![]() |
ომისშემდგომი გამოწვევები და პერსპექტივები |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
თემატური კატალოგი საზოგადოებრივი მეცნიერებები|სოციოლოგია |
საავტორო უფლებები: © დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბი |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბი საქართველო-2009 2010 წლის აპრილისთვის დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის წევრები არიან: ზურაბ აბაშიძე მამუკა არეშიძე არჩილ გეგეშიძე მერაბ კაკულია კახა კაციტაძე იაგო კაჭკაჭიშვილი ვლადიმერ პაპავა რამაზ საყვარელიძე ირაკლი სესიაშვილი ლაშა ტუღუში ზაზა ფირალიშვილი ზაქარია ქუცნაშვილი ზაზა შათირიშვილი თამარ ჩიქოვანი სოსო ცისკარიშვილი გიორგი ხუციშვილი გია ხუხაშვილი თედო ჯაფარიძე თბილისი, 2010 |
![]() |
1 * * * |
▲ზევით დაბრუნება |
დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის შესახებ
დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბი დაფუძნებულია 2008 წლის 15 ოქტომბერს.
კლუბი აერთიანებს პოლიტიკის, ეკონომიკის, სამართლის, სოციალური სფეროს, უსაფრთხოების, სამხედრო საქმის, კონფლიქტოლოგიის, დემოკრატიული პროცესების და ქვეყნისთვის სხვა აქტუალური საკითხების ანალიზში სისტემატურად ჩართული დამოუკიდებელი ექსპერტების ძალისხმევას.
კლუბის ძირითადი მიზანია აქტიურად ჩაერთოს საქართველოში და მიმდინარე მოვლენების შეფასებათა პროცესში, გახადოს იგი საჯარო და მასში თანამონაწილეობის შესაძლებლობა მისცეს დაინტერესებულ საზოგადოებას, შეეცადოს არსებული ინტელექტუალური პოტენციალის (მათ შორის საერთაშორისო პოტენციალის) კონცენტრაციას, ოპტიმალური გამოსავლის ძიებისათვის ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად. აგრეთვე, ამ მიზნით, დიალოგის ინიცირება შესაბამის სამთავრობო და საერთაშორისო სტრუქტურებთან, საზღვარგარეთელ კოლეგებთან.
დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის წესდების თანახმად, პოლიტიკური პარტიის წევრი და სახელმწიფო მოხელე ვერ გახდება კლუბის წევრი.
![]() |
2 წინასიტყვაობა |
▲ზევით დაბრუნება |
ზუსტად ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბმაგამოაქვეყნა თავისი წევრების ნაშრომთა პირველი კრებული - „2008 წლის კრიზისი საქართველოში - წინაპირობა, რეალობა, პერსპექტივა“.
მან მოსალოდნელზე მეტი ინტერესი გამოიწვია ქართულ საზოგადოებაში და საზღვარგარეთელ კოლეგათა შორის, რამაც სტიმული მოგვცა, რომ ასეთი კრებულით ყოველ მომდევნო წელსაც გვეცადა ჩვენი ქვეყნის ავ-კარგის შეფასება.
იმთავითვე, ძნელად პროგნოზირებადი არ ყოფილა, რომ ომისშემდგომი 2009 წელი ახალი სირთულეების, საფრთხეების და გამოწვევების წინაშე დააყენებდა ქართულ სახელმწიფოს.
როგორ განვლო საქართველომ 2009 წელი, რა დასკვნები გამოიტანა ან ვერ გამოიტანა მან რუსეთთან ომის შემდეგ, რა შეიცვალა ან არ შეიცვალა ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებში, საზოგადოების და ხელისუფლების ურთიერთობაში, მათ მიერ რეალობის აღქმასა და პერსპექტივის ხედვაში?
სწორედ ასეთ და სხვა მსგავს კითხვებზე პასუხების ძიების მცდელობაა თქვენ სამსჯავროზე გამოტანილი - დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის ორიგინალურ ნაშრომთა წინამდებარე კრებული „საქართველო - 2009. ომისშემდგომი გამოწვევები და პერსპექტივები“.
კრებულის თემატიკის მრავალფეროვნება გამოწვეულია მის ავტორთა განსხვავებულ პროფესიულ ინტერესთა ფართო სპექტრით. მკითხველს საშუალება ეძლევა, გაეცნოს ფილოსოფოსის, სოციოლოგის, ფსიქოლოგის, დიპლომატის, იურისტის, ეკონომისტის, ფინანსისტის, ჟურნალისტის, კონფლიქტოლოგის, კავკასიოლოგის, პოლიტოლოგის მიერ დანახულ და შეფასებულ დღევანდელ საქართველოს.
კრებულში თავმოყრილ სტატიათა უმრავლესობის ავტორთა ნააზრევი წარმოადგენს 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად საქართველოში, აგრეთვე რუსეთთან მის ორმხრივ ურთიერთობაში განვითარებული და პროგნოზირებადი პროცესების შეფასებას.
თანაკლუბელი კოლეგების ნაშრომების გაცნობამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ მთავარი მიზეზი ომისშემდგომი ახალი საფრთხეებისა და უპასუხოდ დარჩენილი ახალი გამოწვევებისა იგივეა, რაც წინა წლებში და ამ მიზეზს სახელად ჰქვია:
![]() |
3 ქართულ/რუსული პოლიტპათოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
როდესაც XXI საუკუნეში, გლობალიზაციის პროცესით თავმომწონე პლანეტაზე, ორი მეზობელი სახელმწიფო, ორმხრივ ურთიერთობაში არსებული კონფლიქტის გადაჭრის საშუალებად ვერაფერს შესთავაზებს ცივილიზებულ სამყაროს გარდა ომისა, ვერც ერთი მათგანი ვეღარ დაიტრაბახებს ცივილიზებულობით ან საკუთარი საგარეო პოლიტიკის ადექვატურობით.
ისეთი კაცთმოძულე ქმედებების დაგეგმვას, განხორციელებას და გამართლებას, რომელსაც ეწოდება ომი, სახელმწიფოს „პოლიტიკა“ ვეღარ ვუწოდებთ. დროა, განსხვავებული განმარტება მოვუძებნოთ ბოროტებისთვის მზაობის ასეთ დაუფარავ გამოვლენას და მის აღსაწერად დავამკვიდროთ შესაფერისი ტერმინი - „პოლიტპათოლოგია“.
არსებობს მოსაზრება (ვფიქრობ, პრიმიტიული), რომ ზოგიერთ ხელისუფალთა პირადი პრობლემების კომპლექსი, რომლის გადაჭრა დროულად არ მოხდა, სახელმწიფოებრივ პრობლემებად ტრანსფორმირდა და თანდათან, მდუმარე მსოფლიოს თვალწინ, სიძულვილზე დაფუძნებულ პოლიტპათოლოგიად ჩამოყალიბდა, მათ შორის, ქართულ და რუსულ სახელმწიფოთა ორმხრივ ურთიერთობებში.
დღევანდელი ქართულ/რუსული პოლიტპათოლოგიისთვის დამახასიათებელი ურთიერთზიზღის გამოვლინებები აღარ თავსდება თანამედროვე პოლიტდიაგნოსტიკისთვის ხელმისაწვდომ ტექნოლოგიებში.
სამწუხაროა, რომ ქართული ხელისუფლების მიერ საკუთარი მოსახლეობისთვის შეთავაზებული ცხოვრების წესის, ისევე როგორც ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის მთავარი ორიენტირი გახდა რუსოფობია (ისევე, როგორც რუსული ხელისუფლებისთვის - გრუზინოფობია).
კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ ქართულ ხელისუფლებას ასეთი კურსის გამყარებისთვის მოტივაციას ახალ-ახალი არგუმენტებით სისტემატურად უძლიერებს რუსული ხელისუფლების პოლიტპათოლოგია (რუსულ ხელისუფლებას კი ქართველი კოლეგა - პოლიტპათოლოგები).
დავამ იმის თაობაზე, თუ ხელისუფალთა რომელი მხარეა ინიციატორი და რომელი - ჩათრეული ამ დაპირისპირებაში, უკვე ისეთივე არაპროდუქტიული ხასიათი მიიღო, როგორც ქათმისა და კვერცხის გაჩენის თანამიმდევრობაზე მუდმივად მიმდინარე კამათმა.
ქართული ანდაზა ამბობს „ურემი რომ გადაბრუნდება, გზა მერე გამოჩნდებაო“. პოლიტპათოლოგიური ხელისუფლება, რომელიც ურმის გადაბრუნების შემდეგაც ვერ ხედავს ქვეყნის პოზიტიური პერსპექტივისთვის მისაღებ გზას, იმასღა ახერხებს, რომ გამარჯვების ყიჟინა დასცეს - „ჩვენი ურემი ხომ უფრო ლამაზად გადაყირავდაო“!
ასეთი აბსოლუტურად იდენტური ყიჟინი კიდევ ერთხელ, რასაკვირველია ერთდროულად, გაისმა თბილისში და მოსკოვში, როდესაც გამოქვეყნდა ევროკავშირის მიერ შექმნილი კომისიის დასკვნა 2008 წლის აგვისტოს ომის მიზეზების და შედეგების შესახებ. დოკუმენტი, რომელიც საკმაოდ კრიტიკულია ორივე ქვეყნის ხელისუფალთა მოქმედების შეფასებებში, ორივე დედაქალაქში მყისიერად მოინათლა, როგორც „ჩვენი ქვეყნის დიპლომატიის დიდი გამარჯვება“. ქართულ/რუსული პოლიტპათოლოგიის კიდევ ერთი საერთო საფუძველია ორივე ქვეყნის დღევანდელ ხელისუფლებათა ანალოგიური ხედვა, რომლის მიხედვით, საკუთარი თავი მათ სახელმწიფოსა და სამშობლოს სინონიმებად მიაჩნიათ, რის გამოც, კრიტიკა მათი მისამართით კვალიფიცირდება ლამის სამშობლოს მტრების მიერ სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად. მოსახლეობაში ამ აზრის დასამკვიდრებლად კი ხდება ერთი და იგივე ხერხებით მონოპოლიზირებული ეროვნული მედიასივრცის გამოყენება.
ასეთი ვითარება, ცხადია, დამატებით საფრთხეს უქმნის უამრავი ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს ყველა ქვეყანაში, მითუმეტეს იქ, სადაც ხელისუფლება დაჯილდოვებულია გენეტიკური ნიჭით - ჯერ გაისროლოს და მერე დაიწყოს დამიზნება.
საერთაშორისო საზოგადოებისთვის დიდი ხანია საიდუმლოს აღარ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ქართულ/რუსული პოლიტპათოლოგიის შემოქმედთათვის არსებობს ერთი საერთო დაუძინებელი მტერი. ეს გახლავთ - ჭირვეული ქალბატონი, სახელად დემოკრატია!
აცნობიერებენ რა დემოკრატიის, როგორც ცხოვრების წესის პოპულარობას ცივილიზებულ სამყაროში, ორივე ქვეყნის პოლიტპათოლოგები მცდელობას არ აკლებენ, რომ საკუთარი ფავორიტი - „გათავხედებული ავტორიტარიზმი“, ლამაზად შეფუთონ „მოდელირებული დემოკრატიის“ სამოსში და დემპინგურ ფასებში გაასაღონ დასავლეთის მიამიტთა ბაზარზე.
თუ დემოკრატიას განვიხილავთ, როგორც მთავარ საფრთხეს საქართველოს და რუსეთის დღევანდელ ხელისუფალთათვის და იგივე დემოკრატიას შევაფასებთ, როგორც შესაძლო წინაპირობას ქართულ/რუსული მრავალწლიანი კონფლიქტის დარეგულირებისა, დავრწმუნდებით, რომ ამ ორი ქვეყნის მშვიდობიანი კეთილმეზობლობისკენ მიმავალი ყველაზე სანდო გზა გადის მათი რეალური დემოკრატიულობის პერსპექტივაზე.
თუ შევეცდებით განვასხვავოთ ერთმანეთისგან ავტორიტარიზმი - როგორც ხელისუფლების დროებითი ინსტრუმენტი მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი მიზნის მისაღწევად და ავტორიტარიზმი - როგორც ხელისუფლების მუდმივი ინსტრუმენტი საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის, დავრწმუნდებით, რომ ქართულ/რუსული პოლიტპათოლოგია ემყარება ავტორიტარიზმის მეორე ტიპს, რომელსაც, პრაქტიკულად, არაფერი აქვს საერთო სახელმწიფო ინტერესების პრიორიტეტულობასთან.
დღეისათვის კი ცხადია, რომ ორივე მხარე ომის შემდეგ ერთმანეთთან ურთიერთობებში შექმნილ ჩიხურ ვითარებას ოსტატურად იყენებს საკუთარი ძალაუფლების განსამტკიცებლად და შეგნებულად ზრდის უფსკრულს მეზობელ ერებს შორის.
აქვს თუ არა ტოტალიტარიზმისკენ მზერამიპყრობილი ავტორიტარიზმიდან რეალური დემოკრატიისკენ მარდი შემობრუნების პოტენციალი ერთმანეთთან ნაომარ და არშერიგებულ ქართულ და რუსულ ხელისუფლებას? ან იქნებ მხოლოდ მათი შეცვლის შემდეგ არის შესაძლებელი პოზიტიური პერსპექტივის წარმოჩენა ორმხრივ ურთიერთობებში?
ამ კითხვებზე დამაჯერებელი პასუხების გაცემა თავად აგვისტოს ომის თანაავტორებს უკეთ ხელეწიფებათ, ოღონდ არა უკვე ტრადიციად დამკვიდრებული, ურთიერთშეურაცხმყოფელი ფრაზებით, არამედ რეალური მზაობით კონკრეტული ნაბიჯების გადასადგმელად, როგორც საკუთარი, ასევე მათი წინამორბედების შეცდომების გამოსასწორებლად, საერთაშორისო სამართლებრივ ველში ღირსეულად დასაბრუნებლად.
მანამდე კი, ერთადერთი განსხვავება იკვეთება ზემოთაღწერილ ტყუპისცალ პოლიტპათოლოგიებს შორის: საკუთარი ზომისა და პოტენციალის სხვაობიდან გამომდინარე, ქართული პოლიტპათოლოგია წარმოადგენს რეგიონალურ საფრთხეს, რუსული პოლიტპათოლოგია კი პლანეტარული მასშტაბის საფრთხის შემცველია.
ასეთი მნიშვნელოვანი განსხვავებების საფუძველზე წარმოქმნილი გამოწვევების გაუთვალისწინებლობა კი, მხოლოდ იმ მაზოხისტ პოლიტპათოლოგთა მახასიათებელია, რომლებიც თავად არანაკლებ საფრთხეს წარმოადგენენ საკუთარი ქვეყნებისათვის.
სამწუხაროდ, დღესვე დაბეჯითებით შეიძლება იმის პროგნოზირება, რომ ქართულ/რუსული პოლიტპათოლოგია კვლავ დარჩება დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის მიერ მომავალ წელს გამოსაცემი ანალოგიური კრებულის ერთ-ერთ თემად.
2010 წლის დასაწყისი გვარწმუნებს, რომ ისიც დაგვამახსოვრებს თავს ახალი პოლიტპათოლოგიური არგუმენტებით და გამოწვევებით (მაგ. ქართველ „დამკვირვებელთა“ დესანტი უკრაინულ არჩევნებზე; ქართული ხელისუფლების მიერ პროგნოზირებული, შოკისმომგვრელი სატელევიზიო „მეორე რუსეთ-საქართველოს ომი“; ყველა დონის არჩევნების წინ ვირტუალურ „ამომრჩეველთა“ მუდმივი ზრდა, მკვიდრი მოსახლეობის ემიგრაციის რეკორდული მაჩვენებლების ფონზე და მრავალი სხვ.). რაც შეეხება რუსულ პოლიტპათოლოგიას, ვფიქრობ, მისი 2010 წლის თავისებურებათა აღწერაში ჩვენ რუს კოლეგებს ვერავინ შეედრება. ჩვენ კი იმის იმედი დავიტოვოთ, რომ რუსული პოლიტპათოლოგიის ერთი შემადგენელი მაინც დაიწყებს განკურნებას, რის შედეგადაც, რუსეთის დემოკრატიული პერსპექტივის გულშემატკივარ პატრიოტთა ხმა გასცდება www.grani.ru-ს ფარგლებს და რუსეთის ეროვნულ სატელევიზიო სივრცეშიც დაიმკვიდრებს ადგილს.
იგივეს, საკუთარ სამშობლოში, ვუსურვებდი წინამდებარე კრებულის ავტორ ქართველ კოლეგებსაც.
სოსო ცისკარიშვილი,
დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტი
![]() |
4 საქართველო-რუსეთის ომი: 18 თვის შემდეგ |
▲ზევით დაბრუნება |
ზურაბ აბაშიძე
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ 18 თვე, ანუ წელიწადნახევარი გავიდა. ეს საკმარისი პერიოდია, რათა ემოციები შეძლებისდაგვარად „გვერდზე გადავდოთ,“ ჩავატაროთ თავისებური ინვენტარიზაცია და შევეცადოთ, პასუხი გავცეთ კითხვებს:
- ვინ რა წააგო და რა მოიგო?
- როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები?
- რა დასკვნების გამოტანა შეიძლება ამ ომისგან?
I. აგვისტოს ომმა საქართველოს უდიდესი და მრავალმხრივი ზიანი მიაყენა. უპირველეს ყოვლისა, ომმა იმსხვერპლა მრავალი ადამიანის სიცოცხლე. ეს აუნაზღაურებელი დანაკარგია. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მრავალათასიან შემადგენლობას შეემატა ცხინვალის რეგიონიდან და კოდორიდან ეთნიკური წმენდის შედეგად გამოძევებული 50 ათასზე მეტი ლტოლვილი.
ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა გაურკვეველი და ბუნდოვანი პერსპექტივით გადაიდო; დავკარგეთ კონტროლი კოდორის ხეობაზე; მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა სამხედრო და, ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკურმა ინფრასტრუქტურამ; სერიოზულად დაზარალდა ქვეყნის საერთაშორისო იმიჯი, რაც უარყოფითად მოქმედებს უცხოურ ინვესტიციებზეც; შენელდა ან შეჩერდა ნატოში გაწევრიანების პროცესი.
ეს, ასე ვთქვათ, ომის ხელშესახები უარყოფითი მხარეებია. მაგრამ ვინ აწონა ისეთი ფაქტორების დამანგრეველი შედეგები, როგორიცაა საზოგადოების ფსიქოლოგიური მდგომარეობა, იმედების გაცრუება და სხვა?
- საქართველოსათვის დადებით გარემოებად შეიძლება ჩაითვალოს ქვეყანაში, და, კერძოდ, კონფლიქტების მოგვარების საქმეში, ევროკავშირის ჩართულობის მკვეთრი ზრდა. 2008 წლის სექტემბრიდან საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) ამოქმედებამ საქართველო, გარკვეულწილად, აქცია ევროკავშირის პროექტად. ამას ჩვენი ქვეყანა წლების მანძილზე ცდილობდა. თუმცა, რა თქმა უნდა, არა ამ ფასად.
აგვისტოს ომმა მნიშვნელოვნად დააჩქარა ევროკავშირის მიერ ახალი ფართომასშტაბიანი ინიციატივის - „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ შემუშავება.
საქართველოს (ასევე უკრაინას, მოლდოვას, ბელორუსიას, აზერბაიჯანსა და სომხეთს) ეს ინიციატივა ევროკავშირთან ფართო თანამშრომლობის უნიკალურ შანსს აძლევს.
ომმა ასევე ბიძგი მისცა 2009 წლის იანვარში საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტიის გაფორმებას. ეს, ალბათ, საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო დოკუმენტია.
ომის შემდეგ დასავლეთის მიერ საქართველოსათვის გამოყოფილმა ფინანსურმა დახმარებამ (დაახლოებით 3,5 მლრდ. დოლ.) მნიშვნელოვნად შეგვიჩერა გლობალური ეკონომიკური კრიზისის დამანგრეველი ტალღა, რასაც საქართველოს სამეზობლოსა და ბევრ სხვა ქვეყანაშიც დრამატული შედეგები მოჰყვა.
ფაქტია, რომ ომის შედეგად რუსეთმა მეტწილად მიაღწია თავის მიზნებს. კერძოდ, გასულ წლებში საქართველოდან თავისი სამხედრო ბაზების გაყვანის შემდეგ კრემლმა კვლავ აღიდგინა და გაიძლიერა კიდეც სამხედრო პოზიციები რეგიონში. მოსკოვის მიერ სოხუმისა და ცხინვალის რეჟიმებთან გაფორმებული ხელშეკრულებების შესაბამისად რუსეთის ჯარი უკვე „კანონიერად“ დგას აღნიშნულ რეგიონებში, ყველაზე ახლოს თბილისიდან 40 კილომეტრში, ხოლო სასიცოცხლო საავტომობილო მაგისტრალიდან - სულ რამდენიმე კილომეტრში.
რუსეთის სამხედრო ინტერვენციამ სერიოზული უთანხმოებები წარმოშვა ნატოს რიგებში საპასუხო რეაქციასთან დაკავშირებით. ესეც კრემლის წარმატებად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან ალიანსისა და ევროკავშირის რიგებში დისონანსის შეტანა იყო და არის მოსკოვის ერთ-ერთ სტრატეგიული ამოცანა. მოსკოვმა, გარკვეულწილად, შეარყია საქართველოს, როგორც სტაბილური ქვეყნის, იმიჯიც, რაც, კრემლის ანალიტიკოსების აზრით, მნიშვნელოვნად ზღუდავს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივას და მის ენერგეტიკულ სატრანზიტო ფუნქციას.
მართალია, დესტრუქციული გზით, მაგრამ რუსეთმა მაინც აღისრულა თავისი გეოპოლიტიკური ოცნება: 2008 წლის აგვისტოს შემდეგ კრემლის კაპრიზებს მსოფლიოში უფრო მეტ ანგარიშს უწევენ. როგორც ჩანს, მოსკოვში წლების მანძილზე ტყუილად არ ლაპარაკობდნენ მრავალპოლარული მსოფლიო წესრიგის შექმნის აუცილებლობაზე.
აგვისტოს ომი იყო მკაცრი გზავნილი ურჩი მეზობლებისადმი, უპირველეს ყოვლისა უკრაინისადმი: ჭკუით, თორემ თქვენც იგივე გელით!
სამხედრო აქცია ნაწილობრივ მოტივირებული იყო შიდაპოლიტიკური კონიუნქტურით და გამიზნული იყო ადგილობრივ მომხმარებლებზე - რუსეთის საზოგადოება/მოსახლეობაზე. ფაქტია, რომ პუტინი-მედვედევის ტანდემის ავტორიტეტი აგვისტოს ომის შემდეგ მნიშვნელოვნად გაძლიერდა.
- ყოველივე ეს მოსკოვს საკმაოდ ძვირად დაუჯდა. ომის შედეგად რუსეთი, ფაქტობრივად, საერთაშორისო იზოლაციაში აღმოჩნდა. გლობალური ამბიციების მქონე სახელმწიფოს მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას მხოლოდ ისეთი საერთაშორისო პრესტიჟის ქვეყნებმა დაუჭირეს მხარი, როგორიცაა ვენესუელა, ნიკარაგუა და ნაურუ.
სამხედრო ინტერვენციამ და შემდგომმა ნაბიჯებმა რუსეთი მსოფლიოს თვალში წარმოაჩინა აგრესიულ და რევიზიონისტულ დერჟავად, რომელსაც ანგარიშს უწევენ უმთავრესად იმიტომ, რომ მას აქვს უხეში ძალა და ენერგორესურსები. რუსეთის „რბილი ძალის“ მიმზიდველობის კოეფიციენტი უაღრესად დაბალია. ასეთი რეპუტაციით რუსეთის კონკურენტუნარიანობა ნანატრ მრავალპოლარულ მსოფლიოში დიდ ეჭვებს იწვევს.
ომმა და საქართველოს ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარებამ დამატებითი არასტაბილურობა შესძინა ისეთ მგრძნობიარე რეგიონს, როგორიცაა ჩრდილო კავკასია. თვით ამ რეგიონის ავტონომიური რეგიონების ხელმძღვანელები აღიარებენ, რომ ბოლო წელიწადნახევრის მანძილზე ძალადობის მკვეთრი ზრდა 2008 წლის აგვისტოს შედეგიცაა. თუმცა ამ ძალადობას მრავალი სხვა მიზეზიც აქვს. რუსეთის ძალისმიერი ქმედებით არც დსთ-ის ქვეყნები ჩანან იმდენად დათრგუნულნი, რომ უხმოდ დაემორჩილონ მოსკოვის დიქტაქტს. დღეისათვის მოსკოვს კვლავ რთული ურთიერთობები აქვს მეზობელი ქვეყნების უმრავლესობასთან.
მოსკოვმა ვერ განახორციელა საქართველოს ხელისუფლების ცვლილება; მომავალი სატრანზიტო ენერგეტიკული პროექტების მარშრუტებში საქართველოს მნიშვნელობა კვლავაც აქტუალურია, ისევე როგორც დასავლეთის დაინტერესება ჩვენი ქვეყნის მიმართ.
ისიც აღსანიშნავია, რომ რუსეთში მძიმე ეკონომიკური კრიზისის ერთ-ერთი კომპონენტი რუსულ-ქართული ომიც იყო.
ამერიკის შეერთებული შტატების ავტორიტეტს აგვისტოს ომმა სერიოზული ზარალი მიაყენა. გაირკვა, რომ ვაშინგტონს არ შესწევს ძალა კრიზისის პერიოდში დაიცვას პარტნიორი ქვეყანა და რეალური დახმარება აღმოუჩინოს მას აგრესიის მოსაგერიებლად. ყოფით დონეზე გაჩნდა იმის განცდა, რომ რუსეთმა მეტი უნარი გამოიჩინა ოსების დასაცავად, ვიდრე ქართველებისა-ამერიკელებმა. ასეთი განცდის შექმნას რუსებმა მაქსიმალურად შეუწყვეს ხელი. რად ღირს თუნდაც ფოთის პორტიდან ამერიკელი სამხედროებისათვის განკუთვნილი „ჰამერების“ რეკვიზიციის ფაქტი, რასაც რუსული ტელეარხები განსაკუთრებული სიამოვნებით აჩვენებდნენ.
იგივე შეიძლება ითქვას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსზე, რომლის ახალი წევრები აღმოსავლეთ ევროპიდან და ბალტიის რეგიონიდან სერიოზულად დაფიქრდნენ, თუ რაოდენ დაცულია მათი უსაფრთხოება ნატოს ფუძემდებლური დოკუმენტის - ვაშინგტონის ხელშეკრულების მე-5 პუნქტის შესაბამისად.
ბევრისათვის მოულოდნელად, აგვისტოს ომის პერიოდში და უშუალოდ ომის შემდეგ ევროპის კავშირმა გამოიჩინა მისთვის საკმაოდ უჩვეულო ოპერატიულობა და ეფექტურობა როგორც პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებაში, ასევე მათ განხორციელებაში. ნიკოლა სარკოზიმ, როგორც ევროკავშირის თავჯდომარე ქვეყნის პრეზიდენტმა, უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა აგვისტოს დრამატულ დღეებში, ხოლო სექტემბერში ევროკავშირმა სწრაფად მიიღო გადაწყვეტილება უპრეცედენტო სამშვიდობო ოპერაციის - ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) საქართველოში გაგზავნის შესახებ.
ამასთანავე, ფრიად მწვავე დისკუსიის საგნად იქცა ის გარემოება, რომ ევროკავშირმა, ისევე როგორც ნატომ, სწრაფადვე გადალახეს აგვისტოს აგრესიის სინდრომი და სულ რამდენიმე თვეში კვლავ დაუბრუნდნენ მოსკოვთან თანამშრომლობის ჩვეულ რეჟიმს. პესიმისტები მიიჩნევენ, რომ დასავლეთის ამგვარი მიმტევებლობა მოსკოვში მწვანე შუქად აღიქვეს, რაც ზრდის მომავალში ანალოგიური მოვლენების ალბათობას.
მოსკოვში ასევე ევროპის სისუსტედ აღიქვამენ ევროპის საბჭოში აგვისტოს ომთან დაკავშირებულ დებატებს, რომლებმაც ვერა და ვერ დაადგინეს, თუ რა ზომების მიღებაა საჭირო აგრესორის მიმართ. ასეთი ვითარება სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ამ ავტორიტეტული ორგანიზაციის პრესტიჟს და მომავალს.
საქართველოს მომავალი ბევრად იქნება დამოკიდებელი იმაზე, თუ რაოდენ პრინციპულად წარმართავენ აშშ, ნატო და ევროკავშირი რუსეთთან ურთიერთობას
და რამდენად მტკიცედ და უკომპრომისოდ დაიცავენ ისინი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებს.
ბოლო 10 წლის მანძილზე აზერბაიჯანის კეთილდღეობა და ეკონომიკური ურთიერთობა მნიშვნელოვნად იყო დაკავშირებული საქართველოს ტერიტორიის გავლით ენერგორესურსების ტრანზიტზე. აგვისტოს ომმა სერიოზულად შეუზღუდა ბაქოს მოსკოვთან მიმართებით მანევრირების საშუალებები და აიძულა იგი, ეფიქრა უფრო ლოიალურ ნაბიჯებზე. აზერბაიჯანისათვის სერიოზულ დილემად იქცა სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების დარეგულირების მცდელობები, რასაც ასევე აგვისტოს ომმა მისცა ძლიერი იმპულსი.
ეს ომი მტკივნეული დარტყმა აღმოჩნდა თურქეთისათვის, რადგან, ანკარის გადასახედიდან, მოსკოვის სამხედრო პოზიციების გაძლიერება უთუოდ გამოიწვევდა რეგიონში თურქეთის გავლენის შესუსტებას. ნაწილობრივ სწორედ ამით აიხსნება აგვისტოს ომის დამთავრებისთანავე ანკარის აქტიური კონტაქტები მოსკოვთან და კავკასიისათვის ახალი სამშვიდობო პლატფორმის შემუშავება, რომელშიც თურქეთსა და რუსეთს წამყვანი როლები განეკუთვნებათ.
თურქეთისათვის გარკვეულწილად იძულებითი ნაბიჯი გახლდათ სომხეთთან დიპლომატური ურთიერთობების აღდგენაც, რასაც მეტად უარყოფითი რეაქცია მოჰყვა აზერბაიჯანში.
ომმა კვლავ შეახსენა სომხეთს ის გარემოება, რომ გარე სამყაროსთან საქართველოს სატრანზიტო დერეფანი სერიოზული რისკის მატარებელია. ერევნის შემხვედრი ნაბიჯები ანკარის ინიციატივებზე ორმხრივი ურთიერთმოგვარების თვალსაზრისით სწორედ ამის გამოძახილია.
ამგვარად, აგვისტოს „პატარა“ ხუთდღიანმა ომმა მართლაც ტექტონური ცვლილებები გამოიწვია.
II. უშუალოდ აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოში მოვლენათა განვითარების რამდენიმე შესაძლო სცენარს განიხილავდნენ:
- ექსპერტთა ნაწილი არ გამორიცხავდა საქართველოს ხელისუფლების ძალადობრივი ცვლილების შესაძლებლობასა და თბილისში კრემლის მიერ შერჩეული პოლიტიკური ძალის მოსვლას, შედეგად საქართველოს რუსეთის გავლენის სფეროში დაბრუნებას. მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ 18 თვის მანძილზე აშკარად შეძლო მნიშვნელოვნად შეეტრიალებინა თავის სასარგებლოდ შიდაპოლიტიკური პროცესები. ამას ხელი შეუწყო დასავლეთის, უპირველეს ყოვლისა, აშშ-ის ცალსახა პოზიციამ საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის კუთხით.
გარდა ამისა, რაც აშკარად ანგარიშგასაწევია, საქართველოში არ არსებობს ისეთი პრორუსული პოლიტიკური ძალა, რომელიც სარგებლობს საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის მხარდაჭერით.
- მას შემდეგ, რაც მოსკოვმა სოხუმისა და ცხინვალის რეჟიმებთან გააფორმა ხელშეკრულებები უსაფრთხოების სფეროში, საქართველოში გაჩნდა გარკვეული მოლოდინი იმისა, რომ აშშ ნატოსგან დამოუკიდებლად აიღებდა პასუხისმგებლობას საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე, გააფორმებდა მასთან დაახლოებით ისეთივე შეთანხმებას, როგორიც ვაშინგტონს აქვს, ვთქვათ, ისრაელთან და ამგვარად საქართველოზე გავრცელდებოდა აშშ-ის უსაფრთხოების ქოლგა.
მაგრამ პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციის გადატვირთვის პოლიტიკა მოსკოვის მიმართ პრაქტიკულად გამორიცხავს ასეთ შესაძლებლობას. ნათელია, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობა უსაფრთხოების სფეროში განვითარდება 2009 წლის იანვარში გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტიის შესაბამისად, რაც, თავისთავად, ურთიერთქმედების მნიშვნელოვანი მექანიზმია.
- როგორც ჩანს, ევროპელი პარტნიორების ერთი ნაწილისათვის საკმაოდ მისაღები იქნება, თუკი საქართველო გარკვეულწილად გადახედავს ნატოში გაწევრიანებისაკენ მიმართულ თავის სტრატეგიულ კურსს, აქცენტს გააკეთებს „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ინიციატივის ფარგლებში ევროკავშირთან ურთიერთობების გაფართოებაზე, ასევე რეგიონალურ თანამშრომლობაზე. ამ პოლიტიკის ნაწილად მოიაზრებენ რუსეთთან ურთიერთობის, უპირველესად ეკონომიკური კავშირების, ნაბიჯ-ნაბიჯ აღდგენასა და პარალელურად, დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერით, საერთაშორისო ორგანიზაციების (უპირველესად ევროკავშირის) როლის გააქტიურებას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში.
ასეთი მიდგომა, ევროპელთა ერთი ნაწილის აზრით, საშუალებას მისცემდა საქართველოს, მოეგო დრო, რათა საკუთარი რესურსები და პარტნიორების დახმარება მიემართა ქვეყნის ეკონომიკურ გაძლიერებასა და დემოკრატიის სრულყოფაზე.
მაგრამ საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიმატად რჩება კატეგორიული მოთხოვნა, რომ უნდა მოხდეს სარკოზი-სააკაშვილი-მედვედევის შეთანხმების ყველა პუნქტის შესრულება, განხორციელდეს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დეოკუპაცია და მათი დამოუკიდებლობის აღიარების დენონსირება. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში ხედავს ოფიციალური თბილისი რუსეთთან პოლიტიკურ ურთიერთობათა აღდგენის შესაძლებლობას. აღნიშნულ პოზიციას, და არსებითად ჩიხურ ვითარებას, განაპირობებს რუსეთის ხელმძღვანელობის ხისტი უარყოფაც, წარმართოს დიალოგი საქართველოს ხელისუფლებასთან.
უნდა აღინიშნოს, რომ უკრაინაში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნები უთუოდ სერიოზულ გავლენას იქონიებს საქართველოს საგარეო პოლიტიკაზე. ის, თუ რა გზას აირჩევს საქართველოს სტრატეგიული მოკავშირე, მეტად მნიშვნელოვანი იქნება არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისათვის, არამედ რუსეთისა და მთლიანად ევროპისათვის.
3. რა დასკვნები შეიძლება გამოვიტანოთ აგვისტოს ომისაგან?
გლობალური თვალსაზრისით ამ ომის ყველაზე საყურადღებო შედეგი გახლავთ ის, რომ XX საუკუნის მეორე ნახევრიდან ნაბიჯ-ნაბიჯ შექმნილმა ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურამ უძლიერესი, შესაძლოა, მომაკვდინებელი დარტყმა განიცადა. სამართლებრივი თვალსაზრისით ევროპა, გარკვეულწილად, დაუბრუნდა იმ ეპოქას, როდესაც საკუთარი სურვილით, ამა თუ იმ მიზეზით შეიძლებოდა „შეგეკაზმა ცხენი“, 12 გადაგელახა საზღვარი და დაპატრონებოდი მეზობელი ქვეყნის ტერიტორიას.
პრეზიდენტ მედვედევის ახალი დოქტრინა - „ხელშეკრულობა ევროპული უსაფრთხოების შესახებ“ - მსოფლიოში ბევრმა შეაფასა სწორედ როგორც უსაფრთხოების ძველი არქიტექტურის დასამარების მცდელობა და თანამედროვე რუსეთის ამბიციებისათვის მისადაგებული ინიციატივა.
- საქართველოსათვის მნიშვნელოვანი გაკვეთილი უნდა იყოს ის, რომ, რუსეთის სამხედრო აგრესიის მიუხედავად, ახალი „ცივი ომი“ არ დაიწყო. როგორც ერთმა ევროპელმა სარკაზმით აღნიშნა, ნატო და ევროპა არ აღმოჩნდნენ მზად დაეწყოთ ომი სტალინის მშობლიური ქალაქის - გორის რუსეთისაგან დასაცავად.
- ალბათ, აგვისტოს ომიდან შეიძლება გამოვიტანოთ ის დასკვნაც, რომ ჩვენს რეგიონში ქვეყნის სტრატეგიული კურსის შეცვლა და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ხანგრძლივი და კარგად გააზრებული პროცესის შედეგი შეიძლება იყოს. ამ გზაზე სწრაფი ნახტომები მეტად სარისკო საქმეა.
- ფაქტია, რომ უსაფრთხოების ყველაზე სრულყოფილი კლუბის - ნატოს წევრი ქვეყნებიც კი არ არიან სრულად დაცულნი გარეშე საფრთხეებისაგან. აქედან გამომდინარე, რიგი ევროპული ქვეყნებისა მივიდა ასეთ დასკვნამდე: მეზობელთან, განსაკუთრებით დიდ და საშიშ სახელმწიფოსთან, საერთო ენის გამონახვას ალტერნატივა არა აქვს.
გავიმეორებ, რომ მიუხედავად საერთაშორისო თანამეგობრობის უმწვავესი რეაქციისა იმ ბოროტებაზე, რაც საქართველოში რუსეთმა მოიმოქმედა, დასავლეთი და რუსეთი საბოლოოდ მაინც გამონახავენ საერთო ენას. ეს პროცესი უკვე აშკარად მიმდინარეობს.
ამიტომ საქართველო არ უნდა აღმოჩნდეს ისეთ მდგომარეობაში, რომ მხოლოდ მას მოუწიოს რუსეთთან „ცივი ომის“ წარმოება. სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა რუსეთთან ჩვენ აღარ უნდა დავუშვათ. პატარა ქვეყნის ვალია, მაქსიმალურად აირიდოს დამანგრეველ დაპირისპირებებში ჩართვა, გამონახოს საერთო ენა ოპონენტებთან. განსჯის საგანი შეიძლება იყოს ყველაფერი, გარდა თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისა.
ქართველი ფილოსოფოსი მერაბ მამარდაშვილი რუსეთს უზარმაზარ ლოდს ადარებდა, რომელიც საქართველოს თავზე ჰკიდია. საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ლოდმა არ დაიტანოს - ამბობდა იგი.
- კიდევ ერთი დასკვნა: ჩვენ ჯერ კიდევ აფხაზეთის ომმა დაგვანახა ის მწარე რეალობა, რომ ომით დაკარგული ტერიტორიების მშვიდობიანი გზით დაბრუნებას რთული და ხანგრძლივი გზის გავლა სჭირდება. სხვა გზა არ არსებობს! ამიტომაც გვირჩევენ ჩვენი ამერიკელი პარტნიორები „სტრატეგიულ მოთმინებას“.
- საერთო ჯამში დასავლეთის სტრატეგიულ ხედვაზე, სოლიდარობასა და გამბედაობაზეა დამოკიდებული, შეძლებს თუ არა რუსეთი გავლენის სფეროების აღდგენასა და მეზობლებისათვის თავისი ნების კარნახს.
- ამასთანავე დღევანდელ მსოფლიოში პატარა ქვეყნის ყველაზე ეფექტური თავდაცვის იარაღი და მექანიზმი მისი დემოკრატიულობის ხარისხია. ვაცლავ ჰაველმა ამ ფენომენს „ძალა უძალოთა“ უწოდა. დემოკრატია და ხალხის კეთილდღეობაა სწორედ ის ძალა, რაც აძლევს მცირე ქვეყანას მორალურ უპირატესობას. ასეთი ქვეყნის დაჩაგვრა XXI საუკუნეში მეტად რთულია. ამიტომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან საქართველოს დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების გზა მიიყვანს.
მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია პოლიტიკური სტაბილურობა. დემოკრატიული ცვლილებები ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნებით უნდა მოხდეს. მორიგი რევოლუცია სახელმწიფოებრიობის დაკარგვით დასრულდება.
დღევანდელი არჩევანი ევროპული ყაიდის ქვეყნის მშენებლობისათვის ასეთია: დემოკრატიიული ცვლილებები, მდგრადი ეკონომიკური განვითარება და რეალისტური საგარეო პოლიტიკა.
![]() |
5 გარდატეხის მოლოდინი თუ ბორბლის გამოგონების სიხელე? |
▲ზევით დაბრუნება |
თედო ჯაფარიძე
(საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური მომავალი)
გარდატეხის მოლოდინი თუ ბორბლის გამოგონების სიხელე? (საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური მომავალი)
ომის შემდგომი საქართველო: ტრანსფორმირების
მორიგი ეტაპი თუ ამ პროცესის კრიზისი?
თავიდანვე მინდა მოგახსენოთ ჩემი ბუნებრივად ნეგატიური დამოკიდებულების შესახებ აგვისტოს ომისა და მისი შედეგების მიმართ. ამ შემთხვევაში მინდა გაგიზიაროთ მხოლოდ პირადი მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იმოქმედა ამ მოვლენამ საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პერსპექტივებზე. ენთუზიაზმი, რომელიც წლების მანძილზე თანსდევდა ამ იდეას (დაწყებული ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-ანი წლებიდან), დღეისათვის თითქოს შენელდა და დამძიმდა. წლების მანძილზე დასახული გეგმების განხორციელების შესაძლებლობა და მათი რეალიზაციის გზები გაურკვეველი რჩება. ჩემდა გასაოცრად, ამ თემაზე ჩვენს საზოგადოებაში მსჯელობასაც კი თითქოს ტაბუ დაედო და მის გარშემო დისკურსი ან საერთოდ შეწყდა, ან უაღრესად მარგინალიზირებულია. ქვეყანაში აღინიშნება ანტი - დასავლური და ანტი - ამერიკული განწყობების მატება და ასევე ევროპული, თუ ევრო-ატლანტიკური სტრუქტურებისადმი ნდობის ვარდნა. ჩვენდა საბედნიეროდ, ამ განწყობებს არ გამოუწვევია საპირისპირო პოლიტიკური შეხედულებების თუ სიმპატიების ზრდა. მთლიანობაში, ქართული საზოგადოების საკმაოდ დიდ ნაწილში პოლიტიკურმა აპათიამ და ნიჰილიზმმა დაიმკვიდრა ადგილი, თუმცა სახელისუფლებო წრეებში გამეფებული გაუმართლებელი და ხშირ შემთხვევაში ეგზალტირებული ენთუზიაზმიც აშკარად არ შეესაბამება არსებულ სინამდვილეს. ამ პარადოქსული სიტუაციის გამომწვევი მიზეზი, რა თქმა უნდა, აგვისტოს ომსა და შემდეგ განივითარებული რეგრესიის პროცესებში და, ამასთან, თანდართულ მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისში უნდა ვეძებოთ.
ამ ცოტა ხნის წინ, ჩემს უცხოელ კოლეგას, რომელსაც ნატოში მაღალი პოსტი ეკავა, ვესაუბრე საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ პერსპექტივებზე. საკმაოდ საინტერესო „ბრეინსტორმინგის“ შედეგად შევთანხმდით, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ამ რთულ გზაზე მთავარი სწორი საგარეო პოლიტიკური კურსი, უსაფრთხოების სრული გარანტიის მიღწევა (რუსეთთან დიალოგის აღდგენა და ამავე დროს, ქვეყნის ინტერესების სრული დაცვა) და ბოლოს, შიდაპოლიტიკური ვითარების სტაბილიზაციაა. „საქართველო უნდა გახდეს სტაბილური და უსაფრთხო დემოკრატიის ქვეყანა. სწორედ ამაზე იქნება დამოკიდებული თქვენდამი დასავლეთის და, კონკრეტულად, ნატოსა და ევროკავშირის ინტერესის შენარჩუნება. სამხედრო კომპონენტის განვითარება და სათანადო სტანდარტებთან მიახლოვება აუცილებელია, მაგრამ, მერწმუნეთ, რომ მხოლოდ ამ სეგმენტზე ფოკუსირება საპირისპირო შედეგს მოგიტანთ ინტეგრაციის ამ ურთულესს გზაზე. ცხადია, რომ ისევე როგორც ბუქარესტის სამიტის ცნობილი გადაწყვეტილება არ იყო „მაპზე“ უფრო მნიშვნელოვანი“, როგორც ამას თქვენი პოლიტიკოსები ამბობდნენ, არც შემოთავაზებული „აღმოსავლური პარტნიორობის“ ინიციატივაა საქართველოს ევრიკავშირში წევრობის მყარი გარანტია უახლოეს მომავალში. თუმცა, აუცილებელია, რომ ორივე დოკუმენტი საქართველოსათვის ერთგვარ საგზაო რუკად იქცეს ინტეგრაციის ამ რთულ გზაზე და, რაც მთავარია, ქვეყნის შიგნით გარდაქმნების მასტიმულირებელ ფაქტორად იქცეს.“ ძნელია არ დაეთანხმო ამ მოსაზრებას! მრავალმა ქვეყანამ - პოლონეთმა, ჩეხეთმა, რუმინეთმა, ბულგარეთმა, ბალკანეთის და ბალტიის რეგიონების სახელმწიფოებმა - გარკვეული წარმატებით გაიარა ეს ურთულესი გზა. ბევრჯერ აღნიშნულა ქართველი და უცხოელი ექსპერტების მიერ, რომ საქართველოს ევროპულ თუ ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების პერსპექტივები მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად მდგრადი იქნება ჩვენს ქვეყანაში სისტემური რეფორმების და ინსტიტუციური დემოკრატიის დონე და როგორი წარმატებით განხორციელდება ხელისუფლების მიერ ამ ბოლო პერიოდში კიდევ ერთხელ დეკლარირებული სოციალური, ეკონომიკური და დემოკრატიული რეფორმების ეხლა უკვე ე.წ. „დემოკრატიული რევოლუციის მესამე ტალღა“. სწორედ ამ საკითხებს გულისხმობდა ქალბატონი ჰილარი ქლინთონის მინიშნებები, საქართველოს პრეზიდენტთან მისი პირველი შეხვედრისას ნიუ-იორკში. იმედია, ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ელიტას (როგორც მმართველ პარტიას, ასევე ოპოზიციურ პარტიებს) კარგად ესმის, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისა და დასავლეთის მხარდაჭერა მთლიანად იქნება დამოკიდებული ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის, კანონიერების და რეფორმების საკითხებისადმი სერიოზულ და ღრმა მიდგომაზე. სწორედ ამგვარი რეფორმებისთვის მზადყოფნა კიდევ ერთხელ (და ეს ხომ „ვარდების რევოლუციის“ თავისებურ პოლიტიკურ რიტუალად გადაიქცა!) დაადასტურა საქართველოს პრეზიდენტმა გაეროს მაღალი ტრიბუნიდან. ჩვენ ისღა დაგვრჩენია გვჯეროდეს, რომ ეს მზადყოფნა უახლოეს მომავალში განხორციელდება და დაპირებად არ დარჩება. თუმცა, კარგი იქნებოდა, რომ ჩვენი საზოგადოებისათვის აეხსნათ, თუ რა კონკრეტული შედეგებით დასრულდა წინა ორი „აზვირთება“ ან ის მაინც, თუ რატომ გახდა „მესამე ტალღის“ რეფორმების ჩატარების აუცილებლობა, როდესაც ამ წლების განმავლობაში სამთავრობო სტრუქტურებიდან და მასმედიის საშუალებებიდან დაუსრულებლად იყო საუბარი წარმატებული გარდაქმნების შესახებ. იმედი ვიქონიოთ, რომ მომავალ რეფორმებთან ნაკლები შეხება ექნებათ სულხან-საბას „თავტაფიანებს“, რომელთა არსებობის შესახებ დღევანდელ ქართულ პოლიტიკაში შეგვახსენა ერთმა ცნობილმა თბილისელმა ჟურნალისტმა... აშკარაა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციისთვის და პირადად პრეზიდენტ ობამასთვის დემოკრატიული პრინციპებისადმი ერთგულება პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს და არ შემოიფარგლება მხოლოდ დელიკატური მინიშნებებით (რასაც წინა ადმინისტრაცია დახურულ კარსმიღმა და ყოველთვის შეხვედრების ბოლოს ხშირად აკეთებდა). ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა გაეროს გენერალური ასამბლეის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას, ეს გზავნილები ისე მკაფიოდ ჩამოაყალიბა, რომ, იმედია, ვერავინ შეეცდება მათ არასწორად ინტერპრეტირებას.
აგვისტოს ომისშემდგომ საქართველოსთვის - სრულიად ახალ სტრატეგიულ რეალობაში - დემოკრატიის პრინციპების გასაძლიერებლად, პირველი რიგის ამოცანაა ქვეყნის პოლიტიკური ძალების კონსოლიდირება. მმართველ წრეებსა და ოპოზიციას შორის კონსტრუქციული დისკურსის აღდგენა ამ პროცესის ძირითადი ღერძი უნდა გახდეს. სამწუხაროდ, დღეისათვის ურთიერთობის ეს ფორმატი ჩვენს საზოგადოებაში საერთოდ არ არსებობს, ან მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებს. აქვე უნდა აღინიშნოს თვით ოპოზიციურ ძალთა შორის რეალური კონსოლიდაციის აუცილებლობაც. კონცეპტუალური განსხვავებების მიუხედავად, გადამწყვეტია ერთიანი სტრატეგიისა და პრიორიტეტების ჩამოყალიბება. იმედია, რომ დღევანდელი ხელისუფლებისათვის (ისევე, როგორც საერთოდ საქართველოს მომავალი ლიდერებისათვის), ძლიერი და სისტემის შიგნით მომუშავე ოპოზიციის არსებობას არ ექნება მხოლოდ იმიტაციის ფორმა.
ჩვენი ქვეყნის გაძლიერების პროცესი დიდად იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად დაბალანსებული იქნება ურთიერთობა სახელისუფლებო შტოებს შორის და რამდენად იქნება დაცული კანონის უზენაესობა. ამ შემთხვევაში, ცალკე მინდა გამოვყო ხელისუფლების ე.წ. „მეოთხე შტო“ - რეალურად მოქმედი, ძლიერი, თავისუფალი მასმედია და ასევე, სამოქალაქო საზოგადოება. ლიბერალური დემოკრატიისთვის დამახასიათებელი სხვა, მრავალი კომპონენტი - აქტიური არასამთავრობო სექტორი, სახელმწიფოს სწორი პოლიტიკა კერძო საკუთრების მიმართ, რომლის გარეშე ზედმეტია ლაპარაკი ქვეყანაში დემოკრატიის არსებობის შესახებ, საყოველთაოდ აღიარებული „თავისუფლებების“ პრაქტიკული რეალიზება - ყოველივე ეს, უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ჭეშმარიტად დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებისთვის.
ხელისუფლების მიერ შემოთავაზებულმა დემოკრატიის „მესამე ტალღამ“, ავტორთა ვარაუდით, უნდა გაამყაროს ქართული სახელმწიფოს მდგრადობის კოეფიციენტი, გააძლიეროს მისი შესაძლებლობები, რათა სათანადოდ შეფასდეს და ოპერატიულად გადაიჭრას გარე თუ ქვეყნის შიგნით არსებული გამოწვევები. ამ ურთულეს პროცესში, მთელი პოლიტიკური სპექტრის და მთლიანად საზოგადოების ჩართულობა იქნება წარმატების გარანტია. საქართველო ჩვენი სამშობლოა და მის განვითარებაზე პასუხიმგებლობა ხელისუფლებასთან და ოპოზიციასთან ერთად, ყოველ მოქალაქეს ევალება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი საზოგადოება კვლავ დარჩება, წარსული გამოცდილების მიხედვით, „ციფრული გარღვევის“, თუ „მეოთხე“, „მეხუთე“ და ა.შ. „ტალღების“ იმედად. ამგვარად, ხელისუფელების მიერ დეკლარირებულმა ცვლილებებმა რეალური მუხტი უნდა შემატოს რეფორმების პროცესებს, რაც ქვეყნის შიდა სტაბილურობის და უსაფრთხოების გარანტიებს საგრძნობლად გაზრდის.
ცხადია, საქართველო ჯერ არ არის ე.წ. „გოლფის გეოსტრატეგიის“ შემადგენილი ნაწილი. ამ კონცეფციის ავტორთა მიხედვით, ქვეყანაში გოლფის სათამაშო მოედნების და „მაქდონალდზის“ ქსელების რაოდენობა განსაზღვრავს საშუალო კლასის, საბაზრო ეკონომიკის არსებობას და, შესაბამისად, მდგრად დემოკრატიას. სამწუხაროდ, ჩვენ ჯერ ვერც „მაქდონალდზების“ რაოდენობით და ვერც გოლფის სათამაშო მოედნებით დავიკვეხნით. ჩვენი სახელმწიფო მოხელეების აქტიურობა ამ მიმართულებით, მისასალმებელი (ვგულისხმობ შადრევნების, სათამაშო მოედნებისა და გასართობი ცენტრების სიუხვეს), მაგრამ არასაკმარისია დემოკრატიის და საბაზრო ეკონომიკის მდგრადობისათვის. მინდა გავიხსენო ტრივიალური ჭეშმარიტება - ყველაფერს, რასაც ადამიანი ქმნის, დრო და მოთმინება ესაჭიროება. ეს დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობასა და საზოგადოების მენტალობის შეცვლასაც ეხება. შეუძლებელია, სიახლის დანერგვა წარსულის მიღწევების კოლექტიური თუ ინსტიტუციური მეხსიერების იგნორირების ფონზე მიმდინარეობდეს. სამწუხაროდ, ამ ისტორიულ ეტაპზე ”მოკლე” მეხსიერება აღმოგვაჩნდა. თუ არ ვცდები, ჩერჩილს აქვს ნათქვამი, „ღრმად ჩაიხედე წარსულში, რომ უკეთ განჭვრიტო მომავალი“.
„ბორბლის გამოგონების სიხელე“ ქართულ რეალობაში, კონკრეტულად კი ქართულ პოლიტიკაში, სასურველ შედეგებამდე ვერ მიგვიყვანს. სახელმწიფოს ტრანსფორმაციის ნებისმიერი ფაზა რთული და ხშირად მტკივნეულია, განსაკუთრებით კი ომგადახდილი და დამარცხებული ქვეყნისთვის, რომელიც პროგრესის (თუნდაც ვირტუალურის) მოლოდინში იმყოფებოდა წლების მანძილზე.
სახელმწიფო აღმშენებლობა თუ დემოკრატია?
ორივე ერთდროულად!
აგვისტოს ომმა საქართველოში არსებული უამრავი პრობლემა გაამწვავა, მათ შორის სახელმწიფოს დემოკრატიულ აღმშენებლობასთან დაკავშირებული დილემაც: რა უნდა იყოს პრიორიტეტი - ძლიერი სახელმწიფოს ჩამოყალიბება თუ დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ჩვევების გამყარება. ლიბერალური დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნის ურთულეს პროცესში - მისი მიმდინარეობის პოლიფონიასა თუ „კაკაფონიაში“, უნიკალურია ლიდერის როლი. ამ პრობლემების დაძლევა შეუძლებელია მხოლოდ ერთმა, თუნდაც ნიჭიერმა, განათლებულმა პოლიტიკურმა ლიდერმა ან მისმა გუნდმა მოახერხოს. ამ პროცესში მონაწილეობა მთელი პოლიტიკური სპექტრის ვალია, არსებული ადმინისტრაცული, თუ ინტელექტუალური რესურსის მაქსიმალური გამოყენებით. ქვეყნის დემოკრატიულად არჩეულმა ლიდერმა უნდა შესძლოს სახელმწიფო სტრუქტურების ამოქმედება, კანონიერების დამკვიდრება, რეფორმების გატარება. ამ ურთულეს პროცესში უაღრესად მნიშვნელოვანია დემოკრატიის პრინციპებისადმი ერთგულება, ზოგჯერ პირადი პოლიტიკური ამბიციების და ინტერესების დათმობის ფასადაც.
ჩემი აზრით, თუნდაც წარმატებულ რეფორმათა რაოდენობა ან მათთან დაკავშირებული სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგი რეალურად არ განსაზღვრავს ქვეყანაში ჭეშმარიტი ლიბერალური დემოკრატიის არსებობას. ქვეყანა შეიძლება იყოს „რეფორმატორული“, მაგრამ - არადემოკრატიული, არალიბერალური. საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია, ნატოს სტანდარტებთან და ევროკავშირის კრიტერიუმებთან ერთად, ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხზე იქნება დამოკიდებული. ასეთია ამ „თამაშის“ წესები.
აგვისტოს ომის შემდგომი პერიოდი, საქართველოსათვის დემოკრატიისა და სახელმწიფოს მშენებლობაში გარდატეხის მომენტია. ამ ეტაპზე უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ორივე პროცესი ერთდროულად და პარალელურ რეჟიმში ვითარდებოდეს. კატეგორიულად არ ვიზიარებ მოსაზრებას, თავდაპირველად სახელმწიფოს და შემდეგ დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაზე, რამაც არაერთხელ გაიჟღერა „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ. სასურველია გვახსოვდეს, როგორც ეს ერთმა ბრძენმა პოლიტიკოსმა ბრძანა, რომ „დემოკრატია არ არის სრულყოფილი მართვის მოდელი, მაგრამ კაცობრიობამ ამაზე უკეთესი ჯერ ვერაფერი მოიგონა“.
ზემოთ აღნიშნულ დილემასთან დაკავშირებით, კვლავ ძალაშია ჯერ კიდევ ჰობსის მიერ შემოთავაზებული დემოკრატიული სახელმწიფოს განვითარების ერთ-ერთი ფორმულა, რომლის მიხედვითაც ნებისმიერი ქვეყნის საშინაო პოლიტიკა განსაზღვრავს როგორც მის საგარეო-პოლიტიკურ კურსს, ასევე რეალიზების შესაძლებლობასაც. თუ აქვე კლაუზევიცსაც დავესესხებით, განტოლება, რომელიც აბალანსებს საშინაო და საგარეო პოლიტიკის პარამეტრებს, წინასწარ და დეტალურად უნდა იქნეს ჩამოყალიბებული. აქედან გამომდინარე, აუცილებელია „სტრატეგიული წონასწორობის ზუსტი ცენტრის“ განსაზღვრა. ვფიქრობ, რომ თანამედროვე საქართველოს შემთხვევაში ასეთი „წონასწორობის ცენტრის“ ძიება (ეს პრობლემა ჩვენს წინაპრებს საუკენეების განმავლობაში შეძლებისდაგვარად წარმატებით ქონდათ გადაწყვეტილი), ჯერ კიდევ 1990 წლებში, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ დაიწყო. როგორც ჩანს, პროცესი კვლავ ფორმირების სტადიაშია და ჯერ კიდევ დახვეწასა და სრულყოფას მოითხოვს. ეს მხოლოდ დღევანდელი ხელისუფლების სუსტი წერტილი არ არის, მაგრამ აგვისტოს ომმა და მისმა შედეგებმა სიტუაცია გაამძაფრა. სასურველი ბალანსი საშინაო და საგარეო პოლიტიკაში კვლავაც არ შედგა და ქვეყანა იძულებული გახდა აქცენტი, კონკრეტული წარმატებების ფონზე, პიარინსტრუმენტებზე გადაეტანა, რამაც ქვეყნის შიგნით არსებული პრობლემები უფრო დაამძიმა. ამ პირობებში, ხელისუფლება დაოპოზიცია ვალდებულნი არიან საზოგადოებას შეთავაზონ არსებული პრობლემების გადაჭრის გზები და არ შემოიფარგლონ მხოლოდ კრიტიკით.
უნდა ითქვას, რომ ამ მხრივ დღევანდელმა ხელისუფლებამ, ძვირადღირებული უცხოური ლობისტების დახმარებით, საკმაოდ წარმატებით გაართვა თავი საკუთარი ვირტუალური ნარატივის შექმნას საქართველოში ჯერ “ვარდების რევოლუციამდე” და მერე კი 2003 წლის შემდგომ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. ეს ნარატივი ჯერ ლამაზად შეიფუთა და შემდეგ კი ჭრელ და ხმაურიან საერთაშორისო პოლიტიკურ ბაზრობა/აუქციონზე მისი „სარფიანად გაყიდვაც“ მოხდა. ამ პიარწარმატებას ხელი შეუწყო იმ გარემოებამაც, რომ იმ დროისათვის ამგვარი ნარატივის მიმართ დიდი კონიუნქტურული მოთხოვნა იყო საერთოდ დასავლეთში და განსაკუთრებით აშშ-ი. ამ „სტორის“ უმაღლესი დონის მხარდაჭერა ჰქონდა პირველ რიგში ვაშინგტონში, სადაც პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაციას შიდა და გარე ფრონტებზე წარუმარტებლობების ფონზე და პოპულარობის გასამყარებლად, კონიუნქტურიდან გამომდინარე, საკუთარი სუცცესს სტორყ ჭირდებოდა. ამგვარად საქართველო აღიარებული იყო „დემოკრატიის და თავისუფლების შუქურად“, თუმცა ეს პერსპექტივაზე და სამომავლო მდგრად დემოკრატიულ განვითარებაზე აგებული მეტაფორა უფრო იყო.
სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნისადმი ეს სიმპატია არ გადაქცეულა დასავლეთისათვის სტრატეგიის შემადგენელ ნაწილად და ეს გარემოება აგვისტოს ომთან დაკავშირებულმა რეაქციებმაც დაადასტურა. ჯერ თავად პრეზიდენტი ბუში მოერიდა რუსეთთან ამერიკის პირდაპირ კონფრონტაციაში ჩართვას, რაც, პრინციპში, მოსალოდნელი იყო, ვინაიდან თეორიულადაც გამორიცხულია, რომ აშშ-ს ნებსიმიერი მთავრობა საქართველოს გამო ოდესმე ომს დაიწყებს რუსეთთან. ეს ბევრჯერ მომისმენია ვაშინგტონში და ევროპის დედაქალაქებში. მხოლოდ ერთ რამეს დავამატებდი: პოლიტიკურად უკიდურესად მიამიტური შეიძლებოდა ყოფილიყო, თუკი ასეთი მოლოდინი არსებობდა ჩვენს სამთავრობო სტრუქტურებში. საბოლოოდ - და ისევ ამერიკელების თხოვნით - საქმეში ევროკავშირი და პირადად პრეზიდენტი სარკოზი ჩაერთო და საომარი მოქმედებების ესკალირება რუსეთის მხრიდან თითქოს განიმუხტა, თუმცა ეს მხოლოდ დაკარგული ტერიტორიების ხარჯზე მოხდა. რაც შეეხება მათი დაბრუნების პერსპექტივებს, ამის შესაძლეობლობა დღეისათვის ძალიან ბუნდოვანია. მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ ამ მომენტისათვის არსებულმა ნარატივმა, სამწუხაროდ, ვერ იმუშავა სათანადოდ. მხოლოდ “სიმპატიების” დონეზე კი ჩვენი პრობლემების გადაწყვეტა ვერ მოხერხდა.
ნარატივებს საქართველოს წინა ხელისუფლებაც ქმნიდა, თუმცა იმ „ამბავში“ საქართველოს შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად პოზიტიური როლი უნდა ეთამაშა რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობებში და „ქართული თემა“ არ უნდა გამხდარიყო განხეთქილების ან დაპირიპირების საგანი. ითვლებოდა, რომ დასავლეთსა და რუსეთს შორის კონსტრუქციული ურთიერთობების არსებობა საქართველოსთვის მეტად მომგებიანი იქნებოდა. დღეს ეს ნარატივი აბსოლუტურად სხვა პარადიგმებზეა აგებული და მასში, როგორც ეს ზემოთ ავღნიშნეთ, რუსეთთან ურთიერთობების ნეგატიური ესკალაცია დომინირებს. ეს ფაქტორი, ექსპერტების აზრით, საკმაოდ ართულებს ჩვენი დასავლელი პარტნიორების შესაძლებლობას, კონსტრუქციული დიალოგი აწარმოონ რუსეთთან საქართველოს პრობლემებთან დაკავშირებით. ფაქტია, რომ მხოლოდ ნარატივების იმედად და რეალობის ადეკვატურად აღქმის გარეშე, ქვეყნის მდგრადი განვითარება შეუძლებელია. აგვისტოს ომის შედეგები ამის ნათელი ილუსტრაციაა. დღეს, რატომღაც დადებითად და „ქართული დიპლომატიის მიღწევად“ აღიქმება ის ფაქტი, რომ მოსკოვში გამართული ბოლო სამიტის დროს პრეზიდენტ ობამასა და პრეზიდენტ მედვედევს შორის შეუთანხმებლობის ერთერთ საკითხად იქცა საქართველოში განვითარებული მოვლენები. ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნისთვის ბევრად მომგებიანი იქნებოდა ამ საკითხის ირგვლივ ერთობლივი შეთანხმების მიღწევა, თუმცა ეს უკვე პოლიტიკური გემოვნების საგანია.
მუდმივად აღმართში მიმავალი, დემოკრატიული ქვეყნის აღმშენებლობის გზა და მისი დღევანდელი, ურთულესი მონაკვეთი ქვეყანაში უმნიშვნელოვანესი ცვლილებების, კომპრომისების ძიების და პოლიტიკური მემკვიდრეობითობის შენარჩუნების დაუსრულებელი პროცესია. დემოკრატია ხომ მუდმივად განახლებადი, ინსტიტუციონალური სისტემის და კანონიერების საფუძველზე დამყარებული კონსტრუქციაა. მიღწეული წარმატებები, მაგალითად, საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებული, „დემოკრატიულად ჩატარებული არჩევნები“, ამ პროცესის მხოლოდ დასაწყისია. აღსანიშნავია, რომ ბევრ არადემოკრატიულ და არალიბერალურ ქვეყანაში არჩევნები სამაგალითოდ ჩატარებულა და საერთაშორისო თანამეგობრობის დადებითი შეფასებაც დაუმსახურებია. არჩევნების შედეგები რეალურად უნდა იგრძნოს თითოეულმა მოქალაქემ და არა მხოლოდ კაბინეტში მოკლათებულმა ჩინოვნიკმა ან რომელიმე „გუნდმა“. არსებობს შემთხვევები, როდესაც სახელმწიფო იმართება არალიბერალური მეთოდებით და ქვეყნის ძირითადი რესურსი მიმართულია ერთი კლანის ინტერესების სასარგებლოდ. მართვის ამგვარ მოდელს ერთერთმა ექსპერტმა ირონიულად „დემოკრატურა“ უწოდა.
რეალური დემოკრატიული სისტემა ითვალისწინებს უდიდეს ურთიერთპასუხისმგებლობას სახელმწიფოს მმართველ გუნდსა და მის მოქალაქეებს შორის. იმედია, საქართველო შედგება, როგორც „უსაფრთხო დემოკრატიის“ ქვეყანა, რომელსაც კონსტიტუცია და მისი კანონები განსაზღვრავენ. ამ შემთხვევაში, მაგალითად, ძალოვანი სტრუქტურების მოქმედების პარამეტრები მკაცრად იქნება რეგლამენტირებული კონსტიტუციით და არავის ექნება უფლება, პიროვნული გემოვნების თუ ინტერესის მიხედვით იმოქმედოს ან თუნდაც გამოიყენოს ეს მძლავრი რესურსი. მხოლოდ ამ შემთხვევაში შესძლებს საქართველო თავი გაართვას მის წინაშე მდგარ სიძნელეებს და პრობლემებს. თუმცა ეს მხოლოდ ერთი მაგალითია, ქვეყანაში გასატრებელი რეფორმების სია კი საკმაოდ დიდია.
ზემოთ აღნიშნული პრობლემების დროულად გადაჭრა შედარებით გაამარტივებდა საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას. ეს გზა მრავალმა ქვეყანამ წარმატებით გაიარა და უპრიანი იქნებოდა მათი გამოცდილების სრულფასოვნად შესწავლა, საკუთარი წარმატებებისა და დაშვებული შეცდომების გაანალიზება, რათა მუდმივად არ გვქონდეს ბორბლის გამოგონების ესოდენ დაუოკებელი სიხელე. ნუ დაგვავიწყდება, რომ ნატოს და ევროკავშირის კარზე „მიკაკუნება“ 2003 წლამდე დაიწყო (ეს, სხვათაშორის, არც 1992 წელს არ დაწყებულა!), ისევე, როგორც ბევრი სხვა აუცილებელი ცვლილება, დამოუკიდებელი და დემოკრატიული საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის გზაზე.
ეს რთული, ტურბულენტური პროცესი დღესაც დიდი კატაკლიზმებითაა დამუხტული. მდგომარეობას ართულებს ჯერ კიდევ არსებული უმძიმესი საბჭოური მემკვიდრეობა, როგორც ინსტიტუციონალურ ასევე, განსაკუთრებით მენტალურ დონეზე. ამ ხანგრძლივი პროცესის შედეგებს მხოლოდ მომავალი თაობები შეიგრძნობენ, მათი სწორად წარმართვის შემთხვევაში. აღსანიშნავია, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან, ჩვენი საზოგადოება (მიუხედავად ხელისუფალთა მრავალი შეცდომისა თუ წარმატებისა) ერთგული რჩება ქვეყნის ძირითადი სტრატეგიული, დასავლური ორიენტირისა და დემოკრატიული ფასეულობების მიმართ.
ქართული ცარცის წრე?
რა შედეგი მოუტანა საქართველოს 2008 წლის ომმა? ამ თემაზე ბევრი მიფიქრია და მრავალ პოლიტიკოსთან და ექსპერტთან მისაუბრია. მოგეხსენებათ, ამავე საკითხს, დღეს მნიშვნელოვანი დოკუმენტები, დებატები და კონფერენციები იხილავენ. შეგნებულად დეტალურად არ ვეხები ჩვენი ქვეყნის რუსეთთან ურთიერთობების უმწვავეს პერიპეტიებს. ეს ცალკე პუბლიკაციის თემაა. მხოლოდ საქართველოს წინაშე მდგარი შიდა პრობლემების განხილვით შემოვიფარგლები. ამ მხრივ კი განსაკუთრებით საინტერესოა „საერთაშორისო კულუარებში“ გამოთქმული „პირადი აზრის“ მოსმენაც - მოგეხსენებათ, რომ ბევრი დელიკატური და მწვავე საკითხის საჯაროდ გამოტანას პოლიტიკოსთა და ექსპერტთა უმრავლესობა ერიდება.
მათი აზრით, მთავარი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ საქართველომ შეძლოს ობიექტურად და კრიტიკულად შეაფასოს ბოლო დროს მომხდარი მოვლენები და გამოიტანოს სათანადო დასკვნები. პირველ რიგში, უნდა დავასრულოთ, პრინციპში უაზრო დებატები იმის თაობაზე თუ ვინ ვის დაუგო ხაფანგი, ვინ გაისროლა პირველმა და ა.შ. სამწუხაროდ, მიღებულ საბედისწერო გადაწყვეტილებებს არავინ შეცვლის უახლოეს მომავალში. დღეს მთავარია, აქცენტები გაკეთდეს საქართველოს მომავალზე, მის დემოკრატიულ და მდგრად ეკონომიკურ განვითარებაზე. ჩვენი ქვეყანა მიმზიდველი უნდა გახდეს როგორც საკუთარი მოსახლეობისთვის, ასევე გარე სამყაროსთვის. ომის შემსწავლელ, ე.წ. „ტალიავინის დოკუმენტში“ მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული ეს პრინციპები და საჭიროა მისი სერიოზული და ღრმა შესწავლა. პარადოქსულად მეჩვენება ომის მონაწილე მხარეების კმაყოფილება დოკუმენტში მოცემულ დასკვნებთან დაკავშირებით. სასურველია დასრულდეს ემოციური დისკუსიები და „ტალიავინის დოკუმენტში“ ჩამოყალიბებული რეკომენდაციები, სხვა სტრატეგიული ხასიათის კონცეფციებთან ერთად, საქართველოს სამუშაო გეგმად იქცეს.
ომისშემდგომი კრიზისული სიტუაციიდან გამოსავალი, პირველ რიგში ქვეყნის შიგნით არსებული (დემოკრატიული რეფორმები, პოლიტიკური ძალების ბალანსი და კონსოლიდირება, თავისუფალი მასმედია და ა.შ.) პრობლემების მოგვარებაშია. პარალელურ რეჟიმში მიმდინარე დიპლომატიური ბრძოლა ქვეყნის გამთლიანებისთვის მხოლოდ მისასალმებელია. ეს საკითხი მუდმივად უნდა იყოს მიმდინარე საერთაშორისო პოლიტიკური დისკურსის თუ განხილვის საგანი. საქართველო ვერ შეიცვლის მეზობლებს და ვერასდროს შეცვლის გეოგრაფიას. ამ ფაქტორის გათვალისწინების გარეშე, ქვეყანა მუდმივად იქნება საფრთხის მოლოდინში, რაც, ბუნებრივია, ხელს ვერ შეუწყობს მის განვითარებას. პირველი რიგის ამოცანაა არსებული რეალობის ადექვატურად შეფასება, სიმართლისთვის თვალის გასწორება და სათანადო დასკვნების გამოტანა.
საქართველო დამოუკიდებლობის პირველი წლებიდანვე სარგებლობდა დასავლეთის ქვეყნების მხარდაჭერით. მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ აღნიშნული სიმპატიები დღესაც არ გამქრალა, არ უნდა აგვერიოს ერთმანეთში „სიმპატიები” და ის რელური ადგილი და წონა, რომლებიც საქართველოს გააჩნია დღევანდელ მსოფლიო პოლიტიკაში, რაც აგვისტოს ომმა დაადასტურა კიდევაც. ამ მხრივ, საინტერესოა იმ პოლიტიკოსთა და ექსპერტთა აზრი, რომლებიც კარგად იცნობენ ჩვენს რეალობას და იშვიათად ღალატობთ სიტუაციის ადექვატურად აღქმის უნარი. მათი აზრით, ე.წ. „გაყინული კონფლიქტების“ მოგვარების ცდაში, რეალურად „ცხელი ომი” მივიღეთ, რომელმაც ლოკალურ პრობლემებთან ერთად, მნიშვნელოვნად შეცვალა რეგიონში არსებული სტრატეგიული ბალანსი. აქედან გამომდინარე, „საქართველოს საკითხის” მუდმივი ტურბულენტურ რეჟიმში ყოფნის გამო, საერთაშორისო თანამეგობრობაში ერთგვარი გადაღლა და სკეპტიციზმიც შეინიშნება. დაწყებული გასული საუკუნის 90-ინი წლებიდან დღემდე, ჩვენი პოლიტიკოსების ძალისხმევა, საქართველოს დასავლეთისთვის საჭირო ფუნქცია შეეძინა და გამხდარიყო დამოუკიდებელი სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ქვეყანა, აგვისტოს ომის შედეგად ჩამოიშალა. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ჩვენი ქვეყანა კვლავ რუსეთის პრობლემის კონტექსტში განიხილება და აღმოჩნდა იმ სტრატეგიულ ჩიხში, რომლის თავიდან აცილებას წლების მანძილზე ცდილობდა ქართული დიპლომატია და მთლიანად სახელმწიფო. დასავლეთის გარკვეულ წრეებში საქართველოს განიხილავენ, როგორც „ირაციონალურ მოთამაშეს“, რამაც გარკვეული დოზით შეამცირა ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერა, ჯერ კიდევ არსებული „სიმპატიის“ ფონზე.
დღეს საქართველო იმ კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა, სადაც მის სახელმწიფოებრიობასაც კი ემუქრება საფრთხე - „ფართე შავი ზღვის არეალში“ ძალთა თანაფარდობა რადიკალურად შეცვლილია. წარმოიქმნა „რეალპოლიტიკის“ რეგიონალური, ხისტი ვერსია, რომელშიც რუსეთი დომინირებს და სადაც აშშ-ს და ევროკავშირს ნაკლები ან მხოლოდ კონკრეტული (მაგ. კასპიის ენერგომატარებლების ტრანსპორტირება) ინტერესი გააჩნია. ჩემი აზრით, აუცილებელია ამ ახალი სტარატეგული პარადიგმის და მასთან დაკავშირებული რეალობის ღრმა შესწავლა და სწორი დასკვნების გამოტანა. ამ პირობებში აუცილებელია დამაბალანსებელი წერტილის პოვნა და საქართველოს ინტერესებისთვის შესაბამისი სტრატეგიული კურსის წარმოება, რაც მხოლოდ საგარეო პოლიტიკური ვექტორით ან თუნდაც წარმატებილი საშინაო რეფორმით არ განისაზღვრება.
გლობალიზებულ სამყაროში მხოლოდ „ქართული საკითხით“ შემოფარგვლა არ არის საკმარისი. მეზობელი ქვეყნების ინტერესები და მსოფლიო პოლიტიკური ტენდენციები აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული, თუმცა ამაშიც სიფრთხილე გვმართებს. „ქაოსის თეორიით“, მსოფლიოში მიმდინარე ყველა მოვლენა ერთმანეთთან არის დაკავშირებული და ნებისმიერი „რყევა“ ან ამოვარდნა მიმდინარე პროცესებიდან არღვევს არსებულ ბალანსს და განსაკუთრებით მტკივნეულად აისახება ისეთ სტრატეგიულად მყიფე რეგიონებზე, როგორიც,
შექმნილი სიტუაციის საღად შეფასებასთან ერთად, აუცილებელია ჩვენი საზოგადოების (მმართველი კლასისა და ოპოზიციის) კლიშეებისა და სტერეოტიპებისგან განთავისუფლება. ომისშემდგომი საქართველო ემოციურად მგძნობიარე მდგომარეობაშია და ეს გარდაქმნები სიზიფესეულ ძალისხმევას უტოლდება. აღსანიშნავია, რომ გარკვეული სტრატეგიულ-ინტელექტუალური გადაფასების გარეშე ვერ მოხერხდება „მოჯადოებული წრის“ გარღვევა, ქვეყნის განვითარება და წინსვლა. „ბორბლის გამოგონების“ სიხელე, დღეისათვის მხოლოდ ჩვენი სატრატეგიული ინტერესების წინააღმდეგ მუშაობს.
რა და როგორ ვაკეთოთ?
მარადიული ქართული დილემა
საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მნიშვნელობა, ახალ რეალობაში გადარჩენის ტოლფასია. ჩვენს ქვეყანაში ბევრი ადამიანი მსჯელობს იმაზე, თუ რა არის გასაკეთებელი, მაგრამ მთავარი კითხვა - „როგორ?“ - სამწუხაროდ, მუდამ უპასუხოდ რჩება. ეს კითხვა, მაგალითად, კონკრეტულად საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების პერსპექტივებსაც ეხება და მასზე პასუხის მიღება დღეს უფრო აქტუალური გახდა. პირველ რიგში, ნატოში გაწევრიანება არ ნიშნავს ამ ორგანიზაციაში ინტეგრირებას, რაც გაცილებით რთული და მრავალეტაპიანი, კომპლექსური პროცესია. ეს საკითხი კონცეპტუალურად ჯერ არ გამხდარა საჯარო განხილვისა და დებატების საგანი, თუმცა არსებობს უამრავი სამთავრობო დოკუმენტი, ქართველ და უცხოელ ექსპერტთა დასკვნა და მოსაზრება. ფართო საზოგადოებისთვის თითქოს „დახურული“ თემა მხოლოდ ქართული პოლიტიკური ელიტის ან ე.წ. „კონტრ-ელიტის“ საკუთრებად განიხილება. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ყოფითი პრობლემებით გადატვირთულ და დათრგუნულ ჩვენს მოქალაქეებს არც ნატოსათვის და არც ევროკავშირისათვის დიდად არ სცალიათ. მით უფრო, რომ პოლიტიკოსები ხშირად ამ თემას მხოლოდ საკუთარი პიარკამპანიებისათვის იყენებენ, როგორც ეს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებული გამოკითხვის დროს მოხდა.
ამ გამოკითხვის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 70%-ზე მეტი მხარს უჭერს ქვეყნის ნატოსკენ აღებულ გეზს, თუმცა არ მგონია, რომ პლებისციტის შედეგად გამოკითხულთა თუნდაც 5% კარგად ჰქონდეს გაცნობიერებული ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებული ყველა დეტალი და ნიუანსი. ამიტომ მგონია, რომ ეს ციფრი გაცილებით უფრო მოკრძალებულია და მხოლოდ ექსპერტების ჯგუფით შემოიფარგლება, რომლებსაც რეალურად ესმით მიმდინარე გაწევრიანების თუ ინტეგრაციული პროცესების არსი და მიზნები. ეშმაკი კი, როგორც მოგეხსენებათ, სწორედ დეტალებშია დამალული. სასურველია, რომ ჩვენს მოსახლეობას მეტი ინფორმაცია ქონდეს ამ სამხედრო-პოლიტიკური გაერთიანების ძირითადი პრინციპების და მასში მიმდინარე გარდაქმნების შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ფართო საზოგადოებას დროზე არ ავუხსენით ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებული თითოული საკითხი, თუ საზოგადოებაში არ გაიმართა ღია და ყოვლისმომცველი დებატები და დისკუსიები, მოსახლეობას შეიძლება შეექმნას - თუ კი ეს, სამწუხაროდ, უკვე არ მოხდა - ერთგვარი უსაფუძვლო ილუზიები, რასაც შემდეგ იმედგაცრუება და ანტიპატიაც კი მოჰყვება ხოლმე როგორც ნატოს, ასევე საერთოდ დასავლეთისა და კონკრეტულად ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ. როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ამის ნიშნები, სამწუხაროდ, უკვე სახეზეა და ეს ტენდენციები განსაკუთრებით აგვისტოს ომის შემდეგ გაძლიერდა. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები დღეისათვისაც აფიქსირებენ ანტი-დასავლური და ანტი-ამერიკული განწყობილებების ზრდას ქართული საზოგადოების საკმაოდ დიდ ნაწილში. შესაძლებელია, ამის მიზეზი ბოლო პერიოდის სხვა მოვლენებთან - განსაკუთრებით კი 2007 წლის ნოემბრის საპროტესტო აქციებთან, აგრეთვე იმ დამსჯელ ოპერაციასთან, რომელიც დემონსტრანტების წინააღმდეგ განხორციელდა და აგვისტოს ომთან - ასოცირდებოდეს და პირდაპირი კავშირი არც კი ჰქონდეს საქართველოს ნატოში შესვლასთან.
ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებისა და ინტეგრირების საკითხი უაღრესად რთულია. მასში გადაჯაჭვულია უამრავი გარე და შიდაპოლიტიკური ფაქტორი, ტექნიკური, ტაქტიკური თუ სტრატეგიული ხასიათის პრობლემები. საქართველოს მსგავსი ეკონომიკური პოტენციალისა და საბჭოთა წარსულის მქონე ქვეყნისთვის, ნატოში გაწევრიანება უაღრესად შრომატევადი პროცესია. წარმატებისთვის მრავალი საგარეო და საშინაო პრობლემის მოგვარებაა აუცილებელი. ევრო-ატლანტიკური გაერთიანების სტანდარტების დაკმაყოფილების ერთ-ერთი მთავარი პირობაა სახელმწიფო ინსტიტუტების სიმყარე და მათ მიმართ ქვეყნის მოსახლეობის ნდობა. სასამართლო სისტემა და კანონიერება, ძალოვანი სამინისტროების კოორდინირებული მუშაობა უსაფრთხოების საბჭოს ეგიდით, საკანონმდებლო ორგანოს ეფექტურობა, რა თქმა უნდა, სათანადო სამხედრო სტანდარტების მიღწევა, პირველ რიგში კი დემოკრატიის ძირითადი პრინციპებისადმი ერთგულება - აი, ის მცირე ჩამონათვალი, რომელიც საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივას რეალობად აქცევდა.
სწორედ ამით აიხსნება ის მნიშვნელობა, რასაც ნატო და ევროკავშირი საქართველოს ინსტიტუციონალურ მდგრადობას და დემოკრატიის განვითარების ხარისხს ანიჭებენ. სახელმწიფო ინსტიტუტების არსებობა, მათი მდგრადობა და შეუფერხებელი ფუნქციონირება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კონკრეტული, თუნდაც ქარიზმატული პოლიტიკოსების საქმიანობა. ქვეყანაში, სადაც პოლიტიკოსები უფრო ძლიერნი არიან, ვიდრე ინსტიტუტები, სახელმწიფო პიროვნული ახირებების და ამბციების მსხვერპლი ხდება.
საზოგადოებაში ხშირად ისმის კითხვა - რა უპირატესობები შეიძლება ჰქონდეს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას? საქართველოს გაერთიანება ნატოში იძლევა ქვეყნის უსაფრთხოების სრულ გარანტიას, თუ ეს ქვეყანა გახდება კოლექტიური უსაფრთხოების სისტემის ნაწილი, სადაც კონკრეტული ქვეყნის რისკები და გამოწვევები მთლიანად გაერთიანების საზრუნავია (ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ ქვეყნის შიდა, მდგრადი და ყოვლისმოცველი ინსტიტუციური უსაფრთხოება გარანტირებული იქნება!). უმნიშვნელოვანესია, აგრეთვე, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, რეგიონალური კონტექსტის გათვალისწინება. შესაძლოა, ზემოთ აღნიშნული მოსაზრებები ჰიპოთეტურად მოგვეჩვენოს, მაგრამ დღევანდელობის სწრაფი დინამიკის გათვალისწინებით ჩვენს რეგიონში, სერიოზული მომზადება და ამ იდეის ირგვლივ საზოგადოების რეალური გაერთიანება გვმართებს. სასურველია, რომ ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების პროცესი გაცდეს ლოკალურ, „ქართულ“ სივრცეს და ამასთან დაკავშირებულ დისკუსიებში ჩვენი „ახლო“, თუ „გარე“ სამეზობლოს ინტერესებიც იქნეს გათვალისწინებული.
აგვისტოს ომის შემდეგ ბევრჯერ მსმენია შეკითხვა, თუ რა უარყოფითი გავლენა შეიძლება მოახდინოს საქართველოს სტაბილურობაზე ნატოში გაერთიანებამ. როგორც ვიცით, მოსკოვი მუდმივად აკეთებს აპელირებას, რომ ნატოში რომელიმე ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის გაწევრიანებას აუცილებლად მოჰყვება „სერიოზული უარყოფითი შედეგები“. თითქოს ამ მხრივ ჩვენ აღარაფერი „გვემუქრება“: სეპარატისტული ტერიტორიების რუსეთის მიერ „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ აღიარებით, საქართველო თითქოს განთავისუფლდა ამგვარი დებატების და დისკუსიების აუცილებლობისგან. მე კი გვგონია, რომ, პირიქით, აგვისტოს ომმა კიდევ უფრო გაზარდა არსებული რისკები. ნატოს წევრობისკენ მიმავალი ნაჩქარევი და არასწორად გაკვალული ბილიკი ამ რისკებს იმ საფრთხედ აქცევს, რომელიც რეალური ხდება ნებისმიერი ქვეყნის დანაწევრების და ოკუპაციის ფონზე. რუსეთი (და ნებისმიერი სხვა - დიდი თუ პატარა ქვეყანა) უნდა დავარწმუნოთ, რომ დასავლეთისკენ საქართველოს სწრაფვა ბუნებრივი, შეუქცევადი პროცესია და არავის საწინააღმდეგოდ არ არის მიმართული. პირიქით, როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, ეს ქვეყნის სტაბილური განვითარების და მისი მოქმედებების პროგნოზირებადობის გარანტიაა.
ვგრძნობ, რომ ვერ გავექცევი რუსეთთან ურთიერთობის თემას, თუმცა, როგორც დაგპირდით, მის დეტალურად განხილვას არ ვაპირებ - არ მაქვს ზუსტი ინფორმაცია, არ ვფლობ დეტალებს იმის თაობაზე, თუ რა ხდებოდა ან ხდება კულუარებში და ამიტომ მხოლოდ რამოდენიმე პირადი ხასიათის მოსაზრებით შემოვიფარგლები. რასაკვირველია, სასურველია, რომ რუსეთის მხრიდან მეზობელი ქვეყნების მიმართ მეტი კეთილგანწყობა იგრძნობოდეს. ამის მიღწევა არ არის ადვილი და ეს პროცესი ყოველთვის მტკივნეული, შრომატევადი, არაპროგნოზირებადი და ზოგჯერ თითქოს უაზრო ხასიათისაც გახლავთ. ამგვარი გამოცდილება საქართველოს გარდა მრავალ სხვა და უფრო ძლიერ სახელმწიფოებს გააჩნიათ - გადახედეთ თუნდაც უახლესი დიპლომატიის ისტორიას.
მეორეს მხრივ, რუსეთის თემის ამოგდება საქართველოს პოლიტიკურ/დიპლომატიური დისკურსიდან, მისი სრული იგნორირება (და მხოლოდ იმის კონსტანტირება, რომ „მაინც არაფერი არ გამოვა“), გამაღიზიანებელი რიტორიკა თუ უბრალოდ უაზრო ქილიკი, უფრო გაართულებს ამ ქვეყანასთან ურთიერთობებს და, რაც მთავარია, ჩვენი სტრატეგიული მიზნების მიღწევასც. თუმცა, თითქოს მეტი რაღა უნდა გართულდეს გაწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობების ფონზე?!
მიმაჩნია, რომ დღეისათვის რუსეთ - საქართველოს ურთიერთობებში კატასტროფულადაა დაზიანებილი ე.წ. „სტრატეგიული ღერძი“ (იგულისხმება მოსაზღვრე ქვეყნებს შორის სტაბილური და კეთილმეზობლური ურთიერთობები მაინც), რომელიც ნებისმიერი ორმხრივი დიალოგის საფუძველია. მხარეებს შორის საერთო ინტერესების (თუნდაც განსხვავებული!) და არსებული „სტრატეგიული ღერძის“ პირობებში, დროებითი უთანხმოებები და დისპუტები ადვილად გვარდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, წარმოქმნილი ვაკუუმი მხოლოდ მძაფრი რიტორიკით იცვლება. ასეთ დროს, რეალურ პოლიტიკას უაზრო განცხადებები ცვლის და სიტუაციის შემოტრიალების „სტარტეგიული ფასი“ მკვეთრად იზრდება. ჩვენს შემთხვევაში ეს ომით და ტერიტორიების დაკარგვით დასრულდა. ვშიშობ, რომ დღეისათვის რუსეთთან დისკურსის აღდგენა სათუოა და თუ ეს შესაძლებელი გახდა, ამას უდიდესი ძალისხმევა დასჭირდება და „სტრატეგიული ფასიც“ სათანადო იქნება - გაცილებით უფრო მაღალი, ვიდრე ეს 2008 წლის აგვისტომდე იყო.
როგორც ზემოთ ავღნიშნე, საქართველოს გამო დასავლეთი არ დაიწყებს ომს რუსეთთან, მითუმეტეს, მისი მთავარი ფორპოსტი - ამერიკა, რომელსაც ამ მომენტისათვის უამრავ და უმწვავეს საშინაო საკითხებთან ერთად, ურთულესი საგარეო პრობლემები გააჩნია: პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ავღანეთი, შემდეგ ირანი, ერაყი და საერთოდ ახლო აღმოსავლეთის თემატიკა, ჩრდილო კორეა და კიდევ ბევრი რამ. ევროპა კი, მოგეხსენებათ, რუსეთის ენერგოტყვეა. ეს კარგად იციან ვაშინგტონში და ევროპის დედაქალაქებში. რაც მთავარია, ეს კარგად აქვს გაცნობიერებული თვით რუსეთსაც. სწორედ ამიტომაა აუცილებელია რუსეთთან „დიდი კომპრომისის“ მოძებნა. რა თქმა უნდა, არა ჩვენი სტარტეგიული ინტერესების დათმობის ფასად.
ამ „კომპრომისის“ ჯერ მოძიება და მერე ჩამოყალიბება კი ურთულესი საქმეა და ამის მხოლოდ მძაფრი, თუნდაც ნატიფი რიტორიკის ან ნარატივების საშუალებით მიღწევა ვერასდროს მოხერხდება! საქართველოს ახალი ნარატივი „ბერლინის კედლის“ არსებობის თაობაზე დასავლეთს ჩვენი დახმარების სურვილის მაგივრად სტრატეგიულ დისკომფორტს უქმნის და მისი მოქმედებები გაცილებით ფრთხილი ხდება, ვიდრე ეს დღეს ჩვენს ინტერესებს შეესატყვისება. გასაგებია, რომ საქართველო დასავლეთის მიერ შემოთავაზებულ ახალი კლიშესთან, „სტრატეგიული მოთმინებასთან“ დაკავშირებით ვერ იქნება პასიური, თუმცა, აქაც დიდი სიფრთხილე გვამართებს, ვინაიდან ამერიკელების მიერ შემოთავაზებული ქცევის ეს ფორმულა არ წარმოადგენს ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკის ან სტრატეგიის ნაწილს და ის მხოლოდ რიტორიკის ნაწილია. ამიტომ, სასურველია, რომ ამ ვირტუალური ახალი გამყოფი „კედლის“ დემონტაჟის პროცესში ჩვენ თვითონ არ მოვყვეთ ნანგრევებში. ამ მხრივ სიხელე არ იქნებოდა ყველაზე უპრიანი სამოქმედო პოლიტიკური ინსტრუმენტი და სწორედ ამას გვირჩევენ ჩვენი ამერიკელი კოლეგები, რითაც კვლავ ადასტურებენ საერთაშორისო პოლიტიკის პრაქტიკაში არსებულ მეტად ტრივიალურ დებულებას: არც ერთი სახელმწიფო არ განსაზღვრავს საკუთარ საგარეო პოლიტიკურ კურსს პირადი ურთიერთობების და სიმპატიების საფუძველზე. ამიტომაც კიდევ ერთხელ მინდა დავუბრუნდე „ბორბლის გამოგონების სიხელის“ თემას - ქართული პოლიტიკისთვის დამახასიათებელ მარადიულ ვნებას. ჩემი უცხოელი მეგობრებისაგან ხშირად მსმენია, რომ უმნიშვნელოვანესი გაკვეთილი, რომელიც ნატოს ისეთმა ახალმა წევრმა-სახელმწიფოებმა, როგორიც რუმინეთი და ბულგარეთია, ისწავლეს - აღებული ვალდებულებების აუცილებელი შესრულება და ამით ნდობის მოპოვება.
დღევანდელ მსოფლიო პოლიტიკაში არსებული მკაცრი რიტორიკა, თუნდაც რუსეთის მოქმედებებთან დაკავშირებით, ერთგვარი პრელუდიაა, რომელიც დიდ ქვეყნებს შორის „დიდი გარიგების“ ან „დიდი ვაჭრობის“ საგანი შეიძლება გახდეს. ამის კონკრეტულ მაგალითად პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციის ბოლო გადაწყვეტილებაც გამოდგება - აღარ განათავსოს ჩეხეთსა და პოლონეთში რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა. ისეთ ქვეყანას, როგორიც საქართველოა, დიდი სიფრთხილე მართებს, რათა ნაჩქარევი გადაწყვეტილებებით ზედმეტად არ გააღიზიანოს ოპონენტები, რომლებსაც ეს სიხელე, მოგეხსენებათ, არ აკლიათ და ამავე დროს უხერხულ მდგომარეობაში არ ჩააყენოს მოკავშირე ქვეყნები. პირიქით, მნიშვნელოვანია ქვეყნის პოზიციით და ქმედებებით, ხელი შევუწყოთ კონსტრუქციული დიალოგის წარმართვას და სწორედ ამ კონტექსტში შევეცადოთ საკუთარი პრობლემების მოგვარებას.
მხოლოდ ამ შემთხვევაში ექნება ქმედითი წონა ამერიკის შეერთებულ შტატებთან გაფორმებულ „სტრატეგიულ ქარტიას“ თუ ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ „აღმოსავლური პარტანიორობის“ ინიციატივას, რომლებსაც ჯერჯერობით მხოლოდ დეკლარატიული ხასითი აქვთ. ჩვენი ქვეყნის წარმატებას ამ ორი მიმართულებით მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ის ნაბიჯები, რომლებსაც საქართველო, პირველ რიგში, ქვეყნის შიგნით გადადგამს. პროგრესისკენ სწრაფვაში არ უნდა დავივიწყოთ წარსულის მიღწევები და, რაც მთავარია, დაშვებული შეცდომები. „ბორბლის გამოგონების“ სიხელე საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური პერსპექტივებისათვის შემაფერხებელი და არაადექვატურია. სამწუხაროდ, ხშირად ვანგრევთ უკვე ღია კარს და ვკარგავთ ყველაზე ძვირფას თანამოაზრეს - დროს და შესაძლებლობებს, რომელთა კომპენსირება მეტად რთული საქმეა.
![]() |
6 საქართველოს უსაფრთხოების დილემა აგვისტოს შემდგომ რეალობათა შუქზე |
▲ზევით დაბრუნება |
გიორგი ხუციშვილი
საქართველო მეტად რთულ მდგომარეობაშია: ქვეყნის მეტ-ნაკლებად მშვიდი 15 წლიანი განვითარების პერიოდი გამანადგურებელი და დამამცირებელი სამხედრო ინტერვენციით დასრულდა; თითქმის ორი ათეული წლის მანძილზე გადაუჭრელი ეთნო-ტერიტორიული დავა რუსეთის მიერ იქნა „გადაჭრილი“ 2008 წლის აგვისტოს ხუთდღიანი ომის შემდეგ, რასაც მოჰყვა დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა საქართველოსა და რუსეთს შორის. ორ მეზობელ ქვეყანას შორის კონფრონტაციის დონე მაღალია. პოლიტიკური სიტუაცია საქართველოში მზარდ წუხილს იწვევს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო დონეზეც. ამგვარ ვითარებაში, საქართველოს ხელმძღვანელობის პოლიტიკური სვლები მიმართული უნდა იყოს რაციონალური შუალედური მიდგომების გამონახვისა და ქვეყნისთვის უფრო მეტად დაცული სამომავლო პოზიციების ხელშეწყობისაკენ, როგორც სტრატეგიულ მოკავშირეებთან, ასევე სტრატეგიულ მოწინააღმდეგეებთან ნდობის აღდგენისა და, პარალელურად, ქვეყნის შიდა პოლიტიკისა და ადამიანთა უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობის სტაბილიზაციის მეშვეობით. აღნიშნულის მიღწევა შესაძლებელია ეროვნული ერთობის შექმნის ობიექტური, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული პოლიტიკითა და ყველა უმნიშვნელოვანეს საკითხებზე ღია დიალოგის დემონსტრირების საშუალებით. დღემდე ის, რასაც ჩვენ რეალურად ვხედავთ, რადიკალურად საპირისპიროა: მმართველი გუნდის მიდგომები და სვლები ნაკლებად კონსტრუქციულია, უმეტესად სუბიექტური და არა ობიექტური მიზეზების გამო. მთლიანობაში, ქვეყნის შიდა მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა აგვისტოს ომის შემდეგ. იმისათვის, რომ განვჭვრიტოთ, თუ რა შეიძლება მოხდეს ან არ მოხდეს უახლოეს მომავალში, შესწავლილი უნდა იყოს ქვეყანაში შექმნილი ვითარების როგორც საშინაო, ასევე საგარეო ასპექტები.
აგვისტოს შემდგომი გამოწვევები და რეაგირების გარეშე დარჩენილი საფრთხეები
2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელმაც დაამტკიცა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის გადაწყვეტილება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების შესახებ. აღნიშნული ქმედება ცალმხრივად განხორციელდა, ყოველგვარი კონსულტაციის გარეშე, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ასევე საქართველოსთან - ქვეყანასთან, რომლის ტერიტორიის ნაწილსაც შეადგენენ სადაო რეგიონები. საქართველოა ის ქვეყანა, რომელმაც რუსეთის ფედერაციასთან ერთად 1990-იანი წლების დასაწყისში ხელი მოაწერა შეთანხმებებს, რომელნიც საქართველოში არსებულ კონფლიქტის ზონებთან დამოკიდებულებას განსაზღვრავდნენ. რუსეთის მიერ ზემოაღნიშნულ აღიარებას მოყვა, როგორც დამოუკიდებელ ხელისმომწერ მხარეებს შორის, ორმხრივი შემთანხმებების გაფორმება სამხედრო სფეროში თანამშრომლობის ჩათვლით.
2010 წლის დამდეგისთვის სამი ქვეყნის გარდა (ნიკარაგუა, ვენესუელა და ნაურუ), არც ერთ სხვა ქვეყანას არ დაუჭერია მხარი რუსეთისთვის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ ქვეყნებად ცნობის საკითხში. მოსკოვის ძალისხმევის მიუხედავად, ბელარუსმა უარი განაცხადა დაეყენებინა აღნიშნული აღიარების საკითხი პარლამენტის დღის წესრიგში.
საერთაშორისო საზოგადოებრიობამ უარყოფითად შეაფასა რუსეთის გადაწყვეტილებები, თუმცა გადაჭარბებული სიფრთხილე გამოიჩინა რუსეთის ქმედებების შეფასებისას იმ ტერიტორიებზე, რომელსაც საქართველო ოკუპირებულად მიიჩნევს1, ვიდრე საქართველოში კონფლიქტის შესახებ ევროკავშირის მიერ შექმნილი ფაქტების დამდგენი დამოუკიდებელი საერთაშორისო მისიის (ე.წ. ტალიავინის კომისია) ანგარიში გამოქვეყნდებოდა. 2009 წლის შემოდგომაზე გამოქვეყნებული ამ კომისიის დასკვნების მიხედვით, აღიარების აქტი ეწინააღმდეგებოდა საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს.2 რუსეთის ლიდერები მას შემდეგ მხოლოდ ირწმუნებიან, რომ მათი გადაწყვეტილება აღიარების შესახებ (აგრეთვე შესაბამისი შეთანხმებები და დოკუმენტები) „საბოლოოა და არ შეიცვლება“.
რუსეთისთვის თვითგამამართლებელი სურათის ათვლის წერტილს წარმოადგენდა პრეზიდენტ სააკაშვილის 2008 წლის 7 აგვისტოს ტელევიზიებით ფართოდ გაშუქებული განცხადება იმის შესახებ, რომ ქართული სამხედრო შენაერთები მთლიანად აკონტროლებდნენ ქალაქ ცხინვალს და რომ უახლოეს დღეებში მზადდებოდა სეპარატისტული რეგიონის მთელი ტერიტორიის გათავისუფლება, რითიც დასრულდებოდა ოცწლიანი ეთნო-ტერიტორიული დავა. რუსეთის მას-მედია, ამავდროულად ავრცელებდა ქართული არტილერიის ქმედებათა შესახებ საგანგაშო ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ცხინვალის დასახლებული უბნები იბომბებოდა, რითაც ქართველები თითქოსდა ლამობდნენ არა უბრალოდ ქალაქის დაპყრობას, არამედ ოს სეპარატისტებთან ძველი ანგარიშების გასწორებას და მათ მთლიანად განადგურებას(!!!).
არც ტალიავინის კომისიამ და არც რაიმე სხვა კომპეტენტურმა წყაროებმა არ დაადასტურეს გენოციდის შესახებ რუსეთის ბრალდება, თუმცა მეორეს მხრივ, დაადასტურეს ცხინვალში სააკაშვილისეული ოპერაციის მაპროვოცირებელი როლი, რომელმაც რუსეთის მიერ სამხედრო ოკუპაციის კატასტროფული შედეგები, სამოქალაქო მსხვერპლი და განადგურებული ინფრასტრუქტურა მოიტანა სუვერენული ქვეყნის დიდ ტერიტორიაზე.3 არ არის გასაკვირი, რომ რუსეთის მიერ საქართველოში შემოჭრა 8 აგვისტოს შემდეგ მსოფლიოში კვალიფიცირებული იყო (აგვისტოს ომის დროს და მის შემდეგ ჯორჯ ბუშისა და კონდოლიზა რაისის განცხადებების ჩათვლით), როგორც „რუსეთის მიერ არაპროპორციული რეაქცია“ (ცხადია, სააკაშვილის ქმედების მიმართ) და არა როგორც „არაპროვოცირებული აგრესია“, როგორც ის, უეჭველია, რომ სხვა შემთხვევაში შეფასდებოდა.
თავიანთი ქმედებების სამართლებრივად დასაბუთებისთვის რუსეთის ლიდერები ყოველთვის ცდილობენ, ნაწილობრივ, მოიხმარონ საერთაშორისო სამართლის ადაპტირებული პრინციპები, უფრო მეტად კი, სუპერსახელმწიფოებისათვის ჩვეული „რეალ-პოლიტიკის“ თამაშის წესები და პრაქტიკა. მოცემულ შემთხვევაში, რუსეთის ქმედებები საქართველოს წინააღმდეგ, თითქოსდა, გამოწვეული იყო „სამხრეთ ოსეთში თავიანთი ე.წ. „მოქალაქეების“ დაცვის შესახებ პასუხისმგებლობით“ (მიუხედავად იმისა, რომ იმ დროისთვის ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთი საყოველთაოდ იყო აღიარებული, როგორც საქართველოს ნაწილი). სინამდვილეში, რუსეთმა ხელოვნურად შექმნა რუსული დიასპორა რუსეთის პასპორტების დარიგების საშუალებით, რითაც სამხედრო ჩარევის საფუძველი განიმტკიცა. თავისი ქმედებების სამართლებრივი დასაბუთებისთვის რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართალზე დაყრდნობის მცდელობას კვლავაც სერიოზული წინააღმდეგობები გააჩნია. გაეროს გენერალური ასამბლეის 2005 წლის დოკუმენტი მხოლოდ ქვეყნის საზღვრებს შიგნით მოქალაქეთა დაცვის შესახებ სახელმწიფოს პასუხისმგებლობას განსაზღვრავს. ნებისმიერ სხვა შემთხვევაში (როგორც, მაგალითად, ეს 2008 წლის აგვისტოში მოხდა) იგი არ გულისხმობს სხვა სახელმწიფოს საქმეებში ან ტერიტორიაზე შეჭრის გამართლებას.4
სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა 2008 წლის აგვისტოს შემდგომი მოვლენების განვითარებისთანავე. რუსეთის ხელმძღვანელობა მიმართავს ძალისხმევას, რომ ყველანი შეეგუონ „ახალ რეალობას“. მისი თვალთახედვით, აღარ არსებობენ შიდა ეთნო-პოლიტიკური კონფლიქტები საქართველოში: ეს საკითხი, თითქოსდა, ამოიწურა ორი თვითაღიარებული სახელმწიფოს ცნობით. საქართველოში ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგის და ადგილზე სიტუაციის დაკვირვების (უსაფრთხოების ზონებში) მანდატით დასადგურებული საერთაშორისო მისიების ბედი, შესაბამისად, უნდა გადასინჯულიყო. რუსეთის აზრით, აღარ არსებობს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრებს შიგნით უსაფრთხოების კონტროლის აუცილებლობა, რადგან რუსები ისედაც აკონტროლებენ საზღვრებს და, მათი ინტერპრეტაციით, საქართველოს არ ემუქრება რაიმე საფრთხე „ყოფილი სადაო ტერიტორიების მხრიდან“. მეორე მხრივ, საქართველო აპროტესტებს მის ტერიტორიაზე ცალმხრივი საერთაშორისო მისიების არსებობას, რაც დაადასტურებდა რეალური საფრთხის რუსულ ინტერპრეტაციას. მედვედევ-სარკოზის ექვსპუნქტიანი შეთანხმების განხორციელება სწორედ იმ პუნქტებზე შეფერხდა და წაბორძიკდა, რომელიც სამხედრო შენაერთების 6 აგვისტოს მდგომარეობით განთავსებას (რისი შესრულებაც რუსეთის ხელმძღვანელობას არც კი უფიქრია) და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მოქმედების მანდატს ეხებოდა კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ზონებში. განვითარებისთანავე. რუსეთის ხელმძღვანელობა მიმართავს ძალისხმევას, რომ ყველანი შეეგუონ `ახალ რეალობას'. მისი თვალთახედვით, აღარ არსებობენ შიდა ეთნო-პოლიტიკური კონფლიქტები საქართველოში: ეს საკითხი, თითქოსდა, ამოიწურა ორი თვითაღიარებული სახელმწიფოს ცნობით. საქართველოში ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგის და ადგილზე სიტუაციის დაკვირვების (უსაფრთხოების ზონებში) მანდატით დასადგურებული საერთაშორისო მისიების ბედი, შესაბამისად, უნდა გადასინჯულიყო. რუსეთის აზრით, აღარ არსებობს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრებს შიგნით უსაფრთხოების კონტროლის აუცილებლობა, რადგან რუსები ისედაც აკონტროლებენ საზღვრებს და, მათი ინტერპრეტაციით, საქართველოს არ ემუქრება რაიმე საფრთხე „ყოფილი სადაო ტერიტორიების მხრიდან“. მეორე მხრივ, საქართველო აპროტესტებს მის ტერიტორიაზე ცალმხრივი საერთაშორისო მისიების არსებობას, რაც დაადასტურებდა რეალური საფრთხის რუსულ ინტერპრეტაციას. მედვედევ-სარკოზის ექვსპუნქტიანი შეთანხმების განხორციელება სწორედ იმ პუნქტებზე შეფერხდა და წაბორძიკდა, რომელიც სამხედრო შენაერთების 6 აგვისტოს მდგომარეობით განთავსებას (რისი შესრულებაც რუსეთის ხელმძღვანელობას არც კი უფიქრია) და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მოქმედების მანდატს ეხებოდა კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ზონებში.
როგორც აღმოჩნდა, აგვისტოსშემდგომი სტატუს კვო-ს ფარგლებში ჩაკეტვა ორივე ქვეყნის ხელმძღვანელთა ინტერესში იყო. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ოფიციალური პოზიციის მიხედვით, აგვისტოსშემდგომი რეალობის განვითარების ინტერპრეტაციას გარკვეული პარალელები აქვს რუსულ ინტერპრეტაციასთან. რამდენადაც სარისკო არ უნდა იყოს ეს, ითქვა, რომ აგვისტოს შემდეგ ჩვენ აღარ გვაქვს აღარც კონფლიქტური ზონები საქართველოს ტერიტორიაზე, აღარც შიდაპოლიტიკური კონფლიქტები, არამედ გვაქვს მხოლოდ ოკუპირებული ტერიტორიები.5 როგორც ჩვენ ამას შემდგომ ტექსტში ვნახავთ, აღნიშნული ინტერპრეტაცია გამოწვეული იყო, ნაწილობრივ, დიალოგის საკითხის დღის წესრიგიდან ამოშლისა და მისი შეუძლებლობის დასაბუთების საჭიროებით, ისევე როგორც იმით, რომ იგი შეესაბამებოდეს პოსტ-საბჭოურ საქართველოს პოლიტიკურ აზროვნებაში დომინირებულ თვალსაზრისს - საქართველოსთვის ერთადერთ საპირისპირო „მეორე“ მხარეს რუსეთი წარმოადგენს - რითაც კონფლიქტის მრავალმხრივი სტრუქტურის მხოლოდ ქართულ-რუსულ კონფლიქტამდე დაყვანა, და „მეორე“ მხარის მთლიანად რუსეთთან გაიგივება მიიღწეოდა
ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ოფიციალურ დღის წესრიგში, კვლავ მაღალ ნიშნულზე დგას, თუმცა, ეს საკითხი უფრო მეტად რიტუალური გახდა, ვიდრე რეალური მიზანი. ეს ცხადია ყველასთვის, ვინც ათვითცნობიერებს იმ ფუნდამენტურ ცვლილებებს, რასაც ადგილი აქვს 2008 წლის აგვისტოს შემდეგ. ყველაზე მნიშვნელოვანი უარყოფითი ცვლილებები, რომლებიც 5-დღიანი ომის შემდეგ დღემდე დამდგარა, მოიცავს რუსეთის ხელმძღვანელობის მიერ საერთაშორისო საზოგადოებაზე ზეწოლის შედეგად ეუთოს მისიის საქართველოდან გაყვანას და ასევე გაეროს დამკვირვებელთა მისიის შეწყვეტა/არგაგრძელებას, რამაც საქართველოში კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ზონები, ფაქტიურად, ყოველგვარი საერთაშორისო კონტროლის საშუალებების გარეშე დატოვა.
მხარეების მიერ ერთმანეთის აღქმა
მოსკოვი ცდილობს საქართველოს დაუმკვიდროს საერთაშორისო ნორმების და შეთანხმებების დამრღვევი ქვეყნის იმიჯი, რომელიც მუდმივად მიმართავს დესტრუქციულ ძალისმიერ ქმედებებს მისგან გამოყოფილი რეგიონების მიმართ, ხელს უწყობს ტერორიზმს ჩრდილოეთ კავკასიაში და, ამგვარად, საფრთხეს უქმნის საერთაშორისო სტაბილურობას. მოსკოვი მოითხოვს რუსეთის, როგორც უფრო განვითარებული და პასუხისმგებლობის მქონე ძალის მხრიდან მთელ რეგიონზე კონტროლის დაწესებას. მთავრობის მიერ კონტროლირებადი მას-მედიისა და დიპლომატიური ბერკეტების მეშვეობით მოსკოვი ცდილობს დაარწმუნოს საერთაშორისო საზოგადოებრიობა, რომ არ დაეხმაროს საქართველოს პოლიტიკურად ან ეკონომიკურად, რადგან ნებისმიერ საერთაშორისო დახმარებას საქართველო სამხედრო პოტენციალის აღსადგენად გამოიყენებს და კვლავ შეეცდება ძალით შემოიერთოს დაკარგული ტერიტორიები. პოლიტიკურ დონეზე, ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობა კვლავ შეწყვეტილია და მედვედევიც და პუტინიც ადასტურებენ, რომ არავითარი მოლაპარაკება არ იქნება შესაძლებელი, ვიდრე სააკაშვილია ხელისუფლების სათავეში.
აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში გამოხატული დამოკიდებულების მიხედვით, ქართული საზოგადოება არ არის მეგობრულად განწყობილი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზოგადოების მიმართ და, იმის მაგივრად, რომ მოინანიოს თავისი როლი ეთნიკური ომების გაღვივებაში, საქართველო რუსეთს ადანაშაულებს სეპარატიზმის მხარდაჭერაში. გამოყოფილი რეგიონებისთვის „მაღალი დონის” ავტონომიის მეტად ზოგადი ხასიათის შეთავაზების გარდა, ტერიტორიული მოწყობის ფედერალური პრინციპის და ძალაუფლების დეცენტრალიზაციის იდეას არასოდეს მოუპოვებია მხარდაჭერა საქართველოში, რის გამოც, აფხაზები და ოსები საქართველოდან წამოსულ ნებისმიერ წინადადებას გაერთიანების შესახებ არასერიოზულად და მათთვის საზიანოდ მიიჩნევენ. ისინი თვლიან, რომ საქართველო არ არის დაინტერესებული ადამიანური და კულტურული კავშირების აღდგენით აფხაზურ და სამხრეთ-ოსურ საზოგადოებასთან და მხოლოდ დაკარგული ტერიტორიების შემოერთება სურს. აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არ მიმართავენ არავითარ ძალისხმევას, რომ განასხვავონ რეჟიმები, სამოქალაქო საზოგადოება, მოსახლეობა და ისტორიული ეტაპები - საქართველო მათთვის ერთი საერთო მტერია.
აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში საკმაოდ გავრცელებული აზრის თანახმად, 2008 წელს საქართველო გეგმავდა იერიში მიეტანა აფხაზეთზე, და ამას შეასრულებდა, თუმცა უკანასკნელ მომენტში შეცვალა გეგმა და ცხინვალს დაარტყა, ანდა, „აფხაზეთის ოპერაციას“ სავარაუდოდ უნდა დაეფარა „ოსეთის ოპერაცია“, რომელიც საქართველოს ხელმძღვანელობას უფრო ადვილად განხორციელებადად მიაჩნდა ბუნებრივი ლანდშაფტისა და საზღვრებთან ადვილი მისადგომებიდან გამომდინარე. მიუხედავად ამისა, წყაროებზე დაყრდნობით, აფხაზეთის ხელმძღვანელობამ (სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობისგან განსხვავებით) შეგნებულად შეიკავა თავი აგვისტოში რუსეთის სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობისაგან კონფლიქტური ტერიტორიების მიღმა და არჩია, არ გაეხსნა „მეორე ფრონტი“ კოდორში.
აფხაზური შემართება ევროპასთან კავშირების დამყარების მიმართებით, აშკარად ეყრდნობა ეკონომიკისა და ტურიზმის ხელშეწყობის იდეას, ფარული განზრახვა კი იმაში მდგომარეობს, რომ, გარკვეულწილად, დააბალანსოს რუსეთის მზარდი დომინირება აფხაზეთში. თუმცა, ამ ეტაპზე, არავითარ შემხვევაში ეს არ ნიშნავს აფხაზეთის უფრო მეტად ტოლერანტულ დამოკიდებულებას საქართველოსთან ურთიერთკავშირის დამყარების საკითხში. აფხაზეთის საქართველოსგან გაუცხოების დონე კვლავ მაღალია, ხოლო მის მიმართ ნდობის ფაქტორი კი ისევ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა.
ჩვენებები და უკუჩვენებები დიალოგისათვის
შექმნილი ჩიხური სიტუაცია არ შეიძლება აიხსნას და გამართლებული იყოს, როგორც მთლიანად მესამე მხარის ინტერვენციის შედეგი. საქართველოს ოფიციოზის მიერ შექმნილი მანკიერი წრე, რომელიც ასაბუთებს მისსავე უმოქმედობას აგვისტოს შემდგომ სტატუს კვო-სთან მიმართებით, შესაძლებელია ამგვარად ჩამოყალიბდეს (ქვემორე არგუმენტები მრავალჯერ იქნა გამეორებული საქართველოს პრეზიდენტისა და მისი უახლოესი გარემოცვის მიერ სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ფორმით): „გვეუბნებიან, რომ ჩვენ პირდაპირ უნდა ვესაუბროთ მოწინააღმდეგე მხარეს - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტ ლიდერებს. კი ბატონო, დაველაპარაკებოდით მათ, მაგრამ ისინი მხოლოდ იმას იტყვიან, რასაც მათი უფროსები დაავალებენ მოსკოვიდან. გამომდინარე იქიდან, რომ სეპარატისტი ლიდერები მთლიანად მოსკოვზე არიან დამოკიდებულნი, მიგვაჩნია, რომ აზრი არ აქვს „დე ფაქტო“ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებას. მზად ვართ ვისაუბროთ მათ ხელმძღვანელებთან მოსკოვში, რადგან გვესმის, რომ ისინი ფლობენ მოლაპარაკების გასაღებს. მაგრამ რუსეთის ხელმძღვანელობა უარს აცხადებს ჩვენთან საუბარზე, და სწორედ ისინი კეტავენ ჩიხიდან გამოსასვლელს და არა ჩვენ“. აქედან გამომდინარე, აშკარაა, რომ ერთადერთი გზა იმისათვის რომ გავარღვიოთ არსებული სიტუაცია, გახლავთ ის, რომ ძლიერ და მოტივირებულ საერთაშორისო ძალებს მივცეთ მობილიზების საშუალება, სიტუაციაში ჩაერიონ და ცვლილებებს მიაღწიონ.
ყველაზე ზერელე შეხედვითაც კი ნათელია ამ არგუმენტაციის ჯაჭვის სისუსტე, რომელიც არსებითად უშლის ხელს იმ შიდა ცვლილებებს, რაც აუცილებელია ახალ გამოწვევებზე და პრობლემებზე საპასუხოდ და რომელიც პასუხისმგებლობას საერთაშორისო მოთამაშეებს აკისრებს და საბოლოოდ ყველას `მესიის' გამოჩენის მოლოდინში ამყოფებს. მთავრობის მიერ კონტროლირებადი მედია-არხები უსაზღვრო ინფორმაციას ამუშავებენ, რათა რაიმე მტკიცებულება მოძებნონ იმისა, თუ როგორი დემორალიზებული და დეზორგანიზებულია რუსეთის ჯარი, როგორი არეულობაა ჩრდილოეთ კავკასიაში, როგორ იზრდება ენერგეტიკის ექსპორტზე ფასები ან ციტირებენ შეერთებული შტატებისა თუ ნატოს ტექსტებს საქართველოს ნატოში გარდაუვალი გაწევრიანების შესახებ - მოკლედ, ისინი ყველაფერს მიმართავენ, რამაც მოსახლეობას შესაძლებელი მოლოდინები გაუძლიერონ იმ მიმართულებით, რომ რუსეთი მალე დაიქცევა, ან საქართველო უფრო ძლიერ მხარდაჭერას მოიპოვებს. თუმცა, ამავდროულად შექმნილი ვირტუალური რეალობა სინამდვილეში სიღრმისეულად ადასტურებს, რომ ეს მანკიერი წრე ჭეშმარიტად მანკიერია და ვერ გაჯანსაღდება.
ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ ურთიერთობებში არსებული ვითარება
საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკა არ აღიარებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის „დე ფაქტო“ ხელისუფლებას. უფრო მეტიც, მათთან ყველა საკომუნიკაციო არხი დაიკეტა და კრიტიკულ სიტუაციაში, როგორც მაგალითად, ცხინვალში 2009 წელს ქართველი მოზარდების დაკავების შემდეგ, საერთაშორისო ორგანიზაციებს უწევთ თავისთავზე მედიატორობის ინიციატივის აღება6. 2007 წლიდან გაუქმდა ერთ დროს აქტიური ერთობლივი საკონტროლო კომისია და ერთადერთი ფორმატი, რომელიც მხარეებს შეხვედრის და დისკუსიის შესაძლებლობას აძლევს, ევროკავშირის ეგიდითი შექმნილი ჟენევის ფორმატია, რომელიც არასაკმარისია და არაეფექტური. (ჟენევაში შეთანხმებული ინციდენტთა საწინააღმდეგო მექანიზმი დღემდე ერთადერთი პოზიტიური შედეგია, რაც კი ომის შემდგომ მრავალმხრივ მოლაპარაკებებს მოყოლია). ქართველი ოფიციალური პირების პოზიცია „დე ფაქტო“ ხელისუფლებასთან კომუნიკაციის უარყოფის შესახებ შემდეგ არგუმენტებამდეა დაყვანილი: ა) ისინი არიან მარიონეტული რეჟიმები და არ შეუძლიათ მოსკოვის ნაკარნახევისგან განსხვავებული გადაწყვეტილებების მიღება ან პოლიტიკის შემუშავება, და შესაბამისად, აზრს კარგავს მათთან ურთიერთობა; ბ) მოსკოვი უარს ამბობს საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებასთან ურთიერთობაზე და, ამდენად, ადგილზე სიტუაციის მართვა ვერ მოხერხდება მოსკოვთან ურთიერთობის საშუალებით. ერთადერთი ბერკეტი საერთაშორისო საზოგადოებრიობის ხელშია, რომლის, ხშირ შემთხვევაში, პასიურობასაც საყვედურობენ თბილისში.
თბილისში არსებული მოლოდინების თანახმად, რუსეთის ენერგო-დომინანტის ამბიციებიდან გამომდინარე რეალურ საფრთხეს ევროპის უფრო კონსოლიდირებული რექცია უნდა გამოეწვია. ამ ვერსიამ დაკარგა თავისი დამაჯერებლობა მაშინ, როდესაც, მიუხედავად რუსეთის მიერ ევროპისთვის გაზმომარაგების შეწყვეტისა 2008 წლის ზამთარში და რუსეთ-უკრაინის „გაზის ომისა“, ევროპის მთელი იმედები რუსეთთან მიმართებაში, დაკავშირებული აღმოჩნდა „თანამშრომლობის საშუალებით მართვის“ პოლიტიკასთან, პრეზიდენტ ობამას მიერ წამოწყებულ „გადატვირთვის“ მცდელობაზე დაყრდნობით.
რაშია გამოსავალი? უპირველეს ყოვლისა, უნდა ვიცოდეთ, რომ, როგორც არ უნდა შეიცვალოს პოლიტიკა ან ლიდერები მოსკოვსა და თბილისში, ცხინვალის და სოხუმის შემობრუნება თბილისიკენ უახლოეს წლებში ვერ მოხდება. აშკარაა, რომ ორმხრივად გაუცხოებული ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური ურთიერთობები მოითხოვს სახალხო დიპლომატიის განახლებულ ინექციას, განგრძობად ძალისხმევას, რომელიც ორივე მხრიდან უფრო ფართე და გავლენიან ჯგუფებზე იმოქმედებს და სამუშაო საკომუნიკაციო არხს გახსნის. მას შემდეგ, რაც თემურ იაკობაშივილი გახდა სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში (ადრე ცნობილი, როგორც კონფლიქტების მოგვარების სამინისტრო), გაფართოვდა დიალოგის წარმოების ძალისხმევაში მონაწილე სამოქალაქო საზოგადოების ნაწილთან მისი უწყების ურთიერთობა. საქართველოში შექმნილ შიდა ვითარებაზე საერთაშორისო რეზონანსმა მთავრობა აიძულა ეჩვენებინა ახალი კონსტრუქციული მიდგომები და დიალოგისთვის გახსნილობა და მზაობა. 2009 წლის ბოლოსთვის დამოუკიდებელი ექსპერტების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან კონსულტაციების შედეგად შემუშავებული სახელმწიფო სტრატეგიის დოკუმენტი, რომელსაც „ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგია - ჩართულობა თანამშრომლობის გზით“ ეწოდება, პირველად უსვამს ხაზს დიალოგის აუცილებლობას სეპარატისტულ საზოგადოებებთან და აღიარებს სამოქალაქო საზოგადოების როლს ამ კუთხით. „თანამშრომლობის გზით ჩართულობის“ სტრატეგიის მიხედვით, არც „დე ფაქტო“ ხელისუფლებასთან ურთიერთობაა გამორიცხული. კვლავ არ ჩანს, რომ ხელისუფლების პრაქტიკული ქმედება დამტკიცებული სტრატეგიული დოკუმენტის შესაბამისი იყოს. ქართული არასამთავრობო და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, რომელთა ინიციატივითაც შედგა მხარეებს შორის არაფორმალური შეხვედრები, ყველა სიძნელის მიუხედავად, კვლავ არ იშურებენ ძალისხმევას, რომ შეინარჩუნონ დიალოგისა და კომუნიკაციის არსებული არხები7.
ჩიხური სიტუაციები, როგორც პოლიტიკის წარმოების იარაღი
ფართოდ ცნობილია ხელისუფლების თეზისი: „ვიდრე ქართული მიწების ოკუპაცია გრძელდება, ომი არ დამთავრებულა“. როდემდე შეიძლება გაგრძელდეს ასეთ შემთხვევაში ომი, მითუმეტეს თუ სამშვიდობო მოლაპარაკება შეუძლებლადაა გამოცხადებული?
კონფლიქტების გადაწყვეტაში ჩიხურ სიტუაციასა და გამოუვალ მდგომარეობას ერთი „სასარგებლო“ მხარე ახლავს თან, განსაკუთრებით თუკი ეს სიტუაცია დაკავშირებულია გარე, მესამე მხარის აქტივობიდან გამომდინარე საფრთხეებთან: გადაწყვეტილების მიმღები პირი შესაძლებელია უმტკივნეულოდ იყოს გათავისუფლებული იმ პასუხისმგებლობისგან, რომელიც მას კონსტუქციული გამოსავლის ძიებაში პროგრესის მიღწევას აკისრებს; საშუალება ეძლევა მის წინაშე მდგარი ამოცანები შემდეგ პოლიტიკურ თაობას გადააბაროს და გარკვეული დროის განმავლობაში თავიდან აიცილოს უუნარობის ბრალდება. ამგვარად, არსებობს ცდუნება, რომ ჩიხური მდგომარეობა „დინამო-მანქანად“ გადააქციონ, შექმნან გარე საფრთხის იმიჯი, როგორც მუდმივის, ყოვლისმომცველის და უმართავის და შესაბამისად, შიდა პოლიტიკური რეალობა ნახევრად-სამხედრო ქრონიკულ საგანგებო სიტუაციად აქციონ. სწორედ ასეთ მდგომარეობასთან გვაქვს დღეს საქმე საქართველოში.
საქართველოს ხელმძღვანელობა და მის სამსახურში მყოფი იდეოლოგები ხშირად აფიქსირებენ, რომ „მათ ადგილას ვერავინ ვერ შეძლებდა უკეთესად“; „ცოტაც მოითმინეთ, და ცვლილებებიც იქნება“. სხვაგვარად, წაგებულ ომზე პასუხისმგებლობის წილი და ქვეყნის ერთიანობის აღდგენის დაკარგული შანსი უფრო მეტად წამოიწევს წინა პლანზე, ხოლო მოქმედი ხელმძღვანელობის ხელახალი არჩევისა კი უფრო შემცირდება. საკითხი არ დგას იმგვარად, რომ ხელმძღვანელობამ ვერ შეძლო ზოგიერთი ინსტრუმენტების და საშუალებების შემუშავება ან გამოყენება. უბრალოდ, არ არსებობს ისეთი ინსტრუმენტები და შესაძლებლობები, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა ამოცანის შესრულება რუსეთის მონაწილეობის გარეშე. ამგვარად აფასებს სიტუაციას საერთაშორისო თანამეგობრობა, იმ გამონაკლისი პიროვნებებისა და დაჯგუფებების გარდა, რომლებიც ცდილობენ, საფრთხეებისა და რისკების ყველა ობიექტური მტკიცებულების საწინააღმდეგოდ, ნებისმიერ ფასად, ბოლომდე დაუჭირონ მხარი საქართველოს აქტიურ ანტი-რუსულ პოზიციას, რაც საზიანოა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ უფრო ფართე რეგიონის უსაფრთხოებისთვისაც.
შექმნილი ჩიხური სიტუაციის განზომილებებია:
საქართველოს ხელმძღვანელობა ქმნის სურათს, თითქოს ფლობს რუსეთთან მკაცრი პოლიტიკური ხაზის გატარების ბერკეტებს მაშინ, როცა ამ მიმართულებით არ არსებობს აქტიური საგარეო მხარდაჭერა ან შესაფერისი გარემო;
რუსეთი საქართველოში წარმოჩენილია როგორც მხარე, რომელთანაც შეუძლებელია მოლაპარაკება; რუსეთის იმიჯი ირაციონალურ სფეროშია გადაყვანილი;
არავითარი რეალური პოლიტიკური ქმედებები არ განხორციელებულა, რომლითაც შესაძლებელი გახდებოდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის საქართველოს მიმართ გაუცხოების ხარისხის შემცირება;
არავითარი რესურსი და შესაძლებლობები არ ჩანს საერთაშორისო საზოგადოებრიობის რუსეთზე ზეწოლის გააქტიურებისათვის, რათა ამ უკანასკნელმა შეცვალოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნობის გადაწყვეტილება.
რუსეთთან დიალოგის დაწყების პერსპექტივები
მოსკოვსა და თბილისში არაერთგვაროვანი სურათი იკვეთება. რუსული წყაროების მიხედვით, მოსკოვში არსებობს ორი პოზიციის გარშემო დაჯგუფებული გავლენიანი პიროვნებები: პირველი ჯგუფი ემხრობა მოვლენების განვითარებას არსებული ფორმატით, ანუ არავითარი ოფიციალური კონტაქტები და მოლაპარაკებები, ვიდრე სააკაშვილი ხელისუფლებაშია; გაგრძელდეს საინფორმაციო ომი, და ა.შ. ამის საპირისპიროდ, მეორე ჯგუფი ცდილობს დაასაბუთოს წინაპირობების გარეშე ურთიერთობის დამყარების პროცესის აუცილებლობა, რასაც, ქართული მხარისგან ანალოგიური მზადყოფნის დემონსტრირება დაჭირდება. საქართველოს მხარეზე შექმნილი სურათი ნაკლებად ბუნდოვანია: საქართველოს საჯარო სივრცეში საკითხისადმი გამეფებული ირაციონალური დამოკიდებულება (იხ. ზემოთ) ხელს უშლის ნებისმიერ გავლენიან ჯგუფს ღიად დაიცვას დიალოგის მხარდაჭერის შესაბამის პოლიტიკაში გადაზრდის აუცილებლობა.
სააკაშვილის საჯარო განცხადებების აღქმა მნიშვნელოვნად განსხვავდება შევარდნაძის პრეზიდენტობის დროინდელი განცხადებების აღქმისგან: ეს უკანასკნელი აკეთებდა პოლიტიკური ხაზის მიმანიშნებელ კარგად გააზრებულ მითითებებს, სააკაშვილი კი უფრო ხშირად თავის ემოციურ განწყობას გამოხატავს და უფრო „პიარ-კამპანიას“ აწარმოებს, ვიდრე რაიმე მწყობრ სტრატეგიულ ხაზზე მიანიშნებს თავის გამოსვლებში.
ამგვარად, ქართველი თვითმხილველი უკანასკნელ წლებში მიეჩვია იმას, რომ არ შეხედოს მის განცხადებებს, როგორც მისი გუნდის პოლიტიკური დღის წესრიგის აუცილებელ ნაწილს. როდესაც პრეზიდენტი პარლამენტის ტრიბუნიდან აცხადებს, რომ „არავითარი დიალოგი არ დაიწყება, ვიდრე უკანასკნელი ოკუპანტი ჯარისკაცი არ დატოვებს ჩვენს მიწას“, ეს ისე აღიქმება, თითქოს ისეთ რამეს ამბობდეს, რასაც მთელი მისი გუნდი ეთანხმება, და რაც სხვებს შიშს ჰგვრის. მთავარი კითხვა ამ განცხადებასთან მიმართებით შემდეგია: როგორ უნდა დაიწყოს ოდესმე დე-ოკუპაციის პროცესი, თუკი მას წინ არ უძღვის მოლაპარაკების პროცესი? რადგან ხელისუფლების მიერ მკაცრად კონტროლირებად მედია-სივრცეში არ ისმება ასეთი კითხვები და არ ფიქსირდება განსხვავებული პოზიცია, იმავე მედიის ინტერპრეტაციით, საზოგადოება, თითქოს მხარს უჭერს ზემოხსენებულ განცხადებას.
პუტინმა და მედვედევმა რამოდენიმეჯერ გაიმეორეს აგვისტოს ომის შემდეგ, რომ ვიდრე სააკაშვილია ხელისუფლებაში, ისინი არ დაელაპარაკებიან საქართველოს ხელმძღვანელობას. ამგვარი განცხადების ჩანაფიქრი იყო აგვისტოსშემდგომი სტატუს კვო-ს „გაყინვა“, მოლაპარაკებების პერსპექტივის ჩაკეტვა და მიზნად ისახავდა შიდა ძალების წახალისებას სააკაშვილის შესაცვლელად, რაც გზას გახსნიდა ძლევამოსილ ჩრდილოელ მეზობელთან ურთიერთობის აღდგენისათვის. პუტინის განცხადებამ აგვისტოს ომის დასრულებისთანავე, მართალია, დროებით, მაგრამ მაინც საწინააღმდეგო შედეგი გამოიღო - ხალხი სასწრაფოდ გაერთიანდა არსებული ეროვნული სიმბოლოების (პრეზიდენტის ჩათვლით) გარშემო, მასში კიდევ უფრო გაძლიერდა რუსეთის, როგორც მარადიული მჩაგვრელის ნეგატიური იმიჯი. მოსკოვის გათვლების საპირისპიროდ, სააკაშვილის რეიტინგი აგვისტოს ომის შემდგომ გარკვეულ პერიოდში კიდევ უფრო გამყარდა. ახლაც კი, ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა საჭიროდ თვლის გაემიჯნოს მოსკოვთან ნებისმიერი კონტაქტის დამყარების მცდელობას, რათა არ დაბრალდეთ ანტიპატრიოტული ქმედება.
გაყინული ჩიხიდან გამოსასვლელად ალტერნატიული არხების ძიების მაგივრად, თუნდაც ოპოზიციის ლიდერთა აქტივობის საშუალებით, რეალური სიტუაცია საქართველოში ხელს უშლის მოსკოვთან და სეპარატისტულ მთავრობებთან კონტაქტის დამყარების ყველა მცდელობას და ყოველი ასეთი მცდელობის ინიციატორს სახელმწიფოს წინააღმდეგ ძირგამომთხრელ საქმიანობაში ბრალდების საშიშროებას უქმნის.
რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა საკითხის ირაციონალურ სფეროში მოქცევა იმ ფიქრების მთელი ჯაჭვის თავიდან აცილების საშუალებაა, რომელიც გარდაუვლად დაიპყრობს ხალხის გონებას და მარტივ ჭეშმარიტებას გამოავლენს: ყველა ის პროცესი, რომელიც პრობლემების შესახებ დიალოგს, ნდობის აღდგენას, ურთიერთობების დამყარებას ემსახურება და მომავალში ქვეყნის მთლიანობის აღდგენის შანსს შექმნიდა, დღევანდელი ხელმძღვანელების პოლიტიკურ კეთილდღეობას ეწირება, იმ ლიდერებისა, რომელთაც არ შეუძლიათ ერთმანეთთან საუბარი.
_____________________
1. გაეროს უშიშროების საბჭოს 2009 წლის რეზოლუციამ დაადასტურა როგორც პირველი, ასევე მეორე (აგვისტოსშემდგომი) ნაკადის იძულებით გადაადგილებულ პირთა თავიანთ სახლებში დაბრუნების ურყევი უფლება.
2. იხ. საქართველოში კონფლიქტის შესახებ ფაქტების დამდგენი დამოუკიდებელი საერთაშორისო მისიის ანგარიში, ტომი I, 2009 წლის სექტემბერი, გვ. 10-33.
3. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში დიდი და დადებითი რეზონანსი მოჰყვა ანდრეი ილარიონოვის კვლევას რუსეთ-საქართველოს ომზე. იგი ნამდვილად შეიცავს მტკიცებულებას იმისა, რომ რუსეთი აგვისტომდე დიდი ხნით ადრე ემზადებოდა ომისთვის, ამყარებდა რა აფხაზეთთან კვაზისახელმწიფოებრივ ურთიერთობას და ბევრჯერ მოუხდენია ქართული მხარის პროვოცირება. ამავე დროს, ილარიონოვის ნაშრომი მთლიანად იგნორირებას უკეთებს საქართველოს მხრიდან კონფრონტაციის პროვოცირების რაიმე ფაქტს (მაგ. როგორ უნდა იყოს სარწმუნო 2004 წელს ზაფხულში სამხრეთ ოსეთში მომხდარი კონფრონტაციის აღწერა, თუკი ნახსენებიც არ არის იმდროინდელი თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის როლი, ან თუ საერთოდ არ შეეხები საქართველოს სამხედრო შეტევას ცხინვალზე 2008 წლის აგვისტოში?). ილარიონოვის კვლევა სასარგებლოა, როგორც მტკიცებულება რუსეთის როლისა ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველოში განვითარებულ მოვლენებში. იგი მეტად ცალმხრივია და არ ქმნის სრულ ან ობიექტურ სურათს, რისი პრეტენზიაც გააჩნია.
4. იხილეთ გაეროს გენერალური ასამბლეის 2005 წლის შემაჯამებელი დოკუმენტი, აგრეთვე შესაბამის საკითხთან დაკავშირებით შექმნილი საერთაშორისო კოალიციის მასალები „დაცვის პასუხისმგებლობის შესახებ“ (R2P) და დოქტორ გარეთ ევანსის - იმ დროს, საერთაშორისო საკრიზისო ჯგუფის თავმჯდომარის - მიერ გაქეთებული განმარტებები.
5. ომის დასრულებისთანავე საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებლი კანონი ოკუპირებულ ტერიტორიების შესახებ გაკრიტიკებული იყო ვენეციის კომისიის მიერ ურთიერთ-გამომრიცხავი პუნქტების გამო. იგი ასევე წინააღმდეგობაში მოდის მთავრობის მიერ მიღებულ სტრატეგიის დოკუმენტთან (იხ. ქვემოთ) და ამიტომ, სავარაუდოდ, შეიცვლება.
6 ადამიანის უფლებათა საკითხებში ევროპის საბჭოს უმაღლესი კომისრის, თომას ჰამარბერგის ძალისხმევით 2009 წლის დეკემბერში ცხინვალიდან გათავისუფლებული იყვნენ დაკავებული მოზარდები.
7. იხ.: კონფლიქტის ზონებში ადამიანთა უსაფრთხოებისდა განვითარების ქართული და აფხაზური პერსპექტივები (A Policy Research Initiative). Brussels and Madrid: CITpax, 2009.
![]() |
7 ჯარის პოლიტიკური სწორება |
▲ზევით დაბრუნება |
ირაკლი სესიაშვილი
შესავალი
2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ საქართველოს წინაშე არსებული სამხედრო საფრთხეები კიდევ უფრო გაიზარდა. ქვეყანაში არსებული ორი სეპარატისტული რეგიონი რუსეთმა დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა და მათთან ორმხრივი ხელშეკრულებების საფუძველზე, ე.წ. სარკოზი-მედვედევის შეთანხმების დარღვევით, აფხაზეთსა და ცხინვალი რეგიონში სამხედრო ბაზები განალაგა. ამასთან, საქართველოს ხელისუფლებამ დაკარგა კონტროლი ახალგორის რაიონსა და ზემო აფხაზეთზე, რის შედეგადაც სეპარატისტული ხელისუფლების კონტროლს ქვეშ მოექცა დამატებით საკმაოდ დიდი ტერიტორიები. ახალგორის რაიონში ოკუპანტების მიერ განალაგებულმა სამხედრო ძალებმა, ფაქტობრივად, ქვეყნის შუაგულში წარმოქმნეს სამხედრო საფრთხეები, რომელთა ნეიტრალიზაცია ან მის წინააღმდეგ გამკლავება ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთ სერიოზულ გამოწვევად იქცა.
რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტასთან ერთად, გაუქმებულია რუსეთის სამშვიდობო მანდატი; ასევე შეწყდა გაეროს სამშვიდობო მისია აფხაზეთში, ხოლო ეუთო-ს სამშვიდობო მანდატი - ცხინვალის რეგიონში. სანაცვლოდ ამოქმედდა ევროკავშირის სადამკვირებლო მისია, რომლის ფუნქცია ძირითადად სადამკვირებლო საქმიანობით განისაზღვრა, ისიც მხოლოდ ე.წ. ბუფერულ ზონებში, ანუ საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გააფორმა მემორანდუმი ევროკავშირის სადამკვირებლო მისიასთან, რომლის ფარგლებშიც საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ დააფიქსირა თავისი ნება, შემდგომი ესკალაციისგან თავის არიდების მიზნით, ე.წ. ბუფერულ ზონებში სამხედრო ძალების შეზღუდული ოდენობით განთავსების თაობაზე. ბოლო ერთი წლის მანძილზე ქართულ საზოგადოებას არაერთხელ სმენია რუსეთის მხრიდან მორიგი აგრესიის ალბათობისა და შესაბამისი საფრთხეების შესახებ. ამ ფონზე ჩვენს ქვეყანაში უსაფრთხოების უზრუნველყოფა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს, თუმცა როგორც ჩანს, აგრესიისგან თავდაცვა უფრო მეტად დამოკიდებული გახდა საერთაშორისო მხარდაჭერაზე, ვიდრე ჩვენს სამხედრო შესაძლებლობებზე.
საქართველოს გეოპოლიტიკური მიმზიდველობისა და რეგიონალური სტაბილურობის მნიშვნელობის გათვალისწინებით, ასევე რუსული აგრესიის გაფართოების შესაძლებლობების აღსაკვეთად, როგორც ევროკავშირმა, ასევე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა არაერთი პოლიტიკური ნაბიჯი გადადგეს საქართველოს მხარადასაჭერად.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ახალი პრეზიდენტის უფლებამოსილების დაწყებამდე, 2009 წლის 9 იანვარს საქართველოსთან გააფორმა „სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტია“, სადაც ძირითადი აქცენტები სწორედ ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცებაზე გაკეთდა. 2009 წლის 22 ივნისს კი ამ ქარტიის პრინციპების უზრუნველყოფის მიზნით ერთობლივი საბჭო დაფუძნდა.
2008 წლის 19 აგვისტოს, NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დროს, რუსეთ-საქართველოს შორის მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე, ალიანსმა მიიღო გადაწყვეტილება ნატო-საქართველოს კომისიის დაარსების შესახებ. აღნიშნულთან დაკავშირებით ურთიერთგაგების მემორანდუმს 2008 წლის 15 სექტემბერს მოეწერა ხელი. კომისიის მიზანია საქართველოს ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებებისა და საქართველოსთვის მოკავშირეთა მხარდაჭერის კოორდინაცია.
ნატო-საქართველოს კომისიის პირველი სხდომა 2008 წლის დეკემბერში გაიმართა, სადაც ჩრდილო-ატლანტიკურმა ალიანსმა საქართველოს ყოველწლიური ეროვნული სამოქმედო გეგმა შესთავაზა, რომელიც შემდგომ შეხვედრებზე იქნა დამტკიცებული.
2009 წლის მაისში ბრიუსელში გამართულ ნატოს პარტნიორი ქვეყნების გენერალური შტაბების ხელმძღვანელების შეხვედრაზე გადაწყდა ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციებში ქართული ქვედანაყოფების მონაწილეობა.
2009 წლის სექტემბრიდან ამერიკელმა სამხერო ინსტრუქტორებმა ავღანეთში ნატოს სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობისათვის ქართველი სამხედრო მოსამსახურეების წვრთნა დაიწყეს. აღნიშნული პროგრამით, 31-ე ქვეითი ბატალიონი ექვსთვიან ინტენსიურ მომზადებას გადის, რის შემდეგაც აღნიშნული ქვედანაყოფი მონაწილეობას მიიღებს ნატოს ეგიდით წარმოებულ ISAF-ის ოპერაციაში, რომელსაც შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითი ჯარის საექსპედიციო ბრიგადა უხელმძღვანელებს. ქართველი სამხედროების გაწვრთნაში მონაწილეობას 69 ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორი იღებს. წვრთნისას ყურადღება გამახვილებულია იმ საკითხებზე, რომლებიც უზრუნველყოფენ ქართველი სამხედროების ეფექტურ ურთიერთობას პარტნიორ სამხედრო მოსამსახურეებთან. ქართველი სამხედროების ჯგუფის ავღანეთში გამგზავრება 2010 წლის პირველ ნახევარში იგეგმება.
ამ ფონზე საქართველოს შეიარაღებუყლი ძალების განვითარება ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად უნდა განსაზღვრულიყო არსებული საფრთხეებისა თუ ჩვენს პარტნიორებთან სტრატეგიული თანამშრომლობის გათვალისწინებით. საქართველოს პრეზიდენტისა და ხელისუფლების მიერ ბოლო ერთი წლის მანძილზე გადადგმულმა ნაბიჯებმა, ერთი შეხედვით, საკმაოდ გაურკვეველი სიტუაცია და პერსპექტივები შექმნა ჩვენი ქვეყნის ჯარის განვითარებასთან მიმართებაში. თავად ის ფაქტი, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 2008 წლის ბიუჯეტთან შედარებით 42% შემცირდა1, მიანიშნებს ხელისუფლების ახალ მიდგომას შეიარაღებული ძალების მიმართ.
ჯარის მიმართ ხელისუფლების ახალი მიდგომა
ჯარის მშენებლობა ვარდების რევოლუციით მოსული ხელისუფლების პრიორიტეტი იყო, რომელიც 2008 წლის აგვისტომდე ითვლებოდა ხელისუფლების მიერ განხორციელებულ ყველაზე წარმატებულ „პროექტად“. საქართველოს შეიარაღებულ ძალებში განხორციელებული რეფორმებითა და წარმატებებით საქართველოს პრეზიდენტი ყოველთვის ამაყობდა და, შესაბამისად, მუდმივად აპელირებდა ჩვენი ჯარის ძლიერებაზე. პრეზიდენტის ამ მიდგომას თავისი მიზნები ჰქონდა, კერძოდ:
1. ჯარის მშენებლობაზე კოლოსალური თანხები იხარჯებოდა და, ცხადია, პრეზიდენტს გარკვეული ანგარიშვალდებულება გააჩნდა, რომ ამ თანხების განკარგვის ადეკვატური შედეგები დგებოდა, თუნდაც ვიზუალურ დონეზე;
2. ჯარი პრეზიდენტის სავიზიტო ბარათად გადაიქცა იმ ფონზე, როდესაც საზოგადოების ნდობა ჯარისადმი მაღალი იყო, რაც პოლიტიკური თვალსაზრისით პრეზიტენტისთვის მომგებიანი იყო შესაბამისი პოლიტიკური მიზნებისთვის;
3. ჯარი და შესაბამისი სამხედრო პოტენციალი, თავის მხრივ, განიხილებოდა კონფლიქტების მოგვარებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ერთ-ერთ საშუალებად, რაც საზოგადოებაში პოზიტიურ მოლოდინებს ქმნიდა. ეს უკანასკნელი კი პრეზიდენტ სააკაშვილისთვის დამატებითი პოლიტიკური ქულების მომტანი იყო, რათა საქმე ბოლომდე მიეყვანა, ანუ გაემყარებინა და გაეხანგრძლივებინა საკუთარი ძალაუფლება უწყვეტი პოზიტიური მოლოდინების პირობებში.
თუ პრეზიდენტისა და ხელისუფლების ზემოაღნიშნულ მიდგომას უკვე ჯარის ფუნქციონალურ დატვირთვასა და მნიშვნელობაში განვიხილებთ, მივალთ დასკვნამდე, რომ ჯარი, ეს იყო, ერთი მხრივ, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ერთ-ერთი იარაღი, მეორე მხრივ კი, პრეზიდენტისა და მმართველი პოლიტიკური ძალის - ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური მდგრადობის გარანტია.
2008 წლის აგვისტოს ომმა და შესაბამისმა შედეგებმა გამოიწვიეს როგორც ჯარის ზემოაღნიშნული ფუნქციების, ასევე ხელისუფლებისთვის პოლიტიკური დივიდენდების მომტანი ელემენტის თვისობრივი მაჩვენებლის დაკარგვა. აგვისტოს ომში განცდილმა მარცხმა, ფაქტობრივად, უპერსპექტივო გახადა მომავალში ამ კონფლიქტების მოგვარების ძალისმიერი ვარიანტები. შესაბამისად, ჯარმა ზეპატრიოტული ფუნქცია დაკარგა. თუმცა გაჩნდა ჯარის ძველი, დეკლარირებული და რეალური ფუნქცია - ქვეყნის თავდაცვა, რაც უფრო რთულ ამოცანას წარმოადგენს, თუკი არსებულ საფრთხეებსა და ჩვენს შესაძლებლობებს გავითვალისწინებთ. ჩვენი ქვეყნის შეიარაღებული ძალების გაძლიერება ქვეყნის უსაფრთხოების რეალურად უზრუნველყოფად, პირველ რიგში, დაკავშირებულია კოლოსალურ სახსრებთან, რაც ქვეყნას არ გააჩნია. ამის რესურსის არსებობის შემთვევაშიც, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ჩვენი ჯარის გაძლიერება შესაბამისი მხარდაჭერის გარეშე, რადგან ცივილიზებულ სამყაროს უკვე გააჩნია გარკვეული შიში და თვითშეზღუდვა, გააძლიეროს საქართველოს სამხედრო ძალები იმდენად, რომ ის მორიგი კონფლიქტის გამღვივებელი აღმოჩნდეს. ამდენად, ჯარის ფუნქცია - დაიცვას ქვეყანა რუსეთის მორიგი თავდასხმისგან, ნაწილობრივია, რამდენადაც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების ძირითადი გარანტიებია საერთაშორისო პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარეობს.
კრიზისულ ვითარებაში გამოჩნდა, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმატებული პროექტი - „რეგიონში ყველაზე ძლიერი და თანამედროვე სამხედრო ძალა“, როგორც მას ხელისუფლების პოლიტიკური ლიდერები აფასებდნენ, რეალურად მითი აღმოჩნდა. ქართული ჯარის მშენებლობისა და განვითარებისთვის გახარჯულმა თანხებმა შედეგი არა თუ ვერ გამოიღო, არამედ აღმოჩნდა, რომ ჯარში ჩადებული რესურსი, ფაქტობრივად, წყალში იქნა გადაყრილი; აღმოჩნდა, რომ ჩვენ გვყავს მშვიდობიანობის პერიოდში კარგად ჩაცმულ-დახურული და აღჭურვილი ჯარი, რომელსაც უკვე კრიზისულ ვითარებაში, რისთვისაც ის არის რეალურად შექმნილი, ვერ ან არ ვიყენებთ. ადგილობრივმა და საერთაშორისო ექსპერტებმა ასეთი უფუნქციო ჯარის არსებობის მთავარ მიზეზად არაეფექტური მმართველობა და ხელისუფლების არასწორი თავდაცვის პოლიტიკა დაასახელეს. ყოველივე ეს კი ნიშნავს, რომ პრეზიდენტმა დაკარგა ჯარი, როგორც წარმატებული პროექტი, ასევე როგორც სავიზიტო ბარათი ხელისუფლების პოლიტიკური წარმატებისა.
ყველაფერ ამას დაემატა ისიც, რომ, თუკი ჯარი ასე თუ ისე პროსახელისუფლებო სოციალურ ჯგუფად მიიჩნეოდა, რადგან თავად ჯარშიც იყო შექმნილი განწყობა, რომ მათ ქვეყანაში რეალურად ჰქონდათ ფუნქციონალური დატვირთვა პატრიოტული მიზნების მიღწევის საქმეში, ომში განცდილი მარცხის შემდეგ, სამხედრო მოსამსახურეთა პოზიციები ხელისუფლების მიმართ შეიცვალა. ბევრი სამხედრო პირი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ომი წააგო ხელისუფლებამ და რომ ჯარს უბრალოდ ბრძოლის საშუალება არ მისცეს იმის გამო, რომ ხელისუფლებას წარმოდგენა არ ჰქონდა, როგორ ემართა ჯარი და ეწარმოებინა ომი მტრის წინააღმდეგ. ხოლო როდესაც პასუხისმგებლობის საკითხი დადგა, ხელისუფლებამ მარცხი ჯარისკაცებსა და უმცროსს ოფიცრებს დააკისრა. ეს განწყობა ხელისუფლებისთვის ცნობილია, რამაც გარკევული საფრთხეებიც გააჩინა პოლიტიკური სტაბილურობისთვის. მათ შორის, ხელისუფლებაში გაჩნდა შიში ჯარის მიმართ.
შესაბამისად, დასკვნის სახით, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს პრეზიდენტისა და ხელისუფლების მიდგომა ჯარისადმი 2008 წლის შემდგომ რადიკალურად შეიცვალა; პრეზიდენტმა დაკარგა ჯარი თავისი ფუნქციონალური მნიშვნელობითა და მოლოდინებით, ისევე, როგორც მისი პოლიტიკური მდგრადობის გარანტორი, ხოლო ჯარის აღდგენილი ფუნქცია - ქვეყნის დაცვა, ჯერ კიდევ ბუნდოვანია. ყველაფერთან ერთად კი ხელისუფლებაში გაჩნდა ჯარის მიმართ შიში და უნდობლობა. ამ შიშის დაძლევა შესაძლებელია, თუკი იცი, როგორ მართო და როგორ წაიყვანო ჯარი სისტემური განვითარებისკენ, თუმცა საქართველოს პრეზიდენტს სავარაუდოდ ამის უნარ-ჩვევები არ გააჩნია, რასაც ამტკიცებს კიდეც ბოლო ერთი წლის მანძილზე თავდაცვის სისტემაში განვითარებული პროცესები.
ომის ქართული სინდრომი - გმირების თუ დეზერტირების არმია?
აგვისტოს ომში ქართული ჯარის მარცხის მიზეზი ბევრი იყო და შესაბამისი დაკვნების გამოტანა ხელისუფლებისა და საზოგადოების პირდაპირი ვალდებულებაა. ეს ვალდებულება ბუნებრივად წარმოქმნილი იყო განსაკუთრებით საომარი მოქმედებების დაწყებიდან, პირველი წუთებიდან და შესაბამის პასუხისმგებლობის განაწილების ვალდებულებაც თითოეულ ჩვენთაგანზე მოდიოდა.
ჯერ კიდევ 11 აგვისტოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ერის კონსოლიდაციის აუცილებლობაზე საუბრობდა, თუმცა, როგორც ჩანს, თავად ხელისუფლება და პრეზიდენტი ამ კონსოლიდაციისთვის მოუმზადებელი აღმოჩნდა. მაშინ, როდესაც მტერი ქვეყნის შიგნით იყო შემოჭრილი და საფრთხეები კატასტროფული სისწრაფით იზრდებოდა ყველა მიმართულებით, მაშინ, როდესაც თითოეული ჯარისკაცის სამსახური მართლაც რომ ქვეყნის გადარჩენის წინაპირობა იყო, ხელისუფლებამ მიზანშეწონილად მიიჩნია დაჩქარებული წესით გამოევლინა ომში დამარცხების „დამნაშავეები“. ხელისუფლებამ იხელმძღვანელა პრინციპით „ომს იგებენ პოლიტიკოსები, ხოლო აგებენ ჯარისკაცები“ და „ერის კონსოლიდაციის პროცესში“, რეალურად კი - საკუთარი პოლიტიკური პასუხისმგებლობისგან თავის დაღწევის მიზნით, პირველი „დამნაშავეების“ ძებნა ჯარში დაიწყო.
14 აგვისტოს სამხედრო ხელმძღვანელების ბრძანების საფუძველზე დაიწყო სამხედრო მოსამსახურეთა აღრიცხვიანობა, რის შედეგად აღმოჩნდა, რომ ჯარი, რომელიც, როგორც პრეზიდენტი აცხადებდა, მაქსიმალურად ორგანიზებულად იცავდა დედაქალაქს, დაშლილი და უპატრონოდ იყო მიტოვებული. რამდენიმე ათასი სამხედრო მოსამსახურე (რთულია ზუსტი ციფრის დასახელება) არ აღმოჩნდა დისლოკაციის ადგილზე, რის გამოც სამართლებრივი თვალსაზრისით სრულიად მართებულად მათი საქმეები გადაეცა სამხედრო პოლიციას შემდგომი რეაგირებისთვის. დაიწყო სამხედრო მოსამსახურეების დაკავება დეზერტირობისა და სხვა სისხლის სამართლის თუ დისციპლინური სამართალდარღვევის შესაბამისი დანაშაულების ბრალდებით.
სამართალწარმოების პირველივე ეტაპზე ხელისუფლება აღმოჩნდა სერიოზული დილემის წინაშე: დისლოკაციის ადგილზე არ აღმოჩნდა რამდენიმე ათასი სამხედრო მოსამსახურე, რაც უკვე ქმნიდა იმის საფრთხეს, რომ პრეზიდენტის პოლიტიკური განცხადება „გმირების არმიის“ შესახებ „დეზერტირების არმიად“ გარდაქმნილიყო, რაც უკვე დააყენებდა, ერთი მხრივ, თავად პრეზიდენტის პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, რომელიც მუდმივად აპელირებდა წარმატებული ჯარის მშენებლობაზე, მეორე მხრივ კი, ობიექტურად წარმოაჩენდა თავდაცვის სამინისტროს უუნარო მმართველობას. შესაბამისად, მიღებულ იქნა პოლიტიკური გადაწყვეტილება და, ფაქტობრივად, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დააკისრეს პირველ ეტაპზე დაკავებულ 60-მდე სამხედრო პირს, ხოლო დანარჩენ სამხედრო მოსამსახურეებს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა შეუცვალეს ადმინისტრაციული სასჯელებით და მათი უმრავლესობა „უღირსი საქაციელის გამო“ დაითხოვნეს სამხედრო სამსახურიდან. კიდევ ერთხელ ხაზი უნდა გავუსვათ იმ გარემოებას, რომ ეს ყველაფერი ხდებოდა მაშინ, როდესაც მტრისგან მომდინარე საფრთხეები პროგრესირების პროცესში იყო და, ვიმეორებ, თითოეული ჯარისკაცის სამსახური სამშობლოს გადარჩენის წინაპირობა იყო.
საზოგადოებისა და არასამთავრობო სექტორის აქტიური მუშაობით, ხელისუფლება და პრეზიდენტი იძულებული გახდა დაპატიმრებული პირები გაეთავისუფლებინა ამნისტიისა თუ შეწყალების გზით, თუმცა ეს ყველაფერი განხორციელდა დაგვიანებულად, მაშინ, როდესაც თავად სამხედროებშიც კი გაჩნდა სერიოზული პროტესტი ყოფილ თანამოსამსახურეთა მიმართ არასამართლიანი მიდგომის გამო.
საკადრო პოლიტიკა
წლების მანძილზე თავდაცვის სამინისტროში საკადრო პოლიტიკა ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა, რამაც ნაწილობრივ განაპირობა ქვეყნის თავდაცვის სისტემის განვითარების არასწორი პოლიტიკა. შესაბამისად მიღებული, რიგ შემთხვევაში კატასტროფული გადაწყვეტილებები, მათ შორის აგვისტოს ომის წარმოქმნისა და შედეგების თვალსაზრისით, სწორედ არასწორი საკადრო პოლიტიკის პირდაპირი გამოხატულება იყო.
2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ დღის წესრიგში ბუნებრივად დადგა საკითხი მორიგი სამთავრობო კარუსელისა, რომელიც განცდილი მარცხის ფონზე, ცხადია, გვერდს ვერ აუვლიდა თავდაცვის სამინისტროს. 2008 წლის 6 დეკემბერს თანამდებობიდან დათხოვნილ იქნენ თავდაცვის მინისტრი, დავით კეზერაშვილი და გაერთიანებული შტაბის უფროსი ბრიგადის გენერალი ზაზა გოგავა. შესაბამისი ცვლილებების საფუძველზე თავდაცვის მინისტრად დაინიშნა საქართველოს ყოფილი ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში ვასილ სიხარულიძე, ხოლო გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელად - ვიცეპოლკოვნიკი ვლადიმერ ჩაჩიბაია.
განხორციელებული ცვლილებების ლოგიკა მდგომარეობდა, ერთი მხრივ, განცდილი მარცხის შედეგად თავდაცვის სისტემაში ახალი სისხლის გადასხმაში, ხოლო, მეორე მხრივ, ზოგადად თავდაცვის სისტემისა და ჯარის სტრატეგიული განვითარების მიმართ მიდგომის შეცვლაში. აქ ასევე გასათვალისწინებელია 2008 წლის დეკემბერში შეერთებულ შტატებთან გაფორმებული ქარტია სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, რომელიც, თავის მხრივ, ახალ და განსაკუთრებულ მიდგომებსა და თანამშრომლობას მოითხოვდა შეერთებულ შტატებთან. ამ მხრივ ვასილ სიხარულიძისა და ალექსანდრე ჩაჩიბაიას კანდიდატურები ერთობ ლოგიკური და მისაღები იყო როგორც შექმნილი ვითარების, ასევე საერთაშორისო ურთიერთობის მოცემულობის გათვალისწინებით. ამავე პროცესის ნაწილი იყო ის, რომ თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ბათუ ქუთელია დაინიშნა ამერიკაში საქართველოს ელჩად.
თუკი ზემოაღნიშნულ საკადრო პოლიტიკას უფრო სიღრმისეულად გავანალიზებთ, მივალთ, ჩემი აზრით, იმ დასკვნამდე, რომ თავდაცვის მინისტრის კანდიდატურის შერჩევა საქართველოს პრეზიდენტისთვის ზოგადად ყველაზე რთულ საქმეს წარმოადგენს, განსაკუთრებით კი აგვისტოს ომში მარცხის შემდგომ. ამიტომ შეირჩა ისეთი პირი, რომლის რეპუტაცია მისაღებია დასავლეთში, ხოლო საქართველოში მის მიმართ პოზიცია ფაქტიობრივად საზოგადოებაში გამოკვეთილი არ იყო. ასევე აქვს ახსნა ვლადიმერ ჩაჩიბაის დანიშვნას გაერთიანებული შტაბის ხელომძღვანელად, რამდენადაც მას, მისი წინამორბედისგან განსხვავებით, აქვს უმაღლესი სამხედრო განათლება, მათ შორის შეერთებულ შტატებში, არის კარგი ორგანიზატორი და რეფორმების ინიციატორი, რაც განსაკუთრებით სჭირდებოდა ქვეყანას ომის შემდგომ.
ახალმა თავდაცვის მინისტრმა წარმოადგინა მინისტრის ხედვა, რამაც საერთო ჯამში პოზიტიური შთაბეჭდილება წარმოქმნა ექსპერტებში. პროგრამაში წარმოდგენილი პრობლემები და განვითარების პერსპექტივები წინა მსგავსი დოკუმეტებისგან განსხვავებით, იყო რეალისტური და განხორციელებადი. აქცენტი კეთდებოდა გრძელვადიან განვითარებაზე და არა ნაჩქარევ შედეგებზე. პრიორიტეტებს შორის დასახელდა ჩვენი ქვეყნისთვის ჰაერსაწინააღმდეგო და ტანკსაწინააღმდეგო თავდაცვითი შესაძლებლობის გაზრდა, რაც ლოგიკურად ეფუძნებოდა აგვისტოს ომის მწარე გაკვეთილებს. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია სამხედრო მოსამსახურეთა განათლებისა და კარიერული სისტემის დანერგვის პრიორიტეტად დასახელება, რაც საზოგადოებაში ქმნიდა იმის მოლოდინს, რომ ამ სისტემის განვითარების მიმართ მიდგომები შეიძლება შეცვლილიყო და ის თანმიმდევრულ ნაბიჯებს დაქვემდებარებოდა.
თუმცა წყალი მალე აიმღვრა მორიგი საკადრო ცვლილებით, როდესაც საზოგადოებისთვის ოდიოზური ფიგურა, სასჯელარსრულების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი ბაჩო ახალაია დაინიშნა თავდაცვის მინისტრის მოადგილედ.
ჩვენი დასავლელი კოლეგებისთვის ძნელი წარმოსადგენია, როგორ შეუძლია ერთმა საკადრო ცვლილებამ გამოიწვიოს პრობლემები მთლიან სისტემაში, თუმცა შესაბამისმა შედეგებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ჩვენდა სამწუხაროდ, საქართველოს სახელისუფლებო მმართველობა ეფუძნება არა სისტემურ მიდგომას, არამედ პერსონებსა და მათი პოლიტიკური ერთგულების ნიშას.
აღნიშნულმა საკადრო ცვლილებამ პირველ უარყოფით შედეგად ის გამოიღო, რომ ვლადიმერ ჩაჩიბაიამ, გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელმა, თანამდებობა დატოვა პირადი განცხადების საფუძველზე და ის გადაყვანილ იქნა თავდაცვის მინისტრის მოადგილედ, ანუ დაინიშნა სამოქალაქო პოლიტიკურ თანამდებობაზე; და ეს მაშინ, როდესაც უმაღლესი სამხედრო პროფესიონალი კადრების დეფიციტს, პირველ რიგში, სწორედ სამხედრო ძალები განიცდიან. თუმცა, ვფიქრობ, ჩაჩიბაიას გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანეობიდან წასვლის მიზეზი მეტ ყურადღებას მოითხოვს, რამდენადაც შესაბამისი მიზეზები იწვევს სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობათა ძირითადი პრინციპების რღვევას. თუ რა მოხდა და რატომ გადადგა ბ-ნი ჩაჩიბაია, ამ კითხვებზე ოფიციალური პასუხი, რა თქმა უნდა, არ არსებობს და ეს ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების ჩვეული პასუხისმგებლობის გამოხატულებაა.
მრავალი ცნობილი მკვლევარი და მეცნიერი საუბრობს იმ ზღვარზე, რომელიც გადის სამოქალაქო და სამხედრო მმართველობას შორის. ეს ზღვარი იქნა დარღვეული მაშინ, როდესაც სამოქალაქო დემოკრატიულმა კონტროლმა მიიღო ვიწრო პოლიტიკური კონტროლის ფორმები და პრეზიდენტის მხრიდან მაღალი ნდობის მანდატით აღჭურვილმა ბაჩო ახალაიამ მოითხოვა მეტი უფლებამოსილება, ვიდრე მას ეს ხელეწიფებოდა ან ეკუთვნოდა. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, სამოქალაქო მმართველები ჩაერივნენ სამხედროების საქმეში, რამაც გამოიწვია კონფლიქტი. პრეზიდენტმა კი, როგორც მას სჩვევია, გააკეთა არჩევანი ვიწრო პოლიტიკურ კონტროლის სასარგებლოდ და პროფესიონალიზმის საპირისპიროდ. ვლადიმერ ჩაჩიბაია გადადგა გაერთიანებული შტაბის უფროსის თანამდებობიდან, მის ნაცვლად დაინიშნა გენერალ-მაიორი დევი ჭანკოტაძე, ხოლო ჩაჩიბაიას წასვლას რომ არ მოჰყოლოდა პროტესტი როგორც საზოგადოებისგან, ასევე სამხედრო პირთა შორის, ის თავდაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. თავისთავად ზემოაღნიშნული საკადრო ცვლილებები ვერ შექმნიდა საუკეთესო გარემოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელ პირთა ურთიერთობებში, რაც ადრე თუ გვიან ბუნებრივად წარმოქმნიდა ახალი საკადრო გადაჯგუფების აუცილებლობას. მომდევნო საკადრო ცვლიელბა უკვე 2009 წლის აგვისტოში განხორციელდა, თუმცა ყოველივე ამას წინ უძღოდა მაისის მოვლენები - სამხედრო ბუნტი მუხროვანის ნაწილში, რაზეც ქვემოთ ცალკე თავში ვისაუბრებთ.
ჯერ კიდევ 2009 წლის ივნის-ივლისში პრესაში გაჩნდა ინფორმაცია დავით სიხარულიძის თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან წასვლის სურვილის შესახებ, რაც საბოლოოდ დადასტურდა კიდეც უკვე აგვისტოში. ამ ცვლილების განხორციელებისთვის პრეზიდენტი, ალბათ, მზად იყო სიხარულიძის გადადგომის შესახებ განცხადებისთანავე, თუმცა თავად პრეზიდენტისთვისაც უხერხული აღმოჩნდებოდა, რომ ნაქები მინისტრები თავდაცვის მინისტრობას 1 წელსაც კი ვერ უძლებენ. ამას ემატებოდა რთული შიდაპოლიტიკური ვითარება და უკვე პრეზიდენტისთვის ჩვეულად ქცეული დეფიციტური კანდიდატურა თავდაცვის მინისტრის პოსტისთვის. როგორც ამ პერიოდში ქართული მედია იტყობინებოდა, პრეზიდენტმა რამდენიმე პირს შესთავაზა თავდაცვის მინისტრის პორტფელი, თუმცა ყოველი მათგანისგან მიიღო „ულტიმატუმი“ ვიწრო პოლიტიკური კონტროლისგან გათავისუფლების შესახებ, ანუ კანდიდატები იყვნენ თანახმანი, დაეკავებინათ მინისტრის თანამდებობა იმ შემთხვევაში, თუკი მინისტრის მოადგილე ბაჩო ახალაია დატოვებდა თავდაცვის სამინისტროს. ამ უკანასკნელს, სავარაუდოდ, პრეზიდენტი ვერ შეელია იმის გამო, რომ, როგორც ჩანს, ახალაიამ მართლაც ითამაშა სასარგებლო როლი ე.წ. ჯარისადმი სახელისუფლებო შიშის ნეიტრალიზაციის საქმეში. საბოლოო ჯამში, პრეზიდენტი მივიდა მისთვის ლოგიკურ დასკვნამდე და არჩევანი სწორედ ბაჩო ახალაიაზე გააკეთა, რითაც, ჩემი აზრით, კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა მის მიდგომას ჯარის განვითარებასთან მიმართებაში, იმოქმედა რა საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისა და გამყარების მიზნით ჯარზე ვიწრო პოლიტიკური კონტროლის დაწესების გაფორმებით.
რაც შეეხება ბაჩო ახალაიას, როგორც თავდაცვის მინისტრს, მისი დანიშვნის ფაქტს საერთაშორისო მედიაც გამოეხმაურა, რამდენადაც ის არა ერთხელ მოხვედრილა ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით სხვადასხვა საერთაშორისო ანგარიშში და, ცხადია, მედიის განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო საქართველოს თავდაცვის ახალმა მინისტრმა, განსაკუთრებით რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომი ვითარების გათვალისწინებით. The Faster Times-ის ჟურნალისტმა, ვილ დანბარმა, თავის პუბლიკაციაში ახალ მინისტრზე დაწერა: „მას იმდენივე სამხედრო გამოცდილება აქვს რამდენიც დალაი ლამას“, და ეს მართლაც რომ რეალობას შეესაბამება, თუკი მის განათლებასა თუ ბიოგრაფიას გადავხედავთ.
რაც შეეხება ბაჩო ახალაიას დანიშვნას ამ პოსტზე და მის ზეგავლენას ქვეყნის პოლიტიკურ გარემოზე, ვფიქრობ, რომ ამ უკანასკნელი ცვლილებით საკმაოდ რთული ვითარება შეიქმნა ძალოვან უწყებებს შორის პოლიტიკური ბალანსის თვალსაზრისით. არაერთი პოლიტიკოსისა თუ ექსპერტის შეფასებით, ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურაა ვანო მერაბიშვილი, რომელიც ხელმძღვანელობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სადაც ასევე თავმოყრილია უშიშროებისა და სხვა სპეციალური სამსახურების ძალოვანი უწყებები. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობაში არ არსებობენ მინისტრები სხვა პოლიტიკური პარტიებიდან, ნაწილობრივ შენარჩუნებული იყო პოლიტიკური ბალანსი ძალოვან უწყებებს შორის პოლიტიკური ავტორიტეტების ხარჯზე. ირაკლი ოქრუაშვილი, დავით კეზერაშვილი თუ დავით სიხარულიძე გარკვეულწილად იყვნენ ვანო მერაბიშვილის პოლიტიკური ძალაუფლების მაბალანსირებელნი, ხოლო ბაჩო ახალაიას დანიშვნით, რომელიც ვანო მერაბიშვილის „კაცად“ ითვლება, შეიძლება ითქვას, რომ ეს ბალანსი ორ ძალოვან მონსტრს შორის გაქრა და მთელი ძალაუფლება ვანო მერაბიშვილის ხელში მოექცა. თუკი იმასაც გავითვალისწინებთ, რომ მოსალოდნელი კრიზისების წარმოქმნის შემთხვევაში გადწყვეტილებებს შესაბამისი დაბალი კომპეტენციის გამო ვერ მიიღებს თავდაცვის მინისტრი, არამედ შინაგან საქმეთა მინისტრი, ამ უკანასკნელის დე ფაქტო სრულ ძალაუფლებას გააფორმებს.
კიდევ ერთი საკადრო ცვლილება, რამაც საზოგადოების ყურადღება მიიპყრო, არის ის, რომ საქართველოს გვარდიის დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა სამოქალაქო პირი, პოლიტიკოსი, პარლამენტის ყოფილი წევრი მაშინ, როდესაც გვარდიის დეპარტამენტი არის გაერთიანებული შტაბის სტრუქტურული ერთეული და მთელ მსოფლიოში ის სამხედრო თანამდებობაა. აღნიშნული საკადრო ცვლილება, ჩემი აზრით, კიდევ ერთხელ მიანიშნებს მმართველი პოლიტიკური ელიტის დაბალ კომპეტენციას თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, რომელთაც მიაჩნიათ, რომ სამხედრო სფეროს მართვა უმჯობესია არა პროფესიონალი კადრებითა და სისტემური მიდგომებით, არამედ კარგი მენეჯმენტის საშუალებით. თუმცა აღნიშვნის ღირსია, რომ დეპარტამენტის უფროსმა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში პოზიტიური მიდგომები გამოავლინა, რაც ზოგადად თავდაცვის უწყებისთვის არაბუნებრივია.
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ არა ერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო ექსპერტის მიერ თავდაცვის სამინისტროში ხშირი საკადრო ცვლილებების ერთ-ერთ სერიოზულ შეცდომად დასახელების მიუხედავად, ეს პროცესი 2008 წლის აგვისტოს შემდგომაც გაგრძელდა: ერთი წლის მანძილზე ორჯერ შეიცვალა თავდაცვის მინისტრი და გაერთიანებული შტაბის უფროსი. თუკი იმასაც გავითვალისწინებთ, რომ, როგორც წესი, საკადრო ცვლილებებს ხშირად თან სდევს ახალი მინისტრების მხრიდან სამინისტროს საკუთარი გუნდით დაკომპლექტება, რომელთაც თავდაცვის სფეროში დაბალი კომპეტენცია გააჩნიათ, ყოველივე ეს აფერხებს თავდაცვის უწყებისა და შეიარაღებული ძალების თანმიმდევრულ და ეფექტურ განვითარებას; მეტიც, ხშირ შემთხვევაში მინისტრების ცვლასთან ერთად იცვლება სამინისტროს განვითარების პოლიტიკა, რაც ამ უწყებისთვის ზედმეტად მგრძნობიარეა. ვითვალისწინებთ რა იმ გარემოებას, რომ არსებული საფრთხეები და რისკები საკმაოდ მაღალია, შესაძლებლობები - ძალზედ შეზღუდული და არასაკმარისი, ხოლო ხელისუფლებას თავდაცვის არც ადეკვატური პოლიტიკა და არც პროფესიონალი კადრები გააჩნია, მივდივართ იმ განცდამდე, რომ დღესდღეობით ქვეყანა თავისთავად იმყოფება კრიზისულ ვითარებაში, რომელსაც თავდაცვის მინიმალური შესაძლებლობა არ გააჩნია.
თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკა
დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის მიერ გამოცემულ პირველ კრებულში აგვისტოს კრიზისის შესახებ ექპერტებმა შეაფასეს თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის სუსტი მხარეები, რომელთაც ნაწილობრივ განაპირობეს საქართველოს დაბალი მზაობა კრიზისულ ვითარებაში ეფექტურად მოქმედებისათვის. მათ შორის, ჩემს ნაშრომში „საქართველოს თავდაცვის სისტემაში განვითარებული პროცესები 2004 წლიდან, 2008 წლის აგვისტოში ომის განვითარების თვალსაზრისით“, შევეხე თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის განმსაზღვრელ რამდენიმე დოკუმენტს, რომელთა არასწორმა პოლიტიკურმა ფორმულირებამ ადეკვატურად ვერ განსაზღვრა როგორც ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხები და გამოწვევები, ასევე შესაბამისად ვერ განაპირობა ჩვენი ქვეყნის მოქმედების შესაძლებლობები კრიზისულ ვითარებაში.
ომის შემდგომ ერთი წლის განმავლობაში, მაშინ, როდესაც შესაბამისი მოცემულობა მნიშვნელოვნად შეიცვალა, გაჩნდა ახალი საფრთხეები ფაქტობრივად ყველა მიმართულებით, ხოლო არსებული საფრთხეები და გამოწვევები, ასევე რისკები აშკარად და საგრძნობლად გაიზარდა, ხელისუფლებამ არ ან ვერ მოახდინა ადეკვატური პოლიტიკის ასახვა ისეთ დოკუმენტებში, როგორებიცაა: საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, საფრთხეების შეფასების დოკუმენტი, ეროვნული სამხედრო სტრატეგია და სხვა. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ქვეყანა დღეს იმყოფება თავდაცვის პოლიტიკის ჩამოუყალიბებლობის პირობებში არსებული საფრთხეების წინაშე, რაც, თავისთავად, ფაქტობრივად, შეუძლებელს ხდის ქვეყნის თავდაცვითი პოლიტიკის განსაზღვრას მოკლე და გრძელვადიანი პერსპექტივების თვალსაზრისით. ჩვენი სახელმწიფოსგან განსხვავებით კი, ამავე პერიოდში ჩვენი ქვეყნის მიმართ მტრულად განწყობილმა ქვეყანამ, ჩვენი ტერიტორიების ოკუპანტმა საკმაოდ სერიოზული ცვლილებები განახორციელა მის სამხედრო-პოლიტიკურ დოკუმეტებში. ამ მხრივ ჩვენი ხელისუფლების უმოქმედობა სერიოზული რისკის ქვეშ აყენებს თითქმის ყველა სფეროში განვითარების პერსპექტივებს, მათ შორის საერთაშორისო ურთიერთობებში, რაც, შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია ქვეყანაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.
ზემოაღნიშნული დოკუმენტების პროექტების მომზადება და კოორდინაცია ევალება საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს, რომელიც, ფაქტია, ვერ ახერხებს საკუთარი ფუნქცია-მოვალეობის შესრულებას. შესაბამისი მიზეზები მრავალმხრივია, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ საჭიროა ამ სისტემის სერიოზული რეფორმირება და განვითარება. როგორც ცნობილია, სხვადასხვა პოლიტიკურმა ჯგუფმა და ექსპერტმა ამ მხრივ თავისი ხედვები წარმოადგინეს, თუმცა, სამწუხაროდ, ყოველივე ამას შემდგომი მოქმედებები არ მოჰყოლია. დღის წესრიგში კვლავაც დგას კრიზისულ სიტუაციებში შესაბამისი მართვის ცენტრის ჩამოყალიბების აუცილებლობა, რომელიც კოორდინაციას გაუწევს უსაფრთხოების სისტემებს კრიზისულ ვითარებაში. გარდა ამისა, საქართველოს კანონმდებლობით ასევე არ არის მკაფიოდ ჩამოყალიბებული და განსაზღვრული კრიზისულ ვითარებაში გადაწყვეტილებების მიმღები ორგანოებისა და შესაბამისი პასუხისმგებლობების საკითხები, რაც საერთო ჯამში საკმაოდ ბუნდოვანს ხდის კრიზისულ ვითარებაში ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის უზრუნველყოფას, მმართვისა და რეაგირების შესაძლებლობებს.
უსაფრთხოების სისტემის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია ასევე სამოქალაქო თავდაცვა, რომელიც მათ შორის მოიცავს ქვეყნის ინფრასტრუქტურის მოწყობას შესაბამისი საფრთხეების გათვალისწინებით. რიგ შემთხვევებში უკვე ხორციელდება რამდენიმე ასეული მილიონი ლარის პროექტები, მათ შორის მაგისტრალებისა და ხიდების მშენებლობა, ახალი საცხოვრებელი პუნქტების გახსნა ისეთ რაიონებსა და გეოგრაფიულ ერთეულებში, რომლებიც მაღალი საფრთხეებისა და რისკების არეალში იმყოფებიან. ამ მხრივ, როგორც ჩანს, ხელისუფლების ხედვა საერთოდ არ არსებობს, რაც ისევ და ისევ ხელისუფლების მხრიდან თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის არასისტემურ მიდგომაზე მიუთითებს. ყოველივე ეს კი ქვეყანას ადრე თუ გვიან ძალიან ძვირი დაუჯდება, ეს იქნება პირდაპირი გამოწვევები თუ არსებული სისტემის ცვლილებებთან დაკავშირებული ხარჯები.
რაც შეეხება თავდაცვის სფეროში განხორციელებულ საკანონმდებლო ინიციატივებს, ამ მხრივ, მდგომარეობა შედარებით ნორმალურია. თავდაცვის სფეროში 2009 წელსაც განხორციელდა 150-მდე საკანონმდებლო ცვლილება, რითაც გაგრძელდა თავდაცვის სფეროს საკანონმდებლო რეგულირება, რაც მისასალმებელია. თუმცა კვლავაც სერიოზულ პრობლემად რჩება სამხედრო-პოლიტიკური და სამხედრო-სტრატეგიული ხედვების ჩამოყალიბება.
მაშინ, როდესაც 2008 წლის აგვისტოს კრიზისმა ყველას თვალნათლივ დაგვანახა სერიოზული პრობლემები სამხედრო სარეზერვო სისტემაში, მაშინ, როდესაც ხელისუფლება მუდმივად ხაზს უსვამდა მოსალოდნელ საფრთხეებსა და ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის მზადყოფნის აუცილებლობას, ხელისუფლებამ, შეიძლება ითქვას, რომ ამ მიმართულებით შესაბამისი ნაბიჯები არ ან ვერ გადადგა. ომიდან მხოლოდ ერთი წლის შემდგომ ახლადდანიშნულმა გვარდიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, რომელიც, როგორც ზემოთ ითქვა, სამოქალაქო პირია და რომელსაც არანაირი ცოდნა და გამოცდილება სამხედრო სფეროში არ გააჩნია, წარმოადგინა ახალი სამხედრო სარეზერვო სისტემის პროექტი. წარმოდგენილ პროექტთან მიმართებაში კვლავაც არის აზრთა სხვადასხვაობა და კრიტიკული შენიშვნები.
თავდაცვის სამინისტრომ გარკვეული მუშაობა დაიწყო ეროვნული სამხედრო სტრატეგიის დოკუმენტზე, თუმცა ეს პროცესი მიმდინარეობს ნელი ტემპებით და, რიგ შემთხვევებში, სერიოზული ხარვეზებით. თუმცა ამ შემთხვევაში, ალბათ, ისიც უნდა გავითვალსწინოთ, რომ მაშინ, როდესაც უსაფრთხოების კონცეფცია ჯერ არ შეცვლილა, რთულია თავდაცვის სამინისტრომ დამოუკიდებლად განსაზღვროს სამხედრო საფრთხეები. ამ მხრივ თავდაცვის სამინისტრო გარკვეულ სამოქალაქო ექპერტებთან თანამშრომლობს კიდეც, თუმცა კვლავაც თავს არიდებს, ჩემი აზრით, პროფესიონალ ჯგუფებთან ურთიერთობას, რომლებიც ლოიალურად ვერ უყურებენ ხელისუფლების პოლიტიკას, თუმცა მზად არიან ამ მხრივ თანამშრომლობისათვის. ეს არის იმ პოლიტიკური კომპლექსის გამეორება, რამაც თავის დროზე, ჩემი აზრით, ყოვლად მიუღებელი სამხედრო სარეზერვო სისტემის შექმნა განაპირობა.
კვლავაც აღნიშვნის ღირსია ქვეყანაში სამოქალაქო დემოკრატიული კონტროლის დაბალი დონე, უფრო სწორედ კი - მისი ფაქტობრივი არარსებობა. რთულია არ მოსთხოვო პასუხი ჩვენს პარლამენტის დეპუტატებს მაშინ, როდესაც თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში უამრავი პრობლემაა, მათი რეაქცია კი ნულის ტოლია. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კვლავაც ინარჩუნებს მისთვის ჩვეულ გაუმჭვირვალობის პრინციპებს, რაშიც ნაწილობრივ პარლამენტიც უწყობს ხელს, რომელიც არ არის შესაბამისი პასუხისმგებლობითა და ავტორიტეტით აღჭურვილი, განახორციელოს ეფექტური კონტროლი თავდაცვის სფეროში.
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ განვლილი წელი თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის ფორმირების სფეროში, ფაქტობრივად, უსარგებლო იყო და ეს ყოველივე საფრთხეებისა და გამოწვევების მზარდ პროცესში. თუმცა ამის მიზეზი არ ყოფილა მხოლოდ პოსტკონფლიქტური პერიოდი და შესაბამისი პრობლემები. საქართველოში 2003 წლიდან მოსულმა ხელისუფლებამ დღემდე ვერ მოახერხა თავდაცვისა და უსაფრთხოების ერთიანი პოლიტიკის შემუშავება და მისი თანმიმდევრული აღსრულება. თავდაცვის სამინისტროში ხშირ საკადრო ცვლილებებს მუდმივად თან სდევდა შესაბამისი პოლიტიკური თუ სამხედრო ხელმძღვანელების მათეული ხედვების რეალიზება თავდაცვის სისტემაში, რაც გარკვეულწილად ბუნებრივიც იყო იმის გათვალისწინებით, რომ თავად სახელმწიფოს ერთიანი პოლიტიკა არ გააჩნდა და თუ გარკვეული სახით ის იქმნებოდა, ის არაადეკვატური იყო რეალობასთან. ხელისუფლებამ უარი განაცხადა მხარი დაეჭირა უსაფრთხოების სისტემის დეპოლიტიზაციისთვის და მოეხდინა ამ სისტემაში საერთო ეროვნული ძალების კონსოლიდირება. შესაბამისად, ბუნებრივად, ეს სისტემები პოლიტიზირებული გახდა და უსაფრთხოების სისტემის მართვა გადაეცათ პოლიტიკური ნიშნით ერთგულ ლიდერებს და არა პროფესიონალებს. ამ რთულ ვითარებას დაემატა ისიც, რომ ქვეყანაში არ არსებობს უსაფრთხოების სექტროზე პოლიტიკური, დემოკრატიული კონტროლის კულტურა ან იმის სურვილი, რომ ასეთი კონტროლი საერთოდ დაწესდეს. საპირისპიროდ იკვეთება ხელისუფლების პოლიტიკური უპასუხისმგებლობა აღიაროს შეცდომები და ამ შეცდომების განმეორებისგან თავის არიდების მიზნით გადადგას ადეკვატური ნაბიჯები უსაფრთხოების სისტემის ცივილურ ჩარჩოებში განვითარებისთვის.
მუხროვანის „ამბოხი“ - მორიგი შავი ლაქა საქართველოს ისტორიაში
აგვისტოს ტრაგიკული ომიდან 9 თვეც არ იყო გასული, რომ ქართულ სახელმწიფოში მორიგი სამხედრო ბუნტი შედგა - მუხროვანის სამხედრო ნაწილში დისლოცირებულმა სატანკო ბატალიონმა დაუმორჩილებლობა გამოაცხადა.
ერთი შეხედვით, თავდაცვის სისტემაში მიმდინარე პროცესები თითქოსდა არ ქმნიდა იმის საფუძველს, რომ შესაძლებელი ყოფილიყო სამხედრო მოსამსახურეების აჯანყება; სამხედრო მოსამსახურეებს 2004 წლიდან მუდმივად განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა ხელისუფლება, თავდაცვის სამინისტროს ბოლო 5 წლის მანძილზე ჰქონდა არნახული ბიუჯეტი თავისი ისტორიის მანძილზე. შესაბამისად, ჯარი უზრუნველყოფილი იყო ყველა საჭირო საშუალებით და, წინა სამხედრო ამბოხებისგან განსხვავებით, პროტესტს სოციალური და ეკონომიური საფუძვლები უბრალოდე ვერ ექნებოდა. რაც შეეხება სამხედროების მენტალურ მდგომარეობას, აქაც შეიძლება ითქვას, რომ ერთი შეხედვით ღია პროტესტი არ უნდა დაფიქსირებულიყო; სამხედრო მეთაურთა უმრავლესობას აქვს კარგი განათლება მიღებული, მათ შორის დასავლეთში, რაც, თავის მხრივ, ნაწილობრივ არის იმის გარანტია, რომ სამხედროებს კარგად ესმით, თუ რას ნიშნავს სამხედრო ამბოხი ქვეყნისთვის და რა შედეგების მომტანი შეიძლება იყო ის როგორც ქვეყნის იმიჯისთვის, ასევე უშუალოდ მათთვის, როგორც სამხედროებისთვის. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, თითოეულ ჯარისკაცს არ დავიწყებია ამ მხრივ ჩვენს ქვეყანაში უკვე შემდგარი ამობოხებები და მათი შედეგები, ასევე განცდილი მარცხი რუსეთთან აგვისტოში და, ცხადია, ამ ყველაფრის ფონზე მორიგი არეულობა, თანაც ჯარში, არ იქნებოდა სწორი ნაბიჯი მათი მხრიდან. თუმცა, ფაქტია, რომ ამბოხი შედგა და ჩვენი ქვეყნის ისტორიას ის შავ ლაქად აუცილებლად დარჩება მიუხედავად იმისა, თუ რა სახის სიმართლე დგას ამ ამბოხის უკან.
ამბოხის წარმოქმნიდან პირველივე წუთებში და ამ ეტაპზეც საზოგადოებაში გაჩნდა ძალიან ბევრი კითხვა, რომელთა უმრავლესობა პასუხგაუცემელია, ზოგ შემთხვევაში კი ხელისუფლების მხრიდან მიზანმიმართულად დაფარულიც. ამიტომ ამ სტატიაში შევეცდები საზოგადოებას შევახსენო რიგ შემთხვევებში არალოგიკური მოქმედებები ჩვენი ხელისუფლების, რომლის უშუალო ვალდებულებაა, არ დაუშვას ამბოხი და პრევენციულად აღკვეთოს ის ზოგადად გამომწვევი მიზეზების გათვალისწინებით.
როგორც სასამართლო პროცესიდან ირკვევა, სამხედრო მოსამსახურეთა უკმაყოფილებისა და გარკვეული პროტესტის შესახებ ხელისუფლებისთვის კარგად იყო ცნობილი და მოსალოდნელი პროტესტის გამოხატულობის გათვლაც სირთულეს არ წარმოადგენდა; მეტიც, 5 მაისამდე, როდესაც ღიად გამოჩნდა დაუმორჩილებლობა მუხროვანში დისლოცირებული სატანკო ბატალიონის მხრიდან, სამართალდამცავი ორგანოებისთვის უკვე ცნობილი იყო მეამბოხთა ვინაობა, ამბოხის სავარაუდო პლაცდარმა და კონკრეტული დეტალები, თუმცა ხელისუფლებას არ გადაუდგამს ამ ამბოხების აღკვეთისათვის არცერთი შემხვედრი ნაბიჯი.
შემდგომი პროცესი და მოვლენები ნაწილობრივ მიანიშნებს იმას, რომ ხელისუფლება აკონტროლებდა როგორც უშუალოდ ამბოხების პროცესს, ასევე მისი შესაძლო განვითარების სიტუაციას. სავარაუდოდ, ე.წ. მეამბოხეთა შორის იყვნენ სპეცსამსახურის წარმომადგენლები, რომლებიც არა თუ ფლობდნენ ინფორმაციას მიმდინარე მოვლენების შესახებ, არამედ თავად მართავდნენ პროცესებსაც კი. ამ შემთხვევაში ჩნდება მთავარი კითხვა, რატომ არ აღკვეთა ხელისუფლებამ დაუმორჩილებლობის ან ამბოხის ფაქტი მანამ, სანამ ის აქტიურ ფაზაში შევიდოდა და მნიშვნელოვნად შელახავდა ქართული არმიისა და სახელმწიფოს იმიჯს? ამ კითხვაზე პასუხი პირველ რიგში ქვეყანაში მიმდინარე შიდაპოლიტიკურ კრიზისსა და საგარეო ფაქტორებს უკავშირდება. 2009 წლის აპრილის თვეში დაწყებული პოლიტიკური საპროტესტო აქციები აქტიურ ფაზაში იყო შესული და ამ ძალების ამბოხებასთან დაკავშირება, რა თქმა უნდა, მომგებიანი იქნებოდა ხელისუფლების არგუმენტების გასამყარებლად, მწარე ისტორიულ ფაქტებთან პარალელების გავლით. აქვე ასევე მომგებიანი იყო მათი რუსეთთან დაკავშირება და ეს თემაც ამბოხების დაწყებიდან პირველივე წუთებში ფართოდ იქნა გამოყენებული ქვეყნის პირველი პირების მიერ, როდესაც გაჟღერდა ე.წ. ოპერატიული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამბოხებულთა ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იყო, ნატოს წვრთვების ჩაშლა და რუსებთან ერთად დედაქალაქისკენ შეტევითი სამხედრო ოპერაციის წამოწყება. ამ ორი საზოგადოებისთვის მიუღებელი მიზნის გაერთიანება და მათი კავშირი ოპოზიციური პოლიტიკურ ძალებთან და მოძრაობასთან, ცხადია, მნიშვნელოვან უარყოფით დამოკიდებულებებს აღძრავდა საზოგადოებაში, რაც ხელისუფლების ძალაუფლების განმტკიცების ერთ-ერთ ხელშემწყობ ფაქტორს წარმოადგენდა. ეს ასეც მოხდა კიდეც, თუმცა მხოლოდ გარკვეული დროის მონაკვეთში, მანამ, სანამ ხელისუფლებამ ამ სცენარში ბევრი აშკარა შეცდომა არ დაუშვა, კერძოდ:
1. ხელისუფლების მიერ ოპერატიულ ინფორმაციაზე დაყრდნობით გაკეთებული პროგნოზები არ ემთხვეოდა რეალობას და ხელისუფლების ადეკვატურობას - ემოქმედა გამოწვევების შესაბამისად;
2. ამბოხების გამოხატულობა, ფორმები და მათი მოქმედება, ასევე ამბოხების აღმკვეთი ოპერაცია აშკარად არათავსებადი იყო პროცესთან და მიუთითებდა დადგმული სპექტაკლის ნიშნებზე;
3. გაქცეულ მეამბოხებულთა დაკავების სპეც. ოპერაცია და საგამოძიებო მოქმედებები ხშირ შემთხვევებში იყო არაკანონიერი მეთოდებით განხორციელებული და აქაც შეინიშნებოდა პიარ-ტექნოლოგიების ნიშნები;
4. თავად სასამართლო პროცესზე გამოიკვეთა ბევრი ისეთი ფაქტი, რომელიც, ერთი მხრივ, მიუთითებს თავის დროზე ქვეყნის პირველი პირების მიერ გაკეთებული პოლიტიკურ შეფასებებთან არათავსებადობას, მეორე მხრივ კი, ზოგიერთი დაკავებულის აშკარა უდანაშაულობას.
ასეთ ფონზე ხელისუფლება აღმოჩნდა რთული დილემის წინაშე - დაიცვას აქამდე გაკეთებული პოლიტიკური შეფასებების პრინციპულობა, რაც აშკარად არათავსებადი იქნება ობიექტურ რეალობასთან, თუ აღიაროს დაშვებული
____________________
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2008 წლის ბიუჯეტი შეადგენდა 1,547,183.1 ათას ლარს, ხოლო 2009 წლის ბიუჯეტი განისაზღვრა 897,000.00 ათასი ლარით. წყარო: http://mod.gov.ge/index.php?page=-10&Id=10&lang=0. თავდაცვის სამინისტროს 2010 წლის ბიუჯეტის გეგმა ამ პერიოდისთვის განსაზღვრულია 750,000.00 ათასი ლარით.
![]() |
8 საქართველო-რუსეთის საზღვარი - არსებული მდგომარეობა და საფრთხეები |
▲ზევით დაბრუნება |
მამუკა არეშიძე
I. ზოგადი ინფორმაცია საქართველო-რუსეთის საზღვრის თაობაზე
1991 წლის 21 დეკემბრის ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიის ფართობი შეადგენს 69, 7 ათას კვ.კმ-ს. საქართველოს საზღვრის სიგრძე შეადგენს 1 968 კილომეტრს (1995 წლის მონაცემები).
საზღვაო საზღვარი 280 კმ.
სახმელეთო საზღვარი 1 688 კმ.
სახმელეთო საზღვრის სიგრძე მაღალმთიან რეგიონში 1 100,4 კმ.
მთიან რეგიონში 138 კმ.
დაბალ-მთიან რეგიონში 450 კმ.
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სიგრძე რუსეთის ფედერციასთან 825,4 კმ. აქედან 775 კმ - მაღალმთიანი მონაკვეთია.
რუსეთის ფედერაციის რეგიონებთან საქართველოს საზღვრის სიგრძე შემდეგია:
კრასნოდარის მხარე (აფხაზეთის მონაკვეთი) - 76 კმ.
ყარაჩაი-ჩერქეზეთის რესპუბლიკა (აფხაზეთის მონაკვეთი) - 175 კმ.
ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკა (სვანეთის მონაკვეთი) - 114 კმ.
ჩრდილო-ოსეთის რესპუბლიკა (რაჭის, ე.წ. სამხრეთ ოსეთის, ყაზბეგის რაიონის მონაკვეთი) - 166 კმ.
ინგუშეთის რესპუბლიკა (ყაზბეგისა და დუშეთის რაიონის მონაკვეთი) - 62,4 კმ.
ჩეჩნეთის რესპუბლიკა (ახმეტის რაიონი - თუშეთი, დუშეთის რაიონი - ხევსურეთის მონაკვეთი) - 84 კმ.
დაღესტნის რესპუბლიკა (ლაგოდეხის, 7. ყვარელის, თელავის, ახმეტის რაიონების მონაკვეთი) - 148 კმ.
საბჭოთა პერიოდში საქართველო რუსეთის ფედერაციას უკავშირდებოდა კავკასიის ქედის პერიმეტრზე სხვადასხვა პროფილის მქონე უღელტეხილებით და გადასასვლელებით.
1 კრასნოდარის მხარესთან - 1 ცენტრალური 1. ტრასა (ფსოუს გადასასვლელი). უღელტეხილი (მოქმედებს მაისიდან-ნოემბრამდე).
ყარაჩაი-ჩერქეზეთის რესპუბლიკასთან - 12 გადასასვლელია. ძირითადად მოქმედებს მაისი, ივნისი - ნოემბრამდე. ყველა გადასასვლელი საჭაპანეა, გარდა მარუხის უღელტეხილისა, რომელზეც გადასვლა შესაძლებელი იყო მაღალი გამავლიანობის ტრანსპორტით.
ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკასთან - 8 გადასასვლელია, მოქმედების ვადა 3-5 თვე საჭაპანე ტრანსპორტით.
ჩრდილო-ოსეთის რესპუბლიკასთან - 12 გადასასვლელი. როკის გვირაბი და ლარსის გადასასვლელი მოქმედებს მთელი წლის განმავლობაში. მამისონის უღელტეხილი მოქმედებს 5-6 თვის განმავლობაში (მაღალი გამავლიანობის ტრანსპორტი). დანარჩენი გადასასვლელები მოქმედია 3-5 თვის მანძილზე საჭაპანე ტრანსპორტისათვის.
ჩეჩნეთისა და ინგუშეთის რესპუბლიკებთან - 4 გადასასვლელი. ყველა მათგანი მოქმედია 5-6 თვის განმავლობაში საჭაპანე ტრანსპორტისათვის.
დაღესტნის რესპუბლიკასთან - 6 გადასასვლელი. მოქმედებდა 5-6 თვე საჭაპანე ტრანსპორტისათვის. გამონაკლისს წარმოადგენდა ბეშთა-ახალსოფლის მონაკვეთი, რომლითაც მაღალი გამავლობის ტრანსპორტი გადაადგილდებოდა.
საქართველოს და რუსეთს მთლიანობაში აკავშირებდა 44 გადასასვლელი, უღელტეხილი და გზა
უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის ადმინისტრაციული საზღვარი ხშირად იცვლებოდა სხვადასხვა პოლიტიკური თუ ეკონომიკური მოსაზრებით. იყო შემთხვევები, როდესაც საქართველოს ტერიტორია გაიზარდა ჩრდილოეთ კავკასიის მიმართულებით (1944 წელს „ხალხების დიდი გადასახლების“ გამო) და მომხდარა პირიქით, როდესაც ამავე მოსაზრებებით აღნიშული ტერიტორიები უკან დაუბრუნდა თავის მფლობელს.
აღსანიშნავია ისიც, რომ XIX საუკუნის რუსეთის იმპერიის რუკების მიხედვით საქართველოს მიეკუთვნებოდა ზოგიერთი ტერიტორია ჩრდილოეთ კავკასიაში (მაგ. კავკასიის ქედის ჩრდილოეთით - რაჭის მიმდებარე ტერიტორია, მთა-თუშეთის, ხევსურეთის და ხევის მიმდებარე ტერიტორიები).
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ საზღვარი დაფიქსირებულიყო კავკასიის ქედის გასწვრივ, საქართველოს მთიანეთის კონტროლის პერსპექტივით.
II მდგომარეობა გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან - „ვარდების რევოლუციამდე“
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომმა მოვლენებმა, რუსეთის ხელისუფლების სურვილმა, არ დაეკარგა კონტროლი სამხრეთ კავკასიაზე, განაპირობა სეპარატისტული რეგიონების გაჩენა. აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის საქართველო-რუსეთის საზღვრის მონაკვეთი ოფიციალური თბილისის კონტროლის მიღმა დარჩა. ამ პერიოდში საქართველო-რუსეთის საზღვართან დაკავშირებით თავი იჩინა შემდეგმა პრობლემებმა:
რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგობა და საქართველოს ხელისუფლების უნიათობა საზღვრის დემარკაციის საკითხთან დაკავშირებით (მიუხედავად მრავალწლიანი მსჯელობისა, საზღვრის დემარკაციის საკითხი დღემდე გაურკვეველია);
სეპარატისტული რეგიონების საზღვრის მონაკვეთთა უკონტროლობა;
კონტრაბანდის ფართოდ გაშლილი ქსელი, რომელშიც ჩართულნი იყვნენ როგორც საზღვრის მიმდებარე რეგიონის მაცხოვრებლები, ასევე სხვადასხვა რანგის მაღალჩინოსნები. სეპარატისტული რეგიონების ტერიტორიაზე არსებული საზღვრის მონაკვეთის გარდა, ასეთი რამ ხდებოდა „ლარსის“ საგუშაგოზე, მამისონის უღელტეხილზე და თითქმის გაუვალ ბეშთა-ახალსოფლის შემაერთებელ გზაზე (მაგალითი: 90-იანი წლების მეორე ნახევარში არსებული ე.წ. „სპირტის ბუმი“).სასაზღვრო პუნქტებისა და დაუცველი სასაზღვრო ზონების გავლით საქართველოში შემოედინებოდა ნარკოტიკული საშუალებები და შემოდიოდნენ სხვადასხვა ჯურის ავანტიურისტები.
საქართველოს ხელისუფლების უპრინციპო პოზიცია საზღვრის დაცვის საკითხებში;
მაგალითად: საქართველომ დაკარგა ტერიტორია ყვარლის რაიონში, რომელიც 1985 წელს დროებით გაიცვალა ყიზლარის საძოვრებზე. სსრკ-ს დაშლის შემდეგ ქართველი მესაქონლეები იძულებულნი გახდნენ, დაეტოვებინათ აღნიშნული ტერიტორია, ხოლო ტერიტორია ყვარლის რაიონში რუსეთს დარჩა.
დაუდევრობით დაიკარგა ხევსურეთში სოფელ ფიჭვნარის მიმდებარე ტერიტორია (დაახლოებით 10 კვ.კმ).
ლარსის სასაზღვრო პუნქტის არასწორი განლაგების გამო დაიკარგა ტერიტორიის რამდენიმე კვ.კმ. (იხ. ქვემოთ).
III მდგომარეობა 2004 წლიდან - დღემდე
ამ პერიოდში მდგომარეობა უკეთესობისკენ არ შეცვლილა. პირიქით, კატასტროფული ხასიათი მიიღო.
2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ დაიკარგა საქართველო-რუსეთის საზღვრის, საქართველოს მიერ კონტროლირებადი მნიშვნელოვანი მონაკვეთი - კოდორის ხეობა.
ქართველი მესაზღვრეები იძულებულნი გახდნენ, დაეტოვებინათ მამისონის უღელტეხილის საკონტროლო პუნქტი და 20 კმ-ით ქვეყნის სიღრმეში უკან დაეხიათ.
თუშეთში, დიკლოს მთის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსეთმა თვითნებურად 3 კმ-ით გადმოწია საზღვარი და მიიტაცა 24 კვ.კმ.
2004 წლის შემდეგ რუსეთის ხელისუფლებისათვის ნათელი გახდა, რომ საქართველოს ნატო-სკენ ლტოლვამ შეუქცევადი ხასიათი მიიღო. ამან განაპირობა მათი გააქტიურება. საქართველოს ხელისუფლების, ხშირ შემთხვევაში, გაუაზრებელმა პოლიტიკამ და საომარმა რიტორიკამ რუსეთს ხელები გაუხსნა საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ექსპანსიისა და საზღვრისპირა რეგიონების მიტაცებისაკენ. იმისათვის, რათა ნათელი გახდეს რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების შემდგომი ქმედებები, საჭიროა, გავეცნოთ გეგმას, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს შეიქმნა.
IV. რუსეთის სავარაუდო გეგმა საქართველოს ჩრდილოეთ საზღვართან დაკავშირებით
სხვადასხვა წყაროს მონაცემებით რუსეთი ფორსირებულად იწყებს საბჭოთა კავშირის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის თავდაცვითი გეგმის რეალიზაციას, რომელიც ნატო-სთან სავარაუდო ომის შემთხვევისათვის შეიქმნა.
სამხრეთ მიმართულებიდან საბჭოთა კავშირზე შეტევის პლაცდარმად განიხილებოდა ნატო-ს წევრი ქვეყანა თურქეთი. ამიტომ ამ მიმართულების დასაცავად შეიქმნა გეგმა, რომელიც მოიცავდა 3 თავდაცვით ზღუდეს:
სახელმწიფო საზღვრის პერიმეტრზე (დღევანდელი საქართველო-თურქეთის საზღვარი).
II. კავკასიის ქედის გასწვრივ.
III. სიღრმეში, როსტოვის ოლქისა და სტავროპოლის მხარის ტერიტორიაზე.
საბჭოთა კავშირის დაშლისა და საქართველოს ნატო-ზე ორიენტირების შემდეგ, რუსეთის გენერალური შტაბის სავარაუდო გადაწყვეტილებით, მეორე თავდაცვითი ზღუდე ავტომატურად იქცა ძირითად ზღუდედ, შესაბამისად მან შეიძინა განსაკუთრებული ფუნქცია. აღსანიშნავია, რომ ამ ზღუდის გასამაგრებლად გამოყენებულია ის პრინციპები, რომელიც ზემოთ ნახსენებ გეგმაშია მოყვანილი. კერძოდ: კავკასიის ქედზე გამავალი ზღუდის სრულყოფილი დაცვისათვის საჭიროა, სამხრეთის მიმართულებით დაახლოებით 40 კმ-იანი ზოლის კონტროლი, რომლისგანაც 20 კმ. ქედიდან სამხრეთით, განეკუთვნება აქტიური დაცვის სივრცეს, შემდგომი 20 კმ. კი პასიური დაცვისაა.
სწორედ აქედან გამომდინარეობს რუსეთის აქტიურობა კავკასიის ქედის მიმდებარე საქართველოს ტერიტორიის ხელში ჩასაგდებად.
ამ მიზნის მისაღწევად რუსეთმა გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან დღემდე განახორციელა შემდეგი ღონისძიებები:
სეპარატისტული რეგიონების მხარდაჭერით, ხელში ჩაიგდო მათ ტერიტორიაზე გამავალი საზღვრის მონაკვეთები;
2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ რუსეთის კონტროლის ქვეშ აღმოჩნდა კოდორის ხეობა და მამისონის უღელტეხილის მიმდებარე ტერიტორია;
საქართველო-რუსეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე არსებული 44 გადასასვლელიდან 24-ს მთლიანად რუსეთი აკონტროლებს.
კავკასიის ქედზე არსებული ყველა სტრატეგიული სიმაღლე რუსეთის ხელშია;
საზღვრის მიმდებარე ტერიტორიებზე ზოგიერთ ადგილას მოხდა საზღვრის თვითნებური გადმოწევა საქართველოს სიღრმეში (მამისონის უღელტეხილთან, ლარსის საგუშაგოსთან, თუშეთში დიკლოს მთასთან, ხევსურეთში - სოფელ ფიჭვნართან);
რუსეთის ქმედების შედეგად შეიცვალა დემოგრაფიული სურათი საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე.
1989 წლის მონაცემებით, ამ მონაკვეთზე განლაგებული იყო 260 სოფელი. არსებობდა განსახლების 9 უბანი. დღეს 5 უბანს მთლიანად აკონტროლებს რუსეთის ფედერაცია, ხოლო დანარჩენ 4-ს საქართველო, რამაც თავისთავად დემოგრაფიული სურათის ცვლილება გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მიერ კონტროლირებად მთის სოფლებშიც (რაჭა, დუშეთის რაიონი, ყაზბეგის რაიონი) სავარაუდო ხიფათის თუ სოციალურ-ეკონომიკური სიდუხჭირის გამო შეიმჩნევა მოსახლეობის მიგრაცია ბარისაკენ, რაც უფრო ასუსტებს საქართველოს საზღვრის დაცვის სისტემას.;
საბჭოთა კავშირის გენერალური შტაბის მიერ შექმნილი გეგმა, კავკასიის ქედის პერიმეტრზე და 40 კმ-იან თავდაცვის სივრცეში, ითვალისწინებს საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობას, როგორც ვერტიკალური მიმართულებით, ასევე ქედის პარალელურად.
ჩვენი აზრით, ამ გეგმის რეალიზაციას ემსახურება შემდეგი პროექტები:
1.ახალი, 270 კმ-იანი გზა ყარაჩაი-ჩერქეზეთიდან, მარუხის უღელტეხილის გავლით - აფხაზეთისაკენ (ამ გზის ყარაჩაი-ჩერქეზეთის მონაკვეთი უკვე მზადაა);
2.უკვე აშენებული გზა კალაკი - მამისონი (ჩრდილო ოსეთის ტერიტორიაზე) - ეს გზა 18 კმ-იანია და იგეგმება მისი გაგრძელება ჯავისაკენ (აქედან გამომდინარე გასაგებია ქართველი მესაზღვერეების იძულება, მამისონის უღელტეხილიდან უკან დაეხიათ საქართველოს სიღრმეში 20 კმ-ზე და ე.წ. „ნიკოლოზის ხიდის“ აფეთქების ფაქტი);
3.გეგმაში არსებული როკის გვირაბის რესტავრაცია და ახალი გვირაბების გაჭრა;
მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები ჩეჩნეთის, ითუმ-კალის რაიონიდან შატილამდე გამავალი გზის აღსადგენად;
დამთავრებულია დაღესტანის, ბოთლიხის რაიონიდან გზის მშენებლობა ყვარელის რაიონამდე (ეს გზა პირადად ვ. პუტინის მითითებით აშენდა);
ინტენსიურად მიმდინარეობს ცხინვალი - ახალგორის გზის მშენებლობა. გზის საპროექტო პროფილიდან და ხარისხიდან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ გზა ახალგორიდან კავკასიონის ქედის პარალელურად გაგრძელდება ყაზბეგის რაიონისაკენ.
ამ ვარაუდის საფუძველს გვაძლევს ის, რომ ჩრდილო ოსეთში დაწყებულია სერიოზული კამპანია ყაზბეგის რაიონის ჩრდილო ოსეთისათვის მიკუთვნების თაობაზე. უნდა ითქვას, რომ ამ კამპანიას დღითიდღე უფრო მეტი მაშტაბი ეძლევა და მასში უკვე ღიად ჩაერთვნენ ჩრდილოეთ ოსეთის პარლამენტის ხელმძღვანელები (განსაკუთრებით აქტიურია რუსეთის დუმის დეპუტატი ჩრდილოეთ ოსეთიდან არსენ ფაძაევი).
თუ გავითვალისწინებთ, რომ საბჭოთა კავშირის დროინდელი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ადმინისტრაციული საზღვარი გადის ყაზბეგის რაიონთან, საქართველოს სამხედრო გზის მიმდებარე ტერიტორიაზე, ადვილი წარმოსადგენია, როგორი ხიფათის შემცველია ასეთი ტიპის პროექტები;
კავკასიის ქედის გასწვრივ პარალელური, სავარაუდო გზების მშენებლობის გეგმა შეიძლება განვიხილოთ ყაზბეგის რაიონისა და მიმდებარე ხევსურეთის მაგალითზე: საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოსა და რუსეთის მთავრობებს შორის მოლაპარაკების საფუძველზე დემარკაციამდე სახელმწიფო საზღვარი გადიოდა ამ ორი ქვეყნის დამაკავშირებელი გვირაბის შუაგულში. გვირაბის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს მხრიდან ე.წ „ეშმაკის ხიდსა“ და საფორთიფიკაციო ნაგებობა „დზოტის“ მიდამოებში გაიხსნა საკონტროლო გამშვები პუნქტი „ლარსის“ სახელწოდებით (უნდა ითქვას, რომ სსრკ-ს დროინდელი მიწათსარგებლობის რუკების მიხედვით, საქართველოს გვირაბს იქით ეკუთვნოდა კიდევ 100 კვ.კმ.).
შემდგომში, გაურკვეველი მოსაზრებების გამო, 90-იანი წლების შუაში, საქართველოს ხელისუფლებამ სასაზღვრო პუნქტი გადმოწია 850 მ-ით უკან. ეს ღონისძიება დროებითი იყო, მაგრამ, სამწუხაროდ, დღემდე ასე დარჩა. ამ მონაკვეთს დაერქვა ნეიტრალური ტერიტორია, რომელიც ორივე მხარეს ერთობლივად უნდა გაეკონტროლებინა, თუმცა ამჟამად კონტროლი მთლიანად რუსეთის ხელთაა.
რუსეთის მიზნების უკეთ გასაგებად საკმარისია დავხედოთ რუკას. ქართველი მესაზღვრეების დისლოკაციის ყოფილი ადგილი, სტრატეგიული თვალსაზრისით, ძალიან მომგებიანი იყო, ის აკონტროლებდა შემოვლით გზებს თერგის აქეთ - გველეთამდე და მყინვარის მიმართულებით მიმავალ გერგეთის შემოვლით გზას, ასევე ხევსურეთისაკენ (არხოტისკენ) მიმავალ გზას, რომელიც ჯარიახის ხეობის პარალელურად მიემართება. თუ ვივარაუდებთ, რომ ამ მიმართულების ხელში ჩაგდებით რუსეთი მომავალში თავის გავლენის ქვეშ მოაქცევს ჯუთა-არხოტი-შატილი-ხონესჭალა (თუშეთი) მიმართულებას, მაშინ გასაგები გახდება მათ მიერ გადადგმული ნაბიჯი. განსაკუთრებულ შეფასებას იმსახურებს საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების დანაშაულებრივი ქმედება.
ეს მიმართულება დღეს მხოლოდ საჭაპანე ტრანსპორტის გადასაადგილებლადაა ვარგისი, მაგრამ მომავალში შეიძლება რთული პროფილის სამანქანო გზის აშენება (ამ მიმართულების ვერტიკალურად ჩეჩნეთიდან შენდება ითუმ-კალედან გამომავალი გზა). თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს ტერიტორიები პრაქტიკულად მოსახლეობის გარეშეა დარჩენილი, იოლი მისახვედრია, რომ რუსეთისათვის ნაკლებ პრობლემატურია თავისი ამოცანის შესრულება.
ცალკე საუბრის თემაა ყაზბეგის რაიონის მოსახლეობის მდგომარეობა. დღეს იქ 1 500 მოსახლემდეა დარჩენილი და კლების ტენდენცია გრძელდება. ეს განპირობებულია როგორც სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობით, ისე სხვა ფაქტორებითაც. ერთ-ერთი ფაქტორია ნარკომანიის მაღალი მაჩვენებელი. ნარკოტიკები ძირთადად შემოდის რუსეთის ტერიტორიის სასაზღვრო სოფელ ჩმის მოსახლეობის მეშვეობით. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში საზღვარი „მყარად“ არის ჩაკეტილი, ნარკო-რეალიზატორები თავისუფლად გადაადგილდებიან ნეიტრალურ ზონაში (რომელსაც, შეგახსენებთ, რუსები აკონტროლებენ). ეს გვაფიქრებინებს, რომ ნარკოტიკების შემოტანა საქართველოს ტერიტორიაზე გარკვეული გეგმის ნაწილია.
რუსეთის ფედერაცია თავის ექსპანსიონისტურ პოლიტიკას ხშირ შემთხვევაში ნიღბავს ეკონომიკური თუ ტურისტული პროექტებით:
მამისონის უღელტეხილის მიმდებარე ტერიტორიაზე იგეგმება ზამთრის კურორტის აშენება, რომელიც რუსეთის ყველაზე დიდი სამთო კურორტი იქნება (35 სათხილამურო ტრასა). ამ კურორტის პროექტი დემონსტრირებული იყო 2006 წელს კრასნოდარის ეკონომიკურ ფორუმზე და მაღალი შეფასება დაიმსახურა. კურორტი შენდება ჩრდილოეთ ოსეთის, ზარამაგის ნაკრძალის ტერიტორიაზე. სწორედ ამ პროექტის საფარქვეშ გარემონტდა კალაკი - მამისონის გზა. პროექტის სახელწოდებაა - „მამისონი“.
კოდორის ხეობაში შეიქმნა სახელმწიფო პარკი (დირექტორი რ. დბარი), რომელიც, გეგმის მიხედვით, ტურისტული ტრასებით უნდა დაუკავშირდეს ჩრდილოეთ კავკასიას.
ზოგიერთი წყაროს ინფორმაციით, დაღესტანში მზადდება სათხილამურო კურორტის პროექტი საქართველოს მიმდებარე ტერიტორიაზე.
იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ხელისუფლებამ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად არ მოახდინა სასწრაფო რეაგირება შექმნილ მდგომარეობაზე, ვითარება შეიძლება უაღრესად დამძიმდეს.
გასაგებია საქართველოს ხელისუფლების სურვილი, არ მოხდეს კონფრონტაცია რუსსა და ქართველ მესაზღვრეების შორის, რათა რუსეთს არ მიეცეს სამხედრო ძალის გამოყენების საბაბი (მაგალითად, მამისონის უღელტეხილზე მომხდარი ფაქტი), მაგრამ მდგომარეობა საგანგაშოა და აქტიურ კონტრ-ღონისძიებებს მოითხოვს.
![]() |
9 ომისშემდგომი საქართველოს ეკონომიკა: ახალი გამოწვევები და ძველი შეცდომები |
▲ზევით დაბრუნება |
ვლადიმერ პაპავა
რუსეთის მიერ საქართველოზე განხორციელებული სამხედრო აგრესიის შემდეგ ერთ წელზე მეტი გავიდა. ამ პერიოდში საქართველოში განვითარდა ეკონომიკური კრიზისი, რომელსაც აქვს როგორც ეროვნული ფესვები, ისე გლობალური ფინანსური კრიზისის ზეგავლენითაც არის განპირობებული. ამ პერიოდში საქართველოს მთავრობის მიერ დაშვებულ იქნა ახალი შეცდომებიც, რაც უწინარეს ყოვლისა დაკავშირებულია მის მიერ შემუშავებულ და გატარებულ ანტიკრიზისულ ღონისძიებებთან.
ქვემოთ ცალკ-ცალკეა განხილული როგორც ახალი გამოწვევები, ისე ძველი შეცდომების1* გამოსწორების კუთხით არსებული მდგომარეობა.
რუსეთ-საქართველოს ომის ფინანსური „კომპენსაცია“
2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ხუთდღიანი ომის შემდეგ, გლობალური ფინანსური კრიზისის გათვალისწინებით საქართველოს წინაშე ახალი ეკონომიკური გამოწვევები დადგა. კერძოდ, ესენია - ომით მიყენებული ეკონომიკური ზარალის ლიკვიდაცია, საბანკო კრიზისის თავიდან აცილება, ინფლაციის შედარებით მაღალი დონის შემდგომი ზრდის პრევენცია, ეროვნული ვალუტის - ლარის გაცვლითი კურსის სტაბილურობის შენარჩუნება.
2008 წლის 22 ოქტომბერს ქ. ბრიუსელში მოწყობილ დონორთა კონფერენციაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც საქართველომ ფინანსური დახმარების სახით შეიძლება მიიღოს 4,55 მილიარდი აშშ დოლარი, საიდანაც 2 მლრდ გრანტია, 2,55 მლრდ კი კრედიტი. საქართველომ ამ დახმარების მიღება დაიწყო 2008 წელს და ეს პროცესი 2010 წლის ჩათვლით უნდა გაგრძელდეს. ამ დახმარების მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა წავიდეს იმ უშუალო ეკონომიკური ზარალის აღმოსაფხვრელად, რაც საქართველოს რუსული სამხედრო აგრესიის შედეგად მიადგა, ნაწილი კი ქვეყნის ეკონომიკურ რეაბილიტაციას მოხმარდება.
ყურადსაღებია, რომ 4,55 მლრდ აშშ დოლარის დახმარება გათვალისწინებულია, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო (განასკუთრებით საბანკო) სექტორზე.
რუსული აგრესიის შედეგად კონფლიქტური რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ პრობლემებთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობა იძულებული შეიქმნა გაეწია დამატებითი ხარჯები. უწინარეს ყოვლისა, მთავრობა ამ ადამიანებს დროებით საცხოვრებელ სახლებს უშენებს, რაც ერთის მხრივ ეკონომიკას აცოცხლებს - ჩნდება დამატებითი მოთხოვნა სამშენებლო მასალებზე, საქმდება მუშახელი, მაგრამ მშენებლობაზე გაწეული ხარჯები საბოლოო ჯამში მოკლე ვადიან პერიოდში მაინც ინფლაციურია, რადგანაც ამ სახლებს მთავრობა ყიდულობს და არა კერძო პირები. მიუხედავად ამისა, მთავრობას სხვა არჩევანი არ აქვს.
ომის შემდგომ საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინება შემცირდა, რაც, უწინარეს ყოვლისა, იმითაა გამოწვეული, რომ გლობალური ფინანსური კრიზისის პირობებში ინვესტორები ცდილობენ უფრო მეტად უსაფრთხო ქვეყნებში განახორციელონ ინვესტიციები, ვიდრე ეს რუსული აგრესიის ქვეშ მყოფი საქართველოა. გლობალური ფინასური კრიზისის პირობებში მნიშვნელოვნად შემცირდა საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველების მიერ თავის ნათესავებთან გადმორიცხული ფულადი გზავნილებიც. თუ კი იმასაც გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს უკიდურესად უარყოფითი საგარეო სავაჭირო ბალანსი აქვს, სადაც იმპორტი ექსპოტს ოთხჯერ აღემატება, გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ლარის გაცვლითი კურსის სტაბილურობის შენარჩუნებას საფრთხე დაემუქრა.
აგვისტოს ომის შემდეგ, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს მაკროეკონომიკური სტაბილურობის შესანარჩუნებლად სარეზერვო კრედიტის პროგრამით (stand-by Arrangement) 750 მლნ აშშ დოლარის კრედიტი გამოუყო, რომლიდანაც 250 მლნ უკვე 2008 წლის შემოდგომაზე ჩაირიცხა ეროვნული ბანკის რეზერვებში. 2009 წლის 6 აგვისტოს იმავე პროგრამის ფარგლებში ფონდმა საქართველოს დამატებით გამოუყო 420 მლნ აშშ დოლარი, ხოლო თავად პროგრამის ხანგრძლივობა განისაზღვრა 2011 წლი 14 ივნისამდე. ეს თანხები ზემოხსენებულ 4,55 მლრდ დოლართან ერთად არის იმის გარანტია, რომ საქართველომ თავიდან აიცილოს სავალუტი კრიზისი.
საყურადღებოა, რომ 4,55 მლრდ აშშ დოლარის სრული ოდენობით მიღება დამოკიდებულია იმაზე, თუ, ერთი მხრივ, რამდენად ეფექტიანად და მიზანმიმართულად იქნება ათვისებული უკვე გამოყოფილი თანხები, და მეორე მხრივ - თუ რამდენად წარმატებულად გაართმევს თავს საქართველოს მთავრობა მოლაპარაკებათა მომდევნო რაუნდებს დონორ ქვეყნებთან და დონორ ორგანიზაციებთან, მათ მიერ გაცხადებული თანხების მისაღებად. საქართველოს მთავრობის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ჯერ-ჯერობით წარმატებით ართმევს თავს დონორებთან მოლაპარაკებებს, და, საბედნიეროდ, რაიმე შეფერხებას ხსენებული ფინანსური დახმარების მიღებაში ადგილი არ აქვს.
ეკონომიკური კრიზისი და „ომის პარადოქსი“
საქართველოს ფინანსური ბაზრის განუვითარებლობამ ხელი შეუწყო იმას, რომ გლობალური ფინანსური კრიზისის ზეგავლენა არ ყოფილიყო იმდენად მძიმე, რომ მას გამოეწვია საქართველოს ეკონომიკის ნგრევის პროცესი. იმავდროულად იმის თქმაც, რომ გლობალურ ფინანსურ კრიზისს არანაირი ზეგავლენა არ ჰქონია საქართველოს ეკონომიკაზე, არ არის გამართლებული. კერძოდ, შემცირდა უცხოური პირდაპირი ინვესტიციების მოცულობა, იკლო საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა მიერ განხორციელებულმა ფულადმა გზავნილებმა, ხოლო საქართველოს ბანკებისათვის ნაკლებად ხელმისაწვდომი გახდა ევროპული ფინანსური ბაზრებიდან შედარებით დაბალპროცენტიანი სესხები, მათი გლობალური კრიზისით გამოწვეული გაძვირების გამო.
არანაკლებ მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ საქართველოში მიმდინარე ეკონომიკურ კრიზისს აქვს წმინდა ეროვნული ფესვებიც. მათგან უმთავრესი კი შემდეგია:
1. ქვეყანაში შემოსული უცხოური პირდაპირი ინვესტიციების უდიდესი ნაწილი კონცენტრირებული იყო საკუთრების უფლების შეძენაზე, მათ შორის პრივატიზაციის გზით, და ნაკლებად იყო განკუთვნილი ეკონომიკის რეალური სექტორის განვითარებაზე. შედეგად შეიქმნა აშკარა დისბალანსი ქვეყანაში შემოსულ ფინანსურ რესურსსა და ეკონომიკის რეალური სექტორის განვითარებას შორის.
2. მთავრობის მხრიდან სამშენებლო ბიზნესზე მარეგულირებელი ფუნქციის გაუქმების პირობებში ეკონომიკის ამ სექტორში არაერთმა კომპანიამ დაიწყო „ფინანსური პირამიდის“ პრინციპით საქმიანობა, როცა ძველი ვალდებულების შესასრულებლად აღებული საფასური უკვე გახარჯულია, და კომპანია იღებს ახალ ვალდებულებას, რათა ამ გზით შეავსოს ხსენებული დანაკლისი. ადრე თუ გვიან „ფინანსური პირამიდა“ აუცილებლად ჩამოიშლება ხოლმე.
3. საქართველოს ბანკების უდიდესი ნაწილი ევროპის საფინანსო ბაზრებზე მოპოვებული შედარებით იაფი საკრედიტო რესურსის მნიშვნელოვან ნაწილს, როგორც წესი, განათავსებდა სამშენებლო ბიზნესსა და სამომხმარებლო საყოფაცხოვრებო ტექნიკის ბაზარზე. ამით, ერთის მხრივ, ხელს უწყობდა ზემოხსენებული “ფინანსური პირამიდის” მექნიზმის შენარჩუნებას, ხოლო, მეორეს მხრივ, აკრედიტებდა არა ეროვნულ ეკონომიკას, არამედ იმპორტს. ეს უკანასკნელი, კი აძლიერებდა არსებულ დისბალანსს ქვეყანაში შემოსულ ფინანსურ რესურსსა და ეკონომიკის რეალური სექტორის განვითარებას შორის.
ეკონომიკური კრიზისი უშუალოდ აისახა მთლიანი შიგა პროდუქტის ზრდაზე. კერძოდ, 2009 წლის პირველ კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ის შემცირდა 5,9%-ით, მეორეში - 10,1%-ით, ხოლო წლის ბოლოს, როგორც ამას ადასტურებს საერთაშორისო სავალუტო ფონდი მოსალოდნელია მთლიანი შიგა პროდუქტის 4%-ანი კლება.
ეკონომიკის ვარდნა უშუალოდ აისახა საგადასახადო შემოსავლების კლებაზეც, რის გამოც 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში 2009 წლის ივლისში შევიდა ცვლილება და საგადასახადო შემოსავლები შემცირდა 500 მლნ ლარით, რაც დაგეგმილი საგადასახადო შემოსავლების 10,5%-ს შეადგენს. თუმცა ბიუჯეტი მაინც გაიზარდა 312 მლნ ლარით, რაც ძირითადად განპირობებულია ხსენებული უცხოური დახმარებებით.
საქართველოს ბანკებს 2009 წლის გაზაფხულზე დაუდგათ 500 მლნ აშშ დოლარის ოდენობის საგარეო ვალის დაბრუნების ვადა, რისი რესურსიც საკუთრივ ამ ბანკებს არ გააჩნდათ. ქვეყანას საბანკო კრიზისი თავიდან ააცილა ხსენებულმა უცხოურმა დახმარებებმა, საიდანაც ბანკებმა მიიღეს 636 მლნ აშშ დოლარი, რაც არა მარტო ეყო საგარეო ვალდებულებების გასტუმრებას, არამედ ბანკებს მიეცა სტაბილურიბისათვის აუცილებელი ფინანსური რესურსი.
ის, რომ საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს მდგრადობას ეს, უწინარეს ყოვლისა, დონორთა დახმარების დამსახურებაა, რისი მიღებაც ქვეყანას „გაუადვილა“ რუსულმა აგრესიამ. ომი, და თანაც წაგებული, თავისთავად უარყოფითი მოვლენაა, მაგრამ რომ არა ის, საეჭვოა, რომ საქართველოს გლობალური ფინანსური კრიზისის პირობებში მიეღწია მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარების ოპერატიულად მიღებისათვის, რაც ქმნის ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობის საფუძველს. მაშასადამე სახეზეა ე.წ. „ომის პარადოქსი“, როცა საქართველოსათვის ძალზედ უარყოფითმა მოვლენამ - ომმა მოგვცა საშუალება თავიდან აგვეცილებინა ეკონომიკური კოლაფსი.
ანტიკრიზისული ღონისძიებები
გლობალური ფინანსური კრიზისის პირობებში სხვადასხვა ქვეყნის მთავრობა, როგორც წესი, ცდილობს შეიმუშავოს ანტიკრიზისული პროგრამა. იმის გათვალისწინებით, რომ ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველოს მთავრობის არცერთ შემადგენლობას არ შესწევდა უნარი ეკონომიკის განვითარების რაიმე პროგრამა მოემზადებინა, გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ არც კრიზისულ ვითარებაში ქვეყანას, სამწუხაროდ, არ გააჩნია რაიმე პროგრამა.
ის, რისი გაკეთებაც შეძლო მთავრობამ ეს არის ე.წ. „ახალი ფინანსური პაკეტი“, რომელიც ძირითადად საბანკო და სამშენებლო სექტორებს მოიცავს.
საბანკო სექტორთან მიმართებაში გადაიდგა ურთიერთსაწინააღმდეგო ნაბიჯები. კერძოდ, ერთის მხრივ, ბანკების მარეგულირებელი ნორმატივების შემსუბუქებით საქართველოს ეროვნული ბანკი ხელს უწყობს ქვეყანაში დამატებითი საკრედიტო რესურსის გაჩენას, ხოლო მეორე მხრივ, იმ მიზეზით, რომ კრიზისის პირობებში ბანკებს უჭირთ კრედიტების განთავსება, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება 260 მლნ ლარის სახაზინო ვალდებულებათა ემისიის შესახებ. სხვა სიტყვებით, მთავრობა 260 მლნ ლარით ამცირებს იმ საკრედიტო რესურსს, რომელიც შეიძლება წარმართულიყო რეალური სექტორის დასაკრედიტებლად. ამ გზით მოპოვებული ფინანსური რესურსის დახარჯვას მთავრობა აპირებს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.
სახაზინო ვალდებულებათა ემისია ნამდვილად ვერ გამოდგება ანტიკრიზისულ ღონისძიებად - პირიქით, საკრედიტო რესურსის შემცირებით ის ზღუდავს ეკონომიკის რეალური სექტორის განვითარების შესაძლებლობას.
ცალკე აღნიშვნის ღირსია ის, რომ სახაზინო ვალდებულებათა ემისიის გადაწყვეტილების გამოცხადებამდე სამიოდე კვირით ადრე ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ხაზინის ანგარიშზე მას აქვს თავისუფალი თანხა 50 მლნ ლარის ოდენობით და მისი უკეთ გამოყენების მიზნით გამოაცხადა ტენდერი ბანკებს შორის, რის შედეგადაც ეს თანხა ასესხა ტენდერში გამარჯვებულ ბანკს. საყურადღებოა, რომ ტენედერში გაიმარჯვა ერთ-ერთმა ყველაზე პრობლემურმა ბანკმა, რომელსაც ამ ფულით შეუძლია იყიდოს სახაზინო ვალდებულებები, რაც იმას ნიშნას, რომ მთავრობა საკუთარ ფულშივე მოცემულ ბანკს პროცენტებს შორის სხვაობას გადაუხდის. ეს ოპერაცია აშკარად საეჭვო ხასიათისაა და აუცილებლად საჭიროებს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან სათანადო რეაგირებას.
რაც შეეხება სამშენებლო სექტორის მხარდაჭერას, ამ მიზნით თბილისის მერიის გარანტიის ქვეშ სამშენებლო კომპანიებს შეეძლებათ საბანკო სესხების აღება ძველი თბილისის საცხოვრებელი ფონდის გასანახლებლად.
იმის გათვალისწინებით, რომ სამშენებლო კომპანიებს შორის არაერთი მათგანი ფუნქციონირებს „ფინანსური პირამიდის“ მექანიზმით, მთავრობის მიერ ხსენებული ღონისძიების გატარებას წინ უნდა უძღვოდეს ამ ტიპის კომპანიების მიმართ გაკოტრების პროცედურების ინიცირება. წინააღმდეგ შემთხვევაში სამშენებლო სექტორისადმი ხსენებული მხარდაჭერა გადაიქცევა „ფინანსური პირამიდების“ მხარდაჭერადაც, რაც საბოლოო ჯამში მხოლოდ და მხოლოდ ზიანის მომტანი იქნება არა მარტო სამშენებლო, არამედ საბანკო სექტორისთვისაც, რომ არაფერი ვთქვათ თბილისის ბიუჯეტის შეაბამისი ნაწილის არამიზნობრივ ხარჯვაზე.
სამწუხაროდ, ხსენებული „ახალი ფინანსური პაკეტი“ საერთოდ არ ითვალისწინებს რაიმე ღონისძიებებს მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის შესამსუბუქებლად, რაც, როგორც წესი, რეკომენდებულია კრიზისის პირობებში მოთხოვნის სტიმულირების მიზნით.
საგადასახადო სისტემის „იეღოვიზაცია“
2009 წლის მეორე ნახევარში საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის პარლამენტს შესთავაზა ე.წ. „ეკონომიკური თავისუფლების აქტი“, რომელიც მოგვიანებით ჩამოყალიბდა როგორც საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი „საქართველოს კონსტიტუციაში დამატებების შეატანის შესახებ“ და საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „ეკონომიკური თავისუფლების, შესაძლებლობებისა და ღირსების შესახებ“.
ხსენებული ორგანული კანონის პროექტში ასახული ზოგიერთი წინადადება თავისი არსით „ღია კარის მტვრევას“ წარმოადგენს, რადგანაც შესაბამისი პრობლემები საქართველოში უკვე დიდი ხანია გადაჭრილია და დღეისათვის საერთოდ არ წარმოადგენს აქტუალურს. ასეთი, უწინარეს ყოვლისა, ლარის კონვერტაციაა. პირველივე დღიდან (ანუ ჯერ კიდევ 14 წლის წინ), როდესაც ქვეყანაში ლარი შემოვიდა, ის კონვენტირებადია. უფრო მეტიც, 1997 წელს საქართველო შეუერთდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეთანხმების მე-8 პუნქტს, რომლის თანახმადაც ქვეყანამ ვალდებულება აიღო, რომ ლარის კონვერტაცია არ შეიზღუდება, ხოლო 1999 წლიდან საქართველო მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრია, რაც ასევე გვავალდებულებს იმას, რომ ლარის კონვერტაცია არ შეიზღუდოს. საერთაშორისო ხელშეკრულებები კი ქვეყნის კანონმდებლობაზე მაღლა დგას.
ასეთივე სიტუაციაა ფასების სახელმწიფო რეგულირების საკითხშიც. უკვე 13 წელზე მეტია ფასები თავისუფალია: ბოლოს პურის ფასები გათავისუფლდა 1996 წელს. 1999 წლიდან საქართველოს, როგორც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრ ქვეყანას ვალდებულება აქვს, რომ ფასებს ვეღარ შეზღუდავს. ასევე 13 წელზე მეტია ქვეყანაში მოქმედებს კანონი ინვესტიციების შესახებ, რომლის თანახმადაც, ინვესტორს მოგების რეპატრიაციის შეუზღუდავი უფლება აქვს. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრობაც ავალდებულებს ამას საქართველოს.
გაუგებარია იმის მოთხოვნა, რომ კომერციულ ბანკებში არ უნდა იყოს სახელმწიფოს წილი. კერძოდ კი, გაუგებარია ის, თუ რომელი სახელმწიფოს წილი არ უნდა იყოს ბანკებში - ნებისმიერი სახელმწიფოსი, თუ მხოლოდ ქართულის. დღეისათვის საქართველოს სახელმწიფოს კომერციულ ბანკებში წილი ისედაც არა აქვს, მაგრამ ქართულ საბანკო რეალობაში არის ორი კომერციული ბანკი, რომელიც არის სახელმწიფო ბანკი. მაგალითად, „ვითიბი“ არის რუსეთის სახელმწიფო ბანკი, ხოლო „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი“ კი - აზერბაიჯანის.
ახალი მარეგულირებელი ინსტიტუტების შემოღებაზე უარის თქმა (რაც ამ კანონპროექტის ერთ-ერთი მოთხოვნაა) არის სიგნალი იმისა, რომ საქართველო უარს ამბობს ევროინტეგრაციაზე, რადგანაც ევროპის ბაზარი რეგულირებადი ბაზარია.
არ არის გამართლებული საბიუჯეტო პარამეტრების წინასწარი დადგენა არასაბიუჯეტო კანონმდებლობით, რამეთუ იქმნება პრეცედენტი, რომელიც მომავალში შესაძლოა გადაიზარდოს ასეთი პარამეტრების ჩამონათვალის გაფართოებაში.
საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილი დამატებების თანახმად, თურმე, ახალი გადასახადების შემოღებისა ან მოქმედი გადასახადის განაკვეთის ზრდის საკითხები რეფერენდუმით უნდა გადაწყდეს. იმის გათვალისწინებით, რომ არავინ იქნება თანახმა, რომ გადასახადი გაიზარდოს, ასეთი რეფერენდუმის ჩატარებას აზრი არა აქვს, რადგან მის შედეგი წინასწარ არის ცნობილი.
ამგვარი პროცედურა თავისი არსით ემთხვევა იეღოველების წესს, რომლებმაც რომც იცოდნენ, რომ სიცოცხლის შენარჩუნებისათვის სისხლის გადასხმა აუცილებელია, ისინი მაინც წინააღმდეგნი არიან ამის; ექიმები კი ნებისმიერ შემთხვევაში ვალდებულები არიან მათ შესთავაზონ სისხლის გადასხმა, თუმცა პასუხი წინასწარ იციან. ასე რომ, კონსტიტუციაში ხსენებული დამატებების შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო სისტემა „იეღოვიზაციის“ საფრთხის წინაშე დგება.
საგადასახადო პოლიტიკა, როგორც ეკონომიკური პოლიტიკის ნაწილი, როგორც წესი, სიტუაციის მიხედვით ცვალებადი უნდა იყოს. ხსენებული დამატებების კონსტიტუციაში შეტანით ქართული სახელმწიფო დაკარგავს ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთ ქმედით ინსტრუმენტს.
ძველი შეცდომები
საკუთრების უფლება
აშკარა შეცდომა, რაც დაუშვა „ვარდების რევოლუციის“ გზით მოსულმა ხელისუფლებამ, ეს კერძო საკუთრების უფლების ხელყოფაა. სამწუხაროდ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ დაფიქსირებულა არცერთი შემთხვევა იძულებით ჩამორთმეული ქონების კანონიერი მესაკუთრისადმი დაბრუნების, ან შესაბამისი კომპენსაციის გადახდისა. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში საკუთრების უფლების ჩამორთმევის ახალი პრეცედენტებიც კი იქნა დაფიქსირებული.
სახელმწიფო ქონების გასხვისება
2004 წლიდან დაწყებული მსხვილმასშტაბიანი პრივატიზაცია მიმდინარეობდა კანონმდებლობის ხშირი დარღვევით. სამწუხაროდ, ეს პროცესი დღესაც არ არის გამჭვირვალე. განსაკუთრებით მწვავედ დგას საქართველოს რკინიგზის გასხვისების საკითხი, რომლის შესახებაც ხელმისაწვდომი ინფორმაცია უბრალოდ არ არსებობს. იგივე სიტუაციაა ენგურჰესთან დაკავშირებითაც.
კონკურენციის შეზღუდვა
2004 წლის ბოლოს, ვითომდა რეფორმების საბურველქვეშ გაუქმდა ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა და შესაბამისად სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახური, რითაც ხელი შეეწყო ბაზარზე მონოპოლიების განვითარებას. იმის და მიუხედავად, რომ ევროკავშირის მხრიდან ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის აღგენა ერთ-ერთი წინაპირობაა საქართველოსათვის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის მისანიჭებლად, მთავრობა პრინციპულად უარს აცხადებს მის აღდგენაზე.
სახელმწიფო სტატისტიკა
სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი 2004 წელს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შემადგენლობაში იქნა შეყვანილი, რაც აშკარად ინტერესთა კონფლიქტია. ახალი კანონის მიხედვით სტატისტიკის დეპარტამენტი უნდა ჩამოყალიბდეს, როგორც დამოუკიდებელი ინსტიტუტი, თუმცა მის უმაღლეს ორგანოში - სამეთვალყურეო საბჭოში გათვალისწინებულია ფინანსთა და ეკონომიკური განვითარების სამინისტროების, ასევე ეროვნული ბანკის ხელმძღვანელთა მონაწილეობა, რითაც ხსენებული იტერესთა კონფლიქტი პრაქტიკულად შენარჩუნებულია.
ინფლაციის სტიმულირება მთავრობის მიერ
პოსტ-რევოლუციური მთავრობისათვის, სამწუხაროდ, დამახასიათებელი გახდა პოპულისტური ეკონომიკური ღონისძიებების გატარება, რაც პრაქტიკულად მხოლოდ ინფლაციის ზრდას უწყობდა ხელს. მათ შორის განსაკუთრებით გამოირჩეოდა დასაქმების გაზრდის ე.წ. ეროვნული პროგრამა, რომლის თანახმადაც მეწარმეებს იმპერატიულ ტონალობაში ეთხოვათ სამი თვის განმავლობაში დაესაქმებინათ უმუშევრები, რომლებიც ამისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდნენ 2006 წელს თვეში 150 ლარის, ხოლო 2007-2008 წლებში თვეში 200 ლარის ოდენობით. საბედნიეროდ, ომისშემდგომ პერიოდში მსგავსი პოპულისტური ღონისძიებები მთავრობას აღარ განუხორციელებია.
საბიუჯეტო მანიპულაციები
2008 წლიდან სახელმწიფო ბიუჯეტის შედგენა გადაყვანილ იქნა ახალ მეთოდოლოგიაზე, რომლის თანახმადაც ბიუჯეტის დეფიციტის ფენომენი, როგორც ასეთი, „გაქრა“. მთავრობის მიერ წლის განმავლობაში აუთვისებელი თანხები, როგორც მეტობა საბიუჯეტო ხარჯებზე, ბიუჯეტის პროფიციტად იწოდება. სინამდვილეში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებში გაითვალისწინება მხოლოდ საგადასახადო შემოსავლები და არაერთჯერადი მოსაკრებლები. თუ ეს შემოსავლები მეტია საბიუჯეტო ხარჯებზე, მხოლოდ მაშინ აქვს ადგილი პროფიციტს, ხოლო თუ შემოსავლები ხარჯებზე ნაკლებია, მაშინ ბიუჯეტი დეფიციტურია. სწორედ ამიტომ ყველა იმ დოკუმენტში, რომელიც განკუთვნილია „უცხოური მოხმარებისათვის“, დაფიქსირებულია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტურობა, თუმცა შინამოხმარებისათვის მთავრობა შეგნებულად აპიარებს ბიუჯეტის პროფიციტულობას. სამწუხაროდ, საბიუჯეტო კანონმდებლობის ეს ნაკლი არა თუ არ არის გამოსწორებული, ამის გაკეთებას მთავრობა არც აპირებს.
ურთიერთობები დამქირავებლებსა და დაქირავებულებს შორის
პოსტ-რევოლუციურმა მთავრობამ შრომის კოდექსის ისეთი ვარიანტი მიიღო, რომელიც მაქსიმალურ უფლებებს აძლევს დამქირავებელს და აბსოლუტურად უუფლებოს ხდის დაქირავებულს. იმის და მიუხედავად, რომ ევროკავშირის მხრიდან ევროპული ტიპის შრომითი კანონმდებლობის მიღება ერთ-ერთი წინაპირობაა საქართველოსათვის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის მისანიჭებლად, მთავრობა პრინციპულად უარს აცხადებს არსებული შრომის კოდექსის შეცვლაზე.
2006 წელს პრეზიდენტის ინიციატივით, 20 პროცენტიანი სოციალური გადასახადი და 12 პროცენტიანი საშემოსავლო გადასახადი უნდა გაერთიანებულიყო (იმის გათვალისწინებით, სოციალური გადასახადი და საშემოსავლო გადასახადი სხვადასხვა ბაზიდან იანგარიშება, მათი გაერთიანება პრინციპულად შეუძლებელია) საშემოსავლო გადასახადში, რომლის დონეც უნდა დადგენილიყო 25 პროცენტით. ეს ასეც გაკეთდა, და შესაბამისი საგადასახადო ცვლილება ძალაში 2007 წლიდან შევიდა. 2009 წლიდან საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი 25 პროცენტიდან 20 პროცენტამდე შემცირდა, რაც თავისთავად კარგია დაქირავებულთათვის, თუმცა სულაც არ უნდა იყოს დავიწყებული, რომ სამიოდე წლის წინ ეს განაკვეთი მხოლოდ 12 პროცენტი იყო.
თავისუფალი ეკონომიკური ზონა - ეკონომიკური განვითარების მახე
ქვეყანაში გატარებული ეკონომიკური ლიბერალიზაციის პირობებში თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნის ეკონომიკური მიზანშეწონილობა კლებულობს, რადგანაც შესაძლო შეღავათების ნუსხა და მასშტაბები სწორედ ამ ლიბერალიზაციის გამო მცირდება. დღეს (ომამდეც, და განსაკუთრებით ომის შემდეგ) საქართველოს ეკონომიკა ინვესტიციების ნაკლებობას, ანუ ინვესტიციურ “შიმშილს” განიცდის და ასეთ პირობებში თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნა ქვეყანაში ინვესტიციური “შიმშილის” გაღრმავებას გამოიწვევს, რაც საბოლოო ჯამში მთელი ეკონომიკის განვითარებას შეაფერხებს. სამწუხაროდ, მთავრობის გადაწყვეტილებით თავისუფალი ეკონომიკური ზონა უნდა შეიქმნას არა მარტო ფოთში, არამედ უკვე ქუთაისშიც, რაც იმას ნიშნავს, რომ ფოთისა და ქუთაისის ეკონომიკური განვითარება დანარჩენი საქართველოს ხარჯზე მოხდება.
საქართველოს ეროვნული ბანკის დასუსტება
2008 წლის გაზაფხულზე მთავრობამ საბანკო ზედამხედველობის ფუნქცია ეროვნულ ბანკს ჩამოაშორა, ხოლო თვით ეროვნულ ბანკს ერთადერთი ფუნქცია - ინფლაციის რეგულირება დაუტოვა. ამასთან ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პასუხისმგებლობა დაუკავშირა ინფლაციის წლიურ დონეზე დაწესებული ზედა ზღვარის დარღვევას, რამაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მთავრობაზე დამოკიდებული გახადა, რადგან მთავრობის ხელთაა წლიური ინფლაციის დონეზე ზეგავლენის არანაკლები ძალის მქონე ინსტრუმენტები, ვიდრე ეს ეროვნული ბანკის განკარგულებაშია. 2009 წელს მიღებულ იქნა ეროვნული ბანკის შესახებ ახალი კანონი, რომლის დადებით მომენტად უნდა ჩაითვალოს ის, რომ ამოღებულია ინფლაციის წლიური დონზე დაწესებული ზედა ზღვარის დარღვევაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ხსენებული პასუხისმგებლობის საკითხი. კანონის თანახმად, ეროვნულ ბანკში დაბრუნდა ფინანსური ზედამხედველობის სამსახური, რაც აბსოლუტურად გამართლებულია. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობას არ უღიარებია ეროვნული ბანკის ინსტიტუციონალურ დასუსტებაში დაშვებული შეცდომა, მისასალმებელია ის ნაბიჯები, რომლებიც გადაიდგმება 2009 წელს ამ შეცდომების გამოსწორების მიმართულებით.
ევროობლიგაციების ემისია და საგარეო ვალის დამატებით 500 მლნ. აშშ დოლარით გაზრდა
2008 წლის აპრილში მთავრობამ ევროობლიგაციების გამოშვებით საქართველოს საგარეო ვალი 500 მლნ. აშშ დოლარით გაუზარდა. სამწუხაროდ, დღემდე არ არის საჯარო ინფორმაცია იმის შესახებ, დაიხარჯა თუ არა ეს თანხა, და თუ დაიხარჯა - რაში დაიხარჯა, და თუ არ დახარჯულა - მაშინ სად არის ის. ამის ცოდნა აუცილებებია, რადგანაც ეს ვალი უკვე 2013 წელს არის გასასტუმრებელი.
„მწვანე პარასკევი“
2008 წლის 7 ნოემბერს ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე კომერციული ბანკების მოთხოვნამ აშშ დოლარზე, მათი მხრიდან ნულოვანი მიწოდების პირობებში (როგორც ეს იყო ბოლო ერთ თვეზე მეტი დროის განმავლობაში) 31 მლნ-ს გადააჭარბა. ეროვნულმა ბანკმა ამ მოთხოვნიდან მხოლოდ 270 ათასი დააკმაყოფილა და შემდეგ საბირჟო ვაჭრობა შეწყვიტა ვითომდა ტექნიკური მიზეზების გამო. ამან კი იმავე დღესვე შექმნა პანიკა: ბანკომატები ფულისაგან მყისიერად დაცარიელდა, ხოლო გადამცვლელმა ჯიხურებმა დოლარის კურსი მნიშვნელოვნად აწიეს, თანაც ხშირ შემთხვევაში უარს ამბობდნენ დოლარის გაყიდვაზე. ასე რომ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ქვეყანას „მწვანე პარასკევი“ მოუწყო. საქართველოს სავალუტო ბაზარზე პანიკური დაბნეულობა შაბათ-კვირასაც გაგრძელდა. საქართველოს ეროვნული ბანკის რეზერვები და მათი შევსების გარანტირებული წყარო დონორთა დახმარების სახით იძლევა იმის ობიექტურ საფუძველს, რომ ლარის გაცვლითი კურსის განსაზღვრის პროცესში ნახტომები უყოს გამორიცხული. 2009 წლიდან ეროვნულმა ბანკმა შეწყვიტა ოპერაციები ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე და ის ჩაანაცვლა სავალუტო აუქციონის მექნიზმით, რომელსაც ატარებს ბლუუმბერგის სისტემით. სამწუხაროდ, ამის შემდეგ პრაქტიკულად ძნელად მოსაპოვებელი გახდა ინფორმაცია სავალუტო რეზერვების დინამიკის შესახებ, რაც ქმნის იმის საფრთხეს, რომ კვლავ არ იქნეს გამეორებული „მწვანე პარასკევის“ მწარე გაკვეთილი.
ეკონომიკური პროგრამა
ხელისუფლების 2008 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო მოწოდება „ერთიანი საქართველო სიღარიბის გარეშე!“ იქცა იმ ე.წ. პროგრამის სათაურად, რომელიც პარლამენტმა 2008 წლის იანვრის ბოლოს დაამტკიცა. ამ დოკუმენტს მხოლოდ პირობითად შეიძლება ეწოდოს პროგრამა, რადგან ის მხოლოდ და მხოლოდ რამოდენიმე გვერდზე ჩამოწერილი მოწოდებებით შემოიფარგლება. სამწუხაროდ, მთავრობა სტაბილურად ინარჩუნებს დაუინტერესებლობას და უუნარობას, შექმნას სერიოზული დოკუმენტი, რომელიც რეალურად შეასრულებს სამთავრობო პროგრამის ფუნქციას.
სიღარიბის შემცირების კუთხით ერთადერთი სერიოზული ნაბიჯი, რაც მთავრობამ გადადგა, ეს ხუთ ლარიანი სადაზღვევო პაკეტის იმპლემენტაციის მცდელობა იყო, რასაც რაიმე ხელშესახები ეფექტი, სამწუხაროდ, არ მოუტანია.
დასკვნა
ომისშემდგომ პერიოდში საქართველოში საბოლოოდ გამოიკვეთა ეკონომიკური კრიზისისათვის დამახასიათებელი ყველა ნიშანი. ის, რომ ეკონომიკა ინარჩუნებს მდგარდობას, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტი არ მცირდება, ეს უწინარეს ყოვლისა, დონორთა იმ ფინანსური დახმარების შედეგია, რომლის საქართველოსათვის, როგორც რუსეთის აგრესიის მსხვერპლისათვის გამოყოფაც 2008 წლის 22 ოქტომბერს ბრიუსელში ჩატარებულ კონფერენციაზე გადაწყდა.
სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობას შექმნილი ვითარებისათვის აუცილებელი ანტიკრიზისული პროგრამა არ გააჩნია, ხოლო ის ცალკეული ღონისძიებები, რომელიც მთავრობამ შეიმუშავა, აშკარად არადამაკმაყოფილებებელია.
რაც შეეხება წინა წლებში დაშვებულ შეცდომებს, საქართველოს მთავრობას, სამწუხაროდ, ისინი არ უღიარებია და რაიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯები მათ გამოსასწორებლად ჯერ-ჯერობით არ გადაუდგამს.
_________________
1 ძველი შეცდომების განხილვისას გამოყენებულია ავტორის მიერ ჩატარებული ანალიტიკური გამოკვლევის „საქართველოს ეკონომიკა: შეცდომები, საფრთხეები, მათი დაძლევის გზები“ შედეგები, რომელიც შესულია დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის მიერ მომზადებლ კრებულში „2008 წლის კრიზისი საქართველოში: წინაპირობა, რეალობა, პერსპექტივა“.
![]() |
10 ომისშემდგომი საქართველოს მაკროეკონომიკური პარადიგმა |
▲ზევით დაბრუნება |
მერაბ კაკულია
აგვისტოს ომის შემდეგ განვლილი წელი ერთობ რთული აღმოჩნდა საქართველოს ეკონომიკისთვის. მართალია, ექსპერტების უმეტესობა ეკონომიკური აქტივობის დაცემას იმთავითვე ვარაუდობდა, მაგრამ მან მოსალოდნელზე მეტი სიღრმე გამოავლინა. მთლიანი შიდა პროდუქტი 2009 წლის პირველ ნახევარში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7.8%-ით შემცირდა, პირველ 9 თვეში კი - 5.5%-ით
კრიზისის ფაქტორები
კრიზისმა ეკონომიკის თითქმის ყველა დარგი მოიცვა. 2009 წლის პირველ ნახევარში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით განსაკუთრებით მკვეთრი კლება გამოვლინდა ვაჭრობაში (25.2%-ით), სასტუმროებისა და რესტორნების სექტორში (13.6%-ით), მშენებლობაში (10.8%), მრეწველობასა (10%) და სოფლის მეურნეობაში (8.2%-ით).ეკონომიკური დაქვეითება მნიშვნელოვნად დააჩქარა გლობალურმა ფინანსურმა კრიზისმა, რომელმაც რუსული აგრესიისა და ქვეყნის ეკონომიკაში ჯერ კიდევ ომამდე დაგროვილი პრობლემების ფონზე ერთობ მტკივნეული დარტყმა მიაყენა საქართველოს. საგარეო ეკონომიკური და გეოპოლიტიკური შოკების კომბინაციის უარყოფითი ეფექტი ძირითადად სამი მიმართულებით გამოვლინდა, სახელდობრ:
1. კერძო კაპიტალის ნაკადების შემოდინების მკვეთრ კლებაში, როგორც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების, ისე საკრედიტო რესურსების მოზიდვის სახით. ნიშანდობლივია, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2009 წლის პირველ ნახევარში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4-ჯერ შემცირდა;
2. (ქართულ საექსპორტო საქონელზე განსაკუთრებით მეტალურგიულ პროდუქციაზე) საგარეო მოთხოვნის ერთობ მნიშვნელოვან ვარდნაში: ექსპორტის კლებამ იგივე პერიოდში 35%-ს გადააჭარბა;
3. უცხოეთიდან ფულადი გზავნილების არსებით, თითქმის 20%-იან შემცირებაში.
კრიზისის გაღრმავებაში ძალზე მნიშვნელოვანი როლი ითამაშია, აგრეთვე, საკრედიტო დეპრესიამ, რომელიც ორწლიანი სასესხო ბუმის შემდეგ განვითარდა. საკრედიტო რისკების გაძლიერების კვალობაზე, რაც უმოქმედო სესხების სწრაფმა ზრდამ დაადასტურა, კომერციულმა ბანკებმა მკვეთრად დაამუხრუჭეს ეკონომიკის დაკრედიტება. შედეგად, მხოლოდ 2009 წლის პირველ ნახევარში მთლიანი საკრედიტო პორტფელის მოცულობა ქვეყანაში 10.4%-ით შემცირდა.
აღნიშნული ფაქტორების ურთიერთქმედებამ უაღრესად უარყოფითად იმოქმედა შიდა მოთხოვნაზე, განსაკუთრებით მის სამომხმარებლო კომპონენტზე, რასაც დიდად შეუწყო ხელი დასაქმების პრობლემის შემდგომმა გამწვავებამ. უმუშევრობის დონემ ოფიციალური შეფასებით 2008 წელს 16.5%-ს მიაღწია. საერთაშორისო სავალუტო ფონდი კი მიიჩნევს, რომ რეალურად ეს მაჩვენებელი უფრო მაღალია. ამ თვალსაზრისით, ნიშანდობლივია, რომ ოფიციალური მონაცემებით დასაქმებულთა რაოდენობა ბიზნეს-სექტორში 2009 წლის მეორე კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მხოლოდ 4.6%-ით (15 353 კაცით) შემცირდა. თუ გავითვალისწინებთ, რომ ეკონომიკურმა დაღმასვლამ თავის ფსკერს საქართველოში სავარაუდოდ სწორედ 2009 წლის პირველ ნახევარში მიაღწია, ეს მონაცემი ნაკლებად სარწმუნო ჩანს.
მთავარი მაკროეკონომიკური გამოწვევა
მთავარი მაკროეკონომიკური გამოწვევა, რომლის წინაშეც ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლება დადგა, შიდა და გარე წყაროებიდან ქვეყნის ეკონომიკის კერძო დაფინანსებაში შექმნილი დეფიციტის რამდენადმე მაინც განეიტრალება და ამ გზით ეკონომიკური აქტივობის ხელშეწყობა იყო. აღნიშნულ გამოწვევას მთავრობამ ე.წ. ეკონომიკური სტიმულირების პაკეტით უპასუხა, რომელიც არსებითად სამ ელემენტს შეიცავს: დონორებისგან მიღებული ფინანსური დახმარების ხარჯზე ადგილობრივი ინფრასტრუქტურის დაფინანსებას, საგადასახადო განაკვეთების შემცირებას და უფრო ხელსაყრელი პირობების შექმნას უცხოური ინვესტიციების მოზიდვისთვის.
ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტების დაფინანსება ერთი შეხედვით რთული არ უნდა ყოფილიყო, რადგან აგვისტოს ომის შედეგების აღმოსაფხვრელად დონორებმა, ჯერ კიდევ გლობალური ფინანსური კრიზისის უკიდურესად გამწვავებამდე, მიიღეს პოლიტიკური გადაწყვეტილება საქართველოსთვის სამი წლის (2008-2010) განმავლობაში 4.55 მლრდ აშშ დოლარზე მეტი საერთო მოცულობის ფინანსური დახმარების დაპირების შესახებ. აღნიშნული სახსრების გაფორმება და შემდეგ განაღდება, როგორც აღმოჩნდა, საკმაოდ დიდ ძალისხმევას და დროს მოითხოვს. ამაზე თუნდაც ის ფაქტი მეტყველებს, რომ 2009 წლის 15 ნოემბრამდე მთავრობამ დონორების მიერ დაპირებული თანხიდან ფაქტობრივად ჯერ მხოლოდ 705.3 მლნ აშშ დოლარი მიიღო.
გასული საუკუნის 30-იანი წლების „დიდი დეპრესიის“ დროიდან აპრობირებული ანტიკრიზისული პრაქტიკის შესაბამისად, მთავრობა ცდილობს აღნიშნული სახსრები მეტწილად საგზაო, ენერგეტიკული, კომუნალური და სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამებს მოახმაროს, რასაც კერძო სექტორში ეკონომიკური აქტივობის გამოცოცხლება უნდა მოჰყვეს. რამდენადაც ამ პროგრამების ინტენსიური განხორციელება მხოლოდ 2009 წლის მეორე კვარტლიდან დაიწყო, მისი მულტიპლიკაციური ეფექტი ჯერ-ჯერობით ნაკლებად ჩანს, თუმცა სამომავლოდ მან შესაძლოა საგრძნობლად გაანეიტრალოს ეკონომიკის კერძო დაფინანსების დეფიციტი.
რაც შეეხება გადასახადების განაკვეთების შემცირებას, მართალია საშემოსავლო გადასახადისა და დივიდენდების დაბეგვრის განაკვეთებმა 2009 წლის 1 იანვრიდან მნიშვნელოვნად დაიწია, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ გამოთავისუფლებული თანხა არასტაბილურ ეკონომიკურ გარემოში კერძო ინვესტიციებში წარიმართა. უფრო სარწმუნოა, რომ აღნიშნული სახსრები (საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის შემცირების შედეგად მთავრობის პროგნოზით ეკონომიკის კერძო სექტორში 2009 წელს 250 მლნ ლარი უნდა დარჩენილიყო) კრიზისით გამოწვეული ფინანსური დანაკარგების ნაწილობრივ კომპენსაციას ან კიდევ შეთხელებული დანაზოგების აღდგენას მოხმარდა. ეს თავისთავად დადებით მოვლენას წარმოადგენს, თუმცა მოკლევადიან პერსპექტივაში მასაც მცირე ანტიკრიზისული ეფექტი შეიძლება ჰქონდეს.
უცხოური ინვესტიციების მოზიდვა
აგვისტოს ომის შემდეგ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დაშრეტილი ნაკადების აღდგენას მთავრობა ზოგადად ლიბერალური ბიზნეს გარემოს1 წარმოჩენით, კონკრეტულად კი - უცხოელ ინვესტორთათვის ხელსაყრელი ფისკალური რეჟიმების დამკვიდრებით და ინვესტიციების დაცვის დამატებითი გარანტიებით ცდილობს.
ლიბერალური ბიზნეს გარემო მინერალური რესურსებით შედარებით ღარიბ მცირე ეკონომიკაში საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღების აუცილებელი პირობაა, მაგრამ არა საკმარისი. იურიდიულად მიმზიდველი ბიზნეს გარემოს შესაძლებლობების გამოყენება საქართველოში, როგორც ბოლოდროინდელმა კვლევებმა აჩვენა, ფაქტობრივად მთელ რიგ ბარიერებს აწყდება, რომელთა შორისაა:
კვალიფიცირებული მუშა-ხელის და ინჟინერ-ტექნიკური პერსონალის ნაკლებობა, რაც დღის წესრიგში აყენებს მუშაკთა პროფესიულ მომზადებისა და გადამზადების სრულიად ახალი სისტემის შექმნას, რომელიც პოტენციური ინვესტორების საჭიროებებს მოერგება;
შედარებით კვალიფიცირებული მუშახელის გაძვირება ეკონომიკის რეალურ სექტორში, მათ შორის ლარის გამყარების გამო, რაც, მართალია, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ნაწილობრივ განეიტრალდა, მაგრამ მაინც ძალაში რჩება;
ფისკალური რუტინა, რომელიც საგადასახადო ადმინისტრირების მოუქნელობაში ვლინდება. სამეწარმეო სუბიექტებზე დიდი მოცულობის ჯარიმებისა და საურავების დარიცხვა ინვესტორთა თვალში მნიშვნელოვნად აფერმკრთალებს შედარებით დაბალი საგადასახადო განაკვეთების მიმზიდველობას;
კაპიტალის ადგილობრივი ბაზრის განუვითარებლობა, რაც ინვესტორს არ აძლევს საჭიროების შემთხვევაში ადგილობრივი წყაროებიდან დამატებითი ფინანსური რესურსების მობილიზაციისა და რისკების ნაწილობრივ განეიტრალების საშუალებას;
ანტიმონოპოლიური (ანტიტრასტული) რეგულირების სისუსტე, რაც ხელს უშლის კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებას და ხელს უწყობს ბაზრის მკვეთრად ოლიგიპოლიური სტრუქტურის შექმნას, რაც ცივილიზებული ინვესტორის მიერ ნეგატიურად აღიქმება;
ხარისხის ეროვნული ინფასტრუქტურის განუვითარებლობა, რაც ტექნიკური რეგლამენტების არარსებობასა და სტანდარტების საერთაშორისო ანალოგებთან შეუთავსებლობაში ვლინდება.
დასახელებული და სხვა ბარიერების ფონზე ლიბერალურმა ბიზნეს გარემომ დიდი გავლენა ვერ მოახდინა ეკონომიკის რეალურ სექტორში უცხოური ინვესტიციების სტრუქტურაზე. მრეწველობასა და სოფლის მეურნეობაზე 2009 წლის პირველ ნახევარში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 23.5% მოდიოდა, მაშინ როდესაც მხოლოდ უძრავ ქონებაში განთავსებულმა ინვესტიციებმა მათი მთლიანი მოცულობის თითქმის 29% შეადგინა. ამით შეიძლება აიხსნას ის გარემოება, რომ ისედაც შემცირებულმა საინვესტიციო ნაკადებმა ვერც დასაქმებას დაამჩნია რაიმე სერიოზული კვალი და ვერც ექსპორტს.
საქართველოს მცირე ზომის ეკონომიკა, რაგინდ გახსნილიც არ უნდა იყოს იგი, თავისთავად ნაკლებად მიმზიდველია სერიოზული ინვესტორისთვის, თუ მან უფრო დიდ ბაზრებზე გასვლის პერსპექტივა ვერ დაინახა. ამდენად, უცხოური ინვესტიციების მოზიდვას თვისობრივად ახალი ბიძგი შეიძლება მისცეს ევროკავშირთან და აშშ-თან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებათა რეალურ ფაზაში შესვლამ. მის ფორმატში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ხელისშემშლელი, ზემოთ დასახელებული ექვსი ბარიერიდან სულ ცოტა ოთხის გადალახვა მაინცაა შესაძლებელი. გარდა ამისა, ინდუსტრიულად მაღალგანვითარებულ ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობა ტექნოლოგიური და შესაბამისად მაღალმწარმოებლური ინვესტიციების მოზიდვის შანს იძლევა, რასაც ჯერ-ჯერობით ვერ ვხედავთ.
უცხოური ინვესტორებზე მაინც და მაინც დიდ შთაბეჭდილებას ვერც უშუალოდ მათზე ორიენტირებული ახალი ფისკალური რეჟიმები ახდენს. მათგან, განსაკუთრებით აღსანიშნავია ქვეყნის 4 ქალაქში (ფოთში, ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში) თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შექმნა, რომელთა ფარგლებში საშემოსავლო გადასახადის გარდა ფაქტობრივად ყველა გადასახადი გაუქმდება. სამომავლოდ ამგვარმა ზონებმა მართლაც შეიძლება დააინტერესოს ინვესტორთა გარკვეული კატეგორია. ამასთან, სავსებით რეალურია თავისუფალი ინდუსტრიული ზონების მიღმა ლიბერალური ბიზნეს გარემოს საინვესტიციო მიმზიდველობის დაკარგვის საფრთხეც, რაზეც პროფესორი ვლ. პაპავა მიუთითებს. თუ ეს მოხდა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკადები ძირითადად თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში მოიყრის თავს და კიდევ უფრო გააღრმავებს ქვეყნის რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების უთანაბრობას. ამიტომ მიზანშეწონილი იქნებოდა, ანალოგიური საგადასახადო შეღავათების, თუნდაც გარკვეული ვადით, თავისუფალი ინდუსტრიული ზონების მიღმა განხორციელებულ ისეთ ინვესტიციებზე გავრცელება, რომელიც ექსპორტზე ორიენტირებულ წარმოებაში ჩაიდება და რეალურად შექმნის მნიშვნელოვანი ოდენობის ახალ სამუშაო ადგილებს.
ექსპორტის გაფართოება
ქართული ექსპორტის კრიზისამდელი დონის მიღწევა ნიშნავს მის მინიმუმ გაორმაგებას ისეთ ტრადიციულ სასაქონლო კატეგორიებში, როგორიცაა ფეროშენადნობები, სპილენძის მადნები და კონცენტრატები, შავი ლითონის ჯართი და აზოტოვანი სასუქები. რამდენადაც გლობალური მოთხოვნა ლითონის პროდუქციაზე მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაში სავარაუდოდ ერთობ ზომიერი იქნება, ქართული ექსპორტის სტატუს-კვოს აღდგენა შესაძლოა გაჭირდეს.
ამ ფონზე განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს ექსპორტის დივერსიფიკაცია, რაც პროდუქციის იმ სახეობათა საექსპორტო შესაძლებლობებათა გამოყენებას გულისხმობს, რომელშიც საქართველოს გააჩნია მნიშვნელოვანი, მაგრამ ნაკლებად რეალიზებული კონკურენტული პოტენციალი. მსოფლიო ბანკის ჯგუფის მიერ 2009 წელს განხორციელებული კვლევის წინასწარი შედეგების მიხედვით გამოიკვეთა სულ ცოტა 6 დასახელების ასეთი პროდუქცია; კერძოდ, ხილი, სამშენებლო მასალები, ბოსტნეული, ტანსაცმელი, ღვინო, მედიკამენტები და სამედიცინი მოწყობილობა2.
ამ სახეობის საქონლის ექსპორტის გაფართოება მთელ რიგ ფაქტორებზე იქნება დამოკიდებული, რომელთაგანაც განსაკუთრებით აღსანიშნავია:
პროდუქციის ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებთან თავსებადობის მიღწევა, კერძოდ დონორთა მიერ შესაბამისი პილოტური პროგრამების დაფინანსება;
კრედიტის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, კერძოდ კონკურენტული პოტენციალის მქონე დარგებში სახელმწიფოს მიერ დონორთა მხარდაჭერით „იაფი კრედიტის პროგრამის“ აღდგენა ან (და) საპროცენტო განაკვეთების სუბსიდირების პრაქტიკის შემოღება;
მწარმოებელთა ასოციაციების შექმნა, პირველ რიგში აგრარულ სექტორში, რაც გააადვილებს შესაბამისი სახეობის პროდუქციის მწარმოებელთა ინფორმაციულ უზრუნველყოფას, აგრეთვე ინოვაციურ და მარკეტინგულ მხარდაჭერას უშუალოდ სახელმწიფოს ან დონორთა მხრიდან;
შესაძლო ინვესტორთა ინფორმირება იმ კონკურენტული პოტენციალის და სავაჭრო პრეფერენციების (მაგალითად, GSP+) შესახებ, რომელიც არსებობს საქართველოს ეკონომიკის ცალკეულ დარგებში.
ამ და სხვა ღონისძიებების განხორციელება ექსპორტის ხელშეწყობის ერთიანი სახელმწიფოებრივი პოლიტიკის ჩარჩოში დიდად წაადგება, როგორც ზემოთ დასახელებული პროდუქციის უცხოეთში რეალიზაციას, ისე მასზე შიდა მოთხოვნის ზრდას და იმპორტის ჩანაცვლებას. საბოლოო ჯამში, ეს საშუალებას იძლევა გაუმჯობესდეს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, რომელიც ომისშემდგომ პერიოდში საგრძნობლად შევიწროვდა, თუმცა კრიზისიდან გამოსვლის კვალობაზე შესაძლოა მკვეთრად გაფართოვდეს და კვლავ საფრთხე შეუქმნას ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას.
საკრედიტო აქტივობის განახლება
უცხოურ ინვესტიციებზე და ექსპორტზე არანაკლები მნიშვნელობა აქვს კომერციული ბანკების მიერ ეკონომიკის დაკრედიტების სფეროში არსებული დეპრესიული ფონის გადალახვას, რომელიც არასტაბილურ ეკონომიკურ და გეოპოლიტიკურ გარემოში საკრედიტო პორტფელის გაუარესებამ შექმნა. უმოქმედო სესხების წილი გაცემული კრედიტების საერთო მოცულობაში ომისშემდგომ პერიოდში ოთხჯერ და მეტად გაიზარდა. მკვეთრად გაიზარდა ბანკების მიერ სესხებზე შესაძლო დანაკარგების რეზერვების შექმნაზე გაწეული ხარჯები, რამაც ცხადია ბანკებში ახალი კრედიტების გაცემის მიმართ შიშის განცდა ჩამოაყალიბა. კერძო სექტორზე გაცემული სესხების მოცულობა 2009 წლის 10 თვეში განუხრელი კლების ტენდენციას ავლენდა, რის შედეგადაც იგი 13%-ით შემცირდა. აღნიშნული ტენდენციის შეჩერებას მთავრობა და ეროვნული ბანკი ახალი ფინანსური პაკეტით შეეცადა, რომელიც თითქმის მთლიანად რეცესიის პირობებში კომერციული ბანკების ფინანსური ტვირთის შემსუბუქებას ისახავს მიზნად. პაკეტით გათვალისწინებული ღონისძიებებიდან შედარებით პერსპექტიული ჩანს მუნიციპალური გარანტიით იმ სამშენებლო ობიექტების დაკრედიტება, რომლებშიც მოხდება თბილისის ცენტრალური უბნების ავარიული საცხოვრებელი ნაგებობებიდან ნებაყოფლობით გასული მობინადრეების განსახლება. ავარიული სახლების აღდგენა-გამაგრებაზე ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 176 მლნ ლარი იხარჯება. ამდენად, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ აღნიშნული ინიციატივის სათანადოდ ადმინისტრირების შემთხვევაში, სამშენებლო სექტორი არც თუ უმნიშვნელო სახსრებს მიიღებს, ხოლო ბანკებს ჭარბი ლიკვიდობის გარკვეული ნაწილის შედარებით ნაკლები რისკით განთავსების საშუალება მიეცემათ.
ახალი ფინანსური პაკეტის სხვა ღონისძიებებიდან ყურადღებას იქცევს კომერციული ბანკებისათვის რისკის მიხედვით შეწონილი აქტივების კოეფიციენტის შემსუბუქება, რასაც, იდეის ავტორთა აზრით, 400 მლნ აშშ დოლარის ოდენობის საკრედიტო რესურსის გამოთავისუფლება შეუძლია. რეალურად ეს გადაწყვეტილება ხელს მხოლოდ ბანკების კაპიტალის მაღალი ადექვატურობის შენარჩუნებას ანუ კაპიტალის ბუფერის შექმნას შეიძლება ემსახურებოდეს, რაც ბანკებს, საკრედიტო პორტფელის შემდგომი გაუარესების შემთხვევაში, მეტ ფინანსურ მოქნილობას შესძენს. დაკრედიტების ზრდას კი მოკლევადიან პერიოდში უშუალოდ ეს სტიმული ნაკლებად წაადგება, რადგანაც:
ჯერ ერთი, ეკონომიკური გარემო ჯერ კიდევ არასტაბილურია, კრიზისიდან გამოსვლის პერსპექტივა კი ბუნდოვანი. ამიტომ ბანკები ერიდებიან ახალ სერიოზულ რისკებზე წასვლას; და
მეორე, მათ ისედაც მაღალი ლიკვიდობა აქვთ, ანუ უკვე უჭირთ განათავსონ დეპოზიტები, რომელთა მოცულობა 2009 წლის მაისიდან მოყოლებული განუხრელად იზრდება.
ამ ფონზე ბანკებისათვის საკმაოდ მიმზიდველი შეიძლება იყოს ფინანსური პაკეტით გათვალისწინებული სხვა ღონისძიება, კერძოდ მთავრობის მიერ 260 მლნ ლარის მოცულობის სახაზინო ვალდებულებათა გამოშვება. მართალია, აღნიშნული ფინანსური ინსტრუმენტის შემოსავლიანობა დაბალია, მაგრამ ჭარბი ლიკვიდობის გარკვეული ნაწილის განთავსება მასში, ისე როგორც ეროვნული ბანკის სადეპოზიტო სერთიფიკატებში, ბანკებისათვის ნაკლებად სარისკოა. გარდა ამისა, ეს საშუალებას მისცემს მთავრობას დონორთა მიერ გამოყოფილი სახსრების მიღებამდე ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტები ნაწილობრივ საბანკო სექტორიდან ნასესხები სახსრებით დააფინანსოს, რაც საბოლოო ჯამში კერძო სექტორში საქმიანი აქტივობის გაღვივებას შეუწყობს ხელს. ამრიგად ფინანსური პაკეტით გათვალისწინებულმა ღონისძიებებმა მთლიანობაში, შესაძლოა, გაუადვილოს ბანკებს კრიზისულ პირობებთან ადაპტაცია, მაგრამ მასშტაბურ ძვრებს ეკონომიკის კერძო სექტორის დაკრედიტებაში იგი ვერ გამოიწვევს.
დაკრედიტების მოცულობის განუხრელი კლება 2009 წლის მეორე ნახევარში საბანკო სექტორში დეპოზიტების თანმიმდევრული ზრდის ფონზე წარიმართა, რაც საბანკო სისტემის მიმართ ნდობის მატებაზე მიანიშნებს. კორპორატიულმა სექტორმა და შინამეურნეობებმა ერთობ პოზიტიურად აღიქვა ის ფაქტი, რომ კრიზისის გაღრმავების მიუხედავად აგვისტოს ომის შემდეგ ქართულმა ბანკებმა შეინარჩუნეს ფინანსური მდგრადობა, რაშიც უაღრესად მნიშვნელოვანი როლი ითამაშა დონორების დახმარების ხარჯზე მათი ვადადამდგარი უცხოური ვალდებულებების დაფარვამ და ლარის კურსის სტაბილურობამ 2008 წლის ნოემბრის დევალვაციის შემდეგ.
დეპოზიტების ინტენსიური ფორმირება აიძულებს ბანკებს მაღალი საკრედიტო რისკების პირობებშიც კი გააფართოონ სასესხო ოპერაციები. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ფინანსური სტაბილურობას სერიოზული საფრთხე დაემუქრება. ამით აიხსნება მთელი რიგი ბანკების მიერ 2009 წლის ბოლოს საპროცენტო განაკვეთების შემცირება როგორც დეპოზიტებზე, ისე კრედიტებზე. ემპირიული დაკვირვება აჩვენებს, რომ კრედიტის გაიაფებით ჯერ-ჯერობით მხოლოდ პრივილეგირებული კლიენტურა ანუ მსხვილი კორპორატიული მსესხებლები სარგებლობენ. წვრილი ბიზნესისთვის, ისე როგორც შინამეურნეობათათვის კრედიტი კვლავ ძვირია და ნაკლებად ხელმისაწვდომი. მიუხედავად ამისა, მაკროეკონომიკური გარემოს თუნდაც ზომიერი, მაგრამ თანმიმდევრული გაუმჯობესების კვალობაზე, კერძო სექტორის დაკრედიტების მოცულობა შესაძლოა საგრძნობლად გაიზარდოს. 2010 წელს ზოგიერთი შეფასებით, მან შეიძლება 10%-ით მოიმატოს. ბანკების რეალურ მოტივაციას ამ მიმართულებით განსაზღვრავს საბანკო სექტორის ლიკვიდობის გაუმჯობესება, კაპიტალის ადეკვატურობის მაღალი მაჩვენებელი და სესხებზე შესაძლო დანაკარგების უკვე შექმნილი რეზერვების საკმარისობა.
მიაღწია თუ არა კრიზისმა ფსკერს?
2009 წლის მესამე კვარტალში წინა ორ კვარტალთან შედარებით საქართველოს ეკონომიკაში რამდენიმე დადებით ძვრას ჰქონდა ადგილი, რომელთაგანაც აღსანიშნავია:
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკადის მნიშვნელოვანი ზრდა მრეწველობაში, ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში და მშენებლობაში;
ვარდნის შეჩერება მშენებლობაში და უძრავ ქონებაზე ფასების გარკვეული სტაბილიზაცია;
წლიურ გამოსახულებაში კლების ტემპის შემცირება მრეწველობასა და ვაჭრობაში, აგრეთვე სასტუმროებისა და რესტორნების სექტორში;
წლიური მატება ტრანსპორტში.
ყოველივე ეს გვაფიქრებინებს, რომ კრიზისულმა დაღმასვლამ შესაძლოა უკვე მიაღწია თავის ფსკერს, თუმცა მესამე კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის წლიური ზრდა კვლავ უარყოფოთია (-1.2%). არ არის გამორიცხული, რომ ეს მაჩვენებელი მეოთხე კვარტალში პოზიტიურ ნიშნულზე გავიდეს. მიუხედავად ამისა, უკვე ნათელია, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის მატება 2009 წელს უარყოფითი იქნება. საერთაშორისო სავალუტო ფონდის და რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპული ბანკის პროგნოზებით იგი შესაბამისად - 4 ან 5.5%-ის ფარგლებში მოექცევა.
რაც შეეხება 2010 წელს, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები მთლიანი შიდა პროდუქტის პოზიტიურ - 2%-იან ზრდას მოელიან, თუმცა ძნელი სათქმელია, რამდენად თანმიმდევრული იქნება ეკონომიკური გამოცოცხლება, რადგანაც ჯერ კიდევ არსებობს სერიოზული მაკროეკონომიკური რისკები.
საშუალოვადიანი პერიოდის რისკები
საშუალოვადიანი მაკროეკონომიკური რისკებიდან ყველაზე რეალურია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნელი და არამდგრადი მატება, რაც შეიძლება განპირობებული იყოს გლობალური რეცესიიდან გამოსვლის სირთულეებით. მათ ფონზე შეთხელებულმა საინვესტიციო ნაკადებმა შესაძლოა გვერდი აუარონ გეოპოლიტიკურად არასახარბიელო მდგომარეობაში მყოფ საქართველოს. ასეთ ვითარებაში, როგორც პრაქტიკამ აჩვენა, ბიზნეს-გარემოს მარტოოდენ იურიდიულად გაფორმებული ლიბერალიზაცია და მისი წარმოჩენა საერთაშორისო მასშტაბით საკმარისი არ არის პოტენციური, და რაც მთავარია, ცივილიზებული ინვესტორის დასაინტერესებლად.
არანაკლებ პრობლემური შეიძლება იყოს დონორთა მიერ შეპირებული თანხების დაგვიანება ან უარეს შემთხვევაში მნიშვნელოვანი შეკვეცა, რაც სრულებითაც არ არის გამორიცხული, თუ გლობალური რეცესიიდან გამოსვლა შეყოვნდა და მკვეთრად გაიზარდა სხვა ქვეყნების მოთხოვნა დონორულ რესურსებზე. ამიტომ მთავრობამ ყველაფერი უნდა იღონოს იმისათვის, რათა შეპირებული თანხები დროულად გააფორმოს და მიიღოს დათქმულ ვადებში.
გარკვეული რისკის შემცველია მთავრობის განძრახვა „ეკონომიკური თავისუფლების აქტის“ შესაბამისად, ბიუჯეტის დეფიციტი მომდევნო 3 წლის განმავლობაში მთლიანი შიდა პროდუქტის 3%-დე დაიყვანოს. ამას შეიძლება მოჰყვეს ფისკალური წნეხის შემდგომი მოჭერა ან ბიუჯეტის ხარჯების შეკვეცა, ან კიდევ ორივე ერთად. რამდენადაც 2010 წლიდან ახალი საარჩევნი ციკლი იწყება, ბიუჯეტის ხარჯების არსებითი შეკვეცა ნაკლებად სავარაუდოა. ფისკალური ადმინისტრირების კიდევ უფრო გამკაცრება კი, როცა მისი რესურსი ერთობ შეზღუდულია, გააძლიერებს ფისკალურ რუტინას და ხელს შეუშლის ეკონომიკური გამოცოცხლების სტაბილურ ზრდაში გადასვლას.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკადების მნიშვნელოვანი ზრდის გარეშე, მით უმეტეს თუ საგრძნობლად შეფერხდა დონორთა ფინანსური დახმარების მიღება, შეიძლება წარმოიშვას საგადამხდელო ბალანსში სერიოზული ფინანსური გარღვევის საფრთხე. ამ საფრთხეს აძლიერებს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის გაფართოების პერსპექტივაც, რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს პოსტ-კრიზისულ პერიოდში ენერგორესურსებზე მსოფლიო ფასების მატებასა და კრიზისის დროს მკვეთრად შემცირებული იმპორტის ზრდასთან.
ფინანსური გარღვევის დაფარვის ყველაზე ხელმისაწვდომ წყაროს ახლო მომავალში საერთაშორისო სავალუტო ფონდის კრედიტი წარმოადგენს, მაგრამ სამომავლოდ საქართველოს მთავრობამ ახლავე უნდა დაიწყოს ექსპორტის მხარდაჭერის პოლიტიკის ინსტიტუციური ჩარჩოს გაძლიერება. ეს გულისხმობს მძლავრი ინსტიტუტების (ექსპორტის ხელშეწყობის სააგენტო, მწარმოებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციები და სხვა) ფარგლებში აღნიშნული პოლიტიკის რეალიზაციის ქმედითი მექანიზმების (ექსპორტის საკრედიტო და საგარანტიო, ინფორმაციული და მარკეტინგული უზრუნველყოფა და სხვა) შექმნას.
ეროვნული ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის განმტკიცება, რაც კერძო კაპიტალის ნაკადების შემოდინების მნიშვნელოვანი ფაქტორია, საჭიროებს ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის მოქნილობის უზრუნველყოფას. ამასთან, გაცვლითი კურსის ცვალებადობა პირდაპირ კავშირშია საბანკო სექტორში არსებულ ისეთ სისტემურ რისკთან, როგორიცაა ბანკების ბალანსების დოლარიზაციის ძალიან მაღალი დონე. ამ ფონზე ლარის კურსის 10%-იან დაცემასაც კი, თუ იგი კვლავ მყისიერად განხორციელდება, შეუძლია ბანკები დარტყმის ქვეშ დააყენოს. გამორიცხული არ არის, რომ ბანკებმა ეროვნულ ვალუტაში მათ ხელთ არსებული ჭარბი ლიკვიდობა უცხოური ვალუტის შესაძენად წარმართონ, რასაც შესაძლოა მოჰყვეს ზეწოლა სავალუტო ბაზარზე. ამიტომ, აღნიშნული რისკის თავიდან ასაცილებლად ეროვნული ბანკი ჭარბი ლიკვიდობის სტერილიზაციის მუდმივ მზადყოფნაში უნდა იყოს. ეს იმ მხრივაც არის აუცილებელი, რომ პერსპექტივაში სავსებით რეალურია ინფლაციის გაღვივებაც.
__________________
1. ლიბერალური ბიზნეს გარემოს ძირითად მახასიათებლებად საქართველოში მიიჩნევა: ლიცენზიებისა და ნებართვების მინიმალური ოდენობა, საკუთრების რეგისტრაციის სიმარტივე, უპირატესად დამქირავებლის ინტერესებზე ორიენტირებული შრომის კანონმდებლობა, გადასახადების რაოდენობისა და მათი განაკვეთების სიმცირე, ნულოვანი საბაჟო ტარიფები სასაქონლო ჯგუფების 95%-ზე და შედარებით გაადვილებული საბაჟო პროცედურები.
2. სასაქონლო ჯგუფები ჩამოთვლილია კონკურენტული პოტენციალის რეიტინგების შესაბამისად, რომელიც კვლევის შედეგად დადგინდა.
![]() |
11 საზოგადოებრივი აზრის ცვლილებები 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის და 2009 წლის საგაზაფხულო კრიზისის შუქზე |
▲ზევით დაბრუნება |
იაგო კაჭკაჭიშვილი
2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომი და 2009 წლის გაზაფხულის საპროტესტო მარათონი იმ მოვლენათა რიცხვში შედის, რომლებიც საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე ძლიერ ზემოქმედებას ახდენს და რომლებთან კავშირშიც სხვადასხვა ასპექტით გაიზომება სოციალურ-პოლიტიკური გარემოს მიმართ დამოკიდებულება. ბევრ სოციალურ მოვლენასთან მიმართებაში საზოგადოების დამოკიდებულება მნიშვნელოვნად იცვლება იმის მიხედვით, რომელ სიტუაციაში ხდება მათი შეფასება - ომის წინ, უშუალოდ ომის შემდგომ თუ ომის დამთავრებიდან თვეების შემდეგ.
ისიც მნიშვნელოვანია, რომ აგვისტოს ომთან და საგაზაფხულო კრიზისთან პირდაპირ თუ ირიბ მიმართებაში მყოფი მოვლენების შეფასება მნიშვნელოვნად ვარირებს სხვადასხვა პოლიტიკური პრეფერენციების მქონე ჯგუფებში. მეტიც: ეს მოვლენები ყველაზე ძლიერი წყალგამყოფია პოლიტიკური ორიენტაციების მიხედვით დიფერენცირებული ჯგუფებისთვის.
ქვემოთ მოცემულია ქ. თბილისის მოსახლეობის სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგები; გამოკითხვები ჩატარდა შემდეგი პერიოდულობით: ომის დაწყებამდე, 2008 წლის ივლისში, ომის დამთავრებიდან ძალიან მალე - 2008 წლის სექტემბერში და ომიდან თვეების გავლის შემდეგ - 2008 წლის დეკემბერში, აგრეთვე, საგაზაფხულო კრიზისის მიმდინარეობის და მისი დასრულების შემდეგ - 2009 წლის მარტში, მაისში, ივლისსა და ოქტომბერ/ნოემბერში1.
კვლევის მეთოდოლოგიის შესახებ
ყველა შემთხვევაში ჩატარდა რაოდენობრივი სოციოლოგიური გამოკვლევა, გამოკითხვის, კერძოდ, პირისპირ (ფაცე ტო ფაცე) ინტერვიუს მეთოდის გამოყენებით, ოჯახებში. გენერალურ ერთობლიობას წარმოადგენდა ქ. თბილისის საარჩევნო ასაკის (18 წლის და მეტი) მოსახლეობა. შერჩევითი ერთობლიობის მოცულობაა მინიმუმ 800 რესპონდენტი, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ ცდომილების მაქსიმალური სიდიდე (მთელი შერჩევისათვის) მაქსიმუმ 3.5%-ია (95%-იანი საიმედოობით).
შერჩევის ბაზად გამოყენებულია საქართველოს მოსახლეობის აღწერის 2002 წლის მონაცემები. შერჩევის პირველად ერთეულს (კლასტერს) წარმოადგენდა სააღწერო უბანი. სააღწერო უბნების შერჩევა განხორციელდა შემთხვევითი PPS (Probability Proportional to Size) მეთოდის გამოყენებით. ყოველ შერჩეულ კლასტერში ინტერვიუერს განესაზღვრა საწყისი წერტილი და მოძრაობის მიმართულება. შერჩევის მეორად ერთეულს წარმოადგენდა ოჯახი. ოჯახების შერჩევა განხორციელდა ე.წ. „შემთხვევითი ხეტიალის“ მეთოდით. შერჩევის საბოლოო ერთეულს წარმოადგენდა რესპონდენტი. რესპონდენტი ოჯახში შეირჩა ასაკის და სქესის ნიშნებით (კვოტებით).
მოსახლეობის პოლიტიკური პრეფერენციები
თბილისის მოსახლეობა, მათი პოლიტიკური პრეფერენციების მიხედვით, ოთხ თვისებრივად განსხვავებულ ჯგუფად შეიძლება დაიყოს. თითოეული ჯგუფის სტატუსი და ხვედრითი წილი ასეთია (იხ. დიაგრამა №1):
დიაგრამა №1
თბილისელ ამომრჩეველთან ჯგუფები პოლიტიკური
სიმპატიების მიხედვით
დიაგრამაზე მოტანილი მონაცემები ცხადად აჩვენებს, რომ აგვისტოს ომამდე არსებული რეიტინგი მმართველმა პარტიამ ომის შემდგომ 6 თვის განმავლობაში, 2009 წლის გაზაფხულამდე შეინარჩუნა. მაშასადამე, აგვისტოს ომს, მთელი ნახევარი წლის განმავლობაში, ხელისუფლების საზიანოდ არ უმუშავია. ამისათვის თავად ხელისუფლებამ იზრუნა. შესაშური ორგანიზებულობით ამუშავდა საზოგადოებასთან ურთიერთობის (PR) კამპანია, რომელიც ცდილობდა შექმნას დამაჯერებელი ილუზია, რომ საქართველო აგვისტოს ომიდან ღირსეულად გამოვიდა. აგვისტოს ომის უმძიმესი შედეგების საკომპენსაციოდ ხელისუფლებამ დაიწყო საზოგადოებაში მთელი რიგი ცნობიერების მაზომბირებელი „მესიჯების“ კულტივირება. მაგალითად: „საქართველომ ამ ომში გაიმარჯვა“, „ჩვენ არასოდეს ვყოფილვართ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან ისე ახლოს, როგორც ახლა“, „საქართველოს დაჩქარებული ტემპებით გააწევრიანებენ ნატოში“, „რუსეთი მოქცეულია და კიდევ უფრო მეტად მოექცევა საყოველთაო საერთაშორისო იზოლაციაში“ და ა.შ. ამ ვირტუალურმა „მესიჯებმა“ აგვისტოს შემდეგ, 6 თვის მანძილზე, დეკემბრის ჩათვლით იმუშავა.
2009 წლის მარტიდან შეიქმნა ისეთი ვითარება, როდესაც ხელისუფლების „ოპტიმისტური პროექტების“ სიმულაციურობა და მძიმე რეალობა ერთმანეთთან დისონანსში მოვიდა. იწყება მმართველი პარტიის „დაისი“, მისი რეიტინგი დაღმასვლას იწყებს და მაისის ბოლოს უპრეცედენტო ნიშნულამდე - 11%25-მდე ჩამოდის.
პარალელურად, ხდება მოსახლეობაში ოპოზიციური განწყობების გაძლიერება. 2009 წლის მარტში არასაპარლამენტო ოპოზიციის მხარდამჭერთა რაოდენობა, 2008 წლის დეკემბერთან შედარებით, მკვეთრად მატულობს და მაისის ბოლოსთვის უმრავლესობას აღწევს, რაც გამოვლინდა კიდეც ამ პერიოდის მასობრივ საპროტესტო გამოსვლებში.
თუმცა, თბილისელი ამომრჩევლების პოლიტიკური სიმპატიები კიდევ ერთხელ განიცდის მნიშვნელოვან „რყევებს“ გაზაფხული/ზაფხულის შემდეგ - ახლა უკვე მმართველი პარტიის სასარგებლოდ და არასაპარლამენტო ოპოზიციის საზიანოდ. 2009 წლის ოქტომბერ-ნოემბრისათვის პოლიტიკური პრეფერენციების განაწილების სურათი ყველაზე მეტად ემსგავსება ომამდე, 2008 წლის ივლისში არსებულ ვითარებას.
როგორ შეიძლება აიხსნას მმართველი პარტიის ამგვარი „რეაბილიტაცია“?
საგაზაფხულო საპროტესტო მარათონი ხელშესახები ინსტიტუციური ცვლილებების გარეშე დასრულდა, რამაც ოპოზიციური პოლიტიკური ძალების მიმართ ამომრჩეველთა ფრუსტრაციები გააჩინა. ფაქტია, რომ ხელისუფლებას ამ ბრძოლაში არაფერი დაუკარგავს, ხოლო ოპოზიციას - არაფერი (ან, თითქმის არაფერი) შეუძენია. სააკაშვილმა „ბეწვის ხიდზე“ გაიარა და თავისი ძალის დემონსტრირება მოახდინა, ხოლო ოპოზიციამ ამ ძალის დასუსტება ვერ შეძლო. როგორც ჩანს, ამომრჩეველთა
გარკვეულმა ნაწილმა „ძლიერის“ გვერდზე ყოფნა არჩია და ოპოზიციას ზურგი აქცია. ცხადია, გასათვალისწინებელია ხელისუფლების მიერ წარმოებული კამპანია, რომელიც დიდძალი ფინანსური თუ მედია რესურსის დახმარებით, მიზანმიმართულად ამკვიდრებს წარმატებული ხელისუფლების იმიჯს. ცხადია, ამომრჩეველთა გარკვეულ ნაწილზე ეს კამპანია გავლენას ახდენს.
რა თავისებურებებით გამოირჩევა ზემოაღნიშნული 4 ჯგუფი?
ამ ჯგუფებიდან ყველაზე მეტად ანტაგონისტურია ხელისუფლების და არასაპარლამენტო ოპოზიციის ამომრჩევლები - საკითხთა აბსოლუტური უმრავლესობის მიმართ ისინი საპირისპირო პოზიციებზე დგანან.
ყველაზე უფრო მოთანამშრომლე ჯგუფები აღმოჩნდნენ ხელისუფლების და საპარლამენტო ოპოზიციის ამომრჩევლები.2
პოლიტიკური პრეფერენციის არმქონეები „ოპორტუნისტები“ არიან: ისინი ხან ხელისუფლების თამაშს „თამაშობენ“, ხანაც - ოპოზიციის.
მიუხედავად იმისა, რომ თითოეული ჯგუფის დამოუკიდებლობის ხარისხი საკმაოდ მნიშვნელოვანია, ისინი, ცალკეულ საკითხებთან მიმართებაში, მაინც პოულობენ „საერთო ენას“ ერთმანეთთან.
თბილისის მოსახლეობის დომინანტურ პოზიციას, ამა თუ იმ საკითხთან მიმართებაში, განსაზღვრავს სწორედ აღნიშნულ ჯგუფებს შორის დაშორების და დაახლოების ხარისხი.
ქვემოთ ვნახავთ, რომ მოცემული ჯგუფებისათვის აღწერილი ტენდენციები დასტურდება რუსეთ-საქართველოს ომთან და საგაზაფხულო კრიზისთან დაკავშირებულ მთელ რიგ საკითხებთან მიმართებაში.
იყო თუ არა საზოგადოება ლოიალური საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის სამხედრო გზით აღდგენის მიმართ?
როგორც უშუალოდ აგვისტოს ომამდე, ისე ომის შემდეგ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგები აჩვენებს, რომ თბილისის საარჩევნო ასაკის მოსახლეობის გამოკვეთილი უმრავლესობა (70%25-მდე) საომარი მოქმედებების გამოყენებას აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დასაბრუნებლად სკეპტიკურად უყურებს. მეტიც: ომის გზით პრობლემების მოგვარებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება ყოველი მეორე რესპონდენტ (იხ. დიაგრამა №2):
დიაგრამა №2
დაუჭერდით თუ არა მხარს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნებას საომარი მოქმედებების გამოყენებით?
საზოგადოების ასეთი ანტიმილიტარისტული განწყობის მიუხედავად, მაინც უნდა ითქვას, რომ საქმე გვაქვს არა ფუნდამენტურ მშვიდობისმოყვარეობასთან, არამედ ე.წ. „პრაგმატულ პაციფიზმთან“: მოქალაქეები საომარ ოპერაციებს მხარს არ უჭერენ, რადგან გაცნობიერებული აქვთ ამ ოპერაციების უპერსპექტივობა ისეთი მოწინააღმდეგის პირისპირ, როგორიც რუსეთია. რაციონალური პრაგმატიზმი ქართველებმა სააუკუნეების განმავლობაში გამოიმუშავეს და, როცა ამის საჭიროება იყო, „ჩათრევას ჩაყოლას ამჯობინებდნენ“. ამდენად, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ საზოგადოების დამოკიდებულება საომარი მოქმედებების მიმღებლობის თვალსაზრისით პრაქტიკულად არ შეცვლილა 2008 წლის ივლისსა და სექტემბერში, იმის მიუხედავად, რომ ამ პერიოდმა აგვისტოს ომის მტკივნეულ „ფილტრში“ გაიარა. სამხედრო უპერსპექტივობის „ცოცხალი“ გამოცდილება ხომ საქართველომ 1993 წლის აფხაზეთის ომში მიიღო - მაშინ, როდესაც რუსეთი ღია აგრესიის საწარმოებლად გაცილებით ხელ-ფეხშეკრული იყო და იმ დროისთვის თავად რუსეთისთვისაც კი არ მნიშვნელობდა არგუმენტი აფხაზეთში საკუთარი მოქალაქეების დაცვის შესახებ.
სამწუხაროდ, ე.წ. „პრაგმატული პაციფიზმი“ არ აღმოაჩნდა საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას.
აგვისტოს ომის ზოგადი შეფასება
როგორ აღიქვეს რუსეთ-საქართველოს ომი თბილისელებმა - პირველ რიგში როგორც: ა)რუსეთის მიერ დაგეგმილ პროვოკაციაზე საქართველოს წამოგება; ბ) რუსეთის უპირობო აგრესია საქართველოს წინააღმდეგ („რუსეთი ყველა შემთხვევაში განახორციელებდა აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ“) თუ გ) საქართველოს ხელისუფლების ინიციატივა ომის დასაწყებად?
2008 წლის სექტემბერში ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით, თბილისელთა ყველაზე დიდი ნაწილი (47%25) მიიჩნევს, რომ რუსეთი ყველა შემთხვევაში განახორციელებდა აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ. მოსაზრებას, რომ საქართველო რუსეთის მიერ დაგეგმილ პროვოკაციაზე წამოეგო, იზიარებს გამოკითხულთა დაახლოებით მესამედი (35%25). მესამე (გ) მოსაზრებას ყველაზე ნაკლები მხარდამჭერი ჰყავს (იხ. ცხრილი №1):
ცხრილი №1
რომელ მოსაზრებას ეთანხმებით? |
2008 წლის სექტემბერი (%25) |
საქართველო რუსეთის მიერ |
35 |
რუსეთი ყველა შემთხვევაში |
47 |
საქართველოს ხელისუფლებას თავად |
13 |
მიჭირს პასუხის გაცემა |
6 |
გავიმარჯვეთ თუ დავმარცხდით?
2008 წლის სექტემბერში, ომის დამთავრებიდან 1 თვეში, თბილისელთა გამოკითხვა აჩვენებს რამდენადმე ოდიოზურ შედეგს: 28%25 თვლის, რომ ომით გამოწვეული დანაკარგების მიუხედავად, საქართველო ამ ომიდან გამარჯვებული გამოვიდა; უმრავლესობა (61%25) საპირისპირო პოზიციაზეა, ხოლო 11%25-ს ვერ გაურკვევია, აგვისტოს ომმა გამარჯვება მოგვიტანა და მარცხი.
ასეთ არაადეკვატურ დამოკიდებულებას თბილისელთა თითქმის 40%25-ში სხვადასხვა წყარო ასაზრდოებს: ა) წარუმატებელი სამხედრო ოპერაციებიდან გამომდინარე ფრუსტრაციები აუცილებლად ითხოვს მორალურ კომპენსაციას, ვინაიდან პირდაპირ „ურტყამს“ ნაციონალურ თავმოყვარეობას. ადამიანთა გარკვეული ნაწილი თავს გულწრფელად იტყუებს და იჯერებს, რომ გამარჯვება არა ომის კონკრეტულ კონტექსტში, არამედ სადღაც სხვაგან, საქართველოს წარსულ დიდებაში ან, სულაც, მომავლის პერსპექტივაში დევს. ასეთი ადამიანები გულწრფელად გამოდიან ქუჩებში, ებმებიან „ცოცხალ ჯაჭვში“ და სხვა კარნავალურ სცენებში; ბ) მუშაობს პროპაგანდისტული მანქანა, ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს გადაფაროს ომის კვალი: „ცოცხალი ჯაჭვის“ ორგანიზებიდან დაწყებული (როდესაც მარცხის სიმწარეს ქუჩაში „ხორუმის“ შეკვეთილი ცეკვა ანეიტრალებს), იმით დამთავრებული, რომ თურმე უფრო კარგიცაა, როდესაც რუსეთი აღიარებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას, ვინაიდან ასე უფრო შიშვლდება რუსეთის აგრესია, ასე უფრო ახლოვდება ტერიტორიების დაბრუნების პერსპექტივა.
თუმცა, გადის რამდენიმე თვე და ხელოვნური (პოსტმოდერნისტების ენაზე, „სინთეტიკური“) გამარჯვებით შეპყრობილ ჯგუფში თანდათან იფანტება ილუზიები. უკვე 2008 წლის დეკემბერში ჩატარებული გამოკითხვა აჩვენებს, რომ თბილისელ ამომრჩევლებში ომში გამარჯვების ილუზია მხოლოდ 8%25-ს შემორჩა (იხ. დიაგრამა №3):
დიაგრამა №3
როგორ შეაფასებდით, მთლიანობაში, აგვისტოს ომის შედეგებს?
როგორ პასუხობს 2008 წლის დეკემბრისთვის უკვე ტრანსფორმირებულ განწყობებს ხელისუფლება? ის ხდება იძულებული, შეცვალოს გამარჯვების, რბილად რომ ვთქვათ, არაადეკვატური მესიჯი და წინა პლანზე წამოწიოს ნაკლებად ხისტი, თუმცა, კვლავ ომის უმძიმეს შედეგებზე საკუთარი პასუხისმგებლობის უარმყოფელი განცხადება, რომ „ომი ჯერ არ დამთავრებულა, ის გრძელდება და შედეგებზე ლაპარაკი ჯერ ადრეა“.
საინტერესოა, რომ აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში პრინციპულად განსხვავებული დამოკიდებულებებია სხვადასხვა პოლიტიკური ორიენტაციის მქონე ჯგუფებში. მოვიტანთ 2008 წლის სექტემბრის გამოკითხვის შედეგებს:
ხელისუფლების მხარდამჭერთა უმრავლესობა (57%25) მიიჩნევს, რომ საქართველომ აგვისტოს ომში გაიმარჯვა;
არასაპარლამენტო ოპოზიციის ამომრჩეველთა 75%25 ემხრობა მოსაზრებას, რომ საქართველო ამ ომიდან დამარცხებული გამოვიდა; ეს პოზიცია წამყვანია პოლიტიკური პრეფერენციის არმქონეთა შორისაც (72%25);
საპარლამენტო ოპოზიციის ამომრჩევლებში იკლებს ომში დამარცხების აღიარება (56%25) და ყოველი მესამე (34%25) აღნიშნავს, რომ საქართველო ამ ომიდან გამარჯვებული გამოვიდა.
გართულდა თუ გაიოლდა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ომის შედეგად?
ამ საკითხთან მიმართებაში შეგვიძლია მხოლოდ 2008 წლის სექტემბრის გამოკითხვის შედეგების მოტანა:
მართალია, თბილისელთა გამოკვეთილი უმრავლესობა - 65%25 - თანხმდება იმაში, რომ აგვისტოს ომის შედეგები კიდევ უფრო გაართულებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, თუმცა, ყურადღებას უფრო იპყრობს ოპტიმისტთა 26%25-იანი ნაწილი, რომელიც ფიქრობს, რომ აგვისტოს ომის შემდეგ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის უკეთესი პირობები შეიქმნა. ეს ისევ ის ჯგუფია, რომელიც ომში საქართველოს გამარჯვებას იჯერებს. ისიც ლოგიკურია, რომ ამ ჯგუფის წევრები, როგორც წესი, ხელისუფლების ამომრჩევლები არიან - მათგან თითქმის ყოველი მეორე (48%25) დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას იმედიანად უყურებს. არც ისაა გასაკვირი, რომ ყველაზე სკეპტიკურად განწყობილები, აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში, არასაპარლამენტო ოპოზიციის ამომრჩევლები არიან.
დეტალურად გამოკითხვის შედეგები მოცემულია დიაგრამაზე №4:
დიაგრამა №4
აგვისტოს ომის შემდეგ რა ვითარება შეიქმნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის?
(2008 წლის სექტემბერი)
რაც შეეხება თბილისელთა მოლოდინს, თუ კონკრეტულად როდის დაბრუნდება სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში, ამ საკითხთან დაკავშირებით რესპონდენტთა პოზიციები გაყოფილია: ერთი, ყველაზე ოპტიმისტური, ნაწილი (20%25) 2008 წლის სექტემბერში ფიქრობდა, რომ დაკარგულ ტერიტორიების დაბრუნება მომავალი 4 წლის განმავლობაშია შესაძლებელი; არსებობდნენ ზომიერი ოპტიმისტები (23%25), რომლებიც ტერიტორიების დაბრუნებას 10 წლიან პერიოდში ელოდებიან; თუმცა, ყველაზე მრავალრიცხოვანი მაინც პესიმისტურად განწყობილი თბილისელებია (42%25), რომლებიც ფიქრობენ, რომ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის შემოერთებას, უკეთეს შემთხვევაში, ათეულობით წლები დასჭირდება, ხოლო, უარეს შემთხვევაში, ამ ტერიტორიებს ვეღარასოდეს დავიბრუნებთ (იხ. დიაგრამა №5):
დიაგრამა №5
როდის დაბრუნდება სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს
შემადგენლობაში? (2008 წლის სექტემბერი)
გამოკითხვა აჩვენებს, რომ ხელისუფლების ამომრჩევლები ყველაზე ოპტიმისტურად არიან განწყობილნი დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებასთან დაკავშირებით - 56%25 ელოდება, რომ სამხრეთ ოსეთს და აფხაზეთს უახლოესი 10 წლის პერიოდში დავიბრუნებთ. შესაბამისად, ამ ჯგუფში ყველაზე მცირე ნაწილი (10%25) ფიქრობს, რომ ეს ტერიტორიები საბოლოოდ დავკარგეთ. საკმაოდ იმედიანად გამოიყურებიან, აგრეთვე, საპარლამენტო ოპოზიციის ამომრჩევლები - მათი უმრავლესობა (55%25) დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას უახლოესი 10 წლის პერიოდში მოელის. ოპტიმისტებსა და პესიმისტებს შორის ბალანსი, პესიმისტების სასარგებლოდ, ყველაზე მკვეთრად დარღვეულია არასაპარლამენტო ოპოზიციის ამომრჩევლებში - მათი 51%25 თვლის, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შემოერთებას ან ათეულობით წლები დასჭირდება, ან ეს ტერიტორიები საბოლოოდ დაიკარგა, ხოლო 39%25-ს დაკარგული ტერიტრორიების დაბრუნების იმედი უახლოეს 10 წლიან პერიოდში აქვს.
პრეზიდენტ სააკაშვილის ქმედებების შეფასება ომამდე და ომის შემდეგ
გამოკითხვების შედეგები აჩვენებს, რომ აგვისტოს ომმა, მისი დასრულებიდან პირველ თვეებში, სააკაშვილის ქმედებების მიმართ თბილისელთა შეფასება პოზიტიური მიმართულებით წაიყვანა. თუ საომარი მოქმედებების დაწყებამდე პრეზიდენტის საქმიანობის შეფასებები, პრინციპში, გაყოფილია, საომარი მოქმედებების კონტექსტში სააკაშვილის ქმედებებს უფრო მეტი მხარდამჭერი უჩნდება და პოზიტიურ შეფასებებს უკვე უმრავლესობა გამოთქვამს. ეს ადვილად აიხსნება: რუსული აგრესიის საყოველთაო მიუღებლობის ფონზე, მოსახლეობის მეტ-ნაკლებ სიმპათიას იმსახურებს ყველა, ვინც ამ აგრესიას აშკარად დაუპირისპირდა - მათ შორის, ცხადია, მ. სააკაშვილიც. რუსული ოკუპაცია იმდენად მოულოდნელი და შეუარაცხმყოფელი აღმოჩნდა ქართული საზოგადოებისათვის, რომ ამან გამოიწვია საზოგადოების ინტეგრირებულობის და სოლიდარობის ხარისხის მნიშვნელოვანი გაზრდა სოციალურ-პოლიტიკური ინსტიტუტების (მათ შორის, სახელისუფლო) გარშემო. ამომრჩევლებმა, აგვისტოს ომის შემდგომ პირველ თვეებში, ვერ მოასწრეს კრიტიკული მზერის გადანაცვლება გარედან შიგნით, საერთო „მტრის ხატის“ იდეამ გადაფარა ხელისუფლების ქმედებების საზოგადოებრივი კონტროლი. ამას ხელი თავად ხელისუფლების პროპაგანდამაც შეუწყო, როდესაც მთლიანად საქართველო (და, მათ შორის, საქართველოს ხელისუფლება) გამოცხადდა მსხვერპლად, რომელსაც უალტერნატივო რუსული ოკუპაცია აუცდენელი ბედისწერასავით ერგო.
საინტერესოა, რომ 2008 წლის შემოდგომაზე (განსაკუთრებით, სექტემბერში) სააკაშვილის საქმიანობის შეფასების პოზიტიური ტრანსფორმაცია ხელშესახებია არა იმდენად ხელისუფლების (მათი შეფასებები სტაბილურად დადებითია ომისაგან დამოუკიდებლადაც), არამედ ოპოზიციის (როგორც არასაპარლამენტო, ისე საპარლამენტო) ამომრჩევლებში - პროსახელისუფლო „გადახრები“ ოპოზიციურად განწყობილი ელექტორატის დიდ ნაწილს „აუთენტურობას“ აკარგვინებს და სააკაშვილის დამცველთა რიგებში აყენებს. მაგალითისათვის შეგვიძლია შემდეგი მონაცემები მოვიტანოთ: თუ აგვისტოს ომამდე არასაპარლამენტო ოპოზიციის ამომრჩეველთა 66%25 სააკაშვილის მოღვაწეობას უარყოფითი შეფასების ველში აქცევს, აგვისტოს ომის შემდგომ, პირველ ხანებში, უარყოფითად შემფასებელთა ხვედრით წილი ამ ჯგუფში 51%25-მდე ეცემა.
თუმცა, გადის თვეები და უკვე 2009 წლის მარტისთვის ვითარება რადიკალურად იცვლება: თბილისელთა უმრავლესობა სააკაშვილის მოღვაწეობის უარყოფით შეფასებაზე კონცენტრირდება. რასაკვირველია, უარყოფითი შეფასების „ლომის წილს“ აგვისტოს ომში ჩართვის და მისი დრამატული შედეგების გამო ხელიუფლებაზე დაკისრებული პასუხისმგებლობა განაპირობებს.
მიუხედავად ამისა, 2009 წლის ოქტომბრის ბოლოსათვის საზოგადოებრივი აზრი კვლავ დიამეტრალურად იცვლება: მ. სააკაშვილის საქმიანობის შეფასება თბილისში გამოდის უარყოფითი ველიდან და „მდორედ“, მაგრამ მაინც გადაინაცვლებს პოზიტიურ ველში - ოქტომბრის ბოლოსათვის ბალანსი სააკაშვილის საქმიანობის დადებითად და უარყოფითად შემფასებელთა შორის აშკარად დარღვეულია დადებითად შემფასებელთა სასარგებლოდ (დადებითად შემფასებელთა 52%25 უარყოფითად შემფასებელთა 40%25-ის პირისპირ). სააკაშვილი იბრუნებს აგვისტოს ომამდე და ომის შემდგომ პირველ თვეებში არსებულ პოზიციებს და ახერხებს დაძლიოს ის ჩავარდნა, რაც მას 2009 წლის გაზაფხულმა მოუტანა.
აშკარაა, რომ ოპოზიციის ხისტმა პოლიტიკამ შედეგი არ გამოიღო. სწორებამ ერთადერთ მოთხოვნაზე: „გადადგეს სააკაშვილი და დაინიშნოს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები“, ნებისმიერი სხვა პოტენციური ცვლილება (თვით ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩათვლით), რაც დაასუსტებდა არსებულ რეჟიმს, არა მხოლოდ მიუღებელად, არამედ ლამის „ნაციონალურ ღალატად“ გამოაცხადა. პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნას არ მოეძებნა არანაირი ალტერნატივა. კურიოზული და ირონიული ისაა, რომ მნიშვნელოვანი ცვლილებების ინციატორად თვით ხელისუფლება გამოდის და აქტიურად ლობირებს ისეთ პროექტებს, როგორიცაა საარჩევნო კანონმდებლობის და საარჩევნო ადმინისტრაციის მნიშვნელოვანი შეცვლა, კონსტიტუციური ცვლილებები პრეზიდენტის ძალაუფლების შესამცირებლად და პარლამენტის უფლებამოსილების გასაზრდელად, თბილისის მერის პირდაპირო არჩევნები და სხვა. ამასთან, ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს არ გაიმეოროს 2007 წლის 7 ნოემბრის საბედისწერო შეცდომები და არ აღკვეთოს აქციები ძალადობრივი მეთოდების ტოტალური გამოყენებით. ის სხვა ტაქტიკას ირჩევს: ჯერ-ერთი, როგორც აღინიშნა, ცდილობს თავად იყოს თავისთავად პოზიტიური ცვლილებების ინიციატორი; მეორეც, ხელისუფლება უარს ამბობს ძალისმიერი მეთოდების გამოყენებაზე, თუმცა, ამ მეთოდებს ფრაგმენტულად, ფარულად, „პორციებად“ იყენებს (ამის მაგალითია მომიტინგეთა „ღამეული“ დარბევები და სხვა.)3.
საზოგადოებისთვის არაადეკვატური მოლოდინების შექმნით და მოუქნელი პოლიტიკით არასაპარლამენტო ოპოზიცია „დათვურ სამსახურს“ უწევს ხელისუფლებას და პირადად მ. სააკაშვილს.
სააკაშვილის საქმიანობის შეფასების დინამიკა 2008 წლის ივლისიდან მოყოლებული მოცემულია დიაგრამაზე №6:
სააკაშვილის, როგორც პრეზიდენტის, მიმართ
დიაგრამა №6
როგორ აფასებთ მიხეილ სააკაშვილის საქმიანობას
პრეზიდენტის პოსტზე?
საზოგადოებრივი მხარდაჭერის დრამატული ცვლილებები კარგად ჩანს, აგრეთვე, მის მიმართ თბილისელთა მიერ გამოხატული ნდობის ცვლილების კონტექსტშიც 2008 წლის ივლისიდან 2009 წლის ნოემბრამდე. 2008 წლის როგორც ივლისის, ისე სექტემბრის მონაცემებით მ. სააკაშვილი თბილისელი ამომრჩევლების ნდობის ველში ექცევა. 2008 წლის დეკემბრიდან მოყოლებული მ. სააკაშვილი თბილისელ ამომრჩეველთა უნდობლობის ველში ინაცვლებს მზარდი ტენდენციით, რომელიც თავის პიკს 2009 წლის მაისში აღწევს, როდესაც მის მიმართ გამოხატული ნდობის საშუალო მაჩვენებელი -1.5-ს აღწევს. თუმცა, უკვე 2009 წლის ივლისში სააკაშვილის მიმართ ამომრჩევლის უნდობლობა მცირდება (-1.0) და გვიანი შემოდგომისთვის (ოქტომბერი-ნოემბერი) პოზიტიურ განზომილებაში გადადის. ამის მიზეზი ხელისუფლების „საშემოდგომო რეაბილიტაციის“ იმ მიზეზებში უნდა ვეძებოთ, რაზეც ზემოთ უკვე იყო საუბარი.
მ. სააკაშვილის მიმართ გამოხატული ნდობის მაჩვენებლების დინამიკა მოცემულია დიაგრამაზე №7:
დიაგრამა №7
რამდენად ენდობით მიხეილ სააკაშვილს?
(საშუალო შეფასება)
შენიშვნა: ნდობა ფასდება 10 ქულიან სკალაზე (-5-დან +5-მდე), სადაც „-5“ აღნიშნავდა სრულ უნდობლობას, ხოლო „+5“ სრულ ნდობას;
დიაგრამაზე მოცემულია ნდობის საშუალო მონაცემები, სადაც ნეიტრალური მაჩვენებელია „0“ ქულა. „0“-ზე ნაკლები აღნიშნავს უნდობლობის ველს, ხოლო „0“-ზე მეტი - ნდობის ველს.
კიდევ ერთი ინდიკატორი, რომელიც აჩვენებს თბილისელთა დამოკიდებულების მნიშვნელოვან ცვლილებას, უკავშირდება ისეთ რადიკალურ პოლიტიკურ პროექტს, როგორიცაა მ. სააკაშვილის გადადგომა და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნა.
2008 წლის სექტემბერში ამ პოლიტიკურ მოთხოვნას მხარს უჭერდა თბილისელთა 23%25, ხოლო ეწინააღმდეგებოდა - 65%25. მაშასადამე, იმ დროისათვის, თბილისელებს არ ჰქონდათ სააკაშვილის ხელისუფლების, თუნდაც ვადამდელი არჩევნების გზით, შეცვლის მზაობა და სკეპტიკურად არ უყურებდნენ სააკაშვილის ძალაუფლებას. შესაბამისად, ნებისმიერი პოლიტიკური ძალისხმევა, რომელიც მიმართული იქნებოდა არსებული ხელისუფლების ვადამდე შეცვლისაკენ, თბილისელი ამომრჩევლების მხრიდან სერიოზულ მხარდაჭერას ვერ მოიპოვებდა.
2009 წლის მარტისთვის ვითარება ამ მიმართულებითაც კარდინალურად შეიცვალა: მ. სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნას მხარს უჭერს უკვე ყოველი მეორე საარჩევნო ასაკის მქონე თბილისელი. იგივე დამოკიდებულება ნარჩუნდება მაისშიც. ეს ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს იმაზე, რომ გაზაფხულზე, ქ. თბილისში, მ. სააკაშვილს სერიოზული პრობლემები შეექმნა ლეგიტიმაციის თვალსაზრისით
თუმცა, შემოდგომამ ამ თვალსაზრისითაც გადაანაცვლა აქცენტები: ოქტომბერ-ნოემბერში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას უფრო მეტი მოწინააღმდეგე ჰყავს, ვიდრე - მხარდამჭერი.
ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების მხარდაჭერის დინამიკა, მოყოლებული 2008 წლის სექტემბრიდან, მოცემულია დიაგრამაზე №8:
დიაგრამა №8
უჭერთ თუ არა მხარს საქართველოში
ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას?
პოლიტიკურ პარტიათა რეიტინგები
როგორც 2009 წლის მარტში, მაისში, ივლისსა და ოქტომბერ-ნოემბერში ჩატარებული კვლევები აჩვენებს, ამ პეროდში მხოლოდ 6 პოლიტიკური პარტია/ბლოკი ახერხებს, მეტ-ნაკლებად სტაბილურად, 4%25-იანი ბარიერის გადალახვას:
ნაციონალური მოძრაობა
ალიანსი საქართველოსთვის
ლეიბორისტული პარტია
ეროვნული ფორუმი
კავშირი
ლევან გაჩეჩილაძის გუნდი4
აღნიშნული რეიტინგული პოლიტიკური ძალების მიმართ გამოხატული მხარდაჭერის ცვლილების დინამიკა მოცემულია დიაგრამაზე №9:
დიაგრამა №9
ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები გაიმართოს,
რომელ პოლიტიკურ ბლოკს ან პარტიას დაუჭერდით
მხარს პირველ რიგში?
დიაგრამიდან ჩანს, რომ ბოლო 8 თვის მანძილზე ყველაზე დიდი ცვლილება ნაციონალური მოძრაობის რეიტინგმა განიცადა - 2009 წლის გაზაფხულთან და ზაფხულთან შედარებით გვიან შემოდგომაზე მმართველი პარტიის მიმართ თბილისელი ამომრჩევლების მხარდაჭერა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ნაციონალური მოძრაობა, მისი ლიდერის მსგავსად, თავის სასარგებლოდ იმკის წარუმატებელი ოპოზიციური მარათონის შედეგებს (ამის თაობაზე ზემოთ უკვე ითქვა).
აღსანიშნავია, რომ ნაციონალური მოძრაობის რეიტინგი ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალთა მიმართ მხარდაჭერის შემცირების პარალელურად გაიზარდა. თუმცა, არ იქნება სწორი იმის თქმა, რომ მმართველ პარტიას ამომრჩეველი მის მიმართ მანამდე ოპოზიციურად განწყობილთა ნაკადიდან შეემატა. უფრო სავარაუდოა, რომ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერთა რიგებში ე.წ. მერყევი ამომრჩეველი „გადაბარგდა“, რომელსაც არ ჰქონდა თავისი პოლიტიკური სიმპატიები გამოკვეთილი 2009 წლის გაზაფხულზე და ელოდებოდა, ვინ მოიპოვებდა წარმატებას ამ ორთაბრძოლაში. რაც შეეხება ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალთა მხარდამჭერებს, მათმა ნაწილმა ფრუსტრაცია განიცადა და ნიჰილისტურად განწყობილთა (პასუხი: „არცერთს არ დავუჭერდი მხარს“) ან მერყევთა (პასუხი: „მიჭირს პასუხის გაცემა“) ნაკადს შეუერთდა. ამ მოსაზრებას ამყარებს ის, რომ გაზაფხულთან და ზაფხულთან შედარებით გაზრდილია ფრუსტრირებულ ამომრჩეველთა ხვედრითი წილი (იხ. დიაგრამა №10):
დიაგრამა №10
ნიჰილისტთა და მერყევთა ხვედრითი წილი (ჯამში ამომრჩეველთა მესამედი) კიდევ ერთ რამეზე მიუთითებს - ეს არის პოტენციურ ამომრჩეველთა სოლიდური ნიშა, რომლის დაკავების მასშტაბებს (ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის მიერ) შეუძლია არსებითად შეცვალოს პოლიტიკურ ძალთა გადანაწილების სურათი.
ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები გაიმართოს,
რომელ პოლიტიკურ ბლოკს ან პარტიას დაუჭერდით მხარს?
საგარეო-პოლიტიკური ორიენტაციები
კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც რადიკალური გავლენა იქონია აგვისტოს ომმა, საქართველოს საგარეო ორიენტაცია და მასთან დაკავშირებული სახელმწიფოებრივი უსაფრთხოებაა. ბოლო, სულ მცირე, 15 წელიწადი საქართველოს საზოგადოებაში მიზანმიმართულად და შედეგიანად შენდებოდა პოლიტიკა, რომელიც ყველაზე სასურველ საგარეო ორიენტაციად საქართველოს ნატოში ინტეგრაციას მიიჩნევს. შეიძლება თამამად ითქვას, რომ, რუსეთ-საქართველოს ომამდე, საზოგადოებრივი აზრი საქართველოში წარმატებით ადაპტირდა ამ საგარეო პერსპექტივასთან, რასაც 2008 წლის აგვისტომდე ჩატარებული ყველა გამოკითხვა ადასტურებს.
თუმცა, დასახელებულმა ომმა მოქალაქეებში ნატოში ინტეგრაციის დომინანტურად მიჩნეული პოლიტიკური ღირებულების გადაფასება გამოიწვია. პირველი სერიოზული ბზარი ნატოსკენ სწრაფვას უკვე 2008 წლის სექტემბერში უჩნდება, რომელიც სულ უფრო ღრმავდება და 2009 წლის მარტში ეს პოლიტიკური პროექტი თმობს უპირატესობას. მართალია, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მიმართ ცალკეული იმედგაცრუებები ომამდეც არსებობდა (განსაკუთებით, მაპ-ის მიღებასთან დაკავშირებული დიპლომატიური კოლიზიების გამო), მაგრამ პირველად სწორედ რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ შეიქმნა ისეთი ვითარება, როდესაც ნატოში ინტეგრაციას გაუჩნდა კონკურენტუნარიანი ალტერნატიული სტანდარტი საქართველოს მიერ ნეიტრალიტეტის შენარჩუნების სახით. საინტერესოა, რომ ნატოსგან „გამოთავისუფლებული ენერგია“ არ მოხმარდა არც ევროკავშირში შესვლის და არც რუსეთთან მოკავშირეობის მხარდაჭერას. თუმცა, რუსულმა „ჩექმამ“, სამწუხაროდ, თავისი ნაყოფი მაინც გამოიღო - ნატოში ინტეგრაციას საზოგადოებრივი აზრი აღარ განიხილავს პრიორიტეტულ სტრატეგიად.
დიაგრამა №11 კარგად აჩვენებს, თუ როგორ კარგავს ნატოში ინტეგრაციის პროექტი მხარდაჭერას თბილისელ ამომრჩევლებში:
დიაგრამა №11
საქართველოს სახელმწიფოებრივი
უსაფრთხოებისთვის რომელი გზა იქნება
უფრო ეფექტური?
თუ მოკლედ შევაჯამებთ, შეიძლება ითქვას, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს სამხედრო დაპირისპირებამ და 2009 წლის საგაზაფხულო კრიზისმა შემდეგი ტრაექტორია მოხაზა თბილისელ ამომრჩეველთა დამოკიდებულებებსა და განწყობებში:
აგვისტოს ომის მძიმე შედეგებიდან გამომდინარე, 2009 წლის გაზაფხულზე ძლიერდება შეურიგებელი ოპოზიციური განწყობები (შესაბამისად, იზრდება არასაპარლამენტო ოპოზიციური პოლიტიკური ძალების მიმართ მხარდაჭერა), თუმცა, ოპოზიციური ფრონტის წარუმატებლობის გამო, ხელისუფლება (მმართველი პარტია და პრეზიდენტი), 2009 წლის შემოდგომისთვის, ახერხებს უღრმესი კრიზისიდან თავის დაღწევას და პოლიტიკურ რეაბილიტაციას. ეს, თავის მხრივ, სერიოზულად აზარალებს არასაპარლამენტო ოპოზიციის გავლენას ამომრჩევლებში;
საქართველოს ნატოში ინტეგრაცია აღარ არის დომინანტური საგარეო-პოლიტიკური ორიენტირი; მას უჩნდება ალტერნატივა - საქართველოს მიერ ნეიტრალიტეტის შენარჩუნება.
___________________
1 გამოკითხვები ჩაატარა „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა (ISSA)“.
2 უნდა აღინიშნოს, რომ საპარლამენტო ოპოზიციის ნიშას პრაქტიკულად ფარავს ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირი. სხვა ოპოზიციურ ძალებს პარლამენტში თითქმის ნულოვანი რეიტინგი აქვთ.
3 ამ მიმართულებით, ხელისუფლება „კალაპოტიდან“ ჯერ 2009 წლის 6 მაისს (თბილისის პოლიციის სამმართველოსთან შეკრებილი მომიტინგეების წინააღმდეგ კასეტური ტყვიების გამოყენება), ხოლო მოგვიანებით 15 ივნისს (მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა) ამოვარდა, თუმცა, ეს მოვლენები, თავისი მასშტაბით, მაინც არ აღმოჩნდა 7 ნოემბრის დარი საბედისწერო უკანონობის ანალოგიური.
4 ლ. გაჩეჩილაძემ მოძრაობა „დაიცავი საქართველო“ 2009 წლის ივლისში შექმნა; ამიტომ, მის გარშემო გაერთიანებულ პოლიტიკოსებს „ლ. გაჩეჩილაძის გუნდი“ ვუწოდეთ
![]() |
12 საქართველოს დემოკრატია 2009 წლის გამოწვევათა პრიზმაში |
▲ზევით დაბრუნება |
ზაქარია ქუცნაშვილი
შესავალი
2008 წლის აგვისტოს ომის შედეგებს მთელი მსოფლიო აანალიზებს. შედეგების გაანალიზება და გამოწვევების დაძლევისათვის რეალური პერსპექტივების დასახვა, საქართველოს, როგორც დამარცხებულ ქვეყანას, ყველაზე მეტად ჭირდება. ეს კი, სამოქალაქო საზოგადოებას, საექსპერტო ჯგუფებს, ფაქტობრივ ხელისუფლებას და ძალაუფლებისათვის მებრძოლ ოპოზიციას ერთიანად მოეთხოვება. ანალიზი საშუალებას გვაძლევს არსებული გამოწვევები ძველ და ახლად წარმოშობილ გამოწვევებად დავყოთ. ამით ხელი შევუწყოთ მათი დაძლევის გზებისა და განჭვრეტადი პერსპექტივის დასახვას. ისეთი პერსპექტივისა, რომელიც წარმოსახული იქნება საზოგადოებისათვის მისაღებ შედეგებში, რომლის თვისობრივი და რაოდენობრივი მახასიათებლები ადვილად გაიზომება. შესაბამისად, ეს სტატია არ ეძღვნება მხოლოდ ომის შემდგომ კიდევ უფრო გამძაფრებული კონფლიქტების მოწესრიგების საკითხებს. ის მიმართულია იმ გამოწვევების დაძლევისაკენ, რომლებიც ეროვნული მასშტაბისაა და ჩვენი საზოგადოების ყველა ჯგუფს ერთნაირად აწუხებს. ეს კი, თავის მხრივ, იმედი გვაქვს, ტერიტორიული (ეთნიკური) კონფლიქტების გადაწყვეტასაც შეუწყობს ხელს.
ძველი და ახალი გამოწვევები
ძველი გამოწვევებიდან, თამამად შეიძლება ითქვას, რომ არცერთ მათთაგანს, რომელიც საფრთხეს უქმნიდა მთელ საზოგადოებას და მის მსახურ სახელმწიფოს, არ დაუკარგავს თავისი სიმწვავე. სამწუხაროდ, ეროვნული მნიშვნელობის ხუთი გამოწვევიდან მხოლოდ ერთზე შეიძლება ითქვას, რომ ადგილი აქვს ნაწილობრივ დაძლევას. ყველა სხვა გამოწვევას სიმწვავე არ მოკლებია. ესენია:
დემოკრატიის დამკვიდრება;.
თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის აშენება;
სიღარიბისა და უმუშევრობის დამარცხება;
კორუფციის დამარცხება;
ტერიტორიული და ეთნიკური კონფლიქტების გადაწყვეტა.
ახალი გამოწვევების სახით გაჩნდა არანაკლები საფრთხის მატარებელი ფაქტორები. ძველ გამოწვევებზე თუ მეტნაკლებად წარმოებს მსჯელობა და საზოგადოებაში მათი არსებობის თაობაზე არის მაღალი ხარისხის თანხმობა, ახლებიდან მხოლოდ ერთზე მიდის მსჯელობა და ისიც ნაწილობრივ. ყველა სხვა დანარჩენი არც კი არის აღიარებული, როგორც ომის შემდგომ წარმოშობილი გარემოება.
ეს გამოწვევებია:
რამოდენიმე სახელმწიფოს მიერ აღიარებული საქართველოს (ოკუპირებული) ტერიტორიები და ამის გამო წარმოშობილი საფრთხეები;
2.საქართველოს სახელმწიფოს ჩამორჩენა რეგიონის ლიდერობისათვის მარათონზე;
საზოგადოების რეორიენტაციის დაწყება, ანუ დასავლეთიდან შემობრუნების ნიშნები.
ნიშანდობლივია, რომ ახალი გამოწვევების წარმოშობა, მეტწილად, 2008 წლის გამოწვევების ვერ და არ დაძლევის პირდაპირი და უშუალო შედეგია. მათი არსებობის არ აღიარება, ფულის ხარჯვა ძირითადად, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სადღესასწაულო დღეების აღნიშვნასა და რეპრესიული აპარატის შენახვაზე დამატებითი გამოწვევების წარმოშობასაც განაპირობებს. მათი პროგნოზირება ძნელი არ არის და შემდგომში შევეცდებით სამომავალო საფრთხეებიც დავასახელოთ. სამწუხაროდ, დამოკიდებულება ძველი გამოწვევებისადმი არ შეცვლილა და 2009 წელი ამ თვალსაზრისით კიდევ უფრო გაუარესების წელი გამოდგა. ნაცვლად იმისა, რომ ძველისა და ახლის დაძლევის გზები მოძებნილიყო, ომის მიზეზები და დამდგარი შედეგები გაანალიზებულიყო, დასახულიყო პერსპექტივა, რაც გრძელვადიანი თვალსაზრისით, ყველა გამოწვევის დაძლევას და ახალი გამოწვევების პრევენციას მოახდენდა, სახელმწიფო პოლიტიკა საერთოდ არ შეიცვალა. საზოგადოების ზურგს უკან გადაწყვეტილებების მიღება, გაუმჭვირვალობა და ჩაურთველობა კვლავ დარჩა მართვის შეუცვლელ პრინციპებად. ამ თემებზე დისკუსია არათუ სტიმულირებული, არამედ საერთოდ უკუგდებული იქნა. გავყვეთ 2009 წელს, ომის შემდეგომი საქართველოს პირველ წელიწადს და დემოკრატიის მიმართ გამოწვევების პრიზმაში გავარკვიოთ, თუ რასთან გვაქვს საქმე.
დემოკრატიის დამკვიდრება
მედია, შეკრება და მანიფესტაცია, სასამართლო, არჩევნები
დემოკრატიის დამკვიდრება რჩება უპირველეს გამოწვევად ყველა სხვა გამოწვევთა შორის. ქართულ საზოგადოებაში კარგად არ არის გაცნობიერებული ის, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს დემოკრატიას არამარტო სტაბილურობის, არამედ კეთილდღეობის (სიღარიბისა და უმუშევრობის დამარცხების), საბაზრო ეკონომიკის განვითარების, კონფლიქტების დარეგულირების და, საბოლოოდ, ქვეყნის უსაფთხოების მიღწევისათვის. ის, რომ ჭეშმარიტ დემოკრატიაშია ნამდვილი ძალა და არა ცალკე აღებული ტანკების რაოდენობაში. ის, რომ უცხოური სესხებითა და საქართველოს გადამხდელებისათვის უკანონოდ წართმეული თანხით შეკოწიწებული ბიუჯეტის პარამეტრებით მანიპულირება არ არის სიძლიერის ჭეშმარიტი საზომი. ნაკლებად გათვითცნობიერებულ საზოგადოებაში, დემოკრატიის მიზნებით შეფუთული, სინამდვილეში კი ავტოკრატიული მისწრაფებებით ნასაზრდოები, არაეფექტური გადაწყვეტილებები აჩენს განცდას, რომ დემოკრატია თავს მოხვეული სისტემაა, რომ მას არ შეუძლია ჩვეულებრივ ადამიანებს მშვიდობა და კეთილდღეობა მოუტანოს.
დემოკრატიის საბურველით (ლოზუნგით) გატარებულმა ბევრმა მცდარმა რეფორმამ ამ განწყობის გამტკიცებას კიდევ უფრო მეტად შეუწყო ხელი. ამას დაემატა ისიც, რომ ჩვენ საზოგადოებასთან, რომელიც 20 წელი ქვეყნის მართვა-გამგეობის და ეკონომიკის შეცვლის გამო სერიოზულ ტრანსფორმაციას განიცდიდა, მიზანმიმართულად და სისტემურად არავის არ უმუშავია. არ უმუშავია იმ კავშირის დასანახებლად, რომ დემოკრატიული ღირებულებები ქართული კულტურის ნაწილია, რომ მასზე დამყნობით აღმოცენებული სისტემა ჩვენი ცხოვრების წესიცაა და, რაც მთავარია, ის სამართლიანობაზე დამყარებული მშვიდობის და მასობრივი კეთილდღეობის მიღწევის საშუალებას იძლევა. ჩვენს რეგიონში მხოლოდ მას შეუძლია კონფლიქტების გადაწყვეტის შესაძლებლობები გააჩინოს. დემოკრატიის როლი და მნიშვნელობა არასოდეს გამხდარა ჩვენი ხელისუფლების განსჯის საგანი. ცოტა ხნის წინ, საქართველოს პრეზიდენტისათვის ამ თემაზე, მის პირად თვითფრინავში, ჟურნალისტის დასმულ შეკითხვაზე, კონტექსტის გათვალსიწინებით, პასუხი იყო გამაოგნებელი: „დემოკრატია ეს მომავალი თაობების გაზრდაზეა დამოკიდებული და ეს მათი მოსვლის შემდეგ მოხდებაო“. გამოდის, რომ საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი ვერასოდეს ეღირსება დემოკრატიის დამკვიდრებას და, აქედან გამომდინარე, სხვა დიდი გამოწვევების დაძლევას.
მოდით, შევაფასოთ ის რამოდენიმე აუცილებელი ინსტიტუტი, რის გარეშეც დემოკრატია, როგორც მართვის (ღირებულებათა ერთიანობის) სისტემა, ვერასოდეს ვერ იქცევა ფუნქციონირებად დემოკრატიად.
მედია
მედიის თავისუფლება იზომება შემდეგი ელემენტების მდგომარეობით: ინფორმაციის ხელმისაწვდომობით, გამოხატვის (გავრცელების) თავისუფლებით, გავრცელებული ინფორმაციის საიმედოობით, მაუწყებლების მესაკუთრეთა გამჭვირვალობით, პროფესიული მუშაობისათვის ხელის არ შეშლით, ჟურნალისტის შრომითი ანაზღაურების ოდენობით, სამუშაო ადგილის და პირადი უსაფრთხოების დაცულობით, სარედაქციო დამოუკიდებლობის მდგომარეობით, ცენზურის არ არსებობით, და ბოლოს, მაუწყებლობისადმი მოსახლეობის ნდობითა და პოპულარობით. ჩამოთვლილი ელემენტები კვლავ რჩება პრობლემურად და განვლილი 2009 წლისათვის თვალის გადავლებითაც კი ცხადი ხდება, რომ არცერთი ამ მიმართულებით გარღვევას ან მნიშვნელოვან პროგრეს ადგილი არ ჰქონია.
ბევრი ინფორმაცია კვლავ ხელმიუწვდომელია ჟურნალისტებისათვის და, აქედან გამოდინარე, საზოგადოებისთვისაც. 2009 წელი შევიდა საქართველოს ისტორიაში წლად, როდესაც ქვეყნის უმაღლესი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირები აგრძელებდნენ ჟურნალისტებისთვის თავისი არსით საჯარო ინფორმაციის არ გაცემის პროცესს. ხშირად გავრცელებული ინფორმაცია (განსაკუთრებით, საერთო მაუწყებლების მიერ) არასაიმედოა მისი უსწორობის ან გადაუმოწმებლობის გამო. აშკარად იგრძნობა საინფორმაციო პოლიტიკის არა ფაქტებზე და მოვლენებზე დაყრდნობით, არამედ ვიწრო სახელისუფლო ინტერესების კარნახით წარმოება. საერთო (ეროვნული) სატელევიზიო მაუწყებლების მესაკუთრეები საზოგადოებისათვის კვლავ უცნობია და ისევ გრძელდება პროფესიული მუშაობისათვის ხელის შეშლა. ჟურანალისტების სამუშაო ადგილი და პირადი უსაფრთხოება კვლავ დაუცველია. ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ხელისუფლებამ აღიარა ჟურნალისტების პროფესიული მუშაობისათვის ხელის შეშლა და მათზე ფიზიკური ძალადობა, ეს გახლდათ 2009 წლის 9 აპრილის აქციებთან დაკავშირებით თბილისის პოლიციის სამმართველოსთან განვითარებული მოვლენები. ეს გამონაკლისი დაფიქსირდა მხოლოდ საჯაროდ ბოდიშის მოხდით და ტელეკომპანიებისათვის წართმეული ტექნიკის დაბრუნებით.
მედია სივრცის საკანონმდებლო სფეროში 5 კანონი მოქმედებს. ესენია: „რეკლამის შესახებ“, „სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“, „მაუწყებლობის შესახებ“, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ და „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი“. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის გარდა სხვა, რომელიმე კანონში რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება არ განხორციელებულა. თუ არ ჩავთვლით „რეკლამის შესახებ“ კანონში შეტანილ იმ ცვლილებას, რომლითაც მაუწყებლებს კვლავ გაუგრძელდათ ალკოჰოლური და სპირტიანი სასმელების რეკლამირების (ანუ მავნე ზემოქმედების საქმიანობის) უფლება.
„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში 5 ცვლილება შევიდა. ამ ცვლილებებიდან მხოლოდ ერთი ცვლილება იყო მიმართული სამეურვეო საბჭოს უფლებების გაზრდისაკენ. კერძოდ, გადაუდებელი აუცილებლობისას, პროგრამები, გადაცემები, ფილმები, რეპორტაჟები, კულტურული ღონისძიებები ან/და მასთან დაკავშირებული მომსახურების შესყიდვა მაუწყებლობის ხელმძღვანელებს შეეძლოთ, მხოლოდ სამეურვეო საბჭოს წინასწარი თანხმობის საფუძველზე. ეს ერთადერთი გაზრდილი უფლება იმავე წლის ბოლოს კანონში შეტანილი სხვა ცვლილების საფუძველზე გაუქმებული იქნა. ცვლილებიდან აღსანიშნავია სამეურვეო საბჭოს წევრათა რაოდენობის გაზრდა 6-დან 15 მეურვემდე და მათთვის ტელევიზიის ბიუჯეტიდან გამოყოფილი საჰონორარო თანხების ორჯერ მომატება. სამწუხაროდ, ხელისუფლების მხრიდან სერიოზული მსჯელობა საზოგადოებრივი მაუწყებლის მართვის გაუმჯობესებაზე საერთად არ წარმოებულა. არავის დაუსვამს შეკითხვა - საზოგადოებრივი მაუწყებლობის 4 სხვადასხვა საშუალებას (ტელევიზიები და რადიო) სამეურვეო თუ მმართველი საბჭო უნდა ხელმძღვანელობდეს, რა განსხვავებაა მეურვეობის ფუნქციის მატარებელ ორგანოსა და მმართველ ორგანოს შორის. საერთოდ, გვინდა ისეთი უუფლებო სამეურვეო საბჭო, რომელიც მის მიერ დანიშნული გენერალური დირექტორის საქმიანობის შესამოწმებლად, აუდიტორის მოწვევისათვისაც კი, იმავე შესამოწმებლი პირის თანხმობაზეა დამოკიდებული?
შეკრება და მანიფესტაცია
შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება იზომება ამ უფლებების რეალიზაციის მექანიზმების სიმარტივით და მისი დაცვის ხარისხით. დემოკრატიის გაზომვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია მასობრივი პროტესტზე ხელისუფლების რეაგირების კულტურა. 2009 წელი საქართველოს უახლოეს ისტორიაში შევიდა წლად, როცა ხალხმა დაამტკიცა მისი მოქალაქეობრივი შეგნების მაღალი დონე და მშვიდობიანი ხასიათი.
სამოქალაქო საზოგადოებას თანამედროვე სახელმწიფოში თავისი უფლებები და მოვალეობები აქვს. მისი მთავარი მოვალეობაა, სწორი მიზნების დასახვა და მათი მიღწევისათვის შემოთავაზებული გზების რეალურობისა და ეფექტურობის გაზომვა. ამ პასუხისმგებლობის გამოხატულება იყო, შოთა რუსთაველის ძეგლთან, 15 მარტის საზოგადოებრივი შეკრება, როდესაც ერთიანი სამოქალაქო საზოგადეობა გამოვიდა ქუჩაში ლოზუნგით: „მიშა წადი, მომავალნო - გაფრხილდით“. ეს აქცია სწორედ პასუხისმგებელი საზოგადოების ჩამოყალიბებისათვის ხელისშეწყობას ისახავდა მიზნად. სამოქალაქო საზოგადოების ყველა ჯგუფისათვის უნდა გვეთქვა, რომ სწორედ მას ევალება მიზნის ჩამოყალიბება და საზოგადოებრივ დაკვეთად გადაქცევა. ხოლო პოლიტიკურ ძალებს საზოგადოების მიერ დასახული მიზნის მიღწევისათვის მხოლოდ რეალური გზების შემოთავაზება და განხორციელება მოეთხოვებათ.
მართლაც, 15 მარტის საზოგადოებრივ ორგანიზაციათა მიერ ორგანიზებულმა მრავალათასიანმა შეკრებამ დაადასტურა, რომ საზოგადოება ითხოვდა ცვლილებებს, რაც შემდგომში 9 აპრილს ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალთა მიერ ერთობლივად დაწყებული მასობრივი პროტესტის არნახული ხანგრძლივობითა და მასში მონაწილე ადამიანთა განსაკუთრებული მრავალრიცხოვნობით დადასტურდა.
საზოგადოებას მოქმედი ხელისუფლების წასვლა და ახალი ხელისუფლების არჩევის შესაძლებლობის მიცემა სურდა. გაზაფხულის მასობრივი პროტესტის დროს მმართველი ხელისუფლება გულხელდაკრეფილი არ ყოფილა. ის მოქმედებდა მის მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით. კერძოდ, მან შექმნა არაფორმალური ბანდები და თბილისის ქუჩებში აქციის წევრებზე ნადირობა გამოაცხადა. ნაცვლად იმისა, რომ დაეცვა, მათზე ფიზიკური ძალადობით, შიშის გრძნობის გაღვივება სცადა. მატერიალური შემოწირულობების გამღებ პირებზე კიდევ უფრო მეტი კონტროლი დააწესა. მიმდინარეობდა აქციების ფოტოგრაფირება და ვიდეო ჩაწერა. სურათებით იდენტიფიცირებული მოქალაქეები პოლიციური დამუშვების ობიექტები ხდებოდნენ. ეს, ხშირად, მათი და მათი ოჯახის წევრების სამსახურებიდან დათხოვნით ან კიდევ უარესი ადმინისტრაციული თუ სისხლის სამართლებრივი პატიმრობით სრულდებოდა. მძიმე სატვირთო თუ სამგზავრო ტრანსპორტისათვის აკრძალული იქნა ქალაქში გადაადგილება. პატრული მანქანებს და ავტობუსებს იტაცებდა და არ აძლევდა მასობრივი პროტესტის ადგილებისაკენ გადაადგილების საშუალებას. ტექნიკა ქუჩებისა თუ შენობების ბლოკირებისათვის არ შეიძლებოდა, რომ ყოფილიყო გამოყენებული. მხოლოდ ცოცხალი ადამიანებით დაკავებული საკნები შეიძლება გამხდარიყო პიკეტირების ობიექტი.
საკნებში მჯდომი ადამიანებით პიკეტების მოწყობა თბილისის ოთხ ადგილას: ტელევიზიასთან, პარლამეტთან, თავისუფლების მოედანზე და პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციასთა, დიდ ადამიანურ რესურსს და სოლიდურ მატერიალურ დანახარჯებს მოითხოვდა. ეს კი ხანგრძლივვადიანი პროტესტის პირობებში, პროტესტანტებს ასუსტებდა, ხოლო ჩასაფრებულ მონადირეებს აძლიერებდა.
ხელისუფლების მიერ შემუშავებული გეგმის ერთ-ერთი საკვანძო ამოცანა იყო პროტესტის თბილისის ფარგლებში ლოკალიზება. ამისათვის მიმდინარეობდა ტოტალური კონტროლი დედაქალაქში შემოსულ ყველა სამგზავრო-სატრანსპორტო საშუალებაზე. პარალელურად, საერთაშორისო თანამეგობრობას იმაში არწმუნებდნენ, რომ მზად იყვნენ დიალოგისათვის და, უბრალოდ, ოპოზიციის სახით, არეულობის მომხრე ახირებულ ხალხთან ჰქონდათ საქმე.
რა თქმა უნდა, პოლიტიკური ოპოზიციაც არ ყოფილა უმოქმედო. 9 აპრილიდან წარმოებული მასობრივი პროტესტი 26 მაისის სტადიონზე 80 ათასი თანამოაზრის შეკრებამდე, მისი სცენარით, აღმავალი ხაზით ვითარდებოდა. ამის მაგალითი იყო არამარტო თბილისის ცენტრალური რაიონების პირდაპირი და უშუალო გაკონტროლება, არამედ ისიც, რომ ხელისუფლების განშტოებების საშუალო რგოლების წარმომადგენლებმა, პროტესტის ნიშნად, დაიწყეს თანამდებობების დატოვება. თავისუფლების მოყვარულმა ბევრმა ჟურნალისტმა ხმამაღლა გამოთქვა უკმაყოფილება და პროპაგანდის საშუალებები დატოვა. სამხედრო მოსამსახურეებმა დაიცვეს თავისი მხედრული ღირსება და ჯერ უარი თქვეს უკანონო ბრძანების, მასობრივ პროტესის დარბევის, შესრულებაზე, ხოლო შემდგომ უარი თქვეს ამორალური ბრძანების, ანუ სამხედრო აღლუმში იმ ტანკებით მონაწილეობაზე, რომელ ტანკებშიც ჯერ კიდევ მათი დაღუპული თანამებრძოლების სისხლის სუნი იდგა. ხალხზე თავდასხმების შესაჩერებელად ცნობილი სპორტსმენების თაოსნობით სახალხო პატრული შეიქმნა, რაც, უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში, თვითორგანიზების გზით, ხალხის დაცვის ერთ-ერთი ყველაზე კარგი და შედეგის მომტანი მაგალითი აღმოჩნდა.
საერთაშორისო თვალსაზრისით, ოპოზიცია გახდა მოლაპარაკების მხარე. ის ყველა შეხვედრაზე, როგორც მოვლენებზე ფაქტობრივი გავლენის მომხდენი სუბიექტი იყო წარმოდგენილი. ამან მას ცივილიზებული საზოგადოებისათვის ალტერნატიული ინფორმაციიის მიწოდების საშუალება მისცა, რამაც, თავის მხრივ, დასავლეთში მოვლენების ცალმხრივი შეფასება შეაჩერა.
თუ ვთანხმდებით, რომ საზოგადოების დაკვეთა ახალი ხელისუფლების არჩევის შესაძლებლობის მიცემაში მდგომარეობს, მაშინ 76 მასობრივი პროტესტის სავარაუდო მიღწევები უნდა გამოხატულიყო ან საპრეზიდენტო, ან საპარლამენტო ან ადგილობრივი რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაში. მიღწეულია ყველაზე მცირე შედეგი. ეს არის ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების არჩევნების 6 თვით ადრე გადმოწევა. საზოგადოების შეცდომა იმაში მდგომარეობს, რომ მან დაკვეთის ჩამოყალიბება კი შესძლო, მაგრამ ვერ მოახერხა მისი მიღწევისათვის ოპოზიციის მიერ შემოთავაზებული გზების რეალურობისა და ეფექტურობის შეფასება. გათვლა მასობრიობაზე, ხანგრძლივობასა და ხელისუფლების სინდისის კავშირზე, მცდარი აღმოჩნდა. ალბათ, ამის გამოვლინებაა, როდესაც საზოგადება, მათ შორის „დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბი“ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეებისადმი სვამს შეკითხვას და ითხოვს პასუხს: თუ ისევ ისე მოხდა, როგორც ბევრჯერ მომხდარა და არჩევნები გაყალბდა, არსებობს თუ არა რაიმე გეგმა „ბ“ მომდევნო ნაბიჯებისთვის? ოპოზიციას არც 2008 და არც 2009 წელს არ ეყო გაბედულება ხელისუფლების შეცვლის გარდაუვალი აუცილებლობა რეალობად ექცია. ადამიანების მკვლელობებზე, უკანონო დაპატიმრებებზე, საკუთრების ხელყოფაზე, ომის დანაშაულებებზე, გაყალბებული საპრეზიდენტო და საპარლამეტო არჩევნებზე მეტი მიზეზი შეუძლებელია რომ 21-ე საუკუნეში, ჩვენს კონტინეტზე მყოფმა რომელიმე ხელისუფლებამ ჩაიდინოს. მასობრივი პროტესტის რეაგირების გარეშე დატოვების შემთხვევაში ამ მრავალთაგან ერთიც კი საკმარისია ხელისუფლების რიგგარეშე შეცვლისათვის. მაგრამ, არა საქართველოში...
ამრიგად, 2009 წლის მასობრივი პროტესის მიღწევებია: 1. დედაქალაქის მერის პირდაპირი წესით არჩევა და ადგილობრივ არჩევნების 6 თვით ადრე დანიშვნა; 2. მოქალაქეობრივი შეგნების ზრდა, რაც სამთვიანი მასობრივი პროტესტის დროს ძალადობაზე, ვანდალიზმსა და ყაჩაღობაზე უარის თქმაში გამოიხატებოდა; 3. საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ხელისუფლებისადმი დამოკიდებულების შეცვლა და არასაპარლამენტო ოპოზიციის მოლაპარაკების მხარედ აღიარება. მთავარი შეცდომებია: 1. მოლოდინი პროტესტის მასობრიობა-ხანგრძლივობის ზეგავლენისა ხელისუფლების ადექვატურ ქმედებაზე (ანუ გადადგომის მოლოდინი); 2. 9 აპრილის დაწყებულ ერთობლივ აქციებზე პოლიტიკური გაერთიანებების მიერ კოლექტიური პასუხისმგებლობის არ აღება. საკანონდებლო სფეროში შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებების ნაწილში ადგილი ჰქონდა მდგომარეობის მკვეთრ გაუარესებას. ამ ურთიერთოებებს არეგულირებს შემდეგი კანონები: „შეკრებებისა და მანიფესტაციების“, „პოლიციის შესახებ“ „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ და „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი“. შეიძლება ითქვას რომ არანაირი ცვლილება, რაც შეკრების ან მანიფესტაციის უფლების რეალიზების მექანიზმებს გაამარტივებდა, პროტესტანტების უსაფრთხოებას გაზრდიდა და კიდევ უფრო შებოჭავდა პოლიციურ თვითნებობას, არ განხორციელებულა. პირიქით, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებების გამო საერთოდ აიკრძალა შენობების ბლოკირება. თუ აქამდე აკრძალული იყო შენობების შიგნით, მის გარეთ 20 მეტრის რადიუსში და შესასვლელებში აქციების ჩატარება, ამიერიდან შენობის ბლოკირებად და აქედან გამომდინარე ე.წ. უკანონო აქციად შეიძლება გამოცხადეს ის შეკრება, რომლის მონაწილეები, უბრალოდ, მთელი შენობის გარშემო დადგებიან ან შენობის გარშემო წრიულ მოძრაობას დაიწყებენ. სამართლებრივ სახელმწიფოებში შენობების შიგნით აქციების ჩატარება და მის შესასვლელების ბლოკირება ასევე აკრძალული ქმედებაა. მაგრამ ვენეციის კომისიის ჩათვლით, არავის ესმის 20 მეტრზე ახლოს შენობების გარშემო დგომა ან სიარული, რატომ არის კანონით აკრძალული ქმედება. მაშინ როდესაც საქართველოს ქალაქებში შენობებისა და ქუჩების გამყოფი ტროტუარები, ერთი-ორი გამონაკლისის გარდა, ყველგან 20 მეტრაზე ნაკლებია. მაშინ სად უნდა დადგეს ხალხი თუ არა ქუჩის სავალ ნაწილზე?
სავალ ნაწილთან მიმართებაში კი 2009 წელს კანონში შეტანილი მორიგი შესწორებების თანახმად, „ტრანსპორტის სავალი ნაწილის ნაწილობრივ ან სრულად გადაკეტვა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეკრებაში ან მანიფესტაციაში მონაწილეთა რაოდენობის გათვალისწინებით შეკრების ან მანიფესტაციის სხვაგვარად ჩატარება შეუძლებელია. და ისიც იმ დროის განმავლობაში, რომელსაც მოითხოვს შეკრებაში ან მანიფესტაციაში მონაწილეთა რაოდენობა“. ანუ პოლიციელის გადასაწყვეტი ხდება შეაფასოს (დათვალოს) მონაწილეთა რაოდენობა და საკუთარი შეხედულობით გადაწყვეტოს მისი ჩატარების ადგილი. თუ ხალხის რაოდენობას მცირედად მიიჩნევს, ისინი ტროტუარისაკენ გადააბრძანოს, ხოლო რახან ტროტუარი შენობიდან 20 მეტრზე შორს არ არის დაშორებული, მოითხოვს შეკრების, როგორც კანონის დარღევით მიმდინარე აქციის, შეწყვეტა. კანონში შეტანილი ცვლილებით, ასევე, აიკრძალა ტრანსპორტის სავალი ნაწილის ავტომანქანებით, სხვადასხვა კონსტრუქციით ან/და საგნით გადაკეტვა. ხელისუფლება შეშფოთდა მისი ნებართვის გარეშე დადგმული საკნების სიმრავლით, თორემ ქვეყანას კურსი, მრავალსაკნიანი ციხეეების მშენებლობაზე, კვლავ უცვლელია.
პოლიციის უფლებებთან დაკავშირებით, ასევე, მიღებული იქნა მთელი რიგი ცვლილებები. სამწუხაროდ, ეს ცვლილებები მიმართული იქნა არა იმ უფლებების შეზღუდვისაკენ, რაც პოლიციური ძალადობის შემცირებისათვის არის აუცილებელი, არამედ, პირიქით, მიმართული იქნა მათი გაზრდისაკენ. პოლიციელს უფლება მიეცა მასობრივი პროტესტის მონაწილეების მიმართ გამოიყენოს ახალი სპეციალური საშუალებები, როგორიცაა: არალეტალური იარაღი (მათ შორის, არალეტალური ჭურვი), წიწაკის გაზი და ფსიქოლოგიური ზემოქმედების შუქბგერითი მოწყობილობა. თითქოს, ისეთი საშუალებები როგორიცაა ელექტროშოკი, წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი, აკუსტიკური საშუალება (იარაღი), რეზინის ხელკეტები, სამსახურებივი ძაღლები თუ ცხენები საკმარისი აღარ არის ხალხის დასაშლელად.
ასევე, გამკაცრებული იქნა ადმინისტრაციული სახდელები. თუ აქამდე ადმინისტრაციული სახდელი პატიმრობის სახით პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის ბოროტად დაუმორჩილებლობისათვის არ აღემატებოდა 30 დღეს, 2009 წელს „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შეტანილი ცვლილებებით, ამ საპატიმრო სახდელის მაქსიმალური ვადა 90 დღემდე გაიზარდა. ასევე გაიზარდა სახდელების ოდენობა ადმინისტრაციული ორგანოების შენობათა ფასადებზე, აგრეთვე მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის, ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებების სავალ ნაწილზე, სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებურად შესრულებისათვის. ამ შემთხვევაში წარწერებისათვის ჯარიმის მაქსიმალური ოდენობა 1000 ლარამდე გაიზარდა. დამატებით ადმინისტრაციულ ორგანოებს მიენიჭათ წარწერების გამკეთებელი პირების 30 დღემდე ვადით დაპატიმრების უფლება.
სამწუხაროდ, არცეთი ადამიანის უფლებების დაცვისათვის შექმნილი სახელმწიფო დაწესებულებიდან არ ყოფილა ამ ცვლილებებზე გამოხმაურება. არავის გაუპროტესტებია გამოხატვის თავისუფლების, თუ შეკრებებისა და მანიფესტაციების უფლებების შემზღუდავი უსამართლო სახდელები.
სასამართლო
2009 წელი სასამართლო რეფორმის დასრულების წლად გამოცხადდა. გამოქვეყნდა სისხლის სამართლის კოლეგიებისა თუ პალატების მიერ წლის განმავლობაში განხილული საქმეების სტატისტიკა. მრავალი ათასი განხილული სისხლის სამართლის საქმიდან მხოლოდ სამზეა გამმართლებელი განაჩენი გამოტანილი. როგორც ამ შემთხვევაში იტყვიან ხოლმე, სტატისტიკა თავად მეტყველებს. სასამართლოსთან მიმართებაში ძალზედ მნიშვნელოვანია მისი როლის გაანალიზება ადამიანის უფლებების დაცვის საქმეში. სამწუხაროდ, გავრცელებული მოსაზრება, რომ საქართველოს საერთო სასამართლოები ახორციელებენ არა დაცვის, არამედ საფრთხის მატარებულ ფუნქციას - კვლავ უცვლელი რჩება. უიშვიათესი გამონაკლისი გავლენას ვერ ახდენს საერთო სურათზე. ბრალდების მტკიცების სტანდარტები საკმაოდ დაბალ დონეზე რჩება. ამ მხრივ საგანგაშოა „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის“ და „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში 2009 წლის განმავლობაში შეტანილი ცვლილებები, რომლებიც მიმდინარე წელს ამოქმედდა. საუბარია სატელეფონო საუბრების და მიმოწერის (მათ შორის ინტერნეტით სარგებლობის) ხელშეუხებლობაზე, ფარულ ვიდეო და აუდიო ჩაწერებში წარმოებაში სასამართლოს როლზე.
ცნობილია, რომ სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადება, ვიდეო და აუდიო ჩაწერა, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების 11 სახეობიდან, ყველაზე გავრცელებული და ქმედითი ღონისძიებებია. საგამოძიებო და ოპერატიული დანაყოფები მას უკვე დიდიხანია იყენებენ. ფარულ მოსმენებზე, ვიდეო და აუდიო ჩაწერაზე საზოგადოებრივი კონტროლი ყოველთვის აქტუალური საკითხი იყო.
როგორი იყო და როგორი იქნება სატელეფონო საუბრების, ინტერნეტით და სხვა ტექნიკური საშუალებებით წარმოებული თავისუფალი კომუნიკაციის დაცვის მდგომარეობა? საზოგადოებრივი კონტროლის რა მექანიზმები იარსებებს უკანონო მოსმენების, ჩაწერების, ინტერნეტისა თუ ფოსტის ცენზურის შესაჩერებლად? ადამიანების ურთიერთობებში სახელმწიფოს ჩარევის საკითხები განვიხილოთ ხელისუფლებისთვის ტრადიციულ პრიზმაში: საქართველო ვარდების რევოლუციამდე და რევოლუციის შემდეგ.
ორივე დროის საქართველოს აერთიანებს ის, რომ კანონის დონეზე დაუშვებლად იყო გამოცხადებული, მოსამართლის ბრძანების (ნებართვის) გარეშე, სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადება და ჩაწერა, ინფორმაციის მოხსნა და კავშირგაბმულობის არხიდან მისი ფიქსაცია (მათ შორის, კომპიუტერული ქსელებიდან), საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილთა კონტროლი. ისევე როგორც ორივე დროში მოსამართლის ბრძანების გარეშე ასევე აკრძალული იყო მეორე ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარებაც. კერძოდ, ფარული ვიდეო და აუდიო ჩაწერა, კინო და ფოტო გადაღება. განსხვავება რევოლუციამდელ და დღევანდელ საქართველოს შორის არის ის შემთხვევა, რომელსაც გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევა ჰქვია. ამ დროს მოსამართლის ბრძანების გარეშეც შეიძლებოდა ზემოთ ხსენებული ორივე ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების გამოყენება. გადაუდებელ აუცილებლობად ორივე დროში იგულისხმებოდა ის შემთხვევა, როცა დაყოვნებას შეეძლო გამოეწვია გამოძიებისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი მონაცემების განადგურება ან შეუძლებელი გაეხადა აღნიშნული მონაცემების მოპოვება. ამ შემთხვევაში, პროკურორს, თავის მოტივირებული დადგენილებით, შეეძლო, მიეცა თანხმობა მოსამართლის ბრძანების გარეშე ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარებაზე. მაგრამ აქ იყო ერთი არსებითი გარემოება, რომელიც რევოლუციის შემდეგ საქართველოში კანონდებლობიდან ამოღებული იქნა. ამას დაემატა შარშან, 2009 წლის დეკემბრის თვეში მიღებული ცვლილებაც. ცვლილები ძალაშია შესული და ის, საზოგადოებას ამ სფეროში კონტროლის თვალსაზრისით, მხოლოდ პროკურორების სინდისის იმედზეღა გვტოვებს.
ვარდების რევოლუციამდე საქართველოს პროკურორს, მოსამართლის ბრძანების გარეშე, თავისი დადგენილებით, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლო მიეცა თანხმობა ორივე ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების გამოყენებაზე, თუ მოსამართლე ადგილზე არ დახვდებოდა რის გამოც ის მისგან ბრძანებას (ნებართვას) ვერ მოიპოვებდა. ანუ საჭირო იყო ორი მნიშვნელოვანი გარემოების არსებობა: გადაუდებელი აუცილებლობა და მოსამართლის ადგილზე არ დახვედრა. მხოლოდ ამ შემთხვევაში ჰქონდა პროკურორს დამოუკიდებლად ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელებაზე თანხმობის მიცემის უფლება. რევოლუციის შემდეგ, გადაუდებელი აუცილებლობისას, პროკურორს უკვე დამოუკიდებლადაც შეუძლია თანხმობის მიცემა. მიუხედავად იმისა, მოსამართლე ადგილზე დახვდება თუ არა. მას აღარ მოეთხოვება მოსამართლესთან მისვლა და მისი თანხმობის (ბრანების) მოპოვება.
როგორც ზემოთ ვთქვით, რევოლუციურმა ხელისუფლებამ 2009 წელს სასამართლო რეფორმა დამთავრებულად გამოაცხადა. გარემონტდა სასამართლოს შენობები, თვისობრივად გაუმჯობესდა მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და ყველგან ფუნქციონირებს მორიგე მოსამართლის ინსტიტუტი. მაშინ ისმის შეკითხვა: თუ რევოლუციის შემდეგ საქართველოში მოსამართლეების მოძებნა უფრო გაადვილდა, ვიდრე რევოლუციამდელ საქართველოში შეიძლებოდა, რატომ იქნა ამოღებული კანონის დანაწესი და რატომ მიეცათ პროკურორებს, გადაუდებელი აუცილებლობისას, სასამართლოებში მოსამართლეების მუდმივი მორიგეობის მიუხედავად, გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უფლება? ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ რეპრესიული აპარატი, ერთი მხრივ, იმარტივებს მოქმედების საშუალებებს, ხოლო, მეორე მხრივ, კიდევ უფრო ასუსტებს მათ საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმებს.
საზოგადოების ყურადღებას იმსახურებს პროკურორის ბრძანების დაკანონების ვადებიც. რევოლუციის შემდეგ პროკურორს მიენიჭა უფლება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების დაწყებიდან 12 საათში მიემართა სასამართლოსათვის მის მიერ დამოუკიდებლად გაცემული ბრძანების დასაკანონებლად.
თითქოს, ერთი შეხედვით, 12 საათი საკმაოდ შემჭიდროებულ ვადად მოჩანს. მაგრამ იქვე კანონში გაკეთდა დათქმა, რომლის მიხედვითაც თუ ამ ვადის ამოწურვა დაემთხვევა არასამუშაო დროს, მაშინ პროკურორი ვალდებულია ამ დროის გასვლიდან ერთ საათში მიმართოს სასამართლოს. გასულ დროში, კანონის თანახმად, იგულისხმება არასამუშაო დროის პერიოდი. ანუ გამოდის, რომ თუ პროკურორი პარასკევ დილას გასცემს ბრძანებს მოსმენებზე, ცენზურაზე და ა.შ., მაშინ მას ვალდებულება, მისი ბრძანების კანონიერების შემოწმებასა და დაკანონებაზე, სასამართლოში შეტანით, წარმოეშობა, ორშაბათს დილის 10.00 საათზე. ეს ნიშნავს, რომ პროკურორის გადაწყვეტილებით, შეუძლიათ, 3 დღე და ღამე ადამიანებს მოუსმინონ, ჩაუწერონ საუბრები, გადაუღონ და ა.შ.
ამის შემდეგ მოსამართლე 24 საათში იღებს გადაწყვეტილებას ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების დაკანონებაზე ან უარის თქმის თაობაზე. ანუ ჯამში ერთი კვირის განმავლობაში 4 დღე და ღამე შეუძლიათ ჩაერიონ ადამიანის პირად და საქმიანი ურთიერთობების სფეროში ისე, რომ ფორმალურად არ დაარღვიონ უსამართლო კანონების მოთხოვნები. რეალობაში კი მოსმენები, ჩაწერები, ცენზურა და გადაღება, მთლიანად გამოდის სამოსამართლო კონტროლის სფეროდან. იმის გამო, რომ გადაუდებელი აუცილებლობისას, სამოსამართლო კონტროლი ფაქტობრივად უქმდება.
პროკურორები უკანონო მოსმენის თუ ცენზურის გზით რაიმე სასარგებლო მტკიცებულების მოპოვების (ჩაწერის) შემთხვევაში უკანა რიცხვით გააფორმებენ თავიანთ ბრძანებას ე.წ. გადაუდებელი აუცილებლობის თაობაზე და ამის შემდეგ შევლენ სასამართლოში მის დასამტკიცებლად. შევლენ იმის გამო, რომ მტკიცებულება, მისი მოპოვების კანონიერი წესის დაცვით სასამართლო გამოძიების ეტაპზე კანონიერად მოპოვებულ მტკიცებულებად იქნეს მიჩნეული.
საზოგადოება ხშირად გამხდარა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების გამოყენებით მოპოვებული ინფორმაციის მასობრივი საშუალებებით გავრცელების მოწმე. მაგრამ იმის გამო, რომ დარღვეული იყო მათი მოპოვების კანონიერი წესი, მათ სასამართლო მტკიცებულებად ვერ იყენებდნენ და მხოლოდ საზოგადოებაზე ზემოქმედებისათვის ავრცელებდნენ. 1 თებერვალს ამოქმედებული ცვლილებებით კი ყოველთვის შესაძლებელი გახდება უკანონო გზით მოპოვებული მტკიცებულებების დაკანონება და შემდეგ მისი წინასწარ თუ სასამართლო გამოძიების ეტაპზე მტკიცებულებად გამოყენება.
მარტივად რომ ვთქვათ, საგამოძიებო და ოპერატიულ ორგანოებს შეუძლიათ მათ მიერვე მიღებული უსამართლო კანონების დაცვის შემთვევაში 4 დღე და ღამე ხელყონ ადამიანების პირადი ცხოვრებისა და საქმიანი ურთიერთობების თავისუფლება. ხოლო თუ მაინც დაკავდებიან უკანონო მოსმენებით, ფოსტისა და მიმოწერის უკანონო ცენზურით, ვიდეო გადაღებით თუ უკანონო აუდიო ჩაწერით, მათ, მოპოვებული ინფორმაციის მტკიცებულებად გადაქცევა, უკვე ნებისმიერ დროს შეეძლებათ. ამით პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და საქმიანი ურთიერთოებების დაცვის სამართლებრივი მექანიზმები ფაქტიურად აღარ არსებობს. ყველაფერი, რასაც იტყვით, შეიძლება თქვენს წინააღმდეგ იქნეს გამოყენებული.
![]() |
13 ტალღებში დაკარგულები |
▲ზევით დაბრუნება |
თამარ ჩიქოვანი
„მე მინდა გამოვაცხადო დემოკრატიული რეფორმების ახალი ტალღის დაწყების შესახებ. ამ რეფორმების მიზანია მივიღოთ უფრო ძლიერი პარლამენტი, ხელისუფლების შტოებს შორის კონტროლისა და ზედამხედველობის უფრო ქმედითი საშუალებები, განვამტკიცოთ საკუთრების ხელშეუხებლობა, უფრო თავისუფალი და მიუკერძოებელი გავხადოთ მედია და უფრო სამართლიანი და დამოუკიდებელი - სასამართლო“.
მიხეილ სააკაშვილი,
2008 წლის 16 სექტემბერი
ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის „Freedom House“-ის 2010 წლის იანვარში გამოქვეყნებული კვლევით, რომელიც 2009 წელს მსოფლიოში დემოკრატიის ხარისხს ადგენს, საქართველოს მდგომარეობა 2008 წელთან შედარებით არ შეცვლილა - საქართველო კვლავ რჩება „ნაწილობრივ თავისუფალ“ და „არაარჩევით დემოკრატიად“.
პასუხისმგებლობით აღჭურვილი მოქალაქისთვის ამგვარი შედეგი დამაფიქრებელი, მაგრამ არა საგანგაშო იქნებოდა - ბოლობოლო, დემოკრატია ხომ პროცესია, რომლის დროსაც წარმატებებს წარუმატებლობა მოსდევს და ა.შ. თუმცა სიტუაციაში, როცა მთელი წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გამოცხადებულ „დემოკრატიული რეფორმების ახალ ტალღას“ ვითარების გამოსწორების თვალსაზრისით არავითარი შედეგი არ მოსდევს - პასუხისმგებლობით აღჭურვილი მოქალაქე უკვე უნდა შეშფოთდეს და ყალბი ილუზიებისგან განთავისუფლდეს.
საქართველოში მედიის თავისუფლების ხარისხი - პოლიტიკოსების, საზოგადო მოღვაწეების, საზოგადოების დიდი ნაწილის ასე ვთქვათ საყვარელი თემაა. რა უშლის ხელს საქართველოში მედიის თავისუფლებას - ხელისუფლების ბოროტი ზრახვები, მედია მფლობელების ბურუსით მოსილი პოლიტიკური თამაშები, ჟურნალისტთა არაპროფესიონალიზმი, პოლიტიკური ანგაჟირება და თვითცენზურა, მომხმარებლის დაბალი პოლიტიკური კულტურა - ახსნა-განმარტებები არაერთხელ გაკეთებულა. „დიაგნოზდასმული“ ქართული მედიის მდგომარეობა კი სულ უფრო და უფრო მძიმდება. ხელისუფლების მომხრეთა მიერ ყველაზე მეტად დაფასებული „მიუკერძოებლობის“ გათვალისწინებით, ამჯერად მხოლოდ შეგახსენებთ იმ მოვლენებს, რაც ქართულ მედიაში ხდებოდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ.
2008 წელი
სექტემბერი
პარლამენტში გამოსვლისას, მიხეილ სააკაშვილმა დემოკრატიის ახალი ტალღის დაწყების შესახებ განაცხადა;
თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ტელეკომპანია „მაესტროს“ სარჩელი კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წინააღმდეგ, ზოგადი მაუწყებლობის ლიცენზიის მიღებაზე უარის თქმის შესახებ; საქართველომ მოხსნა შეზღუდვები რუსულ ვებ-გვერდებზე;
მიხეილ სააკაშვილმა წამოაყენა ინიციატივა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ოპოზიციის წარმომადგენლის დანიშვნისა და საზოგადოებრივ არხზე პოლიტიკური დებატების გამართვის შესახებ;
ფრიდომ ჰაუსმა მოუწოდა აშშ-ს, მის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი ფინანსური მხარდაჭერა მნიშვნელოვანწილად საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას, დამოუკიდებელ ტელევიზიებს და ძლიერ სასამართლო სექტორს მოხმარდეს;
მაუწყებლობა განაახლა ტელეკომპანია „თრიალეთმა“, რომელიც გორის ოკუპაციისას გაიძარცვა.
ოქტომბერი
არასაპარლამენტო ოპოზიციამ გამოაქვეყნა განცხადება „პირველი ნაბიჯი თავისუფალი მედიისთვის“, რომელიც გულისხმობს:
1.აღდგეს საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუ „პრაიმ-ტაიმი“ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში და გაიმართოს ყოველდღიური პოლიტიკური დებატები;
საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, საზოგადოების ნდობით აღჭურვილ დამოუკიდებელ ჟურნალისტთა ჯგუფს დაეთმოს საეთერო დრო ჟურნალისტური გამოძიებისთვის; 3. დაუბრუნდეს ტელეკომპანია „იმედი“ კანონიერ მფლობელს;
მიეცეს ტელეკომპანია „მაესტროს“ საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების გაკეთების საშუალება;
საზოგადოებას დაუყოვნებლიც მიეწოდოს ამომწურავი ინფორმაცია საქართველოში მოქმედი ყველა ტელეკომპანიის მესაკუთრეთა ვინაობის შესახებ.
პარლამენტი ჩაერთო მოლაპარაკებებში ტელეკომპანია „მაესტროსა“ და კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას შორის;
პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო დამატება, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელს პოლტიკური დებატების გამართვას ავალდებულებს;
„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ მიერ გამოქვეყნებულ პრესის თავისუფლების მსოფლიო რეიტინგში, საქართველომ 54 საფეხურით გაიუარესა პოზიცია. ახალ რეიტინგში, სადაც 173 ქვეყანაა შესული, საქართველომ 120-ე ადგილი დაიკავა (ამავე ორგანიზაციის 2007 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებულ რეიტინგში საქართველოს 66-ე ადგილი ეკავა. 2008 წელს საქართველოზე უკეთესო პოზიციები აქვთ: ესტონეთს, ლატვიას. ლიტვას, უკრაინას, მოლდოვას, სომხეთს, ტაჯიკეთს და ყირგიზეთს.)
ნოემბერი
4 ნოემბერს თავდაცვის სამინიტროში გაერთიანებული შტაბის ახალი ხელმძღვანელის წარდგენისას, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლება „ჩუქნის“ პოლიტიკურ ძალებს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხს. მისი განცხადებით: „ყველა პოლიტიკურ ძალას და არასამთავრობო ორგანიზაციას ექნება საშუალება, გამოვიდეს სტუდიაში და საქართველოს გააცნოს საკუთარი შეხედულებები. მათ შორის, ყველაზე მიუღებელიც“. კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ტელეკომპანია „მაესტროს“ ლიცენზიის მოდიფიცირების გადაწყვეტილება მიიღო.
დეკემბერი
ტელეიმედის საკონტროლო პაკეტის „ნომინალურმა მფლობელმა“ გიორგი ჯაოშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ შსს-ს და ფინანსური პოლიციის თანამშრომლებმა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად, ის აიძულეს, ტელეკომპანია „იმედის“ აქციების საკონტროლო პაკეტი ჯოზეფ კეისთვის დაეთმო. საქართველოში ვიზიტით მყოფმა სენატორმა ჯონ კერიმ თბილისიდან გამგზავრების წინ იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში მედიის თავისუფლების ხარისხი გაიზრდება.
2009 წელი
იანვარი
Freedom house-ს დასკვნით, საქართველო აღარ ეკუთვნის „არჩევითი“ დემოკრატიების ქვეყნების ჯგუფს.
საზოგადოებრივი მაუწყებლობის სამეურვეო საბჭომ რეკომენდაცია მისცა მენეჯმენტს, შეაჩეროს გადაცემა „საქართველოს დიდი ათეული“, რადგან საქართველოს ეკლესიისთვის ამ გადაცემის ფორმატი მიუღებელია.
ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში დაიწყო რეალიტი-შოუ „საკანი ნომერი 5“. გაიმართა მიხეილ სააკაშვილის პირველი ტელეხიდი, რომელიც 4 საათს გაგრძელდა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაწყვეტილებით, „საქართველოს დიდი ათეული“ შეცვლილ ფორმატით გაგრძელდა.
თებერვალი
მეორე არხის ბაზაზე პოლიტიკური არხის ფორმირებასთან დაკავშირებით, პარლამენტსა და საზოგადოებრივ მაუწყებელს შორის მემორანდუმი გაფორმდა.
ტელერადიო კომპანია „იმედის“ 90%25 ჯოზეფ ქეიმ Rakeen Georgia-ს დაუდგენელ თანხად მიჰყიდა.
მარტი
კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ მაუწყებლობის ქცევის კოდექსი მიიღო. ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო 82 სამსახურის უფროსად თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ნანა ინწკირველი დაინიშნა.
აპრილი
გაიმართა საპროტესტო აქციები საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ. მათ შორის, ე.წ. სირცხვილის დერეფნები;
ტელეკომპანია რუსთავი-2-ის გენერალურ დირექტორად გიორგი გეგეშიძე დაინიშნა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭო 3-მა წევრმა დატოვა.
მაისი
კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ტელეკომპანია მე-9 არხს ლიცენზია გაუუქმა. „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშით, საქართველო ზღვარზეა ნაწილობრივ თავისუფალსა და არათავისუფალ მედიას შორის;
მიხეილ სააკაშვილმა არასაპარლამენტო ოპოზიციასთან შეხვედრისას, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ხელახალი დაკომპლექტების ინიციატივა წამოაყენა.
ტელეკომპანია „მაესტროს“ კართან ხელყუმბარა აფეთქდა.
ცენზურის გამო, ტელეკომპანია „იმედი“ რამდენიმე ჟურნალისტმა დატოვა.
ივნისი
თბილისში ვიზიტისას, აშშ სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწემ ფილიპ გორდონმა საქართველოში სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერაზე ისაუბრა.
შსს-თან ჟურნალისტების ცემის ფაქტის გამო, ტელეკომპანიებმა „მაესტრომ“ და „კავკასიამ“ ერთი დღით მაუწყებლობა შეწყვიტეს.
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარედ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ირაკლი ჩიქოვანი დანიშნეს.
ივლისი
„ფრიდომ ჰაუსის“ დასკვნით, საქართველოში დემოკრატიის ხარისხი ყველა მიმართულებით გაუარესდა.
ტელეკომპანია „მაესტრომ“ სატელიტური მაუწყებლობის ლიცენზია აიღო;
„ჯორჯია მედია ჰოლდინგის“ დირექტორის პოსტზე, გიორგი ისაკაძე პრეზიდენტის აპარატის ყოფილმა უფროსმა, ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი არველაძემ შეცვალა;
გადადგა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი ლევან ყუბანეიშვილი; პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს 3 ახალი წევრი დაამტკიცა.
აგვისტო
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე გიორგი ჭანტურია დაინიშნა.
პატიმრობის ვადის მოხდის შემდეგ, გათავისუფლდა ტელეკომპანია 202 ერთერთი მფლობელი შალვა რამიშვილი
სექტემბერი
პარლამენტმა დაამტკიცა ცვლილება კანონმდებლობაში, რომლის თანახმად გაფართოვდა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრთა რაოდენობა; შალვა რამიშვილი ტელეკომპანია „იმედმა“ გასართობი შოუს წამყვანად მიიწვია.
საზოგადოებრივ მაუწყებელში დაიხურა გადაცემა „პოლიტიკური კვირა“.
ოქტომბერი
გერმანიის საელჩომ საქართველოში მოუწოდა ქართულ მედიას, შეასწოროს ბოლო დროს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის შესახებ გავრცელებული მცდარი ინფორმაცია.
არასამთავრობო ორგანიზაციების ერთმა ჯგუფმა ხელისუფლებას საზოგადოებრივი მაუწყებლის აპოლიტიკური სამეურვეო საბჭოს შექმნისკენ მოუწოდა.
ორგანიზაცია „ჟურნალისტები საზღვრებს გარეშე“ 2009 წლის პრესის თავისუფლების ინდექსით, საქართველომ 39 საფეხურით პროგრესი განიცადა და 81-ე ადგილი დაიკავა.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ ძალაში დატოვა საგადასახადო სამსახურის გადაწყეტილება, ბათუმის დამოუკიდებელი ტელეკომპანია 25-ე არხისთვის 278 ათასი ლარის ჯარიმის დაწესების შესახებ. ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, კანონით სახელმწიფოს უფლება აქვს, ტელეკომპანიის ქონება აუქციონზე გაიტანოს.
ნოემბერი
ტელეკომპანია „მაესტროს“ მართვის უფლება 3 წლის ვადით ეროსი კიწმარიშვილს გადაეცა. საერთაშორისო გამჭვირვალეობა-საქართველოს ანგარიშით, საქართველოს სამაუწყებლო სფეროს რეგულირების მოქმედი სისტემა მედიის მფლობელთა გამჭვირვალეობას და კონკურენტუნარიანი სატელევიზიო ბაზის შექმნას ვერ უზრუნველყოფს.
თბილისში გაიმართა სამხრეთ კავკასიის მედია კონფერენცია, რომელიც მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენელმა მილოშ ჰარაცის გახსნა.
ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო გამოშვების წამყვანი მანანა მანჯგალაძე პრეზიდენტის პრეს-სპიკერი გახდა.
შალვა რამიშვილმა დატოვა გასართობი შოუ „სიმართლის დროა“.
გაზეთ „ბათუმელების“ ჟურნალისტი სოდ-ის მხრიდან შანტაჟის ობიექტად იქცა.
დეკემბერი
პოლიციამ გაზეთ „ბათუმელების“ ჟურნალისტზე განხორციელებული ზეწოლის გამოძიება დაიწყო.
ნატოს გენერალურმა მდივანმა რასმუსენმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, „გააღმაოს მედიის თავისუფლებასა და კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული რეფორმები“. პრესის მსოფლიო ორგანიზაციამ მიხეილ სააკაშვილს „ბათუმელების“ საქმის გამოძიების უზრუნველყოფის თხოვნით მიმართა.
პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს 7 ახალი წევრი დაამტკიცა. საზოგადოებრივ მაუწყებელს დაემატა სატელევიზიო სიხშირე და შეეცვალა დაფინანსების წესი.
თუ ამ მოვლენებს დავუმატებთ იმასაც, რომ მედიის ფინანსური დამოუკიდებლობისთვის აუცილებელი სარეკლამო ბაზარი ერთი მხრივ, ეკონომიკური კრიზისის გამო, შემცირებულია, მეორე მხრივ კი - კვლავინდებურად ხელისუფლების მიერ მონოპოლიზირებული - მედიის დამოუკიდებლობის თვალსაზრისით რაიმე უკეთესობის პროგნოზირება გულუბრყვილობა იქნებოდა. მართალია, 2007 წლის ნოემბრის მოვლენების შემდეგ, საერთაშორისო ფონდებმა აღადგინეს ან გაზარდეს საქართველოში მედიის დახმარების პროგრამები, მაგრამ ეს სრულფასოვანი დამოუკიდებელი მედიის არსებობისთვის, სამწუხაროდ, საკმარისი არ არის. დღეს ნაციონალური ტელეკომპანიები, ფინანსები, სიხშირეები კვლავინდებურად ხელისუფლების მიერ კონტროლდება, რაც პლურალისტური საინფორმაციო გარემოს შექმნის შანსს ჩანასახშივე სპობს. შესაბამისად, ხელისუფლების მიერ „თამაშის წესების“ რეალური ცვლილების გარეშე, რაც, პირველ რიგში, ელექტრონული მედიისა და ბიზნესის მონოპოლიაზე უარის თქმას გულისხმობს - საქართველოს წარმატებები დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით, კარგ შემთვევაში კვლავ დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, ცუდ შემთხვევაში კი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ კვლევებში უკვე არა ნახევრად თავისუფალ, არამედ არათავისუფალ ქვეყანათა „თანამეგობრობაში“ ამოვყოფთ თავს. სხვათაშორის, იგივე Freedom House-ის 2009 წლის ანგარიშით, დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით, საქართველოს და აფხაზეთს ერთნაირი შედეგი აქვს...
![]() |
14 2009 წლის აპრილი: ომი ომის გამო |
▲ზევით დაბრუნება |
რამაზ საყვარელიძე
2008 წლის აგვისტოს ომმა შოკში ჩააგდო მთელი საქართველო, მათ შორის, ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკოსები. პირველ წუთებში დაიბნენ - ვერ გაიგეს, თუ რატომ და რისი იმედით დაიწყო საქართველოს ხელისუფლებამ საომარი მოქმედებები. გავრცელდა უამრავი ვერსია. ამავე დროს, ოპოზიციონერების ნაწილი ცხინვალისკენ დაიძრა. ნანახი არც ამ ვერსიებს ემთხვეოდა და არც ხელისუფლების მხნე რიტორიკას. სანამ ტყუილ-მართალს გაარკვევდნენ პოლიტიკოსები, ომიც დამთავრდა და თან - როგორ?! მხოლოდ მარცხში არაა საქმე. საზოგადოების დიდი ნაწილი გაამწარა ქართულ წინდაუხედაობასა და რუსულ ძალმომრეობასთან უსუსურობამ. თან, მარცხსაც ხომ თავის ეთიკა და ესთეტიკა აქვს. აქ კი არაფერში არ ჯდებოდა, რომ შენი ქვეყანა სამარცხვინოდ გაება მახეში, თითქმის უბრძოლველად დამარცხდა ორ დღეში, დაკარგა ადამიანები და ტერიტორიები და... თბილისში მოაწყო ზეიმი შეძახილებით „ჩვენ გავიმარჯვეთ!“.
ქართველს ესთეტურობა ყველაფერში უყვარს და დასაწყისით, დასასრულით და ზნეობით მახინჯი ეს ომი მის ცნობიერებაში ვერ თავსდებოდა. სასოწარკვეთის გამწარება ბევრს ყელში ჰქონდა მობჯენილი, მაგრამ ამ დროს რუსულმა ტანკებმა მყარად დაიკავეს პოზიციები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. ხელისუფლების შეგინება ამ ტანკების გახარებას ნიშნავდა და ქართულ პოლიტიკაში დაძაბული სიჩუმე ჩამოწვა - გამოცხადდა შიდა პოლიტიკური მორატორიუმი. ამ სიჩუმეში გაისმა დამაგვირგვინებელი აკორდი-რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება.
გაჩუმებული შეძახილი არ ისმის, მაგრამ კანით იგრძნობა. მართლაც, ყველა გრძნობდა, რომ ჰაერიც გაჟღენთილია პროტესტით. საკმარისი იყო ნაპერწკალი, რომ... და ამ ნაპერწკალს 9 აპრილი დაერქვა.
მედიაში 2008 წლის შემოდგომისთვის ოპოზიციამ ნელ-ნელა დაიწყო ხელისუფლების კრიტიკა დაუფიქრებელი ომისთვის, მაგრამ შოკში მყოფი საზოგადოება მაინც გარინდებული იყო. 20 იანვრიდან ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერი დაეთმო ყოველდღიურ გადაცემას „საკანი №5“. საკანში იჯდა ყველასთვის კარგად ნაცნობი „უცნობი“ - ლაღი, კეთილი, ყველას მოყვარული და ყველასთვის საყვარელი პოპულარული მომღერალი გია გაჩეჩილაძე. იგი თავის დროზე „ვარდების რევოლუციას“ ემხრობოდა, შემდეგ იმედგაცრუებამ ძმასთან, ლევან გაჩეჩილაძესთან ერთად ოპოზიციურად განაწყო. მისი განწყობა ცნობილი იყო, მაგრამ „საკანში“ მის დანახვას მაინც არ ელოდნენ, მით უმეტეს იმ მოტივით, რომ საქართველო გამოეფხიზლებინა ხელისუფლებასთან საბრძოლველად. „უცნობმა“ საჯაროდ განაცხადა, რომ არ დატოვებდა „საკანს“ ვიდრე სააკაშვილი არ დატოვებდა ხელისუფლებას. თბილისის სასოწარკვეთილი მოსახლეობის ყურადღება მაგნიტივით მიიზიდა ყოველი ღამის 11 საათიდან „საკან №5“-ში 3-4- საათამდე გაგრძელებულმა დიალოგებმა. უძილობა დასჩემდა ქალაქს.
თავიდანვე „საკანს“ უყურებდნენ დიდი ინტერესით, მაგრამ თანდათან მეტ-ნაკლები იმდეგაცრუება გაჩნდა. იმდეგაცრუების მიზეზი ჰქონდათ - „საკნის“ სტუმრები, ძირითადად, იყვნენ „უცნობის“ ძმაკაცები და პოლიტიკაზე დიალოგებიც ქუჩის ძმაკაცური ლაპარაკის სტილში მიდიოდა. პირველ ჯერზე ეკზოტიკური სანახავი იყო, მაგრამ შემდეგ მოსაწყენი, რადგან ახალგაზრდები სათქმელის გამრავალფეროვნებას ვერ ახერხებდნენ. გადაცემა ჩავარდნის პირზე იყო, რომ „საკანში“ ერთმანეთის მიყოლებით გამოჩნდა ორი ლეგენდა - ჭადრაკში მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი ნონა გაფრინდაშვილი და მსოფლიო მასშტაბის რეჟისორი რობერტ სტურუა. ის ორი ღამე თბილისმა გაათენა. ნონას და რობიკოს (მაპატიონ ფამილარობა, მაგრამ საქართველოში დიდ ადამიანებს მხოლოდ სახელით მოიხსენებენ) გულწრფელობამ, მოგონებებმა, მოულოდნელმა ინტელექტუალურმა წიაღსვლებმა, უზნეობისადმი შეურიგებლობამ და ქვეყნის უპათოსო, მაგრამ მტკიცე სიყვარულმა მათი სრულიად ახალი სახე დაანახა ხალხს. ხალხის წინაშე თავისი თავის განახლებასთან ერთად მათ საკანიც განაახლეს (აქვე დავამატებ - მას მერე არაერთხელ შეაღეს გროსმაისტერმა და მაესტრომ „მაესტროს“ კარი, რითაც დაადასტურეს, რომ პირველი სტუმრობა შემთხვევითი არ იყო).
„საკნისკენ“ დაიძრა საქართველოს ინტელექტუალური ელიტა - პოლიტიკოსები, სპორტის მესვეურები, ხელოვანები, ეკონომისტები, ყველა, ვისაც რაიმე ჰქონდა სათქმელი ქვეყნის ბედ-იღბალზე. გადაცემები ერთმანეთზე უფრო საინტერესო გახდა. ყველაზე ოპოზიციური ტელეგადაცემის თანაავტორად ქართული ინტელიგენცია გადაიქცა.
სტუმრებთან დაძაბული დიალოგების შემდეგ კი კამერის წინ მარტო დარჩენილი „უცნობი“ ფეიერვერკულ კლოუნადას აწყობდა ხოლმე სააკაშვილის და მისი გარემოცვის თემებზე. ღამის ყოველი სტუმარი მეორე დღეს ქალაქური საუბრების გმირი ხდებოდა. ხოლო მუდმივი გმირი, გმირთა გმირი, რა თქმა უნდა, გია გაჩეჩილაძე იყო. მან, მართლაც, გმირული რამ შეძლო - ხალხი გამოიყვანა დეპრესიიდან, მოუხსნა ხელისუფლების შიში (ვიზეც იცინიან, მისი არ ეშინიათ), ინტელექტუალური დიალოგებით პროტესტს მისცა რაციონალური გამართლება და საკუთარი შეუპოვრობით მოქალაქეებში შეუპოვრობა გააჩინა. „უცნობის“ მიმართ რწმენა განუზომელი იყო. სწორედ მან და მისმა სტუმრებმა თქვეს, რომ 9 აპრილს დამთავრდებოდა სააკაშვილის ხელისუფლება, რადგან 9 აპრილს უნდა ჩატარებულიყო დიდი საპროტესტო აქციები და ამდენი ხალხის ნებას სააკაშვილი წინ ვერ აღუდგებოდა, წავიდოდა პრეზიდენტობიდან.
პოლიტიკური ცხოვრების პულსმა ნელ-ნელა გამოცოცხლება დაიწყო. რაც არ უნდა პარადოქსული იყოს, პოლიტიკური გამოცოცხლების ერთერთი ნიშანი დაუკავშირდა „ვარდების რევოლუციის“ ყოფილ ლიდერს, პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს. მან ჯერ კიდევ 2008 წლის 27 ოქტომბერს, ომის შემდეგ შექმნა ოპოზიციური პარტია. მოსახლეობამ მიიჩნია, რომ ეს სააკაშვილისგან „შემოგდებული“ ოპოზიცია იყო. მას, როგორც სააკაშვილის ერთგულ თანამებრძოლს, ხალხი არ ენდობოდა. ამავე დროს, 2009 წელს სახელისუფლო პრესამ დაიწყო ინტენსიური შეტევა სწორედ ბურჯანაძეზე. არ გამოდიოდა გაზეთი მისი კრიტიკის გარეშე. ისიც თქვეს - საქართველოში მყოფი რუსი სამხედროები იძახიან, ჩვენ ბურჯანაძე გვინდაო. სახელმწიფო ტელევიზიები აჩვენებდნენ ფარულ ჩანაწერებს, როგორ „ყიდულობენ“ ბურჯანაძის გუნდელები იარაღს. კომენტარებში იყო, ეს სამხედრო გადატრიალებისა და რუსების შემოყვანისთვის კეთდებაო. ბურჯანაძის პარტიის რამოდენიმე წევრი დაიჭირეს. ყოველივე ამან, ერთის მხრივ, ბურჯანაძე განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოაქცია და მეორეს მხრივ - ცხადი გახადა, რომ დაიწყო დაუნდობელი პოლიტიკური ბრძოლა - ხელისუფლება ემზადებოდა ომისთვის, ოღონდ უკვე პოლიტიკურ ოპონენტებთან (ხოლო ბურჯანაძე, ხელისუფლებისადმი მისი ტონის გამწვავებასთან ერთად, განუწყვეტლივ იღებდა უცხოელ სტუმრებს - ყველა მაღალი რანგის სტუმარი და დელეგაცია თავს ვალდებულად თვლიდა ბურჯანაძესთან ვიზიტი გაეკეთებინა).
ამასთანავე, 2009 წლის 16 თებერვალს მოაწყო თავისი პოლიტიკური გუნდის პრეზენტაცია ირაკლი ალასანიამ, საქართველოს ყოფილმა წარმომადგენელმა გაეროში. ერთ კვირაში ალასანიას გუნდმა, „ახალმა მემარჯვენეებმა“ და „საქართველოს რესპუბლიკურმა პარტიამ“ უკუაგდეს საკუთარი პოლიტიკური ამბიციები და დააფუძნეს ახალი პოლიტიკური გაერთიანება „ალიანსი საქართველოსთვის“. ალიანსმა მიმართა ხელისუფლებას, რომ დანიშნულიყო ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები. საზოგადოების ნაწილი მიემხრო ამ მიმართვას. ხოლო პოლიტიკოსების მეორე ნაწილს (ნინო ბურჯანაძე, სალომე ზურაბიშვილი, ეკა ბესელია, ეროვნული ფორუმი, კონსერვატორები)
და მათ მომხრეებს მიაჩნდათ, რომ ჯერ უნდა გადადგეს სააკაშვილი, შეიცვალოს საარჩევნო ადმინისტრაცია, გაჯანსაღდეს მედია და მხოლოდ ამის შემდეგ აქვს აზრი ლაპარაკს ახალ არჩევნებზე. ოპოზიციის ორივე ამ ნაკადმა 9 აპრილს ერთად მოიყარა თავი.
ვიდრე 9 აპრილზე გადავიდოდეთ, ორიოდე სიტყვა ამ ორ ოპოზიციურ პოზიციაზე: თითოეულ მათგანში იყო თითო კითხვის ნიშანი, რომლის პასუხიც არ ჩანდა. გაუგებარი იყო, რატომ უნდა დაენიშნა სააკაშვილს ვადამდელი არჩევნები (რომელშიც თვითონ ვეღარ მიიღებდა მონაწილეობას)? ასევე გაუგებარი იყო ბევრი ხალხის დანახვაზე რატომ უნდა გადამდგარიყო? გაუგებარი იყო იმიტომ, რომ ოპოზიციონერები არ ემუქრებოდნენ სააკაშვილს არაფრით, თუ ის მათ მოთხოვნებს არ შეასრულებდა - ძალადობა მათთვის მიუღებელი იყო. შესაბამისად, წაყენებული მოთხოვნების შესრულება მხოლოდ სააკაშვილის და მისი გუნდის კეთილ ნებაზე ხდებოდა დამოკიდებული. გაუგებარი იყო, რატომ უნდა გასჩენოდა სააკაშვილს და მის გუნდს ხელისუფლების მიტოვების სურვილი? ამ კითხვებს აყენებდნენ ჟურნალისტები ოპოზიციონერების წინაშე, მაგრამ ლოგიკურად გამართული პასუხი არ ისმოდა (მომავალში ვნახავთ, რომ ეშმაკი სწორედ უპასუხოდ დარჩენილ კითხვებში ზის ხოლმე). რაც შეეხება ოპოზიციას, სავარაუდოა, რომ ის ლოგიკით კი არა, ანალოგიებით ხელმძღვანელობდა. ხალხის დანახვაზე გადადგა შევარდნაძე და, ანალოგიურად, სააკაშვილიც გადადგებაო. 2007-ში ხალხის მოთხოვნით სააკაშვილმა დანიშნა არჩევნები და, ანალოგიურად, ახლაც დანიშნავსო და ა.შ. განსხვავებებს ადრინდელ პირობებსა და იმჟამინდელს შორის ეგზალტირებული ოპოზიცია ვერ ხედავდა. ეგზალტაციამ იმატა 9 აპრილის შემდეგ.
9 აპრილს ქალაქის სხვადასხვა უბანში სხვადასხვა პარტიამ დაიწყო თავმოყრა. ორი საათისთვის ყველა მათგანი თავთავისი პარტიული დროშებით დაიძრა პარლამენტის შენობისკენ ქალაქის ცენტრში. ხალხის სიმრავლემ მთელი რუსთაველის პროსპექტი გაავსო (ამბობდნენ, მომოტინგეთა რაოდენობა 200 000-ის ფარგლებში იყოო). პარლამენტის წინ გაკეთდა ტრიბუნა და დაიწყო პოლიტიკური ლიდერების გამოსვლები. ყველა გამოსვლაში აღწერდნენ აგვისტოს ომის უბედურებებს და შემდეგ ამთავრებდნენ იმით, რომ სააკაშვილი უნდა გადადგეს. თითქმის ყველა ლიდერს და მის გამოსვლას ხალხი აღფრთოვანებული ტაშით ხვდებოდა.
მხოლოდ ორი გამოსვლა ნაწილობრივ ამოვარდა ზოგადი ერთსულოვნების ამ სურათიდან. როცა მიკროფონთან მივიდა ბურჯანაძე, ხალხი მას სტვენით შეხვდა. ბურჯანაძემ მშვიდად დაიცადა და სიჩუმის დადგომის მერე თვითონ ჩამოთვალა და შეცდომად აღიარა ის ფაქტები, რასაც შეცდომად უთვლიდა მას ეს ხალხი, შემდეგ კი შეურიგებელი ბრძოლისკენ მოუწოდა მათ. მისი სიტყვა ტაშით დასრულდა. მეორე ინციდენტი მოხდა ალასანიასთან დაკავშირებით. მიკროფონთან ტაშით მისულმა ალასანიამ ჩამოაყალიბა თავის პოზიცია, რომ უნდა მოვითხოვოთ არა პრეზიდენტის გადადგომა, არამედ რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებიო. ხალხმა სტვენა დაუწყო. საშველად მოსულმა ლევან გაჩეჩილაძემ მიტინგი დაარწმუნა, რომ აქ მხოლოდ ფორმულირებების სხვაობა იყო და მეტი არაფერი. მთელი მიტინგი, განსაკუთრებით კი - ეს ორი ინციდენტი, მკაფიო დასტურია იმისა, რომ 9 აპრილს ყველაზე რადიკალური იყო ოპოზიციურად განწყობილი ხალხი, ის ელოდებოდა მხოლოდ ერთს - სააკაშვილის გადადგომას და ნებისმიერი რამ, რაც არ თავსდებოდა ამ მოლოდინში, მისთვის მიუღებელი იყო. ამის ხაზგასმა საჭიროა, რადგან სახელისუფლო მედია ირწმუნებოდა, რადიკალურია მხოლოდ ოპოზიცია და ხალხი მას მიჰყვებაო.
პროტესტი ძალადობის გარეშე ისტორიაში ხშირად არ გვხვდება. კლასიკური და იშვიათი მაგალითია ინდოეთი, სადაც მაჰათმა განდის ტიტანური ძალისხმევის შედეგად პროტესტმა ძალადობის გარეშე ჩაიარა და მიაღწია შედეგს. 9 აპრილს ოპოზიცია განდის გზას ადგა, მაგრამ ეგზალტაციის გამო ისევ არ ითვალისწინებდა, რომ ეს გრძელი გზაა და არ შეიძლება გააჩინო მოლოდინი სწრაფ შედეგზე. ეს ნაწილობრივ გაცნობიერდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც დაინახეს, რომ 9 აპრილის დიდი მიტინგის გამო სააკაშვილი არ გადადგა. ცხადი იყო, რომ პროცესს უნდა გაეძლო დროსთვის. ოპოზიციამ „უცნობის“
სიმბოლო აიტაცა და აქციის შენარჩუნებისთვის საკნის ფორმის კარვები დადგა პარლამენტის შენობასთან, საზოგადოებრივ მაუწყებელთან და პრეზიდენტის კანცელარიასთან. პირველ ორ ადგილას „საკნები“ ისე იყო, რომ ტრანსპორტის მოძრაობის მთავარ მაგისტრალებს ბლოკავდა. ოპოზიცია თვლიდა, რომ მოსახლეობა გაუძლებდა ამ სირთულეებს, ხელისულება კი ვერა და გადადგებოდა. აქაც ჩნდება კითხვა - თუ მოსახლეობა გაგებით მოეკიდებოდა ცხოვრების გაძნელებას, ხელისუფლება რატომ შეწუხდებოდა და გადაწყვეტდა გადადგომას? კითხვა ისევ უპასუხოდ იყო დარჩენილი.
ხელისუფლებამ შექმნილი მდგომარეობა ოპოზიციაზე უფრო ადრე შეაფასა და გამანეიტრალებელიც მოუძებნა. პარლამენტის სპიკერის მოადგილემ მიხეილ მაჭავარიანმა ერთერთმა პირველმა თქვა - „ეს ნერვების ომიაო“. ამ შეფასებიდან ცხადი იყო, რომ ხელისუფლება პასიურობით გაწელავდა დროს. მართლაც, მან დედაქალაქი დაუთმო ოპოზიციას. პრეზიდენტი მინისტრებს და ელჩებს იღებდა გარეუბანში მდგარ შინაგან საქმეთა სამინისტროში. დღის განმავლობაში ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან არანაირ ზეწოლას მომიტინგეებზე არ ჰქონდა ადგილი.... სამაგიეროდ, ღამით, ჯიპებში ჩამსხდარი ნიღბიანი ადამიანები მიტინგების სიახლოვეში იჭერდნენ განმარტოვებულ მომიტინგეებს და დაუნდობლად სცემდნენ. დაგროვდა ამგვარი ძალადობის უამრავი ფაქტი, რომელთაგან ხელისუფლებამ ვერცერთის გამოძიება „ვერ მოახერხა“, რამაც საფიქრებელი გახადა, რომ ღამის რეპრესიებს სწორედ ხელისუფლება ატარებდა. ეს, ერთი შეხედვით, უგუნური საქციელი კარგად იყო გათვლილი - ის მშიშრებს დააშინებდა, ხოლო გაბედულებს ნერვებს მოუშლიდა. ნერვების მოშლა კი ცუდ სამსახურს გაუწევდა ოპოზიციას ნერვების ომში. შედეგიც შესაბამისი მოჰყვა.
6 მაისს მიტინზე მოვიდა „უცნობი“ ორი ბიჭის წერილით, რომლებიც პოლიციელებმა დაიჭირეს მიტინგის შორიახლოს. ბიჭები წერდნენ - პოლიცია გაუპატიურებით გვემუქრებაო. აღშფოთებული „უცნობი“ და ხალხი პოლიციის მთავარი სამმართველოსკენ დაიძრა. იქ კი ყველაფერი ისე იყო მოწყობილი, რომ აღშფოთება პოლიციაზე თავდასხმაში გადაზრდილიყო. „უცნობმა“ ხალხი შეაჩერა და მხოლოდ თვითონ გადავიდა ღობეზე წერილის გადასაცემად (პოლიციელებით გავსებული ეზოდან კარებს არავინ აღებდა და ღობეს არავინ უახლოვდებოდა). „უცნობი“ გონების დაბინდვამდე სცემეს წიხლებით, ხოლო დანარჩენ ხალხს რეზინის ტყვიები დაუშინეს ფანჯრებიდან. ტყვიებს თავში უმიზნებდნენ, განსაკუთრებით პოლიტიკურ ლიდერებს. ერთერთმა მომიტინგემ თვალი დაკარგა.
სნაიპერების ფანჯრებთან ყოფნა მიუთითებს, რომ ხელისუფლება მზად იყო ამ ოპერაციისთვის და ბიჭების წერილი სატყუარას როლს ასრულებდა. ამ ინციდენტმა გამოავლინა ხელისუფლების სტრატეგია იმ მომენტისთვის - მოეხდინა მომიტინგეთა პროვოცირება ძალადობაზე, რომ თვითონაც ძალის გამოყენების კანონიერი საბაბი მისცემოდა.
ამ სტრატეგიას ხელს უწყობდა ზოგიერთი ის ელჩიც, რომელიც მეორე დღესვე გაძახოდა - ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები მოსახლეობის ძალზე მცირე ნაწილია, თანაც პოლიციაზე თავდასხმა დაუშვებელიაო. სავარაუდოა, რომ მომიტინგეთა რაოდენობისა და 6 მაისის ინციდენტის ამგვარი ვერსია მათ ხელისუფლებისგან მიიღეს და საჭიროდ აღარ ჩათვალეს გადამოწმება.
საერთოდ, აპრილის მოვლენების მიმართ ელჩებისა და უცხოეთის დამოკიდებულება ცალკე თემაა. აშკარად იგრძნობოდა, რომ დასავლეთისთვის მიუღებელი იყო ეს საპროტესტო აქციები. უცხოელებმა მათთვის მოსაწონ ბურჯანაძესთან კონტაქტსაც კი უკლეს მას შემდეგ, რაც ის მიტინგებში აქტიურად ჩაერთო. ოპოზიციონერებმა აღიარეს ის პრობლემა, რომ უცხოელებს მათი არ ესმით და დაიწყეს უფრო აქტიური დიალოგი უცხოელებთან. ამ დიალოგებში ოპოზიცია სულ უფრო ხშირად უსვამდა ხაზს, რომ დასავლეთი ამგვარი პოლიტიკით შეინარჩუნებს სააკაშვილს, რომელიც ღამ-ღამობით არბევს მომიტინგეებს, მაგრამ დაკარგავს ქართველი ხალხის კეთილგანწყობას დასავლეთის მიმართ. ამ რეპლიკაზე დიპლომატებს პასუხი არ ჰქონდათ, მაგრამ როგორც ჩანს, რაღაც რეაქცია მაინც მისცეს, რადგან ოპოზიციის მათთან კონტაქტის შემდეგ ღამის დარბევები შეწყდა. მეორეს მხრივ, „ალიანსისთვის“ დასავლეთის კრიტიკული განწყობა კიდევ ერთი არგუმენტი გახდა იმისა, რომ სხვა ჯგუფების რადიკალიზმი არ გაეზიარებინა.
ხელისუფლებამ სტრატეგია ოდნავ შეცვალა - ღამის პოლიტიკა მოხსნა და დღის პოლიტიკა დატოვა, ანუ ძალადობა შეწყვიტა და მიუშვა ოპოზიცია თავის ნებაზე. ამის ყველაზე მკაფიო მაგალითი 26 მაისი გახდა. „საკანი №5“-დან ახალი დათქმა გაკეთდა - საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს 26 მაისს ეროვნულ სტადიონზე შევიკრიბოთ, მსოფლიოს დავანახოთ, რომ ცოტანი არა ვართ და სააკაშვილი გადადგებაო.
მოძრაობის შეფერხების და სხვა სირთულეების თავიდან აცილების მოტივით პრეზიდენტმა ოპოზიციას დიალოგი შესთავაზა. 7 მაისს შედგა დიალოგი, რომელიც უშედეგოდ დასრულდა, დაპატიმრებული მომიტინგეებიც კი არ გაანთავისუფლეს. ოპოზიციის წინადადებების სანაცვლოდ პრეზიდენტი 11 მაისს საკონსტიტუციო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოვიდა.
დადგა 26 მაისი. ხელისუფლება თბილისში საერთოდ არ ჩანდა. სტადიონი გაივსო იმაზე ორჯერ მეტი ხალხით, ვიდრე „ვარდების რევოლუციის“ დროს იყო ქუჩაში (მაშინ სააკაშვილი შევარდნაძეს მიტინგიდან უძახდა - „35 ათასი ვართ. კიდევ რამდენი უნდა მოვიდეს, რომ გადადგეო?!“). ეგზალტაცია პიკს აღწევდა. თითქმის ყველა ოპოზიციონერმა იქ მოიყარა თავი. ხელში ატაცებული შემოყვანეს „უცნობი“. დაიწყო ლიდერების გამოსვლები, რომლებიც შინაარსით დიდად არ განსხვავდებოდა ადრინდელი მიტინგებისგან.
თვალშისაცემ გამონაკლისს წარმოდგენდა ერთი ფრაგმენტი: „ეროვნული ფორუმის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ სტადიონზე შეკრებილებს მოუწოდა აფხაზ და ოს ძმებს მივესალმოთო. სტადიონი ტაშით შეხვდა ამ მოწოდებას და პატივისცემის ნიშნად ფეხზე წამოუდგა აფხაზებს და ოსებს. ერთიანობის და თავისუფლების განწყობა სუფევდა მთელ სტადიონზე.
26 მაისი უსასრულოდ ვერ გაგრძელდებოდა, საჭირო იყო წერტილი. გია გაჩეჩილაძემ ხალხს შესთავაზა პატრიარქთან მივიდეთ, ის დალოცავს ჩვენ ბრძოლას და გვეტყვის რა გზას დავადგეთო. ხალხი დაიძრა სამების ტაძრისკენ. იქ მათ უსიამოვნო სიურპრიზი ელოდათ თბილისის მერის და სხვა რამოდენიმე მაღალჩინოსანი მოხელის სახით. პატრიარქმა, ჩვეულებისამებრ, დალოცა მისულები და სიმშვიდიკენ მოუწოდა ისე, რომ ოპოზიციური განწყობილება არ განუმტკიცებია. ხალხში უკმაყოფილების ტალღა დატრიალდა - უკმაყოფილო იყვნენ ოპოზიციის ლიდერებით, მთელ ქალაქის უშედეგოდ გავლით, ზოგი ეკლესიით უკმაყოფილებასაც არ მალავდა. გაისმა შეძახილები „ტელევიზიაში შევიდეთო“ და გაბრაზებული ხალხი დაიძრა საზოგადოებრივი მაუწყებლისკენ. ხალხის მოძრაობას ოპოზიციის ლიდერები (ძირითადად, ქალები) გადაეღობნენ და შეჩერებას ცდილობდნენ - ტელევიზიის შენობის აღება ხელისუფლებისგან ძალის გამოყენებას კანონიერს გახდიდა. რომ ვერაფერს გახდნენ, ოპოზიციონერებმა ნაკადს კალაპოტი შეუცვალეს - ხალხს მოუწოდეს რკინიგზა გადავკეტოთო. ხალხი დაყაბულდა. ის ღამე ლიანდაგებაზე გაათენეს ოპოზოციონერებმა და მათმა მომხრეებმა. ეს ღამეც იმის დასტური იყო, რომ რადიკალურ ოპოზიციაზე უფრო რადიკალური იყო მიტინგებზე მოსული ხალხი.
8 ივნისს პრეზიდენტმა საკონსტიტუციო კომისია შექმნა, სადაც საპარლამენტო პარტიები, ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციები შევიდნენ. კომისიის თავმჯდომარე ა.დემეტრაშვილი პროექტის დადებას წლის ბოლოსთვის ვარაუდობდა. ასეთი შორეული პერსპექტივა ქუჩაში შეკრებილმა ხალხმა კვლავ უშედეგობისთვის განწირულად ჩათვალა და შექმნილი ვითარების დაცინვად აღიქვა.
თავად ქუჩა კი კარგავდა ემოციურ მუხტს. გახშირდა ლაპარაკი იმაზე, რომ აღარ ჩანდა ხელისუფლების შეცვლის პერსპექტივა. გაუგებარი ხდებოდა, რისთვის იტანდა ქალაქი ცენტრალური ქუჩების გადაკეტვას. საკნისმაგვარ კარვებში დღის განმავლობაში აღარავინ იყო. დაგროვდა ნაგავი, რომელიც ქალაქის სამსახურებს პრინციპულად არ გაჰქონდა. დაიწყო თავად საპროტესტო აქციების კრიზისი და ოპოზიციამ უკან დაიხია. დიალოგის მომხრე ოპოზიციონერების ინიციატივით აიღეს „კარვები“ ტელევიზიასა და პრეზიდენტის რეზიდენციასთან. ოპოზიციის ერთერთმა თვალსაჩინო ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ მის „უცნობ“ ძმასთან ერთად შეამჩნიეს ხალხის უნდობლობა პოლიტიკოსების მიმართ და ივლისში შექმნეს საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველო“, სადაც იმ ინტელექტუალურ ელიტას მოუყარეს თავი, რომელთა სახელები მთელმა საქართველომ იცოდა. მათ საქართველოს დაცვა უნდოდათ, მაგრამ რითი, გაუგებარი იყო (ეს პარლამენტის თავმჯდომარის დ. ბაქრაძის იმ მოწოდებას წააგავდა, აგვისტოს ომის დროს ხალხს რომ მიმართა - სამზარეულოს დანებით და ჩანგლებით დაიცავით საქართველოო). ამ ტალ-კვესმაც ნაპერწკალი ვერ გააჩინა.
წელიწადის დროები პოლიტიკას არ ემორჩილება. მოდიოდა ზაფხული, როცა თბილისი დასასვენებლად მიდის, ანუ ქალაქიდან წავიდოდა ოპოზიციის დასაყრდენი - ხალხი. აქციების შემოდგომაზე განახლების მუქარით საყრდენ მოშლილმა ოპოზიციამ კარვები აიღო პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდანაც. საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი, 107-დღიანი საპროტესტო აქცია დასრულდა 24 ივლისს. მრავალი დაპირების მიუხედავად, იგი აღარ განახლებულა.
აპრილის მოვლენებიდან არსებობას განაგრძობდა მხოლოდ „საკანი №5“. ძველებური შემართება და ოპტიმიზმი აკლდა „უცნობს“. აღარც ინტელიგენცია ჩანდა ხშირად, თუ ჩანდა - ოპოზიციური მოსახლეობისთვის საიმედოს ვერაფერს ამბობდა. ხოლო მხოლოდ იმის გამეორება, რომ ხელისუფლება ცუდია, ამ გადაცემის მაყურებელს აღარ აკმაყოფილებდა. მას აღარ სჭირდებოდა დიაგნოზი, ის ელოდა რეცეპტს - წინადადებებს, როგორ შეიძლება შეიცვალოს ხელისუფლება.
ასეთი წინადადებაც გამოჩნდა - 22 სექტემბერს „ალიანსმა“ საჯაროდ დააფიქსირა, რომ ის იღებს მონაწილეობას პრეზიდენტის მიერ გამოცხადებულ თვითმმართველობის არჩევნებში, რათა თბილისის მერის თანამდებობიდან გააგრძელოს ბრძოლა ხელისუფლების სრული შეცვლისთვის. „უცნობისთვის“, რომელიც პრეზიდენტის გადადგომას აპრილში ელოდა, მიუღებელი იყო პრეზიდენტთან ბრძოლა მისი შენარჩუნებით და არჩევნებში მონაწილეობის თემაზე კამათს არაერთი სატელევიზიო ღამე მიუძღვნა. კამათებში აქტიურობის მიუხედავად გია გაჩეჩილაძეს მინც ეტყობოდა გამოუვალობისგან გაჩენილი სასოწარკვეთის ნიშნები. მისი სამკურნალოდ წასვლის მიზეზით გადაცემა შეწყდა. „უცნობი“, აპრილის უკანასკნელი მოჰიკანი, ქალაქიდან გაქრა.
2008 წლის აგვისტოს ომში ხელისფლება თავისი წინდაუხედაობით დამარცხდა. ამ ომის მიმართ პროტესტის დროს ოპოზიციამ ზუსტად იგივე შეცდომა დაუშვა - არ გაითვალისწინა მოვლენათა განვითარების ყველა შესაძლო სცენარი და ასევე დამარცხდა. მმართველმა გუნდმა აგვისტოს მოუთმენლობა აპრილის მოთმინებით, აგვისტოს წინდაუხედაობა აპრილის გამჭრიახობით, აგვისტოს მარცხი აპრილის გამარჯვებით გააწონასწორა და ხელისუფლება შეინარჩუნა. ოპოზიციამ კი სწორედ მოუთმენლობით და წინდაუხედაობით წააგო პოლიტიკური ომი, რომლის ჯარისკაცად თითქმის მთელი ინტელიგენცია და ასიათასობით მოქალაქე დადგა. ალბათ, აგვისტოშიც და აპრილშიც მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო - წააგო იმან, ვინც არ გააკეთა საჭირო გათვლები, ანუ ჩატარდა მძიმე გაკვეთილი პოლიტიკოსებისთვის, რომელმაც კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ პოლიტიკა ჭიდაობასთან ერთად ჭადრაკიც არის.
![]() |
15 გამოთხოვების წელიწადს თქმული |
▲ზევით დაბრუნება |
შალვა ფორჩხიძე
2009 წლის დეკემბერში გარდაიცვალა დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის ერთ-ერთი დამფუძნებელი, არასამთავრობო ორგანიზაცია Georgia for NATO-ს ხელმძღვანელი, პოლიტოლოგი შალვა ფორჩხიძე - პროფესიონალი, ღირსეული მოქალაქე, არაჩვეულებრივად კეთილგანწყობილი ოპტიმისტი
შალვა დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის მიერ გამოცემული პირველი კრებულის ერთ-ერთი ავტორი გახლდათ მას ამ კრებულის თანაავტორობის იმედიც ჰქონდა...
სამწუხაროდ, მხოლოდ ის შევძელით, რომ 2009 წლის განმავლობაში სხვადასხვა გაზეთში გამოქვეყნებული შალვა ფორჩხიძის ინტერვიუებიდან მცირე ფრაგმენტები შემოგვეთავაზებინა
„ღიმილის მომგვრელია ის აღტაცება, რომლითაც საქართველოს ხელისუფლება ნატოს ხელმძღვანელობის განცხადებას შეხვდა. დიახ, ნატოს კარი ღიაა საქართველოსთვის, მაგრამ განა ოდესმე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მესვეურებს რომელიმე ქვეყნისათვის უთქვამთ, ეს კარი დაკეტილიაო? ნატოს წესდების თანახმად, ნებისმიერ ევროპულ ქვეყანას აქვს უფლება და პერსპექტივა ნატოში შესვლისა. უბრალოდ, აქ ერთი ძირეული და მნიშვნელოვანი მომენტია გასათვალისწინებელი, რაზეც ნატოს მესვეურებს არაერთხელ უსაუბრიათ, თუმცა ჩვენი ხელისუფლება მათ ნათქვამს ჯიუტად არ აქცევს ყურადღებას.
საქმე ის გახლავთ, რომ ნატოს კარი არა შიგნიდან, არამედ გარედან იღება. შიგ შესვლის მსურველ სახელმწიფოს კი უნდა შესწევდეს მისი გამოღების უნარი, ვინაიდან კარი შიგნიდან არ არის ჩაკეტილი. ასე რომ, ბუნებრივია, ჩვენი დასავლელი პარტნიორები უარს არასოდეს გვეტყვიან.
ეს დაახლოებით ისეთივე შემთხვევაა, ვინმემ რომ თქვას, სამ თვეში ზაფხული მოვაო და ჩვენ საერთო-სახალხო ზეიმი გამოვაცხადოთ ამ „წინასწარმეტყველებასთან“ დაკავშირებით. საჭიროა კონტექსტი კარგად გავიგოთ, რომ რაიმე არ აგვერიოს. დიახ, აქცენტი უკრაინასა და საქართველოზე კეთდება, მაგრამ არა იმიტომ, რომ ამ ორ ქვეყანას ორგანიზაციის წევრობის განსაკუთრებული შანსი აქვს, უბრალოდ, ჯერ-ჯერობით ასეთ სურვილს მხოლოდ უკრაინა და საქართველო გამოთქვამენ. სხვას ამის სურვილი არ გამოუთქვამს, თორემ რომ გამოეთქვა, ბუქარესტის ნატოს სამიტის შემაჯამებელ დოკუმენტში იმასაც ჩაწერდნენ, აუცილებლად გახდება ნატოს წევრიო.
ნატოს წევრი აუცილებლად გახდება ნებისმიერი მსურველი ქვეყანა, რომელიც ამ ორგანიზაციის პარამეტრებს დააკმაყოფილებს და იმას გააკეთებს, რასაც ნატო ითხოვს. რომ არ ვაკეთებთ, ამაშია საქმე. რაც შეეხება რუსეთის მოქმედებათა დაგმობას, რატომ წარმოვაჩენთ ამ ყველაფერს ისე, თითქოს ეს ქართული დიპლომატიის დიდი მიღწევა იყოს. ჩვენი მიღწევა კი არ არის, ნატოს ინტერესებში არ შედის საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ბაზების განთავსება. ეს ის შემთხვევაა, როცა ჩვენი ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა.
(„ნატო და ევროპა „გმობენ“, რუსეთი ბაზებს მაინც აშენებს“. „კვირის პალიტრა“ 23 თებერვალი-1 მარტი 2009)
საქართველოში სტაბილურობა დემოკრატიის გარეშე შეუძლებელია
„ვფიქრობ, დასავლეთში უკვე მომწიფდა აზრი, რომ საქართველოში სტაბილურობა დემოკრატიის გარეშე შეუძლებელია და კიდეც უნდა მიიღონ პოლიტიკური გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით. ჩვენ არ ვართ ცენტრალური აზიის ქვეყანა, სადაც შესაძლებელია უსამართლო რეჟიმი გქონდეს და თან სტაბილურობა შეინარჩუნო. ჩვენი ხალხი, მისდა სასახელოდ, ამას არ ეგუება. ამის მაგალითია 2007 წლის შვიდი ნოემბერიც და 2008 წლის აგვისტოს მოვლენებიც, როდესაც არადემოკრატიულმა რეჟიმმა ქვეყანა ომში ჩააბა.
ამიტომაც, ვფიქრობ, დასავლეთმა უნდა მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ, თუ საქართველოში არ იქნება პლურალიზმი ხელისუფლებათა კანონზომიერი მონაცვლეობით, სტაბილურობაც ვერ იქნება. მან უნდა აიძულოს ჩვენი დღევანდელი ხელისუფლება, მისცეს გასაქანი ალტერნატიულ ძალას და შექმნას კონკურენტული გარემო, სადაც ვინც გაიმარჯვებს, ის მართავს ქვეყანას“.
(„ნატო და ევროპა „გმობენ“, რუსეთი ბაზებს მაინც აშენებს“
„კვირის პალიტრა“ 23 თებერვალი-1 მარტი 2009)
ტალიავინის დასკვნა ისეც და ასეც, რუსეთისათვის მეტად მძიმე და კრიტიკული იქნება, იმიტომ, რომ ის იქნება ობიექტური
„ტალიავინის დასკვნა ისეც და ასეც, რუსეთისათვის მეტად მძიმე და კრიტიკული იქნება, იმიტომ, რომ ის იქნება ობიექტური. როგორც უნდა ვთქვათ და ვის შეცდომებზეც უნდა ვისაუბროთ, ფაქტი ფაქტად რჩება - რუსეთმა აგვისტოში უდიდესი დანაშაული ჩაიდინა. ამავე დროს, ტალიავინის დასკვნა არც ჩვენი ხელისუფლებისათვის იქნება სასიამოვნოდ მოსასმენი და გასაგები, რადგან ისიც, რაც ჩვენ გავაკეთეთ აგვისტოში, საკმაოდ მძიმეა.
ალბათ, დასკვნის გამოქვეყნებისთანავე ჩაირთვება სახელისუფლებო პროპაგანდის მანქანა და ატყდება აჟიოტაჟი, თუ როგორ მოსცხო ტალიავინის კომისიამ რუსეთს. მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამავე დასკვნაში საქართველოს კრიტიკაც იქნება - ისევე, როგორც ეს საპარლამენტო ასამბლეის დასკვნაში, ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებებში იყო, როდესაც ეს ქვეყნები რუსეთს არაპროპორციული პასუხისთვის აკრიტიკებენ. თუ კაცმა ელემენტარული ქართული იცის, ისიც უნდა იცოდეს, „პასუხი“ რას ნიშნავს - ესე იგი, საქართველოსაც ეკისრება მოვლენათა ესკალაციის დაწყებისთვის პასუხისმგებლობა...
მე უფრო იმაზე ვწუხვარ, ამ და სხვა ფაქტების გამო, ისე არ გაგვიხდეს საქმე, რომ დასავლეთმა უკვე არა მხოლოდ ხელისუფლებას, მთლიანად ჩვენს ქვეყანას შეაქციოს ზურგი - ამათგან მაინც არაფერი გამოვაო. ეს კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება იმისკენ, რომ საქართველო საბოლოოდ დარჩეს მარტოდმარტო რუსეთის პირისპირ.”
(„ქართული „გასაბერი“ პოლიტმოწყობილობები...“
„კვირის პალიტრა“ 8 ივნისი, 2009)
შიდა პოლიტიკური დაპირისპირებისას ხელისუფლებას ყოველთვის მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება
„...შიდა პოლიტიკური დაპირისპირებისას ხელისუფლებას ყოველთვის მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება - არა იმიტომ, რომ რომელიმე ქვეყანაში ხელისუფლება ოპოზიციაზე უარესია; უბრალოდ, ხელისუფლებას გააჩნია მეტი ბერკეტი იმისათვის, რომ ვითარება განმუხტოს. და ის ვალდებულია, ეს ბერკეტები გამოიყენოს. ამიტომ პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, ხელისუფლებას ეკისრება პირველ რიგში, თუმცა ოპოზიციაც, ხანდახან დანის პირზე გადის ხოლმე. ჯერჯერობით ოპოზიცია ახერხებს ვითარების იმგვარად განმუხტვას, როგორც ეს მოხდა, მაგალითად, 26 მაისს, საღამოს.“
(„ვადამდელი არჩევნები, არჩევნები 2013-ში თუ რევოლუცია? „რეზონანსი“ 27 ივნისი 2009“)
დამდგარ წყალს შეიძლება ჭაობი დაარქვა და შეიძლება, მას დაარქვა ტბა
„შეიძლება დესტაბილიზაციისკენ წავიდეთ. ამას რევოლუცია დაერქმევა, თუ სხვა რამ, მე ვერ გეტყვით. მაგრამ რევოლუცია, როგორც წესი, წარმატებულ გადატრიალებას ერქმევა ხოლმე. წარუმატებელს მერე პუტჩი ერქმევა, ან კიდევ - რა ვიცი, ამბოხი და ათასი უბედურება... დესტაბილიზაციის სერიოზული საფრთხე არსებობს: უკმაყოფილების მუხტი არ ქრება, მიუხედავად იმისა, რომ სადღაც საკნები აიღეს. ხელისუფლება არაფრის დათმობას არ აპირებს. ვითარება დაძაბულობის ესკალაციისკენ მიდის. მერე კი... გააჩნია, ვინ რას დაარქმევს. დამდგარ წყალს შეიძლება ჭაობი დაარქვა, და შეიძლება მას დაარქვა ტბა. გააჩნია, ვინ რას დაარქმევს.”
(„ვადამდელი არჩევნები, არჩევნები 2013-ში თუ რევოლუცია? „რეზონანსი“ 27 ივნისი 2009“)
დასავლეთის შესაძლო რეაქციაზე რუსეთს იმ დროისათვის ნიადაგი უკვე მოსინჯული ჰქონდა
„ეჭვი მეპარება, რომ ცხინვალში ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების გაშლამდე მოსკოვმა წინასწარ შესაბამისი სიგნალები არ დაუგზავნა დასავლეთის ქვეყნებს. ცხადია, ამ სიგნალებში დეტალურად არ იქნებოდა აღწერილი, კონკრეტულად რას და როდის აპირებდა რუსეთის გენერალური შტაბი, მაგრამ სავარაუდო მოქმედებებზე ნამდვილად მიანიშნებდნენ... ეს არც იმას ნიშნავს, რომ 7 აგვისტომდე დასავლეთმა და რუსეთმა მოილაპარაკეს და ცხინვალის ბედი გაარკვიეს, მაგრამ დასავლეთის შესაძლო რეაქციაზე რუსეთს იმ დროისათვის ნიადაგი უკვე მოსინჯული ჰქონდა.
შეუძლებელია, კრემლს ეს არ გაეკეთებინა - ამას მხოლოდ ბრიყვი თუ ჩაიდენდა. ვიძახოთ, რუსები ბრიყვები არიან და ჟანგიანი ტანკები ჰყავთო, მაგრამ მთლად ასეც არ არის საქმე... მოსკოვში, ასე თუ ისე, აგვისტომდე, მაპატიეთ გამოთქმისთვის, მაგრამ უკვე „აზრზე იყვნენ“, რა რეაქცია მოჰყვებოდა მათ შეტევით ოპერაციებს საქარველოზე. მედვედევის რიხიანობის მიზეზი „შიდა მოხმარება“ გახლავთ - ეს „რიხი“ ნაწილობრივ რუს ამომრჩეველზე იყო გათვლილი, ნაწილობრივ კი უცხოეთზე, - ჩვენ მაინც ჩვენსას მივაღწიეთო. და მართლაც, - რუსებმა სამხედრო გამარჯვებას მიაღწიეს, ამჟამად კი ამ გამარჯვების პოლიტიკურ კაპიტალში გადაყვანის პროცესი მიმდნარეობს. რითი დამთავრდება ყველაფერი, ძნელი სათქმელია. დარწმუნებული ვარ, რუსეთი დიპლომატიურ ასპარეზზე აქტიურ მუშაობას აგრძელებს იმისთვის, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების პროცესში მარტო არ დარჩეს. ამგვარი მცდელობა ჯერ-ჯერობით წარუმატებელია, მაგრამ რუსეთი კარგად აცნობიერებს, რომ ეს პროცესი ხანგრძლივი და რთული იქნება და ამისთვის მზად არის.
ჩვენც უნდა გავაცნობიეროთ, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესი უაღრესად რთული და ხანგრძლივია და იმ შემთხვევათა რიგს არ მიეკუთვნება, როდესაც სახელმწიფოს სწრაფი წარმატების იმედი შეიძლება ჰქონდეს“.
(„რუსეთი საქართველოს შეიარაღებას წინ ვერ აღუდგება“.
„კვირის პალიტრა“ 10-16 აგვისტო 2009)
არაფერიც არ ჩამოიშლება თავისით
„ხელისუფლების თანაზომადი ძალა არც ერთ ოპოზიციურ ძალას არ აქვს - იმიტომ, რომ ხელისუფლება შეეზარდა სახელმწიფოს. იგივე სურათია, რაც კომუნისტების დროს იყო: პარტია და სახელმწიფო ნიშნავდა ერთსა და იგივეს. როდესაც ამბობენ, ოპოზიცია სუსტიაო, ვისთან შედარებითაა სუსტი, ისიც დააზუსტონ: „ნაცმოძრაობასთან“ შედარებით? თუ სახელმწიფოსთან შედარებით? „ნაცმოძრაობასთან“ შედარებით შეიძლება, არ არის სუსტი: ჯერ ცალ-ცალკე არ დაჭიდებიან ერთმანეთს. სახელმწიფოსთან შედარებით კი სუსტი იქნება, რასაკვირველია...
კომუნისტებს ეგ ჰქონდათ! არაფერიც არ ჩამოიშლება თავისით. ძალიან კარგად იარსებებს კიდევ მრავალ წელს. ადამიანის ბუნების წინააღმდეგ მიმართულ რეჟიმებსაც შეუძლიათ ძალიან დიდხანს იარსებონ. კომუნისტებს სხვა არაფერი ჰქონდათ. კი, უჭირდა საბჭოთა კავშირს, ტალონებიც იყო, მახსოვს, როგორ დავრბოდი კარაქისა და კვერცხის საყიდლად ტალონებით ხელში და გაყინული დამპალი ხორცის საყიდლად, მაგრამ არსებობდა ის ქვეყანა.
რომ არა დასავლეთის ზეწოლით შიგნიდან ნგრევა, ავად თუ კარგად, კიდევ დიდხანს იარსებებდა. აქაც იგივეზე დგას სახელმწიფო: რეპრესიული აპარატი და ტვინების გამოლაყება.”
(„არაფერიც არ ჩამოიშლება თავისით.“
„რეზონანსი“, 24 აგვისტო, 2009)
იმასთან შეხვედრაა საჭირო და აუცილებელი, ვისთანაც პრობლემები გაქვს
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ტრიბუნას საკმაოდ პრაქტიკული მნიშვნელობა და დატვირთვა აქვს... ეს არის ორმხრივი, თუნდაც კულუარული შეხვედრები. რამდენადაც ვიცი, ამჯერად ეს შანსი გამოყენებული არ ყოფილა, ისევე, როგორც არ გამოგვიყენებია გასულ წლებში, რადგან ხელისუფლება ასეთ საკითხებს ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებს ხოლმე... როდესაც ამ ტიპის შეხვედრებზე ვსაუბრობ, სულაც არ ვგულისხმობ ობამასთან ან სხვა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან შეხვედრას. თავისთავად, კრიტიკისათვის ძალზე მოსახერხებელია იმაზე აპელირება, რომ ობამასთან შეხვდრა ვერ მოხერხდა. დიპლომატიაში მუშაობის თორმეტწლიანი გამოცდილებიდან კარგად ვიცი, რომ ასეთი დონის შეხვედრის ორგანიზება არც ისე იოლია. თავისთავად ის ფაქტი, რომ ობამასთან შეხვედრა ვერ მოხერხდა, იმას არ ნიშნავს, რომ ამერიკელებმა ზურგი გვაქციეს.
მე უფრო სხვა შეხვედრებს ვგულისხმობდი - კეთილმოსურნეებთან კი არა, ავისმზრახველთან შეხვედრას. ასეთი დონის საერთაშორისო ღონისძიებები იმით არის მოსახერხებელი, რომ საგანგებოდ არ ამზადებ ამ შეხვედრას, რაკიღა ყველა იქ არის, ეს თავისთავად, ყოველგვარი არასასურველი კომენტარისა და აჟიოტაჟის გარეშე შეიძლება მოხდეს. ვფიქრობ, ასეთივე შეხვედრები და მუშაობა იყო საჭირო პოსტსაბჭოთა სივრცის იმ ქვეყნებთანაც, რომლებიც რუსეთის ე.წ. სატელიტები არიან და რომლებზეც ამჟამად მოსკოვის აქტიური ზეწოლა მიმდინარეობს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობის თვალსაზრისით. რამდენადაც ჩემთვის ასამბლეის მიმდინარეობის შესახებ არის ცნობილი, ასეთი შეხვედრის ორგანიზება არ მომხდარა. ზოგადად, არა მხოლოდ გაეროს კონტექსტში ვგულისხმობ: იმასთან შეხვედრა კი არ არის საჭირო, ვისთანაც უკვე ყველაფერი გარკვეული გაქვს და იცი, ერთმანეთისგან რა გსურთ, არამედ იმასთან შეხვედრაა საჭირო და აუცილებელი, ვისთანაც პრობლემები გაქვს“.
(„სასოწარკვეთილი ნაბიჯი, თუ თავისუფალი არჩევანი“
„კვირის პალიტრა“ 28 სექტემბერი, 2009)
![]() |
16 ლიბერალიზმი დემოკრატიის გარეშე |
▲ზევით დაბრუნება |
ზაზა ფირალიშვილი
შალვა ფიჩხაძის ხსოვნას
ძალიან ცუდი იქნება, თუკი იოლად დავივიწყებთ ადამიანებს, რომლებსაც უფლის ნებით შევხვდით ამქვეყნად და ერთად მოგვიწია მსახურება - მითუმეტეს, თუ ერთი თაობის წარმომადგენლები ვართ - თაობისა, რომელსაც ისტორიის ახირების ძალით ეპოქებს შორის ხიდის როლის შესრულება მოუწია და ვისი ძალისხმევაც ყველაზე ნაკლებად არის საჩინო. ამ თაობამ ხომ თითქოს ყველაფერი გააკეთა საიმისოდ, რომ ქვეყანას თავი აერიდებინა ნაციონალ-უტოპისტური თუ ნაციონალ-ნიჰილისტური, ფუნდამენტალისტური თუ ლაიცისტური, ნაციონალ-ფეტიშისტური თუ პოსტლიბერალური და კიდევ სხვა მრავალი უკიდურესობებისაგან.
ძნელია იმის თქმა, თუ რამდენად მოახერხეს ეს. ერთი ცხადია, ამ თაობას ჰყავდა რამდენიმე ათეული წარმომადგენელი, რომლებიც ძალას არ იშურებდნენ და სიმართლეს ამბობდნენ მაშინ, როდესაც მისი თქმა სახიფათო, უფრო მეტიც - უადგილო იყო. ჩანს, არის რაღაც ბავშვურად ჯანსაღი და უეშმაკო ამ ადამიანებში. მათ სწამდათ ის, რისიც ცოტას თუ ვინმეს სწამს - რომ ჭეშმარიტება ყველაფერზე მაღლა დგას, რომ არც ერთი ყველაზე მომხიბლავი პოლიტიკური იდეა თუ იდეოლოგია არ ღირს საიმისოდ, რომ ჭეშმარიტებას, ქვეყანასა და საზოგადოებას ავნო, რომ შენი ქვეყანა არ არის შენი მესიანისტური ვნებათაღელვის დაკმაყოფილების ადგილი და სხვანი. თითქოს სრულიად ცხადი გარემოებებია და მაინც, მემკვიდრეობით მიღებული საბჭოური პლებეიზმი არ გვაძლევს საშუალებას, არისტოკრატული ღირსებით არ მივიღოთ ის, რისი მიღებაც დაუშვებელია და მივიღოთ ის, რაც გონებისა და ზნეობის კანონებს შეესაბამება. ძნელია ეს, მით უფრო, რომ გაბატონებულა მარადი პლებეური ფორმულა: ახლა ასეა საჭირო, ახლა ასე უნდა ვიფიქროთ, ვილაპარაკოთ და ვიმოქმედოთ. შედეგად კი მივიღეთ ის, რაც მივიღეთ.
შალვა ამ თაობის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი იყო. 2001-2005 წლებში ორ კვირაში ერთხელ რეგულარულად ვხვდებოდი. ოცამდე ადამიანს მერაბ მამარდაშვილის სახელობის არაფორმალური კლუბი გვქონდა. რომელიმე ჩვენგანი ამზადებდა მოკლე მოხსენებას და შემდეგ ვმსჯელობდით. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს საქმიანობაში რამდენიმე ჟურნალისტიც იყო ჩართული, თუ არ ვცდები, ერთხელაც არ გაგვიხმაურებია მის შესახებ. ეს უფრო თანამოაზრეთა თავმოყრას ჰგავდა, ეს უფრო მცდელობა იყო ჩვენთვის, მასმედიის თვალის გარეშე გავრკვეულიყავით, თუ რა ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში.
პირადად მე იმის წინააღმდეგიც ვიყავი, რომ კლუბისათვის რაიმე დაფინანსება გვეშოვნა და, როგორც მახსოვს, შალვაც მეთანხმებოდა. ძალიან არ გვინდოდა, რომ კლუბის შეხვედრები დამსგავსებოდა ასე მომრავლებულ სემინარებსა და ვორკშოფებს, რომლებიც, უმალ, იმპორტირებული კონცეფციებისა და სავალდებულო სიცხადეების ათვისებასა და გავრცელებას ემსახურება, ვიდრე ძიებას. ბოლოს და ბოლოს, საკითხი ასე დგებოდა: შეგვეძლო თუ არა ჩვენ ჩვენი ნებითა და წადილით, ყოველგვარი პოლიტიკური თუ ფინანსური მოტივაციისა თუ ბიძგის გარეშე, შევკრებილიყავით და გვეფიქრა იმაზე, რაზე ფიქრსაც საჭიროდ ვთვლიდით. ეს უნდა ყოფილიყო ყოველგვარი გარე ვალდებულებისაგან თავისუფალი სივრცე, ადგილი, სადაც არაფერი შეგვიშლიდა ხელს საკუთარი თავი ჩვენი ქვეყნის პატრონებად გვეგრძნო და საკითხი დაგვესვა ისეთ გარემოებებზეც, რაც საჯარო სივრცეში რომ უკვე აღარ ისმება - ყველამ იცის, თუმცა კი ნაკლებად აქვთ წარმოდგენა, თუ რას ნიშნავს. ჰოდა ჩვენც ხელახლა ვსვამდით კითხვებს დამოუკიდებლობის, რელიგიის, დემოკრატიის, ლიბერალიზმის, ამერიკანიზმისა თუ რუსოფილიის, ნაციონალიზმისა და სხვათა შესახებ. ჩვენს გარემოში არ უნდა ეარსება სავალდებულო სააზროვნო ნორმებს.
შალვას ერთმა თვისებამ იმთავითვე მომხიბლა: მას ჰქონდა უნარი, მართლად და პატიოსნად ეაზროვნა, მართალი და პატიოსანი პოზიცია ჰქონოდა მაშინაც კი, როდესაც სხვები უკვე შეთანხმებულები ვიყავით რამეზე. მას ჰქონდა ის თვისება, რისი დეფიციტიც ასე მწვავეა ჩვენს პოლიტიკურ გარემოში: პოლიტიკურ ინტერესებზე მაღლა დამდგარიყო და ეჭვი გამოეთქვა მაშინ, როდესაც ეს ეჭვი მის ინტერესებს უპირისპირდება.
ამ რამდენიმე თვის წინ თავის რადიოგადაცემაში მიმიწვია. გაზაფხული იყო და პოლიტიკური ვნებათაღელვა ზენიტში გახლდათ. მე არც ერთ პოლიტიკურ ჯგუფს არ მივაკუთვნებდი თავს და არ ვმალავდი, რომ ეჭვი მეპარებოდა ოპოზიციის პოლიტიკურ პერსპექტივაში. ბედნიერი ვიყავი, როდესაც ეს დამიდასტურა მან - კაცმა, რომელიც მჭიდროდ იყო დაკავშირებული ოპოზიციურ ძალებთან. მაშინ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, თუ როგორი უცხო იყო მისთვის უკვე ნახსენები მდაბიური პრინციპი: ახლა ასეა საჭირო. საქართველოში დღეს სანთლით არის საძიებელი ასეთი კეთილშობილება. ჩვენში ძალზე ცოტაა ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს უფლებას აძლევს, იფიქროს ისე, როგორც მას ჰკარნახობს გონებისა და ზნეობის კანონები და არა ისე, როგორც „საჭიროა“. ეს იყო ნათელი, თანამიმდევრული და კეთილშობილი აზროვნების ყაიდის ადამიანი.
მისთვის ამერიკანიზმი არასოდეს ნიშნავდა ფუქსავატურ აღტაცებას და, მითუმეტეს, იმგვარ უტოპიურ აზროვნებას, როდესაც საკუთარ მჭლე და ზერელე ოცნებების პროექცირებას ახდენენ არსად და არასოდეს არსებულ ამერიკაზე.
ვინმე სერიოზულ ამერიკელს დღეს რომ გაეგო, თუ როგორ ესმით ჩვენი თვალსაჩინო „ზაპადნიკების“ დიდ ნაწილს, ამერიკული ცხოვრების ყაიდა - შეიძლება შეძრწუნებულიყო. წარმოიდგინეთ, რა ხასიათზე დადგებოდა იგი იმის აღმოჩენით, რომ ჩვენს „ზაპადნიკებს“ აზრად მოუვიდათ, ამოსავალ პრინციპებად მიეჩნიათ ის, რომ ჩვენში, ჩვენს კულტურულ გარემოში არასოდეს არაფერი ღირებული არ შექმნილა და არც შეიქმნება, რომ დემოკრატიისა და ლიბერალიზმის გასავითარებლად აუცილებელია ტრადიციების ნგრევა, საბოლოოდ, ადამიანის გასათავისუფლებლად ლიბერალიზმისათვის ხელისშემშლელი მეტაფიზიკური ტკივილისაგან საჭიროა (რაც თავისი თავქარიანობით ყველაზე მეტად მაოგნებს), სექსუალური რევოლუცია ზემოდან.
სხვისი არ ვიცი და მე ვერაფრით დამიკავშირებია ერთმანეთთან ამგვარი ჩეგევარიზმი და ამერიკანიზმი. არადა, საქართველოში დღეს სწორედ ამ ორის შეთავსებას ცდილობენ.
ნათქვამია, საშინელებაა დიდი იდეები პატარა თავებშიო. შალვას ჩემთან უთქვამს, თუ რა საფრთხეს შეიცავს მავანთა მცდელობა, ჩვენი ქვეყანა მათ მჭლე წარმოსახვაში არსებულ ჰოლანდიურ სოფელს დაამსგავსონ. დასავლური ორიენტაცია მისთვის ქვეყნისა და პიროვნების ხსნის შანსი იყო, და არა იდეოლოგიური თუ პოლიტიკური კონიუნქტურა თავისი დოგმატებითა და მრწამსით (მამარდაშვილის სიტყვებს გავიმეორებ), ახალ ტყვეობას რომ პირდება ადამიანებს. სწორედ ამგვარ მდაბიურად გაგებულ, ფუქსავატ ამერიკანიზმს კი გარდუვალად მოსდევს ის, რასაც ერთხელ (მაპატიეთ თვითციტირება) ლიბერალიზმი დემოკრატიის გარეშე ვუწოდე.
არ ვაჭარბებ: ყოველი ისეთი ადამიანი, როგორიც შალვა ფიჩხაძე იყო, საკუთარი საზოგადოების კაპიტალია. მნიშვნელობა არა აქვს, ვეთანხმებით მას თუ - არა. მთავარი აქ სხვა რამეა. მთავარი ის არის, რომ ასეთი ადამიანები ჩვენ აზროვნებისა და ქცევის მაღალ კრიტერიუმებს გვთავაზობენ და ამით ჩვენს ცხოვრებას სულ მცირედით მაინც უკეთესს ხდიან. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანას აკლია ასეთი ადამიანები - ისინი, ვისაც შეუძლია ადამიანის ღირსება განასახიეროს თუნდაც იმით, რომ მართლად და პატიოსნად იაზროვნებს მაშინ, როდესაც ყველაფერი ამის წინააღმდეგ არის მიმართული და უარს იტყვის იმ თავქარიან ინტელექტუალურ კარნავალში მონაწილეობაზე, რომელსაც ჩვენში ზოგჯერ აზროვნებას ეძახიან.
![]() |
17 მითების დასასრული |
▲ზევით დაბრუნება |
კახა კაციტაძე
აგვისტოს კატასტროფის შედეგები კიდევ დიდხანს, ძალიან დიდხანს იქნება ჩვენი საზოგადოების კვლევის საგანი. არც ერთი ჭკუათმყოფელი ადამიანი არ იდავებს იმაზე, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ, უბრალოდ, ვერ გაუძლო იმ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც ის 2008 წლის აგვისტოში დადგა. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ აგვისტოს კატასტროფამდე მოვლენათა განვითარების, ერთი შეხედვით, აბსურდულმა ჯაჭვმა მიგვიყვანა, რომელიც საბედისწერო თანამდევია საქართველოს ისტორიისა, დღიდან დამოუკიდებლობის გამოცხადებისა.
ამ პროცესების, ისე როგორც ხელისუფლების დანაშაულებრივი შეცდომების კვლევა სცილდება ჩვენს კომპეტენციას. თუმცა, ამით ჩვენი მიზანი ნაკლებ აქტუალური არ ხდება, ვინაიდან ვაპირებთ შევეხოთ იმ საბედისწერო სტერეოტიპებს, რომლებმაც არსობრივად განაპირობეს ჩვენი მარცხი 2008 წლის აგვისტოში. ამ სტეროტიპებზე და მათგან გამომდინარე ქმედებებზე არა მხოლოდ ხელისუფლება აგებს პასუხს, არამედ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილიც. საქმე ეხება იმას, თუ როგორ აღიქვამდა ჩვენი მთავრობა და ჩვენი საზოგადოება მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს.
გლობალურ თუ რეგიონალურ დონეზე მიმდინარე პროცესების შეუფასებლობა როგორც ხელისუფლების, ისე საზოგადოების მხრიდან, აგვისტოს კატასტროფის ერთ-ერთ უმთავრეს მიზეზად იქცა. არადა საკითხი, თუ რამდენად განაპირობეს ჩვენი ელიტის და საზოგადოების დიდი ნაწილის მიერ მსოფლიოში მიმდინარე პროცესების უპრიმიტიულესმა აღქმამ ჩვენი კრახი, საზოგადოების განხილვის საგანი არც გამხდარა.
ჩვენი ძირითადი თეზისი შემდეგია: ჩვენი კრახი სრულიად ლოგიკური იყო, ვინაიდან ჩვენ საერთაშორისო ურთიერთობებში მიმდინარე პროცესებს ვუყურებდით სრულიად არაადეკვატური სქემებით და შესაბამისად, ვაკეთებდით სრულიად არაადეკვატურ დასკვნებს. ამასთან, ჩვენი ხედვები და დასკვნები რუსული მხარის ხედვების და დასკვნების სარკისებრ ასახვას წარმოადგენდა. ამასთან, ქართული მხარე სიტუაციის განხილვისას სამი ძირითადი პოსტულატიდან გამოდიოდა:
1. სულ მცირე ერეკლეს დროიდან მომავალი და შევარდნაძის მიერ გაცოცხლებული თეზისიდან იმის შესახებ, რომ საქართველომ უნდა იშოვნოს „კარგი პატრონი“, რომელიც „ცუდი პატრონისაგან“ დაგვიცავს;
2. კლასიკური გეოპოლიტიკური სკოლის პრინციპიდან, რომელიც ამტკიცებს, რომ გეოგრაფია ცალსახად, ერთმნიშვნელოვნად და სამარადჟამოდ განსაზღვრავს პოლიტიკის ხასიათს.
3. თეზისიდან, რომ საქართველოს უნიკალური მდებარეობა თავისთავად არის გარანტია იმისა, რომ დასავლური სახელმწიფოები არ დაუშვებენ რუსეთის აგრესიას (ეს, როგორც მოვლენების განვითარებამ გვაჩვენა. სრულიად არაადეკვატური დასკვნა იყო, თუმცა ლოგიკურად გამომდინარეობდა კლასიკური გეოპოლიტიკური მიდგომიდან).
ქვემოთ ჩვენ თანმიმდევრულად განვიხილავთ სამივე ასპექტს და შევეცდებით ვაჩვენოთ მათი საბედისწერო გადაჯაჭვულობა, რომელმაც მიგვიყვანა კიდეც აგვისტოს ტრაგედიამდე. ძალიან პესიმისტურ ნოტაზე რომ არ გამოგვივიდეს სათქმელის დასრულება, გამოვთქვამთ ზოგიერთ მოსაზრებასაც მსოფლიოში მიმდინარე პროცესების ანალიზისათვის ახალი პარადიგმის შესამუშავებლად და ზოგადად მოვხაზავთ ამ პარადიგმის კონტურებს.
პოლიტიკური პროცესების აღქმა ქართულ საზოგადოებაში
დაახლოებით 100 წლის წინ გამოცემულ ერთ-ერთ წერილში არჩილ ჯორჯაძე გულისტკივილით აღნიშნავდა, რომ ქართულ საგაზეთო სივრცეში არა და არ ყალიბდება საკითხის ფილოსოფიურად განხილვის კულტურა. მოაზროვნე იმედს გამოთქვამდა, რომ ეს ოდესმე მოხდებოდა.
მას შემდეგ ასი წელი გავიდა და ვითარება დიდად არ შეცვლილა. ეს განსაკუთრებით ეხება საქართველოს საგარეო პოლიტიკას. ჩვენს საზოგადოებაში გაბატონებულია რწმენა, რომ ამ სფროში ვიღაცეები ყველაფერს უჩვენოდაც გადაწყვეტენ. ეს კი აპრიორი გამორიცხავს ამ თემაზე დისკუსიის წარმოების სურვილსაც კი. მეტიც, ჩვენს ბეჭდვით მედიაში (ხელისუფლების კონტროლირებულ სხვადასხვა ტელეკომპანიაზე - „რუსთავებზე“ არაფერს ვიტყვით) პრაქტიკულად არ გვხდება საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებული ანალიტიკური მასალები (სერიოზულ მასალაზე ვლაპარაკობ და არა იმაზე ობამა - მედვედევის შეხვედრის კადრებს რომ გვიჩვენებენ და გვამცნობენ -ობამას სააკაშვილთან ხანმოკლე შეხვედრა ჰქონდაო).
ექსპერტები პოლიტიკურ საკითხებში, მხოლოდ საგაზეთო ინტერვიუებით იფარგლებიან და პერიოდულადაც არ მოსდით აზრად თავიანთი შეხედულებები უფრო მეცნიერული ფორმით, სტატიის ან მონოგრაფიის სახით წარმოადგინონ. სამარცხვინო ვითარებაა! ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში ამდენი რამ მოხდა და ერთი სერიოზული, მეტ-ნაკლებად მეცნიერულ დონეზე გამოცემული წიგნი არ მოგვეპოვება განვითარებულ პროცესებზე. ადამიანთა ერთი ნაწილი, ვინც ასეთ წიგნებს უნდა წერდეს, ხელისუფლებისთვის გუნდრუკის ფრქვევითაა დაკავებული (არა აქვს მნიშვნელობა ვინაა ამ გუნდრუკის ფრქვევის პროცესში ხელისუფლებაში). მეორე ნაწილი ოპოზიციური შინაარსის ინტერვიუების გაცემით იფარგლება.
განსხვავებით სამხედრო თემატიკისგან, ჩვენში არ, თუ ვერ ჩამოყალიბდა ჟურნალისტთა კორპუსი, რომელიც ოდნავ დამაკმაყოფილებლად მაინც მოახერხებდა იმის გაშუქებას, თუ რა ხდება მსოფლიოში და რა ზეგავლენას ახდენენ ეს პროცესები საქართველოზე. შედეგად პუბლიკა ვერც კი ხვდება, რა ხდება ჩვენს ირგვლივ და ლელა კაკულიას წინასწარმეტყველებებით იაზრებს ყოველივეს, რაც თავს გვატყდება.
ეს საყვედური სხვებთან ერთად, ცხადია, ამ სტრიქონების ავტორსაც ეხება. თუმცა მარტო წუწუნი საქმეს არ უშველის. ჩვენი საზოგადოება უნდა გასცდეს ინფანტილურ განსჯას პოლიტიკური პროცესების შესახებ, ბოლოს და ბოლოს გაიაზროს, რა ხდება სამყაროში, რა ხდება ჩვენს ირგვლივ და რა უნდა გააკეთოს ჩვენმა საზოგადოებამ.
დღეს ქართველები ვგავართ იმ პირველყოფილ ადამიანს, რომელიც შპენგლერის თქმით, სამყაროს ყოფს საკუთარ ქოხად, საკუთარ სოფლად და ყველა დანარჩენად. უბედურებანი, რაც თავს დაგვატყდა, საკმარისი არ აღმოჩნდა, რათა საზოგადოებას დაეწყო ფართო და პროდუქტიული დისკუსია იმაზე, თუ სად ვართ, რა გვინდა და როგორ მივაღწიოთ სასურველ მიზნებს. ამასთან, დღევანდელ ზეგლობალიზებულ გარემოში, სადაც ზიმბაბვეში ხიდან ჩამოვარდნილმა ბანანმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს ლარის კურსზე, იშვიათი შემართებით ვაგრძელებთ საკუთარ წვენში ხარშვას. და ეს არაა მხოლოდ ვითომცდა დასავლეთში განათლებამიღებული ხელისუფლების ბრალი (ბოლოსდაბოლოს, პოლ-პოტსაც წარჩინებით ჰქონდა სორბონა დამთავრებული). ამაზე პასუხს მთლიანად საზოგადოებაც აგებს. საკუთარ წვენში ამგვარმა ხარშვამ საბოლოო ჯამში კიდევ მეტ უბედურებამდე შეიძლება მიგვიყვანოს (თუმცა, ძნელია წარმოიდგინო, რაღა შეიძლება იყოს ამაზე მეტი უბედურება). საჭიროა პროცესებს სხვაგვარად მივუდგეთ, სხვაგვარად მოვახდინოთ მათი ანალიზი.
ფაქტია რომ დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან ოცი წლის შემდეგაც კი, საქართველოს არ შეუქმნია არც ერთი ოფიციალური კონცეპტუალური ხასიათის დოკუმენტი, რომელიც ახსნიდა, როგორი უნდა იყოს საქართველოს საგარეო პოლიტიკა, რა მეთოდებით უნდა განისაზღვრებოდეს მისი სტრატეგია და რატომ უნდა ატარებდეს ესა თუ ის საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილება სწორედ ასეთ და არა საპირისპირო ხასიათს. რასაკვირველია, აქ შეიძლება ვილაპარაკოთ სრულიად არაკომპეტენტური კადრების მასობრივ მოზღვავებაზე საგარეო საქმეთა სამინისტროში „ვარდების რევოლუვციის“ შემდეგ (თუმცა კვალიფიციური კადრების პრობლემა, თანაც ძალიან სერიოზული, მანამდეც არსებობდა). მაგრამ აქ საქმე მხოლოდ კადრების დეფიციტს არ ეხება. ის კიდევ უფრო მჭიდრო კავშირშია პარადიგმების დეფიციტთან, ანუ იმ კონცეპტუალური ბაზის არარსებობასთან, რომელსაც ეყრდნობიან მეცნიერები, დიპლომატები და პოლიტიკოსები საგარეო პოლიტიკის გაცნობიერებისა და დაგეგმვისას.
ჩვენ ამდენი წლის მანძილზე არ შეგვიმუშავებია სიღრმისეული დოკუმენტი, რომელიც სათანადო მეცნიერულ ბაზაზე დაყრდნობით გააკეთებდა დასკვნას, როგორი იქნება გლობალური და ჩვენთვის საინტერესო რეგიონალური ურთიერთობები ხუთი, ათი, თხუთმეტი, ან ოცი წლის შემდეგ. მეტიც, არ შეგვიქმნია სისტემაში მოყვანილი თუგინდ ზედაპირული და დეკლარაციული ხასიათის დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავდა საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს (თუ ასეთი დოკუმენტი არსებობს, ხელისუფლებამ მიგვითითოს მასზე).
არადა, რას იფიქრებდნენ 2003 წლის ნოემბრის დასასრულის მომიტინგეები, რომლებიც ტაშს უკრავდნენ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ივანოვს, რომ პოლიტიკური დაგეგმვის თვალსაზრისით უმოკლეს ვადაში, სულ რაღაც არასრულ ხუთ წელიწადში ომის მდგომარეობაში ვიქნებოდით რუსებთან. ასეთი მაგალითები მრავლად შეგვიძლია მოვიყვანოთ. მაგრამ ეს არსებითი არაა. მთავარია, რომ საქართველო სააკაშვილის მმართველობის მთელ პერიოდში ატარებს არა კონცეპტუალურ პრინციპებზე დამყარებულ და კომპეტენტური კადრებით განხორციელებულ საგარეო პოლიტიკას, არამედ უცნაურ ამალგამას. ეს ამალგამა პირად სიმპათიებზეა აგებული, უმეცრება - უწიგნურობითაა შეზავებული და შეკაზმულია აბსოლუტურად არაადეკვატურ სტერეოტიპეპზე დამყარებული ქმედებების ერთიანობით, რომელსაც პოლიტიკას ვერც ვუწოდებთ. ამ მხრივ საქართველოს „საგარეო პოლიტიკა“ არაფრით განსხვავდება ისეთი ქვეყნების პოლიტიკიდან, როგორიცაა ზიმბაბვე, ავღანეთი, ვენესუელა-ნიკარაგუა-ბოლივია. გულდასაწყვეტია ისიც, რომ ჩვენს ფონზე ჩვენი სამხრეთკავკასიელი მეზობლების პოლიტიკა რაციონალიზმის, პრაგმატიზმის და ეროვნული ინტერესების დაცვის ზეიმად ჩანს.
საგულისხმოა, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკა მაინც არ არის ბოლომდე მოკლებული ამოსავალ პრინციპს. თუმცა, ეს პრინციპები კონცეპტების კი არა, მითების ხასიათს ატარებს (რასაკვირველია, მეორეულ მითებზე მაქვს ლაპარაკი და არა არქაულზე). მითს კონცეპციასთან შედარებით ერთი აშკარა უპირატესობა აქვს: ის თვალსაჩინო ხასიათისაა და უშუალოდ მიმართავს ადამიანის ყველაზე სიღმისეულ ემოციურ პლასტს. კონცეფცია გასაგები მიზეზების გამო ამ უნარს მოკლებულია.
მითები, რომლებითაც განვიხილავთ მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს, გვიან შუასაუკუნეებში საქართველოს ერთიანი სამეფოს კრახის შემდეგ ჩამოყალიბდნენ და ზიგზაგებით მოაღწიეს შევარდნაძემდე, რომელმაც, როგორც დიდმა ადეპტმა ამ პოლიტიკური მითოპარადიგმებისა, სხვა მემკვიდრეობასთან ერთად გადააბარა ისინი სააკაშვილს. ეს მითები ძირითადად ორამდე დაიყვანება, რომელთაც ჩვენ პირობითად გონდორის მითი და „პატრონ - ჩალიჩ- გაჩალიჩების“ მითი ვუწოდეთ.
სააკაშვილის მთელი საგარეო პოლიტიკა ორ ქვაკუთხედს ემყარება: ამ არაადეკვატურ პარადიგმებს (უფრო ზუსტად მითოდიგმებს) და არაკომპეტენტურ კადრებს, რაც სრულიად ლოგიკურია: გიჟური პარადიგმის ჩარჩოებში მუშაობას მხოლოდ არაკომპეტენტური კადრები თუ მოახერხებენ. მეორეს მხრივ, საქართველოს უმაღლეს ეშელონებში არსებული განწყობები, რომლითაც უფრო მედიცინა უნდა დაინტერესდეს, ვიდრე პოლიტიკური მეცნიერებები, ამ არაკომპეტენტურ კადრებს უბიძგებს იქითკენ, რომ ამ ავადმყოფური პარადიგმიდან შესაბამისი დასკვნები და რეკომენდაციები შეიმუშავონ ხელისუფლებისათვის. ერთი სიტყვით, ჩაკეტილი წრეა, თანაც შეშლილი. ამიტომაც ვიღებთ იმას, რასაც ვიღებთ: კატასტროფების სერიებს (მგონი უკვე სერიალებს, თანაც ლათინურამერიკული ტიპისა), რომელთაც ხელისუფლების კონტროლირებული ტელეარხები დიდ გამარჯვებებად გვიცხადებენ. ამ მცირე შესავლის შემდეგ ძირითადი ქართული საგარეოპოლიტიკური მითოდიგმები უფრო ახლოს შეიძლება დავახასიათოთ.
მთავარი მითი - საქართველო, როგორც გონდორი
ყველა ერი, რომელიც ტრადიციულად ცდილობს საკუთარი ისტორიის გააზრებას, ამ ისტორიას გარკვეული მითის ჩარჩოში იაზრებს. მთავარ ქართულ ისტორიულ მითს შეიძლება „გონდორის მითი“ ვუწოდოთ. ეს სახელი ტოლკიენის „ბეჭდების მბრძანებლიდან“ არის აღებული. გონდორი ციხეა, რომელიც იმ სამყაროს ეკუთვნის, რომელსაც ტოლკიენი იმდროინდელ (XX საუკუნის 50-იანი წლების) პოლიტკონიუქტურაზე მითითებით „დასავლეთს“ უწოდებს. მაგრამ გონდორი უბრალო დასავლეთი არაა. ის დასავლეთის მიჯნაა, რომელიც უშუალოდ ესაზღვრება ბოროტების სამეფოს, მორდორს და ასწლეულების მანძილზე ებრძვის მრავალგზის აღმატებულ ძალას, რომელსაც მთელი დასავლეთის შთანთქმა სურს. ამ ბრძოლაში ის მარტოა. დანარჩენი დასავლეთელი მეუფენი, რომელთაც მორდორიდან მომავალი საფრთხე წესიერად არც გაუცნობიერებიათ, გმირულად მეომარ გონდორს თითქმის არავითარ დახმარებას არ უწევენ. გონდორი მაინც იბრძვის და სწამს: სასწაული მოხდება, ერთხელაც დასავლეთი გაიმარჯვებს და მეფე დაბრუნდება.
იმ პოლიტიკური რეალიებიდან გამომდინარე, რომელსაც ტოლკიენის რომანის წერისას ჰქონდა ადგილი, აგრეთვე გონდორელ პერსონაჟთა დასავლურ-სლავური სახელებიდან (ბორომირი, ფარამირი..) გამომდინარე შეიძლებოდა დაგვესკვნა, რომ გონდორის პროტოტიპი იალტის ხელშეკრულებით კომუნისტური ტირანიისათვის გადაცემული პოლონეთი და ჩეხეთი იყვნენ. მაგრამ ეს არაა არსებითი. მთავარია გონდორის მითი: მითი გმირ ხალხზე, რომელიც თავდაუზოგავად ებრძვის ბოროტების საუფლოს. მას თანამოძმეთა დახმარების იმედი აქვს. მაგრამ თანამოძმენი დასავლეთიდან არ ეხმარებიან.
ერთი ეპიზოდი „ბეჭდების მრძანებლიდან“: დასავლეთის ერების და რასების რჩეული წარმომადგენლები თათბირობენ, რა უქნან ძალაუფლების ბეჭედს, რომლის არც გამოყენება შეიძლება და არც განადგურება. არადა თუ ბოროტების მეუფემ, მორდორის გამგებელმა საურონმა ეს ბეჭედი ხელთ იგდო, დასავლეთი დასაღუპადაა განწირული. ბოროტების შავ მეუფეს მხოლოდ გონდორი ებრძვის. საკმარისია იგი დაეცეს, რომ ბოროტების მეუფეს გზა დასავლეთისკენ ხსნილი აქვს. დაძაბული თათბირისას მისი ერთი მონაწილე ფეხზე წამოდგება: „მაღალი და ამაყი, ბორომირი ფეხზე წამოდგა: „- ნება მომეცით, უფალო ელრონდ, ჯერ გონდორზე მოგითხროთ, რამეთუ სწორედ გონდორიდან გეახელით. ყველამ უნდა უწყოდეს რაც ხდება. ბევრმა არაფერი იცის ჩვენს ქმედებებზე, ამიტომაც ვერვინ ახერხებს სწორედ შეაფასოს საფრთხე, რომლის წინაშეც ჩვენი მარცხისას ყველა დადგება. არ დაიჯეროთ, თითქოს გონდორის მიწაზე ნუმენორელთა სისხლის ყივილი გადაგვარდა, არც მათი სიქველე და ღირსებანი შესუსტებულა. ჩვენი ვაჟკაცობა აკავებს აღმოსავლეთის ველურთა ზეწოლას... ჩვენზე, დასავლეთის საყრდენზე დგას ჩვენს იქით მყოფ ხალხთა მშვიდობა და თავისუფლება. მაგრამ რა მოხდება თუ მდინარეზე ჩვენი გამაგრებების დათმობა მოგვიწევს. რა მოხდება?“.
არ გეცნობა მკითხველო? - ბორომირის სიტყვებში მთავარი ქართული მითი ცოცხლდება! მაგრამ მითის სრულად გაცოცხლებისათვის სათანადო პერსონაჟი და სათანადო, მხოლოდ მითისთვის დამახასიათებელი ლოგიკაა საჭირო. ამგვარი პერსონაჟი ჩვენს ისტორიაში რამოდენიმეა. ყველაზე ცნობილი ალბათ სულხან-საბაა. ერის მხცოვანი მამა, რომელიც დასავლეთმა ცინიკურად მოატყუა, ჩვენ ქართველებმა არ დავინდეთ და სულაც წვერით ვათრიეთ, ხოლო ბედისწერამ იმისთვისაც არ გაიმეტა რომ სამშობლოში ეპოვნა სამუდამო განსასვენებელი. და აქ მრავალსაუკუნოვანი მითი ბოროტებასთან მარტოსულად ბრძოლის, დასავლეთის იმედის და გულგრილობის მითი, დღევანდელ რეალიებს, სარკოზისა და მედვედევს, პუტინსა და მილიბანდს, ნატოსა და მაპს ეჯაჭვება. ახლა მითი ასეთ სახეს იღებს: კიდევ ერთხელ გვიღალატეს, როგორც მაშინ სულხან-საბას დროს. მიგვატოვეს, არ დაგვეხმარენ, იმის მიუხედავად, რომ მტერს, რომელიც მათაც ემუქრება - ჩვენ მარტოსულნი ვებრძოდით. და საერთოდ, ჩვენი ბიჭების დაღვრილი სისხლით მსოფლიოს ვაჩვენეთ მორდორის, პარდონ, რუსეთის ბოროტება. და ამას ჩვენი ზელიბერალები ამტკიცებენ, რომლებიც ცნების თანახმად უნდა იყვნენ თავისუფალი ყოველგვარი მითებიდან.
ვიდრე ასეთი მითოპოლიტიკური მიდგომა საერთოდ არ ამოიშლება ქართველთა თავებიდან, მუდამ იქ ვიქნებით, სადაც ვართ: ვირტუალურ რეალობაში და საკუთარ წვენში ხარშვაში. მითი უნდა დაიმსხვრეს. მანამდე კი, განწირულები ვართ საგარეოპოლიტიკურ წარუმატებლობათა წრეში ტრიალისათვის.
მეორე ძირითადი მითი - პატრონი და ჩალიჩი
გვიან შუასაუკუნეებში სხვა ფაქტიც იქნა გაცნობიერებული. გონდორად, დამარცხებისთვის განწირულ გმირ მებრძოლად ყოფნა კარგია, მაგრამ მაინც და მაინც სასიამოვნო არ არის. ამიტომ ჩვენი პოლიტიკის მაშინდელმა საჭეთმპყრობელებმა დაიწყეს ფიქრი იმაზე, როგორ გაგვეღო მსოფლიოს წინაშე მსხვერპლი ისე, რომ თავად ჩვენ არ დავზარალებულიყავით. ამ გააზრებათა შედეგად შეიქმნა მეორე ძირითადი ქართული პოლიტიკური მითი: „კეთილი“ თუ „კარგი“ პატრონის არსებობაზე და მისი კეთილგანწყობის მოპოვების გზებსა და საშუალებებზე.
ეს მითი სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა. დღეს ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილის მიერ პოლიტიკური პროცესის გააზრება შუასაუკუნებრივი დინასტიური სახელმწიფოებიდან და დინასტიური პოლიტიკიდან მომავალი ორი კატეგორიის ირგვლივ ტრიალებს. მათ პირობითად შეიძლება ვუწოდოთ „პატრონი“ და „ჩაწყობა“ (თანამედროვე ვარიანტი „ჩალიჩი“). იგულისხმება, რომ საჭიროა „პატრონი“, თანაც კარგი პატრონი, რომელიც დაგვიცავს ყოველივე ცუდისაგან და გააკეთებს ჩვენს გასაკეთებელ ყველა საქმეს. ასეთი პატრონის მოძიება ასე ვთქვათ, სტრატეგიაა. ტაქტიკა კი „ჩალიჩია“, სხვადასხვა ხერხით და მეთოდით უნდა დავარწმუნოთ პატრონი, რომ მისი პატრონობის ღირსი ვართ, რომ ჩვენი პატრონობა დაუფასდება, რომ ჩვენი პატრონობის საფასურად ყოველწლიურად მიიღებს ძღვნად ორ ტონა ტყემალს და ოცდახუთ ბათმან ლობიოს. ასეთია პოლიტიკის არსის აღქმა არა მხოლოდ საზოგადოების, არამედ პოლიტიკოსთა მიერადაც. გავიხსენოთ, როგორ ელოდა ჩვენი საზოგადოება რომ „მსოფლიო მასშტაბის პოლიტიკოსი“ ედუარდ შევარდნაძე საჭირო პატრონს მოგვიძებნიდა და ყოველივეს ისე ჩააწყობდა მასთან, როგორც საჭირო იყო. რაც ყველაზე სახალისოა, დარწმუნებული ვარ, რომ შევარდნაძეც იგივე სქემით უყურებდა პროცესებს.
თუმცა არაა სწორი ამ მითის წარმოშობის დაკავშირება მაინცადამაინც შევარდნაძის სახელთან. მეორე ძირითად ქართულ პოლიტიკურ მითს ჯერ კიდევ გურამიშვილი აფიქსირებს (კიდევ კარგი, ქართულმა ხელისუფლებამ, განათლების დონიდან გამომდინარე, არ იცის გურამიშვილის არსებობის ფაქტი, თორემ სასწრაფოდ ჩასწერდა დიდი პოეტს „ჩასარეცხთა“ სიაში). ვახტანგ VI -ის საგარეო პოლიტიკის განხილვისას (ვახტანგის პოლიტიკა შეიძლება დავახასიათიათოთ როგორც ბალანსირების პოლიტიკის ადრეული ვარიანტი, ოღონდ „კარგი“ ბატონისადმი განსაკუთრებულად გამოხატული თაყვანისცემით), დავით გურამიშვილი წერს:
მეფეს სძრახავდნენ, იტყოდნენ ეგევითარსა გმობასა:
სამს დიდ ხელმწიფეს პირს აძლევს, სამგან იკეთებს ყმობასა!
ყეენის სპასალარია, თავს ირჭვამს მის რაყმობასა!
რუსტ ხელმწიფესთან მამაობს, ხვანთქართან ჩემობს ძმობასა!
„პატრონი - ჩალიჩის“ მიდგომა სააკაშვილის ადმინისტრაციის პოლიტიკის ქვაკუთხედს წარმოადგენდა (ახლა აღარ წარმოადგენს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ყველა შესაძლო პატრონი გადაიკიდა -კარგიც და ცუდიც). მიზეზებზე, რომლებმაც განაპირობეს, რომ საქართველოს დღევანდელ მმართველთა პოლიტიკა სწორედ ასეთია და არა სხვანაირი, ქვემოთ ვილაპარაკებთ. ახლა მხოლოდ აღვნიშნავთ, რომ დღევანდელ ხელისუფლებას აპრიორი არც შეეძლებოდა სცოდნოდა სხვა სახის პოლიტიკა. ამას ბანალური ფაქტი განაპირობებს: ადამიანმა სამი წყაროდან შეიძლება გაიგოს, რა არის პოლიტიკა და როგორ შეიძლება მისი წარმოება. ეს წყაროებია:
თეორია ანუ პოლიტიკოსობის მოსურნემ უნდა იკითხოს წიგნები პოლიტიკის, ფილოსოფიის, ისტორიის, ეკონომიკის, გეოგრაფიის, სამხედრო საქმის და ა.შ. შესახებ;
პრაქტიკა, ანუ პოლიტიკოსობის მოსურნემ უნდა გაიგოს, რა არის პოლიტიკა მოცემულ მომენტში არსებული პოლიტიკურ ინსტიტუტებში მუშაობის გამოცდილებით;
საუკეთესო ვარიანტი: მოახდინოს პრაქტიკული გამოცდილებისა და თეორიული ცოდნის სინთეზი.
ჩვენი ხელისუფლების საარაკო უმეცრების და წიგნის, როგორც ასეთის, სიძულვილიდან გამომდინარე, ჩვენი საჭეთმპყრობელნი საკუთარი პოლიტიკას თეორიული წყაროებიდან ვერ აითვისებდნენ. შესაბამისად ისინი ვერც თეორიული ცოდნის და პრაქტიკული გამოცდილების სინთეზს მოახდენდნენ (მაგალითი: ხელისუფლებაში ყოფნისას ბ-ნი ოქრუაშვილი ერთხელ გამოტყდა, რომ წიგნები ისე ეჯავრებოდა, რომ მამამისი ოთახში კეტავდა და ისე აიძულებდა კითხვას. შედეგი ცნობილია: მოარული ჭორებით, ბ-ნი ოქრუაშვილი თვლიდა, რომ მას „ხიშტები სჭირდება და არა ტვინები“. შედეგი: თავდაცვის ეროვნული აკადემიის გაუქმება, რამაც არცთუ ბოლო როლი ითამაშა ცხინვალის კატასტროფაში).
სააკაშვილის ადმინისტრაციის მომავალ მესვეურებს რჩებოდათ მხოლოდ პრაქტიკული საქმიანობიდან (ანუ სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობიდან) მიღებული გამოცდილება. მაგრამ სად მუშაობდნენ ჩვენი დღევანდელი ხელისუფალნი? თუ არასამთავრობო ორგანიზაციებს არ ჩავთლით, ისინი, როგორც წესი, ისევ შევარდნაძის ადმინისტრაციაში. ეს ადმინისტრაცია კი პოლიტიკას „პატრონი-ჩალიჩის“ სქემის ფარგლებში აწყობდა.
იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ სხვა სახის პოლიტიკა ჩვენმა დღევანდელმა ხელისუფლებმა უბრალოდ არ უწყოდნენ, მართვის სადავეების ხელში აღების შემდეგ იგივე პრაქტიკა გააგრძელეს. ერთი ის იყო, შევარდნაძის მასშტაბებს ვერ მიაღწიეს. ბოლო-ბოლო მამათელ პატრიარქს პატრონ-მეგობრებს შორის ბეიკერი და გენშერი მაინც ჰყავდათ, ესენი ბრაიზაზე დიდ პატრონს ვერ შეწვდნენ.
სადამდე მიყავს საქართველო „კარგი“ პატრონის ძიებას და მისგან დახმარების მოლოდინს, იგივე გურამიშვილი ამბობს სტრიქონებში, რომელშიც ნათლადაა აღწერილი, რა შეიძლება მოჰყვეს გარე დახმარებაზე უაზრო დაიმედებას (გურამიშვილთან ლაპარაკია რუსების იმედად ყოფნაზე):
„მათ მიუთხრეს, თუ უჭკო ვართ, ნახავთ, ბოლოს გამოჩნდების;
არც ჩვენ ვსწუნობთ, კარგი არის, თუ ეგ საქმე მალ მოხდების“.
(იგულისხმება რუსეთთან ალიანსი, დღევანდელი გაგებით - ნატოში გაწევრიანება-კ.კ.). თუმცა სკეპტიკოსები სამართლიან შიშს გამოთქვავდნენ იმასთან დაკავშირებით, რომ:
„მაგრამ მტერნი შეგვიტყობენ, ყველა ჩვენზე წარმოდგების,
ვინემ რუსნი გვიშველიან, მანამ ჩვენი გარდაგვხდების“.
იმის მიუხედავად, რომ ეს სიტყვები მე-18 საუკუნის ვითარებას აღწერენ, მათ აბსოლუტური პროგნოზისტული ძალა აქვთ 21-ე საუკუნის მიმართაც. ეს არცაა გასაკვირი, ვინაიდან მითი იმას აღგვიწერს, რაც ერთხელ, სამყაროს დასაბამს მომხდარა, შემდეგ პერიოდულად ხდება და მომავალშიც მოხდება. ასევეა ჩვენი პოლიტიკური მითოლოგიის შემთხვევაშიც. და საქართველო მარად იქნება კრიზისში, ვიდრე ჩვენს ცნობიერებაში „პატრონი-ჩალიჩის“ სქემა იარსებებს. ბოლოს და ბოლოს უნდა გავიგოთ, რომ მსოფლიო პოლიტიკა გაცილებით რთულია და ამ სქემით არ იმართება. საგარეო პოლიტიკა ის არაა, რომ პატრონს კარგად ეყმო და ამ უკანასკნელმა სამკვიდროდ და განსაკარგავად საკუთარივე სამშობლო გიწყალობოს. მსოფლიო პოლიტიკაში მიმდინარე პროცესებს ცოტა სხვანაირად უნდა ანალიზი.
ნებისმიერი ანალიზი გულისხმობს რაღაც ზოგადი ტენდენციის გამოვლენას თუ დაფიქსირებას, აგრეთვე ცალკეული ფაქტების დადგენას და, რაც მთავარია, განსაზღვრას იმისა, თუ როგორ კავშირში არიან დადგენილი ზოგადი ტენდენციები ცალკეულ ფაქტებთან. პრინციპში, ამგვარ მიდგომაში ძნელი თითქოს არაფერია, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებმაც შეიძლება იცოდნენ (ხვდებოდნენ მაინც) ზოგადი ტენდენციები, იცოდნენ ცალკეული ფაქტები, მაგრამ არ შეეძლოთ ამ ორი რამის ერთმანეთთან დაკავშირება. ამას დიდი გერმანელი ფილოსოფოსი კანტი „სირეგვნეს“ (გერმანულად შესაბამისი სიტყვა არ გულისხმობს მაინცადამაინც დამაკნინებელ შინაარს. დასაბამისეულად „რეგვენი“ ქართულადაც „ახალგაზრდას“, „გამოუცდელს“ ნიშნავდა, მაგალითად ასე მოიხმარებოდა მეფე „ბაგრატ რეგვენის“ მიმართ) უწოდებდა. მთელი ჩვენი პოლიტიკის საფუძველში სწორედ ასეთი სირეგვნე დევს.
ქართული საგარეო პოლიტიკა - ბალთაზარის ლხინი
მეორე ძირითადი ქართული პოლიტიკური მითი მის შემოქმედთა წინაშე არცთუ იოლ პრობლემას აყენებს. ამოცანა თითქოს გასაგებია: უნდა ვიპოვოთ „კარგი“ პატრონი, რომელიც ამავდროულად ყველაზე ძლიერიც უნდა იყოს, რათა სათანადოდ დასაჯოს ყველა, ვინც ჩვენ, როგორც ამ კარგი პატრონის ყმებს, გვაწყენინებს. მაგრამ როგორ გავარჩიოთ, რომელია ყველაზე ძლიერი პატრონი, რომ მას ვეყმოთ და ჩვენი ერთგულება მივუძღვნათ? ეს არცთუ იოლი საკითხია, რომლის გადაწყვეტისას სრული მარცხი იწვნია ისეთმა არაორდინალურმა პოლიტიკოსმა, როგორიც ვახტანგ VI იყო.
რასაკვირველია, ჩვენმა ხელისუფლებამ არაფერი უწყოდა ვახტანგ VI-ის წინაშე მდგარი საგარეო პრობლემების შესახებ. მაგრამ საკითხის აქტუალობა იგრძნეს და პასუხის ძიება, როგორც ყოველთვის, იქ დაიწყეს, სადაც არამც და არამც არ უნდა დაეწყოთ. აიღეს ყველაზე გაპიარებული, ოღონდ სრულიად მოძველებული და ყავლგასული თეორია და გადაწყვიტეს მისი მეშვეობით განესაზღვრათ, ვინ არის ყველაზე „მაგარი“ მსოფლიოში. ამის შემდეგ ჩვენს ხელისუფალთ მშვიდად უნდა შესძლებოდათ დაეწყოთ „ჩალიჩი“, რათა ამ ყველაზე ძლიერის გულის მოგებისთვის მიეღწიათ. ამგვარ თეორიულ ბაზისად გერმანული კლასიკური გეოპოლიტიკის პრინციპები იქნა აღებული.
არ გეგონოთ, ჩვენი საგარეო პოლიტიკის ადეპტები ან ლიბერალური ფუნდამენტალიზმის იდეოლოგები თავისუფლების ინსტიტუტიდან რატცელის, ჩელენის, ჰაუსჰოფერის ან მაკინდერის ორიგინალში კითხვით იწუხებდნენ თავს. ამ, ისევე როგორც სხვა სფეროებში მიღებული მათი საბაზისო ინფორმაცია (ისე კაცს ენა არ მოგიბრუნდება სამყაროზე მათ პრიმიტულ ხედვას „საბაზისო ინფორმაცია“ უწოდო) ძირითადად „პერესტროიკის“ და პოსტპერესტროიკის ხანის რუსული პოპულარული გამოცემებიდან დააგროვეს (ინგლისური და კომპიუტერი მაშინ სათანადო დონეზე ჯერ კიდევ „ვერ ეკერკებოდათ“).
იმ დროს გეოპოლიტიკა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ცნება იყო. „გეოპოლიტიკა“ - პოსტსაბჭოურ სივრცეში ძნელად მოიძებნებოდა ამაზე უფრო პოპულარული სიტყვა. ამ სფეროზე საუბრობდა ყველა, ვისაც არ ეზარებოდა. რუსეთის პოლიტიკურ ელიტაში „გეოპოლიტიკური“ მიდგომა, წარმატებით ჩაენაცვლა გაკოტრებულ მარქსისტულ-იდეოლოგისტურს. გეოპოლიტიკა ამ სიტყვის გარკვეული გაგებით თავად იქცევა იდეოლოგიად. რუსული გეოპოლიტიკის მამის (და შეთავსებით ცნობილი გრაფომანის) დუგინის მოსაზრებები იმის შესახებ, რომ გეოპოლიტიკოსი აპრიორი ანგაჟირებულია „ევრაზიელობით“ თუ „ატლანტისტობით“, ძალიან წააგავს ლენინის თეზისს ფილოსოფიის კლასობრივი ბუნების შესახებ, რომელიც, პროლეტარიატის ბელადის აზრით, სულაც არ გამორიცხავს ამ მეცნერების ობიექტურობას. თუმცა შემთხვევითი არ იყო, რომ თანამედროვე პოლიტიკური მეცნიერების ერთ-ერთი ფუძემდებელი ჰანს მორგენტაუ გეოპოლიტიკას ახასიათებდა, როგორც „ფსევდომეცნიერებას“.თუ რაში მდგომარეობდა ამ მეცნიერების ფსევდომეცნიერული ხასიათი, ქვემოთ დაწვრილებით ვილაპარაკებთ ისევე, როგორც იმაზე, როგორ გადატყდა ჩვენი საზოგადოების ცნობიერებაში კლასიკური გეოპოლიტიკასათვის დამახასიათებელი მიდგომები. მანამდე მოკლედ დავახასიათოთ კლასიკური გეოპოლიტიკური სკოლის არსი.
კლასიკური გეოპოლიტიკის რედუქციონიზმი
კლასიკური გეოპოლიტიკა რედუქციონისტული მოძღვრება. ფილოსოფიაში „რედუქციონისტული“ ეწოდება თეორიას, რომელიც ამტკიცებს, რომ ადამიანური მოღვაწეობის მთელი მრავალფეროვნება საბოლოო ჯამში უნაშთოდ დაიყვანება ერთ რომელიმე ფაქტორზე. კლასიკური გეოპოლიტიკის მიხედვით, ნებისმიერი სფერო (პოლიტიკა, ეკონომიკა, ხელისუფლების ხასიათი, კულტურის ტიპი, სოციალური სტრატიფიკაცია და მსოფლაღქმაც კი) საბოლოო ჯამში რაღაც ფორმით გეოგრაფიულ მდებარეობაზე დაიყვანება. რედუქციონიზმი ანუ აკვიატებული მცდელობა, მოვლენათა მრავალფეროვნება დაიყვანოს ერთ რომელიმე ფაქტორზე - გეოპოლიტიკის პირველი ნიშანია. რედუქციონიზმი გეოპოლიტიკურ თეორიას ძალიან აახლოვებს ისეთ მოძღვრებებთან, როგორიცაა მარქსიზმი და ფროიდიზმი.
მარქსიზმს ადამიანური ყოფიერების მთელი მრავალფეროვნება ეკონომიკურ პროცესებზე, უფრო ზუსტად წარმოების საშუალებების და წარმოებითი ურთიერთობების მიმართებაზე დაჰყავს. პოლიტიკა, ისტორია, კულტურა, მსოფლმხედველობა, ყოველივე ეს თითქმის უნაშთოდ დაიყვანება ეკონომიკურ პროცესზე, უპირველეს ყოვლისა ჩვენს მიერ გამოყოფილ ასპექტზე. ამიტომ მთელი ისტორია მარქსიზმისათვის არის კლასთა ბრძოლის ისტორია (ისევე როგორც გეოპოლიტიკისათვის ისტორია არის „კონტინენტურ“ და „საზღვაო“ ძალთა ბრძოლის ისტორია).
რედუქციონიზმის მეორე მაგალითად კლასიკური ფსიქოანალიზი შეგვიძლია დავასახელოთ (ხაზს ვუსვავთ: ლაპარაკია კლასიკურ ფროიდიზმზე, თორემ რედუქციონიზმი ფსიქოანალიზის ფარგლებში ჯერ კიდევ კ. გ. იუნგთან დაიძლია), რომელსაც კაცობრიობის ისტორია, პოლიტიკა და კულტურა ლიბიდოზე, მის შეკავებებსა და ტრანსფორმაციებზე დაჰყავს. თუმცა ფროიდის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მის თეორიაში არ იყო მომენტები, რომლებიც სხვადასხვა გაქანების ვაიპოლიტიკოსებს საშუალებას მისცემდა ფსიქოანალიზი პოლიტიკურად ანგაჟირებულ მოძღვრებად ანუ იდეოლოგიად ექციათ. ამ ბედს მარქსიზმი და გეოპოლიტიკური მოძღვრება ვერ გაექცნენ. ეს მათ თავიანთ ამოსავალ პრინციპებს და დასკვნებს უნდა დააბრალონ და არა რაღაც შემთხვევით გარემოებებს.
კლასიკური გეოპოლიტიკა, როგორც სუბსტანტივისტური მოძღვრება
იმისათვის, რომ საკითხის გარკვევა პროდუქტული იყოს, ახლავე საჭიროდ მიმაჩნია ორი საბაზისო ფილოსოფიური ცნების განსაზღვრა. ესენია სუბსტანციის და ფუნქციის ცნებები. ახლავე ვუსვამ ხაზს, რომ საუბარი სწორედ საფუძველმდებარე, ანუ ისეთ ცნებებზეა, რომელთაგან გამომდინარეობს სხვა დანარჩენები. ეს ცნებები აყალიბებს (თანაც ადამიანური მოღვაწეობის პრაქტიკულად ყველა სფეროში), იმას, რასაც არსებულისადმი მიდგომის წესი ჰქვია და განსაზღვრავს ამა თუ იმ ცივილიზაციური ერთობის ხასიათს. პრინციპში, სუბსტანცია და ფუნქცია შეგვიძლია, განვიხილოთ სისტემისა და ელემენტის ანალოგიურად.
სისტემა შეიძლება განისაზღვროს, როგორც ერთმანეთთან დადებითი ბმით დაკავშირებულ ელემენტთა ერთობლიობა. ამ გაგებით სისტემად შეიძლება გავიაზროთ ყველაფერი - დაწყებული ოჯახით და დამთავრებული მზის სისტემით. იმ სახეს, ფორმას, რომლითაც ელემენტები უკავშირდება ერთმანეთს, სტრუქტურა ეწოდება; ანუ სტრუქტურა არის ის სახე, რომლითაც ელემენტები უკავშირდება ერთმანეთს, სახე - თუ როგორ „გამოიყურება“ სისტემა. მაგრამ სიტუაციის მთელი პიკანტურობა იმაში მდგომარეობს, რომ რაც ერთი მიმართებით სისტემაა, მეორე მიმართებით შეიძლება სისტემის ელემენტი იყოს. მაგალითად სამხედრო საქმეში ქვეითი ბატალიონი ასეულებთან მიმართებაში სისტემაა, მაგრამ დივიზიასთან მიმართებაში უკვე ელემენტია, ქვეითი დივიზია ბატალიონებთან მიმართებაში სისტემაა, მაგრამ კორპუსთან მიმართებაში ელემენტია, კორპუსი დივიზიებთან მიმართებაში სისტემაა, ხოლო არმიასთან მიმართებაში ელემენტია და ა.შ.
ეს საკითხი გამოწვლილვითი ფილოსოფიური ანალიზის საგნად არისტოტელესთან ხდება (თუმცა ამ მიმართებით პლატონთანაც ბევრი უაღრესად საყურადღებო მომენტია დაფიქსირებული). მასთან არსებული ყოველთვის არის ორი ელემენტის: ფორმისა და მასალის ერთობლიობა. მაგალითად: აგური არის გამომწვარი თიხა, რომელსაც გარკვეული (აქ მართკუთხა) ფორმა სახე აქვს მიღებული. თიხა მასალაა, აგურობა - ფორმა. აგურობა სისტემაა, თიხის მარცვლები - ელემენტები, რომლებიც იმ ფორმით არიან დალაგებული, აგური რომ ჰქვია. მაგრამ ვითარება იცვლება, თუ აგურის კედელს ავიღებთ. აქ აგური უკვე ფორმა კი არ არის, არამედ მასალაა. ის არის მასალა, რომელიც გარკვეული სახით არის დაკავშირებული სხვა აგურებთან და რომელთა ერთობლიობა წარმოადგენს კედლის ფორმას. თავის მხრივ, კედელი, რომელიც ფორმაა აგურის მიმართ, მასალაა სახლის მიმართ. სახლი ფორმაა კედლების მიმართ და მასალაა ქუჩის მიმართ. ქუჩა ფორმაა სახლის მიმართ, მაგრამ მასალაა ქალაქის მიმართ და ა.შ. დაუსრულებლად. რაღაც „თხამ შეჭამა ვენახის“ მსგავს რაიმეს ვიღებთ.
ფუნქციურს ვუწოდებ მიდგომას, რომელიც აქცენტს ამ მიმართებათა (ფორმა-მასალის) იერარქიაზე აკეთებს და აგურს საბოლოო ჯამში განიხილავს იმ ფუნქციიდან გამომდინარე, რომელიც მას გააჩნია იმ სისტემისათვის, ქალაქი რომ ჰქვია.
მაგრამ შეიძლება განვიხილოთ სხვა მიდგომაც. აგური ავიღოთ, როგორც აგური და მეტი არაფერი; ანუ განვიხილოთ თავისთავად აღებული აგური სხვა აგურებთან, კედლებთან, ქუჩებთან და ა.შ მიმართების გარეშე. განვიხილოთ, როგორც რაღაც ერთხელ და სამუდამოდ მოცემული და დადგენილი და არა ისე, როდესაც აგური თავის არსს, „აგურობას“, სხვასთან მიმართებაში იძენს. ასეთ მიდგომას სუბსტანტივისტური შეიძლება დავარქვათ. ის ნივთს ერთვარად იზოლირებულად განიხილავს, სხვა ნივთებთან ფუნქციონალური მიმართების გარეშე, როგორც ერთხელ და სამუდამოდ მოცემულს.
რასაკვირველია, არსებობის უფლება ორივე მიდგომას აქვს. მეტიც, ორივე სხვადასხვა ასპექტით აშუქებს ყოველივე არსებულს. სუბსტანტივისტური მიდგომისათვის მთავარია ელემენტი, ხოლო ფუნქციონალური მიდგომისათვის - ის, თუ რა სახისაა ამ ელემენტების მიმართებათა ერთობლიობა, რომელსაც სტრუქტურას უწოდებენ. აქ საქმის არსის გახსნა მუსიკიდან მაგალითის მოშველიებით შეგვიძლია. ორკესტრში ვიოლინოს პარტია იზოლირებულად ავიღოთ და განვიხილოთ, როგორც მხოლოდ ვიოლინოს პარტია. მაგრამ შეგვიძლია იგივე პარტია განვიხილოთ, როგორც იმ სისტემის ერთ-ერთი ელემენტი, ორკესტრი რომ ჰქვია (თავად ორკესტრი შეიძლება განვიხილოთ უფრო ფართო სისტემის ელემენტად, რომელსაც მუსიკა ეწოდება). ვიმეორებ, არსებობის უფლება ორივე მიდგომას აქვს, ერთი უკეთ წარმოგვიდგენს შიდაელემენტურ მახასიათებლებს, ვთქვათ, ვიოლინოს პარტიის თავისებურებებს, ხოლო მეორე - მის მიმართებებს სხვა ელემენტებთან. რომელ მიდგომას ავირჩევთ, ეს გამომდინარეობს დასმული ამოცანიდან (სხვათა შორის, ეს მიდგომა ალბათ მიზანსა და ამოცანაზეც ვრცელდება და ის, რაც ერთ მომენტში და ერთი მიმართებით ამოცანაა, სხვა დროს და სხვა მიმართებით მიზანი შეიძლება გახდეს და პირუკუ).
კლასიკური პოლიტიკური და სამხედრო სტრატეგია უპირატესობას სუბსტანტივისტურ მიდგომას ანიჭებდა. ეს არ ნიშნავს, თითქოს ის არ იცნობდა ფუნქციონალური მიდგომის წესს.ამისათვის სუნ-ძისა და მაკიაველიზე მითითებაა საკმარისი. მაგრამ კლასიკურ სტრატეგიაში უფრო სუბსტანტივისტური მიდგომა დომინირებდა და სტრატეგია უპირატესად სისტემად განიხილებოდა, რომელთან მიმართებაში სამხედრო ხელოვნების სხვა ელემენტები დაქვემდებარებულ როლს თამაშობდა. ეს ელემენტები იყო ტაქტიკა, ბრძოლის სახეობები (შეტევა, თავდაცვა), ლოგისტიკის ორგანიზება, ოპერაციული ხაზების განსაზღვრა და ა.შ.
კლაუზევიციდან მოყოლებული ნათლად განისაზღვრა, რომ სტარატეგია გარდა იმისა, რომ თავად წარმოადგენს სისტემას, არის სხვა, უფრო ფართო სისტემის „პოლიტიკის“ ელემენტი. მაგრამ იმის გამო, რომ თავად სტრატეგიაც გარკვეული სისტემაა, ის ერთგვარ ქვესისტემად იქნა განხილული. მოგვიანებით ამერიკის სამოქალაქო ომისა და პრუსიის მიერ ჩატარებული ომების შედეგად გაირკვა, რომ პოლიტიკის ქვესისტემა, სახელად „ომი“, სიღრმისეულ კავშირში იმყოფება ამავე სისტემის სხვა ქვესისტემებთან, სახელდობრ, ქვესისტემა „ეკონომიკასთან“ და ქვესისტემა „ტექნოლოგიასთან“.
ტოტალიტარული სისტემების (საბჭოთა ბოლშევიზმის, გერმანული ნაციზმის) გაჩენის შემდეგ ნათელი გახდა ომის კავშირი სისტემა პოლიტიკის ქვესისტემასთან, სახელად „იდეოლოგიასთან“. ტოტალიტარულ სისტემებში საქმე იქამდეც კი მიდიოდა, რომ, როგორც ჰიტლერის შემთხვევაში იდეოლოგიური ფაქტორები ოპერატიულ გადაწყვეტილებებზეც კი ახდენდნენ გავლენას. მაგალითად, სტალინგრადის შემთხვევაში. ჰიტლერი ნებისმიერი გზით ცდილობდა აეღო მოწინააღმდეგის სახელობის ქალაქი (რასაკვირველია, სტალინგრადს სამხედრო მნიშვნელობაც ჰქონდა, მაგრამ გრავიტაციის ოპერატიულ ცენტრად ის უფრო იდეოლოგიამ აქცია). ასეთივე აკვიატებული იდეოლოგიზებული მიდგომის მაგალითია ჩვენი ხელისუფლების სურვილი, პარლამენტის ქუთაისში გადატანით „დასაჯოს“ დაუმორჩილებელი თბილისი.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაიწყო „ცივი ომი“, კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი იდეოლოგიური ომი. ომი, რომელშიც სამხედრო კომპონენტი იდეოლოგიისა და პოლიტიკის ინსტრუმენტად გამოდიოდა, მაგრამ ტრადიციულის საპირისპირო აზრით. თუ მანამდე შეიარაღებული ძალების მიზანი სრულმასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების წარმოება იყო, ახლა შეიარაღებული ძალების, უპირველეს ყოვლისა, ბირთვულის მიზანი ის იყო, რომ სრულმასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები თავიდან ყოფილიყო არიდებული. თუმცა „ცივი ომი“, როგორც ომების უმრავლესობა, ერთ- ერთი მხარის მარცხით დამთავრდა.
მაგრამ ახლა ახალი ტენდენცია გამოიკვეთა. გაირკვა, რომ თავად სისტემა „პოლიტიკა“ არ არის სისტემათა იერარქიის უმაღლეს საფეხურზე მდგომი ელემენტი. ჰანთინგტონის ნაშრომის გამოსვლის შემდეგ გაირკვა, რომ პოლიტიკა უფრო ფართო სისტემის - „ცივილიზაციის“ ნაწილია. ცივილიზაცია შეიძლება განვმარტოთ, როგორც იმ ადამიანთა ზეეროვნული ერთობა, რომელთაც მსგავსი შეხედულებები აქვთ ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: სიკვდილი და სიცოცხლე, ადამიანის ღირსება, ბუნება, კულტურა, ქალის როლი და ფუქნცია და ა.შ. რასაკვირველია, ამ ჩამონათვალში შედის პოლიტიკაც და ომიც. ოღონდ ეს არ არის ის ომი, რომელსაც კლასიკური სტრატეგია შეისწავლიდა, ან თუგინდ „ცივი ომი“. ის რაღაც სხვაა, ეს ცივილიზაციების ომია, რომლის დროსაც ერთმანეთს ადამიანების მიერ სამყაროს აღქმა ეჯახება. ეს ცივილიზაციების ომია და ამ შემთხვევაში, კლაუზევიცის პერეფრაზი რომ გავაკეთოთ: ომი არის ცივილიზაციის ტიპის გაგრძელება ძალისმიერი საშუალებებით. მაგრამ ცივილიზაცია ხომ სუბსტანტივისტური კი არა, ფუნქციური ცნებაა?!
თუმცა კლასიკური გეოპოლიტიკისათვის ყოველივე ზემოთქმული არსებითი არ არის. კლასიკური გეოპოლიტიკა სუბსტანტივისტური მოძღვრებაა, რომელიც ამტკიცებს, რომ გეოგრაფიული მდებარეობა ერთხელ და სამუდამოდ განსაზღვრავს პოლიტიკას. რომ არსებობენ „მარადიული“ გეოგრაფიული კატეგორიები, რომელთაგან გამომდინარე სახელმწიფოს შეიძლება მოიქცეს „მხოლოდ ასე“ და არა სხვანაირად. კლასიკური გეოპოლიტიკისათვის სივრცე აბსოლუტურია, ყოველივე სხვა - შეფარდებითი. იმის გამო, რომ არსებობს ევრაზიული „ჰართლენდი“ ანუ გული, მის მაკონტროლებელ პოლიტიკურ ძალას თითქოს მხოლოდ ერთნაირად შეიძლება მოიქცეს და არა სხვანაირად. შესაბამისად, ამ ძალასთან დაპირისპირებული ძალის ქცევის სტერეოტიპებიც იდენტურია. სახელმწიფოები, რომლებიც არსობრივად თუ სუბსტანციურად სახმელეთო ანუ კონტინენტურები არიან, არ შეიძლება არ შევიდნენ კონფლიქტში „საზღვაო“ ცივილიზაციებთან. აქ არსებითი არ არის, რატომ მოჰპარა ეს პრიმიტული თეორია რუსეთის დღევანდელი ელიტის ნაწილმა გერმანელებს. ასევე არსებითი არაა ის, თუ როგორ მოახერხა „სახმელეთო“ რომმა გერმანულ-რუსული კლასიფიკაციით „საზღვაო“ კართაგენის დამარცხება (ისე, ჰანიბალის პატრონებს რატომ ჩამოერთვათ სახმელეთოების უფლება, ვერავინ ხსნის), მაშინ, როცა საზღვაო ინგლისი იოლად ამარცხებდა კონტინენტურ საფრანგეთსა და ესპანეთს, ხოლო „საზღვაო“ ამერიკამ დაამარცხა კონტინენტალურ კოლოსი - სსრ კავშირი. აღარაფერს ვიტყვით „კონტინენტალური“ გერმანიის ორ მარცხზე ორ მსოფლიო ომში.
კლასიკური გეოპოლიტიკის შემდგომი დახასიათება აღნიშნულის ფონზე
აქედანვე შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ამოცანის დამაკმაყოფილებელი გადაწყვეტა გარკვეული ლოგიკური რიგის გავლას მოითხოვს, რაც სხვა ცნებების შემოტანასთან ერთად, საბოლოო ჯამში, ე. წ. ზოგად-თეორიული პრინციპების განმარტებასთან იქნება დაკავშირებული. პირველ ყოვლისა ის, რომ ნათლად გაიმიჯნოს გეოპოლიტიკური დოქტრინის ორი კატეგორია: გლობალური და რეგიონალური. გეოპოლიტიკური მიდგომის თანახმად, როგორიც არ უნდა იყოს გლობალური ვითარება, რუსეთს, თავისი მდებარეობის გამო თითქოს ყოველთვის უნდა ჰქონდეს სასიცოცხლო და სტრატეგიული ინტერესები სამხრეთ კავკასიაში ანუ რაღაცნაირად დაუქვემდებაროს ეს რეგიონი თავის გავლენას.
რაგინდ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს ეს, ამ არგუმენტს ერთნაირად იყენებენ სააკაშვილის მომხრენიც და მისი მოწინააღმდეგენიც პრორუსულ პოლიტიკოსთა ბანაკიდან. სააკაშვილისტებისთვის ეს თეზისი ინდულგენციაა ხელისუფლების ქმედებებისათვის. ამ თეზისიდან გამომდინარე, თითქოსდა რუსეთთან ომი გარდაუვალი იყო და სააკაშვილის პოლიტიკა არაფერ შუაშია. თავის მხრივ, რუსოფილები ამტკიცებენ, რომ ამ გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, რუსეთი არასოდეს დათმობს საქართველოს (ის ხომ სამხრეთ კავკასიის გასაღებია) და ამიტომ ყოველნაირად უნდა ვეფეროთ მას, უარი ვთქვათ ევროატლანტიკურ სტრუქტუებში ინტეგრაციაზე, თორემ სხვაგვარად რუსეთი იმავე გეოპოლიტიკური გარდაუვლობიდან გამომდინარე, დაგვსჯის.
ამ მტკიცების გაბათილება იოლად შეიძლება იმ ფაქტზე მითითებით, რომ რუსეთი მაშინაც „სჯიდა“ საქართველოს, როდესაც ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის იდეა ირაკლი წერეთლის პარტიის წევრებით იფარგლებოდა. ასევე სააკაშვილის მომხრეთ საყურადღებოდ ხაზი უნდა გავუსვათ, რომ ისტორიის მთელი გამოცდილება გვაჩვენებს: არ არსებობენ გარდაუვალი პროცესები. არსებობენ ადამიანთა არასწორი (ჩვენს შემთხვევაში, საერთოდ არაადეკვატური) ქმედებები, რომლებიც რაღაც პროცესებს გარდაუვლად აქცევენ. მაგრამ ეს არსებითი არ არის. მთავარია, რომ თეზისი გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე პროცესების გარდაუვლობის შესახებ, რბილად რომ ვთქვათ, საეჭვო მეცნიერული ღირებულების მქონე მტკიცებაა, რომელიც იოლი გასაბათილებელია ფილოსოფიური ხასიათის არგუმენტაციითაც და კაცობრიობის ისტორიის ცალკეულ ფაქტებზე მითითებითაც.
თუმცა ამით არ ხდება გეოპოლიტიკური მიდგომის ამომწურავი დახასიათება. ამგვარი დახასიათებისათვის რამოდენიმე სიტყვით უნდა შევეხოთ ამ თეორიის ისტორიას. ტერმინ „გეოპოლიტიკას“ სახელმწიფოს თეორიის შვედ სპეციალისტს რუდოლფ ჩელენს უნდა ვუმადლოდეთ. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ იგი არ შეიძლება გეოპოლიტიკური მიდგომის სულისჩამდგმელად ჩაითვალოს. უკანასკნელის სათავეებთან, გარკვეული აზრით, ისეთი ცნობილი სახელები, მოიაზრება, როგორიცაა ჰეროდოტე, ჰიპოკრატე, არისტოტელე, პლატონი, პოლიბიუსი, ციცერონი და სტრაბონი.
და მაინც, ანტიკური აზროვნება შორს იდგა გეოგრაფიულ და პოლიტიკურ ფაქტორთა ურთიერთმიმართების ისეთი განხილვისა და აქცენტირებისაგან, რაც „წმინდა“ გეოპოლიტიკური მიდგომის აუცილებელი ატრიბუტია. ამ მხრივ, უფრო მეტი მიზანდასახულობა შემდეგი ეპოქების ნიშანია. სწორედ ამით გამოირჩევიან ჟან ბოდენი და შარლ ლუი მონტესკიე, რომლებმაც ახალ დროში ერთ-ერთმა პირველებმა მოჰკიდეს ხელი აღნიშნული მიმართების დესკრიფციას.
რაში მდგომარეობს გეოპოლიტიკური უნივერსალიები, ე.ი. როგორია გეოპოლიტიკურ დოქტრინათა ზოგად-შინაარსობრივი ელემენტები? ამ კითხვაზე პასუხს შემდეგი პუნქტების სახით წარმოვადგენთ:
ადამიანი ჰომო-სპეტიო არის. ე.ი. არსება, რომლისთვისაც მისი არსებობის წესის თვალსაზრისით სივრცითი კონტექსტი ფუნდამენტურად გვევლინება (ამასთან დაკავშირებით შეგვიძლია გავიხსენოთ ფ. რატცელის თვალსაზრისი, რომლის მიხედვითაც, ტერიტორია უბრალოდ სახელმწიფოს ძალის ერთ-ერთი ატრიბუტი კი არ არის, არამედ თავად პოლიტიკური ძალაა, ან კიდევ კ. შმიტის Grossraum-ი და კ. ჰაუსჰოფერის Lebensraum-ი).
გლობალური ისტორიული სივრცე ჰეტეროგენული ბუნების სტრუქტურაა და განსხვავებული ისტორიულ-ფუნქციონალური პარამეტრების მქონე სივრცითი ერთეულების ერთიანობას წარმოადგენს, რომლებიც - როგორც სხვადასხვა აქტორის დისლოკაციისა და აქტიურობის სივრცეები - ერთმანეთთან გარკვეულ გეოპოლიტიკურ მიმართებაში იმყოფებიან;
უზოგადეს კლასიფიკაციით, გლობალური ისტორიული სივრცე მეგა-სივრცითი-ერთეულებისაგან შემდგარი ტოტალური მთელია, რომელშიც პოლარული ისტორიულ-ფუნქციონალური განსაზღვრულობის მქონე მეგა-ერთეულების გვერდით მარგინალური სივრცითი ერთეულიც გამოიყოფა.
ჩვეულებრივ გეოპოლიტიკოსები გამოჰყოფენ „ღერძულ რეგიონს“ (Pivot area), რომელსაც მოგვიანებით ფერგრივმა Heartland-ი უწოდა, შიდა სარტყელს (Inner crescent) და გარე სარტყელს (Outer crescent). ეს კლასიფიკაცია თავის საფუძველში ეყრდნობა პირველი მსოფლიო ომის წინ არსებულ ვითარებას. ჰართლანდი ტოლფასია რუსეთის ევრაზიული ნაწილისა პლუს აღმოსავლეთ თურქესტანი (დღევანდელი ჩინეთის სინძიან - უიგურეთის ავტონომიური რაიონი) და ტიბეტი. მსოფლიო გულზე ბატონობა მსოფლიო ბატონობის გარანტიაა. ზოგი მკვლევარის გეოპოლიტიკური რადიკალიზმი იქამდეც მიდის, რომ ცდილობს გეოპოლიტიკით ახსნას ის პრობლემები, რომლებიც დღევანდელ უიგურეთში (სხვათა შორის რუსთაველის დროინდელ ხატაეთში) და ტიბეტში არსებობენ. თუმცა ნათელია, რომ ლამაიზმის ინსტიტუტის წარმოშობას ტიბეტში და დალაი-ლამას ინსტიტუტის განსაკუთრებული როლის დაფუძნებას XVII საუკუნის ტიბეტში ისევე მცირედ ავხსნით გეოპოლიტიკური რეალიებით, როგორც ისლამური ფუნდამენტალიზმის გლობალურ გავრცელებას, რომელმაც სპეციფიკური ფორმით უიგურეთიც მოიცვა (სხვათა შორის, ისლამის მიღებამდე უიგურების სარწმუნოება მანიქეველობა იყო, რასაც აგრეთვე ვერავითარი გეოგრაფიული ფაქტორებით ვერ ავხსნით).
კლასიკური გეოპოლიტიკის შიდა სარტყელი მოიცავდა ცენტრალურ და სამხრეთ-ევროპულ იმპერიებს: გერმანიას, ავტრია-უნგრეთსა და ოსმალეთს. გარე სარტყელი კი ანგლოსაქსონურ სამყაროს, უპირატესად ბრიტანეთის იმპერიას, აგრეთვე აშშ-ს. საფრანგეთს რაღაც შუალედური ადგილი ეჭირა გარე და შუა სარტყელებს შორის.
გასაგებია, რომ დღეს ასეთი კლასიფიკაცია მხოლოდ ღიმილს თუ გამოიწვევს. თუნდაც იმიტომ, რომ მასში ვერავითარ ადგილს ვერ ჰპოვებენ ისეთი დღევანდელი გიგანტები, როგორებიც ინდოეთი და ჩინეთი არიან. სრულიად გაუდებარია, რომელ რგოლს მივაკუთვნოთ ევროკავშირი, სად მიდის სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია ან ლათინური ამერიკა. მაგრამ მთავარი სხვა რამაა. ირკვევა, რომ პოლიტიკურ-გეოგრაფიული სტრუქტურა გლობალურ დონეზე შეიძლება სრულიად სხვაგვარად ჩამოყალიბდეს, არა ისე, როგორც კლასიკური გეოპოლიტიკა მიიჩნევდა გარდაუვლად და ერთადერთ შესაძლებლად.
„საკუთარი“ და „სხვისი“ სივრცითი პარამეტრები ერთ-ერთი ფუნდამენტური (გეოპოლიტიკური) იდენტიფიკატორებია, რომლებიც პოლიტიკურ მოთამაშეთა ისტორიულ დისპოზიციასა და აქტიურობას განსაზღვრავენ. ისინი ცალსახად განაპირობებენ იმას, რომ ამა თუ იმ არეალისადმი მიკუთვნებული სუბიექტები მხოლოდ ასე იქცევიან და არა სხვანაირად.
კლასიკური გეოპოლიტიკისათვის არსებობს გლობალური და ლოკალური გეოპოლიტიკური იდენტიფიკატორები, რის საფუძველზეც აქტორთა სხვადასხვა „დონის“ ჯგუფი გამოიყოფა. მაგალითად, გლობალურ დონეზე -- თალასოკრატიული ანუ ზღვათამპყრობელების და თელუროკრატიული ანუ კონტინენტმეუფენის (ასეთად რუსი გეოპოლიტიკოსები ჯიუტად აგრძელებენ ჩინეთის პერსპექტიული უმცროსი პარტნიორის, რუსეთის ჩათვლას). როგორც გლობალურ, ასევე ლოკალურ დონეზე გამოყოფილი ოპოზიციური ჯგუფები და მათში შემავალი სუბიექტები, რომლებიც შესაბამისი სივრცითი პარამეტრებით ხასიათდებიან, ერთმანეთთან გარკვეულ გეოპოლიტიკურ მიმართებაში იმყოფებიან. განსაკუთრებული პოლარული ურთიერთმიმართებით ხასიათდებიან საზღვაო ცივილიზაცია და კონტინენტური ცივილიზაცია, ზღვის ხალხები და კონტინენტის ხალხები. მათ შორის ისეთივე გარდაუვალია არმაგედონის ტოლფასი ბრძოლა, როგორც მარქსისტებისათვის გადამწყვეტი შერკინება პროლეტარიატსა და ბურჟუაზიას შორის, ან სააკაშვილისტებისათვის ბოლო შერკინება „ჩარეცხილებსა“ და „ჩამრეცხავებს“ შორის.
წარმოდგენილი პუნქტები -კიდევ ერთხელ გავიმეორებთ - გეოპოლიტიკური მიდგომისათვის დამახასიათებელი ზოგად-შინაარსობრივი ელემენტების ჩამონათვალია. აბსტრაქტული ბუნების გამო ისინი, რა თქმა უნდა, ვერ ამოწურავენ ამა თუ იმ დოქტრინის კონკრეტულ შინაარსს. მაგრამ სამაგიეროდ ზუსტ წარმოდგენას გვიქმნიან საერთოდ გეოპოლიტიკური მიდგომისათვის ნიშანდობლივ უნივერსალურ მახასიათებლებზე, რაც სავსებით საკმარისია მისი - ე.ი. აღნიშნული მიდგომის - სპეციფიკაში გასარკვევად და შესაფასებლად.
მაინც რა შეიძლება ითქვას უფრო კონკრეტულად ამასთან დაკავშირებით? ალბათ, უპრიანია თავიდანვე გაესვას ხაზი საერთოდ გეოპოლიტიკური მიდგომისათვის მოუშორებელ რედუქციონიზმს, რომელიც გეოგრაფიული დეტერმინანტის გააბსოლუტურებაში მდგომარეობს. აქვე სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ცალკეულ დოქტრინებში ფიქსირდება აღნიშნული რადიკალიზმის „შერბილებისა“ და გეოგრაფიულ დეტერმინანტთან ზოგიერთი სხვა დეტერმინანტის „გათანასწორების“ ცდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, საბოლოოო ჯამში, ვერც ამ შემთხვევებში ვიღებთ პრინციპულად განსხვავებულ რეზულტატს. სხვა სიტყვებით, ვერც ისინი სცდებიან ზემოთ მითითებული რედუქციონიზმის საზღვრებს. ამ ფონზე აუცილებელია ითქვას, რომ ჩვენი პოზიცია კიდევ უფრო შორსმიმავალ რევიზიას ითვალისწინებს, რაც გეოგრაფიული ფაქტორისათვის ფუნდამენტური დეტერმინანტის სტატუსის „ჩამორთმევასა“ და ამასთან დაკავშირებული კორექტივების შეტანაში მდგომარეობს. ცხადია, საკითხის ასე გადაწყვეტის ვითარებაში ე.წ. კლასიკური გეოპოლიტიკური მიდგომიდან „არაფერი“ რჩება. მეტიც, შეიძლება გაჩნდეს ეჭვი: ასეთ ვითარებაში საერთოდ აქვს კი აზრი გეოპოლიტიკურ მიდგომაზე საუბარს?
აქ განვითარებული მსჯელობის ფონზე უპრიანია ვიკითხოთ: კონკრეტულად რას ნიშნავს ჩვენთვის გეოპოლიტიკური მიდგომა? რას ითვალისწინებს იგი? ამ კითხვაზე პასუხი შემდეგ სახეს მიიღებს: გეოპოლიტიკური მიდგომა თავის თავში გულისხმობს გლობალური პოლიტიკური რეალობის ანალიზის იმ ასპექტს, რომელიც სივრცით ინდიკატორებზეა ორიენტირებული. ე.ი. სივრცე მის საზღვრებში ადამიანის ისტორიული ყოფიერების ერთ-ერთ და არა ერთადერთ კონტექსტუალურ განსაზღვრულობად წარმოგვიდგება, რომელიც შესაბამისად არააბსოლუტური ელემენტის სახეს ატარებს. აქედან გამომდინარე სრულიად ცხადია, რომ სხვა ინტერპრეტაციას იღებს ტრადიციული გეოპოლიტიკური ცნებები და პრინციპები.
ზემოთ თქმულიდან გამომდინარე ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი თვალსაზრისი პრინციპულად განსხვავდება კლასიკური გეოპოლიტიკური თვალსაზრისებისაგან. შესაბამისად, ჩვენთვის მიუღებელია სივრცის „წმინდა“ გეოპოლიტიკური სტრატიფიკაციაც, რომელიც რედუქციონისტული მიდგომით არის ნასაზრდოები, რადგან სხვა თეორიულად საგულისხმო ნაკლოვანებებთან ერთად ისტორიულობითაც არის აღბეჭდილი. ადამიანი არ არის ჰომო-სპატიო, ვისი ყოფიერებაც უპირველეს ყოვლისა, სივრცითი რელიებითაა განსაზღვრული (არამედ ასე ვთქვათ, ისტორიული არსებაა, რომელიც სხვადასხვა, მათ შორის სპეციფიური რიგის ფაქტორთა მთელი სპექტრითაა დეტერმინირებული (სხვათა შორის, მთელმა მეოცემ და არა მხოლოდ მეოცე სუკუნის ფილოსოფიამ ცალსახად აჩვენა, რომ ადამიანურ ყოფიერებაში დროითი ფაქტორები პრევალირებენ სივრცითზე. თუმცა ეს არამც და არამც არ ნიშნავს სივრცითი ფაქტორების როლის დაკნინებას). ასეთ ვითარებაში კი თეორიულად უსაზრისო და გაუმართლებელი ხდება ადამიანისა და მსოფლიო-ისტორიული სივრცის კლასიკური გეოპოლიტიკური ტიპოლოგიზაციის ნებისმიერი ვერსია, რომელიც საბოლოო ჯამში, თალასოკრატიულ და თელულოკრატიულ ტიპებზეა ორიენტირებული. მკაფიოდ შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიო-ისტორიული პროცესის ჩვენეულ პანორამაში ადგილი არ რჩება ამგვარი პარადიგმატული ტიპებისათვის
რასაკვირველია, გეოგრაფია თავის გავლენას ახდენს პოლიტიკაზე. მაგრამ პოლიტიკაზე გავლენას, პირველ ყოვლისა, პოლიტიკა ახდენს. აქ საჭიროა არა სუბსტანციონალისტური, არამედ ფუნქციონალური კატეგორიებით ოპერირება. ამ ორ მიდგომას შორის განსხვავების ილუსტრირება საკმაოდ ადვილია: ატლანტიკის ოკეანე ოდითგანვე გამოჰყოფდა ინგლისსა და ამერიკას. მაგრამ მისი ფუნქციონალური დატვირთვა სხვადასხვა ეპოქაში სრულიად სხვადასხვა იყო. ამერიკის დამოუკიდებლობისთვის ომისას ატლანტიკა იყო სივრცე, სადაც ინგლისელებს უნდა გადაესროლათ ძალები აჯანყებული კოლონისტების წინააღმდეგ. მაგრამ პირველი და მეორე მსოფლიო ომებისას ატლანტიკა იყო სივრცე, სადაც ყოფილი კოლონისტების შთამომავლებს ძალები უნდა გადმოესროლათ აღმოსავლეთ ნახევარსფეროში. უნდა გადმოესროლად იმიტომ, რომ გადაერჩინათ ყოფილი მეტროპოლია, რომელსაც ოდესღაც ესოდენ წარმატებით გამოეყვნენ. ღრმა სიმბოლიზმია გენერალ პერშინგის სიტყვებში „ჩვენ მოვედით ლაფაეტ“ (პერშინგმა ეს სიტყვები მაშინ წარმოთქვა, როდესაც ამერიკული საექსპედიციო კორპუსი საფრანგეთში გადასხდა იმ დროს, როდესაც ფრანგები თითქოს განწირულები იყვნენ რუსეთი, ომიდან გამოსვლის გამო). ეს სიტყვები ერთნაირად იყო გამიზნული როგორც ფრანგების, ისე ინგლისელების გასამხნევებლად, ეს ორი ძალა კი როგორც ნებისმიერმა მოსწავლემ (ჩვენი რეფორმირებული განათლების სისტემის მოსწავლეები არა მყავს მხედველობაში) იცის, ამერიკის დამოუკიდებლობისათვის ომისას სრულიად სხვადასხვა პოზიციაზე იდგნენ...
ერთი სიტყვით, კლასიკური გეოპოლიტიკის მომხრეები ამტკიცებენ, რომ „სად“ მთლიანად, ცალსახად და შეუქცევადად განსაზღვრავს „როდის“-ს და „როგორ“-ს. არადა რეალური პოლიტიკა ამ სამი სისტემის ელემენტების, ქვეელემენტების და მიმართებებების ერთობაა. ამ თვალსაზრისით, კლასიკური გეოპოლიტიკა არაფრით განსხვავდება მარქსიზმისგან, რომელსაც ყველაფერი ეკონომიკურ ინტერესზე დაჰყავს და ფროიდიზმიდან, რომელიც ყოველივეს სათავეს ჩვენს სექსუალური ინსტინქტებში ხედავს. გეოპოლიტიკის მიხედვით, გეოგრაფია თავისთავად არის პოლიტიკის ბაზისი. ამიტომ არ არსებობს განსხვავება პოლიტიკურ გეოგრაფიასა და გეოპოლიტიკას შორის. თვით იმ დონეზეც კი, რომელზეც მარქსიზმი მიჯნავდა პოლიტეკონომიასა და ეკონომიკურ პოლიტიკას. შემთხვევითი სრულებითაც არ იყო ის, რომ გეოპოლიტიკური იდეოლოგიის ერთ-ერთ მთავარ ნაშრომს „პოლიტიკური გეოგრაფია“ ერქვა.
ქართული ისტებლიშმენტი, საზოგადოება და გეოპოლიტკური თეორია
დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ სამოცდაათწლიანი იდეოლოგიური წნეხის ქვეშ მყოფი ქართული საზოგადოება არჩევანის წინაშე დადგა: რა გზით წასულიყო. მარქსიზმი არა თუ მიუღებელი, არამედ საძულველი იყო. დეიდეოლოგიზირებული საზოგადოების იდეა
იმხანად (წინა საუკუნის 80-90-იან წლებში) ადამიანთა უმრავლესობისათვის მიუღებელი იყო. ნაციონალისტური იდეოლოგია მასების დიდი ნაწილის შეკვეთაზე პასუხობდა, მით უფრო მას შემდეგ, რაც მან საერთო კავკასიური სახლის იდეა აიტაცა (რომელიც პრინციპში, თუ არ ვცდები, პირველად სულაც „მწვანეებმა“ წამოაყენეს). მაგრამ ნაციონალისტური პარადიგმა, სხვადასხვა მიზეზის გამო, რომელთა განხილვა ცდება ამ სტატიის ჩარჩოებს, დამარცხდა. შევარდნაძის ხელისუფლებაში მოსვლის პერიოდში კვაზიინტელექტუალურ ელიტაში (ასეთები კი შევარდნაძის იდეოლოგიური დასაყრდენები იყვნენ) ბატონდება გეოპოლიტიკური მიდგომა. ამგვარ გაბატონების მიზეზთაგან მხოლოდ რამოდენიმეს დავასახელებ:
ეს ადამიანები მიჯაჭვულნი იყვნენ რუსულ საინფორმაციო და საგანმანათლებლო სივრცეზე და იქ გეოპოლიტიკური იდეოლოგიის დამკვიდრებას არ შეიძლებოდა მათზეც არ მოეხდინა სათანადო ზეგავლენა. მართალია, გეოპოლიტიკური იდეოლოგიიდან შევარდნაძის კვაზიინტელექტუალებს და ვთქვათ, რუს ევრაზიელებს, საპირისპირო დასკვნები გამოჰქონდათ, მაგრამ, გეოპოლიტიკური პრობლემატიკით ჩვენი საზოგადოების დაინტერესება ფაქტია. ამას თუგინდ ის ადასტურებს, რომ სასწრაფოდ ითარგმნა და, რაც მთავარია, საკმაოდ დიდი ტირაჟით გაიყიდა რუსული გეოპოლიტიკური იდეოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე ოდიოზური ნაშრომი, დუგინის 800 გვერდიანი „გეოპოლიტიკის საფუძვლები“.
გეოპოლიტიკურმა იდეოლოგიამ ჩვენს ისტებლიშმენტს მისცა მართალია უპრიმიტულესი, მაგრამ მაინც რაღაც პარადიგმა, რომლის მეშვეობითაც შეიძლებოდა გააზრებულიყო მიმდინარე პროცესები როგორც გლობალურ, ისე რეგიონალურ დონეზე. საქმე ეხებოდა ამ იდეოლოგიის მიერ პოსტულირებულ გარდაუვალ შეტაკებას ატლანტისებს და კონტინენტალისტებს შორის.
გეოპოლიტიკის იმ პრინციპიდან გამომდინარე, რომ გეოგრაფიულ მდებარეობას გადამწყვეტი როლი ენიჭება პოლიტიკისათვის და რომ ამ მხრივ საქართველოს უნიკალური მდებარეობა გააჩნია, მოხდა პოსტულირება იმისა, რომ საქართველო გეოპოლიტიკური ბრძოლების ქარტეხილთა ცენტში იქნება; იქნება იქ, სადაც „სისხლიანი დგას ანგელოზი“. ანალიტიკოსთა ნაწილში ეს შიშს იწვევდა, ნაწილში აღფრთოვანებას. თუმცა თეზისს, რომ საქართველოს უნიკალური გეოპოლიტიკური მდებარეობა აქვს, რომელიც მას გააბრწყინებს (უმრავლესობის აზრი) ან დააქცევს (უმცირესობის აზრი) ეჭვქვეშ არ დგებოდა.
ამას ემატებოდა გვიანი კომუნიზმის ხანიდან მომავალი მტკიცება, რომ იმპერიალიზმის, პირველ ყოვლისა ამერიკული იმპერიალიზმის ამოცანა მსოფლიო ენერგომატარებლებზე კონტროლია. ამგვარი კონტროლისათვის საქართველოს მდებარეობა თითქოს უნიკალურ შანსს იძლევა. გამოდის, რომ ჩვენ უნიკალური მდებარეობა გვაქვს როგორც გეოსტრატეგიული, ისე გეოეკონომიკური თვალსაზრისით. ასეთ ვითარებაში ვინ იტყოდა უარს იმაზე, რომ ვეყმეთ (უკიდურეს შემთხვევაში, მაპი მაინც მოეცათ). იმაზე, რომ საქართველოს გარდა უნიკალური გეოეკონომიკური და გეოპოლიტიკური მდებარეობისა, უნიკალური გეოცივილიზაციური მდებარეობა აქვს - ჩალიჩ-პატრონის კონცეფციის მომხრეებმა არაფერი იცოდნენ საკუთარი უწიგნურობის გამო.
გამომდინარე პატრონი-ჩალიჩის პარადიგმიდან, დიდი გეოპოლიტიკური არმაგედონის აუცილებლობიდან და საქართველოს უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობიდან, მომწიფდა იდიოტიზმით გამორჩეული დასკვნა: საქართველო უნდა ეყმოს გეოპოლიტიკური არმაგედონის წევრთაგან რომელიმეს. ყმობის საფასურად მიიღოს ხელშეუხებლობის გუჯარი და ისეთი ინვესტიციები, რომლებიც ქართველებს მდიდრებად გვაქცევს ისე, რომ არაფერს გავაკეთებთ. ეს ამავე დროს გულისხმობდა აგრეთვე ამ ყოველივეს შემოქმედი ელიტის სამარადჟამო ყოფნას საქართველოს ხელისუფლებაში.
ესაა და ეს მთელი საგარეო პოლიტიკა, რომლის გატარებასაც საქართველო ფაფხურობს ბოლო ოცი წლის განმავლობაში. დანარჩენი დეტალებია: რომ შევარდნაძემ პატრონი ვერ ჩამოგვიყვანა (როგორც ერთხელ უთხრეს პარლამენტში). რომ ჩვენს ისტებლიშმენტს (როგორც შევარდნაძის, ისე სააკაშვილისა, რომელიც საწყის ეტაპზე არც განსხვავდებოდა შევარდნაძის ისტებლიშმენტისგან), შესაძლოა ფსონი რუსებზე დაედო, თავად რუსების ქმედება რომ არა. მაგრამ რუსების მიერ შევარდნაძის მიუღებლობამ, ამერიკის შთამბეჭდავმა სამხედრო წარმატებებმა და ბუშის მიერ ჩვენი დემოკრატიის შუქურად გამოცხადებამ განაპირობა, რომ ელიტამ არჩევანი „ატლანტისტებზე“ გააკეთა.
პოლიტიკოსებსა და საზოგადოებაში გაბატონდა აზრი, რომ გადამწყვეტი გეოპოლიტიკური ბრძოლის წინ საქართველო უნდა ყმობოდა უძლიერეს ძალას, რომელიც ჩვენ ჩვენი მდებარეობის გამო დაგვიცავდა და ყველაფრით უზრუნველგვყოფდა. ამ ყმობის აქტის ჩამდენი ელიტა კი სამარადისოდ („თავისუფლების ინსტიტუტის“ მესვეურთა გამოთვლებით, მინიმუმ 80 წელი) დარჩებოდა ხელისუფლებაში. აი ჩვენი ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის მთელი „ფილოსოფია“.
ამ „ფილოსოფიის“ კავშირი აგვისტოს კატასტროფასთან
აქედან გამომდინარე, უკვე შორი აღარაა იმის ახსნა, თუ რამ განაპირობა 2008 წლის აგვისტოს ავანტურა. რასაკვირველია, თავისი როლი შეასრულეს რუსეთის აგენტებმა; ოქრუაშვილ-კეზერაშვილის მიერ ქართული არმიის დაქცევამ, ყველა აქედან გამომდინარე შედეგით; სამთავრობო ჟურნალისტების უღირსმა ქმედებებმა, რომლებიც მოსახლეობას უსინდისოდ ატყუებდნენ, თითქოს ნატოს ძალები დღე-დღეზე დაგვეხმარებოდნენ. პოლიტიკური ისტებლიშმენტის არაადეკვატური, მხდალი და მოღალატეობრივი ქმედებები ამ ფაქტორებს შორის, ცხადია, პირველ ადგილზეა, ალბათ, ისევე, როგორც გავლენიანი ნეოკონების მხრიდან გარკვეული წაქეზება თუ მინიშნება. მაგრამ მთავარი ისევ ეს უბედური საგარეო პოლიტიკური პარადიგმა იყო. ამ პარადიგმის თანახმად, ჩვენ ხომ დასავლეთს ვეყმეთ (დასავლეთის ნაწილი კი არ ვხდებოდით, არამედ სწორედ ყმებად ვუდგებოდით). ჩვენი გეოსტრატეგიული და გეოეკონომიკური მდებარეობიდან გამომდინარე, დასავლეთს ცოტა ხელი ხომ უნდა წაეკრა მაინც მაშინ, როდესაც „ატლანტისტების“ მთავარ მტერს - რუსებს შევებით. მიგვატოვეს! გემებით პამპერსები გამოგვიგზავნეს!
რას ნიშნავს ეს: რომ დასავლეთი მოღალატეა? არამც და არამც. მხოლოდ იმას, რომ მთელი ეს ბოდვა „თალასოკრატების“ და „თელუროკრატების“ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაზე, გეოგრაფიული ფაქტორის გადამწყვეტობაზე, ჩვენს უნიკალურ მდებარეობაზე, რომლის გამოც დასავლეთი გვიყმობს და MAP-ს მაინც მოგვანიჭებს, რომ ის ჩვენი პროვოცირების შემთხვევაშიც კი დაგვიცავს რუსეთისგან, და რომ რუსეთი დასავლეთის და ჩვენი მდებარეობის შიშით ომს ვერ გაგვიბედავს - არა მხოლოდ რამოდენიმე არცთუ ჯანსაღ ტვინში არსებობდა. უბედურება ის იყო, რომ ამ ბოდვით იდეებს საქართველოს საზოგადოების დიდი ნაწილი იზიარებდა. ნაწილს მოსწონდა თალასოკრატ-თელუროკრატთა მარადიული ბრძოლის თეორია (რომელზეც მხოლოდ გაკვრით გაეგონა რაიმე), სხვებს არ მოსწონდა. მაგრამ თავად თეორიაში გადმოცემულ ბოდვას საზოგადოების დიდი ნაწილი რეალობად მიიჩნევდა. ბოროტების სათავეც ამაში იყო.
გამოსავლის ძიებაში
ახლა მირაჟი დაიმსხვრა. გაირკვა, რომ მსოფლიოში გეოგრაფიული ფაქტორი გადამწყვეტი არ არის, ისევე როგორც სამხედრო (თუმცა, უმნიშვნელო არც ერთია და არც მეორე). გაირკვა, რომ არავითარი სამკვდრო - სასიცოცხლო ბრძოლა თელუროკრატებსა და თალასოკრატებს შორის არ მიმდინარეობს (ამერიკა-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის და ამერიკა-რუსეთის „პერეზაგრუზკის“ შემდეგ ამაზე ლაპარაკიც სასაცილოა). გაირკვა, რომ ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობა მნიშვნელოვანია, მაგრამ თავისთავად არაფრის გარანტი არ არის. იმის გარანტიც კი არ არის, რომ ამ უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური მდებარეობის მქონე ქვეყნის პრეზიდენტს ხელი ჩამოართვან და ორიოდ ადამიანური სიტყვა მაინც უთხრან (ინვესტიციებზე ლაპარაკი აღარცაა). გაირკვა, რომ ჩვენ გვჭირდება საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ეს რეჟიმი ვერასოდეს შექმნის. ის ჩვენმა საზოგადოებამ უნდა შექმნას, საზოგადოებამ, რომელიც იმ ილუზიებიდან გამოთავისუფლდება, ზემოთ რომ მოგითხრეთ.
როგორ უნდა მოხდეს ეს, სხვა საუბრის თემაა. აქ მხოლოდ ორიოდ მომენტზე უნდა გავუსვათ ხაზი: საერთაშორისო სისტემის ანალიზისას აღარასდროს აღარ უნდა ამოვიდეთ რედუქციონიზმიდან, განსაკუთრებით გეოპოლიტიკურიდან. აღარ უნდა ვამტკიცოთ, რომ გეოგრაფიული მდებარეობის გამო სახელმწიფოები განწირულნი არიან იყვნენ სამარადისო მტრები და მოყვარეები (შესაძლოა რამოდენიმე საუკუნის წინ ეს მართალიც იყო, მაგრამ დღეს არამც და არამც). ჩვენ სამყაროს მრავალფეროვნება უნდა მივიღოთ ისე, როგორც ის არის და მიზნად დავისახოთ მასში ღირსეული ადგილის პოვნა, რაშიც გეოსტრატეგიულ და გეოეკონომიკურ მდგომარეობაზე მეტად შეიძლება გეოცივილიზაციური მდგომარეობა გამოგვადგეს.
ჩვენ უარი უნდა ვთქვათ სუბსტანტივისტურ მიდგომაზე, რომლის თანახმადაც, ჩვენი მდებარეობა, ჩვენი ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე, თავისთავად გახდება ჩვენი უსაფრთხოების და კეთილდღეობის წყარო.
სუბსტანტივისტური მიდგომა ჩანაცვლებულ უნდა იქნეს ფუნქციურით, რომლის თანახმადაც საგარეო პოლიტიკის ამოცანა უნდა იყოს არა ის, რომ ჩვენი მდებარეობის გამოყენებით ვინმეს ვეყმოთ, არამედ ის, რომ თანმიმდევრული, მტკიცე ქმედებებით, თავდაუზოგავი შრომით ვიქცეთ იმ სისტემის ორგანულ ნაწილად (და არა ყმად, როგორც ეს წარმოგვიდგენია), დასავლეთი რომ ჰქვია. და კიდევ ერთი: ბოლოს და ბოლოს უნდა მოვიშალოთ ინფანტილიზმი საგარეო პოლიტიკაში და სამუდამოდ დავივიწყოთ „ჩალიჩი-პატრონის“ პოლიტიკა. ფიჩხაძიs xsovnas