურება, რაც თავისებურად ეხმაურება ლუხორისთვის დამახასიათებელ ქონების დაგროვება-გახარჯვის წესს.
ამგვარად, ტრადიცია ახალგაზრდობას მთიელთა ყოფაში სიმდიდრის სიმბოლურ გაგებას ასწავლიდა. მომავალი თაობა ამ კონტექსტში ამოიკითხავდა წინაპართა ცნობიერების, ზნეობის, რწმენის, ჩვეულებების ძირითად მახასიათებლებს, ყოფითი და საკრალური ისტორიის მნიშვნელოვან მომენტებს.
ლუხორის მაგალითზე შევეცადე მეჩვენებინა, თუ რა აღმზრდელობითი მუხტით იყო დატვირთული ხსენებული რიტუალი. ის ახალგაზრდებს ასწავლიდა მთიელთა ტრადიციულ კულტურაში ორიენტაციას და მათ ყურადღებას ორ ურთიერთდაკავშირებულ მომენტზე ამახვილებდა: ეს იყო, ერთი მხრივ, მოვლენის გამოხატულება, მისი ვიზუალური მხარე, რასაც ლუხორის რიტუალური ასპექტი მოიცავდა, ხოლო მეორე მხრივ, ლუხორის შინაარსი, რომელიც მის მიზანზე - იმქვეყნიურ კეთილდღეობასა და ამქვეყნად სახელის მოხვეჭაზე მიანიშნებდა.
საერთო ქართული კულტურის მთური გამოვლინებაა ღვთაებისადმი ხარის შეწირვის სხვადასხვა ფორმა. აღნიშნული რიტუალი როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონში სრულდებოდა და, როგორც წესი, სათემო-ტერიტორიულ იურისდიქციაში შედიოდა. შეწირვა უპირატესად სათემო სალოცავებისთვის ხდებოდა სასოფლო თუ სათემო თავყრილობების დროს. ხარი, როგორც წესი, იმ სალოცავებს ეწირებოდა, რომლებიც სხვადასხვა ხატის ყმობის გაერთიანების მისიას ასრულებდნენ. ხალხური მრწამსის თანახმად, ხარი თავისი სამკვიდროდან აყრილ მოსახლეობას უკან, მის სამკვიდრო სამოსახლოში ეწევა და წინაპართა სალოცავისაკენ გზის გამკვლევის როლს ასრულებს. საერთოდ, ხარი ფართო სპექტრის მქონე არქეტიპია, რომელმაც გაუძლო ჟამთასვლას, მან თავი გამოავლინა ტრადიციული საზოგადოების სოციალურ და მითოსურ სტრუქტურებში. ხართან დაკავშირებულ საკრალურყოფით და საწესო კონტექსტს ახალგაზრდების განსწავლის საქმეში არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა. ყველა ძირითად რიტუალურ ქმედებას, რომელიც თავისი განმეორებადობის მეოხებით სიმტკიცეს მატებდა მხოლოდ ზეპირ ტრადიციაზე დაფუძნებულ „საკანონმდებლო“ აქტს, შესრულებულს საკრალურ თუ პროფანულ დონეზე, თვალსაჩინო შედეგი ჰქონდა აღზრდის სფეროში. რიტუალებში ხარის მსხვერპლშეწირვის ვარიაბელურობა, ხარის ფიგურის წარმოჩენა, მასთან დაკავშირებული წესები ბოლო დრომდე იყო შემონახული. ახალგაზრდობა, რომელიც ამაში მონაწილეობდა, იძენდა მთური ცხოვრების, საზოგადოებრივი ურთიერთობების გამოცდილებას.
II მაგალითი შეეხება პიროვნებისა და საზოგადოების ურთიერთმიმართების ერთ ასპექტს და მისი შემეცნებითი ღირებულების საჯარო დემონსტრირებას. საქმე ეხება აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის კუთხეების, კერძოდ, ხევსურეთისა და ფშავის ამბებს. საკითხს - „პიროვნება-საზოგადოება“ - ტრადიციულ საზოგადოებაში მრავალი ასპექტი აქვს. ერთ კონკრეტულ მაგალითზე შევჩერდები. ის შეეხება სხვა თემ-სოფლიდან გადმოხვეწილი პირის მიღებას ახალ თემსოფელში, აგრეთვე მისთვის ყოველგვარი დახმარებისა თუ მფარველობის აღმოჩენაზე „ხელშეკრულების“ რიტუალურ საჯარო „გაფორმებას“ ორ სოციალურ ჯგუფს შორის. ერთი მხრივ, ეს არის მიმღები ოჯახი, სოფელი, თემი, ხოლო მეორე მხრივ, მფარველობის მაძიებელი. სამკვიდროდან აყრა და სხვა საცხოვრებელში გადასვლა უპირატესად სისხლ-მესისხლეობის გამო ხდებოდა, თუმცა არც ეკონომიკური გაჭირვება გამოირიცხება იმ მიზეზთა შორის, რომლებიც აიძულებდა მთიელს ხშირად ოჯახიანად აყრილიყო და სხვა სოფლისა თუ სხვა გვარისათვის შეეფარებინა თავი. სხვა სოციუმში ინკორპორირებულ პირს აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში „ამანათს“ უწოდებდნენ. ეთნოგრაფიულ სინამდვილეში არსებობს მრავალრიცხოვანი კონკრეტული მონაცემები, სადაც დეტალურად არის აღნუსხული „უცხოს“, ანუ სხვა საზოგადოებიდან ან სოფლიდან მოსულის ახალ სოფელში გაწევრიანების რიტუალი. მსჯელობა მიმდინარეობდა საჯარო თავყრილობაზე, რომელსაც მიმღები სოციუმის უფროსი და უმცროსი თაობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ახალგაზრდობა დაწვრილებით ეზიარებოდა პროცედურის წესსა და რიგს, მისი შესრულების თანმიმდევრობას, ამანათის მიმღები სოფლისა და სალოცავის მესვეურის - ხუცეს-ხევისბერის მიერ ახალმოსულთა დალოცვისა და სოციუმის შინაგანაწესის მათთვის გაცნობის თავისებურებებს. დამსწრენი აცნობიერებდნენ სოფლის შუამდგომლობის მნიშვნელობას ახალი წევრის მიღების საქმეში, მფარველობის მაძიებლის დაფიცებას მფარველებისადმი, რაც მისგან ერთგულებასა და ყველა საქმეში თანადგომას გულისხმობდა, სწავლობდნენ მოღალატის გაძევების წესებს, ისმენდნენ ხუცეს-ხევისბერის შუამდგომლობას. ამანათის ცერემონიალის მონაწილეთათვის ნათელი და რეალური იყო ხუცესხევისბერის მიერ წარმოთქმული სიტყვები, რომლებიც მათი ცხოვრებისეული კანონ-ნორმებისა და რწმენა-წარმოდგენებისათვის, მათი ყოფისათვის იყო ტრადიციული. ყოველივეს ერთვოდა მსხვერპლშეწირვა იმ ჯვარსალოცავის სახელზე, რომელიც მასპინძელი სოფლისა (თუ თემის) მფარველად ითვლებოდა. აღმზრდელობითი თვალსაზრისით სწორედ ხუცესის მიერ ამანათის დამწყალობნების (დალოცვის) ხმამაღლა თქმული ტექსტია საყურადღებო. აქ აქცენტი კეთდებოდა მთიელთა ზნეობრივ ფასეულობათა შეხსენებაზე, ძმობის სიმყარეზე, მუდამ სიმართლის თქმისა და სამართლიანობის პრიორიტეტზე, სტუმარ-მასპინძლობის ტრადიციის ურყეობაზე, ამანათად მიღებულის შესაძლო მტრისგან დაცვაზე... ამასვე ემსახურებოდა ხუცესის მიერ წარმოთქმული დარისხება, რომელიც მიღებული ამანათის პოტენციურ მოღალატეებს შეეხებოდა, ანუ მათ, ვინც ვერ გაუწევს მასპინძლობას მფარველობის მაძიებელს. მოღალატე ცხადდებოდა სოფლის პირის გამტეხად და ეს დარისხება თაობებს გადაეცემოდა... რიტუალის დამსწრეებისთვის იმართებოდა რიტუალური პურობა, სადაც დიდიანპატარიანად სოფლის ყველა მოსახლე იკრიბებოდა. ეს უფრო ტრაპეზი იყო და არა ღრეობა, სუფრაზე დიდხანს არასოდეს რჩებოდნენ და მალე იშლებოდნენ. შეწირული საკლავის ხორცი იქვე უნდა ათვისებულიყო, ხოლო მისი თავფეხი სალოცავის მსახურებს რჩებოდა. ზემოთ ჩამოთვლილი წესების შესრულების შემდეგ „ნეოფიტი“ „უცხოდ“ აღარ ითვლებოდა. ის ხელოვნური ნათესავის სტატუსში გამოდიოდა. ამანათობის ისტორია, ზეპირად გადაცემული თუ თვალნათელი, ახალგაზრდებს „უცხოს გათავისების“ წესებს ასწავლიდა. ისინი უშუალო მაგალითების საფუძველზე ეცნობოდნენ მთის ტერიტორიულ თემში ხელოვნური ნათესაობის მოდელებს, მათ აქტიურ ჩაბმას ფშავ-ხევსურეთის კომლობრივ, საგვარო თუ სათემ-სასოფლო ყოფაცხოვრებაში, მფარველი თემ-სოფლის სალოცავის საკრალურ სფეროში. ამგვარი ცოდნა-გამოცდილების მიღება ახალგაზრდების მიერ პრაქტიკულ მიზნებსაც ისახავდა, რადგან მთიელთა თემში ამანათების მიღება და მათი მფარველობა რეგულარულ ხასიათს ატარებდა. თემი მით უფრო ძლიერად და სახელიანად ითვლებოდა, რაც მეტ ამანათს შეინახავდა. როგორც ვთქვით, ამ ასპექტშიც აშკარაა მთიელთა ერთ-ერთი ძირითადი ფასეულობის - სახელის მოპოვების - აქცენტირება. ახალგაზრდების აღზრდაც ამ იდეით ხდებოდა.
III მაგალითი შეეხება XIX-XX ს. დამდეგის ჩათვლით თუშეთის ყოფაში დამოწმებულ, აგრეთვე აღმოსავლეთ საქართველოს სხვა კუთხეებშიც მოქმედ რიტუალს. რიტუალის დამსწრე ითვისებდა მის მთავარ, თვალშისაცემ მომენტებს, კერძოდ: 1. ხართან დაკავშირებული რიტუალის წამყვანი იყო მამაკაცი, ოჯახის თავი, ოჯახის დიასახლისის თანადგომით. 2. ხარი ძლიერების სინონიმი იყო. კარგი ვაჟკაცი „კაი ყმის“, „ხარის“ ეპითეტით მოიხსენიებოდა. 3. ხარის მსხვერპლშეწირვა განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე სიტუაციებში ხდებოდა (მაგალითად, ხატსამლოცველოში მათი სამეურნეო პერსონალის ზედამხედველთა „დასტურთ ყენების“ დროს, სუსტი გვარის ძლიერ გვართან მფარველობაში შესვლისა და მათი შეძმავების მომენტებში, სიკვდილის კონტექსტში და სხვა). მეტი სიცხადისათვის საილუსტრაციო მასალას მოვიტან შეკვეცილი სახით: თუშეთში, ფშავსა და ხევსურეთში გვარების გამრავალრიცხოვნების მიზნით იცოდნენ „ხარით გაფიცვის“ წესის შესრულება. მისი არსი შემდეგში მდგომარეობდა: მცირეწევრიანი ოჯახის ინიციატივით ორი გვარი ერთმანეთს გაუძმავდებოდა. რიტუალი ტარდებოდა სამლოცველოს ტერიტორიაზე. მისი ცენტრალური მომენტი ინიციატორი ოჯახის წარმომადგენელთა მიერ შესაწირი ხარის მოყვანა და მისი რიტუალური მოკვდინება იყო. ცერემონიალს მთელი სოფელი დაესწრებოდა და სამსხვერპლო ცხოველის ხორცის განაწილებაათვისებაში ერთიანად მონაწილეობდა. ყოველივე სალოცავის მესვეურის (ხუცეს-ხევისბერის) მეთავეობით მიმდინარეობდა ყველა აუცილებელი პირობის ზუსტი დაცვით (უნისლო ამინდი, წელიწადის განსაზღვრული დრო, შესრულების ადგილი და მოქმედ პირთა განსაზღვრული სუბორდინაცია, სამსხვერპლო ხორცის განაწილების პრინციპის დაცვა და სხვა).
ყველა დამსწრე, დიდი თუ ახალგაზრდა, ქალი თუ ბავშვი ხარსა და მისი მოკვდინებით განხორციელებულ რიტუალს აღიქვამდა, როგორც ორი სხვადასხვა გვარის წარმომადგენელი ოჯახის გაერთიანების, გაძლიერების საწინდარს: რიტუალის თანმხლები „ვედრების“ შესრულების დეტალები, როგორიცაა „მუხლგამართვით“ დგომა, ყველას გასაგონად გამოთქმული აქტის მნიშვნელობა, „ხარით შეყრილ“ წევრებს შორის შეწირული ხარის ხორცის უმი სახით თანაბრად განაწილების წესი, თასიდან ხარის სისხლის შესმის ცერემონიალი რიტუალის მონაწილე ახალგაზრდა ვაჟკაცების მიერ და მრავალი სხვა დეტალი, ქმედებითა და სიტყვებით კომენტირებული, წარმოადგენდა მთიელთა ახალგაზრდა თაობის წარსულისადმი ზიარების თვალსაჩინო სკოლასა და სამომავლო მშვიდობიანი ცხოვრებისათვის მომზადების საწინდარს.
ხარი, როგორც სოციალური ერთობის სიმბოლო, რომელსაც საქართველოს მთიანეთში სოციალურ-კულტურული ფუნქცია ჰქონდა, წარსულისა და აწმყოს ერთიანობის გააზრებას ემსახურებოდა. ხარის კულტურულ გმირად წარმოჩენის იდეა, ანუ აზრი იმის შესახებ, რომ ამ პერსონაჟს მოაქვს ხალხისთვის კულტურის სხვადასხვა მონაპოვარი სოციალური ორგანიზაციისა თუ რწმენა-წარმოდგენების სახით, შემონახულია ფოლკლორსა და ხალხურ გადმოცემებში, მაგალითად: „ლაშარს მოვიდა თილისძე, გულდიდად დაჯდა ხარიო“, ან კიდევ: „შინ მისვლა მოულოცავდით ბათაკააი შვილსაო, სცადა და აღარ გავიდა, გამოსულია ზღვითაო, სულეთში ულაკაური ხარი (ე. ი. კარგი ვაჟკაცი) სათავეს ზისაო“ და მრავალი სხვა.
მკითხველმა შეიძლება იკითხოს, რატომ გავამახვილეთ ყურადღება ხარზე? იმიტომ, რომ გამოკითხულ ფშავხევსურთა შორის უმეტესობამ (ხანდაზმულებმაც და ახალგაზრდებმაც) აქცენტი სწორედ ამ საკითხზე გააკეთეს. ეს ბუნებრივია, რადგან ხალხური რწმენის თანახმად, სწორედ ეს უძველესი პერსონაჟი იყო თანამონაწილე და „ორგანიზატორი“ სამკვიდროდან აყრილი მთიელი მოსახლეობის უკან, თავის ძველ სამოსახლოში დაბრუნებისა. ის იყო გზის გამკვლევი მამაპაპათა სალოცავებისკენ, იყო მივიწყებულის აღმდგენი და წინაპართა ნაკვალევის საიმედო მიმდევარი (მთიულეთი). ყოველივე ზემოთქმულთან მიმართებაში მრავალი მაგალითის მოტანა და მრავალი წახნაგის წარმოჩენა შეიძლება „მამათა და შვილთა“ თემასთან დაკავშირებით. ბოლოს, დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს მთის ტრადიციულ ყოფაში რიტუალი მხოლოდ რელიგიურმაგიური ქმედება არ ყოფილა. რიტუალი იყო ის ძალა, რომელიც მთიელთა თემში ტრადიციის შენახვასა და სოციალური კავშირების განმტკიცებას უწყობდა ხელს. მთიელთა კულტურულ ფასეულობათა შორის ტრადიციას უპირველესი ადგილი ეკავა და, ამდენად, რიტუალი ახალგაზრდობის აღზრდის ქმედითი საშუალებაც იყო.
![]() |
6.4 ზოგადი განათლების აპოლოგია |
▲back to top |
ნესტან რატიანი
(სოკრატული დიალოგი)
გუშინ1 სტუმრად ვიყავი ჩემს ამერიკელ კოლეგასთან. ახალი სასწავლო წლისთვის დიადი წიგნების2 კურსის სილაბუსი უნდა შეგვედგინა. ცოტა ხანში რამდენიმე სტუმარიც შემოგვიერთდა და ჩემთვის მეტად საინტერესო საუბარი გაიმართა.
შევეცდები გადმოგცეთ, რას შეეხებოდა ეს დიალოგი, მით უმეტეს, რომ დღევანდელ საქართველოში არ მეგულება არც ერთი ადამიანი, რომელიც რამდენჯერმე არ გამხდარიყოს ამდაგვარი საუბრის თანამონაწილე. მართლაც საოცარია, მაგრამ ჩვენში, პროფესიონალიც და არაპროფესიონალიც, მთელი შემართებით განიხილავს და დავობს განათლების სისტემის საკითხებზე. ზოგჯერ ეს შეეხება სასკოლო და ზოგჯერ - უმაღლეს განათლებას. შესაძლოა იმიტომ, რომ მათ შვილები ეზრდებათ, შესაძლოა იმიტომ, რომ ქართველებს ძალიან უყვართ დავა და თავიანთი აზრების გამოთქმა, თუნდაც მათ ამის შესახებ არავინ არაფერს ეკითხებოდეს. ის კი არ ახსოვთ, რომ სიტყვები ჰაერშივე გაიფანტება და საუბარი საუბრადვე დარჩება, რაც უნდა ბრძნულ დასკვნებამდე მივიდნენ მოსაუბრენი.
მაგრამ არსებობს ერთი გამოსავალი, სიტყვების ფურცელზე გადატანა, რადგან ნაწერები ხომ მაინც უფრო დიდხანს რჩება.3 თუმცა, თუკი ამ ნაწერებსაც არავინ ჩახედა, მაშინ აზრი ყველაფერს ეკარგება.4 იმედს ვიტოვებ, რომ ამ ნაწერსაც, ერთი და ორი კაცის გარდა, სხვაც ბევრი ჩახედავს და დაფიქრდება... თუნდაც მასში არაფერი გაიზიაროს.
საუბარში ვმონაწილეობდით ორი ქართველი და ორიც ამერიკელი პროფესორი (ჩემს თავს დიალოგის გადმოცემისას აღვნიშნავ სიტყვით „მე”, ხოლო დანარჩენებს ამდაგვარად: „ქართ. პროფ.“, „I პროფ.”, „II პროფ.“), ორი ქართველი ახალგაზრდა, ერთი ამერიკული აკადემიიდან („მოსწ.”) და მეორე - თბილისის ერთერთი უმაღლესი სასწავლებლიდან („სტუდ.”). საუბარი დაახლოებით ასე წარიმართა:
- (მოსწ.) საბჭოთა განათლების სისტემის ყველაზე დიდი შეცდომა ის იყო, რომ თექვსმეტი წლის ასაკში უნდა გაგეკეთებინა არჩევანი და აგერჩია მომავალი სპეციალობა. როგორ შეიძლება ამ ასაკში ზუსტად იცოდე, გინდა თუ არა, ვთქვათ, ქირურგობა. ეს ხომ უმძიმესი პროფესიაა და ძნელად თუ ვინმე იაზრებდეს, რამდენ სირთულეს უკავშირდება იგი.
- (მე) გეთანხმები. უნივერსიტეტში ცხრაკაციან ჯგუფში ვსწავლობდი. დღეს მხოლოდ სამნი ვმუშაობთ სპეციალობით (ერთი გერმანიაში, ორიც თსუ-ში), არც დანარჩენები არიან უმუშევრები, მე ვიტყოდი, რომ წარმატებულნიც კი არიან თავიანთ საქმეში; მხოლოდ ერთი ცნობილი ფირმისთვის იღვწის, რომელიც სოციოლოგიურ კვლევას აწარმოებს, მეორე ასევე დიდი კომპანიისთვის (სც. ჯეოსელი), მესამემ თავისი ცხოვრება ჟურნალისტიკას დაუკავშირა და, მგონი, არც შემცდარა, მეოთხე იტალიის საელჩოში ტრიალებს, მეხუთე საკმაოდ რეიტინგულ გამომცემლობას ხელმძღვანელობს, მეექვსე კი სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის.
- (II პროფ.) თუკი ცხრა კაციდან სამი მუშაობს სპეციალობით, ეს არაა ცოტა, მაგრამ, შენი აზრით, მთელ საქართველოში სტატისტიკური სურათი როგორია?
ამაზე ყველამ გავიცინეთ, რადგან ჩემი ჯგუფი მართლაც ბედნიერი გამონაკლისია და თითოეულმა მოვძებნეთ ჩვენი ადგილი ცხოვრებაში.
- (მე) სტატისტიკაზე ვერაფერს გეტყვით, უბრალოდ, ყოველთვის ვფიქრობდი, რომ კლასიკური ფილოლოგიის განხრით სწავლა მეტ უპირატესობას იძლევა. მთავარი უპირატესობა კი კარგი ცოდნაა. თუმცა, დროთა განმავლობაში სოკრატესეულ სიბრძნეში5 დავრწმუნდი, და შეფასება „კარგიც”6 ცოტა გადაჭარბებულად მეჩვენება. ალბათ, მეტის მიცემა შეიძლება სტუდენტებისთვის, შეიძლება კი არა, აუცილებელიც არის (ჩვენს განყოფილებაში მიღებულია ავტორის კი თხვა დედანში. ამ დროს კი ენის გრამატიკული მხარე იწევს წინ. სამწუხაროდ, ხდება ისეც, რომ ენის შესწავლის პროცესი ჩრდილავს ტექსტის სხვა ღირებულებებს, თუმცა ხშირად ამ ღირებულებების გასაგებად გრამატიკის ცოდნაც გადამწყვეტია. როდესაც ისეთ სტუდენტებს ვასწავლი, რომლებმაც არ იციან ენა ელემენტარულ დონეზე, მიხდება ბევრი ისეთი ნიუანსის განმარტება, რომელიც ტექსტში არ ჩანს7 ).
- (ქართვ. პროფ.) და რას აკეთებ ამისთვის?
- (მე) სამწუხაროდ, ბევრს ვერაფერს. უნივერსიტეტში ძალიან შეზღუდულები ვართ, საათები შეგვიმცირდა. ამიტომ მეტი კი არა, ნეტავ ის ცოდნა მაინც მიგვაცემინა, რასაც თავის დროზე ჩვენ გვაძლევდნენ.
- (I პროფ.) რას გააკეთებდი, საშუალება რომ გქონდეს?
- (მე) ყველას დავუმტკიცებდი, რომ არაერთი ფაკულტეტის სტუდენტებმა სავალდებულოდ უნდა ისწავლონ ანტიკური ავტორები, ასევე ვურჩევდი, რომ კლასიკური ენებიც შეესწავლათ.
- (სტუდ.) რას ამბობთ, მკვდარი ენები? არაფერში მჭირდება, რაში უნდა გამომადგეს?
- (მე) შეგიძლია აირჩიო კურსი „კლასიკური ენები ჩვენს ყოველდღიურობაში”.
- (I პროფ.) შენ აქ შენი დარგის პროპაგანდას ეწევი და დროზე თუ არ გაგაჩუმეთ, შეიძლება არც არასოდეს შეწყვიტო. ნება მომეცი (მიუბრუნდა სტუდენტს) ვიკითხო, რას გულისხმობდი, როდესაც „საჭიროება” და „გამოდგომა” ახსენე? იმას, რომ ცოდნას იმიტომ ვიძენთ, რომ ის ცხოვრებაში გამოგვადგეს?
- (სტუდ.) რა თქმა უნდა.
- (I პროფ.) მაშინ ისიც უნდა მითხრა, რა იცი, რა გამოგადგება და რა არა. ან უფრო ზუსტად, ის მითხარი, რა იცი, რომ, რაც გამოგადგება, ის შენთვის კარგიცაა.
- (სტუდ.) კარგად ვერ გავიგე, რას მეკითხებით.
- (I პროფ.) როდესაც პროფესიას ირჩევდი, რას მიაქციე ყურადღება: მშობლებმა გირჩიეს თუ თავად გააკეთე არჩევანი?
- (სტუდ.) ჩემი არჩევანი იყო, მაგრამ მშობლებიც თანახმანი იყვნენ. ვინაიდან იქ, სადაც მე ვსწავლობ, გარკვეული თანხაა გადასახდელი, მათ ჰქონდათ უფლება ჩარეულიყვნენ და რჩევაც მოეცათ. ჩემს შემთხვევაში ჩემი და მშობლების მოსაზრება ერთმანეთს დაემთხვა.
- (I პროფ.) ეს, რა თქმა უნდა, არაჩვეულებრივია. მაგრამ არჩევნის გაკეთებისას რაზე ფიქრობდი, მოწოდებაზე თუ მომავალ სარგებელზე. ან შენი მშობლები რას აქცევდნენ უმთავრეს ყურადღებას, შენს მოწოდებას თუ იმ სარგებელს, რაც მომავალში, შესაძლოა, ნახო არჩეული პროფესიიდან გამომდინარე?
- (სტუდ.) ალბათ, ორივეს უნდა მიექცეს ყურადღება.
- (I პროფ.) გიფიქრია იმაზე, რომ ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ადამიანს ერთი რამ მიაჩნია მოწოდებად. გადის დრო და მას ახალი გატაცებები უჩნდება. მე მაინც მგონია, რომ მოწოდება იშვიათად თუ გაგყვება მთელი ცხოვრების მანძილზე, ცვალებადი კატეგორიების რიცხვს მივაკუთვნებდი.
- (სტუდ.) სიმართლე გითხრათ, ზუსტად არც მოწოდების მნიშვნელობა მესმის. მოწოდება, ალბათ, მარტო ხელოვნებისკენ ლტოლვას შეგვიძლია ვუწოდოთ.
- (ქართვ. პროფ.) მუსიკოსის მოწოდება მუსიკაა, მაგრამ, როდის, რა ასაკიდან იჩენს თავს ასეთი მოწოდება? განა ამის დადგენას მშობლის ინტუიცია არ სჭირდება? როგორ გგონია, მოცარტი რომ არ დაბადებულიყო შესაბამის ოჯახში, რა ბედი ეწეოდა მას?
- (მოსწ.) მგონი, ეგზიუპერი გამახსენდა. ერთ ნაწარმოებში მოგვითხრობს, რომ მატარებლით სახლში ბრუნდებოდა. ვაგონში მას თან ერთად გლეხის ოჯახი მგზავრობდა. ჩაძინებულ დაღლილ პატარა ბიჭუნას ანგელოზივით სახე ჰქონდა, მაგრამ ძნელი სათქმელია, მისგან რა გაიზრდებოდა. მას ხომ, ალბათ, არანაირი ხელის შეწყობა არ ექნებოდა ოჯახისგან, თუნდაც მასში „მოცარტს” სძინებოდა. დანანებით ამბობს მწერალი, რომ უამრავი ასეთი გენიოსი „იღუპება” არასათანადო გარემოში.
- (სტუდ.) გენიოსი არ დაიკარგება. გენია ყოველთვის იჩენს თავს.
- (ქართვ. პროფ.) მაგრამ ყველაფერს ტიტანური შრომა სჭირდება. თვით გენიოსებსაც კი გარჯა უხდებათ. დიდი ალბათობაა იმის, რომ ნიჭი შრომის გარეშე დაიკარგოს.
- (მოსწ.) ამიტომ თუა, რომ ზოგიერთ მშობელს არ ემეტება შვილი საწვალებლად. უნდა, დაზოგოს და ვერ იმეტებს პატარას მუსიკოსობისთვის...
- (I პროფ.) აი, ამას ვგულისხმობდი მოწოდებასა და სარგებელზე როდესაც ვსაუბრობდი. ასეთი მშობელი განა არ ფიქრობს ისეთი პროფესიისთვის მოამზადოს შვილი, მეტ სარგებელს რომ მოუტანს ცხოვრებაში?
- (ქართვ. პროფ.) თქვენ არ გახსოვთ, მაგრამ სულ რაღაც ოცდაათი წლის წინ საქართველოში ისეთი აჟიოტაჟი იყო სამედიცინო ინსტიტუტში ჩაბარებაზე, ვერც კი წარმოიდგენთ.
- (სტუდ.) ალბათ, როგორც დღეს იურიდიულზე...
- (ქართვ. პროფ.) და რამდენმა მშობელმა „გასწირა” თავისი შვილი. მგონი, ერთ ავადმყოფზე ათი დიპლომიანი ექიმი მაინც მოდიოდა. დღეს ბევრი მათგანი ან უმუშევარია, ან არასაყვარელი საქმით არის დაკავებული. მშობლები ვითომ შვილისთვის მომავალ სარგებელზე ფიქრობდნენ და სრულიად საპირისპირო რამ მიიღეს.
- (I პროფ.) ამიტომაც არჩევნის საშუალება ყველას უნდა ჰქონდეს. აშშში არსებობს განათლების სისტემა, რომელსაც „თავისუფალი განათლება”8 ჰქვია. ოთხი წელი იღებ კოლეჯში განათლებას, შემდეგ კი ირჩევ სპეციალობას, თანაც ნებისმიერ დროს რომ შეიცვალო გადაწყვეტილება, ყველაფრის „თავიდან დაწყება” არ გიხდება, ანუ დრო არ გეკარგება.
- (მე) პირველად აშშში 1988 წელს გავემგზავრე. მართლაც, ძალიან გამიღიმა ბედმა, რომ ჩემი მასპინძელი უილიამს კოლეჯი9 აღმოჩნდა. ესაა ერთ-ერთი ცნობილ „Liberal Arts College“. მინდა გითხრათ, რომ იმ დროს გამიჭირდა გარკვევა განათლების სისტემის ამ სახეობაში. ჩემთვის სრულიად გაუგებარი იყო, რომ ჩემი უახლოესი მეგობარი რას აღარ სწავლობდა, ივრითიდან დაწყებული რუსული ლიტერატურით დამთავრებული და მომავალში მეან-გინეკოლოგობას აპირებდა. შემდეგ იელის უნივერსიტეტში გააგრძელა სწავლა და დღეს სანფრანცისკოში მუშაობს ერთერთ კერძო კლინიკაში.
- (სტუდ.) რაღაც ძალიან ბევრს ვლაპარაკობთ ექიმებზე. სხვა სპეციალობებზე რას იტყვით, ნუთუ იურისტის პროფესიის დასაუფლებლადაც „Liberal Arts College“ აირჩევს ვინმე?
- (მე) შარშან ჯეიმს მედისონ კოლეჯში10 გახლდით ამ მეთოდით (sc. Liberal Education) სწავლების გასაცნობად. კოლეჯის კურსდამთავრებულები აქტიურად მოღვაწეობენ სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურაში. რაც შეეხება იურიდიულ სასწავლებლებს, არც ერთი მათგანი არ ამბობს უარს, რომ ამგვარი კოლეჯებიდან სწავლა სტუდენტებმა მაგისტრატურაში მათთან გააგრძელონ. უბრალოდ, კოლეჯის ბუკლეტი ასეთ სტუდენტებს რჩევებს სთავაზობს, როგორ უნდა დაგეგმონ სწავლის ოთხი წელიწადი ახალგაზრდებმა, თუკი იურიდიული სასწავლებლების მაგისტრატურაში აპირებენ მომავალ ში ჩაბარებას (მაგალითად, ურჩევენ მათემატიკის კარგად სწავლას, რომლის კრედიტების მოპოვებაც მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეიძლება). თუკი სხვას მიზნად პოლიტოლოგია დაუსახავს, მას სხვა რჩევებს აძლევენ (მაგალითად, რომელიმე ენის შესწავლას, რომელიც ასევე მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვა ფაკულტეტზე შეიძლება).
- (II პროფ.) ესაა იდეალური მაგალითი იმისა, როგორ შეიძლება ითანამშრომლოს დიდმა უნივერსიტეტმა ასეთ კოლეჯებთან და როგორ თანაარსებობენ ერთი დიდი უნივერსიტეტის ფარგლებში სხვადასხვა ტიპის განათლების სტრუქტურები. დღეს მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთერთი წარმატებული და მზარდი უნივერსიტეტია. მისი ღიაობა და მზადყოფნა, წარსულში აპრობირებული ყველაფერი საუკეთესო დაიტოვოს ისე, რომ კარი გაუღოს სიახლეებს, არის ამ წარმატების საიდუმლოების მიზეზი.
- (ქართვ. პროფ.) შეგიძლია, სხვა რამის შესახებაც გვიამბო, რაც ჩვენც გამოგვადგება?
- (მე) ჯერ იმას გეტყვით, რომ თითქმის ყველაფრით მოხიბლული დავრჩი.11 ბევრი უნივერსიტეტი მინახავს, კარგიც, ძალიან კარგიც და ცუდიც. ვინმეს ხომ არ გაუკვირდება, თუ ვიტყვი, რომ ძალიან კარგი ოქსფორდის ერთერთ (ერთერთი იმიტომ, რომ მე იქაურ წესებს გავეცანი, თორემ ეჭვიც არ მეპარება, რომ ყველა ძალიან კარგია) კოლეჯს დავარქვა.
ამაზე ყველამ გაიცინა, რადგან ოქსფორდის მსგავს უნივერსიტეტებში მართლაც მსოფლიოს საუკეთესო სპეციალისტები არიან თავმოყრილნი. აქ თითოეულ პროფესორში თანაბრადაა წარმოდგენილი საუკეთესო მკვლევარიცა და საუკეთესო მასწავლებელიც.
- (მე) აღტაცებული დავრჩი არა მარტო ჩემი კოლეგების პროფესიონალიზმით,არამედ მათითაც, ვინც სხვა დარგებს ემსახურება. ერთ ასეთ ამბავს მოგიყვებით. ძალიან დავუახლოვდი რამდენიმე ადამიანს - ერთი იყო მათემატიკოსი, ერთიც აღმოსავლური ენების სპეციალისტი, ორი - ისტორიკოსი და ერთიც - ფიზიკოსი. კოლეჯის სასადილოში ვახშამზე ცოტა შემაგვიანდა. როდესაც დამინახეს, ჩქარა მიხმეს თავისთან. თურმე კამათობდნენ, ჰომეროსი ხმარობს თუ არა ქალღმერთ ჰერასთან მიმართებაში რომელიღაც ეპითეტს. ისეთი გაცხარებულები იყვნენ, ძლივს დავაშოშმინე. სასაცილოდ ჟღერს, არა? მე კიდევ, იცით, როგორ მინდა, საქართველოშიც ასეთ საკითხებზე იდავონ გაცხარებით და არა პოლიტიკაზე. მგონი, ძალიან ზედმეტი მომდის ოცნება... მაგრამ სხვა დროს ასეთივე გაცხარებით ვიკამათეთ თომას მანზე და დოსტოევსკიზე, შვეიცერზე და ბერგმანზე.
აქ კი ქართველმა პროფესორმა აღარ დამაცადა და გამაწყვეტინა:
- კი მაგრამ, რა გაგიკვირდა, ასეთ რა წრეებში ტრიალებ საქართველოში? განათლებული მეგობრები თუ არა გყავს, უნივერსიტეტში მაინც არ გხვდება არავინ?
მე გავნაწყენდი, რადგან თბილისის ერთერთი საუკეთესო სკოლა დავამთავრე, უნივერსიტეტშიც საუკეთესო განყოფილებაზე გავაგრძელე სწავლა და მიმაჩნია, რომ ჩემსავით ბევრს არ უმართლებს, სკოლის მეგობრებიც და უნივერსიტეტის მეგობრებიც ერთნაირად საუკეთესონი არიან. თანაც ამას ისიც დაერთო, რომ კლასიკური ფილოლოგიის კათედრაზე ვმუშაობ და ბევრი კათედრა ვერ დაიკვეხნის ისეთი კოლეგებით, მე რომ მყავს.
- რა გინდა თქვა, საბჭოთა განათლების სისტემა ჯობდა?
- ის კი არ ჯობდა, აგერ უკვე რამდენი წელია, რაც ყველაფერი იღუპება.
- და რას აკეთებდით შენ და შენი კოლეგები იმისთვის, რომ არ დაგეღუპათ?
- ჩვენ კი ვაკეთებდით და ახლაც ვაკეთებთ, მაგრამ ეს რა შუაშია საერთო მდგომარეობასთან?
კიდევ კარგი გაგვაჩერეს, თორემ, ხომ წარმოგიდგენიათ, ასეთ ლაპარაკს სადამდე შეეძლო მივეყვანეთ?
- (II პროფ.) ჯერ არაფერი მოგიყოლია ჯეიმს მედისონ კოლეჯზე, იქ რა მოგეწონა?
- (მე) თუნდაც ის, რომ დავინახე ჩემი დარგის აუცილებლობა. დღეს მარტო ჩვენთან კი არა, ევროპის უნივერსიტეტებშიც უხდებათ იმის მტკიცება, რომ კლასიკური ფილოლოგია მკვდარი დარგი არაა. თუკი სწორად მიაწოდებ, იგი ყველა დარგის სპეციალისტს გამოადგება მომავალში.12 მაგალითად, დავრწმუნდი, რომ ძალიან კარგად შეიძლება ასწავლო ტიტუს ლივიუსი მაკიაველისთან ერთად. ასეთ ლექციებს ორი პროფესორი ერთდროულად ატარებს.
- (ქართვ. პროფ.) მოიცადე, ერთად ლაპარაკობენ?
- (მე) არა, ერთმანეთს დიდი პატივისცემით უსმენენ, ასეთივე პატივისცემით
უსმენენ სტუდენტებსაც.
- (II პროფ.) ნამდვილად საუკეთესო მეთოდია, როდესაც ლექცია ე.წ. „მრგვალი მაგიდის” პრინციპით ტარდება. ეს მართლაც ძალიან განსხვავდება იმ აუდიტორიებისგან, თქვენთან რომ არის.
- (სტუდ.) ე. ი. ყველა ლექცია პატარა საკლასო ოთახში ტარდება? დიდი აუდიტორიები არ არის და ჯგუფებიც მცირერიცხოვანია?
- (მე) დიდი აუდიტორიებიც არის, სადაც ისეთივე განლაგებით სხედან სტუდენტები (და ზოგჯერ სხვა საქმით ერთობიან), როგორც ჩვენთან და ისეთივე საინტერესო (ალბათ, ზოგჯერ უინტერესო, თუმცა მე ასეთი არ მომისმენია) ლექციებს კითხულობენ მასწავლებლები, როგორც ჩვენთან. ზოგჯერ ლექტორები ამ ლექციებს ფურცლიდან უკითხავენ სტუდენტებს (და ამაში მათ ვერავინ დაძრახავს, რადგან მათი მომზადებულია), ზოგჯერ კი დიდ ორატორულ ნიჭს ამჟღავნებენ. ასეთი ლექციების შემდეგ კურსი პატარა ჯგუფებად იყოფა და მოსმენილის განხილვა სემინარებზე ხდება.
- (სტუდ.) სემინარებს ხომ სხვადასხვა მასწავლებლები ატარებენ. რა იციან, რაზე საუბრობდა ლექციაზე „მთავარი მასწავლებელი”?
- (მე) ყველა „მთავარი მასწავლებელი” იყო. ისინი რიგრიგობით კითხულობდნენ ლექციებს, დანარჩენები კი მას სტუდენტებივით ესწრებოდნენ, ისმენდნენ მის მოსაზრებებს და, ეთანხმებოდნენ თუ არ ეთანხმებოდნენ, ამას განიხილავდნენ სტუდენტებთან ერთად სემინარებზე.
- (სტუდ.) აქაც შეიძლება ამ მეთოდის გადმოღება?
- (მე) ძალიან კარგი იქნებოდა. მაგალითად, ანტიკური ლიტერატურის ისტორიას აქამდე თითქმის ყველა ჰუმანიტარული ფაკულტეტის სტუდენტი სწავლობდა. ამ საგანს ცალკეულ ჯგუფებს ვასწავლიდით მე და ჩემი რამდენიმე კოლეგა, ალბათ, ხუთი ან მეტიც. ცალცალკე ვატარებდით ლექციასაც და სემინარსაც. ვერავინ იტყვის, რომ ერთნაირად იცის და უყვარს ყველა ავტორი. მე პირადად ვაღიარებ, რომელ ავტორზეც მეცნიერულად ვმუშაობდი, იმ ავტორის შემოქმედების შესწავლისას ლექციაზე მთელ ჩემს სულს და გულს ვაქსოვ (საბედნიეროდ, ბევრი ტექსტი მაქვს მეცნიერულად შესწავლილი). ჩემი კოლეგები სხვა ავტორებს იკვლევენ და, ეჭვი არ მეპარება, ამ ტექსტების შეყვარებას ცდილობენ სტუდენტთათვის. არ აჯობებს, სტუდენტმა სიყვარულით გამთბარი ლექციები მოისმინოს და სემინარებზე იდავოს ლექტორთან, მათაც ისეთივე გრძნობები აღეძრათ თუ არა? წარმოიდგინეთ, რა სახალისო და საინტერესო იქნება სემინარები, ლექციები კი ყველასთვის მრავლისმომცემი.
- (სტუდ.) ცოტა უტოპიურად მეჩვენება ამის ჩვენთან განხორციელება.
- (I პროფ.) დამერწმუნეთ, აქაც განხორციელებადია. მე და ნესტანი ხომ ერთად ვატარებთ ლექციებს,13 ზოგჯერ ერთმანეთს არ ვეთანხმებით, მაგრამ ერთიმეორეს გულისყურით ვუსმენთ და სტუდენტებთან ერთად ვარჩევთ ყველა არგუმენტსა და კონტრარგუმენტს. თანაც, ასეთი ლექციების დროს ერთმანეთისგან ძალიან ბევრს ვსწავლობთ.
- (მე) მე ხშირად ვინიშნავ თქვენს აზრებს, ასევე სტუდენტთა საინტერესო მიგნებებს, რომ მომავალში გამოვიყენო (ხომ მაძლევთ უფლებას?) და თქვენც ხშირად იწერთ ხოლმე ჩემს მოსაზრებებს.
- (I პროფ.) ასე ორივენი ვიზრდებით და სტუდენტებისთვისაც ჩვენი ლექციები მოსაწყენი არ უნდა იყოს.
- (მე) მოსაწყენი როგორ იქნება, ჩვენ ხომ ე. წ. slow reading-ის მეთოდს ვიყენებთ.
- (სტუდ. და მოსწ. ერთ ხმაში ყვირიან) და რაში გინდათ, რომ დაგვარწმუნოთ, სლოწ რეადინგ14 არაა მოსაწყენი?
- (I პროფ.) ჩვენ ნელა კი არა, გულდასმით ვკითხულობთ. ვარჩევთ ყველა ნიუანსს, ვცდილობთ, არაფერი გამოვტოვოთ, რადგან ზოგჯერ ის, რაც უმნიშვნელოდ შეიძლება მოგვეჩვენოს, ღერძად გადაიქცევა ხოლმე. ანტიკურ ეპოქაში აღწერილ სიტუაციებს თანამედროვეობას ვუდარებთ, ხანდახან თავადაც გვიკვირს, ისეთ რაღაცას აღმოვაჩენთ.
- (ქართვ. პროფ.) ისტორია მეორდება...
- (I პროფ.) მარტო მაგას არ ვგულისხმობ. არსებობს წიგნი, ვარ მე. რამდენჯერაც არ მივუბრუნდები დიად წიგნებს, ყოველი ახალი წაკითხვისას მიკვირს, რომ წინა ჯერზე ვერ დავინახე, გამომრჩა რაღაც. რამდენი სტუდენტისთვის მისწავლებია და საოცარია, ყველა ჯგუფთან სხვადასხვანაირად მიხდება ტექსტის კითხვა.
- (მე) ამ სემესტრში თუკიდიდეს გავდიოდით. იცით, რომ თანამედროვეობასთან შედარების თვალსაზრისით მართლაც არაჩვეულებრივი მასალაა. თუნდაც კორინთოელთა მიერ წარმოთქმული სიტყვა (როდესაც ისინი ათენსა და სპარტას ახასიათებენ15 ) ისე კარგად ესმით ახალგაზრდებს და, როგორც წესი, ქართულ-აფხაზურ ურთიერთობას ადარებენ, ათენსა და სპარტას კი აშშ-სა და რუსეთს. ამას ხომ არც ერთი ამერიკელი სტუდენტი არ გააკეთებს?
- (II პროფ.) საინტერესოა. კიდევ რამე ხომ არ გაგახსენდება?
- (მე) კიდევ? კიდევ, როდესაც პერიკლეს ცნობილ სიტყვას16 გულდასმით ვკითხულობდით, ერთ სტუდენტს ასეთი შეკითხვა დაებადა: ამერიკის იმ უნივერსიტეტში, სადაც ჩვენი პრეზიდენტი სწავლობდა, სასწავლო სავალდებულო პროგრამაში თუკიდიდე თუა შეტანილიო.
- (II პროფ.) არაჩვეულებრივი მიგნებაა.
- (სტუდ.) როგორ, მართლა ასეა?
- (I პროფ.) პასუხი დადებითია. ხომ ხედავთ, საუკუნეების წინ დაწერილი წიგნებიდან, რომლებიც თითქოს უნდა გაცვეთილიყვნენ დროში, ხან რა წამოიწევს წინა პლანზე და ხანაც რა წამოტივტივდება. ზოგჯერ ფიქრობ, თითქმის ოცდაათი საუკუნის წინ დაწერილი ნაწარმოები როგორაა ასე თანამედროვე. და კიდევ, როგორ გვეხმარებიან ეს დიადი წიგნები, უკეთესობისაკენ შევცვალოთ ჩვენი ცხოვრება, ჩვენი ქვეყნის მომავალი.
- (სტუდ.) გისმენთ და თითქოს რაღაც გავიგე კიდეც. შემიძლია ასეთი შეკითხვა დავსვა: ლიბერალური განათლება სპეციალიზაციას უპირისპირდება?
- (II პროფ.) თუკი ცნება „დაპირისპირებაში” ნეგატიურ აზრს არ ჩავდებთ, მაშინ, რა თქმა უნდა. განათლების ეს ორი სახეობა არ ებრძვის ერთმანეთს, მათ შეუძლიათ თანაარსებობა, ჯანსაღი კონკურენციაც კი. ერთნი (sc.ახალგაზრდები) თავიანთ მომავალს ზუსტად განსაზღვრავენ სკოლის დამთავრებისთანავე, თავიდანვე ირჩევენ სპეციალობას და მალევე შეუდგებიან ხოლმე მიზნისკენ მიმავალ გზას, მეორენი კი მოცდას და ფართო ცოდნის სრულყოფას ამჯობინებენ. წაგებული არც ერთი არაა. დროს ფუჭად არც ერთი არ კარგავს.
- (მოსწ.) მეორე გზა მხოლოდ ჰუმანიტარულ განათლებას გულისხმობს?
- (II პროფ.) იცი, როგორი სახით თქვი „ჰუმანიტარული განათლება”, თითქოს ამაზე უსარგებლო ქვეყანაზე არაფერი იყოს. მახსოვს, ერთ შეკრებაზე რა კარგად თქვა პროფესორმა გია ნოდიამ: ჩვენთან, საქართველოში, მიიჩნევენ, რომ ჰუმანიტარული განათლება ქალებისთვისაა ზედგამოჭრილიო. სხვა თუ არაფერი, გათხოვდებიან და კარგი დედები იქნებიან, შვილებს მაინც წესიერად გაზრდიანო.
- (ქართ. პროფ.) მართლაც, დაკვირვებული ვარ, რომ ჰუმანიტარულ ფაკულტეტებზე გოგონათა რიცხვი ბევრად აღემატება ვაჟებისას.
- (I პროფ.) მე კიდევ გაოცებული ვარ, რომ ჩემს ლექციებზეც გოგონები ყოველთვის მეტნი არიან. ნახავთ, რამდენიმე წელიწადში საქართველოში ეს როგორც შემობრუნდება...
- (მოსწ.) ამ საკითხზე ჩემი მოსაზრება მაქვს.
- (I პროფ.) იცი, ძველ ბერძნებს ძალიან ბევრი სიტყვათთამაში აქვთ, აქედან ერთი ჩემი უსაყვარლესია: ლოგოსისა და ლაგოსის შესახებ. პირველი ითარგმნება როგორც „სიტყვა”, მეორე კი „კურდღელია”. ამიტომაც, თუკი დროულად არ შევწყვეტთ, ლოგოსი მალე ლაგოსად იქცევა და გაგვექცევა, თანაც ისე, რომ ხელში არაფერი შეგვრჩება.
ერთს დავამატებ: როდესაც საქართველოში „თავისუფალი განათლების” პრეზენტაციას ვაკეთებ, ჩემს სიტყვას ასე ვიწყებ: ჩარლზ დიკენსის ერთ-ერთ ნაწარმოებს „დიდი იმედები” ჰქვია. მე ეს ხანა, ე. წ. დიდი იმედების ხანა მაშინ დამიდგა, როდესაც უნივერსიტეტში უნდა ჩამებარებინა. ესაა დრო, როდესაც ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას იღებ ცხოვრებაში, ამ გადაწყვეტილებამ შეიძლება ბედნიერიც გაგხადოს და, სამწუხაროდ, შეიძლება დაგღუპოს კიდეც. გაიხსენეთ ლევ ტოლსტოის მოთხრობის გმირი. როდესაც ივან ილიჩი სასიკვდილო სარეცელზე წევს, იგი უმწარეს ჭეშმარიტებას ხვდება: მთელი მისი ცხოვრება არასწორი იყო.
როდის იღებს ადამიანი უმთავრეს გადაწყვეტილებებს? დაბადებისას? არა. ადამიანი თავად არ ირჩევს იმ ოჯახს, რომელსაც ამქვეყნად მოვლინებით აბედნიერებს. არავის ძალუძს თავისი ნებით აირჩიოს მშობელი დედა და მამა. არც ხუთი-ექვსი წლის ასაკში გვეკითხება არავინ, რომელ დაწყებით სკოლას ავირჩევდით ან ვის ვისურვებდით მასწავლებლად. არადა, რა დიდი მნიშვნელობა აქვს ყველაფერ ამას ადამიანის მომავლის განსაზღვრაში.
მაგრამ, რაც არ უნდა ცუდად წარიმართოს ყველაფერი, როგორ ოჯახშიც არ უნდა ვიზრდებოდეთ, როგორ სკოლასაც არ უნდა ვამთავრებდეთ, ცხოვრება ერთ შანსს გვიტოვებს. და, აი, ეს შანსი ჩვენ უნდა გამოვიყენოთ, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ის უმთავრესი არჩევანი, ცხოვრების ხაზის არჩევასაც რომ ეძახიან. არავის ვუსურვებ, რომ შეცდეს ასეთ გადამწყვეტ ეტაპზე. არავის ვუსურვებ, ცხოვრების მსვლელობამ აჩვენოს, რომ ეს შანსი ვერ გამოიყენა, ცხოვრების ხაზი სხვაგვარად, არასწორად წარმართა. ზოგიერთი წარუმატებელი ახერხებს თავის ცხოვრებაში კორექციის შეტანას, მაგრამ ბევრი - ვერა და ისინი თავს ზედმეტად გრძნობენ. ყველას უნდა შეეძლოს, რომ „მოერგოს”, თავისი ცოდნით ,,გაძვრეს” ცხოვრების ურთულეს ლაბირინთებში.
ამ სიტყვას იმიტომ ვეუბნები ახალგაზრდებს, რომ არ მინდა არჩევანის გაკეთებისას შეცდნენ.
თქვენც მიმოიხედეთ გარშემო და დარწმუნდებით, რამდენი ივან ილიჩია თქვენს გარშემო, განსაკუთრებით კი ამას საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები დაგანახვებდათ: უფუნქციოდ დარჩენილი ადამიანები, რომელთაც თავის დროზე არასწორი განათლება მიიღეს და დღეს არ იციან, რა იღონონ. იმაზეც დაფიქრდით, როგორია გოგონათა (საკლასო ოთახებში) და ვაჟიშვილთა (სასწავლო დაწესებულებების კორპუსების გარეთ) თანაფარდობა და მიხვდებით, რომ ბევრი მათგანიც მომავალი ივან ილიჩია. ამ ახალგაზრდებმა, ვისაც მე მივმართავ, სწორი განათლებით არა მარტო თავიანთი მომავალი, არამედ ქვეყნის მომავალიც სასიკეთოდ უნდა შეცვალონ. ხომ ყველას გსურთ ეს?
მეტს მეც არაფერს ვიტყვი და ამით დავასრულებ კიდეც წერილს, თორემ ლაგოსად გადაქცეული ლოგოსი ჩვენც გაგვექცევა.
ამ დიალოგის გმირები არც არსებობენ და არც არარსებობენ, აქ აღწერილი მათი საუბარიც ნაწილობრივ გამოგონილია, თუმცა არ მოგატყუებთ და გაგიმხელთ, რომ ცალკეული ნაწილები სხვადასხვა დროს სხვადასხვა ადგილას მართლაც მომისმენია
____________________
1. „გუშინ” პირობითი ცნებაა. ამ სიტყვას იყენებს პლატონი „სახელმწიფოს” პირველსავე წინადადებაში, რომელიც დიალოგის ფორმითაა დაწერილი. ბოდიშს ვუხდი ყველა მკითხველს, ვინც ამბიციურობაში ჩამითვლის წერილის ასეთ ფორმას.
2. იგულისხმება „The Great Books“, ანუ ის ტექსტები და ავტორები, რომლებიც საუკუნეთა მანძილზე არ „გაცვეთილა”. ეს ავტორები სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ეპოქიდან ეხმიანებოდნენ ერთიმეორეს, მათ მიერ დასმულ საკითხებს და თავიანთი ტექსტებით ცდილობდნენ, პასუხი გაეცათ ერთმანეთისთვის.
3. ცნობილი რომაული გამონათქვამი - „Verba volant, scripta manent“ ქართულად ასე ითარგმნება: „სიტყვები გაფრინდება, ნაწერები რჩება”.
4. პლატონი გვიამბობს („სახელმწიფო”, I, 327c,) რომ ერთ-ერთ ქალაქში საზეიმო მსვლელობის სანახავად ჩასულ სოკრატეს ახალგაზრდები შეყოვნებას სთხოვენ. ფილოსოფოსს სახლში დაბრუნება ეჩქარება და ამიტომაც ცდილობს bსნას, თუ რატომ ვერ გაჩერდება მათთან. იგი ამბობს, რომ შეძლებს დარწმუნებას, რაზედაც ახალგაზრდა პოლემარქოსი მიუგებს, რომ გამორიცხულია ვინმეს დარწმუნება რაიმეში, თუკი ეს უკანასკნელი საუბარს არ მოისმენს.
5. იგულისხმება პლატონის „სოკრატეს აპოლოგია”, VI, 26d.
6. სამწუხაროდ, დღეს „კარგი” ბევრს ჰგონია საშუალო. მასზე მეტის აღსანიშნავად კი შემდეგი ეპითეტები გამოიყენება: „არაჩვეულებრივი”, „არნახული”, „ბრწყინვალე” და სხვ. ალბათ, ბევრი დღეს თავის შეკავების გამოხატვად მიიჩნევს ამ უძველეს სიტყვას. ბიბლიაში კი ღმერთის შემოქმედება ამ ერთი სიტყვით ფასდება.
7. მაგალითად მოვიტანდი ასეთ ფაქტს: ანტიკური ლიტერატურის ისტორიას სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები სწავლობენ. ვინაიდან ისინი არ ფლობენ კლასიკურ ენებს, ნაწარმოებებს თარგმანით ეცნობიან. ზოგიერთ (დასანანია, რომ უმეტესწილად) თარგმანს არ ახლავს მთარგმნელის კომენტარები.
როდესაც ვასწავლი ჰომეროსის „ოდისეას”, ოდისევსისა და კიკლოპის შეხვედრის ეპიზოდში იმის ახსნა მიხდება, თუ რა ორაზროვნება იმალება სახელში „არავინ”, რომელსაც მთავარი გმირი ირქმევს დროებით. ძველ ბერძნულ „უტისს” ხომ სიტყვა „მეტისი” შეესაბამება, ამის გაგება კი დიდ ძალისხმევას მოითხოვს ენის არცოდნის შემთხვევაში.
ასეთივე სირთულეს წავაწყდი სხვა ავტორების შესწავლისასაც, მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. ამიტომაც აუცილებლად მივიჩნევ ენის ცოდნას, თუნდაც ელემენტარულ დონეზე, თუკი გვინდა შედეგი: სტუდენტმა მართლა კარგად გაიგოს ტექსტი.
8. იგულისხმება „Liberal Arts College“-ების ქსელი. მათი რიცხვი აშშ-ში ძალზე ბევრია, თუმცა, როგორც ყველგან, ძალიან კარგი კოლეჯები ცოტაა. საერთოდ, უნდა აღვნიშნო, რომ ტერმინი ეფუძნება ლათინურ „Septem artes liberales“-ს. ეს იყო ე.წ. „შვიდი თავისუფალი ხელოვნება”, რომლებიც თავის მხრივ ტრივიუმად (სამი გზა) - გრამატიკა, მჭევრმეტყველება, დიალექტიკა - და კვადრივიუმად - არითმეტიკა, გეომეტრია, ასტრონომია, მუსიკა - იყოფოდა. აღორძინების ხანაში ეს იყო იმ ძირითად საგანთა ნუსხა, რომელსაც უნივერსიტეტების მოსამზადებელი ფაკულტეტები სთავაზობდა მსმენელს. თანდათან ამ სახის განათლება ელიტურ განათლებად იქცა, რომელიც შემდგომში „კლასიკურმა განათლებამ” შეცვალა.
თუმცა მოგვიანებით „კლასიკურ განათლებასაც“ დაუპირისპირდა ე.წ. „რეალური განათლება”. დღეს პირვანდელი სახით არც ერთი განათლების ტიპი აღარ არსებობს. „თავისუფალი განათლების” უპირატესობა ისაა, რომ უნივერსიტეტში ამ მეთოდით ოთხწლიანი სწავლის შემდეგ არჩევნის გაკეთება უფრო ადვილი ხდება.
9. უილიამს კოლეჯი უილიამსთაუნშია, მასაჩუსეთსის შტატში. მას ორასწლიანი ისტორია აქვს.
10. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, რომ ჯეიმს მედისონ კოლეჯი მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყველაზე ღირსეული ნაწილია.
11. ამ პროგრამას (რამდენიმე ქართველი ლექტორის ვიზიტს) აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებით ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი და მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტი ახორციელებდნენ. ძალიან ბევრი რამ გავიგე ასევე იმ კონფერენციაზე, რომელსაც ამავე პროგრამის ფარგლებში ვესწრებოდი და რომელიც ჩიკაგოს უნივერსიტეტში (ერთ-ერთი საუკეთესო ლიბერალური განათლების კუთხით) ჩატარდა.
12. ხანდახან ვფიქრობ, რომ გაივლის წლები და ლიტერატურის ისტორიის მოსმენილი კურსიდან ბევრი არც არაფერი ემახსოვრება სტუდენტს. როგორ ისწავლება ლიტერატურის ისტორია - ავტორთა ჩამონათვალი, მათი ნაწარმოებების სია, მოკლე შინაარსები (რადგან ტექსტების წაკითხვას ძირითადი ნაწილი ვერ ასწრებს), ისტორიის ერთი გრძელი ხაზი N საუკუნიდან დღევანდელობამდე. ხომ არ აჯობებდა, გვესწავლებინა საკითხი, მაგ. ქალი და მამაკაცი, ომი და მშვიდობა, ღმერთების კრიზისი და ა.შ. და ამ საკითხებთან მისადაგებული შესაბამისი ლიტერატურული ტექსტები. საკითხის „ქალი და მამაკაცი” შესწავლისას ავიღებდი ევრიპიდეს „მედეას” (და არამარტო ამ ტექსტს), სტუდენტები ორ ჯგუფად დაიყოფოდნენ და იკამათებდნენ „ჰო”-ს და „არა”-ს პოზიციიდან, ყველა შეეცდებოდა ჯერ დაეცვა მედეა, შემდეგ კი - იასონი.
ამგვარი კურსის გავლის შედეგად სტუდენტებს მეტყველებაც დაეხვეწებოდათ ა მსჯელობის უნარსაც შეიძენდნენ.
13. 2005 წლის ზაფხულში, 2006 წლის მეორე სემესტრში უკვე ჩავატარეთ თსუ-ში ლექციები ამ მეთოდით. დაგეგმილია ზაფხულისა და შემოდგომის კურსებიც, რომელსაც, ისევე როგორც წინა კურსებს, ბრედლის ფონდი აფინანსებს. ამჯერად ჩვენ ვასწავლით ჰომეროსს, არისტოფანეს, პლატონსა და არისტოტელეს. შემოდგომაზე პროფესორი გია ნოდია წაიკითხავს ლექციებს მაკიაველიდან ნიცშემდე. უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ ჩვენს საიტზე: agile-tbs.org
14. slow reading სიტყვასიტყვით ითარგმნება, როგორც „ნელა კითხვა”.
15. თუკიდიდე, პელოპონესოსის ომის ისტორია, I, 68-72.
16. id. II, 35-42.