![]() |
დემოკრატიაზე გარდამავალი პერიოდი და აქტიური მოქალაქეობა (სატრენინგო მასალები) |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
თემატური კატალოგი დემოკრატია|სახელმწიფო და საზოგადოება, სამოქალაქო განათლება|სამოქალაქო სამართლებრივი განათლება |
წყარო:
დემოკრატიაზე გარდამავალი პერიოდი და აქტიური მოქალაქეობა : სატრენინგო მასალები / შემდგ.: მალხაზ ბეგიაშვილი, დავით ბოსტოღანაშვილი, დიანა ლეჟავა და სხვ. - თბ., 2007 - 352 გვ. ; 24 სმ. - ISBN 978-9941-0-0209-0 : [ფ. ა.] [MFN: 131800] UDC: 321.7 + 342.7 + 316.325](479.22) K 25.032/4 - საერთო ფონდი K 25.033/4 - საერთო ფონდი K 25.139/4 - საერთო ფონდი F 8.165/4 - ხელუხლებელი ფონდი |
საავტორო უფლებები: © dvv international, 2007; სახალხო უნივერსიტეტთან გერმანული ასოციაციის საქართველოს ფილიალი |
თარიღი: 2007 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: შემდგენელთა ჯგუფი: მალხაზ ბეგიაშვილი დავით ბოსტოღანაშვილი დიანა ლეჟავა დავით ლოსაბერიძე მარიამ მკალავიშვილი გიორგი ნოზაძე /ჯგუფის ხელმძღვანელი/ სოლომონ ნოზაძე თბილისი 2007 პუბლიკაცია მომზადდა და გამოიცა სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის (dvv international) საქართველოს ფილიალის, „თბილისის პროექტთა ბიუროს“ მხარდაჭერით. Prepared and published with the financial support of the Institute for International Cooperation of the German Adult Education Association (dvv international) – Project Office Tbilisi/Georgia. dvv international თბილისის პროექტთა ბიურო ტელ./ფაქსი: (+995 32) 223760, 913475 ელ.ფოსტა: info@dvv-international.ge ინტერნეტი: www.dvv-international.ge პუბლიკაციის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორთა კოლექტივი და იგი შესაძლოა არ ემთხვეოდეს dvv international-ის პოზიციას. Transition to the Democracy and Active Citizenship Prepared by: Malkhaz Begiashvili, David Bostoghanashvili, Diana Lejava, David Losaberidze, Mariam Mkalavishvili, Giorgi Nozadze (Editor), Solomon Nozadze Tbilisi, 2007 რედაქტორი: სოლომონ ნოზაძე კომპიუტერული უზრუნველყოფა: ფატი გაგულია გარეკანის დიზაინი: ნინო სანადირაძე კორექტორი: ლალი ქადაგიძე დაიბეჭდა და აიკინძა შპს „სეზანში“ მის.: თბილისი, წერეთლის 140 ტელ.: (+995 32) 357002 |
![]() |
1 წინასიტყვაობა |
▲ზევით დაბრუნება |
წინამდებარე მასალები განკუთვნილია იმ ზრდასრული მოსახლეობისთვის, ვისაც სამოქალაქო განათლების მიღება განუზრახავს და ხელი არ მიუწვდება ქართულ თუ უცხო ენებზე არსებულ ლიტერატურაზე. ამ ტიპის ლიტერატურა უკვე მრავლადაა მიმოფანტული ბიბლიოთეკებსა თუ ვებგვერდებზე, მაგრამ თავმოყრილი და სისტემატიზებული სახით იშვიათად ხვდება მოწადინებულ მკითხველს. არც ეს წიგნია ყოვლისმომცველი და ამომწურავი - შემდგენლები მხოლოდ იმას ეცადნენ, რომ დღევანდელი საქართველოსთვის ყველაზე აქტუალურ სამოქალაქო-პოლიტიკურ თემატიკას შეხებოდნენ, მიმოეხილათ მისი თეორიული საფუძვლები, წარმოეჩინათ თანამედროვე მიდგომები, პირუთვნელად დაეხასიათებინათ საქართველოს რეალობათა სპეციფიკა და მისი ისტორიული ძირები.
წიგნის მიზანია, რომ მოზრდილი მკითხველი, რომელსაც რაიმე სპეციალური სამოქალაქო განათლება არ მიუღია, მისთვის გასაგებ ენაზე გაეცნოს ძირითად ცნებებს, ალტერნატიულ ხედვებს, ფაქტებსა და მოსაზრებებს; იგრძნოს და განიცადოს მოქალაქეობრივ მისწრაფებათა მღელვარება; გაუჩნდეს ადეკვატური დამოკიდებულებანი და ჩამოუყალიბდეს საკუთარი პიროვნული პოზიცია. ამისათვის საკითხავ ტექსტებს თან ერთვის სადისკუსიო კითხვები და სავარჯიშოები, რომელიც ჯგუფური მეცადინეობისას შეიძლება ნაყოფიერი აღმოჩნდეს წიგნის შინაარსისა და სულისკვეთების ჩასაწვდომად და გასათავისებლად. ეს კიდევ ერთი ცდაა წვლილი შევიტანოთ ზრდასრულთა არაფორმალური განათლებისთვის დიდაქტიკური მასალების შექმნაში.
წიგნის შემდგენელთა წინაშე იდგა ამოცანა: მომზადებული და მოწადინებული მკითხველისთვის წარმოეჩინა არა სამოქალაქო-პოლიტიკური, სოციო-ეკონომიკური თუ ეთნოკულტურული ფსევდორეალობები და ფიქციები1, არამედ დასავლური თუ ქართული მენტალობის ჭეშმარიტად განმსაზღვრელი ღირებულებები, მათზე დაშენებული იდეოლოგიები, ინსტიტუციები და მათი ფუნქციონირების შედეგები. ამიტომ შემდგენლები არ მორიდებიან ცნობილი ავტორებისა თუ ნაშრომების ხშირ ციტირებას, კომპილაციებს, ინტერპრეტაციებს, პერიფრაზს და სხვ. შემდგენელთათვის მთავარი იყო, როგორმე ეპოვათ მკითხველის გულისა და გონების გასაღები, რათა მკითხველს გაეგო, განეცადა, ერწმუნა და გამსჭვალულიყო მოქალაქეობრივი იდეებითა და მისწრაფებებით; რათა მას ეგრძნო მზაობა და სურვილი, გამხდარიყო აქტიური მოქალაქე.
რაღა თქმა უნდა, წიგნში ორიგინალური თეორიული და ემპირიული კვლევის შედეგებიც გვხვდება და შემდგენელთა პიროვნული შეფასებებიც. მკითხველი კრიტიკულად უნდა მიუდგეს მასალას, არ წაიკითხოს იგი ზერელედ და ზედაპირულად, არამედ საკუთარი განსჯის ქურაში გაატაროს, პირად გამოცდილებასთან შეაჯეროს, თანამოქალაქეებთანაც იკამათოს.
სასურველია, რომ მკითხველი ამით არ დაკმაყოფილდეს და მიგნებული და განცდილი თავის ახლობლებსა და მეგობრებს გაუზიაროს, იმოქმედოს და იღვაწოს მოქალაქეობრივად, რათა საქართველოს მოსახლეობა თანდათან დაეუფლოს მოქალაქეობრივ კულტურას და კიდევ უფრო განვითარდეს სამოქალაქო საზოგადოების ფორმირება ჩვენს ქვეყანაში.
ზოგადი თვალსაწიერის გაფართოების გარდა, წიგნი პროფესიული და სპეციალური საგანმანათლებლო მიზნითაც შეიძლება იქნეს გამოყენებული. იგი გამოადგებათ უმაღლესი თუ საშუალო განათლების სისტემის მუშაკებს, არასამთავრობო სექტორის აქტივისტებს, სტუდენტებსა და უფროსკლასელებს. წიგნი გამოსადეგია არაფორმალური განათლების სფეროში ჩასატარებელი სხვადასხვა ღონისძიებებისთვის. წიგნის ყოველ თავს თან ერთვის გამოყენებული ლიტერატურის სია, რაც მათ დაეხმარებათ საჭიროების შემთხვევაში უფრო დაწვრილებით შეისწავლონ ესა თუ ის საკითხი.
მასალები მოამზადეს:
მალხაზ ბეგიაშვილმა - სამართლის უზენაესობა, მედია, საზოგადოებრივი აზრი და საზოგადოებრივი გადაწყვეტილებანი, კონსტიტუციონალიზმი და ადამიანის ნეგატიური და პოზიტიური უფლებები, ტოტალიტარიზმი და ავტორიტარიზმი, საქართველოს სახელმწიფო მოწყობა: ცენტრალური ხელისუფლება;
დავით ბოსტოღანაშვილმა - იდეოლოგია, ლიბერალიზმის თანამედროვე მიმდინარეობები და სხვა თანამედროვე თეორიები, კერძო საკუთრება, როგორც ინდივიდუალური თავისუფლების გარანტია, თვითმმართველობის ტრადიციები საქართველოში;
დიანა ლეჟავამ — მსოფლიოს მოქალაქე - მარტინ ლუთერ კინგი უმცროსი;
დავით ლოსაბერიძემ - სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში, ეთნიკური ანკლავები და მოქალაქეობის პრობლემა საქართველოში;
მარიამ მკალავიშვილმა - სამართალდამცავი ორგანოები და მართლმსაჯულების სისტემა, არჩევნების როლი დემოკრატიულ საზოგადოებაში, საპარლამენტო თუ საპრეზიდენტო მმართველობა, საქართველოს სახელმწიფო მოწყობა: ადგილობრივი თვითმმართველობა, არჩევნების უახლესი ისტორია საქართველოში, ადგილობრივი თვითმმართველობა მისი ისტორიული წარსულიდან დღემდე;
სოლომონ ნოზაძემ - თანამედროვე საქართველო და სამოქალაქო ცნობიერება, პროტესტანტობა და დასავლური ცივილიზაცია, ეროვნული და საზოგადოებრივი ცნობიერების ჩამოყალიბების თავისებურებები საქართველოში;
გიორგი ნოზაძემ - შესავალი, ადამიანის უფლებათა არსი და მათი მნიშვნელობა, ადამიანის უფლებების საკითხი საქართველოში, დემოკრატიის უპირატესობანი და პრობლემები, დემოკრატიის მშენებლობა საქართველოში, პოლიტიკური და სამოქალაქო მონაწილეობა, აქტიური მოქალაქეობისთვის საჭირო კომპეტენციები, საქართველოს მოქალაქეები - აკაკი ბაქრაძე, მერაბ მამარდაშვილი, საზოგადოება და ღირებულებები, ბოლოთქმა.
წიგნის შექმნაში შეტანილი წვლილისთვის მადლობას ვუხდით აგრეთვე გიორგი კვანტალიანს, რომელმაც თარგმნა მასალები ტექსტებისა და სავარჯიშოებისთვის. წიგნის შემდგენლები უღრმეს მადლობას უძღვნიან სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის (dvv international) თბილისის ოფისის ხელმძღვანელს ბატონ ლევან კვაჭაძეს წიგნის მომზადებაში გაწეული დახმარებისა და მხარდაჭერისთვის.
ჩვენ მზად ვართ, მივიღოთ და გავითვალისწინოთ მკითხველთა შენიშვნები და რეკომენდაციები, რომლებიც ორიენტირებულია წიგნის გაუმჯობესებაზე და იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენი მცდელობა გულგრილს არ დატოვებს მკითხველს.
შემდგენელთა ჯგუფის სახელით,
გიორგი ნოზაძე
აგვისტო, 2007
______________________
1 სამწუხაროდ, სწორედ ამ სუროგატითაა გაჟერებულია საქართველოს მოსახლეობის ,,ნოოსფერო“, მიუხედავად პროგრესულ საზოგადოებრივ მოაზროვნეთა არაერთი ძალისხმევისა.
![]() |
2 შესავალი |
▲ზევით დაბრუნება |
„დემოკრატია ვერ იარსებებს, თუ მასში დემოკრატიულად მოაზროვნე ადამიანები არ იცხოვრებენ“.
თომას ჯეფერსონი
გლობალიზაცია და განათლება
საქართველოს სახელმწიფოებრივი და ეროვნული ისტორიის თანამედროვე ეტაპის ძირითადი შინაარსია რუსეთის მსოფლმხედველობრივ-საარსებო ველიდან ევროპულ მსოფლმხედველობრივ-საარსებო ველში გადასვლა. მხოლოდ ერის შიდა რესურსებით ამ ამოცანის გადაჭრა მეტისმეტად რთულია, მაგრამ, ჩვენდა საბედნიეროდ, შეიქმნა ხელშემწყობი გარე პირობებიც: საქართველოს ძალისხმევა დასახული მიზნების მისაღწევად შეიძლება მოერგოს გლობალიზაციის ახალ მძლავრ ტალღას, რომელიც ეფექტიანად შეასრულებს სწორი გეზის მქონე მამოძრავებელი ძალის როლს და ჩვენი „სრიალი“ გლობალიზაციის ტალღებზე დასავლური სისტემის სანაპიროზე გასვლით დასრულდება. სასურველია, რომ ეს იყოს ამ ასპარეზზე ქვეყნის ღირსეული, ჭეშმარიტი გასვლა შენარჩუნებული და დამშვენებული საკუთარი სახით და არა „ტალღებისგან გამორიყვა“ დაზიანებული ან გასვრილი სახით. ამისათვის საქართველო უნდა დაოსტატდეს გლობალიზაციის ტალღებზე სრიალში, გამოიმუშაოს სწორი ორიენტირები და შეინარჩუნოს თვითმყოფადობა.
სამწუხაროდ, საქართველოში აშკარაა ეროვნული სახელმწიფოს შექმნა შენარჩუნებისა და მართვისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევებისა და ქცევითი მოდელების დეფიციტი. უფრო მეტიც, საქართველო ადაპტაციურ კრიზისს განიცდის - მოსახლეობის ქცევითი მოდელები ახალ რეალობას არ შეესაბამება: ქცევითი მოდელები იგივეა, რაც საბჭოთა პერიოდში, გარემო და ინდივიდსა და საზოგადოებაზე მისი ზემოქმედების ფაქტორები კი შეიცვალა. მაგალითად, დამოუკიდებლობის საკმაოდ ხანგრძლივი, მწარე და ჭკუის სასწავლი გამოცდილებით დახუნძლული პერიოდის გასვლის მიუხედავად მოსახლეობამ ვერ გააცნობიერა, რომ სიყალბე, თაღლითობა, მოჩვენებითობა ახალ გარემოში შესაძლოა მომგებიანი აღმოჩნდეს მხოლოდ ლოკალურად, დროის მცირე მონაკვეთზე მოსახლეობის მცირე ნაწილისთვის; მაგრამ ქვეყნის მასშტაბით, დროის რამდენადმე ხანგრძლივ მონაკვეთზე ეს თვისებები ძალიან წამგებიანია, რასაც ადასტურებს ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორია.
საქართველოს უსაფრთხო და წარმატებული სვლა ევროსტრუქტურებისკენ საკუთარი თვითმყოფადობის შენარჩუნებით არსებითადაა დამოკიდებული საქართველოს მოსახლეობის, განსაკუთრებით ახალგაზრდობის, სწორ და ეფექტიან ახლებურ განათლებაზე, რადგან სწორედ ასეთი აღზრდა-განათლება უზრუნველყოფს გლობალიზაციის ტალღებზე მოძრაობისას ზუსტ ორიენტირებს და საკუთარი სახის შენარჩუნებას; სწორედ აღზრდა-განათლება ქმნის იმ „კულტურულ ფილტრს“, რომელიც მოძალებული არაერთგვაროვანი ინფორმაციიდან გამოარჩევს სწორ მიმართულებას, მიზანშეწონილ მოქმედებებს, ადეკვატურ ღირებულებათა სისტემას.
თუკი XX საუკუნის 50-იანი წლებიდან საქართველოში დაიწყო და 70-იანი წლების ბოლოსთვის დასრულდა კომუნისტური ღირებულებებისაგან სრული გაუცხოება, პოსტკომუნისტურ ეპოქაში ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბდა ღირებულებათა ახალი, თანამედროვე სისტემა, რომელიც საფუძვლად დაედებოდა ქართული პედაგოგიური აზროვნების მესაძირკვლეთა - ილია ჭავჭავაძის და იაკობ გოგებაშვილის უკვე ასწლოვანი ჩანაფიქრის - „ახალი ქართველის“ გამოზრდის რეალიზაციას.
საქართველო ჯერ კიდევ რჩება მხოლოდ მცირე ჯგუფებზე (ოჯახი, სანათესაო, სამეზობლო და ა.შ.) ორიენტირებული კულტურის მაგალითად. ინდივიდები ძირითად სოციალურ მოთხოვნილებებს (ძალაუფლება, პრესტიჟი და სხვა) მცირე ჯგუფების ფარგლებში იკმაყოფილებენ. ქართული სოციუმის ამგვარი სტრუქტურა განსაზღვრავს ჰორიზონტის სივიწროვეს როგორც სივრცეში, ისე დროში. ქართული კულტურის „ქცევითი სივრცე“ აწმყოზეა ორიენტირებული და მისთვის უცხოა შორს, მომავალზე გათვლილი სტრატეგია. საზოგადოებრივი ვალდებულებები ძირითადად სიტყვაზე სრულდება. სოციალურ ქმედებას ეროვნული ღირებულებების სისტემისადმი სიტყვიერად გამოხატული ლოიალობა ენაცვლება. საზოგადოების ყველა ფენაში აშკარად იგრძნობა მოქალაქეობრივი შეგნების დეფიციტი; გაბატონებულია არაჯანსაღი ცხოვრების წესი მისთვის დამახასიათებელი დაბალი ფიზიკური და სოციალური აქტივობით, მავნე ჩვევებით, გარემოსადმი მომხმარებლური და უპასუხისმგებლო დამოკიდებულებით, გარშემომყოფთა ინტერესებისა და უფლებების გაუთვალისწინებლობით, არხეინობით, უპასუხისმგებლობითა და ზერელობით.
დღეს, როცა დამოუკიდებელ, დემოკრატიულ, სამართლებრივ სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოებას ვაშენებთ, ძველი ცხოვრებიდან ინერციით გადმოსული ქცევითი მოდელები, ცხოვრების სტილი აღარ შეესაბამება რეალობის მოთხოვნებს. ეროვნული სახელმწიფოს შენარჩუნებისა და მართვისთვის აუცილებელია, პიროვნების მოქმედება გასცდეს ოჯახის, სანათესაოს ფარგლებს და იქცეს ერის, ქვეყნის მსახურებად, რომელიც აღბეჭდილი იქნება მომავალზე ზრუნვით, პერსპექტივის ჭვრეტით, სიტყვისა და საქმის ერთიანობით. დასახული სახელმწიფოებრივი და ეროვნული მიზნების მისაღწევად საჭიროა თავისუფალი, დამოუკიდებელი პიროვნებისა და მოქალაქის აღზრდა, რომელიც კონკურენტუნარიანი და პროდუქტიული იქნება სწრაფად ცვალებად სამყაროში, გლობალიზაციისა და საინფორმაციო-ტექნოლოგიურ ეპოქაში. ასეთი პიროვნების განვითარების აუცილებელი პირობაა ინტელექტუალური და პრაქტიკული უნარ-ჩვევების დაუფლება; ისეთი ცოდნის შეძენა, რომელიც, გარდა ფაქტობრივი ინფორმაციისა, ღირებულებებს და მოქმედების გზებს მოიცავს; სწორი სოციალური განწყობა-დამოკიდებულებების გამომუშავება.
გლობალიზაციის ეპოქის პიროვნებისა და მოქალაქის ფორმირებისთვის აუცილებელი აღმზრდელობით-საგანმანათლებლო ამოცანების გადასაჭრელად მიზანშეწონილია განათლების მუშაკთა და ფართო საზოგადოების კომპლექსური მიზანმიმართული ზემოქმედება განათლების სისტემის ფუნქციონირების ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად.
სამოქალაქო განათლების აუცილებლობა საქართველოში
სამოქალაქო განათლების აუცილებლობა საქართველოში განპირობებულია შემდეგი ფაქტორებით:
სწარაფად ცვალებადი სამყაროს არსებობა წარმოქმნის ინდივიდუალური გადარჩენისა და ადაპტაციის პრობლემას, რომელთან გამკლავებისთვის მოქალაქეებს უნდა გამოვუმუშაოთ სასიცოცხლო უნარ-ჩვევები;
გლობალიზაციის პროცესი წარმოქმნის ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებისა და ევრო-ამერიკულ სისტემებთან ჰარმონიზაციის პრობლემებს, რომელთა გადასაჭრელად პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს ჯანსაღი ეროვნული ფასეულობებისა და განათლების ევროპული სტანდარტების დამკვიდრებას, მოსახლეობის მსოფლმხედველობრივი თვალსაწიერის გაფართოებას;
ინდუსტრიული ეპოქის შეცვლა საინფორმაციო-ტექნოლოგიური ეპოქით წარმოშობს ეკონომიკის რესტრუქტურიზაციის, ახალი სპეციალობების დაუფლების პრობლემებს, რომელთა გადასაჭრელად აუცილებელია ეკონომიკური და საინფორმაციო-ტექნოლოგიური განათლების დანერგვა;
დამოუკიდებელი დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა შეუძლებელია სახელმწიფოებრივი აზროვნებისა და მოღვაწეობის დეფიციტის პირობებში, რომლის აღმოსაფხვრელად საჭიროა სამართლებრივი, უფლებრივი, ეკონომიკური, ეკოლოგიური კულტურის განვითარება მოსახლეობისთვის, მათთვის თავისუფლებების შესახებ ცოდნის მიწოდება და, იმავდროულად, კანონის პატივისცემის გამომუშავება;
სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის არსებითია მოსახლეობის აქტიური და კომპეტენტური მონაწილეობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რის აუცილებელი წინაპირობაც არის ინდივიდების მოქალაქეობრივი აღზრდა და განათლება;
საბაზრო ეკონომიკის ფორმირება წარმოქმნის ჯანსაღი საკონკურენციო გარემოს შექმნისა და მასში ინდივიდთა ადაპტაციის პრობლემებს, რომელთა გადასაჭრელად აუცილებელია ადამიანების აღჭურვა ქმედითი ცოდნით, უნარ-ჩვევათა გამოყენებადი სისტემით და ზომიერი პრაქტიციზმით (იქნებ პრაგმატიზმითაც) გამსჭვალული განწყობა-დამოკიდებულებებით ისე, რომ მათ გამოუმუშავდეთ ფხიანობა, თადარიგიანობა, ყაირათიანობა და სხვა ამგვარი პოზიტიური თვისებები.
სამოქალაქო განათლების შედეგი უნდა იყოს თავისუფალი, დამოუკიდებელი, პროდუქტიული, კულტურული, ჰუმანური პიროვნება, რომელიც ინარჩუნებს და ავითარებს საკუთარ სამყაროს, იცავს საკუთარ აზრს, უფლებებსა და ღირსებას, ასრულებს მოვალეობებს, აქვს პასუხისმგებლობის გრძნობა, მსახურებს თავის საქმეს და სამშობლოს, იღვწის კაცობრიობის პროგრესისთვის.
მისთვის სრულიად მიუღებელი უნდა იყოს სიყალბე, მოჩვენებითობა, თაღლითობა, არხეინობა, დაუდევრობა, ამპარტავნობა, ეგოცენტრიზმი და სხვა ნეგატიური თვისებები, რომელიც თავი და თავია ჩვენი ამჟამინდელი უბადრუკი ყოფისა. ახალი თაობა ისე უნდა აღიზარდოს და გამოიწვრთნას, რომ აზრადაც არ მოუვიდეს ამორალური, ასოციალური ქცევა, რომლის მაგალითებსაც ყოველ ნაბიჯზე ვაწყდებით ახლა; მათ ავტომატიზმამდე მისული ადეკვატური რეაქციები უნდა ჰქონდეთ ამა თუ იმ პრობლემურ ვითარებაზე ისე, რომ გამორიცხული იყოს ყველანაირი არჩევანი მისაღებ და მიუღებელ მოქმედებას შორის.
ახალი ქართველი, მისი პიროვნული სიდარბაისლე, მისი სამეურნეო შნო და ლაზათი, მისი მოქალაქეობრივი გამჭრიახობა და ეროვნული სულისკვეთება, მისი ინტელექტუალური და ფიზიკური სიჯანსაღე და მომხიბვლელობა უნდა გახდეს იმის საფუძველი, რომ ჩვენი ერი და სახელმწიფო 21-ე საუკუნეში მაინც აღორძინდება.
სადისკუსიო კითხვები
1. მეცნიერები გლობალიზაციას განმარტავენ, როგორც საერთაშორისო მნიშვნელობის სხვადასხვა ფაქტორის მზარდი ზემოქმედების პროცესს (მაგალითად, მჭიდრო ეკონომიკური კავშირები, კულტურული და საინფორმაციო ურთიერთგაცვლები) სხვადასხვა ქვეყნის სოციალურ რეალობაზე. დაასახელეთ საქართველოზე ასეთი ზემოქმედების კონკრეტული მაგალითები და მიუთითეთ ფაქტორები.
2. რა პრობლემებს წარმოშობს, თქვენი აზრით, გლობალიზაცია? რა არის გლობალიზაციის პოზიტიური ელემენტები? ჩამოაყალიბეთ მოვლენათა განვითარების ოპტიმისტური და პესიმისტური სცენარები.
3. შეაფასეთ განათლების მნიშვნელობა თანამედროვე სამყაროში. იზიარებთ თუ არა აზრს, რომ:
ა) „განათლება არის თავისუფლების უკეთესი გარანტია, ვიდრე რეგულარული არმია“.
ედუარდ ევერეტი
ბ) „კაცობრიობის ისტორია სულ უფრო ემსგავსება შეჯიბრს განათლებასა და კატასტროფას შორის“.
ჰერბერტ უელსი
გ) „თუ განათლება ძვირი გეჩვენებათ, აწონ-დაწონეთ, რა დაგიჯდებათ უმეცრება“.
უცნობი ავტორი
4. სწავლისა და შემეცნების რომელ გზას გვთავაზობს სიბრძნე: „მე მესმის და მავიწყდება. მე ვხედავ და ვიმახსოვრებ. მე ვაკეთებ და ვიგებ“.
კონფუცი
5. ჩამოაყალიბეთ „ახალი ქართველის“ თქვენეული პორტრეტი.
![]() |
3 თავი I. ლიბერალიზმი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
3.1 §1. ადამიანის უფლებათა არსი და მნიშვნელობა |
▲ზევით დაბრუნება |
„არის რა ბუნებითად თავისუფალი, თანასწორი და დამოუკიდებელი, არც ერთი ადამიანი არ შეიძლება დაექვემდებაროს სხვის პოლიტიკურ ძალაუფლებას საკუთარი თანხმობის გარეშე“.
ჯონ ლოკი
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ 1988 წელს გამოცემული ადამიანის უფლებათა დოკუმენტების კრებული კონვენციების, დეკლარაციებისა და სხვა დოკუმენტების 67 ტექსტს შეიცავს. ამ დოკუმენტებს შორისაა:
1. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია (1948);
2. საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ;
3. საერთაშორისო პაქტი ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა შესახებ;
4. სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტს თანდართული ფაკულტატური პროტოკოლები1.
საერთაშორისო პაქტები დეკლარაციისგან იმით განსხვავდება, რომ პაქტი იურიდიულად სავალდებულო ხელშეკრულებაა, ხოლო დეკლარაცია — არა. საქართველო 1994 წელს შეუერთდა ამ პაქტებს და გარდა ამისა, „ბავშვის უფლებების კონვენციას“, რომელიც 1989 წელს იქნა მიღებული.
ადამიანის უფლებათა თეორიის შინაარსი ბუნებითი კონცეფციის დოქტრინიდან იღებს სათავეს, რომლისთვისაც ძირითადია თანდაყოლილი ადამიანური ღირსების ცნება2. ეს ღირსება თავად ადამიანის არსიდან გამომდინარეობს და ერთნაირად აქვს ყველა ადამიანს - იქნება ეს ახალშობილი, ამქვეყნად რომ ჯერ არაფერი შეუქმნია, თუ ჩამოყალიბებული დამნაშავე. აქედან გამომდინარე, ადამიანის ხელშეუვალი და განუსხვისებელი უფლებების დანიშნულებაა ადამიანისთვის საკუთარი ღირსების შენარჩუნება.
ადამიანის უფლებების მდგომარეობა საშუალებას იძლევა, გაირკვეს ცივილიზაციის ტიპი, მისი ეტაპი, რამეთუ ადამიანისა და სახელმწიფოს მიმართება უმნიშვნელოვანესი ნიშანია, რომელიც ახასიათებს ამა თუ იმ ცივილიზაციის ბუნებას, ხოლო სახელმწიფოს განსაზღვრავს, როგორც სამართლებრივს ან არასამართლებრივს.
ადამიანის უფლებები წარმოიქმნა და განვითარდა მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვა დროს ცივილიზაციის განმსაზღვრელი საზოგადოებრივი მსოფლმხედველობის, რელიგიის, ფილოსოფიის, მორალის, კულტურის ხასიათის შესაბამისად. უკვე ანტიკურმა პოლისურმა დემოკრატიამ დაბადა პირველსაწყისები მოვლენისა, რომელსაც შეიძლება „ადამიანის უფლებები“ დაერქვას. მეექვსე საუკუნეში ჩვენს ერამდე ათენელმა არქონტმა სოლონმა შექმნა „კონსტიტუცია“, რომელიც განამტკიცებდა დემოკრატიის ელემენტებს - მართვაში საზოგადოების ფართო ფენების მონაწილეობას და აფუძნებდა სახელმწიფო ჩინოვნიკების პასუხისმგებლობაში მიცემის უფლებას. სამოქალაქო უფლებების განვითარებაში წვლილი შეიტანეს რომაელებმაც, რომელთაც შემოიღეს ძალაუფლების დანაწილება, მიიღეს და დაამუშავეს ბუნებითი უფლებების იდეები.
ქრონოლოგიური თვალსაზრისით, ადამიანის უფლებათა დაცვის აუცილებლობის საკითხი დგება მაშინ, როდესაც ბუნებრივი საზოგადოება სამოქალაქო საზოგადოებაში გადადის, ხოლო ამ უკანასკნელის განვითარება ხდება პოლიტიკური კავშირის შექმნისა და კონსტიტუციის დამტკიცების შედეგად. პოლიტიკურ-უფლებრივმა აზროვნებამ, რომელიც იქვე ჩაისახა, სადაც დემოკრატია და მაღალი სულიერი კულტურა (ათენი, რომი), ბიძგი მისცა ევროპულ ცივილიზაციას. ეს ცივილიზაცია პერსონოცენტრისტულ ხედვაზე იყო დაფუძნებული: ადამიანიდან სახელმწიფოსკენ3. მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დეკლარაციის ამოსავალი პრინციპია ის, რომ სახელმწიფო არსებობს ინდივიდებისათვის და არა პირიქით. ნათქვამი სრულიად არ გულისხმობს იმას, თითქოს მთავრობა ვალდებული იყოს, რომ თავისი ყველა ქვეშევრდომი გააბედნიეროს. ნებისმიერ მთავრობას ორი ძირითადი ვალდებულება აქვს ქვეშევრდომთა წინაშე: უზრუნველყოს მათი უსაფრთხოება და მიაღწიოს იმას, რომ ერთმა მოქალაქემ პირადი კეთილდღეობის მიღწევის უფლების განხორციელებისას არ შეზღუდოს სხვა მოქალაქეთა ანალოგიური უფლებები.
ფრანგული „ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა დეკლარაცია“ კი კრძალავს ნებისმიერი ჯგუფის ან ინდივიდის ხელისუფლებას, თუკი იგი ხალხიდან არ მოდის. იმავე დოკუმენტის თანახმად, არ შეიძლება კონსტიტუცია ჰქონდეს ისეთ სახელმწიფოს, სადაც არ არის უზრუნველყოფილი უდანაშაულობის პრეზუმფცია, საზოგადოების უფლება - თანამდებობის ყოველ პირს მოსთხოვოს ანგარიში მის მიერ მართულ სფეროზე, და სადაც არ არის განხორციელებული ხელისუფლების დანაწილება. დეკლარაციასა და კონსტიტუციას შორის მიმართების თვალსაზრისით, საინტერესოა „ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა დეკლარაციის“ ავტორთა პოზიცია - დეკლარაცია წინ უნდა უძღოდეს კონსტიტუციას იმ აზრით, რომ ადამიანის უფლებები და თავისუფლებები ყველა კონსტიტუციასა და კანონმდებლობაზე მაღლა დგას. ხელისუფლებას იმდენი უფლება აქვს, რამდენსაც მას კანონი ანიჭებს (შეზღუდული ძალაუფლების პრიციპი), ხოლო ადამიანს აქვს ყველა ის უფლება, რომელსაც კანონი არ უკრძალავს.
ამგვარი მიდგომა რევოლუციური შემობრუნება იყო საზოგადოებრივ ცნობიერებაში: ინდივიდმა, რომელიც მთლიანად იყო დაქვემდებარებული სახელმწიფოს და დამოკიდებული იყო მასზე, მიიღო ავტონომია - უფლება, რომ სახელმწიფო არ ჩაერიოს მის თავისუფლებაში, რომელიც კანონის მიერაა შემოფარგლული. პიროვნებამ მიიღო აგრეთვე სახელმწიფოებრივი დაცვის გარანტიები მისი უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის შემთხვევაში.
ამგვარად, ადამიანის უფლებები - ესაა პიროვნების ყოფიერების გარკვეული ნორმატიული (მორალური ან იურიდიული შინაარსის მქონე) თვისებები და განსაკუთრებულობანი, რომლებიც გამოხატავენ მის თავისუფლებას. ამასთანავე, ადამიანის უფლებები მისი სიცოცხლის, საზოგადოებასთან თუ სახელმწიფოსთან, სხვა ინდივიდებთან მისი ურთიერთობის განუყოფელი და აუცილებელი ხერხები და პირობებია.
ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დეკლარაციის თანახმად, ყოველ ადამიანს განუყოფელ უფლებებს „შემოქმედი“ ანიჭებს. ფრანგული „ადამიანის და მოქალაქის უფლებათა დეკლარაციის“ მიხედვით კი, ადამიანის უფლებები მხოლოდ დამტკიცებული და აღიარებული უნდა იქნეს „უმაღლესი არსის4 წინაშე და მისი მფარველობით“. ფრანგი მოქალაქეების იდეას, რომ „ადამიანი თავის უფლებებს ბუნებას უნდა უმადლოდეს, მისთვის ისინი არავის არ მიუნიჭებია“, შემდგომში მკვეთრად დაუპირისპირდა ნ. ბერდიაევი. ბერდიაევის თვალსაზრისით, ადამიანის უფლებები არ მომდინარეობს არც ბუნებიდან, არც საზოგადოებიდან და არც სახელმწიფოსაგან - ისინი ღვთიური წარმოშობისაა და დასაბამიდანვე ეკუთვნის ადამიანს, როგორც სულიერ არსებას, „ხატს ღვთისას“. ადამიანის უფლებები, ამ აზრით, პიროვნების სუბიექტური უფლებებია, ხოლო „ღმერთის უფლებათა დეკლარაცია და ადამიანის უფლებათა დეკლარაცია - ერთი და იგივე დეკლარაციებია“.
ეს განსხვავებული თვალსაზრისები ადამიანის უფლებების ღვთიური თუ ბუნებისმიერი წარმოშობის შესახებ ასახავს ისტორიული პირობების, კულტურული თუ ეთნოფსიქოლოგიური თავისებურებების ზეგავლენას ადამიანის უფლებათა კონცეფციის განვითარებაზე. არსებითი კი აქ ისაა, რომ ნებისმიერი ცივილიზაციის საფუძველი და ფონი რელიგიაა. ქრისტიანული რელიგიის თავისებურებებმა მოამზადა საზოგადოებრივი ცნობიერება თავისუფლების იდეისთვის, საკუთარ მოქმედებაზე პასუხისმგებლობისთვის. ადრეულ ქრისტიანობაში წინ წამოწია ღმერთის წინაშე ყველას თანასწორობამ; შემდგომ, შუა საუკუნეებში, რელიგია დოგმატიზებული და რიტუალური შეიქნა ადამიანის ინდივიდუალობის უკუგდებით. ამიტომ ადამიანის უფლებების იდეის, როგორც თავისუფლებაზე ადამიანის განაცხადის, შემოტანა გარკვეულწილად შესაძლებელი იყო თეოლოგიურ მსოფლმხედველობასთან დაპირისპირებით. ამითვე იყო განპირობებული ეკლესიის განცალკევება სახელმწიფოსგან.
მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის უფლებები კათოლიკურ სამყაროში რელიგიურ მსოფლმხედველობას დაუპირისპირდა, ისინი პრინციპულად მხოლოდ ქრისტიანული მსოფლმხედველობის წიაღში შეიძლებოდა აღმოცენებულიყო. ქრისტიანული პერსონოცენტრიზმი აისახა პოლიტიკური თავისუფლების გაგებაშიც. ცნობილია, რომ მონტესკიე განასხვავებდა პოლიტიკურ თავისუფლებას, გამოხატულს სახელმწიფოებრივ წყობაში, რომელიც ხორციელდება ხელისუფლების დაყოფით და ურთიერთგაწონასწორებით, და პოლიტიკურ თავისუფლებას მოქალაქესთან მიმართებით, რომელიც გამოიხატება მოქალაქის რწმენაში თავისი უსაფრთხოებისადმი. „ადამიანის და მოქალაქის უფლებათა დეკლარაციის“ ავტორებმა ძირითადი ყურადღება პოლიტიკური თავისუფლების მეორე ასპექტს დაუთმეს.
მაშასადამე, ადამიანის უფლებები და თავისუფლებები არ არის სახელმწიფოს მიერ ნაბოძები წყალობა, ისინი სახელმწიფოსგან დამოუკიდებლად არსებობენ. უფლებათა და თავისუფლებათა არსებობა არ შეიძლება შემოიფარგლოს დროის რომელიმე მონაკვეთით და არ შეიძლება შეილახოს სხვა ღირებულებებით. ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, როგორც წარუვალი და უზენაესი ადამიანური ღირებულებები, ზღუდავს სახელმწიფოს ხელისუფლების განხორციელებას, ე.ი. ხელისუფლება შეზღუდულია ადამიანის უფლებებით და თავისუფლებებით. სახელმწიფოს მოვალეობაა ადამიანის უფლებების და თავისუფლებების დაცვა, რადგანაც ის არსებობს ხალხისგან და ხალხისთვის.
ამგვარად, ადამიანის უფლებათა თეორიაში ჩამოყალიბებულია პრინციპები, რომელიც თანამედროვე სამყაროს ფასეულობითი ორიენტირია. ეს პრინციპები ყალიბდებოდა, მდიდრდებოდა ისტორიულად და დღეს კულტურის განუყოფელი ნაწილია. ეს პრინციპებია:
- ადამიანის უფლებები მას დაბადებიდანვე ეკუთვნის (თანდაყოლილია), ამიტომ ისინი ბუნებითია, განუყოფელია და ხელშეუვალია;
- ადამიანის უფლებები უმაღლესი ფასეულობაა, ხოლო მათი პატივისცემა, შესრულება და დაცვა სახელმწიფოს მოვალეობაა;
- ადამიანის უფლებები არის ძალაუფლების კონტროლის, სახელმწიფოს ყოვლისშემძლეობის შემზღუდავი საშუალება, რათა სახელმწიფომ არ გადალახოს ადამიანის უფლებებით შემოფარგლული თავისუფლების საზღვრები;
- უფლებათა და თავისუფლებათა უზრუნველყოფა შეუთავსებელია რაიმე ნიშნით დისკრიმინაციასთან;
- ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა განხორციელება არ უნდა არღვევდეს სხვა პირთა უფლებებს და თავისუფლებებს;
- ძირითადი უფლებები და თავისუფლებები ერთიანი უნდა იყოს სახელმწიფოს მთელ ტერიტორიაზე;
- ადამიანის უფლებები უნივერსალურია, დაფუძნებულია თანასწორობაზე,
ისინი გარანტირებულია ყველასთვის, ვინც მოცემული სახელმწიფოს იურისდიქციის
ქვეშაა;
- პირადი პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებები და თავისუფლებები თანაბრად ფასეულია, მათ შორის არ არსებობს იერარქია;
- კოლექტიური უფლებები განუყოფელია ინდივიდის უფლებებისგან. ისინი
არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ინდივიდუალურ უფლებებს ან ზღუდავდეს პიროვნების უფლებრივ სტატუსს;
- ადამიანის უფლებები რეგულირდება კანონით;
- ადამიანის უფლებები და თავისუფლებები შეიძლება შეიზღუდოს კანონით იმ ვითარებების საფუძველზე, რომლებიც მითითებულია კონსტიტუციებში და საერთაშორისო სამართლებრივ აქტებში, მაგალითად, სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოებისადმი მუქარის, კონსტიტუციური წყობისადმი საშიშროების, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და ზნეობისადმი საფრთხის, სხვა პირთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესებისთვის საფრთხის შემთხვევაში. ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დროებითი შეზღუდვა შესაძლებელია განსაკუთრებული ან საომარი მდგომარეობის შემთხვევაში. შეზღუდვები თანაზომადი და პროპორციული უნდა იყოს იმ სიტუაციისა, რომლის გამოც მოხდა შეზღუდვა და უნდა მოისპოს ვითარების ნორმალიზაციისდა მიხედვით.
ადამიანის უფლებათა კულტურის დაუფლება პიროვნებას საშუალებას აძლევს, შეაფასოს პოლიტიკური რეჟიმები, სახელმწიფოთა ჰუმანიტარული და სოციალური საქმიანობა, პოლიტიკური ლიდერების სამართლებრივი და ზნეობრივი კულტურა, ხალხის სამართალშეგნება. ადამიანის უფლებების თანდაყოლილი ხასიათის გაცნობიერება და გათავისება ათავისუფლებს მას სახელმწიფოზე ზედმეტი დამოკიდებულებისაგან, საშუალებას აძლევს, დაიცვას საკუთარი უფლებები ყოველგვარი ხელყოფისაგან.
ადამიანის უფლებებმა საზოგადოების კონსოლიდაციასა და პოლიტიკური დაპირისპირების შემცირებაზეც უნდა მოახდინოს კეთილისმყოფელი გავლენა, რადგან თავისი ბუნებით უფლებები კონსენსუალურია და დაფუძნებულია პრინციპზე - „ჩემმა თავისუფლებამ ზიანი არ უნდა მიაყენოს სხვის თავისუფლებას“. აქედან გამომდინარეობს უფლებათა ზნეობრივი ბუნებაც, რომელიც
დაფუძნებულია სიკეთისა და საყოველთაო კეთილდღეობის კატეგორიებზე.
სადისკუსიო კითხვები
1. შეიძლება თუ არა, საკუთარი უფლებების დასაცავად გამოვიყენოთ ნებისმიერი ზომები ძალადობრივის ჩათვლით?
2. რატომ უნდა ვცეთ პატივი სხვის უფლებებს იმ შემთხვევაშიც, თუ ისინი არ სცემენ პატივს ჩვენს უფლებებს?
3. რატომ უნდა ჩაითვალონ ადამიანის უფლებების ღირსად ადამიანები, რომლებიც სასტიკად არღვევენ სხვის უფლებებს, მაგალითად, დამნაშავეები?
4. რა უნდა გააკეთოს მოქალაქემ, თუ საზოგადოება პატივს არ სცემს გარკვეული საზოგადოებრივი ჯგუფის უფლებებს?
5. გაუკეთეთ კომენტარი შემდეგ ციტატებს ინგლისის მეფის ჯონ პლანტაგენეტის მიერ XIII საუკუნეში მიღებული „თავისუფლებათა დიდი ქარტიიდან“:
ა) არა ჩვენი ქვეშევრდომი არ იქნება შეპყრობილი და დატუსაღებული, უფლებააყრილი თუ განდევნილი, არ ჩამოერთმევა ქონება თუ ადგილ-მამული მის თანასწორთა ბრალდებისა და სამეფო კანონით განსჯის გარეშე. თვინიერ ამ ორი პირობისა, ვერც ჩვენ და ვერც ჩვენი მსახურნი ვერ გამოვიყენებთ ძალაუფლებას მის მიმართ“;
ბ) „ამიერიდან მსაჯულებად, კონსტებლებად, შერიფებად და კანონის სხვა მსახურებად განვამწესებთ მხოლოდ მათ, ვინც განსწავლულია სამეფოს კანონებში და მათი აღსრულებაც ხელეწიფება“;
გ) „ყველა ზემოთქმული უფლება და შეღავათი დაცულ იქნება ამ სამეფოში ჩვენ მიერ ჩვენს ქვეშევრდომთა და მსახურთა მიმართ და დაე, ჩვენი სამეფოს ყოველი წარჩინებულიც, სასულიერო თუ საერო პირი ასევე მოექცეს თავის ხალხს“.
___________________________
1 პროტოკოლი ოქმის ნაირსახეობაა.
2 განსხვავდება პიროვნული ღირსებისაგან.
3 ამასთანავე სხვა საზოგადოებებში (ძველჩინური, ინდური, აზიური ცივილიზაციები) ბატონობდა სისტემოცენტრისტული მიდგომა, სადაც სახელმწიფო იქვემდებარებდა ქვეშევრდომებს და ადამიანს მორჩილ შემსრულებლად აქცევდა.
4 ფრანგებმა რევოლუციის დროს შემოიტანეს ,,უმაღლესი არსის“ ცნება, რომელსაც ღმერთთან არავითარი კავშირი არ ჰქონდა და უფრო გონს (რაციო) გამოხატავდა.
![]() |
3.2 §2. იდეოლოგია 5 |
▲ზევით დაბრუნება |
იდეოლოგიებისა თუ იდეოლოგიური კონფლიქტების მუდმივმა ხასიათმა ისტორიაში და თანამედროვეობაში არ უნდა გაგვაკვირვოს, რადგან იდეოლოგიებს საზოგადოებაში არსებული პრობლემები, კრიზისები და კონფლიქტები განაპირობებს. მსოფლმხედველობისაგან განსხვავებით, რომელიც არკვევს სამყაროს არსს, მისი ცვალებადობისა და განვითარების უზოგადეს კანონზომიერებებს, განსაზღვრავს საზოგადოებისა და ადამიანის ადგილს სამყაროში, იდეოლოგია იმ იდეებისა და შეხედულებების სისტემაა, რომლითაც განისაზღვრება ინდივიდების, სოციალური ჯგუფების, ხალხთა დამოკიდებულება სინამდვილისა და ერთმანეთისადმი. იდეოლოგია სჭირდება ადამიანებს, რათა გაერკვნენ და თავი გაართვან არეულ დროებასა და დამაბნეველ ვითარებებს. იდეოლოგია თავისი მიმდევრებისათვის ამას ახერხებს ოთხი მნიშვნელოვანი და, შესაძლოა, აუცილებელი ფუნქციის შესრულებით.
იგი ეხმარება ადამიანებს, ახსნან პოლიტიკური ფენომენი, რომელიც სხვაგვარად იდუმალი და თავსატეხი რჩება. რატომ ხდება ომები ან ვრცელდება მითქმა-მოთქმა ომზე? რატომ არის კონფლიქტი ერებს, კლასებს და რასებს შორის? რა იწვევს გულგატეხილობას, იმედგაცრუებას? პასუხი ამ და სხვა მრავალ კითხვაზე გარკვეულწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი იდეოლოგიის მიმდევარია ადამიანი.
იდეოლოგია თავის მიმდევრებს უზრუნველყოფს შეფასების კრიტერიუმებითა და სტანდარტებით იმის გადასაწყვეტად, თუ რა არის სწორი ან მცდარი, კარგი ან ცუდი. კარგია თუ ცუდი კლასებს შორის განსხვავება და უთანასწორობა? შესაძლებელია თუ არა რასებს შორის ჰარმონია, და თუ შესაძლებელია, სასურველია თუ არა? დასაშვებია თუ არა ცენზურა, და თუ დასაშვებია, რა პირობებში? პასუხი ამ კითხვებზე კვლავ დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი იდეოლოგიის მიმდევარია ადამიანი.
იდეოლოგია მიმართულია იმისაკენ, რომ განუმარტოს, შეაგნებინოს თავის მიმდევრებს, ვინ არიან ისინი და რომელ სოციალურ და კულტურულ ჯგუფებს მიეკუთვნებიან, რის საშუალებით უნდა განსაზღვრონ და დაადასტურონ თავიანთი ინდივიდუალური და კოლექტიური იდენტურობა. ნაცისტი, მაგალითად, საკუთარ თავზე იფიქრებს, როგორც უმაღლესი ერის ან რასის წარმომადგენელზე; კომუნისტი თავს წარმოიდგენს მუშათა კლასის დამცველად, კაპიტალიზმის ზეწოლისა და ექსპლუატაციის წინააღმდეგ მებრძოლად. იდეოლოგია თავის მიმდევრებს აწვდის საწყის, ელემენტარულ პოლიტიკურ პროგრამას. ეს პროგრამა უზრუნველყოფს პასუხს კითხვაზე - რა უნდა გაკეთდეს? და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია — ვინ უნდა გააკეთოს?
მოკლედ, იდეოლოგია არის ორიენტირი და კომპასი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების ტყეში.
ლიბერალიზმი6
სიტყვა „ლიბერალი“ წარმოიშვა ლათინური სიტყვიდან „libertas“, რაც თავისუფლებას ნიშნავს. ლიბერალები თავს მიიჩნევენ ინდივიდუალური თავისუფლების ჩემპიონებად, ვინც ქმნის და ინარჩუნებს ღია და შემწყნარებლურ საზოგადოებას, რომლის წევრებიც თავისუფლად ირჩევენ საკუთარ იდეებსა და ინტერესებს, გარედან (მათ შორის სახელმწიფოს მხრიდანაც) რაც შეიძლება ნაკლები ჩარევით.
ისტორია
ლიბერალიზმი დაიწყო, როგორც რეაქცია შუა საუკუნეების ევროპული საზოგადოების ორი თვისების - რელიგიური კუთვნილებისა (ევროპაში კათოლიკურ ეკლესიას დომინანტური როლი ჰქონდა და საკუთარ ავტორიტეტებზე დაყრდნობით ყოველმხრივ ილაშქრებდა წმინდა წიგნების განსხვავებული, თავისუფალი ახსნა-განმარტების წინააღმდეგ; ამ გზით ეკლესია ადამიანის აზრებსა და მის საქმიანობაზე ერთგვარ კონტროლს აღწევდა) და მიწერილი სტატუსის (...რომელშიც პიროვნების სოციალური სტატუსი განისაზღვრებოდა არა საკუთარი შესაძლებლობებით, არამედ დამოკიდებული იყო მის ან მისი მშობლების სტატუსზე; ადამიანები უბრალოდ იბადებოდნენ დიდგვაროვნებად, თავისუფალ მეთემეებად, ყმებად...) წინააღმდეგ.
ლიბერალიზმი, როგორც პირველი განსაკუთრებული იდეოლოგია, ყალიბდება იმგვარი საზოგადოების წინააღმდეგ, რომელშიც ფესვგადგმულია ჩამოთვლილი სტატუსები და რელიგიურ კუთვნილებასთან დაკავშირებული ღირებულებები. მაგრამ ამ ლიბერალურმა რეაქციამ სათანადო ფორმა ვერ მიიღო, სანამ სოციალურმა, ეკონომიკურმა და კულტურულმა კრიზისმა საფუძვლიანად არ შეარყია შუასაუკუნეობრივი წყობა.
მრავალი ცვლილება დაკავშირებული იყო იმ შემოქმედებით აღორძინებასთან XIV- XV საუკუნეებში, რომელიც რენესანსის სახელითაა ცნობილი; სულ უფრო ხშირად ილაშქრებდნენ ავტორიტეტების, ტრადიციებისა და დოგმების წინააღმდეგ; წინა პლანზე წამოვიდა ადამიანი, რომელიც განიხილებოდა, როგორც ბუნების ყველაზე სრულყოფილი არსება და ამდენად - „სამყაროს ცენტრი“. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება, რამაც ლიბერალიზმის აღზევებას შეუწყო ხელი, ალბათ მაინც XVI საუკუნის პროტესტანტული რეფორმაცია იყო.
როდესაც მარტინ ლუთერი (1483-1546) და რეფორმაციის სხვა წარმომადგენლები ასწავლიდნენ, რომ ხსნა მხოლოდ საკუთარი რწმენიდან მომდინარეობს, ისინი იმავდროულად მოუწოდებდნენ ხალხს, ინდივიდუალური შეგნება უფრო მეტად დაეფასებინათ, ვიდრე ორთოდოქსალურობა და ერთიანობა. მათ ფაქტობრივად გზა გაკვალეს ლიბერალიზმისაკენ, მიუხედავად იმისა, რომ ამის განზრახვა არ ჰქონიათ. ნაბიჯი ინდივიდუალური შეგნებიდან ინდივიდუალური თავისუფლებისაკენ ჯერ კიდევ რადიკალური იყო იმ დროისათვის, მაგრამ ამ ნაბიჯის გადადგმა ლიბერალებმა XVII და XVIII საუკუნეებში დაიწყეს.
ეკონომიკური ფაქტორების ზეგავლენა
ინდივიდუალური თავისუფლებისაკენ მიმავალ გზაზე არსებული დაბრკოლებების თავიდან ასაცილებლად არაერთმა ლიბერალმა დაიწყო მტკიცება, რომ ეკონომიკური ხასიათის ურთიერთობები ადამიანთა პირადი საქმეა და ისინი თავისუფალნი უნდა იყვნენ სახელმწიფო ხელისუფლების მხრიდან ყოველგვარი ჩარევისაგან. საფრანგეთში მოაზროვნეთა ჯგუფმა, რომელთაც ფიზიოკრატებს უწოდებდნენ, ეკონომიკური კუთხით ეს თვალსაზრისი გამოხატა ფრაზაში: „თავი დაანებეთ, რაც უნდა მოხდეს“. ეს არის კაპიტალიზმის არსი, რომელსაც ყველაზე გავლენიანი დამცველი ადამ სმიტის სახით გამოუჩნდა. თავის ნაწარმოებში „ერების სიმდიდრე“ (1776) სმიტი ამტკიცებდა, რომ ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც ინდივიდებს საშუალებას მისცემდა, თავისუფლად დაემკვიდრებინათ ადგილი ბაზარზე, იქნებოდა არა მარტო ყველაზე შედეგიანი, არამედ ყველაზე სამართლიანი პოლიტიკაც, რადგან ყველას მიეცემოდა თანაბარი შესაძლებლობები.
ცვლილებანი ლიბერალიზმში
XVIII საუკუნის განმავლობაში ლიბერალიზმი წარმოადგენდა რევოლუციურ დოქტრინას, რომელმაც სულ სხვა ელფერი მისცა ადამიანთა რელიგიურ, პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ ურთიერთობებს ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. მიუხედავად იმისა, რომ მას ეს როლი XIX საუკუნეშიც არ დაუკარგავს, ლიბერალიზმმა ახალი მიმართულებებით იწყო განვითარება. შესაძლოა, ამ ახალი მიმართულებების გამოხატვის საუკეთესო საშუალებაა იმის თქმა, რომ 1800-იან წლებში დემოკრატიისა და მთავრობის მიმართ ლიბერალიზმის დამოკიდებულება შეიცვალა. თუკი მანამდე ლიბერალები თანასწორობის ენით საუბრობდნენ, XIX საუკუნეში ისინი უფრო შორს წავიდნენ ხმის მიცემის უფლების განვრცობის თვალსაზრისით; თუ ადრე ლიბერალები მთავრობას განიხილავდნენ, თომას პეინის სიტყვებით, როგორც „აუცილებელ ბოროტებას“, XIX საუკუნეში ზოგიერთმა იგი ინდივიდუალური თავისუფლების გაფართოებისათვის ბრძოლაში აუცილებელ მოკავშირედ მიიჩნია. ორივე თვალსაზრისით ჯონ სტიუარტ მილმა (1806-1873) მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. იმ პრინციპიდან გამომდინარე, რომ სახელმწიფო ისეთივეა, როგორიცაა საზოგადოება მთლიანად, ამიტომ სახელმწიფოს ღირსეული არსებობის მთავარი პირობა ხალხის სრულყოფილებაა, იგი საყოველთაო განათლებისა და საარჩევნო უფლებების, მათ შორის ქალებისათვის საარჩევნო უფლების მინიჭების, მომხრე იყო.
ჯონ სტიუარდ მილი თავისუფლების შესახებ
ქალთა უფლებების აქტიური დამცველი ჯ. ს. მილი ამტკიცებდა, რომ განათლებულ, ზრდასრულ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ ხმის მიცემის უფლება. მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ უზრუნველყოს ყველას, მათ შორის უმცირესობის, ინტერესების დაცვა, რათა მთავრობა ზემოქმედებისა და ძალდატანების ინსტრუმენტად არ გადაიქცეს იმათ ხელში, ვინც საზოგადოებაში უმრავლესობას წარმოადგენს. მილი მიიჩნევდა, რომ იძულება საზოგადოებისათვის დასაშვებია მხოლოდ ინდივიდის მავნე მოქმედებათა თავიდან ასაცილებლად. იძულება დაუშვებელია თვით ინდივიდის კეთილდღეობის მოტივითაც. ინდივიდს უნდა მიეცეს „მოქმედების სრული თავისუფლება“; ინდივიდუალური განვითარება მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როცა ადამიანს აქვს თავისუფლება, აირჩიოს ცხოვრების ის წესი, რომელსაც უკეთესად თვლის. აქედან გამომდინარეობს აზროვნების, საქმიანობის არჩევის თავისუფლება. მილი თავისუფალი კონკურენციის მომხრე და სამრეწველო საქმიანობაში მთავრობის ყოველგვარი ჩარევის წინააღმდეგი იყო.
ვილჰელმ ფონ ჰუმბოლდტი ინდივიდისა და სახელმწიფოს შესახებ
ლიბერალიზმის თვალსაჩინო წარმომადგენლად გერმანიაში ვილჰელმ ფონ ჰუმბოლდტი (1767-1835) ითვლება. იგი ცდილობდა, განესაზღვრა ადამიანის ყველაზე უფრო ხელსაყრელი მდგომარეობა სახელმწიფოში. ჰუმბოლდტის აზრით, ადამიანთა გაერთიანება ერთ სოციალურ კავშირად წარმოშობს მათი საქმიანობის მრავალფეროვნებას, ასეთ ვითარებაში ყალიბდება პიროვნება, რომელსაც პირადი ღირსების გრძნობა და თავისუფლება აქვს; ის უნიკალური და სხვებისგან განსხვავებული ინდივიდია, რომელსაც ბევრის მიღწევა შეუძლია. ხელისუფლებას კი სახელმწიფოს მეშვეობით სურს ყველას ერთ თარგზე მორგება. ეს კი მიმართულია იმ მრავალფეროვნების შემცირებისაკენ, რითაც საზოგადოების, ერის ყოფიერება გამოირჩევა. განსაკუთრებით საშიშია პიროვნებისა და ერისათვის, როდესაც სახელმწიფო ადამიანებზე მამობრივი ზრუნვის მისიას თავის თავზე იღებს. ჰუმბოლდტი თვლიდა, რომ ასეთ პირობებში აღზრდილი მოქალაქე მუდმივად ელოდება დახმარებას სახელმწიფოს მხრიდან. საბოლოო ჯამში ეს მოვლენა პიროვნების, მოქალაქის უმოქმედობას იწვევს, ასუსტებს ინდივიდის ენერგიასა და ნებას, გადააჩვევს პრობლემათა დამოუკიდებლად გადაწყვეტას, საკუთარი ძალებით სიძნელეთა დაძლევას. ყოველივე ეს უარყოფითად მოქმედებს ინდივიდის ზნეობაზე და, რაც მთავარია ასუსტებს ერის ძალას. ასე რომ, ბედნიერებას ადამიანმა შეიძლება მხოლოდ საკუთარი ძალებით მიაღწიოს, სახელმწიფო კი უნდა შემოიფარგლოს მოქალაქეთა როგორც საშინაო ისე საგარეო უშიშროების დაცვით. სიმშვიდის დაცვა - ეს უნდა იყოს სახელმწიფოს ერთადერთი მიზანი და მისი საქმიანობის ერთადერთი შინაარსი. ჰუმბოლდტის აზრით,რაც უფრო დიდია სახელმწიფო ხელისუფლების მოქმედების ფარგლები, მით ნაკლებია ინდივიდის თავისუფლება. თავისუფლება არ შეიძლება დაირღვეს მაშინაც კი, როდესაც აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან ღონისძიებების გატარება ადამიანთა უშიშროების უზრუნველსაყოფად. ამდენად, მისი აზრით, სახელმწიფო მოწყობა დაკავშირებულია თავისუფლების შეზღუდვასთან და ამიტომ მას არ შეიძლება არ შევხედოთ, როგორც ბოროტებას, თუნდაც აუცილებელს.
კომუნიზმი7
მსგავსება სოციალიზმსა და კომუნიზმს შორის
მიუხედავად იმისა, რომ სოციალიზმი და კომუნიზმი იდენტური ცნებები არ არის, ისინი მაინც იდეოლოგიების საერთო ოჯახს განეკუთვნება. ორივე მათგანი აღიარებს საზოგადოებას, რომელშიც ყველა მუშაობს, ხარჯავს დროსა და ტალანტს საერთო კაპიტალის შესაქმნელად და სამაგიეროდ იღებს სარგებელს თავისი პირადი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. ორივე ამხელს ინდივიდის ან კლასის ექსპლუატაციას (რაც იმაში ვლინდება, მაგ., რომ ერთი ადამიანი მეორის შრომით სარგებლობს), ორივეს მიაჩნია, რომ საკუთრება უნდა განაწილდეს არა უმცირესობის, არამედ მთლიანი საზოგადოების გასამდიდრებლად. ამგვარად, ორივე აკრიტიკებს კაპიტალიზმს, როგორც ეკონომიკურ სისტემასა და ლიბერალიზმს, როგორც იდეოლოგიას.
განსხვავებები სოციალიზმსა და კომუნიზმს შორის
სოციალიზმი და კომუნიზმი სხვა თვალსაზრისით განსხვავდება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება ის არის, თუ რა საშუალებებით მიიღწევა საბოლოო მიზანი. სოციალისტები უფრო მშვიდობიან და თანდათანობით რეფორმებს ემხრობიან, როგორც სოციალისტური საზოგადოების შექმნის გზას, მაშინ როდესაც კომუნისტები (ყოველ შემთხვევაში, XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში) ხშირად ძალადობრივ, რევოლუციურ გარდაქმნებს ემხრობიან ელიტარული, „ავანგარდული“ პარტიის წინამძღოლობით. საზოგადოების ტიპებიც, რომლის შექმნასაც ისინი იმედოვნებენ, გარკვეულწილად განსხვავდება ერთმანეთისგან. სოციალისტებს სურდათ საზოგადოება, რომელშიც წარმოების ძირითადი საშუალებები: მიწა, წიაღისეული, ქარხანა-ფაბრიკები ან საზოგადოებას ეკუთვნის, ან ისეა მართული, რომ საზოგადოებისთვის სიკეთე მოაქვს. თანამედროვე კომუნისტები, მართალია, საზოგადოებრივი (სახელმწიფო) საკუთრებისაკენ იჩენენ ტენდენციას, მაგრამ, ფაქტობრივად, პარტიული ბიუროკრატიის მხრიდან წარმოებს კონტროლი ყველა დიდსა თუ მცირე საწარმოზე.
კარლ მარქსი და ,,კომუნისტური მანიფესტი“
„კომუნისტური პარტიის მანიფესტში“ (1848) გადმოცემულია კარლ მარქსისა და მისი თანამოაზრის, ფრიდრიხ ენგელსის, შეხედულებანი. მანიფესტი იწყება იმით, რომ „აქამდე არსებული საზოგადოებების ისტორია წარმოადგენს კლასთა ბრძოლის ისტორიას“; შემდეგ მანიფესტში გადმოცემულია მარქსის მატერიალისტური კონცეფცია და ეკონომიკის ანალიზი; ამის შემდგომ მარქსი გვთავაზობს რადიკალური ცვლილებების პროგრამას.
მარქსისა და ენგელსის „მატერიალისტურმა“ თვალსაზრისმა მატერიალური პროდუქცია და კლასთა ბრძოლა საზოგადოებრივი სტაბილურობისა და ცვლილებების უპირველეს განმსაზღვრელ ფაქტორებად გადააქცია. ადრე არსებული ყველა საზოგადოებრივი ფორმაცია კლასებად იყო დაყოფილი. ერთ მხარეს იყო გაბატონებული, ანუ მმართველი, კლასი, რომელიც ფლობდა წარმოების ძირითად საშუალებებს, მეორე მხარეს კი - ჩაგრული კლასი, რომელსაც „მისჯილი“ ჰქონდა მმართველი კლასისადმი მორჩილება. თუ ვინაა მმართველი, დამოკიდებულია იმ საზოგადოების ტიპზე, ანუ „სოციალურ ფორმაციაზე“, რომელზეცაა ლაპარაკი. მონათმფლობელურ საზოგადოებაში მონათმფლობელები მართავენ მონებს; ფეოდალურ საზოგადოებაში ფეოდალები მართავენ ყმებს; კაპიტალისტურ საზოგადოებაში მმართველი კაპიტალისტების კლასი, ანუ ბურჟუაზია, მართავს მუშათა კლასს, ანუ პროლეტარიატს.
მარქსიზმ-ლენინიზმი
მარქსისტული იდეოლოგიის გამგრძელებელი იყო ლენინი (საბჭოთა კავშირის რევოლუციური ლიდერი 1917-1924). იგი რადიკალური იყო თავის მიზნებში და რევოლუციონერი - სტრატეგიაში. მის მიზანს წარმოადგენდა უკლასო კომუნისტური საზოგადოების შექმნა. ლენინი ამტკიცებდა, რომ ეს შესაძლებელი იყო მხოლოდ რევოლუციური, ავანგარდული პარტიის მეშვეობით, რომლის ხელმძღვანელობა დაკომპლექტებული იქნებოდა რადიკალურად განწყობილი ინტელექტუალებით. რევოლუციის შედეგად გათავისუფლებული პროლეტარიატი შექმნიდა კავშირებს და ჩამოაყალიბებდა მუშათა კლასის პოლიტიკურ პარტითებს კაპიტალისტური სისტემის რევოლუციით განადგურების მიზნით. კაპიტალისტურ სისტემასთან ყოველგვარ თანამშრომლობას ლენინი მიუღებლად მიიჩნევდა და ამბობდა, ჯობს იგი ერთხელ და სამუდამოდ დავასამაროთო. მუშათა გასანათლებლად, კლასობრივი შეგნების ასამაღლებლად საჭირო იყო შედარებით მცირე, მაგრამ მტკიცედ შეკრული და კარგად ორგანიზებული პარტიის შექმნა. ამ პარტიას უნდა დაენახვებინა მუშათა კლასისათვის, თუ რა შედიოდა მათ „ნამდვილ“ ინტერესებში და პროლეტარიატის სახელით მოემზადებინა რევოლუცია.
მარქსიზმ-ლენინიზმი XX საუკუნის განმავლობაში მარქსიზმის ყველაზე გავლენიანი და მნიშვნელოვანი ვარიანტი იყო. საბჭოთა კავშირში, ჩინეთში, კუბაში, ვიეტნამსა და სხვაგან მარქსისტულ-ლენინისტური მოდელი, შეცვლილი იოსებ სტალინის, მაო ძე დუნისა და სხვათა მიერ, როგორც იდეოლოგია, ემსახურებოდა სრული ძალაუფლების მქონე პარტიის „კანონიერების“ განმტკიცებას, ცენტრალიზებულ ხელისუფლებას და გეგმიურ ეკონომიკას, რომელსაც პარტიული ბიუროკრატია მართავდა. ამ იდეოლოგიას XX საუკუნის 80-90-იან წლებში ამ ქვეყნებშივე მრავალი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა და კრახი განიცადა.
ფაშიზმი8
ფაშიზმი I მსოფლიო ომის შემდეგ წარმოიშვა. იგი დაუპირისპირდა იმ დროისათვის გაბატონებულ ისეთ იდეოლოგიებს, როგორიცაა ლიბერალიზმი და სოციალიზმი. ფაშისტები იმის გამო გამოთქვამდნენ უკმაყოფილებას, რომ ლიბერალიზმიც და სოციალიზმიც საზოგადოების წევრებს ერთმანეთის საწინააღმდეგოდ განაწყობდა: ლიბერალები - ინდივიდუალიზმის ხაზგასმით, სოციალისტები კი - სოციალურ კლასებს შორის კონფლიქტის გამწვავებით. ამის საპირისპიროდ ფაშიზმი ინდივიდებსა და კლასებს განიხილავს, როგორც ერთი მთელის, ყოვლისმომცველი საზოგადოებისა თუ სახელმწიფოს, შემადგენელ ნაწილებს, რომელიც შესაძლოა მხოლოდ მაშინ იყოს ძლიერი, როდესაც ყველა საერთო მიზნებით ერთიანდება ერთი პარტიისა და უმაღლესი ლიდერის წინამძღოლობით.
ადოლფ ჰიტლერი და ბენიტო მუსოლინი
ფაშისტური იდეოლოგიის ბირთვი იტალიაში ბენიტო მუსოლინის (1883-1945), ხოლო გერმანიაში ადოლფ ჰიტლერის (1889-1945) წინამძღოლობით განვითარდა. მუსოლინი აცხადებდა, რომ ფაშიზმი იყო ძალა, რომელსაც შეეძლო იტალიის გაერთიანება. ფაშიზმს უნდა გადაექცია იტალია ახალ, რომის იმპერიის მსგავს, დიდებულ იმპერიად. ყველა და ყველაფერი უნდა მიძღვნოდა სახელმწიფოს, რაც იტალიელი ხალხის ერთიანობისა და ძალაუფლების განსახიერებას წარმოადგენდა. როგორც ხშირად იმეორებდნენ მუსოლინი და მისი მიმდევრები: „ყველაფერი სახელმწიფოში, არაფერი სახელმწიფოს გარეთ, არაფერი სახელმწიფოს წინააღმდეგ“.
ჰიტლერი და მისი მომხრეები ანალოგიურ თვალსაზრისს იზიარებდნენ. ნაცისტურ პარტიას ჰიტლერის ლიდერობით ერთ სახელმწიფოდ უნდა გაეერთიანებინა გერმანულად მოლაპარაკე ყველა ხალხი, რომელიც დიდებულ ახალ იმპერიად, ანუ რაიხად, განვითარდებოდა. აქედან გამომდინარეობს ნაცისტური ლოზუნგი: „Ein Volk, ein Reich, ein Fthrer“ - ერთი ხალხი, ერთი იმპერია, ერთი ლიდერი.
ძირითადი განსხვავება გერმანულ ნაციზმსა და იტალიურ ფაშიზმს შორის რასობრივი ელემენტი იყო. ნაცისტებისათვის ადამიანის განმსაზღვრელ ფუნდამენტურ ფაქტს რასა წარმოადგენდა. მათთვის არ არსებობდა ერთი, ანუ უნივერსალური, ადამიანური ბუნება. მათი აზრით, ყოველ რასას საკუთარი ბედი და მახასიათებელი გააჩნია, ამდენად, ისინი სულაც არ არიან თანასწორნი. კონკრეტულად კი ერთი რასა, არიული (რომლის წარმომადგენლები იყვნენ გერმანელები) ბუნებრივად უფრო ძლიერი, გონიერი და უფრო შემოქმედებითია, ვიდრე ყველა დანარჩენი, და ამ რასის ბედისწერაა, თავის ძალაუფლებას დაუმორჩილოს ყველა სხვა რასა.
გერმანული ფაშიზმისათვის უკიდურესი ნაციონალიზმი იყო დამახასიათებელი. ნაციონალიზმი გამოხატულებაა რწმენისა, რომ მსოფლიო ბუნებრივად დაყოფილია სხვადასხვა ერებად ან ხალხად, რომელთაგან ყოველი საკუთარ პოლიტიკურ გაერთიანებაში - ეროვნულ სახელმწიფოში უნდა გაერთიანდეს. მიუხედავად იმისა, რომ ნაციონალისტური ტენდენციები მრავალი ერის წარმომადგენლებისათვისაა დამახასიათებელი, ის მაინც ძალზე გაძლიერდა იტალიასა და გერმანიაში - ქვეყნებში, რომლებიც XIX საუკუნის II ნახევრამდე ერთიან ეროვნულ სახელმწიფოდ არ ჩამოყალიბებულან. როგორც ჩანს, ამ გაერთიანების შენარჩუნებისა და გაძლიერების სურვილმა დიდი როლი ითამაშა იტალიური ფაშიზმისა და გერმანული ნაციზმის წარმოქმნაში.
სადისკუსიო კითხვები
1. თქვენი აზრით, უნდა ჰქონდეს თუ არა საზოგადოებას საერთოდ რაიმე იდეოლოგია? რატომ ემხრობიან ადამიანები ერთ გარკვეულ იდეოლოგიას? რა ვითარებაში შეიძლება ადამიანმა შეიცვალოს თავისი შეხედულებები?
2. როგორ წარმოგიდგენიათ სახელმწიფოს მხრიდან ეკონომიკისადმი ლიბერალური დამოკიდებულება?
3. რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ადამიანი დამოუკიდებლად, სახელმწიფოს მხრიდან ყოველგვარი ჩარევის გარეშე, წყვეტდეს პირადი თუ საზოგადოებრივი მნიშვნელობის საკითხებს?
4. რომელი უფრო მნიშვნელოვანია - საზოგადოების უმრავლესობის თუ უმცირესობის ინტერესების დაცვა?
5. თქვენი სიტყვებით მოკლედ დაახასიათეთ სახელმწიფოსა და პიროვნების ურთიერთდამოკიდებულება ფაშისტურ სახელმწიფოში; რამდენად აქვს შესაძლებლობა ინდივიდს, გავლენა მოახდინოს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე?
6. მისაღებია თუ არა ისეთი ტოტალიტარული რეჟიმი, სადაც შეზღუდულია ადამიანის სამოქალაქო-პოლიტიკური და სოციო-ეკონომიკური უფლებები, მაგრამ დაკმაყოფილებულია ხალხის ძირითადი მატერიალური მოთხოვნილებანი? რატომ?
_________________________
5 იდეოლოგია (ბერძ. იდეა - ცნება, იდეა და ლოგოს - მოძღვრება, სიტყვა) პოლიტიკური პარტიის, გარკვეული საზოგადოებრივი ჯგუფის და მისთ. იდეათა, შეხედულებათა სისტემა. იდეოლოგია ვლინდება საზოგადოებრივი ცნობიერების სხვადასხვა ფორმით - ფილოსოფიაში, პოლიტიკაში, სამართალში, ხელოვნებაში და სხვა.
6 (ლათ. ლიბერტას - თავისუფლება, ლიბერალის - თავისუფალი) _ თავისუფალი ინტელექტუალური და ზნეობრივი დამოკიდებულება, განწყობა ისეთი საზოგადოების მოწყობის მიზნით, რომელიც დამყარებულია კანონის ფარგლებში ინდივიდის უფლებების აღიარებაზე; პოლიტიკური ფილოსოფიის სახესხვაობა.
7 კომუნიზმი (ცომუნის - ლათ. საერთო) წარმოების საშუალებათა საერთო (საზოგადოებრივ) საკუთრებაზე დამყარებული საზოგადოებრივი ორგანიზაციის ფორმა.
8 ფაშიზმი (იტალ. ფასცისმო/ფასციო - კონა, შეკვრა, გაერთიანება) - მემარჯვენე ექსტრემისტული პოლიტიკური მოძრაობა.
![]() |
3.3 §3.ლიბერალიზმის თანამედროვე მიმდინარეობები და სხვა თანამედროვე თეორიები |
▲ზევით დაბრუნება |
ლიბერალიზმის იდეალს წარმოადგენს საზოგადოება, სადაც უზრუნველყოფილია თითოეულის მოქმედების მაქსიმალური თავისუფლება, პოლიტიკურად მნიშვნელოვანი ინფორმაციის თავისუფალი გაცვლა, სახელმწიფოსა და ეკლესიის ხელისუფლების შეზღუდვა, კანონის უზენაესობა, კერძო საკუთრება, კერძო მეწარმეობის თავისუფლება. ლიბერალიზმმა უარყო მანამდე არსებული ბევრი თეორია სახელმწიფოს შესახებ, მაგალითად, მონარქის ხელისუფლების ღვთაებრივი წარმომავლობისა და რელიგიის, როგორც ცოდნის ერთადერთი წყაროს, შესახებ. ლიბერალიზმის ფუნდამენტური პრინციპები გულისხმობს ინდივიდუალური უფლებების (სიცოცხლის, თავისუფლების, კერძო საკუთრების) ხელშეუხებლობას; კანონის წინაშე საყოველთაო თანასწორობას; თავისუფალ საბაზრო ეკონომიკას; პატიოსანი და სამართლიანი არჩევნებით არჩეულ მთავრობას; სახელმწიფო ხელისუფლების გამჭვირვალობას. ამასთან სახელმწიფო ხელისუფლების ფუნქციები მინიმუმამდეა დაყვანილი და ევალება ჩამოთვლილი პრინციპების ცხოვრებაში გატარება.
თანამედროვე ლიბერალიზმი ასევე უპირატესობას ანიჭებს ღია საზოგადოებას, რომელიც დაფუძნებულია პლურალიზმსა და სახელმწიფოს დემოკრატიულ მმართველობაზე, სადაც დაცულია ცალკეულ მოქალაქეთა და უმცირესობათა უფლებები.
ლიბერალთა შეხედულებების თანახმად, სახელმწიფო ხელისუფლება ქვეშევრდომთა საკეთილდღეოდ არსებობს და ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობა მართულთა უმრავლესობის თანხმობის საფუძველზე უნდა ხორციელდებოდეს.
ლიბერალიზმის ზოგიერთი თანამედროვე მიმდინარეობა უფრო შემრიგებლურია თავისუფალი ბაზრის სახელმწიფოს მხრიდან რეგულირებისადმი, რათა უზრუნველყოფილი იყოს თითოეულისათვის თანაბარი შესაძლებლობები, საყოველთაო განათლება და შემცირდეს სხვაობა მოსახლეობის შემოსავლებში. ამგვარი შეხედულებების მომხრენი მიიჩნევენ, რომ პოლიტიკური სისტემა უნდა მოიცავდეს საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს ელემენტებს - უმუშევართათვის სახელმწიფო დახმარების, უსახლკაროთათვის თავშესაფრების გამოყოფისა და უფასო ჯანდაცვის ჩათვლით.
ლიბერალიზმის თანამედროვე მიმდინარეობებს შორისაც არსებობს განსხვავებული მოსაზრებანი, რომლებიც გარკვეულწილად წინააღმდეგობაშიც მოდიან ერთმანეთთან. პოლიტიკური ლიბერალიზმი უპირატესად გულისხმობს ბრძოლას ლიბერალური დემოკრატიის მისაღწევად, აბსოლუტიზმის, ავტორიტარიზმისა თუ ტოტალიტარიზმის საწინააღმდეგოდ; ეკონომიკური ლიბერალიზმი - ბრძოლას კერძო საკუთრებისათვის, სახელმწიფო რეგულირების საწინააღმდეგოდ; კულტურული ლიბერალიზმი - პირადი თავისუფლებისათვის, პატრიოტული თუ რელიგიური თვალსაზრისით მისი შეზღუდვის საწინააღმდეგოდ; სოციალური ლიბერალიზმი - თანაბარი შესაძლებლობისათვის, ეკონომიკური ექსპლუატაციის საწინააღმდეგოდ. თუმცა განვითარებულ ქვეყნებში თანამედროვე ლიბერალიზმი წარმოდგენილია, როგორც ყველა ამ მიმდინარეობის ნაერთი.
კულტურული ლიბერალიზმის მომხრეები ყურადღებას ამახვილებენ პირად ცხოვრებაში სახელმწიფოს მხრიდან ჩაურევლობასა და ხელშეუხებლობაზე, მათ შორის ისეთ საკითხებში, როგორიცაა აკადემიური (ანუ სამეცნიერო-პედაგოგიური), რელიგიური თუ სექსუალური თავისუფლება. ჯონ სტიუარტ მილის სიტყვებით (მის ნაშრომში „თავისუფლების შესახებ“) - „ერთადერთი მიზანი, რომელიც ამართლებს ერთი ადამიანის, ინდივიდუალურად ან კოლექტიურად, ჩარევას მეორე ადამიანის ცხოვრებაში, თავდაცვაა. ცივილიზებული საზოგადოების წევრზე მისი ნების საწინააღმდეგოდ ძალაუფლების გამოყენება დასაშვებია მხოლოდ სხვისთვის ზიანის მიყენების თავიდან ასაცილებლად“. კულტურული ლიბერალიზმი გამოდის სახელმწიფოს მხრიდან ისეთ სფეროებში ჩარევის წინააღმდეგ, როგორიცაა: ლიტერატურა, ხელოვნება, მეცნიერება, აზარტული თამაშები, პროსტიტუცია, აბორტი, ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებათა გამოყენება, ევთანაზია და სხვ.
სოციალური ლიბერალიზმის მომხრეები მხარს უჭერენ ეკონომიკური კონკურენციის გარკვეულწილად შეზღუდვას და სახელმწიფოს მხრიდან მოსახლეობის სოციალური დაცვის ფუნქციის განხორციელებას, რათა გარანტირებული იყოს პიროვნების განვითარებისათვის თანაბარი შესაძლებლობები და თავიდან იქნეს აცილებული სოციალური დაპირისპირება. ამ ნიადაგზე ჩამოყალიბდა უთანხმოება სოციალური და ეკონომიკური ლიბერალიზმის მომხრეთა შორის. თუ ეკონომიკური ლიბერალზმის მიმდევრები მიიჩნევდნენ, რომ სახელმწიფოს ფუნქციები უნდა შეიზღუდოს და მხოლოდ თავდაცვის, უშიშროებისა და სასამართლო ხელისუფლების უზრუნველყოფაზე იქნეს დაყვანილი, სოციალური ლიბერალიზმის მომხრეები მიიჩნევენ, რომ სახელმწიფოს მთავარი ამოცანა მოსახლეობის სოციალური დაცვაა: გაჭირვებულთა საკვებითა და ბინით უზრუნველყოფა; ხელმისაწვდომი ჯანდაცვა და სასკოლო განათლება; საპენსიო უზრუნველყოფა; ბავშვებზე, ინვალიდებსა და მოხუცებზე ზრუნვა; სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებულთა დახმარება; უმცირესობათა დაცვა; დანაშაულებათა აღკვეთა; მეცნიერებისა და ხელოვნების მხარდაჭერა და სხვა.
თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პირობებში სახელმწიფოსა და ადამიანის ურთიერთდამოკიდებულების საკითხი თავიდანვე იწვევდა აზრთა სხვადასხვაობას, რამდენადაც ისეთ ორ მნიშვნელოვან ღირებულებას ეხებოდა, როგორიცაა თავისუფლება და თანასწორობა. ადამიანის ინდივიდუალური თავისუფლების მომხრეები თავისუფლებას თანასწორობაზე მაღლა აყენებდნენ. ისინი მიიჩნევდნენ, რომ სახელმწიფოს მთავარი ვალდებულებაა თავისუფლების უზრუნველყოფა, მისი დაცვა, მათ შორის სახელმწიფოს მხრიდან ჩარევისგანაც. ყველაზე მეტად ყურადღება ექცეოდა ეკონომიკურ თავისუფლებას, ხოლო პოლიტიკური უფლებები განიხილებოდა, როგორც პიროვნების დამოუკიდებლობისა და ინდივიდუალური თავისუფლების მიღწევის საშუალება. ამგვარი მიდგომის მომხრეებს (ა. სმიტი, ჯ. ს. მილი, ბ. კონსტანი, ჯ. ლოკი) ესმოდათ, რომ ასეთ თავისუფლებას საბოლოოდ უთანასწორობასთან მივყავართ (უპირველეს ყოვლისა, ეკონომიკური თვალსაზრისით) და რომ თავისუფლება და თანასწორობა, შესაძლოა, წინააღმდეგობაში მოვიდნენ ერთმანეთთან; თუმცა თავისუფლებას ისინი უმაღლეს ღირებულებად მიიჩნევდნენ, რომელიც უზრუნველყოფს პიროვნების განვითარებას მისი ინდივიდუალურობისა და თავისებურებების გათვალისწინებით და არ დაუშვებს საზოგადოებაში ადამიანთა ერთნაირი, „უნიფიცირებული“ მასის ჩამოყალიბებას. განსხვავებული მოსაზრების მომხრენი არ უარყოფდნენ ინდივიდუალური თავისუფლების მნიშვნელობას, მაგრამ მიიჩნევდნენ, რომ სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს პიროვნებათა თანასწორობა. ამგვარი კონცეფციის მომხრედ გვევლინება ჟ. ჟ. რუსო, რომელიც თვლიდა, რომ თანასწორობის პრინციპს უნდა დაექვემდებაროს ყველა, მათ შორის სახელმწიფო, რომლის ამოცანაა თანასწორობის უზრუნველყოფა. თავისუფლებისა და თანასწორობის შესახებ მსჯელობს ასევე ა. ტოკვილი. იგი მიიჩნევს, რომ დემოკრატიის საფუძველი თანასწორობის პრინციპია, რომელიც თანდათან მყარდება. თანასწორობა სხვადასხვა ინდივიდთა თანაბარი საზოგადოებრივი მდგომარეობაა, მათი ერთნაირი სასტარტო შესაძლებლობები ეკონომიკურ, სოციალურ, პოლიტიკურ ცხოვრებაში. თუმცა თანასწორობის რეალური არსებობა ავტომატურად არ უზრუნველყოფს თავისუფლებას, პიროვნების ავტონომიას. თავისუფლება და თანასწორობა სხვადასხვა მოვლენებია. ადამიანები თავისუფლებას თანასწორობას ამჯობინებენ, რადგან თანასწორობა უფრო ადვილი აღსაქმელია, ხოლო თავისუფლება, განსაკუთრებით პოლიტიკური, ადამიანებისაგან გარკვეულ დაძაბულობას მოითხოვს. ადამიანებმა თავისუფლების პირობებში დამოუკიდებლად უნდა განაგონ საკუთარი ბედი, გააკეთონ არჩევანი, პასუხი აგონ თავიანთ მოქმედებებსა და შედეგებზე, ასე რომ თავისუფლება გარკვეული ტვირთია და მისი უპირატესობა თავიდანვე არ ჩანს. თავისუფლება უმნიშვნელოვანესი სოციალური ღირებულებაა, იგი უზრუნველყოფს საზოგადოების პროგრესს და ცალკეულ პიროვნებას საშუალებას აძლევს, სრულად გამოავლინოს საკუთარი თავი ცხოვრებაში. ტოკვილის აზრით, თანამედროვე დემოკრატია შესაძლებელია მხოლოდ თავისუფლებისა და თანასწორობის მჭიდრო კავშირის არსებობისას. უკიდურესობამდე მიყვანილი თანასწორობის სიყვარული ახშობს დემოკრატიას და დესპოტიას იწვევს. ამავე დროს, თანასწორობის გარეშე თავისუფლების შენარჩუნებაც შეუძლებელია. ერთი მხრივ, თავიდან უნდა იქნეს აცილებული ყველაფერი, რაც ხელს უშლის თავისუფლებასა და თანასწორობას შორის გონივრული ბალანსის დადგენას, თანამედროვე დემოკრატიის მოთხოვნების შესაბამისად; მეორე მხრივ, უნდა განვითარდეს ისეთი პოლიტიკურ-იურიდიული ინსტიტუტები, რომლებიც ხელს შეუწყობენ ასეთი ბალანსის შექმნასა და შენარჩუნებას.
საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს თეორიის წარმომადგენელთა (დ. კეისი, ჯ. მიურდალი, ჯ. სტრეჩი, ა. პიგუ, კ. ბოლდუინგი, ვ. ა. მუნდი და სხვები) შეხედულებები გარკვეულწილად დაუპირისპირდა ადრე არსებულ კონცეფციებს, რომელთა თანახმად, სახელმწიფო არ უნდა ერეოდეს საზოგადოებრივ ცხოვრებაში, სამართალდარღვევათა შემთხვევების გარდა. იყო პერიოდი, როდესაც ეკონომიკა მთლიანად კერძო ინიციატივაზე იყო დაფუძნებული და სახელმწიფოს ჩარევა ამ სფეროში სოციალურ ბოროტებად, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ხელყოფად აღიქმებოდა. მაგრამ ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების კვალობაზე სახელმწიფომ თანდათან აქტიურად იწყო ჩარევა ეკონომიკაში და თვითონ გახდა მსხვილი სამეურნეო სუბიექტი. იგი ზემოქმედებს კერძო სექტორზე გადასახადების, ინვესტიციების, სახელმწიფო შეკვეთების, საკრედიტო პოლიტიკის რეგულირებისა და კონტროლის სხვა საშუალებებით. იგი ატარებს სოციალური მომსახურების პოლიტიკას, რაც გულისხმობს სოციალურ უზრუნველყოფას, სოციალურ დაზღვევას, დახმარებებს ავადმყოფობის, მოხუცებულობის, უმუშევრობის შემთხვევაში, ზრუნავს ბავშვებზე, ჯანდაცვაზე, აბანდებს სახსრებს მშენებლობაში, ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში და ა.შ. სახელმწიფო ახორციელებს მსხვილ პროგრამებს სოციალურ, კულტურულ და სხვა სფეროებში. ასეთი პოლიტიკის შედეგად არაერთ მაღალგანვითარებულ ქვეყანაში იქნა მიღწეული ცხოვრების მაღალი დონე, რაც იქცა კიდეც „საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს“ თეორიის ბაზად. დ. კეისი თავის ნაშრომში „დასაქმების, პროცენტისა და ფულის ზოგადი თეორია“ (1936) ასაბუთებდა ეკონომიკაში სახელმწიფოს აქტიური ჩარევის აუცილებლობას. ამ თეორიის მიმდევრები აცხადებდნენ, რომ ეკონომიკის სახელმწიფოებრივი რეგულირება საშუალებას იძლეოდა, გადაელახათ დაპირისპირება საზოგადოების სხვადასხვა ფენებს შორის, რაც დამახასიათებელი იყო კაპიტალიზმის განვითარების წინა ეტაპისათვის, როდესაც ინდივიდუალური კერძო საკუთრებისა და თავისუფალი კონკურენციის ბატონობა მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ პოლარიზაციას იწვევდა. შერეული ეკონომიკის შექმნა, სახელმწიფოს აქტიური მარეგულირებელი როლი და სოციალური მომსახურების პოლიტიკა ხელს უწყობს „საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს“ შექმნასა და განვითარებას. მათი აზრით, თანამედროვე მაღალგანვითარებული სახელმწიფო მოსახლეობის ყველა ფენის ინტერესების გამომხატველად გადაიქცა. კერძოდ, ბოლდუინგი ამტკიცებდა, რომ სახელმწიფო ახლა მთელი საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს; პიგუს აზრით, ასეთი სახელმწიფო მთელი ხალხის სახელმწიფოა, რომელიც ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებისა და სამართლიანობის იდეების რეალიზაციის საშუალებაა; მუნდის მიხედვით, „საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს“ ძირითადი იდეა მდგომარეობს პრინციპში, რომლის მიხედვითაც, თითოეულ პიროვნებას აქვს უფლება, თანაბრად მიიღოს მონაწილეობა კეთილდღეობაში, მაშინაც კი, როდესაც არა აქვს აუცილებელი წყაროები ამის უზრუნველსაყოფად. ასეთი სახელმწიფოს მიზანი არის სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური თანასწორობის განსაზღვრული დონის მიღწევა, მთელი მოსახლეობისთვის საცხოვრებელი მინიმუმის მიღწევა.
პლურალისტური9 დემოკრატიის თეორიის წარმომადგენლების (გ. ლასკი, მ. დიუვერჟე, რ. დარენდორფი, რ. ალენი, რ. დალი და სხვები) აზრით, საზოგადოებაში არსებობს სხვადასხვა ურთიერთმოქმედი ფენები (ე.წ. „სტრატები“, სიტყვიდან „strata”), რომლებიც ამა თუ იმ ინტერესთა ერთობლიობის შედეგად წარმოიქმნება (იგულისხმება პროფესიონალური და მატერიალური მდგომარეობა, ასაკი, რელიგიური შეხედულებები და სხვ.). ასე რომ, არსებობს მოხუცების, ახალგაზრდების, სპორტსმენებისა და სხვათა სტრატები, რომელთა ინტერესების მორიგება შესაძლებელია. მათი გამოვლენის, გამოხატვისა და ცხოვრებაში გატარებისათვის იქმნება შესაბამისი „დაინტერესებული ჯგუფები“, ანუ „ზეწოლის ჯგუფები“, მეწარმეთა ასოციაციები, პროფესიული კავშირები (ექიმების, მასწავლებლების და სხვა), რელიგიური გაერთიანებები, პაციფისტური და პატრიოტული ორგანიზაციები, კულტურული და სპორტული საზგადოებები და ა.შ. ისინი, ყველანი, ცდილობენ, საკუთარი ინტერესები პოლიტიკურ ხელისუფლებაზე ზემოქმედების, „ზეწოლის“ გზით განახორციელონ.
დემოკრატიულ საზოგადოებაში ასეთი ჯგუფები თავისუფლად გამოხატავენ თავიანთ ინტერესებს, ღიად მონაწილეობენ პოლიტიკურ ცხოვრებაში, იყენებენ საყოველთაო საარჩევნო უფლებას, პოლიტიკურ პარტიებად და სხვადასხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებად გაერთიანების უფლებას, შესაბამისი საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისათვის სარგებლობენ ინფორმაციის თანამედროვე საშუალებებით.
პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება ასეთ პირობებში, ამ თეორიის შესაბამისად, სხვადასხვა ჯგუფების ურთიერთქმედების, კონკურენციის შედეგია. პოლიტიკური ხელისუფლება დანაწილებულია სამთავრობო და არასამთავრობო დაწესებულებებს შორის. სხვადასხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციები, ამტკიცებს ლასკი, იყოფენ ხელისუფლებას მთავრობასთან, ასე რომ ხდება სუვერენიტეტის „დიფუზია“ სახელმწიფოებრივი და არასახელმწიფოებრივი ხასიათის მრავალრიცხოვან ინსტიტუტებს შორის. აქედან მომდინარეობს „პლურალისტური დემოკრატიის“, პოლიტიკური პლურალიზმის ცნება. ამ დოქტრინის მომხრეები აცხადებენ, რომ პლურალიზმის მეშვეობით პოლიტიკური ხელისუფლება საყოველთაო-სახალხო ხდება. სახელმწიფო ამ შემთხვევაში გვევლინება, როგორც სხვადასხვა ჯგუფების ინტერესების შეთანხმების იარაღი, ნეიტრალური არბიტრი კონკურენტ პოლიტიკურ ჯგუფებს შორის, რომელიც მოწოდებულია, არ დაუშვას ერთის ბატონობა სხვებზე, ე.ი. დაიცვას თავისუფალი პოლიტიკური კონკურენციის პირობები. პლურალიზმის იდეოლოგები იმ დასკვნამდე მიდიან, რომ პლურალისტურ საზოგადოებაში სახელმწიფო გამოხატავს ყველა ფენის ინტერესებს, იგი საყოველთაო ნების გამომხატველია, ხოლო ნებისმიერი ადამიანი, ყოველი გაერთიანება „ფლობს“ სახელმწიფო ხელისუფლების ნაწილს და მონაწილეობს სახელმწიფოს მართვაში.
სადისკუსიო კითხვები
1. მოკლედ დაახასიათეთ თანამედროვე ლიბერალური მიმდინარეობების უარყოფითი და დადებითი მხარეები.
2. ნეო ლიბერალიზმი ეკონომიკური ლიბერალიზმის წიაღში ჩამოყალიბდა. ნეოლიბერალების მიზანია, არ დაუშვან სახელმწიფოს ჩარევა ქვეყნის ეკონომიკაში და თავისუფალი ბაზრის ფუნქციონირებაში. ნეოლიბერალური ეკონომიკის ერთ-ერთი განმსაზღვრელი გამოვლინებაა პრივატიზაცია. სოციალური ლიბერალები, როგორც წესი, თავის თავს სოციალ-დემოკრატიულ პარტიებს აკუთვნებენ. სოციალური საკითხების გადასაჭრელად სოციალ-დემოკრატები მუდმივად ზრდიდნენ გადასახადებს და სახელმწიფო სექტორის წილს ეკონომიკაში.
რომელ იდეოლოგიას შეიძლება მივაკუთვნოთ გამონათქვამი: „ერთი ადამიანის გადასახადების გამოყენება სხვათათვის უპირატესობის მისანიჭებლად ტოლფასია იმისა, რომ სახელმწიფომ გადასახადის გადამხდელს იძულებითი სამუშაო დააკისროს“?
3. ჯონ ლოკი მიიჩნევდა, რომ გასაჭირში მყოფს აქვს უფლება სხვათა საკუთრების ნამატზე, თუკი იგი გადარჩენისთვის ესაჭიროება. რომელი იდეოლოგიის საფუძვლად გამოდგება ეს მოსაზრება?
4. ცნობილია, რომ ნაპოლეონის სამხედრო კამპანიების თანამდევი მოვლენა იყო ლიბერალიზმის გავრცელება მთელ ევროპაში, ესპანეთის ოკუპაციის შემდეგ კი - მთელ ლათინურ ამერიკაში. დაასახელეთ სხვა ისტორიული მოვლენები, რომლებმაც, თქვენი აზრით, ხელი შეუწყო ლიბერალიზმის გავრცელებას მსოფლიოში. ახსენით თქვენი მოსაზრება.
5. ტოტალიტარიზმის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კრიტიკოსი კარლ პოპერი ამტკიცებდა, რომ რადგანაც ადამიანების მიერ ცოდნის დაგროვების პროცესი შეუცნობელია, ამიტომ იდეალური სახელმწიფო მმართველობის თეორია პრინციპულად არ არსებობს. შესაბამისად, პოლიტიკური სისტემა საკმარისად მოქნილი უნდა იყოს, რათა მთავრობამ საჭიროების შემთხვევაში პოლიტიკის რბილად, უმტკივნეულად შეცვლა შეძლოს. აქედან გამომდინარე, საზოგადოება ღია უნდა იყოს მრავალი სხვადასხვა მოსაზრების, იდეოლოგიისა (პლურალიზმი) და სუბკულტურის (მულტიკულტურულობა) მიმართ. დაასახელეთ ღია და პლურალისტური საზოგადოებების მაგალითები და კონტრმაგალითები. თქვენი პასუხი დაასაბუთეთ.
6. გამოყავით თანამედროვე ლიბერალიზმში ე.წ. ანგლო-საქსური და კონტინენტური ტრადიციები.
____________________________
9 პლურალიზმი ( ლათ. პლურალის - მრავალი) - ხელისუფლების სისტემა, რომელიც დაფუძნებულია ძირითადი პოლიტიკური პარტიებისა და ორგანიზაციების (მათ შორის საზოგადოებრივი ორგანიზაციების) ურთიერთმოქმედებაზე.
![]() |
3.4 §4. ადამინის უფლებები და საზოგადოებრივი საქმიანობა |
▲ზევით დაბრუნება |
„წესიერი ადამიანები ვერ დასხდებიან ხელებჩამოშვებულნი და ვერ უყურებენ, როგორ ანადგურებს სხვა ადამიანებს სახელმწიფო. წესიერ ადამიანებს უბრალოდ არ შეუძლიათ ამის ატანა და არ შეუძლიათ არ მივიდნენ დასახმარებლად, თუკი ხელეწიფებათ დახმარება“.
ვაცლავ ჰაველი
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია არის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის რეზოლუცია და არა ხელშეკრულება, ამიტომ მისი შესრულება სავალდებულო არ არის ქვეყნებისთვის. ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული საერთაშორისო ხელშეკრულება სამია და ყველა მათგანის შესრულება სავალდებულოა ხელმომწერთათვის. ესაა: საერთაშორისო პაქტი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ; საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ და ფაკულტატური პროტოკოლი საერთაშორისო პაქტისთვის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ.
დასახელებული სამი დოკუმენტი შეადგენს საერთაშორისო ბილს ადამიანის უფლებების შესახებ. ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა ჯიმი კარტერმა ასე შეაფასა ამ დოკუმენტში შემავალი ნაწილების შინაარსი: „საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ გვეუბნება იმას, თუ რა არ უნდა გაუკეთოს სახელმწიფომ საკუთარ მოქალაქეებს, ხოლო საერთაშორისო პაქტი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ - იმას, თუ რა ვალდებულებებს იღებს სახელმწიფო საკუთარი მოქალაქეების წინაშე“.
სამოქალაქო-პოლიტიკური და ეკონომიკურ-კულტურული უფლებების პრიორიტეტულობის საკითხის ამერიკული ხედვა დაფიქსირდა ამ ორი პაქტის რატიფიცირებისას. პაქტების ხელმოწერისას კარტერმა განაცხადა, რომ „ახდენს რა სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ პაქტის რატიფიცირებას, ხელისუფლება იღებს ვალდებულებას, იურიდიული აზრით თავი შეიკავოს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების თავისუფლების დაუსაბუთებელი აღკვეთისგან, სასტიკი და ღირსების დამამცირებელი სასჯელის მიყენებისაგან. ხელისუფლება აღიარებს ყოველი მოქალაქის უფლებას აზროვნების, სინდისის, მრწამსის მიხედვით გაერთიანების, შეკრებებისა და ქვეყნიდან ემიგრაციის თავისუფლებაზე“. იქვე კარტერმა შენიშნა, რომ „ახდენს რა ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ პაქტის რატიფიცირებას, ხელისუფლება ვალდებულებას იღებს, ყველა ღონე იხმაროს, რათა უზრუნველყოს საკუთარი მოქალაქეებისთვის ცხოვრების ღირსეული მატერიალური დონე, სოციალური სამართლიანობა და კულტურული განვითარების შესაძლებლობა“. მიუხედავად იმისა, რომ კარტერმა ეს პაქტები 1977 წელს წარადგინა რატიფიკაციაზე, სენატმა მხოლოდ 1992 წელს მოახდინა სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების პაქტის რატიფიცირება, ხოლო მეორე პაქტის რატიფიცირების მცდელობაც კი არ შეინიშნება.
ამგვარად, ამერიკელთა პოზიცია ასეთია: ადამიანის უფლებების რეალიზაცია ხდება, როგორც სახელმწიფო ძალაუფლებისგან თავდაცვა დამოუკიდებელი სასამართლო საქმისწარმოებით. სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები სამუდამოა, უცვლელია და არ ექვემდებარება ინტელექტუალური და პოლიტიკური მოდის ზეგავლენას. ეს უფლებები სახელმწიფოს ანიჭებს ხალხის მსახურის როლს და არა პირიქით, როგორც ეს ხშირად ხდება. სოციალური და ეკონომიკური უფლებები კი ეწინააღმდეგება უფლებების ამერიკულ გაგებას, როგორც სახელმწიფოს ძალაუფლების შეზღუდვას. ეს უფლებები, პირიქით, ზრდის სახელმწიფო ძალაუფლებას - პიროვნება უფრო დამოკიდებული ხდება სახელმწიფოზე, დამოუკიდებელ სასამართლოს კი აღარ შეუძლია ადამიანის სოციალური და ეკონომიკური უფლებების გამოყენება სახელმწიფოს მოქმედებათა შეზღუდვისთვის.
ანდრეი სახაროვი, 1975 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი, იზიარებდა ამერიკულ ხედვას და მიიჩნევდა, რომ სინამდვილეში მხოლოდ სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების დაცვა იძლევა მოქალაქეთა პიროვნული თავისუფლების გარანტიას, ამასთანავე, იგი ხელს უწყობს სოციალური და ეკონომიკური უფლებების რეალიზაციას. მეორე მხრივ, ანგარიშგასაწევია ის მოსაზრებაც, რომლის თანახმადაც, ადამიანის უფლებების დაცვა გარკვეულ ეკონომიკურ და სოციალურ ბაზას მოითხოვს.
მართლაც, ცნობილია პოპულარული ამერიკელი ფსიქოლოგის აბრაჰამ მასლოუს კონცეფცია, რომელმაც მოგვცა ადამიანის მოთხოვნილებების შემდეგი კლასიფიკაცია:
1. ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები - საკვები, წყალი, ჩასაცმელი, შთამომავლობის გაგრძელება. თუ ეს მოთხოვნილებები ვერ კმაყოფილდება, მაშინ სხვა დანარჩენი მოთხოვნილებები აზრს კარგავს, ვინაიდან ირღვევა ადამიანის ორგანიზმის რეგულაცია;
2. უსაფრთხოების მოთხოვნილებები - მტრისგან, სიღატაკისგან, ავადმყოფობისგან დაცვა. თუ ეს მოთხოვნილებები ვერ კმაყოფილდება, მაშინ ირღვევა ადამიანის ფსიქიკის რეგულაცია;
3. სოციალური კონტაქტების მოთხოვნილებები - სიყვარული, მეგობრობა, ყურადღება, ზრუნვა. თუ ეს მოთხოვნილებები ვერ კმაყოფილდება, მაშინ ირღვევა პიროვნების სოციალური საქმიანობის რეგულაცია;
4. პატივისცემის მოთხოვნილებები - აღიარება, მიღწევები, სტატუსი, პრესტიჟი. თუ ეს მოთხოვნილებები ვერ კმაყოფილდება, მაშინ ირღვევა ადამიანის ქცევის რეგულაცია, იგი აღარ წარმოადგენს ფასეულობას სხვებისთვის, ანუ საზოგადოების სრულფასოვან წევრს;
5. თვითრეალიზაციის მოთხოვნილებები - საკუთარი მონაცემებისა და შესაძლებლობების (ადამიანური კაპიტალის) გამოხატვა; ანუ ესაა იმის მიღწევის შესაძლებლობა, რის პოტენციალიც პიროვნებას გააჩნია. იგი უშუალოდ უკავშირდება ადამიანის სულიერ სამყაროს. თუ ეს მოთხოვნილებები ვერ კმაყოფილდება, მაშინ ირღვევა შემოქმედებითი საქმიანობის რეგულაცია, იგი ვერ ქმნის ახალს, ის აღარაა შემოქმედი.
შესაბამისად, არა მარტო უნდა აღმოიფხვრას სიღატაკის გამომწვევი მიზეზები, არამედ უნდა გადაიხედოს ეკონომიკური ურთიერთობანი განვითარებად და განვითარებულ ქვეყნებს შორის. ადამიანის უფლებები შეიძლება დავიცვათ მხოლოდ უხვი წარმოებისა და სამართლიანი განაწილების შეხამებით. თეორიულადაც კი ძნელად წარმოსადგენია ქვეყანა, რომელიც სიღატაკეში იმყოფება და ამავე დროს მისი მოქალაქეები სრულად სარგებლობენ სამოქალაქო უფლებებით.
ამერიკელებს სოციო-ეკონომიკური „უფლებები“ უფრო პოლიტიკური მიზნების კატეგორიაში შეჰყავთ, ვიდრე ადამიანის ჭეშმარიტი უფლებების კატეგორიაში. ამით მათი მიდგომა განსხვავდება ევროპული (განსაკუთრებით კონტინენტური ევროპის ქვეყნების - საფრანგეთის, გერმანიის, სკანდინავიის ქვეყნების) მიდგომისგან, რომელიც ბევრად უფრო სოციალურად ორიენტირებულია, ვიდრე ამერიკული. ევროპული მიდგომის გამოხატულებაა ეროვნული სახელმწიფოს, როგორც საკუთარ მოქალაქეთა უფლებების დამცავი მექანიზმის, გაძლიერების ტენდენცია, რომელიც დაბალანსებულია მოქალაქეთა ფართო სოციალური, ეკონომიკური და კულტურული მოთხოვნილებების დაკმაყოფილების მექანიზმებით, ანუ ძალაშია ორივე პაქტი.
საზოგადოებრივ საქმიანობაში წინააღმდეგობრივად იჩენს თავს ადამიანის ერთ-ერთი ძირითადი უფლება - სიტყვის თავისუფლება. სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა მისი ადამიანური თვითიდენტიფიკაციისა და გამოვლენის შეზღუდვაა.
ეს უფლება მნიშვნელოვანია მრავალი გარემოების გათვალისწინებით:
ინდივიდუალური განვითარება - ადამიანის პიროვნული და სოციალური ზრდისთვის მნიშვნელოვანია, რომ მას ჰქონდეს უფლება, წარმოადგინოს საკუთარი მოსაზრებები და განიხილოს სხვათა თვალსაზრისი;
ადამიანის ღირსება - პიროვნების ღირსების აღიარებისა და პატივისცემის გამოხატულებაა მისთვის აზრის გამოთქმისა და სხვების მოსმენის საშუალების მიცემა;
ცოდნის დაუფლება - აღმოჩენების გაკეთება უფრო ადვილია, როდესაც ხდება იდეების თავისუფლად გაზიარება. იმ შემთხვევაშიც კი, თუნდაც არ ეთანხმებოდეთ სხვას, მას შეუძლია გამოთქვას რაიმე, რაც დაგეხმარებათ საკუთარი ცოდნის გადამოწმებასა და სიახლის გაგებაში;
მშვიდობიანი სოციალური ცვლილება - თავისუფალი სიტყვა საშუალებას იძლევა, ზეგავლენა მოახდინოთ საზოგადოებრივ აზრზე ზეწოლის დანაშაულებრივი შეგრძნების გარეშე. გარდა ამისა, უფრო ადვილი მისაღებია ხელისუფლების იმ გადაწყვეტილებათა მიღებაც, რომელსაც არ ეთანხმებით;
წარმომადგენლობითი დემოკრატიის განმტკიცება - იმისათვის, რომ ხმის მიცემით გონივრული არჩევანი გააკეთოთ, საჭიროა, ინფორმირებული იყოთ. სიტყვის თავისუფლება არ იძლევა სრული და ზუსტი ინფორმაციის გარანტიას, მაგრამ ზრდის ასეთი ინფორმაციის მიღების შანსს.
ნიშნავს თუ არა ეს, რომ სიტყვის თავისუფლება უსაზღვროა? ბუნებრივია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა, თუ ეს სახიფათოა საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის, სახელმწიფოს უშიშროებისთვის ან სხვა მნიშვნელოვანი ინტერესებიდან გამომდინარე. ამასთანავე, ეს შეზღუდვები მოითხოვს მკაფიო და დეტალურ გაწერას, რათა არასწორად არ იქნეს გამოყენებული მთავრობის მხრივ. გარდა ამისა, ერთი ადამიანის სიტყვის თავისუფლება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს მეორე ადამიანის უფლებებს - არ უნდა შელახოს მისი ღირსება, მასაც უნდა მიეცეს საშუალება, გამოთქვას საკუთარი აზრი და სხვა. ამიტომ ხდება სიტყვის თავისუფლების რეგლამენტაცია, რათა დაცული იყოს ყველა ადამიანის უფლება, გამოთქვას საკუთარი აზრი.
საზოგადოების მხრიდან ფაქიზ მიდგომას მოითხოვს აგრეთვე აღმსარებლობის თავისუფლების საკითხი. ამერიკის შეერთებული შტატების დამაარსებელთა უმრავლესობა მორწმუნე იყო, მაგრამ შემწყნარებლობის მრწამსის მიხედვითაც მოქმედებდა. დამფუძნებლები მიიჩნევდნენ, რომ რელიგია არსებით როლს ასრულებდა იმაში, თუ როგორ დარჩენილიყვნენ ადამიანები თავისუფალი თავისუფალ საზოგადოებაში. ამასთანვე ისინი ფიქრობდნენ, რომ ყველას აქვს უფლება, საკუთარი რელიგიური მრწამსი ჰქონდეს ან საერთოდ არ ჰქონდეს რელიგიური მრწამსი. მაგალითად, ჯორჯ ვაშინგტონის აზრით, ადამიანები არ მოიქცეოდნენ მორალურად რელიგიის ზეგავლენის გარეშე. მიუხედავად ამისა, იგი წინააღმდეგი იყო, რომ მოსახლეობას გადაეხადა გადასახადი ვირჯინიის სკოლებში რელიგიის სწავლებისთვის.
თომას ჯეფერსონი და ჯეიმს მედისონი წუხდნენ რელიგიური შეუწყნარებლობის ფაქტების გამო. ისინი მიიჩნევდნენ, რომ ისტორიულად რელიგიურ შეუწყნარებლობას კონფლიქტებამდე მიჰყავდა ადამიანები და იწვევდა ადამიანების უფლებების დარღვევას. მათი აზრით, რელიგიური შეუწყნარებლობა სახიფათო იყო თემისთვის და ზიანს აყენებდა თავად რელიგიას. მართლაც, ღვთის შვილის შევიწროება მისივე ძმისაგან დისკრედიტაციას უკეთებს რელიგიის ძირითად პრინციპებს - სიყვარულის, სიკეთის, თავისუფლების, თანასწორობის, სამართლიანობისა და ა. შ პრიორიტეტულობისა და საყოველთაობის შესახებ.
არა მარტო პოლიტიკოსების, არამედ ფილოსოფოსების აზრითაც, საზოგადოებრივ ცხოვრებაში დაცული უნდა იყოს სინდისის თავისუფლების პრინციპი. ფილოსოფოსი ჯონ ლოკი მიიჩნევდა, რომ საზოგადოებამ ნება უნდა დართოს ადამიანებს, იცხოვრონ ისე, როგორც ბიბლიის მიხედვით მოუწოდებს მათ საკუთარი მორალური პრინციპები. საუკეთესო ხელისუფლება, შესაბამისად, ის ხელისუფლებაა, რომელიც რაც შეიძლება ნაკლებად ერევა პიროვნების მრწამსში, რელიგიური რწმენის ჩათვლით.
სამწუხაროდ, რელიგიური შეუწყნარებლობა თანამედროვე საზოგადოებაშიც რჩება კონფლიქტების წყაროდ. ადამიანებს აქვთ აღმსარებლობის (რელიგიის არჩევისა და რელიგიური პრაქტიკის - კულტის, რიტუალების - შესრულების) უფლება, მაგრამ რელიგიური პრაქტიკის უფლებები შეზღუდულია, თუ ისინი ეწინააღმდეგება საზოგადოებრივ მორალს, აზიანებს ჯანმრთელობას ან სხვაგვარად საფრთხეს უქმნის საყოველთაო კეთილდღეობას.
დასასრულ, უმცირესობათა უფლებების შესახებ. თანამედროვე სამართლის ენაზე „უმცირესობა“ აღნიშნავს ადამიანების ჯგუფს, ვინც ისეთი ქვეყნის ფარგლებში ცხოვრობს, სადაც მცხოვრებთა უმრავლესობა სხვა ეროვნებისაა (ეთნიკური უმცირესობა), სხვა აღმსარებლობისაა (რელიგიური უმცირესობა) ან სხვა რასას მიეკუთვნება (რასობრივი უმცირესობა). შესაძლებელია სხვა უმცირესობათა (მაგალითად, ლინგვისტური, სექსუალური და სხვ.) გამორჩევაც, მაგრამ თანამედროვე ევროპაში ეთნიკურ უმცირესობათა საკითხი ყველაზე აქტუალურია. დღეისთვის მიღწეულია საზოგადო შეთანხმება არა მარტო დისკრიმინაციის აკრძალვის, არამედ ეთნიკურ უმცირესობებზე სპეციალური ზრუნვის შესახებაც. ამასთანვე, არსებობს მოსაზრებაც, რომ უმცირესობებისთვის განსაკუთრებული პრივილეგიების მინიჭება არღვევს თანასწორუფლებიანობის პრინციპს. დომინანტი ერები, როგორც წესი, უპირატესობას ანიჭებენ უმცირესობათა ინდივიდუალური წარმომადგენლების დაცვას, ვიდრე ჯგუფების დაცვას, რაც აისახება კიდეც მათ კანონშემოქმედებაზე. უმცირესობების ძირითადი მისწრაფება კი საკუთარი იდენტურობის შენარჩუნებაა, როგორც ჯგუფისა. ამიტომ დომინანტი ერი ვერ შემოიფარგლება მხოლოდ ინდივიდების დაცვით, არამედ უნდა იზრუნოს უმცირესობის, როგორც ჯგუფის, შენარჩუნებისთვის აუცილებელი პირობების შექმნაზე. პრობლემას ამწვავებს ისიც, რომ ჯგუფის უფლებები არ არის აღიარებული არც საერთაშორისო საზოგადოების მიერ და არც ცალკეული ქვეყნების მიერ.
შესაჯამებლად აღვნიშნავთ, რომ 1992 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეროვნული ასამბლეის მიერ მიღებულია რეზოლუცია „ეროვნული ან ეთნიკური, რელიგიური და ლინგვისტური უმცირესობების წარმომადგენელთა უფლებების დეკლარაცია“, სადაც დაფიქსირებულია კიდეც აღნიშნული შეთანხმება.
სადისკუსიო კითხვები
1. მისაღებია თუ არა, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე, მაგალითად მაყურებლით სავსე თეატრში ან სტადიონზე, ხუმრობით ვიყვიროთ: „ხანძარია, ხანძარი!“? შეიძლება თუ არა ასეთი საქციელის გამართლება სიტყვის თავისუფლებით?
2. უნდა ავცრათ თუ არა მცირეწლოვანი ბავშვები იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს ეწინააღმდეგება მათი მშობლების რელიგიურ მრწამსს?
3. დასაშვებია თუ არა მრავალცოლიანობა სამოქალაქო სამართლის ნორმებით, მიუხედავად რელიგიური აღმსარებლობით ნებადართულობისა?
4. რას ნიშნავს საერო და საეკლესიო ხელისუფლების გამიჯვნა? რატომაა ეს ხელისუფლებანი გამიჯნული? რაში გამოიხატება ეს?
5. თუ ხელისუფლება თანხას იხდის სატუსაღოს სამლოცველოების აშენებისა და კეთილმოწყობისთვის, ეს რელიგიის მხარდაჭერას ნიშნავს. მეორე მხრივ, თუ ხელისუფლება ასე არ მოიქცევა, მაშინ ის დაარღვევს პატიმართა უფლებას - მისდიონ რელიგიურ წესებს. მოისაზრეთ გამოსავალი ამ ვითარებიდან.
6. ტექსტში მოხსენებულ გაეროს რეზოლუციაში უმცირესობათა წარმომადგენლების უფლებების შესახებ ვკითხულობთ: „პირებს, რომლებიც მიეკუთვნებიან ეროვნულ ან ეთნიკურ, რელიგიურ და ლინგვისტურ უმცირესობებს, უფლება აქვთ, გაავრცელონ საკუთარი კულტურა, აღიარონ და მისდიონ საკუთარ რელიგიას, გამოიყენონ საკუთარი ენა, როგორც ფარულად, ასევე საჯაროდ და თავისუფლად, ყოველგვარი დისკრიმინაციის ან დაბრკოლების გარეშე“. რა მექანიზმების საშუალებით შეიძლება აღნიშნულ უფლებათა რეალიზაცია? მოისაზრეთ, რა შემთხვევებშია მართლზომიერი ამ თავისუფლების შეზღუდვა და რა საბაბით.
![]() |
3.5 §5.ადამიანის უფლებების საკითხი საქართველოში |
▲ზევით დაბრუნება |
„მუქარა ერთი ადამიანის უფლებებისადმი - ეს ყოველი ადამიანის უფლებების ხელყოფაა“.
ჯონ კენედი
2006 წლის 24 იანვარს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ დადგენილება მიიღო. მასში ნათქვამია, რომ საქართველომ უნდა მოახდინოს რეგიონალური, ანუ უმცირესობათა ენების შესახებ ევროპული ქარტიის რატიფიკაცია; უზრუნველყოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა; გამოავლინოს წამების ფაქტები ციხეებში; არ გამოიჩინოს შემწყნარებლობა ჩინოსანთა დაუსჯელობის იმ ფაქტებისა და ზოგადად ისეთი ტენდენციის მიმართ, რომელიც იწვევს ციხეებში წამების პრაქტიკისა და ღირსების შემლახველი მოპყრობის ესკალაციას.
ევროსაბჭომ და საქართველომ ხელი მოაწერეს ხუთწლიანი ევროპული თანამეზობლობის პოლიტიკის სამოქმედო გეგმას. აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით, საქართველო კისრულობს ვალდებულებას, ეფექტური ზომები მიიღოს კანონის უზენაესობის, დემოკრატიის, ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარების, სავაჭრო, ენერგეტიკული და შიდა კონფლიქტების გადაწყვეტის საკითხებში.
ორგანიზაციის Human Rights Watch ანგარიშში კი ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობას თითქმის არ გააჩნია არსებითი საფუძველი, იამაყოს კანონის უზენაესობითა და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროებში მიღწეული წარმატებებით.
2006 წლის 27 იანვარს ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ადამიანის უფლებათა ყოველწლიური ანგარიში მძიმე სურათს ხატავს საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ. 2005 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა დარღვევების გამომწვევი მიზეზებისა და ტენდენციების ანალიზის შედეგად ცენტრი მივიდა დასკვნამდე, რომ ადამიანის უფლებათა დარღვევების მასობრივი ხასიათი უახლოს ხანებში მეტად სავალალო მდგომარეობამდე მიიყვანდა ქვეყანას. ანგარიშში მოყვანილი პროგნოზები არცთუ უსაფუძვლო გამოდგა. გაზეთ „ახალ 7 დღეში“ (23-29 მარტი, 2007 წ.) გამოქვეყნდა 2006 წლის მოვლენათა ქრონიკა, რომელიც, ცენტრის წარმომადგენელთა თვალსაზრისით, ადასტურებს ანალიზისა და პროგნოზების მართლზომიერებას. მოვლენათა არასრული ჩამონათვალი მოიცავს შემდეგ ფაქტებს:
2004 წლის თებერვლის საკონსტიტუციო ცვლილებებმა უხეშად დაარღვია ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსისა და გაწონასწორების მექანიზმები. ფაქტობრივად, დაკანონებულია პრეზიდენტის განუსაზღვრელი და უკონტროლო ძალაუფლება;
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კონსტიტუციის თანხმად, საკუთრების უფლება აღიარებულია და დაცულია სახელმწიფოს მიერ, სახელმწიფო პრაქტიკაში მუდმივად ახდენს საკუთრების ფლობის უფლებისა და კანონიერების გადასინჯვას. ამგვარი მოქმედებით ზიანი ადგება კერძო მესაკუთრეებს, რითაც ირღვევა მათი ხელშეუხებლობის გარანტიები;
2006 წლის 10 იანვრიდან გამოძიების საფუძვლად შეიძლება ჩაითვალოს დანაშაულის შესახებ მოპოვებული ანონიმური ინფორმაცია. ეს ცვლილება ეწინააღმდეგება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას დანაშაულის ცრუ დასმენისათვის;
სასამართლო ხელისუფლებამ სრულიად დაკარგა მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული დამოუკიდებლობა საკანონომდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებისაგან. სასამართლო პროცესები ადმინისტრაციული და პროცესუალური კანონების დარღვევით მიმდინარეობს. პრაქტიკა აჩვენებს, რომ სასამართლო რეალურად პროკურატურის ბრძანებებს ასრულებს;
ხელისუფლებამ ვერ შეძლო, შეემცირებინა სამართალდამცველთა მიერ გადამეტებული ძალის გამოყენების ფაქტები. ხშირად სპეცოპერაციები განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩევა. პირები, რომლებიც მონაწილეობას იღებენ ადამიანის უფლებათა დარღვევაში, სასტიკ მოპყრობაში, ძალადობასა და ადამიანის უფლებათა დამცველების წინააღმდეგ განხორციელებულ ზეწოლაში, დაუსჯელები რჩებიან;
გასული წლის განმავლობაში პატიმართა რიცხვი 30%-ით გაიზარდა და 16000-ს მიაღწია. საქართველოში პატიმართა უმრავლესობა - 63% წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. გადაჭედილ საკნებში გაუსაძლისი პირობებია.
ადამიანის უფლებათა დარღვევების მასობრივი ხასიათისა და მათდამი საზოგადოებისა და ხელისუფლების გულგრილი დამოკიდებულის მიუხედავად, მიჩნეულია, რომ ადამიანის უფლებები პრინციპულად თავსებადია ქართულ კულტურასთან; რომ პრობლემა არ დგას ისე, თითქოს ადამიანის უფლებები და ლიბერალური ღირებულებები თავისი არსით მიუღებელია საუკუნეთა განმავლობაში ჩამოყალიბებული ქართული მენტალობისთვის10.
ამ კუთხით მრავლისმეტყველია შემდეგი არგუმენტები:
უძველეს ქართლში სომხური, ქართული, ასურული, ებრაული, ხაზარული და ბერძნული ენები თანაბარი უფლებებით სარგებლობდნენ და ამ ექვსივე ენაზე მოლაპარაკე ხალხს განვითარების თანაბარი შესაძლებლობა ჰქონდა. მხოლოდ ფარნავაზის რეფორმის შემდეგ, როდესაც მან ეროვნული დამწერლობა შემოიღო, ქართული ენა გახდა უპირატესი;
იმავე ფარნავაზმა თუმცა კი შემოიტანა არმაზის მეომარი ღვთაების კულტი, მაგრამ არ შეუვიწროებია გაცისა და გაიმის მანამდე დამკვიდრებული კულტები. უფრო მეტიც, მეფე რევიმ III საუკუნეში აკრძალა არმაზის ღვთაებისთვის ადამიანის მსხვერპლად შეწირვა;
XI საუკუნის საქართველოში მიაჩნდათ, რომ ქართველად იწოდებოდა ის, ვინც ფლობდა ქართულ ენას, ეზიარებოდა ქართულ კულტურას, იქნებოდა ქართული სახელმწიფოს ისტორიის პატივისმცემელი, ემსახურებოდა ქართველი ხალხის კეთილდღეობას. ამრიგად, XI საუკუნის საქართველოში მიაჩნდათ, რომ სისხლისმიერ წარმომავლობას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონდა პიროვნების უფლებისთვის - თავი მიეჩნია ქართველად. ეროვნული თვითიდენტიფიკაციისთვის მთავარი იყო პოლიტიკური და კულტურული ასპექტები;
მატიანე გადმოგვცემს, რომ 571 წელს ქართლში ჩატარებულა საყოველთაო არჩევნები და ამ გზით მოუპოვებია გუარამ კურაპალატს ქვეყნის მართვის უფლება. სხვა ანალოგიური შემთხვევა ადრე შუა საუკუნეების ისტორიამ არ იცის;
აღსანიშნავია ქალისა და მამაკაცის თანასწორუფლებიანობა, პირადი ქონების ხელშეუხებლობა და მისი ანდერძით გადაცემის უფლება, რაც დადასტურებულია „სერაპიონ ზარზმელის ცხოვრებაში“. საკუთრების განყენებული ცნება სხვა ფეოდალურ სახელმწიფოებში გვიან შემუშავდა - დასავლეთ ევროპაში XIII-XIV საუკუნეებში, რუსეთში კი უფრო გვიან - XVIII საუკუნიდან;
დავით აღმაშენებელი იყო პირველი ქართველი პოლიტიკოსი, რომელმაც ერთმანეთისგან გამიჯნა სასამართლო და აღმასრულებელი ხელისუფლება, როდესაც შექმნა უმაღლესი სააპელაციო სასამართლო „სააჯო კარი“, რომლის მუშაობის წარმართვა მწიგნობართუხუცესს დაევალა. შემდგომში ეს ინსტიტუტი განაახლეს და განავითარეს მეფეებმა ვახტანგ VI-მ და ერეკლე II-მ;
ყუთლუ-არსლანის პროგრამა XII საუკუნეში მოიცავდა არა მარტო სახელმწიფოს მართვაში საზოგადოების სხვადასხვა ფენების წარმომადგენელთა მონაწილეობას, რომელთაც უნდა შეექმნათ არჩევითობის პრინციპზე დამყარებული ორგანო „კარავი“, არამედ ზღუდავდა მეფის ხელისუფლებას აღმასრულებელ ფუნქციებამდე და ამა თუ იმ თანამდებობაზე კარვის მიერ შერჩეული კანდიდატურის დამტკიცებამდე. მართალია, ეს პროგრამა ვერ განხორციელდა, მაგრამ შუა საუკუნეების საქართველომ შეიძლება იამაყოს იმით, რომ XII საუკუნის 80-იან წლებში საქართველოში გაუქმდა სიკვდილით დასჯა;
ქართულ პატრონყმობასა და დასავლეთ ევროპის ფეოდალურ წესწყობილებას შორის, მრავალი მსგავსების გარდა, ერთი მნიშვნელოვანი განსხვავებაც იყო - თუკი ევროპელი ფეოდალის ხელთ იყო როგორც სისხლის, ისე სამოქალაქო სამართალი და სასამართლო, საქართველოში პატრონებს არ ჰქონდათ თავიანთი ყმების გასამართლების უფლება. ყმებიც სამეფო სასამართლოს ექვემდებარებოდნენ. ამგვარად, იმდროინდელ საქართველოში სახელმწიფოებრივი აზროვნება და სამართალი აშკარად პროგრესული იყო;
ქართული სამართლის ძეგლებში მოიპოვება პიროვნების ხელშეუხებლობის, საკუთრების უფლების, მემკვიდრეობის უფლების, ქალთა უფლებების დაცვის ამსახველი ნორმები. ამასთანავე, სასჯელის ნორმები სასტიკია, თუმცა კი ევროპისა და რუსეთის იმდროინდელ სამართალთან შედარებით გაცილებით ლმობიერია;
ქართულ ლიტერატურაში ასახულია ადამიანის უფლებები და თავისუფლებები. ამისათვის საკმარისია შოთა რუსთაველის, სულხან-საბა ორბელიანის, დავით გურამიშვილის, ვაჟა-ფშაველას, ილიას, ნიკოლოზ ბარათაშვილის თხზულებათა გაცნობაც;
„ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“ იყო პირველი ჭეშმარიტად ეროვნული არასამთავრობო საზოგადოება, რომელმაც სათავე დაუდო ქართველი ერისთვის უპირველესი უფლების - თვითგამორკვევის უფლების მოპოვებას;
ამასთანავე არ უნდა დავივიწყოთ ჩვენი ისტორიის სამარცხვინო ფურცლებიც:
საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევის ერთ-ერთ ყველაზე ამაზრზენ ფორმად შეიძლება მივიჩნიოთ ადამიანებით ვაჭრობა - მოტაცებულ ტყვეთა გაყიდვა გვიან შუა საუკუნეებში;
დავით IV აღმაშენებელი მიზანმიმართულად არღვევდა ადამიანის უფლებებს, როდესაც სამღვდელოების წარმომადგენლებს იყენებდა მსტოვრებად აღსარების საიდუმლოს დარღვევის ხარჯზე;
ანტონ კათალიკოსმა ვახტანგ VI-ის მიერ დაბეჭდილი „ვეფხისტყაოსნის“ ეგზემპლარები მტკვარში გადააყრევინა და ამით წინ აღუდგა მის გავრცელებას ხალხში, როგორც „ბოროტი“ და „ქრისტიანობის გამრყვნელი“ ნაწარმოებისა;
სულხან-საბა ორბელიანი შეურაცხყვეს მართლმადიდებელმა ბერებმა კათოლიკობის პოლიტიკური მიზნებით მიღებისთვის.
ქართული პარადოქსები ადამიანის უფლებებთან მიმართებაში ასეა შეჯამებული ზემოთ ციტირებულ ნაშრომში: „საუკუნეების მანძილზე დამპყრობლებისა და მეტროპოლიების კანონებისადმი ხაზგასმულმა დაუმორჩილებლობამ, მათდამი აგდებულმა დამოკიდებულებამ მართლაც ჩამოაყალიბა კანონმორჩილების დაბალი კულტურა, მაგრამ იმავე გარემოებებმა გააძლიერა როგორც თავისუფლების ხარისხი, ისე ქართული ინდივიდუალიზმის წარუშლელი ღირებულება. ამ თვალსაზრისით, თანამედროვე ქართული საზოგადოება აშკარად არ არის ევროპული საზოგადოება (კანონმორჩილების დაბალი ხარისხი, ინტენსიური შრომის კულტურის დაბალი ხარისხი, დაბალი სამოქალაქო განათლება და ა.შ.), მაგრამ ეს არ არის არც აზიური საზოგადოება (უშიშარი დამოკიდებულება ხელისუფლებისადმი, გამოკვეთილი ინდივიდუალიზმი, საკმაოდ მყარი დესაკრალიზაცია და ა.შ.)“.
მეორე მხრივ, თუკი თავიდან ავიცილებთ, იმავე ავტორთა აზრით, ჩვენი საზოგადოების მთავარ თავისებურებას - მის ფარისევლობას, „რომელიც ისტორიულად ჩამოყალიბდა, როგორც სრულიად გასაგები თავდაცვითი მექანიზმი“, მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ არსებობს ახალი საშიშროებანი: ინდივიდუალიზმის გადაგვარება თავნებობად, ეგოცენტრიზმად და ასოციალურობად; დესაკრალიზაციის გადაგვარება ზედაპირულობად, ცინიკურობად და ნიჰილიზმად; ხელისუფლებისადმი უშიშარი დამოკიდებულების გადაგვარება ავანტიურიზმად, უპასუხისმგებლობად და პოზიორობად. ასეთი პერსპექტივით ქართული საზოგადოება, უპრიანია, შეფასდეს არა როგორც „პესიმისტების აზრით, დაგვიანებული ან, ოპტიმისტების აზრით, კინაღამ დაგვიანებული საზოგადოება“, არამედ, როგორც არხეინი ან დაბეჩავებული, ან თავხედურად აგრესიული პროვინციალების კრებული, რომლის წარმომადგენლებიც შემთხვევას ხელიდან არ გაუშვებენ პირადი ინტერესების წინ წამოსაწევად საზოგადოებრივი ინტერესების იგნორირების ხარჯზე.
სწორედ ამიტომაა უაღრესად საშური და მნიშვნელოვანი იმ ძირეული ღირებულებების აღდგენა-განახლება, რომლებიც ასულდგმულებდა საქართველოს ძველი ისტორიის განმავლობაში და იმ ახალი ღირებულებების ათვისებადანერგვა, რომლებიც გადაარჩენს მას უახლესი ისტორიის ასპარეზზე; იმის გარკვევა - რა შეიძლება დავთმოთ და რა - არა იმისათვის, რომ წარმატებული ვიყოთ გამოგონილი თუ რეალური მტერ-მოყვარეების გარემოცვაში.
სადისკუსიო კითხვები
1. რა აზრებსა და განცდებს ბადებს თქვენში ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ:
ქართველთა პირველი ქრისტიანი მეფე მირიანი წარმოშობით ირანელი იყო;
დიმიტრი ყიფიანი წინააღმდეგი იყო „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ სახელწოდებაში „ქართველის“ აღნიშვნისა?
2. გაიაზრეთ ცნება „სოციალური კაპიტალი“:
„სოციალური კაპიტალი მოიცავს სოციალური ორგანიზაციის - პრინციპების, სტრუქტურების, ნორმების - იმ თავისებურებებს, რომელთაც შეუძლია განამტკიცონ საზოგადოების მიერ განხორციელებულ კოორდინირებულ
მოქმედებათა ეფექტიანობა...
სოციალური კაპიტალი ბადებს თანამშრომლობისკენ ლტოლვას. მისი ფორმების ნაირსახეობას წარმოადგენს ე.წ. „მორალური რესურსები“, რომელთა მოცულობა მოხმარების პროცესში კი არ მცირდება, არამედ იზრდება; ეს რესურსები მხოლოდ იმ შემთხვევაში ამოიწურება, თუკი ისინი არ გამოიყენება... სოციალური კაპიტალის სხვა ფორმებიც, როგორიცაა სოციალური ნორმები და ურთიერთკავშირები, ასევე ძლიერდებიან მათი გამოყენების შემთხვევაში და დნებიან გამოუყენებლობის შემთხვევაში. სოციალური კაპიტალის ერთ-ერთი სპეციფიკური ნიშანი ისაა, რომ იგი ჩვეულებრივ წარმოადგენს საერთო ქონებას, მაშინ როცა კაპიტალი ფულადი სახით, როგორც წესი, კერძო პირებს ეკუთვნით“.
შეაფასეთ სოციალური კაპიტალის მარაგი თანამედროვე საქართველოში.
3. არსებობს მოსაზრება, რომ:
მომავალი ქართული საზოგადოების შენობა დაეფუძნება ისტორიულად ჩამოყალიბებულ, უკვე არსებულ რეალურ კულტურულ-სოციალურ და სამოქალაქო-
პოლიტიკურ ფუნდამენტს;
დემოკრატიული პროცესის წარმატებული მიმდინარეობისთვის აუცილებელია არსებობდეს საზოგადოება, რომელშიც ისტორიული განვითარების შედეგად დაგროვილია ე.წ. „სოციალური კაპიტალი“. შეაფასეთ საქართველოში დემოკრატიის მშენებლობის პერსპექტივები ამ კუთხით.
4. ცნობილი სოციოლოგის, მაქს ვებერის აზრით, ნაციონალური ხასიათის ფორმირებაში რელიგია ერთ-ერთ გადამწყვეტ როლს ასრულებს. მაინც რა როლი შეასრულა, რა როლს ასრულებს ამჟამად და რა როლს შეასრულებს მომავალში მართლმადიდებლური ქრისტიანობა ქართული ნაციონალური ხასიათის ჩამოყალიბებაში?
5. ცნობილია, რომ ქართულ ისტორიოგრაფიაში დავით აღმაშენებლის მიერ აღსარების საიდუმლოების დარღვევები აიხსნებოდა საქართველოსა და ქართველის ერის ყოფნა-არყოფნის საკითხის დასმის შემთხვევაში სახელმწიფო ინტერესების დაცვის პრიორიტეტულობით რელიგიური საიდუმლოების დაცვასთან შედარებით. იზიარებთ თუ არა ამ მოსაზრებას?
________________________________
10 ადამიანის უფლებები და ქართული კულტურა, განვითარების და თანამშრომლობის ცენტრი - პლურალიზმის ცენტრი, თბილისი, 2004 წელი, გამოცემის მთავარი რედაქტორი ლევან ბერძენიშვილი.
![]() |
3.6 I თავის სავარჯიშოები |
▲ზევით დაბრუნება |
სავარჯიშო „სად დგახართ?“
თემა - ადამიანის უფლებები, მოქალაქეობა
მონაწილეთა რაოდენობა - 15-20 მონაწილე
დრო - 50 წუთი
შინაარსი - სავარჯიშო წარმოადგენს დისკუსიას, რომელშიც განიხილება ადამიანის ღირსების, სამოქალაქო-პოლიტიკურ და სოციო-ეკონომიკურ უფლებებს შორის პრიორიტეტისა და ხელისუფლების მიერ სოციო-ეკონომიკური უფლებების რეალიზაციის მოვალეობის საკითხები.
ამოცანები - მონაწილეებმა განასხვაონ სამოქალაქო-პოლიტიკური და სოციოეკონომიკური უფლებები, განიხილონ მათი დაცვის მექანიზმები, დაეუფლონ დისკუსიისა და არგუმენტაციის უნარ-ჩვევებს.
მასალები - ერთ გვერდი სადისკუსიო დებულებებით (იხ. დანართი), ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის შემოკლებული ვერსიის ქსეროასლები.
მოსამზადებელი სამუშაო - მოამზადეთ ორი პლაკატი: ერთი - სიტყვით „ვეთანხმები“, მეორე - სიტყვებით „არ ვეთანხმები“. დაკიდეთ ეს პლაკატები ოთახის მოპირდაპირე კედლებზე ისე, რომ მონაწილეებს შეეძლოთ მათ შორის გამწკრივდნენ (შეიძლება წინასწარ ცარცით ხაზის გავლება ან თოკის გაჭიმვა).
ინსტრუქციები - დაურიგეთ მონაწილეებს უფლებათა ჩამონათვალი და სთხოვეთ, დააჯგუფონ ისინი სამოქალაქო-პოლიტიკურ და სოციო-ეკონომიკურ უფლებებად. დაწერეთ ეს კლასიფიკაცია დაფაზე. აუხსენით, რომ წაუკითხავთ სხვადასხვა დებულებებს, რომელთაც მონაწილეები დაეთანხმებიან ან არ დაეთანხმებიან და თანხმობის ხარისხის შესაბამისი პოზიცია უნდა დაიკავონ პლაკატებს შორის სწორი ხაზის გასწვრივ: ვინც უფრო სრულად ეთანხმება დებულებას, უფრო ახლოს დადგება პლაკატთან „ვეთანხმები“. მონაწილეებს შეუძლიათ ხანმოკლე საუბარი და აზრთა გაცვლა, სანამ პოზიციას ირჩევენ. ყოველი დებულების წაკითხვის შემდეგ მიეცით ცოტა დრო პოზიციის შესარჩევად. უკიდურეს პოზიციებზე მდგომთ სთხოვეთ საკუთარი გადაწყვეტილების ახსნა. მიზანშეწონილია ცენტრში მდგომმა მონაწილემაც დაასაბუთოს საკუთარი პოზიცია; კერძოდ, უნდა გაირკვეს, მას მყარი აზრი არა აქვს საკითხის შესახებ თუ დებულება ვერ გაიგო. ნება დართეთ მონაწილეებს, შეიცვალონ პოზიცია ერთმანეთის მოსაზრებების მოსმენის შედეგად.
ანალიზი და შეფასება - ჰკითხეთ მონაწილეებს, რა შეიტყვეს ახალი; კერძოდ, საინტერესოა მათი მოსაზრებანი და განცდები პოზიციის შერჩევასთან, პოზიციის შეცვლასთან, მონაწილეების პოზიციებს შორის განსხვავებებთან დაკავშირებით. ჩაეძიეთ, რამდენად მოსალოდნელად მიაჩნიათ პოზიციათა სრული და საყოველთაო თანმთხვევა, რამდენად მართებულია შეფასებების „სწორი პასუხი“ და „არასწორი პასუხი“ გამოყენება.
რჩევები წამყვანისთვის - განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ სამოქალაქო-პოლიტიკურ და სოციო-ეკონომიკურ უფლებებს შორის განსხვავებას. სავარჯიშოს ის ნაწილი, სადაც მონაწილეებმა უნდა შეარჩიონ ან შეიცვალონ პოზიცია, შეიძლება სწრაფად ჩატარდეს, რათა დავზოგოთ დრო იმ გამორჩეულ დებულებებზე საკამათოდ, რომელთაც მონაწილეები გამოავლენენ. მათი მხრიდან მძაფრი რეაქციის შემთხვევაში არ არის გამორიცხული სავარჯიშოს ტემპის შენელება და საკამათო დებულებაზე მსჯელობაც.
ვარიანტები - დებულებების ფორმულირება, შესაძლოა, თვით მონაწილეებსაც შესთავაზოთ.
შემდგომი განვითარება - საგანგებო ვითარებაში, შესაძლოა, ხმის მიცემის პროცედურის მოწყობაც უკიდურესად მნიშვნელოვანი ან საკამათო დებულებების თაობაზე.
იდეები მოქმედებისთვის - შესთავაზეთ მონაწილეებს, რომ დაუკავშირდნენ ადგილობრივ უფლებადამცავ ორგანიზაციებს და გაარკვიონ, რა წვლილის შეტანა შეუძლიათ მათ მუშაობაში.
დანართი
სადისკუსიო დებულებები
საკუთარი ჭერის ქონა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე იმის ლაპარაკი, რაც მოგესურვება;
შრომა ადამიანის მოვალეობაა და არა უფლება;
ყოველი მთავრობის მთავარი მოვალეობაა საკუთარ მოქალაქეთა დაპურება;
ექნებათ თუ არა ადამიანებს საკვები - ეს მათი საზრუნავია და არა მთავრობის;
საერთაშორისო თანამეგობრობას არავინ ეკითხება, როგორ უნდა მოვეპყროთ მოქალაქეებს;
ღარიბმა ქვეყნებმა საკუთარი ძალისხმევა ჯერ მოქალაქეთა ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნაზე უნდა გაიღონ და შემდეგ - მათი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების რეალიზაციაზე;
მეტისმეტად დიდი ეკონომიკური არათანასწორობა ძირითადი უფლებების დარღვევაა;
სოციალური და ეკონომიკური უფლებები შორეული მომავლის იდეალს გამოხატავს და მსოფლიო ჯერ მზად არაა მათი რეალიზაციისთვის;
რა ხეირია უფლებებისგან, თუ მათი გარანტირება შეუძლებელია.
სავარჯიშო ,,ამოიცანი იდეოლოგია“
თემა -ლიბერალიზმი, კომუნიზმი, ფაშიზმი
მონაწილეთა რაოდენობა - 15-20 მონაწილე
დრო - 30 წუთი
შინაარსი - სავარჯიშოს შესრულებისას მონაწილეებმა უნდა გაიაზრონ ცალკეული დებულებები, „ამოიცნონ“ მათში გატარებული პრინციპები და ყოველი მოცემული დებულება ამა თუ იმ იდეოლოგიას (ლიბერალიზმს, კომუნიზმს, ფაშიზმს) მიაკუთვნონ.
ამოცანები - მონაწილეებმა გააცნობიერონ იდეოლოგიების არსებითი განმასხვავებელი ნიშნები (მოვლენების ხედვის კუთხე, აზროვნების წესი, ამოსავალი პრინციპები, მამოძრავებელი მოტივები, ტიპური ტერმინოლოგია და სხვა).
მასალები - ბარათები დებულებებით, სწორი პასუხების სია (იხ. დანართი).
მოსამზადებელი სამუშაო - წინასწარ დაბეჭდეთ ბარათებზე დებულებები და გაამზადეთ სწორი პასუხების სია. მონაწილეთა ჯგუფიდან შეარჩიეთ 4-5 მსაჯული, ორი ან სამი ხუთკაციანი გუნდი შეჯიბრის მოსაწყობად.
ინსტრუქციები - შეარჩიეთ ორი გუნდი შეჯიბრისთვის და დებულებათა პაკეტი (მაგალითად, სხვადასხვა იდეოლოგიის გამომხატველი 5 ან 7 დებულება). წაუკითხეთ დებულებები შეჯიბრისთვის შერჩეულ პირისპირ მდგომ ორ გუნდს. ყოველ დებულებაზე ჯგუფს ახალი წამყვანი (ლიდერი, კაპიტანი) უნდა ჰყავდეს, რომელიც გაუძღვება გუნდს მოცემულ დებულებაზე მუშაობისას. დებულების მოსმენის შემდეგ ვინც დაასწრებს რაიმე შთანხმებული ნიშნის მიცემას, ის იღებს საკუთარ თავზე დებულების შესაბამისი იდეოლოგიის ამოცნობას. ლიდერებს მხოლოდ 30 წამი აქვთ გუნდებთან პასუხის შესათანხმებლად. პასუხი სრულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იდეოლოგიის დასახელებასთან ერთად ერთი არგუმენტი მაინც იქნება მოყვანილი პასუხის დასასაბუთებლად. თუ, მსაჯულთა აზრით, გუნდმა დაარღვია პირობები ან არასწორი პასუხი გასცა, მაშინ მეორე გუნდი იძლევა პასუხს და ა.შ. მსაჯულები განსაზღვრავენ პასუხის სისწორესა და სისრულეს და ქულას ანიჭებენ წარმატებულ გუნდს. გამარჯვებული გუნდი მესამე გუნდს ეთამაშება, რისთვისაც დებულებათა ახალი პაკეტი გამოიყენება.
ანალიზი და შეფასება - შეაჯამეთ თამაში და დაფაზე გააკეთეთ დებულებათა კლასიფიკაცია იდეოლოგიების მიხედვით. სთხოვეთ მონაწილეებს, იპოვონ საერთო ნიშნები თითოეული კატეგორიის დებულებებს შორის.
რჩევები წამყვანისთვის - მნიშვნელოვანია მონაწილეთა არგუმენტები ამა თუ იმ გადაწყვეტილების სასარგებლოდ.
ვარიანტები - დებულებათა უკმარისობის შემთხვევაში გუნდები წინასწარ მუშაობენ მათ მოძიებაზე სხვადასხვა წყაროებიდან და სთავაზობენ სხვა ორ გუნდს.
დანართი
დებულებები
1. „ჩვენ გვწამს, რომ თეთრი რასა დედამიწის მებატონე რასაა“. (ფაშიზმი)
2. „საუკეთესოა სწორედ ის ხელისუფლება, რომელიც ყველაზე ნაკლებად მართავს“. (ლიბერალიზმი)
3. „გწამდეს! დაემორჩილე! იბრძოლე!“ (ფაშიზმი)
4. „სახელმწიფო არასდროს იქნება თავისუფალი და განათლებული, სანამ იგი არ აღიარებს ინდივიდს, როგორც უმაღლეს და დამოუკიდებელ წყაროს, საიდანაც მომდინარებს მთელი მისი ძალაუფლება და უფლებამოსილება, და სანამ ინდივიდს შესაბამისად არ მოეპყრობა“. (ლიბერალიზმი)
5. „ისტორიამ დაამტკიცა, რომ მხოლოდ ჭეშმარიტად დემოკრატიულ და ცენტრალიზებულ ავანგარდულ პარტიას შეუძლია წაუძღვეს მუშათა კლასს და მათ მოკავშირეებს გამარჯვებისკენ“. (კომუნიზმი)
6. „მე სასტიკად არ ვეთანხმები თქვენს ნათქვამს, მაგრამ თავს დავდებ თქვენი უფლებისთვის, რომ გამოთქვათ იგი“. (ლიბერალიზმი)
7. „მიზანი: პროლეტარიატის დიქტატურის განმტკიცება ჩვენს ქვეყანაში და მისი გამოყენება იმპერიალიზმის დასამხობად მთელს მსოფლიოში“. (კომუნიზმი)
8. „ლიდერის ავტორიტეტი არ არის შემოსაზღვრული შემოწმებითა და კონტროლით, განსაკუთრებული ავტონომიური ორგანოებითა და ინდივიდუალური უფლებებით - ის თავისუფალი და დამოუკიდებელი, ყოვლის მომცველი და შემოუსაზღვრელი... ის ხალხისთვის არსებობს და ხალხშივე აქვს გამართლება“. (ფაშიზმი)
9. „...უმრავლესობის ტირანია საზოგადოდ იმ ბოროტებათა შორის მოიზრება, რომლის წინააღმდეგაც საზოგადოება უნდა დაირაზმოს“. (ლიბერალიზმი)
10. „სახელმწიფოს მიღმა არ არსებობს არც ინდივიდი და არც ჯგუფი“. (ფაშიზმი)
11. „პროლეტარიატი გამოიყენებს მის პოლიტიკურ აღმატებულობას, რომ თანდათან გამოგლიჯოს ბურჟუაზიას მთელი კაპიტალი და ყველა საშუალებას სახელმწიფოს ხელში მოუყაროს თავი“. (კომუნიზმი)
12. „რევოლუცია იგივე არაა, რაც ხალხის მოპატიჟება სადილზე, თხზულების დასაწერად, ან სურათის დასახატავად... რევოლუცია არის აჯანყება, ძალადობის აქტი, რომლის საშუალებითაც ერთი კლასი დაამხობს მეორეს“. (კომუნიზმი)
13. „იმისათვის, რომ გავუმკლავდეთ კაპიტალისტურ შემოტევას, დრო მოითხოვს მხოლოდ ერთს: მედგარ რევოლუციურ მუშაობას“. (კომუნიზმი)
14. „საკუთარ თავთან, საკუთარ სხეულთან თუ გონთან აღმატებით ინდივიდი სუვერენულია“. (ლიბერალიზმი)
სავარჯიშო ,,ისტორიული ვარაუდები“
თემა - ადამიანის უფლებები, სახელმწიფო
მონაწილეთა რაოდენობა - 15-20 მონაწილე
დრო - 80-90 წუთი
შინაარსი - სავარჯიშო წარმოადგენს მონაწილეთა მოსაზრებების დასაბუთებისა და არგუმენტების პრეზენტაციის მომცველ დისკუსიას მათი პოზიციის გაცხადება-განმტკიცების ან გადასინჯვის მიზნით.
ამოცანები - მონაწილეებმა გააცნობიერონ ადამიანის უფლებებში ასახული იდეალებისა და ღირებულებების რეალური განხორციელების ზეგავლენა სახელმწიფოსა და ქვეყნის განვითარებაზე.
მასალები - ერთი გვერდი სადისკუსიო დებულებებით (იხ. დანართი), საზღვარგარეთის ქვეყნებისა და საქართველოს ისტორიის ამსახველი ნარკვევები, სხვადასხვა ქვეყნების ძველი და თანამედროვე კანონები, ისტორიული წყაროები, ეთნოლოგიური მასალები და სხვა.
მოსამზადებელი სამუშაო - სასურველია, მონაწილეები წინასწარ გაეცნონ საქართველოსა და სხვა ქვეყნების მოსახლეობის უფლებრივი კულტურის ამსახველ მასალებს.
ინსტრუქციები - მონაწილეები დაყავით იმდენ ჯგუფად, რამდენი დებულების განხილვასაც აპირებთ და დაურიგეთ მათ ფურცელზე ამობეჭდილი თითო დებულება. აუხსენით მონაწილეებს, რომ მათ ევალებათ ამ დებულების მართებულების დასაბუთება ან მისი უკუგდება. ორივე შემთხვევაში მონაწილეებმა უნდა დაასაბუთონ საკუთარი პოზიცია (მოიყვანონ არგუმენტები ან კონტრარგუმენტები ისტორიული ფაქტების, დასკვნების, ავტორიტეტთა ციტატების, კანონების მუხლებისა და სხვა სახით). მიზანშეწონილია, ჯგუფებმა წარმოადგინონ ვიზუალური მასალაც პლაკატის, შარჟის, კომიქსის, სქემის ან სხვა სახით. მოამზადეთ პრეზენტაციის შეფასების კრიტერიუმები და დაურიგეთ მონაწილეებს. პრეზენტაციის მომზადების შემდეგ თითოეული ჯგუფი წარმოადგენს ნაშრომს, ხოლო დანარჩენები აფასებენ პრეზენტაციას კრიტერიუმების მიხედვით და ასაბუთებენ საკუთარ შეფასებებს.
ანალიზი და შეფასება - შესაძლებელია, შეჯამების სახით ჩამოყალიბდეს საქართველოს შესაძლო განვითარების პესიმისტური და ოპტიმისტური სცენარები.
რჩევები წამყვანისთვის - მონაწილეთა შეფასებისას მნიშვნელოვანია არა კონკრეტული პოზიცია (იზიარებს თუ არა ამა თუ იმ დებულებას), არამედ დებულების შინაარსის გაგების, პიროვნული პოზიციის გაცნობიერებისა და პრეზენტაციის ხარისხი. შესაბამისად, კარგია იმ ჯგუფის ნაშრომი, რომელმაც მოახერხა, ეფექტურად, დამაჯერებლად, მრავალფეროვანი ლოგიკური არგუმენტების საშუალებით წარმოედგინა საკუთარი დამოკიდებულება დებულებისადმი. ჯგუფის შიგნით განსხვავებული აზრის არსებობის შემთხვევაში მათ ავტორებსაც მიეცით გამოთქმის საშუალება. წარმართეთ დისკუსია წინასწარ შემუშავებული რეგლამენტის საფუძველზე და ყველა მონაწილე თანასწორ პირობებში ჩააყენეთ. ნუ აღკვეთავთ თამამი ვარაუდების გამოთქმას; ეცადეთ, ისინი კორექტული ფორმით იყოს ჩამოყალიბებული.
ვარიანტები - შესაძლებელია სავარჯიშოს შემაჯამებელი ნაწილი წარიმართოს მოკლე ესეს ფორმულირებით, მაგალითად, საკითხზე „როგორ განვითარდებოდა ისტორიული მოვლენები, თუ ქართველები ყუთლუ-არსლანის პროგრამას მიიღებდნენ“.
შემდგომი განვითარება - სთხოვეთ მონაწილეებს, დააფიქსირონ საკუთარი ემოციები, ცვლილებები პოზიციაში, აღწერონ განცდები იმ შემთხვევაში, თუ იძულებულნი იყვნენ, დაესაბუთებინათ მოსაზრება, რომელსაც არ იზიარებდნენ.
დანართი
დებულებები დისკუსიისთვის
1. „XII საუკუნის საქართველოში დაიკარგა ისტორიული შანსი. ყუთლუ-არსლანის პროგრამის განხორციელების შემთხვევაში საქართველო გახდებოდა იმ ეპოქის ერთადერთი ქვეყანა, სადაც შეიქმნებოდა პირველი საკანონმდებლო ორგანო, ხოლო ეს ვითარება შუა საუკუნეების პარტიკულარიზმის პირობებში ქვეყანას შეუქმნიდა განვითარების მანამდე არნახულ შესაძლებლობებს. ყოველ შემთხვევაში, შემდეგდროინდელმა ისტორიულმა რეალობამ თვალნათლივ აჩვენა, რომ ერთი შეხედვით დიდების ზენიტში მყოფმა ქვეყანამ ვერავითარი, მეტიც, ოდნავი წინააღმდეგობაც კი ვერ გაუწია მონღოლებს და მათ, ფაქტობრივად, უბრძოლველად დანებდა“.
2. „ქართულმა სამეფო-სამთავროებმა ვეღარ შეძლეს (თუ არ შეძლეს) იმ ლიბერალური და მარადიული ღირებულებების დაცვა, რაც ესოდენ დამახასიათებელი იყო გაცილებით ადრეული ეპოქებისთვის და ერთი ხელის მოსმით წყალში ჩაყარეს ის, რაც წინა საუკუნეებმა მემკვიდრეობით დაუტოვეს ქართველ ხალხს. XIV-XVIII საუკუნეების საქართველო საკმაოდ ჩამორჩა დროის დინებას და გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ეს ხანა იყო ყველაზე დიდი უკუსვლა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში“.
3. „პოლიტიკური განვითარება, პოლიტიკური განსწავლულობა პირდაპირ ასახავს ამა თუ იმ საზოგადოებაში ჰუმანისტური იდეებისა და მარადიული ღირებულებების დამკვიდრების ხარისხს, ყოველი ერი იმდენად არის ტოლერანტული და მსწრაფი ლიბერალური იდეალებისადმი, რამდენადაც მას ამის საშუალებას აძლევს ის პოლიტიკური ვითარება და, ზოგადად, საზოგადოებრივი გარემო, რომელშიც ესა თუ ის სოციუმი იმყოფება“.
4. „ბუნებრივია, რომ სამართლებრივი სახელმწიფო სულაც არ არის ყოველთვის დემოკრატიული (ასეთ სახელმწიფოში შეიძლება კანონით იყოს დაწესებული ადამიანის პატივისა და ღირსების შემლახველი რომელიმე ნორმა, მაგალითად, ფიზიკური სასჯელი), ხოლო დემოკრატიული - სამართლებრივი (ეს განსაკუთრებით ახლად შექმნილ დემოკრატიებზე ითქმის, სადაც ხშირად იცვლება კანონები და მოქალაქე ვერ ასწრებს მათ გააზრებას. ამიტომ თამაშის წესების ჩამოყალიბებაც ძნელდება)“.
5. „ადამიანის უფლებების“ ტერმინით გაერთიანებული უფლებები ქართული კულტურის ბუნებრივი და განუყოფელი ნაწილია, მაგრამ საუკუნეების მანძილზე ქართველი ერის თავზე დატრიალებულმა უბედურებამ, ქართველი ერის უფლებების არაერთმა დარღვევამ, უიმედობამ და სხვა ფაქტორებმა, მათ დამპყრობელთა მენტალიტეტმა უარყოფითი გავლენა მოახდინა ერის მოთხოვნილებებზე“.
![]() |
3.7 I თავში გამოყენებული ლიტერატურა |
▲ზევით დაბრუნება |
1. დემოკრატიის კლასიკური დოკუმენტები. მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი. ლიცეუმი, თბილისი, 1994.
2. ლევინი ლ. ადამიანის უფლებები. კითხვები და პასუხები. იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისია. ტექინფორმი, თბილისი, 1997.
3. საქართველოს კანონები. ადამიანის უფლებათა შესახებ საერთაშორისო აქტები და კონვენციები. მერიდიანი, თბილისი, 1998.
4. ადამიანის უფლებათა ლექსიკონი. დასი, თბილისი, 1999.
5. ნიჟარაძე გ. ქართული კულტურა. ზოგადი მახასიათებლები. ჩუბინი, N 1, 2002.
6. ადამიანის უფლებები და ქართული კულტურა. განვითარებისა და თანამშრომლობის ცენტრი - პლურალიზმის ცენტრი. თბილისი, 2004.
7. კომპასი: სახელმძღვანელო ადამიანის უფლებათა განათლების სფეროში ახალგაზრდების მონაწილეობით. თბილისი, 2004.
8. We the People. Student Text. A project of the Center for Civic Education. Center for Civic Education, 1988.
9. Comparative Lessons for Democracy. Published by the Center for Civic Education in cooperation with The Ohio State University, 1997.
10. История политических и правовых учений, ред. В. С. Нерсесянц, Москва, 1996.
11. Гражданское образование. Содержание и активные методы обучения. межрегиональная асоциасия за гражданское образование, М., 1998.
12. Права человека. Учебник для ВУЗов. М., Норма, 1999.
![]() |
4 თავი II - დემოკრატია |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
4.1 §1. დემოკრატიის უპირატესობანი და პრობლემები |
▲ზევით დაბრუნება |
დემოკრატია, ანუ ხალხის მიერ (საკუთარი თავის) მართვა, რამდენიმე კომპონენტს მოიცავს. ესენია: გადაწყვეტილების მიღება, ამ გადაწყვეტილებათა განხორციელება, და, ბოლოს, განხორციელების კონტროლი. თითოეული, თავის მხრივ, სამ ასპექტს მოიცავს. ესაა: იმ პრინციპების, წესებისა და ნორმების შემუშავება, რომელთა საფუძველზეც ხდება გადაწყვეტილებათა მიღება, განხორციელება და კონტროლი; ესაა მექანიზმები, რომელთა საშუალებითაც ხდება სამივე ზემოაღნიშნული; და ესაა ადამიანები, რომლებიც მექანიზმების საშუალებით და წესების დაცვით მოქმედებენ.
ამ თვალსაზრისით, დემოკრატია არის ადამიანების მიერ საზოგადოებრივი თანაცხოვრებისა და სახელმწიფოებრივი ფუნქციონირების იმ წესების შემოღების სისტემა, რომლებსაც თვითონვე განუხრელად იცავენ. კერძოდ, რაიმე სფეროში არ მიიღება, არ ხორციელდება და არ კონტროლდება არც ერთი გადაწყვეტილება ამ სფეროში მოქმედი პირების მონაწილეობის გარეშე.
ამგვარად, დემოკრატიას აუცილებლად ესაჭიროება შესაფერისი წესები (მაგალითად, კანონმდებლობა), სათანადო მექანიზმები (მაგალითად, ადმინისტრაციული აპარატი და პროცედურები) და დემოკრატიული კულტურის მქონე (მოქალაქეობრივად მოაზროვნე და მოქმედი) ადამიანები. დემოკრატია მხოლოდ მაშინ არსებობს, თუ არსებობს და გარკვეული წესების მიხედვით გამართულად ფუნქციონირებს ის მექანიზმები, რომელთა საშუალებითაც ყოველ დაინტერესებულ პირს მართვის ნებისმიერ კომპონენტში შეუძლია რეალური ზეგავლენა მოახდინოს მოვლენათა განვითარებაზე. მხოლოდ ამ შემთხვევაშია სრულფასოვნად აღსრულებული დემოკრატიის ფუძემდებლური პრინციპები:
1. პირადი დამოუკიდებლობის პრინციპი, რომლის თანახმადაც, დაუშვებელია, ვინმე დავუქვემდებაროთ წესებს, რომლებიც სხვათა მიერაა შემუშავებული;
2. თანასწორობის პრინციპი, რომლის თანახმად, ყველას ერთნაირი შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს, რომ ზეგავლენა მოახდინოს იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც საზოგადოების წევრებს ეხება.
ორივე ეს პრინციპი მიმზიდველია ყველასთვის. ეს პრინციპები დემოკრატიის მორალური გამართლებაა. ამიტომ, დიქტატურისგან განსხვავებით, დემოკრატიაც მისაღებია უმრავლესობისთვის, ვისთვისაც პიროვნული დამოუკიდებლობა და თანასწორობა ფასეულობებს წარმოადგენს. პრაგმატული თვალსაზრისით, დემოკრატიის უპირატესობებად მიჩნეულია:
მართვის ეფექტურობა, რადგან მაღალია გადაწყვეტილებების მიმღებთა მიერ საკუთარი გადაწყვეტილებების აღსრულების ალბათობა;
გადაწყვეტილებათა ცნობის/აღიარების მაღალი ალბათობა, რადგან ეს გადაწყვეტილებანი საზოგადოების სხვადასხვა ნაწილებს შორის კონსენსუსის შედეგად მიიღება;
მობილობის მაღალი დონე, რადგან წახალისებულია პირადი ინიციატივა და დემოკრატიული სისტემა სწრაფად რეაგირებს გარემოებათა ცვალებადობაზე.
ამასთანავე, დემოკრატია სულაც არ განიხილება, როგორც სრულყოფილი სისტემა. მას უფრო მეტად განიხილავენ, როგორც უმცირეს ბოროტებას. კერძოდ, ქვეყნის მოწყობისა და მართვის დემოკრატიულ ფორმაზე გადასვლის შედეგების თაობაზე თეორეტიკოსები მიიჩნევენ, რომ:
დემოკრატია, შესაძლოა, არ აღმოჩნდეს ეკონომიკურად ყველაზე ეფექტიანი სისტემა - სიმძლავრეების, დანაზოგებისა და ინვესტიციების ზრდა, შეიძლება, არადემოკრატიულ ქვეყნებში უფრო მაღალი იყოს. ეს პრობლემა განსაკუთრებით მოსალოდნელია დიქტატურიდან დემოკრატიაზე გარდამავალ პერიოდში, როდესაც შეძლებული ფენები და ადმინისტრაციული ელიტა გამოგონილ თუ რეალურ საშიშროებას ჭვრეტს კერძო საკუთრებით დაცული საშუალო ფენის მხრიდან ძალაუფლების მოპოვებაში კონკურენციის გაწევის გამო. დემოკრატია სავარაუდოდ არ მოიტანს მყისიერ ეკონომიკურ გაუმჯობესებას და პროდუქტიულობის, შემოსავლების სამართლიანი განაწილების ეფექტი ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ გახდება საგრძნობი;
დემოკრატია, ადმინისტრირების თვალსაზრისით, შესაძლოა, ყველაზე ეფექტიანი სისტემა არ აღმოჩნდეს - ადმინისტრაციის მიერ გადაწყვეტილებათა მიღების სისწრაფე უფრო დაბალი იქნება, ვიდრე, მაგალითად, დიქტატურის დროს, რადგან მეტმა „მოთამაშემ“ უნდა მიიღოს მონაწილეობა. გარდა ამისა, აუცილებელი კომპრომისები ალბათ ბოლომდე ვერავის დატოვებს ნასიამოვნებს, თანაც დამარცხებულებს უფლება ექნებათ, იჩივლონ;
დემოკრატია, შესაძლოა, არ აღმოჩნდეს ყველაზე წესრიგიანი, მდგრადი და მართვადი სისტემა - არამდგრადობა თან ახლავს სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფებს შორის უთანხმოებას მისაღები თუ მიღებული კანონებისა და ინსტიტუციების თაობაზე. მოსალოდნელია, თავიდან ვერ იქნეს აცილებული გარკვეული იმედგაცრუებაც მოსახლეობის მოლოდინებისა და იმედების მსხვრევის გამო;
დემოკრატიას, შესაძლოა, არ აღმოაჩნდეს ყველაზე ღია ეკონომიკა - მსოფლიოს მრავალ წარმატებულ დემოკრატიულ სახელმწიფოს ახასიათებს
პროტექციონიზმი1 და დახურული საზღვრები. გარდა ამისა, სულაც არაა ცხადი, ხელს შეუწყობს თუ არა დემოკრატიის განმტკიცებას ეკონომიკის ლიბერალიზაციის ისეთი პრინციპები, როგორიცაა თავისუფალი ბაზარი, წარმოება სახელმწიფოს რეგულირების გარეშე, სახელმწიფო ქონების პრივატიზაცია და სხვა.
ცნობილია უინსტონ ჩერჩილის გამონათქვამი: „არავინ აცხადებს, რომ დემოკრატია ყველაზე სრულყოფილი ან ყველაზე ბრძნულია. სინამდვილეში მხოლოდ ის ითქვა, რომ დემოკრატია მმართველობის ყველაზე ცუდი ფორმაა იმ ფორმების გამოკლებით, რომლებიც დროდადრო გამოიყენებოდა“. აქედან გამომდინარეობს ჰიპოთეზა (და ამ ჰიპოთეზას ადასტურებს პრაქტიკა), რომ თუ ქვეყნის ხელისუფლება ზრუნავს დემოკრატიის დამკვიდრებაზე, მაშინ მოქალაქეები დემოკრატიას ამჯობინებენ მმართველობის სხვა ალტერნატიულ ფორმებს სწორედ მისი უპირატესობების გამო.
თუმცა ეს უპირატესობები მხოლოდ თეორიაშია მოაზრებული, ხოლო ხშირად პრაქტიკულად განსხვავებული სურათი მიიღება. რატომ? რაღა თქმა უნდა, დემოკრატიის რთული ბუნების გამო. დემოკრატიის უკმარისობის ან არარსებობის მიზეზები მრავალფეროვანია:
არაა გაცნობიერებული, შეუთანხმებელია ან მცდარია ამოსავალი პრინციპები თუ შემუშავებული წესები;
არ სრულდება ან უხარისხოდ ხორციელდება გადაწყვეტილებანი;
არ არსებობს ან გაუმართავია მექანიზმები;
არ ხორციელდება გადაწყვეტილებათა შესრულების აღრიცხვა/ანგარიშგება;
ყალიბდება ან მიიჩქმალება ინფორმაცია;
მიიღება ერთპიროვნული ან ვიწროჯგუფური ინტერესების ამსახველი გადაწყვეტილებანი;
მოქმედებანი მოუწესრიგებელი და არათანმიმდევრულია;
ადამიანებს შეუფერებლად დაბალი მოქალაქეობრივი კულტურა აქვთ და სხვ.
მსოფლიოში, და განსაკუთრებით პოსტკომუნისტურ ქვეყნებში, დემოკრატიის არასრულფასოვნებასაც სწორედ დასახელებული მიზეზები განაპირობებს. მათ ამოძირკვას და დემოკრატიის განვითარებას დრო და ძალისხმევა სჭირდება. სპეციალისტების აზრით, თანამედროვე პოლიტიკური დემოკრატიის „მინიმალური პროცედურული“ პირობები ასეთია: 1) მთავრობის გადაწყვეტილებების კონტროლს ახორციელებენ არჩეული პირები; 2) არჩევნები ხშირი და სამართლიანია; 3) მოზრდილთა უმრავლესობას ხმის უფლება აქვს; 4) მოზრდილთა უმრავლესობისთვის არსებობს შესაძლებლობა, არჩეულ იქნენ; 5) ინდივიდებს აქვთ აზრის გამოთქმის უფლება; 6) ინდივიდებს აქვთ ინფორმაციის მოძიების ალტერნატიული წყაროები; 7) ინდივიდებს აქვთ დამოუკიდებელი კავშირების შექმნის უფლება. დამატებით აღინიშნება, რომ სახალხოდ არჩეულ ოფიციალურ პირებს უნდა შეეძლოთ ძალაუფლების განხორციელება დანიშნული ოფიციალური პირების წინააღმდეგობის დათრგუნვის გარეშე და ხელისუფლებას დაქვემდებარებული საზოგადოება უნდა იყოს თვითმმართველი.
ნათელია, რომ ამ წინაპირობათა დიდი ნაწილი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ან საერთოდ არ შეინიშნება ან ფორმალურადაა დეკლარირებული - მაგალითად, ესა თუ ის უფლება დაფიქსირებულია კონსტიტუციაში, მაგრამ განხორციელება ვერ ხერხდება მექანიზმების არარსებობის, მოქალაქეობრივი კულტურის სიმწირის ან რაიმე სხვა რეალური თუ ცრუ მიზეზის (პოლიტიკური „მიზანშეუწონლობა“ და მსგავსი დემაგოგიური ფანდები) გამო. გარკვეულ პრობლემებს წარმოშობს, მაგალითად, წარმომადგენლობითი დემოკრატია, რადგან თანასწორობის პრინციპი ამ შემთხვევაში მხოლოდ გაშუალებულად რეალიზდება (მოქალაქეები ქვეყნის მართვაში მონაწილეობას იღებენ არა უშუალოდ, არამედ არჩეული წარმომადგენლის მეშვეობით). ეს განსაკუთრებით თავს იჩენს მაშინ, როდესაც არჩევნები ტარდება პრინციპით „მოგებული იღებს ყველაფერს“ და მტკივნეულად აისახება უმცირესობათა ინტერესების წარმოჩენასა და დაცვაზე იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც უმცირესობას თითო-ოროლა წარმომადგენელი მაინც ჰყავს არჩევით ორგანოში, მაგრამ ეს საკმარისი არაა უმრავლესობაზე ზეგავლენის მოსახდენად. სრულიად რეალურია სიტუაცია, როდესაც უმრავლესობა იღებს გადაწყვეტილებებს უმცირესობის შესავიწროებლად ან საზიანოდ. პრობლემის დასაძლევად აუცილებელია უმცირესობის უფლებათა დაცვის მძლავრი მექნიზმების შემოღება და ამოქმედება მიუხედავად იმისა, როგორია უმრავლესობის ნება.
დემოკრატია უბრძოლველად არ მიიღწევა: ტრადიციული მმართველები, სამხედრო დიქტატორები, კომუნისტი ბიუროკრატები, სამუდამო პრეზიდენტები და უცხოელი ოკუპანტები - არც ერთი მათგანი ნებაყოფლობით არ ამბობს უარს ძალაუფლებაზე, რომელსაც, როგორც წესი, პირადი ან კლანური კეთილდღეობისთვის იყენებს. ისინი ამაზე მხოლოდ მაშინ თანხმდებიან, როდესაც მათი რეჟიმები მნიშვნელოვანწილად დისკრედიტირებული ხდება, ხოლო მოსახლეობის პროტესტი იმაში არწმუნებს, რომ ხელისუფლებაში მათი შემდგომი ყოფნა ფართომასშტაბიან არეულობასა და დაუმორჩილებლობას გამოიწვევს.
დემოკრატიზაცია დიდ დროსა და მნიშვნელოვან მსხვერპლს მოითხოვს. დემოკრატიას ვინმე გარეშე ვერ დაამყარებს - იგი თვით ქვეყნის მოსახლეობისა და ხელისუფლების ერთობლივი ძალისხმევის შედეგად მყარდება. შესაძლებელია დახმარება და ხელშეწყობა გარედან, მაგრამ შეუძლებელია მისი გარედან დანერგვა - იგი მხოლოდ ადგილზე თუ აღმოცენდება და ამოიზრდება, რადგან ლოგიკურადაც კი წინააღმდეგობრივია ცნება „გარედან თავს მოხვეული თვითმმართველობა“.
დასავლურმა დემოკრატიებმა სტაბილურობას მას შემდეგ მიაღწიეს, როცა ისინი სიმტკიცეში გამოსცადა ფაშიზმმა, კომუნიზმის რეალურმა საფრთხემ, სამხედრო დიქტატურამ ან არისტოკრატიულმა რეაქციამ. პოსტკომუნისტურ სამყაროშიც არსებობს ფაშიზმის, სამხედრო დიქტატურისა და კომუნისტურნომენკლატურული რეაქციის საფრთხე. ზოგიერთ ქვეყანაში, რომლებმაც ცოტა ხნის მიაღწიეს დემოკრატიულ მმართველობას, გარემოებები შეიძლება ძალიან არახელსაყრელი აღმოჩნდეს დემოკრატიის შესანარჩუნებლად. ასეთ გარემოებებს უპირველეს ყოვლისა მიეკუთვნება:
მეტისმეტად დიდი სოციალურ-კულტურული განსხვავებანი საზოგადოებაში;
მეტისმეტად სუსტი ეკონომიკა.
ასეთ შემთხვევაში საჭიროა საზოგადოების მიერ ზომების მიღება დემოკრატიული ინსტიტუტების კონსოლიდაციისთვის: პროფესიონალების მომზადება საკვანძო თანამდებობებისთვის (მაგალითად, მოსამართლეების, პარლამენტის აპარატის თანამშრომლების, მთავრობის მოხელეების), პოლიტიკური პარტიების გაძლიერება. სამოქალაქო საზოგადოების ისეთი საკვანძო ინსტიტუტების წარმომადგენლებმა, როგორიცაა მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, არასახელმწიფოებრივი ბიზნესი, პროფკავშირები, არასამთავრობო ორგანიზაციები, სახელმწიფოსა და მისი მზრუნველობისაგან დამოუკიდებელი მოქმედება უნდა ისწავლონ. ბევრია დამოკიდებული აგრეთვე უმაღლესი პოლიტიკური ხელმძღვანელების უნარსა და მზადყოფნაზე, რომ დაიცვან კონსტიტუციური დემოკრატიის ნორმები და, ამასთანავე, გადაწყვიტონ საარსებო პრობლემები. ეს მოქმედებანი ორი ტიპისაა: წესების დაცვით მშვიდობიანი ბრძოლა ანტიდემოკრატიული ძალების წინააღმდეგ და ბრძოლა დემოკრატიული პოლიტიკის რისკ-ფაქტორების წინააღმდეგ, რომელთაც მიეკუთვნება, მაგალითად, ცდუნება გამარჯვებულის მიერ ყველაფრის მიღებისა. პირველ შემთხვევაში წარმატება დამოკიდებულია დემოკრატიული ინსტიტუტების განშტოებულობასა და მათდამი საზოგადოებრივ მხარდაჭერაზე, მეორე შემთხვევაში კი - დემოკრატების გარკვეულ თვითშეზღუდვაზე ძალაუფლების გამოყენებაში და მათ მზადყოფნაზე, განაგრძონ დიალოგი პოლიტიკურ ოპონენტებთან, დაიცვან პოზიციისა და ოპოზიციის პოლიტიკური უფლებები.
დემოკრატიის განმამტკიცებელ ზომებს შორის პოსტკომუნისტურ სივრცეში განსაკუთრებით აღსანიშნავია მრავალპარტიული სისტემის შენარჩუნება, რადგან, როგორც ისტორიამ არაერთგზის დაამტკიცა, ერთპარტიულ სისტემას აუცილებლად დიქტატურისკენ მივყავართ; კანონიერება და კანონმორჩილება, რადგან პიროვნული დამოუკიდებლობა სულაც არ ნიშნავს, რომ პიროვნებას შეუძლია, გააკეთოს ყველაფერი, რაც კი მოეპრიანება; ძალაუფლების ბოროტად გამოყენების შეზღუდვა, კერძოდ, კორუფციის აღკვეთა; დამოუკიდებელი მართლმსაჯულების წარმოება, რათა არავინ დაიგულოს თავი „ხელშეუხებლად“; თავისუფალი მედია, რათა შენარჩუნდეს ხელისუფლების გამჭვირვალობა და ღიაობა; შემწყნარებლობის, პრაგმატიზმის, თანამშრომლობისა და კომპრომისის ფასეულობათა აღიარება, რათა შენარჩუნებულ იქნეს მშვიდობიანი თანაარსებობა კეთილდღეობისთვის ბრძოლაში.
დემოკრატიის მომხრეები უნდა ესწრაფოდნენ, მინიმუმამდე დაიყვანონ სოციალური თუ ეკონომიკური უთანაბრობის პოლიტიკური შედეგები, რადგან:
იმ შესაძლებლობების სერიოზული უთანაბრობა, რომლებიც საშუალებას ვერ მისცემს ადამიანს, მოიწყოს საკუთარი ღირსეული ცხოვრება, მაგალითად, შესაფერისი განათლების მიღების შეუძლებლობა, ძირს უთხრის საზოგადოების დემოკრატიულობის პოტენციალს;
სოციალური განსხვავების ზრდამ შეიძლება შეუძლებელი გახადოს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების მორიგება არადიქტატორული, თავისუფალი სახელმწიფო წყობის ფარგლებში;
რაც უფრო მეტია საზოგადოებაში ეკონომიკური უთანასწორობა, მით უფრო ძნელია პოლიტიკური თანასწორობის მიღწევა - სიმდიდრის კონცენტრაცია შეიძლება პოლიტიკურ პროცესებზე ზემოქმედებისთვის იქნეს გამოყენებული (მაგალითად, არჩევნებზე ხმების მოსყიდვა/მანიპულაცია);
თუ მოსახლეობის ღარიბი ნაწილი ვერ დაინახავს თავისი მდგომარეობის გაუმჯობესების პერსპექტივებს დემოკრატიული ინსტიტუტების მეშვეობით, მაშინ მათ შეუძლიათ ჩათვალონ, რომ დემოკრატიისთვის მხარდაჭერა არ ღირს.
და თუ მაინც საბაზრო ეკონომიკაში გარკვეული ზომით ეკონომიკური უთანასწორობა გარდაუვალი და გამართლებულია, სამაგიეროდ პოლიტიკური სტაბილურობის მიზნით ხელისუფლებამ და საზოგადოებამ არ უნდა დაუშვან, მაგალითად, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მონოპოლიზაცია, კანონებით სამართლიანად უნდა შეზღუდონ პარტიებისა და კანდიდატების წინასაარჩევნო კამპანიის ხარჯები, მოითხოვონ პარტიებისა და საზოგადოებრივი კამპანიების დაფინანსების წყაროების გამოქვეყნება და მიიღონ სხვა ზომები, რომლებიც დააზღვევს ქვეყანას რომელიმე პარტიისა თუ კერძო პირის მიერ უსამართლო გზით ძალაუფლების მოპოვება/შენარჩუნებისაგან. გარდა ამისა, დემოკრატიის დროს ყველა მოქალაქეს გარანტირებული უნდა ჰქონდეს ელემენტარული სასიცოცხლო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, რის გარეშეც სამოქალაქო უფლებების გამოყენება შეუძლებელი იქნება - ქვეყანა უცილობლად დაემსგავსება სოფელ „სეთურებს“ ცნობილი რომანიდან „დათა თუთაშხია“, რომელსაც განაგებს „არქიფო მე-N”. ცნობილია, რომ ფართოდ გავრცელებული წიგნიერება და განათლება ხელს უწყობს უფრო მომწიფებული და ინფორმირებული ამომრჩევლის გაჩენას. მრავალრიცხოვანი საშუალო ფენის არსებობის შემთხვევაში, რომელთა წარმომადგენლებს მნიშვნელოვანი ტექნიკური და პროფესიული თანამდებობები უკავიათ, ხელისუფლების წარმომადგენელთა მებატონური გამოვლინებებისა და ავტორიტარიზმისადმი წინააღმდეგობა იზრდება.
ერთი მხრივ, ნათელია, რომ ეკონომიკური განვითარების პროცესი ხელს უწყობს სამოქალაქო საზოგადოების უფრო რთული სტრუქტურების შექმნასა და მრავალრიცხოვანი ორგანიზაციებისა და გაერთიანებების წარმოქმნას, რომლებიც მზად არიან, სახელმწიფოს ხელყოფისაგან დაიცვან თავიანთი დამოუკიდებლობა. მეორე მხრივ, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ხშირია შემთხვევები, როდესაც ეკონომიკური განვითარების დაბალი დონისა და ერთ სულ მოსახლეზე დაბალი საერთო-სახალხო მაჩვენებლის შემთხვევშიც კი საყოველთაო წიგნიერების გავრცელების სახელმწიფო პოლიტიკა ეკონომიკის მაღალ დონეზე განვითარებაზე უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.
არსებობს მოქმედი დემოკრატიის ოთხი კომპონენტი: თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები; ღია და ანგარიშვალდებული მთავრობა; სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების არსებობა; დემოკრატიული ანუ სამოქალაქო საზოგადოება. პროცესუალური დემოკრატიზმის დონეც, შესაბამისად, იმის მიხედვით განისაზღვრება, თუ:
როგორ ტარდება კონკრეტული არჩევნები პრაქტიკულად (ამომრჩევლების თავდაპირველი რეგისტრაციიდან დაწყებული და ხმების დათვლის ორგანიზაციით დამთავრებული) - მკაცრად ეთანადება თუ არა იგი მიუკერძოებელ კანონს, უშვებს თუ არა დარღვევებს, რომლებიც გავლენას ახდენს შედეგების სამართლიანობაზე და ა.შ.;
რამდენად უფლებამოსილი და დამოუკიდებელია სასამართლო და პარლამენტი, რომ გააკონტროლოს მთავრობის მოქმედებანი და განახორციელოს ყველა სხვა ფუნქცია - დაიცვას კონსტიტუცია, დასაჯოს დამრღვევი, შექმნას კანონები და ა.შ.;
რამდენადაა გარანტირებული ინდივიდების შესაძლებლობა - დაუპირისპირდნენ კოლექტიურ მიზნებს, ან, პირიქით, განახორციელონ კოლექტიური ქმედებანი;
რამდენად მძლავრია და ფართოა საზოგადოებრივ ორგანიზაციათა ქსელი, რომელიც ეფექტიან წინააღმდეგობას გაუწევს ავტორიტარულ ტენდენციებს - ეს ქსელი ხომ ერთადერთი საშუალებაა, რომლითაც საზოგადოებას სახელმწიფოს ძალაუფლების შეზღუდვა შეუძლია.
არანაკლებ მნიშვნელოვანია, თუ რამდენადაა დანერგილი დემოკრატიული მეთოდების გამოყენება ოჯახში, სკოლაში, სამსახურში, ეკლესიაში და სხვა საზოგადოებრივ გაერთიანებებსა თუ ინსტიტუტებში. თუ ადამიანებს არა აქვთ დემოკრატიული ფუნქციონირებისა და ნებაყოფლობითი საზოგადოებების შექმნის გამოცდილება, საეჭვოა, რომ ისინი აქტიური მოქალაქეები გამოდგნენ და პასუხისმგებლობა იგრძნონ მთლიანად საზოგადოების მდგომარეობაზე. უფრო მეტიც - ასეთი გამოცდილების არმქონე ადამიანთა ერთობას უფრო მოსახლეობა ეთქმის, ვიდრე საზოგადოება, რადგან საზოგადოების ცნება ტერმინის დონეზევე მოიცავს ზოგადი ინტერესების კერძო ინტერესებზე წინ დაყენებას.
მოქმედი დემოკრატიული ინსტიტუტების პრაქტიკა ხელს უწყობს დემოკრატიული კულტურის განვითარებას, კერძოდ, იმ სამოქალაქო ჩვევებისა და გამოცდილების წყალობით, რომლებსაც ისინი იღებენ ამ ინსტიტუტებში საქმიანობის შედეგად. ამიტომ მაქსიმალურად უნდა გაფართოვდეს ასეთი ინსტიტუტების ქსელი და მათში მოსახლეობის მონაწილეობა. დემოკრატიული კულტურის განვითარების თვალსაზრისით, დიდია მასმედიის შესაძლებლობები. მასზეა დამოკიდებული მოქალაქეთა ინფორმატიულობის დონის ამაღლება და მათი უნარი, კრიტიკულად შეაფასონ მთავრობის პოლიტიკა, აგრეთვე გამოხატონ თავიანთი შეხედულებები და მოისმინონ სხვათა აზრები. დემოკრატიული ელექტორატი, თავის მხრივ, მოითხოვს ეკონომიკური და სოციალური უთანასწორობის მოსპობას და სახსრების გამოყოფას განათლებისა და ჯანმრთელობის დაცვისათვის და არა პრესტიჟული პროექტებისათვის, რომელთაც სოციალური ფასეულობა არ გააჩნიათ. ამით კიდევ უფრო გაიზრდება საზოგადოების დემოკრატიული პოტენციალი და ა.შ.
სადისკუსიო კითხვები
1. რა როლს ასრულებენ პოლიტიკური პარტიები დემოკრატიის დროს?
2. შესაძლებელია თუ არა დემოკრატიის სხვა ფორმები, ლიბერალურის გარდა?
3. როგორ შეუძლიათ განვითარებულ დემოკრატიებს განვითარებადი დემოკრატიების დახმარება?
4. რატომ ექცევა განვითარებულ დემოკრატიებში ასეთი დიდი ყურადღება უმცირესობათა უფლებებსა და მათ დაცვას?
5. რატომ არის მიუღებელი დემოკრატიული სახელმწიფოსთვის ტოტალური კონტროლი ეკონომიკაზე?
6. აუცილებელია თუ არა ოპოზიციის არსებობა დემოკრატიულ ქვეყანაში? რატომ?
____________________________
1 პრივილეგიების მინიჭება, მფარველობისა და შეღავათების გაწევა, მაგალითად, ეკონომიკის ან სოციალურ სფეროებში.
![]() |
4.2 §2. კერძო საკუთრება, როგორც ინდივიდუალური თავისუფლების გარანტია |
▲ზევით დაბრუნება |
დემოკრატიის თანამედროვე გაგებისათვის უმნიშვნელოვანეს ღირებულებას წარმოადგენს კერძო საკუთრების უფლება, მისი ხელშეუხებლობის გარანტიები და თავისუფალი ეკონომიკური საქმიანობის უფლება. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ საკუთრების უფლებაზე ამგვარმა წარმოდგენამ თანდათანობით დაიკავა თავისი ხელშეუხებელი ადგილი დემოკრატიის გაგებაში.
კერძო საკუთრებისადმი თანამედროვე დამოკიდებულების ფორმირებაში მნიშვნელოვანი როლი მიუძღვის ჯონ ლოკის (1632-1704) შეხედულებებს. მისი თეორია დაფუძნებულია ისეთ ბუნებით უფლებებზე, როგორიცაა: სიცოცხლის, თავისუფლებისა და კერძო საკუთრების უფლება. ლოკი თვლიდა, რომ კერძო საკუთრება ჯერ კიდევ სახელმწიფოს წარმოშობამდე ყალიბდება და იგი, როგორც ინდივიდის ერთ-ერთი ბუნებითი უფლება, სახელმწიფოსაგან დამოუკიდებლად არსებობს; სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სახელმწიფო კი არ უბოძებს ადამიანებს კერძო საკუთრების უფლებას, არამედ ეს თანდაყოლილი უფლებაა, სახელმწიფო კი ვალდებულია მხოლოდ, დაიცვას ის. ლოკი მიუთითებდა, რომ სახელმწიფოს წარმოშობამდე, როდესაც ადამიანები ბუნებით მდგომარეობაში ცხოვრობდნენ, მართალია, არსებობდა თავისუფლება, მაგრამ თავისუფლებასაც და საკუთრებასაც გარკვეული საფრთხე ემუქრებოდა. ამიტომ ადამიანებმა, საზოგადოებრივი ხელშეკრულების ძალით, თავიანთი უფლებების ნაწილი ნებაყოფლობით დათმეს და სახელმწიფოს გადასცეს, მხოლოდ იმ ოდენობით, რაც აუცილებელია მშვიდობის დასამყარებლად.
ადამ სმიტი (1723-1790) ავითარებდა შეხედულებებს, რომ ადამიანთა ცხოვრების მორალური მხარე და ეკონომიკური საქმიანობა შესაძლებელია სახელმწიფოს მხრიდან ყოველგვარი ჩარევისა და დირექტივების გარეშე; და რომ ის ერი და ქვეყანა უფრო ძლიერია, სადაც მოქალაქეებს თავისუფლად შეუძლიათ გამოავლინონ პირადი ინიციატივა. ის ამტკიცებდა, რომ გარკვეული პირობების არსებობისას თავისუფალ ბაზარს შეუძლია თვითრეგულირება და შეუძლია, უფრო მეტ წარმოებას მიაღწიოს. მთავრობას ის მხოლოდ უკანონობის, თაღლითობისა და ძალადობის აღკვეთის ფუნქციას მიაკუთვნებდა.
XVIII-XIX საუკუნეების ლიბერალიზმის ფუძემდებელთა საყოველთაოდ აღიარებული დებულებით, ეკონომიკის განვითარებისათვის აუცილებელია საზოგადოებაში კერძო საკუთრებისა და თავისუფალი კონკურენციიის არსებობა.
კოლონიალურ ამერიკაში მიღებულ აშშ-ს დამოუკიდებლობის დეკლარაციაში (1776) აისახა თომას ჯეფერსონისა და მისი თანამოაზრეების შეხედულებები. აქ აღნიშნულია, რომ ადამიანებს მინიჭებული აქვთ განსაზღვრული განუსხვისებელი უფლებები, რომელთა რიცხვს მიეკუთვნება სიცოცხლის, თავისუფლებისა და ბედნიერებისაკენ სწრაფვის უფლება. ეს ჩამონათვალი თითქმის იმეორებს ჯონ ლოკის ციტატას, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ „საკუთრება“ აქ შეცვლილია „ბედნიერებისაკენ სწრაფვით“.
ზემოთ ჩამოთვლილი მოაზროვნეებისა და ლიბერალიზმის სხვა წარმომადგენლებისათვის საკუთრება მართლაც არ განიხილებოდა, როგორც მხოლოდ ადამიანის მიმართება ნივთთან. ადამიანის კერძო საკუთრება უპირველესად არის მისი სიცოცხლე, რომლის ხელყოფის უფლება არავის აქვს, მისი სხეული, რომელსაც უნებართვოდ თითიც ვერავინ უნდა დააკაროს, მისი ღირსება, რომლის შელახვა დაუშვებელია და დრო, რომელსაც ადამიანი საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგავს. აქედან გამომდინარე, ადამიანი, რომელსაც არა აქვს კერძო საკუთრების უფლება, ვერც თავისუფალი იქნება.
თავდაპირველად ლიბერალიზმისა და დემოკრატიის იდეები არა მარტო განსხვავდებოდა, არამედ გარკვეულწილად უპირისპირდებოდა კიდეც ერთმანეთს. ლიბერალებისთვის საზოგადოების საფუძველს წარმოადგენდა ადამიანი, რომელსაც ჰქონდა საკუთრება, იღვწოდა მის დასაცავად და რომლისთვისაც არ იდგა მწვავედ არჩევანის საკითხი თვითგადარჩენასა და სამოქალაქო უფლებათა შენარჩუნებას შორის. იგულისხმებოდა, რომ მხოლოდ მესაკუთრეები აყალიბებდნენ სამოქალაქო საზოგადოებას, მონაწილეობდნენ საზოგადოებრივ ხელშეკრულებაში და აძლევდნენ თანხმობას მთავრობას, რათა ემართა ისინი. ამის საწინააღმდეგოდ, დემოკრატია ნიშნავს მთელი ხალხის, მათ შორის უპოვართა, მიერ ხელისუფლების ფორმირების პროცესს. ლიბერალების თვალსაზრისით, უქონელთა დიქტატურა საფრთხეს უქმნიდა კერძო საკუთრებასა და პიროვნების თავისუფლების გარანტიებს. დემოკრატები კი მიიჩნევდნენ, რომ უქონელთათვის საარჩევნო ხმისა და კანონშემოქმედებით პროცესში საკუთარი ინტერესების დაცვის საშუალების წართმევა დამონების ერთ-ერთ ფორმას წარმოადგენდა.
ბევრი გამორჩეული ლიბერალი (ჯ. ლოკი, თ. ჯეფერსონი და სხვ.) დემოკრატიის მოწინააღმდეგენი იყვნენ, რაც აისახა კიდევაც აშშ-ს კონსტიტუციის პირვანდელ რედაქციაში, სადაც საარჩევნო უფლება ქონებრივ ცენზს უკავშირდებოდა. გარდამტეხი როლი ითამაშა გამოჩენილი ფრანგი მოაზროვნის ალექსის დე ტოკვილის (1805-1859) ცნობილმა ნაშრომმა „დემოკრატია ამერიკაში“ (1835 წ.), რომელშიც ნაჩვენებია ისეთი საზოგადოების არსებობის შესაძლებლობა, სადაც პიროვნების თავისუფლება და კერძო საკუთრება დემოკრატიასთან თანაარსებობს. ტოკვილის აზრით, ასეთი სახელმწიფო და საზოგადოებრივი მოწყობის მოდელის წარმატების გასაღები, რომელიც „ლიბერალური დემოკრატიის“ სახელითაა ცნობილი, არის შესაძლებლობათა თანასწორობა, ხოლო ყველაზე დიდ საშიშროებას წარმოადგენს სახელმწიფოს ჩარევა ეკონომიკაში და სამოქალაქო თავისუფლების ხელყოფა.
ზოგიერთ სახელმწიფოში, მაგალითად საბჭოთა კავშირში, კერძო საკუთრების გაგება პირადი საკუთრების გაგებით შეიცვალა. ამ ორ ცნებას შორის განსხვავება ის იყო, რომ პირად საკუთრებაში არ შეიძლებოდა არსებულიყო საწარმოო საშუალებები, შესაბამისად, პირადი საკუთრება არ შეიძლებოდა გამოეყენებინათ კერძო წარმოებისა და კერძო ბიზნესისათვის. კერძო საკუთრების მოწინააღმდეგეები აღნიშნავდნენ, რომ კერძო წარმოების უფლება შესაძლებელს ხდიდა კერძო საქმიანი ურთიერთობების ჩამოყალიბებას (მაგალითად, კერძო პირთა მიერ სხვათა დაქირავებას); ასეთ ურთიერთობებს კი ისინი ადამიანის მიერ ადამიანის ექსპლუატაციას უწოდებდნენ. პირადი საკუთრება არ შეიძლებოდა გამოყენებინათ ექსპლუატაციისა თუ სხვა ფორმის კერძო შრომითი ურთიერთობებისათვის. თუმცა მოცემული მოდელის მოწინააღმდეგენი მის ერთ არსებით ხარვეზს აღნიშნავდნენ: საწარმოო საშუალებათა ფაქტობრივ მესაკუთრედ, და შესაბამისად, ექსპლუატატორად, თავად სახელმწიფო წარმოდგებოდა და თითოეული ადამიანი ვალდებული იყო, მისთვის, ანუ, ფაქტობრივად, ხელისუფლებაში მყოფ ადამიანთა ჯგუფისთვის, ემუშავა ყოველგვარი ალტერნატივის გარეშე.
კერძო საკუთრების, როგორც ინდივიდუალური თავისუფლების გარანტიის საკითხის განსახილველად მნიშვნელოვანია ადამიანის თავისუფლებებისა და სახელმწიფოს მხრიდან რეგულირების ურთიერთმიმართება. პიროვნების თავისუფლება წარმოუდგენელია კერძო საკუთრების უფლების გარეშე. თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა კი აუცილებელი წინაპირობაა არა მხოლოდ ეკონომიკური თავისუფლებისათვის, არამედ თითოეული ინდივიდის პირადი თავისუფლებისთვისაც. პიროვნების თავისუფლებისა და კერძო საკუთრების მომხრეები არ უარყოფენ გეგმიურობას საერთოდ (მათ შორის ეკონომიკაშიც), არამედ სახელმწიფოს მხრიდან ისეთი რეგულირების წინააღმდეგ გამოდიან, რომელიც მიზნად მესაკუთრეთა თავისუფალი კონკურენციის შეცვლას ისახავს. XX საუკუნის ისტორიაში რამდენიმე ნათელი მაგალითია იმისა, რომ კერძო საკუთრების ხელშეუხებლობის პრინციპზე უარის თქმამ და თავისუფალი კონკურენციის ჩანაცვლებამ სახელმწიფოს მხრიდან რეგულირებით, რაც მიზნად ისახავდა მოსახლეობის სოციალურ დაცვასა და სტაბილურობას საზოგადოებაში, საბოლოო ჯამში მოქალაქეთა თავისუფლებების მნიშვნელოვან შეზღუდვამდე მიგვიყვანა (საბჭოთა კავშირში, ჩინეთში, ჩრდილოეთ კორეაში, კუბასა და სხვაგან). კარგავდნენ რა კერძო საკუთრების უფლებას, მოქალაქეები მალევე კარგავდნენ სხვა მნიშვნელოვან უფლებებსაც: საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევის უფლებას (მაგ., ჩაწერის ინსტიტუტის არსებობა), სამუშაო ადგილს (შეიქმნა კოლმეურნეობები), აიძულებდნენ, ეშრომათ სახელმწიფოს მიერ დანიშნულ (ხშირად არცთუ ისე დიდ) ხელფასზე. ამას თან ახლდა რეპრესიული სამართალდამცავი ორგანოების ჩამოყალიბება; მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი კი თავისუფლების აღკვეთის ადგილებში საერთოდ უფასოდ შრომობდა.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ზემოთ მოყვანილ არგუმენტებზე განსხვავებული მოსაზრებებიც არსებობს. სოციალიზმის დროს შედარებით დაბალი ხელფასები აიხსნება იმით, რომ საცხოვრებელ სახლზე, უფასო სამედიცინო მომსახურებასა და განათლებაზე, სოციალურ უზრუნველყოფაზე ზრუნვას მთლიანად სახელმწიფო იღებდა თავის თავზე. რეპრესიული ორგანოების ჩამოყალიბება საგარეო და საშინაო მტრების წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობით აიხსნება. მიუთითებენ აღნიშნულ პერიოდში მნიშვნელოვან ეკონომიკურ, სამხედრო თუ სამეცნიერო მიღწევებზე. ხოლო ის, რომ ბევრი მიზანი არ იქნა საბოლოოდ მიღწეული, ყვაოდა კორუფცია და ა.შ., არჩეული კურსიდან იმ გადახრებით აიხსნება, რომლებიც, როგორც წესი, ქვეყნის ამა თუ იმ ლიდერის გარდაცვალების შემდეგ ჩნდებოდა. ამგვარი არგუმენტების მიზანია, დაგვანახვოს, რომ პირადი თავისუფლების შეზღუდვა გამართლებული იყო და მათი გაწონასწორება სხვა ფასეულობებით ხდებოდა. მაგრამ ეს არგუმენტები ვერ აბათილებს მთავარ დასკვნას, რომ სახელმწიფოს მხრიდან უზრუნველყოფილი და გარანტირებული კერძო საკუთრების უფლების გარეშე შეუძლებელია წარმოვიდგინოთ ადამიანის თავისუფლება.
სადისკუსიო კითხვები
1. ადამიანის უფლებათა ლექსიკონის მიხედვით, „საკუთრების უფლება ნიშნავს ყოველი ფიზიკური თუ იურიდიული პირის უფლებას, ფლობდეს და განკარგავდეს ქონებას. დაუშვებელია საკუთრებაში არსებული ქონების თვითნებურად ჩამორთმევა. ეს უფლება შეიძლება შეიზღუდოს საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე და მხოლოდ კანონით და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული პირობებით. საკუთრების უფლების გაუქმება დაუშვებელია“. მოიყვანეთ მაგალითები, როდესაც მიზანშეწონილია საკუთრების უფლების შეზღუდვა.
2. საყოველთაოდ მიჩნეულია, რომ კერძო საკუთრება სამოქალაქო საზოგადოების ცენტრალურ ინსტიტუტად და პოლიტიკური თავისუფლების გარანტად უნდა ჩაითვალოს. რატომ?
3. როგორ უნდა შეფასდეს ნებისმიერი სახელმწიფოს ჩარევა კერძო საკუთრების უფლებებში - როგორც თანასწორობის უზრუნველყოფის მცდელობა თუ როგორც მოქალაქეების თავისუფლების წინააღმდეგ შექმნილი მუქარა? რატომ?
4. იზიარებთ თუ არა მოსაზრებას, რომ საკუთრების გამოყენება შეიძლება ლეგიტიმურ საფუძვლებზე გაკონტროლდეს კანონის მიერ, ხოლო მისი განაწილება სახელმწიფოს ყურადღების ობიექტი იყოს? რატომ?
![]() |
4.3 §3.სამართლის უზენაესობა |
▲ზევით დაბრუნება |
„როცა მე ქვეყანაში ჩავდივარ, ვინტერესდები არა იმით, არის თუ არა იქ კარგი კანონები, არამედ იმით, სრულდება თუ არა ისინი, რომლებიც არის, ვინაიდან კარგი კანონები ყველგან არსებობს“.
მონტესკიე
სამართლის უზენაესობის პრინციპი თავისი პირველსაწყისი ფორმით დადგენილი იყო, როგორც პრინციპი, რომელიც უპირატესად მიმართული იყო სახელმწიფოს მიერ ხელისუფლების თვითნებური განხორციელებისაგან პიროვნების დაცვაზე. ამ პრინციპის თანახმად, არც ერთი სახელმწიფოებრივი უფლებამოსილება არ შეიძლება განხორციელდეს შესაბამისი სამართლის ნორმის გარეშე.
ჯერ კიდევ ძველბერძენი ფილოსოფოსების მიერ „სამართლის“ ცნება განიხილებოდა, როგორც ძირითადი საშუალება იმისათვის, რომ გაეკონტროლებინათ სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელება. არისტოტელე ამტკიცებდა, რომ „კანონების მეშვეობით მართვა აღემატება ადამიანთა ნებისმიერ მმართველობას“.
არისტოტელე ადამიანებს შორის ურთიერთობების მოწესრიგებისას უპირატესობას სამართლის სისტემას ანიჭებდა. „განმტკიცებული სამართლის უზენაესობა, - ამბობდა ის, - შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ ღმერთისა და გონების უზენაესობის განმტკიცებად; ადამიანის უზენაესობის განმტკიცება კი ცხოველურ ხასიათს იძენს“.
ამავე კონტექსტში არისტოტელე ასევე აღნიშნავდა, რომ „კანონებს, როცა ისინი კარგია, უმაღლესი ძალა უნდა ჰქონდეს“ და რომ „პიროვნული ხელისუფლება, განხორციელებული ერთი ადამიანის ან პირთა ჯგუფის მიერ, უმაღლესი მხოლოდ იმ საკითხებში უნდა იყოს, რომლებსაც სამართალი ერთმნიშვნელოვნად ვერ არეგულირებს, ვინაიდან რთულია ზოგადი წესების დადგენა წინასწარ გაუთვალისწინებელი ყველა სიტუაციისათვის“.
იმის აუცილებლობის მოთხოვნა, რომ სახელმწიფო სამართალს ეფუძნებოდეს, შემდგომში რომაელმა იურისტებმა განავითარეს.
სამართლის უზენაესობის თანამედროვე კონცეფციის ფესვებს ვნახულობთ ბრიტანულ სამართლებრივ სისტემაში. 1215 წლის „თავისუფლებათა დიდ ქარტიაში“ გამოხატული იყო პრინციპი, რომლის შესაბამისადაც მართლმსაჯულება უნდა განხორციელებულიყო სამართლის შესაბამისად, მართლმსაჯულებაზე არავის არ უნდა ეთქვას უარი და ის უნდა მიიღოს ყველამ დაყოვნების გარეშე. თემთა პალატის 1610 წლის პეტიციაში განსაკუთრებულად იყო ხაზგასმული ნებისმიერი სახელმწიფოს სამართალზე დაქვემდებარების ფუძემდებლური იდეა, ხოლო 1689 წლის ბილი უფლებების შესახებ ადგენდა, რომ მონარქია ექვემდებარება სამართალს.
სამართლის უზენაესობის კონცეფციას განსაკუთრებულად გამოკვეთილი ჟღერადობა შესძინა ბრიტანელმა სამართალმცოდნემ ალბერტ დაისმა ნაშრომში „შესავალი ინგლისური კონსტიტუციის სწავლებაში“, რომელიც პირველად 1885 წელს გამოქვეყნდა. დაისი სამართლის უზენაესობის ცნებაში ამ პრინციპის სამ ნიშანს აერთიანებდა:
ა) ასეთ საზოგადოებაში, ხელისუფლების თვითნებური მმართველობისაგან განსხვავებით, დაცულია სამართლის აბსოლუტური უზენაესობა, ანუ ბატონობა, რომელიც გამორიცხავს თვითნებობის არსებობას, განსაკუთრებულ უფლებამოსილებებს ან სახელმწიფოს ნება-სურვილის ფართო თავისუფლებას;
ბ) დაცულია კანონის წინაშე ყველა მოქალაქის თანასწორობის პრინციპი ან საზოგადოების ყველა კლასის თანაბარი დაქვემდებარება ქვეყნის სამართლისადმი;
გ) პირადი უფლებები და თავისუფლებები ექვემდებარება სამართლის მეშვეობით ფორმულირებასა და დაცვას.
სამართლის უზენაესობის პრინციპზე დაისის შეხედულებები დროთა განმავლობაში, იურისპრუდენციის განვითარების შუქზე, დაზუსტებასა და კორექტირებას დაექვემდებარა. დღეს სამართლის უზენაესობის პრინციპი ბრიტანულ სამართლის სისტემაში გამოხატავს მნიშვნელოვან სამართლებრივ დოქტრინას, რომლის თანახმადაც, სახელმწიფოს საქმე სამართლის შესაბამისად უნდა წარიმართოს, ხოლო სადაო შემთხვევებში ის, რაც სამართლით მოითხოვება, სასამართლო გადაწყვეტილებით უნდა დადგინდეს.
დიდ ბრიტანეთში სამართლის უზენაესობის პრინციპის ძირითადი იდეების დღევანდელი კონსტიტუციური გამოხატულება განვითარდა XIX საუკუნის მეორე ნახევარში გერმანულ სამართლებრივ სისტემაში Rechtstaat (სამართლებრივი სახელმწიფო) დოქტრინის მეშვეობით, ხოლო მოგვიანებით საფრანგეთის სამართლებრივ სისტემაში preeminence du droit (სამართლის უზენაესობა) დოქტრინისა და მისი სახესხვაობის Etat de droit (სამართლებრივი სახელმწიფო) მეშვეობით. შემდგომ ჩამოყალიბდა ამერიკული პრინციპი, რომელიც მოითხოვს „სათანადო სამართლებრივი პროცედურის“ დაცვას. ეს პრინციპი თანდათანობით სხვადასხვა ეროვნულმა სამართლებრივმა სისტემებმა მიიღეს და სხვადასხვა ტერმინის დახმარებით ამ პროცესში ჩართეს ბევრი ცნება, რომელთა გარეშეც წარმოუდგენელია თავისუფალი საზოგადოება. დღეისთვის ითვლება, რომ სამართლის უზენაესობის პრინციპი გულისხმობს მინიმუმ ხუთ დამოუკიდებელ ღირებულებას:
1. სახელმწიფოს ფუნქციონირება სამართლის მოთხოვნათა შესაბამისად;
2. საზოგადოებაში კანონიერებისა და წესრიგის დამყარება;
3. კანონის წინაშე მოქალაქეთა თანასწორობის პრინციპის დაცვა;
4. ეფექტური და პროგნოზირებადი მართლმსაჯულების არსებობა;
5. ადამიანის უფლებების დაცვა.
ეს ღირებულებები ჩართულ იქნა სამართლის უზენაესობის კონცეფციაში სამართლიანობის მოთხოვნიდან წარმოშობილი სხვადასხვა მოთხოვნების საპასუხოდ.
სამართლის გამოხატულების ერთ-ერთ ძირითად ფორმას წარმოადგენს კანონი. კანონებში სახელმწიფო ადგენს ქცევის ზოგადსავალდებულო წესებს, რომლებმაც მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინოს საზოგადოებრივი განვითარების ობიექტური მოთხოვნილებები თანასწორობისა და სამართლიანობის საწყისებზე. სწორედ ამიტომ ფლობს კანონი უმაღლეს იურიდიულ ძალას. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი კანონს უნდა შეესაბამებოდეს. კანონები არეგულირებს საზოგადოებრივი ცხოვრების ყველაზე უფრო მნიშვნელოვან, ძირითად მხარეებს. კანონები განსაზღვრავს თავისუფლების ზომას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სფეროებში და ისინი უნდა ინარჩუნებდნენ საზოგადოების ზნეობრივ ღირებულებებს. კანონქვემდებარე აქტებს აუცილებლობის შემთხვევაში შეუძლიათ მხოლოდ დააკონკრეტონ კანონის ზოგიერთი დებულება, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა „შეცვალონ“ კანონი.
იმავდროულად, სამართლიანი კანონი არ უშვებს კანონმდებლის თვითნებობას. კანონებში უნდა გამოიხატოს ობიექტურად ჩამოყალიბებული საზოგადოებრივი ურთიერთობები, მათი განვითარების ტენდენციები. სხვადასხვა სახის სუბიექტური ხასიათის საკანონმდებლო შეზღუდვები და აკრძალვები ანგრევს სამართლებრივი სახელმწიფოს საფუძვლებს, აფერხებს საზოგადოებრივ პროგრესს.
სამართლებრივი სახელმწიფოს ძირითადი კანონი არის კონსტიტუცია. მასში ფორმულირებულია სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ცხოვრების სამართლებრივი პრინციპები. კონსტიტუცია წარმოადგენს საზოგადოების ზოგად სამართლებრივ მოდელს, რომელსაც უნდა შეესაბამებოდეს ყველა მიმდინარე კანონმდებლობა. სახელმწიფოს არც ერთი სხვა სამართლებრივი აქტი არ შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს კონსტიტუციას. კონსტიტუციის პრიორიტეტი სამართლებრივი სახელმწიფოს განუყოფელი ნიშანია.
კანონის და, უპირველეს ყოვლისა, კონსტიტუციის უზენაესობა ქმნის კანონიერების მტკიცე რეჟიმს.
კანონის სავალდებულოობის მოთხოვნამ დაბადა სამართლის თეორიის ერთ-ერთი ყველაზე უფრო ფუნდამენტური პრობლემა: რატომ იცავენ და რატომ უნდა დაიცვან ადამიანებმა კანონები? მთელი დავა ამ სფეროში დაკავშირებულია კანონების მორალური თვისების აუცილებლობასთან, რომელიც კანონმორჩილების მოთხოვნის საფუძველია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არსებობს კი სამართალსა და მორალს შორის ისეთი აუცილებელი კონცეპტუალური კავშირი, რომ ამორალური კანონი კარგავს თავის იურიდიულ თვისებას?
ფაშისტური სამართლის გამოცდილებამ, რომელმაც კანონის რანგში აიყვანა ადამიანურობისა და სამართლიანობის ელემენტარული პრინციპებისადმი წინააღმდეგობრივი ნორმები, ხელახლა წამოსწია განსახილველად კანონსა და სამართალს შორის ურთიერთობის, იმ კრიტერიუმებისა და პრინციპების პრობლემატიკა, რომელთა მხედველობაში მიუღებლობას შეუძლია სამართლებრივ ნორმას ლეგიტიმურობა, მისი „სამართლებრივი“ ხასიათი ჩამოართვას.
ამასთან, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ თანამედროვე მორალური და იდეოლოგიური პლურალიზმის პირობებში იურიდიული ნორმების სავალდებულოობა არ შეიძლება დავაყენოთ იმის მიხედვით, თვლის თუ არა ნორმის ადრესატი მის შინაარსს მორალურად გამართლებულად. ეს გადაუწყვეტ წინააღმდეგობას მოგვცემდა. ამიტომ კანონი ყველა შემთხვევაში უნდა შესრულდეს, ხოლო მისი შეცვლა ან გაუქმება მხოლოდ საკანონმდებლო გზით არის დასაშვები.
თუმცა დემოკრატიულ, სამართლებრივ სახელმწიფოში დაუმორჩილებლობის პრობლემა არააქტუალურია: დემოკრატიული ინსტიტუტები და პროცედურები მაქსიმალურად აღმოფხვრიან ისეთი კანონების გამოცემის შესაძლებლობას, რომლებიც სრულიად მიუღებელა მორალის თვალსაზრისით.
ადამიანები კანონებს ასრულებენ იმიტომ, რომ ზოგს მიზანშეწონილად მიაჩნია მათი შესრულება, ვინაიდან კანონების შინაარსი ემთხვევა მის მორალურ შეხედულებებს, ზოგი პატივს სცემს კანონებს, ზოგს სანქციის ეშინია. ფსიქოლოგიურად სამართალი მოქმედებს, როგორც ადამიანის ქცევის მოტივი. მოქმედებს ერთი მხრივ, იმით, რომ კანონი იძლევა ინფორმაციას იმაზე, თუ როგორ უნდა (და არ უნდა) მოიქცნენ ადამიანები, და, მეორე მხრივ, იმით, რომ ემუქრება სანქციით იმ შემთხვევაში, თუ სამართლის საწინააღმდეგოდ მოიქცევიან. ეს ნიშნავს, რომ ადამიანთა ქცევაზე ორი მიმართულებით, ანუ ორი ხერხით მოქმედებს. უპირველეს ყოვლისა, მასზე მოქმედებს პრევენციულად, ე.ი. ისე, რომ ადამიანები სამართლის შესაბამისად იქცეოდნენ. მეორე, მასზე ზემოქმედებს შედეგობრივად, კერძოდ, სამართლის დარღვევის შემთხვევაში ადამიანებს უწესებს სანქციებს (სისხლისსამართლებრივს, სამოქალაქოს, ადმინისტრაციულს) და ამით მოტივირებს, რათა თავიდან ავიცილოთ სამართალდარღვევა.
1945 წლიდან სამართლის უზენაესობის პრინციპი ადამიანის უფლებების საერთაშორისო დაცვისათვის ხელშეწყობის ძალისხმევას დაუკავშირდა. ეს პრინციპი გადატანილ იქნა საერთაშორისო სამართლის მოქმედების სფეროში. თანდათანობით, ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში სასამართლო პრაქტიკის მეშვეობით, სამართლის უზენაესობის პრინციპმა შეიძინა დამოუკიდებელი მნიშვნელობა და მოქმედება ადამიანის უფლებების შესახებ საერთაშორისო სამართლის ნორმების კონტექსტში. 1948 წლის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში ვნახულობთ უშუალო მითითებას სამართლის უზენაესობის პრინციპზე: „აუცილებელია, რომ ადამიანის უფლებები დაცულ იქნეს კანონის ძალით იმის უზრუნველსაყოფად, რომ ადამიანი არ იყოს იძულებული, უკანასკნელი საშუალების სახით მიმართოს აჯანყებას ტირანიისა და ჩაგვრის წინააღმდეგ“. ამას მოსდევს 1950 წლის ევროპის კონვენცია ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ. კონვენციის პრეამბულაში ხელშეკრულების მონაწილე სახელმწიფოებმა გამოხატეს თავიანთი სიმტკიცე, როგორც ევროპული სახელმწიფოების მთავრობებმა, რომელთაც აქვთ „პოლიტიკური ტრადიციების, იდეალების, თავისუფლებისა და სამართლის უზენაესობის საერთო მემკვიდრეობა, გადადგან პირველი ნაბიჯები ადამიანის ზოგიერთი უფლების კოლექტიური განხორციელების უზრუნველყოფის გზაზე“.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თვითნებობის საფრთხისაგან პიროვნების დაცვის მიზნით თავის სასამართლო პრაქტიკაში სამართლის უზენაესობის პრინციპთან დაკავშირებით რამდენიმე საინტერესო დაზუსტება გააკეთა:
1. სამართლის უზენაესობის პრინციპიდან გამომდინარეობს სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება. ეს ნიშნავს სასამართლოში გასაჩივრების უფლებას და სამართლებრივ შემოწმებას ხელისუფლების ყველა იმ მოქმედებისა თუ გადაწყვეტილებისა, რომლებიც ადამიანის უფლებებს არღვევენ. სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებას ეწინააღმდეგება ისეთი ნორმები, რომლებიც არაგონივრულ სასამართლო ხარჯებს ადგენს და პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის სასამართლოსადმი მიმართვას. სასამართლო დაცვა არ უნდა იყოს დამოკიდებული მოქალაქეთა ეკონომიკურ მდგომარეობასა და მათ ფინანსურ შესაძლებლობებზე.
2. სამართლის უზენაესობა გულისხმობს პიროვნების თავისუფლების უფლების განხორციელებაში აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების ჩარევაზე (პირის თვითნებური დაკავება) სასამართლო კონტროლს და იმას, რომ ადამიანის უფლებების განხორციელებაში ნებისმიერი სხვა ჩარევა ეფექტურ კონტროლს უნდა დაექვემდებაროს. ჩვეულებრივ ასეთი კონტროლი სასამართლო ხელისუფლებამ უნდა განახორციელოს, ვინაიდან სწორედ სასამართლო კონტროლი გულისხმობს დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობისა და სათანადო პროცედურების დაცვის საუკეთესო გარანტიებს. გარდა ამისა, ევროპის სასამართლო მიანიშნებს, რომ სასამართლო ხელისუფლება - როგორც მართლმსაჯულების გარანტი და ფუძემდებლური ღირებულება სამართლებრივ სახელმწიფოში - საზოგადოებრივი ნდობით უნდა სარგებლობდეს, თუ მას სურს, წარმატებებს მიაღწიოს საკუთარი მოვალეობების განხორციელებაში. ხაზგასმულია ის, რომ სამართლის უზენაესობის პრინციპის შესაბამისად, ეროვნული სასამართლოები მართლმსაჯულების განხორციელებისას ვალდებულნი არიან, დარწმუნდნენ, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის ვალდებულება შესრულებულია.
3. ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ ევროპის კონვენციაში ტერმინები „კანონი“ და „კანონიერი“ მიუთითებს არა უბრალოდ ეროვნულ სამართალზე, არამედ ასევე შეეხება კანონის ხარისხს, რომელიც მოითხოვს, რომ ეს ხარისხი სამართლის უზენაესობის პრინციპს შეესაბამებოდეს. ეროვნული სამართალი უნდა ითვალისწინებდეს კონვენციით გარანტირებული უფლებების განხორციელებაში სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების თვითნებური ჩარევისაგან დაცვის რაიმე ზომას. კანონი, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების უფლებას, თავიანთი შეხედულებისამებრ გადაწყვიტონ საკითხი, თავისთავად შეუთავსებელი არ არის პროგნოზირებადი მართლმსაჯულების მოთხოვნასთან იმ შემთხვევაში, თუ ამ უფლების მასშტაბი და მისი რეალიზაციის საშუალება მითითებულია საკმაოდ მკვეთრად, განსახილველ საქმეზე სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ზომების მართლზომიერი მიზნის გათვალისწინებით. ეს აუცილებელია იმისათვის, რომ ადამიანს თავისი უფლებების განხორციელებაში სახელმწიფოს თვითნებური ჩარევისაგან ადეკვატური დაცვის საშუალება მივცეთ. ამასთან დაკავშირებით სასამართლომ ხაზი გაუსვა იმის აუცილებლობას, რომ კანონი გასაგები იყოს დაინტერესებული პირისათვის, რომელსაც შეეძლება, წინასწარ განჭვრიტოს ამ კანონის შედეგები.
4. სამართლის უზენაესობის პრინციპი ჩვენს დროში დემოკრატიულ პოლიტიკურ რეჟიმს გულისხმობს. ფაქტობრივად, სამართლის უზენაესობის კონცეფცია დემოკრატიული საზოგადოების კონცეფციასთანაა დაკავშირებული. ეს პრინციპი დემოკრატიის დაწესებას მოითხოვს. მაშასადამე, დასკვნა კანონის ხარისხის მოთხოვნასთან დაკავშირებით სამართლის უზენაესობის კონტექსტში უნდა გავიგოთ, როგორც დაკავშირებული კანონთან, რომელიც მიღებულია სახელმწიფოს კომპეტენტური დემოკრატიული დაწესებულების მიერ.
5. სამართლის უზენაესობის პრინციპი ფართო გაგებით მოიცავს ასევე მოქალაქეთა სამართლებრივ დაცულობას და მათ რწმენას სამართლისადმი. სამართლის უზენაესობის ერთ-ერთი ძირითადი ასპექტია სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპი, რომელიც მოითხოვს, რომ სასამართლოს მიერ რაიმე საკითხის საბოლოო გადაწყვეტის შემდეგ მისი შედეგები ეჭვქვეშ არ დადგეს. ეს იმას ნიშნავს, რომ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებაზე სასამართლოსადმი მიმართვის უფლების განხორციელება რაიმე ვადით უნდა იყოს შეზღუდული. სასამართლო იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ასეთი პრაქტიკა არღვევს სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპს. ამ კონტექსტში საჭიროა მოვიყვანოთ სასამართლოს
დასკვნა, რომლის შესაბამისადაც სამართლის უზენაესობის პრინციპის მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს ის, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებები საბოლოო და სავალდებულო უნდა იყოს მხარეებისთვის, თუ მათ არ გააუქმებს ზემდგომი სასამართლო კანონის მოთხოვნების დაუცველობის ან არასამართლიანობის მოტივით, და რომ ეს პრინციპი თანაბრად უნდა იქნეს გამოყენებული ყველა სასამართლოს მიმართ, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ჩათვლით (ევროპული სასამართლოს დადგენილება საქმეზე „პულარი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“).
გარდა ამისა, სამართლის უზენაესობის პრინციპი არ უშვებს სასამართლო გადაწყვეტილებების შეუსრულებლობას. სასამართლომ თავის დადგენილებაში საქმეზე „ხორნსბი საბერძნეთის წინააღმდეგ“ აღნიშნა, რომ სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება ილუზორული იქნებოდა, თუ ხელშეკრულების მონაწილე სახელმწიფო დაუშვებდა, რომ საბოლოო და სავალდებულო ძალის მქონე სასამართლო გადაწყვეტილება შეუსრულებელი დარჩებოდა ერთ-ერთი მხარის ინტერესების საზიანოდ. ასეთი სიტუაცია შეუთავსებელია სამართლის უზენაესობის პრინციპთან, რომელსაც ხელშეკრულების მონაწილე სახელმწიფო ვალდებულია, პატივს სცემდეს.
6. ევროპის სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებების განხორციელებაში სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების თვითნებური ჩარევისაგან აუცილებელი სამართლებრივი დაცვა, რომელიც განხორციელებულია სამართლის უზენაესობის პრინციპის შესაბამისად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა აღმასრულებელი ხელისუფლების ესა თუ ის უფლებამოსილება საიდუმლოების საბაბით ხორციელდება, როგორც სატელეფონო საუბრებზე ფარული ტექნიკური დაკვირვების შემთხვევაში. ასეთ საქმეზე სასამართლომ განაცხადა: „თუ საკუთარი შეხედულებისამებრ გადაწყვეტის უფლებამოსილება, რომელიც აღმასრულებელ ხელისუფლებას აქვს მინიჭებული, შეუზღუდავ უფლებამოსილებებში განხორციელდება, მაშინ ეს შეეწინააღმდეგება სამართლის უზენაესობის პრინციპს. მაშასადამე, კანონი ყველა შემთხვევაში უნდა მიუთითებდეს ასეთი უფლებამოსილების ფარგლებს, რომელიც კომპეტენტურ ორგანოს აქვს მინიჭებული, და საკმაო სიზუსტით - მისი განხორციელების საშუალებებს - განხორციელებული ღონისძიებების მართლზომიერი მიზნის გათვალისწინებით - რათა ადამიანს თავისი უფლებების განხორციელებაში თვითნებური ჩარევისაგან ადეკვატური დაცვის საშუალება მიეცეს“.
სასამართლომ არაერთხელ აღნიშნა, რომ სამართლის უზენაესობის პრინციპი გულისხმობს ეფექტურ კონტროლს ადამიანის უფლებების განხორციელებაში ხელისუფლების ჩარევაზე, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როცა კანონი აღმასრულებელ ხელისუფლებას ფართო დისკრეციულ უფლებამოსილებებს (უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას, საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება შეარჩიოს) აძლევს. სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ადამიანის უფლებების დასაშვებ შეზღუდვებზე, მათ მიზანსა და მოქმედების ხანგრძლივობაზე მითითების სრული არარსებობისას კანონმდებლობის შესაბამისი დებულებები, რომლებიც დისკრეციული უფლებამოსილებების რეალიზაციას უშვებს, რასაც კონვენციით გათვალისწინებული უფლებების შეზღუდვამდე მივყავართ, არ იძლევა თვითნებობისაგან პიროვნების დაცვის მინიმალური დონის გარანტიას, რომელსაც მოითხოვს სამართლის უზენაესობის პრინციპი დემოკრატიულ საზოგადოებაში.
7. ბევრ საქმეზე ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ უდანაშაულობის პრეზუმფცია2 სამართლის უზენაესობის პრინციპიდან გამომდინარეობს. დადგენილებაში საქმეზე, რომელიც გარდაცვლილი პირის (რომელიც სიცოცხლეში თავს არიდებდა გადასახადების გადახდას) მემკვიდრეებისათვის ჯარიმის დაწესებას შეეხებოდა, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მემკვიდრეებისათვის ჯარიმის დაწესება ეწინააღმდეგება უდანაშაულობის პრეზუმფციისა და სამართლის უზენაესობის პრინციპს. სასამართლომ განაცხადა, რომ „გარდაცვლილის ბრალის მემკვიდრეობა შეუთავსებელია სისხლის სამართალწარმოების სტანდარტებთან საზოგადოებაში, რომელშიც სამართლის უზენაესობის პრინციპი ბატონობს“ (ევროპული სასამართლოს დადგენილება საქმეზე „ა. პ., მ. პ. და ტ. პ. შვეიცარიის წინააღმდეგ“).
8. ევროპული სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ კანონის წინაშე მოქალაქეთა თანასწორობის პრინციპი ასევე გამომდინარეობს სამართლის უზენაესობის პრინციპიდან. სასამართლო აღნიშნავს: „სამართლის უზენაესობა ნიშნავს, რომ ყველა ადამიანი თანასწორია კანონის წინაშე, როგორც თავის უფლებებში, ისე ვალდებულებებში. კანონმდებლობამ უნდა გაითვალისწინოს განსხვავება ადამიანებსა და სიტუაციებს შორის იმ პირობით, რომ ასეთ განსხვავებებს ობიექტური და გონივრული საფუძველი აქვს, ითვალისწინებს მართლზომიერ მიზანს, შეესაბამება დემოკრატიული საზოგადოების პრინციპებს. თუმცა არ შეიძლება ითქვას, რომ საერო საზოგადოებაში უზრუნველყოფილია სამართლის უზენაესობა, როცა პირთა ჯგუფები მხოლოდ იმიტომ ექვემდებარებიან დისკრიმინაციას, რომ სხვა სქესს მიეკუთვნებიან ან სხვა პოლიტიკურ ან რელიგიურ შეხედულებებს იზიარებენ. საზოგადოება არც მაშინ მისდევს სამართლის უზენაესობას, როცა ასეთი ჯგუფებისათვის სრულიად განსხვავებული სამართლებრივი სისტემები იქმნება“.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა ადასტურებს იმ დასკვნას, რომ სამართლის უზენაესობის კონცეფცია თანდათანობით გაფართოვდა და მართლმსაჯულებისა და სამართლიანობის სხვადასხვა მოთხოვნა მოიცვა.
განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს 1990 წლის ივლისში კოპენჰაგენში ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის შესახებ კონფერენციაზე მიღებული დოკუმენტი. მასში მონაწილე 34-მა სახელმწიფომ განაცხადა, რომ „სამართლის უზენაესობა ნიშნავს არა მხოლოდ ფორმალურ კანონიერებას, რომელიც უზრუნველყოფს რეგულარულობას და თანმიმდევრულობას დემოკრატიული წყობის მიღწევასა და დაცვაში, არამედ ასევე — სამართლიანობას, რომელიც ეფუძნება ადამიანის პიროვნების უზენაეს ღირებულებად აღიარებას, რომელიც გარანტირებულია იმ ინსტიტუტების მეშვეობით, რომლებიც ქმნიან საფუძველს მისი ყველაზე უფრო სრული გამოხატვისათვის“, რომ „დემოკრატია სამართლის უზენაესობის განუსხვისებელი ელემენტია“ და რომ „საერთაშორისო-სამართლებრივი ინსტრუმენტები ადამიანის უფლებათა სფეროში მნიშვნელოვანი წვლილია სამართლის უზენაესობაში ეროვნულ დონეზე“.
სადისკუსიო კთხვები
1. ფიქრობთ, რომ სამართლის უზენაესობა და კანონის უზენაესობა იდენტური ცნებებია?
2. ფიქრობთ, რომ სასჯელის სახით ქონების კონფისკაცია არღვევს სამართლის უზენაესობის პრინციპს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საკუთრების უფლება ადამიანის ძირითადი უფლებაა?
3. რა განსხვავებაა პარლამენტის მიერ მიღებულ კანონსა და პრეზიდენტის მიერ გამოცემულ სამართლებრივ აქტს შორის, შესასრულებლად ორივე ხომ სავალდებულოა?
4. ვისი გადაწყვეტილებით შეიძლება ადამიანის თავისუფლების აღკვეთა ან პირადი თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვა? შესაძლებელია თუ არა ეს, მაგალითად, პოლიციელის გადაწყვეტილებით?
5. თვლით თუ არა, რომ სამართლის უზენაესობისთვის მხოლოდ კანონის ფორმალური მხარეა მნიშვნელოვანი, ე.ი. მთავარია, მიღებული იყოს კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოს მიერ? უნდა ვაღიაროთ თუ არა ფაშისტური გერმანიის კანონების უზენაესობა?
6. რატომ არის კანონი სხვა სამართლებრივ აქტებზე უფრო მეტი იურიდიული ძალის?
______________________
2 უდანაშაულობის პრეზუმფცია - ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით.
![]() |
4.4 §4. სამართალდამცავი ორგანოები და მართლმსაჯულების სისტემა |
▲ზევით დაბრუნება |
ნებისმიერ სახელმწიფოში სამართალდამცავი ორგანოებისა და მართლმსაჯულების მდგომარეობა იქ არსებული დემოკრატიის დონის, პიროვნების თავისუფლების რეალური სურათის მაჩვენებელია. სამართლებრივი სახელმწიფოს იდეა ისეთი სახის სამართალდამცავი მექანიზმის შექმნას ეფუძნება, რომელიც რეალურად უზრუნველყოფს კანონის უზენაესობას. საქართველოში, ისევე როგორც განვითარებულ დემოკრატიულ ქვეყნებში, კანონიერების დაცვას სახელმწიფო სტრუქტურები უზრუნველყოფენ.
პოლიცია
საქართველოს პოლიცია, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურაში შედის, როგორც დეპარტამენტი, არსებული კანონმდებლობის შესაბამისად იცავს პიროვნებას, დაწესებულებასა და ორგანიზაციას მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან, ასევე იცავს საზოგადოებრივ წესრიგს და საზოგადოებრივ უშიშროებას. უზრუნველყოფს დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა თავიდან აცილებას, დამნაშავე პირის ძებნას და დანაშაულის გახსნას.
ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნისას, ავარიის, კატასტროფის, ხანძრის, სტიქიური უბედურებისა და სხვა საგანგებო შემთხვევების დროს უმეთვალყურეოდ დარჩენილი ქონების დასაცავად პოლიცია ვალდებულია, გადაუდებელი ზომები მიიღოს.
პოლიციის მოვალეობაა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში აღმოუჩინოს მოქალაქეს სათანადო დახმარება, შესაძლებლობა მისცეს დაკავებულ ან დაპატიმრებულ პირს, კანონის შესაბამისად განახორციელოს სამართლებრივი დაცვის უფლება, დაადგინოს დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევების გამომწვევი მიზეზები და პირობები, მიიღოს ზომები მათ აღმოსაფხვრელად, ჩაატაროს სამართალდამრღვევ პირებთან ინდივიდუალურ-პროფილაქტიკური მუშაობა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში გააკონტროლოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ შეზღუდვების შესრულება, რომლებიც დაწესებული აქვთ თავისუფლების აღკვეთის ადგილებიდან გათავისუფლებულ პირებს, თავისუფლების აღკვეთის ადგილებიდან შრომაში სავალდებულო ჩაბმით ვადაზე ადრე პირობით გათავისუფლებულ პირებს.
სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიციის თანამშრომელი ვალდებულია, ზუსტად დაიცვას მოქალაქის კანონიერი უფლებები, მოქალაქის უფლებები შეზღუდოს მხოლოდ კანონით დადგენილი წესით. უფლების იძულებით შეზღუდვის ყოველ ცალკეულ შემთხვევაში პოლიციის თანამშრომელი ვალდებულია, წარუდგეს მოქალაქეს, წარადგინოს პირადობის მოწმობა, განმარტოს კონკრეტული შეზღუდვის გამოყენების საფუძველი და მოქალაქის უფლებები. ყოველი მოქალაქე ვალდებულია, დაემორჩილოს და შეასრულოს პოლიციის თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნა.
სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში პოლიცია აღძრავს სისხლის სამართლის საქმეს, ატარებს გადაუდებელ საგამოძიებო მოქმედებებს, ატარებს ტექნიკურ-კრიმინალისტიკურ გამოკვლევებს ოპერატიულ-სამძებრო მასალებსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე. დანაშაულის გახსნისა და თავიდან აცილების მიზნით ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელებისას პოლიციას უფლება აქვს, გამოიყენოს როგორც ღია, ისე ფარული საშუალებები და მეთოდები.
პოლიციის მოვალეობაა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა განხილვა კანონით დადგენილი წესით და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა სფეროში მის კომპეტენციას მიკუთვნებული საქმეების გადაწყვეტა. არსებული კანონმდებლობის მიხედვით პოლიციას ეკისრება სასამართლოს, პროკურორისა და გამომძიებლის მიერ დაკავების ან დაპატიმრების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებათა აღსრულებაც.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სამართალდამცავი სისტემის სტრუქტურა და სტრუქტურულ ერთეულებს შორის ფუნქციათა გადანაწილება მცირედი განსხვავებით, მაგრამ მაინც განვითარებულ დემოკრატიულ ქვეყნებში არსებული სამართალდამცავი სისტემების ანალოგიურია, აქ კანონიერებისა და მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის რეალური განხორციელება ჯერ კიდევ არ არის სრულყოფილად მიღწეული. მრავლადაა ისეთი ფაქტები, როდესაც სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები თვითონ არღვევენ კანონებს და მოძალადეები ხდებიან. მიუხედავად მრავალი საკანონმდებლო ცვლილებებისა, კვლავაც ხდება პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებით გამოყენება დანაშაულში ეჭვმიტანილთა დაკავების, ციხის ბუნტის ჩახშობის თუ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის დროს. პოლიციის მხრიდან კანონის დარღვევის მსხვერპლი გახდა რობაქიძე, გულუა, ვაზაგაშვილი, თელია და ბევრი სხვა. ადამიანის უფლებების დარღვევებისთვის სასამართლო წესით დასჯილი სამართალდამცავების რიცხვი გაცილებით მცირეა მათი მხრიდან დარღვევების ბრალდების ოდენობასთან შედარებით. აღსანიშნავია ისიც, რომ საზოგადოება ნაკლებად არის ინფორმირებული ამ ღონისძიებათა შესახებ.
საქართველოში აღნიშნული ფაქტების არსებობის შესახებ ცნობილი გახდა საერთაშორისო ორგანიზაციებისთვისაც. 2006 წლის 10 მაისს გაეროს წამების საწინააღმდეგო კომიტეტმა საქართველოს პერიოდულ ანგარიშზე გაკეთებულ დასკვნაში მიუთითა: „საქართველომ უფრო დიდი პრიორიტეტი უნდა მიანიჭოს ადამიანის უფლებების კულტურის დამკვიდრებას პოლიციის იერარქიის ყველა დონეზე და სასჯელაღსრულების დაწესებულებების თანამშრომლებს შორის ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის დანერგვით. ასეთმა პოლიტიკამ უნდა გამოავლინოს და რეაგირება მოახდინოს პრობლემებზე, განავითაროს ქცევის კოდექსი ყველა მოხელისათვის, მათ შორის მათთვის, ვინც ჩართულია ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში“.
ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის დანერგვის ინიციატივა 2006 წლის 14 თებერვალს პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა წარმოადგინა. მისი ინიციატივით სისხლის სამართლის კოდექსში უნდა შესულიყო ცვლილებები, რომლებიც „ბინის და ქუჩის ძარცვაზე, ჯიბგირობასა და ნარკოტიკების შენახვაზე“ გამკაცრებულ სასჯელს გაითვალისწინებდა - ამ სახის დანაშაულის ჩადენისათვის უნდა გაუქმებულიყო პირობითი სასჯელი (ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკას იმ მიზნით ახორციელებენ, რომ მძიმე სასჯელის დაკისრებით თავიდან იქნეს აცილებული ამგვარი დანაშაულის ჩადენა). გაეროს წამების საწინააღმდეგო კომიტეტმა კი ნულოვანი ტოლერანტობის ინიციატივის ობიექტი საპირისპირო მიმართულებით შეცვალა და თავისი დასკვნა საქართველოში პოლიციის მხრიდან კანონდარღვევების მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის შემოღების რეკომენდაციით დაიწყო.
დასკვნა საგულისხმოა კრიტიკული დამოკიდებულების გამომჟღავნებით საქართველოს სახელმწიფოში წამებასა და არაჰუმანურ მოპყრობასთან დაკავშირებით, რაც იშვიათია ამ ტიპის დოკუმენტებში, რომელიც სახელმწიფოთა თანამშრომლობის იდეაზეა დაფუძნებული და შესაბამისად, მეტ-ნაკლებად დიპლომატიური ეტიკეტის წესებს ემორჩილება.
პროკურატურა
საქართველოს პროკურატურა არის სახელმწიფო დაწესებულება, რომელიც კოორდინაციას უწევს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას, დანაშაულისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა საქმეებზე სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ატარებს წინასწარ გამოძიებას, ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას და იღებს გადაწყვეტილებას სისხლისსამართლებრივი დევნის შესახებ. პროკურატურა ვალდებულია, დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილ პირს დაკავებიდან 48 საათის განმავლობაში წაუყენოს ბრალი, წინააღმდეგ შემთხვევაში დაკავებული პირი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს, როგორც უდანაშაულო.
არსებული კანონმდებლობის მიხედვით, პროკურატურას ეკისრება ზედამხედველობა კანონის ზუსტ შესრულებაზე სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის მოხდისას, იძულებითი ხასიათის სხვა ღონისძიებათა აღსრულებისას, აგრეთვე დაკავების წინასწარი პატიმრობისა და ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის სხვა ადგილებში. სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის განხილვისას პროკურატურა მონაწილეობს, როგორც მხარე და მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას.
საქართველოში არსებული კანონმდებლობის მიხედვით, სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელი და თავისუფალია სახელმწიფო მმართველობის სხვა სტრუქტურების ან თანამდებობის პირების მხრიდან ყოველგვარი ზემოქმედებისგან, მაგრამ რეალურ ვითარებაში აშკარად იგრძნობა პროკურატურის ზეგავლენა სასამართლოზე, რაც ხშირად აისახება სასამართლოს გადაწყვეტილებებზე. ამის მაგალითია საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი „გვირგვლიანის პროცესი“, სადაც სასამართლო სხდომის დარბაზში წინასწარ პატიმრობაში მყოფი პირები ესაუბრებოდნენ ერთ-ერთი სამართალდამცავი სტრუქტურის თანამშრომელს, რომელიც საერთოდ არ უნდა ყოფილიყო სასამართლო დარბაზში და ამაზე არავითარი რეაქცია არ ჰქონდა სახელმწიფო ბრალმდებელს -პროკურორს. პროკურორის ლოიალური დამოკიდებულება მსჯავრდებულებისადმი მოსამართლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზეც აისახა.
სასამართლო ხელისუფლება
მართლმსაჯულება სასამართლო ხელისუფლების განხორციელების ერთერთი ფორმაა და მას სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართალწარმოებათა მეშვეობით ახორციელებენ საერთო სასამართლოები შესაბამისი კოდექსების მიხედვით. სასამართლო დამოუკიდებელია სახელმწიფო ხელისუფლების სხვა შტოებისაგან. სასამართლოს გადაწყვეტილებათა შესრულება სავალდებულოა ყველა მოქალაქისა და ორგანიზაციისათვის და მათი შეუსრულებლობა იწვევს კანონით გათალისწინებულ პასუხისმგებლობას.
მოქალაქეთა უფლებები მართლმსაჯულების განხორციელებასთან მიმართებაში გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით.
საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 42:
1. ყოველ ადამიანს უფლება აქვს, თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს;
2. ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე;
3. დაცვის უფლება გარანტირებულია;
4. არავის არ შეიძლება განმეორებით დაედოს მსჯავრი ერთი და იმავე დანაშაულისათვის;
5. არავინ არ აგებს პასუხს იმ ქმედებისთვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა. კანონს, თუ ის არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს;
6. ბრალდებულს უფლება აქვს, მოითხოვოს თავისი მოწმეების ისეთსავე პირობებში გამოძახება და დაკითხვა, როგორც აქვთ ბრალდების მოწმეებს;
7. კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებას იურიდიული ძალა არა აქვს;
8. არავინ არ არის ვალდებული, მისცეს თავისი ან იმ ახლობელთა წინააღმდეგ ჩვენება, რომელთა წრეც განისაზღვრება კანონით.
9. ყველასათვის გარანტირებულია სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან.
საქართველოში საქმისწარმოება საწყის ეტაპზე ხორციელდება პირველი ინსტანციის - საქალაქო ან რაიონულ - სასამართლოში. ამ ინსტანციის სასამართლოში მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება - უზენაეს სასამართლოში.
ცივილიზებულ მსოფლიოში ჭეშმარიტების დადგენის თვალსაზრისით ყველაზე პრაქტიკულ და დემოკრატიულ ფორმად აღიარებულია შეჯიბრებითობისა და მხარეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპზე აგებული სისხლის სამართლის პროცესი და შესაბამისად ერთმანეთთან დაპირისპირებული ბრალდებისა და დაცვის ინსტიტუტებზე დაფუძნებული მართლმსაჯულების ორგანო - სასამართლო.
საქართველოს კანონმდებლობა მართლმსაჯულების, კანონისა და სასამართლოს წინაშე საქმეში მონაწილე ყველა პირის თანასწორობასა და სამართალწარმოების მხარეთა შეჯიბრებითობის საფუძველზე განხორციელებას სასამართლო ხელისუფლების განხორციელების ერთ-ერთ ძირითად პრინციპად აღიარებს.
საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 85:
1. სასამართლოში საქმე განიხილება ღია სხდომაზე. დახურულ სხდომაზე საქმის განხილვა დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. სასამართლოს გადაწყვეტილება ცხადდება საქვეყნოდ.
2. სამართალწარმოება ხორციელდება სახელმწიფო ენაზე. პირს, რომელმაც სახელმწიფო ენა არ იცის, მიეჩინება თარჯიმანი. იმ რაიონებში, სადაც მოსახლეობა არ ფლობს სახელმწიფო ენას, უზრუნველყოფილია სახელმწიფო ენის შესწავლისა და სამართალწარმოებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა.
3. სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე.
პიროვნების მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრისთანავე მას ეძლევა უფლება, დაიქირაოს ადვოკატი. თუ დანაშაულში ეჭვმიტანილს არ შეუძლია ადვოკატის დაქირავება, მას სახელმწიფო უნიშნავს სახაზინო ადვოკატს. დანაშაულში ეჭვმიტანილს უფლება აქვს, უარი თქვას სახაზინო ადვოკატის მომსახურებაზე და თვითონ განახორციელოს საკუთარი უფლებების დაცვა როგორც პოლიციაში, ისე პროკურატურასა და სასამართლოში.
საქართველოს სამართალდამცავ სისტემასა და განვითარებული დემოკრატიული ქვეყნების სამართალდამცავ სისტემებს შორის გარკვეული განსხვავებები არსებობს. მაგალითად, დიდი ბრიტანეთის სამართალდამცავ სტრუქტურაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მომსახურებას პირობითი სასჯელის დროს. ეს სამსახური ეხმარება მსჯავრდებულს, რომელსაც სასამართლომ პირობითი სასჯელი შეუფარდა, დაუბრუნდეს ნორმალურ ცხოვრებას. ამ მომსახურებაში შედის როგორც ფსიქოლოგის, ისე იურისტის საკონსულტაციო მომსახურება, რომელიც მსჯავრდებულს ამომწურავ ინფორმაციას აძლევს დანაშაულისა და სასჯელის შესახებ, რათა მან აღარ ჩაიდინოს დანაშაული და არ აღმოჩნდეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.
- ბრიტანულ სისტემაში არსებობს დაცვის სამსახური, რომელიც უზრუნველყოფს ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის დაცვას. საქართველოში ანალოგიურ ფუნქციას სახაზინო ადვოკატი ასრულებს, მაგრამ იმის გამო, რომ ამ თანამდებობაზე ძირითადად ახალბედა ან დაბალი კვალიფიკაციის ადვოკატები მუშაობენ, სახაზინო ადვოკატის მომსახურებას ბრალდებული მხოლოდ იმ შემთხვევაში იყენებს, თუ მას პროფესიონალი ადვოკატის დაქირავების სახსრები არ გააჩნია.
- ბრიტანეთის სასამართლოში თუ მოსარჩელემ, ე.ი. დაზარალებულმა პირმა, ვერ მოახერხა მოპასუხის წინააღმდეგ მტკიცებულებათა წარმოდგენა, მაგრამ სასამართლო დარწმუნდა, რომ მოსარჩელე დაზარალებულია ამ კონკრეტულ საქმეში, სახელმწიფო ბაჟს სასამართლოს მომსახურებისთვის მოსამართლის გადაწყვეტილებით იხდის სახელმწიფო.
სახალხო დამცველის ინმსტიტუტი
საქართველოს ტერიტორიაზე ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის, მათი დარღვევის ფაქტების გამოვლენისა და დარღვეული უფლებების აღდგენის მიზნით შექმნილია და ფუნქციონირებს საქართველოს სახალხო დამცველის ინსტიტუტი.
საქართველოს სახალხო დამცველს 5 წლის ვადით ირჩევს საქართველოს პარლამენტი. მის დასკვნებს სარეკომენდაციო ხასიათი აქვს სასამართლო, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისთვის.
საქართველოს სახალხო დამცველი ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვისა და სახელმწიფოს მიერ მათი უზრუნველყოფის მიზნით ზედამხედველობას უწევს სახელმწიფო ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, თანამდებობის პირთა და ორგანიზაცია-დაწესებულებების საქმიანობას. აფასებს მათ მიერ მიღებულ აქტებს, აძლევს რეკომენდაციებს და წინადადებებს.
სახალხო დამცველის ინსტიტუტის ფუნქციას წარმოადგენს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის სფეროში საგანმანათლებლო საქმიანობა, სასწავლო -საინფორმაციო ღონისძიებების ჩატარება როგორც მოქალაქეთათვის, ისე სახელმწიფო დაწესებულებების თანამშრომელთათვის და თანამდებობის პირთათვის.
საქართველოს სახალხო დამცველი თავისი ექვსთვიანი მუშაობის შედეგებს წარუდგენს საქართველოს პარლამენტს.
სახალხო დამცველის აპარატთან დაკავშირება ხელმისაწვდომია საქართველოს ყველა მოქალაქისათვის. ფუნქციონირებს სატელეფონო ცხელი ხაზი, რომლის საშუალებითაც მოქალაქეს საშუალება აქვს, თავისი ან სხვა მოქალაქეთა უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევის შესახებ აცნობოს სახალხო დამცველის აპარატს და მოითხოვს საჭირო დახმარების გაწევა. შესაბამისი დეპარტამენტი ვალდებულია, დაუყოვნებლივ გაარკვიოს საქმის ვითარება და ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.
დანაშაული
დემოკრატიულ ქვეყნებში სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ურთიერთობანი კანონით რეგულირდება. სამართლებრივ ბაზას, სახელმწიფოში მოქმედ კანონებს საზოგადოებისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს. მოქალაქეთათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით რა მართლსაწინააღმდეგო ქმედება მიიჩნევა დანაშაულად.
დანაშაული თავისი ბუნებით ერთიანი პროცესია, რომელსაც სჩადის კონკრეტული პიროვნება ან პიროვნებათა ჯგუფი, ე.ი. დანაშაული ერთი მთლიანი მოვლენაა, რომელსაც ერთი სუბიექტი (ან სუბიექტები) და ობიექტი (ან ობიექტი) გააჩნია. გარკვეული გარემოებებიდან გამომდინარე, შეიძლება ნებისმიერი მოქალაქე გახდეს დანაშაულებრივი ქმედების ობიექტი. თავისი სიცოცხლის განმავლობაში თითოეული ადამიანი ერთხელ მაინც ხდება ძალადობის, ძარცვის, ქურდობის, წვრილმანი ხულიგნობის ან სხვა დანაშაულის მსხვერპლი. დანაშაულის სუბიექტს კი საზოგადოება, ოჯახი, სახელმწიფო მაშინ აყალიბებს, როდესაც დანაშაულის აღსაკვეთად და დამნაშავეობისადმი მიდრეკილების მქონე მოქალაქის სწორ გზაზე დასაყენებლად პრევენციულ ღონისძიებებს არ ატარებს.
ყოველი დანაშაული დამნაშავის დასჯას განაპირობებს. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულზე, რათა ის მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით განიმსჭვალოს. სასჯელის მიზანი სამართლიანობის აღდგენა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება უნდა იყოს და არა ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება. თუმცა ქართველი სამართალდამცავები აღიარებითი ჩვენების მისაღებად კვლავაც მიმართავენ ადამიანის ღირსების შემლახავ საშუალებებსა და ფიზიკურ ხელყოფას.
დემოკრატიული, სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე უმნიშვნელოვანესია დანაშაულის პრევენცია, რაც გულისხმობს ღონისძიებათა სისტემას, რომელიც დანაშაულის ჩანასახშივე აღმოფხვრას უზრუნველყოფს. ბოლო ხანებში საქართველოში აღინიშნება სასჯელის გამკაცრების ტენდენცია, რაც არ შეიძლება ჩაითვალოს დანაშაულის პრევენციად, რადგან გამოცდილება გვიჩვენებს, რომ სასჯელის გამკაცრება მხოლოდ უკვე ჩადენილი დანაშაულის შემდეგ დამნაშავის საზოგადოებისგან იზოლირებას უზრუნველყოფს. თუ საზოგადოებისაგან იზოლირებულ დამნაშავეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ექნება როგორც ინტელექტუალური, ისე პროფესიული განვითარების საშუალება და სასჯელის მოხდის შემდეგ საზოგადოებას სრულფასოვან მოქალაქედ დაუბრუნდება, როგორც ეს განვითარებულ დემოკრატიულ ქვეყნებში ხდება, მაშინ შეიძლება სასჯელის გახანგრძლივება დადებით მოვლენად შეფასდეს ქვეყანაში დანაშაულის აღმოფხვრის მიმართულებით. საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა კი სასჯელის მოხდის შემდეგ საზოგადოებაში ხშირად გაბოროტებულ, შურისგებით აღსავსე მოქალაქის დაბრუნებას უზრუნველყოფს. დიდი ილიას სიტყვები დღესაც მიესადაგება საქართველოში არსებულ სიტუაციას:
„დიდი და მძიმე სასჯელი სრულიადაც არ შველის დანაშაულის ამოკვეთას და ზნეობრივ გამოსწორებას“.
ოჯახური ძალადობა
ძალადობის პრობლემა უკანასკნელი ათწლეულების ერთ-ერთ აქტუალურ პრობლემათა რიცხვს მიეკუთვნება. როგორც კვლევების შედეგები გვიჩვენებს, ოჯახური ჩაგვრისა და ზეწოლის საკმაოდ გავრცელებულ ფორმებს მიეკუთვნება ქალის მიმართ განხორციელებული ოჯახური ძალადობა, გადაწყვეტილების მიღების თავისუფლების შეზღუდვა, ეკონომიკური ჩაგვრა, რომელიც გამოვლინებათა მრავალგვარობით გამოირჩევა, იქნება ეს ფინანსური კონტროლი თუ სხვა სახის ეკონომიკური ხასიათის აკრძალვები და შეზღუდვები.
საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ოჯახს შიდა ძალადობად მოიაზრება ოჯახის წევრის მიმართ მუქარის, ძალის, დამცირების ან რაიმე სახის შეზღუდვის, ჩაგვრის გამოყენება მასზე ძალაუფლებისა და კონტროლის მოსაპოვებლად. ამდენად, ოჯახური ძალადობის გამოვლინებათა სპექტრი მეტად ფართო და მრავალსახოვანია, დაწყებული მისი ყველაზე აშკარა და უკიდურესი ფორმით - სიცოცხლისათვის საფრთხის შექმნით, ცემით თუ წამებით, დამთავრებული ფარული თუ ღია ფსიქოლოგიური ზეწოლით და ამა თუ იმ სახის ჩაგვრით, რაც ხშირ შემთხვევაში არანაკლები ზიანის მომტანია როგორც მისი უშუალო მსხვერპლის, ისე ოჯახის სხვა წევრებისათვის, განსაკუთრებით ბავშვებისათვის.
ჩატარებული კვლევები გვიჩვენებს, რომ საქართველოში ქალის მიმართ ჩადენილ ძირითადად შემდეგი ოთხი ფორმის ძალადობას აქვს ადგილი:
- ეკონომიკური ძალადობა - ფინანსური კონტროლი, ეკონომიკური რესურსებისგან მოწყვეტა, მუშაობის აკრძალვა, უარი ფულის მიცემაზე, ეკონომიკური ზიანის მიყენება (პირადი საკუთრების განადგურება) და ა.შ.;
- ფიზიკური ძალადობა - სხეულის დაზიანება, ფიზიკური თავდასხმა ან სხვადასხვა სახის აგრესიული საქციელი, რომელიც ზოგ შემთხვევაში მკვლელობითაც კი მთავრდება;
- სექსუალური ძალადობა - ქალის იძულება, შევიდეს სექსუალურ კავშირში ან თავის სურვილის საწინააღმდეგოდ მონაწილეობა მიიღოს სექსუალურ აქტში;
- ფსიქოლოგიური ძალადობა - მოიცავს დამცირებას, უხეშ დამოკიდებულებას, ზედმეტ მესაკუთრეობას, ქალის იზოლირებას მეგობრებისა და ოჯახის წევრებისაგან, დაშინებას, მუქარას და ა.შ.
კვლევის შედეგები გვიჩვენებს, რომ მოქალაქეები ძალადობას ჩვენში საკმაოდ გავრცელებულ მოვლენად, ხოლო მის ერთადერთ უალტერნატივო ობიექტად ქალს - ცოლს მიიჩნევენ.
მიუხედავად არსებული საკმაოდ მძიმე მდგომარეობისა, ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთ პრიორიტეტულ გზად, გაყრის პარალელურად, მიჩნეულია ოჯახური პრობლემის ოჯახშივე, პრივატული გზით მოგვარება, ძირითადად ისევ ძალადობის ობიექტის - ცოლის მოთმინების, გაჩუმების ხარჯზე.
ტრეფიკინგი
ძალადობის კიდევ ერთ, მეტად გავრცელებულ ფორმას წარმოადგენს ადამიანით ვაჭრობა - ტრეფიკინგი. ტრეფიკინგის მსხვერპლთა რაოდენობა მსოფლიოში ყოველწლიურად 800 ათასს აღწევს. თანამედროვე მონები ძირითადად ქალები და ბავშვები არიან, რომლებიც ტრეფიკინგის მსხვერპლთა 80 პროცენტს შეადგენენ. ისინი უმეტეს შემთხვევაში სექსუალური ექსპლუატაციის მსხვერპლნი ხდებიან. საქართველო 2006 წლამდე ტრეფიკინგის მსხვერპლთა, ასევე სატრანზიტო ქვეყნად ითვლებოდა. 2006 წლიდან კი საქართველო მომხმარებელ ქვეყანას წარმოადგენს.
როგორც გამოკვლევები გვიჩვენებს, ტრეფიკინგის მსხვერპლნი ძირითადად სოციალურად დაუცველი ფენის წარმომადგენლები ხდებიან. ტრეფიკინგის მსხვერპლთა უმრავლესობას ახალგაზრდა ქალები შეადგენენ. ისინი სამუშაოს შოვნის იმედით კონტაქტში შედიან მათთვის უცხო ადამიანებთან, რომლებიც საქართველოს ფარგლებს გარეთ მაღალანაზღაურებად სამსახურს სთავაზობენ. ქალბატონები აფორმებენ ხელშეკრულებას ხშირ შემთხვევაში არარსებულ ფირმასთან ან თაღლით პიროვნებასთან, რომელიც უზრუნველყოფს მათ გაყვანას იმ ქვეყანაში, სადაც დაპირებული სამსახური ელოდებათ. „კლიენტები“ სამსახურის დასაწყებად საჭირო დოკუმენტების გასაფორმებლად პირადობის დამადასტურებელ მოწმობას ან პასპორტს გადასცემენ „მფარველს“ და ამ მომენტიდან კარგავენ თავისუფლებას. უპასპორტოდ, უფულოდ დარჩენილნი, იძულებული ხდებიან, შეასრულონ ნებისმიერი სამუშაო ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, ისინი ხდებიან მონები „დამქირავებლის“ ხელში.
ტრეფიკინგის მსხვერპლთა მეორე ჯგუფს მიეკუთვნება ახალგაზრდა და საშუალო ასაკის მამაკაცები, რომლებიც ასევე სამსახურის შოვნის მოტივით უკავშირდებიან პიროვნებებს, რომლებიც მათ დახმარებას ჰპირდებიან. ამ შემთხვევაშიც ყველაფერი პასპორტის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ჩამორთმევით და არანაზღაურებადი, მონური სამუშაოთი მთავრდება.
ტრეფიკინგის ამ ორი ჯგუფის მსხვერპლთ, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, უჩნდებათ შიშის გრძნობა, იმალებიან, თავს არიდებენ პოლიციასთან შეხვედრას. პრობლემის გადასაჭრელად და სამშობლოში დასაბრუნებლად მათ სწორედ პოლიციას ან საქართველოს საელჩოს უნდა მიმართონ.
ტრეფიკინგის მსხვერპლთა მესამე ჯგუფს ახალდაბადებული ბავშვები შეადგენენ. ჩვილ ბავშვთა საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ გაყიდვის არაერთი ფაქტია ქართული საზოგადოებისათვის ცნობილი. მშობლის მხრიდან აღნიშნული დანაშაულის ჩადენას ერთგვარად ქვეყანაში არსებული სოციალური ფონიც უწყობს ხელს, მაგრამ ეკონომიკური სიდუხჭირე დანაშაულის გასამართლებელ მიზეზად ნამდვილად არ გამოდგება.
2007 წლის I კვარტალის მონაცემებით, გამოძიება დაწყებულია ტრეფიკინგის 9 ფაქტზე, 4 საქმე განიხილება სასამართლოში, გამამტყუნებელი განაჩენი კი 7 პირის მიმართ არის გამოტანილი.
2007 წლის 15 ივნისს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა მორიგი წლიური ანგარიში მსოფლიოში ადამიანით ვაჭრობის შესახებ. ამ ანგარიშში ნათქვამია, რომ ტრეფიკინგთან ბრძოლაში საქართველომ პირველ კალათაში გადაინაცვლა. ამერიკის კონგრესი ქვეყნებს სამი კალათის პრინციპის მიხედვით ყოფს:
III კალათაში ხვდებიან ქვეყნები, რომელთა მთავრობები არ მიმართავენ საჭირო ზომებს ტრეფიკინგთან საბრძოლველად;
II კალათაშია ქვეყნები, რომელთა მთავრობები, მართალია, მიმართავენ ზომებს, მაგრამ ეს ზომები არაეფექტურია;
I კალათაში არიან ქვეყნები, რომლებმაც დიდ წარმატებას მიაღწიეს ამ საკითხში.
წელს პირველ კალათაში საქართველოსთან ერთად უნგრეთმა და სლოვენიამ გადაინაცვლა. ეს წარმატება, რასაკვირველია, დამშვიდების საფუძველს არ იძლევა, რადგან, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მიუხედავად დანაშაულთან წარმატებული ბრძოლისა, საქართველო 2006 წელს ტრეფიკინგის მომხმარებელი ქვეყანა გახდა.
ტრეფიკინგის აღსაკვეთად კვლავაც აუცილებელია პრევენციული ზომების გატარება: საქართველოს მთავრობის ურთიერთობების გაღრმავება სხვა ქვეყნების მთავრობებთან, დაზარალებულთა სამართლებრივი დაცვის საშუალებების გაძლიერება და შესაბამისი დანაშაულებრივი საქმეების გამოძიების ხარისხის გაუმაჯობესება, საზოგადოების ინფორმირება ტრეფიკინგის, როგორც დანაშაულის, საშიშროებასა და მის შესაძლო შედეგებზე. საქართველოში ტრეფიკინგის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი სწორედ საზოგადოების გაუთვითცნობიერებაა.
ნარკომანია
ნარკომანია ავადმყოფობაა თუ დანაშაული, ამაზე წლების განმავლობაში მსჯელობდნენ და კამათობდნენ ექიმები და იურისტები. კვლევის შედეგებმა ცხადყო, რომ ნარკომანიას გააჩნია როგორც იურიდიული, ისე სოციალური, ზნეობრივი, მორალური და სამედიცინო ასპექტები. ნარკომანია უმძიმესი დაავადებაა და უპირველესად იგი გამანადგურებლად მოქმედებს უშუალოდ ნარკოტიკის მომხმარებელზე. ნარკომანს გაცნობიერებულიც აქვს, რომ ნარკოტიკი პირველ რიგში მის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს. ასეთ შემთხვევაში იბადება კითხვა: თუ ნარკომანი არას დაგიდევთ საკუთარ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, მაშინ რა როლი შეიძლება ითამაშოს სასჯელმა, როგორც შემაკავებელმა ფაქტორმა, თავისუფლების აღკვეთის სახით, რაც შეიძლება ნაკლები უბედურება იყოს ნარკომანისათვის? ის ფაქტი, რომ, დღეს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, სასჯელი ნარკოტიკის ქვეყანაში შემოტანის, შენახვისა და რეალიზაციისათვის უფრო მკაცრია, ვიდრე ნარკოტიკის მოხმარებისათვის, შეიძლება დასმულ შეკითხვაზე ლოგიკურ პასუხად მივიჩნიოთ.
საქართველოს ხელისუფლებამ და საკანონმდებლო ორგანომ ბოლო ხანებში სერიოზული ნაბიჯები გადადგა ნარკოტიკული დანაშაულის აღმოფხვრისა და დამნაშავეთა მიერ განხორციელებულ ქმედებათა შესაბამისად დასჯისათვის საკანონმდებლო ბაზის შექმნის გზაზე. გამკაცრდა სასჯელი ნარკოტიკულ ნივთიერებათა დამზადების, შენახვისა და რეალიზაციისათვის. ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათ წლამდე. თუ იგივე ქმედება ჩადენილია დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებზე ან ორგანიზებული ჯგუფის მიერ, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.
საქართველოს კანონმდებლობა ლოიალური გახდა ნარკოტიკების მომხმარებელთა, როგორც ავადმყოფთა, მიმართ. დღეისათვის ნარკომანთა მკურნალობა ლეგალურია. პირადი მოხმარებისათვის ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა ანდა ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე. ხოლო ნარკომანის მიერ სპეციალურ სამკურნალო-პროფილაქტიკურ დაწესებულებაში იძულებითი მკურნალობისათვის ჯიუტად თავის არიდება ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
როგორც გამოკვლევები გვიჩვენებს, საქართველოში ნარკოტიკის მომხმარებელთა რიცხვი ჯერ კიდევ არ მცირდება. ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ სახელმწიფომ ძალზე სერიოზული პრევენციული ზომები მიიღო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანით. ჯერი საზოგადოებაზეა, მან თვითონ უნდა გააცნობიეროს, რომ სახელმწიფომ ნარკოტიკების მომხარებელთათვის სასჯელის შემცირებით ნარკომანი კი არ წაახალისა, არამედ მას ამ მძიმე სენისგან განკურნების საშუალება მისცა. ნარკომანიის პროფილაქტიკის თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროფილის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციების როლი. ქვეყანაში განსახორციელებელია სერიოზული ღონისძიებები, რაც გულისხმობს იმ სოციალურ ფენომენთა შესწავლასა და სწორ რეგულირებას, რაც ხელს უწყობს ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების გავრცელებას.
რჩევები და რეკომენდაციები
შექმნილი გარემოებებიდან გამომდინარე, თითოეული ჩვენგანი შეიძლება გახდეს დანაშაულის ობიექტი - ძალადობის ან სხვა ტიპის დანაშაულის მსხვერპლი, დანაშაულებრივი ქმედების თვითმხილველი - მოწმე ან უნებური დამნაშავე. ყოველ ასეთ შემთხვევაში ჩვენ მოგვიწევს ურთიერთობა სამართალდამცავ ორგანოებთან.
● თუ სამსახურიდან სახლში დაბრუნებულს საცხოვრებელი ბინის კარის საკეტი გატეხილი დაგხვდათ და კარის შეღებისთანავე შეამჩნიეთ არეულობა, ნუ დაიბნევით, რადგან თქვენ ქურდობის ერთადერთი მსხვერპლი არ ხართ, ანალოგიურ მდგომარეობაში სხვადასხვა დროს არაერთი მოქალაქე აღმოჩენილა. მთავარია სწორი ნაბიჯების გადადგმა დამნაშავის აღმოსაჩენად და დაკარგული ნივთების დასაბრუნებლად.
- პირველ რიგში შეატყობინეთ პოლიციას. გახსოვდეთ! შეტყობინებიდან 2-3 წუთში „პატრული“ დანაშაულის ადგილზე გამოცხადდება;
- პოლიციის მოსვლამდე ნუ შეუშვებთ ბინაში მეზობლებსა და ნათესავებს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გაინტერესებთ, რა არის წაღებული, ნურც თქვენ შეეხებით ნივთებს, რადგან ამით შეიძლება დამნაშავის კვალი წაშალოთ, რაც ხელს შეუშლის ექსპერტს დამნაშავის თითის ანაბეჭდების აღმოჩენასა და ექსპერტიზაში;
- ითანამშრომლეთ გამოძიებასთან, გულწრფელად უპასუხეთ ოპერატიულსამძებრო სამსახურის თანამშრომელთა და გამომძიებელთა შეკითხვებს. დაასახელეთ ყველა შესაძლო მოწმე, ვისაც შეიძლება თუნდაც მცირე ინფორმაცია ჰქონდეს მომხდართან დაკავშირებით. ნუ იფიქრებთ, რომ ამით მათ რაიმე უხერხულობას უქმნით - ზოგიერთ მეზობელსა და ახლობელს თქვენი დახმარება სურს და სიამოვნებით უპასუხებს სამართალდამცავების შეკითხვებს. ხოლო ის, ვინც თავს არიდებს სამართალდამცავებთან საუბარს, გამოძიებისათვის საჭირო და აუცილებელი მოწმეა, შეიძლება სწორედ ის ფლობს საქმის გახსნისთვის ყველაზე მნიშვნელოვან ინფორმაციას;
● თქვენ დანაშაულებრივი ქმედების მოწმე გახდით, მაგალითად, საღამოს ქუჩაში გამოსვლისას შეამჩნიეთ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ორი ახალგაზრდა, რომლებიც გაცხარებით ეკამათებიან და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ მესამე ახალგაზრდას. როგორც შექმნილი ვითარებიდან ჩანს, შეიძლება საქმე ცივი იარაღის გამოყენებამდეც მივიდეს, რაც, უეჭველია, მძიმე შედეგით დამთავრდება.
- პირველ რიგში, თუ თან გაქვთ მობილური ტელეფონი, მოძალადეებისგან დაფარულად შეატყობინეთ პოლიციას, თუ მობილური ტელეფონი არ გაქვთ, პოლიციაში დარეკვის თხოვნით მიმართეთ ქუჩაში გამვლელ სხვა პიროვნებას;
- ნუ მიატოვებთ ძალადობის მსხვერპლს. გახსოვდეთ, ანალოგიურ მდგომარეობაში შეიძლება ნებისმიერი ჩვენგანი აღმოჩნდეს;
- შეეცადეთ, ყოველგვარი აგრესიის გარეშე ჩაერიოთ და განმუხტოთ სიტუაცია, თუ ეს შესაძლებელია. შეეცადეთ, 2-3 წუთით მაინც შეაჩეროთ აგრესიული ქმედება. თუ თქვენ პოლიციას შეატყობინეთ, ის სულ მალე აღმოგიჩენთ დახმარებას;
- თავს ნუ აარიდებთ სამართალდამცავებთან ურთიერთობას. გამოძიებასა და სასამართლოს მიეცით ზუსტი ჩვენება. ეს თქვენი მოქალაქეობრივი ვალია და გარდა ამისა, საზოგადოების წარმომადგენლის გამოძიებასთან თანამშრომლობა დანაშაულის პრევენციულ ზომად განიხილება. გახსოვდეთ! ჩვენების მიცემის დროს ფაქტების დამახინჯება ან არასწორი ჩვენების მიცემა საქართველოს კანონმდებლობით კვალიფიცირდება, როგორც გამოძიების და სასამართლოს შეცდომაში შეყვანის მცდელობა და ისჯება კანონით.
თუ თქვენი ოჯახის წევრმა ჩაიდინა დანაშაული, შეიძლება გამომძიებელმა ან სასამართლომ მოითხოვოს თქვენგან ჩვენების მიცემა. გახსოვდეთ! საქართველოს კანონმდებლობა გაძლევთ უფლებას, უარი თქვათ თქვენი პიროვნების და თქვენი ოჯახის წევრების წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
თუ თქვენ უნებლიეთ ჩაიდინეთ დანაშაული, მაგალითად, ავტოსაგზაო წესების დარღვევის გამო მანქანა ფეხით მოსიარულეს დააჯახეთ, როგორც კი მომხდარს გააცნობიერებთ, აღმოუჩინეთ დახმარება დაზარალებულს - გამოიძახეთ სამედიცინო სასწრაფო დახმარების ჯგუფი ან, თუ ეს შესაძლებელია, თვითონ მიიყვანეთ დაზარალებული სამედიცინო დაწესებულებაში. უმჯობესია, თვითონ აცნობოთ სამართალდამცავ ორგანოებს მომხდარის შესახებ. გახსოვდეთ! აღიარება შეგიმსუბუქებთ სასჯელს. თქვენ უფლება გაქვთ სამართალდამცავ ორგანოში ადვოკატთან ერთად გამოცხადდეთ.
თუ სამართალდამცავ ორგანოში ადვოკატის გარეშე გამოცხადდებით, ადვოკატის მოსვლამდე შეგიძლიათ ისარგებლოთ დუმილის უფლებით. თუ თვითონ ვერ შეძლებთ ადვოკატის დაქირავებას, შეგიძლიათ მოითხოვოთ, დაგინიშნონ სახაზინო ადვოკატი.
თუ ბრალდების მხარე დაკავებიდან 48 საათის განმავლობაში ვერ მოიძიებს საქმეში თქვენ წინააღმდეგ არსებულ მტკიცებულებებს და ვერ წაგიყენებთ ბრალს, საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, უდანაშაულოდ ჩაითვლებით.
სადისკუსიო თემები
1. გაიხსენეთ შემთხვევა, როდესაც თქვენ ძალადობის მსხვერპლი ან სხვა დანაშაულებრივი ქმედების ობიექტი გახდით. მიმართეთ დახმარებისთვის სამართალდამცავ ორგანოებს? რატომ? თუ მიმართეთ, რა ღონისძიებები გაატარეს სამართალდამცავებმა თქვენთვის ზიანის ასანაზღაურებლად? როგორ შეაფასებდით სამართალდამცავების მუშაობას: დადებითად თუ უარყოფითად?
2. გაიხსენეთ შემთხვევა, როდესაც თქვენ ჩაიდინეთ ძალადობა სხვა პიროვნების მიმართ. ამ ძალადობის მოტივაციიდან გამომდინარე, რა პრევენციული ზომები უნდა გატარდეს საზოგადოებაში ამგვარი ძალადობის აღმოფხვრისათვის? ვინ უნდა განახორციელოს ეს ღონისძიებები: ოჯახმა, საზოგადოებამ თუ სახელმწიფო სტრუქტურებმა?
3. იმსჯელეთ, რამდენად განაპირობებს ქვეყანაში არსებული სოციალური ფონი დანაშაულს? თუ განაპირობებს, რა სახის დანაშაულს?
4. დღეს საქართველოში კატასტროფულად იმატა მოზარდთა მიერ ჩადენილ დანაშაულთა რიცხვმა. მათგან უმრავლესობა სიცოცხლის ხელყოფით დამთავრდა. ვინ არის ამაში დამნაშავე, ვინ არის დანაშაულის პრევენციაზე პასუხისმგებელი: სახელმწიფო სტრუქტურები, საზოგადოება, ოჯახი თუ ყველა ერთად?
5. დაახლოებით ათი წლის წინ საქართველოს პარლამენტმა გაითვალისწინა განვითარებულ დემოკრატიულ ქვეყნებში არსებული პრაქტიკა და მიიღო გადაწყვეტილება სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომლითაც მაშინ არსებული სასჯელის უმაღლესი ზომა - სიკვდილით დასჯა სამუდამო პატიმრობით შეცვლა. იმსჯელეთ, რამდენად სწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული და რამდენად განაპირობებს სასჯელის სიმძიმე დანაშაულის რიცხვის შემცირებას.
![]() |
4.5 §5. დემოკრატიის მშენებლობა საქართველოში |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიოში დემოკრატიის გავრცელებას საინტერესო ისტორია აქვს. „დემოკრატიის პირველი ტალღა“ 1820 წლიდან იწყება და 1926 წლამდე გრძელდება, როდესაც 30-მდე ქვეყანაში სხვადასხვა ხარისხით მოხდა დემოკრატიული განვითარება. 1922 წელს იტალიის ხელისუფლებაში მუსოლინის მოსვლით უკუსვლა დაიწყო და 1942 წლისთვის დემოკრატიული ქვეყნების რაოდენობა 12-მდე შემცირდა.
მეორე მსოფლიო ომში ფაშისტური და ნაცისტური ძალების დამარცხებას მოჰყვა „დემოკრატიის მეორე ტალღის“ გავრცელება, რომელმაც თავის პიკს 1962 წლისთვის მიაღწია, როდესაც 36 ქვეყანა იმართებოდა დემოკრატიულად. 1960-1975 წლების უკუსვლამ დემოკრატიული ქვეყნების რიცხვი 30-მდე დაიყვანა.
1974 წლიდან 1990 წლამდე კიდევ დაახლოებით 30-მა ქვეყანამ დაიწყო გადასვლა დემოკრატიულ მოწყობასა და მმართველობაზე, რის შედეგადაც დემოკრატიული სახელმწიფოების რიცხვი გაორმაგდა. ზოგიერთი პოლიტოლოგი ამ მოვლენას „გლობალურ დემოკრატიულ რევოლუციასაც“ უწოდებს, ზოგი კი მიიჩნევს, რომ ეს მხოლოდ „დემოკრატიის მესამე ტალღაა“ და უმეტესწილად იმ ქვეყნებში მოხდა, სადაც გარკვეული დემოკრატიული გამოცდილება არსებობდა.
სემუელ ჰანთინგტონი მიიჩნევს, რომ ისტორიულად მნიშვნელოვანი კორელაცია არსებობს დასავლურ ქრისტიანობასა და დემოკრატიას შორის. 1970 წლისთვის პროტესტანტული ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა უკვე დემოკრატიული იყო. „მესამე ტალღის“ მახასიათებელ ნიშნად სემუელ ჰანთინგტონი კათოლიციზმს ასახელებს (პორტუგალია, ესპანეთი, სამხრეთ და ცენტრალური ამერიკის ქვეყნები, აღმოსავლეთ ევროპიდან ჩეხეთი, პოლონეთი და უნგრეთი). 1990 წლისთვის „კათოლიკური მამოძრავებელი ძალაც“ ამოიწურა - კათოლიკური ქვეყნების უმრავლესობა დემოკრატიული გახდა, გარდა, შესაძლოა, დიქტატორული (კუბა, პარაგვაი) ანდა ფრანკო-აფრიკული ქვეყნებისა.
დემოკრატიის გავრცელების შემდგომი პოტენციური რესურსი გახდა აღმოსავლეთ ევროპის დანარჩენი პოსტსოციალისტური ქვეყნები და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები. ამ უკანასკნელთა (ბალტიისპირეთის ქვეყნების გამოკლებით) დემოკრატიული განვითარების ტემპი და პერსპექტივები დიდი არ ჩანს და ამის მიზეზად სახელდება ეთნიკური მრავალფეროვნება (დომინანტი ეთნოსი არ აძლევს თანაბარ უფლებებს უმცირესობებს), როდესაც, სერ აივორ ჯენინგსის სხარტი გამოთქმით, „ხალხი ვერ წყვეტს, სანამ ვინმე არ გადაწყვეტს, ვინაა ხალხი“; არასაკმარისი სოციალური კაპიტალი, ანუ (დ. პატნემის განმარტებით) სამოქალაქო საზოგადოება, რომელსაც ახასიათებს მოქალაქეთა აქტიური და საზოგადოებრივ მიზნებზე ორიენტირებული პოზიცია, ეგალიტარული, ანუ თანასწორობით გამსჭვალული პოლიტიკური დამოკიდებულებანი და ნდობასა და თანამშრომლობაზე დაფუძნებული საზოგადოებრივი ურთიერთობანი და სხვა. ცნობილი ფუტუროლოგი ფრენსის ფუკუიამა კი მიიჩნევს, რომ „...თვითორგანიზების ტენდენცია სასიცოცხლოდ აუცილებელია დემოკრატიული პოლიტიკური ინსტიტუტების ეფექტიანი საქმიანობისთვის“ და იგი არასაკმარისი აღმოჩნდა პოსტსოციალისტურ ქვეყნებში.
ზოგიერთი შეფასებით ამჟამად მსოფლიოში არსებულ სახელმწიფოებს შორის დაახლოებით 100-ზე მეტ ქვეყანაში მოქმედებს დემოკრატიული მართვაგამგებლობისთვის დამახასიათებელი ელემენტები: პოლიტიკური ლიდერების არჩევნები ტარდება ხმის მიცემის ღია და სამართლიანი პროცედურით, კანდიდატებს საშუალება ეძლევათ, თავისუფლად მიიღონ მონაწილეობა წინასაარჩევნო ბრძოლაში, მოზრდილ მოსახლეობას აქვს საარჩევნო ხმის უფლება და არჩევნები ტარდება სიტყვისა და შეკრებების თავისუფლების პირობებში. მაგრამ „დემოკრატიის მესამე ტალღის“ ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოების განვითარება ფერხდება მრავალი პრობლემის გადაუჭრელობის გამო, რომელთა შორისაა:
დაფინანსების გარე წყაროებზე დამოკიდებულება;
ინფორმაციისა და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების არასაკმარისი გავრცელება;
სოციალური კაპიტალის დაბალი დონე;
მოსახლეობაში ადამიანების ეთნიკურ-რელიგიურ ნიადაგზე განცალკევება;
კონსტიტუციური უფლებების არასაკმარისი გარანტიები3.
თავის მხრივ, ეს პრობლემები (უპირველეს ყოვლისა კი, სამოქალაქო უფლებებისა და თავისუფლებების დაუცველობა) გამოწვეულია კონსტიტუციონალიზმისა და სამართლებრივი სახელმწიფოს არასაკმარისი განვითარებით. მიუხედავად იმისა, რომ „მესამე ტალღის“ ქვეყნების მიერ მიღებული კონსტიტუციები იცავს ამ უფლებებს, მათი რეალური განხორციელება არცთუ ისე დამაკმაყოფილებელია, რომ ხელი შეუწყოს ქვეყნის შემდგომ დემოკრატიზაციას. რაც შეეხება გარედან დახმარებას, „მსოფლიო დემოკრატიულმა რევოლუციამ“, შესაძლოა, შექმნას დემოკრატიზაციისათვის ხელშემწყობი გარემო, მაგრამ იგი ვერ შექმნის კონკრეტულ ქვეყანაში დემოკრატიზაციის აუცილებელ წინაპირობებს.
დამოუკიდებელი ჩეხეთის პირველი პრეზიდენტი ვაცლავ ჰაველი წერდა: „პოსტტოტალიტარული სისტემა ყოველ ნაბიჯზე ერევა ადამიანების ცხოვრებაში, მაგრამ ამას იდეოლოგიური ხელთათმანებით აკეთებს. ამიტომაც არის, რომ ცხოვრება სისტემაში ამდენადაა გამსჭვალული პირფერობითა და ტყუილებით ბიუროკრატიის მმართველობას სახალხო მთავრობას უწოდებენ; მუშათა კლასი დამონებულია მუშათა კლასის სახელით; ინდივიდუალურობის სრული დეგრადაცია წარმოდგენილია როგორც მისი (ქალის ან მამაკაცის) სრული და საბოლოო თავისუფლება; ხალხისთვის ინფორმაციის დამალვას მის ხელმისაწვდომობას უწოდებენ; ძალაუფლების გამოყენებას ადამიანებით მანიპულირებისთვის ძალაუფლების სახალხო კონტროლი ეწოდება, ძალაუფლების თვითნებურ გამოყენებას კი — კანონმდებლობის დაცვა; კულტურის რეპრესიებს მის განვითარებას უწოდებენ; იმპერიული გავლენის გავრცელება წარმოდგენილია, როგორც ჩაგრულთა დახმარება; თავისუფალი გამოხატვის ნაკლებობა თავისუფლების უმაღლესი ფორმა ხდება; გაყალბებული არჩევნები დემოკრატიის უმაღლესი ფორმა ხდება; დამოუკიდებელი აზროვნების აკრძალვა მსოფლიოში გავრცელებულ თვალსაზრისთა შორის ყველაზე მეცნიერულად ცხადდება; სამხედროთა მიერ შეიარაღებული ოკუპაცია ძმური დახმარება ხდება. რადგან რეჟიმი საკუთარი ტყუილების ტყვეა, მან ყველაფერი უნდა გააყალბოს. ის აყალბებს წარსულს, აწმყოს და მომავალს. ის აყალბებს სტატისტიკას. თვალთმაქცობს, ვითომ არ ფლობს ყოვლისშემძლე და უპრინციპო პოლიციის აპარატს. თვალთმაქცობს, თითქოს პატივს სცემს ადამიანის უფლებებს. თვალთმაქცობს, თითქოს არც ერთი მათგანი არ დაურღვევია. თვალთმაქცობს, ვითომ არ თვალთმაქცობს“.
„მესამე ტალღის“ პერიოდისთვის, ექსპერტების აზრით, საქართველოში ორი ძირითადი მისწრაფება ჩამოყალიბდა: ეროვნული დამოუკიდებლობის, საკუთარი ეროვნული სახელმწიფოს აღდგენა და დასავლური სტილის ლიბერალურ-დემოკრატიული პოლიტიკური რეჟიმისა და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის დამკვიდრება. დღეისათვის, თუკი ეროვნული დამოუკიდებლობის მიღწევის პროგრამა არცთუ სრულად, მაგრამ მაინც საკმარისად ღრმადაა განხორციელებული, იგივე არ ითქმის ქვეყნის დემოკრატიზაციის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ძირითადად დემოკრატიული კონსტიტუციაა მიღებული, კანონმდებლობის მნიშვნელოვანი ნაწილი დემოკრატიულ სტანდარტებს შეესაბამება, ოპოზიციურ პარტიებს აზრის გამოთქმის საშუალება აქვთ, არსებობს არასამთავრობო ორგანიზაციები, დამკვიდრდა კერძო საკუთრება, მიმდინარეობს პრივატიზაცია და ა.შ., დემოკრატიის სასურველი დონის მიღწევამდე ქვეყანას ჯერ ბევრი უკლია.
დემოკრატიის დამკვიდრებისადმი უგულებელმყოფელ დამოკიდებულებას ბიძგი მისცა ეროვნული და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისკენ სვლის დამაგვირგვინებელ ეტაპზე გაჟღერებულმა ლოზუნგმა: „ჯერ დამოუკიდებლობა, შემდეგ - დემოკრატია“. მოქკავშირის ზეობის პერიოდში ამას მოჰყვა ფსევდოდემოკრატიის მოდელი, რომელსაც პირობითად „ლაყბობის დემოკრატია“ შეიძლება ეწოდოს ყველაფრის თქმისადმი და არაფრის კეთებისადმი შემწყნარებლური დამოკიდებულების გამო. უკანასკნელ წლებში ფსევდოდემოკრატიამ სახე იცვალა და „ლაყბობის დემოკრატია“ „ფასადური დემოკრატიით“ ჩანაცვლდა, თუმცა ეს ნიშანი წინათაც ჭარბად შეინიშნებოდა4. დემოკრატიული (და არა მარტო დემოკრატიული) ღირებულებებისა და ინსტიტუტების პროფანაციისა და იგნორირების „ბეწვის ხიდზე“ სიარული კვლავაც გრძელდება, ხოლო ამ მოქანავე „ხიდის“ აქეთ-იქიდან პირდაფჩენილი უფსკრულები საქართველოს რეალურ დამოუკიდებლობასაც ჩაყლაპვით ემუქრება. ცხადია, ვერავინ იძლევა გარანტიებს, დემოკრატიული განვითარების კუთხით რომელი სცენარი გათამაშდება საქართველოში - „ოპტიმისტური“ თუ „პესიმისტური“, მაგრამ „შეფერხებას“ რომ კონკრეტული მიზეზები აქვს, ხოლო გარკვეული შიდა პრობლემები რთული, მაგრამ გადაჭრადია, რომ არა „სუბიექტური ფაქტორების“ ხელოვნურად და თვითნებურად გაძლიერებული თუ გაზვიადებული უარყოფითი ზეგავლენა, ესეც არავისთვის აღარაა საიდუმლო.
ცნობილია, რომ ის, რაც არ ვითარდება, კვდება. დემოკრატიის ჩანასახშივე ჩაკვდომის შემთხვევაში, როგორც ამას საერთაშორისო ისტორიული გამოცდილება ადასტურებს, იგი ფაშიზმით ან ნეობოლშევიკური დიქტატურით ჩანაცვლდება. რა შეიძლება განაპირობებდეს საქართველოს შეფერხებას დემოკრატიული განვითარების გზაზე? რა უნდა დაიძლიოს, რომ დემოკრატიისკენ საქართველოს მსვლელობა შეუქცევადი და ეფექტიანი იყოს?
უპირველეს ყოვლისა, მძიმე ისტორიული (თურქულ-ირანული და რუსული იმპერიული, ასევე საბჭოთა პერიოდის რეალიებით განპირობებული) მემკვიდრეობა საზოგადოებისა თუ ინდივიდის პოლიტიკურ (და არა მარტო პოლიტიკურ) მენტალიტეტსა და ქცევაში:
ანარქიული სულისკვეთება (წესრიგის ნაკლებობა, კანონდაუმორჩილებლობა, იმპულსურობა, ინფანტილიზმი, დაუდევრობა და ა.შ.);
კონფრონტაციულობა (რადიკალიზმი, ჯიბრი, სხვისი ინტერესების იგნორირება, პირადი პრივილეგიების ძიება, მიზნის მისაღწევ ხერხებში განურჩევლობა და ა.შ.);
ავტორიტარულობა (მბრძანებლურ-ადმინისტრაციული ხედვა, ბელადომანია, ცენტრალიზმი, ხელისუფლების პასუხისმგებლობის მექანიზმების შექმნის გაჭიანურება ან გადადება და ა.შ.);
პოპულიზმი (ყალბი დაპირებებით მასობრივ ცნობიერებაზე ზემოქმედება, საზოგადოებრივი აზრით მანიპულაცია, მაგალითად, ინდივიდთა მდაბალ მისწრაფებებზე თამაში, „მტრის ხატით“ ფსიქიკაზე ზეწოლა, პოლიტიკური პრობლემებიდან სოციალურ პრობლემატიკაზე ყურადღების გადატანა, პოლიტიკური „შოუმენობა“ და ა.შ.).
ბუნებრივია, რომ ასეთი მენტალიტეტის პირობებში პოლიტიკური პარტიების უმრავლესობა არც ფასეულობათა გაზიარების საფუძველზე შექმნილა, არც ერის მსახურებით დაწინაურებულა, არც კეთილშობილ საზოგადოებრივ იდეათა დაცვა-დამკვიდრების მიზნით არ იღწვის, არამედ ან ხელისუფლების მიერაა შექმნილი და მის გარშემო კონსოლიდირებული ნომენკლატურულ-კლიენტელური ქსელია, ან ერთი ქარიზმატული ლიდერის გარშემო შემოკრებილი ჯგუფია, ან ქვეყნის გარე ძალებისგანაა დაკვეთილი და მართული. ამიტომ ყველა მათგანი ძალიან მოკლე ხანში იშლება, იყოფა, ქრება. მათ მიერ უკიდურესად ვიწროდ გაგებული ცნება „პოლიტიკა“ (მხოლოდ ძალაუფლების მოპოვება-შენარჩუნების და არა პროცესებსა და ინსტიტუციებზე ზეგავლენის შინაარსით) არ იძლევა ძალაუფლების ხარჯზე პირადი თუ კლანური კეთილდღეობის მოპოვების დაუცხრომელი მისწრაფებით შეპყრობილი დაჯგუფებების გაუთავებელი კინკლაობა-დაპირისპირებებიდან თავის დაღწევისა და პოლიტიკური ცხოვრების გაჯანსაღების საშუალებას. საქართველოში დემოკრატია პოსტსაბჭოთა პერიოდში დაიყვანებოდა და ახლაც დაიყვანება თბილისის ელიტარულ დემოკრატიაზე - საზოგადოების უდიდესი ნაწილი გამოთიშულია პოლიტიკური პროცესებიდან, რადგან არც პარტიებშია გაერთიანებული, არც არასამთავრობო ორგანიზაციებში და არჩევნებზეც სულ უფრო და უფრო იშვიათად აქტიურობს. საქართველოს პოლიტიკური სისტემის ნიშნებად პოლიტიკური პლურალიზმისა და სამოქალაქო თავისუფლებების მიჩნევა მხოლოდ ვიზუალური ილუზიაა, ფუტურო მოჩვენებაა, რომლის უკან არ დგას შინაარსობრივი ფუძე.
არადა, ძლიერი პოლიტიკური პარტიების არსებობა დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი ბურჯია. მრავალრიცხოვან საზოგადოებაში რიგით მოქალაქეს მოვლენებზე მნიშვნელოვანი ზეგავლენის მოხდენა მხოლოდ სხვა მოქალაქეებთან ერთად შეუძლია. პოლიტიკური პარტიები აერთიანებს მათ, ვისი შეხედულებებიც ახლოსაა ერთმანეთთან და საერთო ინტერესები აქვთ. სწორედ იდეის (პოლიტიკური ღირებულებების სისტემის) გარშემო გაერთიანებულ თანამოაზრეთა და თანამზრახველთა გუნდი, რომლის წევრებსაც გაზიარებული მიზნები და მათი მიღწევის შეთანხმებული სტრატეგიები აქვთ, წარმოადგენს პოლიტიკურ პარტიას. საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებული როლის გარდა, გამარჯვების შემთხვევაში პოლიტიკური პარტია უზრუნველყოფს მთავრობის პოლიტიკურ მხარდაჭერას; პოლიტიკურად აქტიური მოქალაქეებისთვის პარტია არის საშუალება, მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო ცხოვრებაში და გავლენა იქონიონ სახელმწიფო პოლიტიკაზე; პარტიები წარმოადგენენ მექანიზმს, რომლის მეშვეობითაც მოსახლეობის აზრი აღწევს მთავრობამდე და ა.შ.
ერთპარტიულობის სასარგებლოდ საბჭოთა ხელისუფალთ და მათი „კარის იდეოლოგებს“ არგუმენტად მოჰყავდათ, რომ ერთპარტიულობა საშუალებას იძლევა:
თავიდან იქნეს აცილებული დაშორება იმ მონაპოვართაგან, რომლებიც ხალხს რევოლუციამ მისცა;
საზოგადოება გაერთიანდეს ეკონომიკური განვითარების პროგრამის განხორციელების მიზნით;
თავიდან იქნეს აცილებული მოსახლეობის ერთი ცალკეული ნაწილის, მაგალითად შეძლებული ფენის, ან სხვა ვიწრო ჯგუფური ინტერესების მძლავრი გავლენა პოლიტიკურ პროცესზე.
მმართველი პარტია ამ შემთხვევაში მოიაზრებოდა, როგორც „საზოგადოებრივი აზრის“ გამოხატვის საშუალება და როგორც მთავრობის პოლიტიკის განსახორციელებლად და მხარდასაჭერად მოსახლეობის მობილიზაციის ინსტრუმენტი. რეალობაში პარტიული იერარქია ზღუდავდა ან საერთოდ აუქმებდა პოლიტიკურ და სამოქალაქო თავისუფლებებს, გამორიცხავდა რიგითი მოქალაქეების შესაძლო „გაუთვალისწინებელ“ გავლენას პოლიტიკაზე.
მიუხედავად ერთი შეხედვით დემოკრატიული ჩანაფიქრისა, ერთპარტიული სისტემა ვერ იცილებს თავიდან გადაგვარებას და გამოირჩევა ავტორიტარული მმართველობით, რეპრესიების გავრცელებითა და უკანონობით. მას არსებობა მხოლოდ ყველგან მოდებული და ყოვლის მეთვალყურე პოლიციური თუ უშიშროების საიდუმლო აპარატების მხარდაჭერით შეუძლია. გამუდმებული შიშისა და ძალადობის ქვეშ მყოფი ინდივიდიც უმრავლეს შემთხვევაში კარგავს ადამიანურ სახეს და დეგრადაციას განიცდის - ან დაბოღმილ მოძალადედ გადაიქცევა, ან ნებისყოფაგამოცლილ მორჩილ შემსრულებლად; საზოგადოება ირღვევა, ხალხი კი ბრბოს ემსგავსება, რომელსაც საქონელივით გაირეკავს პარტიული ბიუროკრატია.
ამიტომ არ არის მიზანშეწონილი ერთპარტიული სისტემა და აუცილებელია ოპოზიციური პარტიის/პარტიების არსებობა. მმართველმა პარტიამ თვითონ უნდა იზრუნოს, რომ ჯანსაღი ოპოზიცია ჰყავდეს - „კრიტიკული მეგობარი“ მეტად დასაფასებელია. პოლიტიკური პარტიის მოღვაწეობის აკრძალვა გაუმართლებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ეს ორგანიზაცია აშკარად მონაწილეობს არაკონსტიტუციურ ან ძალმომრეობით ღონისძიებებში.
საქართველომ თითქოს აიცილა ერთ დომინანტურ ძალაზე დამყარებული ოლიგარქიული პოლიტიკური სისტემა, რომელშიც ეკონომიკა სახელმწიფოსთან იქნებოდა შეზრდილი, მაგრამ გასათვალისწინებლია, რომ:
იგივე საშიშროება ჰორიზონტზე კვლავაც რჩება, მხოლოდ პერსონალიებია შეცვლილი;
საშიშროების რეალიზაციის გადავადება მოხდა 2003 წლის ნოემბრის ცნობილი მოვლენების შედეგად — 1990 წლის შემდეგ საქართველოში არ ყოფილა ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემის პრეცედენტი და ხელისუფლების დემოკრატიული გზით შეცვლა არც იმ ხანად მოხერხდა.
პოლიტიკური სტაბილურობის გარანტი კი საშუალო ფენა და წვრილი ბიზნესია, რომლის შექმნა საქართველოში ხელოვნურად ფერხდება, რათა მავანთა მიერ შენარჩუნდეს ოლიგარქიის ან დიქტატურის დამყარების შანსი. პოლიტიკური მკვლელობები და „თვითმკვლელობები“, იდეოლოგიურ-კონცეპტუალური ფალსიფიკაციები, პარტიულ-პოლიტიკური პროსტიტუცია (გახშირებული „გადარბენები“ პარტიიდან პარტიაში, ფრაქციიდან ფრაქციაში და ძველ თანამზრახველებთან დაპირისპირება), მცირე ბიზნესის დაუცველობა და მსხვილი ბიზნესის პარტიულ-ბიუროკრატიული კონტროლი, გაყალბებული არჩევნები, სკანდალური მედიაკამპანიები, „გრანტიჭამია“ არასამთავრობო ორგანიზაციები, სხვადასხვა წარმოშობის პოლიტიკურ-კულტურული მანქურთიზმი თუ აგრესიული პროვინციალიზმი მხოლოდ გარეგნული გამოხატულებაა იმისა, რომ კვლავინდებურად არაა ღირებული ადამიანი - მისი სიცოცხლე, ინდივიდუალურობა და ბედნიერება. ამასთანავე, დემოკრატიის შანსი საქართველოში სწორედ თითოეულ ადამიანში, მის პოლიტიკურ შეგნებულობასა და მოქალაქეობრივ პრინციპულობაშია.
სადისკუსიო თკითხვები
1. თქვენი აზრით, რა მიმართულებით შეიძლება გავრცელდეს დემოკრატია მომავალში? წარმოაჩინეთ, კულტურული თუ საერთაშორისო ურთიერთობების რა ასპექტები იქონიებს ზეგავლენას დემოკრატიის გავრცელებაზე.
2. სემუელ ჰანთინგტონი მიიჩნევს, რომ „მართლმადიდებლური ეკლესიები, შესაძლოა, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასა და საბჭოთა კავშირში დემოკრატიისთვის ხელშემწყობ გავლენიან ძალად წარმოჩნდნენ“. იზიარებთ თუ არა ამ მოსაზრებას? მოიყვანეთ საკუთარი არგუმენტები.
3. შეაფასეთ მასმედიის როლი საქართველოში დემოკრატიის განვითარებაში.
4. მოიყვანეთ ხელისუფლების მხრიდან მის მიერ განცხადებულ მიზნებთან მისივე მოქმედების შეუსაბამობის მაგალითები.
5. უწყობს თუ არა ხელს საქართველოში დემოკრატიის განვითარებას პიროვნებათაშორის ურთიერთობებზე ისეთი გადაჭარბებული აქცენტირება, როდესაც ამ ურთიერთობებს მსხვერპლად ეწირება წესრიგი, კანონი, დისციპლინა, საქმე და ა.შ.? რატომ?
__________________________
3 იგულისხმება გარანტიები უფლებების რეალიზაციისა და დაცვის თვალსაზრისით.
4 ჭეშმარიტი და რეალური ფენომენის მაგივრად სუროგატისა და ყოველგვარი ,,ფსევდოს“ ჩანაცვლება არამარტო დემოკრატიასთან მიმართებაში ფიქსირდება, არამედ ეროვნულობის იდეასთან მიმართებაშიც ხშირად გვხვდება, ლიბერალიზმთან მიმართებაშიც არცთუ იშვიათია და რელიგიასა და რელიგიურობასაც ეხება.
![]() |
4.6 II თავის სავარჯიშოები |
▲ზევით დაბრუნება |
სავარჯიშო „გზა დემოკრატიისკენ“
თემა - დემოკრატიის პრინციპები, კონსტიტუციური დემოკრატია, საზოგადოების დემოკრატიული განვითარება
მონაწილეთა რაოდენობა - 15-20 მონაწილე
დრო - 45 წუთი
შინაარსი - სავარჯიშოს შესრულებისას განიხილება პრინციპები, რომლებიც აერთიანებს დემოკრატიული სახელმწიფოების მაცხოვრებლებს.
ამოცანები - იდეალური დემოკრატიის პრინციპებისა და ნიშნების შესახებ ცოდნის გამოყენება კონკრეტულ სიტუაციებში; სიტუაციური ანალიზის საშუალებით ძირითადი ცნებების არსის წვდომა; დემოკრატიული ღირებულებების მიმართ დამოკიდებულებათა გამოკვეთა.
მასალები - სიტუაციათა ჩამონათვალი (იხ. დანართი).
მოსამზადებელი სამუშაო - წინასწარ შეახსენეთ მონაწილეებს დემოკრატიის მაჩვენებლები (მოქალაქეთა მონაწილეობა ქვეყნის მართვა-გამგებლობაში, თანასწორობა, პოლიტიკური შემწყნარებლობა, პასუხისმგებლობა ხალხის წინაშე, მთავრობის ღიაობა, საჯაროობა, რეგულარული თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, ეკონომიკური თავისუფლება, ძალაუფლების ბოროტად გამოყენების კონტროლი, კონსტიტუცია ან რაიმე სხვა დოკუმენტი სახელმწიფოსა და მოქალაქის უფლება-მოვალეობათა შესახებ, არჩევნების შედეგების ცნობა/აღიარება, ადამიანის უფლებები, მრავალპარტიული სისტემა, კანონის უზენაესობა) და სთხოვეთ, სიტუაციის ანალიზისას მიუთითონ შესაფერისი მაჩვენებლები.
ინსტრუქციები - სთხოვეთ მონაწილეთა ჯგუფებს, რომ შეისწავლონ სიტუაციები და განსაზღვრონ, რომელი მათგანი მოწმობს ქვეყნის სვლას დემოკრატიული მოწყობისკენ. თითოეულ შემთხვევაში მოითხოვეთ არგუმენტები პასუხის დასაბუთებისთვის.
ანალიზი და შეფასება - ნუ ელით და ნურც მოითხოვთ ცალსახა და ერთგვაროვან პასუხებს. თქვენი რეაქცია მონაწილეთა პასუხებზე უნდა ეხებოდეს არგუმენტების შესაფერისობასა და საკმარისობას, ხოლო თვით მონაწილის პოზიციის შეფასებისაგან თავი შეიკავეთ.
რჩევები წამყვანისთვის - შესაძლოა, თქვენი ქვეყნის ტიპური პოლიტიკური სიტუაციების აღწერით გაამრავალფეროვნოთ სიტუაციათა ჩამონათვალი.
ვარიანტები - სავარჯიშო შეიძლება შესრულდეს როგორც ჯგუფებში, ისე წყვილებში ან ინდივიდუალურად. ამ უკანასკნელ შემთხვევაში წინასწარ მოიმარაგეთ სიტუაციები საკმარისი რაოდენობით.
შემდგომი განვითარება - მოუწოდეთ მონაწილეებს, თვითონ შეაგროვონ ფაქტები, რომლებიც წარმოაჩენენ დემოკრატიის განვითარების დონეს ან მისი ამაღლებისკენ გადადგმულ ნაბიჯებს.
დანართი
სიტუაციების ჩამონათვალი
1. ქვეყნის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც ავალდებულებს 6-დან 16 წლამდე მოქალაქეებს, რომ სკოლაში იარონ - სახელმწიფო მათ უფასო განათლებას სთავაზობს ზოგადსაგანმანთლებლო სკოლებში.
2. ადგილობრივმა თვითმმართველობამ მოაწყო პოლიტიკური დისპუტი, რომელზეც დაშვებულ იქნენ მხოლოდ ერთი პოლიტიკური პარტიის მომხრეები.
3. პარლამენტში მოაწყვეს სპეციალური ქანდარა დამსწრე საზოგადოებისთვის - ახლა ყველას შეუძლია ესტუმროს პარლამენტს და დაესწროს სხდომას.
4. კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტის არჩევნები ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ ტარდება.
5. მასწავლებლები უკმაყოფილო არიან სამუშაო პირობებით და გაფიცვა მოაწყვეს.
6. პოლიციამ დააკავა და მოკლა მკვლელი, რომელიც დაკავებისას მათ წინააღმდეგობას არ უწევდა.
7. კანონის მიხედვით, ყველა დასაქმებული პროფკავშირის წევრი უნდა იყოს.
8. კონსტიტუციის მიხედვით, ყველა სრულწლოვანმა დასაქმებულმა უნდა გადაიხადოს თანხა ხმის მიცემისას, რათა დაიფაროს საარჩევნო ხარჯები.
9. არც ერთ ადამიანს, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდის სასჯელს, უფლება არა აქვს, თავისი თავი კანდიდატად წარადგინოს არჩევნებზე.
10. არჩევნებში დამარცხებული ერთ-ერთი პოლიტიკური პარტია დაუყოვნებელ განმეორებით არჩევნებს ითხოვს.
11. პრეზიდენტი ვალდებულია, ყოველწლიური მიმართვით გამოვიდეს საზოგადოების წინაშე, რომელშიც ის განმარტავს, რა გაკეთდა წლის განმავლობაში და რის გაკეთება იგეგმება მომავალ წელს.
12. მთავრობა აწესებს „კეთილგონივრულ“ ფასებს ყველა საკვებ პროდუქტზე, რომელიც ამ ქვეყანაში იყიდება.
სავარჯიშო „ძალადობა ჩემს ცხოვრებაში“
„დაიცავით სამი ძირითადი პრინციპი: პატივისცემა საკუთარი თავისადმი, პატივისცემა სხვათა მიმართ, პასუხისმგებლობა საკუთარ ქმედებებზე“.
დალაი ლამა
თემა - პიროვნების უსაფრთხოება, ადამიანის უფლებები, ძალადობა. მონაწილეთა რაოდენობა — 15-20 მონაწილე
დრო - 60 წუთი
შინაარსი - სავარჯიშო წარმოადგენს დისკუსიას, რომლის მონაწილეები სავარჯიშოს მსვლელობის დროს განიხილავენ ძალადობასთან დაკავშირებულ საკუთარ გამოცდილებას.
ამოცანები - ძალადობასთან დაკავშირებული სიტუაციების დადებითად გადაწყვეტის გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობა; მოთმინებისა და პასუხისმგებლობის თვისებების განვითარება.
ინსტრუქციები:
1. აუხსენით მოქალაქეებს, რომ მათ უნდა გამოთქვან მოსაზრებები ზოგადად პიროვნების მიმართ განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებით. ასევე მონაწილეებს უნდა გაუზიარონ საკუთარი გამოცდილება იმ შემთხვევებთან დაკავშირებით, როდესაც ისინი ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ და როდესაც მათ ჩაიდინეს ძალადობა სხვა პირების მიმართ.
2. დარწმუნდით, რომ ყველა მონაწილემ გაიგო და დაიმახსოვრა ჯგუფურ სამუშაოში მონაწილეობის წესი. თითოეულ მონაწილეს პატივისცემით უნდა მოეპყრათ. ყველაფერი, რაც დისკუსიის დროს იქნება ნათქვამი, კონფიდენციალურად უნდა დარჩეს. არ შეიძლება არავის იძულება, თქვას ისეთი რამ, რაც მას უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებს.
3. ცნება „ძალადობასთან“ დაკავშირებით ჩაატარეთ „გონებრივი იერიში“ და სთხოვეთ მონაწილეებს, მოიყვანონ ძალადობის მაგალითები ყოველდღიური ცხოვრებიდან. მაგალითად: სიტყვიერი შეურაცხყოფა, ძარცვა, ქურდობა, ჩხუბი და ა.შ.
4. სთხოვეთ ყველა მონაწილეს, 5 წუთის განმავლობაში გაიხსენოს ეპიზოდები თავიანთი პირადი გამოცდილებიდან, როდესაც:
ა) ვინმემ გამოიყენა ძალადობა მათ წინააღმდეგ;
ბ) მათ გამოიყენეს ძალადობა სხვების წინააღმდეგ;
გ) როდესაც ისინი გახდნენ ძალადობის მოწმენი და არ ჩაერივნენ.
ანალიზი და შეფასება
- დაიწყეთ სავარჯიშოს მოკლე განხილვა, რამდენად იყო ის რთული და რატომ?
- გააანალიზეთ ა), ბ) და გ) პუნქტებში აღნიშნული სიტუაციების მიზეზები და შედეგები. მონაწილეთა შორის მოძებნეთ მოხალისეები, ვინც მზად არის, მოგითხროთ ა), ბ) და გ) პუნქტებში მოცემულ საკითხებთან მიმართებაში თავისი პირადი გამოცდილების შესახებ. სთხოვეთ მათ, მოგითხრონ, თუ რას გრძნობენ მომხდარის გამო. შემდეგ დანარჩენ მონაწილეებს სთხოვეთ, გამოთქვან აზრი, უპასუხონ შემდეგ შეკითხვებს:
1. რატომ წარმოიშვა სიტუაცია, რომელსაც ძალადობა მოჰყვა?
2. როგორ მოიქცეოდნენ სხვა მონაწილეები მსგავს სიტუაციაში?
3. რატომ მოიქცეოდნენ ასე და არა სხვაგვარად?
4. რის გაკეთება შეიძლებოდა სხვაგვარად?
5. რის გაკეთება შეიძლებოდა ინციდენტის აღსაკვეთად?
6. გ) შემთხვევაში (ინსტრუქციების ნაწილიდან) რატომ არ ჩაერიეთ?
7. რა იყო ინციდენტის გამომწვევი მიზეზები?
8. რას ნიშნავს სიტყვა „შემწყნარებლობა“? როგორ განსაზღვრავდნენ მას მონაწილეები?
9. ნიშნავს ეს იმას, რომ ადამიანებმა უნდა მოითმინონ ყველაფერი, რასაც აკეთებენ და ლაპარაკობენ სხვები?
რჩევები წამყვანისთვის - მზად იყავით მოულოდნელობებისათვის. განსაკუთრებული მხარდაჭერა გამოხატეთ მათ მიმართ, ვინც მიიჩნევს, რომ სავარჯიშო რთულია ან გამოხატავს ემოციებს მომხდარის გამო. თქვენ არ შეიძლება იცოდეთ ყველა მონაწილის ისტორია, რა ხდება მათ ოჯახებში. შეიძლება, ზოგიერთ მათგანს ძალადობის სხვადასხვა ფორმასთან შეხების სამწუხარო გამოცდილება აქვს. აღნიშნეთ, რომ ამ სავარჯიშოს მიზანია ძალადობასთან დაკავშირებული სიტუაციების გადალახვის გამოცდილების გაზიარება; ძალადობის გამომწვევი მიზეზების განსაზღვრის გზით, სიმტკიცისა და თავდაჭერილობის ჩვევის გამომუშავებით ძალადობის აღსაკვეთად არაძალადობრივი საშუალებების მოძებნა და გამოყენება. თუ ჯგუფში 10 მონაწილეზე მეტია, მაშინ ჯგუფი პატარა ქვეჯგუფებად უნდა დაყოთ, რომ მათ ერთმანეთს მოუთხრონ თავისი გამოცდილების შესახებ.
ვარიანტები - ეს სავარჯიშო შეიძლება გამოიყენოთ ინსცენირებისათვის. სთხოვეთ ორ, სამ ან ოთხ მონაწილეს, გაითამაშონ რაიმე ინციდენტი. დანარჩენი მონაწილეები აკვირდებიან. თქვენ შეგიძლიათ, პერიოდულად შეაჩეროთ თამაში და სთხოვოთ მაყურებლებს, გამოთქვან თავიანთი აზრი და წინადადებები, თუ როგორ უნდა განვითარდებს მოვლენები შემდგომში. როგორც ვარიანტი, მაყურებელს შეუძლია უშუალოდ ჩაერიოს სცენურ მოქმედებაში. თქვენ გაქვთ საშუალება, სავარჯიშოს მონაწილეებთან ერთად მოიფიქროთ ალტერნატიული სიუჟეტური სვლები და საჭიროების შემთხვევაში შეცვალოთ მსახიობები ანდა გაზარდოთ ან შეამციროთ სცენაში მონაწილეთა რაოდენობა.
სავარჯიშო ,,ელექტროსადგური“
თემა - მოქალაქეობა, ადამიანის უფლებები, ძალადობა მონაწილეთა რაოდენობა - 10 და მეტი
დრო - 90 წუთი
შინაარსი - ძალა ხშირად ასოცირდება ძალადობასთან. ამ სავარჯიშოში შემოქმედებითი ჯგუფის სამუშაოს ჩარჩოებში განიხილება შემდეგი თემები:
ძალადობა ჩვენს გარემოცვაში;
როგორ გადავწყვიტოთ ძალადობის პრობლემები.
ამოცანები - ძალადობის წარმოშობისა და მისი მიზეზების შესახებ ცოდნის გაღრმავება, თანამშრომლობისა და ჯგუფში მუშაობის გამოცდილების გაღრმავება, პასუხისმგებლობის გრძნობის გამომუშავება ძალადობის პრობლემის შემოქმედებითად გადაწყვეტაში.
მასალები
- ოთახის სიგრძის ელექტროგამტარი ან თოკი;
- მაკრატელი;
- თითოეულ მონაწილეზე A4 ფორმატის ქაღალდის 6 ფურცელი;
- მარკერები ყოველ მონაწილეზე;
- სასიგნალო ზარი;
- წებოვანი ლენტი;
- სასურველია, სავარჯიშოს დაეთმოს ორი ოთახი.
მოსამზადებელი სამუშაო:
ერთი ოთახი აღვჭურვოთ, როგორც „ელექტროსადგური“. შუა ოთახში სივრცე თავისუფალი უნდა იყოს. გაჭიმეთ „ელექტროგამტარი“ მთელ ოთახში და ბოლოები დაამაგრეთ ოთახის საპირისპირო კედლებთან ისე, რომ იატაკიდან ერთი მეტრით იყოს დაშორებული. ძალიან არ გაჭიმოთ, რადგან მონაწილეებს ყოველი „ავარიის“ შემდეგ ბოლოების გადაბმა მოუწევთ.
ოთახის კარზე შეიძლება დაამაგროთ წარწერა - „ელექტროსადგური“.
ინსტრუქცია:
სავარჯიშო სამი ნაწილისაგან შედგება:
I ნაწილი - „გონებრივი იერიში“ ძალადობრივი ქმედებების ჩამონათვალის შესადგენად (10 წთ,);
II ნაწილი - მუშაობა „ელექტროსადგურში“ (60 წთ.);
III ნაწილი - ანალიზი და შეფასება (20 წთ.);
I ნაწილი - „გონებრივი იერიში“ ძალადობრივი ქმედებების ჩამონათვალის შესადგენად.
- სთხოვეთ მონაწილეებს, სწრაფად გაიხსენონ (ეს ერთგვარი ინდივიდუალური „გონებრივი იერიშია“) მათ გარემოცვაში მომხდარი მათთვის ცნობილი ძალადობის შემთხვევები: სამსახურში, სასწავლებელში, ეზოში და ა.შ. დააზუსტეთ, რომ ლაპარაკია არა ისეთ სერიოზულ ქმედებებზე, როგორიცაა ტერორიზმი ან გენოციდი, არამედ ისეთ ძალადობაზე, რომელიც შეიძლება ყოველდღიურ ცხოვრებაში შეგვხვდეს, როგორიცაა, მაგალითად, ხულიგნობა, სიტყვიერი შეურაცხყოფა, უხეში ხუმრობა და ა.შ.
- სთხოვეთ მონაწილეებს, აიღონ მარკერები და ქაღალდის ფურცლებზე დიდი ასოებით დაწერონ ძალადობის გამომხატველი სიტყვა ან ფრაზა ისე, რომ ყოველი ძალადობის გამომხატველი სიტყვა ან ფრაზა ცალკე ფურცელზე იყოს მოთავსებული;
- შეაგროვეთ ქაღალდის ფურცლები და სწრაფად გადაათვალიერეთ. თუ გამეორებულია ერთი და იგივე სიტყვა ან ფრაზა, დატოვეთ მხოლოდ ერთი ფურცელი;
- გამოაცხადეთ შესვენება ხუთი წუთით, რათა მოემზადოთ სავარჯიშოს მეორე ნაწილისთვის. გაკეცეთ ფურცლები შუაზე და დაკიდეთ „ელექტროგამტარზე“. ფურცლებს შორის მანძილი 50 სმ. უნდა იყოს. ფურცლები დაამაგრეთ წებოვანი ლენტით ისე, რომ არ მოძრაობდეს.
II ნაწილი — „ელექტროსადგურში“
- მოიწვიეთ მონაწილეები „ელექტროსადგურში“, სადაც ისინი „ელექტროგამმართველებად“ იმუშავებენ.
- ჯგუფი გაყავით ორ ნაწილად.
- აუხსენით, რომ ეს „ელექტროსადგური“ მძლავრ „უარყოფით ენერგიას“ გამოიმუშავებს. ეს ძალიან მძიმე ენერგიაა, რის გამოც ხშირად ხდება ავარიები (თქვენი მიზანია, წარმოადგინოთ ასეთი ავარია ორ „პრობლემურ“ ქაღალდის ფურცელს შორის ელექტროგამტარის ან თოკის გადაჭრით). „ელექტროგამმართველთა“ ამოცანაა მდგომარეობის გამოსწორება და „ელექტროგამტარში“ „დადებითი ენერგიის“ გატარება.
- აუხსენით, რომ როდესაც ავარია გარდაუვალია, ჩაირთვება ავარიული სიგნალი. როგორც კი ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდება, ყოველი ჯგუფიდან თითო „ელექტროგამმართველი“ გარბის ავარიის ადგილზე. ორივე „ელექტროგამმართველი“ იღებს გადაჭრილი გამტარის ერთ ბოლოს და აერთებენ „დროებით ელექტროენერგიის მისაწოდებლად“.
- თავისუფალი ხელით „ელექტროგამმართველები“ მოხსნიან მათთან ახლოს მყოფ ქაღალდის ფურცელს და ხმამაღლა კითხულობენ მასზე დაწერილ ფრაზას ან სიტყვას.
- ამ მომენტიდან ორივე ჯგუფს ეკისრება პასუხისმგებლობა ავარიის მიზეზების აღმოფხვრაზე. მიეცით მათ ხუთი წუთი, რათა მოიფიქრონ ამ ორი პრობლემის გადაჭრის გზები.
- შემდეგ ჯგუფები ერთმანეთს უზიარებენ მოსაზრებებს და თანხმდებიან არსებული ორი პრობლემის გადაჭრასთან დაკავშირებით, მიღებულ გადაწყვეტილებებს წერენ ახალ ფურცელზე და გადასცემენ „ელექტროგამმართველებს“.
- „ელექტროგამმართველები“ გამტარის გადაბმის ადგილზე ამაგრებენ ქაღალდის
ფურცლებს მიღებული გადაწყვეტილებებით, რათა დენმა გაიაროს
გამტარში არა დროებით, არამედ მუდმივად.
- გამტარიდან ჩამოხსნილი ორი ფურცელი ძალადობის გამომხატველი სიტყვებით და ფრაზებით დაამაგრეთ კედელზე ისე, რომ შესაძლებელი იყოს მისი წაკითხვა.
- შემდეგ გამტარი სხვა ადგილზე გადაჭერით და გაიმეორეთ შეკეთების პროცედურა. სავარჯიშო გრძელდება მანამდე, ვიდრე ძალადობის ამსახველი ყველა ფურცელი არ იქნება ჩამოხსნილი და შეცვლილი „გადაწყვეტილებების“ ფურცლებით.
- ბოლოს ჩამოხსენით „გადაწყვეტილებების“ ყველა ფურცელი და დაამაგრეთ კედელზე „ძალადობის“ ფურცლების გვერდით.
ანალიზი და შეფასება - ჯერ განიხილეთ სავარჯიშოს მსვლელობა, შემდეგ ძალადობის თითოეული გამოვლინება მისი აღმოფხვრის შემოთავაზებულ რეცეპტთან ერთად.
როგორ გრძნობდნენ თავს მონაწილეები სავარჯიშოს მსვლელობის დროს? მოეწონათ ის? რატომ? რატომ არა?
ძალადობრივი ქმედების რა მიზეზები იქნა გამოვლენილი?
რამდენად რეალურია შემოთავაზებული გადაწყვეტილებების განხორციელება უახლოეს პერსპექტივაში? გრძელვადიან პერსპექტივაში?
რა სირთულეებს ან რა წინააღმდეგობებს შეიძლება წავაწყდეთ ამ გადაწყვეტილებების რეალიზაციის დროს?
როგორ შეუძლია ახალგაზრდობას აიცილოს თავიდან ძალადობა ან ებრძოლოს მას?
ადამიანთა რა უფლებები ირღვევა ძალადობის შედეგად?
რჩევები წამყვანისთვის - შეეცადეთ, სავარჯიშო სწრაფ ტემპში ჩაატაროთ, რომ არავინ მოიწყინოს.
თუ მონაწილეებს დამატებითი განმარტებები დასჭირდებათ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოიგონონ საჭირო იდეა ან ლოზუნგი პრობლემის გადასაჭრელად, მოუყვანეთ შემდეგი მაგალითი.
თუ ქაღალდის ერთ ფურცელზე დაწერილია „ძალადობა ტელევიზორით“, ხოლო მეორეზე - „აბუჩად აგდება“, ერთ ჯგუფს შეუძლია შემოგვთავაზოს აბუჩად აგდების პროფილაქტიკის მიზნით სკოლებში სემინარების ჩატარება და საღამოს 11 საათამდე ტელევიზიით ისეთი ფილმების ტრანსლირება, სადაც ძალადობის სცენებია გამოყენებული. მეორე ჯგუფმა აბუჩად აგდების აღმოსაფხვრელად შეიძლება შემოგვთავაზოს მოხულიგნო უფროსკლასელთათვის სპეციალური სწავლების ჩატარება და ფილმების აკრძალვა საღამოს 9 საათიდან. ჯგუფებმა ამ წინადადების განხილვის შემდეგ შეიძლება გააკეთონ კომბინაცია ან შეიტანონ გარკვეული ცვლილებები და უკვე საბოლოოდ მიღებული ერთი ან ორი „გადაწყვეტილება“ გადაიტანონ ქაღალდის ფურცელზე, რომელსაც „ელექტროგამმართველები“ ელექტროგამტარის შესაკეთებლად. გამოიყენებენ
თუ მონაწილეთა რაოდენობა მცირეა, შეგიძლიათ „ავარიული დახმარების“ ერთ ჯგუფთან იმუშაოთ. ჯგუფის ორად გაყოფის მიზანია ერთი და იმავე პრობლემის გადასაჭრელად რაც შეიძლება მეტი გზის მოძებნა, რაც გააფართოებს შესაძლო გადაწყვეტილებათა წრეს.
![]() |
4.7 II თავში გამოყენებული ლიტერეტურა |
▲ზევით დაბრუნება |
1. საქართველოს კონსტიტუცია.
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი.
3. მონტესკიე შ. ლ. კანონთა გონი. ფრანგულიდან თარგმნა დ. ლაბუჩიძემ. თბილისი, 1994.
4. რუსო ჟ.ჟ. საზოგადოებრივი ხელშეკრულება. ფრანგულიდან თარგმნა და შენიშვნები დაურთო დ. ლაბუჩიძე-ხოფერიამ. თბილისი, 1997.
5. ბითჰემი დ., ბოილი ქ. დემოკრატია: კითხვები და პასუხები. იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისია. ტექინფორმი, თბილისი, 1998.
6. ფონ იერინგი რ., ბრძოლა უფლებისათვის. გერმანულიდან თარგმნა ი. ბაქრაძემ. თბილისი, 2000.
7. შაიო ა. ხელისუფლების თვითშეზღუდვა (კონსტიტუციონალიზმის შესავალი). თბილისი, 2003.
8. დემოკრატიის დამკვიდრების ცდები საქართველოში. სადისკუსიო წერილი 1. საერთაშორისო IDEA-ს სამხრეთ კავკასიის პროგრამაზე მომუშავე ჯგუფი. თბილისი, 2003.
9. კომპასი: სახელმძღვანელო ადამიანის უფლებათა განათლების სფეროში ახალგაზრდების მონაწილეობით. თბილისი, 2004.
10. ნინო ციხისთავი, ნანა ბერეკაშვილი. ოჯახური ძალადობა ქალზე. მრავალკომპონენტიანი კვლევა. კავკასიის ქალთა კვლევითი და საკონსულტაციო ქსელი. თბილისი, 2006.
11. 2006 წლის 10 მაისს გაეროს წამების საწინააღმდეგო კომიტეტში საქართველოს პერიოდულ ანგარიშზე გაკეთებული დასკვნა.
12. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2007 წლის
15 ივნისის ანგარიში მსოფლიოში ადამიანით ვაჭრობის შესახებ.
13. Comparative Lessons for Democracy. Published by the Center for Civic Education in cooperation with The Ohio State University, 1997.
14. Debbasch R. Droit constitutionnel. Litec, 2003.
15. Актуальные проблемы правовидения за рубежом (проблема прававого государства). Вып. 2. Рефер. сборник. М.: 1990.
16. Токвиль, А. де. Демократия в Америке. М.: Прогресс, 1994.
17. История политических и правовых учений, ред. В.С. Нерсесянц.М., 1996.
18. Дженис М., Кей Р., Бредли Э. Европейское право в области прав человека (практика и комментарии). Пер. с анг. М., 1997.
19. Бентам И. Введение в оснавания нравственности и законодательства. М.,1998.
20. Гражданское образование. Содержание и активные методы обучения. межрегиональная асоциасия за гражданское образование, М., 1998.
![]() |
5 თავი III მოქალაქოეობა |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
5.1 §1. პოლიტიკური და სამოქალაქო მონაწილეობა |
▲ზევით დაბრუნება |
„ის, რასაც აკეთებთ, შეიძლება, მეტისმეტად უმნიშვნელოდ გეჩვენებოდეთ, მაგრამ უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ მაინც განაგრძოთ თქვენი საქმის კეთება“.
მაჰათმა განდი
ღირსებისა და თანასწორობის პრინციპებიდან, რომლებიც ადამიანის უფლებებს უდევს საფუძვლად, გამომდინარეობს, რომ:
თუ ინდივიდი, როგორც საზოგადოების წევრი, სარგებლობს მოცემულ საზოგადოებაში არსებული რესურსებითა და შესაძლებლობებით საკუთარი კეთილდღეობისთვის, მაშინ იგი ვალდებულია კიდევაც, დაემორჩილოს ამ საზოგადოებაში თანაცხოვრების წესებს;
თუ ინდივიდი უგულებელყოფს სხვის უფლებებს, მაშინ მან საკუთარი უფლებებიც უნდა დათმოს;
თუ ინდივიდი ახორციელებს საკუთარ უფლებებს, მაშინ მან სხვებსაც უნდა მისცეს ამის საშუალება, წინააღმდეგ შემთხვევაში სხვებს აქვთ უფლება, შეზღუდონ მისი უფლებების განხორციელება.
ეს პრინციპები და მათგან გამომდინარე დასკვნები აქტუალურია როგორც ხელისუფლების, ისე ყოველი ცალკეული მოქალაქის საქმიანობასთან დაკავშირებით. მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატების დამფუძნებლებს სწამდათ, რომ სახელმწიფოს ძირითადი დანიშნულებაა ადამიანების უფლებების დაცვა და საყოველთაო კეთილდღეობის ხელშეწყობა. საყოველთაო კეთილდღეობის საფუძველია მოქალაქეობრივი მოწოდება, რომ საზოგადო ინტერესები პირად ან ვიწრო ჯგუფურ (კლანურ, ინსტიტუციურ, უწყებრივ და ა.შ.) ინტერესებზე მაღლა დააყენოს. სწორედ ასეთი ინდივიდები უნდა დააყენოს მოსახლეობამ ქვეყნის სათავეში არჩევნებით ან რამე სხვა გზით.
უფრო მეტიც, ინდივიდმა არა მარტო უნდა გაიზიაროს საზოგადოებაში მიღებული წესები, არამედ უნდა იღვაწოს კიდეც საზოგადოების განვითარებისთვის, საკუთარი წვლილი შეიტანოს მის გაუმჯობესებაში, რათა მორალურად მართალი იყოს იმ თანამოძმეების წინაშე, ვინც ქმნის და მსახურებს საზოგადო სიკეთეს. ასე გახდება ინდივიდი ჭეშმარიტი მოქალაქე, საზოგადოების სრულუფლებიანი წევრი, რომელიც დამსახურებულად და დაუყვედრებლად ისარგებლებს თანამოქალაქეთა მიერ შექმნილი მატერიალური თუ სულიერი დოვლათით.
მოქალაქეთა ერთ-ერთი ძირითადი უფლებაა ქვეყნის მართვაში მონაწილეობა. როგორ შეიძლება მიიღოს მონაწილეობა მოქალაქემ ქვეყნის მართვაში? ანუ, სხვანაირად, როგორ შეუძლია მოქალაქეს ხელი შეუწყოს ადამიანის უფლებების დაცვასა და საყოველთაო კეთილდღეობას?
ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის ფორმებია, მაგალითად:
ხმის მიცემა არჩევნებზე;
მონაწილეობა პოლიტიკურ დებატებში;
პეტიციების შედგენა ან ხელმოწერა;
თანხის გაღება რომელიმე პარტიის ან კანდიდატის სასარგებლოდ;
საარჩევნო კამპანიის წარმართვა;
საჯარო სამსახურში ყოფნა;
დაუმორჩილებლობა კანონებისადმი და ამის შედეგებისგან თავის აურიდებლობა, რათა თვალსაჩინო გახდეს კანონის ან პოლიტიკის უსამართლობა (სამოქალაქო დაუმორჩილებლობა).
თუ კანონები ან ხელისუფლების მოქმედებები ეწინააღმდეგება მოქალაქის შეხედულებებსა და მრწამსს იმის თაობაზე, თუ რა არის მართებული და რა - არა, მოქალაქე რთული არჩევანის წინაშე დგება. უნდა დავემორჩილოთ თუ არა კანონებს და მთავრობის გადაწყვეტილებებს?
ზოგიერთი მიიჩნევს, რომ მორჩილებასაც თავისი საზღვარი აქვს - თუ კანონი ან გადაწყვეტილება არ ვარგა, მაშინ მოქალაქე არაა ვალდებული, დაემორჩილოს მას. ზოგიერთი აჯანყებასა და რევოლუციას ირჩევს, ზოგი პროტესტის ნაკლებად ძალადობრივ ფორმებს ეძებს.
პროტესტის არაძალადობრივი გამოხატვის სხვადასხვა ფორმები არსებობს, მაგალითად, დემონსტრაციებში მონაწილეობის მიღება, ოფიციალური პირებისთვის საჯარო (ღია) წერილების მიწერა პრესის საშუალებით, ბოიკოტებში მონაწილეობა. როდესაც პროტესტის ასეთი ფორმები შედეგს არ იღებს, რა არჩევანი აქვს მოქალაქეს? რამდენად შეიძლება იგი დაუპირისპირდეს ხელისუფლებას?
სამოქალაქო დაუმორჩილებლობა არაძალადობრივი პროტესტის ერთ-ერთი ფორმაა. მისი გამოხატულებაა, მაგალითად, გადასახადების გადაუხდელობა, პასპორტის დაწვა, ნებადაურთველ დროს ან ადგილზე მდგომარე ან მჯდომარე აქციები და სხვ. ასეთ გადაწყვეტილებას, როგორც წესი, რეალურად თან ახლავს სერიოზული შედეგები და მოქალაქე მზად უნდა იყოს მათ მისაღებად. ისტორიაში ამის მრავალი მაგალითი არსებობს. ცნობილმა ამერიკელმა ფილოსოფოსმა ჰენრი დევიდ ტორომ ციხეში წასვლა არჩია მონობისა და ამერიკა-მექსიკის ომის მხარდასაჭერად გადასახადების გადახდას. კანონის დაუმორჩილებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე საკუთარი შეხედულებები ტორომ აღწერა თავის ცნობილ ესეში „სამოქალაქო დაუმორჩილებლობის შესახებ“. მისი მთავარი დებულება იყო: „დაუმორჩილებლობა თავისუფლების ნამდვილი საფუძველია“.
1950 და 1960 წლებში მარტინ ლუთერ კინგი უმცროსი და სხვები ციხეში აღმოჩნდნენ რასობრივი სეგრეგაციის წინააღმდეგ პროტესტის გამო. დაპატიმრებული მარტინ ლუთერ კინგი უმცროსი თავის ცნობილ „წერილში ბირმინჰემის ციხიდან“ აცხადებდა: „მე დავურთავ, რომ ინდივიდი, ვინც თავისი სინდისის კარნახის მიხედვით უსამართლო კანონს არღვევს და ნებაყოფლობით იხდის სასჯელს ციხეში, რათა საზოგადოების სინდისის ქენჯნა გამოიწვიოს კანონის უსამართლობის გამო, რეალურად კანონის მიმართ უმაღლეს პატივისცემას გამოხატავს“. მის პოზიციას ისტორიული საფუძვლები ჰქონდა სოკრატეს, თომა აკვინელის, ჟან კალვინის, მაჰათმა განდის ნააზრევის სახით (აქვე უნდა მოვიხსენიოთ ლევ ტოლსტოი თავისი კონცეფციით ბოროტებაში არმონაწილეობის შესახებ).
მაჰათმა განდიმ პრაქტიკულად დაამტკიცა, რომ არაძალადობრივი წინააღმდეგობა შეცვლის პოლიტიკასა და ტირანიას, თუ დაუმორჩილებლობა ჭეშმარიტად სინდისისმიერია და გამორიცხავს თანამშრომლობას ბოროტებასთან. რათა სამოქალაქო დაუმორჩილებლობა ანარქიასა და ქაოსში არ გადაიზარდოს, განდი მიიჩნევდა, რომ სამოქალაქო დაუმორჩილებლობის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ კონკრეტული პირობების გათვალისწინებით, როდესაც სახელმწიფო „დიდ ბოროტებას“ სჩადის, და მხოლოდ იმ ხალხის მიერ, ვისაც განსაკუთრებით დადებითი თვისებები ახასიათებს.
ისევე, როგორც განდი, კინგიც მიიჩნევდა, რომ ბრძოლის მიზანი მოწინააღმდეგის დამარცხება არ არის. მთავარია სამართლიანობის აღდგენა, საზოგადოების გარდაქმნა. ეს კი შეუძლებელია ბოროტი საშუალებების გამოყენებით, რადგან სისასტიკე და ძალადობა ადამიანის ბუნების დეგრადაციას იწვევს. კინგმა განაცხადა: „ძალადობის სისუსტე ის არის, რომ ის სპირალისებურად ეშვება და თვითონ წარმოქმნის ისეთ რამეს, რის მოსპობასაც ცდილობს. ბოროტების დათრგუნვის ნაცვლად, ის ბოროტებას ზრდის... ძალადობით შეიძლება მოკლა მტერი, მაგრამ სიძულვილს ვერ აღმოფხვრი. სინამდვილეში ძალადობა სიძულვილს აღვივებს... ძალადობის საპასუხო ძალადობა კვლავ ძალადობას წარმოშობს, ისედაც უვარსკვლავებო ღამეს სიბნელეს მატებს. სიბნელე ვერ განდევნის სიძულვილს; ეს მხოლოდ სიყვარულს შეუძლია“. სწორედ ზნეობრივად დასაშვები და სიტუაციურად ადეკვატური გზებით (გულწრფელი დარწმუნებით, კუთვნილის აქტიური მოთხოვნით, ინტერესების მკაცრი და თანმიმდევრული დაცვით) მიაღწია კინგმა წარმატებას თავის ბრძოლაში შავკანიანთა უფლებებისთვის.
აქტიური მოქალაქეობა შესაძლებელია არა მარტო უშუალოდ პოლიტიკური გზებით მოქმედებისას, არამედ საზოგადოებისთვის მსახურებით. ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობისას ინდივიდებმა შესაძლოა:
საკუთარ თავზე აიღონ პასუხისმგებლობა საზოგადოებაში, მაგალითად, გახდნენ თანატოლთა მხარდამჭერნი ან მასწავლებლები;
შეიტანონ წვლილი გადაწყვეტილების მიღებაში, მაგალითად, გამოძალვის თუ დისკრიმინაციის საწინააღმდეგო მეთოდებისა და პრაქტიკის ფორმირებით;
შეხვდნენ და ესაუბრონ ადამიანებს სამეზობლოდან ან უფრო ფართო საზოგადოებიდან, მაგალითად რელიგიურ ლიდერებს, პოლიციის თანამშრომლებს, ადგილობრივი ხელისუფლებისა და მოხალისეთა ჯგუფების წევრებს;
განიხილონ სოციალური და მორალური დილემები წინასწარგანწყობებისა და დისკრიმინაციის ჩათვლით;
ოიძიონ ინფორმაცია და რეკომენდაციები საინფორმაციო მომსახურების, ცხელი ხაზების და სხვა საშუალებების ჩათვლით;
გაიაზრონ საზოგადოებაში მომხდარი ცვლილებები და დაგეგმონ ამ ცვლილებებისადმი ადაპტაციის სტრატეგიები.
საზოგადოებრივ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებისას მათი წვლილი შესაძლოა მოიცავდეს:
მონაწილეობას სხვადასხვა საბჭოში, რომელსაც რეალური პასუხისმგებლობა აკისრია საზოგადოების წინაშე;
თანატოლთა შორის შუამავლობასა და დამეგობრებას;
სათემო გაზეთის ან ჟურნალის გამოცემას;
საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მონაწილეობას;
ვანდალიზმის საწინააღმდეგო პროექტებს;
თანხის შეგროვებას ქველმოქმედებისთვის;
თემისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ტერიტორიის მოწყობასა და წარმოჩენას.
ინდივიდებს შეუძლიათ განივითარონ მონაწილეობისა და პასუხისმგებლობით მოქმედების უნარ-ჩვევები ეროვნული/სახელმწიფო დღესასწაულების, საზოგადოებრივი/ სათემო ღონისძიებების ორგანიზებისა და წარმართვის გზით. იმისათვის, რომ საბოლოო ანგარიშით ინდივიდებმა შეძლონ აღნიშნულ ღონისძიებათა დამოუკიდებლად წარმართვა, მიზანშეწონილია, ისინი ჩართული იყვნენ შემდეგი დავალებების შესრულებაში:
1. იდეის გენერირება - საიდან მომდინარეობს ღონისძიების განზრახვა: ინდივიდებისგან? საზოგადოებისგან? ვისთანაა საჭირო კონსულტაცია, თუკი ღონისძიება მართლაც შედგება?
2. მიზნების დასახვა - რა საჭიროა ეს ღონისძიება? რა მიიღწევა ამ ღონისძიებით? ვისთვისაა იგი განკუთვნილი? ხელისუფლებისთვის? ადგილობრივი საზოგადოებისთვის?
3. დანახარჯების დაფარვა - საჭიროა ღონისძიებისთვის ფული? საიდან გაჩნდება ეს ფული? შემოწირულებათა შეგროვებით? გრანტებით?
4. პროგრამის დაგეგმვა - რა მოხდება და როდის? რამდენად რეალისტურია ეს? ვინ დაგვეხმარება? ადგილობრივი ორგანიზაციები? მოწვეული სტუმრები?
5. პროგრამის განხორციელება - საჭიროა საკვები? ავტომობილების სადგომი? ვინ დაუკავშირდება სხვა ორგანიზაციებს? ხელმძღვანელები? თანამშრომლები?
6. საჯაროობა და მარკეტინგი - როგორ შეიტყობენ ღონისძიების შესახებ: ვებ-გვერდით? მოსაწვევით? რა მონაწილეობას მიიღებს ადგილობრივი მედია?
7. გამოხმაურება ღონისძიებაზე - წარმატებული იყო ღონისძიება? საიდან იცით? რა დასკვნები გამოიტანეს მონაწილეებმა? რა უნდა გაკეთდეს შემდეგ ჯერზე სხვანაირად?
8. შედეგების გაზიარება - სხვა ადამიანები როგორღა გაიზიარებენ დაგროვილ გამოცდილებას: მმართველობის წინაშე პრეზენტაციის საშუალებით? ბუკლეტიდან?
უბრალოდ ღირსეული მოქალაქეობისთვის ინდივიდი იმას მაინც უნდა ეცადოს, რომ აქტიური ცხოვრებისეული პოზიცია შეიმუშაოს:
1. იყოს ინფორმირებული - გაერკვეს, რა ხდება მის მახლობლად, მის ქვეყანაში და მსოფლიოში;
2. მიაპყროს საზოგადოების ყურადღება პრობლემურ საკითხებს - გაახმაუროს ესა თუ ის პრობლემა, გადასცეს სხვებს ინფორმაცია, დააინტერესოს მასმედია;
3. კავშირი დაამყაროს არსებულ ორგანიზაციებთან - მოიძიოს მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები, შესთავაზოს საკუთარი თავი მოხალისედ სხვადასხვა დავალებების შესასრულებლად, გაწევრიანდეს ამ ორგანიზაციებში, მოიძიოს რესურსები ამ ორგანიზაციის ხელშეწყობისთვის;
4. მიაღწიოს შედეგებს - გეგმაზომიერად და მიზანდასახულად გადადგას კონკრეტული ნაბიჯები კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად.
სადისკუსიო კითხვები
1. როგორ არის დაკავშირებული ხელისუფლების მიზნებთან მოქალაქის მონაწილეობა ქვეყნის მართვაში? როგორ იცავს სახელმწიფო მოქალაქის უფლებას - მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის მართვაში?
2. შეარჩიეთ რომელიმე სამი მონაწილეობის ფორმა და დაასაბუთეთ მათი მიზანშეწონილობა ადამიანის უფლებების დაცვისთვის.
3. ვთქვათ, თქვენ არ გსურთ, მონაწილეობა მიიღოთ ქვეყნის მართვაში. უნდა დაემორჩილოთ თუ არა ამ ქვეყნის კანონებს? ახსენით თქვენი პასუხი.
4. ვთქვათ, თქვენი აზრით, თქვენი ქვეყნის ხელისუფლება არ იცავს თქვენს უფლებებს. უნდა დაემორჩილოთ თუ არა ამ ქვეყნის კანონებს? ახსენით თქვენი პასუხი.
5. ვალდებულია თუ არა მოქალაქე, იზრუნოს საზოგადოების განვითარებასა და გაუმჯობესებაზე? რატომ?
6. უნდა აღელვებდეს თუ არა მოქალაქეს სხვა მოქალაქეთა ბედი, ვინც ნაკლებად, წარმატებულია, შევიწროებულია, დაბეჩავებულია ამა თუ იმ მიზეზით? რატომ?
7. საზოგადო კეთილდღეობის მრავალი განმარტება არსებობს. ზოგი თვლის, რომ ესაა რაც შეიძლება მეტი ადამიანის უდიდესი ბედნიერება. ზოგიც მიიჩნევს, რომ ესაა თემის ყველა წევრის მიერ სარგებელით ხეირი. როგორია თქვენი განმარტება? რით სჯობია თქვენი განმარტება სხვებს?
![]() |
5.2 §2. არჩევნების როლი დემოკრატიულ საზოგადოებაში |
▲ზევით დაბრუნება |
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები
არჩევნები დემოკრატიული მმართველობის ცენტრალური მექანიზმია, რომლის მეშვეობით სახელმწიფოს მოხელეები ანგარიშვალდებულნი ხდებიან მოსახლეობის წინაშე. არჩევნების ინსტიტუტს ხშირად დემოკრატიის საზომად თვლიან. დემოკრატიულ სახელმწიფოში არჩევნები უზრუნველყოფს როგორც მოქალაქეთა პოლიტიკურ თანასწორობას და თანაბარ შესაძლებლობას, არჩეულ იქნენ სახელმწიფო თანამდებობაზე, ასევე მათი საარჩევნო ხმის თანაბარ ფასეულობას.
დემოკრატიულ სახელმწიფოში არჩევნების ჩატარება ორი მიზეზით არი მნიშვნელოვანი. ჯერ ერთი, მნიშვნელოვანია ის, თუ ვინ აირჩევა სახელმწიფო მეთაურის პოსტზე, რადგან სახელმწიფოს მეთაური ამავე დროს აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურიცაა. ამდენად, ამ არჩევანით ისაზღვრება სახელმწიფოს როგორც შიდა, ეკონომიკური, ისე საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ეს მთავრობა გაატარებს. მეორე, ირჩევენ ხელისუფლების საკანონმდებლო და წარმომადგენლობითი ორგანოების წევრებს, რომლებიც განსაზღვრავენ სახელმწიფოში სამართლებრივ გარემოს, საგადასახადო სისტემას და აკონტროლებენ მთავრობას მოქალაქეთა სახელით. სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირების რეგულარული არჩევნები წარმოადგენს ღია და კონკურენტულ პროცესს, რომელიც წარმომადგენლობითი დემოკრატიის დროს მოსახლეობის მიერ კონტროლის გაწევის უმნიშვნელოვანესი ელემენტია. არჩევნები გვიჩვენებს, რომ პოლიტიკური ძალაუფლება ამომრჩევლებისგან მოდის და მისი თანხმობით ხორციელდება.
თომას ჯეფერსონი წერდა: „ადამიანები ქმნიან მთავრობებს, რომლებიც თავის ძალაუფლებას იძენენ იმათი თანხმობით, ვისაც ისინი მართავენ“.
არჩევნების შემდეგ თანამდებობაზე არჩეული პირები სწორედ ამომრჩევლებს - იმ მოქალაქეებს აბარებენ ანგარიშს თავიანთი ქმედებების შესახებ, ვისაც მართავენ. საბოლოოდ კი მხოლოდ ძალაუფლების დაკარგვის ალბათობა იძლევა იმის გარანტიას, რომ არჩევნებში გამარჯვებულები გაამართლებენ მოსახლეობის დობას, დაიცავენ მოქალაქეთა ინტერესებს და გაატარებენ იმ პოლიტიკას, რაც ქვეყანაში არსებული მდგომარეობითაა ნაკარნახევი.
XIX საუკუნეში დემოკრატები ევროპაში პარლამენტის ყოველწლიურ არჩევას ითხოვდნენ, რათა საშუალება ჰქონოდათ, პარლამენტის წევრებზე ეფექტური კონტროლი განეხორციელებინათ. და თუ პარლამენტის წევრი ამომრჩეველთა იმედებს ვერ გაამართლებდა, ის დროულად ჩაენაცვლებინათ სხვა, უფრო წესიერი და პროფესიონალი პირით. მაგრამ თანამედროვე პირობებში მთავრობასა და პარლამენტს ერთ წელზე მეტი დრო სჭირდება იმისათვის, რომ ეფექტურად მართოს ეკონომიკა და უზრუნველყოს გარკვეული პოლიტიკური კურსის ჩამოყალიბება. ოთხწლიანი ციკლი ახლა ყველაზე გონივრულ კომპრომისად ითვლება - ერთი მხრივ, მთავრობას დრო ექნება საჭირო სტაბილურობის მისაღწევად, ხოლო მეორე მხრივ, აუცილებლად იქნება შენარჩუნებული მისი ანგარიშვალდებულება და პასუხისმგებლობა ამომრჩეველთა წინაშე. მნიშვნელოვანია ისიც, რომ არჩევნების ვადები მთავრობის მიერ არ იყოს განსაზღვრული, რაც, სამწუხაროდ, საქართველოში ჯერჯერობით მიუღწევადია. საქართველოს კონსტიტუცია ქვეყნის პრეზიდენტს ანიჭებს კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადებში არჩევნების თარიღის დადგენის უფლებას. კონსტიტუცია ასევე ამბობს, რომ საქართველოს პარლამენტი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო - საკრებულო აირჩევა ოთხი წლის ვადით. მაგრამ ოთხი წლით არჩეულ პარლამენტსა და საკრებულოებს ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის მანძილზე (თუ არ ჩავთვლით 1991 წლის სახელმწიფო გადატრიალებისა და 2003 წლის რევოლუციის შემდეგ არჩეულ პარლამენტებს) არც ერთხელ არ ჩანაცვლებია ახლად არჩეული პარლამენტი ზუსტად ოთხი წლის შემდეგ. 1990 წლიდან ჩვენი ქვეყნის ყველა პრეზიდენტმა მინიმუმ ნახევარი წლით მაინც გაუგრძელა უფლებამოსილების ვადა როგორც პარლამენტს, ისე საკრებულოებს. ამით დაირღვა ამომრჩევლის უფლება - ოთხი წლით აირჩიოს თავისი წარმომადგენელი საკანონმდებლო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში. საარჩევნო ვადის დაცვა მეტად მნიშვნელოვანია, მით უმეტეს იმ სამართლებრივ გარემოში, როდესაც საქართველოს კანონმდებლობა მოქალაქეებს არ აძლევს საშუალებას, იმ შემთხვევაში, თუ მათი წარმომადგენლები არჩევით ორგანოებში არ გაამართლებენ ამომრჩევლების იმედს და ვერ შეასრულებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას ისე, როგორც ამომრჩევლებს სურთ, გამოიწვიონ ისინი და უკეთესი, უფრო კომპეტენტური წარმომადგენლებით შეცვალონ.
მთავარი მოთხოვნა, რასაც თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს უყენებენ დემოკრატიულ ქვეყნებში, ის არის, რომ არჩევნების პროცესს ხელისუფლებაში მყოფი პარტია ან პარტიები არ უნდა აკონტროლებდეს, მათ გაუმართლებელი უპირატესობები არ უნდა ჰქონდეთ. ეს მოთხოვნები ეხება როგორც არჩევნების ჩატარების ვადებს, ისე მათი ჩატარების მეთოდებს.
საარჩევნო სისტემები
თავისუფალი სამართლიანი არჩევნები დემოკრატიული სახელმწიფოს ფორმირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია, მაგრამ არჩევანები თავისთავად არ წარმოადგენს დემოკრატიის გარანტს. დემოკრატიული საზოგადოებისათვის დამახასიათებელი სამართლიანი არჩევნების ჩატარებაში მნიშვნელოვან როლს საარჩევნო სისტემა ასრულებს.
მსოფლიოში რამდენიმე სახის საარჩევნო სისტემას იყენებენ. მათ შორის ყველაზე გავრცელებულია მაჟორიტარული, პროპორციული და შერეული საარჩევნო სისტემები.
მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის (გამოიყენება აშშ-ში, საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში) გამოყენების დროს ქვეყანა იყოფა დაახლოებით ტოლი ზომის ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებად. ამომრჩევლებს შეუძლიათ, ხმა მისცენ ბიულეტენში ჩამოთვლილთაგან მხოლოდ ერთ კანდიდატს. არჩეულად ითვლება ის კანდიდატი, რომელიც სხვაზე მეტ ხმას მიიღებს.
სისტემის დადებითი მხარე - ამ სისტემის გამოყენების შემთხვევაში დამოუკიდებელ კანდიდატებსაც შეუძლიათ კენჭისყრაზე დააყენონ თავისი კანდიდატურები, მყარდება პიროვნული კავშირი კანდიდატებსა და ამომრჩევლებს შორის, არჩეული ორგანო ხასიათდება სტაბილურობის მაღალი დონით.
უარყოფითი მხარე - არჩევითი ორგანოს მანდატების განაწილებისას მხედველობაში არ მიიღება ამომრჩეველთა ხმების მნიშვნელოვანი რაოდენობა. იკარგება იმ ამომრჩეველთა ხმები, ვინც მხარი დაუჭირა, გამარჯვებულის გარდა, ყველა სხვა კანდიდატს (გამარჯვებულმა შეიძლება ხმების 40% მიიღოს და ეს ყველა სხვა კანდიდატის ხმაზე მეტი აღმოჩნდეს. ამ დროს ამომრჩეველთა 60% რჩება არჩევით ორგანოში წარმომადგენლის გარეშე).
პროპორციული (პარტიული) საარჩევნო სისტემის (გამოიყენება იტალიაში, ბელგიაში, ფინეთში, ისრაელში) დროს პარტიები ადგენენ კანდიდატების საერთო სიებს. ყოველი ამომრჩეველი თავის ერთ ხმას აძლევს მისთვის მისაღები პარტიის სასარგებლოდ. პარტია, რომელიც გადალახავს კანონმდებლობით დადგენილ პროცენტულ ბარიერს, მიღებული ხმების საერთო რაოდენობის პირდაპირპროპორციულად იღებს არჩევით ორგანოში ადგილების შესაბამის რაოდენობას.
დადებითი მხარე - მანდატების განაწილებისას გათვალისწინებულია ამომრჩეველთა ხმების უმრავლესობა. იკვეთება საზოგადოებაში არსებული პოლიტიკური სიტუაციის ობიექტური სურათი. მრავალპარტიულობის პირობებში ის უფრო მეტად დემოკრატიულ სისტემას წარმოადგენს, ამომრჩეველი უფრო ადვილად არკვევს კონკრეტული პარტიის წარმომადგენლის პოლიტიკურ პოზიციას, ვიდრე უპარტიო კანდიდატისას.
უარყოფითი მხარე - მანდატების განაწილებაში მონაწილეობას ვერ იღებენ ის პარტიები, რომლებმაც ვერ მიიღეს კანონმდებლობით დადგენილი პროცენტული ბარიერის გადასალახად საჭირო ხმების რაოდენობა, იქმნება კარგი ნიადაგი პარტიული სიების გასაერთიანებლად და საარჩევნო ბლოკების შესაქმნელად, რაც ამომრჩევლებს არ აძლევს იმის საშუალებას, რომ დააფიქსირონ თავისი დამოკიდებულება ამა თუ იმ კანდიდატთან მიმართებაში.
შერეული სისტემა (გამოიყენება გერმანიაში, უნგრეთში, ახალ ზელანდიაში) აერთიანებს მაჟორიტარულ და პროპორციულ სისტემებს. იმ პარტიას, რომელმაც ამომრჩეველთა ხმების უმრავლესობა მიიღო, ასეთი სისტემა საშუალებას აძლევს, მანდატების უმრავლესობა მოიპოვოს, მაგრამ იმის გარანტიასაც იძლევა, რომ არჩევით ორგანოში იქნება ოპოზიცია სხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების სახით. ეს სისტემა უზრუნველყოფს იმას, რომ მრავალპარტიულობის პირობებში საარჩევნო ბრძოლა არ გადაიზარდოს მხოლოდ პარტიული სიებით ბრძოლაში და არჩევნების პარტიულობა შერწყმული იყოს ცალკეულ კანდიდატებს შორის საარჩევნო ბრძოლასთან, რაც გამორიცხავს პოლიტიკური პარტიების მონოპოლიას კანდიდატების გაყვანაში.
საქართველოში პრეზიდენტი აირჩევა მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და პარლამენტის არჩევნები ხორციელდება მაჟორიტარული და პროპორციული საარჩევნო სისტემების გამოყენებით.
საქართველოს კონსიტიუცია
მუხლი 49
1. პარლამენტი შედგება საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით, ოთხი წლის ვადით, პროპორციული სისტემით არჩეული 100 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 50 პარლამენტის წევრისაგან.
მუხლი 70
1. საქართველოს პრეზიდენტი აირჩევა საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით 5 წლის ვადით. ერთი და იგივე პირი პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.
4. არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელსაც ხმა მისცა არჩევნების მონაწილეთა ნახევარზე მეტმა.
ტერმინთა განმარტება:
საყოველთაო საარჩევნო უფლება
ა) აქტიური საარჩევნო უფლება1 აქვს საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელსაც არჩევნების დღემდე შეუსრულდა ან იმ დღეს უსრულდება 18 წელი, გარდა იმ პირებისა, რომლებიც სასამართლომ ცნო ქმედუუნაროდ ან სასამართლოს განაჩენით იმყოფებიან სასჯელის აღსრულების დაწესებულებაში.
ბ) პასიური საარჩევნო უფლება2 აქვს საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს საარჩევნო კოდექსით დადგენილ პირობებს, გარდა იმ პირებისა, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეზღუდული აქვთ აქტიური საარჩევნო უფლება.
თანასწორი საარჩევნო უფლება - არჩევნებში ამომრჩევლები თანასწორ საფუძველზე მონაწილეობენ. ერთი და იმავე საარჩევნო ოლქის ყოველ ამომრჩეველს ხმათა თანაბარი რაოდენობა აქვს.
პირდაპირი საარჩევნო უფლება - საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოს - საკრებულოს წევრებს ამომრჩევლები ირჩევენ უშუალოდ.
ინგლისელი ლიბერალი ფილოსოფოსი ჯ. ს. მილი თვლიდა, რომ კენჭისყრა ფარული არ უნდა იყოს. მას საჯარო ხასიათი უნდა ჰქონდეს, რათა მოქალაქეებმა პასუხი აგონ თანამემამულეების წინაშე არჩევნების შედეგებზე. ეს, როგორც მილი თვლიდა, ხელს შეუწყობდა არჩევნების შედეგებში არა კერძო, არამედ ფართო საზოგადოებრივი ინტერესების ასახვას. შემდგომში ცოტა ვინმე თუ მიემხრო ამ თვალსაზრისს. ამ მოსაზრებაში, რასაკვირველია, არის რაციონალური მარცვალი, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ საჯარო კენჭისყრა ამომრჩეველს დაუცველს ხდის შესაძლო არაკანონიერი ზეწოლისაგან. არ არის გამორიცხული მოსყიდვის მცდელობა მათგან, ვინც ცდილობს, რომ არჩეულ იქნეს.
დღეისათვის ფარული კენჭისყრა ყველა დემოკრატიული სისტემის პრინციპულ ელემენტად არის მიჩნეული.
საქართველოს არჩევნები ფარული კენჭისყრით ტარდება. აკრძალულია ნებისმიერი ზემოქმედება, რომელიც ზღუდავს ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენას, და კონტროლი ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე.
პოლიტიკური პარტიების როლი არჩევნებში
ყველა ქვეყანაში არსებობს შეხედულებებითა და ინტერესებით ერთმანეთისგან განსხვავებულ ადამიანთა ჯგუფები. მათ, როგორც წესი, ინტერესთა ჯგუფებს უწოდებენ. ასეთი ჯგუფებია: პროფკავშირები, ახალგაზრდული ორგანიზაციები, მეწარმეთა გაერთიანებები, მწერალთა და კომპოზიტორთა კავშირები და სხვ. ამ ჯგუფთაგან არც ერთი არ აცხადებს პრეტენზიას ქვეყნის საკანონმდებლო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში წარმომადგენლობაზე, რადგან ისინი დარეგისტრირებულია, როგორც არაპოლიტიკური ორგანიზაციები და აქედან გამომდინარე, არსებული კანონმდებლობის შესაბამისად უფლება აქვთ, მხოლოდ არაპოლიტიკური მეთოდებით დაიცვან თავისი ინტერესები.
იმ მოქალაქეთა გაერთიანებას, რომელთაც ერთიანი ხედვა აქვთ საზოგადოებისა და სახელმწიფო მოწყობის შესახებ და რეგისტრირებულია „მოქალაქეთა პოლიტიკური ორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, პოლიტიკური პარტია ეწოდება. პოლიტიკური პარტია მიზნად ისახავს ხელისუფლებაში მოსვლას, ქვეყნის მთავრობასა და პარლამენტში ადგილების მოპოვებას, რათა გაატაროს იმ მოქალაქეთა ჯგუფების ინტერესების დამცველი პოლიტიკა, რომელთაც ის წარმოადგენს.
საზოგადოების ისეთი პრობლემები, როგორიცაა ქვეყანაში ეკონომიკური დონის ამაღლება, სოციალური სფეროს, ჯანმრთელობის, განათლებისა და სხვა დარგების განვითარება, სხვადასხვანაირად შეიძლება გადაიჭრას. იმის მიხედვით, თუ როგორი ორიენტაციისაა ესა თუ ის პარტია, ის ამ პრობლემების გადაჭრის სხვადასხვა გზას და ფორმებს გვთავაზობს. მაგალითად, მემარცხენე (სოციალისტური) ორიენტაციის პარტიები ეკონომიკის განვითარებაში სახელმწიფოს როლს დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, მემარჯვენე ორიენტაციის პარტიები კი, პირიქით - მინიმუმამდე ამცირებენ სახელმწიფო მონაწილეობას ეკონომიკურ ურთიერთობებში და ამით კერძო მეწარმეობის განვითარებას უზრუნველყოფენ.
დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია ორი ან უფრო მეტი პოლიტიკური პარტიის არსებობა ქვეყანაში. ამ შემთხვევაში ყოველ მოქალაქეს ეძლევა საშუალება, გაეცნოს სხვადასხვა პარტიის პროგრამას და არჩევანი იმ პარტიის სასარგებლოდ გააკეთოს, რომლის პროგრამაც, მისი აზრით, უზრუნველყოფს ქვეყნის განვითარებას. პოლიტიკური პარტიის პროგრამა, როგორც წესი, ორი ნაწილისგან შედგება. ერთი ეხება სახელმწიფო მოწყობის საკითხებს: მოქალაქისა და სახელმწიფოს ურთიერთობას, სახელმწიფო და კერძო საკუთრებას, სახელმწიფოს მხრიდან ეკონომიკაში ჩარევის ხარისხს. მეორე ნაწილი წარმოადგენს პარტიის პოლიტიკურ ხედვას ჯანმრთელობას დაცვის, განათლების, გარემოს დაცვის, სოციალურად დაუცველი ფენების სოციალური უზრუნველყოფის, უმუშევრობისა და სხვა სფეროებში განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ. საქართველოში ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში, საარჩევნო კამპანიის დროს, რომელიც საქართველოში 40 დღის განმავლობაში მიმდინარეობს, ყველა მოქალაქეს ეძლევა საშუალება ტელევიზიისა და ბეჭდვითი მასალების საშუალებით გაეცნოს არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო პროგრამებს, გააანალიზოს მთავრობასა და საკანონმდებლო, ასევე თვითმმართველობის ორგანოებში წარმოდგენილი პარტიების მიერ გაწეული საქმიანობა და მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთოს არჩევანი.
სტაბილურ დემოკრატიულ ქვეყნებში ძირითადად ორი ან სამი მსხვილი პოლიტიკური პარტიაა. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში ორი ძლიერი პოლიტიკური ორგანიზაცია - „რესპუბლიკური პარტია“ და „დემოკრატიული პარტია“ - ერთად სტაბილურად დაახლოებით ამომრჩეველთა ხმების 80%-ს იღებს. ამომრჩეველთა დარჩენილი 20% „ლიბერალურ პარტიას“ უჭერს მხარს. იმის გამო, რომ „დემოკრატებისა“ და „რესპუბლიკელების“ მხარდამჭერთა რაოდენობა თითქმის თანაბარია, ეს ორი პარტია ერთმანეთს „ებრძვის“ „ლიბერალური პარტიისა“ და მისი ამომრჩევლის ხმების მოსაპოვებლად. იმის მიხედვით, თუ ვისკენ გადაიხრება „ლიბერალების“ სიმპათიები, ხელისუფლებაში მოდიან „რესპუბლიკელები“ ან „დემოკრატები“.
რადიკალურად განსხვავებული მდგომარეობაა საქართველოში, რაც ქვეყანაში დემოკრატიის უკიდურესად დაბალი დონით აიხსნება. აქ ჯერჯერობით არ არის გამოკვეთილი სტაბილურად ძლიერი პოლიტიკური პარტიები. უკანასკნელი 15 წლის მანძილზე ხელისუფლებაში მყოფი ორი მმართველი პარტია - „მრგვალი მაგიდა“ და „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“ (აღსანიშნავია, რომ „საქართელოს მოქალაქეთა კავშირი“ რვა წლის განმავლობაში მართავდა სახელმწიფოს) საერთოდ გაქრა ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებიდან. საკანონმდებლო ორგანოში ადგილების მცირე რაოდენობის მფლობელი ოპოზიციური პოლიტიკური ორგანიზაციები: „ახალი მემარჯვენეები“, „მრეწველები“, „ლეიბორისტები“, „რესპუბლიკელები“ და „კონსერვატორები“ სტაბილურად სუსტ პარტიებად რჩებიან, რაც 2006 წლის 5 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების შედეგებმაც დაადასტურა. თბილისის საკრებულოში 37 ადგილიდან თითო ადგილი მოიპოვეს საარჩევნო ბლოკმა „რესპუბლიკელები, კონსერვატორები“, „მრეწველებმა“ და „ლეიბორისტებმა“. დანარჩენი 34 ადგილი კი ახლანდელ მმართველ პარტიას - „ნაციონალურ მოძრაობას“ დარჩა. ეს შედეგი იმითაც არის განპირობებული, რომ არჩევნებში ამომრჩეველთა 30%-მა მხოლოდ მიიღო მონაწილეობა, ამომრჩეველთა 70%-ის დამოკიდებულება პოლიტიკური პარტიებისა და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისადმი უცნობი დარჩა.
წინასაარჩევნო კამპანია
პოლიტიკური პარტიებისა და დეპუტატობის კანდიდატების წინასაარჩევნო კამპანია კენჭისყრის დღის ოფიციალურად გამოცხადების დღიდან იწყება. საქართველოში არჩევნების დღეს კანონმდებლობის შესაბამისად ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი პირადი განკარგულებით კენჭისყრამდე 40 დღით ადრე. წინასაარჩევნო აგიტაციის დაწყების დღიდან არჩევნებში მონაწილე პარტიები თანასწორი უფლებებით სარგებლობენ.
საქართველოში საარჩევნო პროცესები რეგულირდება ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“. წინასაარჩევნო აგიტაცია შეიძლება განხორციელდეს მასობრივი ღონისძიებების ჩატარებით: კრებებისა და მოქალაქეებთან შეხვედრების მოწყობით, საჯარო დებატებითა და დისკუსიებით, შეკრებებითა და მანიფესტაციებით. საარჩევნო კამპანიის პერიოდში არჩევნებში მონაწილე პარტიები და დეპუტატობის კანდიდატები ამომრჩევლებს აცნობენ პოლიტიკურ პროგრამებს, ამზადებენ და ავრცელებენ ბეჭდვით სააგიტაციო მასალას, ამომრჩევლებს მიმართავენ პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით.
წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევისა და აგიტაციაში მონაწილეობის უფლება არ აქვთ: საარჩევნო კომისიის წევრებს, მოსამართლეს, საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, პროკურატურის, საგარეო დაზვერვისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურების საჯარო მოხელეებს, უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და ორგანიზაციებს, საქველმოქმედო და რელიგიურ ორგანიზაციებს, სახელმწიფო და ადგილობრივი მმართველობის ორგანოების საჯარო მოხელეებს, როდესაც ისინი თანამდებობრივ და სამსახურებრივ მოვალეობებს ასრულებენ.
არჩევნების დანიშვნის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებიდან არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე აკრძალულია:
- არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების, მაჟორიტარი კანდიდატებისა და მათი წარმომადგენლების მიერ პირადად ან ვინმეს მეშვეობით ამომრჩევლებისათვის ფულადი სახსრების, საჩუქრებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემა, შეღავათიან ფასად საქონლის მიყიდვა, უფასოდ ნებისმიერი საქონლის (გარდა საარჩევნო კანონმდებლობით გათვალისწინებული სააგიტაციო მასალისა) მიწოდება ან გავრცელება, აგრეთვე ამომრჩევლების დაინტერესება ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემის დაპირებით;
- საარჩევნო კამპანიის ფონდის სახსრებით ისეთი სამუშაოს შესრულება ან მომსახურების გაწევა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს სახელმწიფო ანდა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების კომპეტენციას განეკუთვნება.
- წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიისათვის იმ ორგანიზაციების მატერიალურ- ტექნიკური რესურსების გამოყენება, რომლებიც საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.
არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს, რომლებსაც სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებში უკავიათ თანამდებობები, უფლება არა აქვთ, თავიანთი თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობა წინასაარჩევნო კამპანიის საწარმოებლად გამოიყენონ.
კენჭისყრის წინა დღის 24 საათის შემდეგ აკრძალულია წინასაარჩევნო აგიტაცია პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით.
საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულია პოლიტიკური პარტიებისა და დეპუტატობის კანდიდატებისთვის ზემოთ დასახელებულ საქმიანობაში ხელის შეშლა, სააგიტაციო მასალის ჩამორთმევა, პლაკატების განადგურება.
არჩევნებში მოქალაქეთა მონაწილეობა
დემოკრატიულ საზოგადოებაში თითოეული მოქალაქის კონსტიტუციური უფლებაა, მონაწილეობდეს თავისი ქვეყნის, ქალაქისა თუ სოფლის მართვაში და სხვა მოქალაქეებთან ერთად განსაზღვრავდეს ხელისუფლების პოლიტიკას. დემოკრატიულ სახელმწიფოში თანამდებობები არჩევნების შედეგად ნაწილდება, იმ არჩევნების შედეგად, სადაც საარჩევნო ასაკის ყველა მოქალაქეს თანაბარი უფლება აქვს, აირჩიოს (აქტიური საარჩევნო უფლება) ან არჩეულ იქნეს (პასიური საარჩევნო უფლება). ქვეყნის წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნებში მონაწილეობის უფლება მოქალაქის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უფლებაა დემოკრატიულ საზოგადოებაში, რომლის მოსაპოვებლად თაობები იბრძოდნენ. ხმის მიცემა - ეს არის მოქალაქის მინიმალური მონაწილეობა დემოკრატიული საზოგადოების ცხოვრებაში. მოსახლეობის რაც უფრო მცირე რაოდენობა იღებს მონაწილეობას არჩევნებში, მით მეტად განისაზღვრება სახელმწიფო პოლიტიკა მოქალაქეთა მცირე ჯგუფების ვიწრო ინტერესებით.
საქართველოს კონსტიტუცია
მუხლი 28
1. საქართველოს ყოველ მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან აქვს რეფერენდუმში, სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში მონაწილეობის უფლება. უზრუნველყოფილია ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოვლინება.
2. არჩევნებსა და რეფერენდუმში მონაწილეობის უფლება არა აქვს მოქალაქეს, რომელიც სასამართლომ ცნო ქმედითუუნაროდ ან სასამართლოს განაჩენით იმყოფება სასჯელის აღსრულების დაწესებულებაში.
ისინი, ვინც კენჭისყრაში მონაწილეობას სამოქალაქო საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან აუცილებლობად თვლის, ამბობენ, რომ ეს არა მხოლოდ უფლება, არამედ მოქალაქეობრივი ვალიც არის. მაგალითად, ავსტრალიაში არჩევნებში არმონაწილეობას დოკუმენტურად აქტით აფორმებენ. თავისუფალი არჩევნები „აუცილებელი“ გახადო და ადამიანებს მათი უფლებების არგამოყენების შემთხვევაში დოკუმენტებით ამის დადასტურება მოსთხოვო, ეს შეიძლება საკითხისადმი მთლად დემოკრატიული მიდგომა არ იყოს, მაგრამ მოსახლეობის არმონაწილეობის ხარისხი შეიძლება დემოკრატიულ პროცესში დისპროპორციის მაჩვენებელი და გამაფრთხილებელი ნიშანი იყოს. მოქალაქე, რომელიც მონაწილეობას არ იღებს არჩევნებში, თავის საქციელს იმით ამართლებს, რომ ფიქრობს, მისი ერთი ხმა არაფერს შეცვლის. მსოფლიო პრაქტიკა კი გვიჩვენებს, რომ სინამდვილეში სხვაგვარად ხდება:
გერმანია, 1949 წელი.
კონრად ადენაუერი ბუნდესტაგმა ერთი ხმის უპირატესობით აირჩია კანცლერად, რამაც შეცვალა გერმანიის პოლიტიკა და სტატუსი ომისშემდგომ ევროპაში.
პოლონეთი, 1989 წელი.
ნაციონალურ ასამბლეაში მიმდინარე კენჭისყრის დროს არსებულმა ერთი ხმით მეტმა კვორუმმა ვოიცეკ იარუზელსკის საშუალება მისცა, პრეზიდენტი გამხდარიყო.
მოყვანილი მაგალითებიდან ნათლად ჩანს, რომ თითოეულმა ხმამ შეიძლება არჩევნებისა და, შესაბამისად, ქვეყნის მომავალი განვითარების ბედი გადაწყვიტოს. უმრავლეს დემოკრატიულ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოშიც არჩევნებში მონაწილეობა ნებაყოფლობითია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ საარჩევნო ასაკის ყველა მოქალაქე არ იყოს დარეგისტრირებული ამომრჩეველთა სიებში.
ამომრჩეველთა რეგისტრაცია
ამომრჩეველთა რეგისტრაციის საკითხი ბევრ ქვეყანაში და განსაკუთრებით ჩვენთან, საქართველოში, საარჩევნო პროცესის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება. ამომრჩეველთა ერთიან სიაში არსებული ხარვეზები ყოველთვის ქმნის იმის საფუძველს, რომ ის გამოყენებულ იქნეს იმ პარტიისა და კანდიდატების სასარგებლოდ, ვისაც კენჭისყრის დღეს ამომრჩეველთა სიებთან მუშაობა ხელეწიფება. ამომრჩეველთა ერთიანი სიის სრულყოფაზე პასუხისმგებლობა, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, პრაქტიკულად არავის არ ეკისრება, რადგან სიის შედგენის ცალკეულ ეტაპებზე ისეა გადანაწილებული იუსტიციის სამინისტროს, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების, საქართველოს საკონსულო დაწესებულებებისა და საარჩევნო ადმინისტრაციის პასუხისმგებლობა, რომ სიაში ხარვეზების დაფიქსირებისას შეუძლებელია ამ შეცდომის ავტორი სახელმწიფო სტრუქტურის აღმოჩენა. ამიტომ ამომრჩეველთა სიის სრულყოფაში გადამწყვეტი როლი ამომრჩეველს ენიჭება.
ამომრჩევლებს ისევე, როგორც საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიებსა და დამკვირვებელ ორგანიზაციებს, უფლება აქვთ, გაეცნონ საქართველოს ცენტრალურ, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში არსებულ ამომრჩეველთა სიების საჯარო ინფორმაციისათვის განკუთვნილ ვერსიას (ამომრჩეველს უფლება აქვს, მოითხოვოს მხოლოდ მის და მისი ოჯახის წევრთა შესახებ არსებული ყველა მონაცემის გაცნობა და მათში ცვლილებების შეტანა) და უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 23-ე დღისა მოითხოვონ ამომრჩეველთა მონაცემებსა და ამომრჩეველთა სიებში ცვლილებების შეტანა. ამომრჩეველმა ამომრჩეველთა საერთო სიაში ცვლილებების შეტანის მოთხოვნით განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს. საოლქო კომისია შეამოწმებს განცხადებაში დაფიქსირებულ მოთხოვნას და განცხადების მიღებიდან 5 დღის ვადაში, მაგრამ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-20 დღისა, შეიტანს ცვლილებებს ამომრჩეველთა სიაში ან ცვლილებების შეტანაზე უარის თქმის შესახებ განკარგულების მიღებიდან მეორე დღესვე მოთხოვნისთანავე აცნობებს განმცხადებელს. ამომრჩეველმა საარჩევნო კომისიაში განცხადების შეტანიდან ხუთი დღის შემდეგ, მაგრამ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-20 დღისა, უნდა გაარკვიოს, შეიტანა თუ არა საარჩევნო კომისიამ ამომრჩეველთა სიაში ცვლილება მისი მოთხოვნის შესაბამისად. უარყოფითი პასუხის შემთხვევაში ამომრჩეველი უფლებამოსილია, მიღებული გადაწყვეტილება განკარგულების გამოცემიდან 2 დღის ვადაში გაასაჩივროს შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში. სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში საარჩევნო ადმინისტრაცია (ცენტრალური, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიები) ვალდებულია, სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან 2 დღის ვადაში, მაგრამ კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-13 დღისა, შეიტანოს ცვლილებები ამომრჩეველთა ერთიან სიაში.
საარჩევნო ადმინისტრაია
წინასაარჩევნო და საარჩევნო პროცესების ადმინისტრირებას ახორციელებს საარჩევნო ადმინისტრაცია (ცენტრალური, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიები). საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საჯარო სამართლის იურიდიული პირია, რომელიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის საფუძველზე უზრუნველყოფს რეფერენდუმის გამართვას, საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოების წევრთა და საჯარო ხელისუფლების თანამდებობის პირთა ასარჩევად არჩევნების ჩატარებას, არჩევნებისა და რეფერენდუმის მონაწილეთა მიერ თავიანთი კანონიერი უფლებების დაუბრკოლებლად განხორციელებას. საარჩევნო ადმინისტრაცია თავისი უფლებების ფარგლებში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე აკონტროლებს საარჩევნო კანონმდებლობის შესრულებას და უზრუნველყოფს მის ერთგვაროვნად გამოყენებას. საარჩევნო ადმინისტრაცია თავისი უფლებამოსილების ფარგლებში დამოუკიდებელია სხვა სახელმწიფო ორგანოებისაგან.
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია ცენტრალური სისტემაა, რომელიც შედგება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (შემოკლებით - ცესკო), აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საარჩევნო კომისიებისა და ამ კომისიათა აპარატებისაგან, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებისაგან. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის უმაღლესი ორგანოა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია, რომელიც ხელმძღვანელობს და აკონტროლებს ყველა დონის საარჩევნო კომისიას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
ცესკო ანგარიშვალდებულია საქართველოს პარლამენტის წინაშე. ყოველი არჩევნების დასრულებიდან 60 დღის ვადაში ცესკო საქართველოს პარლამენტს წარუდგენს ანგარიშს არჩევნების მიმდინარეობისას საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევების, დამრღვევ საჯარო მომსახურეთა, ცესკოსა და საქართველოს საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ პროკურატურისთვის გადაცემულ საქმეთა, ამ კომისიების მიერ სასამართლოში შეტანილ სარჩელთა და სასამართლოს შესაბამის გადაწყვეტილებათა შესახებ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია შედგება თავმჯდომარისა და 6 წევრისაგან. საოლქო საარჩევნო კომისია შედგება 5 წევრისაგან, ხოლო საუბნო საარჩევნო კომისია — 9 წევრისაგან.
საარჩევნო კომისია შედგება კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის, კომისიის მდივნისა და სხვა წევრებისაგან. საარჩევნო კომისიის წევრები და აპარატის თანამშრომლები საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეები არიან. საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეს უფლება არა აქვს, შევიდეს პარტიაში, ხოლო თუ იგი პარტიის წევრი იყო, ვალდებულია, გავიდეს პარტიიდან. ცენტრალური, საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად შეიძლება აირჩეს მხოლოდ ამომრჩეველი, გარდა:
- პირისა, რომელსაც არა აქვს მინიჭებული საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი (გარდა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრისა);
- პირისა, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევისათვის საარჩევნო კომისიის ან სასამართლოს მიერ განთავისუფლდა საარჩევნო ადმინისტრაციაში დაკავებული თანამდებობიდან;
- პირისა, რომლის მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა დაადასტურა სასამართლომ;
- პირისა, რომელიც ნასამართლევია დანაშაულისათვის და მოხსნილი არა აქვს ნასამართლობა;
- აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში შემავალი დეპარტამენტების ხელმძღვანელებისა და მათი მოადგილეებისა;
- ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოთა ხელმძღვანელებისა და მათი მოადგილეებისა.
- საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებისა;
- მოსამართლეებისა და მათი თანაშემწეებისა;
- პროკურატურის თანამშრომლებისა;
- არჩევნებში მონაწილე პარტიების წარმომადგენლებისა;
- ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლებისა.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს და 6 წევრს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით ირჩევს საქართველოს პარლამენტი. ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატების შერჩევა ხორციელდება ღია კონკურსის წესით.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია:
- თავისი უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს არჩევნებისა და რეფერენდუმის გამართვას, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე აკონტროლებს საარჩევნო კანონმდებლობის შესრულებას და უზრუნველყოფს მის ერთგვაროვან გამოყენებას;
- განკარგულებით ქმნის საარჩევნო ოლქებს და აზუსტებს მათ საზღვრებს;
- დადგენილებით განსაზღვრავს საარჩევნო პროცესში მასობრივი ინფორმაციის სახელმწიფო და არასახელმწიფო საშუალებათა მონაწილეობას და მათი გამოყენების წესს;
- დადგენილებით განსაზღვრავს არჩევნებისა და რეფერენდუმის გამართვისათვის გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესს;
- განკარგულებით ადგენს საარჩევნო და სარეფერენდუმო ბიულეტენების ფორმას;
- ასრულებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. საოლქო საარჩევნო კომისია არის საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მუდმივმოქმედი ტერიტორიული ორგანო. საოლქო საარჩევნო კომისიებს ქმნის და წევრებს ირჩევს ცესკო სრული შემადგენლობის უმრავლესობით. საოლქო საარჩევნო კომისია:
- თავისი უფლებამოსილების ფარგლებში საარჩევნო ოლქში უზრუნველყოფს არჩევნებისა და რეფერენდუმის გამართვას;
- განკარგულებით ქმნის და აზუსტებს საარჩევნო უბნების საზღვრებს;
- განკარგულებით ადგენს საარჩევნო ბიულეტენების ტექსტებს საარჩევნო ოლქში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის;
- ამოწმებს საუბნო საარჩევნო კომისიების, მათი თანამდებობის პირების გადაწყვეტილებათა კანონიერებას და დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში განკარგულებით აუქმებს ან ცვლის მათ;
- ასრულებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. საუბნო საარჩევნო კომისია საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის დროებითი ტერიტორიული ორგანოა. საუბნო საარჩევნო კომისია:
- თავისი უფლებამოსილების ფარგლებში საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე უზრუნველყოფს არჩევნებისა და რეფერენდუმის გამართვას;
- ამოწმებს ამომრჩეველთა სიების სისწორეს;
- ადგენს კენჭისყრის შედეგებს საარჩევნო უბანში და განკარგულებით ამტკიცებს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს;
- ამომრჩეველებს ურიგებს ამომრჩეველის ბარათს;
- ახორციელებს საარჩევნო კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებებს.
კენჭისყრა
საუბნო საარჩევნო კომისია კენჭისყრის ჩატარების დროს და ადგილს ამომრჩევლებს აცნობებს კენჭისყრამდე არაუგვიანეს ორი დღისა მათთვის ამომრჩევლის ბარათის გადაცემით.
კენჭისყრა იმართება კენჭისყრის შენობაში დღის 8 სთ-დან 20 სთ-მდე. ამომრჩეველი უფლებამოსილია, დღის ამ მონაკვეთში მისთვის სასურველ ნებისმიერ დროს გამოცხადდეს კენჭისყრის შენობაში და კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურების გავლით მონაწილეობა მიიღოს კენჭისყრაში.
კენჭისყრის შენობაში თვალსაჩინო ადგილზე უნდა იყოს გამოკრული ამომრჩეველთა სიები, პარტიული სიები, კანდიდატთა სიები, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დადგენილი ბიულეტენის შევსების წესი, რაც ამომრჩეველს საშუალებას აძლევს, გადაამოწმოს თავისი არსებობა ამომრჩეველთა სიაში, გაეცნოს პარტიულ სიებს და კანდიდატთა სიებს, ასევე საარჩევნო ბიულეტენში მათ რიგით ნომერს, რათა გამორიცხოს ყოველგვარი შეცდომა არჩევანის გაკეთებისას. თითოეული ამომრჩეველი ხმას აძლევს პირადად. დაუშვებელია ხმის მიცემა სხვა პირის ნაცვლად.
ამომრჩეველი კენჭისყრის შენობაში შესვლისთანავე გაივლის მარკირების შემოწმების პროცედურას. თუ მას ხელზე საღებავის კვალი არ აღმოაჩნდება, ის მიდის რეგისტრატორის მაგიდასთან და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის საფუძველზე იდენტიფიცირებისა და ამომრჩეველთა სიაში მისი არსებობის შემთხვევაში გაივლის მარკირების პროცედურას, რის შემდეგაც მას გადაეცემა ბიულეტენის ერთი ეგზემპლარი და სპეციალური კონვერტი, რასაც ამომრჩეველი დაადასტურებს ამომრჩეველთა სიაში ხელმოწერით, ხოლო რეგისტრატორი - ამომრჩეველთა სიაში და ბიულეტენის უკანა მხარეს ხელმოწერით და სპეციალური ბეჭდის დასმით. ამ პროცედურების გავლის შემდეგ ამომრჩეველი შედის კაბინაში და მისთვის სასურველი პარტიის ანდა კანდიდატის რიგითი ნომრის შემოხაზვით ფარულად აკეთებს არჩევანს, ბიულეტენს ათავსებს კონვერტში, გამოდის კაბინიდან და კონვერტს აგდებს საარჩევნო ყუთში. ამომრჩეველი კენჭისყრის შენობაში შეიძლება იმყოფებოდეს მხოლოდ ხმის მიცემისთვის საჭირო დროის განმავლობაში. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისა და ამომრჩეველთა გარდა, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლება აქვთ არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური ორგანიზაციების წარმომადგენლებს, კანდიდატთა ნდობით აღჭურვილ პირებს და იმ ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების დამკვირვებლებს, რომლებმაც კანონმდებლობის შესაბამისად გაიარეს აკრედიტაცია ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.
კენჭისყრის დროს აკრძალულია კენჭისყრის შენობის ჩაკეტვა, კენჭისყრის შეწყვეტა ან შეჩერება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შეუძლებელია არჩევნების საყოველთაობის, თანასწორობისა და ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოვლინების უზრუნველყოფა.
ხმის დათვლა
კენჭისყრის დამთავრების შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირთა თანდასწრებით არსებული კანონმდებლობის შესაბამისად კომისიის წევრებზე წილისყრით გაანაწილებს ხმის დათვლის პროცედურულ ფუნქციებს. ხმის დათვლის პროცესზე მონიტორინგს ახორციელებს კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე მეთვალყურეთა და დამკვიდრებელთა ჯგუფი.
ხმის დათვლის პროცესი ხორციელდება „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მუხლი 59-ის შესაბამისად.
ხმის დათვლის პროცედურის დასრულების შემდეგ კომისიის მდივანი საუბნო საარჩევნო კომისისათვის განკუთვნილი შემაჯამებელი ოქმის მიხედვით ავსებს ოქმის ორ ეგზემლპარს. საუბნო კომისიის ყველა წევრი ვალდებულია, ხელი მოაწეროს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს. თუ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი არ ეთანხმება ოქმში შეტანილ მონაცემებს, უფლება აქვს, ოქმს წერილობით დაურთოს განსხვავებული აზრი, რის შემდეგაც ის ვალდებულია ხელი მოაწეროს ოქმს. საუბნო საარჩევნო კომისია ვალდებულია, შემაჯამებელი ოქმის ქსეროასლები კომისიის ბეჭდით დაამოწმოს და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებსა და დამკვირვებელ ორგანიზაციებს გადასცეს.
არჩევნების მონიტორინგი
არჩევნებზე სამოქალაქო მონიტორინგის მნიშვნელობა ხაზგასმულია იმ საერთაშორისო დოკუმენტებში, რომლებსაც საქართველო შეუერთდა. ადამიანური განზომილების შესახებ ეუთოს კონფერენციის კოპენჰაგენის 1990 წლის შეხვედრის დოკუმენტის მე-8 მუხლში მითითებულია: „მონაწილე სახელმწიფოები მიიჩნევენ, რომ უცხოელი და ადგილობრივი დამკვირვებლების დასწრებას შეუძლია ხელი შეუწყოს საარჩევნო პროცესის სრულყოფას იმ ქვეყნებში, სადაც არჩევნები ტარდება. ამიტომ ისინი იწვევენ დამკვირვებლებს ეუთოს წევრი სხვა ქვეყნებიდან, აგრეთვე შესაბამისი არასამთავრობო დაწესებულებებიდან და ორგანიზაციებიდან, რომლებიც სურვილს გამოთქვამენ, დააკვირდნენ ამ ქვეყნებში მიმდინარე საერთო-ეროვნული საარჩევნო პროცესის მიმდინარეობას კანონით დაშვებულ ფარგლებში“.
არჩევნების მიმდინარეობას აკონტროლებენ როგორც სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების დამკვირვებლები, ისე არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური ორგანიზაციების წარმომადგენლები და კანდიდატთა ნდობით აღჭურვილი პირები, მაგრამ გამოცდილება გვარწმუნებს, რომ ეს სულაც არ არის საკმარისი.
ას, თუნდაც ორას უცხოელ დამკვირვებელს, რომლებმაც არც ჩვენი ენა იციან და არც ჩვენი ტოტალიტარული გადახრების მასშტაბებზე აქვთ სრული წარმოდგენა, არ ძალუძს გააკონტროლოს ათასობით საარჩევნო უბანი. უკეთეს შემთხვევაში ისინი მხოლოდ ზოგად სურათს აფიქსირებენ. რაც შეეხება პარტიებისა და კანდიდატების წარმომადგენელ მეთვალყურეებს, ისინი ობიექტური, მიუკერძოებელი დამკვირვებლები ვერ იქნებიან იმ ელემენტარული მიზეზის გამო, რომ ისინი თავისი პარტიისა და კანდიდატის ინტერესებიდან გამომდინარე, ე.ი. მიკერძოებით, მოქმედებენ და, სამწუხაროდ, ზოგჯერ თვითონაც არღვევენ კანონს (უხეშად ერევიან საარჩევნო პროცესში, ხმის მიცემის დღეს აგიტაციას ეწევიან საარჩევნო უბნებში და სხვ.). ასეთ სიტუაციაში ყველაზე ობიექტური უპარტიო, მიუკერძოებელი ადგილობრივი დამკვირვებელია, რომლისთვისაც არჩევნების კანონიერება, სამართლიანობა და სამოქალაქო თვითშეგნება უფრო მაღალი ღირებულებებია, ვიდრე პარტიული ინტერესები და პოლიტიკური სიმპათიები. არჩევნების პროცესში კანონის ნებისმიერი დარღვევა საქართველოს მოქალაქეებისა და სახელმწიფოს წინაშე ჩადენილი უმძიმესი დანაშაულია. ამდენად, თითოეულ მოქალაქეს უფლება აქვს, მოითხოვოს არჩევნების კანონიერად ჩატარების გარანტიები. არჩევნებზე მონიტორინგის უფლება აქვს აქტიური საარჩევნო უფლების მქონე ყველა მოქალაქეს, წარდგენილს იმ არასამთავრობო ორგანიზაციიდან, რომელსაც კანონმდებლობის შესაბამისად გავლილი აქვს აკრედიტაცია საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.
საარჩევნო უბანზე ხმის მიცემისას შესაძლო დარღვევათა შორის მნიშვნელოვანია ის დარღვევები, რომლებიც გავლენას მოახდენენ მოცემულ საარჩევნო უბანში არჩევნების შედეგებზე:
1. საარჩევნო უბნის გაღება-დახურვის საათების შეცვლა;
2. საარჩევნო კომისიის მიერ დამკვირვებლის კანონის დარღვევით არდაშვება საარჩევნო უბანზე ან მისი საქმიანობის შეზღუდვა;
3. ამომრჩევლის თავისუფალი ნების გამოვლენის შეზღუდვა ნებისმიერი ფორმით;
4. საარჩევნო უბანზე ამა თუ იმ პარტიის, საარჩევნო ბლოკის ან მაჟორიტარი კანდიდატის სააგიტაციო მასალის არსებობა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე რომელიმე პარტიის, საარჩევნო ბლოკის ან მაჟორიტარი დეპუტატის მხარდასაჭერი ან საწინააღმდეგო აგიტაცია ნებისმიერი პირის მიერ;
5. საარჩევნო კომისიის მუშაობაში იმ პირების მონაწილეობა, რომლებსაც კანონით ამის უფლება არა აქვთ;
6. ბიულეტენების გაცემა ამომრჩევლის პირადობის დამადასტურებელი საბუთის
გარეშე;
7. ამომრჩეველზე ზედმეტი ბიულეტენების გაცემა;
8. საარჩევნო კომისიის მიერ წინასწარ შევსებული ან რაიმე მონიშვნების მქონე საარჩევნო ბიულეტენების გაცემა;
9. საარჩევნო კომისიის წევრების ან სხვა პირების მიერ ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველთა ხელმოწერების ფალსიფიცირება;
10. ხმის მიცემის პროცესის ფარულობის დარღვევა;
11. ერთი და იმავე ამომრჩევლის მიერ ერთსა და იმავე ან სხვადასხვა საარჩევნო უბანში საკუთარი ან სხვისი სახელით ხმის რამდენჯერმე მიცემა;
12. საარჩევნო ბიულეტენების, საარჩევნო ყუთების, ამომრჩეველთა სიების განადგურება, მოპარვა, გატაცება ან შეცვლა;
13. ხმების დათვლის კანონით დადგენილი წესის დარღვევა;
14. ხმების დათვლისას საარჩევნო კომისიის წევრების მიერ საარჩევნო ყუთიდან ამოღებულ საარჩევნო ბიულეტენებში სხვა ბიულეტენების ჩამატება;
15. საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ ხმების დათვლის შედეგების არასწორად ასახვა ოქმში;
16. საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ ხმების დათვლის შედეგების დაფარვა. ამ და სხვა მძიმე დარღვევების დაფიქსირების შემთხვევაში დამკვირვებელი ადგენს განცხადება/საჩივარს. განცხადება/საჩივარი საარჩევნო უბანში კენჭისყრის პროცედურის დარღვევის შესახებ შედგენილი უნდა იქნეს კანონის მოთხოვნების დარღვევის შემჩნევისთანავე დღის 8 საათიდან საარჩევნო ყუთის გახსნამდე. განცხადება/საჩივარი საარჩევნო ყუთის გახსნამდე უნდა გადაეცეს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, მის მოადგილეს ან კომისიის მდივანს, რომელიც რეგისტრაციაში გაატარებს მას ჩანაწერთა წიგნში, ხოლო განმცხადებელს შესაბამისად გადასცემს ცნობას (თავისი ხელმოწერით), რომელშიც აღინიშნება შესაბამისი განცხადების/საჩივრის კომისიაში მიღების თარიღი და დრო.
საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია, დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება განცხადება/საჩივარზე და აღმოფხვრას არსებული დარღვევა. თუ კომისიის თავმჯდომარემ არ ან ვერ აღმოფხვრა დარღვევა, განმცხადებელს/მომჩივანს უფლება აქვს, ანალოგიური განცხადება/საჩივარი დაუყოვნებლივ წარუდგინოს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას.
განცხადება/საჩივარი ხმების დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურების დროს ჩადენილი დარღვევების შესახებ და კენჭისყრის შედეგების გადასინჯვის ან ბათილად ცნობის მოთხოვნით უნდა შედგეს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების დამტკიცებამდე. აღნიშნული განცხადება/ საჩივარი საუბნო საარჩევნო კომისიის მდივნის მიერ რეგისტრირდება ჩანაწერთა წიგნში და საუბნო საარჩევნო კომისია მას გადასცემს ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას კენჭისყრის მომდევნო დღის 18 საათამდე. განცხადება/ საჩივარი ამავე ვადაში შეიძლება გადაეცეს საოლქო საარჩევნო კომისიას უშუალოდ განმცხადებლის მიერ. საოლქო საარჩევნო კომისია განიხილავს განცხადება/საჩივრებს კომისიაში მათი რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში და იღებს გადაწყვეტილებას განკარგულებით.
საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება კომისის მიერ მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს ცესკოში ან სასამართლოში, ხოლო ცესკოს გადაწყვეტილება - სასამართლოში. საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას სასამართლო განიხილავს 2 კალენდარული დღის ვადაში. სასამართლო დავებზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებების ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრების ვადაა 2 დღე.
სადისკუსიო კითხვები
1. რატომ არის დამოკიდებული დემოკრატიის ხარისხი მოქალაქეთა თავისუფლების ხარისხზე და მათ პასუხისმგებლობაზე?
2. რა შემთხვევაში თვლიან დემოკრატიულ საზოგადოებაში მოქალაქეები ხელისუფლებას თავიანთი ინტერესების დამცველად და თუ ხელისუფლება არ არის მოქალაქეთა ინტერესების დამცველი, რა მექანიზმებით შეუძლიათ მოქალაქეებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ზემოქმედება?
3. ჯერ კიდევ მრავალი საუკუნის წინ ბერძენი ფილოსოფოსი არისტოტელე წერდა: „დემოკრატიულ სახელმწიფოში თავისუფლება და თანასწორობა მთელი სისავსით იქნება მიღწეული მაშინ, როდესაც მართვაში ერთნაირად მიიღებს მონაწილეობას ყველა ადამიანი უკანასკნელის ჩათვლით“.
- როგორ გესმით ეს გამონათქვამი?
- ეთანხმებით ამ მოსაზრებას?
4. რა დამოკიდებულება გაქვთ არჩევნებზე არწასვლის პოზიციასთან?
5. რატომ იღებენ არჩევნებში მონაწილეობას 18 წლის ასაკიდან, როდესაც ადამიანს პასპორტს 16 წლის ასაკში აძლევენ და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა 14 წლის ასაკიდან დგება?
6. რა მნიშვნელოვანი პრობლემები გაქვთ დღეისათვის (სახლში, სამსახურში, ქალაქში, სოფელში, ქვეყანაში)?
- უკავშირებთ მათ გადაწყვეტას 2008 წლის საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებს?
7. ხელისუფლებაში მოსული პარტიები ხშირად ვერ ასრულებენ წინასაარჩევნო დაპირებებს?
- თქვენი აზრით, რა არის ამის მიზეზი?
- ამის გამოსარიცხად რა პრევენციული ზომების გატარებაა საჭირო საზოგადოების მხრიდან?
8. რა შემთხვევაში არ არის არჩევნები დემოკრატიული და რა შეიძლება იყოს არჩევნების არადემოკრატიულად ჩატარების მიზეზები?
_____________________________
1 მოქალაქის უფლება, აირჩიოს თანამდებობის პირი.
2 მოქალაქის უფლება, არჩეულ იქნეს არჩევით ორგანოში.
![]() |
5.3 §3. აქტიური მოქალაქეობისათვის საჭირო კომპეტენციები3 |
▲ზევით დაბრუნება |
მოქალაქეობრივი განათლების არსი
მოქალაქეობრივი აღზრდა-განათლების მიზანია, განმტკიცდეს და გაუმჯობესდეს მონაწილეობითი დემოკრატიის თეორიისა და პრაქტიკის შესაბამისი ცოდნა, უნარ-ჩვევები და ღირებულებანი; გარდა ამისა, ამაღლდეს უფლებრივი და მოვალეობითი ცნობიერება, პასუხისმგებლობის გრძნობა, რომელიც საჭიროა ადამიანების აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბებისთვის; აგრეთვე დამკვიდრდეს ადგილობრივი და ფართო საზოგადოების ცხოვრებაში ჩართულობის ფასეულობა ინდივიდებისა და საზოგადოებისთვის.
მოქალაქეობრივი აღზრდა-განათლება ქმნის შესაძლებლობებს ინდივიდების სულიერი, მორალური, სოციალური, კულტურული განვითარებისთვის. ეს შესაძლებლობანი სხვადასხვა გზით ხორციელდება. კერძოდ:
სულიერი განვითარებისთვის - ინდივიდის მიერ ცხოვრების საზრისისა და მიზნის, აგრეთვე საზოგადოებაში ფასეულობათა გაცნობიერებითა და გაგებით;
მორალური განვითარებისთვის - ინდივიდისთვის მართებულისა და მცდარის, სამართლის, სამართლიანობის, უფლებებისა და მოვალეობების მიმღებლობის ჩამოყალიბებაში დახმარებით;
სოციალური განვითარებისთვის - ინდივიდისთვის საზოგადოების პასუხისმგებლობიან და ეფექტიან წევრად ჩამოყალიბებისათვის საჭირო ცოდნისა და უნარ-ჩვევების დაუფლებაში დახმარებით;
კულტურული განვითარებისთვის - ინდივიდებისთვის მრავალფეროვნებისა და განსხვავებებისადმი პატივისცემის ამაღლებით; აგრეთვე იმ განსხვავებული სოციალური ჯგუფების არსისა და როლის გაცნობიერებაში დახმარებით, რომლებსაც ისინი მიეკუთვნებიან.
მოქალაქეობრივი აღზრდა-განათლება ქმნის შესაძლებლობებს, რომ ინდივიდებმა განივითარონ:
კომუნიკაციის უნარ-ჩვევა - სოციალური, პოლიტიკური და სათემო საკითხების მრავალფეროვნების შესახებ კვლევით, დისკუსიითა და ინფორმაციის/იდეების გაზიარებით;
თანამშრომლობის უნარ-ჩვევა - იდეათა გაზიარების, მოქმედების გზების ფორმულირებითა და საოჯახო, სამეზობლო, სათემო და უფრო ფართო საზოგადოებრივ აქციებში პასუხისმგებლობიანი მონაწილეობით;
პრობლემების გადაჭრის უნარ-ჩვევა - პოლიტიკურ და საზოგადოებრივ საკითხებში ჩართულობის მიღწევით;
სააზროვნო უნარ-ჩვევები - იმ სოციალური საკითხების ათვისებაში დახმარებით, რომლებიც მოითხოვს დასაბუთებას, გაგებას, კვლევა-ძიებასა და შეფასებას;
შრომითი უნარ-ჩვევები - წარმატებული საზოგადოებისა და ეკონომიკის მისაღწევად სწავლასა და შრომას შორის კავშირის გაცნობიერებასა და დაფასებაში დახმარებით;
ცოდნა მდგრადი განვითარების შესახებ - საზოგადოებისა თუ გარემოს სიჯანსაღეზე, სტრუქტურასა და ხარისხზე ზეგავლენის მომხდენი, აგრეთვე საზოგადოებაში, გარემოსა და ეკონომიკაში ადამიანის მოღვაწეობის განმსაზღვრელი ფასეულობების გარკვევით.
იმისათვის, რათა მიღწეულ იქნეს მოქალაქეობრივი აღზრდა-განათლების მიზნები და ინდივიდებმა მიიღონ აქტიური მოქალაქეობის ფართო გამოცდილება, მათ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ:
გამოიკვლიონ, განიხილონ და იკამათონ საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხებზე და მონაწილეობა მიიღონ კრიტიკულ დისკუსიებში, რომლებიც მათ ცხოვრებას ასახავს, მათ შორის ადგილობრივ აქტუალურ საკითხებზე, გამოიკვლიონ, როგორ წარმოაჩენს მედია მნიშვნელოვან საკითხებს;
იმუშაონ სხვადასხვა ზომისა და შემადგენლობის ჯგუფებში, შეასრულონ სხვადასხვა როლები, სცადონ ლიდერობაც და რიგითი წევრობაც და გაიზიარონ პასუხისმგებლობა შედეგებზე;
გამოიკვლიონ და განიხილონ იმ პრობლემების წარმომქმნელი სხვადასხვა ფასეულობანი და განწყობა-დამოკიდებულებანი, რომლებსაც აწყდება საზოგადოება, შეისწავლონ სხვა ადამიანების გამოცდილება და გაიაზრონ, გამოხატონ და ახსნან სხვათა შეხედულებები დებატების, სიმულირებული აქტივობებისა და როლური თამაშების მეშვეობით;
წამოიწყონ სამუშაოები სხვებთან ერთად, გამოიყენონ მოწვეული სტუმრები და ორგანიზაციები, დაუკავშირდნენ საზოგადოებას/თემს ადგილობრივი მეწარმეების ჩათვლით, მაგალითად, მოაწყონ პეტიციის ორგანიზება, ჩაატარონ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა;
აქტიურად ჩაერთონ გადაწყვეტილებათა მიღებაში და სათემო ღონისძიებების ორგანიზაციაში;
გამონახონ დრო საკუთარი გამოცდილების გასააზრებლად ფორმალური თუ არაფორმალური განათლების განმავლობაში, დაადგინონ, რა ისწავლეს და შეეცადონ ათვისებულის გადატანას პირად ცხოვრებისეულ სიტუაციებში როგორც აწმყოში, ისე მომავალში.
მოქალაქეობის (citizenship) ცნება სამ შინაარსობრივ ასპექტს მოიცავს: სამოქალაქოს (civil), პოლიტიკურსა (political) და სოციალურს (social). შესაბამისად, ეფექტიანი მოქალაქეობრივი აღზრდა-განათლება სამი ურთიერთდაკავშირებული მიმართულებით ხდება. ეს მიმართულებებია: სოციალური და მორალური პასუხისმგებლობის განცდა/გაცნობიერება, მონაწილეობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში და პოლიტიკური წიგნიერების (განსწავლულობის) შეძენა.
კერძოდ, დემოკრატიასთან მიმართებაში მოქალაქეობრივი აღზრდა-განათლება შემდეგ კომპონენტებს მოიცავს:
- დემოკრატიის გლობალური და საერთაშორისო ცოდნა (სამოქალაქო ცოდნა):
ძირითადი ცნებები და პრინციპები დემოკრატიის არსის შესახებ;
საკითხები ძირითადი იდეების მნიშვნელობისა და გამოყენების შესახებ;
საეტაპო გადაწყვეტილებანი საზოგადოებრივი პოლიტიკისა და კონსტიტუციური ინტერპრეტაციების შესახებ;
წარმომადგენლობითი დემოკრატიული მთავრობის მოწყობა და ინსტიტუტები;
დემოკრატიული მოქალაქეობის პრაქტიკა და მოქალაქეთა როლები;
დემოკრატიის ისტორია კონკრეტულ სახელმწიფოებსა და მთელ მსოფლიოში.
- დემოკრატიაში მოქალაქეობის უნივერსალური ინტელექტუალური/შემეცნებითი უნარ-ჩვევები (შემეცნებითი სამოქალაქო უნარ-ჩვევები):
პოლიტიკური და სამოქალაქო ცხოვრების შესახებ ინფორმაციის ამოცნობა და აღწერა;
პოლიტიკური და სამოქალაქო ცხოვრების შესახებ ინფორმაციის ანალიზი და ახსნა;
პოლიტიკური და სამოქალაქო ცხოვრების შესახებ ინფორმაციის სინთეზი და ახსნა;
საზოგადოებრივ მოვლენებსა და საკითხებზე პოზიციების შეფასება, შემუშავება და დაცვა;
პოლიტიკური და სამოქალაქო ცხოვრების პირობების შესახებ კრიტიკული აზროვნება;
პოლიტიკური და სამოქალაქო ცხოვრების გაუმჯობესების შესახებ კონსტრუქციული აზროვნება;
დემოკრატიის შესახებ შედარებითი, საერთაშორისო და გლობალური აზროვნება.
- დემოკრატიაში მოქალაქეობის უნივერსალური მონაწილეობითი უნარ-ჩვევები (მონაწილეობითი სამოქალაქო უნარ-ჩვევები):
სხვა მოქალაქეებთან ურთიერთქმედება პირადი და საზოგადო ინტერესების წინსვლისათვის;
საზოგადოებრივი მოვლენებისა და საკითხების მონიტორინგი;
გადაწყვეტილებათა მოსაზრება და მიღება საზოგადოებრივი პოლიტიკის საკითხის შესახებ;
ზეგავლენის მოხდენა საზოგადოებრივ საკითხებთან დაკავშირებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე;
საზოგადოებრივ საკითხებთან დაკავშირებული პოლიტიკური გადაწყვეტილებების განხორციელება;
მოქმედება პოლიტიკური და სამოქალაქო ცხოვრების გასაუმჯობესებლად ადგილობრივი, სახელმწიფოებრივი და გლობალური მასშტაბით.
- დემოკრატიაში მოქალაქეობის უნივერსალური, ანუ გლობალური, განწყობა/ დამოკიდებულებანი (სამოქალაქო განწყობა/დამოკიდებულებანი):
საყოველთაო და თანასწორი ჰუმანიზმის, ყოველი პიროვნების ღირსებისა და ფასეულობის განმტკიცება;
ყოველი პიროვნებისთვის თანაბრად კუთვნილი უფლებების პატივისცემა, დაცვა და დამკვიდრება;
საზოგადოების პოლიტიკურ და სამოქალაქო ცხოვრებაში პასუხისმგებლობის შეგრძნებით მონაწილეობა;
მოქმედება პირადი და ინსტიტუციური თვითშეზღუდვით;
დემოკრატიული მოქალაქეობის მორალის ნიმუშის მიცემა;
საზოგადო სიკეთის ხელშეწყობა ადგილობრივი, სახელმწიფოებრივი და გლობალური მასშტაბით.
მოქალაქეობივი აღზრდა-განათლების კომპონენტები
ცოდნა
მოქალაქეები უნდა იცნობდნენ სამოქალაქო ცხოვრებას, პოლიტიკას, ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებას ისე, რომ ინფორმაციის საფუძველზე მიიღონ გადაწყვეტილებები იმის თაობაზე, თუ რა უნდა გააკეთოს ან რა არ უნდა გააკეთოს მთავრობამ, როგორ უნდა იცხოვრონ ერთად, როგორ უნდა დაუჭირონ მხარი ძალაუფლების სწორად გამოყენებას ან შეეწინააღმდეგონ პოლიტიკურ ზეწოლას.
პირადი ან ინდივიდუალური ცხოვრებისგან განსხვავებით, რომელიც პირადი და ინდივიდუალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზეა ორიენტირებული, სამოქალაქო ცხოვრება არის საზოგადოებრივი ცხოვრება მოქალაქეებისა, რომლებსაც საზოგადოებისა და ერის მდგომარეობა აწუხებთ.
პოლიტიკა არის პროცესი, რომლის საშუალებითაც ხალხი შეიმუშავებს კოლექტიურ გადაწყვეტილებებს. ეს გადაწყვეტილებანი განიხილება, როგორც იმდენადვე შემზღუდავი და იძულებითი, რამდენადაც საერთო-საზოგადო მოქმედება.
ხელისუფლება არის ძალაუფლების მქონე პოლიტიკურად ორგანიზებული საზოგადოების ფორმალური ინსტიტუტები და პროცესები, რომელთაც უნდა შექმნან, განმარტონ და გაატარონ კანონები და საერთო-საზოგადო ინტერესის გამომწვევი სხვა შემზღუდავი წესები, როგორიცაა საზოგადოებრივი წესრიგი, უსაფრთხოება და კეთილდღეობა. ხელისუფლება ასევე არის ადამიანთა ჯგუფი, რომელიც მოქმედებს ფორმალურ პოლიტიკურ ინსტიტუტებში ნაციონალურ, რეგიონალურ ან ადგილობრივ დონეზე და რომელიც იღებს გადაწყვეტილებებს, ახორციელებს კანონებსა და განკარგულებებს. ხელისუფლების ზოგიერთი ნაწილი, მაგალითად, პარლამენტი და საკრებულოები, ქმნის კანონებს; სხვა ნაწილები, მაგალითად საგადასახადო ინსპექციები და პოლიცია, გაატარებენ კანონებს; ზოგიერთი კი, მაგალითად რაიონული და უზენაესი სასამართლოები, განმარტავს კანონებსა და წესებს.
სამოქალაქო საზოგადოება არის მოხალისეთა თავისუფლად ჩამოყალიბებული პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური ასოციაციების რთული ქსელი. სამოქალაქო საზოგადოების არსებითი ნაწილია, მაგალითად, არასამთავრობო ჯგუფები, როგორიცაა მშობელთა და მასწავლებელთა ასოციაციები, პროფესიონალური და ბიზნეს-ასოციაციები, პროფკავშირები, რელიგიური, საქველმოქმედო და ახალგაზრდული ორგანიზაციები. ცხოველმოქმედი სამოქალაქო საზოგადოება კონსტიტუციური დემოკრატიის არსებითი კომპონენტია, რადგან იგი აღკვეთს ხელისუფლების მიერ ძალაუფლების გადაჭარბებულ კონცენტრაციასა და მის ბოროტად გამოყენებას. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ის „საზოგადოებრივი ლაბორატორიებია“, სადაც მოქალაქეები სწავლობენ დემოკრატიას მის შექმნის გზით.
ინტელექტუალური უნარ-ჩვევები
ინფორმირებული, ეფექტიანი და პასუხისმგებლობის გრძნობით გამსჭვალული მოქალაქეობისთვის არსებითი ინტელექტუალური უნარ-ჩვევებია ამოცნობა/ გაცნობიერება და აღწერა, ახსნა და ანალიზი, საზოგადოებრივ საკითხებთან დაკავშირებით პოზიციის გამომუშავება, დაცვა და შეფასება.
ამოცნობა/გაცნობიერება ნიშნავს აზრის ან მნიშვნელობის მინიჭებას შეგრძნებადი (მაგალითად, ვინმეს კანონიერი წარმომადგენელი) ან აბსტრაქტული, არაშეგრძნებადი (მაგალითად, ცნებები, როგორიცაა, ვთქვათ, სამართლიანობა) ობიექტებისათვის. რაიმეს ამოცნობა/გაცნობიერება შეიძლება მოიცავდეს მისი სხვა ობიექტისგან განსხვავებას; რაიმე მსგავსის შემცველის კლასიფიკაციას ან კატალოგიზაციას; ან კიდევ, ზოგიერთ შემთხვევაში, მისი წარმოშობის გარკვევას.
აღწერა ნიშნავს ზეპირსიტყვიერი ან წერილობითი ანგარიშის წარდგენას ობიექტის ძირითადი ნიშნების ან მახასიათებლების შესახებ; აღწერა შეიძლება ხებოდეს შეგრძნებად ან აბსტრაქტულ პროცესებს, ინსტიტუტებს, ფუნქციებს, იზნებს ან თვისებებს.
ასე რომ, მოქალაქეობის შემსწავლელებმა შეიძლება, მაგალითად:
განსაზღვრონ ძირითადი ცნებები;
განასხვაონ ობიექტები;
ამოიცნონ/გააცნობიერონ პიროვნებები, სიმბოლოები, ინსტიტუციები;
ამოიცნონ/გააცნობიერონ იდეები და ცნებები;
აღწერონ ფუნქციები და პროცესები;
აღწერონ ისტორიული წარმოშობა;
აღწერონ ატრიბუტები და მახასიათებლები;
მოახდინონ კლასიფიკაცია ატრიბუტების მიხედვით;
აღწერონ ტენდენციები.
ახსნა ნიშნავს რაიმეს განმარტებას, გაცხადებას, აღწერას, გაცნობიერებას. შეიძლება აიხსნას, მაგალითად, მოვლენათა გამომწვევი მიზეზები, მოვლენათა და იდეათა მნიშვნელოვნება ან სხვადასხვა მოქმედებებისა და პოზიციების საფუძველი.
გაანალიზება ნიშნავს რაიმეს დაშლას მის შემადგენელ ნაწილებად მისი არსის ან მნიშვნელოვნების წარმოსაჩენად. შეიძლება გაანალიზდეს, მაგალითად, მოვლენათა გამომწვევი მიზეზები, იდეის კომპონენტები ან ლოგიკური შედეგები, სოციალური, პოლიტიკური ან ეკონომიკური პროცესები და ინსტიტუციები.
ასე რომ, მოქალაქეობის შემსწავლელებმა შეიძლება, მაგალითად:
ახსნან რაიმეს მუშაობის/ფუნქციონირების წესი/მექანიზმი;
გააანალიზონ მოქმედების, მოვლენის ან ტენდენციის საფუძვლები;
ახსნან მოვლენებისა და ფენომენების გამომწვევი მიზეზები და ეფექტები;
გააანალიზონ ემოციური გამოვლინებების საფუძვლები და მოტივები;
მოახდინონ შედარება და შეპირისპირება;
განასხვაონ მოსაზრება და ფაქტი;
განასხვაონ საშუალება და მიზანი;
დაადგინონ პასუხისმგებლობა;
განმარტონ მოვლენების, იდეების, ფენომენების არსი და მნიშვნელოვნება.
პოზიციის შეფასება ნიშნავს კრიტერიუმებისა და სტანდარტების გამოყენებას რაიმე საკითხთან დაკავშირებული პოზიციის ძლიერი და სუსტი მხარეების ან მოცემული პოზიციით განპირობებული შედეგების, ან ამ შედეგების მისაღწევად გამოყენებული საშუალებების განსასჯელად.
პოზიციის გამომუშავება ნიშნავს კრიტერიუმებისა და სტანდარტების გამოყენებას არსებული პოზიციებიდან იმ პოზიციამდე მისასვლელად, რომელსაც მხარს უჭერ, ან ახალი პოზიციის ჩამოყალიბებას.
პოზიციის დაცვა ნიშნავს არგუმენტების წამოყენებასა და სიცხადის შეტანას რომელიმე პოზიციის სასარგებლოდ და, გარდა ამისა, რომელიმე პოზიციასთან დაკავშირებით მოყვანილ არგუმენტებზე გამოხმაურებას ან მათ გათვალისწინებას.
ასე რომ, მოქალაქეობის შემსწავლელებმა შეიძლება, მაგალითად:
გაარკვიონ/გააცნობიერონ საკანონმდებლო აქტების ძლიერი და სუსტი მხარეები;
შეაფასონ არგუმენტების, ანალოგიებისა და მონაცემების ჭეშმარიტება;
მხარდაჭერის ან უარყოფის მიზნით მოახდინონ წყაროების ციტირება;
იწინასწარმეტყველონ შესაძლო შედეგები;
შეაფასონ შედეგები და საშუალებები;
შეაფასონ ალტერნატივათა ხარჯები და სარგებელი;
არსებული ალტერნატივებიდან შეარჩიონ პოზიცია;
ჩამოაყალიბონ ახალი პოზიცია;
დაიცვან პოზიცია;
გამოეხმაურონ საწინააღმდეგო არგუმენტებს.
მონაწილეობის უნარ-ჩვევები
ინფორმირებული, ეფექტიანი და პასუხისმგებლობის გრძნობით გამსჭვალული მოქალაქეობისთვის არსებითი მონაწილეობითი უნარ-ჩვევებია ურთიერთქმედების, მონიტორინგისა და ზეგავლენის უნარ-ჩვევები.
ურთიერთქმედება მოიცავს იმ უნარ-ჩვევებს, რომლებიც სჭირდება მოქალაქეს, რათა თვალი მიადევნოს საზოგადოებრივ პრობლემათა მდგომარეობას, რომელიც პოლიტიკური პროცესებითაა განპირობებული ან მთავრობის მიერაა მართული. ხელისუფლების მოქმედებების ან საზოგადოებრივი საქმეების მონიტორინგი მნიშვნელოვანია, თუკი მოქალაქეები აპირებენ, შეგნებული მონაწილეობა მიიღონ სამოქალაქო ცხოვრებაში.
ზეგავლენა მოიცავს იმ უნარ-ჩვევებს, რომლებიც საჭიროა პოლიტიკურ პროცესებსა და სახელმწიფოს მართვაზე ზემოქმედებისთვის და ეხება საზოგადოებაში მიმდინარე მართვის ფორმალურ და არაფორმალურ პროცესებს.
ურთიერთქმედება
მუშაობა მცირე ჯგუფებსა და კომისიებში, ინფორმაციის შეგროვება, მოსაზრებათა გაცვლა, მოქმედების გეგმის ჩამოყალიბება;
მოსმენა, ინფორმაციისა და იდეების, განსხვავებული თვალსაზრისების მიღება;
კითხვების დასმა, თვალსაზრისებისა თუ ინფორმაციის დაზუსტება, ფაქტებისა და შეხედულებების გაშუქება;
საზოგადოებრივი საქმეების განხილვა კომპეტენტურად, პასუხისმგებლობის გრძნობით და ცივილური ფორმით სასწავლებელში, მეზობლებთან და მეგობრებთან, საზოგადოებრივ ჯგუფებსა და საჯარო თავყრილობებზე;
მონაწილეობა მოხალისეთა ასოციაციებში და დაინტერესებულ ჯგუფებში, იდეათა და სტრატეგიათა წამოყენება, ინტერესთა დაცვა;
კოალიციების შექმნა, თავდებად დადგომა თანამოაზრე ინდივიდებისა და ჯგუფების, კანდიდატებისა და სტრატეგიების მხარდასაჭერად;
კონფლიქტების მოგვარება მედიაციის, მოლაპარაკების, კომპრომისის, კონსესუსის მიღწევისა თუ განჩინების გამოტანის გზით;
სასწავლებლისა და საზოგადოების მსახურება არჩეული ლიდერისა თუ წარმომადგენლის როლში, საზოგადოებრივი შეკრებების ორგანიზაცია, რელიგიურ, სამოქალაქო და საქველმოქმედო ორგანიზაციებში მუშაობა;
მედიარესურსების გამოყენება, ინფორმაციის მოპოვება, იდეათა გაცვლა, საზოგადოებრივი ინტერესების დაცვა;
თათბირი საზოგადოებრივი პრობლემების შესახებ, მაგალითად, ჯანდაცვის, დასაქმების, გარემოს დაცვის საკითხებზე;
სხვების არგუმენტებისა და პოზიციების შეფასება მათი მართებულობის თვალსაზრისით და არა მათი განმცხადებლის ვინაობის მიხედვით ისე, რომ შენარჩუნებული იყოს სიმშვიდე ოპონენტების წინაშე.
მონიტორინგი
მოქალაქეების მოსმენა, საზოგადოებრივ ორგანოთა პუბლიკაციების, საინფორმაციო საშუალებათა განცხადებების ყურადღებით აღქმა;
შეკითხვების დასმა სახელმწიფო მოხელეებისთვის, ექსპერტებისთვის, რათა გააშუქოს ინფორმაცია და განისაზღვროს პასუხისმგებლობები;
სახელმწიფო მოხელეებისთვის მუშაობის ანგარიშების მოთხოვნა იმისათვის, რომ მათი ძალაუფლება შეესაბამებოდეს ძირითად კონსტიტუციურ პრინციპებს;
საზოგადოებრივი საკითხების გაშუქებასთან დაკავშირებული მედიის (მათ შორის ტელევიზიის, რადიოს, გაზეთების, ჟურნალების) თვალყურის დევნება;
საზოგადოებრივ პრობლემათა კვლევა კომპიუტერული რესურსების, ბიბლიოთეკების, პერსონალური კონტაქტების, მედიის და კომუნიკაციის სხვა საშუალებათა გამოყენებით;
ინფორმაციის შეგროვება სახელმწიფო მოხელეებისა და ორგნიზაციებისგან, დაინტერესებული ჯგუფებისგან, არასამთავრობო ორგანიზაციებისგან და მისი ანალიზი;
დასწრება საჯარო თავყრილობებსა და განხილვებზე, მაგალითად, მოსწავლეთა საბჭოს, სასწავლებლის საბჭოს, ქალაქის საკრებულოს და სხვა წარმომადგენლობითი ორგანოების სხდომებზე;
სამოქალაქო საკითხებში გაცნობიერებული ადამიანების, მაგალითად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების, საჯარო მოსამსახურეების, სამოქალაქო ასოციაციების წარმომადგენელთა გამოკითხვა, საზოგადოებრივ საკითხებთან დაკავშირებით;
ელექტრონული რესურსების, მაგალითად ინტერნეტის, ელექტრონული პუბლიკაციებისა და სხვა ელექტრონული მასალების, გამოყენება ინფორმაციის მოპოვებისა და გაცვლისთვის.
ზეგავლენა
მონაწილეობა სასწავლებლის, ორგანიზაციის, ადგილობრივი თუ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების არჩევნებში;
ინფორმირება, მაგალითად, კანონმდებლებისა თუ პოლიტიკოსების ფაქტებით მომარაგება;
პეტიციით მიმართვა, მაგალითად, წარმომადგენლობითი ორგანოებისა და სახელმწიფო მოხელეებისადმი მათ მოქმედებებში ცვლილებების შეტანისა და საჩივრის თაობაზე, ხელმოწერათა შეგროვება ინიციატივებისა და არჩეული წარმომადგენლების გამოწვევისთვის;
საზოგადოებრივ/სახელმწიფო ორგანოთა წინაშე სიტყვით გამოსვლა და ჩვენების მიცემა;
ინდივიდებისა და პოზიციების მხარდაჭერა თუ ოპონირება საზოგადოებრივ საკითხებთან დაკავშირებით და ამ საქმეში საკუთარი წვლილის შეტანა დროის, ინტელექტის თუ თანხის სახით;
მონაწილეობა სამოქალაქო და პოლიტიკურ ჯგუფებში, მაგალითად, მოსწავლეთა მმართველობაში, ახალგაზრდულ ორგანიზაციებში, უფლებათა დამცავ ჯგუფებში და სხვ.;
მედიასაშუალებათა გამოყენება საზოგადოებრივ საკითხებზე თვალსაზრისის წამოსაყენებლად, მაგალითად, საგაზეთო თუ საჟურნალო სტატიების წერა.
სამოქალაქო დამოკიდებულებანი
სამოქალაქო დამოკიდებულებანი წარმოადგენს კერძო ან საზოგადოებრივი ხასიათის მქონე პიროვნულ თვისებებს, რომლებიც არსებითია კონსტიტუციური დემოკრატიის შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისთვის.
სამოქალაქო დამოკიდებულებანი თანდათან ვითარდება დროის განმავლობაში, როდესაც ინდივიდი სწავლობს და გამოცდილებას იღებს ოჯახში, სკოლაში, საზოგადოებაში. დაგროვილი გამოცდილებიდან მომდინარეობს იმის გაგება, რომ კონსტიტუციური დემოკრატია ყოველი ინდივიდისგან მოითხოვს პასუხისმგებლობის გრძნობით აღსავსე თვითკონტროლს, რადგან ერთი ადამიანი ვერ იარსებებს სხვების გარეშე. კერძო ხასიათის პიროვნული ნიშნები, როგორიცაა მორალური პასუხისმგებლობა, თვითდისციპლინა, ცალკეული ინდივიდის ღირებულების დაფასება და ადამიანური ღირსების პატივისცემა, არსებითია ერის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს კეთილდღეობისთვის.
უფრო მეტიც, კონსტიტუციური დემოკრატია ვერ მიაღწევს თავის მიზნებს, თუ არა მოქალაქეთა გონივრული მონაწილეობა საზოგადოებრივ საქმეებსა და სამოქალაქო ცხოვრებაში. საზოგადოებრივი ხასიათის პიროვნული ნიშნები, როგორიცაა საზოგადოებრივი სულისკვეთება, ცივილურობა, კანონის პატივისცემა, კრიტიკული აზროვნება და მოსმენის, მოლაპარაკებისა და კომპრომისის სურვილი, სრულიად აუცილებელია ერის კეთილდღეობისთვის.
სამოქალაქო დამოკიდებულებანი, რომელიც ხელს უწყობს ინდივიდის პოლიტიკური ქმედითუნარიანობის, ღირსებისა და ღირებულების შეგრძნების, პოლიტიკური სისტემის ჯანსაღი ფუნქციონირებისა და საზოგადო სიკეთის განვითარება/გაუმჯობესებას, მოიცავს:
საზოგადოების დამოუკიდებელ წევრად ჩამოყალიბებას, მაგალითად, ქცევის სტანდარტებისადმი საკუთარი ნებით დაქვემდებარება და არა გარე კონტროლის ქვეშ ყოფნის მოთხოვნა, პასუხისმგებლობის აღება საკუთარ მოქმედებათა შედეგებზე, საზოგადოების წევრის მორალური და იურიდიული მოვალეობების შესრულება;
მოქალაქის პიროვნული, პოლიტიკური და ეკონომიკური პასუხისმგებლობის გათვალისწინებას, მაგალითად, საკუთარ თავსა და ოჯახზე ზრუნვა, საზოგადოებრივი პრობლემების შესახებ ინფორმირებულობა, არჩევნებში მონაწილეობა, გადასახადების გადახდა, საზოგადოების მსახურება;
ინდივიდის ღირებულებისა და ადამიანური ღირსების პატივისცემას, მაგალითად, ადამიანების პატივისცემით მოპყრობა, ცივილურად მოქცევა, სხვების უფლებებისა და ინტერესების გათვალისწინება, უმცირესობათა უფლებების პატივისცემა და სხვ.;
სამოქალაქო საქმეებში ინფორმირებულად, გააზრებულად და ეფექტიანად მონაწილეობას, მაგალითად, ხმის მიცემამდე ან საჯარო დებატებში მონაწილეობამდე საკითხში გარკვევა, საჭირო შემთხვევაში ლიდერობისთვის მზაობა, საკუთარი მისწრაფებებისა და ინტერესების საზოგადოებრივისთვის დაქვემდებარების საჭიროების შეფასება, მორალური მოვალეობებისა და კონსტიტუციური პრინციპების გამო გარკვეული სამოქალაქო მოლოდინების დათმობის საჭიროების შეფასება;
კონსტიტუციური დემოკრატიის ჯანსაღი ფუნქციონირების ხელშეწყობას, მაგალითად, საზოგადოებრივი პრობლემებისადმი ყურადღება, კონსტიტუციური პრინციპების შესწავლა და გააზრება, პოლიტიკური ლიდერებისა და სახელისუფლებო სტრუქტურების მოქმედებათა კონსტიტუციურ პრინციპებთან შესაბამისობის მონიტორინგი და ადეკვატური მოქმედება მათი შეუსაბამობის შემთხვევაში, შეუფერებელი ან უგუნური კანონების შესაცვლელად მშვიდობიანი, კანონიერი საშუალებების გამოყენება.
სადისკუსიო კითხვები
1. მოქალაქეობრივი განათლების ძირითადი თემებია, მაგალითად:
თანამშრომლობა და კონფლიქტი;
თანასწორობა და კულტურული მრავალფეროვნება;
სამართლიანობა და სამართალი;
თავისუფლება და წესრიგი;
ინდივიდი და საზოგადოება;
ძალაუფლება და ზეგავლენა;
უფლებები და მოვალეობანი.
მოიფიქრეთ მოქალაქეობრივი განათლების სხვა ძირითადი თემები და გააგრძელეთ ჩამონათვალი.
2. თქვენი აზრით, მნიშვნელოვანია თუ არა მოქალაქეობრივ განათლებაში, მაგალითად, შემდეგი დამოკიდებულებების განვითარება:
საზოგადო კეთილდღეობაზე ზრუნვა;
ადამიანთა ღირსებისა და თანასწორობის რწმენა;
ზრუნვა კონფლიქტების გადაჭრაზე;
სხვებთან ერთად და სხვებისთვის მუშაობის პრინციპის მიმართ სიმპათიითა და გაგებით განწყობა;
სწრაფვა პასუხისმგებლობით მოქმედებისკენ, ანუ სხვებზე და საკუთარ თავზე მზრუნველობა, საკუთარი მოქმედებების სხვებზე შესაძლო ზეგავლენის წინასწარგათვლა, მოულოდნელ ან წარუმატებელ შედეგებზე პასუხისმგებლობის აღება;
ტოლერანტული ქცევა;
განსჯა და მოქმედება მორალური პრინციპების შესაბამისად;
გამბედაობა თვალსაზრისის დაცვაში;
დისკუსიისა და ცხადი ფაქტების/არგუმენტების შუქზე მოსაზრებებისა და დამოკიდებულებების ცვლილებისადმი ღიაობის სურვილი;
ინდივიდუალური ინიციატივა და ძალისხმევა;
ცივილურობა და კანონის უზენაესობის პატივისცემა;
შეუპოვრობა ადეკვატურად მოქმედებაში;
თანაბარი შესაძლებლობებისა და გენდერული თანასწორობის პრინციპების ერთგულება;
მოხალისედ მსახურების ვალდებულება;
ზრუნვა ადამიანის უფლებებზე;
გარემოზე ზრუნვა.
რატომ? პასუხი დაასაბუთეთ.
3. შეარჩიეთ თქვენთვის მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები შემდეგი ჩამონათვალიდან:
ზეპირსიტყვიერი და წერილობითი ფორმით საფუძვლიანი არგუმენტების მოყვანის უნარი;
სხვების მოსაზრებებისა და გამოცდილების მხედველობაში მიღებისა და დაფასების უნარი;
განსხვავებული თვალსაზრისების დაკავშირების უნარი;
თანამშრომლობისა და სხვებთან ერთად ეფექტიანი მუშაობის უნარი; პრობლემის გადაჭრის ხერხის მიგნების უნარი;
ინფორმაციის შესაგროვებლად თანამედროვე მედიისა და ტექნოლოგიების გამოყენების უნარი;
ბუნდოვანი მტკიცებულებებისადმი კრიტიკული მიდგომისა და ახალი მტკიცებულებების ძიების უნარი;
მანიპულაციისა და დარწმუნების ფორმების ამოცნობის უნარი;
სოციალური, მორალური და პოლიტიკური გამოწვევებისა და სიტუაციების ამოცნობის, მათზე გამოხმაურებისა და ზეგავლენის უნარი.
მოიფიქრეთ სხვა საჭირო უნარ-ჩვევები და შეავსეთ ჩამონათვალი.
________________________
3 მასალა მომზადებულია პუბლიკაციის Civics Assessment Framework for the 1998 National Assessment of Educational Progress, NAEP Civics Consensus Project საფუძველზე.
![]() |
5.4 §4. მსოფლიოს მოქალაქე - მარტინ ლუთერ კინგი უმცროსი |
▲ზევით დაბრუნება |
მარტინ ლუთერ კინგი უმცროსი დაიბადა 1929 წლის 15 იანვარს ჯორჯიის ქალაქ ატლანტაში მარტინ ლუთერ კინგ უფროსისა და ალბერტა უილიამ კინგის ოჯახში. მას ჰყავდა ერთი და, უილი კრისტინი, და ერთი ძმა, ალბერტ დენიელი.
კინგი უმცროსი ბავშვობიდანვე დაკავშირებული იყო ეკლესიურ ცხოვრებასთან - იგი საეკლესიო გუნდში გალობდა. თხუთმეტი წლის ასაკში კი მორჰაუზის კოლეჯში შევიდა და 1948 წელს მიიღო ბაკალავრის ხარისხი სოციოლოგიაში. ამის შემდეგ სწავლა გააგრძელა პენსილვანიის ქალაქ ჩესტერში კროზერის თეოლოგიის სემინარიაში, სადაც 1951 წელს მიიღო ბაკალავრის დიპლომი ღვთისმეტყველებაში. იმავე წლის სექტემბერში კინგმა ბოსტონის უნივერსიტეტში განაგრძო სწავლა და 1955 წელს დოქტორის ხარისხი მიიღო სისტემატურ თეოლოგიაში.
1953 წელს, 24 წლის ასაკში, კინგი გახდა დექსტერ ავენიუზე მდებარე ბაპტისტური ეკლესიის მოძღვარი. 1955 წელს მომხდარმა შემთხვევამ (ახალგაზრდა შავკანიანმა გოგონამ, როზა პარკსმა, უარი თქვა, შეესრულებინა ჯიმ კროუს კანონი, რომლის თანახმადაც, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მას თეთრკანიანისთვის უნდა დაეთმო ადგილი) ბიძგი მისცა „მონტგომერის ავტობუსთა ბოიკოტის“ (Montgomery Bus Boycott) სახელით ცნობილ მოძრაობას, რომელსაც სათავეში ლუთერ კინგი და ედგარ ნიქსონი ჩაუდგნენ. ბოიკოტი 382 დღეს გაგრძელდა. სიტუაცია ისე დაიძაბა, რომ კინგი დააპატიმრეს. ამ მოძრაობას შედეგი ნამდვილად მოჰყვა: შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ კანონი რასობრივი სეგრეგაციის შესახებ გაუქმებულად ცნო.
1961 წელს გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) კინგის სატელეფონო საუბრების მოსმენა დაიწყო იმის შიშით, რომ მოძრაობას სამოქალაქო უფლებებისთვის შეიძლება კომუნისტები მართავდნენ ან ხელს უწყობდნენ. თუმცა ასეთი ფაქტი არ დადასტურდა, ბიურომ კი ჩანაწერების გამოყენება კინგის საწინააღმდეგოდ სცადა - ისინი ცდილობდნენ, ეიძულებინათ კინგი, უარი ეთქვა თავის მიზნებზე.
კინგმა სწორად გააანალიზა, რომ ჯიმ კროუს კანონების გაუქმებას შეიძლებოდა სხვა შედეგებიც მოჰყოლოდა, თუ სწორად გამოიყენებდა შანსს. მედიის მიერ ვრცლად გაშუქებულმა ამბებმა რასობრივი დისკრიმინაციის შესახებ დიდი როლი შეასრულა დადებითი საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაში, რამაც ხელი შეუწყო მოძრაობას სამოქალაქო უფლებებისთვის. ეს მოძრაობა ერთ-ერთ წამყვან საკითხად იქცა 1960-იანი წლების ამერიკულ პოლიტიკაში.
კინგი ორგანიზებას უწევდა მოძრაობებს შავკანიანთა მიერ ხმის მიცემის, დესეგრეგაციისა და სამუშაო უფლებებისთვის. ამ მოთხოვნათა უმეტესობა დაკმაყოფილებულ იქნა შეერთებული შტატების კანონმდებლობის მიერ. მიღებულ იქნა კანონები: „1964 წლის სამოქალაქო უფლებების აქტი“ და „1965 წლის ხმის მიცემის უფლების აქტი“.
კინგი და მისი თანამოაზრეები ცდილობდნენ, მაქსიმალური ორგანიზება გაეწიათ საპროტესტო მსვლელობებისთვის, რომლებიც ხშირად დრამატულად მთავრდებოდა სეგრეგაციის მომხრე ჩინოვნიკების გამო.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მსვლელობა ვაშინგტონისკენ სამუშაოსა და თავისუფლებისთვის, რომელსაც ე.წ. „დიდი ექვსიანი“ აწყობდა. „დიდი ექვსიანი“ იყო გაერთიანება, რომლის წევრებიც იყვნენ: მარტინ ლუთერ კინგი - იგი წარმოადგენდა „სამხრეთელ ქრისტიანთა გაერთიანებას“ (SCLC), როი უილკინსი - ეროვნული ასოციაცია ფერადკანიანთა წარმატებისთვის (NAACP), უიტნი იანგ-უმცროსი - ურბანული ლიგა, ფილიპ რანდოლფი - მტვირთავთა საძმო, ჯონ ლიუისი - სტუდენტთა საკოორდინაციო კომისია (SNCC) და ჯეიმს ფარმერი - რასობრივი თანასწორობის ლიგა. მსვლელობას თანაუგრძნობდა პრეზიდენტი ჯონ კენედიც, თუმცა თავიდან წინააღმდეგობას უწევდა იმის შიშით, რომ შეიძლებოდა მსვლელობას სამოქალაქო კანონის მიღებაზე უარყოფითად ემოქმედა.
მსვლელობის მოთავეებს მტკიცედ ჰქონდათ გადაწყვეტილი, რომ მსვლელობა უნდა შემდგარიყო და იგი მართლაც შედგა. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კენედის დაჟინებული მოთხოვნით მსვლელობამ ზედმეტი აყალმაყალისა და ხმაურის გარეშე ჩაიარა.
მსვლელობის ძირითადი მოთხოვნები ასეთი იყო: საჯარო სკოლებში რასობრივი სეგრეგაციის შეწყვეტა, მნიშვნელოვანი სამოქალაქო უფლებების დაკანონება სამუშაოსთან დაკავშირებული რასობრივი დისკრიმინაციის აკრძალვის ჩათვლით, სამოქალაქო უფლებების დამცველთა უსაფრთხოება პოლიციის ძალმომრეობის წინააღმდეგ, მინიმალური ხელფასი კვირაში 2 დოლარის ოდენობით და კოლუმბიის ოლქის თვითმმართველობა, რომელსაც იმ პერიოდში კონგრესის კომიტეტი მართავდა.
მიუხედავად შეზღუდვებისა, მსვლელობას 250 000 სხვადასხვა რასისა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი დაესწრო. მიტინგი ლინკოლნის მემორიალთან შედგა. სწორედ აქ წარმოთქვა ლუთერ კინგმა თავისი ყველაზე ცნობილი სიტყვა „მე მაქვს ოცნება“, რომელმაც უდიდესი ეფექტი მოახდინა ხალხზე.
1964 წლის 14 ოქტომბერს მარტინ ლუთერ კინგი გახდა ნობელის პრემიის ყველაზე ახალგაზრდა ლაურეატი მშვიდობის დარგში.
1965 წელს კინგი ახალ კამპანიაში ჩაერთო. მან ეჭვი გამოთქვა, თუ რამდენად გამართლებული იყო ამერიკის მონაწილეობა ვიეტნამის ომში. მისი სიტყვა „ვიეტნამს მიღმა: დროა დავარღვიოთ სიჩუმე“ ამერიკის მთავრობის წინააღმდეგ იყო მიმართული. იგი ამბობდა, რომ მთავრობას ვიეტნამის დაპყრობა სურდა და მას იმ დროს მსოფლიოში არსებული ყველაზე დიდი ძალმომრეობის გამოვლინება უწოდა.
1968 წლის მარტში კინგი ტენესის ქალაქ მემფისში გაემგზავრა, რათა მხარი დაეჭირა მუშების გამოსვლისთვის. იმავე წლის 4 აპრილს დილის 6 საათზე კინგი სიტყვის წარმოთქმისას “ლორეინ მოტელის” აივანზე მოკლეს. ლუთერ კინგის ქვრივის მოთხოვნით მის პანაშვიდებზე მის მიერვე 1968 წლის თებერვალში წარმოთქმული ქადაგება ისმოდა, სადაც იგი ითხოვს, რომ მის დაკრძალვაზე არავინ ახსენოს მისი დამსახურებები ან ჯილდოები, არამედ ითქვას მხოლოდ ის, რისთვისაც მთელი ცხოვრება იბრძოდა - დააპურეთ მშიერი, შემოსეთ შიშველი, იყავით სწორნი ვიეტნამის ომში და გიყვარდეთ და ემსახურეთ ადამიანებს.
მაგრამ მისი სიკვდილით მისი საქმე არ დასრულებულა. კინგის მომხრეები კიდევ დიდხანს განაგრძობდნენ ბრძოლას და აღწევდნენ წარმატებებს.
,,მე მაქვს ოცნება“
1963 წლის 28 აგვისტოს მარტინ ლუთერ კინგ უმცროსის მიერ ვაშინგტონში, ლინკოლნის მემორიალთან, წარმოთქმული სიტყვა
ასი წლის წინ დიდმა ამერიკელმა, რომლის სიმბოლურ ჩრდილში ჩვენ ამ წუთას ვიმყოფებით, ხელი მოაწერა მონობისგან განთავისუფლების დეკლარაციას. ეს უმნიშვნელოვანესი დეკრეტი იმედის მანათობელ შუქურად იქცა მილიონობით შავკანიანი მონისთვის, რომლებიც ენით აუწერელ უსამართლობას ეწირებოდნენ მსხვერპლად. იგი იმ ბედნიერ განთიადად იქცა, რომელიც ყოველთვის მოჰყვება ხოლმე ბნელსა და უსასრულო ღამეს. მაგრამ გავიდა ასი წელიწადი და ჩვენ კვლავ იმავე ტრაგიკული ფაქტის წინაშე ვდგავართ - შავკანიანი ისევ ტყვეა.
ასი წლის შემდეგ შავკანიანის ცხოვრება კვლავაც დამახინჯებულია სეგრეგაციისა და დისკრიმინაციის ბორკილებით. ასი წლის შემდეგ, მატერიალური აყვავების ხანაში, შავკანიანი ისევ სიღარიბის უკაცრიელ კუნძულზე ცხოვრობს. ასი წლის შემდეგ შავკანიანი ისევ იტანჯება, ამერიკული საზოგადოებისაგან უარყოფილი. იგი დევნილია საკუთარ მიწაზე.
დღეს ჩვენ აქ ერთი მიზნით მოვედით: ხმა ავიმაღლოთ ამ საზარელი მდგომარეობის წინააღმდეგ. დღეს ჩვენ ჩვენი ქვეყნის დედაქალაქში იმისთვის მოვედით, რომ კუთვნილი მივიღოთ. კონსტიტუციისა და თავისუფლების დეკლარაციის ბრწყინვალე სიტყვების შექმნისას ჩვენი რესპუბლიკის არქიტექტორებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლის თანახმად, ყველა ამერიკელმა კუთვნილი სამართლიანად უნდა მიიღოს.
ეს დოკუმენტი იქცა გარანტად, რომ ყველა ადამიანს ექნებოდა სიცოცხლის, თავისუფლებისა და ბედნიერების ხელშეუხებელი უფლება. დღეს უკვე ცხადია, რომ ამერიკამ დაარღვია ეს პირობა, რადგან მისი მოქალაქენი რასის მიხედვით განირჩევიან. ნაცვლად იმისა, რომ ამ წმინდა მოვალეობისთვის პატივი მიეგო, ამერიკამ თავის შავკანიან შვილებს ყალბი დაპირებები გადაუგდო სამადლოდ. მაგრამ ჩვენ უარს ვამბობთ, დავიჯეროთ, რომ სამართლიანობა და მარცხდა. ჩვენ უარს ვამბობთ, დავიჯეროთ, რომ ეს დიდი მომავლის ქვეყანა სიყალბეზეა აგებული.
და ჩვენ მოვედით კუთვნილის მისაღებად - ჩვენ მოვედით, მივიღოთ ის ერთადერთი ჭეშმარიტი სიმდიდრე, რასაც თავისუფლება და სამართლიანობა ჰქვია. ჩვენ მოვედით ამ წმინდა ადგილას, რათა შევახსენოთ ამერიკას, რომ დრო აღარ ითმენს. ჩვენ აღარ გვაქვს დრო, გულზე ხელი დავიკრიფოთ და ცხოვრების დინებას დამშვიდებულნი მივყვეთ. დროა, გამოვიდეთ სიბნელიდან, დროა აღვდგეთ გარიყულობის სამარხებიდან, დროა, რასობრივი სამართლიანობის გაბრწყინებულ ბილიკს დავადგეთ. დროა, ღვთის ყველა შვილს შესაძლებლობის კარიბჭეები გავუღოთ. დროა, ჩვენი ერი რასობრივი უსამართლობის ქვიშიდან ამოვათრიოთ და ძმობის მყარ კლდეზე დავაყენოთ.
გარდაუვალია ის ფაქტი, რომ ჩვენი ხალხი იგრძნობს ყოველი წამის მნიშვნელობას და მიხვდება, თუ როგორ სჭირდება დღეს ამერიკას შავკანიანი. შავკანიანის სამართლიანი უკმაყოფილება მანამ გაგრძელდება, სანამ თავისუფლებისა და თანასწორობის უხვ მოსავალს არ ავიღებთ. 1963 წელი დასასრული არ არის, ის მხოლოდ დასაწყისია. მას, ვისაც იმედი აქვს, რომ შავკანიანის გულში დაგროვილი ტკივილი ამოხეთქავს, შემდეგ კი უკვალოდ გაქრება, უსაზღვრო იმედგაცრუება ელის. ამერიკა სიმშვიდეს ვერ მოიპოვებს, სანამ შავკანიანი მოქალაქის უფლებებს არ აღიდგენს.
ამ ამბოხების ქარიშხალი იქამდე შეარყევს ჩვენი ერის საფუძველს, ვიდრე სამართლიანობის ნათელი დღე არ გათენდება. მაგრამ მე მინდა, რაღაც ვუთხრა ჩემს ხალხს, რომელიც სამართლიანობის ტაძრის ზღურბლზე დგას. იმ დროს, როცა ერთი ნაბიჯი გვაშორებს ჩვენი კუთვნილი ადგილისგან, ჩვენ შეცდომა არ გვეპატიება. მოდით, ნუ შევეცდებით, თავისუფლების წყურვილი სიმწრისა და სიძულვილის ფიალით დავიკმაყოფილოთ.
ჩვენი ბრძოლა ღირსების გრძნობითა და მაღალი დისციპლინით უნდა წარვმართოთ. არ უნდა დავუშვათ, რომ ჩვენი სამართლიანი პროტესტი ფიზიკურ ძალადობაში გადაიზარდოს. ისევ და ისევ ჩვენს საკუთარ სისუსტეზე მაღლა უნდა დავდგეთ და შევძლოთ, ფიზიკურ ძალას სულიერი სიძლიერე დავუპირისპიროთ.
ამ ახალმა გრძნობამ, ბრძოლის სურვილმა, რომელმაც შავკანიანთა საზოგადოება მთლიანად მოიცვა, თეთრკანიანთა უნდობლობა არ უნდა ჩაგვინერგოს. დღევანდელმა დღემ ცხადად დაგვანახვა, რომ ბევრი ჩვენი თეთრკანიანი ძმა მიხვდა, თუ რამდენად მჭიდროდ არის დაკავშირებული მათი ბედი ჩვენს ბედთან, თუ რაოდენ მტკიცედ არის გადაჯაჭვული მათი თავისუფლება ჩვენს თავისუფლებასთან.
ჩვენ ეულად სიარული არ შეგვიძლია და თუ ვივლით, ფიცი უნდა დავდოთ, რომ მხოლოდ წინ ვივლით. ჩვენ უკან არ დავბრუნდებით, რადგან იქ არიან ისინი, ვინც განუწყვეტლივ ეკითხებიან სიმართლის მაძებართ: „როდის დაკმაყოფილდებით?“. ჩვენ ვერასოდეს დავკმაყოფილდებით, რადგან განუწყვეტელი ხეტიალით გადაქანცულ ჩვენს სხეულებს უფლება არ აქვთ, ქალაქის სასტუმროში იპოვონ შვება. ჩვენ ვერ დავკმაყოფილდებით, რადგან შავკანიანის ერთადერთი წასასვლელი გეტოა. ჩვენ ვერასოდეს დავკმაყოფილდებით, რადგან მისისიპელ შავკანიანს ხმის მიცემის უფლება არა აქვს, ნიუ-იორკელს კი სჯერა, რომ არაფერი გააჩნია, რისთვისაც ღირს ხმის მიცემა. არა, არა, ჩვენ არ ვართ კმაყოფილნი და ვერც ვერასოდეს ვიქნებით, ვიდრე სამართალი და ჭეშმარიტება უფრსკულისკენ მიექანებიან.
მე ვიცი, ბევრი თქვენგანი აქ ტანჯვა-წამების გზით მოვიდა, ზოგი - პირდაპირ ვიწრო საკნიდან, ზოგიც იქიდან, სადაც თავისუფლების ძიებამ მიგიყვანათ და დევნისა და პოლიციის სისასტიკის მსხვერპლნი გაგხადათ. მაგრამ თქვენი ტანჯვა ამაო არ ყოფილა. გწამდეთ, რომ ის, ვინც დაუმსახურებლად ეწამება, ოდესმე კუთვნილს მიიღებს.
დაბრუნდით მისისიპიში, დაბრუნდით ალაბამაში, დაბრუნდით ჯორჯიასა და ლუიზიანაში, დაუბრუნდით ჩრდილოური ქალაქების ჯურღმულებსა და გეტოებს და გახსოვდეთ, რომ ოდესმე ეს მდგომარეობა შეიცვლება. ნუ ჩავეფლობით სასოწარკვეთილების ჭაობში. მე დღეს გეუბნებით, მეგობრებო, რომ მიუხედავად ყველა სირთულისა და იმედგაცრუებისა, მე კიდევ მაქვს ერთი ოცნება. ეს არის ნატვრა, რომელიც სათავეს ამერიკული ოცნების ღრმა საძირკვლიდან იღებს.
მე მაქვს ოცნება, რომ ერთ დღესაც ეს ერი აღდგება და გაიაზრებს თავისი მრწამსის ნამდვილ მნიშვნელობას: რომ ყველა ადამიანი თანასწორია. მე ვოცნებობ, რომ ოდესმე ჯორჯიის წითელ გორებზე ყოფილი მონისა და ყოფილი მონათმფლობელის შვილები ძმობის სუფრას შემოუსხდებიან. მე ვოცნებობ, რომ მისისიპის შტატიც კი, ეს უსამართლობისა და ჩაგვრის უდაბნო, სამართლიანობის ოაზისად გადაიქცევა. მე ვოცნებობ, რომ ოდესმე ჩემი ოთხი შვილი ისეთ ქვეყანაში იცხოვრებს, სადაც მათ კანის ფერის მიხედვით კი არა, მათი საქციელის მიხედვით განსჯიან. დღეს მე მაქვს ერთი ოცნება.
მე ვოცნებობ, რომ ერთ მშვენიერ დღეს ალაბამა, რომლის გუბერნატორი ცდილობს, გააქმოს თავის შტატში თანასწორობის კანონები, ისეთ ადგილად იქცევა, სადაც პატარა შავკანიანი გოგო-ბიჭები ხელს ჩაჰკიდებენ თავიანთ თეთრკანიან თანატოლებს და ერთად ივლიან, როგორც და-ძმანი. დღეს მე მაქვს ერთი ოცნება.
მე ვოცნებობ, რომ ოდესმე ბარი ამაღლდება, მთა და გორაკი კი დაბლა დაიწევს, დასერილი მიწა შეხორცდება, ხვეული კი - გასწორდება, ოდესმე ღვთის დიდება გამობრწყინდება და ყველა ცოცხალი არსება მას ერთად იხილავს. აი, ეს არის ჩვენი იმედი. ეს არის ის რწმენა, რითაც მე სამხრეთში დავბრუნდები. ამ რწმენით ჩვენ შევძლებთ, სასოწარკვეთილების მთიდან იმედის ლოდი გამოვკვეთოთ. ამ რწმენით ჩვენ შევძლებთ, ჩვენი ერის განხეთქილების ღრიანცელი ძმობის მშვენიერ სიმფონიად ვაქციოთ. ამ რწმენით ჩვენ შევძლებთ, ვიმუშაოთ ერთად, ვილოცოთ ერთად, ვიბრძოლოთ და დავისაჯოთ ერთად, ერთად აღვდგეთ თავისუფლებისთვის და გვჯეროდეს, რომ ოდესმე ჩვენ თავისუფალნი ვიქნებით.
ეს ის დღე იქნება, როდესაც ღვთის ყველა შვილი ერთად უმღერებს თავის ქვეყანას თავისუფლებაზე, იმღერებს იმ მიწისთვის, რომლისთვისაც მათმა მამებმა სიცოცხლე გასწირეს, სადაც ყველა მხრიდან ისმოდა ლოცვა და ყველა მთიდან თავისუფლების ზარები რეკდნენ. და თუ ამერიკას უწერია, დიდი ერის სახელი ერქვას, მაშინ ჩემი ოცნება ახდება. მოდით, ავაჟღეროთ ზარები ნიუ-ჰემფშირის ვეებერთელა მწვერვალებიდან და ნიუ-იორკის ძლიერი მთებიდან! მოდით, ავაჟღეროთ თავისუფლების ზარები პენსილვანიის მაღალი ბორცვებიდან და კოლორადოს თოვლიანი კლდეებიდან! მოდით, ავაჟღეროთ თავისუფლების ზარები კალიფორნიის მომხიბვლელი მწვერვალებიდან! მოდით, ავაჟღეროთ თავისუფლების ზარები ჯორჯიისა და ტენესის კლდოვანი მთებიდან! მოდით, ავაჟღეროთ თავისუფლების ზარები მისისიპის ყოველი კუთხე-კუნჭულიდან! დაე რეკდეს ყოველი მხრიდან თავისუფლების ზარები!
და როდესაც ჩვენ ამ ზარების ხმას ყველა სოფლიდან და დასახლებიდან, ყოველი შტატიდან და ქალაქიდან გავიგონებთ, მაშინ მოვა ის დღე, როდესაც ღვთის ყველა შვილი, თეთრკანიანი და შავკანიანი, ებრაელი და არაებრაელი, პროტესტანტი და კათოლიკე, ხელს ჩავკიდებთ ერთმანეთს და ერთად ვიმღერებთ ბებერი შავკანიანის სიმღერას: „თავისუფალნი ბოლოს და ბოლოს! თავისუფალნი ბოლოს და ბოლოს! გმადლობთ, ყოვლისშემძლე უფალო, ჩვენ თავისუფალნი ვართ ბოლოს და ბოლოს!
სადისკუსიო კითხვები
1. რას განიცდიან, თქვენი აზრით, ის მოქალაქეები, რომლებიც ამა თუ იმ მიზეზით არ არიან დაცულნი ქვეყანაში, სადაც მუდმივად ცხოვრობენ?
2. რა უნდა ქნას მოქალაქემ, თუ საზოგადოება პატივს არ სცემს გარკვეული საზოგადოებრივი ჯგუფების უფლებებს?
3. რითაა, თქვენი აზრით, გამორჩეული მარტინ ლუთერ კინგის მოღვაწეობა და მისი მოქალაქეობრივი პოზიცია?
4. ჩამოაყალიბეთ თქვენი ვერსია მიმართვისა „მე მაქვს ოცნება“.
![]() |
5.5 §5. საქართველოს მოქალაქეები - აკაკი ბაქრაძე, მერაბ მამარდაშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
„ასეა ჩვენში: სიკვდილის შემდეგ დიდდება ნაფეხურები“.
თამაზ ჩხენკელი
უმრავლესობისგან განსხვავებით ისინი დინების საწინააღმდეგოდ მიდიოდნენ. ისინი საგანმანათლებლო და პოლიტიკურ „შავ“ სამუშაოს ასრულებდნენ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის განვითარებისთვის, საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის. მათ „მკვახე შეძახილიც“ შეეძლოთ და ჩუმი პროტესტიც. ისინი ანგრევდენენ საბჭოურ დოგმებს, რათა გზა გაეხსნათ ეროვნული თვითშეგნებისთვის, ინდივიდთა თავისუფალი აზროვნებისთვის. მათი „მოუთვინიერებელი“ მწერლობა და ფილოსოფოსობა ადგილს არ უტოვებდა სიცრუეს, გამორიცხავდა ყოველგვარ „ფსევდოს“. ისინი შეახსენებდნენ საზოგადოებას იმ მანკიერებათა შესახებ, რომლებიც ხელს უშლიდნენ მის წინსვლას, ამხელდნენ ხელისუფალთა თვალთმაქცობას, შეურიგებლად ებრძოდნენ უგუნურებას, პირმოთნეობასა და სიყალბეს „მოყვარეს პირში უძრახეს...“ პრინციპით.
აკაკი ბაქრაძე
აკაკი ბაქრაძე დაიბადა 1928 წლის 29 მარტს თბილისში. მან 1953 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. იგი 1955-1960 წწ. იყო კონოსტუდია „ქართული ფილმის“ სასცენარო განყოფილების რედაქტორი, ხოლო 1961-1968 წწ. - სასცენარო-სარედაქციო კოლეგიის მთავარი რედაქტორი. 1965 წლიდან პერიოდულად კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტზე. 1970 წლიდან იგი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ხელნაწერთა ინსტიტუტის მეცნიერ-მუშაკია. 1973-1979 წწ. აკაკი ბაქრაძე რუსთაველის თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელია, 1988- 1989 წწ. - მარჯანიშვილის თატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. 1989-1991 წწ. იგი იყო რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარე, 1990 წელს აირჩიეს საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად, 1995 წელს მონაწილეობდა საპრეზიდენტო არჩევნებში და დამარცხდა. 1997 წლიდან გარდაცვალებამდე იყო რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე. აკაკი ბაქრაძე გარდაიცვალა 1999 წლის 5 დეკემბერს. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
ასეთია მოკლე ბიოგრაფიული ცნობები იმ ადამიანის შესახებ, რომელიც ქართველი ერის სულიერი წინამძღოლი და განმანათლებელი გახლდათ XX საუკუნის მეორე ნახევარში. იგი იცავდა მის ეროვნულ ღირსებას, როგორც მწერალი, მის სამშვინველს, როგორც მოძღვარი. იგი შეახსენებდა საზოგადოებას იმ მანკიერებათა შესახებ, რომელიც ღრმად იყო ფესვგადგმული ჩვენს ეროვნულ ხასიათში და რომელთა აღმოფხვრა დღესაც ჩვენი უმთავრესი საფიქრალი და საზრუნავია.
აკაკი ბაქრაძემ შეძლო ერისათვის სამშობლოს ცნების რღვევის თავიდან აცილება „სიტყვაკაზმული მწერლობის“ წყალობით: „ეროვნული ცნობიერება საუკუნეების მანძილზე ყალიბდება. იგი განპირობებულია ენით, ისტორიით, რელიგიით, ზნე ჩვეულებებით, ფსიქიკით, ტერიტორიით, მსოფლაღქმით, მსოფლგანცდით და ასე შემდეგ. ყველაფერს ამას აერთიანებს სამშობლოს ცნება, ერთ განუყოფელ მთლიანობად აქცევს. როცა სამშობლოს ცნება ირღვევა (სულერთია, გაფართოებით თუ დავიწროებით), ყველაფერი ეს იშლება, ხალხს ეროვნული კატასტროფა ემუქრება.
თუ სამშობლოს ცნებას გავაფართოებთ, იმდენი უცხო ელემენტი შემოვა, რომ ქართული ცნობიერება ქაოსად გადაიქცევა“.
აკაკი ბაქრაძე არ იყო ხმაურიანი კაცი. მას არ უყვარდა ყურადღების ცენტრში ყოფნა, მაგრამ თავისი ნათელი გონებისა და მოქალაქეობრივი პოზიციის გამო მუდამ იყო საზოგადოებრივი თვალთახედვის არეში. აკაკი ბაქრაძის ცხოვრებისეული პრინციპი იყო - არ შემიძლია ვდუმდე, სამოქმედო გეზი კი - რამდენად სასარგებლოა ეს ჩემი სამშობლოსა და არა პირადად ჩემთვის. ამიტომაც უპირისპირდებოდა ხელისუფლებას. ამასთანავე თვით უმწვავეს კრიტიკულ და პოლემიკურ წერილებშიც კი არასდროს შეურაცხყოფდა ადამიანის ღირსებას. ამიტომაც იყო, რომ მისი ლექციები, წერილები თუ წიგნები სულსა და გონებას ხვეწდა. ამიტომაც იგი ვერ გამოდგებოდა ბრბოს ლიდერად: „ბრბოს სიძულვილზე უფრო საშიში ბრბოს თაყვანისცემაა. ბრბოს თაყვანისცემა აჩერჩეტებს, აბრიყვებს ადამიანს. დიდკაცობის ცრუ ილუზიას უქმნის. აქ კი საკმარისია ერთი მცირე შეცდომა, რომ ბრბომ დაუნდობლად გაგწიროს“.
70-იან წლებში, მაშინ, როდესაც საჯაროდ სიმართლის თქმას მხოლოდ ერთეულები ბედავდნენ, აკაკი ბაქრაძე ამბობდა სიმართლეს უნივერსიტეტში წაკითხულ ლექციებზე. 80-იან წლებში კი აუდიტორიები ვეღარ იტევდნენ მისი ლექციების მოსმენის მსურველთ. ეს ლექციები ეხებოდა საქართველოს ისტორიასა და კულტურას, ერის რაობას, მსოფლიოს უდიდეს მოაზროვნეებს, გარეშე და შინაურ მტრებს. ამ ლექციების ძირითადი საზრისი კი იყო: „...პირველი: აზროვნების განთავისუფლება; მეორე: აზროვნების განთავისუფლება; მესამე: აზროვნების განთავისუფლება“.
მან ერთ-ერთმა პირველმა დაანგრია საბჭოური დოგმები, თავისუფალი აზრი შეიტანა ქართულ კინოსა და თეატრში. რუსთაველის თეატრის ერთ-ერთი საუკეთესო ხანა მისი სამხატვრო ხელმძღვანელობის პერიოდს უკავშირდება. სწორედ მაშინ შეიქმნა ცნობილი სპექტაკლები, რომელთა არსებობასაც აკაკი ბაქრაძის სარეპერტუარო პოლიტიკამ და ცენზურასთან აქტიურმა დაპირისპირებამ შეუწყო ხელი. აკაკი ბაქრაძის კაბინეტი რუსთაველის თეატრში მრავალი წლის მანძილზე, ვიდრე ეროვნული მოძრაობა გარეთ გამოეფინებოდა, ეროვნული მოძრაობის შტაბი იყო.
აკაკი ბაქრაძე ხშირად იმეორებდა გაბრიელ გარსია მარკესის სიტყვებს: „მე ვემსახურები ჩემს ხალხს და არა ჩემი ქვეყნის მთავრობას“. 1978 წლის 14 აპრილს ქართველი ახალგაზრდობა ქუჩაში გამოვიდა ქართული ენის დასაცავად და ამის წამომწყები აკაკი ბაქრაძე იყო. სხვა ვინ უნდა ყოფილიყო, თუ არა აკაკიბაქრაძე რუსთაველის საზოგადოების პირველი თავმჯდომარე. სწორედ აკაკი ბაქრაძემ გაბედა და ბოლომდე დაუპირისპირდა ე. შევარდნაძეს 1995 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.
აკაკი ბაქრაძის დაუმორჩილებელი ხასიათი გულზე არასდროს ეხატებოდა არც ერთ ხელისუფლებას. 90-იანი წლების დასაწყისში სწორედ კომპრომისის უნარი და ლიბერალური პოზიცია დაუწუნეს, ე. შევარდნაძის საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი „ნაციონალისტ-რადიკალად“ შერაცხეს. მაგრამ მას არც ეს აშინებდა. მას არასოდეს გამოუჩენია პირმოთნეობა საზოგადოების მიმართ. მას შეეძლო საზოგადოებრივი აზრის წინააღმდეგ გალაშქრებაც და მარტოდმარტო დარჩენაც. მას ჰქონდა შესაძლებლობა, უკან გაეყოლიებინა ათი ათასები, გუნდრუკი ეკმია ბრბოს წარმავალი ინტერესებისა და გულისთქმისთვის. მაგრამ სათქმელი, რომელსაც თავად ატარებდა, ბრბოსთვის არ იყო განკუთვნილი, არამედ დაფიქრებისა და განსჯისათვის:
„თავისუფლება-დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა გამუდმებით უნდა მიმდინარეობდეს, ოღონდ ვითარებისდა შესაბამისად, ხან იარაღით და ხან შრომით“.
„ჩვენი უმთავრესი ამოცანა ის იყო, რომ დაგვეძლია ხიზნის ფსიქოლოგია. ქართველობაში არ უნდა განმტკიცებულიყო ის აზრი, რომ ჩვენ რუსების გარეშე ცხოვრება არ შეგვიძლია, რომ უმფარველოდ ვერ ვიარსებებთ“.
„იდეალის მონაცვლეობა არის სწორედ კაცობრიობის განახლების საფუძველი“.
„თუ ადამიანი მოკლებულია თავისუფლებას, მაშინ მას არც ეთიკური არჩევანი ექნება“.
„არსებობს ყოფნა ნამდვილი და ყოფნა ილუზიური. ადამიანს ერთზე მეტი გზა ყოველთვის აქვს. მას შესწევს ძალა, დინების წინააღმდეგ წავიდეს, ეძებოს ყოფნის საკუთარი შესაძლებლობა. თუ ადამიანი მყოფობს, მაგრამ თავისუფლებისთვის არ იბრძვის, მისი ყოფნა ილუზიურია.
არსებობს მორჩილების მყოფობა, მექანიკური ადამიანი, რომელიც იმდენად დამორჩილდა ყოფნას, რომ ყველა სხვა თვისება დაკარგა...
უმრავლესობა არჩევს, სტანდარტულად იცხოვროს, სხვების მიხედვით დაადგეს ცხოვრების გზას. მისთვის „მისაბაძია“ მასობრივად გავრცელებული ტენდენცია, ემორჩილება და მოსწონს საყოველთაო ნიველირება. ესაა ილუზიური ყოფნა“.
„პიროვნებას ჰგავს თავისი ცხოვრებით ერის ცხოვრება. ერის თავისთავადობა ვერ გამოვლინდება ილუზორული ყოფნით. ნამდვილად მყოფობს ხალხი, ილუზორულად - ბრბო“.
„ცივილიზაცია ეროვნულ თავისებურებათა ნიველირებას ახდენს, მაგრამ ამის გამო მასზე ხელს ვერ ავიღებთ. ადამიანმა, ხალხმა კაცობრიობის ყველა მონაპოვარი უნდა გამოიყენოს, მაგრამ ისე კი, რომ საკუთარი სახე არ დაკარგოს“.
„საქართველო მაშინ დაიღუპებოდა, თუ თავისთავს ვერ მონახავდა. თავისთავის მონახვა იყო უპირველესი და არსებითი“.
„...რა არის უღირსებო კაცისთვის დამახასიათებელი: პიროვნული და ეროვნული თავმოყვარეობის დაკარგვა, ბიდერმაიერული მორჩილება, მნიშვნელოვანისა და უმნიშვნელოს, არსებითისა და არაარსებითის ვერგარჩევა, მე-ს მჯობინება ჩვენ-საზე, თვალთმაქცობა (ერთს ფიქრობს, მეორეს ლაპარაკობს), საკუთარი ლაჩრობის გამართლება კეთილგონიერებით, ყველაფრით კმაყოფილება“.
,,რაკი ძველი დავარღვიეთ, უნდა შევქმნათ ახალი“
აკაკი ბაქრაძის ეს მოსაზრებები ამოკრებილია მისი ინტერვიუდან, რომელიც ჩაიწერეს 1990 წლის 11 ივნისს დოკუმენტური ფილმების ციკლისთვის „გზა შინისაკენ“. იბეჭდება მცირე შემოკლებით.
ის, რაც დღეს ხდება - როგორც საბჭოთა კავშირში, ისე საქართველოში - ბუნებრივი შედეგია ისტორიის სვლისა, მისი განვითარებისა. ცხადად გამოჩნდა, რომ სოციალიზმმა, როგორც ისტორიულმა მოვლენამ, ვერ გაამართლა და, აქედან გამომდინარე, ბუნებრივად დაისვა მისი შეცვლის საკითხი. არა უბრალო შესწორება, შეკეთება, შერემონტების საკითხი, არამედ მისი სრული შეცვლის საკითხი - სხვაგვარად მდგომარეობის შეცვლა შეუძლებელი იქნება. ამიტომ ცხადად და ნათლად უნდა გავითვალისწინოთ ყველა ის პროცესი, რაც დღეის შემდეგ უნდა მოხდეს. უნდა გავარკვიოთ ისიც, რა არის სოციალიზმი, თუნდაც ზოგად წარმოდგენაში მაინც, რომ გასაგები გახდეს, რატომ მოხდა ის, რაც მოხდა ასეთ უზარმაზარ ქვეყანაში, როგორიც არის საბჭოთა კავშირი.
ჩვენთვის, ქართველებისათვის, პრობლემა გართულდა იმით, რომ, ერთი მხრივ, აუცილებელია სოციალიზმისაგან თავის დაღწევა, ხოლო მეორე მხრივ, აუცილებელია თავის დაღწევა იმ სისტემისაგან, რომელშიც მოქცეულია საქართველო, როგორც ერი და ქვეყანა. ეს სისტემა ბუნებრივად შედის იმ საერთო პოლიტიკურ და ეკონომიკურ სისტემაში, რომელსაც საბჭოთა კავშირი ეწოდება.
ეკონომიკური საკითხების მოგვარებას ორი მხარე აქვს. ერთია იმ კონტაქტების დარღვევა, რომელიც არსებობს საქართველოსა და სხვა მოკავშირე რესპუბლიკებს შორის. მეორე მხარე გახლავთ იმ ახალი ეკონომიკური სისტემის შექმნა, რომელსაც უნდა დაეყრდნოს დამოუკიდებელი საქართველო. სოციალიზმმა, როგორც ეკონომიკურმა სისტემამ, ვერ გაამართლა. ეს ყველასათვის ცხადი და ნათელია. ბუნებრივად ისმის საკითხი ახალი ეკონომიკური სისტემის შექმნისა. როგორი იქნება ეს ახალი ეკონომიკური სისტემა, ეს თავიდანვე უნდა განისაზღვროს, რამდენადაც შეიძლება მალე და რამდენადაც შეიძლება ზუსტად და მკაფიოდ.
ჩვენ ვერაფერს გავყიდით უცხოეთში, თუ მას არ ექნება საერთაშორისო სტანდარტი. საერთაშორისო სტანდარტისათვის კი მატერიალური სიმდიდრეც გვჭირდება და მაღალი პროფესიული დონეც და ცოდნაც. სხვანაირად იმ პროდუქციას ვერ მივიღებთ, რომლითაც შეგვეძლება ვივაჭროთ. ამიტომ ეკონომიკის პრობლემები ურთულესი პრობლემებია და მათ მოგვარება სჭირდება დღესვე, თუნდაც თეორიულად. მაშინ შეგვეძლება მყარი საფუძველი შევუქმნათ ჩვენს ეროვნულ დამოუკიდებლობას. ამის პარალელურად ასევე აუცილებელია მყარი იურიდიული საფუძვლის შექმნა. რას ეყრდნობა ჩვენი იურიდიული სისტემა? როგორი იქნება ის იურიდიული სისტემა, რომელშიც მომავალი საქართველო იცხოვრებს? ქართველ თუ არაქართველ მოქალაქეებს რა იურიდიული უფლება-მოვალეობანი ექნებათ და როგორ იქნებიან ისინი დაცულნი? ამ სისტემასაც შექმნა სჭირდება იმიტომ, რომ დღეს ჩვენ უკვე დავარღვიეთ ძველი იურიდიული სისტემა, ცუდი იყო თუ კარგი, და რაკი დავარღვიეთ, უნდა შევქმნათ ახალი.
ახალი იურიდიული კანონების შექმნისას, ბუნებრივია, უნდა გავითვალისწინოთ ის გამოცდილება, რაც საერთაშორისო იურიდიულ-დემოკრატიულმა აზრმა შექმნა და, ბუნებრივია, რომ ჩვენ უნდა ვხელმძღვანელობდეთ ამ დიდი კანონებით. მე მხედველობაში მაქვს საფრანგეთის დიდი რევოლუციის მიერ გამოცხადებული ადამიანის უფლებათა დიდი დეკლარაცია, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ გამოცხადებული ადამიანთა უფლებების დაცვის დეკლარაცია, ჰელსინკის შეთანხმების მიერ მიღებული უფლებანი და მოვალეობანი ადამიანისა და ა.შ. მაგრამ პარალელურად აუცილებელია გავითვალისწინოთ თვითონ ქართველი კაცის ბუნება, ხასიათი და თვისება. ჩვენ დიდი ისტორიული ცხოვრებით გვიცხოვრია, ჩვენ ამ ისტორიულ პერიოდში დიდი გავლენა განვიცადეთ არაბულის, სპარსულის, თურქულის. ამჟამად განვიცდით რუსულის გავლენას. აქედან გამომდინარე, ქართველი კაცის ხასიათი ნაწილობრივ იცვლებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ძირეული ნაწილი, გული თავისი ბუნებისა შეინარჩუნა. ჩვენ გვინდა, რომ ახალ კანონებში ყველა თვისება შენარჩუნებული იყოს, რადგან სხვაგვარად ჩვენ შეიძლება ისეთი სასჯელი მოვახვიოთ თავს, რაც მათი ფსიქოლოგიის დაშლას გამოიწვევს. სასჯელი იმას არ ნიშნავს, რომ მან ადამიანი უნდა მოსპოს. სასჯელი იმას ნიშნავს, რომ მასში ადამიანმა იპოვოს ხსნა, იპოვოს გამოსავალი იმ მდგომარეობიდან, რა მდგომარეობაშიც იგი დანაშაულმა ჩააგდო. ბუნებრივია, გათვალისწინებული უნდა იყოს ჩვენი ეროვნული ხასიათი, მიუხედავად იმ დიდი სირთულეებისა, რაც დაკავშირებულია ეროვნულ ხასიათთან, რადგან ძალიან ძნელია მთელი ერის ხასიათის განსაზღვრა. მაგრამ ისტორიული, იურიდიული, ყოფა-ცხოვრებითი გამოცდილება, რომელიც ჩვენს ხალხს აქვს, იურიდიულმა მეცნიერებამ უნდა გაითვალისწინოს და, შეზავებული საერთაშორისო აზრთან, შეიქმნას ის იურიდიული სისტემა, რომელიც დასჭირდება მომავალ საქართველოს.
დღეს საქართველო, ქართველი ხალხი საკუთარი სახლიდან არის გამოგდებული. იმისათვის, რომ იგი შინ დაბრუნდეს და საკუთარი ბინა შექმნას, უნდა შექმნას საკუთარი იურიდიული, პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური, საგანმანათლებლო, კულტურული სისტემები. ამ სისტემებს როცა შექმნის, ეს მთლიანობა იქნება ქართველი კაცის ყოფისა, მაშინ მას შეეძლება თქვას, რომ იგი შინ დაბრუნდა და საკუთარი სახლი შექმნა. ეს სახლი იქნება აგრეთვე მთელი საკაცობრიო შენობის ნაწილი, რადგანაც ქართველი ხალხი მაშინ მიიტანს საკაცობრიო კულტურის საგანძურში იმას, რის მიტანაც მას შეუძლია. იგი აღარ იქნება უსახლკარო და უბინაო.
ყოველი მოძრაობა - ეროვნული იქნება, სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური თუ რომელიმე სხვა - მაშინ არის ღირებული და ფასეული, როდესაც იწვევს ადამიანის სულიერ ამაღლებას, გასპეტაკებას. ზნეობრივი ამაღლება და გასპეტაკება უშუალოდ არის დაკავშირებული კულტურულ მოვლენებთან. სულერთია, ეს კულტურული მოვლენა წარსულის არის თუ აწმყოსი, და ჩვენც უნდა მივაქციოთ ამას ყურადღება, რადგან ქართული ეროვნული მოძრაობა მაშინ შეიძენს დიდ ფასეულ ღირებულებას, როდესაც იგი ქართველ კაცში აღზრდის ღრმა კულტურულ, სულიერ თვისებებს, აღზრდის მასში განათლებისადმი სიყვარულს, კულტურული ფასეულობებისადმი ნატიფ დამოკიდებულებას. სხვაგვარად, ბუნებრივია, ჩვენ შეიძლება ზიანი მოვუტანოთ ჩვენსავე სულიერ სამყაროს.
ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ცუდი იყო ისტორია, რაც ამ 70 წლის მანძილზე გავიარეთ, სისხლიანი, მტკივნეული, ხშირად ბოროტმოქმედულიც კი, მაგრამ ჩვენ მხედველობაში უნდა გვქონდეს ის, რომ იგი მაინც ჩვენი ისტორიაა, ჩვენი წარსულია და ჩვენ უამწარსულოდ ვერ ვიარსებებთ, ჩვენ წარსულის ნაწილნი ვართ. აქედან გამომდინარე, ამ წარსულის კულტურული ნაშთებიც შენახული და მოვლილი უნდა იყოს, რადგან მომავალ თაობებს სჭირდებათ ეს და მომავალი თაობები, შესაძლოა, მას სხვა თვალსაზრისით შეხედავენ. ასე რომ, აუცილებელია ჩვენმა ეროვნულმა მოძრაობამ მომავალ თაობაში, ახალგაზრდობაში აღზარდოს სულიერი, ზნეობრივი, სპეტაკი დამოკიდებულება ისტორიის, ხელოვნებისა და კულტურისადმი.
მერაბ მამარდაშვილი
მერაბ მამარდაშვილი დაიბადა გორში 1930 წლის 15 სექტემბერს. მან 1954 წელს დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი. 1957 წელს ასპირანტურის კურსის დასრულების შემდეგ მერაბ მამარდაშვილი მუშაობდა ჟურნალ „Вопросы философии“-ის რედაქციაში, ხოლო 1961-1966 წწ. პრაღაში ჟურნალში „Проблемы мира и социолизма“. 1968-1974 წწ. იგი კვლავ ჟურნალ „Вопросы философии “-ის მთავარი რედაქტორის მოადგილეა.
მოგვიანებით იგი მუშაობდა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებში მოსკოვსა და თბილისში, კითხულობდა ლექციებს მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე, კინემატოგრაფიის ინსტიტუტში, რეჟისორთა და სცენარისტთა უმაღლეს კურსებზე. საბჭოთა კავშირის პედაგოგიური აკადემიის ზოგადი და პედაგოგიური ფსიქოლოგიის ინსტიტუტში, აგრეთვე მეგობრების მიწვევით - რიგაში, ვილნიუსში, როსტოვში და სხვაგან. ეს ლექციები, როგორც წესი, მაგნიტოფირზე იწერებოდა და სწორედ ისინი გახდა მერაბ მამარდაშვილის ფილოსოფიური მემკვიდრეობის საფუძველი.
1970 წელს მან თბილისში სადოქტორო დისერტაცია დაიცვა და ორი წლის შემდეგ პროფესორის სამეცნიერო წოდება მიენიჭა. იგი საბოლოოდ დაბრუნდა თბილისში მას შემდეგ, რაც დაატოვებინეს კათედრა საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტში, რადგან მისი წიგნი არ შეესაბამებოდა მიღებულ იდეოლოგიურ სტანდარტებს.
სიცოცხლის ბოლო ათი წელი მერაბ მამარდაშვილმა თბილისში გაატარა. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში, აქტიურად ჩაება საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში. იგი ცხოვრებასა და მოღვაწეობაში ახორციელებდა პრინციპს: არაა საჭირო ღრმად შეტოპვის გეშინოდეს, იმიტომ რომ ჭეშმარიტება კიდევ უფრო ღრმადაა. იგი მკვეთრად დაუპირისპირდა ეროვნული მოძრაობის რადიკალურ ფრთას, მის პოლიტიკურ კურსს, მის მიმდევრებსა და მხარდამჭერებს ხალხში. დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფოებრივი და პოლიტიკური განვითარების ეს გზა მას მიზანშეუწონლად და უპერსპექტივოდ მიაჩნდა კრიტიკული გონებით თუ მახვილი ინტუიციით განჭვრეტილი მძიმე მომავლის გამო. საპრეზიდენტო არჩევნების წინ იგი წინ აღუდგა ემოციებს აყოლილი და პოლიტიკური კულტურის არმქონე მასის აზრს, ქარიზმატული ლიდერის პიროვნული ხიბლის გამო რაციონალური განსჯის უნარს მოკლებულ ხალხს. ამის დასტურია მისი სამოქალაქო პოზიცია: „თუ ჩემი ხალხი ხმას მისცემს გამსახურდიას, მაშინ მე წავალ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ“.
მერაბ მამარდაშვილი გარდაიცვალა 1990 წლის 25 ნოემბერს - გული გაუსკდა მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში, გზაზე შინისაკენ - იგი ამერიკის შეერთებული შტატებიდან ბრუნდებოდა, სადაც სამთვიანი ლექციების კურსი წაიკითხა.
მერაბ მამარდაშვილი დაკრძალულია თბილისში, მამის გვერდით, ჩვეულებრივ სასაფლაოზე. მოგვიანებით თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის ყოფილ შენობასთან, დაიდგა მისი ქანდაკება - მოაზროვნის, ფილოსოფოსის, მოქალაქის ძეგლი.
მერაბ მამარდაშვილი მაღალი გემოვნებით, იშვიათი სიკეთითა და პიროვნული მომხიბლველობით გამოირჩეოდა. მერაბ მამარდაშვილის საყვარელი საქმიანობა ხმამაღლა ფილოსოფოსობა იყო. აუდიტორიის წინაშე „თავისუფალი აზროვნების აქტის“ ჩადენა მისი სამეცნიერო და მოქალაქეობრივი კრედო გახლდათ. იმპროვიზაციას, ბუნებრივია, წინ უსწრებდა უდიდესი შავი სამუშაო. აუდიოკასეტები მერაბ მამარდაშვილის ლექციების ჩანაწერებით ხელიდან ხელში გადადიოდა მის თაყვანისმცემლებს შორის, იშიფრებოდა, იბეჭდებოდა და მზადდებოდა გამოსაცემად (სამწუხაროდ, მის სიცოცხლეში მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილი გამოიცა).
ფრანგულ გაზეთებში მერაბ მამარდაშვილი „ქართველ სოკრატედ“ მოიხსენიებოდა. იგი გახდა სოკრატე არა იმის გამო, რომ ხმამაღლა და საჯაროდ აზროვნებდა; არც ქართველი - იმის გამო, რომ თბილისში მამაპაპისეულ სახლში გადმოვიდა საცხოვრებლად (ამ სახლს ჭავჭავაძის გამზირისა და ბაზალეთის ქუჩის კუთხეში დღეს მისი სამახსოვრო დაფა ამშვენებს წარწერით). მერაბ მამარდაშვილი ქართველი სოკრატე მაშინ გახდა, როდესაც მისმა პირველმა მოწაფემ თუ მოსაუბრემ საკუთარ თავში აღმოაჩინა უნარი, ეაზროვნა დამოუკიდებლად, დაენახა და შეეფასებინა საკუთარი ცხოვრება, საზოგადოების განვითარება და თავისი ქვეყნის რეალური მდგომარეობა მსოფლიოში. იგი „ქართველი სოკრატე“ მაშინ გახდა, როდესაც საქართველოს სახალხო ფრონტის ყრილობის ტრიბუნიდან გააძევეს სიტყვებისთვის: „ჩვენ ქრისტიანები ვართ. ამიტომ არც ერთი ცნება, თვით ისეთი წმინდაც კი, როგორიცაა „სამშობლო“, არ შეიძლება დავაყენოთ უფრო მაღლა, ვიდრე ცნება „ჭეშმარიტება“, რადგან სწორედ იგია ჩვენთვის „ღმერთი“.“ მან მეორე დღეს კვლავ გაიმეორა ეს სიტყვები და ამას აუდიტორია უკვე ტაშით შეხვდა.
მერაბ მამარდაშვილის საჯარო გამოსვლებს ყველა არ ხვდებოდა აღფრთოვანებით. კომუნისტური ოფიციოზისთვის იგი „დისიდენტი“ და „იდეოლოგიური ნაძირალა“ იყო. მისი შეუზღუდავი შეხედულებების, ფართო თვალსაწიერის ძირითადი პოსტულატები იყო პიროვნება და მისი თავისუფლება, ყოველი ადამიანის ინდივიდუალური მიახლება და ზიარება სამყაროსთან, რაც ეროვნულგანმათავისუფლებელი მოძრაობის რადიკალური ფრთის წარმომადგენლებისთვის მიუღებელი იყო. მას ვერ აპატიეს აზრი „ჭეშმარიტება სამშობლოზე მაღლაა“, „კრემლის აგენტი“ და „ერის მტერი“ უწოდეს. ის კი დაჟინებით განმარტავდა პრუსტის კვალდაკვალ: „სამყარო იმდენია, რამდენი გონება და თვალიც იღვიძებს ყოველ დილით“. მას ურყევად სწამდა: „თესლი თავის ნაყოფს მოიწევს. ვისში? როდის? არაა ცნობილი! მაგრამ იქ, სადაც იგი იქნება, მეც ვიქნები...“
საკუთარ წინასწარმეტყველთა დონემდე ასვლა ყოველთვის ყველა ერს უჭირდა და არც საქართველოა გამონაკლისი:
„ჩვენ ყველა ვცხოვრობთ რომელიღაც სამყაროში, როგორც ერთი სული, რადგან ჩვენ ვახორციელებთ ცნობიერების სიცოცხლის აქტს და არა ბუნებრივი სიცოცხლის აქტს.“
„ჩვენ ახლა გამოვდივართ ტოტალიტარული ყოფის ბნელი გვირაბიდან. შეუძლებელია არ ვატარებდეთ ამგვარი ყოფის კვალს; იმის კვალს, რომ რამდენიმე თაობა დაიბადა ისეთ ატმოსფეროში, სადაც ჰაერში სისხლის წვეთები კიდია, სადაც სიბინძურეა, ტყუილია, ტოტალური სიყალბეა. განა შესაძლებელია, აქედან ფრთიან ანგელოზად გამოსვლა? რაღა თქმა უნდა, შესაძლებელია წარმოვიდგინოთ, რომ არსებობს რაღაც ბოროტი ხელისუფლება და რომელიღაც მისგან გატანჯული სუბიექტები: სუფთა და ყოვლის გამგები, როგორც ჩვენ საზოგადოდ წარმოვიდგენთ ხოლმე უბრალო ადამიანებს. მონაჩმახი რაღაც ბუნებრივ სიკეთეზე, რომელიც საბრალო ადამიანებს ახასიათებს, დიდი ხანია გაქარწყლებულია, უპირველეს ყოვლისა დოსტოევსკის მიერ. არარეალურია სიტუაცია, როდესაც არსებობს ბოროტი ხელისუფლება მრავალი წლის განმავლობაში, მაგრამ შემთხვევით. და თითქოს არსებობს მისი მომთმენი კეთილშობილი, ზნეობრივი ხალხი. ეს ლეგენდაა, მითია, თუმცა კი, შესაძლოა - ხელსაყრელი ინტელიგენტური სათნოებითვის“.
„ჩვენი ისტორია და ტრადიცია ქრისტიანულია. ევროპული კულტურა - ქრისტიანობის გამარჯვებაა... მიმდინარეობს ქრისტიანული სულის კრისტალიზაცია... მისი რეალიზაცია ურთიერთობაში, ნორმებში, ინსტიტუტებში... ახლა ჩვენ ან აღვადგენთ და განვავითარებთ ევროპულ სტრუქტურებს, ან დავიღუპებით“.
„მე ჭეშმარიტებას ვაყენებ ჩემს სამშობლოზე მაღლა და მიჩნდება კითხვა: ბევრს შეუძლია დააყენოს ჭეშმარიტება მისი სამშობლოს ხელშესახებ ინტერსებზე მაღლა? თუ არ შეუძლიათ, მაშინ ცუდი ქრისტიანები ყოფილან“.
„წერტილი, სადაც აღდგომის აქტი მოხდება, წინასწარ არაა მონიშნული. ყოველი წერტილი და დროის ყოველი მომენტი ასეთია“.
,,ჩვენ ვმართავთ ერთმანეთს ხელისუფლების სასარგებლოდ“
მერაბ მამარდაშვილის ეს მოსაზრებები ამოკრებილია მისი ინტერვიუდან, რომელიც ჩაიწერეს 1990 წ. 16 აგვისტოს დოკუმენტური ფილმის ციკლისთვის „გზა შინისაკენ“. ფილმის დამთავრებას ბატონი მერაბი ვეღარ მოესწრო.
იბეჭდება მცირე შემოკლებით.
იმ ცოცხალი სხეულისათვის, რომელსაც საქართველო ჰქვია და რომლის ნაწილიც ვართ ყველა, დადგა ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული მომენტი. ამ მომენტის გაგება და ახსნა დაკავშირებულია წარსულის წარმოდგენასთან, პასუხთან იმაზე, რა არის წარსულის პრობლემა და რა წარსული ლაპარაკობს ჩვენში. მე ვფიქრობ, რომ ჩვენთვის, ამ სხეულისათვის, დადგა ჟამი გარკვეული ველიდან გამოსვლისა და სხვა ველში შესვლისა. ველი არის სოციალური, ისტორიული სივრცე, დასტრუქტურებული რაღაც ძალებით. ეს ძალები ადამიანებში ცხოვრობენ, მოქმედებენ. ეს არის პათოსი, ვნებები, წარმოდგენები, სულიერი და ფსიქიკური ენერგიები. ამ ძალებს ყოველთვის აქვს რაღაც სახელმწიფოებრივი ნიშანი ან გამართლება. ეს არის, ამავე დროს, ამ ველის სახელმწიფოებრივი ძალაუფლების სტრუქტურა. ჩვენთვის ის ველი, რომელშიც ვიცხოვრეთ, არატრადიციული და უცხოა. ეს ველი არის რუსული ხელისუფლების ველი, რომელიც შეიქმნა დაახლოებით მე-17 საუკუნეში და დაგვირგვინდა საბჭოთა ხელისუფლების დროს. მთავარი იდეა ამ ველისა ის არის, რომ ყველაზე მაღლა დგას სახელმწიფო და ადამიანი არაფერია, თუ არა მსახური სახელმწიფოსი და სახელმწიფოებრივი იდეისა. ეს ყველაფერი ასტრუქტურებს ყოველდღიურ ცხოვრებას, ცნობიერებას, სულიერ სტრუქტურებს და ასე შემდეგ. სანამ საქართველო შეუერთდებოდა რუსეთს, ანუ მოხდებოდა საქართველოს ანექსია, ისტორიულ საქართველოში ეს სტრუქტურაცია არ არსებობდა. რუსეთის იმპერიის მთავარი ელემენტი არის მოჩვენებითობა თვითონ ამ ხელისუფლებისა. მეტწილად მისი ფსიქიკური ძალა მდგომარეობდა იმაში, რომ ადამიანებს, მოქცეულთ ამ სტრუქტურაში, არ გააჩნდათ რეალობის შეგნება და გონიერი ორიენტაცია. თითქოს უბრალო გლეხიც იყო ჩავარდნილი რაღაც მისტიკაში, რაღაც არარეალურ, ლანდებით მოსილ ცნობიერებაში. ეს ფიქციები, რომელიც შეადგენს ე.წ. რუსულ სულს, კარგად დახატა გოგოლმა.
ჩვენ ახლა უნდა გადავიდეთ სხვა ძალების ველში. სხვანაირი ძალები არის ევროპული სტრუქტურაცია მოქალაქეობრივი ცხოვრებისა და სამოქალაქო ცნობიერებისა. სამი ველი არსებობს: აზიატური, რუსული და ევროპული. შემთხვევითი კი არ არის, რომ ჩვენი მეფეები ყოველთვის ცდებოდნენ რუსეთთან ურთიერთობაში. სპარსელები და თურქები ვერ ატყუებდნენ, რუსები ატყუებდნენ, იმიტომ, რომ ქართველობისათვის სრულიად უცნობი იყო ეს იმპერია. ის არ იყო ისეთი დესპოტი, როგორიც იყო ირანი. ტყუილი რუსეთის იმპერიის ელემენტი იყო და ეს ტრადიცია გაგრძელდა საბჭოთა ხელისუფლების დროს. ეს ჩვენთვის არაისტორიული და არატრადიციული, უნდა მოვიშოროთ და დავუბრუნდეთ ტრადიციულს.
ჩვენი ისტორია და ტრადიცია არის ქრისტიანული. ევროპა, ამ გაგებით, შედეგიანი ქრისტიანული ექსპერიმენტია. ევროპული კულტურა არის გამარჯვება ქრისტიანობისა, იმ გაგებით კი არა, რომ ხალხი ეკლესიაში დადის. ქრისტიანული სულის კრისტალიზაცია სულ სხვანაირად ხდება ევროპულ ინსტიტუციებში, სადაც შეიძლება არც იხსენიებოდეს ღმერთის სახელი, მაგრამ იგი რეალიზებულია ურთიერთობებში, ნორმებში. ადამიანებმა ამ ექსპერიმენტის ფარგლებში ააწყეს ნორმალური ცხოვრება. ჩვენ მოვწყდით ამას, რადგანაც დაგვაწვა აზიური ტირანიები და მერე რუსეთის ველში შევედით, რომელიც სხვანაირად არის დასტრუქტურებული. მე ვიტყოდი, რომ რუსეთში ქრისტიანულმა განათლებამ მარცხი განიცადა. ჩვენ ახლა ან აღვადგენთ ამ ევროპულ აზროვნებას, ან დავიღუპებით.
ყველა ბოროტება ისტორიაში ჩადენილია სიმართლის შეგრძნებით. არ არსებობს ბოროტება, რომელიც ადამიანს არ ჩაუდენია გაფიცხებული, ნათელი ცნობიერებით, - მე მართალი ვარ, მე მეკუთვნის ეს და სხვა უნდა დაისაჯოს, მოკვდესო. თუ ამ ენერგიებს დავუმატებთ მოჩვენებით ელემენტს, მაშინ მივიღებთ საბჭოთა საშინელებას, სადაც სისხლი თითქოს არაფრისათვის იღვრება. ისტორიაში გაცილებით მეტი სისხლი იღვრება არაფრისათვის, ვიდრე რამისათვის.
თითქოს ჩვენ მომავალი გაგვეხსნა, სინამდვილეში კი წარსულს ვართ მიჩერებული. ეს ძალიან ცუდი ნიშანია, ალბათ გვაკლია ცოდნა იმისა, რა სამყაროში ვცხოვრობდით და რა შეიძლება მოხდეს საბჭოთა სისტემის დანგრევის შემდგომ.
მე მახსოვს, როცა ახალგაზრდობაში თბილისში სულიერად ვიღვიძებდი, ამ გაღვიძების მთავარი მექანიზმი იყო განცდა სიბნელის, უსამართლობის, ძალადობისა და ტყუილის, რომელიც ოკეანესავით გვერტყა. არ ჰქონდა მნიშვნელობა იმას, რა ხდებოდა მოსკოვში და ეს რუსების ბრალია თუ სხვისი. ეს იყო ქართველების ცხოვრება და ქართველების მიერ ნათქვამი ტყუილი, ქართველებში არსებული სიბნელე, ძალადობა. გვეუბნებიან ტყუილს და თვალსაც არ ახამხამებენ, გართმევენ, გახრჩობენ, გთრგუნავენ და შენ თქმაც არ შეგიძლია, რადგანაც ბუნებრივი ენაც ოფიციალური და რიტუალურია. რაც გვტკიოდა, ის ენაში სიხარულით გამოიხატებოდა, რაც არ გქონდა, თითქოს იმით იყავი მდიდარი. ამ ენით ვერანაირ ტკივილს ვერ გამოხატავდი. ამ ენით ვერ ეტყოდი ადამიანს, რომ ის იპარავდა, ყიდდა, ტყუოდა. საქართველო გაყიდული იყო ქართველების მიერ. ენაც გაყიდული იყო. ქართული საბჭოთა ენა ქართული ენის გაყიდვა არ არის? შემდეგ ემატებოდა ცოდნა იმისა, რომ ზოგი მექანიზმი გარედან არის შემოსული და რუსებმა შემოიტანეს. მთავარი ის არ არის, რომ ეს ჩემი ცხოვრება იყო, ჩემი დების, ძმების, მეგობრების ცხოვრება. რა თქმა უნდა, ამ ცხოვრებაში წარსულს ჰქონდა მნიშვნელობა, წარსული ლაპარაკობდა, მაგრამ მომავალს წარსული გვიკეტავდა. მაგრამ პრობლემა ის არის - ვისი წარსულია, როგორ ცხოვრებაზე შეიძლება ვთქვათ - ეს ჩემი ცხოვრებაა. ხანდახან მე ვცხოვრობ სხვისი ცხოვრებით, რადგანაც მოჩვენებითი ცხოვრება ყოველთვის სხვისია. რამდენიმე წლის წინ ვერ იტყოდი, შვილი ავღანეთში დამეღუპაო. სიტყვებში არ არსებობდა ავღანეთში დაღუპულის სახელი. სიკვდილი, რომელიც არ ითქვა, არ დასახელდა, არც არის სიკვდილი. არ მონაწილეობს ცხოვრებაში. ნორმალურად ხომ სიკვდილი, ჩემი განცდა, მონაწილეა ჩემი ცხოვრებისა. ეს კი ვისი წარსულია, ვისი ხვდომილებაა, ვინ გარდაიცვალა? ჩემი შვილი. მაგრამ ვერ ვამბობ. რადგან ვერ ვამბობ, სიტყვიერი, ანუ კულტურული არსებობა ეცლება ჩემს შვილს, ანუ წარსულს. წარსული ნიშნავს ხდომილებას, რომელსაც ადგილი ჰქონდა და მოქმედებს ჩვენზე და მას ვერ შევცვლით. ვისი ფიქრებია თქვენს თავში ან ჩემს თავში? დარწმუნებული ხართ, რომ თქვენი ფიქრებია? როგორც არა ხართ დარწმუნებული, რომ ცხოვრობთ თქვენი ცხოვრებით, ასევე არა ხართ დარწმუნებული, რომ თქვენი ფიქრებით ფიქრობთ.
მე ასე შევაჯამებდი ნათქვამს: გვაქვს სახელმწიფო, რომელიც სახელმწიფო არ არის, გვაქვს უცნაური საზოგადოება, რომელიც საზოგადოება არ არის და უცნაური ხელისუფლება, რომელიც ხელისუფლება არ არის. სახელმწიფო არის განუყოფელი ორგანო საზოგადოებისა. სახელმწიფო მოღვაწე არის მსახური საზოგადოებისა. ასეთი სახელმწიფო ჩვენ არ გაგვაჩნია, სახელმწიფომ შეჭამა საზოგადოება. ეს სახელმწიფო, რომელსაც ახლავს ტრადიციული მოჩვენებითობის რუსული ელემენტი, ლანდი, არის რაღაც სხვა. საზოგადოება, რომელშიც არავითარი დამოუკიდებელი ადამიანების თვითმყოფადი ასოციაცია არ არსებობს. არსებობს მხოლოდ ისეთი, რომელიც შიგნიდან არის გამსჭვალული სახელმწიფოებრივი პრინციპით და დაშვებულია სახელმწიფოს მიერ. ხელისუფლება არ არსებობს. ვინ მართავს დღეს საქართველოს? ცხადია, რომ ტრადიციული სტრუქტურა ნეიტრალიზებულია, დაავადებულია, გაშეშებულია. არაფორმალები მართავენ? - არა. ლიბერალურ-დემოკრატიული ინტელიგენცია მართავს? - არა. ანარქია? - არა. ხელისუფლება საბჭოეთში არის ამორფული. მართავს იმით, რომ ჩვენ ვმართავთ ერთმანეთს ხელისუფლების სასარგებლოდ. ჩვენ ადამიანურად „ვუგებთ“ ერთმანეთს და ვაკეთებთ იმას, რაც სურს საბჭოთა ხელისუფლებას და ვიღებთ საბჭოთა იდიოტიზმს ეკონომიკაში, ხელოვნებაში, სამოქალაქო ცხოვრებაში.
იმისათვის, რომ დავუბრუნდეთ საკუთარ თავს, უნდა მოვიცილოთ ეს ამორფული ხელისუფლება, რომელიც თავს მოგვახვიეს, და დავუბრუნდეთ ისეთ ცხოვრებას, სადაც პურს პური ჰქვია, ჯარისკაცს ჯარისკაცი და არა მეომარ-ინტერნაციონალისტი. ე.ი. დავუბრუნდეთ რეალობას და ამ რეალობაში ნაკლები სისხლი დაიღვრება იმიტომ, რომ ლანდები გაცილებით მეტ სისხლს მოითხოვენ, ვიდრე ბოროტი სახელმწიფო ან ხელისუფლება. ეს ძნელი ამოცანაა. ან ამას შევძლებთ ქართველები, ან - არა ვართ ღირსნი ისტორიული ცხოვრებისა.
სადისკუსიო კითხვები
1. დაასაბუთეთ ან უარყავით დებულება: „დამოუკიდებელი პიროვნება ნიშნავს ისეთ ადამიანს, ვისაც ზნეობრივი და სამოქალაქო გაბედულება აქვს. ვისაც შეუძლია დინების საწინააღმდეგოდ არა მარტო იფიქროს, არამედ იმოქმედოს კიდეც. დამოუკიდებელი სახელმწიფო პიროვნების დამოუკიდებელ, თავისუფალი აზროვნების უნარზე დგას“.4
2. რა სამოქალაქო ღირსებებს ფლობდნენ ა. ბაქრაძე და მ. მამარდაშვილი? კიდევ რომელ სამოქალაქო ღირსებებს იცნობთ?
3. თქვენ ვის მიიჩნევთ ღირსეულ მოქალაქედ და რატომ? დაასახელეთ კონკრეტული პიროვნებები. ჩამოთვალეთ მათი სამოქალაქო მოქმედებანი, რომლებიც საზოგადოების კეთილდღეობისთვის იყო გამიზნული.
4. მიგაჩნიათ თუ არა, რომ საზოგადოებრივი ინტერესების პირად ინტერესებზე მაღლა დაყენება არის ღირსეული მოქალაქეობის წინაპირობა? შეაფასეთ საზოგადოების მდგომარეობა საქართველოში ამ კუთხით.
5. შეადარეთ ა. ბაქრაძისა და მ. მამარდაშვილის მოსაზრებები და გაარკვიეთ მსგავსება და განსხვავება მათ მოქალაქეობრივ პოზიციებს შორის.
6. რა არის თქვენთვის პირადად მისაღები და მიუღებელი ა. ბაქრაძისა და მ. მამარდაშვილის მოსაზრებებიდან? რატომ? შეაფასეთ მათი გამონათქვემები.
7. როგორ წარმოუდგენია თითოეულ მათგანს საქართველოს დაბრუნება საკუთარ წიაღში და თან თანამედროვე სახელმწიფოდ ჩამოყალიბება?
8. თქვენ რას ფიქრობთ - როგორ დავბრუნდეთ შინ?
_______________________
4 ნაირა გელაშვილი. სივრცე პიროვნული აზრისა და ზნეობრივი გაბედულებისთვის. ,,24 საათი”, 3 ივლისი, 2007, №146 (1590).
![]() |
5.6 III თავის სავარჯიშოები |
▲ზევით დაბრუნება |
სავარჯიშო „შესაძლო მომავლის სცენარები“
თემა - ინდივიდების მონაწილეობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში
მონაწილეთა რაოდენობა - 15-20
დრო - 100-120 წუთი
შინაარსი - სავარჯიშოს შესრულებისას განიხილება ინდივიდისა და საზოგადოების მომავლის ფორმირების, საზოგადოების წევრთა ერთობლივი თანაცხოვრებისა და ურთიერთქმედების საკითხები
ამოცანები - საზოგადოებრივი ცხოვრების შესახებ, საზოგადოების წევრის უფლება- მოვალეობების შესახებ ცოდნის გაფართოება; ღია პოლემიკის უნარჩვევების განვითარება; სამყაროს აღქმა, როგორც განვითარებად შესაძლებლობათა სისტემისა, რომელშიც საზოგადოების თითოეულ წევრს შეუძლია შეიტანოს წვლილი.
მასალები - ქაღალდი, მარკერები, წებო, ადგილობრივი გარემოსა და ადამიანების ძველი ფოტოები, კოლაჟების დასამზადებლად საჭირო სხვა მასალა.
ინსტრუქციები - შესთავაზეთ მონაწილეებს, გაიხსენონ, როგორ შეიცვალა უკანასკნელი წლების განმავლობაში მათი საცხოვრებელი გარემო: რაიონი, საზოგადოება, ურთიერთობები, ნორმები. ჰკითხეთ, რატომ მოხდა ეს ცვლილებები, ვინ იღებდა გადაწყვეტილებებს, სად რა შეცვლილიყო და როგორ? ჩაატარეთ გონებრივი იერიში საკითხზე: „რას შეცვლიდნენ მონაწილეები თავიანთ გარემოში, უფლებამოსილნი რომ იყვნენ?“. გამოკვეთეთ კავშირი ადამიანის უფლებებსა და იმ გადაწყვეტილებების მიღებას შორის, რომლებიც სხვა ადამიანების ცხოვრებაზე ახდენს ზეგავლენას. დაყავით მონაწილეები მცირე ჯგუფებად და სთხოვეთ, მოკლე ტექსტის ან ლიტერატურული ჩანახატის საშუალებით (დასაშვებია გამოხატვის სხვა ფორმებიც) წარმოადგინონ მომავლის საკუთარი ხედვა, სადაც აღწერილი იქნება მოვლენათა განვითარების შესაძლო სცენარები, თვითონ როგორ მოახდენენ პირად ზეგავლენას ამ მოვლენებზე. მონაწილეთა თითოეული ჯგუფის პრეზენტაცია უნდა დასრულდეს შეკითხვებითა და ახსნა-დასაბუთებებით. საერთო დისკუსია ჩატარდება ბოლოს, ანალიზისა და დასკვნების გაკეთების მიზნით.
ანალიზი და შეფასება - გაარკვიეთ, როგორ მიმდინარეობდა მუშაობა ჯგუფებში, როგორ იღებდნენ გადაწყვეტილებას, როგორ ახერხებდნენ ჯგუფის თითოეული წევრის შესაძლებლობების საუკეთესოდ გამოყენებას. ჩაეძიეთ, რას განიცდიდნენ საკუთარი გეგმების შესახებ სხვისი აზრის მოსმენისას და სხვის გეგმებზე საკუთარი აზრის გამოთქმისას. დააზუსტეთ, არიან თუ არა მზად, დათმონ ზოგიერთი საკუთარი იდეალი და მისწრაფება მთელი ჯგუფის ერთიანი გეგმის შესამუშავებლად, სადაც სხვების ინტერესებიც იქნება გათვალისწინებული. ჰკითხეთ, სასიამოვნოა თუ არა „საკუთარი მომავლის არქიტექტორობა“, რამ გააკვირვათ ყველაზე მეტად სხვის გეგმებში, რა უნდა გააკეთონ დაუყოვნებლივ, რათა ზეგავლენა მოახდინონ მათი მომავლის განმსაზღვრელ პროცესებზე.
რჩევები წამყვანისთვის - იმისათვის, რომ ცხადად წარმოაჩინოთ ცვლილებები, წინასწარ აჩვენეთ მონაწილეებს ძველი ფოტოები, ესაუბრეთ გლობალურ ცვლილებებზე. საჭიროების შემთხვევაში კონკრეტული კითხვებით დაეხმარეთ მონაწილეებს მომავლის წარმოდგენაში. კერძოდ, შეეხეთ ამ კითხვებში მათ სამუშაოს, ტექნიკურ ინოვაციებს, გარემომცველ ბუნებას, თავისუფალ დროს, სოციალურ უზრუნველყოფას, ოჯახის მოწყობას, დამოკიდებულებას მეზობლებთან, ნათესავებთან, თანამშრომლებთან, უცხოელებთან და ა.შ.
ვარიანტები - შესაძლებელია, თითოეული ჯგუფი ერთ კონკრეტულ საკითხზე მუშაობდეს (მაგალითად, განათლება, თემი, დასაქმება და სხვ.). შეჯამებისას ხდება ცალკეულ წარმოდგენათა შეერთება საერთო სურათში.
შემდგომი განვითარება - მოუწოდეთ მონაწილეებს, დაინტერესდნენ და გაერკვნენ თავიანთი სამოსახლოსა და უშუალო გარემოს ბედით: რამდენად სამართლიანია მისი განვითარების გზები; ხომ არ მოვიდა დრო, რომ პირადად ჩაერთონ გადაწყვეტილებათა მიღების ან მათი განხორციელების პროცესში?
იდეები მოქმედებისთვის - ჯგუფის ნამუშევარი შესაძლოა საინტერესო აღმოჩნდეს ადგილობრივი ხელისუფლებისთვის. ეცადეთ, მიმართოთ მათ და დააინტერესოთ თქვენი პროექტით.
სავარჯიშო ,,მონაწილეობა“
თემა - სახელმწიფო მართვაში მონაწილეობა
მონაწილეთა რაოდენობა - 12-14
დრო - 80 წუთი
შინაარსი - სავარჯიშო აგებულია დისკუსიაზე, რომლის დროსაც განიხილება:
რა მნიშვნელობა აქვს ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებში მათ მონაწილეობას;
მოქალაქეების მიერ თავიანთი სამოქალაქო პოზიციის აქტიურად გამოხატვის აუცილებლობის საკითხი.
ამოცანები
სახელმწიფო საქმეების მართვაში მოსახლეობის აქტიური მონაწილეობის მნიშვნელობის გაგება;
სახელმწიფო საქმეების მართვაში მოსახლეობის მონაწილეობისას სირთულეების გაანალიზება.
მასალები
ქაღალდის დიდ ფურცლებზე წინასწარ მომზადებული გამონათქვამები;
თაბახის ფურცლები თითოეული ჯგუფისთვის;
სხვადასხვა ფერის მარკერები თითოეული ჯგუფისთვის.
ინსტრუქციები
1. დაყავით მონაწილეები ორ ჯგუფად.
2. შესთავაზეთ მონაწილეებს, მონაწილეობა მიიღონ როლურ თამაშში, სადაც ინსცენირებული იქნება საუბარი მოქალაქეებს შორის, რომლებიც გამოხატავენ საწინააღმდეგო მოსაზრებებს სახელმწიფო საქმეების მართვაში მონაწილეობასთან დაკავშირებით.
3. საუბარი შეიძლება აგებული იყოს შემდეგი პრინციპით: ქვემოთ მოყვანილია ადამიანთა ერთი ჯგუფის მოსაზრებები, რომლებსაც ამა თუ იმ მიზეზით არ სურთ მონაწილეობის მიღება ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებში, კერძოდ, არჩევნებში.
4. ტრენერმა უნდა შესთავაზოს მონაწილეთა მეორე ჯგუფს, რომ გადაარწმუნონ ის მოქალაქეები, რომლებიც გამოხატავენ შემდეგ მოსაზრებებს:
ა) მე სრულებით არ მაინტერესებს ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრება. მეტისმეტად დაკავებული ვარ ჩემი პირადი პრობლემების გადაწყვეტით და ხელისუფლების საქმიანობაში ჩაწვდომის დრო არა მაქვს;
ბ) ნებისმიერ შემთხვევაში, მე არ მესმის, რა ხდება სახელმწიფოში. პრობლემები მეტისმეტად რთულია და მათი გადაწყვეტა კომპეტენტური ადამიანების საქმეა, ანუ ქვეყნის პოლიტიკური ლიდერების. მე ვენდობი მართვის მათ მეთოდებს;
გ) მე დიდი ენთუზიაზმით მივიღე მონაწილეობა ბოლო არჩევნებში, მაგრამ მას შემდეგ არანაირი არსებითი ცვლილება არ მომხდარა. ჩემი აზრით, ცხოვრება მხოლოდ დამძიმდა. ამიტომ ვერ ვხედავ აზრს ჩემი სამოქალაქო პოზიციის გამოხატვაში;
დ) მეც მივიღე მონაწილეობა არჩევნებში, მაგრამ, მგონია, რომ პოლიტიკურ ლიდერებს არ აღელვებთ უბრალო მოქალაქეების ბედი. ისინი დაკავებულები არიან თვითგამდიდრებით და იმ საკითხების განხილვით, რომელთა გადაწყვეტასაც არანაირი დადებითი ცვლილებები არ მოჰყვება;
ე) მე ყოველთვის ვცდილობ, პოლიტიკური მოვლენების კურსში ვიყო და საკუთარ თავს ყოველთვის ვთვლიდი სოციალურად აქტიურ მოქალაქედ. მაგრამ წინა არჩევნებზე, როცა სასურველ პარტიას მივეცი ხმა, ჩემ მიმართ წამოვიდა მუქარა კონკურენტი პარტიის მომხრეების მხრიდან. არა მგონია, რომ მომავალში ისევ აქტიურად გამოვხატო ჩემი პოზიცია.
ანალიზი და შეფასება - სთხოვეთ მონაწილეებს, გააანალიზონ მათ მიერ
წარმოდგენილი არგუმენტები და უპასუხონ შემდეგ შეკითხვებს:
როგორი გრძნობის გამოხატვას ცდილობდნენ თქვენი ოპონენტები? თუ ყოფილა შემთხვევა, როდესაც თქვენ ანალოგიური გრძნობის განცდა მოგიწიათ?
რას კარგავენ მონაწილეები, რომლებიც არ მონაწილეობენ ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებში?
დაკავშირებულია თუ არა ქვეყნის საქმეების მართვაში მონაწილეობა რაიმე რისკებთან?
არსებობს თუ არა საზოგადოებაში მოსახლეობის ჯგუფი, რომლისთვისაც ძნელია, აქტიურად გამოხატონ თავიანთი სამოქალაქო პოზიცია (მაგალითად, ქალები, შრომისუუნარო მოქალაქეები, არასრულწლოვანი მოქალაქეები, უფროსი თაობის წარმომადგენლები)?
როგორი ზომების მიღებაა აუცილებელი იმისათვის, რომ ყველა მოქალაქისათვის უზრუნველყოფილი იყოს საკუთარი უფლებების რეალიზების შესაძლებლობა?
რჩევები წამყვანისთვის — წამყვანმა მონაწილეებს თანაბარი შესაძლებლობა უნდა მისცეს თავიანთი არგუმენტების წარმოსადგენად.
წამყვანმა მონაწილეებს თავიანთი პოზიციებისა და არგუმენტების წარმოსადგენად გონივრული ვადა უნდა განუსაზღვროს.
სავარჯიშო ,,მივიღოთ მონაწილეობა არჩევნებში თუ არა?“
თემა - მოქალაქის მონაწილეობა არჩევნებში
მონაწილეთა რაოდენობა - 16-20 მონაწილე
დრო - 270 წუთი (სამ ნაწილად)
შინაარსი - როლური თამაში წარმოადგენს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვას შემდეგი პრობლემატიკის შესწავლის მიზნით:
- ხმის მიცემა;
- მოქალაქეთა აქტივობა.
ამოცანები - მონაწილეებმა ისწავლონ არჩევნებში მონაწილეობისა და დემოკრატიის მშენებლობაში თითოეული მოქალაქის პერსონალური წვლილის შეტანის შესაძლებლობის დაფასება, გამოიმუშაონ ინფორმაციის მოპოვებისა და ანალიზის უნარ-ჩვევები.
მასალები:
- გამოკითხვის ანკეტები 1 და 2, ერთი კომპლექტი წყვილზე
- გამოკითხვის ჩატარების ინსტრუქციის ასლი, წყვილზე 1 ცალი
- კალმები ან ფანქრები
- ქაღალდის დიდი ფურცლები (მინიმუმ A3), მარკერები.
მოსამზადებელი სამუშაო - გააკეთეთ გამოკითხვის ფურცლების ასლები ქაღალდის დიდ ფურცლებზე, რომლებსაც ინსტრუქციის ჩატარების დროს თვალსაჩინოებად გამოიყენებთ.
- შედეგების შესაჯამებლად გადაიტანეთ გადასაკიდ ფურცლებზე გამოკითხვის ფურცლები 1 და 2.
- შეადგინეთ სავარჯიშოს დროში გაწერილი გრაფიკი:
სავარჯიშოს პირველ ნაწილს (გამოკითხვის შესავალი) დასჭირდება 60 წთ., მეორე ნაწილს (უშუალოდ გამოკითხვის პროცესი) - 120 წთ., მესამე ნაწილს (შედეგების ანალიზი, დასკვნები, შეფასება) - 90 წთ.
ინსტრუქციები:
I ნაწილი - გამოკითხვის შესავალი
1. განმარტეთ, რომ სავარჯიშოს პირველი ნაწილის მიზანია ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობს ან არმონაწილეობის მიზეზების შესახებ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის ჩატარების მომზადება.
2. გამოჰკითხეთ მონაწილეთა ჯგუფს, აპირებენ თუ არა ისინი ხმის მიცემას 2008 წლის საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში. დაყავით ჯგუფი ორ - ხმის მიცემის მსურველ (ა) და (ბ) - ჯგუფად. „მერყევი“ ნაწილი გადაანაწილეთ ჯგუფებში ისე, რომ მიიღოთ მეტ-ნაკლებად თანაბარძალოვანი ჯგუფები.
3. მიეცით მათ 15 წუთი თავიანთი არგუმენტების („მომხრე“ და „მოწინააღმდეგე“) დასაწერად გადასაკიდ ფურცლებზე.
4. ყოველი ჯგუფიდან თითო წარმომადგენელს შესთავაზეთ, წაიკითხოს თავისი სიები (რესპონდენტთა ჩანაწერები). მონაწილეებს მიეცით დრო მოკლე განხილვისა და გადასაკიდ ფურცლებზე შეტანილ სიებში დამატებითი მოსაზრებების შესატანად.
5. დაურიგეთ მონაწილეებს გამოკითხვის ფურცლები 1 და 2. მონაწილეთა ყურადღება მიაპყარით დიდ ასლებზე, რომლებიც გამოკიდებულია დაფაზე, რათა ყველასთვის გასაგები იყოს, რომ ფურცელი 2 განკუთვნილია იმ რესპონდენტთა არგუმენტებისთვის, ვინც ხმას აძლევს, ხოლო ფურცელი 1 - მათთვის, ვინც წინააღმდეგია. გამოკითხვის შინაარსი ორივე ფურცელზე ერთნაირია, მეორე კითხვის გარდა. წაიკითხეთ ყველა შეკითხვა, დარწმუნდით, რომ ყველაფერი ნათელია.
6. აუხსენით მონაწილეებს პასუხების აღრიცხვის მეთოდი. აუხსენით, როგორ ისარგებლონ „ხუთი შტრიხის“ მეთოდით შედეგების შეჯამებისას.
7. დაურიგეთ თითოეულ წყვილს ინსტრუქცია გამოკითხვის ჩატარების შესახებ. წაიკითხეთ და იმსჯელეთ:
- როგორ უზრუნველყოფენ მონაწილეები გამოსაკითხთა შემთხვევით შერჩევას;
- რა რაოდენობის რესპონდენტს გამოჰკითხავს თითოეული წყვილი (რაც მეტი - მით უკეთესი);
- სად და როგორ ჩავატაროთ გამოკითხვა;
- როდის ამთავრებენ მონაწილეები გამოკითხვას და ბრუნდებიან ოფისში შედეგების შესაჯამებლად და განსახილველად.
8. დავალება თუ ყველასათვის გასაგებია — წინ, გამოკითხვაზე!
II ნაწილი - გამოკითხვა (ინსტრუქცია მონაწილეთათვის)
- რესპონდენტთა შერჩევა უნდა მოხდეს „შემთვევითობის“ პრინციპის საფუძველზე. არ შეიძლება შეირჩეს რესპონდენტი იმის გამო, რომ ის არის „ახალგაზრდა“, „ხანშიშესული“, „სიმპათიური“ და ასე შემდეგ.
- წარუდგინეთ თავი პოტენციურ რესპონდენტს. ჰკითხეთ, წინააღმდეგი ხომ არ არის, უპასუხოს რამდენიმე შეკითხვას ანონიმურობის დაცვის პირობით. აუხსენით რესპონდენტს, რომ გამოკითხვის შედეგები არ გამოქვეყნდება და გამოყენებული იქნება მხოლოდ ამ ჯგუფის მიერ საგანმანათლებლო მიზნებისთვის.
- თანხმობის მიღების შემდეგ, პირველ რიგში, ჰკითხეთ, მისცა თუ არა ხმა უკანასკნელ არჩევნებში. თუ პასუხი უარყოფითი იქნება, შეავსეთ გამოკითხვის ფურცელი 1. დადებითი პასუხის შემთხვევაში შეავსეთ გამოკითხვის ფურცელი 2.
- პირველი შეკითხვის პასუხად რესპონდენტი მიგვითითებს თავის ასაკს თავისი სურვილისამებრ. თუ ასაკის გამხელა არ სურს, დასვით ნიშანი ბოლო სვეტში.
- მეორე შეკითხაზე პასუხის მისაღებად რესპონდენტს გააცანით შესაძლო პასუხები, რათა მან შეარჩიოს ერთ-ერთი მათგანი. თუ ის განსხვავებულ მიზეზს დაასახელებს, მიზეზი ე) გრაფაში ჩაწერეთ.
შენიშვნა:
განსხვავება ბ) და გ) პასუხებს შორის ის არის, რომ ბ)-ში ლაპარაკია კონკრეტულ პიროვნებებზე, ხოლო გ)-ში - პარტიებზე. - გარკვევით ჩაწერეთ აღნიშვნები, რათა შემდგომში ადვილად შეაჯამოთ შედეგები. შეეცადეთ, ერთ ფურცელზე რაც შეიძლება მეტი გამოკითხული ჩატიოთ. რესპონდენტისთვის დასმულ თითოეულ შეკითხვაზე უნდა გაკეთდეს მხოლოდ ერთი აღნიშვნა.
- გამოკითხვის პროცესი აწარმოეთ 120 წუთის განმავლობაში.
III ნაწილი - შედეგების ანალიზი
გამოკითხვის დასრულების შემდეგ წყვილები იკრიბებიან, რათა შეაჯერონ, გააანალიზონ და განიხილონ მიღებული შედეგები, ამისათვის მათ ეძლევათ 60 წუთი.
1. შესთავაზეთ წყვილებს, შეაჯამონ შედეგები თითოეულ გრაფაში და შეიტანონ მონაცემები დიდ ცხრილში. ეს საშუალებას მოგცემთ, დაითვალოთ საერთო შედეგები მთელი ჯგუფისათვის. ასევე უნდა ჩაიწეროს რესპონდენტთა მიერ მითითებული მიზეზები. თუ ერთი და იგივე მიზეზი რამდენჯერმე გამეორდა, დათვალეთ მათი რაოდენობა და ეს ინფორმაციაც შეიტანეთ ცხრილში.
2. როდესაც ინფორმაცია სრულად იქნება შეტანილი ცხრილში, მონაწილეებს სთხოვეთ, დაითვალონ:
- გამოკითხულთა საერთო რაოდენობა;
- გამოკითხულთა საერთო რაოდენობიდან ხმისმიცემის „მონაწილეთა“ და „არმონაწილეთა“ პროცენტული შემადგენლობა;
- გამოკითხულ ქალთა და მამაკაცთა პროცენტული შემადგენლობა;
- ასაკობრივი ჯგუფების პროცენტული შემადგენლობა;
- ასაკობრივი ჯგუფი, რომელშიც ყველაზე მცირე რაოდენობის „ხმის მიმცემი“ იყო;
- ასაკობრივი ჯგუფი, რომელშიც ყველაზე მეტი „ხმის მიმცემი“ იყო;
- ყველაზე გავრცელებული არგუმენტები ხმის მიცემაში არმონაწილეობის სასარგებლოდ;
- ყველაზე გავრცელებული არგუმენტები ხმის მიცემის სასარგებლოდ;
- რომელი არგუმენტი (როგორც ხმის მიცემის „მომხრე“, ისე „მოწინააღმდეგე“) იყო მეტი: პიროვნებებთან თუ პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებული?
3. ახლა კი იმის განხილვაზე გადადით, თუ რამდენად მოეწონათ მონაწილეებს სავარჯიშო და რა ისწავლეს მათ სავარჯიშოს განხორციელების პროცესში.
ანალიზი და შეფასება - შედეგების საერთო განხილვისას მონაწილეებს დაუსვით შემდეგი შეკითხვები:
- რა იგრძნობოდა რესპონდენტთა გამოკითხვისას, რამდენად ხალისით პასუხობდნენ ისინი შეკითხვებს?
- ძნელი იყო გამოკითხვის ჩატარება? მოეწონათ მათ ეს სამუშაო?
- მოახერხეს მონაწილეებმა გამოსაკითხად მოსახლეობის „წარმომადგენლობითი“ ჯგუფის შერჩევა? რატომ არ იყო ეს ადვილი?
- მიღებული სტატისტიკური შედეგებიდან განსაკუთრებით რამ გააკვირვა მონაწილეთა ჯგუფი?
- რა აღმოჩნდა გამოკითხვის შედეგებში მონაწილეთათვის მეტ-ნაკლებად მოულოდნელი?
- შეინიშნება მონაწილეთა ჯგუფისა და გამოკითხულთა მოსაზრებების თანხვედრა?
- შეიძლება მონაწილეთა ჯგუფი მოსახლეობის „წარმომადგენლობით ჯგუფად“ ჩაითვალოს?
- რას გააკეთებდა ჯგუფი განსხვავებული გამოკითხვის ხელახლა ჩატარების შემთხვევაში?
- ასახავს გამოკითხვის შედეგები თქვენს გარემოცვაში ხმის მიცემისადმი დამოკიდებულების არსებულ რეალურ სურათს? რატომ? რატომ არა?
- სტატისტიკურ მონაცემებს ხშირად იყენებენ ამა თუ იმ არგუმენტის დამამტკიცებელ ფაქტად. რამდენად არის საჭირო სიფრთხილე სტატისტიკასთან მიმართებაში?
შეიცვალა თუ არა ვინმემ დამოკიდებულება ამა თუ იმ მიმართულებით და თუ შეიცვალა, რომელი არგუმენტების საფუძველზე?
რჩევები წამყვანებისთვის
I ნაწილი - გამოკითხვის დაგეგმვა ემსახურება სავარჯიშოს მეორე ნაწილის - უშუალოდ გამოკითხვის ჩატარებას. თავიდანვე შეგიძლიათ აღნიშნოთ, რომ სავარჯიშოს მიზანია, ახალგაზრდებს მისცეს იმის საშუალება, რომ გააცნობიერონ დემოკრატიულ პროცესში უშუალოდ მონაწილეობის ღირებულებები. მიზანშეწონილია, სწორედ ამაზე გაამახვილოთ ყურადღება და არა მონაწილეთა „დარწმუნება“, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ხმის მიცემაში მონაწილეობა. ახსენით, რომ სასურველია, სავარჯიშოს დასრულების შემდეგ თითოეულმა მონაწილემ მიიღოს თავისი გადაწყვეტილება, მაგრამ ამისათვის საჭიროა გაეცნოს ხმის მიცემაში მონაწილეობის ან არმონაწილეობის შესახებ მოქალაქეთა მიერ დასახლებულ მიზეზთა მრავალფეროვნებას. შეეცადეთ, მიაღწიოთ მიზეზების მაქსიმალურად „ობიექტურ“ განხილვას, რომელთა გამო ადამიანები ხმას აძლევენ ან არ აძლევენ (პუნქტი 4). ამ განხილვაზე ძალიან დიდ დროს ნუ დახარჯავთ, რადგან ეს მხოლოდ გამოკითხვის პროცესისთვის ნიადაგის მოსამზადებლად გჭირდებათ.
როდესაც თქვენ გამოკითხვის ჩატარების კონკრეტულ ხერხებს განიხლავთ (პუნქტი 7), გაითვალისწინეთ ის შესაძლო გართულებები, რაც შეიძლება შეხვდეს მონაწილეებს გამოკითხვის ჩატარების დროს: შეიძლება ვინმეს არ მოეწონოს, რომ უცნობი ადამიანები ქუჩაში შეკითხვებით მიმართავენ. მონაწილეებს ურჩიეთ, ამ შემთხვევაში გამოკითხვა თავიანთ მეგობართა და ნაცნობთა წრეში ჩაატარონ.
ძალიან მნიშვნელოვანია, რეალურად შეაფასოთ, რა მოცულობის ინფორმაციის დამუშავებას შეძლებთ ანალიზის პროცესში. ნუ შეეცდებით, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია შეაგროვოთ, სავარჯიშოს ამ ნაწილისთვის განკუთვნილ დროში დიდი მოცულობის ინფორმაციის დამუშავება და ანალიზი გაგიჭირდებათ.
დასარიგებელი მასალა
გამოკითხვის ფურცელი 1. „ხმის მიცემაში არმონაწილე“
შეკითხვა 1. თქვენი ასაკობრივი ჯგუფი? (პასუხის გაცემა არ არის სავალდებულო)
|
25 წლის ქვევით |
25-40 |
40-60 |
60 წელს ზევით |
ამჯობინებს არ უპასუხოს |
მამაკაცები |
|
|
|
|
|
ქალები |
|
|
|
|
|
შეკითხვა 2. რატომ არ მიეცით ხმა ბოლო არჩევნებში?
ა) „ვთვლიდი, რომ ჩემი ხმა არ მოახდენდა გავლენას არჩევნების შედეგებზე“;
ბ) „კანდიდატებიდან არც ერთი არ აღძრავდა ჩემში სიმპათიებს“;
გ) „არ ვეთანხმებოდი წარმოდგენილ არც ერთ პოლიტიკურ პლატფორმას“;
დ) „ჩემთვის სულერთი იყო“;
ე) სხვა მიზეზები (მიუთითეთ მიზეზების შესახებ).
ა) |
ბ) |
გ) |
დ) |
ე) |
|
|
|
|
|
გამოკითხვის ფურცელი 2. „ხმის მიცემის მონაწილე“
შეკითხვა 1. თქვენი ასაკობრივი ჯგუფი? (პასუხის გაცემა არ არის სავალდებულო)
|
25 წლის ქვევით |
25-40 |
40-60 |
60 წელს ზევით |
ამჯობინებს არ უპასუხოს |
მამაკაცები |
|
|
|
|
|
ქალები |
|
|
|
|
|
შეკითხვა 2. რა იყო ბოლო არჩევნებში თქვენი ხმისმიცემაში მონაწილეობის მთავარი მიზეზი?
ა) „მე ვთვლი, რომ ეს ჩემი მოქალაქეობრივი მოვალეობაა“;
ბ) „მე მინდოდა, ხმა მიმეცა... (კანდიდატისთვის)“;
გ) „მე მინდოდა ხმა მიმეცა... (პარტიისთვის)“;
დ) „მე არ მინდოდა, ვინმე სხვას გაემარჯვა (სხვა კანდიდატი/სხვა პარტია)“;
ე) სხვა მიზეზები (მიუთითეთ მიზეზების შესახებ).
ა) |
ბ) |
გ) |
დ) |
ე) |
|
|
|
|
|
![]() |
5.7 III თავში გამოყენებული ლიტერატურა |
▲ზევით დაბრუნება |
1. სინემა, №1. თბილისი, 1991
2. დამკვირვებლის ცნობარი. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო ასოციაცია, თბილისი, 1998 წ.
3. აკაკი ბაქრაძის ხსოვნას. ოაზისი, თბილისი, 2000.
4. ლიტერატურა და სხვა. №1(2), 2000.
5. ქართული ფილოსოფიური აზრის ისტორია. ტ. IV. თბილისი, 2003.
6. მარინა გოგოლაძე-გაბუნია. მწერალთა ბიოგრაფიები. საქართველოს მაცნე, თბილისი, 2004 წელი.
7. კომპასი: სახელმძღვანელო ადამიანის უფლებათა განათლების სფეროში ახალგაზრდების მონაწილეობით. თბილისი, 2004.
8. აქტიური მოქალაქეობის სახელმძღვანელო. თავისუფლების ინსტიტუტი. თბილისი, 2005.
9. We the People. Student Text. A project of the Center for Civic Education. Center for Civic Education, 1988.
10. Foundations of Democracy. Authority, Privacy, Responsibility, Justice. Center for Civic Education, 2003.
11. Выборы в демократическом обществе. Учебное пособие под редакцией Воскресенской Н.М., Положевса П.Г., Межрегиональная асоциация За гражданское образование, М., 1998.
![]() |
6 თავი IV. სამოქალაქო საზოგადოება |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
6.1 §1. საზოგადოება და ღირებულებები |
▲ზევით დაბრუნება |
ღირებულებათა სისტემა - საზოგადოებაში ჩამოყალიბებული ის ნორმებია, რომელიც გამოხატავს გაბატონებულ აზრს იმის შესახებ, თუ რა არის კარგი, სწორი ან სასურველი1. ღირებულებებსა და ნორმებს შორის ის განსხვავებაა, რომ ღირებულებები აბსტრაქტული, ზოგადი ცნებებია, ხოლო ნორმები გარკვეულ ვითარებაში ადამიანის მოქმედების წესები ან სახელმძღვანელო პრინციპებია.
საზოგადოებაში ჩამოყალიბებული ღირებულებათა სისტემა მნიშვნელოვან როლს ასრულებს, რადგან ზეგავლენას ახდენს ნორმების შინაარსზე. ნორმებისგან განსხვავებით, რომელთა გავლენა ყოფიერებაში ადვილად შესამჩნევია, ღირებულებების იდენტიფიცირება ხშირად გაძნელებულია.
საზოგადოებრივი ღირებულებები მორალური, სამართლებრივი, სოციალური, კულტურული, სახელმწიფოებრივი, ეროვნული და სხვა შინაარსისაა. ეს ის იდეალებია, რომელთა დამკვიდრებას და დაცვას ესწრაფვის საზოგადოება. ეს ის მიზნებია, რომელთა მიღწევას ელტვის იგი.
ცნობილია, რომ გარემო ვითარებათა ცვლილებები იწვევს ღირებულებათა სისტემის ცვლილებას. თავის მხრივ, ღირებულებათა სისტემის ცვლილება არსებითად გარდაქმნის საზოგადოებას. სწორედ ასე რეაგირებს საზოგადოება გარემო ცვლილებებზე - გადასინჯავს ტრადიციულ ღირებულებებს, უკუაგდებს მათგან უსარგებლოსა და მოძველებულს, ხოლო ინარჩუნებს ისეთს, რომელიც საშუალებას მისცემს, გაუმკლავდეს გარემოს გამოწვევას; ამასთანავე მიიღებს ან თვითონ შექმნის ახალ ღირებულებებს, რომლებიც გადარჩენასა და განვითარებაში დაეხმარება. თუ საზოგადოება ამას არ ან ვერ შეასრულებს, იგი ვერ გადარჩება - გადაგვარდება ან მოკვდება. ამ გაგებით საზოგადოების სიჯანსაღე და სიცოცხლისუნარიანობა არსებითად რეალობებისადმი მისი ღირებულებათა სისტემის ადეკვატურობაზეა დამოკიდებული. საკუთარი ღირებულებათა სისტემის შექმნა, დაცვა, დამკვიდრება და განვითარება საზოგადოებრივი ცხოვრებისა და შემოქმედების ძირითადი შინაარსია, საზოგადოების საარსებო რესურსია. ასე რომ, საზოგადოება შეიძლება განიმარტოს, როგორც საერთო ღირებულებების მქონე ადამიანთა გაერთიანება, რომელსაც ერთიანი მიზანი და ფუნქციური მთლიანობა გააჩნია. ადამიანთა ისეთ გაერთიანებას კი, რომელიც საერთო ღირებულებებს არ ფლობს ან ერთი მიზანი არ ამოძრავებს, ან ფუნქციური მთლიანობა არა აქვს, შეიძლება ეწოდოს მხოლოდ მოსახლეობა, ან სულაც - ბრბო, მაგრამ არა - საზოგადოება.
ამგვარად, ღირებულებათა სისტემის არსებობა აუცილებელი პირობაა მოსახლეობის საზოგადოებად ყოფნისა, ხოლო კონკრეტულ ღირებულებათა გამოვლენა და მათი იერარქიის დადგენა აუცილებელია ამ საზოგადოების გვარობის გასარკვევად.
კერძოდ, პოლიტიკური იდეოლოგიები ერთმანეთისგან განსხვავდება სახელმწიფოსთან, საზოგადოებასთან და პიროვნებასთან მათი დამოკიდებულების მიხედვით. მაგალითად, ლიბერალიზმის ღირებულებების გასარკვევად მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა ცნების ღირებულებითი ანალიზი.
ადამიანის უფლებების ცნების საფუძველია ორი ღირებულება. პირველია ადამიანური ღირსება, მეორე - თანასწორობა. ადამიანის უფლებები განსაზღვრავს იმ ნორმებს, რომლებიც აუცილებელია, რათა ღირსების გრძნობით ვიცხოვროთ. მათი უნივერსალურობა კი იქიდან გამომდინარეობს, რომ ადამიანები ამაში მაინც თანასწორნი არიან, ვინმეს გამოყოფა ამ კუთხით შეუძლებელია.
ამ ორი ძირითადი ღირებულებიდან გამომდინარეობს სხვა ღირებულებებიც. მათი საშუალებით უფრო ადვილია იმის განსაზღვრა, თუ როგორ უნდა თანაარსებობდნენ ადამიანები და საზოგადოებები. ასეთი ღირებულებებია:
თავისუფლება - რადგან ადამიანის ნება მისი ღირსების მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია და ნების საწინააღმდეგოდ რაიმეს გაკეთების იძულება ამცირებს ადამიანს;
სხვისი პატივისცემა - რადგან სხვათა უპატივცემულობა არ იძლევა მათი ადამიანური ღირსების დაფასების საშუალებას;
არადისკრიმინაციული დამოკიდებულება - რადგან, ადამიანური ღირსების თვალსაზრისით, ადამიანების თანასწორობა იმას ნიშნავს, რომ არ შეიძლება მათი განსჯა ნიშნების მიხედვით, რომელთაც არაფერი აქვთ საერთო ადამიანურ ღირსებასთან;
შემწყნარებლობა - რადგან შეუწყნარებლობა მიუთითებს განსხვავებებისადმი უპატივცემულობაზე, ხოლო თანასწორობა არ ნიშნავს იგივურობას ან ერთფეროვნებას;
სამართლიანობა - რადგან ადამიანთა მოდგმისადმი მიკუთვნების მხრივ თანასწორობის გამო ადამიანები იმსახურებენ სამართლიან დამოკიდებულებას;
პასუხისმგებლობა- რადგან სხვისი უფლებების პატივისცემა გულისხმობს საკუთარი მოქმედებებისადმი პასუხისმგებლობას.
აქედან გამომდინარე, ლიბერალიზმის ფუნდამენტური ღირებულებებია:
საზოგადოების ყოველი წევრის პირადი თავისუფლება და პირადი პასუხისმგებლობა;
არჩევნებისა და გაერთიანებების თავისუფლება;
ხელისუფლების დაყოფა;
კანონის უზენაესობა;
საზოგადოების დემოკრატიული მშენებლობა და საზოგადოების დემოკრატიული კონტროლი სახელმწიფოზე;
კერძო საკუთრების ხელშეუხებლობა, ეკონომიკური თავისუფლება, საბაზრო ეკონომიკა;
უფლებათა და წარმატების მიღწევის შესაძლებლობათა თანასწორობა ყოველი მოქალაქისთვის.
მაგალითად, დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ტონი ბლერის აზრით, ფასეულობები „...საუკეთესოდ არის გამოხატული საზოგადოების თანამედროვე გაგებაში, რომლის საფუძველშიც ძევს მოსაზრება, რომ ყველა ადამიანი თანასწორად ღირებულია... და რომ ჩვენ ერთობლივი პასუხისმგებლობა გვეკისრება ისეთი საზოგადოების ჩამოყალიბებაზე, რომელიც ხელს უწყობს ასეთ თანასწორ ღირებულებას. მიაქციეთ ყურადღება: ეს არის თანასწორი ღირებულება და არა შემოსავლისა თუ გასავლის თანასწორობა ან უბრალოდ თანაბარი შესაძლებლობები. ეს უფრო განამტკიცებს ჩვენს შეხედულებას, რომ ყველა ადამიანს აქვს თანაბარი უფლება, ჰქონდეს საკუთარი ღირსება, იცხოვროს თავისუფლად, დისკრიმინაციის გარეშე და ჰქონდეს სხვების თანასწორი ეკონომიკური შესაძლებლობები“.
უფლებრივი და ღირებულებითი ანალიზის კუთხით საინტერესოა ლიბერალიზმში საზოგადოების მხრივ სახელმწიფოს კონტროლზე ყურადღების გამახვილება.
ცნობილია, რომ ადამიანის უფლებები თავისთავად არ იძლევა ბედნიერებისა თუ სამართლიანობის გარანტიებს და არც ვინმეს მინიმალურ კეთილდღეობას უზრუნველყოფს. ადამიანის უფლებები არც იმის გარანტიას იძლევა, რომ ხალხს ეყვარება ვინმე და მასზე იზრუნებს. ადამიანის უფლებები მხოლოდ იცავს ინდივიდებს ხელისუფლების ან უმრავლესობის დანაშაულებრივი ზეწოლისგან.
მართლაც, ინდივიდი და ხელისუფლება თანაბარ პირობებში არ ფუნქციონირებენ. ნებისმიერ მთავრობას აქვს მისწრაფება, დაარღვიოს ადამიანის უფლებები. ხელისუფლებას შეუძლია გამოიყენოს ძალაუფლება ინდივიდებზე ზეწოლისთვის, ასე რომ, ადამიანის უფლებები ის ფარია, რომელიც უზრუნველყოფს ინდივიდთა უსაფრთხოებას. ხელისუფლებისთვის ადამიანის უფლებები ბარიერია ცდუნებაში, რომ იგი განსხვავებულად არ მოეპყროს ადამიანებს მათი სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური და სხვა სტატუსის მიხედვით. ადამიანის უფლებათა აღიარება და ლეგალიზაცია მოითხოვს თვითშეზღუდვის აქტს ხელისუფლების საკანონმდებლო ფრთისგან, ხოლო მათი ცხოვრებაში გატარება - თვითშეზღუდვის აქტს ხელისუფლების აღმასრულებელი ფრთისგან.
თვითშეზღუდვის აქტები არაპოპულარულია ხელისუფლებისთვის. ჩვეულებრივ, ამგვარი აქტები უჩვეულო, განსაკუთრებულ სიტუაციებში არსებობს, როგორიცაა, მაგალითად, სხვა ქვეყნების ზეწოლა. ეს კი არასასურველია, რადგან, როგორც წესი, თავს იჩენს ქვეყნის სუვერენიტეტის პრობლემა2. მაშ რა გამოსავალი არსებობს ხელისუფლებისგან თავის დასაცავად? დასავლური ცივილიზაციის პასუხი ასეთია: სამოქალაქო საზოგადოება.
სამოქალაქო საზოგადოება, მისი ფართო გაგებით, განისაზღვრება, როგორც „განსაკუთრებული სივრცე ოჯახს, სახელმწიფოსა და ბაზარს შორის, რომელშიც ხალხი საკუთარი ინტერესების დაკმაყოფილებას ცდილობს“.3 ამ თვალსაზრისით, სამოქალაქო საზოგადოება განიხილება ოთხი მთავარი განზომილების ჭრილში:
სამოქალაქო საზოგადოების სტრუქტურა (მაგალითად, წევრთა რაოდენობა, მოხალისეობის ხარისხი, „ქოლგა“ ორგანიზაციების რაოდენობა და მახასიათებლები, ადამიანური და ფინანსური რესურსები და სხვ.);
გარემო, რომელშიც სამოქალაქო საზოგადოება არსებობს და ფუნქციონირებს (მაგალითად, საკანონმდებლო, პოლიტიკური, კულტურული და ეკონომიკური კონტექსტი და სხვ.);
სამოქალაქო საზოგადოების ასპარეზზე მოქმედი და აღიარებული ფასეულობები (მაგალითად, ტოლერანტულობა, გარემოს დაცვა, არაძალადობა და სხვ.);
სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეების საქმიანობათა ზეგავლენა (მაგალითად, საჯარო პოლიტიკაზე ზეგავლენა, ხალხის მობილიზაცია, პასუხი საზოგადოების საჭიროებებზე და სხვ.).
სამოქალაქო საზოგადოების ცნება საზოგადოების არასახელმწიფოებრივი ურთიერთობების მთელ ერთობლიობას მოიცავს - ეკონომიკურს, სოციალურს, კულტურულს, რელიგიურს. სამოქალაქო საზოგადოების იდეა შეიძლება ორ ასპექტში იქნეს განხილული: ნეგატიურ პლანში ლაპარაკია სახელმწიფოს საშუალებების შეზღუდვაზე იმით, რომ არ დაუშვას მისი კონტროლი საზოგადოებრივი აქტიურობის ყველა ფორმაზე; პოზიტიურ პლანში კი ლაპარაკია საზოგადოებაში უამრავი დამოუკიდებელი ორგანიზაციის შექმნაზე, რომელთა დახმარებითაც ადამიანებს შეუძლიათ, კოლექტიურად გადაწყვიტონ თავიანთი პრობლემები, გამოთქვან თავიანთი აზრები და ზეწოლა მოახდინონ მთავრობაზე; ასეთი ორგანიზაციები შეიძლება მთავრობის ხელყოფისგან თავდაცვის საშუალებად გამოდგეს.
სამოქალაქო საზოგადოების იდეამ, როგორც დემოკრატიის აუცილებელმა კომპონენტმა, განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა XX საუკუნეში ფაშისტური და კომუნისტური დიქტატურების შემდეგ, რომლებიც ყველა საზოგადოებრივი ინსტიტუტის შთანთქმასა და კონტროლირებას ესწრაფოდნენ. ექსპერტები მიიჩნევენ4, რომ, მაგალითად, გერმანელებს კულტურაც ჰქონდათ, ჰუმანიტარული განათლების უზარმაზარი მარაგიც, მაგრამ არ ჰყავდათ სამოქალაქო საზოგადოება და ამიტომაც გაიმარჯვა ფაშიზმმა. დღესაც ასე ხდება - იქ, სადაც სამოქალაქო საზოგადოება დროზე არ ვითარდება, ყოველთვის ფაშისტური ან კომუნისტური ცნობიერება მძლავრობს. ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად მხოლოდ კულტურა და განათლება არ არის საკმარისი. მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო ღირებულებები კულტურიდან და რელიგიიდან არის ამოზრდილი, განათლება და მოქალაქეობრივი ცნობიერება სულაც არ არის იდენტური ცნებები. იყო განათლებული, არ ნიშნავს, იყო დემოკრატიულად მოაზროვნე - განათლებულ ადამიანსაც შეიძლება ჰქონდეს ფაშისტური მენტალიტეტი. უფრო მეტიც, შეიძლება ქვეყანაში ფორმალურად არსებობდეს სამოქალაქო სექტორი, მაგრამ თუ ამ საზოგადოებაში სამოქალაქო ცნობიერების მქონე ადამიანების დეფიციტია, მაშინ ეს ქვეყანა ფაშისტური და კომუნისტური საფრთხის პირისპირ რჩება.
წარმომადგენლობითი დემოკრატიის5 პირობებში სამოქალაქო საზოგადოების ძირითადი ელემენტებია:
საბაზრო ეკონომიკა;
მასობრივი ინფორმაციისა და კავშირის დამოუკიდებელი საშუალებები;
მთავრობის პოლიტიკისაგან დამოუკიდებელი ექსპერტიზები; და რაც მთავარია -ნებაყოფლობითი ასოციაციების სიმრავლე საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში, რომელთა საშუალებითაც ადამიანებს საკუთარი პრობლემების გადაწყვეტა შეუძლიათ.
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუციონალურ საფუძველს ქმნიან სწორედ არამომგებიანი არასამთავრობო ორგანიზაციები, ინტერესთა ჯგუფები6, ცალკეული ინდივიდები, რომლებსაც საზოგადოებასა და ხელისუფლებაზე ზემოქმედებისა და სახელმწიფოსგან დამოუკიდებლად საკუთარი სასიცოცხლო პრობლემების გადაჭრის უნარი შესწევთ. ეს ორგანიზაციები და ინდივიდები ნათლად აჩვენებენ პიროვნებისა და საზოგადოების ინტერესების თანაბარ უფლებებს, რაც სამოქალაქო საზოგადოების საფუძველია.
დემოკრატიული სახელმწიფოს იდეა თავის თავში გულისხმობს სამოქალაქო საზოგადოებას, როგორც დემოკრატიულობის უფრო მაღალ საფეხურს, რადგან სამოქალაქო საზოგადოებაში ხდება სოციალური რეგულირება საზოგადო კეთილდღეობისთვის, სამოქალაქო მონაწილეობა - პირადული ინტერესებისა და საზოგადო ინტერესებისთვის, საზოგადოების მსახურება - ნებაყოფლობითი (მოხალისეობრივი) წვლილი საზოგადოებრივი სიკეთისთვის. ამგვარ ქმედებათა ძირითადი საფუძველია ორი ღირებულება - თავისუფლება და პასუხისმგებლობა.
თავისუფლება, მისი პირველადი და ზოგადი მნიშვნელობით, ნიშნავს ჩაურევლობას ადამიანის არჩევანისა და ქმედების თავისუფლებაში. სხვანაირად, ადამიანი თავისუფალია, როდესაც მას აქვს მოქმედების ალტერნატიული ვარიანტები და შეუძლია არჩევანის დამოუკიდებლად გაკეთება. მაგრამ მხოლოდ ეს არ არის საკმარისი — ასეთ განმარტებაში იოლად ექცევა თვითნებობაც. თავისუფლებას თვითნებობისგან განასხვავებს პასუხისმგებლობა, რომელიც თან ერთვის ადამიანის ყოველ მოქმედებას. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი თავისუფლების ცნების ყოველი კომპონენტის სრული და ზუსტი გაგება-გათავისება და მათ შორის მიმართებათა გაანალიზება. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანის მიერ სიკეთის არჩევა არის ან უნდა იყოს საკუთარი თავის გაუმჯობესების გზების ძიება და თვითრეალიზაცია, რაც ინდივიდუალური თავისუფლებისა და არჩევანის დაცვისკენ სწრაფვის განსაკუთრებული მორალური გამართლების საფუძველია.
საზოგადოებაში თავისუფლების თანაბარ განაწილებას ჯონ როულზი სოციალური სამართლიანობის ძირითად ელემენტად, საზოგადოებას კი „დროში სამართლიანი თანამშრომლობის სისტემად“ მიიჩნევს. იგი განმარტავს, რომ თავისუფალი მოქალაქის ნება, საზოგადოებრივი მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტისას საზოგადოებრივ სიკეთეს დაუმორჩილოს პირადი ინტერესები, პოლიტიკური არჩევანია.
პროფესორი ჯოზეფ რაცი კი მიიჩნევს, რომ თავისუფლება სასარგებლოა მხოლოდ მაშინ, როდესაც საზოგადოების სოციალური და ეკონომიკური სტრუქტურა საკმარისად ფართო არჩევანს ქმნის და ადამიანის არჩევანის უნარს განხორციელების საშუალებას აძლევს. შესაბამისად, თავისუფლება დანახულია როგორც კოლექტიურ, ისე ინდივიდუალურ სიკეთედ. რაცის თანახმად, ცალკეული პიროვნებებისთვის ავტონომიის მინიჭება მხოლოდ მაშინ უწყობს ხელს პიროვნების კეთილდღეობას, როდესაც იგი ობიექტურად ღირებული და არჩევანის ღირსი მისწრაფებების განხორციელებაში ეხმარება. ეს გარკვეულწილად ზღუდავს ნებადართული თავისუფლებების სპექტრს და იმ მიზნებს, რომელთაც ისინი მორალურად შეესაბამება.
გარდა ჩაურევლობით განპირობებული „ნეგატიური უფლებების“ ასპექტისა, სამოქალაქო და პოლიტიკური თავისუფლებების გაგებაში არსებითია ისიც, რომ სამოქალაქო თავისუფლებები სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებებსაც აკისრებს: იგი პიროვნებას მისი თავისუფლების დაცვასა და გამოყენებაში უნდა დაეხმაროს. ეს უფლებები შეიძლება განვიხილოთ, როგორც პოზიტიური უფლებები, ანუ მოქალაქეთაგან სახელმწიფოს დახმარების მოლოდინი. გასაჭირში მყოფი ზოგიერთი ადამიანისთვის საკუთარი ავტონომიის განსახორციელებლად დახმარება აუცილებელია. საზოგადოება პასუხისმგებელია იმ ადამიანების მიმართ, რომელთაც არ შესწევთ უნარი, საკუთარი რესურსებით იცხოვრონ. ასეთი ვალდებულება, მაგალითად, გონებრივად ჩამორჩენილი ბავშვების, უმწეო მოხუცების წინაშე აღებულ ვალდებულებებში ვლინდება.
უნდა აღინიშნოს, რომ, როდესაც საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ აშკარა გახდა, რომ პოპულისტური მთავრობა არისტოკრატიულ ხელისუფლებაზე მეტად აკნინებდა ადამიანის თავისუფლებას, გაძლიერდა ბრძოლა ადამიანის უფლებებისთვის. ჯონ სტიუარტ მილმა თავის ესეში „თავისუფლების შესახებ“, რომელიც 1859 წელს გამოქვეყნდა, შემდეგი არგუმენტები მოიყვანა: აზრისა და გამოხატვის თავისუფლება იმიტომ უნდა იყოს დაცული, რომ შეხედულებათა დაფარვისას ადამიანს არ შეუძლია იცოდეს, მართალი იყო ისინი თუ მცდარი. შეხედულება ღირებულია, თუნდაც იგი მცდარი იყოს, რადგანაც მისი მცდარობის დემონსტრირებით სიმართლე მეტ ძალას იძენს. ინდივიდუალურობა ღირებულია იმდენად, რამდენადაც ნაირფეროვნება აძლიერებს ღირებული აღმოჩენებისა და ინოვაციების შანსს; ინტელექტუალური და ბაზრის თავისუფლებები ზრდის ყველასთვის ხელმისაწვდომ შესაძლებლობათა რაოდენობას. სახელმწიფოს როლი უნდა შემცირდეს: საქმიანობის გაწევის უფლება ზოგჯერ იმ შემთხვევაშიც კი უნდა დაეთმოს კერძო სექტორს, როცა მიჩნეულია, რომ სახელმწიფო ორგანიზაცია ამ საქმიანობას უკეთ წარმართავს, რადგან სამუშაოს შესრულების მცდელობა გააღრმავებს ადამიანთა გამოცდილებას და ამით ახალი ძალისხმევის სტიმულს მისცემს. ეს კი, საბოლოოდ, სასარგებლოა მათთვისაც და (შესაძლოა) ზოგადად საზოგადოებისთვისაც.
რა არის პასუხისმგებლობა? რას ვგულისხმობთ, როცა ამ სიტყვას ვხმარობთ?
პასუხისმგებლობა არის პიროვნების მოვალეობა ან ვალდებულება, აკეთოს რაღაც ან მოიქცეს განსაკუთრებულად. მაგალითად, შვილების მოვლაზე მშობელია პასუხისმგებელი.
ამასთანავე, პასუხისმგებლობა არის პიროვნების მოვალეობა ან ვალდებულება, არ აკეთოს რაღაც და არ მოიქცეს განსაკუთრებულად. მაგალითად, ინდივიდი პასუხისმგებელია არ მოიპაროს საქონელი, როცა საყიდლებზე მიდის.
პასუხისმგებლობა დაკავშირებულია განცდებთან. მაგალითად, როცა გვესმის ეს სიტყვა - პასუხისმგებლობა, შესაძლოა, მოგვეჩვენოს, რომ ისეთი რამის გაკეთება გვიწევს, რაც არ გვინდა; ვიცით, რომ, თუ მოვალეობას არ შევასრულებთ, არასასურველ შედეგებს მოვიმკით; ისიც ვიცით, რომ, თუ კარგად შევასრულებთ მოვალეობებს, დაგვაჯილდოვებენ. ზოგჯერ ჩვენ შერეული განცდები გვაქვს პასუხისმგებლობასთან მიმართებაში, რადგან რაღაც უნდა ვიტვირთოთ. ჩვენ ხშირად თავისთავად ვგულისხმობთ, რომ ჩვენ გარშემო მყოფი ადამიანები თავიანთ პასუხისმგებლობებს ატარებენ.
პასუხისმგებლობა სხვადასხვა წყაროდან მომდინარეობს. ის შეიძლება განვითარდეს სამსახურის, კანონის ან მორალის პრინციპების შესაბამისად. ზოგიერთი პასუხისმგებლობა ერთი წყაროდან მომდინარეობს, ზოგიც - ორი ან მეტი წყაროდან.
პასუხისმგებლობის უმთავრესი წყაროებია:
1. აღზრდა. ადამიანები მშობლების, ოჯახის წევრების ან სხვა ახლობელი ადამიანების (მაგალითად, მეგობრების ან მასწავლებლების) ზეგავლენის შედეგად იღებენ თავიანთ თავზე პასუხისმგებლობებს. ისეთი ვალდებულებები, როგორიცაა დახმარება საოჯახო საქმეებში, უმცროს ბავშვებზე ზრუნვა და ოჯახური წესების დაცვა, ტიპური პასუხისმგებლობებია ბევრი ადამიანისთვის. ოჯახებს ასევე შეუძლიათ ჩაუნერგონ თავიანთ შვილებს მორალური და რელიგიური რწმენები, რაც განსაზღვრული ვალდებულების შესრულებას ითხოვს.
2. დაპირებები. როდესაც ვინმეს რამეს ვპირდებით, ჩვენგან მოელიან, რომ შევასრულებთ ამ დაპირებას, რომ არ გავტეხთ მიცემულ სიტყვას. ჩვენ პატარაობიდანვე ვიგებთ (ვაცნობიერებთ), რომ დანაპირებს შესრულება სჭირდება. პირობა შეიძლება გამოითქვას ცხადად ან გადაკვრით (ნართაულად). პირობა შეიძლება იყოს საიდუმლო ზეპირი შეთანხმება (მაგალითად, აღთქმა, რომ დაეხმარები მეგობარს) ან წერილობითი კონტრაქტი (მაგალითად, შეთანხმება სესხის გადახდაზე).
3. განკარგულება. თუ მუშაობ, სავარაუდოა, რომ სხვები განსაზღვრულ პასუხისმგებლობას დაგაკისრებენ. მაგალითად, სამსახურში ხელმძღვანელს შეუძლია დაგაკისროს პასუხისმგებლობა სხვა მოსამსახურეების მეთვალყურეობაზე.
4. დანიშვნა. ზოგიერთ შემთხვევაში ადამიანები დანიშნულები არიან ისეთ თანამდებობებზე, რომლებიც გარკვეულ პასუხისმგებლობას აკისრებთ. მაგალითად, პრეზიდენტი ადამიანებს ნიშნავს ელჩებად, რომ სხვადასხვა ქვეყნებში იმსახურონ. დანიშვნა იმით განსხვავდება განკარგულებისგან, რომ დაუსჯელად შეიძლება მასზე უარის თქმა (მისი არმიღება).
5. საქმიანობა. თითოეული სამუშაო განსაზღვრულ პასუხისმგებლობებს აკისრებს ადამიანებს. მაგალითად, ავტომექანიკოსი პასუხისმგებელია ავტომობილის ხარისხიანად და ეფექტიანად შეკეთებაზე. პოლიციის ოფიცერი პასუხისმგებელია, გაატაროს კანონები და დაიცვას ხალხის უსაფრთხოება. კანონმდებელი პასუხისმგებელია, წარმოადგინოს თავისი ამომრჩეველი და დაიცვას საყოველთაო კეთილდღეობა.
6. კანონი. კანონთა სისტემა ბევრ პასუხისმგებლობას გვაკისრებს, მაგალითად, საგზაო კანონების დამორჩილებას და გადასახადების გადახდას. კონსტიტუცია - ჩვენი ქვეყნის უმაღლესი კანონი - ასევე აკისრებს პასუხისმგებლობებს ჩვენი ხელისუფლების საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო შტოების წარმომადგენლებს.
7. წეს-ჩვეულებანი. ბევრი პასუხისმგებლობა მოდის წეს-ჩვეულებებიდან, იმ ტრადიციებიდან, რომლებსაც დიდი ხნის განმავლობაში მისდევდნენ. მაგალითად, ასეთია სახალხო ადგილებში რიგში დგომა, საკუთარი რიგის დაკავება.
8. მორალური პრინციპები. ეს პრინციპები შეიძლება ეფუძნებოდეს პიროვნების ღირებულებებს ან რელიგიურ რწმენებს. მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ ის პასუხისმგებლობა, რომ სხვებს ისე უნდა მოექცე, როგორც გინდა, რომ შენ მოგექცნენ.
9. სამოქალაქო პრინციპები. ჩვეულებრივ, საზოგადოება თავის წევრებს აკისრებს ვალდებულებებს, მაგალითად, არჩევნებში მონაწილეობას, კანონმორჩილებას. მოქალაქეები პასუსუხისმგებლები არიან, ფლობდნენ ინფორმაციას საზოგადოებრივ საკითხებზე და ახორციელებდნენ მონიტორინგს პოლიტიკური ლიდერების საქმიანობასა თუ სამთავრობო დაწესებულებების მუშაობაზე, რათა უზრუნველყონ მათი თანხმობა კონსტიტუციურ ღირებულებებთან და პრინციპებთან.
პიროვნებისთვის პასუხისმგებლობას ხელსაყრელი მხარეებიც გააჩნია და არახელსაყრელიც. პასუხისმგებლობის ხელსაყრელი მხარეებია:
ვითარების წინასწარმეტყველება. როდესაც ადამიანები სისტემატურად ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს, სხვებმა იციან, თუ რას უნდა მოელოდნენ მათგან.
უსაფრთხოება. როცა ადამიანმა იცის, რომ სხვები თავიანთ მოვალეობებს პირნათლად ასრულებენ, თავს უფრო უსაფრთხოდ გრძნობს.
ეფექტურობა. სამუშაო ბევრად უფრო ეფექტურად სრულდება, როცა მომსახურე პერსონალი კარგად ასრულებს თავის მოვალეობას.
კოოპერაცია. როცა ადამიანები ერთად მუშაობენ და ამით თავიანთ მოვალეობას ასრულებენ, მატულობს კოოპერაცია მათ შორის.
შესაბამისობა. თუ პასუხისმგებლობები სწორად (შესაბამისად) არის განაწილებული და თითოეული თავის მოვალეობას ასრულებს, ნაკლებ მოსალოდნელია, რომ ვინმეს იმაზე მეტის კეთება დასჭირდება, რაც ევალება.
საზოგადოებრივი სულისკვეთება. თუ ჯგუფის ყველა წევრი თავის მოვალეობებს ასრულებს, მოსალოდნელია, რომ ადამიანებს განუვითარდეთ საზოგადოებრივი სულისკვეთება ან ჯგუფური სიამაყე.
ინდივიდუალური ჯილდოები. ჯილდომ, შესაძლოა, განაპირობოს დამოუკიდებლობისა და თვითრწმენის გრძნობა, სხვებისგან დაფასება; იზრდება სტატუსი, ანაზღაურება ან პოპულარობა. ამასთან, პიროვნება იძენს ცოდნას, გამოცდილებას და უნარებს.
პასუხისმგებლობის არახელსაყრელი მხარეებია:
დანახარჯები. მოვალეობის შესრულებისთვის აუცილებელი ხდება ხოლმე დროის, ძალისხმევის ან ფულის ხარჯვა.
აღშფოთება. ადამიანები, შესაძლოა, აღაშფოთოს არაპოპულარულმა პასუხისმგებლობებმა იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს ადამიანები თანახმა არიან, არსებობდეს ასეთი პასუხისმგებლობები.
მარცხის, წარუმატებლობის შიში. თუ ადამიანი არ არის დარწმუნებული, რომ შეძლებს იტვირთოს განსაკუთრებული პასუხისმგებლობები, ის, შესაძლოა, შიშსა და დაძაბულობას გრძნობდეს.
სხვა ინტერესების მსხვერპლად გაღება. როდესაც ადამიანები თავიანთ თავზე განსაკუთრებულ პასუხისმგებლობებს იღებენ, მათ შეიძლება უარის თქმა მოუწიოთ სხვა ღირებულებებზე, საჭიროებებსა თუ ინტერესებზე.
პასუხისმგებლობების სხვებზე გადაბარება. თუ ჯგუფს ერთობლივი პასუხისმგებლობა აქვს, ზოგიერთებმა შეიძლება არ შეასრულონ მოვალეობის თავიანთი წილი და რომელიმეს გადამეტებული პასუხისმგებლობა მოუწიოს.
ტონი ბლერი იმავე გამოსვლაში აღნიშნავს: „ჩვენ ვახორციელებთ ცვლილებებს იმისათვის, რომ ვაშენებთ საზოგადოებას, სადაც მოქალაქეები თანასწორნი არიან, სადაც ყველა ადამიანს ეძლევა შესაძლებლობა და პასუხისმგებლობაც ყველას ეკისრება.
საზოგადოებას ვერ ააშენებ მხოლოდ შესაძლებლობებსა და უფლებებზე დაყრდნობით; უნდა მოხდეს მათი შეჯერება პასუხისმგებლობისა და მოვალეობის გრძნობებთან. ეს არის ის პირობა, რომელსაც თანამედროვე სამოქალაქო საზოგადოება ეფუძნება“.
სადისკუსიო კითხვები
1. განმარტეთ ტონი ბლერის სიტყვები: „საზოგადოება ის ადგილია, სადაც იციან შენი სახელი და სადაც ადამიანებს ენატრები, როდესაც იქ არ ხარ“.
2. რატომაა „მონობისთვის განწირული ის, ვისაც თავისუფლება მხოლოდ თავისუფლებისთვის არ უყვარს“ (ალექსის დე ტოკვილი)?
3. რა შემთხვევაში შეიძლება შეიზღუდოს ადამიანის თავისუფლება? რატომ?
4. განიხილეთ მსჯელობა: „მე ცუდად ვარ იმიტომ, რომ სახელმწიფო არ გვაქვს. სახელმწიფო კი ვერ აშენდება მანამ, სანამ არ იქნება დემოკრატიული მენტალობა. ანუ მე თუ არ ვიქნები კანონმორჩილი, თუ არ მექნება სამართლებრივი ცნობიერება, მე თუ მექნება კლანური აზროვნება, სახელმწიფო ვერ აშენდება, დაინგრევა და მე სულ ცუდად ვიქნები“. იზიარებთ თუ არა ამ შეხედულებას? რატომ? რა გამოსავალია ამ შეკრული წრიდან?
5. ნაშრომში „გზა მონობისკენ“ ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომიკაში ფრიდრიხ ავგუსტ ფონ ჰაიეკი ამტკიცებდა, რომ ტოტალიტარიზმი ბაზრის მომეტებული რეგულირების შედეგია, სწორედ ამის გამო კარგავს მოსახლეობის უმეტესობა პოლიტიკურ და სამოქალაქო უფლებებს. ეთანხმებით თუ არა ამ მოსაზრებას? რატომ?
_________________________
1 იხ. ადამიანის უფლებათა ლექსიკონი. ,,დასი”, თბილისი, 1999.
2 ადამიანის უფლებების დაცვა მსოფლიოში გაძნელებულია სათანადო სამართლებრივი მექანიზმების არარსებობის გამო: ხშირად გადაწყვეტილებებს იმის თაობაზე, შესრულდეს თუ არა საერთაშორისო უფლებადამცავი ორგანიზაციების ესა თუ ის რეკომენდაციები, თვით სახელმწიფოები იღებენ; ხშირად ცალკეული ადამიანისა თუ ადამიანთა ჯგუფის რეალური გარანტიები დამოკიდებულია საერთაშორისო თანამეგობრობის ზეწოლაზე და არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობაზე. ეს ზეწოლა სახელმწიფოზე საჭიროა, რომ მათ ცნონ ის მექანიზმები, რომლებიც ითვალისწინებენ სამართლებრივი სანქციების გამოყენებას. საქმე ისაა, რომ სახელმწიფოს მიერ ადამიანის უფლებების აღიარებას აუცილებელ შედეგად მოჰყვება საკუთარი სუვერენიტეტის ნაწილზე უარის თქმა. როდესაც სახელმწიფოები ხელს აწერენ საერთაშორისოდ აღიარებულ ნორმებს ადამიანის უფლებების სფეროში, ამით ისინი თანხმდებიან, რომ პირველ ადგილზე საკუთარ ქმედებებში დააყენონ ადამიანი და, ამგვარად, უარს ამბობენ საკუთარ შესაძლებლობაზე - სახელმწიფოს ინტერესების სახელით მოიმოქმედონ ნებისმიერი რამ.
3 საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების შეფასება - 2005. კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი. თბილისი, 2006.
4 იხ. „სივრცე პიროვნული აზრისა და ზნეობრივი გაბედულებისთვის” (ინტერვიუ ნაირა გელაშვილთან). ,,24 საათი”, 3 ივლისი, 2007 წელი, N 146 (1590).
5 პირდაპირი დემოკრატიის პირობებში, მაგალითად, ძველ საბერძნეთში, სამოქალაქო ცნობიერებისა და სამოქალაქო საზოგადოების საფუძველი იყო მოქალაქე, რომელიც თვითონ წარმოადგენდა ღირებულებით კატეგორიას. საბაზრო ეკონომიკასთან ერთად იგი ქმნიდა საკმარის პირობას სამოქალაქო საზოგადოების ფუნქციონირებისთვის. წარმომადგენლობით დემოკრატიაში ამ უკანასკნელის თავისებურებების გამო (გაშუალებული მონაწილეობა ქვეყნის მართვაში არჩეული წარმომადგენლების მეშვეობით, დასახლებების მასშტაბები და ა.შ.) სამოქალაქო საზოგადოების ძველბერძნული საფუძველი კვლავაც აქტუალურია და გადამწყვეტ მნიშვნელობას ინარჩუნებს, მაგრამ აღარაა საკმარისი სამოქალაქო საზოგადოების ქმედითუნარიანობისთვის.
6 ინტერესთა ჯგუფები არის სამოქალაქო საზოგადოებაში არსებული ორგანიზაციები, რომლებიც ცდილობენ გავლენის მოხდენას სახელმწიფო პოლიტიკის მიმართულებაზე, ამასთან არ აცხადებენ პრეტენზიას სახელმწიფო პოსტებზე. განასხვავებენ ჯგუფებს, რომლებიც თავიანთ ინტერესებს იცავენ (პროფესიული და ფერმერული კავშირები) და იმ ჯგუფებს, რომლებიც გარკვეული პოლიტიკური კურსის მხარდამჭერები არიან („ზეწოლის” ჯგუფები).
![]() |
6.2 §2. მედის, საზოგადოებირივი აზრი და საზოგადოებრივი გადაწყვეტილებანი |
▲ზევით დაბრუნება |
„დაე ხალხმა იცოდეს ფაქტები და ქვეყანაში იქნება სიწყნარე“.
აბრაამ ლინკოლნი
თანამედროვე პოლიტიკურ ცხოვრებაში კომუნიკაციისა და ინფორმაციის პრობლემა მეტად აქტუალურია, ვინაიდან ისინი აუცილებელია პოლიტიკური სისტემის ფუნქციონირებისათვის, ხელისუფლებისა და მოქალაქეების ნორმალური თანაარსებობისათვის.
კომუნიკაცია ნიშნავს ერთი პიროვნების ან ჯგუფის მიერ მეორისთვის ინფორმაციის გადაცემის პროცესს. პოლიტიკურ კომუნიკაციაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ინფორმაციის გაცვლა მმართველებსა და მართულებს შორის მათი თანხმობის მიღწევის მიზნით. რასაკვირველია, ნებისმიერი მმართველი ისწრაფვის, მიაღწიოს თანხმობას თავის გადაწყვეტილებებთან, ხოლო თითოეული მართული ცდილობს, გამოხატოს თავისი მოთხოვნილებები და სურს, რომ მათ შესახებ გაიგონ. ამ ორ მხარეს შორის თანხმობა შეიძლება ჩამოყალიბდეს მხოლოდ კომუნიკაციის მეშვეობით.
პოლიტიკური კომუნიკაცია პასუხობს პოლიტიკური სისტემის ფუნდამენტურ მოთხოვნილებას: პოლიტიკური სისტემისათვის ის იგივეა, რაც სისხლის მიმოქცევა ადამიანის ორგანიზმისათვის.
კომუნიკაცია ამ სიტყვის ფართო მნიშვნელობით არის ყველა სახის საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია ნიშნებისა და სიმბოლოების გამოყენებასთან. ჟესტების ენა, საგზაო ნიშნები, სახელმწიფო და პოლიტიკური სიმბოლიკა, ეტიკეტის წესები და სხვა - ყოველივე ეს ატარებს ინდივიდის სოციალიზაციისათვის აუცილებელ ინფორმაციას.
ცნებები „მასობრივი კომუნიკაცია“, „მასობრივი ინფორმაცია“ აქტიურად შემოვიდა XX ასწლეულის ენობრივ ბრუნვაში. მასობრივი კომუნიკაცია არის პროცესი, როდესაც პიროვნებები და ჯგუფები ინფორმაციას გადასცემენ გაცილებით ფართო მასშტაბის ჰეტეროგენულ (სხვადასხვაგვარ) და გაფანტულ აუდიტორიას. ეს დაკავშირებულია ტექნოგენურ ფაქტორებთან: ინფორმაციის გადაცემის პრინციპულად ახალი საშუალებების გაჩენასთან.
ჩვენი წინაპრების ბევრი თაობა სარგებლობდა ინფორმაციის დაგროვების, შენახვისა და გადაცემის ერთადერთი საშუალებით - ზეპირი სიტყვით. ხოლო ჭეშმარიტად მასობრივი ინფორმაციის დაბადება უკავშირდება ქაღალდისა და საბეჭდი დაზგის გაჩენას. ინფორმაციის გავრცელების სფეროში ნამდვილი გადატრიალება გამოიწვია 1840 წელს ტელეგრაფის გამოგონებამ.
XX საუკუნე მასობრივი კომუნიკაციის ასწლეულია: უმავთულო ტელეგრაფი, შავ-თეთრი, ფერადი, საკაბელო, სატელიტური ტელევიზია, ინტერნეტი და სხვ.
ინფორმაციის ხელისუფლება ერთადერთი ხელისუფლებაა, რომელიც განუწყვეტლივ იზრდება როგორც ტექნიკის განვითარების წყალობით, ისე იმიტომაც, რომ ინფორმაცია გახდა ის „გამტარი პუნქტი“, რომელსაც ვერავინ ვერ გაექცევა. ინფორმატიკის სფეროში ტექნიკური პროგრესი ხელს უწყობს არა მხოლოდ ეკონომიკური პრობლემების, არამედ პოლიტიკური ანტაგონიზმის გადაწყვეტას.
მასობრივი ინფორმაციისა და კომუნიკაციის საშუალებებმა შეცვალა მსოფლიო თანამეგობრობის კულტურული ლანდშაფტი: ხელი შეუწყო ცალკეული ქვეყნისა და ხალხის სულიერი გამოცდილების ინტერნაციონალიზაციას, შესაძლებელი გახადა სხვადასხვა გლობალური პრობლემების განსახილველად გამოტანა (მაგალითად, ეკოლოგია, ატომური ომის საშიშროება) და სხვა. ტელევიზიის შესახებ ერთ-ერთი სახელმწიფო მოღვაწე ამბობს: „ტელევიზიამ შეკუმშა მსოფლიო და ამ პროცესში ის გახდა უძლიერესი იარაღი უცოდინარობის აღმოფხვრისა და დემოკრატიის დამკვიდრებისათვის“.
გარკვეული აზრით, ინფორმაცია მართავს სამყაროს. რა საშუალებებით ვრცელდება, გადაეცემა ინფორმაცია?
შეიძლება გამოვყოთ კომუნიკაციის სამი საშუალება:
1. კომუნიკაცია მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მეშვეობით. მასობრივი საინფორმაციო საშუალებები ტექნიკური საშუალებებია. ისინი ორ ჯგუფად იყოფა: ა) ბეჭდვითი საშუალებები (ჟურნალ-გაზეთები), რომელთა მეშვეობითაც ინფორმაცია გადაიცემა დაბეჭდილი ასოებით და სურათებით; ბ) ელექტრონული საშუალებები (რადიო, ტელევიზია), რომელთა მეშვეობითაც ინფორმაცია გადაიცემა ბგერებითა და გამოსახულებით.
2. კომუნიკაცია ორგანიზაციის მეშვეობით. პოლიტიკური პარტიები ან ზემოქმედების ჯგუფები წარმოადგენენ გადამცემ რგოლებს მმართველებსა და მართულებს შორის. თანამედროვე პირობებში აქ უნდა ჩავრთოთ სამეცნიერო დაწესებულებები, რომელთა საქმიანობის ობიექტია პოლიტიკის შესწავლა და პოლიტიკური ინფორმაციის დაგროვება.
3. კომუნიკაცია არაფორმალური კონტაქტების მეშვეობით. კომუნიკაციის ეს საშუალება, პირადი კავშირების მეშვეობით, მნიშვნელოვანია პრიმიტიულ საზოგადოებაში. მაგრამ ის ინარჩუნებს თავის მნიშვნელობას განვითარებულ საზოგადოებაშიც, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების განვითარების პირობებში (მაგალითად, ოჯახი, სკოლა).
თანამედროვე საზოგადოების ერთ-ერთ მნიშვნელოვანი ინსტიტუტია მასობრივი ინფორმაციის საშუალებები. ისინი მრავალფეროვან ფუნქციებს ასრულებენ: ქვეყანასა და მსოფლიოში მომხდარი მოვლენების შესახებ მოსახლეობის ინფორმირების; განათლებისა და სოციალიზაციის; რეკლამის; გართობის და ა.შ. მასობრივი ინფორმაციის საშუალებები გავლენას ახდენს საზოგადოების თითქმის ყველა სფეროსა და ინსტიტუტზე, მათ შორის პოლიტიკაზე, განათლებაზე, რელიგიაზე და ა.შ. მასობრივი საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით ფორმირდება, ვრცელდება და ნარჩუნდება მასობრივი კულტურა. ნათელია, რომ ისინი მნიშვნელოვან როლს თამაშობენ საზოგადოებრივი ცნობიერების ფორმირებაში, ფუნქციონირებასა და ევოლუციაში. უფრო მეტიც, ქვეყანასა და მსოფლიოში მომხდარი მნიშვნელოვანი მოვლენების აღქმა და ინტერპრეტაცია მასობრივი საინფორმაციო საშუალებების დახმარებით ხორციელდება.
დღევანდელი მედია ხელს უწყობს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოძრაობებს და სამოქალაქო საზოგადოების შექმნას ინფორმირებულობის გაზრდის მეშვეობით. ის ასევე აძლიერებს გლობალური სოლიდარობის გრძნობას, რომლის გარეშეც გლობალური ეთიკა ვერ დაიხვეწებოდა.
ეს გარემოებები განსაკუთრებულ აქტუალურობასა და მნიშვნელობას იძენენ მასობრივი საინფორმაციო საშუალებების პოლიტიკური პროცესის რეალიზაციის მნიშვნელოვან ინსტრუმენტად გადაქცევის ფონზე.
მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მნიშვნელობიდან გამომდინარე მას მეოთხე ხელისუფლებასაც უწოდებენ (ტრადიციული სამი ხელისუფლების გვერდით). ტელევიზიის ყოვლისშემძლეობის რწმენა იმდენად დიდია, რომ ზოგიერთი პოლიტიკური მოღვაწე თვლის, რომ ის, ვინც აკონტროლებს ტელევიზიას, აკონტროლებს მთელ ქვეყანას.
თანამედროვე მსოფლიოში იზრდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებების როლი საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში. პარტიებისა და პოლიტიკური ორგანიზაციების პლურალიზმის პირობებში, რომლებიც სხვადასხვა სახის დაინტერესებულ მხარეებს წარმოადგენენ, ნათელია, ვერც ერთი მთავრობა ვერ შეძლებს ხელისუფლების მოპოვებას მოსახლეობის უმრავლესობის თანხმობისა და კეთილი ნების გარეშე. აქ არანაკლები მნიშვნელობა აქვს საზოგადოების გონებრივ მდგომარეობას, სოციალურ-პოლიტიკურ კლიმატს, საზოგადოებრივ აზრს.
საზოგადოებრივმა აზრმა უპრეცედენტო მნიშვნელობა და გავლენა შეიძინა. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა წარმოადგენს „პოლიტიკური დაზვერვის“, პოლიტიკური ხასიათის სხვადასხვა პრობლემის შესახებ მოსახლეობის პოზიციის გამოვლენის საშუალებას.
ამასთან ერთად, უნდა აღინიშნოს, რომ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ამომრჩეველთა განწყობების გამოვლენის საშუალებიდან მათთვის გარკვეული მიმართულების მიცემის ინსტრუმენტად გადაიქცა. გამოკითხვის შედეგად ინდივიდუალური პოზიციების გამოვლენა ყალიბდება, როგორც კოლექტიური შეხედულებები.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა, რომელიც პროპაგანდის ინსტრუმენტის სახით გამოდის და ამავე დროს დამხმარე როლს ასრულებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისათვის, განსაზღვრული პოლიტიკური კურსის პროპაგანდისტული უზრუნველყოფის ეფექტურობის შემოწმების საშუალებას იძლევა. ამასთან, ის ქმნის პოლიტიკურ პროცესში მასების მონაწილეობის შთაბეჭდილებას.
ტელევიზია, როგორც მასობრივი ინფორმაციის დომინირებული საშუალება, პოლიტიკის მნიშვნელოვან ინსტრუმენტად იქცა. ის უზარმაზარ შესაძლებლობებს ფლობს საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებისათვის. იმის მიხედვით, თუ ვის ხელში იმყოფება ტელევიზია, ის შეიძლება გამოყენებული იყოს, როგორც ადამიანთა ობიექტური და ოპერატიული ინფორმირებისათვის ქვეყანასა და მსოფლიოში რეალური მოვლენების შესახებ, მათი განათლებისა და აღზრდისათვის, ისე მანიპულირებისათვის ადამიანთა ამა თუ იმ ჯგუფის ინტერესების შესაბამისად.
საზოგადოებრივი აზრი არის კოლექტიური დამოკიდებულება ამა თუ იმ საკითხის ან მოვლენისადმი. ფართოდ არის გავრცელებული მოსაზრება, რომ საზოგადოებრივი აზრი გავლენას ახდენს ხელისუფლების პოლიტიკაზე. თუმცა ისიც ნათელია, რომ ხელისუფლება ზოგჯერ იმას არ აკეთებს, რაც ხალხს სურს. ეს ორი დასკვნა დაკავშირებულია დემოკრატიის მაჟორიტარულ და პლურალისტურ მოდელთან. ეს მოდელები მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან საზოგადოებრივი აზრის როლის თვალსაზრისით. მაჟორიტარული მოდელის თანახმად, ხელისუფლება ვალდებულია, ის აკეთოს, რასაც საზოგადოების უმეტესი ნაწილი მოითხოვს. ეს განსხვავდება პლურალისტური მოდელის მომხრეთა თვალსაზრისისგან, რომლებიც ამტკიცებენ, რომ საზოგადოებას, როგორც ერთ მთლიანს, იშვიათად შეუძლია ზუსტი და თანმიმდევრული აზრის გამოხატვა მიმდინარე საკითხებზე (თუმცა ასევე თვლიან, რომ საზოგადოებაში არის გარკვეული ჯგუფები, რომლებსაც ეს ხელეწიფება). ამდენად, პლურალისტური მოდელი ხელისუფლების ინსტიტუტებისგან მოითხოვს ამ „მცირე საზოგადოებების“ მიერ აზრის თავისუფლად გამოხატვის ხელშეწყობას.
კიდევ უფრო რომ დავკონკრეტდეთ, მაჟორიტარული მოდელის მიხედვით ითვლება, რომ მოსახლეობის უმრავლესობას თანმიმდევრული აზრი აქვს მთავრობის პოლიტიკის შესახებ. პლურალისტური მოდელი ამტკიცებს, რომ საზოგადოებრივი აზრი ხშირად გაყოფილია.
საზოგადოებრივი აზრის საფუძველს პოლიტიკური ფასეულობანი წარმოადგენს. ხალხი ამ ფასეულობებს პოლიტიკური სოციალიზაციის გზით იძენს. ეს რთული პროცესია, რომლის შედეგად პიროვნება იძენს ცოდნას პოლიტიკის შესახებ, სწავლობს პოლიტიკურ ფაქტებს და იქმნის პოლიტიკურ ფასეულობებს.
პოლიტიკური სოციალიზაციის გზები - პოლიტიკის შემეცნება, ფასეულობების ჩამოყალიბება - ადამიანების მიხედვით მკვეთრად განსხვავდება, მაგრამ ადამიანთა უმრავლესობა ერთსა და იმავე გავლენას განიცდის სოციალიზაციის აგენტების მხრიდან. ეს აგენტებია: ოჯახი, სკოლა, უბანი, თანატოლები და, რასაკვირველია, ტელევიზია.
ცალკეული სოციალური ჯგუფები განსხვავებული პოლიტიკური ფასეულობებით ხასიათდებიან. როგორ უყალიბდებათ ადამიანებს თვალსაზრისი გარკვეულ საკითხებზე, კერძოდ, როგორ აყალიბებენ თავიანთ პოლიტიკურ თვალსაზრისს მოქალაქეები? ამ პროცესში გარკვეულ როლს შემდეგი ოთხი ფაქტორი თამაშობს: პირადი დაინტერესება, პოლიტიკური ინფორმაცია, შეხედულებათა სისტემა და პოლიტიკური ხელმძღვანელობა.
პირადი დაინტერესების პრინციპის თანახმად, ადამიანები პოლიტიკურ არჩევანს იმის მიხედვით აკეთებენ, თუ რა სარგებლობა მოაქვს ამ არჩევანს პირადად მათთვის. ძირითადად ეს მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას შეეხება. ფერმერები მხარს უჭერენ იმ კანდიდატებს, რომლებიც მეტ დახმარებას ჰპირდებიან მათ. თუკი ხელისუფლების პოლიტიკა კონკრეტულად არ ეხება მოქალაქეს, პირადმა დაინტერესებამ შეიძლება ნაკლები როლი ითამაშოს. მაშინ ადამიანი შეხედულებებს ადრე შეძენილი ფასეულობების საფუძველზე აყალიბებს.
კვლევებმა აჩვენა, რომ, თუკი ადამიანთა შეხედულებები ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით არასრულ ინფორმაციაზეა დამყარებული, პოლიტიკური ინფორმირებულობის წყალობით ისინი ახალი ინფორმაციის მიღებისთანავე იცვლება.
შეხედულებათა სისტემა ერთად თავმოყრილი ცოდნისა და რწმენების ქსელია. ეს სისტემა ადამიანს ეხმარება კონკრეტულ საკითხზე ინფორმაციის გადამუშავებაში. ახალ პოლიტიკურ საკითხზე თავიანთი შეხედულების ჩამოყალიბებაში ადამიანებს უკვე არსებული პოლიტიკური რწმენა და ფასეულობები ეხმარებათ. შეხედულებათა სისტემის ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულება ის არის, რომ შეხედულებათა ფორმირების პროცესში გარკვევისას იგი შეგვახსენებს, რომ შეხედულებები ადამიანის ცნობიერებაში არსებულ წარმოდგენებს, ურთიერთობებს, ფასეულობებს ეყრდნობა.
პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ჟურნალისტები და ექსპერტები საზოგადოებრივი აზრის წამყვან ძალად გვევლინებიან. პრეზიდენტები თანამდებობისა და იმ ყურადღების გამო, რომელსაც მათ მასობრივი ინფორმაციის საშუალებები უთმობენ, ხშირად ახდენენ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას. პოლიტიკური ლიდერის გავლენა საზოგადოებრივ აზრზე მნიშვნელოვნად გაიზარდა ტელე-რადიომაუწყებლობის, განსაკუთრებით ტელევიზიის, განვითარების შემდეგ. დემოკრატიის მაჟორიტარული მოდელი ამტკიცებს, რომ ხელისუფალთა მოქმედება უნდა პასუხობდეს საზოგადოების მოთხოვნებს. მაგრამ მნიშვნელოვანი დამამტკიცებელი საბუთები არსებობს, რომ მიზეზშედეგობრივი კავშირები შეიცვალა: პირიქით, საზოგადოებრივი აზრი ხშირად ეთანხმება ხელისუფლების მოქმედებას.
მასობრივი ინფორმაციის საშუალებების როლი პოლიტიკაში არ შეიძლება ერთმნიშვნელოვნად შევაფასოთ. ის რთული და მრავალმხრივი ინსტიტუტია და შედგება მრავალი ორგანოსა და ელემენტისაგან, რომლებიც განკუთვნილია მრავალფეროვანი ამოცანების რეალიზებისათვის. ამ სახით მასობრივი ინფორმაციის საშუალებები უზრუნველყოფენ ადამიანური კომუნიკაციის ფართო ფორმას. მათ შეუძლიათ, ნათელი მოჰფინონ მმართველი წრეების დაფარულ პოლიტიკას, საზოგადოებრიობის ყურადღება მათი საქმიანობის ყველაზე უფრო ოდიოზურ მხარეებს მიაქციონ.
მასობრივი ინფორმაციის საშუალებები წარმოადგენს არა მხოლოდ პოლიტიკური ცხოვრების სუბიექტს, არამედ ობიექტსაც, ვინაიდან თავად წარმოადგენს თანამედროვე სინამდვილის ნაწილს ყველა მისი წინააღმდეგობით, კონფლიქტით და ამა თუ იმ ფორმაში ასახავს მათ, რადგან მათ ძლიერ ზემოქმედებას განიცდის. ამიტომ ინფორმაციის ნაკადი წინააღმდეგობრივი, ერთმანეთთან შეუსაბამო ცნობებისა და მასალებისაგან შედგება. გასაგებია, რომ ზოგიერთმა ადამიანმა ან ადამიანთა ცალკეულმა ჯგუფმა შეიძლება ხმა არ მისცეს ყველა პარტიას ან ყველა კანდიდატს, არ იყიდოს ყველა რეკლამირებული საქონელი, არ დაეთანხმოს ყველა შემოთავაზებულ მოსაზრებას. ხშირად ეს ცნობები და მასალები ერთმანეთს ანეიტრალებენ. უეჭველია, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების პროგრამებისა და მასალების ერთობლიობა ზემოქმედებას ახდენს საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე, მაგრამ ისინი არ შტამპავენ მას.
მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ყოველთვის და აუცილებლად არ გამოდიან ცალკეული ადამიანების ან სოციალური ჯგუფების ცნობიერებაში ცვლილებების ინიციატორებად და სუბიექტებად. თავისთავად მასობრივი ინფორმაციის საშუალებები არც ნგრევის ინსტრუმენტია, არც შექმნისა და პროგრესის ინსტრუმენტი. მათი პოზიტიური ან ნეგატიური როლი სწორედ იმითაა განპირობებული, რომელი სოციალური ძალები იყენებს მათ და რა მიზნით. აქ მართებულია, გავიხსენოთ ცნობილი ინგლისელი ისტორიკოსის ჯ. ტრეველიანის გამონათქვამი, რომ პოლიტიკა სოციალური ცვლილებების შედეგია და არა მიზეზი. ამ თვალსაზრისით, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები მხოლოდ ერთ-ერთი ინსტრუმენტია, დამატებითი ფაქტორი, რომელიც ხელს უწყობს ცვლილებებს საზოგადოებრივ-ისტორიული სიტუაციის ამოცანებისა და მოთხოვნილებების შესაბამისად.
კომუნიკაციას თავისი კანონები აქვს, რომელთა გამოყენებასაც შეუძლია გააძლიეროს მისი ეფექტურობა. გამოუცდელ ადამიანს კომუნიკაციის სქემა მარტივად წარმოუდგენია: რომელიღაც წყარო გადმოსცემს ინფორმაციას - რომელიღაც აუდიტორია მას აღიქვამს. მაგალითად, ახალ ამბებში უნდა აისახოს რეალობა, თუმცა ეს რეალობა საგრძნობლად მახინჯდება საინფორმაციო საშუალებების მფლობელთა, რედაქტორთა და თვით კორესპონდენტთა იდეოლოგიური მრწამსის შესაბამისად.
კვლევებმა აჩვენეს შემდეგი ფაქტორების გათვალისწინების აუცილებლობა:
ინფორმაციის წყარო ყოველთვის დაკავშირებულია კომენტატორის ფენომენის არსებობასთან, ე.ი. მნიშვნელოვანია, როგორ და ვის მიერ მიეწოდება ინფორმაცია;
კომენტირებული ინფორმაცია უკვე წარმოადგენს შეტყობინებას, რომელსაც შეფასებითი აქცენტები აქვს;
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შეტყობინების კონტექსტი. ინფორმაცია, რომელზეც არ შეიძლება გაჩუმება, მაგრამ არც ისე ხელსაყრელია მმართველი პოლიტიკური ელიტის თვალსაზრისით, შეიძლება მიეწოდოს ახალი ამბების ბლოკში ჩქარი ტემპით. არსებობს უფრო რთული ხერხებიც, რომლებიც გათვლილია ადამიანური ფსიქიკის ობიექტურ კანონებზე: ინფორმაცია პოლიტიკურ ოპონენტებზე განთავსდება ადამიანთა უმრავლესობაში უარყოფითი ემოციების გამომწვევი შეტყობინების კონტექსტში - ძალადობა, შიმშილი, ნგრევა, კატასტროფები და ა.შ.
საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო რევოლუციის მნიშვნელოვანი თავისებურებაა ინფორმაციის გამგზავნსა და მიმღებს შორის ერთხაზოვანი კავშირის შეცვლა მრავალფუნქციური და დიალოგური კავშირით, რომელიც ახალ შესაძლებლობებს ქმნის საინფორმაციო გაცვლაში მონაწილეობისათვის.
კომპიუტერისა და ინტერნეტის დახმარებით მომხმარებელს შეუძლია წაიკითხოს წიგნები და გაზეთები, მიიღოს ფოსტა, გააკეთოს შესყიდვები, მოაგვაროს თავისი ფინანსური საქმეები. ტელევიზია, ასევე ახალი ტექნიკური საშუალებები და ხერხები პოლიტიკურ პროცესში შეიძლება გამოყენებული იყოს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის ჩასატარებლად პოლიტიკურ დისკუსიებში მათი შედეგების „მომენტალური“ შეჯამებით და ა.შ.
ეს საშუალებები და ხერხები იმდენად დიდ პოპულარულობას იძენენ, რომ დასავლურ პოლიტოლოგიაში მათ ახასიათებენ, როგორც საზოგადოების საყოველთაო დემოკრატიზაციის საშუალებას. მოცემული ტექნოლოგია გზას უხსნის პლურალიზმს, ადგილობრივი ინტერესების გამოხატვისათვის ფართო შესაძლებლობებს, წარმომადგენლობითი დემოკრატიის შეცვლას „მონაწილეობის დემოკრატიით“ ისე, რომ არც ერთ დემოკრატიულ ინსტიტუტს არ აყენებს ზიანს. ამ ფენომენის აღსანიშნავად შემოღებულ იქნა სპეციალური ცნება - „ტელედემოკრატია“.
ტელევიზიისა და მოცემული ტექნოლოგიის გავრცელება ხელს უწყობს ამომრჩეველთა ინფორმირებულობისა და პოლიტიკური აქტიურობის ზრდას და პოლიტიკურ პროცესებზე საზოგადოებრივი კონტროლის გაძლიერებას.
საინფორმაციო, საგანმანათლებლო და სოციალიზაციის თვალსაზრისით საქმიანობა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს საშუალებას აძლევს, შეასრულოს კრიტიკისა და კონტროლის ფუნქცია. ამ ფუნქციას პოლიტიკურ სისტემაში ახორციელებს არა მარტო მასმედია, არამედ ოპოზიციაც, ასევე სასამართლო ან კონტროლის სხვა სპეციალიზებული ინსტიტუტები.
მათი საკონტროლო ფუნქცია საზოგადოებრივი აზრის ავტორიტეტს ეფუძნება. მიუხედავად იმისა, რომ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს, კონტროლის სახელმწიფო ორგანოებისაგან განსხვავებით, არ შეუძლია ადმინისტრაციული სანქციების დაწესება დამრღვევთა მიმართ, მათი კონტროლი ხშირად არანაკლებ ეფექტურია და უფრო მკაცრიც კი, ვინაიდან ისინი იძლევიან არა მხოლოდ იურიდიულ, არამედ მორალურ შეფასებასაც ამა თუ იმ მოვლენისა თუ პირის შესახებ.
დემოკრატიულ საზოგადოებაში საკონტროლო ფუნქციის განხორციელებაში მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ეყრდნობიან როგორც საზოგადოებრივ აზრს, ისე კანონს. ისინი საკუთარ ჟურნალისტურ გამოძიებას აწარმოებენ, რომლის შედეგების გამოქვეყნების შემდეგაც ზოგჯერ იქმნება სპეციალური საპარლამენტო კომისიები, აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე ან მიიღება მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებები. მასობრივი ინფორმაციის საშუალებების საკონტროლო ფუნქცია განსაკუთრებით აუცილებელია სუსტი ოპოზიციის არსებობისას და კონტროლის სპეციალური სახელმწიფო ინსტიტუტების არასრულყოფილებისას.
მასობრივი ინფორმაციის საშუალებები პოლიტიკურ ზეგავლენას ადამიანის გონებასა და გრძნობებზე ზემოქმედებით ახორციელებენ. დემოკრატიულ სახელმწიფოებში აშკარად ჭარბობს მასობრივი კომუნიკაციების რაციონალური მოდელი, რომელიც გათვლილია ადამიანთა დარწმუნებაზე ინფორმირებისა და არგუმენტაციის მეშვეობით. ამ სახელმწიფოებში კანონით აკრძალულია მასობრივი ინფორმაციის საშუალებების გამოყენება მასობრივი, ეროვნული, კლასობრივი და რელიგიური სიძულვილისა და შუღლის გაღვივებისათვის, თუმცა აქაც არსებობს სხვადასხვა პოლიტიკური ძალები, რომლებიც თავიანთი იდეებისა და ღირებულებების პროპაგანდისათვის ფართოდ იყენებენ უმეტესად ემოციური ზემოქმედების მეთოდებს, რაც განსაკუთრებით მკაფიოდ ვლინდება საარჩევნო კამპანიის პერიოდში.
ცოცხალი სიტყვა და გამოსახულება პიროვნებაზე ემოციური ზეგავლენის დიდ ძალას ფლობს, რომელმაც ხშირად შეიძლება დაჩრდილოს რაციონალური მოსაზრებები და არგუმენტები. ამით ხშირად სარგებლობენ ტოტალიტარული, ავტორიტარული რეჟიმები. ისინი უხვად აჯერებენ თავიანთ პოლიტიკურ პროპაგანდას ემოციური შინაარსით, რომელიც ახშობს ადამიანის გონებას. აქ მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ფართოდ იყენებენ ფსიქოლოგიური შთაგონების მეთოდებს ფანატიზმის, პოლიტიკური ოპონენტებისადმი, ყველა სხვა არასასურველი პირისადმი უნდობლობისა და სიძულვილის გაღვივებისათვის.
აუცილებელია აღინიშნოს ისიც, რომ საზოგადოებრივი ცნობიერების ირაციონალურ, ემოციურ-ნებით ელემენტებზე აპელირებით, ისეთი გრძნობებით, როგორიცაა, მაგალითად, სამშობლოს სიყვარული, ეროვნულ-პატრიოტული განწყობები და ა.შ., მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს შეუძლიათ მმართველი წრეების ან ცალკეული დაინტერესებული ჯგუფების ამა თუ იმ აქციის მხარდასაჭერად მოსახლეობის მნიშვნელოვანი ფენების მობილიზება. როგორც წესი, ამგვარ შემთხვევებში მასობრივ ცნობიერებაში ცვლილება ხანმოკლეა და პროპაგანდისტული კამპანიის დამთავრებისას ყველაფერი თავის ადგილას ბრუნდება.
მიუხედავად ემოციური ზემოქმედების მნიშვნელობისა, პოლიტიკაზე მთავარ ზეგავლენას მასობრივი ინფორმაციის საშუალებები მაინც საინფორმაციო პროცესის მეშვეობით ახორციელებენ. როგორც უკვე აღვნიშნეთ, იმაზე, თუ როგორ ინფორმაციას, როგორი ფორმით და როგორი კომენტარებით იღებენ პოლიტიკის სუბიექტები, ბევრადაა დამოკიდებული მათი შემდგომი მოქმედება.
მრავალი სოციოლოგიური და სოციალურ-ფსიქოლოგიური კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მიერ საზოგადოებაში საყოველთაოდ მიღებული ნორმებისაგან გადახვევის შესახებ მოვლენების მუდმივი შეტყობინება, რომელიც ხშირად სენსაციურადაა მიწოდებული (მაგ., ძალადობა, კონფლიქტი, უბედურება ან სკანდალი), მკითხველებში, მსმენელებში, მაყურებლებში ბადებს წუხილსა და შიშს ცხოვრებისათვის დამახასიათებელი ჩვეულებრივი წესრიგის დარღვევისათვის, შიშს საკუთარი ადგილის გამო საზოგადოებაში, საკუთარი მომავლის გამო, საკუთარი ახლობლების ბედის გამო და ა.შ. იმავდროულად ფაქტები მოწმობს, რომ ადამიანებს, რომლებიც ძალიან ხშირად იყენებენ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს, ადვილად გამოუმუშავდებათ უარყოფითი განწყობა გარე სამყაროს მიმართ.
მოსახლეობის სხვადასხვა კატეგორია უარყოფით მოვლენებზე განსხვავებულად რეაგირებს. მაგალითად, ბავშვები, რომლებიც ხშირად და ბევრს უყურებენ ძალადობით გაჯერებულ გადაცემებს, იმაში რწმუნდებიან, რომ სამყაროში, რომელშიც ისინი ცხოვრობენ, ბევრია სისასტიკე, უწესრიგობა, ძალმომრეობა და ა.შ. ისინი მიდრეკილნი არიან, შეურიგდნენ ამ უარყოფით მოვლენებს, განიხილონ ისინი არა როგორც ნორმებიდან გადახვევა ან საზოგადოებრივი სისტემის დისფუნქციის შედეგი, არამედ როგორც მისი განუყოფელი ნაწილი.
რაც შეეხება ზრდასრულ მოსახლეობას, მუდმივი შეტყობინება დანაშაულობის, ნარკომანიის, ტერორიზმის, უწესრიგობების შესახებ ზოგიერთ ადამიანს უჩენს აზრს „მაგარი ხელის“ აუცილებლობის შესახებ, ძლიერი პიროვნების, რომელსაც შეუძლია წერტილი დაუსვას ანარქიას, უზრუნველყოს კანონი და წესრიგი და ა.შ.
ხშირად რომელიმე საკითხში მოსახლეობის როგორც პოლიტიკური პასიურობა, ისე მასობრივი აქტიურობა უშუალოდაა დაკავშირებული ამ საკითხში მასობრივი ინფორმაციის საშუალებების პოზიციასთან.
მოქალაქეებისათვის ყველაზე დიდ საშიშროებას დემოკრატიულ სახელმწიფოებრივ მოწყობაში წარმოადგენს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების გამოყენება პოლიტიკური მანიპულირებისათვის - ადამიანთა პოლიტიკური ცნობიერებისა და ქცევის ფარული მართვა იმ მიზნით, რომ აიძულო, იმოქმედოს საკუთარი ინტერესების წინააღმდეგ. მანიპულირება დაფუძნებულია ტყუილზე.
გლობალური, საერთო-სახელმწიფოებრივი მანიპულირების ზოგადი ტექნოლოგია ჩვეულებრივ ეფუძნება მასობრივ ცნობიერებაში სოციალურ-პოლიტიკური მითების - ილუზორული იდეების - სისტემატურ დანერგვას, რომლებიც განამტკიცებენ განსაზღვრულ ღირებულებებსა და ნორმებს.
მითები შეადგენენ ფუნდამენტს იმ სამყაროს მთელი ილუზორული სურათისა, რომელიც შექმნილია მანიპულატორების მიერ. მაგალითად, კომუნისტური სისტემის დროს გავრცელებული იყო მითი კერძო საკუთრების, როგორც სოცითალური ბოროტების მთავარი წყაროს, შესახებ, კაპიტალიზმის გარდაუვალი კრახისა და კომუნიზმის გამარჯვების შესახებ, მუშათა კლასისა და მისი კომუნისტური პარტიის მმართველი როლის შესახებ, მითი ერთადერთ სწორ სოციალურ მოძღვრებაზე - მარქსიზმ-ლენინიზმზე.
სოციალური მითების დამკვიდრებისათვის მანიპულირების ტექნოლოგია გულისხმობს ადამიანთა ცნობიერებაზე ზემოქმედების კონკრეტული მეთოდების მდიდარი არსენალის გამოყენებას. მათ მიეკუთვნება არა მარტო ფაქტების პირდაპირი დამახინჯება, არასასურველი ინფორმაციის დაფარვა, სიცრუისა და ცილისწამების გავრცელება, არამედ უფრო დახვეწილი საშუალებებიც: ნახევრად სიმართლე (როცა აუდიტორიის ნდობის უზრუნველსაყოფად ობიექტურად და დაწვრილებით შუქდება კონკრეტული, ნაკლებად მნიშვნელოვანი დეტალები და იჩქმალება უფრო მნიშვნელოვანი ფაქტები ან ხდება მოვლენების არასწორი ინტერპრეტაციით მიწოდება); იარლიყების მიწებება (როცა პიროვნებების ან იდეების კომპრომეტაციისათვის მსმენელებს მტკიცებულებათა გარეშე მიეწოდება ისეთი გამონათქვამები, როგორიცაა „იმპერიალისტი“, „ფაშისტი“, „შოვინისტი“ და ა.შ.) და სხვ.
თითოეული საინფორმაციო ჟანრისათვის მანიპულირების ზოგადი ხერხების გვერდით არსებობს სპეციალური ხერხებიც. მასებისთვის განსაზღვრული პოლიტიკური იდეების ფარული შთაგონებისათვის ტელევიზია ხშირად ორგანიზებას უკეთებს ხმაურიან გასართობ შოუებს. გასართობი პროგრამების სიუხვე ადუნებს მოსახლეობაში კრიტიკული ანალიზის უნარს.
თანამედროვე მანიპულატორები მოხერხებულად იყენებენ მასობრივი ფსიქოლოგიის კანონზომიერებებს. მაგალითად, ყველაზე ფართოდ გავრცელებული მანიპულაციური ხერხი - „მიჩქმალვის სპირალი“ - მდგომარეობს იმაში, რომ შეთხზული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებზე მითითებით დაარწმუნოს მოქალაქეები საზოგადოების უმრავლესობის მხრიდან მანიპულატორებისათვის სასარგებლო პოლიტიკური პოზიციის მხარდაჭერაში, მის გამარჯვებაში. ეს აიძულებს ადამიანებს, რომელთაც სხვა შეხედულებები აქვთ, იმის შიშით, რომ სოციალურ-ფსიქოლოგიურ იზოლაციაში არ აღმოჩნდნენ, დაფარონ ან შეცვალონ თავიანთი შეხედულებები.
მანიპულირებისათვის არსებით დაბრკოლებას წარმოადგენს პიროვნული გამოცდილება, რომელსაც ადამიანები სოციალიზაციის პროცესში იღებენ. მას შეუძლია მიიყვანოს ისინი საკუთარი იდეოლოგიური აზროვნების ჩამოყალიბებამდე. აღსანიშნავია ასევე ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი კომუნიკაციის სისტემები: ოჯახი, ნაცნობ-მეგობრები და ა.შ. ყველაზე მნიშვნელოვანი კი განათლებაა, რომელიც ადამიანებს პოლიტიკური მოვლენების უკეთ გაგებასა და ერთმანეთთან დაკავშირებაში ეხმარება.
სადისკუსიო კითხვები
1. როგორ პოლიტიკურ ამოცანებს წყვეტენ მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თანამედროვე საზოგადოებაში?
2. ფიქრობთ, რომ ახალგაზრდების მიერ ტელევიზიით არასათანადო მასალის ყურება, რომელიც, მაგალითად, რასისტულ ან ძალადობის სცენებს შეიცავს, გავლენას ახდენს მათ აზროვნებასა და დამოკიდებულებაზე?
3. თუკი თქვენ რომელიმე პარტიას ემხრობით, როგორ მიხვედით ამ გადაწყვეტილებამდე?
4. რამდენად შეუძლიათ პოლიტიკურ ლიდერებს, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების დახმარებით მართონ საზოგადოებრივი აზრი?
5. ფიქრობთ, რომ ადამიანები მხოლოდ იმ მოსაზრებებს ითვისებენ, რომლებსაც ისინი ემხრობიან ან იმ ინფორმაციას, რომელიც ამართლებს ან ასაბუთებს მათ საკუთარ თვალსაზრისს?
6. რამდენად დამოუკიდებელია საქართველოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებები?
![]() |
6.3 §3.სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში |
▲ზევით დაბრუნება |
არსებული რეალობა
XXI საუკუნის დასაწყისის საქართველოს საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა ასპექტზე მნიშვნელოვანწილად მოქმედებს გასული საუკუნის 90-იანი წლების მოვლენები. საბჭოთა კავშირის დაშლა, სამოქალაქო დაპირისპირება ქვეყანაში, შემდგომი - შედარებითი სტაბილიზაციის - პერიოდი და პოლიტიკაში ვიწრო ჯგუფური ანდა კლანური7 ურთიერთობების დომინანტობა განაპირობებს ქართული საზოგადოების დღევანდელ სახეს.
XX საუკუნის 80-იან წლებში საბჭოთა კავშირში დაწყებულმა გარდაქმნების პროცესმა საზოგადოებრივი აქტივობის ზრდას შეუწყო ხელი. საქართველოში ამ მოვლენამ აშკარად გამოხატული ნაციონალისტური შეფერილობა მიიღო. საზოგადოების წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრის ერთადერთ საშუალებად (და მიზნად) დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა გამოცხადდა.
ეს მხოლოდ ქართული მოვლენა არ იყო. კომუნისტური იდეოლოგიის ალტერნატივად ნაციონალიზმის გამოცხადება მთელი პოსტკომუნისტური სივრცისათვის იყო დამახასიათებელი. საქართველო იმით განსხვავდებოდა ცენტრალური ევროპის ქვეყნებისაგან, რომ ეროვნული სახელმწიფოს შექმნის იდეა არ ემყარებოდა გააზრებულ, რეალისტურ ხედვას და მითოპოეტურ8 მენტალობაზე, ქვეყნის ისტორიული განვითარების გაიდეალებულ ხედვაზე იყო დაფუძნებული.
აღნიშნულმა გარემოებამ ქვეყნის დამოუკიდებლობის პირველ წლებშივე წარმოშვა სერიოზული კონფლიქტი. 1991-1992 წლების მიჯნაზე სახელმწიფო გადატრიალების შემდგომ პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა - სრულმა ეკონომიკურმა ნგრევამ, კრიმინალური სამყაროს არნახულმა გაძლიერებამ და სხვადასხვა ჯურის შეიარაღებულ დაჯგუფებათა თარეშმა საზოგადოების შოკი გამოიწვია, რის შედეგადაც 80-იანი წლების მიწურულის საზოგადოებრივი აქტივობა 90-იანი წლების აპათიამ შეცვალა.
90-იანი წლების შუახანებში ქვეყანაში დაწყებული შედარებითი სტაბილიზაციის პროცესი ძველი, საბჭოური ტიპის ბიუროკრატიის ძალაუფლების განმტკიცების პირობებში მიმდინარეობდა. საზოგადოების პასიურობამ ხელი შეუწყო პატრიმონიალური9 მენტალობისა და კლიენტელური10 ურთიერთობების განვითარებას, რომელიც საქართველოში ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში შეიმჩნეოდა.
უნდა აღინიშნოს, რომ სამოქალაქო აქტივობა ქვეყანაში არასოდეს გამოირჩეოდა მაღალი დონით, ვინაიდან არ არსებობდა მაღალი სამოქალაქო კულტურის ხანგრძლივი ტრადიცია. ფეოდალური ტიპის ქართულ პოლიტიკურ წარმონაქმნებში, რომლებიც შუა საუკუნეების მთელ მანძილზე აზიური დესპოტიების წინააღმდეგ განუწყვეტელ ბრძოლას აწარმოებდნენ, ბუნებრივია, ვერ მოხდებოდა ლიბერალიზმის პრინციპებზე დაფუძნებული ინტერესთა ჯგუფების ჩამოყალიბება. რუსეთის იმპერიის მიერ კავკასიის დაპყრობამ (XIX ს. პირველი ნახევარი) ასევე ვერ შექმნა საქართველოში განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობები. მართალია, XIX საუკუნის II ნახევარში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა, კერძოდ მისი ლიბერალ-დემოკრატიული ფრთა, მნიშვნელოვან ძალას წარმოადგენდა, მაგრამ მოსახლეობის დიდი ნაწილის მენტალიტეტსა და მსოფლმხედველობაზე დიდი გავლენის მოხდენა ვერ მოახერხა. რუსეთის 1917 წლის რევოლუციისა და იმპერიის დაშლის შემდეგ პერიფერიებზე (კავკასია, ბალტიისპირეთი) აღმოცენებული დამოუკიდებელი ეროვნული სახელმწიფოების განვითარების პროცესი ბოლშევიკური აგრესიამ შეაფერხა.
დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბების სერიოზული მცდელობა საქართველოში მხოლოდ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გახდა შესაძლებელი. ეს მეტად მტკივნეული პროცესია, რომელშიც საკმაოდ ჭარბადაა რეტროგრადული რევანშის მცდელობები იმ ძალთა მხრიდან, რომლებიც საფუძველშივე ეწინააღმდეგებიან ღია საზოგადოების იდეას.
ამასთან გასათვალისწინებელია ისიც, რომ საქართველო წარმოადგენს ევროპისა და აზიის გზაშესაყარს არა მხოლოდ გეოგრაფიულად, არამედ მენტალურადაც. საზოგადოების ამბიციასთან ერთად, თავი ევროპული ტიპის ნაციად ჩათვალოს, ქვეყანაში ძლიერია პატრიმონიალური ურთიერთობის ტრადიციაც. ტრაიბალიზმი11, ნეპოტიზმი12 თუ ქრონიზმი13, რაც კლიენტელურ ურთიერთობებში პოულობს გამოხატვას, ცხოვრების წესს წარმოადგენს.
ასეთ პირობებში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ქვეყნისათვის სასიცოცხლო აუცილებლობას წარმოადგენს. ამ პროცესის ხელშეწყობაში, ადგილობრივ აქტორებთან ერთად, გადამწყვეტი როლი დასავლეთის მხრიდან მორალური თუ მატერიალური დახმარების ფაქტორს ენიჭება.
სამოქალაქო საზოგადოება თავის თავში რამდენიმე სეგმენტს აერთიანებს, რომელთა შორისაც უნდა დასახელდეს პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, მასმედია, რელიგიური ორგანიზაციები და საზოგადოებრივი (პროფესიული და ა.შ.) გაერთიანებები.
პოლიტიკური პარტიების ისტორია სათავეს XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან იღებს. XX საუკუნის დასაწყისში ქვეყანაში უკვე მოქმედებდა რამდენიმე პოლიტიკური პარტია, რომელთაგან უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს სოციალ-დემოკრატიული, ეროვნულ-დემოკრატიული და სოციალ-ფედერალისტური პარტიები. ჩამოთვლილთაგან პირველი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის პერიოდში (1918-1921 წლები) გადამწყვეტ როლს თამაშობდა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში.
ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციამ (1921 წ.) და ქვეყნის შეყვანამ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში (1922 წ.) შეაფერხა პოლიტიკური პარტიების განვითარების პროცესი. ქვეყანაში ლიკვიდირებულ იქნა ყველა პოლიტიკური პარტია, კომუნისტური პარტიის გარდა. საბჭოთა პერიოდში საქართველოში პოლიტიკური ოპოზიცია მცირერიცხოვანი დისიდენტური ჯგუფებით იყო წარმოდგენილი, რომლებიც რეალურ ზეგავლენას ვერ ახდენდნენ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზე.
XX საუკუნის 80-იან წლებში გორბაჩოვის მმართველობის პერიოდში საბჭოთა კავშირში დაწყებულმა დემოკრატიზაციის პროცესმა ხელი შეუწყო დისიდენტური ჯგუფების პოლიტიკურ პარტიებად ჩამოყალიბების პროცესს. ამ პერიოდისათვის საქართველოში ჩამოყალიბდა რამდენიმე პოლიტიკური დაჯგუფება, რომელთაც პოლიტიკურ პარტიებად გარდაქმნის პრეტენზია ჰქონდათ. მათი აბსოლუტური უმეტესობა ნაციონალისტური იდეოლოგიითა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის მოთხოვნით გამოდიოდა.
დამოუკიდებლობის პერიოდში საბოლოოდ ყალიბდება პოლიტიკურ ძალთა ორი ტიპი:
სახელისუფლებო გაერთიანებებს (მრგვალი მაგიდა, საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, დემოკრატიული აღორძინების კავშირი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა), რომლებიც თავის შემადგენლობაში აერთიანებენ ნომენკლატურასა და ცალკეულ პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ კლანებს, ქვეყნის გარეთ არსებული პოლიტიკური ცენტრების მხარდაჭერის გარდა, მნიშვნელოვანი მატერიალური თუ სახელისუფლებო ბერკეტები (საარჩევნო პროცესის გაყალბება, საზოგადოების აქტიურ წევრთა დაშინების სხვადასხვა მეთოდი და ა.შ.) აქვთ საკუთარი ძალაუფლების უზრუნველსაყოფად.
მცირერიცხოვანი პოლიტიკური ჯგუფები და პარტიები, რომელთაც არ გააჩნიათ საკმარისი ფინანსური რესურსები არჩევნებში გასამარჯვებლად და ფაქტობრივად ან მუდმივი ოპოზიციის როლს თამაშობან, ან ახერხებენ, ალიანსში შევიდნენ რომელიმე სახელისუფლებო პარტიასთან.
ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაძლიერდა პოლიტიკურ გაერთიანებათა ახალი ტიპი, რომლებიც პოპულისტური დემაგოგიის მაღალი ხარისხით გამოირჩევიან.
მიუხედავად იმისა, თუ რომელ კატეგორიას ეკუთვნის პოლიტიკური პარტია, მათ ჩამოყალიბებული სტრატეგიული ხედვისა და ნათელი პოლიტიკის არარსებობა აერთიანებთ. შედარებით სერიოზული გავლენის მქონე პარტიათა აბსოლუტური უმრავლესობის უმთავრეს მიზანს არჩევნებში გამარჯვება და წევრთა თანამდებობებით დაკმაყოფილება წარმოადგენს. ეს უკანასკნელნი ხშირად თანამდებობებს უკანონო შემოსავლების მისაღებად იყენებენ, რომლის ნაწილიც მათი მხარდამჭერი პარტიების შემდგომი საქმიანობისათვისაა განკუთვნილი.
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების14 ჩასახვის პროცესი დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ პერიოდს ემთხვევა. მართალია, საბჭოთა პერიოდში საქართველოში არსებობდა კვაზიარასამთავრობო ორგანიზაციები (მწერალთა, კომპოზიტორთა, კინემატოგრაფისტთა, მხატვართა კავშირები და სხვ.), მაგრამ ხელისუფლება და მმართველი პარტია სრულ კონტროლს ახორციელებდა მათ საქმიანობაზე.
საქართველოში XX საუკუნის 80-იან წლებში წარმოიშვა დამოუკიდებელ საზოგადოებრივ ორგანიზაციათა მთელი წყება, რომელთა განმასხვავებელი ნიშანი იყო მეტისმეტი პოლიტიზაცია (კავკა
დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საზოგადოებრივ ორგანიზაციათა რაოდენობამ სწრაფად იმატა, რასაც რამდენიმე გარემოება განაპირობებდა:
განვითარებულმა მოვლენებმა ინტელექტუალთა დიდი ნაწილი სკეპტიკურად განაწყო ხელისუფლებისადმი. საჯარო სამსახური არაპრესტიჟულ სფეროდ იქცა, ხოლო მაღალი თანამდებობების დაკავება კორუფციული მექანიზმების გამოყენების გარეშე ფაქტობრივად წარმოუდგენელი იყო. შედეგად საზოგადოების ის ფენა, რომელიც ინტელექტუალური შრომით იყო დაკავებული და რომელსაც, ამავე დროს, არ სურდა მორალურ კომპრომისზე წასვლა, მესამე სექტორში იწყებს გადანაცვლებას.
დიდი როლი ითამაშა დასავლეთის ფინანსურმა მხარდაჭერამაც. არსებული ეკონომიკური კრიზისის ფონზე არასამთავრობო ორგანიზაციებმა უზრუნველყვეს მესამე სექტორში დასაქმებული პირების საკმაოდ მაღალი შემოსავალი მოსახლეობის საშუალო შემოსავალთან შედარებით.
არასამთავრობო ორგანიზაციებში ადამიანებს შეეძლოთ ეთქვათ და დაეწერათ ის, რასაც ფიქრობდნენ. სახელმწიფოს მხრიდან ცენზურა ფაქტობრივად არ იგრძნობოდა და იოლად შეიძლებოდა საკუთარი უნარების რეალიზაცია. ამასთან, სახელმწიფო სტრუქტურებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების გარდა, სხვა ალტერნატივა ინტელექტუალთათვის ფაქტობრივად არ არსებობდა. კერძო სექტორი ამ პერიოდში ჩანასახოვან მდგომარეობაში იმყოფებოდა და კრიმინალურ ელფერს ატარებდა.
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განვითარების პროცესში ოთხი ეტაპის გამოყოფა შეიძლება:
1. ჩასახვისა და ადრეული ფუნქციონირების პერიოდი (1992-1995 წლები). ამ პერიოდში სახელმწიფოს არ ეცალა დამოუკიდებელ საზოგადოებრივ ორგანიზაციებზე კონტროლის დასაწესებლად. ამავე დროს, ეს სუსტი სექტორი რეალურ საფრთხეს არ წარმოადგენდა კორუმპირებული ბიუროკრატიისათვის.
2. „ოაზისური“ პერიოდი (1995-1999 წლები). მესამე სექტორი თანდათან აფართოებს თავის საქმიანობას და მისი ხმა საზოგადოებრივ ცხოვრებაში სულ უფრო და უფრო მეტად ისმის. სახელმწიფო ამ ეტაპზეც ნაკლებად ერევა მესამე სექტორის საქმიანობაში. მართალია, არასამთავრობოთა საქმიანობა ხელისუფლებას უკვე გარკვეულ პრობლემებს უქმნის, მაგრამ დასავლეთის თვალში დემოკრატიული იმიჯის შენარჩუნების სურვილი ჭარბობს განსხვავებულ აზრზე ცენზურის დაწესების მოთხოვნილებას.
3. მესამე სექტორის დამოუკიდებელ საზოგადოებრივ ძალად ჩამოყალიბების პერიოდი (1999-2003 წლები). არასამთავრობო ორგანიზაციებს უკვე შეუძლიათ საზოგადოებრივ პროცესებზე ზემოქმედება. ამავე დროს ხელისუფლებამ გააძლიერა მცდელობები, ფინანსური და იურიდიული ბერკეტების გამოყენებით კონტროლი დაეწესებინა სამოქალაქო ორგანიზაციების საქმიანობაზე.
4. პოლიტიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვან აქტორად ჩამოყალიბება (2003 წლიდან). მესამე სექტორი „ვარდების რევოლუციის“ ერთ-ერთ მთავარ მამოძრავებელ ძალას ქმნის. შემდგომში ცალკეულ საზოგადოებრივ ორგანიზაციათა წევრების მნიშვნელოვანი ნაწილი სახელმწიფო სამსახურში გადადის და არასახელმწიფო სექტორში დარჩენილ ძალთა აშკარა იგნორირებას ახდენს.
დღეისთვის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წინაშე ახალი ამოცანა დგას - გააძლიეროს საკუთარი უნარები, მოიზიდოს ახალი კადრები და ფართოდ გავიდეს მოსახლეობაზე, ამ უკანასკნელთა ინტერესების დაცვის ლოზუნგით.
მასობრივი საინფორმაციო საშუალებები ბევრ რამეში იმავე პრობლემების წინაშე დგანან, რომელთა წინაშეც პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები აღმოჩნდნენ. დღევანდელ ქართულ მედიას ისევე ცოტა აქვს საერთო XIX საუკუნისა და XX საუკუნის დასაწყისის ქართულ პრესასთან, როგორც დღეს მოქმედ პოლიტიკურ პარტიებს თავიანთ წინამორბედებთან და შეუძლებელია, ვილაპარაკოთ მემკვიდრეობითობაზე, თუ გავითვალისწინებთ საბჭოური ტოტალიტარიზმის 70-წლიან ეპოქას.
ქვეყნის უახლესი ისტორიის მანძილზე პირველი დამოუკიდებელი, სახელმწიფო ცენზურის კონტროლისგან თავისუფალი, პრესის პრეცედენტს წარმოადგენდა XX საუკუნის 80-იან წლებში საბჭოთა კავშირში დაწყებული პერესტროიკის დროს გახშირებული დისიდენტური გამოცემები. სწორედ ეს გამოცემები შეიძლება ჩაითვალოს დღევანდელი ბეჭდვითი საშუალებების წინამორბედად.
სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ჩამოყალიბებას იწყებს დამოუკიდებელი, შედარებით დიდი ტირაჟის მქონე გამოცემები. ამავე პერიოდს მიეკუთვნება პირველი დამოუკიდებელი ელექტრონული მედიის საშუალებათა წარმოშობა. მასმედიის საშუალებებმა თანდათან მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავეს საზოგადოებრივი აზრის ფორმირების პროცესში. ამავე დროს აღსანიშნავია საზოგადოებრივ აზრზე მოხდენილი ზემოქმედების განსხვავებული ხარისხი. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, საშუალოდ 70%-ზე მეტი, ინფორმაციის ძირითად წყაროდ ტელევიზიას მიიჩნევს. გაზეთებისაგან მიღებული ინფორმაციის წილი 10%-ს არ აღემატება, ხოლო რადიოსი, შესაბამისად, 5%- ს მოიცავს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საკმაოდ მაღალია მოსახლეობის იმ ნაწილის რიცხვი (დაახლოებით 15%), რომელიც არც ერთ საინფორმაციო საშუალებას არ ენდობა.
მასმედიის საშუალებები თავიანთი მდგომარეობითაც განსხვავდებიან ერთმანეთისაგან:
ტელევიზია. სახელმწიფო და კერძო ტელეკომპანიები თავისი უნარებით დიდად განსხვავდება ერთმანეთისაგან, მაგრამ შესაძლებელია ორი ჯგუფის გამოყოფა: კომპანიები, რომლებიც სახელმწიფო სტრუქტურების ინტერესებს გამოხატავენ და ოპოზიციური ტელევიზიები, რომლებიც აშკარად ნეგატიურად აშუქებენ ხელისუფლების პოლიტიკას. ბოლო ხანებში შეინიშნება სახელმწიფო ზეწოლისა და თვითცენზურის გაძლიერების ტენდენციაც.
ბეჭდვითი მედიის საშუალებები შედარებით ნაკლები პოპულარობით სარგებლობს, რის ერთ-ერთ მიზეზად საზოგადოების დაბალი მსყიდველობითი უნარი უნდა დასახელდეს. პრესის საერთო ტირაჟი, რომელშიც პოლიტიკური ორიენტაციის ფართო სპექტრია წარმოდგენილი, საკმაოდ მცირეა. ყველაზე პოპულარული გაზეთების ტირაჟი საშუალოდ 10-15 ათასი ეგზემპლარის ფარგლებში მერყეობს. მაღალია პოლიტიკური, ეკონომიკური თუ კრიმინალური დაჯგუფების მიერ დაკვეთილი ინფორმაციის წილი.
რადიო საზოგადოების ინფორმირების პროცესში შედარებით ნაკლებ როლს ასრულებს და ძირითადად გასართობი ხასიათის პროდუქციას (ძირითადად მუსიკა) გადასცემს. საინფორმაციო-ანალიტიკური გადაცემების რიცხვი მასმედიის ამ სფეროში მეტად მცირეა. ამ უკანასკნელთა არსებობა დამახასიათებელია ძირითადად საზღვარგარეთ მოქმედი რადიოსადგურებისათვის (რადიო „თავისუფლება“, „ამერიკის ხმა“).
თუ დამოუკიდებლობის პირველ წლებში ხელისუფლება და პოლიტიკური თუ ეკონომიკური ელიტა დიდ ყურადღებას არ აქცევდა მედიის საქმიანობას და ამ უკანასკნელზე ზემოქმედებისათვის ხშირად ძალადობას იყენებდა, შემდგომ წლებში სიტუაცია მნიშვნელოვნად შეიცვალა - მასმედია ანგარიშგასაწევი ძალა გახდა. შესაბამისად შეიცვალა მისდამი სახელისუფლებო ძალების დამოკიდებულებაც. დღეს ყველა ცდილობს, თავი აარიდოს მედიის წინააღმდეგ აშკარა გამოსვლას. რა თქმა უნდა, მედიის საშუალებებზე მუქარის, დაშინებისა და ზოგ შემთხვევაში ჟურნალისტების ანგარიშსწორების შემთხვევები ახლაც არსებობს, მაგრამ ძირითადი აქცენტი ახლა მოსყიდვაზე ან კომპანიების პირდაპირ შესყიდვაზე კეთდება. ცალკეული გაზეთებისა თუ ტელეკომპანიების უკან ხშირად საკმაოდ ოდიოზური პირები დგანან.
სიტუაციას ამძიმებს მოსახლეობის დიდი ნაწილის პოლიტიკური კულტურის დაბალი დონე - დემოკრატიული მმართველობის ტრადიციების არქონა და საკუთარ უფლებებში მოქალაქეთა დიდი ნაწილის გაუთვითცნობიერებლობა. მაღალი რეიტინგის შენარჩუნების სურვილის გამო მედიის უმეტესობა იაფფასიან სენსაციებზე ხდება ორიენტირებული.
რელიგიური ორგანიზაციები საქართველოში განსხვავებულ ფაქტობრივ და იურიდიულ სივრცეში იმყოფებიან. საქართველო მრავალკონფესიურ სახელმწიფოს წარმოადგენს. რელიგიურ უმრავლესობას მართლმადიდებლები შეადგენენ (მოსახლეობის 80%-ზე მეტი). მსხვილ კონფენსიებს წარმოადგენენ მუსლიმი სუნიტები და შიიტები, ასევე სომხური გრიგორიანული ეკლესიის მრევლი. სხვა კონფენსიების მიმდევართა წილი (კათოლიკეები, ბაპტისტები, იეღოვას მოწმეები, იუდეველები და ა.შ.), საერთო ჯამში, 5%-ზე ნაკლებია.
ქართული საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობისათვის მართლმადიდებლობა წარმოადგენს ქართველი ერის ტრადიციულ რელიგიას, რომელმაც ქართულ ენასთან ერთად საუკუნეთა მანძილზე გადამწყვეტი როლი ითამაშა ქართული სახელმწიფოსა და ეთნოსის კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების პროცესში. მართლმადიდებლური ეკლესიის ისტორიული დამსახურება, მიუხედავად მის წინააღმდეგ განხორციელებული რეპრესიებისა (საეკლესიო ქონების სეკულარიზაცია, 1500-მდე ეკლესიის დანგრევა, სასულიერო პირთა ფიზიკური ლიკვიდაცია ან მათი მოღვაწეობის აკრძალვა და ა.შ.), საბჭოთა პერიოდშიც კი იყო აღიარებული. მხატვრულ ლიტერატურაში თუ ხელოვნების სხვა დარგებში, სასკოლო სახელმძღვანელოებში ხაზი ესმებოდა იმ გარემოებას, რომ მართლმადიდებლობა დადებითი მოვლენა იყო საქართველოს ისტორიაში, რომ მან ხელი შეუწყო ერთმორწმუნე რუსეთთან დაახლოებას და ა.შ.
საზოგადოებაში თანდათან დამკვიდრდა აზრი მართლმადიდებლობის, როგორც ტოლერანტული რელიგიის, პროგრესულობის შესახებ. ეს აზრი კიდევ უფრო განმტკიცდა ეროვნული მოძრაობის პერიოდში (XX საუკუნის 80-იანი წლების მეორე ნახევარი), როცა კომუნისტური იდეოლოგიისა და სისტემის კრიზისის პირობებში ბევრი შეზღუდვა მოიხსნა რწმენის თავისუფლად გამოხატვის სფეროში. მოსახლეობაში თანდათან ძლიერდება რელიგიური გრძნობები.
მართლმადიდებლობისათვის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის რელიგიის ფაქტობრივი სტატუსის მინიჭებამ დღის წესრიგში დააყენა მისი სხვა კონფესიებთან ურთიერთობის საკითხი. სწორედ ამ პერიოდში იჩინა თავი სხვადასხვა სიძნელემ. ე.წ. ტრადიციული რელიგიებისადმი (ისლამი, იუდაიზმი, კათოლიციზმი, გრიგორიანელობა) მართლმადიდებლურმა ეკლესიამ შემწყნარებლური პოზიცია დაიკავა, რასაც ვერ ვიტყვით საქართველოსათვის არატრადიციულ რელიგიური მიმდინარეობების (იეღოვას მოწმეები, კრიშნაიტები და ა.შ.) მიმართ. ამავე დროს სახელმწიფო და მართლმადიდებლური ეკლესია ცდილობენ, დააახლოონ თავიანთი პოზიციები. დაახლოების ნათელი გამოხატულებაა კონკორდატი15 სახელმწიფოსა და საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის.
მიუხედავად ერთმანეთს შორის დიდი განსხვავებისა, სამოქალაქო საზოგადოების ყველა სეგმენტს მრავალი საერთო პრობლემა აქვს. მათგან, უპირველეს ყოვლისა, უნდა გამოიყოს ორი უმთავრესი:
მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ინდეფერენტიზმი ქვეყანაში მიმდინარე სოციალური თუ პოლიტიკური პროცესებისადმი, რასაც კიდევ უფრო აძლიერებს ნიჰილისტური დამოკიდებულება კანონისა და ხელისუფლებისადმი. საზოგადოების ასეთი განწყობა უარყოფითად მოქმედებს სამოქალაქო სექტორზეც.
ხელისუფლებას არ გააჩნია მკვეთრად გამოკვეთილი პოლიტიკური სტრატეგია როგორც საგარეო, ისე საშინაო პოლიტიკის არც ერთ სფეროში. ერთადერთი, სადაც ასეთი ნება ვლინდება, არის სურვილი, მაქსიმალურად გაიხანგრძლივოს ძალაუფლება. ამას თან ერთვის კორუფციის მასშტაბის ზრდა ხელისუფლების მაღალ ჩინებში.
სამოქალაქო საზოგადოების უარყოფითი და დადებითი მხარეები
სამოქალაქო საზოგადოების ყველა ჩამოთვლილ სეგმენტს ბევრ საერთოსთან ერთად გააჩნია მხოლოდ თითოეული მათგანისათვის დამახასიათებელი დადებითი და უარყოფითი მხარეები.
პოლიტიკური პარტიების ერთ-ერთ სუსტ მხარეს წარმოადგენს გამოკვეთილი მსოფლმხედველობრივი ბაზისის არარსებობა, რასაც შედეგად მოსდევს გაურკვეველი პოლიტიკური კურსის გატარება. მეორე პრობლემაა გადაწყვეტილების მიღების დემოკრატიული მექანიზმების არარსებობა თვით პარტიათა ხმება როგორც სახელისუფლებო, ისე ოპოზიციური პარტიები თუ დაჯგუფებები) საზოგადოებრივი დასაყრდენის, სოციალური ბაზის ფაქტობრივი არარსებობა წარმოადგენს. ქვეყანაში არსებულმა სოციალურმა და ეკონომიკურმა კრიზისმა საქართველოში გააქრო საშუალო ფენა, რომელიც ნებისმიერ ქვეყანაში პოლიტიკური მოძრაობების მთავარი საყრდენია. დღევანდელი ქართული საზოგადოება ორ ნაწილად - ოლიგარქებად, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტის წევრებად და მეორე მხრივ, მოსახლეობის ლუმპენიზებულ16 და მარგინალიზებულ17 უმრავლესობად შეიძლება დაიყოს. საშუალო ფენა (არასამთავრობო ორგანიზაციების, მასმედიის, საერთაშორისო და მსხვილი კომერციული ორგანიზაციების თანამშრომლები) მცირერიცხოვანია და ქონებრივი პოლარიზაციის ხარისხს ვერ ამცირებს. მსოფლმხედველობრივი კრიზისი, რომელიც საზოგადოებაში არსებულმა საკანონმდებლო ნიჰილიზმმა და მომავლისადმი პესიმისტურმა დამოკიდებულებამ გამოიწვია, კიდევ უფრო ამძიმებს არსებულ სიტუაციას და ამცირებს პოლიტიკურ პარტიათა მკვებავ სოციალურ ძალას.
პოლიტიკურ პარტიათა მმართველობითი სისტემა დემოკრატიული შიდაპარტიული მექანიზმების არარსებობის გამო ასევე სერიოზული პრობლემების წინაშე დგას. ფაქტობრივად არც ერთ, მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვან, პოლიტიკურ პარტიას არ გააჩნია დემოკრატიული შიდა არჩევნების სისტემა. პარტიათა პოლიტიკურ კურსს განსაზღვრავს მათი ლიდერების ვიწრო ჯგუფი. არ ხდება მმართველობითი ორგანოების როტაცია. პარტიათა რიგითი წევრების მოსაზრებებს ყურადღება საერთოდ არ ექცევა.
პოლიტიკური ორგანიზაციების კიდევ ერთი უარყოფითი მხარეა ნათელი პოლიტიკური პროგრამების არარსებობა. არც ერთი პოლიტიკური პარტიის პროგრამა, მიუხედავად იმისა, მემარჯვენეა თუ მემარცხენე, ფაქტობრივად არ განსხვავდება ერთმანეთისაგან. განსხვავება შეიძლება დავინახოთ მხოლოდ დეკლარაციული ხასიათის ზოგიერთ განცხადებაში.
ყოველივე ზემოთქმულის შედეგად პოლიტიკურ პარტიებს არ გააჩნიათ საშუალება, საზოგადოებრივ აზრზე დაყრდნობით რეალური ზემოქმედება მოახდინონ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე. ერთადერთი, რაც მათ ხელეწიფებათ, არის სხვა პარტიებთან შიდაკულუარული გარიგებებისა და არჩევნების შედეგების ფალსიფიკაციის შედეგად პარლამენტში მოხვედრის შესაძლებლობა, ან სახელისუფლებო პოლიტიკურ ძალებთან გარიგების გზით თავიანთი ლიდერებისათვის პოლიტიკური თანამდებობების უზრუნველყოფა.
ბოლო ხანებში ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიაში შეინიშნება გარკვეული დადებითი ძვრებიც. მათი ნაწილი თანდათან ათვითცნობიერებს პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური პროგრამების შექმნის აუცილებლობას და ცდილობს, კონკრეტული საქმიანობები განახორციელოს საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის სფეროში.
არასამთავრობო ორგანიზაციების წინაშე არსებული პრობლემებიდან უნდა აღინიშნოს მესამე სექტორის დაბალი იმიჯი საზოგადოებაში და სახელმწიფოსთან სულ უფრო და უფრო გართულებული ურთიერთობა. ამასთან, საზოგადოება ნაკლებად იცნობს მესამე სექტორის საქმიანობას.
მესამე სექტორის წინაშე არსებობს ობიექტური პრობლემებიც, რომელთა შორისაც, უპირველეს ყოვლისა, უნდა დასახელდეს არასამთავრობო ორგანიზაციების ადმინისტრირებისა და ფინანსური მენეჯმენტის სისტემის გაუმართაობა, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების ნაკლებეფექტიანი მუშაობა და წარმოებული აქტივობების გამჭვირვალობის დაბალი ხარისხი.
დღეისთვის, საზოგადოებრივ ცხოვრებაში არასამთავრობო ორგანიზაციების როლის ზრდის პირობებში, ამ უკანასკნელთა შიდა სტრუქტურები ადეკვატურად ვეღარ აკმაყოფილებენ თანამედროვე სტანდარტებს. კერძო სექტორის თანდათანობით განვითარების შედეგად ბიზნესში იზრდება მოთხოვნილება კვალიფიციურ კადრებზე. ეს იწვევს სხვადასხვა სპეციალობების (ფინანსისტები, მენეჯერები და ა.შ.) პროფესიონალთა გადადენას კერძო სექტორში, სადაც დღეისთვის უფრო მაღალი ანაზღაურებაა, ვიდრე არასამთავრობო სექტორში, სადაც შრომის საშუალო ანაზღაურება ბოლო წლების მანძილზე ფაქტობრივად არ გაზრდილა.
მესამე სექტორის კიდევ ერთი სერიოზული პრობლემაა წამყვან არასამთავრობო ორგანიზაციათა წევრების გარკვეულ კასტად, დახურულ ინტერესთა ჯგუფად ჩამოყალიბების ნიშნები. ხშირ შემთხვევებში ორგანიზაციები უფრო მეტ ყურადღებას უთმობენ თანხების მოზიდვასა და საკუთარი ინტერესების დაცვას, ვიდრე საზოგადოების წინაშე არსებულ პრობლემების გადაწყვეტას.
ბოლო პერიოდში მესამე სექტორში დაიწყო სერიოზული მსჯელობა განვითარების ტემპების შენელების მიზეზების გამოვლენასა და დაძლევზე. შედარებით განვითარებული არასამთავრობო ორგანიზაციები უკვე სერიოზული ინიციატივებით გამოდიან, რომელთა მიზანსაც ერთი მხრივ შიდაორგანიზაციული სტრუქტურების განვითარება, მეორე მხრივ კი საზოგადოებაში სექტორის იმიჯის ამაღლება წარმოადგენს. მიმდინარეობს მუშაობა საზოგადოებასთან კონტაქტების გაფართოებისა და ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში მესამე სექტორის როლის გაძლიერებით.
მასმედიის საშუალებათა დამახასიათებელია პროდუქციის დაბალი ხარისხი, ჟურნალისტთა დაბალი პროფესიონალიზმი, მედიაზე სხვადასხვა პოლიტიკური და ფინანსური ელიტის ზემოქმედების მაღალი ხარისხი. ამავე დროს:
არ არსებობს მასმედიაში დასაქმებულ პირთა მომზადებისა და გადამზადების თანამედროვე სისტემა. ჟურნალისტთა კორპუსის უმრავლესობას სხვა პროფესიათა წარმომადგელები შეადგენენ, რომლებსაც ხშირ შემთხვევაში არ გააჩნიათ შესაბამისი კვალიფიკაცია.
როგორც წესი, მასმედიის პროდუქციის მნიშვნელოვან ნაწილს უცხოური პროდუქცია წარმოადგენს. ტელევიზიის საეთერო დროის დიდი ნაწილი უცხოურ, ხშირ შემთხვევაში დაბალი ხარისხის მქონე, გასართობ და სათავგადასავლო ფილმებს და საპნის ოპერებს ეთმობა. ძირითადი აქცენტი სენსაციური ხასიათისა და ყვითელი პრესისათვის დამახასიათებელ სხვა მასალებზე (ეროტიკა, სკანდალური ფაქტები ცნობილი პირების ცხოვრებიდან და სხვ.) კეთდება.
მედიის უმეტესობის საქმიანობას სხვადასხვა პოლიტიკური და ეკონომიკური (ხშირად კორუმპირებული და კრიმინალური) დაჯგუფებები აკონტროლებენ. რაც შეეხება სახელმწიფო საინფორმაციო საშუალებებს, ისინი ძირითადად მთავრობის საქმიანობის პროპაგანდითა და ოპოზიციური ძალების კრიტიკით არიან დაკავებულნი. მძიმე ეკონომიკური სიტუაციის გამო საკმაოდ შეზღუდულია სარეკლამო ბაზარი, რაც ვერ უზრუნველყოფს თავისუფალი მედიის ფინანსურ დამოუკიდებლობას და მას კიდევ უფრო მგრძნობიარეს ხდის სხვადასხვა სახის საეჭვო წარმომავლობის დაფინანსების მიმართ.
უცხოური საინფორმაციო საშუალებების როლი საკმაოდ შეზღუდულია. მცირეა რუსულენოვანი (ძირითადად რუსეთის) მედიაპროდუქციის გავრცელების არეალი, ამავე დროს საზოგადოების დიდ ნაწილში ეს უკანასკნელი არ სარგებლობს ნდობით ანტიქართული განწყობისა და ცუდად დაფარული იმპერიული ამბიციების დომინირების გამო. რაც შეეხება დასავლეთის საინფორმაციო საშუალებებს, მათი მოხმარების არეალი ასევე შეზღუდულია, ოღონდ ამ შემთხვევაში ენობრივი ბარიერის გამო.
სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს სასაზღვრო ეთნიკურ ანკლავებში ქართული საინფორმაციო მომსახურების სიმცირე. აქ მეზობელი ქვეყნების (რუსეთის, სომხეთის, აზერბაიჯანისა და თურქეთის) საინფორმაციო საშუალებათა სიჭარბე შეინიშნება.
ამავე დროს, დადებით მოვლენად უნდა დასახელდეს საზოგადოებაში დამოუკიდებელი მედიის მიმართ არსებული აშკარად გამოკვეთილი სიმპათიები. მიუხედავად წარმოებული პროდუქციის დაბალი ხარისხისა, ქართული მედია, უპირველეს ყოვლისა ტელევიზია, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისათვის ინფორმაციის ერთადერთ მიმწოდებლად რჩება.
კიდევ ერთ დადებით მომენტს წარმოადგენს ჟურნალისტურ წრეებში პროფესიონალიზმის ნაკლებობის დანახვა და სურვილი, ქვეყანაში შეიქმნას მათი კვალიფიკაციის ამაღლების სისტემა.
რელიგიის თავისუფლების საკითხი ქართული საზოგადოების ერთ-ერთი უმწვავესი პრობლემაა და იგი დღითი დღე სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება. გადამწყვეტი როლი ენიჭება საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის პრინციპულ პოზიციას. სამწუხაროდ, მცირე გამონაკლისის გარდა, ეს პოზიცია მკვეთრად არ ფიქსირდება. საქართველოში გაბატონებული რელიგიური მიმდინარეობა გადაჭრით არ ილაშქრებს იმ ორთოდოქსი რადიკალების წინააღმდეგ, რომლებიც თავიანთი ქმედებებით არა მარტო სხვადასხვა რელიგიურ უმცირესობებს ავიწროებენ, არამედ სერიოზულ დარტყმას აყენებენ თვით მართლმადიდებლობის, როგორც ტოლერანტული რელიგიის, იმიჯს საერთაშორისო საზოგადოების თვალში.
ასეთ პოზიციას რამდენიმე მიზეზი განაპირობებს, რომელთაგანაც, უპირველეს ყოვლისა, თვით საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაში მიმდინარე შიდაპროცესები უნდა აღინიშნოს. კომუნისტური სისტემის მხრიდან საკმაოდ ხანგრძლივი დევნის შემდეგ საბჭოთა ხელისუფლებამ შეცვალა თავისი დამოკიდებულება მართლმადიდებლური ეკლესიისადმი (1943 წელს იოსებ სტალინის მიერ რუსეთის საპატრიარქოს აღდგენა). მებრძოლი ათეიზმი კვლავ საბჭოთა სისტემის ოფიციალურ იდეოლოგიას წარმოადგენდა, მაგრამ რელიგიური ღვთისმსახურების ლეგალიზაციამ შეარბილა მართლმადიდებლობასა და საბჭოთა რეჟიმს შორის არსებული დაპირისპირება.
მართლმადიდებლურ ეკლესიას ამ დათმობების სანაცვლოდ ბევრ კომპრომისზე წასვლა დასჭირდა. მოხდა აღსარების საიდუმლოს ხელშეუხებლობის შეზღუდვა, ეკლესიაში გაძლიერდა სპეცსამსახურების წარმომადგენელთა ხვედრითი წილი. დამოუკიდებლობის პერიოდში მართლმადიდებლური ეკლესიის ღვთისმსახურთა კონტინგენტი შეივსო ახალი კადრებით, რომელთა დიდ ნაწილსაც არ გააჩნდა სათანადო რელიგიური განათლება და ზოგჯერ მერკანტილური მოსაზრებებით, საკუთარი შემოსავლების გაზრდის მიზნით მიდიოდა ეკლესიაში.
დღეისთვის ეკლესიაში შესაძლებელია მღვდელმსახურთა სამი ჯგუფის გამოყოფა:
მცირერიცხოვანი დემოკრატიული დაჯგუფება, რომელიც აცნობიერებს ეკლესიაში არსებულ კრიზისს და ზოგადი ჰუმანური ღირებულებების პრიმატის აუცილებლობას და სხვა ეკლესიებთან თანამშრომლობის საჭიროებას;
მღვდელმსახურთა რადიკალურად განწყობილი ნაწილი, რომელსაც პროზელიტიზმის18 შეზღუდვის ერთადერთ საშუალებად იზოლაციონიზმი მიაჩნია. ეს ფრთა არაოფიციალურად მხარს უჭერს ორთოდოქს რადიკალთა მოქმედებას;
მღვდელმსახურთა უმრავლესობა, რომელიც არ ერევა ამ დაპირისპირებაში. მათი ნაწილი უსიტყვოდ ემორჩილება საპატრიარქოს ოფიციალურ პოზიციას, ნაწილი კი თანამდებობას მერკანტილური მიზნებისთვის იყენებს.
გაორებულია მართლმადიდებლური ეკლესიის დამოკიდებულება სხვა რელიგიებთან მიმართებაში, რაც ნათლად გამოჩნდა 1999 წელს, რომის პაპის საქართველოში ვიზიტის დროს. მართლმადიდებლური ეკლესია, ერთი მხრივ, მიესალმა მის ვიზიტს, ხოლო მეორე მხრივ, თავის მრევლს აუკრძალა პაპის მიერ გამართულ მესაზე დასწრება.
ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური და სოციალური ფონის შუქზე, საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაში არსებული პრობლემების წყალობით, მოსახლეობის მარგინალიზებული ნაწილი ცდილობს, სხვა რელიგიებში დაიკმაყოფილოს თავისი სულიერი მოთხოვნილებები. ყოველივე ამას ქვეყანაში რელიგიურ სექტათა (პირველ რიგში - იეღოვას მოწმეთა) წევრების რიცხვის ზრდა მოსდევს.
გნვითარების პერსპექტივები
საქართველოში განვითარების პროცესის ორი შესაძლო ვარიანტი შეიძლება იქნეს წარმოდგენილი:
1. მწირი, შეზღუდული რესურსების პირობებში, პატრიმონიალური ურთიერთობების ფონზე, პოლიტიკური და ეკონომიკური კლანების გაძლიერება და კორუმპირებულ-ბიუროკრატიული სახელმწიფო სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც კრიმინალურ სამყაროსთან კავშირში ახდენს მოსახლეობის ტერორიზებას და ახორციელებს შეუზღუდავ ძალაუფლებას. აღნიშნული სცენარი კლანური და პოლიტიკური დაპირისპირებების ანარქიული გარემოს ფონზე განვითარდება. ამ პროცესში მნიშვნელოვან, და ამასთან ნეგატიურ, როლს შეასრულებს სხვა სახელმწიფოთა (პირველ რიგში, რუსეთისა და მახლობელი აღმოსავლეთის ფუნდამეტალისტური რეჟიმების) არა მარტო ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური ინტერესების პრევალირება.
2. ქვეყანაში არსებული ლიბერალური და დემოკრატიული ძალების გაერთიანებითა და მათი მხარდაჭერით სამოქალაქო საზოგადოების პრინციპების პრეცედენტების სახით დანერგვა და მოსახლეობაში გამეფებული აპათიისა და საკანონმდებლო ნიჰილიზმის თანდათანობითი დაძლევა. ასეთ პირობებში საზოგადოებრივი მხარდაჭერისა და დასავლეთისა და საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით, მმართველობითი სტრუქტურების რეფორმირებისა და ხელისუფლების საქმიანობაზე საზოგადოებრივი მონიტორინგის განხორციელების გზით, საქართველოში არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური პრობლემების ეტაპობრივი დაძლევა.
ის, თუ რომელი სცენარით განვითარდება მოვლენები, დიდადაა დამოკიდებული ქართული საზოგადოების მზაობისა და კონსოლიდაციის ხარისხზე. მიუხედავად განსხვავებული მიზნებისა, სამოქალაქო საზოგადოების ყველა სეგმენტს გააჩნია საერთო პრობლემები და მიზნები: მოსახლეობაში ფრუსტრაციის19 დაძლევა და ამ უკანასკნელის სამოქალაქო აქტივობის ზრდა; საკუთარი შიდა სტრუქტურების დროის მოთხოვნილებათა შესაბამისად გარდაქმნა და ოპტიმიზაცია; ერთმანეთთან და გარე სამყაროსთან, ინტერესთა სხვა ჯგუფებთან ურთიერთობების პრინციპების შემუშავება და მათი რეალიზაცია.
ამ პროცესში საზოგადოების აქტიურ ნაწილს პოტენციური მოკავშირეები ჰყავს საზოგადოების ფართო ფენებისა და საერთაშორისო და დასავლური ორგანიზაციების სახით. მაგრამ საერთაშორისო დახმარება ხელს უნდა უწყობდეს არა საქართველოსათვის მიცემული კრედიტებისა და გრანტების დიდი ნაწილის დალექვას ბიუროკრატიის პირად ანგარიშებზე, არამედ თანდათან მზარდი დემოკრატიული ინსტიტუციების კიდევ უფრო გაძლიერებას.
სადისკუსიო საკითხები
1. მერაბ მამარდაშვილის აზრით20, „არსებობს ნორმალური საზოგადოება თავისი პარამეტრებით: მასში არსებობს „ჩვენის“ და „სხვისის“ ცნება, „ჩვენი“ და „სხვისი“ ტერიტორიის ცნება, აქ არის ლიდერი, სოციალური როლები, საზოგადოებრივი მორალი და ა.შ. ამ საზოგადოების მიჯნაზე თუ იატაკქვეშ არსებობს პარასაზოგადოება, ქურდების ბანდა. ეს არის საზოგადოების სარკისებრი ანარეკლი, ანუ იმიტაცია. ცნებები აქ იგივეა,…არსებობს გარკვეული მორალიც, ოღონდ კვლავ პარასაზოგადოებრივი... პარასაზოგადოებაში ხდება ნორმალური საზოგადოების კრიტერიუმებისა და დაყოფების ერთმანეთში აღრევა და, რაც მთავარია, განივთება, ნივთიერი სახის მიცემა იმისათვის, რაც ბუნებით ნივთიერი კი არა, სულიერია“. რამდენად მძლავრობს პარასაზოგადოება ჩვენში21? მიგაჩნიათ თუ არა მნიშვნელოვნად ბრძოლა კრიმინალური, „ქურდული“ მენტალიტეტისა და მისი გამოვლინებების წინააღმდეგ?
2. ეთანხმებით თუ არა მოსაზრებას, რომ საქართველოში „გრძელდება“ საბჭოთა კავშირი, ანუ საქართველო მენტალურად და ცხოვრების წესით არ გამოსულა საბჭოთა კავშირიდან? დაასაბუთეთ თქვენი პასუხი.
3. რა დასკვნების გამოტანა შეიძლება დებულებიდან22: „დასაქმებული ადამიანი იძულებულია, განვითარდეს, დისციპლინას მიეჩვიოს და პროფესიულ ზრდაზე იფიქროს, რომ კონკურენციას გაუძლოს. როცა ადამიანებს საკუთარი შრომით მოპოვებული ქონება უჩნდებათ, ამ ქონების დასაცავად კი მშვიდობა სჭირდებათ, აღარ უჭერენ მხარს უაზრო ომის მცდელობებს. ხოლო, როცა ქვეყანაში ლუმპენ-პროლეტარიატი, მასა მძლავრობს, რომელსაც დასაკარგი არაფერი აქვს, რომელმაც არ იცის, სად გაატაროს დრო და რით ამოივსოს სიცარიელე და სასოწარკვეთა, ის აგრესიული, გამწარებული და ზომბირებული ხდება“.
4. თქვენი აზრით, რას გულისხმობდა ინგლისელი პოეტი ჯონ დონი (1572-1631), როდესაც წერდა: „არც ერთი ადამიანი არაა მხოლოდ საკუთარი თავის მომცველი კუნძული; ყოველი ადამიანი კონტინენტის, მთავარის ნაწილია... ნებისმიერი ადამიანის სიკვდილი მე მასუსტებს და მაპატარავებს, რადგან მე ჩართული ვარ კაცობრიობაში; და ამიტომ ნურასდროს იკითხავ ვისთვის რეკს ზარი; იგი შენთვის რეკს...“
______________________________
7 კლანიზმი - საერთო (როგორც წესი, არალეგალური) ინტერესებით დაკავშირებულ ადამიანთა ჯგუფის ერთობლივად განხორციელებული ქმედება (,,საძმაკაცო”, ,,საძმო”).
8 მითოპოეტური მენტალობა - ეთნიკური ნაციონალიზმისათვის დამახასიათებელი აზროვნების ტიპი, როცა ხდება წარსულის გაიდეალება და მისი დღევანდელობასთან დაკავშირება რეალური საფუძვლის არსებობის გარეშე (მაგ., დავით აღმაშენებლის პოლიტიკური კურსის გაიდეალება და მისი დღევანდელობაში გადმოტანისაკენ მისწრაფება).
9 პატრიმონიალური - პატრიარქალური საზოგადოებისათვის დამახასიათებელი ქცევის წესები, როცა უფროსი (ოჯახის თავი, შედარებით წარმატებული ნათესავი ან მეგობარი) გარშემო იკრებს მასზე დაქვემდებარებულ ადამიანთა ჯგუფს და მათთვის გარკვეული პრივილეგიების მინიჭებით ქმნის თავისი ძალაუფლების დასაყრდენს.
10 კლიენტელიზმი - სოციალურ და პოლიტიკურ ფენომენთა ერთობლიობა, რომელიც ემყარება არასიმეტრიული ურთიერთობის ფორმის მქონე ორმხრივი გაცვლის მექანიზმებს პატრონსა და კლიენტს შორის.
11 ტრაიბალიზმი - კუთხურობის გამოვლენა სახელმწიფოებრივ დონეზე, როცა საკუთარი კუთხის (რეგიონის) წარმომადგენლებს სხვებთან შედარებით უპირატესობა ენიჭებათ.
12 ნეპოტიზმი - ნათესავების კერძო ინტერესების პრევალირება სახელმწიფო ინტერესებზე.
13 ქრონიზმი - ოჯახის წევრებისათვის პრივილეგიების მინიჭება საზოგადოების ხარჯზე.
14 სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები - საზოგადოებაში ამ ტიპის ორგანიზაციებს ,,არასამთავრობო ორგანიზაციების” სახელით იცნობენ.
15 კონკორდატი _ შეთანხმება. ამ შემთხვევაში: სახელმწიფოსა და რომელიმე ეკლესიის პოლიტიკური შეთანხმება (მაგ., ნაპოლეონის შეთანხმება ვატიკანთან).
16 ლუმპენიზებული - დეკლასირებული, როგორც წესი, ეკონომიკურად გაღატაკებული და პოლიტიკური უფლებების არმქონე მოსახლეობა (უმუშევრები, მათხოვრები).
17 მარგინალიზებული - საზოგადოების ძირითადი ნაწილისაგან გამიჯნული სოციალური ჯგუფი, რომელსაც აბსოლუტურად განსხვავებული ღირებულებები აქვს (კრიმინალური სამყაროს წევრები, მეძავები, ნარკომანები, დისიდენტები ტოტალიტალურ რეჟიმებში).
18 პროზელიტიზმი - საკუთარი რელიგიური მრწამსის პროპაგანდის შედეგად სხვა რელიგიის მიმდევართა საკუთარ სამწყსოში გადმოყვანა (მისიონერობა).
19 ფრუსტრაცია - საზოგადოების დეპრესია და აპათია, აბსოლუტური იმედგაცრუება.
20 იქვე.
21 დასავლურ სოციალურ მეცნიერებაში უზარმაზარი ლიტერატურაა ე.წ. ,,კვაზისახელმწიფოს” შესახებ, რომელიც გულისხმობს შემდეგს: როცა სახელმწიფო არ ან ვერ იცავს თავის მოქალაქეთა ინტერესებს, სოციუმი თავად ქმნის შესაბამის არაოფიციალურ სტრუქტურებს. ამის ნათელი მაგალითია ფრანგი დამპყრობლების (ანჟუს დინასტიის) წინააღმდეგ სიცილიაზე შუა საუკუნეებში შექმნილი მაფია (აბრევიატურა სლოგანისა: სიკვდილი ფრანგებს, იტალია ცოცხლობს), ასევე ე.წ. ქურდული მენტალიტეტის გაძლიერება რუსეთის იმპერიაში და ბოლშევიკურ საბჭოთა კავშირში - როცა სახელმწიფო არ მიცავს, მე თვითონ ვპოულობ სამართალს ჩემს სტრუქტურებში: მოსამართლის ნაცვლად - კანონიერი ქურდი, კანონის ნაცვლად - ქურდული გაგება, ბიუჯეტის ნაცვლად - ,,ობშჩიაკი”, პარლამენტის ნაცვლად - ,,მალინა”. ამავე მენტალობის გამოძახილია ე.წ. ,,კაი ბიჭობა” ,,ფულის მკეთებლობა” (,,დელეცობა”) განსაკუთრებით ჩაგრული ერების წარმომადგენლებში, რომელთათვისაც საბჭოთა კავშირი არ აღიქმებოდა სამშობლოდ - საკუთარ სახელმწიფოდ. ამ კვაზისტრუქტურების წინააღმდეგ გამოსვლა ცუდ ტონად (,,ბოზობა”, ,,ნასედკობა”) ითვლებოდა და საკუთარი სოციუმის (,,სამშობლოს”) ღალატის ტოლფასი იყო.
22 ნაირა გელაშვილი. სივრცე პიროვნული აზრისა და ზნეობრივი გაბედულებისთვის. ,,24 საათი”, 3 ივლისი, 2007, №146 (1590).
![]() |
6.4 §4. ეთნიკური ანკლავები23 და მოქალაქეობის პრობლემა საქართველოში |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოში მოქალაქეობის პრობლემისადმი დამოკიდებულების განხილვისას გასათვალისწინებელია ის გარემობა, რომ ქართულმა სახელმწიფომ განვითარების პროცესში დაახლოებით იგივე გზა გაიარა, რაც მახლობელი აღმოსავლეთისა თუ ბალკანეთის სხვადასხვა სახელმწიფოებმა (საბერძნეთმა, სომხეთმა, ლიბანმა და ა.შ.). ამავე დროს აღსანიშნავია ისიც, რომ არც ძველაღმოსავლურ, არც ანტიკურ-ელინისტურ და არც ფეოდალურ პერიოდში არ შექმნილა დასავლეთევროპული ტიპის ქალაქი-სახელმწიფოები თუ კომუნები. აქედან გამომდინარე, საქართველოში არ ჩამოყალიბებულა დასავლეთის საზოგადოებისათვის დამახასიათებელი სამოქალაქო ინტერესთა ჯგუფები ქალაქის მოსახლეობის ცალკეული ფენების სახით (არისტოკრატია-დემოკრატია თუ პატრიციატი24 და პლებსი).
XIX საუკუნის დასაწყისიდან რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს სამეფო- სამთავროთა ანექსიის შედეგად მოსახლეობისათვის უცხო პოლიტიკური სტრუქტურებისა და ენის შემოღებამ უარყოფითად იმოქმედა საზოგადოებისა და სახელმწიფოს ურთიერთობაზე. ტრადიციული სამართლებრივი ინსტიტუტების გაუქმებამ საზოგადოებრივი ნიჰილიზმის წარმოქმნა-გაძლიერებას შეუწყო ხელი.
ბიუროკრატიული აპარატის გაძლიერება, საზოგადოებრივი ნდობის შემცირების ფონზე, იქცა კლიენტელური ურთიერთობების გაძლიერების მიზეზად. საქართველოში ამ ტენდენციამ თავი უკვე XIX საუკუნის ბოლოდან იჩინა და განსაკუთრებით გაძლიერდა სოციალიზმის ეპოქაში.
შედეგად საქართველოში ჩამოყალიბდა გარკვეული საზოგადოებრივი მენტალობა, რომელშიც ჩნდება როგორც მეზობელი კულტურებისათვის დამახასიათებელი, ისე ორიგინალური ნიშნები. საქართველოში, რომლის მოსახლეობის ცხოერების წესი ახლოს დგას ხმელთაშუაზღვისპირეთის საზოგადოებებისათვის დამახასიათებელ მენტალობასთან, საბჭოურმა ტოტალიტარიზმმა ხელი შეუწყო ბიუროკრატიული სისტემისა და ტრადიციულ ღირებულებათა სიმბიოზის წარმოშობას.
საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენამდე ხშირად ხდებოდა სახელმწიფოებრივის, ეროვნულისა და ეთნიკურის ურთიერთგადაფარვა. ეთნიკურობის განცდა XIX საუკუნის საზოგადოებრივი მოძრაობების მითოსური აზროვნების ადეკვატური იყო.
ქართულ საზოგადოებაში დღეისთვის პატრიმონიალური საზოგადოებისათვის დამახასიათებელი ყველა ფორმა არსებობს: ნეპოტიზმი, რეგიონალიზმი (ტრაიბალიზმი), კლანიზმი, რეგიონალურ და ეროვნულ დონეზე არსებული კლიენტელიზმი.
როგორც პოლიტიკურ ელიტა, ისე მთლიანად ქართული საზოგადოება ფაქტობრივად ჯერ კიდევ არ არის მზად, ერთიანი საზოგადოებრივი მოდელი შესთავაზოს სხვადასხვა (მათ შორის, უპირველეს ყოვლისა - ეთნიკურ) უმცირესობებს. ქვეყანას დღესაც არ გააჩნია ჩამოყალიბებული მიდგომა სხვადასხვა სახის უმცირესობებისადმი.
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ყველა ადამიანი კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა.
სამწუხაროდ, ფაქტობრივი მდგომარეობა დიდად განსხვავდება ზემოაღწერილი სურათისაგან. სახელმწიფო აბსოლუტურად ვერ იცავს მოქალაქეთა უფლებებს. ეს შეეხება როგორც სოციალურ გარანტიებს, რომლებიც უმძიმესი ეკონომიური დეპრესიისა და პერმანენტული საბიუჯეტო დეფიციტისა და ფარული ინფლაციის მაღალი დონის გამო ფაქტობრივად ვერ ხორციელდება, ისე სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებსაც, რომლებიც ძალზე ხშირად ირღვევა სახელმწიფო აპარატის (განსაკუთრებით ძალოვანი სტრუქტურების) მხრიდან.
სამოქალაქო უფლებებიდან, უპირველეს ყოვლისა, ყურადღებას იქცევს ეთნიკურ უმრავლესობასა და უმცირესობებს შორის არსებული დაპირისპირება. ტრადიციულად ქართულ საზოგადოებაში გაბატონებული იყო მოსაზრება ქართველი ერის ტოლერენტობის შესახებ. რეალურად ჯერ რუსეთის იმპერიის, ხოლო შემდეგ საბჭოური ტოტალიტარიზმის არსებობის პერიოდში ამ პოსტულატის შემოწმების საშუალება არ არსებობდა. საქართველოს დამოუკიდებლობის პირველ წლებში, როცა ეთნიკურმა ავტონომიებმა, სესეციონისტური25 ძალების ხელმძღვანელობით, წამოაყენეს ავტონომიათა სტატუსის გაზრდის მოთხოვნა, ოფიციალურმა თბილისმა საერთოდ ვერ გამოამჟღავნა კომპრომისებისადმი მზადყოფნა.
ეს გარემოება მნიშვნელოვანწილად განპირობებული იყო ეთნიკურ ქართველებში ეთნოცენტრიზმის26 გრძნობის სიძლიერით. აღნიშნული მენტალობის რუპორებად ულტრარადიკალური ნაციონალისტური წრეები გამოდიოდნენ, მაგრამ საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობაში მათ საკმაო თანაგრძნობის მოპოვება შეძლეს.
როგორც წესი, ეთნოცენტრისტული პოზიციის დამცველები ლიბერალებს საქართველოს ინტერესების შელახვის მცდელობაში ადანაშაულებენ და ოპონენტებს დასავლეთის სპეცსამსახურების მიერ დაქირავებულ აგენტებად, ან სულ მცირე „ანტიქართული ძალების“ („მასონები“ და ა.შ.) მიერ მოტყუებულ პირებად მიიჩნევენ. თავის მხრივ, ტრადიციული ღირებულებების დამცველთ პროდასავლურად და ლიბერალურად განწყობილი ძალები ხშირად სდებენ ბრალს ფაშიზმისა თუ ნაცისტური იდეების პროპაგანდაში და მათ ან შუასაუკუნეობრივი მენტალობის მქონე ადამიანებად, ან რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლებად თვლიან. ეთნიკურ უმცირესობათა მიმართ გარკვეული (ხშირად მცდარი) სტერეოტიპების არსებობა და სოციალ-ეკონომიური საკითხების მოუგვარებლობა ქეეყანას დამატებით პრობლემებს უქმნის.
რადიკალური ეთნოცენტრისტული მენტალობის გამოვლინების მაგალითად გამოდგება საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობაში ეთნიკური კუთვნილების აღმნიშვნელი გრაფის არსებობის საკითხი. ამ პრობლემამ თავი იჩინა 2000 წლის ზაფხულში, როდესაც პარლამენტში განიხილებოდა საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის საკითხი. პარლამენტის ლიბერალური დაჯგუფებები შეეცადნენ, საქართველოს ყველა მცხოვრებისათვის მიენიჭებინათ საქართველოს მოქალაქის ერთიანი სტატუსი, განურჩევლად მათი ეთნიკური კუთვნილებისა.
საკმაოდ მოულოდნელად ამ საკითხმა დიდი წინააღმდეგობა გამოიწვია არა ეთნიკურ უმცირესობების, არამედ საზოგადოების ქართული უმრავლესობის მხრიდან. მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში ამ პრობლემის გარშემო გამართული დებატები იმით დასრულდა, რომ ეთნიკურობის აღმნიშვნელი გრაფა პირადობის მოწმობაში შენარჩუნებულ იქნა.
მეორე, არანაკლებ მწვავე, მაგალითს წარმოადგენს მეორე მსოფლიო ომის პერიოდში საქართველოდან დეპორტირებული თურქი მესხების რეპატრიაციის საკითხი. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ევროსაბჭოში შესვლისას ვალდებულება აიღო, მოაგვაროს რეპრესირებული ეთნოსის რეპატრიაციის პრობლემა, საზოგადოებაში (და განსაკუთრებით სამხრეთ საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობაში) ამ საკითხს აშკარად ნეგატიურად უყურებენ. ეს, თავის მხრივ, საშუალებას აძლევს რადიკალურ ჯგუფებს, მნიშვნელოვნად გაზარდონ თავიანთი რეიტინგი პრობლემასთან დაკავშირებული საზოგადოებრივი ისტერიის გაზრდის გზით.
პოლიტიკურ დებატებში ძირითადად თბილისში მცხოვრები ინტელექტუალები და პოლიტიკური მოღვაწეები მონაწილეობენ. რეგიონის წარმომადგენელთა ხვედრითი წილი ამ შემთხვევაში მცირეა. ეთნიკური უმცირესობების როლი აქ არ ჩანს, ხოლო ამ უკანასკნელთა უფლებებს ისევ სატიტულო27 ეთნოსის ლიბერალურად განწყობილი ფრთა იცავს.
2002 წელს ჩატარებული აღწერის თანახმად, საქართველოს მოსახლეობა 4371 ათას კაცს შეადგენდა, თუმცა ამ მონაცემთა სანდოობის ხარისხი მაღალი არ არის. უნდა ვივარაუდოთ, რომ რეალურად მოსახლეობის რიცხვი უფრო მცირეა. საქართველოს იურისდიქციას დაქვემდებარებულ ტერიტორიებზე ეთნიკური უმცირესობების წილმა 16,2 % შეადგინა. მათ შორის ყველაზე მრავალრიცხოვან ეთნიკურ უმცირესობებს წარმოადგენენ სომხები და აზერბაიჯანელები.
ამ ორი ეთნიკური ჯგუფის მნიშვნელოვანი ნაწილი კომპაქტურად ცხოვრობს ქვემო ქართლისა (აზერბაიჯანელები) და სამცხე-ჯავახეთის (სომხები) რეგიონებში. ამ ტერიტორიებზე ისინი ფაქტობრივ უმრავლესობას ქმნიან.
ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ანკლავთა შორის, უპირველეს ყოვლისა, თბილისიდან სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ჯავახეთის რეგიონი უნდა აღინიშნოს. სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობა 232 ათას კაცს შეადგენს, საიდანაც დაახლოებით ნახევარი ეთნიკური სომხებია. რაც შეეხება უშუალოდ ჯავახეთს (91 ათასი მცხოვრები), აქ ეთნიკური სომეხი მოსახლეობის 98 %-ზე მეტია.
ამ რეგიონში არსებობს საკმაოდ ძლიერი ეთნიკურ-სეპარატისტული მოძრაობა, რომელსაც სათავეში რადიკალურად განწყობილი ნაციონალისტები და საბჭოური ტიპის ადგილობრივი ნომენკლატურა უდგას. ისევე, როგორც მთელ საქართველოში, მძიმე სოციალური ფონი და მასზე აპელირება აქაც კარგ ნიადაგს ქმნის ეთნოცენტრისტული რადიკალიზმის გასაღვივებლად.
რაც შეეხება ქვემო ქართლს, მისი მოსახლეობა, ოფიციალური მონაცემების თანახმად, 587 ათასი კაცია, რომელთაგან დაახლოებით ნახევარს ეთნიკური აზერბაიჯანელები შეადგენენ. ეს უკანასკნელნი მხარის 6 ადმინისტრაციული რაიონიდან ოთხში მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას ქმნიან (დაახლოებით 60-95-%).
აღნიშნულ რეგიონებში რამდენიმე უმწვავესი პრობლემის გამოყოფა შეიძლება.
ესენია:
განათლების პრობლემა. არასატიტულო ეთნოსებისათვის სახელმწიფო (ქართული) ენის შესწავლის ერთიანი, ეფექტური სტრატეგიის არარსებობის გამო ამ რეგიონების მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ვერ ფლობს სახელმწიფო ენას და, შესაბამისად, სრულფასოვნად არ არის ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
საკადრო პოლიტიკა. ამ მხრივ განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა შექმნილი ქვემო ქართლში. ადგილობრივი, აზერბაიჯანული, კადრები მმართველობით სტრუქტურებში უმცირესობას შეადგენენ. ძირითადი თანამდებობები თბილისიდან დანიშნული, არაადგილობრივი კადრებით არის დაკომპლექტებული.
ეთნიკური განსხვავებების გამოყენება ცენტრალური ხელისუფლების პოზიციების განსამტკიცებლად. ოფიციალური თბილისის მიერ ეთნიკური ანკლავები ყოველთვის განიხილებოდა არჩევნების პერიოდში უსიტყვო მხარდამჭერად. ხელისუფლება აქედან ჩვეულებრივ ას პროცენტთან მიახლოებულ შედეგს იღებდა. სამაგიეროდ ადგილობრივ მმართველ თუ მაფიოზურ ელიტას ადგილებზე მოქმედების თითქმის სრული თავისუფლება ეძლეოდათ.
პრობლემების დროულად გადაუწყვეტელობა თანდათან ძაბავს ვითარებას და პერსპექტივაში სესეციონიზმის საფრთხეს აძლიერებს.
როგორც საქართველოს პოლიტიკურ ისტებლიშმენტს, ისე საზოგადოებას დამოუკიდებლობის მთელი პერიოდის მანძილზე საკმაოდ აშფოთებდა აღნიშნულ რეგიონებში ადგილობრივი პოლიტიკური დაჯგუფებების მიერ არაერთხელ წამოყენებული სესეციონისტური და ირედენტისტული28 მოთხოვნები. რეგიონში მოქმედი ზოგიერთი რადიკალური დაჯგუფების საქმიანობა გვაფიქრებინებს, რომ ამ შიშს რეალური საფუძველი აქვს.
ამ რეგიონებში არსებული პრობლემები მეტწილად სახელმწიფოს მიერ ერთიანი სტრატეგიული თუ ტაქტიკური ხედვის არარსებობითა და სახელმწიფოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოუწყობლობით უნდა აიხსნას, რასაც კიდევ უფრო აძლიერებს სიღატაკის მაღალი დონე, მოსახლეობის სოციალური დაუცველობა, კორუფციული ურთიერთობისა და პატრიმონიალური სისტემის დომინანტი, სახელმწიფოს მარეგულირებელი როლისა და უსაფრთხოების სისტემების სისუსტე და რეალური თვითმმართველობის არარსებობა.
მსგავსებებთან ერთად ჯავახეთსა და ქვემო ქართლს მნიშვნელოვანი გასხვავებებიც ახასიათებს, რაზეც მოკლედ ღირს შეჩერება.
ადგილობრივი მმართველობის უმაღლეს ეშელონებს (განსაკუთრებით, ჯავახეთში) ადგილობრივი (სომხური) ნომენკლატურის წარმომადგენლები ავსებენ. საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული ოფიციალურ თბილისს ამ მხარეში გამოკვეთილი სტრატეგია ჰქონდა. იგი მოხერხებულად იყენებდა ადგილობრივი კლანების ურთიერთდაპირისპირებას და ცალკეული ჯგუფებისადმი მხარდაჭერის სანაცვლოდ ამ უკანასკნელთაგან სრულ ლოიალურობას მოითხოვდა. სწორედ ამიტომ რადიკალური ნაციონალისტური და მარგინალიზებული პოლიტიკური დაჯგუფებების („ჯავახკი“ 1989 წლიდან, „ვირქი“ 1998 წლიდან) გავლენა მხოლოდ არაფორმალური იყო და მათ არასოდეს ჰქონიათ ადგილობრივი ბიუროკრატიის აშკარა მხარდაჭერა.
რადიკალური მოთხოვნები, დაწყებული საქართველოს შემადგენლობიდან გასვლით და სომხეთთან შეერთებით და დამთავრებული მოთხოვნით, რომ სამცხე-ჯავახეთი აჭარის ავტონომიისათვის მიეერთებინათ, სადაც აშკარად პრორუსული ორიენტაციის ლიდერი, ასლან აბაშიძე, ბატონობდა, სინამდვილეში მხოლოდ თბილისის სახელისუფლებო წრეების გაღიზიანებასა და დედაქალაქის მასმედიაში ანტისომხური განწყობების პროვოცირებას უწყობდა ხელს. ასეთ ფონზე სომხური ნაციონალისტური მოძრაობის მოთხოვნა, გაეზარდათ მხარის სტატუსი ავტონომიამდე (აჭარისა და სამხრეთ ოსეთის მსგავსად) ან გაეფართოებინათ ადგილობრივი თვითმმართველობების უფლებები, ქართული საზოგადოების მხრიდან სერიოზულ უარყოფით რეაქციას იწვევდა. თბილისისადმი შედარებით ლოიალური პარტიის „ზარის“ შექმნას 2001 წელს ასევე არ მოჰყოლია ცენტრის პოზიციების შეცვლა.
90-იანი წლების მეორე ნახევრიდან რეგიონში აღმოცენდნენ და თანდათან გაძლიერდნენ საზოგადოებრივი, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც სამოქალაქო ღირებულებების პოპულარიზაციასა და რეგიონის მოსახლეობის სამოქალაქო, პოლიტიკური და სოციალური უფლებების დაცვას ისახავენ მიზნად. დღევანდელ ეტაპზე ამ ორგანიზაციებს ჯერ კიდევ არ გააჩნიათ სერიოზული ზეგავლენა რეგიონის საზოგადოებრივ ცხოვრებაზე, თუმცა პერსპექტივაში მათ შეიძლება საკმაოდ სერიოზული მასტაბილიზებელი როლი შეასრულონ.
სამცხე-ჯავახეთისაგან განსხვავებით, ქვემო ქართლს, როგორც წესი, ცენტრის მხრიდან ნაკლები ყურადღება ექცეოდა. აზერბაიჯანული მოსახლეობა დისკრიმინაციულად მიიჩნევდა იმგვარ საკადრო პოლიტიკას, რომლის დროსაც ამ რეგიონში მნიშვნელოვანი თანამდებობები ძირითადად საქართველოს სხვა რეგიონებიდან ჩამოსულ ქართველი ეროვნების მოხელეებს ეკავათ. სახელმწიფო ამგვარ პოლიტიკას იმით ხსნიდა, რომ ადგილობრივ აზერბაიჯანელთა შორის არ იყვნენ ქართული ენის მცოდნე კვალიფიციური კადრები. სახელმწიფო ენის ცოდნის მხრივ რეგიონის არაქართულ მოსახლეობას ქვეყანაში ერთერთი უკანასკნელი ადგილი ეკავა.
ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებასაც, რომ რეგიონში მცხოვრები აზერბაიჯანელები, როგორც წესი ნაკლებ ყურადღებას აქცევენ სახელმწიფო (ინსტიტუციონალიზებულ) სტრუქტურებში მონაწილეობის საკითხს, ვინაიდან ამ უკანასკნელის როლს საზოგადოებრივ ცხოვრებაში არაფორმალური, პატრიმონიალური ურთიერთობები იკავებს.
საბჭოთა კავშირის არსებობის ბოლო წლებში (80-იანი წლების დასასრულს) ქვემო ქართლში აშკარად გამოიკვეთა ეთნიკური დაძაბულობის ნიშნები. ადგილობრივმა არაფორმალურმა მოძრაობებმა აზერბაიჯანელებით დასახლებულ ტერიტორიებზე ე.წ. ბორჩალოს ავტონომიის შექმნის ლოზუნგი წამოაყენეს. თუმცა ამ მოთხოვნამ, რომელიც ირედენტიზმის ნიშნებს ატარებდა (ის „ისტორიულ სამშობლოსთან“, აზერბაიჯანთან, მაქსიმალური დაახლოების პირობებს ქმნიდა) და აშკარად მითოლოგიზებულ, გამოკვეთილად ანტიქართულ ხასიათს ატარებდა, ვერ პოვა ფართო მხარდაჭერა აზერბაიჯანულ ანკლავში.
რეგიონში ნაციონალისტური მოძრაობის სისუსტეს რამდენიმე ფაქტორი განაპირობებდა:
ოფიციალური ბაქო, რომელიც 1988 წლიდან ყარაბახის კონფლიქტში აღმოჩნდა ჩათრეული, ახალი ავტონომიების შექმნის იდეას სამხრეთ კავკასიაში უარყოფითად ეკიდებოდა.
აზერბაიჯანს ასევე არ სურდა ურთიერთობის გაუარესება სტრატეგიულ მოკავშირესთან, საქართველოსთან. ერთიანი პროდასავლური (და ანტირუსული) ორიენტაცია და ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობა, რომლის წარმატებით ერთნაირადაა დაინტერესებული როგორც აზერბაიჯანი, ისე საქართველო, ასევე ამცირებს პოტენციური კონფლიქტის წარმოშობის საფრთხეს.
ქვემო ქართლი ეკონომიკურად თბილისისათვის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მთავარ მიმწოდებელს წარმოადგენს და ადგილობრივი აზერბაიჯანული მოსახლეობა არანაირად არ არის დაინტერესებული დედაქალაქთან ახალი ადმინისტრაციული ბარიერების შექმნით.
90-იანი წლების შუახანებში იქმნება და თანდათან ძლიერდება აზერბაიჯანული საზოგადოებრივი მოძრაობები („ბირლიქი“, „გეირათი“), რომლებმაც საქმიანობა აზერბაიჯანული მოსახლეობის კულტურული უფლებების დაცვით დაიწყეს, მაგრამ თანდათანობით პოლიტიკური მოთხოვნებით იწყებენ გამოსვლას (ტოპონიმების შეცვლა, მიწის განაწილება, აზერბაიჯანული უმცირესობებისათვის სახელმწიფო სამსახურში მიღების თანასწორი პირობების შექმნა და სხვ.).
90-იან წლებში, ედუარდ შევარდნაძის მმართველობის პერიოდში, ვითარება ეთნიკურ ანკლავებში შედარებითი სტაბილურობით ხასიათდებოდა. კლანური ურთიერთობები, პოლიტიკური გარიგებები და კორუფციის მაღალი დონე მეტ-ნაკლებად აბალანსებდა არსებულ წინააღმდეგობებს. 2003 წლის შემოდგომაზე თბილისში ხელისუფლების ცვლამ („ვარდების რევოლუცია“) ვითარება კვლავ დაძაბა. საქართველოს ახალი პრეზიდენტის მხრიდან ეთნიკური უმცირესობებისათვის უფლებების გარანტიების დეკლარირების მიუხედავად, სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები შიშობენ, რომ მიხეილ სააკაშვილი აღადგენს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას, ეთნოცენტრისტული ნაციონალიზმის კურსს.
აშკარაა, რომ მართვის ძველი მეთოდები მომავალში აღარ გაამართლებს და აუცილებელია ახალი, ერთიანი, ყოვლისმომცველი სახელმწიფო პოლიტიკის ჩამოყალიბება, რომელიც არსებული სისტემის რეფორმირების გზით გადაწყვეტს ეთნიკურ ანკლავებში წლობით დაგროვილ პრობლემებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მოსალოდნელია ეთნიკურ უმცირესობათა განწყობების რადიკალიზაცია, რომელიც ქვეყანაში წარმოქმნილი პირველივე კრიზისის დროს სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის ქართულ სახელმწიფოს, თუ გათვალისწინებული არ იქნა ამ პრობლემის გადაწყვეტის უმთავრესი პრინციპი - ყველა მოქალაქისათვის თანასწორი სასტარტო პირობების შექმნის აუცილებლობა.
ეთნიკური უმცირესობის შემთხვევაში ასეთი სასტარტო პირობების შექმნა ნიშნავს, რომ მას აქვს როგორც უფლება, ისე საშუალება, ჩამოაყალიბოს ისეთი ტიპის დამოუკიდებელი გაერთიანებები, რომლებიც უზრუნველყოფს მათი კულტურის (ამ სიტყვის უფართოესი გაგებით) დაცვასა და განვითარებას. სახელმწიფო ინსტიტუტები მჭიდროდ უნდა თანამშრომლობდნენ ასეთი ტიპის საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან.
მმართველობით და სამოქალაქო სტრუქტურებში ფართო მონაწილეობა როგორც მთელი საზოგადოების, ისე მოსახლეობის ცალკეული ჯგუფების (მათ შორის ეთნიკური უმცირესობების) ინტერესების დაცვის საუკეთესო გარანტიაა. პოლიტიკურ და სამოქალაქო პროცესებში მონაწილეობის ზრდა სახელმწიფო ინტერესებშიც შედის. ამ შემთხვევაში აზერბაიჯანული თუ სომხური ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული ტერიტორიების ყველაზე მტკივნეული პრობლემების გადაწყვეტა დამოკიდებული იქნება თვით ამ ტერიტორიებზე არსებული ადმინისტრაციული ერთეულების თვითმმართველობის არჩევით ორგანოებზე და არა ცენტრალურ ხელისუფლებაზე. ამის შედეგად ეს პრობლემები დაკარგავს ეთნოპოლიტიკურ შეფერილობას, ანუ აღარ აღიქმება, როგორც ცენტრალურ ხელისუფლებასა და კომპაქტურად დასახლებულ ეთნიკურ თემს შორის არსებული კონფლიქტი.
აღნიშნულ ქმედებებს შედეგად მოჰყვება, ერთი მხრივ, ადგილობრივ, ეთნიკური უმცირესობების ინტერესების წარმომადგენელ, ელიტასა და, მეორე მხრივ, სახელმწიფოსა და ზოგადად საზოგადოებას შორის თანამშრომლობის გაღრმავება და კრიზისული სიტუაციების წარმოქმნის ალბათობის მინიმიზაცია.
ამავე დროს, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა ინტერესების დაცვა წინააღმდეგობაში არ უნდა მოვიდეს სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესებთან და კანონის წინაშე თანასწორობის მოთხოვნებთან. თუ რომელიმე ეთნიკური ჯგუფის ინტერესთა დაცვა სხვა (მათ შორის უმრავლესობის) წარმომადგენელი თემების კანონიერი უფლებების ხარჯზე მოხდა, ეს მხოლოდ გააღრმავებს გაუცხოებას სხვადასხვა ეთნიკური თემის წარმომადგენელთა შორის.
სადისკუსიო კითხვები
1. გაიაზრეთ ეთნიკურობის აღმნიშვნელი გრაფის პრობლემა პირადობის მოწმობაში შემდეგი განმარტების ფონზე29: „ქართველობა, როგორც ბუნების ელემენტი, როგორც მოცემული ფაქტი, არის ეთნოსი. რაც შეეხება ერს, იგი შედეგია იმისა, თუ როგორ მუშაობს ეთნოსში რაღაც სხვა ძალები. ეს ძალა შეიძლება იყოს, მაგალითად, რელიგიური, ჩვენს შემთხვევაში - ქრისტიანობა. ის, რასაც ქართველის ეროვნული „თვისება“ ჰქვია, შედეგია ამ ძალების მიერ ეთნიკური მასალის დამუშავებისა. ეს ძალები გადაამუშავებენ ეთნოსს, როგორც ბუნებრივ მონაცემს, და ამის შემდეგ იბადება რაღაც, რასაც შემდეგ, პოსტფაქტუმ, მივაწერთ ერს, როგორც თვისებას. მაშასადამე, ერი და ეთნოსი ერთმანეთს არ ემთხვევა. ერი ყალიბდება იმის შედეგად, რომ ინდივიდების გარკვეული, ეთნიკურად მოცემული რიცხვი აღმოჩნდება ერთი ბედისწერის წინაშე, ე.ი. მათ აერთიანებთ საერთო ისტორიული განცდა, გამარჯვებისა და სიკვდილის ცნობიერება, საკუთარი თავის რეალიზაციის წესი, სიცოცხლის ერთ წერტილში შეკრება, კონცენტრაცია და ა.შ.“ როგორ უნდა გადაწყდეს ეს პრობლემა, თუ ირკვევა, რომ ეროვნება დაკავშირებულია სახელმწიფოებრიობასთან და მოქალაქეობასთან, ხოლო ეთნოცენტრიზმი უგულებელყოფს ამ უკანასკნელთ?
2. იზიარებთ თუ არა მოსაზრებას30, რომ „დეპორტირებული მესხები უკვე ოცი წელია იქცა უზუსტეს ლაკმუსად, რომელიც თავად ჩვენი, ქართველი ხალხის, შინაგან მდგომარეობას, მის რეალურ ცნობიერებას ავლენს“? რატომ?
3. არსებობს მოსაზრება31, რომ „ქართველს შეუძლია არ დაინახოს მესხის ტანჯვა და დაარქვას მას „თურქი მესხი“ იმიტომ, რომ ორმოცდაოთხში საკუთარი თავის პატივისცემის შესანარჩუნებლად იმით ახსნა საკუთარი გადარჩენა, თითქოს მეზობელი მესხი მართლა დამნაშავე იყო და ამიტომ გაესახლებინოთ. რაკი ასეა, მე შემიძლია რეალურად არ დავინახო, არ შევიგრძნო მათი ტანჯვა და წუხილი, არ შევამჩნიო, რომ ყოველი მათგანი დედაა, მამაა, უბრალოდ ადამიანია, უსახლკაროდაა დარჩენილი და ა.შ. ასე რომ, ის ფსიქიური მექანიზმები, რის გამოც ჩვენ, თუმცა თვითონ არ გაგვისახლებია მესხები 1944-ში, მივიღეთ მათი გასახლება, დღესაც არსებობს, როგორც მიზეზი მათი გასახლებისა. მესხების გასახლება დღეს ხდება. რა თქმა უნდა, ასეთი საქციელი არ ჰგავს ძლიერი და მომხიბლავი ქართველი რაინდის ტრადიციულ საქციელს“. ხომ არ მოქმედებს ანალოგიური ფსიქიკური მექანიზმები სხვა შემთხვევებშიც? დაასახელეთ მაგალითები და ახსენით პასუხი.
________________________
23 ეთნიკური ანკლავები - ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული ტერიტორიები სახელმწიფოს ამა თუ იმ ნაწილში.
24 პატრიციატი და პლებსი - შუა საუკუნეების ევროპული ქალაქის სოციალური ფენები (შდრ. ოსტატები და შეგირდები, ყარაჩოღელები და კინტოები).
25 სესეციონისტური - სეპარატისტული ხედვა, რომელიც ქვეყნის ტერიტორიის ნაწილის სხვა ქვეყანასთან (,,ისტორიულ სამშობლოსთან”) შეერთებას ისახავს მიზნად.
26 ეთნოცენტრიზმი - ნაციონალისტური ხედვა, როცა იდენტიფიცირება ხდება არა ქვეყნის მოქალაქეობის, არამედ ეთნიკური წარმოშობის მიხედვით (მაგ., რუსი გენერალი ბაგრატიონი ან სერგო ორჯონიკიძე მიიჩნევა ქართველად, ხოლო ის სომეხი, აზერბაიჯანელი ან სხვა ერის წარმომადგენელი, რომელიც საქართველოს თავისუფლებისათვის იბრძოდა, მაინც უცხოელად არის მონათლული).
27 სატიტულო ეთნოსი - ეთნოსი, რომლის სახელიც საფუძვლად უდევს ქვეყნის სახელწოდებას (ქართველები საქართველოში, რუსები რუსეთში, ფრანგები საფრანგეთში).
28 ირედენტიზმი - XIX საუკუნის ევროპაში გაჩენილი მოძღვრება, რომელიც მოუწოდებდა ,,ისტორიული ტერიტორიების” დაბრუნებისაკენ (ელზასისა და ლოტარინგიის თაობაზე დავა გერმანიასა და საფრანგეთს შორის, ტიროლის საკითხი იტალიურ-ავსტრიულ ურთიერთობებში და სხვ.). კავკასიაში ირედენტიზმის მაგალითებია: საქართველო ,,ნიკოფსიიდან დარუბანდამდე”, ,,დიდი სომხეთისა” და ,,ერთიანი თურანის” შექმნისაკენ მოწოდებები.
29 იხ. მერაბ მამარდაშვილი. საუბრები ფილოსოფიაზე. „მეცნიერება”, თბილისი, 1992.
30 ნაირა გელაშვილი. სივრცე პიროვნული აზრისა და ზნეობრივი გაბედულებისთვის. ,,24 საათი”, 3 ივლისი, 2007, № 146 (1590).
31 იხ. მერაბ მამარდაშვილი. საუბრები ფილოსოფიაზე. - „მეცნიერება”, თბილისი, 1992.
![]() |
6.5 §5.თანამედროვე საქართველო და სამოქალაქო ცნობიერება |
▲ზევით დაბრუნება |
ჩვენ ისეთ ეპოქაში ვცხოვრობთ, როცა დემოკრატია, სამოქალაქო საზოგადოება, ადამიანის უფლებები უკვე დიდი ხანია, გასცდა ღირებულებების კატეგორიას და ქვეყნისა და საზოგადოების წარმატებული განვითარების აუცილებელ პირობად გადაიქცა. ამას გვიდასტურებს დღევანდელი რეალობაც - გაგვიჭირდება, დავასახელოთ თუნდაც ერთი ჭეშმარიტად დემოკრატიული სახელმწიფო, რომელიც მდიდარი, ძლიერი და წარმატებული არ იყოს. სულ სხვა ვითარებაა განვითარებად და ჩამორჩენილ ქვეყნებში. საერთოდ, ეს ქვეყნები პირობითად შეგვიძლია ორ ჯგუფად დავყოთ: პირველ ჯგუფში შედის უბრალოდ არაცივილიზებული ან ნახევრად ცივილიზებული ქვეყნები, რომლებიც შორს არიან დემოკრატიული ფასეულობებისაგან. ეს არცაა გასაკვირი, რადგან მათ არ გაუვლიათ არც რეალური და არც ცნობიერი გზა ამ ფასეულობებისკენ. მათი ყოფაც მათივე ჩამორჩენილობის ადეკვატურია: მოსახლეობის უმრავლესობა წერა-კითხვის უცოდინარია, არ ჰყავთ სპეციალისტები, განუვითარებელია მეცნიერება, კულტურა და ა.შ. მეორე ჯგუფში კი შედის ე.წ. პოსტსაბჭოთა ქვეყნები, სადაც ყველაფერი გაცილებით „რთულადაა“. ამ ქვეყნებს, ერთი მხრივ, ცივილიზაციისათვის დამახასიათებელი თითქმის ყველა ნიშან-თვისება აქვთ: მოსახლეობა არა მხოლოდ წერა-კითხვის მცოდნეა, არამედ მისი მნიშვნელოვანი ნაწილი უმაღლესი განათლების მქონეა, შესაბამისად, სპეციალისტების სიმცირესაც არ უჩივიან, მეცნიერება და კულტურაც საკმაოდ მაღალ დონეზეა, მაგრამ ისინი მაინც საგრძნობლად ჩამორჩებიან თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოებს განვითარების ტემპით. მათი ჩამორჩენილობის მიზეზი ის არის, რომ ამ ქვეყნებს არ გააჩნიათ წარმატების მთავარი იარაღი - დემოკრატიული აზროვნება და სამოქალაქო ცნობიერება. ერთი სიტყვით, პოსტსაბჭოთა ქვეყნების ძირითადი პრობლემა მენტალობაშია.
მაინც რით აიხსნება პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების საზოგადოებრივი ცნობიერების ჩამორჩენილობა დასავლურთან შედარებით? შევეცადოთ, ამ კითხვაზე პასუხი საქართველოს მაგალითზე გავცეთ.
ჩვეულებრივ, სამოქალაქო ცნობიერების უქონლობას დემოკრატიული და სამოქალაქო ცხოვრების ისტორიული ტრადიციის არქონით ხსნიან. ეს ნაწილობრივ მართალია: ჩვენ, მაგალითად, არც სახელმწიფოებრიობა გვქონია ტრადიციულად დემოკრატიულ საფუძვლებზე აგებული და არც ქალაქური ტიპის ცხოვრების ისტორიული გამოცდილებთ გამოვირჩევით. მეორე მხრივ, სამოქალაქო ცნობიერება თავისთავად გაცილებით მეტს იტევს, ვიდრე თუნდაც მრავალსაუკუნოვანი ქალაქური ცხოვრების გამოცდილებით შექმნილი ცნობიერება, თანაც უკანასკნელი ერთი საუკუნის განმავლობაში საქართველოში საკმაოდ განვითარდა ქალაქები და ქალაქური ტიპის ცხოვრებაც, მაგრამ სამოქალაქო საზოგადოების და სამოქალაქო ცნობიერების ნიშნებიც კი არ ჩანს. ვფიქრობთ, რომ მიზეზები უფრო სიღრმისეულია და ჩვენი ცნობიერების თავისებურებებში უნდა ვეძებოთ.
ჩვენი დღევანდელი საზოგადოებრივი ცნობიერების ჩამოყალიბების პროცესი პირობითად შეიძლება რამდენიმე პერიოდად დაიყოს: პირველი - საქართველოს სახელმწიფოებრიობის დაშლიდან რუსეთთან შეერთებამდე, მეორე - რუსეთთან შეერთებიდან საქართველოს გასაბჭოებამდე და მესამე - გასაბჭოების შემდეგ. მიუხედავად ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყნის საზოგადოებრივი ცნობიერების მსგავსებისა, თითოეული მათგანი (მათ შორის - საქართველოც) დღემდე ინარჩუნებს თავის „ნაციონალურ განუმეორებლობას“ და პოსტსაბჭოთა ქართველის ცნობიერება მაინც „განსხვავდება“, ვთქვათ, პოსტსაბჭოთა მოლდაველის ცნობიერებისაგან.
ამჯერად შევეხებით მხოლოდ საქართველოში კომუნისტური რეჟიმის არსებობის პერიოდს.
დღემდე არ არის ფართო საზოგადოების თვალში ზუსტად შეფასებული კომუნისტური იდეოლოგიის საბედისწერო მნიშვნელობა იმ ქვეყნებისა და ერებისათვის, რომლებსაც ამ იდეოლოგიის გავლენის ქვეშ მოუწიათ არსებობა. ხშირად ისიც კი გვსმენია, რომ კომუნისტურ იდეოლოგიასაც ჰქონდა თავისი დადებითი მხარეები. ამგვარი შეფასების მომხრეები, სამწუხაროდ, ვერ ითვალისწინებენ, რომ ამ იდეოლოგიამ სინამდვილეში უარყო არა ცივილიზაციის ზოგიერთი, მათი აზრით, მანკიერი მხარე, არამედ ის უძირითადესი პრინციპები, რომლებზედაც საერთოდ დამყარებულია ცივილიზაცია. ეს არის რელიგია და საკუთრება. სწორედ რელიგია და საკუთრება მიიჩნია კომუნისტურმა იდეოლოგიამ კაცობრიობის უბედურების მიზეზად და დაუნდობელი ბრძოლა გამოუცხადა მათ. საქმე მარტო ის კი არ არის, რომ რელიგია და კერძო საკუთრება თითოეული ადამიანის პირად, განუსხვისებელ უფლებებს მიეკუთვნება და არავის აქვს უფლება, წაართვას მას ეს უფლებები (თავისთავად ესეც კი საკმარისია, რომ დავინახოთ კომუნისტური იდეოლოგიის მთელი აბსურდულობა). საქმე ის არის, რომ თუნდაც ცალკე აღებული რელიგიის ან კერძო საკუთრების გარეშეც კი შეუძლებელია საზოგადოების არსებობა. ასეთი საზოგადოება დანგრევისთვისაა განწირული. კერძოდ, ურელიგიო საზოგადოებას შეუძლებელია ჰქონდეს დაურღვეველი ზნეობრივი პრინციპები, რადგან ისინი თავისთავად რელიგიის წიაღში და აბსოლუტთან მიმართებაში იქმნება. ცხადია, ასეთ შემთხვევაში იწყებს მოქმედებას დოსტოევსკისეული პრინციპი: „თუ არ არის ღმერთი, მაშინ ყველაფერი დასაშვებია“ და საზოგადოებაც დაშლას იწყებს. მეორე მხრივ, რელიგიის გარეშე წარმოუდგენელია ადამიანის სულიერი ცხოვრება და საერთოდ მისი არსებობისათვის საჭირო სულიერი საყრდენები. თუ ამ საყრდენებს მოვუშლით, თუ ამ სულიერ ცხოვრებას გამოვაცლით, ადამიანიც დაინგრევა. სწორედ ამიტომაა, რომ არც ერთ ეპოქაში, საზოგადოებრივი ურთიერთობათა არც ერთი ფორმის დროს, თუნდაც მოკლე ხნის განმავლობაში კაცობრიობას რელიგიის გარეშე არ უარსებია.
თუ რელიგია საზოგადოების/ადამიანის სულიერი და ზნეობრივი ყოფისა და თანაცხოვრების ძირითადი საფუძველია, საკუთრება მისი, სულ ცოტა, რეალური ყოფის საფუძველს წარმოადგენს. ამითაც აიხსნება, რომ დღეს რეალურად უკეთეს მდგომარეობაში სწორედ ის ქვეყნებია, სადაც ეს უფლება ყველაზე უფრო სრულადაა დაცული.
ამგვარად, რელიგიისა და საკუთრების უარყოფა ანტიისტორიული, ანტიკაცობრიული მოვლენაა. ხატოვანად შეიძლება ითქვას, რომ, თუ ადამიანს და საზოგადოებას მაღლა ღმერთს წაართმევ და დაბლა - საკუთრებას, არც ადამიანისაგან და არც საზოგადოებისაგან აღარაფერი დარჩება, რადგან ადამიანიცა და საზოგადოებაც ან სულიერში რეალიზდება, ან მატერიალურში. ცხადია, როცა ადამიანს რაღაც დროის განმავლობაში აიძულებ, ასეთ პირობებში იარსებოს (უღმერთოდ და უსაკუთრებოდ), მიიღებ სრულიად განსხვავებული, არა ცუდი ან კარგი, არამედ მახინჯი ცნობიერების მქონე ადამიანს, რომელსაც შეგვიძლია ვუწოდოთ ანტიადამიანი ან „ჰომო სოვეტიკუსი“, როგორც ცნობილმა ფილოსოფოსმა მერაბ მამარდაშვილმა ასე ზუსტად შენიშნა. ხოლო თუ საზოგადოებას აიძულებ, იცხოვროს ასეთ პირობებში, მიიღებ სრულიად განსხვავებული, არა კარგი ან ცუდი, არამედ მახინჯი ცნობიერების მქონე საზოგადოებას, რომელსაც იმავე მამარდაშვილმა ანტისაზოგადოება უწოდა. შესაბამისად, რომელმა ქვეყანამაც უფრო მეტ ხანს დაჰყო ასეთ რეჟიმში, მისი საზოგადოებრივი ცნობიერებაც უფრო დამახინჯდა. ამითაც აიხსნება ის, რომ ბალტიისპირეთი და აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთი ქვეყანა, რომელმაც, ერთი მხრივ, უფრო მოკლე პერიოდი გაატარა კომუნისტური იდეოლოგიის ქვეშ და მეორე მხრივ, ნორმალური ცხოვრების ხანგრძლივი წინაისტორია ჰქონდა, კომუნისტური სისტემის ნგრევის შემდეგ შედარებით იოლად დაუბრუნდა ისტორიული განვითარების ჩვეულ გზას. ხოლო დანარჩენი პოსტსაბჭოთა სახელმწიფოები ჯერჯერობით ვერ ახერხებენ საბჭოური დამახინჯებული მენტალიტეტის დაძლევას და მათი რეალური განვითარებაც ძალზე ნელი ტემპით მიმდინარეობს.
თუ გვსურს, შევაფასოთ ყველაფერი ის, რაც საქართველოში საბჭოთა და პოსტსაბჭოთა პერიოდის განმავლობაში ხდებოდა, ეს მოვლენები უნდა განვიხილოთ მხოლოდ, როგორც მახინჯი ცნობიერებით განპირობებული. წინააღმდეგ შემთხვევაში ყოვლად აუხსნელი და გაუგებარი რჩება როგორც საქართველოში მიმდინარე პროცესები, ისე ის წარმოუდგენელი საშინელებები, რომლებიც კომუნისტურმა სისტემამ თავს დაატეხა არა მარტო საკუთარ ხალხს, არამედ მთელ მსოფლიოსაც. ამ სისტემამ მსოფლიოს შეუქმნა არა მარტო პირდაპირი, არამედ არაპირდაპირი საშიშროებებიც, მაგალითად, გერმანიის ხელისუფლებაში ნაცისტური პარტიის მოსვლა და ამ ცივილიზებული სახელმწიფოს მკვეთრი გადახვევა ნორმალური განვითარების გზიდან, სხვა მიზეზებთან ერთად, კომუნისტურმა საშიშროებამაც განაპირობა. ამ ტიპის, მაგრამ უფრო მცირე მასშტაბის უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება. საბჭოთა იმპერიის ზეობის ხანაში კი (40-50-იან წლებში) იყო პერიოდი, როდესაც ამ სისტემისაგან რეალური საშიშროება მთელ ცივილიზაციასაც დაემუქრა.
კონკრეტულად მაინც რაში გამოიხატება პათოლოგიური საბჭოური მენტალიტეტი? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად მერაბ მამარდაშვილს მოვუსმინოთ: „ჩვენ ვიცხოვრეთ გარკვეული სისტემის პირობებში, რომელიც აბსოლუტურად უნიკალურია, არა ჰგავს არც ერთ ტრადიციულ დესპოტურ სტრუქტურას. ეს განსაკუთრებით ვლინდება აზროვნებისა და ცნობიერების სფეროში. ამგვარი სტრუქტურა კაცობრიობას 1917 წლამდე არ წარმოედგინა და, ალბათ, ვერც წარმოიდგენდა. ახლაც, როცა ეს ყველაფერი უკვე მოხდა და მას შემდეგ 70-ზე მეტმა წელმაც განვლო, ადამიანი მაინც ვერ იგებს ამ წყობის თავისებურებებს, მათი წარმოდგენა არ შეუძლია. სიტყვა „წარმოდგენას“ ვხმარობ ისე, როგორც მეცნიერებაშია მიღებული: ჩვენ წარმოვიდგენთ მაშინ, როცა შეგვიძლია რაღაც გავიგოთ, როგორც ჩვენი საკუთარი აზროვნების შესაძლებლობა. ნორმალური ევროპელი ადამიანისათვის წარმოუდგენელია ადამიანის სულის შესაძლებლობა იყოს ისეთი, როგორიც ჩვენ ვართ. იგი წარმოუდგენელი იყო წინათ, სანამ მოხდებოდა, და წარმოუდგენელი რჩება ახლაც, როცა უკვე მოხდა. ვერავინ სწვდება ამ გამოცდილების აზრს, ალბათ იმიტომ, რომ ის საერთოდ ადამიანობის მიღმაა. როგორც ერთმა პოლონელმა პოეტმა თქვა, ეს არის მწარე და უაზრო, ან გამოუყენებელი გამოცდილება. ეს არის გამოცდილება, რისგანაც რაიმეს სწავლა შეუძლებელია...
ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ასეთი სისტემა, ასეთი დესპოტიზმი უბრალოდ აზროვნების აკრძალვა ან ცნობიერების შეზღუდვა არ გახლავთ. ჩვენ ვგულისხმობთ, გვგონია, რომ ჩვენს შიგნით, ჩვენს ცნობიერებაში შეგვიძლია რაღაც ვიფიქროთ, რაღაც მოვიგონოთ, რაღაც გავიგოთ. ოღონდ ამის გამოთქმა გვაქვს აკრძალული და აზრი ჩვენი ამითაა დათრგუნული. ეს იქნებოდა კლასიკური დესპოტიზმი, რომელიც გამოიხატება ცენზორის სახით. აკრძალულია აზროვნების ნაყოფი და მისი ცირკულაცია - ადამიანებს შორის მისი გაცვლა-გამოცვლა. მაგრამ თუ დავაკვირდებით ტოტალიტარულ ფენომენს, დავინახავთ, რომ აქ სხვანაირად ხდება - აქ აზროვნებისა და ცნობიერების გარყვნა და დანგრევა შიგნიდან მიდის; ეს რაღაცნაირი სითხეა, რომელიც თავის ქალაში აღწევს და ანგრევს აზროვნების, განსაკუთრებით, სოციალური, ანუ მოქალაქეობრივი, აზროვნების შინაგან წყაროებს.
ამიტომ ყოველივე, რაც ჩვენ ახლა გვემართება, ის პროექტები, ლოზუნგები და დასკვნები, რომლებიც თავში გვიტრიალებს, ამ პერსპექტივაში უნდა განვიხილოთ; უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენში ჯერ კიდევ მუშაობს აზროვნების დამანგრეველი ველი, რომელშიც თვით აზროვნების შესაძლებლობაა გარყვნილი, დანგრეული. ჩვენ იდეოლოგიურ სახელმწიფოში ვცხოვრობთ. იდეოლოგიამ, თავისი შინაგანი კანონის თანახმად, უნდა მიაღწიოს ისეთ წერტილს, სადაც მისი ეფექტი გაიზომება არა იმით, თუ რას დააჯერებს იგი ადამიანს, არამედ იმით, თუ რას არ აფიქრებინებს მას. ჩვენ ხანდახან ვამბობთ, რომ საბჭოთა ან მარქსისტული იდეოლოგია ეფექტური აღარ არის, რადგან მისი არავის სჯერა. ეს სისულელეა. ეს არის არგაგება თვით იდეოლოგიის ფენომენისა. ვიმეორებ, იდეოლოგიის ფენომენი თავისთავად იმგვარადაა აგებული, რომ მისი ეფექტი დამოკიდებულია არა იმაზე, თუ რამდენად იზიარებ შენ ამ იდეოლოგიას, რამდენად გჯერა მისი, არამედ იმაზე, რამდენადაა დანგრეული სხვაგვარი აზრის შინაგანი შესაძლებლობა“.
უნდა დავეთანხმოთ მერაბ მამარდაშვილს იმ საკითხში, რომ კომუნისტურმარქსისტულმა იდეოლოგიამ ბევრად უფრო ადრე ამოწურა თავისი თავი, ვიდრე თავად კომუნისტურმა რეჟიმმა, რომელმაც ამის შემდეგაც საკმაო ხნის განმავლობაში გააგრძელა არსებობა. ამის მიზეზი ნაწილობრივ კარგად ახსნა ცნობილმა გერმანელმა სოციოლოგმა მაქს ვებერმა. მან საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე კარგა ხნით ადრე გამოთქვა მოსაზრება, რომელშიც უარყოფდა სოციალისტური (კომუნისტური) საზოგადოების გამარჯვების შესაძლებლობას და მიაჩნდა, რომ მას მალევე ჩაანაცვლებდა ბიუროკრატია. ვებერის აზრით, ასეთ სახელმწიფოში მალე დამყარდებოდა არა მუშათა დიქტატურა, არამედ ჩინოვნიკური დიქტატურა. მისი წინასწარმეტყველური სიტყვები 100%-ით გამართლდა. ცხადია, ჩინოვნიკური აპარატი, რომელსაც არ სწამდა კომუნისტური იდეოლოგიისა, მას თავისი პრივილეგიების შესანარჩუნებლად იყენებდა და თანაც დიდი წარმატებით. მასები კი უნდა მორგებოდნენ პარტოკრატიული რეჟიმის მიერ დაწესებულ ცხოვრების წესს და რადგან აღარ არსებობდა ნორმალური საზოგადოებრივი ცნობიერების შენარჩუნების ისეთი მექანიზმები, როგორიცაა რელიგია და თავისუფალი აზრი, ფართო გასაქანი მიეცა ადამიანის ბუნების ბნელ, მანკიერ მხარეებს, რომელთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანი და ცნობიერების გამხრწნელი იყო სიყალბე. სიყალბე ერთდროულად იყო ტოტალიტარული რეჟიმისაგან დამცავი საშუალებაც და ამ რეჟიმის წიაღში დიდი თუ პატარა კეთილდღეობის მოპოვებისა და შენარჩუნების გზაც. ასეთ საზოგადოებაში საბოლოოდ მოისპო სხვანაირად აზროვნების ყველანაირი შესაძლებლობა და სურვილი. შედეგად მივიღეთ ნორმალური საზოგადოებისათვის სრულიად უცხო, გაუგებარი და აბსურდული სიტუაცია, რომელიც დღემდე გრძელდება და რომლის დასახასიათებლადაც საკმარისია, მოვახდინოთ თავისებური პერიფრაზირება სოკრატეს ცნობილი გამონათქვამისა: „მე ვიცი ის, რომ არაფერი არ ვიცი“ — როდესაც რომელიმე პარტიული ჩინოვნიკი (ნებისმიერი რანგის) საჯაროდ გამოდიოდა სიტყვით, მან კარგად იცოდა, რომ ცრუობდა; მსმენელმაც კარგად იცოდა, რომ იგი ცრუობდა; მომხსენებელმაც იცოდა, რომ მსმენელმაც იცოდა, რომ იგი ცრუობდა; მსმენელმაც იცოდა, რომ მომხსენებელმა იცოდა, რომ მსმენელმა იცოდა, რომ იგი ცრუობდა და ა.შ. უსასრულოდ. აი ასე, საღი აზროვნებისათვის კომიკურ, ერთგვარად სიურრეალისტურ რეალობაში ჩვენ ათწლეულების განმავლობაში მშვენივრად ვახერხებდით ცხოვრებას, რადგან „კარგად“ ვიყავით ადაპტირებულნი და შეიძლება ითქვას, გარკვეული გაგებით გვაწყობდა კიდეც ასეთი ყოფა. ეს იყო სიტუაცია, როცა ხელი ხელს ბანდა, უფრო სწორად, ხელები ხელებს ბანდნენ, და, თუმცა, ზოგი ხელი უფრო დიდი იყო, ზოგი - პატარა, ზოგი - სწრაფი, ზოგი - ნელი, ყველა ერთად - მახინჯი და ბინძური.
ცხადია, ასეთ საზოგადოებაში, წარმოუდგენელია, არსებობდეს ყველაფერი ის, რასაც შეიძლება, საერთოდ, ღირებულება ვუწოდოთ. დღევანდელი ქართული საზოგადოება (როგორც საბჭოური მენტალიტეტის მემკვიდრე) მთლიანად დაცლილია ყველანაირი ღირებულებებისაგან და სრული უნდობლობით ეკიდება სხვის ღირებულებებსაც. ქართული ცნობიერებისათვის დემოკრატია, სამოქალაქო საზოგადოება, ადამიანის უფლებები და ა.შ. უბრალოდ ცარიელი სიტყვები კი არ არის, არამედ „ვიღაცეების“ მიერ მოგონილი და თავისი ინტერესების შესანიღბად გამოყენებული მექანიზმებია. აი, რას ამბობს ამის შესახებ მერაბ მამარდაშვილი: „მოქალაქეობის გრძნობა აბსოლუტურად უცხოა საბჭოთა ადამიანისათვის. ის კი არ არის საქმე, ჭკვიანია იგი თუ სულელი: უბრალოდ, მისთვის პრინიციპულად უცხოა მოქალაქეობა, როგორც შესაძლებელი გრძნობა. როდესაც ადამინისთვის ასეთი გრძნობა შესაძლებელია, როცა მას შესწევს ძალ-ღონე ამ შესაძლებლობების განხორციელებისა, მაშინ ის მისთვის აუცილებელია იმ გაგებით, რომ უიმისოდ ადამიანს თავი ვერც წარმოუდგენია: თუ ეს არ არის, მეც არა ვარ. საბჭოთა ადამიანს კი მშვენივრად წარმოუდგენია არამოქალაქეობა, რადგან მოქალაქეობა მისთვის ისევე უცხო გრძნობაა, როგორც ჩემთვის უცხოა, ვთქვათ, მარსელების გრძნობები, ან ბაყაყის შინაგანი სამყარო...“
ხშირად მოისმენთ ისეთ მოსაზრებას, რომ არ ღირს ჩვენი რეალობის დრამატიზება და ხელოვნურად გამუქება, რომ სხვა ხალხებიც აღმოჩენილან ისტორიის რაღაც მონაკვეთში არანაკლებ მძიმე სიტუაციაში, მაგრამ დროთა განმავლობაში მოუხერხებიათ კრიზისის დაძლევა და დაბრუნებიან ნორმალური განვითარების გზას, თითქოს ასეთი დრამატიზება დამარცხებულის კომპლექსს ქმნის და გამოუვალობის გრძნობას ბადებს. ჯერ ერთი, უნდა ითქვას, რომ არანაირი ამგვარი კომპლექსი და გრძნობა ჩვენში რატომღაც არ შეინიშნება, უფრო პირიქით - დღემდე ნარცისიზმის ტყვეობაში ვიმყოფებით, და ვერც მწარე ისტორიული გაკვეთილები გვძენს გამოცდილებას (ამას ადასტურებს ჩვენი „თავისუფალი“ ცხოვრების უკანასკნელი 16-წლიანი ისტორიაც). უფრო მეტიც, ჩვენი ცნობიერების დეგრადირების ახალი, საბჭოური წარმოშობის თვისება საერთოდაც მოვლენებზე ცნობიერი რეაქციის უქონლობაა. მეორეც, ხშირად ასეთი პარალელები სხვა ქვეყნების რეალობებთან მხოლოდ გარეგნულია. ჩვენი მოსაზრების ერთი შეხედვით საწინააღმდეგოდ, სინამდვილეში კი დასადასტურებლად მოვიყვანთ ცნობილი ესპანელი მოაზროვნის გასეტის ციტატას წიგნიდან „მასათა ამბოხი“.
„ერთი ყველაზე წარუშლელი შთაბეჭდილება, რაც ესპანეთში მოგზაურობისას რჩება უცხოელს, ის გახლავთ, რომ თუ ქუჩაში შეაჩერებს ვინმე და სთხოვს, ესა თუ ის სახლი, ან ესა და ეს მოედანი მიმასწავლეთო, ესპანელი აუცილებლად გადაუხვევს თავისი გზიდან, განსაცვიფრებელი დიდსულოვნების წყალობით მაშინვე შესთავაზებს სამსახურს და იმ ადგილამდე მიაცილებს მთხოვნელს, რომელსაც იგი ეძებდა. ჩემდათავად, მეც ვაღიარებ, რომ ამნაირ საქციელში შეიძლება მართლაც ვლინდება ღირსეული კელტ-იბერის დიდსულოვნება, და, მართალი გითხრათ, ძალიანაც მსიამოვნებს, როცა უცხოელები სწორედ ასე განმარტავენ მის ქცევას. მაგრამ ყოველთვის, როცა ამნაირი შემთხვევების ამბავს ვისმენ ან ვკითხულობ, ვერასდიდებით ვერ ვიხშობ გულში, ცოტა არ იყოს, იჭვნეულ გრძნობას: კი მაგრამ, მართლა თავის საქმეზე მიეშურებოდა თუ არა ჩემი ძვირფასი თანამემამულე? ადვილი შესაძლებელია, რომ ის არსადაც არ მიდიოდა, რადგანაც ესპანელის წინაშე საერთოდ არ დგას არავითარი მიზანი, არავითარი ამოცანა, რომელიც უნდა გადაწყვიტოს. ის მხოლოდ თავისთვის მისეირნობს ცხოვრების გზაზე, და იმედი აქვს, რომ სხვები მაინც შეავსებენ მისი უმიზნო არსებობის სიცარიელეს. მენდეთ, ჩემი თანამემამულეების უმრავლესობა ხშირად იმ მიზნით გამოდის ქუჩაში, რომ იქნებ უცხოელს გადაეყაროს და ამა თუ იმ ადგილამდე მიაცილოს იგი“.
ეს წერილი, რომელიც დაახლოებით ოთხმოცი წლის წინ არის დაწერილი, ორგვარ შთაბეჭდილებას ახდენს მკითხველზე: ერთი მხრივ, აშკარად გვეცნობა სიტუაცია და ამ სიტუაციაში - საკუთარი თავი, ე.ი. გარკვეულწილად გვეხმარება, კრიტიკულად დავინახოთ ჩვენი რეალობა, მაგრამ მეორე მხრივ, გვაძლევს ერთგვარ იმედსაც - თუკი ესპანელის ცნობიერება თუნდაც ოთხმოცი წლის წინ ასეთი იყო და მან შეძლო თავის ცნობიერებაში გარდატეხის შეტანა - ააშენა ნორმალური საზოგადოება და ნორმალური ქვეყანა, მაშინ არც ჩვენი მდგომარეობა ყოფილა ასეთი ტრაგიკული, ჩვენც შევძლებთ, დავძლიოთ მანკიერი ცნობიერება, ჩვენც შევძლებთ, დროთა განმავლობაში (თუნდაც ოთხმოცი წლის შემდეგ) ავაშენოთ ნორმალური საზოგადოება და ნორმალური ქვეყანა. ეს ერთი შეხედვით ლოგიკური დასკვნა ძალიან სახიფათო და მომატყუებელი შეიძლება აღმოჩნდეს, რადგან გვიდუნებს კრიტიკულ აღქმას და სიფხიზლეს, გვიქმნის ილუზიას, რომ დრო თავისთავად, ჩვენი განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშეც შეძლებს, კორექტივები შეიტანოს ჩვენს ცნობიერებაში და მოგვაგვარებინოს დღეს არსებული მტკივნეული პრობლემები. ამ დროს არც კი ვინტერესდებით, თუ როგორ, რა უზარმაზარი ძალისხმევის ფასად მოახერხა ესპანელმა ხალხმა, მოეხდინა ეს გარდატეხა საკუთარ ცნობიერებაში. მაგრამ ყველაზე უფრო საშიში ამ დასკვნაში ის არის, რომ მსგავსება მხოლოდ გარეგნულია და არსობრივად სულ სხვა მოვლენასთან გვაქვს საქმე. თუ ესპანელი, უბრალოდ, თავის უმიზნო ცხოვრებას ასეთივე უმიზნო საქციელით ავსებდა და მისი საქციელის უკან უმიზნობისა და უაზრობის მეტი არც არაფერი იყო, „ვერასდიდებით ვერ ვიხშობთ გულში ცოტა არ იყოს იჭვნეულ გრძნობას, რომ ჩვენი ძვირფასი თანამემამულე“ ისევე უბრალოდ ავსებდეს თავის უმიზნო ცხოვრებას უსაქმურობით, ფუქსავატობით, გადაჭარბებული დროსტარებით და ქეიფით, ქუჩის რომანტიკით, ნარკომანობით და ასე განსაჯეთ, ზოგჯერ წიგნის კითხვითაც კი. სამწუხაროდ, „ჩვენმა ძვირფასმა თანამემამულემ“ დიდი ხანია უკან ჩამოიტოვა გულუბრყვილო ესპანელი „თანაპლანეტელი“ და ეს უაზრობა ცხოვრების წესად, ღირსებად გადააქცია, ქართული ცნობიერების განმსაზღვრელი ნაწილი გახადა. ყველაფერი ის, რაც ესპანელისათვის მხოლოდ უაზრობა იყო, ქართველმა „ღირებულების“ რანგში აიყვანა. სწორედ ეს გახლავთ მამარდაშვილისეული ანტისაზოგადოებისათვის დამახასიათებელი მოვლენა, როდესაც ღირებულებებს ჩაანაცვლებს ანტიღირებულებები. ეს კი ცნობიერების სულ სხვა მდგომარეობაა, ბევრად უფრო მახინჯი და მის დაძლევასაც სულ სხვა ძალისხმევა და დრო სჭირდება.
იმის დასადასტურებლად, რომ სხვა ქვეყნებიც ყოფილან ანალოგიურ მდგომარეობაში, სხვა მაგალითებიც ბევრი მოჰყავთ. მაგრამ თუ არ დავიზარებთ და ცოტა უფრო ღრმად ჩავუფიქრდებით მოყვანილ მაგალითებს, თითქმის ყოველთვის აღმოვაჩენთ, რომ ან მასშტაბით, ან განმაპირობებელი მიზეზებით ეს მაგალითები სრულიად არა ჰგავს ქართულს. რაც უნდა მტკივნეული იყოს, უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენი მდგომარეობა უფრო მძიმეა და სამწუხაროდ, არ ჰგავს სხვა ქვეყნებისას, თუნდაც ეს გარეგნულად ასე ჩანდეს, და არც მათი გამოცდილება შეიძლება აღმოჩნდეს ჩვენთვის პანაცეა.
ქართული საზოგადოებისათვის დამახასიათებელი დამახინჯებული ცნობიერების (ანტიცნობიერების) ყველაზე უფრო მძიმე და ძნელად დასაძლევი თვისება შეგუების სრულიად უნიკალური, კაცობრიობისათვის აქამდე უცნობი ფორმაა. ჩვენი „ადაპტაციური“ ცნობიერება იქამდე დაეცა, რომ მის წიაღში წარმატებით ახერხებენ თანაარსებობას ერთი შეხედვით დიამეტრულად საპირისპირო, ურთიერთგამომრიცხავი მოვლენები, მაგალითად, ლუარსაბ თათქარიძეები შესანიშნავ ურთიერთობაში არიან ილია ჭავჭავაძესთან, კვაჭი კვაჭანტირაძეები და ჯაყო ჯივაშვილები - მიხეილ ჯავახიშვილთან, ყვარყვარეები - პოლიკარპე კაკაბაძესთან.
ჩვენი ცხოვრება საერთოდ სავსეა ანტისაზოგადოებისათვის დამახასიათებელი პარადოქსებით. ამის სადემონსტრაციოდ შეგვიძლია, ორი მაგალითი მოვიყვანოთ. როდესაც „ყვარყვარე თუთაბერი“ პირველად დაიდგა სცენაზე, სპექტაკლს საქართველოს მთელი მაშინდელი პარტიული ელიტა ესწრებოდა ლავრენტი ბერიას მეთაურობით. სპექტაკლს არც მათი ხმამაღალი აღშფოთება გამოუწვევია და არც მდუმარე პროტესტი. პირიქით, საყოველთაო აღფრთოვანების ფონზე პარტიული ბოსები სიცილ-ხარხარით იშვერდნენ თითებს ერთმანეთისაკენ და ამით მიანიშნებდნენ, თუ როგორ ეცნოთ თანაპარტიელში ესა თუ ის კომიკური პერსონაჟი.
70-80-იან წლებში რუსთაველის თეატრის სცენაზე არნახული წარმატებით იდგმებოდა ბრეხტის „კავკასიური ცარცის წრე“ და შექსპირის „რიჩარდ მესამე“. ამ სპექტაკლების რობერტ სტურუასეული ვარიანტი ძალიან მწვავე იყო და თავისი პოლიტიკური სარჩულით და მკვეთრი სამოქალაქო პოზიციით პირდაპირ თავს ესხმოდა არა მარტო ჩვენს პარტიულ ელიტას, არამედ მთელ ქართულ საზოგადოებას, მათი მახინჯი ცხოვრების წესს. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ეს სპექტაკლები მილიონობით მაყურებელმა იხილა. სპექტაკლებზე ბილეთის შოვნა თითქმის შეუძლებელი იყო და მათ ყოველთვის ესწრებოდა უმაღლესი პარტიული ბიუროკრატია და ჩვენი საზოგადოების ნაღები, ე.ი. პრაქტიკულად ყველა ის, ვის წინააღმდეგაც იყო მიმართული სპექტაკლები. სპექტაკლების შემდეგ, როგორც წესი, მქუხარე ოვაციები იმართებოდა, თვალცრემლიანი და აღფრთოვანებული მაყურებელი დიდხანს არ უშვებდა სცენიდან მსახიობებსა და დამდგმელ რეჟისორს, თუმცა შინ დაბრუნებულები მშვიდი სინდისით აგრძელებდნენ „ჩვეულ“ ცხოვრებას.
ცხადია, ასეთ საზოგადოებას და ასეთ მენტალობას ტრადიციული კრიტერიუმებით - ცუდი, კარგი, საშუალო - ვერ შეაფასებ. იმის სადემონსტრაციოდ, თუ რას ნიშნავს ნორმალური (არა კარგი ან ცუდი) საზოგადოება, შეგვიძლია ისევ მოვიყვანოთ ორი მაგალითი, ახლა უკვე არა ქართული რეალობიდან: როგორც კი დიკენსის „ოლივერ ტვისტმა“ მზის სინათლე იხილა, მან ისეთი საზოგადებრივი რეზონანსი გამოიწვია მთელ ინგლისში, რომ ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ შეცვალა აღზრდა-განათლების არსებული სისტემა. ამ შემთხვევაში გამართულად იმუშავა ყველა რგოლმა: ერთი მხრივ, მწერალმა მოახერხა, დაენახვებინა საზოგადოებისათვის პრობლემა, მეორე მხრივ, საზოგადოებამ შეიცვალა აზრი და დამოკიდებულება, ხოლო მესამე მხრივ, ხელისუფლებამ მოახდინა ადეკვატური რეაქცია შეცვლილ საზოგადოებრივ აზრზე.
მეორე მაგალითი XX საუკუნის ამერიკის ცხოვრებიდან არის. 60-იან წლებში, ყველასთვის უცნობმა ახალგაზრდა მწერალმა კენ კიზიმ თავისი რომანით „ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“ ხანგრძლივ შოკში ჩააგდო ამერიკული საზოგადოებაც და სახელისუფლებო წრეებიც. რომანიდან მიღებული შთაბეჭდილებების შედეგად აშშ-ს ფსიქიატრიული საავადმყოფოები და საერთოდ კვლევები მედიცინის ამ დარგში საზოგადოებისა და მთავრობის უმკაცრესი კონტროლის ქვეშ მოექცა, იმდენად, რომ ამან გარკვეულად შეაფერხა კიდეც ქვეყანაში ფსიქიატრიის განვითარება, მაგალითად, 20 წლის განმავლობაში ამერიკაში არ გაკეთებულა ლობოტომიის არც ერთი ოპერაცია. მოგვიანებით ამერიკელი ფსიქიატრები აღნიშნავდნენ, რომ არასოდეს არაფერს არ მიუყენებია ამ დარგისთვის ისეთი დარტყმა, როგორიც კიზის რომანმა მიაყენა. ეს შემთხვევა თითქოს კიდევ უფრო გასაკვირი უნდა იყოს, რადგან თუ დიკენსის დროინდელი საზოგადოებისათვის მწერალი ერთგვარი „გურუ“ იყო, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა საზოგადოებრივ აზრის ფორმირებაზე, XX საუკუნის 60-იანი წლების დასავლურ ცივილიზაციაში ეს ფუნქცია მწერალს უკვე დაკარგული ჰქონდა. თუმცა სინამდვილეში გასაკვირი არაფერია - ამ შემთხვევაშიც ნორმალური საზოგადოებრივი ცნობიერებისათვის დამახასიათებელმა „რეფლექსმა“ იმუშავა: გაცნობიერდა პრობლემა - მოხდა რეაგირება (თუნდაც გადაჭარბებული).
ასეთია ნორმალური საზოგადოებრივი ცნობიერების მქონე ქვეყნების არსებობის რეჟიმი. ქართულ სინამდვილეში კი, საუბედუროდ, ნორმალური, ჯანსაღი საზოგადოებრივი „რეფლექსი“, დიდი ხანია, აღარ მუშაობს. ეს კიდევ უფრო გაურკვეველს ხდის ჩვენს სამომავლო პერსპექტივას, რადგან, ცხადია, როცა პრობლემა ის არის, რომ საზოგადოებას არ ესმის, ვერ ხედავს და, შესაბამისად, ვერ აცნობიერებს თავის მდგომარეობას, ყოველთვის რჩება შანსი, რომ თუ ის დაინახავს და გააცნობიერებს მას, გამოასწორებს კიდევაც. ჩვენს შემთხვევაში კი აშკარად რჩება შთაბეჭდილება, რომ პრობლემა დანახულია, გახმოვანებულია, მიტანილია საზოგადოებამდე მთელი თავისი სიმწვავით, თითქოს საზოგადოების მხრიდანაც მიღებული, დაფასებული და „მოწონებულია“, მაგრამ საზოგადოება აბსოლუტურად არ რეაგირებს მასზე.
სწორედ ამით აიხსნება ის უცნაური მოვლენა, რომ, მიუხედავად ჩვენ ირგვლივ დატრიალებული გიგანტური რეალური ცვლილებისა, საზოგადოებრივი ცნობიერება იოტისოდენადაც არ შეცვლილა, შესაბამისად არც ისაა გასაკვირი, რომ უკვე 16-წლიანი დამოუკიდებლობის მიუხედავად, განურჩევლად იმისა, ეროვნულ დროშას ვაფრიალებთ თუ დემოკრატიულს, ჩვენი ისტორია დღესაც ადგილს ტკეპნის, განუწყვეტლივ მეორდება და წინ ვერ მიდის.
ამგვარი საზოგადოებრივი მენტალობა სრულიად უცნობია კაცობრიობისათვის და ამ პრობლემის გადაჭრის მზამზარეული რეცეპტიც არ არსებობს. ფაქტი კი ერთია (ორია): ამ ცნობიერებით წინ ვერასოდეს წავალთ და ეს რეცეპტიც ჩვენი მოსაფიქრებელია. ჯერჯერობით კი ისევ „უზარმაზარი თხრილია ჩვენი, ქართველების, წინ და აინუნშიაც არ მოგვდის. ამ თხრილის პირას ვდგევართ და საკმაოა ხელი გვკრან - და შიგ გადავიჩეხებით დედა-ბუდიანად. ორბი, არწივიც კი ვეღარ გვიპოვის, ვეღარ დასწვდება ჩვენს ძვლებს, რომ გამოხრან, გამოსწიწკნონ, ისეთი ღრმაა ეს თხრილი, ისეთი უძირო... რა გითხრათ? რით გაგახაროთ?..“
სადისკუსიო კითხვები
1. იმსჯელეთ, კონკრეტულად რა გავლენა შეიძლება მოახდინოს საკუთრების უფლების ჩამორთმევამ ინდივიდისა და საზოგადოების ცხოვრებასა და ცნობიერებაზე, რა თვისებები შეიძლება შესძინოს და რა - გაუქროს. თქვენი აზრით, რამდენადაა დაცული ამჟამად საქართველოში საკუთრების უფლება?
2. ჩამოთვალეთ, კიდევ რა მანკიერი პროცესები არსებობდა საბჭოთა სინამდვილეში; იმსჯელეთ, რა გავლენა შეიძლება მოეხდინა ამ პროცესებს საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ადამიანის ცნობიერებაზე.
3. როგორ შეიძლება აიხსნას შემდეგი ფაქტი: XXს.-ის 80-იანი წლების დასაწყისისათვის საქართველოს მოსახლეობის 95% თავს ათეისტად მიიჩნევდა; სულ რაღაც 10-15 წლის შემდეგ ისევ 95% თავს უკვე მორწმუნედ თვლიდა. შეაფასეთ, როგორ ახასიათებს ეს ფაქტი ჩვენს საზოგადოებრივ ცნობიერებას.
4. ცნობილი ქართველი ლიტერატორი აკაკი ბაქრაძე მიიჩნევდა, რომ კვაჭი კვაჭანტირაძე დეგრადირებული ავთანდილია. შეაფასეთ ეს გამონათქვამი; მოიყვანეთ სხვა ანალოგიური მაგალითები (ვთქვათ, კანონიერი ქურდი - დეგრადირებული ტარიელი) და იმსჯელეთ, რას შეიძლებოდა გამოეწვია გმირების ასეთი დაკნინება; როგორ ახასიათებს ეს ქართულ საზოგადოებრივ ცნობიერებას.
5. მიხეილ ჯავახიშვილის ცნობილი რომანი „ჯაყოს ხიზნები“ იმდროინდელი ქართული საზოგადოების (ანტისაზოგადოების) ერთგვარი მოდელია: მოძალადე ჯაყო განასახიერებს ხელისუფლებას, ხოლო ხიზნები - თეიმურაზ ხევისთავი და მისი მეუღლე - ქართულ საზოგადოებას. გაიაზრეთ ეს რომანი პოსტსაბჭოთა რეალობის ჭრილში და იმსჯელეთ, რამდენად უნივერსალურად ასახავს იგი ქართულ სინამდვილეს.
6. შეეცადეთ, მოიყვანოთ საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ქართული სინამდვილის ანტისაზოგადოებისათვის დამახასიათებელი მაგალითები. იმსჯელეთ მათ შესახებ.
![]() |
6.6 IV თავის სავარჯიშოები |
▲ზევით დაბრუნება |
სავარჯიშო „პრობლემათა ხე“
თემა - სამოქალაქო საზოგადოება, ღირებულებები.
მონაწილეთა რაოდენობა - 15-20 მონაწილე
დრო - 1 საათი
შინაარსი - სავარჯიშოს საშუალებით ხდება სამოქალაქო საზოგადოების განვითარების გზაზე მდგარი პრობლემების გაცნობიერება და პრობლემების გადაჭრის მიზნით კონსტრუქციული დამოკიდებულების გამომუშავება.
ამოცანები - პრობლემების იდენტიფიკაცია, მათ შორის იერარქიული დამოკიდებულების დადგენა, ჭეშმარიტი და ფსევდოპრობლემების ერთმანეთისგან გამოყოფა; იმის გააზრება, თუ რა არის შესაცვლელი არსებულ ვითარებაში და რის გაკეთება შეიძლება რეალურად.
მასალები - თითოეულ ჯგუფს ერთი „ფლიპჩარტი“ და მარკერი, „პრობლემის ხე“ დიდი ფორმატის ფურცელზე სადემონსტრაციოდ.
მოსამზადებელი სამუშაო - მიზანშეწონილია, ტრენერმა წინასწარ მიაწოდოს ინფორმაცია მონაწილეებს ხისებრი დიაგრამის შესახებ იმ შემთხვევაში, თუკი ამის საჭიროება არსებობს.
ინსტრუქციები - ტრენერი მონაწილეებს სთხოვს, 4-5 კაციან ჯგუფებად დაიყონ და იმსჯელონ იმაზე, რა პრობლემები არსებობს მათ რეგიონში სამოქალაქო საზოგადოების განვითარებასთან დაკავშირებით. მათ ეს პრობლემები სქემატურად, ხის სახით უნდა წარმოადგინონ. მათი თვალსაზრისით ცენტრალური პრობლემა ხის ღეროს სახით გამოსახონ, ხის ფესვებში ცენტრალური პრობლემის წარმომშობი პრობლემები მოათავსონ, ხოლო ტოტებისა და ფოთლების ადგილას - „სიმპტომ-პრობლემები“, ანუ ის, თუ კონკრეტულად რაში/რა სახით ვლინდება ცენტრალური პრობლემა. პატარა ჯგუფები თავიანთ ნამუშევრებს ყველას წინაშე წარმოადგენენ, რის საფუძველზეც იმართება დისკუსია.
ანალიზი და შეფასება - გარკვეულ ფარგლებში მიზანშეწონილია განსხვავებული მცირე „ხეების“ ანალიზი და მათი „დამყნობა“ საერთო „ძირზე“, „ვარჯზე“ ან განაყარის სახით საერთო პრობლემიდან მათი „განტოტვა“ შეჯერებული „ხის“ მისაღებად და რთული მიზეზშედეგობრივი და იერარქიული კავშირების გასაცნობიერებლად. ტრენერი უნდა შეეცადოს, რომ მონაწილეებმა საზოგადოება გააცნობიერონ, როგორც სისტემა მრავალი ელემენტითა და მრავალმხრივი კავშირებით. ამასთანავე, საქმის გამარტივება, თითქოს ეს სისტემა მთლიანად ექვემდებარება ამგვარ სქემატიზაციას (ხისებრ დატოტვას შეკრული ციკლებისა და სხვა სირთულეების გარეშე), არასწორი იქნებოდა.
რჩევები წამყვანისთვის - ეცადეთ, პატარა ჯგუფებმა სამუშაოდ სხვადასხვა პრობლემა აირჩიონ. ეს მრავალფეროვნებას შეიტანს მუშაობაში და საკითხის სხვადასხვა კუთხით შესწავლის საშუალებას შექმნის. თუ თქვენი მიზანია მონაწილეთა ხედვების შედარება და შეჯერება, მაშინ მიზანშეწონილია, სხვადასხვა ჯგუფი ერთსა და იმვე პრობლემაზე ამუშაოთ.
ვარიანტები - „პრობლემის ხეზე“ მუშაობის დაწყებას, შესაძლოა, წინ უსწრებდეს „გონებრივი იერიშის“ მეთოდით მონაწილეთა მიერ იმ პრობლემების ჩამოყალიბება, რომლებსაც ისინი თავიანთ საცხოვრებელ გარემოში ან მთლიანად ქვეყანაში ხვდებიან. ამის შემდეგ თითოეული მცირე ჯგუფი საერთო ჩამონათვალიდან აირჩევს სამუშაო პრობლემას.
შემდგომი განვითარება - დროში შეზღუდულობის შემთხვევაში მონაწილეები სახლში დამოუკიდებლად იმუშავებენ და „პრობლემების ხეს“ „მიზანთა ხედ“ გარდაქმნიან. მთავარია, ტრენერმა მიუთითოს ერთ ნიმუშზე მაინც, როგორ უნდა მოახდინონ პრობლემების პერიფრაზი მიზნებად და მათი იერარქიზაცია. საკმარისია, შემოვიფარგლოთ იმ პრობლებით (მიზნებით), რომელთა გადაჭრა (შესაბამისად, მიღწევა) რეალურია.
დამატებითი ინფორმაცია - „პრობლემათა ხის“ ნიმუშად, შესაძლოა, გამოვიყენოთ, მაგალითად, ხე, რომელშიც „ფესვებია“ ეთნიკური უმცირესობისა და სატიტულო ერის ურთიერთუნდობლობა, ეთნიკური უმცირესობის მიერ სახელმწიფო ენის არცოდნა, სახელმწიფო ენის შესწავლის შესაძლებლობათა სიმწირე და სხვ.; „ვარჯს“, ანუ მთავარ პრობლემას, წარმოადგენს ეთნიკური უმცირესობის მონაწილეობის დაბალი დონე და ხარისხი ქვეყნის ცხოვრებაში, ხოლო „ტოტებსა და ფოთლებს“ - ეთნიკურ უმცირესობათა დაბალი წარმომადგენლობა ქვეყნის მმართველ სტრუქტურებში, შრომითი და სასწავლო მიგრაციის მაღალი დონე და სხვ.
სავარჯიშო „უმრავლესობა და უმცირესობა“
თემა - უმცირესობის უფლებები.
მონაწილეთა რაოდენობა - 15-20 მონაწილე
დრო - 120 წუთი
შინაარსი - როლური თამაში წარმოადგენს კონფლიქტის გადაჭრის გათამაშებას უმრავლესობასა და უმცირესობას (პოლიტიკურს, ეროვნულს ან რელიგიურს და სხვ.) შორის.
ამოცანები - მონაწილეებმა გააანალიზონ კანონები და დოკუმენტები, რომლებიც უმცირესობების უფლებებს ეხება; გაითავისონ პრობლემები და გამოიმუშაონ პიროვნული პოზიცია საკითხთან დაკავშირებით.
მასალები - საქართველოს კონსტიტუცია, სხვა დოკუმენტები და კანონები.
მოსამზადებელი სამუშაო - სასურველია, მონაწილეებმა გაინაწილონ და გაეცნონ საერთაშორისო თუ ქართულ დოკუმენტებსა და ფაქტობრივ მასალას უმცირესობათა პრობლემატიკის შესახებ.
ინსტრუქციები - მონაწილეები გაყავით ორ არათანაბარ ჯგუფად (დაახლოებით 2/3 და 1/3). დიდი ჯგუფი „უმრავლესობას“ წარმოადგენს, მცირე კი - „უმცირესობას“. აუხსენით მონაწილეებს, რომ ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან და უნდა სცადონ, გადაჭრან კონფლიქტი უმცირესობასა და უმრავლესობას შორის. მიეცით დავალება უმცირესობას, რომ უმრავლესობას პეტიციით მიმართონ მათთვის განსაკუთრებული უფლებების მინიჭების თაობაზე. პეტიცია უნდა შეიცავდეს მოთხოვნის დასაბუთებას, სასურველია კანონმდებლობის გამოყენებით. პეტიციის მიღების შემდეგ უმრავლესობამ უნდა გადაწყვიტოს, რომელი წინადადებაა მისაღები და რომელი - არა. მისაღები წინადადებისთვის, სასურველია, მოიძებნოს იურიდიული გამართლებაც. შემდეგ იმართება დებატები - ინდივიდები წარმოადგენენ თავიანთი ჯგუფების ინტერესებს და ასაბუთებენ დებულებების მართებულებას.
ანალიზი და შეფასება - ჯგუფებს მოუწევთ კონსენსუსის მიღწევა თავიანთ დებულებებთან დაკავშირებით, ხოლო ინდივიდებს - საკუთარი მოსაზრებების არგუმენტაცია. მოხდება ფაქტების განსხვავება მოსაზრებებისგან, ნორმების გამიჯვნა სურვილებისგან. მონაწილეებს მოუწევთ კანონმორჩილების გამომჟღავნებაც.
რჩევები წამყვანისთვის - შეიმუშავეთ რეგლამენტი დებატებისთვის. უნდა მიაღწიოთ კომპრომისს დაპირისპირებულ ჯგუფებს შორის.
ვარიანტები - შესაძლებელია ნებისმიერ უმცირესობებზე როლური გათამაშება. თითოეულ შემთხვევაში მონაწილეები შესაბამისი დოკუმენტებით უნდა მოვამარაგოთ.
შემდგომი განვითარება - სთხოვეთ მონაწილეებს, ჩაატარონ რეფლექსია, დააფიქსირონ საკუთარი განცდები, ცვლილებები პოზიციაში, აქამდე გაუცნობიერებელი იდეები და ფაქტები.
იდეები მოქმედებისთვის - სასურველია, მონაწილეებმა შეაგროვონ და დააფიქსირონ ფაქტები უმცირესობათა უფლებების დარღვევების შესახებ; აგრეთვე გამოიკვლიონ უმცირესობათა მისწრაფებანი და ბოლოდროინდელი მიღწევები უმცირესობებზე ზრუნვის თვალსაზრისით.
დამატებითი ინფორმაცია - მონაწილეებს შესთავაზეთ, გაეცნონ ვებ-გვერდს, სადაც მოყვანილია მრავალფეროვანი ლიტერატურა უფლებების შესახებ www.nplg.gov.ge/civil
სავარჯიშო „საჩუქარი“
თემა - საზოგადოება, ღირებულებანი, უმცირესობასა და უმრავლესობას შორის მიმართება.
მონაწილეთა რაოდენობა - 15-20 მონაწილე
დრო - 30 წუთი
შინაარსი - სავარჯიშოს საშუალებით ხდება იმის გააზრება, თუ რამდენად განსაზღვრავს ადამიანის ქცევას, მის დამოკიდებულებას სხვა ადამიანებისადმი ამა თუ იმ სტატუსის მქონე ჯგუფისადმი მისი კუთვნილება.
ამოცანები - პოზიტიური/კონსტრუქციული დამოკიდებულების გამომუშავება უმცირესობებისადმი.
მასალები - როლების აღმნიშვნელი წარწერები, ფურცლები და მარკერები, ფორმატის ქაღალდი.
ინსტრუქციები - მონაწილეები იყოფიან 4 ჯგუფად. თითოეულ ჯგუფს ეძლევა როლი და შესაბამისი წარწერა: „უმრავლესობა“, „ხელისუფლება“, „უმცირესობა N1“ და „უმცირესობა N2“. ტრენერი ჯგუფებს სთხოვს, თითოეულ სხვა ჯგუფს ორი საჩუქარი გაუკეთონ. ყველა ჯგუფი გადასცემს საჩუქარს დანარჩენ ჯგუფებს სიტყვიერად, წერილობით, ნახატის სახით ან კომბინირებულად. საჩუქრის მიმღებს შეუძლია მიიღოს საჩუქარი ან უარი თქვას მასზე. მას შემდეგ, რაც ყველა ჯგუფი გაცვლის საჩუქრებს, იწყება განვლილი პროცესის ერთობლივი განხილვა.
ანალიზი და შეფასება - ტრენერი სვამს კითხვებს: რამდენად გაგიადვილდათ როლში შესვლა? რატომ შეურჩიეთ ამა თუ იმ ჯგუფს ესა თუ ის საჩუქარი? მოეწონათ თუ არა ჯგუფებს შეთავაზებული საჩუქარი? თუ მოეწონათ - რატომ? თუ არ მოეწონათ და უარი თქვეს - რატომ? რა მოლოდინი ჰქონდათ ჯგუფებს ერთმანეთის მიმართ? ტრენერი მონაწილეებს სთხოვს, შეაჯამონ მსჯელობა დასკვნების სახით.
რჩევები წამყვანისთვის - გაითვალისწინეთ, რომ ინსტრუქცია არ კრძალავს ჯგუფების წევრთა ერთმანეთთან მიმოსვლას ან გამოკითხვას; და კიდევ, თუ „როლში შესულ“ მონაწილეებს გაუჭირდებათ გადართვა ვითარების მშვიდად განხილვაში, ტრენერი ნეიტრალური კითხვებით უნდა ეცადოს ამის შესრულებას.
![]() |
6.7 IV თავში გამოყენებული ლიტერატურა |
▲ზევით დაბრუნება |
1. მამარდაშვილი მ. საუბრები ფილოსოფიაზე. მეცნიერება, თბილისი, 1992.
2. ორტეგა-ი-გასეტი ხ. მასების ამბოხი. ხომლი, თბილისი, 1993.
3. ჯანდა, ბერი, გოლდმენი. ამერიკული დემოკრატია (აშშ ხელისუფლება და პოლიტიკური პროცესი). თბილისი, 1995.
4. ბითჰემი დ., ბოილი ქ. დემოკრატია: კითხვები და პასუხები. იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისია. ტექინფორმი, თბილისი, 1998.
5. ლოსაბერიძე დ. თვითმმართველობა საქართველოში (განვითარების ტენდენციები). თბილისი, 1998.
6. კიკაბიძე კ., ლოსაბერიძე დ. ინსტიტუციონალიზმი და კლიენტელიზმი საქართველოში, სადისკუსიო წერილების სერია #3. თბილისი, 2000.
7. ადამიანის უფლებები. წიგნი I. გამოხატვის თავისუფლება. შემდგენელი და რედაქტორი: ზ. ადეიშვილი. British Council, Georgia. 2004.
8. კომპასი: სახელმძღვანელო ადამიანის უფლებათა განათლების სფეროში ახალგაზრდების მონაწილეობით. თბილისი, 2004.
9. ლოსაბერიძე დ. სახელმწიფო ძალაუფლების განაწილება ცენტრალურ და ადგილობრივ დონეებს შორის, პოლიტიკის განაცხადი, საერთაშორისო I, 2005, სტოკჰოლმი, ერევანი.
10. საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების შეფასება - 2005. კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი. თბილისი, 2006.
11. ბლერი ტ. საზოგადოების ფასეულობები და ძლიერება. სოლიდარობა, N4, 2006.
12. საყვარელიძე ფ. ლიბერალიზმი - თავისუფლების იდეოლოგია. სოლიდარობა, N4, 2006.
13. ქართული საზოგადოება და ევროპული ღირებულებები. სერია „ევროპული ძიებანი“, სტატიების კრებული. რედაქტორ-შემდგენელთა ჯგუფი: ი. ალფენიძე, პ. პაპავა, ზ. შათირიშვილი. კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი, თბილისი, 2007.
14. ეროვნებათაშორისი ურთიერთობების მართვა. მეთოდური სახელმძღვანელო. ჯ. ჯავახიშვილისა და ნ. სარჯველაძის რედაქციით. ადამიანის რესურსის განვითარების ცენტრი. „ნეკერი“, თბილისი, 2007.
15. The Georgian Chronicle, Caucasian Institute for Peace, Democracy and Development, Tbilisi, 1993-1998;
16. Nodia G., Nationalism and the Crisis of Liberalism, Europe's New Nationalism, NY, Oxford, 1996;
17. Georgia Profile, Caucasian Institute for Peace, Democracy and Development, Tbilisi, 1996, No. 6-12, 1997, No. 1-10;
18. Losaberidze D., The Problem of Nationalism in Georgia, NATO Research Fellowship Programme, Brussels, 1998.
19. Losaberidze D., Regional Policy of Georgia, Ethno-regional Policy of Armenia and Georgia, Proceedings of the International Conference, Yerevan, 1999.,
20. Losaberidze D., Civil Society in Georgia, National Security Profile of Georgia, Geneva, 2003
21. Foundations of Democracy. Authority, Privacy, Responsibility, Justice. Center for Civic Education, 2003.
22. Вебер М. Протентстатская этика и дух капитализма, Избр. Произв., 1990 .
23. Гелнер Э. Нации и Национализм, М., 1991.
24. Патнем П. Просветающая комьюнити, социальный капитал и общественная жизнь, МЭиМО, 4, 1995.
25.Ноэл-Нойман Э. Общественное мнение. Открытые спирали молчания. М., 1996.
26. Афанасьев М.Н. Клиентелизм и росийская государственность, Центр конституциональных исследований Московского Общественного Научного Фонда, М. 1997.
27. Норт Д. Институциональные изменения: рамки анализа, Вопросы экономики, 3, 1997 .
28. Парсонс Т. Система современных обществ, М., 1998.
29. Хеллман ДЖ. Конститусии и экономическая реформа в пепеходный перод, Конституционное право: восточноевропейское обозрение, 2 (23), Центр конституционных исследрваний Московского Общественного Научного Фонда, М, 1998.
![]() |
7 თავი V. სახელმწიფო და ხელისუფლება |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
7.1 §1. კონსტიტუციონალიზმი და ადამიანის ნეგატიური და პოზიტიური უფლებები |
▲ზევით დაბრუნება |
„ჩვენ გვესმის, როგორც თავისთავადი ჭეშმარიტება, რომ ყველა ადამიანი თანასწორია და ღმერთის მიერ ხელშეუხებელი უფლებებითაა დაჯილდოებული. ამ უფლებათა უზრუნველსაყოფად ხალხი აყალიბებს მთავრობას, რომლის კანონიერი ძალაუფლებაც გამომდინარეობს მართულთა თანხმობიდან. თუკი როდისმე ესა თუ ის მმართველობის ფორმა საშიში აღმოჩნდება ამ მიზნებისათვის, ხალხს უფლება აქვს, დაამხოს ხელისუფლება და შექმნას ახალი, რომელიც საფუძვლად ისეთ პრინციპებს აიღებს და ისე მოახდენს საკუთარი ხელისუფლების ორგანიზებას, როგორსაც ხალხი უფრო ხელსაყრელად და სასარგებლოდ მიიჩნევს უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად“.
თომას ჯეფერსონი
თანამედროვე სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობის პროცესი ეფუძნება კონსტიტუციონალიზმს, რომელსაც სურს, რომ სახელმწიფო ხელისუფლება არსებითად შეიზღუდოს ინდივიდის ძირითადი თავისუფლებების სასარგებლოდ. ტერმინი „კონსტიტუციონალიზმი“ მომდინარეობს სიტყვა „კონსტიტუციიდან“, თუმცა მისი იდენტური არ არის. „constitutio” ლათინურად ნიშნავს „დადგენას“, „დაწესებას“ და სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვა დატვირთვა ჰქონდა. „კონსტიტუცია“ ეწოდებოდა რომაელი იმპერატორების დეკრეტების ერთ-ერთ სახეს, ხოლო შუა საუკუნეებში - ფეოდალთა პრივილეგიების შესახებ აქტებს. თუმცა არც მონათმფლობელური, არც ფეოდალური საზოგადოება არ იცნობდა „კონსტიტუციას“, როგორც სახელმწიფოს ძირითად, უზენაეს კანონს, რომელშიც განმტკიცებული იქნებოდა სახელმწიფო მოწყობის საფუძვლები. კონსტიტუციაზე თანამედროვე გაგებით შეიძლება ვილაპარაკოთ მხოლოდ პირველი დაწერილი კონსტიტუციების გაჩენიდან (აშშ - 1787წ., საფრანგეთი და პოლონეთი - 1791წ.), როდესაც პოლიტიკური ხელისუფლებით აღჭურვილნი სახელმწიფოს სამართალს დაექვემდებარნენ.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეიძლება ვილაპარაკოთ კონსტიტუციონალიზმის სხვადასხვა გაგებაზეც. ტერმინი „კონსტიტუციონალიზმი“ გამოიყენება იმ პოლიტიკური რეჟიმების აღსანიშნავად, რომლებიც კონსტიტუციური კონტროლის დამკვიდრების წყალობით (რომელიც სასამართლო ორგანოების მეშვეობით ხორციელდება) საკანონმდებლო ხელისუფლების შეზღუდვის შესაძლებლობას იძლევა. ასეთი პოლიტიკური რეჟიმი ზრუნავს არა უბრალოდ აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადმინისტრაციის მოქმედებების კანონიერებაზე, არამედ კონსტიტუციური კონტროლის გზით კანონების კონსტიტუციასთან და მის ზოგად პრინციპებთან შესაბამისობაზე. უფრო ფართო გაგებით, ზოგჯერ ლაპარაკობენ „ძველ“ და „შუა საუკუნეების“ კონსტიტუციონალიზმზეც იმ შეზღუდვების აღსანიშნავად, რომლებსაც ანტიკური რეჟიმი პოლიტიკური ხელისუფლების გამოყენებას უწესებდა.
„კონსტიტუციონალიზმი“, ვიწრო გაგებით, განუყოფლად არის დაკავშირებული პოლიტიკური ლიბერალიზმისა და თანამედროვე დემოკრატიის განვითარებასთან. პოლიტიკური ლიბერალიზმი პრიორიტეტს ანიჭებს ინდივიდთა პირადი უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველყოფას, მმართველობის დემოკრატიულ ფორმებსა და პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ინსტიტუტების თანმიმდევრულ რეფორმებს. თანამედროვე სახელმწიფოს დაბადებიდან მოყოლებული ძველი და შუა საუკუნეების კონსტიტუციონალიზმი მოძველდა. თანამედროვე სახელმწიფო XIII ს.-ში საფრანგეთსა და ინგლისში ჩნდება რელიგიური საზოგადოებისა და სამართლის და ფეოდალური საზოგადოებისა და სამართლის ერთმანეთისაგან გამიჯვნის შედეგად. აღნიშნული საზოგადოების მზარდი სეკულარიზაციით განხორციელდა. თანამედროვე კონსტიტუციონალიზმი XVIII საუკუნის ლიბერალური და დემოკრატიული რევოლუციების თანამედროვეა. მისი განვითარება მჭიდროდაა დაკავშირებული უკანასკნელი ორი საუკუნის მანძილზე მმართველობის წარმომადგენლობითი ფორმის მზარდ დაკანონებასთან.
კონსტიტუციონალიზმი, რომელიც თავისი იდეური დანიშნულებით გამორიცხავს ხელისუფალთა ძალმომრეობას ადამიანებთან მიმართებაში ან ხელისუფლების განშტოებებს შორის, არის თავისუფლების პრინციპზე დაფუძნებული მართლწესრიგი. თავისუფლება კი ადამიანის მიერ პიროვნებად ყოფნისათვის ბრძოლის მონაპოვარია. სწორედ ამიტომაც გულისხმობს კონსტიტუციონალიზმი ადამიანის წარუვალი უფლებებისა და თავისუფლებების მიერ ხელისუფლების შეზღუდვას.
როდესაც თავისუფლებაზე ვლაპარაკობთ, მხედველობაში გვაქვს კანონით გარანტირებული სახელმწიფოსაგან თავისუფლება. კონსტიტუციაში სახელმწიფოსაგან თავისუფლება შემდეგნაირად მტკიცდება: კონსტიტუცია აღიარებს ძირითად უფლებებს, აფიქსირებს ხელისუფლების დანაწილებას და ხალხის მონაწილეობას საკანონმდებლო პროცესში. ძირითადი უფლებების კონსტიტუციით გამოცხადება ნიშნავს, რომ საზოგადოებამ აითვისა თავისუფლების იდეა. ხელისუფლების დანაწილების პრინციპის განხორციელება იმას მოწმობს, რომ თავისუფლების იდეამ ორგანიზაციული გარანტიები მიიღო სახელმწიფოს მიერ ხელისუფლების შესაძლო ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ. საზოგადოების მიერ თავისუფლების იდეის ათვისებისა და ამ გარანტიების მიღების გარეშე საზოგადოება დესპოტიზმის, აბსოლუტიზმის, დიქტატურის გზას ადგება.
კონსტიტუციური სახელმწიფოს მთავარი მიზანია მოქალაქის თავისუფლების დაცვა ხელისუფლებისაგან. ლიბერალურ კონსტიტუციას ორი პოსტულატი უდევს საფუძვლად: განაწილებითი და ორგანიზაციული. განაწილებითი პოსტულატი გულისხმობს, რომ ინდივიდის თავისუფლება პრინციპულად არაა შეზღუდული, მაშინ როცა სახელმწიფოს შესაძლებლობა - შეიჭრას ინდივიდუალური თავისუფლების სფეროში, პრინციპულადაა შეზღუდული. ამ პრინციპების შესაბამისად ინდივიდი ფლობს უფლებებს, რომელთაც ზესახელმწიფოებრივი ბუნება აქვს. ეს უფლებები მოიცავს უფლებებს, რომლებიც შეეხება ინდივიდს, როგორც ასეთს (რწმენის თავისუფლება, ბინისა და კერძო საკუთრების ხელშეუხებლობა), და უფლებებს, რომლებიც განსაზღვრავს ინდივიდის ურთიერთობას სხვა ინდივიდებთან (სიტყვის თავისუფლება, პრესის თავისუფლება, გაერთიანების თავისუფლება).
სამართლებრივი სახელმწიფოს თვალსაზრისით, სახელმწიფოს ნებისმიერი ჩარევა ინდივიდის კერძო სფეროში უნდა განიხილებოდეს, როგორც გამონაკლისი. სახელმწიფოს ჩარევა არის გადახრა, რომელიც აუცილებელია, იურიდიულად დასაბუთდეს.
ორგანიზაციული პოსტულატი უზრუნველყოფს განაწილებითი პოსტულატის რეალიზაციას. ორგანიზაციული პოსტულატის არსი ის არის, რომ სახელმწიფოს ხელისუფლება პრინციპულადაა შეზღუდული - დანაწილებულია სამ შტოდ (საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებად). თითოეული ეს ხელისუფლება მხოლოდ თავისი კომპეტენციის ფარგლებშია უზენაესი და ისინი ერთმანეთს აწონასწორებენ, რათა მთელი ხელისუფლების ერთი პირის (ორგანოს) ხელში არ აღმოჩნდეს.
საბოლოო ჯამში, სამართლებრივი სახელმწიფო საზოგადოების მიერ კონტროლირდება და მასთან მიმართებაში დაქვემდებარებულ და მომსახურე მდგომარეობას იკავებს. ასეთი სახელმწიფოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან ორგანიზაციულ მახასიათებელს წარმოადგენს დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა.
სამართლებრივი სახელმწიფო მხოლოდ კონსტიტუციური სახელმწიფო. კონსტიტუცია არის სახელმწიფოს დამფუძნებელი და მარეგულირებელი აქტი, რომელიც მმართველებსა და მართულებს სამართლებრივი სახელმწიფოს წესებს უქვემდებარებს. კონსტიტუციონალიზმის განვითარების ანალიზი აჩვენებს, რომ კონსტიტუციის მიღება წინ უსწრებს ახალი სახელმწიფოს დაფუძნებას, უფრო ზუსტად კი ამ მოვლენის დასაწყისი ან სახელმწიფოში ძირეული ცვლილებების შედეგია, რაც ასევე ახალ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ წესწყობილებას ამკვიდრებს. კონსტიტუციაში უნდა აისახოს ის ფასეულობები, რომლებსაც ეყრდნობა საზოგადოება. სწორედ ამის გამო უწოდებენ მას დამფუძნებელ აქტს.
თუ სახელმწიფო არსებობს, მაშინ ის, როგორც ყველა იურიდიული პირი, აღჭურვილია იურიდიული სტატუსით, ესე იგი კონსტიტუციით. სახელმწიფოს კონსტიტუციას ორმაგი მნიშვნელობა აქვს: ერთი მხრივ, ის განსაზღვრავს სახელმწიფოს იურიდიულ სტატუსს, მის შიდა ორგანიზაციას; მეორე მხრივ, ის ადგენს სახელმწიფოს სამართლისადმი დაქვემდებარებისა და მისი თვითნებობისაგან ინდივიდის დაცვის ფარგლებს. თვითნებობა შეკავებულია ამ ორმაგი დაცვით, რომელიც ხელისუფლების დანაწილებისა და ინდივიდის უფლებების არსებობაში ვლინდება. ეს ორმაგი დაცვა განმარტავს კონსტიტუციის კონცეფციას, რომელიც ჯერ კიდევ საფრანგეთის 1789 წლის ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა დეკლარაციითაა გაზიარებული: „იმ საზოგადოებაში, სადაც არ არის უზრუნველყოფილი უფლებების დაცვა და ხელისუფლების დანაწილება, არ არსებობს კონსტიტუცია“ (მუხლი 16).
დღეს ყველა დემოკრატიული სახელმწიფოს კონსტიტუცია შეიცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და თავისუფლებების ნუსხას. მაგალითად, საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის მიხედვით, „სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით“. ეს ნიშნავს, რომ ძირითადი უფლებები წინასახელმწიფოებრივია იმ გაგებით, რომ ისინი მოქმედებენ სახელმწიფოს მიმართ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე. და პირიქით, სახელმწიფო ყოველთვის ვალდებულია, დაასაბუთოს ადამიანის უფლებების შეზღუდვის მართლზომიერება. ამ თვალსაზრისით, ძირითადი უფლებები ინდივიდისათვის უფლებაა, ხოლო სახელმწიფოსათვის - ვალდებულება. როგორც კონსტიტუციურ ნორმას, ძირითად უფლებებს უზენაესი იურიდიული ძალა აქვს. ძირითადი უფლებები, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართალი, ნიშნავს, რომ კონსტიტუციით განმტკიცებული ძირითადი უფლებები არ მოითხოვს შემდგომ დაკონკრეტებას მიმდინარე კანონებში - ისინი შეიძლება უშუალოდ იქნეს გამოყენებული, მაგალითად, მოსამართლის მიერ საქმის განხილვისას.
ადამიანის უფლებები განუყოფელი და ხელშეუხებელია. შეუძლებელია ვინმესთვის მათი წართმევა, თუნდაც ის საკუთარი ნებით უარყოფდეს ამ უფლებებს.
ადამიანის უფლებები ფუნდამენტურია, მაგრამ არა აბსოლუტური. იგი შეიძლება შეიზღუდოს და იგნორირებულიც იქნეს სხვა ღირებულებათა სასარგებლოდ. მაგალითად, რასიზმის პროპაგანდა ყველგან აკრძალულია, ასე რომ, სიტყვის თავისუფლება იზღუდება.
ვინაიდან ადამიანის უფლებები დაწერილი სამართლის განუყოფელი ნაწილია და მაშასადამე, პოზიტიური სამართალი გახდა, საინტერესოა, ვუპასუხოთ კითხვას, როგორ გახდა ის პოზიტიური სამართალი?
ადამიანის ისტორიული განვითარების გზაზე, ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთში ზოგიერთი ქალაქის მოქალაქეები სარგებლობდნენ ისეთი უფლებებით, როგორიცაა იზოგორია, ანუ სიტყვის თავისუფლება ყველასთვის, და იზონომია, ანუ კანონის წინაშე ყველას თანასწორობა, ე.ი. უფლებებით, რომლებიც თანამედროვე სამყაროშიც ძირითადად ითვლება. ელინისტურ ეპოქაში სტოელი ფილოსოფოსები აცხადებდნენ პრინციპს, რომლის თანახმადაც, ბუნებითი უფლებები ყველა ადამიანის კუთვნილებაა ყველა დროში. აღსანიშნავია ჯონ ლოკის ტრაქტატი სახელმწიფოს თეორიის შესახებ (1688), სადაც საბუთდება სიცოცხლის, თავისუფლებისა და საკუთრების უფლება, და ინგლისის პარლამენტის მიერ 1689 წელს მიღებული ბილი უფლებების შესახებ. ინგლისურმა ბილმა უფლებების შესახებ დააკანონა ნაფიც მსაჯულთა სასამართლო და დაადგინა სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის პროცესის შემდეგი ნორმები: არც ერთ მოსამართლეს უფლება არა აქვს, შეუფარდოს მეტისმეტად მაღალი ჯარიმები და დაუქვემდებაროს მოქალაქეები სასტიკ ან ძალისმიერ სასჯელებს.
1776 წლის დამოუკიდებლობის ამერიკულმა დეკლარაციამ უმნიშვნელოვანესი უფლებების ჩამონათვალს დაუმატა „ბედნიერებისაკენ სწრაფვის უფლება“. ამერიკის შეერთებული შტატების 1787 წლის კონსტიტუციასა და მის შესწორებებში (პირველი 10 შესწორება, ე.წ. ამერიკული ბილი უფლებების შესახებ, ძალაში შევიდა 1791 წელს) მოცემულია ადამიანის უფლებების ვრცელი კატალოგი. კერძოდ, კონსტიტუცია იძლევა სიტყვისა და ბეჭდვის გარანტიას, პიროვნებისა და საცხოვრებლის ხელშეუხებლობის თავისუფლებას, კრძალავს უკანონო ჩხრეკას. ის ადგენს ნებისმიერი რელიგიის თავისუფალი რწმენის უფლებას. XIX საუკუნეში შეტანილი შესწორებები უკანონოდ აცხადებს მონობას.
1789 წელს საფრანგეთის დამფუძნებელი კრების მიერ მიღებული ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა დეკლარაცია ძალიან ჰგავს ინგლისურსა და ამერიკულს. ის ადგენს, რომ „ადამიანები იბადებიან და რჩებიან თავისუფალნი და თანასწორნი“, რომ „ნებისმიერი პოლიტიკური გაერთიანების მიზანია ადამიანის ბუნებითი და განუსხვისებელი უფლებების დაცვა; ეს უფლებებია: თავისუფლება, საკუთრების ხელშეუხებლობა, პიროვნების ხელშეუხებლობა და ჩაგვრისადმი წინააღმდეგობის გაწევის უფლება“. ფრანგული დეკლარაცია თავისუფლებას განმარტავს, როგორც „უფლებას, აკეთო ყველაფერი, რაც არ უშლის სხვების თავისუფლებას“. გარდა საკუთრების ფლობის უფლებისა, რომელიც წმინდად და განუყოფლად ცხადდება, დეკლარაცია იძლევა სიტყვისა და ბეჭდვის თავისუფლების, სინდისისა და პიროვნების ხელშეუხებლობის თავისუფლების გარანტიას.
XVII-XVIII საუკუნეებში ადამიანის უფლებები განიმარტებოდა, როგორც „ბუნებითი უფლებები“. წარმოდგენა ბუნებით სამართალზე, როგორც საყოველთაო მორალურ კანონზე, რომელიც სახელმწიფოს კანონებზე მაღლა დგას, ორ ათასწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ედო საფუძვლად ევროპულ პოლიტიკურ აზროვნებას. XIX საუკუნეში ის „მოდიდან გადავიდა“, თუმცა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საჭირო გახდა მასთან დაბრუნება. 1945 წელს ნიურნბერგის პროცესზე ბუნებითი სამართალი გამოყენებულ იქნა ნაცისტი ბელადების წინააღმდეგ საბრალდებო დასკვნის ზოგიერთი პუნქტის დასასაბუთებლად. ეს არის უფლებები, რომლებიც პიროვნებას მიეკუთვნება იმიტომ, რომ ის ადამიანია და არა იმიტომ, რომ ის რომელიმე კონკრეტული ქვეყნის მოქალაქე ან რომელიმე რელიგიის თუ ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელია. მოსაზრება იმის შესახებ, რომ სწორედ ამ ბუნებითმა უფლებებმა უნდა მისცეს ადამიანებს გარკვეული იურიდიული უფლებები, უფრო ფართოდ იქნა აღიარებული და მან სხვადასხვა ქვეყნის კონსტიტუციაში იჩინა თავი.
საქართველოში ძირითადი უფლებები პირველად საქართველოს 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციით იქნა აღიარებული. ამ კონსტიტუციამ სულ ოთხ დღეს იარსება. 1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთმა საქართველოს ანექსია მოახდინა, ქვეყანა „საბჭოთა სოციალისტური“ გახდა, რის გამოც კონსტიტუცია არ ამოქმედებულა. რეალურად კი ძირითადი უფლებები აღიარებულ იქნა და ამოქმედდა საქართველოს 1995 წლის 24 აგვისტოს კონსტიტუციით.
ადამიანის უფლებები წერილობით განმტკიცდა ასევე მრავალი საერთაშორისო კონვენციითა და დეკლარაციით. 1948 წლის 10 დეკემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 1-21 მუხლები იძლევა ადამიანის უფლებების ტრადიციულ კატალოგს, დაწყებული „ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი“ დამთავრებული „ყველა ადამიანს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს თავისი ქვეყნის მართვაში“. მაგრამ შემდგომ მუხლებში ჩამოთვლილია კიდევ ერთი კატეგორიის უფლებები: სოციალური უზრუნველყოფის უფლება (მუხლი 22), შრომისა და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება (მუხლი 23), ანაზღაურებადი შვებულების უფლება (მუხლი 24), უმუშევრობის, ავადმყოფობის, ინვალიდობის შემთხვევაში უზრუნველყოფის უფლება (მუხლი 25), განათლების უფლება (მუხლი 26).
დეკლარაციის პროექტის ავტორებმა აღნიშნეს განსხვავება ამ ახალ უფლებებსა და ტრადიციულ უფლებებს შორის. უფლებათა პირველ ჯგუფს ეწოდა „პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებები“, ხოლო ახალ უფლებებს - „ეკონომიკური და სოციალური უფლებები“. სოციალური და ეკონომიკური უფლებების დაყენება ტრადიციული უფლებების გვერდით ზოგიერთ შემთხვევაში თეორიულ კრიტიკას დაექვემდებარა. ამ კრიტიკის ერთ-ერთი საფუძველი იყო ის, რომ ამ უფლებების განხორციელების აუცილებელი წინაპირობაა სახელმწიფოს ეკონომიკური განვითარების მაღალი დონე.
აღნიშნულ დეკლარაციას სარეკომენდაციო ხასიათი ჰქონდა, ამიტომ 1948 წელსვე გადაწყდა სავალდებულო იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტის მიღება. შესაბამისად, 1966 წლის 16 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო საერთაშორისო პაქტი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ და 1966 წლის 16 დეკემბრის საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ. ამ დოკუმენტების შემდეგ მათი პრინციპების დასაცავად სხვადასხვა საერთაშორისო აქტები შეიქმნა.
ასეთია ადამიანის უფლებათა პოზიტივაციის მოკლე ისტორია.
როგორც დავინახეთ, არსებობს ფუნდამენტური თეორიული განსხვავება ტრადიციულ უფლებებსა და შედარებით ახალ უფლებებს შორის. ასეთ დაჯგუფებას საფუძვლად უდევს სახელმწიფო ხელისუფლებაზე ორიენტირების პრინციპი, რომლის მიხედვითაც, ძირითად უფლებათა დაყოფის საფუძველია საკითხი, თუ რა უნდა გააკეთოს და რა არ უნდა გააკეთოს ვალდებულმა, ანუ სახელმწიფო ხელისუფლებამ. ამ პრინციპის შესაბამისად შეიძლება გამოვყოთ:
1. ნეგატიური უფლებები, ანუ პირველი თაობის უფლებები (სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები).
ნეგატიურ უფლებებს ზოგჯერ თავისუფლებებსაც უწოდებენ, რომელთა მიზანია, უზრუნველყონ ადამიანისათვის სახელმწიფოსაგან თავისუფალი სფერო. ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო არ უნდა ჩაერიოს ადამიანების ცხოვრებისა და საქმიანობის ამა თუ იმ სფეროში. თავისი კანონებით სახელმწიფო უზრუნველყოფს, რომ არა მარტო სახელმწიფო, არამედ კერძო პირებიც პატივს სცემდნენ ამ უფლებებს. ეს გარანტია ხელისუფლების ნეგატიური შეზღუდვის ფორმას იღებს. მაგალითად, აშშ-ს კონსტიტუციის I შესწორება აცხადებს, რომ „კონგრესის მიერ არ უნდა იქნეს მიღებული არც ერთი კანონი, რომელიც... აღკვეთს სიტყვის ან პრესის თავისუფლებას“. მაშასადამე, პირველი თაობის უფლებები აცხადებენ, რის გატარება არ შეუძლია ხელისუფლებას.
● სამოქალაქო უფლებები იძლევა ფიზიკური და მორალური ხელშეუხებლობის მინიმალურ გარანტიას. მაგ., თანასწორობისა და თავისუფლების უფლება, სინდისის თავისუფლება, აღმსარებლობისა და საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება, წამებისა და სიკვდილისაგან დაცვის უფლება.
● პროცესუალური უფლებები ჩვეულებრივ ასევე „სამოქალაქო“ უფლებებად ყალიბდება. ისინი უზრუნველყოფენ პროცესუალურ დაცვას მათთვის, ვინც შეხებაშია იურიდიულ და პოლიტიკურ ინსტიტუტებთან. მაგალითად, თვითნებური დაპატიმრებისა და დაკავებისაგან დაცვა, უდანაშაულობის პრეზუმფცია (ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით), გასაჩივრების უფლება.
პოლიტიკური უფლებები საჭიროა საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის მისაღებად. მაგ., ხმის მიცემის უფლება, პოლიტიკურ პარტიებში გაწევრიანების უფლება, თავისუფლად შეკრებისა და მიტინგებზე დასწრების უფლება, საკუთარი აზრის გამოხატვისა და ინფორმაციის მიღების უფლება.
უფლებათა ეს კლასიფიკაცია პირობითია, ვინაიდან ზოგიერთი უფლება სხვადასხვა კატეგორიაში ხვდება. მაგალითად, საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება არის როგორც სამოქალაქო, ისე პოლიტიკური უფლება. ის მნიშვნელოვანია, როგორც პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის მიღების, ისე ჩვენი პიროვნული თავისუფლებისათვის.
1. პოზიტიური უფლებები, ანუ მეორე თაობის უფლებები (სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებები).
ეს უფლებები ავალდებულებს სახელმწიფოს, ადამიანებისათვის უზრუნველყოს ღირსეული ცხოვრების პირობები. ეს უფლებები ეხება ადამიანების თანაცხოვრებას და თანამშრომლობას და ბაზისურ სასიცოცხლო მოთხოვნებს. ამან ბუნებრივად მიგვიყვანა ახალ მოთხოვნებამდე და ახალ იდეებამდე ღირსეული ცხოვრების შესახებ. ხალხმა გააცნობიერა, რომ ადამიანის ღირსება იმაზე მეტს მოითხოვდა, ვიდრე უბრალოდ სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებებით გარანტირებული ჩაურევლობა. მეორე თაობის უფლებები არის ის უფლებები ან პრივილეგიები, რომლებიც მინიჭებული აქვს თითოეულ ადამიანს და დაცულია ხელისუფლებისა თუ სხვა პიროვნებების მხრიდან ხელყოფისაგან. ეს უფლებები აცხადებენ, რა უნდა გააკეთოს ან უზრუნველყოს ხელისუფლებამ. მაგალითად, განათლების მიღების უფლება ხელისუფლებას იმ სკოლების შექმნის ვალდებულებას აკისრებს, რომლებშიც ყველას შეეძლება სწავლა.
სოციალური უფლებები არის უფლებები, რომლებიც აუცილებელია საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულყოფილი მონაწილეობისათვის. მაგ., განათლების, ოჯახის შექმნისა და შენარჩუნების უფლება, გართობის, ჯანმრთელობის დაცვის უფლება, დისკრიმინაციისაგან დაცვის უფლება.
ეკონომიკური უფლებები ასახავს იმ ფაქტს, რომ მატერიალური უსაფრთხოების გარკვეული მინიმალური დონე საჭიროა ადამიანის ღირსებისათვის და ასევე ფაქტს, რომ სათანადო დასაქმების ან საცხოვრებელი პირობების ნაკლებობა შეიძლება ფსიქოლოგიურად დამთრგუნველი იყოს. ეს უფლებები მოიცავს შრომის, საცხოვრებლის უფლებას, მოხუცებისა და ინვალიდებისათვის პენსიის უფლებას.
კულტურული უფლებები მოიცავს საზოგადოების კულტურულ ღონისძიებებში თავისუფლად მონაწილეობის უფლებას და, შესაძლოა, განათლების უფლებასაც.
უნდა აღვნიშნოთ, რომ უფლებების ასეთი კლასიფიკაცია აბსოლუტური არ არის. შეიძლება ითქვას, რომ სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები არ არის წმინდად ნეგატიური. მაგალითად, აზრის გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, სახელმწიფოს ეკისრება პოზიტიური ვალდებულებები ამ უფლების რეალური და ეფექტიანი განხორციელების უზრუნველსაყოფად. ამ თავისუფლების დაუბრკოლებლად განხორციელებისათვის ყოველთვის საკმარისი არ არის მხოლოდ ნეგატიური ვალდებულების შესრულება (ანუ ამ თავისუფლების განხორციელებაში ჩაურევლობა). ზოგჯერ აზრის გამოხატვის თავისუფლების რეალური უზრუნველყოფის ამოცანამ შეიძლება დაცვის პოზიტიური ღონისძიებების გატარება მოითხოვოს. მაგალითად, სახელმწიფოს ეკისრება პოზიტიური ვალდებულება, არ დაუშვას დისკრიმინაციული შეზღუდვითი პრაქტიკა სახელმწიფო ორგანოების მხრიდან. სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებანი ეკისრება მაშინაც, როდესაც ამ თავისუფლების შეზღუდვის საფრთხე კერძო პირისგან მომდინარეობს.
ხელისუფლებასთან მიმართების თვალსაზრისით, ადამიანის უფლებათა ისტორიული ძირები განსხვავებულია ევროპასა და ამერიკაში. ისტორიულად არსებობდა ადამიანის უფლებების ორი ცენტრალური იდეა - პიროვნული თავისუფლების იდეა და სახელმწიფოს თვითნებობისაგან პიროვნების დაცვის იდეა.
ისტორიული სპეციფიკიდან გამომდინარე, ამერიკის შეერთებულ შტატებში მთავრობა საჭირო იყო მხოლოდ შიდა და გარე მტრებისაგან თავის დასაცავად, ასე რომ, ამერიკაში:
1. არსებითია თავისუფლება მთავრობისაგან;
2. ადამიანის უფლებები ამართლებს სახელმწიფოებრივი თავისუფლებისთვის ბრძოლას.
ამგვარად, ადამიანის უფლებებს ამერიკის შეერთებულ შტატებში უპირატესად ნაციონალური საფუძველი აქვს. ბილი უფლებათა შესახებ კონსტიტუციის დამატებაა და, ამდენად, იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტია.
ევროპაში მთავრობა საჭირო იყო სოციალური სამართლიანობის განსახორციელებლად. ასე რომ:
1. არსებითია თავისუფლება მთავრობის საშუალებით;
2. ადამიანის უფლებები ამართლებს სოციალურ რევოლუციას.
ამგვარად, ადამიანის უფლებებს ევროპაში უპირატესად სოციალური საფუძველი აქვს. უფლებათა დეკლარაცია არ არის იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტი. იგი ქცევის მორალური კოდექსია, მაგრამ კონსტიტუცია უნდა ასახავდეს და მიჰყვებოდეს დეკლარაციის სულისკვეთებას.
ინტერესმოკლებული არ იქნება, თუ ნეგატიური და პოზიტიური უფლებების კონსტიტუციაში გადმოცემის ფორმის თვალსაჩინოებისათვის მოვიშველიებთ საქართველოს კონსტიტუციას.
ნეგატიური უფლებების მაგალითი (ეს უფლებები აცხადებენ, რის გაკეთება არ შეუძლია სახელმწიფოს): „ყოველ ადამიანს აქვს სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება. დაუშვებელია ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის, აღმსარებლობის ან რწმენის გამო, აგრეთვე მისი იძულება, გამოთქვას თავისი შეხედულება მათ შესახებ“ (მუხლი 19).
პოზიტიური უფლებების მაგალითი (ეს უფლებები აცხადებენ, რა უნდა გააკეთოს ან უზრუნველყოს სახელმწიფომ): „სახელმწიფო ხელს უწყობს უმუშევრად დარჩენილ საქართველოს მოქალაქეს დასაქმებაში“ (მუხლი 32).
სადისკუსიო კითხვები
1. რა პოზიტიური ქმედება უნდა განახორციელოს მთავრობამ იმისათვის, რომ უზრუნველყოს ჭეშმარიტად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები?
2. რა არის მთავარი დაბრკოლება, რაც ხელს უშლის ადამიანის უფლებების დაცვას განვითარებად ქვეყნებში? რომელი უფლებებია ყველაზე დიდი საფრთხის ქვეშ?
3. როგორ ფიქრობთ, რატომ არიან მზად სახელმწიფოები, სადაც ადამიანის უფლებების დაცვა ნაკლებად არის უზრუნველყოფილი, ხელი მოაწერონ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ხელშეკრულებებს?
4. როგორ ფიქრობთ, უმუშევრებმა უნდა მიიღონ სახელმწიფო დახმარება?
5. როგორ ფიქრობთ, დემოკრატიულ საზოგადოებაში ძალაუფლება მხოლოდ პოლიტიკოსებს გააჩნიათ?
6. უნდა გაათავისუფლოს თუ არა სახელმწიფომ დაკავებული ტერორისტი, თუ წინააღმდეგ შემთხვევაში გარეთ მყოფი ტერორისტები ერთი მძევლის მოკვლით იმუქრებიან?
![]() |
7.2 §2. ტოტალიტარიზმი და ავტორიტარიზმი |
▲ზევით დაბრუნება |
სახელმწიფო ინსტიტუტები მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ რეჟიმზე (საჯარო ხელისუფლების ორგანიზაციის ფორმა). ბერძნული ანტიკურობიდან მოყოლებული შარლ ლუი მონტესკიეთი და ჟან ჟაკ რუსოთი დამთავრებული, პოლიტიკურმა თეორეტიკოსებმა შემოგვთავაზეს პოლიტიკური რეჟიმების კლასიფიკაცია, რომელიც შემუშავებულია სუბიექტური შეფასების საფუძველზე - „კარგი მართვის“ ძებნა, და ობიექტური კრიტერიუმის საფუძველზე - მმართველთა რაოდენობა. აქედან გამომდინარე, ამ პოლიტიკურმა თეორიებმა განასხვავა სხვადასხვა რეჟიმების პოზიტიური ფორმები, მაგალითად: დემოკრატია, არისტოკრატია1, რუსოსათვის მისაღები მონარქისტული რეჟიმი და ამ რეჟიმების გადაგვარებული ფორმები: ოხლოკრატია2, ოლიგარქია3, ტირანია.
საყოველთაო არჩევნების გავრცელებასთან ერთად კლასიფიკაციის ამ ტიპმა აქტუალობა დაკარგა. XIX-XX საუკუნეებში გამოიკვეთა კლასიფიკაციის ახალი ტიპი, რომელიც მხედველობაში იღებს სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში მოქალაქეების მონაწილეობისა და პოლიტიკური პლურალიზმის ხარისხს. აქედან გამომდინარე, პოლიტიკური რეჟიმების თანამედროვე ტიპოლოგია განასხვავებს პლურალისტურ დემოკრატიებს, ავტორიტარულ რეჟიმებს და ტოტალიტარულ რეჟიმებს.
ცნება „ტოტალიტარიზმი“ დასავლეთის სამეცნიერო ლიტერატურაში XX საუკუნის 30-იანი წლების ბოლოს ვრცელდება. თავიდანვე ტოტალიტარიზმი ერთმნიშვნელოვნად ფაშიზმთან და კომუნიზმთან იგივდებოდა, რომლებიც განიხილებოდა, როგორც მისი ორი განშტოება.
1939 წელს ამერიკის ფილოსოფიური საზოგადოების მიერ ორგანიზებულ სიმპოზიუმზე იყო ტოტალიტარიზმისათვის მეცნიერული განმარტების მიცემის მცდელობა. ერთ-ერთ მოხსენებაში ის განსაზღვრული იყო, როგორც „აჯანყება დასავლეთის მთელი ისტორიული ცივილიზაციის წინააღმდეგ“.
1952 წელს აშშ-ში ჩატარდა ამ სოციალური ფენომენისადმი მიძღვნილი კონფერენცია, სადაც გაკეთდა დასკვნა, რომ „ტოტალიტარული შეიძლება ვუწოდოთ დახურულ საზოგადოებას, რომელშიც ყველაფერი - ბავშვების აღზრდიდან დაწყებული პროდუქციის გამოშვებით დამთავრებული, ერთიანი ცენტრიდან კონტროლდება“.
ამ თემაზე შექმნილი ფუნდამენტური ნაშრომებიდან აღსანიშნავია: გერმანელი და ამერიკელი ფილოსოფოსისა და პოლიტოლოგის, ხ. არენდტის „ტოტალიტარიზმის წარმოშობა“ და ამერიკელი პოლიტოლოგების, კ. ფრიდრიხისა და ზ. ბჟეზინსკის ერთობლივი მონოგრაფია „ტოტალიტარული დიქტატურა და ავტოკრატია“. ამ უკანასკნელში ტოტალიტარიზმის „ზოგადი მოდელის“ განსაზღვრისათვის გამოიყოფა 5 ნიშანი: 1. ერთიანი მასობრივი პარტია, რომლის სათავეშია ქარიზმატული ლიდერი; 2. სახელმწიფოს იდეოლოგია, რომელიც სავალდებულოა; 3. მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე ხელისუფლების მონოპოლია; 4. ძალადობის მონოპოლია; 5. ტერორისტული პოლიციური კონტროლის სისტემა და ეკონომიკის ცენტრალიზებული მართვა.
ამ ავტორების კონცეფციამ მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონია შემდგომ კვლევებზე, ამასთან, მიუთითებდნენ მათი ფორმულის არასრულყოფილებაზეც.
ინგლისელი ეკონომისტის ფ. ჰაიეკის აზრით, ტოტალიტარიზმის ჩანასახი ფესვს იდგამს კოლექტივიზმის ნებისმიერ ფორმაში, ინდივიდის, მისი ინდივიდუალური მისწრაფებების რაიმე საერთოსადმი (ზოგადისადმი) დაქვემდებარების ნებისმიერ მცდელობაში.
რასაკვირველია, სახელმწიფოებრივი კონტროლი საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა მხარეზე, ყველაფრისა და ყველას - ეკონომიკის, პოლიტიკის, კულტურისა და იდეოლოგიის, საოჯახო და პირადი ცხოვრების - ამ კონტროლს დაქვემდებარება შეადგენს ტოტალიტარიზმის არსს.
მაგრამ, თუკი ჰაიეკი მართალია ტოტალიტარიზმის წარმოშობის მისეულ ახსნაში, მაშინ კაცობრიობის ძალისხმევა ტოტალიტარიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში უიმედო იქნებოდა, თუნდაც იმიტომ, რომ მოგვიწევდა უარის თქმა სამართლებრივ სახელმწიფოზე, რომლის დროსაც თითოეული ზოგად კანონებს, სამართალს ექვემდებარება.
ამიტომ აუცილებელია, დავინახოთ განსხვავება ტოტალიტარიზმის შესაძლებლობასა და სინამდვილეს შორის; მის საშიშროებასა, რომელიც დაკავშირებულია საზოგადოებრივი ცხოვრების მრავალ ბუნებრივ მხარესთან (მათ შორის სახელმწიფოებრივ რეგულირებასა და კოლექტივიზმთან, რომლებიც ინდივიდს უქვემდებარებენ ზოგადს, ერთობლივს), მაგრამ რომელიც მაინც არ ბადებს ტოტალიტარიზმს, და მის ნამდვილობას შორის, როდესაც მისი აბსტრაქტული შესაძლებლობა საშიში წინაპირობებისა და ნიშნების დაგროვების შედეგად თავდაპირველად რეალურ შესაძლებლობად გადაიქცევა, ხოლო შემდგომ - მხოლოდ განსაზღვრული გარემოებებისას - ნამდვილ ტოტალიტარიზმად. უნდა გავაცნობიეროთ ის, რომ სახელმწიფო და სამართალი, თვით საზოგადოებაც თავის ყოველდღიურ საქმიანობაში „კოლექტივისტურია“, ინდივიდი ექვემდებარება „ზოგადს“, რომელსაც სრულებითაც არ მივყავართ ტოტალიტარიზმამდე.
ტოტალიტარიზმი შესაძლებელი და ნამდვილი ხდება იმ პირობებსა და ქვეყნებში, რომლებიც თავიანთი განვითარების პროცესში ამა თუ იმ მიზეზით, ობიექტურად აღმოჩნდებიან განსაკუთრებული, ექსტრემალური ამოცანების წინაშე (მაგალითად, არჩევანის ტიპის: ესა თუ ეს?), რომელთა გადაწყვეტისთვისაც აუცილებელია მთელი მოსახლეობის ენერგიის, ძალისხმევის საგანგებო მობილიზება. და მოქალაქეები, რომელთაც ესმით სიტუაცია, მიდიან ამაზე ერის „გადამრჩენებისათვის“, ხალხის ბელადებისთვის. სწორედ ასე იყო, თუმცა თითოეულისათვის თავისებურად, 20-იანი წლების იტალიაში, 30-იანი წლების გერმანიაში და ოქტომბრისშემდგომი სტალინური პერიოდის საბჭოთა კავშირში (1929-1953). ტოტალიტარიზმის ჩამოყალიბებასა და განხორციელებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს მასობრივი პოლიტიკური მოძრაობები. როგორც წესი, წინამორბედ დიქტატურებს საკმაოდ ვიწრო სოციალური ბაზა ჰქონდა. ტოტალიტარიზმის წარმოშობა მასების დიდ პოლიტიკურ აქტიურობას ემთხვევა და უმეტესად ეს განაპირობებს მის წარმოშობას. ტოტალიტარიზმის ჩამოყალიბებაში არანაკლებ როლს თამაშობს ტექნიკური მიღწევები (მაგალითად, რადიო), რომლებიც იძულებასა და დათრგუნვას, მასობრივ პროპაგანდასა და კომუნიკაციას ემსახურებიან.
ასევე აღსანიშნავია, რომ ტოტალიტარიზმი - ესაა საზოგადოების „რეაქცია“ ინდუსტრიალიზაციის პერიოდის კრიზისზე. ძველი ტრადიციების მსხვრევა, საზოგადოების საფუძვლების ძირეული ცვლილება ახალი სოციალური და ნაციონალური იდენტურობის ფორმირების პროცესში ბადებს ძლიერი ცენტრალიზებული ხელისუფლებისადმი მისწრაფებას, რომელიც მკაცრ წესრიგს ამყარებს და ყველაზე მწვავე და გადაუდებელი სოციალური პრობლემების სწრაფი გადაწყვეტის გარანტიას იძლევა.
სწორედ ამ პირველმიზეზებთანაა დაკავშირებული ტოტალიტარიზმის ზოგიერთი საერთო, ფუძემდებლური ნიშნანი და, უპირველეს ყოვლისა, გავრცელება არა უბრალოდ საერთო, არამედ აუცილებლად მესიანური მონოიდეოლოგიისა - სოციალურის ან ნაციონალურის; ამ მიზეზებთანაა დაკავშირებული ერთადერთი შენარჩუნებული პარტიის ავტორიტეტის განმტკიცება და ქარიზმატული პიროვნებების - ერის მამების ან ხალხის გადამრჩენელთა, მისი „დიადი ბელადების“ გაჩენა. თუ იტალიასა და გერმანიაში ასეთი მესიანური მონოიდეოლოგია ნაციონალისტურ-შოვინისტური იდეოლოგია იყო, რომელიც ხაზს უსვამს საკუთარი ერის გამორჩეულობას, სსრკ-ში ეს მესიანური ბოლშევიზმი იყო, რომელიც მშრომელებს თავად რუსეთის გადაქცევას ჰპირდებოდა მესიად, რომელიც მთელი მსოფლიოს მშრომელთა თავისუფლებისა და ბედნიერების ნათელ დროშას ატარებს. ამგვარი მესიანური მონოიდეოლოგია მოწოდებული იყო, ყველა შემთხვევაში გაემხნევებინა მასები, შეეკრიბა ისინი თავისი დროშის ქვეშ, ექცია ისინი ხელისუფალთა, ტოტალიტარული ხელისუფლების „გმირულ მოკავშირეებად“. და, მეორე, სწორედ მასების მიერ საგანგებო სიტუაციის, რომელშიც აღმოჩნდა ქვეყანა (აქედან მომდინარეობს მასების პოლიტიზაციის, მათი პოლიტიკური აქტიურობის და არა პასიურობის მნიშვნელობა), გაგებასთანაა დაკავშირებული მოსახლეობის მზადყოფნა განსაზღვრული მსხვერპლისადმი „დიადი საგმირო ამოცანების“ გადაწყვეტის სახელით, რითაც ფართოდ სარგებლობენ თავიანთი ინტერესებისათვის ტოტალიტარული რეჟიმების შემოქმედნი.
საერთო მესიანური მონოიდეოლოგია, ერთადერთი პარტია და მისი გაღმერთებული ბელადი წარმოადგენს ტოტალიტარიზმის ჩამომყალიბებელ აუცილებელ ამოსავალ ნიშნებს. ტოტალიტარული ძალების ხელისუფლებაში მოსვლით სინამდვილედ იქცა კიდევ სამი ნიშანი: 1. იქმნება და მოქმედებას იწყებს იძულების სახელმწიფოებრივი მანქანა, რომელიც ახორციელებს მასობრივ რეპრესიებსა და ტერორს, სხვაგვარად აზროვნების დევნას; 2. მყარდება მონოპოლია ინფორმაციაზე; 3. იქმნება ცენტრალიზებულად მართული მობილიზებული ეკონომიკა.
რატომაა დაუშვებელი სხვადასხვა ტიპის (მარჯვენა და მარცხენა) ტოტალიტარიზმის გაიგივება?
მთავარი პრობლემა ისაა, რომ მარჯვენა (ფაშისტური) და მარცხენა (კომუნისტური) ტოტალიტარიზმი სრულებითაც არ არის მხოლოდ ტოტალიტარული წყობის ორი სხვადასხვა ფორმა, რომლებიც თავისი შინაარსით ემთხვევა ერთმანეთს, მაგრამ განსხვავდება მხოლოდ თავისი ფორმებით, ე.ი. იმით, გარეგნულად როგორ გამოიხატება, როგორ სახესა და როგორ ფორმებს იღებს აქ და იქ ერთი და იგივე შინაარსი (მაგალითად, მასობრივი რეპრესიები ჰიტლერიზმისა და სტალინიზმის დროს, ან მესიანური იდეოლოგია, მარჯვენა და მარცხენა ტოტალიტარიზმის ცენტრალიზებულად მართული მობილიზებული ეკონომიკა და ა.შ.). არა, აქ გაცილებით უფრო ღრმა განსხვავებაა: კერძოდ - ტიპების განსხვავება და არა მხოლოდ ფორმების (როგორც, გვაქვს, ვთქვათ, ტოტალიტარიზმის
ერთი და იმავე ტიპის ფორმებს - იტალიური ფაშიზმსა და ჰიტლერულ ნაციზმს - შორის). ეს კი ნიშნავს, რომ ტოტალიტარიზმის თითოეული ტიპისათვის დამახასიათებელია ძირითადი ნიშნების თავისი განსაკუთრებული ორგანული ურთიერთდამოკიდებულება და კავშირი, რითაც თითოეულ შემთხვევაში განისაზღვრება არა მარტო განვითარების თავისი განსაკუთრებული ლოგიკა - მოცემული ტიპის ტოტალიტარიზმის განვითარება და სიკვდილი - არამედ ასევე ტოტალიტარიზმის სხვადასხვა ტიპის პირდაპირი შეუთავსებლობა. ეს ხომ ერთი ტოტალიტარული პოლიტიკური რეჟიმის სხვადასხვა ტიპებია და არა საზოგადოებრივ-ეკონომიკური წყობისა, სადაც ამ რეჟიმის თითოეული განსახილველი ტიპი მსგავსი პოლიტიკური მეთოდებითა და საშუალებებით წყვეტს თავის საკუთარ პოლიტიკურ ამოცანებს, რომელიც ესწრაფვის თავის განსაკუთრებულ მიზნებს, განსაზღვრულს სწორედ არა იმდენად პოლიტიკური რეჟიმით, რამდენადაც შესაბამისი საზოგადოებრივი წყობის ხასიათით.
„მარცხენა“ ტოტალიტარიზმი ეფუძნება მარქსიზმ-ლენინიზმის იდეოლოგიას, რომელიც ამტკიცებს: 1. კომუნისტური საზოგადოების აშენების შესაძლებლობას, სადაც ყველა ინდივიდის მოთხოვნილებები ბოლომდე დაკმაყოფილდება; 2. კერძო საკუთრების უარყოფის აუცილებლობას და გეგმური, მთლიანად სახელმწიფოს მიერ რეგულირებადი ეკონომიკის შექმნას; 3. პროლეტარიატის წამყვან როლს; 4. ახალი საზოგადოებისაკენ გადასვლისას პროლეტარიატის დიქტატურის აუცილებლობას; 5. ყველა ქვეყანაში კომუნიზმის აშენების შესაძლებლობას.
„მარცხენა“ ტოტალიტარიზმის სოციალურ საფუძველს წარმოადგენს დაბალი კლასები, უპირველეს ყოვლისა, პროლეტარიატი. გაბატონებული იდეოლოგიის თვალსაზრისით, ყველა სხვა კლასი ნაკლებად პროგრესულია, ხოლო ზოგიერთი - რეაქციულიც კი. ამიტომ პოლიტიკა მიმართული იყო სხვა კლასების აღმოფხვრისაკენ. პრაქტიკაში ეს ნიშნავდა მესაკუთრეთა კლასის, გლეხების ლიკვიდაციას. ხოლო „ნათელი მომავლის“ აშენება გულისხმობდა იძულების ძლიერი აპარატის გამოყენებას ტერორის ჩათვლით.
„მარჯვენა“ ტოტალიტარიზმი, გერმანული ფაშიზმის სახით, ეფუძნება ნაციონალ-სოციალიზმის იდეოლოგიას. ეს იდეოლოგია წარმოადგენდა ეტატისტური და ნაციონალისტური ლოზუნგების ნარევს. უკანასკნელი ეფუძნებოდა ჰ. ჩემბერლენის რასისტულ იდეებს გერმანელებზე, როგორც „უმაღლესი“ არიული რასის ბირთვზე და ჟ. გობინოს მტკიცებას მის დაცემაზე, რომელიც დაკავშირებულია სისხლის აღრევასთან. სწორედ ამ პოსტულატებიდან დაიბადა ნაციზმის იდეა გერმანელი ერის უპირატესობაზე და მისი მსოფლიო ბატონობისაკენ სწრაფვა.
ნაციონალ-სოციალისტური იდეოლოგიის ძირითადი დებულებები დაიყვანება შემდეგზე: 1. გერმანული რაიხის აღდგენა; 2. ბრძოლა გერმანული რასის გაწმენდისათვის; 3. ყველა უცხო ელემენტის განადგურება; 4. ანტიკომუნიზმი; 5. კაპიტალიზმის შეზღუდვა.
„მარჯვენა“ ტოტალიტარიზმის სოციალურ საფუძველს წარმოადგენს საზოგადოების ექსტრემისტულად განწყობილი საშუალო ფენები. გერმანულმა ფაშიზმმა მსხვილი კაპიტალის მხარდაჭერა პოვა, რომელიც მასში „ნაკლებ ბოროტებას“ ხედავდა მასების რევოლუციურ მოძრაობასთან და კომუნისტურ იდეოლოგიასთან შედარებით. ერის გადარჩენისათვის დაიშვებოდა ტერორისა და რეპრესიების გამოყენება. ნებისმიერი სისუსტე აღიქმებოდა, როგორც გერმანელი ერის საფრთხე.
რა ადგილს იკავებს ტოტალიტარიზმი სხვა პოლიტიკურ რეჟიმებთან შეპირისპირებაში, პირველ რიგში ავტორიტარიზმთან შედარებისას?
ხშირად ტოტალიტარულად იწოდება ავტორიტარულ-დიქტატორული რეჟიმი და პირიქით, ზოგიერთი ავტორიტარული რეჟიმი განიხილება თითქმის, როგორც ტოტალიტარული. ეს სინამდვილეს არ შეესაბამება და არა იმიტომ, რომ თითქოს ტოტალიტარიზმის დროს არ არსებობს ავტორიტარიზმის ასპექტი, არამედ იმიტომ, რომ ავტორიტარიზმი და ტოტალიტარიზმი - ეს მაინც არადემოკრატიული რეჟიმის ორი არსებითად განსხვავებული სახეა.
ავტორიტარიზმი (წარმოდგება ლათინური სიტყვისგან Autoritas ზემოქმედება, ხელისუფლება) არის პოლიტიკური ხელისუფლების, პოლიტიკური რეჟიმის დამყარებული ან თავს მოხვეული ისეთი ფორმა, რომელიც ახდენს ხელისუფლების კონცენტრირებას ერთი ადამიანის ან ხელისუფლების ერთი ორგანოს ხელში, რის შედეგადაც ეცემა ხელისუფლების სხვა ორგანოების ან შტოების როლი და, უპირველეს ყოვლისა, მცირდება წარმომადგენლობითი ინსტიტუტების როლი.
ავტორიტარიზმის, როგორც პოლიტიკური რეჟიმის, ყველაზე უფრო არსებითი ნიშნებია: 1. ხელისუფლების კონცენტრაცია ერთი პირის ან ხელისუფლების ერთი შტოს, ყველაზე ხშირად აღმასრულებელი შტოს, ხელში; 2. ხელისუფლების წარმომადგენლობითი შტოსა და მისი ინსტიტუტების როლის არსებითი შევიწროება; 3. ოპოზიციის როლისა და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის, კავშირის, დაწესებულების ავტონომიის მინიმუმამდე დაყვანა, დემოკრატიული პოლიტიკური პროცედურების (პოლიტიკური დებატების, მასობრივი მიტინგებისა და დემონსტრაციების, ოპოზიციური გამოცემების და ა.შ.) მკვეთრი შეკვეცა.
„ავტორიტარიზმი მოსახლეობის უმრავლესობის (ან მნიშვნელოვანი ნაწილის) მიერ აღიქმება, როგორც არალეგიტიმური რეჟიმი, მაშინ როცა ტოტალიტარიზმის ლეგიტიმურობა უმრავლესობისთვის სადავო არ არის. ავტორიტარიზმი მყარდება, მიუხედავად უმრავლესობის აზრისა, ან, ყოველ შემთხვევაში, მისი მხარდაჭერისა და თანხმობის გარეშე; ტოტალიტარიზმი კი მყარდება თავად მასების აქტიური მონაწილეობისას. სწორედ მასობრივი მხარდაჭერის შედეგად სამეცნიერო ლიტერატურაში ზოგჯერ ტოტალიტარიზმს სამართლიანად უწოდებენ „მასობრივი მოძრაობების დიქტატურას“ (რ. კოჩესოკოვი).
ავტორიტარიზმის დროს სახელმწიფო და სამოქალაქო საზოგადოება გაყოფილია, სახელმწიფო ძალიან ინტენსიურად არ ერევა სამოქალაქო საზოგადოების ცხოვრებაში, თუმცა ის მკაცრი კონტროლის ქვეშ ჰყავს; სამოქალაქო საზოგადოება განსაზღვრული დონით ავტონომიური რჩება, თუმცა არ შესწევს უნარი, სერიოზული ზემოქმედება მოახდინოს სახელმწიფოზე. ტოტალიტარიზმის დროს სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ჩამოყალიბებას იწყებს, მიზანმიმართულად ეტატიზირდება (ერწყმის სახელმწიფოს).
ავტორიტარიზმის დროს პოლიტიკური ხელისუფლება, რომელიც ადამიანს სამოქალაქო საზოგადოებაში თვითრეალიზაციის განსაზღვრულ შესაძლებლობებს აძლევს, აფერხებს მოქალაქეთა აქტიურ დამოუკიდებელ პოლიტიკურ საქმიანობას, რის შედეგადაც ავტორიტარიზმისათვის დამახასიათებელია პოლიტიკური აბსენტიზმი4. ტოტალიტარიზმის დროს, ადამიანთა ყველა საქმიანობის უსაზღვრო პოლიტიზაციისა და იდეოლოგიზაციის შედეგად, ისინი არ შეიძლება დარჩნენ პოლიტიკური ცხოვრების მიღმა, თავად პოლიტიკური რეჟიმიც პერმანენტულად ცდილობს, ადამიანები პოლიტიკური დაძაბულობის მდგომარეობაში ამყოფოს.
პოლიტიკური აბსენტიზმი არა მხოლოდ არაა მისასალმებელი, როგორც ავტორიტარიზმის დროს, არამედ განიხილება, როგორც „დიდი ბოროტება“. რაც შეეხება ლიდერებს, ავტორიტარიზმის, „რკინის ხელის“ ხელისუფლების დროს პოლიტიკურ ლიდერებსა და ხალხს შორის გადაულახავი დისტანცია არსებობს: უზურპატორი და ხალხი; ხოლო ტოტალიტარული ბელადი და ხალხი - განუყოფელი ორგანული მთლიანობაა. ტოტალიტარული ბელადი, როგორც წესი, ბრბოს, მასის საყვარელია. ბელადის კულტი ტოტალიტარიზმის დამახასიათებელი ნიშანია.
როგორია ის ობიექტური კრიტერიუმი, რომლის მეშვეობითაც შეიძლება ვამტკიცოთ, რომ მოცემულ ქვეყანაში ან უკვე დამყარდა ტოტალიტარიზმი, ან ტოტალიტარიზმი იქ უკვე დამსხვრეულია?
იმის საფუძველზე, რომ განსაზღვრულ ქვეყნებში არსებობს ცალკეული ნიშნები, რომლებიც დამახასიათებელია ჩამოყალიბებული ტოტალიტარიზმისთვის (მაგალითად, პიროვნებაზე დიქტატურა, მასობრივი რეპრესიები, სხვაგვარად აზროვნების დევნა), იწყებენ ლაპარაკს ტოტალიტარიზმზე პლატონის სახელმწიფოს მიმართ ან ტოტალიტარიზმის არსებობას აღიარებენ იქ, სადაც არის ეკონომიკის სახელმწიფოებრივი რეგულირება, კოლექტივიზმი; ანდა, რაც ძალიან ხშირად ხდება, ტოტალიტარულს უწოდებენ იაკობინელთა რეჟიმს რევოლუციურ საფრანგეთში XVIII საუკუნის ბოლოს. ტოტალიტარულად თვლიან არა მხოლოდ 30-50-იანი წლების სტალინურ რეჟიმს, არამედ 1917-1924 წლების დიქტატორულ რეჟიმსაც, რომელიც ლენინის დროს ფუნქციონირებდა; უფრო მეტიც, მბრძანებლურ-ადმინისტრაციული ეკონომიკის შენარჩუნების გამო ლაპარაკობენ ტოტალიტარიზმის შენარჩუნებაზე გორბაჩოვის დროსაც.
უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია, უარვყოთ ნებისმიერი მცდელობა, ტოტალიტარულად მივიჩნიოთ პოლიტიკური რეჟიმი, სადაც არსებობს ანტიდემოკრატიული ნიშნები, მსგავსი ან ანალოგიური იმისა, რომელიც ჩამოყალიბებული ტოტალიტარიზმის დროს ამგვარი ნიშნების აუცილებელი შინაგანი ორგანული კავშირის გარეშე გვაქვს. არასწორი იქნება, ტოტალიტარული ვუწოდოთ შორეული წარსულის არადემოკრატიულ პოლიტიკურ რეჟიმებს, რომლებიც თავიანთ საზოგადოებრივ-ისტორიულ პირობებში წარმოიშვნენ და არა XX საუკუნის - ტოტალიტარიზმის აკვანის - გარემოებების ნიადაგზე. თუ ამგვარ ლოგიკას მივყვებით, მაშინ მოგვიწევს, ტოტალიტარულად ვაღიაროთ არა მხოლოდ პატრიარქის ხელისუფლება პატრიარქატში, არამედ ნერონის ხელისუფლებაც რომში.
ჰ. არენდტი თავის წიგნში წერდა ლენინის დიქტატურის პრინციპულ განსხვავებაზე სტალინის ტოტალიტარიზმისაგან. როდესაც იგი განიხილავდა ლენინს, როგორც „მასების შეფს“, მის ყველაზე მძიმე შეცდომად თვლიდა სამოქალაქო ომის დასაწყისში ქვეყანაში უმაღლესი ხელისუფლების გადაცემას საბჭოებისგან პარტიული ბიუროკრატიისთვის. მაგრამ რევოლუციისათვის ტრაგიკული ეს გარემოებაც კი, არენდტის აზრით, ფატალურად არ მიდის ტოტალიტარიზმამდე. „ლენინის რევოლუციური დიქტატურის ტოტალიტარული მმართველობის სისტემად გარდასაქმნელად, - თვლიდა ის, - სტალინს მოუწია თავიდან, ხელოვნურად შეექმნა ატომიზირებული საზოგადოება“.
ტოტალიტარიზმი წარმოიშობა ტრადიციული სოციალური სტრუქტურების დაშლისა და საზოგადოების დემორალიზაციის შედეგად. სწორედ საზოგადოების დესტრუქტურირებულ მასად გადაქცევა, რომელიც შედგება „ატომიზირებული“ ინდივიდებისაგან, რომლებიც მოკლებულნი არიან საკუთრებას, საკუთარი „მეს“ დამოუკიდებლობას, არის ტოტალიტარული სახელმწიფოს ჩამოყალიბების სოციალური წინაპირობა.
დაუბრუნდეთ იმას, თუ როგორია ტოტალიტარიზმის არსებობის ან არარსებობის ობიექტური კრიტერიუმი. ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად განიხილება ორი განსხვავებული მიდგომა: პირველი ცდილობს, საკითხი ტოტალიტარიზმის უკვე მოხსენიებული ხუთი ძირითადი ნიშნის მეშვეობით გადაწყდეს; მეორე ცდილობს, საკითხი იმის მიხედვით გადაწყდეს, თუ როგორია საზოგადოებაში მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების საერთო მდგომარეობა.
უკვე ითქვა, რომ კლასიკურ პოლიტიკურ ლიტერატურაში გამოყოფილია ხუთი ძირითადი ნიშანი, რომლებიც ორგანულ კავშირში არიან და ტოტალიტარიზმის, როგორც ერთი მთლიანის, ურთიერთმოქმედ სისტემას ქმნიან. ტოტალიტარიზმის განუყოფელ კავშირს ამ სავსებით განსხვავებული ელემენტების არსებობასთან მათი კავშირის ხასიათის არგაგებისას სწორედაც რომ მივყავართ არასწორ მტკიცებებამდე, როდესაც ტოტალიტარიზმზე ლაპარაკობენ, მაგალითად, პლატონის სახელმწიფოს მიმართ. აქ შეცდომა ტოტალიტარიზმის შესაძლებლობისა (საფრთხის) და მისი ნამდვილობის აღრევაშია, რაც თავად ტოტალიტარული წყობის დამყარებასთანაა დაკავშირებული. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ტოტალიტარიზმი XX საუკუნის საერთო პირობების პროდუქტია. ის მყარდება იქ და მაშინ, სადაც და როდესაც განსაზღვრული გარემოებებისას ამ პოლიტიკური რეჟიმის ცალკეული და სრულებით სპეციფიკური ნიშნები გამოდიან არა იზოლირებულად, არამედ ორგანულ ერთობლიობაში, როგორც ამ ძირითადი ნიშნების ურთიერთმოქმედი მთლიანობა.
ამიტომ არასწორია არა მარტო ტოტალიტარიზმის აღიარება იქ, სადაც მხოლოდ ესა თუ ის შესაბამისი ნიშანი არსებობს, არამედ არასწორია ასევე აზრი, რომლის თანახმადაც, ტოტალიტარიზმი შენარჩუნებულია, როცა მისი საკვანძო ნიშნების აღმოფხვრისას ჯერ კიდევ რჩება მისი ესა თუ ის ნიშანი.
რაც შეეხება მეორე მიდგომას (ტოტალიტარიზმის არსებობის ობიექტური კრიტერიუმის პრობლემის გადაწყვეტის მისწრაფება საბოლოო შედეგის — საზოგადოებაში ადამიანის მდგომარეობის მიხედვით), ტოტალიტარიზმი არსებობს იქ და მაშინ, სადაც და როდესაც პიროვნება, ინდივიდი, მოქალაქე, მისი ცხოვრებისა და საქმიანობის ყველა სფერო ტოტალური კონტროლის ქვეშ აღმოჩნდება, სადაც ინდივიდი ხელისუფალთა მარიონეტია. გერმანელი პოლიტოლოგი გ. ბალესტრემი წერდა: „ის გარემოება, რომ ხელისუფალნი დროდადრო საკუთარი ნებით ან გარემოებების ზემოქმედებით განსაზღვრული თავისუფლებების გარანტიას იძლევიან, არ გამოდგება არგუმენტად ტოტალიტარიზმის თეორიის წინააღმდეგ. საკითხი მდგომარეობს იმაში, ძირითად პრინციპს შეეხება საქმე თუ არა. სანამ პარტიულ-სახელმწიფოებრივი ხელმძღვანელობა გამოდის ყველა მნიშვნელობით, როგორც უმაღლესი ინსტანცია და მოქალაქეთა თავისუფლების უფლება ნაჩუქარს წარმოადგენს, პრინციპული თვალსაზრისით, სისტემა ტოტალიტარული რჩება“.
შეიძლება დავასკვნათ, რომ ტოტალიტარიზმის არსებობისა თუ დანგრევის ობიექტური კრიტერიუმი კომპლექსურია და მოიცავს როგორც პირველ, ისე მეორე მიდგომას.
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ტოტალიტარული სახელმწიფოს იდეა ეწინააღმდეგება ლიბერალური სამყაროსათვის დამახასიათებელ დაყოფას (კერძო და საჯარო, სახელმწიფო და სამოქალაქო საზოგადოება). ტოტალიტარიზმი, უპირველეს ყოვლისა, საზოგადოების სრული (ტოტალური) გაერთიანების გეგმაა და ის უნდა განვასხვაოთ ავტორიტარიზმის სხვადასხვა ფორმებისაგან, რომლებიც დემოკრატიული რეჟიმის ზოგიერთი ელემენტის არსებობის ნებას იძლევიან ან „სამოქალაქო საზოგადოების“ დამოუკიდებლობის მინიმუმს აღიარებენ.
საბოლოოდ, თუ ძალიან გავამარტივებთ, ტოტალიტარიზმისა და ავტორიტარიზმის შინაარსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:
ტოტალიტარული რეჟიმი ისეთი რეჟიმია, რომელიც ეყრდნობა საზოგადოების სრულ შერწყმას სახელმწიფოსთან, სადაც ხელისუფლება თავმოყრილია ერთადერთი პარტიის ან ლიდერის ხელში, რომელიც ეყრდნობა იდეოლოგიურ დამოძღვრას და პოლიციურ ტერორს.
ავტორიტარული რეჟიმი ისეთი რეჟიმია, რომელშიც მმართველებს არ სურთ, დაექვემდებარონ დემოკრატიულ კონტროლს (თავისუფალი არჩევნები, პოლიტიკური შეჯიბრი).
სადისკუსიო კითხვები
1. როგორ ფიქრობთ, რატომ მიმართავს ძალადობას ტოტალიტარული რეჟიმი?
2. რატომ არსებობს ტოტალიტარულ სახელმწიფოში კანონები?
3. რატომ უჩნდებათ ადამიანებს ბელადის მოთხოვნილება?
4. რატომაა ოპოზიცია და კრიტიკა ტოტალიტარიზმთან შეუთავსებელი?
5. რის მიღწევაა შესაძლებელი მასობრივი საშუალებების მონოპოლიზაციით?
6. რატომ ებრძვის ტოტალიტარიზმი ეკლესიას?
7. აქვს თუ არა დადებითი მხარე ტოტალიტარიზმსა და ავტორიტარიზმს?
___________________________
1 სახელმწიფო მმართველობის ისეთი ფორმა, როდესაც ძალაუფლება დიდებულთა მცირერიცხოვანი პრივილეგირებული კლასის ხელშია (მაგ., ძველ საბერძნეთსა და რომში).
2 დემოკრატიის გადაგვარებული ფორმა, რომელიც ბრბოს ცვალებად ახირებებს ეფუძნება. ეს ბრბო მუდმივად ექცევა დემაგოგების ზემოქმედების ქვეშ. ოხლოკრატია დამახასიათებელია გარდამავალი და კრიზისული პერიოდებისათვის.
3 მმართველობის ფორმა, რომლის დროსაც სახელმწიფო ხელისუფლება ეკონომიურად ძლიერ ადამიანთა მცირე ჯგუფს ეკუთვნის.
4 ინგლისური სიტყვიდან აბსენტ - არყოფნა, არარსებობა; ამ შემთხვევაში ნიშნავს ჩაურევლობას, მონაწილეობის არმიღებას პოლიტიკურ ცხოვრებაში.
![]() |
7.3 §3.საპარლამენტო თუ საპრეზიდენტო მმართველობა |
▲ზევით დაბრუნება |
სახელმწიფო წყობილება, სახელმწიფო მმართველობის ფორმები პირდაპირ უკავშირდება ხელისუფლებაში პიროვნების როლსა და მნიშვნელობას, იმას, თუ რას ანიჭებს საზოგადოება უპირატესობას - ძალაუფლება ერთი პირის ხელში იყოს თავმოყრილი თუ სახელმწიფოს კოლეგიალურად მართავდნენ. დღეისთვის ცივილიზებული მსოფლიოს სახელმწიფოთა უმრავლესობა სახელმწიფო მმართველობის საპარლამენტო ან საპრეზიდენტო ფორმით სარგებლობს.
საპარლამენტო მმართველობის დროს პარლამენტი ერთადერთი კანონიერი ინსტიტუტია, რომლის ნებაზეც არის დამოკიდებული აღმასრულებელი ხელისუფლება - მინისტრთა კაბინეტი პრეზიდენტთან ერთად. სახელმწიფო მმართველობის ეს ფორმა გულისხმობს მთავრობის ფორმირებას პარლამენტურ საფუძველზე. სახელმწიფოს მეთაურს - პრეზიდენტს აქ მოკრძალებული ადგილი განეკუთვნება: მართალია, იგი ფორმალურად ნიშნავს პრემიერ-მინისტრს, მაგრამ პრემიერ-მინისტრი შემდეგ თავად აყალიბებს პარლამენტის და არა პრეზიდენტის წინაშე პასუხისმგებელ მთავრობას - მინისტრთა კაბინეტს. ასე რომ, პრეზიდენტს საპარლამენტო მმართველობის დროს მხოლოდ ნომინალური, ეგრეთ წოდებული წარმომადგენლობითი უფლებამოსილება გააჩნია, მას არ აქვს უფლება, დაითხოვოს მინისტრთა კაბინეტი. პირიქით, იგი მთავრობის მითითებით მოქმედებს.
საპრეზიდენტო მმართველობის ძირითადი ნიშანი ისაა, რომ სახელმწიფო მმართველობის მექანიზმში წამყვანი როლი პრეზიდენტს ეკუთვნის, რომელიც ერთდროულად სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურია. უმთავრესი აქცენტი პრეზიდენტის გაზრდილი უფლებამოსილებისა იმაში მდგომარეობს, რომ მთავრობა მმართველობის საპრეზიდენტო ფორმის დროს არაპარლამენტური გზით - თვით პრეზიდენტის მიერ იქმნება. ამ ტიპის მმართველობის დროს აღმასრულებელ ხელისუფლებას აკონტროლებს, ერთი მხრივ, აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური - პრეზიდენტი, რომელიც აღჭურვილია უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური უფლებებით, რაც მას საშუალებას აძლევს, აკონტროლოს მთავრობის საქმიანობა და ამასთან მიიღოს საკადრო გადაწყვეტილებები, მეორე მხრივ კი - პარლამენტი, რომელიც მთავრობას საკანონმდებლო რეგლამენტაციას უწესებს.
მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ საპრეზიდენტო სისტემაში კანონმდებლები, მით უმეტეს, თუ ისინი ერთიან, კარგად ორგანიზებულ პარტიას წარმოადგენენ, ზუსტ იდეოლოგიურ და პოლიტიკურ ალტერნატივებს გვთავაზობენ, ასევე პრეტენზია აქვთ დემოკრატიულ კანონიერებაზე. ამ უფლების რეალიზაცია მკვეთრად ამწვავებს სიტუაციას, თუ საკანონმდებლო ორგანოს უმრავლესობა და პრეზიდენტი ურთიერთსაწინააღმდეგო პოლიტიკურ ალტერნატივებს გამოხატავენ. ასეთ შემთხვევაში რომელს აქვს უფლება, ხალხის სახელით ილაპარაკოს - პრეზიდენტს თუ საკანონმდებლო უმრავლესობას? ამასთან დაკავშირებით ამერიკელი პოლიტოლოგი ჰ. ლინგი აღნიშნავს: „რადგან პრეზიდენტიც და საკანონმდებლო უმრავლესობაც თავიანთ ძალაუფლებას ხალხისაგან იღებენ, მათ შორის კონფლიქტი, შესაძლოა, აფეთქებამდე მივიდეს. ამიტომაც შემთხვევითი არ იყო, როდესაც წარსულში შეიარაღებული ძალები ხშირად ერთვებოდნენ პროცესებში, როგორც შუამავლები“
თუ პარლამენტარიზმი პოლიტიკურ პროცესებს რეგულირების მაქსიმალურ საშუალებას აძლევს, საპრეზიდენტო მმართველობისათვის სწორხაზოვნებაა დამახასიათებელი. პრემიერ-მინისტრი ყოველთვის ცდილობს, პოზიციები ნდობის ვოტუმით გაიმაგროს. დასაშვებია პრემიერ-მინისტრის უმტკივნეულოდ შეცვლა მაშინ, როდესაც პრეზიდენტის გადაყენება ანალოგიურ სიტუაციაში შეუძლებელია.
პრეზიდენტი გარკვეული ვადით პირდაპირ აირჩევა მოსახლეობის მიერ და დამოკიდებული არ არის პარლამენტის ნდობის ვოტუმზე. იგი არა მარტო რეალურად ფლობს აღმასრულებელ ხელისუფლებას, არამედ სიმბოლურადაც განასახიერებს სახელმწიფოს მეთაურს. არჩევნებს შორის პერიოდში იგი შეიძლება გადაყენებულ იქნეს მხოლოდ იმპიჩმენტის წესით, რაც უიშვიათესია პრაქტიკაში.
ცნობილ თეორეტიკოს-პოლიტიკოსს უოლტერ ბედჯოტს მიაჩნია, რომ „საპრეზიდენტო სისტემა პიროვნებას (პრეზიდენტს) ანიჭებს როგორც სახელმწიფო ხელისუფლების სიმბოლურ ფუნქციას, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურის რეალურ ფუნქციასაც, ვისთანაც დაკავშირებულია მომავლის იმედების კომპლექსი, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად დიდია არჩევნებში მისი გამარჯვების პროცენტი. ყოველივე ეს მკვეთრად განსხვავდება იმ წარმოდგენისაგან, რომელთანაც ასოცირდება პრემიერ-მინისტრი, როგორი პოპულარულიც უნდა იყოს იგი“.
„რწმენა იმისა, - წერს ჰ. ლინგი, - რომ პრეზიდენტი დამოუკიდებელ ძალაუფლებას და საერთო-სახალხო მანდატს ფლობს, მის ხელისუფლებას განსაკუთრებული მისიის გრძნობით ავსებს, იმ შემთხევაშიც კი, თუ ის მცირედი უპირატესობითაა არჩეული. სრულიად სახალხოობის ელემენტმა, რომელიც პრეზიდენტის ხელისუფლებას ახასიათებს, შეიძლება იქამდე მიიყვანოს, რომ წინააღმდეგობა და ოპოზიცია, ვისაც ის ეჯახება, მას უფრო და უფრო გამაღიზიანებლად მოეჩვენოს, ხოლო იმედის გაცრუების მიზეზი შეიძლება გახდეს ცდუნება, თავისი პოლიტიკა განიხილოს, როგორც ხალხის ნების გამოხატულება, ოპონენტების პოლიტიკა კი - როგორც ვიწრო წრის ეგოისტური მისწრაფება. ლიდერის ხალხთან იდენტიფიკაციას მივყავართ პოპულიზმთან, რომელიც ხელისუფლების ერთ-ერთ წყაროს წარმოადგენს. აქედან იბადება სურვილი თავისი უფლებამოსილების საზღვრების არცნობისა, რომელიც უმცირესობამაც კი, აღარაფერს ვამბობთ საშიშ უმრავლესობაზე, შეიძლება, დემოკრატიულობის თვალსაზრისით, გამართლებულად ჩათვალოს “.
პრეზიდენტისგან განსხვავებით, პრემიერ-მინისტრი, მიუხედავად მთავრობის ხელმძღვანელის სავარძელში ჯდომისა, პარლამენტის ჩვეულებრივი წევრია. ის გარკვეულ მომენტში თანასწორ პირობებში ხვდება კოლეგა კანონმდებლებს, როგორც ეს ბრიტანეთის წარმომადგენლობით პალატაში ხდება, როდესაც პრემიერ-მინისტრი დასმულ კითხვებზე პასუხობს. თუ პრემიერ-მინისტრი კოალიციურ მთავრობას მეთაურობს, ან მის პარტიას პარლამენტში უმცირესობა აქვს, იგი თავს უფლებას აძლევს, პარლამენტის აზრს მხოლოდ ცოტაოდენ გადაუხვიოს. ის, რაც საპარლამენტო სისტემაში შეიძლება მხოლოდ სამთავრობო კრიზისი იყოს, საპრეზიდენტო სისტემის დროს, მოსალოდნელია, რეჟიმის კრიზისით დამთავრდეს.
„იმ გარემოებამ, რომ პრეზიდენტი შემოსაზღვრული დროის პერიოდითაა არჩეული და არსებობს მის სახელთან დაკავშირებული პროგრამა, არ შეიძლება არ იმოქმედოს პრეზიდენტის პოლიტიკურ სტილზე. შესაძლო მონაცვლეობის გამო ღელვა ხელს უწყობს დასახული ამოცანების დასრულებისაკენ ნაჩქარევ სწრაფვას. პრეზიდენტის მხრიდან დაუყოვნებლობის მომეტებულ გრძნობას შეიძლება მოჰყვეს გაუმართლებელი, ნერვიული პოლიტიკური ინიციატივა, ჩანაფიქრის განხორციელების მეტად ნაუცბათევი მცდელობა, მიუღებელი მრისხანება კანონიერი ოპოზიციისადმი. ძალზე ხშირად პრემიერ-მინისტრებს თანამდებობები ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ეკავათ, მაგრამ დიქტატურის გაჩენის საშიშროება არ წარმოქმნილა, ვინაიდან ყოველთვის რჩება აშკარა შესაძლებლობა, მთავრობა არაკონსტიტუციური მეთოდების გამოყენების გარეშე შეცვალონ“ (ჰ. ლინგი).
1970 წელს ესპანეთში მმართველობის ავტორიტარული რეჟიმი წარმატებით შეიცვალა დემოკრატიული ფორმით - კონსტიტუციური მონარქიით. ინგლისი, ბელგია, შვეცია, დანია, იაპონია და სხვა მაღალგანვითარებული ქვეყნები დემოკრატიის სტაბილურობას საპარლამენტო მმართველობის იმ ფორმას უნდა უმადლოდენ, სადაც აღმასრულებელი ხელისუფლება საკანონმდებლო უმრავლესობისაგან წარმოიშობა და თავისივე თავის შესანარჩუნებლად ამავე უმრავლეობას ეყრდნობა. სწორედ ამითაა განპირობებული ისტორიულად ჩამოყალიბებული საპარლამენტო მმართველობის უპირატესობა.
რისკის ფაქტორი საპარლამენტო სისტემაში
რ. კენტ ვივერი ეჭვქვეშ აყენებს მოსაზრებას, რომ საპარლამენტო სისტემები მმართველობის სხვა სისტემებს სჯობია. მისი აზრით, საპარლამენტო სისტემებს ხარვეზები აქვს, რომლებიც ხშირად უგულებელყოფილია ამ სისტემის მომხრეების მიერ. რ. კენტ ვივერი საპარლამენტო მმართველობის სისტემებს აშშ-ს საპრეზიდენტო მმართველობის სისტემას ადარებს და პარალელურად განიხილავს რისკის ფაქტორებს საპარლამენტო სისტემაში:
„1. საპარლამენტო სისტემებს შეუძლიათ რეგიონალურ დაძაბულობათა დამძიმება.
საპარლამენტო სისტემაში პარტიული ერთსულოვნება საჭიროა მთავრობის მიერ ხელისუფლების შენარჩუნებისათვის. კანონმდებლებმა მხარი უნდა დაუჭირონ პარტიის ხაზს მაშინაც კი, როდესაც ეს მათი ამომრჩევლების სურვილებს ეწინააღმდეგება. როდესაც რეგიონალური განხეთქილებები ძლიერია, საპარლამენტო მთავრობა ამ განხეთქილებათა გაღრმავების ტენდენციას ამჟღავნებს. ყოველ შემთხვევაში, ასე ხდება მაშინ, როდესაც ერთმანდატიან საარჩევნო სისტემებთან გვაქვს საქმე, როგორც კანადასა და ბრიტანეთში. თუ რეგიონის ამომრჩეველთა უმრავლესობა ოპოზიციურ პარტიებს უჭერს მხარს, ეს რეგიონი თითქმის გამოითიშება მთავრობიდან. ეს პრობლემა ასეთი გამხლეჩი არ არის აშშ-ს სისტემაში, სადაც ხელისუფლების დანაწევრება საშუალებას აძლევს ორივე პარტიის კანონმდებლებს, თავიანთი წვლილი შეიტანონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. რეგიონალური კონფლიქტების გამწვავების დაძლევა პროპორციული წარმომადგენლობის გამოყენებით უკეთ შეიძლება, ვიდრე ერთმანდატიანი საარჩევნო სისტემით.
რადგან ადგილობრივ კანონმდებლებს არ შეუძლიათ რეგიონის ინტერესების ეფექტური დაცვა, საპარლამენტო სისტემებს ხშირად ძალაუფლების რეგიონალური მთავრობებისათვის დათმობამდე მივყავართ. ამ მთავრობათა ლიდერებს, თავის მხრივ, ძლიერი მოტივები აქვთ იმისათვის, რომ მტრული პოზიცია დაიკავონ ნაციონალური მთავრობის მიმართ, თუნდაც რეგიონისადმი თავისი ლოიალურობის დასამტკიცებლად. კანადაში ამან ოტავის ცნობილი განხეთქილება გამოიწვია. მართლაც, რეგიონალური რეჟიმები ხშირად უთანხმოებაშია ცენტრალურ მთავრობებთან, მაშინაც კი, როდესაც ისინი ერთ პოლიტიკურ პარტიას ეკუთვნიან. დაპირისპირება ზოგიერთ კანადურ პროვინციაში იმდენად დიდია, რომ პარტიები ფაქტობრივად სეპარატიულ ორგანიზაციებადაა გახლეჩილი, რომლებიც ფედერალურ და პროვინციულ არჩევნებში იბრძვიან.
2. საპარლამენტო სისტემები ხელს უწყობს პარტიების დანაწევრებას.
კონგრესული სისტემის ერთ-ერთი უპირატესობა ის არის, რომ ის საშუალებას აძლევს განსხვავებულ თვალსაზრისებს, ოპერატიულ სისტემას მოერგონ. რადგან აშშ-ში პარტიის წევრებზე არ არის პარტიული უმრავლესობის მხრიდან ისეთი ზეწოლა, როგორიც მაჟორიტარული ხელისუფლების პირობებში, არც იმის საშიშროება არსებობს, რომ კანონმდებლებმა პარტიული ინტერესების გამო ამომრჩეველთა ინტერესებს უღალატონ. ეს ამცირებს შიდაპარტიული განხეთქილების შესაძლებლობას. ამერიკული პარტიები საკმაოდ მოქნილები არიან. საპარლამენტო სისტემები კი ქმნიან საფუძველს პარტიათა დაშლისა და მრავალპარტიული სისტემების ჩამოყალიბებისათვის. დანაწევრებისაკენ მიდრეკილება განსაკუთრებით მაღალია რეგიონალური კონფლიქტების არსებობის ფონზე. ამას მოწმობს ოლსტერის იუნიონისტების, შოტლანდიელი ნაციონალისტების, კვებეკის პარტიის, ასევე ახლად დაშლილი პროგრესული და სოციალური კრედიტების პარტიების მაგალითები. აშშ-ში რომ საპარლამენტო სისტემა შექმნილიყო, რეგიონთა ინტერესების მკვეთრი სხვადასხვაობის ფონზე ძალზე საეჭვო იქნებოდა მყარი ოპერატიული სისტემის ჩამოყალიბება.
3. საპარლამენტო სისტემა ხელს უშლის ბიპარტიულ კოოპერაციას.
მიუხედავად იმისა, რომ დიდი ოპოზიციური პარტიები ბრიტანულ და კანადურ სისტემებში „ლოიალურ ოპოზიციადაა“ მიჩნეული, სინამდვილეში ისინი ლოიალურობას იშვიათად იჩენენ. ამერიკული სისტემა კი ხელს უწყობს ორი პარტიის თანამშრომლობას საერთო სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე. საპარლამენტო ქვეყნების ოპოზიციური პარტიები სახელმწიფოს მართვის პროცესში თითქმის არავითარ მონაწილეობას არ იღებენ. არჩევნებში ხელისუფლების მოპოვება კი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად დაარწმუნებენ ისინი ამომრჩეველს, რომ ხელისუფლებაში მყოფი პარტია ცუდად მართავს ქვეყანას. ამიტომ ისინი მთავრობის ყველა ნაბიჯს აკრიტიკებენ. ანალოგიურად, მმართველ მთავრობასაც არ აქვს სურვილი, მიიღოს რაციონალური რჩევები, რომლებსაც ოპოზიცია სთავაზობს, ვინაიდან ამას სისუსტედ ჩაუთვლიან.
4. საპარლამენტო სისტემა ამუხრუჭებს სამინისტროების რეალურ ხელმძღვანელუნარიანობას.
საპარლამენტო სისტემებში მინისტრი ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე. ამ გარემოებას საპარლამენტო სისტემის უპირატესობად თვლიან. სინამდვილეში მინისტრთა რეპუტაცია იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად შეუძლიათ მათ, სესიების მანძილზე თავიანთი სრული კომპეტენტურობა დაამტკიცონ მინდობილ საქმეში. ასეთი კომპეტენტურობა ძვირი ჯდება: მინისტრები იძულებული არიან, თავიანთი დროის უმეტესი ნაწილი დეტალების შეცნობასა და შესწავლას დაუთმონ, ნაცვლად იმისა, რომ ფართო სამოქმედო კურსი შეიმუშაონ და რაციონალურად გაუძღვნენ საქმეს. ამას ემატება მათი მოვალეობები, როგორც პარლამენტარებისა (მაგალითად, ხმის მიცემა კენჭისყრისას, საპარლამენტო შეკითხვის სხდომებზე დასწრება და საერთო კამათებში მონაწილეობის მიღება) და როგორც კაბინეტის მინისტრებისა (სრული კაბინეტის სხდომებსა და კომიტეტის შეხვედრებზე დასწრება). ყოველივე ამის გამო მინისტრებს თავიანთი დეპარტამენტების რეალური მართვისათვის დრო აღარ რჩებათ - მინისტრის მოვალეობები ეტიკეტით დაკისრებული საქმიანობის მსხვერპლი ხდება“.
„მრავალგვარი კრიტერიუმების მიხედვით ტესტირების შედეგად (ხალხის წინაშე ანგარიშვალდებულება, ცვალებად პირობებთან ადაპტაცია და გადასაჭრელ პრობლემათა დაბალანსება) გაირკვა, რომ საპარლამენტო სისტემებს არ შეუძლიათ, უკეთესად იფუნქციონირონ, ვიდრე აშშ-ს ხელისუფლების სამ შტოს შორის დანაწილების სისტემას“.
ამერიკის შეერთებული შტატები, რომელსაც რ. კენტ ვივერი საპრეზიდენტო მმართველობის ნიმუშად განიხილავს, მსოფლიოში უძლიერესი, მაღალგანვითარებული დემოკრატიული სახელმწიფოა, სადაც პრეზიდენტის ძლიერი ინსტიტუტი არსებობს და სადაც მაქსიმალურადაა ერთმანეთთან შერწყმული პიროვნულობისა და კოლეგიალურობის ფაქტორები, რომლებიც თანაბრად მიმდინარეობენ და სახალხო სუვერენიტეტის პრინციპს ეყრდნობიან. აქვე აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტორი, რომ დემოკრატიზმის ურყეობის მყარ გარანტს ამერიკელი ხალხის მაღალი სამართლებრივი კულტურა და ჩვევები წარმოადგენს და ისიც, რომ ამ ქვეყანაში დემოკრატიის მშენებლობის ისტორია არაერთ საუკუნეს ითვლის. დემოკრატიის მშენებლობის თვალსაზრისით ისეთი ახალგაზრდა სახელმწიფოსთვის კი, როგორც საქართველოა, ჰ. ლინგის რეკომენდაცია, ალბათ, უფრო მისაღები უნდა იყოს:
„საპარლამენტო მმართველობის საპრეზიდენტო მმართველობასთან შედარებისას იმ დასკვნამდე მივდივართ, რომ პირველი უფრო ხელს უწყობს სტაბილურ დემოკრატიას, ვიდრე მეორე. ეს დასკვნა განსაკუთრებით მისაღებად მიმაჩნია იმ ერისათვის, რომლისთვისაც დამახასიათებელია ღრმა პოლიტიკური დაპირისპირებულობა და მრავალრიცხოვანი პოლიტიკური პარტიები. ასეთი ქვეყნისათვის პარლამენტარიზმი დემოკრატიის შესანარჩუნებლად უფრო საიმედო მმართველობის ფორმას წარმოადგენს“ (ჰ. ლინგი).
მსოფლიო გამოცდილების გაზიარებასთან დაკავშირებით თავის დროზე ილია წერდა: „როცა უმთავრესნი და არსებითნი საფუძვლიანი ცვლილებისა არის ნაყოფი კაცობრიობის საერთო ცივილიზაციისა და მეცნიერებისა, მაშინ იგი საფუძველი ყველგან და ყველასათვის მოსახდენია და თუ აქ ცვლილებამ უნდა დაუთმოს რამე ადგილობრივ გარემოებას, თვით უმთავრესი და არსებითი საფუძველი კი არ უნდა გამოაცალოს საქმეს, არამედ საქმის მარტო წვრილმანი კუთვნილებანი უნდა შეარჩიოს და შეაფეროს გარემოებასა“.
მმართველობის ჰიბრიდული სისტემები
მმართველობის წმინდა საპრეზიდენტო და საპარლამენტო სისტემების, თუ შეიძლება ასე ითქვას, სრულყოფა-განვითარების გზაზე ახალი მოთხოვნებისა და თავისებურებების გათვალისწინებით ხელისუფლების პოლიტიკურ შტოთა მიმართ გამოკვეთილი პრეროგატივებისაგან გამომდინარე, ჰიბრიდული (მაგალითად, საპრეზიდენტო-საპარლამენტო, პარლამენტი საპრეზიდენტოსთან ერთად, ნახევრადსაპრეზიდენტო) მმართველობის სისტემები მკვიდრდება.
მმართველობის საპრეზიდენტო-საპარლამენტო სისტემა შეიძლება მიჩნეულ იქნეს, როგორც საპრეზიდენტო, იმ განსხვავებით, რომ პარლამენტს უფლება აქვს, უნდობლობა გამოუცხადოს მინისტრთა კაბინეტს. საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ურთიერთობების ფორმალურ განსაზღვრაში ერთი შეხედვით მცირე ცვლილებები სინამდვილეში ძალიან მნიშვნელოვანია, თუ კონსტიტუცია აძლევს უფლებას როგორც საპარლამენტო უმრავლესობას, ისე პრეზიდენტს, ცალმხრივად მიიღოს გადაწყვეტილება მინისტრთა კაბინეტის დაშლის შესახებ. ამ შემთხვევაში, რადგან კაბინეტის სტრუქტურაზე სხვა ძალაუფლება არ არსებობს, მოსალოდნელია საკანონმდებლო და აღმასრულებელ სტრუქტურებს შორის კონფლიქტი. განსხვავებულობა, ინდივიდუალიზმი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სხვადასხვა მმართველობების სისტემათა შემდგენელნი, ეჯიბრებიან რა ფრანგულ სისტემას, ამტკიცებენ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი პარლამენტის სურვილის წინააღმდეგ ვერ დაშლის მინისტრთა კაბინეტს. ამას 1986-1988 წლების ე.წ. „თანაარსებობის“ პერიოდიც ადასტურებს, როდესაც სოციალისტი პრეზიდენტი მიტერანი იძულებული გახდა, დასთანხმებოდა კონსერვატიული პარტიის საპარლამენტო უმრავლესობის დირექტივას. საპრეზიდენტოსაპარლამენტო მმართველობის მაგალითებს წარმოადგენს 1977 წლის შემდგომ შრი-ლანკა და გერმანიის რესპუბლიკა.
მმართველობის სისტემა პარლამენტი პრეზიდენტთან ერთად საკანონმდებლო- აღმასრულებელ ურთიერთობებში „წმინდა“ საპარლამენტო მმართველობის იდენტურია. ორივე შემთხვევაში საპარლამენტო უმრავლესობას აქვს ძალაუფლება კაბინეტის სტრუქტურაზე და კანონმდებლობაზე. განსხვავება ის არის, რომ „წმინდა“ საპარლამენტო სისტემაში სახელმწიფოს მეთაური ან მონარქია, ან - პრეზიდენტი, მაგრამ არა ხალხის მიერ, არამედ მხოლოდ პარლამენტის მიერ არჩეული. იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნის მეთაური უშუალოდ ხალხის მიერაა არჩეული, მაგრამ არა აქვს დამოუკიდებელი უფლება კაბინეტის სტრუქტურულ ცვლილებაზე, მაშინ სისტემა ისევ საპარლამენტოა.
ნახევრად საპრეზიდენტო მმართველობის პირობებში ქვეყანას ჰყავს როგორც პრემიერ-მინისტრი (პრემიერი), რომლის ამ თანამდებობაზე დანიშვნა დამოკიდებულია პარლამენტის ნდობაზე ან უნდობლობის ხმათა სიმცირეზე, ისე პრეზიდენტი, არჩეული ამომრჩეველთა მიერ. პრეზიდენტის პრეროგატივები ჩვეულებრივ მოიცავს:
- უფლებას, დაასახელოს კანდიდატი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე (შესაძლოა, სხვა მინისტრების კანდიდატურებიც წარუდგინოს პარლამენტს);
- უფლებას, რომ შეზღუდვით ან შეუზღუდავად დაითხოვოს პარლამენტი და დანიშნოს ახალი არჩევნები, რასაც თავისთავად მთავრობის შეცვლა მოჰყვება;
- ვეტოს უფლებას კანონმდებლობაზე.
ერთადერთი უფლება, რაც არა აქვს პრეზიდენტს, ის არის, რომ არ ძალუძს, დაშალოს მინისტრთა კაბინეტი, თუ ეს უკანასკნელი პარლამენტის ნდობას იმსახურებს. ნახევრადსაპრეზიდენტო მმართველობა ხორციელდება საფრანგეთში.
წმინდა საპრეზიდენტო მოდელისგან განსხვავებით, ევროპული მოდელი პრეზიდენტს სრულ აღმასრულებელ ხელისუფლებას არ გადასცემს. იმის გამო, რომ მთავრობის ფორმირება გამომდინარეობს პარლამენტში პოლიტიკურ ძალთა განლაგებიდან, ხოლო მისი ნება ყოველთვის პარლამენტის უმრავლესობის პოზიციაზეა დამოკიდებული, მთავრობა პასუხისმგებელია პარლამენტის და არა პრეზიდენტის წინაშე.
ამ მოდელის ღირსება ის არის, რომ პრეზიდენტს ბევრი რეალური საპრეზიდენტო უფლებამოსილება გააჩნია, პრემიერი და კაბინეტი ხელმძღვანელობენ აღმასრულებელ ხელისუფლებას და ამავდროულად პასუხისმგებელნი არიან პარლამენტის წინაშე. თუმცა გამორიცხული არ არის კონფლიქტი სახელმწიფოს მეთაურსა და მთავრობის მეთაურს შორის.
ცალკეულ შემთხვევებში ნახევრად საპრეზიდენტო სისტემის ფუნქციონირებას განაპირობებს არა იურიდიული, არამედ ფაქტობრივი კონსტიტუცია, ანუ რეალური წესები, რომლებიც პოლიტიკური წყობილების ცხოვრებისეულ საფუძვლებს ასახავს. სწორედ ასეთია ფინეთის ნახევრად საპრეზიდენტო ხელისუფლების განმსაზღვრელი ფაქტორი. ფინეთის კონსტიტუციაში ნათქვამია, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება დავალებული აქვს პრეზიდენტს, თუმცა, ფაქტობრივად, მთავრობას ხელმძღვანელობს არა პრეზიდენტი, არამედ პრემიერ-მინისტრი. სწორედ ეს განაპირობებს პრეზიდენტის უფლებამოსილებათა გარკვეულ შეზღუდვას და სახელმწიფო მმართველობაში საპრეზიდენტოსაპარლამენტო სისტემების მონაცვლეობას.
საერთოდ, იმ ქვეყნებში, სადაც პრეზიდენტთან ერთად პრემიერიც ფუნქციონირებს, უდავოდ წარმოჩნდება მათი უფლებამოსილებების თანაფარდობის პრობლემა. თვით სამართლებრივად ისეთ მდგრად ქვეყანაში, როგორიც საფრანგეთია, ისინი არცთუ ცალსახადაა მოწესრიგებული საკონსტიტუციო სამართლის დონეზე.
ნახევრად საპრეზიდენტო რესპუბლიკა, როგორც ტერმინი, პირდაპირ გაგებას არ ექვემდებარება და იმას კი არ ნიშნავს, რომ ამ ქვეყნის პრეზიდენტს, უფლებრივი თვალსაზრისით, საპრეზიდენტო და საპარლამენტო რესპუბლიკების პრეზიდენტებს შორის შუალედური ადგილი უკავია. ამას ნამდვილად ვერ ვიტყვით საფრანგეთის პრეზიდენტზე, რომელსაც, ცალკეული უფლებების თვალსაზრისით, უფრო მაღალი დონე გააჩნია, ვიდრე წმინდა საპრეზიდენტო რესპუბლიკის პრეზიდენტს (როგორიცაა, მაგალითად, პარლამენტის გვერდის ავლით რეფერენდუმის გზით კანონის მიღების უფლება), მისი ბუნება სწორედ საპრეზიდენტო-საპარლამენტო ხელისუფლების ფრანგული მოდელისათვის დამახასიათებელ ორგვაროვნებაშია. პრეზიდენტის მიერ მასზე დაკისრებული უფლებამოსილებების სრული აღსრულება, როგორც უკვე ითქვა, პარლამენტში პოლიტიკურ ძალთა თანაფარდობაზეა დამოკიდებული. ერთ შემთხვევაში, როცა მისი მხარდამჭერია საპარლამენტო უმრავლესობა - ქვეყანა სრულძალოვანი პრეზიდენტის მიერ იმართება, როგორც საპრეზიდენტო რესპუბლიკა. მეორე შემთხვევაში იგი გარკვეულად ბლოკირებულია მოპირისპირე პოლიტიკური უმრავლესობით პარლამენტში და ქვეყანა საპარლამენტო მმართველობის სახეს იღებს, ვინაიდან წინა პლანზე წარმმართველი ფიგურის სახით გამოდის საპარლამენტო უმრავლესობის კანდიდატი აღმასრულებელი ხელისუფლების - მთავრობის მეთაურის სახით.
სადისკუსიო კითხვები
1. მმართველობის რომელი სისტემა უფრო მეტად ანგარიშველდებულია ამომრჩევლის წინაშე - საპრეზიდენტო თუ საპარლამენტო? რატომ?
2. იმსჯელეთ, აძლევს თუ არა საპარლამენტო სისტემა ამომრჩეველს საკმარის ინფორმაციას სწორი არჩევანის გასაკეთებლად.
3. მმართველობის რომელი სისტემა ასახავს განსაკუთრებული სიზუსტით ამომრჩეველთა პოლიტიკურ სიმპათიებს? რატომ?
4. აქვს თუ არა საპარლამენტო ქვეყნის მთავრობას ზუსტი სამოქმედო გეგმა ხელისუფლებაში მოსვლის მომენტისათვის? დაასაბუთეთ, რატომ.
![]() |
7.4 §4.საქართველოს სახელმწიფო მოწყობა: ცენტრალური ხელისუფლება |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს სახელმწიფოს ორგანიზაციის ძირითადი კონსტიტუციური პრინციპებია სახალხო სუვერენიტეტისა და ხელისუფლების დანაწილების პრინციპი.
საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის მიხედვით, „საქართველოში სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი. ხალხი თავის ძალაუფლებას ახორციელებს რეფერენდუმის, უშუალო დემოკრატიის სხვა ფორმებისა და თავისი წარმომადგენლების მეშვეობით. არავის არა აქვს უფლება, მიითვისოს ან უკანონოდ მოიპოვოს ხელისუფლება. სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე დაყრდნობით“.
სახალხო სუვერენიტეტის პრინციპი გულისხმობს, რომ სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი. ხალხის ხელისუფლება - სწორედ ესაა დემოკრატია სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ხალხი თავის ხელისუფლებას ახორციელებს წარმომადგენლობითი ან უშუალო ფორმით. ამიტომ, ხელისუფლების განხორციელებაში ხალხის მონაწილეობის ფორმის მიხედვით, გამოყოფენ უშუალო და წარმომადგენლობით დემოკრატიას.
უშუალო დემოკრატიის დროს ხალხი ამა თუ იმ პრობლემას წყვეტს საყოველთაო კენჭისყრით, ყოველგვარი შუამავალი რგოლების გარეშე - ხალხი უშუალოდ მონაწილეობს გადაწყვეტილების განხილვასა და მიღებაში. უშუალო დემოკრატია - ესაა სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებაში ხალხის პირდაპირი მონაწილეობის ფორმა, რომელიც რეალიზდება რეფერენდუმის, არჩევნების მეშვეობით.
წარმომადგენლობითი დემოკრატია, ან, სხვაგვარად რომ ვთქვათ, წარმომადგენლობითი მმართველობა, ხორციელდება სახელმწიფო ორგანოების მეშვეობით, რომლებიც აირჩევა ხალხის მიერ. არჩევით სახელმწიფო ორგანოებს, თავის მხრივ, სხვა სახელმწიფო ორგანოების ფორმირება შეუძლიათ. წარმომადგენლობით დემოკრატიაში ხალხის ნება გამოიხატება არა პირდაპირ, არამედ შუამავლის ინსტიტუტის (მაგალითად, პარლამენტი, საკრებულო) მეშვეობით, ამიტომ მას დელეგირებულ დემოკრატიასაც უწოდებენ. დეპუტატები, პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც ხალხისგან იღებენ „ნდობის მანდატს“, ამ ნებას განასახიერებენ მიღებულ კანონებსა და გადაწყვეტილებებში.
ამრიგად, საზოგადოებაში დემოკრატიის პროცესი ხორციელდება სპეციალური სახელმწიფო ორგანოებისა და საზოგადოებრივი თვითმმართველობის მეშვეობით.
ხელისუფლების დანაწილების პრინციპი ეყრდნობა იდეებს, რომლებსაც ვხვდებით ჯერ კიდევ ბერძენ მოაზროვნესთან - არისტოტელესთან. ამ იდეებმა ფუძემდებლური დამუშავება მიიღო XVIII საუკუნეში ფრანგი ფილოსოფოსის - შარლ ლუი მონტესკიეს ნაშრომებში. მისი შეხედულებების შესაბამისად, თავისუფლება, ე.ი. უფლება, აკეთო ყველაფერი, რაც კანონით არაა აკრძალული, შეიძლება უზრუნველყოფილი იყოს მხოლოდ ისეთ სახელმწიფოში, სადაც სახელმწიფო ხელისუფლება დანაწილებულია სამ ერთმანეთისაგან დამოუკიდებელ შტოდ: საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლება. მოგვიანებით ეს პრინციპი არსებითად შეივსო „ურთიერთშეკავებისა და გაწონასწორების“ სისტემით, რომლის შემდეგაც შესაძლებელი იყო არა მხოლოდ ხელისუფლების სამწვეროვანი დანაწილება, არამედ ამ ხელისუფლებების კონსტრუქციული გაწონასწორებაც.
საკანონმდებლო ხელისუფლება სხვა ხელისუფლებათა შორის ფლობს ე.წ. უმაღლესობას, ვინაიდან ის ადგენს სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ცხოვრების სამართლებრივ საწყისებს, ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, და შესაბამისად, საბოლოო ჯამში განსაზღვრავს აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების საქმიანობის სამართლებრივ ორგანიზაციასა და ფორმებს. სამართლებრივი სახელმწიფოს მექანიზმში საკანონმდებლო ორგანოების წამყვანი მდგომარეობა განაპირობებს მათ მიერ მიღებული კანონების უმაღლეს იურიდიულ ძალას, კანონებში გამოხატულ სამართლის ნორმებს აძლევს ზოგადსავალდებულო ხასიათს. თუმცა საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლესობა აბსოლუტური არ არის. მისი მოქმედების ფარგლები შეზღუდულია სამართლის პრინციპებით, ადამიანის ბუნებითი უფლებებით, თავისუფლებისა და სამართლიანობის იდეებით. ის ხალხისა და სპეციალური კონსტიტუციური ორგანოების კონტროლის ქვეშ იმყოფება, რომელთა მეშვეობითაც უზრუნველყოფილია კანონების შესაბამისობა მოქმედ კონსტიტუციასთან.
აღმასრულებელი ხელისუფლება თავისი ორგანოების მეშვეობით ახდენს კანონმდებლების მიერ მიღებული სამართლებრივი ნორმების ცხოვრებაში განხორციელებას. მისი საქმიანობა დაფუძნებული უნდა იყოს კანონზე, უნდა ხორციელდებოდეს კანონის ფარგლებში. აღმასრულებელ ორგანოებსა და სახელმწიფო თანამდებობის პირებს უფლება არა აქვთ, გამოსცენ ზოგადსავალდებულო აქტები, რომლებიც მოქალაქეთა და ორგანიზაციების ახალ, კანონით გაუთვალისწინებელ უფლებებსა და ვალდებულებებს ადგენენ. აღმასრულებელი ხელისუფლება ატარებს სამართლებრივ ხასიათს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის წარმოადგენს კანონქვემდებარე ხელისუფლებას, მოქმედებს კანონიერების საწყისებზე. აღმასრულებელი ხელისუფლების შეკავება მიიღწევა ასევე სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოების წინაშე მისი ანგარიშვალდებულებისა და პასუხისმგებლობის მეშვეობით. სამართლებრივ სახელმწიფოში თითოეულ მოქალაქეს შეუძლია, სასამართლო წესით გაასაჩივროს აღმასრულებელი ორგანოებისა და თანამდებობის პირთა ნებისმიერი უკანონო მოქმედება.
სასამართლო ხელისუფლება მოწოდებულია დაიცვას პირის უფლება, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ცხოვრების სამართლებრივი საფუძვლები ნებისმიერი დარღვევისაგან, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს ის. სამართლებრივ სახელმწიფოში მართლმსაჯულება მხოლოდ სასამართლო ორგანოების მიერ ხორციელდება. არავის არ შეუძლია მიითვისოს სასამართლოს ფუნქციები. თავის სამართალდამცავ საქმიანობაში სასამართლო ხელმძღვანელობს მხოლოდ კანონით, სამართლით და არაა დამოკიდებული საკანონმდებლო ან აღმასრულებელი ხელისუფლების სუბიექტურ გავლენაზე. მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა და კანონიერება მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მთლიანად სამართლებრივი სახელმწიფოებრიობის მნიშვნელოვანი გარანტიაა. ერთი მხრივ, სასამართლოს არ შეუძლია, მიითვისოს საკანონმდებლო ან აღმასრულებელი ხელისუფლების ფუნქციები, მეორე მხრივ, მის მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს ამ ხელისუფლებების ნორმატიული აქტების სამართლებრივი კონტროლი. ამრიგად, სასამართლო ხელისუფლება გამოდის, როგორც შემაკავებელი ფაქტორი, რომელიც თავიდან იცილებს სამართლებრივი დანაწესების, უპირველეს ყოვლისა, კონსტიტუციის დარღვევას, როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ორგანოების მხრიდან, რაც უზრუნველყოფს ხელისუფლების რეალურ დანაწილებას.
საქართველოში საკანონმდებლო ხელისუფლებას ახორციელებს პარლამენტი, აღმასრულებელ ხელისუფლებას - მთავრობა, სასამართლო ხელისუფლებას - საკონსტიტუციო სასამართლო და საერთო სასამართლოები. ცალკე ადგილს იკავებს საქართველოს პრეზიდენტი, რომელსაც მიკუთვნებული აქვს კონსტიტუციის, ადამიანისა და მოქალაქის უფლებებისა და თავისუფლებების გარანტის როლი. ის ხელისუფლების არც ერთ შტოს არ მიეკუთვნება. პრეზიდენტი სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს შორის არბიტრის როლს ასრულებს (უზრუნველყოფს სახელმწიფო ორგანოთა საქმიანობას კონსტიტუციის შესაბამისად (კონსტიტუციის 69-ე მუხლი)). თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში ის მთავრობასთან ერთად ინაწილებს აღმასრულებელ ხელისუფლებას (მაგალითად, შეუძლია, მოიწვიოს მთავრობის სხდომა და თავმჯდომარეობდეს მას).
1. საქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი არის ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას, განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, კონსტიტუციით განსაზღვრულ ფარგლებში კონტროლს უწევს მთავრობის საქმიანობას.
პარლამენტი შედგება საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით, ოთხი წლის ვადით არჩეული 150 წევრისაგან. პარლამენტის წევრად შეიძლება აირჩეს საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან. პარლამენტის მორიგი არჩევნები ტარდება მისი უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბერში. არჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი არჩევნებამდე არა უგვიანეს 60 დღისა.
საქართველოს პარლამენტი ერთი პალატისაგან შედგება, მაგრამ საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლი უშვებს პარლამენტის შემადგენლობაში ორი პალატის - რესპუბლიკის საბჭოსა და სენატის - შექმნის შესაძლებლობას.
პარლამენტი თავისი უფლებამოსილების ვადით ირჩევს პარლამენტის თავმჯდომარეს და თავმჯდომარის მოადგილეებს.
საკანონმდებლო საკითხების წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, პარლამენტის მიერ მის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოებისა და მთავრობის საქმიანობის კონტროლის მიზნით პარლამენტში მისი უფლებამოსილების ვადით იქმნება კომიტეტები.
კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, აგრეთვე დეპუტატთა არანაკლებ ერთი მეოთხედის მოთხოვნით პარლამენტში იქმნება საგამოძიებო ან სხვა დროებითი კომისიები.
პარლამენტის მუშაობის ორგანიზაციისათვის იქმნება პარლამენტის ბიურო.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, პარლამენტის ძირითადი ამოცანაა კანონების მიღება. ეს კანონებია: კონსტიტუციური კანონი, ორგანული კანონი, კანონი, პარლამენტის რეგლამენტი. კანონი მიიღება განსაკუთრებული პროცედურის მიხედვით, რომელსაც საკანონმდებლო პროცესი ეწოდება. ეს უკანასკნელი გულისხმობს: საკანონმდებლო ინიციატივის უფლების მქონე სუბიექტის მიერ კანონპროექტის მომზადებას, პარლამენტში წარდგენას, პარლამენტის მიერ კანონპროექტის განხილვას, მიღებას, საქართველოს პრეზიდენტისათვის ხელმოსაწერად გადაცემას, პრეზიდენტის უფლებას - შენიშვნებით დაუბრუნოს პარლამენტს მიღებული კანონპროექტი, მიღებულ კანონპროექტზე პრეზიდენტის მიერ ხელის მოწერას და კანონის გამოქვეყნებას.
საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის თანახმად, პარლამენტში კანონპროექტის წარდგენის უფლება აქვთ: საქართველოს პრეზიდენტს (მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში), მთავრობას, პარლამენტის წევრს, საპარლამენტო ფრაქციას, პარლამენტის კომიტეტს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოებს, არანაკლებ 30 000 ამომრჩეველს.
პარლამენტის მეორე ძირითადი ამოცანაა საპარლამენტო კონტროლი აღმასრულებელი ხელისუფლებისა და სახელმწიფოს სხვა უმაღლესი ორგანოების საქმიანობაზე. აღნიშნული კონტროლის ფორმებიდან შეიძლება გამოვყოთ:
ა) პარლამენტის წევრის კითხვა, პარლამენტის წევრთა ათკაციანი ჯგუფისა და ფრაქციის შეკითხვა
პარლამენტის წევრი უფლებამოსილია, კითხვით მიმართოს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოს, საქართველოს მთავრობას, მთავრობის წევრს, ქალაქის მერს, ყველა დონის ტერიტორიული ერთეულის აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოს ხელმძღვანელს, სახელმწიფო დაწესებულებას და მათგან მიიღოს პასუხი. კითხვა შეიძლება დასმულ იქნეს მხოლოდ წერილობითი ფორმით. თითოეული ორგანო და თანამდებობის პირი, რომელსაც კითხვით მიმართეს, ვალდებულია, პარლამენტს კითხვის მიღებიდან 15 დღეში წარუდგინოს წერილობითი პასუხი.
პარლამენტის წევრთა ათკაციან ჯგუფს, ფრაქციას უფლება აქვს, შეკითხვით მიმართოს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოს, საქართველოს მთავრობას, მთავრობის წევრს, რომლებიც ვალდებულნი არიან, დასმულ შეკითხვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უპასუხონ. შეკითხვებზე პასუხობენ ყოველი თვის პლენარული სხდომის ბოლო ხუთშაბათს სამთავრობო საათის დროს. შეკითხვა შეიძლება იყოს წერილობითი ან ზეპირი.
პარლამენტი უფლებამოსილია, პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით პრემიერ-მინისტრის წინაშე დასვას მთავრობის ცალკეული წევრის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი. თუ პრემიერ-მინისტრი არ გაათავისუფლებს მთავრობის წევრს, ასეთ შემთხვევაში იგი ორი კვირის ვადაში პარლამენტს წარუდგენს თავის მოტივირებულ გადაწყვეტილებას.
ბ) სხვა საკონტროლო ფორმებიდან აღსანიშნავია შემდეგი:
- პარლამენტი კანონმდებლობით დადგენილი წესით კონტროლს უწევს საქართველოს კონტროლის პალატისა და ეროვნული ბანკის უმაღლეს თანამდებობის პირთა საქმიანობას. კონტროლის პალატა წელიწადში ერთხელ პარლამენტში წარადგენს თავისი საქმიანობის ანგარიშს. ყოველწლიურად ეროვნული ბანკი პარლამენტს წარუდგენს ანგარიშს ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის განხორციელების შესახებ.
- საქართველოს სახალხო დამცველი 6 თვეში ერთხელ პარლამენტს წარუდგენს ანგარიშს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ.
- პარლამენტის მიერ არჩეული, დანიშნული, დამტკიცებული სხვა პირი და ის თანამდებობის პირი, რომლის დანიშვნაზეც თანხმობა მისცა პარლამენტმა, მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებულია, დაესწროს პარლამენტის, კომიტეტის, საგამოძიებო ან სხვა დროებითი კომისიის, უმრავლესობის, უმცირესობის სხდომებს, დადგენილ ვადაში წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტები, დასკვნები, სხვა მასალები და განმარტება მისცეს განსახილველ საკითხზე.
- კომიტეტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში აკონტროლებს მის სფეროში მოქმედი პარლამენტის მიერ მიღებული ნორმატიული აქტების აღსრულების მდგომარეობას.
2. საქართველოს პრეზიდენტი
საქართველოს პრეზიდენტი არის საქართველოს სახელმწიფოს მეთაური და სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი. იგი წარმართავს და ახორციელებს სახელმწიფოს საშინაო და საგარეო პოლიტიკას, უზრუნველყოფს ქვეყნის ერთიანობას, სახელმწიფო ორგანოთა საქმიანობას კონსტიტუციის შესაბამისად. პრეზიდენტი საქართველოს უმაღლესი წარმომადგენელია საგარეო ურთიერთობებში.
საქართველოს პრეზიდენტი აირჩევა საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით 5 წლის ვადით. ერთი და იგივე პირი პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს მხოლოდ ორჯერ.
პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე დაბადებით საქართველოს მოქალაქე 35 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 15 წელს მაინც და არჩევნების დანიშვნის დღეს ცხოვრობს საქართველოში.
პრეზიდენტის მორიგი არჩევნები ტარდება მისი უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბერში. არჩევნების თარიღს ნიშნავს პრეზიდენტი არჩევნებამდე არაუგვიანეს 60 დღისა.
საქართველოს პრეზიდენტს ფართო უფლებამოსილებები აქვს სხვადასხვა სფეროში. კერძოდ:
- დებს საერთაშორისო ხელშეკრულებებს, აწარმოებს მოლაპარაკებას უცხოეთის სახელმწიფოებთან; პარლამენტის თანხმობით ნიშნავს საქართველოს ელჩებსა და სხვა დიპლომატიურ წარმომადგენლებს.
- ნიშნავს პრემიერ-მინისტრს, თანხმობას აძლევს პრემიერ-მინისტრს მინისტრის დანიშვნაზე.
- კონსტიტუციით გათვალისწინებულ შემთხვევებში აცხადებს საომარ ან საგანგებო მდგომარეობას და ეს გადაწყვეტილება შეაქვს პარლამენტში დასამტკიცებლად. იგი საგანგებო მდგომარეობის დროს გამოსცემს კანონის ძალის მქონე დეკრეტებს, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის დამთავრებამდე მოქმედებს.
- პარლამენტის თანხმობით უფლებამოსილია, შეაჩეროს თვითმმართველობის ან ტერიტორიული ერთეულების სხვა წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობა, ან დაითხოვოს ისინი, თუ მათი მოქმედებით საფრთხე შეექმნა ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა განხორციელებას.
- კონსტიტუციისა და კანონის საფუძველზე გამოსცემს ბრძანებულებებს და განკარგულებებს. იგი ხელს აწერს და აქვეყნებს კანონებს.
- წყვეტს მოქალაქეობის, თავშესაფრის მიცემის საკითხებს, შეიწყალებს მსჯავრდებულებს.
- კონსტიტუციით დადგენილ შემთხვევებში დაითხოვს პარლამენტს.
- საქართველოს პარლამენტის, არანაკლებ 200 000 ამომრჩევლის მოთხოვნით ან საკუთარი ინიციატივით კანონმდებლობით განსაზღვრულ საკითხებზე ნიშნავს რეფერენდუმს.
წელიწადში ერთხელ პრეზიდენტი პარლამენტს წარუდგენს მოხსენებას ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე.
კონსტიტუციის დარღვევისა და სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში პარლამენტს იმპიჩმენტის წესით შეუძლია თანამდებობიდან გადააყენოს პრეზიდენტი.
3. საქართველოს მთავრობა
მთავრობა უზრუნველყოფს აღმასრულებელი ხელისუფლების, ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის განხორციელებას. მთავრობა თავისი საქმიანობით პასუხისმგებელია საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტის წინაშე.
მთავრობა აღმასრულებელი ხელისუფლების განხორციელებას უზრუნველყოფს სამინისტროებისა და მათი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მეშვეობით. ის თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას ხელმძღვანელობს სამთავრობო პროგრამით, რომელსაც ნდობას უცხადებს პარლამენტი.
მთავრობა სოციალურ-ეკონომიკურ, კულტურისა და სხვა სფეროებში ამტკიცებს სახელმწიფო მიზნობრივ პროგრამებს და უზრუნველყოფს მათ განხორციელებას; უზრუნველყოფს ქვეყნის ეკონომიკური სივრცის ერთიანობას, ეკონომიკური საქმიანობის თავისუფლებას, კონკურენტუნარიანი და სტაბილური საინვესტიციო გარემოს ფორმირებას; შეიმუშავებს და პრეზიდენტთან შეთანხმებით პარლამენტს წარუდგენს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს, სახელმწიფო ბიუჯეტის მიღების შემდეგ უზრუნველყოფს მის შესრულებას, პარლამენტს წარუდგენს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს.
მთავრობა კონსტიტუციის, კანონებისა და პრეზიდენტის ნორმატიული აქტების საფუძველზე და მათ შესასრულებლად იღებს დადგენილებასა და განკარგულებას, რომლებსაც ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი.
მთავრობა შედგება პრემიერ-მინისტრისა და მინისტრებისაგან. მის შემადგენლობაში შეიძლება იყოს სახელმწიფო მინისტრი. მთავრობას ხელმძღვანელობს პრემიერ-მინისტრი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრეზიდენტი.
პრემიერ-მინისტრი იწვევს მთავრობის სხდომას და განსაზღვრავს მის დღის წესრიგს. ზოგიერთ შემთხვევაში, განსაკუთრებით მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ საკითხებთან დაკავშირებით პრეზიდენტი უფლებამოსილია, მოიწვიოს და თავმჯდომარეობდეს მთავრობის სხდომას. სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება პრეზიდენტის აქტით.
მთავრობა და მთავრობის წევრები უფლებამოსილებას იხსნიან პრეზიდენტის წინაშე. პრემიერ-მინისტრის გადადგომა ან მისი უფლებამოსილების შეწყვეტა იწვევს მთავრობის სხვა წევრთა უფლებამოსილების შეწყვეტას.
რაც შეეხება მთავრობის ფორმირების საკითხს, უნდა აღინიშნოს, რომ პრეზიდენტის მიერ ფიცის მიღების შემდეგ მთავრობა იხსნის უფლებამოსილებას პრეზიდენტის წინაშე. პრეზიდენტი იღებს მთავრობის უფლებამოსილების მოხსნას და მასვე შეუძლია დააკისროს მოვალეობათა შესრულება მთავრობის ახალი შემადგენლობის დანიშვნამდე.
პრეზიდენტი მთავრობის გადადგომის, გადაყენების ან უფლებამოსილების მოხსნიდან 7 დღის განმავლობაში საპარლამენტო ფრაქციებთან კონსულტაციების შემდეგ შეარჩევს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას, ხოლო პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი პრეზიდენტთან შეთანხმებით 10 დღის ვადაში - მთავრობის წევრების კანდიდატურებს. ამ პროცედურის დასრულებიდან 3 დღის ვადაში პრეზიდენტი პარლამენტს წარუდგენს მთავრობის შემადგენლობას ნდობის მისაღებად. პარლამენტი ერთი კვირის ვადაში განიხილავს და კენჭს უყრის მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს. ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა.
თუ მთავრობის შემადგენლობამ და მისმა სამთავრობო პროგრამამ პარლამენტის ნდობა ვერ მიიღო, პრეზიდენტი ერთი კვირის ვადაში წარუდგენს პარლამენტს მთავრობის იმავე ან ახალ შემადგენლობას.
თუ მთავრობის შემადგენლობამ და სამთავრობო პროგრამამ ზედიზედ სამჯერ ვერ მიიღო პარლამენტის ნდობა, პრეზიდენტი 5 დღის ვადაში წამოაყენებს პრემიერ-მინისტრის ახალ კანდიდატურას ან პარლამენტის თანხმობის გარეშე ნიშნავს პრემიერ-მინისტრს, ხოლო ეს უკანასკნელი, ასევე 5 დღის ვადაში, დანიშნავს მინისტრებს პრეზიდენტის თანხმობით. ამ შემთხვევაში პრეზიდენტი დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს რიგგარეშე არჩევნებს.
პარლამენტი უფლებამოსილია, უნდობლობა გამოუცხადოს მთავრობას სრული შემადგენლობის უმრავლესობით, მაგრამ უნდა გაითვალისწინოს, რომ შეიძლება თვითონ აღმოჩნდეს საფრთხის ქვეშ. კერძოდ, თუ პარლამენტი ამ გადაწყვეტილებიდან არა უადრეს 90 და არა უგვიანეს 100 დღისა კვლავ გამოუცხადებს მთავრობას უნდობლობას, პრეზიდენტი გადააყენებს მთავრობას ან დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს რიგგარეშე არჩევნებს.
თუმცა კონსტიტუცია ითვალისწინებს ისეთ შემთხვევასაც, როდესაც მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადების შემთხვევაში პარლამენტს დათხოვნა არ ემუქრება. მაგალითად, პარლამენტი უფლებამოსილია, დადგენილებით აღძრას მთავრობისთვის უპირობო უნდობლობის გამოცხადების საკითხი. თუ დადგენილების მიღებიდან არა უადრეს 15 და არა უგვიანეს 20 დღისა პარლამენტი სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით გამოუცხადებს მთავრობას უნდობლობას, პრეზიდენტი გადააყენებს მთავრობას.
პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია, დასვას მთავრობის ნდობის საკითხი პარლამენტში განსახილველ სახელმწიფო ბიუჯეტის, საგადასახადო კოდექსის და მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ კანონპროექტებზე. პარლამენტი მთავრობას ნდობას უცხადებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით. თუ პარლამენტი მთავრობას ნდობას არ გამოუცხადებს, პრეზიდენტი ერთი კვირის განმავლობაში გადააყენებს მთავრობას ან დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს რიგგარეშე არჩევნებს.
პარლამენტის მიერ მთავრობისათვის ნდობის გამოცხადებისას შესაბამისი კანონპროექტი მიღებულად ჩაითვლება.
მთავრობის პარლამენტის წინაშე პასუხისმგებლობა ვლინდება იმაშიც, რომ ის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტს პარლამენტს წარუდგენს არა უგვიანეს სამი თვისა საბიუჯეტო წლის დამთავრებამდე. ბიუჯეტის პროექტთან ერთად მთავრობა წარადგენს მოხსენებას მიმდინარე წლის ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ.
მთავრობა პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს ასევე სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს. თუ პარლამენტი ბიუჯეტის შეუსრულებლობის შემთხვევაში არ დაამტკიცებს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს, პრეზიდენტი განიხილავს მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხს და პარლამენტს ერთი თვის განმავლობაში აცნობებს თავის დასაბუთებულ გადაწყვეტილებას.
პარლამენტი უფლებამოსილია, გააკონტროლოს მთავრობის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების ხარჯვის კანონიერება და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში მიმართოს პრეზიდენტს საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის შეჩერების მოთხოვნით.
პარლამენტს ასევე შეუძლია, მთავრობის წევრი იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადააყენოს, თუ ის დაარღვევს კონსტიტუციას ან ჩაიდენს სისხლის სამართლის დანაშაულს.
თუ პარლამენტმა სამი თვის განმავლობაში ვერ მოახერხა წარდგენილი ბიუჯეტის მიღება, პრეზიდენტი უფლებამოსილია, გადააყენოს მთავრობა ან დაითხოვოს პარლამენტი და დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები. პარლამენტის დათხოვნისას პრეზიდენტი დეკრეტით დაამტკიცებს სახელმწიფო ბიუჯეტს და ახლად არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობიდან ერთ თვეში წარუდგენს მას დასამტკიცებლად.
4. სასამართლო ორგანოები
სასამართლო ხელისუფლება ხორციელდება საკონსტიტუციო კონტროლისა და მართლმსაჯულების მეშვეობით. საკონსტიტუციო კონტროლის სასამართლო ორგანოა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო. მართლმსაჯულებას ახორციელებენ საერთო სასამართლოები.
სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელია და მას ახორციელებენ მხოლოდ სასამართლოები. სასამართლოს გადაწყვეტილება გამოაქვს საქართველოს სახელით.
საქართველოში სასამართლო წესით უფლებების დაცვა გარანტირებულია. კონსტიტუციის 42-ე მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს, თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით მიმართოს სასამართლოს.
საკონსტიტუციო სასამართლო შედგება 9 მოსამართლისაგან. სასამართლოს სამ წევრს ნიშნავს პრეზიდენტი, სამ წევრს ირჩევს პარლამენტი სიითი შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედით, სამ წევრს ნიშნავს უზენაესი სასამართლო. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა უფლებამოსილების ვადაა 10 წელი. სასამართლო თავისი შემადგენლობიდან 5 წლის ვადით ირჩევს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს.
საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის, მთავრობის, პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეხუთედის, სასამართლოს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების, სახალხო დამცველის და მოქალაქის სარჩელისა თუ წარდგინების საფუძველზე:
1. იღებს გადაწყვეტილებებს კონსტიტუციასთან ნორმატიული აქტების შესაბამისობის საკითხებზე;
2. იხილავს დავას სახელმწიფო ორგანოებს შორის კომპეტენციის შესახებ;
3. იხილავს პოლიტიკურ გაერთიანებათა შექმნისა და საქმიანობის კონსტიტუციურობის საკითხებს;
4. იხილავს რეფერენდუმისა და არჩევნების კონსტიტუციურობის საკითხთან დაკავშირებულ დავას;
5. იხილავს საერთაშორისო ხელშეკრულებების კონსტიტუციურობის საკითხს;
6. მოქალაქის სარჩელის საფუძველზე იხილავს ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობას კონსტიტუციის მეორე თავის საკითხებთან (საქართველოს მოქალაქეობა, ადამიანის ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი) მიმართებით და სხვა.
ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის არაკონსტიტუციურობის დადასტურება იწვევს არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად ცნობას.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და მისი შეუსრულებლობა ისჯება კანონით.
საერთო სასამართლოებია: რაიონული (საქალაქო) სასამართლო, სააპელაციო სასამართლო, საქართველოს უზენაესი სასამართლო.
უზენაესი სასამართლო ზედამხედველობს მართლმსაჯულების განხორციელებას საქართველოს საერთო სასამართლოებში.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს პრეზიდენტის წარდგინებით ირჩევს პარლამენტი არანაკლებ 10 წლის ვადით.
მართლმსაჯულება ხორციელდება სამოქალაქო, ადმინისტრაციული და სისხლის სამართალწარმოებათა მეშვეობით.
სადისკუსიო კითხვები
1. შეიძლება თუ არა ვილაპარაკოთ საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლესობაზე სხვა სახელისუფლებო განშტოებებთან მიმართებით, თუ ვაღიარებთ ხელისუფლების დანაწილების პრინციპს?
2. რისთვისაა საჭირო პარლამენტი? არ შეიძლება მის გარეშე?
3. რომელი ორგანოები და თანამდებობის პირებია პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული? რაში გამოიხატება ეს?
4. რაში გამოიხატება პარლამენტისა და პრეზიდენტის ურთიერთობა?
5. რას აკეთებს და რისთვის არის პასუხისმგებელი მთავრობა?
6. რა როლი შეიძლება ითამაშოს სასამართლო ხელისუფლებამ პრეზიდენტისა და პარლამენტის ხელისუფლებათა გაწონასწორებაში?
![]() |
7.5 §5. საქართველოს სახელმწიფო მოწყობა: ადგილობრივი თვითმმართველობა |
▲ზევით დაბრუნება |
ადგილობრივი თვითმმართველობის არსი
დემოკრატიული, სამართლებრივი სახელმწიფოს აღმშენებლობის პროცესის სტაბილურობა, შეუქცევადობა და სრულყოფა წარმოუდგენელია ადგილებზე თვითმმართველ ერთეულებში სრულფასოვანი ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუტის ფორმირების გარეშე. ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუტის არსებობის აუცილებლობას ორი ფაქტორი განაპირობებს:
- დემოკრატიული საზოგადოების თითოეული წევრის საყოველთაოდ აღიარებული უფლება, თვითონ გადაწყვიტოს ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები და მონაწილეობა მიიღოს ადგილობრივ დონეზე მმართველობის განხორციელებაში;
- ცენტრალური ხელისუფლების უუნარობა, ადგილობრივ დონეზე განახორციელოს სრულყოფილი მმართველობა.
სახელმწიფოს განვითარების ნებისმიერ ეტაპზე ცენტრალური ხელისუფლებისათვის ყოველთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა ადგილებზე მართვის განხორციელება. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ყოველ ადმინისტრაციულ- ტერიტორიულ ერთეულს თავისი წარმომადგენელი ჰყავს საკანონმდებლო ხელისუფლებაში მაჟორიტარი დეპუტატის სახით, რომელიც ვალდებულია, ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემები ხელისუფლებამდე მიიტანოს და განსაკუთრებით დაიცვას ამ ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის მოსახლეობის ინტერესები, პრაქტიკულად შეუძლებელია, ცენტრალურმა ხელისუფლებამ განახორციელოს რიონულ დონეზე სრულფასოვანი მართვა, ადგილზე წარმოქმნილი ყველა პრობლემისა და საკითხის შესწავლა და ცენტრალიზებულად გადაწყვეტა. ამ ფუნქციას საქართველოში ისევე, როგორც მთელ ცივილიზებულ მსოფლიოში, არსებული კანონების შესაბამისად ადგილობრივი თვითმმართველობა ასრულებს.
ადგილებზე მართვის განხორციელების მიზნით საქართველოს ტერიტორია დაყოფილია ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ (თვითმმართველ) ერთეულებად.
დასახლების ან დასახლებათა ერთობლიობის თვითმმართველი ერთეულის სტატუსს საქართველოს მთავრობის წარდგინებით დადგენილებით ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი.
თვითმმართველი ერთეული არის დამოუკიდებელი იურიდიული პირი, რომელსაც ჰყავს თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები, აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებამოსილებანი, საკუთარი ქონება და ბიუჯეტი.
ადგილობრივი თვითმმართველობა არის მოქალაქეთა კონსტიტუციითა და კანონმდებლობით აღიარებული და გარანტირებული უფლება, შესაძლებლობა და პასუხისმგებლობა, ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ (თვითმმართველობის) ერთეულში მათ მიერ შექმნილი ადგილობრივი ორგანოების მეშვეობით, ცენტრალური ხელისუფლებისაგან დამოუკიდებლად, საკუთარი პასუხისმგებლობით და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით გადაწყვიტონ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები.
ასეთ საკითხებს მიეკუთვნება:
- ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებით სარგებლობა და მისი განკარგვა;
- მიწათსარგებლობა;
- ადგილობრივი ბიუჯეტის ფორმირება, დამტკიცება, შესრულება და კონტროლი;
- ადგილობრივი მოსაკრებლებისა და გადასახადების შემოღება და გაუქმება;
- დაქვემდებარებული ტერიტორიის კეთილმოწყობა;
- სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პერსპექტიული გეგმებისა და პროგრამების დამტკიცება და შესრულება;
- ადგილობრივი მნიშვნელობის წყალმომარაგების სისტემისა და გზების მშენებლობა;
- განათლების, ჯანმრთელობის დაცვის, კულტურისა და სხვა სოციალური სამსახურების ორგანიზება და სხვ.
ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების ძირითადი პრინციპები
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზაციული სისტემის ჩამოყალიბებას, მისი ფუნქციებისა და მიზნების განსაზღვრას, ადგილობრივი საკითხების ობიექტურად, დამოუკიდებლად და ოპტიმალურად გადაწყვეტას საფუძვლად უდევს შემდეგი ძირითადი პრინციპები:
1. საქართველოს მოქალაქეთა უფლება, აირჩიონ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო და მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში;
2. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დამოუკიდებლობა კანონის განსაზღვრული ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხთა გადაწყვეტაში;
3. ადგილობრივი თვითმმართველობის საფინანსო-ეკონომიკური დამოუკიდებლობა;
4. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დამოუკიდებელი პასუხისმგებლობა საკუთარი ფუნქციების განხორციელებაში;
5. სახელმწიფოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ურთიერთგამიჯვნა;
6. საქართველოს მოქალაქეთა კანონიერი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა;
7. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის საჯაროობა;
8. საერთო-სახელმწიფო და ადგილობრივი ინტერესების ერთიანობა;
9. სახელმწიფოსა და თვითმმართველ ერთეულს შორის, აგრეთვე თვითმმართველ ერთეულებს შორის ურთიერთობათა დაფუძნება დახმარებასა და თანამშრომლობაზე, საერთო პრობლემების ერთობლივად ნებაყოფლობით გადაჭრაზე;
10. სახელმწიფოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა შორის დავის სასამართლო წესით გადაწყვეტა;
11. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა ანგარიშვალდებულება მოსახლეობის წინაშე.
მოქალაქეთა მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს - საკრებულოს წევრობა
სიტყვა „თვითმმართველობა“ პირდაპირი გაგებით თვით მართვას, ე.ი. მოქალაქეთა მიერ სოფლის, თემის, დაბის და ქალაქის დონეზე განხორციელებულ მართვას, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობას ნიშნავს. თითოეული მოქალაქის უფლება და ამასთან ერთად მისი მოქალაქეობრივი ვალია, ჩართული იყოს თვითმმართველობის პროცესებში პირადად მისი, მისი ოჯახის და საერთოდ საზოგადოების საკეთილდღეოდ. იმის გამო, რომ ამა თუ იმ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხის გადასაჭრელად და გადაწყვეტილებების მისაღებად შეუძლებელია რამდენიმე ათასი მოქალაქის ერთად თავმოყრა და ასეთ მრავალრიცხოვან შეკრებებზე გადაწყვეტილებების მიღება, თვითმმართველი ერთეულის მოსახლეობა, საქართველოს საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, ირჩევს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოს - საკრებულოს.
საკრებულოს წევრობის კანდიდატისათვის ხმის მიცემით ამომრჩეველი ნდობას უცხადებს, ან სხვაგვარად რომ ვთქვათ, ადგილობრივ მართვაში მას თავის ხმის უფლებას გადასცემს. საკრებულოს წევრობის კანდიდატის საკრებულოს წევრად არჩევის შემთხვევაში გადაწყვეტილებების მიღებაში მისი მონაწილეობა პრაქტიკულად იმ მოქალაქის მონაწილეობაც იქნება, ვინც ამ კონკრეტულ წევრს მისცა არჩევნებში ხმა.
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო - საკრებულო შესაბამის ტერიტორიაზე მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა მიერ პირდაპირი, საყოველთაო, თანასწორი და ფარული კენჭისყრით არჩეული წევრებისაგან შედგება. საკრებულოს წევრად შეიძლება არჩეულ იქნეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც არჩევნების დღისთვის შეუსრულდა 21 წელი და კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებულია შესაბამისი საკრებულოს ტერიტორიაზე.
საკრებულოს წევრად არ შეიძლება არჩეულ იქნეს მოქალაქე, რომელსაც უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში არ უცხოვრია საქართველოში.
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო აირჩევა 4 წლის ვადით.
საკრებულოს წევრი თავის უფლებამოსილებას ახორციელებს სამსახურებრივი საქმიანობისგან მოუწყვეტლად და უსასყიდლოდ. ანაზღაურებადია მხოლოდ შემდეგი თანამდებობის პირების საქმიანობა:
ა) საკრებულოს თავმჯდომარე;
ბ) საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე;
გ) საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე;
დ) საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე.
საკრებულოს წევრები შეიძლება გაერთიანდნენ საკრებულოს ფრაქციაში (ფრაქციის შექმნისა და საქმიანობის წესი, მისი უფლებამოსილება განისაზღვრება საკრებულოს დებულებით/რეგლამენტით). ფრაქციის წევრთა რაოდენობა 3-ზე ნაკლები არ უნდა იყოს. საკრებულოს წევრი შეიძლება გაერთიანდეს მხოლოდ ერთ ფრაქციაში. ფრაქციის ჩამოყალიბება შეიძლება როგორც პარტიულ, ისე არაპარტიულ საფუძველზე. დაუშვებელია ფრაქციებად გაერთიანება ეროვნული, ტერიტორიული ან სხვა კერძო ნიშნით.
საკრებულოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ:
- პირადი განცხადებით მოიხსნა უფლებამოსილება;
- სასამართლომ ცნო ქმედითუუნაროდ, აღიარა უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად;
- დაინიშნა ან არჩეულ/დამტკიცებულ იქნა საკრებულოს წევრისთვის შეუთავსებელ თნამდებობაზე;
- მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;
- შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა;
- არასაპატიო მიზეზით ექვსი თვის განმავლობაში არ მონაწილეობდა საკრებულოს მუშაობაში;
- საკრებულომ გამოუცხადა უნდობლობა;
- გარდაიცვალა.
საკრებულოს წევრს ვადამდე უწყდება უფლებამოსილება, თუ მან დაიკავა:
ა) თანამდებობა, რომელზეც არჩევა, დანიშვნა ან დამტკიცება ხდება საქართველოს პარლამენტის ან პრეზიდენტის მიერ;
ბ) თანამდებობა, რომელზეც არჩევა, დანიშვნა ან დამტკიცება ხდება აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების მიერ;
გ) საქართველოს პროკურატურის, კონტროლის პალატის, შინაგან საქმეთა სამინისტროს და თავდაცვის სამინისტროს შტატით გათვალისწინებული თანამდებობა.
ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები
საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ განსაზღვრავს ადგილებზე თვითმმართველობის ერთდონიანი სისტემით განხორციელებას. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე ადგილობრივ მმართველობას ახორციელებს დადგენილი წესით შექმნილი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო - საკრებულო და აღმასრულებელი ორგანო - გამგეობა, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით მათ უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხების გადაწყვეტას უზრუნველყოფენ. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორია საკრებულოს გადაწყვეტილებით არსებული კანონმდებლობის შესაბამისად ადმინისტრაციულ ერთეულებად იყოფა. ადმინისტრაციული ერთეული არის თვითმმართველი ერთეულის ნაწილი, სადაც იქმნება ადგილობრივი თვითმმართველობის ტერიტორიული ორგანოები. ტერიტორიული ორგანოების საქმიანობას ხელმძღვანელობს რწმუნებული, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თვითმმართველი ერთეულის გამგებელი.
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს შემადგენლობა და უფლებამოსილებანი
მუნიციპალიტეტის (რაიონის) საკრებულო შედგება პროპორციული სისტემის საფუძველზე არჩეული 10 წევრისა და შესაბამის ტერიტორიაზე არსებული ყველა სოფლიდან, თემიდან და იმ ქალაქიდან, რომელიც ამ რაიონის შემადგენლობაში შედის, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე არჩეული თითო წევრისაგან.
თვითმმართველი ქალაქების (რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, ფოთი) საკრებულოები შედგება მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე არჩეული 5 წევრისა და პროპორციული სისტემის საფუძველზე არჩეული 10 წევრისაგან.
საქართველოს დედაქალაქის - თბილისის საკრებულო შედგება მაჟორიტარული სისტემით არჩეული 25 წევრისა და პროპროციული სისტემით არჩეული 12 წევრისგან.
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება:
ა) საკრებულოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის არჩევა;
ბ) საკრებულოს კომისიების შექმნა, კომისიათა თავმჯდომარეების არჩევა, კომისიათა პერსონალური შემადგენლობის დატკიცება და მასში ცვლილებების შეტანა;
გ) საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფების შექმნა და გაუქმება, სპეციალური ჯგუფების შემადგენლობის დამტკიცება და მასში ცვლილებების შეტანა;
დ) გადაწყვეტილების მიღება საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ცნობისა და უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ;
ე) თემის (თვითმმართველი ქალაქის უბნის) შექმნა და გაუქმება;
ვ) გამგებლის (მერის) არჩევა, მისი შრომის ანაზღაურების პირობებისა და ოდენობის განსაზღვრა;
ზ) საკრებულოს აპარატის, გამგეობის (მერიის) სტრუქტურის დამტკიცება;
თ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ნორმატივების ფარგლებში საკრებულოს თანამდებობის პირების, ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა მოხელეებისა და საჯარო მოსამსახურეების თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრა;
ი) ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოებისა და თანამდებობის პირების საქმიანობაზე კონტროლი, მათი ყოველწლიური ანგარიშების მოსმენა და შეფასება;
კ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ადგილობრივი სამსახურებისა და იურიდიული პირების შექმნა, რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია;
ლ) გამგებლის (მერის) წარდგინებით თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის განხილვა, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, მისი დამტკიცება, ბიუჯეტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მოსმენა და დამტკიცება;
მ) თვითმმართველი ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პერსპექტიული გეგმებისა და პროგრამების დამტკიცება და კონტროლი მათ შესრულებაზე;
ნ) ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღება, მათი განაკვეთების განსაზღვრა კანონით განსაზღვრული ზღვრული დონეების ფარგლებში;
ო) ადგილობრივი სამგზავრო გადაზიდვების, გარე ვაჭრობის, გარე რეკლამის განთავსების მარეგულირებელი ნორმების დადგენა;
პ) თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების, მიწის, ტყის და წყლის რესურსების მართვის წესის განსაზღვრა;
ჟ) მიწითსარგებლობის დაგეგმვა, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფა, მათი საზღვრების დადგენა და შეცვლა;
რ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საბინაო-კომუნალური მომსახურების ტარიფების, მომსახურების წესების დადგენა;
ს) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეკრებების, მანიფესტაციების, დემონსტრაციების ჩატარებასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირება;
ტ) ადგილობრივი შესყიდვების დაგეგმვა;
უ) ქუჩების, მოედნების სახელდება და ნუმერაცია;
ფ) გამგებლისთვის (მერისთვის) თანხმობის მიცემა ისეთი გარიგებების დადებაზე, რომელთა ღირებულება აღემატება თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის 5%-ს;
ქ) საქართველოს მთავრობის ნებართვით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სესხების ან გრანტის აღება;
ღ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებანი.
ადგილობრიი თვითმმარტველობის ორგანოს - გამგეობის შემადგენლობა და უფლებამოსილებანი
ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოა რაიონებში - გამგეობა, თვითმმართველ ქალაქებში კი - მერია.
გამგეობა (მერია) შედგება სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოებისაგან.
- გამგეობის (მერიის) საქმიანობას უძღვება გამგებელი (მერი).
- გამგებელს (მერს) ირჩევს საკრებულო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით თავისი უფლებამოსილების ვადით.
- გამგებლის (მერის) კანდიდატურა შეირჩევა კონკურსის წესით. გამგებლის (მერის) თანამდებობაზე ვაკანსიის წარმოშობიდან ან თანამდებობიდან განთავისუფლების საკითხის დასმიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში საკრებულოს ბიურო იღებს განცხადებებს. ბიურო მიღებული განცხადებებიდან ირჩევს კვალიფიციურ კანდიდატებს და წარუდგენს საკრებულოს. გამგებელი (მერი) ითვლება არჩეულად, თუ მას მხარი დაუჭირა საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა.
- გამგებელი (მერი) ანგარიშვალდებულია საკრებულოს წინაშე.
- გამგეობის (მერიის) სტრუქტურას გამგებლის (მერის) წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო.
- გემგეობის (მერიის) სტრუქტურული ერთეულები შესაბამისი სფეროების მიხედვით აღასრულებენ საკრებულოსა და გამგებლის (მერის) გადაწყვეტილებებს.
- თვითმმართველ ერთეულში შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულებში მართვის ოპტიმიზაციისა და მოსახლეობის კომუნალური და სხვა საზოგადოებრივი მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით საკრებულოს გადაწყვეტილებით იქმნება გამგეობის (მერიის) ტერიტორიული ორგანოები.
- გამგეობის (მერიის) ტერიტორიული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების უფლებამოსილებანი განისაზღვრება შესაბამისი დებულებებით, რომლებსაც გამგებლის (მერის) წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო.
- გამგეობის (მერიის) სტრუქტურული ერთეულისა და ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებს, გამგეობის (მერიის) სხვა თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი (მერი).
გამგეობის უფლებამოსილებას განეკუთვნება:
ა) საკრებულოს გადაწყვეტილებათა აღსრულება;
ბ) სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამების პროექტების მომზადება, წინასწარი განხილვა და საკრებულოს მიერ დამტკიცებულ პროგრამების განხორციელება;
გ) ბიუჯეტის პროექტის შემუშავება, წინასწარი განხილვა და დამტკიცებული ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შესრულება. საჭიროების შემთხვევაში დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის თაობაზე წინადადებების მომზადება, ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშების შედგენა და საჯაროობის უზრუნველყოფა;
დ) ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღების, გაუქმებისა და მათი ოდენობის განსაზღვრის, ადგილობრივი მოსაკრებლების ამოღების ორგანიზების შესახებ წინადადების მომზადება და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საკრებულოსათვის წარდგენა;
ე) ადგილობრივი მოსაკრებლების ამოღება;
ვ) თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მიწის რესურსების მართვა და განკარგვა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით;
ზ) თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების მართვა და განკარგვა;
თ) ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის და ადგილობრივი მნიშვნელობის წყლის რესურსების მართვა;
ი) კანონით დადგენილი წესით მშენებლობის ნებართვის გაცემა, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის ფარგლებში მიმდინარე მშენებლობაზე ზედამხედველობა;
კ) ადგილობრივი სამგზავრო გადაზიდვების რეგულირება;
ლ) გარე ვაჭრობის რეგულირება;
მ) გარე რეკლამის განთავსების რეგულირება;
ნ) ადგილობრივი მნიშვნელობის გზების შენახვა, მშენებლობა და განვითარების უზრუნველყოფა;
ო) სოციალურ-კულტურული ღონისძიებების განხორციელება და შესაბამისი ადგილობრივი მნიშვნელობის ობიექტების (არქივის, ბიბლიოთეკის, მუზეუმებისა და სხვ.) საქმიანობის ხელშეწყობა;
პ) სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებების არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით შექმნა;
ჟ) თვითმმართველი ერთეულის სივრცითი-ტერიტორიული მოწყობა;
რ) ადგილობრივი შესყიდვების განხორციელება;
ს) ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრა, დასახლებებში ქუჩების დასუფთავება, განათება, წყალმომარაგების, სანიაღვრე მეურნეობის, კანალიზაციის, საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვებისა და უტილიზაციის სამუშაოთა წარმოება ან მათ განხორციელებაზე მუნიციპალური შესყიდვის ორგანიზება, სასაფლაოების მოვლა-პატრონობა;
ტ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
ადგილობრივი თვითმმართველობის ტერიტორიული ორგანო
ადგილობრივი თვითმმართველობის ტერიტორიული ორგანოების საქმიანობას ხელმძღვანელობს ტერიტორიული ერთეულის რწმუნებული, რომელიც არსებული კანონმდებლობის შესაბამისად:
ა) წარმართავს ტერიტორიული ორგანოს საქმიანობას;
ბ) უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან მოსახლეობის კავშირს;
გ) ორგანიზებას უწევს, აკონტროლებს და გამგებელს (მერს) წარუდგენს ინფორმაციას შესაბამის ტერიტორიაზე საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების მიმდინარეობის შესახებ;
დ) გამგებელს (მერს) წარუდგენს წინადადებებს შესაბამის ტერიტორიაზე არსებული პრობლემებისა და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ;
ე) უზრუნველყოფს სტატისტიკურ და სხვა მონაცემთა შეგროვებას, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა მოსახლეობისათვის გაცნობას;
ვ) ორგანიზებას უწევს მოსახლეობის გამოკითხვისა და სახალხო განხილვების ჩატარებას;
ზ) ანგარიშვალდებულია გამგებლის (მერის) წინაშე.
გამგეობის (მერიის) ტერიტორიული ორგანოს საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს თვითმმართველი ერთეულის გამგებელი (მერი).
სახელმწიფო უფლებამოსილებების დელეგირება და კონტროლი
ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში ჩამოყალიბებულია სახელმწიფო მმართველობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დამაკავშირებელი სქემა, რომელიც ამ ორი სისტემის ურთიერთკავშირს და ურთიერთზეგავლენას ითვალისწინებს. ადგილობრივი მმართველობის ორგანოები, განსაკუთრებული უფლბამოსილებების გარდა, ასრულებენ ცენტრალური ხელისუფლების მიერ დელეგირებულ ცალკეულ სახელმწიფო უფლებამოსილებებსაც. მათი გადაცემა, როგორც წესი, საკანონმდებლო აქტებით ფორმდება და რეალიზაციაც სახელმწიფო კონტროლით ხორციელდება.
დელეგირებულ უფლებამოსილებათა რიცხვს მიეკუთვნება, მაგალითად, წვევამდელთა სამხედრო სამსახურში გაწვევა. ეს თავდაცვის სამინისტროს უფლებამოსილებაა, მაგრამ ამ პროცესის ორგანიზებულად ჩასატარებლად ეს უფლებამოსილება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს გადაეცემა. დელეგირებულ უფლებამოსილებათა მაგალითია ასევე ტურიზმის განვითარებისათვის ხელშეწყობა. იმის გამო, რომ კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დედაქალაქიდან გაუჭირდება, ადგილებზე შექმნას ტურიზმის განვითარებისათვის ხელშემწყობი გარემო, ის ამ უფლებამოსილებას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს გადასცემს. 2007 წლის დასაწყისში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ აღნიშნული მიზნით ქალაქ ბათუმის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის მილიონ სამასი ათასი ლარის ტრანსფერის სახით გადაცემის საკითხმა. ეს თანხა ქალაქში მედეას ძეგლის დადგმას უნდა მოხმარდეს. საქართველოს მთავრობა ასეთი ფინანსური ოპერაციის ჩატარების საფუძვლად ტურიზმის განვითარებისათვის ხელშეწყობას ასახელებს, თუმცა, ადგილობრივი მოსახლეობის აზრით, უმჯობესი იქნება, ეს თანხა ქალაქის მოსახლეობის სოციალური პრობლემების მოგვარებას მოხმარდეს. არსებული კანონმდებლობის მიხედვით დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელება, ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებისაგან განსხვავებით, სახელმწიფოს მიერ სპეციალურად გადაცემულ მატერიალურ-ფინანსურ ბაზას (ტრანსფერს) ეფუძნება და ამიტომ ფინანსთა სამინისტროდან გადარიცხული თანხა შეიძლება ადგილობრივი პრობლემების გადაწყვეტაზე დაიხარჯოს.
ცენტრალური ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ურთიერთობაში უფლებამოსილებისა და მმართველობის ორგანოების საქმიანობაზე სახელმწიფოებრივ კონტროლს. სახელმწიფო ადგილობრივი თვითმმართველობის მიმართ კონტროლს ახორციელებს ერთი მხრივ ქვეყნის მთავრობის და მეორე მხრივ სასამართლო ორგანოების სისტემით. მთავრობა სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს ერთი ან რამდენიმე სამინისტროს, აგრეთვე თავისი წარმომადგენლებისა და რწმუნებულების მეშვეობით. დელეგირებულ უფლებამოსილებათა შესასრულებლად ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის გამოყოფილი თანხების მიზნობრივ ხარჯვას აკონტროლებს ფინანსთა სამინისტრო, ხოლო წვევამდელთა სამხედრო სამსახურში გაწვევის პროცესს და ბათუმში ძეგლის დადგმას შესაბამისად - თავდაცვის სამინისტრო და კულტურის, სპორტის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.
საქართველოში ადგილობრივი მმართველობის ორგანოების საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლს ცენტრალური ხელისუფლება მხარეებად დაყოფილ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში პრეზიდენტის მიერ დანიშნული რწმუნებულებისა და მათი ადმინისტრაციის საშუალებითაც ახორციელებს.
საზოგადოების ინფორმირებულობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მექანიზმები თვითმმართველობის განხორციელებისას
საქართველოს მოქალაქეთა მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის უფლების განხორციელებას უზრუნველყოფს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“, „საქართველოს ზოგადადმინისტრაციული კოდექსი“ და სხვადასხვა ნორმატიული აქტები.
საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ:
ა) მიიღონ საჯარო ინფორმაცია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსგან ან თანამდებობის პირებისგან;
ბ) წინასწარ გაეცნონ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს გადაწყვეტილებების პროექტებს, მონაწილეობა მიიღონ მათ განხილვაში, მოითხოვონ გადაწყვეტილებათა პროექტების გამოქვეყნება და მათი საჯარო განხილვა;
გ) მიმართონ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს და თანამდებობის პირებს.
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ვალდებულია, ღიად და საჯაროდ წარმართოს თავისი სხდომები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სხდომაზე განიხილება სახელმწიფო, კომერციული და პირად საიდუმლოებას მიკუთვნებული საკითხები.
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ვალდებულია, დაადგინოს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე.
ყველა მოქალაქეს აქვს უფლება, მოითხოვოს საჯარო ინფორმაცია მისი ფიზიკური ფორმისა და შენახვის მდგომარეობის მიუხედავად და აირჩიოს საჯარო ინფორმაციის მიღების ფორმა, თუ იგი სხვადასხვა სახით არსებობს, აგრეთვე გაეცნოს ინფორმაციას დედანში. თუ არსებობს დედნის დაზიანების საფრთხე, საჯარო დაწესებულება ვალდებულია, უზრუნველყოს ზედამხედველობის ქვეშ მისი გაცნობის შესაძლებლობა ან წარუდგინოს სათანადო წესით დამოწმებული ასლი. საჯარო ინფორმაციის მისაღებად მოქალაქე წარადგენს წერილობით განცხადებას. განცხადებაში აუცილებელი არ არის, მიეთითოს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის მოტივი ან მიზანი.
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ვალდებულია, გასცეს საჯარო ინფორმაცია დაუყოვნებლივ ან არა უგვიანეს 10 დღისა, თუ საჯარო ინფორმაციაზე პასუხის გაცემა მოითხოვს:
- სხვა დასახლებულ პუნქტში არსებული მისი სტრუქტურული ქვედანაყოფიდან ან სხვა საჯარო დაწესებულებიდან ინფორმაციის მოძიებასა და დამუშავებას;
- სხვა დასახლებულ პუნქტში არსებულ მის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან ან სხვა საჯარო დაწესებულებასთან კონსულტაციას.
თუ საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის საჭიროა 10-დღიანი ვადა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ვალდებულია, დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ განმცხადებელს.
საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ვალდებულია, გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში განმცხადებელს წერილობით განუმარტოს უარის მიზეზი, ასევე განმცხადებლის უფლებები და გასაჩივრების წესი.
დაუშვებელია ისეთი ინფორმაციის გასაიდუმლოება, როგორც არის:
ა) ინფორმაცია გარემოს შესახებ, აგრეთვე მონაცემები იმ საშიშროების თაობაზე, რომელიც ემუქრება მოქალაქეთა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას;
ბ) საჯარო დაწესებულების სტრუქტურის აღწერა, მოსამსახურეთა ფუნქციების განსაზღვრისა და განაწილების, აგრეთვე გადაწყვეტილებათა მიღების წესი;
გ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების იმ საჯარო მოსამსახურეთა ვინაობა და სამსახურებრივი მისამართი, რომელთაც უკავიათ თანამდებობა ან ევალებათ საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოება ან საზოგადოებასთან ურთიერთობა და მოქალაქეთათვის ინფორმაციის მიწოდება;
დ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში გადაწყვეტილების მისაღებად გამართული ღია კენჭისყრის შედეგები;
ე) არჩევით თანამდებობაზე პირის არჩევასთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია;
ვ) ყველა ინფორმაცია, რომელიც კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით არ არის მიჩნეული სახელმწიფო, კომერციულ ან პირად საიდუმლოებად.
სახელმწიფო თუ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა და ზოგადად მათი საქმიანობის შესახებ არსებული ინფორმაციის საჯაროობა მოსახლეობის თვალში მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის გამჭირვალობას განაპირობებს. უკვე ინფორმირებული საზოგადოების მხრიდან კონკრეტული ინიციატივების გამოვლენის შემთხვევაში კი მოქალაქეებს ეძლევათ ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილებების მიღებისა და საერთოდ თვითმმართველობის განხორციელების პროცესში მონაწილეობის საშუალება.
თვითმმართველობის პრობლემები საქართველოში
2007 წლის 23-29 მარტის გაზეთში „ახალი 7 დღე“ დაიბეჭდა ჟურნალისტ ნონა სუვარიანის სტატია „ცენტრალური ხელისუფლების მონა-მორჩილი თვითმმართველობა“, სადაც თვითმმართველობის ექსპერტი კოტე კანდელაკი საქართველოში დღეს არსებული თვითმმართველობის შესახებ გვესაუბრება: „თვითმმართველობებს კანონით მინიჭებული აქვთ ექსკლუზიური ფუნქციები, ანუ ისინი თავად წყვეტენ ექსკლუზიურ საკითხებს, მაგალითად, რა პრიორიტეტებს აირჩევენ, რა თანხებს გამოყოფენ ამა თუ იმ პრიორიტეტის დასაფინანსებლად და ა.შ.
რევოლუციის შემდეგ ნორმატიული აქტების მიღება დირექტივებით ხდება. მაგალითად, თვითმმართველობის ორგანოები იქცევიან ისე, როგორც ფინანსთა სამინისტრო უკარნახებს, წინააღმდეგობის უფლება არ აქვთ. ასეთი ტიპის მითითებების ამსახველი დოკუმენტაცია არ არსებობს, ეს არის სატელეფონო ან პირადი საუბრით მიცემული მითითებები. ალბათ გახსოვთ ქუთაისის მერის გადადგომა. ეს მოხდა პრეზიდენტის მითითების საფუძველზე, მას ძვირადღირებული მანქანის შეძენა არ აპატიეს. ამ შემთხვევაში მერს კანონი არ დაურღვევია და მისი გადაყენების უფლება არავის ჰქონდა. თუმცა იმის გამო, რომ მერი ნაცმოძრაობის წევრი იყო და მისი ასეთი საქციელი ორგანიზაციის იმიჯს შელახავდა, „ურჩიეს“ გადამდგარიყო. მერს უნდობლობას ვერც საკრებულო გამოუცხადებდა, რადგან თავად დაამტკიცა ბიუჯეტი, რომელშიც ამ მანქანის ხარჯები იყო გათვალისწინებული“.
საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 23 მაისის 648-ე განკარგულებით საქართველო შეუერთდა „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ევროპულ ქარტიას, რაც საქართველოს ხელისუფლებას ავალდებულებს, ქარტიის მე-12 მუხლით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად შეასრულოს ქარტიის მოთხოვნები და რეალურად გამოიყენოს ადგილობრივი ხელისუფლების პოლიტიკური, ადმინისტრაციული და საფინანსო დამოუკიდებლობის გარანტი ძირითადი სამართლებრივი ნორმები. ევროქარტიის ეს მოთხოვნა არ არის გათვალისწინებული ადგილობრივი თვითმმართველობის ტერმინის განმარტებაში, რომელიც საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ პირველ მუხლშია მოცემული. მართალია, აქ დაფიქსირებულია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები საკუთარი პასუხისმგებლობით მართავენ ადგილობრივი მშენებლობის საკითხებს, მაგრამ არ არის ჩანაწერი, რომ ეს მართვა ცენტრალური ხელისუფლებისაგან დამოუკიდებლად ხორციელდება. ეს შეიძლება კანონმდებლობის სერიოზულ ხარვეზად ჩაითვალოს. სტატიაში მოყვანილი ფაქტიც ქუთაისის მერის „გადადგომის“ შესახებ სწორედ ამაზე მეტყველებს. ცენტრალური ხელისუფლება დაეყრდნო პრინციპს, რაც აკრძალული არ არის - დასაშვებია, ჩაერია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ფუნქციაში, დაიწუნა მათი გადაწყვეტილება ქალაქის მერის სამსახურებრივი სარგებლობისთვის ძვირად ღირებული მანქანის შეძენის თაობაზე და არაოფიციალურად მოითხოვა ქალაქის მერის გადადგომა.
ცალკე განხილვის საგანია, თუ რამდენად შეესაბამება ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებს თვითმმართველი ერთეულის - ქუთაისის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი. იმ დროს, როდესაც მთელი საქართველოს მოსახლეობისთვის ცნობილია, თუ რამდენად სერიოზული პრობლემა აქვს ქუთაისის მოსახლეობის წყლის მიწოდებასთან დაკავშირებით და ეს ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს გადასაწყვეტი საკითხია, ქალაქის მერი თავს უფლებას აძლევს, რამდენიმე ათეული ათასი ლარი გამოყოს თუნდაც სამსახურებრივი სარგებლობისთვის მანქანის შესაძენად. ქალაქის მერის მიერ წარდგენილ ასეთი ბიუჯეტის პროექტს კი ქალაქის საკრებულო ამტკიცებს. აქ, რასაკვირველია, საკრებულოს მხრიდან არაკომპეტენტურობასთან ან მოვალეობის არაკეთილსინდისიერად შესრულებასთან გვაქვს საქმე. ამასთან ერთად, იკვეთება თანამდებობის პირის - ქალაქის მერის მხრიდან ფინანსების არამიზნობრივი ხარჯვა. ეს კი გამოწვეულია იმით, რომ პასიურია სამოქალაქო საზოგადოება - ის მოსახლეობა, ვისი ფულიც არამიზნობრივად იხარჯება ამ კონკრეტულ შემთხვევაში. საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების საკმაოდ დიდი რიცხვია ოფიციალურად დარეგისტრირებული. თუ ქვეყანაში სათემო ორგანიზაციები ვერ ყალიბდება, არასამთავრობო ორგანიზაციები მაინც უნდა გააქტიურდნენ და თავისი პირდაპირი ფუნქცია შეასრულონ - მიიღონ საჯარო ინფორმაცია სახელმწიფო სტრუქტურების, ამ შემთხვევაში კი ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების, საქმიანობის შესახებ, გააკონტროლონ ბიუჯეტის შედგენის პროცესი, გააანალიზონ ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შესაბამისობა თვითმმართველი ერთეულის პრობლემებთან მიმართებაში და წინადადებებითა და რეკომენდაციებით ღიად, საჯაროდ მიმართონ თვითმმართველი ორგანოების ხელმძღვანელებს. თუ ადგილობრივი მმართველობის ორგანოები არ გაითვალისწინებენ სამოქალაქო საზოგადოების მოთხოვნებს, მაშინ უკვე საჭირო გახდება ცენტრალური ხელისუფლების ჩარევა პროცესების დასარეგულირებლად. მაგრამ, სამწუხაროდ, სტატიაში მოცემული ქუთაისის მაგალითი სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობის ნიმუში არ არის, და აქ თუ ჩაერია ცენტრალური ხელისუფლება და ქალაქის მერს არ მისცა თვითმმართველი ერთეულის კუთვნილი თანხების განიავების საშუალება, ვფიქრობ, ეს დიდი დანაშაული არ უნდა იყოს. მაგრამ აქვე აუცილებლად უნდა დავეთანხმოთ ბატონი კოტეს შემდეგ მოსაზრებას: „არავის აქვს უფლება, ჩაერიოს თვითმმართველობის ექსკლუზიური ფუნქციების შესრულებაში. ხალხმა აირჩია საკრებულო და შემდეგ ის დამოუკიდებლად ადგენს ბიუჯეტს. თუმცა რეალურად სხვაგვარად ხდება - ცენტრალური ხელისუფლება ცდილობს, ჩაერიოს თვითმმართველი ორგანოების გადასაჭრელ საკითხებში, თვითმმართველობებს აქვთ თავისი შემოსავალი, რომელსაც ქონების გადასახადი შეადგენს. წელს ცენტრალურმა ხელისუფლებამ საშემოსავლო გადასახადიც დაუტოვა, რომლისგანაც ადგილობრივი ბიუჯეტი დგინდება, აქედან კანონით და ევროქარტიის მოთხოვნით ყველა ეს შემოსავალი ექსკლუზიური ფუნქციების შესრულებას უნდა მოხმარებოდა. ეს ფუნქციები ჩამოთვლილია კანონში. ეს არის ადგილობრივი ინფრასტრუქტურა, სახანძრო მომსახურების შენახვა და ა.შ. გარდა ამისა, ადგილობრივ თვითმმართველობებს კანონით შეუძლიათ გარკვეული ფუნქციების დელეგირება. მაგალითად, სამხედრო სამსახურში გაწვევის ორგანიზება. ეს კი არის ცენტრალური ხელისუფლების პრეროგატივა, რომელიც დელეგირებული აქვთ ადგილობრივ მმართველობებს. როგორც წესი, როდესაც გარკვეული საქმეების დელეგირება ხდება ცენტრალური ხელისუფლების მიერ, თანხებიც უნდა გამოყოს სპეციალური ტრანსფერის მეშვეობით. ეს არ ხდება, სამაგიეროდ ამ წლის ბიუჯეტში შეტანილი საკითხების შესახებ წერია, რომ ეს საკითხები უნდა დაფინანსდეს საშემოსავლო გადასახადიდან, რომელიც ცენტალურმა ხელისუფლებამ დაუტოვა ადგილობრივ ბიუჯეტს. გამოდის, რომ ადგილობრივი ბიუჯეტის ორი მესამედი მსგავს საკითხებს უნდა მოხმარდეს.
იმ შემთხვევაში, თუ ექსკლუზიური უფლებების გაკონტროლება შეუძლია მხოლოდ კონტროლის პალატას, დელეგირებული ფუნქციების განხორციელებაში ცენტრალურ ხელისუფლებას ჩარევის უფლება აქვს. გამოდის, რომ ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრების გამოყენება სხვა საკითხების გადასაჭრელად ხდება. რეგიონს კი არ ახმარენ ამ თანხას, არამედ ცენტრალურ ხელისუფლებას, გარდა ამისა, ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯვას, ფაქტობრივად, ფინანსთა სამინისტრო განსაზღვრავს. ყველა თვითმმართველობის ბიუჯეტი ერთმანეთს ტყუპის ცალივით ჰგავს. მხოლოდ თანხებშია განსხვავება. პუნქტებიც კი ჰგავს ერთმანეთს. შეტანილია ისეთი პუნქტებიც, რომლებიც არც დელეგირებული და არც ექსკლუზიური ფუნქციებიდან არ უნდა დაფინანსდეს. მაგალითად, პოლიციის შენობის გარემონტება“.
სტატიის ამ ნაწილში გარკვევის ჩანს ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან კანონგარეშე ქმედება. საქართველოს კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ გარკვევით არის დაფიქსირებული, რომ დელეგირებული ფუნქციების განხორციელების ფინანსური უზრუნველყოფა ხდება ცენტრალური ხელისუფლების მიერ გამოყოფილი ტრანსფერებით. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუ ცენტრალური ხელისუფლება სამხედრო სამსახურში გაწვევის ფუნქციას ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს გადასცემს, მან საშემოსავლო გადასახადი ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტს კი არ უნდა დაუტოვოს, რადგან ამ გადასახადით ამოღებული თანხები, ადვილი შესაძლებელია, საერთოდ არ შეესაბამებოდეს იმ თანხების რაოდენობას, რაც სამხედრო სამსახურში გაწვევას ესაჭიროება, არამედ საშემოსავლო გადასახადებიდან მიღებული თანხების აკუმულირება უნდა მოახდინოს სახელმწიფო ხაზინის ანგარიშებზე, და შემდგომ წინასწარ გათვლილი და გაანგარიშებული თანხების ის რაოდენობა გადაურიცხოს ადგილობრივ თვითმმართველობებს, რაც დელეგირებული ფუნქციების შესრულებას ესაჭიროება. ამ შემთხვევაში ფინანსთა სამინისტრო გააკონტროლებს მხოლოდ დელეგირებული ფუნქციების შესრულებისას გაწეული ფინანსების ხარჯვას და ვეღარ გააკონტროლებს ადგილობრივი ბიუჯეტის ექსკლუზიურ ფუნქციებზე გაწეულ ხარჯებს, რის უფლებაც კანონის მიხედვით არც გააჩნია.
ექსპერტი ასევე აღნიშნავს: „თვითმმართველობები ვერ საზღვრავენ პრიორიტეტებს, რა მიაჩნიათ მათ უფრო მნიშვნელოვნად საკუთარ რაიონში“ - ეს კი ნიშნავს, რომ ვერ ახორციელებენ რეალურ თვითმმართველობას. ადგილებზე თვითმმართველობის არაეფექტური განხორციელება განპირობებულია იმით, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში ვერ ხვდება კვალიფიციური, კომპეტენტური კადრები. ამის მიზეზი კი ორი რამ შეიძლება იყოს: ან მოქალაქეები ვერ ვაკეთებთ სწორ არჩევანს წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევისას, ან პროფესიონალები არ აქტიურობენ და არ აყენებენ არჩევით თანამდებობაზე თავიანთ კანდიდატურებს, ეს კი ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების დაბალ დონეზე, ამომრჩეველთა პასიურობაზე და საზოგადოების წინაშე დაბალ პასუხისმგებლობაზე მიუთითებს, რაც ქვეყანაში დემოკრატიის და ზოგადად მოქალაქეთა ცხოვრების დაბალ დონეს განაპირობებს“.
სადისკუსიო კითხვები
1. 1997 წელს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული საქართველოს კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ შესაბამისად 1998 წელს და 2002 წელს არჩეული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები თვითმმართველობას ორდონიანი სისტემით ახორციელებდნენ. თვითმმართველობა პირველ დონეზე - სოფლის, თემის, დაბის და რაიონში შემავალი ქალაქების, ხოლო მეორე დონეზე რაიონული საკრებულოებით ხორციელდებოდა. 2006 წელს არჩეული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები კი ამჟამად მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად თვითმმართველობას ერთდონიანი სისტემით - თვითმმართველი ერთეულის (რაიონის) დონეზე ახორციელებენ.
- რამდენი სწორი გადაწყვეტილება მიიღო პარლამენტმა ადგილობრივი თვითმმართველობის ორდონიანი სისტემის ერთდონიანი სისტემით შეცვლით თვითმმართველობის განხორციელების ეფექტურობის გაზრდის თვალსაზრისით?
- შეუწყო ხელი ამ ცვლილებამ მოქალაქეთა ჩართვას თვითმმართველობის განხორციელებაში? რატომ?
- გაუადვილა მოსახლეობას ამ ცვლილებამ ადგილობრივი დონის პრობლემების გადაჭრა? რატომ?
2. ცნობილია, რომ 2007 წლის 1-ლი მარტისთვის ხელვაჩაურის რაიონში ჯერ კიდევ არ იყვნენ დანიშნული ტერიტორიული ორგანოების რწმუნებულები და შესაბამისად არ არსებობდა სოფლებსა და თემებში ტერიტორიული ორგანოები. ამის გამო აქ მცხოვრები მოსახლეობა ექვსი თვის განმავლობაში აბსოლუტურად იზოლირებული იყო თვითმმართველობის ორგანოებისგან, ისე, რომ ხელვაჩაურში ჩასვლის გარეშე მათ სოფელში ცხოვრების დამადასტურებელიცნობის აღებაც კი არ შეეძლოთ. ამ ფაქტთან დაკავშირებით ხელვაჩაურის გამგებელმა განაცხადა, რომ საქართველოს კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“, რომელიც ძალაში შევიდა 2006 წლის 5 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარებისთანავე, მას არ უწესებს ვადას ტერიტორიული ორგანოების ჩამოყალიბებისა და რწმუნებულების დანიშვნისათვის, ამიტომ ის თვლის, რომ ამაში არანორმალური და საგანგაშო არაფერია. საქართველოს კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ მართლაც არის ეს სერიოზული ხარვეზი.
- იმსჯელეთ, უნდა ეკისრებოდეს თუ არა პასუხისმგებლობა ამ კონკრეტულ შემთხვევაში რაიონის გამგებელს? თუ უნდა ეკისრებდეს - რა სახის?
- ვის ეკისრება პასუხისმგებლობა მომხდარის გამო?
- რა ზომებს მიმართავდა საზოგადოება იმ შემთხვევაში, თუ ის უფრო დემოკრატიული და აქტიური იქნებოდა?
3. საქართველოში 2006 წელს არჩეული ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მუშაობაში უკვე არაერთი სერიოზული ხარვეზი დაფიქსირდა, რასაც ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მაღალი თანამდებობის პირების სამსახურიდან დათხოვნა მოჰყვა. ხარვეზები ძირითადად ადგილობრივი ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვასთანაა დაკავშირებული. დამნაშავე თანამდებობის პირთა სამსახურიდან დათხოვნა ცენტრალური ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირების ჩარევით ხდება, მაშინ როდესაც ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯვაზე და სხვა ადგილობრივი დონის საკითხების გადაწყვეტაზე კონტროლი სამოქალაქო საზოგადოების ფუნქციას წარმოადგენს.
- რითაა განპირობებული მოქალაქეთა ინდიფერენტულობა მათი სოციალური და სხვა პირობების გასაუმჯობესებლად არსებული თანხების არამიზნობრივ ხარჯვასთან მიმართებაში?
- რა ნაბიჯებია გადასადგმელი არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისა და თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა ჩართვის სტიმულირებისთვის?
![]() |
7.6 V თავის სავარჯიშოები |
▲ზევით დაბრუნება |
სავარჯიშო „შეარჩიე კანდიდატი“
თემა - ძალაუფლება და უფლებამოსილება.
მონაწილეთა რაოდენობა - 15-20 მონაწილე
დრო - 1, 5 საათი
შინაარსი - სავარჯიშო შესაძლებლობას იძლევა, მონაწილეებმა შეარჩიონ ადამიანები უფლებამოსილებით აღჭურვილ თანამდებობაზე და იმისთვის, რომ გააკეთონ ინფორმირებული არჩევანი, გამოიყენონ ინტელექტუალური იარაღები, რომლებიც მოიცავენ მრავალფეროვან იდეებს, საზოგადოებაზე დაკვირვებებს და ჩვენს როლებს, აგრეთვე სხვადასხვა შეკითხვებს, რომლებიც საჭიროა სიტუაციების გასაანალიზებლად და გადაწყვეტილებების მისაღებად.
ამოცანები - სპეციალური ცხრილის გამოიყენება იმის გადასაწყვეტად, არის თუ არა ადამიანი კვალიფიციური გარკვეული თანამდებობისთვის.
მასალები - საქართველოს კონსტიტუციის73-ე მუხლი; ტექსტი ძალაუფლებისა და უფლებამოსილების განმარტებით (იხ. დანართი 1); ცხრილი - ინტელექტუალური იარაღი (იხ. დანართი 2).
მოსამზადებელი სამუშაო - მონაწილეებმა წაიკითხონ დანართი 1 და საქართველოს კონსტიტუციის73-ე მუხლი, რომელიც აღწერს საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობრივ უფლება-მოვალეობებს.
ინსტრუქციები - ტრენერი მიმართავს მონაწილეებს და უხსნის მათ, რომ უფლებამოსილებით აღჭურვილი სხვადასხვა თანამდებობა სხვადასხვა კვალიფიკაციას მოითხოვს. ამიტომ უფლებამოსილებითი პოზიციების (თანამდებობების) დაკავებისთვის ადამიანის შერჩევისას მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, თუ რა კვალიფიკაცია უნდა ჰქონდეთ მათ თავიანთი სამუშაოს კარგად შესასრულებლად. ყოველი კანდიდატის მაჩვენებლები შედარებული უნდა იყოს ხარისხთან, რომელიც სამუშაოს სჭირდება; ასევე უნდა მოხდეს მათი შედარება ყველა სხვა კანდიდატის მახასიათებლებთან. შემდეგ ტრენერი აცნობს მონაწილეებს ცხრილს და ეუბნება: „შემდეგი აქტივობა გაძლევთ შესაძლებლობას, გამოიყენოთ ინტელექტუალური იარაღები, რომლებსაც ახლა გაეცანით. მუშაობთ რა პატარა ჯგუფებში, წაიკითხეთ ნაწყვეტი კონსტიტუციის 73-ე მუხლიდან, რომელიც აღწერს საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობას. შემდეგ იმუშავეთ ჯგუფთან ერთად და შეავსეთ ცხრილი. მოემზადეთ, რომ თქვენი პასუხები სხვებთან ერთად განიხილოთ“.
ანალიზი და შეფასება - მონაწილეები უნდა მივიდნენ დასკვნამდე, რომ, სანამ გადაწყვეტ, რამდენად კვალიფიციურია კანდიდატი თანამდებობისთვის, პირველ რიგში უნდა განიხილო, რას მოითხოვს სამუშაო. კანდიდატის თვისებები (მახასიათებლები) მას შესაძლებლობას უნდა აძლევდეს, რომ თავისი მოვალეობები აღასრულოს და თანამდებობრივი ძალაუფლება სამუშაოს კარგად შესრულებისთვის გამოიყენოს.
რჩევები წამყვანისთვის - აუხსენით, რომ მონაწილეებმა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეძლონ არჩევანის საფუძვლების ახსნა იმ ინფორმაციის გამოყენებით, რომელიც სამ კითხვაზე პასუხის გაცემით მიიღეს.
ვარიანტები - შესაძლებელია, სხვა თანამდებობისთვისაც შესრულდეს აქტივობა, მაგალითად, პარლამენტის სპიკერი, გუბერნატორი, გამგებელი, საკრებულოს თავმჯდომარე და სხვ. ამისათვის უნდა გამოვიყენოთ შესაბამისი უფლება-მოვალეობების აღწერა.
დანართი 1
ძალაუფლება და უფლებამოსილება
ძალაუფლება არის იმის უნარი, რომ აკონტროლო ან მართო ვინმე ან რაიმე. უფლებამოსილება არის ძალაუფლება, რომლის გამოყენების უფლებაც არსებობს.
ყოველდღე ჩვენ ვხვდებით იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ უფლებამოსილება, გვმართონ ჩვენ და ჩვენი ქცევები. მშობლები, მასწავლებლები, პოლიციელები და მთავრობის წარმომადგენლები - აი ზოგიერთი მათგანი, რომლებსაც აქვთ უფლებამოსილება, გააკონტროლონ ჩვენი მოქმედებები. რა არის უფლებამოსილების საფუძვლები?
წესები და კანონები. წესები და კანონები აკონტროლებს ხალხის ქცევას. მაგალითად, როდესაც სტუდენტი ემორჩილება შინაგანაწესს, რომელიც მოითხოვს უნივერსიტეტში მეცადინეობებზე დასწრებას, იგი ცნობს ამ კანონის უფლებამოსილებას.
ადათ-წესები. ადათ-წესები არის ადამიანთა ქცევის წესები, რომლებსაც ისინი დიდი ხნის განმავლობაში ასრულებდნენ. მაგალითად, როდესაც ადამიანი იცავს წესს, რომ „ჯერ იმას უნდა მოემსახურო, ვინც პირველი მოვა“, იგი ცნობს ამ კარგად დამკვიდრებული ადათ-წესის უფლებამოსილებას.
როლები. გარკვეული როლები მოიცავს უფლებას, რომ გააკონტროლონ ხალხი, მიუხედავად იმისა, თუ ვინ ასრულებს ამ როლს. მაგალითად, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც პოლიციის ოფიცრის როლს ასრულებს, უფლებამოსილია, მოსთხოვოს ადამიანებს, დაიცვან მოძრაობის წესები.
დაწესებულებები. ადამიანთა ჯგუფებს, რომლებიც ერთად მუშაობენ განსაზღვრულ დაწესებულებებში, ასევე აქვთ უფლებამოსილება, გააკონტროლონ ან გავლენა იქონიონ სხვებზე. მაგალითად, პარლამენტს, როგორც დაწესებულებას (და არა მის ინდივიდუალურ წევრებს), აქვს უფლებამოსილება, მიიღოს კანონები, რომლებსაც ხალხი უნდა დაემორჩილოს.
მორალის პრინციპები. რელიგიიდან, ეთიკიდან და ინდივიდუალური სინდისიდან გამომდინარე ფუნდამენტური იდეები იმის შესახებ, თუ რა არის სწორი და რა - არასწორი, ხშირად მართავენ ჩვენს ქცევას. მაგალითად, ბიბლიას ბევრ ადამიანზე აქვს უფლებამოსილება.
ისტორიულად მმართველები და მთავრობა (ხელისუფლება) თავიანთ უფლებამოსილებას ერთ ან რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით ხსნიდნენ:
მემკვიდრეობითობა. ზოგიერთი მმართველი ამტკიცებს, რომ მას თავისი უფლებამოსილება მიღებული აქვს წინაპარი მმართველებისგან, რომელთაგან პირველი თვით ღმერთის მიერ არის ამ უფლებით აღჭურვილი.
ცოდნა. ზოგიერთი მოითხოვს, რომ მართვის უფლება ყველაზე მეტად განსწავლულს უნდა ჰქონდეს.
თანხმობა მმართველობაზე. ბევრი ხელისუფლება აცხადებს, რომ მისი უფლებამოსილება მომდინარეობს ხალხისგან, რაც უფლებამოსილების საბოლოო წყაროა. ხალხმა განუცხადა თანხმობა მთავრობას, რომ ის მართავდეს ხალხს.
უზენაესი არსება. ზოგიერთი მმართველი აცხადებს პრეტენზიას, რომ ღმერთის მიერ აქვს მინიჭებული უფლებამოსილება. ასეთები არიან მეფეები და დედოფლები, რომლებიც „ღვთაებრივი უფლების“ გამოყენებით მართავენ.
ბევრ ადამიანს უფიქრია, როგორი იქნებოდა ქვეყანა ხელისუფლების, წესებისა და კანონების გარეშე. ინგლისელმა ფილოსოფოსმა ჯონ ლოკმა წარმოიდგინა და აღწერა ის პირობები, რომლებშიც ადამიანები ხელისუფლების გარეშე „ცხოვრობდნენ“5:
„ადამიანები ბუნებრივად თავისუფლები არიან. რატომ უნდა დათმონ მათ ეს თავისუფლება და დაექვემდებარონ ხელისუფლების უფლებამოსილებას? ამის პასუხი ნათელია: ბუნებრივ მდგომარეობაში თავისუფლების სიამოვნება არამდგრადია. ყოველთვის არის იმის საშიშროება, რომ ვიღაც თავს დაგესხას. ცხოვრება ხიფათითა და საშიშროებით არის სავსე. ამიტომ ადამიანები ეძებენ სხვა ადამიანებს, რომლებთანაც გაერთიანდებიან და გაიზიარებენ უსაფრთხოების მოთხოვნილებას. ამით ისინი ცდილობენ, დაიცვან თავიანთი სიცოცხლე, თავისუფლება და საკუთრება.
ბუნებრივ მდგომარეობაში ბევრი რამ უშლის ხელს უსაფრთხო ცხოვრებას. პირველი - არ არის შემოღებული კანონთა სისტემა, რომელიც ყველა ადამიანისთვის მისაღები იქნებოდა და ყველას ეცოდინებოდა. და ვინაიდან არ არ არსებობს კანონები, არც ის არის გარკვეული, თუ რა არის სწორი და რა - მცდარი, რასაც ადამიანები მათ შორის უთანხმოებების მოსაგვარებლად გამოიყენებდნენ. მეორე - არ არსებობს მოსამართლე, რომელიც უფლებამოსილი იქნებოდა, გადაეწყვიტა საკამათო საკითხები. მესამე - არ არის ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი, რომელსაც ექნებოდა უფლებამოსილება, მოეთხოვა სხვებისგან კანონის დაცვა.
ამ მიზეზთა გამო ადამიანები ერთიანდებიან და ექვემდებარებიან ხელისუფლების დაცვასა და უფლებამოსილებას. სწორედ ამიტომ ისინი თანახმა არიან, შემოღებულ იქნეს დასჯის ინსტიტუტი, რომელიც შესაბამისობაში იქნება იმ წესების სისტემასთან, რაც ამ საზოგადოებისთვისაა მისაღები. ეს შეთანხმება არის საკანონმდებლო, სასამართლო და აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილების საფუძველი“.
უფლებამოსილებას რამდენიმე მნიშვნელოვანი მიზანი აქვს:
უფლებამოსილება შეიძლება გამოყენებული იქნეს მნიშვნელოვანი კანონებისა და თავისუფლებების დასაცავად. მაგალითად, კონსტიტუცია იცავს ჩვენი რწმენისა და აზრის გამოხატვის თავისუფლებას.
უფლებამოსილება შეიძლება გამოყენებული იქნეს იმისთვის, რომ უზრუნველყოს რესურსებისა და ვალდებულებების სამართლიანად გადანაწილება. მაგალითად, ჩვენი მთავრობა ზრუნავს, რომ ყველა ბავშვს ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობა, მიიღოს უფასო განათლება.
უფლებამოსილება შეიძლება გამოყენებული იქნეს იმისთვის, რომ მშვიდობიანად და სამართლიანად მოაწესრიგოს კონფლიქტები. მაგალითად, სასამართლო სისტემას აქვს ულებამოსილება, უზრუნველყოს სამართლიანი პროცესი იმ ადამიანისთვის, რომელიც ბრალდებულია დანაშაულში.
უფლებამოსილებით აღჭურვილ თანამდებობაზე ადამიანი დიდი სიფრთხილით უნდა ავირჩიოთ, ვინაიდან მას შეუძლიათ მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს ჩვენს ცხოვრებაზე. ადამიანებს, რომლებსაც უფლებამოსილებათა გამოყენების მაღალი კვალიფიკაცია აქვთ, შეუძლიათ ჩვენი ცხოვრების გაადვილება და სასიამოვნო პროცესად გადაქცევა. უფლებამოსილებით აღჭურვილ თანამდებობაზე აღმოჩენილი არაკვალიფიციური ადამიანები ჩვენს ცხოვრებას მძიმეს და არასასიამოვნოს გახდიან.
არსებითია აგრეთვე ზოგიერთი პიროვნული მახასიათებელი, რომელიც შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს: სპეციალიზებული ცოდნა ან უნარ-ჩვევები, ფიზიკური შესაძლებლობა, მიუკერძოებლობა, პატიოსნება, გონიერება, შრომისმოყვარეობა, სანდოობა, გულადობა, სხვებთან ერთად მუშაობის უნარი, ადამიანური საჭიროებებისა და უფლებებისადმი მგრძნობელობა (სენსიტურობა), სამუშაოსთან დაკავშირებულ საკითხებზე საკუთარი შეხედულებები.
პრეზიდენტის თანამდებობის |
პრეზიდენტისთვის |
კითხვები |
პასუხები |
მოვალეობა და ძალაუფლება.
პრეზიდენტს აქვს მოვალეობა რომ:
|
|
პრივილეგიები. პრეზიდენტს
|
იმისთვის, რომ ასეთი |
შეზღუდვები. პრეზიდენტს
|
ამ შეზღუდვებს რომ |
სავარჯიშო „რა არის საჭირო იმისთვის, რომ კარგად განვსაზღვროთ უფლებამოსილებით აღჭურვილი თანამდებობა?“
თემა - ხელისუფლება, მოვალეობა, უფლებამოსილება.
მონაწილეთა რაოდენობა - 15-20 მონაწილე
დრო - 1,5 საათი
შინაარსი - ამ სავარჯიშოში წარმოდგენილია ინტელექტუალური იარაღების ნაკრები, რაც გამოსადეგია იმ თანამდებობებისა და ინსტიტუციების შეფასებისას, რომელთაც გარკვეული უფლებამოსილება აქვთ.
ამოცანები - სპეციალური ცხრილის გამოიყენება იმის გადასაწყვეტად, არის თუ არა გარკვეული თანამდებობა კარგად განსაზღვრული თანამდებობრივი მოვალეობებისა და უფლებამოსილებების მხრივ; რეკომენდაციების შეთავაზება თანამდებობის ფუნქციური გაუმჯობესებისთვის.
მასალები - იხ. დანართი 1, 2, 3.
მოსამზადებელი სამუშაო - ტრენერმა უნდა განმარტოს, რომ მოქალაქეებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია უფლებამოსილებით აღჭურვილი თანამდებობები მმართველობით სისტემაში. ადამიანებს განსხვავებული მოსაზრება აქვთ იმის შესახებ, უფლებამოსილების თვალსაზრისით, კარგად არის თუ არა სხვადასხვა თანამდებობა განსაზღვრული. მათ ასევე განსხვავებული მოსაზრებები აქვთ იმის შესახებ, ამა თუ იმ თანამდებობას უფლებამოსილება ბევრი აქვს თუ ცოტა. ერთი რამ ცხადია: ვინაიდან უფლებამოსილების თანამდებობაზე მყოფი ადამიანები დიდ გავლენას ახდენენ ჩვენს ცხოვრებაზე, მნიშვნელოვანია, დავგეგმოთ და შევაფასოთ - როგორი უნდა იყოს მათი მოვალეობები, ძალა, პრივილეგიები და შეზღუდვები. შემდეგ ტრენერი ეკითხება მონაწილეებს: რომელი ისტორიული ან თანამედროვე მაგალითები შეგიძლიათ მოიყვანოთ იმის საჩვენებლად, რომ უფლებამოსილების თანამდებობა ცუდად არის განსაზღვრული? რა ნაკლოვანებები ჰქონდა ამ თანამდებობას უფლებამოსილების მხრივ? რა შედეგი მოჰყვა ამ ნაკლოვანებებს?
ინსტრუქციები - ტრენერი მონაწილეებს სთხოვს, წაიკითხონ დანართი 1 და კარგად გაიაზრონ. შემდეგ სრულდება სავარჯიშოს I ნაწილი:
მონაწილეები უნდა გაეცნონ სიტუაციების ჩამონათვალს (იხ. დანართი 2), რომელიც წარმოაჩენს სხვადასხვა თანამდებობივ უფლებამოსილებებს. თითოეულ მათგანს რაღაც ნაკლი აქვს. ტრენერი მონაწილეებს სთხოვს, წაიკითხონ ეს ჩამონათვალი და სვამს კითხვას: რა არის თითოეულ აღწერილ სიტუაციაში არასწორი თანამდებობრივი უფლებამოსილების თვალსაზრისით?
მონაწილეთა პასუხების მოსმენისა და შეჯერების შემდეგ სავარჯიშოს II ნაწილში ტრენერი სვამს კითხვას: დააკვირდით იმ ნაკლოვანებებს, რომლებიც დაადგინეთ, და მოისაზრეთ, სინამდვილეში რას უნდა მოიცავდეს კარგად განსაზღვრული და ორგანიზებული ესა თუ ის თანამდებობა? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად მონაწილეებმა უნდა გამოიყენონ ცხრილი (იხ, დანართი 3).
ანალიზი და შეფასება - ამ დროისთვის მონაწილეები უნდა აცნობიერებდნენ, რომ ადამიანები, რომლებიც უფლებამოსილებით აღჭურვილ თანამდებობებს იკავებენ, ყოველდღიურად მნიშვნელოვან ზემოქმედებას ახდენენ მათზე. მოხელეები, დეპუტატები ისეთ გადაწყვეტილებებს იღებენ და ისე იქცევიან, რომ მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ მათ ცხოვრებაზე. ადგილობრივი, რაიონული და ცენტრალური ხელისუფლებაც დიდად არის დამოკიდებული თანამდებობებზე მყოფ ადამიანებზე. ეს თანამდებობებია, მაგალითად, პოლიციის ოფიცერი, მოსამართლე, საკრებულოს წევრი, მინისტრი და პრეზიდენტი. ხალხმა ამ ადამიანებს დიდი პასუხისმგებლობა დააკისრა და დიდი ძალაუფლება მისცა. იმედი უნდა გვქონდეს, რომ ეს ძალაუფლება შეაძლებინებს მათ, უზრუნველყონ ხალხი იმ მომსახურებით, რომელიც ხალხს სურს და სჭირდება.
რჩევები წამყვანისთვის - მონაწილეთა პასიურობის შემთხვევაში ტრენერმა მათი ყურადღება უნდა გაამახვილოს და მოუწოდოს, რომ თუ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ, შეიძლება საფრთხე შეექმნას ძირითად თავისუფლებებს, რაზეც საზოგადოებაა დაფუძნებული.
დანართი 1
უფლებამოსილებების ხელსაყრელი და არახელსაყრელი მხარეები
უფლებამოსილების საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღებისას მნიშვნელოვანია შესაძლო სარგებლისა და ზიანის განსაზღვრა.
სარგებლიანობა აუცილებლად გულისხმობს შემდეგს:
● უსაფრთხოება. წესრიგის უზრუნველყოფითა და ადამიანების უფლებების დაცვით უფლებამოსილების გამოყენებამ შეიძლება ხალხს უფრო დაცულად აგრძნობინოს თავი; მაგალითად, კანონები მკვლელობის, თავდასხმის, ნასვამ მდგომარეობაში საჭესთან ჯდომისა და სხვა სამართალდარღვევების წინააღმდეგ - არის უფლებამოსილების გამოყენება, რომელიც განაპირობებს უსაფრთხოებას.
სამართლიანობა. ადამიანებს შეუძლიათ, გამოიყენონ უფლებამოსილება, რათა ხელი შეუწყონ რესურსების სამართლიან განაწილებას და კონფლიქტების სამართლიან მართვას. მაგალითად, კანონი იცავს თითოეული ურთიერთდაპირისპირებული მხარის უფლებას, მოუსმინონ სასამართლოში.
თავისუფლება. „ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციის“ მსგავს კანონებს შეუძლიათ დაიცვან პიროვნების უფლება სიტყვისა და რწმენის თავისუფლებაზე; მაგალითად, ყოველი მოქალაქე გარკვეული აზრით და გარკვეულ ფარგლებში უფლებამოსილია, საჯაროდ გამოთქვას საკუთარი აზრი.
ეფექტურობა. სხვადასხვა თანამდებობებზე პასუხისმგებლობების ნათელი განაწილება ხელს შეუწყობს გადაწყვეტილებების მიღებისა და განხორციელების ეფექტურობის გაზრდას. მაგალითად, დირექტორს შეუძლია განსაზღვროს ზოგიერთი მასწავლებელის ადმინისტრაციული დავალებები, რათა უზრუნველყოს სკოლის სწორი მართვა.
ცხოვრების ხარისხი. კანონებს და იმ ადამიანებს, რომლებიც ვალდებულნი არიან, გაატარონ ეს კანონები, შეუძლიათ ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება. მაგალითად, კანონებს შეუძლიათ აკრძალონ შხამიანი ნივთიერებების გადაყრა წყლის მარაგებთან ახლოს.
ანგარიშვალდებულება. როცა ადამიანებს საპასუხისმგებლო თანამდებობებზე ვნიშნავთ, ჩვენ შეგვიძლია ისინი ანგარიშვალდებულები გავხადოთ იმ მოვალეობების შესრულებაზე, რომლებსაც მოიცავს მათი სამუშაო. მაგალითად, ამომრჩევლები პრეზიდენტს ანგარიშვალდებულს ხდიან, შეასრულოს თავისი მოვალეობები ისე, როგორც მითითებულია ქვეყნის კონსტიტუციაში.
არსებითი მომსახურების უზრუნველყოფა. კანონების გატარებით და ხალხის დანიშვნით უფლებამოსილებით თანამდებობებზე შეგვიძლია მივიღოთ ის მომსახურება, რომლებიც გვჭირდება. მაგალითად, კანონებით შეიძლება ნებადართული იყოს მასწავლებლების, პოლიციის ოფიცრების, კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლებისა და ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ინსპექტორების დაქირავება.
არახელსაყრელი მხარეები შეიძლება მოიცავდეს შემდეგს:
არასწორად გამოყენებული ძალაუფლება. ადამიანებმა, რომლებიც უფლებამოსილების თანამდებობებს იკავებენ, შეიძლება არასწორად გამოიყენონ თავიანთი თანამდებობა და ძალაუფლება, რომელსაც ფლობენ. მაგალითად, საბჭოთა კავშირში იოსებ სტალინმა (1879-1953) ბოროტად ისარგებლა თავისი ძალაუფლებით და თავისი პოლიტიკური მოწინააღმდეგების უმეტესობა დაახოცვინა.
სიფხიზლის საჭიროება. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ უფლებამოსილების თანამდებობებზე მყოფი ადამიანები სათანადოდ ასრულებენ მათზე დაკისრებულ პასუხისმგებლობებს. მაგალითად, აშშ-ში ქალაქის სამონიტორინგო (watchdog) ჯგუფები თვალყურს ადევნებენ მთავრობის ჩინოვნიკებისა და არჩეული დეპუტატების მოქმედებებს.
მოუქნელობა და წინააღმდეგობა ცვლილებებისადმი. ზოგიერთ შემთხვევაში თანამდებობამ შეიძლება განაწყოს ან წააქეზოს კიდეც ამ თანამდებობაზე მყოფი ადამიანი, რომ მან არ მოახდინოს ცვლილებები. მან შეიძლება ხელოვნურად გაართულოს ან დაბლოკოს ახალი და განსხვავებული სიტუაციების მოწესრიგება. მაგალითად, შეეწინააღმდეგოს ცვლილებებს, რომელიც ზღუდავს ან აუქმებს მის პრივილეგიებს.
არახელმისაწვდომობა. ბევრი ინსტიტუცია იმდენად დიდი და რთულია, რომ უფლებამოსილებით აღჭურვილ თანამდებობაზე მყოფ ადამიანებთან მიღწევა შეიძლება ძალიან გაძნელდეს. მაგალითად, ოჯახს, რომელსაც სჭირდება და შეუძლია ბინის ყიდვა, შეიძლება დასჭირდეს ვიზიტები მთავრობის სხვადასხვა წარმომადგენელთან დახმარების მისაღებად.
თავისუფლების შეზღუდვა. უფლებამოსილების განხორციელება გარკვეულწილად იწვევს თვისუფლების შეზღუდვას. მაგალითად, მშობლების უფლებამოსილება, დაუწესონ შვილებს შინ დაბრუნების საათები, ზღუდავს შვილების თავისუფლებას.
ეკონომიკური დანახარჯები. უფლებამოსილებით აღჭურვილი ინსტიტუციებისა და თანამდებობების უზრუნველყოფა ფული ღირს. მაგალითად, ჩვენ ვუხდით გადასახადებს ცენტრალურ ხელისუფლებას, რათა ხელფასი მისცენ მოხელეებს, მოსამართლეებს, პოლიციის თანამშრომლებსა და სამხედრო სამსახურის წევრებს.
დანართი 2
სიტუაციების ჩამონათვალი
1. ქვეყნის კონსტიტუციაში გაცხადდა, რომ სახელმწიფოს მეთაურმა უნდა მიიღოს ყველა კანონი, გაანაწილოს განკარგულებები, დააარსოს საწარმოები, წარუძღვეს ყველა სასამართლო პროცესს და მართოს სატელევიზიო სადგურები.
2. რაიონში საკანონმდებლო ხელისუფლების ყველა წევრი დაინიშნა სამუდამოდ, სიკვდილამდე. არ შეიძლება მათი შეცვლა, მიუხედავად იმისა, რაც არ უნდა გააკეთონ.
3. როდესაც ინსტიტუტის რექტორმა ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ინსპექტორი დანიშნა, მას სრული უფლებამოსილება მისცა სტუდენტებზე სალექციო პერიოდში. მან თქვა, რომ ინსპექტორს შეეძლო, მოეთხოვა სტუდენტებისგან, მოქცეულიყვნენ ისე, როგორც მას სურდა.
4. ქალაქის ახლად არჩეული მერი არ რთავდა ნებას არც ერთ მოქალაქეს, რომ დალაპარაკებოდა მას ან წერილობით მიემართა. მერობის პერიოდში იგი თავის ოფისში გამოიკეტა და ტელეფონის ყურმილი გადადო.
5. ქალაქის საკრებულომ დაიქირავა საგზაო წესების კონტროლის ექვსი ოფიცერი, რათა დაეცვათ სიჩქარის კანონები. მაგრამ საბჭომ არ მისცა ოფიცრებს პოლიციის მანქანები, მოტოციკლეტები და სასტვენები.
6. პროკურორი მოსამართლეს ჰგავდა. მისი მოვალეობა იყო, განესაზღვრა მოქალაქის დანაშაული და უდანაშაულობა. ის ხშირად აწამებდა ბრალდებულებს, რათა ძალის გამოყენებით მიეღო აღიარება.
დანართი 3
უფლებამოსილებით აღჭურვილი თანამდებობის შესაფასებელი ცხრილი
კითხვები |
პასუხები |
1. რომელია ის თანამდებობა, რომელიც უნდა შეფასდეს?
2. რა არის ამ თანამდებობის მიზანი?
3. არის ამ თანამდებობის არსებობა აუცილებელი? (რატომ არის ან რატომ არ
4. რა არის ამ თანამდებობის პირის
5. რა შედეგები შეიძლება ჰქონდეს
6. რა შეიძლება იყოს ასეთნაირად
7. შენი ვარაუდით, რომელი ცვლილებები
8. როგორ ფიქრობ, ეს თანამდებობა უნდა |
|
სავარჯიშო „მოქალაქეთა მონაწილეობა თვითმმართველობის განხორციელებაში“
თემა - ადგილობრივი თვითმმართველობა.
მონაწილეთა რაოდენობა - 15-20 მონაწილე
დრო - 120 წუთი
შინაარსი - როლური თამაში წარმოადგენს ადგილობრივი დონის პრობლემის გადაჭრის გათამაშებას.
ამოცანები - მონაწილეებმა გააანალიზონ თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილებანი, გამოკვეთონ იმ თვითმმართველი ერთეულის პრობლემები, სადაც ისინი ცხოვრობენ, გამოიმუშაონ ადგილობრივი პრობლემების გადაწყვეტაში სამოქალაქო საზოგადოების ჩართვის მექანიზმი.
მასალები - საქართველოს კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“, „საქართველოს ზოგად ადმინისტრაციული კოდექსი“, ამ თემის სალექციო ნაწილი, დამატებით საკითხავი მასალა.
მოსამზადებელი სამუშაო - სასურველია, მონაწილეებმა ამ თემის სალექციო ნაწილიდან შეისწავლონ ადგილობრივი თვითმმართველობის ფუნქციები და ინფორმაციის საჯაროობის საკანონმდებლო გარანტიები.
ინსტრუქციები - მონაწილეები გაყავით ორ ჯგუფად.
I ჯგუფი სავარჯიშოს მეორე ნაწილში წარმოადგენს „სამოქალაქო საზოგადოებას“, ხოლო მესამე ნაწილში - „გამგეობას“.
II ჯგუფი სავარჯიშოს II ნაწილში წარმოადგენს „სამოქალაქო საზოგადოებას“, მესამე ნაწილში - „საკრებულოს“.
სავარჯიშო შედგება ოთხი ნაწილისგან:
I ნაწილი (15 წუთი) - ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების - „საკრებულოსა“ და „გამგეობის“ უფლებამოსილებების შესწავლა;
II ნაწილი (45 წუთი) - თვითმმართველ ერთეულში არსებული ორი მნიშვნელოვანი პრობლემის გამოკვეთა. აქედან ერთის გადაჭრა „საკრებულოს“ კომპეტენცია უნდა იყოს, ხოლო მეორის გადაჭრა - „გამგეობის“ კომპეტენცია;
III ნაწილი (30 წუთი) - პრობლემის გადასაჭრელად გადაწყვეტილების მიღება;
IV ნაწილი (30 წუთი) - პლენარული სხდომა - მიღებული გადაწყვეტილებების განხილვა და შეფასება.
I ნაწილი:
მონაწილეები წინასწარ დარიგებული მასალებიდან სწავლობენ „საკრებულოს“, „გამგეობისა“ და „გამგებლის“ უფლებამოსილებებს, რათა შეძლო ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების კომპეტენციების გამიჯვნა. ეს ცოდნა მონაწილეებს გამოადგებათ როგორც პრობლემის გამოკვეთის, ისე გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
II ნაწილი:
გაყავით ჯგუფი ორ თანაბარ ნაწილად, პირობითად I და II ჯგუფებად.
I ჯგუფი წარმოადგენს „სამოქალაქო საზოგადოებას“, რომელიც სავარჯიშოს ამ ნაწილში მუშაობს თვითმმართველი ერთეულის იმ აქტუალური პრობლემის გამოკვეთაზე, რომლის გადაჭრაც „საკრებულოს“ კომპეტენციაა. ჯგუფი პრობლემის გადაჭრის მოთხოვნით წერილით მიმართავს „საკრებულოს თავმჯდომარეს“.
II ჯგუფი წარმოადგენს „სამოქალაქო საზოგადოებას“, რომელიც სავარჯიშოს ან ნაწილში მუშაობს იმ აქტუალური პრობლემის გამოკვეთაზე, რომლის გადაჭრაც „გამგეობის“ კომპეტენციაა. ჯგუფი პრობლემის გადაჭრის მოთხოვნით წერილით მიმართავს „გამგებელს“.
პრობლემის ჩამოსაყალიბებლად ჯგუფს მიეცით 30 წუთი, ხოლო წერილის მოსამზადებლად - 15 წუთი.
III ნაწილი:
I ჯგუფი სავარჯიშოს ამ ნაწილში წარმოადგენს „გამგეობას“, რომელიც განიხილავს II ჯგუფის მიერ „გამგებლის“ სახელზე შედგენილ წერილს და ამ წერილში დასმული პრობლემის გადასაჭრელად იღებს გადაწყვეტილებას.
II ჯგუფი ამ ნაწილში წარმოადგენს „საკრებულოს“, რომელიც განიხილავს I ჯგუფის მიერ „საკრებულოს თავმჯდომარის“ სახელზე შედგენილ წერილს და ამ წერილში დასმული პრობლემის გადასაჭრელად იღებს გადაწყვეტილებას.
IV ნაწილი - პლენარული სხდომა:
I ჯგუფის წარმომადგენელი აკეთებს „გამგეობის“ მიერ მიღებული გადაწყვეტილების პრეზენტაციას. შემდეგ II ჯგუფის წარმომადგენელი „საკრებულოს“ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აცნობს მონაწილეებს. მონაწილეები მსჯელობენ და აფასებენ მიღებულ გადაწყვეტილებებს.
ანალიზი და შეფასება - მონაწილეებს მოუწევთ თვითმმართველ ერთეულში არსებული, მათი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი ორი პრობლემის აქტუალობის დასაბუთება. მთავარი პრობლემების გამოკვეთისას მათ ასევე მოუწევთ გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევის გამომუშავება, თავიანთი კერძო სურვილებისა და ინტერესების საზოგადოების ინტერესებისა და კანონმდებლობის ფარგლებში მოქცევა.
რჩევები წამყვანისათვის - სავარჯიშოს მეორე ნაწილის დაწყებამდე აუხსენით მონაწილეებს, რომ ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან, რომელთაც ეკისრებათ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე - ყველამ თავისი როლის შესაბამისად შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა.
სავარჯიშოს II ნაწილში ყურადღებით მოისმინეთ „სამოქალაქო საზოგადოების“ მოსაზრებები პრობლემის შესახებ მსჯელობის დროს. საჭიროების შემთხვევაში დაეხმარეთ საკრებულოსა და გამგეობის უფლებამოსილებების გამიჯვნაში.
სავარჯიშოს III ნაწილის შესრულებისას ასევე ყურადღებით მოისმინეთ „საკრებულოსა“ და „გამგეობაში“ გამოთქმული მოსაზრებები პრობლემის გადაჭრასთან დაკავშირებით, მიიყვანეთ ისინი სწორ გადაწყვეტილებამდე.
ვარიანტები - შესაძლებელია მონაწილეეები გაყოთ ორ ჯგუფად და მისცეთ დავალება, ცალ-ცალკე იმუშაონ საკრებულოსა და გამგეობის მიერ გადასაწყვეტი პრობლემების გამოვლენაზე, შემდეგ კი თვითონვე იმსჯელონ ამ პრობლემების გადაჭრის გზაზე. ამით მონაწილეებს დაეხმარებით თვითმმართველობაში მონაწილეობის უნარ-ჩვევების გამომუშავებაში, თუმცა იმის გამო, რომ ამ ვარიანტში მონაწილეობას არ მიიღებენ „საკრებულოს“ და „გამგეობის“ „წევრები“, ე.ი. ის პერსონაჟები, ვისაც „რეალურად ხელეწიფებათ“ დასმული პრობლემების გადაჭრა, როლური თამაში ცალ კარში თამაშს დაემსგავსება.
შემდგომი განვითარება - სთხოვეთ მონაწილეებს, დააფიქსირონ საკუთარი მოსაზრებები და პოზიცია იმ პრობლემებთან მიმართებაში, რასაც აქამდე მნიშვნელოვნად არ თვლიდნენ (ან არ თვლიდნენ, რომ ეს პრობლემები მათი მონაწილეობით უნდა გადაჭრილიყო).
იდეები მოქმედებისათვის - სასურველია, მონაწილეებმა თავი მოუყარონ იმ საკითხებს, რაც რეალურად გადასაწყვეტია მათ ქალაქსა თუ სოფელში; ისაუბრონ იმაზე, თუ რა გაკეთდა 2006 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად არჩეული საკრებულოსა და გამგეობის მიერ და რა არის მოკლე ხანში გასაკეთებელი.
დამატებითი ინფორმაცია - მონაწილეებს შესთავაზეთ, გაეცნონ ვებ-გვერდს, სადაც დევს საკანონმდებლო აქტები ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და ინფორმაციის საჯაროობის შესახებ: www.viocodex.ge
______________________________
5 ადაპტირებულია ჯონ ლოკის ,,სამოქალაქო მმართველობის ორი ტრაქტატიდან“.
![]() |
7.7 V თავში გამოყენებული ლიტერატურა |
▲ზევით დაბრუნება |
1. საქართველოს ისტორია. შედგენილი აკად. ს. ჯანაშიასა და აკად. ნ. ბერძენიშვილის რედაქციით გამოქვეყნებული სახელმძღვანელოების მიხედვით, თბილისი, 1990.
2. საქართველოს კონსტიტუცია. 24 აგვისტო, 1995.
3. ჯანდა, ბერი, გოლდმენი. ამერიკული დემოკრატია (აშშ-ს ხელისუფლება და პოლიტიკური პროცესი). ჯი-სი-აი, თბილისი, 1995.
4. მელქაძე ო. რესპუბლიკა: საპარლამენტო თუ საპრეზიდენტო. მსოფლიო პარლამენტარიზმის კვლევითი ცენტრი. უფლება, თბილისი, 1996 წ.
5. ზაზა რუხაძე. საქართველოს კონსტიტუციური სამართალი. ბათუმი, 1999.
6. მელქაძე ო., ეზუგბაია ზ. მუნიციპალური სამართალი. პოლიტიკურ სამართლებრივი ლიტერატურის სერია, წიგნი XV. თბილისი, 2002.
7. ლოვო ფ. თანამედროვე დიდი დემოკრატიები. თბილისი, 2002.
8. შაიო ა. ხელისუფლების თვითშეზღუდვა (კონსტიტუციონალიზმის შესავალი). სეზანი, თბილისი, 2003.
9. კუბლაშვილი კ. ძირითადი უფლებები. ჯი-სი-აი, თბილისი, 2003.
10. ცნობილაძე პ. საქართველოს კონსტიტუციური სამართალი. უნივერსალი, თბილისი, 2004.
11. კომპასი: სახელმძღვანელო ადამიანის უფლებათა განათლების სფეროში ახალგაზრდების მონაწილეობით. თბილისი, 2004.
12. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი. 17 თებერვალი, 2004.
13. საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“. 11 თებერვალი, 2004.
14. საქართველოს კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“.
15. საქართველოს ზოგად ადმინისტრაციული კოდექსი.
16. კონსტიტუციური სამართალი. პასუხისმგებელი რედაქტორი ავთანდილ დემეტრაშვილი. თბილისი, 2005.
17. Portelli H, Droit constitutionnel. Dalloz, 1999.
18. Debbasch R. Droit constitutionnel. Litec, 2003.
19. Актуальные проблемы правоведения за рубежом (проблема правового государства). Вып. 2. Реф. сборнк. ИНИОН, М., 1990.
20. Кочесоков Р.К. Феномен тоталитаризма. Ростов, 1992
21. Реймон А. Демократия и тоталитаризм. Пер. с фран. М., 1993
22. Арендт X. Истоки тоталитеризма M., 1996
23. Бутенко А. П. Социологические вопросы истории и теории тоталитаризма. //Соц.1998. №6.
24. Кратер Д.ж., Олстед Д. Маски авторитарности. Пер. с англ. М., 2002.
![]() |
8 თავი VI.ისტორიული მიმოხილვა (დამატებითი საკითხავი ტექსტები) |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
8.1 §1. პროტესტანტობა და დასავლური ცივილიზაცია |
▲ზევით დაბრუნება |
თავიდანვე უნდა ითქვას, რომ, მართალია, ჩვენი საზოგადოების უდიდეს ნაწილს საერთოდ უკიდურესად მწირი და დამახინჯებული წარმოდგენა აქვს სხვადასხვა რელიგიურ აღმსარებლობაზე (მათ შორის, სამწუხაროდ, თვით მართლმადიდებლობზე), მაგრამ ამ ფონზეც კი გასაკვირია გაუთვითცნობიერებლობის ის დონე, რომელიც პროტესტანტობასთან მიმართებაში ვლინდება: ბევრისათვის არა მარტო ის არის უცნობი, რომ სამყაროში პროტესტანტული ქვეყნები არსებობს, არამედ ისიც კი, თუ საერთოდ რა იგულისხმება ამ ტერმინში. არადა, საქმე ეხება საკმაოდ მრავალრიცხოვან რელიგიურ მიმდინარეობას, რომელსაც დღეისათვის მსოფლიოს მოსახლეობის 7%-ზე მეტი მისდევს. მიუხედავად იმისა, რომ რიცხობრივად პროტესტანტები თვალსაჩინოდ ჩამორჩებიან კათოლიკეებს (18%), პროტესტანტული ქვეყნების უბრალო ჩამონათვალიც კი გვიჩვენებს, რომ ისინი თავიანთი პოლიტიკურ-ეკონომიკური სტატუსითა და გავლენით აშკარად უსწრებენ წინ არა მარტო კათოლიკურ ქვეყნებს, არამედ მთელ დანარჩენ სამყაროს და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, დემოკრატიზმის ყველაზე მაღალი ხარისხით გამოირჩევიან. თუ, მაგალითად, კათოლიკურ სამყაროში (და სხვაგანაც) მდიდარი ქვეყნებიც არსებობს და ღარიბიც, მეტად დემოკრატიულიცა და ნაკლებად დემოკრატიულიც, ტრადიციულ პროტესტანტულ სახელმწიფოებს შორის ვერ ნახავთ ღარიბსა და არადემოკრატიულ წარმომადგენელს. მთლიანად ან უპირატესად პროტესტანტული ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნება: აშშ, კანადა, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ჰოლანდია, შვეიცარია, შვედეთი, დანია, ნორვეგია, ფინეთი, ისლანდია, ავსტრალია, ახალი ზელანდია, ყოფილი სოციალისტური სივრციდან - ესტონეთი, ლატვია და სლოვაკეთი. ცნობილია, რომ მსოფლიოს უმდიდრესი სახელმწიფოების პირველი ათეულიდან უმრავლესობა პროტესტანტულია, ხოლო პირველ ოცეულში თითქმის ყველა პროტესტანტული ქვეყანა შედის (პოსტსოციალისტური სახელმწიფოების გამოკლებით).
გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ პროტესტანტული სამყარო დღევანდელი დასავლური ცივილიზაციის ლიდერია და, გარკვეულწილად, შემოქმედიც. უახლოესი ისტორიის პერიოდში, კერძოდ XX საუკუნეში, დასავლური სამყაროს განვითარება უპირატესად პროტესტანტული ქვეყნების დომინირების ნიშნით მიმდინარეობდა. ალბათ, არც ის არის სადავო, რომ ძირითადად ამ ქვეყნების მიერ გატარებული პოლიტიკისა და, უფრო მეტად, მათ მიერ დამკვიდრებული ფასეულობების წარმატებული რეალიზაციის შედეგია, მაგალითად, კომუნისტური სისტემის კრახი და ნგრევა, რასაც ისტორიის ასპარეზზე მრავალი ახალი სახელმწიფოს, მათ შორის საქართველოს, გამოსვლა მოჰყვა. საგულისხმოა, რომ დღესაც სწორედ პროტესტანტული სამყაროს უდიდესი წარმომადგენლები გვევლინებიან ჩვენი ქვეყნის ყველაზე საიმედო სტრატეგიულ მოკავშირეებად და, უფრო მეტიც, ჩვენი არსებობისა და უსაფრთხოების გარანტად. ეს ახალი ისტორიული რეალობა საქართველოს აძლევს შანსს, განახორციელოს საუკუნეების მანძილზე გამოტარებული ოცნება და გადაიქცეს თანამედროვე ცივილიზაციის სრულფასოვან ნაწილად. ამიტომ არის საჭირო და აუცილებელიც, რომ ვიცოდეთ, რას წარმოადგენს პროტესტანტიზმი, რამ ჩამოაყალიბა პროტესტანტული სამყარო ასეთად, რა ფასეულობანი გააჩნია მას და რამ შექმნა თვით ეს ფასეულობანი. პროტესტანტიზმის არსში ზედაპირული გარკვევაც კი საკმარისია იმისათვის, რომ თვალსაჩინო გახდეს მისი როლი (რა თქმა უნდა, სხვა ფაქტორებთან ერთად) აღნიშნული სახელმწიფოების წარმატებებში და მათ მიერ დამკვიდრებული ფასეულობების ჩამოყალიბებასა და რეალიზებაში. დაბოლოს, ყოველივე ხსენებულის ცოდნა იმისთვისაც გვჭირდება, რომ ამ უძლიერეს სამყაროსთან ურთიერთობაში არ დავკარგოთ ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობა ან, უკეთეს შემთხვევაში, არ ვიყოთ მხოლოდ პასიური წარმომადგენლები და ღირსეულად წარვდგეთ მის წინაშე საკუთარი ფასეულობებით.
პროტესტანტიზმი, ანუ, როგორც მას სხვანაირად მოიხსენიებენ, რეფორმაცია, რთული რელიგიურ-პოლიტიკური მოვლენაა, რომელიც XVI საუკუნეში აღმოცენდა კათოლიციზმის წიაღში. მართალია, მანამდე კათოლიკური სამყარო მონოლითური იყო, მაგრამ მისი ისტორიის მანძილზე არცთუ იშვიათი იყო გარკვეული რელიგიური მიმდინარეობების წარმოშობა, რომლებიც სერიოზულად უპირისპირდებოდნენ კათოლიკურ ეკლესიას იდეოლოგიურ ან ორგანიზაციულ ასპექტებში. ზოგიერთი მათგანი თავისი არსით მეტ-ნაკლებად უახლოვდებოდა XVI საუკუნის რეფორმაციას. მათ შორის არ შეიძლება არ აღინიშნოს კათარების, ალბიგოელებისა და ვალდენსების მოძრაობა, თუმცა კათოლიკური ეკლესიის ორსაუკუნოვანი დაუღალავი ბრძოლის შედეგად ისინი განადგურდნენ (ამჟამად ვალდენსების მხოლოდ მცირე ნაწილია მიმოფანტული ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში). რაც შეეხება ცალკეულ რეფორმატორებს, მათგან განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია XIV ს.-ის ინგლისელი ღვთისმეტყველის, ჯონ უიკლიფისა და, ნაწილობრივ, XIV-XV საუკუნეების მიჯნაზე მცხოვრები ჩეხი თეოლოგისა და სასულიერო მოღვაწის იან ჰუსის მოძღვრებანი. უნდა ითქვას, რომ მიუხედავად თვალსაჩინო მსგავსებისა და ცალკეულ დოგმატებში იდენტურობისა, პროტესტანტიზმი მაინც არ შეიძლება ჩაითვალოს ზემოხსენებული მოძრაობებისა თუ მოძღვრებების უშუალო მემკვიდრედ. იგი უფრო დამოუკიდებელი მოვლენაა, რომელსაც თავისი ობიექტური მიზეზები ჰქონდა. ყველა მათგანის ძიება, რა თქმა უნდა, ძალიან შორს წაგვიყვანდა, თუმცა ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ პროტესტანტიზმის წარმოშობას ხელი შეუწყო, ერთი მხრივ, იმდროინდელ ევროპაში არსებულმა სოციალურ-პოლიტიკურმა რეალობამ, ხოლო მეორე მხრივ - თვით კათოლიკურ სამყაროში მიმდინარე კრიზისულმა პროცესებმა. ამ მხრივ, არ შეიძლება, არ აღინიშნოს ე.წ. „ავინიონის პაპების ტყვეობის“ სახელით ცნობილი ისტორიული მოვლენა (1309-1377), რომელსაც მოჰყვა „დიდი განხეთქილება“ კათოლიკურ ეკლესიაში (1378-1417). „ავინიონის ტყვეობაში“ იგულისხმება პაპის რეზიდენციის იძულებით გადატანა რომიდან საფრანგეთის ქალაქ ავინიონში, რომლის დროსაც პაპები ფაქტობრივად საფრანგეთის სამეფო კარის პოლიტიკის გამტარებლები იყვნენ. „ავინიონის ტყვეობას“ ბოლო მოუღო რომში დაბრუნებულმა პაპმა გრიგოლ XI-მ, თუმცა მისი გარდაცვალების შემდეგ, რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში კათოლიკურ ეკლესიას ერთდროულად ორი მეთაური ჰყავდა - ე.წ. „ავინიონის პაპი“ და რომის პაპი. 1409 წ. პიზის საეკლესიო კრებამ გადააყენა ორივე პაპი - ავინიონის პაპი ბენედიქტე XIII და რომის პაპი გრიგოლ XII და პაპად აირჩია ალექსანდრე V. გადაყენებულმა პაპებმა არ ცნეს კრების გადაწყვეტილება და ამგვარად, ტახტზე ერთდროულად 3 პაპი აღმოჩნდა! მხოლოდ კონსტანცის საეკლესიო კრებამ (1417-1418 წწ.) დაუსვა წერტილი „დიდ განხეთქილებას“ და პაპად მარტინ V აირჩია.
ამ მოვლენებმა გარკვეულწილად შელახა კათოლიკური ეკლესიის, მისი მეთაურის - რომის პაპის და ასე განსაჯეთ, თვით პაპობის ინსტიტუტის ავტორიტეტიც კი.
პროტესტანტიზმის წარმოშობა დაკავშირებულია გამოჩენილი რეფორმატორების - მარტინ ლუთერის, ჟან კალვინისა და, ნაწილობრივ, ულრიხ ცვინგლის სახელებთან, მაგრამ მათ შორის ლუთერი იყო პირველი, ვინც აშკარად და საჯაროდ დაუპირისპირდა კათოლიკურ ეკლესიას.
მარტინ ლუთერი (1483-1546) აღიზარდა ჩვეულებრივ ბიურგერულ გერმანულ ოჯახში, მიიღო საფუძვლიანი საერო და სასულიერო განათლება. იყო თავისუფალ ხელოვნებათა მაგისტრი და ამასთან ერთად — ღვთისმეტყველების დოქტორი. კითხულობდა ლექციებს ვიტენბერგის უნივერსიტეტში და განაგებდა თეოლოგიის ფაკულტეტს. 1505 წელს იგი ბერად აღიკვეცა ავგუსტინელთა მონასტერში, 1507 წელს კი მღვდლად ეკურთხა. ამ ფაქტებიდან ჩანს, რომ თავიდან ლუთერი კათოლიკურ ეკლესიასთან არანაირ კონფლიქტში არ ყოფილა. მისი „განდგომის“ მაპროვიცირებელ მიზეზად იმდროინდელ კათოლიკურ სამყაროში ფართოდ გავრცელებული ინდულგენციებით ვაჭრობა იქცა. ინდულგენცია იყო პაპის ერთგვარი სიგელი, რომელიც გარკვეული ფულადი ანაზღაურების ან ეკლესიის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებების („კეთილი საქმეების“) საფასურად გაიცემოდა მრევლზე ცოდვების (უკვე ჩადენილი და მომავალში ჩასადენი) გამოსყიდვის მიზნით. ამ მოვლენას კათოლიკური ეკლესიის მხრიდან გარკვეული თეოლოგიური დასაბუთება ჰქონდა, კერძოდ, ითვლებოდა, რომ ქრისტეს მოწამებრივი სისხლისა და შემდეგ — ღვთისმშობლისა და წმინდანთა მიერ გაღებული ღვაწლის შედეგად ეკლესიას გააჩნდა კეთილი საქმეების დაგროვილი „მარაგი“, რომლითაც შესაძლებელი იყო ადამიანებისათვის ცოდვების მიტევება. ამ „მარაგის“ ერთადერთ და სრულუფლებიან განმკარგულებლად კათოლიკური ეკლესია მიიჩნეოდა. ინდულგენციებით ვაჭრობამ XV-XVI საუკუნეებში განსაკუთრებით მახინჯი და თითქმის კარიკატურული სახე მიიღო: ყველა სახის ადამიანური შეცოდება მიტევებადი გახდა გარკვეული ფულადი „ექვივალენტის“ გადახდის მეშვეობით. ამისათვის ერთგვარი „ნიხრიც“ კი იქნა დაწესებული. ინდულგენციებით ვაჭრობა და კათოლიკური ეკლესიის წიაღში მიმდინარე სხვა მანკიერი მოვლენები აღშფოთებას იწვევდა პროგრესულად მოაზროვნე ადამიანებში. „მიუხედავად იმისა, რომ წმინდა პეტრე სახარებაში გვეუბნება: „ჩვენ ყველაფერი დავტოვეთ და შენ (ქრისტეს) გამოგყევით“, პაპები მისი სახელით ქალაქებს, მთელ სამეფოებს იძენენ, მისთვის ხარკსა და გადასახადებს კრეფენ და ყველაფერი რომ შეინარჩუნონ, ქრისტესადმი სიყვარულით ანთებულნი, ცეცხლითა და მახვილით ანადგურებენ ხალხს და ქრისტიანების სისხლის ზღვას აყენებენ. ისინი თვლიან, რომ ამით, მოციქულების მსგავსად, ეკლესიას იცავენ, თუმცა გზადაგზა სპობენ მათ, ვისაც თავის მტრად მიიჩნევენ“, - წერდა გამოჩენილი ნიდერლანდელი ჰუმანისტი ერაზმ როტერდამელი (1469-1536) თავის ცნობილ ნაშრომში „ქება სისულელისა“. ლუთერი ღიად დაუპირისპირდა ასეთ მოვლენებს და 1517 წლის 31 ოქტომბერს ვიტენბერგის მთავარი ტაძრის კარიბჭეზე გამოაკრა თავისი ცნობილი 95 თეზისი ინდულგენციებით ვაჭრობის წინააღმდეგ. ამ თეზისებში ნაწილობრივ უკვე იყო ჩამოყალიბებული მომავალი რეფორმატორის ძირითადი დებულებები.
ლუთერის მოძღვრების (და შემდგომში - პროტესტანტიზმის) ამოსავალ დებულებად იქცა რწმენით გამართლების დოგმატი, ანუ ქრისტიანის სულის ხსნის საკითხში რწმენის უპირატესობის აღიარება კეთილ საქმეებთან შედარებით. ეს დებულება ეფუძნებოდა, ერთი მხრივ, ნეტარი ავგუსტინეს მოძღვრებასა და პავლე მოციქულის ცნობილ ეპისტოლეებს, ხოლო მეორე მხრივ - თავად ლუთერის პირად შინაგან გამოცდილებას. „ჩემს ცხოვრებას შფოთვაში მოვყავდი და არაერთგზის ვუღრმავდებოდი წმინდა პავლეს სიტყვებს, რათა ჩავწვდომოდი, თუ რის თქმა სურდა. დღედაღამე ვფიქრობდი მის სიტყვებზე - „რწმენით გამართლებულნი, ღმერთთან მშვიდობას ვამყარებთ უფლისა ჩვენის, იესოს მეშვეობით...“, „...წმინდანი რწმენით ცოცხლობს“... ბოლოს ღმერთს შევებრალე და მივხვდი, რომ ღმერთის სამართალი ის არის, რითაც წმინდანი ცოცხლობს - ღვთის წყალობა, ანუ რწმენა... სახარება წინ გადაგვიშლის ღვთის სამართლიანობას, რომელსაც ჩვენ ვიღებთ და რწმენას, რომლითაც ყოვლად მოწყალე ღმერთი ჩვენ გვამართლებს“, - წერდა ლუთერი.
ლუთერს მიაჩნდა, რომ ცოდვით დაცემული და დაკნინებული ადამიანის სულის ხსნისათვის არანაირი კეთილი საქმე - რელიგიურ წეს-ჩვეულებათა ზუსტად აღსრულება, ეკლესიური ცხოვრება, რიტუალებზე დასწრება, მარხვა, ლოცვა, ასკეტიზმი, წმინდა ადგილების მონახულება, შემოწირულობების გაღება, თვით სასულიერო ასპარეზზე მოღვაწეობაც კი (ბერობა, მღვდლობა) - არ არის საკმარისი. მხოლოდ პირადი რწმენის მიღწევასა და უზენაესთან შინაგანი ერთიანობის ღრმა განცდას შეუძლია, მოჰგვაროს მორწმუნეს სულიერი სიმშვიდე და დაუმკვიდროს ზეციური სასუფეველი, მაგრამ ამ რწმენის მოპოვებაშიც კი უძლურია ადამიანი, თუ მასზე ღვთაებრივი მადლი არ გადმოვიდა. კათოლიკური (და მართლმადიდებლური) წარმოდგენისაგან განსხვავებით, რომლის თანახმად, ეს მადლი უფლისაგან ადამიანზე ეკლესიის მეშვეობით გადმოდის, ლუთერის მოძღვრების მიხედვით იგი უფლისაგან ადამიანზე პირდაპირ გადმოდის და ამისთვის საჭირო არ არის შუამავალი. „ღმერთს არც სურს და არც დაუშვებს, რომ ვინმემ, გარდა თვით ღმერთისა, იბატონოს ადამიანის სულზე“, - აცხადებდა ლუთერი და ამტკიცებდა, რომ თითოეული ადამიანი უშუალოდ დგას უფლის პირისპირ და ვერავითარი გარეშე ძალა ვერ ჩაერევა ამ უღრმეს და უიდუმალეს ურთიერთობაში.
უნდა აღინიშნოს, რომ ლუთერი სრულიადაც არ იყო კეთილი საქმეების კეთების წინააღმდეგი. მას მიაჩნდა, რომ კეთილი საქმეები თავისთავადაა „მიბმული“ რწმენასთან: „წარმოუდგენელია, რომ უფლის რწმენა არსებობდეს უამრავი ქველი საქმის გარეშე. მეორე მხრივ, შესაძლებელი რომ იყოს დანაშაულის ჩადენა ისე, რომ არ შებღალო შენი რწმენა, ის დანაშაული ცოდვა არ იქნებოდა... არ შეიძლება უთხრა მზეს: შენ უნდა ანათო, ან მსხლის ხეს: შენ მსხალი უნდა მოისხა და არა სხვა ნაყოფიო. ეს თავისთავად ასე ხდება. ზუსტად ასევე შეუძლებელია, უბრძანო რწმენას, მიუერთდეს კეთილ საქმეებს, რადგან ჭეშმარიტი რწმენა თავისი არსით ისედაც წარმოუდგენელია წმინდა ცხოვრების გარეშე“.
ლუთერის აზრით, ღვთის წინაშე ყველა ადამიანი თანასწორია. აქედან გამომდინარე, არანაირი საერო ან სასულიერო სტატუსი და იერარქია რწმენის მოპოვების გარანტიას არ წარმოადგენს. შესაბამისად, არც არსებობს პრინციპული სხვაობა საერო და სასულიერო პირებს შორის. ქრისტიანული ეკლესიის ერთადერთი უჩინარი მეთაურია იესო ქრისტე. ამიტომ მას სხვა მეთაური არ სჭირდება და არც ეკლესია (ტრადიციული გაგებით) წარმოადგენს აუცილებელ შუამავალს ღმერთსა და ადამიანს შორის. ლუთერის იდეალი პირველი ქრისტიანული თემები იყო, რომლებშიც პრაქტიკულად არ არსებობდა სასულიერო იერარქია.
ეს იყო ქრისტიანობის სრულიად ახალი გაგება, რომლის მიმართ კათოლიკური ეკლესია, ცხადია, მტრულად განეწყო და შესაბამისი რეაგირებაც მოახდინა: ლუთერის მოძღვრება ოფიციალურად ერესად გამოცხადდა, ხოლო თვით ლუთერი განკვეთილ იქნა ეკლესიისაგან. მაგრამ რეფორმატორი ამას არ შეუშინდა: 1520 წელს მან საჯაროდ დაწვა პაპის ბულა მისი ეკლესიიდან განკვეთის შესახებ, ხოლო მომდევნო წელს ვორმსის საიმპერიო რაიხსტაგზე სიტყვით გამოვიდა და საჯაროდ დაიცვა არა მარტო თავისი მოძღვრება, არამედ რწმენის საკითხში სინდისის ავტონომიაც (თავისუფლება). „ჩემგან პირდაპირ, ნათელ და კატეგორიულ პასუხს მოითხოვენ. ძალიან კარგი, მეც პირდაპირ გიპასუხებთ: მე არ შემიძლია დავუმორჩილო ჩემი რწმენა არც პაპს და არც საეკლესიო კრებებს, რადგან დღესავით ნათელია, რომ ისინი ხშირად ცდებოდნენ და წინააღმდეგობებში ვარდებოდნენ. ამიტომ, თუ მე არ დამარწმუნებენ წმინდა წერილიდან მოყვანილი სიტყვებით ან ცხადი, გონივრული საბუთებით და ასეთი გზით არ მიაბამენ ჩემს სინდისს ღვთის სიტყვასთან, არ შემიძლია და არც მსურს, უარვყო არაფერი, რადგან ქრისტიანს არ შეჰფერის თავისი სინდისის წინააღმდეგ წასვლა. აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს. ღმერთი მფარავდეს. ამინ“, - განაცხადა რეფორმატორმა.
ლუთერის ეს გამოსვლა, ფაქტობრივად, შეიძლება პროტესტანტიზმის (კერძოდ, ლუთერანობის), როგორც დამოუკიდებელი ქრისტიანული მიმდინარეობის, დაბადების თარიღად ჩაითვალოს.
რა თქმა უნდა, ლუთერი ამაზე არ შეჩერებულა და თანმიმდევრული ლოგიკური განვითარების შედეგად მივიდა არა მარტო ეკლესიის ტრადიციული გაგებისა და სასულიერო პირების ინსტიტუტების (მათ შორის ბერ-მონაზვნობის, მღვდლობის, პაპობის) უარყოფამდე, არამედ, საბოლოო ჯამში, უარყო ღვთისმშობლის კულტი, ანგელოზთა და წმინდანთა თაყვანისცემა, ტრადიციული საეკლესიო დღესასწაულები, მარხვა (როგორც სავალდებულო რიტუალი), სკულპტურული გამოსახულებანი, ხატები, წმინდა ნაწილები (ნაწილობრივ მათი შუამავლური როლის იგნორირების, ნაწილობრივ - კერპთაყვანისმცემლობასთან წინააღმდეგობის გამო). ამასთან ერთად, თვალსაჩინოდ გაამარტივა კულტმსახურება: მიზანშეწონილად მიიჩნია მხოლოდ ქადაგების, ლოცვის, გალობის, ორგანის, საკურთხევლის, ჯვრის, რელიგიური ფერწერის (ხატების გარდა) შენარჩუნება; 7 საეკლესიო საიდუმლოდან დატოვებულ იქნა მხოლოდ 2 - ნათლობა და ზიარება. ერთი სიტყვით, უარყოფილ იქნა ყველაფერი, რაც პირდაპირ არ გამომდინარეობდა ბიბლიიდან, რომელიც რწმენის საკითხში ერთადერთ, შეუვალ და უცთომელ ავტორიტეტად იქნა აღიარებული. ბიბლიის შესწავლა და განმარტება გადაიქცა თითოეული მორწმუნის უპირველეს და უმთავრეს საქმედ (საპირისპიროდ კათოლიკური ეკლესიის გაგებისა, რომლის თანახმად, ბიბლიის შესწავლა და განმარტება საერო პირებს ცოდვად ეთვლებოდათ). ამ მიზნით ლუთერმა თავისი ცხოვრების 15 წელი მიუძღვნა ბიბლიის გერმანულ ენაზე თარგმნას და შექმნა მისი პირველი გერმანულენოვანი თარგმანი. მნიშვნელოვანია, რომ კათოლიკური (და მართლმადიდებლური) წარმოდგენისაგან განსხვავებით, ლუთერმა გადაჭრით უარყო რწმენის საკითხში წმინდა გადმოცემის (ეკლესიის მამების თხზულებათა, მსოფლიო საეკლესიო კრებების გადაწყვეტილებათა და პაპის დადგენილებათა) ავტორიტეტულობის დოგმატი.
ვინაიდან ლუთერის მოძღვრება თავისთავად ქრისტიანობის სრულიად ახლებურ გაგებას წარმოადგენდა, პროტესტანტული (კერძოდ, ლუთერანული) ეკლესიის მოწყობაც, შესაბამისად, ვეღარ იქნებოდა ტრადიციული. მისი ორგანიზაციის ქვაკუთხედად იქცა ერთ-ერთი ძირითადი ლუთერანული პრინციპი, კერძოდ: ნებისმიერი მორწმუნე (მონათლული), რომელიც თვლის, რომ მასზე გადმოვიდა ღვთაებრივი მადლი, უფალთან მისტიკურ კავშირში შედის და იღებს „ხელდასხმას“, იქადაგოს და აღასრულოს ღვთისმსახურება. ამით, ფაქტობრივად, აღიარებულ იქნა „საყოველთაო მღვდელობა“: ერთი მხრივ, ნებისმიერ მორწმუნეს ენიჭებოდა უფლება, ყოფილიყო სასულიერო პირი (პასტორი) და მეორე მხრივ - ადამიანის მთელი საერო მოღვაწეობა ანუ მისი საზოგადოებრივი, პროფესიული და პირადი ცხოვრებაც, ღვთისმსახურებად გამოცხადდა. ამ დებულებამ ჩაუყარა საფუძველი პროტესტანტული ეკლესიის დემოკრატიულ პრინციპებზე მოწყობას, რომელშიც „სასულიერო პირის“ არჩევითობა, თემის წინაშე მისი ანგარიშვალდებულება და თემის ყველა წევრის თანასწორუფლებიანობა იგულისხმება.
რაოდენ პარადოქსულადაც უნდა მოგვეჩვენოს, ლუთერის მოღვაწეობის ყველაზე ზუსტი შეფასება ათეიზმის „გულმხურვალე აპოლოგეტმა“ კარლ მარქსმა მოგვცა: „მან დაამარცხა მონობა გარეგნული ღვთისმოსაობისა, რათა მის ადგილზე დაემკვიდრებინა მონობა მრწამსის მიხედვით. მან დაამსხვრია ავტორიტეტის რწმენა, რათა აღედგინა რწმენის ავტორიტეტი. მან აქცია ერისკაცებად მღვდლები, რათა ერისკაცები მღვდლებად გადაექცია. მან გაათავისუფლა ადამიანი გარეგანი რელიგიურობისაგან, რათა რელიგიურობა ადამიანის შინაგან სამყაროდ გადაექცია. მან ახსნა ბორკილები ხორცს, რათა სამუდამო ბორკილებში მოემწყვდია გული“.
ლუთერის რეფორმატორული მოღვაწეობა არ შემოიფარგლებოდა წმინდა რელიგიურ-დოგმატური საკითხებით. იგი საყოველთაოდ არის აღიარებული, როგორც გერმანული ენისა და სასულიერო მუსიკის რეფორმატორი: ბიბლიის თარგმნით მან საფუძველი ჩაუყარა ერთიანი გერმანული სალიტერატურო ენის ფორმირებას, სავალდებულო გახადა სახარების სწავლა გერმანულ ენაზე ნებისმიერი ტიპის სასწავლებელში და, რაც ძალზე მნიშვნელოვანია, მიაღწია გერმანულ სასწავლებლებში მშობლიურ ენაზე სწავლების შემოღებას (მანამდე დამკვიდრებული ლათინური სწავლების ნაცვლად). ლუთერმა უარი თქვა კათოლიკურ გრიგორიანულ ქორალზე, რომელიც, ბუნებრივია, ლათინურ ენაზე იგალობებოდა და მის ნაცვლად გამოიყენა თავისივე გადამუშავებული გრიგორიანული ჰანგები და ძველგერმანული სასულიერო სიმღერები. გარდა ამისა, შექმნა ორიგინალური საგალობლებიც (ლუთერის მოძღვრების ერთი თავგამოდებული მოწინააღმდეგე იეზუიტი ბერი ამბობდა, „ამ საგალობლებმა უფრო მეტი სული წაწყმიდა, ვიდრე მისმა ქადაგებამო“). მანვე წამოაყენა პირველად ეკლესიისაგან სახელმწიფოს დამოუკიდებლობის იდეა. ყოველივე ამან კი საფუძველი ჩაუყარა გერმანელი ხალხის ეროვნული თვითშეგნებისა და ცნობიერების ჩამოყალიბებას. საერთოდ, უნდა აღინიშნოს, რომ კათოლიციზმი თავისი უნივერსალურობით, მართვის იერარქიულად განსაზღვრული ცენტრალიზებული სისტემით და ერთიანი ენით (ლათინურით - როგორც სასულიერო, ისე საერო ცხოვრებაში) თავისდაუნებურად უქმნიდა ბარიერს ეროვნული ცნობიერებისა და ეროვნული სახელმწიფოების ჩამოყალიბებას, პროტესტანტობამ კი, პირიქით, მართვის ადგილობრივი ცენტრებითა და ცხოვრების ყველა სფეროში ეროვნული ენების დამკვიდრებით (რაც მნიშვნელოვნად განაპირობა ბიბლიის სავალდებულო თარგმნამ და სწავლებამ) ხელი შეუწყო ეროვნული ცნობიერების გაღვივებას, ეროვნული დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის და ეროვნული სახელმწიფოების შექმნის ტენდენციას.
მარტინ ლუთერი, რა თქმა უნდა, მარტო არ იყო თავის რეფორმატორულ საქმიანობაში. მას მხარს უჭერდნენ საზოგადოების ფართო ფენები, მათ შორის - სასულიერო პირები, სტუდენტობა, პროფესურა, ბიურგერობა, გლეხობა და, რაც მთავარია, „ძლიერნი ამა ქვეყნისანი“ - მთავრები და რაინდობის უდიდესი ნაწილი, რომელთათვისაც მისაღები აღმოჩნდა არა მარტო ლუთერის მოძღვრების დოგმატური მხარე, არამედ ამ მოძღვრებიდან გამომდინარე ნაციონალური, სოციალური და პოლიტიკური საკითხები. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ რეფორმაცია სულ მალე გადაიქცა საერთო-სახალხო მოძრაობად (ნაციონალური ნიშნით), რომელსაც სათავეში მთავრები და რაინდები ჩაუდგნენ. 1526 წელს შპაიერის საიმპერიო რაიხსტაგზე ლუთერის მიმდევრებმა მიაღწიეს სასურველი გადაწყვეტილების მიღებას, რაც ყოველ გერმანელ მთავარს უფლებას აძლევდა, მის სამფლობელოში საკუთარი შეხედულებისამებრ აერჩია რელიგიური აღმსარებლობა თავისი ქვეშევრდომებისათვის. მომდევნო რაიხსტაგმა (1529 წ.) გააუქმა ეს გადაწყვეტილება, რასაც შედეგად მოჰყვა ლუთერანი მთავრებისა და ბევრი საიმპერიო ქალაქის საჯარო პროტესტი (აქედან მომდინარეობს ტერმინი „პროტესტანტიზმი“). ეს უთანხმოება გამწვავდა და კათოლიკურ და პროტესტანტულ სამთავროებს შორის შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდა. იგი 1555 წლამდე გაგრძელდა და დასრულდა აუგსბურგის რელიგიური ზავით, რომლის თანახმად, პროტესტანტულმა სამთავროებმა რელიგიური აღმსარებლობის თავისუფლება მოიპოვეს. მას საფუძვლად დაედო ლუთერის მოწაფის, ფილიპ მელანხტონის მიერ შედგენილი დოკუმენტი „აუგსბურგული აღმსარებლობის“ სახელწოდებით. დოკუმენტში გადმოცემულია ლუთერანობის ძირითადი დებულებები. საგულისხმოა, რომ იგი დღემდე ითვლება ძირითად ლუთერანულ რელიგიურ დოკუმენტად.
ლუთერის მოძღვრება მალე გასცდა გერმანიის საზღვრებს და ევროპის (ძირითადად, ჩრდილოეთ ევროპის) სხვადასხვა ქვეყნებში დამკვიდრდა. დღეს ლუთერანობა სახელმწიფო რელიგიად არის აღიარებული სკანდინავიის სახელმწიფოებში. რეფორმაციამ საკმაოდ მძიმე დარტყმა მიაყენა კათოლიციზმს, მაგრამ ცოტა ხანში კათოლიკური ეკლესიის რეაქციამაც არ დააყოვნა. ტრიენტის (ტრენტოს) საეკლესიო კრებამ (1545-47, 1551-52, 1662-63 წწ.) რეფორმაცია ქრისტიანული რელიგიის მთავარ მტრად გამოაცხადა. კრების გახსნის დოკუმენტში აღნიშნულია: „გიხაროდენ, ქება და დიდება წმინდასა და განუყოფელ სამებას, მამასა და ძესა და სულიწმიდასა; ქრისტიანული რწმენისა და რელიგიის განდიდებისა და განმტკიცებისათვის, მწვალებლობის ამოსაძირკვად, ეკლესიაში მშვიდობისა და ერთიანობის დასამკვიდრებლად... ქრისტიანობის მტრების გასანადგურებლად და გადასაშენებლად ვბრძანებ და ვაცხადებ, რომ ტრიენტის წმინდა და უმთავრესი კრება გაიხსნა და საქმიანობა დაიწყო“.
ამ კრების გადაწყვეტილებებს მოჰყვა პროტესტენტების დევნა და შევიწროება; შემოიღეს მკაცრი საეკლესიო ცენზურა; გაფართოვდა ინკვიზიციის საქმიანობა. კათოლიკურმა ეკლესიამ აიძულა სასულიერო პირები და კათოლიკური უნივერსიტეტების პროფესორები, დაედოთ ფიცი გამოქვეყნებული „ტრიენტის რწმენის“ აღსარებისათვის.
კონტრრეფორმაციის მთავარი იარაღი გახდა იეზუიტთა ორდენი, რომელიც 1534 წელს პარიზში დააარსა იგნაციო ლოიოლამ და 1540 წელს დაამტკიცა რომის პაპმა პავლე III-მ. 1546 წლიდან მდგომარეობა უფრო გართულდა, ვინაიდან ლუთერი გარდაიცვალა და რეფორმაცია თავისი სულიერი ლიდერის გარეშე დარჩა. ლუთერის მომავალი მემკვიდრის ამოცანა კიდევ უფრო რთული ჩანდა, რადგან რეფორმაციის შემდგომი წარმატებებისათვის საკმარისი აღარ იყო არც კათოლიკური ეკლესიის ნაკლოვანებების მხილება და არც პროტესტანტული მოძღვრების უბრალო ქადაგება. მწყობრი კათოლიკური სისტემის საფუძვლების შესარყევად საჭირო იყო პროტესტანტული პრინციპების არანაკლებ მწყობრი სისტემა: ახალ, პროტესტანტულ ეკლესიას ისეთივე მკაცრი და სწორი ორგანიზაცია უნდა ჰქონოდა, როგორიც კათოლიკურს; დაბოლოს, აუცილებელი იყო ახალი, დამოუკიდებელი ცენტრის შექმნა, საიდანაც თამამად უნდა გაწეულიყო რელიგიური პროპაგანდა.
ამგვარ ცენტრად XVI საუკუნის პირველი ნახევრის ბოლოს იქცა ჟენევა, ხოლო ეკლესიის ორგანიზატორის მისია ფრანგმა რეფორმატორმა ჟან კალვინმა იტვირთა. თავისი ნაშრომით „ქრისტიანული რწმენის დარიგებანი“ მან პროტესტანტული მოძღვრების სისტემატიზაცია მოახდინა. კალვინმა ნაშრომი ლათინურ ენაზე დაწერა, შემდეგ კი თვითონვე თარგმნა ფრანგულად (ითვლება, რომ ეს პირველი ფრანგულენოვანი პროზაული ნაწარმოებია). ამ ნაშრომმა ისტორიაში მთელი ეპოქა შექმნა. მისი გამოსვლისთანავე არა მარტო პროტესტანტები, არამედ კათოლიკეებიც მიხვდნენ, თუ რა მძლავრი დასაყრდენი პოვა პროტესტანტო ამ ამ ნაშრომის სახით. ცნობილი კათოლიკე მწერალი და მოაზროვნე ფლორიმონ დე რემონი მას „მწვალებლობის „ყურანს“, „თალმუდს“ და „ჩვენი უბედურების მთავარ მიზეზს“ უწოდებდა. გარდა ამისა, კალვინმა ჟენევაში კარგად ორგანიზებული პროტესტანტული ეკლესია ჩამოაყალიბა. აქედან მოყოლებული რეფორმის მომხრეებს შეეძლოთ, წამოეყენებინათ რწმენის მკაფიო, ნათელი ფორმულირება და კათოლიციზმის მწყობრი ორგანიზაციისათვის ასეთივე მწყობრი საკუთარი ორგანიზაცია დაეპირისპირებინათ.
უნდა აღინიშნოს, რომ კალვინს ლუთერის მოძღვრებისაგან განსხვავებული რაიმე ახალი დებულება არ წამოუყენებია, თუმცა ბევრ საკითხში იგი გაცილებით უფრო რადიკალური იყო. რწმენის საკითხში კალვინი, როგორც ლუთერი, მხოლოდ ერთ უპირობო ავტორიტეტს აღიარებდა - წმინდა წერილს. მისი აზრით, მერთმა ერთხელ და სამუდამოდ გამოხატა თავისი ნება წმინდა წერილში და აქედან გამომდინარე, ადამიანის მთელი ცხოვრება - როგორც რელიგიურ-ზნეობრივი, ისე პოლიტიკური და მასთან ერთად ეკლესიის მოწყობაც - მკაცრად უნდა ყოფილიყო შეთანხმებული ამ კანონთან. როგორც მისი მოწინააღმდეგეები აღნიშნავდნენ, კალვინის სწავლებამ ქრისტიანობა საბოლოოდ გადააქცია „წიგნის რელიგიად“ და ეკლესიის ავტორიტეტი ბიბლიის ავტორიტეტით შეცვალა.
ლუთერის დოგმატიკის ცენტრალური პუნქტი - რწმენით გამართლება და საკუთარი ძალისხმევით სულის ხსნის აბსოლუტური შეუძლებლობა - კალვინთან სრულიად განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. ლუთერის ეს დებულება თავის თავში უკვე ატარებდა ღვთაებრივი წინასწარგანსაზღვრულობის იდეას, თუმცა გერმანელი რეფორმატორი მაინც ცდილობდა, იგი ადამიანის თავისუფალ ნებასთან მოერიგებინა. კალვინი აქაც უფრო შორს წავიდა - თავისი ულმობელი ლოგიკის წყალობით მან დაამტკიცა, რომ თუკი ადამიანზე რწმენა მხოლოდ ღვთის წყალობით გადმოდის და მისი ხსნა მხოლოდ ღმერთის ნებაზეა დამოკიდებული, მაშინ გამოდის, რომ წაწყმედაც მხოლოდ და მხოლოდ ღვთაებრივი ნებითაა წინასწარგანსაზღვრული. ადამიანის თავისუფალი ნება არ არსებობს და არც შეიძლება არსებობდეს, რადგან მისი დაშვება იგივეა, რომ ღმერთის ნება ადამიანისას დაუქვემდებარო. ადამიანის არსებობა მხოლოდ ღვთის განდიდების საქმეს ემსახურება. უფალი თავისი გულმოწყალების განსადიდებლად მავანს წინასწარ განუსაზღვრავს ხსნას, ხოლო სხვას თავისივე სამართლიანობის განსადიდებლად წინასწარ განუსაზღვრავს წაწყმედას.
იმისათვის, რომ გამოერიცხა ყოველგვარი აზრი რწმენის საკითხში ადამიანის თავისუფალი ნების შესახებ, კალვინი ამტკიცებდა, რომ ჭეშმარიტი მორწმუნეც კი მხოლოდ ის შეიძლებოდა გამხდარიყო, ვინც ღმერთის „რჩეული“ იყო და როგორც „რჩეულთა“ შემთხვევაში ხელმძღვანელობს ღმერთი არა მათი დამსახურებით, არამედ ადამიანისათვის შეუცნობელი ღვთაებრივი ნებით, ისე წირავს წაწყმედისათვის სხვებს „ჯერ კიდევ იქამდე, სანამ ისინი რაიმეს - ავს თუ კარგს - ჩაიდენენ“. „ჩვენ ვამბობთ, რომ ღმერთმა ზოგს (რჩეულთ) წინასწარ განუსაზღვრა მუდმივი ნეტარება, ზოგს კი - მუდმივი ტანჯვა იმქვეყნიურ ცხოვრებაში. ჩვენ ვამბობთ, რომ რჩეულთათვის ეს ღვთის მოწყალებაა, რომელიც არ არის დამოკიდებული წარჩინებულ წარმოშობაზე... ვისაც ღმერთი ტანჯვას განუსაზღვრავს, მისთვის ნეტარებაში შესასვლელი კარი სამუდამოდ დახურულია. ადამიანმა არ შეიძლება იცოდეს, უფალმა რატომ განსაზღვრა ამგვარად, მაგრამ ეს გადაწყვეტილება სამართლიანია...“
მაგრამ ამავე დროს ადამიანს არ ძალუძს, განჭვრიტოს ღვთის საიდუმლო გადაწყვეტილებები და არც არავინ იცის წინასწარ, რჩეულია იგი თუ დასაღუპად განწირული. პირიქით, ყველა უნდა თვლიდეს, რომ სწორედ ის არის რჩეული და თავგამოდებით ცდილობდეს, თავისი რწმენითა და ქცევით რჩეულობის ღირსი იყოს (მოგვიანებით ზოგიერთ პროტესტანტულ მიმდინარეობაში, მაგალითად ბაპტისტების ნაწილსა და მეთოდისტებში, ღვთაებრივი წინასწარგანსაზღვრულობისა და ადმიანური ნების უქონლობის დოგმა გარკვეულწილად შერბილდა). მთელი ადამიანური ცხოვრება ღვთის სამსახურია. წარმატება სხვადასხვა სახის საქმიანობაში (მათ შორის - პროფესიულშიც) ადამიანის რჩეულობის ერთ-ერთი ნიშანია, პროფესიული საქმიანობა მისი ადგილია ცხოვრებაში და არა ამქვეყნიური სიკეთეების მოსაპოვებელი საშუალება. ყოველი კაცი ვალდებულია, იმ გზით იაროს, რომელიც უფალმა წმინდა წერილში მოუნიშნა, არ შესცოდოს და ახსოვდეს, რომ „ადამიანი ეცემა, რადგან ეს ზეციდან წინასწარაა განსაზღვრული, მაგრამ ცოდვის ჩადენაში მხოლოდ თვითონაა დამნაშავე“.
ღვთაებრივი წინასწარგანსაზღვრულობის დოგმატმა განაპირობა კალვინის სწავლება ეკლესიის ორგანიზაციაზე. მისი აზრით, ჭეშმარიტი ეკლესია მხოლოდ რჩეულებისაგან შედგება, მაგრამ რადგან ამ ცხოვრებაში არავინ იცის, ვინ არის რჩეული, შესაბამისად, არავისთვის არის ეკლესიის კარი დაკეტილი. ეს „ხილული“ ეკლესია კი ნამდვილ, რჩეულთაგან შემდგარ „უხილავ“ ეკლესიას ემსახურება, როგორც გარეგანი საფარველი. ამ ხილული ეკლესიის გარეთ „არ არის ხსნა, არ არის ცოდვების მიტევება“, მისგან განდგომა უფლისაგან განდგომის ტოლფასია. ხილულ ეკლესიაში უწმინდესი ზნეობრივი პრინციპები უნდა ბატონობდეს. მორწმუნეს მხოლოდ ერთი მიზანი უნდა ჰქონდეს - სულის ხსნა, ყველა სხვა სურვილი და მიზანი ცოდვაა. ეკლესიამ უნდა იზრუნოს თავისი წევრების ხსნისათვის და მას აქვს არა მარტო უფლება, არამედ მოვალეობაც კი - თვალყური ადევნოს თავისი წევრების როგორც საზოგადოებრივ საქმიანობას, ისე პირად ცხოვრებას.
კალვინი კატეგორიულად უარყოფდა ბერ-მონაზვნობას, მაგრამ კათოლიციზმისთვის დამახასიათებელი ასკეტური იდეალი მან ყველა მორწმუნისათვის სავალდებულო გახადა. როგორც ვოლტერმა მახვილგონივრულად აღნიშნა, „კალვინმა ფართოდ გააღო მონასტრების კარიბჭენი, მაგრამ იმისთვის კი არა, რომ ბერ-მონაზვნები გამოსულიყვნენ იქიდან, არამედ იმისთვის, რომ მთელი კაცობრიობა შიგ შეერეკა“.
ვინაიდან კალვინს ამოსავალ წერტილად ადამიანის ინდივიდუალური რწმენა, რწმენის ერთადერთ წყაროდ კი ბიბლია მიაჩნდა (რომლის განმარტების უფლებაც ყველა მორწმუნეს ჰქონდა), ეკლესიის ორგანიზაციის მისეული ვერსია თავისთავად დემოკრატიული უნდა ყოფილიყო. მართლაც, კალვინი კატეგორიულად გამოდიოდა ეკლესიის დემოკრატიულ პრინციპებზე მოწყობის მოთხოვნით. მისი აზრით, საეკლესიო ხელისუფლება უნდა ეკუთვნოდეს ეკლესიასვე, ანუ მის ყველა წევრს. ყოველი რელიგიური თემი უნდა სარგებლობდეს თვითმმართველობით, ე.ი. თავად უნდა გაუწიოს ორგანიზება ეკლესიის მართვას და თვითონვე დაიცვას თავისი რწმენა. ეკლესიის მართვაში მთავარი იყო არჩევითობისა და თემის წინაშე ანგარიშგების პრინციპი. მორწმუნეთა თემი ირჩევდა მოძღვარს, რომელსაც მღვდლის წოდება არ ჰქონდა და უბრალოდ „სასულიერო სამსახურს“ ეწეოდა. მას მინისტრი ეწოდებოდა და ჩაცმულობითაც არ განირჩეოდა ერისკაცთაგან (განსხვავებით ლუთერანი პასტორისაგან). მინისტრის კანდიდატურას საეკლესიო საბჭო (კონსისტორია) აყენებდა, რომელშიც, მინისტრების გარდა, შედიოდნენ ასევე არჩეული მამასახლისები - პრესვიტერები. ძირითადად სწორედ პრესვიტერები ხელმძღვანელობდნენ საეკლესიო საქმეებს. ამიტომ ხშირად კალვინისტურ ეკლესიას პრესვიტერიანულსაც უწოდებენ.
სახელმწიფოებრივი მართვის საკითხებში ისევე, როგორც რელიგიურ თემებში, კალვინი მმართველობის რესპუბლიკურ ფორმას ამკვიდრებდა. იდეა იმის შესახებ, რომ ყოველ რელიგიურ თემს უფლება აქვს, თავად განკარგოს საეკლესიო საქმეები, კალვინმა სახელმწიფოზეც გადაიტანა, ოღონდ მმართველობა თეოკრატიული ხასიათისა უნდა ყოფილიყო. სახელმწიფოს კალვინისეული მოდელი გულისხმობდა ქვეშევრდომთა უპირობო მორჩილებას არჩეული ხელისუფლებისადმი. ერთადერთი გამონაკლისი დაიშვებოდა იმ შემთხვევაში, როდესაც ხელისუფლების მოთხოვნები წინააღმდეგობაში მოდიოდა ღვთის სიტყვასთან (წმინდა წერილთან) - ამ და მხოლოდ ამ შემთხვევაში ჰქონდა უფლება ხალხს, დაპირისპირებოდა ხელისუფლებას. ქვეშევრდომთა სასარგებლოდ გაღებული ეს ერთი შეხედვით „უმნიშვნელო დათმობა“ პრაქტიკაში ძალზე ტევადი, ზღვარდაუდებელი და ქმედითუნარიანი აღმოჩნდა. მომავალში მან ბევრი, გარეგნულად რელიგიისაგან საკმაოდ დაშორებული, პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ხასიათის საკითხის წამოწევასა და გადაჭრას მისცა ბიძგი.
ასეთივე რადიკალური იყო კალვინი ღვთისმსახურების საკითხებში, საიდანაც „გამოძევებულ“ იქნა ყველა ის ფორმა, რომელიც გრძნობებსა და წარმოსახვაზე მოქმედებდა, ანუ რაც, კალვინის აზრით, რაიმე კავშირში იყო ძველ, კათოლიკურ „ცრურწმენებთან“. კათოლიკური რიტუალის გრძნობიერ ფორმებთან ბრძოლაში კალვინი ლუთერზე შორს წავიდა და საეკლესიო გალობაც კი აკრძალა. რეფორმატორს მიაჩნდა, რომ ქრისტიანობა სულის რელიგიაა და იგი არანაირ გარეგან ფორმებს არ საჭიროებს. მთელი ღვთისმსახურება დაყვანილ იქნა ბიბლიის კითხვამდე, ლოცვამდე, ფსალმუნების გალობამდე და ქადაგებამდე. ჟენევა კალვინის სიცოცხლეშივე გადაიქცა რეფორმაციის ცენტრად, საიდანაც ის მთელ მსოფლიოში გავრცელდა. ლუთერანული მოძღვრებისაგან განსხვავებით, რომელიც გერმანული სულის მატარებელი იყო და შესაბამისად გერმანულენოვან სამყაროში დამკვიდრდა, კალვინიზმი უფრო უნივერსალური სულისკვეთებისა იყო და ამიტომაც თანაბარი წარმატებით მოიკიდა ფეხი სხვადასხვა ქვეყანაში - დიდ ბრიტანეთში (პურიტანები), საფრანგეთში (ჰუგენოტები), შვეიცარიის სხვა კანტონებში, ნიდერლანდებში, მოგვიანებით - დიდი ბრიტანეთიდან აშშ-სა და კანადაში. ეს წარმატება შემთხვევითი არ იყო. მიზეზების ასახსნელად მოვიყვანთ სიტყვებს კალვინის ერთ-ერთი პირადი წერილიდან: „ვერ წარმოიდგენ, რა თავგამოდებით უძღვნიან ჩვენი ძმები თავს სახარების გავრცელებას. როგორც მრავალნი ერტყმიან გარს პაპს სარფიანი თანამდებობების მიღების მოლოდინში, ასევე შემომჯარვიან ისინი მე, ცდილობენ, იტვირთონ ჯვარი და მიიღონ თავიანთი წილი ყამირი დასამუშავებლად. არც ერთ ხელმწიფეს არ ჰყავს ისეთი ერთგული ხელქვეითნი, როგორიც მე. ისინი ერთმანეთს ეცილებიან ერთიმეორეზე უფრო სახიფათო „თანამდებობების“ მიღებაში. ხანდახან ვცდილობ კიდეც, შევაკავო ისინი, და ვუთითებ უმკაცრეს ედიქტზე, რომელიც მოუწოდებს ახალი კულტის მიმდევართა სრული განადგურებისაკენ; ვახსენებ მათ, რომ 20-ზე მეტ ქალაქში ჩვენი ძმები ბრბომ ჩაქოლა, მაგრამ მათ ვერაფერი აჩერებს...“.
კალვინიზმის მიმდევრებიდან არავის ეპარებოდა ეჭვი თავის „რჩეულობაში“ და თითოეული ცდილობდა, ამ ხვედრის ღირსი ყოფილიყო. ცნობილი ფრანგი ისტორიკოსის მიშლეს სიტყვებით, „კალვინისეული ღვთაებრივი წინასაწარგანსაზღვრულობა გადაიქცა წამებულთა ფაბრიკაციის მანქანად... თუ ევროპაში სადმე სისხლი და მსხვერპლი იყო საჭირო, თუ საჭირო იყო ვინმეს ბორბალზე გაკვრა ან კოცონზე დაწვა, ასეთი ადამიანი, უკვე გამზადებული ჟენევაში, უყოყმანოდ დგებოდა და უფლის დიდებითა და ფსალმუნების გალობით სიკვდილთან შესახვედრად მიდიოდა“.
კათოლიციზმისა და მართლმადიდებლობისაგან განსხვავებით, პროტესტანტობა მალევე დაიყო სხვადასხვა მიმდინარეობად და ეს პროცესი მე-20 საუკუნემდე გაგრძელდა. დღევანდელ მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული პროტესტანტული მიმდინარეობების წარმომადგენლები არიან ლუთერანები, ანგლიკანები, ბაპტისტები, პრესვიტერიანელები, რეფორმატები, მეთოდისტები და ა.შ.
ნებისმიერი ახალი რელიგიური მიმდინარეობა გარკვეულ ბიძგს აძლევს საზოგადოების განვითარებას. ასე იყო პროტესტანტიზმის შემთხვევაშიც. პროტესტანტობა წმინდა რელიგიური ხასიათის მოვლენად არ დარჩენილა. მან უდიდესი ზეგავლენა მოახდინა მთელი დასავლური სამყაროს სოციალურ, პოლიტიკურ, კულტურულ განვითარებაზე (თუმცა უნდა ითქვას, რომ რეფორმაციის მამებს ასეთი შორს მიმავალი ზრახვები არ ჰქონდათ). ეს პროცესი დღემდე გრძელდება. გარკვეული აზრით ისიც კი შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელი დასავლური ცივილიზაცია რეფორმაციის პროდუქტია.
პროტესტანტული მოძღვრების ძირითადმა დებულებებმა ადამიანის ინდივიდუალური რწმენით გამართლების, ღვთის რჩეულობის, ღვთაებრივ წინასწარგანსაზღვრულობაში წარმომავლობის უმნიშვნელობისა და საყოველთაო მღვდელობის შესახებ ასპარეზიდან გაიყვანა საეკლესიო იერარქია. ამის შემდეგ, ფაქტობრივად, რწმენის საკითხში ავტორიტეტი გახდა თვით ადამიანი, მისი ინდივიდუალური რწმენა. ამგვარად, საეკლესიო იერარქიას „ჩამოერთვა“ მონოპოლია ჭეშმარიტებაზე. ინდივიდუალური რწმენის პრინციპიდან ინდივიდუალურ თავისუფლებამდე და საეკლესიო იერარქიების ნგრევიდან საერო იერარქიების ნგრევამდე კი ერთი ნაბიჯი იყო (ბიბლიის განმარტების უფლება ყველას ჰქონდა და რადგან აქ თავისუფლად მსჯელობა შეიძლებოდა, ამის იქით პრინციპულად აღარც რჩებოდა საკითხი, რომელიც კრიტიკულ განხილვასა და რევიზიას არ ექვემდებარებოდა). წოდებრივ სამყაროს აღარ შერჩა იდეოლოგიური საფუძვლები, მონარქს აღარ შერჩა „ღვთაებრივი წარმოშობის“ საფუძვლები. ამიტომაც ამბობდა ინგლისის რევოლუციის წინა პერიოდში მეფე ჯეიმს I: „არ არის ეპისკოპოსი, ე.ი. არ არის მონარქი“.
ევროპა სრულიად ახალი რეალობის წინაშე დადგა, რომელში არსებობის გამოცდილებაც მას არ ჰქონდა. ძველებურად ის ვეღარ იარსებებდა, მაგრამ როგორი უნდა ყოფილიყო მომავალი, ამის განჭვრეტა მაშინ არავის შეეძლო. გასაკვირი არ არის, რომ თავდაპირველად პროტესტანტიზმის გავრცელებას სრული ანარქია მოჰყვა. თვით ლუთერიც კი შეაძრწუნა ამ ანარქიის მასშტაბებმა. „პაპობის დროს ჩვენ რაღაცნაირად ვახერხებდით ცხოვრებას გარეგან იუდაიზმში, რომელიც, ბოლოს და ბოლოს, წარმართობაზე უკეთესი მაინც არის, რადგან ღმერთისგან აქვს წარმომავლობაც და ცნებებიც გარეგანი კეთილმოწყობისა. ახლა კი, გავთავისუფლდით რა პაპისგან, ისევ წარმართობაში დავბრუნდით“, - გულისტკივილით აღნიშნავდა იგი. ასეთ მოსაზრებას ლუთერი სხვაგანაც გამოთქვამდა: „ეს მოძღვრება (პროტესტანტიზმი) თითქოსდა ადამიანების გამოსწორებას უნდა მომსახურებოდა, მაგრამ საწინააღმდეგოდ კი გამოდის, სამყარო მისი წყალობით სულ უფრო და უფრო უარესი ხდება“. ცხოვრების ბოლოს კი რეფორმატორი სინანულით წერდა: „ახლა რომ შემეძლოს, ავუხსნა ადამიანებს ბიბლიის არსი, სულ სხვანაირად მოვიქცეოდი... უზარმაზარ რაოდენობას ამ გამოუსწორებელი ცოდვილებისა ისევ პაპის უღელქვეშ დავტოვებდი. სახარებისეულ სწავლებას მათთვის ხომ სიკეთე არ მოაქვს, თავისუფლების ბოროტად გამოყენებისკენ კი უბიძგებს. მხოლოდ ტანჯულთა და საკუთარი სინდისის ქენჯნით გაწამებულთათვის ვიქადაგებდი სახარებისეულ ნუგეშს“.
კაცობრიობის გადარჩენა „თავისუფლების ქაოსისაგან“ რეფორმაციის მომდევნო თაობებმა შეძლეს. ამ მხრივ ყველაზე დიდი ღვაწლი მიუძღვის კალვინს, რომლის მოძღვრებაში, როგორც ზემოთ აღინიშა, რელიგიურ დოგმატებზე არანაკლები ადგილი ეკავა სახელმწიფოს მოწყობის საკითხს. მან არა მარტო შექმნა სახელმწიფოს დემოკრატიულ პრინციპებზე მოწყობის დეტალურად დამუშავებული თეორიული მოდელი, არამედ პრაქტიკულად განახორციელა კიდეც ის ჟენევაში (ჟენევის რესპუბლიკა). სწორედ ამ მოდელის „ტირაჟირება“ მოხდა შემდგომ ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ში.
პროტესტანტულ მოძღვრებაში „ჩადებულმა“ თითქოსდა წმინდად რელიგიურმა დოგმებმა მალევე გადაინაცვლა საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში, უპირველეს ყოვლისა, პოლიტიკაში. ეს დოგმები ერთგვარი „ნაღმები“ აღმოჩნდა, რომლებმაც „აფეთქება“ არ დააყოვნა. პროტესტანტული რწმენა იმისა, რომ საერო ცხოვრებაც ღვთის სამსახურის ასპარეზია, განაპირობებდა საზოგადოებრივი ცხოვრებისა და საზოგადოების პოლიტიკური მოწყობის საკითხის უდიდეს მნიშვნელობას პროტესტანტებისათვის. სწორედ ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ პროტესტანტული რელიგიური თემები აქტიურად მონაწილეობდნენ თავიანთი ქვეყნების პოლიტიკურ-საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ნიდერლანდებსა და, განსაკუთრებით, ინგლისში კი ეს თემები ადრებურჟუაზიულ პოლიტიკურ ორგანიზაციებად (პოლიტიკური პარტიების პროტოტიპებად) გადაიქცნენ და უზარმაზარი როლი შეასრულეს ნიდერლანდებისა და ინგლისის რევოლუციებში. ამ მხრივ განსაკუთრებით საინტერესო იყო ინგლისის რევოლუცია. ჯერ კიდევ XVI საუკუნეში, მეფე ჰენრი VIII-ის დროს, ინგლისის ეკლესია კათოლიკურ ეკლესიას გამოეყო და თავის მეთაურად რომის პაპი კი არა, მეფე აღიარა. ეს მდგომარეობა განმტკიცდა ჰენრი VIII-ის ქალიშვილის, ელისაბედ I-ის მეფობის დროს. ინგლისში მაშინვე ჩამოყალიბდა ახალი პროტესტანტული მიმდინარეობები - ანგლიკანიზმი, რომელსაც ერთგვარი შუალედური მდგომარეობა ეკავა პროტესტანტობასა და კათოლიკობას შორის (მასში კათოლიკური დოგმატი ადამიანის სულის ხსნაში ეკლესიის როლის შესახებ შერწყმულია პროტესტანტულ პირადი რწმენით გადარჩენის დოგმატთან) და წმინდად კალვინისტური პურიტანიზმი. პურიტანიზმი (პურიტანობა) დაუპირისპირდა როგორც კათოლიკურ, ისე ანგლიკანურ ეკლესიებს და საერთოდ, არსებულ წეს-წყობილებას, როგორც პროტესტანტული მსოფლმხედველობისათვის (მათი აზრით, ქრისტიანული მსოფლმხედველობისათვის) მიუღებელს. სწორედ აქ იჩინა თავი მძლავრად სახელმწიფოს კალვინისეულ მოდელში ჩადებული „უმნიშვნელო დათმობის“ ტევადობამ და ზღვარდაუდებლობამ, რომელიც იდეაში ქვეშევრდომებს უფლებას აძლევდა, დაპირისპირებოდნენ ხელისუფლებას, თუკი იგი სახარებისეული პრინციპებიდან გადაუხვევდა. დაპირისპირება უკიდურესად გამწვავდა ელისაბედ I-ის სიკვდილის შემდეგ, რასაც მალევე მოჰყვა რევოლუცია. რევოლუციის იდეურ ხელმძღვანელებად მოგვევლინნენ პურიტანული თემების წიაღში აღმოცენებული რელიგიურ-პოლიტიკური პარტიები. ამ დაპირისპირებისას ქრისტიანული სამყაროს ისტორიაში პირველად ერთმანეთს შეეჯახა ორი რელიგიურ-პოლიტიკური დოქტრინა, ერთი - წოდებრივ-იერარქიულ პრინციპზე აგებული, რომელსაც კათოლიკური ფესვები ჰქონდა და რომელშიც ხელისუფლების წყარო იყო ღვთივკურთხეული მონარქი, გაიგივებული სახელმწიფოსთან და მეორე - თანასწორობის პრინციპსა და ადამიანის თავისუფლებაზე აგებული, რომელშიც ხელისუფლების წყაროს თავისუფალ ინდივიდთა ერთობა (ხალხი) წარმოადგენდა და რომელიც პროტესტანტულ მოძღვრებაზე იყო დაფუძნებული. ამ ორი პოზიციის შეურიგებლობის საილუსტრაციოდ მოვიყვანთ ნაწყვეტებს იმ პერიოდის რამდენიმე ისტორიული დოკუმენტიდან:
„მონარქიას მიწაზე უზენაესი ადგილი უჭირავს, რადგან მეფეები ამ მიწაზე არა მარტო ღმერთების მოადგილეები არიან და მისი ტახტი უკავიათ, არამედ ღმერთებმა მათ ღმერთები უწოდეს... ღვთის გმობაა იმის განსჯა, თუ ღმერთმა რა მოიმოქმედოს, ასევე ღვთის გმობაა ქვეშევრდომთა მხრივ განსჯა იმისა, თუ რა უნდა გააკეთოს ან როგორ უნდა მოიქცეს მეფე... რასთანაც ღმერთმა შემაუღლა, იმას ადამიანი ნუ დაარღვევს. მე ვარ ქმარი, ხოლო მთლიანად კუნძული - ჩემი კანონიერი მეუღლე. მე თავი ვარ, კუნძული კი ჩემი სხეულია. მე მწყემსი ვარ, კუნძული კი ჩემი სამწყსოა... მე ვარ თქვენი მეფე... პასუხი თქვენს შეცდომებზე მე უნდა ვაგო... ჩვენი არქივები, სადაც სამეფოს ძველი და ახალი სამართალი ინახება, ნათელყოფს იმას, რომ მეფეა ბატონ-პატრონი მისი ხელისუფლებისათვის უშუალოდ დაქვემდებარებულ ქვეშევრდომთა ქონებისა. ყველა მათგანი მისი ვასალია. სამსახურისა და ერთგულების საფასურად მისგან ღებულობენ თავის სამფლობელოს, მეფეს თავისი ქვეშევრდომების სამფლობელო ტიტულების შეცვლა შეუძლია, მაგალითად, უბრალო მამული ფეოდად აქციოს, ახალი ბარონები შექმნას, თანაც ვინმესთან შეთანხმების გარეშე და თუ ვინმე მემკვიდრის გარეშე გარდაიცვალა, მისი ქონება და სამფლობელოები მეფეს ეკუთვნის...“ (სიტყვა, წარმოთქმული მეფე ჯეიმს I-ის მიერ პარლამენტის წინაშე);
„...ვინაიდან მეფე ან მოსამართლე ძალაუფლებას იღებს ხალხისგან და... უპირველეს ყოვლისა ...ხალხის, და არა საკუთარი თავის, კეთილდღეობისათვის... ხალხს უფლება აქვს, რა სიხშირითაც საჭიროდ ჩათვლის, იმ სიხშირით აირჩიოს, გადააყენოს, დატოვოს ან დაამხოს ხელისუფალი იმ შემთხვევაშიც კი, როცა ის ტირანი არ არის, იმ უბრალო მიზეზით, რომ ადამიანებს, როგორც თავისუფლებსა და თავისუფლად შობილებს, უფლება აქვთ, ისეთი მმართველობა მოაწყონ, როგორიც საუკეთესოდ მიაჩნიათ...
ეს დებულება, რომელიც ისედაც უცხადესი და გონივრულია, წმინდა წერილითაც მტკიცდება...“ (ჯონ მილტონი, ინგლისელი პოეტი და პოლიტიკური მოღვაწე, „მეფეთა და მოსამართლეთა თანამდებობა“).
„საზოგადოების ბედნიერი ცხოვრებისათვის აუცილებელია თავისუფლების სამი სახე - რელიგიური, ოჯახური და სამოქალაქო“ (ჯონ მილტონი, „ეკლესიის მართვის საფუძვლები“).
დროთა განმავლობაში პროტესტანტულმა იდეებმა პოლიტიკურ აზროვნებაში, სამართალში, ფილოსოფიაში, ეკონომიკურ მეცნიერებაში გადაინაცვლა;
საფუძველი ჩაუყარა განმანათლებლობას. როგორც ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ აღმოცენდა და განვითარდა პროტესტანტული იდეების საფუძველზე ახალი ტიპის, დემოკრატიული და თავისუფალი აზროვნება, მოგვყავს XVII საუკუნის ცნობილი ნიდერლანდელი (ნიშანდობლივია, რომ სწორედ ნიდერლანდელი!) ფილოსოფოსის ბენედიქტ (ბარუხ) სპინოზას სიტყვები ნაშრომიდან „საღვთისმეტყველო-პოლიტიკური ტრაქტატი“:
„ჭკუა-გონებისათვის ლაგამის ამოდება ისევე ადვილი რომ იყოს, როგორც ენისათვის, მაშინ ყოველი ხელისუფალი მშვიდად იმეფებდა და არც არანაირი ძალადობრივი მართვა-გამგებლობა იარსებებდა. ყველანი ხელისუფალთა ნების მიხედვით იცხოვრებდნენ და მხოლოდ მათი სურვილისა და გადაწყვეტილების შესაბამისად იმსჯელებდნენ, რა არის ჭეშმარიტი და რა - მცდარი, რა არის კარგი და რა - ცუდი, რა არის სამართლიანი და რა - უსამართლო. მაგრამ შეუძლებელია, ადამიანის გონება ასე შეუზღუდავად იმყოფებოდეს სხვა ადამიანის გამგებლობაში. აქედან კი მარტივად გამომდინარეობს, რომ სწორედ ის მმართველობა ჩაითვლება ძალადობრივად, რომელიც გონებაზე გაბატონებას ცდილობს და რომ უმაღლესი ხელისუფლება აშკარა უსამართლობას სჩადის ქვეშევრდომების მიმართ, როცა ისაკუთრებს მათ უფლებას და ცდილობს, დაუწესოს თითოეულს, რა უნდა მიიღოს მან, როგორც სიმართლე და რა უნდა უარყოს, როგორც სიცრუე... ეს ყოველი ჩვენგანის ისეთი უფლებაა, რომელსაც ვერავინ, რაგინდ დიდი სურვილი ჰქონდეს ამისა, ვერ გაასხვისებს.
ამრიგად, რადგან არავის შეუძლია, დათმოს თავისუფლება - იმსჯელოს და იფიქროს იმაზე, რაზეც სურს და ყოველი ადამიანი ბუნებისაგან ბოძებული უზენაესი უფლების თანახმად, თავის ფიქრთა მბრძანებელია, გამოდის, რომ სახელმწიფოში წარმოუდგენელია, აიძულო ადამიანები, ილაპარაკონ მხოლოდ ის, რაც უმაღლესმა ხელისუფლებამ დაუწესა ისე, რომ არ მიიღო სავალალო შედეგი... შესაბამისად, ყველაზე ძალადობრივი ის მმართველობა იქნება, სადაც უარყოფილია თითოეულის თავისუფლება, ილაპარაკოს და ასწავლოს ის, რასაც ფიქრობს და პირიქით, ყველაზე ზომიერი ის მმართველობა იქნება, სადაც ეს თავისუფლება ყველას ენიჭება.
საბოლოო მიზანი ის კი არ არის, რომ იბატონო და შიშის ქვეშ ამყოფო ხალხი, დაუქვემდებარო ის სხვის ნებას, არამედ, პირიქით, ის, რომ თითოეული ამ შიშისაგან გაათავისუფლო, რათა მან იმდენად უსაფრთხოდ იცხოვროს, რამდენადაც ეს შესაძლებელია. სახელმწიფოს მიზანი ის კი არ არის, რომ ადამიანები გონიერ არსებათაგან ცხოველებად ან სათამაშო ტიკინებად გადააქციოს, არამედ, პირიქით, ის, რომ ყოველი ადამიანის სული და სხეული თავის დანიშნულებას უსაფრთხოდ ასრულებდეს, ხოლო გონება თავისუფალი იყოს. ამგვარად, სახელმწიფოს ჭეშმარიტი მიზანი თავისუფლებაა...“
პროტესტანტული იდეების რეალობაში განხორციელებამ გადატრიალება მოახდინა არა მარტო აზროვნებაში, არამედ ეკონომიკის სფეროშიც და ხელი შეუწყო კაპიტალისტურ ურთიერთობათა განვითარებას. ცნობილმა გერმანელმა სოციოლოგმა მაქს ვებერმა თავის ნაშრომში „პროტესტანტული ეთიკა და კაპიტალიზმის სული“ განავითარა აზრი, რომ კაპიტალიზმი ეფუძნება პროტესტანტულ რელიგიურ-ეთიკურ კომპლექსს, რომელმაც ადამიანებში ისეთი პიროვნული თვისებების აღზრდა განაპირობა, როგორიცაა შრომისმოყვარეობა, ინიციატივიანობა, მომჭირნეობა, უპირობო წესიერება, ანგარიშიანობა და ა.შ. შემთხვევითი არ არის, რომ ბურჟუაზიულ რევოლუციას ნიდერლანდებსა და ინგლისში არნახული ეკონომიკური აღმავლობა მოჰყვა. ორივე ეს ქვეყანა სულ მალე გადაიქცა ყველაზე მდიდარ და პოლიტიკურად გავლენიან სახელმწიფოდ. ამ ქვეყნების „წარმატების ფორმულა“ სამი ძირითადი კომპონენტისაგან შედგებოდა, რომლებიც პროტესტანტულმა იდეოლოგიამ წარმოშვა, კერძოდ:
1) მართვის უფრო დემოკრატიული სისტემა, პრივილეგიების გაუქმება და ადამიანთა თანასწორობის დამკვიდრება ყველა სფეროში, ყველანაირი საქმიანობის, მათ შორის ეკონომიკურის, სახელმწიფოს მხრიდან ჩარევისაგან განთავისუფლება. ყოველივე ამან შეუდარებლად დიდი რაოდენობის ადამიანს შეუქმნა საჭირო ასპარეზი თვითრეალიზაციისათვის;
2) საერო სამსახურის, მათ შორის პროფესიული საქმიანობის, ღვთის სამსახურად გამოცხადება, ღვთის რჩეულობის რწმენით ნაკარნახევი წარმატებაზე ორიენტირებული საქმიანობა და აქედან გამომდინარე თავისუფალი კონკურენციის პრინციპის დამკვიდრება, ყველაფერმა ამან კი არნახული პირობები შექმნა ეკონომიკური განვითარებისათვის;
3) უმკაცრესი პურიტანული მორალური კოდექსი, რომელმაც მყარი ზნეობრივი საყრდენი შეუმზადა ამ საზოგადოების წინსვლას.
საბოლოო ჯამში პროტესტანტულმა იდეებმა და მათგან აღმოცენებულმა ფასეულობებმა კათოლიკურ სამყაროშიც შეაღწიეს, ოღონდ უკვე სეკულარიზებული სახით და ასე, „არაპირდაპირი“ გზით ბიძგი მისცეს მთელი ევროპული სამყაროს დემოკრატიულ განვითარებას.
პროტესტანტიზმის „გვირგვინად“ მაინც აშშ-ს, როგორც სახელმწიფოს, შექმნა უნდა ჩაითვალოს. სწორედ აშშ-ში, რომელიც პროტესტანტებისათვის ერთგვარ „აღთქმულ ქვეყანად“ იქცა, მიეცა ყველაზე ფართო ასპარეზი პროტესტანტული იდეოლოგიის რეალიზაციას, როგორც რელიგიურ, ისე საზოგადოებრივ სფეროებში. იქ, ევროპისაგან, ამ კომპლექსებითა და ტრადიციებით დატვირთული სამყაროსაგან შორს, გახდა შესაძლებელი, ჩამოყალიბებულიყო ჯერ პრინციპულად ახალი, პროტესტანტული მსოფლმხედველობის მქონე საზოგადოება, შემდგომ კი - კაცობრიობის ისტორიაში პირველად - ჩამოყალიბდა სახელმწიფო, რომლის შექმნისა და არსებობის მიზნები ღიად იყო დეკლარირებული და ეს მიზნები პროტესტანტული სწავლებიდან გამომდინარე ფასეულობებზე იყო დაფუძნებული. ევროპისაგან განსხვავებით, აშშ დღემდე რჩება უაღრესად რელიგიურ სახელმწიფოდ, რომელშიც რელიგიას უზარმაზარი გავლენა აქვს არა მარტო თითოეული ინდივიდის ცხოვრებაზე, არამედ საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროზე. ამაზე მეტყველებს ზოგიერთი სტატისტიკური მაჩვენებელი: გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ აშშ-ში რელიგიურ რიტუალებს კვირაში ერთხელ მაინც ესწრება გამოკითხულთა 46% (საფრანგეთში - 8%, დანიაში - 3%, ესპანეთში - 26%, საქართველოში - 6%). ამერიკელების 90%-ზე მეტი მორწმუნეა, ხოლო გამოკითხულთა 65%-ზე მეტმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტობის ათეისტ კანდიდატს არჩევნებში ხმას არ მისცემდა. ამერიკული საზოგადოების რელიგიურობამ და მისგან შექმნილმა დემოკრატიულმა ფასეულობებმა განაპირობა ის, რომ ამ ქვეყანამ განვითარების საკუთარ გზაზე თავიდან აიცილა ცივილიზაციისათვის მომაკვდინებელი სხვადასხვა ევროპული „სენი“ - ათეიზმი, კომუნიზმი, ფაშიზმი, ნაციზმი და შეძლო, თავის თავში დაეძლია ისეთი მახინჯი მოვლენა, როგორიც იყო რასიზმი. არ შეიძლება, არ აღინიშნოს აგრეთვე, რომ ამ ქვეყანას არასოდეს უცდია, დაეპყრო სხვა ქვეყნები, ის პრინციპულად უპირისპირდებოდა ევროპული სახელმწიფოების იმპერიულ პოლიტიკას („ატლანტიკის ქარტია“) და უზარმაზარი როლი შეასრულა მსოფლიო კოლონიალური სისტემის ნგრევაში.
![]() |
8.2 §2.ეროვნული და საზოგადოებრივი ცნობიერების ჩამოყალიბების თავისებურებები საქართველოში |
▲ზევით დაბრუნება |
„აჰა, ერთი კიდევ ახალი წელიწადი!.. რა მოვულოცოთ ჩვენს თავს, ქართველნო? რა გვაქვს დღეს სასურველი, რომ დავიკვებოთ და შევირჩინოთ, რა გვაქვს ხვალ სანატრელი, რომ ვინატროთ და მოვილოდინოთ? უკან მივიხედავთ ამ ახლო ხანებში და ისეთი არა გვრჩება რა, რომ თავი მოვიწონოთ, ან ნანვითა ვთქვათ: „ჰოი, წამო სიხარულისაო, ესე სწრაფად სად წახვედი!“ წინ ვიყურებით და ხვალინდელის ნისლში იმისთანა არა მოსჩანს რა, რომ გული გულის ადგილსავე დაგვირჩეს, ან ნატვრით ვთქვათ: „მოვედინ, დღეო სიხარულისაო!...“ რა გითხრათ? რით გაგახაროთ?
ნუთუ ისევ ძველებურადვე თავი უნდა დაგიკრათ და მოგახსენოთ: „შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი...“ სულ წყალობა ღვთისა და წყალობა ღვთისა, ერთხელ ჩვენ თითონაც თითი გავძრათ, ერთხელ ჩვენ თითონაც მივდგეთ-მოვდგეთ. წყალობა ღვთისა კარგია, მაგრამ რა ქმნას მარტო წყალობამ, თუ ღვთის მიერ ნაწყალობევს თითონ ადამიანი არა ჰრწყავს, არა სხლავს, არა ჰფურჩქნის, არ უვლის, არ ჰპატრონობს. ღმერთმა, რაც წყალობა იყო, უკვე მოიღო ჩვენზე, დანარჩენი თქვენ იცით და თქვენმა კაცობამაო. რა კაცობა გამოვიჩინეთ? რა გითხრათ? რით გაგახაროთ?...
ტყე-მინდორი, მთა-ბარი, მიწა-წყალი, ჰავა-ჰაერი იმისთანა გვაქვს, რომ რა გინდა სულო და გულო, არ მოიხვეჭო, არ იშოვო, არ გამოიყენო. აქ, ჩიტის რძეს რომ იტყვიან, ისიც იშოვება, ოღონდ ხელი გასძარ, გაისარჯე, იმხნევე, მუცელსა და გულთათქმას ბატონად ნუ გაიხდი. იცოდე, დღეს მძლეთა მძლეა გარჯა, შრომა და ნაშრომის გაფრთხილება, შენახვა, პატრონობა, გამოზოგვა საჭიროებისამებრ და არა გაუმაძღარ სურვილისამებრ. ვართ-კი ასეთნი?... რა გითხრათ? რით გაგახაროთ?...
ხმლიანმა მტერმა ვერ დაგვათმობინა, ვერ წაგვართვა ჩვენი მიწა-წყალი, ჩვენი ქვეყანა. ხმლიანს მტერს გავუძელით, გადავრჩით. ქვეყანა და სახელი შევინახეთ. სახსენებელი არ ამოვიკვეთეთ, შევირჩინეთ, საქოლავი არავის ავაგებინეთ. ხმლით მოსეულმა ვერა დაგვაკლო-რა, - შრომით და გარჯით, ცოდნით და ხერხით მოსეული-კი თან გაგვიტანს, ფეხ-ქვეშიდამ მიწას გამოგვაცლის, სახელს გაგვიქრობს, გაგვიწყვეტს, სახსენებელი ქართველისა ამოიკვეთება, და ჩვენს მშვენიერს ქვეყანას, როგორც უპატრონო საყდარს, სხვანი დაეპატრონებიან. შრომასა და გარჯას, ცოდნასა და ხერხს ვერავინ-ღა გაუძლებს, თუ შრომა და გარჯა, ცოდნა და ხერხი წინ არ მივაგებეთ, წინ არ დავახვედრეთ, წინ არ დავუყენეთ. ვართ კი ყოველ ამისათვის მზად? ან გვეტყობა რაშიმე, რომ ყოველივე ეს ვიცით და ვემზადებით?... რა გითხრათ? რით გაგახაროთ?
ეხლაც ომია, ხოლო სისხლის ღვრისა-კი არა, ოფლის ღვრისა, ომი უსისხლო, მშვიდობიანი, წყნარი. ამ ომმა არც ბუკი იცის, არც ნაღარა. უბუკ-ნაღაროდ სთესავს, უბუკ-ნაღაროდ მკის. კოკისებურ, შხაპუნა ნიაღვარს-კი არა ჰგავს, რომ მთა და ბარი თან წაიღოს, მოარღვიოს, მოღაროს და მოგრაგნოს. „მდუმარე წვიმისაებრ ნაყოფის გამომცემელია“. არც რბევა იცის, არც ძარცვა. ეს მის ბუნებაში არ სწერია, თუ თითონ ადამიანმა გესლი ულმობელის სიხარბისა შიგ არ ჩააწვეთა, ბუნება არ მოუწამლა, არ მოუშხამა. ეს ომი შრომისაა, და ვითარცა შრომა - პატიოსანია, ნამუსიანია, და ისეთივე თავმოსაწონებელი, თავ-გამოსაჩენი, როგორც უწინ თოფისა და ხმლის ომი იყო. ვაჟკაცობა ამისთანა ომში ბევრით წინ არის სისხლის ომის ვაჟკაცობაზე. ვაჟკაც გულადზე მშრომელი სამი გაფრენით მეტიაო, - იტყოდა გლეხკაცი თავისებურად ზედგამოჭრით, თუ მართალს ათქმევინებთ. რა გლეხკაცი! თითონ დღევანდელი დღე ამას გვეუბნება, ამას ჰღაღადებს და ჩვენ გვესმის კი ეს ღაღადი? ვაი, რომ არა!.. მაშ, რა გითხრათ? რით გაგახაროთ?
არ ვიცით - რანი ვყოფილვართ, არ ვხედავთ - რანი ვართ, ვერ გამოგვისახია - რანი ვიქნებით! ყურებში ბამბა გვაქვს დაცული და თვალებზე ხელი აგვიფარებია. არც არაფერს ვხედავთ, არც არაფერი გვესმის. უზარმაზარი თხრილია ჩვენ, ქართველების, წინ და აინუნშიაც არ მოგვდის. ამ თხრილის პირას ვდგევართ და საკმაოა ხელი გვკრან - და შიგ გადავიჩეხებით დედა-ბუდიანად. ორბი, არწივიც კი ვეღარ გვიპოვის, ვეღარ დასწვდება ჩვენს ძვლებს, რომ გამოხრან, გამოსწიწკნონ, ისეთი ღრმაა ეს თხრილი, ისეთი უძირო. ვდგევართ და უღონოდა ვბზუით, „მე ვარ და ჩემი ნაბადიო“ და ამ ბზუილიდამ არა გამოდის-რა. იქნება იმიტომ, რომ ყველა ბუზი კი ბზუის, ფუტკართან-კი ყველა ტყუის. ახალო წელიწადო, თუ რამ შეგიძლიან, თვალი აგვიხილე, ყურებიდამ ბამბა გამოგვაცალე, ფუტკრისაგან გვასწავლე დროთა შესაფერი სამამაცონი ზნენია, რომ ჩვენმა შემდეგმა მაინც აღარა სთქვას: რა გითხრათ? რით გაგახაროთ?..“ (1897 წლის 31 დეკემბერი).
ასე შეაჯამა XIX საუკუნე ილია ჭავჭავაძემ თავის წინასწარმეტყველურ სტატიაში „რა გითხრათ? რით გაგახაროთ?“. შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო არა იმდენად ქართული რეალობის, რამდენადაც ქართული ცნობიერების შეფასება, რომელიც ასე უსაშველოდ იყო ჩამორჩენილი დროის მოთხოვნებს.
ქართული ცნობიერების ჩამორჩენილობას, ცხადია, თავისი ხანგრძლივი ისტორია და ობიექტური მიზეზები ჰქონდა. ეს პროცესი ჯერ კიდევ საუკუნეების წინ დაიწყო, როდესაც საქართველომ ერთიანი სახელმწიფოებრიობა დაკარგა, ხოლო დაშლილი სამეფოს ადგილზე წარმოშობილი სამეფო-სამთავროები დაუსრულებელ და ხშირ შემთხვევაში წარუმატებელ ბრძოლებში ჩაერთვნენ არსებობის შენარჩუნებისათვის. საქართველო დიდი ხნით მოსწყდა მსოფლიო ცივილიზაციას. შესაბამისად ამ პერიოდის განმავლობაში მას არ გაუვლია პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, ინტელექტუალური, კულტურული და, რაც მთავარია, მენტალური განვითარების ის სტადიები, რომლებიც ცივილურმა სამყარომ გაიარა. საქართველო, როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით, ისტორიის მიღმა აღმოჩნდა და რამდენიმე საუკუნით „გაჩერდა დროში“. მისი ისტორია პრაქტიკულად ერთი და იმავე ფაქტებისა და მოვლენების უსასრულო გამეორებამდე დავიდა, ანუ ისტორია იქცა ფაქტების გროვად და არა პროცესად. მაგალითისათვის საკმარისია, გავიხსენოთ თემურ ლენგის შემოსევები, რომლებიც, როგორც წესი, ყოველწლიურად მეორდებოდა რვა წლის განმავლობაში და ქართველებიც გაუთავებელად ან ვერ იგერიებდნენ, ან მეტ-ნაკლები წარმატებით იგერიებდნენ ამ შემოსევებს. სიმბოლურად დაახლოებით ასე შეიძლება გამოვხატოთ საქართველოს ხუთსაუკუნოვანი ისტორია XIV ს.-დან XIX საუკუნემდე. ასეთ „ისტორიას“, ძნელია, მოუძებნო საზრისი, ძნელია, შეაფასო, დასკვნები გამოიტანო, სამომავლო პერსპექტივები დასახო. ის შეიძლება მხოლოდ აღწერო და სრულიად არაისტორიული შინაარსის მქონე სახელი - უბედურება დაარქვა. ამ უბედურების ფონზე კი განუხრელად მიმდინარეობდა ქართული ცნობიერების არა მარტო ჩამორჩენა, არამედ მისი ნგრევა.
XVIII ს.-ის მეორე ნახევარში ყოველივე ამის შეფასება პირველად დავით გურამიშვილმა სცადა. იგი თავის „დავითიანში“ უზარმაზარი გულისტკივილით წერდა: „ქართლის ჭირსა ვერვინ მოსთვლის, თუ არ ბრძენი ენამჭევრი!“. ნიშანდობლივია, რომ გურამიშვილი, ერთი მხრივ, თავად იყო ამ ტრაგიკული მოვლენების მონაწილე და „შიგნიდანაც“ კარგად იცნობდა მათ, მეორე მხრივ კი, ბედუკუღმართი ცხოვრების მიერ სამშობლოს მოწყვეტილს, შეეძლო, „გარედან დამკვირვებლის“ თვალითაც გაეანალიზებინა ისინი. იგი ამ მოვლენების არა მარტო შეფასებას, არამედ აღწერასაც კი ურთულეს ამოცანად თვლიდა. საქმე ის არის, რომ საქართველოს ტრაგედიად იგი მხოლოდ ფაქტობრივ, რეალურ უბედურებებს კი არ აღიქვამდა, არამედ ქართული ცნობიერების დეგრადაციასაც. მისი აზრით, უბრალოდ ნათელი, საღი გონებით ამ ტრაგედიის წვდომა და გადმოცემა შეუძლებელია, ამისათვის საჭიროა, იყო ბრძენი, იდუმალთმეტყველი, რომელიც ფაქტებისა და მოვლენების მიღმა განჭვრეტს და ეძიებს ჭეშმარიტებას. მხოლოდ ასეთ ბრძენს ხელეწიფებოდა, უბედურებათა უსასრულო „გორგალში“ ეპოვა „ძაფის წვერი“ და ისე „გამოეწია“, რომ ისინი მასზე მძივებივით თანმიმდევრობით ასხმულიყო და შესაძლებელი გამხდარიყო მათი მთლიანობაში დანახვა. მაგრამ დავით გურამიშვილის აზრით, ასეთი სიბრძნეც კი არ იყო საკმარისი ქართული ტრაგედიის სრულად გადმოსაცემად. ეს ბრძენი ამავე დროს ენამჭევრი, ანუ პოეტური, ხატოვანი აზროვნების ადამიანი უნდა ყოფილიყო, ვინაიდან სიტყვას, რომელიც არა მარტო გადმოცემის, არამედ შეცნობის ინსტრუმენტიცაა, ჩვეულებრივი, მარტივი, საგნობრივი, კონკრეტული მნიშვნელობებით არ შეეძლო არათუ ამ „გორგალში“ შეღწევა, არამედ უბრალოდ მისი აღწერაც კი.
ეს უთავბოლო და უაზრო ტრაგიკული პროცესი არ შეიძლებოდა უსასრულოდ გაგრძელებულიყო და მაშინ, როდესაც დასავლურ სამყაროში ისტორიული განვითარების თვისებრივად სრულიად ახალი ეტაპი დაიწყო, როდესაც ევროპასა და ამერიკაში საფუძველი ჩაეყარა ახალ, დემოკრატიულ სახელმწიფოებს, საქართველო XIX საუკუნეს შეეგება პატრიარქალური ყოფით, შუასაუკუნეობრივი ფეოდალური ურთიერთობებით, ჩამორჩენილი და დეგრადირებული ცნობიერებით და თავისი სახელმწიფოებრიობის „ნარჩენები“ დასავლური სამყაროსაგან სრულიად განსხვავებულ, თითქმის ისეთსავე პატრიარქალურ, ჩამორჩენილ და დეგრადირებულ რუსეთს გადააბარა.
რუსეთთან შეერთებით დაიწყო ქართული ცნობიერების რღვევის ახალი ეტაპი. ამ მოვლენას რამდენიმე დამღუპველი შედეგი მოჰყვა: ერთი - ტრადიციული, რომელიც ჩვეულებრივ ყოველ დაპყრობილ და საკუთარი თავის მართვას ჩამოცილებულ ხალხში გვაქვს ხოლმე. აქ იგულისხმება სახელმწიფოებრივ-ეროვნული ცნობიერების დაქვეითება, სამოქალაქო ცნობიერების რღვევა, მონური ცნობიერების ჩამოყალიბება და ახალ რელობასთან შეგუებასა და მორგებასთან დაკავშირებული სხვადასხვა მანკიერი თვისებების გამომუშავება.
მეორე შედეგი უკვე უშუალო კავშირშია რუსეთის იმპერიის თავისებურებებთან. რუსეთის იმპერია არ იყო კლასიკური ტიპისა, როგორიც, მაგალითად, ბრიტანეთის იმპერია - პროგრესული, მოწესრიგებული, დროის მოთხოვნების შესატყვისი, რაციონალური, ცვალებად რეალობაზე ადეკვატურად მორეაგირე, კოლონიებშიც კი სრულიად გარკვეული პოლიტიკური და ეკონომიკური პოლიტიკის გამტარებელი, თავისებურად პატიოსანი ბიუროკრატიული აპარატის მქონე და ა.შ. ყოველივე ამის საპირისპიროდ, რუსეთის იმპერია ნახევრად ცივილიზებული და ირაციონალური ტიპისა იყო - ურთიერთგამომრიცხავი ფასეულობებითა და ტრაგიკული წინააღმდეგობებით თავის თავში, თავადვე მონური ფსიქოლოგიის მატარებელი, კორუმპირებული ადმინისტრაციულ-ბიუროკრატული სისტემით, რომელთან ურთიერთობა სრულიად თავისებურად აისახებოდა დაპყრობილი ერების მენტალიტეტში და კიდევ უფრო ტრაგიკულსა და ბუნდოვანს ხდიდა მათ სამომავლო პერსპექტივას.
რუსეთთან შეერთების მესამე და, შესაძლოა, ყველაზე მძიმე შედეგი იყო სრული გამოუვალობისა და უპერსპექტივობის განცდა, რომელიც განსაკუთრებულად მტკივნეულად აღიქმებოდა გარკვეული სახელმწიფოებრივი ისტორიის მქონე ერების, მათ შორის ქართველების, მიერ ამ უზარმაზარ იმპერიასთან მიმართებაში. ქართველებისათვის ეს სრულიად ახალი, უჩვეულო განცდა იყო, რომლის მსგავსი მათ წინა ისტორიაში არ ჰქონიათ. მანამდე ქართული სახელმწიფოები თვით ყველაზე დრამატულ სიტუაციებშიც კი არ აღიქვამდნენ საკუთარ თავს დამონებულებად და ერიც ცნობიერებაში ყოველთვის ინარჩუნებდა თავის დახსნის იმედს. წინა ხუთსაუკუნოვანი ისტორია სავსე იყო ამგვარი იმედების რეალიზაციის განუწყვეტელი მცდელობებით. ყოველი ახალი მარცხი აღიქმებოდა, როგორც დროებითი და შესაბამისად, ეროვნული ცნობიერებაც ამ პერსპექტივაზე იყო მიბმული. ასეთი ცნობიერება მუდმივად შესაბამის მზაობასაც გულისხმობდა და შედეგად ქართველთა ეროვნული ცნობიერება გარკვეული მინიმალური დოზით მაინც ინარჩუნებდა სიჯანსაღეს და მომავალზე ორიენტაციას. რუსეთთან შეერთებას მოჰყვა ქართული სამეფო-სამთავროების გაუქმება, რაც, ფაქტობრივად, ჩვენი ისტორიისათვის სრულიად ახალი რეალობა იყო. იმ დროისათვის ქართველებში სახელმწიფოებრიობა, რეალურადაც და ერის ცნობიერებაშიც, გაიგივებული იყო სამეფოსთან და მეფესთან. ამიტომ, ერთი მხრივ, სამეფო-სამთავროების გაუქმებამ შეასუსტა სახელმწიფოებრიობის განცდა ქართულ საზოგადოებაში, მეორე მხრივ კი, ამ უზარმაზარი იმპერიის „თავისებურებებთან“ უშუალო შეხებამ ნათელი გახადა სიტუაციის გამოუვალობა და გააჩინა „აღსასრულის“ განცდა. ყველაფერი ეს 1832 წლის „კარიკატურული“ აჯანყების მარცხმაც გააძლიერა („გამოუვალობისა და აღსასრულის“ ეს განცდა მტკივნეულად აისახა ქართველი რომანტიკოსების შემოქმედებაში). დაიკარგა საერთო ღირებულებები, მიზანი, პასუხისმგებლობა ისტორიის, საკუთარი არსებობის, მომავლის წინაშე. აღარაფერი დარჩა ისეთი, რაც ქმნის და კრავს საზოგადოებას, აყალიბებს ცნობიერებას. შესაბამისად, საზოგადოებამ დაიწყო დაშლა, ცნობიერებამ კი — დეგრადირება. დეგრადირების ეს მეორე ეტაპი გაცილებით მძიმე და სწრაფი აღმოჩნდა, ვიდრე პირველი (რუსეთთან შეერთებამდე). შედეგად სულ რამდენიმე ათეულ წელიწადში ჩამოყალიბდა მანკიერი ცნობიერება ასეთივე მანკიერი ცხოვრების წესით, რომელიც გარეგნულად მუქთახორობაში, პროვინციულ პატრიოტიზმში, მედროვეობაში, ყველაფრისადმი მომხმარებლურ დამოკიდებულებაში, თავკერძობაში, უპასუხისმგებლობაში, მცონარობაში, ფუქსავატობაში, ნიჰილიზმში, პრიმიტივიზმსა და სხვა მახინჯ თვისებებში ვლინდებოდა. სამწუხაროდ, ეს თვისებები განსაკუთრებით დამახასიათებელი გახდა ქართული არისტოკრატიისათვის.
რუსეთთან შეერთების მიზეზებისა დ მოსალოდნელი შედეგების სიღრმისეული ანალიზი პირველად ნიკოლოზ ბარათაშვილმა სცადა თავის ცნობილ პოემაში „ბედი ქართლისა“. ბარათაშვილის აზრით, ერეკლე საბედისწერო გადაწყვეტილებამდე მიიყვანა არა იმდენად რეალურმა მოვლენებმა, ვთქვათ, კრწანისის ომის წაგებამ და დედაქალაქის აოხრებამ, არამედ იმის გაცნობიერებამ, რომ ქვეყანას მოეშალა სახელმწიფოს არსებობისათვის აუცილებელი შინაგანი, სულიერი რესურსები. ღალატი ერეკლემ აღიქვა არა როგორც რაღაც ერთჯერადი აქტი, არამედ როგორც ავისმომასწავებელი ნიშანი ერის საბოლოო ზნეობრივი გადაგვარებისა და დაკნინებისა. სახელმწიფომ შინაგანად შეწყვიტა არსებობა. ამიტომ სახელმწიფოებრიობის რეალურად დაკარგვა მხოლოდ დროის საკითხი იყო: „ნუ დაივიწყებ მაგრამ ჩემს სიტყვას, რომ დღეს იქნება, თუ ხვალ იქნება, ქართლსა დაიცავს რუსთ ხელმწიფება“, — ამბობს ერეკლე. იმის მიუხედავად, რომ ერეკლეს კარგად ესმოდა, რა საშიშროება ელოდა ქვეყანას, ერს და ქართულ ცნობიერებას რუსეთთან შეერთებით, მან მაინც ეს გადაწყვეტილება მიიღო. შეიძლება ითქვას, რომ ბარათაშვილს ამ პოემაში ერეკლე დახასიათებული ჰყავს, როგორც სწორედ ის გურამიშვილისეული ბრძენი, იდუმალთმეტყველი, რომელიც მოვლენებს იქით ჭვრეტდა სინამდვილეს. ბარათაშვილის ერეკლე გარკვეულად ბიბლიურ მოსესაც გვაგონებს, რომელიც ღმერთის ნებას სწვდება და მისი კარნახით მოქმედებს. პოემაში ამას ადასტურებს როგორც ერეკლეს ოპონენტის, სოლომონ ლიონიძის სიტყვები: „მაგრამ ვინ იცის! იგი იქნება უკეთ ფიქრობდეს, რაც გვეჭირება? ბევრჯერ ღვთიურსა ზრუნვასა მეფის გონება ყმათა ვერა მიხვდების“, ისე პოემის ფინალური სტრიქონი: „დიდი ხანია, გულს ირაკლისა გარდუწყვეტია ბედი ქართლისა“. ბარათაშვილის ეს ფრაზა აშკარად მიგვანიშნებს იმაზე, რომ საქართველოს რუსეთთან შეერთებას იგი ღვთიურ განაჩენად მიიჩნევდა. „ირაკლის გულში“ კი ღმერთის ნებაა გაცხადებული. ეს განაჩენი პოეტისათვის ერთდროულად იყო ხსნა გამოუვალი მდგომარეობიდან, სასჯელი ცოდვებისათვის, განწმენდის გზა და შემდგომი აღორძინების იმედი.
ამ პოემაში კიდევ ერთი საინტერესო დეტალი იქცევს ყურადღებას: მეფესთან უშედეგო კამათის შემდეგ მარტოდ დარჩენილი სოლომონ ლიონიძე აზრობრივად „აგრძელებს“ მასთან კამათს: „მადლობა, ღმერთო, შენსა განგებას! ერთს კაცს მომადლებ ყოვლთა უფლებას და მისს ერთს სიტყვას მონებენ ერნი, განურჩეველად სულელენი, ბრძენნი, და იგი მათს ბედს ისე განაგებს, ვითა ამღერდეს იგი კამათლებს! მაგრამ შენ, მეფევ, ვინ მოგცა ნება, სხვას განუბოძო შენთ ყმათ ცხოვრება, მისდევდე შენსა გულის კვეთებას და უთრგუნვიდე თავისუფლებას“. ეს ციტატა მრავლისმეტყველია და გვიჩვენებს, რომ ახალი, დასავლური (დემოკრატიული, რესპუბლიკური) იდეები ძნელად, დაგვიანებით, მაგრამ მაინც აღწევდა საქართველომდე და თუ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის არა, მისი გამორჩეული, განსაკუთრებული სულიერი და ინტელექტუალური შესაძლებლობების მქონე წარმომადგენლების ცნობიერებაში მაინც აისახებოდა. ნიშანდობლივია, რომ 1832 წლის შეთქმულების პოლიტიკური მანიფესტი „აქტი გონიური“ სწორედ რესპუბლიკური იდეების მატარებელი იყო.
საბოლოოდ უნდა აღინიშნოს, რომ ბარათაშვილმაც კი, ამ ღრმა ფილოსოფიური აზროვნებით დაჯილდოებულმა ადამიანმა, „ბრძენმა მჭევრმეტყველმა“, ვერ შეძლო, ბოლომდე გაეცნობიერებინა რუსეთთან შეერთებით გამოწვეული ტრაგედიის საბედისწერო შედეგები, ქართული ცნობიერების რღვევის დონე. სამწუხაროდ, იგი იმ ასაკში გარდაიცვალა, როდესაც ადამიანი მხოლოდ მწიფდება ასეთი სერიოზული ამოცანებისათვის (ესეც, ალბათ, ჩვენი ბედი იყო). ამ ამოცანის შესასრულებლად საჭირო იყო სრულიად განსაკუთრებული და ახლებური ხედვა და განათლების სხვა მასშტაბები.
შემდეგ ასეთ „ბრძენ მჭევრმეტყველად“ საქართველოს ილია ჭავჭავაძე მოევლინა. იმ დროისათვის, როდესაც ის სამოღვაწეო ასპარეზზე გამოვიდა, საქართველო, როგორც ასეთი, ფაქტობრივად, აღარც „არსებობდა“. ეს იყო, უბრალოდ, დასახლებული ტერიტორია. ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას თავად ილია ასეთი სიტყვებით გამოხატავდა: „არსაიდან ხმა, არსით ძახილი, მშობელი შობილს არრას მეტყოდა...“ („ელეგია“).
ილია ჭავჭავაძეს და მის თანამოაზრეებს ფაქტობრივად ნულიდან მოუხდათ ქართული საზოგადოებრივი ცნობიერების შექმნა. საწყისი ნაბიჯი ამ საქმეში იყო მდგომარეობის „გასიგრძეგანება“ და მის მიმართ საზოგადოებაში პოზიტიური კრიტიკული დამოკიდებულების გამომუშავება. ძირითადად ამისკენ იყო მიმართული ილია ჭავჭავაძის, როგორც მხატვრული შემოქმედება, ისე პუბლიცისტური წერილები. ილიას მახვილი თვალი და რეალობის ღრმა აღქმა მის პირველსავე მხატვრულ-პუბლიცისტურ ნაწარმოებში, „მგზავრის წერილებში“, გამოიკვეთა. ამჟამად ამ ნაწარმოების მხოლოდ ორ დეტალზე გავამახვილებთ ყურადღებას. პირველი ავტორისა და რუსი ოფიცრის საუბარია, რომლის დროსაც რუსი ოფიცერი საქართველოში ცივილიზაციის „შესაფასებლად“ ინტერესდება, რამდენი გენერალია ამ ქვეყანაში. ილიას პასუხით, რომ საქართველოში ოცზე მეტი გენერალია, ოფიცერი გაკვირვებული რჩება საქართველოს „ცივილიზებულობით“ და ქებას უძღვნის რუსეთის ხელისუფლებას, რომელმაც მოკლე დროში „ამხელა ცივილიზაცია“ შეიტანა ბნელ ქვეყანაში. ილია ჭავჭავაძე ამ ეპიზოდში დასცინის არა მარტო რუსეთს, რომლისთვისაც დღესაც კი ცივილიზაციის დონე ტანკების, ავტომატებისა და ყუმბარების რიცხვით იზომება, არამედ ქართულ საზოგადოებასაც, რადგან იმ დროისათვის, როცა რუსეთის იმპერიის ინტერესებს ოცამდე ქართველი გენერალი ემსახურებოდა, მათ სამშობლოში სანთლით საძებარი იყო თუნდაც იმდენივე ინჟინერი, აგრონომი, იურისტი, ეკონომისტი, რომლებიც თავიანთი სამსახურებრივი სპეციფიკიდან გამომდინარე, თავისდაუნებურად მაინც მოემსახურებოდნენ ქვეყანას. აქედანაც უკვე მკაფიოდ ჩანდა, თუ როგორ მიიღო ქართულმა საზოგადოებამ დამპყრობლის მიერ შემოთავაზებული თამაშის წესები. ქართული ელიტა თავისი ქვეყნის მშენებლობის ნაცვლად იმპერიის გაძლიერებას ემსახურებოდა და კიდევ უფრო გამოუვალს ხდიდა ისედაც უპერსპექტივო მდგომარეობას. ამ მხრივ ნიშანდობლივია XIX საუკუნის II ნახევარში მომხდარი ერთი ფაქტი: საქართველოში რუსეთის იმპერატორი უნდა ჩამოსულიყო და ქართული საზოგადოების წარმომადგენლები აპირებდნენ, მისთვის ან უნივერსიტეტის დაარსება ეთხოვათ, ან - სამხედრო სასწავლებლისა. საზოგადოების მნიშვნელოვანმა ნაწილმა სწორედ სამხედრო სასწავლებლის დაარსებას დაუჭირა მხარი.
„მგზავრის წერილების“ მეორე ეპიზოდი ეხება ავტორისა და ლელთ ღუნიას საუბარს, რომელშიც ავტორის არგუმენტზე, რომ რუსეთმა საქართველოს მშვიდობა მოუტანა, ლელთ ღუნია (სინამდვილეში ილია) პასუხობს, „ცარიალ მშვიდაბა მიწაჩიც გვეყოფისო“. აქ გამიზნულად არის ნახმარი სიტყვები „ცარიალ მშვიდაბა“, რადგან ტრადიციულად მშვიდობა დაკავშირებულია აღმშენებლობასთან, ქვეყნის აყვავებასთან, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებასთან და სხვა მატერიალურ თუ სულიერ სიკეთეებთან, რუსეთთან ურთიერთობამ კი საქართველოს სწორედ „ცარიელი მშვიდობა“ მოუტანა ყველა თანმხლები სიკეთის გარეშე. პირიქით, ამ მშვიდობიანობის დროს ქართველი ხალხის სულიერმა დეგრადაციამ ისეთ მასშტაბს მიაღწია, რომლის მსგავსიც იმ ძველი ძნელბედობის პერიოდშიც კი არ განუცდია.
ილია ჭავჭავაძე და მისი თანამოაზრეები ბევრი სხვადასხვა მიმართულებით ეწეოდნენ ქართული საზოგადოების შენებას. ილიამ იმთავითვე გააცნობიერა, რომ ქართული ცნობიერების დეგრადაციის ერთ-ერთი ხელშემწყობი მიზეზი ერის ისტორიული მეხსიერების მოშლაა. მისი აზრით, „დროთა კავშირის წყვეტა“ (შექსპირი, „ჰამლეტი“) უნივერსალურ ბოროტებაა, რომლის გადალახვის გარეშე ქვეყნის სამომავლო არსებობა წარმოუდგენელია. ის, თუ რამდენად ღრმად და არატრადიციული კუთხით ხედავდა ილია ჭავჭავაძე ისტორიის მნიშვნელობას ქვეყნისათვის, კარგად ჩანს მის შესანიშნავ პუბლიცისტურ წერილში „ერი და ისტორია“: „ჩვენ არა ერთხელ გვითქვამს, რომ ერის პირქვე დამხობა, გათახსირება, გაწყალება იქიდამ დაიწყება, როცა იგი თავისს ისტორიას ივიწყებს, როცა მას ხსოვნა ეკარგება თავისის წარსულისა, თავისის ყოფილის ცხოვრებისა. დავიწყება ისტორიისა, თავისის წარსულისა და ყოფილის ცხოვრების აღმოფხვრა ხსოვნისაგან - მომასწავებელია ერის სულით და ხორცით მოშლისა, დარღვევისა და მთლად წაწყმედისაცა. წარსული - მკვიდრი საძირკველია აწმყოსი, როგორც აწმყო - მომავლისა. ეს სამი სხვადასხვა ხანა, სხვადასხვა ჟამი ერის ცხოვრებისა ისეა ერთმანეთზედ გადაბმული, რომ ერთი უმეოროდ წარმოუდგენელი, გაუგებარი და გამოუცნობია. ამიტომაც არის ნათქვამი ერთის ბრძნისაგან, რომ აწმყო, შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მერმისისაო. ეს სამთა ჟამთა ერთმანეთზედ დამოკიდებულება კანონია ისეთივე შეურყეველი და გარდუვალი, როგორც ყოველივე ბუნებური კანონი...
შვილმა უნდა იცოდეს, სად და რაზედ გაჩერდა მამა, რომ იქიდამ დაიწყოს ცხოვრების უღელის წევა. შვილს უნდა გამორკვეული ჰქონდეს, რაში იყო მართალი და კარგი მისი მამა, რაში იყო შემცდარი, რა ავი მიიჩნია კეთილად, და რა კეთილი - ავად, რა უმართავდა ხელს, რა აბრკოლებდა, რისთვის ირჯებოდა და მხნეობდა, და რისთვის და რაში უქმობდა. უამისოდ თითონ შვილი, რაც გინდა მხნე და გამრჯელი იყოს, უხორთუმო სპილოს ეგვანება, დავით გურამიშვილისა არ იყოს, და ამ წუთისოფელში ვერას გახდება.
ჩვენ ერს ორი ათასი წელიწადი უცხოვრია ისტორიულის ცხოვრებით. ბევრი მაგარი და ბევრიც უვარგისი ქვა ჩაუდგია იმ საძირკველში, რომელზედაც დღეს ჩვენი აწმყოა დამყარებული მერმისის ამოსაგებად. რომ მართლა ესეა, ამის საბუთი თვალწინ გვაქვს. რა შეგვინახავდა ამ ერთ მუჭა ხალხს ამ ორიათას წელიწადს ამოდენა დაუძინებელ მტრებს შორის. რათ და როგორ შეგვარჩენდა ხარბობა უცხო თემთა ამ მშვენივრად შემკულს წალკოტსა, რომელსაც საქართველოს ეძახიან, თუ ჩვენს წარსულს ჩვენის ცხოვრების საძირკველში მაგარი ქვა არ ჩაედგა. ეს ერთის მხრით, მეორეს მხრით - რა ჩამოგვარჩენდა ასე უწყალოდ სხვა ქვეყნებსა ან განათლებასა, ან გამდიდრებაში, თუ ამისთანა ქვეყნის პატრონთა ცხოვრების საძირკველში მაგარ ქვასთან ერთად უვარგისი და ფხვნილი ქვაც არ ჩაეყოლებინა ჩვენს ისტორიას.
რომელია სიმაგრე ჩვენის ცხოვრებისა და რომელი სიფუყე და სისუსტე, ამას ხსნის და გვითარგმნის ხოლმე მარტო ისტორია, და თუ იგი დავივიწყეთ, მაშ დაგვივიწყნია ჩვენის ცხოვრების სათავეც, ჩვენის ცხოვრების ფესვი, ჩვენის ცხოვრების საძირკველი, და თუ ასეა - რაღაზედ უნდა დავამყაროთ ჩვენი აწმყო, ჩვენი მერმისი? არ არის არც ერთი მხარე ჩვენის ცხოვრებისა, როგორც სხვისაც, რომ რაიმე წარსულის ნაშთი ზედ არ შერჩენოდეს, ხოლო ამ ნაშთისა დღეს ჩვენ აღარა გაგვეგება რა, ვიმეორებ, იმიტომ, რომ დავიწყებული გვაქვს მისი ამხსნელი და გამმარტებელი ისტორია. ამიტომაც ჩვენ ბევრში უთავბოლობა გვეტყობა, არაფერი საქმე არ გვიხერხდება, აქეთ და იქით ვასკდებით თავს-ბრუ-დახვეულ კაცივით და ვერა გამოგვიტანია რა. ეს უქმად წარმავალი გარჯა ჩვენი, უქმად წარხდომილი მხნეობა და ცდა, ქანცს უწყვეტავს გამრჯელს და მის მაყურებელს ერს ხომ გული უტყდება, თავის-თავზე სასოება და იმედი ეკარგება, და აქედამ განა დიდი მანძილიღაა სრულად განადგურებამდე!“.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ილია ჭავჭავაძე ისტორიას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა. იგი თვლიდა, რომ ფაქტობრივი ისტორიის ხანგრძლივობას, რაგინდ დიდიც უნდა იყოს იგი, შინაგანი საზრისისა და ერთიანობის გარეშე არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ის ვერ გახდება „მშობელი მომავალისა“. ილიას აზრით, იმ ისტორიის გარეშე, რომელშიც არ ჩანს ღრმა შინაგანი და გარეგანი კანონზომიერებები და ერთიანობა, ეთნოსი ერად ვერ ჩამოყალიბდება. ერი და ეროვნული ცნობიერება მხოლოდ ასეთ ისტორიაში იქმნება, ილია კი ხედავდა, რომ ქართულ ცნობიერებას ამ ისტორიასთან კავშირი გაწყვეტილი ჰქონდა. საჭირო იყო ისტორიაში ხელმეორედ ჩაბმა, რომ ამით ისტორიას ერის სამომავლო პერსპექტივის განსაზღვრაში თავისი როლი ეთამაშა. ამასთან ერთად, ილია ჭავჭავაძე მეორე მიზანსაც ისახავდა, რომელსაც საფუძვლად ედო უკვე მისი პრაგმატული დამოკიდებულება ისტორიისადმი: ისტორიას, როგორც სარკეს, შეულამაზებლად უნდა დაენახვებინა ერისათვის თავისი სახე და დღევანდელი მდგომარეობა.
შემდეგი ამოცანა, რომელიც ილია ჭავჭავაძემ და მისმა თანამოაზრეებმა დაისახეს, იყო ქართული ენის რეფორმა. ენის რეფორმას, ილიას რწმენით, რამდენიმე მნიშვნელობა ჰქონდა: მთავარი იყო ერთიანი ქართული ენის შექმნა, რომელზედაც იმეტყველებდა ქვეყნის ყველა კუთხეში მცხოვრები ადამიანი და თავს საერთო ქართული სივრცის შემადგენელ ნაწილად იგრძნობდა. ეს კი, თავის მხრივ, ხელს შეუწყობდა ერთიანი ეროვნული ცნობიერების ჩამოყალიბებას; შემდეგი ამოცანა ენის დემოკრატიზაცია იყო. ილიამდელი ქართული სალიტერატურო ენა არქაული, ელიტარული და, ფაქტობრივად, ხალხისაგან მოწყვეტილი იყო. ცხადია, ასეთი ენა ვერც ქვეყნის ფიზიკური სხეულის გამთლიანების ბერკეტად გამოდგებოდა და ვერც ერთიანი ეროვნული ცნობიერებისა; გარდა ამისა, საჭირო იყო ენის დაახლოება ახალ რეალობასთან, რადგან არსებული ენა ამ რეალობას აღარ შეესატყვისებოდა. ის არ შეიძლებოდა ყოფილიყო თანამედროვე, ლიბერალური, დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული ქვეყნის ენა; დაბოლოს - ენის რეფორმის გარეშე წარმოუდგენელი იყო საყოველთაო განათლების ერთიანი სისტემის შექმნა. ილიას კი სწორედ საყოველთაო განათლება მიაჩნდა ქვეყნის აღმშენებლობისათვის აუცილებელ პირობად, ჩამორჩენილობის, სიბნელისა და უმეცრების ჭაობიდან თავის დაღწევის საშუალებად.
განუზომელია ილია ჭავჭავაძის დამსახურება ქართული საზოგადოების წინაშე, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენს დროშიც კი არ არის ეს ღვაწლი სწორად შეფასებული, რაც უკვე დღევანდელი საზოგადოებრივი ცნობიერების სავალალო მდგომარეობაზე მეტყველებს. რაოდენ პარადოქსულადაც უნდა მოგვეჩვენოს, ამ მხრივ პირველი ადგილი ილიას მაქებართა მრავალრიცხოვან არმიას ეკუთვნის. მათმა უმეტესმა ნაწილმა „მოახერხა“ და ილია ლამის მითოლოგიურ პერსონაჟად, „სამუზეუმო ექსპონატად“ აქცია და სამუდამოდ გამოკეტა პანთეონში. როგორც ერთმა ქართველმა ლიტერატორმა მოსწრებულად შენიშნა, საკმარისია, ილია კრიტიკულად მოიხსენიო და თანამედროვე ლუარსაბ თათქარიძეთა უზარმაზარი არმია ჩაქოლვას დაგიპირებს, ილიას როგორ შეეხეთო. ამის მერე კიდევ საკითხავია, სინამდვილეში ვინ მოკლა ილია. იმ საზოგადოებამ, რომელმაც მას ტყვია ესროლა, ამ აქტით გამოხატა ცუდი, მაგრამ ჯანსაღი დამოკიდებულება იმ კაცისადმი, რომელიც თავის დაუძინებელ მტრად მიაჩნდა. ხოლო დღევანდელმა საზოგადოებამ, რომელსაც, ცხადია, ნამდვილ ილიასთან თანაარსებობა არ შეუძლია, იმისათვის, რომ იგი „გაენეიტრალებინა“ და ნამდვილი სულიერი ცხოვრებიდან განედევნა, ღმერთად (უფრო სწორად, ხელშეუხებელ კერპად) გადააქცია. აქ უნებურად გვახსენდება ერთი ეპიზოდი ძველი რომის ისტორიიდან: როდესაც იმპერატორმა კარაკალამ ერთპიროვნული ძალაუფლების მოსაპოვებლად თავისი თანაიმპერატორი ძმა (გეტა) მოკლა, თანამზრახველების კითხვაზე, რომის ტრადიციის თანახმად, გამოეცხადებინათ თუ არა მოკლული იმპერატორი ღმერთად, ცინიკურად უპასუხა: „იყოს ღმერთი, ცოცხალი ნუ იქნება“. სწორედ ასევე ღმერთად გამოცხადებული ილიაც ვეღარ უშლის ხელს ამ საზოგადოებას, იცხოვროს იმ ცნობიერებით, რომელსაც გააფთრებით ებრძოდა იგი მთელი თავისი შეგნებული ცხოვრების განმავლობაში. ისე, მართლაც დეგრადირებული და გადაგვარებული ცნობიერება უნდა ჰქონდეს საზოგადოებას, რომ ილია ჭავჭავაძისაგან მითური ხატი შექმნას, ვინაიდან ძნელად წარმოსადგენია ადამიანი, რომელიც უფრო მყარად იდგა მიწაზე, რომელსაც უფრო ცოცხალი, საღი და კრიტიკული დამოკიდებულება ჰქონდა რეალობასთან და უფრო პრაგმატული იყო თავის მოღვაწეობაში, ვიდრე ილია.
ილიას მაქებართა მეორე ჯგუფად ე.წ. ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლები მოგვევლინენ. ისინი შეეცადნენ, თავიანთი ურაპატრიოტული, უფრო ნაცისტური, ვიდრე ნაციონალისტური, ტრაიბალისტური იდეები ილიას ეროვნული დროშისათვის მიებათ და, ჩვენდა საუბედუროდ, გამოუვიდათ კიდეც ეს. არადა, ილია დიამეტრულად საპირისპირო პოზიციაზე იდგა. მისთვის სრულიად უცხო და მიუღებელი იყო ეროვნული ყელყელაობა, პროვინციული პატრიოტიზმი, საკუთარი ერის ისტორიაში ფსევდომესიანისტური იდეების ძიება, უპატივცემულო დამოკიდებულება სხვა ერების მიმართ. იგი ჭეშმარიტი დემოკრატი იყო და ეროვნულ და სამოქალაქო ცნობიერებას ერთმანეთისაგან განცალკევებულად არც განიხილავდა. მისი ერთადერთი იდეალი ის იყო, რომ საქართველო თავისუფალი, ღია, სოციალურად სამართლიანი, დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული ქვეყანა გამხდარიყო და ცივილიზებული სამყაროს განუყოფელ ნაწილად ეგრძნო თავი.
არანაკლებ სცოდავენ ილიას მაგინებლებიც. თავიანთი ფსევდოლიბერალური და ფსევდოდემოკრატიული პოზიციებიდან ისინი ილიას ლამის ქართული ცნობიერების განვითარების დამამუხრუჭებელ ფენომენად მიიჩნევენ და გუშინდელ დღედ თვლიან. ილიას შემოქმედების მხატვრული ღირებულების კრიტიკით ისინი ნებსით თუ უნებლიეთ ზოგადადაც აკნინებენ მის მნიშვნელობას. უნდა ითქვას, რომ ილია ჭავჭავაძე ბევრად უფრო დემოკრატი და ლიბერალი იყო, ვიდრე მისი დღევანდელი ოპონენტები არიან. ტყუილად კი არ უწოდებდნენ თავის დროზე ილიას მისი რეტროგრადი მოწინააღმდეგენი „ბურთივით მრგვალ ლიბერალს“. თუ მის მხატვრულ შემოქმედებასა და, განსაკუთრებით, პუბლიცისტიკას, გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ დღეს ილია, ჩვენდა სამწუხაროდ, კიდევ უფრო აქტუალურია, ვიდრე თავის დროზე. დღესაც თითქმის ვერავინ ხედავს ჩვენს პრობლემებს ისე ზუსტად, ნათლად და ღრმად, როგორც ილია. აღარაფერს ვამბობთ მის პრაქტიკულ მოღვაწეობაზე, რომლის მსგავსის იმედიც კი არ ჩანს ჰორიზონტზე, და საერთოდ, თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ თუ დღეს გვაქვს ისტორია და თავს ქართველებად მივიჩნევთ, თუ გვაქვს ერთიანი ქართული ენა, ამ ენაზე ვლაპარაკობთ და ყოველივე ამის გამო, ავად თუ კარგად, გვაქვს ერთიანი ქართული ცნობიერება, ამაში ჩვენი ღვაწლი მინიმალურია და მადლობა ისევ და ისევ ილიას უნდა ვუთხრათ.
რაც შეეხება ილია ჭავჭავაძის მხატვრულ შემოქმედებას, მას არასოდეს დაუყენებია თავი დიდი მწერლების გვერდით და ყოველთვის აღიარებდა თავისივე ეპოქის წარმომადგენლების, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და ვაჟა-ფშაველას, გენიალურობას. უფრო მეტიც, ილია ჭავჭავაძე თავის შემოქმედებას საზოგადოებრივი მოღვაწეობის მხოლოდ ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილად თვლიდა. მისთვის მხატვრული შემოქმედება ქართული საზოგადოების შენებისათვის საჭირო ისეთივე „აგური“ იყო, როგორიც ქართული ბანკის შექმნა, წერა-კითხვის გავრცელებაზე ზრუნვა, ქართული ჟურნალ-გაზეთების დაარსება, ქართული თეატრის დაარსებაში მონაწილეობა, იდეოლოგიური ბრძოლა საქართველოს გაცნობიერებული თუ გაუცნობიერებელი მტრების წინააღმდეგ და, ვინ მოთვლის, კიდევ რა. ილია არ იყო ტრადიციული გაგებით შემოქმედი. ის საზოგადო მოღვაწე იყო, რომელიც სათქმელს პოეტურ ან პროზაულ სახეს მხოლოდ იმიტომ აძლევდა, რომ ამით ის უფრო გასაგები, ახლობელი და მტკივნეული გაეხადა მკითხველისათვის. ილიას მთელი შემოქმედების ზერელე გადახედვითაც კი ცხადი ხდება, რომ მისი თითოეული ლექსი, პოემა თუ მოთხრობა არის მსჯელობა ჩვენი საზოგადოების რომელიმე მნიშვნელოვან, მტკივნეულ პრობლემაზე და მისი გადაჭრის გზებზე. შეიძლება ასეც ითქვას, რომ ილია ჭავჭავაძის მთელი შემოქმედება ერთი მხატვრული პუბლიცისტიკაა.
ილია მარტო არ იყო ამ ძნელ გზაზე. მის გვერდით ერთიან ქართულ საქმეს აკეთებდნენ ისეთი გამოჩენილი მოღვაწეები, როგორებიც იყვნენ აკაკი წერეთელი, ვაჟა-ფშაველა, იაკობ გოგებაშვილი, ნიკო ნიკოლაძე, არჩილ ჯორჯაძე, დიმიტრი ბაქრაძე, იაკობ მანსვეტაშვილი, სერგეი მესხი და სხვები.
არ შეიძლება ორიოდე სიტყვით არ შევეხოთ ვაჟა-ფშაველას გამორჩეულ როლს ქართული ცნობიერების ჩამოყალიბებაში. იგი განსაკუთრებული მოვლენა იყო ქართულ სინამდვილეში და ილიასაგან განსხვავებით, უფრო მეტად თავისი შემოქმედებით ემსახურებოდა საზოგადოების შენების საქმეს. სწორედ მისი შემოქმედების უღრმეს ფენებში იშვა ის ზნეობრივი პრინციპები, ის ღირებულებები, რომლებიც საფუძვლად უნდა დასდებოდა ქართულ ცნობიერებას. ვაჟას ტრაგიკული გმირები ერთდროულად როგორც ეროვნული, ისე ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელნი არიან. ეს გმირები, განურჩევლად სქესისა, ეროვნებისა და რელიგიური კუთვნილებისა, ავლენენ კაცობრიობის არსებობისათვის აუცილებელ ისეთ თვისებებს, როგორიცაა ვაჟკაცობა და მასთან შერწყმული ღრმა შინაგანი სიფაქიზე, ნამდვილი ადამიანური ღირსება, რომელიც სხვისი ღირსების დაფასებით იწყება, ადამიანის სიყვარულის, თანაგრძნობისა და გაგების უნარი, ტოლერანტობა. ვაჟა-ფშაველას გმირები შინაგანად ენათესავებიან შოთა რუსთაველის იმ გმირებს, რომლებმაც თავის დროზე ქართული ცნობიერების არქეტიპები შექმნეს, მაგრამ სიმბოლურია, რომ, თუ შოთა რუსთაველის გმირები ცოცხლობენ და იმარჯვებენ, ვაჟას გმირები ხშირად მარცხდებიან და იღუპებიან. სწორედ ამაში ჩანს ვაჟას ეპოქის ტრაგიკული სინამდვილე და, რუსთაველის ეპოქისაგან განსხვავებით, საზოგადოებრივი ცნობიერების ისეთი დეგრადირება, რომლის წიაღშიც შოთა რუსთაველის გმირებს (იგივე ვაჟას გმირებს) აღარც გამარჯვება შეუძლიათ და აღარც სიცოცხლე.
რაც შეეხება ილია ჭავჭავაძის პერიოდში მოღვაწე სხვა პროგრესულად მოაზროვნე ადამიანებს, რომლებიც ზემოთ ჩამოვთვალეთ, ზოგი მათგანი თავისი შემოქმედებით ემსახურებოდა ქართული საზოგადოების მშენებლობასა და ქართული ცნობიერების გაჯანსაღებას, ზოგი კი - თავისი პრაქტიკული საქმიანობით, თუმცა მათ შორის არცთუ ბევრი იყო ისეთი, რომლებიც ისევე ცხადად და სწორად აფასებდნენ შექმნილ რეალობას და ქვეყნის წინსვლის შემაფერხებელ მიზეზებს, როგორც ილია.
ცნობილი ქართველი ეკონომისტი და საზოგადო მოღვაწე (შემდგომში ქართული უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი) ფილიპე გოგიჩაიშვილი თავის შესანიშნავ პუბლიცისტურ სტატიაში „ჩვენ და ცხოვრება“ იმდენად კარგად აყალიბებს ქვეყნის ეკონომიკური ჩამორჩენილობის განმაპირობებელ ეროვნული ცნობიერების ზოგიერთ ასპექტს, რომ კითხვისას შთაბეჭდილება გექმნებათ, თითქოს იგი ილია ჭავჭავაძის სტატიის („რა გითხრათ? რით გაგახაროთ?“) გაგრძელება იყოს. ვინაიდან ეს სტატია ფართო საზოგადოებისათვის, ალბათ, ნაკლებადაა ცნობილი, მიზანშეწონილად მივიჩნიეთ აქ მისი შედარებით ვრცელი ნაწყვეტის მოყვანა. ის, რაზეც ამ სტატიაშია ლაპარაკი, იმდენად აქტუალურია და იმდენად ცხადად ეხმიანება ჩვენს დღევანდელობას, რომ, ვფიქრობთ, მკითხველი დიდი ინტერესით გაეცნობა.
„მგონია, ამჟამად ყველა ჩვენგანი - ზოგი შეგნებულად, ზოგი გამოურკვევლად მაინც - გრძნობს, რომ ჩვენ, ქართველები, თანამედროვე ცხოვრებას როგორღაც დაშორებულნი ვართ, რომ ჩვენსა და ახლანდელ ცხოვრებას შორის, ნაცვლად ორგანული კავშირისა, რაღაც განხეთქილება, შეუგუებლობა და შეუწყობლობა არსებობს... ასეთი მდგომარეობა - დღეს მაინც - ისეთი ცხადი ფაქტია, ისე ადვილი დასანახია, რომ არა მგონია, რომ იგი ვინმეს კიდევ საეჭვოდ და საკამათოდ მიაჩნდეს. თვითონ ჩვენ ასე თუ ისე შეჩვეულნი ვართ ამ მდგომარეობას და ისე თვალში არ გვეცემა და არ გვეუცხოვება, როგორც გარეშეს, ჩვენი ცხოვრების ახლად გამცნობს უცხოელს. ამიტომაც ყველა უცხოელ სტუმარს, რომელთაც ამ ბოლო დროს ჩვენზე რამე დაუწერიათ, პირველად ეს ფაქტი აღუნიშნავთ ჩვენს შესახებ. მათ ნაწერებში თუმცა სიტყვა-სიტყვით არ არის ნათქვამი, მაგრამ აზრით კი პირდაპირ გამომდინარეობს შემდეგი მსჯავრი: „დღეს თქვენ სტუმრები ხართ თქვენს ქვეყანაში”- ო!
არ კმარა მარტო ჩივილი და არც მხოლოდ იმის აღნიშვნა, რომ ჩვენ ღარიბები ვართ: ჩვენი სიღარიბე უკვე ვიცით დიდი ხანია. და ქართველობის ეკონომიური საკითხის მთავარი მხარე ის კი არ არის, რომ ჩვენ ღარიბები ვართ, - ეს დღეს ყველასთვის ცხადია, - არამედ ის, თუ რატომ ვართ ღარიბები, - ღარიბები არა როგორც კერძო ადამიანები ან სოციალური კლასები, არამედ როგორც ხალხი, როგორც ეთნოგრაფიული ანუ ნაციონალური ერთეული, - როგორ უნდა დავაღწიოთ თავი ჩვენს საერთო ეკონომიურ სიბეჩავეს.
ჩვენს ეკონომიურ სისუსტეს მრავალგვარი მიზეზი და საფუძველი აქვს, მაგრამ თუ მათ სათითაოდ დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ თითქმის ყველა ამ კერძო მიზეზებს ერთი მთავარი, ფართო შინაარსისა და უფრო ზოგადი მნიშვნელობის გარემოება შეიცავს. ეს გარემოება არის შემდეგი: ქართველობა, თავის პრაქტიკულ საქმიანობითა და შინაგანი პსიხიკით, დღესაც ვერ შეწყობია და ვერ შეგუებია თანამედროვე მოქალაქეობრივ ანუ კაპიტალისტური ცხოვრების აზრსა და მოთხოვნილებას. წესი ჩვენი საქმიანობისა და ხასიათი პსიხიკისა იმგვარია, რომ სრულებით არ შეესაბამება კაპიტალისტურ დროის არც საქმიანობასა და არც პსიხიკას.
რაში გამოიხატება ის „ქართული“ ბუნება, აზრი-შეხედულება, ზნე-ჩვეულება, ხასიათი და ტემპერამენტი, რომელიც თანამედროვე ცხოვრებასთან შეწყობა-შეგუების საქმეში ხელს გვიშლის და გვაბრკოლებსო, — იკითხავს მკითხველი.
ჩვენის აზრით, ეს არის: 1) დროს ჩამორჩენილი საეკონომიო აზროვნება ქართველობისა, 2) „აზნაურული“ პსიხიკა, 3) პატრიარხალურ ჩვეულებათა ნაშთი.
განა ვინმეს შეუძლიან სთქვას, რომ ჩემი აზროვნება საეკონომიო საქმეებში შეეფერება ახლანდელ დროის აზრსა და მოთხოვნილებას? არა მგონია. ქართველის სამეურნეო აზროვნება უფრო საშუალო საუკუნეების წყობილებასთან არის შეთანხმებული, ვიდრე ახლანდელ აღებმიცემობისა და კაპიტალისტურ ანგარიშიანობის ხანასთან. ძველ დროში, რომელმაც ახლანდელსავით მერმისის საეკონომიო დარდი და ზრუნვა არ იცოდა, ყოველგვარ მოძრავ ქონების დანიშნულება ის იყო, რომ უნდა დახარჯულიყო, პატრონის მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად მოხმარებულიყო. როგორც გლეხი, ისე მემამულე მიწის მოსავალს უცქეროდა დასახარჯად და არა შესანახად, ხმარობდა ამას თავის სარჩოდ და არა აღებმიცემობის საშუალებად. არც ნაწარმოები და არც ფული მაშინ არ შეადგენდა აღებმიცემობის არც საგანს, არც საშუალებას. ერთიც და მეორეც საღსარი იყო მარტოოდენ პირად ან ოჯახურ მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად, - ჭამა-სმის და ჩაცმა-დახურვის საჭიროების გასაძღოლად, გადასახადის გასასტუმრებლად. ერთი წლის მოსავალი მეორე წლამდის უნდა კმარებულიყო და ამიტომაც მთელი იმ დროინდელი სამეურნეო ზრუნვა და ფიქრი ერთი წლის იქით აღარ მიდიოდა.
დღეს კი ძველი წყობილება და საეკონომიო ურთიერთობა ძირიანად შეცვლილი არის, მაგრამ ჩვენ მაინც ის ძველებური აზროვნება გვაქვს შენარჩუნებული. დღესაც ქართველის წარმოდგენით ქონების დანიშნულება ის არის, რომ დაიხარჯოს, „შეიჭამოს“, ადამიანს პირადი მოთხოვნილება დაუკმაყოფილოს. ამიტომაც ქართველი ფულს უცქერის არა როგორც კაპიტალს, არა როგორც აღებმიცემობის საშუალებას და ქონების გაზრდა-გადიდების საღსარს, არამედ როგორც დასახარჯ ქონებას.
საქმის კაცის ხელში ფული „ბარტყობს“, „იჩეკება“, იზრდება. ქართველის ჯიბიდან კი ფული იმიტომ ამოდის, რომ თავის დღეში იქ აღარ დაბრუნდეს ნაბარტყი და მომატებული. რათა? იმიტომ, რომ ქართველისათვის ფულს მარტოოდენ პირადი მოხმარების დანიშნულება აქვს. აღებმიცემობის ადამიანისთვის ფული იარაღია წარმოებაში დასატრიალებლად; ქართველისთვის კი იგივე ფული საქონელში მისაცემი ფასია თავის მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად. პირველს თავისთვის დასახარჯავად მიაჩნია მხოლოდ ნაწილი წმინდა შემოსავლისა, მეორისთვის კი მთელს შემოსავალსა და ხშირად მთელს ქონებასაც მხოლოდ დახარჯვის დანიშნულება აქვს.
პირველი მუდამ იმის ცდაშია, რომ წმინდა შემოსავლიდან დიდი ნაწილი გადაანარჩუნოს აღებმიცემობისა და, მაშასადამე, საბოლოოდ შემოსავლის უფრო გასადიდებლად. და ამ მის მისწრაფებას საზღვარი არა აქვს, ამ მისწრაფებით არის იგი გამსჭვალული მაშინაც, როცა მისი ქონება მილიონობით აღირიცხება; ქართველისთვის კი ყველა ეს გასაკვირია და ხშირად იგი ასე ამბობს მდიდარ კაცზე: „რად უნდა, - იმდენი აქვს, რომ თავის დღეში ვერ მოერევაო“, და ვერც იტყვის სხვანაირად, რადგან მას ქონება მართლა „მოსარევად“, შესაჭმელად აქვს წარმოდგენილი. ამიტომაც ქართველი თავს ჩინებულად გრნობს, სანამ ქონება სულ მთლად არ გამოელევა და არსებობა კიდევ შეუძლია. ეს იმის მომასწავებელია, რომ ქონება კიდევ „მორეული“ არაა.
და აბა მითხარით, - განა სრულიად ბუნებრივი მოვლენა არ არის, რომ ამგვარის შეხედულების ადამიანები ახლანდელ ცხოვრებაში ფეხს ვერ ვიკიდებთ და ნიადაგს ვერ ვიჭერთ?
ასევე აუცილებლად უნდა ვსცნათ ჩვენი ჩამორჩენა თანამედროვე ცხოვრებისაგან. თუ ქართველობისათვს დამახასიათებელ პსიხიკას გავითვალისწინებთ, ქართველობის სულიერი განწყობილება დღესაც კიდევ იმგვარ თვისების არის, რომ ხელს არ უწყობს ჩვენში სამეურნეო საქმიანობის აღორძინებას. ჩვენს ისტორიაში თავად-აზნაურობას დიდი როლი და მნიშვნელობა ჰქონდა. შეიძლება ითქვას, ისტორიაში არ არის მაგალითი, რომ ჩვენსავით პატარა ერს სადმე ისე განევითარებინოს და განემტკიცებიოს ფეოდალური წესწყობილება, როგორც ეს იყო ჩვენში. თავად-აზნაურობა იყო ხალხის წარჩინებული წოდება არა მარტო უფლებითა და ქონებით, არამედ განათლებითაც და კულტურითაც. იგი იყო მთელი ხალხისათვის მაგალითი და მისაბაძი ნიმუში როგორც კარგში, ისე ავშიაც. ამიტომაც ჩვენს ხალხში გავრცელებულია არა ერთი და ორი ასეთი ჩვეულება, რომელიც არსებითად მარტო თავად-აზნაურობის ისტორიულ მდგომარეობითა და ცხოვრებით არის წარმოშობილი და გამტკიცებული. ამგვარია, სხვათაშორის, ის შეხედულებაც, რომელიც დაბალ ღირსებისად სთვლის საზოგადოდ ფიზიკურ მუშაობას და პრაქტიკულ საქმიანობას. თავადაზნაურობა, რომელიც ისტორიაში მხედრობის როლს ასრულებდა და მტერთაგან სამშობლოს დაცვის საქმეს განაგებდა, სამეურნეო შრომას სრულიად მოსწყდა, გადაეჩვია და ამის გამო ის აზრი შეითვისა, რომ მუშაობა და საზოგადოდ „შავი საქმე“ მისი ღირსებისა და სისხლის შესაფერი მოქმედება არაა. და სწორედ იგივე შეხედულება გადავიდა მთელი ხალხის შემეცნებაშიაც; მშრომელ გლეხობის გონებაშიაც „დიდკაცობა“ და უმუშევრობა თანაბარ ცნებად გადაიქცა და ერთი უმეოროდ წარმოუდგენელი შეიქმნა.
ეს შეხედულება დღესაც ღრმად ზის ქართველის არსებაში, და თუმცა რეალური ნიადაგი დიდი ხანია მოისპო, სულიერ ბუნებაში შესისხლხორცებული იდეა მაინც კიდევ განაგრძობს არსებობას. ფრანგებს უთქვამთ რუსებზე: რუსს რომ ცოტა მოფხიკოთ, უეჭველად თათარი გამოჩნდებაო; ქართველს თუ „მოვფხეკთ“, შეიძლება თათარი არ გამოჩნდეს, მაგრამ აზნაური კი უეჭველად გამოჩნდება. ფიზიკურ გარჯისა და პრაქტიკულ შრომის შესახებ თუ ჰკითხეთ, ყოველი ქართველის სული ამოგძახებთ, რომ ეს მას ღირსეულ საქმედ არ მიაჩნია. ღირსეული საქმე ის არის, რომელსაც „დიდი კაცი“ ადგია, ხოლო მიწის მუშაობა, ხელობა, წარმოება და სხვა ამგვარი „შავი საქმე“ „დაბალ“ ხალხს აქვს ბედისაგან დაკისრებული. ამიტომაც არც ქართველ გლეხს, არც ხელოსანს, არც ვაჭარს არასდროს ფიქრად არ მოუვა, რომ თავის ხელობით იამაყოს და თავისი სამეურნეო საქმიანობა თავის მოქალაქეობრივ ღირსების საბუთად წამოაყენოს. საფრანგეთის ვაჭარი სადარბაზო ბარათებსაც კი აწერს, ბურჟუა ვარო, იქაური გლეხი ამაყობს თავის მიწის მესაკუთრეობით, ხოლო ჩვენში ყველა ამ ხალხს თითქო რცხვენიან თავისი ხელობის, თითქო ყველა ბოდიშს იხდის: „ნუ დაგვძრახავთ, რომ ბედმა წილად ასეთი მდარე საქმე გვარგუნაო“.
ადვილი გასაგებია, რომ იმ ხალხში, სადაც ასეთ სულიერ ვითარებას ადგილი აქვს, მიწის მუშაობა, ხელობა, ვაჭრობა და მრეწველობა ვერ იქნება მიჩნეული მისწრაფების ღირს ასპარეზად და აკი ვხედავთ, რომ ეს ჩვენში სწორედ ასეა: მთელ ქართველ ახალგაზრდობას ყოველკენ აქვს პირი მიქცეული, მხოლოდ არასდროს პრაქტიკული საქმიანობისა და დამოუკიდებელ სამეურნეო მოქმედებისაკენ. ამას არ სთვლიან ღირსეულ საქმედ მშობლები, და არ სწყალობენ შვილებიც.
ამგვარად, როგორც ხედავთ, ჩვენი სულიერი განწყობილებაც არ არის ხელის შემწყობი, წამქეზებელი და სურვილის აღმძვრელი, რომ ჩვენ თანამედროვე ცხოვრებას დავუახლოვდეთ და მის მოთხოვნილების მიხედვით რთულს სამეურნეო საქმიანობაში ჩავებათ.
მაგრამ რას ვამბობ, - არა თუ წაქეზება, პირიქით, მთელს ქართველობას ლოდად გვაწევს ერთი ისეთი ჩვეულება, რომელიც პირდაპირ დამჩლუნგებელი და შემბოჭველია კერძო თაოსნობისა და გამქარწყლებელი მოქმედების აღმძვრელ სამერმისო ზრუნვისა. ეს ის ჩვეულებაა, რომ ყოველ ქართველს ცხოვრებაში ვიღაცის იმედი აქვს. ეს გრძნობაც ძველი დროის გადმოცემულია, როცა პატრიარხალური წყობილება იყო და ერთმანეთის დახმარება (ნადობა, მამითადი, შეწევნა) და სტუმარ-მასპინძლობა დაურღვეველ მოვალეობად ითვლებოდა. მეოცე საუკენეშიც ქართველებს ეს გრძნობა მოგვყვება. რახან პატარა ხალხი ვართ და თითქმის ყველანი ერთმანეთს პირადად ვიცნობთ, თანაც ჩვენს სამშობლოს ფარგლებში ჯერ კიდევ ფეხი გვიდგია - თავს განმარტოებულად და თავის თავის ანაბრად აღარ ვგრძნობთ, - ყველას ნათესავისა, ნაცნობისა ან მეგობრის იმედი გვაქვს. თითოეული ქართველი, რომელიც თავის მერმისზე თვითონ არ ფიქრობს და არ ზრუნავს, იმედად ნათესავსა და მეზობელს იტოვებს.
ამ ქართულ „იმედიანობას“ ჩვენ ერთ-ერთ მთავარ დამაბრკოლებელ მიზეზად ვთვლით ჩვენი ეკონომიური წარმატებისათვის და ნურავის ნუ ეგონება, რომ ვითომ ამას გადაჭარბებით ვამბობდეთ. მიიხედ-მოიხედეთ გარშემო და დაინახავთ, რომ ეს „სხვისი შემაცქერლობა“ დღეს ქართველებში „უფლების“ ძალასაც კი იღებს. აუარებელი მაგალითია იმისა, რომ ჩვენი „მოიმედენი“ კი აღარ თხოულობენ დახმარებას, არამედ „მოითხოვენ“ თავიანთ უფლებას. ვინც, დიდი ბრძოლის შემდეგ, თავის ქონებას „მოერია“, „მოითხოვს“, რომ სხვამ სარჩო გაუჩინოს; ვინც შვილები გააჩინა, ხოლო მათთვის საღსრის მოპოვებაზე ზრუნვა სრულებით გადაივიწყა, „მოითხოვს“, რომ შვილები გაუზარდონ და ღირსეულ კარიერისთვის მოუმზადონ; ვინც სასწავლებელში იყო და ცხოვრებაში გამოსადეგი არაფერი უსწავლია, „მოითხოვს“, სამსახური აუჩინონ და დააბინავონ. მალე, ალბად, იმასაც „მოითხოვს“, რომ სახლი აუშენონ და ქირა არ გამოართვან.
და როგორ ჰფიქრობთ, - ის ადამიანი, რომელსაც სხვისი იმედი აქვს და გაჭირვების დროს ხსნას სხვისგან მოელის, განა ეცდება, თავისი სურვილები ალაგმოს, მერმისზე იზრუნოს და გაჭირვება საკუთარი მუყაითობითა და მომჭირნეობით თვითონ აიშოროს? არა მგონია, რომ ამ კითხვაზე ორგვარი პასუხი შეიძლებოდეს. და თუ ეს ასეა, - უეჭველია, აღნიშნული ჩვეულებაც თვალსაჩინო დამაბრკოლებელ გარემოებად უნდა ჩაითვალოს ჩვენი ეკონომიურ წინმსვლელობისათვის...
აი, ყველა ეს შეადგენს, ჩვენის აზრით, სათავეს ჩვენის უნიადაგობისას ახალი დროის საეკონომიო ასპარეზზე. ამ საფუძველზე არის აღმოცენებული ქართველობის დღევანდელი საზოგადოებრივი აზროვნება და მოქმედება, რომელსაც რეალურ ცხოვრებასთან კავშირი გაწყვეტილი აქვს“ („საქართველოს მოამბე“ 1909 წ.).
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ასეთი მოღვაწეები ჰყავდა, დეგრადირებული ეროვნული და სამოქალაქო ცნობიერების „რეანიმაცია“ არ მოხდა და ქვეყანაში ნიადაგი მზად აღმოჩნდა იმ დამღუპველი მოვლენებისათვის, რომლებიც მალე დატრიალდა. მართალია, ეს მოღვაწენი იმდროისათვის უკვე ამქვეყნად აღარ იყვნენ, მაგრამ, ალბათ, რომც ყოფილიყვნენ, ლუარსაბ თათქარიძეების, კვაჭი კვაჭანტირაძეების, ყვარყვარეების, ჯაყოებისა და თეიმურაზ ხევისთავების ქვეყანა პრაქტიკულად მაინც განწირული იქნებოდა.
არსებობს მოსაზრება, რომ ის, რაც საქართველოში მეოცე საუკუნის დასაწყისში დროის შედარებით მოკლე მონაკვეთში განვითარდა, გარდაუვალი იყო არა იმიტომ, რომ ქართული ეროვნული და სამოქალაქო ცნობიერება არ იყო მზად მათი თავიდან აცილებისათვის, არამედ იმიტომ, რომ ასეთ პატარა ქვეყანას არ შეეძლო წინააღმდეგობის გაწევა იმ გლობალური პროცესებისათვის, რომლებიც რუსეთის უზარმაზარი იმპერიის ტერიტორიაზე განვითარდა. საკითხის ასე დასმა პრინციპულად არასწორია. საქმე ის კი არ არის, რომ საქართველოში კომუნისტური იდეოლოგია დამკვიდრდა ან ის, რომ ქვეყანამ ვერ შეინარჩუნა რუსეთის იმპერიის ნგრევის გამო შემთხვევით მოპოვებული დამოუკიდებლობა. საქმე ისაა, თუ „რა ვაკეთეთ, რას ვშვრებოდით“ იმისათვის, რომ ეს მოვლენები თავიდან აგვეცილებინა. მაგალითად, რა გავაკეთეთ იმისათვის, რომ ევროპიდან რუსეთის გავლით შემოჭრილი და კიდევ უფრო დამახინჯებული მარქსისტული იდეოლოგია ჩვენს ქვეყანაში არ დამკვიდრებულიყო? თუ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ამ კაცობრიობისათვის დამღუპველ იდეოლოგიას კარგად მოეწამლა ჩვენი უამისოდაც გადაგვარებული ცნობიერება? საუბედუროდ, ჩვენ დიდი წარმატებით აქეთ ვავსებდით ე.წ. სოციალ-დემოკრატების არმიას. ან რა გავაკეთეთ იმისათვის, რომ დამოუკიდებლობის სამი წლის განმავლობაში მაინც ქვეყანა გვეშენებინა და ბედისაგან ბოძებული თავისუფლება არ დაგვეკარგა? პირიქით - ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ ეს თავისუფლება თითქმის ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე ჩაგვებარებინა ახალი (ძველი) პატრონისათვის.
![]() |
8.3 §3. არჩევნების უახლესი ისტორია საქართველოში |
▲ზევით დაბრუნება |
1990 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში კომუნისტური მმართველობის პერიოდში ჩატარებული პირველი დემოკრატიული არჩევნები იყო, რომელმაც მოსახლეობას საშუალება მისცა, დამოუკიდებელი არჩევანი გაეკეთებინა.
1990 წლის 28 ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში ერთმანეთს ორი ძლიერი პოლიტიკური ძალა: „მრგვალი მაგიდა“ და „კომუნისტური პარტია“ დაუპირისპირდა. არჩევნებში მონაწილეობდნენ შედარებით პატარა პოლიტიკური ორგანიზაციებიც.
არჩევნები ჩატარდა შერეული - მაჟორიტარული და პროპორციული - საარჩევნო სისტემის საფუძველზე. შესაბამისად მოვლენებიც შემდეგნაირად წარიმართა:
- ბლოკმა „მრგვალი მაგიდა“ პროპორციული საარჩევნო სისტემით მიიღო ხმების 53% და შესაბამისად 66 მანდატი საკანონმდებლო ორგანოში, მაჟორიტარული სისტემით - 77 მანდატი, სულ 143 მანდატი;
- „კომუნისტურმა პარტიამ“ პროპორციული სისტემით ხმათა 29,6% მიიღო და პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით სულ 87 ადგილი მოიპოვა პარლამენტში.
- უმნიშვნელო რაოდენობის მანდატები დამოუკიდებელ კანდიდატებზე და „სახალხო ფრონტზე“ განაწილდა.
1990 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებმა განაპირობა 1991 წლის 31 მარტის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები - ამომრჩეველთა 87%-მა საქართველოს პრეზიდენტად ზვიად გამსახურდია აირჩია.
საქართველოში 1991 წლის შემოდგომაზე განვითარებული მოვლენები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რამაც განაპირობა 1992 წლის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. ამ არჩევნებში მონაწილეობას იღებდა 32 პარტია და 4 საარჩევნო ბლოკი. შევარდნაძის მხარდამჭერმა და არჩევნების ლიდერმა საარჩევნო ბლოკმა „მშვიდობამ“ ამომრჩეველთა ხმების მხოლოდ 20,8% მიიღო, მაგრამ შემდგომში შევარდნაძის მომხრეებმა პარლამენტში უმრავლესობა შექმნეს. პარლამენტის თავმჯდომარის - სახელმწიფოს მეთაურის პოსტზე შევარდნაძეს კონკურენტი არ ჰყოლია და ხმების 96% მიიღო.
იმ პერიოდში არსებული საარჩევნო კანონმდებლობის დამსახურება იყო პარლამენტში პარტიათა „სიჭრელის“ არსებობა. მანდატები 25 საარჩევნო ბლოკსა და პარტიაზე განაწილდა.
1995 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული, მაჟორიტარული და პროპორციული, საარჩევნო სისტემების საფუძველზე ჩატარდა. საარჩევნო კანონმდებლობაში სიახლეს წარმოადგენდა 5%-იანი ბარიერის შემოღება, რამაც განაპირობა სუსტი პოლიტიკური პარტიების პარლამენტს მიღმა დატოვება. ამის გამო მანდატები მხოლოდ სამ პარტიაზე განაწილდა:
1. მოქალაქეთა კავშირი - 23,35%
2. ეროვნულ-დემოკრატიული პარტია - 7,94%
3. სრულიად საქართველოს აღორძინების კავშირი - 7,03%
არჩევნებში 53 პოლიტიკური პარტია და საარჩევნო ბლოკი მონაწილეობდა, რამაც ხმათა დიდი რაოდენობის დაქუცმაცება გამოიწვია. ამ მიზეზით დაიკარგა ამომრჩეველთა ხმების 60%, საპარლამენტო მანდატები კი მხოლოდ ამომრჩეველთა ხმების 38,32 პროცენტით განაწილდა.
1999 წლის საპარლამენტო არჩევნებში „საქართველოს მოქალაქეთა კავშირმა“ ამომრჩეველთა ხმების 41,8 პროცენტი მიიღო და პარლამენტში კიდევ უფრო დამაჯერებელი უმრავლესობა შექმნა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ შევარდნაძეს 1995 წელს, „მოქალაქეთა კავშირის“ გარდა, სხვა პოლიტიკური პარტიებიც უცხადებდნენ თანადგომას, 1999 წელს კი მხოლოდ სმკ იყო პრეზიდენტთან ასოცირებული.
1999 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა საარჩევნო კანონმდებლობით, რომლის მიხედვით, პროპორციული სისტემის საფუძველზე საკანონმდებლო ორგანოს მანდატების განაწილებაში მხოლოდ 7%-იან ბარიერგადალახული პარტიები იღებდნენ მონაწილეობას.
1995 და 2000 წლების საპრეზიდენტო არჩევნებში შევარდნაძის მთავარი კონკურენტი ჯუმბერ პატიაშვილი იყო. ამ წლებში შევარდნაძემ შესაბამისად ხმების 74,3 და 79,3 პროცენტი მიიღო, ხოლო ჯუმბერ პატიაშვილმა - 19,0 და 16,7 პროცენტი. 1995 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების მონაცემები აჩვენებს, რომ არჩევნებში დარღვევების დიდი ნაწილი უფრო მეტად პრეზიდენტობის კანდიდატისათვის ხმის მიცემას უკავშირდებოდა, ვიდრე პარლამენტის წევრობის კანდიდატებისთვის.
2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნები დარღვევების მხრივ, შესაძლოა, ყველაზე უარესი იყო საქართველოს საარჩევნო ისტორიაში: როგორც ქართველმა, ისე საერთაშორისო დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ ბიულეტენების უკანონოდ ჩაყრას მასობრივი ხასიათი ჰქონდა და თვალსაჩინოდ დაბალი იყო ამომრჩეველთა აქტიურობის დონე. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემების მიხედვით ამომრჩეველთა აქტივობამ 74,9% შეადგინა.
1990-2002 წლებში ოპოზიციურმა პარტიებმა ყველაზე მეტ წარმატებას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მიაღწიეს. განსაკუთრებით აღსანიშნავია 2002 წლის არჩევნები, როდესაც ხელისუფლებაში მყოფმა „მოქალაქეთა კავშირმა“ ხმების მხოლოდ 2 პროცენტი მიიღო.
2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებმა პროპორციული სისტემით შემდეგი პროცენტული განაწილება აჩვენა:
სახელისუფლებო ბლოკი „ახალი საქართველოსთვის“ - 21,32%
დემოკრატიული აღორძინების კავშირი - 18,84%
ნაციონალური მოძრაობა - 18,08%
ლეიბორისტული პარტია - 12,04%
ბლოკი „ბურჯანაძე-დემოკრატები“ - 8,79%
ბლოკი „ახალი მემარჯვენეები“ - 7,35%
მანდატების მიღებულმა განაწილებამ და არჩევნების შედეგების გაყალბების არსებულმა დონემ განაპირობა ოპოზიციური პარტიების ერთი ნაწილის პროტესტი, რომელიც „ვარდების რევოლუციით“ დამთავრდა.
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე 2004 წლის 4 იანვარს ჩატარდა საქართველოს პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნები, რომელშიც მიხეილ სააკაშვილმა ხმების 96,27%-ით გაიმარჯვა, ხოლო მეორე ადგილზე გასულმა თემურ შაშიაშვილმა ხმების მხოლოდ 1,85% მიიღო.
აუცილებლად აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამოყენებულ იქნა ამომრჩეველთა წინასწარი რეგისტრაციის პროცედურა და ამომრჩეველთა სიებში შეყვანილ იქნა მხოლოდ ის ამომრჩეველი, ვინც კენჭისყრის დღემდე ორი კვირის განმავლობაში გაიარა წინასწარი რეგისტრაცია. წინასწარ რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობამ 2 231 986 შეადგინა, მაშინ როდესაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემების მიხედვით 2003 წლის 2 ნოემბრის გაუქმებულ საპარლამენტო არჩევნებსა და 2006 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა შესაბამისად 3 178 593 და 3 205 634 დაფიქსირდა.
2004 წლის მარტის განმეორებით საპარლამენტო არჩევნებში დიდი უპირატესობით გაიმარჯვა ნაციონალური მოძრაობისა და „ბურჯანაძე-დემოკრატების“ ერთიანმა გუნდმა. 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულ საარჩევნო სუბიექტთაგან 2004 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა აღარ მიუღია ბლოკს „ახალი საქართველოსთვის“ და დემოკრატიული აღორძინების კავშირს, 7%-იანი ბარიერი გადალახა და პარლამენტში შევიდა ბლოკი „ახალი მემარჯვენეები - მრეწველები“, ხოლო ლეიბორისტული პარტია დაბალი მაჩვენებლების გამო პარლამენტს გარეთ დარჩა.
2006 წლის 5 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვება ისევ სახელისუფლებო პარტიამ მოიპოვა. თბილისის საკრებულოში 37 ადგილიდან 34 ნაციონალურ მოძრაობას ერგო წილად, დარჩენილი სამი ადგილი კი ბლოკზე „კობა დავითაშვილი-რესპუბლიკელები“, ლეიბორისტულ პარტიასა და „მრეწველებზე“ განაწილდა. რამდენიმე რაიონული საკრებულო კი მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის წევრებით დაკომპლექტთა. არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს პოლიტიკურმა პარტიებმა „თავისუფლებამ“ და „ახალმა მემარჯვენეებმა“. 2006 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ამომრჩეველთა დაბალი აქტივობით გამოირჩეოდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, თბილისში ამ მაჩვენებელმა 34,26%, ხოლო მთელ საქართველოში 47,29% შეადგინა.
![]() |
8.4 §4. ადგილობრივი თვითმმართველობა მისი ისტორიული წარსულიდან დღემდე |
▲ზევით დაბრუნება |
ისტორიული წყაროები გვამცნობენ, რომ ადგილობრივ თვითმმართველობას უძველეს ეპოქაში ჩაეყარა საფუძველი. თვითმმართველობის ელემენტები ჯერ კიდევ ისეთი მონათმფლობელური სახელმწიფოების მმართველობაში შეინიშნებოდა, როგორიც იყო ეგვიპტე, საბერძნეთი, რომის იმპერია, ინდოეთი და სხვ.
ძველი შუმერის ქალაქებს ქალაქის თავი მართავდა, რომელსაც ენსი - „გვარის თავი“ ან დუგალი - „დიდი ადამიანი“ ეწოდებოდა. ქალაქის თავს ყველა თავისუფალი მამაკაცი ან უხუცესთა საბჭო ირჩევდა. უხუცესთა საბჭო ახორციელებდა კონტროლს ქალაქის თავის საქმიანობაზე და საჭიროების შემთხვევაში ქალაქის თავის გადაყენებაც შეეძლო. ქალაქის მართვაში მონაწილეობას იღებდა თემის კრებაც, რომელსაც სასამართლოს ფუნქცია ეკისრებოდა და ძირითადად მიწასთან დაკავშირებულ დავებს განიხილავდა. მასვე ევალებოდა მიწის ფონდის მართვაც.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუტისათვის დამახასიათებელი ცალკეული ნიშნები უძველესი მონათმფლობელური სახელმწიფოს - ძველი ეგვიპტის ისტორიის შესწავლისასაც გვხვდება. ძველი ეგვიპტის სამეფოს საკმაოდ მწყობრი სახელმწიფო სისტემა ჰქონდა. მთელი ქვეყანა 40 ოლქად, ანუ ნომად, იყო დაყოფილი. თითოეული ნომის სათავეში დიდგვაროვანი მოხელე - ნომარქი იდგა, რომელსაც ეგვიპტის უმაღლესი ხელისუფალი ნიშნავდა. ნომარქი თავისი ადმინისტრაციის საშუალებით კრეფდა გადასახადებს, აღრიცხავდა მოსახლეობასა და ქონებრივ ობიექტებს, უზრუნველყოფდა წყალმომარაგებისა და სარწყავი სისტემების ფუნქციონირებას. იმავდროულად, ძველეგვიპტურ სასოფლო თემებში მოქმედებდნენ სათემო საბჭოები. სათემო საბჭოები უზრუნველყოფდნენ სარწყავი სისტემების მოვლას, აწარმოებდნენ ქონებრივი დავების განხილვასა და ყიდვა-გაყიდვის აქტების რეგისტრაციას. სასოფლო თემს არჩეული სოფლის თავიც ჰყავდა, მაგრამ ეგვიპტეში სამეფო ხელისუფლების გაძლიერებასთან ერთად ამ თანამდებობამ თვითმმართველობითი დანიშნულება დაკარგა და სამეფო აგენტის, სახელმწიფო მოხელის სტატუსი შეიძინა.
ადგილობრივი თვითმმართველობის ელემენტები გვხვდება ძვ. წ. V საუკუნის რომში. ამ დროისათვის ძველი რომის ტერიტორია 4 საქალაქო და 17 სასოფლო ტერიტორიულ ერთეულად - ტრიბად იყო დაყოფილი. შემდგომ სასოფლო ტრიბების რაოდენობა 31-მდე გაიზარდა. ყოველ ტრიბში შექმნილი იყო ერთგვარი თვითმმართველობის ორგანო - სასოფლო ან საქალაქო კრება, რომლის ფუნქციები ჩამოყალიბების მომენტში შეზღუდული იყო, მაგრამ მოგვიანებით გაიზარდა და საკანონმდებლო ფუნქციებიც შეიძინა (ზავისა და ომის შესახებ კანონების გამოკლებით). კრების სხდომებზე თავდაპირველად რომის პლებსი იკრიბებოდა. კრებებზე მიღებული ზოგადი დადგენილებებიც მხოლოდ პლებეებზე ვრცელდებოდა. ძვ. წ. V საუკუნის II ნახევარში ტრიბების კრებების დადგენილებებმა რომის მოქალაქეთა ყველა კატეგორიისთვის, როგორც პატრიციებისთვის, ისე პლებეებისთვის სავალდებულო ძალა შეიძინეს. გარდა სამართალშემოქმედებისა, ტრიბების კრებები ირჩევდნენ რომის მმართველობითი სისტემის მნიშვნელოვან თანამდებობის პირებს - სახალხო ტრიბუნებს, ედილებს და სხვ.
პროვინციებად იყო დაყოფილი მოგვიანებით რომის მიერ დაპყრობილი ტერიტორიები. პროვინციებს რომის ცენტრალური ხელისუფლების მიერ დანიშნული მმართველი მართავდა, რომლის ხელშიც თავმოყრილი იყო ადმინისტრაციული, სასამართლო და სამხედრო ძალაუფლება. პროვინციის მმართველის საქმიანობას რომის ცენტრალური ხელისუფლება აკონტროლებდა.
რომის სახელმწიფო ტერიტორიული მოწყობის ფორმირებაში უდიდესი როლი შეასრულა იმპერატორ დიოკლეტიანეს რეფორმამ, რომელმაც რომის ტერიტორიული მოწყობის მარტივი სისტემა მართვის სამდონიანი სისტემით შეცვალა. რეფორმატორებმა იტალიასა და მის ფარგლებს გარეთ არსებულ რომის მიერ დაპყრობილ ტერიტორიებზე 120 პროვინცია შექმნეს, რომლებიც თავის მხრივ 12 მსხვილ ტერიტორიულ ერთეულად - დიოცეზად გააერთიანეს.
დიოკლეტიანეს სახელმწიფო ტერიტორიული მოწყობის სისტემაში ქვედა დონეს ქალაქი წარმოადგენდა. ქალაქი თვითმმართველობის ფართო უფლებით სარგებლობდა. მოქალაქეები ირჩევდნენ საქალაქო მმართველობის თანამდებობის პირებს, რომლებიც უზრუნველყოფდნენ ქალაქში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას, ქალაქის საჭიროებისამებრ ფულადი სახსრების თავმოყრას, წყვეტდნენ ღვთისმსახურების საკითხებს და ა.შ., მაგრამ ქალაქს არ ჰყავდა მმართველი. ქალაქების მართვას პროვინციის მმართველი ახორციელებდა. პროვინციაში არსებობდა თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო პროვინციული კრების სახით, რომელიც მოქალაქეთა წარმომადგენლობით იყო დაკომპლექტებული და მხოლოდ სათათბირო და საკონსულტაციო ფუნქცია ჰქონდა.
დიოცეზებისა და პროვინციების მმართველებს - კონსულებს რომის ცენტრალური ხელისუფლება გარკვეული ვადით ნიშნავდა. კონსულები დამოუკიდებელი მმართველები, არამედ წარმოადგენდნენ რომის ცენტრალური ხელისუფლების მიერ დაქირავებულ მოხელეებს პროვინციებსა და დიოცეზებში.
ძვ. წ. IX-VIII საუკუნეების საბერძნეთში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ქალაქი ათენი, რომელიც შემდგომში კულტურული ცენტრი და დემოკრატიის კერა ხდება. ათენის არსებობის საწყის ეტაპზე მისი ტერიტორია რამდენიმე ათეულ ტერიტორიულ ერთეულად - ნავკრარიებად იყო დაყოფილი. თითოეული ტერიტორიული ერთეული ერთგვარი ხარკის სახით ათენისათვის თითო გემს ამზადებდა. ძვ. წ. 507 წელს ჩატარებული კლისთენეს რეფორმის შედეგად ათენის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მარტივი დაყოფა რთული, მრავალელემენტიანი ერთიანი სისტემით შეიცვალა. ათენის მთლიანი ტერიტორია 10 უმსხვილეს ტერიტორიულ ერთეულად - ფილედ დაიყო. თითოეული ფილე თავის მხრივ სამ შუალედურ ტერიტორიულ ნაწილად - ტრიტიებად იყოფოდა, აქედან ერთი ნაწილი სანაპირო ზოლში, მეორე - სასოფლო სამეურნეო დაბლობში, მესამე კი თვითონ ქალაქის ერთ-ერთ უბანში უნდა ყოფილიყო. გარდა ამისა, ათენის მთლიანი ტერიტორია - ატიკა დაიყო დაახლოებით 100 პირველადი დონის ტერიტორიულ ერთეულად, რომელთაც დემები ეწოდებოდა და რომელთა ფუნქციას ათენის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეთა რეგისტრაცია წარმოადგენდა.
ათენის სახელისუფლებო ორგანო იყო სახალხო კრება აგორა, რომელიც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ძვ. წ. VI საუკუნეში სოლონის მიერ გატარებული რეფორმის შედეგად იძენს. სოლონის რეფორმის შედეგად წარმომადგენლობითი ორგანო - სახალხო კრება ათენის მმართველობის უმაღლესი ორგანო ხდება. სახალხო კრებაში მონაწილეობის უფლება თავისუფალი მოსახლეობის სრულწლოვანი მამაკაცების ყველა ფენამ მიიღო.
სახალხო კრება ყოველ 10 დღეში ერთხელ იკრიბებოდა და განიხილავდა წინასწარ შედგენილ დღის წესრიგში შეტანილ საკითხებს. სახალხო კრებას ფაქტობრივად ნებისმიერი მნიშვნელოვანი საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება ჰქონდა მინიჭებული. მათ ფუნქციებში შედიოდა როგორც ათენის მოქალაქეთა საყოფაცხოვრებო საკითხების გადაწყვეტა, ისე საკანონმდებლო, ომის, ზავის, სახელმწიფო ღალატთან დაკავშირებული საკითხების განხილვა და გადაწყვეტა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თუ მოქალაქე სახალხო კრებას განსახილველად წარუდგენდა კანონპროექტს, რომელიც წინააღმდეგობაში მოდიოდა არსებულ კანონმდებლობასთან, კანონპროექტის ავტორს პასუხისმგებლობას აკისრებდნენ და ზოგჯერ სიკვდილითაც სჯიდნენ.
ათენში სახალხო კრებასთან ერთად არისტოკრატიული მმართველობის საბჭო - არეოპაგი ფუნქციონირებდა. არეოპაგი განიხილავდა ადამიანის სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებულ დანაშაულებებს, ამტკიცებდა ან აუქმებდა სახალხო კრების გადაწყვეტილებებს, აკონტროლებდა თანამდებობის პირთა საქმიანობას და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში პასუხისგებაში აძლევდა მათ. არეოპაგი, ზედამხედველობის ფუნქციიდან გამომდინარე, დემოკრატიის განვითარების ერთგვარი ხელისშემშლელი და დამამუხრუჭებელი ორგანო იყო. ამას ათენის რეფორმატორებიც ხედავდნენ. ამიტომ ძვ. წ. 462 წელს მას ყოველგვარი მაკონტროლებელი ფუნქცია ჩამოერთვა.
სოლონის რეფორმის შედეგად კიდევ ერთი სპეციალური ორგანო - ჰელეა ჩამოყალიბდა. მის შემადგენლობაში 30 წელს მიღწეული ათენის 6000 მოქალაქე იყო.
ჰელეას შემადგენლობაში ნაფიც მსაჯულთა არჩევა, თითო ფილედან 600 კაცის ოდენობით, შემთხვევითობის პრინციპის საფუძველზე წილისყრით ხდებოდა. ჰელეას დანარჩენი წევრები, რომლებიც კოლეგიებში ვერ მოხვდებოდნენ, ჰელეას სარეზერვო შემადგენლობად ითვლებოდნენ. ჰელეა, გარდა იმისა, რომ სასამართლოს ფუნქციას ასრულებდა, პოლიტიკურ, რელიგიურ და სხვა საკითხებზეც მუშაობდა. იხილავდა თანამდებობებზე დასანიშნად წარდგენილ კანდიდატთა აცილების მიცემის საკითხებს, ისმენდა ყოფილ თანამდებობის პირთა ანგარიშებს გაწეული მუშაობის შესახებ, იხილავდა მოქალაქეობის მინიჭების საკითხებს. ჰელეას ჰქონდა ასევე თანამდებობის პირთა მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გადასინჯვის უფლებაც. კანონპროექტი სახალხო კრების მიერ განხილვისა და მიღების შემდეგ დასამტკიცებლად ჰელეას წარედგინებოდა. ჰელეა 10 სასამართლო კოლეგიისგან შედგებოდა. თითოეულ კოლეგიაში 501 წევრი იყო გაერთიანებული. ჰელეას ცალკეული კოლეგიები კონკრეტულ ფუნქციებს ასრულებდნენ.
რეფორმების შედეგად ათენში შეიქმნა კიდევ ერთი ორგანო - ხუთასთა საბჭო, რომელიც თითოეული ფილედან წარდგენილი 50 მოქალაქისგან შედგებოდა. სახალხო კრებაზე წარდგენამდე კანონპროექტები ხუთასთა საბჭოში იხილებოდა და მუშავდებოდა. გარდა ამისა, ხუთასთა საბჭოს მმართველობის აღმასრულებელი ორგანოს ფუნქციებიც ენიჭებოდა, კერძოდ - საგარეო ურთიერთობები, ჯარისათვის საჭირო ფინანსური საკითხების გადაწყვეტა და სხვ. ხუთასთა საბჭოს შემადგენლობა ფილეების მიხედვით ცალკეულ სექციებად იყო დაყოფილი. თითოეული სექცია საბჭოს ფუნქციებს წლის 1/10-ის განმავლობაში ასრულებდა.
ძველ ათენში აღმასრულებელი ხელისუფლების გარკვეულ უფლებამოსილებებს კიდევ ერთი აღმასრულებელი ორგანო - სტრატეგოსთა კოლეგია ახორციელებდა. ეს ორგანო სახალხო კრების მიერ არჩეული 10 წევრისგან შედგებოდა და მის ფუნქციას სამხედრო საქმეების წარმართვა, არმიისა და ფლოტის ხელმძღვანელობა, სამხედრო საქმესთან დაკავშირებული საგარეო პოლიტიკის წარმართვა წარმოადგენდა. სტრატეგოსთა კოლეგიას მის წევრთა შორის ყველაზე გავლენიანი პიროვნება ხელმძღვანელობდა.
მმართველობის ასეთი სტრუქტურის პირობებში ათენის ყოველი მოქალაქე საშუალოდ 2-3 წელიწადში ერთხელ ხდებოდა ჰელეას წევრი, ხოლო სიცოცხლის მანძილზე ორჯერ მაინც ხუთასთა საბჭოს შემადგენლობაში შედიოდა, ფილეებისა და დემების დონეზე მმართველობით ორგანოებში მონაწილეობა კი მას უფრო ხშირად უწევდა. აქედან ნათლად ჩანს, რომ ძველი ათენის მმართველობის სისტემაში სტრუქტურების დიდი ნაწილი თავისუფალი წარმომადგენლობის პრინციპის საფუძველზე იყო ფორმირებული და მოსახლეობისათვის აბსოლუტურად ხელმისაწვდომი იყო ამ სტრუქტურებში მუშაობა. ამასთან აღსანიშნავია ისიც, რომ თუ რეფორმების საწყის ეტაპზე მმართველობის ორგანოებში საქმიანობა საზოგადოებრივ საწყისებზე ხორციელდებოდა, შემდგომ პერიოდში გასამრჯელო დაუმტკიცდა ხუთასთა საბჭოს და ჰელეას წევრებს, ასევე სხვა თანამდებობის პირებს.
ათენის მმართველობის სისტემის დეტალური ანალიზი საშუალებას გვაძლევს, ვიფიქროთ, რომ ათენში, დემოკრატიის განვითარების პირობებში, თვითმმართველობაში მოსხლეობის უშუალო მონაწილეობა საერთო-სახალხო, საყოველთაო საზოგადოებრივ მოვალეობად ითვლებოდა, რაც მეტად მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო თვითმმართველობის, როგორც ადგილზე მართვის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტის, ჩამოყალიბების საქმეში.
შუა საუკუნეებში თვითმმართველობის შემდგომი სრულყოფა ძირითადად თვითმმართველი, თავისუფალი, ავტონომიური და პრივილეგირებული ქალაქების ჩამოყალიბების ფონზე მიმდინარეობდა.
XI-XII საუკუნეების საფრანგეთში აქტიურად მიმდინარეობდა მიწათმფლობელი ფეოდალებისაგან მოქალაქეების მიერ ქალაქების ავტონომიის გამოსყიდვა, ფეოდალსა და ქალაქს შორის ფორმდებოდა ხელშეკრულება, რომლის შედეგადაც ქალაქი ვასალის ფუნქციას იძენდა და სხვადასხვა ვალდებულებებს იღებდა მიწათმფლობელი სენიორის წინაშე. მართვის დამოუკიდებელი ორგანოების არჩევა, ავტონომიის შიგნით მოქმედი კანონების მიღება და დამნაშავეების მიმართ მართლმსაჯულების განხორციელება ის უფლებებია, რომელიც ხელშეკრულების საფუძველზე ქალაქს ენიჭებოდა. სანაცვლოდ ქალაქს ეკისრებოდა სენიორისათვის გარკვეული ფულადი გადასახადის გადახდა, სამხედრო ბეგარა, სასამართლოსა და სათათბირო ორგანოებში სენიორის წარმომადგენლების მონაწილეობის ვალდებულება.
ქალაქის თავს - მერს ქალაქის თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო - ქალაქის საბჭო ირჩევდა. ქალაქის მერს ხშირ შემთხვევაში სიცოცხლის ბოლომდე ქალაქის მმართველობის უფლებით ირჩევდნენ. ქალაქის საბჭოს შემადგენლობაში ძირითადად დიდგვაროვანი მოქალაქეები იყვნენ. ისინი სენიორისგან ყიდულობდნენ საბჭოს წევრობის უფლებას და შემდეგ მემკვიდრეობით გადასცემდნენ გვარის წარმომადგენლებს.
ინგლისში ცალკეული დასახლებული ტერიტორიების ქალაქებად ფორმირების პროცესი XII საუკუნეში დაიწყო. XIII საუკუნის დასაწყისში კი უკვე ქალაქების ავტონომიის გამოსყიდვა გახდა აქტუალური. XIII საუკუნის ბოლოს ინგლისის ქალაქების უმრავლესობამ თვითმმართველობის უფლება მოიპოვა. ქალაქის მუნიციპალურ ხელისუფლებაში ადგილები ქალაქის გამოსყიდვაში მონაწილე გვარებმა მოიპოვეს. ლონდონის მსხვილმა ვაჭრებმა დიდი ფულადი შენატანით ქალაქის საკრებულოს წევრებისა და ქალაქის მერის დანიშვნის უფლებაც კი შეიძინეს.
ტერმინის განმარტება: ტერმინი „მუნიციპალიტეტი“ ჯერ კიდევ რომის რესპუბლიკის არსებობის პერიოდში გაჩნდა და იმ დროს თვითმმართველობის უფლებით აღჭურვილ ქალაქებს ეწოდებოდა. ამჟამად მუნიციპალიტეტად ქალაქისა ა სოფლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევითი ორგანოები მოიხსენიება. ამერიკის შეერთებულ შტატებში კი მუნიციპალური მმართველობის ცნება დღესაც მხოლოდ ქალაქის თვითმმართველობას მიესადაგება.
უძველესი ხანისა და შუა საუკუნეების ისტორიის ღრმად შესწავლა საფუძველს გვაძლევს, დავასკვნათ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუტს ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში ჩაეყარა საფუძველი. ამ პერიოდში მოხდა სახელმწიფო ტერიტორიების ავტონომიურ ერთეულებად დაყოფა, ტერიტორიული ერთეულების ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებად გარდაქმნა და ყოველ ასეთ ერთეულში (სოფელში, თემში, ქალაქში) მმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების: სახალხო კრების, უხუცესთა საბჭოსა და სხვათა ჩამოყალიბება, რომელთა ფუნქცია ქვედა დონეზე მმართველობის განხორციელება იყო.
უმნიშვნელოვანესია ის ფაქტიც, რომ ანტიკურ პერიოდში თანამდებობის პირების შერჩევა და მმართველობითი ორგანოების ფორმირება არჩევითობის პრინციპით ხორციელდებოდა და ყველა მოქალაქეს ეძლეოდა საშუალება, მონაწილეობა მიეღო წარმომადგენლობითი მმართველობის ორგანოების მუშაობაში. მხოლოდ მოგვიანებით - შუა საუკუნეებში ყალიბდება მდიდარ მოქალაქეთა ფენა, რომელიც სერიოზულ ზეგავლენას ახდენს წარმომადგენლობით ორგანოებში ადგილების განაწილებაზე, რამაც შესაბამისად არჩევითობის პროცესში დემოკრატიულობის ხარისხის დაცემა გამოიწვია.
ადგილობრივი თვითმმართველობის იმსტიტუტის ფორმირების ეისტორიული ეტაპები საქართველოში
ადგილობრივი მმართველობის ელემენტები საქართველოში ჯერ კიდევ ძვ. წ. VIII საუკუნეში უძველესი კოლხეთის სახელმწიფოს მმართველობის სისტემაში გვხვდება საქალაქო მმართველობის სახით. უფრო მოგვიანებით, ძვ. წ. პირველ საუკუნეში, ადგილობრივი თვითმმართველობის დამახასიათებელი ნიშნები საქართველოს მთიან რეგიონში აღინიშნება1.
სვანეთში, მიუხედავად იმისა, რომ მმართველი - „მთავარი“ ჰყავდათ, რეალურ მმართველობას თემის საბჭო ახორციელებდა, რომელიც სვანური გვარებისა და თემების 300 წარმომადგენლისაგან შედგებოდა. საბჭოს წევრებს თანაბარი უფლებები ჰქონდათ მინიჭებული. საბჭო აგვარებდა სამხედრო საქმეებს, საჭიროების შემთხვევაში ადგილობრივი მოსახლეობისგან აკომპლექტებდა ჯარს, ახორციელებდა მართლმსაჯულებას. ასეთივე მმართველობა ჰქონდათ სხვა ქართველ ტომებსაც, ვინც სვანებივით მაღალმთაში ცხოვრობდა.
აღსანიშნავია სამონასტრო მმართველობა საქართველოში, რომელიც ძვ. წ. პირველი საუკუნის დამდეგს გარკვეული სპეციფიკით ხასიათდებოდა. ტაძრები ამ პერიოდში საკმაოდ დიდ მამულებსა და განძს ფლობდნენ, ამდენად ისინი მეზობელი ქვეყნების ხელისუფალთათვის გარკვეული ინტერესის ობიექტს წარმოადგენდნენ. ხშირი იყო ძარცვის მიზნით მოწყობილი თავდასხმები. აქედან გამომდინარე, ტაძრებს სერიოზული დაცვა და სპეციფიკური მმართველობის განხორციელება სჭირდებოდა. ტაძრებს სათავეში ქურუმები ედგნენ, რომლებიც უზრუნველყოფდნენ ტაძრების სათანადო დაცვას, ხელმძღვანელობდნენ ღვთისმსახურებას და ამავე დროს მეზობელ ხალხებთან სადავო საკითხებსაც აგვარებდნენ.
საქართველოს ბარს მეფე ერთპიროვნულად მართავდა. მეფე სახელმწიფო მმართველობას მრავალი მოხელის საშუალებით ახორციელებდა. მაღალი რანგის მოხელეებს მიეკუთვნებოდნენ დიდი და მცირე ერისთავები, ეზოსმოძღვარი და სხვები.
ჩვ. წ. V საუკუნიდან მნიშვნელოვნად ძლიერდება საერისთაოების მმართველობა. ამ პერიოდში საქართველოში ორდონიანი სახელმწიფო მმართველობის სისტემაა, სადაც ქვედა დონეს საერისთაოების მმართველობა წარმოადგენს. ასეთ მმართველობას არაფერი ჰქონდა საერთო ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუტთან, რადგან საერისთაოებს ერთპიროვნულად მართავდნენ ერისთავები, რომლებიც ამავე დროს საერისთაოების ბატონ-პატრონები იყვნენ და მხოლოდ სახელმწიფოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხებს, ისეთებს, როგორიც არის მაგალითად სამხედრო, თავდაცვითი და ა.შ., წყვეტდნენ ქვეყნის უზენაესი ხელისუფალის - მეფის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად. საერისთაოები თავის მხრივ სახევისთაოებად და საციხისთაოებად იყოფოდა.
XIX საუკუნის დამდეგს საქართველოში მმართველობის ერთეულებს სათავადოები წარმოადგენდა. რუსეთთან შეერთების შემდეგ ამიერკავკასიას რუსეთის ხელისუფლების მიერ დანიშნული მმართველი - „მთავარმართებელი“ მართავდა. 1846 წლიდან ამიერკავკასიაში მმართველობის რეფორმის განხორციელება დაიწყო. „მთავარმართებლის“ თანამდებობა „მეფისნაცვლის“ ინსტიტუტით შეიცვალა. საქართველო ორ გუბერნიად - თბილისისა და ქუთაისის გუბერნიებად დაიყო. თბილისის გუბერნიაში თბილისის, გორის, თელავის, სიღნაღისა და ელიზავეტოპოლის მაზრები, ასევე თუშ-ფშავ-ხევსურთა, მთიელთა და ოსთა სპეციალური ოლქები შედიოდა. ხოლო ქუთაისის გუბერნიაში ქუთაისის, შორაპნის, რაჭის, ოზურგეთისა და ახალციხის მაზრები იყო გაერთიანებული. გუბერნიას სამხედრო გუბერნატორი მართავდა, რომელიც, სამხედრო საქმეების გარდა, სამოქალაქო საქმეებსაც წარმართავდა.
რეფორმა ახშობდა ადგილობრივი მოსახლეობის საუკეთესო წარმომადგენელთა ყოველგვარ ინიციატივას. მან სრულიად განდევნა ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობა მართვა-გამგეობაში. უარყოფილ იქნა ვახტანგ VI-ის ცნობილ კანონთა („დასტურლამალის“) მოქმედება სამოქალაქო სამართლის დარგში. ყოველივე ეს კიდევ უფრო აშორებდა სახეშეცვლილ მმართველობას ადგილობრივი მოსახლეობისგან.
გუბერნატორი გუბერნიების მართვას გუბერნიის გამგეობის საშუალებით ახორციელებდა, რომლის ფუნქციაც სამეურნეო და აღმასრულებელი საქმიანობა იყო. ამ პერიოდში თბილისში იქმნება ქალაქის საბჭო მთელი ქალაქის მოსახლეობის მიერ არჩეული ქალაქის თავისა და უძრავი ქონების მეპატრონეების, ვაჭრებისა და ხელოსნების მიერ არჩეული ექვსი ხმოსნის შემადგენლობით. ქალაქის საბჭოს მოვალეობაში შედიოდა:
- ქალაქის მოსახლეობის საკვებითა და სამრეწველო ნაწარმით მომარაგება;
- საქალაქო მეურნეობის დარგების (წყალმომარაგება, დასუფთავება და სხვ.) განვითარების ხელშეწყობა;
- გადასახადების აკრეფის უზრუნველყოფა;
- ქალაქის კეთილმოწყობა;
- მოქალაქეთა ქონებისა და ქალაქის საკუთრების დაცვა და სხვ.
XIX ს.-ის სამოცდაათიან წლებში თბილისში გატარდა ქალაქის მმართველობის რეფორმა - ექვსხმოსნიანი საბჭო ახალმა საქალაქო მმართველობის ორგანომ - 100 ხმოსნისგან შემდგარმა საკრებულომ შეცვალა. გაფართოვდა საქალაქო თვითმმართველობის კომპეტენციის სფეროც. მმართველობის უმაღლეს ორგანოებში წარმომადგენლობა მოსახლეობის ეკონომიკური კატეგორიების მიხედვით ყალიბდებოდა. საკრებულოში ყველაზე მეტი ხმოსნით იყვნენ წარმოდგენილი მსხვილი მესაკუთრეები, შემდეგ - საშუალო ფენის მოქალაქეები. წვრილ მესაკუთრეებს საკრებულოში სულ რამდენიმე წარმომადგენელი ჰყავდათ.
დაახლოებით რვა წლის შემდეგ კვლავ გატარდა საქალაქო რეფორმა, რომელიც ახალი ნაბიჯი იყო თბილისის მმართველობის გარდაქმნის გზაზე. ახალი რეფორმით სრულიად ისპობოდა წოდებრივი საარჩევნო სისტემა და არჩევნებში მონაწილეობის უფლება ეძლეოდა ქალაქში მცხოვრებ გადასახადის გადამხდელ ყველა მოქალაქეს, მიუხედავად მათი წოდებრივი კუთვნილებისა. ამ რეფორმის შედეგად არჩევნებში მონაწილეობის უფლება ბევრად უფრო მეტ მოქალაქეს ეძლეოდა, მაგრამ გადამწყვეტი მნიშვნელობა მაინც ქონებრივ ცენზს ჰქონდა. მდიდარი მემამულეები და მსხვილი მესაკუთრეები ქალაქის ნამდვილი ბატონ-პატრონები ხდებოდნენ.
1892 წლიდან საქართველოს კიდევ ხუთ ქალაქს: თელავს, სიღნაღს, ახალქალაქს, სოხუმსა და ოზურგეთს მიენიჭა თვითმმართველი ქალაქის სტატუსი, რაც იმას ნიშნავდა, რომ ამ ქალაქებსაც ეძლეოდა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს არჩევის უფლება. საკრებულოების არჩევის პარალელურად ქალაქებში უქმდებოდა პოლიციის ზედამხედველობა.
სულ მალე ამიერკავკასიის მეფისნაცვალს რუსეთის უმაღლესმა ხელისუფლებამ საეჭვო დეპუტატის გამოწვევის უფლება მისცა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ, მიუხედავად თვითმმართველობის ორგანოების არჩევითობისა, საქართველოში რეალურ მმართველობას მაინც რუსეთის იმპერია ახორციელებდა.
იმის მიუხედავად, რომ საქართველოში საქალაქო რეფორმას ნამდვილი დემოკრატიულობის არავითარი ნიშანი არ გააჩნდა, მას მაინც დადებითი მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის. რეფორმის განხორციელების შემდეგ საქალაქო მმართველობის ახალი ორგანოები გაცილებით უფრო მაღლა იდგნენ წინანდელ წოდებრივ ორგანოებზე, უფრო შეეფერებოდნენ ახალ ვითარებას და ხელს უწყობდნენ საქართველოს შემდგომ განვითარებას.
XIX საუკუნის II ნახევარში გატარდა საგლეხო რეფორმაც, რომლის შედეგადაც შემოღებულ იქნა რეალურად ყოველგვარ უფლებას მოკლებული „სასოფლო საზოგადოება“, რომელიც ერთი სოფლის (ზოგჯერ კი რამდენიმე სოფლის) ტერიტორიაზე მცხოვრებ გლეხთა წარმომადგენლობით ორგანოს წარმოადგენდა. სოფლის მოსახლეობა კომლობრივ შეადგენდა სოფლის ყრილობას, რომელიც ირჩევდა სოფლის მამასახლისს. სოფლის ყრილობა და მის მიერ არჩეული მამასახლისი, აგრეთვე სოფლის გლეხთა სასამართლო ერთად შეადგენდა „სასოფლო მმართველობას“. სასოფლო მმართველობის თითქმის მთელი საქმიანობა გლეხებში გადასახადების აკრეფით და სახელმწიფო ბეგარა-სამუშაოთა შესრულების თვალყურის დევნებით ამოიწურებოდა.
საქართველოში რეალური თვითმმართველობის ნიშნები მხოლოდ 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შედეგად რუსეთის იმპერიის დამხობის შემდგომ პერიოდში შეინიშნება. 1918 წლის დასაწყისში საქართველოს ეროვნულმა ყრილობამ აირჩია ეროვნული საბჭო, რომელსაც ქვეყნის მართვის ფუნქცია დაეკისრა. საქართველოს ეროვნულმა საბჭომ 1918 წლის 26 მაისს საქართველოს სრული დამოუკიდებლობა გამოაცხადა. 1919 წლის დასაწყისში კი საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები ჩატარდა.
არჩევნების მომზადებისა და ჩატარების წესი, ასევე კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურა საქართველოს ეროვნული საბჭოსა და საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის მიერ მიღებული დებულებით რეგულირდებოდა. დებულებაში ზუსტად იყო განსაზღვრული ყველა საარჩევნო პროცედურა. დებულება უზრუნველყოფდა, როგორც ამომრჩეველთა, ისე საბჭოს წევრობის კანდიდატთა უფლებების დაცვას. სწორედ ამან განაპირობა საქართველოსთვის უჩვეულო, უაღრესად დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, რაც ჯერ კიდევ სულ ახალგაზრდა საქართველოს რესპუბლიკის უდიდეს წარმატებად უნდა ჩაითვალოს.
საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონების შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის შემდგომი სრულყოფის მიზნით გაუქმდა საქართველოს ტერიტორიის გუბერნიებად დაყოფა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში საქმის წარმოების ენად ქართული ენა გამოცხადდა, ადმინისტრაციული მმართველობის აპარატი და მილიცია მაზრის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების განკარგულებაში გადავიდა.
საქართველოს იმდროინდელი მთავრობა და პარლამენტი ძალზე სერიოზულად იღვწოდა ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუტის სრულყოფისათვის. ამაზე მეტყველებს 1921 წლის საქართველოს კონსტიტუცია, სადაც ერთი თავი მთლიანად ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუტს ეძღვნება, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა საქართველოს უზენაესი კანონის - კონსტიტუციის რეალიზება და სრულფასოვანი, დემოკრატიული სახელმწიფო მმართველობისა და თვითმმართველობის სისტემის ჩამოყალიბება, რადგან კონსტიტუციის მიღებიდან მცირე ხანში საქართველოში მართვის საბჭოთა კომუნისტურმა სისტემამ დაიწყო დამკვიდრება, რომელმაც ქართული დემოკრატია ჩანასახშივე გაანადგურა. საქართველოს ტერიტორია ახალ ადმინისტრაციულტერიტორიულ ერთეულებად - რაიონებად და რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქებად დაიყო. შეიქმნა აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკები, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს საქალაქო და სასოფლო საბჭოები წარმოადგენდნენ, რომლებიც, მართალია, არჩევითი ორგანოები იყო, მაგრამ იმის გამო, რომ არჩევნები მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ტარდებოდა და თითოეულ საარჩევნო ოლქში, როგორც წესი, დეპუტატობის მხოლოდ ერთ კანდიდატს წარადგენდა ქვეყანაში არსებული ერთადერთი პოლიტიკური ორგანიზაცია - კომუნისტური პარტია, ამომრჩევლებს არ ეძლეოდათ არჩევანის გაკეთების საშუალება. ისინი იძულებული იყვნენ, იმ ერთადერთი კანდიდატისთვის მიეცათ ხმა, ვინც კენჭს იყრიდა. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ საბჭოების არჩევნები აბსოლუტურად ფორმალური იყო. ასეთ პირობებში არჩეული საბჭოების მიერ რეალური თვითმმართველობის განხორციელება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. რაიონებში ადგილობრივი მმართველობა საბჭოების მიერ არჩეული აღმასრულებელი კომიტეტების საშუალებით კომუნისტური პარტიის ცენტრალური ხელისუფლების კონტროლით ხორციელდებოდა.
საქართველოს კომუნისტური პარტია ყოველ 5 წელიწადში ერთხელ ატარებდა ყრილობას, სადაც ხდებოდა რესპუბლიკის განვითარების მომდევნო 5-წლიანი გეგმის დამტკიცება. ყრილობის გადაწყვეტილებების შესაბამისად ადგენდნენ რაიონულ გეგმებს, რომელიც ადგილობრივი საბჭოებისა და აღმასრულებელი კომიტეტებისათვის შესასრულებლად სავალდებულო იყო. საქართველოს ყოველ რაიონში ფუნქციონირებდა კომუნისტური პარტიის რაიონული კომიტეტები, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ ადგილობრივი მმართველობის ორგანოებისთვის კადრების შერჩევას, აკონტროლებდნენ ადგილობრივ მართვაში კომუნისტური პარტიის პოლიტიკის გატარებას და ადგილობრივი მმართველობის ორგანოების მიერ კომპარტიის ყრილობის გადაწყვეტილებებისა და ცენტრალური კომიტეტის დირექტივების შესრულებას.
ცხადია, 1921-1990 წლებში საქართველოში არსებულ კომუნისტური მმართველობის ერთპარტიულ სისტემას არაფერი ჰქონდა საერთო დემოკრატიასა და რეალურ თვითმმართველობასთან.
1990 წლის 28 ოქტომბრის საქართველოს უმაღლესი საბჭოს ან, შეიძლება ითქვას, საქართველოს პარლამენტის არჩევნები საბჭოთა მმართველობის პერიოდში ჩატარებული პირველი დემოკრატიული არჩევნები იყო, სადაც მოსახლეობას მიეცა საშუალება, დამოუკიდებლად მიეღო პოლიტიკური გადაწყვეტილება და თავისი შეხედულების შესაბამისად გაეკეთებინა არჩევანი. ამ არჩევნებში მანდატების უმრავლესობა ეროვნულ ძალთა გაერთიანებამ „მრგვალმა მაგიდამ“ მოიპოვა. სახელმწიფო მმართველობის უზენაესმა ორგანომ 1990 წლის დეკემბერში გააუქმა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი. ოლქის რაიონები რესპუბლიკურ დაქვემდებარებაში შემოიყვანა, ხოლო ქალაქ ცხინვალს რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქის სტატუსი მიანიჭა. პარლამენტმა ინტენსიურად დაიწყო მუშაობა თვითმმართველობის ახალი სისტემის შექმნაზე. სახელმწიფო მართვის სისტემაში შემოვიდა პრეფექტის ინსტიტუტი. 1991 წლის 31 მარტს ჩატარდა დამოუკიდებელი საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქებში პროპორციული სისტემით იქნა არჩეული ქვედა დონის თვითმმართველობის ორგანოები - სოფლის, დაბის, ქალაქის საკრებულოები. რაიონებში ადგილობრივ მმართველობას საკრებულოების მიერ არჩეული გამგეობები ახორციელებდნენ. გამგეობის თავმჯდომარის კანდიდატის წარდგენის უფლება მხოლოდ პრეზიდენტის მიერ დანიშნულ რაიონის პრეფექტს ჰქონდა.
ხელისუფლებისა და ოპოზიციის დაპირისპირებამ 1992 წლის დამდეგს პიკს მიაღწია. ხელისუფლება სამხედრო საბჭოს ხელში გადავიდა, რომელმაც მუშაობის დაწყებისთანავე გააუქმა პრეფექტის ინსტიტუტი. 1994 წლიდან ფუნქციონირება შეწყვიტა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმაც. 1995 წლის 24 აგვისტოს საქართველოს პარლამენტმა მიიღო საქართველოს კონსტიტუცია, რომელმაც შექმნა სამართლებრივი საფუძველი „ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის შესახებ“ კანონის მისაღებად.
1997 წლის 16 ოქტომბერს მიღებულ იქნა საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის შესახებ“, რომელიც ადგილობრივი მართვის ორდონიან სისტემას ითვალისწინებდა. ქვედა დონეზე მართვას სოფლის, დაბის, თემის და მცირე ქალაქის მმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო - საკრებულო ახორციელებდა. საკრებულოს თავმჯდომარე, რომელსაც საკრებულოს შემადგენლობიდან ირჩევდნენ ამავე დროს, თვითმმართველი ერთეულის გამგებლის ფუნქციასაც ასრულებდა.
ზედა დონეზე ადგილობრივი თვითმმართველობისა და ადგილობრივი სახელმწიფო მმართველობის შერეული სისტემით ხდებოდა მართვა. რაიონის თვითმმართველობის ორგანოს საკრებულო წარმოადგენდა, რომელიც ამ რაიონში შემავალი ქვედა დონის თვითმმართველი ერთეულების საკრებულოს თავმჯდომარეებით იყო დაკომპლექტებული. საკრებულოს სხდომებს საკრებულოს სპიკერი ხელმძღვანელობდა, რომელსაც საკრებულო თავისი შემადგენლობიდან ირჩევდა. რაიონში აღმასრულებელ მმართველობას გამგეობა ახორციელებდა. გამგებელს საკრებულოს შემადგენლობიდან საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავდა.
2005 წლის 16 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ იქნა საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“, რომელიც 2006 წლის 5 ოქტომბერს ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად არჩეული თვითმმართველობის ორგანოების მუშაობის წესს განსაზღვრავს.
___________________________
1 ამ პერიოდში მთაში ერთი გვარისა და თემის შვილები მეტ-ნაკლებად თანასწორნი იყვნენ, როგორც ქონებრივად, ისე უფლებრივად.
![]() |
8.5 §5.თვითმმართველობის ტრადიციები საქართველოში |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოში თვითმმართველობის ტრადიციები უხსოვარი დროიდან იღებს სათავეს, მაგრამ შედარებით ფართოდ ამ საკითხების შესწავლა XIX საუკუნიდან არის შესაძლებელი. სწორედ ამ დროიდან მოაღწია არაერთმა ეთნოგრაფიული ხასიათის ჩანაწერმა, რომლებიც მოგვიანებით მეცნიერთა ყურადღების საგანი გახდა.
სვანეთში სახალხო თვითმმართველობა ხორციელდებოდა შემდეგი ორგანოებისა და არჩეულ თანამდებობის პირთა მიერ:
1. „შვანია ხევობ“, ანუ „სვიმრობ“ - სრულიად სვანეთის თემთა საკავშირო ყრილობა;
2. „ხევობ“ - ერთ თემად გაერთიანებული რამდენიმე სოფლის კავშირი;
3. „სოფლის მახვში“ და „სოფლობ“ - სოფლის საკრებულო და სოფლის უფროსი, მამასახლისი.
„სოფლობ“ წარმოადგენდა სოფლის საკრებულოს, სოფლობას, სადაც თითოეული ოჯახიდან თითო კაცი იყრიდა თავს. სასოფლო ყრილობა ირჩევდა „სოფლის მახვშს“, როგორც წესი, გვარის თავკაცებიდან. სოფლობაზე წყდებოდა ყოველგვარი საკითხი, რაც ერთი სოფლის კომპეტენციაში შეიძლებოდა ყოფილიყო, სოფლის მახვში და ყოველი „თემობიდან“ დანიშნული თითო წარმომადგენელი კი ამ გადაწყვეტილებების აღსრულებაზე იყო პასუხისმგებელი.
„ხევობ“ თვითმმართველობის განხორციელების თვალსაზრისით ყველაზე უფრო მნიშვნელოვან და აქტიურ რგოლს წარმოადგენდა. ეს იყო რამდენიმე სოფლის კავშირი. ამგვარი თემის ყრილობაზე ოჯახიდან თითო მამაკაცის დასწრება აუცილებელი იყო. ზოგიერთ შემთხვევაში ქალის დასწრებაც შეიძლებოდა. „ხევობას“ არჩეული თემის მახვში ხელმძღვანელობდა, რომელსაც, როგორც წესი, სოფლის თავკაცებიდან გამოარჩევდნენ. თემის საკრებულოს განუსაზღვრელი უფლებამისილება ჰქონდა და არავის წინაშე პასუხისმგებელი არ იყო. აქ წყდებოდა ისეთი საკითხები, როგორიცაა მაგალითად: სვანეთის სხვა თემებთან ან „მეზობელ ქვეყნებთან“ ურთიერთობა, მათ შორის ლაშქრობის მოწყობა; საერთო „მოსისხლისათვის“ პასუხის გაცემა; თემის წევრად მიღება; სათემო მიწებით სარგებლობა; თემის წევრის დაჯარიმება ან სხვაგვარი პასუხისმგებლობის დაწესება და სხვ. ასევე დიდი იყო თემის მახვშის ავტორიტეტი და უფლებამოსილება. მას შეეძლო თემიდან ერთი ან რამდენიმე ოჯახის აყრა და გაძევება; „მოსისხლისათვის“ უძრავი და მოძრავი ქონების ჩამორთმევა; დამნაშავის სიკვდილით დასჯა, ისეთი დანაშაულისთვის, როგორიც იყო თემის ღალატი და ა.შ.
„შვანია ხევობ“, ანუ სრულიად სვანეთის თემთა საკავშირო ყრილობა, მოიწვეოდა ცალკეულ შემთხვევებში, როდესაც, მაგ., გარეშე მტერი ცდილობდა სვანეთის დაპყრობას ან თვითონ სვანეთი მიდიოდა სადმე საომრად; სვანეთის საერთო ინტერესები მოითხოვდა საერთო კანონების შემუშავებას და სხვ. ამგვარი ყრილობა თემის თავკაცებიდან ირჩევდა „ხევის მახვშს“, იგივე მთავარსარდალს. მახვშის არჩევა შეეძლო ყველას, ვინც კი 20 წელს იყო მიღწეული, მათ შორის ქალებსაც. მახვშის უფლებები განუსაზღვრელი იყო, თუმცა საზოგადოებრივი მნიშვნელობის საკითხებს ის ხალხთან ერთად წყვეტდა. გაწეული შრომისათვის იგი არავითარ გასამრჯელოს არ იღებდა.
ფშავში სახალხო მმართველობისა და თვითმმართველობის განხორციელების თვალსაზრისით საინტერესოა შემდეგი ორგანოები და თანამდებობის პირები:
1. ფშავის ხევის თორმეტი თემის საერთო ყრილობა - სრულიად ფშავის ხევის ხელისუფლებისა და მმართველობის უმაღლესი ორგანო;
2. სრულიად ფშავის ხევთან არსებული სათათბირო ორგანო - სათემო საბჭო, ე.წ. „საბერო“;
3. ფშავის ცალკეული თემების საერთო ყრილობები და სათემო საბჭოები.
ფშავის ხევის თორმეტი თემის საერთო ყრილობა მოიწვეოდა რაიმე კონკრეტული საკითხის გადასაწყვეტად. მაგ.: ომიანობის დროს, „მამკლავ-მამკვდრობის“ საკითხის განხილვისას, თემებს შორის დავების განხილვისას და სხვ. ყრილობის მოწვევა ხდებოდა ლაშარის2 ხევისბერის ან საბეროს მიერ. ყრილობაზე დასწრება შეეძლო 20 წელს მიღწეულ ყველა მამაკაცს; სავალდებულო იყო ოჯახიდან ერთი წევრის დასწრება მაინც, სასურველი იყო ოჯახის უფროსის. ქალიც შეიძლებოდა დასწრებოდა გამონაკლის შემთხვევაში, თუ, მაგ., ოჯახში ზრდასრული მამაკაცი არ ჰყავდათ. საერთო ყრილობას ლაშარის თავხევისბერი ხელმძღვანელობდა. ყრილობა შებინდებისას იწყებოდა. კენჭისყრა ხდებოდა ღიად ხელის აწევით ან ფარულად. ამგვარი ყრილობის კომპეტენცია შეზღუდული არ იყო. აქ წყდებოდა ისეთი საკითხები, როგორიცაა: ფშავის ხევის საშინაო თუ საგარეო პოლიტიკა; ომი და ზავი; ლაშქრის შეყრა; თემებს შორის ურთიერთობის მოგვარება და დავების გადაწყვეტა; გადასახადების აკრეფა; გზებისა და ხიდების მშენებლობა და სხვ. სასამართლო ფუნქციაში იგულისხმებოდა ისეთი დანაშაულების განხილვა, როგორიცაა: თემის და ხატის ღალატი; მძიმე, რთული ან გაჭიანურებული სადავო საკითხები. ფშავის ხევის საერთო ყრილობაზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება ადგილებზე ცალკეული თემის ხევისბერებსა და თემის თავკაცებს ევალებოდათ.
სათემო საბჭო, ანუ „საბერო“, განსხვავებით ფშავის ხევის საერთო ყრილობისაგან, მუდმივმოქმედი ორგანო იყო. ლაშარის თავხევისბერის ხელმძღვანელობით იკრიბებოდნენ ბჭე-ხევისბერები ყოველდღიური, მიმდინარე საკითხების გადასაწყვეტად. აქ ძირითადად სასამართლო დავები განიხილებოდა, აქვე ხდებოდა სახალხო კრებისათვის საკითხების მომზადება.
ფშავის ხევის თითოეული თემი ადგილებზე სრული დამოუკიდებლობით სარგებლობდა. მათაც ჰქონდათ საკუთარი ხელისუფლებისა და მმართველობის ორგანოები. აქ მიღებული გადაწყვეტილება მხოლოდ კონკრეტული თემის წევრთათვის იქნებოდა სავალდებულო. სათემო საბჭოებში თავს იყრიდნენ ადგილობრივი ხევისბერები და სოფლის თავკაცები.
მმართველობისა და თვითმმართველობის განმახორციელებელი ამგვარი ორგანოები გვხვდება სხვაგანაც, მაგალითად, ხევსურეთში.
საქართველოს ბარში თვითმმართველობა ძირითადად იმ სოფლების მაგალითზე შეგვიძლია განვიხილოთ, რომლებიც სახელმწიფო საკუთრებაში იყო. ეს სოფლები ადგილებზე XX საუკუნემდე ინარჩუნებდნენ ტრადიციული თვითმმართველობის ელემენტებს. მაგალითად, ქიზიყის სოფლებში, რომლებიც უხსოვარი დროიდან ძირითადად სახასო საკუთრებაში იმყოფებოდა. მართალია, 1865 წლის წესდება გარკვეულწილად ცვლიდა თვითმმართველობასთან დაკავშირებულ საკითხებს, მაგრამ ძირითადი ასპექტები მასში მაინც შენარჩუნდა. განსხვავებით სვანეთისა ან ფშავისაგან, რუსეთთან შეერთების შემდეგ ქიზიყში ყველა სოფლის საერთო ყრილობა არ მოიწვეოდა, თუმცა შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ ასეთი ყრილობები მანამდე არსებობდა. რაც შეეხება ცალკეული სოფლის საზოგადოებებს, მათში ერთი ან რამდენიმე სოფელი შედიოდა. თვითმმართველობის განხორციელების თვალსაზრისით საინტერესო ორგანოები და თანამდებობის პირები იყო:
1. სოფლობა - სოფლის საზოგადოების ყრილობა;
2. სოფლის მამასახლისი და სხვა მოხელეები;
3. სოფლის სასამართლო.
სოფლობაზე დასწრება შეეძლო ყველა წლოვან თანასოფლელს, თუმცა კენჭისყრაში მხოლოდ ოჯახის თავკაცები მონაწილეობდნენ. სოფლობა მამასახლისის ინიციატივით, ძირითადად კვირა-უქმე დღეებში იმართებოდა. მის კომპეტენციაში შედიოდა ისეთი საკითხები, როგორიცაა: სოფლის მამასახლისისა და სხვა თანამდებობის პირების არჩევა; სოფლის საზოგადოებიდან არასასურველი პირების ამორიცხვა ან დროებით ყრილობაში მონაწილეობის უფლების აღკვეთა; მეურვეებისა და მზრუნველების დანიშვნა და მათი მოქმედების შემოწმება; საერთო-სასოფლო მიწების განკარგვა და სარგებლობა; ხარჯისა და გადასახადების გაწერა და სხვ.
სოფლის მამასახლისი პასუხისმგებელი იყო მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულებაზე. მას ადმინისტრაციული და საპოლიციო ფუნქციებიც ჰქონდა. სოფლის მოსამართლეებს სამი წლით ირჩევდნენ. ასეთებად სოფელში ავტორიტეტულ პირებს ირჩევდნენ. მოსამართლეები სადავო საკითხებს ჩვეულებითი სამართლის საფუძველზე განიხილავდნენ და წყვეტდნენ.
___________________________
2 მთავარი სალოცავი, ადმინისტრაციული ცენტრი.
![]() |
9 ბოლოთქმა |
▲ზევით დაბრუნება |
„წარმოიდგინეთ, რომ დიდხანს იჯექით და სისხლის მიმოქცევა გაგიჩერდათ. საშუალება რომ მოგეცათ, უცებ ადექით, სისხლის მიმოქცევა აღგიდგათ, მაგრამ ეს თითქოს ბუნებრივი პროცესი თქვენში ისეთ აუტანელ ტკივილს იწვევს, რომ გირჩევნიათ ისევ დაჯდეთ, დაწვეთ და არ იმოძრაოთ. ეს ფიზიკური მეტაფორა, თუ მას ჩვენს სულსა და ცნობიერებაზე გადავიტანთ, ჩვენი დღევანდელი მდგომარეობის დახასიათებაა. რაღაც აუტანელ ფიზიკურ ტკივილს განვიცდით, რაც იმის ნიშანია,
რომ ჩვენს სულსა თუ ტანში ისევ დაიძრა სისხლის ცოცხალი ნაკადები.“1
ჩვენი მდგომარეობის ამ ზუსტმა და სხარტმა აღწერამ, რომელიც 17 წლის წინ მაინც არის გამოთქმული, ალბათ, შეგახსენათ, რომ საკმაოდ გაიწელა და გაჭიანურდა საქართველოს დაბრუნება ისტორიის „საიქიოდან“, სიცოცხლის და, კერძოდ, აზროვნების იმიტაციიდან, ჭეშმარიტ ისტორიაში, ჯანსაღ სიცოცხლეში, გაუყალბებელ აზროვნებაში. ეს დაბრუნება მართლაც ძალიან მტკივნეულია, რადგან ჩვენს მიწაზე გადმოიტანეს და დატოვეს სამოქალაქო ომის მუდმივად გაგრძელების მექანიზმი; გამნაწილებელი სამყაროს სახე, რომელშიც დღემდე ვცხოვრობთ და რომლის ეთიკა ეფუძნება განაწილების და არა შექმნის, შემოქმედების იდეას; აგრეთვე მახინჯი საზოგადოება, რომელშიც დაწყვეტილია სოციალური კავშირები, გაბუნდოვანებულია, აღრეულია ან სულაც გაუფასურებულია საკაცობრიო და ეროვნული ღირებულებები. ასეთი მახინჯი ინვალიდის ფეხზე წამოდგომა და დამოუკიდებლად გავლა მართლაც ძნელია - მან ხელახლა უნდა ისწავლოს სიარული, დაიცვას წონასწორობა, იპოვოს დასაყრდენი, აიღოს სწორი ორიენტაცია და დამოუკიდებლად განვლოს თავისი გასავლელი დისტანცია.
მთავარი მაინც სწორი და ზუსტი მიზნების დასახვა და ამ მიზნებისკენ სვლის დაუცხრომელი სურვილია. წარმატებებიც მოვა, ოღონდ რამდენიმე ვითარების გათვალისწინების შემთხვევაში:
1. უნდა მოვეშვათ მზა მორთმეულის ლოდინს, მოთმინებით ავიტანოთ ტკივილი, დავძლიოთ სიზარმაცე - „...ვგულისხმობ ჩვენი ნების, ნებისყოფის ჩართვას, რომლის გარეშე ობიექტურად გარეთ არაფერი მოხდება. გარკვეულ საგნებში, ობიექტებში, ხდომილებაში არ არსებობს და შეუძლებელია არსებობდეს თავისთავადი მექანიზმი, რომელსაც ააწყობ და მერე ის თავისთავად იმუშავებს ისე, რომ აღარ დაგვჭირდება ძალის დაძაბვა და ყურადღების კონცენტრაცია“.2
2. უნდა აღვადგინოთ „ჩვენი ისტორიული დანიშნულებისა და მოწოდების ძაფი“ - „ისტორიასა და ტრადიციაში წყვეტა არ უნდა დაგვეშვა. მაგრამ უნდა ვეცადოთ, რომ რაღაც წერტილსა და მომენტში მსოფლიო მისტერიის მეშვეობით თუ ზეადამიანური ძალის აქტით მოხდეს ჩვენი ხელახალი ჩართვა ისტორიასა და ტრადიციაში“.3
3. მეგობრების დახმარების იმედი ვიქონიოთ, მაგრამ ისინი ხომ ჩვენ მაგივრად ვერ გაივლიან! თავი უნდა დავანებოთ პარანოიკულ აზროვნებას, „...რომლის თანახმად, საქართველო მსოფლიოს ჭიპია და სამყაროში არაფერი შეიძლება ხდებოდეს ისე, თუ მასში ნაგულისხმევი არ იქნა საქართველოზე ფიქრი ან მისდამი კეთილი თუ ბოროტი განზრახვა“.4
4. ვიაზროვნოთ, გავიგოთ რეალობა და დავიბრუნოთ ზომიერების გრძნობა, რათა ადეკვატური ვიყოთ გარემომცველი თუ ჩვენი შინაგანი რეალობებისა - „...საკუთარ თავში გავერკვეთ და გავაცნობიეროთ თანამედროვე სამყაროში მოქმედი ისტორიული ძალები. ამ ძალათა შემოქმედების შედეგები ჩვენს ზურგზე ტყდება და თუ არ გავაცნობიერეთ ისინი, თუ არ ჩავსვით ჩვენს საკუთარ მოქმედებაში რაღაც წარმოდგენა მათ შესახებ, მათ პასიურ მსხვერპლად დავრჩებით, რაც, რა თქმა უნდა, სამარცხვინო იქნება. საქართველო, უნდა თუ არ უნდა, მაინც ჩართულია მსოფლიო დინებაში, რომელშიც ჩვენი ბედი ჯერ კიდევ ჩვენთვის მიუღწეველ დონეზე წყდება... არავითარი აზრი არა აქვს, შევყვიროთ სამყაროს და გავახსენოთ, რომ საქართველო არსებობს, რადგან ისტორია ძალაზეა დამყარებული და სუსტის არც მოსმენა უნდა და არც გაგება. ძალა კი მხოლოდ ერთში შეიძლება იყოს - ჩავერთოთ ჩვენი შრომითა და გონებით იმ წერტილებში, საიდანაც მოდის ჩვენი ცხოვრების დონისა და პირობების განმსაზღვრელი საგნები.“5
5. „გაგება (უფლისა - გ. ნ.) და ჯანმრთელი ცხოვრება (ცხადია, ვგულისხმობ სულიერ ჯანმრთელობას) ერთი და იგივეა. ესაა სულის ხსნა, კონკრეტული მაგალითი სულის ხსნისა (მას არ სჭირდება გარეგანი რიტუალი - პირჯვრის გადაწერა ან მუხლის ჩოქვით ეკლესიასთან მისვლა იმის საჩვენებლად, რომ სულის ხსნაზე ვფიქრობთ. სულის ხსნა ყველგან არის და ყველგან უნდა ვიფიქროთ მასზე...). ჩვენ ისე უნდა განვვითარდეთ, რომ გარეგანი ნიშნების გარეშე შევძლოთ ამ სულიერი ქრისტიანული აქტის შესრულება... აზროვნება არის ერთ-ერთი (და არა ერთადერთი) იარაღი, საშუალება ჩვენი სულის პირადი, ინდივიდუალური ხსნისა“.6
6. „ჩვენ გამოვალთ ამ სიტუაციიდან, რომელშიც ვიმყოფებით, თუ დავამსხვრევთ მანკიერ წრეს. ეს მანკიერი წრე არის შერწყმა ჩვენი ინფანტილიზმისა და ხელისუფლებისა, რომელიც ამ ინფანტილიზმით იკვებება. ხელისუფლება თვითონ აღრმავებს ამ ინფანტილიზმს, რათა შემდეგ კიდევ უფრო კარგად დაემყაროს მას“.7
7. „ხანდახან, თუ ჭკუა არ გადაგვარჩენს, ურთიერთობის იმ თბილისურმა კრიტერიუმებმა მაინც უნდა გვიშველოს, ტერორს რომ გაუძლო, 50-იან წლებამდე შემორჩა და 60-იან წლებში ჩაკვდა. რამ ჩაკლა? იმან, რომ ყველანი ცალ-ცალკე ვზრუნავდით ინდივიდუალურ გადარჩენაზე და მოვშალეთ სამოქალაქო სივრცე, რასაც ინგლისელები ეძახიან civic space... სამოქალაქო შეგრძნების (civic sense) აღდგენა არის ნაწილი სოციალური შემოქმედებისა. სოციალური ფორმები ხელახლა
გვაქვს შესაქმნელი“.8
8. ყოველმა ჩვენგანმა პიროვნულად უნდა შევასრულოთ სამოქალაქო მონანიების, ჩვენი მოქალაქეობრივი სხეულის განწმენდის აქტი. სარკეში უნდა ჩავიხედოთ და რაგინდ შემზარავი სიმახინჯე დავინახოთ, გაბრაზებულებმა სარკე კი არ დავამსხვრიოთ, არამედ ზუსტი დიაგნოზი დავუსვათ საკუთარ ავადმყოფობას, ამოვიცნოთ და გავაცხადოთ ჩვენ წინაშე მდგომი და ჩვენი გადასაჭრელი პრობლემები, პრობლემათა ეს „ხე“ ამოვატრიალოთ და გადავაქციოთ „მიზანთა ხედ“ - „ქართველებს გაგვაჩნია რაღაცგვარი, მე ვიტყოდი აფრენილი, მსუბუქი, მაგრამ ძალიან მყარი და ღრმად ფესვგამდგარი სიყვარული სიცოცხლისადმი. შეიძლება ამან გადაგვარჩინოს და აგვატანინოს ეს გარდუვალი ტკივილი, რომელიც თან ახლავს ჩვენს საქციელს, ამ ახლად დაძრულმა სისხლის ნაკადმა რომ უნდა ჩაგვადენინოს, და აზრებს, რომელთა გაფიქრებისა არ უნდა შეგვეშინდეს. განსაკუთრებით ეს ეხება აზრებს ჩვენს საკუთარ თავზე. თუ ნამდვილად დავფიქრდებით იმაზე, რანი გავმხდარვართ ამ 70 წლის შედეგად, რაღაც შემზარავ, საშინელ სურათს დავინახავთ და შეიძლება ვერც ავიტანოთ ეს საშინელება, არ მოვინდომოთ მისთვის თვალის გასწორება, ე.ი. ფიქრი. ფიქრის გარეშე კი არაფერი არ გამოვა“.9
_______________________________________
1 მერაბ მამარდაშვილი. საუბრები ფილოსოფიაზე. - „მეცნიერება”, თბილისი, 1992.
2 იქვე.
3 იქვე.
4 იქვე.
5 იქვე.
6 იქვე.
7 იქვე.
8 იქვე.
9 იქვე.