![]() |
თანამედროვე ისლამის როლი მსოფლიო გეოპოლიტიკაში (რეგიონული პროცესების მაგალითზე) |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: მაისაია ვახტანგ |
თემატური კატალოგი საზოგადოებრივი მეცნიერებები|პოლიტოლოგია |
საავტორო უფლებები: © ფრიდრიხ ებერტის ფონდი |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
![]() |
1 1. შესავალი |
▲ზევით დაბრუნება |
ვახტანგ მაისაია
პოლიტიკურ მეცნიერებათა კანდიდატი
ბოლო დროს კავკასიას მიძღვნილ საინფორმაციო - ანალიტიკურ გადაცემებში და პუბლიკაციებში სულ უფრო მეტი ყურადღება ეთმობა რეგიონში ფუნდამენტალური ისლამის და მასთან დაკავშირებული ისლამური ტერორიზმის გავრცელების საშიშროებას. ისლამური ფუნდამენტალიზმი იმდენად ფართე ცნებაა, რომ მასში ყველა იმ ისლამური მიმდინარეობის გაიგივება შეიძლება, რომელთაც პრეტენზია აქვთ ისლამის პირვანდელი სახის და სიწმინდის შენარჩუნებაზე (პირვანდელი ,,ფუნდამენტის” უცვლელობა პრიმატად, ხოლო შემდგომ პერიოდში დამატებული ადათ-წესები და რიტუალები ,,ბიდ'ა”-დ, ანუ მწვალებლობად არის აღიარებული).
როგორც წესი, რამდენი მიმდინარეობაცაა, იმდენი სახის ,,წმინდა ისლამია.” ისლამური ფუნდამენტალიზმის გამოვლინებაში, ძირითადად, იმ ორგანიზაციების ქმედებას გულისხმობენ, რომლებიც აქტიურ სამხედრო და ექსპანსიურ საქმიანობას ეწევიან. ეს ტენდენცია, გარკვეულწილად, გამართლებულიცაა, რადგან სადღეისოდ თავისი საბრძოლო მოქმედებებით და ტერორიზმით სწორედ ისლამის გაწმენდის და ,,ისლამური რეფორმაციის” მომხრე ჯგუფები არიან ცნობილნი. ამავე დროს არ აქვს მნიშვნელობა შიიტურია ორგანიზაცია თუ სუნიტური, რადგან ორივე მიმდინარეობა ერთადერთ მართლმორწმუნე ისლამად წარმოაჩენს თავს და, შესაბამისად ,,რეფორმაციის” მომხრე ჯგუფები ორივე მხარეს მრავლად არიან. სწორედ ამიტომ, ისლამურ ფუნდამენტალიზმს არ გააჩნია ერთი კონკრეტული და ჩამოყალიბებული სახე - ფორმა. აღნიშნული თემის განხილვა უფრო აქტუალური გახდა აშშ-ში 2001 წლის 11 სექტემბრის ტრაგიკული მოვლენების შემდეგ, რაც სწორედ ფუნდამენტალისტურ ისლამურ მიმართულებებთან იყო დაკავშირებული. ამავე დროს ნაშრომში პირველად იქნება გაანალიზებული ავღანეთში ჩატარებული ანტიტერორისტული კამპანიის შედეგები.
გამომდინარე იქიდან, რომ ამ საკითხს უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის, მიზანშეწონილი იქნებოდა ზოგადად იმის გარკვევა, თუ რას წარმოადგენს ისლამური ფუნდამენტალიზმი მსოფლიოში და კერძოდ რეგიონულ მასშტაბში (თუნდაც კავკასიის მაგალითზე), რამდენად რეალურია მისგან მომდინარე საფრთხე რეგიონის (მათ შორის საქართველოს) პოლიტიკურ-ეკონომიკური განვითარებისათვის და რა თავისებურებები ახასიათებს კავკასიაში რადიკალურ ისლამთან დაკავშირებულ პროცესებს. ვფიქრობ ქართველი და უცხოელი მკითხველისათვის ზემოთ მოყვანილი ფაქტორების გათვალისწინებით მეტად საინტერესო იქნება ამ პრობლემატიკის წარმოჩენა.
![]() |
2 2. რადიკალური ისლამის აღორძინება:მსოფლმხედველობა და იდეოლოგია 3. რადიკალური ისლამის გეოსტრატეგიული ასპექტები (მოძრაოა ,,თალიბანის” და ორგანიზაცია ,,ალ-ქაიდას” მაგალითზე) |
▲ზევით დაბრუნება |
რადიკალური ისლამის იდეებისა და კონცეფციების რეალიზების თვალსაზრისით მეტად საინტერესო გამოდგა პოსტბიპოლაურლი გეოპოლიტიკური ტრანზიციის ეპოქა. ამ კონტექსტში მეტად საინტერესო მოვლენები და პროცესები განვითარდა ისლამის გავრცელების გეოგრაფიულ არეალებში, სადაც თავი მოიყარა 1,3 მლრდ. მოსახლეობამ. თავის მხრივ, საკმაო ცვლილებები განიცადა თვით რადიკალური ისლამის იდეოლოგიის მატარებელმა სტრუქტურებმაც. XXI ს. ყველაზე დიდ ეპოქალურ მოვლენას წარმოადგენდა 2001 წლის 11 სექტემბერს აშშ-ში მომხდარი ტერორისტული აქტების სერია, რომელმაც შეძრა მთელი საერთაშორისო საზოგადოება. ამ ტრაგედიის უკან მოიაზრებოდნენ რადიკალური ისლამური დაჯგუფებები, რომლებმაც ახალი ,,ნეგატიური ტალღა” შეიტანეს თანამდეროვე საერთაშორისო ურთიერთობათა დინამიკაში. ამიტომაც, საინტერესოა, განვიხილოთ ამ ძალების პოტენციალი და მათი მფარველები, რომელთა ლიკვიდირებასაც ასე გამალებით ცდილობს აშშ-ს ამჟამინდელი ადმინისტრაცია. ბოლოდროინდელი პროცესების ფონზე პირველ რიგში რადიკალ-ისლამისტების ერთგვარ სინონიმებად XXI ს. დასაწყისში შეიქმნა ავღანეთში მყოფი ,,თალიბანის” მოძრაობა და ალ-ქაიადს ტერორისტული ქსელი, რომლის ხელმძღვანელი და იდეოლოგი უსამა ბენ ლადენი გადაიქცა ყველაზე დიდი ბოროტების განსახიერებად. აქედან გამომდინარე, უპრიანია შევეხოთ პირველ რიგში ავღანეთის თემას და მასთან დაკავშირებულ საინტერესო გეოსტრატეგიულ ფაქტორებს (მ.შ. ალ-ქაიდას დაარსების და განვითარების ისტორიას).
დოსიე: ავღანეთი მდებარეობს ცენტრალური აზიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში; ტერიტორია 655 ათასი კმ2; მოსახლეობა - 23,7 მლნ. ადამიანი (ეს რიცხვი არ წარმოადგენს ზუსტ მაჩვენებელს, რადგანაც 1979-96 წლებში მომხდარი კატაკლიზმების შედეგად ადგილი ჰქონდა მოსახლეობის რაოდენობის რადიკალურ ცვლილებას); ეთნიკური შემადგენლობა: პუშტუნები - 38%, ტაჯიკები - 25%, ხაზარები - 19%, უზბეკები - 6%; ოფიციალური ენები: პუშტუ (35%) და დარი (50% - ლაპარაკობს ტაჯიკები და ხაზარები); ძირითადი რელიგია: ისლამურ სუნიზმს მისდევს მოსახლეობის 84%, შიიზმს 15%. აქვე აღსანიშნავია, რომ ქვეყნაში არსებობდა მძლავრი სუფისტური ორდენები, ძირითადში ნაქშბანდია და ქადარია, რომლებიც დიდ როლს ასრულებდნენ მონარქიის ხელისუფლების განმტკიცებაში და საბჭოთა ოკუპაციის დროს წარმოადგენდნენ მძლავრ ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის ბირთვს (სხვათა შორის ე.წ. ,,პეშავარის შვიდეულის” ლიდერი მოლა მოჯადდედი ეკუთვნოდა ნაქშბადიის ორდენს). ამასთან, დასავლეთ ავღანეთში საუბრობენ დარის ან ავღანურ სპარსულ დიალექტზე. დარის დიალექტზე საუბრობენ ხაზარები და ტაჯიკები, რომლებიც ცხოვრობენ ცენტრალურ და დასავლეთ ავღანეთში და მისდევენ შიიზმს. ჩრდილოეთ ავღანეთი ძირითადად წარმოდგენილია თურქულენოვანი ეთნოსებით (უზბეკები, თურქმენები, ყირგიზები და ა.შ.). ქვეყნის სამხრეთ ნაწილში კი ბატონობენ პუშტუნები, რომლებიც საუბრობენ საკუთარ ინდურ-სპარსული ენების ნაჯვარ პუშტუნურ ენაზე. პუშტუნები იყოფიან ორ ეთნიკურ ჯგუფად: გილზაებად და აბდალებად (შემდგომში ისინი გადაკეთდნენ დურანებად), რომლებიც ითვლებიან ავღანეთის ტიტულოვან ეთნოსად.
ავღანეთი მდიდარია სასარგებლო წიაღისეულით, რომელიც სათანადოდ ჯერ კიდევ არ არის ათვისებული. ქვეყანაში აღმოჩენილია გაზის, ნავთობისა და ქვანახშირის საბადოები. მის წიაღში ვარაუდობენ ფერადი, ძვირფასი და შავი მეტალების არსებობას.
1996-2001 წლებში ხელისუფლება ავღანეთში გაყოფილი იყო ორად: ჩრდილოეთში მოქმედებდა ანტითალიბური მთავრობა პრეზიდენტ ბ. რაბანის მეთაურობით, რომელსაც ცნობდა საერთაშორისო საზოგადოება. ქვეყნის ორ მესამედზე კი ვრცელდებოდა ,,თალიბების” მიერ შედგენილი მთავრობის ხელისუფლება და მათ სახელმწიფოს ეწოდებოდა ,,ავღანეთის ისლამური იმამატი.”
ავღანეთის ეკონომიკა, ფაქტიურად, პარალიზებულია. 1995 წლის მონაცემებით, ქვეყნის მთლიანმა საშინაო პროდუქტმა შეადგინა 12,8 მლრდ. აშშ დოლარი, ხოლო სავაჭრო დეფიციტმა 306 მლნ. აშშ დოლარი.
ავღანეთი შორეული წარსულიდან ითვლება მსოფლიოს ერთ-ერთ რთულ სახელმწიფოდ, რომელსაც არასოდეს მიესადაგებოდა სხვა ქვეყნის ,,კანონები.” შუა საუკუნეებიდან ავღანეთის ტერიტორია, ფაქტიურად, დამოუკიდებელი და დაუმორჩილებელი პოლიტიკური ერთეული იყო. მის დაპყრობას ბევრი დიდი სახელმწიფო ცდილობდა, მაგრამ - ამაოდ.
ა) ცოტა რამ უახლოესი ისტორიიდან. მრავალი ეთნიკური შემადგენლობის ავღანეთს გააჩნდა უნარი საგარეო მტრის სათანადოდ დასახვედრად. საინტერესოა აქ მცხოვრები ეთნოსების: პუშტუნების, ბელუჯების, უზბეკების, ხზარების, თურქმენების, დარიელების და სხვა ერთიანობის გამოჩენისა და საკუთარი პოზიციების შენარჩუნების უნარი. ეს კარგად გამოჩნდა XIX ს. მეორე ნახევარში ძლიერი და მზაკვარი კოლონიური ,,დერჟავის” - დიდი ბრიტანეთის სწრაფვაში, დაემორჩილებინა ავღანეთი (1838, 1878-80, 1919 წლების ომები). მისი ყოველი ცდა მარცხით მთავრდებოდა. საბოლოო ჯამში, რუსეთისა და დიდი ბრიტანეთის მძლავრი მეტოქეობის შედეგად, 1919 წ. 19 აგვისტოს ემირმა ამანულა-ხანმა ავღანეთის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ეს დღე ავღანეთში აღინიშნებოდა, როგორც ეროვნული დღესასწაული - დამოუკიდებლობის აღდგენის დღე. თუმცა, დამოუკიდებლობის დღესასწაული დიდხანს არ გაგრძელებულა, ამას შიდა არეულობანი და საგარეო ინტერვენციები უშლიდა ხელს. მათ შორის გამოსაყოფია საბჭოთა რუსეთის მხრიდან განხორციელებული ინტერვენციები 1924 და 1929 წლებში (ლენინის უშუალო მითითებით წითელი არმია დაეხმარა ამანულა-ხანს საკუთარი რეჟიმის განმტკიცებაში, თუმცაღა მეორე ინტერვენციისას იგი შეცვალა ნადირ-შაჰმა). მესამე ინტერვენციისას, 1930 წელს წითელმა არმიამ კვლავ გადალახა ავღანეთის ტერიტორია და შეიჭრა 50 კმ-ის ფარგლებში იბრაგიმ-ბეკის ბანდის განადგურების მიზნით, ხოლო მეოთხე ინტერვენციისას კი 1979 წლის 15 მარტს ანტისამთავრობო ამბოხის ჩახშობისას საბჭოთა სტრატეგიულმა ბომბდამშენებმა ტუ-95 კლასის ,,აღგავეს პირისაგან მიწისა” ავღანური ქალაქი ჰერათი.
საშინაო კონფლიქტებიდან გამოსაყოფია 1927-29 წ.წ. მოვლენები, როდესაც პროგრესულად და ევროპულ ყაიდაზე მოაზროვნე ამანულა-ხანი კონსერვატორულმა ძალებმა, მ.შ. ისლამური რელიგიის წარმომადგენელებმა აიძულეს 1973 წლის ,,დარბაზის გადატრიალება”, რომლის შედეგადაც ავღანეთი გამოცხადდა და დაემხო მონარქია; 1978 წლის ,,საურის რევოლუცია” (ფაქტიურად, კი პრონუნსიამენტო, ანუ ძალაუფლების სათავეში არმიის ოფიცრების მოსვლა და მარქსისტული ორიენტაციის სახალხო დემოკრატიული პარტიის პოლიტიკური სადავეების ხელში ჩაგდება). მას კი შედეგად მოჰყვა შიდა პარტიული დაჯახება ორ ფრაქციას: ,,პარჩამსა” (დროშა) და ,,ხალყს” (ხალხი) შორის, სადაც გამარჯვება უკანასკნელმა მოიპოვა, ჰაფიზულა ამინის ხელმძღვანელობით. ამინმა ქვეყანაში დაამყარა 30-40-იანი წლების საბჭოთა დიქტატურა, რამაც გააღიზიანა არა მხოლოდ ქვეყნის მოსახლეობა, არამედ მოსკოვიც. 1979 წლის 27 დეკემბრის სამხედრო გადატრიალების (საბჭოთა სპეცსამსახურების მიერ ამინის მკვლელობა) ლოგიკური შედეგი იყო ,,პარჩამის” დასმა ხელისუფლებაში და საბჭოთა ინტერვენცია ავღანეთში. ინტერვენციის განხორციელების ერთ-ერთ საბაბად გამოყენებულ იქნა ,,ისლამური ფუნდამენტალიზმის” საფრთხე, რომლითაც კარგად მანიპულირებდნენ ანტისაბჭოთა პეშავარის კოალიციის შექმნისას დასავლეთის (პირველ რიგში, ამერიკული) სპეცსამსახურები და პოლიტიკური ძალები. ათწლიანი სისხლისმღვრელი ომი, რომელიც ავღანეთს მილიონ ხუთასი ადამიანის სიცოცხლედ დაუჯდა, დასრულდა 1992 წლის აპრილში ,,პეშავარის შვიდეულის” (იმ დროს მოქმედი 7 ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანება, მ.შ. პროისლამური ორიენტაციის) მოსვლით ქაბულის ხელისუფლებაში. მაგრამ ამით კონფლიქტი არ დასრულებულა. მოქმედ სამ მთავარ პოლიტიკურ ძალას შორის გაჩაღდა სამოქალაქო ომი (ესენი იყვნენ: გულბედინ ჰექმათიარის ,,ავღანეთის ისლმური პარტია”, სეიდ აჰმად გილანის ,,ავღანეთის განთავისუფლების ეროვნული ისლამური ფრონტი”, ბორჰანედინ რაბანის ,,ავღანეთის ისლამური საზოგადოება”, რომელიც 1992 წელს გახდა ქვეყნის პრეზიდენტი), მონაწილეობას იღებდნენ რეგიონული ლიდერებიც (მაგალითად, თავდაცვის მინისტრი, ფანჯერის ხეობის ლომი ახმად შაჰ მასუდი და ხაზარელების ლიდერი - ,,ჰეზბი ვახდათის” ხელმძღვანელი კარიმ ჰალილი). მდგომარეობა კვლავ უმართავი გახდა, 1992-96 წ.წ. ქვეყანა რეალურად დაიყო გავლენის სამ სფეროდ: ,,ჩრდილოეთი”, სადაც ბატონობდა ყოფილი ავღანური რევოლუციური არმიის მეხუთე დივიზიის უფროსი გენერალი რაშიდ დუსტუმი (ცენტრით მაზარი-შარიფში); ,,ცენტრალური”, სადაც კოალიციური მთავრობა აკონტროლებდა სიტუაციას (რაბანი, ჰეკმათიარი და მასუდი), ცენტრით ქაბულში; ,,სამხრეთი”, სადაც გაჩნდნენ ისლამისტი სტუდენტები - ,,თალიბები” (ცენტრით ყანდაგარში). ძალთა ასეთმა ბალანსმა გაძლო მხოლოდ ოთხი წელი, შემდეგ კი რადიკალურად შეიცვალა.
ბ) ,,თალიბანი” შუა აღმოსავლეთის ,,რაინდთა ორდენი”: გზა წარსულიდან. უახლოესი ისტორიის ერთ-ერთი ავღანური ლეგენდის თანახმად, სავაჭრო ქარავანი, რომელიც ასრულებდა ჰუმანიტარულ მისიას, პაკისტანის ქ. კვეტადან თურქმენული კუშკისაკენ მიემართებოდა. ქ. ყანდაგართან ისინი სამხრეთ პუშტუნური ტომის ერთ-ერთმა ბელადმა დააყაჩაღა, რაც მას ძალზე ძვირად დაუჯდა. სამხრეთ აღმოსავლეთში არსებული ისლამური სკოლების (მედრესეების) სტუდენტებმა სულ მალე აღკვეთეს ეს ყაჩაღობა და ,,ღირსეულად” დასაჯეს მომხდურნი. ასე შეიქმნა სამხედრო-პოლიტიკური მოძრაობა ,,თალიბანი” (სტუდენტი), რომლის სათავეში პაკისტანში არსებული მედრესეების სტუდენტობა აღმოჩნდა (უფრო სწორად, ავღანელ ლტოლვილთა შვილები, რომლებიც საბჭოთა ექსპანსიას ამ ქვეყანაში გაექცნენ). ორი წლის განმავლობაში ,,თალიბებმა” მოახერხეს ბრწყინვალე სამხედრო გამარჯვებების მოპოვება და მთავარი ქალაქების დაკავება: ყანდაგარი, გერათი, ჯელალაბადი და 1996 წლის სექტემბერში - თვით დედაქალაქი ქაბული. მათი ძალა თანდათან შესამჩნევი ხდებოდა, რაც გამოიხატა მძიმე არტილერიისა და საბრძოლო ავიაციის აქტიურად გამოყენებაში (უკანასკნელად ავიაცია გამოიყენებოდა 1990-91 წლებში, სამოქალაქო ომებში იგი, ფაქტიურად არ მოქმედებდა). ,,თალიბანის” წინააღმდეგ აღდგნენ ყოფილი ,,პეშავარის” ლიდერები, რომელთაც დაემატათ გენერალი დუსტუმი (რუსული და უზბეკური ზურგით), ხალილი და ნაწილობრივ, მთიელ ბადახშანელ ისმაილიტთა ლიდერი აგა ხანი. სამაგიეროდ, ,,თალიბანს” ზურგს უმაგრებდა პაკისტანი და საუდის არაბეთი (გარკვეულწილად საუბარი იყო ამერიკის მონაწილეობაზეც, რასაც ქვმოთ შევეხებით). მიუხედავად ასეთი მძლავრი კოალიციისა, თალიბებმა 1997-98 წლებში შეძლეს წარმატებული საომარი ოპერაციების ჩატარება. მათ ორჯერ დაიკავეს ქ. მაზარი-შარიფი (პირველად 1997 წ. ზაფხულში, მეორედ - ზუსტად ერთი წლის შემდეგ); მოახერხეს მიახლოვება უზბეკეთის და ფაქტიურად, ტაჯიკეთის საზღვრებთან, ანუ დსთ-ს სამხრეთ საზღვრებთან, რასაც მოჰყვა დსთ-ს ფარგლებში ,,ანტითალიბური” პაქტის დაფუძნება 1998 წლის მაისში: უზბეკეთის, ტაჯიკეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის და რუსეთის მონაწილეობით (თურქმენეთმა თალიბებთან თავიდანვე კარგი მეზობლური ურთიერთობები ააგო). ამას შემდგომში მოჰყვა სამხედრო-პოლიტიკური ალიანსის გაფორმება 2001 წლის 25 მაისს ერევანში დსთ-ს კოლექტიური უსაფრთხოების პაქტის დაარსების სახით, რომელსაც დაემატა ბელორუსია და სომხეთი. პაქტის დაარსების ერთ-ერთ ძირითად ამოცანას წარმოადგენდა ბრძოლა ტერორიზმთან და ისლამურ რადიკალზიმთან, სადაც სწორედ თალიბანის მოძრაობა მოიაზრებოდა. ამას დაემატა ასევე ე.წ. ,,შანხაის ხუთეულის” დაარსება, სადაც უკვე ჩინეთიც გამოჩნდა, როგორც ანტითალიბური მოძრაობის აქტიური სუბიექტი (იგივე ურუმჩელი ისლმისტი სეპარატისტების გამო, რომელსაც ასევე ზურგს უმაგრებდნენ თალიბები). ფაქტიურად, საბრძოლო მოქმედებათა ხაზი ნელ-ნელა ჩრდილოეთისაკენ მიიწევდა და ბრძოლები სულ უფრო პერმენენტულ ხასიათს ღებულობდნენ (ძირითადში, დაპირისპირებულ მხარეებს შორის ,,გამყოფი” ხაზი ანტიტერორისტული კამპანიის დაწყებამდე იყო ქ. ფაიზაბადი).
დაკავებულ ტერიტორიებზე თალიბებმა დაამყარეს შარიათის კანონებზე დაფუძნებული სასტიკი ისლამური წესრიგი (მაგალითად, აიკრძალა ყოველგვარი ანტიისლამური ცხოვრების წესი, მ.შ. ტელევიზია). მათი მთავარი ორგანოა ე.წ. ,,ყანდაგარის ექვსეული”, ანუ ექვსი უმაღლესი მულათა საბჭო. მოძრაობის სულიერ ლიდერად ითვლებოდა მულა ომარი და თალიბების სახელმწიფოს პრეზიდენტი კი იყო მულა მუჰამად რაბანი. მოძრაობა აკონტროლებდა სტრატეგიულ მაგისტრალს: ქაბული-ჯელალაბადი-პეშავარის გზას. თალიბანის მთავრობას არ გააჩნდა დიდი საერთაშორისო აღიარება, პაკისტანის, საუდის არაბეთის და გაერთიანებულ არაბთა საემიროების აღიარების გარდა, რომელთაც თავის დროზე დაემატა თვით აუღიარებელი იჩქერიის ისლამური რესპუბლიკაც. თუმცა იგივე 2001 წელს განხორციელებული ვანდალური აქციის, ბუდის ისტორიული მონუმენტის დანგრევითა და მთლიანად მოსპობით, თალიბებმა მთელი საერთაშორისო საზოგადოება გადაიკიდეს.
მნიშვნელოვანი მომენტია ისიც, რომ თალიბებს მკაცრი დისციპლინა ჰქონდათ, კერძოდ, უსიტყვოდ სრულდებოდა ომარის ყველა ბრძანება და დირექტივა. იდეოლოგიაში პრიორიტეტი მიენიჭებოდა ე.წ. ,,წმინდა ისლამის” (სალაფიზმი) ანუ ყურანის უშუალო ინტერპრეტირების პოლიტიკას და მის განხორციელებას. თავისი ფორმით მოძრაობის სახელმწიფოებრივი იერარქიული მოდელი ძალიან წააგავდა ირანული ისლამური სახელმწიფოს მოდელს, ხოლო შინაარსის მხრივ, საუდის არაბეთისას. გარდა ამისა, მკაფიოდ შეინიშნებოდა მაღალი დონის იდეოლოგიური და ბიუროკრატიული მექანიზმის მართვის დონე. მოძრაობას გააჩნდა ძლიერი ფინანსური ზურგი (მარტო რამდენიმე კოალიციის საველე მეთაურს ქრთამის სახით თალიბებმა 1998 წ. გადასცეს 2-დან 25 მილიონამდე აშშ დოლარი). თალიბების შეიარაღებული ძალები შეიქმნა რეგულარული არმიის შესაბამისად და, ფაქტიურად, წარმოადგენდა პაკისტანური და ,,რევოლუციური ავღანური არმიების” გაერთიანებულ მოდელს (თუმცა ნომინალურად სულ სხვა სისტემას წარმოადგენდა). ეს გარემოება არ არის მოულოდნელი, თუ გავიხსენებთ იმ ფაქტს, რომ თალიბანის ხელმძღვანელობის უმრავლესობას შეადგენდნენ ავღანეთის ყოფილი სახალხო დემოკრატიული პარტიის, ,,ხალკის” ფრაქციის წევრები. ამის შესახებ შეიძლება ვიმსჯელოთ, თუ გადავხედავთ თალიბანის მაღალი ეშელონის რამდენიმე წევრის მოკლე დოსიეს.
პირადი დოსიედან - თალიბანის მთავრობის რამდენიმე წევრის და მაღალი რანგის პირთა მონაცემები:
დაუდ მაჯიდ სარბოლანდი - ყოფილი კომუნისტი ლიდერის ბაბრაქ ქარმალის დროს იყო კულტურის მინისტრი. ეკუთვნოდა ფრაქცია ,,ფარჩამს”, მაგრამ სიმპათიებს გამოხატავდა ,,ხალკისტების” მიმართ. ამ ეტაპზე კურირებს თალიბანის მთავრობაში ჰუმანიტარულ მიმართულებებს.
აბდურ კადერ აკა - ,,ხალკისტი”, 1989 წ. თავი შეაფარა პაკისტანს გენერალ ტანაის წარუმატებელი გადატრიალების შემდეგ, რომელშიც აქტიურად მონაწილეობდა. ,,რევოლუციურ ავღანურ არმიაში” ეკავა სამხედრო-საჰაერო ძალების შტაბის უფროსის პოსტი. ამჟამად თალიბანის სამხედრო-საჰაერო ძალების სარდალია.
გულ მუჰჰამად ანდარი - თალიბანის მოძრაობის დაზვერვის ხელმძღვანელი, ყოფილი ,,ხადის” მაღალი ჩინოსანი (,,ხადი” - კომუნისტური ავღანეთის უშიშროების სამინისტრო აგებული ყოფილი ,,ენკევედე”-ს მოდელზე).
პოლკოვნიკი იბრაჰიმ უმარი - თალიბანის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი მიმართულების სარდალი, კომუნისტების პერიოდში იყო ქაბულის სარაკეტო-საზენიტო სასწავლებლის რექტორი, ხალკისტი.
ასევე საინტერესოა თვით ,,თალიბანის” მოძრაობის ლიდერის ბიოგრაფიაც:
მულა ომარი - დაიბადა 1959 წ. კანდაგართან ახლოს მდებარე სოფელ ნოდეჰში, უბრალო გლეხის ოჯახში. წარმოშობით იგი ეკუთვნის გილზაის ჰოტაკის ტომს (თუმცა მისი ოჯახის თაობაზე ადგილობრივ მოსახლეებს თითქმის არაფერი სმენიათ). მან მოზარდობის პერიოდში სამუშაოს ძიებაში, ყანდაგარის პროვინციის სინგესარის სოფელში გახსნა პატარა მედრესე და გახდა სოფლის მოლა. მისი სასულიერო მოღვაწეობა ორჯერ იქნა შეწყვეტილი, პირველად, მაშინ როდესაც მოხდა საბჭოთა ინტერვენცია (იგი შეუერთდა ხალისის ,,იბნ-ე ისლამის” ორგანიზაციას და ომობდა მისი ეგიდით) და მეორეჯერ, როდესაც დაარსდა მოძრაობა თალიბანი. იგი ოთხჯერ იყო დაჭრილი და ამის გამო ცალი თვალით საერთოდ ვერ ხედავს. მისი დაარსებული მედრესე დღესაც ფუნქციონირებს და მასში სწავლობს მისი ხუთივე შვილი. მულა ომარს ჰყავს სამი ცოლი.
საინტერესოა, რომ ქაბულის აღებისას საშინელი წამებით მოკლეს კომუნისტური რეჟიმის ყოფილი ლიდერი ნაჯიბულა (პარჩამისტი, რომელმაც პარტიაში დაიწყო ფრაქციული წმენდის განხორციელება) და ხელი არ ახლეს მეორე ყოფილ ლიდერს - ბაბრაქ ქარმალს, ასევე პარჩამისტს, რომელიც ლოიალობას იჩენდა ხალკისტების მიმართ, გარდა ამისა, არსებობს ვერსია, რომლის თანახმადაც, ამჟამინდელი მოძრაობის ლიდერი თვით ამინია, რომელიც სასწაულად გადაურჩა სიკვდილს და პაკისტანში იმალებოდა. ეჭვები გამოიწვია ომარის ვინაობის გაურკვევლობამ (როგორც აღნიშნულიდან ჩანს, მას გააჩნია საინტერესო ბიოგრაფიული მონაცემები), რადგან ის არ არის დაფიქსირებული არც ერთ ფოტოზე და სახით არავინ იცნობს (გარკვეული ხალხის გარდა). ერთობ საეჭვო კავშირში იმყოფება მოძრაობასთან ავღანეთის ყოფილი თავდაცვის მინისტრი გენერალი ტანაი, რომელიც ცდილობდა ნაჯიბულას დამხობას, მაგრამ პაკისტანში მოუწია გაქცევა. თავის დროზე ტანაი გამოდიოდა როგორც ,,მესამე ძალა” და აქტიურად არ ერეოდა ქვეყნის საქმეებში, მაგრამ მისი კვალი უცებ გაქრა 1995 წელს, თალიბანის ზეობის დროს.
როგორც ჩანს, ამ ეტაპზე რელიგიური დოქტრინის განხორციელება კვლავ ანდეს ერთ-ერთ ყოფილ პარტიულ დაჯგუფებას, რომელსაც იდეოლოგიური წრთობისა და საორგანიზაციო ჩვევების გამომჟღავნების დიდი გამოცდილება ჰქონდა. ამით შეიძლება ნაწილობრივ აიხსნას თალიბანის წარმატება, როგორც პოლიტიკურ, ისე სამხედრო ფრონტებზე და მკაცრი იერარქიული ინსტიტუტების შექმნა. თანაც, ამ ხალხის შეკრება დიდ სირთულეს არ შეუქმნიდა პაკისტანის საუწყებათაშორისო დაზვერვის ორგანოს - ,,სი-აი-სი”-ს, რადგან ყოფილი რეჟიმის უმეტესი ნაწილი პაკისტანში გაიქცა და იქ უსაქმოდ დარჩა. ფაქტობრივად, განხორციელდა სუფისტური სტილის სამხედრო-რელიგიური ,,ორდენის” დაარსება იმ ახალგაზრდების ბაზაზე, რომლებიც პეშავარის და სხვა ლტოლვილთა ბანაკებში იმყოფებოდნენ. მათ მცირე ხანში სასულიერო სკოლებში მკაცრი ისლამური დისციპლინის პირობებში შეძლეს ,,ისლამის ჯარისკაცების” გამოზრდა.
რეალურად 1996-2001 წლებში ავღანეთში მიმდინარეობდა ორი ისლამური მიმართულების: ზომიერების და რადიკალების დაჯახება, თანდათანობით უკანასკნელის გამარჯვებით. თალიბანს ავღანეთში გააჩნდა უძლიერესი სამხედრო შეიარაღება და ფორმირებანი, რომლებიც იყოფოდნენ 5 სტრატეგიულ მიმართულებად. მათ კონტროლქვეშ იყო: 40 ათასი მეომარი, 200 ერთეული ჯავშანტექნიკა, 20-ზე მეტი საბრძოლო თვითმფრინავი (1998 წ. მონაცემებით). ეს ყველაფერი თალიბებმა შეიძინეს იმ თანხებით, რომლებიც გამოყოფილ იქნა ამერიკის, პაკისტანის, საუდის არაბეთის, დიდი ბრიტანეთის დახმარებით. თავის მრხივ, უკვე დაფიქსირებულია პაკისტანის რეგულარული არმიის უშუალო მონაწილეობა საბრძოლო მოქმედებებში თალიბანის მხარეზე. მარტო ერთ-ერთი საბრძოლო ოპერაციისას თალიბანის მიერ განხორციელებული შეტევისას მონაწილეობას იღებდა 1000-მდე პაკისტანელი კომანდოსი.
საერთოდ, უნდა გამოიყოს შემდეგი გარემოება - იმჟამინდელი რეალიებიდან გამომდინარე ავღანეთში მოქმედი თალიბანის არმია წარმოადგენდა ერთ-ერთ ყველაზე გასაიდუმლოებულ ორგანიზაციას. შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად ითვლებოდა მულა ომარი, თუმცა არ არსებობს ამის კონკრეტული დასაბუთება. ომარის ხელმძღვანელობით ფუნქციონირებს გენერალური შტაბი და სახმელეთო და სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლობები. არსებობდა სულ მცირე 4 საარმიო დივიზია და ერთი მოტორიზებული დივიზია, რომლებიც დისლოცირებული იყვნენ ქაბულში. თალიბები სულ ცვლიდნენ სამხედრო იერარქიას, კერძოდ, კუნდუზის საექსპედიციო კორპუსის ხელმძღვანელობა სამი თვის განმავლობაში შეიცვალა სულ მცირე სამჯერ. სამხედრო შურა წარმოადგენდა ძალზე ფართო ორგანიზაციას, რომელიც ამუშავებდა სტრატეგიას და შეეძლო გადაეწყვიტა ტაქტიკური ამოცანები, მაგრამ არ ძალუძდა მიეღო რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება. ამ როლს ასრულებდა თვით ომარი, მათ შორის მნიშვნელოვან დანიშვნებს და თანხების გამოყოფას შეტევითი ოპერაციების განხორციელებისათვის. სავალდებულო სამსახურის გარდა, თითოეულ საველე მეთაურს შეეძლო პუშტუნური ტომებიდან მოეხდინა დამატებითი ცოცხალი ძალის მობილიზირება, ხოლო საბრძოლო ტექნიკას, საწვავს, ამუნიციას, კვებას და ტრანსპორტს მათთვის უზრუნველყოფდა სამხედრო შურა. რეგულარული არმიის ნაწილებთან ერთად, რომელთა 30%-ს შეადგენდნენ პაკისტანში არსებული მედრესეების სტუდენტობა, პარალელურად მოქმედებდა ე.წ. ,,ლაშქარი”, სადაც გაერთიანებული იყვნენ მხოლოდ მოხალისეები, რომლებსაც არ უხდიდნენ არაფერს. მაგრამ მათ შეეძლოთ ეცხოვრათ მარადიორობით (ეს პრაქტიკა განსაკუთრებით განვითარდა თალიბების მიერ მიღებული მარცხის შემდეგ 1997 წ. მაზარი-სარიფის მიდამოებში). ლაშქარის ფორმა იყო - ისტორიული წარსულისადმი პატივისცემა და ეროვნული ფაქტორის გამოყენება თალიბების მხრიდან. თალიბანის არმიაში თანხას უხდიდნენ მხოლოდ პროფესიონალ მებრძოლებს, რომლებიც ძირითადში საბრძოლო ტექნიკას ესმახურებოდნენ და სხვათა შორის წარმოადგენდნენ ყოფილი ავღანეთის რევოლუციური არმიის ოფიცრებსა და სერჟანტებს.
გ) კულისებს მიღმა თამაშები: რეალურია თუ არა ,,ჯინი ბოთლიდან?”
1995 წლიდან დაიწყო მასობრივი კამპანია ცენტრალური აზიის რეგიონის და მისდამი დაინტერესებული ქვეყნების მონაწილეობით ახალი ტრანსრეგიონული მაგისტრალური ხაზების ასამოქმედებლად. ძირითადად, ეს ეხებოდა ნავთობის, გაზისა და ბამბის ,,ქარავნებს” და ე.წ. ,,აბრეშუმის გზის აზიური ვარიანტის” ამუშავების პერსპექტივას. საბჭოთა კავშირის დაშლამ გამოიწვია მისი სარესურსო პოტენციალის გადანაწილების ახალი ტალღის აზვირთება. მასში აქტიურად ჩაერთვნენ თურქეთი, პაკისტანი, ინდოეთი, შემდგომში კი საუდის არაბეთი, აშშ და ირანი. ცენტრალური აზიის ბაზრების ხელში ჩასაგდებად გაიმართა ნამდვილი ,,სავაჭრო-ეკონომიკური ომები”, რასაც თან სდევდა პოლიტიკური სამხედრო კოლიზიებიც. ერთგვარ ეპიცენტრად გადაიქცა, სწორედ ავღანეთი, სადაც ერთმანეთს დაუპირისპირდა შემდეგი კოალიცია: ირანი-რუსეთი-უზბეკეთი-ინდოეთი-ჩინეთი - საუდის არაბეთი-პაკისტანის ალიანსის საპირისპიროდ, ორივე მხარის უკან კარგად მანევრირებდნენ აშშ, დიდი ბრიტანეთი (როგორც ამ რეგიონის უძველესი ,,მმართველი”) და თურქმენეთი. განსაკუთრებით საინტერესოა ამერიკის საგარეო პოლიტიკის ,,ცენტრალურ აზიური” მონაკვეთი, რადგანაც მასში კარგად არის აბსორბირებული სახელმწიოებრივი, კორპორაციული და ზოგადი ხასიათის ინტერესები. აშშ-მა, გარკვეულწილად ძველი ინერციით, ხელი შეუწყო ახალი მოძრაობის ჩამოყალიბებას, ირანის პოლიტიკის გაძლიერების საპირისპიროდ და მისი მოკავშირეების (პაკისტანის, საუდის არაბეთის) ეროვნული ინტერსების დასაცავად. საერთო სტრატეგიად არჩეულ იქნა: ,,კონტროლირებადი ისლამის” პრინციპის განმეორება (ასეთი პრეცენდენტი კი უკვე არსებობდა იმავე მოჯაჰედინური მოძრაობის აღორძინების სახით, საბჭოთა ექსპანსიონიზმის აღსაკვეთად ინდოეთის ოკეანის მიმართულებით). ასეთი მიდგომა განაპირობა ორმა ფაქტორმა:
1) პოსტბიპოლარული ავღანეთი ისედაც უკვე ისლამურ სახელმწიფოს წარმოადგენდა, სადაც რელიგიური იდეოლოგიის ბუნდოვანმა ჩარჩოებმა გამოიწვია ქვეყნის დესტაბილიზაცია. ეს კი ევრაზიული სივრცის სარესურსო პოტენციალის (უპირველეს ყოვლისა, გაზის დიდი მარაგების, ანუ მსოფლიო მარაგების დაახლოებით 35-40%) ათვისების დამაბრკოლებელი გარემოება გახდა. აქედან გამომდინარე, მიმდინარეობდა ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი პრინციპის - ქვეყნის ეკონომიკური სიძლიერის განვითარების ,,დებლოკირება.”
2) როგორც აღვნიშნეთ, ირანის გაძლიერების საშიშროებამ და ამერიკული კონცეფციის მიხედვით, საერთაშორისო ტერორიზმის საწინააღმდეგო ზომების გატარების აუცილებლობამ (ამაზე მიუთითებს თუნდაც იმავე ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მიერ მოჯაჰედინებისაგან ,,სტინგერის” საზენიტო გადამტანი რაკეტების ამოღების ოპერაცია).
თურქმენეთის სახელმწიფომ როგორც კი გამოაცხადა თავი დამოუკიდებელ ქვეყნად, დაიწყო ნეიტრალიტეტის პოლიტიკის წარმოება, რაც, ფაქტობრივად, ყველა კოალიციასა თუ ალიანსში მონაწილეობაზე უარის თქმით გამოიხატა. აქედან გამომდინარე, ნიაზოვმა კარგი ურთიერთობები შეინარჩუნა თალიბებთან და ერთობლივი პროექტების შემუშავებაშიც კი მიიღო მონაწილეობა.
თალიბანის რეალური ფუნქციების რაობა, გარკვეულწილად, გამოაშკარავდა მისი შექმნის მეორე წელსვე. საქმე ეხება თურქმენეთ-პაკისტანის გაზსადენის (და, პერსპექტივაში კი, ნავთობსადენის) გაყვანის იდეა. 1997 წ. ოქტომბერში უკვე დაარსდა საერთაშორისო გაზის კონსორციუმი ,,Central Asia Pipeline”, სადაც დაფიქსირდა მონაწილე ქვეყნების გეოპოლიტიკური ინტერესები. კონსორციუმში შემდეგი სუბიექტები მონაწილეობდნენ (როგორც სახელისუფლო დონის, ისე ტრანსეროვნული კორპორაციების სახით): ყველაზე მსხვილი აქციონერი (54,11%) გახდა ამერიკული ,,United Oil of California” (Unocal), საუდის არაბული კომპანია ,,Delta” (15%), თურქმენეთის ნავთობისა და გაზის სამინისტრო (7%), რუსული ,,გაზპრომი” (აქციათა 10%), დანარჩენი აქციები გაინაწილეს პაკისტანურმა ,,Crescent Group”-მა, სამხრეთ კორეულმა ,,Hyundai Engineering”-მა და იაპონურმა ,,Indonezia Petrolium” და ,,Itochu”-მ. გაზსადენის საშუალებით გათვლილი იყო თავიდან 20 მლრდ. მ3 გაზის ტრანსპორტირება თურქმენული კუშკიდან ავღანეთის ტერიტორიის, ყანდაგარის ან უფრო ეკონომიკური პერსპექტივით, მაზარი-შარიფის გავლით, პაკისტანურ კვეტამდე და შემდგომში არაბული ზღვის სანაპიროებამდე (ანუ თალიბანური მარშრუტის განმეორება). აქ უნდა აშენებულიყო გაზის გადამამუშავებელი ქარხანა, საიდანაც სპეციალური ტანკრერების მეშვეობით განხორციელდებოდა თხევადი გაზის ტრანსპორტირება საერთაშორისო ბაზრებზე. ძირითად როლს გაზსადენის საქმეში თამაშობდა ,,Unocal”, რომესაც საერთაშორისო სანავთობო კორპორაციების სიაში მე-19 ადგილი უჭირავს, წლიური შემოსავლები კი - 10 მლრდ. აშშ დოლარის ფარგლებში (1981 წ. მომაცემებით). ეს კორპორაცია ცენტრალური აზიის ამ მონაკვეთში გარკვეულ დრომდე იცავდა ამერიკის ინტერესებს და საკმაოდ წარმატებითაც (ამ მხრივ, ამერიკელებმა საკუთარი ინტერესებისათვის არაბეთის ნახევარკუნძულზე გამოიყენეს ,,American Arabien Oil Company”-ის მოდელი და ,,ავღანურ ვარიანტში” თავიანთი კოლეგებიც მიიწვიეს საუდის არაბეთიდან). ცნობილი მოვლენების, კერძოდ 1998 წელს სუდანსა და ავღანეთში ამერიკელთა მიერ განხორციელებული სამხედრო აქციათა შედეგად გაზსადენის ,,თამაშებიდან”, სწორედ გეოსტრატეგიული შეუთავსებლობის გამო, გამოვიდა ,,გაზპრომი”, ხოლო შემდეგ ეტაპზე კი თვით ,,Unocal”-ი. სამწუხაროდ, ამერიკას ამ მნიშვნელოვან არეალში საკუთარი ინტერესების გასატარებელი ,,იარაღი” ბუმერენგივით შემოუბრუნდა და გამოიწვია თალიბანის ანტიამერიკულ ძალად ქცევა. ამის პარალელურად, არც მისი მოკავშირეები ადგანან სანდო გზას.
პაკისტანში ხელისუფლების სათავეში მოვიდნენ სამხედროები გენერალ-ლეიტენანტ პერვეზ მუშარაფის ხელმძღვანელობით, რომლებიც ცდილობენ თანდათანობით ააღორძინონ ყოფილი დიქტატორის, გენერალ ზიაულ-ხაკის, იდეები და შემოიღონ ისლამური წეს-ჩვეულებანი ლიბერალური დოზებით. ამასთან, პაკისტანი თალიბანის მეშვეობით მიუახლოვდა უზბეკეთის და თურქმენეთის საზღვრებს, რაც საშუალებას მისცემდა მას, მომავალში პირდაპირ ჰქონოდა მისასვლელი სასარგებლო წიაღისელთან (გაზი, ბამბა), თანაც სოლიდური უპირატესობით, ბირთვული ქვეყნის იმიჯის გამოყენებით. თანაც სწორედ მუშარაფის მოქმედ არმიაში ყოფნისას (იგი იყო ქვეყნის გენერალური შტაბის უფროსი) დაიწყო თალიბანის მოძრაობის აღზევება და უშუალო დახმარების აღმოჩენა.
საუდის არაბეთი წარმოადგენდა მეორე მძლავრ სახელმწიფოს, რომელიც წარმატებით იყენებდა თალიბების ფაქტორის. კერძოდ, საუდის არაბეთი საკუთარი იდეოლოგიური იარაღით, ვაჰაბიზმით ცდილობდა შეექმნა კარგი პლაცდარმი ცენტრალური აზიის სტრატეგიული მარაგებისაკენ (პირველ რიგში გაზი). რეალურად რომ ვიმსჯელოთ, თალიბანის მოძრაობა ავითარებდა ვაჰაბიზმის იდეოლოგიას ავღანური წეს-ჩვეულებებითა და მულტიეთნიკური სპეციფიკური ელემენტების გათვალისწინებით. მას ამ საქმეში ჰყავდა დიდი სპონსორი - საუდის არაბეთი, რომელიც ისლამურ სამყაროში ითვლება ყველაზე მსხვილ დონორ-სახელმწიფოდ (ყოველწლიურად ქვეყანა 53 განვითარებადი ისლამური სახელმწიფოსათვის გაწეული დახმარებით გამოყოფს 12-13 მლრდ. აშშ დოლარს). საინტერესოა, რომ ვაჰაბისტები პირველად გამოჩნდნენ სწორედ ავღანეთის სიახლოვეს, უზბეკეთსა და ტაჯიკეთში 1994 წელს და დღესაც არსებობენ მათი იატაკქვეშა ჯგუფები (გავიხსენოთ, თუნდაც შარშან წარმოებული სამხედრო ინტერვენცია ტაჯიკეთის ტერიტორიიდან ყირგიზეთისა და უზბეკეთის მიმართულებით, იულუსის ისლამისტური დაჯგუფების მიერ, რომლის მებრძოლებიც სამხედრო მზადებას ავღანეთში გადიოდნენ).
აქვე აღვნიშნავთ, თალიბანის მოძრაობის დაინტერესებაზე კავკასიის რეგიონით, რომელიც გამოიხატებოდა ორი მთავარი ფაქტორით:
1. ნარკოტიკების სატრანზიტო მაგისტრალი. ამ მხრივ არ წარმოადგენდა საიდუმლოებას, რომ თალიბანი, მასზე გამოცხადებული საერთაშორისო სანქციების გათვალისწინებით, ეძებდა შემოსავლების გაფართოების გზებს, რომელთაგანაც ყველზე მომგებიანი იყო ნარკოტიკების მოყვანა და მათი გატანა საერთაშორისო ბაზრებზე. იმ პერიოდში თალიბები, ყოფილ ჩანკაიშელ გენერალ ხუნ სენთან ერთად, რომელიც მოქმედებს ,,ოქროს სამკუთხედის” (ლაოსის, ტაილანდისა და კამბოჯას) სივრცეში, წარმოადგენდნენ მსოფლიოში ყველაზე მსხვილ ნარკოტიკების მწარმოებელ და გამსაღებელ სუბიექტებს. უკვე ამ პერიოდში მწვავედ დადგა ცენტრალურ აზიაში ავღანეთის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილებში მოყვანილი მშრალი კოკაინის და ჰაშიშის გავრცელების საკითხი, რომელიც ძირს უთხრიდა ამ რეგიონის სახელმწიფოთა ეროვნულ ინტერესებს. თანაც თალიბები ნარკოტიკების გასაღებით ღებულობდნენ 300 მლნ. აშშ დოლარს წლიურ შემოსავალს. ამიტომაც ცენტრალური აზიიდან კავკასიის რეგიონზე ,,გადმოსვლა”, ევროპის ტერიტორიაზე უშუალო გავრცელების პერსპექტივით (ძირითადში ბალკანეთის მეშვეობით), კიდევ უფრო გაზრდიდა ამ შემოსავლებს. აქედან გამომდინარე, ნარკოტიკებისა და იარაღის გატანის პერსპექტივები ევრაზიული სივრცის სამხრეთ ზონაში წარმოადგენდა ერთ-ერთ აქტუალურ სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხს თალიბებისა და მათ უკან მდგარი ძალებისათვის.
2. ისლამური იდეოლოგიის ექსპორტი. აღნიშნული მიმართულება წარმოადგენდა ერთ-ერთ მთავარ პოსტულატს თალიბანის საგარეო-პოლიტიკურ დოქტრინაში. შემთხვევით გარემოებას არ წარმოადგენდა, ცნობილი რადიკალი ისლამისტი თეოლოგისა და საერთაშორისო საზოგადოებისთვის ცნობილი ,,ნომერ პირველი” ტერორისტის უსამა ბენ ლადენის ყოფნა ავღანეთში, კერძოდ, თალიბანის დედაქალაქ ყანდაგარში. სწორედ უსამა ბენ ლადენის ინიციატივით დაიყწო 1998 წელს ,,არაბულ-ისლამური სახალხო კონგრესის” ანუ ე.წ. ,,მწვანე ინტერნაციონალის” ჩამოყალიბება, რომლის ფიქტიური ლიდერი გახდა, ბენ ლადენის მარჯვენა ხელი ალჟირელი საველე მეთაური ჰასან ალ-ტურაბი. თავის დროზე ჩეჩნეთში კავკასიის რეგიონში, ბენ-ლადენის პირადი წარმომადგენლის პოლკოვნიკ ჰატაბის უშუალო მონაწილეობით ყალიბდებოდა ,,დაღესტნისა და ჩეჩნეთის ხალხთა კონგრესი”, ერთიანი ისლამური სახელმწიფოს შექმნის იდეით, ანუ ე.წ. ,,კავკასიის მწვანე ინტერნაციონალი.” ამ გაერთიანების ლიდერად მოიაზრებოდა ცნობილი ჩეჩენი საველე მეთაური შამილ ბასაევი.
ფაქტიურად, აღნიშნული საფრთხეები უკვე რეალურ კონტურებს მიღმა მოიაზრება, თუმცა პანკისის ხეობის ირგვლივ ატეხილი საინფორმაციო კამპანია, ადასტურებს ვერსიას თალიბების და ალ-ქაიდას მებრძოლების გამოჩენის ფაქტის განხორციელებულს ჯერ კიდევ ,,ისლამური ექსპორტის” სტრატეგიის ფარგლებში ავღანეთში თალიბანის ზეობის პერიოდში.
დ) პაკისტანის ,,ავღანური” აჩრდილის სცენარი: მითი თუ რეალობა?
ავღანეთში მიმდინარე უეცარი მოვლენების ფონზე, განსაკუთრებით როდესაც თალიბანის რეჟიმის პოლიტიკური დასასრული დაიწყო და ჩრდილოეთ ალიანსის ძალებმა შესძლეს აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებისა და რუსეთის ფედერაციის მიერ მიწოდებული მძიმე შეიარაღების მეშვეობით ქვეყნის ძირითადი ქალაქების მაზარი-შარიფის და თვით დედაქალაქ ქაბულის დაკავება, საკმაოდ საინტერესოდ იკვეთება პაკისტანის როლი აღნიშნულ კონფლიქტში. იმის მიუხედავად, რომ პაკისტანური არმიის ისტებლიშმენტის პროდასავლურად განწყობილი ნაწილი ჯერჯერობით ინარჩუნებს თავის პოზიციებს და აქტიურად მხარს უჭერს ანტიკოალიციური ძალების სტრატეგიას, სიტუაცია ქვეყანაში სულ უფრო დრამატულ ხასიათს ღებულობს. ფაქტიურად გენერალ-ლეიტენანტ მუშარაფის მთავრობას უწევს ,,ორმაგი სტანდარტების” პოლიტიკის წარმოება, რომლის მიხედვითაც ისლამაბადი მხარს უჭერს ამერიკელთა ძალისხმევას ავღანეთის პრობლემის სამხედრო გზით გადაწყვეტის საქმეში, მაგრამ მეორეს მხრივ მუშარაფმა ნება არ დართო თავის დასავლელ მოკავშირეებს გამოეყენებინათ ქვეყნის ტერიტორია თალიბების საწინააღმდეგოდ და იგი ყოველთვის ხაზს უსვამდა სამხედრო კამპანიის რაც შეიძლება მოკლე პერიოდში დამთავრების საკითხს. თვით მუშარაფი არ მალავდა თავის შეშფოთებას იმის თაობაზე, რომ სიტუაცია პაკისტანში შეიძლება გამძაფრებულიყო რადიკალურად. საინტერესო ფაქტია ისიც, რომ პაკისტანი, თავისი სეკულარული პოლიტიკური სისტემის მიუხედავად, ოფიციალურად იწოდება ,,პაკისტანის ისლამურ რესპუბლიკად”, სადაც ჯერ კიდევ წმინდა პოლიტიკურ არენაზე ყველაზე მძალვრი გავლენა გააჩნიათ ქვეყნის ორ უმსხვილეს ისალმური რადიკალიზმით გამორჩეულ პარტიას ,,ჯამია-ულ-ისლამიას” და ,,ჯამაათ-ე-ისლამის.” პირველის რელიგიურ-იდეოლოგიურ ბაზას შეადგენს სუნიტური ისლამის ჰანაფიტური მიმდინარეობის დეობანდური სკოლის პრინციპები, რომლებსაც ასევე იზიარებს თალიბანის მოძრაობის წევრებიც, ხოლო მეორის იდეოლოგიურ მრწამს წარმოადგენს ,,ისლამური ძმების” (იჰვან-ულ-მუსლიმენ) რელიგიურ-პოლიტიკური იდეები, ხოლო 1941 წელს მისი ფუძემდებელი იყო ცნობილი ისლამის თეოლოგი აბულ-ალა მაუდიდი. აღნიშნული ისლამური პარტიების გავლენა ქვეყანაში საკმაოდ სოლიდურია, თუმცა მათ მიერ მოპოვებული ხმების რაოდენობა არ აღემატებოდა 6%-ს. აღნიშნულს აქვს თავისი გამართლება - დაარსებიდან, ანუ 1947 წლიდან დღემდე ქვეყანა (პაკისტანი მხოლოდ 1956 წელს გახდა რესპუბლიკა) ძირითადად იმართებოდა სამხედროების მიერ 1958, 1969, 1977, 2000 წლების სამხედრო გადატრიალების შედეგად და ამიტომ, ისევე როგორც თურქეთში, აქაც ავტორიტარული მეთოდებით ხდებოდა ისლამისტების მოთოკვა. მაგრამ ავღანეთის მოვლენებმა და 1990 წლიდან თითქმის მთელი 10 წლის განმავლობაში ზომიერი ისლამისტური და შედარებით დემოკრატიული პოლიტიკური ოპოზიციის ძალაუფლების სათავეში მოსვლამ (მ.შ. ყოფილი პაკისტანის პრეზიდენტის ზულფიკარ ბხუტოს ქალიშვილის ბენაზირ ბხუტოს პრემიერ-მინისტრობამ) გამოიწვია ქვეყანაში პოლიტიკური ისლამის ლიბერალიზირება და სამოქალაქო მმართველობის პირობებში ისლამური ფასეულობების კიდევ უფრო განვითარება. შემთხვევითი ფაქტი არ უნდა იყოს ისიც, რომ ავღანური მოძრაობა - თალიბანი სწორედ ბენაზირ ბხუტოს მთავრობის პირმშოა და მის მიერ არის ,,გამოზრდილი.” კერძოდ, ამ მოძრაობის ერთ-ერთ დამფუძნებლად მიჩნეულია მთავრობის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ნაზერულაჰ ბაბარი. აღსანიშნავია, რომ მისი მმართველობის პერიოდს დაერთო შემდეგი პროცესები: ქვეყნის ეკონომიკურ-სოციალურ პირობების გაუარესება, რაც ავღანეთში საბჭოთა ინტერვენციის დასრულების შედეგი იყო (1979-89 წ.წ. აშშ და დასავლეთის მძლავრ ფინანსურ დახმარებას უწევდნენ მაშინდელი მმართველს ზია-ულ-ხაკს); ქვეყანაში ლტოლვილების მოზღვავება (დაახლოებით 5-7 მლნ. ადამიანი); საგარეო დავალიანების გაზრდა, მსოფლიო მასშტაბით და განსაკუთრებით სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში (პაკისტანი სწორედ აზიის ბაზრებზეა დამოკიდებული); განვითარებული ეკონომიკური კრიზისი არსებობა და ა.შ. ამ მიზეზების გამო ქვეყანაში 1999 წლის ბოლოსათვის უკვე შეიქმნა ფეთქებადსაშიში ვითარება. ეს აისახა მძლავრი პოლიტიკური კრიზისის განვითრებაში, რაც დაგვირგვინდა მორიგი სამხედრო გადატრიალებით და გენერალ მუშარაფის ხელისუფლების სათავეში მოსვლით. საინტერესოა, რომ 1997-98 წ.წ. პაკისტანმა თალიბებს გაუწია დახმარება 30 მლნ. აშშ დოლარის ოდენობით, მ.შ. ენერგორესურსების მიწოდების მხრივაც.
პაკისტანის შიდა-პოლიტიკურ ვითარებაზე ყველაზე დიდ გავლენას ახდენდა პენჯაბის გამო არსებული მდგომარეობა და სამხედრო გადატრიალებების დიდი ნაწილი სწორედ ქვეყნის აღმოსავლეთში არსებული რთული მომენტებით მიმდინარეობდა (თუნდაც 1958, 1969 და ნაწილობრივ 1977 წლებში). ეს ბუნებრივიც არის, რადგან პაკისტანის მოსახლეობის დაახლოებით 63% კონცენტრირებულია პენჯაბის პროვინციაში და პენჯაბელები შეადგენენ სამხედრო და პოლიტიკური ელიტის 75%-ზე მეტს, თანაც გასათვალისინებელია ამ პროვინციაში სიქჰი და პენჯაბელთა ლტოლვილების დიდი მოზღვავება. ამიტომაც პაკისტანისთვის უფრო პრიორიტეტულ გეოსტრატეგიულ მიმართულებას შეადგენს პირველ რიგში პენჯაბის პრობლემა და ურთიერთობა ინდოეთთან ვიდრე ავღანეთში არსებული მდგომარეობა. დასავლელი პოლიტოლოგების აზრით, კერძოდ, ბრიტანელი ისტორიკოსი და პოლიტიკური მიმომხილველი ანატოლი ლივენი ამ მოსაზრებით ასკვნის, რომ პაკისტანში გამორიცხულია ისლამური სამხედრო გადატრიალების მოხდენა, რომლის შედეგადაც დაემხობა გენერალ მუშარაფის ხელისუფლება. თითქოს ამ მოსაზრებაში არაფერია ულოგიკო, მაგრამ არის რამოდენიმე ფაქტორი, რომელმაც შეიძლება მართლაც გამოიწვიოს სერიოზულუ არეულობა პაკისტანში და საქმე ისლამურ რევოლუციამდეც კი მივიდეს, ანუ განმეორდეს 1979 წლის ირანული მოდელი. ამიტომაც ჩვენი მოსაზრებები შეიძლება დავიდეს შემდეგ არგუმენტებამდე:
1. პაკისტანში, განსაკუთრებით კი ბელუჯისტანის და ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილებში თავი მოიყარა ავღანეთიდან დევნილმა დიდმა მასამ (ძირითადად ავღანელმა პუშტუნებმა), თანაც ისინი დასახლდნენ თავისივე პაკისტანელ თანამოძმეთა ტერიტორიებზე. აქედან გამომდინარე, რიცხობრივად გაიზარდა პუშტუნთა ხვედრითი წილი ქვეყნის ეთნიკურ მოზაიკაში, რაც თავისთავად ცხადია არ შეიძლება არ აისახოს ქვეყნის შიდა პოლიტიკაზეც ,,ავღანური კარტის” წინ წამოწევის ხარჯზე. ფაქტიურად ასეც მოხდა, ყველაზე მძლავრი ანტისამთავრობო დემონსტრაციები გაიმართება სწორედ ქვეყნის ამ რაიონებში. ამას გარდა შეიმჩნევა დიდი სოლიდარობა პუშტუნების მიმართ თვით პენჯაბელების მხრიდანაც, დღეს სწორედ პაკისტნელ მოხალისეთა უმრავლესობას ავღანეთის ტერიტორაიზე შეადგენენ ასევე პენჯაბელებიც;
2. 10 წლიანმა სამოქალაქო მმართველობამ დიდი წვლილი შეიტანა პაკისტანურ უმაში (სოციუმში) ისლამური რელიგიის გავრცელების საქმეში, თანაც სოკოებივით აღმოცენებული მედრესეების რიცხვმა (ძირითადად დეობანდური ორიენტაციის) ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ და ცენტრალურ ნაწილებში მიაღწია 100-ზე მეტს, რამაც თავისი გავლენა ჰპოვა რელიგიური მოძრაობებისა და პაკისტანის პოლიტიკურ სფეროზე პარტიების პოპულარობის გაზრდაში. თანაც უკვე დაიწყო ისლამური დღესასწაულის რამადანის აღნიშვნა (15 ნოემბრიდან-15 დეკემბრამდე) და პრეზიდენტ მუშარაფის დაპირებების მიუხედავად გრძელდება საომარი მოქმედებები ავღანეთის ტერიტორიაზე და რაც მთავარია საჰაერო დაბომბვები. ამან შეიძლება გამოიწვიოს მეორე მძლავრი ტალღის აგორება ქვეყნის მასშტაბით;
3. მას შემდეგ რაც პაკისტანი გახდა ბირთვული იარაღის მფლობელი (ქვეყნის არსენალში დღეს თავმოყრილია 40 ბირთვული ბომბი), გაიზარდა მისი გეოპოლიტიკური ამბიციები და გაჩნდა ,,თავმოყვარეობის” შეგრძნება. თალიბების სრულმა კრახმა გარე ძალების უშუალო ჩარევის გზით და ავღანურ პოლიტკურ ლანდშაფტზე ხელოვნურად შექმნილმა ცვლილებებმა (არატიტულოვანი ეთნოსების პოლიტიკურ ხელისუფლებაში მოსვლით) პაკისტანის სამხედრო წრეებში შეიძლება დიდი უკმაყოფილება გამოიწვიოს (თუკი იმასაც გავიხსენებთ, რომ თალიბანი პაკისტანური არმიის, კერძოდ კი სამხედრო დაზვერვის პირმშოა) და შექმნას რეალური პირობები მუშარაფის გადაყენებისათვის. სხვათა შორის ამ ვარიანტს არ გამორიცხავენ თვით პენტაგონში. მაგალითად, პაკისტანში მოსალოდნელი სამხედრო გადატრიალების შემთხვევისათვის აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ძალების შემადგენლობაში შექმნილია შენაერთი, რომლის ძირითადი მიზანია ლახორის ბირთვული სადგურის ხელში ჩაგდება, სადაც ინახება ბირთვული ბომბები. გენერალი მუშარაფის გადაყენების შემთხვევაში ავღანეთში არსებული ურანის მარაგები იქნება ძირითადი წყარო პაკისტანის ბირთვული შეიარაღებისათვის, რაც შესაძლებელია გამოყენებული იქნას პაკისტანში არსებული ისლამისტური დაჯგუფებების მიერ. მით უფრო თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ პაკისტანის ბირთვული არსენალის შევსების მარაგები სწორედ ავღანეთშია იქაური ურანის საბადოების სახით არის წარმოდგენილი (პაკისტანის სამხედრო დაზვერვის საიდუმლო მოხსენების მიხედვით, რომელსაც ხელს აწერს უკვე ყოფილი უფროსი, გენერალ-მაიორი ხამიდ გული).
ფაქტიურად შესაძლებელია სხვა არგუმენტების მოყვანაც, მაგრამ ზემოთ აღნიშნული პრობლემებიდანაც ნათელია ის რეალური საფრთხე, რომლის წინაშეც დგას დღევანდელი პაკისტანის ხელისუფლება და მთელი საერთაშორისო საზოგადოება. არ არის გამორიცხული, რომ ანტიტერორისტული კოალიციის მომდევნო დარტყმის ერთ-ერთი ობიექტი თვით პაკისტანი აღმოჩნდეს.
ე) ,,ალ-ქაიდას” ტერორისტული ორგანიზაცია: უხილავი ბუმერანგი მსოფლიო პოლიტიკურ სივრცეზე.
XXI საუკუნე დაიწყო ძალიან რთული კატაკლიზმების განვითარებით, რომლის ერთგავრ აპოგეას წარმოადგენდა 2001 წლის 11 სექტემბერს ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში განხორციელებული ტერორისტული აქტები. აღნიშნული მოვლენა თამამად შეიძლება გაუტოლდეს თავისი მასშტაბებით, ისეთ ისტორიულ მოვლენებს, რომლებიც წარმოადგენენ 1914 წლის 28 ივლისს ქ. სარაევოში ერც-ჰერცოგ ფერდინანდის და მისი მეუღლის მკვლელობა სერბი ტერორისტების მიერ, რასაც მოჰყვა პირველი მსოფლიო ომის დაწყება და 1945 წელს იაპონურ ქალაქებზე - ნაგასაკისა და ჰიროსიმაზე ბირთვული ბომბების ჩამოგდება. ამ ორი მოვლენის გვერდით 11 სექტემბრის ტერაქტებს ძალუძთ გამოიწვიონ საერთაშორისო ურთიერთობების სისტემის ძირეული ცვლილება და ახალი მსოფლიო პოლიტიკური ძალების გამოჩენა. ამ მხრივ საინტერესოა, რომ საერთაშორისო ურთიერთობათა და მთლიანად საერთაშორისო პოლიტიკაში უკვე არსებულ აქტიორებთან ერთად (სახელმწიფოები, ლიდერები, სამთავრობათაშორისო ორგანიზაციები, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები, ტრანსეროვნული კორპორაციები და კომპანიები, დე-ფაქტოდ აღიარებული სეპარატისტული რეჟიმები და სახელმწიფოებრივ სტატუსთან გათანაბრებული ერები) გაჩნდა კიდევ ერთი სუბიექტი - საერთაშორისო ტრანსეროვნული ტერორისტული გაერთიანებები (კარტელები) ანუ ე.წ. ,,პარტიზანული დაჯგუფებები” (უერილლა ორცეს). აღნიშნულ ტრანსეროვნულ ტერორისტულ კარტელებს (ტტკ) გააჩნიათ მკვეთრად ჩამოყალიბებული იდეოლოგიური პლატფორმა, საკუთარი საფინანსო და ეკონომიკური ბერკეტები, მოქნილი ბიუროკრატიული აპარატი (მ.შ. ძალოვანი სტრუქტურების მაგვარი ინსტიტუტების სახით), განსაზღვრული მიმდევერები, გამოკვეთილი მიზნები, ამოცანები და სტრატეგია. მათი განვითარების სტრუქტურები ისეთივე სახისაა, როგორიც ტრანსეროვნული კომპანიებისა და კორპორაციების. სწორედ ასეთი სახის ტტკ-ად შეიძლება ჩაითვალოს საერთაშორისო ისალმური დაჯგუფება სახელწოდებით ,,ალ-ქაიდა” (ქართულად ,,საფუძველი” - ალ-ქაიდა) და მის საფუძველზე 1998 წლის აღმოცენებული კარტელი - ,,ებრაელების და ჯვაროსნების წინააღმდეგ მებრძოლი მსოფლიო ისლამის ფრონტი” (International Islamic Front for Jihad Against the Jews and Crusaders). სწორედ ამ ორი ორგანიზაციის სახელთან არის დაკავშირებული 11 სექტემბერს მომხდარი ტრაგედია. ამ კუთხით საინტერესოა მათი წარმომავლობის და ჩამოყალიბების ისტორია, რაც უშუალოდ უკავშირდება მსოფლიოში ნომერ პირველი ტერორისტის - უსამა ბენ ლადენის სახელს.
ჯერ კიდევ 1983-84 წ.წ. პაკისტანის ტერიტორიაზე უკვე მაშინ ავღანეთში კარგად ცნობილი საველე მეთაურის უსამა ბენ ლადენის მეშვეობით ყალიბდება ორი ორგნიზაცია: ,,გადარჩენის ისლამური ფონდი” და ,,მიმდევრების სახლი” (მაკტაბ ალ-კიდამატ). პირველის ფუნქციას შეადგენდა ავღანეთში მებრძოლი მოჯაჰედინებისათვის სათანადო თანხის, შეიარაღების და აღჭურვილობის შეგროვება, მეორისას კი, რომლის ქსელი მოდებულ იყო დაახლოებით 30 ქვეყანაში, მოხალისეების მოზიდვა, მათი სამხედრო მომზადება პაკისტანში და გადასროლა ავღანეთში საბჭოთა არმიასთან საბრძოლველად. 1988 წლამდე ბენ ლადენმა ამ ორი ორგანიზაციის ხელმძღვანელობითა და დაფინსანებით მოიხვეჭა ძალიან კარგი იმიჯი და დაბრუნდა თავის სამშობლოში, საუდის არაბეთში, როგორც საღვთო ომის მონაწილე გმირი. თუმცა მისი იდილია საუდიდების სამეფო დინასტიასთან დიდხანს არ გაგრძელებულა. 1989 წ. იგი, ცნობილ ისლამისტ მუჰამედ ალ-მასსარისთან ერთად, სათავეში ჩაუდგა არაბ ავღანელებს და ორგანიზაცია ,,მიმდევრების სახლის” ბაზაზე დააფუძნა პოლიტიკურ-ექსტრემისტული ორგანიზაცია ,,ალ-ქაიდა”, რომელიც გამოხატავდა ოპოზიციურ იდეებს ე.წ. ,,სვეტური რეჟიმების” მიმართ. ორგანიზაციის ძირითად მიზანს შეადგენს პან-ისლამური ხალიფატის დაარსება ისლამურ სამყაროში და შემდეგ მისი ექსპანსია მსოფლიო მასშტაბებით და ისლამურ სამყაროში ე.წ. ,,სვეტური” რეჟიმების დამხობა. ორგანიზაციის მთავარ მტრებად მიჩნეული არიან აშშ და ისრაელი. უსამა ბენ ლადენმა ორგანიზაციის იდეოლოგიურ კრედოდ აირჩია ვაჰაბიზმის რელიგია. ,,ალ-ქაიდას” გააქტიურების თარიღად შეიძლება ჩაითავალოს 1990-91 წ.წ. აშშ-ს და საერთაშორისო კოალიციური ძალების მიერ ერაყის წინააღმდეგ ჩატარებული ,,უდაბნოს ქარიშხალის” ოპერაცია. უსამა ბენ ლადენი ტოვებს მშობლიურ ქვეყანას და თავის მომხრეებთან ერთად 1992 წ. გადადის სუდანში. სწორედ ამ პერიოდს ემთხვევა ალ-ქაიდას სამხედრო-ტერორისტული საქმიანობის დაწყება. კერძოდ, ამავე წელს იემენში განხორციელდა ტერორისტული აქტი ამერიკელი ტურისტების წინააღმდეგ და სომალიში მყოფი ამერიკელი მშვიდობისდამცველთა წინააღმდეგ სამხედრო აქცია. ამიერიდან გამოცხადდა ორგანიზაციის მთავარი მიზანი - აშშ, როგორც ,,ისლამის წმინდა ადგილების წამბილწველი ქვეყანა.” აქედან გამომდინარე, აშკარად ჩანს თუ რატომ აიღო ორგანიზაციამ და მისმა ხელმძღვანელმა ანტიამერიკული კურსი. ამავე დროს ალ-ქაიდას მეორე დაუძინებელ მტერს წარმოადგენს ისრაელი, რომელმაც ორგანიზაციის განცხადებით ,,მიითვისა მესამე ისლამური წმინდა ქალაქი იერუსალიმი”. ფაქტობრივად, ალ-ქაიდას იდეოლოგიურ-პოლიტიკურ საფუძველს შეადგენს ვაჰაბიტური მიმართულების შედარებით აგრესიული ე.წ. ,,დეობანდური” სკოლის დოქტრინა.
1996 წლის მაისში აშშ-ს და გაერო-ს ზეწოლით სუდანის ხელისუფლებამ მოსთხოვა ბენ ლადენსა და მის მომხრეებს დაეტოვებინათ ქვეყნის ტერიტორია. ისინი გადავიდნენ ავღანეთში მოძრაობა თალიბანის კონტროლირებად ტერიტოიაზე, კერძოდ, ქ. ყანდაგარში, სადაც ალ-ქაიდას მიეცა საშუალება დაეარსებინა სამხედრო-საწვრთნელი ბანაკები ავღანეთის ტერიტორიაზე (კერძოდ, ამ ქვეყნის ტერიტორიაზე შეიქმნა 22 მსხვილი საწვრთნელი ბანაკი, სადაც 1996-2000 წლებში მომზადდა 8 ათასამდე მებრძოლი). ალ-ქაიდამ, ავღანეთში თალიბების მმართველობის დროს, გააფრთოვა თავისი ქსელი და განავითარა რეზიდენტურები ისეთ რეგიონებში, როგორებიცაა: ცენტრალური აზია, კავკასია, ბალკანეთი, მაღრიბი, აღმოსავლეთ აფრიკის სივრცე, ხოლო მისი ფინანსური საქმიანობა გაფართოვდა ისეთ ქვეყნებშიც კი, როგორიცაა დიდი ბრიტანეთი, აშშ და კანადა. სხვათა შორის ალ-ქაიდა ასევე ფინანსირდებოდა თალიბანის მოძრაობის მიერაც, რომელიც იყენებდა ორგანიზაციას საკუთარი ინტერესების და მიზნებისათვის, მაგალითად, გასახსენებლია თუნდაც 2001 წლის სექტემბრის დასაწყისში თალიბანის ოპოზიციურად განწყობილი ავღანეთის ,,ჩრდილოეთ ალიანსის” შეიარაღებული ძალების სარდლის აჰმად შახ მასუდის მკვლელობაც. თვით თალიბანის ფინანსურმა აქტივებმა ნარკოტიკების წარმოებისა და რეალიზაციის შედეგად დაახლოებით 90 მლრდ. აშშ დოლარს მიაღწია.
ბენ ლადენისა და ალ-ქაიდას საქმიანობის პიკად შეიძლება მივიჩნიოთ 1998 წლის თებერვალში შექმნილი საერთაშორისო გაერთიანება: ,,ებრაელების და ჯვაროსნების წინააღმდეგ ისლამური მსოფლიო ფრონტი.” მასში გაერთიანდნენ შემდეგი ორგანიზაციები: ,,ალ-ქაიდა”, ,,ალ-გამაა ალ-ისლამი” (ეგვიპტე), ,,ალ-ჯიჰადი” (ეგვიპტე), ,,ხარაკატ ულ-ანსარი” (კაშმირი), ,,ჯიჰადი” (ბანგლადეში), ,,რჩევა და რეფორმის” სამხედრო ფრთა (ავღანეთი) და ,,ღვთისმსახურთა საზოგადეობა” (პაკისტანი). აღნიშნულმა ორგანიზაციებმა ფაქტიურად მოახდინეს თავიანთი ურთიერთობების ლეგალიზაცია. ,,ფრონტის” საქმიანობას ხელმძღვანელობს საბჭო (შურა) ბენ ლადენის თაოსნობით (მის მოადგილეებად ითვლებიან აიმან ალ ზავაჰირი და ჯუმა ნამანგანი). ყველა შეიარაღებული ფორმირებანი ცენტრალიზებული მართვის პრინციპით მას ემორჩილებიან უსიტყვოდ. ,,ფრონტის” ეგიდით შექმნილია და მოქმედებს ე.წ. ,,ერთიანი საკოორდინაციო დაზვერვის ცენტრი-მუჰაბარატი”, რომლის რეზიდენტურები მოქმედებენ აზიის, ჩრდილოეთ აფრიკის, ევროპის და ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში. სწორედ 11 სექტემბერს ტერაქტი შედეგია ალ-ქაიდას ,,ფრონტის” დასავლეთ ევროპის და აშშ-ს რეზიდენტურების ერთობლივი საქმიანობისა. ,,ცენტრი” იყენებს თანამედროვე ტექნიკურ საშუალებებსაც: ფაქსებს, ინტერნეტს, კოსმოსური და ფიჭური კავშირის საშუალებებს. ,,ფრონტის” ძირითად მიზნებს შეადგენს: ა) აშშ-ს დემორალიზება იმდენად, რომ ვერ შეძლოს მუსულმანური ქვეყნების საშინაო საქმეებში ჩარევა; ბ) სპარსეთის ყურის ქვეყნების, საუდის არაბეთის, ეგვიპტის მთავრობებზე ზემოქმედება პროამერიკულ პოლიტიკურ კურსზე უარის თქმის მიზნით; გ) ისლამური ორგანიზაციებისადმი მხარდაჭერის აღმოჩენა მათი ხელისუფლებაში მოყვანის მიზნით; დ) ავღანეთის, სუდანის და პაკისტანის ხელისუფლების მხარდაჭერა საკუთარი საგარეო და საშინაო პოლიტიკური კურსის გატარების საქმეში; ე) ერთიანი ე.წ. ,,მწვანე ინტერნაციონალის” დაარსება (ხელმძღვანელი ალჟირელი ისლამისტი ჰასან ალ-ტურაბი), საერთო ,,ისლამური სახელწმიფოს” შექმნის მიზნის მიღწევით.
,,ფრონტის” მიერ განხორციელებული საერთო ღონისძიება იყო 1998 წლის 7 აგვისტოს დარ-ეს-სალმსა (ტანზანიის დედაქალაქი) და ნაირობიში (კენიის დედაქალაქი) აფეთქებების მოწყობა, რის შედეგადაც დაიღუპა 242 ადამიანი და 5 ათასი ადამიანი მძიმედ დაიჭრა. თუმცა მანამდე ,,ფრონტის” მებრძოლებმა საუდის არაბეთში ააფეთქეს აშშ-ს სამხედრო-საჰაერო ძალების ბაზა, რომელმაც იმსხვერპლა 19 ამერიკელის სიცოცხლე და 300 კაცი დაიჭრა. ამიტომაც ავღანეთში განხორციელებული სამხედრო ოპერაცია - ,,უსაზღვრო სამართლიანობა” მიმართულია სწორედ ,,ფრონტის” და მის უკან მდგარი ძალების განადგურებისაკენ. აღნიშნული სამხედრო ოპერაცია მიმდინარეობს პრინციპით ,,სახელმწიფო გაერთიანების” წინააღმდეგ კლასიკური ომის ჩარჩოების გამოყენებით, რაც ერთგავრ სიახლედ შეიძლება ჩაითვალოს გეოსტრატეგიაში. ,,ფრონტის” სამხედრო ბირთვს შეადგენს 15-20 ათასი მებრძოლი, ე.წ. ,,მუდმივი მზადყოფნის ძალები.” სამობილიზაციო რეზერვები არსებობენ ,,ფრონტის” მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე. სამხედრო ფორმირებები პირობითად იყოფიან: ფრონტებად (სავარაუდოდ 5 000-10 000-ზე მეტი მებრძოლი), ბრიგადებად (2 000-2 500 მერძოლი), ლეგიონებად (1 000 - 2 500 მებრძოლი), ბატალიონებად (საშუალოდ 3 00-500 მებრძოლი), რაზმებად (სავარაუდოდ 100-200 მებრძოლი), ოცეულებად (20-30 ადამიანი) და ჯგუფებად (5-10 მებრძოლი). აღნიშნული ფორმირებანი ეფუძნებიან მანევრიან და მობილური შენაერთების პრინციპს და მოქმედებენ ძირითადად ოპერატიულ-ტაქტიკური და ტაქტიკური საბრძოლო მოქმედებების საფუძველზე. სამხედრო წოდებებიც დაახლოებით შეესაბამება რელიგიური წოდებების პრინციპს: ამირა, ნაიბ ალ-ამირა, ემირი, შეიჰი (თუმცაღა რელიგიური წოდებები აქ დაქვემდებარებულია სამხედრო წოდებების იერარქიას).
კავკასიის რეგიონის ,,ფრონტის” სადაზვერვო ცენტრის და რეგიონული სტრუქტურის სისტემა შედგება სამი მთავარი ქვერეზიდენტურისგან, რომელიც გაერთიანებულია ერთ რეზიდენტურაში, რომელსაც ხელმძღვანელობს საყოველთაოდ ცნობილი საუდელი საველე მეთაური, ბრიგადის გენერალი ახმედ ჰაბიბ აბდურახმან ხატაბი (მეტსახელი: ,,ახმედი”, ,,შავი არაბი”, ,,აბბასი”, რადიოგამოძახილი ,,ჰაჯი”). დანარჩენი ქვერეზიდენტურებს მეთაურობენ: აბდულლა მალეკი (ჩრდილო კავკასიის დასავლეთის მიმართულება), მუჰამედ შარიფი (ჩრდილოეთ კავკასიის აღმოსავლეთის მიმართულება) და სალეხ ედ-დინი (სამხრეთ კავკასიის მიმართულება). აქედან გამომდინარე, იკვეთება ის ტენდენცია, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონი შედის ,,ფრონტის” ,,მეთვალყურეობის” არეში და გააჩნია მეტად დიდი ინტერესი მის მიმართ. ეს კი გასათვალისწინებელი ფაქტორია ქართული საზოგადოებისათვის.
აქვე საინტერესოა ალ-ქაიდას ქსელის მოქმედებების მოკლე განხილვა სხვდასხვა ქვეყნების მაგალითებზე (ე.წ. ,,შემთხვევის ადგილის გარჩევის” მეთოდოლოგიის ფარგლებში) განსაკუთრებით აშშ-ის მიერ ანტიტერორისტული კამპანიის განხორციელების კონტექსტში. განსაკუთრებული ყურადღება შეიძლება გამახვილდეს ორ სახელმწიფოზე, რომლებიც შესული არიან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ შედგენილ ,,ტერორიზმის სპონსორი” ქვეყნების ე.წ. ,,შავ სიაში”, კერძოდ, ესენია: სუდანი და სომალი.
სუდანი: ავღანეთში ჯერ კიდევ წარმატებით წარმოებული საომარი კამპანიის და თეთრი სახლის მიერ გაკეთებული განცხადების ფონზე, რომ ბრძოლა საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ უფრო ფართომასშტაბიანი იქნება, იკვეთება ახალი სავარაუდო სამიზნე ქვეყნების ,,სია”, სადაც აფრიკის კონტინენტის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე სუდანის ლიდერობის ფაქტი შეიძლება რეალური გახდეს. სუდანი უკვე დიდი ხანია რაც აშშ-ის სახელმწიფო უწყებების ე.წ. ,,შავ სიაშია” მოქცეული, და განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 1992-95 წ.წ. აქ იმყოფებოდა უსამა ბენ ლადენი. სუდანი მიჩნეულია ტერორისტული ქსელი - ალ-ქაიდას ერთ-ერთ ძირითად ფორპოსტად. ამის საფუძველს კი დღეისათვის ქვეყანაში შექმნილი სიტუაცია და რეალური ფაქტები იძლევა, რომლებიც შეიძლება შემდეგნაირად გამოიხატოს:
● 1990 წლიდან ქვეყანას მართავენ ისლამისტური ძალები - სუდანის ეროვნული ისლამის ფრონტის ხელმძღვანელობით. თუმცა 1994 წლის 1 იანვარს გენერალმა ჰასან ახმად ალ-ბაშირმა მოახდინა სამხედრო გადატრიალება და გახდა ქვეყნის პრეზიდენტი, მაგრამ რეალური სურათი არ შეცვლილა საერთოდ. პირიქით, ალ-ბაშირის რეჟიმი კიდევ უფრო აძლიერებს ისლამური ფუნდამენტალიზმის იდეების პოპულარიზებას და განვითარებას. ამასთან, სუდანში საკმაოდ აქტიურად მოქმედებს საერთაშორისო ორგანიზაცია ,,ძმები-მუსულიმანების” ადგილობრივი ფილიალი;
● 1980 წლიდან მიმდინარეობს სისხლიანი შეტაკებები ქვეყნის მუსლიმანურ და ქრისტიანულ მოსახლეობას შორის, სადაც პირველნი არიან ქვეყნის უმრავლესობა (დაახლოებით 70%), ხოლო უკანასკნელნი კი უმცირესობას შეადგენენ (მხოლოდ 10%). თანაც აღნიშნული შეტაკებები წმინდა კონფესიური ხასიათისაა, რაც კიდევ უფრო აძლიერებს სუდანის ისლამური ფუნდამენტალიზმისაკენ მიდრეკილების იმიჯს. აქვე აღსანიშნავია, რომ ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მომხდარი საომარი მოქმედებები გადადის ეთნიკური წმენდისა და გენოციდის ფორმებში., რასაც ადასტურებენ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებიც. მაგალითად, 1993 წელს ,,ამნესტი ინტერნეიშენელმა” დაადანაშაულა ოფიციალური ხართუმი ეთნიკური წმენდის პოლიტიკის გატარებაში სამხრეთში მცხოვრები ნუბას ტომის მცხოვრებლების მიმართ, რომლებიც ქრისტიანები არიან. ასევე სუდანი დასახელდა სხვა ქვეყნებთან ერთად გაერო-ს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის მიერ შედგენილ 1994 წ. მოხსენებაში, როგორც ამ უფლებათა დამრღვევი სახელმწიფო; ასეთი ბრალდებები კი ხელს უწყობს ქვეყნის წინააღმდეგ ანტიტერორისტული კამპანიის გამავრცელებლ ტერიტორიად გამოცხადების საქმეს;
● სუდანი გახდა ისეთი ცნობილი ტერორისტული ორგანიზაციების თავშეყრის და პოლიტიკური თავშესაფარის მიმცემი ადგილი, როგორებიცაა: ,,ფატხის რევოლუციური საბჭო” (აბუ ნიდალის ორგანიზაცია), ,,ჰეზბოლაჰი”, ,,პალესტინის ისლამური ჯიჰადი”, ,,ისლამური წინააღმდეგობის მოძრაობა” (ჰამასი), ,,ისლამური გადარჩენის ფრონტი” (ალჟირი), ,,ალ-გამაა ალ-ისლამია” (ეგვიპტე). ქვეყნის მმართველი პარტია, ისლამური ფრონტის სახით, მხარს უჭერს ისლამური და ასევე არაისლამური ორიენტაციის პარტიზანულ სეპარატისტულ მოძრაობებს (მაგალითად, უგანდელ, ტუნისელ, ეთიოპელ, კენიურ სეპარატისტულ დაჯგუფებებს). სუდანის ხელისუფლება აქტიურად თანამშრომლობს ირანულ ორიენტაციაზე მდგარ ტერორისტულ სტრუქტურებთან და მოძრაობებთან. თვით დედაქალაქ ხართუმში კი ბიზნესს ეწეოდა თვით უსამა ბენ ლადენი (ამ ფაქტორის გამო აშშ-მა 1998 წლის აგვისტოში განახორციელეს საჰაერო დარტყმები სუდანზე). არაოფიციალური ბრალდებების გარდა, სუდანს წაყენებული აქვს ასევე ოფიციალური ბრალდება რეგიონულ დონეზე ტერორიზმის მფარველობაზე. საქმე ეხება 1995 წლის 26 ივნისს ეთიოპიის დედაქალაქ ადის-აბებაში ეგვიპტის პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქზე განხორციელებული შეიარაღებულ თავდასხმას, რომელიც განახორციელა ეგვიპტურმა ორგანიზაცია ,,ისლამურმა დაჯგუფებამ.” ეთიოპიის ხელისუფლების თხოვნის მიუხედავად, გადაეცათ მათთვის სამი ეჭვმიტანილი, რომლებიც სუდანში იმყოფებოდნენ, ალ-ბაშირის ხელისუფლებამ უარი განაცხადა ამის გაკეთებაზე. სუდანის მთავრობაზე არ იმოქმედა ასევე აფრიკის ერთიანობის ორგანიზაციის თხოვნამაც. მანამდე კი, 1995 წლის აპრილში მეზობელმა უგანდის ხელისუფლებამ გაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობები სუდანთან, უგანდელი მეამბოხეების მხარდაჭერის მიზეზით. ამიტომაც სუდანი გამოცხადდა ტერორისტების მფარველ ქვეყნად.
● სუდანს ძალზედ რთული ურთიერთობები გააჩნია აშშ-თან, ჯერ კიდევ 1993 წლიდან. აღნიშნული ურთიერთობები კიდევ უფრო გართულდა 1995 წელს, როდესაც ნიუ-იორკში რამოდენიმე დივერსიის ჩატარების მცდელობის ბრალდებით დაკავებულ იქნა სუდანის მოქალაქე, რომელმაც აღიარა, რომ მას ამ საქმეში ეხმარებოდა გაერო-სთან სუდანის მისიის ორი თანამშრომელი. 1996 წლის აპრილში აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ქვეყნიდან გააძევა სუდანელი დიპლომატი, ხოლო 1997 წელს კი დეპარატამენტმა გამოაცხადა სუდანის წინააღმდეგ ახალი უფრო მკაცრი ეკონომიკური სანქციების შემოღების შესახებ.
როგორც ზემოთ მოყვანილი ფაქტებიდან ჩანს, სუდანი მართლაც ,,ღირსეული კანდიდატია” ანტიტერორისტული აქციის გავრცელებისათვის, თანაც როდესაც დასტურდება ქვეყნის საერთაშორისო ტერორისტების ტრანზიტ ტერიტორიად გამოყენების ფაქტები. თუმცა საინტერესო იქნება როგორ დასძლევს ამერიკული არმადა 89 ათასიან სუდანის არმიას, ავღანეთის 120 ათასიანი თალიბანის ფორმირებების დამარცხების შემდეგ.
სომალი: ანტიტერორისტული კამპანიის დაწყების წინ აშშ-ის ამჟამინდელმა ადმინისტრაციამ გამოკვეთა იმ ქვეყნების სავარაუდო სია, რომელთა წინააღმდეგ გამოიყენებოდა სამხედრო ძალა თალიბების დამარცხების შემდეგ. აღნიშნულ სიაში რამოდენიმე ცნობილი ,,ღირსშესანიშნავი” ქვეყნები შევიდნენ, რომელთა შორის აღმოჩნდა ამ კონტქსტში ნაკლებად საინტერესო სახელმწიფო - სომალის რესპუბლიკა. თუმცა, როგროც ასეთი ერთიანი სომალი აღარ არსებობს და ისევე როგორც ავღანეთი, სომალი გაყოფილია სამ პირობით დე-ფაქტოდ არსებულ სახელმწიფოებრივ გაერთიანებად. ფაქტობრივი მონაცემები ქვეყნის შესახებ წარმოადგენს შემდეგს.
სომალი: ტერიტორია (1996 წ.) 637, 539 კმ2, რომელიც უტოლდება საფრანგეთსა და ბელგიას ერთად აღებულს. მდებარეობს აფრიკის კონტინენტის აღმოსავლეთ ნაწილში. ქვეყნის სანაპირო ზოლი ებჯინება წითელ ზღვას და ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში კი ინდოეთის ოკეანეს. მოსახლეობა (1996 წლამდე) 9,4 მლნ. ადამიანი (ძირითადად 99,8% სუნიტური ორიენტაციის მუსლიმანები). 1996 წელს 240 ათასმა სომალელმა უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური პირობების გამო გახდა ლტოლვილი და თავი შეაფარა ეთიოპიას, 150 ათასმა კენიას, 45 ათასმა იემენს და 20 ათასმა ჯიბუტის, ხოლო 250 ათასი შეიქმნა იძულებით გადაადგილებული პირი. 1992 წელს 50 ათასი სომალელი გარდაიცვალა ქვეყანაში გამეფებული შიმშილისაგან, რამაც გამოიწვია გაერო-ს ეგიდით სასწრაფო ჰუმანიტარული ოპერაციის ჩატარება, 50 000-100 000 დაიღუპა სამოქალაქო ომის შედეგად, რომელიც მძვინვარებს 1989 წლიდან.
სომალი გახდა დამოუკიდებელი ქვეყანა 1960 წლის 1 ივლისს, როდესაც გაერთიანდა სომალია (ყოფილი იტალიის კოლონია) და ბრიტანული სომალილენდი. მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის შიგნით არსებობს დაპირისპირება კლანურ და ტომობრივ დონეებზე (ყოფილ ქვეყნის ტერიტორიის ფარგლებში ყველაზე გავლენიანი სამი ეთნიკური ისააკის, ჰავიეს და მარეჰანის კლანი), სომალელები, სხვა აფრიკული ხალხებისაგან განსხვავებით, შეადგენენ ერთიან ერს. 1969 წლამდე ქვეყანაში არსებობდა დემოკრატიული შედარებით სტაბილური პოლიტიკური სისტემა. 1969 წელს საბჭოთა კავშირის მეშვეობით გენერალმა სიად ბარემ ჩაიგდო ხელში ძალაუფლება და მართავდა ქვეყანას, მისი იდეური ბელადის ლეონიდ ბრეჟნევის მსგავსად 20 წლის განმავლობაში. თუმცა სიად ბარემ მალევე უღალატა ძლევამოსილ მოკავშირეს ეთიოპაში მყოფი ოგადენის პროვინციის გამო (სადაც ეთნიკურ უმრავლეოსობას შეადგენენ სომალელები) ატეხილი ომის შედეგად. სომალიმ სისხლისმღვრელი ომი ეთიოპიასთან წააგო, რადგანაც საბჭოთა კავშირმა და კუბამ მხარი უკანასკნელს დაუჭირეს და 1978 წლიდან სომალი გადავიდა აშშ-ის გავლენის სფეროში. თუმცა ცივი ომის დასრულების შემდეგ სომალიმ ყოველგვარი ინტერესი დაკარგა ამერიკელებისათვის, ხოლო ადის-აბებას და მოსკოვის მიერ გახლართული ინტრიგების შედეგად, ქვეყანამ თითქმის დაასრულა თავისი არსებობა. 1982 წ. მოსკოვის უშუალო მხარდაჭერით და ეთიოპური კომუნისტური რეჟიმის დახმარებით შეიქმნა სომალის ეროვნული მოძრაობა, რომელიც დაეფუძნა ძირითადში ისააკის კლანის წარმომადგენლებს. აღნიშნული მოძრაობა დაუპირისპირდა მარეჰანის კლანის ლიდერს სიად ბარეს (სწორედ ასეთი კლანური დაქსაქსვის ნაცნობი ეთნოპოლიტიკური მეთოდით მოხდა ტაჯიკეთის და ჩეჩნეთის სამოქალაქო ომების გაღვივება). ქვეყანაში გაჩაღდა სამოქალაქო ომი, რომლის შედეგი იყო ორი კლანის ჰავიეს და ოგადენის კლანების პოლიტიკურ-სამხედრო დაჯგუფებების გაერთიანება და სიად ბარეს რეჟიმის დამხობა 1991 წლის 27 იანვარს მომხდარი სამხედრო გადატრიალების შედეგად. უკვე იმავე წლის მარტში დაიწყო საყოველთაო ქაოსი და მაისში ჩრდილოეთ სომალის ხელისუფლებამ გამოაცხადა ქვეყნისაგან გამოყოფისა და დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის შესახებ (ჩრდილოეთ სომალიში მდებარეობს ერთ-ერთი ყველაზე დიდი პორტი, რომლის მეშვეობითაც დღესაც სულდგმულობენ ჩრდილოელები). მომდევნო წელს კი დაიწყო მასობრივი შიმშილობა, რომლის შედეგადაც აშშ-ს მთავრობის მონაცემებით დაიღუპა 350 ათასი ბავშვი. ამიტომაც გაერო-ს უშიშროების საბჭომ სასწრაფო ჰუმანტარული ოპერაციის ჩატარების მიზნით მიიღო რეზოლუცია აშშ-ის საექსპედიციო კორპუსის გაგზავნის შესახებ. 28 ათასი აშშ-ს სამხედრო მოსამსახურე და 10 ათასი პაკისტანელი სამხედრო მოსამსახურე ჩაერთო ამ ოპერაციის განხორციელებაში. გაერო-ს მშვიდობის დამცველებს გამოუჩნდათ საშიში მტერი, ჰავიეს კლანის წარმომადგენელი გენერალი აიდიდი, რომლის 7 ათასიანმა სამხედრო ფორმირებამ მათ მედგარი წინააღმდეგობა გაუწია. სხვათა შორის, აიდიდის ფორმირებას, სამხედრო-პოლიტიკური მხადაჭერა აღუთქვა უსამა ბენ ლადენმაც და მისმა ორგანიზაცია - ალ-ქაიდამ. ,,სი-ენ-ენის” მიერ გადმოცემული რეპორტაჟის შემდეგ, სადაც ნაჩვენები იყო თუ როგორ შეურაცხყოფდნენ ამერიკელთა გვამებს სომალის მოსახლეები, აშშ-ის პრეზიდენტმა, ბილ ქლინთონმა გასცა განკარგულება სომალიდან ამერიკული კონტინგენტის გამოყვანის შესახებ, რაც კიდევაც განხორციელდა 1994 წლის 25 მარტს. ფაქტიურად, გაერო-ს მიერ გაღებული 2 მლრდ. აშშ დოლარი ნაწილობრივ მოხმარდა რეალური მიზნების მიღწევას, მიუხედავად ამისა სომალის მდგომარეობა ამით არ გამოსწორებულა. ქვეყანა პოლიტიკურად დაიყო სამ ნაწილად: ჩრდილოეთით მდებარე ე.წ. ,,სომალი-ლენდის რესპუბლიკა”, რომელიც ითვლება დემოკრატიის ოაზისად; ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით მდებარე ე.წ. ,,ცენტრალური სომალენდის” თავისუფალი ტერიტორია; ქაოსურ მდგომარეობაში მყოფი თვით სომალის რესპუბლიკა დედალაქალაქი მოგადიშოთი, რომელიც ყველაზე არასატბილური წერტილია დღესაც. ამისთან, არაკონტროლირებად ტერიტორიაზე 1996 წლიდან მოქმედებს ალ-ქაიდას აფრიკული ქსელი, თავისი საწვრთნელი ბანაკებით და საბრძოლო აღჭურვილობით. არ არის გამორიცხული თვით უსამა ბენ ლადენის გამოჩენა სომალიში, ხოლო ამერიკელებისათვის კი სომალიში ახალი საბრძოლო ოპერაციის ჩატარება იქნება პრესტიჟის საკითხი.
სწორედ სუდანისა და განსაკუთრებით სომალის შემთხვევის წარმოჩენა იქნება კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება გამოიყენონ სხვადასხვა სახის ისლამისტურმა და რადიკალურად განწყობილმა დაჯგუფებებმა თავიანთ სტრატეგიული მიზნების მისაღწევად ე.წ. ,,არშემდგარი ქვეყნების” (Fაილედ-შტატეს) უკონტროლო ტერიტორიები, რომელთა რიგებს აღნიშნული ქვეყნები წარმოადგენენ. ასეთი რეალური საფრთხე, ანუ ე.წ. ,,სომალიზაციის” პროცესი სამწუხაროდ შეიძლება განვითარდეს საქართველოშიც. ამის რეალურ დადასტურებად ჩაითვლება პანკისის ხეობაში დაგეგმილი ანტიტერორისტული სამხედრო კამპანიის დაწყების შესაძლებლობა აშშ-ის შეიარაღებული ძალების მონაწილეობით.
ე) ავღანეთში ჩატარებული ანტიტერორისტული კამპანიის ანალიზი.
ავღანეთის ტერიტორიაზე წარმოებულმა ანტიტერორისტულმა კამპანიამ, როგორც ჩანს, თავის კულმინაციას მიაღწია. ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში უკვე დიდი ხანია ოფიციალურად გაიხსნა აშშ-ის და რამოდენიმე დასავლეთევროპული სახელმწიფოს საელჩოები, ჩამოყალიბდა დროებითი მთავრობა პუშტუნელ ჰამიდ კარზაის ხელმძღვანელბით, დაიწყო დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა. რეალურად აშშ-ის სამხედრო კონტინგენტის მიერ, რომლებიც თავის მხრივ შედიან ავღანეთის სტაბილურობის დამყარების საერთაშორისო სამშვიდობო კონტინგენტში, ავღანეთის დედაქალაქში დემონსტრაციულ მანერაში აღმართული ქვეყნის 50 ვარსკვლავიანი წითელი-თეთრი დროშა, ფაქტიურად წარმოადგენდა ავღანეთის ომში ამერიკელების გამარჯვების ერთგვარ სიმბოლოს. სხვათა შორის ანალოგიურ ვითარებაში 1979 წლის 27 დეკემბერს სამთავრობო რეზიდენცია ტაჯ-ბეკზე საბჭოთა სპეცდანიშნულების რაზმებმა აღმართეს წითელი დროშა, თუმცა შედეგი სულ რაღაც რამდენიმე წელიწადში გახდა ცნობილი. ავღანეთში საომარი მოქმედებანი მიმდინარეობს ყანდაგარის პროვინციაში, სადაც აღმოაჩინეს თალიბების ლიდერის მულა ომარის სამფლობელო, რომელიც იქ გამაგრებულია თავისი 500-მდე მომხრესთან ერთად. ჯერჯერობით უცნობია საერთაშორისო ტერორისტის უსამა ბენ ლადენის ადგილსამყოფელი. აშშ-მა აიღო რევანში იმ ტრაგიკული შედეგების გამო, რაც გამოიწვიეს 11 სექტემბრის ტერაქტებმა. ბუშის ადმინისტრაციამ კარგად გამოიყენა ბრიტანული და საბჭოთა აგრესიის შედეგად დაგროვოლი გამოცდილება (თუმცა ისიც ნაწილობრივ) სახელდობრ:
● კარგად იქნა გამოყენებული ტაქტიკა ,,დაყავი და იბატონე”, რაც გამოიხატებოდა ავღანური საზოგადოების შიგნით არსებული ეთნიკური, კუთხური, კლანური და კონფესიურ უთანხმოებათა კიდევ უფრო გაღვივებაში და საერთო მიზნის გამოყენებაში, რასაც მოჰყვა თალიბანის დაშლა და ამერიკელებისათვის, დროებით, ჯერ კიდევ სასარგებლო პოლიტიკური ბალანსის შენარჩუნება (თუნდაც ნაკლებად ცნობილი პუშტუნი საველე მეთაურის ხამიდ კარზაის დროებითი მთავრობის თავმჯდომარედ დანიშვნა);
● სამხედრო-სტრატეგიული უპირატესობის გამყენება სივრცესა და დროში. სამხედრო-საჰაერო ძალების საშუალებების მაქსიმალურად გამოყენება და შეზღუდული სახის სპეცოპერაციების შეთავსება ჩრდილოეთ ალიანსის ოპოზიციური დაჯგუფების საბრძოლო ოპერაციების განხორციელების პარალელურად, რამაც შედეგი გამოიღო დომინანტი პუშტუს ტომების პოზიციების შეცვლაში და ამით თალიბების რადიკალური ფრთის ნეიტრალიზებაში;
● რთული გეოპოლიტიკური თამაშების ჩატარებაში, რომელსაც მოჰყვა პაკისტანის, რუსეთის ფედერაციის, ირანის, უზბეკეთის და ჩინეთის ინტერესების დაბალანსება და ნაკლები დანახარჯებით მაქსიმალური პოლიტიკური დივიდენდების მოპოვება, რასაც თან დაერთო აშშ-ის გეოსტრატეგიული ინტერესების დაცვა და თანდათანობით გაძლიერება ცენტრალური აზიის და კავკასიის რეგიონებში. ავღანეთში ამასთან დაკავშირებით განვითარდა ,,ბალკანური კოსოვოს” სცენარი, როდესაც ამერიკელები შედიოდნენ ქაბულში, რუსეთის ხელმძღვანელობამ სასწრაფოდ საგანგებო სიტუაციების სპეცდანიშნულების ორიათასი დესანტი გადასხა ქალაქის მიდამოებში, რომლებმაც უმალ დაიკავეს ქაბულის აეროპორტი და ყოფილი საბჭოთა კავშირის საელჩოს შენობა. ამავე დროს, პირველად მოხდა ირანისა და აშშ-ის გეოპოლიტიკური ინტერესების ურთიერთგადაკვეთის წერტილების მონახვა, რასაც შეიძლება მოჰყვეს ამ ორ ქვეყანას შორის სავარაუდო დეტანტის განვითარება;
● აშშ-მა მოახერხა ისეთი ,,არაფრის მქნელი” და გაბიუროკრატებული საერთაშორისო ორგანიზაციის როგორღაც საერთაშორისო საზოგადოებისათვის სასიკეთო მიმართულებით ამოქმედება, როგორიცაა გაერო, ჩართო რა ეს ორგანიზაცია ავღანური ,,პანდორის ყუთის გახსნაში” რომში მიმდინარე მოლაპარაკებებისა და კონსულტაციების სახით. მასში ძირითადი აქცენტი კეთდება ყოფილი მონარქის ზახირ შაჰის პოლიტიკურ ავანსცენაზე დასაბრუნებლად, ისევ და ისევ აშშ-ის ინტერესების გათვალისწინებით, რომელსაც არ სურს ავღანეთში რუსული ორიენტაციის მქონე ტაჯიკებისა და უზბეკების მოსვლა ხელისუფლებაში.
აქვე აღვნიშნავთ იმ ,,ნაკლოვანებებზეც”, რომლებმაც განხილული კამპანიის წარმოებისას შეიძლება გარკვეული როლი ითმაშოს, უფრო ფართომასშტაბიანი გამოწვევებისა და რისკების სახით:
● ავღანური კამპანიის წარმოებისას განადგურდა ძირითადად თალიბანის მოძრაობა და აღნიშნული დესტრუქციული დარტყმა ნაკლებად შეეხო იატაკქვეშეთში მყოფ ისლამისტურ დაჯგუფებათა ქსელს ალ-ქაიდას (დღემდე ვერ გაირკვა თუ სად იმყოფება უსამა ბენ ლადენი, სავარაუდოდ ის შეიძლება პაკისტანში გადავიდეს, სადაც მას გაცილებით ბევრი მომხრე და გავლენიანი პოლიტიკური მხარდამჭერები ყავს). ამ კამპანიის პერიოდში კიდევ უფრო გაიზარდა ალ-ქაიდას აქტიურობა (აშშ-ის ტერიტორიაზე განხორციელდა ბიოლოგიური ტერორისტული აქტები და ინდოეთის დედაქალაქ დელიში სამხედრო გადატრიალების მცდელობაც კი განხორციელდა, თუკი არ ჩავთვლით იმ გარემოებსაც, რომ ახლო აღმოსავლეთში ისლამისტური ორგანიზაციების წყალობით უკიდურესად დაიძაბა სიტუაცია). აქედან გამომდინარე, სტრატეგიული მიზნები მხოლოდ ნაწილობრივ იქნა მიღწეული, ისიც ავღანური პრობლემის დარეგულირების ფარგლებში;
● უახლოეს პერიოდში გაჩნდება ახალი დილემა ავღანეთიდან ნარკოტიკული ნივთიერებების უკონტროლო ექსპორტის სახით, რადგან თალიბანის კონტროლირებად ტეროტორიებზე ხორციელდებოდა ნარკოტიკული საშუალებების კონტროლირებადი ექსპორტის ,,რეჟიმის” დაწესება, რაც პირველ რიგში აწყობდა დასავლეთს. რელიგიური ტრადიციების მოთაყვანე თალიბები ოფიციალურად კრძალავდნენ ნარკოტიკების მოპოვებას და გასაღებას, თუმცა არაოფიციალურად იყენებედნენ საკუთარი ფინანსების წყაროების მოსაპოვებლად, მაგრამ არა იმ მასშტაბებში, რაც ხორციელდებოდა ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, რომელიც საერთოდ უკონტროლო ტერიტორიებად ითვლებოდა ამ მხრივ. არაოფიციალურად საშუალო წლიური მოგება ჩრდილოეთის ხაზის გამოყენებით აღწევდა 100 მლრდ. დოლარს. თანაც მისი ტრანზიტი ხორციელდებოდა უკვე კარგად ათვისებულ და კორუფციის განთქმულ პოსტსაბჭოთა სივრცეზე. აქედან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, რომ ავღანეთის ტერიტორიაზე დაიწყოს ახალი ,,ოპიუმის ომები” ოღონდ საწინააღმდეგო სცენარის ფარგლებში;
● ავღანეთში ეთნო-პოლიტიკური ვითარების უცაბედმა ცვალებადობამ და ავღანეთის ,,ჩეჩნეთიზაციის” პროცესმა შეიძლება გამოიწვოს ქვეყნის უკიდურესი ,,სომალიზაცია”, რაც გადაიზრდება ახალ მძლავრ ჰუმანიტარულ კრიზისში, რომლის მოგვარებაც ისევ და ისევ აშშ-მა უნდა იტვირთოს.
ავღანეთის პრობლემა ასე თუ ისე რეგულირდება, ხოლო ახალი ტალღის ქვეშ შეიძლება მოექცნენ სხვა ქვეყნები. როგორც აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ პაულ ვოლფოვიჩმა განაცხადა, ასეთებად შეიძლება ჩაითვალონ ერაყი, პაკისტანი, სომალი და იემენი, რაც ნაწილობრივ ეთანხმება აშშ-ის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ამა წლის მარტის თვეში 11 სექტემბრის ტრაგედიისადმი მიძრღვნილ ერთ-ერთ ღონისძიებაზე გაკეთებულ მოსაზრებებს.
აქვე სასურველია გამოიყოს ისლამის ფუნდამენტალური მიმდინარეობის განმსაზღვრელი ეტიმოლოგიური ტერმინი ,,ინტეგრიზმი” (ტერმინი შემოიღეს რუსმა ისლამის მკვლევარმა და პოლიტოლოგმა ალექსანდრე იგნატენკომ და აზერბაიჯანელმა პოლიტოლოგმა ჯანგირ არასლიმ). ინტეგრიზმის ქვეშ იგულისხმება სხვადასხვა რადიკალური ისლამური დაჯგუფებების წარმომადგენლების ექსტრემისტული პოზიციების დაფიქსირება, რომლებიც მოითხოვენ ისლამის ნორმების ინტეგრალურ და სრულ ხორცშესხმას რეალურ ცხოვრებაში. აქედან გამომდინარე, მათ უწოდებენ ინტეგრისტებს. ისლამურ ორიენტაციის პოლიტიკურ მოძრაობაში ისლამური ინტეგრიზმის ყველაზე გავრცელებულ ნაირსახეობას წარმოადგენს ვაჰაბიზმის დოქტრინა.
![]() |
3 4. ისლამური ფუნდამენტალიზმი (,,ინტეგრიზმი”) კავკასიაში და უახლესი მოვლენების დახასიათება (1995-99 წ.წ.) |
▲ზევით დაბრუნება |
ისლამური ფუნდამენტალიზმი კავკასიაში 80-იანი წლების მეორე ნახევრიდან იწყებს გავრცელებას, როცა მეტი უფლებები მიეცა მოქალაქეებს და საზოგადოებრვ ორგანიზაციებს. ყოფილი სსრკ-ს ტრადიციულად ისლამურ რესპუბლიკებსა და ავტონომიურ ერთეულებში ძველი მეჩეთების და მედრესეების აღდგენა, ახლების აგება და საქადაგებლად იმ სწავლულების მოწვევა დაიწყო, რომლებმაც საზღვარგარეთ, ძირითადად, ეგვიპტეში და საუდის არაბეთში (როგორც სუნიტური ისლამის ცენტრებში) მიიღეს თეოლოგიური განათლება.
ამავე დროს სწორედ საუდის არაბეთის ფაქტორმა განაპირობა ისიც, რომ სულ მალე განახლებული და აღორძინებული ორთოდოქსალური ისლამის მომხრეებს ცენტრალურ აზიაში (უზბეკეთი, ტაჯიკეთი) და კავკასიაში ვაჰაბისტები უწოდეს, ვინაიდან საუდის არაბეთში გაბატონებული ისლამი XVIII საუკუნის მეორე ნახევარში მცხოვრებ მუჰამად იბნ აბდ-ალ-ვაჰაბის სწავლებას ეფუძნება.
ვაჰაბიზმის დოსიე: სუნიტური ისლამის ერთ-ერთი მიმდინარეობას, ახლოს მდგომ სკოლის იდეებთან, რომელსაც ჩვენი საზოგადოება იცნობს ვაჰაბიზმის სახელწოდებით, XVIII საუკუნის შუა პერიოდში დღევანდელი საუდის არაბეთის ტერიტორიაზე მოღვაწე თეოლოგმა მუჰამედ იბნ აბდ-ალ-ვაჰაბმა დაუდო სათავე. მან და მისმა მიმდევრებმა უკიდურესობამდე განავითარეს XIV საუკუნის რელიგიური მოღვაწის, იბნ ტეიმის იდეები ისლამის გაწმენდისა და რეტროგრადული განახლების შესახებ. არავითარი წმინდა ადგილები და წმინდანები, რიტუალების მაქსიმალური გაუბრალოება და ძველი (მუჰამედის დროინდელი) ისლამური ,,უმა-თემის” წესებით ცხოვრება - ეს იყო მთავარი საფუძვლები აბდ ალ-ვაჰაბის ქადაგებისა, რომლის მიმდევრები თავის თავს სულაც არ უწოდებენ ,,ვაჰაბიტებს”, არამედ-ჭეშმარიტ მუსლიმანებს, რწმენით გაერთიანებულებს (,,ალ-მუვაჰიდენ”). ვაჰაბიტური იდეოლოგიის ძირითად ცნებას წარმოადგენს პრინციპი ერთმორწმუნეობის შესახებ. მხოლოდ ალაჰია ღირსი თაყვანისცემის და, აქედან გამომდინარე, არ არსებობენ წმინდა ადგილები და წმინდანები - ამტკიცებენ ვაჰაბიტები. ყურანი უნდა იყოს ყველა მუსლიმანისათვის ამოსავალი წერტილი. ასევეა უარყოფილი მუჰამედის კულტი, რადგანაც ხალხსა და ღმერთს შორის არავითარი შუამავალი არ უნდა არსებობდეს. სამაგიეროდ ვაჰაბიზმი აღიარებს მხოლოდ ერთღმერთიანობას (ანუ ,,ტავხიდ”-ს), რომლის მიხედვითაც მხოლოდ ალაჰია თაყვანისცემის სიმბოლო. ,,ტავხიდის” საფუძველია ცნება ,,ლა ილაჰა ილლალლაჰი”, ანუ არავინ არსებობს ღირსი თაყვანისცემისა ალაჰის გარდა. ვაჰაბიტური ერთ-ერთი სალიტერატურო-სახელმძღვანელო წყაროს მიხედვით, რომელიც გავრცელდა ჩრდილოეთ კავკასიაში და წარმოადგენდა ამ რელიგიური მიმდევრებისათვის განკუთვნილ კონსპექტს. პირდაპირაა აღიარებული შემდეგი: ,,..მუსულმანმა უნდა მიიღოს ისლამის სწავლება, რომელიც ასახულია წმინდა ყურანში - ალაჰის სიტყვაში და სუნაში - წინასწარმეტყველ მუჰამედის გამონათქვამებში. ისლამი ყველა ამქვეყნიურ და იმქვეყნიურ კითხევბზე სცემს პასუხს. უზენაესი ალაჰი არ მიიღებს არცერთ სხვა რელიგიას და სხვა კონსტიტუციას შარიათის გარდა. მშვიდობა და დღეგრძელობა იმას, ვინც მისდევს ჭეშმარიტ გზას და მისდევს წინასწარმეტყველის ქადაგებებს. თითოეული მუსლიმანი ვალდებულია თავის ცხოვრება ააწყოს ყურანისა და სუნის მიხედვით. ისლამი მოუწოდეებს თავის მქადაგებლებს მიიღონ ცოდნა და განათლება. ისლამი სცნობს სამართლიანი გზით მოპოვებულ სიმდიდრეს. ისლამი სამართლიანობის რელიგიაა. ალაჰს უყვარს სამართლიანი ხალხი. ისლამი ჯიჰადის და ცხოვრების რელიგიაა. ისლამი მოუწოდებს ყველა მის მიმდევარს არ დაინანოს თავისი ქონება, ძალისხმევა და სიცოცხელც კი ისლამის გამარჯვებისათვის. ისლამი უარყოფს პრაგმატიზმს და იმ იდეების შემოტანას, რომლებიც ამახინჯებენ სიწმინდესა და სილამაზეს, კერძოდ სხვადასხვა სახის ბიდ”ებს (სიახლეებს) და ცრუწმენებს.” ამ მხრივ, ვაჰაბიტები ეყრდნობიან მუჰამედის შემდეგ სიტყვებს: ,,ყოველი, ვინც შემოიტანს ჩვენში რაღაც ახალს და ჩვენთვის მიუღებელს, განდეგილ იქნება ჩვენგან” (ალ-ბუხარ მუსლიმის ხადისი) და ასევე პრინციპს, რომ ყოველი ბიდ”ა რელიგიაში არის აკრძალული.
ვაჰაბიზმის მიმდევრები მიიჩნევენ, რომ მუნაფიკიები დიდ ზიანს აყენებენ ისლამს, რადგანაც მათ მიიჩნევენ ჭეშმარიტ მუსლიმანებად, თუმცა სინამდცილეში არიან ამ რელიგიის მტრები. ისინი გამოხატავენ მტრულ განწყობას ისლამის მიმართ სხვდასხვა ფორმებით, ხოლო არაკეთილსინდისიერი მუსულმანები აღნიშნულ ფორმებს ღებულობენ ცოდნისა და რეფორმების სახით. მუნაფიკიის 6 სახე არსებობს: ალაჰის წარგზავნილის ცრუ მესიად გამოცხადება; წინასწარმეტყველი მუჰამედისადმი ზიზღის გამოხატვა; სუნისადმი ზიზღის გამოხატვა; ისლამის დაცემისადმი სიხარულის გამოხატვა; სუნის უგულებელყოფა; შარიათისა და ისლამის დამარცხება.
ამავე დროს ვაჰაბიზმის ქვაკუთხედი დებულებაა - ,,საღვრთო ომი” ყველა ურჯულოსა და ,,გზააცდენილი მუსლიმანის” წინააღმდეგ (მათი აზრით ჯიჰადი ეა არის პირველ რიგში შეიარაღებული ბრძოლა). თავის მხრივ ვაჰაბიტები ჯიჰადს ყოფენ ოთხ ტიპად: ,,ჯიჰადი შაიტანის წინააღმდეგ.” ეს პრცესი ხორციელდება ეშმაკის მიერ მოწოდებული ცდუნებებისაგან უარის თქმით; ჯიჰადი სულის (ანუ მტრის იდეოლოგიის) წინააღმდეგ; ჯიჰადი ურჯულოების წინააღმდეგ (კიაფირების); ჯიჰადი მუნაფიკიების წინააღმდეგ.
როგორც უკვე აღინიშნა, ვაჰაბიზმის იდეოლოგია აღიარებს ჯიჰადს, როგორც ისლამის მეექვსე პრინციპს, წინა ხუთ აღიარებულ პრინციპთან ერთად: სარწმუნოება (შაჰადა), ლოცვა (სალიათი), მარხვა (საუმი), გადასახადი ღარიბი მუსლიმანებისათვის (ზაქიათი) და მექაში სალოცავი ადგილების მონახულება (ხაჯი). ვაჰაბიზმი სასტიკად კრძალავს ხაჯის ჩატარებას მუჰამედის საფლავთან, რადგანაც პურიტანელი მუსუსლმანებისათვის არსებობს მხოლოდ სამი წმინდა ადგილი: მექა, მედინა საუდის არაბეთში და ალ-აქსას მეჩეთი იერუსალიმში. რაც შეეხება მუჰემედის საფლავს, ის თითქოსდა არ არის აღნიშული არც ყურანში და არც ხადისებში. ამამვე კონტექსტში უარყოფილ იქნა მოლა, წმინდანები, წმინდა ადგილები. ვაჰაბიტებმა რეალურად განახორციელეს წმინდა ადგილების დარბევის ფაქტი, როდესაც 1806 წელს აიღეს ქ. მექა და დაარბიეს სალოცავები, არ შეეხნენ მხოლოდ ქა”ბას, სამაგიეროდ შებილწეს მედინაში აიშას სახლი, სადაც სამი დიდი ადამიანის განსასვენებელი იყო, სადაც ერთმანეთის გვერდით ესვენა მუჰამედი, აბუ ბექრი, ომარი.
1745 წელს ერთ-ერთი საამიროს, კერძოდ, დირიას ემირმა მუჰამედ ბენ საუდმა საგანგებო პაქტიც კი გააფორმა მუჰამედ აბდ-ალ-ვაჰაბთან. მისი იდეოლოგია ბენ საუდმა წარმატებით გამოიყენა საგარეო პოლიტიკაშიც; შემოერთებულ იქნა ნეჯდი და ჰიჯახი (მხარეები არაბეთის ნახევარკუნძულზე), დაარსდა საუდის არაბეთი, თავიდან იქნა აცილებული დიდი ბრიტანეთისადმი დამორჩილება. საუდიანთა დინასტიამ შეინარჩუნა ქვეყნის დამოუკიდებლობა და მუჰამედ იბნ აბდ-ალ ვაჰაბის მიერ დაარსებული რელიგიური მიმდინარეობა სახელმწიფო იდეოლოგია გახდა. უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ დღევანდელი ვაჰაბიზმის რელიგიური მოძრაობის ერთგვარ პოლიტიკურ ბაზისს ასევე შეადგენს პანისლამიზმის ცნობილი დოქტრინა. სადღეისოდ აბდ-ალ-ვაჰაბის დოგმატიკა ასევე აღიარებულია სახელმწიფო დონეზე გაერთიანებულ არაბთა საამიროში, კატარში, ბახრეინში, ნაწილობრივ ქუვეითში და იორდანიაში.
ისლამური ფუნდამენტალიზმიც ავტომატურად ვაჰაბისტებთან გაიგივდა, რადგან ისინი ამ რეგიონებისათვის დამახასიათებელი ტრადიციული და ადგილობრივი წეს-ჩვეულებებით და ადათებით უხვად გაჯერებული ისლამის წინააღმდეგ გამოვიდნენ და ხელისუფლებასთან ერთად უკვე არსებულ სასულიერო სამმართველოებს დაუპირისპირდნენ.
ცენტრალურ აზიაში რადიკალურ ისლამს არ მიეცა ფართო გასაქანი. უზბეკეთის პრეზიდენტის ისლამ კარიმოვის მთავრობამ უმკაცრესი რეპრესიული მეთოდები გამოიყენა უზბეკი ვაჰაბისტების წინააღმდეგ, დახურა ყველაზე მნიშვნელოვანი არაოფიციალური მუსულმანური ცენტრები (მ.შ. რამოდენიმე მთავარი ჯუმა-მეჩეთი) და საერთოდ გააძევა ცნობილი მქადაგებლები (,,ულემები”)3. 1998 წლის 5-7 მაისს კი მოსკოვში ოფიციალური ვიზიტის შედეგად, კარიმოვმა რუსეთთან ერთგვარი ,,თავდაცვითი ალიანსი” შექმნა ,,ფუნდამენტალიზმის გავრცელების საფრთხესთან საბრძოლველად.” ისლამ კარიმოვმა და ბორის ელცინმა გადაწყვიტეს ხელი მოეწერათ შეთანხმებისთვის, რომლის საფუძველზე რუსეთის, უზბეკეთის და ტაჯიკეთის ,,სამთა კავშირი” შეიქმნებოდა. გაერთიანების ერთ-ერთი მთავარი მიზანი კი აგრესიული ნაციონალიზმის და ისლამური ფუნდამენტალიზმის საფრთხის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის წარმართვა იქნებოდა. ეს ნაბიჯი პირველ რიგში, ავღანეთში მოძრაობა თალიბანის გაძლიერებასთან და დსთ-ს სამხრეთ საზღვრებთან შესაძლო გააქტიურებასთან დაკავშირებით იყო გადადგმული.
ტაჯიკეთში საერთოდ გაურკვეველი სიტუაცია შეიქმნა ფუნდამენტალისტებთან დაკავშირებით, რადგან ისლამური ოპოზიციის სახით რახმონოვის ხელისუფლებას წარჩინებულთა ფენის (,,იშანების”) - სუფიური ორდენების და საძმოების წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ. ეს კი საერთოდ გამორიცხავს ტაჯიკი ისლამისტების ვაჰაბისტობას, რადგან ვაჰაბისტები სასტიკად ებრძვიან ყოველგვარ სხვა მიმდინარეობას, მ.შ. სუფიზმს, და ყველა არავაჰაბისტს ურჯულოდ (,,კუფრ”, ,,კიაფირ”) მიიჩნევენ. ტაჯიკური ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის მთავარი კაზიკოლონის (სულიერი ლიდერი) ჰოჯი აქბარ ტურაჯონზოდას თქმით, ვაჰაბისტი ხელოვნურად შექმნილი სახელწოდებაა და მორწმუნეთა გასათიშად იქნა მოგონილი საბჭოთა ,,სუკ”-ის მიერ, თუმცა ვაჰაბიტური ჯამაათები ცენტრალურ აზიაში პირველად გამოჩნდნენ 1912 წელს ჯერ კიდევ ცარისტული რუსეთის პერიოდში.
სხვაგვარად წარიმართა ისლამიზაციის პროცესი ჩრდილოეთ კავკასიის აღმოსავლეთ ნაწილში, სადაც ისლამის მთავარ ცენტრად და ბურჯად ისტორიულად დაღესტანი და, გარკვეულწილად, ჩეჩნეთი ითვლებოდა.
1990 წლიდან ჩეჩნეთში დუდაევის ხელისუფლების დამყარებამდე სოფელ ავტურიში ვინმე ადამ დენიევის მიერ ჩამოყალიბდა პირველი ე.წ. ,,ვაჰაბისტური თემი” (ჯამაათი), რომლის საფუძველზეც იგივე დენიევის ხელმძღვანელობით აღორძინების ისლამური პარტია შეიქმნა. იმავე წელს ჩამოყალიბდა მსგავსი იდეოლოგიური ბაზის მქონე ისლამური ცენტრები ასტრახანში (ვინმე აიუბის მეთაურობით) და დაღესტანში - მახაჩყალაში (ისლამური ცენტრი ,,კავკასია”) და კიზილ-იურთში (ვინმე მოლა ბაჰაუდინ მაგომედის და მუჰამედშაფი ჯანგიშიევის მიერ).
1991 წლის ზაფხულში ჩეჩნეთში ჯოხარ დუდაევის ხელისუფლების დამყარების შემდეგ, ტრადიციული ისლამის სუფიური მიმართულების პარალელურად, გავრცელდა რელიგიური მოძრაობა, რომელსაც პირობითად ,,ვაჰაბიზმი”4 ეწოდება. იმ დროს პირველი უცხოელი მქადაგებელი ჩეჩნეთში იორდანიის პარლამენტის წევრი, იორდანელი უხუცესი აბდულ ბაქი ჯამო იყო. მართალია იგი ვერ შეეწყო დუდაევის ხელისუფლებას, მაგრამ ვაჰაბიზმს ჩეჩნეთში მან კარგი საფუძველი შეუქმნა.
შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, ვაჰაბიზმმა გარკვეული საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის ფორმის დატვირთვაც მიიღო, რადგან ამით რუსეთისაგან სეცესიის პროცესის გაძლიერების შემთხვევაში არა მარტო ტრადიციული ისლამერი ქვეყნებისაგან გახდებოდა შესაძლებელი სოლიდარობის და დახმარების მიღება, არამედ ფუნდამენტალური ისლამის გავრცელების ქვეყნებისგან და ისლამისტური მოძრაობებისგანაც, რომლებიც ამავე დროს ან მდიდარი ფინანსური შესაძლებლობებით, ან მობილური და ჭარბი სამხედრო რესურსებით გამოირჩეოდნენ (საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, კატარი, სუდანი, ავღანეთი, გარკვეულწილად იორდანია და ქუვეიტიც). დუდაევის ხელისუფლების მიერ ვაჰაბიზმის გავრცელებისათვის მხარის დაჭერა იმითაც აიხსნებოდა, რომ ჩეჩნურ საზოგადოებას რუსეთთან მოსალოდნელი სამხედრო დაპირისპირების წინ გამაერთიანებელი და შემკვრელი იდეოლოგია სჭირდებოდა5.
სწორედ ამ პერიოდში იწყება ე.წ. ვაჰაბიტების და ვაჰაბიზმის ფიგურირება კავკასიის, განსაკუთრებით კი ჩრდილოეთ კავკასიის აღმოსავლეთ ნაწილთან მიმართებაში6. შუა აზიაში უზბეკეთის ხელისუფლების მიერ გატარებული რეპრესიებისა და ტაჯიკეთში მეტ-ნაკლებად შიდა სტაბილურობის დამყარების შემდეგ, რადიკალური ისლამის საფრთხემ დროებით დაკარგა თავისი სიმწვავე. მაგრამ დაღესტანში და, განსაკუთრებით, ჩეჩნეთში დაწყებული ეროვნული მოძრაობის და სამხედრო-პოლიტიკური კატაკლიზმების შედეგად, ისლამური ფუნდამენტალიზმის როლი და მნიშვნელობა კავკასიის რეგიონში უფრო მეტად გაიზარდა.
ვაჰაბიზმის თემის გამწვავება განსაკუთრებით ჩეჩნეთის 1994-96 წ.წ. საომარი კამპანიისას დაიწყო. ამჯერად ვაჰაბიზმის იდეოლოგიურმა ცენტრებმა ჩეჩნეთის ფარგლებს გარეთ, დაღესტანში და ინგუშეთში გადაინაცვლეს, სადაც ისინი კვლავ განაგრძობდნენ თავის ფუნქციონირებას და შეთავსებით ჩეჩნეთის ხელისუფლების პროპაგანდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იარაღის როლსაც ასრულებდნენ.
დუდაევის ხელისუფლებასა და რუსეთს შორის დაძაბულობის ზრდასთან ერთად სულ უფრო მატულობდა საზღვარგარეთიდან ჩამოსულთა რიცხვი, რომელთა დაყოფა პირობითად 4 კატეგორიად შეიძლება. ჩამოსულებმა შემდგომ ხელი შეუწყვეს ისლამური რადიკალიზმის პოპულარიზაციას რესპუბლიკაში და მთლიანად რეგიონზეც მოახდინეს ზეგავლენა:
1 საზღვარგარეთ ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენლები, რომელთაც თავისი წვლილის შეტანა სურდათ სამშობლოსთვის დამოუკიდებლობის მოპოვების საქმეში. მათი უმრავლესობა თურქეთის გარდა არაბული ქვეყნებიდან (სირია, იორდანია, ლიბანი და სხვ.) იყვნენ და ნაწილი უკვე იზიარებდა რადიკალური ისლამის სხვადასხვა მიმდინარეობებს, მ.შ. ვაჰაბიზმს.
2. საზღვარგარეთ, ახლო აღმოსავლეთის სხვადასხვა თეოლოგიურ სასწავლებლებში (ეგვიპტე, საუდის არაბეთი, პაკისტანი) წასული ახალგაზრდები, რომლებიც შემდეგ უკან დაბრუნდნენ და არაბეთში გავრცელებული ისლამისაგან მკვეთრად განსხვავებული, ისლამის ადგილობრივ სახეობას დაუპირისპირდნენ ჩეჩნეთსა და დაღესტანში.
3. უცხოელი თეოლოგები და მქადაგებლები, რომელთა დიდი ნაწილი უცხოურ სპეცსამსახურებზე მუშაობდა და რომელნიც ძალზედ ღრმად იყვნენ განსწავლულნი ისლამის თეორიაში. ამიტომაც მათი რიცხვი ძალზედ მცირე იყო და საომარ მოქმედებათა დაწყებასთან ერთად მინიმუმამდე დავიდა. ზოგი მათგანი დარჩა ჩეჩნეთში (მაგალითად, მუჰამად იუსეფ აბუ უმარი, ანვარ ახმად იუნუს ბაქარ შიშანი, ჰამზატ შიშანი და სხვ.) და საკმაო ავტორიტეტი მოიპოვა, ზოგი კი მიმდებარე რესპუბლიკებში გადავიდა. დაღესტანში ესეთები იყვნენ სალაჰუდინი და მოჰამადშარიფი.
4. ახლო აღმოსავლეთის და სხვა ქვეყანათა სპეცსამსახურების წარმომადგენლები, რომლებიც კარგად იყვნენ იდეოლოგიურად მომზადებულნი. მათ ჩეჩნეთში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე სამშობლოდან მიღებული სახსრებით ადგილობრივი მცხოვრებლებისაგან ყველაზე უკეთ ეკიპირებული და გაწვრთნილი რაზმები ჩამოაყალიბეს (ხატაბი, ფატიხი, აბდულმალიქი და სხვ.). ასეთი რაზმების თითქმის ყველა წევრი (ძირითადად ახალგაზრდობა) ეზიარა ,,წმინდა ისლამს” ე.წ. ვაჰაბიზმის სახით, რითაც მათ საკმაოდ მყარი დასაყრდენი შეუქმნეს უცხოელ ისლამისტებს ჩეჩნურ საზოგადოებაში და ხალხის დანარჩენ, ტრადიციული ისლამის მიმდევარ ნაწილსაც ჩაუდგნენ ოპოზიციაში.
ფუნდამენტალისტებთა რიგებში ჩადგომა განსაკუთრებით პოპულარული გახდა 1996 წლის აგვისტოში გროზნოს აღებისა და საომარი კამპანიის შეწყვეტის შემდეგ, რაც რამოდენიმე ფაქტორით იყო გამოწვეული. საბრძოლო მოქმედებები რუსეთის ჯარების წინააღმდეგ ისლამური ლოზუნგების ქვეშ მიმდინარეობდა და გამარჯვებაც ,,ახალი ისლამის” ძველ ტრადიციულ და კონფორმისტულ ისლამზე უპირატესობის მოპოვება უნდა ყოფილიყო.
ჩეჩნების დიდი ნაწილი (ისეთივე მუსულმანები, როგორც ბოევიკები) რუსეთის ჯარების კონტროლ ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე ცხოვრობდა და ნაკლებად აქტიურ მონაწილეობას იღებდა საომარ მოქმედებებში, ხოლო აბსოლუტურად ყველა ჩეჩენი თუ უცხოელი ვაჰაბიტი განსაკუთრებული თავგანწირვით იბრძოდა რუსეთის ჯარების წინააღმდეგ.
გროზნოს აღების შემდეგ მებრძოლი ჩეჩნები მკვეთრად განასხვავებდნენ თავის თავს დანარჩენებისაგან, მ.შ. ისლამის წესების უფრო მკაცრი დაცვითა და სხვებისაგან იგივეს მოთხოვნითაც. ხშირად ამით იყო განპირობებული, რომ თავდაპირველად ჩეჩენთა უმრავლესობა მეტ-ნაკლებად ითმენდა ვაჰაბისტების სასტიკ დამსჯელ ღონისძიებებს შარიათის დამრღვევი გროზნოელების წინააღმდეგ ახლადაღებულ გროზნოს ქუჩებში7.
მაგრამ უკვე 1997 წლის თებერვალში ასლან მასხადოვის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ის ძირითადი როლი გამოიკვეთა, რომელსაც ვაჰაბიზმი თამაშობს ჩეჩნეთის ოფიციალური ხელისუფლების პოზიციების დასუსტებაში, ვითარების დესტაბილიზაციაში, მთლიანობაში კი - ჩეჩნების შიდა დაპირისპირების და მუდმივი გახლეჩის ხელშეწყობის საქმეში.
მასხადოვის ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ჩეჩნების პოლიტიკურ და სამხედრო მოღვაწეთა ელიტაში ბუნებრივი დაყოფა მოხდა პრეზიდენტის მომხრეებად და ოპოზიციონერებად. ზელიმხან იანდარბიევი (რესპუბლიკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი და პრეზიდენტი) და მოვლადი უდუგოვი (ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი), შამილ ბასაევთან (ყოფილი პრემიერ-მინისტრი) და სალმან რადუევთან ერთად ასლან მასხადოვს დაუპირისპირდა. თუ პირველი ორი პიროვნება უფრო იდეოლოგიურ ლიდერობას8 ესწრაფვოდა, დანარჩენი ორი ოპოზიციის სამხედრო მხარეს წარმოადგენდნენ. ოპოზიციონერთა გაძლიერებას მათი ლიდერების და ისლამური ფორმირებების ხელმძღვანელების მჭიდრო კონტაქტებიც უწყობდა ხელს.
თუ პრემიერ-მინისტრად ყოფნისას ბასაევი ერიდებოდა ისლამისტებთან თავისი მეგობრული ურთიერთობების აფიშირებას, უკვე 1998 წლის 3 ივლისს გადადგომისთანავე შამილ ბასაევმა მოვლადინ უდუგოვთან ერთად ჩაატარა დაღესტნის და იჩქერიის ხალხთა კონგრესის ერთობლივი სამშვიდობო ბატალიონ ,,კავკასიის” (700-ზე მეტი მებრძოლი) სამხედრო წვრთნები, რომლის უშუალო ხელმძღვანელად საუდელი ვაჰაბისტი ჰატაბი დაინიშნა. რაც შეეხება სალმან რადუევს, მისი დამოკიდებულება ვაჰაბისტების მიმართ უფრო შექმნილი კონიუნქტურით განისაზღვრება, ვიდრე მდგრადი ჩამოყალიბებული პოზიციით და დამოკიდებულებით. ერთ დროს მან თავის მოსისხლე მტრადაც კი გამოაცხადა ჰატაბი, მაგრამ შამილ ბასაევის მთავრობიდან წასვლისა და ასლან მასხადოვთან დაპირისპირების შედეგად მისმა ანტივაჰაბისტურმა განწყობამ საგრძნობლად იკლო.
დაპირისპირება მასხადოვის მომხრეებსა და ოპოზიცია-ისლამისტებს შორის ფარულ, გამოუცხადებელ ომში გადაიზარდა, რასაც მთელი 1998 წლის გაზაფხულ-ზაფხულის პერიოდში მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
16 მაისი - მოკლულ იქნენ თანმხლებ პირებთან ერთად ჩეჩნეთის შარიათული უსაფრთხოების მინისტრის პირველი მოადგილე შამსუდინ უვაისაევი და დუდაევის დროინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი რუსლან ჩიმაევი.
18 მაისი - ჩეჩნეთის სამხრეთით დასრულდა პრეზიდენტის მომხრე ეროვნული გვარდიის ორკვირიანი სამხედრო წვრთნები.
3 ივლისი - შამილ ბასაევის, უდუგოვის და ჰატაბის მიერ ჩატარდა დაღესტნის და ჩეჩნეთის ხალხთა კონგრესის სამშვიდობო ბატალიონის წვრთნები. მანევრებზე მრავლად იყვნენ ჩეჩნეთის ფარგლებს გარედან ჩამოსული ბოევიკები (ავღანელები, არაბები, პაკისტანელები და სხვ.)
15-16 ივლისი - ფართომასტაბიანი შეტაკებები მოხდა ქ. გუდერმესში ეროვნული გვარდიის ნაწილსა და ქალაქში დისლოცირებულ ისლამურ პოლკს შორის, რომელსაც არბი ბარაევი ხელმძღვანელობდა.
18 ივლისი - ქ. არღუნთან ტერორისტული თავდასხმის შედეგად მძიმედ დაიჭრა მასხადოვის მომხრე ცნობილი საველე მეთაური სულიმ იამადაევი, რომელიც აქტიურ მონაწილეობას იღებდა გუდერმესის ოპერაციაში ისლამისტების შენაერთის გასანადგურებლად.
20 ივლისი - თანამდებობიდან განთავისუფლდნენ გუდერმესის შეტაკების მონაწილეები ბრიგადის გენერლები - შარიათული უსაფრთხოების მინისტრის მოადგილე აბდულ-მალიქ მეჟიდოვი და ეროვნული გვარდიის მეთაურის მოადგილე არბი ბარაევი. ოფიციალურად იქნა გაფრთხილებული ზელიმხან იანდარბიევი, რომელსაც ისლამისტების კოორდინაციაში სდებდნენ ბრალს. მაგრამ ამას, პირიქით, დაპირისპირების გამძაფრება და ტერაქტის შედეგად პრეზიდენტის მომხრე განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებათა წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უფროსის შადით ბარგიშევის მკვლელობა მოჰყვა.
ამის შემდეგ, ზაფხულის შუა რიცხვებში ჩეჩნეთის ხელისუფლების ინიციატივით მოეწყო ჩეჩნეთის, დაღესტნის და ინგუშეთის სასულიერო პირთა ყრილობა, სადაც დაგმობილ იქნა რადიკალური ისლამის სხვადასხვა სახის გამოვლინებანი, რასაც სიტყვიერად შამილ ბასაევმაც დაუჭირა მხარი. ამის მიუხედავად, მასხადოვის ხელისუფლების აქტიურობას ოპოზიციონერი საველე მეთაურების (შამილ ბასაევი, სალმან რადუევი, ხუნკარ-ფაშა ისრაპილოვი) და ისლამისტების კონსოლიდაცია მოყვა. შეიქმნა ერთგვარი ტრიუმვირატი, რომელმაც 1998 წლის აგვისტოდან ჩეჩნეთის პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის ფაქტების დადასტურება მოითხოვა უმაღლესი შარიათული სასამართლოსაგან და ერთგვარი საბჭოს - ,,შურას” ჩამოყალიბება მოითხოვა რესპუბლიკის პარლამენტის ნაცვლად. თუმცა, მოგვიანებით დადასტურდა, რომ საველე მეთაურების აღნიშნული კავშირი მაინც დროებითი აღმოჩნდა და არ იყო გამოწვეული მასხადოვის მოწინააღმდეგეთა პროისლამისტური განწყობით. ძალთა ამ სტრუქტურაში ვაჰაბისტებს ერთგვარი განცალკევებული პოზიცია ეკავათ, რადგან რესპუბლიკის შიდა პროცესებში აქტიური და ღია ჩარევისათვის მათ ჯერ არ გააჩნდათ არც საკმარისი სამხედრო ძლიერება9 და არც საკმარისი მხარდაჭერა ხალხში.
მიუხედავად ზაფხულის დაძაბულობისა, შიდაჩეჩნურ დაპირისპირებას არ მიუღია ფართო მასშტაბები. თვით შამილ ბასაევმა არაერთხელ განაცხადა, რომ ჩეჩნეთში არავითარ შიდაჩეჩნურ კონფრონტაციას არ ჰქონდა ადგილი, ხოლო ჩეჩნეთის ხელისუფლებისა და სასულიერო წრეების მხრიდან მთელი პასუხისმგებლობა არა ბასაევ-რადუევ-ისრაპილოვის ჯგუფზე იქნა დაკისრებული, არამედ ვაჰაბისტებზე.
რეალობაში, თითოეული დაპირისპირებული მხარე ისლამის ფაქტორის გამოყენებას უფრო მეტად საკუთარი პოზიციების გასამტკიცებლად ცდილობდა. ამ მხრივ მეტად საინტერესოა ასლან მასხადოვის ხელისუფლების მიერ 1999 წლის 5-6 თებერვალს გადადგმული ნაბიჯი, როცა პრეზიდენტის ბრძანებით ჩეჩნეთი ისლამურ, შარიათულ რესპუბლიკად, ხოლო ძველი პარლამენტი გაუქმებულად გამოცხადდა. ეს მოხდა მაშინ, როდესაც ოპოზიციონერი საველე მეთაურები (რომლებსაც რუსლან გელაევიც შეუერთდა) ანალოგიური მოთხოვნით ანტისამთავრობო შეკრებას მართავდნენ გროზნოში.
მიუხედავად ამისა, არც ჩეჩნეთის პარლამენტმა გამოაცხადა თავი დაშლილად და არც საველე მეთაურთა საბჭომ შეწყვიტა საქმიანობა. პირიქით, პარლამენტმა უკანონოდ ცნო მასხადოვის ქმედება, ხოლო მეორეს საფუძველზე ოფიციალურად შეიქმნა ,,შურა.” ჩამოყალიბდა ძალთა სამი პოლუსი, რომელთაგან არცერთს ძალუძდა ერთმანეთის საბოლოო დაძლევა.
ამგვარად, ჩეჩნეთში ისეთი ვითარება დაისახა, როდესაც აბსოლუტურად ყველა მნიშვნელოვანი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ძალა ისლამური გახდა (შემდგომში დაპირისპირების გაგრძელებისას მათ არა ისლამის, არამედ სხვა იდეის და საბაბის მოძებნა მოუხდათ). მართალია ჩეჩნეთი გარეგნულად გახდა ისლამური, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავდა რადიკალების საბოლოო გამარჯვებას რესპუბლიკაში.
ამავე პერიოდში ანალოგიური ტენდენცია გამოვლინდა ინგუშეთში, სადაც პრეზიდენტმა რუსლან აუშევმა გამოხატა სურვილი გადაექვემდებარებინა სასამართლოებრივი ინსტიტუტები და სამართალდამცავი ორგანოები, რომლებსაც ფედერალური ხელისუფლება უწევდა კონტროლს. მან სცადა ამისთვის გამოეყენებინა ტრადიციული და რელიგიური ადათ-წესების ლეგალურად დამკვიდრების მიზეზი (მ.შ. რამოდენიმე შარიათული კანონის), რასაც მოსკოვის მწვავე რეაქცია მოჰყვა, ანუ ინგუშეთში მიმდინარე მოვლენებიც იმ პერიოდისათვის არ შეიძლებოდა განხილულიყო, როგორც ისლამური ფუნდამენტალიზმის გაძლიერების მორიგი პრეცენდენტი. ამ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ადგილობრივი ხელისუფლების მცდელობას უფრო მეტი ძალაუფლების მოპოვებისა და ცენტრისგან სხვადასხვა მიზეზების გამოყენებით მეტი უფლებების მიღებისათვის.
ფაქტიურად, მიუხედავად გარეგნული გამარჯვებისა, რადიკალი ისლამისტების პოზიციები ჩეჩნეთში ნელ-ნელა დასუსტდა. პირველი ომის დასრულების შემდეგ მათ ამოწურეს თავისი უმთავრესი ფუნქცია და, პირიქით, შიდა კონფრონტაციას შეუწყვეს ხელი. ისლამისტების ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციები კი შემდეგი იყო:
● სამხედრო და კომუნიკაციური დახმარების აღმოჩენა ჩეჩნებისთვის რუსეთის წინააღმდეგ წარმართულ ომში;
● წარმოებული ბრძოლისთვის იდეოლოგიური სარჩულის გაძლიერება და შეძლებისდაგვარად ისლამის პოზიციების განმტკიცება რესპუბლიკაში.
აქტიური საომარი ქმედებების მიმდინარეობის პერიოდში ჩეჩნებსა და ისლამისტებს (მ.შ. უცხოელ) შორის წინააღმდეგობები არ შექმნილა. პირიქით, ჰატაბი ასლან მასხადოვის დაქვემდებარებაში მოქმედებდა და მისი კეთილგანწყობითაც სარგებლობდა. ისლამის ფაქტორის წარმოჩენაც საკმაოდ მომგებიანი იყო ჩეჩნებისთვის, რადგან ეს გარკვეული კატეგორიის ქვეყნებიდან და ორგანიზაციებიდან დახმარების გაწევის გარანტიას აძლევდა მათ. მაგრამ ომის დამთავრების თანავე ვაჰაბისტებმა საშიში და დესტრუქციული როლის თამაში დაიწყეს ჩეჩნეთის საზოგადოების ერთიანობასა და შიდა პოლიტიკურ სტაბილურობაზე ზეგავლენის განხრით. 1999 წლისთვის მათ მხოლოდ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამხედრო პოტენციალის მქონე სარეზერვო ნაწილის როლიღა ჰქონდათ დარჩენილი. ამიტომაც, უკვე 1996 წელს, საბრძოლო ქმედებების დამთავრებისთანავე და ჩეჩნეთში ხელისუფლების მხრიდან ისლამისტების პოზიციების გარკვეული შესუსტებისთანავე, რადიკალური ისლამის გავრცელების არემ რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ გადაინაცვლა და, კერძოდ, დაღესტანში ჰპოვა თავისი დასაყრდენი, რაც თავის მხრივ რამოდენიმე თავისებურებით და სპეციფიკური გარემოებებით იყო განპირობებული.
დაღესტანი ყოველთვის გამოირჩეოდა მოსახლეობის უფრო მეტი რელიგიურობით, ვიდრე ჩრდილოეთ კავკასიის სხვა რეგიონები. ისტორიულად ისლამურ ქვეყნებთან (ირანი, თურქეთი) და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე მუსლიმანურ სახანოებთან მჭიდრო კავშირებმა, ასევე ქალაქების, შესაბამისად კი ისლამური ცენტრების არსებობის ხანგრძლივმა პერიოდმა საგრძნობლად იმოქმედა დაღესტნელებზე, თუმცა ისლამის განსაკუთრებული დამკვიდრება ხალხში კავკასიური ომისა და რუსეთთან, როგორც ქრისტიანებთან, დაპირისპირების შედეგად მოხდა.
ჩეჩნეთში 1994-96 წ.წ. ომის დასრულების შემდეგ ვაჰაბისტების აქტიურობა დაღესტანში გახდა შესამჩნევი. მახაჩკალაში და ყიზილ-იურთში მოქმედმა ისლამურმა ცენტრებმა საკმაო პოპულარობა მოიპოვეს ხალხში და დაღესტნის მუსულმანთა სასულიერო სამმართველოსაც დაუპირისპირდნენ. მიუხედავად იმისა, რომ დაღესტნის თეოლოგთა და სწავლულთა უმრავლესობა (მ.შ. ყოფილი მუფტი საიდ მუჰამედ ხაჯი აბუბაქაროვი) ალიმის (სწავლული, რელიგიის მცოდნე) და ვაჰაბისტების ოპონენტის საიდ-ეფენდი ჩირკეელის გავლენის ქვეშ იმყოფებოდა, მორწმუნეთა და სასულიერო წრეებში აშკარა გახდა გახლეჩის ნიშნები. ამას დაემატა ასევე ვაჰაბიზმის სახეცვლილება დაღესტანში; დაღესტნელი ვაჰაბისტები კატეგორიულად უარყოფენ თავის ვაჰაბისტობას, ჭეშმარიტი ისლამის მიმდევრებად მიიჩნევენ თავს, ფაქტიურად, არიან კიდევაც უფრო მეტად ჭეშმარიტი მუსლიმანები, ვიდრე დანარჩენი დაღესტნელები. მათი პოზიციების განმტკიცებას რესპუბლიკაში განთქმული სწავლულის, კუდალელი ახმედ-ყადი ახტაევის მხარდაჭერამაც შეუწყო ხელი, რომელიც ასევე უარყოფდა თავის ვაჰაბისტობას.
ისლამისტების მორიგ გამარჯვებად იქცა 1998 წლის გაზაფხულ-ზაფხულის მოვლენები. ჯერ 20-21 მაისს ძმები ხაჩილაევების მომხრეთა ჯგუფმა დაღესტნის სახელმწიფო საბჭოს შენობა აიღო, ისლამის მწვანე დროშები გამოკიდა და ჩეჩნეთიდან სამხედრო დახმარების დაპირებაც მიიღო სალმან რადუევის ,,გენერალ დუდაევის არმიისაგან.” შემდეგ კვლავ დაიძაბა ვითარება დაღესტან-ჩეჩნეთის საზღვარზე, სადაც დაღესტნელ და ჩეჩენ ისლამისტებს მჭიდრო კონტაქტი აქვთ დამყარებული. ამაზე მეტყველებს 1997 წლის ბოლოს იატაკქვეშეთში შექმნილი ორგანიზაცია ,,ჯიჰად დაღესტანას” ლიდერის მაგომედ ტაგაევის განცხადებები, რომლებშიც ის თანამემამულეებს ჩეჩენი ერთმორწმუნე ძმების დახმარებით ურწმუნოთაგან განთავისუფლებას ჰპირდებოდა.
ამავე პერიოდში, გართულდა სიტუაცია ბუინაკსკის რაიონში (დაღესტანი), სადაც სოფელ კარა-მახის ტარიკატისტებს (ჩრდ. კავკასიაში ტრადიციული ისლამის მიმდევრები) და ვაჰაბისტებს შორის შეხლა-შემოხლა კარამახის სოფსაბჭოს თავმჯდომარის მკვლელობით დასრულდა. ხოლო 1998 წლის ზაფხულისთვის კი ამ სოფლის გარდა სოფლები ჩაბან-მახი და კადარიც ვაჰაბისტების საყრდენი პუნქტები გახდა.
ისლამისტების მომძლავრებას დაღესტანში უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური ვითარებაც უწყობდა ხელს, რასაც ვაჰაბისტები მოხერხებულად იყენებდნენ დაღესტნის მთელი სახელისუფლო სტრუქტურის და მთავრობის სამხელად. არცერთი ვაჰაბისტი არ იხდიდა ქრთამს არც მილიციაში და არც სადმე სხვაგან. ისინი მზად იყვნენ ძალით დაეცვათ თავისი უფლებები და აკეთებდნენ კიდევაც ასე. ყოველივე ამის შედეგად უაღრესად კორუმპირებულ და კრიმინალური სტრუქტურებით კონტროლირებად დაღესტანში სულ უფრო მეტ ადამიანს იზიდავდა ,,წმინდა ისლამის” მომხრეთა ,,ჯამაათში” გაწევრიანების პერსპექტივა.
დაღესტანში შექმნილი რთული ვითარება კიდევ უფრო გაამძაფრა 1998 წლის 21 აგვისტოს მთავარი მუფტის საიდ მუჰამედ ხაჯი აბუბაქაროვის მკვლელობამ, რაც უმალ ვაჰაბისტებს გადააბრალეს. მანამდე კი 18 აგვისტოს კარა-მახის, ჩაბან-მახის და კადარის მოსახლეობის შევიწროვებამ მათ მიერ ცალკე ,,ისლამური რესპუბლიკის” დაარსების და მის ტერიტორიაზე ოფიციალური ხელისუფლების კანონების აკრძალვა გამოიწვია. აჯანყებულ მოსახლეობას ცნობილი თეოლოგი მაგომედ-შაფი ჯანგიშიევი (იდეოლოგიური მხარე) და ვინმე ჯარულა რაჯბადდინოვი (სამხედრო მხარე) ჩაუდგნენ. ამ მოვლენებს ჩეჩნეთიდანაც გამოეხმაურნენ. კერძოდ, შამილ ბასევმა სამხედრო დახმარება აღუთქვა აჯანყებულებს.
სიტუაცია მხოლოდ 1998 წლის სექტემბრის დასაწყისისთვის სამი სოფლის მოსახლეობის ლიდერების და რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის მაგომედალი მაგომედოვის მოლაპარაკებებით განიმუხტა. წმინდა ისლამის მიმდევრებს მათი უფლებების დაცვა აღუთქვეს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავდა კონფრონტაციის საბოლოო აღმოფხვრას.
პირიქით, რაც უფრო მეტი ხანი გაგრძელდა დაღესტანში ლოიალური და სპეციფიკური დამოკიდებულება ვაჰაბისტების მიმართ და მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ვითარება, მით უფრო მეტი მომხრეები გაუჩნდათ მათ. ფაქტიურად ისლამისტები დაღესტანში, ბუინაკსკის რაიონის სამი სოფლის მაგალითზე, მოწესრიგებული და სამართლიანი ცხოვრების ალტერნატიულ გზას სთავაზობდნენ დაღესტნის მოსახლეობას. რესპუბლიკაში კრიმინალური ჯგუფების ბატონობას, კორუფციის ფართო მასშტაბებს და რუსეთის ცენტრალური ხელისუფლების დოტაციებზე დამოკიდებულების ზრდამ კი რეალურად მიიყვანა ჩრდილოეთ კავკასიის ეს რესპუბლიკა სამოქალაქო ომის პირამდე, რომელსაც მოჰყვა მეორე ჩეჩნური კამპანიის დაწყება და განვითარება და გამოიწვია ზემოთ აღნიშნული სცენარის განხორციელება. ამ კონტექსტში მეტად აქტუალურია დაღესტანში 1999 წლის აგვისტო-ოქტომბრის მოვლენების ანალიზი და მიმოხილვა რეგიონული შემთხვევის განხილვის სახით (ცასე-სტუდყ), რომელსაც ექნება საკმაო მნიშვნელობა საქართვლოსთვისაც.
შემთხვევის-გარჩევა - დაღესტანი, 1999 წლის სექტემბერ-ოქტომბრი, ისლამისტების აგრესია და ჩეჩნეთის ფაქტორი. 1999 წლის 7 აგვისტოს ჩეჩნეთის ტერიტორიიდან გადმოსულმა 1500 კაციანმა დაჯგუფებამ დაღესტნის ცუმადინსკისა და ბოტლიხის რაიონების რამდენიმე მნიშვნელოვანი სოფელი დაიკავა, რასაც შემდგომში მოჰყვა ფართო აგრესიის დაწყება რესპუბლიკის მასშტაბებში. დაჯგუფების ძირითად ბირთვს წარმოადგენდნენ ჩეჩენი საველე მეთაურების, ბრიგადის გენერლების: შამილ ბასაევის და ახმად ჰატაბის დაქვემდებარებაში მყოფი მებრძოლები, რომლებიც შედიოდნენ ,,იჩკერიისა და დაღესტნელ ხალხთა კონგრესის” შემადგენლობაში (იხ. დანართი 3). მათ ოთხი მიმართულებიდან შეუტიეს აღნიშნულ რაიონებს და თითქმის უბრძოლველად დაიკავეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სიმაღლეები, საიდანაც შესაძლებელი იყო გადამწყვეტი შეტევის განხორციელება დაღესტნის დედაქალაქ მახაჩკალის მიმართულებით. სიტუაცია დღითი-დღე იძაბებოდა და ბოლოს გადაიქცა სრულმასშტაბიან ომად.
იმ პერიოდში რუსეთის ფედერალური ძალების დაახლოებით 3-4 ათასიანი დაჯგუფება თავმოყრილი იყო ცუმადინსკისა და ბოთლიხის რაიონებში - მათი დაცვის მიზნით (ელიტარული მედესანტეთა, შინაგანი ჯარების, ადგილობრივი მილიციის სპეცდანიშნულების შენაერთები). მათ მხარს უჭერდნენ საარმიო ავიაციის და მძიმე არტილერიის საშუალებები (კერძოდ, ფედერალური ძალების საერთო რაოდენობა ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონში მოიცავდა 75 ათასს სამხედრო მოსამსახურეს, 600 ტანკს, 2280 ჯავშანმანქანას და 1000 საარტილერიო სისტემას. ამას ემატებოდა შინაგანი ჯარების 4 დივიზიაც და გაძლიერებული მილიციის სპეცრაზმების ბატალიონებიც). საბრძოლო მოქმედებებთან ერთად, დაპირისპირებული მხარეები ჩაბმულნი იყვნენ მძლავრ საინფორმაციო ომშიც: ერთ მხარეს იდგა რუსეთის საზოგადოებრივი ტელევიაზია - ,,ორტ”, ხოლო მეორე მხარეს მისი მუდმივი ,,ოპონენტი” მოვლადი უდუგოვი, რომელიც იყო დაღესტნისა და ჩეჩნეთის ხალხების კონგრესის და ისლამური შურის (საბჭოს) ერთ-ერთი თავკაცი. ისლამისტების მიერ დაკავებულ ტერიტორიებზე (მოიცავდა აღნიშნული რაიონების დაახლოებით 11-12 სოფელს; მოსკოვის საინფორმაციო-საშუალებების თანახმად კი მხოლოდ 4 სოფელს) გამოცხადდა ,,დაღესტნის ისლამური სახელმწიფოს” დაარსება. ამ ახალი გაერთიანების მთავარმა იდეოლოგმა, ჩეჩნეთის რესპუბლიკის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ზელიმხან იანდარბიევმა, პირდაპირ განაცხადა, რომ მიმდინარეობდა ,,საღვთო ომი” კავკასიის განთავისუფლების მიზნით. ,,ახლად გამოცხადებული სახელმწიფოს ისლამურ შურაში” შედიოდნენ პრო-ვაჰაბიტისტურად განწყობილი საზოგადოებრივი, სამხედრო და რელიგიური პირები: პოეტი ადალო ალიევი, ბაგაუდინ (მაგადინ) მაგომედოვი, ცნობილი ,,კავკასიური ჰაზავათის” წიგნის ავტორი მაგომედ ტაგაევი, ნადირშაჰ ხაჩილაევი, შამილ ბასაევი, აჰმად ჰატაბი და ა.შ. აღნინული ნეოვაჰაბიტური პოლიტიკური დაჯგუფების სტრატეგია აგებული იყო ისლამური სახელმწიფოს ჩამოყალიბებისათვის აუცილებელ სამ ძირითად პოსტულატზე, რომელთა თანახმად, უნდა განხორციელებულიყო შემდეგი ეტაპები:
1. ,,ისლამის გავრცელება და ერთიანი ალაჰის აღიარება” მომავალი სახელმწიფოს ხალხებს შორის - ვაჰაბიზმის დოქტრინის ფარგლებში;
2. ,,მუსლიმანთა ძმობისა და ერთობის განმტკიცება”;
3. ,,ჯიჰადის დაწყება”, რომლის დამთავრებისათანავე უნდა დამყარდეს თეოკრატიული ისლამური სახელისუფლო წეს-წყობილება.
დაღესტნელი ვაჰაბიტების აზრით, იმ პერიოდისათვის, ხორციელდებოდა მეორედან მესამე ეტპზე გადასვლის პროცესი.
საყურადღებო ფაქტია, რომ ვაჰაბიზმმა 1999 წლისთვის, ყველაზე მეტად ფეხი მოიკიდა ჩეჩნეთსა და დაღესტანში, შედარებით ნაკლებად კი - ყარაჩაი-ჩერქეზეთში, ყაბარდო-ბალყარეთში, ასტრახანის ოლქსა და სტავროპოლის მხარის სამხრეთში. რაც შეეხება დაღესტანს, აქ ვაჰაბიზმი უფრო მეტად ავარიელებსა და დარგოელებს შორის გავრცელდა. თანდათანობით მათ შეურთდნენ ლაკებისა და ლეზგინების წარმომადგენლები (სხვათა შორის ნადირშაჰ ხაჩილაევი, ორგანაზაცია ,,რუსეთის მუსლიმანთა კავშირის” თავმჯდომარე, ლაკების ლიდერი იყო). ზოგიერთი ინფორმაციის თანახმად, დაღესტნის მოსახლეობის 10% ვაჰაბიზმმა მოიცვა. ძალზედ საინტერესოა ჩრდილოეთ კავკასიაში ვაჰაბიტური იდეოლოგიის, უფრო სწორედ კი ნეოვაჰაბიზმის გავრცელების ტექნოლოგია. მას მძლავრ ფინანსურ ბაზას უქმნიდა ახლო აღმოსავლური და სპარსეთის ყურის ქვეყნების ისლამური ორგანიზაციები. ტექნოლოგია ძალზედ მარტივ სტრუქტურას ეფუძნებოდა: ვაჰაბიტობის თითოეული მსურველი, ,,ჯამაათში” გაწევრიანების საფასურად, იღებდა ერთჯერად დახმარებას 500-800 აშშ დოლარამდე, ხოლო შემდეგ ყოველ თვიურად იღებდა 300 აშშ დოლარს. ამას თან ახლავდა მძლავრი პროპაგანდისტული კამპანია: ისლამური ლიტერატურის უფასო დარიგება, ტელე და რადიოცენტრების ქსელების შექმნა, სასწავლო დაწესებულებათა დაარსება, ახალგაზრდების გაგზავნა საზღვარგარეთის ისლამურ ცენტრებში, სოციალური სოლიდარობის გამოხატვა, დაუნდობელი ბრძოლის გამოცხადება კორუფციის წინააღმდეგ და ა.შ.
სწორედ, ასეთი ნაბიჯებით გახდა შესაძლებელი დაღესტნის ეთნიკურ-პოლიტიკური რუკის ხელახალი გადანიწილებისათვის ბრძოლის დაწყება, როგორი უცნაურიც არ უნდა მოგვეჩვენოს, ნეოვაჰაბიტების დარტყმა მიმართული იყო არა იმდენად ფედერალური დაჯგუფების, რამდენადაც დაღესტანში არსებული კლანური დაჯგუფებების წინააღმდეგ. შემთხვევით გარემოებად არ უნდა მივიჩნიოთ ის ფაქტი, რომ ნეოვაჰაბიტური აგრესიის წინააღმდეგ დაირაზმნენ და საბრძოლო ინტერნაციუნალური ბრიგადები შექმნეს, რესპუბლიკის ისეთმა რეალურმა მმართველებმა, როგორებიც იყვნენ დაღესტნის მთავრობის ვიცე-პრემიერი და მახაჩკალის მერი საიდ ამიროვი (მასზე განხორციელდა რვა შეიარაღებული თავდასხმა) და მეორე ვიცე-პრემიერი ჰაჯი მახაჩევი.
საინტერესოა დაღესტანში მიმდინარე მოვლენები, ჩეჩნეთის იმდროინდელ პოლიტიკურ ვითარებასთან მიმართებაში. პრეზიენტმა ასლან მასხადოვმა ჩეჩნეთის რესპუბლიკაში 1999 წელს საგანგებო მდგომარეობის შემოღებით, ფაქტიურად, დააფიქსირა თავისი დაპირისპირება ნეოვაჰაბიტურ ძალებთან, რომლებმაც დე-ფაქტოდ განახოციელეს სახელმწიფო გადატრიალება და მკვეთრად შეზღუდეს პრეზიდენტის ძალაუფლება. სწორედ, ნეოვაჰაბიტების ზეწოლით, მასხადოვმა 1999 წლის 5-6 თებერვალს ჩეჩნეთი ისლამურ-შარიათულ რესპუბლიკად გამოაცხადა. იმავე წლის ივლისს-აგვისტოში მომხადრმა მოვლენებმა კი ცხადყვეს რეალური ძალაუფლების ბედი. უკვე ივლისის ბოლოს ნეოვაჰაბიტების ერთ-ერთმა ლიდერმა არბი ბარაევმა, თავისი შეიარაღებული ფორმირებების მეშვეობით აიღო ქ. გროზნოს ოქტომბრის რაიონი და დაიკავა როსტოვი-ბაქოს ფედერალური მაგისტრალის საკვანძო მონაკვეთი. ამავე დროს შამილ ბასაევმა და ჰატაბმა მოახდინეს თავიანთი შეიარაღებული ფორმირებების რეკონცეტრაცია გროზნოს აღმოსავლეთ და სამხრეთ რაიონებისაკენ. ასეთი მანევრების შედეგად, ასლან მასხადოვი იძულებული გახდა, შეექმნა რესპუბლიკის ეროვნული უშიშროების საბჭო, რომლის ხელმძღვანელადაც ბასაევის მომხრე ისლამ ხალიმოვი (ყოფილი თავდაცვის მინისტრი) დანიშნა, თავად კი ეროვნული თავდაცვის საბჭოს ჩაუდგა სათავეში.
ჩეჩნეთში ფაქტიურად განვითარდა ,,ავღანური” სცენარი, რომელშიც როლები შემდეგნაირად განაწილდა: ნეოვაჰაბიტური დაჯგუფებების საფუძველზე - ,,ისლამური შურა”, აღმოცენდა ჩეჩნური ტიპის ,,თალიბანის” ორდენი, რომლის იდეოლოგიური კონტურები გამოიკვეთა იმავე წლის ივლისში. ამ ორდენის სულიერ ხელძღვანელად ზელიმხან იანდარბიევი და მოვლადი უდუგოვი გახდნენ, ხოლო მთავრობის ხელმძღვანელად კი შამილ ბასაევი. ასლან მასხადოვს ჩეჩნური თალიბანიზმის წინააღმდეგ გამოსვლა მოუწია. ჩეჩნეთში, ისევე როგორც ავღანეთში, აშკარად გამოკვეთა ,,კულისებს მიღმა” მდგარი ძალების ძალისხმევა იმისთვის, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში შეექმნათ მძლავრი პლაცდარმი სამხრეთ კავკასიაში დასავლური და პირველ ყოვლისა, აშშ-ს ინტერესების საწინააღმდეგოდ. ასეთი ძალისხმევა განსაკუთრებით ნათელი გახდა აშშ-ს კონგრესის მიერ 1999 წელს დამტკიცებული ,,აბრეშუმის გზის სტრატეგიის შესახებ” კანონთან დამოკიდებულებაში. ამ ინტერესების საწინააღმდეგო ძალისხმევამ თავის კულმინაციას მიაღწია 2002 წელს ოფიციალური ვაშინგტონის გადაწყვეტილებით გაენადგურებინა კავკასიური თალიბანიზმი. თავის მხრივ ჩეჩნური თალიბანის მიერ განხორციელებულმა დაღესტნურმა ავანტიურამ განიცადა სრული კრახი, რასაც მოჰყვა 1992 წლის დეკემბერში მეორე ჩეჩნური საომარი კამპანიის დაწყება და კავკასიის რეგიონში არასტაბილურობის ფაქტორის სრული ამოქმედება.
აღნიშნული კამპანიის დროს რუსეთის ფედერალურმა ძალებმა დაკარგეს 230 სამხედრო მოსამსახურე (მარტო მოკლულების სახით), 1 საბრძოლო თვითვმფრინავი, 6 ვერტმფრენი, 30-მდე ჯავშნიანი მანქანა და 10 ტანკი. ისლამისტების დანაკარგებმა, დაღუპულებისა და დაჭრილების სახით, დაახლოებით 700 მებრძოლი შეადგინა.
ჩეჩნეთისა და დაღესტნის მოვლენების ფონზე გამოიკვეთა და დიდი ყურადღება დაეთმო გავლენიანი საველე მეთაურის ჰატაბის მოღვაწეობას. ჩეჩნეთის პირველი და მეორე კამპანიებისას იგი ჩეჩნეთის შეიარაღებული ძალების მთავარი სამხედრო მრჩეველი იყო.
ახმად ჰატაბის პიროვნების გასაცნობად საჭიროა, ამოიხსნას ერთი საინტერესო ,,რებუსი”, რომლის მიხედვითაც მას ორი განსხვავებული ბიოგრაფია აქვს. ამ რებუსის ამოხსნა დაგვეხმარება იმის დადგენაში, ჰატაბის ბიოგრაფიის შესახებ არსებული უამრავი ლეგენდიდან რომელია მართალი. პირველი ლეგენდის მიხედვით ჰატაბი 60-იანი წლების დასაწყისში დაიბადა ქ. ამანში (იორდანია). იგი წარმოშობით ჩეჩენია და პროფესიონალი სამხედრო მოსამსახურე. მან განათლება ამანის სამხედრო აკადემიაში მიიღო, შემდეგ მეფე ჰუსეინის ,,ჩერქეზულ გვარდიაში” მსახურობდა. ავღანეთში საბჭოთა ინტერვენციის გამო მან დატოვა სამხედრო სამსახური დ ავაღანელი მოჯაჰედინების რიგებში ჩადგა. 1993 წელს იგი ჩავიდა ჩეჩნეთში, სადაც მეთაურობდა უცხოელი მეომრებისაგან (ძირითადად, არაბული წარმოშობის) შემდგარ ბატალიონს ,,ჯამაათს.” მეორე ლეგენდის მიხედვით, ჰატაბი დაიბადა 1962 წელს ქ. ერ-რიადში (საუდის არბეთი). 1979 წელს მოხალისედ წავიდა ავღანეთში საბჭოთა ჯარების წინააღმდეგ საბრძოლველად. ავღანეთში მისი გამგაზვრება უზრუნველყო საუდის არაბეთის დაზვერვის საკოორდინაციო სამსახურმა, რომლის ხელმძღვანელი იყო პრინცი ტურკი იბნ ფეისალ აბდ ალ-აზიზი. ჰატაბმა პეშავარის ბანაკებში გაიარა საბრძოლო მომზადების სრული კურსი, ვიწრო სპეციალობით - მენაღმე-დივერსანტი. 1994-95 წ.წ. იგი ჩეჩნეთში ჩავიდა (როგორც ჩანს, ამ პერიოდიდან დაიწყო ბასაევისა და ჰატაბის დაახლოება - ისინი ძმადნაფიცები არიან). ჩეჩნეთის შეიარაღებულ ძალებში მისი პირველი სამხედრო წოდება იყო - მაიორი, მეტსახელი კი ,,შავი არაბი.”
ჰატაბის გავლენის ზონა ჩეჩნეთში მოიცავდა სოფელ დარგოსა და მის ზევით მდებარე ტერიტორიებს. ჰატაბის დაქვემდებარებაში შედიოდა სამი ბანაკისაგან შემდგარი სამხედრო-სასწავლო ცენტრი ,,კავკაზი”, რომელიც მდებარეობდა სერჟენნ-იურტში. აქ მუდმივად იმყოფებოდა 300 მებრძოლი. აღნიშნულ ბანაკებში კურსანტები სწავლობდნენ არაბულ ენას, შარიათს და სამხედრო საქმეს., მ.შ. პარტიზანული ომის ტაქტიკას. სასწავლო კურსი მოიცავდა სამიდან ექვს თვეს სპეციალიზაციის მიხედვით. ცენტრში მუდმივად იმყოფებოდა საბრძოლო ტექნიკა: რამოდენიმე ტანკი, 3 ჯავშანტრანსპორტიორი და 3 ჯავშანმანქანა. ანალოგიური დივერსიული სკოლა ჰატაბს სოფელ ალეროეშიც ჰქონდა. ჰატაბის სამხედრო-სასწავლო ცენტრის სტრუქტურა იმ ცენტრების კოპირებულ ვარიანტს წარმოადგენდა, რომლებიც ავღანეთში ბენ ლადენის უშუალო ხელმძღვანელობით ფუნქციონერებდნენ (მაგალითად: ქ. ხოსტასთან მდებარე ბანაკები - ,,ბაარ-1” და ,,ბაარ-2”). გარდა ამისა უსამა ბენ ლადენმა დაღესტანში ჩასატარებელი სამხედრო ინტერვენციის მიზნებისათვის 1999 წლის იანვარ-თებერვალში ჰატაბს თავისი ემისრების მეშვეობით გადასცა 15 მლნ. აშშ დოლარი.
ჩეჩნეთის მეორე საომარი კამპანიის განვითარების ფონზე, დაღესტნის ფაქტორმა დროებით გადაიწია უკანა პლანზე, მაგრამ საერთო კავკასიური დაძაბულობის განვითარებამ მიაღწია თავის პიკს.
![]() |
4 5. ,,ინტეგრიზმი” (ვაჰაბიზმი) რეგიონული გეოპოლიტიკის ჭრილში. |
▲ზევით დაბრუნება |
როგორც უკვე აღინიშნა, მუჰამედ აბდ-ალ-ვაჰაბის მიმდევრები XVIII საუკუნის მეორე ნახევარში მოუწოდებდნენ არაბულ ტომებს გაერთიანებისკენ. ამით აიხსნება ის გარემოება, რომ ვაჰაბიზმის ძირითად დოგმატს წარმოადგენდა და დღესაც წარმოადგენს მკაცრი ერთმორწმუნოება (ტაჰვიდის პრინციპი). ეს ახალი რელიგიური მიმდინარეობა მიმართული იყო ტომობრივი კულტების წინააღმდეგ, რაც ხელს უშლიდა მათ გაერთიანებას. ამიტომ თავიდანვე მას უკვე გააჩნდა მიმდინარე რეგიონალური და პოლიტიკური მნიშვნელობის პარამეტრები.
დღევანდელი ვაჰაბიზმის რელიგიური მოძრაობის ერთგვარ პოლიტიკურ ბაზისს ასევე შეადგენს პანისლამიზმის ცნობილი დოქტრინა. მისი მთავარი იდეები მრავალმა თეოლოგმა განავითარა, მაგრამ განსაკუთრებული ბიძგი მას XIX საუკუნის მეორე ნახევარში მიეცა, როცა პანისლამიზმის ქადაგება საიდ ჯემალ ად-დინა ალ-აფგანიმ (1839-97 წ.წ.) დაიწყო. სწორედ მან ჩამოაყალიბა ,,მუსლიმან ერთა რელიგიურ-პოლიტიკური გაერთიანების” იდეა.
ვაჰაბიზმი და პანისლამიზმი ორივე წარმოადგენს კოსმოპოლიტურ მოძრაობას და თავის დროზე განიხილებოდა როგორც ანტიკოლონიალური მიმდინარეობა. მათი მთავარი თეზისია: მუსლიმანთა კავშირი სულიერების ნიადაგზე. ამიტომაც ის მიმართული იყო როგორც ოტომანთა იმპერიის (თურქეთი), ასევე ბრიტანული ექსპანსიონოზმის წინააღმდეგ და მისი გეოგრაფიული არეალები არ სცილდებოდა მათი გავლენის ზონებს (სუდანი, ერაყი, საუდის არაბეთი, ომანი და ა.შ.).
თანდათანობით ვაჰაბიზმმა სუნიტური მიმდინარეობის ისლამის ჩარჩოებში და შიიტურ შტოსთან ერთად თავისი განსაზღვრული ადგილი დაიმკვიდრა ისლამში. ის უფრო მეტად ასოცირდებოდა (და ახლაც ასევე განიხილება) საუდის არაბეთის სახელმწიფოებრივი იდეოლოგიის სინონიმად. ამ მხრივ საუდის არაბეთმა გამოიყენა კიდევაც ეს მიმდინარეობა თავის საგარეო პოლიტკური კურსის გააქტიურებისა და რეგიონალურ მასშტაბში ლიდერი სახელმწიფოს იმიჯის მოსაპოვებლად. ნავთობის ფაქტორის გაძლიერებასთან ერთად, საუდის არაბეთი მიზანმიმართულად იღწვოდა მუსლიმანურ სამყაროში ლიდერობის მოსაპოვებლად. მაგალითად, 1957 წელს ერ-რიადი გამოვიდა ინიციატივით შექმნილიყო ,,ისლამური პაქტი”, სადაც შევიდოდნენ არაბული აღმოსავლეთის და მაღრიბის ქვეყნები, თურქეთი, ირანი და პაკისტანი.
დღევანდელ ეტაპზე გამოიკვეთა ვაჰაბიზმის მიმდინარეობის რამდენიმე მიმართულება, რომელთა კლასიფიკაცია პირობითად შემდეგი ნიშან-თვისებების მიხედვით შეიძლება ჩამოყალიბდეს:
1. ,,ტრადიციული”, ანუ კლასიკური მიმართულება - მისი კრედო განისაზღვრება ძირითადში საგარეო პოლოტიკის ორი მთავარი პრინციპით: ისლამური სოლიდარობით და არაბული ერთიანობით.
2. ,,მოდერნისტული” მიმართულება - უფრო ადაპტირებულია დღევანდელი სამყაროს ეკონომიკურ რეალიებთან და წარმოადგენს ლიბერალური შინაარსის მატარებელ ისლამის ნაირსახეობას. მისი გეოგრაფიული არეალი ვრცელდება სპარსეთის ყურეზე და მოიცავს აქ მდებარე განვითარებული მუსლიმანურ სახელმწიფოებს (კერძოდ, კატარი, ქუვეითი, ომანი და ა.შ.).
3. ,,ფუნდამენტალისტური” მიმართულება - გამოირჩევა მაღალი დონის აგრესიულობით და სამხედრო ორიენტაციის მაღალი მაჩვენებლით. მისი ძირითად კრედოს შეადგენს ე.წ. ,,სუფთა ისლამის ექსპორტის” პრინციპი. მოცემული მიმართულების გეოპოლიტიკურ არეალს წარმოადგენს ისლამური სამყაროს მარგინალური ტიპის სახელმწიფოები, მაგალითად, სუდანი, ავღანეთი (თუმცა ვაჰაბიზმი არ არის ოფიციალურად დაფიქსირებული, როგორც მოძრაობა თალიბანის იდეოლოგია, რეალობაში ასეთი ტენდენცია აშკარად სახეზეა) და ა.შ.
პოსტსაბჭოთა სივრცეში განვითარებული მოვლენების ფონზე და მასთან დაკავშირებულ ,,ისლამიზაციის” ფაქტორზე გამოსაყოფია ის გარემოება, რომ აღნიშნულ გეოპოლიტიკურ სივრცეში (უფრო მეტად კავკასიას და ცენტრალურ აზიაში) განვითარებას ჰპოვებს ვაჰაბიზმის მიმდინარეობის მესამე ანუ ,,ფუნდამენტალისტური” მიმართულება. მისი კონტურები უკვე აშკარად შეიქმნა ჩრდილოეთ კავკასიის ბოლოდროინდელი მოვლენების გათვალისწინებით. მას გააჩნია თავისებურებანიც, რომლებიც შეიძლება დახასიათდეს შემდეგი მთავარი ნიშან-თვისებებით: ა) არსებული ხელისუფლების მიმართ გამოკვეთილი პოზიციების გამოხატვა (ცალსახად უარყოფითი ხასიათისაა, როგორც უკანონო და ათეისტური წარმონაქმნი - დაღესტანის მაგალითი); ბ) ლტოლვა ხელისუფლებისაკენ, როგორც მიმართულების სამოქმედო ძირითადი სტრატეგიული მიზანი; გ) მძლავრი იდეოლოგიური ბაზისა და მდგრადი პოლიტიკური შიდა სტრუქტურების არსებობა; დ) სახელმწიფოებრივი მშენებლობის (მკაცრი ისლამური ორიენტაცია - ავღანეთის მაგალითი) პროგრამა და მოქმედების ტაქტიკა; ე) განვითარებული პროპაგანდისტული აპარატისა და აგიტაციის საშუალებათა ფაქტორი.
თანდათანობით ვაჰაბიზმი ფეხს იკიდებს იმ არეალში, სადაც დიდი იდეოლოგიური და რელიგიური ვაკუუმია და განსაზღვრულ არეალებში ავსებს კიდევაც მას. მაგრამ მისი გავრცელება იქ მიმდინარეობს წარმატებით, სადაც მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაა, ან სადაც საზოგადოებრივ-ეკონომიკური ფორმაცია ტრანზიციულ (გარდამტეხ, ცვლილებების) მდგომარეობაში იმყოფება. კავკასიაც სწორედ ასეთი რეგიონია, რომელიც 1985 წლიდან სოციალურ-ეკონომიკურ კრიზისში იმყოფება და რომლის მდგომარეობა განვითარებული ეთნო-პოლიტიკური კონფლიქტების შედეგად უფრო გაუარესდა. ასეთ ვითარებაში წარმოიქმნა ადამიანთა გარკვეული მარგინალიზირებული (ამავდროს ძალზედ აქტიური) ფენა, რომელთათვისაც რადიკალური ისლამი ერთგვარ გამოსავალ გზად იქცა.
პარადოქსულია, მაგრამ, მიუხედავად თავისი იდეოლოგიის მაინტეგრირებელი ხასიათისა, ვაჰაბიზმი ჩრდილოეთ კავკასიაში ისლამის დასუსტებას და მუსლიმანთა შიდა კონფრონტაციას უწყობს ხელს. არაა გამორიცხული, რომ ვაჰაბიზმის ფაქტორის გაძლიერება ხელოვნურად იქნა გამოწვეული სხვადასხვა ქვეყნების სპეცსამსახურების მიერ. თუმცა თითოეული დაინტერესებული ქვეყნის შემთხვევაში მას განსხვავებული როლი აკისრია, როგორც ჩეჩნეთთან, ისე დაღესტანთან და კავკასიის დანარჩენ ქვეყნებთან მიმართებაში.
რუსეთის ფედერაცია. ამ ქვეყნის ინტერესი ვაჰაბიზმის მოძრაობის მიმართ გამოიხატება ისლამური ორიენტაციის გახლეჩვასა და დაქსაქსვაში, განსაკუთრებით ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონში. საინტერესოა რუსეთის სპეცსამსახურების გამოცდილების სპეციფიკურობა ისლამურ სამყაროსთან ურთიერთობების წარმართვისას. ასეთი ურთიერთობების და კონკრეტული ოპერაციების განხორციელება ქმნის სასურველ გარემოს რუსეთის სტრატეგიული ინტერესების დაცვისათვის არა მარტო მის შიდა სუბრეგიონზე გავლენის შესანარჩუნებლად, არამედ მის მიმდებარე გეოპოლიტიკურ არეალებშიც (ახლო აღმოსავლეთი, ცენტრალური აზია, კავკასია).
რუსეთის დამოკიდებულებაში ისლამისტებთან შემდეგი ძირითადი მიმართულებები შეიძლება გამოიყოს:
ა) უახლოეს მომავალში, დასავლეთთან თავისი გლობალური დაპირისპირების არასასურველი სცენარით განვითარების შემთხვევაში (იგივე ბალკანეთსა და ერაყში, ასევე მსოფლიოს სხვა რეგიონებში პოზიციების დათმობის პარალელურად), რუსეთს შეუძლია ისლამისტური სამხედრო დაჯგუფებების პოტენციალის გამოყენება კავკასიაში ერთგვარი კონტრქმედების განსახორციელებლად. ამის მაგალითად შეიძლება გამოდგეს ,,ცივი ომის” პერიოდში საბჭოთა სპეცსამსახურების მიერ (აღმოსავლეთგერმანულ ,,შტაზისთან” და რუმინულ ,,სეკურიტატესთან” თანამშრომლობით) ისლამური ორიენტაციის ტერორისტული ჯგუფების მფარველობა, ხელშეწყობა და მათი საქმიანობის წარმართვა დასავლეთის ინტერესების წინააღმდეგ. ბოლო პერიოდში გამოსაყოფია სამხედრო სადაზვერვო სამმართველოს მიერ მოსკოვის ერთ-ერთ ბაზაზე იაპონური ტერორისტული ორგანიზაციის ,,აუმ-სინრიკიოს” 20-მდე მებრძოლის მომზადებისა და ქურთისტანის მუშათა პარტიის ლიდერის ოჯალანის მფარველობის ფაქტებიც. ანალოგიური მიდგომა შეიძლება არსებობდეს ვაჰაბიზმის მიმართაც.
ბ) ვაჰაბიზმის გამოყენება შესაძლებელია კასპიის რეგიონის სანავთობო რესურსების და მისი სატრანსპორტო კავკასიური მაგისტრალების ბლოკირებისა ან მათ განხორციელებაზე გავლენის მოხდენისათვის. მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ რუსეთის მონაწილეობის შემცირებას სანავთობო პროექტებში და კასპიის ნავთობის მიერ მისი ნავთობის მარაგებისთვის კონკურენციის გაწევის ალბათობას მსოფლიო სანავთობო ბაზრებზე.
საუდის არაბეთი. ამ ქვეყნის დაინტერესება რეგიონის მიმართ, როგორც ვაჰაბისტური იდეოლოგიის მატარებელი სახელმწიფოსი, გამოიხატება ევრაზიულ სივრცეში შეღწევის დიდი მისწრაფებით და კასპიის ,,დიდი ნავთობის” ფაქტორით. მძლავრი ფინანსური პოტენციალი აძლევს მას საშუალებას განახორციელოს ეფექტური სტრატეგიული კურსი საკუთარი ინტერესების დაცვის მიზნით. ამიტომაც ვაჰაბიზმის მიმართულება შესაძლოა გამოყენებულ იქნას ახალი ,,ისლამური სივრცის” ასათვისებლად ევრაზიის სამხრეთ ნაწილში (სადაც ისლამური მოსახლეობა დაახლოებით 20-30 მლნ. ადამიანს შეადგენს).
აქვე უნდა გამოიყოს ის გარემოებაც, რომ საკუთრივ საუდის არაბეთში მორწმუნენი, პირობითად, ოთხ ნაწილად იყოფიან: ,,კონსერვატორ ვაჰაბიტებად”, ,,ნეოკონსერვატორებად”, ,,ზომიერ ლიბერალებად” და შიიტურ ოპოზიციად. პირველ სამს შორის განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ ლიბერალები უკვე ანაქრონიზმად ქცეული შარიათის ოდიოზური ნორმების შეცვლას და საზოგადოებრივ გარდაქმნებს მოითხოვენ. ამ ხნის განმავლობაში, ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონში ვაჰაბიზმის გავრცელების კოორდინატორის როლს თამაშობდენენ (და ეს პროცესი სავარაუდოდ დღესაც გრძელდება) არაბული საქველმოქმედო ორგანიზაციები, რომლებსაც გააჩნიათ მჭიდრო კონტაქტები ისეთი რადიკალური ტიპის ისლამურ ორგანიზაციებთან, როგორებიცაა ,,ჰამასი” და ჩვენთვის ცნობილი ,,ძმები მუსლიმანები.” განსაკუთრებით საინტერესოა ვაჰაბიტებისა და ამ უკანასაკნელთა შორის ურთიერთობათა არსებობა, რაც ერთობ საინტერესო გარემოებას წარმოადგენს. ვაჰაბიტების მიმდევრებსა და ,,ძმებ მუსლიმანებს” შორის ურთიერთობები განვითარდა 60-იანი წლების დასაწყისში, მაშინ როდესაც 1953 წელს ეგვიპტის პრეზიდენტ ნასერმა სისხლში ჩაახშო ამ რადიკალური ორგანიზაციის გამოსვლები ქვეყანაში, გადარჩენილმა ლიდერებმა თავი საუდის არაბეთის შეაფარეს. 1955 წელს ერ-რიადში დაარსდა ,,ძმებ მუსლიმანთა” შტაბ-ბინა, რომელიც დღემდე ფუნქციონირებს. ვაჰაბიზმის მიმდევრებმა მხარი დაუჭირეს ორგანიზაციას, რის შედეგადაც ის გადაიქცა ჯერ საერთო არაბულ, შემდეგ კი - საერთაშორისო გაერთიანებად. ,,ძმებ მუსლიმანებს” გააჩნიათ თავიანთი ფილიალები და განყოფილებები ბევრ მუსლიმანურ სახელმწიფოსა და ასევე ევროპის და ამერიკის მუსლიმანურ დიასპორებში. სწორედ ,,ძმებ მუსლიმანების” იდეური გავლენით საუდის არაბეთის მმართველმა წრეებმა, კერძოდ, 1964 წელს ქვეყნის სათავეში მოსული მეფე ფეისალის მეთაურობით (იგი მოკლეს 1975 წ.) სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში დაიწყეს ისლამური პოლიტიკური დოქტრინის გატარება. 1965 წელს მეფე ფეისალი გამოვიდა ინიციატივით, დაარსებულიყო ისლამურ სახელმწიფოთა სამხედრო-პოლიტიკური კავშირი - ისლამური პაქტი. მაგრამ მაშინ ამ იდეამ არ მიიღო სათანადო მხარადჭერა. მის ნაცვლად რამდენიმე ხნის შემდეგ შეიქმნა ისლამური კონფერენციის ორგანიზაცია (ისკოო). დღეისათვის ისკოო-ში გაერთიანებულია 54 ისლამური სახელმწიფო და საერთაშორისო ურთიერთობებში საკმაოდ აქტიურ როლს თამაშობს, ისევე როგორც მოგვიანებით მის ბაზაზე დაარსებული ,,ისლამური ახალგაზრდობის ლიგა.”
გარდა ამისა, საუდის არაბეთი წარმოადგენს ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის - ,,ოპეკ”-ის მთავარ ძალას, შესაბამისად, კასპიის ნავთობის მსოფლიო სანავთობო ბაზრებზე ზეგავლენის გარემოება იწვევს უაღრესად დიდ ინტერესს კავკასიაში არსებული მდგომარეობის მიმართ. შემთხვევითობა არ არის ის გარემოებაც, რომ კავკასიის მიმართულებით გარკვეული ინტერესი გამოხატა საუდელმა მილიონერმა და საერთაშორისო ტერორისტად ცნობილმა უსამა ბენ ლადენმა. ამავე ზონაში მოქმედებს ხატაბიც, რომელიც საუდის არაბეთის მოქალაქეა და მისი ფორმირება აკონტროლებს ბაქო-გროზნო-ნოვოროსიისკის ნავთობმაგისტრალის ჩეჩნეთზე გამავალი ტერიტორიის ძირითად მონაკვეთს. თავის მხრივ დაღესტანში ვაჰაბისტების ძირითადი ცენტრები (ბუინაკსკის რაიონი) ასევე ნავთობსადენის ჩრდილოეთის მარშრუტის ახლოს მდებარეობს. ჩეჩნეთის ომის დროსაც საკმაოდ სოლიდური თანხები და დაქირავებული ძალები იქნა გადასროლილი საუდის არაბეთიდან კავკასიის რეგიონში. ამაზე მიუთითებენ შემდეგი ფაქტებიც:
● საუდის არაბეთიდან 1995 წ. დუდაევმა მიიღო ფინანსური დახმარება 10 მლნ. აშშ დოლარის ოდენობით, რომელიც ოფიციალურად შეგროვებულ იქნა ახლო აღმოსავლეთის ჩეჩნური დიასპორის მიერ. ამავე პერიოდში საუდის არაბეთიდან, პაკისტანიდან და იორდანიიდან მიღებული თანხებით ფინანსირდებოდა ისლამურ-პროვაჰაბისტური ბატალიონი ,,ჯამაათი”;
● ჩეჩნეთის ერთ-ერთ რაიონში (პირობითი ნომერი 1449, 8/5612/), მიყრუებულ საკარიერო ადგილას დისლოცირებული იყო 300 კაციანი ვაჰაბისტური სამხედრო ფორმირება, რომელსაც მეთაურობდა საუდელი აბუბაქარი;
● ჩეჩნურ დაბა ხარაჩოიში დისლოცირებული იყო 15 კაციანი დაჯგუფება, რომელიც მთლიანად დაკომპლექტდა საუდის არაბეთის მოქალაქეებით (მათ გამოვლილი ჰქონდათ ავღანეთის ომი) და შემდეგ ჩეჩენი მოხალისეებით შეივსო. 1995 წ. 24 ოქტომბერს ამ დაჯგუფებამ გაანადგურა რუსეთის ფედარალური ჯარების ერთ-ერთი სამხედრო კოლონა იარიშ-მარდისთან.
აზერბაიჯანი. ამ ქვეყანაში ვაჰაბიზმის მომხრენი გააქტიურდნენ 1994 წლიდან და, ფაქტიურად, ჩეჩნეთში საომარ მოქმედებათა დაწყებას უკავშირდება. თუმცა ოფიციალურად არსად არ ფიქსირდებოდა. აზერბაიჯანის ხელისუფლება მხარს უჭერდა ჩეჩნეთის შეაირაღებულ ფორმირებებს (მ.შ. ვაჰაბისტურს) რუსეთის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების წარმოებაში. ეს დახმარება იყო როგორც ტექნიკურ-მატერიალური, ისე ცოცხალი ძალით და ქვეყნის საკომუნიკაციო ქსელის გამოყენებით10. ამის გამო, გარკვეულწილად, გაიზარდა ვაჰაბიზმის ფაქტორის მნიშვნელობა აზერბაიჯანის ხელისუფლებისათვის, რაც ამ მექანიზმის კავკასიაში რუსეთის წინააღმდეგ გამოყენების ეფექტურობით აიხსნებოდა. სწორედ აზერბაიჯანიდან ხდებოდა ისლამისტების ერთგვარი კოორდინირება დაღესტანში და ნაწილობრივ ჩეჩნეთში.
პარალელურად, ბაქოში ქუვეიტელი მოქალაქე აბუ ოვარი გახდა ისლამისტების რეგიონალური საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელი. მან აქტიურად დაიწყო თანამშრომლობა დაღესტანში დაფუძნებული ისლამური ცენტრ ,,კავკასიის” წარმომადგენლებთან. ამით ბაქო დროებით გადაიქცა კავკასიაში ვაჰაბიზმის ერთ-ერთ საკოორდინაციო ადგილად, საიდანაც ხორციელდებოდა უცხოეთიდან წარმოებული საფინანსო და იდეოლოგიური აქციების და ძირითადი ოპერაციების მართვა კავკასიაში. ჩეჩნეთის ომის შემდგომ პერიოდში ვაჰაბიზმის მიმდევრებმა აზერბაიჯანის მოსახლეობაშიც დაიწყეს აქტიურობა. ამან გამოიწვია ოფიციალური ბაქოს გაღიზიანება და სერიოზული შეშფოთება, რაც 1998 წელს პრეზიდენტ ალიევის მიერ ვაჰაბიზმის აკრძალვაში გამოვლინდა. არანაკლებ მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენდა ვაჰაბიზმის ანტითურქული შინაარსიც, რაც გამოიხატა ახლო აღმოსავლეთის ლიდერ-სახელმწიფოების (პირველ რიგში საუდის არაბეთის) და თურქეთის ინტერესთა წინააღმდეგობების გაჩენაში კავკასიის და ცენტრალური აზიის რეგიონებზე გავლენის მოპოვების მიზნით. თუკი გავითვალისწინებთ თურქეთ-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის ფაქტორს (განსაკუთრებით კასპიის ნავთობის ათვისების საქმეში), მაშინ ერთგვარად გასაგები გახდება ასეთი დამოკიდებულება ვაჰაბიზმის მიმართ.
გარდა ამისა ვაჰაბიზმი კატეგორიულად უარყოფს ყოველგვარ ეთნიკურობას მუსლიმანებში, ხოლო დღევანდელი თურქეთის და აზერბაიჯანის სახელმწიფო იდეოლოგია სწორედ თურქული მოდგმის ხალხების ნათესაობას, რელიგიის როლის შემცირებას და დემოკრატიული საზოგადოების განვითარებას ისახავს მიზნად.
მიუხედავად ამისა, ისლამისტების პოზიციების გაძლიერება შეიძლება მოხდეს ქვეყნის ჩრდილოეთ და ჩრდილო-დასავლეთ რაიონებში, სადაც კომპაქტურად სახლობენ ლეზგინები და დაღესტნური წარმოშობის სხვა ხალხები. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ აზერბაიჯანის და დაღესტნის ლეზგინების ბრძოლა გაერთიანებისათვის განსაკუთრებით გაძლიერდა პოსტსაბჭოთა პერიოდში და მკაცრ რეპრესიებს განიცდის ორივე რესპუბლიკის ხელისუფლების მხრიდან (განსაკუთრებით აზერბაიჯანის), ახალი და ,,მეომარი” იდეოლოგიის გავრცელება ლეზგინებში შეიძლება სავსებით დასაშვები იყოს. ეს მით უფრო საგულისხმოა, რომ თითქმის ანალოგიური ვითარება იყო XIX საუკუნის დასაწყისში, როდესაც ლეზგინების მხარე რუსეთისა და ირანის სასაზღვრო ზოლს წარმოადგენდა, ხოლო კავკასიური ომიც (მაგომედ იარაგელის მიერ დაფუძნებული მიურიდიზმის იდეოლოგიით) სწორედ აქედან დაიწყო.
სირია. აქვე საინტერესოა სირიის ფაქტორის განხილვა, რომელსაც გააჩნია ვაჰაბიტური იდეოლოგიისადმი საკმაოდ ნეგატიური მიდგომა და კავკასიის რეგიონის მიმართ გააჩნია თავისი გეოსტრატეგიული ინტერესები. კავკასიის რეგიონში არსებული ისლამური ფუნდამენტალიზმის საფრთხე მოიაზრება ძირითადად სპარსეთის ყურის და შუა აღმოსავლეთის ქვეყნებში გავრცელებული სუნიტური წარმომავლობის რადიკალური სექტანტური მიმართულებებიდან (მ.შ. ვაჰაბიზმის დილემა). თუმცა ნაკლები ყურადღება ეთმობა ახლო აღმოსავლეთის და მაღრიბის ქვეყნების აქტიურობის ფენომენს კავკასიის საკითხებში. რადიკალური ისლამიზმის საფრთხე მოიაზრება რუსეთის ფედერაციის ეროვნული უსაფრთხოების გარემოდან გამომდინარე და ყურადღება მახვილდება ისეთი ქვეყნების რელიგიური ორგანიზაციებისა თუ სპეცსამსახურების ძირგამომთხრელ საქმიანობაზე, როგორებიცაა თურქეთი, პაკისტანი, საუდის არაბეთი, კატარი და ა.შ. აღნიშნული სახელმწიფოები ჭეშმარიტად წარმოადგენენ რუსეთის ფედერაციის არა მარტო ისტორიულ და გეოპოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს, არამედ აქ ასევე მოქმედებს ,,მსოფლიო ნავთობის” (საუდის არაბეთის მაგალითი) და სატრანზიტო (პაკისტანისა და ავღანეთის მაგალითი) გეოეკონომიკური ფაქტორებიც. ამ პირობებში მიმდინარე დაპირისპირებაზე საკმაოდ არის გამახვილებული ყურადღება, მაგრამ თითქმის არაფერი თქმულა ისლამურ სამყაროში ჯერ საბჭოთა კავშირის და შემდეგ რუსეთის ,,ბუნებრივი” და არაოფიციალური მოკავშირეების ინტერესების შესახებ კავკასიის მიმართ (სირია, იორდანია, ლიბანი, იემენი, ალჟირი და ა.შ.). თუმცა ასეთი თანამშრომლობა აღნიშნულ ქვეყნებთან ზოგჯერ არ ატარებდა მთლაინად იდეალურ ხასიათს (სირიის ფაქტორის გამოყენება თურქეთის და აშშ-ის ინტერესების დასაბალანსირებად) და ზოგიერთ შემთხვევაში კი, შეიძლება ითქვას, აგრესიულიც კი იყო (გასაკუთრებით არასამთავრობო დონეზე), მაგრამ საერთო ჯამში ისტორიული მეგობრობის და საერთო იდეოლოგიური ფონი მაინც ,,დადებითი” ფაქტორი იყო. განსაკუთრებით ეს ეხება თანამშრომლობის ისეთ დონეს, რომელიც მოიცავს პარტნიორობას სპეცსამსახურებს შორის. ასეთი თანამშრომლობის ერთ-ერთ საინტერეო ნიმუშს წარმოადგენს რუსეთისა და სირიის შესაბამისი სპეცსამსახურების (განსაკუთრებით სამხედრო დაზვერვის დონეზე) ურთიერთქმედება. აქ შეიძლება გამოიყოს ასეთი თანამშრომლობის რამოდენიმე ნაკლებად ცნობილ ეტაპი.
რუსეთის გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (გრუ) და სირიის სამხედრო დაზვერვის (,,შუბათ ალ-მუხაბარატ ალ-ასკირია”) მჭიდრო თანამშრომლობის ათვლის წერტილი შეიძლება მივიჩნიოთ 1982 წ. არაბეთ-ისრაელის მეექვსე ომის დაწყება. სწორედ მაშინ სირიის ხელმძღვანელობამ მოახდინა ლიბანში მდგომარეობის არეულობის პროვოცირება (მოსკოვის თანხმობით) და ისრაელის ინტერვენციის შედეგად თვითონვე განახორციელა ლიბანში შეჭრა და ბექაას ხეობის ხელში ჩაგდება. სირიის სამხედრო დაზვერვამ ძალზედ ეფქეტურად შეძლო ლიბანელი შიიტების და მათთან დაკავშირებული სამხედრო დაჯგუფებების დაქვემდებარება (იგივე შიიტური ,,ამალის” სახით). ამან განაპირობა ისრაელის მიერ სამხედრო და შემდეგ ეტაპზე აშშ-ის და ნატო-ს სხვა წევრ-ქვეყნების მიერ ლიბანში ჩატარებული სამშვიდობო ოპერაციების წინააღმდეგობის გაწევის კიდევ უფრო ეფექტურად წარმართვა. სხვათა შორის სირიის სპეცდანიშნულების შენაერთებთან ერთად ლიბანში მოქმედებდა გრუ-ს ეგიდით მოქმედი საბჭოთა ოპერატიულ-ტაქტიკური სადაზვერვო-დივერსიული შენაერთი ,,გრომი”, რომელიც ასევე ასრულებდა არაბული წინააღმდეგობის კოორდინირების, წვრთნის და დაგეგმვითი სახის ამოცანებს. შედეგმაც არ დააყოვნა და უკვე 1983 წ. ოქტომბერში განხორციელებული სამხედრო აქციის შედეგად, როდესაც დაიღუპა 242 ამერიკელი და ფრანგი სამხედრო მოსამსახურე და შეჩერდა სამშვიდობო ოპერაცია.
მეორე ეტაპი ემთხვევა 90-იანი წლების პერიოდს. 1982-87 წ.წ. ჩამოყალიბებულ ,,ჰეზბოლაჰის” და ,,ჰამაზის” შენაერთებში, რომლებსაც კურირებენ სირიისა და ირანის სპეცსამსახურები, 1990-91 წ.წ. სამხედრო ინსტრუქტრორებად გამოჩნდნენ ყოფილი საბჭოთა ჩეკისტები (დაახლოებით 50 ადამიანი). პარალელურად, უკვე 1990 წლის ნოემბერში სირიაში მცხოვრები ჩეჩნური დიასპორის დიდმა დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო ჩეჩენი ხალხის საერთოეროვნულ კონგრესში. აღსანიშნავია, რომ ამ კონგრესის ჩატარების შედეგად, ცოტა მოგვიანებით, გროზნოს ოფიციალური ხელისუფლება დაკომპლექტდა სუვერენული რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებისადმი (პრეზიდენტი ელცინი) ლოილურად განწყობილი პოლიტიკური რეჟიმით. საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ სირიის ჩეჩნურ დიასპორაში ძალზედ ძლიერია ნაქშბანდიის და კადირიის სუფიტური ტარიკატული წესისადმი მიდრეკილება და მათი გავლენა სირიაში მმართველი ალავიტური უმცირესობის ხელისუფლებისადმი ძალზედ დიდია. სწორედ ეს ფაქტორი იქნა კარგად გამოყენებული მოგვიანებით, 1997-98 წ.წ. რუსეთის სპეცსამსახურების მიერ, ჩეჩნეთში სამხედრო-პოლიტიკური დაპირისპირების ინსპირირებისათვის. ,,სირიის ფაქტორი” კრემლმა საქართველოს წინააღმდეგაც გამოიყენა აფხაზეთში მიმდინარე ომის დროს. საქართველოს წინააღმდეგ ჩეჩნური ფორმირებების აფხაზეთში მონაწილეობის ერთ-ერთ ძირითად მომენტს სირია-რუსეთის კოორდინირებული საქმიანობა შეადგენდა, კერძოდ, სირიაში მცხოვრები ადიღეური და ჩერქეზული დიასპორის წარმომადგენლების ჩართვა აფხაზეთის კონფლიქტში და ,,სირიული წარმოშობის ემისრების” გააქტიურება ჩეჩნურ საზოგადოებაზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით. ამასთან, 1992-93 წ.წ. აფხაზეთში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში აფხაზებს დიდ დახმარებას უწევდნენ სირიის სამხედრო დაზვერვის სპეცდანიშნულების შენაერთების მებრძოლებიც. ისინი ადიღეური წარმოშობის ე.წ. ,,მოხალისეებისაგან” ჩამოყალიბებულ შენაერთ ,,რუხი კარდინალის” შემადგენლობაში სირიის სამხედრო დაზვერვის კაპიტნის ,,ალ-ბაშირის” (კოდური ოპერატიული სახელწოდება) მეთაურობით მოქმედებდნენ. სხვათა შორის არ არის გამორიცხული, რომ აფხაზების მხარეზე ეომათ იგივე ,,ჰეზბოლაჰის” ან ,,ჰამაზის” მებრძოლებსაც, ან მათ ბაზებზე სამხედრო მომზადება გავლილ მებრძოლებს.
მესამე ეტაპი ემთხვევა 1996-98 წლებს, როდესაც თანდათანობით გაიზარდა დასავლეთის გავლენა კავკასიაში (და პირველ რიგში იგივე თურქეთისა და აშშ-ის), რაც უშუალოდ საქართვლოსაც ეხება. რა თქმა უნდა ასეთი ტანდემის გამოჩენას დაემთხვევოდა მოსკოვი-დამასკოს ინტერესების შეთანხმებაც, რაც კიდევაც გამოვლინდა. მაგალითად, ზოგიერთი მონაცემით ამავე პერიოდში ორივე ქვეყნის სამხედრო დაზვერვის დახმარება გაძლიერდა ჩეჩნეთში მოქმედი ტარიკუტული სუფიზმის პრინციპებსა და ტრადიციებზე მყოფ და ვაჰაბიტური რელიგიის გავრცელების მოწინააღმდეგე სამხედრო დაჯგუფეფებზე (კერძოდ, სალმან რადუევის, სულეიმან იამადაევის და ახმად კადიროვის ფორმირებანი). 1996 წ. ნოემბერში 30 კაციანი ჩეჩნური დაჯგუფება ლიბანში ბექაას ხეობას ეწვია, სადაც ნაბი ალ-შიტის დასახლებულ პუნქტთან მდებარე საწვრთნელ ბანაკში გაიარეს საბრძოლო მომზადება, რომლებიც ეკუთვნოდა სირიის სამხედრო დაზვერვასთან მჭიდრო კავშირში მყოფ ,,ჰეზბოლაჰასა” და სომხური დიასპორის ორგანიზაცია ,,ასალასს”. ამ უკანასკნელის საშუალებებსა და კავშირებს კარგად იყენებს სირიის სამხედრო დაზვერვა კავკასიური პოლიტიკის გატარებისას. ამას გარდა, ჩეჩენ მებრძოლებს შეხვდა სირიის სამხედრო დაზვერვის რეზიდენტი ლიბანში - გხაზი კნაანა. საფრანგეთის სპეცსამსახურების მონაცემებით ჩეჩნეთში იმყოფება სირიული წარმოშობის ,,ოთხასამდე მოხალისე”, თუმცა აქვე აღსანიშნავია, რომ მათი უმრავლესობა აღმოჩნდა აღნიშნული საველე მეთაურების ფორმირებებში (მოგვიანებით, 1999-2000 წ.წ., სწორედ კადიროვი და იამაევი გახდნენ პრომოსკოვური ჩეჩნური ადმინისტრაციის ხელმძღვანელები).
საგულისხმოა ერთი საინტერესო ფაქტიც, რომელიც უშუალოდ უკავშირდება საქართველოს. ბრიტანული პრესის ცნობებით, ზემოაღნიშნულ პერიოდში სირიის მიერ კონტროლირებად ბექაას ხეობაში გამოჩნდა საქართვლოში ნომერ პირველ ტერორისტად ცნობილი, საქართველოს უშიშროების სამსახურის ყოფილი შეფი, იგორ გიორგაძე (როგორც ჩანს ერთ-ერთი სამხედრო ინსტრუქტორის როლში), რასაც მოსდევს 1998 წლის 9 თებერვალს საქართვლელოს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეზე განხორციელებული სამხედრო-დივერსიული თავდასხმა, რომელიც თავის თავზე აიღო სწორედ სალმან რადუევმა. პარალელურად, სომხეთში იმავე წლის 2 თებერვალს განხორციელდა უსისხლო სახელმწიფო გადატრიალება, კერძოდ, ბოლო დროს დასავლეთზე ორიენტირებული პრეზიდენტი ლევონ-ტერ პეტროსიანი (სირიაშია დაბადებული) შეიცვალა მოსკოვის მიმართ ლოიალურად განწყობილი პოლიტიკოსით, სახელდობრ, პრეზიდენტად დაინიშნა რობერტ კოჩარიანი, რომელიც სხვათა შორის უმახლოეს პერიოდში შეხვდა ახლო აღმოსავლეთის სომხური დიასპორის წარმომადგენლებს. ასევე საყურადღებოა, რომ იმავე დღეებში, კერძოდ, 4-5 თებერვალს ბაქოში აზერბაიჯანის სპეცსამსახურების მიერ აღკვეთილ იქნა პრეზიდენტ ჰეიდარ ალიევზე თავდასხმის კონკრეტული ფაქტი. ყველივე ეს კი, საეჭვოდ ემთხვევა სამხრეთ კავკასიაში თურქეთისა და აშშ-ის გავლენის გაძლიერების პერიოდს (იგივე ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენის პროექტის რეალურად განხორციელების დაწყების პროცესს). რაც შეეხება ჩრდილოეთ კავკასიას, ჩეჩნეთს, აქაც იმავე პერიოდში, კერძოდ, 1998 წლის მაის-ივლისში უკიდურესად იძაბება ვითარება, რაც ე.წ. ,,ვაჰაბიტებსა” (ხატაბი, იანდარბიევი, ბასაევი, ბარაევი) და სუფიტური ისლამის მიმდევრებს შორის (კადიროვი, იამაევი, მასხადოვი) სამოქალაქო ომის დაწყებით ვლინდება. ამის შედეგად, რუსეთს ეძლევა უნიკალური შანსი მოამზადოს ნაყოფიერი ნიადაგი მეორე ე.წ. ,,ჩეჩნური სამხედრო კამპანიის” დასაწყებად, რაც კიდევაც განხორციელდა 1999-2000 წლებში.
ამ ეტაპზე გამოიკვეთა ზოგადი ტენდენცია, სირია გახდეს ანტიტერორისტული კოალიციის შემდეგი სავარაუო სამიზნე. აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწემ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, რაის კონდოლეზმა არაბული ქვეყნის ერთ-ერთი ტელევიზიისათვის მიცემულ ინტერვიუში გააფრთხილა სირიის ხელმძღვანელობა, თავი შეიკავოს ტერორისტების მხარდაჭერის პრაქტიკისაგან. თუმცა ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ბოლოდროინდელი მოვლენები გარკვეულწილად საპირისპირო ტენდენციაზე მეტყველებს. აქედან გამომდინარე, ჰიპოთეტური სცენარის განხორციელების შემთხვევაში, თუკი კოალიცია მიაყენებს დარტყმებს სირიას, არ არის გამორიცხული იგივე უკონტროლო აფხაზეთის ტერიტორიაზე თუნდაც ,,ჰეზბოლაჰისა” და ,,ჰამასის” მებრძოლების კავკასიაში გამოჩენა, განსაკუთრებით კი, სამხრეთ კავკასიის ზონაში დესტაბილიზაციის შექმნის მიზნით, მით უფრო, როდესაც მათ ასეთი გამოცდილება უკვე შეიძინეს.
![]() |
5 6. ,,ინტეგრიზმის” ფაქტორი და საქართველო. |
▲ზევით დაბრუნება |
კავკასიის რეგიონში ისლამური ფუნდამენტალიზმის, ძირითადად ვაჰაბიზმის მიმართულებაა ფეხმოკიდებული, ხოლო მისი მთავარი გავრცელების არეალები უშუალოდ საქართველოს სიახლოვეს მდებარეობს. გამომდინარე ამ გარემოებიდან, შეიძლება გამოიკვეთოს საქართველოს სამომავლო განვითარებაზე ვაჰაბიზმის ფაქტორის ზეგავლენით გამოწვეული ძირითადი ფორმები. პირველ რიგში აღსანიშნავია ის საფრთხეები, რომელიც შეიძლება წარმოშოს ვაჰაბიზმმა:
1. საქართველოს სიახლოვეს ისლამისტური ფორმირებების ბაზების არსებობა და მათ ტერიტორიაზე ტერორისტული დაჯგუფებების მომზადება, უშუალო საფრთხეს უქმნის საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას. არაა გამორიცხული, რომ სასწავლო ცენტრებმა საქმიანობაში ჩართონ საქართველოს და აზერბაიჯანის ოფიციალური ხელისუფლების მოწინააღმდეგეები მათი მომზადების მიზნით, რაც უკვე დადასტურდა ავტურის საწვრთნელ ბაზაზე 9 თებერვლის ტერაქტის მომწყობთა მომზადების ფაქტით. ეს მით უფრო დასაშვები იქნება თუ აზერბაიჯანში კვლავაც გაგრძელდება ისლამისტების შევიწროვება, ხოლო საქართველოში უფრო მეტად იმატებს პანკისის ხეობაში მცხოვრები ქისტების წინააღმდეგ მიმართული და, შესაძლოა, ხელოვნურად გამოწვეული აქტიური კამპანია 11 სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებში;
2. გარდა ამისა, არაა გამორიცხული საკუთრივ ისლამისტების შეიარაღებული ფორმირებების მონაწილეობა საქართველოს და აზერბაიჯანის ხელისუფლების წინააღმდეგ (განსაკუთრებით შესაძლო ანტიტერორისტული კამპანიის ჩატარების კონტექსტში). ეს სავსებით რეალურია, ვინაიდან მათი ბაზები არც თუ ისე შორსაა სახელმწიფო საზღვრებიდან, რომელთა გადალახვა არავითარ სიძნელეს არ წარმოადგენს მოსაზღვრე რაიონების დაუსახლებლობის და სასაზღვრო ძალების სიმცირის გამო12. ამიტომაც ვაჰაბისტური დაჯგუფებების სამხრეთით გააქტიურებისას, შესაძლოა მათ ცენტრად იქცეს რაიონული ცენტრი იტუმ-ყალე, სადაც თავს იყრის ყველა საცალფეხო გზა საქართველოდან, კერძოდ პანკისიდან;
3. ასევე საყურადღებოა საქართველოზე გამავალი ბაქო-სუფსისა და მომავალში ამოქმედებული ბაქო-ჯეიჰანის ნავთობმაგისტრალების უსაფრთხოების საკითხიც, რადგან მოსალოდნელია, ერთმანეთს დაემთხვეს ჩეჩნეთისა და ,,ოპეკ”-ის წევრ-სახელმწიფოთა ინტერესები. კერძოდ, ,,დიდი ნავთობის” საქართველო-თურქეთის გავლით გატანა და რუსეთ-ჩეჩნეთის მარშრუტის გვერდის ავლა, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასების მორიგ დაცემას გამოიწვევს (სპარსეთის ყურის ქვეყნების საზიანოდ) და რუსეთ-ჩეჩნეთის ფინანსური ინტერესებიც გაუთვალისწინებელი დარჩება. ამან კი, შესაძლოა, გარკვეული საფრთხე შეუქმნას საქართველოს ეროვნულ ინტერესებს კავკასია-შავიზღვისპირეთის გეოპოლიტიკურ არეალში. მოვლენების ასეთი სცენარით განვითარების შემთხვევაში, სავსებით შესაძლებელია ჩვენი ქვეყნის სიახლოვეს დისლოცირებული ვაჰაბისტური სამხედრო დაჯგუფებების გამოყენება საქართველოზე ზეწოლის მოხდენის მიზნით;
4. აქვე გასათვალისწინებელია, ჩეჩნეთიდან საქართველოს მიმართულებით საავტომობილო გზის მშენებლობის ინტენსიური ტემპებით მიმდინარეობის საკითხი. მნიშვნელოვანია გამოიყოს ის გარემოებაც, რომ ამ ეტაპზე გროზნოს სამხრეთ-აღმოსავლეთით გამავალ კომუნიკაციებს აკონტროლებს (და სავარაუდოდ საქართველოზე გამავალ გზასაც მომავალში ის გააკონტოლებს) გავლენიანი საველე ჩეჩენი მეთაური და იჩკერიის ეროვნული უშიშროების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი რუსლან გელაევი, რომლის განკარგულებაშია დაახლოებით 500 მებრძოლი (შტაბ-ბინა სოფელ გიკალოვსკში). ამ კუთხით გამორიცხული არ არის საქართველოს მიმართულებით ამ დაჯგუფების გააქტიურება და მათი მხრიდან გარკვეული ქმედებების განხორციელებაც, რასაც შეიძლება წმინდა ფინანსური სარჩული ჰქონდეს;
5. ისლამური ფუნდამენტალიზმის გავრცელებამ კავკასიაში შეიძლება თავისი ნეგატიური შედეგები გამოიღოს საქართველოს შიდა ვითარებისათვისაც, რაც მის ზოგიერთ რეგიონში ისლამის მიმდევართა სხვადასხვა კომპაქტური ჯგუფების არსებობით არის განპირობებული. უპირველეს ყოვლისა, გასათვალისწინებელია პანკისის ხეობაში 10 ათასიანი ქისტური მოსახლეობის ფაქტორის მნიშვნელობა. ბოლო წლებში მათ საკმაოდ რეგულარული და მჭიდრო კავშირები დაამყარეს ჩეჩნეთთან. 1994-96 წ.წ. საომარ კამპანიაში ქისტების ჯგუფმაც მიიღო მონაწილეობა, ხოლო რამდენიმე წევრი ვაჰაბიზმის მიმდევარიც გახდა (დაახლოებით 50 ადამიანი). ყოველივე ამით კი ჩეჩნეთის ზოგიერთ ძალებს საქრთველოში შეექმნათ ერთგვარი პლაცდარმი, საიდანაც ძალზედ ეფექტურად შეიძლება სხვადასხვა აქციების ჩატარება. ეს მით უფრო რეალურია, რამდენადაც ხეობაში იარაღის დიდი რაოდენობაა თავმოყრილი. თეორიულად, აღმოსავლეთ საქართველოს რომელიმე რაიონში გამიზნული და დროში შეკუმშული სამხედრო ოპერაციის ჩატარებას კარგად ეკიპირებული 100- კაციანი ჯგუფიც შეძლებს. პანკისის ხეობის სპეციფიკის გათვალისწინებით კი, თბილისის ცენტრალურ ხელისუფლებასთან დაპირისპირების შემთხვევაში, ქისტურ მოსახლეობას თავისუფლად შეუძლია 1000 შეიარაღებულ კაცამდე დარაზმვა. სწორედ ამიტომ, პოლიციის და სამხარეო ადმინისტრაციის პროფილაქტიკური ღონისძიებები ძალზედ ფრთხილი და ადგილობრივი მოსახლეობის უმრავლესობასთან (განსაკუთრებით უხუცესებთან) უნდა იყოს შეთანხმებული;
6. საყურადღებოა ასევე საქართველოში აზერბაიჯანული მოსახლეობის განწყობა ისლამური ფუნდამენტალიზმის მიმართ. აზერბაიჯანელები შიიტები არიან, რაც, წესით, გამორიცხავს სუნიტური ვაჰაბიზმის გავრცელებას მათში. მაგრამ აღვნიშნავთ, რომ ვაჰაბიზმი ისლამის პირვანდელ (ანუ შიიტურ, სუნიტურ და სხვა შტოებად გაყოფამდე) სახეს ქადაგებს და ამის გამო ბოლო დროს აზერბაიჯანის შიიტურ მოსახლეობაში მას აქტიური მიმდევრებიც გაუჩნდნენ.
პანკისის ხეობა უკვე მოექცა საერთაშორისო საზოგადოებისა და მას-მედიის ყურადღების ცენტრში მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა პენტაგონის გადაწყვეტილება, განახორციელოს ანტიტერორისტული ოპერაცია საქართველოში ალ-ქაიდას წინააღმდეგ. ანალოგიური ოპერაცია, ანუ ანტიტერორისტული კამპანიის რიგით მეორე ფრონტი გახსნილია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, კერძოდ ფილიპინებზე, სადაც ისლამური სეპრატისტული დაჯგუფება ,,აბუ-საიაფის” განადგურების მიზნით ბრძოლები 200 კაციან რეინჯერთა ამერიკული რაზმის მონაწილეობით მიმდინარეობს. პენტაგონმა 20 კაციანი სამხედრო მრჩეველთა ,,დესანტი” უკვე გადასხა იემენში ანალოგიური მიზნების მისაღწევად და ადგილობრივი ალ-ქაიდას რეზიდენტურის მოსასპობად. საქართველოში სავარაუდოდ უნდა განხორციელდეს ისეთი სახის ოპერაცია, რასაც პენტაგონი აწარმოებდა ,,ცივი ომის” პერიოდში ლათინური ამერიკის ქვეყნებში პროკომუნისტური პარტიზანული დაჯგუფებების წინააღმდეგ. ეს მოიცავს სამხედრო ინსტრუქტორების მეშვეობით სპეცოპერაციების დაგეგმვასა და განხორციელებას, სათანადო სამთავრობო ნაწილების მომზადებას, რასაც თან დაერთვება ამავე ინსტრუქტორების მონაწილეობა საბრძოლო ოპერაციებში.
ასეთი სახის სტრატეგია ადრე კარგად გამოსცადეს გვატემალაში, სლავადორსა და ჰონდურასში. ამავე დროს აშშ ცდილობდა აღნიშნულ ქვეყნებში შეექმნა შესაბამისი პლაცდარმი სხვა ,,ურჩი” ქვეყნის საწინააღმდეგოდ. პირველ რიგში ეს ეხებოდა კუბასა და ნიკარაგუას. ამ კონკრეტულ შემთხვევაში შეცვლილია მხოლოდ ,,ისრის მიმართულება”, რადიკალ-მარკსისტებს რადიკალ-ისლამისტები ჩაენაცვლენ. კონკრეტული სახელმწიფოების ნაცვლად კი გაჩნდა ჩეჩნეთის სეპარატისტული ხელისუფლება, უფრო სწორად კი, მისი რადიკალურად განწყობილი ვაჰაბიტური დაჯგუფებები.
სხვათა შორის ამერიკული ,,სტარდ ფორტის” და ,,რენდ კორპორეიშენის” ანალიტიკოსები ასახელბენ შემდეგ სავარუდო მიზნებს საქართველოში ანტიტერორისტული მესამე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით:
● კავკასიის რეგიონში გეოპოლიტიკური სტატუს-ქვოს დამკვიდრება და სათანადო სამხედრო-პოლიტიკური პლაცდარმის გამაგრება იგივე თუნდაც ისლამისტებთან ბრძოლის საბაბით;
● კასპიის ენერგორესურსების საერთაშორისო ბაზრებზე მიწოდების მარშრუტების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ნომინალური საბაბის გამოყენება;
● არასტაბილურ ევრაზიაში სტაბილურობის უზრუნველყოფისათვის შესაბამისი წინამოსამზადებელი პროცესის დაწყება. მით უფრო როდესაც, 2015 წლისათვის აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ანალიტიკოსები ამ სივრცეს, პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობის მხრივ, მეტად ,,არასაიმედოდ” ასახელებენ;
● უკვე ამ ეტაპზე, ოპერატიულ-ტაქტიკური ამოცანების განხორციელება, რაც გამოიხატება საქართველოს ტერიტორიის გამოყენებაში აშშ-ის ამჟამინდელი მოწინააღმდეგე-სახელმწიფოების წინააღმდეგ. პირველ რიგში, ეს ეხება ვაშინგტონისათვის უკვე ქრონიკულ მტერს - ერაყს, რომლის ხელისუფლება ასევე ეჭვმიტანილია უსამა ბენ ლადენთან კავშირში და რომლის წინააღმდეგაც ვაშსინგტონი აპირებს საომარი კამპანიის გაჩაღებას.
როგორც ჩანს, კავკასიაში მესამე ანტიტერორისტული ფრონტის გახსნით, ვაშინგტონი ახორციელებს უფრო დიდ სტრატეგიულ მიზანს - ანტიტერორისტული საერთაშორისო კამპანიის დაწყებას ბაღდადის წინააღმდეგ, ავღანური ,,თალიბანის” დაძლევის შემდეგ. ამ მიზნის მისაღწევად კი ვაშინგტონს ჰაერივით ესაჭიროება არსებული სამხედრო-საჰაერო ბაზების გამოყენება, რადგანაც თურქეთ-ერაყის სიახლოვეს განლაგებული ინჯირლიკის სამხედრო-საჰაერო ბაზა სრულმასშტაბიანი საომარი კამპანიის წარმართვის შემთხვევაში არასაკმარისი იქნება. ამასთან, გასათვალისწინებელია საქართველოს გეოგრაფიულ-ტერიტორიული სიახლოვე ერაყთან, რაც აშშ-ის საჰაერო ძალას უქმნის იდეალურ პირობებს. საქართველოსა და ერაყს შორის არსებული მანძილი დაახლოებით შეადგენს 1000-1500 კმ-ს, ეს კი კარგი პირობებია საშტურმო-საფრონტო ბომბდამშენებისა და ტაქტიკური სარაკეტო სისტემების მოქმედებისათვის. ამიტომაც, გამორიცხული არ არის პანკისის ხეობის სავარაუდო ოპერაცია იყოს ერთგვარი პრელუდია ვაშინგტონის დიდი სტრატეგიული თამაშების განხორციელების საქმეში.
ზემოთ მოყვანილ მოსაზრებებს, შეიძლება დავუმატოთ, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რაც გასათვალისწინებელია როგორც ფსიქოლოგიური ფაქტორი, კერძოდ ის გარემოება, რომ ,,თალიბანის” მხარეზე იბძოდნენ ჩეჩენი მეომრები. ვაშინგტონისათვის მნიშვნელოვან გარემოებას, სწორედ ეს ფაქტი შეადგენდა, მით უფრო როდესაც ჩეჩნები ,,თალიბანისა” და ალ-ქაიდას დამრტყმელ ძალას წარმოადგენდნენ. ამიტომაც ამერიკელებისათვის პანკისის ოპერაცია იქნება ერთგვარი ,,პრესტიჟის” საქმე, რათა დაისაჯოს ის ძალები, რომლებიც ხელს უშლიდნენ მათ ისლამისტებთან ბრძოლებში.
* * *
საერთო ჯამში, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ისლამური ფუნდამენტალიზმის გავრცელებას კავკასიაში ე.წ. ,,ვაჰაბიზმის” სახით საკმაოდ რეალური შანსები გააჩნია. ეს განპირობებულია იმითაც, რომ ეს მოძრაობა ყველაზე მეტ მხარდაჭერას მოსახლეობის სოციალურად და ეკონომიკურად ყველაზე დაუცველ ფენებში პოულობს. განსაკუთრებით ეს ეხება სოფლის მოსახლეობას. ის გამორიცხავს თემის ქონებრივ და სოციალურ დიფერენციაციას, ხელს უწყობს თემის და მის წევრთა ჰარმონიულ და თანასწორ განვითარებას.
ყველაზე წარმატებით ვაჰაბიზმის გავრცელება სოციალურ-ეკონომიკურად მძიმე მდგომარეობაში მყოფ რეგიონებშია მოსალოდნელი. სწორედ ამიტომ, ისლამის ამ მიმდინარეობამ ჩეჩნეთსა და დაღესტანში13 უფრო ჰპოვა მხარდაჭერა, ვიდრე ჩრდილოეთ კავკასიის სხვა რესპუბლიკებში. გარდა ამისა, სხვა რელიგიური მიმდინარეობებისაგან განსხვავებით, ვაჰაბიზმს მძლავრი გარე ფინანსური წყაროები გააჩნია, რაც ხელს უწყობს მის პოპულარიზაციას და ფეხმოკიდებას ხალხში. იმის მიუხედავად, რომ აღნიშნულმა რელიგიურმა მიმდინარეობამ დროებით განიცადა დაღმავლობა გარკვეული გეოპოლიტიკური მოვლენების გათვალისწინებით, ის კვალავაც წარმოადგენს ერთ-ერთ მძლავრ პორფოსტს პოსტ-საბჭოთა სივრცეში ჰანტინგტონისეულ ცივილიზაციათა შეჯახების მოდელის განვითარების საქმეში, რომელსაც, შესაძლებელია, ადგილი ჰქონდეს უახლოესი დეკადის პერიოდში.
საქართველოში ვაჰაბიზმს ნაკლებად აქვს გავრცელების პერსპექტივა, თუმცა მისგან მომდინარე საფრთხე სავსებით რეალურია და გასათვალისწინებელი. ეს საფრთხე შეიძლება ემუქრებოდეს ქვეყანას ფარგლებს გარედან (ჩეჩნეთი, დაღესტანი) და შიგნიდანაც (ძირითადად, პანკისის ხეობა), თუმცა დროული პრევენტული და წინასწარ გააზრებული ზომების მიღების შემთხვევაში, მისი მნიშვნელობა, შეიძლება, მინიმუმამდე იქნას დაყვანილი.
![]() |
6 დანართი №1 უსამა ბენ ლადენის ბიოგრაფია |
▲ზევით დაბრუნება |
უსამა ბენ მოჰამედ ბენ ლადენი დაიბადა საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში 1957 წელს. წარმოშობით მისი ოჯახი იემენიდან იყო. ბენ ლადენის მამა დაუახლოვდა საუდის არაბეთის სამეფო ოჯახს და შესძლო სანავთობო და საამშენებლო ბიზნესის წყალობით დიდი კაპიტალის შეგროვება. მას ჰყავდა საკმაოდ ბევრი შვილი. ბენ ლადენი მას შეეძინა უძველესი არაბული წარმომავლობიდან გამოსული ერთ-ერთი მეუღლისაგან, რომელიც გამოირჩეოდა ისლამური ფანატიზმით. ბენ ლადენმა ქ. ჯიდადში დაამთავრა სამეფო სკოლა და უნივერსიტეტი. სწავლა გააგრძელა ინგლისის ერთ-ერთ უნივერსიტეტში საინჟინრო ფაკულტეტზე. სამშობლოში დაბრუნებისას მან სააამშენებლო საოჯახო ბიზნესში გააკეთა 250 მლნ. დოლარი, მაგრამ მალევე დაანება ამ ხელობას თავი და მთლიანად გადავიდა პოლიტიკურ-რელიგიურ სარბიელზე.
1979-89 წ.წ. არაბ დაქირავებულ მებრძოლ რაზმთან ერთად, რომელიც მისივე დაფინანსებით შეიქმნა, ბენ ლადენი ჩავიდა ავღანეთში საბჭოთა ჯარებთან საბრძოლველად. იმავე პერიოდში ის აქტიურად თანამშრომლობდა პაკისტანის და დასავლეთის სპეცსამსახურებთან (მ.შ. ამერიკულებთანაც), რომლებიც მას იარაღითა და ფულით ამარაგებდნენ. როგორც ჩანს, მათივე დავალებით 1985-86 წ.წ. გამოჩნდა მშობლიურ ქვეყანა - სამხრეთ იემენში, სადაც სამოქალაქო ომის შედეგად დამხობილ იქნა პროსაბჭოთა რეჟიმი.
1989 წელს ბენ ლადენი დაბრუნდა საუდის არაბეთში და გააგრძელა თავისი ბიზნესი, რითაც საკუთარი შემოსავალი გაზარდა 2-დან 5 მლრდ. აშშ დოლარამდე. ამის შემდეგ 1991 წელს გამოჩნდა ფუნდამენტალისტურ სუდანში, სადაც ბიზნესთან ერთად, ეწეოდა ისლამისტურ რადიკალური ორიენტაციის ტერორისტული დაჯგუფებათა აქტიურ დაფინანსებას, ძირითადად მაღრიბისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში.
მას შემდეგ რაც ამერიკელებმა განახორციელეს ზეწოლა ერ-რიადის ხელისუფლებაზე, ბენ ლადენს ჩამოართვეს ქვეყნის მოქალაქეობა, გაუყინეს საბანკო აქტივების ნახევარი და ამის შემდეგ ის, თავისი ოჯახით, იძულებული შეიქმნა გადაბარგებულიყო ავღანეთში. ბენ ლდენი შეიქმნა მოძრაობა ,,თალიბანის” ერთ-ერთი ფინანსური სპონსორი. ადგილსამყოფელად ქ. ყანდაგარი შეარჩია, სადაც საკუთარი შტაბ-ბინა აღჭურვა თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით (მაგალითად: თანამგზავრული სატელეკომუნიკაციო ქსელი და ა.შ.).
1994 წლიდან ბენ ლადენი გადავიდა აქტიურ ანტიამერიკულ პოზიციებზე. მის სახელს უკავშირებენ ისეთ ტერორისტულ აქტებს, როგორებიცაა ერ-რიადსა და ელ-ჰობარაში ჩატარებული აფეთქებები - მიმართული ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების საწინააღმდეგოდ, ეგვიპტის საელჩოს აფეთქება ისლამაბადში, ეგვიპტის პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაკზე წარუმატებელი თავდასხმა და ბოლოს ნიუ-იორკის სავაჭრო ცენტრის აფეთქების ორგანიზება. მიუხედავად ასეთი ქმედებებისა ბენ ლადენთან კონფრონტაციას თავს არიდებენ პაკისტანის და საუდის არაბეთის ხელისუფალნი.
1997 წლის მაისში ბენ ლადენმა ამერიკელებს გამოუცხადა ჯიჰადი და რეალური ნაბიჯებიც გადადგა ამ მიმართულებით. კერძოდ, გასული წლის აგვისტოში კენიასა და ტანზანიაში განხორციელდა მძლავრი აფეთქებანი აშშ-ის საელჩოებში, რის შედეგადაც დაიღუპა რამოდენიმე ათეული ადამიანი (მ.შ. ამერიკელი მოქალაქეები). ამის საპასუხოდ აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებმა განახორციელეს სარაკეტო დარტყმები ბენ ლადენის სამხედრო და სამრეწველო ობიექტებზე ავღანეთსა და სუდანში. დღეისათვის ეს პიროვნება მსოფლიო მასშტაბის ნომერ პირველ ტერორისტადაა გამოცხადებული. ბენ ლადენისა და მისი მომხრეების მიერ განხორციელებული ერთ-ერთი უკანასკნელი გახმაურებული ტერორისტული აქტია - ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში 2001 წლის 11 სექტემბერს დატრიალებული ტრაგედია.
ბოლო პერიოდში გაჩნდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ბენ ლადენის დაინტერესების ზონაში შევიდა კავკასიის რეგიონიც. დაუზუსტებელი მონაცემებით, ის რამოდენიმეჯერ ეწვია ჩრდილოეთ კავკასიას (უფრო ზუსტად ჩეჩნეთს). მას გააჩნია საკმაოდ ძლიერი საწვრთნელ-დივერსიული ბაზები სამხრეთ ევროპის, საშუალო და ახლო აღმოსავლეთის და მაღრიბის ქვეყნებში (მაგალითად: ალბანეთი, ავღანეთი, სუდანი, იემენი და ა.შ.). გამორიცხული არ არის, რომ მისი ემისრები და ინსტრუქტორები ახლო მომავალში გამოჩნდნენ სოფელ ავტურის ან ვედენოს საწვრთნელ ბაზებზე, რომლებიც შეიძლება გადაიქცეს დასაყრდენ ცენტრებად.
![]() |
7 დანართი №2 ,,ალ-ქაიდას” ტერორისტული აქციების ქრონიკა. |
▲ზევით დაბრუნება |
1992 წ., იემენი - ლადენის მებრძოლები ახორციელებნ თავდასხმას ამერიკელ ტურისტებზე;
1992 წ., სომალი - თავდასხმის განხორციელება სომალიში მყოფ ამერიკელ მშვიდობისდამცველებზე, რომლებიც ახორციელებდნენ ოპერაციას ,,იმედის დაბრუნება”;
1995 წ., ეთიოპია - ,,ალ-ქაიდას” მებრძოლები ეხმარებიან ეგვიპტელ ტეროროსტებს განახორციელონ თავდასხმის მცდელობა ეგვიპტის პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქზე;
1995 წ., პაკისტანი - ეგვიპტური ორგანიზაცია ,,ალ-ჯიჰადი”, ,,ალ-ქაიდასათნ” მჭიდრო თანამშრომლობით, ახორციელებს აფეთქებებს ეგვიპტის საელჩოსთან პაკისტანში. იღუპება 20 ადამიანი;
1995 წ., საუდის არაბეთი - ,,ალ-ქაიდას” მებრძოლები ახორციელებენ დივერსიას ერ-რიადში განლაგებული აშშ-ის სამხედრო ცენტრის წინააღმდეგ;
1996 წ., საუდის არაბეთი, დაჰრანი - უკვე ,,ფრონტის” ერთ-ერთი სამხედრო დაჯგუფება ახორციელებშ აფეთქებას აშშ-Iს სამხედრო ობიექტის სიახლოვეს;
1998 წლის თებერვალი - უსამა ბენ ლადენი აქვეყნებს ფეტვას (მიმართვას) თავის მომხრეებისადმი - მსოფლიოს ყველა მხარეში თავს დაესხან ამერიკელ სამხედროებსა და მოქალაქეებს;
1998 წ. - კენიასა და ტანზანიაში აშშ-ს სალჩოების წინააღმდეგ ჩატარებული ტერაქტების შედეგად იღუპება ასეულობით ადამიანი;
2001 წლის 11 სექტემბერი - ტეროროსტული აქტები ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში, რომლის შედეგადაც იღუპება 5 ათასზე მეტი ადამიანი.
![]() |
8 დანართი №3 1996-2001 წლებში ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონში მოქმედი ,,ინტეგრისტული” ისლამური სამხედრო-პოლიტიკური დაჯგუფებების დახასიათება |
▲ზევით დაბრუნება |
,,დაღესტნის ჯიჰადის არმია.”
დაღესტნის ,,ვაჰაბიტური” მოძრაობის ელიტარული გასამხედროებული ფორმირება, რომელიც ცნობილია როგორც ,,დაღესტნის ჯიჰადის ისლამური არმია”, ,,კავკასიური ისლამური არმია”, ,,დაღესტნის ისლამური სამთავრობო ძალები”, სავარაუდოდ შედიოდა ,,იჩკერიის და დაღესტნის ხალხთა კონგრესის” შეაირაღებული ფორმირებების შემადგენლობაში. ეს შეიარაღებული ფორმირება დაარსდა 1997 წელს. სამხედრო-პოლიტიკური ლიდერები: ამირი ბაგაუტდინ მაგომედოვი (ყიზილიურტელი), სირაჯუტდინ რამაზანოვი. საველე მეთაურები: მაგომედ ასლუტდინოვი, შამილ ,,გერგებელი.” პირადი შემადგენლობის რაოდენობა - 500-მდე მებრძოლი (დაღესტნელები და აკინელი ჩეჩნები). რაოდენობრივი დანაკარგი განიცადა 1999 წლის აგვისტოში ცუმადინისა და ბოტლიხის რაიონებში შეჭრისა და შემდგომში მეორე ჩეჩნური კამპანიის წარმოებისას. ორგანიზაცია: 16 ,,ფრონტი” (მათ რიცხვში ცენტრალური). ფორმირების ფარგლებში მოქმედებდა ცალკეული ,,ბატალიონი” შექმნილი ჩეჩნეთის ტერიტორიაზე და რომელც თავის მხრივ შედიოდა ,,ჩრდილოეთ კავკასიის განმათავისუფლებელი არმიის შემადგენლობაში.” ამავე ფორმირების ბაზაზე მოქმედებდა ,,სახელმწიფო უშიშროების სამსახური - მუხაბარათი.” შეიარაღება: ძირითადად მსუბუქი ცეცხლსასროლი და ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღება (რაოდენობა და ტიპი გაურკვევლია). დაღესტანში მიმდინარე საბრძოლო ოპერაციების მიმდინარეობისას დაფიქსირდა 2 ჯავშანტრანსპორტიორის ბტრ-60, ერთი 1100 მმ-იანი ტ-12 ტიპის ქვემეხი, რამოდენიმე ერთეული ზუ-23 ტიპის ჰაერსაწინააღდეგო დანადგარი. მუდმივი საბაზო რაიონი ჩეჩნეთის ტერიტორიაზე: ავარიელებით დასახლებული პუნქტი კენხი, დასახლებული პუნქტი - შატოი (შტაბი, საწყობები, სატელევიზიო ცენტრი თავისი გადამცემით). საოპერაციო რაიონები: ჩეჩნეთის აღმოსავლეთი ზონა - ურუს-მარტანის რაიონი, დაღესტნის ზონა - ყიზილურტის, ბოთლიხის, ცუმანდინის რაიონები. კადრების მომზადება: ხორციელდებოდა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე და პაკისტანში. მომზადების პრიორიტეტული მიმართულება - დივერსიული ოპერაციები. სასწავლო პროგრამებთან ერთად მებრძოლები გადიოდნენ მორალურ-ფსიქოლოგიურ და რელიგიურ მომზადებას. კოორდინაცია და კონტაქტები: ჩეჩნურ და დაღესტნურ ანალოგიურ შეიარაღებულ ფორმირებებთან და ასევე შეიარაღებულ ფორმირება ,,გენერალ დუდაევის არმიასთან.”
ამჟამად ფორმირების სტატუსი ცნობილი არ არის. მებრძოლთა ცალკეული ჯგუფები დაფიქსირებული იყო 1999 წლის დეკემბრის გროზნოში ჩეჩნური ფორმირებების მიერ წარმოებული თავდაცვითი ოპერაციებისას (,,დაღესტნური ჯაამატური დაჯგუფების” სახელწოდებით). არსებული მონაცემებით 2000 წლის მარტის პირველი დეკადისათვის ჩეჩნეთისა და დაღესტნის ტერიტორიებზე მოქმედებდა 1300 მებრძოლი. საბრძოლო დანაკარგები 1999 წლის ოქტომბერსა და 2000 წლის თებერვლის პერიოდში შეადგენდა 70 მოკლულ მოჯაჰედინს (მათ შორის 2 საველე მეთაურს).
,,ჩეჩნეთის ისლამური ჯამაათი.”
ჩეჩნეთის ისლამური ჯამაათის შეიარაღებული ფორმირება (,,ჯამა ალ-ისლამი”), რომელიც ცნობილია, როგორც ,,კავკასიის ისლამური არმია”, ,,მუსლიმანური კავკასიის არმია”, ,,ურუს-მარტანის ჯამაათი”, წარმოადგენს ჩეჩნეთის ტერიტორიაზე 1994-96 წ.წ. საომარი მოქმედებებისას არსებული შეიარაღებული ფორმირებების კონგლომერატს, რომლებიც შედიოდნენ ვაჰაბიტური სამხედრო რაზმების გავლენის ქვეშ, მაგრამ არ იმყოფებოდნენ იჩქერიისა და დაღესტნის ხალხების კონგრესის სტრუქტურაში. ეს დაჯგუფება წარმოადგენდა არაკანონიერ შეიარაღებულ ფორმირებას და მოქმედებდა იმ ტერიტორიაზე, რომელსაც ვერ აკონტროლებდნენ მასხადოვის მომხრე ოფიციალური სამხედრო ფორმირებები. ,,ჩეჩნეთის ისლამური ჯამაათი” რიცხობრივად მნიშვნელოვნად გაძლიერდა 1998 წლიდან, როდესაც ხელისუფლების მიერ დაშლილ იქნა სპეციალური დანიშნულების ისლამური პოლკი და შარიათის გვარდია. ძირითადი საველე მეთაურები: არბი ბარაევი (ჩეჩნეთის ისლამური რესპუბლიკის ამირი, რომელიც მოკლული იქნა 2001 წლის ოქტომბერში რუსეთის ფედერალური ნაწილების მიერ), აბდულ-მალიკ მეჟიდოვი (ამირას მოადგილე, ნაიბ ალ-ამირა), ზელიმხან იანდარბიევი, არბი აპტაევი (ურუს-მარტანის ემირი), რამზან და უვაის ახმადოვები, აბუ საიდი (ბატალიონის მეთაური), შეიხი აბდურახმანი, შეიხი აბუ. ფორმირების საერთო რაოდენობა 1996 წლისთვის შეადგენდა 1000-ზე მეტ მებრძოლს ძირითადი მუდმივი შემადგენლობიდან (500-კაცამდე ბარაევის ხელძღვანელობით, 250 კაცი მეჟიდოვის ხელმძღვანელობით, 400-500 კაცი ძმები ახმედოვების მეთაურობით). მობილიზაციური პოტენციალი შედგენდა 5 ათასს მებრძოლს (ამას თან ერთვოდა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ოფიციალური შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში მყოფი ფარული მომხრეების რიცხვი). ამ ფორმირების ძირითად ბირთვს წარმოადგენდნენ ისლამური სპეცდანიშნულების პოლკისა და შარიათული გვარდიის ყოფილი სამხედრო მოსამსახურეები, ობოლი მოზარდები და 15-20 წლის ახალგაზრდები, რომლებმაც გაიარეს სამხედრო და იდეოლოგიური კურსი ,,თალიბანის” სისტემის მიხედვით. პირადი შემადგენლობისათვის განსაკუთრებით დამახასიათებელი იყო რელიგიური ფანატიზმის მაღალი დონე. მოხმარებული შეიარაღების ძირითადი კატეგორიები: ცეცხლსასროლი, ტანკსაწინააღმდეგო, ნაღმ-ფეთქებადი იარაღის ტიპები. რაოდენობა უცნობია. ბაზები და საოპერაციო რაიონები: დასახლებული პუნქტები - ურუს-მარტანი, ალხაზუროვო, სამაშკი, იშური, ჩერნორეჩიე, ერმოლოვსკი, აჩხოი-მარტან-ასინოვის სექტორი, ბამუტი, ავტური, შელკოვსკი, შატოი, მდინარე არგუნის ხეობა, ქ. გროზნოს სტაროპრომისლოვსკის რაიონი. მთავარი ობიექტები: გორდალი - რელიგიური სკოლა; ქ. გროზნო - ნავთობგადამამუშავებელი ქარხნისა და 36-ე უბნის ტერიტორიაზე არსებული დაუდგენელი ობიექტები, რელიგიური სკოლა; გუდერმესი - ოთხამდე დაუდგენელი ხასიათის ობიექტი, აგრეთვე შტაბი; კურჩალოი - შარიათული გვარდიის ახალგაზრდების მოსამზადებელი ცენტრი; ურუს-მარტაანი - შტაბი (განთავსებული სამხედრო კომენდატურის შენობაში), მზვერავ-დივერსანტებისა და ამფეთქებლების მოსამზადებელი სასწავლო ცენტრი (საკუთარი პოლიგონითა და საწყობებით), ფორმირების პირადი შემადგენლობის რელიგიური მომზადების ისლამური უნივერსიტეტი (მოქმედებდა საშუალო სკოლის შენობაში); სერჟენ-იურტი - ფორმირების საბაზისო ბანაკი (გამოიყენებოდა ,,იჩკერიისა და დაღესტნელი ხალხების კონგრესის” შეიარაღებულ ფორმირებებთან ერთობლოვად), რელიგიური სკოლა; ძველი ატაგები - დაუდგენელი ობიექტი, რომელსაც აკონტროლებდა ზელიმხან იანდარბიევი; ელისტანჯი - შარიათული გვარდიის ახალგაზრდობის მოსამზადებელი სასწავლო ცენტრი.
იჩქერიის და დაღესტნელ ხალხთა კონგრესი (იდხკ).
ინტეგრისტული მიმართულების უმსხვილესი გასამხედროებული რელიგიურ-პოლიტიკური ისლამური ორგანიზაცია ,,იჩქერიისა და დაღესტნელ ხალხთა კონგრესი”, რომელიც ძირითადად მოქმედებს ჩეჩნეთის ტერიტორიაზე, დაარსდა 1997 წლის ბოლოს. გაერთიიანებას სამხედრო-პოლიტიკური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში დახმარებას უწევდნენ ისლამური სამყაროს რიგი გავლენიანი ცენტრები.
იდსკ-ს პროგრამა გათვლილი იყო დროის ხანგრძლივი პერიოდისათვის და მოიცავდა პირველადი და შემდგომი ეტაპების ამოცანებს. პირველ ეტაპზე იგეგმებოდა დაღესტნის რესპუბლიკის გამოსვლა რუსეთის ფედერაციული რესპუბლიკის შემადგენლობიდან (როგორც პოლიტიკური ასევე სამხედრო საშუალებებით) და მის ტერიტორიაზე სამხედრო-თეოკრატიული სახელმწიფოს დაარსება (,,დაღესტნის ისლამური ემირატი” - ავღანური სცენარის მიხედვით), რომელიც უნდა განხორციელებულიყო XX საუკუნის კავკასიის ომის რეანიმაციური კონცეფციის ჩარჩოებში. შემდგომი ეტაპის ამოცანად ითვლებოდა ერთიანი სახელმწიფოს (იმამატის) შექმნა ჩრდილოეთ კავკასიის ისლამური თემის (უმა) სხვა ტერიტორიებზე (ინგუშეთი, ყაბარდო-ბალყარეთი, ჩრდილოეთ ოსეთი - ალანია, ყარაჩაევო-ჩერქეზეთი, ადიგეა და აფხაზეთი). ყველა ეტაპზე გაერთიანების სამხედრო-პოლიტიკური ექსპანსიის მთავარ ბაზად მიჩნეული იყო ჩეჩნეთი. დაგეგმილი ამოცანების განსახორციელებელ საჭირო ძალას წარმოადგენდა კონგრესის შემადგენლობაში არსებული სამხედრო ფორმირებები.
მმართველი ორგანოები: კონგრესის მთავარ მმართველ ორგანოს შეადგენდა მეჯლის აშ-შურა (ისლამური საბჭო), რომელიც მოქმედებდა კოლეგიალურ საფუძველზე და ორგანიზაციის წევრები იყვნენ ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების გავლენიანი პოლიტიკოსები და საველე მეთაურები, რომლებიც იზიარებდნენ იდსკ-ს საპროგრამო ამოცანებს. 1999 წ. მეჯლისის შემადგენლობაში შედიოდნენ: ადალო მუხამედი (ალიევი) - თავმჯდომარის მოადგილე; ალიხაჯიევ ხაჯი; ანასოვ სოლტანფაშა; ბაგაუტდინ უმარი (მაგომედოვი); შამილ ბასაევი - თავმჯდომარე; ასლმბეკ ისლმაილოვი; ტოლგად ისმაილოვი; მუსა მუსაევი; აბდულა პარკუევი; მოვლადი უდუგოვი; ისა უმაროვი - უშიშროების საბჭოს მდივანი; ახმედ ჰატაბი - შეიარაღებული ფორმირებათა შტაბის უფროსი; ნადირშაჰ ხაჩილაევი; ზელიმხან იანდარბიევი. ისდკ-ს კოლექტიურ წევრებად ითვლებოდნენ: კონგრესი ,,ისლამური ნაცია”; ისლამური სოლიდარობის ორგანიზაცია ,,კავკასიური სახლი”; ერთიანი კავკასიის ისლამური ორგანიზაცია; დაღესტნის ისლამური მოძრაობა; კავკასიელ ხალხთა კონფედერაცია; მოძრაობა ,,ყაზი კომუხი”; რუსულ საერთოეროვნული კულტურული ცენტრი ,,იაშილ იოლი”; პარტია ,,ნახბატი”; პარტია ,,ჯამაათ ალ-მუსლიმი”; ორგანიზაცია ,,თავისუფალი სვანეთი.”
გაერთიანების მაკოორდინირებელ ორგანოდ ითვლებოდა უშიშროების საბჭო. კონგრესის შემადგენლობაში ასევე შედიოდა სამხედრო საბჭო და ,,დაღესტნის განმათავისუფლებელი შტაბი” (სტრუქტურა რომელიც კოორდინირებდა კავშირს ჩეჩნურ-აკინურ ორგანიზაციასთან). 1998 წ. დასაწყისში კონგრესის შემადგენლობაში ჩამოყალიბდა ,,დაღესტნის ილამური შურა”, რომელიც ძირითადად აერთიანებდა ისლამური ინტეგრისტული მიმართულების მქონე ისლამური ჯამაათის წარმომადგენლებს და ასევე რამდენიმე ტრადიციული მიმართულების მქონე იმამებსა და ალიმებს. შურას შემადგენლობაში შედიოდა მახაჩკალის, ბუინაკსკის, ყიზილ-იურტის, ხასავიურტის და მთიანი დაღესტნის 15 რაიონის 40-ზე მეტი წარმომადგენელი (მათ რიცხვში ახვავის, ბუთლიხის, ბუინაკსკის, კარაბუდაჰკენის, მოვოლაკსკის, უნცუკულსკის, ხუნძაკის, ცუმადინის რაიონები). ორაგნიზაციის თავმჯდომარე იყო აბურახმან მაგომედოვი. 1999 წ. აგვისტოს შურის საფუძველზე ჩამოყალიბდა დაღესტნის დროებითი ისლამური მთავრობა. მის შემადგენლობაში შედიოდნენ: სირატჯედინ რამაზანოვი (მთავრობის თავმჯდომარე, სამხედრო და შინაგან საქმეთა მინისტრი), ბაგაუტდინ მაგომედოვი, ადალო ალიევი, მაჰომედ ტაგაევი (ინფორმაციის მინისტრი).
კონგრესის იდეოლოგიურ მხარდაჭერას უზრუნველყოფდნენ ალიმების საბჭოს რელიგიური ავტორიტეტები - ალიმ შეიჰ აბდულა (პაკისტანი), შეიჰ აბდულ ომარი, აბდულ რახმანი (საუდის არაბეთი), ძმები ანვარ და ახმედ შიშანი და ხამზად შიშანი (იორდანია), ტაიფურ ალდარხანოვი (დაღესტანი).
შეიარაღებული ფორმირებების გენეზისი: 1997-2001 წ.წ. ისდკ-ს შეიარაღებული ფორმირებანი მოქმედებდნენ სხავადსხვა სახელწოდებების ქვეშ, მ.შ. ,,ჩეჩენ და დაღესტნელ ხალხთა შურის შეიარაღებული ძალები”, ,,ისლამური სამშვიდობო არმია” (11.08.1999 წლიდან), ,,დაღესტნელი მოჯაჰედების გაერთიანებული სარდლობა”, ,,ისლამური მმართველი ძალის გაერთიანებული სარდლობა”, ,,ჩეჩენი და დაღესტნელი ხალხის მეჯლისის სამშვიდობო ძალები”, ,,დაღესტნის ისლამური არმია.” შეიარაღებული ფორმირებების ბირთვს წარმოადგენდა ბატალიონი ,,ჯამაათ ალ-ისლამი”. ბატალიონი შეიქმნა ჩეჩნეთის რესპუბლიკა - იჩქერიის პრეზიდენტ დუდაევის ბრძანებით, რათა დაარსებულიყო კავკასიელი კამიკაძეების ფორმირება (ბრძანების #016, 1995 წლის 20 მარტი). ბატალიონის ფორმირება დამთავრდა 1995 წლის ბოლოს. საბაზო რაიონს წარმოადგენდა მაკხეტი-ხატუნი-კიროვ-იურტის დასახლებული პუნქტი. მის შემადგენლობაში შედიოდნენ ადგილობრივი ახალგაზრდობა, ავღანეთში მებრძოლი არაბი ვეტერანები და სხვადასხვ ჩეჩნურ ფორმირებათა მებრძოლები. ბატალიონის მეთაური იყო ჰაბიბ აბდელ რახმანი (ანუ იგივე ჰატაბი). ბატალიონის ფინანსურ უზრუნველყოფას ახორციელებდა საერთაშორისო ისლამური დახმარების ცენტრი. 1996 წ. შემოდგომისთვის ბატალიონის შემადგენლობაში შედიოდა 500-მდე მებრძოლი, მ.შ. 80 უცხოელი (25 არაბი, 7 თურქი და დანარჩენები პაკისტანელები და ავღანელები). ამასთან, 1995-96 წ.წ. ჩეჩნეთის ტერიტორიაზე შეიქმნა მონათესავე შეიარაღებული ფორმირებები, რომლებმაც მიიღეს მონაწილეობა საომარ მოქმედებებში. მათ რიცხვში შედიოდნენ: ,,ხალიფ რაშიდის მებრძოლები” (ძირითადად წარმოშობით იემენელები ექვემდებარებოდნენ უშუალოდ მასხადოვს); ,,აბდელ-კადერის ძალები” (ძირითადად ალჟირელები, ექვემდებარებოდნენ ბასაევს); ,,ავღანელი მოჯაჰედინების ბატალიონი” (ისლამური განთავისუფლების პარტიის შეიარაღებულ ფორმირებათა წევრები, მოქმედებდნენ რადუევის დაჯგუფებებთან ერთად).
1996 წლის გაზაფხულზე ჩეჩნეთის რესპუბლიკა - იჩქერიის ვიცე-პრეზიდენტ ინადარბიევის ბრძანებით ჩერნორეჩიეს დასახლებულ პუნქტებში: ალდსა და ძველ სუნჯაში, შეიქმნა ,,ისლამური სამხედრო ჯგუფები”, წარმოდგენილი 10-15 მებრძოლით. თითოუელ შენაერთში შედიოდნენ ჩეჩნები - ნაქშბანდიისა და კადირიას სუფიტური ორდენების მიურიდები. ყველა ჩამოთვლილი დაჯგუფება აგრძელებდა მოღვაწეობას საომარი მოქმედებების პირველი პერიოდის დამთავრების შემდეგ, 1996 წელს. შემდეგ პერიოდში მოხდა მათი რეორგანიზაცია და ისინი სტრუქტურულად შეუერთდნენ შამილ ბასაევის ფორმირებებს და 1998 წლიდან მიიღეს კონგრესის ოფიციალური ფორმირების სტატუსი.
ფინანსირება-უზრუნველყოფა: შეიარაღებულ ფორმირებათა ფინანსირებასა და ორგანიზაციულ-ტექნიკურ მხარდაჭერას უზრუნველყოფდნენ არასამთავრობო რელიგიურ-პოლიტკური ორგანიზაციები, კერძო ფონდები და ცალკეული პირები (პოლიტიკური მოღვაწეები და მეწარმეები), რომლებიც მოღვაწეობდნენ აღმოსავლეთის ქვეყნებში (საუდის არაბეთი, კატარი, კუვეიტი, სირია, იორდანია, პაკისტანი, თურქეთი, ლიბია, ლიბანი, ალჟირი, მალაიზია). 1999 წლამდე დაფიქსირებული იყო რუსეთის ცალკეული ფინანსური ოლიგარქების მხარდაჭერა.
შეიარაღებულ ფორმირებათა დაფინანსებაზე მიდიოდა ზნაურის რაიონში კუსტარულად მოპოვებული ნავთობის რეალიზაციის მოგების 30%, რომლის ნაწილიც საქართველოშიც შემოდიოდა. სურსათით უზრუნველყოფა ხორციელდებოდა ადგილობრივი კომერციული სტრუქტურებიდან და მოსახლეობიდან შესყიდული პროდუქტების ხარჯზე. საწვავ-საპოხი მასალებს ღებულობდენენ ბასაევის შეიარაღებული ფორმირებებიდან, რომლებიც ფინანსირდებოდა ჩეჩნეთის რესპუბლიკა - იჩქერიის ბიუჯეტიდან. კონგრესის შეიარაღებულ ფორმირებათა ზოგიერთი მებრძოლები თვითდაფინსანებაზე იმყოფებოდნენ ორგანიზაციულ დანაშაულებათა ჯგუფებში მონაწილეობის წყალობით (პროფილი - მძევლების აყვანა გამოსასყიდის მიზნით, რეკეტი და ა.შ.). ჩეჩნეთის რესპუბლიკა - იჩქერიის შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოები უზრუნველყოფდნენ უცხოელი მოხალისეების ლეგალიზაციას, გასცემდნენ რა მათზე ფალსიფიცირებულ პასპორტებს.
საგარეო კონტაქტები: ისდკ-ს შეიარაღებულ ფორმირებებს ძორითადად კონტაქტები ჰქონდათ ისლამურ სამყაროში მოქმედი საზღვარგარეთის არასამთავრობო და პოლიტიკურ გაერთიანებებთან. ამ ორგანიზაციების ფარული მოკავშირეები იყვნენ რიგი სპეცსამსახურების თანამშრომლები, მათ შორის თურქეთის სამხედრო დაზვერვა (MIT), პაკისტანის უწყებათაშორისი დაზვერვა (ISI), კატარის სადაზვერვო სამსახური ,,მუხაბარატი”. ისდკ-ს სამოქმედო ტერიტორიები, ორგანიზაციული და საინფორმაციო პროპაგანდისტული სტრუქტურები გამოიყენებოდა საზღვარგარეთის ანალოგიური სტრუქტურების მიერ ჩრდილოეთ კავკასიის გარკვეულ რეგიონებში, რუსეთის ფედერაციის ვოლგისპირეთში (თათარსტანსა და ბაშკირეთში), ცენტრალურ აზიაში (ყაზახეთი, უზბეკეთი, ყირგიზეთი) მისიონერული საქმიანობის განსახორციელებლად. 1998 წლის ივნისსა და 1999 წლის აპრილში ისდკ-ს მიერ განხორციელდა მოსამზადებელი ღონისძიებანი ,,ისლამური სამშვიდობო ლეგიონის” მებრძოლების გასაგზავნად კოსოვოში, რათა მათ მიეღოთ მონაწილეობა საომარ მოქმედებებში ალბანელი სეპარატისტების მხარდასაჭერად. უფრო ადრე, ისდკ-ს მოქმედ ობიექტებზე ასევე ხორციელდებოდა მებრძოლთა მომზადება ბოსნიაში, ტაჯიკეთსა და საქართველოში გასაგზავნად.
შეიარაღებულ ფორმირებებს ჰქონდათ არაოფიცილაური კონტაქტები უკრაინის რადიკალური ორიენტაციის ორგანიზაციებთან.
![]() |
9 გამოყენებული ლიტერატურა: |
▲ზევით დაბრუნება |
1. რუსუდან წიქვაძე, ,,ისლამი (რელიგია: წარსული და თანამედროვეობა)”, გამომცემლობა „კანდელი”, თბილისი, 1998 წელი;
2. დათო ჩადუნელი ,,ვაჰაბიზმი…ახალი კავკასიური დაძაბულობისათვის”, გაზეთი ,,ახალი 7 დღე”, 20-26 აგვისტო 1999 წელი;
3. ვახტანგ მაისაია ,,ვაჰაბიზმის დოსიე”, გაზეთ ,,რეზონანსის” ყოველკვირეული დამატება ,,ევროპა”, 25 სექტემბერი-1 ოქტომბერი, 1999 წელი;
4. ვახტანგ მაისაია ,,ბალკანური კოსოვოს სცენარი ავღანეთში”, გაზეთი ,,The Georgian Times”, 20-27 დეკემბერი, 2001 წელი;
5. მაია პაპუნაშვილი ,,რით ემუქრება ისლამური ფუნდამენტალიზმი მსოფლიოს და საქართველოს”, გაზეთი ,,ახალი 7 დღე”, 14-20 სექტემბერი 2001 წელი;
6. კახაბერ ძებისაშვილი ,,ისლამური ფუნდამენტალიზმი ჩრილოეთ კავკასიაში” საინფორმაციო-ანალიტიკური ბიულეტენი №11, პრეზიდენტთან არსებული დსთ-ს და მშვიდობიანი კავკასიის საქმეთა სახელმწიფო ბიურო, 1999 წელი;
7. კ. გაჯიევი ,,კავკასიის გეოპოლიტიკა” (რუსულ ენაზე), გამომცემლობა ,,საერთაშორისო ურთიერთობები”, მოსკოვი, 2001;
8. ა. მალაშენკო ,,ჩრდილოეთ კავკასიის ისლამური ორიენტირები” (რუსულ ენაზე), მოსკოვის კარნეგის ცენტრი, მოსკოვი, 2001 წელი;
9. სამეცნიერო კრებული ,,ისლამი პოსტსაბჭოთა სივრცეზე” (რუსულ ენაზე), მოსკოვის კარნეგის ცენტრი, არტ-ბიზნესის გამომცემლობა, მოსკოვი, 2001 წელი;
10. ჯანგირ არასლი ,,შეიარაღებული კავკასია” (I, II, III ტომები) (რუსულ ენაზე), დაბალი ინტენსივობის კონქფლიქტების ცენტრი, ბაქო, 2000 წელი;
11. ე. კოჯუშკო ,,თანამედროვე ტერორიზმი: ძირითადი მიმართულებათა ანალიზი” (რუსულ ენაზე), ხარვესტის გამომცემლობა, მინსკი, 2000 წელი;
12. ლ. ვასილიევი ,,აღმოსავლეთის რელიგიების ისტორია” (რუსულ ენაზე), გამომცემლობა ,,უნივერსიტეტი”, მოსკოვი, 1998 წელი;
13. ი. ტიხონრავოვი ,,გეოპოლიტიკა” (რუსულ ენაზე), ბიზნესს-სკოლა ,,ინტელ-სინტეზი”, მოსკოვი, 1998 წელი;
14. დ ერემეევი ,,მუსულმანური აზროვნების ფილოსოფიური ასპექტები” (რუსულ ენაზე), ჟურნალი ,,აზია და აფრიკა დღეს ,,#5, მოსკოვი, 1991 წელი;
15. ა. იგნატენკო და ნ. ჟდანოვი ,,ისლამი 21-ე საუკუნის მიჯნაზე” (რუსულ ენაზე), გამომცემლობა ,,პოლიტიკური ლიტერატურა”, მოსკოვი, 1989 წელი;
16. Dr. Bassam Tibi “The Politicization of Religion”, The Executive Program in International and Security Affairs, George C. Marshall College of International and Security Studies, 2001;
17. Sachiko Murata and William C. Chittick “The Vision of Islam”, I.B. Tauris and Co Ltd, London, 2002;
18. The Holy Qur'an with English Translation, Third Edition, Istanbul, 2000;
19. Roy, Oliver “The Failure of Political Islam”, I.B. Tauris, London, 1994;
20. Huntington, Samuel “The Clash of Civilizations and the Remaking of the World Order”, Simon and Schuster, New York, 1996;
21. Ahmed Rashid “Taliban: Islam, Oil and the New Great Game in Central Asia”, I.B. Tauris, New York, 2000.