The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

საქართველოს სამოსამართლო ეთიკის კოდექსი

საქართველოს სამოსამართლო ეთიკის კოდექსი


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
თემატური კატალოგი სამართალი|სამოსამართლო ეთიკა
საავტორო უფლებები: © ფონდი ALPE
თარიღი: 2001
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: მიღებულია საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის 2001 წლის 23 ივნისის #6 დადგენილებით



1 თავი I. კოდექსის მიზნები და ამოცანები

▲ზევით დაბრუნება


მუხლი 1

ეს კოდექსი ადგენს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთათვის სამოსამართლო ეთიკის ძირითად პრინციპებს, ქცევის წესებსა და სტანდარტებს, რომლებიც მოსამართლემ უნდა დაიცვას როგორც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების, ისე სხვა საქმიანობის განხორციელებისას და პირად ცხოვრებაში.

მუხლი 2

კოდექსის მიზანია, ხელი შეუწყოს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობისა და სასამართლო ხელისუფლების ერთიანობის განმტკიცებას, სასამართლო ხელისუფლებისადმი საზოგადოების ნდობისა და რწმენის ამაღლებას, მოსამართლის თანამდებობის პრესტიჟისა და ავტორიტეტის დაცვას.

მუხლი 3

სამოსამართლო ეთიკის ნორმის დარღვევა კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში იწვევს მოსამართლის დისციპლინურ პასუხისმგებლობას.

2 თავი II. სამოსამართლო ეთიკის ზოგადი პრინციპები

▲ზევით დაბრუნება


მუხლი 4

მოსამართლე უნდა იყოს კანონის, მოსამართლის ფიცისა და მოვალეობის ერთგული, მართლმსაჯულების განხორციელებისას - კანონისა და სამართლის უზენაესობის გარანტი.

მუხლი 5

მოსამართლე უნდა განამტკიცებდეს საზოგადოებრივ რწმენას მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის, შეუვალობის, სამართლიანობის, სიწმინდისა და მიუკერძოებლობისადმი.

მუხლი 6

მოსამართლე უნდა უფრთხილდებოდეს მართლმსაჯულების პრესტიჟს და არ იქცეოდეს სასამართლოს ავტორიტეტისა და მოსამართლის წოდებისათვის შეუფერებლად.

მუხლი 7

მოსამართლე საჯაროდ არ უნდა გამოხატავდეს უარყოფით აზრს ან შეხედულებას სხვა მოსამართლისა და კოლეგის პროფესიონალიზმსა თუ პირად თვისებებზე.

მუხლი 8

მოსამართლე უპატივცემულოდ არ უნდა იხსენიებდეს სხვა მოსამართლის მიერ საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას.

მუხლი 9

მოსამართლემ აზრის გამოთქმის, რწმენისა და გაერთიანების უფლებით სარგებლობისას არ უნდა შელახოს მართლმსაჯულების ღირსება, მიუკერძოებლობა და დამოუკიდებლობა.

მუხლი 10

მოსამართლემ, რომელიც დაარღვევს სამოსამართლო ეთიკის ნორმას, უნდა იზრუნოს მისი ქმედებით გამოწვეული ზიანის გამოსასწორებლად.

3 თავი III. მოსამართლის ქცევის წესები სამოსამართლო განხორციელებისას

▲ზევით დაბრუნება


მუხლი 11

მოსამართლე მართლმსაჯულების განხორციელებისას დამოუკიდებელია და გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ კანონის, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად.

მუხლი 12

მოსამართლე სამოსამართლო უფლებამოსილებას უნდა ახორციელებდეს ღირსეულად, კეთილსინდისიერად, უანგაროდ და მიუკერძოებლად.

მუხლი 13

მოსამართლე გადაწყვეტილების გამოტანისას უნდა იყოს დამოუკიდებელი და შეუვალი; მისი აზრი არ უნდა მერყეობდეს პოლიტიკური, სოციალური, მხარის ინტერესის, საზოგადოებრივი ზემოქმედების ან სხვაგვარი ურთიერთობის ზეგავლენის გამო, ანდა კრიტიკის შიშით.

მუხლი 14

სამოსამართლო მოვალეობის შესრულებისას მოსამართლე თავისუფალი უნდა იყოს ყოველგვარი წინასწარ შექმნილი ან აკვიატებული აზრის, შეხედულების, ცრურწმენისა თუ განწყობისაგან. იგი უნდა მოერიდოს ისეთ ქცევას (მიმიკას, გამომეტყველებას, ჟესტიკულაციას და სხვა), რომელსაც პროცესის მონაწილენი აღიქვამენ წინასწარ შექმნილ ან აკვიატებულ შეხედულებად.

მუხლი 15

დაუშვებელია, რომ მოსამართლის რასობრივ, ეროვნულ, ეთნიკურ, ენობრივ, წოდებრივ, თანამდებობრივ, ქონებრივ, რელიგიურ, სქესობრივ კუთვნილებასთან, ინვალიდობასთან, სექსუალურ ორიენტაციასთან, წოდებრივ-თანამდებობრივ სტატუსთან ან სხვა გარემოებებთან დაკავშირებული შეხედულებანი გავლენას ახდენდნენ გადაწყვეტილების კანონიერებასა ან სხვა მოვალეობის სათანადოდ განხორციელებაზე.

მუხლი 16

დაუშვებელია, მოსამართლე კონკრეტულ საქმეზე წინასწარ ათანხმებდეს მისაღებ გადაწყვეტილებას, ანდა რაიმე ფორმით ანგარიშს აბარებდეს ამ გადაწყვეტილების გამო.

მუხლი 17

მოსამართლემ არ უნდა შეასრულოს ისეთი დავალება თუ რეკომენდაცია, რომელიც რაიმე ფორმით ხელყოფს მის დამოუკიდებლობას.

მუხლი 18

მოსამართლე პატივისცემით, ყურადღებით და კორექტულად უნდა მოეკიდოს პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენელთა ინტერესს, მოიპოვონ და გაავრცელონ ინფორმაცია მართლმსაჯულების განხორციელების, სასამართლოს საქმიანობის ან კონკრეტული საქმის შესახებ.

მუხლი 19

მოსამართლე საჯაროდ არ უნდა გამოთქვამდეს აზრს ან იძლეოდეს განმარტებებს განსახილველი ან განხილვის პროცესში არსებული საქმის შესახებ, თუ ეს არ შეეხება საქმის წარმოების ორგანიზაციულ და ტექნიკურ მხარეს.

მუხლი 20

მოსამართლე საჯაროდ ან პირად საუბარში უნდა მოერიდოს ისეთ განცხადებას, რომელსაც შეუძლია წარმოშვას საფუძვლიანი წინაპირობა, რომ ეს განცხადება ხელს შეუშლის საქმეზე კანონიერი გადაწყვეტილების მიღებას.

მუხლი 21

მოსამართლე საჯაროდ ან პირად საუბარში არ უნდა გამოხატავდეს თავის დადებით ან უარყოფით განწყობას განსახილველ, განხილვის პროცესში არსებულ ან უკვე განხილულ საქმეში მონაწილე რომელიმე მხარის მიმართ.

მუხლი 22

მოსამართლე არ უნდა იყენებდეს შეურაცხმყოფელ, დამამცირებელ სიტყვებსა და გამოთქმებს ან რასისტულ თუ შოვინისტურ ტერმინოლოგიას.

მუხლი 23

მოსამართლე უნდა იყოს ყურადღებიანი, გულისხმიერი და კორექტული იმ მოქალაქის მიმართ, რომელიც სასამართლოს მიმართავს.

მუხლი 24

მოსამართლე სასამართლოში საქმის განხილვისას შემოსილი უნდა იყოს მანტიით.

მუხლი 25

მოსამართლე ღირსებითა და თავაზიანად უნდა ეპყრობოდეს პროცესის მონაწილეებს.

მუხლი 26

მოსამართლემ პროფესიული მოვალეობის განხორციელებისას მოპოვებული ინფორმაცია არ უნდა გამოიყენოს არადანიშნულებისამებრ.

მუხლი 27

მოსამართლე პატივს უნდა სცემდეს სასამართლოს პერსონალს.

მუხლი 28

მოსამართლე თვალყურს უნდა ადევნებდეს, რომ სასამართლოს მოხელე იცავდეს პროფესიული ეთიკის ნორმებს, თავშეკავებულად მოქმედებდეს, არ იჩენდეს რაიმე მიკერძოებას, არ ავლენდეს განსხვავებულ დამოკიდებულებას მხარეების მიმართ ან არ ამჟღავნებდეს წინასწარ შექმნილ განწყობას.

მუხლი 29

მოსამართლე ვალდებულია, რეაგირებდეს სასამართლოს მოხელის მიერ პროფესიული ეთიკის ნორმის დარღვევაზე და ახორციელებდეს შესაბამის ღონისძიებებს.

მუხლი 30

მოსამართლე სისტემატურად უნდა იმაღლებდეს პროფესიული ცოდნის დონეს.

მუხლი 31

მოსამართლე ხელს უნდა უწყობდეს სასამართლოს მოხელეთა პროფესიონალიზმისა და კომპეტენტურობის ამაღლებას, აძლევდეს მათ საჭირო რჩევა-დარიგებას.

4 თავი IV. მოსამართლის არასამოსამართლო მოღვაწეობა

▲ზევით დაბრუნება


მუხლი 32

მოსამართლის საქმიანობა, რომელიც არ უკავშირდება სამსახურებრივ მოვალეობას, დასაშვებია, თუ იგი არ ეწინააღმდეგება მოსამართლისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპებს, არ უქმნის საფრთხეს სასამართლოს ავტორიტეტს, არ ქმნის ეჭვის საფუძველს სამოსამართლო საქმიანობის განხორციელებისას მის ობიექტურობასა და მოუსყიდველობაში, არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობასა და ამ კოდექსს.

მუხლი 33

მოსამართლისათვის სამოსამართლო მოვალეობანი უპირველესია. მოსამართლე არ შეიძლება ეწეოდეს რაიმე ანაზღაურებად საქმიანობას, გარდა პედაგოგიური, სამეცნიერო ან შემოქმედებითი საქმიანობისა, თუ იგი ხელს არ უშლის სამოსამართლო უფლებამოსილების სათანადოდ განხორციელებას.

მუხლი 34

მოსამართლემ მონაწილეობა არ უნდა მიიღოს მის სამსახურებრივ სტატუსსა და მოვალეობასთან შეუთავსებელ გარიგებაში.

მუხლი 35

მოსამართლე არ შეიძლება გახდეს წევრი ისეთი გაერთიანებისა, რომელიც ერთგულების ფიცის დადებას მოითხოვს, ანდა ეჭვქვეშ აყენებს მოსამართლის რეპუტაციას, ზიანს აყენებს სასამართლოს ავტორიტეტს.

მუხლი 36

მოსამართლე არ უნდა ეწეოდეს პოლიტიკურ საქმიანობას. იგი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური ორგანიზაციის წევრი ან ასრულებდეს პარტიულ დავალებას, ან პოლიტიკური ორგანიზაციის სახელით გამოდიოდეს სიტყვით.

მუხლი 37

მოსამართლე საჯაროდ არ უნდა ამჟღავნებდეს თავის პოლიტიკურ შეხედულებას. აკრძალულია მისი მხრიდან ნებისმიერი პოლიტიკური პროპაგანდა როგორც სასამართლო დარბაზში, ისე მის გარეთ.

მუხლი 38

მოსამართლემ საჯაროდ ან სხვა ფორმით მხარი არ უნდა დაუჭიროს კანდიდატურას სახელმწიფო პოლიტიკურ თანამდებობაზე ან გამოვიდეს მის წინააღმდეგ.

მუხლი 39

მოსამართლეს ეკრძალება გაფიცვა. მას არა აქვს უფლება, რაიმე მოტივით, კოლექტიურად თუ ინდივიდუალურად, უარი თქვას ან სხვას მოუწოდოს სამსახურებრივი და პროფესიული მოვალეობის შეუსრულებლობისაკენ.

მუხლი 40

მოსამართლემ სასამართლოს მოხელესაც უნდა ურჩიოს, რომ თავი შეიკავოს პოლიტიკური საქმიანობის ან პოლიტიკური შეხედულების დემონსტრირებისაგან.

მუხლი 41

მოსამართლეს უფლება აქვს, გამოხატოს პოზიცია საკუთარ ან სხვა ქვეყანაში პროფესიული მოვალეობის შესრულებისათვის მოსამართლის ან სხვა იურიდიული პროფესიის ადამიანის შევიწროების, დევნის, დაუცველობის, ზეწოლის ან მის საქმიანობაში უკანონო ჩარევის გამო.

მუხლი 42

მოსამართლეს უფლება აქვს, ეკავოს რაიმე თანამდებობა საზოგადოებრივ საწყისებზე ან მონაწილეობდეს ისეთ სახელმწიფო, ან საზოგადოებრივ კომისიაში, რომელიც დაკავშირებულია საკანონმდებლო საქმიანობასთან, მართლმსაჯულების განხორციელების სრულყოფასთან, სხვა სამართლებრივ ან ისეთ არასამართლებრივ საკითხებთან, რომლებიც ამ კოდექსის მოთხოვნას არ ეწინააღმდეგება.

მუხლი 43

მოსამართლეს უფლება აქვს, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, წარმოადგენდეს ქვეყანას ან მის რომელიმე ადმინისტრაციულ ერთეულს ოფიციალურ ცერემონიალზე, კულტურულ - საგანმანათლებლო ღონისძიებაზე ან ღირსსახსოვარ თარიღთან დაკავშირებით.

მუხლი 44

მოსამართლეს უფლება აქვს, იყოს თავისი ან უცხო ქვეყნის (ქალაქის ან სხვა ადმინისტრაციული ერთეულის) საპატიო მოქალაქე.

5 თავი V. კოდექსის ამოქმედება

▲ზევით დაბრუნება


მუხლი 45

სამოსამართლო ეთიკის კოდექსი ძალაში შედის საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ მიღებისთანავე.